The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შობა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა


შობა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მთავარეპისკოპოსი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 1995
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის წინამდებარე წიგნი მთლიანად ეყრდნობა „ახალ აღთქმას“, მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებს, მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა განმარტებებს, თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგების ნაშრომებს. იგი წარმოადგენს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცხოვრების ისტორიას. წიგნი განსაზღვრულია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.



1 შობა ქრისტესი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოდან შორს საბერძნეთში, ათონის წმიდა მთაზე, ივერონის მონასტრის ბერები ძველად წირვისას იმეორებდნენ იმ საგალობელს, რომელსაც ჩვილ იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უგალობდა: - წირვის დიდი გამოსვლისას შესაბამის საგალობელს მარცხენა გუნდის ბერძენი მგალობელი ურთავდა მისამღერს ყველასათვის გაუგებარი სიტყვებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო „ნენანა“. „ბერძენ მომღერალთა სწავლებით „ნენანა“ იგალობება მოსახსენიებლად ღვთისმშობლისა, რომელიც ამ „ნენანას“ (ე.ი. იავნანას) უგალობდა აკვანთან ღვთაებრივ ჩვილს თავისას“ (არქიმანდრიტი პორფირი, პირველი მოგზაურობა ათონის მონასტრებსა და სკიტებში 1845, ნაწ. I, გვ. 71).

„ნანინას“ მხოლოდ ქართულ სამყაროში უმღერის დედა თავის ჩვილს, ამიტომაც ეს სიტყვები უცნაურია სხვათა სმენისათვის, მაგრამ უცხოელ ბერებს ის დაუცავთ, რაც მიუთითებს ისრაელსა და მის ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებს შორის მჭიდრო კულტურული კავშირის შესახებ, ისრაელის ჩრდილოეთით მოქცეული ქვეყნები - კაბადოკია, პონტო, კოლხეთი და იბერია - ქართულ სამყაროს წარმოადგენდა, დასახლებულს ქართულად მოსაუბრე ტომებით, რომელთაგან მრავალი თანდათან ასიმილირდა სხვა ხალხებში და უფრო მეტად ბერძნულენოვან ელემენტად იქცა.

ახალშობილი იესოს მოსაგონებლად საუკუნეთა მანძილზე - „ივერთა მონასტრის ბერების საგალობელში ქართული „ნანა“ თუ „იავნანა“ გაისმოდა“... წერს გ. გოზალიშვილი (მითრიდატე პონტოელი, 186).

რა ტკბილი იქნებოდა დედა ღვთისას ბაგით ნათქვამი - „იავნანა“, რა ბედნიერი საცქერია დედის გალობისას აკვანში გაღიმებული და ასხარტალებული ღვთაებრივი ჩვილი.

მათე მახარებელს უწერია: „ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: მისი დედის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, იგი აღმოჩნდა სული წმიდისაგან დაორსულებული“ (მათე, 2:18).

მოციქულების სწავლაში, რომელიც ჩვენი მამების სარწმუნოებრივი კრედო იყო, ნათქვამია იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგია, ჩვენი უფალი, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ჭეშმარიტი ღმერთი, მამა ღმერთის თანაარსი, რომლისგანაც ყოველი შეიქმნა. ის ჩვენი სიცოცხლისათვის „გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“.

სული წმიდა ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთია, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი, ის არის უფალი ცხოველსმყოფელი (სიცოცხლის მომცემი).

იესო ქრისტეს, ძე ღმერთის შესახებ ამბობს იოანე მახარებელი: „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი (იოანე, 1,1), მოციქული განაგრძობს - „სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ვიხილე დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლით და ჭეშმარიტებით“ (იოანე, 1:14).

რისთვის ინება ღმერთმა დედამიწაზე მოსვლა კაცის სახით? ამას თვით იესო პასუხობს: - „ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარცა ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მისცა მას“ (იოანე, 3:16). ხოლო მახარებელი ამატებს: - რამეთუ ძე ღვთისა მოვიდა და მომცა ჩვენ გონებაი, რათა ვიცოდეთ ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩვენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მამისა იესო ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო (I იოანე, 5,20).

ღვთის თანაარსმა იესომ თვითვე ბრძანა - „მე და მამა ჩემი ერთ ვართ“ (იოანე, 10:30), ისაა შემოქმედი ქვეყნისა, ვითარცა მამა და სული წმინდა ღმერთი - „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა“ (იოანე, 1:3).

და აი, საყვარელი კაცობრიობის გამოსახსნელად სულისაგან წმიდისა და მარადის ქალწულ მარიამისაგან ხორცი შეისხა იესომ. გარდამოვხედ ზეცით ამბობდა ის - არა რათა ვყო ნება ჩემი, არამედ ნება მომავლინებლისა ჩემისა (იოანე, 6:38), - რათა სცნას სოფელმან რამეთუ მიყვარს მე მამა და, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრედვე ვყო (იოანე, 14:38). ხოლო მოციქული ამბობს - „ამისათვის მან დაიმდაბლა თავი თვისი“.

იესო ქრისტემ გამოიხსნა კაცობრიობა ცოდვისაგან, რა ცოდვა ჰქონდა კაცობრიობას? ნუთუ ისე დიდი იყო მისი ცოდვა, რომ მხოლოდშობილი ღვთის ძის ქვეყნად მოსვლა იყო საჭირო?

ცოდვა არა თუ ჰქონდა ადამიანებს, არამედ ცოდვა წარმოადგენდა კედელს, მიჯნას კაცობრიობასა და ღმერთს შორის ჩვენი პირველწინაპრების ადამისა და ევას შეცოდების გამო. ღვთის პირველი მცნების დარღვევის შემდეგ ისინი დაშორდნენ სიკეთესა და სისრულეს, დაადგნენ სიკვდილისა და ხრწნის დამღუპველ გზას. ნებისყოფა დასუსტდა და ადამიანი შეიქმნა მონა. ხორციელი გრძნობა გაბატონდა სულიერ გრძნობაზე, სულიერი ბუნების გარყვნას თან მოჰყვა ხრწნა ხორციელისა, გაჩნდა სნეულება და სიკვდილი, პირველადამიანები განიდევნენ სამოთხიდან, ასეთი იყო შედეგი ადამ და ევას ღვთისადმი ურჩობისა, და გადაეცა მათ მიერვე გამრავლებულ კაცობრიობას მათი დაცემის შემდგომი ბუნება. მათი ცოდვა ყოველ კაცზეა, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს (რომ, 5:12)

ამ ცოდვასთან ბრძოლაში სუსტ და უძლურ ადამიანებს ღმერთმა აღუთქვა მაცხოვარის, მხსნელის მოვლინება. იესომ იხსნა კაცობრიობა წყევისაგან „ამისთვის მან დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა მორჩილ, ვიდრე სიკვდილამდე, და სიკვდილითა მით ჯვარისათა“ (ფილ: 2:8)

იესო ქრისტემ კაცობრიობა გამოიხსნა ცოდვისაგან თავისი მოძღვრებით ცხოვრებით, სიკვდილით, მკვდრეთით აღდგომით და ამაღლებით. ასწავლა კაცობრიობას ჭეშმარიტი ღვთის ცნობა, ახსნა საიდუმლო წმინდა სამებისა. ასწავლა სიყვარული ღვთისადმი და სიყვარული ადამიანებისადმი.

პავლე მოციქული ბრძანებს, რომ იესო ქრისტეს მიერ გვაქვს ჩვენ გამოხსნა სისხლითა მისითა და მოტევება ცოდვათა ჩვენთა სიმდიდრისაებრ მადლისა მისითა (ეფეს, 1:7) „ქრისტემან მოგვიყიდნა ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა და იქმნა ჩვენთვის წყევისა ქვეშე“ (გალ. 3:13).

ვითარცა ადამი არის ხორციელი თავი მთელი კაცობრიობისა, რადგანაც მისგან წარმოსდგნენ ადამიანები, ასევე იესო ქრისტე არის კაცობრიობის სულიერი თავი. ამიტომ როგორც ადამის გამო ყველა ჩვენთაგანი მივეცით სიკვდილს, წყევასა და ცოდვას ისე ქრისტეს მიერ ვიხსნებით ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან - „ვინაიდან თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამრიგად თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ, ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომ, 5:17-19).

მაცხოვარი ებრაელ ერში განკაცდა, რამეთუ ღმერთი განსაკუთრებით ამზადებდა ამ რჩეულ ერს მხსნელის მისაღებად. მისგან უნდა გამოსულიყო მესია. აღთქმა ამისა მრავალგზის განუმეორა ღმერთმა ებრაელებს. აბრაამს უთხრა - იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქვეყნისანი (დაბ, 27:18), დავით წინასწარმეტყველს უბრძანა: აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენისა და განვმართო საყდარი მისი უკუნისამდე (2 მეფეთა, 7:12-13). ანუ ქრისტე, ქალწულისაგან შობილი, აბრაამისა და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო, მას უნდა მიეცა ყველა ერისათვის კურთხევა ღვთისა და მას საუკუნოდ უნდა ეუფლა.

და აი, აღსრულდა საუკუნეთა მანძილზე გამოთქმული წინასწარმე-ტყველებანი: წარმოიგზავნა ღმერთისგან ანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, რომელსაც ერქვა იოსები, დავითის სახლისაგან და ქალწულის სახელი იყო მარიამი. შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს მადლიანო, შენთან არს უფალი, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. ის კი შეაძრწუნა ამ ნათქვამმა და ჩაფიქრდა: რანაირია ეს მისალმება და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აი, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე და მას სახელად იესოს დაარქმევ, დიადი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახელზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“.

უთხრა მარიამმა ანგელოზს: „რანაირად იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“

ანგელოზმა მიუგო პასუხად: „სულიწმიდა მოვა შენს ზედა და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს, ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ძე ღმერთისად“.

მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი უფლისა დაე იყოს ჩემდა შენი სიტყვისამებრ, და წავიდა მისგან ანგელოზი“ (ლუკა 1: 26-35).

გალილეა პალესტინის აყვავებული მხარე იყო, პურის ყანებით, ხეხილის ბაღებით, ვენახებით, ცივი წყაროებით, ცხვრის მრავალრიცხოვანი ფარებით სავსე. ყვავილოვანი ჭალებით ის არ ჰგავდა ქვიან იუდეას. გალილეა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობდა და მასა და იუდეას შორის სამარია იყო, ხოლო იუდეას სამხრეთით - იდუმეა. გალილეას მთავარი ქალაქები გენესარეთის ტბის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მას ტიბერიადის, ხან კი გალილეის ზღვას უწოდებდნენ. მისი წარმტაცი სანაპიროები თვალს ხიბლავდნენ ზეთისხილის ბაღებითა და პალმის ტევრებით. ტბის გემრიელი თევზით იკვებებოდნენ სანაპიროს ქალაქები და სოფლები. დღითა და ღამით ტბა მეთევზეთა ნავებით იყო დაფარული.

ტბისპირა პატარა ლამაზი ქალაქები კაპერნაუმი, ტიბერიადა, ხორაზანი და ბეთსაიდა მშრომელი ხალხით იყო დასახლებული, ამუშავებდნენ მიწას, ვაჭრობდნენ, თევზაობდნენ და საქმიანობდნენ. აქ გალილეის პატარა ქალაქში, უფრო კი სოფელში გაატარა იესომ თავის ცხოვრების მეტი ნაწილი, ოცდაათ წელზე მეტი. ამიტომაც, ვინც მისი შობის ადგილი არ იცოდა, იესოს ნაზარეველს უწოდებდა. მისი ჭეშმარიტი სამშობლო კი დავითის ძველი ქალაქი იყო იუდეაში, სადაც ის იშვა.

იოსები, მარიამის დამწინდველი, რომლის ოჯახშიც დაიბადა იესო, გალილეველი არ იყო, არამედ დავითის სახლისა და ტომის შთამომავალი, დავითის ქალაქელი - ბეთლემელი. ამიტომაც, რაც ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა გამოაცხადეს, ვალდებული გახდა თავისი ოჯახით გალილეიდან თავის ქალაქში წასულიყო და იქ ჩაწერილიყო.

ქვეყნის აღწერის ჟამს, მარიამი ორსულად იყო, რამაც რამდენიმე თვის წინ მახარებლის სიტყვით, შეაშფოთა იოსები, რომელიც მარიამთან შეუღლებას აპირებდა: „მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ აღმოჩნდა, რომ მას ჰყავდა ჩანასახში სულიწმიდისაგან. ხოლო იოსები - მისი ქმარი მართალი იყო. არ ისურვა მისი სამაგალითოდ გამოყვანა და უნდოდა უხმაუროდ გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აი, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისა, ნუ შეგაშინებს შენი ცოლის - მარიამის მიღება, ვინაიდან ის, რომელიც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს გააჩენს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აი, ქალწული დაორსულდება, გაუჩნდება ძე და დაარქმევენ მას სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთი ჩვენთანაა. იოსებმა რომ გაიღვიძა და წამოდგა, ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. არ გაჰკარებია მას“ (მათე, 1:18-25).

რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც ითქვა, ქვეყანაში აღწერა ჩატარდა. იოსები მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა იმჟამინდელი წესის თანახმად „ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი იყო დავითის სახელისა და ტომისაგან, ჩასაწერად მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. და შვა ძე თავისი, პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის“ (ლუკა, 2. 3-7)

მართალია იოსებიცა და მარიამიც ებრაელთა ყველაზე სახელოვანი მეფის შთამომავლები იყვნენ, მაგრამ ქონებრივად ღარიბნი, თავი ოჯახისა დურგლობდა, მარიამი კი ოჯახში საქმიანობდა. თავიანთი დიდი წინაპრების ქალაქში მათ დასაძინებელი ადგილიც კი არავინ მისცა, თუმცა აღწერის საქალაქო წიგნში ჩაეწერნენ ვითარცა დავითის შთამომავლები, იუდეაში ყველამ იცოდა თავისი გენეალოგია და შენახული ჰქონდა ხსოვნა წინაპართა სანათესაოს უკვე გამქრალი განაყოფების შესახებ. ებრაული ჩვევით, როგორც ითქვა, აღწერისას წინაპართა ქალაქში ეწერებოდნენ.

იუდეა, რომელიც იმ დროს რომის იმპერიის ნაწილს შეადგენდა, პოლიტიკურად აშლილი იყო, ებრაელები ძნელად ეგუებოდნენ რომაელთა მმართველობას. ამის გამო ალბათ მგზავრობა გალილეიდან დავითის ქალაქამდე გაძნელდა. დაღლილი მგზავრები სასტუმროში უბინაობის გამო იძულებულნი გახდნენ, იქვე ახლოს, გამოქვაბულში მოწყობილი ბაგისათვის შეეფარებინათ თავი, სადაც თივა და ჩალა ეყარა ცხვარ-ძროხის გამოსაკვებად. აი, აქ სახლიდან მოშორებით, ცივ ღამეს, არა თუ რაიმე მიწიერი ფუფუნებით, არამედ ყოვლად კეთილმოუწყობელ გარემოში დაიბადა ქრისტე.

თუკი ადამიანთა ერთი ნაწილისათვის იესოს შობა შეუმჩნეველი დარჩა, ზეციური სამყარო ძე ღვთისას შობამ შეძრა, ბრწყინვალე ვარსკვლავი მისი შობის ადგილს დაადგა, მგალობელმა ანგელოზებმა კი ყველაზე უბრალო და მარტივ ადამიანებს - მწყემსებს ახარეს მაცხოვრის შობა.

მახარებელი წერს: „იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აი, უფლის ანგელოზი წარმოუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ, აი გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ეს თქვენდა ნიშნად: იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს ბაგაზე მწოლიარეს.

და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ჯარი ციდან, რომელნიც აქებდა ღმერთს და ამბობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. (ლუკა, 2:9-14).

მწყემსები გაოცებით შესცქეროდნენ ზეციდან გამოსული მგალობელი ანგელოზების ჯარს და როცა ანგელოზები კვლავ ზეცად ავიდნენ, უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ რა მოხდა რაზეც გვაუწყა უფალმა.

„სწრაფად მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაზე მწოლიარე ყრმა. დანახვისთანავე უამბეს იმის შესახებ, რაც ეთქვათ ამ ყრმაზე. ყველას ვინც კი ისმენდა, უკვირდა, რასაც მწყემსები უამბობდნენ მათ“. (ლუკა, 2:15-18).

მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო მათი გაკვირვება სპარსეთიდან ყრმის თაყვანის საცემად საგანგებოდ ჩამოსული მოგვების დანახვისას. კიდევ უფრო გაოცებული იყო მთელი იერუსალიმი, როცა მათ მოგვებისაგან გაიგონეს, რომ დაიბადა იუდეველთა მეფე. ტახტზე მჯდომი მეფე ჰეროდე კი პირიქით, ამ ამბავის გაგონებისას - გაოგნდა.

მათე წერს - „როცა იესო დაიბადა იუდეას ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან მთელი იერუსალიმი“ (მათე, 2:1-3).

იერუსალიმიდან გამოსვლის შემდეგ მოგვებმა კვლავ დაინახეს „ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს. წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და გაჩერდებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო. ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ ძალზე დიდი სიხარულით გაიხარეს. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას, გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური (სმირნა)“ (მათე, 2:9-11).

ჰეროდე, ხალხისათვის საძულველი, უკანონო, რომაელთა მიერ დადგენილი იუდეის მეფე, შეძრა მოგვთა მიერ მოტანილმა ცნობამ „იუდეველთა მეფის“ დაბადების შესახებ. რა ტანჯვა-წამებით, სისხლის წვიმებითა და ვერაგობით მიიღო მან ეს ტახტი, რომლისთვისაც არ დაინდო ყველაზე უახლოესი ნათესავები, მისთვის დახოცა საყვარელი შვილები, უსაყვარლესი მეუღლე. ებრაელები მას „უცხოელს“ უწოდებდნენ, უკანონოდ მჯდომს დავითის ტახტზე, ახლა კი ვიღაც ყრმას, ახლადდაბადებულს „იუდეველთა მეფეს“ უწოდებენ, მას კი ტახტზე მჯდომს არარად თვლიან, მას, რომელმაც ებრაელებს განუახლა, უფრო კი ხელახლა აუშენა ძველზე გაცილებით მდიდრული, სოლომონისეულზე უფრო კეთილმოწყობილი ტაძარი, ისეთი არქიტექტურული საოცრება, რომ ამბობდნენ „ვისაც არ უხილავს ჰეროდესეული ტაძარი, მან არ იცის რა არის მშვენიერება“. აუშენა ქალაქები, გზები და ნავსადგურები. ახლა კი მოხუც, ავადმყოფ ჰეროდეს ტახტის მოცილე გაუჩნდა, ჩვილი ახალშობილი. არა, მან უთუოდ უნდა გაიგოს თუ სად დაიბადა ყრმა და ჩამოიშოროს. თვითონ ამბის მომტანი მოგვები იტყვიან მის ვინაობას, რამდენად სწორია ამ მისნების ცნობა? ვითომ მართლა დაიბადა ქრისტე ანუ იუდეველთა მეფე-მესია? ამიტომაცო, წერს მათე მახარებელი, ჰეროდემ - „შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა იშვას ქრისტე? მათ კი უთხრეს მას: იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ: „და შენ ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრით ხარ ნაკლები იუდას მთავრებს შორის, ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს ისრაელს“.

მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა ვარსკვლავთმრიცხველები, გამოიძია ვარსკვლავის გამოჩენის დრო და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“ (მათე, 2: 4-8).

მოგვებმა ბეთლემში ინახულეს იესო, თაყვანი სცეს, შემდეგ კი სიზმრად მიიღეს გაფრთხილება - არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან. სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

„ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააბაიბურეს ვარსკვლავთ-მრიცხველებმა, წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მის მთელ შემოგარენში, იმ დროის მიხედვით, როგორც ვარსკვლავთმრიცხველთაგან გამოიძია“ (მათე, 2:16).

ბეთლემსა და მის მიდამოებში თოთხმეტი ათასი ყრმა მოუკლავთ, მათ შორის, ჰეროდეს ფიქრით იქნებოდა იესო ქრისტე.

ჰეროდე - ეროვნებით არა ებრაელი, არამედ იდუმეველი იყო. აქამდე, სულ ათიოდე წლის წინ მიაღებინა იდუმეველებს ებრაელთა სახელმწიფოს აღმდგენელმა იოაჰან ჰირკანმა (ძვ.წ. 135-104) - იუდეველთა სარწმუნოება, რომელმაც უფრო ადრე სამარიელები დაიმორჩილა და გერიზიმის მთაზე აღმართული ტაძარი დაუნგრია. ჰირკინის სისხლიანი შთამომავლობა მართავდა ებრაელთა ახლად აღდგენილ სახელმწიფოს. მაკაბელთა გმირული სული სამაგალითო და ხალხისათვის სათაყვანო, სახელმწიფოს გაძლიერების შემდგომ დაიშრიტა. ომი ტახტისათვის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. მაკაბელთა გენეალოგია ასეთია:

0x01 graphic

მაკაბელთა საოჯახო ინტრიგებმა ტახტისკენ გზა გაუკაფა ანტიპატრე იდუმიელს, გაქნილსა და ცბიერ კაცს, რომელსაც (რომაელთა წინააღმდეგ აჯანყებულ არისტობულ II-ის ვაჟების დამარცხების შემდეგ) იულიუს კეისარმა უწყალობა პროკურატორის წოდება. მისი ვაჟი - ჰეროდე რომაელებმა გალილეის პრეფექტად დანიშნეს. ხოლო როცა დაკნინებული მაკაბელთა შთამომავალი, არისტობულ II-ის უმცროსი ძე აჯანყდა და ტახტი დაიჭირა, რომმა ის მეამბოხედ გამოაცხადა, სამეფო ტახტზე უფლებები ჩამოართვა. ასე დასრულდა მაკაბელთა დინასტიის ასოცდაათწლიანი ბატონობა.

იუდეას მეფე - ჰეროდე იმდენად ეჭვიანი იყო ტახტის კანონიერი მემკვიდრე დინასტიის, დავითის შთამომავლობის მიმართ, რომ არ დაინდო თვით თავისი მეუღლე მარიამი, დედამისი და საკუთარი შვილები, რომელთა ძარღვებშიც მაკაბელთა სისხლი ჩქეფდა. ძვ. წელთაღრიცხვის 4 წელს მოხუცი ჰეროდე გარდაიცვალა.

ჰეროდეს გარდაცვალებამდე, როცა მან ბეთლემელ ყმაწვილთა დახოცვა ბრძანა, წმიდა ოჯახი - იოსები, მარიამი და ჩვილი იესო, ანგელოზის მითითებით ეგვიპტისაკენ გაემგზავრნენ. მოგვთა თაყვანისცემის შემდეგ „ანგელოზი ეცხადება სიზმარში იოსებს და ეუბნება ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ ვიდრე მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი. იგი წამოდგა, ღამით წაიყვანა ყრმა და მისი დედა და წავიდა ეგვიპტეს. იქ იყო ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუხმე ძესა ჩემსა“ (მათე, 2:14-15).

იქამდე კი მოსეს სჯულის მიხედვით, ჩვილს მერვე დღეს უწოდეს სახელი იესო, თანახმად ანგელოზის სიტყვისა: „როგორც კი მერვე დღე შესრულდა მისი წინადაცვისათვის დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე, ხოლო როცა გასრულდნენ მათი განწმენდის დღენი მოსეს სჯულის მიხედვით, ჩაიყვანეს იგი იერუსალიმს, უფლის წინაშე წარსდგნენ. როგორც უფლის სჯულში სწერია, ყოველ მამრობითს, რომელმაც განაპოს საშო, წმიდა უფლისა ეწოდოს. და შესწირონ მსხვერპლი, როგორც უფლის სჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი, ან ორი მართვე მტრედისა. და აი, იყო იერუსალიმში კაცი სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთის მოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას და იყო მასზედა სულიწმიდა და სულიწმიდის მიერ ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა უფლის ცხებულს. და სულის შთაგონებით მივიდა ტაძარში და როდესაც მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რომ მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ, მან ხელთ აიყვანა ყრმა, ადიდა ღმერთი და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით. რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვრებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“. და მის მამას და დედას უკვირდათ მისის ნათქვამი: აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთაA ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებელად და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რათა განცხადდნენ მრავალთაგან გულის ზრახვანი“. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი ფენუელის ასული, ასერის ტომისაგან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ნაცხოვრები ქმართან. იყო დაახლოებით ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, რომელიც არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა ღამით და დღისით. ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მის შესახებ ყველას, ვინც გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში“ (ლუკა, 2:21:19).

სიმონმა, რომელიც მაცხოვრის შობამდე არ უნდა მომკვდარიყო, ჩვილ იესოს უწოდა „წარმართთა გასაბრწყინვებელი სიმართლე“ (ანუ მსოფლიოს ყველა ხალხისა და ერის ნათელი), და „შენი ხალხის ისრაელის სადიდებელი“. ისრაელის ქვეშ აქ იგულისხმება როგორც ძველი აღთქმის ისე ახალი აღთქმის ხალხი. მოხუცმა სიმონმა განტევება, ანუ ამქვეყნიური ცხოვრებიდან იმქვეყნიურში გაშვება თხოვა თავის უფალს იესოს. ხოლო მარიამს უწინასწარმეტყველა მწუხარება მისი შვილის ვნებისას. მოხუცი ანა, რომელმაც იცნო მაცხოვარი, იერუსალიმში აუწყებდა ამ სიხარულს ყველს, რამაც, მოსახლეობაში დიდი გამოძახილი ჰპოვა.

ყველა ელოდა მესიას. ხმამ, ჩანს ჰეროდეს ყურამდეც მიაღწია და უფრო განუმტკიცდა გადაწყვეტილება ამოეხოცა ჩვილები. მშობლებმა ჩვილი იესოსათვის, როგორც ითქვა აღასრულეს რჯულის ყოველი წესი. რაც გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოვიდა არა კანონების დასარღვევეად, არამედ აღსასრულებლად, ანუ როგორც ის ამბობდა - „შვენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (მათე, 3:15). რითაც ქრისტიანებს ასწავლა სულიერი წინადაცვეთა, წინადაცვეთა გულისა და ხორციელი გრძნობებისა. ამავე დღეს უწოდეს ქრისტეს იესო, რაც ქართული ფორმაა ებრაული სახელისა იეშუა (ნიშნავს - „მისი ხსნა არის იაღვე“, სახელიდან - ოშია ანუ ოსია - „ხსნა“ (იხ. ფ. ფარარ, იესო ქრისტეს ცხოვრება, ს. პეტერბურგი, 1893, გვ. 8-11).

იეშუადანაა ძველი ქართული ფორმა - იესუ. ებრაული - „მესია“ და ბერძნული „ქრისტე“ აღნიშნავდა მის მსახურებას ვითარცა ცხებული წინასწარ-მეტყველისა, მღვდელმთავარისა და მეფისა. მეორმოცე დღეს, როგორც ითქვა, ახალშობილი, ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანა, განსაწმედად და ღვთისათვის მისაძღვნელად. ამ დროს შესაწირიც იყო მისატანი. მარიამმა ყველაზე მოკრძალებული ძღვენი მიიტანა. მაგრამ მესია - შეუცნობელი არ დარჩენილა მოხუცისათვის.

საბედნიეროდ ჰეროდე მალე გარდაიცვალა და წმიდა ოჯახს საშუალება მიეცა ეგვიპტედან სამშობლოში დაბრუნებისა. „ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აი ეგვიპტეში იოსებს, სიზმარში ეცხადება უფლის ანგელოზი და ეუბნება: ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, რომლებიც ყრმის სულს ეძებენ. იგი ადგა, წაიყვანა ყრმა და მისი დედა და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. ხოლო როცა მოესმა, რომ მამამისის ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობს იუდეაში, შეეშინდა იქ წასვლა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში, მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, დაე შესრულდეს წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას დაერქმევა „ნაზარეველი“ (მათე, 2:19-23).

მაშინ იესო ერთი წლის თუ იქნებოდა. ნაზარეთში გაატარა მან თითქმის მთელი ცხოვრება. მოგზაურთა სიტყვით ნაზარეთი და მისი სანახები - წარმტაცი კუთხეა წმიდა მიწისა. გაზაფხულობით ის ნამდვილი აყავებული ბაღია, მცხოვრებნი - ლამაზი, წარმოსადეგი, კეთილი ადამიანები მხოლოდ მიწის დამუშავებითა და საქონლის მწყემსობით არ იყვნენ დაკავებულნი - გალილეაში ისე, როგორც მთელ პალესტინაში, დუღდა გრძნობები, ოცნებობდნენ თავისუფლებასა და ოქროს საუკუნეზე. ყველა ებრაელმა პალესტინის ქვეყანაში იცოდა, რომ იდგა ჟამი მესიის მოსვლისა, ყველას სწამდა წინასწარმეტყველებანი ამის შესახებ. ხალხი შეპყრობილი იყო ამ იდეით, სულითა და გულით ჩართული ამ სულიერ მოძრაობაში. დაიწყო რომაელთა, უკანონო მმართველთა, საწინააღმდეგო ამბოხებები, შეთქმულებანი, შეიქმნა ბებუთიან ტერორისტთა ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ რომაელებს, არ ინდობდნენ მათთან მოთანამშრომლე იუდეველებს. იუდეასა და გალილეაში ხალხი მძვინვარებდა. ასე იყო ღვთის შობიდან მის განცხადებამდე. ამგვარ გარემოში გაატარა იესომ ბავშვობა და სიჭაბუკე.

როცა ის იყო ათი წლისა გალილეა აჯანყდა ვინმე ფანატიკოს იუდას მეთაურობით. მან და მისმა მიმდევრებმა სათავე დაუდეს მებრძოლი მესიანიზმის პარტიას. ისინი იყვნენ ანარქისტები რელიგიური სახის მქონენი. იუდა უარყოფდა რაიმე ხელისუფლებას ღვთის ერზე და აღიარებდა მხოლოდ ღვთის ხელისუფლებას. თეოკრატიული იდეებით აღტკინებულმა ბრბომ, რომელიც უკვე თითქმის არმიად ქცეულიყო, აიღო ერთი ქალაქი, ხელთ იგდო იარაღი და ფული. აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს. იუდა მიიმალა. მაგრამ გალილეველები არ დამშვიდდნენ.

იოსების მშვიდი ოჯახი მდიდარი არ იყო. დურგლობა მხოლოდ ოჯახის გამოსაკვებად იყო საკმარისი. ჩანს იესომ პატარაობიდანვე შეისწავლა დურგლობა, რაც ჩანს მარკოზის სახარებაში როცა გალილეველები ამბობენ - „ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობისა და მოსეს, იუდასი და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები?“ (მარკ., 6:3)

იოსების აპოკრიფში ნათქვამია, რომ იოსებს ჰყავდა ოთხი უფროსი შვილი და რამდენიმე ქალიშვილი წინა ქორწინებიდან, რომ უფროსი ვაჟები - იუსტი და სიმონი და ქალები - ეთერი და თამარი სახლიდან გასულები იყვნენ - თავიანთი ოჯახები ჰქონდათ შექმნილი. მაგრამ იუდა და იაკობი მარიამთან და იესოსთან ცხოვრობდნენ. აქვე წერია, რომ პატარა იესო იოსებს - მამას, მარიამს კი დედას უწოდებდა. ის იყო გამგონი და არასოდეს ეწინააღმდეგებოდა, მუდამ ემორჩი-ლებოდა მათ. არ განურისხებია, უხეშად არასოდეს უპასუხნია მათთვის. პირიქით ეფერებოდა, ეალერსებოდა უსაზღვრო სიყვარულით: „ვითარცა თვალის ჩინს თავს ვევლებოდი მათო“ - წერს იესოს პირით ავტორი.

მეორე უფრო გავრცელებული თვალსაზრისით „უფლის ძმები“ სინამდვილეში მისი დეიდაშვილები იყვნენ. მარიამის და, რომელსაც ასევე მარიამი ერქვა, როგორც ფიქრობენ მითხოვილი იყო ალფეს ანუ კლეოპას და ისინი იყვნენ მათი შვილები, ისინი შემდგომ ეკლესიის სვეტებად იქცნენ.

ჩვენი მაცხოვარი, რომელიც ყოველმხრივ ჩვენი მსგავსი იყო თავისი კაცობრივი სახით, სიყრმიდანვე ჩანს, ისევე სწავლობდა, როგორც სხვა მისი თანატოლები. პირველდაწყებითი განათლება იესომ უთუოდ სახლში მიიღო, როგორც ამას კანონი მოითხოვდა - „ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე, 11:19). საერთოდ იუდეველი ყმაწვილები სინაგოგასთან არსებულ სკოლაში სწავლობდნენ წმიდა წერილს, წეს-ჩვეულებებს, თვით სინაგოგაში ლოცვის დღეებში ისმენდნენ მოხუცთაგან სჯულის კანონებსა თუ წინასწარმეტყველებას.

საერთოდ ებრაელები მაღალი განათლებით სრულიად გამოირჩეოდნენ სხვათაგან. ტყვეობიდან დაბრუნებისთანავე ეზრამ ძვ.წ. 450 წელს შექმნა განსწავლულ კაცთა დიდი საკრებულო-სასულიერო აკადემია მოსწავლე ახალგაზრდების დიდი რიცხვით. დაკანონებული იყო თორის კითხვის სატაძრო წესი. თორის კითხვის დღედ, შაბათისა და დღესასწაულების გარდა დააკანონეს ორშაბათი და ხუთშაბათი. სწავლულთა საკრებულო პირველ ყოვლისა წმიდა წიგნების განმმარტებელი იყო. საერთოდ სარწმუნოებრივი ცოდნის განმამატკიცებელნი იყვნენ წინასწარმეტყველნი - ისინი მასწავლებლები იყვნენ იმავდროულად, და ხშირად ღვთისმსახურების რიტუალსა და ცერემონიალზე წინ აყენებდნენ ადამიანთა სამართლიანობას, ღვთის ერთგულებას, სიკეთეს, გულმოწყალებას, ზნეობრივ სიწმიდეს, პატიოსნებას ყოველი იუდეველისას. პირველქრისტიანული ეკლესიის ზოგიერთი დიდ მოღვაწე, მაგალითად პავლე მოციქული ცნობილი გამალიელის, სინედრიონის მეთაურის, მოწაფედ ითვლებოდა. ეს იყო შვილიშვილი ცნობილი დიდად განსწავლული კაცისა - ჰილელისა, რომელმაც დააარსა თავისი სკოლა იუდეველთა რჯულის სწავლებისა. (ამ სკოლის საპირისპირო მიმართულებისა იყო შამაის მიერ შექმნილი სკოლა). გალილეაში იესო „იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით“ (ლუკა, 2:40)

წმინდა სახარება თითქმის არაფერს გვამცნობს ქრისტეს ყრმობის შესახებ, მხოლოდ ლუკა მახარებელმა შემოგვინახა ერთი საინტერესო ეპიზოდი მისი ბავშვობიდან.

იესოს მშობლები, როგორც სხვა კეთილმორწმუნე იუდეველები, დღესასწაულის დღეებში დადიოდნენ იერუსალიმში. ერთხელ პასექამდე მცირე ხნით ადრე, სხვა მლოცველებთან ერთად წავიდნენ წმიდა ქალაქში იოსები და მარიამი, მათთან ერთად იყო ღმერთის მადლით სავსე ყრმა იესო „თორმეტი წლისა რომ გახდა მაშინ ამოვიდნენ იერუსალიმში დღესასწაულის ჩეეულების მიხედვით. როცა დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, ხოლო იოსებმა და დედამისმა არ იცოდნენ. ეგონათ მოგზაურთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინ დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. და რომ ვერ იპოვეს იგი დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას. სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. ყოველ მის მსმენელს აოცებდა მისი გონება და პასუხი. რომ დაინახეს იგი გაუკვირდათ და დედამისმა უთხრა მას: ეს რა გვიყავი შვილო? აი მამაშენი და მე გულდამწუხრებულები გეძებდით. მან უთხრა მათ: „და რას მეძებდით მე? არ უწყით რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფა?“ (ლუკა, 2:42-49).

2 განცხადება უფლისა

▲ზევით დაბრუნება


მახარებლები არაფერს გვიამბობენ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს გარეგნობის შესახებ, მაგრამ მონათხრობიდან ჩანს, რომ მისი იერ-სახე ადამიანებზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. საკმარისია გავიხსენოთ დიდ განდეგილი იოანე ნათლისმცემელი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ხაზგასმით მიუთითებდა, რომ არ ესაჭიროებოდა ადამიანებისაგან მიღებული არავითარი ამქვეყნიური სიკეთე, საკვები თუ ტანსაცმელი, გამოჩენილ პირებს უშიშრად განიკითხავდა, განურჩევლად ყველას გაწმედისაკენ მოუწოდებდა და ის შეხედვისთანავე დამატყვევებლად მოიხიბლა ქრისტეს საზეიმო დიდებულებით. ქრისტემ ელვისებურად დაისაკუთრა თავისი მომავალი მოწაფეების გული. იყო რაღაც მშვენიერება მის სახესა, გამოხედვასა და ხმაში, რომელიც მტრებსაც კი აიძულებდა მისთვის მოწიწებით მიემართათ. დასაჭერად მისული ტაძრის მცველები მისით მოიხიბლნენ, პილატეს კი მისმა გარეგნობამ აღუძრა თანაგრძნობა და პატივისცემა.

შეიძლება ითქვას ქრისტეთი მოხიბლული პილატე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გაბედულად აღიარა ბრბოსა და სინედრიონის აღშფოთებული წევრების წინაშე იესოს უდანაშაულობა, რამდენჯერმე მისი გადარჩენაც სცადა. პილატეს მეუღლე ქრისტეს მიმდევარიც კი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მოსე ხორენაცი პონტოელ პილატეს ქართულ სამყაროსთან აკავშირებდა. კერძოდ, მისი სიტყვით ქართველთა მთავარი და პილატეს მამა მოდავენი ყოფილან ქვეყნის სამმართველო საქმეში.

მითრიდატე - ქართველთა მთავარი, პონტოელი პილატეს მამას მოუწამლავს - პომპეუს დიდის ბრძანებით - „რაც შეეხება პომპეუსსო - წერს მეხუთე საუკუნის ისტორიკოსი ძველ წყაროებზე დაყრდნობით - იგი შეებრძოლა მითრიდატეს, რომელმაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მას, გაუმართა ფიცხელი ბრძოლა და დიდი საფრთხეც შეუქმნა, მაგრამ რიცხვმრავლობამ თავისი გაიტანა და დამარცხებული მითრიდატე გაიქცა პონტოს მხარეებში. როგორც კი მისგან მოისვენა პომპეუსმა, რასაც არც ელოდა, აიღო ქალაქი მაჟაქი და შეიპყრო მითრიდატე, ძე მითრიდატისა, ქალაქში კი ჯარი ჩააყენა. მერმე იგი მითრიდატეს კი არ დადევნებია, არამედ სასწრაფოდ გაეშურა ურიასტანისაკენ ასურეთის გავლით. მითრიდატე კი პილატე პონტოელის მამას მოაწამვლინა. ამას იოსებიც გვაუწყებს ბალზამის შესახებ საუბრისას, იგი ამბობს: „პომპეუსს ერიქოვთან ახარა მაცნემ მითრიდატეს დაღუპვა“ (მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 115).

ხორენაცი თითქოსდა მითრიდატე პონტოელისა და პომპეუსის ამბავს გადმოგვცემს, მაგრამ ის მითრიდატეს ქართველთა ისტორიულ მთავარს უწოდებს, იმ წყაროს მიხედვით, რომელიც ერთ პირველი საუკუნის ისტორიკოსს მოუპოვებია ნინევიის სახელგანთქმულ არქივიდან გამოტანილ საბუთებში: პართიის მეფის ძმამ საქართველოში ანუ „კავკასიის მთის მოპირდაპირე მხარეს ჩრდილოეთის განმგებლად დაადგინა დიდი და ძლევამოსილი გვარი, რომლის უფალთ გუგარელთა პიტიახშები დაერქვათ. ისინი შთამომავალნი იყვნენ დარეჰის (დარიოსის) ნახარარის მითრიდატისა, რომელიც წამოიყვანა ალექსანდრემ (მაკედონელმა) და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ტყვედ მოყვანილ ივერიელთა მოდგმას“ (იქვე, გვ.107); შემდგომ ტიგრან დიდის მამა დანათესავებია ივერიელთა ერთერთ მითრიდატიან მთავარს, მიუთხოვებია მისთვის თავისი ასული და თავისი ვრცელი სამფლობელოდან ივერიის ქვეყნის გარეთ სამართავად გადაუცია პონტოს ქვეყანა - „პონტოს ზღვის გამგებლობა“. შემდგომ, პომპეუსის ლაშქრობისას, როცა ის იუდეაში არისტუბოლის წინააღმდეგ მოადგა იერუსალიმის კედლებს, პონტოელი პილატეს მამას მოუკლავს მითრიდატ III, ქართველთა მთავარი. ხორენაცის სიტყვით პომპეუსს ჯერ პონტოს მთავარი ქალაქი მაჟაქი (იქვე ცნობილი მაზაკა) აუღია და მითრიდატეს ძე შეუპყრია, და შემდეგ სასწრაფოდ წასულა „ურიასტანისაკენ“ ასურეთის გავლით“. ანუ იუდეაში - სირიის გავლით.

პომპეუსის მიერ ისრაელის ახლადაღორძინებული სახელმწიფოს ნგრევის დაწყებამ, იუდეველთა შორის კიდევ უფრო გააღვივა მესიანიზმად ცნობილი მოძრაობა. პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ იუდეა რომის იმპერიის პროვინციად იქცა. იუდეას სახელმწიფოს პომპეუსმა ჩამოართვა ახლადმიერთებული მიწები, შეამცირა მისი საზღვრები და ქვეყანას დიდი კონტრიბუცია დაადო. რომაელებმა თავისუფლებისათვის მებრძოლ მაკაბელთა შთამომავალთ დაუტოვეს მოჩვენებითი ძალაუფლება, ოცი წლის შემდეგ კი რომაელებმა მეფის ტიტული იდუმეელ ჰეროდეს გადასცეს. ჰეროდეს, დიდად წოდებულის დროს სახალხო აჯანყებები დაიწყო, თუ ხასმონელებს კიდევ იტანდნენ ებრაელები, ვითარცა დავითის შთამომავლებს, რომაელთა მიერ დაყენებული ჰეროდე - მეფის ხარისხით მათთვის მოუთმენელი იყო. გამოჩნდნენ მოჯანყენი, რომელნიც თავიანთ თავს მესიად აცხადებდნენ, მათი მიმდევრები დიდ არეულობას იწვევდნენ. ებრაელთა ქვეყანაში საყოველთაო გახდა მისტიკური იდეები და დაძაბული მოლოდინი ღვთის სამეფოს მოახლოებისა. უნდა გამოჩენილიყო კაცი, რომელიც გამეფდებოდა არა მარტო ისრაელში, არამედ იხსნიდა მსოფლიოს. მსოფლიოს ყველა ერი მოვიდოდა მის თაყვანისსაცემად. დედამიწაზე მოისპობოდა შევიწროება და უსამართლობა, აღარ იქნებოდა სიკვდილი, ცრემლი და მწუხარება. ჭეშმარიტება გამოჩნდებოდა ვითარცა მზე. მომლოდინეთათვის რომის იმპერია წარმოისახებოდა მხეცად, რომელსაც დაეცემოდა მომავალი მესიის მახვილი.

მოჯანყენი თავს ესხმოდნენ რომაელებს და მათ მომხრეებს. განსაკუთრებით გააღიზიანა მოსახლეობა პილატე პონტოელმა, რომელიც არ იცნობდა ხალხს, მის ფსიქოლოგიას, ჩვეულებებს და ტრადიციებს. არ იცნობდა ქვეყანას. ძალზე აღაშფოთა იერუსალიმი მისმა მოქმედებამ. ებრაელები კერპთაყვანისმცემლობად და ღვთის შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ ქანდაკებებს, პორტრეტებს, რომის საიმპერიო ნიშნებს - არწივებს. იუდაიზმი კრძალავდა ადამიანის ყოველგვარ გამოსახულებას. პილატეს რაზმები კი იერუსალიმში შევიდნენ არწივის გამოსახულებებით, იმპერიის ნიშნებით, იმპერატორის პორტრეტებით, რაც იუდეველთა მიერ მიჩნეული იქნა ტაძრის და მოსეს მოძღვრების აშკარა შეურაცხყოფად, რამაც დიდად აღაშფოთა ისინი. შეიკრიბა ასი ათასზე მეტი კაცი და მათ უიარაღოდ გეზი აიღეს კესარიისაკენ - პილატეს სამყოფელისაკენ, იერუსალიმიდან 120 კილომეტრით დაშორებული ქალაქისაკენ. ფანატიკოსთა მასამ ალყა შემოარტყა პროკურატურის რეზიდენციას და კატეგორიულად მოითხოვა დაუყონებლივ მოეშორებინათ იმპერიის ნიშნები და იმპერატორის პორტრეტები წმიდა ქალაქიდან. ხუთი დღე გაგრძელდა ალყა, ბოლოს პილატემ ლეგიონერებს უბრძანა ხმალი აღემართათ მოჯანყეთა დასასჯელად, მაგრამ ასოციათასმა კაცმა მორჩილად მიუშვირა ხმალს თავისი ქედი, მუხლმოყრილი და სიკვდილისათვის თავდადებული ადამიანების უზომო რაოდენობამ გააოგნა პილატე. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პილატემ დაითხოვა ლეგიონერები, ებრაელებს კი აღუთქვა მოთხოვნის აღსრულება.

პილატეს, ბერძნული ცივილიზაციით, ანტიკური რელიგიით აღზრდილს, არ შეიძლებოდა აზიური, ველური ფანატიზმის გამოვლენად არ მიეჩნია იუდეველთა მგზნებარე სარწმუნოება, რომაული სამყაროს გრანდიოზულმა სულიერმა კრიზისმა ანტიკური რელიგიის გავლენა ძალზე შეამცირა. მითები, რომლებსაც ბერძნული ღმერთების შესახებ ჰყვებოდნენ და რომელნიც, შემდგომ რომაულ ღმერთებზე გადავიდნენ, მხოლოდ დაცინვას იწვევდნენ. ყველაზე ცნობილი ადამიანები სარწმუნოებას მხოლოდ წესრიგის მისაღწევ საშუალებად თვლიდნენ. ურწმუნოება სამარცხვინოდ არ მიიჩნეოდა, წარმოიშვა სკეპტიციზმი და ათეიზმი. ფილოსოფიური აზრი მივიდა დაცემამდე, „ფილოსოფოსებს“ ორატორებს უწოდებდნენ, რომლებიც სოფისტების ბრბოს ათრობდნენ.

რელიგიური და ფილოსოფიური იდეალების იმედგაცრუებამ გამოიწვია საზოგადოებრივი ზნეობრიობის მოშლაც, მაგრამ ზნეობის დაცემა იმავდროულად იწვევდა ლტოლვას განწმენდისაკენ. ამიტომაც რომაელები უფრო და უფრო ინტერესით ეპყრობოდნენ აღმოსავლეთიდან შემოსულ კულტებს, რომლებიც ძალზე გავრცელდა. ეგვიპტური და აზიური ღვთაებები დაიძრნენ რომისაკენ. წყურვილი სულიერი სამყაროს შეცნობისა, მასთან ურთიერთობისა რომის იმპერიის დასავლეთის მხარეებისაკენ ავრცელებდა სპარსულ მაზდეანიზმს, რომელსაც მატერია - ბოროტების სათავედ მიაჩნდა, მისგან განწმენდას მოითხოვდა. ბუნების შეცნობა და ცოდნის გაღრმავება - გადარჩენის საშუალებად მიაჩნდა ბერძნულ და რომაულ ფილოსოფიას. ბედნიერებისა და კმაყოფილების მიღწევას ქადაგებდნენ ეპიკურელები. იუდეველების სწავლებით კი ერთი უხილავი ღმერთის თაყვანისცემა და სჯულის დაცვა ყველაზე უმთავრესი იყო. რომაული სამყარო გრძნობდა თავის ზნეობრივი დაცემის ხარისხს, სურდა განახლება. პირიდან პირში გადაიცემოდა აღმოსავლური წინასწარმეტყველება. დადიოდა ხმები, რომ იუდეიდან გამოვიდოდა ვიღაც მსოფლიოს დასამორჩილებლად (ტაციტუსი, ისტორია 5.13, ა. ბოგოლიუბოვი, ძე კაცისა. გვ. 30-32).

ეს რწმენა მესიის მოსვლისა რომაულ სამყაროში იუდეიდან იყო გავრცელებული, სადაც ყველგან გაბატონებული იყო მოლოდინი „დიდებით მომავალი მესიისა“, რომელსაც ახალი სამეფო უნდა შეექმნა.

მესიის მოლოდინი განსაკუთრებით გაღვივებული იყო ფარისეველთა პარტიაში. ფარისევლები კანონის მედგარ დამცველებად თვლიდნენ თავიანთ თავს. პარტია სირიის უღლისაგან ქვეყნის გათავისუფლებასა და მაკაბელთა დინასტიის აღზევებისას წარმოიშვა. ისინი ოპოზიციაში ედგნენ სამეფო სახლს. სამეფო ხელისუფლებას იტანდნენ იმდენად, რამდენადაც მესია მეფე დავითის შთამომავლობაში უნდა წარმოშობილიყო. მათ წრეში იქმნებოდა წინასწარმეტყველური წიგნები მშვიდობისა და სამართლიანობის სამეფოს მომავალი დასაწყისის შესახებ. ფარისეველებთან ერთად მწიგნობრები - კანონის განმმარტებლები და ასევე მოძღვრები (რაბინები) - მესიის მოლოდინის სულისკვეთებით კვებავდნენ ხალხს.

სადუკეველებისაგან - იმქვეყნიური სამყაროს, სულის უკვდავების უარმყოფელებისაგან, განსხვავებით ესეველები უმთავრესად ზრუნავდნენ სულიერი განწმენდისათვის. ისინი განდეგილად ცხოვრობდნენ უდაბნოში, სულ ოთხი ათას კაცამდე, მძაფრად სწამდათ მესიის მოსვლა. ფარისეველთა მსგავსად გულამდე არ იღებდნენ ხასმონელთა დინასტიას. მონაწილეობდნენ აჯანყებებშიც. ესეველები უდაბნოში ნახევრად მონაზვნურად ცხოვრობდნენ, მთლიანად განდგომოდნენ მიწიერ ცხოვრებას, იყვნენ მკურნალნი, განმბანელნი და ფიქრობდნენ ხორციელი განწმენდით სულიერ სრულყოფას. ისინი მკვდარი ზღვის მახლობლად, იორდანიის გადაღმა ცხოვრობდნენ. ამუშავებდნენ მიწას, თავისუფალ დროს მთლიანად ღმერთს უთმობდნენ, უარყვეს პირადი საკუთრება, ოჯახი, ძალადობისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ჰქონდათ საერთო ქონება და საჭმელ-სასმელი, ძალზე მწირი. მტკიცედ იცავდნენ შაბათს, ტანსაცმელი ჰქონდათ უხეში ნაჭრისა, დღესასწაულის დღეებში კი თეთრებში იმოსებოდნენ. და აი, იორდანის წყალს მოადგა ნათლისმღემელი, სიყრმიდანვე უდაბნოში ლოცვითა და მარხვით მცხოვრები კაცი. მის მოსასმენად შიშველ კლდეთა შორის უნაყოფო გადამწვარ, ველური მხეცებით სავსე უდაბნოსაკენ უწყვეტად მოდიოდნენ ადამიანები, მათ არც იოანეს გარეგნობა, მოშვებული თმა-წვერი, აქლემის თმით დამზადებული ტანსაცმელი აფრთხობდათ, პირიქით უსმენდნენ მას, ინანიებდნენ ცოდვებს და ინათლებოდნენ მისი ხელით იორდანეს წყლით.

იოანე მესიის შესახებ ქადაგებდა. სწორედ ამიტომ მოდიოდა ხალხი მის მოსასმენად. უცნაური და მიმზიდველი მათთვის იყო ის, რომ იოანე არ აცხადებდა თავის თავის მესიას - იმ დროს სხვა მრავალ მოქადაგეთა დარად, რომლებიც ჩნდებოდნენ და უკვალოდ ქრებოდნენ - არაო, ამბობდა ის, მე არა თუ მესია, მესიის ფეხსაცმელის თასმების გახსნის ღირსიც კი არა ვარო. განსაკუთრებით კი ხალხს იზიდავდა ის, რომ იოანე თავის თავს მესიის წინამორბედს უწოდებდა: მესიის მოსვლის დრო დგებაო, ჩემს უკან მოდის, მაგრამ ის წინ წავა, რადგან ჩემზე უწინ იყო. იოანე ამოწმებდა სინათლის (მესიის) შესახებ. „იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ, რომ ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ“. (იოანე 1:7-8), ხოლო ჭეშმარიტი სინათლე გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს.

„და აი, მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეევლებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიტელნი, რომ ეკითხათ მისთვის - ვინ ხარ შენ? მან აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. და ჰკითხეს მას: მაშ რა? ილია ხარ? მან თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? მან უპასუხა: არა. მაშინ უთხრეს მას: ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენს შესახებ?“ შემდეგ კი შეეკითხნენ - მაშ რატომღა ნათლავ თუ არც ქრისტე ხარ, არც ილია და არც წინასწარმეტყველი? მიუგო იოანემ პასუხად: მე ვნათლავ წყალში, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც არ იცნობთ: ვინც ჩემს შემდგომ მოდის (რომელიც ჩემზე წინადაა), რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ“ (იოანე, 1:25-27).

მახარებლები იოანეს შესახებ წერენ რომ ის ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად, როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“. „განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“ (ლუკა, 3: 4-5)

მესიის მოსვლისას ყველა ხორციელი იხილავდა ღმერთისაგან გადარჩენას. ხალხი, იერუსალიმიდან, მთელი იუდეიდან და იორდანეს შემოგარენის სოფლებიდან მოდიოდა იოანესთან და ინათლებოდა მისგან იორდანეში, აღიარებდა ცოდვებს.

„როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი და უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისაგან გაქცევა? მაშინ შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი“ (მათე, 3:6-8).

ღვთისაგან რჩეული ერის შვილები ამაყობდნენ თავისი მაღალი წარმოშობით, იუდეველები დაჯერებულნი იყვნენ, რომ მესია ყველა ხალხთა შორის მათ გამოარჩევდა და სხვაზე აამაღლებდა. ამ შეხედულებას იოანე აბათილებდა. ღმერთი, რომელმაც ადამი მიწიდან შექმნა, შემძლეა იორდანეს ნაპირის ქვებიდანაც აღუდგინოს შვილების აბრაამს. არა წარმოშობით, არამედ კეთილი ნაყოფით გადარჩება ადამიანი - „ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან, ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ მოისხამს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ“ (მათე, 3:10).

იოანე ნათლავდა წყლით და ამბობდა - „ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, რომლის სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით. მისი ნიჩაბი მის ხელში არის. ის გაწმენდს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით“. (მათე, 3:11-12)

იოანეს ქადაგების ორი მთავარი საგანი იყო სინანული და ცათა სასუფეველი. ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლებულია სასუფეველი ცათა“ ანუ ზეციური სამეფო.

იოანე ნათლისმცემელის შესახებ წინასწარ იყო ნათქვამი, რომ მის მამა ზაქარიასა და დედა ელისაბედს, სამღვდელოთა შთამომავლებს, უფლის ანგელოზის მიერ ეხარათ იოანეს მომავალი შობა: ის „სულიწმიდით აღივსება დედამისის მუცლიდანვე, და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლისაკენ, მათი ღმერთისაკენ. და ის ივლის მის წინაშე ილიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულნი შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი“ (ლუკა, 1:15-17).

იოანემ უფლის მოახლოება ჯერ კიდევ დედის მუცელშივე იგრძნო, როგორც ამას მახარებელი გვაუწყებს. როცა მარიამი, დედა იესოსი და ელისაბედი - იოანეს დედა ერთმანეთს შეხვდნენ, „როგორც კი ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით, დაიძახა ხმამაღლა და თქვა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი და საიდან ეს ჩემდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან როცა შენი მოსალმების ხმა მოვიდა ჩემს ყურთან, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში“ (ლუკა, 1:41-44).

გავიდა ამის შემდეგ ოცდაათი წელი და აი, იორდანეს ნაპირთან მაცხოვარის დანახვისას კვლავ შეიძრა იოანე, მყისვე იცნო ის, იხილა მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აი, ღმერთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას.

ეს არის, რომლის შესახებაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინა გახდა, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყალში სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს“.

მოწმობდა იოანე და ამბობდა: მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალი სული და დარჩა მასზე.

„მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც წარმომგზავნა წყალში სანათლავად, მან მითხრა: რომელზეც დაინახო სული გარდმომავალი და მასზე დარჩენილი, ის არის სული წმიდით ნათლისმცემელი. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღმერთისა“ (იოანე, 1:29-34).

მათე მახარებელი დაწვრილებით აღწერს: „მაშინ იესო მოვიდა გალილეიდან იორდანეს იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე წინაღუდგა და უთხრა: მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას. შენ კი ჩემთან მოდიხარ? მაგრამ იესომ მიუგო პასუხად: დაე ახლა, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ ყოველი სამართლიანობის აღსრულება. მაშინ იოანემ მიუშვა იგი. და მონათლული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და, აი, გაიხსნენ ცანი და იხილა ღმერთის სული მტრედივით გარდმომავალი. მასზე ეშვებოდა. და, აი, ხმა ციდან მეტყველი: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც ჩემი სათნოებაა“ (მათე, 3:13-17).

საერთოდ ებადებათ კითხვა, რატომ ინება მაცხოვარმა ნათლისღება იოანესგან, ისევე როგორც ნათლისმცემელი შეეკითხა უფალს - „მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოხვედი ჩემთან?“ იესოს პასუხში, რომელიც მისი საზოგადოებრივი მსახურებისას წარმოთქმული პირველი სიტყვაა, ნათქვამია: „ახლა ასე იყოს, რამეთუ ასე გვმართებს სამართლიანობის აღსრულება“. საჭირო იყო ყოველგვარი მოთხოვნის შესრულება, რომელსაც ღვთის ნება უჩვენებდა (ფს. 39:7,8 იხ. ფ.ფარარ. იესო ქრისტეს ცხოვრება, გვ. 67). წყალში შესული იესო ლოცულობდა. დადგა ჟამი მისი მესიანური მსახურების კურთხევისა. იოანე უყვებოდა შემდგომ მოწაფეებს, რომ ამ ლოცვისას მან იხილა დაშვებული სული და გაიგონა ხმა მომავალი ზეციდან: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალი სული და დარჩა მასზე“ (იოანე, 1:32).

ნათლობისთანავე იესომ დატოვა იორდანეს სანაპირო და წავიდა მკვდარი ზღვის უდაბნოს სიღრმეში - „სულმა წაიყვანა უდაბნოში. ორმოც დღეს ცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი დასრულების შემდგომ მოშივდა: და უთხრა ეშმაკმა: თუ ძე ღმრთისა ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს. უთხრა მას იესომ პასუხად დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა იცოცხლებს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით“ (ლუკა, 46:1-4).

უდაბნოში ინება იესომ განმარტოვება, რათა კიდევ ერთხელ განესაჯა თავისი დიდი საქმე ადამიანთა ხსნისა. აქ სატანამ წარუდგინა მას თავისი ხერხები კაცობრიობის გადარჩენისა“. პირველი გზით ადამიანებს ყურადღება უნდა მიეპყროთ „ქვეყნიური კეთილდღეობისათვის: „აქციე ეს ქვები პურებად და გამოკვებე ხალხი“, რაზედაც სატანამ მიიღო შესაბამისი პასუხი.

მეორეჯერ მაცდურმა ქრისტეს შესთავაზა ამქვეყნიური ძალაუფლება და დიდება. დიდება და ძალაუფლება „ვინაიდან მე მაქვს გადმოცემული, ვისაც მინდა იმას ვაძლევ. ჰოდა თუ თაყვანსა მცემ შენი იქნება ყოველივე, მიუგო იესომ პასუხად: დაწერილია: უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (ლუკა, 4:7-9).

ამით იესომ უარყო გზა ძალადობით ქვეყნის ფლობისა. მესამე გზა, რაც მაცდურმა იესოს შესთავაზა, იყო ეფექტური სასწაულით ზემოქმედება ადამიანებზე. ამ გზას მრავალი ცრუ მისტიკოსი გაჰყვა, მაგრამ ქრისტემ უარყო და ასე უპასუხა მას: „ნათქვამია, არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. იესომ განვლო ყველა განსაცდელი და „ეშმაკი დრომდე განშორდა მას“ (ლუკა, 4:12-13).

იესო გაემგზავრა უკანვე, იორდანეს სანაპიროსაკენ, სადაც ქადაგებდა იოანე. როცა წინასწარმეტყველმა დაინახა ქრისტე, გამოიცნო ის გზა, რომელზეც უდაბნოში ფიქრობდა იესო და განაცხადა- „აი ღმერთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას“ (იოანე, 1:29).

თვითშეწირვა ადამიანებისათვის ასეთია გადაწყვეტილება. მალე იესოს ვხედავთ მოწაფეებთან ერთად იორდანეს ნაპირზე, სადაც ის იოანეს მსგავსად ქადაგებს ღვთის სასუფეველის მოახლოებაზე. იოანე ნათლისმცემელის ორმა მოწაფემ გაიგონა ნათქვამი - „აი, ღმერთის კრავი“ და გაჰყვნენ იესოს. ერთი მათგანი ყოფილა - ანდრია პირველწოდებული, საქართველოს განმანათლებელი, ძმა პეტრე მოციქულისა, ანუ როგორც იქამდე ერქვა სიმონისა. ანდრიამ მოუწოდა თავის ძმას გაჰყოლოდა იესოს - „მან პირველმა იპოვა თვისი ძმა სიმონი და უთხრა: ჩვენ ვიპოვეთ მესია, რომლის თარგმანი ნიშნავს ქრისტე. მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე, ამიერიდან შენ გერქმება კეფა, რომლის თარგმანი ნიშნავს - კლდე“ (იოანე, 1:41,42).

ათასი წლის შემდეგაც კი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელი იხსენებდა ამ ფაქტს და მასზე დაყრდნობით „მწოდებლის“ - ანდრია პორველწოდებულის მიერ დაარსებული ქართული ეკლესიის ღირსებას ათანაბრებდა - „წოდებულის“ პეტრე მოციქულის მიერ დაარსებულ ანტიოქიის საპატრიარქოსთან. იმ პირველ ორს შორის იყო იოანე, შემდგომ ღვთისმეტყველად წოდებული, იესოს საყვარელი მოწაფე.

მეორე დღეს იესომ „იპოვა ფილიპე“, რომელიც ბეთსაიდიდან-ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან იყო. „ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: ჩვენ ვიპოვეთ ის, ვის შესახებაც წერდა მოსეს სჯული და წინასწარმეტყველნი, იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან (იოანე, 1:45).

იესომ უთხრა თავის მოწაფეებს - „ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, ძეს კაცისაზე აღმავლებს და ჩამავლებს“ (იოანე, 1:51)

მათეს თანახმად მეთევზე ძმები სიმონ და ანდრია მაცხოვარს გალილეის ზღვასთან დაუნახავს, როცა ბადეს ისროდნენ და უთქვამს მათთვის: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას“ (მათე, 4:19).

შემდგომ კი კვლავ ორი ძმა დაუმოწაფებია - ზებედეს ძეები - იაკობი და იოანე -მებადურები - „მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და თავიანთი მამაც და გაჰყვნენ მას“ (მათე, 4:22).

მარკოზის სიტყვით - იესოს იორდანეს ნაპირები მიუტოვებია იოანე ნათლისმცემლის ჰეროდეს მიერ შეპყრობის შემდეგ, იესო გალილეის ქალაქებსა და სოფლებში ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, ასწავლიდა სინაგოგაში, კურნავდა ყოველგვარ სენს, მოყავდათ მასთან უძლურები, სნეულები და სატანჯველით შეპყრობილნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, მისი ამბავი მოედო მახლობელ ქვეყნებსა და კუთხეებს. სირიიდან, იუდეიდან, იერუსალიმიდან, ათქალაქიდან მის მოსასმენად და სანახავად ჩამოსულნი, გალილეველებთან ერთად დაყვებოდნენ მას.

მისი შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია, მუდმივი გაწონასწორებულობა, უბრალოება, სერიოზულობა, სიბრძნე ხიბლავდა ადამიანებს. იესოს ყველგან სიხარული შეჰქონდა, მისთვის უცხო იყო ქვეყნის უარმყოფელობის სიფიცხე, ავადმყოფ-ეგზალტირებული მოწოდებანი, უყვარდა ბავშვები, ყვავილები, აკურთხებდა სიცოცხლეს და ამბობდნენ მის შესახებ „აი კაცი რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინის სმა“. ამით თითქმის საქვეყნოდ გამოჰქონდა ფარისეველთა მოჩვენებითი, გარეგნული „სიწმიდე“, რომლებიც განსაკუთრებულ ღვთისმოსაობის ნიშნად მიიჩნევდნენ რიტუალური ქმედებების გაწელვასა და გაბერვას, უადგილო თავშეკავებასა და ჩვევებს, რომლებსაც ხშირად თვითონვე უჩუმრად არღვევდნენ, ხალხს კი მის შესრულებას ავალდებულებდნენ.

იესომ პირველი სასწაულით გაახარა ახლადშეუღლებულნი და მათი ნათესავები, როცა ის და მისი მოწაფეები გალილეის ქალაქ კანაში მიიწვიეს ქორწილში, იესოს დედაც იქ იყო. მოხდა ისე, რომ ღვინო შემოაკლდათ. მარიამმა ეს ამცნო შვილს „იესომ უთხრა მას: რა გინდა ჩემგან დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა“. დედამისმა უთხრა „მსახურებს გააკეთეთ ყველაფერი რასაც ეს გეტყვით“ (იოანე 2:5). მსახურებმა იესოს სიტყვით აავსეს ჭურჭლები წყლით, რომელიც ღვინოს იქცა. „ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა“. (იოანე, 2:11).

ფარისევლური ღვთისმოსაობის გმობად მიიჩნიეს იესოს მოქმედებანი იერუსალიმში, რომელიც ღვთისმეტყველთა აზრით 28 წელს შემდგარა.

იუდეველთა დიდი დღესასწაულის დროს იესო ყოველთვის მიდიოდა იერუსალიმში, როგორც ამას მოითხოვდა სჯული. იერუსალიმის ქალაქი ტაძრით ცხოვრობდა. დიდებული ტაძარი მილიონობით ებრაელისა და სხვადასხვა ეროვნების იუდეველთა სარწმუნოებრივ სიმბოლოს, იუდეური რელიგიის მსოფლიო ცენტრს წარმოადგენდა. ამის გამო დღესასწაულის დღეებში ქალაქი სავსე იყო მლოცველებითა და მქადაგებლებით, მრავლად იყვნენ ვაჭრები, ზოგი მათგანი სოვდაგრობდა, ზოგი სამსხვერპლო ცხოველებს ჰყიდდა, იყვნენ მედუქნენი, ტაძრის ღია სტოებსა და გალერეებში ედგათ მაგიდები ფულის დამხურდავებლებს (პასექამდე მღვდლები კრეფდნენ ყოველი ისრაელელისაგან სატაძრო გადასახადს). იოანე მახარებელი წერს - „ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მეკერმენი მსხდომარე. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრებიც, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად“ (იოანე 2:13-17).

იესოს, ხალხისათვის საყვარელი მოძღვრის მოქმედებამ შეაშფოთა იერუსალიმელი რაბინები, რადგანაც ის მათებურად არ ასწავლიდა, უარყოფდა ძველ ჩვეულებებს, არ იცავდა მარხვებს. სარწმუნოების მედგარი დამცველები ასკეტურად მცხოვრები იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები გაკვირვებულნი იყვნენ. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევდა შაბათს ავადმყოფთა განკურნება, რაც შაბათის დარღვევად მიაჩნდათ. ხოლო იესოს მიერ ცოდვათა მიტევებას - გაუგონარ მკრეხელობად თვლიდნენ. „მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იწყეს მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს, ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“ (ლუკა, 5:21).

იესო ცოდვილებთან და ცოდვილთა რანგში მყოფ მებაჟეებთან ურთიერთობასაც არ ერიდებოდა, მათ სახლებშიც კი შედიოდა - „მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან? იესომ უთხრა მათ პასუხად: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა ავადმყოფებს სჭირდებათ. მე მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი“.

ხოლო შეკითხვაზე ფარისეველთა და იოანეს მოწაფეთა დარად, ხშირად რატომ არ მარხულობდნენ და ლოცულობდნენ იესოს მოწაფენი, პასუხობდა „განა შეიძლება აიძულო მექორწილეები იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ მოვლენ დღენი როცა მეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულონ, იმ დღეებში“ (ლუკა, 6:34-35).

ხოლო შაბათის დარღვევის შესახებ უთხრა: „ძე კაცისა შაბათის ბატონიცაა“ და აგრძელებდა შაბათს ავადმყოფთა კურნებას. - „ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ რა გაეკეთებინათ იესოსათვის“ (ლუკა, 5:11).

იესო თავის ახალ სწავლებას ადარებდა ახალ ღვინოს, რომელსაც ძველ ტიკებში არ ასხამენ, „თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“. (ლუკა, 5:39).

ქრისტეს ახალი სწავლება, რომელსაც შემდგომ ქრისტიანობა ეწოდა, შორსაა უარყოფითი მორალიზმისგან, ის ერიდება აკრძალვებსა და შეზღუდვებს. ამასთან დაკავშირებით ა. ბოგოლიუბოვს მოჰყავს ეკლესიის დიდი მოაზროვნის ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები „გიყვარდეს ღმერთი და მოიქეცი როგორც გსურს“, რითაც გამოხატულია ქრისტიანული შეხედულების არსი ზნეობრიობასა და ჩვეულებებზე.

ღვთის სიყვარული თავისთავად გამომწვევია სიყვარულისა ღვთის ყოველი ქმნილებისადმი, ქმნილებათა გვირგვინისა - ადამიანებისადმი. ადამიანის სიყვარული გამომდინარეობს ღვთის სიყვარულის გრძნობისაგან. სიყვარულის ერთი ნიშანი კი მიტევებაა. აქედან გამომდინარე ახალი აღთქმა ზოგჯერ ძველს არ ეთანადება. იესო უარყოფს ძველ წესს „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“, კეთილგანწყობის გრძნობამ უნდა სძლიოს შურისძიებისას.

ქრისტიანული სიყვარული ყოვლისმომცველია, ყოველი ადამიანი „მოყვასად“ მიიღება. თავის სწავლებას ადამიანების სიყვარულისას, იესო „ახალ აღთქმას“ უწოდებს.

თქვენ გსმენიათო - ამბობდა იესო - „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“. მე კი გეუბნებით: გიყვარდეს თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევარები, ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენ მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყვნეთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვინაიდან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. თუ თქვენ გიყვართ თქვენი მოყვარულები, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან? და თუ თქვენ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ იყავით სრულყოფილნი, ისევე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი“ (მათე, 6:43-48).

3 მსახურება ქვეყნიერების გადასარჩენად

▲ზევით დაბრუნება


„ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავის მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ - ამბობდა ძე ღვთისა ნიკოდიმოსთან საუბრისას (იოანე, 3:16).

ნიკოდიმოსი, იუდეველთა მთავართაგანი, ფარისეველთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გაოცებული იყო იესოს სასწაულქმედებებით. ის ერთხელ მოვიდა იესოსთან ღამით, ფარულად, რათა ქრისტესმოძულე ფარისევლებსა და იუდეველთა მთავრებს არაფერი შეეტყოთ. ის იესოს „ღვთისაგან მოსულად“ თვლიდა და ამბობდა - „არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არა არის“ (იოანე, 3:2) მხოლოდ ძე ღვთისა იყო შემძლე მრავლად აღესრულებინა ისეთი სასწაულები, რომელთა შესრულებაც ჩვეულებრივი ძალებით ადამიანს არ ძალუძს და შესაძლოა მხოლოდ განსაკუთრებული ღვთაებრივი ძალით. ნიკოდიმოსს სურდა შეეტყო ნამდვილად იყო თუ არა იესო ის მხსნელი მსოფლიოსი, რომელსაც მოუთმენლად ელოდა ებრაელი და სხვა ხალხები. „მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე, 3:3). რა არის ღვთის სასუფეველი? ღვთის სასუფევლის, ანუ ღვთის სამეფოს შესახებ იესო ქრისტე ხშირად ესაუბრებოდა ხალხს იგავების საშუალებით ქადაგებათა დროს. მესიის მოსვლის შემდეგ ხალხის აზრით ქვეყანაზე დადგებოდა ღვთის სამეფო. (ე.ი. რომის იმპერიისა თუ სხვა ქვეყნიურ სახელმწიფოთა და სამეფოთა ადგილს დაიჭერდა ახალი საზოგადოებრივი წყობა, ოღონდ არა კაცთა მიერ მოფიქრებული და შექმნილი, არამედ უზენაესი, ღვთის უშუალო მმართველობით დაწესებული. ღვთის ამ სამეფოში ხალხი ბედნიერი იქნებოდა და ტანჯვა-წამება მოისპობოდა). ხალხს მასიურად ჰქონდა მსგავსი შეხედულება, ამიტომაც იესოს სწავლება ღვთის სასუფეველს (ანუ სამეფოს) თვისობრიობის შესახებ, მათთვის გაუგებარი იყო. საჭირო იყო ხშირი ახსნა-განმარტება სახეებისა და იგავების მოშველიებით. იესომ ერთ შეკითხვაზე ასე უპასუხა - „ჩემი სამეფო არა ამქვეყნიურია“ (იოანე, 18:36). არა ქვეყნიური, არამედ სხვა კანონებით მოარსებე, ეს სამეფო ამ ქვეყნად მოდის და მოაქვს ზეციური კანონები. ღვთის სასუფეველი (სამეფო) არის არა ახალი საზოგადოებრივი წყობა, არამედ, უპირველეს ყოვლისა ახალი სიცოცხლე ადამიანური სულისა, სამყარო, რომელშიც განუხრელად ბატონობს ღმერთი. ის შეუმჩნევლად იმყოფება ადამიანთა შორის, ის ყველგანაა: რომელიმე კერძო ადამიანის გულში, ოჯახში, საზოგადოებაში. მას მოაქვს მასში შესულისათვის სიმშვიდე და უმაღლესი სიხარული, არის გაბრუებული თავდავიწყება არამედ ნათელი, ზეციური მამის სიკეთის და მადლის ფხიზელი დაჯერება.

ამ გრძნობის შედარება შეუძლებელია ქვეყნიურ რომელიმე სიხარულთან. ყველაფერს ცვლის გარშემო, ნერგავს იმედს და ეხმარება არაფრით შეშინდნენ ამ ქვეყნად. ამ ახალ ცხოვრებაში სუსტები, სულით გლახაკები გაიხარებენ, მგლოვიარენი დამშვიდდებიან, სიმართლისათვის დევნილნი - დაკმაყოფილდებიან. ეს იქნება სამეფო, სადაც იზეიმებენ მშვიდნი, მშვიდობისმყოფელნი, გულით წმიდანნი. ისინი მიიღებენ უმაღლეს ნეტარებას - ღმერთთან ერთობას (ანდრეი ბოგოლიუბოვი, „ძე კაცისა“ გვ. 78-80).

ნიკოდიმოსს, რომელიც ღამით ესტუმრა იესოს, აინტერესებდა რა უნდა გაეკეთებინა ადამიანს ღვთის სამეფოში შესასვლელად. იესომ ასე უპასუხა: „თუ ვინმე მაღლიდან არ იშობა, ვერ შეძლებს ღვთის სასუფევლის ხილვას“. ნიკოდიმოსს ძალზე გაუკვირდა, როგორ შეუძლია ადამიანს ხელახლა დაბადება, მაგრამ მაცხოვარმა უთხრა არა ჩვეულებრივ ხორციელ შობაზე, არამედ სულიერზე, რომ ადამიანისათვის აუცილებელია შეცვლა თავისი სულიერი მხრისა, სულ სხვა - სრულიად კეთილ არსებად გადაქცევა. ასეთი შეცვლა კი ადამიანს მხოლოდ ღვთის ძალით შეუძლია. „თქვენ მაღლიდან უნდა იშვათ“ (იოანე, 3:7), „სულისაგან“. „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, თუ ვინმე წყლისა და სულისაგან არ იშვება ვერ შეძლებს ღმერთის სასუფეველში შესვლას“ (იოანე, 3:5) (მაცხოვარი გულისხმობდა ნათლობით („წყლით“) და ნათლობისას სულის გარდამოსვლის მეოხებით მორწმუნეთათვის ღვთის სასუფეველის კარის გახსნას).

ქვეყნიერება ძე ღვთისას მიერ გადარჩება - „რამეთუ არ წარმოგზავნა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ გაასამართლოს ქვეყნიერება, არამედ რომ ქვეყნიერება გადარჩეს მის მიერ. ვისაც სწამს არ გასამართლდება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასამართლო კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა ქვეყნიერებაზე და ადამიანებმა სინათლეზე მეტად შეიყვარეს სიბნელე, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს სინათლე და არ მიდის სინათლესთან, რომ არ იქნეს მხილებული მისი საქმენი. ხოლო ჭეშმარიტების მქმნელი სინათლისაკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმენი, ღმერთში რომ არიან ქმნილნი“ (იოანე, 3:17-21).

შემდგომ ნიკოდიმოსს უთხრა, რომ მოვიდა ქვეყნად, რათა ივნოს და მოკვდეს ადამიანებისათვის არა სამეფო ტახტზე ასავლელად, არამედ ჯვარზე: „როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში“ (ანუ ძელზე ჩამოჰკიდა სპილენძის გველი, რათა გადაერჩინა სასიკვდილოდ დაკბენილი ადამიანები). სხვა დროს იესომ სამარიტელ ქალთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ღვთაებრივი სწავლება - ცოცხალ წყალს ჰგავს და ის, მისი მსმენელისათვის იქცევა „წყაროს წყლად, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“.

სამარიტელმა ქალმა, რომელიც ყველა იმდროინდელი პალესტინელივით ელოდა მესიის მოსვლას, თქვა, „მე ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“ (იოანე, 4:25).

მაშინ იესომ უთხრა სამარიტელ დედაკაცს - „მესია - ეს მე ვარ“ „მე ვარ, რომელი გეტყვი შენ“ (იოანე, 4:26).

„დადგება ჟამი - განაგრძობდა იესო - და უკვე არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე, 4:23-24).

სამარიტელ ქალთან იესოს საუბრით გაოცებულმა მოწაფეებმა თავის მოძღვარს საჭმელი მიართვეს. „იესომ უთხრა მათ: ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე“ (იოანე, 4:34).

ერთხელ იესო შეეკითხა თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე? მათ მიუგეს პასუხად: იოანე ნათლისმცემელი, სხვები - ელიაო, სხვები კი ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო, იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე? პეტრემ პასუხად უთხრა „ღვთის ცხებული“ (ლუკა, 9:18-20). პეტრეს პასუხს მარკოზი ასე გადმოსცემს - „შენ ქრისტე ხარ“ (მარკ. 8:27). „შენ ხარ ქრისტე ძე ცოცხალი ღვთისა. მიუგო მას პასუხად იესომ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, იოანეს ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათე, 16:16-19).

ამ სიტყვებით მაცხოვარმა მოწაფეებს აუწყა თავისი მსოფლიო ერთობის-ეკლესიის შექმნის შესახებ. (ხოლო პეტრესათვის სასუფევლის გასაღების გადაცემით იესომ მას მიანიჭა უფლება ეკლესიის წევრებზე. ვისაც ის არ მიუტევებდა ცოდვას, არც ღვთისაგან მიეტევებოდა. იგივე უფლება მაცხოვარმა მისცა ყველა მოციქულს (იოანე, 25:22-23). პეტრეს პირველად უთხრა ამის შესახებ, რადგანაც მან პირველმა აღიარა რწმენა მის წინაშე, რომ ის ქრისტეა - ძე ღვთისა. იესო აფრთხილებდა თავის მოციქულებს, არ გაეცათ მისი ღვთაებრიობის საიდუმლო, მას სურდა, რომ ადამიანებს იძულებით კი არ მიეღოთ მაცხოვარი ან დაძალებით, არამედ თავისუფალი ნებით. იესოს მოციქულთა რიცხვი თანდათან გაიზარდა და თორმეტი გახდა. თავის მოწაფეებს მოციქულები უწოდა, რადგან თავისი სწავლების საქადაგებლად გააგზავნა ქვეყნად ისინი: „ეს არის იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, ამცნო და უთხრა წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიტელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. წახვალთ რა, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ, უსასყიდლოდ მიიღეთ უსასყიდლოდ გაეცით“ (მათე, 10:5-8). სიმონს თვით უფალმა უწოდა პეტრე, ანდრიას - პირველწოდებული, იაკობ ზებედეს ძის ძმას იოანეს - ღვთისმეტყველი უწოდეს, ხოლო ნათანაილს - ბართლომე. მათე ანუ ლევი, ყოფილი მეზვერე იყო, ალფეს ძე იაკობს კი იოანე ზებედეს ძისაგან განსასხვავებლად, მცირე ერქვა, ლებეოს - თადეოზი იგივე იუდა იაკობის ძეა.

ამ თორმეტ მთავარ მოციქულთა გარდა იესო ქრისტემ შემდგომ სამოცდაათი მოციქული აირჩია: მარკოზი, ლუკა, კლეოპა და სხვები. ისინიც გააგზავნა საქადაგებლად.

მაცხოვარს გვერდით არა მარტო კაცები, არამედ ქალებიც ახლდნენ, მართასთან საუბრიდან ჩანს, რომ ქალების ადგილი მარტო ოჯახის კერასთან კი არ არის, არამედ მათ უნდა იცხოვრონ სრული სულიერი ცხოვრებით. მაცხოვარს უყვარდა იუდეველი ლაზარესა და მისი დების მარიამისა და მართას ოჯახი, ხშირად იყო მათთან. ქადაგებათა დროს იესოს ახლდნენ მარია მაგდალინელი (თავდადებული ქალი, რომლისგანაც იესომ შვიდი ეშმაკი განდევნა (ლუკა 10:30). ზებედეს ცოლი - სალომეა (იოანესა და იაკობის დედა), ხანა (იოანა) - ჰეროდეს მოურავის ცოლი, მარია კლეოპასი და სუსანა.

„რომელნიც ღმერთმა შეაერთა, კაცნი ნუ განაშორებენ“ - ამბობდა უფალი მეუღლეთა შესახებ. „ოჯახური სიმტკიცის საფუძველი ცოლქმრის ერთიანობაა, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქმნებიან ერთ ხორცად, ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი“ (მათე, 19:5-6). ოჯახის ნაყოფი - ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა იესოს. ამიტომაც ბავშვებით იყო გარშემორტყმული, ის ამბობდა - „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე, 19:14)

ერთხელ იესო ავიდა მთაზე და დაჯდა, როცა მიუახლოვდნენ მოსწავლეები და ხალხი, ასწავლა მათ ნეტარებათა მცნებანი. ეს ქადაგება გულია იესო ქრისტეს სწავლებისა. ათ მცნებასთან ერთად, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას მისცა, მთაზე ქადაგება ქრისტიანთა ცხოვრების მეგზურია:

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა (სულით გლახაკნი ისინია, რომელნიც არ ამაყობენ და ტრაბახობენ, რადგანაც იციან, რომ არავითარი კეთილი საქმის გაკეთება არ შეუძლიათ ღვთის შემწეობის გარეშე. ასევე ისინი, რომელნიც გრძნობენ და შეგნებული აქვთ თავიანთი ცოდვები და სულიერი ნაკლოვანებები).

ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშის-ცემულ იქმნენ (მგლოვარენი - ნაღვლობენ და ტირიან თავიანთ ცოდვებსა და სულიერ ნაკლოვანებებს. უფალი მიუტევებს მათ, მისცემს ამ ქვეყნადაც ნუგეშს; ხოლო იმქვეყნად სიხარულს).

ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა (მშვიდნი - თვინიერი ადამიანები არიან, რომელნიც მოთმინებით იტანენ ყოველგვარ უბედურებას, უწყინარნი არიან ღვთისა. ადამიანებისგან წყენასა და უსიამოვნებას მშვიდად ხვდებიან, არ ჯავრდებიან არავისზე).

ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი გაძღნენ (სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი გაძღებიან).

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ (მოწყალენი გულკეთილი ადამიანებია, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად მზად მყოფნი - თვითონ იქნებიან ღვთის მიერ განსაკუთრებით შეწყნარებულნი).

ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (წმიდანი გულით - გულით სუფთა ადამაინებია, რომელნიც არა მარტო ერიდებიან ბოროტი საქმის ჩადენას, არამედ თავიანთ გულშიც ცდილობენ სიწმინდის შენახვას ე.ი. იშორებენ ბოროტ ფიქრსა და სურვილს. ისინი მუდამ ღმერთთან იქნებიან, მას იხილავენ).

ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღმრთისად იწოდნენ (მშვიდობის მყოფელნი - მშვიდობის მოქმედნი არიან, რომელთაც არ უყვართ არავითარი დავა, ცდილობენ ყველასთან მშვიდობით იცხოვრონ, მეგობრულად და სხვებიც შეარიგონ ერთმანეთს).

ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა (სიმართლისათვის დევნილნი არიან, რომელთაც ისე უყვართ სიმართლით (ე.ი. ღვთის კანონით) ცხოვრება, რომ სამართლიანობისათვის ყოველგვარ დევნას იტანენ და ითმენენ).

ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მიმართ სიცრუით ჩემთვის.

(ნეტარ ხართ თქვენ როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირ ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო).

შემდგომ იესომ განაცხადა, რომ ის მოვიდა არა რჯულის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად, ხოლო ვინც თუნდაც უმცირეს მცნებას დაარღვევს და ისე ასწავლის ადამიანებს - უმცირესი დაერქმევა ცათა სასუფეველში.

ადამიანთა დამოკიდებულება ღვთისადმი და ადამიანებისადმი იესომდე სხვაგვარი იყო. ღმერთი, ყოვლისშემძლე შემოქმედი, ამავე დროს დესპოტად ჰყავდათ წარმოდგენილი. ხოლო სიყვარული ყოველი ადამიანისა, მიაჩნდათ არასავალდებულოდ, არამედ მხოლოდ მახლობელისა, „მოყვასისა“ და უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ თანამეტომე ებრაელისა - რჩეული ერის შვილისა. იესომ შეცვალა ეს წარმოდგენები. იესომ ასწავლა, რომ ღმერთი - მამაა ყოველი ადამიანისა. უყვარს სამყარო, უყვარს ადამიანები, მოუწოდებს მათ დედამიწაზე იცხოვრონ სიხარულითა და გონიერებით. ადამიანი მონა კი არაა ღმერთისა, არამედ შვილი, მამა არ ითხოვს მისგან გარეგან, ფორმალურ თაყვანისცემას. „როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ“ (მათე, 6:5). ილოცე დაფარულში და სენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს მოგიზღავს შენ. „ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილი იქნებიან“ (მათე, 6:7).

ქრისტიანობის პირველი და დიდი მცნება იესოს მიერ გადმოცემული ასეთია: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოველითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

მეორე მცნება კი პირველის მსგავსი, მიძღვნილია ადამიანებისადმი. ადამიანის სიყვარულისადმი - „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე, 22-38). იესომ განაცხადა, რომ ფაქტიურად ამ ორი მცნებით გადმოიცემა ძველი აღთქმის კანონები და წინასწარმეტყველებანი - „ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი სჯული და წინასწარმეტყველებანი“.

ვინ არის მოყვასი, რომლის შეყვარებაც საჭიროა, როგორც საკუთარი თავისა? იესომ იგავით უპასუხა ამ კითხვას. „ვინმე კაცი მოდიოდა იერუსალიმიდან იერიქონს, დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა. გზაზე დაინახა იგი და გვერდი აუქცია.

ასევე ლევიტელმა ჩაიარა ამ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიტელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან შესვა თავის პირუტყვზე, შეიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა - იზრუნე მასზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები მოგცემო. რას ფიქრობ ამ სამიდან, რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ მან უპასუხა: რომელმაც წყალობა უყო მას“. (ლუკა, 10:30-36).

სიყვარულისა და მოწყალების მცნებები ძველი აღთქმისაგანაც არის ცნობილი, მაგრამ იესო თავის სწავლებას უწოდებს „ახალ აღთქმას“, ძველი მოსეს კანონები ფორმალობებით იფარგლება, მაცხოვარი კი მოუწოდებს ადამიანს შინაგანი ცხოვრების სრული გარდაქმნისაკენ. თუ ათი მცნების მეექვსე კანონით იკრძალებოდა კაცის კვლა, იესო მოუწოდებს, ბოროტება საერთოდ განიშორონ გულიდან - „თუ მიიტან შენ ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენ ძმას რაიმე აქვს წინააღმდეგ. მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი. შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ“... (მათე, 5:23).

ათი მცნების კანონზე, რომელიც მრუშობას კრძალავს იესო ამბობს, რომ უნდა განვიშოროთ ყოველივე მანკიერება. ხოლო ძველი აღთქმის იმ კანონზე, რომელიც ფიცს კრძალავდა, იესო ამბობს, რომ დაფიცება საერთოდ არ არის საჭირო და კეთილგანწყობილების გრძნობამ უნდა გაიმარჯვოს შურისგებაზე - „მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე, ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წამოღებას, სამოსელიც თან გაატანე მას“ (მათე, 5:39).

„თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა - განაგრძობდა იესო - შეიყვარე მოყვასი შენი და მოიძულე მტერი შენი. მე კი მეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით, რათა იყოთ თქვენ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე, 5:43-48).

ერთხელ პეტრე შეეკითხა იესოს - „უფალო, რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს, შვიდჯერ?“ უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები შვიდჯერ - მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე, 18:21-22). ე.ი. მუდამ.

იესოს მიერ გამოთქმული ოქროს წესად ცნობილი დარიგება ასეთია - „როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ“ (მათე, 7:12) „ნუ განიკითხავთ, რათა რა განგიკითხონ, ვინაიდან, რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეწვიო და აჰა, შენ თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან“ (მათე, 7:1-15).

იესოს განსაკუთრებული ზრუნვის და დაცვის საგანს წარმოადგენდა საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენები, რომელთა ნაწილს ხშირად ცოდვილებად და მიუკარებლებადაც კი თვლიდნენ. ასეთ „ცოდვილებთან“ იესოს ურთიერთობა, აოცებდა და აჯავრებდა „ზნეობრივ ნაწილს“ - ფარისევლებს და კანონის მცველებს.

„და იყვნენ ყოველნი მეზვერენი და ცოდვილნი მახლობლად მისა და ისმენდეს მისსა. და დრტვინავდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სვამს“ (ლუკა, 15:1).

„მაგრამ მან უთხრა მათ ასეთი იგავი: რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაკარგოს, არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში არ წავა დაკარგულისათვის ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის სიხარულით მხრებზე შეისვამს... თქვენ გეუბნებით, რომ ასევე, უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთ ცოდვილზე, რომელიც მოინანიებს ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტ მართალზე, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ... ასევე დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაკარგოს, განა არ აანთებს ასანთს, არ დაგვის სახლს და გულმოდგინედ არ მოძებნის ვიდრე იპოვის? (ლუკა, 15:7-8).

იესომ მათ უთხრა იგავი უძღებ შვილზე, ორ ძმაზე, რომელთაგან ერთმა თავის წილი ქონება მამამისს გამოართვა, გაფლანგა და დაგლახაკდა, რის შემდეგაც მამის სახლს დაუბრუნდა, მამამ კი სიხარულით მიიღო სიტყვებით - „ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა და დაიწყეს მხიარულება“.

არა ჯანმრთელებს ესაჭიროებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფებს, ძე კაცისა მოვიდა დაღუპულთა მოსაძებნად და გადასარჩენადო - ბრძანებდა უფალი.

ასე მოიძია და გადაარჩინა იესომ ცოდვებით დაღუპული მეზვერეთა (მებაჟეთა) უფროსი ზაქე, გადასახადების ამკრეფი, თანამეტომეთა ყვლეფით გამდიდრებული. რომაელთა სამსახურში მომუშავე ყველა მებაჟეს ისრაელიანები ცოდვილებად თვლიდნენ და ვითარცა ცოდვილთ არ ეკარებოდნენ არავითარ საქმეში. იესო კი მივიდა ზაქეს სახლში - „ვინც კი დაინახა, ყველანი მოჰყვნენ ბუზღუნს და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდა. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: აჰა უფალო ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალვია, ოთხმაგად მივაგებ. იესომ უთხრა მას: დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა, იმიტომ რომ ისიც აბრაამის ძეა. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად“ (ლუკა, 19:7-10).

ასევე გამართლდა უფლის თვალში ტაძარში მლოცველი მებაჟე, რომელმაც შეიგნო თავისი ცოდვები, ის ცისკენ თვალის მიპყრობასაც ვერ ბედავდა, მკერდში ხელს იცემდა და ამბობდა ორიოდე სიტყვას „ღმერთო შემიწყალე“. იქვე კი, მის წინ იდგა ფარისეველი, რომელიც უფლის წინაშე თავის სარწმუნოებრივ დამსახურებას თვლიდა და მეზვერეს განიკითხავდა. იესომ თქვა ამის გამო - მეზვერე უფრო გამართლებული წავიდა თავის სახლში, ვიდრე ფარისეველი, ვინაიდან „ყოველი ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება“ (იოანე, 18:14).

დიდად გააკვირვა და დააეჭვა ფარისეველი სიმონი იესოს ქმედებამ, როცა მის სახლში სადილის დროს შემოვიდა მრუშად ცნობილი ქალი. ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო იესოს ფეხებს და ცრემლმდინარმა თავისი თმით გაუმშრალა. უფალმა სიმონს უთხრა - „შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით წარმხოცა, შენ ამბორი არ მომეც, ამას კი რაც შემოვიდა არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა, შენ ზეთი არ მომაცხე თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მოსცხო ჩემს ფეხებს. ამის გამო გეუბნები: მიეტევა მაგას მრავალი თავის ცოდვა, რამეთუ ფრიად შეიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევება, მცირედ უყვარს. და უთხრა მას, მიგეტევა შენი ცოდვანი. და მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: ვინ არის ეს ცოდვებს რომ მიუტევებს? მან კი უთხრა დედაკაცს: შენმა რწმენამ გადაგარჩინა შენ, წადი მშვიდობით“ (ლუკა 8:45-50).

ასევე მრუშ დედაკაცს შეეხება მომდევნო ამბავიც. ერთხელ იერუსალიმში ყოფნისას იესოსთან მიიყვანეს ქალი, მხილებული ქმრის ღალატში, რისთვისაც კანონის თანახმად უნდა ჩაქოლილიყო.

თუ იესო არ ინებებდა ქალის ჩაქოლვას, ამით ის კანონს დაარღვევდა. ხოლო თუ კანონის აღსრულების ნებას დართავდა, მაშინ მის მიერ ქადაგებულ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას ფორმალობად ჩათვლიდნენ და აითვალისწუნებდნენ. სწორედ ამიტომ მიუყვანეს იესოს მტრებმა მრუში. იესომ ქალის ჩასაქოლად მომზადებულ ბრბოს უთხრა: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა“ (იოანე, 8:7). ბრბო, რომლის თითოეულ წევრს შეგნებული ჰქონდა თავისი ცოდვები და უცოდველად თავს არ თვლიდა, შედრკა, შემდეგ კი დაიშალა. მარტო დარჩენილ ქალს იესომ უთხრა: „წადი, ამიერიდან აღარ შესცოდო“.

იესოს მოწყალებათაგან ავადმყოფთა მკურნალობა ერთერთი უმთავრესია. განკურნების აუცილებელ პირობად მაცხოვარი თვლიდა ავადმყოფის სარწმუნოებას. „შენმა სარწმუნოებამ გადაგარჩინა შენ“ - უთხრა იესომ გამოჯანმრთელებულ ქალს. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ავადმყოფის მახლობელი ადამიანის რწმენაც ასრულებს მთავარ როლს. როგორც ამას უჩვენებს მაგალითი, როცა მამამ ავადმყოფი შვილი მიიყვანა იესოსთან. იესოს კითხვაზე სჯეროდა თუ არა მას შვილის გამოჯანმრთელება, მამამ უპასუხა - „მწამს უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. ქრისტემ განკურნა ვაჟი.

ხშირად უფალი ორგანიზმს აკავშირებდა სულის მდგომარეობასთან. „შენ გამოჯანმრთელებული ხარ, ნუღარ შესცოდავ“ - ამბობდა ის განკურნების შემდეგ. ხოლო ზოგჯერ ავადმყოფს პირდაპირ მიუტევებდა ცოდვებს. ერთხელ მასთან საწოლით მიყვანილ კაცს, იმის გამო, რომ მისი მომყვანების რწმენა იხილა, უთხრა - „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები“. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იწყეს მსჯელობა და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს, ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ღმერთის გარდა. იესომ იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა პასუხად: რა განიზრახეთ თქვენს გულში? რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა ადექ და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ რომ ძე კაცისას დედამიწაზე ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები: ადექ, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში. მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო რაზეც იწვა და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს. და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვნახეთ დღეს“ (ლუკა 5:22-26).

საქადაგებლად გაგზავნილ თავის მოციქულებს იესომ პირველ რიგში ავადმყოფთა განკურნება დაავალა და მისცა მკურნალობის ძალა.

მაცხოვარი ხალხის წინაშე ზოგჯერ, საჭიროების მიხედვით ავლენდა თავის ზეადამიანურ ძალას, ახდენდა სასწაულს, თუმცა კი სასწაულების მოსურნეთ არ უწონებდა თავიანთ სურვილს. გალილეის კანაში მომხდარი პირველი სასწაულის შემდეგ აჩვენა თავისი ძალა. ერთხელ ტბის პირას ქადაგების დროს იესო ნავში ავიდა და იქიდან ასწავლიდა ხალხს, რის შემდეგაც მოციქულებთან ერთად შეცურდა წყლის სიღრმეში, უფლის სიტყვების თანახმად სიმონ-პეტრემ, რომელმაც წინა ღამით ვერაფრის დაჭერა შესძლო, ბადე მოისროლა. ბადეს იმდენი თევზი ამოჰყვა, რომ ორი ნავი გაივსო და სიმძიმისაგან ჩაძირვა დაიწყო. ამ სასწაულის ხილვისას მოციქულები და პეტრე შიშმა შეიპყრო. იესომ უთხრა: „ნუ გეშინინ სვიმონ, ამიერიდან იყო კაცთა მონადირე“ (ლუკა, 5:10).

ერთხელ იესომ მკვდრეთით აღადგინა ნაინელი ქვრივის დედისერთა ძე. მკვდარი წამოდგა და დაიწყო ლაპარაკი. რის შესახებაც შეიტყო მთელმა იუდეამ. ხოლო იესოს მიერ აბობოქრებულ ტბაში ნავით ცურვისას ქარიშხლის დაცხრომამ თვით მოციქულები გააოცა. „მაშინ უთხრა მათ, სად არის თქვენი რწმენა? ისინი შიშით და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?“ (ლუკა 8:25).

მახარებელი მარკოზი გადმოგვცემს ერთ სასწაულებრივ ამბავს: „მოვიდა სინაგოგის ერთი უფროსთაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არ იგი მის მუხლებთან დაეცა. და ძალიან ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: ჩემი გოგონა სიკვდილის პირზეა. მოდი და დაადე ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს. წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ავიწროებდა. და ერთი დედაკაციც, რომელსაც თორმეტ წელიწადს ჰქონდა სისხლის დენა. მრავალი ტანჯვა გადაიტანა, რაც გააჩნდა ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა არგო, არამედ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა. მოისმინა იესოზე, ზურგიდან მივიდა და შეეხო მის სამოსელს. ამბობდა: მარტო მის სამოსელს რომ შევეხო განვიკურნებიო. და იმწამსვე დაშრა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან... მან კი უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღდი შენი სენისგან“.

როცა იესო ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, მოდიან სინაგოგის უფროსთან და ეუბნებიან, შენი ასული მოკვდა, რატომღა აწუხებ მოძღვარს? იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე... მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს არეულობას და მტირალთ, და ხმამაღლა მთქმელთ. შევიდა და ეუბნება: ტალითა კუმი რაც ნიშნავს: „შენ გეუბნები გოგონა ადექ“ და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა... (მარკ, 6: 21-42).

იესოს ყველაზე სახელგანთქმული სასწაულია ხუთი პურით და ორი თევზით ხუთი ათასი კაცის დაპურება. ჭამის შემდეგ მოაგროვეს ნარჩენი ნატეხები „და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რომლებიც ჭამის შემდეგ დარჩა. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც ქვეყანაზე უნდა მოსულიყო“ (იოანე, 6:15).

ასევე ცნობილია იესოს წყალზე სიარული. ზღვაზე მავალი მაცხოვრის ხილვამ შეაძრწუნა ნავში მჯდომი მოციქულები. და მოჩვენება ეგონათ. „მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით მე ვარ ნუ გეშინიათ!“ პეტრემ უთხრა მას პასუხად: „უფალო თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. მან კი უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ მიდიოდა, რომ იესოსთან მისულიყო. მაგრამ, ქარი რომ შენიშნა, შეეშინდა, ჩაძირვა იწყო და დაიყვირა, უფალო, მიხსენი მე! იესომ იმწამსვე გაუწოდა ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა: რატომ დაეჭვდი, მცირედ მორწმუნევ? და როცა ისინი ნავში ავიდნენ ქარი ჩადგა. ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს ჭეშმარიტად ხარ შენ ძე ღმრთისა“ (მათე, 14: 27-33).

სასწაულთა შემდგომ იესოს ღვთაებრიობის აღიარება აცოფებდა ფარისევლებსა და მწიგნობრებს. ერთხელ ბრმისათვის თვალთა ახელის შემდგომ იესოს შესახებ „ზოგმა ფარისეველმა თქვა: ეს კაცი არაა ღმერთისგან, რაკი შაბათს არ იცავს. სხვებმა კი თქვეს: როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას? და იყო მათ შორის განხეთქილება. კვლავ ეუბნებიან ბრმას: შენ რას იტყვი მის შესახებ? მან თქვა: წინასწარმეტყველია იგი“ (იოანე, 9:16-17). კვლავ შეეკითხნენ ბრმას, შემდეგ კი გაუწყრნენ - „მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: შენ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი, ეს კი არ ვიცით, საიდანაა იგი. კაცმა პასუხად უთხრა მათ: საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი. არამედ თუ ვინმე ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი. საუკუნიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულს თვალები აეხილოს. ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გააკეთებდა“ (იოანე, 9:28-33). ბრმა გააგდეს, ის ნახა იესომ და შეეკითხა: „შენ გწამს ძე კაცისა?“ მან უთხრა პასუხად: ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო? იესომ უთხრა: შენ გინახავს იგი და შენ გელაპარაკება! ისაა!.. და უთხრა იესომ: სასამართლოდ მოვედი ამ ქვეყნიერებაზე, რათა ვერ მხედველთ დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ“. ფარისეველნი შეეკითხნენ: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ „ბრმები რომ ყოფილიყავით ცოდვა არ გექნებოდათ. ახლა კი ამბობთ თვალხილულნი ვართო. თქვენი ცოდვა რჩება“. - მიუგო იესომ. „მე ვარ კარი - ვინც ჩემით შედის გადარჩება“...

4 მზადება გამოსყიდვისათვის

▲ზევით დაბრუნება


იესო ქრისტეს სასწაულთა, კურნებათა და სწავლებათა ამბავი მოედო მთელს პალესტინას. ხალხი ყველგან ელოდა და თან დაჰყვებოდა მას.

მოციქული მათე წერს: „იმ ხანად ჰეროდე მეოთხედ მთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი, მკვდრეთით ამღდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში“ (მათე,14:12).

იოანე ჰეროდემ მოაკვლევინა. ეს ჰეროდე ანტიპა იყო შვილი ჰეროდე დიდისა, რომელსაც მამისგან გამოჰყოლია ამორალური წესი ცხოვრებისა. ჰეროდე დიდის სიკვდილის შემდეგ, რომაელებმა მის მემკვიდრეს არქელაოსს მეფის ტიტული არ დაუმტკიცეს და ის ქვეყანას ეთნარქის წოდებით მართავდა. იმის შემდეგ რაც ჰეროდეანთა დინასტიის წინააღმდეგ ხალხი ამხედრდა, არქელაოსი ქვეყნიდან გადაასახლეს და იუდეამ საერთოდ დაკარგა დამოუკიდებლობა, იგი ოთხ ნაწილად დაყვეს რომაელებმა (იუდეა, სამარია, გალილეა და ჰერეია). ჰეროდე ანტიპა მეოთხედმთავრის წოდებით მართავდა გალილეას. იგი მორწმუნე იყო იუდეველთა რჯულისა, ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი, მის მიერ ციხეში ჩაკეტილი, თითქოსდა საპატიო პატიმრობაში ჰყავდა, უსმენდა მას და პატივისცემით იმსჭვალებოდა მის მიმართ. იოანე კი შეუპოვრად ამხელდა მის უზნეობას. დაპატიმრებამდე საქვეყნოდ ქადაგებდა, რომ ანტიპას მიერ მისი ძმის ცოლის შერთვა უკანონობას წარმოადგენდა, ამის გამო დაიჭირეს კიდეც ნათლისმცემელი.

ჰეროდეამ - ანტიპას უკანონო ცოლმა იპოვა მარჯვე დღე იოანე ნათლისმცემლის დასაღუპად - ეს იყო ტეტრარქის დაბადების დღისათვის მოწყობილი ზეიმი.

„შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და ასიამოვნებდა ჰეროდესა და თანამეინახეებს. და მეფემ უთხრა ქალწულს; რაც გნებავს მთხოვე და მოგცემ“ (მარკ.,6:22). დედამისის თხოვნით ქალიშვილმა მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავის მირთმევა ლანგრით. სურვილი უმალ შეუსრულეს.

იოანე ნათლისმცემელი წინ უსწრებდა მაცხოვარს, მისი წინამორბედი იყო და მოწამეობრივი სიკვდილითაც თითქოსდა მიანიშნა იესოს სიკვდილის ტანჯული სახე.

იოანემ ციხეშიც შეიტყო იესოს საქმეთა შესახებ და გაუგზავნა ორი მოწაფე შეკითხვით: „შენა ხარ მომავალი თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?“, მართალია, იესოს ნათლობის ჟამს იოანემ იხილა მასზე გარდმომავალი სული წმიდა, გაიგონა ზეციური ხმა, რომელიც ამოწმებდა, რომ ის იყო ძე ღვთისა, მაგრამ რადგანაც მის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და იესო აყოვნებდა თავისი მესიობის განცხადებას და უფრო მეტიც, უკრძალავდა თავის მოწაფეებს ამის შესახებ სხვებთან საუბარს, ნათლისმცემელს დაებადა ზემოაღნიშნული კითხვა.

„ხოლო იესომ მიუგი მათ: მიდით და უთხარით იოანეს რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ, მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სიხარულით ხარობენ. ნეტარ არს ვინც არ შემცდარა ჩემში. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს:

რისთვის დადიოდით უდაბნოში?
ქარისგან რხეული ლერწმის ხილვად?
რისთვის დადიოდით უდაბნოში?
ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად?
ლბილი სამოსლით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან.
რისთვის დადიოდით უდაბნოში?
წინასწარმეტყველის ხილვად?

დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოსს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილნი არავინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფროსი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია“ (მათე, 11:4-11).

იოანეს მოკვლით შეწუხებული იესო წავიდა ერთ უდაბურ აგილას განმარტოებით. ხოლო ხალხს რომ ესმა ეს, ფეხით გაჰყვა მას ქალაქებიდან (იესო ტბის სხვა ადგილას ნავით გადაადგილდა). „გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეეცოდა ისინი და განკურნა მათი სნეულებანი“ (მათე, 14:14).

თანახმად იოანეს ბოლო მოწმობისა იესოს სახელი იზრდებოდა „ის უნდა იზრდებოდესო - ამბობდა იოანე - მე კი ვპატარავდებოდე... რამეთუ ის ვინც ღმერთმა წარმოგზავნა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს, ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე“ (იოანე, 4:34-36).

თავისი მშობლიური ქალაქიდან ნაზარეთიდან განდევნეს შემდეგ, როცა თქვა „არცერთი წინასწარმეტყველი შეუწყნარებიათ თავის მამულში“. იესო ქალაქ კაპერნაუმში დაემკვიდრა. თითქმის ორი წლის მანძილზე ამ ქალაქიდან მიემგზავრებოდა იესო გალილეაში სამოღვაწოდ, აქედან გაემგზავრა ფინიკიაში, სამჯერ იერუსალიმში, რომელშიც მეოთხედ შესვლის შემდგომ ის გალილეას მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის შემდგომ დაუბრუნდა, ფინიკიისაკენ მოგზაურობის დროს იესომ განკურნა - ქანანელი ქალის გოგონა, ამ არაებრაელის სარწმუნოების სიღრმემ გააოცა მოციქულები. ტირისა და სიდონის მხარის საზღვართან იესოს შეხვდა ეს დედაკაცი, „მიყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო, ჩემი ასული სასტიკად იტანჯება ეშმაკისაგან, ხოლო მან ხმა არ გასცა. და მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვენ: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვვა და ძაღლებს მიუგდო პური. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ, ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. მაშინ იესომ პასუხად მიუგო: აჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილსამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს!“ (მათე, 15 :23-28)

ებრაელები თავიანთ თავს აბრაამის შვილებს, ღვთის შვილებსა და ზეციური სამეფოს (ზეცათა სასუფევლის) ძეებს უწოდებდნენ, ხოლო წარმართებს უყურებდნენ, როგორც ძაღლებს, ამიტომაც მაცხოვარმა თითქოსდა ამ შემთხვევისას საგანგებოდ მიუთითა ებრაელებს თავიანთი შეხედულების უმართებულობის შესახებ. წარმართთა შორის ის ხედავდა ძლიერ სარწმუნოებას, რომელიც მსგავსს „ისრაელის სახლის დაღუპულ შვილებს“ - ებრაელთა შორისაც ვერ ჰპოვებდა.

ხორცის შესხმის შემდეგ მაცხოვარი იქცა ჭეშმარიტ კაცად, და ვითარცა ყოველ ადამიანს, მასაც ჰქონდა სამშობლო, გააჩნდა თავისი ერი, რომლის მსახურება და გადარჩენა უპირველეს საქმედ მიაჩნდა, ხოლო მკვდრეთით ადგომის შემდეგ ამაღლების წინ ის საგანგებოდ ავალებს მოციქულებს ყველა ტომსა და ყველა ერს ამცნონ სახარება, აჩვენონ გზა და გაუღონ კარი. - სულიწმიდის მოფენის შემდგომ კი მსოფლიოს ყველა ერს თანაბარი უფლება მიეცა და ქრისტეს ყოველის მორწმუნე ეროვნების მიუხედავად, ქრისტეს რჩეული ერის შვილია.

ქანანელი ასულის განკურნების შემდგომ იესო დაბრუნდა გალილეის ზღვის პირას, სადაც განკურნა კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი. აქვე სასწაულებრივად შვიდი პურითა და ცოტაოდენი თევზით, ოთხიათასი კაცი გამოკვება. შემდგომ გაუმხილა თავის მოწაფეებს, რომ იერუსალიმში უნდა მიეღოთ ტანჯვა, სასიკვდილოდ უნდა მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს. პეტრე, რომელმაც ვერ გაიგო თუ რას ნიშნავდა ეს, კიცხავდა იესოს, „ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი სატანა, ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: რომელსაც ნებავს შედგომად ჩემდა უარყოს თავისი თავი, აღიღოს თავისი ჯვარი და შემომიდგეს მე.

ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, მას დაჰკარგავს, ხოლო ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს სულს, ის მას გადაარჩენს. რა სარგებელი იქნება კაცისათვის, თუ მთელ ქვეყანას მოიპოვებს და თავის სულს კი დაჰკარგავს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებითა და თავისი ანგელოზების თანხლებით და თავისი საქმეების მიხედვით მიაგებს თითოეულს“ (მათე, 16:24-27).

რამდენიმე დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე და იცვალა მათ წინაშე ფერი. მზესავით გაბრწყინდა მისი სახე და გასპეტაკდა მისი სამოსი. გამოჩნდნენ მოსე და ელია, რომლებიც იესოსთან საუბრობდნენ. ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა მოციქულები და გაისმა ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე. მას უსმინეთ“. ეს რომ გაიგონეს მოწაფეები თავზარდაცემულნი პირქვე ჩაემხვნენ. მაგრამ მოვიდა იესო, ხელი შეახო და უთხრა მათ ადექით, ნუ გეშინიათ.

იესოს ფერისცვალებით სურდა განემტკიცებინა თავისი მოწაფეები, რომელთაც მალე მისი ვნება უნდა ეხილათ, ამიტომაც აჩვენა თავისი ღვთაებრივი ძალა. ფერიცვალების შემდეგ იესომ გააფრთხილა მოწაფეები, არავისათვის ეთქვათ ამის შესახებ.

იესოს მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი ფარისევლები და სჯულის მასწავლებლები. ისინი ითხოვდნენ ნიშანს ზეციდან, რომელიც დაამტკიცებდა მის ღვთაებრივ წარმომავლობას, ღვთის სამეფოს დასაწყისის ნიშანს. იესო კი თავის მოციქულებს უკრძალავდა მისი ღვთაებრიობის აღიარებას. შაბათის დარღვევად მიიჩნევდნენ იესოს მიერ ავადმყოფთა განკურნებას, ხოლო მოციქულთა „შრომამ“ შაბათ დღეს, როცა მათ პურის ყანაში თავთავები მოწყვიტეს და ნაყოფი ჭამეს - აღაშფოთა ისინი. იესომ უთხრა ფარისევლებს - „ძე კაცისა შაბათის უფალიც არის“. (ლუკა, 6.5), რომ შაბათი კაცისათვისაა და არა კაცი შაბათისთვის. უფრო ადრეც უთხრეს ფარისევლებმა საყვედური იესოს, რომ მისი მოწაფეები არღვევდნენ უხუცესთა გადმოცემებს. მაგალითად, ხელს არ იბანდნენ ჭამის წინ. იესომ მოუხმო ხალხს და უთხრა - პირში შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც შებილწავს კაცს. რადგანაც ყველაფერი რაც პირიდან შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა, ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს, ვინაიდან გულიდან გამოდის უკეთური ზრახვანი, კაცის კვალნი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამება, გმობანი, ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანელი ჭამა არ ბილწავს კაცს.

ფარისეველთა მიერ სარწმუნოების მოჩვენებითად მტკიცედ დაცვაზე იესომ თქვა ისაიას სიტყვები - „მიახლოვდება ეს ხალხი თავისი ენით და მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებასა და მცნებებს“ (მათე, 15: 8.9).

მწიგნობართა და ფარისეველთა ბოროტება მით უფრო იზრდებოდა, რაც მეტად ხვდებოდნენ თავიანთ უსწორობას.

იერუსალიმში მოახლოებული იყო კარვობის დღესასწაულის დღეები და იესო მოემზადა იქ წასასვლელად. გაგზავნა მაცნე, ისინი მივიდნენ სამარიელთა სოფლებში, რათა სადგომი მოემზადებინათ მისთვის. მაგრამ არ მიიღეს (ჩანს ფარისევლებს ეზრუნათ ხალხში იესოს გავლენის შესამცირებლად). ეს რომ იხილეს მოწაფეებმა - თქვეს „უფალო თუ გნებავს ვიტყვით, რომ ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სილისანი ხართ. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა მას: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები უფალო და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძე კაცისას კი არა აქვს სად მიიდრიკოს თავი“ (ლუკა, 9:54-58).

ამის შემდეგ უფალმა აირჩია სხვა სამოცდაათი მოწაფე, წინასწარ გაგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან, აჰა, გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. განკურნეთ სნეულნი, ახარეთ ღმერთის სასუფევლის მოახლოება. რამდენიმე ხნის შემდეგ მოციქულები სიხარულით დაბრუნდნენ, რადგან მათ ეშმაკნიც კი ემორჩილებოდნენ იესო ქრისტეს სახელით. გაიხარა იესომ და თქვა: გაღიარებ მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგეთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა და არც ის ვინ არის მამა გარდა ძისა, გარდა იმისა ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას, და უთხრა იესომ მოციქულებს: „ვხედავდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან“. და მისცა მათ ხელმწიფება მტრის ყოველი ძალის დათრგუნვისა. ასწავლა საუფლო ლოცვა და უთხრა: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და ჰპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს გაუღებენ. წმიდა სულს მისცემს მამა თქვენი ზეციერი იმათ, ვინც სთხოვს.

ვინც იხილა იესოს მიერ ეშმაკის განდევნა დამუნჯებული კაციდან, თქვა: ეს ბელზებელის, ეშმაკთა მთავრის, შეწევნით აძევებს ეშმაკთაო. იესო მიხვდა რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა: ყოველი სამეფო თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი - დაიქცევა, და თუ სატანა თავის თავს განეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებელის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმერთის სასუფეველს.

ზოგი სასწაულს ითხოვდა მისგან, იესომ თქვა: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. ვინაიდან როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძე კაცისა ამ მოდგმისათვის.

იერუსალიმში როგორც კარვების, ისე განახლების დღესასწაულის დღეებში იესოს დაჭერა და ჩაქოლვა უნდოდათ. კარვების დღესასწაულზე, მოსავლის აღების საზეიმო დღეებში იერუსალიმში ქვეყნის კუთხეებიდან იკრიბებოდა მლოცველთა დიდი რიცხვი. მათ იერუსალიმში ელოდათ მხიარულება, ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ, რტოებისაგან აგებულ კარვებში, ძველი ტრადიციის შესაბამისად. ყველგან გაისმოდა იესოს სახელი, თუმცა კი ჩურჩულით, რადგანაც იესოს სახელგანთქმულობით შეშინებულმა ქალაქის ხელისუფლებმა იზრუნეს აეკრძალათ მის შესახებ საუბარი. მათ ეშინოდათ ხალხი არ გაჰყოლოდა იესოს, მეფედ არ გამოეცხადებინათ და რომაელების წინააღმდეგ არ აჯანყებულიყვნენ. დღესასწაულის ბოლო დღეებში იესოს შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა გაგზავნეს მსახურნი. მათ არ შეიპყრეს იესო. შეკითხვაზე თუ რატომ? უპასუხეს - „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკნია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს. ფარისევლებმა უპასუხეს: ნუთუ თქვენც გაცდუნათ?“ (იოანე, 7:46-47). მეორე დღეს იესო კვლავ მივიდა ტაძარში, ხალხს უთხრა - „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა“. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავს, შენი მოწმობა არა ჭეშმარიტია. იესომ უთხრა მათ: მე თუ ჩემს თავს ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ ხორცის მიხედვით ასამართლებთ, მე კი არ ვასამართლებ არავის. მე თუ ვასამართლებ, ჩემი სასამართლო ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არა ვარ, არამედ მე და მამა ვართ ერთად რომელმაც მე წარმომაგზავნა.

იესოს ეკითხებოდნენ ისრაელის გათავისუფლების შესახებ. იესო ამბობდა: „უკუეთუ თქვენ დაადგეთ სიტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ (იოანე, 8-32). იუდეველებმა უპასუხეს - ჩვენ აბრაამის შვილები ვართ და არასოდეს ვყოფილვართ მონები. რაზედაც იესომ მიუგო - „ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა, თუ ძე გაგათავისუფლებთ ნამდვილად თავისუუფლები იქნებით. თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი ჩემს მოკლას ეძიებთ, კაცისას რომელმაც გითხრათ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან მოვისმინე. აბრაამის ასეთი რა გაუკეთებია. მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან წარმომაგზავნა. ვინც ჩემს სიტყვას იცავს, იგი არ იხილავს სიკვდილის უკუნისამდე. მე განმადიდებს მამაჩემი, რომლის შესახებ ამბობთ: ჩვენი ღმერთი არისო. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“ მაშინ აიღეს ქვები, რომ ჩაექოლათ იესო, მაგრამ ის მოეფარა და გამოვიდა ტაძრიდან (იოანე, 8).

ასევე უნდოდათ იესოს შეპყრობა იერუსალიმში ტაძრის კურთხევის (განახლების) დღეებში, რომელიც ღვთისმეტყველთა აზრით, მომხდარა ახალი ერის 29 წლის დეკემბრის მეორე დეკადაში. ტაძრის სოლომონისად სახელდებულ დერეფანში იესოს გარს შემოეხვივნენ იუდეველნი და მოითხოვეს მისგან საჯაროდ გამოეცხადებინა თავი ქრისტედ, თუ კი ასე მიაჩნდა თავისი თავი. ისრაელიანები მესიის მოსვლას უკავშირებდნენ თავისი სახელმწიფოს აღდგენას და იუდეველთა მსოფლიოს მპყრობელ ერად გადაქცევას. ასე ესმოდათ მათ ქვეყანაზე ღვთის სასუფევლის დადგომა. ამიტომაც მზად იყვნენ მესიას, ღვთის ძალით უძლეველს, გაჰყოლოდნენ და მეფედ გამოეცხადებინათ.

იუდეველებმა უთხრეს იესოს - „როდემდე გეჭირება ჩვენი სული გაუგებრობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით“. იესომ უპასუხა: „გითხარით თქვენ და არ ირწმუნეთ ჩემი. საქმენი რომელთაც მე ვაკეთებ მამაჩემის სახელით, მოწმობენ ჩემს შესახებ. მე და მამა ერთი ვართ“. ამ სიტყვებისათვის იესოს ჩაქოლვა უნდოდათ, ეუბნებოდნენ: „კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს“. იესომ კვლავ თქვა განმარტებათა შემდეგ - „ჩემშია მამა, მე კი - მამაში“. უნდოდათ მისი მოკვლა მაგრამ მიეფარა მათ თვალთაგან.

იესო მის მიმართ მტრულად განწყობილ იუდეიდან წავიდა იორდანის გადაღმა იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, სადაც მოხდა მისი განცხადება. ჭეშმარიტია ყველაფერი რაც იოანემ თქვა მის შესახებ - ასე ამბობდნენ მასთან მრავლად მიმავალი ადამიანები. ბევრმა ირწმუნა ქრისტე იქ (იოანე, 10).

აქ შეატყო იესომ ლაზარეს, თავისი მეგობრის ავადმყოფობის შესახებ და გამოხატა სურვილი იუდეაში წასვლისა, სადაც ლაზარე ცხოვრობდა მოციქულებს კი შეეშინდათ, რადგანაც იუდეაში იესოს მოსაკლავად ეძებდნენ და უთხრეს - “რაბი, იუდეველები ახლახან ჩასაქოლად გეძებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?“

„ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა დაიძინა და მის გასაღვიძებლად მივდივარ“. იესო მის სიკვდილზე ლაპარაკობდა. მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა: ლაზარე მოკვდა. - ჩვენ წავიდეთ რათა მასთან დავიხოცოთ - იუდეველების მრისხანებით შეშინებული თომა იუდეაში სიკვდილს ელოდა.

იერუსალიმთან ახლოს სოფელ ბეთანიაში ცხოვრობდა ლაზარე, მისი დები მარიამი და მართა უყვარდა იესოს. მათ ტკბილ ოჯახში ხშირად ისვენებდა იერუსალიმის შფოთიანი დღეების შემდეგ.

ბევრი იუდეველი მოვიდა მარიამთან და მართასთან ნუგეშინისსაცემად, მათი ძმის გარდაცვალების გამო.

იესოს მისვლის ამბავი რომ შეიტყო, მართა შეეგება მას, მარიამი კი შინ იჯდა. მართამ უთხრა იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. იესომ უპასუხა - აღდგება შენი ძმა. მართამ უთხრა: ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს. იესომ კი უთხრა: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება და ყოველი ცოცხალი და ჩემი მორწმუნე არ მოკვდება საუკუნოდ. გწამს ეს? - დიახ, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღმერთისა, რომელიც ქვეყნიერებაზე მოდის - ამის თქმის შემდეგ მართა გაემართა სახლისაკენ და მოუხმო მარიამს იესოსთან შესახვედრად.

მარიამს თან უამრავი ხალხი გაჰყვა, მივიდა იესოსთან, დაეცა მის ფეხებთან და უთხრა: უფალო აქ რომ ყოფილიყავი ჩემი ძმა არ მოკვდებოდა, როცა იესომ იხილა მტირალი მარიამი და იუდეველები, ამოიოხრა სულით და დაღონდა ,,და ცრემლოოდა იესო“ - მაცხოვარი ატირდა. მაშინ იუდეველებმა თქვეს - ნახე, როგორ ჰყვარებია.

იესო კვლავ აღელდა შინაგანად, მივიდა სამარხთან, რომელიც გამოქვაბულში იყო მოთავსებული და ზედ ლოდი ჰქონდა მიყუდებული.

იესომ მოითხოვა ლოდის გადაგორება. მართა წინააღმდეგი იყო, რადგანაც მიცვალებული, ოთხი დღის წინათ გარდაცვლილი, გახრწნის გამო აყროლებული იქნებოდა. იესომ ქვა გადააწევინა და შეუდგა ლოცვას:

„მამაო გმადლობ შენ რომ მისმინე. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ რომ შენ წარმომგზავნე“.

ეს რომ თქვა, დიდი ხმით დაიძახა: ლაზარე გამოდი გარეთ.

გამოვიდა მიცვალებული. ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული, იესომ გაახსნევინა სახვევები, ლაზარემ გაიარა. ამის მხილველმა და გამგონე მრავალმა ადამიანმა იწამა იესო.

ლაზარეს გაცოცხლება იესომ, როგორც თვითონ უთხრა მოციქულებსა და მართას, ინება ღმერთის სადიდებლად, და ამით აჩვენა მოწაფეებს, თავისი ძალაუფლება სიკვდილსა და სიცოცხლეზე.

იუდეველები გაოცებული იყვნენ იესოს სასწაულმოქმედებით. არაჩვეულებრივმა ამბავმა სწრაფად ჩააღწია იერუსალიმში. ფარისევლები და იუდეველი სამღვდლოება წრმუნდებოდა, რომ იესოს სიყვარული ხალხში იზრდებოდა.

სასწრაფოდ მოიწვიეს მღვდელმთავართა და ფარისეველთა სინედრიონი და განიხილეს იესოს საკითხი და თქვეს: „რა ვქნათ, რამეთუ ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავისთვის, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“ ( იოანე 11:48).

სამღვდელოებას ეშინოდა, რომ თუ ხალხი აჯანყდებოდა თავისი ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების აღსადგენად, რომის უზარმარზარი იმპერია უთუოდ უსასტიკესად ჩაახშობდა მას, ქვეყანას კი საერთოდ მოსპობდა, ერი აღიგვებოდა მიწისგან პირისა ამიტომაც თქვა იმ წლის მღვდელმთავარმა კაიაფამ ცნობილი სიტყვა - „ვერ მოგვიფიქრებია, რომ ჩვენთვის უმჯობესია მოკვდეს ერთი ადამიანი ხალხისათვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“.

იესო ხალხისათვის მოკვდა „და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისათვის, რომ ღმერთის შვილები შეეკრიბა ერთად“ (იოანე, 11:52).

მღვდელმთავარმა იწინასწარმეტყველა, სინედრიონმა დაადგინა იესოს მოკვლა, ამიტომაც იესო აღარ გადიოდა ხალხში ცხადად, გაეცალა იქაურობას და უდაბნოს ახლოს მდებარე ქალაქ ეფრაიმში დარჩა მოწაფეებთან, პასექის დღესასწაულამდე.

ფარისეველთა და მღვდელმთავართა წუხილი იმისა, რომ იესო ხალხს ააჯანყებდა რომაელთა წინააღმდეგ, სრულიად უსაფუძვლო იყო. მახარებლები ხშირად გადმოგვცემენ ამის დამადასტურებელ ცნობებს. როგორც ითქვა, ეს წუხილი გამოწვეული იყო იმით, რომ ხალხს ვერ წარმოედგინა მესია, რომელიც არ აღუდგენდა ისრაელის ერს სამეფოს. პასექამდე რამდენიმე დღით ადრე იესო დაბრუნდა ბეთანიაში, თავის საყვარელ ოჯახში. აქ იყვნენ მისთვის ძვირფასი ადამიანები: ლაზარე, მკვდრეთით აღდგენილი, მარიამი და მართა. მართა, როგორც ყოველთვის ახლაც მრავალს ზრუნავდა სათაყვანებელი სტუმრის პატივსაცემად. ერთხელ, წინა სტუმრობისას უთხრა კიდეც იესომ მოფუსფუსე მართას: „მართა, მართა, ბევრს ზრუნავ და შფოთავ, მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი აირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას“ (ლუკა,10:41-2). უკეთესი, რომელიც მარიამმა აირჩია იყო ის, რომ უსმენდა მაცხოვარს. ახლაც უკეთესი აირჩია მარიამმა - ვახშმობის ნადიმისას აიღო ერთი ლიტრი სუფთა და ძვირფასი ნელსაცხებელი, სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა. სახლი ნელსა-ცხებლის სურნელებით აივსო.

ეს მოუთმენელი გახდა იუდა ისკარიოტელისათვის, რომელიც ქრისტეს საძმოს „მეგვადრუცე“ ანუ მოლარე იყო. თავის უკმაყოფილებაც ამას დაუკავშირა - „რატომ არ გაიყიდოს ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და არ დაურიგდება ღარიბებს?“ (იოანე, 12:5). მარიამს ჯერ კიდევ მთლიანად არ ჰქონდა დახარჯული ძვირფასი ზეთი და კვლავ სცხებდა იესოს. ამ პროცესის შეწყვეტა სურდა იუდას. „ეს ღარიბებისათვის ზრუნვის გამო კი არ თქვა, არამედ იმიტომ რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა რასაც ჩააგდებდნენ ის იღებდა“ ამბობს იოანე ღვთის-მეტყველი.

იესომ უთხრა: დაანებე თავი, ჩემი დამარხვის დღისათვის გადაინახა იგი. რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთანა გყავთ მე კი არ გყავართ ყოველთვის“ (იოანე.12:7-8).

ამ სიტყვებით მან კიდევ ერთხელ მიუთითა თავის სივკდილის მოახლოების შესახებ.

იესოს ბეთანიაში ყოფნის შეტყობისთანავე უამრავმა ადამიანმა იწყო დენა. არა მარტო მის, არამედ მკვდრეითით აღმდგარი ლაზარეს სანახავადაც, ამიტომ მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს. ლაზარეს ამბავი ხალხს არწმუნებდა, რომ იესო ღვთისაგან იყო მოსული, სწორედ ის იყო, რომელსაც ელოდა იუდეველი ხალხი.

5 ვნების შვიდეული

▲ზევით დაბრუნება


5.1 ბზობის კვირა - 30 წლის 2 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


ჭეშმარიტი რწმენის მცველად ღვთის მიერ გამორჩეული ებრაელი ხალხი მსხმოიარე ვენახს შეადარა უფალმა იესომ, რომლის ნაყოფის სახილველადაც ინება იერუსალიმში შესვლა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ. მის მისაღებად ხალხის მომზადება ანუ ვენახის პატრონობა ევალებოდა ერის მეთაურებს - მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს, სჯულის განმმარტებლებს, მაგრამ მათ მხოლოდ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს მიცემული ძალაუფლება. ხალხს კი ჩაუნერგეს აზრი, თითქოსდა მესია თავისი ღვთაებრივი ძალით შექმნიდა მსოფილიო იმპერიას ისრაელი ხალხის მეთაურობით. ასეთი მცდარი თვალსაზრისის გამო, მოსვლის ჟამს ვერ იცნო თავისი მაცხოვარი იერუსალიმმა და ისრაელმა. საშინელი იყო ის, რომ მათ არა მარტო უარყვეს თავისი მხსნელი, ის ქალაქიდან გაიყვანეს და ჯვარს აცვეს. მაცხოვრის მისაღებად, სწორედ ამ დღისათვის კი იყო ვენახი დარგული და გახარებული „ამ შენს დღეს მაინც რომ შეგეცნო, რა მოგანიჭებს მშვიდობას!“ - ეუბნება იერუსალიმს მაცხოვარი, რომელიც ატირდა ქალაქის დანახვისას. თავისი დიდების დღე ვერ შეიცნო აღთქმულმა ქვეყანამ, გამორჩეულმა ერმა, სჯულის კიდობნის ქალაქმა - „მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან“ თვალცრემლიანი გაჰყურებდა ულამაზეს, კეთილად ნაშენ დედაქალაქს იესო. და შენ ქალაქო, სწორედ ამ დღის შეუცნობლობის გამო - „მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგვავლებენ, შემოგერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში და ქვას ქვაზედაც აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიტყვე შენი მოხილვის ჟამი“ (ლუკა, 19 43-45).

იერუსალიმის მომავლით შეწუხებულმა ერთმა მოწაფემ შეშფოთებით უთხრა იესოს - „შეხედე მოძღვარო, რანაირი ქვებია და რანაირი შენობები!“.

იერუსალიმის ტაძარი მსოფლიოში უმშვენიერესი ნაგებობა იყო.

„მიუგო იესომ: ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომელიც არ გადაყირავდება“ (მარკ., 13:1-2). სულ ერთი თაობის მანძილზე ასრულდა იესოს წინასწარმეტყველება - იერუსალიმი დაინგრა, ამოწყდა იუდეველთა შვილები, რომელნიც ასე განუსჯელად გაიმეტეს თავიანთმა მშობლებმა პილეტეს სამსჯავროს დროს, როცა იესოს სიკვდილის ითხოვდნენ სიტყვებით - „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე მაგის სისხლი“ (მათე, 27:25). აი, ამ დღიდან სულ 40 წელის გასვლის შემდეგ ახალი ერის 70 წელს, რომელებმა დაანგრიეს იერუსალიმი. 10 ათასი აჯანყებული ტყვედ ჩავარდა, 70 ათასი რომში ტრიუმფის დასამშვენებლად წაიყვანეს. რომის იმპერიასთან ომში სულ 70 წლის 1 მაისიდან 20 ივლისამდე ასიათასზე მეტი იუდეველი დაღუპულა, სულ კი ომში რამდენიმე წლის მანძილზე ორ მილიონამდე კაცი დაუკარგავთ იუდეველებს აქედან 240.000 შიმშილით ამომწყდარ, მილიონ 200 ათასი ხმლით მოუსრავთ, განადგურდა იუდეველთა სახელმწიფო, გაქრა ებრაელი ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

მოხდა ის, რისიც ეშინოდათ ერის მეთაურებსა და მღვდელმთავრებს - რომაელთა წინააღმდეგ აჯანყება, მაგრამ სწორედ მათ ჩათესეს ერში ილუზიური წარმოდგენები.

იესოს დასწამეს რომაელთა წინააღმდეგ ხალხის აჯანყების მცდელობა, ნამდვილი მოჯანყეების ზრახვები კი აულაგმავი დარჩა. იესოს მოკვლის შემდეგ რომის იმპერატორმა კლავიდიუსმა, ჰეროდე I-ის შვილიშვილი აგრიპა (არისტობულის ძე) იუდეის ტახტზე დასვა. მას შეუერთდა გალილეა, პერია, სამარია, მისი გარდაცვალების შემდეგ (44 წ.) იუდეის ტახტი არ მისცეს მის შვილს. იუდეა კვლავ პროკურატორთა ხელქვეშ აღმოჩნდა. ხალხის უმრავლესობა მიემხრო თავდაუზოგავ ზელოტებს (დამცველებს) მათ უნდოდათ მოეწყოთ რომაელთა წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყება. არსებობდა მშვიდობის მოყვარეთა პარტიაც, რომელიც ხალხისაგან რომაელთა დამორჩილებას მოითხოვდა და ასევე ტერორისტების (მოკლე ხანჯლიანთა) პარტია, მათ ნაკლები მიმდევრები ჰყავდათ. 67-70 წლებში აჯანყებულთა წინააღმდეგ რომის არმიები მოქმედებდნენ. 70 წლის გაზაფხულზე ტიტუს ფლავიუსის მეთაურობით იერუსალიმისაკენ უზარმაზარი ლაშქარი დაიძრა 80 ათასი მეომრით. სასტიკი ომებისა და ალყის შემდეგ მტერი დედაქალაქში შეიჭრა, ხალხი ტაძარს მიაწყდა. ტიტუსი ისე მოიხიბლა ტაძრის დიდებულებით, რომ კარიბჭეს მოდებული ცეცხლი ჩააქრობინა. მაგრამ რომელიღაც ლეგიონერმა ფანჯრიდან მუგუზალი შეაგდო. ცეცხლი მოედო სვეტებს, თვალის დახამხამებაში მთელ ტაძარს. დიდებული ტაძარი, ხუროთმოძღვრების საოცრება, ერის დიდება, სარწმუნოების ცენტრი - ფერფლად იქცა. დაინგრა ტაძარი, სასახლე, ქალაქი.

სწორედ ამიტომ ტიროდა იესო 40 წლით ადრე იერუსალიმის დაქცევას.

იერუსალიმში, ღვთის ვენახში, მისვლის დღეს მოწაფეებმა და იმ ხახლმა, რომელმაც იცნო იესო, წარმოთქვეს სადიდებელი სიტყვები - „კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით, მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა“ კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. ტრადიციული წესით მეფე უხედნელ ვირზე შემჯდარი შედიოდა ქალაქში და ნაწინასწარმეტყველებიც იყო, მესიის შესახებ - „უთხარით სიონის ასულს: „აჰა, გიახლოვდება შენ მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშობზე მჯდარი“ (მათე, 21:5).

იესომ ინება იერუსალიმში შესვლა, ვითარცა მესიას ეკადრებოდა. ხალხიც პატივისცემით შეხვდა, როგორც ტრიუმფატორ მეფეთა დახვედრისას, ხელში რტოებით - „უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელისა მათსა გზასა ზედა, და სხვანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინა უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს ოსანა ძესა დავითისსა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა“ (მათე, 21:8-9).

შეიძრა ქალაქი, ყველა კითხულობდა იესოს შესახებ, მაგრამ ხალხის აღტაცება მალე დააცხრეს ფარისევლებმა. მათ პირდაპირ მოუწოდეს იესოს, რომ აეკძალა მის მესიად გამოცხადება, - „მოძღვარო შერისხე შენი მოწაფეები. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (მათე, 19:40). შევიდა იესო იერუსალიმში და ტაძარში, და დაათვალიერა ყოველივე. უკვე გვიანი იყო და იმ თორმეტთან ერთად გაემართა ბეთანიისაკენ (მარკ. 11:11)

5.2 დიდი ორშაბათი. 30 წლის 3 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


მეორე დღესო; წერს მარკოზ მახარებელი, ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ იერუსალიმის გზაზე, იესოს მოშივდა, შორიდან დაინახა ფოთლებით დაფარული ლეღვის ხე. წავიდა, იქნებ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა ვერაფერი ნახა გარდა ფოთლებისა, ვინაიდან არ იყო ლეღვობის დრო. და უთხრა მას: ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი. და ესმოდათ ეს მის მოწაფეებს(მარკ.11:14).

ქალაქში შესვლისთანავე იესო ტაძრისაკენ გაემართა. იქ, როგორც ორი წლის წინ, გამალებული ყიდვა-გაყიდვა იყო გაჩაღებული. ამიტომაც იესომ ტაძრიდან გამოყარა ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. გაოცებულ ხალხს იესომ უთხრა: - ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება. თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას, ტაძარშივე განკურნა კოჭლები და ბრმები, ყველა გახარებული იყო, ამიტომაც ვერაფერს უხერხებდნენ მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ერისმთავრები, რომელთაც მისი დაღუპვა სურდათ. ვერ ბედავდნენ იესოს საწინააღმდეგო აშკარა ქმედებას, რადგანაც ეშინოდათ იმის გამო, რომ მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით (მათე, 21:12-13), (მარკ. 11:15-19: ლუკა, 19:45-48). და მოუშორებლად უსმენდა მას.

მაინც ვერ მოითმინეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა, როდესაც იხილეს მის მიერ ქმნილი სასწაულები და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა ძესა დავითისასა - განრისხდნენ და უთხრეს იესოს. გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება, (მათე, 21:14-17).

იესო კვლავ ბეთანიაში გაემართა ღამის გასათევად.

5.3 დიდი სამშაბათი. 30 წლის 4 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


დილით იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე იესომ და მოციქულებმა დაინახეს წინადღით ფოთლებით სავსე ლეღვის ხე, რომელიც ფესვებამდე გამხმარიყო. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს. პეტრემ უთხრა იესოს: რაბი, აი ის ლეღვი შენ რომ დაწყევლე, გამხმარა. პასუხად უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ ამ მთას უბრძანოთ აიწიე და ზღვაში ჩავარდიო - მოხდება ეგრე, თქვენი სიტყვისამებრ. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. როცა დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა ზეცაში მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს (მარკ. 11:20-26. მათე., 21:20-22).

იესო შევიდა ტაძარში საქადაგებლად, ასწავლიდა გარს შემოხვეულ ადამიანებს, ახარებდა მათ სასუფევლის შესახებ, მიადგნენ შეშფოთებული მღვდელმთავრები, მწიგნობრები და უხუცესები. Dდა უთხრეს მას - „რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“

ხოლო იესომ მიუგო მათ პასუხად: მეც გკითხავთ ერთ სიტყვას, მეც მიპასუხეთ და გეტყვით რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას - იოანეს ნათლობა საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? აბა მიპასუხეთ.

ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით რომ ზეციდანო, ის გვეტყვის: - მაშინ რატომ არ ერწმუნებით მას? ხოლო თუ ვიტყვით კაცთაგანო - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველად თვლის იოანეს, და პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. იესომაც უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას (მარკ.11:27-32, მათე., 21:23-27, ლუკა., 20:1-8).

სწორედ იოანე ნათლისმცემელს ჰქონდა გაცემული პასუხი კითხვაზე იესოს ძალაუფლების შესახებ. რომ ის იყო მამის საყვარელი ძე, რომელშიც გაცხადდა მისი სათნოება. იესომაც უთხრა ფარისევლებს კაცის ორი ძის შესახებ, რომელთაგანაც ერთს დაავალა წასულიყო მის ვენახში სამუშაოდ, ხოლო შვილმა მიუგო არ მინდა (ბოლოს კი ინანა და წავიდა). მაშინ მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, ხოლო მან მიუგო: წავალ ბატონო და არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? რაღას იტყვით ამაზე? - შეეეკითხა იესო მათ, მიუგეს: პირველმა.

უთხრა მათ იესომ - ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა იოანე თქვენთან სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას. თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ რომ გერწმუნათ მისი (მათე, 21:28.32).

მონანიე ცოდვილები, რომლებმაც გვიან, მაგრამ მაინც აღასრულეს მამის ნება, ფარისევლებზე წინ დააყენა იესომ. ფარისეველნი სიტყვით თანახმანი იყვნენ, საქმეს კი არ ასრულებდნენ. სხვა იგავიც უთხრა იესომ მამის ვენახზე.

„იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს. თვითონ კი გაემგზავრა.

და როცა რთველმა მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები,ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, მათაც იგივე დამართეს.

ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.

მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს?

და ამის მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას! იესომ კი შეხედა მათ და თქვა: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და ეს საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი და მიეცემა სხვა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ვინც ამ ქვაზე დაეცემა დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა - გასრესს.

და როცა მღვდელმთავარმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ რომ მათზე ამბობდა ამას.

და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხის შეეშინდათ, ვინაიდან, წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი“ (მათე., 21:33-46, ლუკა., 20:9-19).

უფალმა იესო ქრისტემ გააგრძელა ტაძარში სწავლება, ხოლო იუდეველთა უხუცესები ამ დროს ერთმანეთში თათბირობდნენ, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი დადანაშაულება ან ხალხის წინ, ანდა რომაელ ხელისუფალთა წინაშე.

და აი, მოიფიქრეს მზაკვრული კითხვა და მაცხოვართან გაგზავნეს ფარისევლები და ჰეროდიანები (ე.ი. რომელნიც რომაელთა ხელისუფლების კანონიერებას აღიარებდნენ). მათ მიიღეს კეთილმორწმუნის სახე და შეეკითხნენ: „მოძღვარო, ვიცით რომ მართალი ხარ, და სიმართლით გვასწავლი ღმერთის გზასაც, და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას. მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?“

ქრისტეს მტრები, მომფიქრებლები ამ ბოროტი კითხვისა, ასე საზღვრავდნენ: თუ იესო ქრისტე უპასუხებს, რომ ხარკის გადახდა საჭიროა, ამით თავის წინააღმდეგ აიმხედრებს ხალხს (რადგანაც ებრაელები თავიანთ მეფედ მხოლოდ ღმერთს აღიარებდნენ, ხოლო თავიანთი თავის ჩათვლა უცხო, თანაც წარმართი მეფის მოხარკეებად მიაჩნდათ უკანონო, ღვთის საგმობ საქმედ და მხოლოდ იძულებით აძლევდნენ ხარკს კეისარს).

ხოლო თუ იესო ქრისტე უპასუხებს, რომ კეისრისათვის ხარკის გადახდა არაა საჭიროო, ამ შემთხვევაში რომაელ ხელისუფლებთან დავადანაშაულებთ, როგორც კეისრის მოწინააღმდეგესო - ფიქრობდნენ ისინი.

იესომ შეიცნო მისი მზაკვრობა და უთხრა: რატომ მაცდუნებთ?
მაჩვენეთ დინარი: ვისი ხატია ზედ და ვისი წარწერა? მიუგეს კეისრისა.
და უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა - ღმერთს.

რაც ნიშნავს, მიეცით კეისარს ის, რაც მიიღეთ მისგან. კანონიერი მოვალეობა და აუცილებლობა უნდა შესრულდეს მორჩილებით, ამავე დროს, უთუოდ შესრულდეს ყველაფერი, რასაც ითხოვს ღმერთი თქვენგან თავის აღთქმებში. სიყვარულით ემსახურეთ მას, თქვენთვის სიცოცხლის მომნიჭებელს.

მაცხოვრის პასუხის სიბრძნემ და უბრალობამ ყველა გააოცა ისე, რომ გაჩუმდნენ და შერცხვენილები გაშორდნენ მას.

ფარისეველთა შემდეგ წინასწარშემუშავებული მზაკვრული გეგმის შესაბამისად, იესოსთან სადუკეველები მივიდნენ, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა. მათ უნდოდათ დაებნიათ იესო თავიანთი კითხვით, რომელიც იმავე დროს დაცინვას წარმოადგენდა იმ ქვეყნიური ცხოვრების რწმენისა, და უთხრეს: „მოძღვარო მოსემ თქვა: „თუ კაცი უშვილოდ გადაეგება (მოკვდება), დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა თესლი (ოჯახი) აღუდგინოს თავის ძმას“. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც და მესამემაც, თვით მეშვიდემდე. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. მერედა აღდგომისას, ამ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.

იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმერთის ძალას. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღვთის ანგელოზები ცაში, ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს:

„მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა“.

(აბრაამი, ისააკი და იაკობი დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, შესაბამისად თუ ღმერთი ამის მიუხედავად თავის თავს ღმერთს უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ისინი ცოცხლები არიან, რადგანაც მას არ შეუძლია თავის თავს არარსებულის ღმერთი უწოდოს).

აბრაამის წიაღს, იმქვეყნიურ სიცოცხლეს, შეეხება ერთი იგავი, რომელიც იესომ ადრე თქვა: იყო ერთი მდიდარი კაცი, ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლად დაწყლულებული. და სურდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი, ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.

მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარი და დამარხეს.

და ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი, და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.

და შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ! მოწყალება მოიღეé და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. მაგრამ აბრამმა უთხრა მას: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარეს კი - მხოლოდ ბოროტი.

ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის განმტკიცებულია დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.

ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე ეგ. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ სატაჯველში. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ, მათ უსმინონ.

ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ, მაგრამ თუ მკვდართაგან მივა მათთან ვინმე, შეინანებენ. და უთხრა მას აბრამმა: თუ კი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან (ლუკა., 16:20-31)

იმქვეყნიურ ცხოვრებას და მკვდრეთით აღდგომის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეს იესო შემდგომაც შეეხო, როცა ძე კაცისას დიდებით მოსვლის შესახებ საუბრობდა (იხ. მათე., 25:31-46).

სადუკეველები, რომლებიც თავიანთი შეკითხვებით დასცინოდნენ მიცვალებულთა მკვდრით აღდგომის შესაძლებლობას რწმენას, იესოს პასუხმა რომელიც წარმოთქვა შვიდი ძმის ერთი ცოლის შესახებ - შეარცხვინა ისინი, ხოლო ხალხი გააოცა იესოს სიბრძნემ, მწიგნობრებიც გაახარა მათი მტრების - სადუკეველების მარცხმა და მოწონების სიტყვაც კი გაიმეტეს იესოსათვის - „მოძღვარო შენ კარგად თქვი“, მაგრამ იმავდროულად კიდევ უფრო შეშინდნენ ხალხზე იესოს გავლენის ზრდით. როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმედინაო, ერთად შეიკრიბნენ. და ერთმა მათგანმა, სჯულის მცოდნემ საცდუნებლად ჰკითხა მას: მოძღვარო რომელია სჯულის მთავარი მცნება? ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.

ეს არის პირველი და მთავარი მცნება.

და მეორე ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველე-ბანი (მათე., 22:36-40).

ფარისევლები, რომელნიც აქამდე მოშორებით იდგნენ იესოსაგან, მოწაფეთა დარად ერთად შეგროვილნი მიუახლოვდნენ იესოს, მაგრამ ვეღარ გაუბედეს რაიმეს შეკითხვა. თვით იესომ მისცა მათ კითხვა: „რას იტყვით ქრისტეს შესახებ, ვისი ძე არის იგი?“, ფარისევლებმა მყისვე მიუგეს - „დავითისა“.

სიტყვა „ძე“ ებრაელებისათვის ნიშნავდა არა მარტო შვილს, ძეს პირდაპირი გაგებით, არამედ შთამომავალსაც ამიტომ გამოთქმა „ძე დავითისა“ ნიშნავდა - მეფესა და წინასწარმეტყველის დავითის შთამომავალს.

მაშინ იესო კვლავ შეეკითხა: „მაშ, სულით შთაგონებული დავითი როგორღა უწოდებს „უფალს“, როდესაც ამბობს - „უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შემს მტრებს“. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?“

ნაცვლად იმისა, რომ სჯულის მასწავლებლებსა და სარწმუნოებრივი ვალდებულებების თავდაუზოგავ აღმსრულებლებს, რომლებიც, ფარისეველთა და მწიგნობართა სახელით იყვნენ ცნობილნი, ეცნოთ და მიეღოთ მათ წინ, ტაძარში მდგარი მესია, ძე ღვთისა, გამოცდა მოუწყეს მას და თავიანთ დამარცხების შემდგომ დადუმდნენ. თავიანთი დუმილით ხალხს, რომელიც თითქმის მზად იყო ეცნო იესო როგორც ქრისტე, თავ-გზა დაუბნიეს.

მამისგან დანერგილ, გახარებულ ვენახში მოვიდა ძე მამის მიერ გაგზავნილი, მევენახეებმა კი ის არ მიიღეს, როგორც აღინიშნა.

„მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფებს: მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს ნუ მიბაძავთ ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ. რადგან, მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. და ყველა თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად. აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს (კაბებზე წმინდა ფოჩების (ფილაქტერიების) რიცხვის გადიდებით ფარისევლები სხვათა ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ). უყვართ, აგრეთვე, წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა და წინა რიგები სინაგოგაში. და მისალმება მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!“ შემდეგ მოსწავლეებს უთხრა, თქვენ კი ნუ იწოდებით ასე! ვინაიდან ერთია მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენს შორის უდიდესი მსახური იყოს. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება. და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს - ამაღლდება“. - შემდეგ კვლავ მიმართა ფარისევლებს - „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. ვაი, თქვენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქავთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს, მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვიაიდან დაძრწიხართ ზღვასა და ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი, და როცა მოაქცევთ, გეენიის კერძათ აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.

ვაი თქვენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას და კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ და არ მიგეტოვებინათ (ყოველი მორწმუნე ებრაელი ვალდებული იყო შემოსავლის მეათედი გაეღო ტაძრის სასარგებლოდ საღვთო გადასახადის სახით. ამ წესს ფარისეველნი იმდენად ბეჯითად იცავდნენ რომ თავიანთი მამულში მოწეული კამის თუ რაიმე მწვანილეულის მეათედსაც კი იხდიდნენ, ხოლო რჯულის უმთავრესი საქმე - სამართალი, წყალობა და სარწმუნოება გამოტოვებული ჰქონდათ).

ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც სწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქავთ (მცირე არაუმთავრეს სარწმუნოებრივ მოთხოვნას - პედანტურად ასრულებდნენ („კოღოს წურავდნენ“) მაგრამ უმთავრესს კი არ ასრულებდნენ („შთანთქავდნენ აქლემს“).

ვაი, თქვენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო რომელნიც გარედან წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხრებით. თვალდავსილნო ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაწმინდეთ სასმისი თუ ჯამი, რათა წმინდა იყოს გარედანაც“.

გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნიდან კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით, იქედნეს ნაშობნო, როგორ გაექეცით გეენიის სასჯელს?

„ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინსარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ, ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას. რათა მოიწიოს თქვენზე ამქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე“.

იესოს პირიდან ამოსული სიმართლის სიტყვების მოსმენით თავზარდაცემული ფარისევლები ხმას ვერ იღებდნენ. წინასწარ იცოდა მაცხოვარმა, რომ იერუსალიმი მას არ მიიღებდა და კიდევ ერთხელ სინანულით თქვა: „იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველები კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ და არ ისურვე და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად, რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, ამიერიდან, სანამ არ მეტყვით კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ (მათე, 23).

ფარისევლებზე არა ნაკლებ იყვნენ თავზარდაცემულნი იესოს მოწაფეები. თითქმის ორი წლის მანძილზე ელოდნენ ისინი ამ დღეს, როცა იესო ვითარც მესია შევიდოდა ტაძარში, საზეიმო დიდებულებითა და საყვირის ხმებით გამოაცხადებდნენ მის მოსვლას, შესახვედრად გამოვიდნენ ილია წინასწარმეტყველი და პირველმღვდელმთავარი და წმინდა მირონს დაასხამდნენ თავზე. ქვეყნად დამყარდებოდა ღვთის სამეფო ანუ ცათა სასუფეველი. ქრისტე, ვითარცა ძე ღვთისა დაჯდებოდა სამეფო ტახტზე და მას დაემორჩილებოდა მსოფლიოს ყველა ხალხი. ნაცვლად ამისა კი იესო, მათ თვალში გაწბილებული ტოვებს ტაძარს, რას ნიშნავს ეს, მან გადადო თავის გამოცხადება ქრისტედ? მაშ ღვთის სამეფო როდისღა დამყარდება ქვეყანად?

იესომ კი მიატოვა ტაძარი და ზეთისხილის მთისკენ გაემართა. უკან გაყოლილმა შეშფოთებულმა მოწაფეებმა ცადეს კიდევ ერთხელ მიეხედებინათ ტაძრისაკენ, იესომ კი ღვთის სახლს, სადაც ძე ღვთისა არ მიიღეს დანგრევა უწინასწარმეტყველა, ,,ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა, ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე იესო დიდხანს იჯდა დაფიქრებული მწუხარე განმარტოებით. ბოლოს მიუახლოვდნენ მოწაფეები. მათ ტაძარში მოისმინეს ქრისტეს საბოლოო ნათქვამი „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“. მაშასადამე იესო კვლავ მოვა ქვეყნად, ოღონდ უკვე თავისი დიდებით, ამიტომაც ხალხი შეხვდება მას ვითარცა უფლის სახელით მოსულს და კურთხეულს. ამ დროს ქვეყანა და ტაძარი დაინგრევა, როგორც მან თქვა, „გვითხარი როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ (მათე., 23:3 ბოლო).

შეეკითხნენ მოწაფეები იესოს.

საპასუხოდ იესომ დაადასტურა, რომ მეორედ მოსვლა მოხდება ქვეყნის ნგრევით, მანამდე კი ,,ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ „ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებენ“ (მათე, 24:4-5)

იესომ მიანიშნა იმ დევნაზე, რომელიც ქრისტიანებს უნდა განეცადათ. მაგრამ ეს არ იქნება დასასრული. დედამიწაზე კაცობრიობის ისტორია დასრულდება ქრისტეს მოსვლით. ეს იქნება საშინელი დრო. მსოფლიო კატასტროფა. მსოფლიო ომებით, ხალხებისა და სამეფოების ერთმანეთთან ბრძოლებით. ცრუსწავლების გავრცელებით. ცრუწინასწარმეტყველნი აცდუნებენ მრავალთ. დაეცემა ზნეობა. ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. ხოლო ვინც შესძლებს ბოლომდე მოთმენას, იგი ცხონდება. საბოლოოდ ყველა ხალხში იქადაგება სასუფევლის სახარება, მთელს ქვეყანაზე. და სწრაფად, ამ დღეთა ჭირის შემდეგ დაბნელდება მზე, და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან, და შეიძრებიან ციური ძალები.

„და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე და მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას მომავალს ზეცის ღრუბელზე ძალითა და დიდებით მრავლით. და მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავე ქართაგან ზეცათა კიდიდან მათ კიდემდე“ (მათე, 24:30-32).

როდის, რომელ წელს, რომელ საუკუნეში მოხდება ეს?

„ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე, 24-36). ამიტომ თქვენ მზად იყავით, ვინაიდან როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. მეორედ მოსვლის ჟამს ყველა ადამიანი ცოცხალი თუ გარდაცვლილი, ვალდებული იქნება პასუხი აგოს ქრისტეს წინაშე. ძე კაცისა მოულოდნელი მოსვლისას თავს წაადგება ადამიანებს თავიანთი საქმეების კეთების ჟამს. ამიტომაც ყველანი უნდა იყონ მზად და ხელში ეჭიროთ თავიანთი ლამპარი. გონიერები მუდამ მზად არიან ამისათვის, როგორც წინდახედული ქალწულები, რომლებმაც წინასწარ მოიმარაგეს ზეთი თავიანთი ლამპრებისა - თავის სიძის მისაღებად. უგუნურებმა კი, რომლებმაც ზეთი არ მოიმზადეს, შუა ღამისას, სიძის მოულოდნელი მოსვლის ჟამს, ზეთი ითხოვეს, მაგრამ ვერ მიიღეს და გარეთ, სიბნელეში აღმოჩნდნენ სახლის დაკეტილი კარის წინ, რომელშიც სიძესთან მზადმყოფი ქალწულები ზეიმობდნენ. უგუნურებს კარი არ გაუღო უფალმა, და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით არ გიცნობთ თქვენ - მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა“.

მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე მკაცრად განიკითხავს და დასჯის იმ ადამიანებს, რომელთაც ღმერთმა უბოძა ნიჭი და უნარი, მათ კი ნაცვლად იმისა, რომ გაემრავლებინათ ეს ძვირფასი ნიჭი ღვთის სადიდებლად, უქმად, გამოუყენებლად და უსარგებლოდ გაფანტეს. თანახმად იგავისა მინდობილ ტალანტთა შესახებ თქმულზე: ერთმა მეპატრონემ, სახლიდან გამგზავრების წინ თავიანთ მსახურებს ჩააბარა გარკვეული რაოდენობის თანხა (ტალანტები). ორმა, ბატონის არყოფნისას, გაამრავლა ისინი, ერთმა კი მიწაში ჩაფლა. მოსვლის ჟამს ბატონმა შესაბამისად დააფასა ორის შრომა, ხოლო მესამე დასაჯა.

„და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი, და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამის ჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.

რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ.

შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.

მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ანდა საპყრობილეში, და გინახულეთ?

და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მინახულეთ...…რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“.

მოციქულებთან ერთად იესომ ღამე გაათია ელეონის (ზეთისხილის) მთაზე, სადაც საერთოდ, ისევე როგორც ბეთანიაში, ღამეს ათევდა ტაძარში ქადაგებათა შემდგომ (იხ. ლუკა, 2:37-38).

5.4 დიდი ოთხშაბათი. 30 წლის 5 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


ზეთისხილის მთაზე, წინა დღის ქადაგების შემდგომ, რომელიც ჩანს გვიან ღამით ანდა გამთენიისას დასრულდა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს - „თქვენ იცით - რომ ერთი დღის შემდეგ იქნება პასექი, ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად“ (მათე 26:1-2)

როგორც ჩანს მოციქულებმა ეს სიტყვები ვერ აღიქვეს პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ბოლომდე არ სჯეროდათ ქრისტეს დასჯა, და უჭირდათ ამის გაგება, ხოლო ერთი მოციქული დაეჭვდა კიდეც, ეს იყო იუდა. სიყრმიდანვე ებრაელები იღებდნენ სწავლას ქრისტეს დიდებით მოსვლის, მეფედ დაჯდომის და არა მისი ჯვარცმის შესახებ (ჯვარზე ხომ ავაზაკებს აკრავენ, იმ დროინდელი ჩვეულების მიხედვით). ასევე, სიყრმიდანვე მათ ესმოდათ თვითმარქვიათა ამბები, რომლებიც ქრისტეს სახელს ირქმევდნენ, ხალხს აცდენდნენ და აჯანყებდნენ. ვინ არის იესო, თუ ქრისტეა, სადაა მისი დიდება, რატომ არ ზის მეფის ტახტზე, მართალია იერუსალიმში დიდებით შევიდა, ხალხი ხელში რტოებით შეეგება, როგორც მეფესა და უფლის სახელით კურთხეულ მესიას შეეფერებოდა (წინასწარმეტყველებათა თანახმად) უხედნელ ვირზე იჯდა, მაგრამ ტაძარში მისვლისას არ გაისმა ანგელოზთა საყვირის მგრგვინავი ხმა, არ გამოჩნდა ილია, პირველმღვდელმთავარმა მირონი არ სცხო თავზე! ახლა იესო ქრისტეს მეორე დიდებით მოსვლის შესახებ ლაპარაკობს, მაგრამ ჯერ ხომ პირველად მოსვლის დიდება უნდა განცხადებულიყო! რატომ არ დადგა ქვეყნად ცათა სასუფეველი, არ დამყარდა ღმერთის სამეფო, როგორც მესიის მოსვლის შემდგომ უნდა ყოფილიყო თანახმად წინასწარმეტყველებათა?! ყველა ამ კითხვას, იმას თუ რატომ ინება ძე ღმერთმა განკაცება, უპასუხა იესომ მეორე დღეს თავის საბოლოო სიტყვით (იხ. იოანე თავი 14,15,16). მაგრამ იუდა ისკარიოტელისათვის უკვე გვიან იყო. მან ამავე დღეს გასცა იესო.

ან იქნებ ასე არ ფიქრობდა და თავიდანვე იყო, „ძე წარწყმედილის“, როგორც მისი საქმიდან გამოჩნდა: წავიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი“ (მათე, 26:14).

მღვდელმთავრებმა უზომოდ გაიხარეს იუდას მისვლით. სწორედ მის მისვლამდე თათბირობდნენ როგორ შეეპყროთ იესო მზაკვრობით და მოეკლათ. უნდოდათ ამ ბოროტების გაკეთება პასექის დღესასწაულამდე, სანამ იერუსალიმში ერთად შეიკრიბებოდა მლოცველთა უზომო რიცხვი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მთელი პალესტინიდან და ეშინოდათ ხალხი არ აჯანყებულიყო იესოს დასჯის გამო (იხ. მათე, 26:4-5).

მღვდელმთავრებს იუდა შეჰპირდა, როგორც კი ხელსაყრელ დროს მოძებნიდა, იესოს მათ გადასცემდა (მათე, 26:16), ხალხის დაუსწრებლად (ლუკა, 22:6). მართალია ბევრმა გამოჩენილმა და მთავარმა ადამიანმა ირწმუნა იესო, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, რათა კრებულიდან (სალოცავიდან) არ მოეკვეთათ. „რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება“ (იოანე, 12:43). ხალხშიც უამრავი სასწაული მოახდინა და მაინც არ იწამეს იგი. რათა ასრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: რომელმაც თქვა თვალთა დაბრმავებისა და გულთა გაქვავების შესახებ, თუმცა კი მკლავი უფლისა გამოეცხადათ. ამის მიუხედავად იესომ თქვა: „თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვას და არ დაიცავს, მე არ ვასამართლებ მას, რადგან მე ქვეყნის გასასამართლებლად კი არა ქვეყნიერების გადასარჩენად მოვედი. მას ვინც მე უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს მოსამართლე. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი ის გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, რომელმაც წარმომგზავნა, მომცა მცნება რა უნდა ვთქვა და რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, ამიტომ რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე, 12:37-50).

5.5 დიდი ხუთშაბათი, 30 წლის 6 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


ახლოვდებოდა ებრაელთა უდიდესი დღესასწაული - პასექი (ძველქართულად ზატიკი). ეს დღე ეგვიპტელთა მონობისაგან ერის განთავისუფლების აღსანიშნავად დააწესა თვით უფალმა: „უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხრა ისრაელის მთელ საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამის სახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენი ჭამა შეუძლია. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ. მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორივე წირთხლსა და კარისთავს სადაც შეუდგებიან ჭამას. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი. მწარე ბალახი შეატანონ“ (გამ, 12:1-8).

მაშასადამე, პასექი იდღესასწაულებოდა ანუ „მზადდებოდა“ პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას (რიცხვთა 9:3). ებრაული კალენდრის პირველ თვეს აპრილი წარმოადგენდა. მას „ნიზანი“ ერქვა. ნიზანის 14 უწევდა 30 წლის 7 აპრილს, პარასკევს, დაღამების შემდეგ. მაგრამ ებრაელთა ჩვეულებისამებრ ახალი დღე სწორედ დაღამებისას იწყებოდა ანუ პარასკევის საღამო იმავდროულად შაბათი დღის დასაწყისსაც წარმოადგენდა. შაბათი კი საუფლო დღე იყო, ხოლო უფუარობის ანუ ხმიადთა დღესასწაულის შაბათი დიდ დღედ მიიჩნეოდა. (უფუარობის დღესასწაული 7 დღეს გრძელდებოდა და იწყებოდა პასექის მეორე დღეს), სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მიზეზის (დიდი შაბათის) გამო პასექი „მოამზადეს“ ერთი დღით ადრე 30 წლის 6 აპრილს, ხუთშაბათს, ანუ 13 ნისანსა და 14 ნისანს შორის ღამით. (ქრისტეს ბოლო საპასექო საღამოს შესახებ არსებობს უვრცელესი ლიტერატურა და ღვთისმეტყველთა ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებული თვალსაზრისი იხ. „ტოლკოვაია ბიბლია“ ტომი III, პეტ. 1911-1913 გვ. 407, შენ 17).

მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს იესოს მოკვლა სურდათ დღესასწაულამდე, როგორც ვიცით მათ აღასრულეს წადილი და ის მოკლეს პარასკევს. აქედან ჩანს, რომ დღესასწაულის მთავარ დღედ ისინი შაბათს (ე.ი. 15 ნიზანს) მიიჩნევდნენ, რომელიც პარასკევის საღამოდან იწყებოდა.

როგორც აღინიშნა საზოგადოებამ, ამ წელს პასექი ოდნავ ადრე იდღესასწაულა და ტარიგი ანუ კრავი 14 ნისანს უკვე დაკლული და შეჭმული იყო, მაგრამ ჭეშმარიტი შესაწირი, სწორედ თავის დროს იქნა დაკლული - პარასკევს - 14-ში.

„ახალი აღქმის საღვთოწერილის განმარტებით, ძველი აღქმის კრავი ზატიკისა მოასწავებდა იესო ქრისტეს, აი მსგავსებაც - საზატიკო კრავი უნდა გამოერჩიათ მთელი ცხვრის ფარიდან, იესოც საუკუნითგანვე წინაგამზადებული იყო, რათა ვნებულიყო კაცთა ნათესავისათვის, და როგორც ტარიგი დაკლულ იქნა დასაბამითგანვე სოფლისა (გამოცხ., 13:8). საზატიკო მსხვერპლისათვის საჭირო იყო ვერძი, მამალი კრავი, აგრეთვე ქვყნისათვის მსხვერპლად უნდა შეწირულიყო ღმერთკაცი, ძე ღვთისა, რომელმაც მიიღო ბუნება მამაკაცისა. კრავი უნდა ამოერჩიათ უმანკო, უზადო, რომ მას არ ჰქონოდა რაიმე ხორციელი ნაკლი. აგრეთვე იესო ქრისტესაც საღვთო წერილი უწოდებს წმიდად, უმანკოდ, შეუგინებლად, ცოდვილთაგან განშორებულად, უბიწოდ (I პეტრე 1,19 ებრ., 7,26) და მიაწერს მას სისრულეს ღვთაებრივი კაცობრივი ბუნებისა. საზატიკო კრავი იკვლებოდა საღამოს. იესო ქრისტემაც ხორცითა სიკვდილისა გემო იხილა საღამოთი. ჭამის დროს კრავის ძვლები არ უნდა შეემუსრათ, არც ქრისტეს ძვალი შემუსვრილა ჯვარცმის ჟამს. დაკლული კრავის სისხლის მეოხებით ურიანი უვნებლად და უზარალოდ გადაურჩნენ მმუსვრელ ანგელოზს, მორწმუნენიც ქრისტეს სისხლით გამოიხსნენ ღვთის რისხვისაგან. კრავის ხორცის ჭამა აკავშირებდა და აერთებდა ებრაელებს ღმერთთან, აგრეთვე მორწმუნენიც იესოს სისხლის და ხორცის მიღებით მჭიდროდ უკავშირდებიან მას“ (იხ. სახელმძღვანელო ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა შესასწავლად შედგენილი ა.პ.-სის მიერ, 1909, გვ. 50).

ლუკა ამბობს: - „და დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი. და გაგზავნა პეტრე და იოვანე და უთხრა მათ: წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რათა ვჭამოთ. ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ?“ (ლუკა 22:7-9). იესომ უთხრა მათ თუ სად უნდა ეჭამათ პასექი. მოწაფეები წავიდნენ, მათ დახვდათ ვრცელი, გაწყობილი დარბაზი. აქ მოამზადეს პასექი.

ამ დღის საღამოს (ხუთშაბათს) თორმეტ მოწაფესთან ერთად იესო დაჯდა სუფრასთან. პასექი (ანუ შემწვარი კრავის ხორცი, უფუებელი პურითა (ხმიადით) და მწარე ბალახით) ფეხზე მდგომთ უნდა ეჭამათ თავდაპირველი წესის თანახმად. მაგრამ შემდგომ წესად შემოუღიათ ჯდომა, ვითარცა უკვე თავისუფალი ერის შვილებს, რადგანაც ფეხზე დგომით ჭამადს მონები ჭამდნენ. ბერძნულ-აღმოსავლური ჩვეულების თანახმად ნადიმს თითქმის წამოწოლილები შეექცეოდნენ - რასაც ინახით ჯდომა ერქვა. დაბალ ტახტზე (ორ-ორნი თავსდებოდნენ). მათ თანამეინახენი ერქვათ.

სერობის წინ მოწაფეებმა დავის საგნად აქციეს, თუ რომელი უნდა დამჯდარიყო ინახით იესოსთან, ან მის ახლოს. ეს საკითხი საერთოდ მათ მომავალ ყოფასაც შეეხებოდა თუ ცათა სასუფეველში ვინ უნდა მჯდარიყო ქრისტეს გვერდით. ლუკა წერს - „დაობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო მათში“ (ლუკა, 22-24). უფალმა უთხრა, რომ კამათი პირველობაზე მოციქულთა შორის არ უნდა წარმოიშვას. ეს ახასიათებთ წარმართ მეფეებს - ეძებენ სხვებზე ამაღლებას - ხოლო „თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის როგორც უმცირესი და წინამძღვარი - როგორც მსახურია რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის. ხოლო მე ვარ თქვენს შორის, როგორც მსახური. თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფი. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი, რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი“ (ლუკა 22:26-30).

ჩვეულების თანახმად, სერობის წინ მომსახურე ფეხებს ბანდა მოტრაპეზეებს. პირველობისათვის ერთმანეთთან მოდავე მოწაფეებს არ უზრუნიათ ამ წესის შესრულებისათვის, ანუ სხვების ფეხების დაბანისათვის, დარბაზში მხოლოდ იესო და თორმეტი მოციქული იმყოფებოდა. ჩანს აქ მსახური არ იყო. უფალმა ინება თვითონვე ეჩვენებინა თავმდაბლობის მაგალითი, რომ მოციქულები განდიდებას კი არ უნდა ცდილობდნენ, არამედ იმას როგორ მოემსახურონ ერთმანეთს.

იესო წამოდგა და მოემზადა ფეხთბანის წესის შესასრულებლად: გაიხადა ზედა სამოსელი, წელზე შემოირტყა პირსახოცი. „შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხების ბანა და შემშრალება პირსახოცით, რომელიც წელზე ჰქონდა შემორტყმული. მივიდა სიმონ-პეტრესთან, მან კი უთხრა: უფალო შენ უნდა დამბანო ფეხები? იესომ უთხრა პასუხად: რასაც ვაკეთებ ახლა არ იცი, შემდეგ გაიგებ. პეტრემ უთხრა: არასოდეს არ დამბან, ფეხებს. იესომ უთხრა: თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი, სიმონ პეტრემ უთხრა: უფალო, მარტო ჩემი ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც. იესომ უთხრა: განბანილს აღარ სჭირდება დაბანა. გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლად წმინდაა და თქვენც წმინდა ხართ, მხოლოდ ყველა არა. რადგან იცოდა ვინ გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არა ხართ წმინდანი. ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: იცით რა გაგიკეთეთ? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგან მე ვარ. ამიტომ თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები, რადგან მე მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე გაგიკეთეთ, თქვენც გააკეთოთ“. (იოანე, 13:5-15). იესომ განაგრძო სწავლება, რომლის შემდეგაც, ჩანს მოწაფეებმა იესოს გარშემო ადგილები დაინაწილეს. ყველაზე ახალგაზრდა და ამ მხრივ „პატარა“ იოანე იესოსთან ინახით დაჯდა ხოლო მათთან ყველაზე ახლო ტახტზე ჩანს იუდა ისკარიოტელი, რომელიც „ერთგულების“ გამოჩენას ცდილობდა, და პეტრე მოთავსდნენ (მოციქულთა განაწილების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს), ასევე ინახით. ასე რომ იესოს გვერდით ადგილი ერგო არა ყველაზე „დიდს“ არამედ „პატარა“ - იოანეს

0x01 graphic

იესომ მოციქულებთან მიმართვისას ასეთი ფრაზაც წარმოთქვა - „ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, მე ვიცი ვინც ამოვირჩიე, ოღონდ რათა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურისმჭამელმა ქუსლი აღმართა ჩემზე“ (იოანე, 13:18).

შემდეგ იესო დაღონდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეებმა ერთმანეთს შეხედეს უაზროდ - ვის შესახებ ლაპარაკობდა. იესოს მკერდზე მიეყრდნო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ პეტრე ანიშნებს მას და ეუბნება: უთხარი ვინაა, ვისზე ლაპარაკობს. იგი მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო ვინაა იგი? იესომ უპასუხა: ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ. აწებს ლუკმას და აძლევს იუდა სიმონისას ისკარიოტელს. ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. მაგრამ მოინახეთაგან ვერავინ გაიგო, რისთვის უთხრა ის მას. რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, რომ იესო ეუბნება მას: სადღესასწაულოდ გვიყიდე რაც გვჭირდება - ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის, ის კი როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა და იყო ღამე“ (იოანე, 13:21-30).

იესოს იუდა შეეკითხა კიდეც „მე ხომ არა ვარ რაბი შენი გამცემი?“ იესომ უპასუხა - „შენ სთქვი“. მარილში ჩაწებული ლუკმის მიღების შემდეგ იუდა გაეშურა ბოროტი საქმის შესასრულებლად.

საპასექო საღამოს ცერემონიალი თავდაპირველად, სხვაგვარი იყო. იესო ქრისტეს დროისათვის ასეთი სახით მომდინარეობდა: შეკრებილი საზოგადოება პირველად იღებდა ერთ ჯამ ღვინოს და ადღეგრძელებდა სახლის უფროსს, ხელების დაბანის შემდეგ დღესასწაული იწყებოდა იმით, რომ თითოეული იღებდა მწარე ბალახს და ჭამდა. შემდეგ იკითხებოდა კანონიდან წინასწარ არჩეული ადგილი. შემდეგ ჩამოატარებდნენ მეორე ჯამ ღვინოს, რომლის დროსაც სახლის პატრონი (თანახმად, გამ. 12:26) უხსნიდა თავის ვაჟს, მისი შეკითხვის შემდეგ, დღესასწაულის მიზანსა და დანიშნულებას.

რასაც მოსდევდა - გალელი (ალილუია ფს. 112-113), რომლის დროსაც შეისმებოდა აღნიშნული სასმისი. მხოლოდ შემდგომ შეუდგებოდნენ შემწვარი კრავისა და უფუარი პურის ჟამას. (კერძოდ ჯერ აკურთხებდნენ და გატეხდნენ პურს) სწორედ ეს იყო დღესასწაული. ჭამის დამთავრების შემდეგ პატრონი კვლავ დაიბანდა ხელებს, მადლობდა ღმერთს დღესასწაულის მონიჭებისთვის და იკურთხებდა მესამე ჯამს, რომელსაც მადლის შესაწირი (ღვთისადმი სამადლობელო) ერქვა. და სვამდა მას ამხანაგებთან ერთად. შემდეგ მეოთხე ჯამსაც ჩამოატარებდნენ. იგალობებოდა გალელი (ფსალმუნი 114-117), რომლის დროსაც ჯამით ილოცებოდა სახლის პატრონი ფსალმუნის სიტყვებით, (ფს. 117). ეს ოთხი სასმისი უნდა შესმულიყო ამ დღესასწაულის დღეს, როგორც მდიდრის, ისე ღარიბის მიერ. (იხ. „ტოლკოვაია ბიბლია“, ტ.III, გვ 418, შენ. 27).

საფიქრებელია, რომ ლუკას მიერ გადმოცემული სიტყვები „და აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმერთის სასუფეველი“ - იესომ თქვა პირველი სასმისის შემდეგ. მან ასევე შეასრულა პურის კურთხევისა და გატეხის და სასმისის შესმის დადგენილი წესი, მაგრამ თქვა სიტყვები, რომელიც იქცა მომავალი ეკლესიის გამაერთიანებელ ნიშნად. სათავე დაუდო ევქარისტიას, წმინდა ზიარებას. ლუკა გადმოსცემს სერობის მსვლელობის სურათს - „და აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცით თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.

აგრეთვე სასმისიც აიღო სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის“ (ლუკა, 22:19-20).

მათეც ადასტურებს, რომ ქრისტეს სისხლით დაიდო ახალი აღთქმა ღმერთსა და კაცობრიობას შორის:

„და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.

და აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ. ეს არის ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად“ (მათე, 26:26-27). ეს იყო მინიშნება, რომ ღმერთს თავი უნდა შეეწირა კაცობრიობისათვის. მისი სისხლი ადამიანთა ცოდვათა მისატევებლად დაითხეოდა. სწორედ მის ხორცთან და სისხლთან ზიარებით მიენიჭებოდა ადამიანს თავის თავდაპირველ (ადამის ცოდვამდელ) ბუნებასთან დაახლოების, დაბრუნების უფლება. გარდა ამისა ქრისტეს მორწმუნეებს საუკუნეთა მანძილზე აერთიანებს ეს სასმისი, რომელიც ნიშანია ქრისტეს მათ შორის ყოფნისა, ერთ ეკლესიად გაერთიანებისა. ქრისტეს გამოსყიდვით სისხლი - ევქარისტიის საიდუმლო ახალი აღთქმისა დაწესდა მესამე სასმისის დროს, სერობის დასასრულს, როგორც პავლე წერს „სერობის შემდეგ“ (I კორ. 11:25).

იესომ ასე მიმართა მოციქულებს საბოლოოდ:

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ერთმანეთს შორის“ (იოანე, 13:33-35).

ახალი აღთქმის უპირველესი მცნებაა, „გიყვარდეთ ერთმანეთი“ ეს მცნება უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეთა მიმართ წარმოთქვა, როგორც ანდერძი, რადგანაც მანამდე თქვა „შვილებო, კიდევ მცირედსღა ვარ თქვენთან. მომძებნით და, როგორც იუდეველებს ვუთხარი, რომ სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას, ასევე გეუბნებით თქვენც ახლა“ - რის გამოც სიმონ-პეტრე შეეკითხა უფალს - „უფალო, საით მიდიხარ?“

იესომ უპასუხა: ახლა ვერ შესძლებ რომ გამომყვე იქ, სადაც მივდივარ, შემდეგ კი გამომყვები“.

- უფალო რატომ არ შემიძლია, რომ ახლა გამოგყვე? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის.

- სიცოცხლეს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ - უთხრა იესომ პეტრეს.

- ამის შემდეგ, როცა იესომ იხილა დაღონებული მოწაფეები, რომლებმაც არ იცოდნენ საით მიდიოდა მათი უფალი, გაამხნევა ისინი და მიმართა საბოლოო სიტყვით.

„ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ეს რომ ასე არ იყოს, გეტყოდით, მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე მივდივარ, იყოთ თქვენც, სადაც მე მივდივარ, გზა იცით.

თომამ უთხრა - უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორღა გვეცოდინება?

იესომ უთხრა - მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემს მიერ. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცოდინებათ. ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი.

ფილიპემ უთხრა: - უფალო გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.

იესომ უთხრა მას - რახანია თქვენთან ვარ, ვერ მიცნობ მე ფილიპე? ვინც მე მიხილა, იხილა მამა. როგორღა ამბობ გვაჩვენე მამაო? განა არ გწამს რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“.

შემდეგ კი უთხრა მათ - თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით და მე მამას შევევედრები და ის ნუგეშინისმცემელს მოგცემთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. - ჭეშმარიტების სულს, რის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან არ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენთან იქნება ...

ვისაც ჩემი მცნებანი აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე და ვისაც მე ვუყვარვარ, შეყვარებული იქნება მამაჩემის მიერ და მეც შევიყვარებ მას და თვითონ გამოვეცხადები...

ნუგეშინისმცემელი კი, სული წმინდა, რომელსაც ჩემი სახელით წარმოაგზავნის მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს...

მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი - მევენახე…

მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწმები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ...

ესაა ჩემი მცნება: რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია, ვიდრე ვინც სულს დასდებს თავის მეგობრისათვის. თქვენ კი ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ რასაც მცნებად გიდებთ, აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის რას აკეთებს მისი ბატონი, არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ რაც მამაჩემისაგან მოვისმინე ...

ამას გიდებთ მცნებად თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ თქვენ ქვეყნიერებას სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე მომიძულა. თქვენ რომ ქვეყნიერებისაგან იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. და რაკი არა ხართ ქვეყნიერებისაგან, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომაც სძულხართ ქვეყნიერებას...

ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს ...

როცა მოვა ნუგეშინისმცემელი - რომელსაც მე წარმოგიგზავნით მამისგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან მომდინარეობს, ის დაამოწმებს ჩემს შესახებ ...

მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, მე რომ წავიდე, რამეთუ თუ არ წავალ, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენგან. და თუ წავალ მე წარმოვგზავნი მას თქვენთან, და როცა მოვა ის, ამხილებს ქვეყნიერებას ცოდვის შესახებ. სიმართლისა და სასამართლოს შესახებ ცოდვაზე, მე რომ არ მიწამეს. სიმართლეზე, მე რომ მამასთან მივდივარ და უკვე ვეღარ მიხილავთ. სამართალზე, რომ მთავარი ამ ქვეყნიერებისა გასამართლდება. კიდევ ბევრი მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა ის სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ. ყველაფერი რაც მამას გააჩნია ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ ... (იოანე, თავი 15-16).

იესომ კვლავ განაგრძო თავისი სიტყვა. ბოლოს თქვა „ეს იმიტომ გითხარით, რათა მშვიდობა იქონიოთ ჩემში. ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ. მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე ქვეყნიერება“ შემდეგ კი ილოცა მოწაფეთათვის და ყველასათვის, ვინც კი მას ირწმუნებს. ამ ლოცვას მღვდელთმთავრულსაც უწოდებენ.

„იესომ ცას მაპყრო თვალები და თქვა:

მამაო, დადგა ჟამი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. ისევე, როგორც მიეცი ძალაუფლება მას ყველა ხორციელზე, რათა ყველას, რომლებიც მას მიეცი, მისცეს საუკუნო სიცოცხლე, ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე - იესო ქრისტეს.

მე განგადიდე დედამიწაზე, შევასრულე შენი საქმე, რაც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ, მამაო განმადიდე იმავე დიდებით რაც გამაჩნდა შენთან ქვეყნიერების გაჩენის წინ. შენი სახელი ვაცნობე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისაგან. შენი იყვნენ ისინი და მე მომეცი და შენი სიტყვა დაიცვეს მათ ...

მე აღარ ვარ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ისინი არიან ქვეყნიერებაზე. მე კი შენთან მოვდივარ. მამაო წმიდაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, რომლებიც შენ მომეცი რათა ჩევნებრ ერთი იყვნენ!...

მე მხოლოდ მათთვის არ გევედრები, არამედ იმათზეც, ვისაც ჩემი სწამს მათი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩემში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ წარმომგზავნე“ (იო. 17).

საპასექო სერობის დასრულების შემდეგ, როგორც აღნიშნული იყო, იგალობებოდა ფსალმუნები. მოციქულებმაც იგალობეს და წავიდნენ ზეთისხილის მთაზე (მათე, 26:30).

მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წაგიძღვებით თქვენ გალილეისაკენ“ (მათე: 28: 31-32).

იუდას გარდა ყველა მოციქული გალილეიდან იყო, სადაც წლების მანძილზე მოღვაწეობდა იესო. თავის თავში დაჯერებულმა პეტრემ მაცხოვარს უთხრა: „ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე. მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთად რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე“ (მათე, 26: 34-35).

იესომ შეახსენა მოციქულებს:

როცა მე წარგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და ფეხშიშველად თუ დაგაკლდათ რამე?

არაფერი - მიუგეს მათ.

ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც ხოლო უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი - ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო. რადგან ის, რაც დაიწერა ჩემზე, დასასრულს უახლოვდება -

უფალო, აჰა ორი მახვილი! - თქვეს მოციქულებმა.

მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს იესოს ნათქვამი, ბრძოლის დაწყების დროის დადგომის შესახებ, ამიტომაც ჩანს გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით თქვა იესომ - „საკმარისია“.

იესო ჩვეულებისამებრ ავიდა ზეთისხილის მთაზე, კერძოდ კი ადგილზე, რომელსაც ერქვა გეთსიმანია. აქ უთხრა მოწაფეებს - „- ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში“. ხოლო თვითონ თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე. და დაიწყო ურვა და მწუხარება. მაშინ უთხრა იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. და ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა ამცდეს ეს სასმისი თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ.

და მოევლინა ანგელოზი ზეცით, და განამტკიცებდა მას. ურვით შეპყრობილი, უფრო გულმხურვალე ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

ილოცა, ადგა და მოვიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი. და უთხრა: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

მეორადაც გაშორდა მათ: ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო! თუკი შესაძლებალია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი“. და მოვიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.

მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მერე მოვიდა თავის მოწაფეებთან და უთხრა მათ: „კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებით? აჰა მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცა ცოდვილთა ხელში. ადექით, წავედით: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი“ (მათე., 26:36-46, ლუკა., 22:39-46).

5.6 დიდი პარასკევი 30 წლის 7 აპრილი (14 ნიზანი)

▲ზევით დაბრუნება


ღამის 6-სა და 7 აპრილს შორის მარტოდ-მარტო ყველასგან მიტევებული ლოცულობდა იესო გეთსიმანიის ბაღში. ისე ძლიერ, რომ მისი პირის ოფლი ვითარცა სისხლის წვეთები ეცემოდა მიწას. მარტო ივნებოდა და მარტომ დაამარცხა ცდუნება - ინება სასმისის შესმა და, აჰა, ღამის სიბნელეში უცებ გამოჩნდა ბრბო. ლამპრების შუქზე ჩანდა ტაძრის მცველთა რაზმის, ფარისეველთა და მღვდელთმთავართა მსახურების მახვილები, კეტები და წათები. ხალხს წინ მოუძღოდა იუდა ისკარიოტელი. ღამის სიბნელეში რაზმელებს რომ გაერკვიათ თუ ბაღში მყოფთა შორის რომელი იყო იესო ქრისტე, იუდა ეამბორა თავის მოძღვარს. ეს იყო ნიშანი „ხოლო იესომ უთხარ მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“ (ლუკა 22-48).

გამცემის ნიშანზე ხალხი უცებ შემოეხვია იესოს.
იესო შეეკითხა შემოხვეულ ხალხს - ვის ეძებთ?
უპასუხეს - იესო ნაზარეველს!

„როდესაც უთხრა: მე ვარ, დაიხიეს უკან და მიწაზე დაეცნენ.

კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? მათ უთხრეს: იესო ნაზარეველს.

იესომ უთხრა: გითხარით რომ მე ვარ, მე თუ მეძებთ, გაუშვით ისინი წავიდნენ“ (იო. 18:5-8).

იესო გულისხმობდა მოციქულებს, მათი გაშვება თხოვა ბრბოს. როცა ახლადგაღვიძებულმა და გაოცებულმა პეტრემ იხილა რომ ხალხი სამტროდ იყო მოსული, იშიშვლა მახვილი, დასცხო მღვდელთმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.

იესომ უთხრა პეტრეს:

ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება, ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას და წარმოგზავნის ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც, როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? (მათე., 26:52-54). განა არ შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა? (იო., 18-10). მოეშვით (ბრბოს), კმარა! (ლუკა., 22-51).

შემდეგ შეეხო მალქოზის ყურს და განიკურნა იგი. მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა:

როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით, დღენიადაგ თქვენთან ვიყავი ტაძარში და ხელი არ აღგიმართავთ ჩემზე, მაგრამ ახლა თქვენი დროა და ბნელის მეუფება (ლუკა - 22:52). ხოლო ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ (მათე., 26:56).

ამის შემდეგ ყველა მოწაფემ მიატოვა მოძღვარი და შეშინებული გაიქცა. ერთი ჭაბუკი მოწაფე, რომელსაც შიშველ სხეულზე მოესხა საბურველი, შეიპყრეს რაზმელებმა, შეატოვა ხელში საბურველი და შიშველი გაიქცა (მარკ,. 14:52).

შეპყრობილი იესო ქრისტე წაიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, იერუსალიმში. ჯერ კიდევ ღამე იყო.

იმ წლის მღვდელმთავარი იყო კაიაფა (მკაცრი, მაგრამ უნებისყოფო კაცი), მასზე უფრო მომეტებული გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ყოფილი მღვდელმთავარი ანნა (ხანნა). ის სინედრიონის წევრების პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ რომაელ ხელისუფალთა მიერ გადაყენებულ იქნა. მის ნაცვლად დანიშნულ იქნა მისი სიძე, როგორც აღინიშნა იოსებ კაიაფა. სწორედ დიდი გავლენის გამო იესო პირველად ანნასთან მიიყვანეს. საფიქრებელია, რომ მღვდელმთავრის სახლში მას თავისი სამყოფელი გააჩნდა. იქ შეიყვანეს იესო. უპირველეს ყოვლისა ანნა იესოს შეეკითხა მისი მოწაფეებისა და მისი სწავლების შესახებ. ყველას, განსაკუთრებით კი სადუკეველებს, აშინებდათ რომაელთა საწინააღმდეგოდ ხალხის აჯანყებანი იმათ მიერ, რომელნიც თავიანთ თავს უწოდებდნენ იუდეველთა მეფესა და მესიას, ასეთნი ქვეყანაში გამოჩნდებოდნენ ხოლმე დრო და დრო.

იესომ კითხვაზე უპასუხა:

მე აშკარად ვესაუბრებოდი ქვეყნიერებას და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგაში და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია. მე რას მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან რას ვამბობდი“. (იო., 18:19-22).

პასუხის კილო ჩანს, არ მოეწონა ერთ იქ მდგომ მსახურს და გაარტყა იესოს, სიტყვებით:

ასე პასუხობ მღვდელმთავარს?

თუ ცუდი ვთქვი დაამოწმე ცუდის შესახებ და თუ კარგი - რად მცემ? -უპასუხა იესომ.

ამის შემდეგ ანნამ ბრძანა ხელები შეეკრათ იესოსათვის და გაუგზავნა მღვდელმთავარ კაიაფას. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია ჯობია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისათვისო.

მღვდელმთავრის სახლის ეზოს გალავანი ერტყა. გაბნეულ მოწაფეთაგან მხოლოდ პეტრემ და იოანემ გაბედეს მალულად გაჰყოლოდნენ ბაღიდან იერუსალიმში მიმავალ ბრბოს. იოანე - მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და ვითარცა ერთი სეირის მაყურებელთაგანი შეჰყვა იესოს მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი გარეთ დარჩა, შემდეგ მან პეტრეს შეყვანაც შეძლო. ცივი ღამის გამო ეზოში ცეცხლი ენთოთ. პეტრე ცეცხლთან იდგა და თბებოდა. სინათლეზე ჩანს იგი იცნეს და უთხრეს: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“, პეტრემ უარყო: „არა ვარ“ - უთხრა მხევალ ქალს.

შემდგომ მეორე კაცმა, მღვდელმთავრის მონამ, ყურმოჭრილის ნათესავმა იცონ პეტრე და თქვა: „განა მასთან არ გნახე ბაღში?“ - პეტრემ კვლავ უარყო.

კაიაფასთან მწიგნობრები და უხუცესები იყვნენ შეკრებილნი. აქვე, საგანგებოდ ამ შემთხვევისათვის, შეკრებილიყო მთელი სინედრიონი. იმ ღამით სინედრიონი იესოს საქმის, როგორც განსაკუთრებულის, განსახილველად ორჯერ შეკრებილა (გვიან ღამით და გამთენიისას. სინედრიონის სხდომას ასე აღწერენ: წევრები სხდებოდნენ რკალისებურად, ისე, რომ თითოეული მოსამართლე ხედავდა ყველას. მათ წინ მწერალი იდგა. ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ და იწერდნენ გამამართლებელ სიტყვებსა და გამამტყუნებელ სიტყვებს, მათ წინ მოწაფეთა სამი მწკრივი ისხდა. ყველამ იცოდა თავის ადგილი. იმ შემთხვევაში, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა პროცედურას საგანგებო მსვლელობა ჰქონდა, მოსამართლეებს ცოტა უნდა ეჭამათ, ღვინო მთელ დღეს არ უნდა დაელიათ, საქმე მთელი ღამის მანძილზე უნდა გაერჩიათ, დილით ადრე უნდა ამდგარიყვნენ და მოსულიყვნენ სასამართლოში, თუ თორმეტი მოსამართლე (მსაჯული) გაამართლებდა ხოლო თერთმეტი გაამტყუნებდა, მაშინ განსასჯელი გამართლებულად ითვლებოდა. მაგრამ თუ თერთმეტი გაამართლებდა და თორმეტი გაამტყუნებდა, ეს არ იყო საკმარისი გასამტყუნებელი სასჯელის მისაცემად. ამისათვის საჭირო იყო კიდევ ორი გასამტყუნებელი ხმა. სულ სინედრიონში 71 წევრი იყო, ამიტომ გამართლებისათვის საჭირო იყო უმრავლესობის ხმის მიღება, მაგრამ გამტყუნებისათვის უმრავლესობის ხმა - საკმარისი არ იყო. საჭირო იყო „მამტყუვნებელთა“ რიცხვი გამმართლებელთა რიცხვზე ორი კაცით მეტი ყოფილიყო. დღესასწაულისა და შაბათის დღეებში არავითარი სასამართლო არ შედგებოდა. ყველა ეს წესები ჰუმანურობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ისინი დავიწყებული იქნენ იესო ქრისტეს გასამართლების დროს. საერთოდ სინედრიონის შეკრება ტაძარში იმართებოდა, მაგრამ ჩვენი მაცხოვრის საქმის განსახილვევად ასე არ მოიქცნენ, ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ ღამით ტაძრის კარები იკეტებოდა (იხ. „ტოლკოვაია ბიბლია“, ტ I გვ. 440).

სინედრიონი ამ შემთხვევაში მღვდელმთავარ კაიაფასთან იყო შეკრებილი, და იესო, როგორც განსასჯელი იდგა მათ წინ.

„მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმეობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ იპოვეს. და თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მისული, ვერ მიაგნეს. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე. რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმერთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენო. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ? ხოლო იესო დუმდა“ (მათე, 26:59-62).

თავისი მოწაფეობის უარყოფიდან დაახლოებით ერთი სათის შემდეგ პეტრე ლაპარაკის შემდეგ კილოთი იცნო ვიღაცამ და ეზოში მყოფთ უთხრა - „ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია“. ხოლო პეტრემ მიუგო მას: „არ ვიცი რას ამბობ, კაცო“. ამის თქმა იყო და იყივლა მამალმა. მაშინ უფალი შემობრუნდა და მიხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა პეტრე გარეთ და მწარედ ატირდა“ (ლუკა, 22:54-62).

მღვდელმთავარსა და სინედრიონს იესო არაფერს პასუხობდა. ის დუმდა შემდეგ ისევ ჰკითხა მას მთვდელთავარმა: - გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი შენ ხარ თუ არა ქრისტე ძე ღმერთისა?

მე ვარ. ამასაც გეუბნებით თქვენ ამიერიდან მალე იხილავთ ძე კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით - მიუგო იესომ (მარკ. 14-62).

ამის გაგონებისთანავე მღვდელმთავარმა შემოიხია თავის სამოსი (ღვთისგმობის მოსმენისას წესის შესაბამისად ასე იქცეოდნენ) და თქვა: - „მან ღმერთი ჰგმო, მაშ რაღად გვინდა მოწმეები? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი? რას იტყვით?“ (მათე, 26:65).

მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა - სიკვდილის ღირსია - მიუგეს მღვდელმთავარს.

ზოგიერთებმა დაუწყეს ნერწყვა, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ გვიწინასწარმეტყველე ქრისტე ვინ გადარტყა? ასე გაგრძელდა დილამდე.

როდესაც ინათა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კვლავ გამართეს ბჭობა, როგორ აღესრულებინათ ღამის დადგენილება.

რომაელთა მიერ დაპყრობილ ებრაელებს ჩამორთმეული ჰქონდათ სხვადასხვა მოქალაქეობრივი უფლებანი, მათ შორის მახვილის (ანუ იარაღის) ტარების უფლება და ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება. ამიტომ, მართალია იესოს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, მაგრამ ამ განაჩენის აღსრულება ებრაელებს არ შეეძლოთ. ამის უფლება ჰქონდა რომაელ მმართველს, იმდროისათვის პონტოელ პილატეს. ის იმპერატორმა ტიბერიუსმა დანიშნა 26 წელს. ფიქრობენ, რომ მისის სახელი პონტიუს მომდინარეობდა ერთერთი რომაული გვარისაგან, თუმცა შეიძლება გეოგრაფიულ სახელ „პონტოსაც“ უკავშირდებოდეს, პილატე იყო პროკურატორი იუდეისა, სამარიისა და იდუმეისა. ხოლო გალილეას მართავდა რომაელთა მიერ დანიშნული ჰეროდე დიდის შთამომავალი. იერუსალიმში მდებარე სახელგანთქმული სასახლე ჰეროდე დიდისა პროკურატორის სამყოფელს წარმოადგენდა. სწორედ აქ პილატესთან წაიყვანეს მღვდელმთავრებმა იესო. მათთან ბრბო მისდევდა.

იესოს მოწაფემ - იუდა ისკარიოტელმა, როცა იხილა მისი გაცემის შედეგად იესოს უსასტიკესი დასჯა, დაცინვა და სასიკვდილოდ გამეტება „შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ. და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მას უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. და დაყარა ვერცხლი ტაძარში და გაეცალა. წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია“ (მათე 27:4-6). ფულით იყიდეს სასაფლაო უცხოელებისათვის, რომელსაც ხალხმა სისხლის მიწა უწოდა. ამით აღსრულდა იერემიას წინასწარმეტყველება.

ამასობაში ბრბო, რომელსაც იესო მიჰყავდა ხმამაღალი ყვირილით გარს შემოერტყა პილატეს ციხე-დარბაზს. იესო რომაელმა ჯარისკაცებმა, როგორც დამნაშავედ სახელდებული, შეიყვანეს შიგნით, მაგრამ ებრაელებს არ სურდათ შეყოლა, ისინი, როგორც ცნობილია წარმართების სახლში არ შედიოდნენ გაუწმინდურების შიშით, მით უმეტეს პასექის დღეებში, მათ წმინდად სურდათ თავის დაცვა. ამის გამო პილატე იძულებული გახდა თვითონ გამოსულიყო გარეთ მყვირალი ბრბოს წინაშე და შეეკითხა თუ რაში დებდნენ ბრალს იესოს. ებრაელებმა უთხრეს - ბოროტმოქმედების გამო გადმოგეცით. პილატემ ჩანს იცოდა, რომ იესო არ იყო დამნაშავე, და მას ბრალს დებდნენ სარწმუნოებრივ საკითხებში. ამიტომაც უთხრა შეკრებილთ - „წაიყვანეთ თქვენთან და გაასამართლეთ თქვენი სჯულის მიხედვით“ (იო. 18:31).

ებრაელებს იესოს მოკვლა სურდათ, ამის ნება კი, როგორც ვიცით მათ არ ჰქონდათ და უთხრეს პილატეს -

ჩვენთვის ნებადართული არაა ვინმეს მოკვლა.

ხალხმა იცოდა, რომ ხელისუფლება სიკვდილით სჯიდა რომაელთა წინააღმდეგ მოჯანყეებსა და წამქეზებლებს, განსაკუთრებით კი აჯანყებულთა მეთაურებს. ამიტომაც იესოს სიკვდილით დასჯის მისაღწევად პროკურატორს განუცხადეს - „ეგ გვიკრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავს მეფეს უწოდებს“.

სარწმუნოებრივის ნაცვლად საკითხის პოლიტიკურ პლანში გადატანამ პილატე იძულებული გახდა ყური მიეგდო ბრბოსათვის. ის შეტრიალდა, შევიდა შენობაში და შეეკითხა იესოს:

- შენ ხარ იუდეველთა მეფე?

- შენ ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემს შესახებ?

- განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა გააკეთე? - კვლავ შეეკითხა იესოს.

იესო მხოლოდ სიმართლის ორიოდე სიტყვით პასუხობს თავის განმსჯელებს, ანდა დუმს. იუდეველებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე იყო თუ არა ძე ღვთისა - თანხმობით უპასუხა, ასევე დაეთანხმა პილატეს მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვაზე იყო თუ არა ის მეფე.

- ჩემი სამეფო არაამქვეყნიურია, ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი, ახლა ჩემი სამეფო არაა აქედან - მიუგო იესომ.

პილატემ შვებით ამოისუნთქა, რადგან დადასტურდა მისი ფიქრი, რომ განსჯა არა პოლიტიკურს, არამედ სულიერ-სარწმუნოებრივ სფეროს შეეხებოდა და კვლავ მიმართა იესოს, უკვე ირონიით.

- ესე იგი მეფე ხარ.

- შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე ამიტომ დავიბადე და ამიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინა, ყოველი, ვინც ჭეშმარიტებიდანაა ისმენს ჩემს ხმას.

- რა არის ჭეშმარიტება? - დაცინვით იკითხა პილატემ, მაგრამ იესოს გარეგნობამ, მისგან გამონაშუქმა სიმართლემ და სიწმინდემ შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ის, მკაცრი სისხლისმღვრელი ჯარისკაცი მიხვდა, რომ მის წინ უდანაშაულო კაცი იდგა და გადაწყვიტა კიდეც სიმართლე ეთქვა ბრბოსათვის, კვლავ გავიდა გარეთ და თქვა:

- ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში.

ამ სიტყვებს მღვდელმთავრებისაგან წაქეზებული ბრბო მუქარით სავსე ყვირილით შეხვდა. პილატეს ახსოვდა თუ იერუსალიმელთა ბრბოს როგორ ჰქონდა გარშემორტყმული მისი რეზიდენცია რამდენიმე ხნის წინ და ისინი გარდუვალი სიკვდილის შიშითაც კი ვერ დააშლევინა თავის ჯარისკაცებს. მსგავსი ბრბო იდგა ახლა მის წინაშე, ამიტომაც გაიხარა, როცა შეიტყო, რომ იესო გალილეველი იყო, ესე იგი იმ პროვინციიდან, რომელსაც სხვა პიროვნება მართავდა - ჰეროდე ანტიპა.

განსასჯელად იესო პილატემ ჰეროდესთან გაგზავნა. ის იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა, რადგანაც ხალხი ყვიროდა - „ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული ვიდრე აქამდე“. იმდროინდელი წესით, წარმოშობით გალილეველი ადამიანი გალილეის მფლობელს უნდა განესაჯა. ჰეროდე მისი წინაპრების მსგავსად იუდეველთა სარწმუნოების მიმდევარი იყო, სჯულის კანონის დამცველი (მაგრამ არა აღმსრულებელი), ამიტომაც ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას. დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო, იესომ კი არ ინება მასთან ურთიერთობა. ის დუმდა, თუმცა ჰეროდე ანტიპამ მრავალი რამე გამოჰკითხა. იქვე მდგარი მღვდელმთავრები და მწიგნობრები დაუცხრომლად ბრალს დებდნენ მას, იესო მაინც არაფერს ამბობდა თავს არ იცავდა. ამით ჰეროდემ თავი გაწბილებულად იგრძნო, თუმცა მიხვდა იესოს უდანაშაულობას. არც მან ინება იესოს დასჯა, მაგრამ დასცინა მას. თავის მეომრებთან ერთად შეურაცხყო და მასხრად აიგდო. შემდეგ შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს (იხ.ლუკა. 23:8-10).

პილატემ კვლავ იხილა მღვდელმთავარნი და ბრბო, რომელთაც იესო მიუყვანეს მას და უთხრა მათ:

- თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, და ვერ ვპოვე ამ კაცის ვერცერთი დანაშაული, რაშიც ბრალს დებთ და ვერც ჰეროდემ ვინაიდან მასთან გავგზავნე იგი, და აჰა სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. მაშ დავსჯი და გავუშვებ.

პილატეს არ უნდოდა იესოს სიკვდილით დასჯა და ამიტომაც იფიქრა, რომ თუ იესოს ძლიერი ფიზიკური საშუალებებით დასჯიდა (აწამებდა) ამით შეამცირებდა ბრბოს მრისხანებას და ისინი განსასჯელის სიკვდილით დასჯას აღარ მოითხოვდნენ.

- ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი - კიდევ უფრო გააღიზიანა ბრბო პილატეს მონდომებამ.

- კი მაგრამ რა დააშავა მან? მე ვერაფერი ვუპოვე მას, სიკვდილით დასჯის ღირსი, მაშ დავსჯი და გავუშვებ - თხოვა ბრბოს პილატემ უკვე მესამედ.

- ჯვარს აცვი - ყვიროდა მღვდელმთავრების და უხუცესების მიერ წაქეზებული ბრბო.

პილატემ იესოს ცემა ბრძანა. ის ფიქრობდა, რომ სასჯელის ეს საშინელი ზომა დააკმაყოფილებდა ბრბოს და სიკვდილით დასჯას აღარ მოითხოვდა.

მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა სასახლის შიდა ეზოში პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. გარს შემოერტყა მთელი რაზმი. იესო გაამათრახეს. შემდეგ დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავს დაადგეს, მხრებზე კი ძოწისფერი სამეფო შესამოსლის ფერი ქლამიდი მოასხეს. მარჯვენა ხელში ლერწამი, ვითომდა სამეფო სკიპტრა, დააჭერინეს, მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ „გიხაროდენ (ე.ი. სალამი), მეფეო იუდეველთა“ პილატე გამოვიდა გარეთ, ბრბოს წინაშე, ფიქრობდა, რომ ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული იესოს ნახვა ბრბოს მრისხანებას დააცხრობდა და უთხრა - აი, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში.

ამასობაში ჯარისკაცებმა ხელებშეკრული იესოც გამოიყვანეს - ძოწისფერი მოსასხამით შემოსილი, თავზე დადგმული ეკლის გვირგვინითა და ხელში სკიპტრით - ლერწმის ჯოხით. მისი დანახვისას პილატე კიდევ ერთხელ გააოცა იესოს დიდებულებამ, ის, მიუხედავად გამათრახებისას მიღებული უდიდესი წამებისა, შემდგომ კი დაცინვა-დამცირებისა, მშვიდად იდგა, არა თუ ითხოვდა რაიმე შეწყალებას, ხმასაც არ იღებდა, თუმც კი სურდათ მისგან სიტყვის მოსმენა. იესოს იერითა და მოთმინებით აღტაცებულმა პილატემ თქვა - აი, კაცი!

- დავსჯი და გავუშვებ - უთხრა ხალხს გამათრახებამდე პილატემ, ახლაც, დასჯის შემდეგ, იგივე ისურვა.

- ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი - ყვიროდნენ მღვდელმთავრები და მსახურები.

- თქვენ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით. ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში დანაშაულს.

- ჩვენ გვაქვს სჯული და ამ სჯულის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ძე ღმერთად გამოაცხადა - პილატემ ხალხისგან ეს რომ მოისმინა, უფრო შეეშინდა, შეეკითხა იესოს: -

- საიდან ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ მისცა.

- მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ძალაუფლება მაქვს გაგათავისუფლო და ძალაუფლება მაქვს ჯვარს გაცვა?

- შენ არ გექნებოდა ჩემზე არავითარი ძალაუფლება, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ უფრო დიდი ცოდვა აქვს - უთხრა იესომ.

ამასობაში პილატეს სახლეულიდან მოვიდა კაცი, რომელმაც სამსჯავრო სავარძელში მჯდარ პილატეს გადასცა ცოლის შემონათვალი - „ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო“ (მათე, 27:19).

ამიტომაც პილატემ კიდევ ერთხელ სცადა ბრბოს გული მოლბობა, დღესასწაულის დღეებში ჩვეულებად ჰქონდა ხალხისთვის გაეთავისუფლებინა ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ. იმხანად ჰყავდათ ერთი პატიმარი ბარაბა, რომელიც საპყრობილეში იჯდა არეულობისა და ქალაქში მომხდარი მკვლელობის გამო.

სამსჯავრო სავარძელი გარეთ იდგა, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდება, ებრაულად კი - გაბბეთა. აქედან პილატემ მიმართა ხალხს

- აი, თქვენი მეფე.

- შორს, შორს, ჯვარს აცვი!

- ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექში ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?

- ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა!

- მოკალი ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა!

- თუ ამას გაათავისუფლებ, არ ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან მეფედ ხდის თავს, კეისარს ეწინააღმდეგება. იუდეველები რომში იმპერატორის წინაშე ხშირად აგზავნიდნენ საჩივრებს პილატეს საწინააღმდეგოდ, ზოგჯერ კი დელეგაციებსაც გზავნიდნენ მის გასამტყუნებლად და დასასჯელად, ახლა კეისროს მტრობას აბრალებდნენ იესოს გამო.

„და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ. და მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენ შვილებზე მაგისი სისხლი“ (მათე, 27:24). ხალხის თხოვნის შესაბამისად პილატემ ბრძანა ბარაბას გათავისუფლება და იესოს დასჯა.

იესოს ჯარისკაცებმა შემოახიეს „სამეფო სამოსი“ - ქლამიდი, გამოართვეს „სკიპტრა“ - ლერწამი და თავზე დაამტვრიეს, დაიწყეს ფურთხება და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს - იესო მიეცა მათ ნებას. ჯვარცმის ადგილი ქალაქგარეთ, დასავლეთის მხარეს მდებარეობდა - მას თხემის ადგილი, გოლგოთა ერქვა, არცთუ შორს მდებარეობდა მთავრის სასახლიდან. იესოს ზურგზე აჰკიდეს ჯვარი, მძიმე ძელი და მხიარული ბრბოს თანხლებით ჯარისკაცებმა წაიყვანეს გოლგოთისაკენ. ამ გზას იერუსალიმში დღესაც - გოდების გზას უწოდებენ. იყო 30 წლის 14 ნისანი, ადრე დილა. უხუცესები აჩქარებდნენ ჯალათებს. პარასკევი იყო; მაგრამ ნაშუადღევის შემდეგ დრო უკვე შაბათის დამდეგად ითვლებოდა. პასექის შაბათი კი უდიდესი დღესასწაული იყო. ამიტომაც მოძრაობის ასაჩქარებლად ჯარისკაცებმა დაიჭირეს მინდვრიდან მიმავალი ვინმე გლეხი სიმონ კირინელი და აიძულეს იგი ჯვარი ეზიდა. და წამოიღო იესოს კვალდაკვალ. მისდევდა მას უკან ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც სტიროდნენ და გლოვობდნენ მას. იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: - იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები, რადგან აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი, და მუცელნი, რომელთაც არ უშობიათ და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ და ბორცვებს დაგვმარხეთ ჩვენ. რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევან, რაღას უზამენ ხმელს?

მასთან ერთად კიდევ ორი ავაზაკიც მიჰყავდათ ჯვარზე საცმელად.

როცა მიაღწიეს გოლგოთას, იესოს მიაწოდეს ნაღველით შეზავებული ძმარი დასალევად. ამ სასმელს ქალები ამზადებენ ჯვარცმულის ტანჯვის შესამცირებლად, რადგანაც ის მის მსმენელს ათაყვანებდა. ჯვარცმა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სასჯელი იყო. განსასჯელს მიაჭედავდნენ ანდა მიაბამდნენ ძელს: ხელებს მის ფრთებზე, ფეხების დასამაგრებლად არსებობდა ე.წ. „ფერხთა ფიცარი“, რომელსაც ეყრდნობოდა ფეხები, ურომლისოდაც ჯვარცმული ძირს ჩამოცოცდებოდა და მიწაზე დავარდებოდა. ასევე ტოვებდნენ მას მზის გულზე ნელი მტანჯველი სიკვდილისათვის. ზოგჯერ ჯვარზე ეკიდნენ დღეების განმავლობაში და ფრინველები ცოცხლადვე კორტნიდნენ თვალებს. განსაკუთრებით მტანჯველი იყო წყურვილი. ჭრილობები იხსნებოდა და ჩირქდებოდა, სისხლი ძარღვებში აღარ მოძრაობდა, უხმობდნენ სიკვდილს, ის კი არ ჩანდა. ამ ტანჯვის შეგრძნების ასაცილებლად ასმევდნენ ძმარში გახსნილ ნაღველს. იესომ ისურვა სრული განცდა სატანჯველისა.

ჯვარცმულის ზემოთ ძელზე აკრავდნენ წარწერას, თუ რომელი დანაშაულის ჩადენისთვის ისჯებოდა ის. იესოს ჯვარზე გააკრეს წარწერა ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებზე - „იესო ნაზარეველი - იუდეველთა მეფე“. აღმართეს მისი ჯვარი და მის გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ ორი ავაზაკის ჯვრები აღმართეს.

გამვლელნი აგინებდნენ მას, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ - ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი, თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. ასევე მღვდელმთავრები, მწიგნობრები უხუცესებთან და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: - სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვარიდან, და ვიწამებთ მას. ღმერთს იყო მინდობილი და თუ ნებავს იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან მან თქვა: მე ვარ ძე ღმრთისა.

რომაელი ჯარისკაცები კი, მისი ჯალათები, ამ დროს საქმით იყვნენ დაკავებული, ჩვეულების თანახმად მათ გასამრჯელოდ ეკუთვნოდათ ჯვარცმულის ტანსაცმელი. რომელსაც ერთმანეთს შორის წილისყრით იყოფდნენ. ახლაც, როცა იესო ჯვარს აცვეს წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, ამით აღსრულდა თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთში და ჩემს კვართზე იყარეს წილი. იესოს სამოსი ოთხ ნაწილად გაყვეს, თითოეულ ჯარისკაცს თითო ნაწილი შეხვდა. მოსასხამი კვართი ერთიანი იყო, თავიდან ბოლომდე მოქსოვილი. შეკერილი არ იყო. ის წილისყრით ერთ ჯარისკაცს ერგო. ამ დროს ჯვარცმაში მონაწილეობის მისაღებად იერუსალიმელ უხუცესების მოწვევით იმყოფებოდნენ ქართველი ებრაელები ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. მათ ჩანს შეუსყიდიათ ჯარისკაცისაგან წილისყრით მიღებული კვართი. რომელიც მცხეთაში წამოიღეს და დღემდე იქვეა დაკრძალული, სვეტიცხოველში (იხ.ქ.ც. გვ.19).

მღვდელმთავრები და ფარისევლები, რომელნიც შესცქეროდნენ იესოს უკმაყოფილონი იყვნენ წარწერის ტექსტით „იესო ნაზარეველი, მეფე იუდეველებისა“, უთხრეს კიდეც პილატეს ნუ დაწერ „იუდეველთა მეფე“, არამედ რაც მან თქვა „მე ვარ იუდეველთა მეფე“, პილატემ უპასუხა; რაც დავწერე - დავწერე“ (იო., 19:21).

ყველა ყაყანებდა, თავის აზრს გამოთქვამდნენ, დასცინოდნენ იესოს მთელი ქალაქისა და ბრბოს ყურადღება იესოსკენ იყო მიპყრობილი დავობდნენ მაცხოვრის ჯვარცმის გამო.

„მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან“ - მიტევებისა და შენდობის ეს სიტყვები პირველნი იყვნენ იმ „შვიდ სიტყვას“ შორის, რომელიც იესომ ჯვარცმისას წარმოთქვა.

მეორე სიტყვა უთხრა მის გვერდით ჯვარზე გაკრულ მონანიე ავაზაკს: - „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა, 23:24). თქმა ამ სიტყვისა, გამოწვეული იყო იმით, რომ ავაზაკების მთელი ყურადღება, ისევე როგორც ხალხისა, იესოსკენ იყო მიპყრობილი, იმდენად რომ თავიანთი ჯვარცმა აღარ ახსოვდათ, მასზე მსჯელობდნენ: ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი რისხავდა მას და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია? რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? ჩვენზე ახია, რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით, ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში“ (ლუკა, 23:40-42), და მიიღო კიდეც მიტევება უფლისაგან.

მოგროვილ ხალხში მაცხოვარმა გაარჩია დედამისი - მარიამი და საყვარელი მოწაფე იოანე. ერთ დროს, როცა დედა ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იყო, მასზე თქვა, - „ვინ არის დედა ჩემი ან ვინ არიან ძმები ჩემი?“ და თავის მოწაფეები მიიჩნია „დედად და ძმებად“ (მათე 12:49). ახლა დაღონებული, უმწეო დედა, უპატრონოდ რჩებოდა. გული მასზე ზრუნვით აევსო, მიუბრუნდა ჯვართან მდგარ დედამისს მარიამს, მის გვერდით მდაგრ თავისი „ძმების“ დედას - დეიდამისს, რომელსაც ასევე მარიამი ერქვა, შემდეგ შეხედა იოვანეს და დედას უთხრა: დედაკაცო, აი შენი ძე. შემდეგ მოწაფეს უთხრა: აი დედაშენი. და იმ საათიდან მოწაფემ თავისთან წაიყვანა მარიამი.

დღის თორმეტ საათზე, რომელსაც ძველად „მეექვსე ჟამს“ უწოდებდნენ წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა და ასე გაგრძელდა სამ საათამდე (მეცხრე ჟამამდე) დაბნელდა მზე.

სამ საათზე ხმამაღლა შეჰღაღადა იესომ -
ელი, ელი, ლამა საბათქანი (ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე).
შემდეგ კი თქვა - მწყურია (წინასწარმეტყველების აღსასრულებლად).

იქ მდგომმა გაიგო ეს და თქვა: ელიას უხმობს. ერთმა მხედარმა აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა და ლერწამზე წამოაგო და ასმევდა მას, სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის დასახსნელად (მათე, 27:49).

როცა იესომ მიიღო ძმარი, თქვა:

აღსრულდა!

ხოლო შემდეგ ხმამაღლა შეღაღადა და თქვა:

მამაო შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს - დახარა თავი და ამ სიტყვებით განუტევა სული.

ამის თქმა იყო და იძრა მიწა, დასკდნენ კლდეები, შეირყა ტაძარი და ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, ეს იყო კრეტსაბმელი, რომელიც მნახველის თვალიდან ფარავდა წმინდათა წმინდას, და აი, პირველად ყველას თვალწინ გამოჩნდა იქამდე ყველასთვის დაფარული ადგილი ტაძრისა.

განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა გვამები აღდგნენ. ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველი ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი ძლიან შეშინდნენ და თქვეს:

ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი.

ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო. ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი მჯიღისცემით ბრუნდებოდნენ უკან.

აქ იყვნენ დედაკაცები, რომლებიც შორიდან უმზერდნენ, მათ შორის მარიამ მაგდალინელი, იაკობ მცირის დედა მარიამი და სალომე ზებედეს ძეთა დედა, ისინი გალილეადანვე მისი მიმდევრები იყვნენ და ემსახურებოდნენ მას, მრავალი სხვაც იყო მათთან ერთად იერუსალიმიდან ამოსულები.

საღამოვდებოდა, მალე შაბათი პასექისა დადგებოდა - დიდი დღე - ამასთან დაკავშირებით, შაბათს რომ გვამები ჯვარზე არ დარჩენილიყო იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, მათთვის წვივები დაემტვრიათ და ჩამოეღოთ.

მოვიდნენ ჯარისკაცები და იესოს გვერდით ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც, როცა იესოსთან მივიდნენ, დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო არ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა მას შუბით გაუგმირა გვერდი და მაშინვე წამოუვიდა სისხლი და წყალი. ეს მოხდა რათა აღსრულებულიყო წერილი: მისი ძვალი არ დაიმტვრევა (იო, 19:36).

მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული.

პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მოკვდა, დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა? პასუხის მოსმენის შემდეგ გვამი აჩუქა იოსებს - წარჩინებულ მრჩეველს, კეთილსა და სამართლიანს. ის სინედრიონის წევრი იყო, მაგრამ არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათს საქმეში. თავადაც მოელოდა ღმერთის სასუფეველს.

იოსებმა იყიდა ტილო და ავიდა გოლგოთაზე. მოვიდა ნიკოდიმოსიც, წინათ რომ ღამით მივიდა იესოსთან და მიუტანა ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნარევი.

აიღეს და შეახვიეს იესოს გვამი ტილოში სურნელთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველთა შორის დამარხვისას.

დაასვენეს ის იოსების ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა მას. იქვე ჯვარცმის ადგილთან ახლოს ბაღში. ამ ახალ სამარხში არავინ ყოფილა ჩასვენებული. იქ ჩაასვენეს იესო იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლო იყო სამარხი. აქ იყო მარიამ მაგდალინელი და მეორე მარიამი. ისინი სამარხის წინ ჩამოჯდნენ.

5.7 დიდი შაბათი - 8 აპრილი 30 წლის

▲ზევით დაბრუნება


მახარებელი მათე წერს: „მეორე დღე, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი პილატეს კარზე და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვსდგებიო, მაშ ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღსდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.

უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ როგორც იცით.

ისინიც წავიდნენ. სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს“ (მათე 27:62-66).

უნდა ვიფიქროთ, რომ იუდეველები პილატესთან მივიდნენ შაბათს დილით, შემდეგ წავიდნენ და დაბეჭდეს საფლავი, ე.ი. საფლავში ნახეს სხეული იესოსი, შემდეგ კი დარაჯი მიუყენეს დაბეჭდილ კარებს. დარაჯს სამი დღის მანძილზე უნდა დაეცვა ის. შაბათის ჩათვლით, კიდევ ორი დღე, ანუ სამშაბათამდე. უნდა ვიფიქროთ რომ შაბათსა და კვირას ახლად დაყენებული მოდარაჯენი განსაკუთრებით ფხიზლად დარაჯობდნენ საფლავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი არ მოერიდნენ შაბათის უქმის დარღვევას, როცა მათ ეს დასჭირდათ, და ამ დღეს იესოს საფლავის ირგვლივ საქმიანობდნენ - მაცხოვრის სხეულის დასაცავად.

6 აღდგომა (30 წლის 9 აპრილი) და ამაღლება

▲ზევით დაბრუნება


პასექის შაბათი, დიდად მიჩნეული იუდეველთა შორის, არავის დაურღვევია, იესოს საფლავთან არავინ მისულა. „ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც, სამარხის სანახავად“ (მათე, 28:1) მათთან ერთად სალომეც ყოფილა, სამივენი პარასკევს გულმკვდარნი უმზერდნენ შორიდან იესოს ჯვარცმას. და, აი, შაბათი გავიდა თუ არა იყიდეს მათ სურნელებანი, რათა ეცხოთ იესოს სხეულისათვის, როგორც ამას ებრაელთა პატივით დაკრძალვის წესი ითხოვდა.

სამარხთან მზის ამოსვლისას მივიდნენ, მხოლოდ ის აღონებდათ, რომ ვერ შეძლებდნენ კლდეში გამოკვეთილ საფლავზე მიყუდებული ლოდის გადაგორებას, სამარხში შესვლას და სურნელოვანი ზეთის ცხებას საყვარელი მასწავლებლის სხეულისათვის, მართალია საფლავთან იდგნენ დარაჯები, მაგრამ მათგან ქვის გადაგორების იმედი არ ჰქონდათ. მათ არც ჰქონდათ ამის უფლება, პირიქით დარაჯების სურვილი საფლავის კარების გამაგრება და იესოს სხეულის დაცვა იყო.

ამ დროს რაღაც მოულოდნელი და გასაოცარი რაღაც მოხდა: „საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა და გადააგორა სამარხის კარიდან ლოდი და ზედ დაჯდა. მისი სახე იყო როგორც ელვა და სამოსი მისი სპეტაკი, როგორც თოვლი. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემსგავსნენ“ (მათე., 28:2-4).

ქალებმა, რომლებიც იქამდე ურთიერთშორის ლაპარაკობდნენ თუ ვინ გადაუგორებდათ ლოდს სამარხის კარიდან, მიიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, იგი იყო ძალიან დიდი (მარკ., 16:4). საფლავი ცარიელი დახვდათ.

ამის შემხედვარე მარიამ მაგდალელი გაიქცა ქალაქში პეტრესა და იოანესთან. გამოქვაბულის სიღრმეში შესულმა სხვა ქალებმა სამარხში იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ანგელოზი ჭაბუკის სახით, სპეტაკი სამოსლით მოსილი. მან შეშინებულ ქალებს უთხრა - „ნუ კრთებით! ნუ ეძებთ იესო ნაზარეველს, ჯვარცმულს, იგი აღდგა, აქ არ არის, აი, ადგილი სადაც ის დაასვენეს. მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს. ის თქვენს წინ მიდის გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც გითხარით თქვენ“ (მარკ., 16:5-7).

ნანახით აცახცახებული და შეშინებული ქალები გამოვიდნენ სამარხიდან და ქალაქისაკენ გაიქცნენ. შეძრწუნებულმა არავის არაფერი უთხრეს.

ლუკას აღწერით სამარხში შესულ ქალებს ელვარე სამოსლით მოსილი ორი კაცი დახვდათ, რომლებმაც თქვეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? აქ აღარ არის, არამედ აღდგა. გაიხსენეთ რას გეუბნებოდათ თქვენ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში და ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს“. (ლუკა, 24:6-7).

საფლავიდან გამობრუნებულმა ქალებმა, რომელთა შორის აღნიშნულთა გარდა იოანაც და სხვებიც ყოფილან ქრისტეს აღდგომა თერთმეტ მოციქულს აუწყეს, მაგრამ მათ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნნენ მათ (როგორც ეს ქვემოთაც ჩანს).

ამასობაში პეტრე და იოანე, რომელთაც მარიამ მაგდალელმა შესტირა „უფალი წაუღიათო“ გაიქცნენ საფლავისაკენ. მოხუც პეტრეს გაასწრო ახალგაზრდა იოანემ და პირველი მივიდა სამარხთან „დაიხარა და დაინახა დადებული ტილოები, მაგრამ არ შევიდა. მის შემდეგ მოვიდა სიმონ პეტრეც. შევიდა სამარხში და დაინახა დადებული ტილოები. სუდარა თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იდო ერთ ადგილას დახვეული“ (იო., 20: 5-7).

პეტრე, იოანე და ქალებიც გაოცებულები იყვნენ იმით, რომ ვერ ნახეს სხეული. აქამდე ფიქრადაც არ მოსვლიათ იესოს აღდგომა, „აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი უნდა აღმდგარიყო“. ნანახით გაოგნებულნი უკანვე დაბრუნდნენ, საფლავთან ბაღში მხოლოდ მარიამ მაგდალელი დარჩა, ის ფიქრობდა, რომ იესოს სხეული მოიპარეს, ანდა საფლავიდან გაიტანეს.

დარაჯები კი ძალზე შეშინდნენ. ამ რომაელებს იესოს სხეულის დაცვა ჰქონდათ დავალებული, ცარიელი საფლავის ხილვისთანავე ზოგიერთი მათგანი ქალაქში წავიდა და ყველაფერი მოახსენეს მღვდელმთავრებს. სასწრაფოდ შეიკრიბა უხუცესებისა და მღვდელმთავრების საბჭო. გადაწყვიტეს დიდძალი ფული მიეცათ ჯარისკაცებისათვის, სანაცვლოდ მათ უნდა ეთქვათ, რომ იესოს მოწაფეები მოვიდნენ ღამით მოიპარეს იგი. თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, არწმუნებდნენ ისინი ჯარისკაცებს, ჩვენ დავაჯერებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნითო. მათ აიღეს ფული და გაავრცელეს ეს ხმა.

მაგრამ ქალაქში სასწაულები ხდებოდა. აღდგნენ მიცვალებულთა გვამები და გამოვიდნენ საფლავიდან მისი აღდგომის შემდეგ შევიდნენ წმიდა ქალაქში და გამოეცხადნენ მრავალთ“ ( მათე., 27:53). ამიტომაც ქრისტეს აღდგომის დასაჯერებლად მრავალი განეწყო.

საფლავის კართან ბაღში მდგომი მარიამ მაგდალელი კი ტიროდა. მისი საყვარელი მოძღვარი ტანჯეს, მოკლეს, ახლა კი საფლავიდანაც გაიტანეს და მარიამმა სურნელოვანი ზეთი ვერ სცხო მის წმინდა სხეულს, ვერ აღასრულა წესი, რომელიც ყოველი მიცვალებული ებრაელის გასაპატიოსნებლად იყო დაწესებული, მასწავლებელი ამის ღირსიც კი არ გახადეს. გულმდუღარე „როცა ტიროდა, სამარხთან დიხარა და ხედავს თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს, მსხდომარეს ერთს თავით, მეორეს ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას: დედაკაცო რატომ სტირი? მან მიუგო: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს. ამის თქმისას მობრუნდა უკან და იხილა მდგომარე იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ ეს იესო იყო. უთხრა მან იესოს: ბატონო შენ წაიღე იგი მითხარი სად დაასვენე იგი და მე წავიღებ. იესო ეუბნება მას: მარიამ! მოუბრუნდა და ებრაულად ეუბნება: რაბუნი! რაც ნიშნავს: მოძღვარო! იესომ უთხრა მას: არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა ეს და უთხრა მათ“ (იოანე, 20: 11-18). მაგრამ არ ერწმუნნენ. სულ ცოტა ხნით ადრე კი მოწაფეებთან მივიდნენ სხვა ქალებიც, ახარეს აღდგომა და თვით იესოსგან დანაბარები სიტყვებიც კი გადასცეს. მათე წერს - „მოწაფეების საუწყებლად მიმავალთ, აჰა, შემოხვდა იესო და უთხრა მათ: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ, წადით აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ, იქ მიხილავენ მე“ (მათე, 28:9-10).

კვირა დღეს ქრისტეს მოწაფე - კლეოპა და მეორე, რომლის სახელი უცნობია მიდიოდნენ იერუსალიმის მახლობლად მდებარე დაბა ემაუსში, მწუხარენი ქრისტეს ვნაბასა და სიკვდილზე დიდხანს მსჯელობდნენ. ამ საუბრისას მათ მიუახლოვდათ თვით იესო და დაემგზავრა, მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ ვერ იცნეს იგი. მარკოზი წერს, რომ „რომ სხვა სახით ეჩვენა“ მათ მაცხოვარი. იესომ ჰკითხა მათ მწუხარების მიზეზი. ისინი სწუხდნენ თავიანთი საყვარელი მოძღვრის ტანჯვისა და სიკვდილის გამო, მაგრამ მათ სულს უფრო მეტად ტანჯავდა იმედგაცრუება, რომ მათი მოძღვარი არ აღმოჩნდა მესია, მხსნელი, რომელიც თავისი თავის გამოცხადების შემდეგ შეცვლიდა დედამიწის სახეს და გათავისუფლებულ ისრაელს მსოფლიოში კუთვნილ ადგილს დააჭერინებდა. ამის ნაცვლად ის ჯვარზე აცვეს - „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი, მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა“ (ლუკა, 24:21).

იესომ უთხრა მათ: „ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო ყოველგვარი რწმენის მიმართ, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი! განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?

და მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ რაც ითქვა მისთვის მთელ წერილში“ (ლუკა, 24-25-27).

გვიანი იყო, ღამდებოდა მაგრამ ეს უცნობი არ გაუშვეს, თხოვეს მათთან დარჩენილიყო და ერთად ევახშმათ. როცა დასხდნენ, იესომ აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. სწორედ ამ დროს აეხილათ თვალი ორივეს და იცნეს იესო, მაგრამ მაცხოვარი მაშინვე გაუჩინარდა - უჩინარ შეიქმნა მათთვის. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გაბრუნდნენ. ნახეს ერთად შეკრებილი თორმეტი მოწაფე და სხვებიც მათთან ერთად. მოწაფეებს იუდეველებისა ეშინოდათ და კარჩაკეტილები იყვნენ. ისინი ქრისტეს აღდგომაზე ლაპარაკობდნენ რომელსაც უკვე მოწმეები ჰყავდა, სიმონ პეტრეც კი. ემაუსის გზიდან მობრუნებული ორი მოწაფე კი მოჰყვა თუ რა შეემთხვათ გზაში, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. ამ დროს იესო ჩადგა მათ შორის და თქვა:

- მშვიდობა თქვენდა. ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ, ეგონათ სულსა ვხედავთო, მაგრამ იესომ აჩვენა ხელებიც და ფეხებიც. „შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს, ეს მე ვარ თვითონ, შემეხეთ და დარწმუნდით, რადგანაც სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები მე კი როგორც ხედავთ, მაქვს“ გაოგნებული მოწაფეების თვალწინ შეჭამა შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი, რომ დაეჯერებინა ისინი და უთხრა მათ:

- აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებით, რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემთვის მოსეს რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ ფსალმუნში (ლუკა 24:44).

ამის მოსმენის შემდგომ მოწაფეებს გონება გაეხსნათ, რომ შეემეცნოთ წერილი და კვლავ უთხრა: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე და მესამე დღეს აღმდგარიყო მკვდრეთით და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მოსატევებლად ყველა ხალხში იერუსალიმიდან მოყოლებული. ხოლო თქვენ ხართ ყოველივე ამის მოწმენი. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით (ლ. 24-49). კვლავ მისცა მშვიდობა და უთხრა:

- როგორც მე წარმომგზავნა მამამ, მე გგზავნით თქვენ. ეს რომ თქვა, შთაბერა და უთხრა:

- მიიღეთ სულიწმინდა, ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ (იოანე, 20:23).

გავიდა რამდენიმე ხანი, იოანეს მიხედვით რვა დღე. უფლის აღდგომით გახარებული მოწაფეები მხოლოდ იესოზე საუბრობდნენ, თომასაც ახარეს: „ჩვენ ვიხილეთ უფალი“, ერთად შეკრებილ მოწაფეებთან აღდგომილი უფლის გამოცხადების დროს მათთან არ იყო თომა, ამიტომაც მიუხედავად მოწაფეების აღიარებისა, ის არ იზიარებდა მათ აღფრთოვანებას არ სწამდა ეს ამბავი და ამბობდა: „თუ მის ხელებზე ნალურსმებს არ ვიხილავ და ნალურსმებში ჩემს თითს არ ჩავდებ და მის ფერდში ჩემს ხელს - არ ვიწამებ“ (იოანე, 20:25).

და აი, ერთხელ, როცა ხელისუფალთაგან შეშინებული მოწაფეები (ელოდათ დაპატიმრება და დასჯა, როგორც მათ მეთაურს) კვლავ შინ იყვნენ შეკრებილები და კარჩაკეტილში მსჯელობდნენ - მოვიდა იესო, დადგა შუაში და თქვა - „მშვიდობა თქვენდა“ შემდეგ თომას უთხრა: „მოიტანე აქ შენი თითი და იხილე ხელები. მოიტანე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი არა, არამედ მორწმუნე იყავ“. თომამ უთხრა მას პასუხად:

- უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!

- შენ მირწმუნე, იმიტომ რომ მიხილე, ნეტარ არიან არამხილველნი და მორწმუნენი“ - მიუგო იესომ. შემდეგ უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა მათ, რომელთაც არ ირწმუნეს და არ დაიჯერეს მათი, ვინც იგი იხილა აღმდგარი.

და უთხრა მოწაფეებს - წადით მთელს ქვეყნიერებაზე და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს მსჯავრდებული იქნება. მორწმუნეებს კი თან ახლდება ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ და თუნდაც რამე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და ისინი განიკურნებიან (მარკ. 16:14-18).

მალევე ამის შემდეგ თერთმეტივე მოწაფე გალილეას წავიდა, მთაზე, სადაც უბრძანა მათ იესომ (მათე 28:16).

ტიბერიის ტბაზე, რომელსაც ზღვას უწოდებდნენ, როგორც ჩვეულება ჰქონდათ თევზაობდნენ. აქ იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა-ტყუბად წოდებული გალილეის ქალაქ კანადან გამოსული ნათანაელი, ზებედეს ძეები და კიდევ ორი სხვა მოწაფე. ერთ დღეს ერთად გაჰყვნენ სათევზაოდ სიმონ-პეტრეს. ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. გამთენიისას სანაპიროზე დაინახეს კაცი, ეს იყო იესო, მაგრამ ვერ იცნეს. იესომ უთხრა მათ - „შვილებო, გაქვთ რაიმე საჭმელი? მიუგეს - „არა“. კვლავ უთხრა: - „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“. მართლაც ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო: იოანემ უთხრა პეტრეს - „ეს უფალია“. სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო და ზღვაში გადაეშვა. სხვები ნავით გავიდნენ ნაპირზე და თევზებიანი ბადე გაათრიეს. მაგრამ მათ ნაპირზე უკვე დახვდათ დაწყობილი ნაკვერჩხლები, მასზე დადებული შემწვარი თევზი და პური. იესომ მიიწვია ისინი სასაუზმოდ. ვერც ერთმა ვერ გაბედა შეკითხვა: ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ ეს უფალი იყო. იესომ მიაწოდა მათ პური და თევზი. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღსდგა. მოწაფეებმა თაყვანი სცეს მას, ხოლო ზოგი შეეჭვდა. მიუხლოვდა მათ იესო, დაელაპარაკა და უთხრა:

- მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს და ნათელი ეცით მამის, ძის და სული წმიდის სახელით. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გიბრძანეთ და აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე (მათე, 28:19-20).

იმის შემდეგ, რაც მათ ისაუზმეს იესომ უთხრა სიმონ-პეტრეს

- სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?

- დიახ უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ - მიუგო პეტრემ.

- აძოვე ჩემი კრავები.

სიმონ იოანეს ძევ, გიყვარვარ? - კვლავ მეორედ შეეკითხა იესო

- დიახ უფალო, შენი იცი, რომ მიყვარხარ - უთხრა პეტრემ.

- დამწყსე ცხვარი ჩემი.

- სიმონ იოანესავ, გიყვარვარ? - მესამედ შეეკითხა იესო

- შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ - უპასუხა მესამე შეკითხვით ნაღვლიანმა პეტრემ.

- აძოვე ჩემი ცხვარი. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ სანამ ახალგაზრდა იყავი შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე ქამარს და წახვიდოდი სადაც გსურდა, როდესაც მოხუცდები გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს ქამარს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს. ამ სიტყვებით მიანიშნა პეტრეს, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს.

- შემომიდეგ მე (მომყევი) - უთხრა შემდეგ პეტრეს

- უფალო ხოლო ეს რა? - შეეკითხა პეტრე იოანეზე

- მე მსურს, რომ დარჩეს, სანამ მე მოვალ, შენ რა? შენ მე მომყევი მიუგო იესომ (იოანე, 21:22).

ამის შემდეგ იესო გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, როცა მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებს წერდა (I კორ. 15:6).

შემდეგ გამოეცხადა იაკობს, შემდეგ ყველა მოციქულს (I კორ. 15:7). ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ ცოცხლად, თავისი ტანჯვის შემდეგ და მოუთხრობდა მათ ღმერთის სასუფეველზე, შეკრიბა მოციქულები, რომლებიც მან ამოირჩია და უბრძანა - ნუ განშორდებით იერუსალიმს, არამედ დაელოდეთ მამის აღთქმას, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით, რის შესახებაც ჩემგან მოისმენთ. ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი არამრავალი დღის შემდეგ მოინათლებით სულიწმინდით.

მოწაფეები, რომლებიც ბავშვობიდანვე აღზრდილნი იყვნენ სულისკვეთებით, რომ მესია აღადგენდა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ეკითხებოდ-ნენ იესოს:

ამ დროს ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელის სამეფოს?

თქვენი საქმე არ არის იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავის ძალაუფლებაში, არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც მოვა სულიწმინდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმიდან, მთელ იუდეას, სამარიასა და მთელი დედამიწის კიდემდე (საქმე, 1.8-9).

ეს რომ თქვა, გამოიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. და კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად (ლუკა 24:51).

სანამ ისინი უყურებდნენ, ის იქნა აყვანილი და ღრუბელმა მათ თვალს მიაფარა. როცა ისინი შესცქეროდნენ ზეცაში მის აღმავლობას, აი, წარუდგა მათ ორი კაცი სამოსით და უთხრეს: გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ (საქმე, 1:10:11) ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილად წოდებული მთიდან (რომელიც იერუსალიმიდან ახლოს ბეთანიასთანაა) მუდამ ტაძარში იყვნენ და ადიდებდნენ უფალს.

იერუსალიმის სახლის ზედა ოთახში ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფეს ძე, სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა, აქვე იყო იესოს დედა მარიამი, სხვა ქალები და იესოს ძმები. აქვე წილის ყრით მოციქულად იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ამოირჩიეს მატათია, ჩარიცხეს ის თერთმეტ მოციქულთან. ორმოცდამეათე დღეს კვლავ ერთად იყვნენ ყველანი. მოულოდნელად ზეციდან ხმაური მოისმა თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო და აავსო მთელი სახლი და მოევლინათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და თითო თითოდ დაედგათ ყოველ მათგანს.

და ყველანი აღივსნენ სულიწმინდით და იწყეს ლაპარაკი სხვა ენებზე, როგორც სული აძლევდა მათ ამეტყველებისას.

ზეთისხილის მთაზე ამაღლებამდე იესო, როგორც ითქვა 40 დღის განმავლობაში ეჩვენებოდა თავის მოციქულებს და სხვა მოწაფეებს, ამტკიცებდა მათ სარწმუნოებას. ისინიც იესოს აღდგომას ახარებდნენ ადამიანებს, ეს იყო სწორედ „სახარება“ ანუ გასახარებელი ამბავი, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ მსოფლიო სარწმუნოებას, რომ არ მომხდარიყო ქრისტეს აღდგომა მისი ჯვარცმით და მოკვლით შეშინებული მოსწავლეები გაიფანტებოდნენ და მათ გულში ჩაქრებოდა რწმენა იესოსი, როგორც მესიისა და მხსნელის მიმართ. აღდგომამ კვლავ შეჰკრა ეჭვმორეული მოწაფეები, პირიქით, მათი ეჭვი იქცა სარწმუნოებად, უძლეველ რწმენად, რომლისთვისაც თავს დებდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ, აღდგომის შემდგომ დაფუძნდა ქრისტეს ეკლესია, რომელსაც ვერ ერევიან ჯოჯოხეთის ბჭენი, რამეთუ სალ კლდეზე, მტკიცე რწმენაზე დგას.

აღდგომის შემდგომ მაცხოვარი ცდილობდა შეშინებული მოსწავლე-ებისათვის ეჩვენებინა, რომ ის არ არის სული, რომ აღსდგა თავისი სხეულით, მაგრამ არა მშვინვიერი სახით, არამედ სულიერ საფეხურზე ასული. ეს იყო სრული გარდასახვა სხეულისა და არა ძველ ცხოვრებასთან დაბრუნება. ის ჭამდა თავის მოწაფეებთან, აჩვენებდა ნაჭრილობევს, მაგრამ შეეძლო დახურულ ოთახში შესვლა და გაუჩინარება, მან უკვე არ იცოდა წინააღდგომა და შეზღუდვა, რომელიც ახასიათებს უხეშ მატერიას. მისი სახე (გამოსახულება) ზოგჯერ ისე იცვლებოდა, რომ მოსწავლეები უცებ ვერ ცნობდნენ. მხოლოდ ხმითა და ნაცნობი ჟესტით აქარვებდა მათ ეჭვს. ქრისტეს აღდგომა მოასწავებს, რომ სიკვდილის შემდგომ აღსდგება ყოველი ადამიანი, მოხდება საყოველთაო აღდგომა, ამიტომაც წერია მრწამსში - „მოველი აღდგომას მკვდრეთით“.

მკვდრეთით აღდგომა მოხდება სხეულით, ისევე როგორც სხეულით აღსდგა ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვდრეთით აღდგომისას სხეული იქნება ისეთივე, როგორიც ახლა არის, მაგრამ ექნება ახალი თვისებანი: სხეული იქნება განუხრწნელი, უკვდავი ე.ი. სხეული შეიმოსება უხრწნელობითა და უკვდავებით, არ ეცოდინება სნეულება, ტკივილი, უძლურება, არ ენდომება კვება, არ იგრძნობს დაღლას, არ დასჭირდება ძილი, დასვენება.

მკვდრეთით აღდგომილი სხეულები იქნებიან სულიერნი და არა მშვინვიერნი, როგორც ახლა. სხეული შეიქმნება სულის მორჩილ იარაღად, ახლა კი პირიქითაა, სხეული, ანუ ხორცი იმორჩილებს სულს და ბატონობს მასზე. დიდების სასუფეველში სული იბატონებს უკვე დიდების გვირგვინით შემოსილ სხეულზე მაგრამ ასეთ სახეს ადამიანი მიიღებს მხოლოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ საყოველთაო აღდგომის ჟამს, როცა მართალნიც და ცოდვილნიც, მორწმუნენიც და ურწმუნონიც ერთსა და იმავე დროს აღსდგებიან. ამავე დროს, როგორც ცნობილია განახლდება ქვეყნიერება, ბუნებაც განთავისუფლდება ადამიანის პირველქმნილი ცოდვის შედეგის გავლენისაგან, განახლდება, შეიქმნება უხრწნელი და ცოდვისა აღარა შერჩება რა.

აი, რას ამბობს მოციქული ამის შესახებ:

„თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღსდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა, ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებით ღმერთზე ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ, მაშინ ისინიც დაღუპულან, ვინც ქრისტეში განისვენა და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავი ვართ, მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთა პირმშო, ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა, ვინაიდან, როგორც ადამიანში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში ... მაგრამ იტყვის ვინმე, როგორ აღსდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ? უგუნურნო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა და როცა დათესავ იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს - ხორბლისას, არა რომელიმე სხვას. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს - თითოეულ თესლს თავის სხეულს... ასევე მკვდრეთით აღდგომაც, ითესება ხრწნით და აღსდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით და აღსდგება დიდებით, ითესება უძლურებით და აღსდგება ძალით, ითესება მშვინვიერი სხეული და აღსდგება სულიერი სხეული, არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული, ასეც წერია: პირველი ადამიანი გახდა ცოცხალ მშვინვიერად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად. პირველი ადამიანი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე ადამიანი - ცისაგან“ (Iკორ. 15: 12-49).

ციური ადამიანი - მხოლოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოევლინება სამყაროს, მანამდე კი ადამიანთა გარდაცვალების შემდეგ სული განშორდება ხორცს, ხორცი იქცევა მიწად, სული კი განაგრძობს სიცოცხლეს. მაგრამ სულის ეს სიცოცხლე სხვადასხვანაირია. მართალთა სულნი გრძნობენ ნეტარების გარკვეულ რაოდენობას, ცოდვილთა სულები კი ტანჯვის გარკვეულ რაოდენობას მათ ამქვეყნიური ცხოვრების შესაბამისად. ანუ სულის ეს მდგომარეობა არ არის საბოლოო, ამიტომაც ის არც სრულ ნეტარებას განიცდის და არც სრულ ტანჯვას. სულისათვის რომელიმე მდგომარეობის მიცემა ხდება „კერძო განკითხვისას“.

როგორც ცნობილია „საზოგადო განკითხვა“ მოხდება სოფლის აღსასრულის ჟამს, ქრისტეს მეორედ მოსვლისას. მანამდე კი მიცვალებული ადამიანის სულს ელოდება კერძო განკითხვა, სიკვდილისთანავე ზოგს სამოთხე და აბრაამის წიაღი ელის, სხვებს კი, რომელთაც ვერ მოასწრეს მონანიება ცოდვებისა, შესაბამისი სასჯელი, მაგრამ ამ უკანასკნელთა გათავისუფლება შეიძლება ცოდვებისაგან ეკლესიის ლოცვით, ქრისტეს საშინელი განსჯის შემდეგ სული უკვე მიიღებს საბოლოო მდგომარეობას. მართალნი - საუკუნო ნეტარებას, ცოდვილნი საუკუნო ტანჯვას. არც საუკუნო ნეტარება იქნება ყველასათვის ერთნაირი და არც საუკუნო ტანჯვა, არამედ შესაბამისი მათი საქმეებისადმი. (საქმეთა მისთაებრ).

ნეტარებას სული ღმერთთან სიახლოვით მიაღწევს. რისგანაც განუვითარდებათ ყოველგვარი ნიჭი, მართალნი დაუახლოვდებიან წმინდანებს, ანგელოზებს. განახლებული ბუნება ადამიანისა ნეტარების წყაროდ იქცევა. განსხვავებულ მდგომარეობათა მიუხედავად მართალნი კმაყოფილნი იქნებიან თავიანთი საუკუნო ხვედრისა. სწორედ ეს იქნება „ცხოვრება მერმისა მის საუკუნესსა“, რომელიც წამს ყველა მორწმუნეს „მრწამსის“ თანახმად.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიკვდილის შემდგომი სასამართლო, წარდგომა წინაშე ღვთისა და ამქვეყნიური ცხოვრების შესაბამისად იმქვეყნიური მდგომარეობის მოპოვება, სწამდა კაცობრიობის ყველა ტომსა და ხალხს ყოველთვის ყოველ დროში, განვითარების ყოველ საფეხურზე, ველურ ტომთა სახით ცხოვრებისას თუ ცივილიზებულთ.

„ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც მიუთითა, მაყვლის ბუჩქზე, როდესაც უფალს უწოდა ღმერთი აბრაჰამისა, და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა, ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არა, არამედ ცოცხლებისაა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“ - ამბობდა მაცხოვარი (ლუკა 20: 37-38).

„თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული“ (რომ. 8-11).

სიკვდილი დამარცხდა, მესიამ თავისი აღდგომით სძლია მას. ის სიცოცხლეა.

7 ბოლოსიტყვა

▲ზევით დაბრუნება


პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო,

ქრისტესმიერ საყვარელო შვილნო, უკვე ორი ათასამდე წელია ჩვენი წინაპრები თაყვანს სცემენ ყოვლადწმიდა სამებას, ძეს ღვთისას იესო ქრისტეს. ჩვენი მამები იესოსადმი სიყვარულს გამოხატავდნენ პალესტინასა და იერუსალიმში იმ წმინდა ადგილების განსაკუთრებული პატივისცემით, სადაც ფეხი დაუდგამს ჩვენს მაცხოვარს, სადაც იშვა იესო ქრისტე, გაიზარდა, ასწავლიდა, კურნავდა, მკვდრეთით აღადგენდა, სადაც ჩვენი ცოდვებისათვის ინება ჯვარცმა ხოლო შემდეგ ჩვენი ხსნისათვის აღდგომა და ამაღლება. ამის გამოც ამ წიგნში საგანგებოდ წარმოვაჩინე იესოს მოღვაწეობის ყოველი ადგილი სახელდებითა და მინიშნებით. განსაკუთრებული ყურადღებით კი შევეცადე აღმეწერა ვნების კვირის ყოველი დღე, ამ დროს იერუსალიმში იესოს მიერ განვლილი გზები. ყოველი ეს წმინდა ადგილი საქართველოში ძველ დროსვე იყო ცნობილი. იქ ქართველები აგებდნენ მონასტრებს ბერებისათვის, სასტუმროებს საქართველოდან ჩასული მლოცველთათვის. ასე იყო უკვე IV-V საუკუნიდან თუ უფრო ადრიდან არა. დღესდღეობით ჩვენთა ცოდვათა გამო ყოველივე დაკარგულია და განვლილია. დავკარგეთ თუ არა მონასტრები, გრძნობაც კი პალესტინა იერუსალიმის სიწმინდეთა სიყვარულისა.

იერუსალიმში ყველა ქრისტიან ერს აქვს მონასტრები, სასტუმროები, მოხუც პილიგრიმთა (მლოცველთა) სახლები.

ამჟამად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდგომ, კვლავ ჩვენი დრო მოდის, კვლავ უნდა შეიძრას ქრისტიანული სული ქართველობისა, იერუსალიმში უნდა აღორძინდეს ქართული კერები, კვლავ უნდა ილოცონ ქართველებმა წმინდა მიწასთან „ერთობილი“ საქართველოსათვის.

ამისთვის სასურველია ჩვენი პირადი წვლილით შევეწიოთ ამ წმინდა საქმეს, დავაარსოთ „იერუსალიმის საძმო“, ანუ ბერების, მონაზვნების, მორჩილების, მორწმუნეების, ინტელექტუალების, მამულიშვილების საკრებულო, რომლის საბოლოო მიზანი იქნება პალესტინა - იერუსალიმში ქართული კერების აღორძინება, მანამდე კი იერუსალიმში ქართველთა სახლის დაარსება, იქ სალოცავად ჩასული ქართველების დახმარება, (რუსეთის „პალესტინის საზოგადოება“ გასული საუკუნიდან არსებობს. ეს მძლავრი ორგანიზაცია ეხმარება რუსეთიდან წმინდა მიწაზე მისულ პილიგრიმებს, აქვს მთელს პალესტინაში ცენტრები).

მალე გაიხსნება ჩვენი ქვეყნის საზღვრები, მრავალი ქართველი გავა უცხოეთში, მათ სულიერი მზრუნველი დასჭირდებათ, ასევე მრავალი გაემგზავრება წმინდა ადგილების მოსალოცად, მათაც დახმარება დასჭირდებათ.

ჯვრის მონასტერსა და უცხოეთში არსებულ სხვა ქართულ ცენტრებს საქართველოში ჰქონდათ მამულები, სახლები, დუქნები. ამ მონასტრების აღორძინებამდე ხსენებულმა „იერუსალიმის საძმომ“ საქართველოში უნდა შეიძინოს ან სახელმწიფოსაგან მიიღოს ქონება, ამრავლოს სახსრები, რომელსაც შემდგომ მოახმარს ქართველ მლოცველებს უცხოეთში.

მე პირადად სიამოვნებით შევალ „იერუსალიმის საძმოში“ ვითარცა ერთი რიგითი მორჩილი ძმა - ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე.

ახალციხე. 21.10.92