The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წმინდა ნინოს ცხოვრება (სერია: ქართველ მეფეთა და წმიდათა ცხოვრება)


წმინდა ნინოს ცხოვრება (სერია: ქართველ მეფეთა და წმიდათა ცხოვრება)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
წყარო: ISBN 99940–14–39–0
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: „წმიდა ნინოს ცხოვრების“ ტექსტი ჩაწერილი IV საუკუნეში სალომე უჯარმელის მიერ, შესულია „ქართლის ცხოვრებაში“, ეს ტექსტი თითქმის უცვლელად, თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღებული მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მიერ, გამოქვეყნებული იყო წიგნში „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ამჟამად კი პირველად ქვეყნდება დამოუკიდებელი წიგნაკის სახით. იმედი გვაქვს ტექსტის გაცნობის შემდეგ მკითხველი მიუბრუნდება პირველწყაროს და უფრო უკეთ შეიგრძნობს ძველი ქართული ენის დიდებულებასა და ბრწყინვალებას. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის. © ანანია ჯაფარიძე,@2004



1 წმინდა ნინოს ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


პირველად ვახსენოთ ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩვენისა და ყოველი ქართლის განმანათლებლისა ნინო მოციქულისა, რომელიც თვით მანვე ნეტარმა მოგვითხრო აღსრულების ჟამს და აღწერა მორწმუნე დედოფალმა სალომე უჯარმელმა, მირიან მეფის ძის ცოლმა, ასულმა თრდატ სომეხთა მეფისა.

წმიდა გიორგი კაპადოკიელის ქრისტესთვის წამების ჟამს, კაპადოკიაში მცხოვრები დიდებული კაცი ზაბულონი წავიდა ქალაქ რომში კარზე სამსახურისათვის. ამ დროს ბრანჯნი ებრძოდნენ რომაელებს. ზაბულონს, რომელიც რომაელთა ლაშქარში იყო, მისცა ღმერთმა უძლეველი ძალი, გააქცია ბრანჯები და შეიპყრო მათი მეფე მთავრებთან ერთად. კეისარმა გადაწყვიტა მათი დახოცვა. მაშინ ბრანჯებმა დაიწყეს ტირილი და შეევედრნენ ზაბულონს: „ჯერ მოგვეცი შენი რჯული, თქვენი ღმერთის ტაძარში შეგვიყვანე და მერე დაგვხოცე, რადგანაც შენ შეგვიპყარი და შენვე დაგვეხმარე ამ საქმეში“. ზაბულონმა ეს სასწრაფოდ აუწყა კეისარს და პატრიარქს. ისინი მონათლეს ზაბულონის ხელთა ქვეშ, შეიყვანეს ღვთის ტაძარში, აზიარეს წმიდა საიდუმლოს - ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

დილით ადგნენ ბრანჯები, ჩაიცვეს სამკვდრო სამოსელი, გავიდნენ კაცთა სასაკლაოზე, ლოცულობდნენ და მადლობდნენ ღმერთს ნათლისღებისათვის: „ჩვენ სიკვდილშიც უკვდავები ვართ, რამეთუ ღმერთმა ამ დიდების ღირსნი გაგვხადა“. ამის შემყურე ზაბულონი მწარედ ატირდა, რამეთუ როგორც ცხვრებმა, თავი თვისი წარსაკვეთად მოუდრიკნეს.

შევიდა ზაბულონი კეისართან და გამოითხოვა სამკვდროდ შეკაზმულნი. ხელმწიფემ უთხრა: „მომიძღვნია შენთვის და რაც გინდა, ის უყავი“.

ზაბულონმა ისინი გაათავისუფლა. ხოლო ბრანჯები ევედრებოდნენ, რათა წაჰყოლოდა მათ ქვეყანაში და გაექრისტიანებინა მთელი მათი ერი. ისმინა, ითხოვა პატრიარქისგან მღვდელნი, ნებართვა მიიღო მეფისგან და სიხარულით გაჰყვა მათ.

ბრანჯთა ათი საერისთავო სიხარულით შეეგება თავიანთ მეფეს დიდი და ღრმა მდინარის პირას. გაჰყო მეფემ ხალხი და დააყენა ორივე ნაპირზე. ხალხი განიბანა წყალში, ამოვიდნენ ერთ ადგილას და ზაბულონის ხელქვეშ მოინათლნენ. აზიარა ისინი ქრისტეს საიდუმლოს, დაუტოვა მღვდელი და განუწესა ქრისტიანობის ყოველი წესი. გამოემშვიდობა და დიდი სიმდიდრით დაბრუნდა რომში. აქ თქვა: „სჯობს, წავიდე იერუსალიმს და მოვახმარო ეს სიმდიდრე ღვთის ადგილს“. ჩავიდა იერუსალიმში და გაუყო თავისი მონაგები გლახაკებს. აქ პატრიარქი იყო იობენალი. ბავშვობაშივე დაობლებული იობენალი და მისი და სოსანა წარმოშობით ზაბულონის მხრისანი იყვნენ. ჩანს, ამის გამო ნიაფორმა სარა ბეთლემელმა, რომელსაც ემსახურებოდა სოსანა, უთხრა პატრიარქს: „ეს ზაბულონი არის მამა და განმანათლებელი ბრანჯთა, ღვთისმოშიში და ბრძენი კაცია. მიეცი შენი და სოსანა ცოლად“. პატრიარქი დათანხმდა, მისცა სოსანა ცოლად და წავიდა ზაბულონი თავის სამშობლო კაპადოკიაში.

წმინდა ნინო, ქართლის მოძღვარი, მათგან იშვა. ის იყო დედისერთა, სხვა შვილი მის მშობლებს არ ჰყავდათ. როცა ნინო თორმეტი წლისა გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყოველივე, რაც ებადათ, წავიდნენ იერუსალიმს და გაუყვეს გლახაკებს. იერუსალიმში ზაბულონმა მიიღო კურთხევა პატრიარქისაგან და განშორდა თავის ცოლს. ცრემლით გამოეთხოვა თავის ასულს, ნინოს და უთხრა: „შენ, ჩემო ერთადერთო შვილო, გტოვებ ობლად ჩემგან და მიგანდობ ზეცათა მამას, რამეთუ ის არის ობოლთა მამა, ყოველთა მზრდელი და ქვრივთა განმკითხველი. ნუ გეშინია, შვილო ჩემო, შეიყვარე ქრისტე მარიამ მაგდალინელის მსგავსად და ლაზარეს დებივით. თუ შენც მათსავით შეიყვარებ, ასევე მოგცემს ყოველივეს, რასაც ითხოვ მისგან“. ეს რომ თქვა, საუკუნო ამბორის-ყოფით ეამბორა და წავიდა იორდანეს იქით მეუდაბნოე კაცებთან.

ხოლო დედა წმიდისა ნინოსი პატრიარქის ნებით დადგა გლახაკი და უძლური ქალების მსახურად. წმიდა ნინო დვინელ სომეხ ნიაფორთან მსახურობდა ორი წელი და გამოჰკითხავდა ხოლმე ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომას, რამეთუ მისებრ რჯულის მცოდნე იერუსალიმში არავინ იყო, იცოდა ძველი და ახალი აღთქმა ზედმიწევნით. აუწყა და უთხრა: „ვხედავ, შვილო ჩემო, შენს ძალას, ვითარცა ძუ ლომისა, მსგავსი ხარ დედალი ორბისა, რომელიც ჰაერში მამალზე უფრო მაღლა ადის და მის თვალში მთელი ხმელეთი ჩანს მცირე მარგალიტის თვალივით, საჭმელს იხილავს, დაუშვებს ფრთებს და მიეტევება მას. ასევე იყოს შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით.

მოგითხრობ ყოველივეს:მოკვდავმა ადამიანებმა იხილეს წარმართების მოსარჯულებლად მოსული უკვდავი ღმერთი, რომელსაც უნდოდა ქვეყნის ხსნა:კეთილს უყოფდა ებრაელებს, მკვდრებს აღადგენდა, ბრმებს თვალს უხელდა, სნეულებს კურნავდა. შეშურდათ მისი და შეითქვნენ, დაგზავნეს მაცნენი მთელ ქვეყანაზე ყოველი მხრიდან ებრაელების მოსაწვევად და აუწყეს მათ: „აჰა, საცაა წარვწყმდებით, მოდით, შემოკრბით ყოველნი“.

მაშინ მოვიდნენ ყველა მხრიდან ურიცხვი ადამიანები, მოსეს რჯულის სწავლულნი, წინ რომ აღუდგნენ სულიწმიდას, ჯვარს აცვეს ქრისტე და მის სამოსელზე წილი იყარეს. სამოსელი ჩრდილოეთის ქვეყნიდან მოსულ მოქალაქეებს შეხვდათ. დაფლეს ებრაელებმა ქრისტე და დაბეჭდეს მისი საფლავი, მაგრამ ის აღდგა, როგორც ადრევე თქვა. ტილონი საფლავში იპოვეს. დილით პონტოელი პილატეს ცოლმა აიღო ეს ტილონი, სასწრაფოდ წავიდა პონტოში და ქრისტეს მორწმუნე გახდა. ქრისტეს სუდარი კი ვერ იპოვეს, მაგრამ თქვეს, პეტრემ ინება მისი აღება და მასვე ჰქონდესო. ჯვარი კი აქვეა დამარხული, იერუსალიმში, მაგრამ მისი ადგილი არავინ იცის. ღმერთი ინებებს და ისიც გამოჩნდება.

როცა სარა ნიაფორისგან ეს მოისმინა წმიდა ნინომ, მადლობა შესწირა ღმერთს და კვლავ ჰკითხა: „სად არის ჩრდილოეთის ქვეყანა, საიდანაც მოსულ ებრაელებს წილად ხვდათ და წაიღეს სამოსელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი?“ მიუგო და უთხრა სარა ნიაფორმა, რომ აღმოსავლეთში არის ქალაქი მცხეთა, ქვეყანა ქართლისა, სომხეთთან, მთიელი წარმართებისა.

იმ დღეებში წმიდა აღდგომის თაყვანისსაცემად ეფესოდან მოვიდა ერთი დედაკაცი. ჰკითხა მას სარა ნიაფორმა: „ელენე დედოფალი კვლავ ცდომილებასა და ბნელში იმყოფება?“. ხოლო მან უპასუხა. „მე ვარ მათი მხევალი, მცოდნე ყოველი მათი განზრახვისა, ცხადისა და დაფარულისა, და ვიცი, რომ აქვს მას დიდი წადილი ქრისტეს რჯულისა და ნათლისღებისთვის“.

ეს როცა მოისმინა, წმიდა ნინომ უთხრა ნიაფორს: „წარმგზავნე ელენე დედოფალთან და იქნებ მივეახლო მას სასაუბროდ ქრისტეს შესახებ“.

ნიაფორმა ნინოს წადილი აუწყა პატრიარქს. პატრიარქმა, წმიდა ნინოს დედის ძმამ, მოუხმო თავის დისწულს, დააყენა ის საკურთხევლის აღსავლის კართან, დაადო ხელები მხრებზე და შესთხოვა ღმერთს: „უფალო ღმერთო საუკუნეთაო, ხელთა შენთა შევვედრებ ჩემს ობოლ დისშვილს, წარვავლენ შენს საქადაგებლად, რათა ახაროს მათ შენი აღდგომა. იქმენ, ქრისტე ღმერთო, ამის თანამგზავრი და მოძღვარი“.

გაემგზავრნენ წმიდა ნინო და ეფესელი ქალი ქალაქ რომში. იქ ნახეს მეფეების ნათესავი ერთი დედოფალი, სახელად რიფსიმე და მისი დედამძუძუ გაიანე, ქალწულთა მონასტერში. ელოდნენ და სურდათ იერუსალიმში ნათლისღება ქრისტეს აღსარებისათვის.

წმიდა ნინო რიფსიმესთან გადავიდა საცხოვრებლად. იმ წელიწადსვე მოინათლნენ რიფსიმე, გაიანე და მათი სახლეული ორმოცდაათი სული, უმრავლესმა მათთაგან წმიდა ნინოს ხელქვეშ მიიღო ნათლისღება და წავიდნენ თავიანთ მონასტერში. მათთან იყო წმიდა ნინო ორი წელი.

იმ დღეებში კეისარმა თავისთვის ლამაზი საცოლის მოსაძებნად გაგზავნა მძებნელნი. მათ ქალწულთა მონასტერში იხილეს რიფსიმე. გამოჰკითხეს გვაროვნება, რადგანაც არავინ იყო სახით მისი მსგავსი. დახატეს ფიცარზე და გაუგზავნეს. მოეწონა კეისარს, აღივსო სიხარულით და ბრძანა ქორწილი. წარავლინა მოციქულები მთელს თავის საბრძანებელში, რათა ყველანი ძღვენითა და დიდი სიხარულით შეკრებილიყვნენ სამეფო ქორწილში.

როცა ნეტარმა რიფსიმემ, გაიანემ და სხვა წმიდა და ყოვლადქებულმა ქალებმა იხილეს მათზე მოწეული განსაცდელი, გაიხსენეს უბიწოების აღსარება და ქების ღირსი მარტოობით ცხოვრება, იწყეს ტირილი, ევედრებოდნენ ღმერთს მოწყალებას და ერთობით, ურთიერთგანზრახვით, ფარულად დატოვეს ქვეყანა, ორმოცდაცამეტმა სულმა.

მივიდნენ ლტოლვილები სომხეთის არეებში, დვინში, სომეხ მეფეთა საყოფელში. იქ შევიდნენ მარანში, რომელიც აშენებული იყო ჩრდილოაღმოსავლეთით. თავს ირჩენდნენ ხელსაქმით.

ხოლო კეისარი აღივსო მწუხარებით, ყველგან გაგზავნა კაცები მათ მოსაძებნად. კეისრის მოციქულები თრდატ სომეხთა მეფესთანაც მივიდნენ, მიართვეს მას კეისრის წიგნი, რომელშიც ეწერა: „თვითმპყრობელი კეისარი სიყვარულით მოგიკითხავ ჩემს ძმასა და თანამოსაყდრე თრდატს. გაუწყებ, რომ მრავალი ვნება გვაქვს ქრისტიანთაგან, სრულიად შეურაცხყოფილია ჩვენი სამეფო უფლება მათი კრებულის მიერ და დაწუნებულია ჩვენი ხელმწიფება მათგან, რამეთუ ისინი ვინმე ჯვარცმულ მკვდარს ემსახურებიან და ძელს თაყვანსცემენ, კაცთა ძვლებს პატივსცემენ, თავიანთი სიკვდილი უფლის დიდებად მიაჩნიათ. არ ეშინიათ ურიების, ურიებს კი ჯვარცმულის ეშინიათ. მეფეებს აგინებენ, ღმერთებს შეურაცხყოფენ, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ნათლის ძალა არაფრად მიაჩნიათ, არამედ შექმნილად იტყვიან იმ ჯვარცმულის მიერ და ისე მოაქციეს ქვეყანა, რომ ცოლები ქმრებს და ქმრები ცოლებს შორდებიან. თუმცა მრავალი სატანჯველით ამოვწყვიტე, მაგრამ უფრო გამრავლდნენ. შემთხვევა მქონდა მენახა მათთაგან ერთი ახალგაზრდა ქალი და განვიზრახე მისი ცოლად მოყვანა, ხოლო მას მეფის გული სასურველად კი არ მიაჩნდა, არამედ საძაგლად. არაწმიდად შემრაცხეს, ფარულად გაიქცნენ და შენი ქვეყნის საზღვრებში შემოვიდნენ. იცოდე, ძმაო ჩემო, გამოიძიე ისინი, როცა იპოვნი, მოჰკალ, ხოლო მათგან შეცდენილ პირმშვენიერ რიფსიმეს როცა იპოვნი, წარმოავლინე. თუ შენ ინებებ, შენთვის იგულე, რამეთუ არავინაა მისი მსგავსი საბერძნეთში. იცოცხლე ღმერთების მსახურებით“.

როცა თრდატმა ეს ბრძანება წაიკითხა კეისრისა, მსწრაფლ იწყო მათი ძებნა და იპოვა ისინი საწნახლის სახლში.

რიფსიმეს ხილვისას გულისთქმით აღივსო და დიდი სიხარულით გაიხარა და განიზრახა მისი ცოლად მოყვანა, რაც არ ისურვა რიფსიმემ. მაშინ აწამა ის და დედამძუძუ გაიანე და სხვა მრავალნი მათგან, ზოგიერთები დაიმალნენ და ილტვოდნენ.

მაშინ წმიდა ნინო დაიმალა ვარდის ეკალთა შორის, რომელიც ჯერ არ ჰყვაოდა იმ დროს, როცა აღმოვიდნენ სულნი წმიდათა მოწამეთანი. იხილა წმიდა ნინომ წმიდა სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ნათლის ოლარით ჩამომავალი, ხელში ეჭირა სასაკმევლე, რომელსაც ასდიოდა სურნელების კვამლი, ცის დამფარველი. მასთან იყო სიმრავლე ზეცის ერისა და მათ შეუერთდნენ წმიდა მოწამეთა სულები. როცა ეს იხილა წმინდა ნინომ, შეჰღაღადა ასე: „უფალო, უფალო, რად დამიტევებ მე ასპიტთა და იქედნეთა შორის“, მაშინ ხმა მოესმა ზევიდან, რომელიც იტყოდა: „ასევე წაგიყვანენ, როცა ეგ ეკალი, რომელიც შენს გარშემო არის, სურნელოვან ვარდის ფურცლად იქცევა, ადექ და ჩრდილოეთისკენ წადი, სადაც სამკალი ფრიად არის და მუშაკი კი მცირე“.

და წავიდა იქიდან წმიდა ნინო და მივიდა ორბანთაში, სომხეთის საზღვარზე, იქ დაიზამთრა მრავალი გასაჭირით, და მეოთხე თვეს, რომელიც არის ივნისი, წავიდა და მოიწია ჯავახეთის მთებთან, სადაც შეხვდა გამდინარე დიდ ტბას, რომელსაც ჰქვია ფარავნა, ხოლო როცა იქით გაიხედა და იხილა ჩრდილოეთის მთები, ზაფხულის ამ დღეებში სავსენი თოვლით და სასტიკი ჰაერით, შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქვა: „უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან“.

დაჰყო იქ ორი დღე და ითხოვა საკვები მეთევზეთაგან, ამ ტბის მებადურთაგან. მწყემსებიც იქ იყვნენ და ღამის სამწყსოში ცეცხლი ენთოთ. შესთხოვდნენ თავიანთ ღმერთებს არმაზს და ზადენს, აღუთქვამდნენ მათ შესაწირს, „ოდეს მივიდეთ მშვიდობითო“.

წმიდა ნინომ მცირედ იცოდა სომხური ენა, რამეთუ ნიაფორისგან ისწავლა. მწყემსთა შორის სომხურად მოლაპარაკე იპოვა და ჰკითხა: „რომელი სოფლიდან ხართ?“ მან მიუგო და უთხრა: „დაბა ელარბინიდან და საფურცლიდან და ქინძარელნი, რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისა, სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“. და ჰკითხა, თუ „საით არის მცხეთა?“ ხოლო მწყემსმა ასე აუწყა, მდინარე, რომელიც ამ ტბიდან გაედინება, მცხეთაში მივაო.

დაიდო წმიდა ნინომ ლოდი სასთუმლად, დაწვა და დაიძინა ამ ტბის გარდასადინელში. ძილში ჩვენებით მოვიდა ერთი კაცი, ზომიერი სიმაღლისა და ნახევართმოსანი. მან მისცა წმიდა ნინოს ბეჭდით დალუქული წიგნი და უთხრა: „მიართვი ეს მცხეთაში წარმართთა მეფეს“. ხოლო წმიდა ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება. „უფალო, დედაკაცი ვარ, უცხო და უმეცარი და არც ვიცი მათი ენა, როგორ მივიდე უცხო ქვეყანაში, უცხო ერში?“ მაშინ კაცმა გაუხსნა წიგნი და მისცა წასაკითხად, დაწერილი იყო ლათინურად და ბეჭედი იყო იესო ქრისტესი. ამ წიგნში ეწერა 10 სიტყვა: „1. სადაც იქადაგება ეს სახარება, იქ ითქმება ამ დედაკაცის შესახებ; 2. არც მამაკაცება არის და არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთი ხართ“ 3. წადით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა; 4. ნათელი გამობრწყინდა წარმართებზე დიდებად ერისა შენისა ისრაელისა; 5. სადაც სასუფევლის ეს სახარება იქადაგება, მუნცა ითქმოდეს ყოველსა სოფელსა; 6. ვინც თქვენ მოგისმენთ და შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს და ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; 7. ფრიად უყვარდა მარიამი უფალს, რამეთუ მარადის ისმენდა მის ჭეშმარიტ სიტყვას; 8. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც თქვენს ხორცს მოკლავენ, მათ სულის მოკვლა არ შეუძლიათ; 9. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: „წადი, დედაკაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა“; 10. ქადაგებდეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა; როცა ეს სიტყვები წაიკითხა წმიდა ნინომ, იწყო ვედრება ღვთის მიმართ და გულისხმა-ჰყო, რომ ზეციდან იყო ეს ჩვენება, თვალნი მიაპყრო ზეცას და მეორე დღისთვის ითხოვა შეწევნა.

ამის შემდეგ გაჰყვა ტბის მდინარეს. და იწყო მისი დინება დასავლეთის მხარეს. შეუდგა ფიცხელ, ძნელ გზას, მრავალი ჭირი ნახა, მხეცების შიში, სანამ არ მიაღწია ადგილს, სადაც წყალმა აღმოსავლეთით იწყო დინება. ამის შემდეგ დაიწყო მისი ლხენა, რამეთუ იპოვა იქ მოგზაური, რომელთანაც ერთად მიაღწია ქართლის სანახებს, ქალაქს, რომელსაც ურბნისი ეწოდება, სადაც იხილა უცხო ხალხი, ღმერთთა მსახური. ცეცხლს, ქვებს, ხეებს ღმერთად თაყვანსცემდნენ, რისთვისაც სული დაუმწუხრდა, შევიდა ებრაელების ბაგინში ებრაული ენისათვის, დაჰყო იქ ერთი თვე და ქვეყანას ეცნობოდა.

ერთ დღეს დაიძრა დიდძალი ხალხი, ამ ქალაქიდან წარმავალნი დიდ სამეფო ქალაქში, მცხეთაში, სავაჭროდ და ღმერთ არმაზისთვის ზვარაკის შესაწირად. წაჰყვა წმიდა ნინო მათ. როცა ქალაქში მივიდნენ, დადგნენ მოგვთა ხიდთან. ცეცხლისმსახურ ამ ერის შეცდომის ხილვისას სტიროდა წმიდა ნინო მათ წარწყმედასა და თავის უცხოობას.

მეორე დღეს გაისმა საყვირთ ხმა, გამოვიდა ურიცხვი ხალხი ვითარცა ყვავილნი ველისანი და ხმაური ისმოდა საშინელი. მეფე ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. როცა მოვიდა დრო, იწყო სირბილი და დამალვა ყოველმა კაცმა, შიშისგან საფარველში შერბოდნენ და აჰა, მყისვე გამოვიდა ნანა დედოფალი და ნელ-ნელა მოსდევდა ერი. შეამკეს ყოველი ქუჩა სხვადასხვაფერი სამოსლით. იწყო მთელმა ერმა მეფის ქება. მაშინ გამოვიდა მეფე საზარელი და თვალშეუდგამი ხილვით, წმიდა ნინომ ჰკითხა ერთ ებრაელ ქალს: „რა არის ეს?“ მან უპასუხა: „ღმერთი ღმერთთა არმაზი უხმობს, რომლის გარეშეც სხვა კერპები არარანი არიან“. მყისვე წავიდა წმიდა ნინო არმაზის სახილველად და „აღივსნენ მთები დროშებით და ხალხით, ვითარცა ველნი ყვავილთა“.

ხოლო წმიდა ნინომ შეასწრო არმაზის ციხეში და დადგა კერპის მახლობლად, ზღუდის ნაპრალთან. ხედავდა მიუწვდომელ და ენით უთქმელ საკვირველებას, თუ როგორ ეშინოდათ მეფეს, მთავრებს და მთელ ერს მათ წინაშე აღმართული კერპებისა. იხილა წმიდა ნინომ, რომ იდგა ერთი სპილენძის კაცი, ტანს ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა, სამხრეებიც ოქროსივე ჰქონდა და მოჭედილი იყო ძვირფასი თვლებით. ხელთ ხმალი ეპყრა ვითარცა ელვა და იქნევდა. თუ ვინმე შეეხებოდა, სასიკვდილოდ გაიწირებოდა. ამბობდნენ: „ვაიმე, არ დავაკლო დიდება ამ დიდ ღმერთს არმაზს, ან არ შევცდე ებრაელებისა და მოგვების მოსმენით, რომელნიც იტყვიან რაღაც უცხო ღმერთის შესახებ, არ მიპოვოს რაიმე ბიწი არმაზმა და არ მცეს თავისი მახვილი, რომლისაც ყველას ეშინია“. და შიშით თაყვანისცემდნენ მას.

და ასევე იყო მის მარჯვნივ ოქროს კერპი, სახელი მისი გაცი და მას მარცხნივ ედგა ვერცხლის კერპი, სახელი მისი გაიმ, რომელნიც ღმერთებად მიაჩნდა ქართლის ერს.

მაშინ ტიროდა და ოხრავდა ნეტარი ნინო ღვთის მიმართ ამ ჩრდილოეთის ქვეყნის შეცდომისათვის, რომ ნათელი მათთვის დაფარული იყო და ბნელი უფლობდა მათზე მეფენი და მთავარნი ცოცხლად შთაენთქა ჯოჯოხეთს, დაეტოვებინათ დამბადებელი, ქვასა და ხეს, სპილენძსა და გამოჭედილ რვალს ღმერთად თაყვანს ცემდნენ.

აღიხილნა ზეცად და თქვა: „უფალო, ერთი წმიდა სამებისაგანი კაცად იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი, ნუ უგულებელყოფ ამათ, რამეთუ კაცი შენი ხატი არის, მოხედე წყალობით ამ ერს, შერისხე სოფლის მპყრობელი, ბნელეთის მთავარი უჩინო სულები. მიჩვენე მე, უფალო ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მხევალსა შენსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქვეყნისათა მაცხოვარება შენი, რათა ჩრდილოეთი სამხრეთთან ერთად იხარებდეს და ყოველმა ენამ (ყველა ერმა) მხოლოდ შენ გცეს თაყვანი შენი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შვენის მადლობა და დიდებისმეტყველება“.

როგორც კი დაასრულა ეს ლოცვა წმიდა ნინომ, თვალის ერთ წამისყოფაში ამოვარდა დასავლეთის ქარი, გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, გამოჩნდა სწრაფი ღრუბლები საშინელი ნიშნით, მოიტანა დასავლეთის ნიავმა მყრალი და ძლიერ ცუდი, მწარე სუნი. ეს რომ იხილა ერის სიმრავლემ, ილტვოდა ყოველი კაცი და ქალი ქალაქისა და სოფლებისაკენ, მიეცათ დრო, რომ ყოველ კაცს შეესწრო თავის საყოფელში და სწრაფად მოიწია ეს რისხვის ღრუბელი, მწარედ სასტიკი და მხოლოდ კერპების საყოფელ ადგილზე მოიღო ლიტრის* ტოლი სეტყვა. დაამსხვრია ეს კერპები და შემუსრა, დაარღვია ზღუდენი სასტიკმა ქარმა და კლდეთა ნაპრალებში ჩაამხო, ხოლო წმიდა ნინო დარჩა მშვიდობით იმ ადგილას, სადაც პირველად იყო შესული.

მეორე დღეს გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი ერი. ეძებდნენ მათ ღმერთებს და ვერ იპოვნეს, რის გამოც შეეშინდათ და შეძრწუნდნენ, იგლოვდნენ და ამბობდნენ: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩვენი ღმერთი არმაზი მტრები არიან, ამან ერთხელ მასზე ზღვა მიაქცია და ახლა მან შური იძია, მის მიერ მოხდა ეს“. ხოლო სხვები ამბობდნენ: „რომელი ღმერთის ძალითაც თრდატ მეფე გარეულ ღორად იქცა და იმავე ღმერთის ძალით კვლავ კაცადვე იქმნა, იმ ღმერთმა მოახდინა ეს. რამეთუ სხვა ღმერთი უძლურია ასეთის ქმნად“. ამას ამბობდნენ იმიტომ, რომ თრდატ მეფის ღორად და მერე კაცად გადაქცევის შემდეგ, ქრისტეს ქება-დიდება ქართლში აღარ ითქმოდა ფარულად, რამეთუ ღვთის მადლმა აღმოსავლეთში მოფენა დაიწყო.

რისხვის დღეს, სასტიკი ქარის დაცხრომის შემდეგ, გამოვიდა წმინდა ნინო კლდის ნაპრალიდან, იპოვა ბივრილის თვალი, აიღო და წავიდა კლდის ქიმისაკენ, სადაც იდგა ძველი ციხე. იქ იდგა აკაკის ხე მშვენიერი, მაღალი და რტომრავალი, სადაც იყო ბარტამ მეფის საგრილი და განსასვენებელი. მივიდა ამ ხის ძირას, გააკეთა ქრისტეს ჯვრის ნიშანი და ექვს დღეს აქ ილოცა. მადლობდა ღმერთს და ევედრებოდა, რათა მოეხედა წყალობით შეცდომილი ერისთვის, ეხსნა ეშმაკისაგან. იყო მეექვსე დღე იმ თვისა, როცა ემანუილმა თაბორის მთაზე მამის ხატი უჩვენა მოციქულების და წინასწარმეტყველების მეთაურებს.

მაშინ მოვიდა ერთი სეფექალი, სახელად შროშანა და იხილა ის ხის ქვეშ, გაუკვირდა, მოიყვანა ბერძნულად მეტყველი ქალი, ჰკითხა მისი გზა, ხოლო წმინდა ნინომ აუწყა და უთხრა ყოველი გზა და საქმე თავისი, გარდა დედის ძმებისა, რამეთუ ტყვედ გააცნო თავი.

მაშინ შეეწყალა შროშანას უცხოებისთვის, აევსო ცრემლით თვალნი და დააძალა სამეფო სახლში წაჰყოლოდა, ხოლო წმინდა ნინომ არ ინება წასვლა მასთან და წავიდა შროშანა.

ამის შემდეგ მესამე დღეს ჩამოვიდა მტკვარზე და გაემართა მეფის ბაღში, სადაც ამჟამად არის სვეტი იგი ღვთით აღმართული და საკათალიკოსო ეკლესია. როცა მივიდა ბაღის კართან, იხილა მცირე სახლი ბაღის მცველისა. შევიდა წმიდა ნინო. იჯდა იქ დედაკაცი, სახელად ანასტოს. როცა დედაკაცმა იხილა ნინო ადგა, მოეხვია და შეიტკბო, როგორც ნაცნობმა, დაბანა ხელები, სცხო ზეთი, მიართვა პური და ღვინო. დაჰყო მასთან წმიდა ნინომ ცხრა თვე.

ანასტოს და მისი ქმარი უშვილოები იყვნენ და წუხდნენ უშვილობისათვის. წმიდა ნინოს ეჩვენა: „მოვიდა კაცი ნათლისფერი და თქვა:შედი ამ ბაღში, ხეზე აშვებული ვაზია - ბაბილო, ნაძვთა ქვეშ. აიღე მიწა ამ ადგილიდან, შეაჭამე მაგათ და ეყოლებათ შვილი“. ჰყო ასე წმიდა ნინომ და უთხრა: „დაუსაბამო ღვთის ძის, ქრისტეს ძალით, რომელიც თანამოსაყდრე არის მამისა და სულისა წმიდისა და რომელიც შენი ხსნისათვის განკაცდა, ჯვარს ეცვა, დაეფლა, აღდგა მესამე დღეს, ამაღლდა ზეცად, დაჯდა მამის გვერდით, კვლავ მოვა დიდებით განსასჯელად ცოცხლებისა და მკვდრებისა, მან მოგცეს შენ გულისხმის-ყოფა“. და აუწყა ყოველი გზა ჭეშმარიტი.

მაშინ ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფნენ ფარულად. წმიდა ნინომ ქალაქის ზღუდის გარეთ იპოვნა მაყვლის ბუჩქი, სადაც ახლა არის ზემო ეკლესიის საკურთხეველი, საეპისკოპოსო. და ის შექმნა თავის საყოფლად. შექმნა ნასხლევისაგან ჯვარი და აღმართა ამ ბუჩქის ქვეშ. მარად ლოცულობდა დღე და ღამე დაუცხრომლად. და ემსახურებოდა ეს ცოლ-ქმარი. უკვირდათ მისი ღვაწლი, ლოცვა და მღვიძარება.

და მრავალგზის მიდიოდნენ ურიათა უბანში ებრაული ენისა და უფლის კვართის გამოძიებისათვის, რომლის შესახებაც იერუსალიმში მოისმინა ნიაფორისგან, რომ „კვართი უფლისა მცხეთელ ებრაელებს წაუღიათო“. ამისათვის გამოეძიებდა ურიებთან, რომ გაეგო რაიმე კვართის შესახებ.

და იპოვა ერთი ებრაელი მღვდელი, სახელით აბიათარი და უქადაგა მას და მის ასულს სიდონიას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახარება. ირწმუნეს და დაემოწაფნენ ისინი და სხვა 6 ებრაელი ქალი. და ნათლისღების გარეშე აიღეს წმიდა ნინოს სწავლის უღელი. რამეთუ არა იპოვებოდა მღვდელი, რომელიც ნათელსსცემდა და ფარულად იყვნენ მისი მოწაფენი. კურნავდა და ქრისტეს ძალით საკვირველებებს ჰყოფდა:მრავალი განრღვეული განკურნა.

ასე იმყოფებოდა ქალაქ მცხეთაში სამ წელს. ამ დროს შეიჭრნენ მირიან მეფე და მისი ძმისწული, სპარსთა მეფე, საბერძნეთში, ხოლო კონსტანტინე ბერძენთა მეფემ ქრისტეს ძალით და ჯვრის წინამძღვრობით განდევნა ეს მეფეები და მათი მრავალი მოლაშქრე მოსრა.

2 თქმული აბიათარ მღვდელისა, რომელიც დაემოწაფა წმიდასა და ნეტარ ნინოს

▲ზევით დაბრუნება


„მე, აბიათარ მღვდელი, წილისყრით ვმღვდელობდი იმ წელიწადს, როცა წმიდა და ნეტარი ნინო მოვიდა მცხეთაში. მაშინ მომივიდა წერილი ანტიოქიიდან, ებრაელი მღვდლებისგან, რომელშიც ეწერა: „სამად გაჰყო ღმერთმა ისრაელის სამეფო. ჩვენი წინასწარმეტყველები დაცხრნენ, აღსრულდა ყოველივე და განვიბნიენით ყველა ქვეყანაში. რომაელებმა დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა. ვტიროდით ერთურთს, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი. ახლა კი განიხილე მოსეს წიგნი და ის სიტყვა, რომელიც დაგვიწერა ჩვენ: „რომელი იტყჳს ქუეყანასა ზედა ღმრთად თავსა თჳსსა, ძელსა დამოეკიდენ“. ან რომ ავცდენოდით იესო ნაზარეველის სიკვდილს! რამეთუ ვხედავთ, როცა ჩვენი წინაპარი მამები შესცოდებდნენ ხოლმე ღმერთს და დაივიწყებდნენ მას, მაშინ ტყვეობასა და განსაცდელში ხვდებოდნენ, ხოლო როცა მოიქცეოდნენ და შესთხოვდნენ, მაშინ სრულად განშორდებოდნენ ჭირს. ეს შვიდგზის ვიცით წერილიდან. ხოლო ახლა, რადგანაც ჩვენმა მამებმა ხელი შეახეს იმ მწირი დედაკაცის ძეს და მოკლეს ის, აიღო ღმერთმა ხელი წყალობისა ჩვენგან და გაჰყო ჩვენი სამეფო, განგვაშორა მის წმინდა ტაძარს და უგულებელყო ჩვენი ერი სრულიად, და იმის შემდეგ გავიდა 300 წელი დამეტიც, აღარ შეისმინა ჩვენი ვედრება და უნდა ვიფიქროთ, რომ ზეცით იყო ის კაცი“.

ამის შემდეგ ვიწყე გამოკითხვა ნინოსგან ქრისტეს შესახებ, თუ ვინ იყო ის და რა მიზეზით იქმნა ძე ღვთისა კაცად. მაშინ აღაღო პირი წმიდა ნინომ, როგორც აღმომდინარე წყარომ და იწყო სიტყვა საუკუნითგან. ჩვენს წიგნებს ზეპირ აღმოიტყოდა, გონებადაკარგულს გონიერ-გვყოფდა, ძმათა ჩვენთა შეგვაბრალებდა და რჯულის ცვალებას დაგვაჯერებდა, სანამ არ ვირწმუნე მისი სიტყვა. იესო ქრისტე - ძე ღვთისა, მისი ვნება და აღდგომა. მისი საშინელი მეორედ მოსვლა და წარმართთა მოლოდინი. მე და ჩემი შვილი მისი განსაწმედელის საპკურებლის მიღების ღირსი შევიქმენით, იმ წყლის ემბაზისა, რომელსაც ნატრობდა დავით და ვერ ეღირსა. და მესმა მე ახლისა რჯულისა, საგალობლისა, რომელსაც ნატრობდა დავით. ღირს ვიქმენით ღვთის ძის - ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებისა, ტკბილ არს გემოს-ხილვა ქვეყნის ცოდვათათვის შეწირული კრავისა. და ასე ინებე, უფალო, განსვლა ჩემი ხორციდან. და კვლავ მრავალი სასწაული იხილა ჩემმა თვალებმა წმიდა ნინოს მიერ აღსრულებული ჩვენს დღეებში.

3 თქმული მისივე, აბიათარ მღვდელისა, კვართისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

▲ზევით დაბრუნება


„მე, აბიათარ მღვდელი, მოგითხრობთ იმ ამბავს, რომელიც მეუწყა და ჩემი ყურით მოვისმინე მამისა და დედისაგან და წიგნიდანაც ვიცი, რამეთუ მათაც მშობლებისა და პაპებისაგან მოთხრობით და სმენით იცოდნენ, რომ როცა ჰეროდე მეფობდა იერუსალიმს, მაშინ გვესმა. „იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო“, რის გამოც იქმნა გლოვა და წუხილი ქართველი ებრაელებისა, მცხეთის მკვიდრთა, ბოდელი მღვდლებისა, კოდისწყაროელი მწიგნობრებისა, სობის კანანელთა თარგმანთა - ესენი ყველანი მოემზადნენ სალტოლველად, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ხმა ნუგეშისცემისა, რომ „სპარსელები დასაპყრობად კი არ მოვიდნენ იერუსალიმში, არამედ იარაღის ნაცვლად მოჰქონდათ სამეფო ოქრო, მური - ავადმყოფობის მსწრაფლ მკურნალი, და გუნდრუკი საამო სურნელებისა. და ეძებდნენ ვინმე ახალშობილ ყრმას, დავითის ძეს. იპოვეს ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროოდ და უადგილო ადგილას. და ესენი ამ ყრმის თაყვანისცემისთვის მოვიდნენ და მას შესწირეს ძღვენი იგი“. ეს რომ გაიგეს, იქმნა დიდი სიხარული ყოველთა ზედა ჰურიათა ქართველთა.

ამის შემდეგ, როცა გავიდა 30 წელი, მაშინ მოწერა ანა მღვდელმა იერუსალიმიდან ჩვენს მამათამამას - ელიოზს, რომ ის, რომლისთვისაც სპარსთა მეფეები ძღვენით მოვიდნენ, გაიზარდა, უკვე ასაკშია და თავის თავს უწოდებს ღვთის ძეს. მოდით ყველანი მის სიკვდილზე, რათა აღესრულოს მოსეს მცნება“. და წავიდა აქედან ელიოზ მღვდელი, ჩემი მამათა მამა, მოხუცებული კაცი და ჰყავდა მას დედა ელია მღვდლის ტომისგან და ერთი და. ევედრებოდა ელიოზს დედამისი ასე: „წადი, შვილო, მეფის მოწოდებით და რჯულის წესის თანახმად, ხოლო რასაც ისინი განიზრახავენ, ნუ შეუერთდები ცნობიერად, რამეთუ იგი არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთა“. წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და იქ დაესწრნენ უფლის ჯვარცმას.

ხოლო როცა დამსჭვალეს უფალი და კვერით დაჰკრეს სამსჭვალს, აქ ელიოზის დედას მოესმა, იკივლა და თქვა. „მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალით თქვენი მაცხოვარი და იქმენით შემოქმედის მკვლელი. ვაი, ჩემს თავს, ამაზე წინ რად არ მოვკვდი, რომ ჩემს ყურებს არ მოესმინათ“. და ასე შეისვენა (გარდაიცვალა).

ხოლო უფლის კვართი წილად ხვდათ მცხეთელებს. წამოიღო ელიოზმა და მოიტანა მცხეთას. და მოეგება მისი დაი ცრემლიანი. მოეხვია ყელზე თავის ძმას, გამოართვა იესოს სამოსელი, მიიკრა მკერდზე და სული განუტევა ამ სამი ტკივილით:ქრისტეს სიკვდილისათვის, დედისა და ძმისთვის, რომელიც ეზიარა უფლის სისხლს.

მაშინ ამ საკვირველებამ დიდად შეაშფოთა მცხეთა, გაუკვირდა თვით დიდ ადერკი მეფეს, ხალხის სიმრავლესა და მთავრებს. მოეწონა ადერკი მეფეს ეს სამოსელი, მაგრამ საკვირველებისგან ზარდაცემული და შეშინებული იყო. არ ინება გამოღება მკვდრის ხელიდან, რომელსაც მაგრად და სურვილით ჩაეკრა სამოსელი. ელიოზმა დამარხა თავისი და, მას ხელთ ჰქონდა სამოსელი უფლისა. ეს ადგილი სად არის, უფალმა იცის. მრავალი წლის შემდეგ ადერკი მეფის ძმისწულმა არმაზაელმა მოიძია ეს სამოსელი ებრაელებთან და ვერ იპოვა, რამეთუ აუწყეს ყოველი, რაც იყო. არავინ იცის, სად არის ეს ადგილი, იციან მხოლოდ, რომ არის ლიბანიდან ჩამოტანილი და მცხეთას დარგული და გაზრდილი ნაძვის მახლობლად“. მრავალგზის ბრძანა დედამან ჩვენმა წმიდა ნინომ, რომ მოგვეძია ეს სამოსელი, მაგრამ მასაც უთხრეს: „ეს ის ადგილია, სადაც კაცთა ენა არ დადუმდება ღვთის საგალობლად“.

და ესეც მეუწყა მამაჩემისგან, რომ არის სხვაც:საღმრთო ძალით შემოსილი ორმაგი ხალენი ელიასი ამ ქალაქში. ელიოზის სახლი იყო ქალაქის დასავლეთით, მოგვთა ხიდს იქით.

იმ დღეებში მრავალგზის იხილა ჩვენმა წმიდა ნინომ, თითქოსდა მოდიოდნენ ცის ფრინველები შავი ფერისანი, შევიდოდნენ მდინარეში, განიბანდნენ, განსპეტაკდებოდნენ და აღვიდოდნენ ბაღში, მაღლარი ვაზის (ბაბილო) ყურძენს შეჭამდნენ, ყვავილებს მოძოვდნენ და ასე სურვილით წმიდა ნინოსთან მივიდოდნენ, თითქოსდა მისი იყო ის ბაღი, შემოუდგებოდნენ მშვენიერი ჟივილით გარშემო. ეს უთხრა წმიდა ნინომ თავის მოწაფე სიდონიას, აბიათარის ასულს, ხოლო სიდონიამ უთხრა წმიდა ნინოს: „უცხოვ და ტყვეთა მხსნელო ტყვეო, იცი, რომ შენს მიერ მოვიდა ეს ახალი დრო, შენს მიერ ისმის ის ძველი ამბავი, მამათა ჩვენთა ნაქმარი:სისხლის დათხევა იმ ზეციური კაცისა, რაც საფუძვლად დაედო ებრაელების სირცხვილს, მთელ ქვეყანაზე კიდითკიდემდე განბნევა, მათი მეფობის დაცემა, წმიდა ტაძრის წართმევა, უცხო ერის მოწოდება მათი დიდების მათთვის მისაცემად“. იერუსალიმ, იერუსალიმ, იერუსალიმ, როგორ გაგიშლია ფრთები და შემოიკრებ შენი ფრთების ქვეშ ცისკიდურის ყველა ერს. აჰა, აქაც მოსულა ეს დედაკაცი, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ყოველ წესს. და უთხრა წმიდა ნინოს - „ეს შენი ჩვენება ის არის, რომ ეს ადგილი შენს მიერ იქცევა სამოთხედ“.

საბერძნეთიდან მეფე კონსტანტინეს მიერ დამარცხებული მირიან მეფის მოსვლამდე წმიდა ნინომ განცხადებულად დაიწყო ქრისტეს რჯულის ქადაგება, გამოაჩინა ვაზის ნასხლევის ჯვარი და მით იქმოდა დიდ საკვირველებას:წამლის გარეშე განრღვეული განკურნა ჯვრის შეხებით. მასთან ერთად ქადაგებდნენ მისი მოწაფეები, რომლებიც თავდაპირველად ფარულად დაემოწაფნენ - 7 ებრაელი ქალი: სიდონია, აბიათარის ასული და სხვა ექვსი, ბაღის მცველი ცოლ-ქმარი და აბიათარ მღვდელი - ახალი პავლე, რომელიც უშიშრად და დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს რჯულს. ის დიდი მცოდნე იყო ძველი რჯულისა. ახალი რჯული ისწავლა წმიდა ნინოსგან და ნინოზე უფრო მეტად უხსნიდა ყოველ კაცს ჭეშმარიტ რჯულს.

მაშინ აღიძრნენ ებრაელები და სურდათ ქვით ჩაექოლათ აბიათარი, ხოლო მან, მეფემ, მიავლინა მსახური და გადაარჩინა აბიათარი სიკვდილს, რამეთუ მირიან მეფეს ჰქონდა სურვილი ქრისტეს რჯულისა. მას ესმოდა ქრისტეს რჯულის სასწაული საბერძნეთსა და სომხეთში და არ აბრკოლებდა წმიდა ნინოს და მისი მოწაფეების ქადაგებას. მაგრამ ებრძოდა ეშმაკი, უჩინო მტერი, და არ აღიარებდა ქრისტეს აღმსარებლობას, ხოლო ნანა დედოფალი უფრო გულფიცხელი იყო და შეურაცხყოფდა მათ ქადაგებას.

წმიდა ნინო ლოცულობდა დაუცხრომლად თავის საყუდელში, მაყვლის ქვეშ. გაოცებულნი იყვნენ მისი ლოცვითა და მღვიძარებით. ეუცხოებოდათ ეს საქმე. დაიწყეს მისი გამოკითხვა, ის აუწყებდა ძველ და ახალ წიგნებს, განაბრძნობდა უგუნურებს და უგულისხმოებს და მათ გულში ნერგავდა ქრისტეს სიყვარულს.

და ასე იყო სამ წელს, განცხადებულად ქადაგებდა ქრისტეს და მრავალი დაიმოწაფა. მაშინ იყო ერთი ყმაწვილი, მძიმედ სნეული. მიმოჰქონდა იგი დედამისს კარდაკარ, რათა ეპოვნა ვინმე მცოდნე კურნებისა. მაგრამ ვერ იპოვა მკურნალი და უთხრეს: „აღარაფერი ეშველება მაგ ყმას. ეს ქალი იყო წარმართი და გულფიცხი. სძაგდა ქრისტიანული სჯული, უშლიდა სხვებსაც წმიდა ნინოსთან მისვლას, მაგრამ როცა სასოწარკვეთილებას მიეცა სხვა მკურნალთაგან, მივიდა წმიდა ნინოსთან, დავარდა მის წინაშე და ევედრებოდა ყრმის განკურნებას. მაშინ უთხრა წმიდა ნინომ: „კურნებას, რომელიც ადამიანისგან არის, მე არ ვყოფ, ხოლო ღმერთმა ჩემმა - ქრისტემ განკურნოს ეს ყრმა, რომელიც ყველასგან განწირულია“.

კილიკზე* ლოცულობდა ხოლმე წმიდა ნინო, მასზე დაადებინა ყრმა და დაიწყო ღმერთის მიმართ ვედრება. მაშინვე განიკურნა ის ყრმა, გამოჯანმრთელებული მისცა დედამისს. ხოლო ყრმის დედამ აღიარა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ქადაგებს ნინო“, და დაემოწაფა წმიდა ნინოს, შეუდგა მის კვალს და ადიდებდა ღმერთს.

ნანა დედოფალიც ძლიერ დასნეულდა. ვერავინ განკურნა იგი, თუმცა ყველა ხელოვანმა მკურნალმა სცადა თავისი წამლები. უღონონი და სასოწარკვეთილნი იყვნენ. აუწყეს დედოფალს, რომ „რომაელი ტყვე დედაკაცის ლოცვით, რომელსაც ნინო ჰქვია, მრავალნი სნეულნი განიკურნენ“. მაშინ უბრძანა თავის მსახურებს, რათა მოეყვანათ ნინო. მივიდნენ დედოფლის მსახურები და იპოვეს ნინო მაყვლის ბუჩქის ქვეშ, მეექვსე ჟამს* ლოცულობდა. უთხრეს დედოფლის ბრძანება, ხოლო წმიდა ნინომ უთხრა: „არა მაქვს ბრძანება (ნება), რომ მივიდე იქ, სადაც ჩვენი შვება არ არის, თვითონ დედოფალი მოვიდეს ჩემს საყოფელში და ჭეშმარიტად განიკურნება ქრისტეს ძალით“. მსახურებმა უთხრეს წმიდა ნინოს ნათქვამი დედოფალს. მაშინ დედოფალმა ბრძანა: „შემიმზადეთ საწოლი და მიმიყვანეთ მასთან“. საწოლით წაიყვანეს მსახურებმა, მისმა ძემ რევიმ და ერის სიმრავლემ.

როცა მივიდნენ წმიდა ნინოს სამყოფელთან, დადეს დედოფალი საგებელ კილიკზე. დაიწყო წმიდა ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ.

მოიღო ჯვარი, რომელიც ჰქონდა, შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე ჯვრისსახედ და მაშინვე განიკურნა და ადგა გამოჯანმრთელებული, ირწმუნა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, ქრისტეს გარდა, რომელსაც ქადაგებს ეს ტყვე დედაკაცი“. და იმ დროიდან გაიხადა ის მეგობრად და თავის შინაურად. მარად ჰკითხავდა და გამოწვლილვით გამოეძიებდა ქრისტეს რჯულს. ასწავლიდნენ წმიდა ნინო, აბიათარი - ახალი პავლე და მისი ასული სიდონია. მორწმუნე გახდა დედოფალი და ცნო ჭეშმარიტი ღმერთი.

გამოჰკითხა მეფემ დედოფალს, თუ როგორ განიკურნა მეყსეულად. მოუთხრო დედოფალმა, რაც იქმნა მასზე, თუ როგორ განიკურნა წამლის გარეშე ლოცვით და ჯვრისშეხებით. ამ სასწაულის მხილველი ერის სიმრავლე ამოწმებდა დედოფლის სიტყვებს.

მაშინ განკვირდა მირიან მეფე, დაიწყო გამოძიება ქრისტეს რჯულისა, მრავალგზის ჰკითხა ურიაყოფილ აბიათარ მღვდელს ძველი და ახალი რჯული. ნებროთის წიგნშიც, რომელიც ჰქონდა მირიან მეფეს, იპოვა ერთი ადგილი:გოდოლის აშენების დროს ზეციდან გაისმა ხმა ნებროთის მიმართ: „მე ვარ მიქაელ, ღმერთის მიერ დადგენილი აღმოსავლეთის მთავრად. გადი მაგ ქალაქიდან, რამეთუ ღმერთი ფარავს მაგ ქალაქს. უკანასკნელ ჟამს მოვა მეუფე ცისა, რომლის ხილვაც შენ გნებავს. მისი შიში განაქარვებს ამქვეყნიურ სიტკბოს. მეფენი მეფობას დატოვებენ და სიგლახაკეს დაუწყებენ ძებნას. ის გიხილავს ჭირში და გიხსნის შენ“. მაშინ გულისხმა-ყო მირიანმა, რომ ძველი და ახალი წიგნები ემოწმებოდნენ და ნებროთის წიგნიც ამტკიცებდა. და მას გაუჩნდა სურვილი ქრისტეს რჯულისა, მაგრამ ებრძოდა უჩინო მტერი და აბრკოლებდა ქრისტეს აღიარებისგან, გულში იმედს იტოვებდა კერპებისას და ცეცხლისას.

მუდამ ევედრებოდა დედოფალი ქრისტეს აღსარებისათვის. დედოფლის მოქცევის შემდეგ მეფე ორი წელი ორგულობდა. ამ დროს წმინდა ნინო ერს ასწავლიდა დაუცხრომლად, მაგრამ არავის ეუბნებოდა: „ვინ ვარ და საიდან მოვედი“, არამედ ტყვეს უწოდებდა თავის თავს.

ამის შემდეგ სპარსელი მთავარი მოგვი სახელად ხუარა, დასნეულდა და სიკვდილის პირს იყო. ის იყო მირიან მეფის ნათესავი. შეევედრნენ წმიდა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. მეფე მის საქმეს ცოტა ეჭვით უყურებდა, ამიტომაც უთხრა წმიდა ნინოს: „რომელი ძალით მკურნალობ შენ? ან არმაზის ასული ხარ, ან ზადენის შვილი. უცხოეთიდან მოხვედი, ამათ შეევედრე და მოგცეს წყალობა, მოგანიჭეს კურნების ძალა, რათა გეარსება უცხო ქვეყანაში. დიდებულ არიან უკუნისამდე. ხოლო შენ იყავი ჩვენთან, როგორც ჩვენი შვილი, ამ ქალაქში პატივცემული. მაგრამ ნუ იქადაგებ რომაელთა შეცდომილ რჯულს და ნურც იტყვი, რამეთუ ეს დიდი და სოფლის მპყრობელი ღმერთები, მზის მომფენელი, წვიმის მომცემელი და ყოველი სულიერი არსების გამომზრდელი ქართლის ღმერთები არმაზი და ზადენი, ყოველივე დაფარულის გამომეძიებელნი, ჩვენი მამების ძველი ღმერთები გაცი და გაიმ - ისინი უნდა სწამდეთ ადამიანებს. თუ განკურნავ ამ მთავარს - გაგამდიდრებ და მცხეთის მკვიდრობა-მოქალაქეობას მოგცემ, დაგაყენებ არმაზის მსახურად. მართალია, მაშინ ჰაერითა და სეტყვით შეიმუსრნენ, მაგრამ ის ადგილი უძლეველია. ეს ქართველთა არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან მარადი მტრები არიან. ამან მასზე ზღვა მიაქცია და მან კი ასეთი ურვა მოაწია, როგორადაც არის ქვეყნის მპყრობელთა ჩვეულება, და შენთვის საკმარისი იყოს ეს ბრძანება“. მიუგო ნეტარმა ნინომ: „ქრისტეს სახელით და მისი დედის ვედრებით მოავლინოს შენზე ღმერთმა - ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ყოველი დაბადებულის დამბადებელმა, თავისი მრავალმოწყალებისგან მადლის ერთი ნაპერწკალი, რათა იცნო და გულისხმა-ჰყო ცის სიმაღლე და მზის ნათელი, ზღვის სიღრმე და ქვეყნის სივრცე. იცოდე, მეფევ, ვინ მოსავს ცას ღრუბლით და ქუხს ჰაერში, იძვრის ქვეყანა მისი სიმძაფრით. არის მეხთა ტეხა და მის კვალზე ცეცხლი აღეგზნება მისი გულისწყრომით. იცოდე, რომ ღმერთი არის ცაში. თავად ის უხილავია ყოველივე დაბადებულისგან, გარდა მისი ძისა, რომელიც მისგან გამოვიდა და ქვეყნად მოვიდა როგორც კაცი, რომელმაც აღასრულა ყოველივე, რისთვისაც იყო მოსული და აღვიდა ზეცაში მამასთან და იხილა დაუსაბამო, რომელიც მაღლაა და მდაბალთა ხედავს. მალე მოგხედავს ღმერთი, რამეთუ არის ამ ქალაქში ერთი სასწაული:სამოსელი ღმერთის ძისა და თქვეს, ელიას ხალენიც აქ არისო და მრავალი სასწაულია, რომელსაც ღმერთი გამოაჩენს. ახლა კი მე შენს მთავარს განვკურნავ ქრისტე ღმერთის ძალით და მისი ვნების ჯვრით, როგორც დედოფალი განვკურნე სენისგან“.

და მიჰგვარეს მას ის მთავარი, მოვიდა დედოფალიც ბაღში ნაძვის ქვეშ, დააყენა აღმოსავლეთით, ააწევინა ხელები და ათქმევინა სამგზის: „განვეშორები შენგან, ეშმაკო, და შევუდგები ქრისტესა ღმერთის ძესა“. ტიროდა ნინო და შესთხოვდა ღმერთს შესწევნოდა ამ კაცს. მოწაფეები მასთან იყვნენ იქ ერთი დღე და ორი ღამე. და სწრაფად გავიდა მისგან სული ბოროტი და დაემოწაფნენ ნინოს თავიანთი სახლით და ერით და ადიდებდნენ ღმერთს.

4 თქმული სიდონია დედაკაცისა, რომელმაც იხილა და აღწერა...

▲ზევით დაბრუნება


ერთ ზაფხულის დღეს, 20 ივლისს, შაბათს, გავიდა მეფე მუხრანისაკენ სანადიროდ. ამ დროს უჩინო მტერმა - ეშმაკმა, გულში ჩაუგდო კერპებისა და ცეცხლის სიყვარული. გაიხსენა მსახურება კერპებისა და ისურვა მახვილით ამოწყვეტა ყველა ქრისტიანისა. უთხრა მეფემ თავის ოთხ თანამზრახველს: „ღირსნი ვართ, რომ ჩვენმა ღმერთმა ბოროტი გვიყოს, რადგანაც აღარ ვემსახურებით მას და მივუშვით თავის ნებაზე გრძნეული ქრისტიანი მქადაგებლები თავიანთი რჯულის საქადაგებლად ჩვენს ქვეყანაში. ისინი გრძნეულებით აკეთებენ საკვირველებას. ახლა ასეთია ჩემი განზრახვა, ბოროტად გავწყვიტოთ ყველა თაყვანისმცემელი ჯვარცმულისა, და უმეტესად ვემსახუროთ ქართლის მპყრობელ ღმერთებს, ვამხილოთ დედოფალი ნანა, ჩემი ცოლი. მოვანანიებინოთ და დავატოვებინოთ ჯვარცმულის რჯული. თუ არ დამემორჩილება, დავივიწყებ მის სიყვარულს და სხვებთან ერთად წავრწყმიდავ მასაც“. დაეთანხმნენ მისი თანამზრახველები, რადგანაც მათაც ამ საქმის შესრულება მხურვალედ უნდოდათ, ადრევე სურდათ, მაგრამ ვერ აცხადებდნენ.

ხოლო მეფემ მოვლო სანახები მუხრანისა, ავიდა თხოთის მაღალ მთაზე, რათა მოეხილა კასპი და უფლისციხე. განვიდა მთის თხემზე. შუა სამხრობისას დაბნელდა მზე მთაზე და იქმნა როგორც ღამე, ბნელი, უკუნი. დაიპყრო სიბნელემ არენი და ადგილნი. განშორდნენ ერთმანეთს ჭირისა და ურვის გამო. დარჩა მეფე მარტო, იარებოდა მთათა და მაღრანთა შორის შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთ ადგილას, გადაეწურა იმედი თავის სიცოცხლისა და როცა მოვიდა ცნობაზე, განიზრახა გულში: „აჰა, შევთხოვე ჩემს ღმერთებს და ვერ ვპოვე ლხინება. ახლა ჯუარცმულს, რომელსაც ქადაგებს წმიდა ნინო და კურნავს მისით, არ შეუძლია ჩემი ხსნა ამ ჭირისაგან? რამეთუ ცოცხლად ვარ ჯოჯოხეთში და არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა, თუ მხოლოდ ჩემთვის იქმნა ეს. ახლა თუ მარტო ჩემთვის არის ეს ჭირი, ნინოს ღმერთო, განმინათლე ეს ბნელი და მიჩვენე ჩემი სამყოფელი და ვაღიარებ შენს სახელს, აღვმართავ ჯვრის ძელს და თაყვანს ვცემ მას. ავაშენებ ჩემთვის სალოცველ სახლს და ვიქნები მორჩილი ნინოსი რომაელთა რჯულზე“.

ყოველივე ეს რომ წარმოთქვა, განათდა და გამობრწყინდა მზე. ჩამოქვეითდა ცხენიდან მეფე, დადგა იმავე ადგილას, განიპყრნა ხელნი აღმოსავლეთით და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსაც ნინო იტყვის. საქებელია შენი სახელი ყოველი დაბადებულისგან ცის ქვეშ და ქვეყანაზე, რამეთუ შენ მიხსენი ჭირისგან და განმინათლე ბნელი. აჰა, ვცნობ. რამეთუ გინდა ჩემი ხსნა, ლხენა და შენთან მიახლება. კურთხეულო უფალო, ამ ადგილას აღვმართავ ძელის ჯვარს, რომლითაც იდიდება შენი სახელი და მოიხსენიება ეს სასაწაულებრივი საქმე უკუნისამდე“.

დაისწავლა ეს ადგილი და წამოვიდა. იხილეს ნათელი და შეუერთდა გაბნეული ხალხი. მეფე კი ღაღადებდა. „მიეცით ნინოს ღმერთს დიდება, რამეთუ ის არის საუკუნითგან ღმერთი და მხოლოდ მას შვენის დიდება უკუნისამდე“.

ნანა დედოფალი და ყოველი ერი გავიდა მეფის მისაგებებლად, რამეთუ ესმათ პირველად დაღუპვა, ხოლო შემდეგ მშვიდობით მოსვლა, მიეგებნენ ქინძარასა და ღართაში. ხოლო ნეტარი ნინო ლოცულობდა მწუხრს მაყვლოვანში მისი ჩვეულებისამებრ. ჩვენ მასთან ვიყავით ორმოცდაათი სული. როცა მოვიდა მეფე, იძვროდა ქალაქი და მაღალი ხმით ღაღადებდა მეფე. „სად არის ის უცხო დედაკაცი, რომელიც არის დედაჩემი და მისი ღმერთი ჩემი მხსნელია“. და როცა უთხრეს: „აქ, მაყვლოვანშია და ლოცულობს“, მივიდა თვით მეფე და მთელი ლაშქარი, ჩამოხდა მეფე ცხენიდან და უთხრა ნინოს: „ახლა ღირსი ვარ შენი ღმერთის და ჩემი მხსნელის სახელის აღიარებისა“. წმიდა ნინომ ასწავლა, აღმოსავლეთით ეცა თაყვანი და ეღიარებინა ქრისტე ძე ღვთისა.

მაშინ გრგვინავდა და ტიროდა ყოველი კაცი, როცა ხედავდნენ მეფესა და დედოფალს ცრემლოვანთ. მეორე დღეს მირიან მეფემ წარავლინა მოციქული საბერძნეთში კონსტანტინე ბერძენთა მეფის წინაშე. მასვე გაატანა ნინოს წიგნი ელენე დედოფალთან. და აუწყეს ყოველივე სასწაული მირიანისა ქრისტესმიერი, რომელიც მცხეთაში მოხდა და ითხოვეს სასწრაფოდ მღვდელნი ნათლისღებისთვის. ხოლო წმიდა ნინო და მისი მოწაფეები უქადაგებდნენ ერს დღე და ღამე დაუცხრომლად და უჩვენებდნენ ჭეშმარიტ გზას.

5 თქმული მისივე ეკლესიის აღშენებისათვის

▲ზევით დაბრუნება


როცა მეფე და მთელი ერი ქრისტიანობას დაეწაფა მღვდლების მოსვლამდე, უთხრა მეფემ წმიდა ნინოს: „მსურს სასწრაფოდ ავაშენო ღვთის სახლი, სად ავაშენო?“ უთხრა წმიდა ნინომ: „სადაც მეფეთა გონება მტკიცეა“. უთხრა მას მეფემ: „მიყვარს მე შენი მაყვლოვანი, იქ მნებავს ჩემი გონებით, მაგრამ ასე არ ვყოფ და არ მოვერიდები სამეფო ბაღს, ამ ნაძვთა სიმაღლეს, ამ ბაბილოს ნაყოფიერებასა და ყვავილთა სურნელებას, რამეთუ ჩვენება, რომელიც იხილე შენ, შავფრთიანი ფრინველების განბანა წყლით, ბრწყინვალედ განსპეტაკება და დასხდომა მათი ამ ბაღის ხეებზე, მათი ტკბილხმოვანება, - ჭეშმარიტად, ეს ხორციელი წარმავალი ბაღი შეგვეცვლება საუკუნო სამოთხედ. აქ აღვაშენოთ ღვთის სახლი, ჩვენ სალოცველად, საბერძნეთიდან მღვდლების მოსვლამდეო“.

სასწრაფოდ მოიღო ძალი. ასწავლიდა ხუროებს, მოჰკვეთეს ის ნაძვი და ამ ნაძვისგან შეამზადა ეკლესიის შვიდი სვეტი. ძელებით ააშენეს კედელი და აღმართეს ექვსი სვეტი თავიანთ ადგილებზე, ხოლო უდიდესი სვეტის აღმართვა. რომელიც საკვირველი იყო სახილველად და გამზადებული იყო შუა ეკლესიის შესადგმელად, ვერ შეძლეს. აუწყეს მეფეს, რომ ადგილიდანაც ვერ დაძრეს ეს სვეტი. მაშინ მოვიდა მეფე ერის სიმრავლით, მოიტანეს მრავალღონე მანქანები. სიმარჯვითა და ხალხის სიმრავლის ძალით შეეცადნენ აღმართვას და ვერ შეძლეს. გაკვირვებული იყო მეფე და ხალხი და ამბობდნენ: „რა არის ეს?“ როცა მოსაღამოვდა:წავიდა მეფე თავის სახლში, ფრიად შეწუხებული, ხოლო წმიდა ნინო და თორმეტი მისი მოწაფე ქალი დადგნენ სვეტთან. ხოლო სანატრელი იგი გოდებდა ამ სვეტზე და ადენდა თავის ცრემლს.

შუაღამისას გადმოიქცა ორივე მთა - არმაზი და ზადენი, თითქოს ჩამოირღვნენ და დააყენეს ორივე წყალი:და მტკვარმა გადმოხეთქა და მიჰქონდა ქალაქი. გაისმა საზარელი ტყებისა და გოდების ხმა. და აგრეთვე არაგვი გარდამოხდა ციხეზე და შეიქმნა საზარელი გრგვინვა. შეეშინდათ ქალებს და ილტვოდნენ. ხოლო წმიდა ნინო ღაღადებდა: „ნუ გეშინიათ, დანო ჩემნო, მთანი აქვე არიან, წყალნი აქვე დიან, და ხალხს, ყველას სძინავს. ხოლო ეს თითქოსდა მთები რომ დაიძრნენ, მართალი ჩვენებაა, რამეთუ ურწმუნოების მთანი დაირღვნენ ქართლში, ხოლო წყალი რომ დადგა, კერპებისადმი შეწირული ყრმების სისხლი შეწყდა. ხოლო ტყების ხმა ეშმაკთა სიმრავლე არის, რამეთუ იგლოვენ თავსა თვისსა, რომელნიც ამ ადგილებიდან გაიქცნენ ძალითა მაღლისა და ქრისტეს ჯვარით. ილოცეთ ღვთის მიმართ“. და მაშინვე დაცხრა ის ხმა და იყო არარა. და დადგა წმიდა ნინო, განიპყრო ხელნი და დაიწყო ლოცვა ღმრთის მიმართ და ამბობდა: „რათა არ დაბრკოლდეს ეს საქმე, რომლისთვისაც წარმართულია მეფე“. და კვლავ, მამლის ყივილამდე ქალაქის სამივე კარს დასცა ზარი ძლიერმა ლაშქარმა. დალეწეს კარნი და აღივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრით, და გაისმა ხმა შიშისმომგვრელი, ყივილი და კვლა, და აღივსო ყოველი ადგილი სისხლით და მოვიდა სიმრავლე მახვილით და შეძახილებით. შიშისგან ხორცი დადნებოდა და განილია სული მათი. ტიროდნენ თავიანთ ნათესავებს. ისმოდა ძლიერი ხმა: „მეფე სპარსთა, მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა ბრძანებს:ყოველი ებრაელი განარინეთ პირისაგან მახვილისა“. ეს რომ მომესმა, შევორგულდით მე და ათნივე ჩემთან მყოფნი, და მოახლოებულნი იყვნენ მახვილოსანნი ჩვენს გარემოს, სცემდნენ და კლავდნენ.

და გაისმა ძლიერი ხმა - „მირიან მეფე მოკლესო“. გაიხედა მხნე მოღვაწემ და თქვა: „ეს, რომელიც ყივის, ვიცი, ახლა დიდად გაჭირვებულია და ვმადლობ ღმერთს, რომ ეს ნიშანი არის მათი წარწყმედისა, ქართლისა ცხოვრებისა და ამ ადგილის დიდებისა“, და გვანუგეშებდა, როგორც ხელოვანი მოძღვარი, ჭეშმარიტი მოძღვარი და მოციქული ქრისტესი.

მიუბრუნდა ამ მომავალ ხალხს და უთხრა: „სად არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და ხუარან-ხუარა? საბასტანით გუშინ გამოხვედით, ვითომ მალე მოხვედით და დიდი ლაშქარი ხართ, ძლიერად დალეწეთ ეს ქალაქი და მახვილი დაეცით. ქარსა და ნიავს გაჰყევით ბნელით ჩრდილოეთისკენ, მთათა და კედართა. აჰა, მოვიდა, რომლისგანაც თქვენ ილტვით“. და განძრა ხელი ჯვრისსახედ და მეყსეულად უჩინო იქმნა ყოველი და დადუმდა გარემო. ქალები შეჰნატროდნენ მას და ადიდებდნენ ღმერთს.

ცისკრისჟამს მიერულა ყველა ქალს, ხოლო მე, სიდონია, მღვიძარე ვიყავ. ის იდგა ხელგანპყრობით და აჰა, ნეტარს, ზედ მოადგა ერთი ჭაბუკი სრულიად ნათლით შემკობილი, შებლარდნილი ცეცხლის ზეწრით და თქვა რაღაც სამი სიტყვა. ხოლო ის დაეცა მიწაზე. ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა სვეტს, აღმართა და წაიღო მაღლა. მე გაკვირვებული მივეახლე მას და ვუთხარი: „დედოფალო, რა არის ეს?“ ხოლო მან მიპასუხა: „მოიდრიკე თავი ქვეყნად“ და ტირილი დაიწყო. მცირე ხნის შემდეგ ადგა და ამაყენა, განვშორდით ამ ადგილს. და ქალებმაც იხილეს ეს სვეტი, ცეცხლის სახით ჩამოდიოდა. მიუახლოვდა თავის ხარისხს - მონაკვეთი ნაძვის ძირს.

რიჟრაჟისას ადგა მეფე, ურვისგან შეწუხებული. გახედა ბაღს და დაწყებულ ეკლესიას. იხილა ნათელი, როგორც ელვა აღწეული ცაში მისი ბაღიდან. სირბილით და მკვირცხლად მოდიოდა მისი სახლის სიმრავლე და ქალაქის ხალხი მასთან ერთად. მათ საკვირველება იხილეს - ნათელით გაბრწყინვებული სვეტი ჩამოდიოდა თავის ადგილზე თითქოსდა ზეციდან. და დადგა თავის ხარისხზე და დაემყარა მას კაცთაგან ხელის შეუხებლად. ნეტარი იყო ის ჟამი, რამეთუ ამ დროს შიშითა და სიხარულით აღივსო ქალაქი მცხეთა. დიოდა ცრემლთა მდინარენი მეფეთა, მთავართა და მთელი ერისა. სულთქმით ადიდებდნენ ღმერთს და ნატრობდნენ ნეტარ ნინოს, და იმ დღეს დიდი სასწაულები ხდებოდა.

პირველად მოვიდა ერთი ებრაელი, შობიდან ბრმა, მიეახლა სვეტს, აეხილა მაშინვე თვალები. ადიდებდა ღმერთს. მეორედ ყრმა სეფეწული მოიყვანეს, ამაზასპანი, რვა წლისა. საწოლით მოიტანა დედამისმა. სარწმუნოებით დადო საწოლი ნათლის სვეტის წინ. ევედრებოდა ნინოს: „მოხედე, დედოფალო, სიკვდილს მიახლოებულ ამ ჩემს ძეს, რამეთუ ვიცი, ღმერთი ღმერთთა ის არის, რომელსაც შენ ემსახურები და ჩვენ გვიქადაგებ. მაშინ წმიდა ნინომ შეახო ხელის სვეტს, დაადო ყრმას და თქვა: „გწამდეს იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, ყველა კაცის სიცოცხლისათვის ამ ქვეყნად ხორციელად მოსული, განიკურნე ამიერიდან და ადიდებდე მას, ვისმა ძალამაც განგკურნა“. და უცებ აღდგა ყრმა, როგორც უტკივნელი. დაეცა შიში მეფესა და ხალხს. სნეულები მოდიოდნენ და განიკურნებოდნენ, სანამ მეფემ არ შექმნა საბურველი ძელისა სვეტის გარშემო და დაფარა ხედვისგან. ასევე ეხებოდა ხალხი მის სართულს და იკურნებოდა. სწრაფად დაიწყო მეფემ და განასრულა ეკლესია ბაღში.

როცა მირიან მეფის მოციქულებმა მიაღწიეს ბერძენთა მეფის კონსტანტინეს წინაშე, მოუთხრეს ყოველივე რაც იქმნა. მაშინ აღივსო სიხარულით მეფე და დედამისი ელენე დედოფალი:პირველად იმისთვის, რამეთუ მადლი ღვთისა მოეფინებოდა ყველა ადგილს და მათ ხელქვეშ ნათელს-იღებდა ყოველი .ქართლი. ხოლო შემდგომ უხაროდათ, რამეთუ დარწმუნდნენ, რომ მირიან მეფე სრულებით ჩამოშორდა სპარსელებს და მტკიცედ მიიღო მათი სიყვარული. ადიდებდნენ და ჰმადლობდნენ ღმერთს. გამოგზავნეს მღვდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად და მასთან ორი მღვდელი და სამი დიაკონი. მისწერა მირიანს კონსტანტინე მეფემ წიგნი ლოცვისა და კურთხევისა, ღმერთის მადლობისა. გამოგზავნეს ჯვარი და მაცხოვრის ხატი და მასთან დიდი სიმდიდრე. ხოლო ელენე დედოფალმა მოწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინისცემისა.

მოვიდნენ იოვანე ეპისკოპოსი, მასთან ერთად მღვდლები, დიაკვნები და მოციქულები მცხეთაში. აღივსნენ სიხარულით მეფე, დედოფალი და მთელი მათი ხალხი, რამეთუ სურვილი ჰქონდა ყველას ნათლისღებისა. მაშინ სწრაფად გაუგზავნა მეფე მირიანმა ბრძანება ყველა ერისთავს, სპასალარებს და ყოველ სამეფო პირს მის წინაშე მისასვლელად. სწრაფადვე მოვიდნენ ყველანი ქალაქში. მაშინ ნათელიღო მეფემ წმიდა ნინოს ხელქვეშ, შემდეგ დედოფალმა, მათმა შვილებმა მღვდლებისა და დიაკვნების ხელქვეშ. შემდეგ აკურთხეს მდინარე მტკვარი. ეპისკოპოსმა შეამზადა ერთი ადგილი, მოგვთა ხიდთან, მოგვთა კარის სიახლოვეს, სადაც იყო ელიოზ მღვდლის სახლი, იქ ნათელს-ცემდა თითოეულ წარჩინებულს, და ეწოდა ამ ადგილს მთავართა სანათლო. ხოლო მის ქვემოთ მდინარისვე პირას ორგან, ორი მღვდელი და დიაკვნები ნათელსცემდნენ ხალხს. აწყდებოდა ხალხი ერთმანეთს და ევედრებოდნენ მღვდლებს, რათა პირველად ის მოენათლა. ასე ესწრაფოდა ნათლისღებას ყველა.

ასეთი სახით ნათელ-იღო მთელმა ხალხმა და ქართლის სიმრავლემ. არ მოინათლნენ მხოლოდ კავკასიელი მთიულები და არც მოვიდნენ ამ ნათლის მოფენაზე, არამედ დარჩნენ სიბნელეში რამდენიმე ხანს. და მცხეთელი ებრაელებიც არ მოინათლნენ, ბარნაბიანები (ბარნაბას სახლი) მოინათლნენ და ჭეშმარიტ ქრისტიანებად იქცნენ. ამისთვის მეფის წინაშე დიდნი გახდნენ, უბოძა მათ დაბა, რომელსაც ჰქვია ციხედიდი. ასევე არ მოინათლა ფეროზი, სიძე მირიან მეფისა, რომელსაც ჰქონდა მირიან მეფისგან მიცემული რანი ბარდავამდე. არც მისმა ერმა მიიღო ნათელი, არამედ მხოლოდ ხორციელად ემსახურებოდნენ მეფეს.

მაშინ გაგზავნა მირიან მეფემ ეპისკოპოსი იოვანე და მასთან ერთად ერთი წარჩინებული კონსტანტინე მეფესთან და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელიც იმჟამად აღმოეჩინა ღვთისმოყვარე ელენე დედოფალს. ითხოვა მრავალი მღვდელი, რათა მიევლინებინა ყოველ ქალაქსა და ადგილზე და მოენათლათ ხალხი, რომ მონათლულიყო ქართლის ყოველი სული. ასევე ითხოვა ქვითხურონი ეკლესიების აშენებისთვის. როცა მივიდნენ კონსტანტინე მეფის წინაშე, სიხარულით უბოძა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა და ის ფიცარი, რომელზედაც იყო დამსჭვალული უფლის ფეხები, აგრეთვე სამსჭვალნი ხელებისა. წარმოგზავნა მღვდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი, რამეთუ კონსტანტინე მეფემ მისი მეფობისას ააშენა წმიდა ეკლესიები. მისცა განძი ეპისკოპოს იოვანეს და უბრძანა: „სადაც საჭიროდ მიიჩნევ ქართლში, იქ აღაშენე ეკლესიები ჩემს სახელზე და ეს სიმდიდრე დაამკვიდრე ქართლის ქალაქებში“.

და წამოვიდა ეპისკოპოსი და მასთან ერთად მირიანის მოციქული, მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ერუშეთი. დატოვა იქ ხუროები ეკლესიის ასაშენებლად, დატოვა განძი, უფლის სამსჭვალნი და წამოვიდა. და აგრეთვე წუნდაში დატოვა ხუროები და განძი, ეკლესიის დაწყებისას წამოვიდა, მოვიდა მანგლისში, აქაც დაიწყო ეკლესიის შენება და დატოვა უფლის ფიცარი.

მაშინ შეწუხდა იმისთვის მირიან მეფე, რომ პირველად სამეფო ქალაქში არ მოვიდნენ, არამედ სხვა ქალაქებსა და ადგილებში დაიწყეს ეკლესიის შენება და დატოვეს ნაწილები. მივიდა წმიდა ნინო მეფესთან და უთხრა: „ნუ სწუხარ, მეფეო, რამეთუ ასე სჯობია, სადაც მივიდნენ, დათესეს ღვთის სახელი. არის ამ ქალაქში სამოსელი უფლისა“.

მაშინ მოიყვანა მეფემ აბიათარ მღვდელი და მასთან ერთად მრავალი ებრაელი და გამოიკითხა მათგან უფლის კვართისათვის, ხოლო მათ მოუთხრეს ყოველივე, რომელიც ზემოთ წერია. მაშინ აღაპყრო ხელი მირიან მეფემ და თქვა: „კურთხეულ ხარ, შენ უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისა ცხოველისაო, რამეთუ თავიდანვე გინდოდა ჩვენი ხსნა ეშმაკისაგან და მისი ბნელი ადგილისაგან, ამისთვის შენი წმინდა სამოსელი წარმოეც წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან, შენი ღვთაების არმცოდნე ებრაელებისგან და მოგვეც ჩვენ, უცხო ერს“.

მეფე და მთელი ქალაქი განმტკიცდებოდა ქრისტიანობაში. დაიწყეს ხუროებმა ზღუდის გარეთ ეკლესიის შენება, წმინდა ნინოს საყოფელ მაყვლოვანში, სადაც ახლა არის საეპისკოპოსო ეკლესია. მაშინ თქვა წმინდა ნინომ: „კურთხეულ არს უფალი იესო ქრისტე და მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რომელმაც მოავლინა წმინდა სიტყვა მისი ზეცის სიმაღლიდან, ძლიერი ტახტისგან გადმოსული ქვეყნად, მდაბლად შობილი დავითის თესლისგან, დედაკაცისგან მხოლოდშობილისა წმინდისა და უბიწოისა. ჩვენი ცხოვრების მიზეზი, რომელმაც ცის ქვეშ ყველაფერი გაანათლა და მორწმუნენი აცხოვნა, რომელიც იშვა როგორც კაცი, ნათელი ყოველთა, მამა ღმერთის ხატი და ვითარცა ვინმე სულის მსახურმა ნათელ იღო წყლისაგან და სულისაგან და ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღდგა მესამე დღეს, და ახდა სიმაღლესა მამისა თანა, და კვლავ მოვა დიდებით, რომელსაც შვენის ყოველივე დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამით და სულით წმიდით“.

6 აღმართებისათვის პატიოსნისა ჯვრისა

▲ზევით დაბრუნება


ქართლის მოქცევის დროს იდგა ერთი ხე კლდის ბორცვზე, შეუვალ ადგილას, ეს ხე იყო ფრიად ეშვენიერი. და საკვირველება ამ ხისგან ის იყო, რომ ისარცემული ნადირი, რომელიც მივიდოდა და შეჭამდა ამ ხის ფოთოლს ან თესლს, აღარ მოკვდებოდა, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილი ყოფილიყო. ეს ძლიერ აკვირვებდა პირველ წარმართებს. აუწყეს ეპისკოპოს იოვანეს ამ ხის შესახებ. ხოლო ეპისკოპოსმა თქვა: „აჰა. ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა თავდაპირველადვეა შენახული ღვთისგან თავის მსახურად, რამეთუ ღმერთისგან აღმოცენდა ეს ხე, ამ დროისათვის შენახული, რამეთუ ახლა მოეფინა ღმერთის მადლი ქართლს, და ამ ხისგან ჯერ არს პატიოსანი ჯვრის შექმნა, რომელსაც თაყვანს სცემს ქართლის მთელი სიმრავლე“.

და წავიდნენ რევ, ძე მეფისა, ეპისკოპოსი და ხალხის სიმრავლე. მოჰკვეთეს ეს ხე და თავის რტოებიანად წამოიღეს და მოჰქონდა ათ ათეულ კაცს, ზეზე რტოებით და ფოთლებითურთ, შემოიტანესქალაქში, ზამთრის დროს, როცა სხვა ყოველი ხე ხმელი იყო, ხოლო ეს ფოთოლდაუცვენელი, სურნელოვანი და სახილველად მშვენიერი. და ძირზე დააყენეს ეკლესიის კარებთან, სამხრეთით, სადაც უბერავდა ნელი ნიავი და შლიდა მის ფოთლებს, ძრავდა მის რტოებს და მისი ხილვა მშვენიერი იყო, როგორც გვსმენია - ალვის ხისა.

ეს ხე მოჰკვეთეს 25 მარტს, პარასკევს, და იდგა ასე 37 დღე. და არ შეიცვალა ფერი მისმა ფოთლებმა, იდგა თავის ძირზე, წყაროს თავთან, ვიდრე არ შეიმოსა ყველა ხე ფოთლით, ხოლო ნაყოფის გამომღებელი ხეები - ყვავილით.

მაშინ, 1 მაისს, შეემნეს ჯვარი, 7 მაისს აღმართა მეფის ხელის დადებით ქალაქის მთელმა ხალხმა, და აჰა, ზეციდან ჩამოვიდა ცეცხლის ჯვარი და როგორც ვარსკვლავთ-გვირგვინი დაადგა ეკლესიას განთიადამდე. გარიჟრაჟისას მისგან გამოვიდა ორი ვარსკვლავი, ერთი წავიდა აღმოსავლეთით და ერთი დასავლეთით. და ის თვითონ (ვარსკვლავგვირგვინი) ასევე ბრწყინვალედ ნელ-ნელა გადავიდა არაგვზე და დადგა კლდის ბორცვზე, ზემო მხარეს, იმ წყაროს სიახლოვეს, რომელიც წმიდა ნინოს ცრემლებმა აღმოაცენა და იქიდან ამაღლდა ზეცად. და ასე მრავალგზის იხილა მთელმა ხალხმა მაცხოვარება ღვთისა ჩვენისა. მაშინ გამოჰკითხეს წმიდა ნინოს, თუ რა არის, რომ ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი აღმოსავლეთით მიდის, მეორე კი დასავლეთით, და თქვა მან. „განავლინეთ კაცი მაღალ მთებზე აღმოსავლეთით კახეთის მთამდე და დასავლეთით ამ ქალაქის სანახებამდე, როცა გამობრწყინდებიან ის მთიები, ნახონ, თუ სად დადგებიან და იქ აღემართოს ჯვრები იესო ქრისტესი“.

მაშინ ყო მეფემ ეგრე. ეს დღე იყო პარასკევი და შაბათი თენდებოდა. მოხდა იგივე სასწაული, როგორც პირველად. მეორე დღეს მოვიდნენ დასავლეთში გაგზავნილები, რომელნიც იდგნენ ქვაბთა თავზე და მოუთხრეს მეფეს, რომ „გამოვიდა ის ვარსკვლავი, ამაღლდა და მიიწია თხოთის მთაზე, კასპის გადასასვლელთან, დადგა ერთ ადგილს და სრულებით გაუჩინარდა“.

ასევე მოვიდნენ კახეთის მთიდან და თქვეს: „ვიხილეთ ვარსკვლავი ჩვენსკენ მომავალი და დაადგრა დაბა ბოდს კუხეთისას“. მაშინ უბრძანა ნეტარმა ნინომ: „წაიღეთ ორი ჯვარი, და აღმართეთ ერთი თხოთს, სადაც გაგიმხილა ღმერთმა თავისი ძალა და ერთი მიეც სალომეს ქრისტეს მხევალს, აღმართოს უჯარმის ქალაქში, რამეთუ ბოდში არის ერის სიმრავლე. ბოდის დაბა იქნება ღვთის სათნო ადგილი“. ჰყვეს ეგრე, როგორც ბრძანა დედოფალმა. ხოლო ზეციური სასწაულის ჩვენებით ეს პატიოსანი ჯვარი მცხეთაში დატოვეს. მივიდნენ ბორცვის ქვეშ, წყაროსთან ათიეს ღამე, ილოცეს ღმერთის მიმართ, ნეტარი ნინო ცრემლით აზავებდა წყაროს, და იყო კურნებანი და დიდი სასწაულები. მეორე დღეს ავიდნენ კლდეზე, მოვიდა ნეტარი ნინო ბორცვზე, დავარდა ქვებზე, ტიროდა, და მასთან ერთად მეფეები, მთავრები და ყოველი სიმრავლე ერისა, ისე რომ მთები ექოს აძლევდნენ. და დაადო ხელი ქვას და უთხრა ეპისკოპოსს: „მოდი, რამეთუ შენდა ჯერ არს, და დასწერე ჯვარი ამ ქვას“. და მან ჰყო ეგრე და იქ აღიმართა ის ჯვარი დიდებით მეფეთაგან, დაიჩოქა ურიცხვმა ხალხმა და თაყვანისცეს ჯვარს და აღიარეს ჯვარცმული ჭეშმარიტად ძედ ღვთისა ცხოველისა, და ირწმუნეს სამებით დიდებული ღმერთი.

ხოლო დიდი მთავრები არ განშორდნენ წმინდა ეკლესიას, ნათლის სვეტს და ცოცხალ ჯვარს, რამეთუ ჰხედავდნენ უზომო სასწაულებს და მიუთხრობელ კურნებებს. აღდგომის დღესასწაულის კვირა დღეს მირიან მეფემ და მთელმა მცხეთამ შესწირეს შესაწირავი და ეს დღე განაწესა ჯვრის მსახურებად, აღდგომის დღესასწაული, ყოველმა ქართლმა დღევანდლამდე. რამდენიმე დღის შემდეგ სული წმინდის მოფენიდან იხილეს სასწაული დიდად საშინელი, ოთხშაბათ დღეს ნათლის სვეტი ჯვრის სახით დაადგა ამ ჯვარს და თორმეტი ვარსკვლავი მის გარშემო გვირგვინის სახით. ხოლო ის ბორცვი აკმევდა სურნელებას. ხედავდნენ ამ სასწაულს ყოველნი და მრავალი უღმერთოთაგანი მოიქცა და მოინათლა იმ დღეს. ხოლო ქრისტიანები კიდევ უფრო მორწმუნენი გახდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. მერე კვლავ იხილეს ჯვრის სხვა სასწაული - მზეზე შვიდჯერ უბრწყინვალესი ნათელი დაადგა ჯვარს თავზე და ღვთის ანგელოზები აღვიდოდნენ და გარდამოვიდოდნენ მასზე, ვითარცა ღუმელში ნაპერწკლები.

ხოლო ის ბორცვი ძლიერ იძროდა. ამ სასწაულის დაცხრომისას ძვრაც წყდებოდა. იხილეს ეს სასწაული, გაუკვირდა ყველას, უფრო და უმეტესად ადიდებდნენ ღმერთს. ამ სასწაულს ხალხი ხედავდა შიშით და ძრწოლით. მოდიოდნენ გულმოდგინედ თაყვანისსაცემად.

ამ დროს მეფის ძეს, რევს, ჰყავდა სასიკვდილოდ სნეული პატარა შვილი. მარტო ის ჰყავდა. მოიყვანა და დადო ჯვრის წინაშე და ცრემლით თქვა: „თუ მიბოძებ ამ ყრმას ცოცხალს, ავაშენებ ლუსკუმას (ბუდეს) შენს საყოფელად“. მაშინვე განიკურნა ის ყრმა, გაცოცხლდა და განკურნებული წაიყვანა. მერე მოვიდა თავისი აღნათქვამის აღსასრულებლად და მისცა მადლი დიდი სიხარულით და გულმოდგინედ ააშენა მცხეთის ჯვრის ლუსკუმა რევმა, მეფის ძემ. ყოველწლიურად მოდიოდა და აღასრულებდა აღნათქვამ მსხვერპლს. მის შემდეგ უფრო მოდიოდნენ უძლურნი და სნეულნი და იკურნებოდნენ, სიხარულით ადიდებდნენ წმინდა ჯვარს. იყო ერთი, ორივე თვალით ბრმა, ჭაბუკი. იჯდა ის ქრისტეს ჯვრის წინ და მეშვიდე დღის შემდეგ აეხილა თვალები, ხედავდა და ადიდებდა ღმერთს. მერე იყო ვინმე დედაკაცი, უკეთური სულისგან მარად გვემული რვა წლის მანძილზე, ისე, რომ ძალი და გონება წართმეული ჰქონდა, თავის სამოსელს ხევდა. როცა მოიყვანეს და პატიოსან ჯვარს ამთხვიეს, მეთორმეტე დღის შემდეგ განიკურნა და თავისი ფეხით წავიდა, ადიდებდა ღმერთს და თაყვანსსცემდა პატიოსან ჯვარს. იყო ასევე ერთი მცირე ყრმა, უცებ დაეცა და მოკვდა. აიღო დედამისმა და დადო ჯვრის წინ მკვდარი, დილიდან საღამომდე დედამისი ტირილით ლოცულობდა ჯვრის წინ, სხვები ეუბნებოდნენ: „წაიღე, დედაკაცო, და დამარხე, რამეთუ მკვდარია, ნუღარ აჩერებ“. ხოლო მან არ წარიკვეთა სასოება, არამედ უფრო და უმეტსად საწყალობლად ტიროდა და ლოცულობდა. ხოლო საღამო ჟამს ყრმა მოსულიერდა, თვალი აახილა და მეშვიდე დღის შემდეგ განიკურნა. გაცოცხლებული წაიყვანა ყრმა დედამისმა და ადიდებდა ღმერთს. ხოლო როცა იხილეს სასწაულები და კურნებანი ყოვლად წმინდისა ჯვრისა, მრავალი უშვილო მიდიოდა, ითხოვდნენ შვილიერებას და მრავალშვილიანები ხდებოდნენ, შესაწირავებს და მადლს აძლევდნენ. არა მარტო მოსულები იღებდნენ კურნებას, არამედ ისინიც, რომელნიც შორიდან ლოცულობდნენ, მაშინვე მისი შეწევნით იღებდნენ მადლს და მადლობის შესაწირავად მოდიოდნენ.

მრავალნი უღმერთონიც კი, ჭირში ჩაცვენილნი, როგორც კი შესთხოვდნენ წმიდა ჯვარს, მაშინვე შორდებოდათ ჭირი და მოდიოდნენ ჯვრის სამთხვევად, სასწრაფოდ ინათლებოდნენ და ადიდებდნენ პატიოსან ჯვარს. პატიოსანი ჯვრის ძალით იკურნებოდნენ პირადი სატანჯველისგან, მოდიოდნენ სავედრებლად და იკურნებიან დღევანდელ დღემდე და ადიდებენ მამას, ძეს და სული წმინდას.

7 წიგნი, რომელიც მისწერა რომის პატრიარქმა და ბრანჯთა მეფემ ნინოს, მეფე მირიანს და ქართლის ერს

▲ზევით დაბრუნება


ამ დღეებში მოუვიდა წიგნი რომის პატრიარქისაგან წმიდა ნინოს, მეფეს და ქართლის მთელს ერს. მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქების შესასხმელად და კურთხევის მისაცემად, ნეტარი ნინოსგან ლოცვის წასაღებად და მისი მადლის საზიარებლად.

მას ჰქონდა ასევე ბრანჯთა მეფის წიგნი წმინდა ნინოსთან, რამეთუ მამამისისგან მიეღო ნათელი ბრანჯთა ქვეყანას. გაგებული ჰქონდათ იერუსალიმსა და კონსტანტინეპოლში ეს ყოველივე, რომ სიმართლის მზე მოეფინა ქართლის ქვეყანას. ამისთვის სანატრელი წიგნი მოეწერა, რათა ეუწყებინა მისთვის სასწაულები სვეტისა და მაყვლოვანის კურნების ძალა. ყოველივე მოისმინა და იხილა ბრანჯმა დიაკონმა, რაც მომხდარიყო მცხეთაში და გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს. წაიღო წიგნები და წავიდა.

მაშინ უთხრა მეფემ წმინდა ნინოს და ეპისკოპოსს: „მნებავს, რათა იძულებით, მახვილით მოვაქციოთ მთიულები და ჩემი სიძე ფეროზი, დავუმონოთ ისინი ღვთის ძეს და ვათაყვანოთ პატიოსან ჯვარს“. მაშინ უთხრეს: „არა ბრძანებულ არს უფლისგან მახვილის აღება, არამედ სახარებით და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ ჭეშმარიტი გზა, მიმყვანი საუკუნო ცხოვრებასთან. ღვთის მადლმა განანათლოს სიბნელე მათ გულებში“. და წავიდნენ წმიდა ნინო, ეპისკოპოსი იოვანე და მათ გაატანა მეფემ ერთი ერისთავი. მოვიდნენ და დადგნენ წობენს, მოუხმეს მთიულებს, პირუტყვის სახის კაცებს, ჭართალელებს, ფხოველებს, წილკნელებს და გუდამაყრელებს. უქადაგეს მათ ქრისტიანთა ჭეშმარიტი რჯული, საუკუნო ცხოვრებასთან მიმყვანი, ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება. მაშინ მეფის ერისთავმა მცირედ წარმართა მახვილი მათზე და ძლევით შემუსრა მათი კერპები.

იქიდან გადავიდნენ და ჟალეთს დადგნენ, უქადაგეს ერწო-თიანეთელებს. მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს, ხოლო ფხოველებმა დატოვეს თავიანთი ქვეყანა და გადავიდნენ თუშეთში. სხვა მთიულთა უმრავლესობა არ მოიქცა, დაუმძიმა მათ ხარკი მეფემ, როცა არ ინებეს ნათლისღება, ხოლო უკანასკნელ ჟამს, მათი ნაწილი მოაქცია აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა და ზოგიერთნი მათგანნი დარჩნენ წარმათობაშივე დღემდე.

ხოლო წმიდა ნინო წავიდა რანისკენ ფეროზის მოსაქცევად. მივიდა კუხეთში, დაბა ბოდში და დაჰყო იქ რამდენიმე დღე. მოდიოდნენ მასთან კახეთიდან. აღიარა მისი სწავლა ერის სიმრავლემ. დასნეულდა იქ. გაიგო ეს რევ, მეფის ძემ და მისმა ცოლმა სალომემ, რომელნიც ცხოვრობდნენ უჯარმაში, მივიდნენ ნინოსთან. აცნობეს მეფესა და დედოფალს, მათ გაგზავნეს ეპისკოპოსი იოვანე ნინოს წამოსაყვანად. მაგრამ წმინდა ნინო არ დაემორჩილა, მაშინ წავიდა თვით მეფე და ხალხის სიმრავლე.

ხედავდა ხალხი მის სახეს როგორც ზეცის ანგელოზის პირს. მის სამოსელს ბოლო ნაწილებს აცლიდნენ, იღებდნენ და სარწმუნოებით ემთხვეოდნენ. გარშემო მსხდომ ყველა დედოფალს თვალთაგან ცრემლი დიოდა მოღვაწე მოძღვრისა და სნეულთა ხელოვანი მკურნალის განშორების გამო.

სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნიელი, მათთან ერისთავები და მთავრები, ჰკითხავდნენ: „თუ ვინა ხარ ან საიდან მოხვედი ამ ქვეყანაში ჩვენს მაცხოვრად? სად აღიზარდე, დედოფალო, გვაუწყე ჩვენ შენი საქმე. რატომ ამბობ ტყვე ვარო, ტყვეთა მხსნელო და სანატრელო, რამეთუ შენგან გვისწავლია, რომ იყვნენ წინასწარმეტყველები ღვთის ძის უწინარეს, შემდგომ თორმეტი მოციქული, სხვა სამოცდაათნი. ჩვენში არავინ მოავლინა ღმერთმა შენს გარდა და როგორ იტყვი, ტყვე ვარო და როგორა ხარ უცხო“. მაშინ დაიწყო სიტყვის თქმა წმიდა ნინომ დათქვა: „სარწმუნოების ასულნო, ჩემო მახლობელო დედოფლებო, გხედავთ თქვენ როგორც იმ პირველ ქრისტიან ქალებს, გნებავთ ჩემი გზის ცნობა, გლახაკი მხევლისა. ახლა გაუწყებთ, რომ მისულია ჩემი სული ჩემს ხორცთან და მეძინება მე დედაჩემის ძილით საუკუნოდ, მაგრამ აიღეთ თქვენი საწერლები და დაწერეთ ჩემი გლახაკი და უდები ცხოვრება, რათა იცოდნენ თქვენმა შვილებმა თქვენი სარწმუნოება, ჩემი შეწყნარება, ღვთის სასწაულები, რომელნიც უხილავთ“. მაშინ სწრაფად აიღეს საწერლები სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა. დაიწყო სიტყვის თქმა წმიდა ნინომ და ისინი წერდნენ. მოუთხრო ყოველივე, რაც ჩვენ ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება ამ წმინდისა და ნეტარისა და შეჰვედრა მეფეს იაკობ მღვდელი, რათა იოვანეს შემდეგ იყოს ის ეპისკოპოსი. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმა სწირა და აზიარა წმინდა ნინო ქრისტეს სისხლით და ხორცით. შეავედრა თავისი სული ცის მეუფეს, მისი ქართლში მოსვლიდან მეთოთხმეტე წელს, ქრისტეს ამაღლებიდან სამას ოცდათვრამეტ წელს დასაბამიდან წელთა ხუთიათას რვაას ოცდათვრამეტს.

შეიძრა ორივე ქალაქი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი ნინოს მიცვალებისას. იქ მივიდნენ და დამარხეს ძლევით შემოსილი მისი გვამი იმავე ადგილას - კუხეთს, დაბა ბოდში, რამეთუ იქ ითხოვა თვით მეფისგან დაფლვა. სიმდაბლისათვის ქმნა ეს, რადგანაც ეს ადგილი სახელგანთქმული არ იყო. მწუხარე იყო მეფე და ყველა წარჩინებული იქ მისი დაფლვის გამო, მაგრამ მცნებისა და ანდერძის ასრულებისთვის დაფლეს იქ. როცა აღესრულა ეს ყოველივე, ღვთით განბრძნობილმა მირიან მეფემ განამტკიცა წმინდა სამების და ყოველივეს დამბადებელი ღვთის სარწმუნოებაზე ყოველი ქართლი და ჰერეთი. მაშინ კონსტანტინე მეფემ გამოგზავნა მძევალი - მირიანის ძე ბაქარი დიდი განძით და მოსწერა ასე: „მე, კონსტანტინე მეფე, თვითმპყრობელი, ცათა მეუფის ახალი მონა, პირველად ეშმაკისაგან დატყვევებული და მერე გამოხსნილი დამბადებლის მიერ, გწერ შენ, ღვთივ განბრძნობილს და ჩემსავით ახალნერგ მორწმუნე მეფე მირიანს. იყოს შენთან მშვიდობა და სიხარული, ვინაიდან იცან სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო ყოვლისა დამბადებელი, აღარ მინდა მე შენგან მძევალი, არამედ საკმარისია ჩვენს შორის შუამდგომლად ქრისტე, ძე ღმრთისა, ჟამთა უპირველეს შობილი, რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის, და მისი პატიოსანი ჯვარი, რომელიც მოცემული გვაქვს საწინამძღვროდ მის გულით მოსავებს. დამბადებელი ღვთის შუამდგომლობით ვიყოთ ჩვენ ძმებივით, სიყვარულით. შენი შვილი შენთვისვე მომინიჭებია, იხილე და გაიხარე და ღმერთისგან მოვლინებული მშვიდობის ანგელოზი იყოს შენთან მარადის. დამბადებელმა ღმერთმა განდევნოს შენი საზღვრებიდან ეშმაკი“.

მოვიდნენ მირიან მეფის ძე ბაქარი და მეფე კონსტანტინეს მოციქული მცხეთაში. აღივსნენ სიხარულით მირიან მეფე და დედოფალი ნანა და ადიდებდნენ ღმერთს.

მაშინ მირიან მეფემ განასრულა საეპისკოპოსო ეკლესიაც, აღასრულა მისი წლისთავის დღესასწაული მრავალი დიდებით. მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს მოკვდა მისი ძე, რევი, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომელსაც მამის სიცოცხლეშივე მიეცა მეფობა.

დაფლეს თავის მიერ აშენებულ აკლდამაში. იმავე წელს დასნეულდა მირიან მეფე და აღესრულა. მოიყვანა თავისი ძე ბაქარი და ცოლი ნანა და უთხრა ნანას: „აჰა, მე წავალ, საიდანაც მოვედი, ვმადლობ მრავალმოწყალე ღმერთს, ცისა და ქვეყნის დამბადებელს, რომელმაც ეშმაკისგან დატყვევებული მიხსნა ჯოჯოხეთის პირისგან და ღირსმყო მარჯვენით მისსა.

შენ, ნანა, თუ შეძლებ, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაყავი ჩვენი სამეფო განძი ორად და წარიღე ნინოს, ჩვენი განმანათლებლის სამარხს, დროთა ცვალებადობით რომ არ შეიცვალოს ის ადგილი უკუნისამდე, რადგან თუმცა მეფეთა საჯდომია, მაგრამ მწირია.

ასე შეევედრა ეპისკოპოსებს, რათა ადიდონ დიდება იმ ადგილისა, რამეთუ ღირს არს პატივისცემისა. მოაყვანინა წმიდა ნინოს ჯვარი, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა, ჩამოჰკიდა სამეფო გვირგვინი ჯვარზე, მოიყვანა ძე მისი ბაქარი, მის თავზე გამოსახა ჯვრის სახე, აიღო გვირგვინი ჯვრიდან და დაადგა ძეს თავზე. აღესრულა მირიან მეფე და დაეფლა ზემო ეკლესიაში საშუალო სვეტის სამხრეთით, ჩრდილოეთის მხრისაკენ. ამ სვეტშია ნაწილი ღვთივ აღმართული სვეტისა. მეორე წელს მოკვდა ნანა დედოფალი და დაეფლა იმავე სვეტის დასავლეთით, სადაც მირიან მეფე იყო დამარხული.

_______________

*ქართლის ცხოვრება, გვ. 72-130

ლიტრა* — წონის ერთეული ძველად

კილიკი* — მატყლისაგან მოქსოვილი საგებელი

მვექვსე ჟამი* — ნაშუადღევს სათქმელი ლოცვა