The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ლევან II დადიანი - „ხელმწიფე ივერიისა“


ლევან II დადიანი - „ხელმწიფე ივერიისა“


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: „ხელმწიფე ივერიისა“ – ლევან II დადიანი, ქართული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის, „ქართველობის“ დამცველი თბილისი, 2008 © ანანია ჯაფარიძე



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ოდიშის მთავარი, ლევან II დადიანი (1611-1657), ღვთის მოყვარე, ეკლესიათა მაშენებელი, ამასთანავე მართლმადიდებლობის ამაღორძინებელი მთავარი იყო. მან თავის სამთავროში განაახლა ყველა დანგრეული ეკლესია და მონასტერი, უსახურავონი გადახურა, ხელახლა მოაჩუქურთმა, რაც უმთავრესია, ყველა ეკლესიაში აღადგინა წირვა-ლოცვა, ისინი შეამკო ბარძიმ-ფეშხუმებით, მრავალი ჭედური ხატით. ასევე აღადგინა და ვალებისგან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.

ლევან II დადიანი იყო ქართული კულტურის უდიდესი მეცენატი XVII საუკუნეში. მისი ბრძანებითა და ხარჯით არის გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული უძველესი თარიღიანი ხელნაწერი, რომელიც დაასურათებინა კიდეც მამუკა თავაქარაშვილს.

XVII საუკუნე ქართული კულტურისათვის უაღრესად არახელსაყრელი პერიოდი იყო. ქვეყანა ნაწილებად დაიშალა, მტერმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო. ასეთ ვითარებაში ლევან დადიანმა მიიღო ზეგარდმო ძალი და დაიწყო ზრუნვა საქართველოს გასაერთიანებლად. მან იცოდა, რომ ყველა უბედურების მიზეზი იყო ქვეყნის დაშლა, დანაწევრება, რომ მხოლოდ გაერთიანებული საქართველო შეძლებდა მტრის განდევნასა და ერის გაძლიერებას.

ლევან II დადიანის მიმოწერიდან ჩანს, რომ მისი თვალსაზრისით, ბაგრატიონთა სამეფო დინასტია XVII საუკუნეში დამპყრობელმა სპარსელებმა ჩამოაშორეს ქვეყნის მმართველობას. მანამდე კი თვითონ ბაგრატიონებმა ერთმანეთს შორის გაინაწილეს ქვეყანა, რამაც ჩამოაყალიბა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამეფოები ქართლისა, კახეთისა და იმერეთისა, ხოლო შაჰ-აბაზის მიერ წმიდა მოწამე ლუარსაბ II-ს მოკვლის შემდგომ, ფაქტიურად შეწყდა ქართლის კანონიერი სამეფო დინასტიის მმართველობა. ასევე სპარსეთმა შეძლო კახეთის დაპყრობაც და იქედან კანონიერი სამეფო დინასტიის გაძევება. ლევან II დადიანის დროს იმერეთის სამეფო ტახტიც შერყეული იყო. აქაც სამეფო დინასტიის ლეგიტიმურობა საეჭვო ხდებოდა, სამეფო ტახტზე ხან გვერდითი შტოს წარმომადგენელი (ჭუჭუნაიშვილი) ადიოდა, ხან კიდევ გურიელთა სამთავროს სახლის წევრები.

რადგანაც აღმოსავლეთ საქართველოს, ვითარცა სპარსეთის ხელდებულ ქვეყანას, არ შეეძლო ყოფილიყო საქართველოს პოლიტიკური გამაერთიანებელი, ხოლო იმერეთის სამეფო დასუსტებული იყო, ლევან II დადიანი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში. მიზეზი ამისა გახლდათ ისიც, რომ ოდიში, ანუ სამეგრელოს სამთავრო დადიანის მმართველობის დროს გაძლიერდა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. ქართული კულტურის ცენტრებმაც სამეგრელოში გადაინაცვლა. აღმოსავლეთ საქართველოს რბევა-აოხრების დროს ქართული მწიგნობრობის, საეკლესიო ცხოვრების, კულტურის, ფერწერისა თუ ჭედური ხელოვნების (ხატების) მრავალი ახალი კერა სამეგრელოში დაარსდა.

ლევან II-მ შეძლო თავისი გავლენის სფეროში მოექცია სრულიად დასავლეთ საქართველო. მისი მმართველობის დამდეგს აფხაზეთი ოდიშის (სამეგრელოს) განუყოფელ ნაწილს შეადგენდა, ასევე სვანეთიც, ხოლო გურიისა და იმერეთის გავლენის ქვეშ მოქცევა ლევან II დადიანს არ გასჭირვებია. მაშასადამე, სუვერენული საქართველოს ერთადერთი ფაქტიური მეპატრონე იყო ლევან II დადიანი და ის ასევე მოიხსენებდა კიდეც თავის თავს: „ხელმწიფეთა ხელმწიფე დადიანი ლეონ, ყოვლისა საქართველოთა პატრონი“. ცაიშური გულანის ამ მინაწერიდან ჩანს, რომ იმჟამად ოდიში, ანუ სამეგრელო არა მხოლოდ საქართველოა, ანუ ქართველთა ქვეყანა, არამედ ოდიშის მმართველი სრულიად საქართველოს გამაერთიანებელი და მისი პატრონია.

ლევან II-ის ტიტულიდან („ყოვლისა საქართველოთა პატრონი“) ჩანს, რომ XVII საუკუნეში ეროვნული ცნობიერების უკიდურესი დაკნინების ეპოქაში სამეგრელოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობა შეურყეველია და ქვეყნის დაშლა-დანაწევრების მიუხედავად მტკიცეა. აქაური საზოგადოება ფიქრობს არა იმაზე, რომ გამოიყენოს შექმნილი ვითარება და ქვეყნის დაშლის დროს ააღორძინოს კუთხური ცნობიერება, არამედ იღვწის, რათა ქვეყნის სხვა ნაწილების უძლურების დროს მტერმა არ მოშალოს ერთიანი ივერიის სუვერენიტეტი და სასწრაფოდ გააერთიანოს დაშლილი ქვეყანა. ასეთ დროს სამეგრელოს საზოგადოებაში ჩაისახა იმედი იმისა, რომ საქართველოს გაერთიანების საქმეში დაეხმარებინათ რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. ამიტომაც გაგზავნეს ელჩად რუსეთში მღვდელი გაბრიელ გეგენავა. მან 1639 წლისათვის შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა რუსეთის სახელმწიფო მოხელეებს.

ლევან II დადიანი სიგელში რუსეთის ხელმწიფისადმი თავის სამთავროს უწოდებს არა ოდიშს, ანდა სამეგრელოს, არამედ ივერიის მხარეს. ლევანი აღნიშნავს, რომ: „იყო ივერიის მიწაზე ხუთი ხელმწიფე, მათგან სპარსეთის შაჰმა ორი სახელმწიფო დაამხო, ხოლო დარჩენილი სამი სახელმწიფო ღვთის შეწევნით იმართება მის მიერ“, ე.ი. მეფე ლეონტის მიერ (ასე უწოდებდნენ მას რუსეთში) (И было де в Иверской земле 5 государей и из них де Перской шах побил 2 государей, а досталных де 3-х государей государств Божию помошю владеет он, Леонтий царь (материалы по церковной и этнополитичесской историй Абхазии, Посолетво Федора Елчина в мегрелию (1639-1640), Тб., 2005, ც. 114).

რომელი სახელმწიფოები იყო ლეონ II დადიანის ხელში 1640 წლისათვის? ოდიშის გარდა იმერეთის სამეფო და გურიის სამთავრო. რაც შეეხება აფხაზეთსა და სვანეთს, როგორც აღვნიშნეთ, ისინი ოდიშის სამთავროს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნეოდა. ამიტომაც იმერეთი, გურია და ოდიშია ის სამი სახელმწიფო, რომელთა მმართველად ლევან II დადიანს მიაჩნდა თავისი თავი.

დევნილი თეიმურაზ I რუსეთის ხელმწიფის კარს აცნობებდა კიდეც, რომ ლევან II დადიანი თავის თავს მიიჩნევდა ივერიის მიწების ერთადერთ მეფედ. ეს იყო რეალური ფაქტი იმჟამად. რუსეთის სამეფო კარიც ადასტურებდა, რომ იმ დროისათვის „ივერიის მიწების“ ნამდვილი ხელმწიფე („მეფე“) მხოლოდ ლევან II დადიანი, ანუ „ლეონტი“ მეფე იყო. კერძოდ, რუსეთის მეფე მიხეილი, ლევან II დადიანისათვის მიცემულ სიგელში, აღნიშნავდა: „ივერიის მიწაზე იყო ხუთი ხელმწიფე. მათგან ორი გაანადგურა სპარსეთის შაჰმა, ხოლო დარჩენილ სამ სახელმწიფოს ღვთის შეწევნით მართავ შენ“ (იქვე. გვ. 165). ამავე სიგელში სამეგრელოს ეწოდება ლევან II დადიანის ივერიის მიწა. მიზეზი იმისა, რომ სამეგრელოს ეწოდება ივერიის მიწა, ისაა, რომ ივერია, იბერია ეწოდებოდა მთელ ისტორიულ საქართველოს, მის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს. ლეონ II-ს ასე მიმართავენ: «Тебя, Леонтия Царья, и твою иверскую землю», «твое Государство иверской стороне». სამეგრელო ივერიაა, ხოლო დასავლეთ საქართველოს მმართველი ივერიის მეფეა იმჟამინდელი რუსეთისათვის.

აღსანიშნავია, რომ სუვერენული მმართველობა ლევან II დადიანმა თავისი ხმლითა და თურქებთან დიპლომატიური და პოლიტიკური ომით მოიპოვა. იმჟამად თურქეთის საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობა გართულებული იყო და ლევანი თურქეთს მხოლოდ მცირე ხარკს უხდიდა სავაჭრო ურთიერთობების სანაცვლოდ.

მღვდელი გაბრიელ გეგენავა, ივერიის მიწების ხელმწიფის ელჩი რუსეთში, აცხადებდა, რომ იმჟამად სუვერენული ივერიის საეკლესიო ცენტრია ბიჭვინთა, სადაც ივერიის პატრიარქი ზისო. მართლაც, მცხეთა და ქართლ-კახეთი მაჰმადიან-სპარსელთა მპყრობელობის გამო მოკლებული იყო სუვერენულ საეკლესიო მმართველობას და ბიჭვინთა იყო სუვერენული საქართველოს საეკლესიო ცენტრი. აქედან ჩანს ისიც, რომ იმდროისათვის აფხაზეთი ჯერ კიდევ შედიოდა სამეგრელოს სამთავროში, ანუ აფხაზეთი იმჟამად ჯერ კიდევ ივერიად იწოდებოდა.

დადიანის ელჩი სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით აცხადებდა, ამ ვრცელ ტერიტორიაზე (ე.ი. აფხაზეთში, ოდიშში, სვანეთში, გურიასა და იმერეთში) სარწმუნოება (რჯული), საეკლესიო წიგნები, მაშასადამე, წირვა-ლოცვის ენა იყო მხოლოდ ქართული. თუმცა კი შინაობაში საკუთარი სამეტყველო ერთმანეთთან ურთიერთობის ენაც გვაქვსო. - «А вера де у них христианская из грузинскою де верою и вера одна и книги те же, что и грузинские, только де язык свой, как меж собою говорят».

„ყოვლისა საქართველოთა პატრონი, „ხელმწიფეთა ხელმწიფე“ ლევან დადიანი ალბათ შეძლებდა კიდეც საქართველოს გაერთიანებას, რომ არა ადიღე-ჩერქეზების და აფსუების შემოსევები, რომელთაც XVII-XVIII საუკუნეებში სასტიკად გაანადგურეს სამეგრელოს სამთავრო, ანუ ქვემო ივერიის პოლიტიკური ცენტრი.

ისე გამძაფრდა ჩრდილო კავკასიიდან ადიღე-ჩერქეზთა და აფსუათა შემოსევები, რომ ლევანი თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში იძულებული გახდა, თავდაცვის მიზნით აეგო საფორტიფიკაციო ნაგებობები, მაგალითად, ამჟამად ცნობილი აფხაზეთის დიდი კედელი. ამის მოწმე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ამბობს, ლევან დადიანმა ძალზე დიდი დანახარჯებით ააგო 60 ათასი ნაბიჯის სიგრძის კედელიო. ამასვე ამბობს მეორე მისიონერი კასტელიც, რომელიც აღნიშნავს, ეს კელასურის კედელი გამიზნულია აფხაზთა შესაკავებლადო. ლევან II-მდე ადიღე-ჩერქეზებმა და აფსუებმა შეძლეს ამ კედლის ჩრდილოეთით ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიის დაპყრობა და, რადგანაც მათ მიერ დამორჩილებულ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდებოდა, თავადაც აფხაზები ეწოდათ მხარის სახელის შესაბამისად. ისტორიული აფხაზეთის, ანუ თანამედროვე გუდაუთა-გაგრის რაიონების დაპყრობის შემდეგ, ადიღე-ჩერქეზებმა და აბაზა-აფსუებმა შეუტიეს ისტორიულ საქართველოს, ანუ თანამედროვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის და გალის რეგიონს.

აფხაზეთის, ანუ კელასურის კედლის სიგრძე ასი კილომეტრია. ლევან დადიანის ბრძანებით იგი მეტად სწრაფად აუგიათ. ზოგჯერ კოშკებს უსაძირკვლოდ, პირდაპირ მიწაზე დგამდნენ.

კედელი იცავდა იმჟამად ოდიშის სამთავროში შემავალ აღნიშნული სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების უხვმოსავლიან სამიწათმოქმედო მხარეებს და იქ არსებულ ქართულ საეპისკოპოსოებსა და ქრისტიანულ მოსახლეობას. ვახუშტი ბაგრატიონი წერს, რომ დღევანდელი ახალი ათონის, ანუ „ანაკოფიის „აღმოსავლით ზღვიდამ მთამდე შევლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმა აბხაზთა გამოუსვლელობისათვის“. მას ამ მშენებლობის დროს ეხმარებოდნენ ბედიის, მოქვისა და დრანდის ეპისკოპოსები მრევლითა და თანხით, მაგრამ მომხდური აფსუების შეკავება ვერ შეძლეს. საბოლოოდ აფხაზებად წოდებულმა ამ აფსუებმა დაიპყრეს სამეგრელოს ეკონომიკური სიძლიერის წყარო - ზემოთ ხსენებული რაიონები, მოსპეს ზემოთ ხსენებული საეპისკოპოსოები, მათი მრევლი, ანუ სამეგრელოს მოსახლეობა დახოცეს, ანდა დაატყვევეს. გადარჩენილი ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა მომსახურე ყმებად, ფაქტიურად მონებად გადააქციეს. დღესაც კი აფხაზურად დაბალ ფენას „აგირუა“, ანუ მეგრელი და „აგურუ“ (გურული) ეწოდება. სამეგრელოს იმ დროისათვის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა განახევრებულა. მისიონერები წერენ, რომ 40 ათასი კაციდან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, ანუ 20 ათასი კაცი ამოწყდა. ეს იმ დროისათვის ძალზე დიდი რაოდენობა იყო. წირვა-ლოცვა საბოლოოდ გაუქმდა ბიჭვინთის, დრანდის, მოქვის და ბედიის საეპისკოპოსოებში. აყვავებული ქვეყანა გაჩანაგდა. ლევან დადიანმა დაინახა, რომ აფსუა-ჩერქეზების შემოსევების შედეგად ივერიის, ანუ საქართველოს გამაერთიანებელი ბოლო ძალა იშრიტებოდა. მართლაც, თითქმის საუკუნით გადაიდო საქართველოს გაერთიანების საქმე და განახლდა ერეკლე II-ის დროს, ლევანის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლევან II დადიანის დროს XVII ს-ის უცხოელი საეკლესიო მოღვაწეების შეხედულებით დასავლეთ საქართველოს, ანუ ქვემო ივერიის პატრიარქი უპირატესი იყო ზემო ივერიის, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს პატრიარქთან შედარებით. ისინი ქვემო იბერიის (ივერიის), ანუ დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსს პირდაპირ უწოდებდნენ „უფროს კათალიკოსს“, ხოლო დასავლეთ საქართველოს უმაღლეს ხელისუფალს - „მთელი იბერიის მეფეთა მეფეს“.

რა იყო ამის მიზეზი? ამჟამად საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით მცხეთელი კათალიკოსი უპირატესი იყო აფხაზეთის კათალიკოსზე. „ერთს უხუცესი, ხოლო მეორეს უმრწემესი ეწოდებოდა“. ეს მართლაც ძირითადად ასე გახლდათ, მაგრამ XVII ს-სა და XVIII ს-ის დამდეგს, რადგანაც აღმოსავლეთ საქართველო მაჰმადიანთა ხელში აღმოჩნდა, საერთაშორისო საეკლესიო წრეებში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ სწორედ სუვერენული ქვემო იბერიის, ანუ დასავლეთ საქართველოს მეთაური არის უპირატესი, და შესაბამისად სრულიად ივერიის საეკლესიო ხელისუფალი. მართლაც XVII ს-ის იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი წერს: „იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველები უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთს და ლაზიკას უწოდებდნენ, აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე. იბერები ქვემო იბერიის კათალიკოსს მიიჩნევენ უფროს კათალიკოსად, რადგან მეფე, ე.ი. იმერეთის თავი მათთან იწოდება მთელი იბერიის მეფეთა მეფედ“ (დოსითეოსი, იერუსალიმელი პატრიარქები, თავი V, გვ. 510, წიგნიდან „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ტომი II, 1998, გვ. 90). XVII ს-ის მეორე იერუსალიმელი პატრიარქი ქრისანთი (ხრისანფი) იმავეს წერს: „საქართველოში, რომელსაც ადრე იბერია ერქვა, იყო ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსი, რომელთაც ჩვეულების თანახმად უწოდებენ კათალიკოსებს. არქიეპისკოპოსი ქვემო იბერიისა იწოდება იმერეთის, ოსეთის, გურიის და სრულიად ქვემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, ანუ, მარტივად, სრულიად იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, როგორც უფროსი ზემო იბერიის კათალიკოსზე, ხოლო მეორე ე.ი. ზემო იბერიისა იწოდება ქართლის, კახეთის, ალვანეთის და სრულიად ზემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად“ (იქვე. გვ. 94). აქედან კარგად ჩანს, რომ XVII ს-ის საერთაშორისო წრეები, რუსეთის ხელმწიფის კარი და ბერძნული საპატრიარქოები აღიარებენ, რომ დასავლეთ საქართველო, ანუ ქვემო იბერია იმჟამად იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ცენტრი. მართლაც, ბიჭვინთის კათალიკოსს სრულიად საქართველოს უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლად მიაჩნდა თავი. მაგალითად, ბიჭვინთელი კათოლიკოსი გრიგოლი საქმიან საბუთებსა და სიგელ-გუჯრებს ადასტურებდა ბეჭდით, რომელსაც ჰქონდა შემდეგი წარწერა: „გრიგოლ მწყემსი ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათალიკოსი“ (ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 675).

ასე რომ, არ არის სწორი ამჟამინდელი თვალსაზრისი, თითქოსდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო ქართლის ეკლესიას გამოეყო, პირიქით, თავისი თავი აფხაზეთის კათალიკოსს სრულიად საქართველოს მწყემსად და ქრისტეს მიერ დადგენილად, „ყოვლისა საქართველოისა“ მმართველად მიაჩნდა. მის ამ უზენაესობას, როგორც ვთქვით, იმჟამინდელი საერთაშორისო წრეებიც ადასტურებდნენ. ამ ფონზე და ამ მნიშვნელობით არის სახელდებული ლევან II დადიანი ყოველი ივერიის ხელმწიფედ. უამრავი დოკუმენტიდან და სიგელ-გუჯარიდან ნათლად ჩანს, რომ ბიჭვინთის ღვთისმშობლის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს სამწყსოს ქართველები შეადგენდნენ, ანუ იმჟამინდელ მეგრელებს, გურულებს, სვანებს, იმერლებს და სხვ. განვითარებული ჰქონდათ არა ვიწრო კუთხური, ტომობრივი თვითშემეცნება, არამედ ერთიანი ეროვნული.

შესაბამისი დოკუმენტის დამოწმებამდე უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული კუთხეების მოსახლეობას ვიწრო კუთხური თვითშემეცნება განუვითარდა XIX და XX სს­ში რუსული და კომუნისტურ-ათეისტური მმართველობის დროს. ამის დასამოწმებლად მოვიყვანთ ამონაწერს აფხაზეთის კათალიკოსის 1733 წლის სიგელიდან, სადაც ნათქვამია: „პირველწოდებულსა ანდრიას მიეცა ჩრდილოეთისა ქვეყანა მოქცევად, ჩვენებითა წმიდისა ღვთისმშობელისათა, რამეთუ ჩვენ, ქართველნი, მისნი წილხვდომილნი ვართ“ (იქვე. გვ. 727). ბიჭვინთის ღვთისმშობლის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს მრევლი, წმიდა ანდრიას მიერ მოქცეული მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ეთნიკური ქართველებია. ეს არის უეჭველი მოსაზრება იმ დროისათვის. ამიტომაც იყო ამ ხალხის სახელმწიფო, კულტურისა და საეკლესიო ენა მხოლოდ და მხოლოდ ქართული (უძველესი ხანიდანვე). სწორედ ამ ქართველობის გამო განდევნეს აფსუა-ჩერქეზებმა თავისი კათედრებიდან ჯერ ბიჭვინთის კათალიკოსი, შემდეგ კი დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპისკოპოსები. მათი მრევლი კი, ისტორიული სამეგრელოს მოსახლენი, ტყვეებად გაიხადეს.

ლევან II დადიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგი იყო საქართველოსთვის, რადგანაც სულ რამდენიმე წელიწადში ოდიშის, ანუ „ივერიის“ საზღვარი ძლიერ შემცირდა ჩრდილოკავკასიელ აფსუათა შემოსევების გამო. მას ასე ახასიათებს წმ. გიორგის გელათური გულანის მინაწერში ერთი სასულიერო პირი: „მიიცვალა სახელოვანი, სახელგანთქმული, მრავალჯერ გამარჯვებული დადიანი ბატონი ლევან, საუკუნომცა არს ხსენება მისი“.

ლევანის გარდაცვალებისთანავე აფხაზეთის კათალიკოსმა დატოვა ბიჭვინთა და საკათალიკოსო ტახტი გელათში გადმოიტანა აფსუა-ჩერქეზების მძლავრობის გამო.

ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული თვალსაზრისით მდ. ენგურის იქით აფხაზეთი თითქოსდა დასახლებული იყო ეთნიკური ჯგუფით - „აფხაზებით“, ხოლო ისტორიულად საზღვარი მეგრელთა ჯგუფსა და ეთნიკურ აფხაზებს შორის თითქოსდა იყო ენგური. ასეთი თვალსაზრისი ჩამოყალიბდა რუსების ბატონობის დროს XIX-XX სს-ში. სინამდვილეში, ლევან II დადიანის მემატიანეთა ცნობებით, ოდიშის სამთავროს დასავლეთი საზღვარი გადიოდა კელასურ-კოდორთან. იერუსალიმის პარტიარქ დოსითეოსის ცნობით ოდიშის საზღვარი კიდევ უფრო ჩრდილოეთით პუნქტ დიოსკურიასთან გადიოდა. მთელი ეს მხარე, ანუ ისტორიული სამეგრელო, იგივე ოდიში დასახლებული იყო არა აფხაზებით, არამედ მეგრელებით. ეს ტერიტორია საბუთებში იხსენიება, როგორც „დადიანის მიწა“, ანუ „ივერია“, ხოლო ამ მიწა-წყლის მფლობელი „ივერიის მეფედ“, „საქართველოს ხელმწიფედ“, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მიწა-წყლის (ე.ი. თანამედროვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის რაიონების) მოსახლენი ლევან II დადიანის დროს იყვნენ არა აფხაზები, არამედ მეგრელები, აფხაზები კი სახლობდნენ თანამედროვე გუდაუთისა და გაგრის რაიონებში. ცხადია, აფხაზებიც ადრე ეთნიკური ქართველები იყვნენ, მაგრამ თავდაპირველად სწორედ მათ შეეცვალათ ეთნიკურ-ეროვნული ცნობიერება, შეერივნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსახლებულ აფსუა-ჩერქეზებს, მეომარ ტომებს, შემდეგ კი უწინამძღვრეს მათ, მათზე დაყდნობით გადმოლახეს ლევან II დადიანის მიერ აფსუათა შესაკავებლად აგებული 100 კმ სიგრძის კედელი და შეესივნენ ისტორიულ სამეგრელოს, ანუ თანამედროვე სოხუმის, გულრიფშის, გუდაუთისა და გალის რაიონებს. XVII ს-ის 80-იანი წლებიდან თვითმხილველი იერუსალიმელი პატრიარქის დოსითეოსის ცნობით ამ აფხაზებად სახელდებულმა აფსუებმა „მოაოხრეს ტერიტორია „დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე“ (ე.ი. სოხუმიდან ცხენისწყლამდე), შემდეგ კი დაიწყო დაპყრობილი სამეგრელოს ტერიტორიაზე აფსუა-ჩრდილო­კავკასიელთა მასობრივი ჩამოსახლება. გაჩნდა ახალი ისტორიულ-გეოგრაფიული ცნებები „აბჟუა“, „სამურზაყანო“. ისტორიული იბერია „ჩერქეზეთად“ გადაიქცა. ამიტომაც XIX ს-ის მოგზაურები სპენსერი და გამბა ამ ტერიტორიას (სოხუმიდან ენგურამდე) „ჩერქეზეთს“ (ჩერქეზეთის ნაწილს) უწოდებენ. ასე რომ „ლევან II დადიანი ჭეშმარიტად იყო „ხელმწიფე ივერიისა“, ანუ ივერიის მიწების ბოლო მფლობელი ისტორიულ სამეგრელოში დიოსკურია-კოდორამდე“.

თაობებისათვის დაუვიწყებელი იქნება ლევან II დადიანის ზრუნვა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის ასაყვავებლად, ქართული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის, ანუ „ქართველობის“ დასაცავად მთის ელემენტებისგან (ანუ აფსუებისგან) და გაოსმალება-გათათრებისაგან.

ლევან II დადიანის ოჯახში აღიზარდა „საქართველოს დედოფალი - მარიამი“, რომელმაც ქართული სულისკვეთება შთანერგა სპარსელთა მიერ ვინაობადაკარგული ქართლის მეფე-ხანების როსტომისა და შაჰნავაზის კარზე.

მარიამმა მოიძია და გადაარჩინა იქამდე დაკარგული ქართლის ცხოვრებისა და ძველ ქართულ მატიანეთა წიგნები. მანვე ჩაუნეგრა ქართულ-ეროვნული სულისკვეთება ქართლის მეფე გიორგი XI-ს და მის ძმას არჩილს. საერთოდ კი, მან დანერგა იქამდე თითქმის გასპარსებულ სამეფო ოჯახში ქართული სული, რომელიც გახდა საფუძველი შემდგომ სულხან-საბა ორბელიანის, არჩილის, ვახტანგ VI-ის, თუ ანტონ დიდი კათალიკოსის ქართულ-ეროვნული ძიებებისა. საბოლოოდ კი, ალბათ, შეიძლება ითქვას სწორედ ოდიშის სამთავრო კარმა და ლევან II დადიანის ოჯახმა გადაურჩინა თანამედროვე საქართველოს ძველი ქართული ცივილიზაცია. შესაძლებელიც კი იყო იმჟამად შექმნილი ვითარების გამო ქართველი ერი მოწყვეტოდა ეროვნული კულტურის ფესვებს და სრულად აეთვისებინა სპარსული კულტურა.

უფალმა მოიხსენოს ლევან II დადიანის და მუხრან-ბატონ-ბაგრატიონთა ოჯახების ის წევრები, რომელთაც ქართველი ერი აარიდეს ეროვნული კულტურის დაკარგვის საფრთხეს, ამინ.

2006 .