The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ა

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ა

ავანტურული რომანი

ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც აღწერილია მთავარი გმირების სახიფათო თავგადასავალი.

ავანტურული რომანის გმირს უხდება სახიფათო მოგზაურობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, რადგან ავანტურული რომანის პერსონაჟები ისეთ მიზნებს ისახავენ, რომელთა შესრულება უაღრესად ძნელი და სახიფათოა.

ავანტურული რომანების საუკეთესო ნიმუშები შექმნეს მაინ რიდმა, ფენიმორ კუპერმა და ა. დიუმამ (მამა).

სინონიმი: სათავგადასავლო

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ავტობიოგრაფია

ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა.

ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, აგრეთვე, დღიურები, მოგონებანი და სხვ.

ვრცელი ავტობიოგრაფიის აღსანიშნავად, ბიოგრაფიის პარალელურად, იხმარება აგრეთვე სიტყვა „თავგადასავალი”.

მაგ. აკაკის „ჩემი თავგადასავალი” რომელშიც პერსონაჟი მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებით, ბავშვობისა და სიჭაბუკის პერიოდში.

იხ. აგრეთვე: დღიური

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

აკადემიური მჭერმეტყველება

მჭერმეტყველების სახეობა, რომელშიც მოკლედ არის გამოთქმული ორატორის ძირითადი სათქმელი და მოცემულია მთავარი დებულების დამამტკიცებელი არგუმენტები.

აკადემიურ მჭერმეტყველებას შედარებით უფრო დინჯი, თავშეკავებული ცოდნა ახასიათებს და ენაც უფრო ზუსტია, უფრო თავისუფალია მეტყველების მხატვრული ფორმისაგან .

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ალეგორია

ბერძნ. ALLOS

ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.

„ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”.

ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან.

მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას. ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.

კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ – ” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგა” და ა.შ. შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს ამ შემთხვევაში აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა. ამიტომ, რასაც ის ამბობს ცხოველებზე, ე.ი. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი (ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები „პირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.

ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვს – რა, მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.

ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ. ალეგორიული შინაარსისაა იგავ-არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ. მაგალითად, ცნობილ „გულივერის მოგზაურობაში” ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს – „ამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” , ვაჟა – „არწივს” („არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად უწოდებს „ყვავ–ყორნებს”.

ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას ხშირად მიმართავდა აკაკი წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ, უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტან–დარეჯანს და ყველა ამ ხაზგასმულ სიტყვაში არ იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის ნესტანი, არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა ამირანის თავგადასავლის სახით:

„კავკასიის ქედზე იყო

ამირანი მიჯაჭვული,

ყვავ–ყორნები ეხვეოდა,

დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის

გულს ცეცხლი არ ნელდებოდა

და რაღაცა მანქანებით

გული ისევ მთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება,

არც კვნესოდა, არც ოხვრიდა,

მონურად ქედს არ უხრიდა

უსამართლო ძლიერებას.

ბოლოს მაინც გამარჯვება

დარჩა!... ყველა გააოცა!...

და ის ღვაწლი, მაგალითად,

მიწის შვილთა მან გადმოსცა...”

რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია. ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს:

„კავკასიის მაღალ ქედზე .

მიჯაჭვული ამირანი,

არის მთელი საქართველო

და მტრები კი – ყვავ-ყორანი.

. მოვა დრო და თავს აიშვებს,

იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!....

სიხარულად შეეცვლება

ამდენი ხნის გასაჭირი!”.

ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც გამოხატავდა.

ალეგორიული ხასიათისაა ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი”, ვაჟას „კლდე და მდინარე”, „არწივი” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, იგავ–არაკი, მეტაფორა, ნოველა, სიმბოლო

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ალეგორიული სახე

ისეთი სახე, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომლის საშუალებითაც სხვა მოვლენა უნდა განვიცადოთ, ან წარმოვიდგინოთ.

სიმბოლური მნიშვნელობისაა ვაჟა–ფშაველას პერსონაჟი – ლუხუმი.

მასში შეიძლება ვიგულისხმოთ, საერთოდ, მაღალი იდეალისათვის თავდადებული და დროებით დაუძლურებული ყველა გმირი.

ასეთ შემთხვევაში ლუხუმი სიმბოლური სახეა, მაგრამ ლუხუმის მნიშვნელობა შეიძლება უფრო დავაზუსტოთ: შეიძლება მასში ვიგულისხმოთ საქართველო.

ასეთ შემთხვევაში ლუხუმი, სიმბოლურის ნაცვლად, ალეგორიული სახე იქნება.

ერთი და იგივე სახე შეიძლება იყოს ერთსა და იმავე დროს ეპიკური, გმირული, ალეგორიული და სხვ. ასეთი სახეა, მაგალითად, ვაჟას სახალხო გმირი – ლუხუმი.

სინონიმი: სიმბოლური

იხ. აგრეთვე: ალეგორია, გმირული სახე, ეპიკური სახე, სიმბოლო

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ალიტერაცია

ერთი და იგივე ან დამსგავსებული თანხმოვანი ბგერების განმეორება.

მაგ:

ა) „შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შენობაი...”–(ბესიკი).

ბ) „სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი”-(გ. ლეონიძე).

გ) „მთვარეში შავი შრიალებს ჩალა,

შავი ლეჩაქი დაეცა შარებს”.–(გ. ტაბიძე)

იხ. აგრეთვე: ბგერწერა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977

ამფიბრაქი

სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან წინა და ბოლო მარცვალი უმახვილოა, შუა კი მახვილიანი.

„ამფი” ბერძნულად ნიშნავს გარშემო, ორივე მხრივ; „ბრახუს” – მოკლე; „ამფიბრახუს” ორივე მხრივ მოკლე.

ლექსთწყობაში იგულისხმება ისეთი ზომა, რომელსაც შუაში გრძელი ან მახვილიანი ხმოვანი აქვს და თავსა და ბოლოში (წინ და უკან) კი მოკლე, უმახვილო.

მისი სიმბოლური ნიშანია

იხ. აგრეთვე: ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. განათლება, 1977

ანაპესტი

სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან ორი წინა მარცვალი უმახვილოა და მესამე მახვილიანი.

„ანაპესტოს” ბერძნულად ნიშნავს უკანდაცემულს.

ლექსის თეორიაში იგულისხმება ისეთი ზომა, რომელიც სამი მარცვლისაგან შედგება და მახვილი უკანასკნელ მარცვალზე აქვს.

მისი სიმბოლური ნიშანია –

იხ. აგრეთვე: ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ანტითეზისი

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც დაპირისპირებულია ერთიმეორის საწინააღმდეგო ცნებები და სახეები.

დაპირისპირების საშუალებით მოვლენა უფრო თვალსაჩინო და საგრძნობი ხდება.

ანტითეზისის ნიმუშები:

ა)სწავლა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელე.”

ბ)„თეთრი კბილი– შავი გული”– სინათლე დაპირისპირებულია სიბნელესთან, თეთრი შავთან.

გ)„პატარა წვიმა მოვიდა

დიდი მინდორი დანამა”–(ხალხური).

დ)„ბრინჯი ვიყავ, ქერობა რად მინდოდა?

მტრედი ვიყავ, მწყერობა რად მინდოდა”–(საიათნოვა).

ე) „ენა ტკბილი, ენა მწარე,

ენა მოკლე, ენა გრძელი (ხალხური).

გამოსახვის გაძლიერების მიზნით უფრო ხშირად მიმართავენ ანტითეზისის შემდეგ სახეებს:

1. მოწინააღმდეგე ცნებების ან სახეების უბრალო დაპირისპირება:

„თეთრი კბილი – შავი გული”(დაპირისპირება საფუძვლად უდევს ფერი); კატა და ლომი, ბუზი და აქლემი (დაპირისპირებას საფუძვლად უდევს საგანთა სიდიდე ან მოცულობა);ყვავი და ბულბული(დაპირისპირებას საფუძვლად უდევს მათი ხმის ხარისხი); ბატონი და ყმა(საფუძვლად უდევს სოციალური მდგომარეობა).

2. ანტითეზისური სახეების ან ცნებების ერთ საგანში გაერთიანება:

„ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,

ხან არც ისა ვარ, არც ისა,

გარემოების საყვირი

არც მიწისა ვარ, არც ცისა”–(აკაკი).

ანტითეზისის საშუალებით მწერალი ხშირად აღწევს მკითხველში ძლიერი შთაბეჭდილების აღძვრას. ქვემოთ მოყვანილ ციტატში ილია ჭავჭავაძე ანდაზის გამოყენებით ამტკიცებს, რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჰყავდა დამტირებელი, მაგრამ ეს მსჯელობა გამოყენებულია საწინააღმდეგო აზრის უფრო ეფექტურად გამოხატვის მიზნით. შემდეგ ავტორი ისეთ სურთს გვიხატავს, რომლითაც გვიდასტურებს, რომ ოთარაანთ ქვრივს ჰყავდა დამტირებელი – უფაქიზესი გრძნობის მოყვარული ადამიანი – სოსოია მეწისქვილე:

„ბევრს ეცოდებოდა ეგრეთ გათავებული ოთარაანთ ქვრივი. დამტირებელი კი არავინ იყო. ძნელია ეგრეთ წასვლა სააქაოდან, მაგრამ რა? ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდაო, იტყვიან ხოლმე გლეხები. განა მართალი არ არის.

– არა, – ზოგჯერ მართალი არ არის. აქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მოუკვდა ოთარაანთ ქვრივი!.. ეს იყო სოსია მეწისქვილე. თითქმის ოც–დაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ, ის დღეა და ის დღე, სხვა არავინ უნდომნია, გული არავისზე მისვლია. როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა თურმე გუნებაში მისმა შერთვამ, მაგრამ თავის გულში სთქვა:

– მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადა არ ვეკადრებოდი... ვეღარ შევბედავ, ვეღარა!... სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და კრძალვისაგან. სოსია მეწისქვილეს ეხლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის წინ , იმისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითინებდა ჩუმად”.

იხ. აგრეთვე: გავრცობილი ანტითეზისი, პოეტური სინტაქსი, ფიგურები

წყარო: 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სისახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, ტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ანტონიმი

ისეთი სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.

(„ანტი” – წინააღმდეგ, პირდაპირ, „ონომა” – სახელი, „ანტონიმი” – მოწინააღმდეგე, ანუ დაპირისპირებული სიტყვა).

მაგ.

მაღალი – დაბალი, მტერი – მოყვარე, დღე – ღამე, შავი – თეთრი, სიცილი – ტირილი, ცა – მიწა და სხვ.

ანტონიმად არ ითვლება ერთი და იმავე სიტყვის ძირის საშუალებით გამოხატული დაპირისპირებული ცნებები.

მაგ:

ცხენოსანი – ფეხოსანი ანტონიმია, მაგრამ ცხენიანი – უცხენო, ქუდიანი – უქუდო არ არის ანტონიმი.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

არაპირდაპირი დახასიათება

მოქმედი პირის დახასიათება მისი გარემოს აღწერის, ყოფაქცევის, გარეგნობისა და სხვა საშუალებით.

ზოგიერთ შემთხვევაში ავტორი ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათებას გვაძლევს არა მისთვის დამახასიათებელ თვისებათა პირდაპირი დასახელებით, არამედ იგი გვიხატავს გმირს ისეთი გარეგნობით, ისეთ გარემოსა და მდგომარეობაში, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვიღებთ უტყუარ მასალას გმირის ხასიათის შესახებ.

მაგ: იმ მიზნით, რომ დაგვიხასიათოს ოთარაანთ ქვრივი, როგორც ბეჯითი, გამრჯე, წინდახედული და ენერგიით აღსავსე პრაქტიკოსი, აი, როგორ აგვიწერს ი. ჭავჭავაძე მის კარ-მიდამოს:

„ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისთვის, გარს შემორტყმულია ტყრშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის კარამდე სიგრძე-საგანეზედ მწვანით აბიბინებული. დერეფნის წინ, ერთი ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი ადგას შტოებ-ძირდაშვებული, შემორგვალებული, თითქო განგებ შემოკვეცილიაო.

კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა...

... სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე და დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე გახიდულია და ზედ ჩამწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა, ორიოდე ქვაბი, ტაფა, ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ–დარეცხილი, მხიარულად გამოიცქირებიან მაღლიდამ, თითქოს თავს იწონებენ, რომ კარგი მომვლელი და პატრონი ასჩნიათ”.

სამაგიეროდ, სულ სხვაგვარად აგვიწერს ილია ლუარსაბის კარ-მიდამოს.

მისი ეზო ისე უწმინდურია, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული;

ღობე და საბძელი მონგრეულია;

იატაკი აყრილია, ფანჯარაში მინის ნაცვლად გაქონილი ქაღალდია;

ფარდაგი მტვრიანია.

აღწერილის მიხედვით ლუარსაბი ჩვენ გვეხატება როგორც ზარმაცი, მუქთახორა, დაუდევარი.

მოქმედი პირის ყოფაქცევა, ტანსაცმელი, მისი დამოკიდებულება დანარჩენ გმირებთან, მისი მეტყველებისა და სახის თავისებურებაც კი ჩვენ მიგვითითებს ნაწარმოების გმირის ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ თვისებებზე, რაც ირიბი გზით გვაძლევს გმირის დახასიათებას.

იხ. აგრეთვე: დახასიათება

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

არქაიზმი

„არქი” ბერძნულად ნიშნავს დასაწყისს, ძველს; „არქაიზმოს”– სიძველეს.

მოძველებული, ხმარებიდან გამოსულ სიტყვები, გამოთქმები ან გრამატიკული ფორმები. არქაული სიტყვებია, მაგალითად, „მუნ”, „ძალუძს” „ოდეს”, „შთენია” და სხვა. ასეთი არქაული სიტყვები – ლექსიკური არქაიზმია.

ზოგჯერ გვხვდება სიტყვები, რომლებიც ხმარებიდან არაა გამოსული, მაგრამ მათი დალაგება, ან ნაწილაკები თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის პოზიციებიდან არქაულია. მაგალითად: „ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა” (ალ. ჭავჭავაძე). ასეთი არქაიზმები სტილისტიკური, ანუ სინტაქსური ხასიათისაა.

„სოფელსა ამას” არქაულია სიტყვათა დალაგების სიძველით: ჩვენს დროში არავინ ამბობს „სოფელსა ამას ვიცნობ”, „სოფელსა ამას კარგი მოსავალი მოუვიდა” ე.ი. ჯერ ამბობენ მსაზღვრელ სიტყვას და შემდეგ საზღვრულს.

იმავე მაგალითში „მისთა მდგმურთა” არქაულია არა სინტაქსური წყობით, სიტყვათა დალაგებით, არამედ მრავლობითი რიცხვის გამომხატველი ნიშნების სიძველით. ძველად იხმარებოდა „მისთა მდგმურთა”, ახლა კი ვამბობთ „მის მდგმურებს”. ქართულ საეკლესიო მწერლობაში გვხვდება ასეთი გამოთქმები: „თვალნი ყოველთანი”. სიტყვები „თვალი” „და „ყოველი” ძველი არ არის, მაგრამ „თვალნი ყოველთანი” კი ჩვენ დროში უკვე სხვაგვარი გამოთქმით იხმარება („ყველას თვალი”). მრავლობითი რიცხვის მაჩვენებელი ნიშნები – „ნ” და „თა” მას არქაულ ელფერს აძლევს და სიტყვათა დალაგებაც (სინტაქსიც) არქაულია.

მწერლები არქაიზმებს მიმართავენ ტიპიზაციის მიზნით, აღტაცების, პატივისცემის, რაიმე მაღალი გრძნობით აღფრთოვანების გამოსახატავად, ნაწარმოების რომელიმე გმირის დაცინვის მიზნით და ა. შ.

მაგალითები:

ი. ჭავჭავაძე განდეგილს არქაული, საეკლესიო ენით ალაპარაკებს:

„ამოვედ, ვინც ხარ!... იყავნ ნება ღვთისა”

მწერალი არქაიზმებს უხვად იყენებს „განდეგილში” ბერის ტიპიზაციის მიზნით, მისი პორტრეტის შესაქმნელად:

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს

სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა,

ზედ ეტყობოდა, რომ მისი სული

სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა...

მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება

ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,

თითქო მათ შიგან ჩასახებულა

თვით სათნოება, კდემით მოსილი;

თითქო ნელისა სიხარულითა

სამოთხის ღია კარს შეჰხარიან

და სულთან ერთად უფლისა მიმართ

სასოებითა მიისწრაფიან.

„ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ ქმნილი

ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,

მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა

ძლევით – მოსილსა და განდიდებულს”

ნიკოლოზ ბარათაშვილი აღფრთოვანებისა და პატივისცემის გრძნობას გამოხატავს სიტყვებით; „კურთხევა თქვენდა ტკბილსახსოვართა”.

დაცინვის მიზნით, არქაიზმების გამოყენებით ლუარსაბ თათქარიძის სასიმამროს მოსე გრძელიძის კლასიკურ სატირულ სახეს ქმნის ილია ჭავჭავაძე წერილში, რომელსაც მოსე სასიძოს უგზავნის:

„ჩემო აღმატებულო ბედნიერო გვაროვანო სიძეო: თუმცა დიდად ბედნიერი ვარ რომელიცა რომა შენგან ვარ დღეს მოხუცებული ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღსავსე ნეტარითა სიძოობითა და თვალი ჩემი აახილე რომელიცა რომა დაინახა ისევ გაზაფხული მუხთალისა სოფლისა”.

სხვებრ ბრძანდებოდეთ ბედნიერებით იესო ძე ღვთის მიერ ვითხოვ თქვენს ბედნიერებას, რომელიცა რომა მსურს ნახვა. თქვენი სიმამრი ბრწყინვალე თავადი მოსე ნოშრევანის ძე გძელიძე”(„კაცია–ადამიანი?!”)

თანამედროვე ქართული მხატვრული მეტყველების თვალსაზრისით ეს მაგალითები არქაიზმზე მიგვითითებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაშიც, განსაკუთრებით ნაწარმოების გმირთა დიალოგებში გამოყენებულია არქაიზმები.

იხ. აგრეთვე: დიალოგი, პორტრეტი, სატირა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ასონანსი

1. ერთი და იგივე ხმოვანი ბგერების განმეორება.

მაგ:

„დავეცი, დავბნდი, წამიხდა,

ძალი მხართა და მკლავისა”. – (რუსთაველი).

ასონანსი აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. ზემოთმოყვანილ ციტატში „ა”–ს გამეორება თითქოს გვაგრძნობინებს მოქმედი პირის გულისცემის აჩქარებას. ტარიელის ბაგიდან ნესტანის მშვენიერების მიმანიშნებელი სიტყვები „ა” ბგერის გამეორების საშუალებით გლოვის მწუხარე მელოდიად ისმის.. ასონანსი გამოიყენება აგრეთვე ვიწრო მნიშვნელობით და იგი არაზუსტი რითმის ერთ–ერთი სახეობაა.

2. არაზუსტი რითმა, რომლშიც მხოლოდ ხმოვანი ბგერებია შეთანხმებული და თანხმოვნები კი ნაწილობრივ, ან სრულებით სხვადასხვაა.

მაგ:

ვით ბუნების და ხალხის გულის ხმა

ისმის სიმღერა გაზაფხულისა. – (ი. ნონეშვილი).

„შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა,

ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა.” – (ხალხური).

ასონანსურია აგრეთვე შემდეგი რითმები:

გადაფენა–შეაჯერა; ბაგა–სხვაგან; მედინა–მეძინა; დარიალს–დაიარს; თავზე–მოვათავსე და სხვ.

იხ. აგრეთვე: ბგერწერა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

აღწერა, აღწერითი თხზულება

საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლა გარკვეული გეგმის მიხედვით.

ყოველგვარი აღწერა რაიმე მიზანს ემსახურება და მას მიმართავენ იმდენად, რამდენადაც იგი საჭიროა ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად.

მაგ საკლასო ოთახის აღწერა შეძლება სხვადასხვა მიზნით. შეიძლება აღვწეროთ საკლასო ოთახი იმ მიზნით, რათა გამოვარკვიოთ, თუ რამდენად ასრულებს იგი თავის დანიშნულებას; რამდენად აკმაყოფილებს იგი სწავლების ჰიგიენის პირობებს(აქვს თუ არა მოსწავლეთა რიცხვისათვის საკმარისი სივრცე, სინათლე; შესაძლებელი ხდება თუ არა მის კედლებზე საკმაო რაოდენობის სასწავლო ნივთების, ვთქვათ, რუკების, დაფის და სხვათა მოთავსება და ა.შ)

რომელიმე ავადმყოფობის დამახასიათებელი თვისებების და მსვლელობის აღწერა ხდება მისი შესწავლისა და განკურნების მიზნით.

აღწერას, ჩვეულებრივ, ვიწყებთ საგნის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნების შესწავლით. არ კმარა მხოლოდ დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა, უნდა ავხსნათ იმ ნიშნების წარმოშობის მიზეზები და დანიშნულება.

აღწერის შემდეგი საფეხური იქნება შთაბეჭდილების გამოხატვა, რასაც აღსაწერი საგანი ახდენს, განსაკუთრებით კი შეფასება იმისა, რასაც აღვწერთ.

პრაქტიკული დასკვნის გამოტანა იმ საგნის მნიშვნელობის შესახებ, რისი აღწერაც ჩვენ მოვახდინეთ. აღწერაში მოცემული ნიშნები აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს. არასაკმარისი სისრულე ამცირებს აღწერის შემეცნებით მნიშვნელობას.

გამოსახვის ფორმის მიხედვით აღწერა შეიძლება იყოს პროზაული ან მეცნიერული და მხატვრული.

მხატვრულ აღწერაში უხვად არის გამოყენებული პოეტური ენა და, საერთოდ, გამოსახვის მხატვრული ხერხი, გამოყენებულია აგრეთვე მხატვრული გამონაგონიც. მასში ხშირად არის გამახვილებული ყურადღება ავტორის პირად შთაბეჭდილებაზე, რასაც აღძრავს ზემოაღნიშნულში თვით აღწერის საგანი.

მაგ.ლუარსაბ თათქარიძის კარ–მიდამოს მხატვრული აღწერის ნიმუში ი. ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანიდან” :

„კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ–კარი, წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და ამ ადგილის შუაგულსა – ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული და იმ მარნის უკან კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა, კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზე წამოღებული და წამოხრილი, თითქოს გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე– დარბაზისა, სიგრძეზე თუ სიგანეზე, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქართველია!... ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭისკარებით, რომლის ერთი ნახევარი,– თუნდ ორი წელიწადია, – ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია – ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ როგორმე ხელიდან დაუსხლტესო”.

იხ. აგრეთვე: კერძო აღწერა, საერთო აღწერა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

აშუღური

თერთმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის პირველი ორი ტერფი დაქტილურია, ხოლო მეორე ორი ტერფი კი ქორეული და დაქტილური, ან დაქტილური და ქორეული.

მარცვალთა რაოდენობა აშუღურსა და წყობილს ერთგვარი აქვთ, მაგრამ მათი რიტმი განსხვავებულია.

ლექსის ამ სახეობას ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ უფრო ხშირად ასეთი ზომის ლექსი სასიმღერო იყო და უპირატესად აშუღთა შორის ყოფილა გავრცელებული.

იხილეთ ნიმუშები:

„მიყვარდა,/მის გარდა||–არ ვის/ვეტრფოდი”. – (ი. გრიშაშვილი).

– / – || – / –

„გამტყორცნა/სოფელმა||მოვშორდი/მზესა.” (ბესიკი).

– / – – / –

იხ. აგრეთვე: დაქტილური ტერფი, რიტმი, ქორეული ტერფი, ტერფი, წყობილი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ახალი პოემა

პოემა, რომელშიც ყურადღება, ეროვნული საზოგადოების ნაცვლად, პიროვნებაზეა გადატანილი და გამოხატავს რომელიმე საინტერესო ეპიზოდს არა მთელი ერის, არამედ რომელიმე პიროვნების ცხოვრებიდან.

გამოსახვის სივრცით ძველი პოემა რომანს უახლოვდება, ახალი კი – მოთხრობას ან ნოველას;

ვაჟას „ბახტრიონში” მოთხრობილია კვირიასა და ლელას ცხოვრება მხოლოდ მათ მიერ ბახტრიონის აღების მომენტში.

ვაჟას პოემა „ალუდა ქეთელაური” მთავარი გმირის ალუდას ცხოვრების მხოლოდ ერთ საინტერესო ეპიზოდს გვიხატავს.

იგი მოგვითხრობს ალუდას ცხოვრების შესახებ მხოლოდ ამ გმირის მიერ თემის ტრადიციის დარღვევის შემდეგ თემიდან მის გაძევებამდის. ალუდამ მის მიერ მოკლულ მტერს – ქისტს მუცალას მკლავი არ მოსჭრა და შემდეგ კი, ქრისტიანული დღესასწაულის დროს საკლავიც კი დაჰკლა მისი სულის შესავედრებლად. ამან გამოიწვია ალუდას ოჯახის დარბევა და მისი თემიდან გაძევება ოჯახთან ერთად.

გამოსახვის სივრცით ნოველასთან სიახლოვის გამო, ახალ პოემას ზოგჯერ ნოველისტურ პოემას უწოდებენ. ახალ პოემაში ავტორი ყურადღებას აქცევს გმირის შინაგანი განცდის გამოხატვას.

ვაჟა–ფშაველა „ალუდა ქეთელაურში” თავისივე გმირების სიტყვებით ასე გადმოგვცემს სამშობლოდან გაძევებულ ალუდას და მასთან ერთად გაძევებულ მის ოჯახის წევრთა შინაგან ტრაგედიას:

„თავის მიწა–წყლის გაწირვა

ძნელი ყოფილა მეტადა;

მომაკვდავს დავფერებივარ,

გონი გამხდია რეტადა.

მუხლებ არ მამდევს, გულშია

ბნელი ჩამიდგა სვეტადა...

მშვიდობით, საჯიხვეებო,

გამხარებელნო თვალისა,

მშვიდობით ჩემო სახლ– კარო,

გულში ამშლელო ბრალისა”.

ახალ პოემაში თხრობის ტონი, წინააღმდეგ ძველი პოემებისა, დაძაბულია. ავტორი ზოგჯერ ვერ ახერხებს ობიექტურობის დაცვას. ხშირად წყვეტს გმირის შესახებ ამბის თხრობას და საკუთარ განცდებს გვიხატავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალ პოემებში საკმაოდ გვხვდება ლირიკული ელემენტები.

ლირიკული გადახვევები ახასიათებს ბარათაშვილს („ბედი ქართლისა”), ა. წერეთელს, ილიას და განსაკუთრებით ვაჟას პოემებს. ვაჟა „ბახტრიონის”დასწყისშივე მოცემულ ბუნების სურათს ასეთი ლირიზმით აგრძელებს:

„მოგესალმებით, ქედებო,

მომაქვს სალამი გვიანი!

ჩემსამც სამარეს ამკობენ

თქვენი დეკა და ღვიანი!

თქვენგანა გულობს ეს გული,

შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.

თქვენი მიწოვავ მე ძუძუ

დალიან–ბარაქიანი”.

ამავე პოემაში იგი აგვიწერს რა ბახტრიონზე ქართველ მთიელთა ძლევამოსილ გალაშქრებას, ამბის თხრობას წყვეტს და უშუალოდ გამოხატავს თავის პირად აღტაცებას:

„ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ

შააზრიალა მთანია;

მგლური დააწყვეს ნაბიჯი,

მოკლეთ გადნოვლეს გზანია.

თითოს ხევს არაგვისასა

თან მოსდევს ლაშქრის ღვარია,

ფშავლის შვილებიც მოიდენ,

სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია:

რა საამური დრო არის,

რა საამური წამია!”

იმავე პოემაში ბუნების სურათის აღწერის დროს ვაჟა ამბობს:

„ნისლი ფიქრია მთებისა,

იმათ კაცობის გვირგვინი,

მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე

ხშირის ბალახის ბიბინი”.

თუმცა ახალ პოემაში მწერლის ყურადღება პიროვნებაზეა გადატანილი, მაგრამ მასში გამოსახვის საგნად ხშირად რჩება ისევ მნიშვნელოვანი მთელი ერის ცხოვრებიდან (მაგალითად: „ბედი ქართლისა”). ამ შემთხვევაში ახალი პოემის ავტორები თავიანთი ნაწარმოების შინაარსს იღებენ არა ხალხური გადმოცემებიდან, როგორც იქცეოდნენ ძველი პოემის ავტორები, არამედ ისტორიული წარსულიდან.

ახალი პოემის შემოქმედად ევროპისა და მსოფლიო ლიტერატურაში ბაირონი ითვლება. ბაირონი ამავე დროს რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელია; ბაირონის პოემებს რომანტიკულს უწოდებენ. ბაირონის პოემები გამოხატავენ პიროვნების უკმაყოფილებას ქალაქური ცხოვრებით, მისი ფუფუნებით, თვალთმაქცობით, მონობით და სხვ. ბაირონის პოემები გამოხატავენ თავისუფლებისმოყვარე ადამიანის მისწრაფებას ბუნებისაკენ, მის ზიზღს ძალადობისადმი, ანგარებისადმი.

პოემა „ჩაილდ–ჰაროლდი” მთლიანად ლირიკული წარმოშობისაა. ბაირონმა იმოგზაურა ესპანეთში, ალბანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. მოგზაურობის დროს იგი ლექსად წერდა ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს და ამ ლირიკულ განცდათა გამომხატველ დღიურს შემდეგში მან „ჩაილდ–ჰაროლდი” უწოდა.

XVIII საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ჩვენ უკვე გვაქვს წმინდა ლირიკული ხასიათის შესანიშნავი პოემა „ნარგიზოვანი”. მისი ავტორის ვინაობა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გამორკვეული.

რუსეთში რეალისტურ პოემებს წერდა პოეტი ნ. ნეკრასოვი(„ვინ ცხოვრობს კარგად რუსეთში”).

XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში რეალისტური პოემის ნიმუშია „კაკო ყაჩაღი”. ეს პოემა იმავე დროს სოციალური და საყოფაცხოვრებო შინაარსისაა.

XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტად განვითარდა ისტორიული პოემის ჟანრი.

ამ ჟანრის ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა”, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული”, აკაკის „თორნიკე ერისთავი”, „ნათელა”, „ორი ქართველი” და სხვ.

სატირული ხასიათისაა აკაკის ისტორიული პოემა „ასი წლის ამბავი”. ალეგორიულ–დიდაქტიკური ხასიათისაა მისი პოემა „ალექსი”.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, დღიური, ეპიზოდი, ლირიკა, ლირიკული გადახვევა, ნოველა, პოემა, რომანი, რომანტიზმი, ტრაგედია, ძველი პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ახალი ტრაგედია

დრამატული ნაწარმოები შემდეგი მახასიათებლებით:

ა) მთავარი გმირი აღარ წარმოადგენს უბრალო იარაღს ბედის ხელში. მისი დაღუპვა აღარ არის სავალდებულო;

ბ) სავალდებულო აღარ არის გმირის არისტოკრატიული ჩამომავლობა. გმირი შეიძლება იყოს ყოველი მოქალაქე, რომელსაც შესწევს მისი სიცოცხლისათვის სახიფათო და დიდ წინააღმდეგობასთან ბრძოლის უნარი. თანამედროვე ტექნიკა და ადამიანის გონებრივი განვითარება მრავალ მოქალაქეს აძლევს საჭირო შემთხვევაში ტრაგედიის გმირად გახდომის საშუალებას;

გ) აუცილებელი აღარ არის „სამი ერთიანობის” კანონის დაცვა;

დ) მისი შინაარსი გაფართოებულია კომიკური სცენების შეტანის საშუალებით

იხ. აგრეთვე: ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ა

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბ

ბოლორითმები

ტაეპების დაბოლოებათა შემთანხმებელი რითმები.

მაგ:

„ორმოში ფეტვი ჩავყარე შესანახადაო,

ორმოში წყალი ჩასულა, დასალპობადაო,

ორმოდან ამოვყარე გასაშრობადაო,

ჩიტი ღობეზე შემოჯდა ასაკენკადაო”–(ხალხური)

„მეგობრებო, წინ-წინ გასწით,

ნუ შედრკება თქვენი გული,

დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს

და შუბლს ოფლის ნაკადული”– (ი. ევდოშვილი).

იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბ

2 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ბ

▲ზევით დაბრუნება


ბაიათი

შვიდმარცვლიანი ლექსი.

ლექსთწყობაში ბაიათი ეწოდება ისეთ ლექსს,რომლის თითოეული ტაეპი შედგება ხუთი მარცვლისაგან.

მაგ: „კინტო“, „კინტოს სიმღერა“ (ა. წერეთელი), „ძველ მოყვარეს“ (ი.ჭავჭავაძე).

იხ. აგრეთვე: ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ბალადა

ფრანგ. BALADE

ლირიკული ან ლირიკულ–ეპიკური შინაარსის მოკლე თხრობითი ხასიათის ლექსი.

ტერმინი წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას.

ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში. ბალადებს მღეროდნენ ტრუბადურები, რომლებიც მეტწილად ხალხის ქვედა ფენებიდან გამოსული მოხეტიალე პოეტები იყვნენ. ისინი უმთავრესად დაიოდნენ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და მღეროდნენ ლექსებს მეფეებისა და რაინდების საგმირო საქმეებზე, მათ ბრძოლებზე, მამაცობაზე. ამ ლექსების მღერის დროს ცეკვავდნენ და თან საკრავებს უკრავდნენ. ასეთი მომღერალი პოეტები მოგზაურობდნენ აგრეთვე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.

ლექსის სიმღერასთან ერთად ცეკვას ასრულებდნენ თვით შემთხზველები ან სხვა მოცეკვავენი. სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა, მაგალითად, ქართული ფერხული.

წარსულში ბალადა სპეციალურად ითხზვებოდა, როგორც საცეკვაო სიმღერა, შემდეგში კი იგი განვითარდა როგორც ლირიკის ერთ–ერთი ფორმა, რომელიც წასაკითხავად და სადეკლარაციოდ (ზეპირად წარმოსათქმელად) იწერებოდა.

ბალადაში ეპიკური ელემენტიც არის და ლირიკულიც. იგი ლირიკულია, რადგან გამოხატავს ავტორის პირად განწყობილებას; იმავე დროს, ბალადას ეპიკურ გვარსაც აკუთვნებენ, რადგან ბალადა პოეტის განწყობილებას გამოხატავს არა უშუალოდ, არამედ ავტორის ცხოვრებისა და მისწრაფების ნაცვლად გვიხატავს სხვა მოქმედი პირის ცხოვრებას ან აგვიწერს რაიმე საინტერესო შემთხვევას, რაც პოეტის პიროვნების გარეშე ხდება.

ბალადას, უფრო ხშირად, საფუძვლად უდევს რაიმე ზღაპრული გადმოცემა. ამიტომ, მისი შინაარსი, ჩვეულებრივ, ფანტასტიკურია. მაგ. ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა” ბალადის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში:

„ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო

და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ჰყვავისო,

მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ ჭკნება,

ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი

და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია

და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან,

მარტო იგინი გრძნეულნი დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, – თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს,

და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

იმას კი აღარ ამბობენ, აკვანში ვინ ჩააწვინა,

ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ ნატრულობა ჩუმის ნატვრითა ქართველი?”

ამ ლექსის შინაარსი ფანტასტიკურია. ავტორს გამოყენებული აქვს ძველი გადმოცემა ბაზალეთის ტბის შესახებ. ამ ბალადის საშუალებით ავტორი ნათლად გამოსახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას სამშობლო ქვეყნის აყვავებისადმი, მაღალი ეროვნული იდეალის განხორციელებისადმი.

ეს ლექსი გამოხატავს აგრეთვე ავტორის პატრიოტულ იდეალს. იგი იმით განირჩევა ზღაპრისაგან, რომ ზღაპარში შემთხზველს, როგორც ცრუმორწმუნეს, სწამს მისგან მოთხრობილი ფანტასტიკური ამბის მოხდენის შესაძლებლობა, სწამს „სასწაულთმოქმედი” ძალები. ი. ჭავჭავაძე კი შეგნებულად იყენებს გადმოცემას როგორც არა მისი ცრუმორწმუნეობის გამომხატველს, არამედ მხოლოდ როგორც პოეტურ ფორმას.

თანამედროვე ბალადა რეალისტურია.

ფანტასტიკური გამონაგონის ნაცვლად მას ტიპური ან სინამდვილის დამახასიათებელი რაიმე საინტერესო მოვლენის ასახვა ახასიათებს. ასეთი ბალადის ნიმუშია ა. მირცხულავას მიერ მიერ დიდი სამამულო ომის დროს დაწერილი ბალადა „ძმები”:

„ისინი დილით ნახეს ფლატეში,

ერთად ჩაკრული მშობლიურ გრძნობით,

და მოათავსეს ერთ პალატაში

მტერთან ბრძოლაში დაჭრილი ძმები;

ერთად იბრძოდნენ, ერთი მიზნისთვის

ცეცხლის ალში თუ კვამლში გართული,

– სამშობლოსათვის, სამშობლოსათვის –

– მტერს მიჰკიოდნენ ხმალაღმართული!

მაგრამ დაეცნენ მკერდზე მახვილით,

თვალთ ყორნისფერი ნისლი ებურათ,

და „ვაი–ნანას” ამოძახილით

სიკვდილს ებრძოდნენ ვეფხისებურად!

კვლავ წამოდგომა ეწადათ, მაგრამ

ვეღარ დგებოდნენ, ხმალს ვერ წვდებოდნენ,

ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს მაგრად,

ჩოქვით ერთმანეთს ეზიდებოდნენ!

ძლივს მიაწვდინეს მეგობრებს ხმები,

პირაღმა იწვნენ თოვლის ფლატეში,

და სასიკვდილოდ დაჭრილი ძმები

მოთავსებულან ერთ პალატაში!

დილით, როდესაც მზე ოქროს მკერდით

ჭერს გაანათებს, გაამზეურებს,

– ძმა როგორ არის? – კითხულობს ერთი,

– ძმა როგორ არის? – დარდობს მეორე!

ძილში, როდესაც ყუმბარის ფერდი

ციდან მოწყდება, ვით მეტეორი,

– ძმა ცოცხალია?– ბუტბუტებს ერთი,

– ძმა ცოცხალია? – გმინავს მეორე!

სიზმრების ზღვა კი, როგორც ხომალდებს,

ტახტებს არწევს და ღელვა ჰგონიათ

და ასე, სულის ამოხდომამდე,

ძმას აწამებდა ძმის აგონია!

ერთ მრისხანე დღეს, როცა ავდარი

სძრავდა მიდამოს; ცა რისხვით ჰქუხდა,

პალატა სდუმდა, ვით ნასაყდარი,

ძმა ძმის შესახებ აღარა სწუხდა!”

დასავლეთ ევროპის მწერალთა შორის ბალადა დაამუშავეს ულანდმა, შილერმა, გოეთემ („ტყის მეფე”, „მინიონი”), რუსულ ლტერატურაში ბალადებს წერდა პუშკინი („დამხრჩვალი”), ლერმონტოვი („ჰაეროვანი ხომალდი”), ნეკრასოვი, მაიაკოვსკი და სხვ. ქართულ პოეზიაში ბალადები გვხვდება ფოლკლორულ მასალებში. ასეთია „თავფარავნელი ჭაბუკი”, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა” და სხვ. ბალადისებურია ხალხური ლექსი „თამარ მეფე და ხონთქარი”, რომელიც სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა. ქართულ ლირიკაში ბალადის ნიმუშებია: რ. ერისთავის „ალები”, „ქალების აყვანა”, ი. გრიშაშვილის „ზღაპარი ჰამაკში” და ა.შ.

იხ. აგრეთვე: ზღაპარი, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ბარბარიზმები

ლათ. BARBAROS

ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი ან უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსულ სიტყვა, გამოთქმა.

მაგალითად: „შპილკა” (სარჭი), „შკაფი” (კარადა), „ვინტოვკა” (შაშხანა), „პოლი” (იატაკი), „პროსტინა” (ზეწარი) და სხვა. ზემოთმოყვანილი ნიმუშების მსგავსი ბარბარიზმების ხმარება დაუშვებელია, თუ ისინი ავტორს შეგნებულად არ აქვს გარკვეული მიზნით გამოყენებული.

ფართო მნიშვნელობით ბარბარიზმად ითვლება უცხო ენიდან შემოსული ყოველი სიტყვა და გამოთქმა. ზოგი მათგანი მხოლოდ წარმოშობით არის ბარბარიზმი, სავსებით ეგუება ამა თუ იმ ენას და დასაშვებია ლიტერატურული ენისათვის.

ენის გამდიდრებისთვის აუცილებელ ბარბარიზმებს ხალხი ითვისებს და მას თავისებურ (ეროვნულ) ფორმას აძლევს.

ასეთი გათავისებურება ამდიდრებს და აძლიერებს ენას. უცხო ენიდან შემოსული და ეროვნულ ბუნებასთან შეხამებული აუცილებელი სიტყვებით გამდიდრდა ქართული ენა და შეინარჩუნა თავისი გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი.

ბარბარიზმებს ზოგჯერ დაცინვის მიზნითაც იყენებენ. მაგალითად, არსენა ასე მიმართავს ყაზახებს, რომლებიც მისი დაჭერის მიზნით გამგზავრებულან:

„ზრასტი, ზნაკომ, გაგიმარჯოს,

კუდა იდიოშ, საითკენა”– (ხალხური). ი. ჭავჭავაძე ასე ახასიათებინებს პაპას მის ფუქსავატ წინაპრებს:

„...რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?...

НА ПЛЕЧО-ბა გვასწავლეო.

მთავრობას ვეხვეწებოდით”

ბარბარიზმის უკიდურესი ფორმაა:

„უგლავოში საპოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს”.

ამ წინადადების ლექსიკურ შემადგენლობაში არ არის გამოყენებული არცერთი ქართული სიტყვის არც ძირი და არც ფუძე.

ქართულია მხოლოდ ფრაზის შემადგენელი სიტყვების სინტაქსური წყობა, ქართულია აგრეთვე თავსართები, ბოლოსართები, თანდებულის, ბრუნვისა და პირის ნიშნები:

უგლავო – შ – ი

საპოჟნიკ – ი

პოლსაპოშკ – ებ–ს

აპაჩინკ – ებ–ს.

ასეთი ბარბარიზმი უფრო ცარიზმის ბატონობის დროინდელ ქართულს ახასიათებდა და ჩვენს ეპოქაში უკვე გამქრალია, ან ჩქარი ტემპით ქრება.

ბარბარიზმებს მწერლები მიმართავენ აგრეთვე ტიპიზაციის მიზნით.

ბარბარიზმები ტიპიზაციის მიზნით გამოყენებული აქვს დ. შენგელაიას ქვემომოყვანილ ნაწყვეტში:

„მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის ეგერებმა დარიალი გადმოლახეს, ძველ თბილისს ეშხი ნელ– ნელა გაუხუნდა. ყოველივე ძველთან ერთად ამქრის დიდებასაც პატივი თანდათან ეყრებოდა. დროებამ ნირი იცვალა და ქარმაც სხვაგვარმა იწყო ქროლა. ყაბახი მოიშალა, სალაღობოც დადუმდა. ქალაქი სულ რუსეთუმეებითა და თერგდალეულებით აივსო... „მოდნაც” სხვა გაჩნდა და ძველებურ ტანსაცმელს იშვიათად თუ ვინმე ჩაიცვამდა. სახლებსაც ახალ ყაიდაზე აშენებდნენ, ნივთიც „გრანიცისა” შემოდიოდა და ბევრი ხელობა სულ გადავარდა. ოქრომჭედლებს, თერძებს, მექოშეებსა და ძველ ჭონებს მუშტარი ეგრერიგად აღარ ეტანებოდა და მათი ხელობის მაზანდაც ეცემოდა.

ათას რვაას სამოცდახუთ წელს შემოღებულმა ახალმა გადასახადებმა მთლად ააფორიაქეს ისინი. სხვა გზა რომ აღარ იყო, არზა დასწერეს და ქალაქის მოურავს შერმაზანა ვართანოვს , დიდის ფეშქაშებით მიართვეს, მაგრამ არა გამოვიდა რა,– „რუსული ატკაზით” გაისტუმრეს უკან”.

ამ ნაწყვეტის თავისებურება ისაა, რომ მასში ავტორი ბარბარიზმებით თითქოს თვითონ ლაპარაკობს და მის მიერ „მოქცეული” ბარბარიზმები უშუალოდ ახასიათებენ არა თვით ავტორს, არამედ განსაზღვრული ეპოქისა და კლასების მეტყველებას.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ბგერწერა

სიტყვები და გამოთქმები, რომელთა ხმოვანება ემსგავსება გამოსახატავი მოვლენისათვის დამახასიათებელ ხმოვანებას.

მაგ:

გალაკტიონი დამსგავსებული ბგერებით ასე გადმოგვცემს ქარის ქროლვას:

„ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ”.

ხაზგასმული ბგერების წარმოთქმის საშუალებით ჩვენ ვიმეორებთ ქარის ქროლვის დამახასიათებელ ბგერებს და ეს აძლიერებს ლექსიდან მიღებულ შთაბეჭდილებას. მსგავსი ბგერების საშუალებით ავტორი გვიადვილებს წვიმის განცდას ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში:

„...და მერე კი წვიმა, წყნარი წვიმა წელწანწკარა

, წვრილ წვეთებად აწიკწიკდა, წამდაუწუმ, წარამარა” – (ს. ფაშალეიშვილი)

დამსგავსებული ბგერების საშუალებით საუცხოოდაა გადმოცემული დამჭკნარი ფოთლების შრიალი ქარიშხლიანი შემოდგომის დღეს ქვევით მოყვანილ ტაეპებში:

„შემოდგომა იდგა მაშინ, მოშრიალე მაღლა მთაში,

შავი, შავი, საშიშარი, გაიშალა ქარიშხალი” – (ს. ჩიქოვანი)

ბგერის დამსგავსებას მიმართავენ აგრეთვე აზრის მკვეთრად გამოხატვის მიზნით, კეთილხმოვანებისათვის და ა.შ.

ბგერწერის უფრო გავრცელებული ფორმებია: ალიტერაცია, ასონანსი, ანაფორა, ეპიფორა და პირაპირი.

იხ. აგრეთვე: ალიტერაცია, ასონანსი, ანაფორა, ეპიფორა, პირაპირი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ბესიკური

თოთხმეტმარცვლიანი ლექსი.

მაგ:

„გასწი მერანო, შენს ჭენაბას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი”. – (ნ. ბარათაშვილი).

შაირისა და შავთელურის შემდეგ ბესიკური ყველაზე უფრო გავრცელებულია ქართულ პოეზიაში. ბესიკური ტაეპებით უმთავრესად იწერება ქართული სონეტები და ქართული მუხამბაზი.

ბესიკური ტაეპებით არის თარგმნილი შექსპირის ტრაგედიები.

სინონიმი: მუსტაზადი

იხ. აგრეთვე: მუხამბაზი, სონეტი, ტაეპი, ტრაგედია, შაირი, შავთელური

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ბიოგრაფია

ცხოვრების აღწერა („ბიოს” – ბერძნულად ცხოვრება, „გრაფიო” – ვწერ, აღვწერ).

ბიოგრაფია გვიხატავს ამა თუ იმ პიროვნების თავგადასავალს. იგი ეყრდნობა ფაქტიურ მასალებს, გვიხატავს რომელიმე პიროვნების ცხოვრების პირობებს, მის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, მისი ხასიათის განვითარებას, მის საზოგადოებრივ და კერძო საქმიანობას. ბიოგრაფიაში მთავარი ყურადღება ექცევა დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ადამიანთა ცხოვრებისა და თავგადასავლის თანმიმდევრული მოვლენების ერთიმეორესთან მიზეზობრივად დაკავშირებულ აღწერას.

გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების დაკვირვებულ შესწავლას დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს. მათი ცხოვრება მიბაძვის სურვილს იწვევს მკითხველებში. ლიტერატურის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი ცხოვრობს გარკვეულ დროში, საზოგადოებაში, პირობებში და როგორც მთელი მისი ეპოქა, აგრეთვე უკანასკნელთან დაკავშირებული მისი პირადი ცხოვრება, ხსნის მწერლის შემოქმედებას და გამოხატულებას ნახულობს მის მხატვრულ ნაწარმოებში; როგორც ნიმუში, შეგვიძლია დავასახელოთ ი. ჭავჭავაძის მიერ დაწერილი პოეტ იოსებ დავითაშვილის მოკლე ბიოგრაფია.

ამა თუ იმ პიროვნების გავრცელებულ ბიოგრაფიას ზოგჯერ ცხოვრებასაც უწოდებენ. მაგ. ა. წერეთლის თავგადასავალი ვრცლად არის აღწერილი ლადო ასათიანის ნაშრომში, რომელსაც ეწოდება „ცხოვრება აკაკი წერეთლისა”.

ზოგიერთი მწერლის ვრცელ ბიოგრაფიას ხშირად თავგადასავალსაც უწოდებენ. მაგ. ა. ბელიაშვილის „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა”. თუმცა ზემოაღნიშნული მხატვრული ნაწარმოებია და ავტორისაგან მოპოვებული ბიოგრაფიული მასალები უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით, მაგრამ მაინც წარმოადგენს ბესიკის ვრცელ ბიოგრაფიას.

იხ. აგრეთვე: მოთხრობითი თხზულება, ნეკროლოგი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ბოლორითმები

ტაეპების დაბოლოებათა შემთანხმებელი რითმები.

მაგ:

„ორმოში ფეტვი ჩავყარე შესანახადაო,

ორმოში წყალი ჩასულა, დასალპობადაო,

ორმოდან ამოვყარე გასაშრობადაო,

ჩიტი ღობეზე შემოჯდა ასაკენკადაო”–(ხალხური)

„მეგობრებო, წინ-წინ გასწით,

ნუ შედრკება თქვენი გული,

დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს

და შუბლს ოფლის ნაკადული”– (ი. ევდოშვილი).

იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - გ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - გ

გავრცობილი ანტითეზისი

ანტითეზისი, რომელშიც დაპირისპირებულია არა ორი, არამედ რამდენიმე საწინააღმდეგო ცნება და სახე.

„ან შენ როგორ ძლებ უწუთისოფლოდ,

მერე, იცი კი, რარიგ ტკბილია,

აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე!

აქ ჭირია და იქ კი ლხინია”(ილია).

გავრცობილი ანტითეზისის ნიმუშია აგრეთვე ქვევით მოყვანილი მაგალითი:

„დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისი დაღლილი ზრუნვისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს გარშემო, ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ !... არა! წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვით, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი–ვაგლახით! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვის, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურებაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თავისი ვერ უპოვია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდლამდის ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი, მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენ კალთის ქვეშა, ვინ იცის რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის ამ ბნელი ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა ჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა და უბედურებას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე. შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა, სადაც ისმის სადღეგრძელო სიბნელისა, ჰოი, ბოროტო ღამევ, წარვედ ჩემგან; დღეო ნათელო, მოვედ შენ!...”

იხ. აგრეთვე: ანტითეზისი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 197

გამეორება

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიც ერთი და იგივე სიტყვა ან გამოთქმა მეორდება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით.

ამ ხერხით მკითხველის ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება იმ ცნებაზე, რასაც გამეორებული სიტყვა ან წინადადება გამოხატავს.

გამეორების ნიმუშები:

„არ გავცვლი სალსა კლდეებსა,

უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს

სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” (რ. ერისთავი)

„გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა” (გ. ტაბიძე)

„როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?” (ი. ჭავჭავაძე)

ქვევით მოყვანილ მაგალითში გამეორება ორ დანიშნულებას ემსახურება: იგი აზრსაც აძლიერებს და ლექსის ცალკეულ ეპიზოდებსაც აკავშირებს:

„კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

ყელმოღერებულ იასა,

სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,

იმის სიტურფეს ღვთიანსა,

ამწვანებულსა მთა–ბარსა,

დამწყაზრულს, ყვავილიანსა,

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,

თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,

ანოყივრებდეს მიწასა,

მდინარეები ხვიოდეს,

აღარვინ იტანჯებოდეს

და აღარცვისა შიოდეს:

სიმართლის გამარჯვებასა

მთაზე არწივი ყიოდეს,

მეც მას ბანს ვეუბნეოდე,

გული აღარა მტკიოდეს!

კიდევაც ვნახავ, – უხვადა

ვარდნი, იანი, ყვაოდნენ,

ნაცარ–მტვრად იყვნენ ქცეულნი,

ვინაც გუშინა ზღვაობდნენ:

შხამის და გესლის მთესველნი

მოისპნენ, არარაობდნენ,

ჩვენი სიკვდილის მსურველნი

ყორნები ვეღარ ჩხაოდნენ!” (ვაჟა–ფშაველა)

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, პოეტური სინტაქსი, ტავტოლოგია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

გაპიროვნება

ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც ცოცხალი, გრძნობიერი, გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების გადატანის საშუალებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ: „მუხა იგრძნობს ალიონს, „სიზმარმა ფრთები შეისხა”, „არაგვი მორბის”, „დღემ დაიხურა პირბადე” – ეს მეტაფორის ნიმუშებია, რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს გაპიროვნებაა, რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა გადატანილი.

არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე გადატანილია ადამიანის, ან სულიერი საგნის რამდენიმე თვისება:

„ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს. უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ. ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” (ვაჟა–ფშაველა)

ან კიდევ:

„ყვავილნი ყელგადაგდებით,

დახატულები კალმითა,

მინდიას გაუმარჯოსო,

ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა,

ხეები ფოთლებს არხევენ,

ბუნება იწყებს ბიბინსა,

და მერე სათითაოდა

ყველა მოჰყვება ტიტინსა:

„მე ვარო ამის წამალი”,

სხვა გაიძახის – „იმისა” (ვაჟა–ფშაველა)

ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები. მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ მთლიანობაში ეს ეპიზოდი არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი მთელი რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსება.

ზოგჯერ გაპიროვნებულია განყენებული მოვლენა: სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება და სხვ. განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია:

1. სასოებამ ფრთა გაშალა,

გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი)

2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,

ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,

ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,

გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” (ალ. ჭავჭავაძე)

„საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს! როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა, ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (ჭ. ლომთათიძე).

ნოდარ დუმბაძე ნოველაში „ძაღლი” ბაბუის და შვილიშვილის (სპირიდონის და გოგიტას) ძაღლთან დამოკიდებულებით ამ პერსონაჟების უმაღლეს გულკეთილობას ასახიერებს. ძაღლიც გრძნობს მათ მზრუნველობას, მინდობილია მათზე და არა მარტო გრძნობს, ადამიანივით ფიქრობს, აზროვნებს და ამ ხერხით პირუტყვის გაპიროვნების ხარისხი უმაღლეს წერტილს აღწევს.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მეტაფორა, ნოველა, ტროპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

გაჩუმება

ფიგურა, რომელშიც სათქმელი დამთავრებული არ არის.

შეწყვეტას ის მოვლენა იწვევს, რომ მღელვარების დროს ჩვენ შედარებით სწრაფად ვაზროვნებთ და, სიჩქარის გამო, ვერ ვასწრებთ ფრაზებისა და წინადადებების დამთავრებას. მთელი წინადადების ნაცვლად ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ისეთ სიტყვებს, ან ვწყვეტთ წინადადებას ისეთი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, რომელსაც აზრის გამოსათქმელად მთავარი მნიშვნელობა აქვს.

ნიმუშები:

1. „წადი ჩემგან შენდობილი,

მაგრამ შორს კი ... და მშვიდობით” (აკაკი):

2.„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს რაღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზე ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა და თერგდალეულები არიან. მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორედაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ, იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან“ (ილია):

3.„– სად ცხოვრობს მამიდათქვენი?!– შეეკითხა დაინტერესებული პლატონი.

– ქვედურეთში. – ქვედურეთში?!– გაკვირვებით განიმეორა პლატონმა.

– ჰო... რამ გაგაკვირვათ? ა?

„იმე... ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე...

– ვინ გითხრა?– გააწყვეტინა სიტყვა არისტომ– ვინ?

– არა.. ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თვარა“... (დ. კლდიაშვილი).

სინონიმი: შეწყვეტა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

გმირული სახე

ადამიანის ისეთი ტიპი, რომელიც თავგანწირულად იბრძვის უდიდეს დაბრკოლებათა წინააღმდეგ მაღალი საზოგადოებრივი იდეალის განსახორციელებლად.

ასეთი სახეა ცოტნე დადიანი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბაში–აჩუკი, ლუხუმი, ტარიელ გოლუა, მთისკაცი და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, ტიპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

გრადაცია

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც გამოყენებულია გამოსახატავი ცნების მნიშვნელობის გამაძლიერებელი სიტყვები.

ძველი საბერძნეთის განთქმული ორატორი დემოსთენე თავის სიტყვაში „გვირგვინის შესახებ” ასეთ გრადაციას მიმართავს: „ეს მე თქვენთვის ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ მითქვამს”.

გრადაციის ნიმუშებია:

„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი” (ნ. ბარათაშვილი).

„თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,

შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის, წმინდა საფარი,

შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,

შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა (ი. ჭავჭავაძე).

სინონიმი: გაძლიერება

იხ. აგრეთვე: პოეტური სინტაქსი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

4 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - დ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - დ

დაბალი შაირი

რიტმულად ნელი ტემპის მქონე ტერფებისაგან შედგენილი შაირი.

დაბალი შაირი ექვსტერფიანია.

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი.” – (შოთა).

|2| |3| |3| |2| |3| |3|

იხ. აგრეთვე: რიტმი, ტერფი, შაირი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

დაქტილური რითმა

რითმა, რომლითაც სამი მარცვალია შეთანხმებული.

მაგ:

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი." – (შოთა).

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

დახასიათება

ადამიანის, საგნის ან რაიმე მოვლენის განმასხვავებელი თვისებების ჩამოთვლა.

დახასიათება შეიძლება იყოს მხატვრული და არამხატვრული.

მხატვრულ დახასიათებას თვითონ მწერალი გვაძლევს. მხატვრულია ი. ჭავჭავაძის მიერ ლუარსაბისა და მისი კარ–მიდამოს მხატვრული დახასიათება. მხატვრულ დახასიათებაში მწერალი სარგებლობს მხატვრული გამონაგონით და მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით უხვად იყენებს მეტყველების პოეტურ ფორმას – ტროპებს, ფიგურებს, არ ერიდება გაზვიადებას და სხვ. არამხატვრულ დახასიათებაში ჩვენ ვითვალისწინებთ, უმთავრესად, მეცნიერულ და საქმიან დახასიათებას. მწერლის მიერ მოქმედი პირის დახასიათება (პირდაპირი ან არაპირდაპირი – მისი სულიერი ცხოვრების, მოქმედების, გარემოს, სხვებთან ურთიერთობის და სხვა საშუალებით) მხატვრულია, მაგრამ, როდესაც ჩვენ თვითონ ვახასიათებთ მწერლის პერსონაჟს ამავე მონაცემების საფუძველზე, მეცნიერულია.

ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებით ხშირად საჭირო ხდება მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათება. ასეთ შემთხვევაში მხატვრულ ნაწარმოებში, მოცემული მასალების მიხედვით, ჩვენ დახასიათების საშუალებით ვაცნობთ მკითხველს მოქმედი პირის გარეგნობას (პორტრეტს) და მის მთავარ ფსიქიკურ (სულიერ) თვისებებს. როდესაც ვახასიათებთ არსენა ოძელაშვილს ხალხური „არსენას ლექსის” მიხედვით, ჩვენ დასაწყისში განვმარტავთ მის ვინაობას (როდის ცხოვრობდა ან რით იყო ცნობილი) და ყურადღებას ვამახვილებთ მის სულიერ თვისებებზე. ხალხური არსენას მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო მამაცი, ხალხის მოყვარე, გამჭრიახი, უხვი, სულგრძელი და სხვ. ყველა ეს თვისება დასაბუთებული უნდა იქნეს თვით მხატვრული ნაწარმოებიდან მოყვანილი შესაფერი ადგილების საშუალებით. ამ შემთხვევაში დახასიათება ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა.

საქმიანი დახასიათება ზუსტი მნიშვნელობით გულისხმობს ამა თუ იმ მოქალაქის დახასიათებას მისი პირადი საქმის შესავსებად, ან რაიმე ორგანიზაციაში წარსადგენად გარკვეული მიზნით.

პოეტ ი. დავითაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ი. ჭავჭავაძე მას ასე ახასიათებს:

„საკვირველი თავმდაბალი; უწყინარი, უბოროტო კაცი იყო განსვენებული. იმისაგან წყენა, ავი სიტყვა, ავი საქმე არავის ახსოვს. დიდი მოყვარული იყო თავის ქვეყნისა, ქართული ლიტერატურისა და სიტყვიერებისა რაც კი რამ დაწერილა და დაბეჭდილა ამ უკანასკნელს ათს–თხუთმეტს წელიწადში, ყველა გულმოდგინეობით ჰქონდა გადაკითხული ბევრი არა უწერია–რა, მაგრამ რაც კი დაწერა, იმათში ისეთი მარგალიტები ამოირჩევა, რომ კაცს დაატკბობს აზრითაც და სიტყვიერებითაც. აქეთ–იქით ბევრს დადიოდა განსვენებული, მონასტრებსა და ძველს ნაშთებსა სინჯავდა. საცა–კი რაიმე შესამჩნევს ან ჩუქურთმას, ან წარწერილს ნახავდა, გადმოიღებდა ხოლმე. არა ერთი და ორი კორესპოდენციაც მოუწერია გაგონილისა და თვალით ნახულის თაობაზედ. მეტად საყვარელი, ტკბილი, ჩუმი კაცი იყო. ქალაქის ხელოსნებს და სხვაგანა, საცა იცნობდნენ, ყველას უყვარდა და ყველა პატივსა სცემდა.”

იხ. აგრეთვე: არაპირდაპირი დახასიათება, მოთხრობითი თხზულება, პორტრეტი, ტროპი, ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

დიალოგი

მოქმედი პირების ერთმანეთთან საუბარი.

აი, როგორ გადმოგვცემს დიალოგის სახით გაბრიელისა და გლახუკას საუბარს ი. ჭავჭავაძე:

„– შენი სახელი, ძმობილო?– მკითხა მან.

–გაბრიელ. შენი?– ეხლა მე ვკითხე.

– გლახუკა.

– სადაური ხარ?

– რაჭველი. შენ

მეც ვუთხარი, სადაურიცა ვარ”.

დიალოგის საშუალებით გადმოცემული აზრი უფრო ცოცხალი, მრავალშინაარსიანი და მიმზიდველია.

დიალოგის საშუალებით მწერალს შეუძლია როგორც მოვლენის დახასიათება, ისე ყოველგვარი აზრის გამოხატვა.

იხ. აგრეთვე: არქაიზმი, დრამა, მონოლოგი, რეპლიკა, ტერიტორიული დიალექტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

დისონანსი

უკიდურესად არაზუსტი რითმა

მაგ:

კავები – გეკავა;

ბეჯითი – ნაბიჯით და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

დრამა

ლიტერატურის ისეთი გვარი, რომელშიც გამოსახვის მთავარ საშუალებად ადამიანთა მოქმედების უშუალოდ ჩვენებაა გამოყენებული.

ეპოსში, მაგალითად, „კაკო ყაჩაღში” ავტორი პირადად მოგვითხრობს კაკოს მოქმედების შესახებ:

„წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,

თოფი მოზიდა და შეაყენა

და რა იხილა მხედარი ველზე,

შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა?”

სცენისათვის გადაკეთებულ „კაკო ყაჩაღში” კი, როგორც დრამატულ ნაწარმოებში, მაყურებელი ვერ მოისმენს ავტორის მონათხრობს კაკოს მოქმედების შესახებ. მსგავსი მოთხრობები ადამიანთა მოქმედების შესახებ დრამატულ ნაწარმოებში იცვლება მაყურებლისათვის თვით მოქმედების უშუალოდ ჩვენებით და აგრეთვე რემარკებით, ანუ მსახიობებზე მითითებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ. კაკოს მოქმედების შესახებ მოთხრობის ნაცვლად პიესაში ჩვენ ვხედავთ უშუალოდ კაკოს(მსახიობს), რომელიც ჩვენს თვალწინ მოქმედებს: წამოხტება, მხედარს დაინახავს, თოფს მოიმარჯვებს, შეაყენებს და სხვ. კაკოს ლაპარაკიც, მისი ზაქროსადმი შეძახება(„ვინა ხარ შენა?”) მოქმედებაა. მაგრამ ეპოსში უშუალოდ მოქმედების მხოლოდ ეს ფორმაა ნაჩვენები და ისიც არა დამსგავსების იმ ხარისხით, როგორც ამას მსახიობი ახორციელებს.

დრამატული ნაწარმოები სცენაზე შესასრულებლად იწერება და მისი დადგმის მეშვეობით მაყურებელი უშუალოდ ხედავს პიესის პერსონაჟების სხვადასხვა მოქმედებას და მდგომარეობას. დრამატულ ნაწარმოებში ჩვენ უშუალოდ ვეცნობით ადამიანთა ყოფაქცევას, ურთიერთობას, განწყობილებასა და ხასიათებს. მირთა უშგუალო საუბარს თხრობით ნაწარმოებში თან ახლავს ავტორის განმარტებანი, გმირთა სამოქმედო ადგილის აღწერანი და სხვ. დრამატულ ნაწარმოებში კი ასეთ განმარტებას ავტორი უშუალოდ არ იძლევა, გმირთა მოქმედების ადგილი კი პირდაპირ არის ნაჩვენები სცენის სახით.

გ. ერისთავს თავის გმირთა ცხოვრების სცენაზე ჩვენების საშუალებით ჩვენ თითქოს შევყავართ მიკირტუმ გასპარიჩებისა და თავად დიდებულიძეების ბინებში, უშუალოდ გვაყურებინებს მათ მოქმედებას, კი არ მოგვითხრობს, არამედ უშუალოდ გვაცნობს მოქმედ პირთა მისწრაფებებს, მათ ურთიერთობას, ყოფაქცევას და სხვ. ჩვენ უშუალოდ გვესმის მიკირტუმ გასპარიჩის, ანდუყაფარის, ივანეს, პავლეს და მაკრინეს ენა, – ვხედავთ მათ მოქმედებას. იმის შესახებ, თუ რა გაუკეთებიათ მოქმედ პირებს ადრე, ან მომავალში რა სურთ გააკეთონ.

დრამატული ნაწარმოების გმირები მკითხველის თვალწინ მოქმედებენ, იბრძვიან, იმარჯვებენ, მარცხდებიან, ხარობენ, იტანჯებიან და სხვ. ეპოსისა და ლირიკისაგან დრამატული ნაწარმოების ძირითადი განმასხვავებელი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ დრამატურგი კი არ მოგვითხრობს საკუთარ განცდათა ან გმირების ცხოვრების შესახებ, არამედ ითვალისწინებს მოქმედ პირთა განწყობილებასა და მოქმედების პირდაპირ ჩვენებას სცენის საშუალებით.

ზემოაღნიშნული თვისებების გამო დრამატული ნაწარმოები ისე იწერება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი სცენაზე დადგმა, მისი წარმოდგენა. პიესის წარმოდგენა გულისხმობს დეკორაციას, სცენის შესაფერად მოწყობას და მსახიობების თამაშს. მსახიობების თამაში შედგება მათი ლაპარაკისა და მოძრაობისაგან. მსახიობის ლაპარაკი შეიძლება იყოს მონოლოგური და დიალოგური.

იხ. აგრეთვე: დიალოგი, დრამატული სახე, ეპოსი, კომედია, ლირიკა, მიმიკა, რემარკები, ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

დრამატული სახე

ისეთი სახე, რომელიც გვეხატება უმთავრესად ჩვენების საშუალებით

იხ. აგრეთვე: დრამა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

დღიური

ყოველდღიური ჩანაწერი ავტორის პირად ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი საინტერესო მოვლენების შესახებ.

სათაურის ნაცვლად დღიურში დასახელებულია დღეები (რიცხვები და ზოგჯერ საათებიც კი) და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გადმოცემულია დასახელებულ დროში მომხდარი საინტერესო მოვლენები, ფაქტები, ან ავტორის პირადი შთაბეჭდილებანი, განცდები, აზრები და სხვ.

რამდენადაც დღიურში ჭარბობს პოეტური საშუალებანი, იგი ხშირად გამოსახვის მხატვრულ ფორმადაც გვევლინება.

მაგ. დღიურის ფორმითაა დაწერილი ჭოლა ლომთათიძის „პირველი მაისი” და „სახრჩობელას წინაშე”.

იხ. აგრეთვე: ავტობიოგრაფია, ახალი პოემა, მოთხრობითი თხზულება

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

5 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ე

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ე

ევფემიზმი

ისეთი ტროპი, რომელშიც ზოგიერთი მოვლენა პირდაპირი დასახელების ნაცვლად შერბილებულად არის გამოსახული.

ევფემიზმი ვულგარიზმის საწინააღმდეგო ცნებაა.

ჩვეულებრივ ვამბობთ – „დაჯექი”. ამავე აზრის ვულგარული შესატყვისი იქნება – „დაეგდე”, ევფემიზმი კი იქნება – „დაბრძანდით”;

ჩვეულებრივ ვამბობთ – „ჭამე”, ვულგარულად „ხეთქე” და ევფემიზმი იქნება – „მიირთვი”.

იხ. აგრეთვე: ვულგარიზმი, ტროპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ელეგია

სევდის გამომხატველი ლირიკული ლექსი.

ტერმინი „ელეგოს” ბერძნულად ნიშნავს მწუხარე, ანუ სამგლოვიარო სიმღერას. ეს სიტყვა ბერძნებმა მცირე აზიაში მცხოვრები ხალხებისაგან შეითვისეს. ეს უკანასკნელნი ელეგიას ფლეიტაზე დასამღერებლად სამგლოვიარო ლექსს უწოდებდნენ. (ელეგია პირდაპირი მნიშვნელობით სალამური იყო).

საბერძნეთის ძველი პატრიოტი მწერალი სიმონიდე ქიოსელი თავის ელეგიებში დასტიროდა მარათონის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. იგი გამოსთქვამდა სევდას ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების გამო. ელეგიას, სანამ ის წმინდა ლირიკულ სახედ იქცეოდა, ჯერ ეპიკური, შემდეგ ლირიკულ–ეპიკური ხასიათი ჰქონდა: იგი სრულდებოდა მოთქმა–სიმღერით გუნდის მიერ და მოთქმის დროს ერთ–ერთი მთხრობელი ჩამოთვლიდა საინტერესო ეპიზოდებს გარდაცვალებულის ცხოვრებიდან (შეიძლება აქედან წარმოდგება ქართულ ენაში „მოთქმა”).

ლირიკის ეს სახე წარსულში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული. მის გავრცელებას ხელს უწყობდა მრავალი მიზეზი, როგორც, მაგალითად, ეროვნული და კლასობრივი ჩაგვრა, მომავლისადმი უიმედობა, პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნება, რომელიმე ძვირფასი მახლობლის დაღუპვა, სატრფოს ღალატი და სხვ.

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში ელეგიის ნიმუშებია : ნ. ბარათაშვილის – „სულო ბოროტო”, „ვპოვე ტაძარი”, გრ. ორბელიანის – „ჩემს დას ეფემიას”, ი. ჭავჭავაძის – „ელეგია”, „გახსოვს ტურფავ”, „მას აქეთ რაკი...”, ა. წერეთლის – „თავო ჩემო”, „აღმართ–აღმართ”, „ ვედრება” და სხვ.

იმისდა მიხედვით თუ რა მოვლენას ასახავს ან რა შინაარსს გამოხატავს, – გვხვდება ელეგიის შემდეგი ფორმები:

პატრიოტული(ი. ჭავჭავაძის „ელეგია”), სატრფიალო(„გახსოვს, ტურფავ”), ფილოსოფიური(„ფიქრნი მტკვრის პირას”), პესიმისტური (ნ. ბარათაშვილის „სულო ბოროტო”, ა. წერეთლის „ვედრება”, „ახალი წელი”), საგმირო და სხვ.

საბჭოთა პერიოდის ქართულ ლტერატურაში უმთავრესად საგმირო ელეგიის ნიმუშები გვხვდება. ასეთია, მაგალითად, ს. ჩიქოვანის ლექსი, მიძღვნილი 1942 წელს კავკასიის დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპულ ვლ. კანკავასადმი:

„ყამირი, სისხლით ნაკვები, ნაღმების ქროლვამ მონისლა,

მტრის საზიზღარი ტანკები მოვარდნენ, ჯახი მოისმა,

არ შედრკი, შეხვდი გარეწართ, სიკვდილთან ჯიქურ მიხვედი,

ორი ურჩხული დალეწე, მოძმეს აუნთე იმედი.

რა გული გქონდა, რა ცეცხლი, ფიქრი მტკიცე და ნათელი

ყაბარდოს ველზე დაეცი, თავდადებული ქართველი!

მოძმეთა მიწას აკოცე, თითქო უთხარი მადლობა,

მტარვალი ბევრი დახოცე, ისევ გინდოდა ადგომა.

ყაბარდოს ველზე იწექი, კაცი ცეცხლი და მამაცი!

რას გიამბობდა მდინარე მშობლიურ მთიდან მქუხარი!

მკვდარი იყავ თუ მძინარე, ბედნიერი თუ მწუხარი!

თითქო სიმშვიდით გეძინა, მტერს ჩაუქციე ნაღველი

და როგორც დროშა გეფინა მკერდზე ვაჟკაცის სახელი.„

ხშირად ელეგიის ერთი და იგივე ნიმუში, მაგალითად, აკაკის „აღმართ–აღმართ” , ერთსა და იმავე დროს პატრიოტული ელეგიაცაა, საზოგადოებრივ–პოლიტიკურიც და პესიმისტურიც

იხ. აგრეთვე: ეპიკური სახე, ეპიგრამა, ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ელიპსისი

აზრის მოკლედ გამოთქმა სიტყვების გამოტოვების საშუალებით.

„ელიპსისი” ბერძნულად გამოტოვებას ნიშნავს.

„ცხენი – აღმართში”(ხალხური). ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოდგება“. მის ნაცვლად ხაზია გასმული (-).

ნიმუშები:

„თოფი – მეთოფეს, მეთოფე – სოფელს” (ხალხური) .

ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოადგება”. უნდა ყოფილიყო: თოფი გამოადგება მეთოფეს, მეთოფე გამოადგება სოფელს.

„კაცს ერთი ხარი ჰყავდა – წიქარა” (ქართული ხალხური ზღაპარი)

გამოტოვებულია: სახელად ერქვა.

ელიპსისი იმით განსხვავდება შეწყვეტისაგან, რომ მისი მეშვეობით გამოტოვებული აზრის მიხვედრა უფრო ადვილია.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ეპიგრამა

მოკლე სატირულ ლექსი, რომელიც მიმართულია რომელიმე პიროვნების, საზოგადოებრივი წრის, ჯგუფის ან დაწესებულების წინააღმდეგ.

ეპიგრამა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „დაწერილი” („ეპი” – ზევიდან და „გრამა” – ნაწერი).

ძველ საბერძნეთში ჩვეულებად ჰქონდათ, შეეწირათ ღმერთებისათვის ნივთი პირად ან საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი რომელიმე საინტერესო მოვლენის აღსანიშნავად (მტერზე გამარჯვების, ბავშვის დაბადების დასხვა მსგავს მოვლენასთან დაკავშირებით).

ამ ნივთებზე ისინი აღწერდნენ შემწირველის ვინაობას და მოკლედ აღნიშნავდნენ შეწირვის გამომწვევ მიზეზს. ზოგჯერ ღმერთებს სწირავდნენ ღვთაების ქანდაკებებს და მასაც წარწერას უკეთებდნენ. პირველ ხანებში წარწერას არ ჰქონდა პოეტური ხასიათი. შემდეგ კი დაიწყეს წარწერის მოკლე ლექსის სახით ამოკვეთა ან მოჭედვა და იგი მხატვრული ლიტერატურის ნიმუშად გადაიქცა.

ძველ ბერძნულ ეპიგრამას ფართო მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ სიტყვით აღინიშნებოდა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ლირიკული ლექსი (სატრფიალო, სალხინო, ელეგიური, სატირული, სახოტბო და სხვა).

შესანიშნავი მოქანდაკის ფიდიასის მიერ შექმნილ ზევსის ქანდაკებას ასეთი წარწერა ჰქონდა:

„ან ღმერთი ციდან ჩამოვიდა, რომ მისი სახე ეჩვენებინა შენთვის, ფიდიას,

ან შენ თვით აფრენილხარ ზეცას ღმერთის სახილველად”.

ამ ეპიგრამაში აღნიშნული იყო ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკების მსგავსება ზევსისადმი. იგი წარმოადგენს ხოტბას, რომელიც ფიდიასს მიუძღვნეს ხელოვნების დიადი ძეგლით კმაყოფილმა ბერძნებმა.

შემდეგ ხანებში ეპიგრამის შინაარსი შეიკვეცა და იგი მოკლე, დამცინავ ლირიკულ ნაწარმოებად გადაიქცა. ასეთი მნიშვნელობა პირველად ეპიგრამას ძველმა რომაელმა მწერლებმა მიაკუთვნეს (მაგალითად: ლუკრეციუსმა).

XIX საუკუნის ქართველი მწერლებიდა ეპიგრამებს წერდნენ ა. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ვაჟა–ფშაველა და სხვა პოეტები. აი, რამდენიმე ნიმუში ი. ჭავჭავაძის ეპიგრამებიდან:

რევაზ ანდრონიკაშვილისადმი

„ულვაშ–სრული მელოტია, უთაური თავიანი,

ხელთ–მლოკი ქონდრის კაცია, დიდ–გულა და ბოხ–ხმიანი,

თუმცა ტანად პატარაა, სხვაფრივ კი კარგა დიდია,

ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზეც ჰკიდია.”

გ. კ. მუხრანბატონს

„კოხტაა და ღობემძვრალა, პატარა და ჩამომხმარი,

ცხვირ–ნისკარტა, ნიკაპ–წვეტი, უჟმური, განს გამდგარი,

ჭკვით და გულით მოცვეთილა, ქვეყანაზედ უქმად გდია,

თვით მაღლა ზის, – ქვეყნის საქმე მასაც ფეხებზედ ჰკიდია”.

ევროპის და რუსეთის ახალ ლიტერატურაში ეპიგრამებს წერდნენ გოეთე, პუშკინი (ცნობილია პუშკინის მკვეთრი ეპიგრამების სერია იმპერატორ ალექსანდრე I-ზე, რეაქციონერ არაკჩეევისა, არქიმანდრიტ ფოტისა, ბულგარინისა და სხვათა წინააღმდეგ) და სხვ.

იხ. აგრეთვე: ელეგია, ლირიკა, სატირა, სატირული ლირიკა, პამფლეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ეპიგრაფი

ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებულ ციტატა, ფრაზა რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას .

ეპიგრაფად გვევლინება მოთხრობის, პოემის, ან საერთოდ მხატვრული ნაწარმოების სათაურის ქვეშ, ან რომელიმე თავის დასაწყისში წამძღვარებული მინაწერი. ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობს” სათაურის ქვეშ ამბის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ასეთი ეპიგრაფი, ანუ მინაწერი:

„რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა”.

ეპიგრაფად უფრო ხშირად გამოყენებულია ხალხური ანდაზები, ნაწყვეტები ლექსიდან, მხატვრული პროზიდან, აფორიზმები და სხვ.

ი. ჭავჭავაძის პოემას „აჩრდილი” სათაურის ქვეშ ტექსტის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ტაეპები „ვეფხისტყაოსნიდან”:

„რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს, დაამჭკნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

ეს ეპიგრაფი დიდ დახმარებას გვიწევს „აჩრდილის” ძირითადი თემისა და იდეის გამოვლენის საქმეში.

მისი თემატიკა რთულია, მდიდარია, მრავალსახოვანია, მაგრამ პოემაში სამი საკითხი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. დასახელებულთაგან კი ერთი გამორჩეულად ყურადსაღებია. იგი ავლენს მთავარ თემას და მასში ჩაქსოვილ პოემის მთავარ იდეას. ეს არის არა საქართველოს აწმყო, არა მისი წარსული, არამედ როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან გამომდინარე საქართველოს მომავალი.

„საკვირველი არ არის, რომ მის (საქართველოს) წარსული, მისი აწმყო და მერმისი კვლევის და გამოძიების საგანი შეიქმნეს”, – წერდა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ მეცნიერული შესწავლისა და მხატვრული ასახვის მთავარი ობიექტი რომ საქართველოს მომავალია, ეს ფაქტი ილია ჭავჭავაძეს ბევრ თავის ლექსში აქვს გამოვლენილი:

„მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”.

მეორე ლექსში „ჩემო კარგო ქვეყანავ” პოეტი თავის ქვეყანას და მკითხველს ამხნევებს:

„აწმყო თუ არა გვწყალობს,

მომავალი ჩვენია”.

იგივე იდეა გამოვლენილია ილიას „აჩრდილში” და ძირითად თემად საქართველოს მომავალია. სწორედ ამ მომავალზეა გადატანილი ყურადღება პოემის ეპიგრაფად გამოყენებულ ტექსტში. ეს კი გვიადვილებს პოემის თემისა და იდეის დაზუსტებას. „გლახის ნაამბობი” კი გვეხმარება გამოვავლინოთ მოთხრობის იდეა.

იხ. აგრეთვე: თემა, თემატიკა, პოემა, ტაეპი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ეპიზოდი

მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, აღწერილია მომხდარი ამბის ცალკეული შემთხვევა.

მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ ნაწილებად და თითოეულ მათგანში განვითარებულია მთავარ იდეაზე დამოკიდებული ქვეთემები.

„პალიასტომის ტბის” ქვეთემებია:

1. ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა გურული გლეხისათვის და პალიასტომის ტბა;

2. დავა ტყის შესახებ;

3. ფოთისაკენ ტივის დაცურება;

4. ივანეს და ნიკოს დაღუპვა;

თითოეული ზემოაღნიშნული ქვეთემათაგანი მოთხრობის თემატიკის აუცილებელი ელემენტია, რადგან მათი საშუალებით ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის მიზეზი, გარემო და პირობა, რაც იწვევს მამა–შვილის დაღუპვას.

მხატვრული ნაწარმოების გეგმა წარმოადგენს ქვეთემების დაწყობა– დალაგებას შესაფერისი თანმიმდევრობით. ზოგი ავტორი თვითონვე უკეთებს ქვესათაურებს თავის ნაწარმოებს და ზოგჯერ თვითონვე ჩამოთვლის ნაწარმოების ქვეთემებს სარჩევის სახით. მაგ. „ვეფხისტყაოსანი” 64 ნაწილად არის დაყოფილი.

„ბედი ქართლისა” ორი კარისაგან, ე.ი. ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება. მასში ორი მთავარი ეპიზოდია. პირველი გადმოგვცემს კრწანისის ბრძოლას, მეორე კი პოლიტიკური ორიენტაციის ძიებას მტრის შემოსევის შედეგად შექმნილ მდგომარეობაში.

ვაჟა–ფშაველას პოემა „ბახტრიონი” შემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება:

პირველ თავში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათს. მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ხატობის დღეს სანათა მარტო მისულა სალოცავთან, რათა აღასრულოს მამაკაცური მოვალეობა–ხატს შესწიროს საკლავი, რადგან მტრის შემოსევის მიზეზით მთელ სოფელში არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩენილა.

ამას მოსდევს ეპიზოდი, რომელშიც კვირია ატყობინებს სანათას, რომ იგი თუშებმა გამოგზავნეს ლაშქრის მოსაგროვებლად მტრის განდევნის მიზნით. შემდეგ ეპიზოდში აღწერილია ფშავ– ხევსურთა ერთობლივი ლაშქრობის სურათი. ლაშქარი ლაშარის ჯვრისაკენ მიემართება დასალოცად და რჩევის საკითხავად.

ლაშარის ჯვარი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ამხედრებულებს და თვითვე ჰპირდება წინამძღოლობას. ამის შემდეგ აღწერილია ლაშქრის ღრეობა, კვირიას სიზმარი ვეშაპის დამარცხებისა და მასთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ.

მას მოსდევს ლელას გამოჩენა ბანაკში და ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი. ლაშქრის უარი ლელას თან წაყვანაზე და კვირიასა და ლელას შეთანხმება მტრის ბანაკში შეპარვასა და თავისიანებისათვის ციხის კარის გაღების შესახებ.

მომდევნო ეპიზოდში საომრად მიმავალ ლაშქარს ეჩვენება, რომ თითქოს წინ მიუძღვის ლაშარის ჯვარი. შემდეგ ეპიზოდებში აღწერილია ფშავ–ხევსურთა ლაშქრის შეერთება თუშების ლაშქართან, ბახტრიონის აღება და ლაშქრობის გმირების ბედი.

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, გამეორება, გაპიროვნება, ეპილოგი, პოემა, ისტორიული რომანი, კვანძი, კლასიციზმი, კომპონენტი, კულმინაცია, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, მოტივი, მხატვრული ნარკვევი, მხატვრული სტილი, ნოველა, ტერიტორიული დიალექტი, ტრაგედია, ქვეთემა, ჩართული ეპიზოდი, ძირითადი ამბავი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ეპითეტი

მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს მის დამახასიათებელ თვისებას.

იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად, ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ მხატვრული და ლოგიკური განსაზღვრება.

წინადადებაში „სკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი სკოლა დავამთავრე, ხოლო წინადადებაში „საშუალო სკოლა დავამთავრე”, უკვე განსაზღვრულია, დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი. ამ მაგალითში სიტყვა „საშუალო” ლოგიკური (აზრობრივი) განსაზღვრებაა. გამოთქმებში „ნაზი ია”, „მოციმციმე ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” – ხაზგასმული სიტყვები მსაზღვრელები არიან, მაგრამ პირველი განსაზღვრება („საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი) განსაზღვრებაა. მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური. ისი გამოყენება არ არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია, ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა), ყორანი რომ შავია, ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია. უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო მხატვრულად გვისახავენ საგნებს და აძლიერებენ შთაბეჭდილებას. ასეთ განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება.

ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა და იმავე დროს ეპითეტიც არის და მეტაფორაც. მხატვრულ ეპითეტ–მეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება. მეტაფორული ეპითეტის ნიმუშებია – მოალერსე ნიავი (ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის თვისებები), „მხიარული გაზაფხული”, „ანთებული გული”, „ჭაღარა თბილისი”, „თეთრწვერა ზამთარი” და ა.შ.

ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და იმავე ეპითეტს. როგორიცაა, მაგალითად, „კუდა–მელია”, „ტრიალი მინდორი” – ასეთ ეპითეტებს მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ.

ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე გვხვდება მიმღეობისაგან („მოალერსე ნიავი” , „მოდუდუნე მტკვარი”) ან არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, ცეცხლის ხმები”) წარმოშობილი ეპითეტებიც.

იხ. აგრეთვე: მეტაფორა, მხატვრული სტილი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ეპიკური სახე

ისეთი სახე, რომელსაც მწერალი თხრობის საშუალებით გვიხატავს.(იხ. ეპოსი)

ლირიკული და დრამატული სახეებიც ეპიკურის პარალელურად იხმარება.

იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, ელეგია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ეპილოგი

ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს მოქმედი პირების თავგადასავალს კვანძის გახსნიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ან გვიხატავს საინტერესო ეპიზოდს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დროითაა დაშორებული კვანძის გახსნის მომენტიდან.

„ბაში–აჩუკის” უკანასკნელ თავში აკაკი მოგვითხრობს თავისი გმირების (ელიზბარი, შალვა და ბიძინა) სიკვდილით დასჯის შესახებ და იქვე გადმოგვცემს ბაში–აჩუკის შემდგომ ისტორიას. ე. ნინოშვილიც არ ამთავრებს თავის მოთხრობას გოგიას თვითმკვლელობის აღწერით, არამედ აგრძელებს ამბავს მარინესა და გოგიას შვილების შესახებ:

„გავიდა ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე წელი...

გოგიას მიდამო თითქმის გავერანდა, გარდა სახლისა, ყველა შენობა ჩამოინგრა. სახლისა მარტო კედლები–ღა იყო დარჩენილი, სახურავი კი კარგა ხანია დალპა და ჩაიქცა. მაგრამ აგერ ვიღაცამ დახურა ისლით ეს სახლი და გაიჩინა შიგ „ფუტი”. ეს გახლავთ გოგიას უფროსი ვაჟი (სხვები კი ჯერ სხვადასხვა პირებისას არიან სამოჯამაგიროდ), რომელმაც, ეს არის, ცოლი შეირთო და მოუბრუნდა მამის კერას”.

როგორც ვხედავთ, ზემოდასახელებული ორივე მოთხრობის სიუჟეტი მთავრდება მოქმედ პირთა შემდგომი ისტორიის გაცნობით.

ეპილოგის შინაარსი კი მარტო ამით არ ამოიწურება:

გარდა პერსონაჟთა ცხოვრებისა, ეპილოგში ავტორები უშუალოდ გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს თავიანთი პერსონაჟებისა და სხვა მოვლენების შესახებ.

„ოთარაანთ ქვრივის” ეპილოგში ილია ოთარაანთ ქვრივის ცხედართან ხელნაკრავ და თოვლში წაქცეულ სოსია მეწისქვილეს ათქმევინებს: „ცოცხალზე არ გამახარა წუთისოფელმა და მკვდარაზედაც არ მატირებთ! ცოდო ვარ, შვილი, ცოდო!” ავტორი უმატებს: „მართლა,რომ ცოდოა! მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლა–კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში”.

ე. ნინოშვილიც „გოგია უიშვილის” ეპილოგს ასე ამთავრებს: „ვუნატროთ (გოგიას ვაჟს–ს.გ.), რომ მამის ბედი აშორებოდეს და უკეთესად წასულიყოს მისი ცხოვრება”.

ეპილოგში თვით ავტორის აზრია უშუალოდ გამოხატული. ზემოაღნიშნულის გამო ეპილოგი უფრო მკვეთრად ამჟღავნებს ავტორის იდეოლოგიას, მის სულისკვეთებას, მის დამოკიდებულებას მოთხრობაში აღწერილი მოვლენებისა და თავისი გმირებისადმი. ზოგჯერ ეპილოგის სახელწოდებით ავტორი გვიხატავს ისეთ მოვლენას, სურათს, ან ეპიზოდს, რომელიც მთელი მოთხრობის ძირითად იდეას ავლენს. ასეთი მნიშვნელობა აქვს ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუას” დასასრულს, რომელსაც ავტორი ეპილოგს უწოდებს:

„1905 წ. 17 ოქტომბრის მანიფესტმა ტარიელ გოლუა ციხიდან გაანთავისუფლა. იგი N-ში დაბრუნდა და გადაბუგული სახლ–კარის კვლავად მოშენების თადარიგს შეუდგა. მთელი სოფელი ეხმარებოდა ტარიელს, – ვინ ურმით, ვინ სამშენებლო მასალის მიწოდებით, ვინ ფულით და ვინ შრომით. საჭირო იყო თოვლის მოსვლამდის მოესწროთ და პატარა ფიცრული მაინც აეგოთ სადგომად. ბეჟანა, რომლისათვის გიოს სალევანო თმა „დაეგდებინებინა”, არ სცილდებოდა, რათა დაღლილი და დასუსტებული ტარიელი მოესვენებინა. ბარბარეს სხვა უბედურებასთან ერთად სმენა დაჰკარგოდა და თვალთ სინათლე დაჰკლებოდა. მასთან განუყრელად იმყოფებოდა თინა და მოვლას და სიყვარულს არ აკლებდა. რამდენად შეეძლო, ჭირს უმსუბუქებდა, ლევანის მაგივრობას უწევდა. ერთ თვეში სახლიც ააგეს...

დეკემბერი იდგა. თოვლს მოეფინა დედამიწა. ციოდა.

სოფელ N-ის სამმართველო ხალხით იყო გაჭედილი. აივანზე და კარებდაღებულ ოთახებში ტევა არ იყო.

ახალგაზრდობას სამმართველოს წინ თოვლი დაეტკეპნა და ფეხების ბაკუნით ზედ შემდგარიყო. არაჩვეულებრივი აღტაცება და სიხარული სუფევდა მათ შორის.

აივნის მოაჯირთან დამდგარიყო სტუდენტურ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა და ხალხს აგიტაციას უწევდა. კრებას რაზმში ჩასაწერად მოუწოდებდა, რომელიც იმ დღეებში იმერეთისაკენ უნდა წასულიყო და შავი რეაქციის ძალებს შებრძოლებოდა.

ახალგაზრდა სტუდენტის მოწოდებაზე პირველად ვერავის გაებედნა ხმის ამოღება. ამიტომ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. – მე მოვდივარ! – გაისმა ბოლოს თამამი ხმა ხალხიდან და წინ წარდგა სვანური ქუდით შუბლზე ჩამოფარებული, თეთრი თმა–წვერ–ულვაშით მოსილი ტარიელ გოლუა. იგი მოკეთებულიყო ციხიდან გამოსვლის შემდეგ და თუმცა სავსებით არა, მაინც დაბრუნებოდა ძველებური ვაჟკაცური იერი... უკან კისერთან ქუდქვეშ ჭაღარა თმის წნული მოუჩანდა – ლევანის სამგლოვიარო – და თავიდან ფეხებამდის შავი ეცვა.

ტარიელის ხმის გაგონებაზე და მის დანახვაზე ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ მალე მიწყდა და სიჩუმე დამკვიდრდა.

ახალგაზრდა სტუდენტი შეკრთა. გაკვირვებულად მიმოიხედა. მაგრამ ხალხის ღრმა ფიქრით მოცულს სახეზე მომხდარის ამოცანა ვერ ამოიკითხა,–მისთვის უცნობი იყო ტარიელ გოლუას ოჯახის თავგადასავალი.

– მეც! გაისმა შემდეგ ცოცხალი, კრიალა ხმა და ტარიელს გვერდით ამოუდგა კოხტად შეიარაღებული ბეჟანა.

– გზა მომეცით, ყმაწვილებო!... ტარიელს გვერდში ამომიყენეთ!... გლახა ბაჩუას სული მაცხონებინეთ!... მისი მაგივრობა გამაწევინეთ, – გაიმა ტაგუს ხმაც.

ხალხი გამოერკვა. სულ მცირე ხანში, რაც კი იქ ახალგაზრდობა მოიპოვებოდა, ტარიელისაკენ ყვირილით გაეშურა.

– ყველანი შენთან ვართ!... მოვდივართ!... ტარიელი მამაა ჩვენი და წინამძღოლი!... – აღფრთოვანებით ამბობდა ახალგაზრდობა და საყვარელ ადამიანს გარს ეხვეოდა...

ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის , როგორც დროის ქარიშხლით ტოტებშემსხვრეული , აქა–იქ კანდაკორძებული , მაგრამ ფესვმაგარი და ტანძლიერი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”.

სინონიმი: ბოლოამბავი

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, იდეა, კვანძის გახსნა, მოთხრობა, სიუჟეტი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ეპიტაფია

საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი ან მხატვრული აფორიზმი, რომელიც დაკავშირებულია მიცვალებულის ცხოვრებასთან ან მის სახელთან.

„ეპიტაფიოს” ბერძნულად ნიშნავს კუბოზე ან საფლავის ქვაზე მინაწერს. ზოგიერთ ეპიტაფიაში მიცვალებულის პირადი ცხოვრების მაგალითის მიხედვით გამოთქმულია აზრი ადამიანთა ცხოვრების შესახებ. ასეთია, მაგალითად, თამარ მეფის სახელთან დაკავშირებით გამოთქმული ეპიტაფია:

„უბისს ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი გავიღე,

ისპაანს დავსდე ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე,

თეთრ ზღვაში რკინა ჩავაგდე,– ხმელეთი ჩემკენ მოვიღე.

მისრეთს ხმალი ვკარ, დერუბანდს, მუნ საბალახე ავიღე,

ამდენი საქმის მოქმედმაცხრა ადლი ტილო წავიღე”.

ფილოსოფიური შინაარსისაა წარწერა, რომელიც ძველად ერთ–ერთ საფლავის ქვაზე ამოუკითხავთ:

„რაც ხარ შენ, ის ვიყავი მე, – რაც ვარ მე, ის იქნები შენ”.

ფრანგმა ბელეტრისტმა ანრი ბეილმა(სტენდალი) თვითონვე დაამზადა თავის საფლავის ქვაზე წასაწერი ეპიტაფია:

„აქ განისვენებს მოქალაქე არიგო ბეილი: ცხოვრობდა, წერდა, უყვარდა”

ზოგჯერ ეპიტაფია მიცვალებულის ქება–დიდებას გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში იგი, პარალელურად, ხოტბის ნიმუშად გვევლინება.

ზოგიერთი ეპიტაფია კი დაცინვას გამოხატავს. ასეთია ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ”. დაცინვის გამომხატველი ეპიტაფია სატირული ლირიკის სახეობაა.

ეპიტაფია, თუმცა წარსულში მხოლოდ საფლავის ქვაზე წარწერილს გულისხმობდა, ამჟამად ფართო მნიშვნელობით იხმარება. ამ სახელს ისეთ ლექსებსაც უწოდებენ , რომლებიც საფლავის ქვაზე არ ყოფილა წარწერილი, მაგრამ გარეგნული ფორმით ჰგავს ეპიტაფიას და გამოდგება საფლავის ქვაზე წასაწერად. ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ” საფლავის ქვაზედ წარწერილი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეპიტაფიის ნიმუშს წარმოადგენს.

იხ. აგრეთვე: ლექსი, სატირული ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ეპიფორა

ტაეპების ერთგვარად დამთავრება.

ეპიფორა არაზუსტი რითმის სახეობაა და მასში იგულისხმება დამსგავსებული ბგერების გამეორება სიტყვის ბოლოში.

მაგ:

„უჰ, რა ხანი გასულა, არ ჩანს ღამე გულშავი,

მთვარე უკვე წასულა, – ჩვენი მშვიდი გუშაგი!”–(ა. მირცხულავა).

იხ. აგრეთვე: ბგერწერა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977

ეპოსი

ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. მასში მწერლის პოზიცია დაფარულია. მწერალი არაფერს ამბობს, ან მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით ლაპარაკობს საკუთარ განწყობილებათა შესახებ: ჩვენი ყურადღებს ცენტრი გადატანილია მოქმედ პირთა ურთიერთობაზე, მათ ყოფა–ცხოვრებაზე, მწერლის გარეშე არსებულ სამყაროზე; მწერლის პირადი განწყობილება, მისი იდეა, ტენდენცია, მიზანდასახულობა ფარულად, თავისთავად, თვით ავტორის განსაკუთრებული მითითების გარეშე გამომდინარეობს მის მიერ მოთხრობილისაგან.

ეპოსი ბერძნულად თხრობას ნიშნავს. ეპიკურ გვარს შეიძლება ქართულად თხრობითი გვარი ვუწოდოთ.

საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს ამ მხრივ ჰომეროსის პოემები „ილიადა” და „ოდისეა”. ამ ვრცელ ნაწარმოებებში ავტორი არსად არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ილიადას” ავტორს არ ჰქონდეს საკუთარი განცდები თავის გმირთა საბედისწერო ბრძოლებისა და სახიფათო მოგზაურობის აღწერის დროს.

ილია ჭავჭავაძე „კაკო ყაჩაღში” მოგვითხრობს ღამის წყვდიადში მიმავალი მეურმის ნაღვლიანი სიმღერის შესახებ:

„ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა!...

მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე

მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა

და ნაღვლიანად მასზე მეურმე

მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა”.

პოეტის ეპითეტებით თუმცა უშუალოდ გამოხატულია მეურმის განწყობილება, მაგრამ იმავე დროს ისინი, როგორც ყოველგვარი პოეტური ხერხები, წარმოადგენენ მასალას თვით ავტორის განწყობილების გასაცნობად; ხაზგასმულ ეპითეტებში მოჩანს ავტორის დამოკიდებულება მოთხრობილი ფაქტისადმი (ამ შემთხვევაში ბატონყმობისადმი), მისი განაჩენი ცხოვრების ამა თუ იმ მხარის შესახებ. ეპოსის ძირითადი თვისება მწერლის პიროვნების გარეშე არსებული სამყაროს გამოსახვაა.

„ყვავი, რომელსაც ეშოვა ხორცი, ერთ ხეზე ჩამოჯდა. დაინახა რა ეს მელამ და მოინდომა რა მისგან ხორცის გამორთმევა, დაიწყო მისი ქება: თუ რა ლამაზია, რა მშვენიერია იგი და რომ მას ყველაზე მეტად შეეფერებოდა ყოფილიყო ფრინველთა მეფე, რომ ეს კიდევ აუცილებლად მოხდებოდა, მას რომ ჰქონებოდა ხმა. ყვავმა, რომელმაც ხორცი გააგდო, მორთო ხმამაღალი ჩხავილი მელა კი ხორცს მივარდა და სთქვა: „ჰოი, ყვავო! შენ რომ ჭკუა გქონებოდა, მაშინ არაფერი შეუშლიდა ხელს შენს გამეფებას” – (ეზოპე)

ამ ნაწარმოებში არსად არ ჩანს ავტორი და მკითხველის ყურადღება გადატანილია მხოლოდ ავტორის გარეშე არსებულ მოვლენებზე – ყვავის სიბრიყვეზე და მელას ცბიერებაზე (მათი საშუალებით ადამიანთა მსგავს ხასიათსა და ყოფაქცევაზე). ავტორის საკუთარი განწყობილება ეპოსში, ჩვეულებრივ, შენიღბული ან დაფარულია. ავტორის ტენდენცია მისი დამოკიდებულება ზევით ასახული მოვლენისადმი, უშუალოდ შეუძლია გამოუმუშავდეს მკითხველსაც თვით ეპიკური ნაწარმოების შინაარსის საფუძველზე.

იხ. აგრეთვე: დრამა, მოთხრობა, ლირიკა, მითი, რომანი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ექსპოზიცია

ლათ. exponere

ლიტერატურული ნაწარმოების ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე ვითარება, აღწერილია ის პირობები, რომელშიც იწყება მოთხრობის ძირითადი ამბავი (ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს ახსნა–განმარტებას, ჩვენებას).

ავტორი ექსპოზიციაში გვამცნობს, როდის წარმოებს მოქმედება, სად, რა მდგომარეობაში, ვის შესახებ არის ლაპარაკი და სხვ. ექსპოზიციის ნიმუშია ე. ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” პირველი თავის დასაწყისი:

„რკინის გზის სადგურ N-ზე საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს.

თუმცა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივემ მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი.

მატარებლის მომლოდინე ხალხმა, იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება „პლატფორმაზე” სეირნობას თავი და იკრიბებოდა სადგურის დარბაზში.

მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით.

ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები არ ერიდებიდნენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდნენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი შეზარხოშებული ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთ– იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ.

ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით. მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები და მხვილ– მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი პატარა წვერი, სწორედ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა.

ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი, ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანი გულ–მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:

– ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?

– ეს, კნეინა, ზემოური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე, ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე, დროის გასატარებლად,–უპასუხა მედუქნემ.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები!– თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.

– ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.

– მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის. ასეთი სრული ქმნილება!

– კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილკაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით, თუ უმზერსო.

ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდნენ: „პოეზდმა ხომ არ გაგვასწრო”–ო და, როცა გაიგებდნენ ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის ჩამოსვლამდეო, გულდამშვიდებულნი, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვა რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.

მოვიდა ორი ცხენოსანი– ერთი ქალი და ერთი კაცი.

ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადვეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდნენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა”.

მაგალითიდან ვიგებთ, რომ მარტის თვეა, საღამო ჟამია (ვეცნობით დროს, როდესაც ხდება ტარიელისა და დესპინეს შეხვედრა), ხალხი ჯერ რკინიგზის სადგურის ბაქანზე და შემდეგ მოსაცდელ დარბაზში ელოდება მატარებელს (ვეცნობით ადგილს, სადაც იწყება მოქმედება), სადგურის დარბაზშია შეზარხოშებული ტარიელ მკლავაძე და მისი მეგობრები, იქვე არიან ახლადმოსული სპირიდონ მცირიშვილი და მისი მეუღლე (ვეცნობით მთავარ მოქმედ პირებს ).

თუმცა ექსპოზიცია უმთავრესად თხზულების დასწყისშია, მაგრამ შეიძლება მას ავტორმა უფრო დაგვიანებითაც მიმართოს.

„გოგია უიშვილში” ავტორი მოგვიანებით გვაცნობს მოქმედი პირების ვინაობას და მათ მდგომარეობას.

„კაკო ყაჩაღში” ილია ჭავჭავაძე ექსპოზიციამდე მთელ რიგ მოვლენებს გვიხატავს: იგი აგვიწერს საღამოს სურათს, ზაქროს შეხვედრას მეურმესთან, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან, ზაქროს ბავშვობას და ამ მოვლენების შემდეგ აამბობინებს ზაქროს იმ ვითარების (მამის ავად გახდომა) შესახებ, რომელშიც დაიწყო ძირითადი ამბავი, ე.ი. წინააღმდეგობა ზაქროს მამასა და ბატონს შორის.

ავტორი ზაქროს თხრობის სახით გვიხატავს მისი ოჯახის მდგომარეობას, რამაც აიძულა ზაქროს მამა ბატონთან წასულიყო სათხოვნელად.

სწორედ ეს ადგილი, სადაც ზაქრო განმარტავს, თუ როდის და რა პირობებმა აიძულა მამამისი ბატონთან წასულიყო, არის „კაკო ყაჩაღის„ ექსპოზიცია. „კაკო ყაჩაღში” ეს ადგილი გვიან არის მოცემული. ასეთ ექსპოზიციას შენელებული ექსპოზიცია ეწოდება.

მოთხრობაში შეიძლება რამდენიმე ამბავი, რამდენიმე მოქმედება იყოს და ამის შესაბამისად ყველა ამბავს ჰქონდეს თავისი ექსპოზიცია.

იხ. აგრეთვე: მოთხრობა, პირდაპირი ექსპოზიცია, კვანძი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, სიუჟეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

6 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ვ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ვ

ვაჟური რითმა

რითმა, რომლითაც მხოლოდ ერთი მარცვალია შეთანხმებული.

მაგ:

„ალვა მწვერვალსა ხრის, ნაზი ქალივით სწორს,

მთიდან ნიავი ქრის, შორს, უბრალოდ შორს.

შევხვდით ისევე ჩვენ, გზით მიმავალი გზად,

კვლავ მოგონებებს მფენ, მაგრამ არ ვიცი: რად?“... – (გ. ტაბიძე).

იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი

ვულგარიზმი

ლათ. vulgarus

უხეში სიტყვები და გამოთქმები.

მაგ:

„გამეცა, ვირო, ნუ მეღრიჯები” – (ი. ჭავჭავაძე).

„ – ბიჭოს, მართლა გვადი ყოფილხარ! მოდი აქ, შე პირძაღლო” – (ლ. ქიაჩელი).

სახელწოდება „ვულგარიზმი” წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ბრბოს, ე.ი. გაუწვრთნელს, გაუნათლებელს, გაუზრდელს.

მისი ხმარება სალიტერატურო ენაში გაუმართლებელია.

იხ. აგრეთვე: ევფემიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

7 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ზ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ზ

ზედაქტილური რითმა

რითმა, რომლითაც სამზე მეტი (ოთხი, ხუთი, ექვსი და მეტიც) მარცვალია შეთანხმებული.

მაგ:

ოთხმარცვლიანი:

„მე ჯავახეთს რა მიშავდა,

მთვარე იდგა მზესავითა,

კალმახი და ქერის პური,

წინ მეყარა ბზესავითა.“ – (ხალხური)

ხუთმარცვლიანი:

„მასპინძელ კარგად მასპინძლობს,

გულითა მხიარულითა,

მწვანე ქოშები გაცვითა,

მარანში სიარულითა.“ – (ხალხური).

იხ. აგრეთვე: რითმა, დაქტილი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ზუსტი რითმა

რითმა, რომელშიც ერთი და იგივე ბგერები მეორდება.

მაგ:

„ჩემს ხეხილებს შეეჩვია ჩიტუნების მთელი კრება,

გამიკენკეს ყვავილები, არ აცალეს აკოკრება.” – (ი. გრიშაშვილი).

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ზღაპარი

მითოლოგიური ხასიათის მოკლე მოთხრობა.

ზღაპარი მითის ნიადაგზეა წარმოშობილი და მასავით ფანტასტიკური შინაარსისაა, მაგრამ მასში ფანტასტიკური ელემენტი შეგნებულად და პირობითად არის გამოყენებული. ზღაპრის ავტორს ესმის, რომ მის მიერ მოთხრობილი ამბავი გამოგონილია, ოცნების ნაყოფია და პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება; ძველ მითებში კი ადამიანი (ავტორი) გამოხატავდა იმას, რაც გულწრფელად სწამდა. ძველი დროის ზღაპრებში დევები უსხეულო სულები იყვნენ. ქართულ ზღაპრებში კი ისინი ხორციელ არსებებად არიან წარმოდგენილი. „ნაცარქექიაში” დევი ადამიანებისაგან ფიზიკური ძალით განსხვავდება და ტანი გრძელი ბალნით აქვს დაფარული. ის ადამიანურ ურთიერთობაშია ნაცარქექიასთან.

ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება მითოლოგიური შინაარსის ზღაპრები. მათში მთელი ბუნებაა გაპიროვნებული, მაგრამ უფრო გავრცელებულია საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ზღაპრები ცხოველების შესახებ.

საყოფაცხოვრებო ზღაპარი საზოგადოებრივი და ოჯახური ურთიერთობის სურათებს გვიხატავს. მასში ჭარბობს დიდაქტიკური ელემენტი. საყოფაცხოვრებო ზღაპრებს უკვე დაკარგული აქვს მითოლოგიური მნიშვნელობა. ასეთი ზღაპრების დედააზრი შემდეგია: ძლიერი ხშირად ცდილობს უძლურის დაჩაგვრას, მაგრამ უკანასკნელი, მართალი ადამიანი მაინც იმარჯვებს (იმარჯვებს უფრო ხშირად არა საკუთარი თაოსნობით, შემთხვევით ან „ბედის წყალობით”), სიღარიბე ნაკლი არ არის, სიმართლე გაიმარჯვებს და სხვ.

ზღაპრები ცხოველების შესახებ, ანუ ცხოველთა ეპოსი მოქმედ პირად სხვადასხვა ცხოველს გვიხატავს. პირუტყვთა ეპოსში გაპიროვნებული არის პირუტყვები, მათ მიწერილი აქვთ ადამიანის თვისებები. ზოგი ზღაპარი მოგვითხრობს პირუტყვების წარმოშობას, ზოგიც მათ დამახასიათებელ თვისებას. მაგ. ზღაპრების მიხედვით, მელა ცბიერია, მგელი ხარბი და გაუმაძღარი, დათვი ბრიყვი და მოუხეშავი, ძაღლი პატრონის ერთგული და სხვ. პირუტყვთა ეპოსის ძველი ნიმუშები მითოლოგიური ხასიათისა იყო. ადამიანები მათაც ღვთაებრივ თვისებებს აწერდნენ, შემდეგში კი პირუტყვების მეტყველება და მათი საქციელი დაცინვის საგნად გადაიქცა.

ზღაპრები უმთავრესად ფოლკლორული წარმოშობისაა, მაგრამ ხშირად ზღაპარს ფოლკლორული მასალების საფუძველზე ქმნიან მწერლებიც.

ზღაპრებს წერდნენ აკაკი წერეთელი, პუშკინი, ანდერსენი (დანიელი მწერალი) და სხვ.

იხ. აგრეთვე: ბალადა, ლეგენდა, მითი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

8 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - თ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - თ

თავისუფალი ლექსი

ლექსი, რომელშიც ტაეპებისათვის სავალდებულო რიტმი დარღვეულია.

ზოგჯერ ტონურ ლექსში დარღვეულია უკანასკნელისათვის სავალდებულო მახვილთა თანაბრობა, სილაბურში – მარცვალთა თანაბრობა და სხვ. მაგ:

„სიმღერის მინდა მე წამოწყება, (10)

რომ გაიშალოს გამოცოცხლება! (10)

გამოცოცხლება, გამოცოცხლება, (10)

და არა ძილი (5)

დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა (9)

დილით” (2)–(გ. ტაბიძე).

მოყვანილ ნიმუშში გვხვდება უთანაბრო ზომის ტაეპები. ზოგ მათგანში 10 მარცვალია, ზოგში – 9, ზოგში – 5 და ზოგი ორი მარცვლისაგან შედგება.

იხ. აგრეთვე: რიტმი, ტაეპი, ტონური ლექსთწყობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

თავრითმები

ლექსის დასაწყისის შემთანხმებელი რითმები მაგ:

„ახმეტელი ქალი ვიყავ,

ახ, ნეტავი მეო...“ – (ხალხური)

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

თეთრი ლექსი

ურითმო ლექსი.

მაგ:

„რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,

ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა,

მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,

ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული.

კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა...

სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,

ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია,

შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა–პურისა...” – (გრ. ორბელიანი).

ძველად, ტაეპის დამთავრებისას, თეთრ ადგილს ტოვებდნენ რითმის ჩასაწერად და, თუ იქ შესაფერ რითმებს ვერ ჩაწერდნენ, გასარითმავი ადგილების თეთრად დატოვების გამო, მთელ ლექსს თეთრი ლექსი ეწოდებოდა.

იხ. აგრეთვე: ლექსი, რითმა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

თემა

საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის თხზულებაში ლაპარაკი. („თემა” ბერძნულად სიტყვა–სიტყვით ნიშნავს საკითხს, საგანს, ფუძეს, საძირკველს).

მაგ: აკაკის „ჩონგურში” ლაპარაკია პოეზიის დანიშნულების შესახებ. მაშასადამე, აკაკის „ჩონგურის” თემა პოეზიის დანიშნულებაა. ამავე საკითხის შესახებ ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძე ლექსში „პოეტი” და ამ ლექსის თემაც იგივეა, რაც „ჩონგურის” – პოეზიის დანიშნულება.

თუ ავიღებთ რომელიმე დიდტანიან მხატვრულ ნაწარმოებს და დავაკვირდებით მის შინაარსს, ვნახავთ, რომ მასში მრავალი სხვადასხვა ხასიათის მოვლენაა აღწერილი. მაგ: „კაკო ყაჩაღში” ი. ჭავჭავაძე გვიხატავს საღამოს სურათს, ლაპარაკობს ზაქროს ბავშვობის შესახებ, აგვიწერს ზაქროს მამის გაროზგვას, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან და სხვა, მაგრამ ეს ეპიზოდები მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ ავტორმა უფრო ნათლად დაგვიხატოს პოემის მთავარი საგანი – ბატონყმური ურთიერთობა. შესაბამისად, „კაკო ყაჩაღის“ თემა ბატონყმობაა.

„ვეფხისტყაოსანში” მოთხრობილია ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა და ნესტან–დარეჯანის, ფრიდონის ამბები, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ მაგრამ ავტორი მათ შესახებ მოგვითხრობს მხოლოდ იმ მიზნით, რათა დაგვიხატოს თავისი აზრი ადამიანთა კავშირის ძალის, ერთობის მნიშვნელობის შესახებ, ე.ი. მთავარი მოვლენა, რის შესახებაც ლაპარაკობს რუსთაველი ზემოჩამოთვლილ „ამბავთა” საშუალებით, – ადამიანთა სოლიდარობის, ხალხთა ერთობის მნიშვნელობაა (ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი ერთობლივი ძალით აღწევენ მიზანს – ათავისუფლებენ ნესტან–დარეჯანს).

ხშირად თემა ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის სახითაა მოცემული: მაგ, „ბედი ქართლისა”, „სული ობოლი” (ნ. ბარათაშვილი), „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?” (ი. ჭავჭავაძე), „ჯანყი გურიაში” (ე. ნინოშვილი), „გამზრდელი” (აკაკი წერეთელი), „ეპოქა” (გ. ტაბიძე) და სხვ.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, თემატიკა, იდეა, მხატვრული სტილი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977

თემატიკა

მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების თემათა ჯგუფი

ერთობის ძალის მნიშვნელობა „ვეფხისტყაოსნის” ძირითადი თემაა, ხოლო როსტევანის გამეფება, ტარიელის ნახვა, ნესტანის გატაცება, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ., ე.ი. პოემის ცალკეულ ნაწილში აღწერილი მოვლენები, რომლებსაც ავტორი გვიხატავს ძირითადი თემის გაშუქების მიზნით, „ვეფხისტყაოსნის” თემატიკაა.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, პოემა, თემა, ლირიკა, სენტიმენტალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

9 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ი

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ი

იამბი

ორმარცვლიანი ტერფი, რომელთაგან პირველი უმახვილოა და მეორე მახვილიანი

იამბოს ბერძნულად ნიშნავს სროლას, ტყორცნას, განმგმირავ ლექსს.

მის წარმოშობას უკავშირებენ აგრეთვე ბერძენთა ქალღმერთის დემეტრას მსახურის იამბის სახელს. დემეტრას ასული – პერსიფონა ქვესკნელის ღვთაებამ გაიტაცა. დემეტრამ მის კვალს ვეღარ მიაგნო და ღრმა მწუხარებას მიეცა. ამ მწუხარების შესამსუბუქებლად მსახურმა იამბმა დემეტრას სახუმარო ანბები მოუთხრო, რის გამოც თვით მოთხრობილსაც მთხრობელის სახელი იამბი უწოდეს.

ტერფის ეს სახეობა ქართულს ნაკლებად ახასიათებს. იგი უმთავრესად კითხვით წინადადებაში გვხვდება. მაგ. იყო? ნახე?

მისი პირობითი ნიშანია –

იხ. აგრეთვე: ტერფი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

იგავ–არაკი

მცირე ზომის ალეგორიული ფორმისა და დიდაქტიკური ხასიათის სიუჟეტიანი ნაწარმოები.

მაგ: სულხან–საბა ორბელიანის არაკი „კუ და მორიელი”.

„ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ, მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო, კუმ უთხრა: – ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! – შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: – ძმაო, რას იქმო? – მორიელმან უთხრა: – რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთის გვარისანი ვართ. მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: – ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიან ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო”.

ეს არაკი ალეგორიული ფორმისაა. მასში მოთხრობილია ცხოველების ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ მიგვითითებს ადამიანთა ურთიერთობაზე, კერძოდ იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი, რა სიკეთეც არ უნდა უყო, მაინც არ მოიშლის ბოროტებას და ასეთი ადამიანი სასჯელის ღირსია. „კუ და მორიელი” , ალეგორიულობასთან ერთად, სიუჟეტიანია, რადგან მასში მოთხრობილია გარკვეული ამბავი, რომელიც იწყება და მთავრდება: ეს არის კუსა და მორიელის მეგობრობის ისტორია – ამ ორმა ცხოველმა გადაწყვიტა, მეგობრულად ეცხოვრათ. კუმ, თავის მხრივ, კიდეც დაამტკიცა მეგობრობა, მაგრამ მორიელმა, მისი ბოროტი ჩვეულების გამო, მადლობისა და მეგობრობის ნაცვლად, მტრობა გაუწია კუს და ამ ორი არსების მეგობრობის ცდაც მარცხით დამთავრდა.

იგავ–არაკებში აზრი ხშირად ფარული ფორმით არის მოცემული. ავტორი მასზე არ მიგვითითებს და იგი უშუალოდ გამოყავს მკითხველს თვით იგავ–არაკებში მოთხრობილის საფუძველზე. მაგრამ ხშირად ავტორი კიდეც მიგვითითებს იგავ–არაკში მოთხრობილის მთავარ აზრზე ამბის დასრულების შემდეგ. მაგ. კრილოვი „მგელის და კრავის” დასასრულს ამბობს:

„დიდ კაცთან პატარა კაცსა,

როდის გასვლია მართალი?” (თარგმანი აკაკისა).

ისეთი სახის იგავ–არაკი, რომელშიც ავტორის ტენდენცია და მოთხრობილის მთავარი აზრი პირდაპირ არის მწერლის მიერ გამოთქმული, გარეგნულად ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში, რომელიც მთავარია, აღწერილია რაიმე ამბავი, მეორეში კი მოცემულია თვით ამბისაგან გამომდინარე აზრი, მორალი. მაგ: კრილოვის „ბაყაყი და ხარი”:

„ბაყაყმა რომ საძოვარზე დაინახა ხარი,

მეტი შურით და სიხარბით თავს დაეცა ზარი.

მისი სიმსხო და სიმაღლე გულში ისრად ეცა

დაიჟინა: – ამოდენა უნდა გავხდე მეცა!

გაიბერა, გაიგუდა, სიმწრით სული სძვრება:

– შემომხედე! ყიყინაო!– დობილს ევედრება

ხარისხელა ხომ მეცა ვარ? აღარა მაკლია?!

პასუხს აძლევს: – იმდონობა ჯერ სად შეგიძლია! – მაშ არც ახლა? აბა, კიდევ შემომხედე ჩქარა!

ახლა, ვგონებ, მეტიცა ვარ! – არა! არა! არა!!!

არ იამა დიდგულასა, შურმა გაამწარა,

გასკდა ბერვით და წელები იქვე გადმოყარა...

მეტისმეტი – ბრეტისბრეტი – ასე უთქვამთ ძველებს, ვინც ზომაზე არა ყლაპავს, სიმწრით დაახველებს”

(თარგმანი აკაკისა).

ამ ლექსის უკანასკნელ ტაეპში მოცემულია იგავ–არაკის ძირითადი აზრი, რომელიც ავტორისეულია.

იწერება ისეთი იგავ–არაკებიც, რომლებშიც, ავტორის ნაცვლად, მთავარ აზრს ერთ–ერთი მოქმედი გმირი გამოხატავს. აკაკის „ღამურაში” თაგვმა თაგვობა იუკადრისა და ჩიტად გადაქცევა ინატრა. მისი სურვილის შესაბამისად ფრთები გამოესხა, მაგრამ აღარც ჩიტსა ჰგავდა და აღარც თაგვს. ამიტომ აღარც ჩიტებმა მიიღეს და აღარც თაგვებმა, დარჩა ყველასაგან განდევნილი, როგორც თავისი ტომის დამწუნებელი. არაკის დასასრულს აკაკი, ავტორის დასკვნის ნაცვლად, თვითონ ღამურასვე ათქმევინებს დასკვნის სახით ლექსის ძირითად აზრს. გადაგვარების სურვილით გამოწვეული მარცხის შემდეგ ღამურა „მუდამ ამას წრიპინებს კვნესით და გულის ტკივილით”:

„კრულ იყოს მისი სახელი,

ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!

თვის ტომის დამწუნებელსა

ჭირი მიუვა კარზედა!

ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა

და ნუ სცვლის თვისსა ენასა,

თორემ ბოლო დროს მოიმკის

ჩემსავით ცრემლთა დენასა!

გადაგვარების მოსურნე

ბუნებისაგან კრულია!

მისი პირადი ღირსება

ყოველგან დაჩაგრულია!

ძველ ტომში გამოსხლეტილსა

არ მოუშლიან კბენასა

და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:

დაუწუნებენ ფრენასა.

კრულია მისი ხსენება;

ვინც დაჰგმობს დედა ენასა, თვის ტომს ღალატობს და მითი

თვით ფიქრობს მაღლა ფრენასა!”.

იგავ–არაკები ყველა კულტურულ ქვეყანაში იყო გავრცელებული. ძველი აღმოსავლური იგავ–არაკების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს მოთხრობების კრებული ცხოველთა ცხოვრების შესახებ, რომელსაც „ჰიტოპადესა” ეწოდება.

ძველ საბერძნეთში იგავ–არაკების განთქმული მწერალი იყო ეზოპე.

ძველ რომაულ ლიტერატურაში იგავ–არაკების ოსტატები იყვნენ ფედრი და ჰორაციუსი. ფედრმა გადააკეთა ეზოპეს იგავ–არაკების შინაარსი. იგი თავის იგავებში დასცინოდა თანამედროვე რომაელთა უარყოფით მხარეებს: რომაელთა მოსამართლეების ბიუროკრატობას – საქმის გაჭიანურებას და სხვ.

აღორძინების ხანის ფრანგულ ლიტერატურაში იგავ–არაკების ჟანრი განავითარა ლაფონტენმა(1621–1685), რუსეთში კრილოვმა. საქართველოში ხალხურ სიტყვიერებაში იგავ–არაკების ჟანრი ძველი დროიდანვე გავრცელებული იყო ცხოველთა ეპოსის სახით. ქართული იგავ–არაკების უდიდესი ოსტატი იყო სულხან–საბა ორბელიანი, რომელმაც დაგვიტოვა „სიბრძნე– სიცრუისა”. ამ წიგნში მოთავსებული იგავ–არაკები უმთავრესად ხალხური სიბრძნიდან არის უშუალოდ ამოღებული. საბას იგავ–არაკთა კრებული „დაუზოგავად ამხელს იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სენს, მეფეს და მის უკანასკნელ მოხელეს, საეროსა და სასულიეროს, მამაკაცსა და დედაკაცს; გაკიცხულია შიგ სიძუნწე, ფარისევლობა, სიამაყე, ცბიერება, ანგარება, უმადურობა, მოტყუილება, სხვისი ყვლეფა, სარწმუნოებრივი პირმოთნეობა, და სხვა ამგვარი უარყოფითი მხარეები იმდროინდელი ცხოვრებისა. იგავ–არაკებში განსაკუთრებით გამათრახებულია უღირსი მეფე, უვარგისი მსაჯული (ყადისა და სადრის სახით) და სამღვდელოება. ამავე დროს, ნაკლოვანებათა გამოსწორების მიზნით, ავტორი იძლევა მთელს კოდექსს მორალური დებულებებისას”(კ. კეკელიძე).

იგავ–არაკების ჟანრით XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში უხვად სარგებლობდა აკაკი წერეთელი.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, სიუჟეტი, სიმბოლო, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

იდეა

მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი .

„იდეა” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცნებას, წარმოდგენას, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი.

მხატვრული ნაწარმოების განხილვის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ ის, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი (თემა). მაგრამ, ამასთან ერთად, მთავარი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რას ამბობს ავტორი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. „კაკო ყაჩაღის” თემა არის ბატონყმობა, მაგრამ ამ ნაწარმოების თემის განსაზღვრისთანავე ჩვენ გვებადება სურვილი გავიგოთ, თუ რას ამბობს ილია ბატონყმობაზე, როგორია მისი აზრი ბატონყმურ ურთიერთობაზე? პოეტი, თუმცა, ამ აზრს პირდაპირ არ გამოთქვამს, მაგრამ უფრო მკვეთრად გამოხატავს პოემის შინაარსის საშუალებით. იგი ისე ახასიათებს ყმას, ბატონს, ბატონისა და ყმის დამოკიდებულებას, რომ ჩვენში აღძრავს გარკვეულ შეხედულებას ბატონყმობის შესახებ: ყმა არის მხნე, გამრჯე, კაცთმოყვარე, ბატონი „უხამსია, აჯამი, გულქვა, რეგვენი”; იგი მხოლოდ პირად სარგებლობაზე ფიქრობს და გლეხს არავითარ ანგარიშს არ უწევს, არ იცოდებს დაავადებულ მოხუცს, მამას საკუთარ შვილსაც კი არ ანებებს და „როზგქვეშ” კლავს ყმას. იდეა ნიშნავს აზრს, სულს, სახეს. „ბატონყმობა დამღუპველია” – ეს არის „კაკო ყაჩაღის” იდეა, ე.ი. მისი მთავარი აზრი, – „სული”.

თემა და იდეა არ შეიძლება ყოველთვის გაიგივებულად წარმოვიდგინოთ. მაგრამ, როდესაც ვიღებთ ცალკეულ მხატვრულ ნაწარმოებს და ვლაპარაკობთ მისი თემისა და იდეის შესახებ, ორივე მათგანი მთლიანობაში უნდა გავითვალისწინოთ. „კაკო ყაჩაღის” თემა – ბატონყმობა მტკიცედ უკავშირდება ავტორის იდეას – ბატონყმური ურთიერთობის უარყოფას. ეს თემა (ბატონყმობა) მასალაა, რომელიც მხატვრულად გამოსახვის შემდეგ იდეად გვევლინება, ე.ი. ბატონყმური ურთიერთობის მხატვრულად გამოსახვის საშუალებით ავტორი ახერხებს თავისი პოემის იდეის გამოვლინებას.

მხატვრული ნაწარმოების თემაში უკვე ჩანასახის სახით მოცემულია იმავე ნაწარმოების იდეა. თემის შერჩევას განსაზღვრავს მწერლის იდეა, მისი შეხედულება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

იხ. აგრეთვე: ეპილოგი, თემა, მხატვრული სტილი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ინვერსია

სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლა წინადადებაში.

ინვერსიის ან სიტყვათა გადაჯგუფების მხატვრული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხერხი მკითხველს ყურადღებას ამახვილებინებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეზე, რაც წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. როდესაც ვამბობთ – „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“, ჩვენი ყურადღება მახვილდება მთაწმინდის მიმართ. ჩვენი ინტერესი მახვილდება იმის შესაგნებად, თუ რა ჩაფიქრებულა (ე.ი. ქვემდებარის მიმართ), ხოლო, როდესაც ვამბობთ – „დადუმებულა მთაწმინდა”– ჩვენი ინტერესი მიემართება დადუმების გამომხატველ სიტყვას (რას შვრება მთაწმინდა? რა მოსვლია მთაწმინდას? რა მდგომარეობაშია მთაწმინდა?).

წინადადება „თავჩაჩქნიანი მთები მწარე ფიქრს მისცემიან” – ნაკლებ შთამბეჭდავად ზემოქმედებს მკითხველზე, ვიდრე ვაჟას პოეტური ხატი:

„მთანი თავჩაჩქნიანები,

ფიქრს მისცემიან მწარესა” – მსაზღვრელი სიტყვების („თავჩაჩქნიანები”, „მწარესა”) საზღვრულის შემდეგ წარმოთქმა ამახვილებს მკითხველის ყურადღებას დასახელებული სიტყვების მიმართ და აძლიერებს შთაბეჭდილებას. ინვერსიის ნიმუშებია:.

1.„იყო ბორკილი მონობის,

და უამრავი შრომისა,

იყო ცა უპატრონობის

ვით ნისლი შემოდგომისა”(გ. ტაბიძე)

2. „მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას”(ალ. ჭავჭავაძე)

ინვერსიას ხშირად მიმართავენ ლექსად დაწერილ ნაწარმოებში დაბოლოების შეთანხმების (გარითმვის) მიზნით. მაგ:

„ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა,

თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა”(ი. ჭავჭავაძე)

„დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა,

მდინარე ნანას უმღერის,

რაინდსა, ურჩსა მტრისასა”(ა. წერეთელი)

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ინტერნაციონალური სიტყვები

უცხო ენიდან შემოსული სიტყვები: პაციფიზმი, ტრანსპორტი, ფლორა, ფაუნა, პარლამენტი, ასტრონომია, სტუდენტი, პროფესორი, არგუმენტი და სხვ.

უცხო ენით დაწერილი, ან გამოთქმული ფრაზები ან სიტყვები:

„КТО УБИЛ? – იკითხა ჟანდარმმა. – Я УБИЛ - უპასუხა სპირიდონმა. (ე. ნინოშვილი)

„...სულ სხვაა მძლავრი გუგუნი ზარის და მზის სხივებზე დამჭკნარი ია,

დემონი იჭვით სავსე მხატვარის

და სენგანტინის „AVE MARIA” (გ. ტაბიძე).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ირონია

დაცინვის მიზნით, შებრუნებული მნიშვნელობით აზრის გამოთქმა.

ზოგჯერ, როდესაც მახინჯად გვეჩვენება, ან მიგვაჩნია რაიმე მოვლენა, დაცინვის გამოსახატავად ჩვენ ვამბობთ: „მშვენიერია”. როდესაც არ მოგვწონს რაიმე საგანი, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ აღვნიშნოთ მისი თვისება და ვთქვათ: „ცუდია”, ჩვენ ვამბობთ: „კარგია”, „ჩინებულია”. ასეთ შემთხვევაში „მშვენიერს”, „კარგს” დაცინვის მიზნით ვხმარობთ შებრუნებული მნიშვნელობით, ე.ი. მათში იგულისხმება მახინჯი, ცუდი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აზრი გამოთქმულია საწინააღმდეგო, ანუ შებრუნებული მნიშვნელობით. მაგ:

ბედნიერია ჩანჩურა! შვილი ჰყავს მას სანაქებო,

თქვენ მზეს ვფიცავ, წყალივით იცის აპელაცია!..

წვერ–ულვაშს არ ჰკადრულობს, მოუშვია ბაკები:

ეს სწავლის ნიშანია, უჰ, რა დიდი კაცია” – (აკაკი)

ხაზგასმული სიტყვები საწინააღმდეგო მნიშვნელობით არის ნახმარი. ლექსის შინაარსი სინამდვილეში ასეთია: უბედურია ჩანჩურა, მას სამარცხვინო შვილი ჰყავს, მისი საქციელი უმეცრების ნიშანია და სხვ.

„კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ–კარი” – ქებით იწყებს ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძის კარ–მიდამოს აღწერას და ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აქ არავითარ ირონიას ადგილი არ აქვს, მაგრამ კითხვის გაგრძელებისთანავე ცხადი ხდება, რომ წაკითხული შებრუნებული მნიშვნელობით უნდა გავიგოთ – „შიგ თვითონ ეზო ისეთი უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული”. ან კიდევ: „ამ ორ ტახტს – შუა აღმოსავლეთის კედელზე მოჩანდა, კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯლი ბუხარი. აქა–იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები, მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული მყრალა–ბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი...”.

ირონიას მიმართავს ავტორი ლუარსაბის გარეგნობის აღწერისას – „უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში...”

თავიდან ავტორი ისე გვაჩვენებს, თითქოს ლუარსაბი მართლაც ლამაზია, მაგრამ შემდეგ ისე გვიხატავს მის გარეგნობას, რომ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი მახინჯად წარმოგვიდგება - „ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარა, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში”..

ი. ჭავჭავაძის ირონია „კაცია–ადამიანი?”! აშკარა, მკვეთრი და გამანადგურებელია. ასეთ ირონიას სარკაზმი ეწოდება, ხოლო შედარებით ფარულსა და მსუბუქ დაცინვას კი – ჰუმორი.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 197

ისტორიული რომანი

ისეთი ხასიათის რომანი, რომელიც გვიხატავს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას .

მთავარი ყურადღება ექცევა ავტორის თვალსაზრისით საინტერესო წარსულის რომელიმე ეპიზოდის გამოსახვას.

ისტორიულ რომანს, თუმცა მასში აღწერილია წარსულში აღწერილი ამბავი, კავშირი აქვს ავტორის ეპოქაში არსებულ პრაქტიკულ ამოცანებთან .

მთელი რიგი ავტორები ისტორიული რომანების საშუალებით წარსულის სურათს გვიხატავენ იმ მიზნით, რომ პასუხი გასცენ თავიანთი ეპოქის მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებს.

მაგ. ე. ნინოშვილმა თავის ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიიაში” მხატვრულად ასახა მნიშვნელობა და ადგილი კლასობრივი ბრძოლისა, რომელიც საერთოდ ადამიანთა საზოგადოების ისტორიას ახასიათებს.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

10 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - კ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - კ

კაკოფონია

ბერძნ. „კაკოს”– ცუდი, „ფონოს”– ხმა, ბგერა

კეთილხმოვანების დარღვევა, ცუდხმოვანება

გამოთქმის კეთილხმოვანებას ვნებს რამდენიმე ხმოვნისა ან თანხმოვნის დაჯგუფება. მაგ.

„მკრტიჩიანი ფერმკრთალად გამოიყურება” – ორივე სიტყვაში ხუთ–ხუთი თანხმოვანია დაჯგუფებული, რაც არღვევს კეთილხმოვანებას.

ანტონიმი: ევფონიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კერძო აღწერა

კერძო აღწერას უწოდებენ ისეთ აღწერას, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას ერთ საგანზე, გვიხატავს ერთ მოვლენას.

მაგ. პალიასტომის ტბის აღწერა ე. ნინოშვილის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა”, ან კიდევ რომელიმე მდინარის, ჩანჩქერის, მთის, მწვერვალის, ქალაქის, ციხის ან რაიმე ნაგებობის აღწერა.

მაგ. ქსნის მტკვრის ციხის აღწერა:

„თბილისიდან, ან ბათუმიდან რკინის გზით მიმავალი ქსნის სადგურს რომ მიუახლოვდებით, თქვენს ყურადღებას უნებლიედ იზიდავს ერთი მეტად მშვენივრად ნაგები ციხე, მაღალს მთაზე ბუმბერაზად წარმომდგარი... მას ქსნის – მტკვრის ციხე ეწოდება. ქსნის მტკვრის ციხე მდებარეობს სრული ნახევარი ვერსის მანძილზედ „ქსნის სადგურიდან”. წარწერა, რომელიც დღევანდლამდე კარგად შენახულა ამ ციხის ჩრდილო კედელში ჩატანებულ ქვაზედ, უწოდებს მას „კონსტანტილაბადს” (ე.ი. კონსტანტინეს ქალაქს). წარწერა გაკეთებულია კვადრატულ არშინიან ქვაზედ და ძირიდან ორის სატენის სიმაღლეზეა კლდეში ჩატანებული ციხის ჩრდილოეთის მხრიდან. სიმაღლე ციხისა იქნება 6–7, ხოლო სიგრძე–სიგანე – ათ–ათი საჟენი. აშენებულია ქვითა და აგურითა, ერთი რიგი რომ ქვაა, მეორე რიგი აგურია. შიგნით, ციხის ირგვლივ მრავალი განყოფილებანია. როგორც ეტყობა საცხოვრებელი ოთახები ყოფილა, ბუხრებით, სარდაფებით და სხვ. შუაში კი პატარა ეზოა ბალახით მოსილი.

ციხე ჯერაც კარგად არის შენახული და მხოლოდ დასავლეთის მხრის კედელი აქვს ჩამოქცეული, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ ნიაღვარს ჩამოურეცხია ამ მხრიდან მთის გვერდობი, ციხეს საძირკველი გამოსთხრია და კედელიც იმიტომ ჩამონგრეულა, – ციხე აგებულია სარკინეთის მთის დასავლეთ კენწეროზე, საიდანაც მშვენივრად მოჩანს მტკვრისა და ქსნის ხეობები ჭალებითა და სოფლებით: მუხრანი, აღაიანი, ქსოვრისი და ოკამი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, ნადირაანთ კარი, ძეგვი და სხვ.”

იხ. აგრეთვე: აღწერა, აღწერითი თხზულება, საერთო აღწერა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კვანძი

სიუჟეტში მოცემული მდგომარეობა, როცა ჩნდება და ერთმანეთში ინასკვება მიზანი და წინააღმდეგობა, წარმოიშობა კონფლიქტი, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს მოქმედების შემდგომ განვითარებას.

„სამანიშვილის დედინაცვალში” ბეკინას ოჯახი და მისი ერთ–ერთი წევრი პლატონ სამანიშვილი მოთხრობის დასაწყისში (პირველი თავის ექსპოზიციურ ნაწილში) კმაყოფილია, მაგრამ ირღვევა პლატონის მშვიდობა. ჩნდება საფრთხე და და მიზნად იქცევა ამ საფრთხის თავიდან აცილება. ისკვნება კვანძი:

მის მომზადებას ავტორი იწყებს შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც არ უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის...” . ბეკინას უჩნდება „საშინელი სურვილი ცოლის შერთვისა”. ბეკინას ჯერ აზრი მოუვიდა, „და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა”. „მღუპავ, მამა? მღუპავ? დანას მიყრი ყელში?... შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? ...დევიღუპე, წმინდად დევიღუპე”

იმისათვის, რომ მამის სურვილიც დააკმაყოფილოს და ოჯახის გამყოფიც არ გაჩნდეს, პლატონი მიზნად ისახავს სადედინაცვლოდ მონახოს ორნაქმარევი, უშვილო დედაბერი, რომელსაც ბავშვი არ გაუჩნდება. ასეთი დედაბრის მონახვაც რთულია და, კიდეც რომ მოინახოს, მაინც არ არის გამორიცხული მისგან შვილის გაჩენა. მიზნებისა და წინააღმდეგობის ამგვარი ჩვენებით ისკვნება დასახელებული მოთხრობის კვანძი. ოჯახის მომავალი გამყოფის დაბადების თავიდან აცილება პლატონის მიზანია და ეს მიზანი აძლევს ბიძგს ამბის განვითარებას მოთხრობაში.

„გოგია უიშვილის” კვანძია გლეხების მიმართ მოხელეთა კატეგორიული განკარგულება – სამი დღის ვადაში ეგზეკუციის ხარჯისათვის თუმნის გადახდის შესახებ.

გოგიას თუმნის გადახდა არ შეუძლია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დარბევით ემუქრებიან. ეს მდგომარეობა დასაბამს აძლევს გოგიასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის არსებულ წინააღმდეგობათა განვითარებას.

„კაკო ყაჩაღში” კვანძი ის ადგილია, სადაც ბატონი გლეხს უარს ეუბნება შვილის დაბრუნებაზე.

გ. ერისთავის კომედიაში „გაყრა” მთელი რიგი წინააღმდეგობაა მოქმედ პირთა შორის. პავლესა და მის ცოლს უნდათ, რომ გაყრის დროს მეტი წილი ირგონ, ანდუყაფარიც ცდილობს, რომ თავისი წილი პავლეს არ გაატანოს (წინააღმდეგობა ანდუყაფარსა და პავლეს შორის), ივანეს მიზანია ცოლი სიყვარულის საფუძველზე შეირთოს, მიკირტუმ გასპარიჩი კი ცდილობს ანგარების საფუძველზე შეართვევინოს მისი ქალიშვილი (წინააღმდეგობა ივანესა და მიკირტუმას შორის). კომედიის კვანძი „გაყრაში„ თავიდანვე იწყება(ანდუყაფარის მონოლოგით) და გრძელდება მანამდე, სანამ არ გავეცნობით წინააღმდეგობებს მოქმედ პირთა მიზნებს შორის.

ე. ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კვანძი ის ადგილია, სადაც ტარიელის ამხანაგები დესპინესთან საუბრობენ მისი გაცნობისა და რაიმე ხერხით ხელში ჩაგდების მიზნით და დესპინესაგან მკვახე პასუხს ღებულობენ:

„მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლოს სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდნენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდა გაუშვანო.

რადგან დარბაზში ხალხის სიმრავლის გამო, თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთადმოყვანილი ტანი ლამაზად ეხატებოდა.

ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ–მკერდს.

ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ გართული და ამიტომ ვერ ამჩნევდნენ ტარიელის და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.

– ერთი ამის გულმკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? – ჰკითხა ამხანაგმა.

ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.

– ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, – უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: ეს ვინღა არის, რომ ახლავს მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის, სწორეთ... ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა ვიღაც არი.

– მოდი, ერთი გავეცნობი, – უთხრა ტარიელს ამხანაგმა.

– შენ ხომ ამისთანაობა ძალიან გეხერხება, – სიცილით უპასუხა ტარიელმა.

– ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორისთვის ღონიერი მკლავი, შენთვის – მკლავი, ჩემთვის – ხერხი.

– კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე, თუ შეგიძლია, წადი და გაეცანი – სიცილით უთხრა ტარიელმა.

ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და მოურიდებლად ჰკითხა:

– საიდან მობრძანდებით?

– სოფლიდან, – უპასუხა ქალმა.

– რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით?

– რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ.

– არა, ისე.

– ისე? ისე საჭირო არ არის! – ცოტა არ იყოს გესლიანად უპასუხა ქალმა.

– რატომ? ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს?

– თუ ამაზე მეტი საქმე არა გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! – უპასუხა ქალმა, რომელსაც ისეთი მრისხანება გამოეხატა ამ დროს სახეზე, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული შეიქმნა, მოშორებოდა.

– რა ქენი! ვერ იხერხა მგონია, შენმა ხერხმა? – ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს.

– მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებს – მეთქი, ვიფიქრე. ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდითო და მომიშორა,– უპასუხა გულნატკენად ამხანაგმა.

ამ ეპიზოდში ერთმანეთთან იკვეთება ტარიელის მიზანი და დესპინეს წინააღმდეგობა.რომ არ ყოფილიყო ერთ–ერთი მათგანი, რომ, ვთქვათ, დესპინე წინააღმდეგობის ნაცვლად სიამოვნებით გასცნობოდა ტარიელს და მის ამხანაგს, მას რომ ტარიელისათვის დაენიშნა პაემანი, მაშინ შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო, აღარ განვითარდებოდა ამბავი, აღარ იქნებოდა შეჯახება, ბრძოლა, აღარ იქნებოდა სიუჟეტი.

იხ. აგრეთვე: კვანძის გახსნა, კომედია, ექსპოზიცია, ეპიზოდი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, მოთხრობა, სიუჟეტი, წინაამბავი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კიბური რითმა

რითმა, რომელიც წარმოადგენს წინა ტაეპის დამამთავრებელი ბგერების შეერთებას მეორე ტაეპის დასაწყისთან ან პირველი ტაეპის დაბოლოებასთან. მაგ:

„ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა,

გადააქსოვა სარკის მწვანე ბროლს,

სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა,

და დაათოვა სურათებს, საწოლს.” – (გ. ტაბიძე)

იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კლასიციზმი

XVII-XVIII საუკუნეებში გაბატონებული მიმართულება, რომელთა მიმდევრები ძველი კლასიკოსი მწერლების ნაწერებს უმაღლესი და სრულქმნილი ხელოვნების ნიმუშად თვლიდნენ და ბაძავდნენ მათ.

კლასიკოსს, საერთოდ, ისეთ მწერალს უწოდებენ, რომლის ნაწარმოები სანიმუშო და მიბაძვის ღირსია. ძველი რომისა და საბერძნეთის მწერლები გამოჩენილი მწერლები–კლასიკოსები იყვნენ. ამ მიმართულებას მეორე სახელსაც უწოდებდნენ. იგი დიდხანს იყო ცნობილი „ცრუ კლასიციზმის„ სახელწოდებით.

კლასიციზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება პირველად განვითარდა XVII საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში.

ფრანგული კლასიციზმის თეორეტიკოსი და მეთაური ბუალო იყო. მან დაწერა „პოეტური ხელოვნება”. ამ თხზულებაში ბუალომ ჩამოაყალიბა პოეტური ხელოვნების ის კანონები, რომლითაც სარგებლობდნენ მისი სკოლის მწერლები; მათ შორის განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ: კორნელი, რასინი, მოლიერი და სხვ.

ფრანგული კლასიციზმის წარმომადგენელმა მწერლებმა შეიმუშავეს ლიტერატურის ახალი თეორია, ახალი წესები, რომლებსაც მწერალი უნდა დამორჩილებოდა. ბუალოს მიერ შემუშავებული თეორიის ღირსება უმთავრესად ის იყო, რომ იგი მწერლებისაგან სიმართლის თქმასა და სინამდვილის ასახვას მოითხოვდა. კლასიციზმის მიმდევარმა მწერლებმა მართლაც შესძლეს მათი ეპოქის სინამდვილის ზოგიერთი საინტერესო მხარის ასახვა (როგორც მაგალითი, შეგვიძლია დავასახელოთ მოლიერი, რომელმაც ახალი კომედიის კლასიკური ნიმუშები შექმნა). ამ მხრივ ფრანგული კლასიციზმი რეალიზმის სახეობად გვევლინება. მაგრამ ამ ღირსებასთან ერთად მათ ჰქონდათ გამომუშავებული ისეთი ნორმები, რომლებიც ხელს უშლიდა სინამდვილის ასახვის სიღრმესა და სისწორეს.

კლასიციზმის მიმდევარ მწერალთა ნაწარმოებების მოქმედი პირები თავიდანვე ჩამოყალიბებულ გარკვეულ ხასიათებს განასახიერებდნენ. მაგ. სიძუნწეს, სიუხვეს, სათნოებას და სხვ. ისინი არ უხატავდნენ მკითხველს ადამიანის ბუნებისა და ხასიათის ზრდასა და განვითარებას. მათი ნაწარმოებების მოქმედი პირები რჩეული ადამიანები იყვნენ (მეფეები, სარდლები, დიდი მოხელეები), ხოლო ე.წ. „მდაბიო ხალხის” გამოყვანა მხოლოდ კომედიაში იყო დასაშვები.

სასცენო ნაწარმოებისათვის კლასიციზმის მიმდევრები სავალდებულოდ თვლიდნენ ანტიკური ტრაგედიისათვის დამახასიათებელი სამი ერთიანობის კანონის დაცვას. სამ ერთიანობაში იგულისხმებოდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა. დროის ერთიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ პიესაში ნაჩვენები ამბავი ერთი დღე–ღამის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

ადგილის ერთიანობის კანონი მოითხოვდა, რომ პიესაში მოქმედება მხოლოდ ერთ გარკვეულ ადგილზე წარმოებულიყო. სადაც დაიწყებოდა მოქმედება, იქვე გაგრძელებულიყო და დამთავრებულიყო. მოქმედების ერთიანობის კანონის მიხედვით, მხატვრულ ნაწარმოებში მთავარი მოქმედება არ უნდა დაჩრდილულიყო პარალელური მოქმედებითა და ეპიზოდებით. მასში მხოლოდ მოქმედებათა ერთი კვანძი უნდა ყოფილიყო.

კლასიციზმმა, როგორც ლიტერატურულმა მიმართულებამ, რომელიც დამახასიათებელი იყო ლიტერატურის განვითარების განსაზღვრული საფეხურისათვის, ყველა კულტურულ ქვეყანაში ჰპოვა გამოვლინება. ქართული ლიტერატურის ისტორიაში კლასიციზმი საუკეთესოდ გამოვლინდა XVII-XVIII საუკუნეებში. მართალია, ეს გამოვლინება თავისებური იყო, მაგრამ იგი აერთიანებდა კლასიციზმის ყველა ძირითად თვისებას. ერთი მხრივ, არსებობდა კლასიკური პერიოდი ქართული ლიტერატურისა, რომელსაც რუსთაველის ბრწყინვალე პოეტური ნიმუში აგვირგვინებდა, მეორე მხრივ, განსაკუთრებით გურამიშვილის პოეზიის სახით, ქართული კლასიციზმის პერიოდის ლიტერატურა გამოსახვის მთავარ საგნად იღებდა ისტორიული ეპოქის სინამდვილეს (ამიტომ ზოგი მას ნაადრევ რეალიზმსაც უწოდებს).

იხ. აგრეთვე: კომედია, ლიტერატურული მეთოდი, ლიტერატურული მიმართულება, რეალიზმი, სენტიმენტალიზმი, ტრაგედია, ეპიზოდი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კომედია

კომედია ისეთი სასცენო ნაწარმოებია, რომელიც სასაცილო ფორმებში გვიხატავს ადამიანის უარყოფით მხარეებს და რომლის გმირებიც აწარმოებენ ბრძოლას უმნიშვნელო დაბრკოლებებთან.

კომედიის მიზანია, მოქმედი პირის უარყოფითი თვისებების დაცინვის საშუალებით აამაღლოს მაყურებლის ან მკითხველის ზნეობა. დაცინვის გამოწვევისათვის კომედიის ავტორები სასაცილო ფორმებში გვიხატავენ მათი გმირების გარეგნობას(კაროჟნა – „დარისპანის გასაჭირში”), მათ მეტყველებას(ოსიკო – „დარისპანის გასაჭირში”, კარაპეტ ბუღდანიჩი და მიკირტუმ გასპარიჩი–გ. ერისთავის, კომედიებში), მათ ყოფა–ქცევას.

წინააღმდეგობის ხარისხით, მოქმედ პირთა ხასიათით და მაყურებელში გამოწვეული შთაბეჭდილებით კომედია სავსებით უპირისპირდება ტრაგედიას.

კომედიის გმირები, ვიწრო ინტერესებით გამსჭვალულნი, ქვენა გრძნობის ადამიანები არიან. მათი მიზანი არ იწვევს მკითხველში ტრაგედიისათვის დამახასიათებელ თანაგრძნობას. კომედიის მოქმედ პირებს, „ბრძოლა” უხდებათ უმნიშვნელო და, ზოგჯერ, მოჩვენებით წინააღმდეგობასთან. კომედია, უმთავრესად, მოქმედ პირთა შერიგებით ან წინააღმდეგობათა გადალახვით მთავრდება (მაგ.„გაყრა”).

არის ისეთი კომედიაც, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტრაგიკულ ელემენტს. მაგ.დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”. მასში ავტორი დასცინის ტრადიციულ შეხედულებას წოდებრივ უპირატესობაზე (ფილიპე სასიძოდ აბესალომს ირჩევს, როგორც მემამულეს), თუმცა ირინე ვერ უწევს მამას გადამწყვეტ წინააღმდეგობას, უთმობს მას და ცოლად მიყვება აბესალომს, მაგრამ წინააღმდეგობა აბესალომსა და ირინეს შორის გრძელდება. ამით „ირინეს ბედნიერება” გარდამავალ საფეხურად რჩება კომედიასა და დრამას შორის. ამ პიესის ძირითადი ნაწილი – ირინეს გათხოვების საკითხის გადაწყვეტა, მიუხედავად ტრაგიკული ელემენტებისა, კომედიას უახლოვდება, რადგან მოქმედ პირებს შორის არ აღმოჩნდა შეურიგებელი წინააღმდეგობა, მაგრამ კომედიის უკანასკნელი ნაწილი – აბესალომის მიერ ოჯახზე თითქმის ხელის აღება და ირინეს მოსაკლავად ხანჯლის მოქნევა, ისე მწვავედ გვიხატავს მათ ურთიერთობას, რომ მისი გამოხატვა მხოლოდ დრამით შეიძლება; მსგავსი მოვლენის გამო, ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაწარმოებს ზოგი კომედიას უწოდებს და ზოგი დრამას (მაგ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”).

კომედიაში გმირთა თვით უკიდურესი წინააღმდეგობაც კი სიცილს იწვევს. მაგ. ამოღებული ხმლით კომედიის გმირების ერთმანეთზე გაწევა მუთაქის გაყოფის დროს („გაყრა”). ამ ხერხს გ. ერისთავი შეგნებულად მიმართავს, რომ ნათლად დაგვიხატოს ქართველი მემამულეების დაწვრილმანება და მეტი საფუძველი მოგვცეს მათი დაცინვისათვის. ამიტომ ეს სცენა კომედიისა მაყურებლებში, შიშისა და თანაგრძნობის ნაცვლად (რაც ტრაგედიაში იგრძნობოდა კონფლიქტის გამწვავებით), ზიზღსა და დაცინვას იწვევს.

ძველი კომედიის გმირები, უმთავრესად, სუსტი ნების მქონე ადამიანებია და მათ წინაშე დაბრკოლებებიც უმნიშვნელოა. თუ კომედიის გმირს წინ ხვდება ჩვეულებრივი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, მაშინ თვით კომედიის პერსონაჟი არის აღჭურვილი ისეთი ძალით, რომ იგივე დაბრკოლება მისთვის მაინც უმნიშვნელოა. მაგ. შექსპირის კომედიის გმირი პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება”), რომელსაც ისეთი ნებისყოფა აქვს, რომ მისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს თავისი სიანჩხლით ყველა სასიძოსათვის საფრთხობელად მიჩნეული კატარინას გარდაქმნა.

კომედიას არ ახასიათებს გრძელი მონოლოგები; მოქმედება სწრაფად ვითარდება. მოქმედების განვითარება თანდათან ააშკარავებს გმირის უარყოფით მხარეებს და იგი მაყურებლის თვალში უფრო და უფრო სასაცილო ხდება.

იხ. აგრეთვე: დრამა, კვანძი, კლასიციზმი, მონოლოგი, რეალიზმი, ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კომპოზიცია

ლათ. KOMPONERE

ნაწარმოების აგებულება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთშეფარდება.

„კომპოზიცია” ლათინურად ნიშნავს აწყობას, აშენებას, შედგენას.

ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოითხოვს გარკვეული გეგმით აგებას. სხვაგვარად შეუძლებელია ნაწარმოებმა ემოციური ზეგავლენა მოახდინოს მკითხველზე. საკუთარი სათქმელის ნათლად გამოხატვის მიზნით მწერალი საკუთარ ნაწარმოებს ჰყოფს ცალკეულ ნაწილებად, ალაგებს მათ გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული გეგმის მიხედვით და აკავშირებს მათ ერთმანეთთან გარკვეული მიზნით.

ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით, კომპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების დალაგება–დაკავშირებაა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. მაგრამ მარტო ამ შინაარსით არ იზღუდება კომპოზიციის მნიშვნელობა. ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზი ითვალისწინებს მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი მოვლენების მიზეზ–შედეგობრივად დაკავშირებას, მოქმედების განვითარების ცალკეული ეპიზოდების დაჯგუფებას ან გადაჯგუფებას ავტორის მთავარი იდეის შესაბამისად. მოქმედი გმირების დახასიათებას, სიტყვიერი მასალის აგებულების განხილვას და სხვ.

იხ. აგრეთვე: ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, სიუჟეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

კომპონენტი

მხატვრული ნაწარმოების შემადგენელ ნაწილი.

ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები კომპონენტებისაგან აიგება. რომ ავიღოთ პატარა ლირიკული ლექსი, მაგალითად ი. ჭავჭავაძის, „გაზაფხული”, ისიც კი გარკვეული კომპონენტებისაგან შედგება. ეს ლექსი შედგება ორი სტროფისაგან (ხანისაგან), სტროფები – ოთხ – ოთხი სტრიქონისაგან, ანუ ტაეპებისაგან, ტაეპები ტერფებისაგან.

ტერფები, ტაეპები, ხანები – ლექსის კომპონენტებია.

ყველაზე დიდი ზომის კომპონენტი – ეპიზოდია, რომელიც დიდი ზომის მხატვრულ ნაწარმოებში არის შესამჩნევი.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, ლირიკა, სტროფი, ტაეპი, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

კომპონენტი

მხატვრული ნაწარმოების შემადგენელ ნაწილი.

ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები კომპონენტებისაგან აიგება. რომ ავიღოთ პატარა ლირიკული ლექსი, მაგალითად ი. ჭავჭავაძის, „გაზაფხული”, ისიც კი გარკვეული კომპონენტებისაგან შედგება. ეს ლექსი შედგება ორი სტროფისაგან (ხანისაგან), სტროფები – ოთხ – ოთხი სტრიქონისაგან, ანუ ტაეპებისაგან, ტაეპები ტერფებისაგან.

ტერფები, ტაეპები, ხანები – ლექსის კომპონენტებია.

ყველაზე დიდი ზომის კომპონენტი – ეპიზოდია, რომელიც დიდი ზომის მხატვრულ ნაწარმოებში არის შესამჩნევი.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, ლირიკა, სტროფი, ტაეპი, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

კულმინაცია

ლათ. CULMEN

ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (კულმინაცია ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს).

ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზის დროს არც ისე იშვიათად გაძნელებულია კულმინაციის დასახელება. მაგალითის მოტანისას შეცდომას უშვებენ: კულმინაციად, ე.ი. წინააღმდეგობის გამწვავების უმაღლეს საფეხურად სახელდება ის ეპიზოდი, სადაც გამწვავების უმაღლესი საფეხური ჯერ არ გვაქვს და მხოლოდ დასწყისი ვლინდება.

„განდეგილში” ზოგჯერ კულმინაციის ნიმუშად დასახელებულია ეპიზოდი –„ფეხი წინ წადგა” მწყემსი ქალის საამბორებლად. ეს შეცდომაა. თავისთავად, „განდეგილის” კულმინაციის დასახელება ძალიან ადვილია, რადგან ილია ჭავჭავაძემ დაძაბული მდგომარეობის დაწყებამდე მოგვცა გასაღები კულმინაციის მისაგნებად. პოემის VI თავში ავტორი გვამცნობს, რომ ღმერთმა შეიწყნარა განდეგილი, კმაყოფილია მისი ერთგულებით და ამ კმაყოფილებას ავლენს სასწაულით: სენაკში შემოსულ სხივზე ბერი სახარებას დებს და სხივი მას იჭერს. ბერი კმაყოფილი რჩება, რადგან რწმუნდება, რომ იგი ღვთისაგან შერისხული არ არის და მისგან გამოვლენილი სასწაულით სიკვდილის შემდეგ მის სულს სამოთხის ნეტარება ელის, რომ ღმერთს შვიდჯერ ჩადენილი ცოდვის პატიებაც კი შეუძლია, მით უმეტეს, თუ ადამიანი მას შეინანებს. არც განდეგილის სინანული იმის გამო, რომ მას ხსნის გზად განდეგილობა ერგო, არც ხორციელი გრძნობის გაღვიძება არ არის საფუძველი იმის დასადგენად, რომ იგი ღვთისაგან შერისხულია. ამის საბოლოოდ დადგენის ერთადერთი საფუძველი მხოლოდ სასწაულის შემოწმებაა. შემოწმება იმისა, დაიჭერს თუ არა სხივი კვლავ სახარებას? გიჟივით გარეთ გავარდნილი ბერი მივარდება ლოცვანს, სხივს შეუშვირს, სხივი კი ლოცვანს აღარ იჭერს. ეს არის უკვე დადასტურება საშინელი მოლოდინისა, რომ იგი ღვთისაგან შერისხულია:

„მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ,

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა...”

ეს არის ბერისთვის უმძიმესი მდგომარეობა, ეს არის კულმინაცია.

კულმინაციის გამოყოფის კუთხით ბევრად უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს მთელ რიგ სხვა ნაწარმოებებში. როდესაც ვცდილობთ დავადგინოთ, მაგალითად, თუ სად არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კულმინაცია, უფრო ხშირად ასეთად მიიჩნევა მოთხრობის იმ ადგილი, სადაც ტარიელ მკლავაძე ცდილობს კარების ჩამტვრევასა და თვითნებურად შეჭრას იმ ოთახში, სადაც სპირიდონი და მისი მეუღლე ისვენებენ.

სინამდვილეში კი მოთხრობის ყველაზე უფრო დაძაბული მომენტი ის ეპიზოდია, როდესაც მეორე დღეს ორივე მხარე (ტარიელიც და სპირიდონიც) ერთიმეორის მოსაკლავად იწევენ.

იხ. აგრეთვე: კვანძის გახსნა, მოთხრობა, ეპიზოდი, სიუჟეტი, შპანუნგი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

11 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ლ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ლ

ლეგენდა

ზღაპრული ხასიათის მოკლე მხატვრული გადმოცემა, რომელიმე ისტორიული პირის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

სახელწოდება „ლეგენდა” რელიგიური წარმოშობისაა. „ლეგენდა” ლათინურად ნიშნავს საკითხავს ან წასაკითხს, ე.ი. იმას, რაც ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელთა მითითებით უნდა წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს. თვით ლეგენდარული გადმოცემები კი უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში.

აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო ლეგენდა ბუდას შესახებ და სხვ. ეკლესია ცდილობდა ლეგენდა გამოეყენებინა რელიგიური აგიტაციის მიზნით. XIX საუკუნისა და ჩვენი დროის ლიტერატურამ კი მას ახალი დანიშნულება მისცა.

ილია ჭავჭავაძემ რელიგიური წარმოშობის ლეგენდა „განდეგილის” ანტირელიგიური შინაარსის პოემის შესაქმნელად გამოიყენა.

ანტიკურ საბერძნეთში ცნობილი იყო ლეგენდა ჰერკულესის შესახებ, ლეგენდა დედალოსისა და იკაროსის შესახებ და სხვ. დედალოსმა ბუმბულისა და სანთლისაგან ფრთები გააკეთა და კრეტადან თავის შვილ იკაროსთან ერთად კუნძულ სიცილიისაკენ გაფრინდა. იკაროსმა მეტისმეტად მაღლა დაიწყო ფრენა, მზეს მიუახლოვდა, მზის სხივებმა სანთელი დაადნო და იკაროსი ზღვაში დაიღუპა.

ისტორიულ ეპოქაში შეიქმნა ლეგენდები სხვადასხვა ისტორიული პიროვნების შესახებ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილების წარმოშობის შესახებ. მაგ. ცნობილი ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელზე.

ე. ნინოშვილი „პალიასტომის ტბაში” მოგვითხრობს ლეგენდას პალიასტომის ტბის წარმოშობაზე, „სურამის ციხე” დაწერილია ცნობილი ლეგენდის საფუძველზე.

ა. წერეთელმა ლეგენდის საფუძველზე შექმნა მოთხრობა „გოგია მეჩონგურე”:

„იმისთანა ბნელი ღამე იყო, რომ კაცს თვალთან მიტანილი თითის დანახვაც კი არ შეეძლო, მაგრამ მაგივრად ფეხის ხმა არ გამოეპარებოდა იმ მიწყნარებულ არემარეში.

ამ დროს, თითქოს ჯადოქარს მოეტანოს, რაღაცამ გაიწკრიალა ჰაერში და თანაც მოისმა ჩონგურის საამური ხმა. ისეთნაირად ქვითინებდა სიმები, თითქოს ქვეყნის ტანჯვა უნდოდათ ნემსის კუნწში გაეძვრინათ, ისე დაედნოთო...

დიდხანს, დიდხანს გულსაკლავად წკრიალებდა სიმები უცნაური ძალით და ბოლოს კი სიმღერაც მოისმა

კილო იმ სიმღერისა არა ჰგავდა არც „სალხინოსა” და არც „ზარის” ხმას; ის იყო გულგახეთქილის, რაღაც გულგამხეთქი საყვედურისა და წყევლა– კრულვის ერთად შეერთებული ხმა.

შეწყდა სიმღერა; მაგიერად იქვე მოისმა ერთიმეორეზე რაღაც ბუტბუტის, ამოოხვრისა და ხითხითის ხმები.

მთვარე ამოვიდა და შემდეგი სანახავი გამოჩნდა:

ერთი სახლის წინ იდგა ჩონგურით ხელში თავდახრილი გოგია მეჩონგურე და შესცქეროდა მოაჯირს, საიდანაც სამი ქალი იყო გადმომდგარი, ერთი მათგანი – მოხუცი – რაღაცას ბუტუნებდა, მეორე – მშვიდობიანი სახის ახალგაზრდა ქალი, ხვნეშოდა და მესამე – კოპწია ყმაწვილი ქალი კი იცინოდა. სამივესვე სხვადასხვაგვარად გულისთქმისა და სულის მოძრაობის მიზეზი იყო ერთი და იგივე.

– ეგ არი რაღა, გვეთხოვები, აღარ იშლი? მიდიხარ, მაგრამ ოჯახს ვის უტოვებ? ჩემზე აღარას გეტყვი, დედა ვარ, მარა ეს და აღარ გებრალება? და ან ამ ახალგაზრდა ცოლის მოშორება როგორ არ გწყვეტს გულსა? ვის ხელში გვტოვებ და რას გვიპირებ? – უთხრა მოხუცებულმა ქალმა.

– დედი, უპასუხა გოგიამ მშვიდობიანად, ვისაც თავისი ვალი არ შეუსრულებია, იმას ნება არა აქვს არც ცოლის სიყვარულისა! სირცხვილია მამაკაცისათვის დედის კალთაში ქალაჩუნობით თავის ჩადება და კისერზე მოხვევა და ცოლის გვერდით ამოჯდომა საზოგადო გაჭირვების დროს.

აღარ შემიძლია მოვიცადო! მივეშურები იქით, საითკენაც ჩემი ვალი მომიწოდებს!.. სიკვდილი ან გამარჯვება! აი, ასე გადაწყვიტა ჩემმა გულმა! მივდივარ და თქვენ გიტოვებთ ამ ანდერძს: გიტოვებთ ამ ჩემ ჩონგურს, რომ გამოიღვიძოთ, სამივემ თითო–თითოჯერ დაუკარით ხოლმე ყოველდღე: თუ სიმები არ დასწყდეს, ცოცხალი მიგულვეთ, და თუ სიმები დაწყვეტილი ნახოთ, მაშინ კი შენდობა შემომითვალეთ, – ამ სიტყვების შემდეგ თვალცრემლიანი გოგია სამსავე გულში ჩაეკრა, გამოეთხოვა, გადაიწერა პირჯვარი და გზას გაეშურა.

გამწარებულმა დედამ გზა დაუწყევლა სიტყვიერად, თუმცა გულში კი სულ სხვასა გრძნობდა. დას, რაც გულში ჰქონდა, ის პირადადაც უთხრა: გზა დაულოცა და ცოლი მხოლოდ გაიბუტა, თვალთ ცრემლები მოიწმინდა.

იმ ღამეს დას ძილი არ გასტეხია, ცოლმაც მადიანად ამოუშვა ხვრინვა, მაგრამ მოხუცმა დედამ კი საწოლი ცრემლებით მორწყო! – რად დავწყევლე, მე უგუნურმაო? – ფიქრობდა – რომ გასჭრას ჩემმა წყევლამ? მაგრამ არა, არა! ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი, რომ დედის წყევლა შვილზე არ გადისო! დედა რომ პირით იწყევლება, მაშინ ძუძუები უარს ამბობენო!

ჩემმა ძუძუებმაც უარი სთქვეს!... ღმერთო, ნუ უსმენ ჩემს ცოდვილ ენას! – პირჯვარს ისახავდა.

გათენდა თუ არა, დედა პირველი მიადგა თაროზე, ჩამოიღო ხელის კანკალით მაღლიდან ჩონგური და ანდერძისამებრ სიფრთხილით ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები:

„რა მოგშორდი შვილო, შემდეგ

შავი ფიქრი გულს მიბურავს.

ვაჰ, თუ გშია, ან გწყურია,

ან გცივა და არა გხურავს!

ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზე,

გულს გასვია მტრის ისარი

და, რომ წყლული შეგიხვიოს,

დედაშენი არსად არი!

ვაჰ! თუ შენს ლამაზ თვალებს

ყვავი კორტნის და ყორანი;

და უნაგრით უპატრონოდ

დაგხვიხვინებს თავს მერანი!

ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა

ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?

მაშინ დედაშენიც ჩიტად

გადაიქცეს, შენკენ ფრენდეს!”

ეს რომ გაათავა, ჩონგური სიფრთხილით გადასცა თავის ქალს, გოგიას დას; იმანაც მოკრძალებით ჩამოართვა დედას ნაანდერძევი, აკოცა სიამით, წყნარად ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები:

„... მე გოგია მისთვის მიყვარს,

რომ ძმაა და მეგობარი;

და მისთვის მსურს მისი ხილვა,

მასთან ხშირი საუბარი,

რომ თავიდან ფეხებამდე,

ის მამულის შვილი არი,

თვის მარჯვენას მისთვის ხმარობს

და მისთვის ჟღერს მისი ქნარი;

ღმერთო, მიეც გამარჯვება,

განსაცდლისგან დაიხსენი,

დაგვიბრუნე შინ მშვიდობით,

გევედრები მონა შენი!

და თუ მოკვდეს ბრძოლის ველზე,

გაემსჭვალოს ისრით გული,

მაშინ ჩიტად გადამქენი,

მსურს, შევიქნე მე ბულბული;

რომ მის საფლავს მარტოხელსა

მე ვუსტვენდე გრძნობა–მტკბარი

და იმ ხმასაც ყურს უგდებდნენ

არემარე, მთა და ბარი.

გაათავა თუ არა დამ უკანასკნელი სიტყვა, მივარდა გიჟივით რძალი, გოგიას ცოლი, გამოჰგლიჯა ხელიდან ჩონგური მულსა და რაც ძალ–ღონე ჰქონდა, ჩამოჰკრა სიმებს...

მეტისმეტი ბარტყუნით თითები ეტკინა და სიმები მაინც არ დასწყდა.

ამგვარად რამდენიმე თვეს უკრავდენენ რიგ–რიგად ქალები იმ ჩონგურს და სიმები კი მაინც ისევ მთლად იყო.

ერთ დღეს, სადილად რომ სხდებოდნენ ქალები, სუფრაზე ხორცი მოიტანეს, თაროზე მწოლარ შავ კატას სუნი ეცა, გადმოხტა იქიდან, წამოედვა ჩონგურს, ძირს ჩამოაგდო და ლუკმა–ლუკმად დაამსხვრია. მოცვივდნენ ქალები და ნახეს, რომ სიმები ყველა დაწყვეტილიყო. დედა–შვილი შეშინდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდნენ:

– რა ვუყოთ, – ამბობდნენ – თავისით ხომ არ დაწყვეტილა სიმები? კატამ ჩამოაგდო უნებურადო!

– არა, ბატონო! ცუდი ნიშანიაო, – იწვავდა ენას კოპწია ცოლი, – წუხელი ბუ მთელ ღამეს ყვიროდა ჩვენს ეზოში და დღეს ყორანმაც დაგვძახაო!... – რაღა ამის თქმა ეჭირვებოდათ?! დედა გაყვითლდა შიშით, დას ნაცრისფერი დაედვა და ცოლმა კი თავის ოთახისკენ გასწია, ჩაიცვა ჭრელი კაბა და თავის ვარცხნას მოჰყვა, ვითომ აქ არაფერი ამბავი არისო.

ამ დროს მართლა მოვიდა მთხრობელი, მოიტანა გოგიას სიკვდილის ამბავი და მისი ნიშანი.

იმის დანახვაზე გაყვითლებული დედა მოლაღურად გადაიქცა, და – ბულბულად და ცოლს კი დარჩებოდა ბურთი და მოედანი, რომ რაღაც ხმას არ დაეძახა: „სადაც ის ორი, იქ შენც მესამეო!”. ამ ხმაზეც ცოლიც ოფოფად გადაიქცა და სავარცხელიც თავზე გარჭობილი შერჩა.

იმ დღიდან აქომამდე მოლაღური მაღალ ხეებზე სამი ძაფით, საცეცხლურივით ჩამოკიდებს ხოლმე თავის ბუდეს, არწივს – ვითომც თავისი შვილის აკვანი იყოს და თანაც დასძახის ხოლმე: „შვილო გოგია, შვილო გოგია!” – ბულბული, სადაც კი ნახავს ამოსულ ვარდს, ყოველგან გოგიას საფლავი ჰგონია და ათას ხმაზე დამღერის და უგალობს ძმის სულს, – ოფოფი კი უხეიროდ დაგოგავს მინდვრებზე და ეძებს გოგიას საფლავს, და ძებნაში ხან აქ და ხან იქ ჩაჰკრავს ხოლმე ნისკარტს მიწაში”.

იხ. აგრეთვე: ზღაპარი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლექსი

მხატვრულ ნაწარმოები, რომელშიც აზრები ხატოვნად არის გამოსახული, დაცულია სიტყვების თანაზომიერება და სხვადასხვა სტრიქონში განმეორებულია ბოლო ბგერები.

პოეზია ლექსების ერთობლიობას ნიშნავს. პროზა კი ეწოდება თხრობით გაულექსავ ლიტერატურას.

რით განსხვავდება ლექსი პროზისაგან? ერთ–ერთი ცნობილი ხალხური ლექსი წავიკითხოთ ისე, როგორც პროზას ვკითხულობთ: „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვს, გული გაუპოს დანამა”

წავიკითხოთ იგივე ლექსად დაწერილი :

„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,

დიდი მინდორი დანამა,

ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას,

გული გაუპოს დანამა.”

ლექსად და პროზად წაკითხვის განსხვავების საილუსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ იმის გარკვევით, თუ როგორ ეფარდება ერთმანეთს ლექსისა და პროზის ტემპი (კითხვის სიჩქარე) და ინტონაცია (ხმის ამაღლების დონე და მისი აწევ – დაწევის მიმდინარეობა). როდესაც პროზაულად ვკითხულობთ: ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა” – ტემპი აჩქარებულია. ორივე ფრაზა სამ–სამი სიტყვისაგან შედგება. ამ სამიდან პირველ ორ სიტყვას („ჟუჟუნა წვიმა”, „დიდი მინდორი”), რომლებიც წინადადებაში მსაზღვრელისა და საზღვრულის ფუნქციას ასრულებენ, თითქმის ისე გადაბმულად წარმოვთქვამთ, რომ მათ შორის შესვენება (პაუზა) შეუმჩნეველია. ასევე მინიმალურია პაუზა მეორე სიტყვის დამთავრების შემდეგ. პროზაული ტექსტის ორივე ფრაზაში, რომელშიც 6 სიტყვაა(3:3), შესვენება იგრძნობა მხოლოდ სინტაქსური ერთეულების(ფრაზების) დამთავრების შემდეგ. 6 სიტყვის წარმოთქმა მხოლოდ ორ პაუზას განაპირობებს. პაუზების სიმცირე კი – ტემპის სინელეს, სიჩქარეს (მთელი ფრაზა თითქმის ჰაერის ერთი მიწოლით წარმოითქმება).

შევამოწმოთ ტექსტში მახვილების ხარისხი და ხმის აწევ–დაწევის მიმდინარეობა (ინტონაცია).

პროზაულად წაკითხულ ტექსტში – „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, „დიდი მინდორი დანამა” – პირველი და მეორე სიტყვის მახვილები („ჟუჟუნა წვიმა, „დიდი მინდორი”) სუსტია, მათ შორის ორმარცვლიანი სიტყვების მახვილი („წვიმა”, „დიდი”) კიდევ უფრო სუსტია. ფრაზების დამამთავრებელ სიტყვებში – „მოვიდა”, „დანამა” – მახვილები შედარებით უფრო აწეულია, გაძლიერებულია და გაგრძელებულია: გაძლიერებულია იმიტომ, რომ ეს სიტყვები „მოვიდა”, „დანამა” მოყვანილ მაგალითში შემასმენელებია. მათი მახვილები ლოგიკური მახვილებია. ისინი ხმის აწევით და გაძლიერებით ამთავრებენ ფრაზის ფარგლებში ინტონაციის (ხმის აწევ–დაწევის) მოწესრიგებას. (ფრაზა იწყება და გრძელდება სუსტი მახვილებით – დაბალი ხმით და მთავრდება აწეული ხმით, გაძლიერებული მახვილით, ზოგჯერ – პირიქით).

ყოველივე ზემოთქმულიდან უნდა დავასკვნათ: პროზაულ ტექსტში კითხვის ტემპი ჩქარია, მახვილი (ლოგიკურის გამოკლებით) სუსტია. იმავე ტექსტის ლექსად წარმოთქმის დროს ყოველი სიტყვა (ან სიტყვათა სამახვილო ჯგუფი) განცალკევებულად და მკაფიოდ წარმოითქმის. ეს მოვლენა იწვევს ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შეჩერებას (პაუზებს). 16 მარცვლიან სალექსო სტრიქონში პროზაულად კითხვის დროს თუ მხოლოდ ორი პაუზაა, ლექსად კითხვის დროს სამჯერ მეტია (ექვსი). ყოველივე ეს იწვევს ტემპის შენელებას და წარმოთქმის დროის უფრო გახანგრძლივებას.

რა ცვლილებას განიცდის პროზასთან შედარებით ლექსის ინტონაცია; რა ადგილი უკავია პროზასთან შედარებით ლექსში ბგერითი მხარის მოწესრიგებას?

პროზაულად წაკითხვის დროს ტექსტში „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა”– მახვილები მხოლოდ ფრაზების დამთავრების შემდეგ იყო წარმოდგენილი (ორი ფრაზის არსებობამ განაპირობა მხოლოდ ორი გაძლიერებული მახვილი). ლექსად წაკითხვის დროს საანალიზო ტექსტში ექვსივე სიტყვა, რომელთათვისაც ლექსის ბუნების მიხედვით სავალდებულოა მკაფიოდ გამოთქმა, საკუთარ გაძლიერებულ მახვილს იღებს. სალექსო სტრიქონის დამამთავრებელი სიტყვის მახვილი, რომელიც რითმის წარმოქმნას განაპირობებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ლექსში ინტონაცია ანუ ბგერითი მხარე მაქსიმალურად მოწესრიგებულია. ამით განსხვავდება ძირითადად ლექსი პროზისაგან.

შინაგანი ბუნებით განსხვავებასთან ერთად, მხატვრული პროზისაგან ლექსი გარეგნულადაც განსხვავდება. ლექსად დაწერილში სტრიქონი ბოლომდე გრძელდება. ლექსისთვის მთელი სტრიქონოს დაკავება სავალდებულო არ არის. ლექსი დაყოფილია გარკვეულ მარცვალთა რაოდენობის შემცველ სტრიქონებად. უმეტეს შემთხვევაში ლექსის ყოველი სტრიქონი თანაბარმარცვლიანია. ლექსის კითხვის დროს თითოეული სტრიქონის განსაზღვრულ ადგილზე დამთავრებისას, ჩვენ ვჩერდებით და ეს შეჩერება(პაუზა) იმაზე მიგვითითებს, რომ ლექსი განგებ (ე.ი. ბგერის მოწესრიგების მიზნით) არის დაყოფილი ცალ–ცალკე, შედარებით დამოუკიდებელ ერთეულებად(სტრიქონებად).

იხ. აგრეთვე: თეთრი ლექსი, რიტმი, ტერცინა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლირიკა

პოეზიის გვარი, რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი მისწრაფება, განცდა, შთაბეჭდილება, რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენისაგან.

მწერლის მიერ პირადი განცდების უშუალო გამოხატვის მაგალითები ეპოსში და დრამაშიც გვხვდება, მაგრამ ლირიკული ადგილი ეპოსში და დრამაში გამოსახვის ძირითადი საგნის ან საშუალების შემადგენელი ნაწილია (ელემენტი). თვით სიტყვა „ლირიკა” წარმოდგება სამუსიკო იარაღის სახელისაგან, რასაც ლირა ეწოდება. ლირიკა პოეზიის ერთ–ერთ გვარს იმიტომ უწოდეს, რომ ასეთი სახის ნიმუშებს ძველ საბერძნეთში ლირაზე ამღერებდნენ. ლირიკულ ნაწარმოებში პოეტი გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, თავის პირად განცდებს, სურვილს, მისწრაფებას, აღტაცებას, სევდას, სიხარულს და ა.შ.

ავიღოთ სანიმუშოდ აკაკის ცნობილი ლექსი „გაზაფხული”:

„დღეს მერცხალი შემოფრინდა,

ჭიკჭიკითა გადმომძახა,

„გაზაფხული! გაზაფხული!”

გულს იმედი ჩამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,

არემარე მესხვაფერა!

სასოებამ ფრთა გაშალა,

გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,

უცნაური ვიგრძენ ძალი...

ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ,

ახლოს არის მომავალი!

მოვესწრები, რაც მინდოდა

ზამთრისაგან დაჩაგრულსა:

ვნახავ ქორწილს ბუნებისას,

გავიგონებ მის მაყრულსა,

დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას

და ბულბულიც გამაგონებს

მისებურად: ტია, ტიას!”

ლირიკული ნაწარმოებისათვის ავტორის ისეთი განწყობილების გამოხატვაა მნიშვნელოვანი, რომელიც არა მარტო თვით ავტორს, არამედ მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც ახასიათებს; სიხარული და აღტაცება, რომელიც გამოხატა აკაკი წერეთელმა „გაზაფხულში”, ავტორთან ერთად, დამახასიათებელი იყო სხვა მოწინავე ადამიანებისათვისაც, რომლებიც თვითმპყრობელური რუსეთის დახავსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური წყობილების დამხობაზე ოცნებობდნენ.

ლირიკული ნაწარმოები უფრო ხშირად გამოხატავს ავტორის მღელვარე გრძნობას. დაძაბული მღელვარება დიდხანს ვერ გრძელდება და ლირიკული ნაწარმოების თემა, ჩვეულებრივ, ავტორის წუთიერი განცდაა. ამიტომ, ლირიკული ნაწარმოები, ხშირად, მცირე მოცულობისაა (შეიძლება დაიწეროს დიდი მოცულობის ლირიკული ნაწარმოებიც, მაგალითად – ლირიკული პოემა. მაგრამ ეს იშვიათად ხდება), უმთავრესად ლირიკული განცდები მცირე ზომის ლექსის საშუალებით სახიერდება.

ლირიკული ნაწარმოების თემატიკა მდიდარია. ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანის სულიერი მღელვარება გამოიწვიოს. ყველაფერი ის, რაც წარმოშობს პოეტის მღელვარებას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი მისი სევდისა თუ აღტაცების გამოწვევის, შესაძლებელია ლირიკული ნაწარმოების თემად იქნეს გამოყენებული.

ლირიკული ნაწარმოების უფრო გავრცელებული თემებია:

1. ბუნება. ბუნების თავისებურება, დღე და ღამე, მწუხრი თუ დილა, ზამთარი თუ ზაფხული, კამკამა ზეცა თუ სეტყვა–ქუხილი ადამიანში იწვევს სხვადასხვა შთაბეჭდილებას. ბუნების თავისებურებასთან დაკავშირებით ხშირად აღეძვრება მწერალს მისთვის რთული ფილოსოფიური საკითხები: ფიქრები ადამიანის დასაბამის, მისი ბუნების, მისი დანიშნულებისა და მისი მომავლის შესახებ (ნ. ბარათაშვილი – „ფიქრნი მტკვრის პირას”, „შემოღამება მთაწმონდაზედ” და სხვ.);

2. სიყვარული. („გახსოვს, ტურფავ” – ი. ჭავჭავაძის, „მერი” – გ. ტაბიძის, „შენ გეტრფი მარად” – გ. ვოლსკის, „რა კარგი ხარ, რა კარგი” , „დამიბრუნდი, დამიბრუნდი” – ი. გრიშაშვილის და სხვ). სატრფიალო ლირიკაში გამოხატულია სიყვარულის ობიექტით აღტაცება, განშორება, სევდა, სატრფოს სიახლოვის და თანაგრძნობის სურვილი, იჭვი და სხვა;

3. საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრება და სხვა. რევოლუცია და ბრძოლა („ხანჯალს” – ა. წერეთლის, „დროშები ჩქარა” – გ. ტაბიძის და სხვ); პატრიოტიზმი და ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა(„ელეგია”; „მესმის, მესმის” – ი. ჭავჭავაძის, „თავო ჩემო”, „სულიკო”, „აღმართ–აღმართ”, „მუხამბაზი” – ა. წერეთლის, „დაბრუნება” – გ. ტაბიძის, „სამშობლოს ნანგრევებში” – ი. გრიშაშვილის)

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ბალადა, დრამა, ელეგია, ეპიგრამა, ეპოსი, თემატიკა, კომპონენტი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, ლირიკული სახე, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, ტერცინა, ფსიქოლოგიური რომანი, ჰიმნი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლირიკული ლექსის კომპოზიცია

სიუჟეტიანი ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი მოქმედების განვითარების ქვედა საფეხურები ლირიკულ ლექსში იშვიათად გვხვდება, მაგრამ მასში ხშირად აშკარად გამოიყოფა სიუჟეტის ცალკეული ელემენტები.

ი. ჭავჭავაძის ლექსში „გახსოვს, ტურფავ”, პირველი ორი ტაეპი ექსპოზიციაა, რადგან დასახელებულია დრო, ადგილი და მოქმედი პირები. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის შემდეგი ტაეპი აღარ შეიცავს კვანძს და არც მის მომდევნო საფეხურებს, მასში პოეტი უშუალოდ გამოხატავს თავის მწუხარებას იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი და წარმავალთა შორის დროებითია ადამიანის სიყვარულის გრძნობაც.

გ. ტაბიძის „მთაწმინდის მთვარეში” ლექსის დიდი ნაწილი უკავია პეიზაჟური ლირიკის საშუალებით შექმნილ ექსპოზიციას, რომელშიც იხატება დრო და ადგილი (მთვარიანი ღამე, თბილისის პეიზაჟი). ამის შემდეგ მზადდება კვანძი, რომელიც ითვალისწინებს ნ. ბარათაშვილისა და ა. წერეთლის პოეზიის საუკუნოებრივ მნიშვნელობას და როგორც პოეტის, ისე მკითხველის გონებაში, ბუნებრივად ჩნდება პარალელი გ. ტაბიძესა და ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს შორის. ეს პარალელი, რომელსაც თავისთავად წარმოშობს ლექსში მოცემული სიტუაცია, უკვე კვანძის სახით გვევლინება და დასრულებულ ფორმას იღებს საკითხის დაყენებით – თუ რა ღირებულებებისაა თვით ავტორის (გ. ტაბიძის) პოეზია. მოქმედების განვითარების შემდეგ საფეხურზე პოეტი ამბობს, რომ იგი მზად არის გულწრფელად გამოხატოს თავისი გულისნადები პოეტური ფორმების საშუალებით. ამასთან ერთად იგი ითვალისწინებს თავისი შემოქმედების მნიშვნელობას. იმას, რომ მაღალი ხელოვნების შემოქმედი სძლევს სიკვდილს და საუკუნეობრივ არსებობას იხვეჭს. პოეტი კმაყოფილია იმით, რომ მისგან შექმნილი მხატვრული სახეებიც საუკუნეობრივი მნიშვნელობისაა. ამ აზრთან დაკავშირებული განცდა თავისი მომავალი უკვდავებისა პოეტში თანდათან აძლიერებს კმაყოფილების გრძნობას, ემოციის დაძაბულობას; იგი განვითარების უმაღლეს საფეხურს (კულმინაციურ წერტილს) აღწევს შემდეგ სტრიქონებში:

„რომ აჩრდილნო, მე თქვენს ახლოს სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი”.

უკანასკნელი ტაეპი პოეტის გრძნობის განვითარების კულმინაციური მომენტია. ამ ტაეპს მოსდევს ლექსის დამამთავრებელი ტაეპი („ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი”).

ეს არის უკვე კვანძის გახსნა – ამ ტაეპით ჩვენ ვგულისხმობთ, რომ პოეტის გრძნობის განსაკუთრებულმა დაძაბულობამ გაიარა და იგი დაუბრუნდა ლექსის დასაწყისში მოცემულ განწყობილებას. კომპოზიციური თვალსაზრისით, ეს ტაეპი, კვანძის გახსნასთან ერთად, მის განვითარებასაც წარმოადგენს.

ლირიკულ ლექსში ჩვენ გვაქვს მოქმედების განვითარების ელემენტები, ზოგი მათგანი კი ლექსში აშკარად ვლინდება (ექსპოზიცია – ი. ჭავჭავაძის „ლექსში გახსოვს, ტურფავ”, გ. ტაბიძის – „მთაწმინდის მთვარე”, კულმინაცია, კვანძის გახსნა – „მთაწმინდის მთვარე”)

ლირიკული ლექსის კომპოზიცია უფრო ხშირად მარტივია. ზოგჯერ ლექსი მხოლოდ ორი მომენტის, ორი ეპიზოდისაგან შედგება.

პირველში აღწერილია რაიმე გარეგანი მოვლენა (ბუნება, სატრფოს გარეგნობა, წარსულის მოგონება და სხვ.). მეორე ნაწილში კი პოეტი გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რასაც მასში აღძრავს მის მიერ ასახული გარეგანი მოვლენა ან რაიმე წარმოდგენა:

„ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალი სჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი,

მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები,

მამულო, საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?!”(ილია).

ამ ლექსის თემა საქართველოს მომავალია და იგი ლექსის დასასრულს იხსნება.

ლექსის იდეა ასეთია: ყველაფერს სიცოცხლე და განვითარება ახასიათებს, ზამთრისაგან მიძინებული ბუნებაც იღვიძებს და ჰყვავის. პოეტი ამ აზრზე მიგვანიშნებს ლექსის მთავარ ნაწილში. დასასრულს კი უფრო ნათლად ავლენს როგორც მთელი ლექსის იდეას, ისე თავის სურვილს, რომ ცხოვრების განახლებისა და წინსვლის ბუნებრივი კანონი მისი სამშობლოს მიმართაც განხორციელდეს.

იხ. აგრეთვე: ექსპოზიცია, ეპიზოდი, კვანძი, კომპოზიცია, ლირიკა, სიუჟეტი, ტაეპი, პეიზაჟი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლირიკული გადახვევა

ავტორის მიერ ამბის თხრობის დროებითი შეწყვეტა და პირადი აზრის ან შთაბეჭდილების უშუალო გამოხატვა, რაც გვიადვილებს მხატვრული ნაწარმოების თემისა და იდეის გარკვევას.

მხატვრულ ნაწარმოებში ავტორი ზოგჯერ წყვეტს გმირის ამბის თხრობას, თავს ანებებს გარეგან მოვლენათა აღწერას და უშუალოდ გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რომელიც მან ამა თუ იმ მოვლენისაგან მიიღო.

ნ. ბარათაშვილი პოემაში „ბედი ქართლისა” გვიჩვენებს იმ მიზეზებს, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს რუსეთთან შეერთება, აგვიწერს მოქმედ პირთა სულისკვეთებას, შემდეგ უეცრად თავს ანებებს მოქმედების აღწერას, წყვეტს მოქმედ პირთა შორის საუბარს და უშუალოდ გამოთქვამს თავის პირად აღტაცებას სოფიოს პიროვნებით. იმავე დროს გამოთქვამს მწუხარებას იმის გამო, რომ მისი ეპოქის ქართველი ქალები გადაგვარდნენ, რომ მათთვის უცხოა სოფიოს მაღალი პატრიოტული გრძნობა:

„ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,

კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო!

რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ

სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?

ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი

მამულს ასული, ახლა თქვენგვარი”?

ამის შემდეგ ავტორი თავს ანებებს პირად მსჯელობას სოფიოს საქციელისა და ავტორის ეპოქის ქართველი ქალების შესახებ და კვლავ თავისი გმირების მდგომარეობისა და მოქმედების აღწერას აგრძელებს:

„რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,

დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!..”

აღნიშნული ეპიზოდი ლირიკული გადახვევის საუკეთესო ნიმუშია.

თუმცა ლირიკული გადახვევა მეორეხარისხოვანი კომპოზიციური საშუალებაა, მაგრამ მისი გამოყენება მწერალს უადვილებს ამა თუ იმ მოვლენისა და თვით მოვლენისადმი მისი დამოკიდებულების უშუალოდ და მეტი სისრულით გამოხატვას.

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ეპიზოდი, კომპოზიცია, ლირიკა, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, სიუჟეტი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ლირიკული სახე

ისეთი სახე, რომელიც უშუალოდ განიცდის მის მიერ მოთხრობილ მოვლენას.

ასეთ სახეს ქმნის, მაგალითად, ნ. ბარათაშვილის „ვპოვე ტაძარი”, „სულო ბოროტო”, ა. წერეთლის „აღმართ–აღმართ”, გ. ტაბიძის „მე და ღამე”, „მთაწმინდის მთვარე” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები

ნაწარმოები, რომელიც ერთსა და იმავე დროს თითქმის თანაზომიერად შეიცავს ლირიკულ ელემენტსაც და ეპიკურსაც, რაიმე ფორმის ამბავსაც მოგვითხრობს, რაც მწერლის გარეშე ხდება და იმავე დროს თვით მწერლის პირად განწყობილებასაც გამოხატავს უშუალოდ.

„ეშმაკები ლოცულობენ, გულს ჰკიდიათ ავგაროზი,

ვაი, ჩვენ თავს, ვაი, ჩვენ თავს, ავად არის ტარტაროზი!

სიცხე მისცა ორშაბათს და სამშაბათს მოუმატა,

არ ეშველა, თუმც შესწირეს სამსხვერპლოზე შავი კატა.

თურმე კუჭი მოეშალა საუცხოვო ერთ ნადიმზე,

სამკურნალოდ მიუთითეს ჯოჯოხეთის რქიან ვირზე!

უებარი რამ გამოდგა ქერ–ნაჭამი ის მკურნალი,

შეატყო, რომ ტარტაროზსა მოხვედროდა ავი თვალი,

და მომართა მან საყვირი, დაიგრგვინა, დაიმეხა,

ჰკრა ტლინკი, მაგრამ ვაი! თავად კლდეზე გადიჩეხა;

იმის შემდეგ მიიწვიეს ხელმეორედ ქაჯთა დასი,

ზოგს უჭირავს სველი ტილო, ზოგსაც მოაქვს ოქროს თასი.

ზოგი მაჯას, ზოგი შუბლსა, ზოგი გულზე ადებს ხელებს.

ყველას გარეთ ისტუმრებენ, ვინც ხმამაღლა დაახველებს!

მაგრამ რაც დღე–ღამე გადის, მით სუსტდება ავადმყოფი,

სადაც არის დაობლდება ჯოჯოხეთის სრა–სამყოფი,

ეშმაკები ზარს ამბობენ, გულს ჰკიდიათ ავგაროზი,

ვაი ჩვენს თავს, ვაი ჩვენს თავს, კვდება, კვდება ტარტაროზი!”(ი. ევდოშვილი).

ეს ლექსი ლირიკულ–ეპიკურია, რადგან იგი გამოხატავს თვითმპყრობელობის დაუძლურებასაც პირველი რევოლუციის დროს და ამასთან ერთად გამოხატავს ავტორის პირად სიხარულსა და აღტაცებას რევოლუციის აღმავლობით და მეფის ტახტის დამხობის მოლოდინით (ლექსში რუსეთის თვითმპყრობელი მეფე ნიკოლოზ II გამოყვანილია ტარტაროზად, მეფის მინისტრები და რეაქციის ძალები ეშმაკებად და პირუტყვებად).

ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოების ნიმუშია ვაჟა–ფშაველას „არწივი”:

„ არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ–ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა.

ცალ მხარს მიწაზე მიითრევს,

გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსას, ყოვებო,

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს

გაშლილს, გაფანტულს ველადა!”

ეს ლექსი არწივის სახით გვიხატავს მრავალრიცხოვან მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში დაჭრილ გმირს. არწივის ბრძოლის სურათი თავისთავადაც გამოხატავს ავტორის თანაგრძნობას შეუდრეკელი გმირისადმი, მაგრამ, ამასთან ერთად, ლექსის უკანასკნელ ოთხ სტრიქონში უშუალოდ გამოხატულია არწივის მძიმე მდგომარეობით გამოწვეული ავტორის მწუხარება და, ამავე დროს, სურვილი მტრების დამარცხებისა. ეს ლექსი ლირიკულია იმდენად, რამდენადაც იგი ავტორის განწყობილების უშუალოდ გამომხატველია, და, ეპიკურიც, იმდენად, რამდენადაც იგი არწივის ამბავს მოგვითხრობს.

ლიტერატურულ ნაწარმოებში მეტ–ნაკლებად შეიძლება იყოს ლირიკული ან ეპიკური ელემენტი, მაგრამ ამით მას ლირიკულ–ეპიკურ გვარს ვერ მივაკუთვნებთ. მაგ. ნ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა” გვხვდება ლირიკული ელემენტები (ლირიკული გადახვევა): „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო”;

ლირიკული გადახვევის ფორმით გრძელდება აგრეთვე არაგვის პეიზაჟი:

„მორბის არაგვი, არაგვიანი,

თან მოსძახიან მთანი ტყიანნი

და შეუპოვრად მოუთამაშებს

გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს.

ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,

მობიბინენო, შვებით მომზირნო,

ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,

ოდეს შვენთქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,

რაც უნდა გზასა ეშურებოდეს!

როგორ იქნება არ განისვენოს?

სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,

ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,

გამოიღვიძებს–შუბლს განიგრილებს,

ერთს ქართველურად კიდევ შესძახებს:

არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,

და მერე თუნდაც დაუგვიანდეს,

იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!”.

მიუხედავად ასეთი ლირიკული ელემენტების არსებობისა, „ბედი ქართლისა” მაინც არ ჩაითვლება ლირიკულ–ეპიკურ ნაწარმოებად, რადგან იგი, საერთოდ, ეპიკური ნაწარმოებია. ლირიკული მასში მხოლოდ მცირე ნაწილია, ლირიკულ ელემენტს ეპიკური ჭარბობს. ლირიკულ–ეპიკური რომ ვუწოდოთ, ამისათვის საჭიროა ორივე ელემენტის უხვად არსებობა.

ქართულ ლიტერატურაში ლირიკულ–ეპიკურ ნაწარმოებთა ნიმუშებია: ი. ჭავჭავაძის „იანიჩარი”, ა. წერეთლის პოემა „ასი წლის ამბავი”, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობები „სახრჩობელას წინაშე”, „პირველი მაისი”, ა. მირცხულავას „ძმები”, გ. ქუჩიშვილის – „ჯვრის მონასტერი” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ბალადა, ლირიკა, ლირიკული გადახვევა, პეიზაჟი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლიტერატურული დახასიათება

ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური თვისებების მოხაზვა მოქმედი პირის ცოცხალი სახის შექმნის მიზნით.

დახასიათება, ფართო გაგებით, ნიშნავს ამა თუ იმ მოვლენის ძირითადი ნიშნების შერჩევას. ადამიანის ლიტერატურული სახის შექმნა რთული საქმეა. ლიტერატურულ ნაწარმოებში დახასიათება უმთავრესად გვევლინება, როგორც ადამიანის სახის შექმნის ერთ–ერთი საშუალება. მწერლის მიერ ამ მიზნის მიღწევა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი საშუალებით. სახის შექმნისათვის მწერალი იყენებს დახასიათებას, პორტრეტს, ტიპური გარემოს ასახვასა და ტიპური სახის შექმნის სხვადასხვა საშუალებებს.

„ბაში–აჩუკის” მთავარი გმირი გლახუკა ბაქრაძე (იგივე ბაში–აჩუკი) ავტორს დახასიათებული ჰყავს როგორც მამაცი, სამშობლოს მოყვარული და საქვეყნო საქმისათვის თავდადებული პიროვნება.

ოთარაანთ ქვრივი ილიას დახასიათებული ჰყავს როგორც მხნე, გამრჯე, კაცთმოყვარე, გამჭრიახი და მტკიცე ნებისყოფის პიროვნება.

დახასიათება საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები, როგორც ცოცხალი სახეები, მათი ინდივიდუალური და ზოგადი თვისებებით.

დახასიათება უმთავრესად ორგვარი სახისაა: პირდაპირი და არაპირდაპირი. გმირების დახასიათებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ ყოფაქცევას. პერსონაჟების ყოფაქცევის საშუალებით ჩვენ საუკეთესო მასალა გვეძლევა მათ დასახასიათებლად. გმირების დახასიათებისათვის ილიას მიერ „გლახის ნაამბობში” გამოყვანილი მოძღვრის საუკეთესო თვისებები – ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ხალხისათვის თავგანწირვა, უანგარო შრომა ხალხში განათლების შუქის შესატანად – ჩვენთვის უფრო თვალსაჩინო და დამაჯერებელია მით, რომ იგი ამ თვისებებს თავისი მოქმედებით ამჟღავნებს. ეს მოქმედება ილიას ისეთი ცოცხალი სახეებით აქვს მოცემული, თითქოს ჩვენ თვითონ ვართ უშუალო მოწმე იმისა, თუ როგორ უხსნის მღვდელი გლეხებს სწავლის საჭიროებას, გაბროსა და სხვებს როგორ ასწავლის წერა–კითხვას და როგორ ზრუნავს ადამიანთა კულტურული და მორალური ამაღლებისათვის. დაბოლოს, როგორ ეშვება თავგანწირული აბობოქრებული მდინარის ტალღებში მოძმის გადასარჩენად. მისი მოქმედების, მისი ყოფაქცევის საშუალებით ილია მას უფრო დამაჯერებლად ახასიათებს, ვიდრე გაბროს სიტყვებით.

მწერალი ადამიანებს ახასიათებს და მათ პორტრეტებს, შინაგან განცდებს გვიხატავს არა როგორც სქემას, არამედ გვიხატავს მის ზრდას საერთო პირობებთან დაკავშირებით, გვაძლევს ამა თუ იმ ხასიათის ზრდისა და ჩამოყალიბების ისტორიას .

პლატონ სამანიშვილი, სანამ დედისერთაა და მამულის გამყოფი არავინ ჰყავს, ბედით კმაყოფილია. შემდეგ, როდესაც მამამისი ცოლის შერთვას დააპირებს, მას უკვე შიში იპყრობს მეტოქის მოლოდინის გამო. დედინაცვლის ფეხმძიმობის გამოაშკარავების შემდეგ კი იგი სავსებით სასოწარკვეთილი, უმწეო და ნაღვლიანი ხდება. პლატონის ცხოვრების პირობები რომ სხვაგვარი ყოფილიყო, ბუნებრივია, მისი ხასიათიც სხვაგვარად განვითარდებოდა.

იხ. აგრეთვე: პორტრეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლიტერატურული მეთოდი

ლიტერატურული ნაწარმოების მეშვეობით სინამდვილის ასახვის თავისებური გზა. („მეთოდოს” ბერძნულად ნიშნავს გზას).

ამა თუ იმ მწერალს ან მწერალთა ჯგუფს სინამდვილის ასახვის სხვადასხვა პრინციპი, სხვადასხვა გზა ახასიათებს. ზოგიერთი მწერალი უშუალოდ გვიხატავს ადამიანთა ცხოვრებას, ცხოვრების სინამდვილეს, ზოგი მათგანი კი, პირიქით, უშუალოდ არ გვიხატავს ცხოვრების სინამდვილეს, ზურგს აქცევს მის გარშემო არსებულ რეალურ მოვლენებს და, სინამდვილის ნაცვლად, გვიხატავს მხოლოდ იმას, რაც არ არის, მაგრამ სასურველია, რომ იყოს. ამ სასურველს, ანუ იდეალურს იგი უპირისპირებს ხშირად მისთვის მიუღებელი ცხოვრების სინამდვილეს და შემოქმედებაში მთავარ მნიშვნელობას გრძნობას და ოცნებას, ფანტაზიას და პირად განწყობილებას ანიჭებს.

ლიტერატურის ისტორიაში სინამდვილის მხატვრულად ასახვის სხვადასხვა მეთოდს ვხვდებით: მათ შორის მთავარია რომანტიზმი და რეალიზმი.

ლიტერატურული მეთოდი მიმდინარეობისა და მიმართულებისაგან განსხვავების მიზნით უკანასკნელ ცნებებთან შეფარდებით უნდა განვიხილოთ. თუ ლიტერატურული მიმდინარეობა მეტად ხანმოკლეა, მიმართულება კი უფრო ხანგრძლივია, მეთოდი ცხოვრების მოვლენათა შერჩევის, შეფასებისა და გამოსახვის ისეთი თავისებურებაა, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების ყველა საფეხურს წვდება.

რეალიზმი, როგორც მხატვრული მეთოდი, თავისებური ფორმით არსებობდა ანტიკურ ეპოქაშიც. (ჰომეროსის პოემები), საშუალო საუკუნეებშიც („ვეფხისტყაოსანი”), დასავლეთ ევროპის რენესანსის ხანაში (ბოკაჩიო, შექსპირი), ფრანგული კლასიციზმის ბატონობის დროს (მოლიერი). განსაკუთრებით განვითარდა XIX და XX საუკუნეებშიც და იარსებებს მომავალშიც.

მხატვრული ნაწარმოები, რომელი ეპოქისაც არ უნდა იყოს, რომელიმე მეთოდის საფუძველზე წარმოიქმნება. ან რეალისტური იქნება, ან რომანტიკული, ერთ–ერთი ელემენტი უფრო ჭარბად გამოვლინდება, მეორე ნაკლებად.

მხატვრული მეთოდი, როგორიც არის რომანტიზმი და რეალიზმი, თავის შიგნით ითავსებს სხვადასხვა მიმართულებებს (მაგ. რეალიზმი ითავსებს კლასიციზმს, კრიტიკულ რეალიზმს), ხოლო მათ პარალელურად, რომანტიზმისა და რეალიზმის ფარგლებში ჩნდება აგრეთვე უფრო ხანმოკლე გაერთიანებანი (სიმბოლიზმი, ფუტურიზმი).

იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, პოემა, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლიტერატურული მიმართულება

მონათესავე ფორმისა და შინაარსის მქონე ნაწარმოებების ავტორ მწერალთა ხანგრძლივი ერთობლიობა.

ლიტერატურის ისტორიაში შეინიშნება ფორმის, შინაარსის, თეორიულ შეხედულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც ხანგრძლივია და მისი გავლენა საუკუნის ფარგლებს სცდება. ასეთია, მაგალითად, კლასიციზმი, კრიტიკული რეალიზმი და სხვ.

იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, რეალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლიტერატურული მიმდინარეობა

მონათესავე ფორმისა და შინაარსის მქონე მწერალთა ხანმოკლე ერთობლიობა.

ყოველ მხატვრულ ნაწრმოებს და ყოველ მწერალს შინაარსისა და ფორმის თავისებურება ახასიათებს. ამ თავისებურებასთან ერთად მწერლის შემოქმედების შინაარსსა და ფორმას აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომლითაც იგი სხვა სხვა მწერლის შემოქმედებას უახლოვდება. მთელ რიგ მწერალთა შემოქმედებაში შეგვიძლია მოვნახოთ ისეთი ელემენტები, რომლებიც საერთოა მწერალთა მთელი ჯგუფისათვის. სინამდვილის უარყოფა, პესიმიზმი (შინაარსის თავისებურება), გამოსახვის მთავარ საშუალებად სიმბოლოს გამოყენება (ფორმის თავისებურება) ისეთი საერთო თვისებები იყო, რომლითაც ხასიათდებოდა მწერალთა განსაზღვრული ჯგუფი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში

იხ. აგრეთვე: სიმბოლიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ლიტოტესი

საგნის ან მოვლენის დამცირებულად გამოხატვა.

„მგზავრის წერილებში” რუსი ოფიცერი ასე ახასიათებს თბილისს: „აბა, რა ქალაქია თქვენი ქალაქი, ერთი თავიდან რომ გადააფურთხო, ქალაქის ბოლოს დაეცემა”

ზოგჯერ ლიტოტესიც და ჰიპერბოლაც ერთად გვხვდება – „შვილო, ნეფის ტოლა კაცია (ჰიპერბოლა), ჩვენისთანა მწერს (ლიტოტესი), ნეკი რომ გაანძრიოს, იმით გასრესს (ჰიპერბოლა) – (ე. ნინოშვილი).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

12 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - მ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - მ

მადრიგალი

სახოტბო ლექსი, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პიროვნებისადმი.

ქართულ ლიტერატურაში მადრიგალის ნიმუშებია: „საყურე” – ნ. ბარათაშვილის, „უცხო ქვეყნელს” – მ. გურიელის, „ყვავილს” – რ. ერისთავის, „ლერწამი ხარ”– ი. გრიშაშვილის და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მაღალი შაირი

რიტმულად ჩქარი ტემპის მქონე ტერფებისაგან შედგენილი შაირი.

მაღალი შაირი ოთხი ოთხმარცვლიანი ტერფისაგან შედგება:

„შემოვიდა რუსთაველი ის სულმნათი და მგოსანი.”

|4| |4| |4| |4|

იხ. აგრეთვე: რიტმი, ტერფი, შაირი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

მაჯამა

ომონიმური რითმა.

„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა,

მზემც სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.” – (აკაკი).

იხ. აგრეთვე: ომონიმები, რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მდიდარი რითმა

რითმა, რომელსაც უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერებიც ერთნაირი ან დამსგავსებული აქვს.

უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები ერთნაირია:

„გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყლისა ჩქერამა,

პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთისა ცქერამა.” – (ხალხური).

უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები დამსგავსებულია:

„ ...და მრცხვენიან, ყმაწვილებო, ეს ამბავი სათხრობელად...

ასე გახდა ერთი წიგნი ჩემი ბაღის საფრთხობელად”.–(ი. გრიშაშვილი).

სინონიმი: ღრმა რითმა

ანტონიმი: ღარიბი რითმა

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მეტაფორა

ბერძნ. Metaphora

სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას.

ჩვენ ვამბობთ – „ბუნებამ გაიღვიძა”, რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და ადამიანს შორის და ცოცხალი ადამიანის თვისებაც – „გაღვიძება” ბუნებაზე გადაგვაქვს.

მეტაფორის ნიმუშებია:

„ცა განრისხდა”, მთაწმინდა „ჩაფიქრებულა”, ვარსკვლავები „ფერხულს უვლიან, ღამემ „იცის” ჩემი საიდუმლო, გული „გაქვავდა” და ა.შ. როდესაც ვამბობთ „გული გაქვავდა, ამით გამოვხატავთ იმ აზრს, რომ „გული ქვასავით გახდა”. ეს კი უკვე შედარებაა. ამრიგად, მეტაფორას საფუძვლად უდევს მხატვრული შედარება. ყოველგვარი მეტაფორა შეიძლება მხატვრულ შედარებად გადაიქცეს და მხატვრული შედარება მეტაფორად. მაგალითად, შედარება: „ივანეს რკინასავით ნებისყოფა აქვს, ჩვენ შეგვიძლია მეტაფორად გადავაკეთოთ – „ივანეს რკინის ნებისყოფა აქვს”.

მეტაფორა, თუმცა შედარებას ეყრდნობა, მაგრამ იგი მაინც არ არის ჩვეულებრივი შედარება. შედარების დროს ჩვენ ვამბობთ: „აღტაცებამ მდინარესავით ჩაიქროლა”. ეს შედარებაა, რადგან დასახელებულია ისიც, თუ რას ვადარებთ და ისიც, თუ რასთან ვადარებთ, ე.ი. შედარების ორივე წევრი გვაქვს. იგივე შედარება ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ მეტაფორად. ამისათვის საჭიროა მოვსპოთ შედარების ორი წევრის დამაკავშირებელი სიტყვები ან ნაწილაკები („ვით”, „როგორც”) და ორი ცნება – აღტაცება და მდინარე ერთ საგანში გავაერთიანოთ. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ „აღტაცების მდინარემ ჩაიქროლა”.

შედარების დროს ჩვენ ორი საგანი გვქონდა: აღტაცება და მდინარე. ორივე მათგანი დამოუკიდებელ მოვლენად გვქონდა გათვალისწინებული, ისინი ორ საგანს შეადგენდნენ. მეტაფორაში კი ჩვენ ვამბობთ: „აღტაცების მდინარე” და ამ გამოთქმაში ჩვენ წარმოვიდგენთ არა ორ ცალ–ცალკე არსებულ მოვლენას (აღტაცებასა და მდინარეს), არამედ – ერთ საგანს, ერთ მოვლენას. აღტაცებაში ერთდება მდინარე და თვით მდინარეში კი აღტაცება. ე.ი. აღტაცება წარმოგვიდგება მდინარის სახით.

შედარების დროს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ყურადღებას ორი, სავსებით გარკვეული ცნების შეფარდება იპყრობს. მეტაფორაში კი სიტყვები არაპირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და მეორე საგნის თვისება უშუალოდ ერთდება მეტაფორულად განმარტებულ საგანში.

ამის გამო ლიტერატურის ზოგიერთი თეორეტიკოსი მეტაფორას განმარტავს როგორც შემოკლებულ შედარებას. მეტაფორისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ერთი საგნის თვისების მეორეზე გადატანას განურჩევლად იმისა, თუ რა საგნიდან რა საგანზე გადაგვაქვს აღნიშნული თვისება. ჩვენ შეგვიძლია მეტაფორის მეშვეობით:

ა) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ უსულოზე(„ბუნებამ გაიღვიძა, „თავს იწონებს ნაზი ია”).

ბ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ სულიერზე(„როსტომი ღელავდა”).

გ) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ სულიერზე(„ატირდა ხარი ნიკორა”).

დ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ უსულო საგანზე(„სამშობლოვ, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო!).

როგორც ვხედავთ, მეტაფორის საზღვრები ბევრად ვრცელია. ამიტომ იგი ტროპის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას უხვად იყენებენ როგორც ფოლკლორში, ისე სიტყვაკაზმულ მწერლობაში:

„იამა გშობა შობითა,

ვარდმა გაგზარდა ქებითა,

ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,

მას ჰგავხარ სურნელებითა” (ხალხური)

„გვადი სირცხვილში ჩავარდა”(ლ. ქიაჩელი)

„მთები თავჩაჩქნიანები,

ფიქრს მისცემიან მწარესა” (ვაჟა–ფშაველა).

იხ. აგრეთვე: ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მხატვრული შედარება, ტროპი, პარალელიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მეტონიმია

ტროპი, რომელშიც მოვლენის ან საგნის სახელი სხვა სახელით არის შეცვლილი ურთიერთკავშირის ნიადაგზე („მეტონიმია” ბერძნულად სახელის გამოცვლას, ანუ გადასახელებას ნიშნავს).

მაგ. „რუსთაველს ვკითხულობ” – მეტონიმიაა, რადგან ვკითხულობ არა თვით რუსთაველს (წაკითხვა მხოლოდ ნაწერის ან ნაბეჭდის შეიძლება), არამედ ნაწარმოებს. მაგრამ, ვინაიდან, წიგნსა და რუსთაველს შორის არსებობს კავშირი (რუსთაველი არის ავტორი „ვეფხისტყაოსნისა”), საკმარისია დავასახელოთ პოეტის გვარი და მაშინვე „ვეფხისტყაოსანი” წარმოგვიდგება.

მეტონიმიის ნიმუშებია:

„ერთი ჭიქა დავლიე” (დასახელებულია ჭურჭელი სასმელის ნაცვლად). „თოფი გაისროლა” (დასახელებულია იარაღი ტყვია–წამლის მაგიერ). „ოქროს მოყვარული” – იგულისხმება ფულის მოყვარული. „ კალამი მაცხოვრებს” (იარაღი მოქმედების, ე.ი. წერის მაგიერ). „მექარხნე იწვის” (პატრონი, მფლობელი–ქონების მაგიერ). „მოგელის სახრჩობელა”, „მოგელის შავი სამარე”, ე.ი. სიკვდილი (დასახელებულია მოვლენასთან დაკავშირებული საგნები) და ა.შ.

იხ. აგრეთვე: პერიფრაზი, ტროპი, სინეკდოქე

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მეტრული ლექსთწყობა

მოკლე და გრძელ ხმოვნებზე დამყარებულ ლექსთწყობა.

მეტრი ბერძნული სიტყვაა („მეტრონ”) და ზომას ნიშნავს. მეტრული ლექსთწყობაც ძირითადად ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში იყო გავრცელებული. ძველ ბერძნულ ენაში გვხვდება მოკლე და გრძელი ხმოვნები. მაგ: ბერძნულ ენაში ერთი გრძელი ხმოვნის სიგრძე ორი მოკლე ხმოვნის სიგრძეს უდრიდა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ლექსის ტერფებს საფუძვლად უდევს მახვილიანი და უმახვილო ბგერების დაჯგუფება, მეტრული ზომით ტერფებს გრძელი და მოკლე ხმოვნების დაჯგუფება ახასიათებს.

იხ. აგრეთვე: ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977მითი

ფანტასტიკური შინაარსის ზეპირი მოთხრობა, რომელიც მხატვრულ ფორმებში გადმოგვცემს საზოგადოებრივი ცხოვრების, ან ბუნების ამა თუ იმ მოვლენას.

„მითოს” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოთხრობას. მითში იგულისხმება უძველესი ადამიანის თქმულებები ღმერთების შესახებ, ღმერთების ურთიერთთან და მათი ადამიანებისადმი დამოკიდებულების შესახებ. მითი ეპოსის უძველესი სახე იყო. იგი პირველად ზეპირსიტყვიერების სახით წარმოიშვა.

პირველყოფილი ადამიანისათვის შეუძლებელი იყო ბუნების მოვლენების მეცნიერული ახსნა–განმარტება; იგი ფიქრობდა, რომ რაღაც ძალები არსებობენ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბუნების მოძრაობას და აღმერთებენ მათ. მითების შინაარსი ცხოვრების სინამდვილესთან იყო დაკავშირებული. ადამიანი ამჩნევდა, რომ გაზაფხულზე ბუნება იღვიძებდა, ყვაოდა, გაზაფხულზე ნაყოფს იძლეოდა, შემოდგომაზე ადამიანს უხვი მოსავლით აჯილდოებდა, ზამთარში კი მცენარეულობა ჭკნებოდა, თოვლის ქვეშ იმარხებოდა. ამ მოვლენის ახსნის მიზნით ძველმა ბერძნებმა შექმნეს მითი ქალ–ღმერთის დემეტრას და მისი ქალიშვილის პერსიფონას შესახებ.

დემეტრა მოსავლის ღვთაება იყო. მას გაუჩნდა ქალიშვილი – პერსეფონა, რომელსაც ყვავილებისა და მარცვლეულის ღვთაებად თვლიდნენ. პერსეფონა, ზევსის დასტურით, ჩუმად გაიტაცა ქვესკნელის ღვთაებამ – აიდმა. თავზარდაცემულმა დემეტრამ მთელი ქვეყანა შესძრა, მაგრამ ქალიშვილი ვერსად იპოვა. პერსეფონას დაკარგვას თან მოჰყვა ქვეყნის გასაჭირი. მისი გატაცების შემდეგ დედამიწაზე გახმა ყვავილები, მარცვლეული, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. საქმეში ზევსი ჩაერია და და მისი თხოვნით აიდი დათანხმდა პერსეფონას დემეტრასთან დაბრუნებაზე შემდეგი პირობით: ყოველი წლის ორი მესამედი პერსეფონას დედამიწაზე უნდა გაეტარებინა თავის მშობლებთან და ერთი მესამედი კი ქვესკნელში, ქმრის – აიდის სამეფოში.

ეს მითი თავისებურად ხსნის ბუნების კანონს. ზოგიერთი მითი ადამიანთა ურთიერთობას გამოხატავს. ასეთი ხასიათისაა, მაგალითად, თქმულება პრომეთეოსის შესახებ, რომელმაც ჩაგრული ხალხის დახმარების მიზნით, ზეციდან მოიტაცა ცეცხლი. ამის გამო ზევსმა იგი სასტიკად დასაჯა.

მითების შინაარსი რელიგიური ხასიათისაა. პირველყოფილ ადამიანს მითი არ ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც ფანტაზია. მას გულწრფელად სწამდა ის, რაც მითში იყო გამოხატული, მისთვის მითი „საღვთო ისტორია” იყო. მითი შემდეგ ხანებში მწერლებმაც გამოიყენეს. მაგ. ანტიკურ ლიტერატურაში – სოფოკლემ, ევრიპიდემ, ევროპის ახალ ლიტერატურაში – ბაირონმა, გოეთემ, შილერმა და სხვებმა, მაგრამ მათთვის მითმა დაკარგა თავისი რელიგიური შინაარსი და მწერლები იყენებდნენ მხოლოდ მითოლოგიურ სიუჟეტებს, იყენებდნენ მითს ახალი მნიშვნელობით, ახალი შინაარსით. იყენებდნენ მხოლოდ როგორც მასალას, რადგან მათ აღარ სწამდათ მათში მოთხრობილი ამბის ჭეშმარიტება.

იხ. აგრეთვე: ეპოსი, მოთხრობა, სიუჟეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მიმიკა

აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვას სხეულის კუნთების მოძრაობის საშუალებით, მიმიკა ეწოდება.

მსახიობის თამაშს, ლაპარაკთან ერთად, მოქმედებაც ახასიათებს. მსახიობის მოქმედება წარმოებს სხეულის სხვადასხვა ნაწილის საშუალებით. მსახიობის მოქმედება და ლაპარაკი კი ერთმანეთთან არის შეხამებული. ამასთან, იმისდა მიხედვით, თუ რა შთაბეჭდილების გამოსახვა სურს მსახიობს, იგი იყენებს სახის კუნთების შესაფერ მოძრაობას. მსახიობი აზრს და შთაბეჭდილებას გამოხატავს თავის, ხელის, ფეხისა და მთელი სხეულის მოძრაობის საშუალებით. აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვის ასეთ ხერხს მიმიკური მოძრაობა ეწოდება.

მსახიობის თამაში, სახვითი ხასიათის მოძრაობასთან ერთად, თვალწინ წარმოგვიდგენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. სცენაზე იგი სვამს, ჭამს, ცეკვავს, იბრძვის, ეჭვიანობს და სხვ.

იხ. აგრეთვე: დრამა, რემარკები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მისასალმებელი მჭერმეტყველება

საორატორო პროზის სახე, რომელიც მიზნად ისახავს საზეიმო მდგომარეობის შესაფერისი განწყობილების შექმნას.

მას იყენებენ რომელიმე ორგანიზაციის წევრთა ყრილობის, რაიმე მნიშვნელოვანი თათბირის, თარიღის, მეცნიერების მიღწევის, სამეურნეო, პოლიტიკური ან რაიმე სახის წარმატების აღსანიშნავად.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მოთხრობა

ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც ვრცლად არის მოთხრობილი ერთი ამბავი.

მაგ. „სამანიშვილის დედინაცვალში”. ვრცლად არის ასახული ბეკინა სამანიშვილის მეორედ დაქორწინების ამბავი და მისი შვილის პლატონის უნაყოფო ცდა ოჯახის გამყოფი ძმის დაბადებისაგან გადარჩენისა. მოთხრობაში მოქმედება დინჯად ვითარდება. ავტორი მოკლედ გვაცნობს ბეკინას ცხოვრებას, მის მიერ მეორე ცოლის შერთვის გადაწყვეტამდე, ე.ი. ნოველისაგან განსხვავებით, მას აქვს წინაამბავი. აქვს აგრეთვე ბოლოამბავი, რომელშიც ჩვენ ვეცნობით მოთხრობის მთავარი მოქმედი პირების ურთიერთობას მოთხრობის ძირითადი ამბის დამთავრების, ე.ი. ბეკინას მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ.

„სამანიშვილის დედინაცვალში” მოქმედ პირთა რიცხვიც, ნოველასთან შედარებით, მეტია: გარდა მთავარი მოქმედი პირის – პლატონ სამანიშვილისა, მასში გამოყვანილია აგრეთვე პლატონთან, როგორც მთავარ მოქმედ პერსონაჟთან და ამბის განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედი პირები: ბეკინა სამანიშვილი, ბრეგვაძის ქვრივი, კირილე – პლატონის სიძე, არისტო, სოფლის „ადვოკატი” გედევანიძე და სხვანი. მოქმედი პირების ხასიათი და მათი სამოქმედო გარემო საკმაოდ ვრცლად არის მოცემული. „სამანიშვილის დედინაცვალი” გვიხატავს მისი მთავარი პერსონაჟების ცხოვრების არა ერთ მომენტს, არამედ მათ ცხოვრებას საკმაოდ დიდ მანძილზე.

უფრო ხშირად მოთხრობაში ავტორი გვაცნობს მთავარი მოქმედი პირის ცხოვრებას ძირითადი ამბის დაწყებიდან (კვანძის გასკვნიდან) მისი სიცოცხლის დამთავრებამდე. მწერალს შეუძლია ბოლო ამბის სახით გაგვაცნოს, აგრეთვე, მთავარი მოქმედი პირის ოჯახის ბედი კვანძის გახსნის შემდეგ.

მოთხრობას, გარდა წინა ამბისა, შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე პროლოგი და ეპილოგი. მასში ხშირად გვხვდება პეიზაჟები და ჩართული ეპიზოდები.

„სამანიშვილის დედინაცვალში” დეტალურად არის მოცემული მოქმედების განვითარების ყველა მნიშვნელოვანი საფეხური (ექსპოზიცია, წინა ამბავი, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ჩართული ეპიზოდები, ბოლოამბავი და სხვ.). ამ თვისებით მოთხრობა რომანს უახლოვდება.

ქართულ ლიტერატურაში მოთხრობის ნიმუშებია: „გლახის ნაამბობი”, „ჩვენი ქვეყნის რაინდი”, „მოსე მწერალი”, „გოგია უიშვილი”, „ხევისბერი გოჩა”, „მოძღვარი”, „ტარიელ გოლუა” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ეპოსი, ეპილოგი, ექსპოზიცია, კვანძი, კვანძის გახსნა, კულმინაცია, მითი, მოთხრობითი თხზულება, მხატვრული ნარკვევი, ნოველა, პეიზაჟი, პროლოგი, რომანი, ჩართული ეპიზოდი, წინაამბავი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მოთხრობითი თხზულება

ისეთი პროზა, რომელშიც სინამდვილეში მომხდარი რაიმე ამბავი არის გადმოცემული.

იგი ახლოს არის აღწერასთან და უკანასკნელისაგან განსხვავდება იმით, რომ აღწერაში ჩვენ გვექმნება წარმოდგენა საგნის ან მოვლენის მდგომარეობის შესახებ ერთ გარკვეულ დროს, გარკვეულ პირობებში და უფრო იშვიათად ვხვდებით თვით რაიმე მოვლენის მიმდინარეობის, განვითარების აღწერას; თუმცა, ზოგჯერ, აღწერაში ეს უკანასკნელიც გვხვდება (მაგ.შეგვიძლია აღვწეროთ მანქანის ამუშავების პროცესი).

მოთხრობაში ყურადღება გადატანილია ამა თუ იმ მოვლენის მსვლელობაზე. დასახელებულია მოვლენის მიზეზი, ზემოაღნიშნულის განვითარება და შედეგი. რაიმე ამბავი მოთხრობილია იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება.

მთავარი განსხვავება პროზაულსა და მხატვრულ მოთხრობას შორის შემდეგში მდგომარეობს: პროზაულ მოთხრობაში სავალდებულოა ფაქტების მეცნიერული სიზუსტით გადმოცემა, მხატვრულში კი ავტორს შეუძლია გამოხატოს არა მარტო ის, რაც მოხდა, არამედ ისიც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ე.ი. მხატვრული მოთხრობა, როგორც პოეტური ნაწარმოები, მხატვრულ გამონაგონს იყენებს.

პროზაულში მოვლენა იხატება ზოგადი მსჯელობის სახით, მოთხრობაში კი თვით მოვლენის თვალსაჩინო, ცოცხალი სურათის შექმნის საშუალებით.

მოთხრობითი პროზის სახეებია: ბიოგრაფია, ავტოგრაფია, დღიური, დახასიათება და სხვ.

იხ. აგრეთვე: ბიოგრაფია, დღიური, დახასიათება, მოთხრობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მონოლოგი

სცენიურ პრაქტიკაში მონოლოგს უწოდებენ იმ სიტყვას, რომელიც საკმაოდ ვრცლად წარმოითქმება აზრის განვითარების მიზნით ერთი პიროვნების მიერ, მიუხედავად იმისა, ესწრებიან თუ არა სხვა პერსონაჟები მონოლოგის მთქმელს, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, თუ ვისკენ არის მონოლოგური სიტყვა მიმართული; სცენაზე მოქმედ პირთა ლაპარაკი უმთავრესად დიალოგური ფორმით მიმდინარეობს.

იხ. აგრეთვე: დიალოგი, დრამა, კომედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მოტივი

ლათ. movere

მოვლენის, მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზი („მოტივი” ლათინურად ნიშნავს მოძრაობას).

მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდი გვეხმარება სხვა ეპიზოდებში ასახული მოვლენების ახსნასა და მთავარი იდეის გამოვლენაში. მათი საშუალებით მხატვრულ ნაწარმოებში ასახული მოვლენები გვეხატება ერთმანეთთან კავშირ–ურთიერთობაში. ამ ჯაჭვში ერთი მოვლენა წარმოიშობა როგორც შედეგი სხვა მოვლენისა და ეს შედეგი თვითონ იქცევა სხვა, მისი მომდევნო მოვლენის მიზეზად.

ლიტერატურულ ნაწარმოებში მოტივი, ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან შედგება. მასში გამოხატულია ისეთი ხასიათის მოვლენები ან პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსის განვითარებაზე, მოქმედ პირთა ურთიერთობაზე და, საერთოდ, მათ განწყობილებაზე, მოქმედების გეგმაზე და სხვ.

მოტივები ნაწარმოებში გამოხატულ მოვლენებს ერთიმეორესთან მიზეზობრივად აკავშირებენ.

„კაკო ყაჩაღში” ზაქროს მამის ციებით დაავადება იწვევს მამის წასვლას ბატონთან, ბატონის უსამართლო და უხეში უარი იწვევს ყმის მიერ ბატონის უსამართლობის მხილებას, მხილება– ბატონისაგან ჩიბუხის ტარით ცემას, ეს უკანასკნელი – გლეხისაგან ხელის შებრუნებას, ხელის შებრუნება – ყმის გაროზგვას და მოკვლას, ყმის მოკვლა კი შვილის მიერ შურისძიებას, ბატონის მოკვლას და ყაჩაღად გავარდნას. აქ ჩამოთვლილი ადგილები „კაკო ყაჩაღის” მოტივებია.

„გოგია უიშვილში” სოფლად ფირალების გამოჩენა მოტივი აღმოჩნდება იმისათვის, რომ სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენონ. ეგზეკუციის ჩაყენება იწვევს ზედმეტი გადასახადის გაწერას, რომელიც ახალ წლამდე უნდა გადაიხადონ. გოგიას სიღარიბე მოტივია იმისა, რომ ის დანიშნულ ვადამდე გადასახადს ვერ იხდის. გადაუხდელობა იწვევს გოგიას დარბევას, დარბევა – გოგიას ფიზიკურ წინააღმდეგობას, წინააღმდეგობა მისი დაპატიმრების გამო – დატუქსვას, უსამართლოდ დატუქსვა – გოგიას საჯარო პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს პროტესტი – გოგიას საჯაროდ გაწკეპვლას, გაწკეპვლა – შეურაცხყოფას, შეურაცხყოფის გრძნობა – გოგიას თვითმკვლელობას.

„ვეფხისტყაოსანში” როსტევანის სიბერე და მემკვიდრე ვაჟის უყოლობა იწვევს თინათინის გამეფებას, გამეფება – ნადიმობას, ნადიმობის დროს მეფის მოწყენა – სანაძლეოს დადებას როსტევანსა და ავთანდილს შორის. ეს უკანასკნელი იწვევს ნადირობას, ნადირობა უცხო მოყმის ნახვას და მისი ახლოს გაცნობით დაინტერესებას, უკანასკნელი – ავთანდილისაგან ტარიელის ძებნას და მასთან შეხვედრას. შეხვედრა და ტარიელის ამბის მოსმენა – ტარიელისადმი ავთანდილის ღრმა თანაგრძნობას და ნესტანის მონახვის გადაწყვეტილებას, უკანასკნელი მიზანდასახულობა კი – ავთანდილის, ფრიდონის და სხვა გმირების მიერ ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებას.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მხატვრული სტილი, ცენტრალური მოტივი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

მრჩობლედი

მოსაზღვრე რითმით შეწყობილი წყვილი ტაეპისაგან შედგენილი ლექსი.

მაგ:

„კვლავ მოშუშდა იარა, კვლავ სოფელი აქ არი.

ქარმა გადაიარა, აღსდგა ნაქალაქარი.

მოდიან და მოდიან ურმით დაბარგულები,

სიმღერებად აზვავდა დარბეული გულები.

ბეღურებმა მონახეს ბუდე აივნიანი,

ხეხილებმა აუშვეს გამარჯვების ნიავი,

გლეხი მშვიდად ჩამოჯდა თავის ახალ კარავთან,–

სიხარული გადიდდა, ცრემლი დაპატარავდა.” (ი. გრიშაშვილი).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

მუხამბაზი

ხუთტაეპიანი სტროფი (ხანა).

პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება. პირველი სტროფის მომდევნო სტროფების ყოველ პირველ ოთხ ტაეპს საკუთარი საერთო მომდევნო რითმები აქვთ.

მაგ:

1. „ბულბულის შურსა შევდგომილვარ მუდამ მძახველი,

მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი,

ვარდის ეკალი გულს დამესვა პირგამმახველი,

შენგან დაკოდილს შემიბრალებს ჩემი მნახველი,

დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით, ახ ველი.

2. ვარდი ხარ ჯერეთ არაშლილი, ედემს ნარგები,

შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები,

შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები,

ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს – დავიდაგები.

ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი.

3.მე გული სრულად შემოგწირე – შენ ხმა არ გამეც,

შენ ჩემი ჭირი გიხარიან – მე ვტირი დღე, ღამეც,

მითხარ, სიცოცხლის სანაცვლო რა მამეც,

უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც.

ლამის, რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი.

4. თუ სამართალი არი სადმე – გეზიანების,

ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების,

შენგან მოკლული ბევრი ვინმე გაიმჟღავნების,

შენი ბრალები ჩინუმაჩინს გაიგზავნების,

კაი და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი.

5. მღიმარის პირით წამეპარე, დამიდგი მახე,

ასე მეგონა შეგრჩებოდა ეგ შენი სახე,

ანებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე,

დამწვარ მაინც შემიბრალე, ბესიკი ნახე.

ვა, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი.” (ბესიკი).

მუხამბაზის ფორმით არის აგრეთვე დაწერილი ბესიკის ლექსები: „ტანო, ტატანო”, „მე შენი მგონე”, „ცრემლთა ისარნი” და სხვ. იმ თავისებურებით, რომ გარდა მუხამბაზისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ბოლო რითმებისა, ბესიკის დასახელებული ლექსების ბგერითი მხარე გამდიდრებულია შიგა რითმებით.

იხ. აგრეთვე: ბესიკური, რითმა, სტროფი, ტაეპი, შინაგანი რითმები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

მუხლი

სალექსო სტრიქონის ნაწილად გაერთიანებული ტერფთა ჯგუფი.

როდესაც ტაეპი საკმაოდ გრძელია, მის ბოლომდე წარმოსათქმელად საჭიროა მცირე შესვენება. ამ მიზნით, რამდენიმე ტერფის წაკითხვის შემდეგ ხმას ოდნავ უდაბლებენ, ისვენებენ და შემდეგ გრძელდება სალექსო სტრიქონების კითხვა. სალექსო სტრიქონის შუა პაუზის დროს შესვენებით ჩვენ თითქოს ვაერთებთ ტერფების ჯგუფს (თან ამ ადგილზე შესვენება უფრო საგრძნობია ტერფის წაკითხვის დროს შესვენებასთან შედარებით).

იხილეთ სალექსო სტრიქონის ტერფებად და მუხლებად დაყოფის მაგალითები:

„დაჰკრეს ნაღარა || გული შეჰზარა

და მტერთ საომრად || ჯარი შეჰყარა” (ნ. ბარათაშვილი).

იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი, ტერფი, შინაგან–გარეგანი რითმა, ჩახრუხაული

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მხატვრული ნარკვევი

საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეულ მოვლენათა მხატვრული აღწერა.

მასში გამოგონილის ნაცვლად გარკვეული ფაქტი არის აღწერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკვევის ავტორი გვაძლევს არა ფაქტების განზოგადების გზით შექმნილ სურათს, არამედ გვიხატავს რომელიმე ცალკეულ ფაქტს. ნარკვევის სახით მწერალს შეუძლია აგვიწეროს პირველი მატარებლის შესვლა სოხუმში, ცხინვალში, შეუძლია დაგვიხატოს რომელიმე ქარხანა – გიგანტის გახსნა, სარწყავ არხზე მუშაობის მომენტი, ესა თუ ის საინტერესო ეპიზოდი სამამულო ომიდან, დაგვიხატოს რომელიმე საინტერესო პიროვნების ცხოვრების ან მუშაობის რაიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი და სხვ.

განსხვავება ნარკვევსა და მოთხრობას შორის იმაში მდგომარეობს, რომ მოთხრობაში ავტორი ცალკეულ მოვლენათა დამახასიათებელ თვისებებს კრებს ერთს, მის მიერ გამოგონილ ტიპურ სახეში.

ნარკვევის ავტორი კი პირადად არ იგონებს, არამედ თვით ცხოვრებიდან იღებს უშუალოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ მოვლენას. ნარკვევში ავტორის ფანტაზია შეზღუდულია. ცხოვრებიდან აღებული ფაქტი მთავარია ნარკვევის ავტორისათვის. ამით არ იდევნება მხატვრული გამონაგონის ელემენტი. ავტორს შეუძლია დაუმატოს მოცემულ ფაქტს ისეთი მოვლენები, რაც არ ეწინააღმდეგება სინამდვილეს, რაც შესაძლებელია ნარკვევში ასახული ძირითადი მოვლენის არსებობის პირობებში. ნარკვევში მოვლენები და ხასიათები თითქმის უცვლელად არის აღებული ცხოვრების სინამდვილიდან. მიუხედავად ამისა, იგი აძლევს მკითხველს მდიდარ მასალას კონკრეტულ მოვლენათა განზოგადოებისათვის.

XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ნარკვევის საუკეთესო ნიმუშია ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები” და გ. წერეთლის „კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა”.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მოთხრობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

მხატვრული სტილი

ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსისა და მის გამომხატველ მრავალსახოვან ფორმათა მთლიანობა.

ლიტერატურული სტილი თხზულების იდეურ–მხატვრული თავისებურებაა.

„სტილოს” ბერძნულად ეწოდება ჯოხს, რომლითაც წერდნენ გასანთლულ ფიცარზე. ჯოხს ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა და იგი ფანქრის მაგივრობას ასრულებდა. მეორე ბოლო კი – ბლაგვი. როდესაც დაწერილის შესწორება უნდოდათ, ბლაგვი ბოლოთი შლიდნენ ფიცარზე დაწერილს და შემდეგ ხელახლა წერდნენ. რომაელები ხშირად ამბობდნენ „ჯოხი (სტილი) ხშირ–ხშირად შეატრიალეო”, – და ეს ნიშნავდა მოწოდებას, რომ ნაწერი დროზე შეესწორებინათ.

სიტყვა „სტილი” იხმარებოდა გადატანითი მნიშვნელობით. ვიწრო გაგებით სტილში გულისხმობდნენ მწერლის ენას, სიტყვების შერჩევა–დალაგებას და სხვ.

მხატვრულ ნაწარმოებში არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვების ან წინადადებათა შერჩევა – დალაგება. ლიტერატურულ ნაწარმოებს ახასიათებს თემა, სიუჟეტი, ადამიანთა ხასიათი, ბუნების აღწერა და სხვ. მათი შერჩევა–შეერთება, დაკავშირება აუცილებლად საჭიროა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. ლიტერატურა ნაწარმოების შინაარსს მრავალსახოვანი ფორმებით გამოხატავს. ამის გამო მხატვრული ლიტერატურის შესწავლა მარტო ენის თავისებურების გამოკვლევის საშუალებით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულის გამო ხელოვნებისა და ლიტერატურისმცოდნეობაში სიტყვა „სტილი” ფართო მნიშვნელობით იხმარება.

ლიტერატურულ სტილში ჩვენ ვგულისხმობთ ამა თუ იმ აზრის, ანუ იდეის შესაფერი ფორმით გამოხატვის არა მხოლოდ რომელიმე მხარეს, როგორიცაა, მაგალითად, ენა, თემა, ტიპები და სხვა, არამედ სტილი ეწოდება გაფორმების ყველა საშუალებას. ლიტერატურული სტილი წარმოადგენს შინაგან მთლიანობას. სტილურ ელემენტებს აერთიანებს მხატვრული ნაწარმოების იდეა. თითოეული მოტივი, ეპიზოდი, მოქმედების განვითარება, ბუნების სურათი, მოქმედ პირთა ხასიათები, ლიტერატურული ნაწარმოების ენა, – მწერლის მიზანდასახულობისაგან გამომდინარეობს, და ყოველი სიტყვა, უმნიშვნელო ეპითეტიც კი, მხატვრულ ნაწარმოებში მოცემულია გარკვეული მიზნით.

სტილი შინაარსის ფორმაა. ამავე დროს მწერლის სტილი მისი შემოქმედების მხატვრულ თავისებურებას გამოხატავს. ეს თავისებურება თითქმის მის ნაწარმოებში მჟღავნდება. სტილი არ არის ერთ წერტილზე გაყინული. იგი იბადება იდეასთან ერთად, ვითარდება, ძველდება. მას ახასიათებს წინააღმდეგობანი; ლიტერატურული სტილის თავისებურებას განსაზღვრავს ეპოქა, ლიტერატურული გავლენა, მწერლის პიროვნება და სხვ.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, ეპითეტი, თემა, იდეა, სიუჟეტი, მოტივი, ტიპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977მხატვრული შედარება

ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ მოვლენასთან.

იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო მკვეთრად შედარებაში ხორციელდება.

„მალია, როგორც ხირიმის ტყვია

და ტყვიასავით დაუნდობელი”(ი. ჭავჭავაძე).

ამ შედარებაში ორი წევრია (დასაშვებია მეტი), ერთი მთავარია, მეორეს კი დამხმარე მნიშვნელობა აქვს. დამხმარე მნიშვნელობა აქვს შედარების მეორე წევრს – „ხირიმის ტყვიას” და პერსონაჟის ბუნების შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება ტყვიის თვისებების გადატანა კაკოს ბუნებაზე.

შედარება ორგვარი ხასიათისაა: ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის შინაარსი ჩვენ გვესმის პირდაპირი მნიშვნელობით – შავი ზღვის საშუალო ტემპერატურა ბათუმში ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის ნაპირებთან; ჭოროხის ხეობა დარიალივით ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე აღმართში ისეთივეა, როგორც დაღმართში” და სხვ.

ასეთი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას. მხატვრული შედარების დროს ორი სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია ერთიმეორესთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ–ერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე მოვლენის მხატვრულად გამოსახვის მიზნით. მაგ:

„პავლია მამასახლისი

მაღალია ხესავითა,

ბოქაულს რომ დაინახავს

მაშინ წავა თხლესავითა”

პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან შედარების საშუალებით შეუძლებელია, რადგან თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა არიან და არ ვიცით ზუსტად – როგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ, ხის საერთო წარმოდგენა ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პავლია მაღალია. შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით მაღალია.

ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის სიმაღლესთან არის შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა პირდაპირი გაგებით, გამოხატავს პავლიას თვისებას, მაგრამ იგი უფრო ნათლად, უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას და იწვევს გაცილებით მდიდარ შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს.

აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის გრძნობას აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას მიმართ ავტორი მხატვრული შედარების გამოყენების გზით:

„ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროის ქარიშხლით ტოტებ–შემომსხვრეული, აქა–იქ კანდაკორძებული, მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”

შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა: რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. უმეტეს შემთხვევაში, წინადადებაში, ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან გრამატიკული კავშირებით: „როგორც”, „ვითარცა”, „ თითქოს”, „მსგავსად”, ან ნაწილაკებით: „ვით”, „ებრ” და სხვ. ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა დაკავშირებასთან ერთად ხაზს უსვამენ შესადარებელ საგნებს შორის საზღვრის არსებობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვით წარმოადგენენ ასეთ საზღვარს.

აი, მხატვრული შედარების ნიმუშები:

1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი” (აკაკი).

2. „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,

მწუხარე არის ვით გლოვის ზარი,

მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,

უკუ–ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი” (ი. ჭავჭავაძე).

3. „დგას საქართველო ოქროს თასივით,

შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი).

4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო! უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ–იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა. შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა. უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკვივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი)

ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი. ასეთ შედარებას უკავშირო შედარებას უწოდებენ

. „ჩემი სამშობლო ჩემი გულია” (აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმება – სამშობლო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი გული).

„სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ” (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო იარაღებია).

ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის შესახებ:

„სურვილია, იღბალია ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია).

უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი მაგალითები, რომლებიც შედგენილია სახელის ვითარებით ბრუნვაში დასმით და ხარისხების გამოყენების საშუალებით:

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,

ცრემლს ასხურებდა ხშირადა,

არჩვი ყელგადაგდებული,

თმახშირი, მთვარე პირადა

ეკვრებოდა გულმკერდზე

ქმარს მარგალიტის ღილადა” (ვაჟა–ფშაველა).

„მგზავრის წერილებში” ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა და მყინვარს, დღესა და ღამეს. იგი ამ შედარების დროს შესადარებელი საგნების, ე.ი. დღისა და ღამის, თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს გვიხატავს. ასეთ შედარებას გავრცობილი შედარება ეწოდება.

შედარების ერთ–ერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება.

„იმას (ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა,

რომ მამაჩემი შებრალებოდა” (ილია ჭავჭავაძე)

უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება.

იხ. აგრეთვე: მეტაფორა, ტროპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

13 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ნ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ნ

ნატურალიზმი

ლათ. NATURA

ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურაში ანტირეალისტურ მეთოდს იყენებს. მისთვის დამახასიათებელია მხატვრული განზოგადების შეუფასებლობა. იგი ცდილობს ცხოვრების სინამდვილის წვრილმანების ასახვას ფოტოგრაფიული სიზუსტით.

ტერმინი ლათინურად „ბუნებას” ნიშნავს. ნატურალისტების წარმოდგენით, მხატვარი, ხელოვანი მოკლებულია აზროვნების შესაძლებლობას და ამიტომ კონკრეტულ მოვლენაში ზოგადის წარმოდგენაც არ შეუძლია. ხელოვანი მხოლოდ ცალკეულ მოვლენას ხედავს და აღიქვამს მხოლოდ მას, რასაც ჭვრეტს. უკანასკნელის გადაღმა კი მას არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. არ შეუძლია კონკრეტულის საშუალებით ზოგადის წარმოდგენა, მოვლენის არსის გაგება და მისი გამოხატვა ტიპის საშუალებით, არ შეუძლია ტიპის შექმნა. ტიპიზაციას, განზოგადებას კონკრეტულ მოვლენაში უცხო ელემენტი შეაქვს. სინამდვილეში კი ეს უცხო ელემენტის შეტანა არის კონკრეტულის საშუალებით ზოგადის გათვალისწინება, ცხოვრების სინამდვილის გაგება და გამოსახვა.

ნატურალისტების აზრით, ლიტერატურას ცხოვრების სინაამდვილე უნდა აესახა მეცნიერული სიზუსტით, შეუფერავად, ე.ი. იმგვარად, როგორიც არის სინამდვილე თავისთავად, ბუნებრივ, ანუ ნატურალურ მდგომარეობაში.

ნატურალისტი მწერლები ვერ ხედავდნენ განსხვავებას ბუნებისა და საზოგადოების კანონებს შორის. აქედან მომდინარეობს მათი, ე.წ. ობიექტივიზმი, ე.ი. ტენდენციურობის გარეშე დგომა. ნატურალიზმის ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო თავის შემოქმედებაში ე. წ. მიუკერძოებელი ობიექტივიზმის გატარება და ეს ბუნებრივიცაა. ნატურალიზმი თავის თავში შეიცავს კლასიკური რეალიზმის საუკეთესო ტრადიციების უარყოფას. ეს გარემოება თავს იჩენს თუნდაც იმაში, რომ ნატურალისტს, რომელიც გატაცებულია სინამდვილის გარეგნული წვრილმანი მხარეების ასახვით, მხედველობის გარეშე რჩება არსებითი–ტიპურის ასახვა ტიპურ გარემოში. ნატურალისტი მწერლები, თავიანთ შემოქმედებაში, ნაცვლად დამახასიათებლისა და ტიპურისა, იძლევიან ცალკეულ, დაქუცმაქცებულ მოვლენებს და ამიტომ ვერ ახერხებენ ცხოვრების მრავალფეროვნებიდან მხატვრული განზოგადების დონემდე ამაღლებას.

ნატურალიზმმა თავი იჩინა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

მისი უდიდესი წარმომადგენელია ფრანგი მწერალი ემილ ზოლა.

იხ. აგრეთვე: რეალიზმი, ტიპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ნეკროლოგი

მოკლე ბიოგრაფია რომელიც დაწერილია ამა თუ იმ პიროვნების გარდაცვალებასთან დაკავშირებით („ნეკროს”– ბერძნულად მიცვალებული, „ლოგოს” – სიტყვა, აზრი)

იხ. აგრეთვე: ბიოგრაფია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ნეოლოგიზმი

ახლად გაჩენილი სიტყვები ან გამოთქმები (ბერძნულად „ნეოს” - ახალი; „ლოგოს” – სიტყვა).

ასეთი სიტყვებია „თვითმფრინავი”, „ელმავალი”, „კოსმონავტი” , „კოსმოდრომი” და ა.შ.

ყოველი ახალი მოვლენა, ახალი საგანი, ცხოვრების ახალი ფორმა ახალი სიტყვების გაჩენის მიზეზია. ის იწვევს ენაში ახალი სიტყვების, ანუ ნეოლოგიზმების წარმოშობას. უფრო ხშირად ნეოლოგიზმების წარმოსაქმნელად ორი ან მეტი სიტყვის ძირია გამოყენებული – „თვითმფრინავი”, „ელმავალი”. XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა შემდეგი ნეოლოგიზმები: „სახელმძღვანელო”, „თვალსაჩინო”, „გამოფენა”, „ორთქმავალი”, „გამომცემლობა”, „მატარებელი” და სხვა. ეს ნეოლოგიზმები შედგენილი იყო უკვე ცნობილი ქართული სიტყვების ძირისაგან. მათი შემოღება აუცილებელი იყო უკვე გარკვეული ცნებების გამოსახატავად და ისინი ისე დამკვიდრდა ჩვენს სალიტერატურო ენაში, რომ დღეს ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ ეს სიტყვები ოდესღაც ნეოლოგიზმებს წარმოადგენდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩვენში მრავალი ნეოლოგიზმი გაჩნდა სიტყვათა შემოკლების ან სიტყვის წინა ასოების შეერთების საშუალებთ.

ზოგჯერ იგონებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც უფრო უცხოა მკითხველთათვის, ვიდრე მანამდე არსებული, რომლის გაძევებასაც ცდილობენ. ჩვენში უკვე ცნობილი სიტყვებია: „ვაგონი”, „სამოვარი”, „კალოში”, „ჩაი”, „პიჯაკი”, „პალტო” და სხვ.

ამ სიტყვების ნაცვლად ზოგიერთებმა მოიგონეს ასეთი ნეოლოგიზმები: „რონოდა” (ვაგონი), „თვითმადუღარი”(სამოვარი) და სხვ. აღნიშნული ნეოლოგიზმები ნაძალადევი აღმოჩნდა და არც ენაში დამკვიდრებულა.

აი, ნეოლოგიზმების გამოყენების ნიმუშები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში:

„გკითხულობენ და გმღერიან

ლხენით გულდამერცხლებული:

შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს

სიკვდილი დამარცხებული...

...შენ ხმალის ღარზე ეწერა

ანდერძი ოქროხმოვანი:

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა

სიკვდილი სახელოვანი”

(გ. ლეონიძე)

ნეოლოგიზმები ენაში ხშირად ჩნდება სხვა ენის გავლენით.

რუსული „ВЛИЯНИЕ” – ს მიხედვით ქართულში გაჩნდა ახალი სიტყვა „გავლენა”. ასეთივე გზით გაჩნდა ქართულში „განვითარება”(ფრანგულად – DEVELOPPEMENT, რუსულად – РАЗВИТИЕ), „გადატრიალება” (რუს. „ПЕРЕВОРОТ”), და სხვა მისთანანი. თუ ასეთი სიტყვა მკითხველისათვის გასაგებია, მაშინ ასეთი ნეოლოგიზმი ამდიდრებს სიტყვების მარაგს, აადვილებს ურთიერთობას და ენაშიც მკვიდრდება.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ნოველა

იტალ. NOVELLA

მცირე ზომის თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია რაიმე განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა.

ნოველის მოცულობის სიმცირე უმთავრესად იმით აიხსნება, რომ მასში მოცემულია არა მთლიანი ცხოვრება ადამიანისა, არამედ მხოლოდ ერთი რომელიმე საინტერესო ეპიზოდი გმირის ცხოვრებიდან. ბოკაჩოს ნოველაში „აკვანში” მხოლოდ ერთი ღამით სტუმრობაა აღწერილი გამიჯნურებული მოქალაქისა და მისი მეგობრისა სატრფოსთან. ავტორი არ გვაცნობს მოქმედი პირების არც წინაამბავს და არც მათი ურთიერთობის განვითარებას ამ სტუმრობის დამთავრების შემდეგ.

ნოველაში მოქმედება სწრაფად ვითარდება. ავტორი უფრო ხშირად ამბავს კვანძის გასკვნიდან იწყებს, ყურადღებას არ აქცევს მოქმედების განვითარების დეტალურად გადმოცემას ან, ყოველ შემთხვევაში, გვისურათებს მხოლოდ მთავარ მოტივებს და დაჩქარებით გვაძლევს კვანძის მოულოდნელად გახსნას.

ნოველაში მეტად მცირეა მოქმედ პირთა რაოდენობაც. ავტორის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ერთი გმირი და და მასთან დაკავშირებული ერთი კონფლიქტი. ნოველისათვის უცხოა პარალელური ფაბულა და ჩართული ეპიზოდები. ნოველაში დასმული პრობლემა, რომელიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანიც იყოს, არ მოითხოვს მოქმედების დეტალურად განვითარებას, პერსონაჟების სიმრავლეს. ზემოაღნიშნულ თვისებათა გამო, ნოველის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა.

სიუჟეტის განვითარებით და მოცულობით ნოველა ხშირად უახლოვდება ზღაპარს, ლეგენდას და იგავ–არაკს. იგავ–არაკი იმით გამოირჩევა ნოველისაგან, რომ პირველი ალეგორიულია და, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ მორალზე მითითებით მთავრდება. ზღაპრისაგან ნოველა იმით განსხვავდება, რომ პირველი უფრო ალეგორიული და ფანტასტიკურია, ნოველის ტიპობრივი ფორმები კი რეალისტურია.

სიტყვა ნოველა იტალიურად ნიშნავს ახალს; თხრობის ეს სახეც ყველაზე ადრე იტალიაში განვითარდა. მხატვრული ნოველის უდიდესი ოსტატი იტალიაში ჯიოვანი ბოკაჩიო იყო(XIVს), საფრანგეთში – მოპასანი, რუსეთში – ტურგენევი და, განსაკუთრებით, ა. ჩეხოვი. ჩვენში ნოველებს წერდა უმთავერესად შიო არაგვისპირელი. ქართველი მწერლებიდან ნოველას ხშირად მიმართავენ ლ. ქიაჩელი(„მამა და შვილი”), კ. ლორთქიფანიძე („როგორ მოკვდა მოხუცი მებადური”), ა. ბელიაშვილი („ქორწილი სოფლად”, „მატარებელში”) და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, ახალი პოემა, გაპიროვნება, ეპიზოდი, ზღაპარი, იგავ–არაკი, ლეგენდა, მოთხრობა, რომანი, ფაბულა, ჩართული ეპიზოდი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

14 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ო

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ო

ოდა

სახოტბო ლექსი,რომელიც გამოხატავს რომელიმე გამოჩენილი პიროვნების ქება–დიდებას ან აღფრთოვანებას რაიმე შესანიშნავი მოვლენის გამო.

თვით სიტყვა „ოდა” ბერძნულად ნიშნავს სიმღერას. ამ სიტყვაში ბერძნები გულისხმობდნენ ისეთ სახოტბო ლექებს, რომლებსაც მღეროდნენ ღმერთების, გმირების ან რომელიმე დღესასწაულის დროს მოწყობილ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მოქალაქეთა სადიდებლად.

ასეთ ლექსებს სპეციალურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე – ლირაზე ამღერებდნენ. ასეთი ხოტბა – სიმღერიდან წარმოიშვა ლირიკა;

ლირიკული ლექსი თავდაპირველად ნიშნავდა ლირაზე დასამღერებელ ლექსს, ხოლო ისეთ ნაწარმოებს, რომელიც კი არ უნდა დაემღერებინათ, არამედ უნდა წარმოეთქვათ, ეპიკური ეწოდებოდა („ეპოსი” ნიშნავს თქმას, სიტყვას). საბერძნეთის კლასიკურ ლიტერატურაში ოდების შესანიშნავი მწერალი იყო პინდარი (I საუკ, ჩ. წ–მდის). მან დაწერა „გამარჯვებათა მადიდებელი ოდები” („ეპინიკები”), რომლებშიაც იგი ხოტბას ასხამს საბერძნეთის სხვადასხვა ადგილას დღესასწაულებზე გამართულ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს; მოწყობილი შეჯიბრების დამთავრების შემდეგ მეგობრები და მახლობლები ზეიმს უმართავდნენ გამარჯვებულთ. ზეიმის წინ ტაძარში შედიოდნენ და ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ. შემდეგ ლხინი იწყებოდა, რომელიც მხიარული ფერხულითა და სიმღერებით თავდებოდა. ფერხულის დროს სიმღერით ამბობდნენ გამარჯვებულის სადიდებლად დაწერილ ხოტბას (ოდას). ამ მიზნით იყო დაწერილი პინდარის ოდებიც.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ომონიმები

ისეთ სიტყვები, რომელთა ბგერითი აგებულება ერთგვარია, მნიშვნელობა კი სხვადასხვაა.

„ომონა” ბერძნულად მსგავს სახელს ნიშნავს.

„ფრანგული” ხმალსაც ნიშნავს და იმასაც, რაც საფრანგეთიდან შემოსულა, ან ფრანგებს ახასიათებთ. „ხელი” გიჟსაც ნიშნავს და სხეულის ნაწილსაც. „ბარი” სამუშაო იარაღსაც აღნიშნავს და დაბლობ ადგილსაც.

იხ. აგრეთვე: მაჯამა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ოქტავა

რვატაეპიანი სტროფით დაწერილი ლექსი.

ლიტერატურის ბევრი თეორეტიკოსი ოქტავის განსაზღვრის დროს ტაეპთა რაოდენობასთან ერთად რითმების კომბინაციის თავისებურებასაც ეყრდნობა, მაგრამ რითმის ერთგვარობა ოქტავაში კანონი კი არ არის, იგი იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ოქტავის მთავარი ნიშანი ტაეპის განსაზღვრული რაოდენობაა.

„ვეფხისტყაოსნის” გავლენით ქართულ პოეზიაში ოთხტაეპიანი სტროფია უფრო მეტად გავრცელებული. ოქტავა კი იშვიათად გვხვდება. მაგ:

„შავარდნები აფრინდნენ,

საქართველოს მთებიდან,

თეთრი კავკასიონი,

გრგვინვით გადინავარდეს.

მესმის შორი გუგუნი,

ღრუბელს გლეჯენ ფრთებითა,

ფრთებით მიაქვთ ქუხილი,

ჩვენი ქვეყნის შავარდნებს.

შორს ყორნებთან ბრძოლაა,

ჩვენი თავისუფლების

მომავალი დიდება,

ამ ბრძოლაზე ჰკიდია.

ჩვენი ზეცის ლაჟვარდის,

ჩვენი ოქროს ღრუბლების,

ჩვენი მიწის სილაღის

დასაცავად მიდიან.

შავარდნებო, ციურნო!

მესმის თქვენი გუგუნი,

თითქოს გრგვინავს ჩონგურზე

რუსთველური შაირი.

მტერი გაანადგურეთ

თავხედი და უგნური,

ყორანთაგან გასწმინდეთ,

ჩვენი სუფთა ჰაერი”. (ალ. აბაშელი).

იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

15 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - პ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - პ

პამფლეტი

ნაწარმოები, რომელიც გამოხატავს დაცინვას საზოგადოებრივი ცხოვრების რაიმე უარყოფითი მოვლენისადმი ან ცალკეული პიროვნებისა და მისი სახით ადამიანთა მთელი ჯგუფისადმი.

პამფლეტი მოგვაგონებს თავისებურ ეპიგრამას. მთავარი განსხვავება პამფლეტსადა ეპიგრამას შორის ის არის, რომ ეპიგრამა მუდამ მოკლეა, პამფლეტის მოცულობა კი არ არის განსაზღვრული და მას უფრო ხშირად გარდამავალი ადგილი უკავია პუბლიცისტურ ჟანრსა და მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებთა შორის. პამფლეტი იწერება როგორც ლექსად, აგრეთვე პროზითაც.

ქართულ ლიტერატურაში პამფლეტის საუკეთესო ნიმუშია ილია ჭავჭავაძის „პასუხის პასუხი”. იგი მიმართული იყო გრიგოლ ორბელიანისა და მის თანამედროვე მხარდამჭერთა მთელი ჯგუფისადმი.

„თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ,

ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი,

იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით

ხაფანგ–ქვეშე დამწყვდეული ვართ.

ჩვენ ვვლეთ რუსეთ, მაგრამ არც ერთი

ხელობა თქვენი არ გვისწავლია;

ჩვენი ქვეყანა, მკვდარი თქვენგანა,

თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიცვლია.

ლიბერალობა, პატრიოტობა,

სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;

თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული

ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია. ქვეყნის ბედი და ხსნის იმედი

თქვენებრ ხელში ჩვრად არ გაგვხდომია.

კაცის მხნეობა, კაცის ზნეობა

თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.”

პამფლეტში ხშირად გაქიაქებულია რომელიმე პიროვნების პირადი ცხოვრების უარყოფითი თვისებები, რომ ამით ავტორმა ნიღაბი ახადოს მთელ კოლექტივს მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან. ი. ჭავჭავაძის ზემომოყვანილი ლექსიც ასეთი ხასიათისაა.

იხ. აგრეთვე: ეპიგრამა, სატირული ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურ

პარალელიზმი

დამოუკიდებელი და თანაბარი მნიშვნელობის მოვლენათა შეფარდება.

ბერძნულად „პარალელიზმოს” ნიშნავს პარალელს, ორი საგნის ერთად დაყენებას. თავისი ბუნებით პარალელიზმი ახლოს არის მხატვრულ შედარებასთან და მეტაფორასთან. შედარების წევრებს არ ახასიათებთ თანაბარი მნიშვნელობა. შედარებაში – „გაფრინდა ცხენი, ვით შევარდენი” – მთავარი მნიშვნელობა აქვს პირველ ნაწილს – („გაფრინდა ცხენი”), მეორე ნაწილს კი მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს. იგი გვიადვილებს ცხენის სისწრაფის წარმოდგენას. ამასთან ერთად, წინადადების ის წევრი, რომელთანაც ვადარებთ შესადარებელ მოვლენას, აზრს მხოლოდ პირველ წევრთან ხმარების დროს ღებულობს და თვით მას არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. პარალელიზმის ხმარების დროს კი გამოყენებულია ორი ან მეტი თანაბარი და დამოუკიდებელი მნიშვნელობის მოვლენა და მათი შეფარდების საშუალებით ავტორი აძლიერებს სახის სიცხოველესა და ემოციურობას.

„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა

და ან ცაზე ვარსკვლავები,

ვინ შეამკოს ღირსეულად

ქართველ გმირთა მხარ–მკლავები?”(აკაკი)

ამ მაგალითში შეფარდებულია ორი მოვლენა: ა) ქვიშისა და ვარსკვლავების დათვლის შეუძლებლობა და ბ) ქართველ გმირთა ღირსეულად შემკობის შეუძლებლობა. ორივე მოვლენას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და ფორმითაც ორივე მათგანი დამოუკიდებელი სინტაქსური ერთეულია.

პარალელიზმის ნიმუშები:

1. „უხერხული გუთნის დედა

მეხრეებს ემუქრებოდა”.

2. „ცოტას მხვნელი და მთესველი

მაღლა ღმერთს ემდურებოდა”.

1. „შავს ლუდსა, წითელ ღვინოსა, განა სუყველას სმა უნდა,

2. პირში მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა?”

იმისდა მიხედვით, თუ რამდენი მოვლენაა შეფარდებული, პარალელიზმი შეიძლება იყოს ორწევრიანი, სამწევრიანი, ოთხწევრიანი და მეტწევრიანიც.

სამწევრიანი პარალელიზმის ნიმუშია:

1. „გზა სიარულმა დალია,

2. სიპი ქვა – წყალთა ჩქერამა,

3. პატარა გოგო და ბიჭი –

ერთმანეთისა ცქერამა.”

ორზე მეტწევრიან პარალელიზმს მრავალწევრიანი პარალელიზმი ეწოდება.

მრავალწევრიანი პარალელიზმი ორწევრიანის განვითარებას წარმოადგენს. მის მისაღებად საჭიროა ერთ–ერთი წევრის მხარეზე რამდენიმე ანალოგიური მოვლენის დაჯგუფება. მაგ:

„ტყე იფურჩქნება, მდელო ყვავდება, მთები მწვანდება, სამშობლო ჰყვავის”.

ასეთი პრინციპით არის გამოყენებული მრავალწევრიანი პარალელიზმი არაერთ პოეტურ ნაწარმოებში.

იხ. აგრეთვე: მეტაფორა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პასკვილი

ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს განგებ შეთხზულ ცილისმწამებლურ დაცინვას რომელიმე პიროვნების (ჯგუფის, ორგანიზაციის) წინააღმდეგ (პასკვინო ეწოდებოდა ქანდაკებას რომელიც რომში იყო დადგმული. მასზე აკრავდნენ რომელიმე პიროვნებისადმი მიმართულ ცილისმწამებლურ სატირულ ნაწარმოებს).

იხ. აგრეთვე: სატირა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პეიზაჟი

ბუნებაში რაიმე ადგილის საერთო ხედი, ბუნების სურათი.

პეიზაჟს მწერლები არ ხატავენ როგორც უბრალო ფონს, მოქმედების სარბიელს. პეიზაჟი დაკავშირებულია ადამიანის განწყობილებასთან და მოქმედებასთან.

„კაკო ყაჩაღი” საღამოს პეიზაჟით იწყება. პოეტი გვიხატავს „მწუხრის ზეწარგადაფარებულ არემარეს, მთვარეს, ალაზანს, რომელიც „ჩიოდა, თითქოს კაცს ემდუროდა”, მეურმის „გლოვის ზარივით მწუხარ სიმღერას”. ბუნების ასეთი აღწერა დაკავშირებულია იმ ამბავთან, რომელიც თვით ამ ბუნების ფონზე ხდება. ილიას სჭირდება ბუნების მწუხარედ, ნაღვლიანად დახატვა, რადგან მის ფონზე სამწუხარო ამბავი ხდება: ზაქრო, რომელიც შეებრძოლა უსამართლობას, იძულებულია ყაჩაღად გაიჭრას. ამისათვის ღამე უფრო ხელსაყრელი დროა. ზემოხსენებულის გარდა, ღამის მწუხარე სურათი მკითხველში იწვევს სევდის აღმძვრელ შთაბეჭდილებას და აძლიერებს თანაგრძნობას პოემის გმირისადმი. ბუნების მწუხარება ეხმატკბილება ზაქროს მწუხარებას.

მთაწმინდის ბუნების მწუხარება სავსებით გამოხატავს ნ. ბარათაშვილის სევდიან განწყობილებას:

„მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,

კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,

და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,

რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!, („შემოღამება მთაწმინდაზედ”)

ზოგჯერ ბუნება, მისი სიკეკლუცითა და საოცნებო მშვენიერებით, მწერალს აღწერილი აქვს იმ მიზნით, რომ უფრო ნათლად გვიჩვენოს წინააღმდეგობა თვით ბუნებასა და ადამიანს შორის. ხშირად მწერალი გვიხატავს ბუნების მომხიბლავ სურათს, მის სილაღეს, სიხალისესა და შვებისაღმძვრელ მშვენიერებას იმ დროს, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ მწუხარებას განიცდის, ან იღუპება კიდეც.

ე. ნინოშვილი აგვიწერს რა ივანესა და მისი შვილის დაღუპვის შემზარავ სურათს, იმავე დროს, მათი გვამების ტბის უფსკრულისაკენ დაშვების სურათთან ერთად, ასეთ პეიზაჟს გვიხატავს:

„ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქოს სეირს უყურებსო. ივანეს ხეები ისე თამაშობდნენ ტალღებზე, თითქოს დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში და მიჰყვებოდა ტალღებს, ხან აღმა, ხან დაღმა, რამდენსამე წამის შემდეგ დამრჩვალი ივანე და ნიკო წყალმა ერთხელ კიდევ ამოიტანა ზემოთ, აჩვენა ქვეყანას და შემდეგ ისევ წაიღო თავის კუპრსავით ბნელ ფსკერისაკენ”.

ამ შემთხვევაში ბუნების სურათი დაპირისპირებულია ადამიანის მდგომარეობასთან. იგი მოცემულია როგორც კონტრასტი, როგორც წინააღმდეგობა იმ უარყოფითი მოვლენისა, რასაც ავტორი გვიხატავს. ბუნების წარმტაცი სურათის აღწერით ავტორს თითქოს უნდა გვითხრას, რომ ლაღი და მდიდარი ბუნების პირობებში ადამიანს შეუძლია ბედნიერი იყოს, მაგრამ იგი ვერ ახერხებს ამას იმ მიზეზით, თვით ადამიანთა ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული.

ზოგჯერ პეიზაჟი ავტორს მოცემული აქვს, როგორც მთავარი მიზეზი, ნაწარმოებში მოქმედების გასავითარებლად. ამ შემთხვევაში ბუნება არ არის უბრალო ფონი მოქმედების გასაშლელად, არამედ თვით არის კვანძის გახსნის მიზეზი.

„პალიასტომის ტბაში” ე. ნინოშვილი გვიხატავს ქარის ამოვარდნისა და პალიასტომის აღელვების სურათს. ქარი და ღელვა ამ შემთხვევაში მხოლოდ გმირთა მოქმედების ფონი კი არ არის, არამედ ივანესა და მისი შვილის დაღუპვის პირდაპირი მიზეზი.

განსაკუთრებით მდიდარია ბუნების სურათებით ნ. ლომოურის მოთხრობა „ყოველი მხრიდან”, რომელშიც პეიზაჟი ნაწარმოების გმირთა მდგომარეობის გათვალისწინების ერთ–ერთი საშუალებაა.

იხ. აგრეთვე: კვანძის გახსნა, მოთხრობა, სიუჟეტი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, პოემა

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

პეონი

ოთხმარცვლიანი ტერფი.

იმისდა მიხედვით, რომელ მარცვალს მოუდის მახვილი, შემდეგი სახის პეონები გვხვდება.

პეონი I – (გაიხედა).

პეონი II – (სასიყვარულო).

პეონი III – (გარდმოსწვიმდეს).

პეონი IV – (გებრალება?).

პეონური ტერფების ნიმუშებია:

„სანადიროდ წამოვიოდნენ

ამირან და ძმანი მისნი”( ხალხური).

იხ. აგრეთვე: ტერფი, წყობილი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პერიოდი

1. სინტაქსური ფორმა, რომელშიც მოვლენის გამოსახვის საშუალებად რთული ან გავრცობილი წინადადებები არის გამოყენებული.

პერიოდის საშუალებით ადვილი ხდება რთული მოვლენის გამოხატვა და თვით წინადადებაც მაღალ კეთილხმოვანებას აღწევს. სინტაქსის ამ ფორმას უხვად იყენებს როგორც მეცნიერული, ისე მხატვრული ლიტერატურა.

მაგ: „თუმცა თათრები, ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე, რომ ხელი არსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაოთ ჩოხით გადიოდნენ, მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ” – (აკაკი).

ეს პერიოდი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ ვინ რა პირობებში გამოდიოდა საჭიდაოდ. იგი ლოგიკური ქვემდებარეა. ამ ნაწილის წაკითხვის დროს ჩვენ ხმას ვუმაღლებთ.

მეორე ნაწილში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რით მთავრდებოდა ჭიდაობა, რა შედეგს აღწევდნენ ქართველები. იგი წინადადების ლოგიკური შემასმენელია და მისი წარმოთქმის დროს ჩვენ ხმას ვუდაბლებთ.

პერიოდი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.

მარტივი პერიოდია:

„რა ესმოდა მღერა ყმისა,

სმენად მხეცნი მოვიდიან”(რუსთაველი).

რთული პერიოდია:

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცითმონაბერითა,

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა„(რუსთაველი).

აქ მოყვანილ მაგალითებში ხაზგასმული ტექსტი, რომელიც პერიოდის პირველ ნაწილს შეიცავს, აწეული ხმით უნდა წავიკითხოთ, ხაზგაუსმელი კი, რომელიც რთულ წინადადებასა და რიტმულ ერთეულს ამთავრებს, ხმის დაწევით.

პერიოდის სქემას საფუძვლად უდევს კითხვები: სად, როდის, ვინ, როგორ, რისთვის და სხვ.

2. რთული პერიოდის სახეებია: ადგილის გარემოებითი, დროის გარემოებითი, მიზეზის გარემოებითი, მიზნის გარემოებითი, დაპირისპირებითი, თანდათანობითი და სხვა.

ადგილის გარემოებითი:

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა–პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი;

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლო ის არი” – (რ. ერისთავი).

დროის გარემოებითი:

„როცა კი გაზაფხულდება, გამოიღვიძებს ქვეყანა,

სილაღე, სიმხიარულე დასეინობენ ყველგანა,

გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი ეკონებიან მწვანესა,

მინდია გაფაციცებით სულ მიმოივლის მთა–ველსა” (ვაჟა–ფშაველა).

მიზეზის გარემოებითი:

„ერთმა უგნურმა თაგუნამ,

იუკადრისა თაგვობა,

დასწყევლა თვისი გაჩენა,

ბუნების იწყო მან გმობა.

ამ უსამართლო ბუნებამ,

თაგვად რად გამაჩინაო?

მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,

მან ჭერქვეშ მომცა ბინაო” (აკაკი წერეთელი).

მიზნის გარემოებითი:

„დიდის ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,

რომ ერისა მოძმე ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში” (ილია).

დაპირისპირებითი:

„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” (რ. ერისთავი).

შედარებითი:

„ვით მამალი სხვის მამალსა, დამტერდეს და წაეკიდოს,

მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,

რა ორივე დაღალული ძაღლმა ნახოს, პირი ჰკიდოს,

ეგრე ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!” (დ. გურამიშვილი).

დათმობითი:

„დაე, რისხვით ცამ იჭექოს, ელვამ გაჰკრას არე–მარეს,

ცა განრისხდეს, დაბლა ბარზე უგზავნიდეს ნიაღვარებს,

დაე, ბუი, გაჰკიოდეს, სდარაჯობდეს წყვდიად ღამეს,

გველ–ბაყაყნიც აიშალნენ და მოედვნენ არე–მარეს, –

მაინც ველით განთიადსა, განიბნევა ღამე ბნელი,

მზის სხივებზე აყვავდება, შეიმკობა მთა და ველი” (ი. ევდოშვილი).

პირობითი:

„ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,

სასხლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,

არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია” (რ.ერისთავი).

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

პერიფრაზი

აზრის გავრცელებულად გამოთქმა, რომელსაც საფუძვლად უდევს მეტონიმია.

„პერიფრაზი” ბერძნულად აღწერას ნიშნავს. ერთი სიტყვის გამოყენებით მოვლენის დასახელების ნაცვლად ზოგჯერ მიმართავენ აღწერით გამოთქმას რამდენიმე სიტყვის საშუალებით. მაგ:

სოლომონ ლიონიძე სიტყვა „ერეკლეს” ნაცვლად ამბობს: „მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა”;

„დაღამდას” ნაცვლად ი . ჭავჭავაძე ამბობს „სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა”;

„სულიერის” ნაცვლად ამბობს „დღით ფეთქავს რაცა”;

„ნათელას” ნაცვლად აკაკი ამბობს „პატრონი მოდი ნახისა” და სხვ.

ისეთი მეტონიმია, რომელშიც ერთი სიტყვა იხმარება არაპირდაპირი მნიშვნელობით (მაგ: რუსთაველს ვიცნობ), ჩვეულებრივი მეტონიმიაა, ხოლო ისეთი მეტონიმია, რომელშიც სიტყვათა ჯგუფი ან მთელი გამოთქმა იხმარება არაპირდაპირი მნიშვნელობით – პერიფრაზია. გამოთქმა მეტონიმიაც არის და პერიფრაზიც. მეტონიმიაა, როცა სიტყვა „სიკვდილი” შეცვლილია გამოთქმით – „სოფლიდან გასვლა”, მაგრამ თუ მოვინდომებთ ამ პოეტური გამოთქმის უფრო ზუსტად აღნიშვნას, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იგი პერიფრაზია, ე.ი. ისეთი მეტონიმიაა, რომელშიც რამდენიმე სიტყვა ან მთელი აღწერა ხმარებულია არაპირდაპირი მნიშვნელობით.

იხ. აგრეთვე: მეტონიმია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 197

პირაპირი

ტაეპის დამამთავრებელი და მისი მომდევნო ტაეპის დამწყები ბგერების დამსგავსება. მაგ:

„პატარა სევდა, პატარა დარდი,

დიდხანს ქუჩაში დამატარებდა.”(კ. ნადირაძე).

იხ. აგრეთვე: ბგერწერა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბპირდაპირი დახასიათება

გმირის უშუალო დახასიათება ავტორის, ან სხვა მოქმედი პირის მიერ.

ზოგიერთ შემთხვევაში მწერალი უშუალოდ, თავისი პირით გვიხასიათებს მოქმედ პირებს. მაგ:

„ხალიჩაზე ორი პატიოსანი და დარბაისელი კნეინა იჯდა... ორი კნეინა, მაგრამ კი სხვადასხვანაირი: ერთი მსუქანი, წითური, მეორე გამხდარი” – (ი. ჭავჭავაძე).

ან კიდევ:

„ახოვანი, მშვენიერი,

თეთრწვერა და თეთრთმიანი,

წინ წამოდგა სასაუბროდ,

მოწიწებით, ტკბილხმიანი”(ა. წერეთელი).

პირდაპირი დახასიათების დროს მხოლოდ აღნიშნულია გმირის დამახასიათებელი თვისებები.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

. : განათლება,, 1977

პირდაპირი ექსპოზიცია

ნაწარმოების დაწყება ექსპოზიციით, როდესაც ავტორი იმთავითვე გვაცნობს მოქმედების დროს, ადგილს, მოქმედ პირებს და სხვ.

პირდაპირი ექსპოზიციის ნიმუშია ლ. ქიაჩელის მოთხრობის „ტარიელ გოლუას” დასაწყისი:

„კვირა დღის ადრიანი დილა იყო. აპრილის პირმცინარი მზე დედამიწას საგაზაფხულო სხივებით გულ–მკერდს უქარგავდა. სოფელ N –ის განაპირას, ერთ პატარა მაღლობზე ახალაშენებული ოდის აივანზე იდგა 65 წლის გლეხი ტარიელ გოლუა და მშვიდი სახით ათვალიერებდა იელით ღობეშემორტყმულ კოხტა ეზოს”.

იხ. აგრეთვე: ექსპოზიცია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პლეონიზმი

ზედმეტი სიტყვების ან გამოთქმების ხმარება ამა თუ იმ მოვლენის გამოსახატავად. (ბერძნულად „პლეონაზო” ნიშნავს „ვუხვობ”). მაგ:

ჩვენ სოფელს ირგვლივ მთები აქვს გარშემორტყმული.

ირგვლივ შემორტყმა და გარშემორტყმა ერთ და იმავე მოვლენას გამოხატავს. ამიტომ საკმარისია ვთქვათ: მთები აქვს გარშემორტყმული, ან მთები აქვს ირგვლივ შემორტყმული (გამოვტოვოთ სიტყვა „გარს”, რადგან სიტყვა „ირგვლივ” უკვე გამოხატავს ზემოაღნიშნული სიტყვის შინაარსს).

პლეონიზმის ნიმუშები:

ვნახე ჩემი საკუთარი თვალებით;

ვინც გინდა იყოს ჩემი მკითხველი – კაცი, ქალი თუ გასათხოვარი (გამოდის, გასათხოვარი თითქოს ქალი არ იყოს); ივანე იყო მაღალი, ახოვანი, ბრგე, აზიდული, წარმოსადეგი” და მისთ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პოემა

ლექსად დაწერილი დიდი მოცულობის ნაწარმოები.

იგი უმთავრესად ეპიკური, ანუ თხრობითი გვარის სახეობაა, მაგრამ პოემას არ ახასიათებს მარტო ერთი გვარის სახეობა. პოემის ავტორი ლიტერატურის ყოველ გვარს იყენებს იმისდა მიხედვით, თუ რომელი გვარი უფრო ხელსაყრელია ასახული მდგომარეობის გამოსახატავად. ეპიკურის პარალელურად არსებობს აგრეთვე პოემა ლირიკული, ლირიკულ–ეპიკური და დრამატული.

თვით სიტყვა „პოემა” ბერძნულად ნიშნავს შეთხზულს, ქმნილებას. ძველი პოემები წარმოიშვა სხვადასხვა დამოუკიდებელი ლექსისაგან. თითოეულ მათგანში აღწერილი იყო სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდი სახალხო გმირისა თუ რომელიმე შესანიშნავი პიროვნების ცხოვრებიდან. შემდეგში ასეთი ლექსები შეუერთეს ერთი უფრო საინტერესო მოვლენის გამომხატველ ლექსს. ყველა ლექსში მოთხრობილი ამბები მიაწერეს ერთს, უფრო მნიშვნელოვან პიროვნებას და, ამგვარად, წარმოიშვა ძველი საგმირო პოემა.

ბერძნებმა თავიანთი ძველი საგმირო ლექსები, რომლებიც მათ ჰქონდათ შეთხზული ცალკეული გმირების: აქილევსის, ოდისევსის, ჰექტორის, აიქსის, დიომიდეს და სხვათა შესახებ, გააერთიანეს ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის – ტროადის ომის გარშემო. ამ გზით წარმოიშვა საბერძნეთში „ილიადა” და „ოდისეა”, რომელსაც ჰომეროსს მიაწერენ. ასეთივე წესით წარმოიშვა ძველი პოემები ინდოეთში, ტაჯიკეთში(„შაჰ–ნამე”), საფრანგეთში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში. შემდეგ ხანებში პოემამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, შეიქმნა პოემის ორი სახეობა – ძველი და ახალი.

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ეპიგრაფი, ეპოსი, ეპიზოდი, თემა, თემატიკა, იდეა, კვანძის გახსნა, ლეგენდა, ლიტერატურული მეთოდი, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, პეიზაჟი, ტერცინა, ქვეთემა, ძველი პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პოეტური სინტაქსი

წინადადების თავისებური აგებულება აზრის მხატვრულად გამოსახვის მიზნით.

მწერალი ამა თუ იმ ლიტერატურული ენის კანონებს ემორჩილება, უმეტეს შემთხვევაში ლიტერატურული ენის კანონების შესაბამისად აგებს ფრაზებს, მაგრამ ზოგჯერ მწერალი დგება სინტაქსური ნორმების დარღვევის აუცილებლობის წინაშე.

მაგ:

„ატირდა ხარი ნიკორა

მარგალიტისა ცრემლითა”

აღნიშნულ წინადადებაში, სინტაქსური ნორმების გათვალისწინების შემთხვევაში, სიტყვები ასე უნდა იყოს დალაგებული – „ხარი ნიკორა მარგალიტის ცრემლით ატირდა”. თავში უნდა იყოს ქვემდებარე, ბოლოს შემასმენელი, მაგრამ, თუ შევადარებთ ორივე მაგალითისაგან ცალ–ცალკე მიღებულ შთაბეჭდილებას, მივხვდებით, რომ მეორე ნიმუშისაგან მიღებული შთაბეჭდილება ახლოსაც ვერ მივა იმ შთაბეჭდილებასთან, რასაც ჩვენში პირველი მაგალითი აღძრავს. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველ მაგალითში პირველ ადგილზე არის სიტყვა „ატირდა”, რის გამოც ამ სიტყვაზე მოდის ლოგიკური მახვილი და მკითხველშიც მსგავს შთაბეჭდილებას იწვევს. მეორე მაგალითში არ ჩანს აღშფოთება. ავტორი თითქოს დინჯად, აუღელვებლად მოგვითხრობს ნიკორას ატირების შესახებ და, შესაბამისად, მკითხველშიც სუსტ შთაბეჭდილებას იწვევს.

მაშასადამე, ამ მაგალითში საქმე გვაქვს პოეტური სინტაქსის გამოყენების ვარიანტთან.

იხ. აგრეთვე: ანტითეზისი, გამეორება, გრადაცია, ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პოეტური თვითნებობა

მწერლის მიერ ლექსთაწყობის წესების დარღვევა.

მხატვრულ ნაწარმოებში, უმთავრესად ლექსში, ზოგჯერ სიტყვები შეკვეცილად არის ნახმარი, ზოგჯერ წინასწარი განზრახვით შეგნებულად არის გამოყენებული არალიტერატურული სიტყვები და გამოთქმები.

ილია ჭავჭავაძის ცნობილ ლექსში „გახსოვს, ტურფავ” გვხვდება ასეთი ადგილი:

„ან შენ მაშინ რა იცოდი,

ან შენ გიჟმა რა იცოდა?”

ხაზგასმული სიტყვა წინასწარი განზრახვით არის შეკვეცილი (უნდა ყოფილიყო „შენმა გიჟმა”). ჩვეულებრივი წესით სიტყვების დაკავშირების შემთხვევაში ლექსის კეთილხმოვანება დაირღვეოდა(ეს ლექსი რვამარცვლიანი სტრიქონებით არის დაწერილი, „ან შენმა გიჟმა რა იცოდას” კი ცხრამარცვლიანი გამოვიდოდა).

ავტორმა ლექსის კეთილხმოვანების დარღვევას სიტყვათა დაკავშირების წესის დარღვევა ამჯობინა.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პორტრეტი

მოქმედი პირის გარეგნობის, სახის, ტანსაცმლისა და მოძრაობის აღწერა.

ნაწარმოების გმირის გასაცნობად, მის შინაგან თვისებებთან ერთად, მწერალი, აგრეთვე გვიხატავს მის გარეგნობას: სახეს, ტანადობას, ტანსაცმელს, თმის ფერს, გამომეტყველებას და სხვ. აი, პორტრეტის ერთ–ერთი ნიმუში:

„თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი – უკაცრავად არ ვიყო ამ სიტყვაზედ – როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებას. თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო. წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაშა ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლიანებული, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად განივრად გადმოგდებული დიდად პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი მსხვილი ფეხები – ეს ყოველი ერთად და თვითეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერი სულის” ღირსეული სამკაული”. – (ილია).

ილიამ არანაკლებ ოსტატურად გადმოგვცა ლუარსაბის შინამოსამსახურის – ლამაზისეულის პორტრეტიც.

როგორც პორტრეტის დახატვის, ისე საერთოდ, სახასიათო თვისებათა შერჩევის დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის დამოკიდებულებას ცხოვრების სინამდვილისადმი და, კერძოდ, მოქმედი პირისადმი. პორტრეტი და, საერთოდ, დახასიათება მუდამ გამომდინარეობს თვით სინამდვილის თავისებურების საფუძველზე ავტორის მიერ გამომუშავებული მსოფლმხედველობიდან. როდესაც ავტორი უარყოფით დამოკიდებულებაშია მის მიერ აღწერილი სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენისადმი, ამ მოვლენის გამომხატველი მოქმედი პირიც უარყოფითი თვისებებით ჰყავს დახატული.

ილია წინააღმდეგია ბატონობის, ამიტომ მებატონეც უარყოფითი თვისებებით ჰყავს დახასიათებული. სამაგიეროდ, როგორ გვიხატავს იგი მხნე, გამრჯე, ხალხის მოამაგე, ხალხისათვის თავდადებული, სრულქმნილი ადამიანის პორტრეტს „გლახის ნაამბობში” გამოყვანილი მღვდლის სახით:

„იმ დალოცვილმა ხელი დამიქნივა, მე ვიშვლიპე ქუდი და, როგორც სალდათი უფროსს, ისე ქუდმოხდილი გამოვეჭიმე. იმან თავის ხელით ქუდი თავზე დამახურა. მაშინ კი თვალი გავუსწორე. რა გითხრათ, რა კაცი დავინახე ჩემს წინ!.. ხატებს რომ ჰხატავენ, ის იყო! მადლით, მადლით იყვნენ სავსენი იმის ჩაფიქრებული თვალები! დიდი მადლი უნდა უტრიალებდეს კაცს გულში, რომ ისე გამოსცეს, გამოატანოს თვალებს, როგორც იმის თვალებისათვის გამოეცა და გამოეტანა. არ ვიცი, ჩაგონებული რომ ვიყავ, იმისთვის მეჩვენება ეს კაცი ხატად, თუ რა, ეს კი ვიცი, რომ აქამდინაც გულში ისე ჩამრჩა ჩასახული, როგორც პირველად ვნახე. წარმოსადეგი კაცი იყო, გამხდარი სახე ცოტა ფერმკრთალი ჰქონდა. ნაღველს ცოტაოდენად ხელი გაეკრა, როგორც ემჩნევა ხოლმე მუდამ ზრუნვას ნაჩვევსა და სხვის გულის შემატკივარსა. შავი წვერი ჯერ არ ჩამოზრდოდა, ისე ახალგაზრდად მეჩვენა. თავიდან ფეხებამდინ ისეთი სანახაობა ჰქონდა, როგორც მზე მზეუჭვრიტასა, კაცის გულს ერთის ნახვითვე თავისკენ მიიბრუნებდა”.

მღვდლის გარეგნობა პორტრეტის ამ ნიმუშში შეთანხმებულია მისი შინაგანი ხასიათის მიმზიდველობასთან, მის ღრმა ცოდნასთან, საღი მსჯელობის უნართან, მაღალ იდეებთან, მისი სიტყვისა და საქმის ერთიანობასთან.

იხ. აგრეთვე: არქაიზმი, დახასიათება, ლიტერატურული დახასიათება

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

პროლოგი

ნაწარმოების მხატვრული წინასიტყვაობა (ბერძნული „პრო” – „წინ, წინა” და „ლოგოს” – „სიტყვა, აზრი”).

ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების შინაარსის ან მისი მთავარი აზრის (იდეის) უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით, ავტორები ერთგვარ წინათქმას მიმართავენ. ამ წინათქმაში ისინი მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ იმ მოვლენაზე, რაც მწერალს განსაკუთრებით აინტერესებს, ან, კიდევ, გვაცნობენ ისეთ მოვლენას, რისი ცოდნაც ჩვენთვის აუცილებელია მოთხრობილის შინაარსის გასარკვევად.

ასეთი ნიმუშია ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავის” დასაწყისი, რომელშიც პოეტი ამბობს:

„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა

და ან ცაზე ვარსკვლავები?

ვინ შეამკოს ღირსეულად

ქართველ გმირთა მხარ–მკლავები?

ვინ მოგვითხრას მათი საქმე,

უთვალავი, საგმირონი,

და ან მათზე გადმოსული

მადლი ღვთისა და მირონი?

ნაშთი ძველი დიდებისა

არ გამქრალა ჯერც ყველა...

დღესაც მისი შარავანდით

ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!...

შვიდ სამთავროს მოგვაგონებს

მოელვარე ის შვიდფერი

და გვიმღერებს: „არ მომკვდარა,

გაიღვიძებს ისევ ერი!..

ამ იმედით ფრთაშესხმული

ჩვენი გული სიამით ძგერს

და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად

წარმოგვიდგენს ქართლისა ერს”.

აქ მოყვანილი მხატვრული წინასიტყვაობა მთელი პოემის იდეას ააშკარავებს. მასში ავტორი მიგვითითებს, რომ ქართველ ერს დიდი წარსული ჰქონდა, მრავალი გმირი ჰყავდა და ეს წარსული მისი დიადი მომავლის ქვაკუთხედია.

„კაცია–ადამიანის” პროლოგში, რაც ილიას წინანდელი გააზრებით ზემოაღნიშნულ მოთხრობას უნდა წამძღვარებოდა, ავტორი გვაცნობს, თუ რა მიზნით გადაწყვიტა მან „კაცია–ადამიანის” დაწერა.

გოეთეს „ფაუსტის” პროლოგში ღმერთი და ეშმაკი (მეფისტოფელი) კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ფაუსტი ცხოვრებაში სწორი გზით წასვლას, მიაგნებს თუ არა იგი მიზანს ცხოვრებისას. ღმერთი ფიქრობს, რომ შეძლებს, ეშმაკი კი – ვერა და ბოლოს შეთანხმდებიან, რომ გამოსცადონ ფაუსტი. ეს არის ამ პოემის პროლოგი და იგი უდევს საფუძვლად „ფაუსტის” შინაარსის განვითარებას.

ამის მსგავსია პროლოგი კ. მაყაშვილის სატირული პოემისა „ეშმაკი საქართველოში” იმ განსხვავებით, რომ აქ შესწავლის საგანი საქართველოა.

ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების ერთი და იგივე ნაწილი პროლოგიცაა და წინაისტორიაც. ასე ხდება მაშინ, როდესაც პროლოგი ერთსა და იმავე დროს წინაისტორისაც მოგვითხრობს და თვით მოთხრობის იდეასაც ხსნის.

იხ. აგრეთვე: მოთხრობა, პოემა, სიუჟეტი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

პროფესიონალიზმი

სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანთა ჯგუფისათვის. მაგ.

რკინიგზელის ლექსიკა მოიცავს სიტყვებს, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობასთან, რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობასთან არის დაკავშირებული – მუხრუჭი, ლიანდაგი, ბაქანი, ლოკომოტივი, ვაგონი და ა.შ.

პროფესიული ლექსიკური ერთეულები შეიძლება სრულიად გაუგებარი აღმოჩნდეს სხვა პროფესიის ადამიანისათვის. გარდა ჩვეულებრივი, ყველასათვის გასაგები სიტყვებისა, ბუნებისმეტყველს, მათემატიკოსს, ლიტერატურის მკვლევარს, ქიმიკოსს – ყველა მათგანს მისი პროფესიის დამახასიათებელი ლექსიკა აქვს.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

16 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჟ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჟ

ჟარგონი

ფრანგ.

ქურდების ფარული ენის აღმნიშვნელი, ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფის „ენა”, რომელსაც აქვს სპეციფიკურ სიტყვათა მარაგი და თავისებური გამოთქმებისა და ფრაზების ერთგვარი რაოდენობა, მაგრამ არა აქვს თავისი გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი.

გრამატიკულ წყობასა და ლექსიკურ ფონდს ჟარგონი ეროვნული ენისაგან იღებს. ჟარგონები ანაგვიანებენ ენას, მათ ხმარების ვიწრო სფერო აქვთ და ამიტომ ხალხის ფართო მასებისათვის გაუგებარი არიან. ზემოაღნიშნულის გამო ჟარგონის გამოყენება ხალხთა ურთიერთობის საშუალებად შეუძლებელია.

ჟარგონის ნიმუშებია:

„ბაზარი, (ლაპარაკი), „თოხლი” (საჭმელი), „საკაიფოა”, „ასწორებს” (კარგია, სასიამოვნოა) , „ტეხავს”(ცუდია, უსიამოვნოა), „დაბოლება” (მოტყუება) და ა.შ.

სინონიმი: სოციალური დიალექტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

17 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - რ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - რ

რრაინდული რომანი

რომანი, რომელიც აღწერს რაინდების თავგადასავალს.

რაინდული რომანის საუკეთესო ნიმუში მოგვცა პორტუგალიელმა მწერალმა ვასკო დე ლობეირიმ (XIV საუკუნე), რომელმაც დაწერა რომანი „ამადის გალილელი”.

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რეალიზმი

მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სინამდვილის ობიექტურად გამოსახვას.

რეალისტ მწერალს „დეტალების სიმართლის გარდა, ტიპური ხასიათების ტიპურ გარემოში გადმოცემის სისწორე” ახასიათებს (ენგელსი). ტიპური ხასიათების ტიპურ გარემოში გამოხატვა არ ზღუდავს რეალიზმს. განვითარების მაღალ საფეხურზე მას შეუძლია დაგვიხატოს ისიც, რაც ასახვის მომენტში სუსტადაა გამოვლინებული, მაგრამ ვითარდება და მომავალში დასრულებული ფორმით მოგვევლინება. რეალისტურ ხელოვნებას არა მხოლოდ შეუძლია ახსნას და დაგვიხატოს სინამდვილე, არამედ ამასთან ერთად მას შეუძლია დაგვიხატოს ცხოვრების მომავალი განვითარების ტენდენცია, შეუძლია დაგვიხატოს მოვლენები არა გაქვავებულ მდგომარეობაში, არამედ წარმოქმნაში, ზრდაში, განვითარებაში.

ხელოვნება საერთოდ რეალურს, ე.ი. სინამდვილეში არსებულს ასახავს. მაგრამ რეალურის ასახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რეალისტურად ასახვას. რეალისტური ასახვა იმით განსხვავდება რომანტიკული, ან, კიდევ, ფანტასტიკური ავისებურება რეალიზმისა, რითაც იგი რომანტიზმის მოწინააღმდეგე მთავარ ლიტერატურულ მეთოდად გვევლინება.

თუ რომანტიზმის წამომადგენლები გვიხატავენ ფანტასტიკურ ამბებს, მათი ოცნების სამყაროს, რეალისტმა მწერლებმა მათი შემოქმედების საგნად გაიხადეს ცხოვრების სინამდვილე. ისინი ყოველგვარ მასალას თავიანთი შემოქმედებისათვის იღებდნენ რეალური ცხოვრებიდან და ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად ურად, სისწორით და დეტალურად აეწერათ ცხოვრების სინამდვილე.

რეალიზმი ლიტერატურაში XIX საუკუნემდეც არსებობდა.

რეალისტური ნაწარმოებებია ჰომეროსის „ილიადა” და „ოდისეა” და ანტიკური ლიტერატურის სხვა ნიმუშები. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, სერვანტესის „დონ–კიხოტი”, შექსპირის ტრაგედიები, მოლიერის კომედიები.

ადრინდელი რეალიზმი სტიქიური იყო და თეორიულად უფრო ზუსტად იგი XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა.

რეალიზმის განვითარებამ დიდი ნაყოფი გამოიღო. ხელოვნების წარმომადგენელნი მიხვდნენ, რომ სინამდვილე მეტად საყურადღებო ყოფილა, რომ ამ სინამდვილეს შესწავლა უნდა, რომ ამ შესწავლით შეიძლება სინამდვილის დაძლევა და მისი სასარგებლოდ გამოყენება. ამრიგად, ერთი მხრივ, განვითარდა დაკვირვების ტენდენცია, ფაქტების შესწავლა და სურვილი, რომ ხელოვნებაც სინამდვილის შესასწავლ იარაღად გამხდარიყო. ხოლო, მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებიდან გამოდიოდნენ მწერლები, რომლებიც „ცის იქით კი არ ეძებდნენ სადგურს ზენაარსს, სამყოფს, რომ დაშთონ აქ ამაოება”, არამედ აკვირდებოდნენ სინამდვილეს, ყოფა–ცხოვრებას და მას თავის შემოქმედებაში რეალისტურად ხატავდნენ.

რეალიზმმა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა სახეობა მიიღო.

იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, კომედია, ლიტერატურული მეთოდი, ლიტერატურული მიმართულება, ნატურალიზმი, რომანტიზმი, რეალისტური სახე, ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რეალისტური სახე

ისეთი სახე, რომელშიც სინამდვილე მართებულად არის გამოხატული.

ასეთი სახის ნიმუშებია

ლ. არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი; გ. ერისთავის კომედიების მოქმედი პირები;

ი. ჭავჭავაძის ზაქრო,(„კაკო ყაჩაღი”), გაბრო დათიკო („გლახის ნაამბობი”);

გ. წერეთლის ბახვა ფულავა, იერემია წარბა („პირველი ნაბიჯი”);

ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა” და სხვ.

იხ. აგრეთვე: რეალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რემარკები

დრამატულ ნაწარმოებში, მოქმედ პირთა სიტყვების გარდა, ავტორი იძლევა მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სცენა მოწყობილი, რა უნდა ხდებოდეს სცენაზე, ან კულისებში. რა უნდა გააკეთოს ან როგორ იმოქმედოს მსახიობმა, როგორი უნდა იყოს მისი მიმიკა და სხვ. ასეთ მითითებებს რემარკები ეწოდება.

იხ. აგრეთვე: დრამა, მიმიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რეპლიკა

მოქმედ პირთა მოკლე სიტყვებს, რომლებისგანაც დიალოგი შედგება, რეპლიკები ეწოდება.

იხ. აგრეთვე: დიალოგი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რითმა

ერთი და იმავე ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ლექსის ტაეპში ან ხანაში.

რითმის საშუალებით უფრო იგრძნობა რიტმული ერთეულის (მაგ. ლექსის სტრიქონის) საზღვარი.მაგ:

„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა”(აკაკი)

„ჩვენისთანა ბედნიერი ,

განა არის სადმე ერი”–(ილია)

იხ. აგრეთვე: ბოლორითმები, დაქტილური რითმა, ვაჟური რითმა, ზუსტი რითმა, თავრითმები, თეთრი ლექსი, კიბური რითმა, კლაუზულა, კონსონანსი, მაჯამა, მდიდარი რითმა, მუხამბაზი, სტროფი, ტერცინა, ფისტიკაური, ქალური რითმა, შერეული, შინაგანი რითმები, შინაგან–გარეგანი რითმა, ღარიბი რითმა, ჯვარედი რითმები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რიტმი

თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებულ გამეორება.

„რიტმოს” ბერძნულად ნიშნავს თანაზომიერებას, სინატიფეს. თანაზომიერება ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს. რიტმულად გამოთქმული აზრი უფრო მკვეთრად იჭრება ადამიანის გონებაში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხალხურ ანდაზებსა და გამოთქმებსაც კი რიტმი ახასიათებთ. ლიტერატურის თეორიის შესწავლის დროს რიტმი ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორც ლექსის დამახასიათებელი თვისება.

ლექსის სამეტყველო ერთეულებად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მისი სტრიქონები, ანუ ტაეპები.

„ტოკავდა, ტოკავდა,

პატარა ნარგიზი,

პატარა ნარგიზი,

კოხტა და ფაქიზი.” ( ი. გრიშაშვილი)

თუ დავითვლით მარცვალთა რაოდენობას ყოველ აქ მოყვანილ სტრიქონში, ასეთ სურათს მივიღებთ:

„ტოკავდა, ტოკავდა,(6)

პატარა ნარგიზი,(6)

პატარა ნარგიზი,(6)

კოხტა და ფაქიზი.(6)

აქ მოყვანილი ლექსის ნაწყვეტი ოთხი ერთეულისაგან – სტრიქონისაგან შედგება. ოთხივე სტრიქონი თანაზომიერია – ერთეულების, ანუ თანაბარმარცვლიანი სიტყვებისა და სიტყვათა ჯგუფების გამეორებას წარმოადგენს. ლექსებში უმთავრესად თანაბარი რაოდენობის მარცვალთა სტრიქონები მეორდება. ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში ორ–ორჯერ მეორდება სამმარცვლიანი სიტყვები:

„ტოკავდა, ტოკავდა(3+3)

პატარა ნარგიზი(3+3)

როგორც ვხედავთ, თვით სალექსო სტრიქონშიც თანაზომიერი ერთეულები (ამ შემთხვევაში სიტყვები) მეორდება.

ლექსში თანაზომიერი ერთეულების გამეორება არ არის შემთხვევითი, იგი გარკვეული წესით, გარკვეული რიგის მიხედვით მეორდება – ზოგჯერ ერთმანეთს მიჰყვება, ე.ი. განუწყვეტლივ მეორდება თანაბარმარცვლიანი ტაეპები, ზოგჯერ კი პირველი ტაეპის თანაზომიერი ტაეპი მეორდება მესამე სტრიქონში, მეორე ტაეპისა – მეოთხეში და ა. შ. მაგ:

„როცა დროშა ჩავიბარე,(8)

მე შევფიცე კაცურად,(7)

შენთვის ქარს არ შევუდრკები,(8)

შენთვის ცეცხლში გავცურავ.(7) – (ხ. ბერულავა)

ლექსისათვის თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებული გამეორება აუცილებელი თვისებაა.

იხ. აგრეთვე: აშუღური, დაბალი შაირი, თავისუფალი ლექსი, ლექსი, მაღალი შაირი, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რიტორული შეკითხვა

შეკითხვა, რომელიც პასუხს არ მოითხოვს, რადგან მისი კითხვითი ფორმა პასუხს თვითონვე გულისხმობს. ნიმუშები:

1. „მაგრამ, შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება –

სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება?!” – (ნ. ბარათაშვილი)

2. „სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,

რომლისა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?” (ნ. ბარათაშვილი)

3. „ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს,

ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,

ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,

ვინ მოიგონა სიმცირე მისი?” (ს. ჩიქოვანი)

4. „რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუ დასამიწებელს, საფლავს იშენებდი?... ვის დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო, ვისთვის მოვკვდე?” (ს. ლეონიძის სიტყვიდან)

იხ. აგრეთვე: ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რიტორული მიმართვა

მიმართვა იმ საგნისადმი, ან პირისადმი, რომელსაც გამოხმაურება არ შეუძლია ან რომლის გამოხმაურებაც არ არის სავალდებულო. ასეთია მიმართვა ბუნებისადმი, განყენებული საგნისადმი, მკითხველისადმი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და სხვ. ნიმუშები:

1. „ზეციურნო ძალნო ... საღრმთო სტუმარი – მეფე ერეკლე გესტუმრათ” (ს. ლეონიძე)

2. „თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი!” (ი. ჭავჭავაძე)

3. „მეგობრებო, წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული”. (ი. ევდოშვილი)

4. „გადი – გამოდი გუთანო,

ღირღიტავ, ბანი უთხარო,

სახნის–საკვეთო, გაუსვი,

რომ კაჭკაჭს ძირი უთხარო,

ნიშავ, ნიკორას გაუწი,

მაგას მოაბი მხარია,

მეხრევ, გაუკარ შვინდასა,

ცოტა ზარმაცი ხარია” (რაფ. ერისთავი)

იხ. აგრეთვე: ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რიტორული შეძახება

ძახილის წინადადების საშუალებით აზრისა და გრძნობის გამოხატვა.

ნიმუშები:

1. „აგერ უფალი და მისი მონა!” (ილია)

2. „ძნელი არის მარტოობა სულისა” (ნ. ბარათაშვილი )

3. „რაც მოსავალია, მოგვივიდეს” (აკაკი)

იხ. აგრეთვე: ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რკალური რითმა

რითმები, რომელშიც სტროფის პირველი ტაეპი მეოთხეს ეთანხმება(ერითმება), ხოლო მეორე მესამეს.

მაგ:

„ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა,

მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,

სანამ გმირმა შენთვის სული დალია,

სთქვა: „ სამშობლო უპირველეს ყოვლისა!

არ მოშიშარს ქარისა და თოვლისა,

ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება,

მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება,

მამულს გული!– უპირველეს ყოვლისა!”– (გ. ტაბიძე).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რომანი

ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც მოცემულია მწერლის მიერ გამოგონილ, აღწერილ ან გათვალისწინებულ ადამიანთა ჯგუფისა და მთელი სოციალური წრის მთლიანი ცხოვრების ვრცელი სურათი.

ეს იმას ნიშნავს, რომ რომანი გამოხატავს არა ერთ ეპიზოდს მოქმედი პირის ცხოვრებიდან, როგორც ეს მოთხრობას და, განსაკუთრებით, ნოველას ახასიათებს, არამედ მასში მოცემულია გმირის ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი.

რომანი გვიხატავს არა რომელიმე პიროვნების ცხოვრებას, არამედ გვიხატავს მთელ საზოგადოებას, რომელშიც მხატვრული ნაწარმოების გმირი მოქმედებს. ამის გამო მოქმედ პირთა რაოდენობა რომანში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მოთხრობაში და ნოველაში.

რომანში მოქმედი პირები გამოხატული არიან იმ საზოგადოებრივ გარემოსთან ერთად, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ზემოაღნიშნულის გამო, რომანში დიდი ყურადღება ექცევა იმ წრის ზნე–ჩვეულებისა და ყოფა–ცხოვრების გამოხატვას, რომელშიც გმირი მოქმედებს.

რომანი, მოთხრობა და ნოველა ერთმანეთთან შეფარდებით განიხილება. მათ ბევრი მონათესავე თვისებები აერთიანებთ. განსხვავება მათ შორის უმთავრესად მოცულობაში გამოიხატება. ყველაზე მცირე მათ შორის ნოველაა. თუ ნოველას გავავრცობთ, მოთხრობას მივიღებთ. გავრცობილი მოთხრობა უკვე რომანია. ამ მსგავსების ნიადაგზე ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ნაწარმოებს რომანსაც უწოდებენ და მოთხრობასაც, ან კიდევ, მოთხრობასაც უწოდებენ და ნოველასაც. ეს მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებს გარდამავალი ადგილი უკავია მოთხრობასა და რომანს შორის, ან ნოველასა და მოთხრობას შორის.

ზევით დასახელებულ მსგავსებათა გამო რომანის, მოთხრობისა და ნოველის ზუსტი საზღვრების დაწესება მეტისმეტად ძნელდება. უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან რომანი და ნოველა. ეს განსხვავება გარეგნულად მათ მოცულობაში მდგომარეობს. თვით მოცულობის განსხვავება კი გამოწვეულია შინაარსის განსხვავებით. რომანი უფრო დიდი მოცულობისაა იმიტომ, რომ უფრო მეტი სიღრმით ასახავს ცხოვრების სინამდვილეს. რომანის მთავარი თემის გაშუქება თემატიკის სიმდიდრეს მოითხოვს. რომანი ვრცლად ასახავს მოქმედ პირთა თავგადასავალს და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ქართულ ლიტერატურაში რომანის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი”.

მასში მოცემულია ორი მთავარი გმირის ისტორია.

ერთი მათგანი, ბახვა ფულავა ,გლეხური წრიდან წარმოშობილი აღმავალი ბურჟუაზიის წარმომადგენელია. მეორე – იერემია წარბა გადაგვარებული მემამულეთა კლასის წარმომადგენელია.

გ. წერეთელი თავის რომანში გვაძლევს ზემოაღნიშნული ორივე გმირის მთელი ცხოვრების ისტორიას. ამ გმირებთან ერთად ავტორი ვრცლად გვიხატავს იმ საზოგადოებრივ წრეს და პიროვნებებს, რომლებშიაც მისი გმირები მოქმედებენ.

ამ რომანში არამარტო მთავარი გმირები, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი ტიპური ადამიანები არიან. ტიპურია ვალიდა, პოლკოვნიკი ლებოვი, ესმა და სხვანი.

რომანში ავტორმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წასულიყო საქართველოს ეკონომიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარება.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია რომანის სხვადასხვა ფორმა:სოციალური, ფსიქოლოგიური,ისტორიული,ავანტურული, საყოფაცხოვრებო, რაინდული, სატირული, ფანტასტიკური.

ეს კლასიფიკაცია პირობითია.

იშვიათია ისეთი ნაწარმოები, რომლის განსაზღვრა შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ზემოჩამოთვლილი კლასიფიკაციის ერთ–ერთი სახეობით ან ფორმით: მაგ. რაინდული რომანი იმავე დროს ავანტურული რომანიცაა და საყოფაცხოვრებოც. ზოგჯერ ასეთი რომანი ფანტასტიკურ რომანადაც ითვლება.

სოციალური რომანი იმავე დროს საყოფაცხოვრებო რომანიცაა და შეიძლება ისტორიულიც იყოს.

ვ. ჰიუგოს რომანი „განწირულნი” ისტორიული რომანიცაა და სოციალურიც, რადგან ამ რომანში ავტორი, გვიხატავს რა ფრანგების ცნობილ ბრძოლას ვატერლოოსთან და 1830 წლის რევოლუციას, გვაძლევს ნათელ სურათს ხალხთა სიღატაკის, პროსტიტუციისა და მუშათა კლასის აუტანელი ცხოვრებისას.

ნინოშვილის „ჯანყი გურიაში” ისტორიული რომანია, მაგრამ იმავე დროს სოციალურიცაა, რადგან მასში ჩვენი ქვეყნის წარსული გამოყენებულია საზოგადოებრივი ურთიერთობის გამოსახატავად.

ვ. ბარნოვის ისტორიული რომანები („ტრფობა წამებულისა”, „ხაზართა სასძლო”, „მიმქრალი შარავანდედი”) გვიხატავენ ჩვენი ქვეყნის ყოფა–ცხოვრებას წარსულში და, ამდენად, საყოფაცხოვრებოცაა.

იხ. აგრეთვე: ავანტურული რომანი, ახალი პოემა, ეპოსი, თემატიკა, ისტორიული რომანი, მოთხრობა, ნოველა, რაინდული რომანი, სატირული რომანი, საყოფაცხოვრებო რომანი, სოციალური რომანი, ფანტასტიკური რომანი, ფსიქოლოგიური რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

18 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - რ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - რ

რომანტიზმი

რომანტიზმი ისეთი მხატვრული მეთოდია, რომელიც სინამდვილის უშუალოდ ასხვის ნაცვლად გვიხატავს ოცნებით გამოგონილს, არსებულის ნაცვლად სასურველს. მიისწრაფვის ნათელი, ოპტიმალური სახეებით გვაჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება.

რომანტიზმი ლიტერატურაში განსაკუთრებით XVII საუკუნის დასასრულს გაბატონდა.

ამ მოვლენას ხელი შეუწყო საფრანგეთის რევოლუციის დამარცხებამ, მსხვილი ბურჟუაზიის გაბატონებამ და იმ უკმაყოფილებამ, რაც ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვიეს მემამულეთა და წვრილბურჟუაზიული წრიდან გამოსულ მწერალთა შორის. რომანტიზმი ფრანგული კლასიციზმის გაბატონებული ლიტერატურული ტრადიციების საწინააღმდეგო მიმართულება იყო. რომანტიკოს მწერლებს შემდეგი ძირითადი თვისებები ახასიათებთ:

პოეტური ფორმის თავისუფლება – პოეტები აღარ ემორჩილებოდნენ კლასიციზმის პოეტური ხელოვნების კანონებს.

სუბიექტივიზმი – შემოქმედების მთავარ საფუძვლად ადამიანის პირადი განცდებისა და მხატვრული ფანტაზიის აღიარება.

რომანტიკოსი მწერლები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანთა და, კერძოდ, საკუთარი გრძნობებისა და განცდების გამოხატვას. მათი გმირები ისე მოქმედებდნენ, როგორც ეს თვით ავტორს უნდოდა. რომანტიკოსების გმირები ავტორთა მაღალი იდეების შესაბამისად მოქმედებდნენ. მხატვრული ნაწარმობის გმირები და შინაარსი რომანტიკოს მწერალთა პირად განწყობილებას უფრო გვიხატავენ.

რომანტიკოს მწერლებს მათი ეპოქის სინამდვილით უკმაყოფილება და მაშინ არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრებისადმი შეურიგებლობა ახასიათებდათ. მაგრამ სინამდვილისადმი უკმაყოფილებაც და მის საფუძველზეც წარმოშობილი მიზანიც სხვადასხვა კლასის, ეპოქისა და ერის წარმომადგენელი მწერლისათვის სხვადასხვა იყო: ზოგიერთი მწერალი სინამდვილეს უარყოფდა იმის გამო, რომ არისტოკრატიული კლასის ნაცვლად ახალ ვითარებაში ბურჟუაზიული კლასი გაბატონდა. ასეთი მწერალი მისთვის მიუღებელ აწმყოს წარსულს უპირისპირებდა, ხოტბას ასხამდა წარსულს და, აშკარა თუ ფარული გზით, მკითხველს წარსული ცხოვრების დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. ასეთი რომანტიზმის გამომხატველი საფრანგეთში შატობრიანი იყო. ასეთი რომანტიზმი რეაქციული რომანტიზმია.

არსებობს აგრეთვე პროგრესული და აქტიური რომანტიზმი. აქტიური რომანტიზმი ისეთი რომანტიზმია, რომლის მიმდევრებიც ზიზღით უცქეროდნენ რა მახინჯი ცხოვრების სინამდვილეს, ბრძოლას უცხადებდნენ მას უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. ასეთი რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელი ინგლისში ჯორჯ ბაირონი იყო, საქართველოში – ნ. ბარათაშვილი.

ზოგიერთ რომანტიკოსს ახასიათებდა აგრეთვე პესიმიზმი (PESIMUS, რაც ლათინურად უცუდესს ნიშნავს). პესიმისტი მწერალი ისეთი მწერალია, რომელიც აწმყოშიც სიმახინჯეს ხედავს და არც მომავლის იმედი აქვს, მომავლისაგან უარესის მომლოდინეა. ასეთ რომანტიკოსად შეცდომით ბაირონი ჰყავდათ წარმოდგენილი. ასევე შეცდომით პესიმისტად თვლიდნენ ნ. ბარათაშვილს, მაგრამ ასეთი დასკვნა უმართებულოა. ბაირონისა და ბარათაშვილის შემოქმედების ძირითადი, წამყვანი ტონი ბედისადმი დაუმორჩილებლობა და ბრძოლისაკენ მგზნებარე მოწოდებაა. ბარათაშვილს აქვს სევდის გრძნობით აღსავსე ლექსებიც. როგორც ,მაგალითად, „ვპოვე ტაძარი”, მაგრამ ეს ლექსი, რომელშიც პოეტის მხოლოდ წუთიერი განწყობილება მოჩანს, შემთხვევითია და არა დამახასიათებელი, რადგან მთელ მის შემოქმედებაში ბედისადმი დაუმორჩილებლობისადმი და საზოგადოებრივი იდეალისათვის სამსახურისაკენ მოწოდება ბატონობს.

პესიმისტური რომანტიზმის ტიპური წარმომადგენელი იტალიელი პოეტი ჯაკომო ლეოპარდი იყო.

რომანტიზმის სახეობაა აგრეთვე ნეორომანტიზმი, დეკადენსი, სიმბოლიზმი და სხვა მსგავსი მიმართულებები.

რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ: ბაირონი (ინგლისში), გოეთე და შილერი (გერმანიაში), ჰიუგო (საფრანგეთში), პუშკინი და ლერმონტოვი (რუსეთში), ნ. ბარათაშვილი (საქართველოში).

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ლიტერატურული მეთოდი, რეალიზმი, სენტიმენტალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

რომანტიკული სახე

ისეთი სახე, რომელიც სინამდვილეში არსებულის ნაცვლად ოცნებით გამოგონილსა და სასურველს გვიხატავს, ან გვიხატავს ისეთ სასურველს, რომელიც გამოსახვის მომენტში ერთეული, გამონაკლისია.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

19 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ს

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ს

სააგიტაციო მჭერმეტყველება

საორატორო პროზის სახეობა, რომელიც არ კმაყოფილდება მსმენელის მიერ მსჯელობის საგნის შესახებ გარკვეული დასკვნის მიღებით და მთავარ მიზნად ისახავს მსმენელში გარკვეული მოქმედების აღძვრას.

მაგ. ომის პირობებში აგიტატორი მთავარ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ იმის ჩაგონებას, რომ საჭიროა მტრის განადგურება, არამედ იმის მიღწევას, რომ მსმენელი საქმით შეუდგეს მტრის განადგურებას.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სადისკუსიო მჭერმეტყველება

საორატორო მჭერმეტყველების სახეობა, რომელიც ითვალისწინებს რომელიმე პიროვნების, მომხმარებლის ან მეცნიერის დებულების დასაბუთებულ უარყოფას, ან მოწონებას.

საორატორო მჭერმეტყველების სწორედ ეს დარგია ყველაზე უფრო გავრცელებული.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

საერთო აღწერა

ისეთ აღწერას, რომელშიც მსგავსი ან მონათესავე მოვლენათა მთელი ჯგუფია გამოხატული, საერთო აღწერა ეწოდება.

მაგ. ტყის აღწერა:

„ტყე ქვეყნის მშვენებაა; საცა ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე, ხოლო საცა ტყე სრულებით არ მოიპოვება, იქ ბუნება მკვდარია. მეტადრე ზაფხულობით ტყეს არაფერი შეედრება, ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთლით, რომელნიც ნიავის დროს საამურად შრიალებს და სიცხის დროს გრილს ჩრდილს აყენებს ხეების ქვეშა. ზოგი ხე ისე მაღლაა წასული, რომ თვალს ვერ შეუწვდენ წვერამდე, ზოგს ისე განიერად გაუდგამს ტოტები, რომ მის ქვეშ რამდენიმე სახლობა თავისუფლად დაბინავდება. ერთ ადგილას დევებსავით ჩამწკრივებულან უზარმაზარი მუხები, მეორე ადგილას ალვის ხესავით მაღლა ცაში ატყორცნილან ჭადრები, მესამე ადგილას მშვენიერ სუნს ჰფენენ ხშირფოთლიანი ცაცხვები, მეოთხე ადგილას ამშვენიერებს ტყეს დიდი წიფელი, მაგარი ნეკერჩხალი და სხვანი. მარდი ჭიანჭველები ათასობით დაბუდრუგუნებენ ხეებს შუა. თუ ძირს ბალახებში ჩააცქერდები, წითლად დაბრაწული მარწყვი, ჟოლო და შავად დამწიფებული მაყვალი შემოგაჭყეტს თვალსა. თუ მაღლა ხეებს ახედავ, მრავალგვარ ფრინველებს შენიშნავ. აქ მუხის უმაღლეს ტოტზედ მოუკალათებია ქორსა და ბრდღვიალა თვალებით აქეთ–იქით იცქირება; იქ გუგული შემომჯდარა განმარტოებულს იფნის ტოტზედ და ბოლოს ქნევით გაიძახის თავის „გუგუ”–სა. მესამე ხეზე მოუკალათია წყნარ ბულბულს, თვალები დაუხუჭნია და ტკბილს გალობას ნაზად დასძახის; მეოთხე ხეზე კოდალა ღონივრად სცემს თავის მაგარ ნისკარტს ხის ფუღუროსა და კარგი დურგალივით აკაკუნებს. ტყის შუაგულიდან მელიის წკაპა–წკუპი მოისმის და მას თითქოს ბანს აძლევს მგლის ღმუილი, სადღაც დაბურულ კუთხეში ისმის ხეების ჩახა–ჩუხი, – ეს დათვს მოშივნია, თავის ბუნაგიდან ამდგარა და სანადიროდ მიდის. კურდღელი ამ ხეების ჩახა–ჩუხს ტკბილი ძილისაგან გაუღვიძებია და გულგახეთქილი სწრაფად მირბის ხეებს შუა”.

იხ. აგრეთვე: აღწერა, აღწერითი თხზულება, კერძო აღწერა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სამგლოვიარო მჭერმეტყველება

საორატორო პროზის ისეთი სახე, რომელიც მიზნად ისახავს, მსმენელში გამოიწვიოს მოკრძალება და პატივისცემა იმ ადამიანისადმი, რომელიც უკვე აღარ არის, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების მაგალითით აღაფრთოვანებს მსმენელს, მასში იწვევს მისწრაფებას მაღალი საზოგადოებრივი მიზნების სამსახურისადმი, დიადი ადამიანური მორალის განხორციელებისადმი.

ამ უკანასკნელი თვისების გამო ხშირად სამგლოვიარო სიტყვას საზეიმო – სამგლოვიაროს უწოდებენ. მისი საუკეთესო ნიმუშია სოლომონ ლიონიძის „მოთქმით ტირილი ერეკლე მეორის ცხედართან”.

სინონიმი: საზეიმო–სამგლოვიარო

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სამოსამართლო მჭერმეტყველება

სააგიტაციო მჭერმეტყველების სახეობა, რომლის დანიშნულებაა ზეგავლენის მოხდენა სასამართლოს წევრებზე იმ მიზნით, რომ მიიღონ ორატორისათვის სასურველი განაჩენი ბრალდებულის შესახებ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

საორატორო მჭერმეტყველება

პროზის ისეთი დარგი, რომელიც თავის მიზნად ისახავს მსმენელზე ზეგავლენის მოხდენას.

ორატორი თავის მსჯელობას, აზრების დალაგებას და მეტყველების ყოველგვარ სხვა საშუალებას წარმართავს იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს მსმენელში მისთვის სასურველი დასკვნა, გადაწყვეტილება მსჯელობის საგნის შესახებ, წარმართოს მსმენელი ისეთი მოქმედებისაკენ, რასაც თვით ორატორი ისახავს მიზნად და შექმნას მსმენელში ზემოაღნიშნულისათვის შესაფერი განწყობილება.

იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს ორატორი, საორატორო მჭერმეტყველებაში შემდეგი ძირითადი სახეები გვხვდება: სააგიტაციო, სადისკუსიო ან აკადემიური, მისასალმებელი, სამგლოვიარო და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სატირა

ლათ. SATUR

მკვეთრი, გამანადგურებელი დაცინვა, რომელიც გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი. სატირულ ნაწარმოებში მწერალი მოვლენას ისე გამოხატავს, რომ გვამხედრებს მის წინააღმდეგ. მოგვიწოდებს მის მიერ ასახული მოვლენის ძირფესვიანად აღმოფხვრისაკენ, განადგურებისაკენ.

სატირას ხმარობდნენ აგრეთვე გადატანითი მნიშვნელობით და მასში გულისხმობდნენ ისეთ ნაწარმოებს, რომელშიაც გამოხატული იყო ადამიანის მთელი სხვადასხვა ხასიათის უარყოფითი თვისება.

ტერმინი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან, რაც ნიშნავს მსუყეს, ნოყიერს, მაძღარს. ძველი ბერძნები სატირს უწოდებდნენ სასაცილო მითიურ მამაკაცს, რომელსაც ფეხები თხისა ჰქონდა და თავზე რქები ჰქონდა გამობმული. სატირის ჩანასახი საბერძნეთის იამბებში გვხვდება(„იამბოს” ნიშნავდა ნასროლს, ნატყორცნს, ე.ი. განმგმირავ ლექსს).

ანტიკურ ლიტერატურაში დამცინავი იამბების ავტორთა შორის სახელი გაითქვეს ბერძენმა მწერლებმა სიმონიდე ამოგელმა და არქილოქე პარსოელმა (ორივე ცხოვრობდა VII საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სიმონიდეს იამბთა ისარი უმთავრესად ქალების უარყოფითი მხარეების წინააღმდეგ იყო მიმართული. არქილოქეს ნიჭით ჰომეროსის სადარად თვლიდნენ. გადმოცემის მიხედვით, მისი მკვეთრი იამბებით შეურაცხყოფილმა ორმა პიროვნებამ გადაწყვიტა თავის მოკვლა. არქილოქემ და სიმონიდემ ჩაუყარეს საფუძველი ლიტერატურის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ რომაელებმა სატირის სახელით განავითარეს.

სატირული ნაწარმოების ნიმუშია „კაცია–ადამიანი?!”. ლუარსაბის კარ–მიდამო, ლუარსაბის ხასიათი, გარეგნობა, მთელი მისი ცხოვრება მკითხველში იწვევს სიცილს, მაგრამ ეს სიცილი ზიზღთან არის შეერთებული. ავტორი არსად არ გვიხატავს ლუარსაბს ისეთს მდგომარეობაში, რომ მისი ცხოველური საქციელი გამართლებული იყოს. ავტორი სიკვდილის შემდეგაც არ იბრალებს ლუარსაბს და მის საფლავზე მინაწერის მოგონების დროსაც კი დასცინის. ნუთუ ნახევარი საუკუნე იმიტომ იცოცხლა ამ ქვეყანაზე, რომ კვლავ საბოდიშოდ ჰქონოდა საქმეო?

იმისათვის, რომ მკითხველს ლუარსაბის სიკვდილის დროსაც კი არ გაუჩნდეს თუნდაც ოდნავი თანაგრძნობა თათქარიძისადმი, ილია ლუარსაბის სიკვდილსაც მისი გმირის მიერ დამსახურებულ სასჯელად გვიხატავს: ლუარსაბი ღორმუცელობამ იმსხვერპლა. იგი ნათლიმამისაგან მორთმეულ კალმახს მიაძღა; ლუარსაბი არ მომკვდარა ნორმალური ადამიანის სიკვდილით, მოკვდა ღორმუცელობით. ასეთი დაცინვა მკვეთრი და გამანადგურებელია. იგი გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი.

იხ. აგრეთვე: არქაიზმი, ეპიგრამა, პასკვილი, სატირული ლირიკა, სატირული რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სატირული ლირიკა

ლირიკული პოეზია, რომელშიც პოეტი გამოხატავს დაცინვას რაიმე მოვლენისადმი.

სატირული შინაარსით განსაკუთრებით მდიდარია ხალხური პოეზია. სატირულ ლირიკაში ხალხი გამოხატავს დაცინვას მემამულეებისადმი, სამღვდელოებისადმი, მეფის მოხელეებისადმი და ზნეობრივად მახინჯი ყველა ადამიანისადმი.

სატირული ლირიკის ნიმუშია ხალხური ლექსი ერეკლესა და ლეკების ბელადის რაჯაბას შესახებ, რომელიც გამოხატავს ხალხის საყვარელი გმირის ერეკილეს მიერ დამარცხებული მტრისადმი დაცინვას და საკუთარი ძალის მოიმედე ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის გრძნობას:

„რაჯაბაი შეკაზმა ჯაჭვითა და ჯინჯილითა,

უნდა ქალაქს შემოვერტყა, ამოვწყვიტო შიმშილითა.

ეს რომ ერეკლემ გაიგო, გადაბრუნდა სიცილითა:

შენი ერეკლე მოგიკვდეს, ვერ გაგხეთქო სირბილითა,

განჯა შემოგარბენინო, დაღესტანი ტირილითა!

ისე გაუწყვიტა ჯარი, ერთი მირბის წინწილითა,

შეჭამანდი შეუნელა კოჭითა და პილპილითა.

– დაჯე, რაჯაბ, პური ჭამე, არ მომიკვდე შიმშილითა.

– რა პურისა მენაღვლება, კუჭი მტკივა სირბილითა”.

სატირული ლირიკის ნიმუშები უმეტესად მცირე ზომისაა. სატირული ლირიკის ძირითადი ფორმებია ეპიგრამა და პამფლეტი.

იხ. აგრეთვე: ეპიტაფია, ეპიგრამა, სატირა, პამფლეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სატირული რომანი

ისეთი რომანი, რომელშიც ავტორი გვიხატავს ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებრივ ცხოვრებას დაცინვის მიზნით.

სატირული რომანის ნიმუშია რაბლეს რომანი „გარგანტუა და პანტაგრუელი” და, განსაკუთრებით, სერვანტესის „დონ კიხოტი ლამანჩელი”. აგრეთვე ინგლისელი მწერლის სვიფტის „გულივერის მოგზაურობა” და სხვა.

იხ. აგრეთვე: რომანი, სატირა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

საყოფაცხოვრებო რომანი

ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვეულებრივ ადამიანთა კერძო ცხოვრების ასახვას.

საყოფაცხოვრებო რომანების ავტორები მიზნად ისახავენ მკითხველის მორალურ აღზრდას. ძველ საყოფაცხოვრებო რომანებში ხშირად ადგილი აქვს ადამიანის დადებითი მხარეების გაზვიადებულად გამოხატვას. ეს მოვლენა ხელს უშლის სინამდვილის მართებულად გადმოცემას.

საყოფაცხოვრებო რომანებს საფუძველი ჩაეყარა XVIII საუკუნის ინგლისში. მისი შემქმნელია რიჩარდსონი, რომელმაც დაწერა ცნობილი საყოფაცხოვრებო რომანები: „კლარისა”, „პამელა” და „გრანდისონი”.

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

20 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ტ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ტ

ტაეპი

მუხლების განსაზღვრული მწკრივი.

ტაეპი, ანუ სალექსო სტრიქონი ლექსის რიტმული ერთეულია. ტაეპის შემადგენლობა შეგვიძლია თვალსაჩინოდ გამოვხატოთ სქემის საშუალებით:

„რა ესმოდის (მღერა) ყმისა, || სმენად (მხეცნი) მოვიდიან”(რუსთაველი).

სინონიმი: სტრიქონი

იხ. აგრეთვე: ანაფორა, ბესიკური, ბაიათი, ბოლორითმები, ეპიგრაფი, ვაჟური რითმა, თავისუფალი ლექსი, თეთრი ლექსი, იგავ–არაკი, კიბური რითმა, კლაუზულა, კომპონენტი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, მუხლი, მუხამბაზი, პირაპირი, ოქტავა, რიტმი, სონეტი, სტროფი, ტერცინა, ტონური ლექსთწყობა, ტრიოლეტი, ქართული ლექსთწყობა, შაირი, შავთელური, შერეული, შეწყობილი, შინაგანი რითმები, შინაგან–გარეგანი რითმა, ჩახრუხაული, ცეზურა, ჯვარედი რითმები, ჰეგზამეტრი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ტავტოლოგია

ერთი და იმავე ცნების ან აზრის განმეორებაა სხვადასხვა მონათესავე (სინონიმური) სიტყვების მეშვეობით(ბერძ. „ტავტო” – იგივე, „ლოგოს” – სიტყვა, ტავტოლოგია – იგივსიტყვაობა).

მაგ:

მას ჩვეულება ჰქონდა, რომ ჩვეულებრივ ასე მოქცეულიყო;

იგი მოკვდა და სული განუტევა;

მან ყველაში დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული;

ტავტოლოგიისაგან განასხვავებენ გამეორებას. პოეტურ ენაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ცნების მონათესავე სიტყვებით ან ერთი და იგივე სიტყვის თუ ფრაზის რამდენჯერმე გამეორებით გამოხატვა ხელს უწყობს აზრის სიცხადეს. ასეთი ხერხი განსხვავდება ტავტოლოგიისაგან და ჩვენ მას განსაკუთრებულ სახელს – გამეორებას ვუწოდებთ

იხ. აგრეთვე: გამეორება, სინონიმები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტერიტორიული დიალექტი

ენის ისეთი განშტოება, რომელიც ამა თუ იმ კუთხის ან ტერიტორიის მცხოვრებთ ახასიათებთ.

ასეთია, მაგალითად, გურული დიალექტი, იმერული დიალექტი, ქართლ–კახური დიალექტი, რაჭული, ფშავური, მოხევური და სხვ.

ამ კუთხეების მცხოვრებთა სალაპარაკო ენა ნაწილობრივ განსხვავდება საერთო–სალაპარაკო ეროვნული ენისაგან. ტერიტორიულ დიალექტს აქვს თავისი გრამატიკული წყობა და ლექსიკური ფონდი. ერთ–ერთ დიალექტს საერთო–სახალხო ენის წარმოშობის დროს შეუძლია საფუძვლად დაედოს უკანასკნელს, ე.ი. საერთო–ეროვნულ ანუ სალიტერატურო ენას. მაგალითად, ქართველი ხალხის საერთო ეროვნულ ენას საფუძვლად უდევს ქართლ – კახური დიალექტი.

დიალექტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ენის გრამატიკული წყობით, არამედ მასთან ერთად გამოთქმების თავისებურებით. არაიშვიათად გაიგონებთ ლიტერატურული ენის ასეთ დამახინჯებებს: „რა უნდებიე”, „დუუძახე”, „მუაწია”(გურიაში); „დოუძახე”, „მევიდა”(იმერეთში); „ჭოვ”(აჭარაში) და სხვ.

ასეთი სიტყვები და გამოთქმები ეწინააღმდეგება ქართული ენის საერთო ბუნებას. რამდენადაც კულტურული ხდება ხალხი, იმდენად უფრო ქრება მსგავსი მახინჯი ენობრივი მოვლენები ამა თუ იმ კუთხის ლექსიკური ფონდიდან.

მწერალი კუთხურ ენას ტიპიზაციის მიზნით მიმართავს.

საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „მგზავრის წერილები” – ავტორის დიალოგი მოხევე ლელთ ღუნიასთან.

მოხევური ენა, კილო და გამოთქმა კარგად ახასიათებს ავტორის თანამოსაუბრე მოხევეს, როგორც საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთან შედარებით რამდენადმე განსხვავებულ მოლაპარაკეს:

„ – ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, – ვუთხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, – აი, სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია?

– თერგ–გაღმით?

– დიაღ.

– გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდოსთ მკვდართა, წმინდა სამების სახტარი არნ, უწინდელთ განძთა საფარი, ერთა საბჭო...

– შენ მოსწრებიხარ მაგისთანა ბჭობას?

– რაიდ შევესწროდი?ადრინდალ თქმულობას გიზრახვენ.

– ეხლა რატომ აღარ არის ეგა?

– აწინა?

ჩაფიქრდა ჩემი მოხევე და პასუხი არც კი მომცა. ცოტა ხნის შემდეგ თითონ მკითხა მე:

– შენ რაი მილეთის ხარნ?

– ქართველი ვარ, განა ვერ შემატყე?

– რაის შეგეტყვის? ტალავარ არა გაქვს ქართველთა: რუსად მორთულხარნ!”

დიალექტის გამოყენებისას საჭიროა დავიცვათ ზომიერება და სიფრთხილე. თუ კუთხური ან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისათვის დამახასიათებელი სიტყვები გადაჭარბებით იქნა გამოყენებული, მაშინ აზრი შეიძლება სრულიად გაუგებარიც დარჩეს. ასეთ დიალექტიზმებს უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს აგრეთვე ხალხური მეტყველების მნიშვნელობა სალიტერატურო ენის გამდიდრების საქმეში. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ბევრია ისეთი სიტყვა, რომლის მაგიერი სალიტერატურო ენას არ მოეპოვება. ხალხის მეტყველება ინახავს ისეთ გამოთქმებს, რომელთა ფორმები მისაბაძია. უნდა განვდევნოთ ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ანაგვიანებს ქართულ ენას და ეწინააღმდეგება მის საერთო ბუნებას.

სწორედ ასე ესმოდათ ეროვნული ენის მშენებლობის ამოცანა მე–19 საუკუნის ქართველ კლასიკოსებს ი. ჭავჭავაძეს და ა. წერეთელს .

აი, რას წერდა ამ საკითხზე აკაკი წერეთელი:

„ახალი სიტყვის ხმარება, თუ კი სადმე პროვინციაში გასპეტაკებულა და დედაენის კანონის თანახმად აღმოცენებულა, მისაბაძვია საყოველთაოდ...ამგვარი კანონიერი რამეებით უნდა შევავსოთ და გავასუქოთ ქართული ენა, საჭიროც არის. მაგრამ ის, რაც დედაენის წინააღმდეგ სხვადასხვა მხარეებში, პროვინციებში დაუმახინჯებიათ და გაუფუჭებიათ, ხელმოსაკიდები კი არა, პირიქით, გასადევნია! მაგალითად, გურიაში ამბობენ: „ნენა! რას უყუნცულებ? დროა პაწა შევკიდოთ ცეცხლს და ჩა ვსვათ”. (დედა! რას უცდი? დროა შევუკიდოთ ცეცხლს და ჩაი დავლიოთ).

იმერეთში: დანები მოსულარიან და აქანეი ჯილარიან. (დები მოსულან და აქ ზიან, ან სხედან).

რაჭაში: ქვე ქნიან ფონ ქვერე ჩემ გოჭუკელას (ფონს ქვევით(წყლის პირად) ასო – ასო სჭრიან ჩემ გოჭს)

ქართლში: ჯალაბი ობაზე წავასხი და ჩვენთან ერთად ფოფოდიაც მოაბოტებდა(სახლობა ხატობაზე(ან ჯვრობაზე, ან დღეობაზე)

წავიყვანე და ჩვენთან ერთად მღვდლის ცოლიც მოდიოდა). ამგვარი რამ ყოველ კუთხეშია– ესენი ყველა პროვინციალიზმია: მაგრამ ქართულ ენაში ამგვარი რამეების შემოტანა , აქაოდა ჩვენს კუთხეში ასე ხმარობენო, ნუთუ ენის გარყვნა არ იქნება?”

იხ. აგრეთვე: დიალოგი, ეპიზოდი, კილო

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტერფი

მარცვალთა ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი მახვილიანი და რამდენიმე უმახვილო მარცვლისაგან.

ტერფი უმარტივესი რიტმული ერთეულია.

მაგ:

„დაჰკრეს/ ნაღარა/გული/შეჰზარა

და მტერთ/ საომრად/ ჯარი/შეჰყარა.” – (ნ. ბარათაშვილი).

ამ მაგალითში ლექსის სტრიქონი დაყოფილია ოთხ ტერფად:

პირველი ტერფია: დაჰკრეს

მეორე – ნაღარა

მესამე – გული

მეოთხე – შეჰზარა.

იხ. აგრეთვე: ამფიბრაქი, ანაპესტი, დაქტილური ტერფი, აშუღური, დაბალი შაირი, იამბი, კომპონენტი, მაღალი შაირი, მეტრული ლექსთწყობა, მუხლი, პეონი, ქორეული ტერფი, შინაგან–გარეგანი რითმა, ჩახრუხაული, წყობილი, ჰეგზამეტრი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტერცინა

იტალ. სამეული

სამტაეპიანი სტროფებისაგან (ხანებისაგან) შედგენილი და ჯვარედი რითმებით დაწერილი ლექსი. იგი ძველი იტალიური ლექსის ფორმაა. ტერცინებით არის დაწერილი დანტე ალიგიერის პოემა ”ღვთაებრივი კომედია”. ტერცინით იწერება როგორც პოემები, ასევე ლირიკული ლექსები. ტერცინა გავრცელებულია თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაში.

იხ. აგრეთვე: ლირიკა, ლექსი, პოემა, რითმა, სტროფი, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტიპი

ბერძნ. ნიმუში, ასლი, ანაბეჭდი

კონკრეტული მხატვრული სახე, რომელშიც გაერთიანებულია ადამიანთა ან სხვა მოვლენათა ჯგუფის მთავარი დამახასიათებელი თვისებები

ტიპის შექმნა ნიშნავს სინამდვილის დამახასიათებელი მოვლენების განზოგადებას. ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი არ წარმოადგენს ცხოვრების სინამდვილეში არსებულ ამა თუ იმ პიროვნების ფოტოგრაფიულ სურათს, ის არ განასახიერებს მხოლოდ ერთ ადამიანს. მხატვრული ნაწარმოების ერთ–ერთი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ავტორი ერთი პიროვნების საშუალებით მთელი საზოგადოებრივი ჯგუფის არსებითსა და დამახასიათებელ თვისებებს გვიხატავს.

ილიას ლუარსაბ თათქარიძე გამოგონილი პიროვნებაა, რომელშიც ავტორმა შეაერთა ყველა ის თვისება, რაც 60–იანი წლების მუქთახორა ქართველ მემამულეებს ახასიათებდათ.

ლუარსაბის სახით ილიამ დაგვიხატა არა ერთი პიროვნება, არამედ ჯგუფი ადამიანთა საზოგადოებისა. „ათასია ჩემისთანა და ათასზე მეტი” – ამბობს თავის თავზე ლუარსაბი მოთხრობის წინასიტყვაობაში. „ვინც მაგასა ნახავს, – მითამ ჩვენ უნახივართ... მაგის შერცხვენა, ჩვენი შერცხვენაა”, – ამბობს ლუარსაბის გამომზეურებით შეშინებული ადამიანთა ხროვა, ხროვა იმ ადამიანებისა, რომლებიც ილიამ ლუარსაბის სახით დაგვიხატა.

„მეც ეგ მიხარია... კარგი ნიმუშია”– პასუხობს მათ ავტორი.

მწერალი განყენებულად კი არ ჩამოთვლის ადამიანთა ჯგუფის თვისებებს, არამედ მათ (ე.ი. თვისებებს) გამოგონილ და ცოცხალი სახით დახატულ კონკრეტულ პიროვნებაში აერთიანებს.

ტარიელ გოლუა, დავით დროიძე, გოგია უიშვილი, ბახვა ფულავა, ოსმან–აღა, დურმიშხანი და სხვა პერსონაჟები უფრო გვაინტერესებენ, რადგან თითოეულ მათგანს ერთი ჯგუფის, კოლექტივის თვისებები აქვს.

ამ მოვლენის შესახებ ილია თვითონვე მიგვითითებს: „მწერალმა თუ სხვა ხელოვანმა, რაც უნდა ზედმიწევნით და მშვენივრად გამოხატოს ერთი რომელიმე ცალკე სახელწოდებული კაცი,– ივანე თუ პეტრე, ყოველთვის უპირატესობა უნდა დაუთმოს მას, ვინც ზოგადის კაცის გამოხატვის შემძლებელია”.

ტიპურობა მარტო მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟებს როდი ახასიათებთ. ტიპური შეიძლება იყოს აგრეთვე ბუნება, ადგილი, სცენა, ადამიანის მოქმედების გარემო, მისი გარეგნობა და სხვ.

მასალებს ტიპის შესაქმნელად მწერალი ხშირად უშუალოდ იღებს ცხოვრების სინამდვილიდან.

ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღში” გამოყვანილი ზაქროს და კაკოს სახეების შექმნას ბიძგი მისცა ცხოვრების სინამდვილემ. მისმა პირადმა დაკვირვებამ, ნანახმა და გაგონილმა. ი. ჭავჭავაძის ნათესავი და მეგობარი კოხტა აფხაზი „კაკო ყაჩაღის” შექმნის შესახებ წერს:

„კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლავთ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს– რომელიღაც ვაჩნაძეს და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა კარდანახის ტყეში და გამვლელ–გამომვლელს ცარცვავდა ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი. ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენ კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს – ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო. ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგა გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე, რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და და მარტო ამას გაიძახოდა ენის ბორძიკით: „დამაძინეთ, დამაძინეთო”. მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, მხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო”.

ყაჩაღ გაუხარაშვილთან შეხვედრამ ილიას ბიძგი მისცა დაეწერა „კაკო ყაჩაღი”, შეექმნა კაკოს და ზაქროს სახეები. მაგრამ ილიამ „კაკო ყაჩაღში” მხოლოდ გაუხარაშვილი კი არ დაგვიხატა, არამედ მისი გაცნობით მიიღო მასალა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხის ტიპის შესაქმნელად.

ტიპის შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის გამოგონების უნარს. ადამიანთა ჯგუფის ცალკეულ წევრთა თვისებების შეერთება ერთ გამოგონილ პიროვნებაში თავისთავად მწერლის მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია.

რუსი მწერალი ტურგენევი გვაცნობს, თუ როგორ აგროვებდა მასალებს ცალკეულ ადამიანთა თვისებების, ტიპისა და მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის შესაქმნელად:

„ცხოვრებაში მე ვხვდები, მაგალითად, რომელიმე თეკლე ანდრიას ასულს, რომელიმე პეტრეს, რომელიმე ივანეს და წარმოიდგინეთ, რომ უცებ ამ თეკლე ანდრიას ასულში, ამ პეტრეში, ამ ივანეში მე მაკვირვებს რაღაც განსაკუთრებული, ის, რაც მე არ მინახავს და არც სხვებისგან გამიგონია; მე მას ვაკვირდები, ჩემზე იგი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს: მე ვფიქრდები და შემდეგ ეს თეკლე, ეს პეტრე და ეს ივანე შორდებიან, სადღაც უცხო მხარეში იკარგებიან, მაგრამ მათგან მიღებული შთაბეჭდილება ჩემში რჩება და იზრდება. მე ამ პირებს სხვა პირებთან ვაკავშირებ, შემყავს ისინი სხვადასხვა მოქმედების სფეროში და ჩემს წარმოდგენაში უკვე იქმნება მთელი ქვეყანა...”

ტიპურ ენას ან ტიპს ზოგადთან ერთად საკუთარი, ინდივიდუალური თვისებებიც ახასიათებს.

ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძეს გვიხასიათებს როგორც გონებადაჩლუნგებულს, ძალზე ზარმაცს, ზანტსა და მოდუნებულს და გვიხატავს მას თავისებური გარეგნობით: ღიპით, დასისხლიანებული თვალებით, მსხვილი ფეხებით.

„უნდა გენახათ რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარა, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში”.

არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქართველ მემამულეს ახასიათებდა „დასისხლიანებული თვალები”, ღიპი და სხვ. აქ ჩამოთვლილი თვისებები ლუარსაბის ინდივიდუალური თვისებებია. ამ თვისებების საშუალებით გვიხატავს ავტორი ლუარსაბს, როგორც ცოცხალ ადამიანს და იმავე დროს ინდივიდუალური თვისებების ჩვენების გზით ილიას მუქთახორა ადამიანის ზოგადი თვისებების გათვალისწინებისაკენ მივყავართ.

იხ. აგრეთვე: გმირული სახე, მხატვრული სტილი, ნატურალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტონური ლექსთწყობა

ბერძნ. ხმა

ლექსთწყობა, რომელიც მახვილიან მარცვალთა რაოდენობას ემყარება

ერთმარცვლიანზე მეტ სიტყვაში გვხვდება ერთი მახვილიანი და დანარჩენი უმახვილო მარცვლები. მაგ: სიტყვაში „მოწაფე” პირველი მარცვალი „მო” მახვილიანი მარცვალია, უფრო მკვეთრად ისმის, უფრო ხმიანია, დანარჩენი ორი მარცვალი კი უმახვილოა.

ტონური ლექსთწყობა იმით განსხვავდება სილაბურისაგან, რომ სილაბური ემყარება მარცვალთა საერთო რაოდენობას, ტონური კი მხოლოდ მახვილიან მარცვალთა რაოდენობას. მაგ: ქვემოთ მოყვანილ ტაეპებში ოთხ–ოთხი მახვილიანი მარცვალია(მახვილიანი მარცვალი ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული).

„სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,

და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,

ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი” (პ. იაშვილი).

ასეთ ლექსთწყობას სილაბურთან საერთო არაფერი აქვს. სილაბურისათვის სავალდებულო მარცვალთა საერთო რაოდენობით თანაბრობა აქ დარღვეულია, რადგან პირველ ტაეპში 12 მარცვალია, მეორეში – 18 და მესამეში – 17.

იხ. აგრეთვე: თავისუფალი ლექსი, სილაბური ლექსთწყობა, ტაეპი, ქართული ლექსთწყობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. ტრაგედია

ისეთი დრამატული ნაწარმოები, რომელიც გვიხატავს დიადი მიზნის მქონე ადამიანის თავგანწირულ და სახიფათო ბრძოლას უდიდეს დაბრკოლებებთან, რაც იწვევს მაყურებელში ღრმა თანაგრძნობას.

ტრაგედია ძველ საბერძნეთში წარმოიშვა I-საუკუნეში ჩ. წ–მდე. ტრაგედია ბერძნულად ნიშნავს თხის სიმღერას(ტრაგოს– თხა, ოდა ან ედე – ხოტბა, სიმღერა). ეს სახელი დაერქვა დრამატულ ნაწარმოებს იმის გამო, რომ პირველ ხანებში ტრაგედია შედგებოდა დითირამბებისაგან, რომელსაც დიონისესადმი მსხვერპლად შეწირული და სამსხვერპლოზე უკვე ალმოდებული თხის გარშემო მღეროდნენ.

ტრაგედიის გმირი ძლიერი ნების ადამიანია. მის მიერ დასახული მიზანი დიდია, ხშირად საკაცობრიო მნიშვნელობისაა. გმირის ბრძოლა დაბრკოლებებთან, უმეტეს შემთხვევაში, სამართლიანია.

ძველი ბერძნული ტრაგედიის უდიდესი შემოქმედნი იყვნენ: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე.

ესქილეს (525– 456) ტრაგედიებში ადამიანის მაღალ მისწრაფებას წინ ეღობება ბედისწერა. ადამიანის ბედი უცვლელი და უძლეველია. მისი გმირები წინდაწინვე არიან ბედისაგან განწირულნი და ამის გამო არავითარ წინააღმდეგობას არც შეუძლია ბედის მიერ გამეტებული ადამიანის დაღუპვისაგან გადარჩენა.

ესქილეს პრომეთე ღმერთებს ებრძვის თავისუფლებისათვის, ადამიანთა კეთილდღეობისათვის. ამის გამო იგი იწვევს მაყურებელთა თანაგრძნობას. გმირი აწყდება ისეთ წინააღმდეგობებს, რომლებიც ხელს უშლის მიზნის მიღწევას. ეს იწვევს ტრაგედიის გმირის ტანჯვას და აძლიერებს მაყურებელში მისადმი თანაგრძნობას. ბოლოს წინააღმდეგობა თანდათან იზრდება. იგი დაღუპვით ემუქრება გმირის არსებობას. ეს იწვევს მაყურებელში შიშს. დაბრკოლება ტრაგედიაში ისეთი ძალის შემცველი ხდება, რომ იგი პიესის დასასრულს უფრო ხშირად იწვევს გმირის დაღუპვას.

ამ აზრის გამოხატვისას სოფოკლეს ტრაგედიებში შემცირებულია „ბედის” მნიშვნელობა. „ბედი” ღუპავს ადამიანს, მაგრამ თვითონ იგი (ბედი) ბრმა, უსამართლო და ზიზღის აღმძვრელია.

ევრიპიდე (480–406) დიდ ყურადღებას აქცევს ტრაგედიის გმირის ღრმა შინაგანი განცდების გადმოცემას. მისი ტრაგედიის გმირები რელიგიის ნაცვლად საგვარეულო მორალის წინააღმდეგ იბრძვიან. იგი „ორესტში” ველურობად გვიხატავს თემის დახავსებულ მორალს.

ძველმა ბერძნულმა ტრაგედიამ რელიგიურის ნაცვლად თანდათან გამოხატა ჰუმანური შინაარსი. ძველი თეატრის სცენა არ იყო ისე მოწყობილი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მოქმედების გადატანის დროს სხვადასხვა ადგილისა და ვითარების ჩვენება. დეკორაციის სიმარტივემ გამოიწვია ადგილის ერთიანობა. მთელი მოქმედება ერთ ადგილზე იყრებოდა და იქვე მთავრდებოდა. მოვლენებს, რომელნიც სცენის გარეშე ხდებოდა და რომელთა გაცნობაც აუცილებელი იყო მაყურებლისათვის, არ უჩვენებდნენ, – მოამბეები მოუთხრობდნენ მათ შესახებ.

ტრაგედიის განვითარებაში უდიდესი საქმე გააკეთა შექსპირმა. მისი მოქმედი პირები აღარ თვლიან თავს ბედის კანონის შემსრულებელ ბრმა იარაღად. ისინი თვითონვე აძლევენ მიმართულებას თავიანთ ცხოვრებას, თვითონვე ქმნიან საკუთარ „ბედს” თავიანთი ნება–სურვილისა და არსებული ვითარების შესაბამისად. ადამიანის ბუნებისა და მთელი ცხოვრების განვითარების რთული პროცესის ჩვენების მიზნით შექსპირმა დაარღვია სამი ერთიანობის კანონი. ერთი მოქმედების, ერთი კონფლიქტის ნაცვლად მის ტრაგედიებში მოცემულია მთელი რიგი წინააღმდეგობა მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის. შექსპირმა მთელი სიღრმითა და სისრულით დაგვიხატა ადამიანთა კონფლიქტები და ხასიათები, დაგვიხატა ისინი მათ წარმოშობასა და განვითარებაში და არ შეზღუდულა გმირის მზამზარეული ხასიათისა და კონფლიქტის მხოლოდ დაძაბული მომენტიდან ჩვენებით – ამ მიზნის განსახორციელებლად მან გადალახა ადგილისა და დროის ერთიანობის ზღუდეები. მის ტრაგედიებში მოცემულია პესონაჟთა, მოქმედ პირთა ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. მოქმედება სხვადასხვა ადგილზე წარმოებს: „ჰამლეტში” მოქმედების ადგილი ოცჯერ იცვლება, „მაკბეტში” 28 სცენაა. შექსპირის ტრაგედიების შინაარსი მრავალფეროვანია. მათში მრავალი მოქმედი პირია. შექსპირის ტრაგედიაში, ტრაგიკულ სცენებთან ერთად, უხვად გვხვდება გროტესკული და კომიკური ეპიზოდებიც.

ყველა იმ სიახლემ, რაც შექსპირმა შეიტანა ტრგედიებში, ხელი შეუწყო შექსპირის მოწინავე იდეების მთელი სიღრმითა და სისრულით გამოხატვას; მისი პიესები შემდეგ ეპოქებში სანიმუშოდ მიიჩნიეს სასცენო ხელოვნებისათვის.

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ახალი ტრაგედია, ბესიკური, დრამა, ეპიზოდი, კლასიციზმი, კომედია, რეალიზმი, ტრაგიკული სახე, ძველი ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტრაგიკული სახე

ადამიანის ისეთი ტიპი, რომელიც განწირულ ბრძოლას აწარმოებს უმძიმეს და, უფრო ხშირად, გარდუვალ დაბრკოლებებთან

იხ. აგრეთვე: ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტრიოლეტი

ლექსი, რომლის ყოველი სტროფი (ხანა) რვა–რვა ტაეპისაგან შედგება და ყოველი სტროფის სამი ტაეპი – პირველი, მეოთხე და მეშვიდე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს. მაგ:

1. „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

2. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

3. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,

4.ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

5. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,

6. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.

7. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

8. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი”. (ვ. გაფრინდაშვილი).

იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ტროპი

გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები და გამოთქმები.

ზოგიერთი სიტყვა, ფრაზა გამოთქმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგება, ზოგჯერ კი ზემოაღნიშნულს (სიტყვას, ფრაზას, გამოთქმას) გადატანითი მნიშვნელობა აქვს. „ტროპი” ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი გაგებით შემოვლას, ე.ი. გადაკრულად რამეს თქმას ნიშნავს. ყოველდღიურ მეტყველებაშიც ხშირად ვხვდებით გადატანითი მნიშვნელობით ნახმარ სიტყვებს და ზოგჯერ გამოთქმებს: ღვინით გალეშილ კაცზე ამბობენ – „უწვიმიაო”, პუდრით შეთითხნილ ქალზე ამბობენ – „უთოვიაო”

„რუსუდანიანში” არის ერთი ადგილი, რომელიც გვიხატავს ხელმწიფის დატირებას:

„იყო დიდი ზრუნვა და ტირილი. გრგვინავდნენ ვითაცა და დუღდნენ ვითა ქვაბი”.

ქვაბის დუღილი არ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით გაგების დროს ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ქვაბი და მასში მოთავსებული სხეულის, წყლის, საჭმლის და სხვა სხეულის დუღილის დამახასიათებელი ფიზიკური მოვლენა.

იხ. აგრეთვე: გაპიროვნება, დახასიათება, ევფემიზმი, მეტაფორა, მეტონიმია, მხატვრული შედარება

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

21 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ფ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ფ

ფაბულა

ფაბულა მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალაა, რომელიც დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და რომელიც თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა.

ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.

ფაბულა სიტყვა–სიტყვით ნიშნავს არაკს – ამბავს. ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის მოთხრობილი. მაგ. გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა.

ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირების ხერხია,

ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.

იხ. აგრეთვე: სიუჟეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ფანტასტიკური რომანი

ისეთი ნაწარმოები, რომლის შინაარსი მთლიანად წარმოადგენს მწერლის ფანტაზიის ნაყოფს და რომელშიც აღწერილია ისეთი ამბავი, რაც ან შეუძლებელია, რომ როდესმე მომხდარიყო, ან კიდევ ისეთი რამე, რაც, თუმცა არ მომხდარა, მაგრამ შესაძლებელია მომავალში მოხდეს.

ფანტასტიკური რომანის ნიმუშია უტოპიური, ან პოპულარულ–სამეცნიერო რომანები უელსისა, ჟიულ ვერნისა და სხვა.

ქართულ ლიტერატურაში ასეთი რომანის ნიმუშია ი. ყიფიანის რომანი „ამონი”. მასში აღწერილია ადამიანების ყოფა–ცხოვრება ათასი წლის შემდეგ.

ფანტასტიკურ რომანებს აკუთვნებენ ისეთ რომანებსაც, რომლებშიაც აღწერილია პირველყოფილი ადამიანების ცხოვრება

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ფიგურები

ლათ. figura - სახე, ფორმა

პოეტური სინტაქსის სხვადასხვა სახეობა.

პოეტურ სინტაქსს სხვადასხვა სახეობა აქვს. ზოგჯერ მწერალი მოზღვავებული გრძნობის გამოსახატავად წინადადებას წყვეტს. ზოგჯერ ერთ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას რამდენჯერმე იმეორებს, ზოგჯერ სიტყვას ტოვებს აზრის სხარტად გამოხატვის მიზნით და სხვ.

ფიგურების მთავარი სახეებია:

რიტორული მიმართვა, შეძახება, შეკითხვა ანტითეზისი კონტრასტი და სხვ.

იხ. აგრეთვე: ანტითეზისი, დახასიათება, პოეტური სინტაქსი, რიტორული მიმართვა, რიტორული შეძახება, რიტორული შეკითხვა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ფაბულა

ფაბულა მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალაა, რომელიც დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და რომელიც თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა.

ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.

ფაბულა სიტყვა–სიტყვით ნიშნავს არაკს – ამბავს. ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის მოთხრობილი. მაგ. გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა.

ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირების ხერხია,

ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.

იხ. აგრეთვე: სიუჟეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ფანტასტიკური რომანი

ისეთი ნაწარმოები, რომლის შინაარსი მთლიანად წარმოადგენს მწერლის ფანტაზიის ნაყოფს და რომელშიც აღწერილია ისეთი ამბავი, რაც ან შეუძლებელია, რომ როდესმე მომხდარიყო, ან კიდევ ისეთი რამე, რაც, თუმცა არ მომხდარა, მაგრამ შესაძლებელია მომავალში მოხდეს.

ფანტასტიკური რომანის ნიმუშია უტოპიური, ან პოპულარულ–სამეცნიერო რომანები უელსისა, ჟიულ ვერნისა და სხვა.

ქართულ ლიტერატურაში ასეთი რომანის ნიმუშია ი. ყიფიანის რომანი „ამონი”. მასში აღწერილია ადამიანების ყოფა–ცხოვრება ათასი წლის შემდეგ.

ფანტასტიკურ რომანებს აკუთვნებენ ისეთ რომანებსაც, რომლებშიაც აღწერილია პირველყოფილი ადამიანების ცხოვრება

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ფიგურები

ლათ. figura - სახე, ფორმა

პოეტური სინტაქსის სხვადასხვა სახეობა.

პოეტურ სინტაქსს სხვადასხვა სახეობა აქვს. ზოგჯერ მწერალი მოზღვავებული გრძნობის გამოსახატავად წინადადებას წყვეტს. ზოგჯერ ერთ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას რამდენჯერმე იმეორებს, ზოგჯერ სიტყვას ტოვებს აზრის სხარტად გამოხატვის მიზნით და სხვ.

ფიგურების მთავარი სახეებია:

რიტორული მიმართვა, შეძახება, შეკითხვა ანტითეზისი კონტრასტი და სხვ.

იხ. აგრეთვე: ანტითეზისი, დახასიათება, პოეტური სინტაქსი, რიტორული მიმართვა, რიტორული შეძახება, რიტორული შეკითხვა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ფისტიკაური

შავთელური ლექსი, რომელსაც მხოლოდ გარეგანი რითმა აქვს.

მაგ:

„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორსა და მეგობარსა,

ნუღარ ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა”. – (ნ. ბარათაშვილი).

„კმარა მონობა, კმარა მოთმენა,

დრო არის ადგეს ერთპირად ერი,

ან ბრძოლის ველზე სული დალიოს,

ან მოიგეროს მოსული მტერი!” – (აკაკი)

იხ. აგრეთვე: რითმა, რითმა, შავთელური

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ფსიქოლოგიური რომანი

რომანი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პერსონაჟების შინაგანი განცდების გამოხატვას, მათ სულიერ ცხოვრებას.

ფსიქოლოგიურ რომანებში ავტორები გვიხატავენ სხვადასხვა ხასიათის გმირებს, მაგალითად, ძუნწებს, იჭვიანებს, მედიდურებს, ამაყებს, სუსტი ნებისყოფის ადამიანებს, გმირებს და ა.შ.

ფსიქოლოგიური რომანის გმირებს ზოგჯერ ისეთი თვისებები აქვთ, რაც არ ახასიათებს მარტო ერთ ეპოქას, ერთ ერს ან საზოგადოებრივ წრეს, არამედ მისი თვისებები ცოცხლობენ დროის ადამიანებში.

ასეთი ფსიქოლოგიური სახეა, მაგალითად, დონ კიხოტი ლამანჩელი (უნიადაგო მეოცნების ტიპი). სანჩო პანსა(ხარბი და ანგარების მოყვარე).

ფსიქოლოგიური რომანის ნიმუშები მოგვცეს ბალზაკმა, სტენდალმა, მოპასანმა, ზოლამ, დოსტოევსკიმ და სხვ. მათ რომანებში შინაგანი განცდების გამოსახვის დროს მთავარი ყურადღება სატრფიალო ლირიკას ექცევა

იხ. აგრეთვე: ლირიკა, რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ფუტურიზმი

ლათ. FUTURUS

დეკადენტური მიმდინარეობა რომლის მიმდევრები ნიჰილისტურად უარყოფდნენ წარსულის ჯანსაღ მემკვიდრეობას.

ფუტურიზმი ლათინურად ნიშნავს მომავალს, მყოფადს, იმას, რაც იქმნება მომავალში, მაგრამ ამ სახელწოდებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.

ფუტურიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, პირველად იტალიაში წარმოიშვა (1909წ). შემდეგ კი გავრცელდა ევროპაშიც, რუსეთშიც, საქართველოშიც და მან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროის მიხედვით სხვადასხვა შინაარსი გამოხატა.

იტალიური ფუტურიზმის მეთაური იყო ფაშისტი მარინეტი. ფუტურისტები უარყოფდნენ წარსულს. მათი აზრით, წარსულის დიდება ხელს უშლის ხელოვნების „უკეთესი ნიმუშების” შექმნას. მარინეტი ილაშქრებდა ენის სინტაქსური ნორმების წინააღმდეგ. ხმარებიდან დევნის სასვენ ნიშნებს, ზედსართავ სახელებს და „დეპეშის ენის” შექმნის მიზნით იგი მხოლოდ ზმნებსა და საგნის სახელებს ხმარობს. ზოგჯერ სამუსიკო და მათემატიკურ ნიშნებს (ნოტებსა და ციფრებს) იშველიებს. იტალიური ფუტურიზმი ხოტბას ასხამს ნგრევას, ომს, სამხედრო ტექნიკას.

მარინეტის აზრით, „ომი ქვეყნის ერთადერთი ჰიგიენაა”, „ხალხთა ძმობა განგრენაა”. იგი აღმერთებს „ძლიერ პიროვნებას”, რომელსაც აქვს ქვეყნის დაპყრობის უნარი. მარინეტის ფუტურიზმმა წინასწარ გამოხატა იტალიური ფაშიზმის მისწრაფებანი, რისი ქადაგებაც შემდეგ მუსოლინის ნაცისტურმა პარტიამ იკისრა.

რუსეთში ფუტურიზმი 1911– 12 წლებში გავრცელდა.

რუსი ფუტურისტებიც უარყოფდნენ წარსულს. „წარსული გვხუთავს, აკადემია და პუშკინი იეროგლიფებზე გაუგებარია” – აცხადებდნენ ისინი.ისინი შეეცადნენ შეექმნათ „ახალი ენა” (ე. წ. „ზაუმი”, ანუ ჭკუის იქეთური ენა), შეექმნათ ამ შინაარსის შესაფერი ფორმა. რუსი ფუტურისტები ურჩევდნენ მოქალაქეებს, დაებანათ ძველი წიგნების შეხებისაგან გამტვერული ხელები და დამტკბარიყვნენ ე. წ. „ზაუმის” პოეზიით. რუსული ფუტურიზმის წარმომადგენლებმა (მაიაკოვსკი, ასეევი და სხვ). მალე დააღწიეს თავი ფუტურისტულ–ფორმალისტურ იდეებს და გააჩაღეს ბრძოლა მასობრივი, დემოკრატიული ხელოვნებისათვის, „ქუჩებისა და მოედნების ხელოვნებისათვის”.

საქართველოში ფუტურიზმი 1922 წელს ჩამოყალიბდა.

მისი წარმომადგენლები იყვნენ ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი, ა. ბელიაშვილი და სხვები.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული მეთოდი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

22 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ქ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ქ

ქალური რითმა

რითმა, რომლითაც ორი მარცვალია შეთანხმებული.

მაგ:

„ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავით ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.“ – (რუსთაველი).

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ქართული ლექსთწყობა

სილაბურ–ტონური ლექსთწყობა;

ქართული ლექსთწყობა სილაბურია იმდენად, რამდენადაც მას ახასიათებს ტაეპებში მარცვალთა საერთო რაოდენობის თანაბრობა.

მაგ:

„არც არავის ყმა ვყოფილვარ,(8)

არც არავინ ყმად მყოლია,(8)

ძველი პური, ძველი ღვინო,(8)

წლითწლობამდე გამყოლია”(8)– (ხალხური)

ქართული ლექსი ტონურადაც გვევლინება იმდენად, რამდენადაც მასში დაცულია აგრეთვე მახვილიან მარცვალთა რაოდენობა. ზემოაღნიშნულ ლექსში ყოველ ტაეპში ორ–ორი მახვილიანი მარცვალია:

„არც არავის ყმა ვყოფილვარ,(2)

არც არავინ ყმად მყოლია,(2)

ძველი პური, ძველი ღვინო,(2)

წლითწლობამდე გამყოლია.(2)

იხ. აგრეთვე: სილაბური ლექსთწყობა, ტაეპი, ტონური ლექსთწყობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ქვეთემა

საკითხი, რომელიც ნაწარმოების ცალკეულ ნაწილში შუქდება.

„კაკო ყაჩაღში” უმთავრესად ბატონყმობაზეა ლაპარაკი. ამიტომ ამ ნაწარმოების მთავარი თემა ბატონყმობაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ პოემის ნაწილებს – ცალკე აღებულს, მათში ლაპარაკია ზაქროს ბავშვობაზე, მამამისის გაროზგვაზე, ზაქროსა და კაკოს შეხვედრაზე და სხვ.

ზემოჩამოთვლილი საკითხები, რომლებიც პოემის სხვადასხვა თავებში შუქდება, ქვეთემებია

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

ქორეული ტერფი

ორმარცვლიანი ტერფი, რომელთაგან პირველი მარცვალი მახვილიანია, ხოლო მეორე – უმახვილო.

მისი სიმბოლური ნიშანია – .

ქორეული ტერფების ნიმუშებია:

„იავ,/ ნანა/ ვარდო / ნანა/”(ხალხური).

„ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს...” (ი. ჭავჭავაძე ).

„თრთოლვით იწვევს ცისფერ ლანდებს...” (გ. ტაბიძე)

იხ. აგრეთვე: აშუღური, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

23 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ღ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ღ

ღარიბი რითმა

რითმა, რომელშიც ბგერების მეტად მცირე რაოდენობაა შეთანხმებული.

მაგ:

„ყვავილი – სახელ–ი

როგორმე – იწამ–ე

სათოფე – ხელმწიფ–ე და სხვ.

ანტონიმი: მდიდარი რითმა

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება , 1977

24 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - შ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - შ

შავთელური

ლოგაედური ტაეპით დაწერილი ოცმარცვლიანი ლექსი.

სრული შავთელური ტაეპი ორ ათმარცვლიან ან ოთხ ხუთმარცვლიან ტაეპად იყოფა. უფრო ხშირად გვხვდება ათმარცვლიანი არასრული შავთელური ტაეპით დაწერილი ლექსი.

სრული შავთელური ტაეპის ნიმუშებია:

„თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყმათა, მშიერთა პური. უსახლო სართული, მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, შიშველთ სამოსლად მინიჭებული, – მოხუცებულთა, შრომით ქებულთა სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი. მოგვფენ სიბრძნესა, წერილთ სიღრმესა თვით განგვიმარტებ მოტანთ მთხრობელი”. – (ი. შავთელი).

ათმარცვლიანი შავთელურის ნიმუშებია:

„ნისლს გადაიყრის ტყე აქოჩრილი.

კოლმეურნენი მოვლენ გუნდებად,

ახმაურდება რკინა მორჩილი,

შრომის სიმღერაც აგუგუნდება”. – (ა. აბაშელი)

იხ. აგრეთვე: ბესიკური, ტაეპი, ფისტიკაური, ჩახრუხაული

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

შაირი

თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს რვამარცვლიანი და ოთხმარცვლიანი ტაეპები, რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის ორად და ოთხად დაყოფის შედეგად მიიღება.

თექვსმეტმარცვლიანი შაირებია:

„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,

მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ–გულოვანი;

ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!” – (შოთა).

„ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო,

ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.”–(გ. ტაბიძე).

რვამარცვლიანი შაირია:

„ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

შენი ვარ, სენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო.” – (აკაკი).

ოთხმარცვლიანი შაირია:

„თავდახსნის და ძლევის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს,

გაუმარჯოს ბორკილაყრილ თავისუფალ საქართველოს!”– (გ. ქუჩიშვილი).

შაირი ქართული ლექსის ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სახელწოდება არაბულიდან წარმოდგება(შერ) და ქართულად ლექსს ნიშნავს („მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა” – შოთა) შაირი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა.ზოგჯერ მისი მნიშვნელობა ფართო იყო. რუსთაველი ყველა ღირსეულ მელექსეს მოშაირეს უწოდებს („მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი”). შაირში იგულისხმებოდა ყველა იმ ზომის ლექსი, რომელიც კლასიკურ პერიოდში იწერებოდა. იმ დროის ლექსებში ჩვენ უმთავრესად გვხვდება ოცმარცვლიანი, თექვსმეტმარცვლიანი და ათმარცვლიანი შაირი. აღორძინების პერიოდში შაირის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. ჩვენს ეპოქაში შაირის ასე ფართო მნიშვნელობით გაგება გაუმართლებელია, რადგან, როგორც ოცმარცვლიან ლექსს, ასევე ათმარცვლიანს და ტაეპთა რაოდენობით შექმნილ ლექსს თავიანთი სპეციფიკური სახელები აქვთ.

ქართულ პოეზიაში შაირი ყველაზე უფრო გავრცელებული ზომაა. შაირით არის დაწერილი „ვეფხისტყაოსანი”. რუსთაველის მიერ ამ ზომის გამოყენებამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ქართულ მწერლობაში შაირის გავრცელებას. შაირით მეტყველება ახასიათებს აგრეთვე ქართულ ხალხურ პოეზიას

იხ. აგრეთვე: ბესიკური, დაბალი შაირი, მაღალი შაირი, ტაეპი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

შერეული

ლექსი, რომელსაც ტაეპების დასასრულს სხვადასხვა რითმა აქვს. მაგ:

„დაჰკრეს ნაღარა, გული შეჰზარა,

და მტერთ საომრად ჯარი შეჰყარა,

ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა,

ვით არ აღგანთებს გმირო, ქართლისა!

მხდალსა განამხნევს, მხნეს განაღვიძებს

და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!” (ნ. ბარათაშვილი ).

იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

შეწყობილი

ყველა ტაეპში ერთგვარი რითმით დაბოლოებული ლექსი. მაგ:

„იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო,

იკურთხოს მისი მარჯვენა, ვინც გთესა, მოგიყვანაო,

დაპურდი, ჩემო ნუგეშო, იზარდე თანდათანაო,

ზეცამ გიგზავნოს ცვარ–ნამი, მზემ შუქი გფინოს თანაო;

ქარმა გაღელვოს ზღვასავით, მწყერმა მოგძახოს ნანაო,

იზარდე, გაახარევი, ყმაწვილი ჩემისთანაო.” (ი. დავითაშვილი)

სინონიმი: მდენარი

იხ. აგრეთვე: ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

შინაგანი რითმები

ტაეპების შინაგანი ნაწილების შემთანხმებელი რითმები. მაგ:

ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! –(ბესიკი)

იხ. აგრეთვე: მუხამბაზი, რითმა, ტაეპი

შინაგან–გარეგანი რითმა

რითმა, რომელიც შინაგანი ტერფების ან მუხლების დაბოლოებასაც ათანხმებს და იმავდროულად ტაეპების დაბოლოებასაც. მაგ:

„სავარგონია, მგონია, ეს სიტყვა გასაგონია,

ბაღ–წალკოტისა მოქმედთა ვარდი დასთესონ, რგონია” – (დ. გურამიშვილი).

იხ. აგრეთვე: მუხლი, რითმა, ტაეპი, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

შპანუნგი

ადგილი მოქმედების განვითარებაში, რომელიც გამწვავებულ ურთიერთობას გვიხატავს.

კულმინაციის გამოყოფა რომ გაგვიადვილდეს წინასწარ უნდა გამოვყოთ დაძაბული მდგომარეობა, რომელსაც გერმანულ პოეტიკაში „შპანუნგი” ეწოდება.

შპანუნგი ზოგჯერ დასაწყისიდანვე ქმნის კულმინაციის შთაბეჭდილებას, მაგრამ კულმინაცია დაძაბული მოქმედების დასაწყისი კი არ არის, მისი უმაღლესი განვითარებაა, რაც ამ მდგომარეობის დამთავრებისას გვხვდება.

ე. ნინოშვილის მოთხრობაში „ჩვენი ქვეყნის რაინდი” ტარიელის ცდა, ჩაამტვრიოს კარები და ძალადობა იხმაროს დესპინეზე, დაძაბული მდგომარეობის დასაწყისია.

„განდეგილში” დაძაბული მდგომარეობა ჩნდება იმ მომენტიდან, რა დროიდანაც ბერში იწყება შინაგანი ბრძოლა. ერთი მხრივ, ადამიანური გრძნობა ბერში ბადებს სურვილს, რომ მწყემს ქალს აკოცოს, მეორე მხრივ, საიქიოსა და ასკეტური იდეალის რწმენა მასში ბადებს შიშს, რომ ამ სურვილის აღძვრითაც კი ბერს შეუძლია წაწყმდეს. ერთ მომენტში ხორციელი ზრახვა ძლევს, მაგრამ უფრო მკვეთრად რელიგიის გავლენა იჩენს თავს და ცდილობს სულის „დაღუპვისაგან” გადარჩენას. ეს ცდა – დაძაბული მდგომარეობა, რომელიც ქალის საკოცნელად ფეხის წინ წადგმიდან დაიწყო, დიდხანს გრძელდება და მთავრდება ბერის დამარცხებით მაშინ, როდესაც სახარებას სხივი ლოცვანს აღარ იჭერს და ბერიც რწმუნდება, რომ მისი მიზანი – საიქიოში ცხონების დამკვიდრებისა, მიუღწეველია.

დაძაბული მდგომარეობა ხშირად დიდხანს გრძელდება და გვხვდება დაძაბულობის რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელიც მეტ დაძაბულობასთან შედარებით უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას, კულმინაციას მოგვაჩვენებს. შპანუნგის გამოყოფა მეტ შესაძლებლობას გვაძლევს მთავარი ყურადღება მის განვითარებაზე გადავიტანოთ.

„გოგია უიშვილში” დაძაბული მდგომარეობა კალანდის წინაღამით გოგიას ოჯახში ყაზახების მოსვლითა და ოჯახის დარბევით იწყება. დაძაბული მდგომარეობა გოგიას თვითმკვლელობამდე გრძელდება. დაძაბულობა კულმინაციურ მომენტს გოგიას საჯაროს გაროზგვის დროს აღწევს, რის შემდეგაც მოკლე ხანში კვანძი იხსნება – გოგია თავს იკლავს.

„ბაში–აჩუკში” დაძაბული მდგომარეობა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ– კახეთში) ირანელების შემოსევიდან იწყება. დაძაბული მდგომარეობა უფრო მეტად მწვავდება მაშინ, როცა როცა შეთქმულები მოღალატე მაყაშვილს კლავენ, ხოლო მოთხრობის კულმინაციური მომენტია სახალხო შეიარაღებული აჯანყების დაწყება, რაც კვანძის გახსნით – ირანელ დამპყრობთა განდევნით მთავრდება.

გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში” დაძაბული მდგომარეობა ესმას მოტაცებით იწყება. ესმას მოკვლა უკვე კულმინაციური მომენტია. დაძაბულ მდგომარეობას ამის შემდეგ შურისძიების განხორციელება განაპირობებს და იგი ერემია წარბას მკვლელობით მთავრდება.

„სტუმარ–მასპინძელში” დაძაბული მდგომარეობა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ქისტები ღამით თავს ესხმიან მძინარე ზვიადაურს, ხოლო კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც ზვიადაურს დარლას საფლავზე კლავენ.

სინონიმი: დაძაბული მდგომარეობა, კულმინაცია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

25 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჩ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჩ

ჩართული ეპიზოდი

მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი მოვლენათა სიუჟეტურ განვითარებასთან.

„დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში” პლატონი ეძებს საცოლეს მამისთვის. სიძესთან – კირილესთან ერთად მიდის ორნაქმრევი დედაბრის მოსაძებნად. მათი მოგზაურობის დროს ავტორი მრავლად გვთავაზობს ჩართულ ეპიზოდებს. ასეთი ეპიზოდია კირილეს ჩხუბი ქორწილში, რის შედეგადაც კირილესა და პლატონის ჩოხებს ნაფლეთებად აქცევენ. ზემოხსენებული ეპიზოდი არ არის აუცილებელი ელემენტი მოქმედების განვითარებისათვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიღრმით გადმოგვცემს მოთხრობის პერსონაჟების ხასიათს და ამდიდრებს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს.

ჩართული ეპიზოდი ზოგჯერ მთელი მხატვრული ნაწარმოების მთავარ იდეას ხსნის.

აკაკი წერეთლის „ბაში–აჩუკში” ჩართული ეპიზოდის სახით ავტორი გვაცნობს კირილეს სიზმარს. კირილე მღვდელი სიზმარში ნახავს, ვითომ ალავერდის მონასტერს გველეშაპი შემოხვევია. მას ებრძვიან ხალხის გმირები. ბრძოლის შედეგად სამი გმირი იღუპება, მაგრამ გველეშაპსაც კლავენ. ამ ეპიზოდის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წინასწარ ითვალისწინებს კახეთის აჯანყების წარმატებით დამთავრებას და იმავე დროს აჯანყების მთავარი გმირების სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულს – ელიზბარის, შალვასა და ბიძინას ტრაგიკულ დაღუპვას.

ასეთი ხასიათის ჩართულ ეპიზოდს ლიტერატურის თეორეტიკოსები სპეციალურ სახელს – ”მხატვრულ წინათქმას” უწოდებენ. კირილეს სიზმარში ავტორი მთელი მოთხრობის მორალზე მიგვითითებს: ბოროტების მოსპობა თავგანწირული ბრძოლით და მსხვერპლით შეიძლება.

„კაკო ყაჩაღში” ჩართული ეპიზოდია ზაქროს შეხვედრა მეურმესთან. იგი არ ახდენს გავლენას პოემაში მოქმედების მთავარი ხაზის განვითარებაზე: ბატონის მიერ ყმის გაროზგვაზე და ზაქროს შურისძიებაზე. ავტორს შეეძლო ზაქრო კაკოსთან მიეყვანა მეურმისაგან გზის სწავლების გარეშეც, მაგრამ პოეტმა შეგნებულად ჩაურთო ეს ეპიზოდი, როდესაც მეურმემ გაიგი ზაქროს მიზანი:

„ახ, ნეტავი შენ! – წაიდუდუნა

და, გაიქნივა რა თავი მერმე

შურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა,

და მერე ისევ უფრო მწუხარედ

თვისი სიმღერა დაიღუღუნა”.

ამ ჩართული ეპიზოდით უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ზაქროები და კაკოები არ არიან ერთგულები, მთელი გლეხობა იტანჯება ბატონყმობის უღლისაგან და მათაც ზაქროსა და კაკოს მოქმედება სანატრელად და მისაბაძად მიაჩნიათ. ზაქრო და კაკო მთელი გლეხობის სულისკვეთებას გამოხატავენ. ზოგჯერ ჩართული ეპიზოდი გადმოგვცემს ავტორის მსჯელობას მისგან ასახული მოვლენის შესახებ და ლირიკულ გადახვევას უახლოვდება, როგორც მაგალითად:

„აღარ გაათავებ? – მკითხავს მოწყენილი და იქნებ გაჯავრებულიც, მკითხველი. – როგორ არა? გავათავებ, მაგრამ იცით რითა? იმითი, რომ ლუარსაბის ბედნიერება დაირღვევა. თუ მაგისთანა მტკიცე ბედნიერებაც დაირღვევა, მაშ, რაღა ყოფილა დაურღვეველი ქვეყანაზე?– დაიძახებს ჩემთან ერთად დაღონებული მკითხველი.

მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ანდაზა:” ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო”, – ეს ჩინეთიდან შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის, რასაკვირველია, არ დაირღვევა ღვთისა და თქვენი წყალობით, ჩემო ძველი გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ, საყვარელო ქართველო!...”

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მოთხრობა, სიუჟეტი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ჩახრუხაული

შავთელურ ლექსი, რომლის წინა მუხლის ტერფებიც გარითმულია.

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ც

ცეზურა

ტაეპში შესვენება ლექსის კითხვის დროს.

გრძელი ტაეპების კითხვის დროს ჩვენ ზოგიერთ ადგილზე უფრო მეტ ხანს ვჩერდებით. მაგ.

„შაირსიტყვითა [მესტვირემ||ღმერთი მაღალი] ახსენა...

ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ||ოძელაშვილო არსენა” (ხალხური).

„სიტყვითას” შემდეგ შედარებით უფრო მცირე ხანს ვჩერდებით და „მესტვირეს” შემდეგ შედარებით უფრო დიდხანს [||]. ასეთ შეჩერებას მთავარი ცეზურა ეწოდება

სინონიმი: მედიანა

იხ. აგრეთვე: ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ცენტრალური მოტივი

მოტივი, რომელსაც ამბის განვითარებაზე ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყოველგვარი მოტივი გარკვეულ როლს თამაშობს მოქმედების განვითარებაში და უფრო დამაჯერებელს ხდის მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ მოვლენას, მაგრამ ყველა მათგანს როდი აქვს თანაბარი მნიშვნელობა.

„კაკო ყაჩაღში” იმის მთავარ მოტივად, რომ უაღრესად გამწვავდა ურთიერთობა ზაქროსა და მის ბატონს შორის, რომ ზაქრო იძულებული გახდა მოეკლა ბატონი და ყაჩაღად გაჭრილიყო, არ შეიძლება მივიჩნიოთ ზაქროს მამის დაბერება, არც მისი დაავადება, არც ბატონის უარი შვილის დათმობაზე, არც ბატონის მიერ ზაქროს მოხუცი მამის ჩიბუხის ტარით ცემა. ასეთი ფაქტები არც ცალ– ცალკე და არც ერთად არ იწვევდა ურთიერთობის ისე გამწვავებას, რომ მას შედეგად ბატონის მოკვლა და ყაჩაღად გავარდნა მოჰყოლოდა.

მთავარი მიზეზი, რამაც ზაქროს მიერ ბატონის მოკვლა და ყაჩაღად გაჭრა გამოიწვია, იყო ზაქროს მამის სიკვდილი როზგის ქვეშ. ეს ფაქტი არის ურთიერთობის უაღრესად გამწვავების მთავარი მიზეზი. ასეთ პირობებში ბატონის მოკვლა სავსებით ბუნებრივია:

„ამას იქმოდა ყოველი კაცი,

თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი”.

ნესტანის დახსნის აუცილებლობა მრავალმა მოტივმა ან მიზეზმა განაპირობა. ერთ–ერთი მიზეზი იყო ტარიელის სიყვარული ნესტან – დარეჯანისადმი. სატრფოსთან იძულებითმა განშორებამ ტარიელი დააძაბუნა და მოადუნა; ნესტან–დარეჯანის დახსნას ხელს უწყობდა აგრეთვე ავთანდილის სიყვარული თინათინისადმი. გამიჯნურებულმა ავთანდილმა უფრო გაუგო და და უთანაგრძნო ტარიელს. მაგრამ, მთავარი მოტივი, რამაც აიძულა ავთანდილი დიდი ხნით მიეტოვებინა თინათინი და წასულიყო ნესტანის საძებრად, იყო არა მიჯნურობა თინათინისადმი, არამედ ის დიადი მეგობრული სიყვარული, რომლითაც ავთანდილი იყო გამსჭვალული ტარიელის მიმართ. სწორედ მეგობრულმა სიყვარულმა დააკავშირა საერთო მიზნის მისაღწევად ავთანდილი, ფრიდონი, ტარიელი, ასმათი, ფატმანი, თინათინი და სხვა პერსონაჟები.

იხ. აგრეთვე: მოტივი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

26 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ძ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ძ

ძველი პოემა

ახალი პოემისაგან განსხვავდება თხრობის საგნის, გამოსახვის სივრცის, მითიური ელემენტის და თხრობითი კილოს მიხედვით.

1. თხრობის საგანი.

ძველი პოემა არ ეხება ისეთ ამბებს, რომლებსაც არა აქვთ დიადი ეროვნული ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ჰომეროსი „ილიადაში” მოგვითხრობს ტროადის ომის შესახებ. ამ უკანასკნელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბერძენი ხალხის ცხოვრებისათვის. ასევე დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ირანელებისათვის თურანელთა და ირანელთა ომს. იგი საფუძვლად დაედო პოეტ ფირდოუსის პოემას „შაჰ–ნამე”. ჰომეროსის „ოდისეაც” გვიხატავს ისეთ მოვლენას, რომელსაც დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს: ეს არის ოჯახის სიმტკიცის იდეა. ოდისევსი ტროადის ომის დამთავრების შემდეგ ყოველგვარ დაბრკოლებებს გადალახავს, რომ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

2. გამოსახვის სივრცე.

ძველი საგმირო პოემა ხალხთა ყოფა–ცხოვრების ვრცელ სურათს გვიხატავს. „ილიადას” და „ოდისეას” მიხედვით ჩვენ ვეცნობით ძველი ბერძნების ზნე–ჩვეულებას, მათ სარწმუნოებას, საზოგადოებრივ და ოჯახურ ცხოვრებას, სამხედრო ხელოვნებას, სახელმწიფო–პოლიტიკურ წყობასა და სხვ. ასეთ უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან ერთად ავტორი გვიხატავს ცალკეულ წვრილმან მოვლენებსაც. ავტორი აგვიწერს საჭმლის მზადებას, გმირების ჩაცმულობას და სხვა დეტალებს, რაც აუცილებელია მთავარი იდეის გახსნისათვის. ზემოაღნიშნულის გამო ძველ პოემას გამოსახვის სივრცის სიდიდე ახასიათებს. მასში მრავალი მოქმედი პირია და ყოველი მათგანი განსაზღვრული ხასიათის ტიპია: ზოგი – სიდინჯის, ზოგი – სიფიცხის, ზოგი – სიმამაცის, ზოგი – ფიზიკური ძლიერების, ზოგი მეგობრობის ზოგი მტკიცე მეოჯახის და სხვ.

3. მითიური ელემენტი.

ჰომეროსის პოემებს მითიური ელემენტი ახასიათებს. „ილიადაში” ადამიანებთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობენ ღმერთებიც. ზოგი მათგანი ბერძნების მხარეზეა და ზოგი კი მათ მოწინააღმდეგეებს ეხმარება. მთავარი მოქმედი პირებიც თავიანთი წარმოშობით ღმერთებთან არიან დაკავშირებული. ზოგი მათგანი ამა თუ იმ ღვთაების შვილია, ზოგი შვილიშვილი და სხვ. მაგ. აქილევსი ქალღმერთ თეტიდას შვილია, ოდისევსი ელოსის შვილიშვილია, აიაქისი – იუპიტერის შვილიშვილია და ა.შ. ძველი პოემის გმირებს უდიდეს და ფანტასტიკურ წინააღმდეგობათა გადალახვა უხდებათ. ოდისევსის შინ დაბრუნებას ხელს უშლის ხან ჯადოქარი ცირცეა, ხან ნიმფა კალიფსო, ხან ბობოქარი ზღვა. ამ დაბრკოლებათა გადალახვა პოემის პერსონაჟების მიერ ნების განსაკუთრებულ სიმტკიცეს, ფიზიკურ ძლიერებას და ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებულ სიმამაცეს მოითხოვს.

4. თხრობის კილო .

ავტორი თანაბარი სიმშვიდით გვიხატავს როგორც ტროადელთა მეფის პრიამის წინაშე მდებარე შვილის – ჰექტორის დაფლეთილ სხეულს, აგრეთვე აქილევსის ფარს, ან აქილევსის მიერ საჭმლის დამზადებას. ამასთან ერთად ავტორი არსად არ გამოხატავს უშუალოდ თავის პირად განცდებს.

ძველი, ანუ ანტიკური პოემის კლასიკური ნიმუში არის ჰომეროსის „ილიადა” და „ ოდისეა”. ისინი ძველი საბერძნეთის ცხოვრების მხატვრული გამოსახვის საუკეთესო ნიმუშებია. ჰომეროსის პოემები შექმნილია III- VII საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ზემოაღნიშნულ პოემებს საფუძვლად უდევს ბერძენთა გადმოცემა ტროადის ომის შესახებ.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტროაელთა მეფის შვილმა პარისმა მოსტაცა ბერძენთა ერთ–ერთი ტომის – სპარტელების მეფეს – მენელაეს მისი სილამაზით განთქმული მეუღლე, მშვენიერი ელენე. უკანასკნელის დასახსნელად ბერძნებმა დაიწყეს ლაშქრობა ტროაელთა წინააღმდეგ მენელაეს ძმის – მიკენთა მეფის – აგამემნონის მეთაურობით. ათი წელი იბრძოდნენ ბერძნები ქალაქ ტროას წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მის აღებას. ბოლოს გააკეთეს ხის დიდი ცხენი. მასში მოთავსდნენ ბერძენი მხედრები, აიღეს ქალაქი და დაიხსნეს მშვენიერი ელენე. „ილიადაში” ასახულია ბერძენთა ბრძოლის მხოლოდ ერთი ეპიზოდი: ბერძენთა მხედართმთავარს აგამემნონს ჰყავს ტროას მიდამოებში ბრძოლის დროს მოტაცებული მშვენიერი ტყვე ქალი ქრიზეიდა, რომელიც ცოლად უნდა წაიყვანოს (ქრიზეიდა ღმერთის – აპოლონის ქურუმის ქრიზეს შვილია). ქრიზე მიდის ბერძენთა ბანაკში და თხოვს აგამემნონს შვილის გამოსყიდვას დიდი საფასურით. აგამემნონი უარით ისტუმრებს მას. ბერძნების ბანაკში ჭირი ჩნდება და მოლაშქრეები იხოცებიან. ამის მიზეზად აპოლონის განრისხებას თვლიან და, ქრიზეს შეურაცხყოფის გამო, აგამემნონი იძულებული ხდება დაუბრუნოს მშობლებს ქრიზეიდა და სამაგიეროდ მიჰყავს აქილევსის ხვედრი ტყვე ქალი ბრიზეიდა. ამან უსაზღვროდ განარისხა მირმინდონელთა მეფე და განთქმული გმირი აქილევსი. იგი თავისი ლაშქრით განზე გადგა და უარი განაცხადა ბრძოლაში მონაწილეობაზე. აგამემნონი აგრძელებს ბრძოლას ტროაელთა წინააღმდეგ. ბრძოლის დაწყებისას პარისი წინადადებას აძლევს ბერძნებს, რომ გავიდეს რომელიმე ბერძენთაგანი მასთან ხელჩართულ ბრძოლაში იმ პირობით, რომ რომელი მხარეც აჯობებდა, მას დარჩეს მშვენიერი ელენე. პარისთან შესაბმელად გადის მენელაე. მათი ბრძოლა მენელაეს აშკარა უპირატესობით ვითარდება, მაგრამ ტროელების ბანაკიდან ერთ–ერთი სარდალი ტანდარე ისარს ტყორცნის მენელაეს და დაჭრის მას. ამ მზაკვრობამ განარისხა ბერძენთა ჯარი და იწყება მოპირდაპირე ლაშქრების საერთო ბრძოლა, რომელიც მწვავე ხასიათს იღებს. ბერძნები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. ბერძნები მარცხდებიან. მათი მთავარსარდალი აგამემნონი თანახმაა დაუთმოს შეურაცხყოფილ და განდგომილ აქილევსს, მაგრამ უკანასკნელის მრისხანება კვლავ დაუმცხრალია და მოციქულებს უარით ისტუმრებს. ბერძნების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. აქილევსის მეგობარმა პატროკლემ პირადად ნახა მეომართა მძიმე მდგომარეობის სურათი. უამბო ყოველივე ამის შესახებ აქილევსს და თხოვა მას, გაეტანებინა მირმინდონელები ბერძენთა დასახმარებლად. აქილევსი დათანხმდა და ბერძნების მოტყუების მიზნით, თავისი იარაღით აღჭურვა პატროკლე. თან რჩევა მისცა მას, რომ შორს არ გაჰყოლოდა გაქცეულ მტერს, უკანასკნელს შეეძლო პატროკლეს შეტყუება და მისი დაღუპვა. პატროკლე მაინც დაედევნა დამარცხებულ მტერს და და ტროას კედლებთან შეებრძოლა მოპირდაპირეს – განთქმულ გმირს – ჰექტორს. უკანასკნელმა მოჰკლა პეტროკლე. მეგობრის დაღუპვამ და მისი გვამისათვის სამარცხვინო ბრძოლამ აღაშფოთა აქილევსი. მან გლოვის ნიშნად თმების გლეჯა დაიწყო; იგი სწრაფად გაემართა იმ ადგილისაკენ, სადც ბერძნები პატროკლეს გვამისათვის იბრძოდნენ. ტროაელებს აქილევსის დანახვისთანავე შიშით თავზარი დაეცათ და გაიქცნენ. აქილევსის რისხვამ გაიარა. მან დაიწყო ტროელების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზადება, შეურიგდა აგამემნონს და უკანასკნელმაც დაუბრუნა ბრიზეიდა. ტროადელებთან ბრძოლის დროს აქილევსმა პირადად მოჰკლა მისი მეგობრის პატროკლეს მკვლელი ჰექტორი, მიაბა მისი გვამი ეტლს და თავის ბანაკში წაათრია. აქილევსი დიდი პატივით აბარებს მიწას პატროკლეს გვამს , ხოლო ჰექტორის გვამს კი ათრევს პატროკლეს საფლავის გარშემო. პოემის დასასრულს აქილევსი უბრუნებს ტროაელთა მეფეს ჰექტორის გვამს. ტროაელები მას დიდი პატივით ასაფლავებენ.

„ილიადა” და „ოდისეა”, როგორც ძველი საბერძნეთის ცხოვრების მხატვრული გამოსახვის გარდუვალი ნიმუშები, შთაგონების წყაროდ გადაიქცა შემდეგი დროის მწერლებისათვის.

პირველი დიდი საგმირო პოემა, რომელიც ჰომეროსის მიბაძვით დაიწერა, რომაელი პოეტის ვირგილიუსის პოემა „ენეიდა” იყო. მასში მოთხრობილია ტროადის მეფის ენეის მოგზაურობა ბერძნების მიერ ტროადის ციხე–სიმაგრის აღების შემდეგ, მისი მისვლა იტალიის სანაპიროზე და რომის სახელმწიფოს დაარსება. ამ პოემამ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის მხატვრულ ლიტერატურაზე.

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ძველი ტრაგედია

ანტიკურ ეპოქაში შექმნილი დრამატული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებდა შემდეგი თავისებურებები:

ა)მოქმედი პირები არ მოქმედებდნენ თავიანთი ნების თანახმად.ისინი „ბედის” ბრმა იარაღს წარმოადგენდნენ. ამიტომ მათი დაღუპვა აუცილებელი იყო.

ბ) მოქმედი პირები უმთავრესად მეფეები და გმირები იყვნენ; ისინი განსხვავდებოდნენ როგორც ფიზიკური და ფსიქიკური თავისებური „ზეადამიანობით”, ისე არისტოკრატიული ჩამომავლობით;

გ) ახასიათებდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა(„სამი ერთიანობის” კანონი);

დ) გუნდის მონაწილეობა და კომიკური ელემენტის გამორიცხვა;

მიუხედავად ამ განსხვავებისა, დღევანდლამდე შექმნილ ყველა ტრაგედიისათვის დამახასიათებელი დარჩა ძველი ბერძნული ტრაგედიის ძირითადი თვისება: მაყურებელში უღრმესი თანაგრძნობის აღძვრა დიდი მიზნისათვის მებრძოლი გმირის მიმართ.

იხ. აგრეთვე: ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს.

ძირითადი ამბავი

ნაწარმოების ის ეპიზოდი, რომელშიც, სადაც ავტორი გადმოგვცემს გმირის ცხოვრებას ან რაიმე წინააღმდეგობის შემცველ მოვლენას კვანძის გასკვნიდან კვანძის გახსნამდე, ე.ი. მხატვრულ ნაწარმოებში ასახული ბრძოლის დაწყებიდან მის დამთავრებამდე.

ე. ნინოშვილის მოთხრობის „გოგია უიშვილის” ძირითადი ამბავია გოგიას ცხოვრება გადასახადის შეწერის მომენტიდან მის თვითმკვლელობამდე.

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, კვანძის გახსნა

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

27 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - წ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - წ

წინაამბავი

ნაწარმოების ის მონაკვეთი, რომელშიც ავტორი გადმოგვცემს მოქმედი პირის წარსულს.

პერსონაჟის ხასიათის უკეთ გასაცნობად, მისი ყოფაქცევის ასახსნელად და, საერთოდ, იმ მიზნით, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მხატვრული ნაწარმოების გმირების შესახებ, ავტორი ხშირად მოკლედ გვაცნობს მოქმედი პირის ცხოვრებას წარსულში, ე.ი. იმ ამბამდე, რაზედაც არის უმთავრესად ლაპარაკი მხატვრულ ნაწარმოებში;

„გოგია უიშვილში” ავტორი ჯერ გვაცნობს გოგიასთვის გადასახადის შეწერის ამბავს (მოქმედების კვანძს), შემდეგ კი დროებით წყვეტს მოქმედების პირდაპირ განვითარებას და გვაცნობს გოგიას ცხოვრებას წარსულში: მის წარმოშობას, დაოჯახებას, სახლის აშენებისა და ოჯახის გაძლიერების ამაო ცდას, მის უკმაყოფილებას მეფის მოხელეებით, თანდათან განერვიულებას და პროტესტის ზოგჯერ სახიფათო ფორმებში გამოთქმის შემთხვევებს.

ის ადგილი მოთხრობაში, რომელშიც ე.ნინოშვილი აგვიწერს გოგიას ცხოვრებას გადასახადის შეწერამდე, ამ მოთხრობის წინაამბავია. მისი საშუალებით ჩვენ უფრო დაწვრილებით ვეცნობით, თუ ვის შესახებ არის მოთხრობაში ლაპარაკი. წინაამბავში მოთხრობილი ფაქტები გვიადვილებს გოგიას თვითმკვლელობის ახსნას. წინაამბავიდან ჩვენ ვიგებთ, რომ გოგია უიშვილი იმედიანად უყურებდა თავის მომავალს, მაგრამ შემდეგში გლეხის აუტანელმა მდგომარეობამ, დიდმა გადასახადებმა, წვრილშვილიანობამ, გადასახადში მარინეს მზითვის და სახლის ფიცრების გაყიდვამ თანდათან დაუკარგეს გოგიას ოჯახური ცხოვრების მოწყობის იმედი, თანდათან უფრო და უფრო შეაზიზღეს მას ცხოვრება. ყოველივე იმან, რასაც ჩვენ დასახელებული მოთხრობის წინაამბავში გავეცანით, მოამზადა ნიადაგი გოგიას ამბის თავისებურად განვითარებისათვის. გოგია უიშვილის ბუნებაში რომ მტკიცედ არ ყოფილიყო ჩამოყალიბებული სიძულვილი და ზიზღი მეფის მოხელეებისადმი, შეიძლება გოგიას არ გაეწია წინააღმდეგობა კაზაკებისათვის. გოგიას მიერ თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიღებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო მისმა საჯაროდ გაწკეპვლამ, არამედ აგრეთვე იმ აუტანელი ცხოვრების პირობების გათვალისწინებამ გოგიას მიერ, რაც ავტორმა მოთხრობის წინაამბავში გაგვაცნო.

იხ. აგრეთვე: კვანძი, მოთხრობა

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

წყობილი

სამი ტერფისაგან შედგენილი 11 მარცვლიანი ლექსი, რომლიდანაც პირველი ორი ტერფი დიქორული, ანუ პეონურია, ხოლო უკანასკნელი კი – დაქტილური.

მაგ:

„ჩემო თავო, ბედი არ გიწერია,

ჩემო ჩანგო, შვებით არ გიჟღერია...

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგან, სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია”. - (აკაკი).

„ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა,

მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,

სანამ გმირმა შენთვის სული დალია,

თქვა” სამშობლო უპირველეს ყოვლისა!”. – (გ. ტაბიძე).

„და არ ვიცი რა პასუხი მივუგო,

შენზე მითხრეს: „თავის წასვლა დამალა”

წაგიღია წიგნი – „ვიქტორ ჰიუგო”,

წაგიღია „ქილილა და დამანა”. – (ი. გრიშაშვილი)

სინონიმი: თეჯლისი

იხ. აგრეთვე: აშუღური, დაქტილური ტერფი, პეონი, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება

28 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჯ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჯ

ჯვარედი რითმები

რითმები, რომლითაც ლექსის სტროფის პირველი ტაეპი შეთანხმებულია მესამე ტაეპთან და მეორე – მეოთხესთან. მაგ:

„მე ეს თასი საზაფხულო,

ყვავილებით ამივსია.

გაიხარე, ჩემო გულო,

გამარჯვების მაისია.„ – (ი. გრიშაშვილი).

იხ. აგრეთვე: რითმა, სტროფი, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

29 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჰ

▲ზევით დაბრუნება


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჰ

ჰეგზამეტრი

ექვსტერფიანი ტაეპი. მაგ:

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი.” (შოთა)

იხ. აგრეთვე: ტაეპი, ტერფი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

ჰიმნი

ბერძნ. ჰიმნოს - ხოტბა

უდიდესი აღფრთოვანების გამომხატველი ხოტბა

ლიტერატურის ისტორიაში სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი ხოტბის ნიმუშები გვხვდება. ძველად უფრო გავრცელებული იყო რელიგიური ოდა, ანუ ჰიმნი. უძველესი ჰიმნები ეპიკური ხასიათისა იყო. საბერძნეთის ძველმა პოეტებმა პინდარმა, ალკეოსმა და განსაკუთრებით ანაკრეონტმა თავიანთ ჰიმნებს ლირიკული ხასიათი მისცეს. ძველი ბერძნული ჰიმნები მუსიკით სრულდებოდა.

ძველ ქართულ ლიტერატურაში განთქმული ჰიმნოგრაფები იყვნენ მიქაელ მოდრეკილი და იოანე მინჩხი.

სახელმწიფოს მიერ სახალხო და სხვა ხასიათის დღესასწაულებზე შესასრულებლად მიღებულ ჰიმნს სახელმწიფო ჰიმნი ეწოდება. ასეთია, მაგალითად, „მარსელიეზა” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ჰიპერბოლა

საგნის ან მოვლენის გაზვიადებულად გამომხატველი ტროპი.

თვით სიტყვაც „ჰიპერბოლა” ბერძნულად გაზვიადებას ნიშნავს.

ნიმუშები:

1.”სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტათ, ცასა სწვდება რქანი მისნი” (ხალხური).

2.”ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ისეთი გასუქებულან, ღობეს ამტვრევენ კბილითა„.(ხალხური).

3. ”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, და იქით გორას ძვრას ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივითა და ყლაპს ვუზამ”(ხალხური).

ჰიპერბოლურია ასეთი მეტაფორები:”გომბორი მხრებით ცას ებჯინება”, ”მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდა”.

ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ეპითეტი, გაპიროვნება და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977