![]() |
ნოე ჟორდანია (პოლიტიკური ემიგრაცია) ტომი III |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|ჟორდანია ნოე |
| თარიღი: 2018 |
| აღწერა: ტომი XV ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები თბილისი 2018 UDC (უაკ) 342.511 (479.22)+929+325.2 (=353.1) ჟ-841 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორი და რედაქტორი: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი მთავარი რედაქტორი: შტეპჰენ ჯონსი რედაქტორი: ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ლილი საყვარელიძე, ეთერ შუბითიძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი გამოცემაზე მუშაობდნენ: მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის გამომცემლობისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების თანამშრომლები. რედაქტორის შენიშვნა: გამოცემაში შესულია ნოე ჟორდანიას საჯარო გამოსვლები, წერილები, მიმართვები და ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტების მიერ გადმოცემული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. |
![]() |
1 ყველა სოციალისტურ პარტიებს და მუშათა ორგანიზაციებს: |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. სოც.-დემ. მ. პ. საზღ. გარეთელ დელეგაციის ორგანო „სოციალისტურ უწყების“ მე-7 ნომერში - 4 მაისი 1921 წ. ქ. ბერლინი - მოთავსებულია ნოე ჟორდანიას შემდეგი მოწოდება:
ამხანაგებო! მოგმართავთ თქვენ იმ ქართველი ხალხის სახელით, რომლის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაანგრია ბოლშევიკურმა რუსეთმა. მოსკოვის მთავრობა დიდი ხანია სცდილობდა გაევრცელებია თავისი ხელისუფლება და დაემყარებია საბჭოთა მართველობა საქართველოში, როგორც ისეთ ქვეყნებში, რომელიც ითვლება აუცილებელ გზად ბოლშევიკური პოლიტიკისთვის აღმოსავლეთში.
მოსკოვის მთავრობა შეეცადა საბჭოთა მართველობის დამყარებას საქართველოში აჯანყებების საშვალებით, რომელსაც აწყობდენ მისი აგენტები რუსეთის ოქროთი. ყველა ცდა ბალშევიკებისა დამარცხებით თავდებოდა. ვერც პროპაგანდამ და ვერც მილიონებმა, რომელიც უხვად ჰქონდათ მოსკოვის აგენტებს, ვერ შეარყია ნდობა ქართველი ხალხის სოც.-დემ. მენშევიკურ პარტიისადმი, რომელსაც მან ჩააბარა ძალა-უფლება. ეს პარტია ყოველთვის უდგა სათავეში საქართველოს ხალხს: ის იყო მის წარმომადგენლად ოთხივე სახელმწიფო სათათბიროში, ის უხელმძღვანელებდა მას მეფის საწინააღმდეგო ბრძოლაში: 1917 წელს მასვე ჩააბარა ქართველმა ხალხმა მუშაობა მოპოებულ თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ხალხის სურვილისა და მისი მოწოდების თანახმად სოც. დემოკრატიული პარტია შეუდგა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოწყობას, სადაც ის შეეცადა როგორც პოლიტიკური, აგრეთვე ეკონომიურ დარგში რეფორმების გატარებას. მიწების კონფისკაცია და მისი განაწილება, გლეხებს შორის სოციალიზაცია, ტყეების, მადნების და რკინის გზების ნაციონალიზაცია, [აგრეთვე] საგარეო ვაჭრობის მთავარი დარგების, შრომის დაცვა, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმართველობისა საყოველთაო საარჩევნო პრინციპზე, 14 გაძლიერება სახალხო განათლებისა და პოლიტიკურ თვით მოქმედების მუშათა სფეროში - აი, რა შეადგენდა უმთავრეს შინაარსს ჩვენი სახელმწიფოებრივი მუშაობისა, რის დროსაც ჩვენ ვემყარებოდით იმ რწმენას, რომ დემოკრატია არის ერთად ერთი გზა სოციალიზმისაკენ. ამ რწმენას საერთოდ იზიარებს საქართველოს მუშათა კლასი, კერძოთ, მუშათა საბჭოებიც, სადაც ჩვენს პარტიას რევოლიუციის დაწყებიდან უკანასკნელ დღემდე ეკუთვნოდა 90-95 პროცენტი მთელი ხმებისა.
ბოლშევიკები როგორც კი დარწმუნდენ, რომ მათ პროპაგანდას არავითარი გასავალი არა აქვს ჩვენს ქვეყანაში, თავი მიანებენ აჯანყების იმედებს და გადასწყვიტეს იარაღის შემწეობით დაეპყროთ საქართველო. 11 თებერვალს 1921 წ. რუსები (ბოლშევიკები) მე-11 არმიის ნაწილებიდან შემოიჭრენ საქართველოში სომხეთის მიმართულებიდან. ბ. შეიმანი, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ჩვენ გვიცხადებდა, რომ რუსეთმა არაფერი არ იცის ამ თავდასხმის შესახებ, და რომელიც თითქოს სომხეთის მთავრობის საქმეაო. მან ეს განაცხადა სწორედ იმ დროს, როდესაც საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელი ბ. შავერდოვი ჩვენ გვაცნობებდა, რომ სომხეთი არ ღებულობს არავითარ მონაწილეობას შემოტევაში და რომ ის მზად არის ყველა სადავო კითხვები გადაწყდეს მშვიდობიანის გზით.
10 თებერვალს ბ. შეიმანმა ბაქოდან მე-11 არმიის ხელმძღვანელიდან მიიღო შიფრიანი ტელეგრამმა:
„გადაწყდა რუბიკონის გადასვლა. იმოქმედეთ ამ გადაწყვეტილებასთან შეთანხმებით“. იმავე დროს მე-11 არმიის ახალმა ნაწილებმა შემოუტიეს საქართველოს ადერბეიჯანის მხრივ. 16 თებერვალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი შეეცადა პირდაპირი მავთულით მოლაპარაკებოდა მოსკოვს. მაგრამ ბ. კარახანმა (გარეშე საქმეთა კომისრის მოადგილემ), რომელიც იმ დროს იმყოფებოდა აპარატთან, უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე. ამავე დროს სამხედრო მოქმედება გრძელდება. თფილისის წინააღმდეგ ორ მხრივ მომართულ შეტევას წინ ხვდება გმირული წინააღმდეგობა ქართველი ხალხისა; თფილისის პროლეტარიატი დგება თფილისის დამცველთა წინა რაზმებში; ფაბრიკა-ქარხნები ჩერდებიან მუშათა ფრონტზე გამგზავრების გამო. ეს აღტკინება დასრულდა ჩინებულად: ჯარმა და სახალხო გვარდიამ უკუ აგდო 15 მტრის იერიშები მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრად ჩამორჩებოდა უკანასკნელს რიცხვით და იარაღით.
21 თებერვალს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე უგზავნის რადიოს ჩიჩერინს და სცდილობს გამოარკვიოს ომის მიზეზი, რომელიც დაიწყო დიდმა რუსეთმა პატარა საქართველოს წინააღმდეგ. „რას მოითხოვთ ჩვენგან“, - ეკითხება ის ამ რადიოთი. - „გვაცნობეთ მიზნები, რისთვინაც დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შეიძლება უსისხლოთ შევთანხმდეთ“. ამ ტელეგრამაზე პასუხის მიუღებლობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე მიმართავს ლენინს და ტროცკის და აძლევს წინადადებას ომის შეჩერებაზე, რომელიც, ყოველ ეჭვის გარეშე, წმინდა ნაციონალური ხასიათის არის. ამ ტელეგრამაზედაც პასუხი არ გასცენ. მოსკოვის მთავრობამ გადასწყვიტა ეწარმოებია ომი ბოლომდის, ჩვენი რესპუბლიკის საბოლოვო განადგურებამდის. ჩვენს წინადადებებს ომის შეწყვეტის შესახებ ის უპასუხებს შემოტევით სამ ახალ მიმართულებით: საქ. სამხედრო გზით, შავი ზღვის მიმართულებიდან, სოჩის მხრივ.
საქართველოს რესპუბლიკა აწარმოებს ბრძოლას მეტად უთანასწორო პირობებში.
მის ჯარებს მოელის სრულ რკალში გახვევა და განადგურება, მიუხედავად ჯარის გმირობისა და თავგანწირვისა. მაშინ საქართველოს უმაღლესი სარდლობა სწყვეტს, მოახდინოს თფილისის ევაკუაცია, დაიხიოს უკან და შეჯგუფებული ძალებით გამაგრებულიყვენ ახალ ადგილებზე, სადაც ზურგი უზრუნველყოფილ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებასთან შეთანხმებით ჯარს ებრძანა დაეხია ბრძოლით რიონის მარცხენა ნაპირზე იმ პირობით, რომ ბათომი დაცული ყოფილიყო, როგორც სამხედრო ბაზა. მაგრამ ბათომში შესვლისთანავე თათრები აცხადებენ თებერვლის 16-ს, რომ დიდმა სახალხო კრებამ დაადგინა, მოახდინოს ქ. ბათომის და მისი ოლქის ოკუპაცია. მუხანათური საქციელი ანგორის მთავრობისა გვისპობს ჩვენ ომის გაგრძელების უკანასკნელ საშუალებას. ჩვენს ჯარებს, რომელსაც ყოველ მხრივ შემოსევია ორი მილიტარისტული სახელმწიფო - დიდი რუსეთი და ოსმალეთი, - ყოველს მიზეზს გარეშე მოელის დაღუპვა. მარტის 17-ს მთავრობა ადგენს, დასტოვოს ბათომი. ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის ბოლშევიკებს და ისინი რამდენიმე საათის შემდეგ შედიან ბათომში. ასეთია საქმის მსვლელობა, რომელმაც გაანადგურა სახელმწიფო, შექმნილი საქართველოს მუშებისა და გლეხების მიერ. დემოკრატიულ რესპუბლიკის მაგიერ მყარდება სამხედრო დიქტატურა და თვითნებობა მოსკოვის ხიშტებისა. რომ შესაფერისად დაფასდეს ბოლშევიკური იმპერიალიზმის დანაშაულობანი, საჭიროა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი საქ. რესპუბლიკა ყოველთვინ სცდილობდა დაეცვა კეთილ-მეზობლური განწყობილება რუსეთთან, სცემდა რა პატივს რუსეთის ხალხის სურვილს. საქართველო ინტერვენციის პოლიტიკაში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ არასოდეს არ ღებულობდა მონაწილეობას. მან გადაჭრით უარი სთქვა კავშირზე რომელიმე რუსულ კონტრ რევოლიუციასთან. ის აშკარად ებრძოდა ყოველივე ცდას, გამოეყენებიათ მისი ტერიტორია, როგორც ბაზა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
საქართველოს ხალხს აქვს უფლება და კიდევაც მოელის ძმურ დახმარებას საერთაშორისო პროლეტარიატიდან. ამ დახმარებისათვის მოგმართამთ თქვენ, ამხანაგებო. თქვენ ყოველთვის გმობდით დაპყრობით ომებს. განა ნაკლები დაგმობის და განრისხვის ღირსია საქართველოსთან ომის მოწყობაში დამნაშავენი, მიტომ რომ ისინი თავის იმპერიალიზმს ფარავენ კომუნიზმის დროშით?
ჩვენ ველით თქვენგან დაგმობას ჩვენი ქვეყნის შემვიწროებელთა, რომლებიც სცდილობენ ხიშტებით აღმოფხვრან სოციალისტური იდეა და ხიშტებითვე გაავრცელონ თავისი საკუთარი იდეა. აღიმაღლეთ ხმა, ამხანაგებო, და მოითხოვეთ მოსკოვის მთავრობიდან, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, და რომ მან მისცეს უფლება საქართველოს ხალხს, განაგოს თავის ბედი და თავისუფლად მოაწყოს თავისი ხელის-უფლება და სახელმწიფო“.
ახალი სხივი. - 1921. - 26 ივნისი. - №11.
![]() |
2 მიმართვა: სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელ კრების თავმჯდომარემ კ. ჩხეიძემ ცალკე წერილით მიმართეს ევროპის მუშათა ორგანიზაციებსა და სოციალისტურ პარტიებს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გამო. მიმართვაში დაწვრილებით აღნუსხულია ისტორია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის დამოკიდებულებისა 7 მაისის ხელშეკრულობის შემდეგ. იქ ფაქტებით და დოკუმენტების აღნუსხვით დამტკიცებულია, თუ როგორი უღირსი საშვალებით და რანაირი ცბიერებით იბრძოდა მოსკოვი პატარა საქართველოს დასამხობათ. მისი მიზანი იყო ხელშეკრულობა გამოეყენებია საქართველოში აჯანყებისა და შინაური გადატრიალების მოსაწყობათ. მაგრამ როცა ეს არ გაუვიდათ და აშკარათ დაინახეს ქართველი მუშისა და გლეხის თავდადება რესპუბლიკის დასაცავათ, გადაწყვიტეს წითელ-არმიელთა საშვალებით საქართველოს დაპყრობა.
უხეშმა ძალამ გაიმარჯვა!..
„მარა, - სწერია მიმართვაში, - ძალმომრეობა და ხიშტი ვერ გასტეხს სულიერათ თავისუფლების მოყვარულ ხალხს. საქართველო, რომელმაც ამდენი ენერგია გამოიჩინა ცარიზმთან ბრძოლაში, კიდევ უფრო მეტი ენერგიით იბრძოლებს თავის ახლანდელ დამმონავებელთა წინააღმდეგ, რომელნიც ნიკოლოზ მე-II-ს დამქაშებზე უფრო დაუნდობელნი და ცბიერნი არიან. მრავალ საუკუნიან ისტორიის მქონე საქართველო შესძლებს კვლავ დაიბრუნოს თავისი დამოუკიდებლობა და განაგრძოს თვისი ისტორიული მისიის სამსახური, რომელიც შეაჩერა ბოლშევიზმის შემოჭრამ.
„თქვენო, - მიმართავენ ავტორები სოციალისტებს, - ყოველთვის მკაცრათ გმობდით დაპყრობით ომებს. განა ნაკლები გაკიცხვის ღირსნი არიან საქართველოსთან ომის ამტეხნი იმიტომ, რომ თავის იმპერიალიზმს ისინი ხელს აფარებენ კომუნიზმის სახელით?
ჩვენ ველით თქვენგან, რომ დაგმობთ ჩვენი ქვეყნის შემავიწროებელთ და ღირსეულათ დააფასებთ იმათ პირმოთნეობას, ვინც ხიშტებით სარგებლობს სოციალისტური იდეების „გასაქრობათ“ და ვინც იმავე ხიშტებით საკუთარ იდეებს „ავრცელებს“.
აღიმაღლეთ, ამხანაგებო, ხმა და მოსთხოვეთ მოსკოვის მთავრობას: რომ
ა) მათ გაიყვანონ საქართველოდან თავისი ჯარები;
ბ) მისცენ საქართველოს ხალხს საშვალება თავისი ბედი თითონვე განაგოს და თავისუფლათ მოაწყოს თავისი ცხოვრება და სახელმწიფო!
ხელს აწერენ: ნ. ჟორდანია, კ. ჩხეიძე, ევგ. გეგეჭკორი და ნ. რამიშვილი.
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1921. - №1.
![]() |
3 ყველა ხალხებს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ მოგმართავთ ქართველი ხალხის სახელით, იმ ხალხის, რომელიც კვნესის დამპყრობელთა მძიმე უღელ ქვეშ, რომელიც უსაშინელეს გაჭირვებას განიცდის შიმშილის, ტიფის, ხოლერის, შავი ჭირის და სხვა ათასი უბედურებისაგან და ყველა ამით უკიდურეს სასოწარკვეთილებამდეა მიყვანილი.
საქართველოს რესპუბლიკის სამი წლის დამოუკიდებელ არსებობის ხანაში ჩვენმა ხალხმა არ იცოდა, რა იყო შიმშილობა და ეპიდემიები. მაგრამ ყოველივე შეიცვალა ამ ექვსი თვის განმავლობაში, ე.ი. მას აქეთ, რაც ბოლშევიკებმა აღმოსავლეთში თავის იმპერიალისტური პლანების განსახორციელებლათ დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა. სწრაფათ გაიცალა მცხოვრებლების მიერ შემონახული მარაგი: ნაწილი ბოლშევიკების ჯარებმა და საბჭოთა ბიუროკრატიის არმიამ გაანადგურა, ნაწილი რუსეთში გაზიდეს, როგორც სამხედრო დავლა.
თავის უკუღმართი დეკრეტებით, თვითნებობით, ძალადობით, უკანონო რეკვიზიციებით დამპყრობელებმა დაამხვეს ჩვენი წარმოება, მოშალეს ეკონომიური ცხოვრება, შებოჭეს მწარმოებელი შრომა, დაანგრიეს სოფლის მეურნეობა.
ქვანახშირის ამოღება საქართველოში 8-ჯერ დაეცა. თითქმის ყველა ქარხანა-ფაბრიკებში შრომა 50%-ით შემცირდა, რკინის-გზებზე მოძრაობა თითქმის სრულიად შეწყდა.
და ამ გაძარცულ, გაღატაკებულ ხალხის კისრიდან ბოლშევიკები იღებენ ახალ კონტრიბუციას - პურს, მატყლს და 50 მილიარდ მანეთს ფულათ.
ყველა ამის შედეგია: შიმშილი, ტიფი, ხოლერა, შავი ჭირი. თფილისში ხალხი ქუჩებში იხოცება შიმშილით სინსილა გამოლეული. დედები თავს იკლავენ, რომ შვილების წამებას თავის თვალით არ უცქირონ.
უცხო უღელი დამპყრობელთა თანდათან უფრო მძიმე და აუტანელი ხდება ხალხისათვის: სარგებლობენ რა ჩვენი ტერიტორიით, როგორც სამხედრო პლაცდარმით თავისი იმპერიალისტური ავანტიურებისთვის, ბოლშევიკები ახალ-ახალი ჯარებით ავსებენ ქვეყანას და ეს ჯარები, როგორც კალია, მოედვენ მთელ საქართველოს. რუსეთიდან ბოლშევიკურ ჯარებს ერთი ნამცეცი პური არ მოსდის და ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ, ძალათ ართმევენ ადგილობრივ მცხოვრებლებს.
თავისუფლება წართმეულ ქართველ ხალხს არ შეუძლია თავის საკუთარი ძალ-ღონით გაუმკლავდეს მის თავზე დატეხილ უბედურებას. გარედან ხელოვნურათ შეიტანეს მასში შიმშილი და ეპიდემია, გარედან უნდა მივიდეს დახმარებაც*.
და ევროპის და ამერიკის ხალხებმა, რომელნიც მზათ არიან თავის შორეულ მოძმეთ ტანჯვა შეუმსუბუქონ, უნდა იცოდენ, როგორ დახმარებას მოელის მათგან საქართველო:
ა) საჭიროა დაუყონებლივ მიწოდება პურის და წამლების. ეს დახმარება უნდა მოეწყოს ისე, რომ გაგზავნილი პროდუქტებიდაურიგდეს პირდაპირ გაჭირვებულ მცხოვრებთ და არა საბჭოთა კომისრებს და ქვეყნის გამანადგურებელ საოკუპაციო ჯარებს.
ბ) თავისუფალმა ერებმა უნდა აღიმაღლონ ხმა, რომ დაეხმარონ საქართველოს დამპყრობელთა ტირანიისაგან განთავისუფლების საქმეში. დღეს, როცა ბოლშევიკებს აღარ შეუძლიათ დაფარონ გარეშე ქვეყნისაგან ის საშინელებანი, რომლის მსხვერპლი გახდა ქართველებზე ადრე თვით რუსის ხალხი, დღეს, როცა საბჭოთა ხელისუფალნი იძულებული არიან მთელ ქვეყანას მიმართონ დახმარებისათვის, რომ ებრძოლონ შიმშილს, რომელიც მათივე ბოროტმოქმედებით არის შექმნილი, სწორეთ დღეს დადგა დრო, როცა თავისუფალმა ხალხებმა უნდა სთქვან მტკიცე სიტყვა მოსკოვის თვითმპყრობელთა უკანასკნელი ბოროტმოქმედების შესახებ, რომლის მსხვერპლი გახდა ქართველი ხალხი, ხმა მაღლა უნდა გაისმას მოთხოვნა, რათა გაყვანილ იქნენ საქართველოდან ბოლშევიკური ჯარები და ქართველ ხალხს მიეცეს საშვალება თავის ბედის თავისუფლათ გადაწყვეტის.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძ. კრებ. თავმჯდომარე ნ. ჩხეიძე
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1921. - №8.
![]() |
4 ბოლშევიკების თავდასხმა საქართველოზე (წერილი „ფორვარდის“ რედაქციას) |
▲ზევით დაბრუნება |
მ. ხ. მე დიდის ყურადღებით წავიკითხე თქვენს გაზეთში (20 აგვ. და 3 სექტ. №№-ში) მოთავსებული წერილები ბ-ნ ა. პ. ლ.-სი.1
სიამოვნებით უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ თავის პასუხში ამ ავტორისადმი თქვენი რედაქცია მტკიცეთ აღიარებს ყველა სოციალისტისთვის დიდათ მნიშვნელოვან „ერთა თვითგამორკვევის უფლების“ პრინციპს.
ბოლშევიკების მთავარი დანაშაული ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორეთ ამ პრინციპის დარღვევაა და როგორც თქვენ სამართლიანათ აღნიშნეთ, ბ-ნ ა. პ. ლ.-მ ერთი საბუთიც კი ვერ მოიყვანა ამ დანაშაულის გასამართლებლათ ან შესამსუბუქებლათ.
მაგრამ ბ-ნ ა. პ. ლ. თავის წერილში ისეთ რამეებს ამტკიცებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ამიტომ მე ჩემს მოვალეობათ მივიჩნიე თქვენი მკითხველების წინაშე ამ მცირე პასუხით გავფანტო ყოველივე გაუგებრობა.
1. საქართველოს მთავრობა ისეთსავე მდგომარეობაშია დღეს, როგორშიაც იყო რუსეთის დროებითი მთავრობა 1917 წელს პეტროგრადში ბოლშევიკურ გადატრიალების შემდეგო, - აცხადებს წერილის ავტორი. ეს შედარება მართალი იქნებოდა, რომ ჩვენში ადგილი ქონოდა შინაურ გადატრიალებას, როგორც ეს მოხდა რუსეთში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში არავითარი გადატრიალება არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ დაპყრობა ამ ქვეყნისა უცხო ჯარისაგან. მაშასადამე, ჩვენ დაახლოვებით ისეთსავე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორშიაც იყო ბელგიის მთავრობა, როცა თითქმის მთელი მისი ტერიტორია გერმანიის ჯარებს ეჭირა.
ცხადია, ბ-ნ ა. პ. ლ.-მა ამ უვარგისს შედარებას მიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მიეფუჩეჩებია უმთავრესი ფაქტი - სახელდობრ ის, რომ მოსკოვის მთავრობამ საქართველოს წინააღმდეგ ჯარები გამოგზავნა, რომ ჩვენი ხალხი მთელ თავის ძალღონით შეებრძოლა მათ, მაგრამ ვერ შესძლო შემოსეული მტრისგან დაცვა თავის ქვეყნის თავისუფლების და რომ ახლა საქართველო ოკუპანტების ხელში იმყოფება.
2. წერილის ავტორი ამტკიცებს, თითქოს საქართველოს კავშირი ქონოდეს დენიკინთან. ეს ყოველივე სიმართლეს მოკლებული მტკიცებაა. ჩვენი დამოკიდებულება დენიკინთან პირველი დღიდან უკანასკნელამდე უარყოფითი იყო. ჩვენ არც შეგვეძლო სხვაგვარათ შეგვეხედა რეაქციონური გენერლისთვის. გენერალი დენიკინი ერთში სავსებით ეთანხმებოდა ბოლშევიკებს - ეს იყო ერთა თვითგამორკვევის უფლების უარყოფა. მას სავსებით შესაძლებლათ მიაჩნდა გარეშე ძალის საშვალებით არსებული პოლიტიკური წყობილების დანგრევა და მის ნაცვლათ ახალის დამკვიდრება. ჩვენ კი ასეთ შეხედულებას არასოდეს არ ვიზიარებდით. ამიტომ ჩვენ გადაჭრით უარვყავით დენიკინის წინადადება, რომელიც გვთხოვდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დავხმარებოდით. ამან გამოიწვია ის, რომ დენიკინმა ჩვენ ბოლშევიკების მეგობრებათ გამოგვაცხადა და ჩვენს წინააღმდეგ თავის ჯარით გამოილაშქრა. თუ ბ-ნი ა. პ. ლ. კითხულობდა ინგლისურ გაზეთებს 1918-1919 წლებში, მას ეცოდინება, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში ებრძოდა ფაქტიურათ გენერალ დენიკინის ლაშქარს.
საერთოთ, დღიდან ბოლშევიკურ გადატრიალებისა რუსეთში, ჩვენ ყოველთვის, ყველა კომპეტენტურ კრებებზე ვაცხადებდით, რომ წინააღმდეგი ვართ რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევის და ამ აზრს საერთაშორისო მასშტაბითაც ვიცავდით.
3. წერილების ავტორი ჩემს ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „ტაიმს“-ში დაიბეჭდა, ბურჟუაზიულ პაციფიზმის (ზავის მომხრეობა) ნიშნებს პოულობს და აქედან ასკვნის: სჩანს, მას (ე.ი. მე) და საქართველოს მთავრობას „ბურჟუაზიული ფსიხოლოგია“ ქონიათო. მაგრამ ამის მთქმელს, ცხადია, ნათელი წარმოდგენა არ უნდა ქონდეს იმაზე, თუ რა განსხვავებაა ბურჟუაზიულ და სოციალისტურ პაციფიზმს შორის.
ეს განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ბურჟუაზიული
პაციფისტები კაპიტალისტური წყობილების ფარგალში ერთგვარი შეთანხმების საშვალებით ცდილობენ სამუდამო მშვიდობიანობას მიაღწიონ. ჩვენ, სოციალისტები კი ვფიქრობთ, რომ „ბურჟუაზიული სამუდამო მშვიდობიანობა“ სრული უტოპიაა, და რომ ომების თავიდან ასაცილებლათ დღევანდელი საზოგადოების ძირიანათ გარდაქმნა აუცილებელია. მაგრამ ეს განსხვავება თეორეტიულ შეხედულებაში ხელს არ უშლის სოციალისტებს ბურჟუაზიულ პაციფისტებთან ერთად იმოქმედონ ამა თუ იმ კონკრეტულ შეიარაღებულ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლათ, ან გამოსძებნონ საშვალება უკვე დაწყებული ომის და სისხლის ღვრის შესაჩერებლათ. და რა გასაკვირველია, რომ ჩემი ნაჩვენები ზოგიერთი ზომები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანობის ჩამოსაგდებათ ეთანხმებოდეს ბურჟუაზიულ პაციფისტების შეხედულებას ამავე საგანზე.
4. საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გასამართლებლათ ავტორს ის მოყავს საბუთათ, რომ ამით ბოლშევიკებმა გააფართოვეს საზღვრები იმ ძალაუფლების, რომელსაც იგი „საბჭოთა ძალაუფლებას“ უწოდებს, და რომელიც ნამდვილათ მხოლოდ სამხედრო დიქტატურას წარმოადგენს. ეს ამაო ცდაა - ბოლშევიკების იმპერიალისტურ შემოსევისთვის იაკობინელების „რევოლიუციურ ომების“ და „საპროპაგანდო ომების“ თეორიის მიყენების. ნამდვილათ იმ ომებს შორის, რომელსაც აწარმოებდა საფრანგეთის რევოლიუციური კონვენტი ევროპის ფეოდალურ არმიების წინააღმდეგ და პატარა თავისუფალ საქართველოს რესპუბლიკაზე რუსეთის თავდასხმას შორის არავითარი მსგავსება არ მოიპოვება. ამას გარდა, როგორ გნებავთ შეუთანხმოთ ხიშტებით იდეის პროპაგანდა ხალხთა თვითგამორკვევის იდეას? საფრანგეთის დიდ რევოლიუციაში იაკობინელებმა წამოაყენეს ლოზუნგი „რევოლიუციური ომების“ იმიტომ, რომ ეგონათ გარედან შესევითა და დაპყრობით შეიტანდენ ევროპის ხალხში ახალ წყობილებას. სოციალისტები კი ასეთ თეორიას უარყოფენ არა მარტო იმ პრაქტიკული მოსაზრებით, რომ ამ ომებმა იაკობინელების და ნაპოლეონის ეპოქაში სრული დამარცხება განიცადეს, არამედ წმინდა თეორიული მოსაზრებითაც. თანამედროვე სოციალიზმის მოძღვრება კლასთა ბრძოლის თვალსაზრისზე დგას და ამიტომ იგი აღიარებს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ წყობილების შეცვლას მხოლოდ კლასთა ბრძოლით და არა გარედან თავდასხმის მოწყობით. ამაზეა აშენებული პრინციპი ერთა თვითგამორკვევის. სამხედრო ავანტიურები კი მხოლოდ აბნელებენ პროლეტარიატის კლასობრივ შეგნებას და იწვევენ ნაციონალურ მტრობის გამწვავებას. ცხადია, იაკობინელების თვალსაზრისზე დადგომით ბოლშევიკებმა საბოლოოთ გასწყვიტეს კავშირი სოციალიზმის მთავარ საფუძვლებთან.
აქ უადგილო არ იქნება მოვაგონო იმათ, ვისაც ასე იზიდავს „საპროპაგანდო ომების“ თეორია, რომ ასეთ ომებს თავის ლოღიკა აქვს - ისინი ნიადაგს უმზადებენ გაბედულ გენერლის გაბატონებას და ბონაპარტიზმის დამყარებას.
5. როცა ავტორი საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გამართლებას ცდილობს, იცის კი მან, რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო საქართველოში ბოლშევიკური ჯარის შემოჭრის წინ? იცის, რომ ჩვენში გაბატონებული იყო სრული დემოკრატია? გვგონია, რომ არ იცის. ჩვენში კი ამ დროს ხალხი თავის არჩეული პირების საშვალებით განაგებდა ყველა თავის საქმეებს. დიდი ხმის უმრავლესობით მან სოციალისტებს ჩააბარა ქვეყნის მართვა-გამგეობა და სოციალისტურმა მთავრობამ გაატარა რადიკალური მიწის რეფორმა, ჩამოართვა მსხვილ მემამულეებს მიწა უფასოდ და დაუტოვა თვითეულ მათგანს იმდენი, რამდენის მოვლა მას თავის შრომით შეეძლო. ჩამორთმეულ მიწის ერთი ნაწილი შემდეგ გლეხებს გადაეცა. დანარჩენი მიწები კი, კერძოდ, მსხვილი კულტურული მამულები, სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმართველობებს დარჩათ საექსპლოატაციოთ. მუშათა კანონმდებლობის სფეროში საქართველოს მთავრობამ გაატარა შემდეგი რეფორმები: 8 საათის სამუშაო დრო, შრომის ფართო დაცვა, ბავშვთა ან ქალთა შრომის შეზღუდვა, კოლექტიური მუშათა ხელშეკრულება, არჩეულ მუშათა ინსპექცია, მიღება-დათხოვნა მუშათა კავშირების და პარიტეტული შრომის ბირჟების საშვალებით, სატარიფო პალატა შრომის ყველა სადაო საკითხების მოსაწესრიგებლათ და განსაკუთრებით, სამუშაო ხელფასის საერთო სიძვირესთან შესათანხმებლათ და სხვ. ეკონომიურ სფეროში განხორციელებულ იქნა ნაციონალიზაცია რკინის-გზების, მადნების, ტყეების, წყლის ენერგიის ან საგარეო ვაჭრობის მთავარი დარგების. ამ ზომების მიღებით და დემოკრატიული ადგილობრივ თვითმართველობათა და კოოპერატივთა სამეურნეო მოღვაწეობით საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულათ მოწყობილ სახელმწიფოს გარდაქმნას სამეურნეო ორგანიზაციათ, რომელიც სავსებით შეეფერება ჩვენს სოციალისტურ იდეალებს. მოკლეთ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა სავსებით სოციალისტური პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმის განხორციელების წინაშე დადგა. თუ ყოველივე ეს „ბურჟუაზიული ფსიხოლოგიის“ გამოხატულებაა, მაშინ რაღა მიაჩნია ბ-ნ ა. პ. ლ.-ს „პროლეტარულ ფსიხოლოგიათ“? ან იქნება, მისი აზრით, „პროლეტარული ფსიხოლოგია“ იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობის ნება უარყო, უხეშ ძალაზე დაეყრდნო, ტერორით მართო ქვეყანა და ყოველივე დაანგრიო და სამაგიერო კი არაფერი შექმნა?
ასეთი პოლიტიკის შედეგი მას უკვე აქვს საბჭოთა რუსეთში. ჩვენ, სოციალისტები, რომელთაც საქართველოს ხალხმა მოგვანდო მართვა-გამგეობა, შეგნებულათ ვამაყობთ იმით, რომ 31\\2 წლის განმავლობაში ვიფარავდით ქვეყანას ამ დამღუპველ პოლიტიკის გავლენისაგან.
დღეს ეს პოლიტიკა მეფობს საქართველოშიაც, მაგრამ მეფობს მხოლოდ მოსკოვის ხიშტების წყალობით, ხალხის ნება-სურვილის წინააღმდეგ. და მე არ მეგონა, თუ გამოჩნდებოდა თუნდაც ერთი კეთილგონიერი ინგლისელი, რომელიც გაბედავდა საჯაროთ ტაში დაეკრა ამ ბოროტმოქმედებისათვის!
ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1921. - №9/10
____________
1. ბ-ნ ა. პ. ლ.-ს წერილის შინაარსი და რედაქციის შენიშვნა ამავე ნომერშია მოთავსებული. (იხ. გვ. 7). რედ.
![]() |
5 პასუხი „როსტას“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლშევიკურმა სააგენტომ „როსტა“-მ გაავრცელა დეპეშა, რომელიც ბრალს სდებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, თითქო იგი 1920 წელში „აწვდიდა ვრანგელის ჯარს და აგრეთვე ჩრდილო-კავკასიის თეთრგვარდიელებს ამუნიციას და სხვა სამხედრო მოწყობილობას“.
იმოწმებს რა მენშევიკურ მთავრობის ოფიციალურ აგენტების მიერ ვრანგელის მთავარ ბანაკისადმი მიწერილი წერილების ორიგინალურ ტექსტებს, სააგენტო გვაბრალებს ჩვენ 1920 წლის აგვისტოში განსაზღვრულ რაოდენობის ნავთის გაგზავნას სევასტოპოლში და ამ საქონელს მოკლეთ „ამუნიციას“ უწოდებს1.
მე გადაჭრით უნდა უარვყო ყველა ეს ბრალდებები. სააგენტოს მიერ მოხსენებული „ორიგინალური ტექსტები“ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. დამოკიდებულება ჩვენსა და დენიკინ-ვრანგელს შორის ისეთი ხასიათის იყო, რომ შეუძლებელს ხდიდა რაიმე მიწერ-მოწერას რესპუბლიკის მთავრობასა და კონტრ-რევოლიუციურ გენერალურ შტაბს შორის.
მართალია, ჩვენ მუდამ მოწადინებული ვიყავით, რაც შეიძლება მჭიდრო ეკონომიური ურთიერთობა დაგვეჭირა რუსეთის ხალხთან განურჩევლათ იმისა, თუ რომელ დიქტატურის ქვეშ იჩაგრებოდა ის - დენიკინ-ვრანგელის თუ ლენინ-ტროცკის. ეს ურთიერთობა საჭირო იყო ჩვენთვის როგორც ორი ხალხის ერთმანეთთან დასაახლოებლათ, ისე საქართველოს უზრუნველსაყოფათ სურსათის მხრივ.
მაგრამ კონტრ-რევოლიუციურმა გენერლებმა არამც თუ შეუწყვეს ხელი ჩვენს რესპუბლიკასთან ეკონომიურ ურთიერთობის დამყარებას, არამედ პირიქით, სიკვდილით დასჯის მუქარით, აუკრძალეს თავის ქვეშევრდომებს საქართველოში რაიმე სურსათ-სანოვაგის გამოგზავნა.
ეს პოლიტიკა მით უფრო მავნე იყო ქართველი ხალხისათვის, რომ მას სავსებით იზიარებდენ საბჭოთა რუსეთის ბელადებიც. როგორც კონტრ-რევოლიუციურ გენერლებს, ისე ამათ ეჯავრებოდათ ჩვენი ქვეყანა. ესენიც ისე, როგორც პირველნი, ცდილობდენ საქართველოს ხალხის დამშევით დაემხოთ მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ამ მიზნით ამათაც ბლოკადის ქვეშ გამოაცხადეს ჩვენი საზღვრები.
მაგრამ ამ ბლოკადამ მიზანს ვერ მიაღწია. საქართველოს მთავრობამ შესძლო ქვეყნის უზრუნველყოფა სურსათით ბათომში უცხოელ კომერსანტებთან ურთიერთობის დამყარებით. ამ უკანასკნელთ მთავრობა ხორბლის ნაცვლათ აძლევდა ნავთს, ხე-ტყეს და სხვ. შეუძლებელია იმის გამორკვევა, თუ საით აგზავნიდენ შემდეგ ამ საქონელს ეს კომერსანტები. ადვილათ შეიძლება, რომ ერთი ნაწილი გაიგზავნოს რუსეთის იმ ადგილებში, რომლებიც თეთრი არმიის ხელში იყო, მეორე ნაწილი კი იმ ადგილებში, საცა წითელი ჯარები იყო გაბატონებული.
რაც შეეხება ჩრდილო-კავკასიის მთიელებს, ე.ი. ჩვენს მეზობლებს, რომლებიც თავის დამოუკიდებლობის დასაცავათ ებრძოდენ ჯერ დენიკინის არმიას, ხოლო შემდეგ ბოლშევიკურ ჯარებს, - ჩვენი სიმპატია, რა თქმა უნდა, მათ მხარეზე იყო. და ამიტომ ჩრდილო-კავკასიის ლტოლვილებმა თფილისში მეზობლური თავშესაფარი ჰპოვეს. და თუმცა მე არაფერი ვიცი იმის შესახებ, ყიდულობდენ თუ არა ისინი იარაღს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თვით მოკლებული იყო ყოველივე სამხედრო მოკაზმულობას, მაგრამ შესაძლებლათ მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ მთიელს ეკიდოს თფილისის სავაჭროებში ძველი ხანჯლები ან თოფები.
ბოლშევიკებისთვის რომ გვესიამოვნებია, ჩვენ ალბათ ერთი მხრით უნდა გვეცადა, სანამ დენიკინ-ლენინის ბლოკადა ჩვენს ხალხს დაამშევდა, მეორე მხრით კი უნდა გვეღალატნა ჩვენი მეზობლებისათვის იმ მომენტში, როცა ვრანგელ-ტროცკის იმპერიალიზმს მოჰქონდა მათზე იერიში! ეს მართლაც არ ჩაგვიდენია ჩვენ.
რა მიზნით აქვეყნებს „როსტა“ თავის მოჭორილ ცნობას?
მას უნდა თავისი მოჭორილი ბრალდებებით დაუკარგოს გავლენა იმ პროტესტის ხმას მოსკოვის უზურპატორების წინააღმდეგ, რომელიც უფრო და უფრო ძლიერად მოისმის დასავლეთ ევროპაში მოსკოვის ჯარების მიერ დაჭერილ, გაძარცვულ და დამშეულ საქართველოდან!
ნ. ჟორდანია
7 ოქტომბერი, 1921 წ.
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1921. - №11.
_________________
1. დოკ. 3-ში.
![]() |
6 Noe Jordania, leader of the Democratic Republic of Georgia in The Times (March 21, 1922) |
▲ზევით დაბრუნება |
To the editor of The Times ?
Sir, -Among the conditions laid down at the Cannes Conference concerning the invitation of the Government of Soviet Russia to the Conference of Genoa is one (clause 6) by virtue of which this government must abstain from any aggression against its neighboring states. ?
On January 21, 1921, the Supreme Council recognized the independence of Georgia de jure. Previous to this, on May 7, 1920 the Moscow Government signed a treaty with Georgia whereby they recognized complete Independence and sovereignty of the Georgian Republic and renounced for ever the right of interference in her internal affairs. In spite of this Treaty, the armies of Soviet Russia, without any formal declaration of war or any pretext whatsoever invaded Georgia on February 11-12, 1921. ?
Thanks to overwhelming superiority, both in number and technical equipment, and to the help of the Angora Government, the Bolsheviks, defeating the Georgian Army, seized Tiflis and towards the end of March, occupied Georgia. The Georgian Government found themselves compelled to leave the territory of the Republic. From this moment, Georgia came under military occupation???a situation analogous to that of Belgium, Serbia and the Northern departments of France during the World War. ?
The democratic institutions of the State were annulled, the independence of Georgia and the political freedom of the population abolished. Power now is in the hands of the so called ?Revolutionary Committee? appointed from Moscow, and composed of the late employees of the Moscow Soviet Government, who entered Georgia in the wake of the Russian armies. ?
These armies are the sole forces of the ?Revolutionary Committee?, governing the country by a regime of merciless terror. This so called ?Government? of Soviet Georgia remains absolutely foreign to the Georgian people, being opposed by all political parties of Georgia and all classes of society. ?
If conditions set forth at the Cannes Conference are not empty words, they must imply Russia's obligation to withdraw her armies from Georgia and restore the Georgian people their right of self-determination. It should be pointed out here that the very interest of Europe and peace of the world demand the application to Georgia of Clause 6 of the Cannes Conference. ?
(1) If Europe bears in silence the crying injustice committed against Georgia by the Government of Soviet Russia then this will mean the sanctioning of the right of any great power to attack its neighbours and seize their territory; ?
(2) While the Moscow armies are in Georgia, that is, on the frontiers of Asia Minor, there will be no peace in the Near East for, possessing Georgia, the Bolsheviks are practically the masters of Angora. ?
(3) Until the restoration of independence of Georgia and also of the other Transcaucasian Republics, there will be anarchy in Transcaucasia, which will undoubtedly hinder the economic development of this very rich country. ?
These are the considerations which impel the Georgian people and their representatives abroad to hope that the Great Powers, and in particular the Great Britain, will, in accordance with Clause 6 of the Cannes Conference, demand from the Bolsheviks the withdrawal of their armies from Georgia. ?
It is apparent that it would be advantageous to the study of the problem in all its aspects that the voice of Georgia should be heard prior to the Conference of Genoa, that is, the voice of her legal Government, elected by the people, and even in exile retaining unbroken connection with, and confidence of, their country. ?
Noe Jordania?President of the Georgian National Government
წყარო:
https://matiane.wordpress.com/2009/08/28/noe-jordania-leder-of-thedemocratic-republic-of-georgia-in-the-times-march-21-1922/
![]() |
7 ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი, „ტაიმზის“ რედაქტორს |
▲ზევით დაბრუნება |
სერ,
კანის კონფერენციაზე შეთანხმებული პირობებიდან, რომლებიც ეხება საბჭოთა რუსეთის მთავრობის მოწვევას გენუის კონფერენციაზე, ერთ-ერთი პირობის (მე-6 მუხლის) თანახმად, ამ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რაიმე აგრესიისგან.
1921 წლის 21 იანვარს უზენაესმა საბჭომ დე იურე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მანამდე კი, 1920 წლის 7 მაისს, მოსკოვის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა საქართველოსთან შეთანხმებას, რომლითაც იგი ცნობდა საქართველოს რესპუბლიკის სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და სამუდამოდ უარს აცხადებდა მის საშინაო საქმეებში ჩარევის ყოველგვარ უფლებაზე. შეთანხმების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთის ჯარი ომის ოფიციალური გამოცხადებისა და რაიმე საბაბის გარეშე 1921 წლის 11-12 თებერვალს შემოიჭრა საქართველოში.
რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის წყალობით, ასევე ანგორის მთავრობის მხარდაჭერით, ბოლშევიკებმა დაამარცხეს ქართული ჯარი, დაიპყრეს ტფილისი და მარტის ბოლოსთვის მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია. საქართველოს მთავრობას მოუწია რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება. იმ წუთიდან საქართველო მოექცა სამხედრო ოკუპაციაში, ისევე როგორც ეს მოუვიდა ბელგიას, სერბეთსა და საფრანგეთის ჩრდილოეთ დეპარტამენტებს [პირველი] მსოფლიო ომის დროს.
სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოს დამოუკიდებლობა და მოსახლეობის პოლიტიკური თავისუფლება გაუქმდა. ძალაუფლება გადავიდა ეგრეთ წოდებული „რევოლუციური კომიტეტის“ ხელში, რომელიც დანიშნულია მოსკოვის მიერ და შედგება მოსკოვის საბჭოთა მთავრობის მოხელეებისგან, რომლებიც საქართველოში რუსეთის ჯარს შემოჰყვნენ.
ეს ჯარი „რევოლუციური კომიტეტის“ ერთადერთი დასაყრდენია. კომიტეტმა ქვეყანაში უმოწყალო ტერორის რეჟიმი დაამყარა. საბჭოთა საქართველოს ეს ეგრეთ წოდებული „მთავრობა“ სრულებით უცხოა ქართველი ხალხისთვის და მას საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოების ყველა კლასი ეწინააღმდეგება.
თუ კანის კონფერენციაზე წამოყენებული პირობები ლიტონი სიტყვები არაა, მაშინ ის გულისხმობს რუსეთის მხრიდან ვალდებულებას, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და აღუდგინოს ქართველ ხალხს თვითგამორკვევის უფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ევროპისა და მსოფლიო მშვიდობის ინტერესებშია, საქართველოს მიმართ ამოქმედდეს კანის კონფერენციის მე-6 მუხლი.
(1) თუ ევროპა დუმილით შეხვდება საქართველოს მიმართ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილ აღმაშფოთებელ უსამართლობას, ეს ნიშნავს, რომ სანქცია მიეცემა ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოს უფლებას, თავს დაესხას მეზობლებს და მიიტაცოს მათი ტერიტორია.
(2) სანამ მოსკოვის ჯარი საქართველოშია ანუ მცირე აზიის საზღვრებთან, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ დამყარდება, რადგან საქართველოს დაპყრობით ბოლშევიკები პრაქტიკულად ანგორის ბატონ-პატრონები ხდებიან.
(3) საქართველოსა და სხვა ამიერკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღდგენამდე ამიერკავკასიაში იქნება ანარქია, რომელიც აუცილებლად შეაფერხებს ამ უმდიდრესი მხარის ეკონომიკურ განვითარებას.
სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე იმედოვნებენ ქართველი ერი და უცხოეთში მყოფი მისი წარმომადგენლები, რომ დიდი სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი, კანის კონფერენციის მე-6 მუხლის თანახმად, მოსთხოვენ ბოლშევიკებს საქართველოდან ჯარის გაყვანას.
ცხადია, ამ პრობლემის ყველა ასპექტში გასარკვევად სასურველი იქნებოდა გენუის კონფერენციამდე საქართველოს ანუ მისი კანონიერი მთავრობის მოსმენა, მთავრობისა, რომელიც ხალხმა აირჩია და დევნილობაშიც კი ინარჩუნებს უწყვეტ კავშირს თავის ქვეყანასთან და მის ურყევ ნდობას.
ნოე ჟორდანია
საქართველოს ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე
„ტაიმზი“, 1922 წლის 21 მარტი
ინგლისურიდან თარგმნა ლაშა გველესიანმა
![]() |
8 როგორ გავიგოთ სიმართლე საქართველოს შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „ფორვარდის“ რედაქციას
ძვირფასო ამხანაგო! თქვენი გაზეთის უკანასკნელ ნომერში მოთავსებულია წერილი ვ. პ. კოტსის, რომელიც ექომაგება ინგლისში საბჭოთა საქართველოს წარმომადგენლობის დაშვებას და გზადაგზა მთელ რიგ საკითხებს უსვამს ამხ. რამზეი მაკდონალდს.
ამ საკითხზე ამხ. მაკდონალდი თვით გასცემს პასუხს. მე კი მინდა და ვალდებულიც ვარ შევეხო არსებითათ ზოგიერთ მის მტკიცებას, მით უმეტეს, რომ ბ-ნი კოტსი თავის წერილში ილაშქრებს როგორც ჩემს, ისე საქართველოს სოც.-დემ. წინააღმდეგ.
1. ბ-ნი კოტსი ფიქრობს, რომ დავა სწარმოებს ქართველ სოც.-დემოკრატებსა და ქართველ ბოლშევიკებს შორის. მას ჰგონია, რომ ამ დავაში მოპირდაპირე მხარეებათ გამოვდივართ ჩვენ და საქართველოს საბჭოთა მთავრობა.
ნამდვილათ კი დავა არსებობს, ერთი მხრით, ჩვენს, ე.ი. საქართველოს ხალხის ნამდვილ წარმომადგენლებსა და, მეორე მხრით, მოსკოვის მთავრობას შორის.
მოსკოვის მთავრობამ უკვე 1920 წელს გადასწყვიტა ჩვენი ქვეყნის დაპყრობა და შეასრულა შემდეგ წელში ეს გეგმა, წამოიყვანა რა საქართველოს წინააღმდეგ 18, 20, 28, 32 ქვეითი დივიზიები მე-11 არმიის და 9, 31, 33, 34 ქვეითი დივიზიები მე-9 არმიის, მატროსების პოლკი, 12 და 18 ცხენოსანთა დივიზიები, ყაზახთა დივიზია, ცხენოსანთა რაზმები „განსაკუთრებულ დანიშნულებისა“, „კურსანტების“ რაზმები და სხვა სამხედრო ნაწილები ტანკებით და არტილერიით. ქართველი კომუნისტები ამ ჯარში არ ერია.
მაშასადამე, მხარეებათ ჩვენს დავაში ინგლისის საზოგადოებრივი აზრის წინაშე უნდა ვიყოთ ჩვენ და მოსკოვის მთავრობის წარმომადგენლები.
ეს წარმომადგენლები დიდი ხანია სხედან ლონდონში. რატომ არ იმართლებენ თავს იმ ბრალდებისაგან, რომელიც ჩვენ მათ წავუყენეთ? რატომ ცდილობენ ამოეფარონ უკან სხვა პირებს, მოსკოვის დაქირავებულ აგენტებს, რომელნიც მართავენ დღეს ჩვენს ქვეყანას საოკუპაციო ჯარის საშვალებით?
2. ბ-ნი კოტსი ცდილობს ისე მოაჩვენოს ქვეყანას, თითქოს ჩვენ გავურბოდეთ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა შეხვედრას.
მაგრამ აი ფაქტი, რომლის არსებობა ალბათ ბოლშევიკების ამ დამცველმა არ უნდა იცოდეს.
21 ივნისს 1921 წელს მე გავუგზავნე მისტერ ლანსბურს,გაზ ეთ „დეილი ჰერალდის“ რედაქტორს წერილი, რომელშიაც ვწერდი სიტყვა-სიტყვით შემდეგს:
ძვირფასო მისტერ ლანსბურ!
იმ ლაპარაკის დროს, რომელიც მე მქონდა თქვენთან ბრაიტონში ამა თვის 21-ს, თქვენ ეჭვი გამოთქვით იმაში, თუ რამდენათ შეეფერებოდა სინამდვილეს ის, რომელიც წარვუდგინეთ „ლაბურ პარტიის“ ყრილობას საქართველოზე მოსკოვის საბჭოთა მთავრობის თავდასხმის შესახებ, და ამის დასამტკიცებლათ, ე.ი. ჩვენგან მიცემული ცნობების შესადარებლათ იმ ცნობებთან, რომელიც გადმოცემული უნდა გქონოდათ მოსკოვის საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლებისაგან, თქვენ წინადადება მომეცით, შევხვედროდი ბ-ნ კრასინს, თქვენსა და თქვენი მეგობრების თანდასწრებით. მე სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება და თქვენც თავის თავზე იდევით ამ შეხვედრის მოწყობა. მაგრამ ეს შეხვედრა არ მოხდა ბრაიტონში ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო. მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ პარასკევამდე (1 ივნისამდე) ლონდონში ვრჩები და თუ თქვენ რაიმე ეჭვი გეპარებათ მოწოდებულ ცნობის სისწორე-სინამდვილეში, მე მზათ ვარ ერთ რომელიმე დღეს თქვენის, თქვენი მეგობრების და ბ-ნ კრასინის თანადასწრებით დაგიმტკიცოთ, რომ საქართველო გახდა მსხვერპლი მოსკოვის მთავრობის იმპერიალისტური შემოსევისა და დღესაც ამ მთავრობის ჯარებს აქვს იგი დაკავებული. გარწმუნებთ, რომ უღრმესი პატივისცემა თქვენდამი პირადათ და იმ პარტიისადმი, რომელსაც თქვენ ეკუთვნით, არის მიზეზი ჩემი წრფელი სურვილის, გაგაცნოთ თქვენ სრული სიმართლე საქართველოს შესახებ.
ამის საპასუხოთ მისტერ ლანსბურმა შემდეგი სტრიქონები მომწერა:
ძვირფასო ბ-ნო ჟორდანია!
ალბათ გაუგებრობას უნდა ქონდეს ადგილი თქვენ მხრივ იმის შესახებ, რაც მე დაგპირდით, როდესაც ბრაიტონში ვიყავი. მე გითხარით, რომ შევეცდები მოვაწყო თქვენი შეხვედრა კრასინთან.
მე დავუბრუნდი მუშაობას მხოლოდ კვირას, რადგან შაბათს ქაღალდი ჯერ კიდევ დაბეჭდილი არ იყო. ორშაბათს მივსწერენ ბ-ნ კლიჩკოს, გავუგზავნე ყველა ის დოკუმენტები, რომელიც თქვენგან მივიღე და წინადადება მივეცი თქვენი შეხვედრის. ახლა ვუცდი მის პასუხს და მიღებისთანავე გაცნობებთ. მაგრამ თქვენ ძალიან მცირე ვადას გვაძლევთ, თუ მართლა პარასკევს მიდიხართ, რადგან ყველა ჩვენგანი საქმითაა დატვირთული.
თქვენი ლანსბური.
და ამის შემდეგ მე არ მიმიღია მ-რ ლანსბურისაგან არც ერთი სიტყვა. არ მიმიღია უკან ის საბუთებიც კი, რომელიც გადავეცი მას მხოლოდ მოკლე ვადით იმ პირობით, რომ უკანვე დაებრუნებია.
ალბათ ლანსბური თვითონაც დღემდე უცდის პასუხს მოსკოვის წარმომადგენელისაგან ლონდონში.
მე ვსარგებლობ შემთხვევით და ხელახლა ვიმეორებ, რომ მზათ ვარ შევხვდე ბ-ნ კრასინს ინგლისის პროლეტარიატის თანადასწრებით და წავუყენო დამამტკიცებელი საბუთები იმ ბოროტი მოქმედების, რომელიც მისმა მთავრობამ ჩაიდინა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.
3. მისტერ კოტსი აცხადებს, შეუძლებელია საქმის გარჩევა 3,000 მილის სიშორეზე იმ ადგილიდან, სადაც მას ქონდა ადგილიო. მე ამას სრულიად ვეთანხმები. და აი ამიტომ ჩვენ დაბეჯითებით მოვითხოვდით გაგზავნილიყო საქართველოში საერთაშორისო შერეული კომისია, შემდგარი სოციალისტებისა და კომუნისტებისაგან, რომელიც ადგილობრივ გამოარკვევდა საქმის მდგომარეობას და შეიტყობდა ქართველი ხალხის ნამდვილ ნებისყოფას.
ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, რომ ამ კომისიაში მონაწილეობა მიეღო მისტერ კოტსს, რომელიც წინდაწინ დარწმუნებულია, რომ ბოლშევიკები ყველაფერში მართალი არიან მაშინაც კი, როდესაც დამოუკიდებელ პატარა ქვეყანას იპყრობენ, თავისუფალ ხალხს იმონებენ, მისგან შექმნილ დემოკრატიულ დაწესებულებებს ანგრევენ და ციხეებს კი მუშებითა და გლეხებით ავსებენ.
როგორც ვიცით, მოსკოვის მთავრობამ (თავის აგენტების პირით, რომელნიც თფილისში ყავს გაგზავნილი მმართველების თანამდებობაზე), უარი განაცხადა შერეული კომისიის დაშვებაზე საქართველოში.
მე ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ხელახლა გავიმეორო ჩვენი მოთხოვნილება ამ კომისიის შესახებ და ვფიქრობ, რომ მისტერ კოტსს ბევრი საბუთი არ დაურჩება ამ მოთხოვნის წინააღმდეგ.
4. მისტერ კოტსს სურს, რომ ჩვენ ამხ. მაკდონალდთან ერთათ ვიშუამდგომლოთ ინგლისის საგარეო სამინისტროს წინაშე ლონდონში „საბჭოთა საქართველოს წარმომადგენლის“ დაშვების სასარგებლოთ.
მაგრამ საბჭოთა საქართველო არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ვინაიდან მუშათა დეპუტატების საბჭოები დიდი ხანია ბოლშევიკებისგან გარეკილი არიან.
არსებობს მხოლოდ ოკუპაციით დაკავებული საქართველო და ამ ქვეყანაში არის ორი საწინააღმდეგო ძალა: საქართველოს ხალხი და რუსის საოკუპაციო არმია. ამ ჯარის სახელით, რომელიც მოსკოვის მთავრობისგან არის გამოგზავნილი, დაე, ამ მთავრობის წარმომადგენლებმა ილაპარაკონ.
მომჩივანი და მოპასუხე - ორივე აქ იმყოფებიან. ჩვენ ვიწვევთ მთელი ქვეყნის პროლეტარიატს ჩვენს მოსამართლეთ და მზათ ვართ, რასაკვირველია, ყოველ წუთს წარვუდგინოთ ჩვენი საქმე განსახილველათ ინგლისის მუშებს.
ხელახლა ერთი-ორათ უფრო დაჟინებით ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნილებას, რომ საკითხი გადაჭრილ იქნეს მუშათა ინტერნაციონალის არბიტრაჟით.
ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1922. - №16.
![]() |
9 საქართველო და ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა ლიგის ბ-ნ პრეზიდენტს!
ბ-ნო პრეზიდენტო!
როცა საქართველოს ტერიტორიას საბჭოთა ჯარები შემოესია, - ადამიანის უფლებათა ლიგამ დაუყოვნებლივ აღიმაღლა ხმა ამ აქტის გამო მოსკოვის დამპყრობელთა წინააღმდეგ პროტესტის გამოსაცხადებლათ. როცა შემდეგ საქართველოს ხალხი, თავდამსხმელთა უღელ ქვეშ მოქცეული, მწარეთ გმინავდა მისი სიმძიმისგან, ლიგის ბიულეტენის ფურცლებზე ჩვენ არა ერთხელ ამოგვიკითხავს მჭერმეტყველური სიტყვები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ლიგას სრულიადაც არ აქვს სურვილი გულგრილი მაყურებელი იყოს იმის, თუ როგორ აღრჩობს პატარა ერს დიდი მეზობელი.
და მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიგა, როგორც გამომხატველი საფრანგეთის დემოკრატიის მისწრაფების, უარს არ იტყვის მხარი დაუჭიროს პატარა საქართველოს ხალხს სწორეთ მაშინ, როცა მისი საკითხი შედის გადაჭრის ფაზაში.
თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ახლო მომავალში იკრიბება საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც უნდა გაარკვიოს ქვეყნებს შორის კომერციულ ურთიერთობის განახლებისა და ევროპის ეკონომიურათ აღდგენის საკითხი.
საბჭოთა რუსეთის მთავრობა, რომლის ჯარებს დაკავებული აქვს დღეს საქართველო, მოწვეულ იქნა ამ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებათ და უმაღლესმა საბჭომ, კანნაში შეკრებილმა, გარკვეულათ შემოხაზა პირობები ამ მთავრობის ოფიციალურათ ცნობის.
მე-6 მუხლი ამ პირობისა უთითებს რუსეთის „მოვალეობაზე, თავი შეიკავოს მეზობელ სახელმწიფოების მიმართ ყოველივე აგრესიული ნაბიჯისაგან“.
გამოუცნობელი იქნება ეს პირობა საქართველოს მიმართ?
აიძულებენ ჩვენი ქვეყნის დამპყრობთ, გაიყვანონ საქართველოდან თავის ჯარები და ასე საშვალება მისცენ ჩვენს ხალხს თვით განაგოს თავის ბედი?
აი, ეს არის საკითხი საერთაშორისო შეგნების, რადგან მხოლოდ ხალხთა შეგნებას შეუძლია გადასჭრას, დასაშვებია თუ არა განათლებულ კაცობრიობისთვის იარაღით ხელში შელახვა ადამიანის და ერის უფლებების!
თქვენ გეცოდინებათ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოსი. ხალხის დამოუკიდებლობა ფაქტიურათ მოსპობილია, დამფუძნებელი კრება და ადგილობრივი თვითმართველობანი გარეკილია, პოლიტიკური თავისუფლება გაუქმებულია, სატუსაღოები კი სავსეა საუკეთესო მოქალაქეებით, განსაკუთრებით სოციალისტებით; მუშები და გლეხები კატორღულ მდგომარეობაში არიან ჩაცვივნული, ეკონომიური ცხოვრება მოშლილია. ერთი სიტყვით, აი ასეთია საშინელება ბარბაროსული დესპოტიზმის და შიმშილობის ჩვენს ქვეყანაში.
აი, ასეთია შედეგი რუსეთის ოკუპაციისა საქართველოში.
და ეს ტანჯვა, რომელსაც განიცდის ჩვენი ხალხი შემოსეულ ოკუპანტებისაგან, განა შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობის დროს უყურადღებოთ იქნეს დატოვებული იმათგან, ვინც მოწადინებულია უფლების საფუძველზე დაამყაროს საერთაშორისო ურთიერთობა?
ჩვენ გვინდა, ჩვენ ვთხოულობთ, რომ საქართველოდან რუსის ჯარების გაყვანა წამოყენებულ იქნეს ევროპის მთავრობების მიერ, როგორც წინასწარი პირობა მოსკოვის მთავრობის ცნობის.
და ჩვენ გთხოვთ, ბ-ნო პრეზიდენტო, რომ ადამიანის უფლებათა ლიგის მთელი ავტორიტეტი და მორალური ძალა მოახმაროთ საქართველოს სამართლიან მოთხოვნილების დაცვას.
მიიღეთ, ბ-ნო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა.
ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1922. - №1
![]() |
10 საქართველოს დასაცველათ |
▲ზევით დაბრუნება |
პასუხი ოპონენტებს
(ეს წერილი დაიბეჭდა ინგლისის სოც.-დემ. გაზეთ „ფორვარდში“)
მ. ხ.
თქვენი პატივცემული გაზეთის 21 და 28 იანვრის და 4 თებერვლის №№-ში მოთავსებულია ვრცელი წერილები ა. პ. ლ.-ის სათაურით: „ბოლშევიკების შემოსევა საქართველოში“ და კოტსის წერილი, ჩემდამი მიმართული. ორივე ავტორი თავის წერილებში მოსკოვის მთავრობის დამცველთა როლში გამოდიან. ამიტომ ნება მიბოძეთ, აქვე გავსცე პასუხი ორივე ავტორს.
დავიწყოთ ბ-ნი ა. პ. ლ.-დან. მის წერილს არ ეტყობა, რომ მისი ავტორი კარგათ იცნობდეს საქართველოს საკითხს, ან დაინტერესებული იყოს მით. საქართველოს საკითხს ის უყურებს, როგორც ინგლისის მუშათა კლასის ლიდერებთან ანგარიშის გასასწორებელ საშვალებას. რამდენათ მართალია ის, როცა ინგლისის საქმეებზე ლაპარაკობს, ამას მე არ შევეხები. მაგრამ თუ ამ სფეროშიაც ის ისეთსავე ცოდნას იჩენს, როგორც საქართველოს საკითხში, - ეს კი არ შეიძლება მივულოცოთ.
მართლაც:
1) ბ-ნი ა. პ. ლ. მოგვითხრობს, როგორც უდავო ფაქტს, თითქოს 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში მუშათა უმცირესობას მოეხდინოს აჯანყება გლეხთა უმრავლესობის წინააღმდეგ და ამით იყოს გამოწვეული რუსეთის ჯარის შემოსვლა საქართველოში.
ნამდვილათ კი ასეთი ვერსია ცარიელი ფანტაზიაა.
საქართველოში ისე, როგორც რუსეთში, შეუძლებელია ასეთი დაპირდაპირება „მუშების“ და „გლეხების“, როგორც მაგ., ინგლისში ან გერმანიაში. იქ, სადაც მუშებს შენარჩუნებული აქვთ კავშირი მიწასთან და სოფელთან, სადაც მათი ოჯახები ხშირათ გლეხებთან ერთათ ცხოვრობენ, როცა თვითონ ისინი ქარხნებში მუშაობენ, ასეთ ქვეყნებში, ვამბობ მე, მუშები და გლეხები ბუნებრივათ წარმოადგენენ ცოტათ თუ ბევრათ ერთნაირ მასსას როგორც პოლიტიკური იდეალებით, ისე თავის ყოფა-ცხოვრებით და ფსიხოლოგიით.
ამიტომ არც რუსეთში და არც საქართველოში არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო „მუშათა უმცირესობის აჯანყება გლეხთა უმრავლესობის წინააღმდეგ“, და ეს სრულიად ბუნებრივია ამ ქვეყნების დღევანდელ ეკონომიურ განვითარების საფეხურზე.
საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი თვისება ამ უკანასკნელ წლებში იყო სწორეთ ის, რომ გლეხთა დიდი უმრავლესობა მუდამ მუშებთან ერთად მიდიოდა და ამ ორ სოციალურ ჯგუფს შორის არავითარ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლას და დავას ადგილი არ ქონია.
ასე იყო ოთხივე სახელმწიფო დუმის არჩევნების დროს, ასე იყო 1917 წლის რევოლიუციაშიც, დამფუძნებელ კრების არჩევნებშიც, დამოუკიდებელ საქართველოს 3 წლის არსებობის განმავლობაში და, რასაც განსაკუთრებით მივაქცევ ბ-ნ ა. პ. ლ.-ს ყურადღებას, - ასე იყო საქართველოს თავდაცვის საქმეშიაც საბჭოთა რუსეთის ჯარების თავდასხმის დროს.
თუ რომელიღაც „იტალიელი სოციალისტი“, - მოსკოვის ინტერნაციონალის წევრი, - მხარს უჭერს გაზეთ „ავანტ“-ში იმ ვერსიას, რომელიც ამბობს, თითქოს ბოლშევიკები საქართველოში აჯანყებულ მუშების დასახმარებლათ იყვენ შემოსული, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იტალიაშიაც ყოფილა ერთი ისეთი სოციალისტი, რომელმაც თავი მოატყუებინა მოსკოვის აგენტებს სწორეთ ისე, როგორც ა. პ. ლ.-მა... თვით ბოლშევიკებმა ძალიან კარგათ იციან ამ მტკიცების ფასი და ღირსება. ამიტომაა, რომ ისინი არსებით პასუხს ვერ იძლევიან დღემდე ჩვენს ბრალდებებზე. ამიტომაა, რომ ისინი უარს ამბობენ საქართველოში ევროპის სოციალისტების და კომუნისტებისგან შემდგარი შერეული საანკეტო კომისიის დაშვებაზე.
2) ბ-ნ ა. პ. ლ.-ს უკვირს, რომ ჩვენ პროტესტით მივმართეთ ევროპის პროლეტარიატს საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოსევის გამო, მაშინ როდესაც ხმა არ ამოგვიღია, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისის ჯარები იმყოფებოდენ.
ავტორი ცხადია, ვერ ამჩნევს, რა განსხვავებაა ამ ორ მოვლენას შორის: საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოვიდენ ჩვენში ომით; მათ მოსპეს რესპუბლიკის ყველა დემოკრატიული დაწესებულებები, გააუქმეს სამოქალაქო თავისუფლებები, ძალით მოახვიეს ხალხს თავის მართველობა და დღესაც განაგრძობენ მოძალადეობის რეჟიმს. ინგლისის ჯარი კი შემოვიდა ჩვენში გერმანელ და ოსმალთა ჯარების შესაცვლელათ, თანახმად ზავის პირობებისა და ისიც დროებით. ისინი სრულიადაც არ ჩარეულან ჩვენს შინაურ საქმეებში, არ შეულახავთ ჩვენი სახელმწიფო დაწესებულებები, არ გაუუქმებიათ მოქალაქეთა უფლებები და არც შეხებიან ჩვენში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობას.
რაც შეეხება ქ. ბათუმს, უნდა ვთქვათ, რომ ბ-ნ ა. პ. ლ.-ს, რომელსაც რუსეთის საქმეების კარგ მცოდნეთ მოაქვს თავი, არ უნდა დავიწყებოდა ის გარემოება, რომ ბათუმი ბოლშევიკებმა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით ჩამოსჭრეს საქართველოს და გადასცეს ოსმალეთს; ინგლისელებმა კი ეს ქალაქი ჩამოართვეს ოსმალეთს და შემდეგ, 1920 წლის ივლისში, საქართველოს რესპუბლიკას დაუბრუნეს.
ამის შემდეგ გასაკვირველი არ უნდა იყოს, რომ ჩვენ არ გაგვიცხადებია პროტესტი ჩვენში ინგლისის ჯარის ყოფნის წინააღმდეგ, ხოლო მთელი ჩვენის ენერგიით ვაცხადებდით პროტესტს იმ საოკუპაციო და ტერორისტულ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის მართველობამ შემოიღო საქართველოში.
3) ბ-ნი ა. პ. ლ. ცოდვათ გვითვლის ნეიტრალიტეტის დაცვას რუსეთის სამოქალაქო ომში.
აქ კი ჩვენ შორის პრინციპიალური განსხვავებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყნის სახელმწიფო წყობილება უნდა გამომდინარეობდეს მის მცხოვრებთა სურვილისაგან და შინაგან საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებისაგან, და რომ შეუძლებელია გარედან, ხიშტების საშვალებით ხალხისთვის ამა თუ იმ მართველობის თავზე მოხვევა. ბ-ნი ა. პ. ლ. კი წინააღმდეგია ინტერვენციის, როცა ის მისი მეგობრების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ მზათ არის ქებათა-ქება შეასხას ასეთ ჩარევას და პირდაპირ მოითხოვოს იგი, როცა იგი მის სასურველ პარტიას უწევს დახმარებას.
ამ საკითხში ჩვენ, რასაკვირველია, ვერ შევრიგდებით.
მაგრამ გარდა ამ პრინციპიალური განსხვავებისა, ბევრი რამ ბ-ნ ა. პ. ლ.-ს წერილში წმინდა გაუგებრობაზეა დამყარებული. მაგ., ის ჩვენ გვიკიჟინებს, ალექსეევს და კრასნოვს რატომ არ დაესხით თავს მათი ოპერაციების დასაწყისშივე 1918 წელსო. მაგრამ ამ თეთრი გენერლების ძალთა დაგროვება ხდებოდა დონზე, რომელიც 1000 კილომეტრით არის დაშორებული საქართველოს საზღვრებზე. ბ-ნ ა. პ. ლ.-ის აზრით, ჩვენ უნდა გაგვეგზავნა ჩვენი ჯარები როსტოვსა და ნოვოჩერკასკში, გზა და გზა დაგვეპყრო ყუბანის, თერგის და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები, რომელნიც თავის ნებით, რასაკვირველია, არ გაატარებდენ თავის ტერიტორიაზე ჩვენს შეიარაღებულ ჯარებს. ეს ისეთი აბსურდი გამოუდის ბ-ნ ა. პ. ლ.-ს, რომ ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, რომ ბ-მა ა. პ. ლ.-მა არ იცის, სად რა არის, არ იცის, სად იყო 1918 წელს ალექსეევ-კრასნოვი და სად - საქართველო.
მაგრამ ბ-ნ ა. პ. ლ. ისტორიაშიაც არა ნაკლებ სუსტია, ვინემ გეოგრაფიაში. მაგ., ის თავს ესხმის კერენსკის დროებით მთავრობას და უსაყვედურებს, ფინლიანდიის მუშებს დახმარება არ აღმოუჩინა 1918 წელს აჯანყების დროსო. ეს მოღალატეობაა! - გაიძახის ბ-ნი ა. პ. ლ. - კეთილი, მაგრამ ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობა? 1918 წელს დროებითი მთავრობა რუსეთში უკვე არ არსებობდა, იყო მხოლოდ ლენინის მთავრობა. და აი, ეს მთავრობა იცავდა ნეიტრალიტეტს პეტროგრადიდან 50 ვერსტის მანძილზე გაჩაღებულ სამოქალაქო ომის მიმართ, რომელიც, აქვე უნდა ითქვას, თვით მისგან იყო გამოწვეული.
ცხადი არის, რომ ბ-ნი ა. პ. ლ. ტყვილათ გვისაყვედურებს სამოქალაქო ბრძოლაში ჩაურევლობას 1000 კილომეტრის სიშორეზე თფილისიდან და ისიც ისეთ ბრძოლაში, რომლის გაჩაღებაში ჩვენ არავითარი წილი არ გვიდევს!
და ბოლოს, ალექსეევ-დენიკინის და ლენინ-ტროცკის სახით სამოქალაქო ბრძოლაში ერთმანეთს დაეტაკა ორი დიქტატურა: შავი და წითელი. ორივე მხარე ერთნაირათ უარყოფდა დემოკრატიას, ხალხის სუვერენიტეტს და პოლიტიკურ თავისუფლებას; ორივე მხარე ემყარებოდა ხიშტების ძალას და თავის ბატონობის ტერორის საშვალებით დამყარებას; ორივე მხარეები ერთნაირათ მტრულათ უყურებდენ საქართველოს რესპუბლიკას, როგორც დემოკრატიულ ოაზისს.
ასეთ პირობებში, ცხადია, ჩვენ ერთათ-ერთი მიზანი უნდა გვქონოდა: საკუთარ საზღვრებზე გამაგრება და ხან ბოლშევიკების, ხან დენიკინელების შემოსევისაგან თავის დაცვა იმის მიხედვით, თუ რომელი ძალა მოუახლოვდებოდა ჩვენს საზღვრებს.
4) ბ-ნი ა. პ. ლ. თვითონაც გრძნობს, რა სუსტია მისი პოზიცია და ამიტომ საკითხის არსებითათ დაყენებას გაურბის. ის მხოლოდ წვრილმანებზე აჩერებს თავის ყურადღებას და მრავალ მცირე შენიშვნებს ეტანება, რომელნიც საქმეს სრულიად არ ეხებიან.
რატომ მისცა 1920 წელს ინგლისის მთავრობამ პასპორტები მაკდონალდს, შოუს, ქ-ნ სნოუდენს საქართველოში წასასვლელათ და არ მისცა 1917 წელს პასპორტები რუსეთში წასასვლელათ დამ. მუშ. პარტიის ზოგიერთ წევრებს?
რატომ 1921 წელს მე მომცეს ნება ლონდონში მოსვლის, ხოლო 1919 წელს ამხ. ლონგემ ვერ მიიღო ასეთი ნებართვა?
მე, როგორც დემოკრატი, წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი საპასპორტო შეზღუდვების და ჩვენში, საქართველოში ბოლშევიკების შემოსევამდე არავითარ ამგვარ შევიწროებას ადგილი არ ქონია.
ბ-ნი ა. პ. ლ.-ც სჩანს, ჩემსავით წინააღმდეგია ამ სახის აკრძალვების, მაგრამ ეს რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო არ უშლის მას დაიცვას ბოლშევიკები, რომელთაც არა თუ წაართვეს თავის მოქალაქეებს უცხოეთში წასვლის უფლება, არამედ სახელმწიფოს შიგნით ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლასაც არ ანებებენ.
ხოლო თუ ა. პ. ლ.-ს არ ესმის, რატომ გასცა ადვილათ ინგლისის საგარეო სამინისტრომ პასპორტები 1921 წელს და არ გასცა 1917 და 1919 წლებში, მაშინ უნდა მოვახსენო, რომ 1917 წელს ომი ისევ სწარმოებდა, ხოლო 1919 წელს ის-ის იყო ჩამოვარდა ზავი. ამიტომ იყო, სხვათა შორის, რომ ჯერ კიდევ სოციალისტური დელეგაციის ჩამოსვლამდე საქართველოში, ინგლისის მუშ. დელეგაციამ მიიღო პასპორტები საბჭოთა რუსეთში წასასვლელათ.
5) და ბოლოს, რა წყაროებიდან კრეფს თავის ცნობებს ბ-ნი ა. პ. ლ.?
სოციალისტების მოწმობას ის არ უჯერის, ჩვენი მუშების მოწოდებებს და მიმართვას განზე სდებს. სამაგიეროთ, ებღაუჭება რომელიღაც ინგლისელი კომერსანტის ცნობებს, რომელიც სწერს საქართველოს რესპუბლიკაზე „ნევ სტატემ“, მოსაქმე კაცის თვალსაზრისით, რომელსაც შეიძლება თავის გადაჭარბებული კომერციული ანგარიშები არ გაუმართლდა და ამიტომ საქართ. დემ. რესპუბლიკის მთავრობაზეა გაჯავრებული. ასეთი მოწმეები ბ-ნ ა. პ. ლ.-ს შეუძლია საკმაოთ იშოვნოს.
ბ-ნი ა. პ. ლ. ხშირათ იხსენიებს აგრეთვე მარტოვს და მის ავტორიტეტს დიდის ნდობით ეპყრობა. მაგრამ მას ამავე დროს სრულიად ავიწყდება ერთი რამ, ამცნოს თავის მკითხველებს ის, რომ მარტოვი ენერგიულ პროტესტს უცხადებს საქართველოს რესპუბლიკაზე ბოლშევიკების თავდასხმას და მოითხოვს იქიდან რუსის საბჭოთა ჯარების გაყვანას.
რა დასკვნების გამოყვანა შეიძლება ამ რიგათ ბ-ნ ა. პ. ლ.-ის ვრცელი წერილიდან?
1. ავტორი სწერს იმაზე, რაც არ იცის.
2. მიიღო რა თავის თავზე უიმედო საქმის დაცვა, ის იძულებულია არსებითი საშუალების ნაცვლათ წვრილმანი შენიშვნებით და ჩხირკედელაობით გაგვიმასპინძლდეს ჩვენ და ჩვენს ინგლისელ მეგობრებს.
გადავიდეთ ბ-ნ კოტსის წერილზე.
ეს ავტორი ახლაც ხელაღებით ამტკიცებს, თითქოს საქართველო დღესაც დამოუკიდებელ რესპუბლიკას წარმოადგენდეს და მაზე მოსკოვის ხელის-უფლება არ ვრცელდებოდეს. ეს სრული შეცდომაა. მართლაც და, ეგრეთ წოდებული „საქ. რევოლ. კომიტეტი“ ქართველ მუშებს და გლეხებს არ აურჩევიათ, ისინი მოსკოვის მთავრობამ დანიშნა თავის ძველი მოსამსახურეებიდან. ასე მაგ., რევ. კომ. თავმჯდომარეთ დანიშნულია ბ. მდივანი, რომელიც წინეთ მოსკოვის ელჩათ იყო ანგორაში. მის ამხანაგათ არის ს. ქავთარაძე - თანაშემწე მოსკოვის ელჩისა თფილისში; სამხედრო კომისრათ - ელიავა, რომელიც ამავე თანამდებობაზე იყო თურქესტანში; შინაგან საქმეთა კომისრათ - კვირკველია, რომელსაც იგივე პოსტი ეჭირა ჩრდილო-კავკასიაში; ჩეკას თავმჯდომარეთ - კ. ცინცაძე, ამავე თანამდებობაზე იყო ჩრდილო-კავკასიაში, და ასე ბოლომდე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ეს პირები (გარდა ს. ქავთარაძისა) რუსის ჯარებს შემოყვენ საქართველოში.
მეორე გარემოება არანაკლებ დამახასიათებელია: ერთათერთი რეალური ძალა, რომელსაც ეს ვაჟბატონები ეყრდნობიან საქართველოში, - ეს საოკუპაციო რუსული ჯარებია. სხვა შეიარაღებული ძალა საქართველოში არ არსებობს, რადგან ქართულ „წითელ ლაშქრის“ შედგენაზე ბოლშევიკებმა თითონ აიღეს ხელი.
და მე ვეკითხები ყოველ მიუდგომელ მკითხველს: შეიძლება ასეთ პირობებში რომელიმე ქვეყნის ნამდვილ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი?
აი, ამიტომ მე ხელახლა ვაცხადებ, რომ დავა გვაქვს არა უუფლებო მოსკოვის ნოქრებთან, რომელნიც თფილისში მსახურებენ, არამედ მოსკოვის მთავრობასთან, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ძალით დაიკავა. „ხაზეინებს“ ძალიან კარგი წარმომადგენლობა ყავთ ლონდონში და შეუძლიათ თვითონ იზრუნონ იმაზე რომ თავის ნოქრები გვერდში ყავდესთ საქმის გარჩევის დროს.
რომ ბ-ნ კოტსს მართლა აინტერესებდეს საქართველოს საკითხის გადაჭრა ინგლისის შეკავშირებული მუშების წინაშე, - ის მხარს დაუჭერდა ჩვენს მოთხოვნილებას არბიტრაჟის შესახებ ჩვენსა და მოსკოვს შორის. მაგრამ შეიძლება საქართველოს საკითხი უფრო ნაკლებ აინტერესებს, ვინემ ქართველ კომუნისტებისთვის პასპორტების მიღება?
თუ ასეა, მე პირდაპირ უნდა ვუპასუხო მის მიერ დასმულ კითხვებზე:
ჩვენი ქვეყანა დაპყრობილია მტრისაგან, რომელიც თვალთ უნახავი სისასტიკით სტანჯავს ხალხს. ქართველი ერის თავისუფლება მოსპობილია, მისი დემოკრატიული დაწესებულება - დანგრეული, მისი დამოუკიდებლობა - არარათ ქცეული. ქართველი მუშები შრომის მილიტარიზაციის გამო უუფლებო კატორღელებათ არიან გადაქცეული. ათასობით მუშები გადასახლებულია უცხოეთში, ათასობით სოციალისტები და მოწინავე მუშები ციხეებში იტანჯებიან, ათასობით მოქალაქეები იძულებული არიან ტყეებს შეაფარონ თავი, რომ ბოლშევიკურ ჯალათებისგან იხსნან თავის სიცოცხლე.
და ბ-ნი კოტსი მე მაძლევს წინადადებას, მასთან ერთათ გავწიო შუამდგომლობა ამ ჩვენი ქვეყნის ჯალათების სასარგებლოთ!
მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, თუ ეს ვაჟბატონები წაბრძანდებიან იქ, სადაც მათ მოესურვებათ. მაგრამ ქართველი მუშები და ქართველი ხალხი, რომელმაც მე მომანდო თავის ინტერესების დაცვა, ვერასოდეს ვერ მიხილავს მისი მტრებისა და მტარვალების დამცველთა როლში.
ჩვენ ვუთმობთ ბ-ნ კრასინს და კოტსს მათზე ზრუნვას. ჩემი ხმა კი მათსას არასოდეს არ შეუერთდება.
რომ საბოლოოთ მოვრჩეთ ბ-ნ კოტსთან კამათს, აი კიდევ ერთი ნიმუში იმის, თუ რა გადაჭარბებულ ერთგულებას იჩენს ის ბოლშევიკების დაცვის საქმეში.
ის ირწმუნება, თითქოს უკანასკნელ საბჭოთა არჩევნების დროს საქართველოში, მიუხედავათ ჩვენი პარტიის მიერ (ნამდვილათ ბოიკოტს მიემხრო ყველა პოლიტიკური პარტიები საქართველოში) გამოცხადებულ ბოიკოტისა, - მუშათა და გლეხთა 80% მიეცეს ხმა ბოლშევიკებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ამის მტკიცება თვით ბოლშევიკებსაც არ გაუბედიათ: ისინი თავს იწონებენ იმით, რომ არჩეულ კომუნისტებში 80% კომუნისტებიაო. მაგრამ ეს % ძლიერ მცირეა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ პირობებს, რომელშიაც ხდებოდა არჩევნები, როგორც ამას ჩვენი ცენ. კომ. მოწოდება გვიჩვენებს. მაგრამ ბოლშევიკური წყაროები უმალავენ მკითხველებს იმას, რომ საარჩევნო კრებებზე, რომელსაც 500-მდე კაცი ესწრებოდა, არჩეულათ აცხადებდენ ისეთ კანდიდატს, რომელმაც 5-6 ხმა მიიღო, დანარჩენი ხმები კი ბათილდებოდა.
მაგრამ შეიძლება კი განა სერიოზულათ ლაპარაკი თავისუფალ არჩევნებზე იმ ქვეყანაში, სადაც არავითარი პოლიტიკური თავისუფლება არ არსებობს?
რას იტყოდა ბ-ნი კოტსი, ინგლისის მთავრობას რომ მოესურვებია ასეთი არჩევნების მოხდენა მის ქვეყანაში?
ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1922. - №18.
![]() |
11 სვანეთის გარშემო |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერნაციონალში
საქართველო თავისუფლების ღირსია და ღირსია მისი ის მთის შვილები, რომელთაც მიუვალ კლდეებში ამართეს საქართველოს წმინდა ალამი, დღეს წითელი იმპერიალისტებისაგან შეურაცხყოფილი.
სვანეთი, რომელმაც ნახევარ წელზე მეტია, იარაღით ხელში მოითხოვეს ის, რაც მთელ ქართველ ერს ასულდგმულებს - რუსის ჯარის გაყვანა საქართველოდან და თავისუფალი არჩევა თავის მთავრობის - დღეს მთელი ევროპის ყურადღებას იპყრობს. პირველ ყოვლისა, მათ გამოეხმაურა ევროპის ჩაგრული კლასი პროლეტარიატი და მისი გამოჩენილი ბელადები.
სისხლ მოწყურებულ ბოლშევიკებს ჯარმა, რომელსაც ნაბრძანები ქონდა გენუის კონფერენციამდე დაეპყრო ეს მთის არწივების ბუდე, იმედი გაუცრუათ: გენუამაც და მთელმა კაცობრიობამ გაიგო ის, რაც მათ სურდათ სისხლის მორევში ჩაემარხათ.
და სვანეთის მებრძოლთ ხმა მისცა ევროპამ.
ნ. ჟორდანიამ შემდეგი დეპეშა გაუგზავნა მეორე და ვენის ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტების, მათი სეკრეტრების სახელზე:
„დეპეშა. ადლერს, მაკდონალდს.
გასულ ზაფხულს დასავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში, სვანეთში, მცხოვრებლებმა გარეკეს რევკომები და დაამყარეს დემოკრატიული მმართველობა. სექტემბერში აჯანყებულთა წინააღმდეგ გაგზავნილი რუსის ჯარები დამარცხებულ იქნენ და სვანეთმა მას შემდეგ შეინარჩუნა თავისუფლება. ნოემბერში აჯანყებულებმა გაუგზავნეს ბოლშევიკურ მთავრობას თფილისში დელეგაცია, რომლის პირითაც მოითხოვდენ საოკუპაციო ჯარების ევაკუაციას და ქართველი ხალხისათვის მთავრობის თავისუფლად არჩევის უფლების აღდგენას. ბოლშევიკებმა უკუაგდეს ეს მოთხოვნილებები. მაშინ სვანებმა გაამაგრეს თავიანთი საზღვრები და დაუკეტეს გზა ბოლშევიკებს. მარტში რუსის ჯარებმა დაიწყეს შეტევა სვანეთის წინააღმდეგ ოთხი მიმართულებით: ორი მიმართულებით ჩრდილოეთიდან (რუსეთის მხრით) და ორი მიმართულებით სამხრეთიდან (ქუთაისის მხრით). ომი გრძელდება ხან ერთის და ხან მეორე მხარის წარმატებით. აჯანყება ფართოვდება, ედება აგრეთვე მეზობელ რაიონებს - რაჭას და ლეჩხუმს. აჯანყებულებმა, პარლამენტიორების პირით, განაახლეს მოთხოვნილება საქართველოს ოკუპაციის მოხსნის შესახებ და წინადადება მისცეს მტერს ტყვეების გაცვლის შესახებ, აღუთქვეს თითოეულ აჯანყებულში სამი რუსის ჯარისკაცის მიცემა. ოკუპანტები უარს ამბობენ ყოველივე მოლაპარაკებაზე, აგროვებენ ჯარებს დასავლეთ საქართველოში და აორკეცებენ რეპრესიებს მშვიდობიან მცხოვრებლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით გურიის მხარეში. ხალხის აღელვება უკიდურეს წერტილს აღწევს და ეს ბადებს საერთო კატასტროფის საშიშროებას. გთხოვთ, საჩქაროთ მიიღოთ ზომები სისხლისღვრის შესაჩერებლათ, მოუწოდოთ მოსკოვს დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედება, ჩამოაგდოს დროებითი ზავი და მიიღოს სამივე ინტერნაციონალების შუამავლობა კონფლიქტის სალიკვიდაციოთ. გთხოვთ, დაუყონებლივ დააყენოთ ეს კითხვა ცხრათა კომისიაში“.
ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1922. - №21.
![]() |
12 ღია წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
„ჰუმანიტეს“ რედაქტორს, მოქ. კაშენს1
თქვენი გაზეთის 6 მაისის ნომერში მოთავსებულია ინტერვიუ თფილისის ბოლშევიკურ მთავრობის თავმჯდომარის ბ. მდივანის, რომელიც ასეთი ხელისხელ საგოგმანებელი განცხადებით თავდება:
„მე ვაცხადებ კატეგორიულათ, რომ იმ დღიდან, რაც საქართველოს მშრომელმა კლასმა ნება-სურვილით დაამყარა საბჭოთა რეჟიმი საქართველოში, არც გაფიცვას და არც, მით უმეტეს, რაიმე აჯანყებას ადგილი არ ქონია“.
მე არ მინდა აქ პოლემიკა გავმართო თქვენთან, ან დავფარო თქვენი გაზეთის პოლიტიკური და მორალური პოზიცია საქართველოს საკითხში. თუ თქვენ თქვენს მოვალეობად მიგაჩნიათ, გაამართლოთ უფრო ძლიერი დიდი მეზობლის თავდასხმა პატარა ქვეყანაზე; თუ თქვენ იცავთ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმს, სამხედრო რეპრესიებს, უკანონოთ დატუსაღებას, - ეს თქვენი პოლიტიკური რწმენის და შეგნების საქმეა. მე არ მინდა, მით უმეტეს, შევეხო თქვენს იმ ყალბ დებულებებს, რომელიც გაფანტულია თქვენს წერილებში საქართველოს შესახებ. გაზეთის რედაქტორს ვერ მოვთხოვთ, რასაკვირველია, რომ დაწვრილებითი და უტყუარი ცნობები ქონდეს ყოველ საკითხის შესახებ: შეიძლება ნაკლებ სინდისიერმა ინფორმატორმა ბოროტათ ისარგებლოს მისი ნდობით და შეცდომაში შეიყვანოს იგი.
მე მინდა ვიფიქრო, რომ სწორეთ ასეთი იყო თქვენი მდგომარეობა თქვენი კამპანიის დასაწყისში საქართველოს წინააღმდეგ: მთელი წლის განმავლობაში თქვენ გარწმუნებდენ, თითქოს რუსის ჯარები არ შეჭრილან საქართველოში. და თქვენ ამასვე იმეორებთ დღესაც, როცა თქვენმა ინფორმატორებმა, - მე ვგულისხმობ მოსკოვის მთავრობას, - რადეკის პირით უკვე აღიარა ბერლინში, რომ მათი ჯარი მართლაც შეესია და დაიპყრო საქართველო... მოსალოდნელი იყო, რომ ეს გაკვეთილი შემდეგში მაინც გამოიწვევდა თქვენს უნდობლობას იმ პირთა ცნობების მიმართ, რომელთაც ასე დაგატყუეს საქართველოზე თავდასხმის საკითხში. მაგრამ თქვენ მაინც ხალას ჭეშმარიტებათ ასაღებთ ყოველივეს, რასაც ისინი გაწვდიან. საქმე ეხება არა სინამდვილის ასე თუ ისე სუბიექტიურ დაფასებას, არა თეორიულ საკითხს, არამედ ფაქტიურ სისწორეს.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფალნი არიან თუ არა ცნობილი ხალხისაგან? დღევანდელი მუშათა საბჭოები მუშებისგან არიან არჩეული თუ საოკუპაციო მთავრობის დაყენებული?
გამოსთქვეს თუ არა საქართველოს მუშებმა საყოველთაო გაფიცვით, პეტიციებით, დემონსტრაციებით თავისი სიძულვილი ბოლშევიკური მმართველობისადმი? და წითელი ჯარი, რომელსაც უპყრია საქართველო, ვის იცავს: ხალხს ანტანტისაგან, თუ ბოლშევიკურ მთავრობას ხალხის რისხვისაგან? სვანეთი და სხვა მთის რაიონები საქართველოში აშკარათ აჯანყებული არიან თუ არა ოკუპანტების წინააღმდეგ?
თქვენ იცით ჩვენი პასუხი ამ კითხვებზე, რომელნიც სრულიად ეწინააღმდეგება თქვენი ინფორმატორის ცნობებს. ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი?
მთელი წელიწადია ჩვენ მოვითხოვთ ევროპის სოციალისტური და კომუნისტური პარტიებისაგან საქართველოში შერეული კომისიის გაგზავნას, რომელსაც შეეძლება ადგილობრივ შეისწავლოს მდგომარეობა და გაიგოს ხალხის ნება-სურვილი.
თქვენ გწამთ იმის სიმართლე, რასაც თქვენი ინფორმატორები გაწერინებენ საქართველოს შესახებ. მაშინ თქვენ უნდა მიემხროთ ამ ჩვენს წინადადებას. და მე მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ ასეც მოიქცევით.
პასუხის მომლოდინე ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1922. - №23.
______________
1. მოთავსებულია მრავალ სოციალისტურ გაზეთებში.
![]() |
13 იმპერიალიზმი რევოლიუციის ნიღაბ ქვეშ |
▲ზევით დაბრუნება |
პასუხათ ბ. ტროცკის
რამდენიმე თავი ტროცკის წიგნის „იმპერიალიზმსა და რევოლიუციის შუა“, რომელიც უმთავრესათ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, ფრანგულ გაზეთ „ჰუმანიტეში“ და აგრეთვე სხვა კომუნისტურ გაზეთებში დაიბეჭდა. ამ წერილების საპასუხოთ გამოქვეყნებულ იქნა ნ. ჟორდანიას შემდეგი პასუხი, რომელიც დაიბეჭდა ფრანგულ გაზეთ „სოციალისტურ ცხოვრებაში“, საიდანაც მოგვყავს სრული თარგმანი:
„როცა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარი შემოესია და დაიპყრო საქართველო, ბ. ტროცკი, როგორც სამხედრო მინისტრი და ამ შემოსევის მომწყობი და ხელმძღვანელი, იმ ჟამათ მოხერხებულათ არ თვლიდა აშკარათ გამოსულიყო თავის ჯარის ნამოქმედარის გასამართლებლათ და ქების შესასხმელათ. საბჭოთა მთავრობა იმ ხანათ ყოველივე ღონისძიებას ხმარობდა, რომ თავის როლი ამ საქმეში დაეფარა და მთელი ქვეყანა დაერწმუნებია იმაში, რომ ის სრულიათ არაფერ შუაში იყო იმ ომში, რომელიც საქართველოში მძვინვარებდა.
მაგრამ შეუძლებელია ისეთი რამის დამალვა, როგორიცაა ომი. ეს თვით საბჭოთა მთავრობასაც კარგათ ესმის. და აი ჩვენ ვხედავთ, რომ ის მალე ახალ გეზს იღებს საქართველოს საკითხის გაშუქებაში.
ბ-ნი ტროცკი თავის ბროშიურაში, ისე როგორც ბ. რადეკი სამი ინტერნაციონალის კონფერენციაზე ბერლინში, აღარ ცდილობენ ამაოთ უარყონ საბჭოთა ჯარის მონაწილეობა იმ მოვლენაში, რომელიც აქამდე გამოქონდათ კომუნისტურ პრესაში, როგორც საქართველოს „მუშათა და გლეხთა რევოლიუცია“. პირიქით, ორივენი აღიარებენ, რომ საქართველო მოსკოვის ჯარებისგან იქნა დაპყრობილი და მიზნათ ისახავენ მოგვაჩვენონ, თითქოს ეს დაპყრობა რევოლიუციური ნაბიჯი იყოს და არა იმპერიალისტური აქტი.
ჩვენს განკარგულებაში არ არის ისეთი საშუალება, როგორიც მოეპოება ბ. ტროცკის, რომელიც ათარგმნინებს თავის წერილებს ყველა ენებზე და უხვათ აჯილდოვებს ჟურნალ-გაზეთებს, რომელნიც მათ მოთავსებას დათანხმდებიან,1 და იძულებული ვარ აქ დავკმაყოფილდე მხოლოდ ძირითადი დებულებების გარჩევით და ისიც მხოლოდ ინგლისურ და ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებულ ადგილებს შევეხო.
მკითხველს ამითაც საკმაო საშუალება მიეცემა იმის დასაფასებლათ, თუ როგორ მოურიდებლათ ეპყრობიან ბოლშევიკები სიმართლეს და პოლიტიკურ მორალის ელემენტარულ მოთხოვნილებას.
მაგრამ თვით ტროცკი აღარ უარყოფს, რომ ის იმათ რიცხვშია, რომელნიც აღიარებენ, რომ მიზანი ამართლებს საშვალებას. „ჩვენ ვცემთ ჩვენს მტრებს, ან ვატყუებთ მათ გარემოებების მიხედვით“, - აცხადებს ის (გვ. 26. რუსული გამოცემა). და მან ჩვენ მართლაც დაგვიპყრო 1921 წელში, ხოლო დღეს ევროპას ატყუებს, რომ თავი იმართლოს“.
როგორ დგას საკითხი
ბ. ტროცკი გაკვირვებულია, - ან უნდა მოგვაჩვენოს, რომ გაკვირვებულია ინტერნაციონალურ სოციალისტების მიერ საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანის დაუყონებლივ მოთხოვნით.
რათ აძლევენ, - კითხულობს ის, - ამ უპირატესობას ქართველ მენშევიკებს რუსეთის მენშევიკების წინაშე? რათ მოითხოვენ საქართველოს მენშევიკებისთვის მართვა-გამგეობის დაბრუნებას, რუსის მენშევიკებისთვის კი მხოლოდ თავისუფლების მინიჭებას?
ნამდვილათ ინტერნაციონალს არასოდეს არ წამოუყენებია მოთხოვნა საქართველოს მენშევიკების ხელისუფლების აღდგენის: ის მხოლოდ მოითხოვს ქართველი ხალხისთვის თავისუფლების დაბრუნებას.
ბოლშევიკების ხელისუფლება რუსეთში და საქართველოში დიდათ განსხვავდება ერთმანეთისაგან. რუსეთში იგი წარმოიშვა შინაგან გადატრიალებით, საქართველოში კი გარედან თავდას ხმით. რუსეთი - ესაა უმცირესობის დიქტატურა, საქართველოში კი უცხოელთა ოკუპაცია.
და აი, ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რომ საქართველოს საკითხი სოციალისტურ ინტერნაციონალის თვალსაზრისით სულ სხვანაირათ სდგას, ვინემ საკითხი რუსეთის. ამ უკანასკნელის შესახებ სოციალისტური ინტერნაციონალი პროტესტით ხვდება ბოლშევიკთა ხელისუფლების მიერ დანაშაულის ჩადენას, სოციალისტური და დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას. საქართველოს საკითხში კი პირიქით, იგი მოითხოვს ოკუპაციის მოხსნას, რუსის ჯარის გაყვანას და ხალხისთვის წართმეული თავისუფლების დაბრუნებას.
მაგრამ დაპყრობილი ქვეყნებიდან ტროცკის ჯარების გაყვანა ნიშნავს ამ ქვეყნებში ბოლშევიკური ხელისუფლების დასამარებას. და აი ამიტომ მას უნდა თავი ისე მოგვაჩვენოს, თითქოს ვერ ამჩნევდეს განსხვავებას, რომელიც რუსეთისა და საქართველოს მდგომარეობას შორის არსებობს.
საქართველოს დამოუკიდებლობა
ბ. ტროცკის ვერსია საქართველოს დამოუკიდებლობის წარმოშობის შესახებ სავსებით ამახინჯებს სინამდვილეს.
მის მიხედვით, ჩხეიძე და წერეთელი, დამარცხდენ რა იმ ბრძოლაში, რომელსაც პეტროგრადში აწარმოებდენ ბოლშევიკების წინააღმდეგ რევოლიუციის პირველ ხანებში 1917 წელს, იქიდან კავკასიაში გამოიქცენ. და რომ ამიერ-კავკასია თავის უკანასკნელ სიმაგრეთ გაეხადათ, აქ დამოუკიდებლობის დროშის ამართვას შეეცადენ.
ბ. ტროცკი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმეორებს იმ ზღაპარს, რომელსაც მაზე წინ დენიკინის გაზეთები ავრცელებდენ.
სახელმწიფოს წარმოშობის ახსნა ამა თუ იმ პიროვნების, ან ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიის სურვილებით ნიშნავს ისტორიის ევოლიუციის სრულ უცოდინარობას და ამ ევოლიუციის საკითხების წარმოდგენას ჩეკას თვალსაზრისით, რომელიც ყველგან მხოლოდ დამნაშავეს დაეძებს. სახელმწიფო იბადება, როგორც შედეგი ისტორიული ევოლიუციის, ამა თუ იმ მოვლენათა იძულებით, რომელნიც განსაზღვრავენ როგორც კერძო მოქალაქეების, ისე მთელი ერის ნებისყოფას.
როგორი იყო ეს მოვლენები საქართველოში?
2000 წლის განმავლობაში საქართველო დამოუკიდებელი იყო და მხოლოდ მე-18 საუკუნის დასასრულს მტრების - სპარსებისა და თურქების - მიერ შევიწროებული იგი თავის ნებით შეუერთდა რუსეთს (ხელშეკრულება 1783 წლის) იმ პირობით, რომ უკანასკნელის ჯარს დაეცვა მისი საზღვრები. მაშასადამე, საქართველომ ხელი აიღო თავის დამოუკიდებლობაზე, რათა შეენარჩუნებია ერის არსებობა და კეთილდღეობა.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ 1917 წლის ოქტომბერში რუსეთი სამოქალაქო ომმა მოიცვა. ამ ნიადაგზე აღმოცენდენ მრავალი რესპუბლიკები და ამიერ-კავკასიაც გამოეყო ცენტრს, საიდანაც ის აღარ იღებდა არც სურსათს, არც ფულს და არც ხელმძღვანელობას ჯარისათვის, რომელიც ოსმალეთის ფრონტს იცავდა. თავის საკუთარ ძალების ამარა მიტოვებული ქვეყანა იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავის ბედის საჭე, რომ ხალხი დაღუპვისგან გადაერჩინა. ყველა პოლიტიკური და რევოლიუციური ორგანიზაციები შეიკრიბენ 1917 წ. 24 ნოემბერს თფილისში და გადასწყვიტეს შეექმნათ ამიერ-კავკასიის მთავრობა პოლიტიკურ პარტიების და ეთნიური ჯგუფების კოალიციის ნიადაგზე, რომელიც უნდა გაძღოლოდა სამხედრო და საშინაო საქმეებს. ასე წარმოიშვა ამიერ-კავკასიის კომისარიატი, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიას ორი წევრის მეტი არ ყოლია.
მაგრამ ბოლშევიკების კომისრები ამ ხანათ უკვე გაძვრენ ფრონტზე ჯარის მოწინავე რაზმებში, რომელნიც ოსმალეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდენ. მათ მოსკოვის სახელით გამოაცხადეს ჯარის დემობილიზაცია და ამით ჯარის-კაცთა მასსა შეარყიეს. უკანასკნელთ მოშალეს ფრონტი, დაუცველათ დააგდეს საზღვრები და ოსმალებს დაუტოვეს ამუნიციის ყველა საწყობები. ოსმალთა ჯარები ფეხდაფეხ მოსდევდენ რუსეთის არმიას ამ უკან დახევის დროს. რამდენიმე ხნის შემდეგ ბრესტ-ლიტოვსკში თურქებზევე იქნა გადაცემული ამიერ-კავკასიის კარები: ბათუმი, ყარსი და არტაანი. ამიერ-კავკასია შეეცადა ოსმალთა შემოსევა მოეგერიებია. მაგრამ თავდაცვის საქმის კარგათ შესასრულებლათ საჭირო იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის გამოცხადება და სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების დაწყება.
ამგვარათ შეიქნა აუცილებლობა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათ გამოცხადების, რაც შესრულებულ იქნა 22 აპრილს 1918 წელს.
საუბედუროთ ჩვენი ძალები უძლური აღმოჩნდენ ამიერ-კავკასიის საზღვრების დაცვაში ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ, რომელნიც ბოლშევიკების მიერ გაღებული კარებით შემოიჭრენ ჩვენს ქვეყანაში. თურქების ამ შემოსევას შედეგათ მოყვა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების დარღვევა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
ასე და ამგვარათ, ერთ და იმავე მიზეზმა - ოსმალთაგან თავდაცვის საჭიროებამ - გამოიწვია მე-18 საუკუნის დასასრულში საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობა, ხოლო 1918 წლის 26 მაისს მისი ხელახლა აღდგენა.
აქ ბ. ტროცკი გვისვამს საკითხს: სად არის თქვენი რეფერენდუმი? მაგრამ მას არ უნდა შეიგნოს, რომ ისტორიული აუცილებლობა უმაღლესი ძალაა, რომელიც განაგებს ერის ცხოვრების სვე-ბედს. რეფერენდუმი გულისხმობს იმას, რომ ერს ქონდეს წინასწარ თავისუფლება არჩევის, ე.ი. მიღების ან უარყოფის, მაშინ როდესაც გარემოებები ამ შემთხვევაში არ იძლეოდა ასეთ არჩევანის თავისუფლებას. თავის არსებობის დასაცავათ ერს მხოლოდ ის ერთათ-ერთი გზა მოეპოებოდა, რომლითაც ის წავიდა. ეს კარგათ შეიგნეს ერის ყველა პოლიტიკურმა და რევოლიუციურმა ორგანიზაციებმა. და ეროვნულმა საბჭომ, დემოკრატიულათ არჩეულმა მუნიციპალიტეტებმა, თვითმმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, მუშათა სინდიკატებმა, ისე როგორც თფილისის მუშათა საბჭომ და საბჭოთა საოლქო ცენტრმა, ერთსულოვნათ მიიღეს და დაამტკიცეს ჯერ ამიერ-კავკასიის და შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა. ხალხის ნების ასეთ აღიარებას აქვს რეფერენდუმის ოდენი პოლიტიკური მნიშვნელობა და მორალური ღირებულება. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა საჯაროოთ და ბრწყინვალეთ იქნა დამტკიცებული დამფუძნებელ კრების მიერ, რომელიც საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭის-ყრით იყო არჩეული საქართველოს ორივე სქესის ქვეშევრდომთაგან.
და ბ. ტროცკის ცდა, წარმოგვიდგინოს საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც შედეგი ანტიბოლშევიკურ პოლიტიკურ მოღვაწეთა მუშაობის, რომელნიც ხალხის დაუკითხავათ მოქმედებდენ, ეს ცდა, ვამბობთ, დღეს ვერავის შეიყვანს შეცდომაში.
საქართველოს ნეიტრალობა
ბ. ტროცკის წარმოდგენილი აქვს საქართველოს ნეიტრალობა, როგორც ლეგენდა, და მის გასაბათილებლათ არა ნაკლებ ძალღონეს ხარჯავს, ვინემ გერმანიის იმპერიალისტების ვექილებმა ბელგიის ნეიტრალიტეტის ლეგენდის დარღვევას მოანდომეს. ორივე შემთხვევაში მიზანი ერთია: გერმანიის იმპერიალიზმი ცდილობდა ბელგიის ოკუპაციის გამართლებას. ბ. ტროცკის უნდა, რათაც უნდა დაუჯდეს, საქართველოს ოკუპაცია გაამართლოს. ამ მიზნით ბ. ტროცკი ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკას, ყუბანის მთავრობას და მოხალისეთა არმიას შორის 1918 წლის 25 და 26 ენკენისთვეს ეკატერინოდარში მომხდარს კონფერენციის ანგარიშებს. ეს ანგარიშები ჩვენ თვითონ გამოვაქვეყნეთ ჯერ სოც.-დემ. პარტიის გაზეთ „ბორბაში“, შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა „დოკუმენტებსა და მასალებში“.
მაგრამ ის სარგებლობს აქედან ზოგიერთი ფრაზებით, რომელიც ანგარიშებიდან ამოუგლეჯია, და ამავე დროს უმალავს თავის მკითხველებს ეკატერინოდარის კონფერენციის ნამდვილ ხასიათს, საგანს და შედეგებს.
1918 წელს სექტემბერში საქართველოს შიმშილი მოელოდა. მთავრობის უმთავრესი საზრუნავი იყო ხალხისთვის სურსათის მოპოვება. ეს საქმე დაევალა ამხ. გეგეჭკორს, რომელიც წავიდა ყუბანის ოლქში (საიდანაც საქართველო ყოველთვის იღებდა პურს) ამ საკითხზე იქაურ საოლქო დემოკრატიულ მთავრობასთან მოსალაპარაკებლათ, იმ მთავრობასთან, რომლის წევრებს შემდეგ გ. ნ. დენიკინმა სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. მაგრამ ამ რაიონში იმჟამათ მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლება იყო ადგილობრივ მთავრობის ხელში, სამხედრო ძალა-უფლებას მოხალისეთა არმია წარმოადგენდა, და სწორეთ ამ უკანასკნელებმა უარყო საქართველოში პურის გამოგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური საკითხების მოწესრიგება არ მოხერხდა.
ასეთია სინამდვილე ამ კონფერენციის, რომლის ოქმების ტექსტი თითქო ნებას აძლევდენ ბ. ტროცკის, წამოაყენოს ჩვენს წინააღმდეგ ორი ბრალდება: ერთი - რუსის ოფიცრებისთვის თავშესაფარის მიცემა, მეორე - გენერალ ალექსეევთან და დენიკინთან შეთანხმების მოხდენა ბოლშევიკებთან ერთათ საბრძოლველათ.
პირველ ბრალდებას ჩვენ სავსებით ვიღებთ და ხმამაღლა ვაცხადებთ: დიახ, ჩვენ არასოდეს არ მიგვიბაძავს იმ ბოლშევიკების ბარბაროსულ მეთოდისათვის, რომელნიც ხოცდენ და ლინჩის სამართალს (თვითგასამართლებას) უწყობდენ ოფიცრობას რუსეთის ყველა კუთხეებში.
ხოლო რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ის თავიდან ბოლომდე ცილისწამებას წარმოადგენს.
მოვიყვანოთ ჯერ სიტყვა, რომლითაც გენ. ალექსეევმა დახურა კონფერენცია: „ჩვენი და საქართველოს თვალსაზრისი იმდენათ განსხვავებული აღმოჩნდა, რომ გვისპობს სხვა კითხვების გარჩევის ყოველივე შესაძლებლობას. რადგან პოლიტიკური და სამხედრო საკითხების მოწესრიგება არ მოხერხდა და ურთიერთის აუცილებელი დათმობით შეთანხმება მიღწეული არ იქნა, ჩვენ მოკლებული ვართ ყოველივე საშვალებას, ეკონომიურ საკითხების გარჩევას შევუდგეთ. ამიტომ მე, თუმცა ეს დიდათ სამწუხაროა, მაგრამ მაინც ჩვენი კონფერენცია უშედეგოთ დათავებულათ უნდა გამოვაცხადო“...
ეს იყო საბოლოო ურთიერთობის გაწყვეტა საქართველოსა და მოხალისეთა არმიას შორის, რამაც შემდეგ შეიარაღებულ შეტაკებამდე მიგვიყვანა.
ბ. ტროცკი ყოველივე ამას უმალავს თავის მკითხველებს და უნდა დაარწმუნოს ისინი, თითქოს ჩვენ ალიანსი გვქონდა მეფის გენერლებთან, რომლის მიზანი ბოლშევიკების შემუსრვა იყო.
ჩვენი პოზიცია რუსეთის სამოქალაქო ომის შესახებ - ჩვენ ბოლშევიკების გადატრიალების მეორე დღეს, 1917 წ. 26 ოქტომბერს გამოვთქვით იმ დადგენილებაში, რომელიც მიღებულ იქნა თფილისის მუშათა საბჭოს და აღმ. კომ. საბჭოთა საოლქო ცენტრის შეერთებულ სხდომაზე. ამ დადგენილებაში ჩვენ ვამბობდით: „შეიარაღებული ძალით ამის (აჯანყების) ჩაქრობა აუცილებლათ მოგვიტანს კონტრ-რევოლიუციის გამარჯვებას და მოპოვებულ თავისუფლებათა გაუქმებას“.
მაშ ასე, ჩვენ ვერიდებოდით ყოველ შეიარაღებულ ჩარევას, ყოველ სამოქალაქო ომს, და მით უმეტეს ვერიდებოდით მოხალისეთა არმიასთან თანამშრომლობას.
ამ რიგათ, ჩვენ არ დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიაზე ის ექსპერიმენტები, რომელმაც რუსეთში საკმაოთ ცნობილი შედეგები მოიტანა, ჩვენ მხოლოდ ვებრძოდით ადგილობრივ ბოლშევიზმს. ამხ. გეგეჭკორი სწორეთ ამაზე უთითებდა, როცა განაცხადა კონფერენციაზე: `ჩვენი მიზანია ჩვენი საზღვრების და ჩვენი რესპუბლიკის დაცვა ყველა მტრული ძალებისაგან. ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩვენი ტერიტორია, მისი დაწესებულებები და უფლებები ყოველივე თავდასხმისაგან, საიდანაც უნდა მოდიოდეს ის, - ბოლშევიკებისგან თუ ვინმე სხვისაგან“.
ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ხანათ საქართველო თავდაცვით ომს აწარმოებდა ბოლშევიკებთან, რომელნიც შავი ზღვის ნაპირებზე შემოიჭრენ ჩვენს საზღვრებში. ყუბანის ყაზახების სულ რამდენიმე ასეულმა, რომელთაც გადმოლახეს კავკასიის მთები, თანამშრომლობა შესთავაზეს ბოლშევიკების წინააღმდეგ გენ. მაზნიევს, რომელიც საქართველოს ჯარს მეთაურობდა. თავისთავად ცხადია, მაზნიევმა, რომელმაც მისივე სიტყვით, არც კი იცოდა მაშინ მოხალისეთა არმიის არსებობა, ამ ყაზახების წინადადება მიიღო. თუ ბ. ტროცკი ყოველთვის იღებდა და დღესაც არ თაკილობს ხალხის მოძრაობის ჩასაქრობათ იმ ჩინელი რაზმების დახმარებას, რომელთაც რუსეთის საქმეების არაფერი გაეგებათ, რატომ არ შეგვეძლო ჩვენ მიგვეღო ჩვენი საზღვრების დასაცველათ ჩვენივე მეზობლების დახმარება და თანამშრომლობა?
ნეიტრალობა ავალებს სახელმწიფოს თავის მეზობლების წინააღმდეგ ყოველივე აგრესივობის უარყოფას და არა დაცვაზე ხელის-აღებას. ჩვენ არ შევსევივართ რუსეთს, მაგრამ ჩვენ არც ის გვსურდა, რომ რუსეთი შემოსეოდა ჩვენს ქვეყანას.
საქართველო და გენერალი ვრანგელი
ბ. ტროცკი ჩვენ გვაბრალებს გენ. ვრანგელისთვის 30 000 მეომრის გაგზავნას, მაგრამ ამ განცხადების დასამტკიცებლათ სულ მცირედი საბუთიც არ მოყავს. ბ. ტროცკი გამოქნილი ჯადოქარივით თავის თითებიდან სწუწნის ამ ციფრს და არც კი ფიქრობს, რომ მის ბრალდებას სინამდვილის მსგავსებაც არა აქვს.
მართლაც, რამდენი გემი უნდა ყოფილიყო ჩვენს განკარგულებაში, რომ 30 000 მხედარი გადაგვეგზავნა თავის იარაღით და ამუნიციით? ან როგორ შეგვეძლო ჩვენ შეგვენახა ამოდენა უცხო ჯარი ჩვენს საზღვრებში, როცა ჩვენი შეიარაღებული ძალები ამის ნახევარსაც არ შეადგენდენ?
რაც შეეხება ჩვენს ნამდვილ დამოკიდებულებას გენ. ვრანგელთან, ის გამოიხატება შემდეგში: მოხალისეთა არმიის ერთი ნაწილი, ჩრდილოეთიდან ბოლშევიკების მიერ დევნილი, ჩამოვიდა მთებით საქართველოს ტერიტორიაზე სწორეთ ისე, როგორც მათზე წინეთ შემოვიდენ ბოლშევიკების ჯარები. ჩვენ იარაღი ავყარეთ მოხალისეებს, რომელთა რიცხვი სულ 5 000-მდე აღწევდა. ამათში დიდი ნაწილი იყვენ ჩვენი მეზობლები: ლეკები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები, დენიკინის მიერ ძალით გაწვეულნი ჯარში. ესენი ადრევე ჩამოშორდენ ჯარს, სანამ უკანასკნელი რკინის-გზას მიაღწევდა, და თვითეულმა თავის სახლს მიაშურა; დანარჩენები გაიფანტენ საქართველოში და ცხოვრობდენ, ვისაც როგორ შეეძლო. ბოლოს, ჩვენ თავი მოვუყარეთ ფოთში რამდენიმე ასეულ ყაზახს, რომელთაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს ხარჯზე ვარჩენდით, შემდეგ კი წინადადება მივეცით: ან გამოეძებნათ თავის სარჩენათ რაიმე საქმე, ან წასულიყვენ. ბ. ტროცკი ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ ისინი მუდამ უნდა გვერჩინა? მაგრამ რა საბუთით? ნეიტრალობის დაცვა მეზობელ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს და ნეიტრალობის დაცვა საერთაშორისო ომის დროს ერთ და იმავე კანონით არ განისაზღვრება. უკანასკნელ შემთხვევაში მებრძოლნი, რომელთაც გადმოლახეს საზღვარი, უნდა განიარაღებულ და დაკავებულ იქნენ ომის გათავებამდე; მეორე შემთხვევაში კი ნეიტრალურ ქვეყანაში გადასული მებრძოლნი უბრალო ემიგრანტებათ ითვლებიან.
მიუხედავათ ამისა, ჩვენ წინეთ ვასვი-ვაჭამეთ, ჩავაცვ-დავხურეთ 7 000 ასეთსავე ემიგრანტ ბოლშევიკებს და ტროცკის ჯარის-კაცებს. ესენი ჩვენ მოვათავსეთ თფილისში, შემდეგ მივეცით იმდენი თანხა, რამდენიც საჭირო იყო ბოლშევიკების სახელმწიფოს საზღვრებამდე მისაღწევათ და გამოვისტუმრეთ.
ის რამდენიმე კაზაკი, რომელნიც გადმოხიზნული იყვენ ჩვენში და რომელთაც შემდეგ თანდათან დასტოვეს ეს ქალაქი, ბატონ ტროცკის კალამმა 30 000 რჩეულ მეომრათ გადააქცია.
აი, კიდევ მეორე მაგალითი ბოლშევიკების სიმართლის მოყვარეობის: 1920 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობამ მიიღო საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლისგან თფილისში, ბ. კიროვისაგან ნოტა, რომელშიაც ვკითხულობთ შემდეგს:
„სარწმუნო წყაროებიდან ჩვენ გავიგეთ, რომ 18 ივლისს გემი საფრანგეთის დროშის ქვეშ გავიდა ბათომის პორტიდან „კიზილ-არვატი“, რომელიც ყირიმისკენ გაემართა და თან წაიყვანა 800 მეომარი ვრანგელის ჯარისათვის. ამ ჟამათ გემი „პეტრე დიდი“ იტვირთება ბათომში. მასზე არიან მოხალისენი, ე.ი. ვრანგელის ჯარის-კაცები, რომელნიც ყირიმში მიემგზავრებიან და თან არის ნავთი ვრანგელისთვის“.
ამ ნოტის მიღებისთანავე საქართველოს მთავრობამ საკითხის გამოსაკვლევათ დაუყონებლივ შეადგინა შერეული კომისია საბჭოთა მისიის ბათომის სექციის ორი წევრის - ბ. ბეკენდოსოფის და ჩერნიშოვის მონაწილეობით. საქმის განხილვის შემდეგ კომისიამ შეადგინა 24 ივლისს ორი ოქმი, რომელშიაც აღიარა, რომ კიროვის ნოტის ცნობები მოკლებულია ყოველივე საფუძველს. ერთ-ერთ ამ ოქმში ვკითხულობთ:
„ჩვენ ვნახეთ იალქნიან და მატორიან გემ „პეტრე დიდზე“ მხოლოდ იმდენი ნავთი, რამდენიც აუცილებელი იყო მატორისთვის და არ გვაქვს საბუთი ვიფიქროთ, რომ მეტს მიიღებენ. თვით ეს ნავთიც გემს ნოვოროსიაში აუღია. გემის დათვალიერების დროს მაზე მგზავრები აღმოჩნდენ. გემს დაყავს სულ 20-30 კაცი, მეტის დატევა არ შეუძლია“.
მეორე ოქმში სწერია: „გემი „კიზილ-არვატი“ მოვიდა ბათომში 7 ივლისს საღამოს 7 საათზე საფრანგეთის დროშით. მგზავრთა დიდი ნაწილი გემზევე დარჩა. 13 ივლისს საღამოს 7 საათზე, როცა გემი გავიდა ნავთსადგურიდან, მაზე იქნებოდა 1 000 კაცამდე, უმრავლესობა ქალები და ბავშვები. ბათომში გემმა დაიმატა სულ 40 კაცამდე, რომელთა შორის სამხედრო პირები არავის შეუმჩნევია“.
კომისიის ასეთი დასკვნის შემდეგ ბოლშევიკებს აღარ გაუბედიათ ჩვენთვის გენერალ ვრანგელის დახმარების დაბრალება. და აი, მხოლოდ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბ. ტროცკი ხელახლა აყენებს კიროვის ამ გაცვეთილ ცილისწამებას, რომელიც თვით ბოლშევიკურ მოხელეთაგან იქნა დარღვეული და მას იყენებს საბუთათ, რადგან უკეთესი არ მოეპოვება.
ჩემი წერილი გენ. ფონ-კრესისადმი
სურს რა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს ჩემი წერილი ფონ-კრესისადმი 1918 წლის 1 ოქტომბრის თარიღით, ბ. ტროცკი ორნაირ სიყალბეს სჩადის: 1) ის უკავშირებს ბოლშევიკების იმ დოკუმენტს, რომელშიაც არც რუსეთსა და არც ბოლშევიკებზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი; 2) დამახინჯებულათ მოყავს ამონაწერი, რაც სრულიად აუკუღმართებს დოკუმენტის აზრს.
1918 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გენ. ფონ-კრესმა მომართა საქართველოს მთავრობას წინადადებით, რომ მას აქტიური მონაწილეობა მიეღო მსოფლიო ომში ცენტრალ სახელმწიფოების მხარეზე. მე მას უარყოფით ვუპასუხე და ჩემს წერილში განვაცხადე:
„მე არასოდეს არ მქონია წარმოდგენილი საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, როგორც აბსოლიუტურათ2 ნეიტრალური, ვინაიდან საყოველთაოთ ცნობილი ფაქტები სულ წინააღმდეგს ლაპარაკობს. ამიტომ მე სიამოვნებით გეთანხმებით, როდესაც თქვენ საქართველოს პოზიცია შეზღუდულ - ნეიტრალიტეტის პოზიციათ მიგაჩნიათ. გამოვდივარ რა ამ განმარტებიდან, რომელიც სავსებით შეესაბამება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მოვლენებს, მე უნდა მოგახსენოთ, რომ რაც უნდა შეზღუდული იყოს ჩვენი ნეიტრალიტეტი და როგორიც უნდა იყოს მისი ფარგლები ის ყოველ შემთხვევაში, რეალური ფაქტია“ (დოკუმენტები და მასალები. გვ. 387).
მართლაც, როგორი იყო ფარგლები ჩვენი ნეიტრალობის? ის იყო შეზღუდული თვით იმ ფაქტებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დიდი ომის დროს გენერალ ფონ-კრესი და მისი ჯარები იმყოფებოდენ - სწორეთ იმგვარათ, როგორც საბჭოთა რუსეთის ნეიტრალიტეტი იყო კიდევ უფრო მეტათ შეზღუდული მოსკოვში გრაფ მირბახის ყოფნით.
საქართველო და ბაქო
ტროცკი გვაბრალებს თურქების დახმარებას მათი ეშელონების გადაზიდვით ბაქოს წინააღმდეგ სამოქმედოთ. ეს სრული ცილისწამებაა... არავითარ თათრების ეშელონს, ბაქოს წინააღმდეგ გაგზავნილს, არ გაუვლია საქართველოს ტერიტორიაზე. სულთანის ჯარებმა მიაშურეს ბაქოს - ყარსის და არტაანის ოლქებიდან, ე.ი. იმ ადგილებიდან, რომელიც თვით ტროცკიმ დაუთმო სულთანს ბრესტ-ლიტოვსკში.
რაც შეეხება მილოცვას, რომელიც თითქოს გაგვეგზავნოს თათრებისთვის ბაქოს აღების გამო, ეს ძველის-ძველი ჭორია, რომელიც არა ერთხელ დამირღვევია. ნამდვილათ თუ ოსმალეთის სულთანს ყავდა დამხმარე ამიერ-კავკასიაში, - ეს იყვენ ბოლშევიკები; ეს იყვენ ისინი, ვინც გაუღო ოსმალებს კავკასიის კარები ყარსის, ბათუმის და არტაანის გადაცემით; ისინი, ვინც ვეხიბ-ფაშის ჯარს მიუტოვა უდიდესი საწყობები ამუნიციისა ფრონტზე; ისინი, ვინც აწყობდენ აჯანყებას ჩვენი ჯარის ზურგში, როცა უკანასკნელი ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდა; ისინი, ვინც ყოველ ღონეს ხმარობდენ მობილიზაციის ხელის შესაშლელათ; ეს არიან აგრეთვე ისინი, ვინც გადამწყვეტ მომენტში უღალატეს ბაქოს და ცოტა ხნის შემდეგ კი ქემალისტებს დაუკავშირდენ.
რუსეთის მენშევიკების საკითხი
მე უნდა გავაბათილო აქ ბ. ტროცკის ცდა, გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს რუსეთელ ამხანაგ მენშევიკების რეზოლიუცია.
1918 წლის დეკემბერში რუსეთის სოც.-დემ. პარტიის კონფერენციამ გამოიტანა რეზოლიუცია, რომელიც შეიძლება გავიგოთ, როგორც ერთგვარი დაგმობა საქარ. სოც.-დემ. პარტიის პოლიტიკის.
ბ. ტროცკი სიხარულით ცას ეწევა.
მაგრამ ჯერ უნდა გავიხსენოთ, როგორი იყო მისვლა-მოსვლა იმ ხანათ რუსეთსა და კავკასიას შორის; უნდა გავიხსენოთ აგრეთვე ის მორალური ბლოკადა, რომელშიც მომწყვდეული ყავდა ბოლშევიკებს მთელი რუსეთი; როგორ სისტემატიურათ ატყუებდა იგი რუსის ხალხს. და რა გასაკვირველია, რომ ჩვენ რუს ამხანაგებს 1918 წლის დეკემბერში არ ქონდათ სრული წარმოდგენა ჩვენი საქმეების, და შესაძლებლათ მიიჩნიეს პირობითათ უარეყოთ ის პოლიტიკა, რომელსაც ტროცკის გაზეთები გვაწერდა.
მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ეს გაუგებრობა გაიფანტა. მიიღეს რა საქართველოდან სწორი და ნამდვილი ცნობები პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, ჩვენმა რუსის ამხანაგებმა გააუქმეს თავის ზემო-აღნიშნული რეზოლიუცია და ამასთანავე მრავალგზით მხარიც დაგვიჭირეს ბოლშევიკების წინააღმდეგ.
შინაური რეჟიმი
ჩვენი შინაური პოლიტიკის რეაქციონური ხასიათის დასამტკიცებლათ ბ. ტროცკი უთითებს ეგრეთ წოდებულ გლეხთა აჯანყებაზე, რომელთაც ადგილი ქონდათ საქართველოში. მაგრამ ის გაურბის ამ აჯანყებების ჩამოთვლას და ეს სულ უბრალო მიზეზის გამო: ასეთი ჩამოთვლა საკმარისი იქნებოდა მკითხველისათვის ამ მოვლენების ნამდვილ ბუნების გასაგებათ: დემოკრატიულ რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში მართლაც სამჯერ მოხდა ისეთი მოვლენა, რომელთა გლეხთა აჯანყებებათ გასაღებას ცდილობენ ბოლშევიკები:
1) 1918 წ. ივნის-ივლისში შავი ზღვის ნაპირის საზღვრებზე; 2) 1919 წ. ენკენისთვეში დუშეთის მაზრაში; 3) 1920 წ. ოსეთში. სამივე შემთხვევაში ეს არეულობები ერთ და იმავე სახით ხდებოდა. რუსის ჯარის ბანდები შემოიჭრებოდენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობდენ ზოგიერთი ადგილობრივი ელემენტების მომხრობას მოსყიდვით, მუქარით, ძალდატანებით და საშინელი დემაგოგიური აგიტაციის გაწევით, რომლის მიზანი იყო აფხაზეთის და ოსების ყველაზე ჩამორჩენილ მცხოვრებთა სეპარატისტული მისწრაფების გამოყენება თავის სასარგებლოთ. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ჯარების მოახლოვებისთანავე, რომელსაც მხარს უჭერდა მცხოვრებთა უმრავლესობა, ბოლშევიკური ბანდები სტოვებდენ ზარბაზნებს, ტყვიისმფრქვეველებს და თოფებს და გარბოდენ. მაგრამ ხანდისხან ადგილი ქონდა შეიარაღებულ შეტაკებასაც, რომელსაც თან სდევდა ექსცესები ბოლშევიკური პროვოკაციის ამყოლ მცხოვრებთა მიმართ. ხვრეტდენ აგრეთვე ყაჩაღებს, რომელთაც სამხედრო სასამართლო სიკვდილს გადაუწყვეტდა.
ტროცკის მიერ მოყვანილი ამონაწერი ამხ. ჯუღელის წიგნიდან მოწმობს მხოლოდ იმას, თუ რამდენათ მძიმე იყო ჩვენი ამხანაგებისთვის სახალხო გვარდიიდან ამ ექსცესების მოწამეთ ყოფნა, რომელიც სამწუხაროთ მუდამ თან სდევს სამხედრო მოქმედებას.
რაც შეეხება აფხაზეთის ამბებს, ისინი ოდნავათაც არ გვანან გლეხთა აჯანყებას: ეს იყო ცდა მსხვილ მემამულეების მიერ
ოსმალთა დახმარებით ძალა-უფლების ხელში ჩაგდებისა. თავისთავათ ცხადია, ჩვენ ამას წინააღმდეგობა გავუწიეთ და ოსმალთა შემოსეული ჯარები განვდევნეთ.
საგანგებო რაზმი
ბ. ტროცკის აბსოლიუტურათ ყალბი ცნობები აქვს შეთხზული თფილისის „საგანგებო რაზმის“ შესახებ. ნამდვილათ ეს იყო ორგანიზაცია საიდუმლო პოლიციის, რომელიც ჩვენში სრულიად უბრალო როლს თამაშობდა, სავსებით ანალოგიურს იმისას, რასაც ამ ხასიათის ორგანიზაციები ასრულებენ ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში. მას არ ქონდა არც უფლება გამოძიების, არც უფლება ტრიბუნალის ფუნქციათა ასრულების; მით უმეტეს, იგი არ იყო დამოუკიდებელი ორგანო. მაშასადამე, სასაცილოა ამ რაზმის შედარება რუსის ჩეკას საშინელებასთან, რომელიც წარმოადგენს ავტოკრატიულ დაწესებულებას, კანონით შეუზღუდველს, რომელიც არავის წინაშე პასუხს არ აგებს და რომელსაც ხელთ უპყრია უფლება მოქალაქეთა სიკვდილ-სიცოცხლის.
კომუნისტების დევნა
თუ ტროცკის დავუჯერებთ, ჩვენ დაგვიხვრეტია მხოლოდ 1919 წლის ოქტომბერში 30 კომუნისტი! სრული სიცრუეა! მე გაკვირვებული ვარ, რომ ბ. ტროცკი ასე მცირე ციფრით კმაყოფილდება. მას შეეძლო, მართლაც, ასევე დასაბუთებულათ განეცხადებია, თითქოს ჩვენ დავხვრიტეთ 300, გინდ 3 000 ბოლშევიკი, რაიც ცხადია, უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა მკითხველებზე.
ბოლშევიკების პარტია, - ამტკიცებს ტროცკი, - 1918-1921 წლამდე არალეგალურათ არსებობდა. ეს არ არის მართალი.
პარტია აშკარათ არსებობდა. მხოლოთ მისი პრესის ორგანოები, რომელნიც აქეზებდენ ხალხს აჯანყებისათვის და უარყოფდენ თვით საქართველოს დამოუკიდებელ არსებობას, დახურულ იქნენ მილიციისაგან, ხოლო ამ პარტიის აგენტები, რომელნიც აწყობდენ შეთქმულებას, დატყვევებულ და გაძევებულ იქნენ რესპუბლიკიდან.
1920 წლის 7 მაისის შემდეგ კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და უარყოფს აჯანყების ტაქტიკას მთავრობის წინააღმდეგ. ამის შემდეგ არა თუ პარტია ლეგალურათ იქნა ცნობილი, არამედ მთავრობისგან მიიღო კიდეც ბინა თავის ორგანიზაციების მოსათავსებლათ. სწორეთ ამ ხანაში საქართველო გავსებული იყო საბჭოთა რუსეთის აგენტებით, რომელნიც გადმოდიოდენ ყოველ დღე ჩვენს საზღვრებში, გადმოქონდათ იარაღი და აუარებელი ქაღალდის ფული პროპაგანდის გასაწევათ. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა მრავალი მათგანი, რომელნიც განთავისუფლებულ იქნენ საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ.
ბ. ტროცკი აღტაცებით აღნიშნავს საქართველოს ციხეებიდან განთავისუფლებულ ბოლშევიკთა სიმრავლეს. მაგრამ კეთილი ინებოს და გვიპასუხოს ბ. ტროცკიმ შემდეგ კითხვებზე:
რუსეთის რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს რომ გაეგზავნა იქ თავის აგენტები შეთქმულობის მოსაწყობათ, აჯანყების მოსამზადებლათ, ხიდების და სხვ. ასეთების ასაფეთქებლათ, და სხვ. და ეს აგენტები საბჭოთა ხელისუფლებას ჩავარდნოდა ხელში, განა შეეძლოთ ამ უკანასკნელთ იმედი ქონოდათ ცოცხალი გადარჩენის და კვლავ თავისუფლების მოპოვების?
ბ. ტროცკი, საბჭოთა სამხედრო მინისტრი, უმაღლესი შეფი განსაკუთრებული დანიშნულების რაზმებისა მთელ რუსეთში, სისასტიკეს უკიჟინებს საქართველოს - დაპყრობილს, გათელილს, განადგურებულს მისი ჯარებისაგან! მართლაც რომ ამ ადამიანის ფარისევლობას ცალი არ მოეპოვება.
კონტრ-რევოლიუციონერები საქართველოში
ბ. ტროცკი გვაბრალებს, რომ ჩვენ სტუმართ-მოყვარეობით მივიღეთ თფილისში უკრაინის, ყუბანის, დაღესტანის და ჩრდილო-კავკასიის კონტრ-რევოლიუციონერები. მაგრამ ცნობილია, რომ ბოლშევიკები კონტრ-რევოლიუციონერს უწოდებენ ყველას, ვინც მე-3 ინტერნაციონალის წევრი არ არის.
რაც შეეხება ჩვენს საქციელს, ჩვენ მართლაც ვუწევდით სტუმართ-მოყვარეობას ყველა პოლიტიკურ დევნილებს, ბოლშევიკებს, რომელნიც დენიკინის მომხრეებმა გამოდენეს, - ისე როგორც უკრაინელებს, ყაზახებს და მთიელებს, რომელნიც ბოლშევიკების `ჩეკას~ გამოექცენ. ეს არ მოსწონს ბ-ნ ტროცკის. მაგრამ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვაგვარათ ვერ მოიქცეოდა.
სახალხო გვარდია
ბ. ტროცკი ცდილობს დაუმტკიცოს მკითხველებს, რომ საქ. დემ. მთავრობა ეყრდნობოდა მხოლოდ სახალხო გვარდიის ხიშტს, და ის არ უშვებს შემთხვევას ყოველგვარი ჭორი შეთხზას ამ გვარდიის შესახებ, და ის რესპუბლიკის დემოკრატიულ დაწესებულებებზე აბსოლიუტურათ დამოუკიდებელ ძალათ მოგვაჩვენოს.
მაგრამ საიდან წარმოიშვა ეს გვარდია?
1917 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თფილისის მუშათა საბჭომ დაადგინა შეიარაღება უფრო შეგნებულ მუშათა ერთი ნაწილის და მათგან შექმნა წითელი გვარდია. ეს იყო შეიარაღებული ძალის დაარსება საქართველოში. და თავდაპირველათ ეს ორგანიზაცია, წმინდა რევოლიუციური, ემორჩილებოდა მხოლოდ თფილისის მუშათა საბჭოს.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის გამოცხადების და მისი მთავრობის შედგენის შემდეგ, რომელშიც მხოლოდ სოციალისტები შედიოდენ, და რომელსაც თფილისის მუშათა საბჭოს და საბჭოთა საოლქო ცენტრის თავმჯდომარე ყავდა პრემიერათ, ამ რევოლიუციურ ორგანიზაციათა კრებაზე გამოტანილ იქნა შემდეგი დადგენილება:
„განვიხილეთ რა ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების დადებით შექმნილი მდგომარეობა, საერთო კრება საოლქო საბჭოსი, თფილისის საბჭოსი და წითელი გვარდიის მთავარ შტაბის აღიარებს:
რომ უპირველესი საჭიროება მომენტისა არის შექმნა ძლიერი მთავრობის, რომელსაც შეეძლება შეაერთოს მთელი დემოკრატია და წინააღუდგეს ყოველგვარ თავდასხმას, საიდანაც უნდა გამოდიოდეს იგი, გარედან თუ შიგნიდან, რომელსაც მიზნათ ექნება ჩვენი დამოუკიდებლობის დანგრევა და რევოლიუციის მონაპოვართა წართმევა.
არც რევოლიუციურ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ რეალური ძალა და ასრულებენ მმართველობის ზოგიერთ ფუნქციებს, არც მთავრობას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფოს ყველა ფუნქციები, მაგრამ საჭირო რეალური ძალა არ მოეპოვება, არ შეუძლიათ ცალ-ცალკე შექმნა დემოკრატიული სახელმწიფოსი.
ამ ორი ელემენტის შეერთება, ე.ი. რევოლიუციურ ორგანიზაციების შენახვა, როგორც მუშათა კლასის ხელმძღვანელ ორგანიზაციების, ხოლო ყველა შეიარაღებული ძალის დემოკრატიულ მთავრობის ხელში გადაცემა, წარმოადგენს ერთათ-ერთ საშვალებას ძლიერი სახელმწიფო მთავრობის შესაქმნელათ“.
ამ შეერთების ფორმა უნდა შემუშავებულ იქნეს აღმასრულებელ კომიტეტის ბიუროსაგან მთავრობასთან შეთანხმებით.
ასე მოხდა შეერთება საბჭოთა რეალური ძალის მთავრობასთან, და ამ დროიდან სახალხო გვარდია დამორჩილებული იყო პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარეზე, რომელიც ამავე დროს იყო თავმჯდომარე საბჭოების...
ერთა თვითგამორკვევის უფლება
თავის ბროშიურის მხოლოდ მე-9 თავში შეუდგა ბ. ტროცკი ჩვენი მთავარი სადაო საკითხის განხილვას. ესაა საკითხი ერთა თვითგამორკვევის.
როგორ ამართლებს ბ. ტროცკი ქართველი ერისათვის ამ უფლების ფეხქვეშ გათელვას?
ის მას სულ უბრალოთ სწყვეტს, როცა აცხადებს:
„ჩვენ არა თუ ვცნობთ ერთა თვითგამორკვევის უფლებას, არამედ მთელ ჩვენს ძალღონეს ვახმართ ამ უფლების განხორციელებას ყოველთვის, როცა ის მიმართულია ფეოდალურ, კაპიტალისტურ და იმპერიალისტურ ქვეყნების წინააღმდეგ. მაგრამ როცა ერთა თვითგამორკვევის ფიქცია მუშათა რევოლიუციის საწინააღმდეგო იარაღათ იქცევა ბურჟუაზიის ხელში (როგორც მაგ., ეს არის საქართველოს შესახებ), ჩვენ არ შეგვიძლია ამ ფიქციას უფრო მეტი პატივისცემით მოვეპყრათ, ვინემ სხვა დემოკრატიულ პრინციპებს, რომელნიც კაპიტალიზმმა დაამახინჯა“.
ლაპარაკობს რა ამ რიგათ, ბ. ტროცკი თავისთვის იტოვებს აბსოლიუტურ უფლებას გადაწყვიტოს, სად არის „ბურჟუაზია“ და სად „მუშათა რევოლიუცია“, სად არის ჭეშმარიტი „უფლება“ და სად „ფიქცია“. საერთოთ, ბ-ნი ტროცკის აზრი მისახვედრია. ის ამბობს: ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ერთა თვითგამორკვევის უფლებას, როცა ის ჩვენთვის ხელსაყრელია; წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენ არ შევდრკებით იმის წინაშე, რომ ხიშტებით და ზარბაზნებით წინააღვუდგეთ მის განხორციელებას.
აი, ეს არის ძველი სახარება ყველა იმპერიალისტური ყაჩაღების და ბ. ტროცკის სურს, ჩვენ ის მიგვაღებინოს, როგორც პროლეტარული რევოლიუციის ახალი აღმოჩენა.
ბ. ტროცკი ბოლოს დასავლეთის იმპერიალისტებს იშველიებს, რომ გაამართლოს მოსკოვის მთავრობის უარი საქართველოდან თავის ჯარების გაყვანის თაობაზე.
„მოთხოვნა საქართველოდან საბჭოთა ჯარის ევაკუაციის და რეფერენდუმის მოხდენის, სოციალისტების და კომუნისტებისგან შემდგარი შერეული კომისიის კონტროლ ქვეშ, წარმოადგენს, მისი სიტყვით, საშინელ იმპერიალისტურ ხაფანგს, ერთა თვითგამორკვევის უფლების ნიღაბ ქვეშ დაფარულს“.
და ამის მთელი საბუთი - ანტანტის გემებია, რომელნიც თურმე შავ ზღვაში გამოჩენილან!
ასეთი საბუთი, ცხადია, ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლებს, ისე როგორც ის დებულება, თითქოს რუსეთის საბჭოთა ჯარები საქართველოში ადგილობრივ ბოლშევიკების დასახმარებლათ იყვენ მოსული. მართლაც და, ერთი მუჭა ბოლშევიკები ყველა ქვეყანაში მოიძებნება, და როცა საბჭოთა მთავრობა ყოველ მუჭა თავის მომხრეებისათვის იარაღით დახმარების უფლებას იტოვებს, ამით ის წინასწარ ქმნის საბაბს დედამიწის ყოველ კუთხეში ომის საწარმოებლათ. ამასთანავე, წინდაწინ ძნელი გასათვალისწინებელია, თუ სად შეჩერდება ბ. ტროცკის საომარი პლანები, თუ ის სერიოზულათ ფიქრობს თავის ჯარები გზავნოს ყველა მხარეებში, რომელიც აკრავს იმ ზღვას, საცა ანტანტის ფლოტი დაიარება.
არა, ამ ბავშვურ ახსნაში არ უნდა ვეძიოთ ნამდვილი მიზეზები საბჭოთა რუსეთის საქართველოზე შემოსევის. ეს მიზეზი, რომელსაც ბ. ტროცკი მხოლოდ გაკვრით იხსენიებს, საჯაროთ გამოაშკარავებულ იქნა ბ-ნ რადეკის მიერ. ამ უკანასკნელმა სამი ინტერნაციონალის კონფერენციაზე ბერლინში აღიარა, რომ მოსკოვის მთავრობამ დაიპყრო საქართველო და მის ოკუპაციას აგრძელებს დღესაც, რომ ამით თავის ხელში იქონიოს ნავთის გასატანი ყელი შავი ზღვის ნაპირზე.
ქვეყნის დაპყრობა ეკონომიური მოსაზრებებით არის სწორეთ ის, რასაც ეწოდება იმპერიალიზმი. ამ ძალადობის პოლიტიკას აწარმოებდენ ყოველთვის დიდი სახელმწიფოები თავის პატარა და სუსტი მეზობლების მიმართ. ბ. ტროცკის შეუძლია, რამდენიც სურს, ავრცელოს ჭორი საქართველოს შესახებ; შეუძლია ათასნაირი ახსნა მოგვცეს ჩვენი ქვეყნის დაპყრობის გასამართლებლათ, მაგრამ ის ვეღარ დაატყუებს თავის მკითხველებს და ვერ მოიცილებს თავის შუბლიდან იმპერიალისტურ დაღს, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ცარიზმისგან.
საქართველოს საკითხი უნდა მოწესრიგდეს არბიტრაჟის საშვალებით
ბ. ტროცკი თავის ბროშიურაში გვიწვევს გამოვაქვეყნოთ ჩვენი არქივის ყველა დოკუმენტები.
კამათის დასასრულ, მე მინდა ამ წინადადებასაც გავსცე პასუხი. და მე ვაცხადებ: ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ გამოწვევას და საქმის დასაჩქარებლათ შემდეგ წინადადებას ვაძლევთ ბ-ნ ტროცკის:
გადაეცეთ ყველა დოკუმენტები საქართველოს შესახებ ინტერნაციონალურ პროლეტარიატის მიუდგომელ ტრიბუნალს.
დაე, მან საკითხი შეისწავლოს და გამოიტანოს თავისი განაჩენი.
ჩვენ წინდაწინვე ვიხრით თავს ამ განაჩენის წინაშე. დაე, ბოლშევიკებმაც დასდონ ასეთივე პირობა.
ველი პასუხს.
ნ. ჟორდანია
თავისუფალი საქართველო. /ჟურნალი/. - 1922. - №25.
______________
1. „დეილი ჰერალდი“-ს რედაქციამ, რომელმაც ტროცკის ბროშურას 18 სვეტი დაუთმო, აშკარათ განაცხადა, რომ ამის საფასურათ განსაზღვრული თანხა მიიღო განცხადებათა ტარიფის კვალობაზე.
2. ბ. ტროცკის ამონაწერში, რომელიც „დეილი ჰერალდ“-ში იყო მოთავსებული, ეს სიტყვა სულ გამოტოვებულია.
![]() |
14 ერის თვითგამორკვევა |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალიზმის ერთი ძირითადი პრინციპთაგანია ერის უფლება თვითგამორკვევისა.
რას ნიშნავს ეს დებულება, რა საფუძველზეა ის აგებული და რა ფორმას იღებს პოლიტიკაში?
ერი, ეროვნული იდეია სრულიად ახალი მოვლენაა, ის საუკუნის ღვიძლი შვილია. წინეთ პოლიტიკური მოძრაობის კალაპოტი იყო არა ეროვნება, არამედ საზოგადოება, რომელიც დგებოდა და იშლებოდა გარეშე ერის დამახასიათებელ ნიშნებისა. საშუალო საუკუნეთა ბატონები - თავად-აზნაურობა და სამღვდელოება - სავსებით კოსმოპოლიტური სოციალური ერთეულია და მოკლებულია ყოველგვარ ნაციონალურ სულისკვეთებას. მრეწველობის განვითარება და ბურჟუაზიული ურთიერთობის აღორძინება - პირველათ იწყებს საზოგადოების დანაწილებას ეროვნული ნიშნით. ეს მიმდინარეობა იურიდიულ სფეროში იხატება რევოლიუციებით, გამოღვიძებით ხალხის, როგორც დემოკრატიის და ერის, როგორც ნაციონალური ერთობის. ეს დიადი მოძრაობა ევროპას მოსდვა ნაპოლეონის ომებმა და ძირბუდიანათ ააფორიაქა ძველი რეაქციონური წესწყობილება.
წინანდელი კოსმოპოლიტური საზოგადოება ახლა იღვიძებს დემოკრატიულ და ეროვნულ საზოგადოებათ. ეს პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში მარცხდება, ძველი ქვეყანა მასზე შურს იძიებს ვენის კონგრესით (1815 წ.) და „წმიდა კავშირის“ დაარსებით. ეს დიპლომატიური ხუხულა ერთი დაკვრით ინგრევა ორმოცდარვაში და რევოლიუცია ევროპის საერთაშორისო მოვლენათ ხდება. დამარცხებულ მიმდინარეობამ კვლავ იფეთქა და თან ჩაითრია თითქმის ყველა ხალხი და ერი. ის აღმოჩნდა საკმაოთ ძლიერი დროგადასული წყობილების დასანგრევათ, მარა ნაკლებათ ძლიერი თავის ბატონობის დასამყარებლად. „წმიდა კავშირი“ ვეღარ შედგა, ახალი იდეია ცნობილ იქნა, მარა მას დაეპატრონა ძველი ბატონები. იწყება ლიბერალიზმის გატარება კონსერვატორების მიერ. ბრძოლა ეროვნების და დემოკრატიის წინააღმდეგ ღებულობს ახალ სახეს. დამორჩილება ხალხის და ნაციის ცენზიანი კონსტიტუციის საშუალებით გამოცხადდა მთავარ ფარხმალათ ინტერნაციონალური რეაქციისა. ამ მდგომარეობას არ ურიგდებიან პროლეტარიატი და დამორჩილებული ერები. ბრძოლა გრძელდება.
როგორც ხედავთ, ერის თვითგამორკვევა ისტორიულათ გაშინჯული, არის ერთი შტო ხალხთა პოლიტიკური თვითგამორკვევისა, ნაწილია დაჩაგრულთა საერთო განმათავისუფლებელი მოძრაობისა. ისინი ერთათ მიდიან, ერთ სათავეში თავს იყრიან. მათი ერთათ აცმა, ერთ პრინციპიალურ მთელათ და პროლეტარიატისათვის სავალდებულოთ გამოცხადება პირველათ მოახდინა კარლ მარქსმა პირველი ინტერნაციონალის პირველსავე სხდომაზე თავის „დამაარსებელ მიმართვაში“, 1864 წ. აქ ჩვენ ვკითხულობთ:
„უსირცხვილო დადასტურება, სასაცილო თანაგრძნობა თუ იდიოტური გულგრილობა, რომლითაც ევროპის მაღალი კლასები შეხვდენ რუსეთის მიერ დაპყრობას კავკასიის სიმაგრე - მთის და გმირული პოლონეთის დაკვლას, დაპყრობა უდიდესი და დაუბრკოლებელი ამ ბარბაროსული სახელმწიფოს მიერ, რომლის თავი ძევს პეტერბურგში, ხოლო ხელებს კი ვხედავთ ევროპის ყველა კაბინეტებში - ყველა ამან ასწავლა მუშებს, აუცილებლათ თვალყური ადევნოს ინტერნაციონალური პოლიტიკის საიდუმლოებას, მათ საკუთარ მთავრობათა დიპლომატიურ მოქმედებას და მას ებრძოლოს ყოველნაირი საშუალებით. ხოლო როცა მუშები დაინახავენ, რომ არიან უძლურნი მათ ხელი შეუშალონ თავის მოქმედებაში, საჭიროა მათ საერთო შეთანხმებული პროტესტი განაცხადონ და მოითხოვონ კანონები მორალის და სამართლიანობის, რომელიც უნდა მართავდეს დამოკიდებულებას ადამიანთა შორის, იქნას შემოღებული უზენაეს წესათ ერთა შორის დამოკიდებულებისა. ბრძოლა აი ამნაირი საგარეო პოლიტიკისათვის ნიშნავს მონაწილეობის მიღებას მუშათა განთავისუფლების საერთო ბრძოლაში“.
ცხადია, მარქსის აზრით, ბრძოლა ერის თავისუფლებისათვის დამპყრობელთა წინააღმდეგ ნიშნავს ბრძოლას მუშათა განთავისუფლებისათვისაც. ეს საერთო პროლეტარული ბრძოლაა. ამ პრინციპების გატარება მოითხოვს კავკასიის და პოლონეთის განთავისუფლებას უცხო უღლისაგან. მარქსი იძლევა არა მარტო თეორიულ დებულებას, არამედ ბრძოლის კონკრეტიულ საგანსაც. დაპყრობა ერთი ერის მეორისაგან, ისე როგორც ერთი პიროვნების მეორისაგან, დაგმობილია. თავისუფალი შეთანხმებული ურთიერთობა ერთა შორის, ისე როგორც ადამიანთა შორის, უმაღლეს წესათ წამოყენებულია. აი ამას ნიშნავს ერის თვითგამორკვევა, ეს არის უფლება ერის თავისუფლათ, სხვა ერის ძალდაუტანებლათ გააწესრიგოს თავისი ცხოვრება და სხვა ერებთან დამოკიდებულება. ეს აზრი რეზოლიუციებში იქნა შემდეგ ჩამოყალიბებული ინტერნაციონალურ კონგრესებზე.
ამნაირათ, სოციალისტური შეხედულობა ნაციათა ურთიერთობაზე გამომდინარეობს მისი შეხედულებისაგან ადამიანთა ურთიერთობაზე. ორივე აგებულია ერთ მთავარ დებულებაზე - თანასწორობაზე. ყველა ერი, მიუხედავათ მისი რიცხვისა და მდგომარეობისა, თანასწორია, ერთნაირი უფლების მატარებელია. თავისუფალი შეთანხმება საერთაშორისო უფლების ერთათ ერთი გზა და ხიდია.
აი ეს შეხედულობა შეითვისა შემდეგ ბურჟუაზიიდან გამოსულმა რევოლიუციურ დემოკრატიამ, რომელმაც 1873 წ. თავის ინტერნაციონალურ კონგრესზე იტალიის პატრიოტების (გარიბალდი, მაძინი და სხ.) და საფრანგეთის რადიკალების (ვიქტორ ჰუგო, მიშლე, კინე და სხ.) მეთაურობით გამოიტანეს „ხალხთა უფლების დეკლარაცია“. აი ამ „დეკლარაციის“ ზოგი მუხლი:
„ყველა ხალხი ურთიერთშორის თანასწორია, მიუხედავათ მათი ტერიტორიის რაოდენობისა და მოსახლეობის სქესისა“.
„არავითარ პიროვნებას, არავითარ მთავრობას, არავითარ ხალხს არ შეუძლია კანონიერათ, რაიმე მომიზეზებით დაეპატრონოს მეორე ხალხს ანექსიით, დაპყრობით თუ სხვა რაიმე საშუალებით“.
„ყველა ხალხს აქვს უფლება შემოსევის უკუქცევისათვის მოიხმაროს თავისი ტერიტორიის ყველა რესურსები, მცხოვრებთა ყველა პირადი თუ კოლექტიური ძალა“.1
პრინციპი ხალხთა თანასწორობისა არის პრინციპი სოციალისტური და რევოლიუციური დემოკრატიის. დაჩაგრულ ერთა ყველა ჭეშმარიტი პატრიოტები ამ ორ მიმდინარეობას ეკუთვნოდენ.
სულ სხვაა პრინციპი ნაციონალისტებისა. ისინი ერის სრულუფლებიანობას აღიარებენ მხოლოდ თავის ერისათვის, ხოლო სხვა ერს, სადაც კი მიახელებენ, იმორჩილებენ. ნაციონალიზმი მთავარი პოლიტიკური შინაარსია იმპერიალიზმის.
სოციალისტური და ნაციონალისტური შემეცნება ნაციისა წარმოადგენს ორ მოპირდაპირე მიმდინარეობას, რომელთა შორის მუდმივი ბრძოლაა. მათ შორის მომწყვდეული რევოლიუციური დემოკრატია თითქმის სავსებით გაილესა, გაითქვიფა და ბოლოს დაიშალა. ამ ჟამათ „ადამიანის უფლების“ სახელით ის ცდილობს აღდგეს და ინტერნაციონალურ ორგანიზაციათ გახდეს.
ერის თვითგამორკვევის პრინციპიალურ დებულებისაგან პრაქტიკულ პოლიტიკათ გადასაქცევათ საჭიროა ერთი პირობა - დაჩაგრული ერის გაცნობიერება და დამჩაგვრელის წინააღმდეგ დარაზმვა. ის უნდა გრძნობდეს თავის თავს თანასწორათ გაბატონებულ ერთან, საკუთარი განვითარების და გზის აუცილებლობას, თავის თავის პატრონობის შესაძლებლობას. ასეთი ცვლილება ხდება არა აგიტაციის და პროპაგანდის საშუალებით, არამედ ობიექტურ, ისტორიულ გარემოებათა ძალდატანებით. 1848 წელს ჩეხო-სლოვაკები არა თუ არ ითხოვდენ თავისთვის რაიმე უფლებებს, არამედ ეხმარებოდენ მეფის მთავრობას ვენგრელთა მოძრაობის ჩასაქრობათ. საქართველო მესამოცე წლებში არა თუ არ ეხმარებოდა მთას რუსეთის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, ეხმარებოდა რუსეთს მთის წინააღმდეგ. ჩეხელები და ქართველები თავის ინტერესებს არ ყოფენ ამ ხანაში გაბატონებული ერის ინტერესებისაგან. საქართველოს სოციალ-დემოკრატიამ ეს ისტორიულათ ბოძებული ნიადაგი თავიდანვე იცნო და მასზე ააგო თავისი ცხოველმყოფელი მოღვაწეობა. მარა როგორც კი გარემოება შეიცვალა და ისტორიამ ერი შემოაბრუნა ნაციონალური პოლიტიკის შარაგზაზე, პარტიაც შემობრუნდა მასთან ერთათ და ერის თვითგამორკვევა პრაქტიკული პოლიტიკის საგნათ აქცია.
ამნაირათ, ერის თვითგამორკვევის პოლიტიკური მატარებელია თვით ერი. ეს უპირველესი და მიუცილებელი პირობაა მისი გატარებისა. აქ, ამ გზაზე, მას ხვდება მოწინააღმდეგე პოლიტიკური მიმდინარეობანი, გაბატონებული ერის მეთაურ კლასების ნაციონალური პოლიტიკა, მათი ნაციონალიზმი და იმპერიალიზმი.
იმპერიალიზმი გამოიხატა ომებში, მძლავრის მიერ სუსტის დარბევაში და დამარცხებაში, ხოლო რევოლიუციური დემოკრატიზმი და ერის თვითგამორკვევა - იტალიის აღდგენაში და წვრილ ერთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ერთა და მუშათა მოძრაობამ აიძულა იმპერიალისტები ყველა ქვეყნისა შეთანხმებულიყვენ და ამ საერთო მტრის წინააღმდეგ ერთათ დამდგარიყვენ. ხმალი ქარქაშში ჩააგეს და საერთაშორისო კონფერენციები დაიწყეს. დიდი სახელმწიფოები შეთანხმდენ და ქვეყანა გაინაწილეს. და რომ ეს განაწილება მისაღებათ გამოეტანათ, მას სახელი გამოუცვალეს, დაპყრობის და ანექსიის მაგიერ დაარქვეს „გავლენის სფერო“. ამით ვითომ მშვიდობიანობა დამყარდა.
ნათქვამია: კაცი ბჭობდა, ეშმაკი იცინოდაო. ამ ეშმაკის როლს ასრულებს იგივე იმპერიალიზმი, იგივე ნაციონალიზმი, რომელიც თავის საზღვრებში ვერ ისვენებს, არ ისვენებს და მუდამ „ხელის მოსათბობს“ ეძებს. მსოფლიო ომმა იფეთქა, მთავარი იმპერიალისტურ-პოლიციური სახელმწიფოები დაინგრენ და ამით გზა გაეხსნა სოციალისტურ ნაციონალურ პოლიტიკას. ვილსონმა მთელი თავისი სახელოვანი დეკლარაცია ამ პოლიტიკაზე ააგო. ერთა თვითგამორკვევის უფლება სახელმწიფო უფლებათ გამოაცხადა. დაარსდა მთელი რიგი ნაციონალური სახელმწიფოებისა. მარა ვინაიდან ბურჟუაზიული იმპერიალიზმი არ მომკვდარა, ის დაბნეულობისაგან ჩქარა გამოვიდა და ძალა მოიკრიბა, ხოლო მეორე მხრით აღორძინდა მეფური იმპერიალიზმის ალაგას ბოლშევიკური იმპერიალიზმი. ამიტომ ერთა თანასწორობის პრინციპი სავსებით ვერ გატარდა ვერც ევროპაში, ვერც აზიაში და აფრიკაში. მოსკოვმა დაიწყო ძველი იმპერიის აღდგენა, ევროპამ გამოსჭრა ნაციონალური ერთეულები არა ნაციონალური მოსახლეობის, არამედ „პოლიტიკური წონასწორობის“ მიხედვით და მით შექმნა მრავალი ახალი კერა ნაციონალური შუღლისა.2 ერთი კი აშკარაა - „სფეროების“ პოლიტიკა გაკოტრდა, დასავლეთში ის დასამარდა. იმპერიალიზმი უფრო მორცხვ სახეს ღებულობს. სამაგიეროთ ამ გაკოტრებულ პრინციპს მოსკოვი ჩაებღაუჭა და ის თავისათ გამოიტანა. ჩიჩერინმა ეს აშკარათ აღიარა და მით საქართველოს დაპყრობას ფარდა ახადა. მან ცაკის უკანასკნელ სესიაზე თფილისში წარმოსთქვა შემდეგი:
„ბათომიდან ინგლისელების წასვლის შემდეგ ლოიდ ჯორჯმა განუცხადა ამხანაგ კრასინს, რომ ინგლისი არ ჩაერევა საბჭოთა რესპუბლიკისა და კავკასიის ურთიერთ დამოკიდებულებაში და რომ იგი კავკასიას უცქერის, როგორც საბჭოთა რესპუბლიკის გავლენის სფეროს“ („კომ.“, 5 მარტი 1925 წ.).
ე.ი. ლოიდ ჯორჯმა ნება დართო ჩიჩერინს საქართველო თავის „გავლენის სფეროში“ მოექცია, რაიცა გამოიხატა მის ანექსიაში. აქ მოხდა ბოლშევიკური და ბურჟუაზიული იმპერიალიზმის შეთქმულობა თავისუფალი ერის წინააღმდეგ. მარქსი ითხოვდა კავკასიის განთავისუფლებას რუსეთისაგან, ლოიდ ჯორჯი კი, პირიქით, მას უტოვებს რუსეთს; ხოლო ჩიჩერინი ემყარება არა მარქსს, არამედ ლოიდ ჯორჯს: ის სცნობს არა ნაციათა თანასწორობას, არამედ მათ ანექსიას!
ბოლშევიზმი ნაციონალურ საკითხშიაც, ისე როგორც პოლიტიკურში და ეკონომიურში, სავსებით გამოეყო სოციალიზმს და აშკარათ ააფრიალა იმპერიალისტური დროშა. ის მართალია ყვირის ერის თავისუფლებაზე, მარა იმ ერის, რომელიც მის ხელში არ არის და მას ვერსაიდან ვერ უდგება. აქაც მას აინტერესებს არა ერის სვე-ბედი, არამედ წაქცევა მისი კონკურენტის, მისი მოწინააღმდეგე იმპერიალისტური სახელმწიფოსი. ეს არის აღდგენა პრიმიტიული იმპერიალიზმის. მოსკოვი ექანება სულ უკანა-უკან, გასული საუკუნის მესამოცე წლების საერთაშორისო ინტრიგის და შუღლის პოლიტიკისაკენ.
ამგვარათ, სოციალისტურ ნაციონალურ პოლიტიკამ საკმაოთ შეანგრია იმპერიალიზმის კედელი, მარა სავსებით ის ვერ დალეწა. მისი მტერია აშკარათ ბოლშევიზმი, მორცხვათ ბურჟუაზია. მარა ამ უკანასკნელს ებრძვის ყველა ფეხის ნაბიჯზე გამძლავრებული სოც. ინტერნაციონალი და არ ანებებს თავისი პოლიტიკის პირდაპირ გატარებას. ევროპა დღეს იმყოფება სოციალიზმის მძლავრ გავლენის ქვეშ. ეს გავლენა არ არის მხოლოდ საბჭოთა ქვეყანაში. იქ ოპოზიცია ჩაკლულია, ავანტიურისტთა ვიწრო წრე გაბატონებულია. საიდუმლო დიპლომატია, შეთქმულობა, ძალმომრეობა ამ ბატონების მთავარი ფარხმალია. მთელი მათი საგარეო მოქმედება წყვდიადით მოცული და ყოველივე პასუხისმგებლობას მოკლებულია.
თუ მარქსს ადამიანთა თანასწორობის პრინციპიდან გამოყავს ერთა თანასწორობა, ბოლშევიზმს პირიქით - ადამიანთა უთანასწორობისაგან გამოყავს ერთა უთანასწორობა. დემოკრატიის ძირითადი დებულების უარისყოფა თავისთავად გულისხმობს ერის უფლების უარისყოფასაც. ნაციის თვითგამორკვევის მთავარი მტერი მოსკოვში ზის.
დღეს მსოფლიოში იბრძვის ორი პოლიტიკური ძალა უფროსობისათვის. ერთი მხრით დგას სოციალისტური ინტერნაციონალი და მუშათა საერთაშორისო სინდიკალური ორგანიზაცია, მეორე მხრით - ბურჟუაზია, ბოლშევიზმი და მათი მოკავშირე ძველი და ახალი ბატონები. ეს მათი სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობა ნაციონალურ სფეროში ნიშნავს წინააღმდეგობას იმპერიალიზმს და ერის თვითგამორკვევას შორის. იმპერიალიზმი დამარცხდა, მარა გატეხილი არ არის; ერის თვითგამორკვევამ გაიმარჯვა, მარა გაბატონებული არ არის. ქართველი ერის თვითგამორკვევა მოხვდა ამ კალაპოტში და განიცადა მისი ბედი - გამარჯვება და დამარცხება. ის დგას ნაციონალურ კვანძის ცენტრში და როგორც კი ეს კვანძი ისევ დაიწყებს დახსნას, - იქიდან პირველ ყოვლისა საქართველო უნდა გამოვიდეს თავისუფალი და აღდგენილი.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი/. - 1925. - №1. - გვ. 6.
_______________
1. „დეკლარაცია მშვიდობიანობის და თავისუფლების ინტერნაციონალური ლიგისა“.
2. ვერსალის ზავით ნაციონალურ უმცირესობათ უნდა მიეცეს გარანტია თავისი კულტურის განვითარებისა.
![]() |
15 მიმდინარე პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
არის ორი პოლიტიკა, ორი იდეიური მიმდინარეობა, ყოველგან, ყველა დიდ თუ წვრიმალ მოვლენაში დაპირდაპირებული და ერთი მეორის უარის მყოფი. ერთია ბოლშევიკური, მეორე - სოციალისტური.
პირველი თავის მოქმედებას, თავის მერმისს აგებს დასავლეთ ევროპის არევ-დარევაზე, სახელმწიფოთა შორის გაღვივებულ შუღლზე, წარმოების დაუძლურებაზე, ერთა კონფლიქტებზე, ომზე და დამარცხებაზე, მასის გაღატაკებაზე და დაცემაზე. ის ამ ჭაობში ხარობს, ამ უბედურებაში ეძებს თავის სასიცოცხლო წყაროებს.
მეორე, სოციალიზმი კი, პირიქით, მთელ თავის მოქმედებას, მთელ თავის მომავალს აგებს მშვიდობიანობის დამყარებაზე, დასავლეთ ევროპის შეთანხმებაზე, ერთა და სახელმწიფოთა ერთობაზე, წარმოების გამდიდრებაზე, მასის ნივთიერათ და მორალურათ გაღონიერებაზე, ერთი სიტყვით, საერთო აღორძინებასა და ამაღლებაზე.
ეკონომიური და პოლიტიკური განვითარება კლავს ბოლშევიზმს, ართმევს სარბიელს, უსპობს ნიადაგს და აქცევს მას არარათ. ის თან ატარებს ყველა თვისებას იმ ჭირისას, რომელიც ყოველთვის ომს მოყვებოდა ხოლმე. როგორც კი ომი ბოლოვდებოდა, მინგრეულ-მონგრეული ქვეყანა კალაპოტში დგებოდა და სოციალური კანონები ნორმალურად ამუშავდებოდა. ჭირიც კარგავდა საკვებ მასალას და ქრებოდა.
სოციალიზმი მიილტვის ომით მოწამლული ატმოსფეროს გაჯანსაღებისაკენ, ხალხთა შორის დაწყვეტილ ძაფების აღდგენისაკენ. ეს არის იმავე დროს სურვილი და მოთხოვნილება ყველა ხალხის, მთელი კაცობრიობის, გარდა იმ მცირედი ნაწილისა, სპეკულიანტების და მეზარბაზნეების, რომელნიც ომით და სისხლის ღვრით იტენენ ჯიბეს და იძენენ კაპიტალს.
ამნაირათ, ერთი მხრით დგას ბოლშევიზმი და მილიტარისტულ-სპეკულიანტური ბურჟუაზია, მეორე მხრით სოციალიზმი და მთელი დანარჩენი კაცობრიობა.
ბრძოლა ამ ორ ბანაკს შორის წარმოებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, პირველ ყოვლისა, მიმდინარე პოლიტიკაში.
მთავარი პოლიტიკური მომენტი, რომელიც ყოფდა დასავლეთს ომამდე და ყოფს დღესაც, არის კონფლიქტი საფრანგეთს და გერმანიას შორის. ის წარმოიშვა მესამოცდაათე წლებიდან, როგორც ნაყოფი ნაპოლეონ მესამის და ჰოჰენცოლერნთა პირადი პოლიტიკის, რასაც მოყვა ომი და დამარცხება, წინეთ საფრანგეთის, ახლა გერმანიის. ევროპის ატმოსფეროს გაწმენდა მოითხოვს პირველ ყოვლისა აი ამ კონფლიქტის ამოწურვას, ყოველ შემთხვევაში, მის მინელებას, თანხმობის და კეთილ-მეზობლობის მოდავეთა შორის ჩამოგდებას. მარა ამ შემთხვევაში რუსეთი რჩება გარიყული. ის ვეღარ ითამაშებს ვერც „საერთაშორისო ჟანდარმის“, ვერც „საერთაშორისო დამანგრეველის“ როლს. ამიტომ ცარიზმი მთელი თავისი ძალღონით ებრძოდა ამ თანხმობის პოლიტიკას და ემსახურებოდა შუღლს. ის მოევლინა საფრანგეთს მოკავშირეთ და მხსნელათ. ბოლშევიზმი ამ ჟამად პირწმინდათ იმეორებს ამავე პოლიტიკას: ის მოევლინა მეგობრათ გერმანიას საფრანგეთის წინააღმდეგ და ლამის ეს მდგომარეობა სამიდღემჩიოთ შეინარჩუნოს.
მაგრამ აი გერმანიამ უცებ პირი იბრუნა საფრანგეთისაკენ და მას მიმართა მოთხოვნით, - მოვრიგდეთო. საფრანგეთმა ამ მომართვას ხელი წაატანა და ინგლისის დასტურით თანხმობით უპასუხა. დაიბადა პირველათ ამ ორ მეტოქეთა დაახლოვების შესაძლებლობა. შეშფოთდა მოსკოვი, აწრიპინდა ბოლშევიკური კალმები, ამუშავდენ დიპლომატები ამ შესაძლებლობის ჩასაშლელათ. ისინი ახლა იმეორებენ იმ კამპანიას, რომელიც მათ ასტეხეს დაუსის პლანის წინააღმდეგ, ე.ი. წინააღმდეგ გერმანიის ფინანსიური გაჯანსაღებისა და საკუთარ, რუსეთზე დამოუკიდებელ ფეხზე დადგომისა. დაუსის პლანი განხორციელდა, მოსკოვი დადუმდა. გერმანია გადაჭრით დაადგა დასავლეთის ეკონომიურ ორიენტაციას და ახლა ის ამას აგვირგვინებს პოლიტიკურადაც. ეს კი ქმნის სრულიად ახალ საერთაშორისო მდგომარეობას მოსკოვისათვის.
პირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ თვით მათი მორიგების შინაარსი. სოციალისტები მოითხოვენ ერთა საერთო კავშირის დამყარებას ყველა სადაო საკითხის სავალდებულო მედიატორული წესით გადაჭრით. ვინც ამ წესს არ დაემორჩილება და ხმალს იშიშვლებს, - ის ისჯება ყველა მოკავშირეთა შეერთებული ძალღონით. ამ კავშირს მეთაურობს ნაციათა ლიგა.
დაიბადა ჟენევის პროტოკოლი მაკდონალდის და ერიოს მეთაურობით. პროტოკოლს აუხირდენ რეაქციონერები და გააკეთეს მოსკოვის გასახარელი: ის დაიმარხა და მის ალაგას წამოაყენეს კერძო პირობა („პაკტი“) გერმანია-ანტანტას შორის. რაკი პირველი არ გავიდა, მეორე მაინც მისაღებია, ვინაიდან ის ამავე პოლიტიკური ხაზიდანაა აღებული. მას ემხრობა საერთაშორისო დემოკრატია. მხოლოდ საკითხია ის, თუ რა სახის იქნება პაკტი: პირობის მონაწილენი თანხმდებიან ყველა სადაო საკითხი გადასჭრან მოლაპარაკებით ან მედიატორული წესით ნაციათა ლიგის საშუალებით, თუ ქმნიან კავშირს, რომლის წევრები ერთი-მეორეს წაესევიან, როგორც კი რომელიმე მათგანი პირობას დაარღვევს? ნაციათა ლიგის ძირითადი სტატუსია მედიატორული წესი და ყველა სახელმწიფო ამ პრინციპის მომხრე ვალდებულია გახდეს ლიგის წევრათ. „პაკტის“ ასრულება მოითხოვს გერმანიის ლიგაში შესვლას და მისი წესების მიღებას. კავშირების და კონტრკავშირების პოლიტიკა დაამარცხა ომმა. სწორეთ ასეთ სამხედრო ბანაკებათ დანაწილებამ გამოიწვია უმაგალითო სისხლის ღვრა. სოციალიზმის ძველი პრინციპი - არბიტრაჟი - დღეს ერთადერთი საერთაშორისო პოლიტიკაა შესაძლებელი და მჭრელი. კაცობრიობა იძულებული შეიქნა მიეღო ეს პრინციპი და მის საფუძველზე აეგო ნაციათა ლიგა.
მოსკოვი ებრძვის როგორც ამ პრინციპს, ისე ამ ლიგას. ის ჩარჩა ძველი, დამარცხებული პოლიტიკის ჩარჩოში, ცარიზმის ბარბაროსულ საერთაშორისო უფლებით გაჟღენთილი. ის განაგრძობს საიდუმლო დიპლომატიას, ბნელეთში ხელის ფათურს, ერების დამორჩილებას და ძალათ გასაბჭოებას, კავშირების და კონტრ-კავშირების ძიებას. ერთი სიტყვით, დესპოტიზმზე დამყარებულ საგარეო საქმიანობას. მთელ ამ მუშაობას ლახვარს სცემს ერთა ლიგის გამარჯვება, მისი რეალურ ძალათ გადაქცევა. გერმანიის მის წევრათ შესვლა და პროტოკოლის თუ არა, ამ ხანათ პაკტის მაინც განხორციელება მოსკოვს უკარგავს ყოველგვარ გავლენას ევროპის საქმეებზე. ეს არის დასავლეთის საერთაშორისო მდგომარეობის სრული სტაბილიზაცია და მოსკოვის იზოლიაცია. დასავლეთი ეპირდაპირება ბოლშევიკურ რუსეთს. მოსკოვი ამაში ხედავს ინგლისის ინტრიგებს, შემთხვევით მოვლენას გერმანიის რუსეთისაგან ჩამოსაშორებლათ. ნამდვილათ კი აქ არაფერია შემთხვევითი, არც ინტრიგანური: ეს აუცილებელი, ისტორიული გზაა კაცობრიობის განახლების და განვითარებისაკენ. ბოლშევიზმი მას ეპირდაპირება და მით ბუნებრივათ ამ შარაგზის გარეთ რჩება. ის ცდილობს თავის დაღუპვაში ამხანაგები იშოვოს, ცოცხალი სამარეში ჩაიჭიროს და ასე სული კბილით დაიჭიროს. მთელი ბოლშევიკური პრესა „იზვესტიას“ მეთაურობით გერმანიას ემუქრება. თუ გამეცი და ლიგაში შედი, შენს მტრებს - საფრანგეთს და პოლონეთს - მოვურიგდებიო. „გერმანიის მთავრობამ უნდა იცოდეს, - სწერს „იზვესტია“, - თუ ის ამ გზას დაადგება, საბჭოთა კავშირი მიიღებს ზომებს თავის ინტერესების დასაცავათ და იმოქმედებს იმ გზით, რომელიც არ მიდის გერმანიასთან პოლიტიკური და ეკონომიური დამოკიდებულების განვითარებისაკენ“. ამავე დროს ეს გაზეთი ეარშიყება საფრანგეთს და თანაც ჭკუას ასწავლის - გერმანიასთან მორიგება მეორე სედანს გიქადისო.
ერთი სიტყვით, მოსკოვი აშკარა პოლიტიკურ შანტაჟს ეწევა, ორივე მხარეს თვალებს უპაჭუნებს, ორივეს თავის თავს შეაძლევს. მაგრამ ისინი მისგან გარბიან, როგორც ჟამისაგან და მას გატიტვლებულს ქვეყნის შარაზე ტოვებენ. ერთათ ერთი მისი თაყვანისმცემელია გერმანიის მილიტარისტები და ნაციონალისტები.
ესენი ბოლშევიკებთან ერთად ილაშქრებენ „პაკტის“ წინააღმდეგ და იცავენ ღვრიე წყალს, სადაც ნაყოფიერათ თევზაობენ. მაგრამ გერმანიის მთავრობამ, სოციალ-დემოკრატიის და რადიკალური ბურჟუაზიის ზეგავლენით, უკვე გადასწყვიტა საფრანგეთის წინადადება მიიღოს და მის საფუძველზე მოლაპარაკება აწარმოოს. ის უკვე ზურგს აქცევს რუსეთს და პირს იბრუნებს დასავლეთისაკენ. წყდება ევროპის უდიდესი პოლიტიკური საკითხი:
მტკიცდება დასავლეთის მორალური ერთობა, ირიყება ამ ერთობის აღმოსავლეთის მტერი.
პირველათ ახლა დაისვა მიმდინარე პოლიტიკის დღის წესრიგში ნათლათ და საჯაროთ ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ბლოკის შექმნის საკითხი. საფრანგეთის საგარეო სამინისტროს გამომხატველო ორგანო „ტანი“, რომელიც ეს ერთი ხანია ბოლშევიკებს ეარშიყება, იძულებული გახდა ალაპარაკებულიყო ამ ბლოკის აუცილებლობაზე. ის სწერს: „დაირეკა ჟამი გერმანიისათვის ამოირჩიოს ან გერმანო-რუსული ბლოკი, სადაც ის დაიჭერს მეტათ საშიშარ მდგომარეობას, ან ევროპის ბლოკი, საითკენაც მას მიაქანებს მისი ინტერესები და მისი ტრადიციული ლტოლვილება... მან (გერმანიის საგარეო მინისტრმა) კარგათ იცის, უეჭველია, რომ მჭიდრო კავშირი საბჭოთა რუსეთთან დაუპირისპირებს გერმანიას ინგლისს, ყველა თავისი მძიმე შედეგებით, რასაც ეს მოუტანს მის პოზიციას კონტინენტის ცენტრში. საკმარისია გაიგონოთ ჩიჩერინის განცხადება იმაზე, რომ ლონდონის მიერ კავშირის გაწყვეტა საბჭოებთან ნიშნავს ომს, რომ ვთქვათ: ამჟამათ ბრძოლაა მოსკოვს და ლონდონს შორის“ („ტან“, 4 ივლისი).
ამაზე უფრო ნათლათ თქმა აღარ შეიძლება. რუსეთი თუ ევროპა - აი, ორი მოპირდაპირე ბანაკი და მათ შორის ახდენს არჩევანს გერმანია. ყველა სხვა სახელმწიფოებს არჩევანი კაი ხანია მოხდენილი აქვთ ევროპის სასარგებლოთ. მხოლოთ გერმანია ყოყმანობდა, ვინაიდან ის მოსკოვისაგან რეალურ სარგებლობას გამოელოდა. მაგრამ ეს იმედი არ გაუმართლდა, არც მილიტარულათ, არც ეკონომიურათ. რუსეთის დამარცხებამ პოლონეთის მიერ და წითელი არმიის დაუძლურებამ საბოლოოთ გააქრო გერმანელთა ოცნება პოლონეთის კორიდორის რუსის ხიშტით დაპყრობაზე, ხოლო რუსეთის ქრონიკულ ეკონომიურ კრიზისმა მეურნეობაში და მრეწველობის დაცემამ მოუსპო იმედი რუსეთისაგან რაიმეს „გამორჩენისა“. აი ამ ორგვარ იმედის გაცრუება გერმანიას დღეს ძალას ატანს ისევ დასავლეთში ეძიოს მეგობარი და მომხმარე. ასეთია მისთვის პირველ ყოვლისა ინგლისი, რომელსაც მხარში უდგია საფრანგეთი და მისი მეგობარ-მოკავშირენი.
გერმანიის ლიგაში შესვლას რით უპასუხებენ ბოლშევიკები? ორში ერთი: ან თვითონაც უნდა შევიდენ, ან ევროპის მთლიან ფრონტს შეებრძოლონ. პირველ შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან მიიღონ ლიგის სტატუსი, ე.ი. დემოკრატია საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედათ აღიარონ და თავის მოქმედების ანგარიში ქვეყანას აძლიონ. საქართველოს საკითხი თავიდანვე წინ დახვდება და არბიტრაჟი მისთვის სავალდებულო გახდება. ეს იქნებოდა ბოლშევიზმის ლიკვიდაცია არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიაც. ამ გზას უეჭველია ის არ დაადგება და ისევ სასიკვდილოთ გამზადებულსავით შეეცდება გაერთიანებულ ევროპას შორიდან უყეფოს და თავისი სამარე თვითონვე მოამზადოს.
ევროპა მთლიანდება, რუსეთი მარტოვდება. მიმდინარე პოლიტიკის ძარღვი აი, აქ სცემს. ძველი დახლართული კვანძი იხსნება დასავლეთში და ახალი კვანძი იხლართება საბჭოების საბრძანებელში. მას ირგვლივ რკინის სალტე ერტყმება და ის მავთულ-ხლართში ებმება. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო...
ნ. ჟ.
ბრძოლა. - 1925. - №2.
![]() |
16 მარსელში |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალისტური ინტერნაციონალი ჰამბურგში გამრთელდა ორგანიზაციულათ და იდეიურათ, მარსელში - პოლიტიკურათ და ტაქტიკურათ.
ჰამბურგში მან აღმართა დროშა სოციალიზმისა და ზედ მოქარგა მისი ძირითადი დებულებანი.
მარსელში ეს დებულებანი მან ჩამოასხა მიმდინარე პოლიტიკათ და გახადა სოციალისტური საქმიანობის კალაპოტათ.
რა საკითხებმა მიიპყრო ინტერნაციონალის ყურადღება მარსელში?
ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს იპყრობს ქვეყნის ყურადღებას - საკითხი ომის და ზავის, დაცემის და აღორძინების, თავისუფლების და მონობის, კულტურის თუ ველურობის.
ამ ჟამათ დასავლეთში წარმოებს დიდი ისტორიული დავა სოციალიზმს და კაპიტალიზმს შორის. თუ წინეთ, ომის წინ, ინტერნაციონალი წარმოადგენდა მომავალი წყობილების მოციქულთა კრებულს, რომელიც ქვეყნათ ახალ სახარებას ღაღადებდა, ახლა ის უკვე შეიჭრა ცხოვრების შუაგულში და თავის მჭრელ სიტყვას საქმეთ აქცევს. აქ მას ეჯახება ბურჟუაზიის ტრადიციული პოლიტიკა და გაჩაღდა ბრძოლა ამ ორ ბანაკს შორის.
მსოფლიო ომმა, ქვეყნის ასე გაჩანაგებამ და დარბევამ სამუდამოთ დაუკარგა პრესტიჟი ამ უბედურობის მეთაურს - ბურჟუაზიას და განადიდა სოციალიზმი. საზოგადოებას სიტყვა-სიტყვით აუსრულდა სოციალისტების გაფრთხილება, ჟორესის, ბებელის, გედის და მრავალ სხვა ლიდერთა ნათქვამი. იმპერიალისტური პოლიტიკა საქვეყნოდ გაკოტრდა, სოციალისტური პოლიტიკა აუცილებელი შეიქნა.
მარსელის კონგრესი აღარ იყო ყრილობა მქადაგებელთა, იქ არ ისმოდა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა; პირიქით, ეს გახლდათ კრება სახელმწიფო მოღვაწეთა, პრაქტიკული პოლიტიკის გამტარებელთა. მისი ერთი სხდომის თავმჯდომარეობა ბელგიის და შვეციის სოციალისტი მინისტრების მიერ უტყუარი ნიშანია სიტყვის საქმეთ გადაქცევის, რეზოლიუციის სახელმწიფო აქტში განხორციელების.
ამიტომ სრულიად გასაგებია ის ინტერესი კონგრესისადმი, რომელიც ქვეყანამ გამოიჩინა. აქ წყდება მისი ხვალინდელი ბედი, აქ იყრება მისი ხვალინდელი შენობის საძირკველი. როგორი უნდა იყოს ეს საძირკველი? რაზე დაეყრდნოს საზოგადოება? რა გზით შეიძლება მისი აღორძინება და განვითარება?
ევროპაში ორნაირი პოლიტიკური საზოგადოებაა - დასავლეთის და აღმოსავლეთის, რომელნიც იმყოფებიან ორ სხვადასხვა მდგომარეობაში. პირველს ემუქრება კაპიტალისტური იმპერიალიზმი, მეორეს კი კომუნისტური იმპერიალიზმი. ამიტომ მარსელში ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე იქნა დასმული და მათ ირგვლივ დატრიალდა მთელი მუშაობა.
საზოგადოება უნდა აეგოს მშვიდობიანობაზე, ზავზე. ეს ძირითადი დებულებაა სოციალიზმის.
საზოგადოება უნდა აეგოს ომზე, დაპყრობაზე - ეს ასეთივე ძირითადი დებულებაა ბოლშევიზმის. ამ ორ მოპირდაპირე ბანაკს შორის დგას ბურჟუაზია, რომლის ერთი შტო - მილიტარისტული და ფაშისტური - ებჯინება ბოლშევიზმს, ხოლო მეორე - პროგრესიული და პაციფიური - სოციალიზმს. პირველმა ლამის ისტორია უკან შეატრიალოს, მიღწეული საფეხური დემოკრატიის და თავისუფლების მოსპოს და მის ალაგას ძალმომრეობა გაამეფოს. ომი გარეთ, რეაქცია შიგნით - აი, რას უმზადებს ის კაცობრიობას. მეორე მიმდინარეობა ამას სავსებით ეწინააღმდეგება, დემოკრატია და პაციფიზმი მისი ერთათ-ერთი ფარხმალია. აქ ერთდება პროლეტარიატი და მოწინავე ბურჟუაზია, ერთდება, მარა არ ითქვიფება. მარსელის კონგრესმა მათ შორის გაავლო ზღვარი, განასხვავა სოციალისტური პაციფიზმი ბურჟუაზიულისაგან. უკანასკნელი ომს აღიარებს უცაბედ, შემთხვევით მოვლენათ, გლახა დიპლომატების და მინისტრების შეცდომათ. შესცვალეთ უვარგისი მმართველი ვარგისიანით და ქვეყნათ მშვიდობიანობა დამყარდებაო. სოციალიზმი კი, პირიქით, აღიარებს ომს აუცილებელ მოვლენათ კლასიურ საზოგადოებაში. ომი კლასთა შორის ბადებს ომს ერთა შორის. მოსპეთ კლასთა ბატონობა, გააუქმეთ მისი უკანასკნელი ფორმა - კაპიტალიზმი, დაამყარეთ სოციალიზმი და ომი შიგნით და გარეთ მოისპობა, ნამდვილი დემოკრატია ერში და ერთა შორის გაბატონდება...
აი ამ ძირითადი პრინციპიალური განსხვავებით იწყება მარსელის რეზოლიუცია - „მშვიდობიანობის პოლიტიკა“. ის ამბობს:
„ეკონომიური კონკურენციის რეჟიმი ერთმანეთს აჯახებს ყველა ნაციონალურ კაპიტალიზმს, რომ მოიპოვონ დასამუშავებელი მასალა და ბაზარი, გაყვლიფონ მუშათა მასა, დააგროვონ დიდი კაპიტალი და ხელთ იგდონ ფინანსიური ბატონობა. ასეთი რეჟიმი რჩება ძირითად მიზეზათ ომის საშიშროების...“
სოციალისტური რევოლიუცია ბოლოს უღებს ომს, კომუნისტური რევოლიუცია კი, პირიქით, ხდება წყაროთ ახალი ომიანობის. ბოლშევიკებმა დაამყარეს რა „კომუნიზმი“, გადაიქცენ მილიტარიზმის და მსოფლიო სისხლის ღვრის მოციქულებათ. საკმარისი იყო მარტო ეს ერთი თანდაყოლილი ჩირქი მთელი მათი აზროვნების და წყობილების ამოსაგდებათ. პროლეტარიატი და მისი მიმყოლი მეზობელი კლასები თავს იყრიან სოციალიზმის დროშის ქვეშ, ვინაიდან აქ ხედავენ ისინი პირველ ყოვლისა მშვიდობიანობის ნამდვილ დამცველთ. მარა საბოლაო მიზნის მიღწევამდე არა ერთი და ორი ომი შეიძლება ატყდეს. სანამ პეტრე მოვა, პავლეს ტყავი გააძვრეს. ამიტომ პროლეტარიატი იბრძვის არსებულ პოლიტიკურ საზღვრებში ომის თავიდან ასაცილებლათ და ხალხთა ურთიერთობის მოსაწესრიგებლათ. აქაც ის დიდათ განსხვავდება ბურჟუაზიულ პაციფისტებისაგან. ესენი ფიქრობენ არსებული საერთაშორისო ურთიერთობის დაცვით, დადებული ტრაქტატების შესრულებით მშვიდობის გამეფებას. მათთვის ვერსალის ზავი, მაგ., ხელშეუხებელი მცნებაა, მისი შეცვლა ან შესწორება მომაკვდინებელი ცოდვაა. სოციალისტური ინტერნაციონალი კი ფიქრობს ზავის დამაგრებას არსებულ ხელშეკრულობათა გადაშინჯვით, უსამართლო საზღვრების გასწორებით, დამონებული ერების განთავისუფლებით, ომიანობის უახლოესი მიზეზების მოსპობით. ერთა ლიგა უნდა გახდეს იარაღათ ასეთი გადასხვაფერების. ამ პოლიტიკურ აღმშენებლობას უნდა მიეცეს შესაფერი ეკონომიური საფუძველი. ლიგამ უნდა თვალყური ადევნოს საწარმოო კონფლიქტებს, ამ მიზნით შექმნას განსაკუთრებითი ეკონომიური საბჭო, ჩაერიოს და მოაწესრიგოს საერთაშორისო შეჯახება დასამუშავებელი მასალის განაწილების ნიადაგზე. ყოველნაირი კონფლიქტი ხალხთა შორის უნდა გადაწყდეს სავალდებულო არბიტრაჟით. არბიტრაჟის უარისმყოფელი ჩაითვლება გამცემათ და ყველა სახელმწიფოთა რისხვა მის წინააღმდეგ მიიმართება.
როგორც ხედავთ, მარსელის გეგმა შეიცავს სრულ განახლებას არსებულ საერთაშორისო პოლიტიკური და მატერიალური ურთიერთობის. ის მას ათავსებს ერთ გარკვეულ კალაპოტში, ამარტივებს და დარაჯათ უყენებს მოწინავე კაცობრიობას. ამ პირობაში ომის გამომწყები, სხვისი დამპყრობი დაუყოვნებლივ მიიღებს შესაფერ სასჯელს. ყველა ნაბიჯი ამ მხრით გადადგმული არის. ეს ნაწილობრივი შეთანხმება (პაკტი) ერთა შორის თუ საერთო სავალდებულო შეთანხმება (პროტოკოლი) მისაღები და აღსასრულებელია.
„აი ამ შეხედულებას მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესი უპირდაპირებს, - ამბობს რეზოლიუცია, - შეხედულებას ბოლშევიზმისას, რომელიც სოციალიზმის აღმაშენებელი ნების ყოფის ალაგას აყენებს ბრმა დანგრევის ოცნებას და მით აგვიანებს იმ ჟამს, როცა პროლეტარიატი, ბატონი თავის ბედისა, შესძლებს განახორციელოს თავისი სრული განთავისუფლება კეთილ დღეობაში“ და სხვ.
ასეთია კონგრესის განაჩენი დასავლეთ ევროპის მწვავე საკითხებზე.
აღმოსავლეთ ევროპის მდგომარეობა, როგორც ვთქვით, რამოდენიმეთ განსხვავებულია. ნაციონალური სახელმწიფოები დასავლეთში დიდი ხანია არსებობენ და მათ არსებობას არავინ ემუქრება. აქ დგას არა ერის სუვერენიტეტის საკითხი, არამედ საკითხი ეკონომიური კონფლიქტებისა, სტრატეგიული და ისტორიული შუღლისა, კოლონიების მოვლა-პატრონობისა - ერთი სიტყვით, წინააღმდეგობანი კაპიტალისტური იმპერიალიზმისა. იქ, აღმოსავლეთში, ნაციონალური სახელმწიფონი ახლათ დაარსებულია, ზოგმა განთავისუფლებულმა ნაციამ კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა. ყველა ამათ ემუქრება ახლათ აღორძინებული ბოლშევიკური იმპერიალიზმი, ემუქრება არა მარტო მათ ეკონომიკას, მათ ამა თუ იმ კერძო მხარეებს, არამედ მთელ მათ არსებობას, მათ სუვერენობას, მათ დამოუკიდებლობას. მათ ესაზღვრება ეს უშველებელი მოლოხი და უპირებს გადაყლაპვას.
და აი ამ საკითხში ინტერნაციონალმა ვერ გამოიჩინა საკმაო ერთსულოვნება. კიდევ მეტი, აქ ინტერნაციონალი გაიყო ორათ: ერთი მხრით დადგა ყველა ახალ დაარსებული სახელმწიფონი საფრანგეთ-ბელგიის მეთაურობით, მეორე მხრით - ინგლის-გერმანიის მიმყოლნი. ეს იშვიათი ამბავი სოციალისტური ინტერნაციონალისა აიხსნება თვით საკითხის სიახლით და გაურკვევლობით. ახალმოდის ბოლშევიკური იმპერიალიზმი აღორძინდა ეს რამდენიმე წელია, ის ნათელი გახადა საქართველოს დაპყრობამ. მას ჯერ ვერ შეეჩვია, ვერ გაეცნო დიდი სახელმწიფოების სოც. პარტიები, რომლის მუშაობა თავის შინაური იმპერიალიზმით ისაზღვრება ეს რამდენიმე ათეული წელია. მათ აწუხებს საკუთარი იარა და შორეულს ჯეროვანათ ვერ აფასებენ. მართალია, არც ერთი ეს პარტია დღეს ბოლშევიზმს აღარ რაცხს რევოლიუციურ ან სოციალისტურ ელემენტათ, არც ერთი ის მას მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ბროლაში. პირიქით, მთელი პრაქტიკა ინტერნაციონალისა მოწმობს იმას, რომ ბოლშევიზმის ინააღმდეგ ის ილაშქრებს ხშირათ პროგრესიული ბურჟუაზიის გვერდით, ხოლო მის მომხრეთ არასოდეს არ გამოდის. ერთათ-ერთ გამონაკლისს შეადგენს ავსტრიის სოც.-დემ. პარტია, რომლის ლიდერს ბაუერს კიდევ სწამს ბოლშევიკების სოციალისტობა. ის ჩამოთვლის ყველა უარყოფით მხარეებს კომუნიზმისას, მასში ქვას ქვაზე არ ტოვებს, მარა დასკვნას მოულოდნელს აკეთებს: „ყოველ შემთხვევაში ის მაინც სოციალიზმია. ამ საერთო სოციალიზმიდან, მიუხედავათ ყველა წინააღმდეგობისა ჩვენს შორის, გამომდინარეობს შედარებითი ერთობა ინტერესებისა, რაც არ უნდა იყოს დავიწყებული“.1
და მართლაც, კონგრესის კომისიაში, სადაც ეს საკითხი ირჩეოდა, ერთათ-ერთი ბაუერი გამოდიოდა პრინციპიალური მოსაზრებისაგან ბოლშევიზმის სასარგებლოთ, რასაც დაუპირდაპირდა ასეთივე პრინციპიალური მოსაზრება ბოლშევიზმის საწინააღმდეგოთ. აი ამ ორი მიმდინარეობის შეჯახებამ მოგვცა კომპრომისული რეზოლიუცია, რომლის შესახებ ბაუერი ამბობდა, - ამას მე ვერ დავიცავ, ეს ჩემი აღარ არისო; თუმცა ნიჭიერათ დაიცვა კონგრესის სხდომაზე.
რასაკვირველია, ბაუერის მთელი ზემოთ მოყვანილი მოსაზრება ბოლშევიზმზე ძირბუდიანათ ეწინააღმდეგება ინტერნაციონალის შეხედულებას. ბოლშევიკების სოციალისტობა მას არ სწამს და აქედან გამოდის მისი ტაქტიკა - ბრძოლა მასთან თუნდაც მარცხენა ბურჟუაზიის დახმარებით. თვით ავსტრიაშიაც ეგევე ტაქტიკაა გამეფებული და მაშასადამე ბაუერის შეხედულება უნიადაგო დოქტრინერობაა. და თუ მას რამდენიმეთ გასავალი მიეცა მარსელში, - ამის ბრალია დიდი პარტიების დატვირთვა შინაური მუშაობით და ნაკლები ყურადღების მიქცევა შორეული კუთხეებისაკენ.
რას ამბობს რეზოლიუცია?
რეზოლიუცია ეკლეკტიურია, სხვადასხვა დებულებათა კრებულია; მას აკლია სწორი პრინციპიალური დაფასება ბოლშევიკური იმპერიალიზმისა. ის აღიარებს ბოლშევიკურ მოძღვრებას მიზეზათ ომის გამოწვევისა, მარა ამ საფრთხეს ის არ უთანასწორებს კაპიტალისტური იმპერიალიზმის ომის საფრთხეს. ბრძოლა ორივესთან ერთნაირი უნდა იყოს; რეზოლიუცია კი არ უსვამს ამ თანასწორობას ხაზს.
ამით აიხსნება რეზოლიუციის ერთი ორჭოფული დებულება - სოციალისტური პარტიები უნდა ებრძოლონ აგრესიულ პოლიტიკას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგო. აგრესიული პოლიტიკა, როგორც ომის დასაბამი, რასაკვირველია დასაგმობია ყოველ შემთხვევაში, მარა როცა ამ მხრით მარტო საბჭოებია გამორჩეული, შეიძლება იფიქრონ, - ინტერნაციონალის ვალია ომის კონფლიქტში საბჭოების მხარი დაიჭიროსო. შეიძლება ასეთი იყო სურვილი ბაუერის და მისი მიმდევრების, მარა მთელ რეზოლიუციიდან ეს აღარ გამომდინარეობს. რაკი ბოლშევიკური ხელისუფლება აღიარებულია ომის ერთ ფერმენტათ და ანექსიონისტათ, აშკარაა, ომი რუსეთსა და სხვა დიდ სახელმწიფოს შორის ნიშნავს შეტაკებას ორი იმპერიალიზმის ინტერესებისა. აქ კი სოც. პარტიის პოზიცია ერთათ-ერთია - ორივეს დამარცხება დემოკრატიის და სოციალიზმის მიერ. დემოკრატიული და ნაციონალური რევოლიუცია რუსეთში, - აი ერთათ-ერთი პასუხი საბჭოთა საომარ ავანტიურაზე. ინტერნაციონალი სხვა პოზიციას ვეღარ დაადგება მარსელის რეზოლიუციის შემდეგ. გაქრა ის დრო, როცა მოსკოვ-პოლონეთის ომში დასავლეთის სოც. პარტიები პირველს ამაგრებდენ. მაშინ კიდევ სწამდათ ბოლშევიკების სოციალისტობა. შემდეგ ყველა პარტიამ ცალ-ცალკე და ახლა ერთად მარსელში სამუდამოთ წესი აუგეს ამ ილუზიას და ბოლშევიზმს ნიღაბი ახადეს.
ჰამბურგთან შედარებით მარსელმა ამ დარგშიაც დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. იქ საბჭოთა შინაურ საქმეში პირდაპირ ჩარევაზე უარი თქვეს და მხოლოდ რუსეთის სოციალისტურ პარტიებს დაუჭირეს მხარი მათ მოთხოვნილებაში (აქაც ინგლისელებმა თავი შეიკავეს). აქ კი იმავე ინგლისელების წინადადებით კონგრესი პირდაპირ ითხოვს რუსის ხალხისაგან, ბოლო მოუღოს საბჭოთა ტირანიას და დაამყაროს დემოკრატიული წყობილება; კიდევ მეტი, ინტერნაციონალი მოუწოდებს საბჭოთა ქვეშევრდომთ შეებრძოლონ თავის მთავრობის აგრესიულ და ანექსიონისტურ პოლიტიკას. დემოკრატიული ჩარევა რუსეთის საქმეებში ფაქტია. ცხადია, ინტერნაციონალის აზრით, ბოლშევიკური ხელისუფლება არის აგრესიული, ანექსიონისტური და ტერორისტული. არც ერთ კაპიტალისტურ მართველობას ასეთი სასტიკი განაჩენი მისგან არ მიუღია. მაგალითებიც იქავეა დასახელებული - სომხეთი, საქართველო, უკრაინა და სხვა რევოლიუციით განთავისუფლებული ერების ხელახალი დაპყრობა. ინტერნაციონალი ითხოვს მათ აღდგენას. დასავლეთში ყველა ერს აქვს დამოუკიდებლობა და კითხვაა მხოლოდ მათი უმცირესობის უფლებათა დაცვაზე. რუსეთში კი მთელი ერებია პატივაყრილი და დამონებული. ამ მხრითაც ბოლშევიკური რეჟიმი სამარცხვინო ბოძზე არის გაკრული.
ამ ნაირათ, მარსელში კომუნისტური წყობილება პირველათ ტარდება ინტერნაციონალის სასტიკ კრიტიკაში და ღებულობს დამსახურებულ მსჯავრს. ბრძოლა ამ წყობილებასთან სასტიკი და დაუნდობელი - აი ერთათ-ერთი დასკვნა ამ მსჯავრისაგან. და თუ მაინც წარმოდგენილ პარტიათა და ერთა დიდ უმრავლესობამ რეზოლიუციას ხმა მისცა მოტივების განცხადებით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ესენი კიდევ უფრო სასტიკ განაჩენს ითხოვდენ და ბოლშევიკური იმპერიალიზმის პრინციპიალურათ დადასტურებას აღიარებდენ.
დანარჩენ საკითხებს ასეთი მწვავე დავა არ გამოუწვევია და რეზოლიუციებიც ერთსულოვნათ იქნა მიღებული.
სოციალისტური ინტერნაციონალი საბოლოოთ გამთელებულია, მჭიდროთ შეკავშირებულია ერთი აზრით, ერთი გრძნობით გამსჭვალულია. ის დღეს უდიდეს როლს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკაში, მას უსმენენ მტრები, მასზე იმედს ამყარებენ მოყვარენი, მის ირგვლივ თავს იყრიან სასიცოცხლო ძალები. ეს ფონი ყველაზე უფრო საიმედოა და მისი დახმარებით გავალთ ჩვენც.
ნ. ჟ.
ბრძოლა. /ჟურნალი/. - 1925. - ოქტომბერი. - №4. - გვ. 1.
_______________
1. იხ. მისი წერილი „კამფში“, აგვისტოს ნომერში.
![]() |
17 ჩვენი ტაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
I
საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიის მესამე არა-ლეგალურმა ყრილობამ ამ ზაფხულს გამოიტანა მთელი რიგი რეზოლიუციებისა საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომელთა შორის უპირველესი ალაგი უჭირავს ტაქტიკურ რეზოლიუციებს. აქ პარტიამ მოკლეთ, სხარტულათ გამოთქვა მთელი თავისი შეხედულება მიმდინარე მომენტზე და უჩვენა ნათელი, უდაო გზა ქართველ მუშა ხალხს და მასთან ერთათ მთელ ერს. სოც.-დემ. პარტიის პოზიცია, მისი სამუშაო გეზი, მისი იდეალი გარკვეული და განათებულია. საიდან გამოდის ის, რა ასულდგმულებს მას, რაზე ემყარება მისი ტაქტიკა? ტაქტიკა - ეს გზა თუ გზებია, რომლის საშუალებით შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა.
პირველ ყოვლისა, თვით ეს მიზანი უნდა იყოს ნათლათ წარმოდგენილი, შესწავლილი, გამორკვეული და მისი განხორციელების შესაძლებლობა ნათელყოფილი. როგორიც მიზანი, ისეთი ტაქტიკა. ისინი ერთიმეორესთან მჭიდროთ დაკავშირებულია, ერთიმეორისაგან გამომდინარეა. მათ შორის კავშირის გარღვევა, ლოღიკურათ და პოლიტიკურათ მათი დაპირდაპირება ან განგანზე განდგომა აშკარა საბუთია ერთ-ერთის ან ორივესი ერთათ არევ-დარევის და მოქმედების გამრუდების. ამ უგზო-უკვლობის თავიდან ასაცილებლათ მიზანი და ტაქტიკა, იდეალი და საშუალება ეკავშირება ერთმანეთს საერთო თეორეტიულ და ფილოსოფიურ პრინციპებით, ისკვნება მათი ერთობა ერთ იდეურ სათავეში, საიდანაც ისინი იბადებიან და რომელშიაც თავს იყრიან. როცა თეორია, პროგრამა და ტაქტიკა ერთ ხაზზე დგება, ერთი მეორეს განუყრელათ ეჯაჭვება და ერთ ისტორიულ აუცილებლობას ეფუძნება, მოქმედებაც მიზანშეწონილია და გამარჯვება უზრუნველყოფილია.
არის მიზანი სადღეისო, სახვალიო, სამერმისო; ასევეა ტაქტიკაც. მხოლოდ ამ სხვადასხვაობაში უნდა იყოს დაცული ერთობა, ნათესაობა და თანხმობა. ეს ერთი ჯაჭვია, რომლის თვითეული რგოლი ნიშნავს განსაკუთრებით მომენტს მოვლენათა სერიისა, რასაც რიგ-რიგობით ახორციელებ. ისინი ერთმანეთს გზას უკაფავენ და ეხმარებიან.
რა არი ჩვენი მიზანი?
სადღეისო - საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა და დემოკრატიული წყობილების დამყარება.
სახვალიო - კლასთა განსხვავების მოსპობა და სოციალიზმის დამკვიდრება.
საბოლოო მიზანი მთავარი მანათობელი ვარსკვლავია, რომელიც აშუქებს პირველს და მას იჭერს თავის საზღვარში.
სოციალიზმი იძლევა მკვეთრ თეორიას, მტკიცე პოლიტიკურ ხაზს, რომელსაც გაყვები ბოლომდე, გამარჯვებამდე.
იბადება საკითხი: აუცილებელია პირველი ორი ეტაპის გავლა? განა არ შეიძლება სოციალიზმის მიღწევა გარეშე ნაციონალური და დემოკრატიული თავისუფლებისა? ამ ორ საკითხში ერთი აღარ არის სადაო, ცხოვრებამ ის სამუდამოდ გადაჭრა. რუსეთის მაგალითმა აშკარათ გახადა, რომ სოციალიზმის დამკვიდრება უდემოკრატიოთ სრული ოცნებაა, ისტორიული დანაშაულობაა, რაც ძვირათ უჯდება ქვეყანას და კიდევ უფრო ძვირათ დაუჯდება ბოლშევიკურ პარტიას. ახლა თვით კომუნისტებიც კი იძულებული არიან ილაპარაკონ დემოკრატიის საჭიროებაზე, საბჭოთა თავისუფლებაზე. თუმცა ეს სიტყვა სიტყვათ რჩება და სინამდვილეთ ვერასოდეს ვერ გადაიქცევა. მათ ისე შორს შეტოპეს, რომ დემოკრატიისაკენ ხიდის გადება აღარ ძალუძთ, მათ შორის ორმოს ამოვსება ადამიანის შესაძლებლობას აღემატება.
მაგრამ აი გამოიჩევა მეორე ჯურის ხალხი - მოღალულნი, გზადაბნეულნი, მობოლშევიკო თუ ბოლშევიკების ადვოკატები და ერთხმათ ღაღადებენ: დემოკრატია კი, ამაზე არ გედავებით, მარა ეს ნაციონალური თავისუფლება, ერის დამოუკიდებლობა სრულიად არ მიგვაჩნია აუცილებელ საჭიროებათ: რუსეთთან ვიყავით და მასთან უნდა დავრჩეთ.
ამ დებულების ორი დედააზრია: სოციალიზმის ეტაპი არ არის ნაციის თვითგამორკვევა; და რომც იყოს, ჩვენს პირობებში ის მიუღწეველია, ფუჭი ოცნებაა, ე.ი. ის არ ვარგა არც მიზნათ, არც ტაქტიკათ.
მართალია ეს?
რას ქვია სოციალიზმის ეტაპი?
ჩვენ ვამბობთ, - სოციალიზმი აუცილებელი დასკვნაა კაპიტალისტური განვითარების, ის ამის საბოლოო რგოლია. ამ გზაზე მივდივართ ძალაუნებურათ, ჩვენი ნების და სურვილის დამოუკიდებლათ, ობიექტური, გარდაუვალი სოციალური კანონებით.
მარა გზადაგზა არის ეტაპები, საფეხურები, მოვლენები, რომელნიც ასეთსავე აუცილებლობით ჩნდებიან და მათ გზას ვერავინ აუხვევს. ერთი ამ მომენტთაგანია ნაციონალური მომენტი, ადამიანთა ნაციონალურ-პოლიტიკურ ერთეულებათ დანაწილება, ერის სახელმწიფოებრივათ თვითგამორკვევა. ეს არის ისტორიული ფაქტი, დღეს სრულიად უდაოთ აღიარებული და საყოველთაოთ მიღებული. დემოკრატიის გამოღვიძება ყოველგან მოხდა და ხდება აი ამ ნაციონალურ ფარგლებში. ეს ძველი სოციალურ-დემოკრატიული ტეზისი უკვე გადაიქცა ცოცხალ მოვლენათ, საზოგადოების დვრიტეთ, კაცობრიობის საფუძვლათ. ევროპაში არ არის არც ერთი ერი, რომელსაც დღეს არ ქონდეს საკუთარი სახელმწიფო, - ნაციონალურ-ისტორიული პროცესი აქ დასრულდა. საჭიროა მხოლოდ მისი შეკეთ-შემოკეთება, ნაციონალურ უმცირესობათა უმრავლესობისათვის შეერთება. იგივე პროცესი წარმოებს აზიაში. დაწყებული ოსმალეთიდან და აფრიკიდან, დაწყებული ეგვიპტიდან, ეს არის მსოფლიო მოვლენა და ნუ თუ მას რუსეთი აშორდება?
დღეს ერთათ-ერთი მრავალ ერიანი დიდი სახელმწიფო არის რუსეთი. მსოფლიო პროცესი მასაც მოხვდა, მარა სავსებით ვერ ჩაითრია. კიდევ დარჩა მის ფარგალში მრავალი ერი, რომელიც ელის განთავისუფლებას. ეს აუცილებელი ბუნებრივი კანონია და რომც ამ ერებმა უარი თქვან თავისუფლებაზე, ისტორია მათ ამას თავს დაატეხს მთელი თავისი რისხვით. რუსეთის ველიკოროსიათ გადაქცევა ისტორიის განაჩენია.
ნაციის თვითგამორკვევას ვერ აცდება ვერც ერთი ეროვნება. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს ერთა ერთიმეორისათვის დაპირდაპირებას, მუდმივ შუღლს და გადაკიდებას. პირიქით, ამ პროცესის გვერდით ვითარდება მეორე პროცესი - თავისუფალ ერთა დაკავშირება, დაახლოება და ერთი საერთაშორისო ოჯახის შექმნა. ნაციათა ლიგა ამ მიმდინარეობის გამოხატულებაა.
დანაწილება თანხმობაში, თანხმობა დანაწილებაში, - აი, ნაციათა ისტორიული კალაპოტი.
რუსეთის ველიკოროსიათ გადაქცევა არ ნიშნავს არც მის დაცემას, არც გამოშორებულ ერთა მის წინააღმდეგ დარაზმვას. ეს იქნება რუსეთის ერთა გადაჯგუფება ნაციონალური თავისუფლების და ინტერნაცინალური კეთილგანწყობილების ნიადაგზე. მოხდება ეს ნებაყოფლობით თუ ქარიშხალით, ეს არ ვიცით; ვიცით მხოლოდ, რომ ის უეჭველათ მოხდება, მას ვერ შეაჩერებს ვერავინ.
ამნაირათ, ნაციონალური მომენტი ისეთივე ბუნებრივი ეტაპია კაცობრიობის, როგორიცაა დემოკრატიული მომენტი. ეს ორი მსვლელობა ერთათ წარმოებს, ერთი მეორის შინაარსი და ფორმაა. დემოკრატია უეჭველათ ხდება ნაციათ, ნაცია უეჭველათ იქცევა დემოკრატიათ. ან ორივე უნდა უარყოთ და გადაიქცეთ მართლ-მორწმუნე ბოლშევიკათ, ან ორივე უნდა მიიღოთ და მით დარჩეთ ისტორიის საზღვრებში.
მაშასადამე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა არის არა უტოპია, არა გამოგონილი ოცნება, არამედ ის სრული რეალური მოთხოვნაა. ის დევს ისტორიის შარა გზაზე, როგორც აუცილებელი, შემოუვლელი საფეხური. უტოპიაში ვარდებიან მხოლოდ ამ საფეხურის მოწინააღმდეგენი, მისი გვერდის ამვლელნი და `პატარა საქმეების~ მღაღადებელნი. აი ესენი ნებით თუ უნებლიეთ რჩებიან ისტორიის გარეთ და მით ერის ხორცმეტათ ხდებიან.
მეტყვიან: ვთქვათ, ეს ყოველივე ასე არის, მარა ოდესმე რაღაც მოხდება, - იმას დღეს მოქმედების საგნათ ვერ გავიხდითო. ასეთივე მოსაზრების წამოყენება ხომ ყველა ძირითად საკითხში შეიძლება. სოციალიზმი ოდესმე მოხდება, - მაშასადამე, დღეს ამოვაგდოთ ის ბრძოლის ასპარეზიდან? ცარიზმი დაინგრეოდა ოდესმე, - ეს აშკარა იყო. მაშ, არ გვებრძოლა მის დასანგრევათ? ეს იქნებოდა ტიპიური ოპორტიუნიზმი, მედროვეობა, ჩხირკედელაობით დაკმაყოფილება და არა პოლიტიკური და კლასიური ბრძოლა. ასეთი ოპორტიუნისტები ყოველთვის ბლომათ მოიპოვებიან, მოძრაობის გაძლიერებით დაბლა ეშვებიან, მოძრაობის მოდუნებით წელში იმართებიან. ესენი ისტორიის მიერ განწირულნი არიან.
ნაციონალური თავისუფლება, ისე როგორც დემოკრატიული, უეჭველი პირობაა სოციალისტური წყობილების დამკვიდრების, დამორჩილებულ კლასების გამარჯვების. ამ კლასებს სხვა გზით, სხვა ფორმით არ შეუძლიათ არც გამარჯვება, არც აღორძინება. ეს მათი არსებობის ბუნებრივი სტიქიაა. როგორც კი საქართველოს პროლეტარიატი და მოწინავე გლეხობა დაეპატრონა ძალა-უფლებას, ის მაშინვე მოეწყო ნაციონალურ ფარგლებში. ხოლო როცა მას ეს ძალა-უფლება დაეკარგა და კომპარტიის მონობაში ჩავარდა, მაშინვე დაეკარგა ნაციონალური ფარგალიც და მოსკოვის საჯიჯგნათ გადაიქცა.
როგორც ხედავთ, ჩვენი ტაქტიკა აგებულია სრულიად შეუმცდარ ისტორიულ დაფასებაზე, საზოგადო განვითარების სწორ გამოკვლევაზე, კაცობრიობის მიუცილებელ გზა-კვალზე. ასეთია ჩვენი მუშაობის ისტორიული საფუძველი.
როგორია ამ მუშაობის კონკრეტიული საფუძველი?
შეიძლება დღეს არსებულ პოლიტიკურ პირობებში ჩვენი მიზნის მიღწევა?
ამის პასუხს მოგვცემს ამ პირობების ანალიზი, მისი სისწორით წარმოდგენა და გათვალისწინება.
პარტიის კონფერენციაც სწორეთ აქედან იწყებს.
ტაქტიკის უახლოეს საფუძველს, ყოველდღიურ მუშაობის ნიადაგს იძლევა მხოლოდ მიმდინარე ხანის საზოგადოებრივი ურთიერთობა, მისი დამახასიათებელი მხარეები და განწყობილება. და ისმება საკითხი: საბჭოთა წყობილება იძლევა ასეთ ნიადაგს? შესაძლებელია დღევანდელ რეალურ პირობებში საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა?
საქართველოს განთავისუფლება შესაძლებელია, როგორც შედეგი რუსეთის შინაგანი და საგარეო კონფლიქტებისა, - გადაჭრით ამბობს პარტია. რა არის ამის უეჭველი საბუთი? ასეთი კონფლიქტების წარმოშობა დამოკიდებულია არა ჩვენ ნება-სურვილებზე, არა მის ნატვრაზე ან უარისყოფაზე, არამედ სრულიად ობიექტურ, აუცილებელ პირობებზე. ეს პირობები გამომდინარეობენ საბჭოთა წყობილების შინაგანი ბუნებისაგან, მის საარსებო ნიშნობლივი თვისებებისაგან, რომლის მოშლა იქნებოდა თვით წყობილების დარღვევა.
ერთი მხრით დგას რუსეთი, მომწიფებული ბურჟუაზიულ-ეკონომიურ ფორმების მისაღებათ, ინდივიდუალურ საწარმოო საშუალებათა გასავითარებლათ; ხოლო მეორე მხრით დგას ხელისუფლება, ამ ფორმების, ამ საწარმოო ძალების უარისმყოფელი და „კომუნისტური“ ურთიერთობის ძალათ გამტარებელი. ისტორიამ არ იცის ამაზე უფრო ღრმა წინააღმდეგობა ეკონომიურ შესაძლებლობასა და პოლიტიკურ ზედნაშენს შორის. ნამდვილი კომუნიზმი ანუ სოციალისტური მეურნეობა არის შედეგი საწარმოო ძალთა უმწვერვალესათ განვითარების: პირველი სათავეა მეორის. რუსეთში კი პირიქით, საწარმოო ძალთა განვითარება სურთ გამოიყვანონ „კომუნიზმიდან“, წმინდა პოლიტიკური მომენტიდან. სავსებით ობიექტურ, ისტორიულ მიმდინარეობას წინ ეღობება სუბიექტური, დოქტრინალური მიმდინარეობა და მათ შორის გამართულია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
მარა ვინაიდან ეს უკანასკნელი აღჭურვილია სახელმწიფო ძალაუფლებით, ამიტომ ბრძოლა ღებულობს ფორმას ხანგრძლივი შინაგანი კონფლიქტებისას. ამ ბრძოლაში ერთი - ეკონომიური ტენდენცია - მუდამ შემტევია, ხოლო მეორე - პოლიტიკური ძალა-უფლება - მუდამ მომგერიებელია. აქედან მომდინარეობს ბოლშევიკების იძულებითი შეუჩერებელი უკან დახევა მთელ ფრონტზე.
კომპარტიის ყველა ძირითადი ლოზუნგები, რომლითაც ის რევოლიუციაში შევიდა, დღეს დატოვებულია. დიდი ზეიმით გამოცხადებული კომუნისტური რევოლიუცია დღეს დრომოჭმულ „სამხედრო კომუნიზმათ“ არის აღიარებული და საყოველთაოთ დაგმობილი.
ჯვაროსანთა ომი, ბურჟუაზიის და „კულაკების“ წინააღმდეგ გამართული, დასრულდა ახალი ბურჟუაზიის შექმნით და კულაკებისათვის სასარგებლო კანონმდებლობის შემოღებით. კომუნიზმის ლიკვიდაცია ხდება თვით კომუნისტების მეთაურობით. ოქტომბრის რევოლიუცია მთელი თავისი სოციალური იდეოლოგიით გაკოტრებულია. ის უკვე დამარხულია და მის ალაგას წამოყენებულია მისი მოპირდაპირე ეკონომიური ლოზუნგები და იდეოლოგია.
აი ასეთი ოპორტიუნიზმი რევოლიუციური პარტიისა არ მომხდარა. ყოველგან ერთი პარტიის იდეოლოგია მარცხდებოდა მოწინააღმდეგე პარტიათა მიერ. კონსტიტუციონალისტები შესცვალა ჟირონდისტებმა, ჟირონდისტები - იაკობინელებმა, იაკობინელნი - დირექტორიამ, უკანასკნელი - ბონაპარტმა და სხ. და სხ. აქ, კურთხეულ რუსეთში კი ყველა ამ ევოლიუციას აკეთებს ერთი და იგივე პარტია! აქ წარმოებს ბრძოლა თავის თავთან, თავის რწმენასთან, თავის მიზანთან და პროგრამასთან. ეს საარაკო მოვლენა აიხსნება მხოლოდ ერთი გარემოებით: საწარმოო ძალთა განვითარების აუცილებლობა ძალზე არყევს ბოლშევიკურ შენობას, აფორიაქებს მის საძირკველს და აიძულებს ამ შენობის პატრონებს სძებნონ ახალ-ახალი ბინა, გადავიდენ ერთი სართულიდან მეორეში, მეორიდან მესამეში და ასე ბოლომდე, სანამ სახურავზე არ მოექცევიან და ქარიშხალის მსხვერპლი არ გახდებიან.
პოლიტიკური სტრუქტურა შემოქალტულია მებრძოლი ეკონომიური სტრუქტურით და მას სისტემატიურათ არღვევს. მთელი ეს ახალ-ახალი ლოზუნგები - პირი სოფლისაკენ, მომხრობა უპარტიოთა, არჩევნები თავისუფალი, სოციალიზმი ნაციონალურ მასშტაბში, სახელმწიფი კაპიტალიზმი და სხ. - დაჩიხული ხელისუფლების შეწუხებული წივილია, ფრთა დაჭრილი ფრინველის ფართხალია. ის არის ტყვე ინდივიდუალური ეკონომიკის, საიდანაც მისთვის გამოსავალი დახშულია.
ამნაირათ, ინდივიდუალური ეკონომიური ფორმა, აი საბჭოთა წყობილების მტერი, მისი დამმხობი და დამარღვეველი.
ეს კარგათ იციან ბოლშევიკებმა და ცდილობენ თავის ბაზათ გახადონ სახელმწიფო ეკონომიკა, ინდივიდუალურ წარმოებას დაუპირდაპირონ მთავრობის წარმოება, მოწინააღმდეგე გლეხობას - მომხრე პროლეტარიატი. ლენინის ლოზუნგი - სახელმწიფო კაპიტალიზმი - ახლა შესცვალეს სახელმწიფო სოციალიზმით, ხოლო ამ სოციალიზმს ისინი ხედავენ მთავრობის ხელში თავმოყრილ ფაბრიკა-ზაოდებში.
ველური ბოლშევიკები სტალინის მეთაურობით გატაცებულია ამ ჟამათ ამ „ნაციონალური სოციალიზმით“, ამტკიცებენ აუარებელ ციფრებით სხვილ მრეწველობის ზრდას უბურჟუაზიოთ, წმინდა „სოციალისტური აღმშენებლობით“. ერთი სიტყვით, რუსეთი „არცხვენს“ „დამპალ“ ევროპას და მთელ მის პოლიტიკურ ეკონომიას. ციფრებს რომ ქონდეს ის მნიშვნელობა რუსეთში, რაც ყოველგან აქვს, მაშინ უეჭველია ეს სასწაული მოხდებოდა და ბოლშევიკური ხელისუფლება თავის დამოუკიდებელ ეკონომიურ საფუძველს გაიჩენდა.
მაგრამ ეს ასე არ არის. ბოლშევიკური სტატისტიკა გვარიანი „თავისუფალი ხელოვნების“ ნაყოფია და არავითარ სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველა დაწესებულებას აქვს თავისი საკუთარი უებარი ციფრები, ერთიმეორისაგან დიდათ განსხვავებული და მის საშუალებით ამტკიცებენ ყველაფერს, რაც მოეპრიანებათ - სიღარიბეს თუ სიმდიდრეს, სესხის საჭიროებას თუ უსესხოთაც იოლათ წასვლას, ვაჭრობის გაფართოებას თუ ჩამოქვეითებას, - ერთი სიტყვით, ყველაფერს. აი მაგ., ავიღოთ ორი ცენტრალური დაწესებულება - ფინანსთა და სახელმწიფო-საგეგმო უწყება, რომელთა შორის ამ ბოლო დროს დიდი დავაა სწორეთ ციფრების სისწორეზე.
ფინანსთა სახალხო კომისარის, სოკოლნიკოვის აზრით, „ფინანსთა და სახელმწიფო-საგეგმო კომისიის ცნობებს შორის განსხვავება აღწევს 350-400 მილიონ მანეთამდე“ (კომ. №220). ეს ბოლშევიკური სტატისტიკის სრულ სიკოტრეს მოასწავებს და აკი არც ვინმე ენდობა მას, გარდა ბოლშევიკური გალიორკისა.
ერთი კი უეჭველი ფაქტია: ამ უკანასკნელ სამ წელიწადს საბჭოთა ხელისუფლებამ გააფართოვა თავისი მრეწველობა, გაზარდა თავისი ქარხნეულობა. ნიშნავს ეს რუსეთის სამრეწველო განვითარებას, ქვეყნის ეკონომიურ აღორძინებას? ე.ი. მოემატა ქვეყანას ახალი სიმდიდრე? კერძო ეკონომიკაში წარმოების გაფართოება უეჭველათ სიმდიდრის გამრავლებას ნიშნავს. საბჭოთა წარმოებაზე კი ეს კანონი არ კანონობს, პირიქით, აქ შეიძლება წარმოების გაძლიერება - გაღარიბება, უკან დაქანებასაც მოასწავებდეს. რატომ? ცხადია, რატომ. საბჭოების ეკონომიკის მთელი სტრუქტურა ისეთია, რომ არ შეუძლია არ იზარალოს, შემოსავალმა გასავალი დაფაროს. ის საჭიროებს დახმარებას, სუბსიდიებს, სესხს. ბოლშევიკური მრეწველობა დახმარებას იღებს საზოგადო სალაროდან მრავალნაირი ფორმით: საბიუჯეტო წესით, ბიუჯეტის გარეშე კრედიტით, სუბსიდიებით და დოტაციებით, ბანკების კრედიტით, საქონელზე მონოპოლიური ფასების დაწესებით, აკრძალვით კერძო მრეწველობის და კონკურენციის, - ერთი სიტყვით, ყოველნაირი ფინანსიური და პოლიციური მფარველობით. მრეწველობას ინახავს არა მრეწველობა, სახელმწიფო მეურნეობას - ინდივიდუალური მეურნეობა. აი, ძირითადი უკუღმართობა კომუნისტთა მთელ ეკონომიურ საქმიანობის, რაც ბადებს შეურიგებელ კონფლიქტს მათ და მთელ ხალხს შორის. ის ოცი მილიონი კერძო მეურნეობა, რომელიც რუსეთში ითვლება, ვალდებულია აირჩიოს საბჭოთა „სოციალისტური წარმოება“! ხდება უსაზღვრო ექსპლოატაცია მუშის და გლეხის კომუნისტური ექსპერიმენტების სადღეგრძელოთ.
როგორც ხედავთ, საბჭოთა მრეწველობა არა თუ მატებს რამეს ქვეყნის სიმდიდრეს, პირიქით, ის აქცევს ამ სიმდიდრეს, ფლანგავს ხალხის ნაოფლარს მხოლოდ იმიტომ, რომ სული კბილით შეინარჩუნოს და ხელისუფლება გაამაგროს. ამით აიხსნება ბოლშევიკების სიხარული მოსავალის გამო: გლეხის პურს ევროპაში გავიტანთ, ვალიუტას შემოვიტანთ და მოგება გაგვიწევს სესხის მაგიერობასო.
მარა მთელი ეს აღტაცება ფეხმოკლე გამოდგა. გლეხის და საბჭოს ინტერესები ერთმანეთს მოხვდა და უკანასკნელმა დაიხია. გლეხს ესაჭიროება საფაბრიკო საქონელი. საბჭო მას აწვდის დიდ ფასებში. სამაგიეროთ, გლეხი მას აწვდის პურს ასეთსავე პირობებში. მარა მთავრობა მას ვერ ყიდულობს, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე პური უფრო იაფია და იზარალებს. პურის ყიდვა შეჩერდა. მეორე მხრით, მსოფლიო ბაზარზე საფაბრიკო საქონელი იაფია. რუსის გლეხი მას ადვილათ შეიძენს თავისი პურის ასეთსავე პირობებში შეძლევით. მარა შუაში დგას საბჭოთა მთავრობა და ამ ორ ბაზარს ერთმანეთთან არ უშვებს. მისი მიზანია თავის „სოციალიზმის“ გამაგრება, მრეწველობის გლეხის ხარჯზე შენახვა. დაიწყო კამპანია სოფლებში პურის გაიაფებისათვის, რაც გლეხის მეურნეობას დასცემს. სახელმწიფო ეკონომიკის და გლეხის ინტერესის წინააღმდეგობა შეურიგებელია. აქედან ერთათ ერთი გამოსავალია მრეწველობის გაევროპიელება, მისი მსოფლიო ბაზრის პირობებში ჩაყენება. ეს კი ნიშნავს საბჭოთა ეკონომიკის დამხობას და ბოლშევიზმის გაუქმებას.
ამნაირათ, საბჭოთა წყობილება ჩაყენებულია საალყო წესებში კერძო მწარმოებელთა მიერ და მას გასაქანს არ აძლევს. მათ შორის ორმო ამოთხრილია, ხიდი ჩატეხილია.
ეს საშინაო ულმობელი კონფლიქტი ბადებს საგარეო კონფლიქტს. მთავრობა იძულებულია თავისი შინაგანი ნაკლულევანება დაფაროს გარეგანი საშუალებებით. ის ერევა ყველა სახელმწიფოს საქმეებში, ჩუმათ თუ აშკარათ, რომ ძალა დაატანოს მათ ანგარიში გაუწიონ საბჭოებს და ის ფულით თუ საქონლით გაამაგრონ. ან მსოფლიო ბოლშევიკური გადატრიალება ან მსოფლიო კაპიტალი - აი განწირული წყობილების ერთათ-ერთი მხსნელი. ამ მიმართულებით მუშაობენ მოსკოვის დიპლომატია და კომინტერნი. დაიბადა რუსეთს და ევროპა-ამერიკას შორის ინტერესთა წინააღმდეგობა: ევროპა ირაზმება, მოსკოვი მარტოვდება. მისი „დასაყრდნობი წერტილები დასავლეთში თანდათან იშლება: კრიზისი შინ, კრიზისი გარეთ, აი როგორ ჩიხში ემწყვდევა დღეს საბჭოთა რუსეთი“, - ამბობს პარტიის რეზოლიუცია.
ამგვარათ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიის ტაქტიკა დაფუძნებულია ისტორიულ აუცილებლობაზე - საბჭოთა წყობილების უეჭველ დარღვევაზე, მისი ახალი წყობილებით, ახალი ურთიერთობით შეცვლაზე.
და აი აქ იბადება საკითხი: საითკენ მივმართოთ ჩვენი ტაქტიკა ამ წყობილების დარღვევამდე, დარღვევის ხანაში, დარღვევის შემდეგ?
ნ. ჟ.
ბრძოლა. /ჟურნალი, პარიზი/. - 1925. - №5.
![]() |
18 ჩვენი ტაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
II
საბჭოთა არსებული წყობილება, როგორც ვთქვით, უნდა დაინგრას მისი შინაგანი წინააღმდეგობით, მისი ბუნებრივი შეუძლებლობით. ისტორიაში არა ერთხელ მომხდარა დიდი ქარიშხალით ძველის დანგრევა, სრულიად ახალი წყობილების დაარსება და მისი მოკლე დროში დარღვევა. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიის გლეხთა ომები, ტომას მიუნცერის რევოლიუციური ხელისუფლება და სხვ., რომლის ვერც ერთი პრინციპი ვერ გატარდა. რატომ? იმიტომ, - ამბობს პლეხანოვი ერთ ალაგს, - რომ ძველი აზოგადოების დამარცხებასთან ერთათ არ დამარცხებულა მისი საწარმოვო წესები; ახალი ბატონები არ ყოფილან ახალ საწარმოვო ძალთა მატარებელი და მაშასადამე, არც მათი გამარჯვება იყო რევოლიუციური. პირიქით, ბურჟუაზიის მოძრაობა ქალაქებში და ახალი უფლებების მის მიერ დაპყრობა ნიშნავდა უდიდეს რევოლიუციურ აქტს, ვინაიდან ამ კლასთან ერთათ გაბატონდა შრომის ახალი ფორმა. რაკი ბოლშევიკურ წყობილებამ ვერ გააუქმა ვერც ერთი კაპიტალისტური საფუძველი, - ვერც პროლეტარიატი და ვერც ინდივიდუალური წარმოება, - ცხადია, ის უნდა გაქრეს და პოლიტიკური შენობა შეეგუოს თავის ეკონომიურ საფუძველს. ამ მსვლელობის აუცილებლობაში დღეს აღარავინაა დაეჭვებული, გარდა ურა-კომუნისტებისა. ამათი გონიერი ნაწილი ძლიერ კარგათ ხედავს თავის მომავალს და მხოლოდ იმის ცდაშია, ეს მომავალი უმტკივნეულოთ გადაიტანოს. ამაში მათ მხარს უმშვენებენ მრავალი არა კომუნისტებიც, ხშირათ მოწინააღმდეგენიც. რუსეთის სოც.-დემოკრატიული პარტია ფიქრობს რუსეთის გამოყვანას საბჭოთა რეჟიმიდან უკატასტროფოთ, ევოლიუციური გზით. ეს აზრი პოულობს გამოძახილს ინტერნაციონალშიაც.
და ისმება საკითხი: საბჭოთა ხელისუფლება დაეცემა რევოლიუციური თუ ევოლიუციური საშუალებებით? პირველი გზა მოითხოვს აჯანყების ტაქტიკას, მეორე - შეწყობის ტაქტიკას, - ამბობენ მშვიდობიანობის მოტრფიალენი. ნამდვილათ კი, არც ეს ალტერნატივა და არც ეს დასკვნა სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს, გარემოებათა რეალურ მსვლელობას. ევოლიუციას და რევოლიუციას შორის არ არის არც პრინციპიალური, არც პოლიტიკური დაპირდაპირება: ევოლიუცია თავდება რევოლიუციით, რევოლიუცია თავდება ევოლიუციით. ისინი ერთიმეორეში გადადიან, ერთიმეორეს გზას უწალდვენ და ავსებენ.
უეჭველია, ბოლშევიკები განიცდიან ევოლიუციას, აკეთებენ მრავალ დათმობებს მატერიალურ სფეროში. ჯერ მათ დააბეს კაცი და ნივთი, ახლა უკანასკნელი რამდენიმეთ აუშვეს, იძულებული ხდებიან კიდევ უფრო აუშვან და ეკონომიური სარბიელი ხალხს გაუფართოონ. მაგრამ პოლიტიკაში არ ხდება არავითარი დათმობა, ადამიანი ისევ მიკრულია ჩეკაზე და პოლიციაზე. აქ მეორდება მეფეთა ახლო წარსული, არავითარი ახალი ამ ევოლიუციაშიაც ბოლშევიკებს არ გამოუგონიათ. ყველა განწირული წყობილება ამ გზით მიდიოდა და მიდის დღესაც.
მაგრამ, ვთქვათ, მოხდა სასწაული, ბოლშევიკებმა დათმეს პოლიტიკაშიაც, აღიარეს ხალხის სუვერენიტეტი. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა არა ევოლიუცია, არამედ რევოლიუცია, ვინაიდან უფლებააყრილი კლასი თუ კლასები ბატონდებიან, ე.ი. კომუნისტური პარტია კარგავს პოლიტიკური სადავის მონოპოლიას, თვითმპყრობელობას და მის ალაგს იჭერს ხალხი. აი ასეთი ცვლილება, იქნება ის სისხლით თუ უსისხლოთ, ნიშნავს რევოლიუციურ გადატეხას, საზოგადოებრივ ნახტომს, საიდანაც იწყება ახალი წეს-წყობილება.
რაკი საბჭოთა წყობილების არსებობა შეუძლებელია, რაკი ის დასარღვევია, ცხადია, თვით დარღვევის პროცესი იწარმოებს ერთათ-ერთი არსებული მიმართულებით - ევოლიუციით და რევოლიუციით. ამიტომ ტაქტიკა - აჯანყება თუ მშვიდობიანობა, იარაღი თუ პროპაგანდა - ფუჭი ოცნების ნაყოფია. თვითეული კონკრეტიული მდგომარეობა იძლევა მოქმედების გეგმას, ხოლო მდგომარეობა კი იცვლება უჩვენოთ, სოციალისტურ ძალთა ჭიდილით, რაიცა იწვევს მოქმედების სხვადასხვაობას. საქართველოს დღევანდელ პირობებში ჩვენი ტაქტიკა ერთია - ხალხის დაყენება სოციალ-დემოკრატიის იდეურ სფეროში, მისი რიგების პოლიტიკურათ დაწყობა ჩვენი პარტიის გარეშემო, ჩვენი დროშის ქვეშ. ამ გზით მომზადებული ხალხი გადამწყვეტ მომენტში სარბიელზე გამოვა, როგორც ერთი შეგნებული მთელი და თავის თავს დაეპატრონება იმ საშუალებებით, რომელსაც იმ დროს აუცილებლობა უკარნახებს. მაშასადამე, ჩვენ ახლა თავს ნუ ვიმტვრევთ იმაზე, რა საშუალებები იქნება ეს - იარაღი, აჯანყება თუ უსისხლო რევოლიუცია. ჩვენთვის საკმარისია ვიცოდეთ ორი რამ: ამ რევოლიუციის უეჭველობა და ხალხის პოლიტიკურათ მომზადება.
როგორც ხედავთ, ჩვენი დღევანდელი მოქმედება იფარგლება პოლიტიკური მუშაობით, იდეიური და ორგანიზაციული წინამძღოლობით. რა შინაარსის უნდა იყოს ეს მუშაობა? რა სოციალურ-პოლიტიკური სარჩული დავუდვათ ერის განთავისუფლებას?
ჩვენი სოციალური პოლიტიკა სავსებით აგებულია ჩვენს სოციალისტურ მსოფლმხედველობაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბოლშევიკურს. უკანასკნელის საფუძველია საწარმოვო ძალთა დაუძლურება და წარმოების სახელმწიფოს ხელში მოთავსება. ჩვენ კი, პირიქით, მივილტვით საწარმოვო ძალთა გაძლიერებისა და წარმოების საზოგადოების ხელში გადასვლისაკენ. საზოგადოება და არა სახელმწიფო, თავისუფალ მოქალაქეთა ასოციაცია და არა ბიუროკრატია და პოლიცია - აი, ჩვენი სახელმძღვანელო დედა-აზრი. თანახმათ ამისა, ჩვენთვის მისაღებია ყველა ის ეკონომიური ფორმა, რომელიც კი წინ გაგვაქანებს ამ ორი მთავარი მიზნისაკენ. რა ფორმებია ეს?
უკან ჩამორჩენილ ქვეყანაში საწარმოვო ძალთა განვითარება, მრეწველობის აღორძინება, ბუნებრივი სიმდიდრის საფუძვლიანათ დამუშავება და მისი ხალხისათვის მოხმარა - ერის მთავარი საზრუნავი საგანია. ეს კი შესაძლებელია ადამიანის თავისუფალი ინიციატივის აშვებით, საზოგადო და სახელმწიფო ორგანოების კერძო თაოსნობის გვერდზე თანასწორ პირობებში ამუშავებით. პირველის აღკვეთა ქმნის ბოლშევიკურ ეკონომიკას, მეორის აღკვეთა - წმინდა ბურჟუაზიულს, ხოლო ორივეს ერთათ შეერთება და ერთ ნაციონალურ ფარგალში მოთავსება იძლევა სოციალურ და დემოკრატიულ ეკონომიკას: სოციალურს იმიტომ, რომ ძლიერდება რა საწარმოვო ძალა, იმავე დროს საზოგადოების, ხალხის ჯიბეში გადადის მისი მოგების დიდი ნაწილი; დემოკრატიულს იმიტომ, რომ ეს პროცესი წარმოებს დემოკრატიული წყობილების მფარველობით, პოლიტიკურ უფლებათა მოქალაქეთა შორის თანასწორათ განაწილებით.
რაკი ერთხელ ბოლშევიკებმა თავისი კომუნისტური ეკონომიკა ნეპით შეანგრიეს, ყოველივე პრინციპიალური ნიადაგი დაეკარგათ და დღეს მხოლოდ უბრალო მიზანშეწონილობით ხელმძღვანელობენ, ე.ი. რა გააძლიერებს მათ ხელისუფლებას და რა დაასუსტებს. ამ უპრინციპობით აიხსნება ის საოცარი გარემოება, რომ ჩვენი ერის მთავარი სიმდიდრე - შავი ქვა უცხო კაპიტალს გადაუგდეს ჩალის ფასათ და თვითონ საწვრიმალო ჩხირკედელობით კმაყოფილდებიან. მილიონები კერძო კაპიტალს, გროშები საზოგადოებას - აი, მთელი მათი სოციალური ავლადიდება. სოციალ-დემოკრატია ამ ავანტიურისტულ პოლიტიკას უპირდაპირებს გარკვეულ, საღ დებულებას: ერის სიმდიდრის დამუშავება კერძო კაპიტალის მონაწილეობით საზოგადოებასთან ერთათ. დამოუკიდებელ საქართველოს სოციალური პოლიტიკა უნდა იქნას აღდგენილი და მის გარეშემო ფართე პროპაგანდა გაწეული. მხოლოდ ამ საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიური არარაობიდან გამოყვანა და მისი ევროპიულ ქვეყანასთან გათანასწორება. ხოლო ეკონომიური აღორძინება ერთათ-ერთი ნიადაგია კლასების გაძლიერების და მათი ინტერესების სათანადოთ დაცვის.
აი, ასეთ სოციალურ პოლიტიკის ფარგლებში შესაძლებელია იწარმოვოს მუშათა, გლეხთა და მოქალაქეთა ფართე პოლიტიკამ. თანამედროვე სოციალიზმის ანბანი, - მუშათა განთავისუფლება თვით მუშათა საქმეა, - უნდა გადაიქცეს ცოცხალ მოვლენათ, უფლებრივათ და ორგანიზაციულათ ამუშავებულ პრაქტიკათ. პროლეტარიატი დღეს გამოცხადებულია ოპეკის საგნათ, რომელსაც ბოლშევიკები პირში ლუკმას უდებენ და ძიძაობენ. მისი ამ ოპეკიდან გამოსვლა და თავისთავის სრულწლოვანათ აღიარება - წინასწარი პირობაა მისი აღორძინების და დამოუკიდებელი კლასიური მოძრაობის დაწყების. ეს წინეთ საკმაოთ ცნობილი პროლეტარული პოლიტიკა დღეს უკვე კარგავს მუშათა ერთ ნაწილში ნიადაგს და მის ალაგას ბატონდება ძიძაობის პოლიტიკა. ეგრეთ წოდებული „მუშათა კომისიის“ დეკლარაცია უტყუარი საბუთია ორჩოფეხაზე შედგომის. მათი აზრით, მუშათა ჩაბმა ამა თუ იმ საპასუხისმგებლო მუშაობაში უკვე „სოციალისტური აღმშენებლობაა“; ნამდვილათ კი ეს მხოლოდ მათი გამოშორებაა ხალხის ფართო მასიდან და პრივილეგიურ ჯგუფად გადაქცევაა. ერთ ცნობილ ბოლშევიკ მუშას უთქვამს: - მე უკვე მივაღწიე სოციალიზმს, ორი ძროხა მყავს და პიანინოც მიდგია!-ო. აი, ეს „ორი ძროხის და პიანინოს“ სოციალიზმი მეტათ მოედვა პროლეტარიატის მაღალ ფენას, გაჩინოვნიკებულ მუშათა წრეებს და ის ჩეკის მფარველობით პოლიტიკურ სიკვდილს უქადის მთელ კლასს. სოციალ-დემოკრატიის წმინდა ვალია შეებრძოლოს ამ გათახსირებას, შეამაგროს მუშათა მასა კლასიურ ნიადაგზე და მისგან მოკვეთოს დაცემული, დეკლასიური ელემენტები. მხოლოდ გაერთიანებულ მებრძოლ პროლეტარიატს შეუძლია შეინარჩუნოს გლეხობის წინამძღოლობა და საერთო მიზნისაკენ მისი მიმართვა. როგორც კი ის პრივილეგიურ და ბიუროკრატიულ წრეებათ დანაწილდება, მაშინვე მისი პრესტიჟი ხალხში დაეცემა და ხიდი მათ შორის დაინგრევა. რუსეთის გლეხობის დღევანდელი მტრობა ქალაქებისადმი უმთავრესათ ამ ნიადაგზეა აღმოცენებული.
მუშათა ერთი ნაწილის ბატონათ მოვლინება მათ მიიღეს მთელი პროლეტარიატის გლეხობაზე გაბატონებათ და აქედან შესაფერი დასკვნები გააკეთეს. საქართველოში ეს ანტაგონიზმი დღემდე უცნობი იყო, მხოლოდ ახლაა შესაძლებელი მისი ჩვენში გადმონერგვა ძამანაშვილისებურ მუშათა წყალობით. ამით ისტორიულათ შემუშავებული ქართველ მუშათა და გლეხთა ერთი ფრონტი დაირღვევა და მით დასუსტდება ერის პოლიტიკური სხეული.
ამნაირათ, ბრძოლა მუშათა ჯგუფურ პოლიტიკასთან, მათი კერძო ინტერესების მასის ინტერესებზე მაღლა დაყენებასთან, მათ სამრეწველო და ჩინოვნიკურ ნაცარქექიაობასთან - და ყველა ამის ალაგას წამოყენება კლასიური პოლიტიკის, მთელის ინტერესის დაკავშირების და მასთან ჭირში და ლხინში განუყრელობის, - აი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიის პროლეტარული პოლიტიკა მიმდინარე მომენტში. ეს არის ძირითადი საკითხი თვით მუშთა კლასის პოლიტიკური არსებობისა, მის მიერ დამოუკიდებლობის და მთლიანობის შენარჩუნების. აი, აქ წყდება მისი ბედი დიდი ხნით - დაკარგავს ის 30 წლის მუშაობით მოპოვებულ მეთაურობას, თუ მოიჭრის დასენიანებულ ნაწილებს და განაგრძობს თავის ისტორიულ გზას, გზას ბრძოლის და თავისუფლების.
ყველა დანარჩენი მუშათა სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნილებანი წვრილმანია ამ დიდ პრობლემასთან შედარებით. მებრძოლი კლასი მოიპოვებს გამარჯვებას, დაცემული კლასი განიცდის მუდმივ დამარცხებას. მაგრამ ეს მოთხოვნილებანი იმავე დროს შეიცავენ საშუალებას პროლეტარიატის გასამაგრებლათ და ბრძოლაში ჩასაბმელათ. პროლეტარიატის ეკონომიური გაჭირვება და პოლიტიკური უუფლებობა ერთათ-ერთი ფარ-ხმალია ბოლშევიკური ტირანიის და მისი ამყოლი მუშათა „ჯგუფიზმის“ წინააღმდეგ მიმართული. აი აქ, ამ ხაზზე უნდა მოხდეს გათიშვა პროლეტარიატს და მის ორგულ წევრთა შორის. მაშასადამე, ბრძოლა მუშათა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და პოლიტიკური უფლების მოპოვებისათვის იყო და რჩება ჩვენი ტაქტიკის მთავარ ღერძათ.
საბჭოთა წყობილება განსაკუთრებით ანგრევს გლეხის კეთილდღეობას. თვით ბოლშევიკების მოწმობით გლეხის მეურნეობა დაცემულია, ის აღარ ამუშავებს მიწას წინანდელი ხალისით და მუყაითობით. ამის მთავარი მიზეზია, მათივე სიტყვით, (იხ. კომ. ორჯონიკიძის მოხსენება) გლეხის საკუთრების გაუქმება.
ჩვენ მიწა ჩამოვართვით მემამულეს და მივეცით გლეხს. ბოლშევიკებმა მიწა ჩამოართვეს გლეხს და მისცეს სახელმწიფოს. წინეთ ის იყო მემამულის მოიჯარადრე, ახლა ის სახელმწიფოს მოიჯარადრეა. ერთი ბატონი შესცვალა მეორემ. გლეხს ქონდა წინეთ თავისი კოოპერატივი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სავაჭრო ორგანიზაცია, რითაც თავის საშინაო მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა. ბოლშევიკებმა წაართვეს ეს კოოპერატივი მას და გადასცეს თავის პარტიას, თავის სახელმწიფო დაწესებულებებს, რომელნიც სჭრიან და კერვენ სურვილისამებრ. გლეხს არ გააჩნია არც საკუთარი მიწა, არც საკუთარი კოოპერატივი. გაუქმება ახალი მებატონეობის, ახალი ბიუროკრატიული კოოპერატივის და გლეხის ჩვენი დროის მდგომარეობის აღდგენა ერთათ-ერთი საგლეხო მოთხოვნილებაა. გლეხის საწარმოვო ძალის გაძლიერება შეიძლება მიწის სრულ მის განკარგულებაში და მფლობელობაში გამოცხადებით. სოციალიზმის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის გლეხისათვის მიწის წართმევა, გლეხური საკუთრების ძალით განსაზოგადოება, მით უფრო ქართველი გლეხის, რომელსაც მხოლოდ პარცელური საკუთრება გააჩნია და იძულებულია სამრეწველო მუშაობით დანაკლისი აინაზღაუროს. აქედან წარმოსდგება მისი დაინტერესება სამრეწველო აღორძინებაში, ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში. ის არის გლეხიც და მუშაც, სოფლელიც და ქალაქელიც; ის სრული მოქალაქეა, რომლის მსგავსს სხვა ქვეყანაში იშვიათათ შეხვდებით. როგორც მეურნე, ის საჭიროებს ბაზარს, ადგილობრივს და მსოფლიოს: აქედან მისი უარყოფითი დამოკიდებულება ბოლშევიკურ საშინაო და საგარეო სავაჭრო მონოპოლიებისადმი. თავისუფალი ბაზარი თავისუფალი კონკურენციით, - აი, მისი მთავარი მოთხოვნილება. ის არის ამავე დროს საფაბრიკო საქონლის მუშტარი.
აქედან მისი უარყოფითი დამოკიდებულება ბოლშევიკურ სამრეწველო მონოპოლიის და საქონლის გაძვირებისადმი. ერთი სიტყვით, გლეხი მთელი თავისი არსებით ეპირდაპირება არსებულ წყობილებას. აქ კომპრომისი, ზავი შეუძლებელია. ქართველი გლეხი დღესაც ისეთივე სათავეა ქვეყნის ოპოზიციური განწყობილების, როგორიც იყო წინეთ, მეფეთა დროს. ის ერთნაირათ უარსყოფს პომეშჩიკურ და ბოლშევიკურ წყობილებას. ვინაიდან სამრეწველო მუშა მოდის სოფლიდან, გლეხობიდან, ცხადია, ის ქალაქშიაც თან მოიტანს თავის პოლიტიკურ სულისკვეთებას და დაიჭერს ადგილს გაბოლშევიკებულ მუშებისას. პროლეტარიატის მთლიანობას მოწინავე გლეხი ხელს შეუწყობას.
ამნაირათ, მიწის კერძო საკუთრება, სავაჭრო-სამრეწველო მოქმედების თავისუფლება, წარმოების განვითარება, სამეურნეო ბაზრის და სამუშაოს უზრუნველყოფა, - აი, მთავარი საგლეხო ეკონომიური მოთხოვნილება.
მისი პოლიტიკური და უფლებრივი მოთხოვნილებანი არ განსხვავდებიან დანარჩენ მოქალაქეთა ასეთსავე მოთხოვნილებებისაგან. დემოკრატია შეიცავს მთელ საზოგადოებას, მთელ ერს გამოუკლებლივ. ბოლშევიკებმა ძველი რეჟიმის წოდებრივი პრინციპი თავისათ გამოაცხადეს, მხოლოდ ის შეაბრუნეს, თავად-აზნაურულ უფლების მაგიერ მუშა-გლეხის უფლება წამოაყენეს. მარა ნამდვილათ, ორივე შემთხვევაში, არც ერთ ამ წოდებას თუ კლასს, არავითარი რეალური უფლება არ ქონებია და არ აქვს, ვინაიდან ორივე დესპოტიის საფუძველზეა აგებული, ხოლო დესპოტია კი ყველას უფლებას თვით პატრონობს. აი, ამ წოდებრივ უფლება-უპირატესობას ეპირდაპირება დემოკრატიული თანასწორობა და თავისუფლება. ამ მხრით ჩვენი ტაქტიკა უცვლელია.
როგორც ხედავთ, ერთი მხრით ვიბრძვით ყოველდღიური მოთხოვნილებების, კერძო საკითხების ირგვლივ ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ, ხოლო მეორე მხრით, ყველა ამ საკითხებს ვუკავშირებთ მოძრაობის მიზანს, ძირითად პოლიტიკურ, ნაციონალურ და ეკონომიურ პრობლემას. არავითარი რეალური გაუმჯობესება ხალხს არ ძალუძს არსებული რეჟიმის ფარგლებში. მხოლოდ მისი დამსხვრევა იძლევა ფართო გამოსავალს, შესაფერ საშუალებას ცხოვრების შეცვლის და გაუკეთესებისათვის. ყველა პოზიცია, იქნება ის კულტურულ-ეკონომიური, საზოგადოებრივი თუ სხვა, ჩვენი ამხანაგების თუ თანამგრძნობთა მიერ მოპოვებული, უნდა გადაიქცეს იარაღათ სახალხო საქმის წინ წასაწევათ. პარტია შედის ყველა წრეში, ყველა დაწესებულებებში, გარდა რასაკვირველია, პოლიციურისა და პოლიტიკურათ პასუხისმგებელ პოსტისა და შეაქვს იქ თავისი აზრი, თავისი მუშაობა, თავისი დროშა. ამ ბოლო დროს, ბოლშევიკების გადმოცემით, იზრდება ხალხის აქტიობა, მისი ჩარევა საბჭოთა საქმეებში. ცხადია, ეს მას ეჭირვება, ამ გზით ფიქრობს მძიმე ტვირთი შეიმსუბუქოს ოდნავათ მაინც. პარტია მიყვება ხალხს ყოველგან. სადაც ის მიდის, უხსნის და უკარნახებს მოქმედებას, პასუხს აძლევს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, არ ტოვებს არას შემთხვევაში უწინამძღვროთ დაბნეულობის და მტერთა ამარა. თვითეული ასეთი გამოსვლა ხალხს დაანახვებს მთელ მოჯადოებულს წრეს, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს და ეს მასში განამტკიცებს ოპოზიციურ განწყობილებას.
რა ტაქტიკა უნდა ვაწარმოვოთ ბოლშევიზმის დაცემის ხანაში? ეს დამოკიდებულია ამ დაცემის ფორმებიდან. ყველა შემთხვევაში, ერთი ძირითადი მოქმედება სავალდებულოა: საქართველოს ადგომა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება. ყველა შემდეგი ნაბიჯი დაექვემდებარება ამ რესპუბლიკის დაცვის საჭიროებას და ამ მიზნით კავკასიაში, რუსეთში და ევროპაში მოკავშირეთა მოძებნას. თავისთავათ ცხადია, რომ ქართველ ხალხს არაფერი აქვს სადაო და საომარი რუსეთის ხალხთან, რომელიც თვითონ იტანჯება საბჭოთა ტირანიით. რუსეთს არ აქვს არც ერთი ნამდვილი ინტერესი, რომლის შეთავსება არ შეიძლებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან. მოლაპარაკების და თანასწორობის ნიადაგზე ყველა უთანხმოება ადვილათ ამოიწურება, მარა ეს კიდევ არ ნიშნავს ჩვენი თავისუფლების შესაძლებლობას რუსეთის ყოველგვარ წყობილების გვერდით. ამიტომ ჩვენთვის უდიდესი საკითხია ის, თუ ვინ იქნება ბოლშევიკების მემკვიდრე - პომეშჩიკური რეაქცია, დემოკრატია თუ ნეპმანური ბონაპარტული ბატონობა. ამ სამში ერთათ-ერთი რადიკალური დემოკრატია საერთაშორისო დემოკრატიის დახმარებით იძლევა შესაძლებლობას შინაგანი ძალებით დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. პირველი ჩვენი ისეთივე მტერია, როგორც ბოლშევიკები. ესენი ერთი ხის ნაყოფია და ჩვენს მიმართ ერთათ ვარდებიან. მათთან საერთო არაფერი გვაქვს. მესამე ფორმის წყობილებაში შეიძლება ჩვენი სუვერენიტეტის შერჩენა გარეშე ძალის შემწეობით, - ძალის არა სამხედროს, არამედ დიპლომატიურის და ფინანსიურის. მოსკოვის ბურჟუაზიული ბონაპარტიზმი უევროპოთ ფეხს ვერ აიდგამს.
ერთი სიტყვით, ჩვენი ტაქტიკა არსებული რეჟიმის გადატეხის ხანაში დაემორჩილება ჩვენს მთავარ მოთხოვნილებას - საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას და ამის შესაფერათ მოხდება მისი მიხვრა-მოხვრა.
აი ამ რწმენით, ამ მუშაობით, ამ ტაქტიკით ქართველი სოც.-დემოკრატია მიზანს მიაღწევს, ქართველი ხალხი დაკარგულ უფლებას მოიპოვებს, საქართველო წართმეულ თავისუფლებას დაიბრუნებს...
ნ. ჟ.
ბრძოლა. /ჟურნალი, პარიზი/. - 1925. - დეკემბერი. - №6. - გვ. 1.
![]() |
19 სოციალური დესპოტია |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის პოლიტიკური წყობილების ხასიათი დღეს სადაო აღარავისათვისაა. მას საბოლოოთ ახადა ფარდა თვით ამ წყობილების ქურუმებმა თავის უკანასკნელ ყრილობაზე და სააშკარაოზე გამოიყვანა. ტლანქ ძალაზე აგებული ხელისუფლება ყოველთვის იყო, არის და იქნება დესპოტია. ეს არ იწვევს არავითარ დავას და აზრთა განსხვავებას თვით ბოლშევიკთა შორისაც. პოზიცია და ოპოზიცია, სტალინის ლაშქარი და ზინოვიევის დამქაშნი, ამას ერთნაირათ ხელშეუხებლათ აღიარებენ, თავის მოღვაწეობის მიუცილებელ ნიადაგათ აცხადებენ.
დავაა არა ამ პოლიტიკურ ფორმაზე, არამედ მის შინაარსზე. ცნობილია, რომ ყველა დესპოტია თავის არსებობის საბუთს ეძებდა ხალხის უზენაეს მოთხოვნილებაში, ერის აყვავების და აღორძინების საჭიროებაში. ჯერ კიდევ ჰეროდოტის სიტყვით, დარიუსი ასაბუთებდა დესპოტიის აუცილებლობას ძველ სპარსეთში ხალხის ინტერესებით, ვინაიდან, ამბობდა ის, „თუ ხალხი იქნება ბატონი, შეუძლებელია ბოროტება არ დაიბადოს და მისი მოციქულები არ შეერთდენ ხალხის წინააღმდეგ. დაიწყება უმრავლესობის დაჩაგვრა მჩაგვრელთა საერთო ძალღონით“.(ჰეროდოტის
„ისტორია“, წიგნი მე-3). დარიუსის ეს მოძღვრება „უპირველესი მცნებაა ყველა დესპოტთა ყველა დროისა. დესპოტია ხალხს ემსახურება, ერთხმათ ღაღადებენ ისინი ათასი წლობით და მათ გამოეხმაურენ მოსკოველებიც. აქაც, ამ ძირითად საკითხში, მოსკოვის ბატონები შეხმატკბილებული არიან. საბჭოთა დესპოტია ხალხს ემსახურება, ძალმომრეობა უებარი წამალია მისი ჭრილობების განსაკურნავათ, - ღაღადებენ კომუნისტური პარტიის ორივე მოდავენი ერთნაირი თავგამოდებით. რუსეთი ქირურგიული ჩარევით უნდა გაჯანსაღდეს და წარმატების გზას დაადგეს - ეს მათთვის უდაო დებულებაა. როგორ ფიქრობენ ისინი ამ მიზნის მიღწევას, რა შინაარსისაა მათი სოციალური დესპოტია? აი აქ კი პარტიის ყრილობა გაიყო და ენათა შერევა დაიწყო. დიდი უმრავლესობა ც. კ. მეთაურობით დადგა ერთ მხარეზე. პატარა უმცირესობა ზინოვიევ-კამენევის წინამძღოლობით ჩაირაზმა მეორე მხარეზე. გავიცანით პირველის მოძღვრება.
ჩვენ ვაშენებთ სოციალიზმს აგრარიულ ქვეყანაში, - ამბობს ც. კ. მეთაური სტალინი თავის გრძელ მოხსენებაში („იზვესტია“ 22 დეკ.). ცხადია, დესპოტიის სოციალური მიზანია სოციალიზმი, ხოლო სარბიელი - აგრარიული ქვეყანა, სადაც 80 პროც. გლეხობაა. ყველა სოციალისტი იკითხავს: რანაირათ შეიძლება სოციალიზმის განხორციელება აგრარიულ ქვეყანაში? თანამედროვე სოციალიზმი არის სამრეწველო ურთიერთობის გამოხატულება, მარქსიზმი სამრეწველო ქვეყნის მოძღვრებაა. ცხადია, რუსულ სოციალიზმს არავითარი საერთო არ უნდა ქონდეს ამ ერთათ-ერთ ნამდვილ, ინტერნაციონალურ სოციალიზმთან. და მართლაც, თუ დაუკვირდებით სტალინის მოხსენებას, დაინახავთ, რომ აქ სოციალიზმათ გამოტანილია სწორეთ ამ მოძღვრების მოპირდაპირე მიმდინარეობა. ეს სახელი დარქმეულია სრულიათ სხვა საგნისათვის და ასე ბრჭყვიალა ფრაზებით დაფარულია შავი, რეაქციონური საქმიანობა.
სტალინი ამბობს: „ჩვენ ვმუშაობთ კაპიტალიზმით შემოქალტულ გარემოებაში“, ამიტომ საჭიროა ჩვენი სახალხო მეურნეობა განვითარდეს „როგორც დამოუკიდებელი ეკონომიური ერთეული, დაყრდნობილი შინაგან ბაზარს“. ამით საბჭოთა კავშირი გამოშორდება კაპიტალისტური მეურნეობის სისტემას და ჩადგება სოციალისტურ სისტემაში.
ასეთია მთავარი ტეზისი. ის, როგორც ხედავთ, აგებულია პოლიტიკური ეკონომიის თავდაყირა გადატრიალებაზე. აქ უკუგდებულია ძირითადი თვისება თანამედროვე ნივთიერი წყობილების და მასზე აშენებული ცივილიზაციის. ეს არის მსოფლიო ბაზარი, მისი ყოვლადშემძლებლობა და ერთბატონობა. არ არის ერი, გარდა აფრიკის ზოგი ტყეში მობინადრე ტომებისა, ამ ბაზრის გარეშე დარჩენილი. ყველა ხალხი პირდაპირ თუ არაპირდაპირ აქ გამოდის, იძულებულია გამოვიდეს და მით მსოფლიო ეკონომიურ სისტემაში შევიდეს. მსოფლიო ბაზარი, ქმნის რა ერთ საწარმოო სისტემას, ქმნის ამავე დროს ერთ მსოფლიო პროლეტარულ მოძრაობას, ერთ მის მოძღვრებას, ერთ ინტერნაციონალს. ამ ერთობის გარღვევა, ცალკე გასვლა და ამ გზით განვითარება არ ძალუძს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ პროლეტარიატს, არც ერთ ინტერნაციონალურ პარტიას.
აშკარაა, რუსეთს, არც სხვა რომელიმე ქვეყანას, არ შეუძლია იყოს „დამოუკიდებელი ეკონომიური ერთეული“, არ შეუძლია დაეყრდნოს „შინაგან ბაზარს“, მაშასადამე, არ შეუძლია შექმნას რაიმე დამოუკიდებელი ეკონომიური და სოციალური სისტემა. სტალინის უტოპია წყალწაღებული კაცის ნაჩმახევია. მარა ამ ჩმახვას აღმოაჩნდა შესაფერი აუდიტორია, რომელიც მას იჯერებს. რატომ? იმიტომ, რომ მისი ინტერესია ეს დაიჯეროს. რაკი პარტია ქვეყანას სათავეში მოექცა და თავის ხელში დააგროვა საზოგადოების მთელი სიმდიდრე, საჭიროა გასამართლებელი საბუთი ხალხის წინაშე, ახალ-ახალი საშუალება ბატონობის გასაგრძელებლათ. როგორც სასულიერო წოდებას ეჭირვება ღმერთი, ურომლისოთ მას არსებობის საფუძველი არ აქვს, ისე ბოლშევიკურ პარტიას ეჭირვება საკუთარი „სოციალისტური სისტემა“, უამისოთ ის დაინგრევა. და აი სტალინი განაგრძობს ამ „სისტემის“ დახასიათებას.
მოსკოვის სოციალიზმის ნიშნობრივი თვისებაა ის, რომ მთავრობის ხელშია მატერიალური სიმდიდრის უმთავრესი წყაროები. სტალინის ცნობით, მისი ღირებულება უდრის 11 მილიარდ მანეთს, ხოლო კერძო პირთა ქონება კი 7 მილიარდისაა. სახელმწიფო მდიდარი, მოქალაქე ღარიბი, მთავრობა მძლავრი, საზოგადოება სუსტი - აი „დამოუკიდებელი ეკონომიური ერთეულის“ თვისება. ამით მართლა განირჩევა რუსეთი ევროპისაგან. მაშასადამე, სოციალური დესპოტიის შინაარსია სახელმწიფოს ნივთიერათ გაღონიერება კერძო პირთა ანგარიშზე. აქედან იბადება ორი საკითხი: სახელმწიფოს როლი საზოგადოებაში და სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთშორის დამოკიდებულება.
მოძღვრება - სახელმწიფო ყველაფერია, კერძო პირი არაფერია, - ძველის-ძველია. ასევე ძველია მისი განხორციელება. აზიის ყველა სახელმწიფო ამ დებულებაზე იყო აგებული. კრემლის მდგმურთ არც კი დასიზმრიათ ის სიმდიდრე, რომელიც ეპყრათ ეგვიპტის ფარაონთ, ბაბილონის მეფეთ და მრავალ სხვა მათ წინამორბედთ. შემდეგ ამ მოძღვრებას ხელი წაატანეს საშუალო საუკუნის მიწურულში ევროპაში და მერკანტელიზმის სახით თავისათ გამოიტანეს. მრავალ სახელმწიფოებმა ვაჭრობა-მრეწველობა ხაზინის მონოპოლიათ გამოაცხადა (მე-13-15 საუკ.). როგორც კი სახელმწიფო ამით გაძლიერდა, მოინდომა დესპოტიათ გადაქცევა. მას შეებრძოლა ქალაქები, მესამე წოდება და მრავალი რევოლუციებით დაამხო მთელი ეს მიმდინარეობა. ცხადია, მთავრობის ხელში ქვეყნის სიმდიდრის დაგროვება ძველი, რეაქციონური სოციალური პრინციპია და მასთან ბრძოლით აღორძინდა თანამედროვე საზოგადოება. და როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში, ბრძოლამ წარმოშვა მეორე უკიდურესობა - მანჩესტერიზმი, ანუ სახელმწიფოს ჩაურევლობა კერძო პირთა საქმეებში. სოციალიზმმა გამოასწორა ეს ოღროჩოღრო და გამართა სწორი ხაზი სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის. მან აღმართა დროშა საზოგადოების, რომლის მოთხოვნილებას დაუმორჩილა ყველა პოლიტიკური ორგანოები. სოციალური პრობლემაა სიმდიდრის დაგროვება არა სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების ხელში და მისი სამართლიანათ განაწილება, განსაზოგადოება და არა გასახელმწიფოება, მოქალაქეთა საწარმოვო ასოციაციები - აი სოციალიზმის დასაყრდნობი ფუძენი.
ამნაირათ, ბოლშევიკური სოციალიზმის ძირითადი თვისება - ხელისუფლების გამდიდრება, ხალხის გაღატაკება - დესპოტიის ძველი სოციალური პრინციპია. აქ სოციალიზმის ყველა გზა დახშულია. საზოგადოების განვითარება ბორკილ-დადებულია.
სტალინი განაგრძობს:
„შეიძლება ჩვენ სახელმწიფო მრეწველობას უწოდოთ სახელმწიფო კაპიტალიზმი? არა. რატომ? იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილია არა ორი კლასი (ბურჟუაზია და პროლეტარიატი), არამედ ერთი - მუშათა კლასი, რომლის ხელშია წარმოების იარაღი და საშუალებები და რომელიც ექსპლოატაციას არ განიცდის, ვინაიდან რაც მოიგება წარმოებიდან, გარდა მუშის ქირისა, მიდის მრეწველობის გასაფართოვებლათ, ე.ი. მთელი მუშათა კლასის მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ“.
აი ტიპიური მსჯელობა ვულგარული ეკონომისტებისა, რომელთაც ისე სასტიკათ დასცინოდა მარქსი. მთელი ეს ამონაწერი „ხელიხელ საგოგმანები მარგალიტია“. ბოლშევიკურ ფაბრიკაში მუშა თურმე არ იყვლიფება. რატომ? იმიტომ, რომ ბურჟუაზია არ არის, მარა გაყვლეფა შეიძლება უბურჟუაზიოთაც. ბურჟუაზია ახალი ისტორიის მოვლენაა. მაშ წინეთ გაყვლეფა არ იყო? საკმარისია იყოს დამქირავებელი და დაქირავებული, რომ ზედმეტი ღირებულება შეიქმნას და მუშა გაიყვლიფოს. საბჭოთა წყობილებაში დამქირავებელია მთავრობა, მისი აპარატები, დაქირავებული მუშა. იქმნება ზედმეტი ღირებულება. ეს გადადის დამქირავებელთა ხელში, რითაც ფართოვდება წარმოება, ე.ი. ფართოვდება ახალ-ახალი მუშების გაყვლეფის შესაძლებლობა, ეს მარქსისტულ პოლიტიკურ ეკონომიის ანბანი დღეს სტალინის ლაშქარის ანგარიშში აღარ შედის, მათთვის ხელსაყრელია ლიბერალების ეკონომიური მოძღვრება - და მისი „სოციალისტურათ“ გასაღება. მარა აქ კი მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ოპოზიცია შედგა. ზინოვიევის ჯარი დაეჭვდა ამ საბჭოთა „სოციალიზმში“ და გაიმართა ბრძოლა.
კამენევი თავის მკაცრ კრიტიკაში აყენებს ასეთ დებულებას:
ჩვენი ზაოდები და ფაბრიკები „არ წარმოადგენენ სოციალიზმის განხორციელებას, მათში არც კი არის განხორციელებული სოციალისტური ურთიერთობა“. (იზვესტია 24 დეკემბრის). ხოლო ზინოვიევი თავის მიკიბულ-მოკიბულ სიტყვაში ამბობს, რომ თუმცა ჩვენი სახელმწიფო მრეწველობა „სოციალისტური ტიპისაა, მაგრამ კიდევ არ არის სოციალისტური“, ე.ი. არის და არც არის. მარა ეს სტალინ-ბუხარინს არ აკმაყოფილებს. მათ სურთ ის უეჭველათ „სოციალისტური“ იყოს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში „როგორ შეგვიძლია გავსწიოთ კამპანია, მუშამ გააძლიეროს წარმოება? მუშა არ გაანაყოფიერებს შრომას ფაბრიკებში, თუ ეს წმინდა სოციალისტური ფაბრიკა არ არის“, ამბობს ბუხარინი. ფაბრიკის „სოციალისტობა“ ყოფილა საშუალება მუშის მოსატყუებელი და უკეთ გასაყვლეფი. ტყუილი - პროლეტარიატის დასამორჩილებელი იარაღია. მარა ეს ხომ ასე იყო ყოველთვის, ბოლშევიკებს ახალი არაფერი გამოუგონიათ, გარდა უზომო უსირცხვილობისა. ამ „ოპიუმის“ მთავარი თეორეტიკოსი ყოფილა, ზინოვიევის სიტყვით, ბუხარინი. და მართლაც, ეს ვაჟბატონი პირდაპირ ლაპარაკობს:
„როცა მუშა გეკითხება, რას წარმოადგენს ეს ფაბრიკაო, პარტია ვალდებულია პასუხი გასცეს (ევდოკიმოვი: აკი ველაპარაკებით!) თქვენ კი, მარა ზინოვიევი არა, ზალუცკი არა და თუ ახლა იტყვიან (რომ ის სოციალისტურია), ჩვენ მოხარული ვიქნებით“ („იზვესტია“ 23 დეკ.).
ზინოვიევი დამარცხდა, პარტიამ გამოაცხადა - ჩვენი მრეწველობა უეჭველათ სოციალისტურიაო. ეს დღეს უკვე დოგმათაა აღიარებული და მასში დაეჭვება სასტიკათ აკრძალული.
ეს „სოციალისტური მრეწველობა“ წარმოადგენს ეკონომიურათ მეტათ საწყალ სანახაობას, რომელსაც აკლია ყველაფერი ის, რითაც მრეწველობა სულდგმულობს. სტალინის სიტყვით, მას აკლია კაპიტალი („კაპიტალის ნაკლებობა დიდია“), აკლია სათბობი მასალა (ის „არ შეესაბამება მრეწველობის დონეს“), მეტათ მცირეა რკინეულობა („გვაკლია ათეული მილიონების“), არ არის საკმაო კვალიფიციური მუშა ხელი - ერთი სიტყვით, შერყეულია მთელი მისი მატერიალური საფუძველი. კაპიტალისტური მრეწველობა იმდენ საქონელს ქმნის, რომ ვერ ერევა საზოგადოება, ვერ იტევს ბაზარი. აქ კრიზისია გასაღების და არა წარმოების. იქ საბჭოთა სოციალურ დესპოტიაში მრეწველობა არა თუ საკმაო საქონელს ვერ ამუშავებს, მას თვითონ აკლია სამუშაოსათვის მიუცილებელი მასალა, თვით განიცდის კრიზისს ამ ნიადაგზე და რა გასაკვირალია, მუშტარს საკმაო საქონელს ვერ აწვდიდეს. „სოციალისტური ფაბრიკა“ ნიშნავს დაცემულ წარმოებას, დავარდნილ ეკონომიკას, უძლურ საწარმოო ძალას. აქედან გამომდინარეობს დაცემული ვაჭრობა. სტალინის სიტყვით, საგარეო აღებ-მიცემობა 1913 წელთან შედარებით 1923-24 წ. უდრიდა 21 პროც., ხოლო 1924-25 წ. 26 პროც. ეს მცირე ვაჭრობაც თავდება დეფიციტით (144 მილიონით), ვინაიდან პურის ქვეყანაში პური საზღვარ-გარეთიდან შემოაქვთ!
თავისთავათ ცხადია, რომ ამ სოციალისტურ სამოთხეში ყველაზე უფრო იყვლიფება თვით „ხაზეინი“ - მუშა. მას იდეალათ აქვს გადაქცეული მეფის დროინდელი ხელფასის აღება, მარა მას კიდევ ვერ მიაღწია. სტალინის სიტყვით, შარშან აპრილში სამუშაო ხელფასი სამრეწველო მუშის ყოფილა თვეში 35 ომის წინა დროის 62 პროც. სექტემბერში ის აწეულა 95 პროცენტამდე. მარა თუ ამ რაოდენობას გამოვაკლებთ იმ მრავალ გადასახადებს, რაც მუშა იძულებულია მისცეს ბოლშევიკურ დაწესებულებებს და სახეში მივიღებთ საქონლის სიძვირეს - ნათელი იქნება მუშის საწყალი მდგომარეობა. მეფის დროის ვალიუტა, საქონელი და დღის ქირა - „სოციალისტური რუსეთის“ შორეული იდეალია, ამას ზევით მისი ოცნება ვერც კი აიწევს.
ამნაირათ, სოციალური დესპოტიის ერთი საფუძველია დაცემული, დაჩაჩანაკებული სახელმწიფო ფაბრიკა, მარა ვინაიდან ეს ვერაფერი საიმედო საძირკველია, ამიტომ ბოლშევიკები ახლა ეძებენ მეორეს, უფრო მკვიდრს და მაგარს. და აი აქაც თავი იჩინა პარტიაში განხეთქილებამ. უმრავლესობამ კურსი აიღო საშუალო გლეხობაზე, გამოიცა „კულაკების“ სასარგებლო კანონები, გაისმა ბუხარინის ლოზუნგი სოფლელთა მიმართ - გამდიდრდითო. ერთი სიტყვით, გლეხის წვრილ-ბურჟუაზიული სტიქია კომუნისტების სტიქიათ გამოცხადდა. ოპოზიცია ამეტყველდა, „პროლეტარული იდეოლოგია“ დაეტაკა გლეხურს და სასტიკათ დამარცხდა. ლენინიზმი ჩამოქვეითდა ბუხარინიზმამდე. გლეხური რუსეთის დროშა აფრიალდა. რა სწერია ამ დროშაზე? პარტიის ც. კ. სწერს: „ჩვენ ერთგვარ დათმობაზე წავედით სოფლის ახალი ბურჟუაზიისადმი, მივანიჭეთ ფართე იჯარის, დაქირავებული შრომის ფართოთ გამოყენების უფლებები“. საბჭოებს ეჭირვებათ სოფლის ბურჟუაზია. რატომ? ამის პასუხს იძლევა კამენევი: „ჩვენ ვიღებთ კურსს სოფლის საწარმოვო ძალთა განვითარებაზე, ჩვენ ვიღებთ კურსს იმაზე, რომ სოფლის მთელი მასა აღორძინდეს; რომ სოფელი გახდეს უფრო მაძღარი, უფრო მდიდარი; რომ მან უფრო მეტი მოიხმაროს სამრეწველო საქონელი; რომ სოფლის მოთხოვნილების ნიადაგზე განვითარდეს ჩვენი მრეწველობა“. („კომ.“ №250). ცხადია, სოფლის ბურჟუაზია უნდა შეიქმნას დამხმარე საბჭოთა „სოციალისტური“ მრეწველობის, სოფელმა უნდა იხსნას ქალაქი, გლეხმა - მუშა. ამით შესრულდება სტალინის დებულება - „დამოკიდებული ეკონომიური ერთეულის“ შექმნა. მარა ეს კომუნისტური უტოპია ასკდება გლეხის რეალიზმს და დგება სრულიად მოულოდნელი ურთიერთობა. რაც უფრო ბოლშევიკები იხრებიან გლეხისაკენ, მით უფრო გლეხები მათ ზურგს აქცევენ და ასე ეს ვაჟბატონები განმარტოებულნი რჩებიან. სტალინი გულმტკივნეულობით მოუთხრობს ყრილობას იმას, თუ როგორ აურია მას სოფელმა საგარეო ვაჭრობის გეგმები, როგორ შერცხვა სტატისტიკის ცენტრალური დაწესებულება და სხ. აქედან ერთათ-ერთი გამოსავალია, ამბობდა ოპოზიცია, დაკარით „კულაკს“! არა, არა, შესძახა თითქმის მთელმა ყრილობამ, „კულაკი“ გვეჭირვებაო. და ასე, კომუნისტური პარტია აშკარათ ხდება იმათ, რაც მუდამ იყო - წვრილ-ბურჟუაზიულ, მეშჩანურ პარტიათ. ოპოზიციის თვალის ასაბნევათ აქ ბევრი ლაპარაკია ღარიბი გლეხის დახმარებაზედაც კრედიტის მიცემით. ნამდვილათ კი კრედიტის მოხმარა შეუძლია მხოლოდ შეძლებულ გლეხს და გაღებული მილიონებიც მის ჯიბეში მიჩხრიალებს. ხდება სოფლათ ჩვეულებრივი ეკონომიური პროცესი: ღარიბი ღარიბდება, მდიდარი მდიდრდება. სტალინის სიტყვით, პეტროგრადში კომუნისტებს გამოუციათ სახელმძღვანელო, სადაც ამტკიცებენ, რომ მეფის დროს სიღარიბე შეიცავდა 60 პროც., ხოლო ახლა კი ის 75 პროც.! „ეს ციფრები კონტრ-რევოლიუციაზე უარესია“, ყვირის სტალინი, მარა ის მას ვერაფრით ვერ არღვევს. პირიქით, მათივე სტატისტიკა ამოწმებს პეტროგრადელთა სიტყვებს. აი მაგ. უკრაინაში უკანასკნელ ოთხ წელიწადს „რიცხვი მეურნეობათა, რომელთაც სამუშაო პირუტყვი არ ყავს, გაიზარდა 132 პროცენტით, ხოლო უინვენტაროთა რიცხვი 77 პროცენტით“. 1917 წელს უღელი საქონელი ყავდა 32 პროცენტს, ახლა კი ყავს 20 პროცენტს. სამი დესიატინის მქონეთა 70 პროც. თავის მიწას იჯარით აძლევენ მდიდარ გლეხთ. ასეთივე სურათია შუაგულ რუსეთში. ეკონომ. ჟიზნ. №270, 272, გასული წლის). მოლოტოვის ცნობით, სოფელში 45 პროც. ღატაკია (იხ. კამენევის სიტყვა).
ბოლშევიკებიც „ყველაი“არიან, ყველა კლასის და პარტიის მოსაშუალე და მაგიერი. აი ამ პოლიტიკურ მონოპოლიაში შუაგულ რუსეთში. (ეკონომ. ჟიზნ №270, 272, გასული წლის). მოლოტოვის ცნობით, სოფელში 45 პროც. ღატაკია (იხ. კამენევის სიტყვა).
მასის გაღატაკება, მცირე რიცხვის გამდიდრება, რომელთა შორის კომუნისტებიცაა - აი საბჭოთა დესპოტიის სოციალური პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შედეგია კლასიური დიფერენციაცია და კლასთა ბრძოლა. ბოლშევიკები კი უწყობენ რა ხელს პირველს, ებრძვიან მეორეს. კლასებმა არ უნდა იბრძოლონ, თავიანთი ინტერესი არ დაიცვან, არამედ ყველამ კომპარტიას უნდა მიმართონ და მისი საშუალებით თავისი მიზნები განახორციელონ. ისინი მოგვაგონებენ იმ გურულ გლეხს, რომელმაც მოისმინა რა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელნი მიტინგზე, შესძახა: „აი, ყველაი ვარ მე-ო“! ბოლშევიკებიც „ყველაი“ არიან, ყველა კლასის და პარტიის მოსაშუალე და მაგიერი. აი ამ პოლიტიკურ მონოპოლიაში ძევს ამ პარტიის დამარცხების და დარღვევის აუცილებლობა. ც. კ. იძლევა დირექტივას: შეაკავშირეთ და დაიცავით ღარიბი გლეხებიო („კომ.“ №250 ). ჩინებული ბრძანებაა. მარა ვის წინააღმდეგ უნდა მოხდეს ეს მათი შეკავშირება? ვის და საბჭოთა მრეწველობის, ვაჭრობის, პოლიციის, ჩეკის, უუფლებობის, ძალმომრეობის - ერთი სიტყვით, ყოველივე იმ ბოროტების წინააღმდეგ, რაც ხალხს უმთავრესათ აწუხებს და რომელიც ბოლშევიკების ღვიძლი შვილია. გამოდის, რომ პარტია აკავშირებს ხალხს პარტიის წინააღმდეგ! ნავში ჯდომა და მენავესთან ბრძოლა შეუძლებელია. ის თითო-ოროლა კომუნისტი, რომელიც ასეთ დირექტივას მართლა ახორციელებს, პარტიიდან იდევნება და პოლიციის განკარგულებაში ირიცხება.
ცხადია, საბჭოთა სოციალური დესპოტია დღეს აფორიაქებულია: ის განიცდის შინაგან კრიზისს; დაიბადა უმცირეს-უმრავლესობა, აზრთა არევ-დარევა, შუღლი და განხეთქილება. რატომ, რაშია საქმე? მიზეზია ერთათ-ერთი - ოქტომბერი, ე.ი. აგრარიული ქვეყნის და მსოფლიო ბაზრის აბუჩათ აღება, მათი ბუდიდან გადმოხტომა და სოციალური დესპოტიის შემოღება. უმრავლესობა ფიქრობს უკან დაიხიოს, მწარმოებელი ძალები ააღორძინოს, ბურჟუაზიას კარები გაუღოს, გლეხობას დაეყრდნოს - ერთი სიტყვით, აწარმოვოს პრაქტიკული საამდროვო პოლიტიკა ძველი ფრაზეოლოგიის სამოსელში. მაგრამ მას ზურგზე აკიდული აქვს უშველებელი სიმძიმე - ოქტომბერი - და გასაქან საშუალებას არ აძლევს. ის იძულებულია ერთ ალაგას იბეკნოს, პიროვნებები სცვალოს, სისტემას არ შეეხოს, დესპოტია გააფართოვოს, პარტიაშიც ის გადაიტანოს და ასე უკმაყოფილება საყოველთაო გახადოს. სტალინის ტეტიებს აქედან გამოსვლა არ უწერიათ, ასაფრენი ფრთები დაჭრილი აქვთ, ნებისყოფა დაჩლუნგებულია, გამბედაობა არ მოეპოვებათ. თავსა ახლათ ვერვინ იშობს, ოქტომბერს ისინი ვერ გადაახტებიან და მით იქმნება აუცილებლობა - ქვეყანა მათ გადაახტეს, ცხოვრების რკინის კანონებმა გასავალი მონახოს და ეს საცოდავი უტოპისტები ისტორიას ჩააბაროს. საბჭოთა დესპოტიის უკანასკნელი ჟამი მოახლოვებულია.
ნ. ჟ.
ბრძოლა. /ჟურნალი, პარიზი/. - 1925. - №7.
![]() |
20 დამოუკიდებლობისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
მთლიანი ფრონტით დამოუკიდებლობისაკენ. ამ სამი სიტყვით ამოიწურება „დამოუკიდებელ საქართველოს“ დანიშნულება, მისი მიზანი და საშუალება, მისი გამოსავალი წერტილი და ხაზი.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და მთლიანი ფრონტი ერთსა და განუყოფელ ცნებას წარმოადგენს ჩვენთვის. მათი ერთი მეორისაგან გათიშვა ეწინააღმდეგება საღს წარმოდგენას ერზე და დიდი ვნების მოტანაც შეუძლია მისთვის.
ერი ცოცხალი ორგანიზი არის, მას აქვს თავისი სახეობა, ნების-ყოფა, მაშასადამე, ის მთლიანია და განუყოფელი.
თქმა არ უნდა, ერის შიგნით სწარმოებს ცვალებადობა, გარდაქმნა, ბრძოლა... მაგრამ სულ სხვაა, როცა მას ემუქრება, როგორც მთელს, გარეშე ძალა. ეს უკანასკნელი ხდება ამ შემთხვევაში ერის დამრღვევ ფაქტორად. ის იჭრება მის ცოცხალ სხეულში, სწამლავს, აფორიაქებს იქაურობას და შეგნებულათ ადუნებს მის მაჯის ცემას. იწყება რღვევის პროცესი...
ერი რა ერია, თუ ის არ ეკვეთა მთელის თავისი ენერგიით, მთელის თავის შემადგენლობით ამ გარედან შემოჭრილ ფათერაკს! და რაც უფრო მომწიფებულია ერი, რაც უფრო მძლავრია მასში თავდაცვის ინსტიქტი და ბრძოლის ტრადიცია, მით უფრო მთლიანათ და მწყობრათ ირაზმება ის გარეშე მტრის წინააღმდეგ.
ქართველი ერი, რომლის დაცვას ეს გაზეთი ისახავს თავის მიზნად, თვით არის ამ სიმწიფის ხორცშესხმული მაგალითი, განსახიერება. კიდეც ამიტომ ჩქარა აუღო მან ალღო შექმნილ მდგომარეობას. პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ ვერ დაეღწიათ თავი ეროვნულ უბედურების თავზარ-დამცემ შთაბეჭდილებისათვის, როცა თვით ხალხის სიღრმიდან გაისმა ხმა მთლიან ფრონტის საჭიროებისა.
ის შეიქმნა - მთლიანი ფრონტი, და ქართველი ერი ამ ნიშნის ქვეშ აწარმოებს შეურიგებელ ბრძოლას გარეშე მტერთან. აგვისტო-სექტემბერი, რომლის პროცესით, ამ ახლო ხანში, მტერმა თავისი თავი გაასამართლა, მამულიშვილურ თავდადების უმაღლესი წერტილი იყო.
ერი დამარცხდა ფიზიკურათ, მან გაიმარჯვა მორალურათ - აი, დასკვნა, რომელიც გამოიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მისი თავმჯდომარის პირით. ეს დასკვნა ამოკითხულია თვით მტრის შუბლიდან. ის მას მოსვენებას არ აძლევს. სისხლი, მრავალ ათასთა დანთხეული სისხლი წმინდა ანდერძია ქართველის გულში და საბედისწერო მტრისათვის.
ვისზე ამყარებს „დამოუკიდებელი საქართველო“ თავის იმედს? ქართველ ერზე. მას სწამს ქართველ ერის ბრძოლის უნარი, გამჭრიახობა, გამძლეობა, მისი გამარჯვება.
გაზეთი მოვალეა გახდეს ქართველ ერის გამოძახილი, მისი თავისუფალი ხმა.
უჩვეულო მტერთან გვაქვს საქმე. უჩვეულო არა მარტო თავის მტარვალობითა და სიმხეცით, არამედ კიდევ უფრო თავის საარაკო სიფლიდითა და გაიძვერობით. მოსკოვი სრულიად შეგნებულათ და წინასწარი მოფიქრებით იმარჯვებს რევოლიუციურ ფრაზეოლოგიას, როგორიცაა: სოციალიზმი, პროლეტარიატის დიქტატურა, ერთა თვითგამორკვევა და სხ., რომ ამით დაფაროს თავისი ავაზაკური დაპყრობითი სახე. ჩვენი გაზეთი მოვალეა მას ნიღაბი ახადოს.
მაგრამ თვით ქართველმა ერმა დიდი ხანია კბილი გაუსინჯა მოსკოვიტებს. ამაოა უკანასკნელთა ცდა სიმძიმის ცენტრი ოკუპაციიდან საბჭოთა რეჟიმზე გადაიტანონ, ერის განთავისუფლების პრობლემა სოციალურ მლიქვნელობაზე გადაახურდავონ, ეროვნული ბრძოლა ბოლშევიკ-მენშევიკურ მეტოქეობად გაასაღონ.
ქართველ ერისთვის ნათლათ სდგას კითხვა: საქართველოს დამოუკიდებლობა თუ რუსეთის ბატონობა? ვინ უნდა იყოს ბატონ-პატრონი საქართველოს ტერიტორიაზედ - ქართველი თუ რუსი? მოსკოვის ტიკინები - ორჯონიკიძე და ძმანი მისნი, ქართველ მოდგმის ეს მახინჯნი ანარეკნი სათვალავში არ შედიან, ამით ვერავის მოატყუებენ.
განა საბჭოთა რეჟიმის სიდუხჭირე ვის არ ესმის. მან ათეულ წლებით უკან გადისროლა საქართველოს ნივთიერ და სულიერ განვითარების საქმე. გაზეთი მოვალეა დაუზოგველათ ამხილოს ეს. მაგრამ ერთ წუთსაც არ უნდა დაივიწყოს მან, რომ სათავე ყველა უბედურებათა არის და დარჩება ქვეყნის უცხოელთა მიერ დაჭერა.
რუსეთი უცხოეთია ჩვენთვის, ისე როგორც სხვა მრავალი ქვეყანა. ჩვენ მას არ ვებრძვით, გვსურს პირიქით კეთილმეზობლობა მასთან, - მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზედ ქართველი ერი ვერ შეურიგდება მის თარეშს. დეე, მან შემოიღოს თავის საბრძანებელში საბჭოთა თუ სხვა რეჟიმი, ეს მისი საქმეა, საქართველოს კი არ ესაჭიროება მისი თვალთმაქც მზრუნველობა.
ქართველი ერი კვლავინდებურათ დემოკრატიულ პრინციპების ერთგული რჩება, აქედან გამოდის ჩვენი მთლიანი ფრონტიც და მასში წარმოდგენილი პარტიები, - მაგრამ ეგ არ არის ჩვენი დავის ღერძი უცხოეთთან. უკანასკნელს ხელი არა აქვს ილაპარაკოს, მით უფრო ნაკლებ - შემოიღოს ესა თუ ის რეჟიმი ჩვენს ქვეყანში.
აქედან ცხადია, ჩვენთვის მიუღებელია უცხოეთის ბატონობა, რა სახითაც არ უნდა მოგვევლინოს იგი: საბჭოთა, მონარქიის თუ დემოკრატიის სახით. ნორმალური დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა პირველი იცნობს მეორის უდაო უფლებას დამოუკიდებელ არსებობისა, მის ხელუხლებლობას.
არ არის ჩვენს შორის ერთი პირიც, ვისაც არ სურდეს ნებით დაბრუნება იმის, რაც ტლანქმა ძალამ წაგვართვა. მაგრამ სურვილი ერთია, მკაცრი სინამდვილე კი მეორე. მოსკოვი არ დათმობს ნებით თავის მსხვერპლს. ამიტომ საქართველო, ეყრდნობა რა თავის მაჯას, იძულებულია მიმოიხედოს ირგვლივ, ახლო თუ შორს, და ეძიოს მეგობრები.
მზაკვარი მოსკოვი ამას ინტერვენციას ეძახის, - და ეს მაშინ, როცა მისი ჯარები საქართველოში სდგას! ამაზე შორს, ქვეყნის დასაბამიდან, არც ერთი ცინიკი არ წასულა. როცა მოსკოვმა ფეხქვეშ გასთელა მის მიერ ცნობილი საქართველოს უფლება და მაჯლაჯუნად აწევს ქართველ ხალხს გულზედ, ეს არ არის თურმე ინტერვენცია! როცა საქართველო მოითხოვს მისი უფლების აღდგენას და ამ მიზნით მიმართავს განათლებულ კაცობრიობას შველისათვის, ეს თურმე ინტერვენცია ყოფილა!
„დამოუკიდებელი საქართველო“ თავისუფალია ილიუზიისაგან, ვითომ ქართველ ერის დასახსნელათ ომს გამოუცხადებს ვინმე რუსეთს. დღევანდელ საყოველთაო დაზავების ხანაში, როცა თვითეული დაწინაურებული ერი შეგნებულათ გაურბის შეიარაღებულ შეტაკებას, ერთად ერთი მოსკოვი დარჩა, რომელიც წყალს ამღვრევს ყველგან და იარაღს აჟღარუნებს. მართალია, ლოკარნოს ურთიერთ დამზღვევ პაქტის მეოხებით მოსკოვი საგონებელში ჩავარდა, მაგრამ კუზიანს მარტო საფლავი გაასწორებსო - იტყვიან, და ისიც ვერ დაიშლის ცეცხლის წამკიდებლის ხელობას.
მეორეს მხრით, ჩვენ არა გვწამს ევოლიუციური გზით ნორმალური მდგომარეობის აღდგენა რუსეთში. თვით ბოლშევიკები უარყოფენ ამ გზას, ენაზე პერმანენტული რევოლიუცია აკერიათ, თუმცა დიდი ხანია ისინი უშავეს რეაქციის მოციქულებად იქცნენ. რაც უფრო მეტ დათმობებს აკეთებენ ეკონომიურ სფეროში, მით უფრო ფანატიკოსურათ ებღაუჭებიან ისინი ხელისუფლებას. მაგრამ ამაოა ეს ცდაც. გაშიშვლებულ მტარვალებს მხოლოდ ფიზიკური ძალა გადმოაბრძანებს ტახტიდან, ამას უნდა ელოდეთ ადრე თუ გვიან.
ქართველი ერი მზათ უნდა დახვდეს ამ მომენტს. მისივე მდგომარეობაშია სხვა ერებიც, რომელნიც ეგრედ წოდებულ „კავშირში“ შედიან. ჩვენი გაზეთი ეცდება თვალ-ყური ადევნოს ამ ჩაგრულ ერთა ბრძოლას თავისუფლებისათვის. ეჭვს გარეშეა, პოლიტიკურ კრიზისის ჟამს ეს ერები ეცდებიან ხელთ იგდონ დამოუკიდებლობა, და ჩვენი ერიც გაჩნდება, როგორც მას სჩვევია, წინა რიგებში.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჩვენს მეზობლებს. კავკასიის ერთა ლხინში და ჭირში ერთათ ყოფნა ნაკარნახევია გეოგრაფიით, ეკონომიით, მათი სასიცოცხლო ინტერესებით.
ამ რიგათ, ქართველი ერი განმარტოებული არ არის, მას ჰყავს ბუნებრივი მოკავშირენი, აქვს პერსპექტივები.
დადგა დრო, როცა რუსეთის საკითხი იღებს გარკვეულ ფიზიონომიას. მისთვის არ ეცალა ევროპას აქამდის. ის თვითონ განიცდიდა დიდ კრიზისს. დღეს, როცა ლოკარნოს შემდეგ გვიხდება წერა, ჩვენ გადაჭრით უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის საკითხი პრაქტიკულათ არის დასმული მთელის თავის სიგრძე-სიგანით.
მაშასადამე, ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ფხიზლათ იდგნენ სადარაჯოზედ. ისინი რაც შეიძლება ნათლათ უნდა გაერკვენ საერთაშორისო მდგომარეობაში, კვალ და კვალ მისდიონ მის განვითარებას და მოუპოვონ საქართველოს თავისი ადგილი მოსალოდნელ ამბებში.
ჩვენი გაერთიანებული ფრონტი და მისი ორგანოც ამ საქმეს ემსახურება. არსებულ პირობებში, როცა საოკუპაციო ხელისუფლება ნამდვილ ჭურში ამყოფებს ქართველ ერს და ჰკვებავს მას ლათაიებით, სრულიად განსაკუთრებულია გაზეთის პასუხისმგებლობა.
ჩვენ არ გვაშინებს, რა თქმა უნდა, მოსკოვის ჩმახვა, ვითომ ჩვენ ამით კონტრ-რევოლიუციას ვაწყობთ. საქართველოს აქვს და უნდა ჰქონდეს თავისი საგარეო პოლოტიკა. მოსკოვს არ ძალუძს გახადოს იგი თავის შინაურ პოლიტიკად. მთლიანი ფრონტი ისეთივე ბუნებრივია, როგორიც ქართველ ერის ბრძოლა უცხოეთის უღლის გადაგდებისათვის.
„დამოუკიდებელი საქართველო“ სწორეთ ამ განმათავისუფლებელ ბრძოლის ორგანოა.
ერთი ფრონტი
მოსკოვის უღელმა ქართველი ერი გააერთიანა, ერთი აზრი და ერთი მისწრაფება მას ჩაუნერგა. თავის თავის ბატონობა, თავის თავისუფლების და დამოუკიდებლობის აღდგენა - აი ამ ერთობის მიზანი და დროშა. მის ირგვლივ თავს იყრის ერის ყველა სასიცოცხლო ძალები, მისი ყველა აქტიური და მოწინავე ელემენტები. ქართველი ხალხი იქცა ერთ ფრონტათ, ერთ სიმაგრეთ, რომელზედაც უნდა შეასკდეს მოწინააღმდეგე. თვითეული პარტია, თვითეული მოქალაქე, თვითეული მოსახლე უნდა იდგეს თავის პოსტზე, თავის სადარაჯოზე, გაჟღენთილი სიძულვილით უცხო ძალმომრეობისადმი და სიყვარულით თავისუფლებისადმი. ჩვენი პოლიტიკური მობილიზაცია არ შემწყდარა, ვერ შეწყდება, სანამ მისი საგანი განხორციელებული არ იქნება. მხოლოდ პოლიტიკური შეგნება, მხოლოდ შეუდრეკელი ნებისყოფა ქმნის იმ უძლეველ ძალას, რომლითაც ხალხი საბოლოოთ გაიმარჯვებს. ვისაც სურს თავისუფლება, ის იქნება თავისუფალი.
მთავარია ეს სურვილი, ეს შეგნება დარჩეს გაუქანებელი და მოუშლელი. შერიგება მტარვალების თუნდაც დროებით, სამუდამოთ სტეხს სულიერ ენერგიას, აბნელებს ნათელ გონებას, აჩლუნგებს მტკიცე ხასიათს და აჩვევს ბოროტებას და მონობას. ქართველობა ბრძოლაში გამოწრთვნილია; მის ძარღვებში სჩქეფს სისხლი ათასი წლების თავდადებულთა, ის მოდის ისტორიის ქარცეცხლში თავაწეული და იმედით მოცული. მის მატიანეში არ სწერია სასოწარკვეთილება და დაგლახება. ეს ხვედრია თითო-ოროლა ლაჩართა და გზადაბნეულთა. ეს ასე ყოფილა მუდამ, ასეა დღესაც. მარა ამათ ზურგზე ხალხი გადადის, ისტორიის ულმობელი ბორბალი მათ სჭყლეტს და მიდის წინ ერის აღორძინებისაკენ.
ვიღას ახსოვს ჩვენი ქვეყნის ორგულნი და გამყიდველნი? მრავალნი იყვენ ისინი: წუთიერ გამარჯვებას დღესასწაულობდენ; მარა ანგარიშში მოსტყუვდენ. ერმა მათ დიდი ხანია წესი აუგო და მისცა დავიწყების სამარეს. ისტორიის თეთრ ფურცელზე მხოლოდ ხალხის ერთგულება იწერება, მსოფლიო ოჯახში მხოლოდ მებრძოლი ერი იპატიჟება. სიცოცხლის ნაპერწკალი არასოდეს არ ჩამქრალა საქართველოში. ის გაჭირებაშიაც მუდამ ბჟუტავდა და პირველ შემთხვევისთანავე ცეცხლათ აღიგზნებოდა. ის ვერ ჩააქრო ვერც დღეს მოსკოვის ურდოებმა. ის ალათ ავარდა შარშან. ალი ჩაქრა, ცეცხლი დარჩა, ცეცხლი გულში ანთებული და სულის გამამტკიცებელი. არა, არ გვინდა უცხო უღელი - ეს არის მრწამსი ქართველი ერის. ეს სიმბოლო სარწმუნოებისა მას არ დაუგდია მაშინაც კი, როცა იყო მარტო, უმწეო, ქვეყნათ უცნობი და განთვითებული. არ დააგდებს მით უფრო დღეს, როცა მარტო აღარ არის, როცა ქვეყნათ გაისმის მისი ხმა სიცოცხლის და თავისუფლების.
ჩვენ მარტონი არა ვართ. ჩვენი საქმე ყალბ თამასუქზე არ იწერება. ჩვენ გვყავს სამი მოკავშირე, სამივე ერთნაირათ ძლიერი და შეუდრეკელი.
პირველი ჩვენი მოკავშირეა რუსეთის საქმეთა მსვლელობა, შიგნით და გარეთ. მტარვალთა რეჟიმი მიწურულშია; მას გადაეკიდა მთელი ხალხი, მას ებრძვის გლეხობა, მით უკმაყოფილოა მუშები. ვერ მოინადირეს ვერც ერთი კლასის გული, ვერ დააკმაყოფილეს მასის ვერც ერთი საარსებო საჭიროება. ის განმარტოებულია შიგნით. ასეთსავე მდგომარეობაშია გარეთ. ლოკარნომ მას ჩასცა სასიკვდილო მახვილი. ან გაევროპიელება ან გაქრობა - აი მისთვის დაწერილი განჩინება. ვინც არ აჩქარდება, მტარვალთა სეირს მოესწრება.
მეორე ჩვენი მოკავშირეა მსოფლიო საზოგადო აზრი. აქ ჩვენს საკითხში დიდი ხანია შემდგარია ერთი ფრონტი, დაწყებული უკიდურესი მემარცხნით და გათავებული უკიდურესი მემარჯვნით. საქართველოს საკითხი გადაქცეულია საერთაშორისო საკითხათ, რომელსაც ყავს მედგარი დამცველები. ის აქ გამოტანილია სისხლით და რკინით ქართველი ერის მიერ და მოპოვებული აქვს საერთო თანაგრძნობა. საკმარისია მოსკოვი იცნოს ქართველმა ხალხმა და შეურიგდეს მის ბატონობას, რომ საქართველო უცებ ამოიშალოს საერთაშორისო სარბიელიდან და დაკარგოს მოპოვებული მდგომარეობა. ჩვენი ურყევი ნებისყოფა - გვქონდეს საკუთარი სახელმწიფო, არის ერთათ ერთი საფუძველი მსოფლიოს თანაგრძნობის. ამ თანაგრძნობის რეალიზაცია მოხდება პირველ ხელსაყრელ გარემოებაში. აზრი ვერ შეაბრუნებს ჟამთა ბრუნვას, მარა შემობრუნებულს კი გამოიყენებს.
მესამე ჩვენი მოკავშირეა ისტორია, კაცობრიობის აუცილებელი მსვლელობა ერთა თავისუფლების და თანასწორობისაკენ. ამას ვერ შეაჩერებს ვერავითარი ძალა, მისი გამრუდება აღემატება ადამიანის შესაძლებლობას. ეს ისტორიული კანონო მუშაობს მუდამ, ყოველგან, ყველა ხალხში და ყველა ქვეყანაში. ჩვენი საქმე ამ საერთო მდგომარეობასთან არის რკინის არტახებით გადახლართული. ჩვენ გვაქვს მერმისი, ჩვენი მტრები კი ამას მოკლებულია; ისინი ცოცხლობენ წარმავალი წუთებით, ჩვენ კი სამუდამო მომავლით. ჩვენი გზა ისტორიის შარა გზაა და მიდის სიცოცხლისაკენ.
როგორც ხედავთ, მარტონი არა ვართ, ჩვენ ფრონტში დგას უძლეველი ძალები. ჩვენ გვამაგრებს აუღებელი სიმაგრენი. საჭიროა მხოლოდ ჩვენ, ქართველები, ვიყოთ ერთათ; საჭიროა საქართველოს ყველა შვილნი გაიმსჭვალონ იმ დიადი მოწოდებით, რომელიც მათ დღეს ისტორიამ არგუნა - ერთათ დგომა, ერთათ ბრძოლა, ერთი დროშა!
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი, პარიზი/. 1926 წ. №1
![]() |
21 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი, დღე თავისუფლების და აღორძინების, საუცხოვო წარსულის და გამარჯვებული მომავლის.
26 მაისში ქართველმა ერმა გამოკვეთა თავისი სახე, გამოაქანდაკა თავისი სულიერი და ფიზიკური აგებულება, გამოჭედა თავისი პიროვნება, როგორც ერთი განუყოფელი მთელი.
26 მაისს საქართველო გამოვიდა მსოფლიო შარა-გზაზე და შევიდა საერთაშორისო ოჯახში, როგორც ერთი მისი სწორუფლებიანი წევრი.
26 მაისიდან იწყება ჩვენი ახალი ისტორია, გრძელდება ცოტახნით შეწყვეტილი ორი ათასი წლის საკუთარი მსვლელობა და ებმება ძაფები მომავალ საუკუნოებს.
26 მაისს ფრთაშეკვეცილმა ქართველობამ აიშვა, აფართქალდა და ჩრდილოეთს თავისი თავისუფლება გამოსტაცა, თავისი დროშა კავკასიონის ქედზე ააფრიალა და იქ წაშლილი საზღვარი აღიდგინა.
26 მაისი არის დღე ზეიმის, დღესასწაული მთელი ერის, განურჩევლათ აზრისა და მდგომარეობისა.
მაგრამ სიბნელემ გაიმარჯვა სინათლეზე. მოპოვებული თავისუფლება მტერმა მოგვტაცა და სიცოცხლის ალაგას სიკვდილის დროშა ააფრიალა.
ქართველ ერს აღარ ძალუძს 26 მაისი იდღესასწაულოს. ის დღეს ამირანივით მიჯაჭვულია კავკასიონის ქედზე და იფლითება შემოსეული მტაცებლებისაგან.
26 მაისი დღეს მხოლოდ სიმბოლოა და არა ცოცხალი მოვლენა. ის მხოლოდ მოგონებაა წარსულის და მანათობელი ვარსვლავია მომავლის. ის საქართველოს ხიდია, წარსულიდან მომავლისკენ გადებული და მასზე ჩვენ ყველა, მთელი ქართველობა შეურყევლათ გავდივართ. მტერი დარაჯობს ამ გზას, ის ჩასაფრებულია ყოველი მხრით, მარა ჩვენ მაინც წინ მივდივართ, მივდივართ, და არ არის ძალა ჩვენი შემაჩერებელი, ვინაიდან არ არის ძალა ისტორიის უკან დამქანებელი.
26 მაისის დღეს ქართველი ხალხი თავის გულში, თავის ოჯახში დღესასწაულობს; ის იგონებს დაკარგულ თავისუფლებას და იმედოვნებს მის დაბრუნებას.
26 მაისი ანთებული ჩირაღდანია; ის ინათებს მუდამ, ჩაუქრობლათ, შეუსუსტებლათ და ჩვენ მოგვიწოდებს თავისი სხივების ქვეშ.
სანამ ქართველი ერი იარსებებს, 26 მაისს იდღესასწაულებს.
მოულოცავ საქართველოს ამ დიდებულ დღეს და უსურვებ ბრძოლის გაგრძელებას, იმედიანათ ცხოვრებას.
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი, პარიზი/. 1926 წ. №5
![]() |
22 ხუთი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთი წელი ტანჯვის და მონობის, ტყვეობის და ბორკილების!
რანი ვიყავით გუშინ? ყველაფერი!
რა ვართ დღეს? არაფერი!
ერი პატივაყრილი, ხალხი დაქცეული, მოქალაქე შეკრულ-შებოჭვილი.
საქართველოს მესაფლავენი დღეს დღესასწაულობენ თავის გაბატონებას, საქართველო კი ძაძებით გლოვობს თავის დამარცხებას და მათდამი დამორჩილებას. ისინი იცინიან და სტკბებიან, ჩვენები ოხრავენ და იტანჯებიან.
დღეს ორგვარი მოგონებაა: ერთია ჯოჯოხეთის და მისი მოციქულების, მეორეა თავისუფლების და მისი მოტრფიალეების.
ხუთი წლის წინ ქართველმა ერმა დაკარგა უდიდესი განძი - თავისუფლება და მიიღო უმძიმესი უღელი მოსკოველების. ერის უღირსი შვილები თავს დაეცენ მშობელ დედას უცხო ძალებით, ამოართვეს სული და გაბაწრული ცოცხალ-მკვდარი მიუტანეს მსხვერპლათ თავის მომავლინებელთ. ეს საშინელი სულთამხუთავი, რომლის თავია მოსკოვში, ხოლო ბრჭყალები კი ჩვენში, სწუწნის დაუსჯელათ ჩვენს სიმდიდრეს, ჩვენს ავლა-დიდებას, ჩვენს სულიერს და ნივთიერ საუნჯეს. წაიღეს, რის წაღებაც კი შეეძლოთ; გააპარტახეს, რაც დახვდათ; მოსპეს მთელი ახალი კულტურა, შრომით და ბრძოლით შეძენილი, და გადაგვისროლეს უკან, დაცემის და გავერანებისაკენ. ისინი დღეს ცეკვობენ ერის სასაფლაოზე.
რა სურდათ, რას ფიქრობდენ? სურდათ ჩვენი ჩაბრუნება რუსეთის სამფლობელოში, ფიქრობდენ ჩვენს გადაქცევას ძველი იმპერიალიზმის გზა და ხიდათ. საქართველო დასჭირდა მოსკოვს მეფეთა აღმოსავლეთის პოლიტიკის გასაგრძელებლათ; ოსმალეთში, სპარსეთში, შორეულ სამხრეთში სამოქმედო ბაზის შესაქმნელათ. მათ კარგათ იცოდენ, რასაც შვრებოდენ, რისთვის აგზავნიდენ თავის ჯარებს ჩვენს წინააღმდეგ. ეს იყო დიდი სახელმწიფოს შეთქმულობა პატარას ჩასაყლაპავათ. ქართველები, ამ ბოროტების მებაირაღტრენი? ამათ ქვეყანა გაყიდეს და მიიღეს სამსახური! თანამდებობაზე გადასცვალეს ერის სვე-ბედი. განმეორდა სიტყვა-სიტყვით ძველი ამბავი, რუსის ჯარი შემოდის საქართველოში მეორეჯერ ქართველების წინამძღოლობით. ფაქტი ერთნაირია, მისი აზრი კი სხვადასხვაა. პირველი მოპატიჟება მოხდა უცხო მტრის მოსაგერებლათ. ჭავჭავაძენი ემსახურებოდენ ქართველი ხალხის ფიზიკურათ გადარჩენას. რას ემსახურებიან მახარაძენი? რომელი მტრის წინააღმდეგ ამხედრდენ ისინი? ეს მტერია ქართველი ხალხი. მის დასამორჩილებლათ და მასზე გასაბატონებლათ მათ მოიხმეს ნამდვილი მტრები. ჩვენს წინაპართ აქვთ გასამართლებელი საბუთები. ამათ, ამ ჩვენს თანამედროვეთ, არავითარი გამართლება, არავითარი საბუთი არ ადგებათ. ესენი რუსეთის იმპერიალიზმის ყურმოჭრილი მონებია.
ერი თავისუფალი, აღორძინებული, ახალი იმედებით და იდეალებით აღფრთოვანებული დაატყვევეს და რესეთის დესპოტიას დაუმორჩილეს. რას წარმოადგენს ეს ბატონი, ქვეყანამ იცის. ის გამოფიტულია, არ შერჩა არავითარი ნივთიერი და გონებრივი ღირებულება, გარიყული, განცალკევებული, კაცობრიობიდან გამდგარი - აი ამ არარაობაზე ვართ მიკრული და მის საჯეკნათ გადაქცეული. საქართველო ყოფილა დამცირებული, მარა არასოდეს არ ყოფილა ასე დაბლა დაშვებული. ის დღეს უფსკრულშია, ამაზე ქვემოთ წასვლა აღარ შეიძლება. მხოლოდ სულის სიმტკიცე და იმედი ატანიებს მას ამ საშინელ ტრაგედიას. „ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვიტკირსა“ - ეს ძველი სიბრძნე დღევანდელი ჩვენი მნათობია. თავს დაგვატეხეს ჭირი, ჩვენ უპასუხებთ სიმაგრით. „გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“. ქართველი ხალხის გრდემლს შეასკდა უთვალავი მტერი. ასეთი ბოლო მოელის ახლანდელ მის მტერსაც; ოღონდ კი გრდემლი მუდამ სცემდეს და ერს აღვიძებდეს. აწმყო არა გვწყალობს, მარა მომავალი ჩვენია.
ჩვენი გზა მიდის აღმართ-აღმართ, აღორძინების და თავისუფლებისაკენ. აქეთ მოდის მთელი კაცობრიობა. მათი გზა კი ეშვება დაღმართ-დაღმართ, ჭაობის და ჯურღმულისაკენ. მათ არავინ მისდევს, იმ გზით არავინ მიდის, მას ყველა, მთელი კაცობრიობა, ზიზღით შეყურებს. ახლა ბრმაც კი ხედავს, რომ მოსკოვის მიმართულება გადაშენების ხიდია, აქეთ გასავალი არ არის: ამას ქვანიც კი ღაღადებენ. ამ ღაღადმა გაარღვია თვით კრემლის კედელიც და შეიტანა ხმა სინანულის. მათი დღენი დათვლილია, ხალხის ამაღლება მათი დაცემაა; ქვეყნის აღდგომა მტარვალთა დამარხვაა. ასე ყოფილა მუდამ და ასე იქნება. გლახათ დამწყები გლახათ ათავებს. ეს უცვლელი განაჩენია.
ეს ხუთი წელი, წელი ცრემლთა გუბების და სისხლთა მორევის, არის წელი ქართველი ხალხის სულიერი განკურნების. ის ამ ციხეში ინათლება მტკიცე ნებისყოფით. იბანება თავისუფლების წყაროთი და იჭედება სასიცოცხლო ძალებით.
განვლეთ ეს ხუთი წელი, დრო მეტათ ძნელი. ჩვენი დროშა დაბლა არ დაშვებულა. დგება დრო ნაკლებათ ძნელი, შევდივართ გარდატეხის წლებში, ჩვენი დროშა მაღლა აიწევა.
მაშ იმედი, კიდევ იმედი, მეტი იმედი!
ნ. ჟ.
ბრძოლა. /ჟურნალი, პარიზი/. - 1926. - №8.
![]() |
23 ჩვენი სილვა |
▲ზევით დაბრუნება |
კიდევ ერთი მგლოვიარე მოგონება, კიდევ ერთი სატირალი წელი.
17 თებერვალს, ოთხი წლის წინეთ, დავკარგეთ ჩვენი სიამაყე სილვა. დაღუპულ სამშობლოს მსხვერპლათ დაედვა მისი საუკეთესო შვილი. გრძნობიერმა გულმა ვერ აიტანა მოზღვავებული უბედურება და გასქდა. ბოროტმა სძლია კეთილი. მოჩირაღდნე ლამპარი დაიწვა, ჩაქრა ერთ წელიწადში: ვერ აიტანა ეს საშინელი ძალადობა, ერის დაკვლა, მისთვის სულის ამორთმევა და ურდოების გასათელათ გადაგდება. სპეტაკ, წმინდა სილვას შეეხო ბნელი, ჭუჭყიანი ხელები; მან თავის თვალით ნახა ხალხი დაცემული, პატიოსანი და ნათელი დევნილი და წამებული. ხანგრძლივი ბრძოლით და თავის დადებით მონაპოვარი განიავებული და აი ყველა ამ ბოროტების ჩამდენნი მისი ყოფილი მეგობრები და ამხანაგები! ტრაღედია ერის, პიროვნების, სულის ატოკებს სათუთ გრძნობებს და იწვევს ჩვენს სილვაში სულიერ ენერგიას და ფიზიკურ სნეულებას... ის, მოხუცი, რჩება გაჭირებულ ხალხთან ერთათ და მას ნუგეშათ ევლინება. სილვას ნუგეში - ეს დიდი სიმაგრე, დიდი იმედია. მარა მას დიდი დრო არ მიეცა. ის დადნა ერთ წელიწადში, წავიდა ჩვენგან და თან წაიღო ჩვენი გული. მან დაგვიტოვა თავისი სული, მან ჩაგვბერა თავისი სიმტკიცე, თავისი გაუტეხლობა და აღფრთოვანება. და ჩვენც არ დავაგდებთ ძველსა გზასა, არცა ძველსა მეგობარსა. სილვა ჩვენთანაა და ჩვენ მასთან. ჩვენი სული გაერთიანებულია, ჩვენი აზრი განუყრელია, ჩვენი სურვილი შეურყეველია. სილვას ანდერძი ჩვენი ანდერძია; თუ ჩვენ ვერ ავასრულებთ, მომავალი თაობა აასრულებს, უკვდავი ერი აასრულებს, ის ასრულდება, ბოროტი დაითრგუნება, ერს სიცოცხლე მიენიჭება.
შენ ვერ იხილავ, ჩემო სილვა, ამ აღდგომას, ეგება ვერც მე ვიხილო, მარა იქ, შენთან, ცის სივრცეში, ჩვენი აჩრდილნი იმ დღეს ერთათ შეიყრებიან და სიხარულის სიმღერა ჩვენამდე ამოწვდება. ჩვენში დღეს მოღრუბლულია, სქელი ნისლი ფარავს არემარეს. ყველა რიგიანი და ერთგული, ვისაც კი იცნობდი, დამალულია. ბნელი ზეწარი ფართეთ გაშლილია და მისი მფარველობით ყველა ბოროტი და გაიძვერა აშვებულია. მარა იმ დღეს, განკითხვის დღეს, ნისლი განიბნევა, მზის სხივები ქვეყნათ მოეფინება და ერთი მძივი შენკენაც ჩამოგორდება. ამ ამბავს შენ გადასცემ ჩვენ საყვარელ ნოეს, ჩვენ მამაც ვალიკოს, ჩვენ რაინდ ბენიას, ჩვენ ახალგაზრდა შევარდენ გოგიტას, ყველას, ყველა წამებულთ და თავდადებულთ. მანამდე კი ვდგევართ შენ მიერ დატოვებულ სადარაჯოზე, მივდივართ შენთან ერთათ აღებულ მიმართულებით.
ეკლიანია ეს გზა, დიდ მსხვერპლს ითხოვს, ზოგი ეცემა სულით, ზოგი მტრის მახვილით, მარა გზა შენ მიერ თელილი ჩვენგან არასოდეს დატოვებული არ იქნება.
ნ. ჟ.
ბრძოლა. /ჟურნალი, პარიზი/. - 1926. - №8
![]() |
24 ნაციონალური სოციალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის კომპარტიის დიდი გემი, მრავალ გზით დაზიანებული და გვარიანათ მინგრეულ-მონგრეული, როგორც იყო მიადგა თავის საკუთარ ნავთსაყუდარს. მან ოფიციალურათ აღმართა იალქანი რუსული, ნაციონალური სოციალიზმისა და მის ქვეშ საბოლოოთ დაისადგურა. ძველი, დრომოჭმული სლავიანოფილურ-ნაროდნიკული დოქტრინა ახლა აღიარებულია რუსეთის სახელმწიფო დოქტრინათ და მასზე იგება საბჭოთა საქმიანობა. პარტიის მე-14 ყრილობამ ის აკურთხა და კეთილმორწმუნეთა წმინდა სახარებათ გამოაცხადა. თუ წინეთ რუსეთი დასავლეთს ეპირდაპირებოდა თავისი „ობშჩინური“ სოციალიზმით და მას ჭკუას ასწავლიდა, ახლა ის მას ეპირდაპირება ნეპური სოციალიზმით და იმავე ჭკუის სწავლებას განაგრძოს. სინათლე მოდის აღმოსავლეთიდან; დასავლეთიდან იქ მიდიან მხოლოდ მზამზარეული ჭეშმარიტების მისაღებათ და ახალ მოვლენილ მესიათა სადიდებლათ. რუსეთის მესიანობა მკვდრეთით აღდგა და კომუნისტურ სამოსელში გამოცხადდა. მოხდა მისი მეორეთ გამოჩინება და „ჩამორჩენილ“ ევროპის კიდევ ერთხელ „შერცხვენა“. მართალია, მსოფლიომ არ იწამა მოსკოვის სარწმუნოება, მარა მით უარესი მისთვის; მოსკოვი აღარ საჭიროებს ამას. ის შინაური საშუალებებითაც იოლათ მიდის და თავისი „მიღწევებით“ ქვეყანას აშტერებს. ერთი სიტყვით, ნაციონალური სოციალიზმის დროშა კრემლზე ფრიალებს და განცვიფრებული ერი მას სასოებით შეყურებს.
რა სწერია ამ დროშაზე, რა კეთდება მის ირგვლივ?
კომპარტია თავის უკანასკნელი ყრილობის რეზოლიუციაში გვაუწყებს: „ჩვენ ქვეყანას, ქვეყანას პროლეტარიატის დიქტატურისა, აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა სრული სოციალისტური საზოგადოების ასაშენებლათ... სახელმწიფო სოციალისტური მრეწველობა უფრო და უფრო ხდება მეთაური მთელი სახალხო მეურნეობის“, ხოლო „ვისაც არ სჯერა სოციალიზმის აშენების საქმე ჩვენს ქვეყანაში და მიაჩნია ჩვენი წმინდა სოციალისტური ტიპის სამრეწველო დაწესებულებანი სახელმწიფო კაპიტალისტურ წარმოებათ, აი ამ ურწმუნოთ უნდა გამოეცხადოს ბრძოლა“.
რუსეთს აქვს „ყველაფერი სოციალისტური საზოგადოების ასაშენებლათ“; ევროპას ის, რასაკვირველია, არ აქვს და ამიტომ ის რუსეთს უნდა მისჩანჩალებდეს. მარა ეს ხომ ბოლშევიკებს პირველათ არ უთქვამთ, ისინი მხოლოდ სიტყვა-სიტყვით იმეორებენ იმას, რაც იწერებოდა და იქადაგებოდა მას ჟამსა შინა. გასული საუკუნის მესამოცე წლებიდან რუსეთს უკვე „ყველაფერი აქვს“ სოციალიზმის განსახორციელებლათ, საკმარისია ერთი კარგი დაკვრა ცენტრში, რომ კომუნიზმი უეჭველათ დამკვიდრდეს. ბოლშევიკებმა პოლიტიკური ამოცანა შეასრულეს, ძალა-უფლება ხელთ იგდეს, ახლა ასრულებენ ეკონომიურ ამოცანას, სოციალიზმს ამყარებენ. ძველი იდეოლოგია, ძველი პროგრამა - ბოლშევიზმი აშკარათ გამოეთიშა ინტერნაციონალურ სოციალიზმს და უნიღბოთ ჩადგა რუსულ უტოპიურ სოციალიზმის კალაპოტში. მის პოლიტიკურ და ეკონომიურ განკერძოებას ზედ დაერთო იდეოლოგიური განკერძოებაც. რუსული ნაციონალური სოციალიზმი
ჩამოყალიბდა. მისი მთავარი ნიშანდობლივი თვისებაა პოლიტიკური მომენტი, სამმართველო აპარატი, რომელსაც შეუძლია თურმე დაამკვიდროს ახალი საწარმოო ფორმები.
ბუხარინი ამბობს:
„ბურჟუაზიულ ქვეყნებში აგრარიულ რევოლუციის შემდეგ მეტათ სწრაფათ ვითარდებოდა კაპიტალისტური ურთიერთობა. მაგრამ ჩვენში არსებობს პროლეტერიატის დიქტატურა, რომელიც არის არა მარტო სახელმწიფო ძალა, არამედ უშველებელი სამეურნეო მუშტიც. პროლეტარიატის დიქტატურას შეაქვს ისეთი „შესწორებანი“ ეკონომიურ განვითარების მსვლელობაში, რომელიც საგრძნობლათ სცვლის ამ განვითარების მთელ მსვლელობას“.1
როგორც ხედავთ, აქ აზრთა ძაფი ასეთია: აგრარიული რევოლიუციის შედეგია ევროპაში კაპიტალიზმი, რუსეთში კი სოციალიზმი. ასეთ დიდ განსხვავებას ეკონომიურ სტადიათა შორის იწვევს ერთი გარემოება - რუსეთში ძალაუფლების „პროლეტარიატის“, ანუ სინამდვილეში, კომუნისტების ხელში გადასვლა, ე.ი. პოლიციურ ძალას შეუძლია ხალხი გადაახტუნოს კაპიტალიზმის ფაზას და პირდაპირ სოციალიზმის სამეფოში შეიყვანოს. ამით მთელი ისტორიული მატერიალიზმი, ევოლიუციონიზმი და მარქსიზმი დაგმობილია, და რაციონალიზმი და იდეალიზმი აღდგენილია. საზოგადოება აღარ ექვემდებარება ულმობელ კანონს ეკონომიური განვითარებისა, სხვადასხვა საფეხურების განვლის აუცილებლობას. საკმარისია ამ პროცესში ჩაერიო კარგათ მოქნეული ხმალით, რომ ის ერთიანათ თავდაყირა დაატრიალაო, აუცილებლობა გააუქმო და უდაბლესი საფეხურიდან პირდაპირ უმაღლესზე გადახტე. ძველი მრავალჯერ დამარხული სუბიექტივიზმი და ბაკუნიზმი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ბოლშევიზმის სახით.
ამნაირათ, ბოლშევიკების ნაციონალური სოციალიზმი, „სოციალიზმი ერთი ქვეყნის“ წმინდა პოლიციური სოციალიზმია, მთავრობის ეკონომიური ჭაპან-წყვეტაა, ხიშტზე დაფუძნებული სოციალური შენობაა. რუსეთის მთავრობის ასეთი სასწაულთმოქმედება არ გამოუგონია ბოლშევიკებს, არც მათ წინაპარ ნაროდნიკებს; არა, ეს სიბრძნე პირველათ აუწყა პრუსიის მოხელემ ჰაკსტჰაუზენმა, რომელმაც მეორმოცე წლებში რუსეთში იმოგზაურა და იქ ობშჩინა აღმოაჩინა. მართალია ის არ იყო სოციალისტი, პირიქით, პირწავარდნილი მონარქისტია, მარა ამას მისთვის ოდნავათ არ დაუშლია ექადაგა „სოციალური რუსეთი“ და მიეცა მოძღვრება ნაროდნიკ-ბოლშევიკებისათვის. რუსეთის ინტელიგენციამ ამ პრუსიელისაგან გაიგო პირველათ თავის სამშობლოში სამოთხის - ობშჩინის - არსებობა და საზოგადოთ, რუსეთის „უფრო ახლო ყოფნა სოციალიზმთან“, ვინემ ევროპის. ავტორი სწერს თავის წიგნში „რუსეთზე“ (1847 წ.) სხვათა შორის შემდეგს:
„რუსეთში შემოიღეს დასავლეთ-ევროპისებური კერძო ფაბრიკები, წინააღმდეგ ნაციონალური საფაბრიკო ასოციაცებისა. მთავრობამ იმის მაგიერ, რომ გლეხები წააქეზოს, წარმართოს და გააუმჯობესებიოს ნაციონალური სამრეწველო ასოციაცია, აიძულა აზნაურობა შემოეღო საზღვარ-გარეთელი ფაბრიკა და გადაქცეულიყო ფაბრიკანტებათ. რუსის ხალხი მეტათ მორჩილი და მომთმენია. ასეთ ხალხთან ადვილია შექმნა მაგ. ბამბეულის ფაბრიკაცია სახელმწიფო გლეხებისაგან. ფაბრიკის ტეხნიკები და გამგენი ხომ მაინც ინგლისიდან და გერმანიიდან მოდიან... რუსეთისათვის არ არის აუცილებელი ევროპიულ-საფაბრიკო სისტემის შემოღება.“*)
აზრი ნათელია: რუსიის ხალხი მორჩილია, მთავრობას შეუძლია ის ჩააბას ამა თუ იმ ეკონომიურ სისტემაში თავის სურვილისამებრ; მაშასადამე, მას შეუძლია კერძო კაპიტალისტური წარმოების ალაგას შემოიღოს ნაციონალური წარმოება მომუშავეთა ასოციაციის ნიადაგზე. აი მთელი ეს პრუსიულ-პოლიციური სოციოლოგია გახდა ასოციაციის ნიადაგზე. აი მთელი ეს პრუსიულ-პოლიციური სოციოლოგია გახდა იდეიური სალარო დამარცხებულ ნაროდნიკების და გამარჯვებულ ბოლშევიკების. ბუხარინი ჰაკსტჰაუზენის ღირსეული მემკვიდრეა. საბჭოთა მთავრობა გულმოდგინეთ ასრულებს პრუსიელი მოხელის პროგრამას. მან გააუქმა ევროპიული ფაბრიკა, თავის ხელში დააგროვა მთელი სხვილი მრეწველობა, გააჩაღა სახელმწიფო ფაბრიკაცია, მორჩილ ხალხს თავს მოახვია თავისი ნაციონალური ეკონომიკა - ერთი სიტყვით, ჰაკსტჰაუზენის ოცნებასაც კი გადააჭარბა. კაპიტალიზმის „ქვაბი“ დამსხვრეულია, რუსიის მუჟიკი სოფლიდან პირდაპირ შედის სოციალიზმის აღთქმულ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, ყურით ექაჩავებიან ამ გზაზე და თუ არ გაყვა, ვაი მისი ბრალი, ჩეკა და ხიშტი მის ზურგს უკან ამუშავებულია. ბუხარინელთა მთელი იმედიც სწორეთ ამ „ზურგის ჯარზეა“ დაყრდნობილი, სხვა საბუთი მათ არ მოეპოვებათ. ამ ჰაკსტჰაუზენის პროგრამას შეცთომაში შეუყვანია ოტო ბაუერიც, რომელსაც მასში ახალი სიტყვა დაუნახავს. ის კარგა ხანია დიდათ ექომაგება საბჭოთა ბატონობას, ხოლო რა მოსაზრებით - ეს დღემდე ნათელი არ იყო. ახლა კი ეს ბურუსიც გაიფანტა და მალული გახდა აშკარა. ერთ თავის სიტყვაში მან განაცხადა გასული წლის 21 დეკემბერს:
„ჩვენთვის, სოციალ-დემოკრატებისათვის მთავარია ის, რომ ახლა გამოჩნდა იმედი, თუმცა საბუთი კიდევ არ გვაქვს, მარა ეს რუსეთში ორ წელში იქნება, რომ უკაპიტალისტოთაც შეიძლება საქმის წაყვანა. ადვილათ წარმოსადგენია, რანაირათ გააძლიერებს სოციალიზმს მთელს ევროპაში, თუ ეს დამტკიცდა. დღეს კიდევ არ ვართ ასე შორს. რუსეთში სოციალიზმი არ არის, მარა არც კაპიტალიზმია; იქ არის გარდამავალი ხანა, მისი ეკონომიკა შეიცავს ბევრ კაპიტალისტურ ელემენტს, მარა აგრეთვე ბევრ სოციალისტურსაც“.2
ბაუერს ეს გატაცება გვარიანათ ჩაამწარა კომინტერნის მეთაურმა ზინოვიევმა სწორეთ იმავე კვირაში. ოპოზიციამ მას მისცა საკმაო გაკვეთილი საბჭოთა „სოციალიზმზე“ და არა მგონია თავისი დებულება კიდევ განიმეოროს. მარა ერთი საკითხი რჩება გაურკვეველი: მართლა მიდის საქმე უკაპიტალისტოთ? და თუ მიდის, როგორ? ანუ, ნაციონალური სოციალიზმი გამართლებულია პრაქტიკაში, მუშაობაში? ჰაკსტჰაუზენი და ლენინი მართლა წინასწარმეტყველებია? ამის გასაგებათ საჭიროა მოვშორდეთ ბოლშევიკების თეორიებს, რეზოლიუციებს, წიგნებს და გადავიხედოთ ცხოვრებაში, რეალურ ურთიერთობაში, სინამდვილეში. ნაციონალური სოციალიზმი ამუშავებულია, ის ცოცხალი ძალაა, ხორცშესხმულია, მისი ნაყოფი დანახულია: ეს საიდუმლოება აღარ არის, ის თვალწინ აქვს მთელ რუსეთს, მის გავლენას განიცდის მთელი ერი, მის მარხილში ზის ყველა და მაშასადამე, მისი გათვალისწინებაც ადვილია.
კომუნისტურ პარტიამ იტვირთა 130 მილიონი ხალხის ჩაცმა, დახურვა, დაბინავება და გამოკვება. ამ მიზნით მან თავის ხელში დააგროვა სხვილი მრეწველობა, აღებ-მიცემობა და მიწა. ეს ძლიერ კარგი. აქამდის საქმე ჩინებულათ მიდის უკაპიტალისტოთაც. გასაჭირი იწყება მხოლოდ აქედან: როგორ განაღდდეს ეს გაცემული თამასუქი? კომპარტიამ დააარსა სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებანი, დაიწყო ვაჭრობა-წარმოება. მან კარგათ დაიმახსოვრა, რომ სოციალიზმი ნიშნავს პირველ ყოვლისა პლანით მუშაობასო და მანაც აქედან დაიწყო. დაარსდა „სახელმწიფო პლანი“ (გოსპლანი), რომელიც იმუშავებს წინასწარ სამოქმედო გეგმას წარმოების და აღებ-მიცემობის ყველა დარგისათვის. პლანით მუშაობა ჩაღდება. მარა აგრარიულ ქვეყანაში 22 მილიონი გლეხის ოჯახია, თვითეულ ამათგანს თავისი საკუთარი პლანი აქვს. ამას ზედ ერთვის წვრილი მრეწველები და ვაჭრები. ამოდენა პლანში გაიხლართა სახელმწიფო პლანი. სანამ ყველა ერთ ხაზზე დგას და ერთ მიზანს ემსახურებიან - მრავალპლანიანობა საშიშარი არ არის, უმთავრესი გაიყოლიებს დანარჩენთ. როგორც კი მათ შორის დაირღვევა წონასწორობა და გამოჩნდება წინააღმდეგობა, ბრძოლა აუცილებელია. პირველ შემთხვევას ადგილი ჰქონდა სამოქალაქო ომის წლებში, როცა წარმოება და ვაჭრობა არ იყო და მთელი „პლანი“ მემამულეთა დამარცხებაში მდგომარეობდა.
ასეთი გამოდგა გლეხობის პლანიც და აგრარიულ რევოლიუციამ გაიმარჯვა. მაგრამ როგორც დაიწყო წარმოების აღორძინება და მთავრობა და კერძო პირნი აქეთ იქით მიდგა-მოდგა, მონასტერი აირია. სახელმწიფო პლანი სავსებით დაშორდა დანარჩენთ და მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდა. აი ერთი ცნობილი მაგალითი. შარშან მთავრობამ მთელი თავისი პლანი ააგო პურის იაფათ შეყიდვაზე და ევროპაში ძვირათ გაყიდვაზე. მარა გლეხს აღმოაჩნდა სრულიად წინააღმდეგი გეგმა - პურის ძვირათ გაყიდვა და საფაბრიკო საქონლის იაფათ ყიდვა. ამ შეტაკებაში სავსებით დამარცხდა მძლავრი მთავრობა და მისი მთელი პლანიც თავდაყირა დატრიალდა. ამას მოყვა ოპოზიციის გაჩენა, მე-14 ყრილობა - მთელი იდეიური და პარტიული არევ-დარევა. უმწეო გლეხმა დააჩოქა მრისხანე ხელისუფლება. ორში ერთი: ან უნდა აიკრძალოს ყველა კერძო პლანი, და მსგავსად პარაგვაის იეზუიტების კომუნიზმისა (წერილი აქვს ვოლტერს), მთელი მიწის შემოსავალი მთავრობის ბეღელში გროვდებოდეს, ან და კერძო სამეურნეო პლანს მიემატოს კერძო სამრეწველო და სავაჭრო პლანიც, ე.ი. ეკონომიური სისტემა უნდა იყოს მთლიანი: ან ერთ საფუძველზე, ან მეორეზე. ახლა კი საბჭოთა ეკონომიკა გაჩხირულია ორ გრდემლს შორის და მაგრათ ითეთქვება. ამით ირევა თვით სახელმწიფო პლანი და ის ემსგავსება სრულიად უპლანობას.
აი რას ვკითხულობთ „ეკონომიურ ცხოვრებაში“ (№38) ამ საგანზე:
„როგორია ამ ჟამათ პლანების მდგომარეობა? თავდება პირველი ნახევარი წელი და მრეწველობის ბევრ დარგს დღემდე არ აქვს დამტკიცებული პლანი. არ აქვს მაგალითად ისეთ მსხვილ მრეწველობას, როგორიცაა ნავთი... ამიტომ მე იძულებული ვარ მქონდეს ჩემი ტრესტის პლანი, ვინაიდან უპლანოთ ყოფნა ნახევარ წელიწადს შეუძლებელია“. ვთქვათ, პლანი დამტკიცდა, მარა ის უვარგისია. ეს იმიტომ, რომ „ჩვენ 6-7 თვეს ვმოგზაურობთ უთვალავ ინსტანციებში, სადაც არჩევენ, სცვლიან, ამტკიცებენ, ითხოვენ მილიონ „სპრავკებს“, შემდეგ რამდენიმე თვე გრძელდება პროცედურა ბალანსების“...
ასეთია მთავარი ეკონომიური დაწესებულება: სახელმწიფო გეგმა უდრის სახელმწიფო ხაოსს. გამოდის, რომ თვითეულ მრეწველობას თავისი საკუთარი პლანი აქვს ისე, როგორც კერძო პირთ. მთავრობა მხოლოდ მათ უფუჭებს და ბორბალში ჯოხს უყრის. კერძო ეკონომიური სტიქია იმდენათ მძლავრია, რომ ის ანგრევს საბჭოთა შენობის კედელს და იქ მომქმედ ეკონომიურ ძალებს ერთიმეორეს ახეთქებს. „სახელმწიფო პლანის“ უმწეობა აშკარაა. ვერც ერთი მისი „გეგმა“ ვერ სრულდება მრეწველობის ვერავითარ დარგში (იხ. თებერვლის „ვესტნიკ პრომიშლენოსტი, ტორგოვლი ი ტრანსპორტა“).
„სოციალისტურ პლანს“ ებრძვის კერძო ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, თვით მრეწველობაში. სხვილი და წვრილი მრეწველობა სხვადასხვა უფლებრივ და ფინანსიურ მდგომარეობაშია ჩაყენებული. პირველს იცავს მთელი სახელმწიფო, მისი ბანკებით, პოლიციით, ფასების დაწესებით, შეღავათებით და სუბსიდიებით. მეორის ხვედრია დარბევა, უზომო გადასახადები, დაჭერა და გადასახლება, ყოველნაირი პოლიციური და ფინანსიური დაბრკოლება. მიუხედავად ამისა, რიცხვი კერძო მრეწველობისა საზღაპროთ მრავლდება. კომინტერნის ცნობით, მათი რიცხვი უდრიდა 1922-23 წ. 97,812, 1923 - 24 წ. ბოლოს კი 246,797. სახელმწიფო წარმოებათა რიცხვი იმავე დროს 3,536 გაიზარდა 5,834-მდე, კოოპერაციის კი 2,915-დან 3,819-მდე. ის, სანახევრო ლეგალური მრეწველობა ახერხებს თავის საქმეში დააბანდოს მთელი ინდუსტრიალური თანხის 26-33 პროც., კოოპერატივი კი აქაც სულს ღაფავს (2 პროც.)4 ე.ი. წვრილ მრეწველობას დღესაც ისეთივე ალაგი უჭერია საერთო წარმოებაში, როგორიც მას ეჭირა ომის წინ, 1913 წ. „კომუნისტური“ რეჟიმი მას ოდნავათაც ვერ არყევს. კომინტერნის ტრაბახობა - „სოციალისტური ეკონომიკა“ ამარცხებს არა სოციალისტურსო, მოკლებულია ყოველივე საფუძველს.
თუ მხედველობაში მივიღებთ მთელ წვრილ მრეწველობას, როგორც კერძოს, ისე სახელმწიფოს, დავინახავთ, რომ მისი ნაყოფი, ცენტრალური სტატისტიკური დაწესებულების ცნობით (ცსუ), უდრის მთელ სამრეწველო პროდუქციის 41 პროცენტს (7,6 მილიარდიდან 3,1 მილიარდს). განსაკუთრებით გაძლიერდა ხელოსნური და შინა მრეწველობა (კუსტარი). მაგ. უკრაინაში ის შეიცავს მთელი მრეწველობის 27, 5 პროც. („ნაროდნოე ხოზიაისტვო უკრაინი“ №10, 1925), ბელორუსიაში კი 90 პროც. („ეკონ. ჟიზნ.“ №42). სოფლის კაპიტალიზმის განვითარება წარმოებს კუსტარული ფორმით. როგორც კი ბაზარზე საფაბრიკო და კუსტარული საქონელი ერთმანეთს შეეცილება, გამარჯვებული გამოდის უკანასკნელი. ფეხსაცმლის ინდუსტრია ჩივის, რომ მისი „ძირითადი გაჭირვების მიზეზია ძლიერი კონკურენცია კუსტარების და კერძო პირების, რომელნიც ნედლ მასალას იძენენ 35-75 პროც. მეტ ფასებში, ვინემ ეს სინდიკატისაგან დამტკიცებულია“. („ეკ. ჟიზნ.“ №39). ეს იმ დროს, როცა კერძო მეწაღეს მთავრობა ყოველნაირ შევიწროებას აყენებს: ის ძლივს-ძლივობით, ხრიკებით და ქრთამებით, იძენს მთავრობისაგან ნედლ მასალას, სახელოსნო მოკლე ვადით ეძლევა (ექვსი თვით) და მას არ აქვს არავითარი ინტერესი ის მორთოს და ფართე მუშაობა გააჩაღოს (იქ №41). წვრილი წარმოების ასეთი ძალა და სხვილისათვის სასტიკი მოცილეობის გაწევა აიხსნება უკანასკნელის სიძაბუნით და უილაჯობით. და მას რომ მოაკლდეს სახელმწიფოს საგანგებო მფარველობა და ჩადგეს წვრილი წარმოების უფლებრივ პირობებში, ის დამარცხდება და საბოლოთ დაირღვევა. კუსტარის მიერ ფაბრიკის დამარცხება რუსეთში არ ახალია, ძველია. ტუგან-ბარანოვსკის გამოკვლევით, რუსეთის ფაბრიკას ამარცხებდა შინამრეწველი ბატონ-ყმობის ხანაში, ფაბრიკა თვით ირღვეოდა და პატარავდებოდა. (იხ. მისი „ფაბრიკა“). ახლანდელი ბოლშევიკური ფაბრიკა დაბრუნებაა უკან, პრიმიტიული მდგომარეობისაკენ. მისი არსებობა ეკონომიურათ შეუძლებელია და მხოლოდ ბუხარინის „შესწორებანი“, ანუ პოლიციური ძალა ამაგრებს. 1924-25 საბიუდჟეტო წელს საჭოთა მრეწველობამ მისცა ხაზინას 70 მილიონი მან., ხოლო იმავე ხაზინიდან მიიღო დახმარებათ 115,5 მილიონი. ამავე დროს იმავე მრეწველობას ბანკების ემართა 897 მილ. მან. (ეკონ. ობოზ. №12, 1925). ე.ი. სახელმწიფო მრეწველობა ნაციონალურ სიმდიდრეს არა თუ არ ამრავლებს, პირიქით, ის თვით სულდგმულობს იმ სიმდიდრით, რომლის მთავარი შემქნელია გლეხობა. სტალინის ანგარიშით იმავე წელს სასოფლო მეურნეობის მთელი შემოსავალი უდრიდა 9 მილიარდ მანეთს (მრეწველობის 5 მილიარდს). აი ეს კერძო სიმდიდრე წარმოადგენს ერის ნამდვილ ღირებულებას.
ამნაირათ, საბჭოთა სამეფოში წარმოებს ორგვარი ეკონომიური პროცესი - სახელმწიფო და კერძო. არის ორი ხაზეინი - მთავრობა და კერძო პირი. ამ ორ პატრონს შორის უძლიერესი - მთავრობა - აღმოჩნდა უსუსტესი, სუსტი კერძო პირი კი უძლიერესი. რატომ? იმიტომ რომ მთავრობა ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობას, ჩააცვას და დაახუროს მთელ ქვეყანას. მას არ აქვს ამის საშუალება, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას და მით ვარდება ქრონიკულ კრიზისში. „საქონლის შიმშილი“ საყოველთაო მოვლენაა. ამ მდგომარეობას ასე აგვიწერენ თვით კომუნისტები: „ჩვენ განვიცდით უძლიერეს შიმშილს მთელ რიგ ფართოთ სახმარ სამრეწველო საქონლისა. ეს შიმშილი ნიშანია იმის, რომ მრეწველობა ვერ ეწევა გლეხობის და ფართე მომხმარებელ მასების კეთილდღეობის გაზრდას“5 ე.ი. კერძო მეურნეობა წინ უსწრებს სახელმწიფო მეურნეობას, მარა იმავე დროს მას სული ეხუთება უკანასკნელის ფარგალში. მთავრობას არ ძალუძს აღადგინოს დაცემული მრეწველობა და იმავე დროს არც ანებებს კერძო პირთ ის აღადგინონ. ის დიდი ზეიმით აცხადებს ცნობებს მრეწველობის ზრდისას, მარა ადარებს სამოქალაქო ომის დროის მდგომარეობას, როცა არავითარი წარმოება არ იყო. როგორც კი ამ შედარების ერთეულათ ხდება ომის წინა დრო ან არსებული საბაზრო მოთხოვნილება - მისი საარაკო უმწეობა ნათლათ აშკარავდება. მრეწველობის ორი უმთავრესი დარგი: თუჯის და ბამბის დამუშავება გასულ წელს უდრიდა 1913 წ. შედარებით პირველი 33 პროც., მეორე 56 პროც.“6. სათბობი მასალის დამუშავება სრულიად ვერ აკმაყოფილებს ფაბრიკა-ზაოდებს და ესენი ქრონიკულ კრიზისშია. მოსკოვის ტრესტი იტყობინება ფაბრიკების მძიმე მდგომარეობას უნახშირობით; კრასნო-პრესნიას ტრესტი იტყობინება, რომ მას მხოლოდ ოთხი დღის სათბობი მასალა აქვს. „მკაცრი უთანასწორობა სათბობი მასალის მრეწველობის და მეტალურგიის ზრდას შორის იძულებულ გვყოფს გადავსინჯოთ მთელი პლანი სათბობის მიწოდებისა“, სწერენ იქავე („ეკონ. ჟ“ №22), ხოლო ბამბის ნაკლებობის გამო წელს გადაწყვეტილია შეამცირონ ბამბეულის დამუშავება ექვსი პროცენტით (იქ). ნავთიც კი აღარ ითვლება „საკმაო საქონლათ“, თუმცა ის ბუნების მოცემული საუნჯეა. მისი შინაგანი მოთხოვნილება ამ წლისათვის გამოანგარიშებულია 46 მილიონი ფუთი, ხოლო ბაქოს ნავთის მთელი რეზერვი უდრის 40 მილიონს; გროზნის რაიონის ნავთის მოთხოვნილებას აკლია 3 მილიონ ფუთამდე. „ამ ნაირათ ამ წელს ნავთი დაგვაკლდება, თუ ნავთის ტრესტმა არ მიიღო საგანგებო ზომები მომავალ ნავიგაციის დროს“ (იქ №45). ნავთის ნაკლებობა არ აშორდა მოსკოვსაც კი. მთავრობამ ბრძანება დაგზავნა 8 იანვარს, ნავთი მოგვაშველეთ საჩქაროთ, „ვინაიდან მრავალ წარმოებაში მხოლოდ 4 დღის „ზაპასი“ დარჩათო (იქ №8). საზოგადოთ მოსკოვი განიცდის მუდმივ საქონლის შიმშილს. აქ საწარმოვო ბაზრის მდგომარეობა ხასიათდება გასული წლის ბოლოსათვის შემდეგი ფორმულით: „საქონლის მიწოდების ნაკლებობა, მომხმარებელთა მოთხოვნილების გაძლიერება“. ამის გამო შემცირდა ლურსმნის დამზადება (არ იყო მავთულები), ბამბეულების ფაბრიკაცია (არ იყო სართავი ბამბა), აშკარა ნაკლებობაა საწერი ქაღალდის და სხ. (იქ №8, 21). თუ ასეთ მდგომარეობაშია დედა-ქალაქი, ადვილათ წარმოსადგენია პროვინციის და შორეულ კუთხეთა მდგომარეობა. მაგ. ბამბის ნაკლებობა უმთავრესათ აიხსნება იმით, რომ ბამბის მოყვანის რაიონში, თურქესტანისაკენ, მთავრობა პურს ვერ აწვდის მცხოვრებთ, რომელნიც ამბობენ: „არ არის პური, არ იქნება ბამბა“. მიტანილი პური მოთხოვნილების ათ პროცენტს ძლივს აკმაყოფილებს (იქ №8). მოსკოვის რაიონის საქსოვი ფაბრიკები განიცდიან ქრონიკულ ნაკლებობას სათბობი მასალის. „მრავალ ფაბრიკაში სათბობი მასალა დახარჯულია, მიწოდება უწესრიგოა, ფაბრიკების გაჩერება მოსალოდნელია“ (იქ. №24).
ერთი სიტყვით, სრული უთავბოლობა და არევ-დარევა - აი საბჭოთა წარმოების ხვედრი. „სახელმწიფო პლანის“ ნაგვიანევი პლანები არსად არ სრულდება, ის ქაღალდზე რჩება და მრეწველობა მიშვებულია ალალბედზე; აკეთებს, ვისაც როგორ შეუძლია.
ასე გამწარებით დამუშავებული საქონელი, რასაკვირველია, ვერ დააკმაყოფილებს მუშტარს. მთელი ქვეყანა ჩივის უსაქონლობას. უკრაინაში მაგ. სასოფლო იარაღზე მოთხოვნილება კმაყოფილდება მხოლოდ 15-20 პროც., ხოლო გენოს გუთანი სრულიად არ არის; მუშის მოთხოვნილება კმაყოფილდება 50 პროცენ. ლურსმნის - 10 პროც; მანუფაქტურა „მიაქვთ ბრძოლით“ და სხ. რეზინის რაიონიდან იწერებიან: „ბაზარი განიცდის კრიტიკულ მდგომარეობას: არ არის მანუფაქტურა, ტყავი, რკინეულობა... საქონლის შიმშილის გამო კოოპერაცია იძულებულია მიაწოდოს საქონელი მხოლოდ თავის წევრთ. ყველა დანარჩენი გლეხთა მასა საქონელს ეძებს კერძო ბაზარზე“ (ეკონ. ჟ. №52). ამ უსაქონლობას ამწვავებს ტრანსპორტის არევ-დარევა, არ არის საკმაო ლოკომოტივი, ვაგონი, გაცვეთილია ლიანდაგი, გამეფებულია უმწეობა.
„რკინეულობის ნაკლებობის მიზეზით მოძრაობის შემადგენლობის რემონტი მიმდინარეობს მეტათ სუსტათ. ამიტომ რკინის - გზის ძირითადი სენია საქონლის ვაგონთა ნაკლებობა. ამ მდგომარეობას აორკეცებს მძიმე პირობები სათბობი მასალიის - ნახშირის და განსაკუთრებით ნავთის“. ცისტერნები ცოტაა; ნავთს საკმარისს ვერ იღებს დიდი რკინის-გზები - მოსკოვ-რიაზანის, აღმოსავლეთ-ციმბირის, ნოვგოროდის გუბერნია და სხ. ვერ გადმოაქვთ სამრეწველო და სამეურნეო საქონელი (ეკ. ჟ. №47 ).
ახლა ვიკითხოთ, რა ხარისხისაა დამზადებული საქონელი და როგორ მიდის ის მუშტრებამდე. აი, რას მოგვითხრობდა ამაზე ბოლშევიკები:
„სოფელი ყოველგან ზის სიბნელეში ან და ანათებენ კვარით, ვინაიდან ლამპა უვარგისია, შუშა ცუდია, ხოლო ნავთის გული კიდევ უარესია. სოფელი ეძებს კარგ სპიჩკას, ღებულობს დიდ პროცენტს უვარგისისას. სოფელი არ ხედავს ახალ კარგ ფანქარს, არც ცოტაოდნათ მაინც რიგიან მელანს. ჩვენ სოფელს ხშირათ ვერ ვაკმაყოფილებთ ჩვენი ფართლეულობითაც, თუმცა მისი დამუშავება გლახათ არ გვაქვს დაყენებული, თუმცა სოფელი საქონლის ხარისხს დიდათ არ დაგიდევს. ჩვენ ვაძლევთ სოფელს იარაღებს და მანქანებს, მარა ეს გლეხს ხშირათ უბედურებათ ევლინება; იარაღები იმტვრევა ან სწრაფათ ცვდება. მანქანა და მისი ნაწილები, როგორც კი ამუშავდება, ჩერდება, ხოლო ზოგი ისეთია, რომ გლეხი მას თავისი ძალით და საშუალებებით ვერ ხმარობს. ინსტრუქტორი და ოსტატი ნაკლებია“ (იქ. №34).
ასეთი ხარისხისაა საბჭოთა საქონელი! საქონლის უვარგისობაზე საზოგადოთ მთელი ეკონომიური პრესა ღაღადებს. ამ ბოროტების თავიდან აცილება არა ერთხელ ყოფილა გამოცხადებული „დამკვრელ ამოცანათ“, მარა „ტვირთი იქვე ძევს“. არეულ-დარეულ წარმოებას საქონელიც არეულ-დარეული ექნება, რასაკვირველია. მთავრობა გლახა საქონელს აწვდის არა თუ მუშტარს, არამედ თავისთავსაც, თავისავე დაწესებულებებს (იქ №18). ამ დაბალი საქონელის გაკეთებაც ძვირათ ჯდება. კაუფმანის სიტყვით, „სამრეწველო საქონელთა თვითღირებულება ისეთი დიდია, რომ ის ვერ უძლებს უცხო საქონლის კონკურენციას“ (№8). ამიტომ მას იცავს დიდი ბაჟები, მაღალი სადამოჟნო კედლები. ამ მაღალ თვით ღირებულებას ემატება დანართი ხარჯები, რაც მრავალგზით ადიდებს საბაზრო ფასებს. ის უთვალავი სავაჭრო აპარატები, რომელიც უნდა განვლოს სახელმწიფო საქონელმა, საზღაპროთ ზრდიან ფასებს. უკრაინაში მაგ. მანუფაქტურა მუშტრამდე მისვლამდე გადის 2-3 საბითუმო ორგანიზაციას, შემდეგ 1-2 ნახევრათ საბითუმო აპარატს, ბოლოს სახელმწიფო კოოპერაციას. შაქარი, გარდა ამ გზებისა, მოგზაურობს აგრეთვე ბანკებში და ტრესტის საწყობში. ჩითი ტრესტიდან მომხმარებლამდე მიდის 127 დღე, ძაფი - 178 დღე, მაუდი - 257 დღე; ბორბლის ზეთი, რომლის დანიშნულებაა სხვისი სწრაფათ ამოძრავება, თვითონ მოძრაობს 673 დღეს მუშტრამდე! ამ გზებზე საქონელს ერთვის ახალ-ახალი ფასები: მანუფაქტურას - 100 პროც., შაქარს 157 პროც., მახორკას 144 პროც., მაგარ ტყავს 110 პროც., (იხ. ხარკოვის „კომ.“ 19 თებერვლის). უბრალო რკინის ფეჩი, სოფლის ხელოსნის მიერ გაკეთებული, როგორც კი გადავა საბჭოთა სავაჭრო დაწესებულებაში, იმატებს 60 პროცენტს („ეკონ. ჟ“ №18 ).
საქონლის ნაკლებობა იწვევს აჟიოტაჟს და სპეკულაციას. მოსკოვში მანუფაქტურულ ბაზარზე ეს აჟიოტაჟი უმწვერვალეს ხარისხამდე მივიდა შარშან შემოდგომაზე; ყველა სახელმწიფო და კოოპერატიული მაღაზიები შემორტყმული იყო კერძო ვაჭრებით, რომელნიც შემდეგ 100 - 300 პროცენტის ზედდართვით ყიდდენ ნაყიდ საქონელს იქვე ბაზარზე. ფასების დაწევა რამდენიმეთ მოხდა შემდეგ, განსაკუთრებით ხელ-შეკრულებით, საბჭოთა ვაჭრებს შორის. (იქ. №39). მარა ეგევე აჟიოტაჟი განმეორდა იანვარში იმავე კუდებით და ფასების აწევით. „განსაკუთრებით ეძებდენ შინამრეწველობის ნაწარმოებთ, რაიცა იყიდებოდა 25-30 პროცენტით მეტათ, ვინემ ტრესტების საქონელი“ (იქ. №33).
ამნაირათ, გლახა საქონელი, დიდი ფასები - აი, საბჭოთა ეკონომიკის ნაყოფი. მარა ესეც სანატრელათ აქვს გამხდარი სოფელს. მთავარი გამსაღებელია კოოპერატივი, ხოლო აქ კი დაბუდებულია უძირო ბოროტმოქმედება და ნათლიმამობა. იუსტიციის კომისარის, კურსკის ცნობით, გასული წლის პირველ ნახევარს შედგა 10,387 საქმე, შესახებ გაფლანგვისა კოოპერატივებში: გაფლანგულია 10,5 მილიონი მან. ამ ბოროტებისაგან დაზღვეული არ არის არც მოსკოვის და პეტროგრადის გუბერნიები (იქ .№19). სოფელში რა ხდება, ასე აგვიწერს ერთი კორესპონდენტი:
„გაფლანგვა ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ პატიოსან კოოპერატორებს პრემიები უნდა დაენიშნოს. ყოველგან მეუბნებოდენ, რომ არ ახსოვთ ისეთი თავმჯდომარე და ხაზინადარი, რომელთაც არ გაეფლანგოთ“. აი ასეთ კოოპერატივში მოვიდა საქონელი, „ბიჭები დარბიან ქუჩა-ქუჩა და გაკივიან: საქონელი მოვიდა, საქონელი მოვიდა! ჩემი თვალით ვნახე, ღმერთმანი, სამი ტვირთია! ქალები საჩქაროთ მიდიან, მათ მიყვება მუჟიკები, კოოპერატივის წინ უკვე ხალხია“. მარა მათ კარს უკეტენ და შიგნით ხდება „საიდუმლო სხდომა“ მოხელეთა და გამგეობის წევრთა. რაც კარგია, ჯერ ესენი ინაწილებენ თავიანთ და თავის ნათესავებს შორის, რაც მათ გადარჩებათ - ხალხს (იქ №21).
და ასე დიდის დავიდარაბით და დაგვიანებით მისული გლახა საქონელი უვარდება ხელში სოფლის წურბელებს, რომელნიც საბჭოთა კოოპერატივში არიან მოკალათებული. ხალხს რჩება ნიორთა ნაქურჩელა. საქონლის შიმშილი ოდნავათაც არ ნელდება.
რა გზით შეიძლება ბაზრის საქონლით გავსება? ამ საკითხს უტრიალებს დიდი ხანია საბჭოთა მთავრობა და შეუდგა მის გადაჭრას საგარეო ვაჭრობის დახმარებით. აქ კი მას წინ აღუდგა კიდევ უფრო დაუძლეველი კედელი. რუსეთმა დაკარგა მსოფლიო ბაზარზე ყველა მოპოვებული პოზიციები. მისი პური, რითაც წინეთ ევროპა იკვებებოდა, შესცვალა ამერიკის პურმა. მაშასადამე, აქ რუსეთს დღეს ძლიერი კონკურენტები ყავს და მათ დამარცხება მას არ ძალუძს საბჭოთა ფარგლებში. და მართლაც, ჯერ ერთი, ჩამორჩენილ რუსის გლეხს საუკეთესო მოსავლის დროსაც ნაკლები პური მოყავს, ვინემ დასავლეთის გლეხს. შარშან მაგ., სულზე მოდიოდა პური რუსეთში 120 კილო, არგენტინაში 711, კანადაში 1299, ავსტრალიაში 544, ვენგრიაში 240, საფრანგეთში 227 და სხვა7. მაშასადამე, რუსეთს გამოსატანიც არაფერი აქვს, თუ არ გაიჭირვებს და ზოგ რაიონებს არ დაამშევს. მეორეთ, რუსის პური ძვირია, ვინაიდან იქ მანუფაქტურა ძვირია, ე.ი. საბჭოთა მრეწველობა პურის ფასს მაღლა სწევს და მით აძლიერებს უცხო კონკურენტთ. კაუფმანის სიტყვით, „უარესათაა სასოფლო მეურნეობის საქონლის ფასების მდგომარეობა; ეს ფასები ცალ-ცალკე საქონელზე თითქმის უდრის მსოფლიო ბაზრის ფასებს, რაც საფრთხეს უმზადებს ჩვენს ექსპორტს. ზოგიერთ საქონელზე ფასი აიწია რა შიგნით, იმავე დროს დაეცა საზღვარ-გარეთ. ასეთია მაგ. სელი, რომლის ფასი შარშან ტონაზე იყო 128 გირვანქა, წელს კი 78-80 გირ. ამნაირათ, დამოკიდებულება საგარეო და საშინაო ფასების მთელ რიგ საქონელზე აშკარათ აბრკოლებს ჩვენს ექსპორტს“ (ეკ. ჟ. №8). პურის ფასი არა თუ არ კლებულობს შიგნით, არამედ პირიქით, თანდათან მატულობს, რამაც გამოიწვია დღევანდელი სამრეწველო კრიზისი (იქ. №41). ასეთ პირობებში საბჭოთა პური ვერავითარ შთაბეჭდილებას უცხოეთის ბაზარზე ვერ მოახდენ: აქ ბატონობს ამერიკა. საბჭოთა ეკონომისტები ასე ახასიათებენ ამ მდგომარეობას:
„და მართლაც, ლაპარაკიც კი არ შეიძლება რაიმე გავლენაზე რუსეთის მიერ მცირედათ გამოტანილი პურისა მსოფლიო ბაზრის პურის ფასებზე... ავსტრალიის და არგენტინის გამოსვლამ ბაზარზე ევროპის მდგომარეობა კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახადა, ვინემ მიმდინარე სასურსათო წლის პირველ თვეებში, როცა თითქმის მთელ დროს ერთათ-ერთი კანადა აძლევდა ტონს მსოფლიო პურის ბაზარს“ (იქ. №24).
ერთი სიტყვით, ევროპაში ბრძანებლობს პატარა პურის ქვეყნები, დიდი რუსეთი კი აქედან სავსებით გამორიცხულია. საბჭოთა ეკონომიკა აქ მოხვდა კაპიტალისტურ ეკონომიკას და დამარცხდა. აქ ხომ მას არ ყავს ჩეკა და „გოსპლანი“, არ შეუძლია წართმევა და ძალმომრეობა. აქ კულტურული კონკურენციაა და აი მრისხანე მოსკოვს ამარცხებს უბრალო კანადელი ფერმერი. საბჭოთა ქურუმები ეძებენ გამოსავალს. „სამეურნეო ფასების გადატეხის აუცილებლობა, სწერენ ისინი, პირველ ყოვლისა პურზე, სრულიად კატეგორიულათ დგას ჩვენ წინ. ამას მოითხოვს სახალხო ეკონომიური ინტერესები, ამას გვიკარნახებს ვალიუტის ინტერესი, ამას ითხოვს მსოფლიო ბაზრის პირობები“. რა საშუალებით? სამრეწველო ფასების დაწევით (იქ. №33).
ამნაირათ, საგარეო ვაჭრობის მთელი სიმძიმე ისევ საბჭოთა მრეწველობაში გადმოდის. გაუმჯობესება არ შეიძლება უცხოეთის დაუხმარებლათ, უცხოეთის დახმარება არ შეიძლება მის გაუუმჯობესებლათ. ამ ჩიხშია მომწყვდეული საბჭოთა მთელი ეკონომიკა. აქედან გამოსვლას ფიქრობენ პირდაპირ უცხო კაპიტალისტებისაგან დასესხებით. ამ მიზნით მუშაობს საბჭოთა უთვალავი კომისიები ევროპაში. საბჭოთა მრეწველობა ისევ კაპიტალისტებისაგან გამოელის ხსნას! ის შინ ტრაბახობით აყრუებს რუსიის ხალხს, ხოლო აქ, უცხოეთში კი ბანკების დერეფანში ხელგაშვერილი ჩარაზმულია.
ამნაირათ, ოტო ბაუერის დასმულ საკითხზე, რუსეთის ეკონომიკის უკაპიტალისტო განვითარებაზე, სინამდვილე სრულიად უარყოფით პასუხს იძლევა. საქმე აქ ვერ მიდის უკაპიტალისტოთ და ეს არა თუ არ ასუსტებს საერთაშორისო სოციალიზმს, პირიქით, მას სწორეთ ეს აძლიერებს და ყველა მის პოზიციას ამართლებს. სოციალიზმის ერთ ქვეყანაში მართლა განხორციელება და ისიც აგრარულ ქვეყანაში, იქნებოდა სრული გაკოტრება მთელი მარქსიზმის. ნაციონალური სოციალიზმი ძირბუდიანათ ეწინააღმდეგება ინტერნაციონალურ სოციალიზმს და ებრძვის ყველა მის ძირითად დებულებებს. და სწორეთ გასაშტერებელია, როცა სოც-დემ. ბაუერი ფიქრობს მეცნიერულ სოციალიზმის დასაბუთებას რუსული უტოპიური სოციალიზმით!
ბრძოლა (ჟურნალი, პარიზი). 1926. №9
_____________
1. ბუხარინის „სამი სიტყვა“, გვ. 7, მოსკოვი, 1926.
2. იხ. ტუგან-ბარანოვსკის „ფაბრიკა“.
3. „არბიტერ-ცაიტუნგ“, 22 დეკემბრის. 1925 წ.
4. იხ. კომინტერნის თებერვლის თეზისები.
5. კვირინგ „ტავარნი გოლოდ“, მოსკოვი. აგრეთვე „ეკონომ. ჟიზნ.“ №41.
6. კვირინგ, იქავე.
7. „ექსელსიორ“, 21 თებერ. ახლა თვით კომუნისტებმა გამოაცხადეს, რომ მათი პურის სტატისტიკა გადამეტებული აღმოჩნდა.
![]() |
25 ჩვენი კარლო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველომ ერთი უდიდესი მსხვერპლი შეიწირა საზღვარგარეთ.
აღარა გვყავს ჩვენი კარლო, ჩვენი ბრძენი, ჩვენი გამამხნევებელი და იმედის მომცემი კარლო.
მოხდა წარმოუდგენელი ამბავი: კარლომ თავის ხელით გადაიჭრა სიცოცხლის ძარღვი, თავის ნებით დააბოლავა თავისი დღენი.
რისთვის? რატომ გამოგვეთიშა საერთო უღლიდან, რატომ დაგვტოვა ობლათ ამ უცხოეთში?
ბრძენმა უარყო ბრძნული აზრი - „სიკვდილამდე არ მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა“. მან კი თავი მოიკლა შუა გზაზე, ბრძოლის და ტანჯვის მიწურულში. რისთვის გაიღო ასეთი მსხვერპლი?
ჩვენ მივეჩვიეთ მსხვერპლის მიტანას, მტერმა მოგვტაცა მრავალი. ჩვენი ქვეყანა სავსეა წამებულთა საფლავით.
არ ვართ ჩვეული თავის თავის თავისავე ხელით სამსხვერპლოზე მიტანის. და აი, კარლომ გახსნა ეს გზაც და მოგვცა საშინელი მაგალითი. რატომ, რისთვის!
კარლოს ტრაღედია - ქართველი ერის ტრაღედიაა. ამ ერის ტანჯვა-წვალებამ კარლოში პოვა ტრაღიკული გამოძახილი. მან ვერ გაუძლო ამ წვალების ყურებას, გოლგოთაზე გაკრული ხალხის დაავადებას და მან არჩია სამუდამოთ თვალების დახუჭვა.
კარლო პოლიტიკურათ არ მოტეხილა, ის ისეთივე კლდე დარჩა ბოლომდე, როგორიც იყო თავიდანვე. მას მუდამ სწამდა ჩვენი საქმის გამარჯვება და ეს რწმენა მას არ დაკარგვია სიკვდილამდე.
ეს მაგარი სული აღმოჩნდა სუსტ ფიზიკურ აგებულებაში. ის მოტყდა ფიზიკურათ, მისმა ნერვებმა ვეღარ აიტანა ბოროტი სულის ეს ხანგრძლივი პარპაშობა, თავის სამშობლოს ამ ზომამდე დაბეჩავება, თავის ამხანაგების მტრის მახვილით დაცემა და გადასწყვიტა თავის სისხლის დანთხეული სისხლისათვის შემატება. სიკვდილი სიკვდილით დაითრგუნება.
კარლო უმაღლესი მორალური არსებაა. მასში არ ყოფილა არასოდეს პატივმოყვარეობა, შური და ამაყობა. ის მეთაურობდა უდიდეს საქმეებს, მაგრამ ცდილობდა წინ სხვა წამოეყენებია და თვითონ უკან დამდგარიყო. ის ეკუთვნოდა ეგნატე ნინოშვილის და სილიბისტრო ჯიბლაძის თაობას, რომლის დამახასიათებელი თვისება იყო - თავის დადება და მორცხვობა. წმინდა მიზანი, წმინდა საშუალება ამ თაობის სახარებაა. ამ სახარების გაბიაბრუებას, უწმინდური მიზნის და კიდევ უფრო უწმინდური საშუალების გაბატონებას ვერ უძლებს ეს ფაქიზი თაობა - სილვას გული უსქდება, კარლო ყელს იჭრის.
კარლო ღრმათ აზროვნობდა და მსუბუქი ენით იტყოდა. ის იყო მეტათ მწიგნობარი, განათლებული მოღვაწე, ჩუმი და ოხუნჯი, საზოგადოების მოყვარული და მარტოობას ჩვეული, კაბინეტის კაცი და ტრიბუნი. თფილი გულის და ცივი გარეგნობის, ნაზი ნერვების და მშრალი გონების - კარლო ერთობ რთული მორალური პიროვნებაა, ბევრისათვის ბოლომდე უცნობათ დარჩენილი.
კარლო კერძო დამოკიდებულებაში იშვიათი ადამიანი იყო. არასოდეს არ მომხდარა, რომ ის ვინმეს წაკიდებოდეს, ვინმე ცუდათ ეხსენებიოს, რაიმე ინტრიგაში მონაწილეობა მიეღოს. მას ყველაზე და ყველაფერზე თავის აზრი ქონდა, მარა ამას იშვიათათ იტყოდა. აბა კარლო, შენი აზრი გვითხარი, - ხშირათ მივმართავდით, რომ აგველაპარაკებია. მუდამ მის სიტყვას ყველა გულდასმით ისმენდა, მასში მუდამ მოსჩანდა ღრმა დაკვირვება და გულწრფელობა. როცა კარლო დუმის ტრიბუნაზე ავიდოდა, დეპუტატები თავის სკამებიდან დაიძროდენ ქვემოთ, ტრიბუნისაკენ, რომ ორატორის თვითეული სიტყვა არ გამოპაროდათ.
კარლოს არ ქონდა პირადი „მე“, არასოდეს თავის ცხოვრების ამ მხარეს არ დაგვანახებდა; არავის ეტყოდა თავის გაჭირებაზე, თავის მოთხოვნილებასა და მოვალეობაზე. ასეთი იყო თვისება მისი თაობის. სილვას უკანასკნელ წერილში, სიკვდილის წინა დღეს დაწერილში, ერთი სიტყვაც არ არის მის ავათმყოფობაზე, მის პირად საქმეზე და ტკივილებზე. როგორ ცხოვრობდა კარლო, უჭირდა, აწუხებდა რამე - ამას მისგან ვერავინ გაიგებდა, ამას მის გულში იკლავდა. ამ თაობის გაგება ახალი ხალხისათვის ძნელია, მათი პსიხოლოგია ერთმანეთს არ ეკარება. ამიტომ ძველი ამხანაგები თავისთავს გრძნობენ განმარტოვებულათ, ეულათ: ისინი მხოლოდ საზოგადო საქმით ეკავშირებიან ნაცნობ-მეგობართ, მტერთ და მოყვარეთ; პირადი გაჭირების გამოჩვენება სათაკილოთ მიაჩნიათ. ყველამ ვიცოდით, რომ კარლოს აწუხებდა თავის ქალიშვილების სვე-ბედი, მარა ამას ის მალავდა, კერძო საქმეთ მიაჩნდა და მაზე ლაპარაკსაც კი სხვების დაუმსახურებელ შეწუხებათ თვლიდა. მარა ეს არ იყო კერძო საქმე, ვინაიდან ეს მის სულს ღრღნიდა და მის თავს ჩვენს ქვეყანას ართმევდა. ამ თაობას არასოდეს არ გადაუბამს თავისი პირადი მდგომარეობა საზოგადო მოღვაწეობასთან, მათ შორის მუდამ მაღალ ზღვარს ავლებდა, ვინაიდან თავისი ფასი არ იცოდა. ჩვენი ეგნატე ისე ჩავიდა საფლავში, რომ ეგონა მისი ნაწერები მოცლილი კაცის ნაცოდვილევია და ყოველივე ღირსებას მოკლებულიო.
ეგნატე, სილვა, კარლო - ეს პირველი სერიაა ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ბრძოლის და განვითარების. ესენი ერთი-მეორეს ავსებენ, ერთი მეორეს აგრძელებენ. ბელეტრისტი, ორგანიზატორი, მოაზრე; ერთი ასწერდა ხალხის გაჭირებას, მეორე აერთებდა ამ გაჭირებულთ, მესამე მათ აძლევნდა თეორეტიულ დადასტურებას დიდ ტანიანი წიგნებით. აი როგორ დაიწყო პირველი ნაბიჯი, პირველი პოლიტიკური ამოსაღები ჩვენში. კარლოს ბოლო ხანა საყოველთაოთ ცნობილია. ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კარლო და ეს არა მარტო საქართველოში. მარა მისი პირველი ხანა წყვდიადით მოცულია, მისი ცოდნა პატარა წრის ხვედრია. აი ამ დროს კარლოს სიტყვას და აზრს დიდი ძალა და მნიშვნელობა ქონდა. ის მუდამ ავტორიტეტულათ სჭრიდა და ჩვენ ახალ-ახალი ცოდნის წყურვილს გვიღვიძებდა. პირველათ კარლო აღმოაჩინა ეგნატემ. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ერთი ნასწავლი კაცი მოგვემატაო. კარლოს იმ დროს ერთ ხელში ეჭირა მიხაილოვსკი, მეორეში მარქსი, რაზედაც ეგნატე ოხუნჯობდა - ალბათ ერთი გულისათვის, მეორე თავისათვისო. მარა როცა ამ წრეს მე წაუკითხე პირველი ჩემი წერილი („ეკონომიური განვითარება და ეროვნება“) და კარლოს კრიტიკა მოვისმინეთ, აშკარა იყო, რომ ის მიხაილოვსკის სავსებით გამოთხოვებოდა. წერილი გადავაკეთე მისი აზრის თანახმათ. ამ დღიდან კარლო ითვლებოდა ავტორიტეტათ და მას მიმართავდენ რთული საკითხების გამოსარკვევათ.
ამ თაობის ნიშნობლივი თვისებაა თავის თავის დამცირება თავის თავის წინაშე. რა ვართ ჩვენ! არაფერი, სრულიად არაფერი - აი, მათი სიტყვა-პასუხი თავის პიროვნებაზე. ეს აიხსნება იმითაც, რომ საზოგადო მოღვაწისაგან ბევრს თხოულობენ, გრძელი ადლით ზომავენ, დიდ ამოცანებს ისახვენ, რის წინაშე თავისი ძალა მცირეთ ეჩვენებათ. კარლო ამ მხრით ჩვენი პირველი თაობის ტიპიური გამომხატველია. - კარლო, ხმოსნათ უნდა გაგიყვანოთ, - უთხარი ერთხელ. რას ლაპარაკობ, სადაური სახმოსნე მნახე, ამის ძალა სად მაქვს, - მომიგო მან. როცა დეპუტატობა შევთავაზეთ, გაშტერდა - კაცი, ვერ მონახეთო! ამიტომ კარლოს ლახვარივით ესობოდა გულზე, როცა ხედავდა დღეს ამდენ მაწანწალას ქვეყნის სათავეში. მისთვის საზოგადო საქმე ის წმიდათა წმიდაა, სადაც მხოლოდ პოლიტიკურათ და მორალურათ წმინდა ადამიანნი შედიან. მას ღრმათ აღშფოთებდა ამ იდეალის ჩაწიხვლა და დაცლილ მოედანზე ნაძირალთა გაბატონება. კარლო ამას ვერ ურიგდებოდა და უკვირდა - სად იყო ამდენი წუმპე დაგუბებულიო. მისთვის ბოლშევიზმის საკითხი იყო უმთავრესად მორალის საკითხი. ჩვენი საქმე წმინდააო, საშუალებაც წმინდა უნდა იყოს - აი, კარლოს ჩვეულებრივი სიტყვები, რითაც ის ხელმძღვანელობდა მთელ თავის სიცოცხლეში. ეს იდეალიზმი შეადგენდა მის ბუნებას, მის სულიერ აგებულებას, რომლის გარეშე მას ცხოვრება არ შეეძლო. კარლომ განვლო მრავალი საფეხურები, ის სულ აღმართ-აღმართ მიდიოდა, შევარდენივით ცისკენ იწევდა, მარა ყოველგან და ყოველთვის თავისთავად რჩებოდა, თავის ბუნებას არ ღალატობდა. მისი ზნეობრივი პიროვნება არასოდეს არ გადატეხილა, არ გადაქანებულა; მისი ჩონგური, რომელზედაც ის ასე მკვეთრათ საქვეყნოთ უკრავდა, არასოდეს ყალბ ხმას არ იძლეოდა: მას აჟღერებდა თავისი გულის სიმებით, თავისი სულის ჰანგებით. მისი საქმე მას გავდა, მათ შორის საზღვარი არ იდვა. ასეთ მთლიან პიროვნებას შეეძლო თავისთავისათვის ტრაღიკული ბოლო მიეცა. და როცა ახლა ამას უკვირდები, ვრწმუნდები, რომ გაათავა ისე, როგორც იცხოვრა. აქაც ის თავისთავად რჩება. მასში გაიღვიძა მიძინებულ თვისებამ, თავის თავი დაარწმუნა, რომ ის აღარაფერია, ის მეტი ბარგია; რის მოცემაც შეეძლო, უკვე მოგვცა და ამიტომ არსებობას აზრი დაეკარგა. ასე სჩადიოდენ ხშირათ ძველი რომაელები, სტოიკის სკოლაში აღზრდილნი, რომელნიც ცხოვრების მიზნათ ისახავდენ არა სიამოვნებას, არამედ მოვალეობის ასრულებას. ბრუტი დარწმუნდა, რომ ოქტავზე ვერ გაიმარჯვებს და თავის თავს ბოლო მოუღო. ამ რწმენას, მართალია, ნიადაგი არ ჰქონდა. ბრუტს შეეძლო კიდევ ბრძოლა და შეიძლება გაემარჯვა, მარა რაკი თავის თავი დაარწმუნა წინააღმდეგში, სიცოცხლეს გამოესალმა. ესენი პიროვნების როლს ისტორიაში მეტათ ამცირებენ, ამიტომ თავის თავს შესაფერ პატივს არ სცემენ.
კარლომ ხელი აიღო ცხოვრებაზე, მარა სრულიად არ აუღია ხელი საქმეზე. მისი უკანასკნელი სიტყვა, გეგეჭკორისადმი მიმართული, იყო: „საქმეს მოუარეთო“. ცხადია, ჩვენი საქმის ბედი ბოლომდე აწუხებდა და მისი ერთგულება საფლავში ჩაიტანა. ყველამ კარლოს რომ მიბაძოს, საქმეს ვინღა მოუვლის? ეს საკითხი, უეჭველია, მასაც დაებადა და გადაჭრა უბრალოთ: საქმეს თქვენ უპატრონეთ, მე გავათავე ჩემი სამსახურიო. მას ბრუტივით ბევრის გაკეთება შეეძლო, კიდევ მისცემდა მტერს არა ერთ და ორ ბრძოლას. მაგრამ ეს ჩვენი რწმენაა, მას კი ეს არ სჯეროდა და თავისი ანდერძი ჩვენ დაგვიტოვა ასასრულებლათ. და ჩვენ მას შევასრულებთ, შევასრულებთ ბოლომდე, შეუდრეკლათ, შეუშინებლათ.
დღეს ქართველი ხალხი გლოვობს თავის უდიდესი შვილის დაკარგვას. დღეს მტერი თხზავს ყოველნაირ ჭორებს კარლოზე და მას თავის სადიდებლად იყენებს. მათი ზეიმი ნაადრევია; პიროვნება მიდის, ერი რჩება და მის გულს ვერ გატეხს ვერავინ. კარლო აღარ არის, კარლოს მიერ დაწყებული საქმე აქ არის და ის მიდის წინ, წინ გამარჯვებისაკენ. შორს აღარ არის ის დრო, როცა კვდრეთით ამდგარი საქართველო კარლოს ნეშტს თავის სავანეში მიიბარებს და იქ, წამებუთა და დაღუპულთა გვერდით, უკვდავების გვირგვინით შეამკობს. მანამდე კი მის მიერ დატოვებული მეგობრები და თანამებრძოლნი ივლიან ნაცადი გზით, იდგომებიან თავიანთ სადარაჯოზე და გაორკეცებული ენერგიით დაიცავენ მის ანდერძს...
ნ. ჟ.
ბრძოლა (ჟურნალი, პარიზი). - 1926. - №12/13.
![]() |
26 სადღეისო |
▲ზევით დაბრუნება |
1. ორი წელი
გავიდა ორი წელი, წელი საქართველოს აჯანყების, წელი ჩვენი ამხანაგების ციხეებში დახოცვის.
ხალხი ადგა თავისუფლების მოსაპოვებლათ, თავის თავის მართველათ გამოსაცხადებლათ. ამ გზით, ამ დროშით მიდიოდა და მიდის ყველა სასიცოცხლო ერი, ყველა დაჩარული და გამწარებული საზოგადოება. ეს შედის ბრძოლის საშუალებათა რიგში, როგორც ერთი მისი ნაწილი. ისტორიამ არ იცის ისეთი ხალხი, რომელსაც თავის შელახულ უფლების აღსადგენათ იარაღისათვის არ მიემართოს. რამდენი ასეთი მომენტი განვლო მაგ. საფრანგეთმა უკანასკნელ საუკუნეში? აჯანყება აჯანყებას მისდევდა, სანამ საბოლოოთ არ შექმნა თავისი სურვილის გამომხატველი წყობილება. რამდენი ბრძოლა მისცა იტალიელთა რაზმებმა ავსტრიის მთავრობას, სამშობლოს გასანთავისუფლებლათ და აღსადგენათ? და ასე ყოველგან, ყველა ერში. მიმოიხედეთ უკან, საქართველოს წარსულში. განა ჩვენი მატიანე სავსე არ არის აჯანყებებით სპარსთა, თურქთა, არაბთა და სხვა უცხო მტარვალების წინააღმდეგ? განა მეცხრამეტე საუკუნეში ამავე იარაღს არ მივმართეთ მრავალჯერ? და თვით ახალ დროშიაც, ცხრაას ხუთში, უიარაღოთ დავნებდით გამარჯვებულ მტერს?
საქართველოს უკანასკნელი ადგომა ერთი რგოლია, ერთი მომენტია იმ დიდი ბრძოლის, რომელსაც ქართველობა ეწევა საუკუნეთა განმავლობაში თავის თავის გადასარჩენათ, თავის სახის შესარჩენათ. ამაში გამოიხატება მისი სასიცოცხლო ძალა, მისი უნარი და მხნეობა. უძრავი, დავარდნილი ხალხი - ხალხი არ არის. ის უბრალო მძოვრია, სხვის საჯიჯგნათ და სათელათ შარაგზაზე დაყრილი. ამ რიცხვს არ ეკუთვნის ქართველი ხალხი და სწორეთ ამით მოიტანა თავი დღევანდლამდე. გაჭირებით ის წელში არ იზნიქებოდა და მუცლით მიწაზე არ ხოხავდა; პირიქით, სწორეთ ამ დროს წელში იმართებოდა და მტერს ეკვეთებოდა. ეს ჩვენი ნაციონალური თვისება რუსის მეფის ბიუროკრატიამაც კი შეიგნო და ამიტომ ვერ ბედავდა მართველობის იმ მეთოდების ხმარას ჩვენსში, რასაც ხმარობდა რუსეთში. რუსის გლეხს „როზგავდენ“ როგორც ცხოველს, ჩვენსას კი ხელს ვერ აკარებდენ. აი თვალსაჩინო განსხვავება ამ ორ ხალხთა სავალ გზას შორის. ქართველი თავს არ წადებს დასაკლავათ, არ სურს დაემორჩილოს სიკვდილს და როცა ასეთი ჟამი უდგება - ის იფეთქებს და უბედურებას ლახვარს მიაგებებს.
აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ყველა აჯანყებას გაუმარჯვია? ეს ასე არსად, არასოდეს არ მომხდარა. ასე იოლი არ არის სიცოცხლისათვის ბრძოლა. მისი გზა ეკლით არის მოფენილი, რის აკრეჭა ხელის დაუჩხვლეტათ არ შეიძლება. თეთრი ხელთათმანი ბრძოლაში გამოსადეგი არ არის. რასაკვირველია, დამარცხებას გამარჯვება სჯობია, მაგრამ დამარცხებული მოძრაობაც შედის სოციალური ტკივილების წამლობაში; ყველა ასეთ მოვლენას მოყოლია საერთო მდგომარეობის შემსუბუქება.
მტერი მით უფრო ულმობელია, რაც უფრო ითმენენ. მაგრამ თუ მოთმენის ფიალა გაივსო და გადმოხეთქა, ის უკან იხევს და ბატონობის ახალ გზას ეძებს. ტანჯვის შემსუბუქებაც კი გამარჯვებაა, მტანჯველის ჩარჩოში ჩაყენებაც კი უღლის შემსუბუქებაა. ერთი დაკვრით ქვეყანა არ აშენდება, ერთი შენძრევით ხალხი არ განთავისუფლდება. საჭიროა მუდმივი, შეუპოვარი ბრძოლა სხვადასხვა საშუალებებით და მეთოდებით, რომ ის გამარჯვებით დაგვირგვინდეს. აჯანყება მხოლოდ ერთი საშუალებაა, ერთი მეთოდია სხვა მრავალთა შორის, მარა აუცილებელი კი. მებრძოლი მას გვერდს ვერ შეუარს. ის ძევს ისტორიის შუაგულში და მას ვერც ერი, ვერც კლასი ვერ გადაახტება.
გავიღეთ მრავალი მსხვერპლი, დავკარგეთ ბევრი პოლიტიკური მოღვაწენი. მარა განა ისინი აჯანყებაში დავკარგეთ? არა, პირიქით, ბრძოლაში ყველაზე ნაკლები მსხვერპლი ვნახეთ. ლაჩარი მართველობის თვისებაა ბრძოლას გაექცეს და უიარაღოთ და ტყვეთ თავს დაეცეს, ხოლო ბოლშევიკური მართველობა ხომ ლაჩარზე ულაჩრესია. მან დახოცა პოლიტიკური ტუსაღები. ასევე ჩაიდინა მან წინეთაც, ობოლაძის მოკვლის გამო. აჯანყება იყო საბაბი პოლიტიკური შურისძიების. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი მაგალითი ტყვეთა დახოცვის - ეს არის პარიჟის კომუნარების დახვრეტა გამარჯვებული ღენერლის მიერ. მარა ეს ტყვენი იყვენ მებრძოლნი, იარაღით ხელში დაჭერილნი. ბოლშევიკებმა დიდათ გადააჭარბეს ღენერალ გალიფეის თავისი ბარბაროსობით. ქართველ ხალხს და მათ შორის სისხლის გუბეებია: ხიდი აქ გაუდებელია და მათი გზა სამუდამოთ გაყრილია.
დიახ, მსხვერპლი დიდია, მარა ეს გამომდინარეობდა არა აჯანყების ბუნებისაგან, არამედ მტრის ბარბაროსობისაგან. ის ამ საშუალებით მართველობს მიუხედავათ აჯანყებისა. ეს მისი სტიქიაა, მისი სული და გულია. ის უნდა დაინგრეს, რომ ხალხი აღსდეს. ამ მსხვერპლმა გააკაჟა ქართველი ხალხი, გაუძლიერა მტარვალთა სიძულვილი; ხოლო სულმდაბალნი დააშინა და მტარვალთა ბანაკში გადაისროლა. ამათი მრწამსი ასე გამოხატა ერთმა მობოლშევიკო მწერალმა: „კვდარ ლომს ცოცხალი კატა სჯობიაო“ (ჯაყოს ხიზნები). მოკლე ჭკუის ხალხი გადაბარგდა კატებისაკენ და მათ ელაქუცებიან. ამ ვაჟბატონთ დაავიწყდათ, რომ ლომი კვდარიც ლომია და მისი ერთი ფაფარი ყველა კატას სჯობია. მხოლოდ გზადაბნეულს შეუძლია იფიქროს, რომ სახელოვან კვდარს ბოროტი ცოცხალი სჯობიაო. განა იუდამ აჯობა ქრისტეს? განა ინკვიზიტორებმა გაიმარჯვეს გალილეიზე, ივანე გუსზე და მრავალ სხვა მათ მიერ მოკლულ დიდებულ ადამიანებზე? განა კ. სულაქველიძემ აჯობა ნ. ხომერიკს? დაცემის მოციქულებს არასოდეს არ გაუმარჯვია აღორძინების მოციქულებზე. „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.
თავდადებულნი ბრძოლაში იხოცებიან - ეს ძველი ამბავია, ლაჩარნი ნაცარქექიათ რჩებიან - ესეც ძველის ძველია. ჯერ კიდევ ჰომერიდან ვიცით: „აღარ არის დიდი პატროკლი, ცოცხალია საძაგელი ტერზიტი!“ როგორც პატროკლის სისხლი გახდა თავდებათ მტერზე მისი მეგობრების და მისი ერის გამარჯვების, ისე ჩვენი დაღუპული პატროკლები ჩვენი გამარჯვების თავდებია. ამ განაჩენს ვერ გაექცევა მტარვალი.
ორი წელი, წელი დაუვიწყარი და მუდამ სახსოვარი, სამარადისოდ აღბეჭდილია ქართველი ხალხის გულში და მას ის მუდამ მოიგონებს მოწიწებით და თაყვანისცემით.
2. რაშია საქმე?
რაშია საქმე? რატომ ასე ირღვევა მტარვალთა ბანაკი, რა აფორიაქებს და აშფოთებს რუსეთის კომუნისტურ პარტიას და მას ყოფს მრავალ ერთი მეორის მოწინააღმდეგე ჯგუფებათ?
საქმე სწორეთ იმაშია, რაც ჩვენ ჯერ კიდევ „საბჭოთა წყოფილებაში“ გამოვთქვით და შემდეგ, ბ-ბის უკანასკნელ ყრილობამ მათემატიკური სისწორით დაამტკიცა. მათ უეჭველათ სუბიექტურათ ოქტომბრის გადატრიალება პროლეტარულ რევოლიუციათ მიაჩნდათ, თუმცა ნამდვილათ, ობიექტურათ ის იყო რევოლიუცია შუათანა კლასების - მეშჩანების, სალდათების, მოხელეების, გლეხების - ერთი სიტყვით, ყველა წინაკაპიტალისტური წვრილბურჟუაზიული და დეკლასიური ელემენტების. და ვინაიდან მდგომარეობა ქმნის შეგნებას, ბ-ბი იძულებული გახდენ ბოლოს და ბოლოს წვრილი ბურჟუაზიული მდგომარეობა იდეოლოგიურადაც დაეკანონებიათ და მით სუბიექტური და ობიექტური ურთიერთობა შეეერთებიათ. და აი, ეს მოიმოქმედეს მათი პარტიის მე-14 ყრილობაზე. აქ მიღებულ ნაციონალურ-მეშჩანურ სოციალიზმმა აღაშფოთა ბ-ბის ერთი ნაწილი, მათი ძველი იდეოლოგები და წინამძღოლნი და მისცა დასაბამი განხეთქილებას. ეს განხეთქილება არ არის დროებითი და წარმავალი; ის ეხება ძირითად საკითხებს, აგებულია სრულიად სხვადასხვა შეურიგებელ დებულებებზე და ამიტომ უნდა გათავდეს პარტიის დარღვევით და მასთან ერთათ საბჭოთა წყობილების დანგრევით.
რა დებულებებია ეს?
კომუნისტური ბატონობის პირველი ხანა წარმოადგენდა კიდევ ერთ მთლიან წყობილებას. ფული არ ფულობდა, მუშა ჯოხს ქვეშ მუშაობდა, აღებ-მიცემობა და წარმოება თითქმის აღარ იყო. ყველა კლასი თავის ხელობაზე და საცხოვრებელ ადგილზე მიკრული, მისვლა-მოსვლა და რკინის გზები მუქთი. ვისაც ორი პერანგი ჰქონდა, ერთი სხვისთვის უნდა მიეცა - ერთი სიტყვით, ნამდვილი პრიმიტიული, ველური კომუნიზმი გამეფდა. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს კომუნიზმი არაა, ბურჟუაზიული საზოგადოების უეჭველი დარღვევაა. კაპიტალიზმის მამოძრავებელი კანონები გაუქმდა, მისი ჩარხი გატყდა და მით საერთო არევ-დარევა ანტიკაპიტალისტურ სისტემათ გადაიქცა. სოციალური საფუძველი და პოლიტიკური ზედანაშენი ერთი მეორეს ავსებდა. ეს დაბეგრული და დაბმული ხალხი მხოლოდ ტერორით და ძალადობით მორჩილებაში რჩებოდა. ამ მდგომარეობით აღფრთოვანებული კომუნისტები ერთ მთლიან ფრონტს წარმოადგენდენ და დიდათ კმაყოფილნი ხელიხელ ჩაკიდებულნი პარპაშობდენ. მაგრამ მოულოდნელათ მათ თავს მეხი დაეცათ, კრონშტატის აჯანყებამ იფეთქა. შეშინებულმა ხელისუფლებამ უცებ იცვალა ფრონტი და დიდის ზეიმით გამოცხადებული კომუნისტური რევოლიუცია დრომოჭმულ სამხედრო კომუნიზმათ გამოაცხადა. კაპიტალიზმის ძირითადი კანონები აუშვეს, ნეპი შემოიღეს. აი ამით იწყება ის საშინელი ტრაღიკული მდგომარეობა, რომელშიაც პარტია ჩავარდა და რის მსგავსი არც ერთ პარტიას და არც ერთ სახელმწიფოს არ განუცდია.
და მართლაც, რაკი კაპიტალისტური საზოგადოების ძირითადი კანონები ამუშავდა, ცხადია, მისი ბუნების და ლოღიკის თანახმათ უნდა მოეწყოს მთელი იურიდიული და პოლიტიკური დამოკიდებულებაც. აი აქ ჩადგა საბჭოთა მართველობა და არ ანებებს რუსის საზოგადოებას ამ ბუნებრივ განვითარებას, იბადება მთელი რიგი დაუძლეველი კონფლიქტებისა.
კონფლიქტი პირველი: კაპიტალიზმის მთავარი საფუძველი - საქონლის კეთება დაშვებულია, სამაგიეროთ არ არის დაშვებული ამ საფუძვლის მიუცილებელი შედეგი - საქონლის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა. აქ დგება მთავრობა და აღებ-მიცემობას თავის დეკრეტებს უმორჩილებს. ეკონომიური კანონების ალაგს იჭერს კრემლის „კანონები“, ანუ მარქსის სიტყვით რომ ვთქვათ, „ნაწარმოები უნდა იქნას გაკეთებული, როგორც საქონელი, მარა მისი გაცვლა არ უნდა მოხდეს როგორც საქონელი“. (იხ. „კრიტიკა პოლიტიკური ეკონომიის“). აქედან -
კონფლიქტი მეორე: საქონელი მზადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დამუშავება სახეიროა, ე.ი. თუ მას ბაზარი აქვს და ფასი ხელსაყრელია. ამ საქმის ერთად-ერთი რეგულატორია კონკურენცია მყიდველ და გამყიდველთა შორის. თუ საქონელს ფასი არ აქვს ან მისი მოთხოვნილება არ არის, მისი წარმოება ჩერდება და სხვა მუშაობა იწყება. ამით კაპიტალისტურ ხაოსში სისტემა დგება. საბჭოთა სამეფოში კი თავისუფალი კონკურენცია უარყოფილია. „სწორი ფასების“ საქონელზე დადება და „სამართლიანი“ გაცვლა-გამოცვლა ხელისუფლების მთავარი საზრუნავია. საქონლის ფასი წესდება არა თანახმათ მასში ჩადებულ სამუშაო დროსა და ბაზრის პირობებისა, არამედ „დეკრეტით“, სახელმწიფო ბრძანებით. ამნაირათ, საბჭოთა წყობილება აუქმებს საქონლის წარმოების ძირითად კანონებს, მარა ამასთანავე არ აუქმებს არც საქონელს, არც მის წარმოებას და გაცვლა-გამოცვლას.
კონფლიქტი მესამე: ვაჭრობა და წარმოება სახელმწიფოს მონოპოლიაა, მარა მას არ ძალუძს ეს მონოპოლია მარტო გაინაღდოს და ნებას რთავს მოქალაქეს აწარმოვოს წვრიმალი ვაჭრობა და წარმოება. მას ესაჭიროება ბევრი საქონელი. რაც მეტია, მით უკეთესია. მარა ამავე დროს ის ართმევს მწარმოებელს ყოველგვარ სტიმულს წარმოებისას, ვინაიდან ის ართმევს თავისუფალ ბაზარს. წარმოების კრიზისი ქრონიკულია. ამ კონფლიქტის შესასუსტებლათ ბოლშევიკები მოდიან აუარებელი ციფრებით ხელში, სადაც გამოთვლილია, რამდენი საქონელი და რა ზომის დამზადება, რა ფასები დაწესდება, რა მოთხოვნილება დაიფარება - ერთი სიტყვით, მთელი გროვა რეგლამენტაციებით და სტატისტიკური უტოპიებით. აქ ისინი პირწმინდათ იმეორებენ როდბერტუსის პლანებს, რომელიც ითხოვდა სახელმწიფოს მიერ ფასების დაწესებას და ბაზრის ხელმძღვანელობას. ამაზე ენგელსი შენიშნავს:
„კი მარა, რა გარანტია გვაქვს, რომ უეჭველათ დაიმუშავებენ საჭირო რაოდენობას თვითეული ნაყოფისას, რომ ჩვენ არ დაგვაკლდება არც პური, არც ხორცი, მაშინ როდესაც შაქარი და ჭარხალი ბევრი იქნება, არაყით ქვეყანა აივსება, ხოლო შარვალი საძებარი გვექნება. მისი ფოლაქები კი ათასობით შემოგვეძლევა. ამის პასუხათ გახარებული როდბერტუსი გადაგვიშლის თავის უებარ დავთარს, სადაც ზედმიწევნით აღნიშნულია ცხრილი თვითეული გრინვაქა შაქრის, თვითეული ბოჭკა არაყის..“ და სხ. და სხ.1
განახორციელეს რა ასე ჩინებულათ როდბერტუსის პლანები, ბოლშევიკებმა მოგვცეს სწორეთ ის შედეგები, რაზედაც ენგელსი ათითებს: საქონლის ნაკლებობა და არევ-დარევა.
კონფლიქტი მეოთხე: კაპიტალიზმის მთავარი საძირკველი და მისი სულის ჩამდგმელია პროლეტარიატი, ე.ი. არსებობა დასაქირავებელი მუშათა კლასისა. საბჭოთა წყობილებას ასეთი კლასი ყავს, მუშას ქირაობს და ზედმეტ ღირებულებას იღებს. პროლეტარიატი აქაც ისე იყვლიფება, როგორც ყველგან, თუ არა მეტათ. მაგრამ ამავე დროს მას არ აქვს უფლება გაფიცვის, თავისუფალი ასოციაციის, ბრძოლის, ქირის სურვილისამებრ მოთხოვის - ერთი სიტყვით, „პროლეტარულ სახელმწიფოში“ პროლეტარიატი აყრილია მუშურ უფლებას. მუშა ვალდებულია ირიცხებოდეს მთავრობის მიერ მოწყობილ ორგანიზაციაში და იღოს ხელფასი მთავრობის მიერ ნებადართული. პოლიტიკური ბრძოლის მაგიერ მუშათა შორის გამეფდა პოლიტიკური დემორალიზაცია.
კონფლიქტი მეხუთე: კაპიტალისტური განვითარება მიმდინარეობს წვრილი კაპიტალის სხვილათ გადაქცევით, პატარა ეკონომიკის დიდ ეკონომიკათ გაფართოვებით, ზრდის ბუნებრივი კანონის თანახმათ. ბოლშევიკები სცნობენ რა წვრილი კაპიტალის და წვრილი ბურჟუაზიის არსებობას, ებრძვიან მათ ბუნებრივ ზრდას - სხვილათ გახდომას და სხვადასხვა საშუალებებით მათ აყენებენ ერთ დაბალ დონეზე. წვრილი მაწარმოებელის სიძულვილი მისი მოქიშპე სხვილი მაწარმოებელისადმი მათ გამოაცხადეს სახელმწიფო დოგმათ, „ჭეშმარიტ სოციალიზმათ“. საწარმოვო ძალის განვითარებას და მათ შორის ბრძოლა გაჩაღებულია.
კონფლიქტი მეექვსე. მათ წამოაყენეს ლოზუნგი: „ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, ე.ი. სამრეწველო განვითარება. მარა ამ პროცესის მთელ საფუძველს ისინი იმავე დროს ანგრევენ. ინდუსტრიალიზაცია ყოველგან ერთი გზით წარმოებს - მთელი საზოგადოების, მთელი ხალხის დახმარებით, ბანკებში ფულის შენახვით თუ პირდაპირ აქციების ყიდვით. ეს საზოგადო ეკონომიური განვითარებაა საზოგადოების ზურგით და ხარჯით. აქედან იბადება სოციალიზმის მოთხოვნილება - მრეწველობის განსაზოგადოება, მისი პატრონისათვის ჩაბარება. საბჭოთა წყობილებაში კერძო პირი გაღატაკებულია, საზოგადოება ღარიბია, ბანკები ხელისუფლების შემყურეა, მრეწველობის განვითარება საზოგადოების დახმარებით შეუძლებელია. ბოლშევიკები ლამობენ ეს ეკონომიური კანონი დაფარონ თავისი საკუთარი „კანონით“ - ინდუსტრიალიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით! ამ სიბრიყვემდი ჯერ არ მისულა არც ერთი ხელაღებული უტოპისტი. სამრეწველო აღორძინება და კერძო პირთა ქონების განადგურება ორი შეურიგებელი მოპირისპირე მოვლენაა. ისინი ერთმანეთს ძირბუდიანათ უარყოფენ. სამრეწველო ნაცარქექიობა ბოლშევიკების ხვედრია.
ერთი სიტყვით, საითკენაც უნდა გაიხედოთ ბოლშევიკების სამეფოში, ყოველგან ეკონომიურ წინააღმდეგობათა ქსელია, რომელშიაც ისინი ზიან და მის ქსოვას განაგრძობენ.
რატომ, რით აიხსნება ეს საოცარი მოვლენა? მხოლოდ ერთი მიზეზით: გაბატონებული შუათანა კლასების წვრილი ბურჟუაზიული ეკონომიკა იწვევს ბოლშევიკების იდეოლოგიაში წვრილ-ბურჟუაზიულ ილუზიებს და ამის შესაფერ სოციალურ პროჟეკტორობას. ეს ხანა განვლო ყველა ერმა. გასული საუკუნის მეორმოცე წლებში პრუდონი საფრანგეთში, გრეი ინგლისში, შემდეგ როდბერტუსი გერმანიაში სწორეთ ასეთი ხელოვნური ზომებით ლამობდენ კაპიტალიზმის შეჩერებას და „სამართლიანი“ წყობილების დამყარებას2. ყველა ესენი ბოლშევიკებივით კაპიტალიზმის ზრდაში ხედავდენ მხოლოდ ბოროტებას და ვერ ამჩნევდენ მის რევოლუციურ ძლიერებას. შეუძლებელია ამ პროცესის კარგი მხარე დასტოვო, ხოლო ცუდი თავიდან მოიცილო. ორივე ეს ერთმანეთზედ არის გადაბმული, ერთი მეორეს იწვევს, ერთმანეთს ებრძვის და ბოლოს ამ მოძრაობიდან სრულიად ახალი უმაღლესი პროცესი იბადება. აი ეს მარქსისტული დიალექტიკა ვერ გაიგო რუსეთის ნაროდნიკებმა და ბოლშევიკებმა და ჩარჩენ მეშჩანურ უტოპიაში.
და აი მოხდა სასწაული: ბოლშევიზმის ცნობილ ლიდერებმა შუბლი მიახეთქეს მთელ ამ წინააღმდეგობათა კედელს და დაეჭვდენ მის შესაძლებლობაში. ზინოვიევის კამპანია ახლა მიხვდა, რომ მისი პარტია ჩაიფლა წვრილბურჟუაზიულ ჭაობში და მოინდომა მისი იქიდან ამოყვანა. რა გზით, რა საშუალებით? უკან, ლენინის კომუნიზმისაკენ დაბრუნებით? თეორიულათ ეს იქნებოდა გაწყვეტილი ლოღიკის გამთელება, ბურჟუაზიული წარმოების მოშლა და მით დარღვეული სოციალური წონასწორობის აღდგენა. მარა პრაქტიკულათ, რეალურათ ეს ყოვლად შეუძლებელია და არა მგონია, ზინოვიევის პოზიცია ასეთი ბრიყვული იყოს. დღევანდელი ისტორიული მომენტი სრულიად არ გავს ოქტომბრის მომენტს. მაშინ არსებობდა დასარღვევი და დამრღვევი კლასები. თავად-აზნაურობას და ბურჟუაზიას დაეტაკა ხალხი, დაანგრია და მათი ქონება დაირიგა. ამჟამათ დასარიგებელი აღარაფერია, გარდა წვრილი მწარმოებელის მცირე ქონებისა. ვის შეუძლია მას ეს წაართვას, როცა დღეს თვითონ ის არის გაბატონებული. მისთვის ამ ეჟვანის შემბმელი აღარ მოიპოვება. მართალია, ნეპმანებს ხანდიხან აქეთ-იქით ასახლებენ, მარა ამით სრულიად არ ირყევა მათი ეკონომიური საფუძველი - წვრილი კაპიტალისტური წარმოება და აღებ-მიცემობა. ერთდათ-ერთი დასარღვევი ელემენტია - თვით საბჭოთა წყობილება, მისი ეკონომიკა და პოლიტიკა, მარა ამ ძეხვს ზინოვიევის კატა არ უთვალთვალებს. ოპოზიციის სურვილია რეფორმა არსებული წყობილების ფარგლებში. ამ სფეროში ერთათ-ერთი სერიოზული წინადადებაა წამოყენებული ოპოზიციის მიერ - ეს არის ეკონომიური გეგემონიის წვრილი ბურჟუაზიიდან პროლეტარიატში გადმოტანა, რასაც „ტროცკიზმი“ ეწოდება. ამით ისმება ძირითადი სოციალური საკითხი - კლასთა ახალი ურთიერთობის დამყარება და წვრილ მწარმოებელთა პროლეტარიატისათვის დამორჩილება. ეს მთელი ბოლშევიზმის რევიზიაა. ეს ერთათ ერთი გზაა სოციალისტური სახის შესარჩენათ საბჭოთა წყობილებაში. შესაძლებელია კი ეს?
წვრილი მწარმოებლის და პროლეტარიატის სოციალური მდგომარეობა სრულიად არ გავს ერთმანეთს. პირველი ხელისუფლებისაგან ეკონომიურათ დამოუკიდებელია. ის ითხოვს მხოლოდ - ხელს ნუ მიშლით, მაცალეთ მუშაობაო. ის თვით ირჩენს თავს და არჩენს სახელმწიფო აპარატებს. პსიხოლოგიურათ და მორალურათ ის მაგარი და მტკიცეა, ბოლშევიკურ ექსპერიმენტებს არ ემორჩილება. სულ სხვა პირობაშია ჩაყენებული პროლეტარიატი. ის პირდაპირ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მისგან იღებს ულუფას, ქირას და დახმარებას. ის მისი ჯარია ეკონომიურათ და აქედან პოლიტიკურათ სავსებით დამორჩილებული. ამიტომ მთავრობას ადვილათ შეუძლია ის თავის მიზნებისათვის ამუშაოს და გამოიყენოს მსგავსათ ცეზარისა, რომელიც პლებს არჩენდა და აძახებდა - გაუმარჯოს ცეზარს.
ამნაირათ, საბჭოთა სოციალურ შენებაში მუშას და წვრილ მწარმოებელს უკავია ორი მოპირდაპირე ადგილი. ერთია ხელისუფლების შინაყმა, მეორეა დამოუკიდებელი. ამავე დროს სახელმწიფოს მთავარ საარსებო წყაროს იძლევა უკანასკნელი, როგორც გადამხდელი, მომხმარებელი და მუშტარი. თვით მრეწველობა, რომელშიაც ჩაბმულია პროლეტარიატი, სულდგმულობს მხოლოდ მთავრობის სუბსიდიებით და მფარველობით, ე.ი. იმავე გადამხდელის ჯიბით. აქედან დაიბადა ანტაგონიზმი სოფელს და ქალაქს შორის. გლეხის წარმოდგენაში მუშა მეტს იღებს, ვინემ აკეთებს, ვინაიდან მისი გაკეთებული უსაშველოთ ძვირია და ხელმიუწვდომელი. თუმცა ამაში მთავარი დამნაშავეა ხელისუფლების უილაჯობა, მისი მოხელეების მტაცებლობა, მრეწველობის მონოპოლია და სხ., მარა ეს არ სცვლის მუშის მდგომარეობას - მისი ნამუშევარი ძვირია, გლეხის - იაფია. ამით პროლეტარიატის გეგემონიის ორივე საფუძველი - ნივთიერი და სულიერი - დანგრეულია და მისი აყენება არსებულ წყობილებაში შეუძლებელია.
პროლეტარიატის გეგემონია წვრილ მწარმოებელზე უეჭველი თავდებია სოციალიზმის გამარჯვების, მარა ამისათვის საჭიროა მთავარი პირობა: ორივე ეს კლასი ერთი მტრისგან იყვლიფებოდეს და ამით ბუნებრივათ ერთ მებრძოლ რაზმს ადგენდეს. ასე არის კაპიტალისტურ ქვეყნებში. რუსეთში გაბატონებულია არა ბურჟუაზია, არა კაპიტალისტური ურთიერთობა, არამედ წვრილი ბურჟუაზია და მაშასადამე, არ არის ძალა მისი მუშებთან შემაერთებელი. ერთათ-ერთი მტერი ამ ორივე კლასისა არის ხელისუფლება და რომ პროლეტარიატი მას ებრძოდეს, გლეხებს და მთელ საზოგადოებას გაიყოლიებდა. აქ ის მართლა გეგემონის როლში გამოვიდოდა, ამ სიტყვის სულ სხვა შინაარსით, ვინემ მასში ტროცკისტები დებენ. ამათი მიზანია მუშის გეგემონია წვრილ-ბურჟუაზიულ ჩარჩოში! ერთ უტოპიას ებრძვიან მეორე უტოპიით.
უეჭველია ოპოზიციის მთავარი დებულება - მუშის უსაშველო ყვლეფა - მართალია. საბჭოთა არტილერია დღეს ამუშავებულია პროლეტარიატის წინააღმდეგ. მას ამტყუნებენ სიზარმაცეში, გლახათ მუშაობაში, ლოთობაში და მრავალ სხვა ცოდვებში. უკანასკნელი ყრილობა ტარიფების და შრომის განყოფილებათა დაწესებულებების წმინდა ანტიმუშური იყო. მაგრამ როგორ სურს ეს მოაგვაროს ოპოზიციას? საბჭოთა მთელი მრეწველობა დაყრდნობილია მუშის მაჯაზე. რუსის მუშის ევროპიული პირობები მოითხოვს ევროპიულ სამრეწველო პირობებს. ხელისუფლება მოკლებულია სამრეწველო თანხებს, ძირითად კაპიტას და ამავე დროს იძულებულია აკეთოს საქონელი: რას უნდა დაეყრდნოს, თუ არა სამუშაო ძალას, რაც მას უკანტროლოთ ხელში ყავს და საითკენაც სურს, იქით მიაბრ-მოაბრუნებს. ტეხნიკური განვითარება, ახალი მანქანების შემოღება, მექანიკური ძალის გამოყენება, ერთი სიტყვით, სამრეწველო აღორძინება საჭიროებს ევროპიულ პირობებს. მართველობა უბრუნდება პრიმიტიულ კაპიტალიზმს, როცა წარმოების მთელი სიმძიმე მუშას აწვა კისერზე. ოპოზიცია ამბობს - დაადევით საქონელს მეტი ფასი და მუშას მიუმატეთო. ეს იქნებოდა მთელი საზოგადოების, ასი მილიონი გლეხის გადაკიდება და მით საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ ამხედრება. ამ წყობილების არსებობა მოითხოვს პროლეტარიატის გაყვლეფას და მისი წვრილი ბურჟუაზიის სამსახურში ჩაჭერას. ეკონომიურათ ხომ ეს სრულიად შეუძლებელია. ორშაურიან ჩითს რომ ორი მანეთი დაადვათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის მართლა ორი მანეთის ღირებულებისაა. მისი ღირებულება ისაზღვრება მასში ჩადებული შრომით და უნდა გაიცვალოს შესაფერ ეკვივალენტზე. შეიძლება ორშაურიანი საქონელი მართლა გაყიდოთ ორ მანეთად დეკრეტით, მარა იძულებული იქნებით ორშაურიანი პური ორმანეთათვე იყიდოთ ანდა სულ ვერ იშოვოთ. გამოვა, რომ თხა იყიდეთ, თხა გაყიდეთ, მოსაგები ვერა ნახეთ.
ამ სახით, თუ ოპოზიციის მთავარი დებულება არსებულ წყობილებაში განუხორციელებელია, სამაგიეროთ ის უეჭველათ სასარგებლოა. ის ებრძვის გამეფებულ წვრილბურჟუაზიულ იდეოლოგიას და აყენებს პროლეტარულ საკითხს. ის გამოდის თანამედროვე კლასის ქომაგათ და მას უპირდაპირებს ძველ მეშჩანურ-გლეხურ „შინაყმათა ხროვას“. როცა მუშათა კლასი ამ მხრით დაიძვრება; როცა ის შეძლებს თავი დააღწიოს პოლიტიკურ ინერციას და აქტიურ ასპარეზზე გამოვა, მაშვინ თვით მდგომარეობა უკარნახებს იმ ერთად ერთ გამოსავალს, რომელიც არსებობს - საბჭოთა ეკონომიკის და პოლიტიკის გაუქმებას და საერთაშორისო ოჯახში შესვლას.
ახლა ცხადია, რა არღვევს და რა აშფოთებს რუსეთის კომუნისტურ პარტიას. ის იძულებული გახდა შემოეღო კაპიტალისტური წარმოება, მარა ამასთანავე მოინდომა ისტორიის მოტყუება, ულმობელ ეკონომიური კანონების დეკრეტებით დამორჩილება, ნამდვილი მსვლელობის ალაგას თავისი საკუთარი მსვლელობის ჩაყენება, პრინციპების ცხოვრებიდან გამოყვანის მაგიერ ცხოვრების პრინციპებიდან გამოყვანა, ისტორიულ აუცილებლობის ალაგას თავისი საკუთარი სურვილების გამეფება - ერთი სიტყვით, წყლის აღმა წაყვანა და ზედ ფეხით გაჩერება. და რადგანაც შეუძლებელს ვერავინ შესძლებს, ეს მეპროექტენი მკიან შესაფერ ნაყოფს - ირღვევიან და კოტრდებიან. საკმარისია მათ იცნან ისტორიის რეალური მიმდინარეობა, გამოეთხოვონ თავიანთ უტოპიას, რომ პარტია დანაწილდეს თავის ბუნებრივ ნაწილებათ - სოც. დემოკრატებათ, ნაციონალისტებათ, ფაშისტებათ და ანტისემიტებათ. რამდენათ ოპოზიცია აჩქარებს ამ პროცესს, იმდენათ ის პროგრესიულ და რევოლიუციურ როლს თამაშობს...
ნ. ჟ.
ბრძოლა (ჟურნალი, პარიზი,). 1926 №14
________________
1. იხ. მარქსის „ფილოსოფიის სიღატაკის“ წინასიტყვაობა.
2. იხ. მარქსის დასახელებული თხზულება პრუდონის წინააღმდეგ
![]() |
27 საბჭოთა ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის კომუნისტური პარტიის ც.კ. თავის ცნობილ პარტიულ რეზოლიუციასთან ერთათ გამოიტანა ეკონომიური რეზოლიუციაც, არანაკლები საყურადღებო და საგულისხმიერო, ვინემ პირველი. მართალია, ამ ახალ დოკუმენტში ახალი თითქმის არაფერია, ეს ძველი ამბების ხელახალი გამოცემაა, მარა გამოცემა ახალ პირობაში და ახალი დანიშნულებით. ც.კ. მიზანია ოპოზიციას წაართვას ეკონომიური საფუძველი, გამოასწოროს იდეური რყევის ნიადაგი და მით პარტიული მთლიანობა დაიცვას. თუ კი შარშან პურის კამპანიის ჩაფლავებამ დაბადა პარტიული განხეთქილება, წელს ამავე კამპანიის გამარჯვება ბოლოს მოუღებს ამ განხეთქილებას - აი ის უკანასკნელი ხავსი, რომელსაც ც.კ. ებღაუჭება.
საბჭოთა ეკონომიკა უეჭველია მთავარი მიზეზია ოპოზიციის გაჩენის და საერთო უკმაყოფილების. შეიძლება კი მისი რეფორმა, მისი დამაკმაყოფილებელ ფორმათ გადაქცევა?
გავშინჯოთ.
ც. კ. რეზოლიუცია უტრიალებს ერთ ძირითად საკითხს ყოველნაირი ეკონომიისა - ეს არის საქონლის ფასები (იზვესტია №69). ფასებში იხატება საბოლოოთ საწარმოვო მდგომარეობა და მისი ღირსება-ნაკლულევანება. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ფასები ნივთზე წესდება, ასე ვთქვათ, თავის თავათ, კონკურენციის საშუალებით. საბჭოთა საზოგადოებაში, სადაც მრეწველობა სახელმწიფო მონოპოლიაა, ფასების საკითხი სახელმწიფოს საკითხია და მისი სოციალურ ძალთა თამაშზე მიგდება დაუშვებელია, ამიტომ ფასების მოწესრიგება და რეგლამენტაცია სახელმწიფო აპარატების კომპეტენციაა. თუ სამრეწველო საქონელი ასეთ ჩარჩოშია ჩაყენებული, სამაგიეროთ სამეურნეო საქონელი ამ ჩარჩოდან თავისუფალია, მისი პატრონი მას თავის სურვილისამებრ ანაღდებს და მით თავის, სახელმწიფოზე დამოუკიდებელ ინტერესებს ემსახურება. ორი საქონელი, ორი ინტერესი ერთი მეორეს ხვდება. აი აქ ერევა ხელისუფლება და ცდილობს თავისუფალი საქონელიც თავის რეგლამენტაციას დაუმორჩილოს, მასზედაც თავისი ფასების პოლიტიკა გაავრცელოს. ც.კ. რეზოლიუციაც სწორეთ ამ საგანს ეხება. ცხადია, ფასების საკითხი საბჭოთა არსებობის საკითხია, მისი სიცოცხლის და ხანგრძლივობის ბერკეტია. რატომ? შეუძლია მას სხვანაირათ მოიქცეს, თავის არსებობის სხვა რაიმე წყარო გამონახოს? არა, არ შეუძლია.
ფასების პოლიტიკა წარმოების პოლიტიკის გამოხატულებაა. საქონლის დამზადების წესი წინასწარ საზღვრავს მის ფასებსაც. ამიტომ თუ გვინდა გავიგოთ საბჭოთა ეკონომიკის არსება, უნდა გავიგოთ მისი საქონელი.
1. საბჭოთა საქონელი
საბჭოთა და ბურჟუაზიული წყობილება აგებულია საერთო ძირითად ეკონომიკაზე - ორივე ამზადებს საქონელს, ამ კაპიტალისტური ურთიერთობის მთავარ ნიშნობლივ თვისებას. ამ მხრივ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ორივე კაპიტალისტურ სისტემაშია მოქცეული და მის საფუძველზე აგებული. განსხვავება იწყება შემდეგ. ბურჟუაზია კაპიტალისტურ საქონელს ამზადებს კაპიტალისტურათ, თანახმათ საქონლის წარმოების ეკონომიკურ კანონებისა, ხოლო საბჭოები ამავე საქონელს ამზადებენ ანტიკაპიტალისტურათ, წინააღმდეგ მისი ეკონომიკური კანონებისა. ამ წესით დამუშავებული ნივთი შემდეგ გააქვთ კაპიტალისტურ ბაზარზე გასაყიდათ. ე.ი. საბჭოთა ეკონომიკის პირველი (საქონელი) და უკანასკნელი (ბაზარი) რგოლი ბურჟუაზიულია, ხოლო შუა რგოლი, დამზადების პროცესი, თავისებურია. და აი აქ მარხია მთელი კვანძი საბჭოთა წყობილების შეუძლებლობის და მისი აუცილებლათ დაქცევის.
განვიხილოთ საქონლის დამზადების პროცესი.
წარმოებისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა კაპიტალი. საიდანაც მოდის ის და რა ზომით? ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ამ კითხვის გადამწყვეტია კონკურენცია. კაპიტალი ტოვებს წასაგებ წარმოებას და მიდის მომგებიანში. ხოლო რომელი წასაგებია და რომელი მოსაგები - ამას უჩვენებს ბაზარი, სოციალურ ძალთა ერთმანეთთან შეჯიბრება. კაპიტალის ასეთ მისვლა-მოსვლას გეოგრაფიული საზღვარი არ აქვს. ის ხდება როგორც ნაციონალურ, ისე ინტერნაციონალურ ფარგალში. კაპიტალი უაღრესათ ინტერნაციონალურია.
საიდან ღებულობენ საბჭოები კაპიტალს? ინტერნაციონალური კაპიტალი იქ არ მიდის, ვინაიდან ის არ შემოდის ამ კაპიტალის საწარმოვო სისტემაში. მაშასადამე, კაპიტალის მთავარ ბაზას ის მოწყვეტილია და იძულებულია ის ეძიოს თავის ნაციონალურ ფარგლებში. საბჭოთა კაპიტალი უაღრესათ ნაციონალურია. მარა ვინაიდან აქ კაპიტალისტური სისტემა არ არის, ცხადია, იქ არც კაპიტალია, ე.ი. არ არის ის კლასი, რომელიც ამ ქონებას აგროვებს და წარმოებაში აბანდებს. მართველობა იძულებულია დაეყრდნოს წვრილ ბურჟუაზიას, მოხელეთ, გლეხთ, მეშჩანებს - ერთი სიტყვით წვრილ, საშინაოთ სახმარ ქონების მეპატრონეთ. ამათგან ფულის ამოღება შეიძლება ორი გზით - გადასახადებით და სესხით. საბჭოთა მთავრობაც ამ ორ ზომას მიმართავს - ერთია იძულებითი, მეორე - სანახევროთ იძულებითი, რადგანაც მოხელეთ აიძულებს სახელმწიფო თამასუქები იყიდონ. არც გლეხი ანაღდებს მას ნებაყოფლობით. ამნაირათ, საბჭოთა მსხვილი მრეწველობა დაყრდნობილია წვრილ კაპიტალზე, ე.ი. მას შესაფერი კაპიტალი არ აქვს და თავს იქცევს ძველი რეჟიმიდან დატოვებულ და დაცვეთილი კაპიტალით. რაკოვსკის სიტყვით, საბჭოთა ბიუჯეტი „სიმშილის ბიუჯეტია“ და ამით რასაკვირველია მრეწველობა ვერ აღორძინდება. მისივე სიტყვით, მთელი ხალხის შემოსავალი 15 მილიარდიდან დაეცა 4 მილიარდამდე, კაპიტალის რაოდენობა 54 მილიარდიდან 36 მილიარდამდე და სხვ.1
ამნაირათ, საბჭოთა მრეწველობა, გამორიცხული მსოფლიო კაპიტალისაგან, იკვებება იმ გროშებით, რომელსაც ის პოლიციის საშუალებით გაღატაკებული ხალხისგან იღებს. შარშანდელი ბიუჯეტიდან მას მიეცა სუბსიდიათ 160 მილიონი მან., ხოლო ახალი ბიუჯეტით განზრახულია მიეცეს 300 მილიონი. როგორ ნაწილდება ეს მისი პატარა კაპიტალი სხვადასხვა დარგს შორის? რაკი კონკურენცია არ იძლევა საამისო ცნობებს, დარჩა კანცელარია, სადაც ითხზება ათასნაირი პროექტები და ნაწილდება თანხები პროტექციის და ბრმა ვარაუდის საშუალებით. ტრესტი დაადგენს - დამზადდეს განსაზღვრული რიცხვი საქონლისა. ეს რაოდენობა დამოკიდებულია არა ბაზრის მოთხოვნილებაზე, არამედ მის საწარმოვო საშუალებაზე, იმაზე, თუ რამდენი თანხა გამოგლიჯა მთავრობის მჭლე ბიუჯეტს და მთავრობის ბანკებს. შეიძლება ამ ბედნიერი ტრესტის საქონელი არავის უნდა, ან მისი მოთხოვნილება მცირეა. ის მაინც განაგრძობს მუშაობას, ხოლო მეორე ტრესტი, რომელიც ასეთი ბედნიერი ვერ გამოდგა, ხოლო მის საქონელზე დიდი მოთხოვნილებაა, არ მუშაობს, ან მცირედათ მუშაობს.
როგორც ხედავთ, საბჭოთა ეკონომიკაში გაცილებით მეტი ქაოსია, ვინემ ბურჟუაზიულში. იქ, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს, მიუხედავათ უთვალავი სტატისტიკებისა და მათი დაუსრულებელი გამოთვლისა. აქ კაპიტალი, როგორც საზოგადო საწარმოვო ძალა, არ არსებობს, სხვილი ინდუსტრია შესაფერ საფუძველს მოკლებულია. და თუ მაინც წვრილბურჟუაზიულ საფეხურზე სხვილი მრეწველობა ბოგინობს, ამის მიზეზია ერთი მეტათ საყურადღებო გარემოება - მუშის უსაზღვრო ექსპლოატაცია და მისთვის ყოველნაირი უფლების წართმევა.
და მართლაც, რაკი კაპიტალი არ არის, ხოლო მრეწველობა კი სახელმწიფოს ეჭირვება - აქედან ერთათ ერთი გამოსავალია - დაეყრდნოს მოძრავ კაპიტალს, ე.ი. ადამიანის შრომას. ეს მით უფრო ადვილია, რომ ეს ძალა რუსეთში ბევრი მოიპოვება და მისი მოხმარა მართველობის პოლიციური სისტემით გაადვილებულია. მუდმივი კაპიტალი, ე.ი. ტეხნიკური საშუალებები დაცემულია, მოძრავი კაპიტალი, ადამინის ძალღონე წინ წამოწეულია. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, როგორც იცით, ეს დამოკიდებულება უკუღმაა. იქ წარმოების მთავარი სიმძიმე გადატანილია მუდმივ
კაპიტალზე, ხოლო მცირე - სამუშაო ძალაზე. საბჭოთა კავშირი იმ დარგშიაც დაუბრუნდა პრიმიტიულ კაპიტალიზმს, როცა მანქანის ალაგი ადამიანს ეჭირა. აქედან გამომდინარეობს ორი დიდი შედეგი - საქონლის სიძვირე და სიცოტავე.
საქონლის ღირებულება განიზომება მათში ჩადებული სამუშაო ძალის რაოდენობით, ხოლო ეს კი იზომება დროთი. რაკი საბჭოთა საქონლის დამზადების სიმძიმე ადამიანის ძალაზეა გადატანილი, ცხადია, მასში გაცილებით მეტი სამუშაო ძალაა ჩადებული, ვინემ იმ საქონელში, რომლის დამზადების სიმძიმე ტეხნიკაზეა აგებული. ავიღოთ მაგ. განსაზღვრული რაოდენობა საქონლისა. თუ მის დამუშავებას საბჭოთა ფაბრიკაში ეჭირვება ოცი მუშის და ათი ტეხნიკური ძალა, ევროპიულ ფაბრიკებში კი პირიქითაა - ის მუშავდება ათი მუშის ძალით და ოცი ტეხნიკურის. მაშასადამე, საბჭოთა საქონელი ორჯერ უფრო ძვირია, ვინემ ევროპის. მეორე მხრით, რუსის ოცი მუშა აკეთებს ერთ რაოდენობას საქონლისას, ევროპის მუშა კი ორჯერ მეტს. აქ არის საქონლის სიმრავლე და სიიაფე, იქ კი საქონლის ნაკლებობა და სიძვირი. ეს კიდევ ცოტაა; საქონლის ღირებულებას ქმნის არა ყოველნაირი შიგ ჩადებული შრომა, არამედ შრომის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებლათ საჭიროა ამ ნაწარმოების გაკეთებისათვის. თუ ერთ წყვილ წუღას ერთი ერთ დღეს შეკერავს, ხოლო მეორე ნახევარ დღეს, მისი ღირებულება ისაზღვრება უკანასკნელი რაოდენობით და არა პირველით. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ამ ამბავს ტყობილობენ კონკურენციის საშუალებით: თუ ერთ დარგში რომელიმე მწარმოებელმა შესძლო საწარმოვო ძალის განვითარება, ახალი ტეხნიკური გაუმჯობესების შემოღება და მით სამუშაო ძალის რაოდენობის დაკლება, ის უშვებს საქონელს უფრო იაფათ და მით იძულებულ ყოფს მის კონკურენტს ან გაკოტრდეს, ან საწარმოვო ძალა გაამრავლოს. კონკურენცია ხდება საწარმოვო ძალის ერთ-ერთ მამოძრავებელ და განმავითარებელ ღერძათ.
მარქსი სწერს: „საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ ღირებულებას საზღვრავს არა ის დრო, რომლის განმავლობაში ნივთი კეთდება, არამედ ის უმცირესი დრო (მინიმუმი), რომელიც საჭიროა მისი გაკეთებისათვის, ხოლო ეს მინიმუმი ცხადდება კონკურენციით. წარმოიდგინეთ ერთ წუთს, რომ კონკურენცია არ არის, მაშასადამე, არ არის ის საშუალება, რომლითაც ვტყობილობთ შრომის მინიმუმს დასამუშავებლათ აუცილებელს. რა მოხდება მაშინ? ამ შემთხვევაში საკმარისია დახარჯოთ ექვსი საათი ნივთის დასამზადებლათ, რომ პრუდონის თეორიით, უფლება გქონდეთ მოითხოვოთ ექვსჯერ მეტი სამაგიერო, ვინემ ის, ვინც ამავე ნივთის დასამზადებლათ დახარჯა მხოლოდ ერთი საათი“ („ფილოსოფიის სიღატაკე“).
ერთი სიტყვით, დღეს, საქონლის წარმოების ხანაში, ერთათ-ერთი კონკურენცია ქმნის იმ სოციალურ ურთიერთობას, რომლის საშუალებით თანდათან ვითარდება საწარმოვო ძალა, მრავლდება და იაფდება საქონელი და მზადდება ნიადაგი სოციალისტური საზოგადეობის დასამყარებლათ.
საბჭოთა კავშირში მთელი ეს პროცესი შებრუნებულია. რაკი საბჭოთა მრეწველობის ფარგალში კონკურენცია არ არის, მთელი მსხვილი ინდუსტრია და აღებ-მიცემობა მთავრობის მონოპოლიაა და არავითარ შეჯიბრებას ამ დარგებში არ უშვებს. რანაირათ შეუძლიათ გაიგონ საქონლის დამზადების აუცილებელი დროის რაოდენობა? შეიძლება ერთი არშინი ჩითი ითხოვს ერთ საათს, შეიძლება ნახევარს, ვინ არის ამის მსაჯული? მსაჯულია ტრესტის დირექცია, უეჭველია, მარა მას არავითარი მასალა ამ საკითხის გამოსარკვევათ არ აქვს, გარდა ერთისა - ის გამოიანგარიშებს თავის ხარჯებს და აქედან საქონლის ღირებულებას დაასკვნის. აქ ხდება ის, რასაც მარქსი ამბობს. რაკი მას ექვსი საათი დაეხარჯა ნივთის გასაკეთებლათ, ითხოვს ექვსჯერ მეტ სამაგიეროს, თუნდაც ამ ნივთის დასამზადებლათ საჭირო იყოს ერთი საათი. ე.ი. ის, როგორც მონოპოლისტი, საზოგადოებას ართმევს ხუთ საათს მუქთათ თავის მცონარეობის სადიდებლათ. აქ მომსპარია ყოველნაირი ეკონომიური სტიმული საწარმოვო ძალის განვითარების, შრომის განაყოფიერების და გამრავლების. ტრესტი, მოკლებული კონკურენციას, არ არის იძულებული რაიმე ახალი გაუმჯობესებანი შემოიღოს წარმოებაში, ვინაიდან უამისოთაც იოლათ მიდის. მართალია, მას მცირე კონკურენციას უწევს კუსტარი, წვრილი მწარმოებელი, მარა ამის წამალი ხელთ აქვს - პოლიცია და საგადასახადო პოლიტიკა. მონოპოლიას იცავს მთელი სახელმწიფო, კონკურენციას ებრძვის ყველა აპარატი.
აშკარაა, საბჭოთა საწარმოვო პირობები არის ერთათ-ერთი მიზეზი საბჭოთა საწარმოვო ძალის განიავების, საქონლის სიცოტავის, სიგლახის და სიძვირის, შრომის ნაყოფიერების დაცემის - ერთი სიტყვით, პრიმიტიულ კაპიტალიზმისაკენ დაბრუნების. ესმით ეს ბოლშევიკებს? ესმით, რასაკვირველია. აი რას წერს „პრავდა“: „უცხოეთის კაპიტალის უქონლობა, რომელიც მთავარ როლს თამაშობდა მეფის დროის მრეწველობაში, შეიძლება ანაზღაურებულ იქნას მხოლოდ შინაგანი დაგროვების ზრდით, პირველ რიგში მომჭირნეობით და შრომის ნაყოფიერების ზრდით. მაგრამ ჩვენი მიღწევანი ამ დარგში უმნიშვნელოა“ (16 აგვისტოს ნოემბერი). ე.ი. არც უცხო კაპიტალი, არც შინაგანი - აი ბოლშევიკების გულახდილი აღსარება. მაგრამ ამ მოვლენის მთავარი მიზეზი მათთვის დღევანდლამდე დაფარულია. მათი აზრით, ეს აიხსნება „დაუზოგველობით“ და „აპარატის ბიუროკრატიული დამახინჯებით“. რასაკვირველია, ყველა ეს ნაკლი არსებობს და არ შეიძლება არ არსებობდეს იქ, სადაც ყოველნაირი თავისუფლება გაუქმებულია. მოხელეთა ქურდობა და ავკაცობა ადიდებს საქონლის ხარჯებს და მის ფასს ზრდის. მაგრამ ამ წარმავალი მოვლენით სრულიად არ აიხსნება ძირითადი უკუღმართობა. ის უკანასკნელთან შედარებით მცირემნიშვნელოვანია და არავითარ გადამჭრელ როლს არ თამაშობს საბჭოთა ეკონომიკაში. ბოროტების სათავეა სამრეწველო მონოპოლია, ე.ი. ის, რაც შეადგენს საჭოთა წყობილების არსებას, მის სულს და გულს. როგორ გადაბრუნებულათ აქვთ წარმოდგენილი მთელი თანამედროვე ეკონომიკა ბოლშევიკებს, სჩანს იმათი დღევანდელი ლიდერის - ბუხარინის სიტყვიდან, წარმოთქმული პეტროგრადში 28 ივლისს ოპოზიციის წინააღმდეგ. ის ამბობს:
„ჩვენ კი არსებითათ ხელში გვაქვს მთელი სხვილი მრეწველობა, ჩვენ ხელთა გვაქვს სახელმწიფოზე მონოპოლია, ყველაფერი ძირითადი და მთავარი ჩვენ ხელშია; თუ ჩვენ ასეთ პირობებში არ ვაიძულებთ ჩვენი მრეწველობის ხელმძღვანელთ გააიაფონ ნაწარმოები, წასწიონ იგი წინ და გააუმჯობესონ, მაშინ ჩვენ დავდგებით გახრწნის საშიშროების წინაშე. იმის ნაცვლათ, რაც კაპიტალისტურ საზოგადოებაში კონკურენციით კეთდება და რაც ჩვენ არა გვაქვს (თუ გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობით), ჩვენ უნდა მივმართოთ შეგნებულ პოლიტიკას, მასების მოთხოვნილებიდან გამომდინარე პოლიტიკას, რომელიც გვიკარნახებს: აწარმოვე უკეთესათ, აწარმოვე უფრო იაფათ, გამოიტანე უკეთესი საქონელი, გამოიტანე უფრო იაფი საქონელი“ („კომუნისტი“ №180).
როგორც ხედავთ, აქ ეკონომიური კანონები, კანონები საქონლის მეურნეობის, გაუქმებულია და მის ალაგას წამოყენებულია „შეგნება“, სურვილი, ბრძანება - ერთი სიტყვით, „კეთილი განზრახვები“. ეს უებარი „მარქსისტი“ ლაპარაკობს წმინდა ანტიმარქსისტული ენით. როგორ შეიძლება კაპიტალისტური წარმოების ნიადაგზე მთავრობამ აწარმოვოს ასეთი „სამართლიანი“ საქონლის პოლიტიკა, დეკრეტებით შეუთანხმოს საქონლის შეძლევა და მისი მოთხოვნილება, დაამყაროს მათ შორის „ჭეშმარიტი პროპორცია“?
ამაზე მარქსი ასეთ პასუხს იძლევა:
„რა რჩება ამ „პროპორციონალური ურთიერთობისაგან“? არაფერი, გარდა პატიოსანი კაცის სურვილისა - საქონელი გაკეთდეს ისეთ პროპორციაში, რომ ის იყიდებოდეს პატიოსანი ფასით. ყოველ დროში კეთილი ბურჟუა და ფილანტროპი ეკონომისტები გამოთქვამდენ ასეთ გულუბრყვილო განზრახვებს“. ერთი მათგანი სწერს: „ყველა ერმა შინჯა სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგლამენტებით და კომერციული შევიწროებით განახორციელონ რამოდენიმეთ ეს კანონი პროპორციონალობისა; მარა ადამიანის ბუნებაში ჩაქსოვილ ეგოიზმმა დაანგრია მთელი ეს გაწესრიგებული რეჟიმი. წარმოება პროპორციონალური - ეს ეკონომიური მეცნიერების სრული ჭეშმარიტების განხორციელებააო“ (იქ.).
ბუხარინიც, როგორც ერთი ამ კეთილ ფილანტროპთაგანი, რომელსაც სურს გააბედნიერეს რუსის ხალხი, ითხოვს ხალხის მოთხოვნილებას და მრეწველობას შორის მკაცრი პროპორციის დაცვას.
„ეს შეიძლებოდა, განაგრძობს მარქსი, მხოლოდ იმ დროს, როცა წარმოების საშუალებანი საზღვარ დადებული იყო; როცა გაცვლა ხდებოდა მეტათ ვიწრო ფარგლებში. დიდი ინდუსტრიის დაბადებით ეს სამართლიანი პროპორცია შეწყდა და წარმოება იძულებულია აუცილებლათ იაროს შეუჩერებლივ დაცემიდან აღორძინებისკენ, დეპრესიით, კრიზისით, შეჩერებით ახალ აყვავებისაკენ და ასე ბოლომდე. ყველა ის, ვისაც სისმონდივით სურს დაუბრუნდეს სამართლიან პროპორციას წარმოებაში და ამასთანავე თანამედროვე საზოგადოების ბაზას ინახვენ, რეაქციონერებია, ვინაიდან ისინი იძულებულნი არიან, ლოღიკაში თუ სურთ დარჩენ, მოაბრუნონ ძველი დროის დანარჩენი ეკონომიური პირობებიც“ (იქ.).
რუსეთის ბოლშევიკებმა ეს მარქსის მიერ ნავარაუდევი უკან დახევა სავსებით განახორციელეს. ბურჟუაზიული საქონელი ნიშნავს საწარმოვო ძალის აღორძინებას, სიიაფეს და სიმრავლეს; საბჭოთა საქონელი კი გამოხატულებაა საწარმოვო ძალის დაცემის, სიძვირის და სიცოტავის. ერთია თანამედროვე მოვლენა, მეორე კი ძველისძველი, პრიმიტიულ-კაპიტალისტური მეურნეობა. დღევანდელი ევროპა იშვა სწორეთ ამ მეურნეობის დარღვევით, ე.ი. დარღვევით იმ მდგომარეობის, როცა სახელმწიფო კანონებით, ბრძანებებით და ნიხრებით შეკრული იყო წარმოება და მას გასაქანს არ აძლევდა. რუსეთის დღის წესრიგში დგას იგივე ამოცანა. ბურჟუაზიული რევოლიუცია მისი გარდაუვალი ეტაპია...
ამგვარათ, საბჭოთა საქონლის მატერიალური საფუძველი დიდათ ჩამოუვარდება თანამედროვე საწარმოვო საფუძველს. საქონელი მზადდება არა საქონლის პირობებში და თან ატარებს ყველა თავის უარყოფით თვისებებს. ასეთსავე პირობებშია ჩაყენებული ცოცხალი საქონელიც, პროლეტარის სამუშაო ძალღონე, რომელიც აქაც ისე იყიდება, როგორც ყოველგან, მარა მის ღირებულებას არ აქვს არავითარი ობიექტიური საზომი. საიდან იცის საბჭოთა მუშამ ან მისმა დამქირავებელ ხელისუფლებამ, რა ღირს მუშა საათში ან დღეში? ევროპაში ამ საკითხს სწყვეტს ეკონომიური კონკურენცია და კლასთა ბრძოლა. რუსეთში ეს ორივე გაუქმებულია. კლასები არსებობენ, მარა „მადლობა ღმერთს, აღარ იბრძვიან“, მუშის დამქირავებელთა შორის მოცილეობა მოსპობილია. დარჩა მხოლოდ კონკურენცია მუშთა შორის, რაც იძლევა საშუალებას შრომის უსაზღვრო ექსპლოატაციისას. ამას წინეთ ბ. პროკოპოვიჩმა გამოაცხადა, რომ საბჭოთა მუშა მეტს იღებს, ვინემ აკეთებსო. ეს უბრალო ბუხჰალტერიული ანგარიშია, ბოლშევიკების კომერციული დავთრებისაგან ამოღებული. რაკი მთელი მრეწველობა საზარალოა, რაკი ის სახელმწიფო სუბსიდიებით სულდგმულობს, აშკარაა, მუშის შრომაც საზარალოა, ისე როგორც ინჟინრის, ტეხნიკური პერსონალის და სხვების. გამოდის, რომ მუშა ცხოვრობს საზოგადოების ხარჯზე. მაგრამ საკმარისია ჩაუკვირდეთ ამ საკითხს, რომ სურათი სავსებით გამოიცვალოს. პირველ ყოვლისა, როგორ ხდება, რომ რუსის მუშა, ევროპის მრეწველობაში ჩაბმული, უქმნის სიმდიდრეს ხაზეინს, ხოლო რუსეთში კი მას „ზარალი“ მოაქვს? ამის მთავარი მიზეზია არა მუშა, არამედ ის ტექნიკური მოწყობილება, რომლითაც მუშა მუშაობს აქა და იქ, ე.ი. საკითხს სწყვეტს საწარმოვო ძალთა მდგომარეობა. თქვენ რომ მუშა დაიქირაოთ და მას სიზიფის სამუშაო დააკისროთ, ეს რა მისი ბრალია. ის ხომ ხარჯავს თავის ძალ-ღონეს, რისთვისაც გასამრჯელო უნდა მიიღოს. ღებულობს კი საბჭოთა მუშა თავის დახარჯულ შრომის შესაფერ ღირებულებას? რასაკვირველია არა; და ეს იმიტომ, რომ კაცმა არ იცის ამ ღირებულების რაოდენობა. მუშამ იცის, რა უჯდება მას ცხოვრება და აყენებს თავის მინიმუმს. მეორე მხრით, თავის ანგარიშს აკეთებს დამქირავებელი, სახელმწიფო-ხაზეინი. ეს ანგარიში დაფუძნებულია არა მუშის ანგარიშებზე, არამედ წარმოების მდგომარეობაზე. და ვინაიდან მისი წარმოება ზარალს იძლევა - მისი ანგარიშიც მუშის მოთხოვნილებას ეპირდაპირება. აქედან მუშისათვის ერთათ-ერთი გამოსავალია: ბრძოლა, გაფიცვა, ძალის დატანება პატრონისათვის. ამ შემთხვევაში უკანასკნელი გაინძრევა და საწარმოვო ძალის გაზრდით, ახალი ტექნიკური ხელსაწყოს შემოღებით შრომის ნაყოფიერებას გაზრდის, ე.ი. პროლეტარიატის თავისუფალი ბრძოლა შეიქნება სტიმული საწარმოვო ძალთა განვითარების, როგორც ეს ყოველგან ხდება. მარა აი აქ, ამ ბრძოლის თავიდან ასაშორებლათ ამუშავებულია მთელი რიგი აპარატების - კომუნისტური პარტია, პროფესიანალური ორგანიზაცია, პოლიცია - მთელი სახელმწიფო და მუშას აიძულებენ დაემორჩილოს შეძლეულ ხელფასს. შეთხზულია შესაფერისი მოძღვრებაც მუშის მოსატყუებლათ. სახელმწიფო მუშებისაა, ქადაგობენ ეს დაქირავებული ხროვა, ზარალი უნდა აიტანოს მუშა-ხაზეინმა, რომელი პატრონი ებრძვის თავის თავსო და სხვა. „ჩვენი მრეწველობა არის მუშათა კლასის მრეწველობა ბიუროკრატიული ნაკლულევანობით“, აცხადებს ბუხარინი თავის ზემოთ დასახელებულ სიტყვაში. ამის შედეგია მუშის უკიდურესი გაყვლეფა, რომლის მსგავსი არსად, არც ერთ ბურჟუაზიულ წარმოებაში არ შეიძლება იყოს.
ერთი მხრით, მუშის შრომა საბჭოთა წყალობით არ არის საზოგადო აუცილებელი შრომა, მაშასადამე, მისი ღირებულების გამოანგარიშება შეუძლებელია; მეორე მხრით, ის ხარჯავს აუარებელ ძალღონეს ამ საზოგადოებისათვის უსარგებლო შრომაზე და იღებს შენოძლეულ ღატაკ ხელფასს. მუშა და საზოგადოება ერთნაირათ იყვლიფება ხელისუფლების მიერ. მუშა შეიძლება იღებს მეტს, ვინემ აკეთებს, მარა ამასთანავე იღებს გაცილებით ნაკლებს, ვინემ ეხარჯება. მისი ხელფასი არავითარ პროპორციაში არ არის მის მიერ დახარჯულ ძალღონესთან. ის გაღატაკებულია, გადაშენების გზაზე დამდგარია. საკმარისია გაეცნოთ დონბასის, ურალის და სხვა რაიონების მუშათა მდგომარეობას ბოლშევიკური პრესიდან, რომ ეს ჭეშმარიტება ნათელ იქნას.
საბჭოთა ცოცხალი საქონელი, მუშის ძალ-ღონე ჩაყენებულია ისეთსავე პირობებში, როგორიცაა მისი კვდარი საქონელი - ნივთი. რაკი მათი ნამდვილი ღირებულება დაფარულია, არც ერთი არ იცვლება შესაფერ ეკვივალენტზე. ორივე პატრონის ქეიფზეა დამოკიდებული და მის ბუხჰალტერიაზე. ეს უებარი „ბუხჰალტერია“ ისე ჩინებულათ არის მოწყობილი, რომ მუშა არასოდეს თავის დროზე ხელფასს არ იღებს, ის მუდამ სახელმწიფოს კრედიტორია და ხშირათ იძულებულია გაფიცვებს და ძალადობას მიმართოს თავისი ნაოფლარი გროშების მისაღებათ. ხელისუფლება მუდამ პროლეტარიატიდან სესხულობს მოძრავ კაპიტალს სამუშაო ძალღონის სახით, რომლის წინაშე ის მუდმივ გაუსწორებელ ვალშია. ამ ორ-გვარ საქონელ შორის ერთი დიდი განსხვავებაა. მაშინ როდესაც მუშის ძალას არავითარი დამცველი არ ყავს, მის მაღალ ფასებში განაღდებას არავითარი ორგანო არ ცდილობს, ნივთი კი გამოცხადებულია სახელმწიფო დაცვის განსაკუთრებით საგნათ და მის დიდ ფასებში გასასაღებლათ იღება საგანგებო ზომები.
რა ზომებია ეს?
2. საბჭოთა საქონლის გაცვლა
და ასე, ამდენი დავიდარაბით და ჭაპანწყვეტით დამზადებული საქონელი ბოლოს და ბოლოს გამოდის ბაზარზე გასაყიდათ. ის აქ უცებ ვარდება ბურჟუაზიულ ურთიერთობაში, სადაც უნდა მოხდეს მისთვის ფარდის ახდა და მისი ღირებულობის გამოაშკარავება. მაგრამ მისი საბაზრო ფასის მის ნამდვილ ღირებულებამდე დაყვანა იქნებაოდა მისი საშინელი კატასტროფა და მით მთელი საბჭოთა წარმოების დაქცევა. საქონლის გასაღების პირობები ისაზღვრება მისი დამუშავების პირობებით. მათ შორის წინააღმდეგობის დამყარებას ვერავითარი საქონელი ვერ აიტანს. რაკი კონკურენცია გამორიცხულია წარმოებიდან, ის უნდა იყოს გამორიცხული გაცვლიდანაც. უკანასკნელი პირველის აუცილებელი დასკვნაა.
და აი, საბჭოთა საქონელი გამოდის ბაზარზე არა მარტო როგორც ბურჟუაზიული საქონელი, არამედ ძლევამოსილი ამალით. მას წინ მიუძღვის გეპეუ, უკან მისდევს ცესეუ. ციფრების უსატაბაში უყვირის პოლიციის უსტაბაშს - ფრთხილათ, ეს კოჭლი ბავშვი არსად გადამიჩეხოვო! გადაჩეხა კი მეტათ ადვილია; მას ყოველ მხრივ მტერი ყავს ჩასაფრებული და არ ანებებს თვითნებურათ ნავარდობას. პირველი და მთავარი მტერია რასაკვირველია უცხოეთის ბურჟუაზიული საქონელი. მათი ერთი შეხვედრა თავდაყირა დაატრიალებს მთელ საბჭოთა ეკონომიკას და ესეც, რასაკვირველია, ღებულობს შესაფერ ზომებს. უკან ჩამორჩენილ ქვეყანაში ბაჟებს ჩვეულებრივათ აქვს აღმზრდელობითი მნიშვნელობა, ე.ი. ის ავითარებს სუსტ წარმოებას და ხდის მას მძლავრათ. საბჭოთა კავშირში ბაჟები სულ წინააღმდეგ როლს თამაშობენ. აქ ის იცავს დაცემულ წარმოებას, ასუსტებს საწარმოვო ძალას, აკნინებს მრეწველობას და მის ნაყოფს. და თუ კიდევ საბჭოთა საქონელი მთლათ არ დაცემულა, ამის ერთი მიზეზთაგანია ის გასაშტერებელი უმაგალითო კონტრაბანდა, რასაც ადგილი აქვს საბჭოთა კავშირში და რის მსგავსი თანამედროვე სახელმწიფომ არ იცის. მაგ. ამიერკავკასიაში, ბოლშევიკების ცნობით, მანუფაქტურის 40 პროც. უცხოეთიდან უბაჟოთ შემოტანილია. მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომები, აკრძალვითი ბაჟები იწვევს მცხოვრებლებისაგან საწინააღმდეგო ზომებს - არა ლეგალურ ვაჭრობას. ბრძოლა ბურჟუაზიული საქონლისათვის ფართოთ წარმოებს მთელ რუსეთში.
ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ თავისი აკრძალვითი ბაჟებით თავიდან მოიშორა კანონიერ ასპარეზზე მთავარი მტერი - უცხოეთის კონკურენცია. მაგრამ მას დარჩა მეორე მტერი, უფრო მაგარი და მოუშორებელი - ეს არის შინაგანი მეტოქე, წვრილი ბურჟუაზიული წარმოება. აქ კი ბრძოლა არც ისე ადვილია. ამ სფეროშიბოლშევიკებში ორი სული ტრიალებს - წვრილი ბურჟუაზიული და „კომუნისტური“. ერთი ხელით ის თავზე ხელს უსვამს და ეფერება წვრილ მწარმოებელს, ხოლო მეორე ხელით ჯიბეს უცალიერებს. ამას არც კი მალვენ. ბუხარინი ამბობს: „კერძო კაპიტალისაგან ჩვენ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რის აღებაც შეიძლება. მხოლოდ ის დარჩეს ცოცხალი, რამდენათაც იგი გამოგვადგება შემდეგში საწველათ“ (იქ.). ეკონომიურ ენაზე ეს ნიშნავს წვრილი კაპიტალის საწარმოვო ძალის ჩამოქვეითებას, მისი საქონლის საბჭოთა საქონლისათვის დამსგავსებას. რა გზით ახორციელებს მთავრობა ამ ნიველიროვკას (დამდაბლება)? რასაკვირველია, არა ეკონომიური კონკურენციით, არამედ სახელმწიფო ზომებით. ეს ზომები ცნობილია: პოლიციური დევნა, კრედიტის დაჭერა, მძიმე გადასახადების დადება, საქონლის ნიხრების შემოღება, ნედლი მასალის არ მიცემა, და სხ. და სხ. მაგრამ ვინაიდან ბოლშევიკების „სოციალისტურ სამოთხეში“ ყველაფერი იყიდება, წვრილი კაპიტალისტებიც ახერხებენ ქრთამებით თავისი საქმე განაგრძონ და სახელმწიფო საქონელს მცირეოდენი კონკურენცია გაუწიონ. მთელ კავშირში კერძო საქონელი როგორც კი პირისპირ შეხვდება საბჭოურს, გამარჯვებული გამოდის.
საბჭოთა საქონელს უცხოეთი ებრძვის კონტრაბანდით, რუსეთი - ქრთამით, ე.ი. ბურჟუაზიული მოცილეობა წარმოებს არალეგალური გზით. ესეც რომ არ იყოს - საბჭოთა წარმოება მთლათ დაეცემოდა და მისი საქონელი საშუალო საუკუნეთა საქონელს დაემსგავსებოდა.
მოიშორა რა ასე „სასახელოთ“ ორი მთავარი მტერი, საბჭოთა საქონელი მიადგა მესამეს, უკანასკნელ მტერს, ერთობ მრავალრიცხოვან და ძნელათ დასაძლევ. ეს არის გლეხობა. აქ იწყება საბჭოთა სააღებ-მიცემო ჭაპანწყვეტა. მათი მთელი ეკონომიური პოლიტიკა ამჟამათ გლეხს უტრიალებს - მიყიდოს მას ძვირათ თავისი საქონელი და გამოართვას მას იაფათ მისი საქონელი. ამ ვაჭრობის მოგება გახდება მრეწველობის ახალ კაპიტალათ. გლეხმა უნდა მისცეს საბჭოთა წარმოებას ის თანხა, რასაც ვერსად ვერ შოულობს. „გლეხი უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს სოციალისტურ მრეწველობის აღმშენებლობაში და ამიტომ ის, რაც შემოდის გადასახადებიდან, სამრეწველო მოგებიდან იმ საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვყიდით გლეხობაზე და სხვაგვარ შემოსავლიდან, ყოველივე ამას ასე თუ ისე ვიღებთ გლეხობისაგან“, ამბობს ბუხარინი (იქ.). ერთი სიტყვით, გლეხი მეტათ საჭიროა ბოლშევიკებისათვის საკრეჭათ. როგორ უნდა იწარმოვოს ეს კრეჭა? რა პირობებში ხდება საქონელთა გაცვლა, ისე რომ საბჭომ მოიგოს?
საბჭოთა საქონელი ძვირია, ე.ი. მასში სამუშაო ძალა საჭიროებაზე მეტია ჩადებული; გლეხის საქონელი კი იაფია, ვინაიდან მასზე დახარჯული სამუშაო ძალა სოციალურათ აუცილებელია რუსეთის სასოფლო პირობებში. ამ მის თვისებას ააშკარავებს კერძო მწარმოებელთა შორის არსებული კონკურენცია. მანეთიან პურში არავინ გაიღებს ორ მანეთიან გოჭს. სოფლათ იცვლება თანასწორი ღირებულებანი. მაგრამ აი აქ შემოიჭრა საბჭოთა საქონელი და ითხოვს საბაზრო პირობების თავდაყირა დატრიალებას - მანეთიანი ღირებულების ორ მანეთათ გასაღებას. იწყება ბრძოლა გლეხს და სახელმწიფოს შორის გაცვლის ნიადაგზე. შარშან ამ ბრძოლაში დამარცხდა მთავრობა და ის იყო კომუნისტურ პარტიაში გაჩნდა ოპოზიცია. წელს პარტიას გამოაქვს ახალი დირექტივები გლეხის დასამარცხებლათ. ც.კ. სავსებით ჩაეფლა ეკონომიურ უტოპიაში.
პირველ ყოვლისა, ც.კ. აღიარებს ორ ფაქტს: სამრეწველო საქონლის ნაკლებობას გლეხის მოთხოვნილებასთან შედარებით, ე.ი. საბჭოთა საწარმოვო ძალის დაცემას და გლეხობის შეძლებული ნაწილის მიერ პურის ბეღელში გაჩერებას, ე.ი. კერძო მეურნეობის საწარმოვო ძალის გაძლიერებას. ც.კ. ფიქრობს ამ მძლავრის დამარცხებას ფასების პოლიტიკით. ის სწერს: „უნდა მიღწეულ იქნას ნორმალური დამოკიდებულება შემოდგომის და გაზაფხულის ფასებს შორის და აგრეთვე რაიონების ფასების ნორმალური ურთიერთობა“. საჭიროა „ბრძოლა როგორც პურის ფასის უზომო დაცემასთან, ისე ამ ფასების აწევასან განსაზღვრულ დონეს ზევით“. ვინ აწესებს ამ „ნორმას“, ამ „დონეს“? ეს ყოვლად შემძლე რეგულიატორია, რასაკვირველია, სახელმწიფო აპარატები, რომელთა ვალია, ც.კ. დადგენილებით, შეიყიდოს გასაყიდი პურის არა ნაკლები 70 პროცენტისა. ამ მიზნით „პლენუმი ავალებს პოლიტბიუროს მიაქციოს განსაკუთრებითი ყურადღება სამრეწველო საქონლის მოქნილათ მოხმარას, როგორც განსაკუთრებითი პირობა პურის დამზადების კამპანიის ჩასატარებლათ“. ერთი სიტყვით, ც. კ. გლეხის საქონელზე აწესებს „ნორმალურ“ ფასებს, რომლის ზემოთ და ქვემოთ ის არ უნდა დაეშვას. საქონელი იცვლება თანახმათ არა მისი ეკონომიური ბუნებისა, არამედ კომუნისტური პარტიის სურვილისა და სახელმწიფო დეკრეტებისა. საბჭოთა მართველობას და გლეხობას შორის გამოცხადებულია აშკარა ბრძოლა. ამ შეტაკებაში „ველური“ გლეხი წარმოადგენს ეკონომიურ პროგრესს, ხოლო „მარქსისტი“ კომუნისტი - ეკონომიურ რეაქციას.
და მართლაც, რას ითხოვს გლეხი? ის ითხოვს პოლიტიკური ეკონომიის ანბანურ ჭეშმარიტებას - თანასწორ ღირებულებათა გაცვლას. კაცობრიობის განვითარება იხატება ერთ ძირითად ეკონომიურ მოვლენაში: სამრეწველო საქონლის გაიაფებასა და სამეურნეო საქონლის გაძვირებაში, ე.ი. სამრეწველო საწარმოვო ძალა ვითარდება უფრო სწრაფათ, ვინემ სამეურნეო. კურთხეულ ბოლშევიკურ რუსეთში ხდება უკუღმა - სამრეწველო საქონელი ძვირდება, სასოფლო იაფდება! მაშასადამე, აქ წარმოებს ბრძოლა საბჭოთა დაცემულ და გლეხის აწეულ საწარმოვო ძალთა შორის. ხელისუფლება ცდილობს თავისი ეკონომიური უძლურება შეინახოს ხელოვნური ზომებით, გლეხი კი პირიქით, მას ძალას ატანს, ეს უძლურება შესცვალოს ძლიერებაზე და მას გაუთანასწორდეს. ბოლშევიკების გამარჯვება ნიშნავს გლეხის მეურნეობის დაქვეითებას, მისი საწარმოვო ძალის საბჭოთა საწარმოვო ძალამდე დაყვანას. ამის შედეგი იქნებოდა სასოფლო ნაწარმოების გაძვირება, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს საბჭოთა ეკონომიურ მდგომარეობას. ეს ორი მოქიშპე ბანაკი იბრძვიან სხვადასხვა საშუალებებით. მთავრობა უპირდაპირებს მყიდველის ერთ ფრონტს ურიცხვ დაქსაქსულ გამყიდველს. ის არის მყიდველი მონოპოლისტი. კერძო მუშტარი იდევნება. ც.კ. სწერს:
„ფასების სასურველი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფათ, ეკონომიურ და საკრედიტო-ფინანსიური ხასიათის ღონისძიებათა გარდა, გატარებულ უნდა იქნას აგრეთვე სახელმწიფო და კოოპერატიული პურის დამამზადებელ ორგანოების ბაზარზე შეთანხმებული გამოსვლის მეთოდი“. ამ გზით გლეხს უნდა მოესპოს არჩევანის შესაძლებლობა და იძულებული გახდეს მიყიდოს თავისი ნაშრომი მთავრობას შემოძლეულ ფასებში. ამ შეტევას გლეხი უპასუხებს პურის გაჩერებით, მეტი ნაწილის თავის ოჯახში მოხმარათ თავის და პირუტყვის საკვებათ, და ცდით, კერძო ვაჭრებზე მიყიდვით, წარმოების შემცირებით, ერთი სიტყვით, მთელი რიგი მიხვევ-მოხვევით და გაძრომ-გამოძრომით. მხოლოდ ღარიბი გლეხია იძულებული პური საჩქაროთ გაყიდოს და მით ხელი მოინაცვლოს. მოსახლეთა ეს ნაწილი არის მთავარი ლუკმა საბჭოთა მთავრობის და მას ის კიდევაც არხეინათ კრეჭს. მისი ექსპლოატაცია არაფრით არ ჩამოუვარდება პროლეტარის ექსპლოატაციას. ორივე ერთნაირათ გაცილებით ნაკლებს იღებს შედარებით იმ ძალ-ღონესან, რომელსაც ისინი ხარჯავენ. სასოფლო ნაწარმოების უდიდესი ნაწილი სხვილი გლეხობის ხელშია; აი ეს ციხე კი რჩება აუღებელი.
ამნაირათ, საქონლის დამზადების და გაცვლის ნიადაგზე წარმოებს ბრძოლა კომუნისტურ პარტიას და დანარჩენ მცხოვრებთ შორის. ამ ბრძოლაში სავსებით დამარცხებულია პროლეტარიატი და ღარიბი გლეხობა. წვრილი ბურჟუაზია ქალაქის და სოფლის თავის პოზიციას ინარჩუნებს და ხშირათ შეტევაზე გადადის. ბოლშევიკების ცნობით, წვრილ-მრეწველებმა შარშან მოიგეს 400 მილიონი მან. (იხ. ბუხარინის სიტყვა), მაშინ როდესაც მთელი საბჭოთა მრეწველობა ზარალშია და ხაზინის სუბსიდიას საჭიროებს. და აი რამდენათ წვრილი ბუჟუაზია იჩენს სასიცოცხლო ძალას და ებრძვის გაბატონებულ პარტიას, იმდენათ უკანასკნელი მის წინ იჩოქებს და მას ეარშიყება.
რაკი საბჭოთა წყობილებაში ყველა კლასი დაზარალებულია, ვისი ინტერესია ამ წყობილების შენახვა? უეჭველია იმათი, ვინც მოგებულია, ვისიც წისქვილი აბრუნებულია და ჯიბე გასქელებულია. ეს ბატონი გახლავს ხელისუფლება - კომუნისტური პარტიის ზედაფენები და ბიუროკრატია, ყველა ის, ვინც ხაზინიდან თავს ირჩენს და მართველ წრეს შეადგენს. საბჭოთა წყობილების ასეთი გადაგვარება ახლა ნათელი ხდება თვით შეგნებული კომუნისტებისათვისაც. ბუხარინის სიტყვით, „ოპოზიცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აპარატის მრავალრიცხოვან ბიუროკრატიულ ჯგუფებს ემატება ის მრავალი ბიუროკრატიული ჯგუფებიც, რომლებმაც თავი მოიყარეს სამეურნეო ორგანოებში, კოოპერაციაში, პროფკავშირებში და სხ. ამგვარათ, იქმნება ისეთი სურათი, რომ ჩვენს აპარატში, მთელ ჩვენს კადრის შემადგენლობას არაფერი საერთო არ აქვთ ფართო მასებთან“. აი ეს ხროვა მუქთა მჭამელთა თავს დასწოლია მთელ ერს, ყველაზე უფრო მძიმეთ მის ღარიბ და უმწეო ნაწილს და ყოველი საშუალებით ცარცვავს თავის სადღეგრძელოთ. თვით ბუხარინიც გამოტყდა, რომ არსებობს „აპარატის ბიუროკრატიული გადამახინჯება“, ხოლო ამჩნევს იმას, რომ ეს გადამახინჯება შედეგია ეკონომიური გადამახინჯების. პირველი უკანასკნელის პოლიტიკური ჩარჩოა. ეს არის ერთი მთლიანი წყობილება, დაყრდნობილი ეკონომიურ, სოციალურ და იდეურ ბრძოლის უარისყოფაზე. საკმარისია ეს ბრძოლა დაუშვათ ერთ სფეროში, რომ ის დანარჩენ სფეროსაც მოედვას და მით მთელი საბჭოთა შენობა დაინგრეს. საბჭოთა ეკონომიკა ან მთლათ უნდა მიიღოთ, ან მთლათ უარყოთ, მისი შეკეთება შეუძლებელია.
დასკვნა: ამნაირათ, საბჭოთა ეკონომიკა თავის შინაგანი ბუნებით მიჯაჭულია დაცემულ საწარმოვო ძალაზე და სულდგმულობს მუშის და ღარიბი გლეხის ბარბაროსული გაყვლებით. ამავე დროს ის ებრძვის კერძო საწარმოვო ძალის განვითარებას და აჩერებს ქვეყნის აღორძინებას. ის ეწინააღმდგება მთელი ნაციის სასიცოცხლო ინტერესებს და ემსახურება მართველთა მრავალნაირ ჯგუფებს, მისი მთავარი მსხვერპლია პროლეტარიატი და აქედან უნდა წარმოსდგეს მისი მესაფლავეც.
ნ. ჟ.
ბრძოლა (ჟურნალი. პარიზი). - 1926. - №15
_______________
1. რაკოვსკის ეს ცნობები დაიბეჭდა გაზეთებში.
![]() |
28 ინდუსტრიალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის კომუნისტური პარტიის ოპოზიცია და პოზიცია მორიგდენ პარტიული დისციპლინის ნიადაგზე, მარა ვერ მორიგდენ პოლიტიკის ნიადაგზე და თვითეული ბანაკი დარჩა თავის საკუთარ მოძღვრების ფარგალში. მათ შორის ატეხილი დავა ტრიალებს ერთ ძირითად საკითხის გარეშემო, რომლის სხვადასხვა ნაირი გადაჭრა აყალიბებს ორ სხვადასხვა იდეიურ მიმდინარეობას ერთდაიმავე ორგანიზაციულ ჩარჩოში. ეს საკითხია ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. ამ ზომის საჭიროებაში ორივე ჯგუფი თანასწორათ დარწმუნებულია, მის აუცილებელ გატარებას ორივენი ერთნაირათ თხოულობენ, განსხვავებაა მხოლოდ საშუალებებში.
საბჭოთა კავშირი ეკონომიურათ წარმოადგენს განმარტოვებულ სახელმწიფოს. ის არ შედის მსოფლიო ეკონომიურ სისტემაში და არ ემორჩილება აქ გამეფებულ კანონებს. ამიტომ ინდუსტრიალიზაციის საკითხი იქ დგას არა ისე, როგორც ყოველგან, არა ინტერნაციონალური ეკონომიკის ფორმაში, არამედ წმინდა რუსულ ნაციონალურ სამოსელში. გამოცალკევებულ ნივთიერ ურთიერთობაში სამრეწველო განვითარება შეიძლება მოხდეს წმინდა შინაგანი რესურსებით და სწორეთ ამ რესურსების ძებნაშია დღეს ბოლშევიკები. ინდუსტრიალიზაციის ეს ნაციონალური ფორმა გამოცხადებულია დოგმათ, ბოლშევიზმის პოლიტიკურ ეკონომიათ, ხოლო მასში დაეჭვება - უმაღლეს მოღალატეობათ. ინტერნაციონალურ კაპიტალზე დაყრდნობა ნიშნავს საბჭოთა სალტეს გარღვევას, გამოცალკევებული მეურნეობის მოსპობას და ევროპის სააღებმიცემო კანონების რუსეთზედაც გავრცელებას. თავისთავად ცხადია, რომ კრემლი ამ თავისთავის დასასრულს ებრძვის და ორივე ხელით თავის კერას ებღაუჭება.
მაშასადამე, გადასაჭრელია შემდეგი პრობლემა: რანაირათ შეუძლია საბჭოთა კავშირს თავისი შინაური საშუალებებით სამრეწველო განვითარება, აგრარიული ქვეყნის ინდუსტრიალურ ქვეყნათ გადაქცევა. ეს ამოცანა გულისხმობს მეორეს - რა გზით შეიძლება კაპიტალის დაგროვება და მისი მრეწველობაში დაბანდება. მრეწველობის განვითარება პირველ ყოვლისა კაპიტალის გამრავლება და განვითარებაა. ცხადია, კაპიტალის დაგროვება არის ძირითადი საკითხი არა მარტო რუსეთის, არამედ ყველა ჩამორჩენილი ერის, რომელსაც კი სურს ეკონომიური აღორძინება და თანამედროვე ერათ გადაქცევა. ეს კი შეკავშირებულია ქვეყნის საერთო სოციალურ მდგომარეობასან, მის ეკონომიკასან და პოლიტიკასან. ამ, მხრით, საბჭოთა კავშირი წარმოადგენს სრულიად თავისებურ ერთეულს მსოფლიო ეკონომიკასან შედარებით. მან სამკვიდროთ მიიღო დიდძალი კაპიტალი საწარმოვო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის საშუალებით. მარა ეს ქონება მან ვერ შეინახა და ნაწილი მისი ღირებულებისა დაკარგა. რაკოვსკის ცნობით, სამრეწველო კაპიტალს დააკლდა 32 პროც. ღირებულებისა. მრეწველობა მოითხოვს მისი კაპიტალის მუდმივ განახლებას, მისი ტეხნიკის მუდმივ ზრდას და გადასხვაფერებას. ერთ დონეზე შენახული საწარმოვო იარაღები ფუჭდება, ინგრევა, სამუშაო ძალა ეცლება. ამ ულმობელი ტეხნიკური აუცილებლობის მსხვერპლია საბჭოთა მრეწველობა. მარა ამ საწარმოვო დაუძლურებამ გამოიწვია ერთი დიდი შედეგი - ქვეყნის აგრარიზაციის გაძლიერება. სამრეწველო შრომა კარგავს მოპოვებულ პოზიციას და უკან იხევს სამეურნეო შრომის წინაშე. ომის წინ ქვეყნის მთელი შემოსავალი უდრიდა 11,740 მილიონ ოქროს მანეთს. ამაში სასოფლო მეურნეობა იძლეოდა 6.270 მილიონს, მრეწველობა 5.620 მილ. ე.ი. შრომის ორი დარგი თითქმის უთანასწორდებოდა ერთიმეორეს თავისი ნაყოფიერებით.1 რუსეთი მედგრათ შედგა ინდუსტრიალიზაციის გზაზე. ახლა კი რიკოვის ცნობით, სასოფლო მეურნეობა იძლევა 11 მილიარდის, ხოლო მრეწველობა 5 მილიარდის საერთო შემოსავალს, ე.ი. მეურნეობა იძლევა ორჯერ მეტს, ვინემ მრეწველობა (პრავდა 23 ოქტომბერი 1926).2 მთელს სახალხო ეკონომიკაში მრეწველობის ნაყოფიერება ჩამოქვეითებულა ორჯერ, ხოლო სასოფლო მეურნეობის - გაზრდილა ამდენჯერვე, ამიტომ რიკოვი სამართლიანათ შენიშნავს, რომ ამ ორივე წარმოებამ „წლითი წლობამდე ერთნაირი პროცენტითაც რომ იზარდოს, მოხდება ქვეყნის აგრარიზაცია“ („ზარ. ვას.“ 12 მარტი). დღეს გაცილებით მეტი მცხოვრებია ჩაბმული მეურნეობაში, ვინემ ეს იყო წინეთ. ამ მხრით საბჭოთა კავშირი ყველა ქვეყნების უკან დგას, გარდა ინდოეთისა, რომელსაც ის მხარს უშვენებს (ვოიტ. II, 5 ). აი ამ აგრარიზაციისაგან წარმოსდგება ცნობილი დისპროპორცია სამრეწველო და სამეურნეო ნაწარმოებთა შორის. მრეწველობა ვერ აკმაყოფილებს სოფლის მოთხოვნილებას და სოფელი იძულებულია თავის შიგნით აინაზღაუროს სამრეწველო დანაკლისი. შინა მრეწველობა (კუსტარი) ვითარდება და იჭერს ქვეყნის ეკონომიკაში საპატიო ადგილს. ამით აგრარიზაცია კიდევ უფრო ძლიერდება, ნატურალური მეურნეობა მაგრდება. თუ წინეთ სოფლის ნაწარმოების 32 პროც. საქონლის სახეს იღებდა, (იქ. 1, გვ. 179), ახლა ეს მცირე რაოდენობაც დიდათ დაკლებულა. ბაზრის პირობები აიძულებს გლეხს, რაც შეიძლება ნაკლები ნაშრომი გაიტანოს გასაყიდათ. ერთი სიტყვით, მრეწველობის დაუძლურება, საქონლის მეურნეობის შემცირება და ნატურალური მეურნეობის გაძლიერება - აი დღევანდელი საბჭოთა ეკონომიკის ძირითადი მდგომარეობა.
ასეთ პირობაში მრეწველობას საკუთარი ფეხით სიარული არ ძალუძს და ის იძულებულია მიმართოს საგანგებო ზომებს თავის დასაცავათ, ე.ი. მას არ ძალუძს თავისი ნაწარმოების ნორმალური აღებ-მიცემობით, წმინდა საქონლის ბრუნვით შეინარჩუნოს არსებობა და განვითარდეს. ის ვერ უძლებს ვერც კერძო მრეწველის, ვერც კუსტარის თავისუფალ მოცილეობას. საბჭოთა ფაბრიკა დაემსგავსა ბატონ-ყმობის დროინდელ ფაბრიკას, როცა კუსტარი მას ეცილებოდა და არღვევდა. ნატურალური მეურნეობის ელემენტები ჭარბობენ სამრეწველო ელემენტებს და მას ერევიან. აი ამ მდგომარეობაში ძევს საბჭოთა ეკონომიური პოლიტიკის ყველა ფესვები.
ამნაირათ, საბჭოთა მრეწველობა და ბურჟუაზიული მრეწველობა იმყოფებიან ორ სხვადასხვა ნივთიერ მდგომარეობაში. პირველს არ შეუძლია განვითარება თავისი საკუთარი, წარმოებისაგან გამომდინარე ეკონომიური კანონებით, კაპიტალის ნორმალური საწარმოვო მოღვაწეობით. მეორე კი პირიქით, ცოცხლობს და იზრდება კაპიტალის საწარმოვო ურთიერთობით, საკუთარი ჯიბით და ხარჯით. აქ კაპიტალის ბატონობა სრულია. მრეწველობის მეურნეობა საზოგადო სისტემაა, იქ კი კაპიტალის ბატონობა საზღვარდადებულია, ის საბატონოთ მოუმწიფებელია და ამიტომ საჭიროებს გარეშე ეკონომიურ ძალის დახმარებას, ეს პოლიციური კაპიტალია. ამ განსხვავებიდან გამომდინარეობს განსხვავება ინდუსტრიალიზაციისა. კაპიტალის დაგროვება. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ხდება კაპიტალისტური წესით, წარმოებით და აღებ-მიცემობით. საბჭოთა საზოგადოებაში კი ეგევე პროცესი ხდება პოლიციური წესით, ძალადობის დახმარებით. აქ მუდმივი, შეუჩერებელი ექსპროპრიაცია სხვისი ქონების მთავარი წყაროა მრეწველობის არსებობის. ეს სხვისი ქონების წაგლეჯა წარმოებს ორი ხაზით - წარმოებაში მუშის დამორჩილებით, გაცვლაში - გლეხის და მასთან ერთათ მთელი საზოგადოების გაყვლეპით. საბჭოთა მრეწველობის ბოძია პროლეტარიატის და გლეხობის საწველ ფურათ გადაქცევა „კანონით“, სახელმწიფოს ძალმომრეობით.
ამით ბოლშევიკებს რასაკვირველია არაფერი ახალი არ უთქვამთ. ისინი მხოლოდ იმეორებენ ჩვილი კაპიტალიზმის პირველ პერიოდს, როცა ახალდაბადებულ მრეწველობას სახელმწიფო ეხმარებოდა. რაკი მრეწველობამ ერთხელ ფეხი აიდგა, ის იძულებულია განვითარდეს, ერთ დონეზე გაჩერებული წარმოება ინგრევა. მარა მრეწველობის გასავითარებლად აუცილებელია საქონლის მასიური დამზადება და იაფათ გასაღება. ეს კი შეიძლება მხოლოდ განვითარებულ მრეწველობაში. გამოდის, რომ ინდუსტრიალიზაციის მიუცილებელი პირობაა ინდუსტრიალიზაცია! ამ ხლართის გახსნა არ შეიძლება წმინდა ეკონომიური საშუალებით.ის უნდა გაიჭრას ხმლით და კიდევაც ამ გზით იჭრება ყოველგან. გლეხთა პირდაპირი ექსპროპრიაცია, კოლონიების გაძარცვა, მუშების დამორჩილება - აი მთავარი საშუალებანი კაპიტალის დასაგროვებლათ მე-17-18 საუკუნეში. „ყველა ეს მეთოდი, სწერს მარქსი, ხშირათ წარმოებდა უხეში ძალმომრეობით, როგორც მაგ. კოლონიალური სისტემა. ყველა ისინი სარგებლობენ სახელმწიფო ხელისუფლებით, ამ საზოგადოების შეკავშირებული და შეერთებული ძალით იმისთვის, რომ დააჩქარონ ფეოდალური საწარმოვო წესის გადასხვაფერება კაპიტალისტურათ და შეამოკლონ გადასავალი საფეხურები. ძალმომრეობა წარმოადგენს ბებია ქალს ძველი საზოგადოებისათვის, რომელიც კი მძიმეთ არის ახალით. ის თვითონ არის ეკონომიური ძალა“ (კაპიტალი, ტ.1). ძალადობის საგანია მხოლოდ ისინი, ვინც ქმნიან ღირებულებას - მშრომელნი: მუშები და გლეხები, ხოლო შემდეგ ამ გზით გაღონიერებული ინდუსტრია თვით იმორჩილებს მშრომელთ თავისი საკუთარი ეკონომიური წესებით.
საბჭოთა ქურუმები სრულიად არ ფიქრობენ თავისი მრეწველობა მიუშვან თავის ბუნებრივ განვითარებას. ოპოზიცია და პოზიცია ერთხმად ითხოვენ ეკონომიკის სახელმწიფოს ოპეკაში ჩატოვებას. განსხვავება იწყება მხოლოდ შემდეგ. უმცირესობა სახელმწიფო მახვილს უფრო გლეხების წინააღმდეგ მიმართავს, ხოლო უმრავლესობა იმავე მახვილს პროლეტარიატს უმიზნებს. არც ერთი არ უარყოფს დღეს არსებულ ცარცვას გლეხის და მუშის, დაობენ მხოლოდ მათ კიდევ უფრო გაცარცვაზე. რას ითხოვენ ისინი?
ოპოზიცია მოითხოვს კაპიტალის დაგროვებას გლეხობის ხარჯით. თუ ინგლისის სახელმწიფომ კაპიტალი გაზარდა გლეხთა მიწების წართმევით. საბჭოთა სახელმწიფომ ამავე მიზანს უნდა მიაღწიოს გლეხთა ნაშრომის წართმევით, ეს ერთნაირი კოლონიალური სისტემის გავრცელებაა გლეხობაზე. ოპოზიცია მოკლებულია, მართალია, „გლეხურ ილუზიებს“, მარა სამაგიეროთ მოკლებულია ისტორიულ პერსპექტივასაც. ინგლისში საქმე ეხებოდა ფეოდალურ საწარმოვო სისტემის კაპიტალისტურათ შეცვლას, ე.ი. საწარმოვო ძალღონის აღორძინებას; რუსეთში კი საქმე ეხება კერძო კაპიტალისტური წარმოების სახელმწიფოთ შეცვლას, საწარმოვო ძალის დასუსტებას. აქ იცვლება არა შრომის სისტემა, არა უდაბლესი საფეხური უმაღლესათ, არამედ მწარმოებელის ვინაობა, ერთი ბატონი მეორე ბატონათ. რაკი საზოგადოება აქედან არაფერს არ იგებს, ცხადია, ვერც გაიღებს ისეთ მსხვერპლს, რომელსაც სხვა პირობებში გაიღებდა.
გლეხობის დარბევა უეჭველათ მოამზადებს მასალას მრეწველობისათვის კაცით და ბაზრით, მარა ამისათვის საჭიროა თვით მრეწველობამ შეისვას მუშათა ეს ახალი არმია და მით გააფართოვოს სოფლის ნაწარმოების ბაზარი. ამის შედეგი იქნება მეურნეობის რაციონალიზაცია ერთი მხრით, მრეწველობის აღორძინება მეორე მხრით. საბჭოთა სინამდვილეში, სადაც მრეწველობას სული კბილით უჭირავს, ჩვენ მივიღებთ პაუპერებს და მეურნეობის გავერანებას.
ოპოზიციის წინადადება არის უტოპიური და რეაქციონური.
რას უპირდაპირებს მას პარტია?
პარტიას, როგორც ვთქვით, სიმძიმის ცენტრი გადმოაქვს მუშის შრომაში, კაპიტალის დაგროვების ეკონომიურ პროცესში. ამ ზომის გატარებას აადვილებს მუშის უუფლებობა და დამორჩილება. თუ გლეხს ართმევენ ზედმეტ ნაოფლარს ფასების და გადასახადების პოლიტიკით, პროლეტარს ფცქვნიან სატარიფო პოლიტიკით. რაკი წარმოება იმდენად სუსტია, რომ არ შეიძლება მისი ოპეკიდან განთავისუფლება, ცხადია, მუშის თავისუფალ მოძრაობას ის ვერ გაუძლებს და იძულებულია ამ მტრისაგან თავი დაიფაროს. მარქსი სწერს:
„საქმეთა ჩვეულებრივ მსვლელობაში მუშა შეიძლება მიშვებულ იქნას „წარმოების ბუნებრივ კანონებზე“, ე.ი. კაპიტალის იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც გამომდინარეობს თვით წარმოების პირობებისაგან, რითაც ის მტკიცდება და ხანგრძლივდება. მაგრამ ეს ასე არ იყო კაპიტალისტური წარმოების ისტორიულ დასაწყისში. ამომავალი ბურჟუაზია მაშინ სარგებლობდა სახელმწიფო ძალით მუშის ქირის „რეგულიარიზაციისათვის“, ე.ი. იმისთვის, რომ ის ჩასჭედოს და ჩაიჭიროს იმ საზღვრებში, რომელიც აუცილებელია ზედმეტი ღირებულების შესაქმნელათ, სამუშაო დროის გასაგრძელებლათ და თვით მუშის საკმაო დამოკიდებულებაში დასაჭერათ. ეს არსებითი მომენტია ეგრეთ წოდებული პირველდაწყებითი დაგროვებისა“ (იქ.).
საბჭოთა მრეწველობაში მუშა არ არის „მიშვებული წარმოების ბუნებრივ კანონებზე“, არა აქვს თანამედროვე მუშის უფლებები, უფლებები ბრძოლის და თავის დაცვის. ამიტომ მისი ინდუსტრიალიზაციის მთავარ ბოძათ გამოტანა დიდი იმედების მომცემია. „მუშათა მთავრობა“ რასაკვირელია დიდის ყურადღებით გაურბის საგნისათვის ნამდვილი სახელის დარქმევას, პირიქით, მუშას გაკეთებას პირდებიან. მათ რომ დაუჯეროთ, ინდუსტრიალიზაცია ხდება არა მუშის ძალღონით, არამედ რაღაც თილისმით - მომჭირნეობით, მოხელეთა ალაგმვით, ბიუროკრატიისათვის შეძახ-შემოძახებით - ერთი სიტყვით, ჩაეფლენ წმინდა ვულგარულ პოლიტიკურ ეკონომიაში. რიკოვის აზრით, მუშათა ინტერესებს არ უნდა შეეხოს ეკონომიის რეჟიმი („პრავდა“ 23 ოქტომბერი), ხოლო მათი მთავარი სტატისტიკოსი სტრუბელი უფრო შორს მიდის. ის ამტკიცებს ციფრებით, რომ მუშის ხელფასი იზრდება უფრო სწრაფათ, ვინემ მუშის შრომის ნაყოფიერება (იქ. 16 ოქტომბერი), ე.ი. მუშა მეტს იღებს, ვინემ ის აკეთებს! მაშ რა საშუალებით შეიძლება კაპიტალის დაგროვება, თუ არა მუშის ძალღონით?
კაპიტალი გროვდება მუშისაგან შექმნილი ზედმეტი ღირებულებით. რაც მეტია ეს უკანასკნელი, მით მეტია პირველი. მთელი წლის ნამუშიერი არის მთელი წლის მუშაობის ნაყოფი. ღირებულება მისი უნდა იყოს მეტი, ვინემ მის დამუშავებაზე დაიხარჯა, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი მოგება არ იქნებოდა. აი ეს ზედმეტი ღირებულება მიუმატა დახარჯულ ღირებულებას შრომამ. ეს განსხვავება ნაწილდება მრეწველს, ვაჭარს და სხვა არა მშრომელ კლასთა შორის. ამ გზით შექმნილი კაპიტალის ნაწილი იხარჯება პატრონთაგან თავის პირად საჭიროებაზე, დანარჩენი ხმარდება მრეწველობის და ვაჭობის გაფართოვებას.
„კაპიტალის დასაგროვებლათ საჭიროა პირველ ყოვლისა გამოტანილ იქნას აღებ-მიცემობიდან ერთი ნაწილი ზედმეტი ღირებულებისა ფულის სახით. მისი თავის მოყრა იმდენათ, რომ საკმარისი გახდეს ძველი წარმოების გასაფართოვებლათ ან ახალის დასაწყებათ“ (კაპიტალი ტ. II). ცხადია, ინდუსტრიალიზაციის ერთათ ერთი წყარო ზედმეტი ღირებულებაა; ამიტომ მუშის ქირა ვერასოდეს ვერ დაეწევა მისი შრომის ნაყოფიერებას, ვინაიდან ეს იქნებოდა თვით წარმოების დანგრევა და ამით მთელი თანამედროვე ეკონომიკის გათავება. ბოლშევიკების მიერ დღეს წამოყენებული სამრეწველო თეორიები უბრალო გამეორებაა ვულგარული ეკონომისტების, რომელნიც მუშის ექსპლოატაციას მალვენ მუშის სამეგობრო სიტყვიერებით. პარტიამ უარყო რა ოპოზიციის წინადადება, აშკარათ დაეყრდნო პროლეტარიატის ზედმეტ ღირებულებას. შეიძლება კი ამ საბუთებით საბჭოთა სამრეწველო განვითარება? დღევანდლამდე დავაა საბჭოთა მრეწველობის მოგებაზე. ბურჟუაზიულ წარმოებაში ამ სფეროში მუდამ სრული სინათლეა. წასაგები დარგი იხურება. საბჭოთა სინამდვილეში ურიცხვ სტატისტიკოსებს წაგება-მოგება ვერ უანგარიშიათ. და ეს იმიტომ, რომ საბჭოთა მრეწველობა არ არის სასიცოცხლო საქმიანობა, მის საზღვარში კაპიტალი არ გროვდება. აქ შეიძლება დაიბანდოს ახალი თანხები, მარა ეს იქნება მოპოვებული არა წარმოებიდან, არამედ ვაჭრობიდან.
კაპიტალის პრიმიტიული ფორმა არის სავაჭრო კაპიტალი. განვითარებულ ეკონომიკაში კი პირიქით, კაპიტალის ფორმა სამრეწველო კაპიტალია და ის ბატონობს ვაჭრობაზე.
საბჭოთა ეკონომიკა დაყრდნობილია სავაჭრო კაპიტალზე და მას მორჩილებს მრეწველობა. მრეწველობის ეგრეთ წოდებული „მოგება“ გამომდინარეობს არა საქონლის ტრიალის კანონებისაგან, არამედ მონოპოლიური მდგომარეობისაგან, ე.ი. წმინდა იურიდიული ურთიერთობა ხდება წყაროთ ფულის დაგროვებისა. ხელისუფლება თავის უვარგის და იაფ საქონელს ყიდის გაცილებით მეტ ფასებში, ვინემ ის ღირს და ეს განსხვავება გადადის მის ჯიბეში.
რიკოვი ამბობს: „გლეხობა საერთოთ ძლიერ ბევრს იხდის ზედმეტს სამრეწველო საქონლის მაღალი ფასების გამო“ („პრ.“ 31 ოქტ.). ბოლშევიკების ანგარიშით ეს ზედმეტი უდრის მილიარდ მანეთს (ეკონ. ჟ. 1 ოქტ.), ხოლო რამდენი ქალაქმა გადაუხადა ამ გზით ხელისუფლებას - არავინ იცის. მუშათა კლასი და მოსამსახურენი ისეთივე საწველი ფურია მონოპოლიური მრეწველობის, როგორც გლეხობა. ამავე მიზანს ემსახურება საგარეო ვაჭრობის მონოპოლია (ვნეშტორგი). შემოტანილი საქონელი იყიდება ხშირათ 200-300 პროცენტით ზედნადებით (ეკონ. ობ. იანვარი). ამიტომ ვაჭრობის მნიშვნელობა საერთო ეკონომიკაში დიდათ გაიზარდა ომის წინა დროსთან შედარებით. ცესეუს მეთაური პოპოვი სწერს, რომ „ვაჭრობის წესით ხდება კერძო და სოციალისტური დაგროვება“. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ გლეხობა „ვაჭრობას და გადასახადს თვლის საშუალებათ მისთვის საქონლის წასართმევათ სამაგიეროს მიუცემლათ“ (ეკ. ჟ. 29 მარტი 1925). ლენინის ცნობილი ლოზუნგი - ისწავლეთ ვაჭრობა (და არა მრეწველობა) ხატავს საბჭოთა ეკონომიკის ძირითად მიმდინარეობას - სავაჭრო კაპიტალის გაბატონებას.
ამნაირათ, მრეწველობა ღებულობს ზედმეტ თანხებს არა წარმოებისაგან, არა სამრეწველო სიმდიდრის დაგროვებისაგან, საქონლის მასიურათ დამზადებასა და იაფათ გაყიდვისაგან, როგორც ეს ხდება ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, არამედ კომერციული მოგებისაგან. იაფი საქონლის ძვირათ გაყიდვით, არა - სამრეწველო დარგების ნაშრომის და მუშა-მოსამსახურეთა ჯამაგირების ექსპროპრიაციით. მაშასადამე, მრეწველობის წყაროა არა მის მიერ ახალ ღირებულებათა შექმნა, არამედ სხვის მიერ შექმნილის განაწილება თავის სასარგებლოთ. რაკი მთელი ქვეყანა ამ საშუალებით იყვლიფება, ცხადია, თანხაც დიდძალი უნდა გროვდებოდეს და ინდუსტრიალიზაციაც სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს. ნამდვილათ კი თანხა მართალია დიდძალი გროვდება, მარა ინდუსტრიალიზაცია ვერ ტარდება. რატომ? იმიტომ რომ სავაჭრო კაპიტალი ფიქტიური კაპიტალია.
და მართლაც. ვაჭრობა - ეს არსებულ საქონლის გაცვლა-გამოცვლაა; ერთიმეორის აქ მოტყუება სრულიად არ სცვლის საქონლის რაოდენობას. ქვეყანას ამით არავითარი სიმდიდრე არ ემატება. საქონლის ტრიალიდან ახალი საქონელი და მასში ჩაქსოვილი ზედმეტი ღირებულება არ იქმნება. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ვაჭარი იგებს არა მუშტრისაგან, არამედ მუშისაგან: მრეწველი მას უნაწილებს ზედმეტ ღირებულებას. ამიტომ აქ ფაბრიკანტი და კომერსანტი ერთნაირათ დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი საქონელი დამზადდეს და გასაღდეს. ფასების დაკლება, რაიცა ნიშნავს შრომის განაყოფიერებას, ერთად-ერთი ფარხმალია კაპიტალის დაგროვების. საბჭოთა საზოგადოებაში, პირიქით, საქონლის ძვირათ გაყიდვა, მაშასადამე, ნაკლები საქონლის დამზადება, მთავარი წყაროა მოგების და კაპიტალის შეძენის. მარა აქ ხდება ერთი მოულოდნელი მოვლენა. კომერციული ჭახრაკებით დაგროვილი კაპიტალი არ არის ნამდვილი კაპიტალი, არ არის ნამდვილი სიმდიდრე. ის სიმდიდრე იქნება იმ შემთხვევაში, რომ მისი პატრონი, მრეწველობა, თვითონ მხოლოდ ყიდდეს და არაფერს ყიდულობდეს, როგორც ამას სჩადის ჩარჩი. კომერციული მოგება მხოლოდ ჩარჩის ხელშია სიმდიდრე, ის მას ინახავს, ასესხებს, ჩარჩობს. მრეწველი კი მრეწველობს, ე.ი. ყიდულობს ნედლ მასალას, შრომის ძალას, მანქანებს და ამათი საშუალებით დამზადებულ საქონელს ყიდის. აქ ყიდვა-გაყიდვაში იხატება საწარმოვო პროცესი. და აი, როცა მრეწველმა თავისი საქონელი გაყიდა ძვირათ და გახარებული თვითონ იწყებს ყიდვას - უცებ ხედავს, რომ მისთვის საჭირო საქონელიც გაძვირებულა და სიხარული სევდათ ეცვლება. ხდება ბაზრის ფასების გათანასწორება. მუშა, იძულებული იყიდოს ფართალი აწეულ ფასებში, იძულებულია ამ ხარჯის დასაფარავათ თავისი შრომაც გაყიდოს აწეულ ფასებში. ასევე სჩადის ნედლი მასალის და სანოვაგის გამყიდველი. მთელი საბჭოთა მეურნეობა ეწყობა ან ცდილობს შეეწყოს სამრეწველო საქონლის ფასების ხაზზე, რომ ხელისუფლების მონოპოლიით გამოწვეული კონფისკაცია უკანვე დაიბრუნოს ან მთლათ ან ნაწილობრივ მაინც.
ბრძოლა კომერციის ნიადაგზე წარმოებს მთელ საბჭოთა კავშირში ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის და მხოლოდ ის ჯამი. რომელიც ხელისუფლებას ამ ბრძოლის შედეგად დარჩება, ხდება მრეწველობის „მოგებათ“. ამ ფონდის რაოდენობა ძნელი გამოსარკვევია: კუიბიშევის ცნობით, წელს მრეწველობას დარჩა 474 მილიონი მოგება (პრავდა, 24 ოქტ.); მარა ამ თანხის გამოთვლის პროცესი ბურუსით არის მოცული. ეს მართლა მოგებაა, თუ ბანკის და ბიუჯეტის დახმარებაა შიგ მითვლილი - არავინ უწყის.
დაუშვათ, რომ ეს თანხები ანგარიშში მიღებულია. რჩება მეორე საკითხი: მოგების ნაწილი ხმარდება მუდმივი კაპიტალის განახლებას? არა, არ ხმარდება და სწორეთ ამიტომ დგას ასე მწვავეთ ინდუსტრიალიზაციის საკითხი, ე.ი. მუდმივი კაპიტალის ის ნაწილი, რომელიც ცვდება და მაშასადამე, საქონელში შედის როგორც მისი ღირებულების ელემენტი, არ უბრუნდება კაპიტალს, არ იფარება გაწეული ხარჯი და ირიცხება წმინდა მოგებათ! შეჭმა ძირითადი კაპიტალის გახდა წყარო მოგების! ბურჟუაზიულ ბუხჰალტერიას ასეთი ანგარიში წაგებაში შეაქვს; შედეგია წარმოების გაკოტრება. საბჭოთა მრეწველობა ფაქტიურათ გაკოტრებულია და თუ არ იხურება - ამის მიზეზია სახალხო მეურნეობის სხვა დარგების სისტემატიური დახმარება.
ამნაირათ, საბჭოთა მრეწველობის მოგება შედეგია ერთი მხრით ძირითადი კაპიტალის ნგრევის, ხოლო მეორე მხრით, საბაზო ფასების „რეგლამენტაციის“. მასში შეერთებულია პომეშჩიკური უანგარიშობა და ჩარჩული აღებ-მიცემობა. შეიძლება ამ თანხის ინდუსტრიალიზაციაზე მოხმარა? არა, არ შეიძლება და ეს იმიტომ, რომ მრეწველობას ეჭირვება საბრუნებელი თანხა მუშის დასაქირავებლათ და ნედლი მასალის შესაძენათ. ამ თანხის მუდმივ კაპიტალათ გადაქცევა დასცემს წარმოებას. ამას კარგათ ხედავს თვით კუიბიშევი, რომელიც ამბობს: „რასაკვირველია ამ მოგების მრეწველობიდან ამოღება დიდათ გასაჭირია. უნდა ითქვას, რომ საბრუნავი თანხა მრეწველობას მეტათ მცირე აქვს. მიუხედავათ ამისა, ამ თანხიდან მოგების ამოღება კაპიტალური ხარჯების დასაფარავათ წარმოადგენს აუცილებლობას“ (იქ.).
ამნაირათ, მრეწველობის შიგნიდან, მისი ნაყოფის ბოლშევიკურ აღებ-მიცემობისაგანაც, ყოვლად შეუძლებელია სამრეწველო განვითარება. ხელისუფლება იძულებულია მიმართოს სხვა წყაროს. რიკოვის მიერ წარდგენილ და მე-15 კომფერენციის მიერ მოწონებულ ტეზისებში დასახელებულია ორი ასეთი წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი და კერძო კაპიტალი (პრავდა 23 და 30 ოქტ.). მისი სიტყვით, ბიუჯეტის მთელი დახმარება მრეწველობისათის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უდრის მილიარდ სამას მილიონ მანეთს, რომლისაგან უკან დაბრუნებულია მხოლოდ 567 მილიონი. მრეწველობას ინახავს ხალხი, მთელი საზოგადოება თავისი ნაოფლარით. მარა ეს არის მხოლოდ შენახვა, არსებულ დაწესებულებათა ამუშავება და არა მისი განვითარება და განახლება. ბიუჯეტის საშუალებით ინდუსტრიალიზაცია შეუძლებელია. რატომ? ბიუჯეტი ნიშნავს არა ახალი სიმდიდრის შექმნას, არამედ შექმნილის ადგილის გამოცვლას, მცხოვრებლებისაგან ხაზინაში დალაგებას. ამიტომ ის ტრიალებს სავაჭრო კაპიტალის ბრუნვის ფარგალში. რაც მეტს ახდევინებენ მოქალაქეს, მით მეტს ცდილობს ის აინაზღაუროს თავისი ნაწარმოების გაძვირებით. პუანკარეს კაბინეტის ახალმა გადასახადებმა ცხოვრება უცებ გააძვირა საფრანგეთში. ფრანკმა საზღვარგარეთ-გარეთ აიწია, მარა მას ყიდვის ძალა დააკლდა შიგნით; მრეწველნი დრტვინავენ. შეიძლება ითქვას:რაც უფრო დიდია გადასახადი, მით უფრო ნაკლებია ინდუსტრიალიზაცია. რეალური დახმარება შეიძლება გასწიოს კერძო კაპიტალმა, უეჭველია. მისი დაგროვება ნიშნავს კერძო წარმოების გაძლიერებას და შრომის განაყოფიერებას. მარა საბჭოთა კავშირში ეს ხომ კონტრაბანდაა. აქ ის სასტიკათიდევნება; რიკოვის ანგარიშით, სახელმწიფო შემნახველ კასაში ამჟამათ ინახება მხოლოდ 6 პროც. მეფის დროის შენახული თანხისა. გლეხობა წინეთ ინახავდა მთელი თანხის 28 პროც, ახლა კი 3 პროც. საერთო გაღატაკება, წვრილი კაპიტალის განიავება აშკარაა. ამას ერთვის სახელმწიფოსადმი საფუძვლიანი უნდობლობა. მიბარებული თანხის გარანტია არ არის. საბჭოთა ხელისუფლება ერთი ხელით ეჭიდება კერძო კაპიტალს, მეორე ხელით მას ანგრევს.
განვითარებულ ეკონომიკაში ინდუსტრიალიზაციის მთავარი მომენტია კრედიტი. საბჭოთა ეკონომიკაში მართალია ბანკები არსებობენ, მარა მათ საკუთარი კრედიტი არ აქვთ. რაკი არ არის კერძო კაპიტალისტური სისტემა, ცხადია არ არის არც კერძო კაპიტალის დაგროვება და ბანკებში დაბანდება. ბანკი, ისე როგორც ტრესტი, სახელმწიფო დაწესებულებაა; ის ბიუჯეტს და ემისიას შეყურებს. დარჩა საქონლის კრედიტი, რაც ხმარებაშია ტრესტებს შორის. მარა აქაც ქრისტეს ტირილია, მოვალე არ ასწორებს ანგარიშს და მთავრობას აწვება კისერზე. სხვანაირათ არც შეიძლება იყოს. საქონლის კრედიტი მოითხოვს ბანკის გარანტიას, ეს კიდევ საკრედიტო სისტემას - ერთი სიტყვით, განვითარებულ ეკონომიურ მდგომარეობას.
სამრეწველო აღორძინება წარმოებს აგრეთვე კაპიტალის კონცენტრაციით; სხვილი კაპიტალი ამარცხებს პატარას და თვითონ დიდდება. რუსეთში ეს მოვლენა ხდება, მარა იძლევა საწინააღმდეგო შედეგს. და ეს იმიტომ, რომ სუსტი კაპიტალი მარცხდება არა ეკონომიური საქმიანობით, არა კონკურენციით, არამედ სახელმწიფო ძალმომრეობით, „კანონით“. და აი აქ ყოველ დღე მეორდება ის, რაც ერთხელ ფარაონს დაესიზმრა: მჭლე ძროხები ყლაპავენ სუქნებს და რჩებიან მჭლეთ. ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო ყველა კაპიტალი და დარჩა უკაპიტალოთ! რეჟიმის ასეთი სამაგალითო გაკოტრება ისტორიას არ ახსოვს.
ცნობილია, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია იწყება პირველ ყოვლისა იმ დარგებიდან, რომელთაც ყველაზე ნაკლებათ ეჭირვებათ მუდმივი კაპიტალი და მაშასადამე, მათი ამუშავებაც ადვილია. ასეთია მთამადნები, ბუნების მიერ მოცემული სიმდიდრე - კაპიტალი. აქ საჭიროა ცვალებადი კაპიტალი - მუშა-ხელი და მცირეოდენი ტეხნიკური იარაღები. ნახშირმა შექმნა ინგლისი, ნავთმა - შეერთებული შტატები. ყველა ეს დოვლათი საბჭოთა კავშირში უხვათ მოიპოვება, მთავრობის ხელშია ბუნების მთელი სიმდიდრე - ნახშირი, ნავთი, რკინა, სპილენძი და სხ. და სხ. მიუხედავათ ამისა, არც ერთი დარგის წარმოება ისე დაცემული არ არის, როგორც სწორეთ ამათის. მუშის ხელფასი აქ ყველაზე უფრო ნაკლებია, მაგ. ნახშირის მუშა იღებს ომის წინა დროის ქირის 61 პროც.; მაშასადამე, აქ ზედმეტი ღირებულება ორჯერ მეტი უნდა შეიქნას, ვინემ ომის წინ. ნამდვილათ კი მთელი წარმოება ზარალშია და ხაზინა ადებს. სხვა დარგების ინდუსტრიალიზაცია ხომ გაცილებით უფრო ძნელია; მძიმე ინდუსტრია მოითხოვს დიდძალ მუდმივ კაპიტალის ბრუნვას გრძელ ვადებში. შეუძლებელი გახდაახალი რკინის გზების გაყვანა; ამ დარგის მთელი მუშაობა მიმართულია ძველი ლიანდაგის შენახვაზე. მარა ავათმყოფი ლოკომოტივებით და ვაგონებით სავსეა ყველა პარკები. კუიბიშევის სიტყვებით, მეტალურგიული მრეწველობა იძლევა ზარალს; ხოლო ეს დარგია სწორეთ საფუძველი ინდუსტრიალიზაციის. შედარებით ადვილია მსუბუქი ინდუსტრიის განითარება (ქსოვილების, შაქრის და სხვ.), სადაც საქონელის და მაშასადამე, კაპიტალის ბრუნვა სწრაფია და მოკლე დროში პატარა თანხა დიდათ იზრდება. საბჭოთა კავშირში ესეც წელმოწყვეტილია; საქონლის მთელ შიმშილობას სწორეთ დარგები იწვევენ. ხალხი იძულებულია შინამრეწველობას მიმართოს. მართლია, საქსოვი ქარხნები იძლევიან „მოგებას“. ამ სიტყვის საბჭოთა მნიშვნელობით, მარა შედეგია სასოფლო-ტეხნიკური კულტურის დავარდნა, რასაც იწვევს, რიკოვის სიტყვებით, ფასების პოლიტიკა: „ჩვენ დაუშვით ფასების დიდი დაწევა სელზე და სხვა ტეხნიკურ კულტურაზე. შედეგია ტეხნიკური კულტურის ნაყოფის დაცემა“. ამიტომ მთავრობა იძულებულია უცხოეთიდან შემოიტანოს ბამბა, მატყლი, ტყავი და სხვ., რაც უდრის მთელი იმპორტის 40 პროცენტს (იქ). ინდუსტრია ანგრევს თავისავე საფუძველს - ნედლი მასალის მეურნეობას. აქ „მოგება“ ნიშნავს გლეხის გაყვლეფას, როგორც მწარმოებელის და როგორც მუშტრის.
ამნაირათ, საბჭოთა სინამდვილე არ იძლევა არავითარ ნიადაგს ქვეყნის სამრეწველო აღორძინებისათვის, ინდუსტრიალიზაციის მართლა გატარებისათვის. რატომ? მიზეზი ერთია. მარქსი წერს: „საქონლის წარმოების ნიადაგზე დიდ ინდუსტრიას შეუძლია არსებობა მხოლოდ კაპიტალისტურ ფორმაში“ (კაპ. ტ.1). რუსეთში კი დიდი ინდუსტრია ინახება არა-კაპიტალისტურ ფორმაში. საქონლის მთელი ეკონომიკა წარმოებს არა საქონლის ეკონომიკური კანონების თანახმათ3 და რა გასაკვირალია, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ალაგას მისი აგრარიზაციის მოწამენი ვიყოთ. ბოლშევიკური „ინდუსტრიალიზაცია“ შეიწირავს პროლეტარიატის აუარებელ შრომას, გლეხის აუარებელ ქონებას, მთელი საზოგადოების აუარებელ ნაოფლარს. მარა ტვირთი ადგილიდგან მაინც არ დაიძვრება. ნამდვილი ინდუსტრიალიზაცია მოითხოვს კაპიტალისტური კანონების ამუშავებას და მის ფარგალში კერძო, სახელმწიფო, მუნიციპალური და კოოპერატიული მეურნეობის თანასწორი უფლებით მოთავსებას.
აშკარაა, საბჭოთა წარმოების ძირითადი საკითხია არა მისი ინდუსტრიალიზაცია, არამედ მისი ემანსიპაცია. საქონელი მზადდებოდა და იყიდებოდა საშუალო საუკუნეშიაც, მარა აქედან არავითარი ინდუსტრიალიზაცია არ ხდებოდა, ვინაიდან მას ებრძოდა ფეოდალური საწარმოვო ბორკილები. საბჭოებმა კომუნიზმი უარყო, ნეპი შემოიღო, მარა არ უარყო კომუნიზმის პოლიციური ფორმა. მისი სოციალური ჩარჩო, რომლის ფარგალში ჩააყენა კაპიტალისტური მეურნეობა - საქონლის წარმოება. აი ეს ორი ერთიმეორის მოწინააღმდეგე ელემენტები ერთმანეთს ებრძვიან, ერთათ ვერ თავსდებიან და იძლევიან საერთო ეკონომიურ და სოციალურ უძლურებას. ამ ფარგლის გარღვევა, ეკონომიური ეკლეკტიზმის მოშლა და ერთი სათავის აღდგენა - ერთათ ერთი თავდებია ინდუსტრიალიზაციის. ეს გარღვევა მოხდება ძალით თუ ნებით. ორივე შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის დიდი რევოლიუცია, მისი საბოლოოთ შესვლა ევროპის ხალხთა ოჯახში...
ნ. ჟ.
ბრძოლა (ჟურნალი. პარიზი). - 1926. - №17
_______________
1. ვოიტინსკის „მსოფლიო ციფრებში“. ტ. I, გვ. 182 (რუსულ ენაზე).
2. ბოლშევიკების სტატისტიკას უნდა მიეკუთნოს შედარებითი ნდობა. სხვადასხვა პირები იძლევიან სხვადასხვა ციფრებს იმისდაგვარათ, თუ ვის რის დამტკიცება სურს. მაგ., კუიბიშევის ციფრები არ ეთანხმება რიკოვისას, მარა პროპორცია ორივეს ერთი და იგივე აქვთ.
3. იხ. „საბჭოთა ეკონომიკა“ („ბრძოლა“ №15)
![]() |
29 ახალი პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
ავსტრიის სოციალ-დემოკრატიის ახალი პროგრამა უეჭველია ახალი სიტყვაა სოციალისტურ ინტერნაციონალში. ის ახალია ორნაირათ - ფორმით და აზრებით. პირველათ აქ ვხედავთ სოციალური რევოლიუციის გეგმას, მის ტაქტიკას და სტრატეგიას. ძველ პროგრამა-მინიმუმს ემატება დამუშავებული, გავრცელებული და მუხლებათ დაყოფილი პროგრამა-მაქსიმუმი. ამით აღიარებულია სოციალიზმის მოახლოება, მისი დიდი ზარის ახლომომავალში ჩამორეკა და ამ მომენტისათვის სოციალ-დემოკრატიის წინდაწინ მომზადება. დღეს აღარ კმარა მიმდინარე მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება, ხოლო სოციალისტური გარდაქმნის შორეულ ღრუბლებში გადასროლა. მუშათა კლასი სწრაფათ მიექანება ძალა-უფლების დაპყრობისაკენ და ის იძულებულია დღის წესრიგში დააყენოს თავისი სახელმწიფო მოქმედების გეგმა. ავსტრიის ამხანაგებმა დასვეს ეს საკითხი და კიდევაც გადასჭრეს ის. თუ ძველი სოციალ-დემოკრატიული პროგრამები მთელი ინტერნაციონალის კოლექტიური აზროვნების დამუშავების ნაყოფია, ეს ახალი კი მარტო ავსტრიის პარტიის ღვიძლი შვილია, მის წიაღში აღმოცენებული და დამუშავებულია. ამიტომ ის არ შეიძლება არ იყოს მხოლოდ პირველი ამოძახილი, რომელსაც უნდა გამოეხმაუროს დანარჩენი მოძმე პარტიებიც და ამ გზით თანდათან დამუშავდეს ერთი ინტერნაციონალური პროგრამა.
გადასაჭრელია ორი საკითხი: საჭიროა ახალი პროგრამა? თუ საჭიროა, რა შინაარსის უნდა იყოს იგი? პირველს უნდა უპასუხოთ დადებითათ. ის უეჭველათ საამდროვო აუცილებლობაა. დავა შეიძლება იყოს მხოლოდ მეორეს გარეშემო, პოლიტიკურ მეთოდებზე და პერსპექტივებზე. ავსტრიის პროგრამა იძლევა ბევრ სადისკუსიო მასალას, მასში მოთავსებულია მეტათ სადაო აზრები, სოციალ-დემოკრატიაში წინეთ უცნობი და გაუგონარი.
საყურადღებოა განსაკუთრებით პროგრამის ორი ნაწილი: სახელმწიფო ძალაუფლების დაპყრობა და გადასვლა კაპიტალისტური წყობილებიდან სოციალისტურში. დანარჩენი ნაწილები განმეორებაა ძველი პროგრამის ცოტაოდენი ცვლილებით. პირველ პრობლემას პროგრამა ასე სჭრის: დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოციალ-დემოკრატია „დაიპყრობს ძალა-უფლებას მხოლოდ საერთო კენჭის ყრით“. ეს არის ნორმალური განვითარების შედეგი. მაგრამ ხომ შესაძლებელია მოხდეს რაიმე მოულოდნელი ამბავი, რომელიც შესწყვეტს ამ ნორმალურ მსვლელობას და უფლების საკითხს უცებ გაამწვავებს. ეკონომიური, პოლიტიკური ან სამხედრო კრიზისი იწვევს ხშირათ სოციალურ ძალთა ისეთ გადაჯგუფებას, რომ ბურჟუაზია უძლური ხდება მართველობა შეინარჩუნოს. ამის მაგალითი მოგვცა ავსტრიამ და გერმანიამ. ეს შემთხვევა ავსტრიელთ გამორიცხული აქვთ და მაშასადამე არც პროგრამა აქვთ ასეთი დროისათვის. ისინი ემყარებიან კაპიტალიზმის თანდათანობითი განვითარებას, უნახტომოთ და ურევოლიუციოთ. არა ერთი ქვეყნის პროლეტარიატი შეხვდა მოუმზადებლათ ასეთ ისტორიულ მოულოდნელობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კაპიტალისტურ პაციფიზმზე პროგრამის დამყარება ამდენ გამოცდილების შემდეგ ყოვლად შეუძლებელია. მართალია, პროლეტარიატი დღეს მედგრათ ერევა ქვეყნის მართვა-გამგეობის წარმართვაში, მარა ის არ არის მისი მთავარი ფაქტორი და არც შეუძლია გარანტიის მოცემა. თანამედროვე საზოგადოებაში დაგუბებული გამთიშავი ძალების რეგულიარიზაცია, მისი კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩაჭედა და ბოლომდე ევოლიუციურათ მიმართვა აღემატება საზოგადოების ძალღონეს. მდგომარეობა ბატონობს ადამიანზე და არა ადამიანი მდგომარეობაზე. პარტია უნდა იყოს დაჭედილი ყველა ფეხებზე. ის ან არ უნდა საზღვრავდეს სოციალურ რევოლიუციის პრაქტიკულ ფორმას ან და, თუ უეჭველათ განსაზღვრა საჭიროა, ეს ფორმა უნდა იტევდეს ყველა შესაძლებლობას. საყურადღებოა ის, რომ პროგრამის პროექტში იყო ასეთი პერსპექტივა გათვალისწინებული, ე.ი. „მზათ ყოფნა ძალა-უფლების რევოლიუციური საშუალებებით დასაპყრობათ“, რაიცა საბოლაოთ პროგრამიდან გაქრა.
ეს პოლიტიკური ცალმხრივობა პროგრამაში თანდათან ვითარდება და ღებულობს უკვე პრინციპიალურ ხასიათს. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ მდგომარეობას, როცა საყოველთაო კენჭის ყრით ძალაუფლება პროლეტარიატის ხელში გადადის ან უკვე გადავიდა, ხოლო ბურჟუაზია მას არ ურიგდება და აწყობს კონტრ-რევოლიუციას. თუ მტრის დამარცხება დემოკრატიული საშუალებებით შეუძლებელი ხდება, „მუშათა კლასი შესძლებს სახელმწიფო ძალის დაპყრობას მხოლოდ სამოქალაქო ომით“. ის „იძულებული იქნება ბურჟუაზიის წინააღმდეგობა გასტეხოს დიქტატურის საშუალებით“. მაშასადამე, სოციალური რევოლიუციის საშუალებაა დემოკრატია; როცა ის არ სჭრის, სამოქალაქო ომი და დიქტატურა. ეს დებულება მართლაც სრულიად ახალი აზროვნებაა და საჭიროებს გულდასმით განხილვას.
პირველ ყოვლისა, ამ დებულებით დაპირდაპირებულია ერთი მხრით დემოკრატია, მეორე მხრით სამოქალაქო ომი და დიქტატურა. ეს კი ძირითადი შეცდომაა, რაზედაც აგებულია ყველა დანარჩენი შეცდომა.
დემოკრატია არის საზოგადოების სახელმწიფო ფორმა, სუვერენიტეტის გამოხატულება, ხოლო დიქტატურა აღმასრულებელი ძალის ფორმა. ბატონობის გამტარებელი და დამანგრეველი სუვერენი თავის თავის დასაცავათ აჩერებს არსებულ კანონებს ნაწილობრივ ან მთლათ და მის ალაგას აწესებს საგანგებო კანონებს, იღებს საგანგებო ზომებს, მიმართავს დიქტატურას. აქედან, დემოკრატიას ეპირდაპირება არისტოკრატია, ოლიგარხია, მონარქია და სხვ., ხოლო კონსტიტუციას, კანონიერებას - დიქტატურა. ამ ფორმას მართვისას მიმართავს ყოველნაირი სახელმწიფო; არის დიქტატურა დემოკრატიული, მონარქიული, ოლიგარხიული, და სხ. აქ მთავარია არა აღმასრულებელი ძალის ეს ფორმა, არამედ თვით მისი სათავე, მისი დამწესებელი და ბატონი. ათენის დემოკრატიამ დიქტატორული უფლებები ჩააბარა სოლონს, სპარტისამ - ლიზანდრას, საფრანგეთისამ - კონვენტს, პარიჟისამ - კომუნას. ყველა ეს დემოკრატიული დიქტატურაა და მაშასადამე, ვერ დაეპირდაპირება მისივე დედას - დემოკრატიას.
დიქტატურა ეპირდაპირება დემოკრატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მას აწესებს არა დემოკრატია, არამედ თვით წესდება თავისი საკუთარი ძალღონით. მაშინ ის თვით ხდება სუვერენი, სახელმწიფო უფლების წყარო, ქვეყნის ბატონ-პატრონი. სილა, ლენინი, პანგალოსი, მუსოლინი - ამ ტიპის დიქტატურის წარმომადგენელნია. ამიტომ ესენი ყველა ერთნაირათ აუქმებენ დემოკრატიულ წყობილებას და ქმნიან დიქტატორულს.
ცხადია, დიქტატურა ორნაირია: როგორც აღმასრულებელი ორგანო სუვერენისა და როგორც სუვერენი. ავსტრიის პროგრამაში ან ამ მცნებათა უბრალო არევაა ანდა დიქტატურა წარმოდგენილია მართველობის სისტემათ, ბოლშევიკურათ. უფლება დემოკრატიის, მიმართოს საგანგებო ზომებს თავის გადასარჩენათ, სრულიად უდაოა. ეს სავსებით თავსდება სოციალიზმის მსოფლმხედველობის ფარგალში. მარა აქ არავითარი ადგილი არ აქვს დიქტატურას ბოლშევიკურათ წარმოდგენილს. ავსტრიელი ამხანაგები კი სწორეთ ასეთ შინაარსს აძლევენ ამ ცნებას. მომხსენებელი ოტო ბაუერი პარტიის ყრილობაზე ასე განმარტავს პროგრამის ამ მუხლს: „პროგრამის პროექტმა უნდა უთხრას კომუნიზმის გავლენის ქვეშ მყოფ მუშებს: ჩვენთვის არის მდგომარეობა, როცა სამოქალაქო ომი და დიქტატურა თქვენსავით გვესმის“ („არბაიტერ ცაიტუნგ“ №302). სოციალდემოკრატიისათვის ასეთი მდგომარეობა არასოდეს არ შეიძლება დადგეს; ის თავის-თავს ვერ გააუქმებს. ეს პროგრამის მიერ დემოკრატიზმიდან ბოლშევიზმისაკენ გადახრა კიდევ უფრო ნათლად სჩანს თვით დიქტატურის შინაარსის განმარტებისაგან. ბაუერის აზრით, დიქტატურა ნიშნავს ტერორიზმს: „ნურავინ გვაჯერებს, ვითომ დიქტატურა და ტერორიზმი ერთმანეთს შორდებოდეს“, ამბობს მომხსენებელი (იქ. №302). ახლა აშკარაა, რას ნიშნავს დიქტატურა: ის არის მართველობა ტერორისტული საშუალებებით.
ამნაირათ, ავსტრიის პარტიულ პროგრამაში მოულოდნელათ შემოიჭრა ბოლშევიკური აზროვნება და იქ გაბატონდა. კომინტერნის ლოზუნგები - სამოქალაქო ომით და ტერორით სოციალიზმის დამყარება - აქ პოულობს გამოძახილს. ეს ინტერნაციონალური სოციალიზმის, მარქსიზმის ძირითადი რევიზიაა. სამოქალაქო ომი და ტერორი პირდაპირი ეწინააღმდეგება მებრძოლ პროლეტარიატის მოძღვრებას და მოძრაობას. პირველი, საზოგადოთ, გაბატონებულ კლასების ბრძოლის მეთოდია, მათი სტიქიაა და მისთვის არასოდეს რევოლიუციურ კლასებს არ მიუმართავს. სამოქალაქო ომი გამოუცხადა კონვენტს ვანდეიამ, პარიზს - ვერსალმა. „ტიერმა ახსნა სამოქალაქო ომის ცეცხლი“, ამბობს მარქსი; „კომუნა უფრთხოდა სამოქალაქო ომში ჩათრევას, რასაც თავზე ახვევდა მტერი. ცენტრალური კომიტეტი დაადგა წმინდა თავდაცვით ზომას, მიუხედავათ ვერსალის კრების პროვოკაციისა, პარიზის ახლო მახლო ჯარების თავის მოყრისა და მთავრობის უფლებით უზურპაციისა“ („სამოქალაქო ომი“). სამოქალაქო ომს, სადაც ერთი ბრძოლა ხშირათ დავას სწყვეტს, პროლეტარიატის განმათავისუფლებელ ბრძოლაში ადგილი არ აქვს. ის პირველათ ლენინმა გადმოისროლა და ბოლშევიკებმა განახორციელა თავისი აუცილებელი შედეგებით - დემოკრატიის და ეკონომიის დანგრევით. მას ებრძოდა მუდამ ყველა რევოლიუციური და სოციალისტური პარტია, მას მიმართავდა მუდამ რეაქციონერები და კონტრ-რევოლიუციონერები.
ტერორიზმი, რასაკვირველია, შეკავშირებულია სამოქალაქო ომთან. ვერსალი და მოსკოვი ამას ამტკიცებენ, მარა დიქტატურა სრულიად არ ნიშნავს ტერორიზმს, დიქტატურა დემოკრატიული და პროლეტარული. „იცით, რას ნიშნავს პროლეტარიატის დიქტატურა? შეხედეთ პარიჟის კომუნას, აი პროლეტარიატის დიქტატურა“, სწერს ენგელსი (იქ. წინასიტყვაობა). კომუნას კი არც სამოქალაქო ომი გამოუცხადებია, არც ტერორისათვის მიუმართავს. მარქსი სწერს: „18 მარტიდან ვერსალის ჯარების შემოსევამდე, პარიზის პროლეტარიატის რევოლიუცია დარჩა ისეთი სპეტაკი სისხლიანი აქტებისაგან, რომლითაც სავსეა „მაღალი კლასების“ რევოლიუციები და კიდევ უფრო მათი კონტრ-რევოლიუციები, რომ ვერც ერთი მისი მტერი მას ვერ უსაყვედურებს ვერც ერთ ასეთ მოქმედებას, გარდა გენერალ ლაკომტის და თომასის სიკვდილისა და ვანდომის მოედანის საქმისა“, ხოლო არც ერთ ამ აქტში კომუნა დამნაშავე არ არისო (იქ).
როგორც ხედავთ, ტერორიზმი, ისე როგორც სამოქალაქო ომი, მარქსის აზრით, „მაღალი კლასების“ ბრძოლის მეთოდია. ადამიანთა დახოცვით წყობილების შეცვლა ზერელე ხალხის ნააზრევია, მეშჩანური რაციონალიზმის პოლიტიკაა. კონვენტის ტერორმა ვერ შეაჩერა რეაქცია, იმპერია, რესტავრაცია - ვერ დაამყარა „სამართლიანი წყობილება“; ბოლშევიკურმა სისხლის მორევმა მოგვცა ახალი კაპიტალიზმი. საზოგადო განვითარებას განსაზღვრავს ობიექტური კანონები და არა თავების მოკვეთა. „ჩემი შეხედულებაო, სწერს მარქსი, რომელიც უცქერის საზოგადო-ეკონომიური ფორმაციის განვითარებას, როგორც ბუნებრივ-ისტორიულ პროცესს, ყველა მოძღვრებაზე ნაკლებ ხდის ცალკე პიროვნებას პასუხისმგებლათ იმ დამოკიდებულებაში, რომლის სოციალური ქმნილება თვითონ არის, თუნდაც ის სუბიექტურათ ამ დამოკიდებულებაზე ძლიერ მაღლა იდგეს“ (კაპიტალი, წინასიტყვაობა). ეს ტერორიზმის სრული დაგმობაა.
ავსტრიის კონგრესზე დიდი დავა იყო მარქსის შეხედულობის შესახებ დიქტატურაზე. მისი აზრი ამ საგანზე ნათელია „კომუნისტური მანიფესტიდან“. აქ ვკითხულობთ: „პირველი ეტაპი მუშათა რევოლიუციისა არის პროლეტარიატის გადაქცევა მართველ კლასათ, მართვა-გამგეობის დაპყრობა დემოკრატიის მიერ“. შემდეგ ეს მუშათა დემოკრატია ერევა საკუთრების დამოკიდებულებაში. „ეს რასაკვირელია თავში ვერ გატარდება ისე, თუ არა დესპოტიური დარღვევით საკუთრების უფლების და ბურჟუაზიული წარმოების ურთიერთობის“. ე.ი. დემოკრატიული მართველობა იწყებს სოციალისტური წყობილების საფუძველის ჩაყრას არა კონსტიტუციური, არამედ საგანგებო ზომებით. მარქსი აღიარებს დემოკრატიულ დიქტატურას.
თეორიული დასაბუთება პროგრამის ამ ახალი აზრებისა მოგვცა ოტო ბაუერმა თავის ზემოთნახსენებ სიტყვაში. მისთვის დგას ასეთი ალტერნატივა: ან დემოკრატიული საშუალება, ან სამოქალაქო ომი. ხოლო დემოკრატიული საშუალება ნიშნავს „გონებრივ საშუალებას“. „დიახ ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ გონებრიი იარაღით, ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ ხალხის უმრავლესობის მოსამხრობათ დემოკრატიული წესებით და ბატონობის მოპოვება... „აშკარათ და გადაჭრით ვაცხადებ, რომ თუ ჩვენ დემოკრატია დაგვინგრიეს და არავითარი სხვა გზა არ დაგვიტოვეს გარდა ძალმომრეობით ბრძოლისა, მივმართავთ ძალას“; ხოლო „ძალა ნიშნავს სამოქალაქო ომს“ (იქ.). ე.ი. ან „გონებრივი იარაღი“ ან სამოქალაქო ომი - აი ბრძოლის ალტერნატივა. აქედან ბოლშევიკურ აზროვნებაში გადავარდნა ადვილია. ჩვენთვის ცხადია, რომ„გონებრივი იარაღი“ არ კმარა, ძალა საზოგადო წყობილების აკუშერია, ის უფლების დარაჯია. ბურჟუაზიული დემოკრატიის გადაქცევა სოციალისტურ დემოკრატიათ ყოველგან მწყობრათ და მშვიდობიანათ ვერ ჩატარდება. მაგრამ აქედან სამოქალაქო ომამდე დიდი მანძილია. არის ბრძოლის და ძალის სხვა ფორმები, ამათ შორის მთავარია რევოლიუცია, რევოლიუციური გამოსვლა. კაპის გამოსვლას გერმანიაში სოც.-დემოკრატიამ უპასუხა საერთო გაფიცვით და არა სამოქალაქო ომით, იარაღით ჩხარუნში რეაქციონერები უფრო დახელოვნებულია და ამ ნიადაგზე ბრძოლის გადატანა მათი ინტერესია. რევოლიუციის მსვლელობაში ხდება იარაღის ხმარა, აჯანყება (10 აგვისტო), მარა ეს არის მოძრაობის ერთი ეპიზოდი და არა მთელი მოძრაობა. აქ გამარჯვებას საზღვრავს არა იარაღი, არამედ რევოლიუცია, ე.ი. საზოგადო ძალთა მობილიზაცია. სადაც რევოლიუციური მდგომარეობა არ არის, იქ მახვილი იარაღიც ჩლუნგია. პროლეტარიატის ბრძოლა ბევრნაირი ფორმით იხატება. მარტო „გონებრივი საშუალებით“ არც მშვიდობიანობაში ვკმაყოფილდებით. კოოპერატივები, სინდიკატები, მუნიციპალიტეტები, გაფიცვები და სხ. და სხ. სოციალური საშუალებებია. ბრძოლის ასე მარტივათ დასახვა - ან სიტყვით ან ტერორით - მთელი პერსპექტივის გამრუდებაა.
აქაც საგულისხმოა ის, რომ პროგრამის პროექტში გამოთქმული მართალი დებულება: „რევოლიუციურათ უპასუხებთ ყოველნაირ კონტრრევოლიუციასო“, პროგრამიდან ამოგდებულია. საზოგადოთ, პროგრამას რევოლიუცია, რევოლიუციური მდგომარეობა და ბრძოლის მეთოდები მთლათ დავიწყებია.
როგორც ხედავთ, ავსტრიის სოციალური რევოლიუციის პროგრამაში გატარებულია ორი ხაზი პაციფიური და ბოლშევიკური. ერთი უკიდურესობის გვერდზე მეორე უკიდურესობა. ამ დუალიზმის მოსპობა შეიძლება ერთი გზით: მესამე თავიდან უნდა ამოვარდეს „სულიერი დემოკრატიზმი“, სამოქალაქო ომი, ტერორისტული დიქტატურა და მათ ალაგას შეტანილ იქნას რევოლიუციური სოციალდემოკრატიის პრინციპები.
სოციალიზმის ძირითადი საკითხია არა მარტო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ მისი მოხმარა და ამუშავებაც. როდის, სად და რა პირობებშია შესაძლებელი სოციალსტური გარდაქმნის დაწყება - აი მძიმე პრობლემა. „კომუნისტური მანიფესტი“ პირველ სოციალისტურ ზომებს იწყებს „ყველაზე უფრო წინ წაწეული ქვეყნებიდან“. რას ნიშნავს ეს? ამაზე ასეთ პასუხს იძლევა ენგელსი, თავის „კომუნიზმის პრინციპებში“, რომელიც საფუძვლათ დაედვა „მანიფესტს“.
„შეიძლება თუ არა პროლეტარიატის რევოლიუცია მოხდეს ერთ ქვეყანაში? არა. მსხვილმა მრეწველობამ შექმნა რა მსოფლიო ბაზარი, ისე დააკავშირა დედა-მიწის ყველა ერები, განსაკუთრებით განვითარებული ერები, რომ თვითეული ქვეყნის ყოველი ნაბიჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება მეორე ქვეყანაში... ის მოხდება ერთ და იმავე დროს ყველა განათლებულ ქვეყანაში, ე.ი. ყოველ შემთხვევაში ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთში და გერმანიაში. ეს არის საერთაშორისო რევოლიუცია და მას აქვს საერთაშორისო ასპარეზი“.
აი ნათელი პასუხი. რუსეთის კომუნისტური პარტიის უკანასკნელმა მე-14 კონფერენციამ ეს ენგელსის აზრი გამოაცხადა „დაძველებულათ“ და მას დაუპირპირა ერთ ქვეყანაში, რუსეთში, სოციალიზმის შესაძლებლობა, სადაც „ყველა წინასწარი პირობები ამ საქმისთვის არსებობს“.
რაკი კომინტერნი სოციალიზმის ერთ ძირითად დებულებას ასე აბათილებს, მოსალოდნელი იყო ავსტრიის პროგრამა თავის აზრს გადაჭრით გამოსთქვამდა და ენგელსს მხარს დაუჭერდა. ნამდვილათ კი პროგრამამ ამჯობინა ორჭოფობა. ის ამბობს:
„სოციალისტური საზოგადო წყობილების დაარსება შეიძლება არა ერთ პატარა, დიდ კაპიტალისტურ სახელმწიფოებზე დამოკიდებულ ქვეყანაში, არამედ მსხვილ მთლიან ფართო ტერიტორიაზე, სადაც არსებობს სოციალისტური, გეგმიანი მეურნეობის წინასწარი პირობები“. რაკი „წინასწარი პირობები“ სადაო საკითხია, დარჩა ერთათ-ერთი უდაო დებულება: „ფართო მთლიანი ტერიტორია“. სოციალური რევოლიუციის შესაძლებლობა განისაზღვრება არა გეოგრაფიული ნიშნებით, არამედ საწარმოვო მდგომარეობით. რუსეთი ქვეყნის ერთი მეექვსედია, ამაზე უფრო მთლიანი, ფართე ტერიტორია არ არის. გამოდის, რომ სწორეთ იქ არის შესაძლებელი სოციალიზმი. პროგრამის მომხსენებელს ოტო ბაუერს ასეთი შესაძლებლობა არა ერთხელ გამოუთქვამს. ის ამბობს:
„ჩვენთვის, სოციალ-დემოკრატებისთვის, მთავარია ის, რომ ახლა გამოჩნდა იმედი, თუმცა საბუთი კიდევ არ გვაქვს, მარა რუსეთში ეს ორ წელში იქნება, რომ უკაპიტალისტოთაც შეიძლება საქმის წაყვანა. ადვილათ წარმოსადგენია, რანაირათ გააძლიერებს სოციალიზმს მთელ ევროპაში, თუ ეს დამტკიცდა. დღეს კიდევ არა ვართ ასე შორს. რუსეთში სოციალიზმი არ არის, მარა არც კაპიტალიზმია; იქ არის გარდამავალი ხანა, მისი ეკონომიკა შეიცავს ბევრ კაპიტალისტურ ელემენტს, მარა აგრეთვე სოციალისტურსაც“ (არბაიტერ ცაიტუნგ 22 დეკემ. 1925).
ამ იმედების შედეგია ენგელსის ნათელი პასუხის უკუგდება და ბოლშევიკური აზროვნებისაკენ დაქანება.
სოციალისტურ ლიტერატურაში დიდი დავაა აგრეთვე იმაზე, თუ რას ნიშნავს საკუთრების სოციალიზაცია. ჩვეულებრივ დეკლარაციულ პროგრამაში ეს მცნება არ არის განმარტებული, აქ საზოგადო პრინციპებით ვკმაყოფილდებით. მაგრამ ავსტრიელთა პროგრამამ ეს გზა უარყო და იძლევა კონკრეტიულ ფორმებს სოციალიზმისას. ამ შემთხვევაში სადაო საგნის ისევ პრინციპის ამარა დატოვება უდრის ორჭოფობას. პროგრამა ითხოვს სხვილ
საწარმოვო და სამიმოსვლო დაწესებულებათა, მსხვილ მიწათმფლობელობის, მთამადნების და სხ. „საზოგადოების საკუთრებათ გადაქცევას“. მარა საკითხავია: რა ორგანოთი იხატება ამ ახალი მესაკუთრის ვინაობა? რაკი ამის პასუხი არ არის, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ორგანოა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პოლიტიკურად ფარავს საზოგადოებას. ე.ი. პოლიტიკური ორგანო ხდება იმავე დროს ეკონომიურ ორგანოთ. შესაძლებელია ამ ორი ფუნქციის შეთავსება? დემოკრატიზმი არ სცვლის სახელმწიფოს შინაგან ბუნებას. ის არის და იქნება ადამიანთა მართველობა, თავისი მოხელეებით, პოლიციით, შეიარაღებული ლაშქრით - მთელი იძულებითი აპარატებით. რასაკვირველია, ამ აპარატის საშუალებით ახდენს პროლეტარიატი საკუთრების ჩამორთმევას. სხვა ორგანო ამ როლისათვის არ არსებობს. სადაოა მხოლოდ ის, თუ ვის ხელში ეს ამოდენა სიმდიდრე გადადის, რა ორგანოა მისი მესაკუთრე. საზოგადოება არის პოლიტიკური და ეკონომიური ერთეული. პირველი იხატება სახელმწიფოს საშუალებით, მეორეს არ აქვს ამ ჟამათ გამოხატულობა და ის უნდა მისცეს სოციალიზმმა. პროლეტარიატი ვერ ივლის ამ სფეროში კაპიტალისტური გზით, ეტატიზაციის გაგრძელებით და გაფართოვებით. სოციალიზმი პრინციპიალურათ ნსხვავდება ეტატიზმიდან და მაშასადამე, თავისი ბატონობა უნდა გამოსახოს ახალ საზოგადოებრივ ორგანოში. ასეთი შეიძლება იყოს მხოლოთ საზოგადოების ეკონომიური ერთეული, სპეციალურათ ამ მიზნით არჩეული და სახელმწიფო მართველობისაგან დამოუკიდებელი. მაშასადამე, იქნება ორი ორგანო: პოლიტიკური და ეკონომიური, რომელთა შორის პირველი თანდათან სუსტდება და ჭკნება, და ბოლოს თითქმის გაქრება, ხოლო მეორე კი პირიქით, გაიზრდება, გამრავალფეროვნდება და აღორძინდება. ასეთი ორგანოს დაარსების ტენდენციები დღესაც არის, მხოლოდ მას ებღაუჭება ხშირათ რეაქციონური და ფაშისტური ელემენტები დემოკრატიის დასანგრევათ და თავისი პოლიტიკური დიქტატურის გასაძლიერებლათ. სოციალისტებმა არ უნდა დაანებონ მათ ამ საღი იდეის მითვისება და გამრუდება.
რაკი სიმდიდრის მესაკუთრე საზოგადოებაა, ცხადია, ამ სიმდიდრის ამუშავება მისი ორგანოების სრული კომპეტენციაა. პროგრამაში არც ეს მუხლი სჩანს ნათლათ. აქ ჩამოთვლილია მწარმოებელ ორგანოებათ: სახელმწიფო, ოლქი, მუნიციპალიტეტი, კოოპერატივი, კოლექტიური სამეურნეო და თვითმართველი ორგანიზაციები, დაახლოვებით დღეს არსებული ფორმები. აქაც იგივე შერევაა სხვადასხვა სოციალური ბუნების; ადამიანთა და ნივთთა მართველობა ერთი მეორისაგან დაშორებული არ არის. კაპიტალისტურ წყობილებაში მუნიციპალური და დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მეურნეობა დიდი პროგრესია, მარა სოციალისტურ წყობილებაში ის დიდი რეგრესია; ამით ძლიერდება ადამიანის დამსჯელი ორგანოები და მით ხდება საშიშრათ თვით წყობილებისათვის. საბჭოთა კავშირში, სადაც ყველა ეს ორგანოები აწარმოებენ, ჩვენ მოწამე ვართ წარმოების ბიუროკრატიზაციის და შრომის ნაყოფიერების დაცემის. სოციალისტური მეურნეობის ჩაჭედა კაპიტალისტური მეურნეობის ფორმებში სრულიად შეუძლებელია. ახალ შინაარსს ახალი სახე ეჭირვება. იძულებითი აპარატის სამეურნეო აპარატათ გადაქცევა ბუნებრივათ იძლევა მუშების და მოსამსახურეთა დამორჩილებას ბიუროკრატიული საშუალებებით. საბჭოთა მცონარე წარმოებამ ამ მხრით მონახა გამოსავალი.
პროგრამმა ითვალისწინებს ისეთ მდგომარეობასაც, როცა განსაზოგადოება მოხდება პატრონთა სამაგიეროთ დაჯილდოვებით. „ამ შემთხვევაში გამოსასყიდი ობლიგაციები უნდა იქნას დაფარული ერთი თაობის განმავლობაში ქონებაზე და მემკვიდრეობაზე დადებული გადასახადების შემოსავლით“. რა კი მთელი სხვილი მრეწველობა და აღებ-მიცემობა განსაზოგადოებულია, რჩება წვრილი წარმოება და აღებ-მიცემობა, რომელმაც მაშასადამე, უნდა ზღოს რევოლიუციის ხარჯები. სოციალიზაცია მიიმართება წინააღმდეგ როგორც სხვილი, ისე წვრილ მწარმოებლისა. განა აქედან არ არის მოსალოდნელი წვრილი მესაკუთრეთა ამხედრება პროლეტარიატის წინააღმდეგ და გრანდიოზული კონტრრევოლიუციის დაწყება? ასეთი პროგრამით პარტია არა თუ მოიმხრობს, პირიქით დააფრთხობს გლეხობას და წვრილბურჟუაზიას და მათ გადაისვრის ბურჟუაზიის ბანაკში. ამ საკითხის თავიდან ასაცილებლათ საჭიროა პროგრამა ყოველნაირ ეჭვს უფანტავდეს მათი ქონების ხელშეუხებლობის შესახებ. ამისდაგვარათ სიტყვები „გადასახადები ქონებაზე და მემკვიდრეობაზე“ უნდა შესწორდეს ასე: „გადასახადები სხვილ ქონებაზე და მემკვიდრეობაზე“. ამით იგულისხმება ნაწილი სხვილი წარმოების კიდევ კერძო მესაკუთრეთა ხელში დარჩენა. და თუ უეჭველათ მთელი დიდი ან ნაწილი სხვილი წარმოების ჩამორთმევა მოკლე დროში მოხდება გამოყიდვით, მაშინ ან თვით წარმოებამ უნდა გამოიყიდოს თავის თავი, ან და გამოყიდვაზე უარი ეთქვას. სხვა გამოსავალი არ არის.
ეს განსაზოგადოებული წარმოების ეკონომიური ოპეკა გრძელდება პროგრამის სხვა მუხლებშიაც. აქ ნათქვამია, რომ „გარდამავალ ხანაში პროლეტარიატმა უნდა პლანით წააქეზოს განსაზოგადოებულ დაწესებულებათა ზრდა კაპიტალისტურის ხარჯზე“. რა ნაირათ? ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება დღეს ეს საქმე საბჭოთა კავშირში. კერძო წარმოებას ახრჩობენ საგადასახადო საზარალო პოლიტიკით, პოლიციური დევნით, კრედიტის მიუცემლობით, და სხვა ათასნაირი შევიწროებით. ამის შედეგია დაკნინება არა მარტო კერძო, არამედ სახელმწიფო წარმოებისაც. რატომ? იმიტომ რომ უკანასკნელი დაფარულია ეკონომიური კონკურენციისაგან, აღჭურვილია პრივილეგიებით, არ არის იძულებული თავისი ეკონომიური საქმიანობით და საწარმოვო თაოსნობით თავის მდგომარეობა უზრუნველყოს. როცა ავსტრიის პროგრამმა სოციალისტური გადასხვაფერების პირველ ხანაში ჩამორთმეული წარმოების გვერდით უშვებს კერძო კაპიტალისტურ წარმოებასაც, ცხადია, რაიმე ეკონომიური აუცილებლობის მოსაზრებით და არა მის სახრჩობათ. მრეწველობის სრული მონოპოლია შესაძლებელია მხოლოდ გაწესრიგებულ სოციალისტურ საზოგადოებაში, სადაც მზადდება არა საქონელი უცნობი მუშტრისათვის, არამედ სახმარი ნივთი ნაცნობი მომხმარებლისათვის, როგორც მაგ. დღეს წყლის, გაზის და სხვა მუნიციპალურ მონოპოლიათა წარმოებაა დაყენებული საჯარო უფლების ნიადაგზე. მანამდე კი საქონლის წარმოება ხდება მისი კანონების თანახმათ - მისი დამუშავება და გასაღება ბაზრის პირობების შესაფერათ, ე.ი. კონკურენციის საშუალებით. კონკურენცია კი მოითხოვს მოქიშპეთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას. რაკი პროგრამა ამას სპობს და ერთ საქონელს მეორის წინააღმდეგ საგანგებო ზომებით იცავს, ცხადია, ამით მტკიცდება ორში ერთი: ან განსაზოგადოებული წარმოება თავისი საქმიანობით ვერ ხეირობს, ის საზარალო წარმოებაა, ან და მის გვერდზე ვერ ითმენს კერძო წარმოებას. პირველ შემთხვევაში ის დასახურავია, ხოლო მეორე შემთხვევა კი ეწინააღმდეგება პროგრამას, რომელიც აუცილებელათ მოითხოვს კაპიტალისტური საკუთრების არსებობას. გამოდის, რომ კერძო წარმოება კიდევაც არის და არც არის. ეს ბოლშევიკური ორჭოფობა პროგრამიდან უნდა ამოვარდეს და ეს თვით ავსტრიის სოციალისტების სამეურნეო მოღვაწეობას შეეფარდოს. ვენამ დაამტკიცა, რომ საზოგადო წარმოებას შეუძლია განვითარდეს თავისი საკუთარი უნარით და ხარჯით კაპიტალისტურის გვერდზე და მასან კონკურენციით.
ეს კიდევ ცოტაა. განსაზოგადოებული წარმოება უნდა ვითარდებოდეს არა მარტო კაპიტალისტური წარმოების ხარჯზე, არამედ რამდენიმეთ მუშათა და მოსამსახურეთა ხარჯზედაც. ამ მიზნით პროგრამაში წამოყენებულია ასეთი თეორია: „თვითეული დავა შრომის პირობებზე კაპიტალისტურ წარმოებაში, სულ ერთია ის ეკუთვნის კერძო პირს თუ სახელმწიფოს, რომელზედაც ბატონობს კაპიტალისტთა კლასი, არის ბრძოლა შრომას და კაპიტალს შორის; ამ ბრძოლაში მუშათა კლასი უარს ვერ იტყვის გაფიცვაზე; თვითეული დავა შრომის პირობებზე წარმოებაში, რომელიც ეკუთვნის საზოგადოებას, რომელშიაც ბატონობს მუშათა კლასი, ან მუშათა კოოპერატივი, არის კონფლიქტი მუშათა კლასის საზოგადო ინტერესების და მუშათა ცალკე ჯგუფის კერძო ინტერესთა შორის“. ეს ორი დებულება დიდათ სადაოა. პირველი არ ფარავს თანამედროვე ექსპლოატაციის ყველა ფორმას. საბჭოთა რუსეთში კაპიტალისტები არ ბატონობენ. განა ეს ნიშნავს რომ აქ შრომას და კაპიტალს შორის ჰარმონიაა? და თუ ბატონობს არა კაპიტალისტთა კლასი, არამედ მაგ. ხუცები, მოხელენი, „რევოლიუციური უმცირესობა“, როგორც ამას შენიშნავდა ამხ. დანი, რომელიმე განდის ანტიკაპიტალისტური ან ფენგიუსიანგის მოსკოფილური პარტია, მაშინ? ყველგან, მთელ აღმოსავლეთში, დაწყებული რუსეთიდან, ახალ აღორძინებულ კაპიტალისტური ურთიერთობის წინააღმდეგ დიდი მოძრაობაა წინა-კაპიტალისტური, შუათანა კლასების, რომელნიც თავის წვრილ წარმოებას და ურთიერთობას ებღაუჭებიან. სადაც ამ მოძრაობამ გაიმარჯვა, როგორც მაგ. საბჭოთა კავშირში, იქ შრომის ექსპლოატაცია გაცილებით უფრო მწვავე და ბარბაროსულია, ვინემ კაპიტალისტურ ქვეყნებში. კაპიტალიზმს ებრძვიან ორი მხრიდან: მარცხნივ და მარჯვნიდან, პროლეტარიატი და წვრილი ბურჟუაზია. პროგრამის დებულება თითქოს ხელს აფარებს უკანასკნელს და მით ხელს უწყობს საბჭოთა სოციალსიტურ ცრუმორწმუნეობას.
ასევე მიუღებელია პროგრამის მეორე დებულება, რომლითაც დაპირდაპირებულია მთელის და მის ნაწილთა ინტერესები. საზოგადოება არ არის აბსტრაქცია, მეტაფიზიკური მოვლენა, რომელიც ნსხვავდება მისი შემადგენელი ნაწილებისაგან. პირიქით, საზოგადოება მხოლოდ მის ნაწილებში იხატება და ვითარდება. და თუ დღეს ასე არის - ამის მიზეზია კლასთა განხეთქილება, ქონებრივი უთანასწორობა, რის დაფარვას ცდილობენ გაბატონებულნი სწორეთ ამ სიმღერით: - მოითმინეთ, მთელის ინტერესი მაღლა დგასო. სოციალისტურ უკლასო წყობილებებში კლასთა ადგილს „ცალკე ჯგუფები“ ვეღარ დაიჭერენ და მათი ნაწილ-ნაწილათ დასამორჩილებელ თეორიებს ადგილი არ ექნება. აქ საზოგადო და კერძო ერთმანეთს ფარავს, მათი ინტერესი ერთი და იგივეა, ერთის ჭირ-ვარამი მეორის ჭირვარამიცაა. თუ სოციალისტურ წარმოებაში მუშათა მდგომარეობა სათანადო სიმაღლეზე ვერ დგება, ე.ი. წარმოება ვერ იტანს შრომის პირობების გაუმჯობესებას, უნდა მოხდეს ორში ერთი: ან წარმოების ტეხნიკურათ გაუმჯობესება და შრომის განაყოფიერება ან და მისი დახურვა და სხვა სამუშაოს გამოწყება. მუშებისათვის ქადაგი - ეს თქვენი ქონებაა და მოითმინეთო - საბჭოთა „პროლეტარული“ პოლიტიკაა, რაც ყოველ დღეს მათ პრესაში იწერება და რითაც მუშების დაბეჩავება „თეორიულათ“ საბუთდება. სოციალიზმთან ამ დოქტრინას კავშირი არ აქვს.
მთელ ამ აზროვნებას აქვს პრაქტიკული მიზანი - მუშებმა ხელი აიღონ ბრძოლის მეთოდზე და „მთელის“ სადღეგრძელოთ დაკმაყოფილდენ მშვიდობიანი საშუალებებით. მართალია, მათ გაფიცვა აღარ ეკრძალებათ, მარა ეს მორალურათ და პოლიტიკურათ დაგმობილია; ეს საერთო საქმის ღალატია. „სოციალ-დემოკრატიამ უნდა ჩაუნერგოს მუშებს და მოსამსახურეთ შეგნება, რომ ასეთი დავა, როგორც წესი, უნდა იჭრებოდეს მომრიგებელი კომისიებით და მედიატორებით, რომელნიც ინიშნებიან პროფკავშირების მთელი ორგანიზაციის მიერ“. ეს ძლიერ კარგი, ასეთი ტრიბუნალი საჭიროა, მარა საკითხი იმაშია, რომ ვერ შეთანხმდენ, მუშა არ კმაყოფილდება ამათი განჩინებით, მაშინ? მაშინ უკმაყოფილო ნაწილი პროლეტარიატისა დგება ერთ მხარეზე, სოციალ-დემოკრატია მეორეზე და რადგანაც ასეთი შემთხვევები შეიძლება დაემართოს მრავალ „კერძო ჯგუფთ“ ცალ-ცალკე, ბოლოს და ბოლოს გამოვა, რომ მთავრობის პარტია - სოც.-დემოკრატია ეპირდაპირება პროლეტარიატს სწორეთ ისე, როგორც დღეს საბჭოთა კავშირში კომუნისტებს სჭირთ. მოხდება ორში ერთი: ან მთავრობის ცვლილება, ახალი პარტიის გამოჩენა და გაბატონება ან და ურჩების ძალით დამორჩილება... არა, სოციალიზმი ასეთ ორჭოფულ ზერელე საფუძველზე ვერ აეგება. მისი საძირკველია საწარმოვო აღორძინება, უმაღლესი ტეხნიკა, სიმდიდრის გამრავლება, ნაკლები შრომა, შრომის საუკეთესო პირობები - ერთი სიტყვით, მუშათა კლასის დაბალი საფეხურიდან მართლა მაღალზე აყვანა. სადაც ეს ასე არ არის, იქ არავითარი სოციალიზმი არ არის და მას მუშათა კლასი ვერც შეურიგდება, ის იბრძოლებს ბოლომდე.
აღარ შევეხებით წვრიმალ დებულებებს, როგორიცაა მუშების და მოსამსახურეების ერთ კლასში მოთავსება, მათ მიერ „თავისი ნაშრომით განკარგულება და სხვა ასეთ არა-მარქსისტულ ახალ აზრებს; ვიტყვი მხოლოდ, რომ პროგრამის ამ ნაწილში მოთავსებული დიდაქტიკური კილო მუშების მიმართ სრულიად უადგილოა. პროგრამა არის ნუსხა დოქტრინის და პრაქტიკული მოთხოვნილებების. ხოლო ვინ როგორ უნდა უყურებდეს თავის მუშაობას - ეს პედაგოგიკის საგანია.
დასასრულ, კიდევ ერთი შენიშვნა პროგრამის უკანასკნელ თავზე (ინტერნაციონალი). აქ ჩვენ ვკითხულობთ: „უახლოესი მიზანი ინტერნაციონალის, რომელიც შეიცავს ყველა ქვეყნის მუშებს, არის ბრძოლა კაპიტალიზმიდან წამომდგარ ომის საფრთხესთან“. დებულება სრულიად უდაოა თავისთავათ. მარა ფარავს ეს ყოველნაირ ომს? არა. აქ გამოყოფილია მხოლოდ ის ომი, რომელიც კაპიტალიზმიდან წარმოსდგება, დანარჩენი კი უყურადღებოთაა დატოვებული. ინტერნაციონალის მარსელის კონგრესმა მიუთითა ასეთ ომზედაც და ის დაგმო კაპიტალისტურ ომთან ერთათ. აქ ვკითხულობთ: „კომუნისტური ინტენაციონალი ავრცელებს იმ ოცნებას, რომ მუშათა განთავისუფლება შეიძლება დაპყრობილ იქნას წითელ არმიათა ხიშტებით და რომ მსოფლიო ომი მოგვცემს მსოფლიო რევოლიუციას“. რეზოლიუციის მომხსენებელი ბაუერი ამბობდა: „ბოლშევიზმი - ეს, ასე ვთქვათ, ომის სოციალიზმის ვარიაციაა. როგორც ის დარწმუნებულია, რომ შინაგანი თავისუფლება არ მოიპოვება, თუ არა სისხლიანი სამოქალაქო ომით, ისე მას სწამს, რომ გარეგანი დამოუკიდებლობა არ მოიპოვება, თუ არა იარაღით, შეტაკებებით რევოლიუციური და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის“ (იხ. პროტოკოლი). როგორც ხედავთ, ინტერნაციონალის თვალსაზრისით ომი საფრთხეა ორნაირი - კაპიტალისტური და კომუნისტური. ეს უკანასკნელი ამჟამათ გაცილებით უფრო მოსალოდნელია, ვინემ პირველი. კაპიტალისტურ ქვეყნებში არის შესაძლებლობა თავისუფალი ბრძოლის და ორგანიზაციის. აქ მუშათა პარტია მედგრათ ერევა სახელმწიფოს საქმეებში და არ ანებებს მილიტარულ ელემენტებს სურვილისამებრ იბატონონ. საბჭოთა ქვეყანაში კი არც ერთი ასეთი შესაძლებლობა არ მოიპოვება, მთავრობის მოწინააღმდეგე სოციალისტური ძალები დევნით გატეხილია და დესპოტიური მართველობა გაბატონებულია. მარსელის რეზოლიუცია ამბობს: „იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპაში საერთაშორისო მდგომარეობა ხდება უფრო მშვიდობიანი, მუშათა კლასის მუდმივი მოქმედებით აღმოსავლეთ ევროპაში მდგომარეობა საშიშრათ მწვავდება... ინტერნაციონალის აზრით, ომის საფრთხე მეტათ შემცირდება, რომ საბჭოთა კავშირში ომის და ზავის განჩინება იყოს არა დიქტატორულ მთავრობის, არამედ თვით ხალხის ხელში“. ერთი სიტყვით, კაპიტალისტური ომის საფრთხე კლებულობს, ბოლშევიკური კი მატულობს - აი, ინტერნაციონალის დებულება და ეს სავსებით ეთანხმება ფაქტებს. მოსკოვის მთელი საგარეო პოლიტიკა აშენებულია ნაციათა ლიგის დაშლაზე, აღმოსავლეთ ერების დასავლეთის წინააღმდეგ დაპირდაპირებაზე, მათ შორის შუღლის და კონფლიქტის გაღრმავებაზე. ევროპის მიერ უარყოფილი საიდუმლო დიპლომატია კრემლის სახარებათ გადაიქცა, სადაც ჩუმათ ითხზება საერთაშორისო კონსპირაცია. ერთა ერთიმეორეზე წასისინება, ახლო და შორეულ აზიაში ომის კერათა გაღვივება, მოსაზღვრე ლიმიტროფების დამორჩილების და დაჯაბნების გეგმა, ჩამორჩენილი ხალხების თავის საგარეო ძლიერების იარაღათ გამოყენება; მოსკოვი ერევა პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ფულით და კაცით, ყველა სახელმწიფოთა შინაურ საქმეში, ყავს უცხოელთა მთელი ჯგუფები და ორგანიზაციები თავის სამსახურში, აშკარათ არიგებს ფულს ხალხის მოსაყიდათ, აწყობს შეთქმულობებს, სადაც კი ეს შეიძლება, აღელვებს არა-ევროპელ ხალხთ ევროპელთა წინააღმდეგ, აძლიერებს რასიულ სიძულვილს, რაზმავს ყველას ყველას წინააღმდეგ. ომის მთავარი საფრთხე დღეს მოსკოვში ძევს.
ავსტრიის პროგრამა ომის რეალურ ამ საშიშროებას ვერ ხედავს და ჩაფრენია მარტო კაპიტალისტურ ომს. აქაც ის ებრძვის არა ყოველნაირ ომს, არამედ „იმპერიალისტურს და ნაციონალისტურს“. ასეთი კლასიფიკაცია მართლაც ახალი ამბავია ინტერნაციონალში. ყველა ინტერნაციონალური კონგრესი, დაწყებული 1868 წლიდან, უარყოფს ომს, როგორც ასეთს. რატომ? იმიტომ რომ ყოველნაირი კლასიფიკაცია სუბიექტურია, მოკლებულია ობიექტურ საზომს. იმპერიალისტური ომის თავდაცვით ომათ მოჩვენება მეტათ ადვილი საქმეა. ამის მწარე მაგალითი ვნახეთ. იმპერიალიზმი სპეციალური ფორმაა განვითარებული კაპიტალიზმის და მაშასადამე, ვერ ფარავს მის ყველა ფორმას. იმპერიალიზმის პირდაპირი მოწინააღმდეგე პრინციპია ერის თვითგამორკვევა და ყველა ამ დებულებისაგან გამომდინარე შედეგები. პროგრამა სამართლიანათ აცხადებს, რომ სოციალ-დემოკრატია „ეხმარება ყველა ხალხის გამანთავისუფლებელ ბრძოლას უცხო იმპერიალისტური ბატონობისაგან“, მარა მასვე უმატებს სადაო დებულებას „და კონტრრევოლიუციურ ჩარევას მათ რევოლიუციებში“. ე.ი. აკრძალულია სხვა ერის შინაურ საქმეებში არა ყოველნაირი ჩარევა, არამედ კონტრრევოლიუციური. მაშასადამე, რევოლიუციური ჩარევა დაშვებულია. ამით ირღვევა პროგრამის ის მუხლი, სადაც ერთა თვითგამორკვევის პრინციპია აღიარებული. ჩარევის ასეთი კლასიფიკაცია საშუალებას აძლევს ყველა სახელმწიფოს მის მეზობელ ერთა შინაურ საქმეში ხელი აფათუროს. დღეს რა არ არის რევოლიუციური, ყველა გადატრიალება, არის ის ფაშისტური, მილიტარული, ბოლშევიკური თუ ჩინური - რევოლიუციურია. ცნებათა და საქმეთა ასეთ არევის ხანაში ყოველნაირი ორჭოფული დებულება მიუღებელია, მით უფრო, როცა ის პრინციპიალურათაც დაუშვებელია.
მომხსენებელი ოტო ბაუერი ამ კლასიფიკაციას იცავს იმ მოსაზრებით, რომ შეიძლება „რევოლიუციური თავდაცვითი ომის წარმოება მოგვიხთესო“. რატომ სამშობლოს დაცვა იქნება რევოლიუციური და არა უბრალო ნაციონალური? ხორტის მაგიერ ბელა-კუნის მთავრობა რომ ჩამოერიოს ავსტრიის შინაურ საქმეებში, რა ხასიათის იქნება ავსტრიელთა ომი - რევოლიუციური, თავდაცვითი თუ კონტრრევოლიუციური? ჩარევის საზომათ რევოლიუციონერობის გამოცხადება კარს უღებს ყველა ავანტიურისტს ახალ-ახალი რევოლიუციონური ექსპერიმენტებისაკენ.
ეს უკვე რევოლიუციური ომის თეორიაა, რაც ძირბუდიანათ ეწინააღმდეგება სოციალიზმს და უახლოვდება ბოლშევიზმს.
ამ გვარათ. ავსტრიის ახალ პროგრამაში ორი სული ტრიალებს: სოციალისტური და ბოლშევიკური. ის, რაც სწორია - ძველია, მარქსისტულია; რაც შემცდარია - ახალია, ლენინურია. ან ერთი, ან მეორე. ორივე ერთათ შეუთავსებელია.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. 1926. - №18.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. 1927. - №19/20.
![]() |
30 ექვსი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
ექვსი წელი - ექვსი სუდარა საქართველოზე გადაფარებული, ექვსი მახვილი ქართველი ერის სხეულში ჩასობილი.
გადის დრო, იცვლება ჟამი. არ იცვლება ქვეყნის სატკივარი, არ ნელდება მისი ტანჯვა მრავალი.
დღესაც, ისე როგორც ექვსი წლის წინეთ, ქართველი ხალხი მწარეთ დასტირის დაკარგულ თავისუფლებას, თვალწინ იგონებს განვლილ კმაყოფილებას. წყლული წყლულს ემატება, ნაღველი ნაღველს ეამბორება.
დღეს თვითეული ქართველი თავის თავს გაოცებით ეკითხება: რა აღგვითქვეს, რა აგვისრულეს!
აღგვითქვეს კეთილდღეობა, მოგვიტანეს ტანჯვა-ვაება; აღგვითქვეს ძმობა, ერთობა, მოგვიტანეს შური და მტრობა; დაგვპირდენ ბედნიერებას, თავს დაგვატეხეს უბედურება.
ხალხი შეშფოთდა, შეინძრა და გაახილა თვალი მართალი. იწყება მისი აღდგომა, მისი განკურნება, მისი ამაღლება. სული ახლდება, ბურუსი იფანტება, გონება ფხიზლდება და მტერი ვერაგი ყველასთვის დასანახი ხდება. ის ბინადრობს ხალხში, მარა ხალხი მას არ ენდობა; მისი საქმე შავათ უჩანს, მისი სიტყვა აღარ ეყურება.
დავკარგეთ თავის-თავის ბატონობა, მარა მივიღეთ თავის-თავის შეგნება. მოგვკლეს, მარა არ მოვკვდით, დაგვაძინეს, მარა არ გვძინავს. ჩვენთვის მომზადებული სასაფლაო მათთვის ითხრება.
ექვსი მძიმე წელი, მსხვერპლით და თავის დადებით აღსავსე წელი, არის წელი ჩვენი სულიერი აღორძინების, ხალხის ერათ გადაქცევის. აჟღერდა ძველი სიმები, ათასი წლობით დაწნული და ჩვენი ჭირ-ვარამის საკრავზე ჩამწკრივებული. გამოჩნდა განვლილ სევდათა ნაქსოვი, მტკიცე ნაჭედივით და სათუთი გრძნობებივით. ხალხმა მას მიაგნო, მას ხელი ჩასჭიდა და ხსნის ბერკეტათ გამოაცხადა.
ერმა მონახა თავის თავი და უძლეველი შეიქნა.
დაგვმარხეს, მარა ავდექით და სიცოცხლის ველზე დავდექით.
რით? მხოლოდ ერთი იარაღით, ამაყი სულით და ძლიერი ნებისყოფით. ჩვენ გვსურს სიცოცხლე და ვიცოცხლებთ, ჩვენ გვსურს თავისთავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს და გვეკუთვნება. ერმა დაინახა დიადი მიზანი და წელში გაიმართა; ის, დამჯდარი, ადგა და გმირი გამოჩნდა; ის შეუდგა თავის დაცვას ყველა ფრონტზე, ყველა ასპარეზზე.
გაქრა ის დრო, როცა ქართველი ხალხი ჩრდილოეთიდან სინათლეს სასოებით მოელოდა; იქიდან მოდის სიბნელე და მან ზურგი შეაქცია მას; იქიდან მოდის გათახსირება საზოგადოებრივი, ოჯახური, მეგობრულ-ნათესაური და მას კარი გამოუკეტა; იქიდან აფურთხებენ და ფეხქვეშ თელავენ წმიდათა-წმიდას და მას ერი არ აყვა; საქართველომ მოსკოვი არ მიიღო არც პოლიტიკურათ, არც კულტურულათ, არც მორალურათ. საქართველოს აქვს თავისი საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი კულტურა და ზნეობა. ამ სიმაგრეში ის ჩაჯდა, მის ირგვლივ შემოკრბა. მოსკოვი შეიქნა განმარტოებული, უძირო და უნიადაგო.
დიადია ეს ბრძოლა, ფართეა მისი სარბიელი, შორს ძევს მისი საზღვარი. ხალხი თავს იცავს ფეხდაფეხ, ყოველ წუთში, ყოველ საათში, განუწყვეტლივ, შეუჩერებლათ. მას არღვევენ ყოველ ჟამს მთელი სახელმწიფო აპარატებით, ის შენდება ყოველ ჟამს თავისი სულიერი ძალღონით. მის მიჯაჭვულ სხეულს კორტნის მუდამ ჟამს ყვავ-ყორანნი, მარა მისი იარები მთელდება. ქართველი ერის მორალს ასქდება ულმობელი მტერი. აქ ის იჩოქებს და მარცხდება.
ექვსი წელი, წელი დიადი ბრძოლის, მედგარი იერიშების. დიდი გაჭირვება კვეთს დიდ ხასიათს. ამ ექვსმა წელმა გამოკვეთა ახალი ქართველი, აღადგინა ძველი მებრძოლი, უშიშარი და თავის დამდები. გადასახლება, წამება, ხვრეტა მას ამამაცებს; მან გააწბილა მოციქული, შიშმა ვერ შექმნა სიყვარული.
აქ გადაწყდა ბედი ქართლისა, აქ ჩაიყარა მისი არსებობის ღრმა საძირკველი. მას ვერ გაარღვევს მრისხანე მტერი. მას არღვევდა დიდი სპარსეთი, დიდი ოსმალეთი, დიდი ურდოები. ჩვენი დამრღვევი თვითონ ირღვევა - ამას ვერ ასცდება მოსკოველები.
„გადაგვხვდია ბრძოლა მრავალი, ტანჯულმა სულმა არ იცის დაღლა“. ქართველი ერი არ დაიღლება. მისდევს ჟამი ჟამს, თაობა თაობას. იცვლება მდგომარეობა, არ იცვლება მისი ბუნება, არ სუსტდება მისი სასიცოცხლო ძარღვი, მისი აღფრთოვანება. ის თავს იცავს ახლაც ისე, როგორც ათასი წლის წინეთ, ავლებს საზღვარს მტერს და თავს შორის, აღმართავს ციხეს ამ ხაზზე და ეპირდაპირება გადაღმელთ ყოველ სფეროში. ეს ციხე დღეს ხელთუქმნელია, ამიტომ ის აუღებელია. ხიშტი ხიშტს მოერევა, ზარბაზანი ჩააჩუმებს ზარბაზანს, მარა ის უძლურია მხნე სულის და მაგარი ნების წინაშე. რკინა შესცვალა რწმენამ, ყუმბარა - გადაწყვეტილებამ.
ხალხი იღუპება, როცა მისი სული, მისი მორალი ტყდება. მაშინ ის ბრბოდ იქცევა, სარეკ ჯოგს ემსგავსება. ქართლის თესლი ამ გზით არ მოიმართება. ის მუდამ წარმოადგენდა დაწყობილ, დარაზმულ ერს, ორგანიზაციულათ დაკავშირებულს. ამით გამოიტანა მან თავი ბნელი საუკუნოებიდან. ის დღესაც ასე ირაზმება, ის თავს იყრის თავისი ერთგული პარტიების, ორგანიზაციების და მეთაურების გარეშემო. ვის შეუძლია ეს თვისება მას წაართვას? ვის ძალუძს მოკლას მისი სურვილი, მისი იდეალი, მისი სიყვარული კეთილის და სიძულვილი ბოროტების! მოსკოვმა მოსტაცა მრავალი მებრძოლი, ჩაუჩუმა მრავალი მეგობარი, გაუმწარა სვე-ბედი, მარა ვერ შეარყია მისი მორალი, მისი სული და გული.
აქ იჭედება ქართველი ხალხის თავისუფლება; მას ეძლევა საფუძველი მძლეთა მძლეველი. მას აართვეს ბატონობა, მარა ვერ აართვეს ნამუსი; მას მოსტაცეს თავისუფლება, მარა ვერ მოსტაცეს პატიოსნება.
და დღეს, როცა მტრის მზე ჩადის, როცა მისი გლოვის ზარი ირეკება და დაშლილი, დასენიანებული დაბლა, უფსკრულისაკენ ეშვება, ქართველი ერი გაჯანსაღებული, გაწმენდილი, გამოწვრთნილი და ხელი-ხელ ჩაკიდებული უჭვრეტს ამ სანახაობას და იმედიანათ გაყურებს განთიადის მოახლოვებას. სიკვდილით სიკვდილი ითრგუნება.
უქმათ არ ჩაიარა ეს განწირული სულის კვეთება...
ნ. ჟორდანია.
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი. პარიზი/. - 1927. - №14. - გვ. 1.
![]() |
31 დემოკრატიის კრიზისი1 |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიის კრიზისი ფაქტია. ის იხატება ორი ფორმით: იდეიურათ, მისი სამტრო მოძღვრების გავრცელებაში და პოლიტიკურათ, მრავალ დემოკრატიულ წყობილებათა დარღვევაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ის სიადვილე, რომელითაც ეს დარღვევა ხდება. ხშირათ საკმარისია ერთი ღამე, რამდენიმე საათის აფორიაქება, რომ გამთენიას თავისუფლებიდან დესპოტიაში ამოყოთ თავი.
ანტიდემოკრატიული ქარიშხალი პირველათ ამოვარდა რუსეთში, გადმოიარა სამხრეთ ევროპაში, უკანასკნელათ წვდა ლიტვას. ქრის მთელ დასავლეთში. ის საერთო მოვლენაა. დემოკრატიას ებრძვის სხვადასხვა ბანაკი, ბოლშევიკური, ფაშისტური, მილიტარული, ნაციონალისტური და სხვ. მარა ებრძვიან ერთნაირი საშუალებებით, შეხმატკბილებული და ხელი-ხელ ჩაკიდებული. მათი დოქტრინა ერთია, მათი პრინციპები არ ნსხვავდებიან.
დოქტრინა. მათი მოძღვრების ცენტრია შეხედულება სახელმწიფოზე. მათ აღადგინეს ძველი მერკანტილური ეპოქის იდეია სახელმწიფოს ყოვლად შემძლებლობაზე, რითაც მაშინ ებრძოდნენ პარტიკულიარიზმს, პროვინციალიზმს და ფეოდალიზმს და გადმოიტანეს ახალ დროში თანამედროვე საზოგადოების წინააღმდეგ. სახელმწიფო გამოცხადებულია განყენებულ მცნებათ, აბსტრაქციათ, რომლის ინტერესი სრულიად არ ფარავს საზოგადოების ინტერესს და არც ემორჩილება მის კანონებს. ყველა კლასი და წრე ვალდებულია დაიჩოქოს ამ ღვთაების წინაშე და მისი მონა მორჩილი გახდეს. კლასები გაუქმებულია, მათი ბრძოლა აკრძალულია; მათ მაღლა დგას მთავრობა და ის ზრუნავს ყველა კლასზე და მოქალაქეზე. ეს ზეკლასიური მართველობაა მოწოდებული თვითეულ პირს მიუჩინოს თავისი ადგილი საზოგადოებაში და ჩააყენოს მუდმივ ოპეკაში. ამ გზით მყარდება „ბედნიერება“ ყველა ამათ საბრძანებელში, მოსკოვიდან მადრიდამდე.
პოლიტიკა. ამ მოძღვრებას ებრძვის დემოკრატია, მაშასადამე, დემოკარტიის დაქცევით ის გაიმარჯვებს. რა გზით? ერთათ ერთით: პარტიული მონოპოლიით და მილიტარული ძალმომრეობით. ჭეშმარიტება ხელთ უპყრია ამ ერთ პარტიას, მის მეთაურებს, მის შეფებს, რაც ხალხს არ ესმის და საჭიროა მას ის ძალით შეასმინონ. დემოკრატიის ალაგს იჭერს „შეგნებული უმცირესობა“, „მომქმედი ჯგუფი“, „რევოლიუციური ინტელიგენცია“, ერთი სიტყვით, გაბედულნი და მებრძოლი გმირები. ესენი არ არჩევენ კლასს და წოდებას, მათთვის ყველა მისაღებია, ვინც კი მათ გაყვება; მათი ლაშქარი ყველა კლასიდან იკრიბება, განსაკუთრებით კი დაბალი კლასებიდან. მუსოლინის პარტიაში დიდი უმრავლესობა მუშები და გლეხებია. პარტია ბატონდება ერზე, მეზობელი მეზობელზე, უმცირესობა უმრავლესობაზე. ძირს ხალხის სუვერენობა, გაუმარჯოს ფაშისტის და ბოლშევიკის სუვერენობას - აი მათი პოლიტიკური დროშა.
ამ ახირებულმა დროშამ მოიპოვა ფართე გამოხმაურება. მან შეარყია დემოკრატია. ბურჟუაზიულ დემოკრატიამ წაიჩოქა ფაშიზმის წინაშე. ხოლო მუშათა დემოკრატიამ ბოლშევიზმის წინაშე, რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიამ ვერ გამოჩინა შესაფერი მოქნილობა ახალ გარემოებათა შესაგუებლათ, ახლათ გადაჯგუფებულ მტერთა გასარჩევათ და მოსაგერებლათ. ის ჩარჩა ძველ ჩარჩოში, ძველათ გაცემული თამასუქებით და შეთვისებული ბრძოლის მეთოდებით, მაშინ როდესაც მისი მოპირდაპირე ბანაკი სრულიად ახალი ფორმაციისა და სახისაა.
თანამდეროვე დემოკრატია დაიბადა და აღიზარდა თავად-აზნაურულ და ბურჟაზიულ უფლება-უპირატესობასთან ბრძოლაში. მის წინ მუდამ იმართებოდა ზღუდენი ტახტის, არისტოკრატიის, შეძლებულების. ეს დაბრკოლება მან გადალახა და გაიმარჯვა. ასეთ მტერთან ბრძოლაში ის გამოცდილია, მისი ავან-ჩავანი კარგათ იცის. დღევანდელი მტერი კი ამას სრულიად არ გავს. ძველი დროშა სახელ გატეხილია, ის ჩამოხსნილია. პირიქით, მტერი თვით ებრძვის მას, არ სწამს არავითარი ძველებური პრივილეგიები: დემოკრატიას ეპირდაპირება არა მონარქია, არა არისტოკრატია და ბურჟუაზია, არა რომელიმე კლასი და წოდება, არამედ ყველა კლასისგან გამოკრეფიული ჯგუფი ერთ შეიარაღებულ რაზმათ თუ პარტიათ გადაქცეული. ეს ხალხი ერთდაიმავე დროს მიდის მარჯვნით და მარცხნით, პოლიტიკური რეაქციის და სოციალური რეფორმისაკენ. ეს ზეკლასიური თუ კლასთა შუა შეჯგუფებათა მბრძანებლობა ევროპას აქამდის არ უგემია; მას კარგათ იცნობდა ძველი ანტიური დემოკრატია და ეწოდებოდა დემაგოგია და ტირანია. აი ეს ათინაში და სიცილიაში ერთხელ დამარხული წყობილება ორი ათას ხუთასი წლის შემდეგ დგება და ევროპას ახალ სახარებათ ევლინება! დემოკრატია შედრკა, დაიბნა და მტერს გზა გაუხსნა.
მოხდა დემოკრატიის იდეიური კრიზისი, პირველ ყოვლისა მუშათა დემოკრატიის. მან ვერ გადასწყვიტა ძირითადი საკითხი ეკონომიური და პოლიტიკური მოძრაობის ურთიერთობის შესახებ. შესაძლებელია სოციალური რევოლიუცია პოლიტიკური დამონავებით? მოსკოვმა ასეთი შესაძლებლობა დიდის ზეიმით გამოაცხადა და მუშათა შორის რასკოლი შეიტანა. ზოგი მას მიემხრო აშკარათ, ზოგი შეეჭვიანდა. სოციალისტური აზროვნების საფუძველი შეირყა, მისი კარები ფართეთ გაიღო და შიგ მობოლშევიკო სოციალისტებმა მოიკალათა. დიდი თეორეტიკოსები და ლიდერები (კაუცკი, გედი, აქსელროდი და სხვ.) დარჩენ უჯაროთ, მასა გაიტაცა უტოპიამ. ეს კრიზისი გრძელდება დღევანდლამდე. დღესაც საბჭოთა დემაგოგია გამოცხადებულია სოციალისტურ პარტიათა მზრუნველობის საგნათ. მარსელის კონგრესმა ყველა სახელმწიფოსგან მხოლოდ მოსკოვი გამოყო და თავის მფარველობაში აიყვანა.
მუშათა დემოკრატიის ეს იდეიური რყევა გადაედვა მის უკან მდგომ წვრილბურჟუაზიულ დემოკრატიას, მოწინავე ინტელიგენციას, რომელიც თავის რადიკალიზმს ბოლშევიკებთან არშიყობით ამტკიცებდა. დემოკრატიის პირველი სანგრის აღებამ გამოიწვია დანარჩენი ჯებირების აფორიაქება და იდეიური არევ-დარევა. აქედან დაიბადა პოლიტიკური კრიზისი. დემოკრატიული მთავრობა უცებ გადაიქცა უძლურ, უსაქმო, მოლაყბე მთავრობათ. დემოკრატიზმი გახდა სინონიმათ სიძაბუნის, გაუბედაობის, ერთი ადგილის ტკეპნის, სიტყვიერების. რუსეთის დროებითი მთავრობის სენი მოედვა ევროპის მთავრობებსაც, განსაკუთრებით წვრილბურჟუაზიულს და ინტელიგენტურს, გერმანიის და ავსტრიის სოც.-დემოკრატიულმა მთავრობებმა ბოლშევიკებს ტყვიის-მფრქვეველებით გაუმასპინძლდნენ, მარა შემდეგ ისინიც საერთო ტალღამ გაიტაცა და მოსკოვის სახარებაზე იმედების დამყარება დაიწყეს. საზოგადოება ითხოვდა მაგარ მთავრობას, მას უმასპინძლდებოდენ ლამაზი სიტყვებით. ბურჟუაზიული დემოკრატია შეშინდა, უკან დაიხია და თან აიყოლია საზოგადოების ერთი ნაწილი. დემოკრატიული მართველობის უკმაყოფილო ელემენტები შეუდგენ ახალი მართველობის ძებნას. ფაშიზმი დაიბადა.
როგორც ხედავთ, ფაშიზმი, ისე როგორც ბოლშევიზმი, აღორძინდა დემოკრატიის უძლურებაზე, გამოვიდა მისი იდეიური და პოლიტიკური კრიზისიდან. ყოველგან, სადაც კი გაბატონდა სიტყვიერი დემოკრატია, ფაშიზმს გზა გაეხსნა. დემოკრატების მიერ დატოვებული პოზიციებს ფაშისტები ეპატრონებიან. ბურჟუაზიული დემოკრატია უარყოფს ფაშიზმის სოციალურ დემაგოგიას, მარა იწონებს მის პოლიტიკურ რეაქციას და კალთაში უვარდება სწორეთ ისე, როგორც სოციალისტური დემოკრატია უარყოფს საბჭოთა პოლიტიკურ რეაქციას, მარა იწონებს მის სოციალურ დემაგოგიას და მას ეხმარება. დემოკრატიის ამ ორივე ფრთის პრინციპიალური შერყევით სარებლობენ მტერთა ორივე ბანაკი და გახურებული მუშაობა აქვთ გამართული დემოკრატიის მთელ ევროპაში დასანგრევათ.
ევროპა ამჟამათ იმყოფება ტირანიის ხანაში. მსგავსათ ძველ საბერძნეთისა მეექვსე საუკუნეში. კლასიური მართველობა იშლება, ჯგუფური მართველობა წესდება. ეს ტალღა ძლიერდება, ახალ-ახალ ქვეყნებში გორდება და დემოკრატიას მესაფლავეთ ევლინება. დემოკრატიის დღევანდელი ისტორიული მოწოდებაა - ამ ტალღის დაძლევა, საზოგადოების ისევ ძველ პოლიტიკურ ლიანდაგზე დაბრუნება და ძველი ხაზის და ბრძოლის გაგრძელება. რა გზით შეიძლება ეს? გზა ერთათ ერთია - დემოკრატიის მიერ საკუთარი იდეიური კრიზისის დაძლევა, ძველ პრინციპებზე შერჩენა, ძველი მოძღვრების ერთგულება. რაკი ანტიდემოკრატიული ნიაღვრის გადმოხეთქა გამოიწვია პირველი ზღუდეების მოშლამ, სოციალისტების შეფორხილებამ. ცხადია, გამოსწორება უნდა დაიწყოს სწორეთ აქედან. ბოლშევიზმი და ფაშიზმი სიამის ტყუპებია; სადაც კი პირველი გაჩნდება, იქ მერეც ჩნდება და საზოგადოებას მხსნელათ ევლინება. სანამ თვით სოციალისტური დემოკრატია არ იტვირთებს ამ მხსნელის როლს, სანამ ბოლშევიზმს თავის აშკარა მტრათ არ გამოაცხადებს და ყოველივე ყოყმანს ამ სფეროში არ უარყოფს, მანამდე ფაშიზმი ვერ დაითრგუნება და საზოგადოება ვერ გადარჩება მისი ბრჭყალებისაგან. ერთი ტირანია ასაზრდოებს მეორეს; მათთან დამოკიდებულებაც მხოლოდ ერთნაირი შეიძლება იყოს. სოციალიზმი არის ერთი, არ შეიძლება ის იყოს ორი; ბაუერის მოსაზრება „ბოლშევიზმი სამხედრო სოციალიზმიაო“, სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. მას სოციალიზმთან არ აქვს არავითარი კავშირი, არც თეორიული, არც იდეიური, არც სამხედრო და პოლიტიკური. ფაშიზმის მთავარი მეგზურია ბოლშევიზანი; ის უკარგავს საზოგადოებას რწმენას დემოკრატიულ მართველობაში და მით ხდის მას მტრის ლუკმათ. იტალიის მაგალითი შორს არ არის. მაქსიმალისტებმა შეინახეს „სიწმინდე“, მარა პარტია და ქვეყანა დაკარგეს. წმინდა ბერი წმინდად წაწყდა - ჩვენი გზა არ არის. ყოველგან, სადაც კი სოციალისტური პარტია თავის საქმეს ოდნავათ მაინც შეუკავშირებს მოსკოვს, იტალიის ამბავი გამეორდება. ევროპა საკმაოთ საღი სოციალური ერთეულია, რომ რუსების ექსპერიმენტს არ გაყვეს. ის აქ სამართლიანათ ხედავს დაღუპვას, უფსკრულს, და დროებით ეშმაკსაც კი დაუკავშირდება, ოღონდ შიგ არ გადავარდეს. ჩვენი მიზანია ის დაუკავშირდეს სოციალიზმს და არა ფაშიზმს.
სოც. დემოკრატიის იდეიური კრიზისის დაძლევა მოგვცემს პოლიტიკურ კრიზისის დაძლევასაც. თავისთავის რწმენა იძლევა გაბედულ მოქმედებას. სწორი იდეოლოგია სწორი ტაქტიკის დედაა. თანამედროვე დიდი პრობლემების გადაჭრა შეიძლება მხოლოდ ორ ნაირათ: ბურჟაზიულათ და სოციალისტურათ; ე.ი. საზოგადოების ან ძალზე უკან დაქანებით ან მედგრათ წინ წაწევით. შუაში გაჩერება, ერთი ალაგის ტკეპნა შუათანა კლასების საქმეა. წვრილი ბურჟუაზიის და განათლებული ინტელიგენციის ხელობაა. უწყინარი, პაციფიური, სულიერი დემოკრატია ამათი მოძღვრებაა. წვრილბურჟუაზიული მთავრობა დღეს წელმოტეხილია, უძლური, უშინაარსო მართველობაა. მან ყველა საარჩევნო ბიულეტენიც რომ მიიღოს, ძალათ მაინც ვერ გადაიქცევა; მისი ორჭოფული კლასიური ბუნება არ შეიცვლება. ის ძალათ იქცევა ერთ პირობაში - მის გვერდზე ამოდგომით ამ მარჯვნიდან ბურჟუაზიის, ან მარცხნიდან პროლეტარიატის. ან ორი დიდი ანტაგონისტური კლასების ხელში ის უკვე რეალური ძალაა. სოციალისტური დემოკრატია ვერ გამოიჩენს ისეთ სექტანტობას, რომ ეს ძალა გადაუგდოს თავის მოწინააღმდეგეს, ვერც ისეთ ოპორტიუნისტობას, რომ თვითონ გაითქვიფოს მასში. წვრილბურჟაზიულ ქვეყნებში ამ ორი ძალის კოორდინაცია, მოთანხმება ერთ მიმდინარე სოციალურ პროგრამაზე თავდებია დემოკრატიის მტრის დამარცხების და რეაქციის საფრთხის თავიდან აშორების. ყველა მართველობა, რომელიც ენერგიულათ არ ერევა კლასთა დამოკიდებულებაში დაჩაგრულთა სასარგებლოთ, ხდება კვარცხლბეკი ფაშიზმის და ბოლშევიზმის. როცა ხალხი ვერ იკმაყოფილებს თავის არსებით მოთხოვნილებებს დემოკრატიის საზღვარში, პირს იბრუნებს დემოკრატიის მტრებისაკენ, ეძებს ახალ გამოსავალს, ხდება რეაქციის კლიენტათ. ხალხს რეფორმა, მტერს - ბრძოლა - აი, დემოკრატიის გადასარჩენი საშუალება.
ბურჟუაზიული დემოკრატიზმი, ლიბერალიზმი სამუდამოთ გაკოტრებულია. მისი სოციალური ლაისსერ ფაირე, მისი ჩაურევლობა კლასთა ბრძოლაში და ძველ ინდივიდუალიზმზე გაყინება, დღეს ფართე მასისათვის სრულიად მიუღებელია. ამ სფეროში სოცილისტური კრიტიკა სავსებით გამარჯვებული და გამართლებულია. ლიბერალიზმი დაამარცხა სოციალიზმმა. მარა მოხდა ერთი მოულოდნელი ამბავი: ამ ბრძოლის ნაყოფი სოციალიზმს გამოსტაცა ბოლშევიზმმა და ფაშიზმმა და თვითონ მიისაკუთრეს. ამ მოძღვრებათა ორივე დამაარსებელი - ლენინი და მუსოლინი - გამოვიდენ ს.-დემოკრატიული პარტიიდან და გამოიტანეს იქიდან მთელი სოციალისტური კრიტიკა ლიბერალური დემოკრატიის. მარა ეს კრიტიკა მათ აამუშავეს არა მარტო ბურჟუაზიული, არამედ სოციალისტური დემოკრატიის წინაააღმდეგაც და მოინდომეს კლასთა დამოკიდებულებაში ჩარევა ანტიდემოკრატიული, დესპოტიური საშუალებით. ამ ცდას მოყვა არა სოციალური რევოლიუცია, არამედ სოციალური კატასტროფა. რუსეთი ამის აშკარა მაგალითია. ამ ცდამ დიდებულათ დაამტკიცა ორი ჩვენი ძირითადი დებულება: სოციალიზმი შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატიული, დემოკრატია შეიძლება იყოს მხოლოდ სოციალისტური.
სოციალური გაკოტრება ლიბერალიზმის, ბოლშევიზმის და ფაშიზმის ობიექტურათ გზას უხსნის სოციალიზმის ძლევამოსილ მსვლელობას, ხოლო სუბიექტიურათ ამ მდგომარეობის გამოყენება დამოკიდებულია სოციალისტური პარტიებისაგან. ფაშიზმი იბოგინებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ბოლშევიზმი. ხოლო ეს უკანასკნელი იქნება იმდენ ხანს, სანამ სოციალისტური ინტერნაციონალი ორჭოფობას თავს არ დაანებებს და გადაჭრით არ გამოვა მის წინააღმდეგ. რომის დამარცხება შეიძლება მოსკოვის დამარცხებით.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. - მარტი. - 1927 წ. №21
_______________
1. ეს წერილი უკვე დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე პარიზელ „L'avenir social“-ში. წინანდელი წერილი ნ. ჟ.-სი: „ახალი პროგრამა“ გამოქვეყნდა აგრეთვე ფრანგულ ენაზე ორ ჟურნალში; იმავ „L'avenir social“-ში და ბრიუსელის „L'avenir social“-ში. სხვა წინანდელი წერილებიც გამოქვეყნებული იყო ფრანგულათ და ზოგი რუსულათ. რედაქცია.
![]() |
32 სადღეისო |
▲ზევით დაბრუნება |
1. ვენის გაკვეთილი
ვენის უკანასკნელი ამბები ქვეყანამ იცის. ამ ამბების პოლიტიკური სარჩული და პარტიული აზრი დაფარულია. რა მოხდა, რისთვის მოხდა?
მოხდა ერთი საკვირველი ამბავი, ვენის მუშათა კლასი, ორგანიზაციულათ სოც.დემ. პარტიაში შეკავშირებული. ქუჩაზე გამოვიდა ამ ორგანიზაციის დაუკითახავათ, ნებადაურთველათ და მოუწოდებლათ. ხალხმა გაარღვია პარტიის ჩარჩო. უარყო დისციპლინა და თავისი ინიციატივით ბრძოლის ველზე დადგა. მიზეზი და საგანი ამ გამოსვლისა კიდევ უფრო საკვირველია. დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიულმა სასამართლომ სრულიად კანონიერი გზით გამოიტანა განჩინება. ესეც, როგორც ყველა განჩინება, ზოგისათვის მოსაწონია, ზოგისათვის დასაწუნია. მარა ჯერ არ მომხდარა მაგალითი პროლეტარიატი ამხედრებულიყოს ასეთის აქტისათვის, ჟორესის მკვლელი გაამართლეს. ხალხი ამას მშვიდობიანათ შეხვდა. არც ერთ პარტიას საპროტესტოთ მუშები არ მოუწოდებია. პოლიტიკური ბრძოლის სასამართლო ბრძოლაზე გადახურდავება სიძნელის მაჩვენებელია. ამას მიუმატეთ მესამე საკვირველი ამბავი - სასამართლოს შენობის და არხივების დაწვა! ნამდვილი ძველის ძველი მოქმედება! როცა კაპიტალიზმს მანქანების დამტვრევით ებრძოდნენ! ანარქისტების ფანტასტიურმა დებულებამ - იურიდიული აქტების განადგურებით საკუთრებას საფუძველი დაეკრაგებაო - ვენაში პოვა გამოხმაურება. ერთი სიტყვით, ვენის პროლეტარიატმა განვლო უმაგალითო კრიზისი, ის პოლიტიკურათ ჩაიჭრა. აშკარაა „დანიის სამეფოში ყველაფერი რიგზე არ არის“, ავსტრიის მუშათა კლასი რაღაც ავადმყოფობას განიცდის, რომლის ერთი მუწუკი უკვე გასქდა. ამ სენის გამოცნობა მისი გამომთელების ერთად ერთი საშუალებაა. რა სენია ეს?
ეს სენია სწორეთ ის, რომელიც ჩვენ აქ ამასწინეთ აღვნიშნეთ და დაწვრილებით ავსწერეთ. ეს არის ავსტრიის ს. დემ. პარტიის ბოლშევიზანობა, მის რიგებში სოციალისტური და კომუნისტური მსოფლმხედველობის გამეფება1. პარტიის შენობა მით უფრო მტკიცეა, რაც უფრო მკაფიოთ ის გამოყოფილია სხვა პარტიისაგან და მისი საკუთარი პირადობა ნათელი ხაზებით გამოკვეთილია. ბრძოლა მოქიშპე პარტიულ იდეოლოგიასთან მთავარი გარანტია კი პარტიული მთლიანობის დაცვის და ორგანიზაციის გამაგრების. ავსტრიაში კი წარმოებს, პირიქით, გაუთავებელი არშიყობა ბოლშევიკებთან, მათი დაცვა და მათთან დაახლოვების საჭიროება. სწორეთ ვენის ამბები წინა დღეებში დაიბეჭდა ოტო ბაუერის წერილი - სადაც ის „მსოფლიო პროლეტარულ პოლიტიკის“ საგნათ აღიარებდა საბჭოების დაცვას! მთელი ეს იდეიური და პოლიტიკური აგიტაცია საგნათ აღიარებდა საბჭოების დაცვას! მთელი ეს იდეიური და პოლიტიკური აგიტაცია კომუნისტების სასარგებლოთ როგორ უნდა გაიგოს ვენის მუშებმა? თუ კი ბოლშევიკები ასე დასაცავია, თუ კი მათი საქმე და აზრი ასე უახლოვდება სოც. დემოკრატიას, რატომ ავსტრიისათვის ის მიუღებელი უნდა იყოს? რომელი საღი აზროვნება შეითვისებს იმას, რომ ერთი ერისათვის უვარგისი წყობილება მეორისათვის ჩინებულია. ეს ორმაგი პოლიტიკური ბუხჰალტერია მასისათვის მიუღებელია. მართალია ამ ორ სკამზე ჯდომამ ავსტრიის კომუნისტური პარტია გაანადგურა, მარა სამაგიეროთ მოკომუნისტო ხალხით აივსო თვით სოც. დემოკრატია. მან მისცა პარტიას თავისი ხმა არჩევნებზე, მარა დასტოვა ის კრიტიკულ მომენტში და გაყვა კომუნისტებს. ეს სოციალიზმს და კომუნიზმს შიორის მოხეტიალე მუშები გახდნენ მთავარი გამრღვევნი პარტიული კადრების და მეთაურნი სტიქიურად გამოსვლის. იქ უკვე დახვდათ კომუნისტური ორგანიზაცია და მის ბადეში სწრაფათ მოექცნენ. როგორ მოიქცა ასეთ პირობაში პარტია? „ფორვერტსი“ ამას ასე აგვიწერს: „სოციალ-დემოკრატების ფრონტი იყო მიმართული ერთიანათ და სავსებით რეაქციის წინააღმდეგ: ისინი ცდილობდნენ მუშათა დანაწილება თავიდან აეშორებინათ. ამ კრიტიკულ საათებში ისინი ყველაზე ნაკლებ ფიქრობდნენ ერთ მუჭა კომუნისტებთან ბრძოლაზე“. („ფორვერტსი“, 17 ივლისი).
აი ავსტრიის სოც.დემოკრ. პარტიის ტიპიური პოზიცია. ისინი რეაქციას ხედავენ მხოლოდ მარჯვნით. ხოლო ის საშინელი რეაქცია, რომელიც ყოველგან მძვინვარებს კომუნისტების სახით, ვერ ხედვენ და წამოეგენ საშინელ პროვოკაციას. ბრძოლა მარჯვნივ და მარცხნივ საკუთარი გზის და მიზნებისათვის ავსტრიელებმა გადასცვალეს ცალმხრივ ტაქტიკაზე - ბრძოლა ბურჟუაზიასთან, მოყვრობა კომუნისტებთან და მიიღეს ვენის ამბები! „ყველა იმ დანაშაულობათა შორის, რომელიც კომუნისტებმა ჩაიდინეს ევროპის მუშათა მოძრაობაში, ყველაზე უფრო უარესია ვენაში ჩადენილი“, სწერს იგივე „ფორვერტსი“. სრული სიმართლეა, მარა რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ კომუნისტებს შეუძლიათ სხვანაირათ მოიქცე, არ ჩაიდინონ „დანაშაულობა“? ეს ხომ მათი სტიქია. მათი ბუნებაა. რომლის აშვება უეჭველათ „დანაშაულათ“ იქცევა. ავსტრიელებმა ის სტიქია აუშვეს, მას უგალობენ და როცა მან თავისი შავი კბილები გამოაჩვენა - მეგალობენი შეშფოთდნენ, ეს დანაშაულობააო. მგლის თავზე სახარების კითხვა, მკითხველის შეკბენით თავდება.
როგორც ხედავთ, ვენის ამბები არის ფაქტიური ამოძახილი იმ იდეიური კრიზისის, რომელსაც ინტერნაციონალი განიცდის საბჭოთა საკითხში. რაც უფრო რომელიმე სოციალისტური პარტია უახლოვდება იდეურათ ან იცავს პრაქტიკულათ კომუნისტურ წყობილებას, მით უფრო ის განიცდის ზარალს და დამარცხებას.
მაკდონალდსის კაბინეტის საარჩევნო დამარცხება, მაღაროს მუშათა ეკონომიური განადგურება და საერთო პოლიტიკური რეაქცია ინგლისში, სოციალდემოკრატიის დამარცხება ვენაში - აი კრიზისის თვალსაჩინო გამოხატულება. სწორი პოლიტიკური ხაზი დროა გამოინახოს. ბაუერის ზემოთ დასახელებულ წერილში გადაჭრით ნათქვამია: „დავდგეთ ურყევათ საბჭოთა კავშირის მხარეზე კაპიტალიზმის წინააღმდეგ“. მარა ვინ დაამტკიცა საბჭოთა ეკონომიკის და პოლიტიკის უაღრესობა კაპიტალისტურზე? და თუ ორივე უვარგისი სისტემაა, რატომ ერთი დავიცვათ ნეორის წინააღმდეგ? აი ეს ცალმხრივი აზროვნება ერთხელდასამუდამოთ უნდა იქნას მიტოვებული და ნაცადი ძველი დროშა - მტერს მტრულათ საიდანაც უნდა მოდიოდეს ის - აფრიალებული.
ბოლშევიზანობამ თავისი ვატერლო განიცადა ვენაში. ის ვეღარ წამოდგება. სოციალიზმის სრული ტრიუმფი ახლოვდება.
2. ჩვენი უთანხმოება
(წერილი „სოციალ. ვესტნიკ“-ის რედაქციას)
რუსეთის და საქართველოს სოც.დემოკრატიის შორის არსებული „შეიარაღებული ზავი“ დაარღვია ამხ. აბრამოვიჩმა „სოც. ვესტნიკის“ 18 ივლისის ნომერში და კარგადაც ქნა. დრო არის ჩვენი უთანხმოება საჯაროთ იქნეს გამოტანილი და ამხანაგურათ განსჯილი და დასაბუთებული. უთანხმოება კი ერთობ დიდია. თითქმის ყველა ძირითადი საკითხები საბჭოთა სინამდვილისა შეადგენს საგანს ამ უთანხმოებისას. ჩვენ შეთანხმებული ვართ მხოლოდ ერთში - საქართველოს სუვერენობის აღდგენასა და მის ოკუპაციის მოხსნაში. ეს არის საკითხი არა მარტო სოციალისტური პრინციპის, არამედ სოციალისტური სვინდისის და პატიოსნებისაც. მაგრამ როგორც კი გადავალთ გზებზე, საშუალებებზე ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენი უთანხმოება იწყება და თანდათან ღრმავდება. რატომ? იმიტომ რომ ამ გზებს ჩვენ მივყევართ მოსკოვისაკენ, საბჭოთა ხელისუფლებისაკენ, რომლის შესახებ აზრთა ძირითადი განსხვავებაა. ამიტომ დღევანდელი დავის უკეთ გასაგებათ, საჭიროა გავიხსენოთ ეს სათავე, საიდანაც პატარა ღელეებათ მოსჩქეფენ ამხ. აბრამოვიჩის მიერ წამოყენებული მეორე ხარისხოვანი დებულებანი.
რუსეთის სოც. დემოკრატია ფიქრობს რომ საბჭოთა კავშირში რევოლუცია გრძელდება, რუსეთი დღეს რევლუციას განიცდის და აიტომ მას ყოველმხრივათ უნდა დავეხმაროთ და ხელი შეუწყოთო.
საქართველოს სოც. დემოკრატიის კი გონია, რომ რუსეთში რევოლუცია დასრულდა სამოქალაქო ომის დასრულებით. მთელ საბჭოთა ტერიტორიაზე დღეს მძვინვარებს უსაშინელესი რეაქცია, გაუგონარი თანამედროევ ხანაში დაცემა საზოგადო ცხოვრების ყველა სფეროში - ეკონომიკის, პოლიტიკის, მორალის, მწერლობის, აზროვნობის - ყველაფერში. მისი დამხმარება რაიმე ფორმით და გზით ნიშნავს დესპოტიის გამაგრებას და გახანგრძლივებას.
აქედან გამომდინარეობს განსხვავება ტაქტიკაშიაც. ჩვენი მიზანია საბჭოთა წყობილების დამხობა და მის ალაგას დემოკრატიის გემეფება. მათი მიზანია საბჭოთა წყობილების დემოკრატიზაცია თვით საბჭოების საშუალებით. ჩვენ წინ ვაყენებთ ბრძოლას, ძალას, ძალდატანებას, სხვადასხვა გართულებების გამოყენებას ხელისუფლების დასაძლევათ. ისინი კი ბოლშევიკების დაჯერებას. მორჯულებას და დემოკრატიულ ემბაზში მონათვლას. ამ დავაში ჩვენ გვემხრობიან კაუცკი, აქსელროდი, პოტრესოვი; მათ ბაუერი და ევროპის ბოლშევიზანები. მართალია, ამხ. აბრამოვიჩი ცდილობს ჩვენშიაც პოვოს „მემარჯვენენი“ და „მემარცხენენი“, მარა შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ არ არის მათი მომხრე არა თუ ჩვენი პარტიის რომელიმე ფრთა, არამედ რომელიმე ცოტაოდენათ ცნობილი პირიც. ყველა ამ ძირითად საკითხებში ჩვენი პარტია სავსებით მთლიანია.
და რადგანაც, ჩვენის აზრით, ბოლშევიკების მონათვლა უტოპიაა, ტირანები ტირანიას არ აუქმებენ. ხოლო მათი ბოლო აუცილებელია, ჩვენ ვანგარიშობთ რა ფორმით, რა საშუალებით საბჭოთა რეჟიმი დაინგრევა და რა მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ დანგრევაში. მარა ვინაიდან ამხ. აბრამოვიჩისათვის მიუღებელია თვით ეს დანგრევა, ამიტომ მიუღებელია ეს ფორმებიც და მასში სოც. დემოკრატიის მიერ მონაწილეობა.
ყველა დღევანდლამდე არსებული დესპოტია დაცემულა სამი გზით - შინაგანი პოლიტიკური მოძრაობით, მის ფარგლებში მოთავსებული სხვადასხვა ერთა შეუთავსებლობით და საგარეო ავანტიურით. ამ გზებს ვერ ასცდება მოსკოვის დიქტატურა. ამხ. აბრამოვიჩს ამ რგოლიდან ამოუღია უკანასკნელი და გვისაყვედურებს ომზე ორიენტაციას.2 ჩვენ ვათითებთ იმ აუცილებელ კონფლიქტებზე. რომელსაც ბადებს ბუნებრივათ დესპოტიის არსებობა. ის კი თავს გვახვევს სუბიექტურ მიდრეკილებას მათდამი. გამოდის რომ მოსკოვის ხელისუფლება აქ არაფერს შუაშიაო. ჩვენი სურვილი კი გადმჭრელია! ეს ობიექტური მდგომარეობის შეცვლა სუბიექტური მდგომარეობით ხდება ერთათ-ერთი მიზნით, მოსკოვის „რევოლუციური“ ხელისუფლების დასაცავათ და მის წინდაწინ გასათეთრებლათ საგარეო შეჯახებაში. ეს რასაკვირველია, სავსებით ეთანხმება ამხ. აბრამოვიჩის მსოფლმხედველობას, მარა სრულიათ არ ეთანხმება სინამდვილეს. აი უბრალო მაგალითი. ინგლისმა გასწყვიტა კავშირი რუსეთთან. რისთვის? იმისათვის რომ მოსკოვის მთავრობა მას ჩუმათ ებრძვის ყოველგან, დედამიწის ყველა კუთხეში. ამ ბრძოლას უწოდებენ რევოლუციურს, მარა ამით თვით ფაქტი არ ქრება. თუ ეს საქებია, რატომ მეორე ინტერნაციონალი ამავე გზით არ მუშაობს. და თუ ეს მეთოდი მისაღები არ არის, რატომ მოსკოვს იცავენ აბრამოვიჩი, ბაუერი და სხვა წევრნი ამავე ინტერნაციონალისა? ერთი სიტყვით, მოსკოვი თავის მუშაობით იწვევს საგარეო კომფლიქტს. რატომ ის ვერ დაჯდება თავის სკამზე და სხვა მთავრობებსავით საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკას არ დაადგება? იმიტომ რომ ეს მთავრობა წარმოიშვა უზურპაციის გზით, ხალხზე ძალით გაბატონებულია, და იძულებულია თავისი არსებობა გაამართლოს საგარეო მოქმედებით, „მსოფლიო რევოლუციით“, საქვეყნო მისიით და სხვა ასეთი ბრიყვების მოსატყუებელი ლოზუნგებით. ე.ი. დესპოტია თავის არსებობის შესარჩენათ იძულებულია აწარმოვოს საგარეო ავანტიურა, რომელშიაც ის ოდესმე ჩაიმტვრევა. ომის ბუდეა დღეს მოსკოვი და რომი.
ამხ. აბრამოვჩი ამბობს, რომ ომი იქნება თუ არა რამდენიმეთ დამოკიდებულია საერთაშორისო პროლეტარიატზე, რომელიც ებრძვის მას და მას უნდა მივეხმაროთო. რასაკვირველია, სწორეთ ამიტომ გვგონია, რომ ევროპაში დღეს ომი შეუძლებელია. მარა ერთი მითხარით - რომელი პროლეტარიატი ებრძვის დღეს ომს რუსეთში და იტალიაში. სად არის იქ ბრძოლის და აზრის თავისუფლება? ვინც ომსა ებრძვის, ის ებრძვის პირველ ყოვლისა მის ბუდეს - საბჭოთა დესპოტიას. ხოლო ვინც წინაწინ ამ დესპოტიას ამართლებს და მსოფლიო პროლეტარიატს მოუწოდებს ბაუერსავით მიემხრეთ მოსკოვსო - ის ომს ხელს უწყობს. ვენის უკანასკნელი ამბები რომ დასრულებულიყო ბოლშევიკების გამარჯვებით, ეს ხომ უეჭველათ ომით გათავდებოდა. მოსკოვის გზა ომის და ავანტიურის გზაა. ამას დღეს ბრმაც კი ხედავს.
ამნაირათ, საგარეო კონფლიქტებზე იმედს ამყარებენ არა ჩვენ, არამედ მოსკოველები. მარა ვინაიდან ჩვენ მათსავით ავანტიურის ცხელებით არ ვართ შეპყრობილნი, ვამბობთ - თუ ომი დარჩა, ქართველი სოციალდემოკრატია მასში მონაწილეობას არ იღებს, ის იცავს ნეიტრალობას. ჩვენ გავსხვავდებით აბრამოვჩის და მისის მომხრეებისაგან, რომ ორ იმპერიალისტური ქვეყნის შეჯახებაში არცერთს არ ვემხრობით, ხოლო ისინი კი წინდაწინ ემხრობიან ერთ მთაგანს. მათთვის მისაღებია საბჭოთა იმპერიალიზმი, მიუღებელია კაპიტალიზმის იმპერიალიზმი, ჩვენთვის ორივე ერთნაირათ მიუღებელია.
ვფიქრობ ეს გვარიანი გასაგები ამბავია.
ამხ. აბრამოვიჩი აყენებს მეორე ბრალდებას - თქვენ სპეკულაციას ეწევით „რუსეთის დანაწილებაზე“ (რასპად როსიი)! სწორეთ საკვირველი ამბავია. მე მისგან არ მოველოდი ასეთ პატრიოტულ ყიჟინას. რომელ რუსეთზეა ლაპარაკი? თუ იმ რუსეთზეა, რომელიც საბჭოთა კავშირში შედის, მის დანაწილებას არა თუ ვემხრობით, პირიქით, სწორედ ის უნდა გახდეს მთლიანი, დემოკრატიული და ნაციონალური სახელწმიფო. ხოლო თუ აქ ლაპარაკია საბჭოთა ტერიტორიის სხვა ერებზე, ესენი ხომ რუსები არ არიან, რუსეთი არ ეწოდება და უნდა ვიფიქროთ ორში ერთი: ავტორი ან ძველი რეჟიმის ტერმინოლოგიას უცაბედათ ხმარობს ან წინააღმდეგია საქართველოს დამოუკიდებლობის და სხვა ერთა თვითგამორკვევის., ლაპარაკი შეიძლება დანაწილებაზე არა რუსეთის, არამედ საბჭოთა კავშირის, რომელიც უკვე დანაწილებულია ნაციონალური ერთეულებით და განსაზღვრულ წესებით შეკავშირებულია. და აი ისმება საკითხი: აქვს ნება კავშირის წევრთ გამოვიდნენ კავშირიდან? ბოლშევიკები იურიდიულათ ასეთ უფლებას აღიარებენ; ხოლო მარსელის კონგრესმა ასეთი უფლება იურიდიული და ფაქტიურიც დაადასტურა. და თუ აბრამოვიჩი მთელ კავშირს რუსეთათ ნათლავს და მის მთლიანობას იცავს, ამით აშკარა კონფლიქტში შედის როგორც მეორე, ისე მესამე ინტერნაციონალის გადაწყვეტილებებთან და უახლოვდება მილიუკოვის ბანაკს. ე.ი. დგება მოსკოვის იმპერიალიზმის ნიადაგზე.
სოციალისტური თვალსაზრისით დავა შეიძლება იყოს არა საბჭოთა კავშირის დანაწილებაზე შემადგენელ ერთეულებათ, ეს სრულიად უდაოა, არამედ ამ დემოკრატულათ მოწყობილ დამოუკიდებელი ერთეულების ურთიერთ დამოკიდებულებაზე. აქ ორი გზაა: ერთი იმპერიალისტური - ხიშტი, მეორე სოციალისტური - თავისუფალი მოლაპარაკება, თანასწორი უფლებებით.
მე ეჭვი არ შემდის, რომ რუსეთის სოციალისტები აირჩევენ უკანასკნელს და მით მკაფიოთ გამოეყოფიან როგორც ბოლშევიკებს, ისე ლიბერალებს და მონარქისტებს.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. - მარტი. 1927 წ. №25
___________
1. იხ. ბრძოლა №18 და 19-20 „ახალი პროგრამა“.
2. ეს წერილი გაეგზავნა „სოც. ვესტ.“ დასაბეჭდათ.
![]() |
33 მცირე შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლშევიკები დიდ სიხარულშია. მათ ხელში ჩაიგდეს ჩემი კერძო წერილი ქარცივაძისადმი მიწერილი საზღვარგარეთ და დიდ ზეიმს მიეცენ. ჯერ შეეცადნენ გამოეყენებიათ მათი ჩვეულებისამებრ წერილის ზოგი ადგილები, თითო-ორ-ორი ფრაზების ამოგლეჯით და თავისებურათ განმარტებით, მარა ეს ხრიკი ბოლომდე ვერ ჩაატარეს და წერილი სავსებით დაბეჭდეს1. ამნაირათ წერილში წამოყენებული დებულებები დაისვა მთელი ხალხის წინაშე. მარა ვინაიდან ამ წერილს თან ახლავს ყველა კერძო წერილის ნაკლულევანებანი, ამიტომ გაუგებრობის ასაცილებლათ საჭიროთ მიმაჩნია განვაცხადო შემდეგი: წერილის შედგენაში არავის არ მიუღია რაიმე მონაწილეობა, არ ყოფილა დანიშნული საქართველოში გასაგზავნათ და ამიტომ შიგ გამოთქმული აზრები არ არის დასაბუთებული და განმარტებული, როგორც ეს საჯაროთ გამოთქმულ აზრებს შეეფერება. წერილის პოლიტიკური ნაწილი გახდა საგნათ ჩემი მოხსენებისა, რომელიც უკვე დაიბეჭდა „ბრძოლაში“ და რაც ჩაითვლება მის დასაბუთებლად. ხოლო ტაქტიკური ნაწილი იქნება საგანი ცალკე მსჯელობის. როცა მთელი ეს მასალა ხელთ ექნება მკითხველს, მაშინ ეს კერძო წერილიც გასაგები იქნება და იქ წამოყენებული დებულებები სავსებით ნათელი.
მიუხედავად წერილის ამ ნაკლისა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ს.-დემ. პარტიამ და მასთან ერთად მთელმა ხალხმა ჩინებულათ გაიგეს წერილის შინაარსი, მათში გამოთქმული სიფრთხილე, სიმაგრე და მოთმენა. ბოლშევიკების პროვოკაცია და მათი ამყოლ-დამყოლის მორალური გახრწნა ქართველი ხალხის საღ სულიერ აგებულებას ოდნავადაც ვერ შეარყევს
________________
1. მხოლოდ რამდენიმე სიტყვები შეცვლილი, როგორც მაგ. ბ-ბი (ბოლშევიკები) წაკითხულია „ბრბოთი“, რაც აზრთა საერთო მსვლელობას არ არყევს.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. მარტი. - 1927 წ. №25
![]() |
34 ტაქტიკაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ერთი ხანია ირ. წერეთელი გვედავება ტაქტიკაზე. ახლა მან ამ დავას უძღვნა ბროშურა ამ სათაურით: „ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი“, სადაც მან თავისი შეხედულებანი ჩამოაყალიბა. რა არის საერთო ჩვენს შორის და რაშია განსხვავება?
საერთოა მიზნის დასახვაში - საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. ამით ავტორი მკაცრად ემიჯნება ბოლშევიკებს და მათ ამყოლ-დამყოლთ. მარა როგორც კი გადადის ამ მიზნის მისაღწევ საშუალებებს, ის ცდილობს გაგვემიჯნოს ჩვენც, უარყოს პარტიის მიერ აღებული ტაქტიკური ხაზი და მის ალაგას წამოაყენოს მეორე. რა ხაზია წამოყენებული პარტიის მიერ და რას უპირისპირებს მას წერეთელი?
პარტია თავის რეზოლუციაში აყენებს ასეთ დებულებას: საქართველოს განთავისუფლება შესაძლებელია როგორც შედეგი საბჭოთა რუსეთის შინაგანი და საგარეო კონფლიქტებისა (მესამე ყრილობის რეზოლუციები). ე.ი. ის მიზანს უკავშირებს მიმდინარე მომენტს, საბჭოთა არსებულ მდგომარეობას, რომლის ანალიზისაგან გამოყავს საქართველოს განთავისუფლების შესაძლებლობა. როგორც კი მოშორდებით ამ მომენტს, არსებულ ურთიერთობას და მასთან დაუკავშირებლად წამოაყენებს ერის დამოუკიდებლობას, ამით გამოდიხართ ტაქტიკის სფეროდან და შედიხართ პროგრამისაში. მიზანი რჩება მხოლოდ პროგრამის მუხლთან, ოდესმე განსახორციელებლათ და არ ედება საფუძვლათ დღევანდელ მოქმედებას. და აი სწორედ აქ არის ძირითადი განსხვავება ჩვენს და წერეთლის პოზიციას შორის. ის აყენებს რა ჩვენთან ერთად საერთო მიზანს, სრულიად არ აკავშირებს მის განხორციელებას მიმდინარე მომენტთან, არ ეძებს საბჭოთა სინამდვილეში ამ განხორციელების შესაძლებლობას, არ აკეთებს მის ანალიზს და არ გვითითებს აქედან გამომდინარე საშუალებებზე. პირიქით, ავტორი გადაჭრით გვირჩევს ომის და რევოლუციის წინ აღებულ ტაქტიკას, ე.ი. ტაქტიკა გამოყავს არა დღევანდელი, არამედ წარსული სინამდვილისაგან, როცა არც ომი იყო, არც რევოლუცია, არც დამოუკიდებელი საქართველო, არც საბჭოთა წყობილება, არც ერთი დღეს არსებული საშინაო და საგარეო მდგომარეობა. ვ. ლიბკნეხტი ამბობდა, ტაქტიკა შეიძლება, შეიცვალოს ოცდაოთხ საათშიო, წერეთელი კი გვეუბნება - ტაქტიკა ურყევია, ერთხელ და სამუდამოთ ბოძებულიაო.
რა სახისაა ეს სამიდღემჩიო ტაქტიკა? ეს ყოფილა უარისყოფა ომის და მიღება ზავის: აქედან იბადება ორი მოპირდაპირე მეთოდი ნაციონალური ბრძოლისა: ნაციონალისტური და დემოკრატიული (გვ. 6). ეს მართლაც მეტად ძირითადი მუხლია, ისე როგორც ორი და ორი ძირითადი საფუძველია მათემატიკის. ასეთი დებულების წამოყენება შეიძლება ყველა გარემოებაში, ყველა ხანაში და საუკუნეში, მარა ეს ხომ ტაქტიკა არ არის. ეს არის პოლიტიკური მიმართულება, მსოფლმხედველობა, რომლის ფარგალში შეიძლება მოთავსდეს სხვადასხვანაირი ტაქტიკა. ომის მოწინააღმდეგენი ეკუთვნიან სხვადასხვა პარტიას, სხვადასხვა პროგრამით და ტაქტიკით აღჭურვილს. ასევეა ომის მომხრენიც. თვით ამ მიმართულებათა ასე მკაცრად დაყოფა არ შეეფერება სინამდვილეს, დიდი დემოკრატები, როგორც მაგ. მაძინი, კოშუტი და გარიბალდი, იმავე დროს იყვნენ ნაციონალისტები და აწარმოებდენ განმანთავისუფლებელ ომს. ხოლო ხშირათ უკიდურესი ნაციონალისტები, როგორც მაგ. კოშუტის მოპირდაპირე დიაკი, უარსყოფთა ომს და მოლაპარაკებას არჩევდა. ომი იშვიათია, ხოლო ნაციონალური ბრძოლა მუდმივია. ცხადია, ამ ბრძოლას აქვს თავის წესები, თავისი საკუთარი ტაქტიკა, რაიცა სავსებით განსხვავდება ომის ტაქტიკიდან. ყველა პარტია განურჩევლად მიმართულებისა, ამ ბრძოლას აწარმოებს შინაგანი საშუალებებით, კონკრეტული პირობების მიხედვით წარმოებული ნაციონალური მოთხოვნილებებით. ავსტრო-უნგრეთის პარტიათა ნაციონალური მოძრაობა არასოდეს ომის ტაქტიკაზე არ ყოფილა აგებული. თუმცა ბოლოსდაბოლოს საკითხი ომმა გადასწყვიტა. ასე რომ დემოკრატილი და ნაციონალისტური მეთოდი სრულიად არ მდგომარეობს იმაში, ვითომ ერთი უეჭველად ომს ეტრფოდეს, ხოლო მეორე ზავს. დემოკრატიულ მეთოდს მიმართავენ ნაციონალისტები, თუ ისინი დემოკრატიულ მსოფლმხედველობას იზიარებენ, ხოლო დემოკრატები მიმართავენ ომსაც, თუ ამას გარემოება მოიტანს და მათ თავზე მოახვევს. საქართველოს დემოკრატიას მოუხდა ომის წარმოება.
როგორც ხედავთ, ირ. წერეთელის ეს ძირითადი კლასიფიკაცია სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იმიტომ რომ ის მეტათ ძირითადია, მეტად მარტივია, განყენებულია და ამიტომ ჭეშმარიტებას დაშორებულია. ჭეშმარიტება ყოველთვის კონკრეტულია. აქ მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ნაციონალიზმისათვის დაპირდაპირებულია დემოკრატიზმი, მაშინ როდესაც ესენი მეორეს არ უარყოფენ. ნაციონალიზმს ეპირდაპირება სოციალიზმი. მხოლოდ მათ შორის არის პრინციპული განსხვავება მიზანში და მეთოდებში. ნაციონალურ დავას ისინი შეიძლება მიუდგნენ სხვადასხვანაირათ. ერთი რევოლიუციურათ, მეორე სამხედროთი, ე.ი. თავისი ტაქტია ერთმა ააგოს რევოლუციაზე, მეორემ კი ომზე. ეს შეიძლება და არა აუცილებლათ, ვინაიდან მრავალი სოციალისტები სრულიად არ აწარმოებენ ნაციონალურ ბრძოლას და მრავალი ნაციონალისტები პაციფიზმს მისდევენ. და თუ ირ. წერეთელი საქართველოს სოციალდემოკრატიას აბრალებს რევოლიუციური მეთოდის უკუგდებას და სამხედროს მიღებას, მაშინ ეს მას უნდა დაემტკიცებია პარტიული საბუთებით და დოკუმენტებით. პარტიის მესამე ყრილობამ თავისი ტაქტიკა ჩამოაყალიბა რეზოლიუციებში, დაიბეჭდა ამათი პარტიული ახსნა-განმარტება „ბრძოლაში“ (ჩვენი ტაქტიკა), ომზე და ზავზე ხშირად იბეჭდება ამავე ორგანოში და ყოველგან დაგმობილია ომი და წამოყენებული ზავის პოლიტიკა. წერეთელი არსად არავითარ ამის საწინააღმდეგო საბუთს არ იძლევა, ხოლო საკითხი კი ისე აქვს დასმული ვითომ ჩვენ სამხედრო კომბინაციებზე ვეყრდნობოდეთ, ხოლო ის კი დემოკრატიულზე. ასეთ იოლ მოწინააღმდეგეს ებრძვის მთელი ბროშიურა და ამტკიცებს - ომი ცუდია, მშვიდობიანობა კარგიაო... მე მგონია აქ რაღაც დიდი გაუგებრობაა. ალბათ ავტორი ომის პოლიტიკას უწოდებს იმას, რასაც ჩვეულებრივ ენაზე ეწოდება შორს გაჭვრეტა, სხვადასხვა მდგომარეობის წარმოდგენა და თვითეული შემთხვევისათვის ტაქტიკის გათვალისწინება. რაკი პარტიას თავის ანალიზში შეაქვს საგარეო მომენტიც და რაკი ის სხვა პერსპექტივებს შორის ამასაც უჩვენებს როგორც მოსალოდნელ საშუალებას ბოლშევიკური რეჟიმის დასანგრევათ, წერეთელს ეს ალბათ მიაჩნია ომის პოლიტიკათ, მილიტარისტულ სულისკვეთებათ. და თუ ეს მილიტარისტობაა, ცხადია ყველა სოციალისტური პარტია მილიტარისტული ყოფილა, ვინაიდან ყველა ფიქრობს იმაზე თუ ომის დროს რა პოზიცია დაიკავეს. საფრანგეთის პარტიამ მთელი სამხედრო კანონ-პროექტი წარადგინა პალატაში ქვეყნის დაცვის მოსაწყობათ ომიანობის დროს. მართალია აქ იყვნენ მოწინააღმდეგენიც, ჩვენი საქმე არ არის სამშობლოს დაცვაო, მარა სამხედრო ორიენტაცია პროექტის მომხრეთათვის არ დაუბრალებიათ. ხოლო თუ ჩვენი პარტიის დებულება ყალბია, მაშინ ავტორს უნდა დაემტკიცებია ეს, უნდა ეჩვენებია, რომ ომის გამო არსათ რეჟიმი არ დანგრეულა, ერი არ განთავისუფლებულა და სხ.
ამნაირათ, ომის უარისყოფა, ზავისთვის ბრძოლა სრულიად არ ნიშნავს ომისათვის თავცარიელათ და ხელცარიელათ დახვედრას, თუ ის ატყდა. ამჟამათ ომი არავის არ სურს, გარდა ბოლშევიკებისა, მარა ყველა ემზადება მოსალოდნელი შემთხვევისათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ რუსეთი ომში ჩაება, ამით ვისარგებლოთ და ომი გადავაქციოთ რევოლუციათ საბჭოთა ხელისუფლების დასანგრევათ და დემოკრატიის და ნაციის აღსადგენათ. ასე ფიქრობს მაგ. კაუცკიც, ამის წინააღმდეგია მაგ. დანი. (იხ. მათი პოლემიკა „Kampf“, აგვისტო, 1925). რატომ არის ასეთი განსხვავება? იმიტომ რომ დანისათვის ბოლშევიკური ხელისუფლება რევოლუციურია და ამიტომ მის წინააღმდეგ რევოლუცია დაუშვებელია, კაუცკისათვის კი ის რეაქციონურია და მაშასადამე რევოლუცია სავალდებულოა. და თუ ირ. წერეთელი უარს ყოფს ომის რევოლუციათ გადაქცევას. ცხადია ის დანის შეხედულებაზე დამდგარა. ვინც საბჭოთა წყობილების დანგრევას ცდილობს, ის ვალდებულია ამ მიზნით ისარგებლოს ყოველნაირი საშუალებით, რომელიც კი მიზანს მიაღწევს. „ჩვენ გაშლილი უნდა გვქონდეს ყველა გზები, რომლებიც კი ჩვენს პრინციპებს და მიზნებს შეესაბამება“, ამბობს კაუცკი („ბრძოლა“ №25), ხოლო წერეთელი კი გვეუბნება - არის ერთად-ერთი გზა - „წმინდა დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლა“. რას ნიშნავს ეს? რანაირათ შეიძლება დესპოტიაში დემოკრატიული მეთოდით იბრძოლო? უნდა იყოს არა დემოკრატიული, არამედ რევოლუციური მეთოდი, ვინაიდან ბრძოლის სხვა ფორმა ჩვენსში არ არსებობს. თუ ასეთ განმარტებას მივიღებთ, მაშინ გამოვა რომ ეს მეთოდი პრინციპიალურათ არ უარსყოფს არც იარაღს, არც აჯანყებას, არც სამხედრო ორგანიზაციას, არც მებრძოლთა აღრიცხვას, ერთი სიტყვით გულისხმობს ყველა იმ ფორმას, რასაც ძველ რეჟიმში რევოლიუციური სოციალდემოკრატია ახორციელებდა. თვით წერეთელი სწორეთ სამხედრო ორგანიზაციასთან კავშირისათვის გაასამართლეს. დემოკრატიული მეთოდი ყველა ამას უარს ყოფს და კმაყოფილდება პროპაგანდა-აგიტაციით და საარჩევნო ბიულეტენებით. ეს ფრომა დემოკრატიულ ქვეყნებშიაც სადაოთაა გამხდარი, რევოლუციური მეთოდი აქაც საჭირო მიაჩნიათ ზოგიერთ მომენტებში.
ამნაირათ, „წმინდა დემოკრატიული მეთოდი“ საბჭოთა სინამდვილეში ნიშნავს გულზე ხელის დაკრეფას და ბრძოლიდან გადადგომას. პარტია კი დგას რევოლუციური ბრძოლის საფუძველზე და ხელმძღვანელობს მიზანშეწონილობით. შეიძლება მას არ დასჭირდეს არც იარაღი, არც აჯანყება, მარა თუ დასჭირდა უკან არ დაიხევს „დემოკრატიული“ მოსაზრებით; ძალას ძალა დაანგრევს. და სწორეთ ტაქტიკის საგანია გაითვალისწინოს როდის რა საშუალებაა საჭირო მიზნის მისაღწევად. ცხადია, ჩვენს და წერეთელის შორის განსხვავებაა არა იმ უდაო დებულებაში რომ ომს ზავი სჯობია, სამხედრო კომბინაციები პარტიის საქმე არ არის და სხვა ასეთი „ძირითადი“ დებულებები, არამედ ბრძოლის წარმოების მეთოდში, მიმდინარე ტაქტიკურ მომენტებში. ის აყენებს დემოკრატიულ მეთოდს, ჩვენ კი რევოლუციურს. ის ემხრობა ამ სფეროში აბრამოვიჩს1.
მეთოდის ასეთი განსხვავება ქმნის განსხვავებას თვით მიზანში; ჩვენ მიგვაჩნია შესაძლებლად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მიმდინარე ხანაში, ე.ი. საბჭოთა წყობილების დღევანდელ ურთიერთობაში, მის აუცილებელი გადატეხის და დანგრევის პერიოდში. ირ. წერეთელი კი ამ მიზნის განხორციელებას მოელის ევროპაში და რუსეთში „დემოკრატიის გაძლიერების და გამარჯვებისაგან“, აქაც ტერმინების გაუგებრობაა. რომელ დემოკრატიაზეა აქ ლაპარაკი? თუ ბურჟუაზიულზე. ის უკვე გამარჯვებულია დასავლეთში, ოდესმე გაიმარჯვებს რუსეთშიაც მარა ამ დემოკრატიისაგან არა მგონია წერეთელი განთავისუფლებას გამოელოდეს. მას ალბათ სახეში ყავს სოციალისტური დემოკრატია; ამ შემთხვევაში მისი დებულება მიიღებს ასეთ სახეს: საქართველოს განთავისუფლება შესაძლებელია სოციალიზმის გამარჯვებით. დებულება უდაოა, მარა რა შუაშია აქ საქართველო. საბჭოთა ტირანია, მიმდინარე ტაქტია და ბრძოლა. სოციალიზმი თავისუფლებას მიანიჭებს ყველა ერთ შორეულ აფრიკაშიაც კი. ეს ძველი პროგრამული დებულებაა, პროპაგანდისტული საშუალებაა სოციალისტური იდეების გასავრცელებლად. ამით საქართველოს საკითხი იხსნება დღის წესრიგიდან, ტაქტიკის სფეროდან და რჩება პროგრამის ერთ-ერთ მუხლად, როგორც მრავალი სხვა, რომელიც სოციალიზმა უნდა განახორციელოს. აი აქ არის მეორე დიდი უთანხმოება ჩვენს შორის.
სად არის სათავე ამ უთანხმოების? სათავეა ერთად-ერთი - ირ. წერეთელი არ არის სავსებით დარწმუნებული ერთა განთავისულების აუცილებლობაში სოციალიზმამდე. ჩემი დებულება „რუსეთის ველიკოროსიათ გადაქცევა“ მას არ მიაჩნია დემოკრატიულათ, ხოლო ერთი ერი - ერთი სახელმწიფო აღიარებულია უტოპიათ. ორივე შემთხვევაში სინამდვილე ავტორის წინააღმდეგ ღაღადებს. საბჭოთა რესპუბლიკათა კავშირში რუსეთი მხოლოდ ერთი წევრია. ხოლო მისი საზღვრები იფარგლება ველიკოროსიით. ე.ი. რუსეთი ნაციონალურათ და კულტურულათ უკვე გადაქცეულია ველიკოროსიათ, რაიცა უნდა დაგვირგვინდეს პოლიტიკურათაც. ნაციონალური და კულტურული ერთობა სახელმწიფოს საფუძველზეა. რაც შეეხება მეორე დებულებას, ის ხომ განხორციელებულია მთელ დასავლეთში. აქ არ არის ერი რომელსაც არ ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო. ეს ევროპის გზა სავალდებულოა საბჭოთა ტერიტორიისათვისაც იმდენათ, რამდენათ მისთვის სავალდებულოა გაევროპიელება, დემოკრატიის და ნაციის გამარჯვება. უტოპიურია მხოლოდ ერთი - ერის ყველა ნაწილების ერთ სახელმწიფოში თავის მოყრა. გაპნეული უმცირესობანი მუდამ იქნებიან და მათი უფლების დასაცავად წამოყენებულია სხვადასხვა ზომები.
რაკი მთავარი პრინციპებში წერეთელი დაეჭვებულია, ნაციათა თვითგამორკვევის პრაქტიკულათ გატარება რუსეთისათვის სავალდებულოთ არ მიაჩნია, რასაკვირველია, ნაციონალური ბრძოლის საშუალებებშიაც დაეჭვებულია და საერთო დემოკრატიულ დებულებით და შორეული პერსპექტივებით კმაყოფილდება.
ამით აიხსნება ისიც რომ საქართველოს შედარება ბელგიასთან მას არ აკმაყოფილებს და გადაჭრით ამტკიცებს, ჩვენი ქვეყანა გარედან დახმარებას ვერ მოიპოვებსო. ბელგიის დამოუკიდებლობის არა თუ დაცვა, არამედ თვით წარმოშობაც (1830 წელში) მოსაზღვრე სახელმწიფოების საქმე იყო (საფრანგეთის და ინგლისის). და საზოგადოდ, პატარა ერს არასოდეს არ მოუპოვებია თავისუფლება გარედან დაუხმარებლად. და თუ საქართველო ასეთ დახმარებას ვერ მიიღებს, ის მართლა ვერ განთავისუფლდება სოციალიზმამდე. მარა საჭიროა ამის დამტიცება რუსეთის და ევროპის არსებულ მდგომარეობიდან, დანახვება იმის, რომ დღეს ევროპა და პირველყოვლისა რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფონი დაინტერესებული არიან დიდი ისტორიული რუსეთის შერჩენაში. ჩვენ კი გვგონია, პირიქით, დიდი რუსეთი სასიკვდილო ლახვარია დიდი და პატარა ლიმიტროფებისათვის, დარღვევაა ევროპის არსებული საერთაშორისო წონასწორობის, ცეცხლის კოცონია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადმოსროლილი. ამიტომ არის რომ დღეს დიდი რუსეთი აღარავის არ აინტერესებს, გარდა რასაკვირველია თვით რუსებისა და გერმანიის მონარქისტებისა. რუსეთი ამ ბოლშევიკური, ე.ი. უძლური და დაგლახებული, ან პატარა და დემოკრატიული - აი რა საჭირბოროტო საკითხი დგას დღეს გადასაჭრელად. საქართველოს, ისე როგორც საბჭოთ კავშირის სხვა ერთა მომავალი, აი ამ მიმდინარეობის ფარგალშია მოქცეული.
ირ. წერეთელი კი აქ კარებს გვიხშობს და სოციალიზმისაკენ გვითითებს, აი იქ იპოვით რასაც დღეს ეძებთო.
ამნაირათ, ჩვენ ვღებულობთ ორ განსხვავებულ ტაქტიურ ხაზს. ჩვენია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა მიმდინარე ხანაში; ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებულია საბჭოთა ხელისუფლების საშინაო და საგარეო მდგომარეობასთან, მის აუცილებელ დარღვევასთან; ამ დაღვევისათვის ჩვენ ვიბრძვით რევოლუციური სოციალდემოკრატიის მეთოდით.
ირ. წერეთლის პოზიცია: საქართველოს დემოკ. რესპუბლიკის აღდგენა. ეს აღდგენა შეიძლება მაშინ, როცა ევროპაში და რუსეთში გაიმარჯვებს სოციალისტური დემოკრატია. ამ დროსათვის უნდა მოვამზადოთ ხალხი დემოკრატიული მეთოდით.
როგორც ხედავთ, ძირითადი განსხვავება აქ არის. ყველა დანარჩენი ან უდაოა ან წვრიმალია. უდაოა ის, რომ ჩვენ კავშირი უნდა გვქონდეს რუსეთის მოწინავე დემოკრატიასან, რაც არა ერთხელ დაგვიწერია (იხ. „ჩვენი ტაქტიკა“), უდაოა ევროპის დემოკრატიასთან კავშირი. უდაოა პარტიული, სოციალდემოკრატიული ყოველდღიური მუშაობა, რასაც ვრცლათ შევეხეთ არა ერთხელ (იხ. იქვე). უდაო არის ის, რომ სოც. ინტერნაციონალი გვეხმარება, მხოლოდ ავტორსავით გადაჭარბებული წარმოდგენა ამ დახმარებაზე არ გვაქვს. ყველამ იცის ზოგ სოციალისტურ მთავრობათა ჩვენდამი დამოიდებულება; უდაო არის პარტიისათვის სამხედრო მეთოდის უვარგისობა და სხვ. და სხვ. წვრიმალია ივ. ჭავჭანიძის შეხედულებებთან ბრძოლა, თუმცა თვით ჭავჭანიძე ემყარება რუსებს, რომელნიც რუსეთის მოსალოდნელ დაყოფაზე თვით ლაპარაკობენ. წვრიმალია ჩემი და რამიშვილის ცნობილ წერილებში აჯანყების და იმპერიალისტური კონფლიქტების სურვილების დანახვა, რაც ბოლოს და ბოლოს თვით ბოლშევიკებმაც კი ვერ დაინახეს. წვრიმალია ჩვენი პარტიის ტაქტიკის გერმანიის პარტიის ტაქტიკასან შედარება, იმ გერმანიის, რომელიც დაპყრობილი არ არის, დამოუკიდებლობა აღსადგენი არ აქვს და მხოლოდ ვერსალის საზავო პირობების ზოგ მუხლებზე დაობენ. ყველა ეს და მრავალი სხვა წვრილმანი, რომლითაც ბროშიურა სავსეა, უბრალო სიტყვის მასალაა, არსებულ ძირითად უთანხმოებას არ შეეხება და ახდენს შთაბეჭდილებას, როგორც რუსები იტყვიან, თმით მოთრეული არგუმენტებისას. ჩვენი საერთო ინტერესია ამ წვრიმალით არ დაიფაროს ნამდვილი უთანხმოება, რომ პარტიას საქართველოში მიეცეს საშუალება მისი დაფასების და არჩევის. პარტია დღევანდლამდე დგას მებრძოლი მენშევიზმის საფუძველზე; ეხლა ირ. წერეთელი გვირჩევს ამ საფუძველის ლიკვიდაციას და მშვიდობიან ხაზზე გაჩერებას. აი აქ არის ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი.
ნ. ჟ.
ბრძოლა (ჟურნალი. პარიზი). - მარტი. - 1927 წ. №26
______________
1. „სოც.-ვესტნიკის“ აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჩემი წერილი და მისი აბრამოვიჩის პასუხი. ეს პასუხი წმინდა განმეორებაა ირ. წერეთლის დებულებების. შემდეგ ნომერში ამ წერილს გავაცნობთ „ბრძოლის“ მკითხველებს.
![]() |
35 ათი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
ნოემბერში სრულდება საბჭოთა ბატონობის ათი წელიწადი, დრო საკმაო დიდი მისი ნაყოფის გამოსაღებათ და მისი სიმწიფის დასაფასებლათ.
და აი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წყობილება არასოდეს არ ყოფილა ისე უკურნებლათ დასნეულებული, განმარტოვებული და შინაგანი წინააღმდეგობით დაუძლურებული, როგორც ის ახლა, ათი წლის ბოლოს, არის. ის უკვე გაფუჩქვნამდე დაბერდა, ახალგაზდობაში მოტყდა, უდღეური გამოდგა. მისი იდეოლოგია, მისი პოლიტიკა და პრაქტიკა საბოლოოთ გაკოტრდა, დაჩაჩანაკდა და მხდალთა საფრთხობელათ გადაიქცა.
ათი წლის წინ ბოლშევიზმი კიდევ ბევრს გულწრფელადა სჯეროდა. მისი მოციქულნი ბევრს ახალი სახარების მქადაგებლათ მიაჩნდათ. მას ყავდა თავდადებული მიმდევრები, ენერგიული დამცველები, საუკეთესო იდეალებისათვის მებრძოლნი. მან განვლო გმირული ხანა, ააფორიაქა მთელი რუსეთი, შეანძრია ბევრი ქვეყანა, გასცა მრავალი ჩინებული დაპირება, ჩამორეკა კაცობრიობის განახლების ზარი. ერთი სიტყვით, არასოდეს არც ერთ პარტიას და მიმდინარეობას ამდენი არ უხმაურებია, არ უტრაბახებია, არ უყვირია. დღეს ყველა ეს გადნა, შარშანდელი თოვლივით; მათი სიტყვა უკვე გამოიფიტა. მათი საქმე უკვე გადუხჭირდა. ჩამოშორდა ყველა უანგარო მეგობარი, გაშტერებულია მისი შემხედვარე - ნუთუ ამ ჯოჯოს ვეთაყვანებოდიო! იარაღი დაყარა მისთვის თავდადებულებმა, ნუ თუ მისთვის სისხლს ვღვრიდიო! მას შერჩა მხოლოდ „კაზიონი“ ხალხი, ხაზინის საკუჭნაოს შემყურე და მის სკივრებში ხელის მოფათურე. ბოლშევიზმი გახდა მოძღვრება გეპეუს, სადარაჯო დაქირავებულ ლაშქარის, განყოფილება პოლიციის დეპარტამენტის. ის ადამიანთა სულს და გულს აღარას ეუბნება, დამოუკიდებელ მოღვაწეთ აღარ აფრთოვანებს, მასზე იმედს აღარავინ ამყარებს.
ის შეიქნა საკინკლაო საგნათ ხელისუფლების მაძიებელთა, წყაროთ გამორჩენის, პირადი ანგარიშების გამოსწორების, გზათ და ხიდათ ბატონობის და ნებივრობის. მას გაშორდა სული, ჩაუქრა იდეალი, დაეკარგა აღმაფრენა და იქცა ჩონჩხათ, ქვეყნის ყვავ-ყორანის საძიძგნათ. დღის წეს-რიგში დგას არა ამ ლეშის გამოცოცხლება, არამედ მისი დროზე გადათრევა და შორს დასაფლავება.
ბოლშევიზმი დამარცხდა. მან ვერ შეასრულა ვერც ერთი თავისი დიდი დაპირება. რატომ, რისთვის დაგლახდა ასე ეს ძლიერი მოძრაობა? მიზეზი ერთათ-ერთია: ბოლშევიკური რევოლუციური მოძრაობა არ ხატავდა საზოგადოების ნამდვილ მოთხოვნილებას; ე.ი. ბოლშევიზმი არ არის ისტორიული პროგრესის მატარებელი, მათი იდეოლოგია არ აღბეჭდავს ადამიანთა რეალურ ურთიერთობას.
და მართლაც, რა საკითხი დაუსვა ისტორიამ რესეთს გადასაჭრელათ? ის, რაც ყველა ჩამორჩენილ ქვეყანას - გადაქცევა თანამედროვე დამთავრებულ სახელმწიფოთ. სავსებით შესვლა საკაცობრიო ოჯახში, ხალხი - ქვეშევრდომის ხალხი - მოქალაქეთ შეცვალა. თებერვლის რევოლიუცია თამამათ შედგა ამ გზაზე. ლიბერალურ ბურჟუაზიამ, სოციალისტურ ინტელიგენციამ და პროლეტარიატის ავანგარდმა ეს მიზანი დაისახა, მარა ვერ შეასრულა. მოძრაობაში ჩაება ახალი ფენები, აგორდა მთელი ჩამორჩენილი სტიქია. სალდათის და გლეხის მეთაურობით და დაეპატრონა რევოლიუციას. იშვა ოქტომბერი და მით იშვა ძირითადი წინააღმდეგობა რუსეთის ისტორიული ამოცანის და რევოლიუციის შორის. ეს ამოცანა პირველყოვლისა ითხოვს საზოგადოების ყველა სასიცოცხლო ძალების დახსნას. ყველა მათ წინ მდებარე პოლიტიკურ და ეკონომიურ ზღუდეების დაშლას და ახალი საამისო ნორმების ჩამოყალიბებას. ოქტომბერმა კი პირიქით ყველა ეს სასიცოცხლო ძალები შეკრა, დააბა და იწყო მათი კომუისტურ კალაპოტში ჩაჭედვა. იწყება ბრძოლა ცხოვრებას და ბოლშევიკურ იდეოლოგიას შორის, რაიცა გრძელდება მეტ-ნაკლები ტემპით დღევანდლამდე. აი ეს გარემოება არყევს საბჭოთა წყობილებას, ანგრევს ქვეყნის კეთილდღეობას, არღვევს ბოლშევიკურ პარტიას და მივყევართ ახალ-ახალ გადატრიალებისაკენ.
ეს ძირითადი წინააღმდეგობა რევოლიუციის და რეალური მოთხოვნილების შორის არ არის ნიშნობლივი თვისება რესეთის რევოლიუციის. ის თან ახლავს საზოგადოთ ყველა დიდ პოლიტიკურ გარდატეხას წარსულში. თითქმის ყველა რევოლიუცია სხვა და სხვა გარემოების გამო ბოლოს და ბოლოს ხელში უვარდება უტოპისტებს, დოქტრინერებს, რომელნიც ცდილობენ შეუფარდონ თავისი იდეოლოგია არა ცხოვრებას, არამედ პირიქით, ცხოვრება ჩამოქნან თავის იდეოლოგიის თანახმათ და მით იმზადებენ დამარცხებას. ინგლისის დიდი რევოლიუცია დაწყებული ბურჟუაზიული საზოგადოების დაბადების გასაადვილებლათ თავის მსვლელობაში რჩება სექტანტების ამარათ, რელიგიური მოციქულების მეთაურობით, რომელთა მიზანია „წმინდანების სახელმწიფოს“ დაარსება და ძალით, სამხედრო ზომებით, პარლამენტის მიერ ხმის უმეტესობით მიღებული ლოცვანის ხალხისათვის თავზე მოხვევა. კათოლიკურ ირლანდიას სამხედრო წესებით სარწმუნოებას უცვლიდენ და მით, რასაკვირელია მთელი ხალხი გადაიკიდეს. ერთი სიტყვით, გაბატონებული პარტიები, დამოუკიდებლები, პრესვიტერიანელები და ნიველერები, სავსებით აცდენ ინგლისის ისტორიულ ამოცანას და შეეცადენ თანამედროვე ხანაში რაღაც პირვანდელი ქრისტიანობის მსგავსი საზოგადოება შეექნათ. უტოპია დამარცხდა. კონტრ-რევოლიუციამ გაიმარჯვა.
ასეთსავე მოვლენას ვხედავთ ჩვენ საფრანგეთის რევოლიუციაში. რობესპიერი და სენჟუსტი არ სცნობენ რევოლიუციის ბურჟუაზიულ ხასიათს და ცდილობენ საზოგადოება ააგონ ძველი საბერძნეთის და რომის პოლიტიკურ საფუძველზე. მარქსი სწერს: „რობესპიერი, სენჟუსტი და მათი მომხრეები დამარცხდენ იმიტომ, რომ მათ ერთმანერთში არიეს ანტიკური დემოკრატიული და რეალისტური სახელმწიფო, დაყრდნობილი რეალურ მონობაზე, და თანამედროვე დემოკრატიული და სპირიტუალისტური სახელმწიფო, დაყრდნობილი განთავისუფლებულ მონობაზე, ბურჟუაზიულ საზოგადოებაზე“ (იხ. „წმიდა ოჯახი“). აი ეს ერთი მხრით ანტიური იდეოლოგია და მეორე მხრით არსებული პირობები ერთმანერთს ეხეთქებიან და ბოლოს და ბოლოს იმარჯვებს უკანასკნელი. ტერმიდორი დგება. რევოლიუცია დაიწყო ბურჟუაზიამ, მარა გზადაგზა ის განდევნილ იქნა ასპარეზიდან და არ მიეცა საშუალება ბურჟუაზიული ურთიერთობის მეთაური გამხდარიყო. მარქსის აზრით, არა თუ იაკობინელები, არამედ ნაპოლეონიც ებრძოდა ეპოქის ამ ძირითად ტენდენციებს და ამიტომ ისიც დამარცხდა. ის სწერს: „ნაპოლეონი, ეს იყო უკანასკნელი ბრძოლა რევოლიუციური ტერორიზმისა წინააღმდეგ ბურჟუაზიული საზოგადოებისა და მისი პოლიტიკის, რის დროშა რევოლიუციამ აღმართა. ნაპოლეონს უკვე ესმოდა თანამედროვე სახელმწიფოს ბუნება: იცოდა, რომ ის აგებულია ბურჟუაზიული საზოგადოების თავისუფალ განვითარებაზე. მარა მასში კიდევ ხედავდა თავისი ზრახვების აგენტს. ხოლო ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ქონების მოიჯარადრეს, მის ხელქვეითს, რომელსაც არ უნდა ქონდეს საკუთარი ნება. მან მიმართა ტერორიზმს მუდმივი რევოლიუციის შეცვლით მუდმივი ომით... მისი პროექტი იყო შემოღება აღებ-მიცემობის მონოპოლიის, რომ მთელი ვაჭრობა გადასცემოდა სახელმწიფოს... ერთი სიტყვით, ნაპოლეონის საშუალებით რევოლიუციური ტერორიზმი ერთხელ კიდევ ილაშქრებს ლიბერალური ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რესტავრაციით, ბურბონებით ამავე ბურჟუაზიას ებრძვის კონტრ-რევოლიუცია. მხოლოდ 1830 წ. ის ახორციელებს თავის 1789 წლის სურვილებს (იქ.). ამას დაუმატებთ, რომ რობესპიერის დემოკრატია ხორციელდება მეოთხმოცე წლებში ანტიური სამოსელის გახდით და ბუჟუაზიულის ჩაცმით.
როგორც ხედავთ, უტოპიური მიმდინარეობათა რევოლუციის სიღრმიდან ამოტივტივება და სათავეში მოქცევა ძველი ამბავია. რუსეთში ახალია მხოლოდ ის, რომ ასეთი ამბავი მეორდება მეოცე საუკუნეში. ამდენი რევოლიუციების, ისტორიული გაკვეთილების და ისტორიული მეცნიერების შემდეგ ეს მოწმობს ბოლშევიკური პარტიის პოლიტიკურ უსუსურობას. მის საარაკო ველურობას და ყოველნაირ უტოპიათა ტლაპოში ყელამდე ჩაფლას. მასში თავი მოიყარა რუსეთის ინტელიგენციის ყველა უტოპიამ - ნაროდნიკულმა, სლავიანოფილურმა, ნაროდოვოლცურმა, რეაქციონურმა - ერთი სიტყვით წარსულის მთელმა იდეიურ ჭაობმა. ასეთი მარცხი არ მოსვლია გერმანიის და ავსტრიის სოციალდემოკრატიას და რევოლიუციური ქარტეხილიდან გამოვიდენ გამარჯვებული. მათ გადააბეს იდეალი რეალობას და მით შეინარჩუნეს დემოკრატია და დემოკრატიული რესპუბლიკა. ხოლო სადაც კი იფეთქა ბოლშევიკურ უტოპიამ, იქ დღეს მეფობს საშინელი რეაქცია (უნგრეთი, ბავარია).
ამნაირათ, ერთ და იმავე დროს მომხდარ ორ რევოლიუციაში, ერთი, რუსეთის, შორდება ისტორიულ კალაპოტს, ბოძებულ ბაზას და ვარდება ხრამში, საიდან ამოსვლა მას უკატასტროფოთ არ უწერია, ხოლო მეორე, დასავლეთი, თავსდება ისტორიულ კალაპოტში: არ შორდება სინამდვილეს და ყრის ურყევ საძირკველს მკვიდრი და მწყობრი განვითარების და ბრძოლისათვის. ეს უკანასკნელი თავის იდეალს ეძებს მომავალში. მისი მუშაობა და პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია ამ იდეალის განსახორციელებელ საშუალებათა შექმნისაკენ, მისი ნიადაგის მომზადებისაკენ. ის ხდება ისტორიული პროგრესის შეგნებული მატარებელი ასეთია მეოცე საუკუნის რევოლიუცია.
სამაგიეროთ ყველა წინანდელი რევოლიუცია თავის იდეალს ეძებდა წარსულში, ნიველერები ძველ ქრისტიანებში, იაკობინელები ათინაში: ეს იყო ცდა რევოლიუციური წარსულის აწმყოში გადმოსატანათ. ბოლშევიკები აქაც სასტიკათ ჩაიჭრენ. მათ გადმონერგეს აწმყოში ძველი მოსკოვური რუსეთის სინამდვილე. ის სინამდვილე, როცა ადამიანი და ნივთი, მთელი ერი და მთელი სიმდიდრე იმყოფებოდა სახელმწიფოს სრულ მორჩილებაში და განკარგულებაში. ე.ი. მათ რეაქციონური წარსული აწმყოთ აქციეს და და ზედ კომუნისტური დაღი დააკრეს. სტენკა-რაზინი და პუგაჩოვი მათი წინამორბედია. ერის სოციალურ შენობაში მოხდა მხოლოდ ერთი ცვლილება - თავად-აზნაურობის ალაგი დაიჭირა კომუნისტურმა პარტიამ, გაცილებით მეტი უფლებით და ძლევამოსილობით, ვინემ ბრწყინვალე წოდებას ქონდა მოსკოვის სამეფოში. ყველა დანარჩენი კლასი, დაწყებული წვრილი ვაჭარით და მრეწველით, თავის ალაგას დარჩა და მას დაერთო თანამედროვე ბურჟუა ნეპმანის სახით. ამ რეჟიმის დამკვიდრებაში მხურვალე მონაწილეობა მიიღო რუსის მუშათა კლასმა: მარა ჩქარა გამოჩნდა, რომ მისი ემანსიპაციის პირობები რუსეთში არ დამდგარა. მისი საკუთარი სასიცოცხლო პრინციპი სრულიად არ ფარავს რევოლიუციის სასიცოცხლო პრინციპს, საზოგადოების განთავისუფლება არ მოითხოვს პროლეტარიატის განთავისუფლებას ისტორიის ამ პერიოდში. მუშამ ვერ მიაღწია არა თუ სოციალურ განთავისუფლებას, არამედ ვერც მის წინასწარ პოლიტიკურ პირობებს. ცხოვრების უმაღლეს საფეხურზე დასმული ამოცანა ვერ გადაიჭრება მის უდაბლეს საფეხურზე. გლეხმა მიიღო მიწა სამუშაოთ, მარა ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიურ პირობებში, რომ ეს ბუნების სიმდიდრე გადაიქცა წყაროთ მისი გაღატაკების და დაუძლურების.
ამნაირათ, კომუნისტური რევოლიუცია დაშორდა არა თუ საერთო ისტორიის რეალურ ბაზას, არამედ ამასთანავე ყველა მშრომელი კლასის მიუცილებელ ინტერესებს. კომუნისტები უბრძანებენ ისტორიას - იარე ჩემი გზით და არა შენითო. მარა ვინაიდან ბრძანება ისტორიას ვერ შეაჩერებს, ამიტომ ბრძანებელი იძულებულია თავისი წესი თავს ახვიოს მას ძალით, ტერორით. აართვით ეს იარაღი და მთელი სისტემა დაინგრევა, კომუნისტური რეჟიმიდან აღარაფერი დარჩება. მხოლოდ გაუსწორებელ ფანტაზიორს შეუძლია წარმოიდგინოს საბჭოთა წყობილება უტეროროთ, ხალხის ნებაყოფლობით და თავისუფალი თანხმობით. ეს ძლიერ კარგათ ესმით თვით ბოლშევიკებს და ამიტომ სავსებით ხიშტზე არიან დაყრდნობილნი. მაგრამ ამ რკინის სალტებში მომწყვდეული ცხოვრება მაინც თავის გზით მიიმართება, მაინც არტყამს სასიცოცხლო ჩაქუჩს და თავის თავის, თავისი აუცილებლობის ერთგული რჩება. ის მიდის იმ მხრით, საითკენაც ბოლშევიზმი არ მიდის. მათი გზანი ვერსად ვერ იყრებიან. ეს იმყოფება თავისავე არსებობის პირობების აშკარა წინააღმდეგობაში: ის იძულებულია პრაქტიკულათ დაუშვას ის, რასაც იდეურათ და პოლიტიკურათ ებრძვის. ეს ისტორიული დრამა აუცილებლათ უნდა გაიხსნას ბუნებრივი წესით - საზოგადოების განთავისუფლებით სახელმწიფოს ყმობისაგან და თანამედროვე ურთიერთობის აღდგენით. ე.ი. რუსეთი ბოლოსდაბოლოს მიაგნებს თავის თავს, თავის შესაფერ სოციალურ ნორმებს, წამოისხამს თავის ტანზე შეკერილ წამოსასხამს. მართალია, აგერ ჩინეთმა ეს 15 წელია თავისი კალაპოტი ვერ მონახა, ძალთა წონასწორობა ვერ აღადგინა: ეს მხოლოოდ მოწმობს საქმის სიძნელეს, მრავალნაირ მიხვევ-მოხვევას და ხანგრძლივი დადუღების საჭიროებას. ენგელსი სწერდა ამ ნახევარი საუკუნის წინ: „ორმოცი მილიონი ველიკორუსი შეადგენს მეტათ დიდ ხალხს და აქვს მეტათ თავისებური განვითარება, რომ შეიძლებოდეს გარედან მისთვის ამა თუ იმ მოძრაობის თავზე მოხვევა“*). მით უფრო ეს მართალია დღეს, როცა ამ თავისებურობის საქვეყნო მაგალითი ვიხილეთ. ამ მოულოდნელ ამბების ხლართში იმარჯვებს ის, ვინც ნათელ წარმოდგენას არ კარგავს, ვისაც ესმის გზანი ისტორიისანი და უეჭველი მომავლის გაჭვრეტა შეუძლია. ბოლშევიკები ამ მხრით სამუდამოთ დაკარგულია, კუზიანს სამარე ასწორებს. ის უკვე საარხივოთ გამზადებულია. მათი დღევანდელი იუბილე - გედის უკანასკნელი სიმღერაა.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. - მარტი. - 1927 წ. №27/28
![]() |
36 ჩვენი უთანხმოება |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიასი
თავი მესამე: საბჭოთა კავშირში
(თარგმანი რუსულიდან)
ეროვნული საკითხი დასავლეთში წყდება ყველგან ერთი და იგივე წესით: ჩაგრულ ერისთვის თავისუფლების მინიჭებით. კითხვის სხვაგვარი გადაჭრა ისტორიას არ მოუცია. მაგრამ აი, გამოდიან უეცრათ რუსი სოციალისტები და აცხადებენ - ეს გზა რუსეთისთვის სავალდებულო არ არისო. აქ განსაკუთრებული პირობებია და ქვეყანამ გვერდი უნდა აუაროს ევროპის შარა გზას და თავისი განსაკუთრებული გზით უნდა წავიდესო. ამგვარათ, უთვალავ განსაკუთრებულ რუსულ სოციალ-პოლიტიკურ უტოპიებს ემატება კიდევ ერთი - ნაციონალური. როგორც სჩანს, რუსულ სოციალიზმს უჭირს თავი დაახწიოს საუკუნოებრივ თავისებურებას და საბოლოოთ შეურიგდეს ისტორიის ნამდვილ მსვლელობას. როდესაც ამასავე ამბობენ ლიბერალები და რეაქციონერები, ისინი ლოღიკაში მაინც რჩებიან: რაკი ისინი საზოგადოთ არ სცნობენ ეროვნულ თვითგამორკვევას, არ სცნობენ მას აგრეთვე რუსეთის იმპერიისათვისაც. აქ დავას სწყვეტს ბრძოლა, სტიქია, ისტორიის ბრმა ძალები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან ანგრევენ ამ ვაჟბატონების მახინაციებს. მაგრამ ეროვნულ თვითგამორკვევის პრინციპიალურად დაშვება და მისი მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოში შემავალ ხალხებზე არ გავრცელება - ეს არის ან აზრთა უბრალო არევ-დარევა, ან სავსებით დატოვება სოციალიზმის ნაპირების და იმპერიალიზმის აზვირთებულ ნავთსადგურში შეტოპვა.
სოციალისტური ინტერნაციონალი ერთნაირათ ავრცელებს ეროვნულ თავისუფლების პრინციპს ევროპის დასავლეთზე და აღმოსავლეთზე. მარსელის კონგრესმა ამის შესახებ შემდეგი დადგენილება მიიღო:
„მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალი იცავს თვითგამორკვევის უფლებას იმ ხალხთათვის, რომელნიც იჩაგრებიან 1918 წლიდან დადებულ ტრაქტატების და ელჩთა კონფერენციების დადგენილებათა ძალით ისე, როგორც საბჭოთა კავშირის იმ ხალხთათვის, რომლებმაც რევოლიუციის ხანაში მოიპოვეს თავიანთი დამოუკიდებლობა, როგორიც არიან სომხეთი, საქართველო, უკრაინა და სხ.“
დადგენილება სრულიად ნათელი და ყოველივე ორჭოფობას მოკლებული. ინტერნაციონალი დადგა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტების ნიადაგზე, რომელთაც ღრმა ცვლილება შეიტანეს ხალხთა ცხოვრებაში. რუსეთის რევოლიუციამ დაარღვია რუსეთის იმპერიის ხალხთა შორის არსებული ძველი კავშირები, შექმნა ახალი პირობები, ახალი ურთიერთობა და მისწრაფებანი. ამხ. აბრამოვიჩი და სუხომლინი კი ამ ხალხებს ისევ რევოლიუციის წინა დროის სინამდვილის თვალით უყურებენ, მათ თავის კალენდარიდან სავსებით ამოუგდიათ ახალი ეპოქა. ამხ. სუხომლინს უკვირს კიდეც, რომ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დააგდეს თავისი პარტიული კანონის ძველი სიტყვა და ვერ ამჩნევს, რომ მათ შესცვალეს სიტყვა, მარა დაიცვეს აზრი, სული და მით ახალ დროს ფეხ და ფეხ მისდევენ. ასე მოიქცა მთელი ინტერნაციონალი: ყველგან, ყველა სოციალისტური პარტიები უფარდებენ თავის შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს ახალ დროს, ახალი საზოგადოების მოთხოვნილებებს. ზოგიერთი რუსი სოციალისტები კი წმინდათ სხედან ძველი აღთქმის წმინდა ფრაზაზე. გვეგონა, რომ ისინიც შეურიგდენ ახალ დროს და ცხოვრების ფერხულში ჩადგენ. მარსელის კონგრესზე ხომ მთელმა რუსეთის დელეგაციამ მისცა ხმა ზემოთმოყვანილ რეზოლიუციას ეროვნულ საკითხზე, ხოლო ესერებმა თავისი რეზოლიუციაც კი შეიტანეს, რომელიც ამბობს: „უდაო ცნობა ყველა ახლათ შექმნილ სახელმწიფოთა, როგორც იმათი, რომლებიც სარგებლობენ ეხლა დამოუკიდებლობით, აგრეთვე იმათი, რომელთაც ის დაჰკარგეს საგარეო ძალადობის მიზეზით“. უნდა ვიფიქროთ, რომ მარსელის კონგრესის შემდეგ მათ უკან დაიხიეს, გარდა ამხ. ჩერნოვისა და მისის ჯგუფისა, რომელნიც მარსელის ერთგულნი დარჩენ.
ამხ. აბრამოვიჩმა, რომელმაც წამოიწყო შეტევა მარსელის წინააღმდეგ, ჩემი პასუხის შემდეგ საკითხი სადისკუსიოთ გამოაცხადა. საკვირველია, როდის აქეთაა, რომ ინტერნაციონალის გადაწყვეტილებანი სადისკუსიოთ ცხადდება მისივე სექციების მიერ! სოციალისტური თვალსაზრისით დავის საგანია არა ერთა თავისუფლება, არამედ თავისუფალ ერთა ურთიერთობა. მაგრამ ეს არის უკვე არა ეროვნული, არამედ ერთაშორისი საკითხი, რომელიც ყველგან ერთნაირის სიმწვავით სდგას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში. სამაგიეროთ სუხომლინმა ერთბაშად, უყოყმანოდ გადასჭრა ნაციონალური პრობლემა და თან წყალში გადაუძახა ინტერნაციონალის თეორიასაც და პრაქტიკასაც. მისი გადაჭრა წმინდა ემპირიულია, შემთხვევიდან შემთხვევამდე: საქართველო და სომხეთი თავისუფალნი არიან, სხვებს კი ებრძანა სახლში ისხდენ. მე რომ პარტიულ დიპლომატიას ვაწარმოებდე, ვიტყოდი - ამისთვისაც გმადლობთ-მეთქი. მაგრამ მე მაინტერესებს ბედი არა მარტო ჩემი ერისა, არამედ აგრეთვე ყველა სხვა ერების, უპირველესათ კი მათი, რომელნიც გარს ერტყმიან ჩემს ერს და რომელთანაც მშვიდობიანათ და შეთანხმებით უნდა ვიცხოვროთ. საქართველო და სომხეთი ვერ შესძლებენ თავისუფლების მოპოებას ან შენარჩუნებას, თუ რუსეთში ეროვნული შუღლი გაგრძელდა და დიდმპყრობელურმა შოვინიზმმა ითარეშა. საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხთა შორის მშვიდობიან კეთილმეზობლურ განწყობილების დამყარება ეროვნულ ძალთა ისეთი წონასწორობის დამკვიდრებით, რომელიც შეუძლებლათ ხდის ერთი ხალხის მეორეზე გაბატონებას - აი, ამოცანა. ამისათვის კი უპირველესათ საჭიროა გეოგრაფიულ რუქაზე ამ ხალხების მონახვა და მათი საზღვრების მოხაზვა. სუხომლინის აზრით რუსეთი წარმოადგენს ერთს კულტურულ მთელს და ამიტომ ის ერთიანი უნდა დარჩეს. დებულება სრულიად სწორია, თუ რუსეთის საზღვრებს სისწორით გავავლებთ. მაგრამ ავტორს ძლიერ ფართოთ მოუხაზავს. ის აცხადებს: რუსეთი - ეს საბჭოთა კავშირიაო. აქ საქართველო და სომხეთიც კი დაივიწყეს. რუსის სახელმწიფოს უკანასკნელი რუქა ყოფილა რუსეთი. აი ენგელსი კი, თანამედროვე სოციალიზმის დამაარსებელი, რუსეთს სულ სხვანაირად განსაზღვრავს. ის სწერს:
„როდესაც მე ვლაპარაკობ რუსეთზე, სახეში მაქვს არა მთელი რუსის სამეფო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ველიკოროსია, ე.ი. ის მხარე, რომელიც დასავლეთით თავდება პსკოვის და სმოლენსკის, ხოლო სამხრეთით - ვორონეჟის და კურსკის გუბერნიებით“.1
როგორც ხედავთ, ენგელსის შეხედულებით რუსეთი არის რუსის ხალხი, სუხომლინის აზრით კი რუსეთი - ეს ყველა ხალხებია, რომელნიც ბედის ცვალებადობის წყალობით ამ ხალხის სახელმწიფოს ფარგლებში მოხვედრილან. პირველ შემთხვევაში გადამწყვეტი მომენტია საერთო წარმოშობა, საერთო ისტორია, ეკონომია და კულტურა; მეორე შემთხვევაში - დაპყრობა, ომი, დიპლომატია, ერთის სიტყვით - ძალა და ძალმომრეობა. არაფერი სხვა არ უთქვამთ ყველა ჯურის ძველსა და ახალ იმპერიალისტებს. სოციალისტები არასოდეს არ სცნობდენ არც პოლიტიკურს, არც ეკონომიურს და არც ნაციონალურ „სტატუს ქვოს“. ისინი ებრძოდენ ვენის, პარიზის, ბერლინის და სხვა დიპლომატიურ კონგრესების რუქებს. ლაპარაკი შეიძლება იყოს არა უკანასკნელ გეოგრაფიულ რუქის შესახებ, არამედ იმ ხალხებზე, რომლებიც მასზეა აღნიშნული და მათს ცხოვრების პირობებზე და ურთიერთობაზე.
ყველა დიდი მრავალტომიანი სახელმწიფოები ერთი და იგივე წესით შენდებოდენ და ბოლოც ერთნაირი ჰქონდათ. რუსეთი გამონაკლისს არ შეადგენს. ისიც ომების საშუალებით გაფართოვდა თავისი ნაციის ფარგალს გარეშე და შორს გაიტანა თავისი საზღვრები. მაგრამ მათრახი, რომელიც აერთებდა სხვადასხვა ხალხებს მეფეთა კვერთხის ქვეშ, სრულიად არ აერთიანებდა მათს წარსულს, მათს ენას, მათს კულტურას, მათ პსიხიკას და ინდივიდუალობას. საერთო პოლიტიკურ ჭერს ქვეშ სწარმოებდა მათი საკუთარი მუშაობა, გრძელდება მათი კულტურული ისტორია. და როგორც კი მათრახი გადავარდა, გამოჩნდა ნამდვილი საზღვრები; ხალხებმა თავიანთ კერას მიაშურეს. თვითეულმა ერმა ისარგებლა რევოლიუციით თავისებურათ, თავისი კულტურის და ისტორიის მიხედვით. რუსის ხალხი საბჭოთა სისტემაში მოეწყო, ხოლო ყველა დანარჩენები - ყუბანი და ციმბირიც კი - დემოკრატიულ რესპუბლიკებში. მათი პოლიტიკური გზები დაშორდა ერთმანეთს კულტურულ-ნაციონალურ ხაზზე.
საიდანაა ასეთი განსხვავება? გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან მოკიდებული ყველა ტენდენციის სოციალისტები წამდაუწუმ სწერდენ რუსის ხალხის ყოფა-ცხოვრების თავისებურ პირობებზე, ხოლო როდესაც ამ თავისებურობამ მთელი სიგრძე-სიგანით იჩინა თავი საქვეყნოთ, სწორედ მაშინ ის დაივიწყეს. „ობშჩინური“ მიწათმფლობელობა ველიკოროსიაში და კერძო საკუთრება მიწაზე იმპერიის დანარჩენ ნაწილებში - აი სად უნდა ვეძიოთ გზათა დაშორების ახსნა. „ობშჩინამ“ მოგვცა ბოლშევიზმი, წვრილმა საკუთრებამ კი - დემოკრატია. მაგრამ ვინაიდან პირველის მხარეზე აღმოჩნდა მეტი ძალა, მან შესძლო მოეხვია თავზე ყველა დანარჩენ ხალხებისათვის თავისი ეკონომიური და პოლიტიკური ფორმა. ამ საფუძველზეა აღმოცენებული უკანასკნელთა პსიხოლოგიური ჩამოშორება მპყრობელ ხალხისაგან. ბოლშევიკებმა შერეკეს მათრახის საშვალებით თავის სოციალ-პოლიტიკურ სისტემაში მთელი რიგი ხალხები. მაგრამ ისინი მაინც იძულებული გახდენ რევოლიუციის მიერ გაღვიძებულ ეროვნულ მისწრაფებათა და ზეგავლენით ეცნოთ ეროვნული საზღვრები სათანადო კულტურული კერით; მოეწყო ახალი სახელმწიფო, რომელიც აღსავსეა გაცილებით მეტი ნაციონალური წინააღმდეგობით, ვინემ ძველი, მაგრამ ამავე დროს იძლევა განსაზღვრულ გეზს ამ წინააღმდეგობათა გადასაჭრელათ. ნაციონალურ შენობათა საძირკველი ჩაყრილია, მათი დამთავრება დაკავშირებულია ძალმომრეობის და დამონავების წყობილების დამხობასან. რუსეთი დგება ევროპის ნაციონალურ განვითარების კვალში.
ამხ. სუხომლინი და აბრამოვიჩი ამ ახალს, რევოლიუციის შემდეგი დროის პირობებს უყურებენ რევოლიუციის წინა დროის ურთიერთობის თვალით. ორივე ფეხით ძველ იმპერიას ეყრდნობიან. ორში ერთი: ან ისინი სრულიად უარყოფენ არსებულ კულტურულ კერებს, ან სცნობენ რა მათ, უარყოფენ მათს გადაქცევას პოლიტიკურ კერებათ. მაგრამ, აი ამხ. ვერნერი „სოც. ვესტნიკიდან“ თავის გვარიან მოხდენილ წერილებს ეროვნულ საკითხზე ამნაირათ აბოლავებს: „საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის მთავარი ნაკლი მდგომარეობს, რა თქმა უნდა, მათს წარმოდგენაში, თითქოს შეიძლებოდეს საბჭოთა რუსეთის ნაციონალურ პრობლემის განთავისუფლება პოლიტიკისაგან. შემცდარი და არა მარქსისტული წარმოდგენაა, რომ კულტურული და სამეურნეო ზრდა და ეროვნული განვითარება აიცილებენ პოლიტიკურ ბრძოლას, პოლიტიკურ თვითგამორკვევას, ბრძოლას პოლიტიკურ წარმომადგენლობისათვის“ („სოც. ვესტნ.“ №21-22), ე.ი. არსებული ნაციონალური კერა უნდა გადაიქცეს პოლიტიკურ კერათ. ხოლო აბრამოვიჩი აღნიშნულ ჟურნალის იმავე ნომერში აცხადებს, რომ „ეროვნული თვითგამორკვევა ყოველთვის არ მიიღებს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ხასიათს“-ო. ესე იგი, ეროვნული თვითგამორკვევა შეიძლება არ გადაიქცეს პოლიტიკურ თვითგამორკვევათო. რატომ მარტო რუსეთს ასცილდება „სასმისი ესე“ - ავტორი არ გვიხსნის. ჯერ არ ყოფილა მაგალითი, რომ ეროვნული თვითგამორკვევა სახელმწიფოებრივ თვითგამორკვევათ არ გადაქცეულიყოს. რაც ამხ. აბრამოვიჩს გამორჩა, ავსებს ამხ. სუხომლინი. ის სცნობს ერების „სრულსა და უთუო უფლებას თვითგამორკვევისას“, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს თვითგამორკვევა არ ჩამოყალიბდეს ერის დამოუკიდებელ განკერძოებულ არსებობაში! გამოდის, რომ ერს უფლება აქვს მიიღოს თავისუფლება, მაგრამ იმ პირობით, რომ მან ეს არ გამოიყენოს თავისი სურვილისამებრ. ავტორი განაგრძობს: „უფრო მიზანშეწონილ გადაჭრათ ს. რ. პარტიას მიაჩნია ფედერატიული წყობილება, ფართო განვითარება ადგილობრივ თვითმართველობისა, ეროვნებათა კულტურული ავტონომია“ („სოც. რევ.“ №1). მაგრამ ფედერატიული სახელმწიფოს შექმნა ხომ ფედერატიულ კავშირის დამყარების მოსურნე მხარეებს გულისხმობს. ყოველი ამგვარი გაერთიანება აქამდე ხდებოდა ერთის გზით - დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეთანხმდებოდენ და ადგენდენ ფედერაციას. ხოლო თუ ფედერაციას აწესებს მართველი ერი თავის საჭიროებისათვის, ეს არის არა ფედერაცია, არამედ სხვა ხალხებზე დომინაციის საშვალება, რომლის გაუქმება მასვე შეუძლია, როგორც კი საჭიროება გაივლის. მხოლოდ თავისუფალი ერები წარმოადგენენ იმ საძირკველს, რომელზედაც შესაძლებელია რაიმე მკვიდრ საერთაშორისო შენობის აგება. მაგრამ ჩვენი ავტორი ფედერაციას უშვებს არა ეროვნებათათვის, არამედ პროვინციებისათვის, ერებს კი კულტურულ ავტონომიას შესთავაზებს. ადამის დროის ამ იდეიას ის მთელი ს. რ.-ბის პარტიის შეხედულებათ ასაღებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს განცხადება მართალი არ არის; მის წინააღმდეგ პროტესტი განაცხადა ს. რ.-ბის პარტიის ორგანომ „რევოლ. როსსიამ“ (№61), საცა ჩვენ ვკითხულობთ: „... ჩვენი პარტია სცნობს თითეული ერის უფლებას სახელმწიფოებრივ განკერძოებაზე“ და „ის არ კმაყოფილდება ამ უფლების მხოლოდ პლატონიურად აღიარებით, არამედ კისრულობს ვალდებულებას ყოველივე საშვალებით დაიცვას მისი განხორციელება ყოველგვარ იძულებით ჩარევის წინააღმდეგ, თუ გინდ თვით პარტია რაიმე მოსაზრების გამო მის განხორციელებას ამ შემთხვევაში მიზანშეუწონელათ სთვლიდეს“. როგორც ხედავთ, ს. რ.-ბის პარტიის ერთი ნაწილი სასტიკათ იცავს მარსელის კონგრესის ნაციონალურ პრინციპს და არ მიყვება ამ პოზიციიდან უკანდახეულ პარტიულ ამხანაგებს. იმავე ორგანოში მოთავსებულია ამხ. ჩერნოვისა და მისი ჯგუფის მიერ ხელმოწერილი პროექტი „ახალი აღმოსავლეთის სოციალისტური ლიგისა“, რომელშიაც აღიარებულია „უფლება ყოველივე ერისა, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზე სჭარბობს თავის უმრავლესობით, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში“. ამით ავტორნი გადაჭრით ემიჯნებიან სუხომლინ-აბრამოვიჩის მიმდინარეობას და სავსებით დგებიან საერთაშორისო სოციალიზმის ნიადაგზე. პროექტში არის, რა თქმა უნდა, უსწორმასწორობა, წინააღმდეგობანი, მაგრამ ამ ნაკლს ჩრდილავს მთავარი ღირსება - ცნობა ეროვნებათა თანასწორობის და ამ ნიადაგზე მათი შეთანხმებით გაყრის და გაერთიანების. ეროვნულ საკითხის გადაჭრის წესიც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამ ორ მოწინააღმდეგე მიმართულებათაგან რომელი გაიმარჯვებს - დიდმპყრობელური თუ თანასწორმპყრობელური? გაიმარჯვებს პირველი - საკითხს, როგორც ყოველგან, გადასჭრის ისტორიის სტიქია; გაიმარჯვებს მეორე - ისტორიულ შემოქმედებას დაეუფლებიან შეგნებული ძალები და მშვიდობიანათ მოაწესრიგებენ ერთაშორის ურთიერთობას.
უკანასკნელ შემთხვევაში გზა ამ დასმულ მიზნისაკენ მიმავალი გვესახება შემდეგ ნაირათ: საბჭოთა რეჟიმის ადგილას ხელისუფლებას ეპატრონება დემოკრატია. დღეს არსებულ ნაციონალურ რესპუბლიკების ხალხები, თავიანთ ტერიტორიის სამზღვრებში, ხდებიან სუვერენული; ისინი აწყობენ თავიანთ ნაციონალურ ხელისუფლებას; და მათი კანონიერი წარმომადგენლები იკრიბებიან ერთად ნაციათა შორის ურთიერთობის მოსაგვარებლათ; კითხვები წყდება დაინტერესებულ მხარეთა მშვიდობიანი შეთანხმებით; თუ შეთანხმება არ მოხდა, დავას სწყვეტს სავალდებულო არბიტრაჟი.
ეს დემოკრატიული ლიკვიდაცია საბჭოთა რეჟიმისა გულისხმობს არა მარტო დემოკრატიულ იდეების გამარჯვებას, არამედ აგრეთვე იმ ძალთა ორგანიზაციას, რომელთაც ამ იდეების ცხოვრებაში გატარების უნარი შესწევთ. ესწრაფვის კი რუსის დემოკრატია ბოლშევიკების დამხობას, ძალა-უფლების ხელში აღებას და ქვეყნის რეორგანიზაციის მოხდენას?
თავი მეოთხე: ტაქტიკური საკითხები
(თარგმანი რუსულიდან)
ბოლშევიზმის დემოკრატიული ლიკვიდაცია საუკეთესო გამოსავალია შექმნილ მდგომარეობიდან. მაგრამ როგორია ის საშუალებები და გზები, რომელთაც ამ მიზნისაკენ მივყავართ?
მეფის თვითმპყრობელობასთან ბრძოლის ეპოქაში თითქმის ყველა სოციალისტები შეთანხმებული იყვენ იმაში, რომ საზარელ რეჟიმის დამხობა შესაძლო იყო ძალით, მასების მოძრაობის საშვალებით. ლიბერალები კი, პირიქით, ფიქრობდენ წყობილების გამოცვლას „მისი უდიდებულესობის ოპოზიციის“ საშვალებით, არწმუნებდენ რა ძალაუფლების მპყრობთ თვითლიკვიდაციის აუცილებლობაში. ფაქტებმა გაამართლეს პირველნი: რევოლიუციამ დაამხო თვითმპყრობელობა და რევოლიუციონერები მოძრაობის სათავეში აღმოჩნდენ.
ეხლა, ბოლშევიკურ თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში, ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგ მოვლენას. სოციალისტებმა შეითვისეს ლიბერალების შეხედულება. ისინი უარს ამბობენ ბოლშევიკების დამხობაზე, რევოლიუციაზე. ამ ახალი ტაქტიკის პირველი მქადაგებელნი აღმოჩნდენ რუსი მენშევიკები, რომლებიც „სოციალ. ვესტნიკის“ ირგვლივ იყრიან თავს. მათ შეუერთდა ლიბერალთა ნაწილი და აგრეთვე, როგორც ახლა ირკვევა, ნაწილი სოც.-რევოლიუციონერთა. რუს სოციალისტებს შორის ადგილი აქვს დაყოფას ნაციონალურ საკითხში და გაერთიანებას ტაქტიკურში, ხოლო ქართველი სოციალისტები კი ბოლშევიკებთან ბრძოლაშიც რჩებიან ერთგულნი ძველი რევოლიუციური მეთოდისა, განაგრძობენ რა ძველ შეურიგებელ ტაქტიკურ ხაზს. რით აიხსნება ეს უთანხმოება? ის გამომდინარეობს სოციალურ წრის, განცდილ მოვლენათა, რევოლიუციის შემდეგ განვლილ ისტორიის სხვადასხვაობისაგან.
რუსის დემოკრატია, რომელიც ისტორიის ნებით სათავეში მოექცა დიდ რევოლიუციას, ვერ მოერია მის ამოცანებს. მან ვერ გადასჭრა ვერც ერთი იმ ძირითად საკითხთაგანი, რომლებიც აღელვებდენ მასებს და, დაჰკარგა რა ამის გამო კონტაქტი ხალხის რევოლიუციურ ენერგიასთან, დამხობილ იქნა. ის არ აღმოჩნდა საკმარისათ რევოლიუციური და თავისი უმოქმედობით მასები ბოლშევიკების ბანაკში მიდენა. გადაუჭრელათ დარჩენილი საკითხები გადაჭრილ იქნა პლებეიურათ, ტერორით და სამოქალაქო ომით, ვინაიდან დემოკრატიის უმოქმედობამ გზა დაუხშო სხვა გამოსავალთ. გასაკვირველია არა ის, რომ რუსის ხალხი დემაგოგებს გაჰყვა, არამედ ის, რომ ამდენ ხანს, მთელი 8 თვის განმავლობაში იკვებებოდა ის ცარიელი დაპირებებით და ხელმძღვანელობის ნდობას არ ჰკარგავდა: მოთმინების ასეთი მაგალითი არ იცის არც ერთმა რევოლიუციამ. რუსის ხალხმა მიიღო მიწა და ზავი ბოლშევიკებისაგან და ამით ის შევიდა თავისი ისტორიის ბოლშევიკურ ხანაში.2
სულ სხვა სურათს ვხედავთ საქართველოში. ბრესტ-ლიტოვსკმა მოგვცა ჩვენ არა მარტო ზავი, არამედ ომი - ოსმალეთის შემოსევა, რომელსაც საკუთარი ძალ-ღონით დავაღწიეთ თავი. გლეხებმა მიწა მენშევიკების ხელიდან მიიღეს, უტეროროთ, უარევდარევოთ, დემოკრატიული გზით. საქართველოს დემოკრატიამ შექმნა ყველა სახელმწიფო დაწესებულებები, შეიმუშავა სანიმუშო კონსტიტუცია, გადააქცია ქვეყანა მოწინავე დემოკრატიულ რესპუბლიკათ და მართა ის მთელი 3 წლის განმავლობაში. ქართველი ხალხი ეზიარა მართვა-გამგეობის ახალ ფორმას, იგემა დემოკრატიის ნაყოფისაგან, განახორციელა თავისი სუვერენული უფლებანი ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ მიერ რუს სოციალისტებთან ერთად აღებული ვალდებულებანი ჩვენ შევასრულეთ, მათ კი ეს ვერ შეასრულეს და აი, აქ გადის ჩვენ ისტორიულ გზათა განსხვავების ხაზი. ისინი ემიგრაციაში იმყოფებიან მათი ხალხის ნების წინააღმდეგ, გარედან თავდასხმის წყალობით. ჩვენმა ხალხმა დაკარგა არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ მთელი ის პოლიტიკური და სოციალური შინაარსი, რომელიც მან მისცა ამ დამოუკიდებლობას. ამიტომ საბჭოთა წყობილების დამხობას ჩვენში გულისხმობენ როგორც დემოკრატიის აღდგენას. ქართველ ხალხს არ ესაჭიროება არსებულ რეჟიმის დამღუპველობის მტკიცება, რადგან მისთვის ის უცხო წარმოშობისაა, გარედან ძალათ მისთვის თავს მოხვეული. აი ამიტომ ქართველი ხალხი, თავისი დემოკრატიული წარსულის ერთგული, ამ რეჟიმისადმი შეურიგებლათ, რევოლიუციურათ არის განწყობილი.3
ამგვარათ, რუს ამხანაგების რეფორმისტული ილუზია, მათი მუდმივი რყევა რევოლიუციასა და ევოლიუციას შორის, მათი დაუსრულებელი დავა იმის შესახებ, თუ რა სჯობია, აქტიური ბრძოლა თუ გულზე ხელდაკრეფით უკეთეს მომავლის ლოდინი, გამომდინარეობს მათი რევოლიუციაში დამარცხებისაგან, მათი რუს მასებისაგან პსიქოლოგიური მოწყვეტით. ეს დამარცხება იმდენათ დიდია, რომ მათ აქამდე ვერ შესძლეს ხელახლა გადაჯგუფება, ბოლშევიკური ჭიპის საბოლოოთ მოჭრა და თავიანთ პრინციპების არსებულ საბჭოთა სინამდვილისათვის შეფარდება.
მათ გამოეპარათ ისეთი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორიცაა ბოლშევიკების რევოლიუციურ ძალიდან რეაქციონურ ძალათ გადაქცევა. ისინი ეხლაც კიდევ ფიქრობენ, რომ რუსეთში რევოლიუცია გრძელდება. თუმცა ბოლშევიზმის მეთაურებმა ტროცკიმ და ზინოვიევმა ის უკვე დამთავრებულათ გამოაცხადეს და მის ალაგას სრულიად მდარეხარისხიან მეშჩანობის გაბატონება აღიარეს. ასეთია დოკტრინიორთა ბედი: მუდამ, ყოველ მატარებელზე დაგვიანება.
რევოლიუციურ ტაქტიკის უარყოფას სხვადასხვა პარტიები სხვადასხვანაირათ ასაბუთებენ: ლიბერალებს ეშინიათ რუსეთის დაშლის, სოციალისტებს - რესტავრაციის. პირველნი ვერ ამჩნევენ, რომ ბოლშევიკების ბატონობის თვითეული დღე აძლიერებს მთლიანობის საწინააღმდეგო ძალებს და კატასტროფიულ დაშლას ამზადებს. ეს გახლავთ ნაციონალ-ლიბერალების ჩვეულებრივი სიბეცე. გაცილებით უფრო სერიოზულია სოციალისტების მოსაზრება. მართლაც, საბჭოთა რეჟიმის დამხობას ცდილობენ აგრეთვე მონარქისტები. არის ეს იმის საბუთი, რომ ჩვენ წინააღმდეგი პოზიცია დავიჭიროთ? და საზოგადოთ, უნდა დავიცვათ ჩვენ რომელიმე მოვლენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავებს ესხმიან ჩვენი მტრები? საკმარისია დაისვას ეს კითხვა, რომ ის უარყოფით გადაწყდეს. ლიბერალებს ებრძვიან ფაშისტებიც, ბურჟუაზიას - სოციალისტები, კლერიკალები, მეშჩანები და სხვ. მაგრამ ამის გამო ჩვემ ხომ არ ვიღებთ ხელს ყველა მათთან ბრძოლაზე? ჩვენთვის გადამწყვეტ მომენტს შეადგენს არა ეს ფორმალური მსგავსება უკიდურეს პარტიათა შორის, არამედ მათ მოძღვრებათა არსება: რისთვის იბრძვიან ისინი და ვის ინტერესებს წარმოადგენენ. ბოლშევიზმის დამხობას ჩვენ ვესწრაფებით დემოკრატიის სახელით, ხოლო ისინი - მონარქიზმის სახელით. რაც უფრო ნაკლებათ ვებრძვით ჩვენ საბჭოებს, მით უფრო ვუადვილებთ რეაქციონერებს უკმაყოფილო ხალხის თავის ბანაკში მიტყუილებას. გერმანიის და ავსტრიის სოციალ-დემოკრატები რომ რუსების ტაქტიკას აჰყოლოდენ და ბოლშევიკებთან ბრძოლის მონოპოლია თავიანთ მონარქისტებისთვის დაელოცათ, ისინი დიდი ხანია დაკარგავდენ რესპუბლიკასაც, დემოკრატიასაც და პარტიასაც. რუს რევოლიუციურ დემოკრატიამ ისიც კი ვერ შესძლო, რომ გამკლავებოდა დურნოვას სასახლეში ჩასაფრებულ ერთ ვიღაც ანარქისტს, ხოლო გერმანელი სოც.-დემოკრატები აჯანყებულ ბოლშევიკებს ტყვიისმფრქვეველებით უმასპინძლებოდენ.
ამგვარათ, რევოლიუციური ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ არის ერთად ერთი საშუალება თავის ირგვლივ მოსახლეობის ფართო მასების შემოსაკრებათ და რეაქციონერებისათვის ფეხქვეშ ნიადაგის და გავლენის გამოსაცლელათ. ამხ. აბრამოვიჩი კი ბრძოლის ამ მეთოდს უპირისპირებს „დემოკრატიულ“ მეთოდს, რაიცა საბჭოთა დესპოტიის პირობებში მოასწავებს სიტყვიერ კრიტიკას არსებულ რეჟიმისას. ყოველივე პოლიტიკური აქცია რუსეთში მხოლოდ რევოლიუციურ ფორმაშია შესაძლებელი და რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, რევოლიუციურ ბრძოლის და რევოლიუციის ამ სისტემატიურ უარყოფას ამხ. აბრამოვიჩი და მისი თანამოაზრენი ასაღებენ ყველაზე უფრო მემარცხენე, უკანასკნელ სიტყვათ სოციალისტური ტაქტიკისა. ნამდვილათ ინტერნაციონალის სწორედ მარცხენა ფრთა მოითხოვს დემოკრატიული მეთოდის შევსებას რევოლიუციურით. დასავლეთის თავისუფალ პირობებშიაც კი რუსი ამხანაგები ალბათ ანგარიშს აწარმოებენ არა ამ ინტერნაციონალიდან, არამედ კომინტერნიდან და ამ კაზიონი დაწესებულებისაგან სიახლოვის ან სიშორის მიხედვით არიგებენ თავის საყვარელ სახელწოდებებს.
ხდება სრული ლიკვიდაცია ძველი რევოლიუციური მენშევიზმისა, რიგ-რიგობით უკუგდება მისი რევოლიუციური ტრადიციებისა, როცა ჩვენ ეხლა ვაღიარებთ საგარეო გართულებათა გამოყენების საჭიროებას საბჭოების დასამხობათ. ამხ. აბრამოვიჩი, სუხომლინი და ჩერნოვი ერთხმათ გვიკიჟინებენ: ეს ხომ ომის ორიენტაციააო! მაგრამ ნება მოგვეცით შეგეკითხოთ, ძვირფასო ამხანაგებო: როდესაც თქვენ ორ უკანასკნელ ომს, იაპონიისას და მსოფლიოს, რევოლიუციათ აქცევდით, იყო ეს ორიენტაცია ომზე, ე.ი. გსურდათ თქვენ ის და მუშაობდით ამ მიმართულებით? თუ არა, მაშინ რატომ ეხლა უეცრად გადაიქეცით საბჭოთა პატრიოტებათ და ჩაეწერეთ სტალინის დრუჟინაში? თვით ტროცკიც ხომ უარს ამბობს ურა-ობორონცობაზე და აყენებს პირობებს: - რის გულისთვის ვიომოთ, რა პოლიტიკა დავიცვათო? აშკარაა, აქ ჩვენი მეგობრები თავიანთ აზრს სისწორით არ ამჟღავნებენ. რაკი მათ უომოთაც კი არ სურთ ბოლშევიკების დამხობა, მით უმეტეს არ მოისურვებენ ისინი მათ დამხობას ომის საშვალებით. ამხ. დანი ამას ამბობს კიდეც გულახდილათ. ის სწერს: „კაუცკის აზრს ბოლშევიკების წინააღმდეგ ძლევამოსილ დემოკრატიულ რევოლიუციის შესახებ ომის ნიადაგზე მე ვთვლი არა მარტო სრულიად შემცდარათ, არამედ აგრეთვე მეტისმეტათ საშიშათ“ (სოც. ვესტ. №16-17). აი ეს ნათელია, რა შუაშია აქ ორიენტაცია ომზე? დანი ხომ არ აბრალებს კაუცკის მომაკვდინებელ ცოდვებს; ის მხოლოდ მას რევოლიუციურ მოსაზრებას უპირდაპირებს თავის რეფორმისტულს. ამ ტაქტიკის სფეროში ძირითად უთანხმოების მიჩქმალვა აშკარა აბსურდული მოსაზრებით ნიშნავს ჩვენ ნამდვილ უთანხმოებათა გზა-კვალის აბნევას. ეს საბჭოთა პატრიოტიზმი შეიძლება შეესაბამებოდეს კომსომოლების და საბჭოთა სხვა „კაზიონი“ ხალხის პსიქოლოგიას, მაგრამ სრულიად არ შეესაბამება ჩაგრულ ხალხის პსიქოლოგიას. ამას ჩვენ მოგვითხრობენ სწორედ თვით ჩერნოვი და „სოც. ვესტ.“. აი, როგორ ახასიათებდა რუსის ხალხის განწყობილებას ამხ. ჩერნოვი მარსელის კონგრესის კომისიაში: „იქნებ თქვენთვის უცნობია მეორე პარალელური მოვლენა საზღვრის მეორე მხრით: იქ ადგილი აქვს თავისებურ სტიქიურ „პორაჟენჩესტვოს“4 და მით შეპყრობილი ფენები, ვითომდა მთავრობის პოლიტიკის სამსახურისათვის, მოსურნენი არიან და ცდილობენ გაამრავლონ ინციდენტები საზღვარზე იმ ვარაუდით, რომ ომის დროს საბჭოთა ხელისუფლება მათ მისცემს იარაღს, რომელსაც ისინი წამსვე მოაბრუნებენ იმათ წინააღმდეგ, ვისგანაც ის მიიღეს“! („რევ. როსსია“ №45, 1925 წ.). „სოც. ვესტნიკის“ კორესპონდენტი იუწყება ამგვარსავე დამარცხების სულისკვეთების შესახებ ცენტრალურ გუბერნიების გლეხთა შორის. ის გადმოგვცემს ადგილობრივ მცხოვრებთა შემდეგ სიტყვებს: „როგორც დღესასწაულს, შევეგებებით ჩვენ ომს. დიდი ხანია ველოდებით! არამც თუ მობილიზაციით გავალთ, ჩვენ, ბებრები მოხალისეებათ წავალთ სათადარიგო ჯარში, ოღონდ ისევ იარაღი და ტყვიის მფრქვეველი ხელთ ჩაგვივარდეს. მაშინ დაუყონებლივ ჩვენი საქმის გამოსწორებას შეუდგებით: გავრეკავთ კომუნისტებს საბჭოებიდან და მთავრობიდან. მოგვატყუეს, ფრჩხილით გვჭყლეტავენ, ანტანტასთან ომი კი ჩვენ არ გვაშინებს. როგორც კი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ერთბაშათ გავათავებთ ომს. ხიშტი მიწაში, თეთრი დროშა და მორიგება ვისწავლეთ 17 წელში“ („სოც. ვესტნიკი“. №2-3, 1927 წ.). ორივე ეს დახასიათება სავსებით შეესაბამება ქვეყნის მდგომარეობას: არასოდეს ჩაგრული ხალხი არ ღვრის ნებაყოფლობით სისხლს მჩაგვრელთა დასაცავათ. და თუ ეხლა სოციალისტებმა იცვალეს ფერი და კომსომოლის პატრიოტიზმი შეითვისეს, ეს მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ მათ კიდევ ერთხელ დაუკარგავთ კონტაქტი ხალხის პსიხოლოგიასთან და ემზადებიან განიმეორონ 17 წლის შეცდომები.
რევოლიუციურ ტაქტიკის უარისყოფისაგან თავისთავად გამომდინარეობს უარისყოფა აჯანყების იდეისაც. ამხ. ჩერნოვი თავს ესხმის ქართველი ხალხის აჯანყებას 1924 წელში იმ მოსაზრებით, რომ ის ჩაქრობილ იქნა. ხოლო ვინაიდან შეუძლებელია ვიცოდეთ წინასწარ, როდის რომელი აჯანყება გაიმარჯვებს, აშკარაა, რომ ბრძოლის ასეთ საშუალებას არასოდეს არ უნდა მივმართოთ. მაგრამ მე რაღაც არ მსმენია, რომ ამხ. ჩერნოვს გაელაშქრებიოს სხვა დამარცხებულ აჯანყებათა წინააღმდეგ (კრონშტადტი და სხვ.). ორში ერთი: ან ის უარყოფს ქართულ აჯანყებას იმისათვის, რომ ის ქართული იყო, მისდევდა მისთვის არა სიმპატიურ მიზანს, ანდა ის უარყოფს საერთოთ ყოველივე აჯანყებას საბჭოთა წინააღმდეგ და გადადის მენშევიკურ პაციფიზმის ბანაკში. თუ მისი პოზიცია ამ საკითხში არ არის სავსებით ნათელი, სამაგიეროთ ამხ. აბრამოვიჩის პოზიცია არავითარ ეჭვს არ სტოვებს. ის სწერს: „არა მარტო ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ, არამედ ყველა სხვა ერების მუშათა პარტიებმა რუსეთში ერთხელ და სამუდამოთ უნდა დაანებონ თავი აჯანყების უფლებისათვის ჩაბღაუჭებას, თამაშს სამხედრო მეთოდებთან, ჯანყობასთან (პოვსტანჩესტვო), რომელნიც დღევანდელ რუსეთის პირობებში ვერაფერს ვერ მიაღწევენ, გარდა დამარცხებისა და კატასტროფისა პროლეტარიატისათვის“ („ს. ვესტ.“ №21-22, 1927 წ.). ეს სიმღერა ძველია, რევოლიუციის წინა დროის, ძველთაგან შესრულებული ყველა ჯურის ლიკვიდატორთა მიერ, რომელმაც საჯარო შერცხვენა იგემა. და აი ეხლა კვლავ ეზიდებიან მას არქივიდან ხელახალ შერცხვენისათვის. თუ ძველი რევოლიუციონერები აღიარებენ ჩაგრულ ხალხის უფლებას აჯანყებაზე, ახლები წინააღმდეგ გვირჩევენ: ნელ-ნელა და ფრთხილათ, ყველაფერი თავისთავათ მოგვარდებაო. და ეს პოლიტიკური ჩხირკედელობა ნამდვილ მენშევიზმათ საღდება!
როგორც ხედავთ, ხდება ლიკვიდაცია ძველი რევოლიუციური დემოკრატიის მთელი ტაქტიკური საფუძველისა. მის ადგილას ჩნდება ახალი, რეფორმისტული დემოკრატია - ნეო-მენშევიზმი, რაღაც კანდიდის აღმზრდელის, პანგლოსის ფილოსოფიისდაგვარი: ყველაფერი თავისთავათ კეთილათ დაბოლოვდებაო. და ჩვენ მოგვიწოდებენ ვიაროთ მათთან ხელიხელჩაკიდებული, დავენდოთ მათ იმ საამო პერსპექტივით, რომ მათთან ერთად შევალთ აღთქმულ ქვეყანაში. არა, ამ ფერხულში ჩვენ ადგილი არა გვაქვს. ჩვენ ვიგემეთ უკვე მწარე გამოცდილება: ამ სიტყვიერების რაინდებმა („სლოვესნიკი“) ჩვენ ერთხელ ბოლშევიზმით დაგვაჯილდოვეს, ეხლა კი ლამისაა გენერალ-გუბერნატორით დაგვაჯილდოვონ. ბრმა ნდობის ხანმა განვლო. ახალი ნდობა შეიძლება მხოლოდ ურთიერთ გაგებაზე და შეთანხმებაზე იქნას დამყარებული.
აქვთ კი ჩვენი გაგების სურვილი მაინც? ამხ. აბრამოვიჩს ფრიად იოლი საშუალება აურჩევია: მიჩქმალვა ჩვენს შორის არსებულ ნამდვილ უთანხმოებათა და აშკარათ უაზრო უთანხმოებათა მოგონება. ამ მიზნით ის ჯერ შეუდგა გულში სურვილების კითხვას, რათა ბოლშევიკების მიერ გამოქვეყნებულ ჩემს წერილში რამენაირათ ამოეჩხრიკა რაიმე მასალა თავისი საბრალდებო აქტისათვის ჩემს წინააღმდეგ; მაგრამ როცა ამან არ უშველა, მან პირდაპირ მიმართა „თავისუფალ მხატვრობას“ - ციტატების ერთი კონტექსტიდან მეორე, სრულიად განსხვავებულში გადასმას. მე ვწერდი: რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში ჩვენი ვალია მხარი დაუჭიროთ იმ ძალებს, რომელნიც დაუპირდაპირდება მოსკოვს და მის ბონაპარტიზმს“. ჩემმა ოპონენტმა კი ეს სამოქალაქო ომი აქცია ინგლის-საბჭოთა ომათ, ხოლო ჩემი რევოლიუციური ტაქტიკური ხაზი სამოქალაქო ომის დროს - სამხედრო-სტრატეგიულ ხაზათ („სოც. ვესტ.“ №16-17). მაგრამ, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის. ამავე სანაქებო მეთოდით თავისი შეტევა მან გადაიტანა მთელს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე. აი, როგორ ახასიათებს ის ჩვენი პარტიის ტაქტიკას:
„როგორც ცნობილია, ქართული პარტიის ოფიციალური ტაქტიკა აგებული იყო შემდეგ სამ გველეშაპზე: 1) ცნობა მიზანშეწონილობის შეიარაღებულ აჯანყებისა, როგორც უფრო ყველაზე მჭრელი მეთოდის შინაურ ბრძოლაში საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ; 2) ორიენტაცია იმპერიალისტურ კონფლიქტებზე რუსეთსა და ინგლისს და სხვა დიდ სახელმწიფოთა შორის, რომელ კონფლიქტებსაც უნდა გამოეწვიათ საქართველოს გამათავისუფლებელი ომი; 3) მისწრაფება თანამედროვე საბჭოთა კავშირის დანაწილებისაკენ რაც შეიძლება მეტ ეროვნულ სახელმწიფოებათ“ („ს. ვეს.“ №21-22).
დაახასიათა რა ამგვარათ ჩვენი პარტია, ავტორი არ იხმარიებს თავის სიტყვების დასამტკიცებლათ არავითარ საბუთებს, მას არ მოჰყავს არავითარი ფაქტები პარტიულ დოკუმენტებიდან, რის ადგილას ის სვამს სიტყვებს - „როგორც ცნობილია“. ნამდვილათ კი ჩვენი პარტიის ტაქტიკას არავითარი საერთო არა აქვს ამხ. აბრამოვიჩის მიერ ზევით მოთხრობილთან. აი საბუთები:
დავიწყოთ პირველი პუნქტიდან. ავტორი სახავს ჩვენს პარტიას მეამბოხეთა რაზმის მაგვარათ, რომელსაც პოლიტიკური მუშაობის მეთოდი სამხედრო მეთოდით შეუცვლია. ამიტომ ის გვირჩევს, ჩვენ ვაწარმოვოთ „ყოველდღიური პოლიტიკური ბრძოლა საბჭოთა რუსეთში არსებულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ნაციონალურ წყობილების ნიადაგზე“ (იქვე). ეხლა ვნახოთ, როგორ არკვევს ამ საკითხებს ორი მთავარი პარტიული დოკუმენტი: მესამე არალეგალურ კონფერენციის (1925 წ.) რეზოლიუციები და ჩემი კომენტარიები ამ რეზოლიუციების გამო სათაურით „ჩვენი ტაქტიკა“, მოწონებული პარტიის ცენტრალური დაწესებულებების მიერ. პირველ დოკუმენტში ჩვენ ვკითხულობთ:
„გარდა წმინდა ეროვნული ინტერესებისა, ქართველ მუშათა კლასს აქვს დღევანდელ „სოციალისტურ“ სახელმწიფოში და „პროლეტარიატის დიქტატურის“ პირობებში წმინდა კლასობრივი ინტერესებიც. რაც დღე გადის, უფრო აშკარა ხდება, რომ დღევანდელი „პროლეტარიატის დიქტატურა“ სინამდვილეში არის დიქტატურა მშრომელთა კლასებზე. მუშათა კლასის დიდი უმრავლესობა დღეს კვლავ დამონებულია როგორც პოლიტიკურათ, ისე ეკონომიურათ“. ჩვენ ყოველდღიურ მოთხოვნილებათა ჩამოთვლის შემდეგ რეზოლიუცია განაგრძობს: „ის (პარტია) ყოველწამში უნდა მიუთითებდეს ჩვენს მშრომელ ხალხს საოკუპაციო ხელისუფლების ბოროტებაზე, ამხელდეს მას, უმარტავდეს და უთვალისწინებდეს მის დამღუპველ შედეგებს ქართველი მშრომელი ხალხისათვის, მოუწოდებდეს მას შეკავშირებულ ბრძოლისაკენ დამპყრობელების წინააღმდეგ, რომ უკანასკნელნი სხვადასხვა დათმობაზე აიძულონ, და სხვ. ეს არის პარტიის მოქმედების ასპარეზი მანამ, სანამ დღის წესრიგში დადგებოდეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის სრული განთავისუფლების საკითხი“...5
ამავე კითხვებს „ჩვენი ტაქტიკა“ არჩევს შემდეგნაირათ:
საბჭოთა ხელისუფლება დაეცემა რევოლიუციური თუ ევოლიუციური საშუალებებით? პირველი გზა მოითხოვს აჯანყების ტაქტიკას, მეორე - შეწყობის ტაქტიკას, - ამბობენ მშვიდობიანობის მოტრფიალენი. ნამდვილათ კი არც ეს ალტერნატივა და არც ეს დასკვნა სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს, გარემოებათა რეალურ მსვლელობას. ევოლიუციას და რევოლიუციას შორის
არ არის არც პრინციპიალური, არც პოლიტიკური დაპირდაპირება. ევოლიუცია თავდება რევოლიუციით, რევოლიუცია თავდება ევოლიუციით. ისინი ერთიმეორეში გადადიან, ერთიმეორეს გზას უწალდვენ და ავსებენ“.
„რაკი საბჭოთა წყობილების არსებობა შეუძლებელია, რაკი ის დასარღვევია, ცხადია, თვით დარღვევის პროცესი იწარმოებს ერთათ-ერთი არსებული მიმართულებით - ევოლიუციით და რევოლიუციით. ამიტომ ტაქტიკა - აჯანყება თუ მშვიდობიანობა, იარაღი თუ პროპაგანდა - ფუჭი ოცნების ნაყოფია. თვითოეული კონკრეტიული მდგომარეობა იძლევა მოქმედების გეგმას, ხოლო მდგომარეობა კი იცვლება უჩვენოთ, სოციალისტურ ძალთა ჭიდილით, რაიცა იწვევს მოქმედების სხვადასხვაობას. საქართველოს დღევანდელ პირობებში ჩვენი ტაქტიკა ერთია - ხალხის დაყენება სოციალ-დემოკრატიის იდეურ სფეროში, მისი რიგების პოლიტიკურათ დაწყობა ჩვენი პარტიის გარშემო, ჩვენი დროშის ქვეშ. ამ გზით მომზადებული ხალხი გადამწყვეტ მომენტში სარბიელზე გამოვა, როგორც ერთი შეგნებული მთელი და თავის თავს დაეპატრონება იმ საშუალებებით, რომელსაც იმ დროს აუცილებლობა უკარნახებს. მაშასადამე, ჩვენ ახლა თავს ნუ ვიმტვრევთ იმაზე, რა საშუალებები იქნება ეს, - იარაღი, აჯანყება თუ უსისხლო რევოლიუცია. ჩვენთვის საკმარისია ვიცოდეთ ორი რამ: ამ რევოლიუციის უეჭველობა და ხალხის პოლიტიკურათ მომზადება.
„როგორც ხედავთ, ჩვენი დღევანდელი მოქმედება იფარგლება პოლიტიკური მუშაობით, იდეიური და ორგანიზაციული წინამძღოლობით. რა შინაარსის უნდა იყოს ეს მუშაობა? რა სოციალურ-პოლიტიკური სარჩული დავუდვათ ერის განთავისუფლებას“? აქ ჩამოთვლილია დაწვრილებით ჩვენი მიმდინარე მოთხოვნილებები და შემდეგ ვკითხულობთ დასკვნას:
„როგორც ხედავთ, ერთი მხრით, ვიბრძვით ყოველდღიური მოთხოვნილებების, კერძო საკითხების ირგვლივ, ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ, ხოლო მეორე მხრით, ყველა ამ საკითხებს ვუკავშირებთ მოძრაობის მიზანს, ძირითად პოლიტიკურ, ნაციონალურ და ეკონომიურ პრობლემას. არავითარი რეალური გაუმჯობესება ხალხს არ ძალუძს არსებული რეჟიმის ფარგლებში, მხოლოდ მისი დამსხვრევა იძლევა ფართო გამოსავალს, შესაფერ საშუალებას ცხოვრების შეცვლის და გაუკეთესებისათვის. ყველა პოზიცია, იქნება ის კულტურულ-ეკონომიური, საზოგადოებრივი თუ სხვა, ჩვენი ამხანაგების თუ თანამგრძნობთა მიერ მოპოვებული, უნდა გადაიქცეს იარაღათ სახალხო საქმის წინ წასაწევათ. პარტია შედის ყველა წრეში, ყველა დაწესებულებებში, გარდა რასაკვირველია, პოლიციურისა და პოლიტიკურათ პასუხისმგებელ პოსტისა და შეაქვს იქ თავისი აზრი, თავისი მუშაობა, თავისი დროშა. ამ ბოლო დროს, ბოლშევიკების გადმოცემით, იზრდება ხალხის აქტიობა, მისი ჩარევა საბჭოთა საქმეებში. ცხადია, ეს მას ეჭირვება, ამ გზით ფიქრობს მძიმე ტვირთი შეიმსუბუქოს ოდნავ მაინც. პარტია მიყვება ხალხს ყველგან, სადაც ის მიდის, უხსნის და უკარნახებს მოქმედებას, პასუხს აძლევს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, არ ტოვებს არას შემთხვევაში უწინამძღვროთ დაბნეულობის და მტერთა ამარა. თვითეული ასეთი გამოსვლა ხალხს დაანახვებს მთელ მოჯადოებულ წრეს, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს და ეს მასში განამტკიცებს ოპოზიციურ განწყობილებას“.
რა არის საერთო, ერთის მხრით, ჩვენი პარტიის ამ ნამდვილ ტაქტიკასა და მეორეს მხრით, იმ ტაქტიკას შორის, რომელსაც ჩვენ ამხ. აბრამოვიჩი გვახვევს თავს? კარიკატურული სახით წარმოდგენა ძმური პარტიისა - რომელმაც შეინარჩუნა საბჭოთა განუწყვეტელ ტერორის ქვეშ თავისი მასიური ხასიათი, ყველა თავისი ორგანიზაციები, ყველა თავისი ცენტრალური დაწესებულებები, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში ფართო პოლიტიკურ მუშაობას - მოწმობს მხოლოდ მის სავსებით აბუჩათ აგდებას, და ამით ხომ იფარება ნამდვილი უთანხმოება ამ სფეროში?! ჩვენ, „სოც. ვესტნიკის“ ირგვლივ თავმოყრილ ამხანაგთა ჯგუფის წინააღმდეგ, შევინარჩუნეთ ჩვენს ტაქტიკაში რევოლიუციის პრინციპი და აჯანყების იდეა, ერთის მხრით, და რეფორმისათვის ბრძოლასთან ერთად არ ვთესავთ ხალხში რეფორმისტულ ილუზიებს, მეორე მხრით. ერთის სიტყვით, პარტია თავის მიმდინარე მოთხოვნილებებს უკავშირებს მოძრაობის მიზანს, არსებულ საბჭოთა წყობილების დამხობას. აი, სად არის ჩვენი ტაქტიკურ უთანხმოებათა ფესვი და სრულიადაც არა იქ, საცა ამაოთ ეძებს მას ამხ. აბრამოვიჩი.
პუნქტი მეორე - ჩვენი ორიენტაცია ომზე - სავსებით მოგონილია და სწორედ განცვიფრებას იწვევს ასეთი გამბედაობა. არასოდეს ჩვენს პარტიას არაფერი ამის მსგავსი არ უთქვამს, საამისო რეზოლიუცია არ გამოუტანია, ომი არ უქადაგნია. პირიქით, თავის გამოცემებში ის აწარმოებს ისეთსავე ანტიმილიტარისტულ პროპაგანდას, როგორსაც სხვა სოციალისტური პარტიები. ის უკავშირებს თავის თავის საქმეს არა ომს, არამედ ბოლშევიკურ წყობილებას, მისივე შინაგანი შეუსაბამობის წყალობით დაცემის აუცილებლობას. ამ საკითხზე პარტიის რეზოლიუცია ამბობს:
„საქართველოს სოც.-დემოკრატია უთუოთ გამოიყენებს ყოველ კრიტიკულ მომენტს, რომელიც აუცილებლათ დაუდგება საბჭოთა კავშირის დღევანდელ მესვეურთ საშინაო თუ საგარეო გართულების ნიადაგზე. ამ მომენტს ჩვენი მშრომელი მასა შეკავშირებული უნდა შეხვდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტკივილით და ნაკლები მსხვერპლით გახდეს დამარცხებული მტრის მემკვიდრე. სხვასთან ერთად კომპარტიის კრიზისის მომენტს უეჭველათ აახლოვებს მისი აშკარა გადასვლა ე. წ. „საბჭოთა დემოკრატიაზე“, სოფლათ კურსის აღება საშუალო გლეხობაზე და „კულაკებზედაც“ კი, რაც მის უეჭველ და საბოლოო გადაგვარების გზაზე შედგომას მოასწავებს“. „ჩვენი ტაქტიკა“ კი დაასკვნის: „ამგვარათ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიის ტაქტიკა დაფუძნებულია ისტორიულ აუცილებლობაზე - საბჭოთა წყობილების უეჭველ დარღვევაზე“, ხოლო ამ დაცემის მომენტში ჩვენი ტაქტიკა დამოკიდებული იქნება ამ დაცემის ფორმებიდან. ყველა შემთხვევაში, ერთი ძირითადი მოქმედება სავალდებულოა - საქართველოს ადგომა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება. ყველა შემდეგი ნაბიჯი დაექვემდებარება ამ რესპუბლიკის დაცვის საჭიროებას და ამ მიზნით კავკასიაში, რუსეთში და ევროპაში მოკავშირეთა მოძებნას. თავისთავათ ცხადია, რომ ქართველ ხალხს არაფერი აქვს სადაო და საომარი რუსეთის ხალხთან, რომელიც თვითონ იტანჯება საბჭოთა ტირანიით. რუსეთს არ აქვს არც ერთი ნამდვილი ინტერესი, რომლის შეთავსება არ შეიძლებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან. მოლაპარაკების და თანასწორობის ნიადაგზე ყველა უთანხმოება ადვილათ ამოიწურება. მარა ეს კიდევ არ ნიშნავს ჩვენი თავისუფლების შესაძლებლობას რუსეთის ყოველგვარ წყობილების გვერდით. ამიტომ ჩვენთვის უდიდესი საკითხია ის, თუ ვინ იქნება ბოლშევიკების მემკვიდრე - პომეშჩიკური რეაქცია, დემოკრატია თუ ნეპმანური ბონაპარტიული ბატონობა. ამ სამში ერთათ-ერთი რადიკალური დემოკრატია საერთაშორისო დემოკრატიის დახმარებით იძლევა შესაძლებლობას შინაგანი ძალებით დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. პირველი ჩვენი ისეთივე მტერია, როგორც ბოლშევიკები, ესენი ერთი ხის ნაყოფია და ჩვენს მიმართ ერთათ ვარდებიან. მათთან საერთო არაფერი გვაქვს. მესამე ფორმის წყობილებაში შეიძლება ჩვენი სუვერენიტეტის შერჩენა გარეშე ძალის შემწეობით, ძალის არა სამხედროს, არამედ დიპლომატიურის და ფინანსიურის. მოსკოვის ბურჟუაზიული ბონაპარტიზმი უევროპოთ ფეხს ვერ აიდგამს“.6
აქედან აშკარაა, რომ პარტია თავის ტაქტიკურ პერსპექტივებს აშენებდა მუდამ და აშენებს საბჭოთა საზოგადოების შინაგან პროცესებზე. რა შუაშია აქ „ანგლიჩანკა“! მე მეგონა, რომ რუსის სოციალისტისათვის მაინც წავიდა ის დრო, როცა რუსეთის სინამდვილის უკუღმართობას ცბიერი ალბიონის ხრიკებით ხსნიდენ. როგორ შეუძლია საქართველოს დაუკავშიროს თავისი ბედი იმ ძალებს, რომელთაც ის ერთხელ უკვე გასცეს! არავისათვის საიდუმლოს არ შეადგენს, რომ ბოლშევიკების ჯარების საქართველოზე თავდასხმა მოხდა ლოიდ-ჯორჯის მთავრობის ცნობით და დასტურით. ეს საიდუმლობა წამოროშა თვით ჩიჩერინმა და ჩვენ ამის შესახებ სხვადასხვა ენაზე ვსწერდით.7
საქმე იმაშია, რომ ამ საძაგელ „ანგლიჩანკის“ საშუალებით იფარება ნამდვილი უთანხმოება. ჩვენ, ამხ. აბრამოვიჩის შეხედულების წინააღმდეგ, არ ვამბობთ უარს გამოვიყენოთ ჩვენი რევოლიუციური მიზნებისათვის სამხედრო გართულებანი. ძველთაგან ცნობილია, რომ რუსეთში საგარეო პოლიტიკის გართულებანი შინაურთან ერთად დასაბამს აძლევდენ ყველა რეფორმისტულ და რევოლიუციურ მოძრაობებს, მე-18 საუკუნიდან დაწყებული. და ეხლაც ბოლშევიკურ პარტიის რღვევა სწარმოებს მომეტებულათ საგარეო მარცხთა ხაზით. ამიტომაც ჩვენი პარტია ამბობს, რომ საბჭოთა დაცემა რეჟიმის მოხდება „შინაგან და საგარეო კრიზისების~ შედეგათ. აი აქ არის ჩვენი უთანხმოების ფესვი და არა იქ, საცა ამხ. აბრამოვიჩმა ისურვა მისი აღმოჩენა.
ბრალდების მესამე პუნქტიც წარმოადგენს ისეთსავე ნაყოფს მოცლილ ფანტაზიისას, როგორც პირველი ორი. არასოდეს და არსად პარტიას არ გამოუტანია არავითარი დადგენილება შესახებ საბჭოთა კავშირის დანაწილებისა „რაც შეიძლება მეტ ნაციონალურ სახელმწიფოებათ“. როგორც ჩვენ დავინახეთ ზევით, ყველა თავის რეზოლიუციებში ის ლაპარაკობს მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის აღდგენაზე და სრულიად არ ეხება კავშირის სხვა ნაწილებს. აქ ჩვენი პარტია კმაყოფილდება იმ ზოგად რეზოლიუციით ეროვნულ საკითხზე, რომელიც მიიღო მარსელის კონგრესმა; და თუ ამაში ხედავენ საბჭოთა კავშირის დანაწილებას, მაშინ ამხ. აბრამოვიჩს თავისი რისხვა უნდა მოემართა არა ჩვენს პარტიაზე, არამედ ინტერნაციონალზე. ამ პუნქტშიაც ჩვენი ავტორი აფუჩეჩებს ნამდვილ უთანხმოებას, მაგრამ ეს არის არა ტაქტიკის, არამედ ისტორიულ პროგნოზის საკითხი მისი შეხედულების წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისტორიულ პროცესს მივყევართ ნაციათა განთავისუფლების და ეროვნულ სახელმწიფოთა დაარსებისაკენ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ სრული თანაგრძნობით ვეპყრობით ყველა ერთა გამათავისუფლებელ მოძრაობას. ამ საკითხზე ჩვენ დაწვრილებით ვილაპარაკეთ ზევით.
ამგვარათ, ამხ. აბრამოვიჩის „სამი გველეშაპი“ აღმოჩნდა სამი ლეგენდა, ახალი მენშევიზმის სასახელოთ და ძველის შესარცხვენათ შეთხზული. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამიერიდან ჩვენ აგვაშორებენ ამგვარ პოლიტიკურ მითებს, და ვისაც ჩვენი გაგება სურს, გაირჯება და გაეცნობა ჩვენს პარტიულ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს საფრთხილოა „მდინარეში შეტოპვა ფონის გაუკითხავათ“.
დასკვნა: ეროვნულ საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა საბჭოთა ტერიტორიაზე საშუალებას იძლევა წმინდა შინაური, ნაციათა შორისი ძალებით იქნას მიღწეული თვითგამორკვეულ ხალხების თავისუფალი ცხოვრება და თავისუფალი განვითარება და დამყარდეს მათ შორის პოლიტიკური წონასწორობა, გარეშე ძალთა ჩაურევლათ.
საკითხის ამგვარათ გადაჭრა გულისხმობს არსებობას რუსის დემოკრატიის, რომელიც უდაოთ სცნობს ერთა თვითგამორკვევის უფლებას, იბრძვის ხელისუფლების რევოლიუციური გზით დამხობისათვის, მზად არის ამ მიზნისათვის გამოიყენოს საბჭოთა დიქტატორების ყოველგვარი გართულებანი და არ გაურბის ძალა-უფლების ხელში აღებას.
ასეთ რუს დემოკრატიასთან ხელიხელ ჩაკიდებული ვივლით არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ერთა დემოკრატიები, რათა საერთო ძალღონით გავუსწორდეთ საერთო მტერს და გარდავქმნათ ქვეყანა.
დროა ხელი აიღონ ყოყმანზე, დაიჭირონ გარკვეული პოზიციები და მიიღონ თავისთავზე ისტორიული პასუხისმგებლობა. დროთა ბრუნვამ ცდა არ იცის.
ბრძოლა. /ჟურნალი/. - 1927. - თებერვალი. - №29/30.
ბრძოლა. /ჟურნალი/. - 1928. - თებერვალი. - №31/32.
_______________
1. ენგელსი. რუსეთზე. რუსული თარგმანი, 1894 წ.
2. იხ. „ბრძოლა“. №29-30.
3. ეხლა იმედი მაქვს, რომ ამხ. ჩერნოვი გაიგებს „ქართველი სოც.-დემოკრატიის ფსიქოლოგიას“ და შემდეგში თავს დაიჭერს ეკსკურსიისაგან მისთვის უცნობ ჩვენს შინაპარტიულ და შინანაციონალურ ურთიერთობათა სფეროში.
4. დამარცხების სურვილს.
5. იხ. „ბრძოლა“ №5.
6. იხ. „ბრძოლა“ №6.
7. იხ. ბროშურა გერმანულ ენაზე: ინგლისის ტრედუნიონთა დელეგაცია და საქართველო. 1925 წ.
![]() |
37 ჩვენი გზა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ უკვე ვრცლათ განვიხილეთ ნაციონალური პრობლემა და მისი გადაჭრის აუცილებლობა და შესაძლებლობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. აქ ნაჩვენებია სოციალისტური მუშაობის ერთი ხაზი, ნაციათა ურთიერთობის აგება თავისუფლების და თანასწორობის ნიადაგზე. მარა ეს არ შეიცავს ჩვენი მოღვაწეობის მთელ ხაზს, მთელ გზას; ის ამ გზის ერთი რგოლია, რომელსაც მოსდევს დანარჩენი რგოლები და საფეხურები. საითკენ მიგვყავს ჩვენ თავისუფალი ერი, რა პოლიტიკურ და სოციალურ საფუძველზე ვაგებთ მის კეთილდღეობას, მის აწმყოს და მერმისს? სოციალისტური თვალსაზრისით რა ვაკეთოთ, რა ვაშენოთ, რა შინაარსი მივცეთ ბოლშევიზმთან ბრძოლას? აი ამ მხრით მინდა დღეს მივაპყრა მკითხველის ყურადღება და ნუ დამემდურება, თუ გრძელი სიტყვა მოკლეთ ვერ მოიჭრება.
ბოლშევიკებმა დიდის ზეიმით ოქტომბერს თავი მოსჭრეს. ტროცკის პარტიიდან გაძევება და გადასახლება - ეს უტოპიური ოქტომბრიზმის ცხოვრებიდან გაძევება და ისტორიიდან სამუდამოთ გაგდებაა. ეს კომუნიზმის მეთაურის და მის ლაშქარს შორის ხიდის ჩატეხა, მათი აქეთ-იქით მიდგომ-მოდგომა და ერთიმეორის დაპირდაპირება სრულიად არ არის შემთხვევითი მოვლენა. ეს ლოღიკურათ, აუცილებლობით გამომდინარეობს იმ ისტორიული ჩიხიდან, რომელშიაც ეს პარტია მოემწყვდა და საიდანაც ამაოთ ეძებს გამოსავალს. რაშია საქმე?
ოქტომბრის ქურუმთა შორის ერთათ-ერთ ტროცკიმ ირწმუნა ეს დღე; მარტო მან იწამა გულწრფელათ და სინდისიერათ კომუნისტური რევოლიუციის შესაძლებლობა და მას მიეცა მთელი თავისი არსებით. და ეს იმიტომ, რომ ეს მას სწამდა წინეთაც, ოქტომბრამდე, თებერვლამდე, ათეულ წლების განმავლობაში. ის მუდამ ოცნებობდა რუსეთის რევოლიუციას, როგორც სოციალისტურს, რომლის მეთაურობას სოციალ-დემოკრატებს არგუნებდა.1 ბოლშევიკები კი პირიქით, თავგამოდებით ებრძოდენ ტროცკის ამ დებულებას და ეტრფოდენ რევოლიუციას და რევოლიუციურ ხელისუფლებას ძველ რეჟიმთან ანგარიშის გასასწორებლათ. მარა ამათ რევოლიუციის მსვლელობაში დაინახეს, რომ ამ მისიის შესასრულებლათ, მართველობის ხელში ჩასაგდებათ და შესარჩენათ აუცილებელია დაბეჩავებული და დამშეული ხალხის სააქაო სამოთხის დაპირებით დაბმა და მით მისი თავის ბატონობის იარაღათ ამუშავება. მათ მოაგონდათ მაშინ ტროცკის მაქსიმალიზმი, საჩქაროთ ჩამოხსნეს დემოკრატიული რევოლიუციის ბაირაღი და მის ალაგას კომუნისტური რევოლიუციის ბაირაღი ააფრიალეს. ტროცკისათვის კომუნიზმი იყო მიზანი და საშუალება, ბოლშევიკებისათვის კი - მხოლოდ საშუალება სრულიად სხვა მიზნის მისაღწევათ.
და აი, როცა ოქტომბერმა არ გაამართლა ტროცკის იმედი, როცა კომუნიზმის დამარცხება აშკარა შეიქნა, ტროცკი აყვირდა: ეს არ გვინდა, ეს ჩვენი რევოლიუცია არ არისო. ბოლშევიკებმა სამართლიანათ მიუგეს - შენი არა, მარა ჩვენი რევოლიუცია კი არის, რასაც ვეძებდით, ის ვპოვეთო. მათი გზა გაიყარა; ტროცკი დაეცა და მასან ერთათ დაეცა ოქტომბრის ილიუზიები. დარჩა წმინდა წყლის ბოლშევიზმი, მარტოთ-მარტო, იდეალს და აღმაფრენას მოკლებული. მისი ძირითადი თვისებები - ოპორტიუნიზმი და კარიერიზმი - ახლა პოულობს თავისუფალ განვითარებას და ედება ქვა-კუთხედათ პარტიის და ხელისუფლების მოღვაწეობას. ის ახლა შედის ღიათ და საქვეყნოთ თავის არსებობის იმ ხანაში, როცა იდეალი იკარგება და თავის შენახვის საჭიროება მთავარ მიზნათ ცხადდება. ეს ნიშნავს ნამდვილი ოქტომბრისტების შეცვლას უთაო, მარა ხელმაგარი ხალხით, რომელთაც კომუნიზმი რწმენისაგან გადააქციეს ხელობათ, შემოსავლიან საქმეთ და მზათ არიან შეეწყონ ყოველნაირ ცვლილებას, ოღონდ პრივილეგიური მდგომარეობა არ დაკარგონ. ესენი შეადგენენ ამჟამათ გადამცემ პუნკტს, გზა-ჯვარადინაზე გაჩხირულს, საიდანაც იხსნება ორი გზა, ორი მიმართულება და სადაც უნდა გაითხაროს საბჭოთა სამარე. რა გზებია ეს?
ერთია გაგრძელება არსებული პოლიტიკური გეზის, მხოლოდ ანტიკომუნისტური შინაარსით. აქ დღევანდელი „ცენზიანი კონსტიტუცია“, კომუნისტების პრივილეგიურ პოლიტიკურ ერთეულათ აღჭურვა იცვლება მეორე ნაირი ცენზიანი კონსტიტუციით, შეძლებულთა აღჭურვა ასეთივე პოლიტიკური პრივილეგიებით, სადაც შევლენ დღევანდელი სპეცები, ნეპმანები, მაღალი ფენის კომუნისტები და სხვადასხვა მოსაქმენი და მოჭახრაკებული ხალხი. ეს იქნება საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია ბურჟუაზიულათ, მიუხედავათ მისი გარეგანი ფორმისა, იქნება ის ბონაპარტისტული, ფაშისტური, მონარქისტული, ევრაზიული თუ სხვა ფორმა. მარა ვინაიდან დღეს, ხალხის გამოღვიძების ხანაში, არავითარი ცენზიანი კონსტიტუცია არ შეიძლება დამაგრდეს მისი შინაგანი წონასწორობით, ხალხის ჩუმი დასტურით და თანხმობით, როგორც ეს იყო ევროპის ბურჟუაზიის ბატონობის პირველ პერიოდში, ამიტომ მისი მიუცილებელი ფარ-ხმალია ტერორი და ძალმომრეობა, ე.ი. კომუნისტური ძალადობა შეიცვლება ბურჟუაზიულ ძალადობათ.
მეორე გზაა ყოველნაირი პოლიტიკური პრივილეგიების გაუქმება და მთელი ხალხის სუვერენათ აღიარება; მართველობა არა ჯგუფის, ვინც უნდა იყოს იგი, არამედ ხალხის, დემოკრატიის. ეს ფორმა მართველობისა პრინციპიალურათ ეწინააღმდეგება როგორც საბჭოთა უფროსობას, ისე მის ბურჟუაზიულათ გადატეხას. ეს ორი მიმართულება ერთი ხაზისაა, ერთი დედააზრისაა, უფლება-უპირატესობა, ჯგუფური ხელის უფლება მათი საერთო თვისებაა. მხოლოდ დემოკრატია სცნობს უფლებრივ თანასწორობას და რიცხვის უაღრესობას. გიზოს ცნობილი ფორმულა - „ნიჭიერთა მთავრობა“ საბჭოებმა განახორციელეს ამ საჭირო „ნიჭის“ კომუნისტებში მოთავსებით, ხოლო ბურჟუაზია მის ჭურჭლათ შეძლებულთ და ნასწავლთ აღიარებს. ორივე შემთხვევაში ეს უმცირესობის ბატონობაა დიდ უმრავლესობაზე.
ცხადია, არსებული რეჟიმის პოლიტიკური გაგრძელება იქნება მისი ბურჟუაზიულათ შეცვლა, ხოლო მისი ძირფესვიანა ამოგდება იქნება მისი დემოკრატიით დაბოლავება. ეს ორი მოპირდაპირე გზა იძლევა ორ მოპირდაპირე სოციალურ და ეკონომიურ პოლიტიკას და აქედან იბადება მათი შეურიგებლობა სამეურნეო სფეროშიაც. ბურჟუაზიას შეეძლება ძალა-უფლების დაპატრონება მხოლოდ უფლებრივი პრივილეგიით და არა დემოკრატიული თანასწორობით, ე.ი. დემოკრატიული წყობილება რუსეთში და ჩვენში თავისთავათ სრულიად არ ნიშნავს ბურჟუაზიის პოლიტიკურ გაბატონებას, მსგავსათ ევროპისა. და აი რატომ:
რუსეთის სოციალისტურ პარტიაში და მასთან ერთათ ჩვენშიაც რევოლიუციამდე გაბატონებული იყო ის აზრი, რომ სოციალისტური ხელისუფლება შესაძლებელია მხოლოდ როგორც შედეგი სოციალისტურ რევოლიუციის, მანამდე კი ბურთი და მოედანი ბურჟუაზიას ეკუთვნის. ეს თეორიული მოსაზრება დაამარცხა ცხოვრებამ. ბურჟუაზიულმა რევოლიუციამ ქვეყნის სათავეში მოაქცია არა ბურჟუაზია, არამედ სოციალისტები, ე.ი. მოხდა სწორეთ წინააღმდეგ იმისა, რასაც ადგილი ქონდა ყოველგან და ყოველთვის, მთელს ქვეყანაზე. გამართლდა ის დებულება, რომელიც ჩვენ ამ ოცდაათი წლის წინეთ წამოვაყენეთ: „მოწინავე ქვეყნებში ამ ცვლილების (პოლიტიკური განთავისუფლება) ინიციატორი იყო ბურჟუაზია, უკან ჩამორჩენილში კი მუშა ხალხია“.2 ეს კლასების ასე შეცვლა, ერთი მეორის ადგილის დაჭერა, აქტიური და პასიური ძალების პირუკუღმა გადანაწილება არის დამახასიათებელი თვისება თებერვლის რევოლიუციის: პირველათ აქ გამოვიდა მუშა-ხალხი არა მარტო მებრძოლათ, - ის ყოველგან იბრძოდა, - არამედ ბრძოლის პოლიტიკურ ხელმძღვანელათ და იდეიურ მედროშეთ. როგორც კი თავისუფლების კარები გაიღო და შიგ გრიალით შევიდა ხალხი, მან თავის ნდობით აღჭურვა არა ბურჟუაზია, არამედ სოციალისტები. რუსეთის და ჩვენი დამფუძნებელი კრების დიდ უმრავლესობას ეს პარტია შეადგენდა. ბოლშევიკებსაც ირჩევდა ხალხი, როგორც რევოლიუციურ სოციალ-დემოკრატს. და ან ვინ უნდა ყოფილიყო მათ ალაგას? ბურჟუაზიული პარტიები? რა გააკეთეს მათ რევოლიუციის და ხალხისათვის ასეთი დიდი ნდობის დასამსახურებლათ? თითქმის არაფერი და ამით ნსხვავდება ეს კლასი ევროპის თავის მოძმესაგან. თუ აქ ხალხი ბურჟუაზიას მისდევდა და მის დირეკტივას ემორჩილებოდა, ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ეს კლასი იბრძოდა საუკუნეთა განმავლობაში და რევოლიუციას რევოლიუციაზე აკეთებდა. მან დასცა ფეოდალიზმი, მან დაამხო აბსოლიუტიზმი, მან ჩამოკრა დემოკრატიის პირველი ზარი, ის იბრძოდა გააფთრებით მეცამეტე საუკუნიდან და არ მოისვენა მიზნის მიღწევამდე. ამ მუშაობით მოპოვებული მისი პრესტიჟი დღესაც ვერ დაცემულა. დღესაც მას მეთაურის ალაგი უჭერია და იერიშებს-იერიშებზე თავგამოდებით იგერიებს. შეძენილი პოლიტიკური კაპიტალი ასე ადვილათ არ იფლანგება. გააკეთა რამე ამის მსგავსი საქართველოს და რუსეთის ბურჟუაზიამ? რასაკვირველია, არა, შედარებაც კი შეუძლებელია. რუსეთს ფეოდალიზმი ააშორა მონგოლებმა, ხოლო აბსოლიუტიზმი დასცა პროლეტარიატმა. ბურჟუაზია მხოლოდ სამინისტროთა დერეფანში სჩანს. მართალია, უკანასკნელ ათეულ წლებში გამანთავისუფლებელ მოძრაობაში გამოჩნდენ ლიბერალებიც, მარა უფრო როგორც სოციალისტების დამხმარე და მათი ამყოლი, ვინემ საკუთარი რევოლიუციური ძალა.
მაშასადამე, პოლიტიკური დემოკრატიის ასპარეზზე გამოსვლა სოციალისტების (და არა ბურჟუაზიის) მეთაურობით სრულიად აუცილებელი, ლოღიკური დასკვნაა მთელი წინანდელი ისტორიის, შედეგია საზოგადოებრივი და რევოლიუციური განვითარების. ეს ჩვენი მოპოვებული პოზიციაა, დამსახურებული ჯილდოა და მისი შენახვა, მის ნიადაგზე მაგრათ დგომა ჩვენი ისტორიული მოწოდებაა. მარა აი ამ ბუნებრივ პროცესს წინ გადაეღობენ ბოლშევიკები, შეანგრიეს ის და მისცეს დასაბამი ისეთ წყობილებას, რომლის ლიკვიდაცია ადვილათ შეიძლება გახდეს დასაწყისი ბურჟუაზიის გაბატონების. აქედან იბადება მთელი სიმწვავე საკითხის, თუ ვისი ხელმძღვანელობით დაიმსხვრევა საბჭოთა წყობილება - ხალხის თუ პრივილეგიური კლასების. სოციალისტური პარტია, რომელიც არ ებრძვის მათ ტირანიას, წინდაწინვე უარს ამბობს ხალხის ნდობაზე და ხელისუფლების გაზიარებაზე. ამ მხრით მეტათ დამახასიათებელია „სოც. ვესტნიკის“ უკანასკნელი ნომრის (2 თებერვლის) მეთაური, სადაც მკრთალათ, მარა კატეგორიულათ დაგმობილია ეს პოლიტიკური ნიღილიზმი. აქ წამოყენებული დებულება - მუშების და გლეხების კავშირი პოლიტიკური დემოკრატიის ნიადაგზე - ნიშნავს ამ კავშირის მებაირაღტრობას სოციალისტების მიერ და მაშასადამე დაგმობას იმ ტაქტიკის, რომელიც ძალაუფლების ბურჟუაზიისათვის გადაცემას გულისხმობს. თუ ეს წერილი შემთხვევითი არ არის, თუ ის ხატავს რუს მენშევიკების ძირითად შეხედულობას, ცხადია ჩვენ ვიქნებით ახლო ხანში მოწამე მთელი მათი ტაქტიკის ამ ხაზზე აგების და სხვადასხვა სოციალისტურ მიმდინარეობათა და პარტიათა დაახლოვების.
ამნაირათ, საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია დემოკრატიულათ დემოკრატიის მეთაურობით ნიშნავს მუშის და გლეხის კავშირის გამაგრებას სოციალისტების ხელმძღვანელობით. აქ ხელისუფლება სოციალისტურია. პირიქით, ბოლშევიზმის ლიკვიდაცია არადემოკრატიულათ, რა გინდ ფორმითაც უნდა იყვეს იგი, უეჭველათ ნიშნავს შეძლებული კლასების ხელში ძალა-უფლების გადასვლას და ხალხის და მასან ერთათ სოციალური დემოკრატიის გარიყვას. ამ შემთხვევაში ისტორია მეორდება: ვიწყებთ „ევროპიულათ“, მეთაური - ბურჟუაზია, ხალხი - მისი მაჩანჩალა. ბოლშევიზმი აი ამ მერმისს ამზადებს, რამდენათაც კი ეს მასზე დამოკიდებულია. ბურჟუაზიის პოლიტიკური გაბატონება თუ მოხდება - მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკების მეოხებით. მათ გასტეხეს სოციალისტური დემოკრატიის ძლევამოსილი მსვლელობა, შექმნეს ტირანიულ-ბიუროკრატიული წყობილება და მით შექმნეს შესაძლებლობა ევროპის განვლილი ბურჟუაზიული განვითარების განმეორების. მთელი მათი მუშაობა თავიდანვე ობიექტურათ, ისტორიული დურბინდით გახედული, ბურჟუაზიის გაბატონებისაკენაა მიმართული. სოციალიზმის მთავარი მესაფლავე დღეს ისინია.
ამ მდგომარეობიდან გამოსვლა - დემოკრატიის გაბატონება და შეწყვეტილი პოლიტიკური ძაფის კვლავ გამთელება - აი დღევანდელი ბრძოლის ერთათ-ერთი დროშა. ვინც მის ქვეშ არ იბრძვის, ის ეხმარება არსებული წყობილების ბურჟუაზიულათ ლიკვიდაციას. ან დემოკრატიული ან ბურჟუაზიული - მესამე ფორმა ამ ლიკვიდაციისა არ არსებობს. ყველა ანტიბოლშევიკს კარგათ უნდა ქონდეს ეს გათვალისწინებული და სრულიად თვალხილულათ ერთ-ერთ ფერხულში ჩაებას. მხოლოდ ამ ორ მიმდინარეობათა შორის დღეს გამართულია დუელი ბოლშევიზმის სამკვიდროს დასაპატრონებლათ. ამ დავის დემოკრატიის სასარგებლოთ გასათავებლათ საჭიროა პირველ ყოვლისა სოციალისტური პარტიების მიერ მტკიცეთ შეგნება თავის ისტორიული მისიის - იყოს პარტია არა მხოლოდ ერთი კლასის, არამედ მთელი მშრომელი ხალხის, მთელი ერის პროლეტარიატის მეთაურობით. ის ნაციონალური გეგემონია, საითკენაც დღეს სწრაფი ნაბიჯით მიექანება ევროპის სოციალიზმი და რაც ჩვენ რევოლიუციამ მოგვანიჭა, არის ჩვენი განვითარების დაუძლეველი საფეხური. ბოლშევიკური ძალმომრეობის არსებობა არ ნიშნავს ამ საფეხურის მორალურათ დაძლევას, პირიქით, ხალხი ელის განთავისუფლებას, რომ ის აღადგინოს ნაციონალური თვალსაზრისით. რუსეთში დემოკრატიის გამარჯვება თავისთავათ არ გვაძლევს თავისუფლებას, მარა სამაგიეროთ გვაძლევს საშუალებას ამ თავისუფლებისათვის აშკარათ ბრძოლისათვის. ხოლო ანტიდემოკრატიული ელემენტების გამარჯვება კი გვისპობს ამ საშუალებასაც და გვაბრუნებს რევოლიუციის წინა ხანაში. აქედან წარმოდგება აუცილებლობა - ყველა ქართველ პატრიოტების, ვინც კი ერის ინტერესს თავის კლასისაზე მაღლა აყენებს, მხარი დაუჭიროს სწორეთ ამ დემოკრატიულ მიმდინარეობას და შეეცადოს მისი დროშის ქვეშ საერთო მტრის დაძლევა.
რუსის საზოგადოებაში, სადაც დგას მხოლოდ რეჟიმის საკითხი, ასეთი თანამშრომლობა ან გაუგებრობის ნაყოფია, ან ხერხია. მართალია, აქ არსებობს ბურჟუაზიული დემოკრატია. მარა რამდენათ ის ბურჟუაზიის პოლიტიკურ გაბატონებას ეტრფის, მისი არსებობა წარმავალია. მას გონია, რომ სუვერენი მუშა და გლეხი მას მიანიჭებს ძალა-უფლებას, როგორც ეს ევროპაშია და ამიტომ დემოკრატობს. როგორც კი ამაში დაეჭვდება, ის თავის საწოლს მარჯვნით მონახავს და ცენზიანი კონსტიტუცია მისი სახარება გახდება. ალბათ ამით აიხსნება მისი დღევანდელი ასეთი სიკოჭლე, ორივე მხრით მისი არშიყობა და წინდაწინ თავის დაზღვევა ხალხის მოძრაობისაგან. ლიბერალიზმი ბურჟუაზიის პოლიტიკური მოძღვრებაა, დემოკრატიზმი - ხალხის (ე.ი. მუშა, გლეხის და წვრილი ბურჟუაზიის). თუ რუსის ბურჟუაზიული დემოკრატია პოლიტიკური გაუგებრობის ნაყოფია, სამაგიეროთ მისი ტაქტიკური მხედველობა სწორი კლასიური ალღოს ნაკარნახევია, რომელიც პრაქტიკულათ ამარჯვებს მის მრუდე იდეოლოგიას. ბოლშევიზმის ლიკვიდაცია ურევოლიუციოთ, მასის აუმოძრავებლათ, უეჭველი პირობაა დემოკრატიის გასარიყავათ და ძალა-უფლების შეძლებულ კლასებისათვის გადასაცემათ. და თუ ამავე ტაქტიკას სოციალისტებიც ეტრფიან, - ეს მხოლოდ აზრთა აბნეულობის შედეგია, ეს ბურჟუაზიულ, ანტიდემოკრატიულ წისქვილის აბრუნებაა. გამოდის, რომ სოციალისტები თავს ახვევენ ბურჟუაზიულ დემოკრატიას თავის პოლიტიკურ დროშას, ხოლო ეს უკანასკნელი მათ უკარნახებს თავის ტაქტიკურ საშუალებას. ეს არაბუნებრივი სიმბიოზი უნდა გათავდეს ამ ბანაკთა თავ-თავისი გზის მონახვით.
ამრიგათ, ბოლშევიზმის დაცემა რევოლიუციური გზით, ამ საქმეში ფართე მასების ჩაბმით იძლევა დემოკრატიის გამარჯვებას, ხოლო დემოკრატია - სოციალისტურ ძალა-უფლებას. და აი, ისმება მძიმე საკითხი: რა პოლიტიკა უნდა აწარმოვოს ასეთმა მთავრობამ, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, იყოს ნამდვილი დამცველი და გამტარებელი ხალხის ინტერესების და არ გახდეს გზა და ხიდი ბურჟუაზიის გაბატონების.
ამ საკითხის გამოსარკვევათ პირველ ყოვლისა ნათლათ უნდა წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს ხალხის ინტერესები. რაკი სუვერენი ხალხია, ცხადია მისი წარმომადგენელი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი ჭირ-ვარამის, მის მოთხოვნილებათა მატარებელი და მეჭირნახულე. პარტია, რომელიც თავის პროგრამას ვერ შეუთანხმებს ამ სუვერენის პსიხოლოგიას, იქნება დამარცხებული. ხალხის ძირითადი მოთხოვნილება, რაიცა საზღვრავს მის იდეოლოგიასაც, არის რასაკვირველია ეკონომიური ხასიათის. ამ ხაზზე პირველი რიგი უჭირავს საკითხს წარმოების, საჭირო ნივთის დამზადების და მისი მოხმარის შესახებ. საწარმოვო ძალის გაძლიერება, ნაკლები შრომით მეტი სიმდიდრის დამუშავება - აი მთელი საზოგადოების, მთელი ერის სასიცოცხლო მიდრეკილება. ეს არის იმავე დროს კაცობრიობის წინსვლის მთავარი საზომი. ის დგას ისტორიის შარა-გზაზე. ბოლშევიზმის დანაშაული, მისი უისტორიობა და წარმავალობა გამომდინარეობს სწორეთ ამ კანონის უკუგდებისაგან და ცხოვრებისათვის თავისი საკუთარი „კანონის“ თავზე მოხვევისაგან. აღდგენილი ხალხი პირველ ყოვლისა - აი ამ ბოლშევიკურ „კანონს“ გააუქმებს და თავის სოციალურ შენობას საწარმოვო ძალთა აღორძინების ნიადაგზე ააგებს.
აგრარიული ქვეყანა ეწოდება ისეთ მხარეს, სადაც ნედლი მასალა საკმარისია, ხოლო კაპიტალი - ცოტა. აქ წარმოების პრობლემაა კაპიტალის მოპოვება ნედლი მასალის დასამუშავებლათ და მით მრეწველობის ასაღორძინებლათ. სამრეწველო ქვეყანაში კი პირიქით - პირველ რიგზე დგას ნედლი მასალის შეძენა და მით მრეწველობის შენახვა და გაძლიერება. ამ ორ სხვადასხვა ეკონომიურ ბაზაზე შენდება ორი სხვა და სხვა საგარეო პოლიტიკა, ნაციათა ურთიერთობა, კოლონიებთან დამოკიდებულება და სხ., რასაც აქ არ ვეხებით. ჩვენი დემოკრატიის პირველი რეფორმატორული ზომა უნდა იყოს მიმართული ისეთი წყობილების დამყარებისაკენ, რომელიც კაპიტალის შემოსვლას და ამუშავებას ხელს შეუწყობს. ეს ნიშნავს ადამიანის და ნივთის განთავისუფლებას დღევანდელ პოლიციურ არტახებისაგან და პიროვნებისათვის თავისუფალი ეკონომიური აქტივობის მინიჭებას. ევროპის კაპიტალი ევროპიულ ეკონომიკას საჭიროებს. ეს დღეს სრულიად უდაოა აგრარული ქვეყნების სოციალისტებს შორის. დავას იწვევს რამდენიმეთ მიწათმფლობელობის საკითხი. შეიძლება მიწის „სოციალიზაცია“ დიდ რუსეთში მართლაც მეურნეობის ამაღორძინებელი ზომაა. შეიძლება რუსის ხალხმა ეს ფორმა ხელშეუხებლათ დასტოვოს, მაგრამ არარუსებმა, კერძო საკუთრების გლეხობაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ინტენსიური და ფასიანი კულტურა წარმოებს, გლეხის კერძო საკუთრების მოშლა - მოშლაა წარმოების, გაჩანაგება და გაღატაკებაა მეურნეობის. ერთხელ და სამუდამოთ უნდა დავიმახსოვროთ, რომ სოციალიზმი სრულიად არ ითხოვს წვრილი საკუთრების ჩამორთმევას. ის იწყება საზოგადოთ არა მიწიდან, არამედ მრეწველობიდან, ბურჟუაზიული საკუთრებიდან და სჭრის დავას კაპიტალს და შრომას შორის ისტორიულათ ატეხილს. ეს უდაო არის ევროპის სოციალისტებისათვის, მარა კიდევ სადაო არის რუსის სოციალისტებისათვის. აქ სოციალიზმი აგრარული წარმოშობის არის და თან ატარებს რუსულ ობშჩინურ ნიშანდობლივ თვისებას. და თუ ამ ნიადაგზე რუსი ამხანაგები „ნაროდნიკულ“ დოგმას არ გაეყარენ, შესაძლებელია ბურჟუაზიული დემოკრატიის მათზე გამარჯვება და მით ბურჟუაზიული ხელისუფლების დიდი ხნით შედგენა. მიწათმფლობელობის ფორმას ბრძოლის საგნათ ჩვენს და შეძლებულ კლასთა შორის ვერ გადავაქცევთ. ის წყდება თანახმათ გლეხობის სურვილისა და მეურნეობის ინტერესისა.
მეტყვიან: მაშ თქვენ შესაძლებლათ მიგაჩნიათ ბურჟუაზიულ ეკონომიკის, ე.ი. დაქირავებულ შრომის და საქონლის ტრიალის ფარგლებში სოციალისტური მართველობა? დიახ, რასაკვირველია. პოლიტიკის და ეკონომიკის ასეთი გაყრა, მათი სხვადასხვა კლასის ხელში მოქცევა ახალი ამბავი არ არის. ცნობილია, რომ გერმანიის ბურჟუაზია, ყოვლად შემძლე ეკონომიკაში, მოკლებული იყო პოლიტიკურ ძალაუფლებას და განიცდიდა იუნკერთა ბატონობას. და ეს გვარიანი სარფიანი იყო ამ წოდებისათვის. ის მართველობის საშუალებით ნაციონალური შემოსავლის დიდ ნაწილს თავის სასარგებლოთ ხმარობდა, ე.ი. აწარმოებდა აზნაურულ სოციალურ პოლიტიკას. მთელი საზოგადოებრივი ბრძოლა კლასთა და პარტიათა შორის კაპიტალისტური რეჟიმის ფარგლებში სწარმოებს სწორეთ ამ ნაციონალური შემოსავლის განაწილების ირგვლივ. პოლიტიკურათ გაბატონებული კლასი სახელმწიფო მექანიზმის საშუალებით თავისკენ ეწიწება საზოგადოების ნაშრომს და მასში წილს უდებს თავის ამყოლ-დამყოლთ. მაშასადამე, სოციალისტური მართველობა ბურჟუაზიული წარმოების ნიადაგზე ნიშნავს ერის შემოსავლის დიდი ნაწილის ხალხის სასარგებლოთ მოხმარას, მუშის და გლეხის სოციალური პოლიტიკის წარმოებას და საამისო კანონმდებლობას მართველობის ყველა დარგებში - ფინანსებში, ვაჭრობა-მრეწველობაში, მეურნეობაში, განათლებაში, ჯანმრთელობაში - ყველა სფეროში. საბჭოთა სისტემის სიდუხჭირე სწორეთ იმაშია, რომ აწარმოებს საქონლის მეურნეობას, მუშაობს ბურჟუაზიული წესით, მარა ამ წესს არ აძლევს გასაქანს, ძალით ხარშავს ვიწრო ქვაბში და არ ძალუძს ხალხის ზურგიდან ჩამოვიდეს: ის ცხოვრობს ხალხის ქონით და იმავე დროს ფიქრობს დაეყრდნოს ამავე ხალხს. და რადგანაც ამ ორი ელემენტის შეერთება შეუძლებელია, ამიტომ ის იძულებულია აირჩიოს ერთ-ერთი: ირჩევს პირველს და ეყრდნობა ხმალს. სოციალისტური სისტემა ეყრდნობა ხალხს, ის მხოლოდ მისგან იღებს ძალაუფლებას და მუშაობს მის სასარგებლოთ, ხოლო ხარჯების სიმძიმე გადააქვს შეძლებულ კლასებზე. ბოლშევიკებმა ეს ხალხის სარგებლობა გაიგეს იმ მხრით, რომ აკრძალეს კერძო სხვილი წარმოება და აღებ-მიცემობა და ის გადასცეს ბიუროკრატებს. ნამდვილათ კი ყველაზე უფრო საზარალო ხალხისათვის სწორეთ ეს გამოდგა, რამაც მთელი საზოგადოება დაასნეულა. ამ გარემოებამ მეტათ გააძლიერა ბურჟუაზიული სულისკვეთება. ხალხის საერთო გაღატაკებამ, უფულობამ, უსაქონლობამ და უუფლებობამ უმწვერვალესათ განავითარა პირადი ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი, თავის ინტერესების გაღმერთება, გამორჩენის და წაგლეჯის წყურვილი. ამ გარემოებამ შექმნა წინეთ გაუგონარი მტაცებლობითი პსიხოლოგია. ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ - ეს პირველყოფილი კაპიტალიზმის სახარება განთავისუფლებულ ხალხში თავიდანვე იფეთქებს მთელი თავისი სიმკაცრით და თუ ამისი რეგულიატორი დემოკრატია არ შეიქნა, თუ მართველობა შეძლებულთ ხელში ჩაუვარდა, დატრიალდება ველური კაპიტალიზმის ბასრი ცელი და ხალხს გაანადგურებს. სოციალიზმის უწმინდესი ვალია ხალხს ააცილოს ეს ბოლშევიზმის მიერ მისთვის გამზადებული სამსალა და შექმნას თანამედროვე ევროპიული პირობები. ეს კი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის გაბატონებით. ბოლშევიკური და ბურჟუაზიული დიქტატურა იძლევა ბურჟუაზიული წარმოების პრიმიტიულ, მტაცებლობით ფორმას, ხალხი სუვერენი კი - თანამედროვე ფორმას.
ამნაირათ, უფლების და ქონების გათიშვა, ხალხის გაბატონება პოლიტიკაში, ხოლო ბურჟუაზიისა - ეკონომიკაში, სავსებით შესაძლებელი და დასაშვებია. სამუდამოთ? არა, რასაკვირველია. ბოლოს და ბოლოს ქონება თავისას გაიტანს და შესაფერ უფლებას შეიძენს, თუ კი სოციალური რევოლიუციის საქვეყნო ზარი არ მოუსწრო. მართალია, გერმანიის ბურჟუაზიამ დღესაც ვერ მიაღწია ერთბატონობას - მას მძლავრი სოციალისტური პარტია ებრძვის და არ ანებებს მის ჭკვაზე მართველობას. მან ვერ განვლო საფრანგეთ-ინგლისის ბურჟუაზიის სრული ბატონობის ოქროს ხანა და სანახევროთ ჩარჩა ჩამორჩენილი ქვეყნის ბურჟუაზიის უფლებრივ მდგომარეობაში. ვინც ასეთ პირობებში გერმანიის სოც. დემოკრატიას კოალიციურ ტაქტიკას უწუნებს და ძველი აღთქმის ძველ სიტყვას არ ეშვება, მან არაფერი არ იცის დღევანდელი დროის. დღეს სოციალიზმი აღარ წარმოადგენს უპასუხისმგებლო უმცირესობას, მხოლოდ კრიტიკის და უარყოფითი პოლიტიკის მატარებელს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოვლენა ხდება განვითარებულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში, მაშინ როდესაც აგრარული ქვეყნის სოციალისტებს უხდებათ მოღვაწეობა განუვითარებელ ეკონომიურ ურთიერთობაში. აი ეს გარემოება აადვილებს რა მათ გამარჯვებას, თან ავალებს ისეთ როლს, რომელსაც მოკლებულია ევროპის მათი თანამოძმენი. რა როლია ეს?
დასავლეთში ეკონომიური აღორძინება მოხდა ინდივიდუალური თაოსნობით და საქმიანობით, რაიცა ვითარდებოდა საუკუნოებით. პროცესი დააჩქარა კოლონიების უმაგალითო დაძარცვამ და თავის ხალხის აღვირ-წახსნილ ყვლეფამ. არც ერთი ეს ოქროს მადანი დღეს ჩამორჩენილ ქვეყანას არ აქვს და თუ ის ინდივიდუალური საქმიანობით დაკმაყოფილდა, მისი სამრეწველო აღორძინება ყინულზე დაწერილი იქნება; ის დარჩება უცხო კაპიტალის მოხარკეთ. აქედან გამომდინარეობს ეკონომიური აუცილებლობა, ინდივიდუალურ ეკონომიკის გვერდით წარმოებდეს კოლექტიური ეკონომიური მუშაობა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წარმოება და აღებ-მიცემობა. ხალხი, როგორც კოლექტივი, სხვადასხვა ფორმით და სახით თვით უნდა იყოს ჩაბმული წარმოებაში და კერძო მეურნეობასთან ერთათ ხელს უწყობდეს საერთო აღორძინებას. ეს აზრი საქართველოს დამფუძნებელ კრებამ შემდეგი სიტყვებით ჩამოაყალიბა კონსტიტუციაში: „რესპუბლიკას აქვს საკუთარი კომერციული და სამრეწველო ორგანიზაცია. მისი მთავარი მიზანია განავითაროს ეს ორგანიზაცია და შექმნას ერთი მთლიანი სისტემა სოციალური ეკონომიკის. რესპუბლიკა ეხმარება თვითმართველობათა ორგანოებს მსგავსი ეკონომიური ორგანიზმების გასავითარებლათ და გასაძლიერებლათ“ (§115). ამას მიუმატეთ მთელი ბადე მასიური კოოპერატივებისა და ამხანაგობათა და მიიღებთ სოციალური ეკონომიის ყველა ფორმას.
ამნაირათ, მწარმოებელია: კერძო პირი, სახელმწიფო, თვითმართველობა, კოოპერატივი - ყველა თანაბარი იურიდიული უფლებით და კომერციული თანასწორობით. ყოველნაირი მონოპოლია და სახელმწიფო პრივილეგიური მდგომარეობა დააგლახებს წარმოებას და შექმნის ბოლშევიკურ მდგომარეობას. მონოპოლია შეიძლება მხოლოდ განვითარებული წარმოების გამორკვეული მუშტრით, ე.ი. სამრეწველო ქვეყანაში; ხოლო იქ, სადაც ყველაფერი თავიდანაა დასაწყები, სადაც აგრარული ურთიერთობა წესია, ხოლო სამრეწველო - გამონაკლისი, აი აქ კონკურენციის გარეშე ეკონომიური წინსვლა შეუძლებელია. და თუ საქართველოს დემოკრატიამ შემოიღოს ზოგი სავაჭრო დარგის მონოპოლია, ეს აიხსნება ქვეყნის სრულიად არაჩვეულებრივ მდგომარეობით, მსოფლიო ბაზრიდან მოწყვეტით, მიმოსვლის გაძნელებით, ბოიკოტით გარედან და შიგნით რევოლიუციური მდგომარეობით. ნორმალურ პირობებში ასეთი ამბავი დემოკრატიაში არც მოხდება. ხალხი თავის მტერი არ არის, ის გაყვება მხოლოდ რეალისტურ ეკონომიურ პოლიტიკას და მის მატარებელ პარტიას.
ბურჟუაზიის ინდივიდუალური ეკონომიკა და სოციალისტების სოციალური ეკონომიკა პოლიტიკური დემოკრატიის ფარგლებში - აი გზა დღევანდელ აგრარულ ქვეყნის ეკონომიურად აღორძინების და სწრაფი ნაბიჯით გაევროპიელების. საზოგადოებაში იქმნება ორი ნივთიერი დასაყრდნობი ცენტრი - კერძო და საზოგადო საკუთრებაზე აგებული. ამ შემთხვევაში ბურჟუაზიას აღარ რჩება ხალხზე ნივთიერი გავლენის მონოპოლია, როგორც ეს დღეს არის დასავლეთში; მის გვერდზე მუშაობს თვით საზოგადოება, ადამიანთა კოლექტივი და ეს გავლენა ნაწილდება მათ შორის. მშრომელი ხალხი - წვრილი მესაკუთრე და ქირით მომუშავე - ჩაბმული სხვა და სხვა ფორმის ეკონომიურ ორგანიზაციებში სოციალისტური ხელისუფლების მფარველობით და წინამძღოლობით, ვერ აცდება ამ ერთათ-ერთ მის სასარგებლო ეკონომიურ ხაზს და ვერ გადასცვლის მას თავის კლასიურ მოწინააღმდეგეთა ხაზზე. ამ პროცესს აადვილებს ერთი გარემოება: დემოკრატიულმა რევოლიუციამ სახელმწიფოს არგუნა ყველა ბუნების სიმდიდრე - მადნები, წყლები, ტყეები და სხ., რომლის წესიერად მოხმარა და წაყვანა გადაიქცევა სახელმწიფო მეურნეობის უდიდეს წყაროთ და საფუძვლათ. ამ საკითხს საქართველოს სოციალისტური მთავრობა სჭრიდა იმ მხრით, რომ შედიოდა ამხანაგათ კერძო კაპიტალისტებთან, რომელნიც ამუშავდენ ამ სიმდიდრეს თავისი თანხით. მოგებას ორივე ინაწილებდა, ხოლო რამდენიმე ხანს შემდეგ მთელი საწარმოვო მოწყობილება სახელმწიფოს რჩებოდა მუქთათ. ეს შეერთება კერძო და საზოგადო ინიციატივის და სიმდიდრის აუცილებელი ფორმაა სოციალური მეურნეობის ბევრი დარგისათვის. ჩვენი სახელმწიფო არა გავს ევროპისას, რომელსაც ერთი არშინი მადანიც კი არ მოეპოვებათ. ჩვენ დიდი კოლექტიური საკუთრებანი გვაქვს. ბოლშევიკები მას ხმარობენ თავის პარტიის და ჩინოვნიკების სასარგებლოთ, ლიბერალები მოიხმარენ კერძო პირთა გასამდიდრებლათ და ამ გზით ძლიერი ბურჟუაზიის შესაქმნელათ, დემოკრატია კი - ხალხის სასარგებლოთ.
ამდენ ხანს ეგონათ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა მრეწველობის გასავითარებლათ: მუშისათვის ნაკლები ქირის მიცემა, ამით საქონლის გაიაფება და მერე მისი უცხოეთში გასაღება. აგრესიული საშინაო პოლიტიკა, აგრესიული საგარეო პოლიტიკა, ომი პროლეტარიატს, ომი უცხო ერებს ბაზრის დასაპყრობლათ - აი როგორ ვითარდებოდა ევროპა. მარა გამოვიდა ჩრდილოეთი ამერიკა და ფაქტიურათ დაამტკიცა მეორე გზის არსებობა: მთავარი ბაზარია შიგნით, თავისივე ხალხი; მხოლოდ მას უნდა მიეცეს საშუალება საქონლის ყიდვის, ე.ი. მეტი ქირა მუშას, მეტი შემოსავალი წვრილ მესაკუთრეს - აი ულეველი წყარო მრეწველობის გასაძლიერებლად. ეს კი თავის მხრივ ითხოვს ტეხნიკურ მოწყობილების განვითარებას და სათანადო სიმაღლემდი აყვანას. სოციალისტების თეორია ამით საქვეყნოთ დამტკიცდა აგრარულ ქვეყანაში, ისიც ბოლშევიკების ნასახლევზე. ვის შეუძლია ეს ამერიკული სისტემა აწარმოვოს, თუ არა სოციალისტებს? ბურჟუაზია ხომ ევროპის ძველ გზას ვერ მოშორდება და ისტორიას თავიდან ვერ დაიწყებს. ის, რასაკვირველია, შინაურ აგრესიულ პოლიტიკას საგარეოსაც მიაყოლებს და ომის ქსელში გაეხვევა. როდესაც დღეს რუსის სოციალისტები აცხადებენ - რუსეთი დაიღუპება, თუ მან ოკეანიდან ოკეანემდე არ იბატონა-ო, ამით შეუგნებლათ დგებიან თავიანთ გაბატონებული კლასების თვალსაზრისზე, რომელთაც მართლაც არ შეუძლიათ სხვანაირათ გაძლიერდენ. მარა ეს ხომ ნიშნავს რუსის ხალხის გაყვლეფასაც. უცხო ერებთან ერთათ პოლიტიკა ყოველთვის მთლიანია. არ შეიძლება შიგნით აწარმოვოთ სახალხო პოლიტიკა, ხოლო გარეთ - ხალხთა წინააღმდეგი. საგარეო მუშაობა საშინაოს გაგრძელებაა. დემოკრატიულ და პაციფიურ პოლიტიკას განსაკუთრებით ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ნედლი მასალა შორიდან მოსატანი არ არის და მაშასადამე, კოლონიალური ციებ-ცხელება მრეწველობისათვის ზედმეტია. აგრარიული ქვეყანა იძლევა შესაძლებლობას განავითაროს მრეწველობა სასოფლო მეურნეობასან წონასწორობის დაცვით. ამერიკაში ეს პროცესი განვითარდა სრულიად სტიქიურათ ბურჟუაზიის შეგნების და ნების გარეშე. საჭიროა მისი განვითარება მოხდეს სოციალისტების წინამძღოლობით და შეგნებით, ვინაიდან ის ძევს მისი მსოფლმხედველობის ხაზზე და მაშასადამე, კიდევაც შეუძლია მას უწინამძღვროს.
ბოლშევიზმის ბურჟუაზიულათ ლიკვიდაცია, ამყარებს რა მტაცებლობითი, ველური ფორმის კაპიტალიზმს, არ ხდება ისტორიული პროგრესის მატარებელი ნაციონალური ეკონომიის არც ერთ დარგში. ვინაიდან მისი იდეალია კერძო პირთა გამდიდრება, ბურჟუაზიის შექმნა, რომელიც დღეს მოკლებულია იმ პროგრესიულ როლს, რაც მას ისტორიის წინა პერიოდში ქონდა, ცხადია, მთელი სახალხო ქონება, პირველ ყოვლისა, კოლექტიური საკუთრება, გაიფლანგება და უცხო კაპიტალი ქვეყანას ბატონათ დააჯდება. ეს მთავარი იარაღი უცხო თანხის დასამორჩილებლათ და მისთვის კოლონიალური კბილების ჩასამტვრევათ რაკი ხალხს ხელიდან გამოეცლება, აშკარაა ევროპიული კაპიტალი მაშინვე შინ დატოვებს ექსპლუატაციის თანამედროვე ფორმას და გვესტუმრება აფრიკანული სამოსელით. ადვილათ წარმოსადგენია ასეთ პირობებში რა მდგომარეობაში ჩავარდება შრომა და წვრილი საკუთრება. ის გახდება კაპიტალის საწველ ფურათ, უმწეოთ და უმფარველოთ დატოვებული. საამისო ნიადაგი უკვე მოამზადა ბოლშევიზმმა. მუშა და გლეხი, დღეს ასე საშინლათ გამწარებული საქონლის ნაკლებობით და ბაზრის შებოჭვით, ადვილათ შეურიგდება პირველ ხანაში ყოველნაირ მართველობას, ოღონდ ამ გაჭირებისაგან გამოიყვანოს და მათი უახლოესი პრაქტიკული მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს. გიზოს ისტორიული ფრაზა, ბუხარინის მიერ ბრიყულათ განმეორებული, გადაიქცევა საზოგადოების ძირითად მცნებათ, მოკლებული გიზოსებურ პოლიტიკურ გამართლებას. თუ ის ბურჟუაზიას ურჩევდა - გამდიდრდით, ბატონებოვო! ეს იმიტომ, რომ ის დარწმუნებული იყო ამ კლასის დიდ ისტორიულ დამსახურებაში და მომავლის მის მიერ გამოჭედაში. აგრარიულ ქვეყანაში კი ამას ეს კლასი ვერ დაიტრაბახებს; მას ევროპის, მისი მოძმის არც წარსული აქვს, არც აწმყო, არც მომავალი და მაშასადამე, მისი პრივილეგიებით აღჭურვა და მასზე ზრუნვა იქნება ტლანქი, აღსაშფოთებელი ძალმომრეობა, მსგავსი დღევანდელი ბოლშევიკური პოლიციური აღვირწახსნილობისა. რასაკვირველია, ეს ახალი ბატონები შეეცდებიან, მსგავსათ კომუნისტებისა, თავის დახლის წინ იდეიური ბაირაღი დაკიდონ, თავისი ქვენა საქმენი ბრჭყვიალა სიტყვებით შეკაზმონ და ათ წელს ჭურში მყოფი რუსის ხალხი თავისი დაპირებებით გააყრუონ. ხალხი, როგორც ვთქვი, მზათაა ყველაფერი აიტანოს, ოღონდ ცოტა სინათლე დაინახოს, და თუ ეს ცოტა სინათლე დიდი სიძნელის წინამორბედია, ამას ახლა არ დაგიდევს.
სულ სხვა მდგომარეობას ქმნის ბოლშევიზმის დემოკრატიული ლიკვიდაცია და სოციალისტური მართველობა. აქ პირველ ალაგს დაიჭერს შრომა და მის ინტერესებს დაემორჩილება დანარჩენი დარგები. შრომა არა მარტო მუშის, არამედ ყველასი, ოღონდ კი ის ატარებდეს თანამედროვე საწარმოვო პროგრესს და მიიმართებოდეს ერის საკეთილდღეოთ. აქ პირველი ალაგი უჭერია, რასაკვირველია, ფიზიკურ შრომას, ამ ღირებულების ერთათ-ერთ შემქმნელს და მაშასადამე, საზოგადოების მთავარ ბაზას. საქართველოს კონსტიტუცია ამ აზრს ხატავს შემდეგნაირათ: „სახელმწიფოს არსებობა დაფუძნებულია შრომაზე და რესპუბლიკის განსაკუთრებითი მოვალეობაა მისი დაცვა“ (117). ხოლო შრომის ნამდვილი დაცვა მოითხოვს მუშაობის მთავარ სიმძიმის ტეხნიკაზე გადატანას, წარმოების უკანასკნელი ევროპიული იარაღებით აღჭურვას, ე.ი. შრომის ინტერესი პირდაპირ ეთანხმება კულტურას და პროგრესს და ეპირდაპირება ბოლშევიკურ და მტაცებელ ბურჟუაზიის ინტერესებს. ტეხნიკის საკითხი კი მეცნიერების და კაპიტალის საკითხია. შრომის ინტერესია, მაშასადამე, ორივეს კარი ფართოთ გაეღოს და ის შრომის სამსახურში ჩააყენოს. წარმოების ორი მთავარი ფაქტორი - შრომა და ნედლი მასალა - ხალხის ხელშია, აკლია მესამე აუცილებელი ფაქტორი - კაპიტალი, რითაც ბოლშევიკების მეოხებით ჩვენი ქვეყანა გაწმენდილია და მაშასადამე, უცხოეთიდან უნდა მოვიდეს. მარა როგორ? - ისე, რომ ორივე ეს ელემენტი დაიმორჩილოს და გაანიავოს, თუ მათ დაეხმაროს, გააპოხიეროს და ამ საქმეში ევროპიული (და არაკოლონიალური) სარგებლით დაკმაყოფილდეს. აქ შრომის და ნაციის ინტერესი ერთდება და უცხოეთის წინაშე ორივე ერთათ დგება. ბოლშევიკების მიერ ნათარეშევ ქვეყანას უცხოეთის კოლონიათ გადაქცევისაგან იხსნის მხოლოდ სოციალისტური იდეოლოგია.
აშკარაა, საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია ბურჟუაზიულათ და დემოკრატიულათ ნიშნავს არსებული კვანძის გახსნას ორ სხვადასხვა ხაზზე, რომელთა შორის პრინციპიალური წინააღმდეგობაა. აქ ერთიმეორეს ეპირდაპირება არა ორი ხარისხი განვითარების ერთი და იმავე ტიპისა, არამედ ორი სხვადასხვა ტიპი, ორი გზა, რომელნიც სხვადასხვა მხრით მიიმართებიან. ჯერ ბურჟუაზია და მერე სოციალიზმი სრულიად არ უდგება ბოლშევიკების ნაოხარს.
დღეს ერის ეკონომიური შესაძლებლობა ბორკილდადებულია, გზები დახშულია. მარა რაკი მისი ლიკვიდაცია მოხდება და ეკონომიური თვითმოქმედება აიშვება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მის მიმართულებას. მისი ბურჟუაზიულ რელსებზე შეყენება სამუდამოთ აქრობს სოციალური ეკონომიკის შესაძლებლობას, ახდენს ქონებრივ და სოციალურ ძალთა გადაჯგუფებას სავსებით ინდივიდუალურ საფუძველზე და უცხო კაპიტალთან ერთათ იმორჩილებს მთელ ხალხს თავის სადღეგრძელოთ. სოციალიზმი, ამ მომხდარი ფაქტის წინაშე დამდგარი, დაკარგავს ყველა მოპოვებულ პოზიციას და გადაიქცევა დიდი ხნით უძლურ მიმდინარეობათ. მაშასადამე, მთელი პოლიტიკური და ეკონომიური მერმისის სვე-ბედი ახლა ბოლშევიზმის ლიკვიდაციის ხანაში იჭრება და აქ ყოველნაირი ყოყმანი დაუშვებელია. რაკი დემოკრატიის გაბატონება ერთათ-ერთი მისაღები სოციალური და ნაციონალური გზაა, ცხადია, ამ დემოკრატიის ყველა ნაწილის, მისი ყველა პარტიის შეერთება საერთო მიზნის მისაღწევათ აუცილებელია. წვრილ ბურჟუაზიული პარტიები, რადიკალური დემოკრატია სოციალისტების ბუნებრივი მოკავშირე და თანამგზავრია. ამიტომ სრულიად ფუჭია დავა იმაზე, თუ გლეხი რა კლასს ეკუთვნის - წვრილ ბურჟუას თუ მუშას. საკმარისია ვიცოდეთ, რომ ორივე ეს შეადგენს მშრომელ ხალხს, რომელთა ინტერესი ერთდება მიმდინარე პოლიტიკის ყველა სფეროში. პროლეტარიატის იზოლაცია გლეხობისაგან, რასაც ადგილი აქვს ახლა ბოლშევიკების მეოხებით, უნდა მოისპოს ურთიერთი ინტერესების ცნობით და მათთვის საერთო ძალ-ღონით ბრძოლით.
საქართველოს მასშტაბით დემოკრატიის გამარჯვება და საქმიანობა წინდაწინვე უზრუნველყოფილია; აქ ნაციონალური ბურჟუაზია მეტათ სუსტია და ხელმძღვანელ როლს ვერც კი დაიჩემებს. ერთათ-ერთი ჩვენი არასოციალისტური პარტია უფრო წვრილ-ბურჟუაზიულია, ვინემ ბურჟუაზიული და მაშასადამე, ხალხის სუვერენიტეტის ფარგლიდან ვერ გამოვა. და თუ რომელიმე მისმა ნაწილმა მოინდომა ამ ფარგლიდან გამოსვლა, ის კალთაში ჩაუვარდება არა არარსებულ ბურჟუაზიას, არამედ დროგადასულ წოდების ნამსხვრევს და მით ერის პოლიტიკური სხეულიდან სამუდამოთ მოწყდება. ერთი სიტყვით, ქართველი ერის სოციალური შენობა და მისი პოლიტიკური მდგომარეობა ქმნის მისი დემოკრატიულათ განვითარების უეჭველ შესაძლებლობას. ეს ზედმეტი საბუთია იმის, რომ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს და რუსეთის საეგებიო გემზე მიბმული არ ვიყოთ.
ვათავებ. ჩვენი გზაა - პოლიტიკური დემოკრატია, შრომის პოლიტიკა, სოციალური ეკონომია. ეს არ არის სოციალიზმი, ეს არის მხოლოდ მოკლე, პირდაპირი გზა მისკენ მიმავალი. სოციალიზმი ნიშნავს ისეთ სოციალურ წყობილებას, სადაც არც დაქირავებული შრომაა, არც საქონლის წარმოება. ეს ვერ დამყარდება ერთი დაკვრით, ერთი შეძახებით; ეს მთელი საზოგადოებრივი პროცესია, ნელი, თანდათანი მუშაობაა ამ მიზნისაკენ მიმართული; და ეს არა ერთ ერში, არამედ ყველა ერში, უმთავრესათ მსოფლიო ბაზრის მეთაურთა შორის. ჩვენი გზა ამ პროცესის ერთი რგოლია და წარმოადგენს ისტორიულ აუცილებლობას, როგორც მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიური პრობლემის გადასაჭრელათ, ისე საბოლაო ეტაპის მისაღწევათ.
საბჭოთა სამკვიდროში ბურჟუაზიული იდეოლოგია ეკონომიურათ, პოლიტიკურათ, სოციალურათ და ნაციონალურათ არის კონტრ-რევოლიუციური, რეაქციონური იდეოლოგია. ყველა ამ სფეროში ერთათ-ერთი სოციალისტური იდეოლოგია არის რევოლიუციური და ისტორიული პროგრესის მატარებელი. პირველის პოლიტიკური და საზოგადოებრივი როლი გათავებულია, ის უნდა დაკმაყოფილდეს კერძო ეკონომიური საქმიანობით. საზოგადოების პატრონი, წინამძღვარი და მეგზური მეორეა. ის აერთებს თავის საშოში მოწინავე ქვეყნების რევოლიუციურ ბურჟუაზიის წასულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და დღევანდელი რევოლიუციური კლასის - პროლეტარიატის - სოციალურ ბრძოლას. მისი დროშა არის ერის დროშა. მასში იხატება ერის ნებისყოფა.
ნ. ჟ.
ბრძოლა /ჟურნალი. პარიზი/. - 1928 წ. - №31-32
____________
1. იხ. მისი კრებული „ნაშა რევოლიუცია“, 1907 წ.
2. იხ. ჩემი ნაწერების ტ. 1, გვ. 143
![]() |
38 პროლეტარიატში |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა საფრანგეთში ნათელყო მუშათა კლასის დანაწილება ორ მოპირდაპირე ბანაკათ. კომუნისტებმა სოციალისტური პარტიები გაუთანასწორეს ბურჟუაზიულთ და ყველა ერთათ ერთ „რეაქციონურ მასათ“ აღიარეს. კიდევ მეტი, მათთვის სოციალისტები უფრო მიღებულია, უფრო დასაგმობი და გასანადგურებელია, ვინემ სხვა მათი მოწინააღმდეგენი. მიუხედავათ მათი პარტიის დაკნინების და დასუსტებისა, მათი ლოზუნგები, მათი იდეოლოგია პოულობდა გამოხმაურებას და მომხრეობას. საყურადღებოა ისიც, რომ საფრანგეთის მუშათა დიდ რაიონებში, პარიზის და ჩრდილოეთის, გავიდენ რამოდენიმე ბურჟუაზიის კანდიდატები მუშათა კანდიდატების წინააღმდეგ. ე.ი. მოხდა მუშათა ერთი ნაწილის გადახრა მარჯვნივ. იმ დროს, როცა გერმანიის სოც.-დემოკრატია მედგარ ბრძოლას აწარმოებდა კომუნისტების წინააღმდეგ და მათზე სამჯერ მეტი ხმა მიიღეს, საფრანგეთში პარტიამ უარყო მათთან ბრძოლა, მთელი თავისი მუშაობა მიმართა მარჯვნივ და მიიღეს კომუნისტებზე ერთ ნახევარჯერ მეტი ხმა. ასეთია ფაქტები. რას ნიშნავს ეს? რა ხდება პროლეტარიატში, რა გზას
ადგია სოც. პარტია?
პირველყოვლისა უნდა ითქვას, რომ კომუნისტური ლაშქარი ახალი ხალხია, ომის შემდეგ გამოსული და გამოღვიძებულია. ძველი, პარტიულ შკოლაში გაწაფული მუშები, ერთხელ კომუნისტებისაკენ გადასულნი, უკვე დაუბრუნდნენ თავის ძველ ბინას, ხოლო პოლიტიკურათ გაუწვრთნელი, სამაგიეროთ გრძნობით ატაცებულნი და აჩქარებული ახალი მუშათა ფენები ილტვიან ადვილათ გასაგებ დემაგოგიისაკენ. საფრანგეთის სოც. პარტიამ მხოლოდ ახლა აღადგინა გათიშვის წინანდელი თავისი კადრი, მიიღეს იმდენივე ხმა რაც წინეთ ქონდა და მაშასადამე კომუნისტების მილიონი მეკუნჭე ახლათ მოწყვეტილი უმწიფარი ნაყოფია. კომუნიზმი - ეს პირველი ამოსაღებია, რასაც ასეთი ელემენტი ადვილათ ეწაფვის და საიდანაც იწყება მისი საბოლოო ორიენტაცია ან სოციალიზმისაკენ, ან ფაშიზმისაკენ. ამ ფენას ეკვრის მეორე ფენა, ომით და ფულის კურსის დაცემით გაკოტრებული წვრილბურჟუაზიული ელემენტები, დღეს გაღარიბებულნი და მეტათ მყვირალა და აჩქარებულნი. ესენი მისდევენ ყველას ვინც კი მათ ერთი დაკვრით ძალაუფლების გადაცემას პირდება. ამ ხალხით სავსეა დღეს კომუნისტური, ნაციონალისტური, ფაშისტური, ნაციონალ-სოციალისტური და სხვა მათი მსგავსი პარტიები. მათთვის ყოველნაირი პარტია, ყოველნაირი მოძღვრება და საშუალება მისაღებია, ოღონდაც რაც შეიძლება ჩქარა გამოვიდეს დღევანდელი მუშური მდგომარეობიდან და სიმდიდრის ახალი გადანაწილებით ხელი მოითბონ. ესენია ასე ვთქვათ ბურჟუაზიისაგან მომპალი, დეკლასიური ნაწილები. მათ მისდევს და მათ მეთაურობს უსაქმო და უკლიენტო ინტელიგენტები, სხვადასხვა ჯურის ვიგინდარები, სახრავის და სახელის მაძიებელნი. ეს მოარული, დაუდეგარი მასა ადვილათ იცვლის ბანაკს; წელს მათ მასიურათ დატოვეს გერმანიაში ნაციონალისტები და მიეკედლენ კომუნისტებს. ბოლშევიზმი სწორეთ ამათი იდეოლოგიაა, მათი ნანატრი დროშაა, რაიცა მათ შეაქვთ პროლეტარიატში და აქაც პოულობენ გამოხმაურებას. რა იტაცებს მუშებს ამ იდეოლოგიიდან?
პროლეტარიატის ჩამორჩენილ ფენებს იტაცებს ერთი მეტათ მარტივი და გასაგები დებულება: გაბედული, შეკავშირებული ჯგუფი მუშებისა სარგებლობს რაიმე დიდი ნაციონალური გადატეხით, იტაცებს ძალა უფლებას და ევლინება პროლეტარიატს მხსნელათ და აღთქმულ ქვეყანაში შემყვანათ. ეს უმცირესობის გამანთავისუფლებელი მისია უმრავლესობის სასარგებლოთ არის ძარღვი კომუნისტური მოძღვრების, რითაც ის ძირიანათ ნსხვავდება ყველა დემოკრატიული, უმრავლესობის მოძღვრების მატარებელი პარტიებისაგან და ენათესავება დემოკრატიის აღორძინების წინა ხანის პოლიტიკურ მიმდინარეობათ და უმცირესობაზე დაფუძნებულ ხელისუფლებას. უმცირესობის ასეთი როლი გამომდინარეობს უმრავლესობის შეუგნებელ და ინერციული მდგომარეობისაგან; მთელი კლასი თავის თავს ვერ განათავისუფლებს, მას ამის შეძლება და ნიჭი არ აქვს. ის მოწოდებულია გაყვეს თავდადებულ გაგებულ ჯგუფს და მისი საშუალებით მიაღწიოს საბოლოო მიზანს. ასეთი აზრის პროლეტარიატში გავრცელება უეჭველათ ნიშნავს ამ კლასის სისუსტეს, მის დაეჭვებას თავის ძალაში, თავის მოძრაობასა და საქმიანობაში. სუსტი სოციალური ძალა მუდამ სხვისი საშუალებით ფიქრობს თავის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს საერთო თვისებაა ყველა კლასის, ყველა საზოგადოების.
ის რაც დღეს ხდება პროლეტარიატში, ხდებოდა ერთხელ ბურჟუაზიაშიც. უმცირესობის გამანთავისუფლებელი როლი აქ კიდევ უფრო ფართეთ იყო გავრცელებული და ამ თეორიაზე დიდხანს მართველობა აგებული. ამ თეორიის მამამთავარია გიზო. მისი აზრით, პოლიტიკური ძალა-უფლება გამომდინარეობს ნიჭისაგან; ნიჭიერთა გამონახვა, შემოკრება და მათი განსაკუთრებით უფლება-უპირატესობით აღჭურვა - ნიშნავს საუკეთესო მართველობის დამყარებას1. ნიჭიერების საზომი სხვა და სხვა დროს შეიძლება სხვადასხვა იყოს; გიზოსათვის ასეთი საზომია პიროვნების ქონებრივი მდგომარეობა, უნიჭო ღარიბია, ნიჭიერი შეძლებულია; კომუნისტისათვის ნიჭიერია კომუნიზმის მიმდევარი, ე.ი. ამ მოძღვრების შემგნები და მისთვის მომუშავე. აქ საზომი იდეიური მომენტია. გიზოს მოძღვრება დაედვა საფუძვლათ საფრანგეთის წყობილებას ლუი ფილიპეს მეფობაში (1831-1848 წ.), როცა „კანონიერ ქვეყანას“ შეადგენდა ორასი ათასი ამომრჩეველი, ბურჟუაზიისაგან კონსტიტუციური გზით გამოკრებილი. მაშასადამე, ამ დროს ბურჟუაზიაში ბატონობდა არა მთელი ეს კლასი, არამედ მისი მცირედი ნაწილი, მისი ერთი ჯგუფი, რომელიც მთელი კლასის სახელით მართავდა და მას წინამძღვრობდა. ბურჟუაზია დემოკრატიას უარყოფდა, ვინაიდან მას ამ გზით გაბატონება არ სწამდა. გიზოსათვის დემოკრატია - ეს ნამდვილი ანარქიაა, ეს „ბრბოს“ გაბატონებაა, კულტურის და ცივილიზაციის დაქცევაა. დიდი დრო, დიდი პროპაგანდა და ბრძოლა იყო საჭირო იმისათვის, რომ ბურჟუაზიას უარი ეთქვა ჯგუფურ იდეოლოგიაზე და მიეღო საერთო ბურჟუაზიული, მთელი კლასის იდეოლოგია და საბოლოოთ შეეთვისებია ბურჟუაზიული დემოკრატია. გერმანიის ბურჟუაზიას დღესაც ვერ მოუმაგრებია ფეხი ამ გზაზე.
რაკი ასე ძნელია ამომავალი კლასის პოლიტიკურათ მომწიფება, მისი კლასიური პსიხოლოგიის და სულისკვეთების დაცვა და თავის ძალღონეზე იმედის დამყარება, რა გასაკვირალია მსოფლიო ომით დაავადებულ საზოგადოებაში ხელახლა პოულობდეს ბებრუხანა მოძღვრება გამოძახილს, და ზოგი თავის იმედს ამყარებდეს ბოლშევიკზე, ზოგო ფაშისტზე. როგორც წინეთ ბურჟუაზიის ძაბუნი ნაწილი, ისე დღეს პროლეტარიატის ძაბუნი ფენები მისდევენ უმცირესობის მოტრფიალეთ, „ნიჭიერთა“ ორგანიზაციას, რჩეულთა დროშას, მოვლენ ეს ჩვენი მეგობრები და გვიხსნიან „ეგვიპტის“ ტყვეობისაგანო. და რომ ეს სხვისი ძალის შემყურე ხალხი ბატონობდეს პროლეტარიატში - ამ კლასის უკან დაქანება და საერთო დაავათმყოფება აშკარა იქნებოდა. მაგრამ მათ გვერდით არის ძველი, უძლიერესი კლასიური მიმდინარეობა, სოციალისტური იდეოლოგია, რომელიც არა თუ არ სუსტდება, არამედ პირიქით ძლიერდება, ღრმავდება და ბოლშევიკურ რეაქციას წინ ეღობება. მის წინაშე დგას დღეს იგივე ამოცანა, რომელიც იდგა წინეთ ბურჟუა-დემოკრატების წინაშე: იდეურათ დაიპყროს თავისი კლასი. როგორც ბურჟუაზიაში გაიმარჯვა ბურჟუაზიულმა დემოკრატიამ, ისე პროლეტარიატში უნდა გაიმარჯვოს სოციალისტურმა დემოკრატიამ. რა გზით? იმავე გზით, რითაც ბურჟუაზიაში საბოლოოთ გაიმარჯვა კლასიურმა სოლიდარობამ ჯგუფურზე - მედგარი იდეური და პოლიტიკური ბრძოლით. აქ ბურჟუაზიულ დემოკრატიას მხარს უჭერდა მთელი ხალხი და ამიტომ მთელი ამ კლასის გაბატონება მოხდა ხალხის სახელით. დღეს სოციალისტური დემოკრატიის გამარჯვება პროლეტარიატში და პროლეტარიატის გაბატონება პოლიტიკაში როგორც მთლიანი კლასის შესაძლებელია მხოლოდ ხალხის დახმარებით და მისი აქტიური მონაწილეობით. ე.ი. დემოკრატია ერთათ-ერთი გზა და ხიდია ამომავალი კლასის საბოლოოთ გასამარჯვებლათ.
ცხადია, სოციალისტური პარტიის მთავარი მიზანია პირველყოვლისა დაპყრობა თავისივე კლასის და მაშასადამე ბრძოლა მედგარი და შეუპოვარი ჯგუფიზმის იდეოლოგიასთან - ბოლშევიზმთან. ამ გზას ადგია გერმანიის სოციალდემოკრატია, ამ გზას არ ადგია, როგორც ზევით ვთქვით, საფრანგეთის სოციალისტური პარტია.
რისთვის, რა მოსაზრებით?
ტაქტიკის სათავეა იდეოლოგია, ბრძოლის მეთოდი გადაბმულია ბრძოლის მიზანთან. საფრანგეთი დიდხანს იყო დანაწილებული სხვა და სხვა სოციალისტურ პარტიათა და ფრაქციათა შორის, რომელთა განსხვავება შეიცავდა უმთავრესათ ორგანიზაციულ და წვრიმალ ტაქტიკურ საკითხებს საერთო უახლოვესი და საბოლოო მიზანის ნიადაგზე (გედისტები, ჟორესისტები, ალებანისტები და სხ.). აი ეს ტრადიციულათ გადმოცემული შეხედულება პროლეტარიატის პოლიტიკურ ფრაქციებზე ამ ჟამათ გადმოაქვთ კომუნისტებზე და ამათაც მათ რიცხვში ათავსებენ, ტულუზის კონგრესმა ეს აზროვნება შემდეგნაირათ ჩამოაყალიბა: „წარმოების და აღებ-მიცემობის საშუალებათა სოციალიზაცია არის უდაუ საბოლაო საერთო მიზანი სოციალიზმის და კომუნიზმის“. ამ დადგენილებას დიდის აღტაცებით შეხვდა ბურჟუაზიული პრესა, როგორც საბუთს ამ ორი მიმდინარეობის ერთიგივეობისა. ცნობილი გაზეთი „ტანი“ მას მიეგება შემდეგი სიტყვებით: „სოციალიზმის ბრძოლა კომუნიზმის წინააღმდეგ იქნებოდა ბრძოლა თავისი თავის წინაღმდეგ. იმ დიდ კონფლიქტში, რომელიც დღეს ყოფს მსოფლიოს და იმ შეტევაში დასავლეთი ცივილიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებს აღმოსავლეთის რევოლიუციონური მისტიციზმის მოციქულნი და ჯარის კაცნი, სოციალისტური პარტია წინდაწინვე უკანასკნელთ ემხრობა. მას ცხადია სხვანაირათ არ შეუძლია მოიქცეს, მარა ეს მათი გამოტეხა აღსანიშნავია“ (31 მაისის ნომერი).
როგორც ხედავთ, საფრანგეთის სოციალიზმი ვერ გამოეყო, ვერ გამოიმიჯნა მკაფიოთ და სავსებით კომუნიზმისაგან, და მათ მისცა საბუთი მტერთ ორივე ერთათ, ერთ ბანაკში მიაფოცხონ და საზოგადოების მტრათ აღიარონ. თუ კი მართლაც მიზანი ერთია, ორივე თანამგზავრნია, გზების და საშუალებების განსხვავება სავსებით დასაშვებია; ეს წვრილმანი უთანხმოებაა, როგორც ყოველთვის ყოფილა სოციალისტთა შორის. მარა საკითხავია - მართლა ასე უდაოა მთავარი დებულება? მართლა ბოლშევიკების მიზანია „წარმოების და აღებმიცემობის განსაზოგადოებრივება“? არა, არავითარ შემთხვევაში. მადლობა ღმერთს, მათი საქმე შარაზე დევს, მათი მუშაობა საქვეყნოთ ხდება, მათი წყობილება ყველასათვის დასანახავია. თუ თეორიაში შეიძლება იყვეს სიბნელე და დავა, ფაქტები ხომ ნათელი და უდაოა. რომელი დარგი ადამიანის საქმიანობისა არის საბჭოთა კავშირში განსაზოგადოებული? სად არის აქ სოციალიზაციის რაიმე ნატამალი? აქ ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია, გასახელმწიფოებულია. ე.ი. სოციალიზაციის მაგიერ გამეფებულია ეტატიზაცია. ამ ორი მცნების ასე გასაშტერებლათ ერთმანეთში არევა უეჭველი ნაყოფია დიდი გაუგებრობის.
საზოგადოება მუდმივი, ბუნებრივი მოვლენაა ადამიანთა შორის და იმართება საკუთარი სოციოლოგიური კანონებით. სახელმწიფო დროებითი, განვითარების ერთ საფეხურზე ადამიანთა მიერ შექმნილი მოვლენაა და იმართება ადამიანის კანონებით. ამ ორ მოვლენას შორის მანძილი ხან პატარაა, ხან დიდია იმის და მიხედვით, თუ როგორ დგება სახელმწიფო წყობილება. დესპოტიაში ისინი შორი შორს არიან, საზოგადოება სავსებით დამორჩილებულია; დემოკრატიაში ისინი დაახლოვებულია, სახელმწიფო საზოგადოებაზე დამოკიდებულია, თუმცა არა სავსებით, ბიუროკრატია და პოლიცია კიდევ ბატონობს. მათი ერთი მეორეში გალესვა, ერთის მეორით დაფარვა მოხდება მხოლოდ უკლასო, სოციალისტურ საზოგადოებაში. მარა ამ შემთხვევაში სახელმწიფო როგორც განსაკუთრებითი, საზოგადოების მაღლა მდგომი აპარატი ისპობა და ერთბატონობა, როგორც ეს პრიმიტიულ ცხოვრებაში იყო, საზოგადოებას რჩება. ცხადია სოციალიზმის და ეტატიზმის გზა-კვალი სხვადასხვა მხრით მიიმართება, მათი არც მიზანია საერთო და არც საშუალება. ვინ ვისზე გაბატონდება - სახელმწიფო საზოგადოებაზე თუ საზოგადოება სახელმწიფოზე - აი ძველი და მუდამ ახალი საკაცობრიო ამოცანა. ბოლშევიზმმა ეს ამოცანა საქვეყნოთ გადასჭრა - მან სახელმწიფო გააბატონა საზოგადოებაზე; უკანასკნელი მოკლებულია ყოველნაირ დამოუკიდებლობას და თვითმოქმედებას, არ აქვს არავითარი თავისუფალი გასაქანი, ის დაბმულია პოლიტიკური არტახებით. მისი თვითეული ნაბიჯი, თვითეული ნივთიერი თუ იდეიური მუშაობა ხდება სახელმწიფო აპარატების ხელმძღვანელობით და კარნახით. ერთი სიტყვით მოჭრილია ძირშივე სოციალიზმის ყველა ყლორტი და გამეფებულია უსაშინელესი დესპოტია. ბევრს გზას უბნევს ამ დესპოტიზმის მიერ ბურჟუაზიასთან ბრძოლა. და რაკი ჩვენც ვებრძვით ამ მოწინააღმდეგეს - გონიათ ბოლშევიკებიც ჩვენი ამხანაგებიაო. ეს დიდი შეცდომაა, ბურჟუაზიას მრავალი წრე ებრძვის - კლერიკალები, როიალისტები, მეშჩანები. ყველა ძველი აღთქმის ხალხი მისი მტერია, მარა ისინი ხომ ჩვენი თანამგზავრნი არ არიან. საქმე იმაშია თუ ვინ რისთვის იბრძვის. ჩვენი მიზანია ბურჟუაზიულ წარმოების გადაცვლა სოციალურ წარმოებაზე. ბოლშევიკების მიზანია სახელმწიფო წარმოების გაბატონება; ორი სრულიად სხვადასხვა მიზანი, რომელთა შორის საერთო არაფერია.
არსებობს სამგვარი მეურნეობა: სახელმწიფო, ინდივიდუალური და სოციალური. პირველი ორი ძველის ძველია, ის მოდის დასაბამიდან, პირველი უკლასო საზოგადოების დაცემისაგან და კლასათა ბრძოლის დაწყებიდანვე. მათ შორის ბრძოლა არ შეწყვეტილა; დესპოტიაში სახელმწიფო ეკონომიური საჭიროება სჭარბობდა ინდივიდუალურს; აქ კერძო პირი და საზოგადოება განიცდის მართველობის უღელს. თავისუფლებაში კერძო მეურნეობა სჭარბობს სახელმწიფოს; აქ მართველობა გაბატონებული კლასების აღმასრულებული ორგანოა. ამიტომ მათი ეკონომიკა ხელშეუხებელია. საბოლოო გამარჯვება ინდივიდუალური ეკონომიკის სახელმწიფოსაზე მოხდა თანამედროვე ხანაში, ბურუაზიულ წყობილებაში, კაპიტალისტური წარმოების საფუძველზე. ამით შეიქმნა ნიადაგი სოციალური მეურნეობის გამარჯვების როგორც ინდივიდუალურის ისე სახელმწიფო მეურნეობაზე. ბოლშევიზმის გამარჯვებამ დამარცხებული აღმოსავლეთური ეტატიზმი კვლავ აღადგინა და მიმდინარე მომენტის დღის წესრიგში დააყენა. ამჟამათ იბრძვის სამი ეკონომიური პრინციპი და მათზე აგებული სამი პოლიტიკური იდეოლოგია: ძველის ძველი - ბიუროკრატიულ-ეტატიური, თანამედროვე - ბურჟუაზიულ-ინდივიდუალური და მომავალი - სოციალისტური. კომუნიზმი პირველის სრული ფორმაა, ფაშიზმი მისკენ მიახლოვებაა.
ცხადია, სოციალიზმის და ბოლშევიზმის საბოლოო მიზანი არა თუ საერთოა, პირიქით, ისინი ერთიმეორის მოპირდაპირეა და მიიმართვიან მოწინააღმდეგე მხარისაკენ. აი ამ მთავარი განსხვავებული სათავიდან გამომდინარეობენ ყველა დანარჩენი განსხვავებანი. საზოგადოების გაბატონება ნიშნავს თავისუფლების და თანასწორობის გაბატონებას, ვინაიდან საზოგადოებას არ ძალუძს თვითმოძრაობა და მოქმედება თავისუფლების გარეშე. დემოკრატია მისი მიუცილებელი ატრიბუტია. სახელმწიფოს გაბატონება ნიშნავს იძულებითი აპარატის, ე.ი. პოლიციური ძალდატანების, გაბატონებას საზოგადოებაზე. მისი ბატონობა მით უფრო სრულია, რაც ნაკლებ ზღუდეს ხვდება მისი ბორბალი, რაც უფრო თავისუფლათ მოძრაობს მისი ჩარხი. დემოკრატია, ე.ი. საზოგადოების უფლება, მას მარხავს; დესპოტია, მთელი ძალა-უფლებით აღჭურვა მას აძლიერებს. სოციალიზმი მოდის დიდი რევოლიუციიდან, თავისუფლების და თანასწორობის ხარტიიდან. ბოლშევიზმი, პირიქით, მოდის მართველობის გაღმერთებიდან, ძველი აღმოსავლეთური დესპოტიიდან, მთავრობის როლის გაზვიადებისაგან. აქვე იპოვება სათავე ბოლშევიკური მორალის, რაც ასე აკვირვებს ევროპიელ სოციალისტებს. იძულებითი აპარატის უაღრესობა თავისთავად მოითხოვს შესაფერ საშუალებათა უაღრესობას. რაკი ის ებრძვის კერძო პირს და საზოგადოებას, რაკი თვითონაა ყოველივეს ბატონი და პატრონი და ძალით ხალხი მიყავს აღთქმულ ქვეყანაში, ცხადია საზოგადო აზრი, საზოგადო მორალი, მიღებული ადათ-ჩვეულებანი მისი წინააღმდეგია და მაშასადამე მისთვის სავალდებულო ვერ იქნება. უამისოთ ხომ ძალა, ტერორი საჭირო აღარ იქნებოდა. ამიტომ ის იძულებულია იბატონოს თავისი საკუთარი მორალით, საკუთარი წესებით, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოების მორალს და წესებს. ნაპოლეონი ამბობდა: „სახელმწიფო მოღვაწის ყოფაქცევა უნდა იქნას განსჯილი მისი საკუთარი წესებით და არა იმ წესებით, რომელიც აწესრიგებს კერძო ცხოვრებას“-ო. აი ამ მცნებას მისდევს თვითეული კომუნისტი, ვინაიდან ის არის ის ზეკაცი, რომელიც მოწოდებულია ააწყოს მთელი ცხოვრება მისი ჭკუისამებრ. და ამიტომ მისთვის ყოველნაირი მიზანშეწონილი საშუალება მისაღებია. ის არ ემორჩილება „ბრიყვი“ ხალხის წესებს.
ერთი სიტყვით, ბოლშევიზმის ტაქტიკა, მორალი, მისი მოქმედება სრულიათ ლოღიკურათ გამომდინარეობს მისი პრინციპისაგან, მისი საბოლოო მიზნისაგან. უკანასკნელის დადასტურება, ხოლო პირველთა უარის ყოფა ნიშნავს ცხენს ვერ შესწვდე და კეხს დაუწყო მტვრევა.
ბოლშევიზმმა აღადგინა ძველ სახელმწიფოთა თეორისთან ერთათ ძველი საბრძოლველი მეთოდი: მე და ჩემი ხმალი, ეს საშუალო საუკუნის ბარონის დევიზი გადაიქცა დღეს მის დროშათ. საკმარისია ერთი მოხერხებული დარტყმით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ქვეყანა ჩააყენო ხმლის მართველობაში და ის აიძულო ახალი წყობილება მიიღოს. აქედან გამომდინარეობს მისი უარყოფითი დამოკიდებულება რეფორმების, დღიურ მიმდინარე საკითხებისადმი. რეფორმა გზას უბნევს პროლეტარიატს, ასუსტებს მის წყურვილს რევოლიუციისადმი. მაშინ როდესაც ეს რევოლიუცია დღე-დღეზე მოსალოდნელია და ამით ყველაფერი ერთბაშათ გადაწყდება. კომუნისტი ყოველდღე იმეორებს იმას, რაც ამას წინეთ ფაშისტ-კანდიდატმა ბავარიაში საარჩევნო მიტინგზე განაცხადა: არავითარი საპარლამენტო თვისება არ მაქვს, არც საპარლამენტო მუშაობისათვის მივდივარ რეიხსტაგში: ჩემი მიზანია ერთათ-ერთი: კინწისკვრით გამოვყარო იქიდან დეპუტატები და დავაწესო ჩვენი პარტიის დიქტატურაო! აი ბოლშევიკების ტაქტიკური მწამსი და ამიტომ რა გასაკვირალია, როცა მათ უარი თქვეს სოციალისტების საარჩევნო დახმარებაზე და მათ ყოველგან თავისი კანდიდატი დაუპირდაპირეს. მათ სასახელოთ უნდა ითქვას, რომ წინეთ არასოდეს ასეთი გულწრფელობა და კეთილსინდისიერება არ გამოუჩენიათ. ამ აქტით პირველათ საჯაროთ ჩამოიძვრეს პირბადე და თავისი ნამდვილი სახე აშკარა გახადეს. მათი პირდაპირი მიზანია იარაღით გამარჯვება, სხვა საქმე, გზადაგზა, მათ არ ქვთ; ამიტომ მათი პარტიაც აღჭურვილია მილიტარული დისციპლინით, შეფებისათვის ენაშეუბრუნებელი მორჩილებით, ბრძანების განურჩევლათ ასრულებით. აზრი, შეხედულება მუშავდება მაღლა, მთავარ შტაბში, რაიცა სავალდებულოთ ხდება უბრალო ოფიცრების და ჯარისკაცებისათვის. მაღლიდან ბრძანება, ქვეიდან მორჩილება - აი ბოლშევიკური პარტიის მთელი შინაგანი წყობილება.
ერთი სიტყვით, რა მხრითაც უნდა გაშინჯოთ კომუნიზმი, ვერას გზით ვერც ერთ მის თვისებაში ვერ აღმოაჩენთ რაიმე ნათესაობას სოციალიზმთან, სოციალისტურ დოქტრინასთან და ტაქტიკასთან. მისი სახით ჩვენ წინ დგას მოპირდაპირე მტერი და მასთან ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ერთათ ერთი - ბრძოლა მედგარი, შეუპოვარი.
რანაირი ბრძოლით? გავიხსენოთ დემოკრატიულ-ბურჟუაზიის ბრძოლა დოქტრინალური ბურჟუაზიის (გიზოს) და ხმლის მართველობის (ნაპოლეონის) წინააღმდეგ. რევოლიუცია - რევოლიუციას მისდევდა ბურჟუაზიულ დემოკრატიის გამარჯვებამდე. უკანასკნელი ბრძოლაში არ შემდრკალა წარსულის აჩრდილის შიშით, ლეგიტიმისტების და როიალისტების საფრთხით. მათ წააგეს ერთი რევოლიუცია, ბურჟუაზიის მაგიერ ხმალი გაბატონდა (1851 წ.), მარა უკან არ დაიხიეს, ოცი წლის შემდეგ ისევ რევოლიუციას მიმართეს და გამარჯვება ირგუნეს. ბურჟუაზიულმა დემოკრატიამ დაიპყრო თავისი კლასი მასიური მოძრაობით, ხოლო მისი საბოლოო დამკვიდრება მოახდინა ბურუაზიული რეფორმებით. ე.ი. გამარჯვებულმა დემოკრატიამ დაიპყრო თავისი კლასი მასიური მოძრაობით, ხოლო მისი საბოლოო დამკვიდრება მოახდინა ბურჟუაზიული რეფორმებით. ე.ი. გამარჯვებულმა დემოკრატიამ დაარწმუნა თავისი კლასი რესპუბლიკის სარგებლობაში მისთვის სასარგებლო სახელმწიფო საქმიანობით. ცარიელი სიტყვა ვერაფერი საბუთია. ბურჟუათა ჯგუფის ბატონობა სარფიანი იყო მხოლოთ ამ ბატონებისათვის და არა მთელი მათი კლასისათვის, როგორც დღეს ბოლშევიკური ხელისუფლება სავსებით მხოლოდ ბოლშევიკების სასარგებლოთ მუშაობს და არა პროლეტარიატის. მთელი ბურჟუაზიის ძლევამოსილება აღორძინდა მხოლოდ ბურჟუაზიული დემოკრატიის ხანაში. აი ეს მეთოდი ბრძოლის და მუშაობის უნდა იქნას მიღებული სოციალისტების მიერ. საბჭოთა კავშირში სადაც კომუნისტური ჯგუფური მართველობა გაბატონებულია, პროლეტარიატის მისი ტყვეობისგან დახსნა შეიძლება ახალი რევოლიუციით, სოციალური დემოკრატიის ბოლშევიზმზე პოლიტიკურათ გამარჯვებით. ხოლო დასავლეთში სოც. პარტიას პროლეტარიატის დაპყრობა შეუძლია არა მარტო პროპაგანდა-აგიტაციით, არამედ უმთავრესათ რეფორმებით, სოციალური დემოკრატიის სარგებლობაში ხალხის დარწმუნება საქმით, ცხოვრების უღლის შემსუბუქებით.
ომის შემდეგ ჩამოვარდნილი ერთი მხრით ნივთიერი გაჭივრება, მეორე მხრით მოთხოვნილებათა გამრავლება ისე დიდია, რომ პროლეტარიატი, ხალხი ვერას გზით ვერ დაკმაყოფილდება მომავალი ბედნიერებით, ხვალინდელი დაპირებული დედლით. რასაკვირველია ეს დედალი მისი იდილიაა, მარა ამ იმედით დღეს კვერცხზე უარს არ იტყვის. აი ამით აიხსნება ის საოცარი მოვლენა, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ, ბურჟუაზიის კანდიდატების მუშათა რაიონში გათეთრება, ესენი რაღაცას მაინც აკეთებენო. მასის ეს სულისკვეთება ამჟამათ კარგათ შეგნებული აქვს ბურჟუაზიას და თავის ორგანოებში ის ეწევა დიდ კომპანიას რეფორმებისათვის - იაფი ბინების აშენება, სამოსახლო მიწების მუშებისათვის შეღავათიანათ მიცემა და სხ. ახლა ყველამ გაიგო, რომ მუშათა წინააღმდეგ ვერავითარი მართველობა ვერ დამაგრდება და ამიტომ მისი მომხრობა ყველა პარტიის დღის წესრიგში დგება. სოციალისტური პარტია, რომელიც კიდევ ამსტერდამის კონგრესის რეზოლიუციით ხელმძღვანელობს და ძველებურათ უცქერის ამ ჩვენს დროში კოალიციის საკითხს, პროლეტარიატის დაპყრობა გაუჭირდება. ხალხი ითხოვს კარგ სიტყვასთან ერთად კარგ საქმეს. სოციალიზმის პროპაგანდისტული ხანა გათავდა, დაიწყო მისი სახელმწიფო მოღვაწეობის ხანა.
ნ. ჟ.
ბრძოლა/ჟურნალი. პარიზი/. - 1928 წ. - №33/34
____________
1. იხ. გიზოს თხზულება „წარმომადგენლობითი მართველობა“.
![]() |
39 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი ქართველი ერის დღესასწაულია. მაგრამ მას კი მისი დღესასწაული არ შეუძლია. მისი ნება კლიტედადებულია, მისი ბაგე ძალით დადუმებულია.
26 მაისის დღესასწაული ამ ხანათ წილათ ხვდა თავისუფალ ქართველობას, ქართველობას დაპყრობილ სამშობლოდან გამოქცეულს, უცხოეთის ჭერქვეშ შეფარებულს.
ეს დღე აერთებს ორივე ქართველობას, მთელს მის ნაწილს, საზღვარში მყოფთ და საზღვარგარეთელთ: ამ დღეს ორივეს გულს ერთი მოგონება იტაცებს, ორივეს მაჯას ერთი ამბავი ამოძრავებს; აქ ერთდება მთელი ერი, ერთ მთლიან ნაციონალურ არსებათ გადაქცეული.
ქართველი ხალხი დიდხანს იყო დაყოფილი, დანაწილებული გეოგრაფიულათ, პოლიტიკურათ, კულტრულათ. იყო ხალხი, არ იყო ერთი ერი ჭირში და ლხინში განუყოფელი, მთელი და შემადგენელი ნაწილები ერთი აზრით და გრძნობით ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ასე ყოფილა ყოველგან, ყველა ხალხში.
ისტორიის გზაზე ჩნდება ახალი მოვლენანი, დგება ახალი ჟამთავითარება და ეს მიბნეულ-მობნეული ხალხი იღვიძებს, ერთიმეორეს ხელს აძლევს, ერთ ფერხულში ებმება და სიცოცხლის ველზე ერთათ დგება. ხალხის ასე გარდაქმნა შეგნებულ ერთულათ, საერთო გვარტომობის საფუძველზე საერთო სულიერი აგებულების აშენება, ერის პირივნებასავით შეკვრა ერთი აზრით, გრძნობით და მიდრეკილებით წარმოადგენს უდიდეს რევოლიუციას ხალხთა ცხოვრებაში და მას არ შეიძლება არ ქონდეს გარეგანი რევოლიუციური გამოხატულებაც.
ფრანგთა ერი თავის დაბადების დღეთ თვლის 14 ივლისს, ბასტილიის აღებას და მას ის ყოველ წელს დღესასწაულობს. აქ მან მოიპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შინაგანი ბატონებისაგან.
ქართველი ერისათვის ასეთი დღეა 26 მაისი; ამ დღეს მან მოიპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა უცხო ბატონებისაგან; აქ იშუა ის თანამედროვე ერათ.
26 მაისის ემბაზში იშვიათი ერთსულოვნებით ეზიარა ქართველი ერის ყველა ფართო ნაწილები, ყველა კლასები. აქ აღარ აღმოჩნდა ორი აზრი, ორი მიმდინარეობა. პირიქით, ყველა აზრი, ყველა მიმდინარეობანი ერთ კალაპოტში მოექცა, ერთათ აბობოქრდა, ერთ აღფრთოვანებათ გადაიქცა.
26 მაისს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა საჯაროთ, შეურყევლათ თავისი პოლიტიკური სრული წლოვანება. მისი სახელმწიფოებრივობა, თავის თავის ბატონობა და პატრონობა.
და ჩვენ ვდღესასწაულობთ ამ დიდებულ დღეს; ვდღესასწაულობთ ჩვენს დაბადებას, ჩვენს სახელმწიფო ერათ აღდგენას, ჩვენს პოლიტიკური კვდრეთით აღდგომას.
იყო ეს აღდგომა საფუძვლიანი, სამარადისო, დაუვიწყარი? უეჭველია, ამას მოწმობს ქართველი ერის მერმინდელი თავგადასავალი.
მომრევის მომრევი არ დაილევა. პატარა ერს დიდი ყოველთვის მოერევა. მაგრამ როგორ, ფიზიკურათ, სულიერათ? დამარცხებულია მხოლოდ სულიერათ დამარცხებული; ფიზიკური ჭრილობა გაივლის; უკურნებელია პსიხიური ჭრილობა, მორალური დაცემა, ცოცხალ ლეშათ გადაქცევა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მორალურათ არ მომკვდარა და არც მოკვდება. დროშა 26 მაისის, ჩირაღდანი თავისუფლების მის გულში ღრმად მარხია, ის მას თან ატარებს, აშკარათ თუ მალულათ მას ეტრფის და მის ირგვლივ ტრიალებს.
26 მაისი ჩვენი ხალხის თავის მომყრელი ზარია, მისი გულისთქმის საყვირია, მისი მიმრქმელი ტაძარია. ჩვენ ამ ტაძარში ვიკრიბებით ყოველ წელიწადს და ფიცსა ვდებთ 26 მაისის ერთგულობაზე.
როცა რომის სარდალმა დაინახა, რომ მრავალ მონათა შორის მხოლოდ ერთმა, ბენჰურმა, დაგმო ბორკილები და მის დადებას შეებრძოლა, ბრძანა - ახსენით მას ბორკილი, მასში თავისუფალი ადამიანის სული ბუდობსო.
და შორს აღარ არის ის დრო, როცა ქვეყნის უდიდესი სარდალი, ისტორია, ბრძანებს: საქართველოს ახსენით ბორკილები, მასში თავისუფალი ერის სული ტრიალებს.
ნოე ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი პარიზი/. - 1930. - №53.
![]() |
40 ნოე რამიშვილის დაკრძალვა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანია
ქართველი ერის სახელით ვეთხოვები ამ ძვირფას ცხედარს და მას ვატან სამარადისოთ ამ ერის მადლობას, მადლობას იმ ღვაწლისათვის, რაიცა მას მიუძღვის მის წინაშე და რომლის საკურთხეველზე მან თავის თავი დასდო.
დღეს ჩვენთან ერთათ გლოვობს მთელი ქართველი ხალხი, ჩვენთან ერთათ განიცდის ამ დაკარგვის ტკივილებს და აღშფოთებას იმ ვერაგთა წინააღმდეგ, რომლებმაც ეს საშინელი დანაშაული მოაწყო.
ქართველი ხალხი კარგათ იცნობდა ნოე რამიშვილს. ის მას მუდამ, ოცდაათი წლის განმავლობაში ხედავდა ბრძოლის მოწინავე პოზიციებზე თავდადებულს, შეუპოვარ და უშიშარ შემტევს. იყო ის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში თუ ერის სამსახურში - მას ყოველთვის და ყოველგან ეჭირა უმაგრესი პოზიცია; იდგა დროშით ხელში დასანახავ ადგილზე; მას ხედავდენ ყოველ-მხრით, მტერნიც და მოყვარენიც. მას კარგათ იცნობდა საქართველო; მას თვითონ უგემია ნაყოფი მისი გამჭრიახობის, მისი საქმიანობის, მისი მხნეობის და თავის დადების. ქვეყანას ის არ ავიწყდებოდა და ეს ათი წელია, მას ნატრულობდა - ჩამოვა და ძველებურათ გვიმეთაურებსო.
ნოე ახლა ვეღარ ჩავა, ვეღარ უმეთაურებს თავის საყვარელ ქვეყანას, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას მტრის დაცემაში და ერის აღდგომაში. მაგრამ ჩავა მისი სული, მისი გაბედულება, მისი მხნეობა, მისი მორალური სახეობა, მისი ფრთები, მაღლა, იდეალის მწვერვალისაკენ აღმაფრენი. ტყვია ვერ მოკლავს იდეიას; ნოე დაეცა, ერი თავის ალაგასაა, ბრძოლა გრძელდება. თვითეული მებრძოლი ამ ერთან არის გადაბმული, მასთან არის სულიერათ გაერთიანებული.
რა შემიძლია უთხრა ამ ძვირფას ნეშტს სანუგეშოთ? არაფერი, სრულიად არაფერი, გარდა ერთისა და ეს ერთი მას ყველაზე მეტათ გაახარებს. მას კარგათ ვიცნობ, მისი სული და გული ჩემთვის მუდამ ღია იყო და ეს ერთი ჩემი დაპირება მას ცივ სამარეშიაც კი გაახარებს: დროშა, რომელიც მას ხელიდან გააგდებიეს, ჩვენ მიერ აღებულია; გზა მის მიერ შეწყვეტილი, ჩვენ მიერ გაგრძელებულია.
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი პარიზი/. - 1930. - №60.
![]() |
41 ჩვენ სადარაჯოზე |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი სადარაჯო - ჩვენი 26 მაისია. სადარაჯო მუდმივი, საბრძოლველი შეუჩერებელი, ფარანი ჩაუქრობელი. ჩვენ და ჩვენთან ერთათ ყველა შეგნებული ქართველი, ვდგევართ ერთათ ამ სადარაჯოზე, ვდგევართ მტკიცეთ, შეურყევლათ, ხელი-ხელ ჩაკიდებული, ერთგული და ერთსულოვანი.
გადის დრო. მისდევს თვე თვეს, წელი წელს. ჩვენ მაინც ვდგევართ იქ, სადაც თავიდანვე დავდექით; სადაც დაგვაყენა ქართველი ერის ინტერესებმა და მისმა ნებისყოფამ; უდარაჯებთ 26 მაისს ისეთივე მხნეობით და იმედით ამ მეთერთმეტე წელიწადს. ეს სადარაჯო გარდაუვალია, წმიდათა-წმიდაა, ჩვენი ტაძარია, რომლის საკურთხეველში მუდამ იკმევა ერის საცეცხური და იდიდება ხატი თავისუფლების.
26 მაისი - ეს სამიდღემჩიო მიჯნაა, გავლებული კეთილს და ბოროტს შორის. მისი მოწინააღმდეგენი ბოროტების მოციქულნია, მისი ერთგულნი კეთილის მთესველია, სამშობლოს და ერის მოამაგენია. ეს აშკარა, უდაო დროშაა, აღმართული ქართველი ხალხის გულში.
მეთერთმეტე წელია მტერი ებრძვის გააფთრებით, ყოველნაირი საშუალებით ამ დროშას, ამ მიჯნას, მის სამუდამოთ აღმოსაფხვრელათ, კეთილის საბოლაოთ დასაძლევათ.
და ჩვენ აქ, უცხოეთში, სადარაჯოზე მდგომი გავყურებთ სამშობლოში წარმოებულ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო შებმას და რას ვხედავთ? ვხედავთ მტერს, ყოველივე გავლენას მოკლებულს, ნიადაგ დაკარგულს, ხალხისაგან სავსებით განმარტოვებულს და მით უფრო და უფრო გაბოროტებულს. რაც უფრო ის მიექანება სიკვდილისაკენ, მით უფრო კარგავს სულის სიმშვიდეს, სინამდვილის გაგებას, ხედავს მათი საქმის განწირულებას და მიმართავს ახალ-ახალ საზიზღარ საშუალებათ წყალზე ფეხით გასაჩერებლათ. დაჭერამ, დახვრეტამ, გადასახლებამ ვერ გასჭრა, მებრძოლი ერი ვერ დაიმორჩილა. ახლა აამუშავა ცილისწამება, შეთხზა ყალბი ბრალდებები, გადმოანთხია აშკარა სიცრუე და გესლი და ლამის ამ წუმპეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ქვეყნისათვის გზა-კვალის აბნევას. ტყუილი იმედია, წყალწაღებულის ხელმოსაჭიდი ხავსია; ეს მოწმობს მხოლოდ ჩვენს სიმაგრეს და მათ დაუძლურებას, ჩვენს სწორ გზაზე ყოფნას და მათ დაბნეულობას, ჩვენ მიერ მარჯვეთ ცემას და მათ მიერ გლახათ მოგერიებას. მოღალატეობა, გამცემლობა, პოლიტიკური ზნედაცემულობა მათი უკურნებელი სენია, მათი წაუშლელი დაღია; ისტორიამ მათ შუბლზე მოღალატის სახელი გამოკვეთა და ის დარჩება სამარადისოთ. გაღმა გადავებით გამოღმა ვერ შერჩებათ, კეთილს ვერ დასძლევს ბოროტება!
გვესმის, გვესმის კარგათ მტრის აცერცეტება. დიდი ხანია ის ცდილობს თავისუფალ უცხოეთშიაც ჩააქროს საქართველოს ლამპარი; ცდილობს, მაგრამ ვერ შესძლო, ვერ დაანგრია ჩვენი სადარაჯო, ვერ დაქსაქსა თავდადებული მოდარაჯენი. ახლა, მისი აღსასრულის მიწურულში, შესძლებს კი? რასაც ტყვია ვერ ერევა, სიცრუე მოერევა? როცა მტერი ამ ოცნებას ეძლევა - ის დამარცხებულია, იმას დიდი დღე აღარ უწერია.
ჩვენ ვდგევართ ჩვენს სადარაჯოზე და ვიდგებით იქ, სანამ სადარაჯო იარსებებს, სანამ 26 მაისი არ გაიმარჯვებს და ერი მონობისაგან არ განთავისუფლდება. დეე, შეძრწუნდენ ძალადობის და სიცრუის მოციქულნი ამ გამარჯვების მოლოდინით. ისინი კარგავენ ყველაფერს, ხალხი კი კარგავს მხოლოდ თავის ბორკილებს და იძენს თავისუფლებას, თავის თავის ბატონობას და პატრონობას.
26 მაისი მათი საფლავია, ჩვენი აღდგომაა. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ, ჩვენ ამას ვდარაჯობთ.
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი პარიზი/. - 1931. - №65.
![]() |
42 იდეის კაცი |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა საზოგადო მოღვაწე იდეის კაცია, რაიმე იდეალს ემსახურება და მისი განხორციელებისათვის მუშაობს, ნოე რამიშვილი ამათ რიცხვშია, ისიც შემკულია პოლიტიკურ მოღვაწეთა ამ საერთო თვისებებით. მაგრამ ამავე დროს ნოე რამიშვილი შეიცავს ყველა ამ მოღვაწეთა შორის ერთ იშვიათ გამონაკლისს, უჭირავს განსაკუთრებითი ადგილი და მით ის შორდება იდეისათვის მებრძოლთა ჩვეულებრივ ტიპს.
ჩვეულებრივ მოღვაწისათვის იდეია არის მისი ცხოვრების ერთი ნაწილი, მისი ფიქრის, აზრის და მოქმედების ერთი მხარე, დანარჩენ ნაწილს კი შეადგენს მისი სხვა მოთხოვნილებანი, პირადი სიამოვნება, დროს ტარება, საოჯახო და სამოყვრო ზრუნვა - ერთი სიტყვით მრავალი სხვადასხვა სახის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
ნოე რამიშვილისათვის იდეა იყო არა მისი ცხოვრების ერთი ნაწილი, არამედ მისი მთელი ცხოვრება, მთელი მისი არსება, მთელი მისი ფიქრი, აზრი და მოქმედება. მისთვის არ არსებობდა არავითარი სხვა გასართობი, სხვა საზრუნავი, სხვა სალაპარაკო და სამუშაო გარდა მისი იდეალისა, გარდა იმ საქმისა, რასაც ასე თავდადებულათ ემსახურებოდა. ის იყო იდეის კაცი მთლიანათ, სავსებით, თავიდან ფეხებამდე, ფეხებიდან თავამდე. ბუნებას ის ერთი მოხერხებული დაკვრით ერთეულათ გამოუკვეთია. ყველა მისი ნაწილებით ერთი- მეორესთან შეხამებული, ყველა მისი ჰანგი ხმაშეწყობილათ აჟღერებული, არც ერთი ყალბი ხმა, არც ერთი ჩაკერებული ნაჭერი. მისი სული, გული და სხეული იყო შედუღებული, ამოსხმული, ერთ ცოცხალ ლითონათ ქცეული.
ამ ტიპის მუშაკი ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში არ შემხვედრია; ყოველ შემთხვევაში ქართველთა შორის ის იყო ერთათ-ერთი, ყველასაგან გამორჩეული, ცალკე მდგომი. მას ბევრი არ ეთანხმებოდა, ბევრს აჯავრებდა, მაგრამ ყველა მას პატივს სცემდა. ყველა მასზე იმედს ამყარებდა და როცა დიდი საქმე იყო გასაკეთებელი, მისი მოწინააღმდეგენიც კი მისკენ იხედებოდა და მას უძახოდა. ვერავითარ გარემოებაში, რთულში თუ მარტივში, ნოე რამიშვილს გვერდს ვერ აუხვევდით, მისკენ უეჭველათ მიიხედავდით. მისი სახელი უეჭველათ თავში გაგიელვებდათ და მასზე დაფიქრდებოდით. მას ვიცნობდი 1903 წლიდან, როცა 22 წლის ახალგაზრდა ბათუმის ს. დ. ორგანიზაციის დელეგატათ გამოცხადდა ამიერკავკასიის პირველ საოლქო ყრილობაზე, მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება და მას შემდეგ მასთან კავშირი არ შემიწყვეტია. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, მას რაიმე დავალება მიეღო და ის მას არ შეესრულებიოს, ქვას გახეთქდა და გააკეთებდა; მან არ იცოდა უკან დადგომა, დავალების მიუღებლობა. არასოდეს არ იყო საპატიჟო, სახვეწარი, მუდამ დაუზარებელი ამსრულებელი, შეუპოვრათ წინ მიიწევდა.
იდეის მიერ ასე სავსებით შეპყრობილი ადამიანი ჩვეულებრივად არის სექტანტი, ვიწრო ჯგუფის მეთაური და არა დიდი პოლიტიკური პარტიის და ერის ხელმძღვანელი. ნოეს ნიშნობლივი თვისებაც სწორეთ იმაშია, რომ ის თავის თავში აერთებდა იდეით გატაცებას და ფართო მსოფლმხედველობას, მიზნის ერთგულებას და საშუალებებში მიხვევ-მოხვევას, პრინციპიალურ სიმტკიცეს და ურთიერთშორის დათმობას. ნოესში სექტანტური სრულიად არაფერი იყო. სექტანტი, არის ის პოლიტიკური თუ რელიგიური, ხედავს მხოლოდ თავის იდეიას. სრულიად არ ხედავს რეალობას, ცხოვრების სინამდვილეს, ძალთა განწყობილებას. ამიტომ მისი იდეია მისი ერთხელ და სამუდამოთ გაზეპირებული „მამაო ჩვენო“-ა, რომლის სათვალეთი გაყურებს ქვეყნიერებას და როცა ეს მისი „მამაო ჩვენო“ ამ ქვეყნიერებას არ უდგება, წყრება არა მამაო ჩვენოზე, არამედ ქვეყნიერებაზე და განზე დგება. ნოე რამიშვილისათვის პირველ ყოვლისა არსებობდა რეალობა, ცხოვრების სინამდვილე და მას მუდამ უფარდებდა თავის იდეიას, თავის პოლიტიკურ დროშას. ის არასოდეს არ ფიქრობდა სექტანტივით, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია მისი საკუთრებაა, ხოლო ყველა დანარჩენნი ბრიყვებია. პირიქით მისთვის ჭეშმარიტება კოლექტიური საკუთრება, მრავალ პირთა და ორგანიზაციათა შემოქმედებაა. ამოტომ ის იყო უაღრესათ კოლეგიალური კაცი, ორგანიზაციის მიმყოლი, საერთო დადგენილების გამტარებელი. მე არ ვიცი არც ერთი მაგალითი, რომელიმე კრებულს, რომლის წევრი თვითონ იყო, ერთი გადაეწყვიტოს და მას მეორე გაეტარებიოს. ასეთი უდისციპლინობა მის პარტიულ ბუნებას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. მან განვლო დიდი პარტიული შკოლა, მიიღო დიდი პოლიტიკური აღზრდა.
ჩვენ პარტიაში მუდამ იყო ორგვარი მუშაკნი. ერთნი შეადგენენ პარტიის ხერხემალს, მის ცენტრს, მის შუაგულს, სადაც გროვდებოდა საუკეთესო ორგანიზატორები და პრაქტიკოსები, რომელთა ზურგზე გადადიოდა მთელი მუშაობა; პარტიის ნამდვილი პატრონები, მისთვის სისხლის და ოფლის მღვრელნი, მისთვის ციხეში და ციმბირში მიმავალნი, აი აქ ამ ცენტრში იყრიდენ თავს. მეორენი იყვენ პარტიის პერიფერიებზე, ცენტრიდან გაშორებით, სხვადასხვა მათთვის შესაფერ დავალებათა ამსრულებელნი. არასოდეს არ ყოფილა მაგალითი, პერიფერიას ცენტრის ადგილის დაჭერა მოესურვებიოს, ასეთი პრეტენზია საქართველოს სინამდვილეში არასოდეს არ გამომჟღავნებულა. ნოე რამიშვილი მუდამ თავიდანვე საჭეთ ხელში იდგა სწორეთ ცენტრში და აბობოქრებულ პოლიტიკურ ტალღებში მარჯვეთ ეხმარებოდა სხვა მისებურ მესაჭეთ პარტიული გემის სამშვიდობოზე გაყვანას. ის ამ გემს ხშირათ მეთაურობდა, კაპიტანის როლს ასრულებდა. ის მუდამ იყო პარტიის მიერ საგანგებო ნდობით აღჭურვილი, როგორც იქ, საქართველოში, ისე აქ, ემიგრაციაში. პარტია მას არ ივიწყებდა, მას მუდამ დავალებებს აძლევდა. ჩვენ მიერ მიღებულ პარტიის ც. კ. წერილში (ათი ნოემბრით დათარიღებული) მას ასე ესალმებიან: „სალამი გმირს ნ. რამიშვილსო“. ასე ჩაექსოვა ის ჩვენს პარტიას, ჩაჯდა მის სულში და გულში, გადაესკვნა მას ჭირში და ლხინში. მას აფასებდა საქართველო, აფასებდა ჩვენი პარტიის არწივები, პარტიის გმირები, ყოველ-დღე, ყოველ წუთში განსაცდელის მომლოდინნი, წამების, ხვრეტის და გადასახლების უშიშარი რაინდები. ეს საკმარისი ჯილდოა ნოესათვის. ის არასოდეს არ იყო სულით ემიგრანტი, საქართველოს რეალობას დაშორებული; მას და პარტიას შორის არასოდეს არ გაწყვეტილა შემაერთებელი ძაფები, არ შემცირებულა ერთი-მეორის გაგება, არ შესუსტებულა საერთო ენა და საერთო აზროვნება. მას მოხვდა ემიგრანტის ტყვია, მას არასოდეს არ მოხვედრია ემიგრანტის დაგლახება, ფუქსავატი ამაყობა, უსაქმო ყბედობა. ის დარჩა იმავე თვისებებით, იმავე ღირსება-ნაკლულევანებით აქ, ემიგრაციაში, როგორიც იყო სამშობლოში, სრულიად უცვლელი, წაუფორხილებელი.
ნოე რამიშვილის ნაკლულევანება იყო სრულიად ზერელე, გარეგანი ფორმის. ვინ არის უნაკლო, ვის შეუძლია ამ თვისებისაგან თავი გაინთავისუფლოს? კაცი ფასდება მთლიანათ, ღირსება-ნაკლულევანებით და თუ ღირსება სჭარბობს ნაკლს - ის პირველ რიგში დგება. მებრძოლ პარტიას რათ ეჭირვება უნაკლულო მოსეირნე, უსაქმო მორალისტი, უხერხემლო წმინდანი, სხვის ნაკლულევანებაზე მაღლა მყვირალი? მას ეჭირვება მებრძოლი, ერთგული, თავდადებული, მამაცი სალდათი, გონიერი წინამძღოლი. ნოეს ეს არც ერთი დადებითი თვისება არ აკლდა. ამიტომ უყვარდა ის პარტიას საქართველოში, ამიტომ ენდობოდა მას და ყველა საპასუხისმგებლო პოსტზე აყენებდა. ის არ იყო თავისთავში შეყვარებული, არ ითხოვდა უეჭველ პატივისცემას, ქებათა-ქებას, გუნდრუკის კმევას. ასეთი მოღვაწე მას დიდათ ეჯავრებოდა. ასეთ პიროვნებაზე არავითარ იმედს არ ამყარებდა. ის წინა რიგებში დგებოდა არა თვითონ, არამედ მას ძალათ გამოათრევდენ სხვები და მოვალეობით აღჭურავდენ. თავის მოქმედებაში, თავის მოსაზრებაში არასოდეს არ გამოდიოდა რაიმე მისი იდეის გარეშე მდგომი მოტივებისაგან. მის წინაშე არ სჭრიდა არც მოყვრობა, არც ნათესაობა, არც მეგობრობა, არავითარი კავშირი და ინტერესი - აი ერთათ-ერთი მისი მამოძრავებელი, მისი მასულდგმულებელი, მისი ერთათ-ერთი საზომი და სასწორი.
ნოე რამიშვილი იდეის კაცია ამ სიტყვის სრული, უმაღლესი მნიშვნელობით. ის მუდამ დარჩება საზოგადო მოღვაწეობის უძლიერეს ტიპათ, მისაბაძ მაგალითათ, წარმტაც იდეალათ. მისი სხივი დიდხანს ინათებს ჩვენს პარტიაში, ჩვენს საზოგადოებაში; მისი სული დიდხანს შთაბერავს სასოწარკვეთილთ იმედს, მოღალულს ენერგიას, დაძაბუნებულს სასოებას. ის არ არის ჩვენ შორის. ის მუდამ იქნება ჩვენთან, მებრძოლ, მოსაქმე იდეის ხალხთან. ის მოწყდა სიცოცხლის ჰორიზონტს, მაგრამ ის ჩვენთვის არ მომკვდარა, ის რჩება უკვდავათ, სამარადისოთ.
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1931 წ. - №11
![]() |
43 ქართველ ერს |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველთვიური ორგანო საქ. სოც. დემ. მუშ. პარტ.
საზღვარგარეთელ ბიუროსი
საქართველოს ეროვნული მთავრობის თავჯდომარემ
მიმართა ქართველ ერს შემდეგი მოწოდებით:
სრულდება ათი წელი ქართველი ერის ტყვეობის, საქართველოს დაპყრობის და დამონების; წელნი მეტათ მწარე, მეტათ სისხლიანი, ტანჯვით და ცრემლით სავსენი. ქართველ ერს უნახავს უცხო ურდოთა შემოსევა, განუცდია უცხო ძალთა რბევა და ძალმომრეობა.
მაგრამ მას არასოდეს არ უნახავს, არასოდეს არ განუცდია ის ტანჯვა-ვაება, ის სასტიკი უბედობა, რაიცა მას თავს დაატყდა ამ უკანასკნელ ათ წელიწადს. წინეთ დამპყრობელთა ნიაღვარი გადაივლიდა, ქვეყანა ისევ გამოიღვიძებდა, მისი მზე ამოანათებდა და თავისუფლების ყვავილები გაიშლებოდა.
დღეს დამპყრობელთა ნიაღვარი მუდმივათ დაგუბდა ჩვენს ქვეყანაში, ის ყოველ ცისმარა დღეს ანადგურებს ერის სიმდიდრეს, მის ნივთიერ და სულიერ საუნჯეს; ის ყოველ დღე, ყოველ საათში ცელავს საუკეთესო შვილებს, ერს კვეთს საუკეთესო თავებს, აძევებს სამშობლოდან ხალხის მესვეურებს.
მტერი დაბანაკდა ჩვენს საკუთარ მიწა-წყალზე და შეიარაღებული ეწევა მუდმივ, შეუჩერებელ ომს უიარაღო მცხოვრებთა წინააღმდეგ.
ათი წელია სწარმოებს ეს ბრძოლა საქართველოს მოსასპობათ, ქართველობის დასამორჩილებლად, ქართველი ერის მუხლზე დაცემულ საწყალთა ბრბოთ გადასაქცევათ.
მოსკოვის ტირანები ათი წელია ძღებიან ქართველი ერის სისხლით და ვერ გაძღენ. იტაცებენ მის სარჩო-საბადებელს და ვერ გაათავეს, ავსებენ თავდადებული მოღვაწეებით ციხეებს, სარდაფებს, ბნელ საკანებს, შორეულ გადაკარგულ კუთხეებს და ვერ გაავსეს.
დიდია ქართველი ხალხის ეს მძიმე ტანჯვა, განუზომელია ეს ამოდენა მისი წვალება, მწარეა ეს ხანგრძლივი მისი დევნა.
მაგრამ დიდი აღმოჩნდა ქართველი ერის გამძლეობა, არ შეირყა მისი სულიერი სიმტკიცე და რაინდული მხნეობა, მას მოსტაცეს თავისუფლება, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს, მას წაართვეს თავისთავის ბატონობა, მაგრამ ვერ დაიმონეს.
ქართველი ერი ამ მეათე წელსაც ისე მაგრათ დგას თავის უფლების, თავის სამშობლოს სადარაჯოზე, როგორათაც ის იდგა თავიდანვე, შემოსევის პირველ წელიწადს. დროთა ბრუნვამ ის ვერ მოსტეხა, გზა-კვალი ვერ აუბნია, მტერი მოყვარეთ და მოყვარე მტრათ ვერ მოაჩვენა, ის დგას თვალახილული, გონება ნათელი, მტერთან მტრულად განწყობილი. დევნა მას აკაჟებს, თავსდასხმა ავაჟკაცებს.
მტრის ბანაკი გარიყულია, ის უკმაყოფილო ერით შემოქალტულია; მათ შორის ყველა შემაერთებელი ძაფები დაწყვეტილია და მხოლოდ მტრობა მათი მოციქულია.
განა ეჭვია ვინ გაიმარჯვებს! ისტორიის ჩარხს უკუღმა ვინ დააბრუნებს? მოსკოველთა საქმე წაგებულია, ისინი ისტორიის მიერ განწირულია.
დროს რა მნიშვნელობა აქვს, იქნება ადრე თუ გვიან - ეს დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე. მთავარია ის, რომ მტრის დამარცხება უეჭველია. მისი დასასრული გარდაუვალია. რა არის ათი წელი ხალხთა ცხოვრებაში ის ერთი წამია, ერთი შეფრქვევაა. ქართველი ერი სწორეთ ასე შორს იხედებოდა და ამოტომ ქედი არ მოიხარა გამარჯვებულთა წინაშე. ის დარწმუნებულია მტრის დაცემაში, მის დარღვევაშ, მისი ბოროტების აღმოფხვრაშ და ეს რწმენა მას ამხნევებს, ასალკლდევებს ეს ათი წელიწადია.
და გამართლდა მისი ეს შორსმჭვრეტელობა, ახლა აშკარა გახდა ბრმათათვისაც ეს მისი რწმენა.
გავიდა ათი წელი და რას ვხედავთ? ვხედავთ მტერს დასნეულებულს, უკურნებელი იარებით დაავადებულს, გახრწნილს, თავის შინაგან წინააღმდეგობათა ბადეში გახლართულს და სასიკვდილოთ გამზადებულს.
ვხედავთ მის მოსაფლავეთ, დევნილ და წამებულ ხალხებს, გამხნევებულთ, იმედით აღსავსეთ, უკანასკნელი ბრძოლისათვის გამზადებულთ. ჩვენ მარტონი აღარა ვართ, ჩვენ გვემატება ახალი მოკავშირენი; ისინი კი პირიქით, მარტოვდებიან, კარგავენ ძალას, შორდებიან მთელ ქვეყანას და უფსკრულისაკენ მიექანებიან.
მოსკოველთა დღე დათვლილია, მათი მზე ჩადის, ჩვენი მზე ამოდის, განთიადი მოახლოვებულია.
საქართველოს კანონიერი მთავრობა, უცხოეთში გადმოხვეწილი და აქ ერის დაკარგული უფლებისათვის მებრძოლი, ამ ათი წლის თავზე შორიდან უძღვნის სალამს მთელ ქართველობას და მას უთვლის: ჩვენ აქ ძველებურათ მაგრათ ვდგევართ ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენი გული სცემს თქვენ გულებთან ერთათ, თქვენი სული გვაძლევს აღფრთოვანებას. მომავალ დიად გარდატეხას შევხვდეთ მთლიანათ, საერთო ნებისყოფით, საერთო სულისკვეთებით და სხვა ჩვენებრ დატანჯულ ხალხებთან ერთად აღვმართოთ ჩვენი დროშა. დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის. კავკასიის ხალხთა კონფედერატიული კავშირის დაარსების და სხვა საბჭოთა უღლისაგან განთავისუფლებულ ხალხებთან ძმური დამოკიდებულების და კეთილი მეზობლობის დამყარების.
მოწინავე კაცობრიობა თქვენ თავდადებულ ბრძოლას შეყურებს!
საქართველოს ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1931 წ. №12
![]() |
44 ეკონომიური კრიზისი და პოლიტიკა1 |
▲ზევით დაბრუნება |
14 სექტემბრის საყოველთაო არჩევნები გერმანიაში უეჭველია ჩაითვლება დღევანდელი დროის უდიდეს პოლიტიკურ მოვლენათ. აქ ნათლად გამოიხატა გერმანელ ფართე მასის ანტიდემოკრატიული სულისკვეთება, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ხალხის სუვერენიტეტის გარეშე მოძებნა. თუ წინეთ ასეთ მოვლენას ჩვენ ვხედავთ უკან ჩამორჩენილ ქვეყნებში. ეკონომიურად და პოლიტიკურად უფრო სუსტ ერებში, დღეს ეს ტალღა ედება დიდათ განვითარებულ და კულტურულ გერმანიას და მით ის ხთება საყოველთაო, საევროპიო გარემოებათ.
შასადამე გერმანიის უკანასკნელი პოლიტიკური ორიენტაცია წარმოადგენს არა სპეციფიურ გერმანულ ამბავს, არა ადგილობრივი პირობებით გამოწვეულ გულის წყრომას, არამედ დღევანდელი დროის საერთო, დამახასიათებელ პოლიტიკურ მიმდინარეობას. ეს არის ნიშანი ხალხის გულში წარმოებული ცვლილებებისა, რომელთა მთელი რიგი რგოლებისა თავს იჩენს სხვადასხვა ქვეყანაში. სხვადასხვა სახით და ფორმით. ამ საყოველთაო მოვლენის ძირითადი მიზეზი ასეთივე საყოველთაო ხასიათისაა. ეს მიზეზია მსოფლიოს ეკონომიური კრიზისი, რაიცა სხვადასხვა წონით და სიმძიმით აწვება სხვადასხვა ერთ და მათში იწვევს ახალ ახალ იდეურ დაჯგუფებას.
აქ საყურადღებოა ერთი გარემოება. მაშინ როდესაც წინეთ, თვითეული ეკონომიური კრიზისი აძლიერებდა დემოკრატიულ მოძრაობას, სცემდა პრესტიჟს ძალმომრეობის მოციქულებისას, დღეს კი, პირიქით, იგივე კრიზისი იწვევს დიამეტრალურად წინააღმდეგ შედეგებს - ასუსტებს დემოკრატიას, აძლიერებს ძალმომრეობის მიმდინარეობას.
წინეთ გამოღვიძებული ხალხი ეძებდა თავის ხსნას მცირე რიცხვის ბატონობის მოსპობაში და უმრავლესობის სუვერენობის დაწესებაში. დღეს ეს გზა სავსებით შებრუნებულია, ძირს ხალხის სუვერენიტეტი, გაუმარჯოს მცირე რიცხვის სუვერენიტეტს - აი ამ შემობრუნების ამოძახილი.
რატომ, რა მოხდა?
მოხდა ერთი დიდი გარემოება; დღევანდელი კაპიტალისტური ეკონომიკა აღარ გავს წინანდელ კაპიტალისტურ ეკონომიკას და მაშასადამე თანამედროვე ეკონომიური კრიზისი სავსებით განსხვავდება ომის წინა დროის კრიზისებისაგან.
ძველი კაპიტალიზმი სავსებით ემყარებოდა თავისუფალ კონკურენციას. მისი საშვალებით ვითარდებოდა და ძლიერდებოდა საწარმოვო ძალები. მარქსის სიტყვით რომ ვთქვათ „ბურჟუაზიული საზოგადოება აეგო კონკურენციაზე“. ამ ეკონომიურ საფუძველზე დაეყრდნო შესაფერი პოლიტიკური და იდეიური ურთიერთობა, რაიცა გამოიხატება ერთ ცნობილ სიტყვაში - ლიბერალიზმი ანუ Laissez-faire, Laissez-passer. ასეთ საწარმოვო პირობებში ეკონომიური კრიზისი არის შედეგი ამ საყოველთაო ბრმა ქიშპობის.
სულ სხვაა დღეს. მსოფლიო ომის მიერ განადგურებული სიმდიდრე. კაცობრიობის დამშევა საქონლის ნაკლებობით და საწარმოვო ძალების დანგრევით, საჭირო ხდის ახალ ღონისძიებათა გამონახვას ამ უფსკრულის ამოსავსებათ და საზოგადოების ნორმალურ ნივთიერ კალაპოტში ჩასაყენებლათ. იწყება საწაროვო საშუალებათა გადაჯგუფება ორ მთავარ ხაზზე - ფინანსიურ და ტექნიკურზე. ფინანსიურ სფეროში ხდება კაპიტალის კონცენტრაცია, დგება უზარმაზარი ტრესტები თვითეული დარგის და ეწყობა მათი ურთიერთშორის გადაბმა და ერთ დიდ ფინანსიურ ცენტრში თავის მოყრა. ჯერ კიდევ 1927 წ. გერმანიის მთელი სააქციონერო კაპიტალის 60 პროც. ე.ი. 18 მილიარდიდან 11 მილიარდი უკვე გაერთიანებული იყო. ამ ჟამათ ამ ცენტრის გარეშე მთელი კაპიტალის უმნიშვნელო ნაწილია დარჩენილი. ამერიკის მხოლოდ ორი ფირმა, როკფელერი და მორგანი, განაგებენ მთელი კაპიტალის 36 პროც. კაპიტალიზმის ძირითადი კანონი - კაპიტალიზმის კონცენტრაციაა, გამოწვეული კონკურენციის მიერ, სუსტის მძლავრით დამარცხებით, დაწყებული ომის დიდი ხნის წინ. კაპიტალისტთა ახალი დარზმვით ღებულობს თანამედროვე ხანაში საერთო, საკაცობრიო ხასიათს და თავდება ნაციონალური და ინტერნაციონალური ეკონომიური მონოპოლიების დაარსებით. როგორც პროლეტარიატმა დაიწყო ბრძოლა არსებობისათვის ერთმანეთთან კონკურენციით შრომის ბაზარზე და გაათავა ამ ქიშპობის მოსპობით და სოლიდარობის დაწესებით, ისე კაპიტალისტებმა დაიწყეს ურთიერთშორის კონკურენციით და დღეს მას ათავებენ ეკონომიური სოლიდარობით და ერთი ეკონომიური ფრონტის შექმნით. ის 20 მილიონერი, რომელსაც დღეს როკფელერი აერთებს, ძველებურათ კონკურენციაზე მიშვებული. ნახევარი უეჭველია დაიღუპებოდა, მაშინ როდესაც შეერთებულნი მდიდრდებიან და ძლიერდებიან. ამ უზარმაზარ ფინანსიურ მობილიზაციას ემატება ტექნიკური მობილიზაცია - რაციონალიზაცია, მექანიზაცია და სხ. შედეგია საწარმოვო ძალების საზღაპრო გაზრდა. 1914 წელს მთელ ქვეყანაზე ითვლებოდა 129 237 000 ქსოვის ტარი, დღეს კი ითვლება 163 365 000 ე.ი. მათი რიცხვი გაიზარდა 26 პროც. კაპიტალიზმი გადადის გაპლანულ წარმოებაზე, გაზომილ და გამოანგარიშებულ საქმიანობაზე. იბადება ფასების ახალი პოლიტიკა. წინეთ ფასები წესდებოდა ასე ვთქვათ თავისთავად, ბაზარზე კონკურენციის საშუალებით. იაფი საქონელი ამარცხებდა ძვირს და თავის ფასს აწესებდა ბაზრის ფასათ. დღეს კი ფასები დგება არა საქვეყნოთ, ბაზარზე, არამედ სამრეწველო დაწესებულებათა კაბინეტებში, თანახმად დირექციის ანგარიშებისა და პატრონთა მადისა. ტრესტი თვითონ უკარნახებს ბაზარს თავის ფასებს. მომხმარებელი იძულებულია ან მას დაეთანხმოს ან სავსებით უარი სთქვას საქონელზე, სხვა გამოსავალი მას არ აქვს. შეკავშირებულ მონოპოლიურ წარმოების პირისპირ დგას შეუკავშირებელი მომხმარებელი. მომხმარებელთა შეკავშირება, პლანით წარმოების პლანით განაწილება კაპიტალისტურ ნიადაგზე სრულიად შეუძლებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი პირველი მსხვერპლი იქნებოდა თვით ტრესტი და კაპიტალისტური მონოპოლიები. აქ წარმოების მოკარნახე, საქონლის რაოდენობის და თვისების გამკარგულებელი იქნება არა მრეწველი, არამედ მომხმარებელი. მუშტარი და მით მთელი ბურჟუაზიული საწარმოვო სისტემა დაინგრეოდა. მიუხედავათ მომხმარებელთა ამ შეუკავშირებლობისა და განმარტოვებისა, ის მაინც იბრძვის, თავს იცავს სტიქიურად, მოულოდნელი და განუზომელი საშუალებებით. აი ამ ბრძოლის შედეგია დღევანდელი საერთო ეკონომიური კრიზისი. საწარმოვო ძალები აჯანყდნენ საწარმოვო ფორმის წინააღმდეგ. პლანით წარმოების და უთავბოლოთ განაწილების შორის დაირღვა კონტაქტი, ნორმალური დამოკიდებულება და აქედან მივიღეთ ერთი მხრით მრეწველობის დაძაბუნება, მეორე მხრით მომხმარებელთა სიღატაკე.
ეს ეკონომიური კრიზისი სხვადასხვა ქვეყანაში იხატება სხვადასხვა ნაირად. ევროპაში მისგან რამდენიმეთ თავისუფალია მხოლოდ ორი ქვეყანა: საფრანგეთი და ირლანდია. მისი მთავარი ნიშანია უმუშევრობა სამრეწველო ერებში, ფასების დაცემა სამეურნეო ნაწარმოებზე აგრარულ ქვეყნებში. გერმანიის ეკონომიური საბჭოს ანგარიშით უმუშევართა საერთო რიცხვი ავიდა 5 მილიონიდან 11 მილიონამდე: გერმანიაში 2,8 მილიონი, ინგლისში 2,1 და სხ. იმავე დაწესებულების ვარაუდით წლის გასულს გერმანიაში უმუშევართა რიცხვი ავა 3 მილიონ ნახევრამდე.2 მიუხედავათ ასეთი კატასტროფიული მდგომარეობისა მონოპოლიათა ფასები არ განიცდის კატასტროფას. იმავე საბჭოს გამოთვლით თავისუფალი ფასები, ე.ი. ფასები კონკურენციის საშუალებით დაწესებული დაეცა 30 პროც., ხოლო მაგარი ფასები ე.ი. ტრესტების მიერ დაწესებული, შემცირდა მხოლოდ 2 პროც. თავისუფალი ვაჭრობა ცდილობს ბაზარს შეეწყოს, ხოლო მონოპოლიური კი იბრძვის ბაზრის დასამორჩილებლად, მთელი საზოგადოების თავის საწველ ფურად გადასაქცევად.
ამ ნაირათ კრიზისის ერთი მიზეზია მონოპოლიური მრეწველობის გაბატონება მომხმარებელზე, ტრესტების თარეში მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ არის მეორე მიზეზიც, რაიცა ამწვავებს ამ კრიზისს სამრეწველო ქვეყნებში. ეს არის დასავლეთის სამრეწველო მონოპოლიის დარღვევა და აგრარული ქვეყნების თანდათანი ემანსიპაცია მისი სამრეწველო გეგემონიისაგან.
როგორც ზემოთ ვთქვით, ქსოვის ტართა რიცხვი გაიზარდა საერთოდ 26 პროცენტით. მაგრამ თუ შევადარებთ ევროპას აზიასთან ამ სფეროში მივიღებთ შემდეგ ზრდას : ევროპაში ის უდრის 13 პროც. იაპონიაში 125 პროც. ინდოეთში 65 პროც.; ასეთივე ტემპით იზრდება ის ბრაზილიაში და შორეულ აღმოსავლეთში. შედეგია აზიაში სამრეწველო საქონლის გატანის შემცირება.
ლანკაშირის ბამბეულის გატანის შემცირებამ ინგლისის ინდოეთში გამოიწვია უმუშევრობის გაზრდა 12 პროც-დან 1924 წ. 24 პროცენტამდე 1930 წ. გერმანიას, რომელიც წინეთ იაპონიის ბაზარზე თითქმის ბატონობდა, ახლა თვით იაპონია აძევებს არა მარტო თავის ქვეყნიდან, არამედ მოცილეობას უწევს ჩინეთში და ინდოეთში.
აგრარული ქვეყნების ინდუსტრიალიზაცია იწვევს ევროპის მეტად საშიშარ სავაჭრო დეფიციტს. ამ ჟამად ეს დეფიციტი უდრის წლიურად 150 მილიარდ ფრანკს. სამრეწველო ქვეყნებიდან აქტიური საგარეო სავაჭრო ბალანსი აქვს მხოლოდ ჩეხოსლოვაკიას და შეერთებულ შტატებს. ყველა დანარჩენში პასიური ბალანსია. მაშინ როდესაც თითქმის ყველა აგრარულ ქვენებში აქტიური ბალანსია. გარდა ჩინეთისა, რაიცა ალბათ აიხსნება გაუთავებელი სამოქალაქო ომით. მაგ. საქონლის გატანა მეტია შემოტანაზე კანადაში 115 პროც. არგენტინაში 113, ინდოეთში 117, ნიდერლანდიის ინდოეთში 164, ბოლივიაში 192 პროც., მექსიკაში 165 და სხ. ე.ი. ყველა ეს ქვეყნები გაცილებით მეტს ყიდიან გარეთ, ვინემ ყიდულობენ. ევროპა კი იძულებულია თავის წაფორხიალებული მრეწველობის შესარჩენათ აუარებელი ხარკი აძლიოს არაევროპიელთ. ბრიანის ყიჟინა: ევროპა განსაცდელშია - ხატავს სრულ სინამდვილეს; დასავლეთს ეკარგვის ეკონომიური სუპრემატია.
სამრეწველო კრიზისის შედეგია სამეურნეო კრიზისი. რაკი უმუშევართა რიცხვი მატულობს, საერთო სიღარიბე ქალაქებში ძლიერდება. აშკარაა სამეურნეო ნაწარმოებთა ბაზარი ეცემა და მეურნე იძულებულია ვალში ჩავარდეს, მეურნეობა შეამციროს და დაგროვილი ნაწარმოები ან შეინახოს ან დაბალ ფასებში გაასაღოს. სამეურნეო კრიზისი კი თავის მხრით აძლიერებს სამრეწველო კრიზისს, მეურნეთა ნივთიერი მდგომარეობის დასაცემათ და მოთხოვნილებათა შემცირებით. განსაკუთრებით კრიზისს განიცდის სახორბლო მეურნეობა და მეღვინეობა. პურის მთესავი მიეჩვია ომის დროს დიდ ფასებს თავისი ნაწარმოებისათვის, ამითომ ეს დარგი მეურნეობისა მეტად გაიზარდა, გაფართოვდა და მივიდა იქამდე, რომ ევროპა სავსებით კმაყოფილდება ამ მხრით რუსეთის პურის შეუძენელათ, ამ მისი მთავარი მარჩენალის ომამდე. აქაც განმეორდა სამრეწველო მოვლენა - საქონლის მიწოდება მოთხოვნილებას აჭარბებს. ამ მსოფლიო სამეურნეო კრიზისში მეტათ დაზარალდა ევროპის მეურნეობა, იმავე აგრარული და ინდუსტრიალური ქვეყნების ინტერესთა ანტაგონიზმით. ოკეანეს იქით მდებარე სახორბლო ქვეყნები ამარცხებენ ევროპის ხორბლეულობას, ანგრევენ მის მეურნეობას და მით იძულებულ ყოფენ სადამოჟნო სისტემით ბრძოლის მიღებას. ამავე ხაზზე ვითარდება კრიზისი მეღვინეობაში, ღვინის ზედმეტი დამზადება, მოხმარების შემცირება. მეღვინეობამ 1900 წლიდან მოიმატა ნახევარი ჰეკტარი ახალი ვენახით. განსაკუთრებით დიდი მომატებაა არაევროპიელი ქვეყნების მეღვინეობაში, აფრიკაში, ამერიკაში და ავსტრალიაში. საფრანგეთის სავაჭრო მინისტრი თავის ოფიციალურ კომუნიკეში ამ საგანზე აღიარებს მეღვინეობის საერთაშორისო კრიზისს და ითხოვს საერთაშორისო ზომების მიღებას. განსაკუთრებით დაზარალდა საფრანგეთი, სადაც ბაზრისათვის 50 მილიონ ჰეკტოლიტრ ღვინის მაგიერ 80 მილიონი გამოჩნდა.
როგორი გამოძახილი აქვს ამ კრიზის პოლიტიკაში, ხალხის აზროვნებაში, მის იდეიურ და საზოგადოებრივ ურთიერთობაში?
პირველ ყოვლისა ხალხი ერთს ხედავს აშკარათ - მიუხედავათ ეკონომიური კრიზისისა, ე.ი. ზედმეტი საქონლის არსებობისა, მისთვის ცხოვრება არ იაფდება. საქონლის ფასები არ იწევა, პირიქით ის კიდევაც მატულობს და ძვირდება. მწარმოებელი იძულებულია თავისი საქონელი იაფათ გაყიდოს, ხოლო მომხმარებელი მას მაინც ძვირათ ყიდულობს, ორივე მხარე თანასწორათ იყვლიფება. თუ ავიღებთ საფრანგეთის სავაჭრო სტატისტიკას, დავინახავთ რომ 1926 წლიდან 1930 წლის მაისამდე საქონლის ბითუმ ფასებმა დაიწია 717-დან 553-მდე. ბოლო ამავე დროის ფასებმა ცალობით გაყიდულისამ აიწია 553-დან 590-მდე. ე.ი. მწარმოებლისთვის ფასები დაეცა 26 პროცენტით, ხოლო მომხმარებლისათვის მოიმატა 7 პროცენტით! ბურჟუაზიული ეკონომიკის ამაზე უფრო თვალსაჩინო გაკოტრება შეუძლებელია. ამ ეკონომიკის სანკციაა საფრანგეთის სავაჭრო მინისტრის 31 ივლისის ბრძანება ხორბლის ვაჭრობის შესახებ. რამაც გამოიწვია სოც. დეპუტატის მაკს ჰიმანსის შეკითხვის შეტანა პალატაში. ამ შეკითხვიდან ირკვევა რომ ივლისიდან ვაჭრობის ბირჟაზე ხელოვნურათ გააჩერეს ხორბლის ფასები ნამდვილი ფასების დაბლა პარიზის ბაზრის კომისიონერთა შეთანხმებით. ცარცვავენ რა ასე გლეხს, მწარმოებელს, შემდეგ თვითონ აწვდიან ბაზარს წინდაწინ მათ მიერვე დადგენილ ფასებში და ცარცვავენ მომხმარებელს. როცა ქვეყანა იწობა, ბირჟა ანუ ფინანსური ბურჟუაზია ხელს ითბობს და მდიდრდება. ამ სფეროშიაც არსებობს კარტელი სპეკულიანტების, რომელიც ცდილობს დაიმორჩილოს სამეურნეო ნაწარმოების ბაზარი და მას უკარნახოს თავისი ფასები. სახელმწიფო იმყოფება კარტელების სრულ განკარგულებაში.
არსებული პოლიტიკური წყობილება აგებულია უკვე დრომოჭმულ ეკონომიურ საფუძველზე. რაკი ბურჟუაზიული საზოგადოების წინანდელი ეკონომიური პრინციპი - თავისუფალი კონკურენცია, შეიცვალა სამრეწველო და სავაჭრო მონოპოლიით, ცხადია მასზე აგებული პოლიტიკური დოქტრინა - ლიბერალიზმი - უნდა შეცვლილიყო. მეტი თავისუფლება, მეტი მოქმედება კერძო პირს, ნაკლები თავისუფლება, ნაკლები მოქმედება სახელმწიფოს. ეს თავისუფალი კონკურენციის ძირითადი პოლიტიკა დღეს სავსებით დამარცხებულია და მის ალაგას წამოყენებულია სახელმწიფოს ყოვლადშემძლებლობა. ანტიდემოკრატიული მოძრაობა დღეს თავისებურათ ხატავს ამ მიმდინარეობას, მაგრამ მას ხატავს ცალმხრივათ, გადაჭარბებულათ, აბსოლიტურათ, როგორც ეს ყოველ ახალ მოძრაობას სჩვევია.
ეკონომიურ კრიზისს ებრძვიან ამჟამათ ორნაირათ - ლიბერალური და ანტილიბერალური მეთოდით. კანადელი მეურნენი ერთდებიან და თავისი კერძო თაოსნობით და საშუალებებით პურის მთელ ექსპორტის 60 პროც. თავის კონტროლის ქვეშ აყენებენ. ასევე ავსტრალიაში და არგენტინაში. აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია. იუგოსლავიაში კი პირიქით, სახელმწიფო კიდებს ხელს ექსპორტის საქმეს. აარსებს სამიწადმოქმედო ბანკს, აძლევს კრედიტს და ამ გზით თავის კონტროლს ქვეშ აყენებს საგარეო ვაჭრობას. რაც უფრო ქვეყანა ანტიდემოკრატიული წყობილებისაა, მით უფრო პირდაპირ ერევა სახელმწიფო საზოგადოების ეკონომიურ ურთიერთობაში და პირიქით, რაც უფრო ის დემოკრატიულია, მით უფრო მისდევს ლიბერალურ დოქტრინას. ბრიუნინგის მთავრობამ გერმანიაში მხოლოდ რაიხსტაგის დათხოვის შემდეგ გამოსცა დეკრეტი ტრესტების წინააღმდეგ მიმართული, რითაც ის მათ აიძულებს თავისი ნაწარმოების ფასების დაწევას. ამავე ზომას ითხოვდა დიდი ხანია სოციალდემოკრატია, მაგრამ მთავრობამ დემაგოგიური მოსაზრებით თუ რეიხსტაგში ამ დეკრეტის სასარგებლო უმრავლესობის უქონლობით სოციალისტების მოთხოვნილება ანტიდემოკრატიული გზით გაატარა. ანტიდემოკრატია დასახულია სოციალური რეფორმების საუკეთესო საშუალებათ. ამ დებულებაში უეჭველია არის ერთი მართალი აზრი: - ბურჟუაზიულ დემოკრატიაში სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიურ ურთიერთობაში გაძნელებულია. გერმანიის უკანასკნელ არჩევნებში შუათანა პარტიების ასე საშინლათ დამარცხება, ბურჟუაზიული დემოკრატიის დაუძლურება და ორი დიდი მოპირდაპირე ბანაკის - სოციალდემოკრატიის და დიქტატურის მომხრეთა პირისპირ წადგომა ნიშნავს ხალხის მიერ ლიბერალური რეჟიმისთვის ზურგის შექცევას და სოციალური რადიკალიზმის აღიარებას. საბოლოოთ პირისპირ დგას ორი ძირითადი საამდროვო მიმდინარეობა - სოციალიზმი და ბოლშევიკურ - ფაშისტური ავანტიურიზმი. მათ შორის საერთოა ერთი - უარისყოფა ლიბერალური ეკონომიკის: მაგრამ პოლიტიკის სფეროში ისინი პირისპირ დგანან და სწორეთ ამ ნიადაგზეა მათ შორის სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა. ამ ბრძოლის დაბოლოვება სოციალიზმის სასარგებლოთ დამოკიდებულია უმთავრესათ სოციალისტთა სწორი პოლიტიკისაგან, თანამდეროვე რთულ ურთიერთობის სწორათ გაგებისაგან და შესაფერი იარაღით შესაფერი პოზიციის დაჭერისაგან.
და აი აქ ჩვენს შორის ყველაფერი რიგზე არ არის.
მოწინააღმდეგენი ებრძვიან დემოკრატიზმს. მას სახავენ სინონიმათ პოლიტიკური ლიბერალიზმის და პარლამენტარიზმის. მათი აზრით, დემოკრატია უეჭველათ ნიშნავს ბურჟუაზიის ბატონობას, პარლამენტარიზმი - კაპიტალიზმს. მაშასადამე ბრძოლა ბურჟუაზიასთან ნიშნავს ბრძოლას დემოკრატიასთან. და რამდენათ სოც. დემ. იცავს დემოკრატიას, იმდენათ ის ბურჟუაზიის აგენტია. და თუ დემოკრატიზმი მართლა ნიშნავს პარლამენტარიზმს და ლიბერალიზმს - ისინი ბოლომდე მართალი რჩებიან. მაგრამ ნიშნავს კი?
ლიბერალიზმი და პარლამენტარიზმი მართლაც ბურჟუაზიის გამოგონებაა, ის ახალი დროის ღვიძლი შვილია: ის გამოიჭედა მონარქიასთან საბრძოლველათ ამომავალი ბურჟუაზიის მიერ: დღეს კი ჩვენი ბრძოლის საგანი აღარ არის მონარქია, მისი ალაგი დაიჭირა ტირანიამ და მაშასადამე ბრძოლის საშუალებანიც უნდა გამოიცვალოს. ერთათ - ერთი საშუალებაა - დემოკრატიზმი. მაგრამ რომელი, ლიბერალურ - პარლამენტალური? რასაკვირველია არა.
დემოკრატიზმი ძველის ძველი მოვლენაა, ის აღორძინდა თავიდანვე, პირველი საზოგადოების დაწყებიდანვე, კლასების და წოდებათა აღორძინებამდე. ყველა საზოგადოება, რომელიც კი დაახლოვებით თანაწორი ადამიანებისგან შედგებოდა, იმართებოდა დემოკრატიულათ.
ეს ხალხური დემოკრატიზმი ისეთი მძლავრია ყველა ერში, რომ თვით რუსის გლეხიც კი ვერ გადააჩვიეს მას ვერც მეფეებმა, ვერც ბოლშევიკებმა. დღესაც სოფელი იკრიბება ცალკე, საბჭოების გვერდით. და ყველა თავის ადგილობრივ საჭირბოროტო ეკონომიურ საკითხებს სწყვეტენ აქ, ამ ყრილობაზე, ხოლო საბჭოს უტოვებენ პოლიციურ ფუნქციებს. აი ამ დემოკრატიზმს დაუბრუნდა საბერძნეთი და რომი მრავალი რევოლუციების საშუალებით; აღორძინდა კლასიკური დემოკრატია.
როგორც ხედავთ, არავითარი მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს დემოკრატიასა და ბურჟუაზიას შორის. დემოკრატია „გამოგონებაა“ ხალხის, ლიბერალიზმი და პარლამენტარიზმი ბურჟუაზიის, მაგრამ მოხდა ერთი ამბავი: თანამდეროვე დემოკრატია გაიჟღინთა ლიბერალიზმით; მან მიიღო არა ხალხური, არამედ ბურჟუაზიული შინაარსი. აი ეს ლიბერალური დემოკრატიზმი შემოიჭრა სოციალისტებს შორისაც და ამრუდებს მათ მოქმედებას. „დემოკრატიული მეთოდი“, დღეს ასე გაბატონებული ჩვენს რიგებში, გავს უფრო ქრისტიანულ მეთოდს, ერთ ყბაზე დარტყმის შემდეგ, მეორეს მიშვერას, რაიცა ბოლოს და ბოლოს თურმე თავისთავათ ჩინებულათ დაბოლოვდება. სოციალიზმი უარს ყოფს ეკონომიურ ლიბერალიზმს, მაგრამ ის მაგრათ ჩაეჭიდა პოლიტიკურ ლიბერალიზმს. დემოკრატიის მტრებისათვის თავისუფლების მიცემას დემოკრატიის დასანგრევათ.
ნამდვილი, ხალხური დემოკრატიზმი არასოდეს არ ყოფილა ლიბერალური. მისთვის მუდამ უმაღლესი კანონი იყო დემოკრატიის გადარჩენა. როგორც კი ძველათ მოქალაქეთა შორის ნივთიერი წონასწორობა საგრძნობლათ დაირღვეოდა და მდიდრები დემოკრატიის არსებობას დაემუქრებოდნენ, დემოკრატია ჩაერეოდა დიქტატურულათ საკუთრების ურთიერთობაში და დარღვეულ წონასწორობას აღადგენდა. ასე მოიმოქმედა ათინამ სოლონის საშუალებით, სპარტამ ლიკურგის მეთაურობით და სხ.. ებრაელთა დემოკრატია მოსამართლეთა წინამძღოლობით ინახებოდა იმით რომ ყოველ 50 წელს მიწას გადაანაწილებდნენ. ერთი სიტყვით, დემოკრატიის გადარჩენა რევოლიუციური საშუალებით საღი დემოკრატიის მუდმივი დროშაა, გერმანია - ავსტრიის რევოლიუცია რომ ჩარეულიყო აგრარიულ ურთიერთობაში და რესპუბლიკა აეგო იუნკერთა მიწათმფლობელობის ნანგრევებზე, უეჭველია დღეს იქ დემოკრატიის არსებობა საფრთხეში არ ჩავარდებოდა. რევოლიუციამ შესძლო იქ ანტიდემოკრატიული ელემენტების შეტევის მოგერიება, ძალის წინააღმდეგ ძალის ამუშავება, მაგრამ ვერ შესძლო რესპუბლიკისათვის შესაფერი მატერიალური კალაპოტის შექმნა. და ეს იმიტომ რომ საკუთრების ხელშეუხებლობა, ეს ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპი, რევოლიუციურ დემოკრატიასაც გადაედვა და შემოქმედების შუა გზაზე გააჩერა.
დემოკრატია რაც უფრო უახლოვდება შეძლებულ კლასებს მით უფრო მომხრეა თავისუფლების და წინააღმდეგი სოციალური რეფორმების, და პირიქით, რაც უფრო ის ეკავშირება ღარიბ კლასებს, მით უფრო მეტათ აფასებს რეფორმებს და ნაკლებათ თავისუფლებას. საკმარისია დემაგოგებმა აქ ხალხს მისცენ ფანტასტიური დაპირებანი, რომ მოპოვებული თავისუფლება ყმობაზე გადასცვალონ. ასე მკვიდრდებოდა ძველათ ტირანია და მკვიდრდება დღესაც. რუსეთი ამის კლასიკური მაგალითია. ამ ხაზზე ამუშავდა გერმანიის უკანასკნელი არჩევნები. შენახვა თავისუფლების საკუთრების ურთიერთობაში ენერგიულათ ჩარევით - აი საღი, ხალხური დემოკრატიზმი. არც სახელმწიფოსადმი მოქალაქის დაყმობა, არც მოქალაქის მიერ სახელმწიფოს თავის საწველ ფურად გადაქცევა - აი გზა ამ მხრით მიმავალი. ანტიდემოკრატიული მუშტი შელოცვით, ლაპარაკით არ დაითრგუნება; მისი დამხობა შეიძლება მხოლოდ დემოკრატიული მუშტით რეფორმებზე დამყარებულით.
თუ კი ასე გავიგებთ დემოკრატიას, თუ მას ჩამოვაშორებთ ლიბერალიზმს, როგორც ეკონომიურს ისე პოლიტიკურს და მასში ჩავდებთ კლასიკური დემოკრატიზმის შინაარსს, მაშინ გამოჩნდება, რომ დღევანდელი ანტიდემოკრატიული პარტიები არიან არა ანტიბურჟუაზიული, არამედ ანტიხალხური, ანტიმუშურ - გლეხური. საკითხი დგას სრულიად ცხადათ და მარტივათ: ფაშისტ - ბოლშევიკების მიზანია დემოკრატიის განადგურება, მისი ფიზიკური საშუალებით მოსპობა. მაგალითი მოგვცეს რუსეთში, იტალიაში. დემოკრატია კი მათ უპასუხებს საარჩევნო ბიულეტინებით! იქ სადაც პოლიტიკური მკვლელები და შეთქმულების მომწყობნი, შეიარაღებული და სამხედრო წესებზე დაწყობილი დრუჟინები, თავისუფლათ დადიან. ქუჩაზე სროლა, დაჭრა, დახოცვა, ხალხის სიტემატიურად დაშინება დაუსჯელათ წარმოებს. როგორც ეს გერმანიაშია. განა შეიძლება ითქვას იქ დემოკრატიის დამცველი მართველობაა? აქ თავისუფლება სჭამს თავის თავს; ეს არის არა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაიცა დასაშვებია მხოლოდ დემოკრატიის მომხრეთა შორის. ეს არის პოლიტიკური სიმდაბლე, ეს ძველი დრომოჭმული ლიბერალიზმის შვილია.
ცხადია, ეკონომიური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის გადარჩენა აუცილებლათ მოითხოვს პოლიტიკური სიმდაბლის დაძლევას, ლიბერალური დემოკრატიზმის უარისყოფას და სახალხო, აქტიური და მებრძოლი დემოკრატიზმის აღიარებას. მკაცრ სახალხო ნებისყოფას შეუძლია გაატაროს საჭირო ეკონომიური ზომები და ის მიაღებიოს მთელ საზოგადოებას. რა ზომებია ეს?
ჩვეულებრივათ დასავლეთში ერთი ახირებული აზრია გაბატონებული. მრეწველობა გამოცხადებულია ადამიანთა ცხოვრების მთავარ ბაზათ და ამიტომ ეკონომიური აზროვნება მუდამ ამ სფეროში ეძებს გამოსავალს. აქედან დაიბადა ის აზრიც, რომ დღევანდელი კრიზისის დაძლევა შესაძლებელია ინდუსტრიალიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებით. ნამდვილათ კი მთელი ეს აზროვნება საფუძველს მოკლებულია. ადამიანთა ცხოვრების ბაზაა მიწათმოქმედება, რომლის ნიადაგზე საზოგადოება ათი ათასი წლობით შენდებოდა და ცხოვრობდა. ინდუსტრია სულ ბოლო მოტანილია, ორასი წლის ისტორიაც კი არ აქვს. მაგრამ მოხდა ერთი ამბავი: სადაც კი ის ამუშავდა - მეტათ გაძლიერდა მიწათმოქმედების ხარჯზე. დასავლეთში მოხდა მისი გიპერტროფია, გაზვიადებულათ გაზრდა და მით დაირღვა წონასწორობა მიწათ - მოქმედებასთან. სამრეწველო ქვეყნების დღევანდელი კრიზისი აიხსნება მათი მრეწველობის და სასოფოლო მეურნეობის აი იმ დისპროპორციით. აგრარიული ქვეყნების კრიზისი კი წარმოდგება იქ მრეწველობის განუვითარებლობით და სამეურნეო ნაწარმოებთა შინაგანი ბაზრის სიმცირით.
მაშასადამე კრიზისის კვანძი გაიხსნება სამრეწველო ქვეყნებში მრეწველობას და მიწათმოქმედებას შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენით, ხოლო აგრარიულ ქვეყნებში მრეწველობის გაძლიერებით, მათი ინდუსტრიალიზაციით. საფრანგეთის დღეს გამოთიშვა მსოფლიო კრიზისიდან, იქ უმუშევართა არ არსებობა აიხსნება სწორეთ მისი ეკონომიური სტრუქტურით: მრეწველობის და მიწათმოქმედების დაახლოვებით თანაბარი განვითარებით. აქ რვა მილიონ სამეურნეო მუშაკზე ითვლება ექვსი მილიონი სამრეწველო მუშაკი. ამიტომ საფრანგეთი ნაკლებათ დამოკიდებულია უცხო ბაზარზე, ვინემ გერმანია ან ინგლისი და ბელგია.
მრეწველობის და სასოფლო მეურნეობის ჰარმონიის დამყარება - ეს არის არა მარტო საამდროვო მიმდინარე კრიზისის მიუცილებელი მალამო, არამედ ამავე დროს ის სოციალური ტრანსფორმაციის ძირითადი საკითხია. საზოგადოების სოციალისტური გარდაქმნა სწორედ აქედან იწყება და ეს დიდი ხანია გათვალისწინებულია „კომუნისტურ მანიფესტში“. აქ ჩამოთვლილ პირველ სოციალურ ზომათა შორის ვკითხულობთ: „ჩამორთმევა მამულების (იგულისხმება მიწის ბურჟუაზიული საკუთრება) და სამიწათმფლობლო რენტის გადაცემა სახელმწიფოსთვის“. „დაუმუშავებელი მიწების დამუშავება და დამუშავებულის გაუმჯობესება საზოგადო სისტემის თანახმათ“, „სავლდებულო შრომა ყველასათვის, შექმნა სამრეწველო არმიის, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისათვის“. „სამრეწველო და სამიწათმოქმედო შრომის ისეთი კომბინაცია, რომელსაც შეეძლოს გაქრობა განსხვავების ქალაქსა და სოფელს შორის“.
ცხადია, პირველი რადიკალური ცვლილება ხდება მიწათმოქმედების სფეროში, როგორც მთავარი ბაზის ადამიანთა ცხოვრებისა. სამრეწველო რეფორმები მას მისდევს. შრომის ორივე დარგის ჰარმონიაში მოყვანა, ქალაქის და სოფლის გათანასწორება ნიშნავს მოსპობას ბატონყმობის მრეწველობის მიწათმოქმედებაზე და მიწათმოქმედების მრეწველობაზე. აქედან გამომდინარეობს აუცილებლობა სამრეწველო ქვეყნების აგრარიზაციის და აგრარიული ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის, თვითოეულ ქვეყანაში დარღვეული ეკონომიური წონასწორობის აღდგენის. ერთი ერის სამრეწველო ერათ დატოვება, მეორის აგრარიულ საფეხურზე გაჩერება არ შეეფერება არც სოციალისტურ მსოფლმხედველობას, არც სინამდვილეს. ის კაპიტალისტების და იმპერიალისტებისგამოგონებაა.
აი ეს ორგვარი ერთიმეორის მოპირდაპირე მუშაობა სამრეწველო და აგრარიულ ხაზზე შესცვლის საზოგადოების არსებულ ეკონომიურ სტრუქტურას და მით მას ჩააყენებს ნორმალური, წინდაწინ გათვალისწინებული საქმიანი განვითარების ფარგლებში.
ამ მიმართულებით სოციალური აღმშენებლობის წარმოება მოითხოვს შესაფერ ეკონომიურ ზომებს ყველა დარგში. პირველყოვლისა ეკონომიური მონოპოლიების თანდათან ნაციონალიზაციას და მით ხალხის სასარგებლოთ ამუშავებას, დემოკრატიის ლიბერალიზმის ტყვეობისგან განთავისუფლებას და საკუთრების ურთიერთობაში ენერგიულათ ჩარევას და საზოგადოთ დაუსრულებელი კონფერენციების, კრებების და ლაპარაკის ალაგას გაბედული საქმიანი შემოქმედების წარმოებას.
როგორც ხედავთ, საზოგადოების ტრანსფორმაცია სოციალისტური ხაზით - ერთათ ერთი საშუალებაა დღევანდელი კრიზისის დასაძლევათ. ისტორიამ მისი ზარი ჩამორეკა, მას ყურს უგდებენ მისი მტრებიც. მისი სულით იჟღინთება საზოგადოებრივი ატმოსფერა. მაგრამ აქ მკვდარი იჭერს ცოცხალს: სოციალისტური ნებისყოფა ლიბერალიზმის არტახებიდან სავსებით ვერ განთავისუფლდა. ის კიდევ უკან იხედება, ძველ ფორმულებში იხლართება. მისი ძველი სოციალური პროგრამა სწორეთ საამდროვო პროგრამაა, მაგრამ მისი ძველი პოლიტიკური ტაქტიკა უკვე მოძველებულია, ის აღარ შეეფერება დღევანდელ სინამდვილეს.
ხალხური ანტიდემოკრატიული ტალღის დაძლევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხალხური დემოკრატიზმით, ხალხური სახელმწიფო მართველობით.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1931 წ. №12
______________
1. ეს წერილი დაიბეჭდა ბელგიის სოც ჟურნალში „L'Avenir Social“, ოქტომბრის ნომერში.
2. ამ წერილის დაწერის შემდეგ გავიდა სამი თვე და ამ ხნის განმავლობაში უმუშევართა რიცხვი ყოველგან დიდათ გაიზარდა. გერმანიაში ის ამჟამად აღწევს ოთხ მილიონს.
![]() |
45 სოციალისტური ინტერნაციონალი და საბჭოები1 |
▲ზევით დაბრუნება |
ათ წელზე მეტია რაც დასავლეთის საზოგადო აზრი მიპყრობილია საბჭოთა სამეფოსაკენ და მასზე განუწყვეტლივ ბჭობს. განსაკუთრებით ამ საკითხით თავიდანვე დაინტერესდა სოციალისტური ინტერნაციონალი და შეეცადა გამოენახა საბჭოთა მიმართ სწორი პოზიცია. არ ყოფილა მისი არც ერთი საერთაშორისო კონგრესი, რომ რაიმე რეზოლიუცია ამ საგანზე არ გამოეტანოს და თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ არ ეთქვას. ეს ერთი და იმავე საკითხისადმი ხშირი მიბრუნება მოწმობს იმას, რომ სოციალისტური აზროვნება ამ სფეროში არ არის ერთსულოვანი. საბოლოო აზრი მან ვერ შეადგინა და ამიტომ იძულებულია ბორძიკ-ბორძიკ, თანდათანობით და ემპირიზმით ეძიოს ბურუსით მოცული სინათლე.
მიუხედავათ ამ ხანგრძლივი ძიებისა, დღემდე ის მაინც ვერ შეჩერდა ერთ დასკვნაზე, ვერ გამოარკვია საბჭოთა სინამდვილე და ვერ მიუდგა თავისი იდეოლოგიით საბჭოთა პროლეტარიატს. მართალია, სოციალისტურ ინტერნაციონალს არ გაუგზავნია რუსეთში საანკეტო კომისია, ასეთს არც ჩაუშობდენ იქ, მაგრამ სამაგიეროთ კოოპერატორთა ინტერნაციონალმა კიდევაც გაგზავნა ცნობილი სოციალისტი-კოოპერატორები თავისი დარგის შესასწავლათ და ევროპისათვის გასაცნობათ. ისინი დაბრუნდენ და მოიტანეს გასაოცარი ამბავი, თურმე საბჭოთა კოოპერატივები „სრულიად დამოუკიდებელი არიან ხელისუფლებაზე, დგებიან, როგორც ყველგან, მომხმარებელთა თავისუფალი ჩაწერით“ და სხ. და სხ.2 ერთი სიტყვით, ისინი ევროპის კოოპერატივებისაგან განირჩევიან მხოლოდ დიდი თანხების ტრიალით. ეს ეპიზოდი მოგვაგონებს გასული საუკუნის მეორმოცე წლების ცნობილი ფრანგი მწერლის მიერ რუსეთიდან მოტანილ ამბავს - მოსკოვის ქუჩაზე თეთრი დათვები თავისუფლათ დასეირნობენო! ქვეყანამ იცის რომ საბჭოთა ტერიტორიაზე კერძო ვაჭრობა და მრეწველობა აკრძალულია, თვითეული მოსახლე იძულებულია კოოპერატივში ჩაეწეროს, რომ რაიმე საქონელი იყიდოს, ყველა დაწესებულება, ყველა ადამიანიც კი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მთელ თავის საქმიანობაში. ხოლო ევროპის კოოპერატორთ ვერც ერთი ეს სინამდვილე ვერ დაუნახავთ და რუსეთი ევროპათ მოსჩვენებიათ!
სოციალისტურ ინტერნაციონალს ასეთი მარცხი არ მოსვლია. მაგრამ მისი ათი წლის ყოყმანი საბჭოების შესახებ, მისი აზროვნების მუდმივი ბორძიკი, მისი ეჭვები ისეთ წყობილებაზე, რომლის შესახებ ორი აზრი რუსეთის ხალხში არ არსებობს, ნათლათ მოწმობს, რომ მასაც უჭირს გაგება რუსეთის მუშათა კლასთან, ხიდის გადება ორ ევროპას შორის. ამის უტყუარი მაჩვენებელია ეგზეკუტივის მაისის სხდომის მიმართვა „საბჭოთა კავშირის მუშებს“, სადაც ის ითხოვს საბჭოთა მოქალაქეთათვის თავისუფლებას სიტყვის, წერის, ორგანიზაციის, არჩევნების და სხ. ეს მეტათ ჩინებული ჩარევა „საბჭოთა შინაურ საქმეში“ მოახდენს ადრესატზე სასურველ შთაბეჭდილებას? ვერა, ვერ მოახდენს.
ყველამ იცის, რომ მთელი დავა ჩვენს და ბოლშევიკებს შორის წარმოებს არა თავისუფლების ირგვლივ, არამედ მის შედეგებზე, რა წყობილება მოყვება თავისუფლებას. ის მოგვცემს ბურჟუაზიის პოლიტიკურ ბატონობას, როგორც ამას ისინი ამტკიცებენ, თუ ძალა-უფლება მართლა დარჩება ხალხს, მუშას და გლეხს. რაკი ეს ძირითადი საკითხი არ არის მანიფესტში წამოყენებული, რაკი თავისუფლებისათვის არ არის მიცემული სოციალური შინაარსი, სადაო საკითხი რჩება აუხსნელი და მით თვით მიმართვა რჩება „ხმათ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა“. ასეთი „მანიფესტის“ გამოცემა არ მიეწერება მარტო გარეგან მიზეზებს - აჩქარებას, საკითხის წინდაწინ დაუმუშავებლობას, აშკარა იმპროვიზაციას, ეს სენი დიდი ხანია ჩვენს ინტერნაციონალს სჭირს სხვა საკითხებშიაც. ნამდვილი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ ევროპიელი ამხანაგები რუსეთის პოლიტიკურ პრობლემას უდგებიან მეტისმეტათ დასავლეთური მეთოდით, აქაური დღეს უდაოთ მიჩნეული შაბლონით, იქაურ პირობებთან შეუთანხმებლათ და შეუფარდებლათ. თავისუფლების საჭიროება ახლა ევროპაშიაც სადაოთ ხდება, ათმა მილიონმა გერმანელმა 14 სექტემბერს ხმა მისცა თავისუფლების წინააღმდეგ. მართალია სოციალისტებისათვის ეს სადაო არ არის, მაგრამ მუდამ ასე ხომ არ ყოფილა. გასული საუკუნის პირველ ნახევარში მუშათა ინტერესების დამცველნი სწორეთ ბოლშევიკურად ფიქრობდენ - პოლიტიკურ განთავისუფლებას სოციალური განთავისუფლება უნდა წინ უსწრებდესო. ამ უტოპიას შეებრძოლენ მარქსი და ენგელსი აგრეთვე მანიფესტით, მაგრამ არა ცალმხრივი შინაარსით, თავის და ბოლოს განურჩევლათ, არამედ სოციალური პრობლემის სავსებით გაშლით, მიზანის და საშუალების ნათლათ დასახვით.
საბჭოთა სინამდვილეში მუშათა საკითხი კიდევ უფრო რთულია, ვინემ ეს იყო დასავლეთში ამ ოთხმოცი წლის წინეთ. უტოპიურ იდეოლოგიას აქ ზედერთვის ხელისუფლება, რომელიც მთელი თავისი სახელმწიფო აპარატით უტოპიას ემსახურება. ხდება სოციალურ ძალთა ახალი გადაჯგუფება, დიდათ განსხვავებული ევროპისაგან. საერთო სიღატაკეში მუშათა კლასი სხვა კლასზე მაღლა დგას ეკონომიურათ და იურიდიულათ. საერთო უუფლებობაში მუშის ერთი ხმა უდრის მრავალ ხმას არამუშისას. აქედან იბადება ძნელი პრობლემა: ამ პრივილეგიებს მიჩვეულ მუშას ისე მიუდგე, ისეთი პერსპექტივა მისცე, რომ მის განსახორციელებლათ ამოძრავდეს. დასავლეთის სოციალისტები ვერ ხედავენ ვერც ამ სირთულეს, ვერც ამ კლასების ურთიერთობას. წინეთ, ძველ რეჟიმში დასავლეთს უფრო ესმოდა რუსეთის ვითარება, ვინაიდან იქ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებულიყო მისი მონათესავე, მის ემბაზში ამოვლებული საზოგადოება: თავად-აზნაურობა, ბურჟუაზია, ინტელიგენცია, ეს ევროპის კულტურის მატარებელი და ღვიძლი შვილი, მათ შორის სულიერი ნათესაობა სუფევდა. მაგრამ როცა ეს რუსეთი დაინგრა, ეს ევროპიული საზოგადოება დაიღუპა და მისი ალაგი დაიჭირა არა ევროპიულმა, თავისებურმა რუსეთმა. ამით გაწყდა საერთო ევროპიული ენა, ვინაიდან ერთი მხარე ამ ენის უცოდინარი აღმოჩნდა. და აი ეს დიდი ამბავი დასავლეთმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო და ის განაგრძობს ამ ახალ რუსეთთან ძველი ენით ლაპარაკს! ვანდერველდემ სრულიად გულწრფელად აღიარა, რომ რაც მეტს კითხულობ საბჭოთა რუსეთზე, მით უფრო ძნელდება მისი გაგებაო 3.
ეს შეიძლება ითქვას არა მარტო რუსეთზე, არამედ მთელ აღმოსავლეთზე: ინდოეთის უკანასკნელი ამბები ამის მაგალითია. ლონდონის რგვალი სტოლის კონფერენციაზე ინდოეთის სინდიკატების წარმომადგენელმა იოხიმ პირდაპირ განახცადა, რომ ინგლისის მუშათა მთავრობამ და მისმა პარლამენტმა ყოველივე გავლენა დაკარგა ინდოეთში, ინდოეთის თავისუფლება სრულიად უდაოა, საჭიროა მხოლოდ ამ თავისუფალ ინდოეთში სოციალური საკითხი მოწესრიგდესო და სხ., ე.ი. თავისუფლებას სოციალური შინაარსი უნდა მიეცესო.
რატომ ასე უჭირს დასავლეთს აღმოსავლეთის გაგება?
ძირითადი განსხვავება დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის მდგომარეობს მის ეკონომიურ სტრუქტურაში. პირველია ინდუსტრიალური ქვეყანა, მეორეა აგრარიული, ხოლო აგრარიული ქვეყანა არ არის კაპიტალისტური, იქ არ მოიპოვება ყოველივე საკუთრებას მოკლებული მრავალრიცხოვანი კლასი პროლეტარიატისა, კაპიტალის ბატონობა შრომაზე საზღვარდადებულია, ბურჟუაზიის შემძლებლობა მინიმალურია. აქ ხალხი ცხოვრობს არა სამრეწველო სოციალურ ურთიერთობაში, არა კაპიტალისტურ ატმოსფერაში, არამედ სამიწათმოქმედო, წვრილ საწარმოვო და სააღებ-მიცემო ვითარებაში. სოციალური საკითხი დასავლეთში არის უმთავრესათ შრომის საკითხი, აღმოსავლეთში კი - საკუთრების საკითხი. იქ იბრძვიან დიდი მრეწველობის ნიადაგზე, აქ იბრძვიან მიწათმოქმედების ნიადაგზე. ამიტომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მთავარი პოლიტიკური მოთხოვნილებაა თავისუფლება, აგრარიულში კი - თანასწორობა. ერთ ალაგას თანასწორობა თავისუფლების სათავეა, მეორე ალაგას კი პირიქით, თავისუფლებაა თანასწორობის სათავე. საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ როგორც შვილმა ერის აგრარიული სტრუქტურის და ამომავალი ბურჟუაზიის შეაერთა ეს ორი მოთხოვნილება, მაგრამ შემდეგ ბურჟუაზიას სავსებით გაბატონებამ და ხალხის სავსებით დამორჩილებამ უპირატესობა მიანიჭა თავისუფლებას, ხოლო თანასწორობა და ძმობა დარჩა სიტყვებათ საზოგადო შენობებზე.
ევროპა აღზრდილია რომის სამოქალაქო უფლებაზე, საკუთრების ხელშეუხებლობისა და შეურყევლობაზე. აღმოსავლეთში საკუთრება არ წარმოადგენს წმინდათა-წმინდას, მუდმივ მოვლენას. მიწის დაჩემება, გადანაწილება, ხელისუფლების მიერ მისი თვითნებურათ გაცემა - შეუჩერებელი, საუკუნოების განმავლობაში წარმოებული პროცესია. როგორც კი აქ ეცემა მიწათმფლობელთა კლასი და სიმდიდრის მთავარი წყარო - მიწა გადადის ხალხის ხელში, საზოგადოება ხდება დაახლოვებით ერთნაირი, თანასწორი; დგება წვრილ მეურნეთა რესპუბლიკა მათი წვრილი საწარმოვო ფორმებით. აქა-იქ გაპნეული კაპიტალისტური წარმოებანი, თავისი მცირე რიცხოვანი პროლეტარიატით ამ საერთო ეკონომიკაში ილესება და შეიცავს ხელქვეით მოვლენას. ბოლო მუშები უერთდებიან საერთო ტალღას - თანასწორობას, მიწის საკუთრებათ შეძენას და ორივე ფორმის ეკონომიკაზე დაყრდნობას. მშრომელი ზამთრობით ქირაზე მუშაობს, ზაფხულობით თავის მიწაზე.
საბჭოთა კავშირი ობიექტურათ სწორეთ ასეთი ქვეყანაა. აქ გაბატონებული კლასები, ევროპიული მნიშვნელობით, არ არიან; თავად-აზნაურობა და ბურჟუაზია გამქრალია. კომუნისტები წარმოადგენენ არა ეკონომიურ კატეგორიას, არა კლასს, არამედ ხელისუფლებას, გაბატონებულს პოლიციური საშუალებით. ამ ხელისუფლების დაცემა თავის თავათ არ ნიშნავს მემამულეთა დაბრუნებას და ბურჟუაზიის გაბატონებას. ეს დამოკიდებულია არსებული მართველობის ლიკვიდაციაზე, რა გზით, რა საშუალებით ის მოხდება. სოციალისტური ინტერნაციონალი ამ ხელისუფლებას გადაჭრით უარსყოფს და მას უპირდაპირებს დემოკრატიას, ხალხის სუვერენობას. ამ საკითხში ის მარტო არ არის, მას ემხრობა ბურჟუაზიული პარტიებიც. გამოდის რომ ორივე ბანაკი ლაპარაკობს ერთ და იმავეს, მაგრამ არის კი ეს მართლა ერთი და იგივე? ეგზეკუტივის ზემოთ მოხსენებულ მანიფესტს თამამათ გაიზიარებს ბურჟუაზიული დემოკრატიაც, თუ მას მოვაცილებთ ორიოდე ფრაზას სოციალიზმის შესახებ. აქ რუსეთის განვითარება იგულისხმება ევროპიული გეზით: პოლიტიკური თავისუფლება, კაპიტალისტური წყობილება, ბურჟუაზიული დემოკრატია, პროლეტარიატის ბრძოლა და ბოლოს სოციალიზმის გამარჯვება.
და აი აქ ისმება ძირითადი საკითხი: სავალდებულოა ეს ევროპიული ეტაპები განვითარებისა საბჭოთა ხალხებისათვის? რუსეთმა ახლა, ევროპის კაპიტალიზმის მიწურულში, უნდა დაიწყოს თავიდან, ამ კაპიტალიზმის აღორძინების პირველი საფეხურიდან და მთელი ეს კიბე თანდათან განვლოს, დღევანდელ საფეხურამდე? ეს საკითხი პირველათ დასვა მესამოცე წლებში რუსეთის გამოჩენილმა სოციალისტმა და რევოლიუციონერმა ჩერნიშევსკიმ და გადაჭრა ის უარყოფითათ. აი რას წერს კარლ მარქსი ამ საგანზე:
ჩერნიშევსკი „თავის შესანიშნავ სტატიებში არკვევდა საკითხს იმაზე თუ რუსეთმა უნდა დაიწყოს სასოფლო ობშჩინის დარღვევით და გადავიდეს კაპიტალისტურ მეურნეობაზე, როგორც ამას ქადაგობენ ლიბერალი ეკონომისტები, თუ პირიქით მას შეუძლია შეითვისოს ამ წყობილების ყველა ნაყოფი ისე რომ არ განიცადოს მასან შეერთებული ტანჯვანი და მით განვითარდეს თავისი ისტორიული პირობების თანახმათ. თვითონ ის აღიარებს უკანასკნელის შესაძლებლობას. მე კი მივედი შემდეგ დასკვნამდე: თუ რუსეთი განაგრძობს იმ გზას, რომელიც მან აირჩია 1861 წლიდან, ის დაკარგავს ერთ ჩინებულ შემთხვევათაგანს, რაიცა ოდესმე ისტორიულმა მსვლელობამ ხალხს არგუნა, რომ ის აშორდეს კაპიტალისტური წყობილების ყველა მომენტებს. თუ რუსეთი ცდილობს გახდეს კაპიტალისტური ქვეყანა მსგავსათ დასავლეთ ევროპისა (და მან ამ გზაზე ბოლო წლებში ბევრი იმუშავა), ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს თუ მან წინდაწინ თავის გლეხთა ნახევარი მაინც არ გადააქცია პროლეტარიატათ; ამის შემდეგ, რაკი ერთხელ თავი შეყო კაპიტალისტურ რეჟიმის უღელში, ის იძულებული ხდება დაემორჩილოს კაპიტალიზმის ულმობელ კანონებს სხვა ჩვეულებრივ ერებთან ერთათ“4.
როგორც ხედავთ, მარქსს შესაძლებლათ მიაჩნდა რომელიმე ერს მისი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო არ გაევლო კაპიტალისტური განვითარების ყველა საფეხურები; ხოლო რუსეთის ეკონომიკის დასავლეთის ეკონომიკის დასამსგავსებლათ აუცილებელია მისი აზრით გლეხების დიდი ნაწილის გაპროლეტარება.
ახლა მიუბრუნდეთ საბჭოთა ეკონომიკას და გავიგოთ მისი ნიშნობლივი თვისებები.
რუსეთმა უეჭველია დაიწყო ევროპიული ეკონომიკა ისე, როგორც კაპიტალისტურ ერებმა - ინდივიდუალური საქმიანობით, კერძო პირთა ვაჭრობით და წარმოებით, მაგრამ მისი კერძო ეკონომიკა იმდენათ სუსტი და უსუსური აღმოჩნდა, რომ რევოლიუციურ ტალღებმა ერთი დაკვრით მოსპო და მის ალაგას წარმოასკუპა სახელმწიფო ეკონომიკა. ამ ორ ნივთიერ წყობას შორის საერთოა სამი მომენტი: ორივე ითვისებს მუშის ზედმეტ ღირებულობას, ორივე ამზადებს საქონელს და ორივეს ეს საქონელი გამოაქვს ბაზარზე გასაყიდათ. მაშასადამე ორივე ერთნაირათ კაპიტალისტურ ჩარჩოში თავსდება. კერძო კაპიტალიზმის ალაგს იჭერს მხოლოდ სახელმწიფო კაპიტალიზმი. მათ შორის არის ერთი დიდი განსხვავება და მით საბჭოთა ეკონომიკა ნსხვავდება დღევანდელი ბურჟუაზიული ეკონომიკისაგან. ეს განსხვავება მდგომარეობს თვით საქონლის დამზადების პროცესში და მის გასაღებაში. კერძო კაპიტალიზმი ცხოვრობს და ვითარდება თანახმათ თავისი საკუთარი, წარმოებისაგან გამომდინარე ეკონომიური კანონებისა, კაპიტალის ჩვეულებრივი საწარმოვო მოქმედებით. საბჭოთა კაპიტალიზმი კი საჭიროებს განსაკუთრებით მფარველობას, პოლიციური ზომებით ყოველივე კონკურენციის თავიდან მოშორებას, კერძო ვაჭრობა-წარმოების სასტიკათ აკრძალვას, თავის ხალხში საქონლის ძვირად გაყიდვას, მუშისათვის პოლიტიკური უფლების წართმევას, თავისუფალი ორგანიზაციების, გაფიცვის, კრების და სიტყვის აღკვეთას - ერთი სიტყვით სახელმწიფოს მთელი დამსჯელი აპარატის დახმარებას. საბჭოთა კაპიტალი ეს ხალხის ზურგიდან ძალმომრეობით აწაპნილი კაპიტალია.
მრეწველობის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება ნიშნავს მის უკან დაქანებას, პრიმიტიულ ეკონომიკაში ჩაჭერას. ეს არის უდიდესი ეკონომიკური რეაქცია, რაიცა კი ოდესმე მომხდარა. ამ ჟამათ საბჭოთა კაპიტალიზმი დგას იმ საფუძველზე, რომელზედაც იდგა კერძო კაპიტალიზმი მის აღორძინების ხანაში, 17-18 საუკუნეში. ჩვენი ახალფეხადგმული კაპიტალიზმი მიმართავს უხეშ ძალას, ხალხთა აშკარა გაძარცვას და მუშის პოლიციური წესებით დამორჩილებას თავისთავის გასამაგრებლათ და გასაძლიერებლათ.
„ყველა ეს მეთოდი, სწერს მარქსი, ხშირათ სწარმოებდა უხეში ძალმომრეობით, როგორც მაგ. კოლონიალური სისტემაა. კაპიტალისტები სარგებლობენ სახელმწიფო ხელისუფლებით, ამ საზოგადოების შეკავშირებული და შეერთებული ძალით, იმისთვის რომ დააჩქარონ ფეოდალური საწარმოვო წესის გადასხვაფერება კაპიტალისტურათ და შეამოკლონ გადასავალი საფეხურები“ (კაპიტალი 1).
საბჭოების ეკონომიკაში კოლონიების როლი ითამაშა გლეხობამ, რომლის აშკარა რბევა და ცარცვა ჯერაც არ შეჩერებულა.
საბჭოთა სახელმწიფო მრეწველობა, როგორც მეტათ პრიმიტიული და სუსტი, ვერ უძლებს არა მარტო კერძო მრეწველობის ქიშპობას, ის ვერ აიტანს მუშათა თავისუფალ მოძრაობასაც. რუსეთის პროლეტარიატის უუფლებობა ერთათ-ერთი პირობაა მისი უზომოთ გაყვლეფისა და მით საბჭოთა ეკონომიკის არსებობისა. აქაც ბოლშევიკებს ახალი არაფერი უთქვამთ, ამასვე სჩადიოდენ კაპიტალის დაგროვების ხანაში კაპიტალისტები. მარქსი წერს:
„საქმეთა ჩვეულებრივ მსვლელობაში მუშა შეიძლება მიშვებულ იქნას „წარმოების ბუნებრივ კანონებზე“, ე.ი. კაპიტალის იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც გამომდინარეობს თვით წარმოების პირობებისაგან, რითაც ის მტკიცდება და ხანგრძლივდება. მაგრამ ეს ასე არ იყო კაპიტალისტური წარმოების ისტორიულ დასაწყისში. ამომავალი ბურჟუაზია მაშინ სარგებლობდა სახელმწიფო ძალით მუშის ქირის „რეგულიარიზაციისათვის“, ე.ი. იმისთვის რომ მუშა ჩასჭედოს და ჩაიჭიროს ისეთ საზღვრებში, რომელიც აუცილებელია ზედმეტი ღირებულების შესაქმნელად, სამუშაო დროის გასაგრძელებლათ და თვით მუშის საკმაო დამოკიდებულებაში დასაჭერად. ეს არსებითი მომენტია ეგრეთ წოდებული პირველდაწყებითი დაგროვებისა“ (იქ.).
საბჭოთა მუშა „არ არის მიშვებული წარმოების ბუნებრივ კანონებზე“, არ აქვს თანამედროვე მუშის უფლებები, ის სახელმწიფოს ყმაა. მისი ამ ყმობისაგან განთავისუფლებას და სრულუფლებიანათ აღიარებას საბჭოთა მრეწველობა ერთ დღესაც ვერ აიტანს.
როგორც ხედავთ, საბჭოთა მრეწველობა ჩადგა ევროპის მრეწველობის პირველ პერიოდში, კაპიტალის დაგროვება აქა და იქ ხდება ერთნაირი წესით და საშუალებით, მარგამ ამავე დროს მათ შორის ერთი დიდი განსხვავებაა, კაპიტალის დაგროვება ევროპაში ხდებოდა კერძო პირის მეთაურობით და სასარგებლოთ, საბჭოთა ქვეყანაში იგივე პროცესი ხდება სახელმწიფოს მეთაურობით და მის სასარგებლოთ.
ცხადია, ეს კაპიტალი არსებითად და ფორმალურათ შეადგენს ხალხის საკუთრებას; მაშინ როდესაც ნაციონალური სიმდიდრე დასავლეთში კაპიტალისტების ხელშია, იქ აღმოსავლეთში კი ის შეადგენს სახელმწიფოს კუთვნილებას. ამ ვეებერთელა ნივთიერ ძალას დღეს თვითნებურათ ეპატრონება და ხმარობს არა ხალხი, არამედ ერთი მისი მცირედი ნაწილი, კომუნისტური პარტია. აქედან იბადება პრობლემა: ბოლშევიზმის ლიკვიდაცია ისე რომ სახელმწიფო ძალაუფლება გადავიდეს ხალხის ხელში და მით დაგროვილი კაპიტალი ფაქტიურად დაუბრუნდეს მის ნამდვილ პატრონს. შესაძლებელია ეს?
საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია შეიძლება ორი გზით, ორი მიმართულებით.
ერთი გზაა გაგრძელება არსებული პოლიტიკური გეზის, მხოლოდ ანტიკომუნისტური შინაარსით. აქ დღევანდელი „ცენზიანი კონსტიტუცია“ კომუნისტების სასარგებლოთ იცვლება მეორენაირი ცენზიანი კონსტიტუციით შეძლებულთა სასარგებლოთ, ეს იქნება ბურჟუაზიული ხელისუფლების დაწესება. მაგრამ ვინაიდგან დღეს, ხალხის გამოღვიძების ხანაში, ასეთი ხელისუფლება ვერ დამაგრდება მის შინაგანი წონასწორობით, ტერორი და ძალმომრეობა მისი ფარ-ხმალი გახდება. კომუნისტური ძალადობა შეიცვლება ბურჟუაზიული ძალადობით, იქნება ის ბონოპარტისტული, ფაშისტური, მონარქისტული თუ სხვა რომელიმე ფორმის, ამის სოციალური შედეგია ნაციონალური სიმდიდრის დატაცება კერძო პირების მიერ, პროლეტარიატის უუფლებობის გაგრძელება, ბურჟუაზიის ხელოვნურათ შექმნა. რუსეთი უბრუნდება ევროპის ძველ გზას, ყველა მისი გავლილი უარყოფითი თვისებებით.
მეორე გზაა - ყველა უფლება-უპირატესობათა გაუქმება და ხალხის სუვერენათ აღიარება. ეს დემოკრატიული ლიკვიდაცია არსებული რეჟიმის პრინციპიალურად ეწინააღმდეგება როგორც ბოლშევიკურ ხელისუფლებას, ისე მის ბურჟუაზიულათ გადატეხას. დემოკრატიას გამარჯვება შეუძლია მხოლოდ რევოლიუციური გამოსვლით, ხალხის ფართე მასების ამოძრავებით, მაშინ როდესაც ბურჟუაზიის გამარჯვება შეიძლება მხოლოდ მასების აუმოძრავებლათ, ხალხის ასპარეზზე გამოუყვანელად. სამხედრო, სასახლის თუ სხვა რაიმე ჯგუფური შეთქმულობით და გადატრიალებით. დემოკრატიის გამარჯვება გულისხმობს რევოლიუციას, ბურჟუაზიის გამარჯვება - გადატრიალებას.
მეტყვიან: განა დემოკრატიული ხელისუფლება არ ნიშნავს ბურჟუაზიულ ხელისუფლებას, როგორც ეს ევროპაშია? არა, არ ნიშნავს და აი რატომ.
საბჭოთა კავშირში შეძლებული კლასები არ არსებობენ. დემოკრატიული გადატეხის მეორე დღესვე ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება მუშას, გლეხს და წვრილი შეძლების ხალხს, დგება არა ბურჟუაზიული, არამედ ხალხური სახელმწიფო. თუ კი თებერვლის რევოლიუციამ მართველობა სოციალისტებს არგუნა, ხოლო ბურჟუაზია და მისი ამყოლ-დამყოლნი ოპოზიციაში გადაისროლა, მით უფრო ეს მოვლენა განმეორდება მომავალ რევოლიუციაში, რომელიც მხოლოდ ხალხის მეთაურობით მოხდება. რუსეთის ბურჟუაზიას არ მიუძღვის ის დამსახურება ერის წინაშე, როგორიც მიუძღვის ევროპისას. თუ დასავლეთში ხალხი ბურჟუაზიას მისდევდა და მის მეთაურობას სცნობდა, ეს აიხსნება ამ კლასის დიადი განმათავისუფლებელი ბრძოლით, მან დასცა ფეოდალიზმი, მან დაამხო აბსოლიუტიზმი, მან ჩამოკრა დემოკრატიის პირველი ზარი, ის იბრძოდა მეცამეტე საუკუნიდან და არ მოისვენა მიზნის მიღწევამდე. ამ მუშაობით მოპოვებული გავლენა დღესაც ვერ ამოწურულა.
არავითარი ამის მსგავსი ჩამორჩენილ ერთა ბურჟუაზიას არ მიუძღვის. რუსეთს ფეოდალიზმი ააშორა მონგოლებმა, ხოლო აბსოლიუტიზმი დასცა პროლეტარიატმა გლეხობის დახმარებით. ბურჟუაზია სჩანს მხოლოდ მინისტრების დერეფნებში, მეფის სუფსიდიების მაძიებელი და მისი მოწყალების შემყურე. მართალია ლიბერალები ებმიან აბსოლიუტიზმთან ბრძოლაში, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელი ძალა, არამედ როგორც სოციალისტების დამხმარე და მათი ამყოლი.
მაშასადამე პოლიტიკური დემოკრატიის ასპარეზზე გამოსვლა სოციალისტების და არა ლიბერალების მეთაურობით სრულიად აუცილებელი, ლოღიკური დასკვნა იყო წინანდელი ისტორიის. დამფუძნებელ კრებებში რუსეთის, უკრაინის და საქართველოს, დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა სოციალისტებს. აი ამ ბუნებრივ პროცესს საზოგადოების განვითარებისას შეებრძოლა ბოლშევიკები და მისი გადატეხით შექმნეს შესაძლებლობა ამ პროცესის ბურჟუაზიულათ გათავების.
ამ რიგათ, საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია დემოკრატიულად ნიშნავს მუშის და გლეხის ხელისუფლების დაწესებას სოციალისტების და მათი მოკავშირე ელემენტების მეთაურობით. ამ მეთაურობის გახანგრძლივება დამოკიდებულია ხალხის ძირითად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. ამ ხაზზე ორი დღევანდელი სიდუხჭირეა ძირბუდიანათ ამოსაგდები - ეკონომიური: გლეხთა ცარცვის შეჩერება სახელმწიფოს მიერ, მისთვის დაბრუნება წართმეული მიწის და უზრუნველყოფა მისი ნამუშიერის და საკუთრების. პოლიტიკური: პროლეტარიატის უუფლებობის მოსპობა და ნამდვილი სახალხო დემოკრატიული წყობილების დაარსება. ამ პირობებში საბჭოთა დღევანდელი უდღეური წარმოება ჩადგება ევროპიულ კალაპოტში: საღი, კონკურენციის ამტანი დარგი დარჩება სახელმწიფოს ხელში, პარაზიტული დარგი მოისპობა ან და კერძო პირთ გადაეცემა ამხანაგური წესით საექსპლუატაციოთ. კერძო ინიციატივა აიშვება და ქვეყანა შედგება ნორმალურ ეკონომიურ განვითარების გზაზე.
აი ამ ბურჟუაზიული ეკონომიკის ფარგალში სოციალისტური ხელისუფლება მეთაურობს და ეხმარება სოციალური ეკონომიკის ყველა ფორმას: სახელმწიფოს, თვითმმართველობებს, კოოპერატივებს, ამხანაგობებს - მთელ ბადეს კოლექტიური მეურნეობის. ყველა ჩაყენებულია თანასწორ იურიდიულ კალაპოტში კერძო პირებთან ერთათ. კერძო პირთა ინდივიდუალური ეკონომიკა და სოციალისტების სოციალური ეკონომიკა პოლიტიკური დემოკრატიის ფარგლებში - აი გზა აგრარული ქვეყნის ეკონომიურათ აღორძინების და სწრაფი განვითარების. საზოგადოებაში დგება ორი დასაყრდნობი ეკონომიური ცენტრი: კერძო და საზოგადო საკუთრებაზე აგებული. ამ შემთხვევაში აღორძინებულ ბურჟუაზიას არ რჩება საზოგადოებაზე ნივთიერი გავლენის მონოპოლია, როგორც ეს დღეს დასავლეთშია. მის გვერდზე მუშაობს თვით საზოგადოება სხვადასხვა საწარმოვო ფორმით და თავს იფარავს შეძლებულთა გავლენისაგან. მართალია ორივეს ეკონომიკაც კაპიტალისტურია, ისე როგორც კაპიტალისტურია საბჭოთა ეკონომიკა, მაგრამ კაპიტალიზმის სტიქიური განვითარება მსგავსათ დასავლეთ ევროპისა აქ გამორიცხულია. მის აღორძინებას და ზრდას ხელმძღვანელობს საზოგადოება, სახელმწიფო და საზოგადო ძალა. ამით თავიდან ავიცილებთ სტიქიურ და ბოლშევიკურ კაპიტალიზმის ტანჯვებს, ხალხის გამანადგურებელ მის შედეგებს და მას დავაყენებთ ხალხის ინტერესების სამსახურში, სანამ მისი სავსებით გაუქმების ჟამი არ დამდგარა. კაპიტალისტური ეკონომია სრულიად არ ნიშნავს უეჭველად ბურჟუაზიის ხელისუფლებას. გერმანიაში ბურჟუაზიამ ვერ მიაღწია პოლიტიკურ ბატონობას ვერც იმპერატორების ხანაში, როცა ძალა-უფლება იუნკრებს ეკუთვნოდა, ვერც დღეს, როცა მას პროლეტარიატი ეცილება. საზოგადოთ, დასავლეთიდან რაც უფრო მივდივართ აღმოსავლეთისაკენ ლიბერალიზმი კარგავს გავლენას, ბურჟუაზია პოლიტიკურად კნინდება და ბოლოს რუსეთის ხალხთა შორის სავსებით ქრება. საფრანგეთის და ინგლისის ბურჟუაზიის განვითარება არ განიმეორა ცენტრალურმა სახელმწიფოებმა (გერმანია, ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და სხ.), არ განიმეორა რუსეთმა თებერვალში, არ განიმეორებს მომავალშიაც. ახალ კაპიტალისტურ ქვეყნებში ბურჟუაზიული დემოკრატიის ბატონობა არ შეიცავს აუცილებელ ეტაპს, აქ ბურჟუაზია უნდა დაკმაყოფილდეს ეკონომიური საქმიანობით.
ამ ნაირათ, საბჭოთა ქვეყნებში არც ეკონომიურათ, არც პოლიტიკურათ ევროპის ყველა გავლილი ეტაპები სავალდებულო არ არიან. ჩვენ არ ვიწყებთ ინდივიდუალური კაპიტალიზმით, არ იქმნება ბურჟუაზიის ბატონობა, არ ვქმნით ბურჟუაზიულ სახელმწიფოს, არ ვანებებთ შრომაზე კაპიტალის უსაზღვრო ბატონობას; ჩვენი მიზანია სოციალური ეკონომია, დაგროვილი კაპიტალის ხალხის ხელში შენახვა და მისი ექსპლუატაცია ხალხის სასარგებლოთ, ფართეთ წარმოება სახელმწიფო, მუნიციპალური და კოოპერატიული სოციალიზმის, დაარსება სახალხო სახელმწიფოს, შრომის განსაკუთრებითი მფარველობა, კერძო პირთა ეკონომიური საქმიანობის უზრუნველყოფა, მაგრამ მისი საზოგადოების სასარგებლოთ გამოყენება (გადასახადები და სხ.) - ერთი სიტყვით ფართე ეკონომიური და სოციალისტური რეფორმები და მით სოციალიზმისაკენ შარა გზის გაკაფვა.
აი ეს სოციალური მიზანი მისახვედრია საბჭოთა პროლეტარიატისათვის და თუ სოც. ინტერნაციონალი მისი თავისუფლების მიზნათ ამ პროგრამას აღიარებს და აქედან რევოლიუციურ დასკვნებს გააკეთებს - მაშინ ის მიწვდება მის სულს და გულს, გადაებმება მის ფსიხოლოგიას, გაიგებს მის ჭირ-ვარამს და გახდება მისი სულიერი მეთაური.
მოკლეთ, სახალხო რესპუბლიკა, სახალხო ეკონომია - აი ჩვენი მოთხოვნილება საბჭოთა ხალხებისათვის, აი რა დროშა მოსპობს პროლეტარიატის იზოლიაციზმს გლეხობისაგან, ხელჩაკიდებულთ შეაყენებს მათ საერთო გზაზე და განამტკიცებს მათ კავშირს ბოლომდე, სოციალიზმამდე.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/ 1931. - №14
_____________
1. ეს წერილი დაიბეჭდა „L' Avenir Social“-ის დეკემბრის ნომერში.
2. Les Archives de l'Economie Collective. №247, 230. Génève.
3. L' Avenir Social. ოქტომბერი
4. ეს მარქსის წერილი დაიბეჭდა 1886 წელს. „ვესტნიკ ნაროდნოი ვოლი“. №5
![]() |
46 გიორგი ლასხიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
სრულდება ექვსი თვე გიორგი ლასხიშვილის გარდაცვალებიდან. პიროვნება მეტათ სპეტაკი, თავდადებული, ღრმა რწმენის და უშიშარი. გიორგი ეკუთვნოდა მოღვაწეთა იმ გუნდს, რომელიც ჩვენში საზიგადო ასპარეზზე გამოვიდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეაქციია ხანაში - მეოთხმოცე-მეოთხმოცდაათე წლეებში. ის ჩამოვიდა რუსეთიდან როგორც ნაროდნიკი, კიდევ მეტი, როგორც ნოროდნოვოლეცი, თვითმპყრობელობის დაუძინებელი მტერი და მის წინააღმდეგ ყოველნაირი ზომის მიმღები. მრავალმა მისმა ამხანაგებმა ჩვენში იარაღი დაყარა თავად-აზნაურული იდეოლოგიის წინაშე, გამოეცალა ბრძოლის ასპარეზს და შეუდგა თავის კერძო ცხოვრების მოწყობას. ერთათ-ერთი გიორგი დარჩა თავის პოსტზე, შერჩა პოლიტიკურ სარბიელს და აქ ლიტერატურით სამსახური გაიხადა თავის ხელობათ. ის არ მიეკედლა გაბატონებულ ბანაკებს. ყოველგან და ყოველთვის თავისი განსაკუთრებითი აზრით გამოდიოდა, მუდამ იდეიურ მომენტით ხელმძღვანელობდა და თავის პოლიტიკურ მრწამსს სხვა და სხვა ფორმით და სახით თავის წერილებში ატარებდა. გიორგი თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემაში. მაგრამ არც ერთი მისი ნაწერი არ გავდა სხვის ნაწერს, სული პროტესტის, რევოლიუციის, თავისუფლების გამოსჭვიოდა თვითეული მისი სტრიქონისაგან. ამავე დროს ის პირადათ ეკავშირებოდა ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლთ, იქნებოდა ის ქართველი, რუსი, სომეხი თუ სხვა ერის. შედიოდა იმ ხანად თფილისში არსებულ ინტერნაციონალურ წრეში, როგორც მისი აქტიური წევრი და მეთაური. ის სამართლიანათ ითვლებოდა თფილისის ნაროდნიკული ინტელიგენციის მამამთავრად. იმ შავბნელ დროს საჭირო იყო დიდი იდეალიზმი. თავდავიწყებითი გატაცება, რაინდული უშიშროება და საზოგადო საქმის ღრმა სიყვარული პოლიტიკური ლამპარის ხელში ასაღებათ და საზოგადოების წინაშე მის ასანთებათ. გიორგი ატარებდა ამ ლამპარს, მას უვლიდა, არ აქრობდა და საზოგადოებას აგონებდა დიდ პრობლემას - ძველი რეჟიმის მოსპობას და მის ნანგრევზე პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების დამყარებას. აი ეს აზრი მას ამხნევებდა, ასულდგმულებდა და აახალგაზდავებდა. გიორგი იყო მუდამ ახალგაზდა, ახალგაზდური გატაცებით და იმედებით. გაჭირვებაში მტკიცე, საერთო სასოწარკვეთილებაში იმედიანი, საერთო დაღალულობაში მამაცი, უიდეობაში იდეიური, გიორგი მუდამ და ყოველთვის რჩებოდა თავისთავათ უცვლელი, კლდესავით მაგარი და გაუტეხელი.
როცა საზოგადო სარბიელი გაფართოვდა, შებოჭვილი ცა გაიხსნა, მოძრაობამ ფეხი აიდგა და პოლიტიკური პარტიობა დაიწყო, გიორგი აქაც რჩებოდა თავის სიმაღლეზე. ეძებს თავის ალაგს, ემხრობა იდეოლოგიურათ მონათესავე მიმდინარეობას, აყალიბებს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. ის აქაც რჩება ბოლომდე წაუბორძიკებელი, თავის პოსტზე მგდომი მებრძოლი. მისი მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა აქაც ისეთივე მახვილია, როგორითაც მისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში. განსაკუთრებით სამაგალითოა მისი ქცევა ბოლშევიკური რეაქციის ხანაში, ფიზიკურად მოტეხილი, თითქმის უსინათლო, სულიერათ რჩება ახალგაზდურათ მძლავრი და შეუპოვარი. ის არ გადმოიხვეწა საზღვარ-გარეთ, დარჩა ადგილზე და შეუდგა თავის გაპნეული ჯარის თავმოყრას და მის წინამძღოლობას. ის უდგება თავის პარტიის არალეგალურ ორგანიზაციას სათავეში და კვდება ამ პოსტზე, მტრისაგან შეუმჩნეველი. ჩვენ მასში დავკარგეთ საუკეთესო კონსპირატორი. მისი უკანასკნელი ანდერძია მის მიერ ხელმოწერილი გასული წლის პარტიათა შეთანხმება. ერთი ფრონტი, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე - აი განსხვავებულის უკანასკნელი გამოძახილი, ჩვენდამი, საზღვარ-გარეთ, მომართული. ჩვენ ამ ანდერძს ვასრულებთ, მას ასრულებს მთელი საქართველო.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1931. - №16
![]() |
47 დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ჟამათ სოციალისტური მოძრაობა მთელ დასავლეთში იმყოფება თავისდაცვის და უკან დახევის პერიოდში. მას ესხმიან თავს ყოველი მხრიდან. მას აბრალებენ მრავალ მომაკვდინებელ დანაშაულობათ. ის გამოყავთ მთავარ პასუხისმგებლათ დღევანდელი გაუგონარი კრიზისის, უმუშავრობის და საერთო გაღატაკების, მის წინააღმდეგ ირაზმებიან მძლავრი ორგანიზაციები, მასს აუმხედრდა ფართო მასები - გუშინდელი მისი თანამგრძნობნი, თანამოგზაურნი და მოტრფიალენი. ერთი სიტყვით სოციალიზმის წინააღმდეგ აგორდა ვებერთელა ტალღა, გადმოხეთქა აზვირთებულმა მდინარემ და ემუქრება მას ძირბუდიანათ წალეკვით.
და აი ისმება საკითხი: როგორ მოხდა ეს? როგორ ჩავარდა ევროპული სოციალიზმი ასეთ სახიფათო მდგომარეობაში? რატომ აყვა ხალხის ფართო წრეები პროლეტარიატის დაუძინებელ მტერთ? ამის პასუხს მოგვცემს სოციალისტური პოლიტიკის უკანასკნელი ათი წლის შეფასება, მისი მუშაობის გეზის გათვალისწინება, მისი პრაქტიკისაგან შესაფერი დასკვნების გაკეთება და მით მომავალი სავალი გზის განათება. ახლა სწორეთ მომენტია გაკეთდეს საერთო ჯამი, გამოვიანგარიშოთ სარგებელი და ზარალი, დადებითი და უარყოფითი ნაყოფი ჩვენი დოქტრინის სახელმწიფო ასპარეზზე ამუშავებისა, ჩვენი ამხანაგების სახელმწიფო ასპარეზზე მოღვაწეობისა.
ომამდე სოციალისტური პარტიები ეწეოდენ უმთავრესათ სოციალისტურ პროპაგანდას, აქებდენ და ადიდებდენ სოციალიზმს. გამოყავდათ ის ერთათ ერთ მხსნელათ ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა. ეს იყო თეორია, პოეზია, ქადაგება მშვენიერი და უცხო სანახაობის, რის განხორციელება სოციალისტების ხვედრია.
ომის შემდეგ სურათი იცვლება, სოციალისტური პარტიები დგებიან მთავრობის სათავეში ზოგან პირდაპირ ერთფეროვანი მთავრობის შედგენით, ზოგან სხვა პარტიებისათვის მხარის დაჭერით და მათი საშოდან გამოსული მთავრობის მფარველობით, ხდებიან ქვეყნის მმართველნი და მისი სვე-ბედისათვის პასუხისმგებელნი. სოციალიზმს გაეხსნა ასპარეზი, წინა პერიოდის პროპაგანდას მიეცა მისი გასანაღდებელი ნიადაგი, თეორიას გაეხსნა კარები ცოცხალ საქმეთ გადასაქცევათ. ახლა ფაქტებზე უნდა დაენახა ფართე მასას თუ რა არის სოციალიზმი, სოციალისტური სიტყვა და საქმე. ასეთი დიდი ამოცანა დაუდგა სოციალისტურ ინტერნაციონალს მეტათ არახელსაყრელ პირობებში. ის უცებ გაიზარდა და გაძლიერდა არა ბუნებრივი განვითარებით, არა საზოგადოების ნორმალური, შინაგანი სოციალური ძალთა ჭიდილით და აქედან გამომდინარე კლასთა ბრძოლით, ბურჟუაზიული საზოგადოების რღვევა და მისი შინაური განხეთქილება არ მისულა იმ დონეზე, რომ ხალხის ფართე მასებს მისთვის ზურგი ებრუნებიოს და შეგნებულათ სოციალიზმის დროშა აეფრიალებიოს. მოხდა სრულიად უჩვეულო, მოულოდნელი ამბავი - მსოფლიო ომი და ამ ომში ბურჟუაზიული მართველობის სიდუხჭირის გამოაშკარავება. ხალხმა სრულიად სამართლიანათ ამ საშინელი სისხლის ღვრის პასუხისმგებლათ დასახა მართველი წრეები და მათ გადაუდგა. სოციალისტები აღმოჩნდენ საკმაოთ გაბედულნი და დაეპატრონენ დაცლილ მოედანს, სათავეში მოექცენ უკმაყოფილო მასების მოძრაობას.
აი ამ ისტორიულათ ბოძებულ საზოგადოებრივ ჩარჩოში
მოუხდა სოციალიზმს ამოქმედება და თავისი თავის გამოჩვენება. მაშასადამე, ისტორიული სტიქია თავიდანვე მისი საქმიანობის დამაბრკოლებელ საშუალებათ გადაიქცა. გადასაჭრელი იყო ერთი ძირითადი ამოცანა: ომის მიერ დანგრეული საზოგადოების აღდგენა და მის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება. რა გზით? ბოლშევიკების პასუხი ცნობილია: ამ საზოგადოების ძირიანათ დანგრევა და მის ალაგას ახალის აგება. დაიბადა საბჭოთა რუსეთი, ეს იყო მოულოდნელი შემთხვევის გამოყენება თავისი პარტიული მიზნებით, სოციალისტურმა ინტერნაციონალმა ეს გზა თავიდანვე უარყო. შემთხვევებით სარგებლობა სახიფათო ექსპერიმენტათ დასახა, კატასტროფების თეორია უკუაგდო და შეუდგა საზოგადოების მოშენებას იმ საშუალებებით, რომელნიც კაპიტალისტურ წყობილებაში მოიპოვება. ეს იყო ერთათ ერთი მისაღები გზა, რაიცა ძირიანათ ნსხვავდებოდა საბჭოთა გზიდან და სავსებით ეთანხმებოდა სოციალისტურ დოქტრინას. ნაყოფი, როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური იბადება მხოლოდ მაშინ, როცა ის დასაბადებლათ მომწიფებულია. ვერავითარი ძალა შემთხვევით ხელში ჩავარდნილი ვერ დაბადებს მოუმწიფებელ ან არ-არსებულ ნაყოფს. ეს საზოგადოების ორგანიულათ განვითარების უარისყოფა და ძალმომრეობის თეორიაზე დაყრდნობა დამახასიათებელია ბოლშევიკური ინტერნაციონალის. ჩვენმა კი ამ სოციალური ავანტურიზმის ალაგას თავიდანვე წამოაყენა ისტორიის მატერიალისტურათ გაგება და მისი მსვლელობის ულმობელ კანონებზე დაყრდნობა.
ცხადია თუ სოციალისტური სახელმწიფო პოლიტიკა უნდა მიმართულიყო დაავადებული საზოგადოების კაპიტალისტური რეჟიმის საზღვრებში წამლობისაკენ, ამ წამლობის მიზანი, პერსპექტივა უნდა ყოფილიყო სოციალისტური. ე.ი. შეექმნა სოციალიზმის ისეთი დასაყრდნობი წერტილები აწმყოში, რომელნიც გახდებოდენ ხალხის შემომკრებ ცენტრებათ და მომავალი ცხოვრების ფუძეთ. პოლიტიკურ სფეროში სწორეთ ასე იქნა გაგებული ეს ამოცანა და ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ მონარქიულ და ნახევრათ ფეოდალურ ერებში სოციალისტების მეთაურობით დემოკრატიის და ნაციონალური თავისუფლების დამკვიდრებას. ხდება ევროპის საზოგადოების სრული დემოკრატიზაცია და ნაციონალიზაცია. ამ უდიდესმა ჩვენმა გამარჯვებამ დაბადა ამ გამარჯვების მნიშვნელობის გადაჭარბება. დემოკრატიის ყოვლად შემძლე თილისმათ დასახვა, რომლის ამუშავება თითქოს მარტო ჩვენს წისქვილს აბრუნებს. გამოჩნდა რომ მას შეუძლია კიდევ უფრო ააბრუნოს მოწინააღმდეგეთა წისქვილი, მოამზადოს შავი რეაქციის ბატონობაც, გახდეს იარაღათ საზოგადოების დაშლის, დაქცევის, გავერანების. რატომ? იმიტომ რომ სახალხო დემოკრატია საჭიროებს სახალხო ეკონომიკას, შესაფერ ნივთიერ საძირკველს, რომელზედაც შენდება პოლიტიკური კედელი. აქაც, ამ სფეროში, სოციალდემოკრატიამ ბევრი გააკეთა, მუშათა ნივთიერი მდგომარეობა გააუმჯობესა, სოციალური კანონმდებლობა გააძლიერა. მაგ. გერმანიაში 1924 წლიდან 1929 წლამდე მუშის დღის ქირა ავიდა 69 პფენინგიდან 107 პფ. საათში. მთელი შემოსავალი მუშის და მოსამსახურის ამავე დროს გაიზარდა 35 მილიარდი მარკიდან 47 მილიარდამდე. სოციალური დაზღვევისათვის 1930 წ. გადადვა 6 მილიარდ ნახევარი. წინააღმდეგ ერთი მილიარდისა 1913 წ. და სხ. ასევე ინგლისში. დღის ქირა დღეს შედარებით 1914 წ. მოიმატა 17 პროცენტით, ხოლო ფასებმა კი დაიწია, ასე რომ უდიდესი პოლიტიკური და სოციალური რეფორმები ამ მოკლე დროში გატარდა.
მოსალოდნელი იყო რომ ამ დიადი რეფორმების მთავარი მეთაური სოციალდემოკრატია გახდებოდა საზოგადოების მთავარ მმართველ ძალათ, ხოლო დანარჩენნი სამუდამოთ გატყდებოდენ. ხდება კი წინააღმდეგი, ამ დიდი რეფორმატორულ პარტიას აუბობოქრდა მასები, რატომ? ახლა ცხადია რატომ, ვერც დემოკრატიამ, ვერც რეფორმებმა ვერ იხსნა ხალხი უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან, ვერ შეაყენა ის განვითარების ნორმალურ საძირკველზე, ვერ ააცილა თავიდან ეკონომიკური კატასტროფა. შერყეულია ცხოვრების ბაზა, მისი ნივთიერი საფუძველი, რომელზედაც დაყრდნობილია პოლიტიკური, იურიდიული და იდეიური ზედშენობა. გამოდის რომ აი ეს ბაზა გამოეპარა სოციალისტურ ინტერნაციონალს და მთელი თავისი ყურადღება მიაპყრო ზედშენობას, ე.ი. მოიმოქმედა სწორეთ წინააღმდეგი მარქსისტულ იდეოლოგიისა და ძირითადი პრინციპებისა. მართალია ამ ბაზის შესახებ არაერთხელ იყო მიღებული სხვადასხვა კონგრესებზე შესაფერი რეზოლიუციები, მაგრამ არც ერთი ის არ იქნა განხორციელებული სახელმწიფო მასშტაბით. არც კი იყო ცდა მის განხორციელებისა არც ერთი სოციალისტური თუ მოსოციალისტო მთავრობათა მიერ. ინგლისის მუშათა პარტიის უკანასკნელი მართლაც სოციალისტური საარჩევნო პლატფორმა სრულიადაც არ ყოფილა საგნათ ამავე პარტიის მთავრობის მუშაობისა და პოლიტიკისა. მოხდა ერთნაირი გარღვევა სოციალისტური იდეოლოგიის და სოციალისტურ მმართველობას შორის.
დღევანდელი პრობლემა უფრო ღრმაა ვინემ პოლიტიკური და სოციალური რეფორმები. ქირის აწევ-დაწევა, ახალი ტარიფები, სადამოჟნო საზღვრების მოშლა, ერთი მთლიანი ევროპის დაარსება, განიარაღება, თუ მრავალი სხვა ამგვარი ამ ხანათ წამოყენებული პანაცეები სრულიად არა სჭრის ამ პრობლემას. ყველა ამას რასაკვირველია მნიშვნელობა აქვს, მარგამ მხოლოდ მაშინ როცა ის აგებულია საღ ეკონომიურ საფუძველზე. საჭიროა მოხდეს წარმოების რეორგანიზაცია. ეს იმდენათ აშკარაა და მიუცილებელია, რომ უკანასკნელ ათ წელიწადს ამ გზაზე გადაიდგა დიდი ნაბიჯები კაპიტალისტების მიერ. მთელი ეს რაციონალიზაცია, მექანიზაცია, ტრესტები, ფინანსიური კომბინაციები და სხვა ზომები ნიშნავდა ცდას ეკონომიკის ახალ ბაზაზე დაყენებას. მიუხედავათ ამ დიდი ზომებისა, ეს ბაზა ვერ გამოკეთდა, მისი კრახი ვერ აგვშორდა. აი ამ წარმოების კაპიტალისტური მეთოდით რეორგანიზაციის პერიოდში რას შვრებოდა სოციალისტური მართველობა, რა რეორგანიზაციაზე მუშაობდა იგი? გადაჭრით შეიძლება ითქვას რომ ის სავსებით დაემორჩილა გაბატონებულ სახელმწიფო იდეოლოგიას, მის საქმიანობას და მიდრეკილებას. საკმარისია მოვიყვანოთ ინგლისის მაგალითი. აქაური ეკონომიური კრიზისი ცნობილია, მან იფეთქა 1921 წ., 1925 წ., 1927 წ., 1930 და დღეს. მაშასადამე ქვეყანა იმყოფება ქრონიკულ კრიზისში. რა წამალი წამოაყენეს მის განსაკურნავათ? წამოაყენეს ფინანსიური ზომები, პირველ ყოვლისა სტერლინგის აღდგენა, ვითომ ამით აღსდგებოდა ეკონომიური წონასწორობა, გაიღებოდა დახურული ფაბრიკები, მოიკლებდა უმუშევრობა და სხ. ე.ი. ფინანსები გამოცხადდა ეკონომიკის საფუძვლათ, ხოლო წარმოება ზედშენობათ, და როცა მუშათა მთავრობა შედგა ორჯერ, ორივეჯერ ეს იდეოლოგია უკრიტიკოთ მიიღო და მას გაყვა. წინააღმდეგ საკუთარი პარტიული დოქტრინისა. ამ იდეოლოგიის კრახი საქვეყნოდ დამტკიცდა უკანასკნელი ფინანსური კრიზისით ინგლისში. რასაც არ დაუშლია ისევ ეს უტოპია გამოეტანა „ნაციონალურ მთავრობას“ თავის სამოქმედო პროგრამათ.
თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების დამახასიათებელი თვისებაა სოციალური უტოპიზმი. ე.ი. ცდა თანამედროვე სენს უწამლოს შეუფერებელი წამლებით, ამის მთავარი მიზეზია ერთი მეტათ გავრცელებული შეხედულობა, ვითომ ევროპის კრიზისი იყოს შედეგი მსოფლიო ომის და მაშასადამე ზერელე პოლიტიკურ პაციფიური გადარჩევ-გადმორჩევა საკმარისი იყო კრიზისის ამოსაფხვრელათ. ბურჟუაზიული აზროვნების ამ ცხრილში გახვევა გასაგებია. თავისი წარსულის დაფასება არ ადვილია, ძნელია. მაგრამ სოციალისტური პოლიტიკის ამ აზროვნებით დატვირთვა მის მიერ უტოპიზმის მიღება არ შეეფერება არც მის წასულს, არც მის მსოფლმხედველობას და იდეოლოგიას. სოციალიზმი თავიდანვე ებრძოდა ბურჟუაზიის იმპერიალიზმს უცხოელების დამორჩილებას. კოლონიალურ პოლიტიკას და მას უპირდაპირებდა ერთა თვითგამორკვევას, მათ ეკონომიურ და პოლიტიკურ სუვერენობას. აი ეს სოციალისტური კონცეფცია სავსებით გაამართლა ცხოვრებამ. ყველა ერი ხდება სახელმწიფოთ, მზათ დაიკმაყოფილოს თავისი მთავარი მოთხოვნილებანი თავისავე შინაური რესურსებით. ევროპის ფაბრიკას ეკარგვის უცხო ბაზარი. აი ეს მთავარი მიზეზი თანამედროვე ევროპული კრიზისის არის. მაშასადამე შედეგი მსოფლიო ევოლუციის, რაიც ადრე თუ გვიან უნდა დამდგარიყო. მიუხედავად მსოფლიო ომისა, ომმა შეიძლება ის დააჩქარა, მას მწვავე ხასიათი მისცა, მაგრამ მათ შორის არავითარი მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. ევროპის განიარაღება მას დაკარგულ ბაზარს ვერ დაუბრუნებს. აზიას და კოლონიებს ხელს ვერ ააღებინებს გაიჩინოს თავისი მრეწველობა, თავისი აღებმიცემობა, დამოუკიდებლობა, რასაკვირველია. ყველა ამ რეფორმებს შეუძლია დიდი შეღავათი მისცეს ევროპას სული მოათქმიოს. ურთიერთშორისი დამოკიდებულება გააჯანსაღოს, შინაგანი ბაზარი გააფართოოს, მაგრამ ის არ ეხება თვით საფუძველს, მისი ეკონომიკის ძირითად პრობლემას. წარმოების რეორგანიზაცია ახალ ნიადაგზე - აი რა ამოცანა დგას დღის წესრიგში.
ავსტრიის სოციალდემოკრატიის უკანასკნელ კონგრესზე გრაფმა კარლ რენერმა წარმოადგინა სოციალისტური სადღეისო პროგრამა. სავსებით შეთანხმებული ჩვენს იდეოლოგიასან და პრინციპებთან. მან სთქვა სხვათა შორის, რომ ჩვენი მიზანია არა დანგრევა კაპიტალისტური წარმოების, არამედ მისი შენახვა და საზოგადოებისთვის გადაცემაო, ხალასი ჭეშმარიტებაა, მაგრამ როგორ მოხდა რომ, ამ ათი წლის განმავლობაში სოციალური მთავრობანი და მათ შორის თვით რენერიც, ყოფილი ავსტრიის პრემიერი, ცდილობდნენ მხოლოდ მის შენახვაზე და არა გადაცემაზე? გადაცემის პოლიტიკა, ეს სოციალისტური პერსპექტივების დასსახვა და მისკენ გზაკვალის გაკაფვაა, მხოლოდ ამ სამუშაოებით შეიძლება შენახვის პოლიტიკას შთაებეროს სოციალისტური სული და ის განასხვაოს კაპიტალისტური შენახვისაგან.
მიუხედავათ ამ საყოველთაო ცდისა კაპიტალისტური მეურნეობის შესანახავათ, ის მაინც არ ინახება, ის მაინც ირღვევა და ინგრევა. შენახვა ამ ჟამათ უფრო ძნელი ხდება, ვინემ გადაცემა. გადაეცით საზოგადოებას მაგ. ლანკაშირის დაკეტილი ფაბრიკები, ამით ისინი არ გაიღება და არ ამუშავდება. რუბეს დაკეტილი საქსოვი ქარხნების პატრონებმა ამას წინეთ კლიტეები დაუწყვეს მაგიდაზე ვაჭრობა მრეწველობის მინისტრს. ჩაიბარეთ და მოუარეთ. ასე რომ ამ ჟამათ გადაცემის საკითხი ისე არ აშინებს ბურჟუაზიას როგორც წინეთ, საზოგადოთ. კაპიტალისტთა კლასი მორალურათ დარღვეულია. რწმენა თავის საქმეში აღარ აქვს. ის ადგილი ასაღებია, მაგრამ ამღები არავინაა. არავინაა იმიტომ რომ არ არის სახელმძღვანელო აზრი, გადაჭრილი და გამორკვეული შეხედულობა თანამედროვე კრიზისზე. მაღალი ხელფასი, უმუშევართა რჩენა - ჩვენი დღევანდელი სოციალური პოლიტიკის მთავარი მუხლებია, მაგრამ კრიზისი ხომ ამით არ რბილდება. პირიქით ის კიდევ უფრო ძლიერდება ესეც ფაქტია, სოციალისტების პოზიცია ხელფასის საკითხში უეჭველია ჩვენი პოზიციაა, მჭიდროთ დაკავშირებული პროგრამასან და ტაქტიკასან, მაგრამ უმუშევართა დაუსრულებლათ რჩენა - ეს რაღაც სრულიად ახალი ამბავია სოციალისტურ პოლიტიკაში, რაიცა არ ეგუება არც მარქსისტულ მსოფლმხედველობას, არც პარტიულ პროგრამას, მასში ჩაქსოვილია უფრო ქველმოქმედებითი ან დემაგოგიური პრინციპი, ვინემ პოლიტიკური. ეს დიდებული აზრი პირველათ რომის პატრიციებმა გამოიგონა პლებსის ხელში ჩასაჭერათ, ხოლო ომის შემდეგ ბურჟუაზიულ მთავრობამ წამოაყენა ინგლისში მუშების გულის მოსაგებათ (ლოიდ ჯორჯი). ამ გზაზე ინერციის ძალით შედგა სოციალისტური აზროვნებაც და მას მისცა განსაზღვრული პოლიტიკური მიმართულება. ეს ისეთ დოგმათ გამოცხადდა, რომ მან მუშათა მთავრობაც კი დაარღვია. ჩვენი მოთხოვნილება იყო მუდამ სამუშაოს მიცემა უმუშევართათვის. ე.ი. საკითხი გადაგვქონდა შრომის ნიადაგზე და არა ქველმოქმედების. ადამიანურათ გასაგებია და მისაღებიც უმუშევარს დროებით დაეხმარო და იმავე დროს სამუშაო მოუპოვო, მაგრამ სრულიად გაუგებარია კაცი უშრომლათ წლობით არჩინო და ასე ის მუშისაგან მცონარედ აქციო. ინგლისის პროლეტარიატი სწორედ თავის მუშათა მთავრობაზე ამყარებდა მთელ თავის იმედებს უმუშევრობის შესამცირებლად. მოხდა კი წინააღმდეგი. ხოლო იმავე დროს აუარებელი თანხა ამ საგანზე იხარჯებოდა. ინგლისში წელიწადში იხარჯებოდა უმუშევართა შესანახავად 12 მილიადრი ფრანკი. გერმანიაში კი 20 მილიარდი. ათ წელიწადს მიიღებთ ასტრონომიულ ციფრებს ხარჯვისას. ეს არის სოციალისტური მალამო? არა. სოციალისტური იქნებოდა ეს ამოდენა თანხა მოხმარებოდა წარმოების გაძლიერებას, ახალი სამუშაოების გამოწყობას და უმუშევართა ნამდვილ მუშებათ გადაქცევას. ახლა კი მივჩანჩალობთ პატრიციების გზა კუალით. იმ განსხვავებით რომ მათებურათ საცარცვავი უცხო ქვეყნები აღარ გვაქვს და იძულებული ვართ შინაგანი ბიუჯეტი დავტვირთოთ, კრიზისი გავაძლიეროთ.
რაკი შემოქმედებითი აზრი აღარ არის, რაკი ყველა ერთნაირათ ერთ ადგილზე იტკეპნება, ყოველნაირი უტოპიზმი ბაზარს პოულობს და საზოგადოება თავის გადასარჩენათ ხავს ეჭიდება. აი ამ უმწეობით სარგებლობს ანტიდემოკრატიული და ანტიხალხური ელემენტები და ძლიერდებიან. ყველა ხედავს რომ არსებული მდგომარეობა შეუძლებელია და თავისებურათ ეძებს იარაღს მის შესაცვლელად. გერმანიაში ასეთ იარაღათ გამოცხადებულია ჰიტლერი. რასაკვირველია ოპოზიციაც ისეთივე ღარიბია პროგრამით, როგორც პოზიცია, მაგრამ მას აქვს უპირატესობა უცნობის. დაპირების და ილიუზიების კრიტიკა ადვილია, ხელოვნება კი ძნელი. ამ საერთო დაბნეულობაში სოციალიზმს ადგილი არ უნდა ქონდეს. მისი დოქტრინა და პროგნოზი დიდებულათ გაამართლა ცხოვრებამ და ნაყოფიც აქედან მას უნდა მიეღო. ნამდვილათ კი სხვა იღებს. ჩვენ გვეჭირვება ერთი ზომა, სულ უბრალო და აუცილებელი - მიუბრუნდეთ ჩვენს დოქტრინას, ჩვენს მსოფლმხედველობას, ჩვენს პრინციპებს და აი გავიხადოთ პოლიტიკის საგნათ.
რაკი მსოფლიო ევოლიუცია ჩვენ მიერ ნააზრევი გზით მიდის, აქედან გავაკეთოთ შესაფერი დასკვნა - ჩავდგეთ მის ფერხულში, ჩავეფინოთ მის ჩარჩოში სამრეწველო ქვეყნები. ლანკარიშს აღარ სთხოვენ ქვეყანას ჩააცვი და დაახურეო. კოლონიალურ სისტემაზე აგებული წარმოება დღეს გამოუდეგარია და ის უნდა გარდაიქმნას. ეს თანამედროვე ამოცანა ითხოვს ერთ მიუცილებელ პირობას: შრომის ხელახალ განაწილებას: სტიქიურათ გაშლილი ეკონომიკა და მასზე აგებული ხელობათა დანაწილება უნდა შეიცვალოს შეგნებულათ აწყობილ ეკონომიკათ და მიზანშეწონილათ ხელობათა დაყოფათ. ეს გამოიწვევს ზოგ ქვეყანაში სამრეწველო კულტურის დაწევას, ზოგან მის აწევას, საერთოთ მათ გათანაბრებას, ერთა მართლა გათანასწორებას და მით მათი მორიგების გაადვილებას. მთავარია შრომის ორი დარგი: სასოფლო მეურნეობა და მრეწველობა, რომელთა შორის წონასწორობის დამყარება ნიშნავს საზოგადოების ხელახლათ დაყოფას. სამრეწველო ქვეყანაში მრეწველ მუშათა ერთი ნაწილის მიწისაკენ დაბრუნებას, ხოლო აგრარიულ ქვეყანაში სოფლის მუშათა ნაწილის ქარხნისაკენ გაქანებას. ერთი სიტყვით, თანამედროვე შრომის განაწილება, აგებული ევროპის წარმოების მსოფლიო ჰეგემონიაზე, აღარ შეეფერება დღევანდელ ისტორიულ ეპოქას და უნდა შეიცვალოს. ამ ხაზზე მთავარია წარმოებათა სოციალიზაცია, ნაციონალიზაცია, მუნიციპალიზაცია და კოოპერაცია კერძო ინიციატივის გვერდით მიგვაახლოვებს იმ წყობილებასან, რასაც სოციალისტები ეტრფიან და საითკენაც ცხოვრება გვერეკება. ერთი სიტყვით უნდა გამოიცვალოს ცხოვრების მთელი ბაზა, მთელი წყობა. გახდეს ის უფრო სადა, უფრო დაახლოვებული ბუნებასან. ნაკლები სწრაფი და ნერვიანი, ნაკლებათ სტიქიური და მეტი შეგნებული, ნაკლები განსხვავებით სოციალურ საფეხურთა, ერის ფენებთა შორის.
ევროპის გამოსავალი მხოლოდ ამ მხრითაა და ის თან გაიყოლიებს დანარჩენ კაცობრიობას. არის მეორე გამოსავალიც, გამოსავალი ძველებური, იმპერიალისტური, უცხო ქვეყნების დაპყრობა. ქვეყნის ისევ რამდენიმე ერთა შორის დაყოფა, დიდი იმპერიების დაარსება, მძლავრთა მიერ სუსტის რბევა და ცარცვა, ძველი კაი დროის დაბრუნება. პირველია გზა რეალური, შესაძლებელი. მეორეა უტოპიური, შეუძლებელი, ეკლით მოცული, სისხლით მორწყული. დღეს ევროპა ამ ორ გზას შორის იმყოფება. ვერც ერთისაკენ გაბედულათ ფეხი ვერ გადაუდგამს, ყოყმანობს, ფეხს ითრევს, უნებისყოფოთ, უპერსპექტივოთ. ან სოციალიზმი, ან ომი, მესამე გამოსავალი ისტორიას არ მოუცია. ომის ლაშქარს აძლიერებს ის გარემოება, რომ მასამ ვერ დაინახა სოციალიზმის ნამდვილი სახე, მისთვის დღეს სოციალიზმია უმუშევართა რჩენა, ბაჟების პოლიტიკა, კრედიტის მოგვარება, რეპარაცია, პაციფიზმი და მრავალი სხვა პალიატივები. ვინაიდან არც ერთი ეს ზომა არ ანელებს ხალხის მძიმე ტკივილებს, დასკვნაც ბოძებულია - არ გვინდა სოციალიზმიო, ე.ი. მოხდა მასის იმედის გაცრუება. ჩვენ დღეს წასულიდან ერთი აშკარა დასკვნა უნდა გავაკეთოთ: სოციალისტები იყვენ მთავრობაში, სოციალიზმი კი არ ყოფილა, წარმოების რეორგანიზაცია, მისი საზოგადოების სამსახურში ჩაყენება - აი სოციალისტური პოლიტიკა, მისი განუყრელი შინაარსი. სად და როგორ უნდა მოინახოს და დაეწყოს ის ძალები, რომელნიც ამ პოლიტიკას მისცემს გამარჯვებას და მით საბოლოოთ შემუსრავს აბობოქრებულ რეაქციას? ამაზე შემდეგ.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1931. - №21
![]() |
48 დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
2
პირველ წერილში1 დავინახეთ, რომ არსებობს მრავალნაირ კრიზისთა გვერდით სოციალიზმის კრიზისიც. მისი ნიშნობლივი თვისებაა დაშორება სოციალისტური სახელმწიფო პოლიტიკის სოციალისტურ მსოფლმხედველობისაგან. სოციალისტურმა მართველობამ ვერსად ვერ გაავლო ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც მას ანსხვავებს ბურჟუაზიის მოწინავე დემოკრატიას; ამ ბურჟუაზიული დემოკრატიის დაცემის პერიოდში ის თვით გამოვიდა მის ავანგარდათ და შემოფარგლა თავისი მუშაობა მისი საზღვრებით.
სოციალისტური დოქტრინიდან ასეთი გადახვევა არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, უცაბედი მოვლენა, ის პირდაპირი შედეგია თვით ამ დოქტრინის შერყევის, მასში დაეჭვების და მის გვერდზე და მის წინააღმდეგ ახალი მიმდინარეობათა წამოყენების. ამ ჟამათ ხდება ინტერნაციონალის მთელ ხაზზე გადაშინჯვა სოციალისტური მოძღვრების, ხდება არა პირდაპირ, აშკარათ, არამედ გაკვრა-გამოკვრით, შემთხვევიდან შემთხვევამდე, ცალგვერდათ და ცალცალკე, რასაც შეაქვს მასში პოლიტიკური ქანაობა და ორგანიზაციული დაქსაქსულობა. ამ რევიზიის ეს უძლიერესი ტალღა ეკვეთა ჩვენ ძირითად დებულებას, თვით სოციალიზმის არსებობა.
ომამდე სოციალისტური მსოფლმხედველობის ბაზა იყო არსებობა ერთი სოციალიზმის, საკუთარი დროშით, დოქტრინით და სავალი გზით. ომის შემდეგ ამ ჩვენ საერთო რწმენას თავს დაესხა ბოლშევიზმი, თვით დაიჩემა მართლმორწმუნე მარქსიზმი და ჩვენ მოგვათავსა წვრილბურჟუაზიულ ოპორტიუნიზმში. ინტერნაციონალს ეს იდეოლოგიური შემოტევა უნდა მოეგერიებია იდეოლოგიური საშუალებით, დაემტკიცებია თავისი სოციალიზმის სინამდვილე და მათის სიყალბე. მან ამ ერთათ ერთ მისაღებ გზას გვერდი აუხვია და მონახა ადვილი გამოსავალი. მან აღიარა: ჩვენი სოციალიზმია დემოკრატიული, ბოლშევიკების კი ანტიდემოკრატიულიო; ე.ი. აღიარა ორი სოციალიზმის, რომელთა შორის განსხვავებაა არა თვით სოციალისტურ მოძღვრებაში, არა იდეოლოგიაში, არამედ მის განმახორციელებელ გზებში, დემოკრატიის შემცნებაში, ტაქტიკაში. დავის ამ ნიადაგზე გადატანით ძირი გამოეთხარა თვით სოციალიზმს. და მართლაც, თუ შესაძლებელია ორი ნამდვილი სოციალიზმი, რატომ არ შეიძლება იყოს ოციც? აღიარება ორი ჭეშმარიტების ნიშნავს უარისყოფას საზოგადოთ ჭეშმარიტების. ამ შემთხვევაში რა უფლებით მოვიწოდებთ მასას ჩვენი ბანაკისაკენ, თუ ასეთივენი არსებობენ ჩვენს გარეშედაც. თუ კი მართლა „ყველა გზა რომში მიდის“, ცხადია სოციალისტურათ განწყობილნი სრულიად არ არიან მოვალენი აირჩიონ მხოლოდ ერთი ამათგანი; ისინი იფანტებიან სხვა და სხვა გზებზე იმ იმედით, რომ ყველანი ერთი მიზნისაკენ მიდიან. სოციალისტური ინტერნაციონალი მხოლოდ ერთი რგოლია მთელი მოძრაობის და არც არავითარი უფლება არ აქვს სოციალიზმის მონოპოლია დაიჩემოს და პროლეტარიატზე განსაკუთრებითი პრეტენზიები წამოაყენოს.
ომამდე სოციალისტურ ლიტერატურაში სოციალიზმი იყოფოდა ორათ: უტოპიური, ე.ი. განუხორციელებელი, კეთილ სურვილზე დამყარებული და მეცნიერული, ცხოვრების რეალურ მსვლელობაზე დაყრდნობილი, ისტორიული აუცილებლობის უეჭველი შედეგი. პირველი დიდი ხანია გაქრა სოციალისტური აზროვნების სამეფოდან და ბურთი და მოედანი დარჩა მეორეს. სოციალიზმი საბოლოოთ გამოვიდა კაცმოყვარეობის და ფანტაზიის სფეროდან, გადაება საზოგადოების ევოლიუციის ულმობელ კანონებს, თვით გახდა მეცნიერების ერთი შტო, სხვა მის შტოებთან განუყრელათ გადაბმული. მისი დამახასიათებელი თვისებაა აი ეს მისი მეცნიერული შინაარსი. მის საზღვრებში იყო მიმდინარეობანი: ოპორტიუნისტული, რევოლიუციური, სინდიკალური და სხ., მაგრამ არასოდეს არ ყოფილა მიმდინარეობა დემოკრატიული და ანტიდემოკრატიული.
რაკი ახლა გამოცხადდა ბოლშევიზმის სოციალისტობა, გამოცხადდა მისი შესაძლებლობა, ცხადია ისიც ისეთსავე მეცნიერულ საფუძველზე ყოფილა აგებული, როგორათაც ჩვენი, ხოლო მათი მსოფლმხედველობა ცნობილია: საკმარისია ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, რომ სოციალიზმის განხორციელება შესაძლებელი იყოს. ამიტომ მათი აზრით ყველა ხალხი მომზადებულია ამ წყობილების მისაღებათ. აზიელი, ისე როგორც ევროპელი, აფრიკელი, ისე როგორც ამერიკელი, რუსეთი ხომ სოციალიზმის აღთქმული ქვეყანაა. არავითარი ისტორიული პირობები, ეკონომიური მდგომარეობა, კულტურული დონე, პოლიტიკური ურთიერთობა, არცერთი ეს პირობა, „კომუნისტურ მანიფესტში“ და „კაპიტალში“ აწერილი, საჭირო აღარ არის, საკმარისია მართველობის აპარატის დაპატრონება! თუ წინეთ ჩვენ უდაოთ მიგვაჩნდა მარქსის ცნობილი დებულება: „ინდუსტრიალურათ წინ წაწეული ქვეყანა იძლევა სურათს უკან ჩამორჩენილის მერმისისას“ („კაპიტალი“), ახლა დავიჯერეთ სულ წინააღმდეგი დებულებაც: ინდუსტრიალურათ უკან ჩამორჩენილი ქვეყანა იძლევა სურათს წინწაწეულის მერმისისას! ასე ნელნელა ინტერნაციონალი ჩამოჩოჩდა მეცნიერული ნიადაგიდან უტოპიურზე და შეტოპა რაციონალიზმის სამეფოში.
ორში ერთი: საზოგადოება ვითარდება ან ორგანიულათ, მისი საკუთარი ბუნებრივი პროცესით, პიროვნებათა სურვილზე დამოუკიდებლათ ან და მას ქმნის და წინ უძღვის გარეშე ძალა, მისი მაღლა მდგომი, მისი ბრძანებელი და ბატონი, არის ის ღმერთი, გმირი, თუ თავდადებულნი, მაგრამ მიღება ამ ორივე კონცეპციის, ან და მათი გაყოფა გეოგრაფიულათ, თითქოს ერთს ემორჩილება დასავლეთი, მეორეს აღმოსავლეთი ნიშნავს სრულ კაპიტულაციას უტოპიზმის წინაშე. წინეთ სოციალური განვითარების კანონებს ვყოფდით ისტორიულ პერიოდებათ და მარქსთან ერთათ ვაღიარებდით: „თვითეული ხანა ისტორიისა ემორჩილება საკუთარ კანონებს“, ახლა კი ამ დებულებიდან ამოვიღეთ „ისტორიული ხანა“ და მის ალაგას ჩავსვით „საკმაოთ ფართე ტერიტორია“ (ავსტრიის სოც. დემ. პარტიის პროგრამა). გამოვიდა რომ სოციალიზმის განსახორციელებლათ მიუცილებელია არა შესაფერი ისტორიული პერიოდი, არამედ შესაფერი ტერიტორია!
აშკარაა, მრავალსოციალიზმობა ნიშნავს ისტორიული მატერიალიზმის სრულ რევიზიას, მეცნიერული ნიადაგის დატოვებას და ძველ ინტერნაციონალისათვის ზურგის შექცევას. ამ რევიზიის მეთაურია ოტო ბაუერი, რომლის აზრები დღეს გაბატონებულია ინტერნაციონალში და ითვლება მის თეორიულ ლიდერათ. მან ვენის ინტერნაციონალის კონგრესზე მოკლეთ და მკაფიოთ გამოთქვა თავისი შეხედულობანი, რასაც არავითარი დავა და შეკამათება არ გამოუწვევია, მან სთქვა:
„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა გზა სოციალიზმისაკენ მიმავალნი. ერთია გზა ძალის, დიქტატურის, ტერორის, რამაც რუსეთის რევოლიუციის მსოფლიო ისტორიულ მაგალითით ყველა ქვეყნის მუშათა მასები შეაცდინა, მაგრამ ეს გზა მოკირწყლულია უმძიმესი დანაკლისებით, ის უარსყოფს პიროვნულ და სულიერ თავისუფლებას, კაცობრიობის მიერ საუკუნოების განმავლობაში მოპოვებულ უძვირფასეს მონაპოვართ, ეს გზა, გზა ძალის, დიქტატურის, ტერორის არ არის ის გზა, რაიცა ჩვენ გვსურს. ჩვენ მუდამ გვსურდა მეორე გზა სოციალიზმისაკენ და გვსურს დღესაც. ჩვენ არ გვსურს სოციალიზმის გულისათვის უარი ვთქვათ თავისუფლების უფლებებზე, პიროვნულ და სულიერ თავისუფლების გარანტიაზე, რისთვისაც საუკეთესო ნაწილმა კაცობრიობისამ თავი დადვა კონტრ-რევოლიუციასან ბრძოლაში, ბასტილიებზე, რევოლიუციათა ბარიკადებზე; ეს უფლებები ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სოციალიზმისათვის ბრძოლაში. ჩვენ გვინდა არა უარი ვთქვათ დემოკრატიაზე სოციალიზმისათვის, არამედ ის გავხადოთ საფუძვლათ სოციალისტური საზოგადოების ასაგებათ“.
აი სულ ახალ-ახალი თეორია, ომის შემდეგ შემუშავებული და გავრცელებული. აქ დადასტურებულია ბოლშევიზმის სოციალისტობა, რუსეთის სოციალიზმისაკენ მსვლელობა, უკან ჩამორჩენილი ქვეყნის მთავრობის მიერ გასოციალისტება - ერთი სიტყვით ყველა ანტიმარქსისტული დებულება. ამ დებულებათა განვითარება მოგვცა ავტორმა შემდეგ ერთ თავის წერილში, სადაც საბჭოთა მეურნეობის სოციალისტობა დასაბუთებულია პოლიტიკურათ, და რუსეთის სოციალდემოკრატიას აძლევს შესაფერ ტაქტიკურ დირექტივებს („Der Kampf“, დეკემბერი, 1931 წ.). ავტორი აქ ამტკიცებს, რომ ბოლშევიკური მეურნეობა ეკონომიურათ სოციალისტური ელემენტებისაგან შედგება, მის ნამდვილ სოციალიზმათ გადაქცევა მოხდება იმ დღიდან როცა ხალხი მიიღებს პოლიტიკურ უფლებებს, დამკვიდრდება დემოკრატიაო. ე.ი. ხდება ჯერ ეკონომიური განთავისუფლება, შემდეგ პოლიტიკური! რუსეთში, სწერს ბაუერი, „მაშასადამე დემოკრატია არის არა წინასწარი პირობა და ბრძოლის ბაზა სოციალიზმისათვის, არამედ სოციალიზმის დაბოლოვება“. დებულება პირველათ წამოყენებული პრუდონის და ბაკუნინის მიერ გაზიარებული ანარქისტების მიერ (კრაპოტკინი, ჟანგრავი და სხ.). ჯერ სოციალური რევოლიუცია, შემდეგ პოლიტიკური, კარგა ხანია დამარცხებული მარქსიზმით და ისტორიის არხივში დავიწყებული, დღეს განახლებულია და უდაო ჭეშმარიტებათ გამოტანილი.
ამნაირათ, სოციალიზმის ძირითადი მოძღვრება უარყოფილია, უტოპიზმის ყველა ცრუმორწმუნება აღიარებულია. ამ გარემოებამ არივდარია პროლეტარიატის აზროვნება და მისცა იდეიური საფუძველი ყველა ჯურის პოლიტიკის ავანტიურისტებს. თუ კი მართლა სახელმწიფო აპარატის ხელში ჩაგდებით და თავისუფლების მოსპობით, ჩეკის და პოლიციის საშუალებით სოციალური რევოლიუცია მოხდება, რაღას უსაყვედურებთ ჰიტლერის პარტიას, რომელიც სწორეთ ამ აზრებს ქადაგებს. გამოდის რომ ამ პარტიას მართლა შეუძლია მთავრობის დაპატრონებით და დემოკრატიის განადგურებით მოსპოს კლასები, გააუქმოს პროლეტარიატი და ბურჟუაზია და აღადგინოს გერმანელი ერის ძველი რასიული და ეკონომიური მთლიანობა. ჩვენ ამ პროგრამას ვებრძვით არა მარტო იმიტომ რომ რეაქციონურია, არამედ უმთავრესათ იმიტომ რომ შეუძლებელია, უტოპიურია, უნიადაგო ოცნებაა, რომლის ექსპერიმენტი ძვირათ დაუჯდება გერმანიას, და თუ ეს ასე არ არის, თუ ის რეალურია, თუ ის ეთანხმება ისტორიის მსვლელობას, მაშინ მისი გამარჯვება აუცილებელია და სოციალდემოკრატია დამარცხებული.
უტოპიზმის ასე მოულოდნელათ აღდგენა და სოციალისტურ ინტერნაციონალში მისი გადმონერგვა აიხსნება უმთავრესათ თვით სოციალისტური დოქტრინის დავიწყებით. სოციალისტური ინტელიგენციის რეაქციით წინააღმდეგ მარქსიზმისა და ძველი ინტერნაციონალისა, ბაუერის მთელი არგუმენტაცია ამას ნათლათ მოწმობს, მისი აზრით, ბოლშევიკური მეურნეობის სოციალისტობის ნიშნობლივი თვისებაა სახალხო ქონების სახელმწიფოს ხელში დაგროვება. აი ეს სრულიად ახალი ამბავია სოციალისტურ აზროვნებაში. ისტორიიდან კარგათ ვიცით რომ აღმოსავლეთ სახელმწიფოებში მთელი უძრავი ქონება და ყველა მცხოვრები განუკითხავათ მთავრობის განკარგულებაში იყო (რუსეთი, ჩინეთი, ქალდეია, ოსმალეთი, სპარსეთი და სხ.), მაგრამ ეს სოციალიზმის ნიშნათ არავის გამოუყვანია დღემდის. გერმანიის სოციალდემოკრატია მუდამ ებრძოდა ომის წინ სახელმწიფოს ხელში ქონებრივი სიმდიდრის გადასვლას, ვინაიდან ეს მიაჩნდა უპასუხისმგებლო მთავრობის გამაგრებათ, საფრანგეთის სოციალისტური პარტია კი, პირიქით, მოითხოვდა წარმოების მრავალ დარგთა გასახელმწიფოებას (მაგ. რკინის გზები და სხ.), ვინაიდან ეს იქნებოდა დემოკრატიის გაძლიერება. ცხადია, სოციალიზმისათვის მისაღებია წარმოების გადაცემა არა ყოველნაირი სახელმწიფოსათვის, არამედ მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. არც კოლექტივიზაცია, ჯოხს ქვეშ მიწების ერთათ დამუშავება, ჩაითვლება სოციალიზმის ნიშნათ. ამ წესით მუშაობის მაგალითი, ძველი ქვეყნები რომ არ გავიხსენოთ, მოგვცა ახალმა ქვეყანამ, სამხრეთ ამერიკამ, სადაც პარაგვაის ბატონ-პატრონებმა, ისპანიის იეზუიტებმა ის შემოიღეს და კომუნიზმი ფაქტიურათ განახორციელეს. აი როგორ ასწერს ამ წყობილებას ვოლტერი:
„მთელი ხალხი მუშაობდა, თვითეული ხელობის მუშები ერთათ თავმოყრილნი ართათ მუშაობდა, მათი თავმდგურთა ზედამხედველობის ქვეშ, რომელნიც ინიშნებოდა მთავრობის მოხელის მიერ. იეზუიტები აძლევდენ მატყლს, ტყავს, ბამბას და მცხოვრებნი ამუშავებდენ, ისინი იძლეოდენ აგრეთვე ხორბლის თესლს და ერთათ მკიდენ. მთელი მოსავალი გროვდებოდა საზოგადო მაღაზიაში“... და სხ.
პარაგვაის მეურნეობა წინამორბედია ბოლშევიკური მეურნეობის.
ამნაირათ, სოციალისტურ ეკონომიურ ელემენტათ ჩაითვლება გადაცემა სიმდიდრის მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, ე.ი. დემოკრატია არის დასაწყისი, წინასწარი პირობა სოციალიზმისა და არა მისი დასასრული.
მაგრამ არის დემოკრატია და დემოკრატიაც. მარქსიზმის რევიზიამ ამ სფეროშიაც შეიტანა აზრთა არევა. ამ არევის ნაყოფია ბაუერის ორი გზა, რომელთაგან ერთი, დემოკრატიული, სოციალისტურათ გასაღებული, უფრო გავს ბურჟუაზიულს, ხოლო მეორე, ბოლშევიკურათ წამოყენებული, უფრო გავს სოციალისტურს. სოციალიზმის გამარჯვება „დემოკრატიულათ“, ე.ი. საარჩევნო ბიულეტენებით, ლეგალურათ, საიდანაც გამორიცხულია ძალა, რევოლიუცია, დიქტატურა - აი ამ წარმოდგენას არავითარი კავშირი არ აქვს სოციალისტურ დოქტრინასან, ის მოდის პაციფიური ბურჟუაზიის საშოდან. სოციალური რეჟიმის შეცვლა ასე იდილიურათ, პროლეტარიატის გამარჯვება ასე მშვიდობიანათ არის ერთი იმ უტოპიათაგანი, რომლითაც დღეს დატვირთულია ინტერნაციონალი. თუ დემოკრატიაშ ჩავდებთ სოციალისტურ შინაარს, მას მოვაშორებთ ბურჟუაზიულ-პაციფიურ სამოსელს და მივსცემთ მარქსისტულს, დავინახავთ, რომ სოციალიზმისაკენ მიმავალი გზა ერთია, მართლა დემოკრატიულია, რაიცა გულისხმობს ძალას, რევოლიუციას, დიქტატურასაც.
მეცნიერებაში უდაოთაა აღიარებული, რომ რაოდენობა განსაზღვრულ რიცხვის მიღწევისას ქმნის თვისებას, ე.ი. მოვლენის ნელი, თანდათანი განვითარება აკეთებს ერთბაშათ ნახტომს, რევოლიუციას, რომლის ნაყოფი აღარ გავს მის გამომწვევ მიზეზებს. ასეა გეოლოგიაში, ასეა ისტორიაში. ამ ხაზზე დემოკრატია ნიშნავს ხალხის მოძრაობას, ორგანიზაციის გაძლიერებას მის პოლიტიკურ ევოლიუციას, რომელიც განსაზღვრულ საფეხურზე უნდა დასრულდეს მისი გამარჯვებით, რევოლიუციით, „კერძო საკუთრების უფლებების დესპოტიური დარღვევით (კომ. მანიფესტი), ე.ი. ძალა, პოლიტიკურათ შეკავშირებული გაბატონებული პროლეტარიატი, ხდება მომწიფებული ნაყოფის ბებია ქალათ, რომლის დაბადების შემდეგ იქმნება ახალი უფლებრივი მდგომარეობა. დარღვეული ლეგალობა ისევ აღდგება და მას ეძლევა სოციალისტური დემოკრატიის შინაარსი. ლეონ ბლუმის სხარტული გამოთქმა „ლეგალობის ვაკანსია“ შეიცავს სწორეთ ამ მსვლელობის ჯაჭვის ერთ მიუცილებელ რგოლს. მაშასადამე სოციალისტური დემოკრატია თავისთავათ გულისხმობს ძალას და დიქტატურას, არ გულისხმობს მხოლოდ ტერორს, პიროვნებათა დახოცვას, ე.ი. ძალმომრეობას და თვითნებობას. ამას ხაზგასმით აღიარებს კ. მარქსი „კაპიტალის“ წინასიტყვაობაში, სადაც ვკითხულობთ:
„ჩემი შეხედულობა, რომელიც ხედავს საზოგადოების ეკონომიურ ფორმაციების განვითარებაში ბუნებრივ პროცესს, ყველა სხვა შეხედულობათა ნაკლებათ ხდის პასუხის მგებელათ პიროვნებას იმ მდგომარეობისათვის, რომლის სოციალური ნაყოფი თვითონვეა“.
ტერორი მაშასადამე მოდის არა მარქსისტული, არამედ ანარქისტული კონცეპციიდან, მრავალ სხვა უტოპიურ პრინციპებთან ერთათ.
ბაუერის მიერ დაპირდაპირება ძალის და დიქტატურის დემოკრატიისათვის აიხსნება მარქსისტული ნიადაგის დატოვებით და ბოლშევიკურზე გადაბარგვით, მის მიერ ამ ცნებათა დახასიათება წმინდა მოსკოურია. ის წერს:
„რუსეთში მხოლოდ დიქტატურას შეუძლია ასმილიონიანი გლეხთა მასა აიძულოს მისცეს სასოფლო მეურნეობის ნაყოფი ქალაქის პროლეტარიატს გამოსაკვებათ, მხოლოდ დიქტატურას შეუძლია მეორე მხრით აიძულოს ქალაქის პროლეტარიატი გაიღოს მძიმე მსხვერპლი მრეწველობის შესაქმნელათ და გლეხთა მოთხოვნილებათა საკმაოთ და იაფათ დასაკმაყოფილებლათ“.
აქედან აშკარაა, ეს ნანატრი დიქტატურა არ ყოფილა არც პროლეტარიატის, არც ხალხის: პირიქით, ისინი თვით გამხდარან მსხვერპლნი დიქტატორების, რომელნიც მათ ძალით აკეთებიებენ იმას რაც არ სურთ. აი ეს გაგება ძალის და დიქტატურის მართლაც ძირიანათ ეწინააღმდეგება სოციალისტურ მოძღვრებას. კომუნისტურ მანიფესტში ვრცლად აწერილია სოციალური რევოლიუციის პირობები: პირველი პირობაა პროლეტარიატის, როგორც კლასის, პოლიტიკური გაბატონება და არა პარტიის და ჯგუფის; მეორე პირობაა, მის მხარეზე გადასვლა ხალხის დიდი უმრავლესობის, გლეხობის, წვრილბურჟუაზიის, მთელი უკმაყოფილო საზოგადოების, ბოლოს მას ემხრობა თვით გაბატონებული კლასის ერთი ნაწილიც, როგორც ეს მოხდა საფრანგეთის დიდ რევოლიუციაში. ერთი სიტყვით, „მისი მოძრაობა არის დიდი უმრავლესობის მოძრაობა დიდი უმრავლესობის სასარგებლოთ“. ის უაღრესათ დემოკრატიული მოძრაობაა ფორმითაც და შინაარსითაც, მხოლოდ ამ გზით ხდება პროლეტარიატი ნაციათ, მთელი ერის ინტერესების გამომხატველათ და მატარებლათ. მარქსი მეორე ალაგას კიდევ უფრო მკაფიოთ გამოსთქვამს ამავე აზრს:
„რომ მთელი ხალხის რევოლიუცია და ბურჟუაზიული საზოგადოების ერთი კლასის ემანსიპაცია ერთათ მოხდეს, რომ ერთი კლასი წარმოადგენდეს მთელ საზოგადოებას, საჭიროა, პირიქით, მეორე კლასში იყოს თავმოყრილი საზოგადოების ყველა სიდუხჭირე, ის იყოს საერთო სკანდალი, განსახიერება საერთო პროგრესის დაბრკოლების, აშკარა დანაშაულობა მთელი საზოგადოებისათვის, ისე რომ განთავისუფლება ამ კლასის ბატონობისაგან ნიშნავდეს საერთო განთავისუფლების განხორციელებას. მხოლოდ საზოგადოების საერთო უფლების სახელით შეუძლია ერთ რომელიმე კერძო კლასს მოითხოვოს საზოგადო სუპრემატია“ (იხ. მარქსის წინასიტყვაობა ჰეგელის უფლების ფილოსოფიისა).
აი თეორეტიული საფუძველი დემოკრატიული დიქტატურისა, აი ერთათ ერთი გზა სოციალიზმისაკენ მიმავალი. ბაუერის მეორე გზა კი სულ უბრალოა: გლეხს საჭმელი წაართვი, მუშა დაიმონე, ე.ი. შექენი ისეთი წყობილება, რომლის წინააღმდეგ ამხედრებულია მთელი საზოგადოება და რომლის დასამორჩილებლათ საჭიროა ჩეკის ძალმომრეობა - აი ეს ყოფილა თურმე სოციალიზმის გზა! არასოდეს არც ერთ მტერს სოციალიზმისას ამაზე უარესი ბრალდება არ წამოუყენებია ჩვენთვის. ეს ფაშიზმის წისქვილის აბრუნებაა, გლეხობის, წვრილი ბურჟუაზიის და ნაწილი მუშების მის ბანაკში გადადენაა. ამის შემდეგ, რა გასაკვირალია მასის სოციალდემოკრატიის წინააღმდეგ ამოძრავება და სოციალისტური ლაშქარის დასუსტება.
ბაუერის ეს კონცეპცია ანგრევს რა სოციალდემოკრატიას ტაქტიკურათ და ორგანიზაციულათ, აშორებს მას ერის ფართე მასას, ამავე დროს ანგრევს მას თეორეტიულათ, დოქტრინალურათ. თუ კი ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, ე.ი. საწარმოვო ძალების აღორძინება, შეიძლება გლეხობის ცარცვით, მუშების დამორჩილებით, საერთო სიღატაკით და უუფლებობით, რა უფლებით მოვითხოვთ ევროპაში ხალხის სასყიდელი ძალის გაძლიერებას, მუშის ქირის მომატებას, გლეხის ნაწარმოების მფარველობას, საერთო ფართე სახალხო რეფორმებს? თუ კი სიღატაკე შეიძლება იყოს წყარო საწარმოვო ძალთა განვითარების, თუ კანონი პოლიტიკური ეკონომიისა ამ დებულებას ადასტურებს, მაშინ ის სავალდებულოა როგორც სოციალური მეცნიერებისათვის, ისე პოლიტიკური პარტიებისათვის. ამ შემთხვევაში ყალბი ყოფილა საერთაშორისო მუშათა პოლიტიკა და სოციალისტური ეკონომიური მსოფლმხედველობა. ფრ. ადლერი რომელიც მთლათ არ ეთანხმება ბაუერს და სწორათ ახასიათებს საბჭოთა ეკონომიკას, როგორც პრიმიტიული დაგროვების განმეორებას, ეთანხმება მას მდგომარეობის დაფასებაში, ინდუსტრიალიზაციის მიმდინარეობაში და პოლიტიკურ დასკვნებში (Kampf, იანვარი). საბჭოთა მდგომარეობაში გადმოაქვს გერმანიის სოც დემოკრატიის დამოკიდებულება ბრიუნინგის მთავრობისადმი და გვირჩევს სტალინის მთავრობის მოთმენას, მოთმენას იმ წესწყობილების რომლის წინააღმდეგაა მიმართული ხალხის დიდი უმრავლესობა. ე.ი. მასისაგან დაშორება, მისი ბრძოლის და ინტერესების უკუგდება და განმარტოვება გამოტანილია სოციალდემოკრატიის ტაქტიკათ! ეს ნიშნავს პარტიის ალაგას - სექტის წამოყენებას.
როგორც ხედავთ, ბოლშევიკური ეკონომიკა და პოლიტიკა ყირამალა ატრიალებს მთელ ჩვენ მოძღვრებას და ტაქტიკას. ჩვენ თუ წინეთ გვეგონა, რომ თავისუფალი ადამიანი მიუცილებელი აგენტია საწარმოვო ძალთა განვითარებისა, ახლა ეს აზრი დატოვებულია. თვით ბაუერი ადასტურებს ერთ და იმავე დროს რუსეთში არა-თავისუფალი შრომის არსებობას და ეკონომიურ აღორძინებას! ჩინებული გაკვეთილია ფაშისტების სასარგებლოთ, სწორედ ამას გაიძახიან ჰიტლერის პუბლიცისტები: თავისუფლების გაუქმება წინასწარი პირობაა ეკონომიური აღორძინებისო. ხდება კი მართლა რუსეთში ეს აღორძინება? მართალია იქ შენდება მრავალი საწარმოვო შენობები, იდგმება უცხოეთიდან მოტანილი მანქანები, ერთი სიტყვით მონების ქვეყანაში შენდება პირამიდები, ბლიუმის სიტყვით რომ ვთქვათ, მაგრამ ნიშნავს ეს საწარმოვო ძალთა განვითარებას, შრომის განაყოფიერებას, საქონლის საკმაოთ დამზადებას, ბაზრის სახმარი ხივთებით გავსებას? არაფერი ამის მსგავსი, არც ერთი ეს მოვლენა არ ხდება, პირიქით, უსაქონლობა, შიმშილი, ჩაუცმელობა, დაუხურაობა, უბინაობა დღითი დღე მატულობს და ძლიერდება.
არ შეიძლება ლაპარაკი შრომის განაყოფიერებაზე იქ, სადაც წარმოების თვითღირებულება მატულობს, ამას მოწმობს საბჭოთა ეკონომიკის მეთაური ორჯონიკიძე, აი რა თქვა მან უკანასკნელ პარტიულ კონფერენციაზე:
„მე უკვე ვთქვი, რომ თვითღირებულებამ დაწევის მაგიერ აიწია. მართალია არა ყველა წარმოების დარგმა გაადიდა თვითღირებულება, არიან ისეთები, რომელთაც კიდევაც დასწიეს, მაგრამ თუ ავიღებთ საერთოთ მთელ მრეწველობას, მომატება დაკლების მაგიერ იხატება 3,7 პროცენტით, მსხვილ მრეწველობაში ის აღწევს 5,5 პრ., მსუბუქში 1,95 პროც... ამხანაგებო ასე მუშაობა არ შეიძლება. თუ მრეწველობა პირველ ხუთ წლიანობას იღებდა დოტაციებს, 1932 წ. და მეორე ხუთწელის მრეწველობამ უნდა მიიღოს დიდი მონაწილეობა დაგროვებაში შემდეგი განვითარებისათვის... რატომ მუშებმა თავის სოცსამშობლოში უნდა იმუშაონ უარესათ, ვინემ ევროპის და ამერიკის მუშებმა კაპიტალისტებისათვის“ („იზვესტია“, 2 თებერ. 1932).
დამონებული მუშა არ მუშაობს ისე ნაყოფიერათ „სოციალისტურ სამოთხეში“, როგორათაც თავისუფალი მუშა „კაპიტალისტურ ჯოჯოხეთში“. ამით აიხსნება საბჭოთა საგარეო აღებ-მიცემობის უკან დაქანება ძველ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგ. 1913 წ. რუსეთს გაქონდა საქონელი 750 მილ. დოლარის, 1930 წ. კი გაიტანა 500 მილ. დოლ. წინეთ მისი მონაწილეობა მსოფლიო ექსპორტში უდრიდა 4,1 პროც., ახლა კი უდრის 1,4 პროც. შრომის ყველა დარგში ნაყოფიერება დღეს გაცილებით უფრო დაბალია, ვინემ ეს იყო ომის წინა დროს რუსეთში, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში ის მეტათ გაიზარდა სწორეთ ომის შემდეგ. ამით აიხსნება საყოველთაოთ ცნობილი მოვლენა - ეკონომიური კრიზისი საბჭოთა ქვეყნებში, როგორც შედეგი შრომის განუვითარებლობის და აქედან საქონლის ნაკლებობის, იგივე კრიზისი მსოფლიოში, როგორც შედეგი შრომის განაყოფიერებისა და საქონლის ზედმეტი დამზადებისა.
მთელი ეს საბჭოთა ეკონომიური უძლურება აიხსნება იქ გამეფებული სისტემით: პრიმიტიული დაგროვების წესებით, წესებით გლეხობის ცარცვისა და მუშების დაყმობისა; ეს წესები კაპიტალიზმის დასაწყისში, შედარებით წინადროის ფეოდალურ-ამქრული წესებისა, უეჭველია შეადგენდა ეკონომიურ აუცილებლობას საწარმოვო აღორძინებისათვის. მაგრამ დღეს, მეოცე საუკუნეში, შედარებით თანამედროვე მექანიკური და ფინანსური ძლიერებისა, იმავე პრიმიტიულ წესების შემოღება არის უდიდესი ეკონომიური რეაქცია, რაიცა კი ოდესმე კაცობრიობას მოსწრებია. აი ამ რეაქციაში ჩაფლულია დღეს საბჭოთა ქვეყნები და ეს სოციალისტურ ამშენებლობათ გამოაქვს სოციალისტურ ინტერნაციონალის მეთაურთ! აზრთა ასეთი არევა ინტერნაციონალის ისტორიამ არ იცის.
დასკვნები. პირველ ინტერნაციონალში შეიჭრა უტოპიური სოციალიზმი ბაკუნინის მეთაურობით და დაანგრია იგი ორგანიზაციულათ, ვერ დაანგრია იდეიურათ. ომის შემდეგ მეორე ინტერნაციონალში შემოიჭრა იგივე უტოპიზმი ლენინის მეთაურობით, ორგანიზაციულათ ის ვერ დაანგრია, მაგრამ შეარყია იდეიურათ, შეარყია მისი დოქტრინა, დააძაბუნა მისი მსოფლმხედველობა და თავისი უტოპიური ცრუმორწმუნოებანი სოციალიზმის დროშით შთააგონა მასას. აქედან დაიბადა გარღვევა სოციალისტური პილიტიკის და აზროვნების სოციალისტურ მსოფლმხედველობისაგან. საერთაშორისო პაციფიზმის საშინაო სახელმძღვანელოთ გამოტანა, ბურჟუაზიული დემოკრატიზმის სოციალისტურ დემოკრატიზმათ გასაღება, უკმაყოფილო მასების იდეიურ ჩიხში მომწყვდევა, მისთვის ნათელი გზის და საღი პერსპექტივების მიუცემლობა და ბოლოს ამავე მასების სოციალდემოკრატიის წინააღმდეგ ამოძრავება. ხალხი ყოველგან მას მისდევდა და მან ამ ხალხს ვერ მოუარა, მივიღეთ უმაგალითო მდგომარეობა: სოციალიზმი იძულებულია იბრძოლოს არა სოციალიზმისათვის, არამედ ფიზიკური არსებობისათვის! მას ყოველი მხრიდან ემუქრებიან წალეკვით. გამოსავალი ერთათ-ერთია: რევიზიონიზმის შეჩერება, დაბრუნება ომის წინა დროის ინტერნაციონალისაკენ, ძველი კლასიკური სოციალიზმისაკენ, მის ტაქტიკისაკენ. ერთი სიტყვით ინტერნაციონალის შუაგულში უნდა ფრიალებდეს ბებელის, ჟორესის, გედის და კაუცკის დროშა. ეს დროშა აღადგენს კლასიკურ სოციალიზმს თავის უფლებებში, შეიტანს სისტემას სოციალისტურ აზროვნებაში და მით თავს მოუყრის გაფანტულ არმიას სოციალიზმისას თავის საფარველს ქვეშ.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1932. - №23
_________________
1. იხ. „ბრძოლის ხმა“ №21. ეს წერილები დაიბეჭდა ფრანგულათ L' Avenir Social-ში.
![]() |
49 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი ჩვენი ნაციონალური დღესასწაულია.
26 მაისს ქართველი ერი ერთსულოვნათ გამოვიდა საკაცობრიო ასპარეზზე და გამოსთქვა თავისი ურყევი ნებისყოფა - იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.
ამ დიდებულმა დღემ აღმართა ნაციონალური დროშა და მის ქვეშ თავი მოუყარა ქართველ ხალხს.
მაშასადამე, 26 მაისი არის სიმბოლო არა მარტო ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ამასთანავე ჩვენი ერთობის.
დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ერთობით, ერთათ დგომით, ერთი აზრით და ერთი პოლიტიკით; მასვე აღვადგენთ მხოლოდ ამ გზის გაგრძელებით, 26 მაისის ამ ანდერძის ასრულებით.
ყველა კულტურულ ერს აქვს შემუშავებული ერთი საერთო სახელმწიფო დოქტრინა, რომელზედაც არის დაყრდნობილი მისი საერთაშორისო დამოკიდებულება და თავის არსებობის დაცვა. ამ დოქტრინის ნიშანდობლივი თვისებაა ერის ყველა სასიცოცხლო ძალის ერთ უღელში შებმა, საგარეო საფრთხისა წინაშე ერთი ფრონტის შექმნა, კანონიერი ხელისუფლების გარშემო თავის მოყრა და ნაციონალური დისციპლინის დამყარება.
აი ეს დისციპლინა აკლდა ქართველ საზოგადოებას წარსულში და ეს ღუპავდა თავის დაცვის საქმეს. შინაურ საკითხებით უკმაყოფილო ელემეტები გარბოდენ უცხო სახელმწიფოს კარზე, აბეზღებდენ თავის კანონიერ მთავრობას და ამხედრებდენ მის წინააღმდეგ გარეშე მტერთ. ერთი მთლიანი სახელმწიფო დოქტრინა არ არსებობდა.
26 მაისმა მოგვცა ეს დოქტრინა, უარყო ნებითი და უნებლიეთი დაქსაქსულობა, ჩააჩუმა სპარსული პოლიტიკის მემკვიდრენი - მოსკოვის კარის აგენტები და გააერთიანა ერი.
განმეორდა ძველი ამბავი, ჩაჩუმებული მოღალატენი წელში იმართებიან, უცხო მთავრობისკენ გარბიან და მათი ჯარით დაბრუნებულნი სამშობლოს თავს ესხმიან. 26 მაისი იღუპება, ის მხოლოდ აკრძალულ დროშათ, მისაღწევ იდეალათ ხდება. ნაციონალური ფრონტის გარღვევა ღუპავს ნაციას. თავის დაცვა აღარ არის იქ, სადაც მეციხოვნე ნებით თუ უნებლიეთ მტერს ეხმარება, თავის სარდლობას გადაუდგება.
26 მაისის დროშას ემსახურება მხოლოდ ის, ვინც ასრულებს მის ორივე ანდერძს, ვინც რჩება ერთგული დამოუკიდებლობის და ერთობის, ერთი ნაციონალური სახელმწიფო დოქტრინის. ბრძოლა თავისუფლებისათვის შეიძლება მხოლოდ 26 მაისის მეთოდით; მარტო ღმერთო, ღმერთოს ძახილით სამოთხეში ვერავინ შევა, კეთილ სიტყვას კეთილი საქმე ეჭირვება.
26 მაისის დროშა შეიცავს ჩვენს ნაციონალურ პროგრამას და ჩვენ ნაციონალურ ტაქტიკას. ეს ორი სახე მისი არსებისა განუყრელია, განუყოფელია, ერთი მთლიანი ქანდაკებაა. მიღება პირველის და უარისყოფა მეორის - ფარისევლობაა, მიღება მეორის და უარისყოფა პირველის - უგუნურებაა.
26 მაისი ჩვენი დღესასწაულია, დღესასაწაული იმათი, ვინც მის მცნებას ასრულებს, მის კვალს მისდევს, მის ხაზს აგრძელებს, მის დროშას თავის დროშათ აღიარებს.
ეს დღე მოუწოდებს ყველა ქართველს, ჩადგეს ნაციონალური დისციპლინის კალაპოტში, დაივიწყოს თავისი ჯგუფური თუ პირადი მოსაზრებანი და დაირაზმოს ერთათ, - მტერთან სამტროთ, მოყვარესთან სამოყვროთ.
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო /ჟურნალი/ 1932. №77. გვ. 1.
![]() |
50 ორმოცი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
ამა თებერვლის თვეში სრულდება ორმოცი წელი მას შემდეგ რაც ჩაისახა, შედგა და გამოვიდა საზოგადო სარბიელზე ქართველ სოციალდემოკრატების პირველი ჯგუფი, ჯგუფი ერთობ რიცხვით მცირე, მაგრამ საკმაო გაბედულობით, თაოსნობით და ენერგიით აღჭურვილი.
ეს იყო დრო მძიმე და ბნელი, დრო საშინელი პოლიტიკური რეაქციის, მორალური დავარდნის და საზოგადო უძრაობის. ამ საერთო წყვდიადში ქართული აზროვნება იყო კიდევ უფრო ჩაბნელებული, ერთ წერტილზე გაყინული და დაობებული. იდგა მაღლა ყოვლად მრისხანე მთავრობა და მის წინაშე დაბლა დაჩოქილი საზოგადოება. მოთხოვნილების ალაგას თხოვნა, მოძრაობის ალაგას უქვეშევრდომილესი გრძნობა, თავისთავის იმედის გაქრობა, თავის ძალღონის არარაობა, აზრის და ერის ტყვეობა - აი მაშინდელი დრო მწარეთ მოსაგონარი და საბედნიეროთ სამუდამოთ გამქრალი.
და განა არ იყო ძალა ხალხში დაგროვილი, ნებისყოფა აღორძინებული, გაბედულობა მომწიფებული? იყო და ის მუდამ არის, მაგრამ არ იყო მისი ხელმძღვანელი, მისი მიმგნები, მისთვის ასპარეზის გამშლელი და ფრთების შემსხმელი. იმ დროს ვინ იფიქრებდა ხალხის ძალაზე, მის თაოსნობაზე, მის მიერ თავისთავის პატრონობაზე. პატრონნი ისხდენ ნებივრათ მაღლა, ყმანი წელში გატეხილნი დაბლა, ხოლო შუაში პირველთა წინაშე მახვეწარი და მეორეთა „მხსნელნი“. ერთნი ასეთ მხსნელათ აღიარებდენ ინტელიგენციას, მეორენი თავად-აზნაურობას, არავინ არასოდეს ხალხს.
ამ შავბნელ დროს, ამ საერთო დავრდომილებაში გაისმა პირველი ხმა პირველი სოციალ დემოკრატების, მიმართული ხალხისადმი: შენი ბედი შენ ხელთ არის, ჩაგრულნო და დევნილნო შეერთდით! ეს ნიშნავდა ძირბუდიანათ უარისყოფას გაბატონებული აზროვნების, მიღებული ტაქტიკის, თხოვნების და ჩოქის ყველა გზების. ამით იმსხვრეოდა ყველა ძველი კერპი, ძირს ცვივოდა თფილი ადგილებიდან მაღლა მყვირალნი. მთელი გუნდი ხელშეუხებელი ბურჯების, შერიცხული წმიდანების. აზროვნობა გაიყო ორ მკაცრათ განსხვავებულ მიმდინარეობათ: ძველი, მაღლიდან შველის მაძიებელი, ახალი, დაბლიდან ცხოვრების ჩარხის აღმომჩენი. ამათ შორის ხიდი ჩატყდა, ბრძოლა გაჩაღდა, ბრძოლა ხანმოკლე და სწრაფი: პირველი ჩაქრა დამარცხდა, ის ადრე მოსწყდა გარემოებათა სრბოლას და ცხოვრებას დაეპატრონა ახალი გეზი.
მოხდა საოცარი ამბავი, სულ მოკლე დროში, ათიოდე წელიწადში ქართველი ხალხი დაიძრა, ხელიხელს მისცა და მოძრაობის ფერხულში ჩაება. მის მაღლა მდგომი საზოგადოება მას გაყვა, ისიც თვით მოქმედებას მიეცა და ძველი აზროვნების გზა დასტოვა. ერმა მონახა დასაყრდნობი ბერკეტი, თავისი სული და გული, თავისი მარჯვენა ხელი. ის დაეყრდნო თავის თავს. აიწია, აღდგა და თან აიყოლია მთელი მასზე დაყრდნობილი სოციალური შენობა: მისი დამპალი ნაწილები დაიშალა, საღი დარჩა და ასე მოხდა ნაციონალური ორგანიზმის სულიერი და ნივთიერი გამოჯანსაღება. ის მტკიცეთ დაადგა თავისთავის პატრონობის გზას: მისი ფარხმალი გახდა თვითმოქმედება, თვითმოძრაობა, მისი მომავალი გამოიჭედა. ის აღარ დაიკარგება.
და დღეს, ამ დიადი განცდის და გაჭირების ხანაში, იგივე პარტია, რომლის საფუძველი ამ ორმოცი წლის წინ ჩაიყარა, დგას იმავე ერის გულში, უდრეკი, უშიშარი, მას უძღვება და ემსახურება. დგას მასან ერთათ იგივე ერი, იგივე დევნილი ხალხი, რომელმაც ფეხი აიდგა და პოლიტიკურათ დავაჟკაცდა იმავე პარტიის მეთაურობით, დგას სულით მაგარი, იმედით სავსე და მტრის მესაფლავეთ გამზადებული.
ორმოცი წლის ბრძოლა და თავის დადება ნაყოფიერათ ჩატარდა; მისი შედეგია მრავალი გამარჯვება და დამარცხებაში საოცარი გამძლეობა.
ეს ორმოცი წლის ბრძოლა არის უტყუარი თავდები მომავალი გამარჯვების, გამარჯვების საბოლაოს და ურყევის.
და აი ამ დღეს, ამ ორმოცი წლის თავს, მე როგორც ერთი დაშთენილი პირველი სოც-დემ. ჯგუფისა, ულოცავ ქართველ ხალხს და მასან ჭირში და ლხინში განუყრელს ქართველ სოციალდემოკრატიას და შორიდან, უცხოეთიდან ვეუბნები: კეთილი იყოს პირველი ჯგუფის მოვლინება, პირველი საძირკველის ჩაყრა, პირველი თესლის გადასროლა, თესლის ასე ნაყოფიერის, საძირკვლის ასე მაგარის, პარტიის ასე მტკიცესი და თავდადებულის.
ამ დღეს მწარეთ ვიგონებ პირველ პიონერთა უდროვოთ დაღუპულთ, ეგნატე ნინოშვილს-ინგოროყვას, ს.ჯიბლაძეს, კ. ჩხეიძეს, არ. წითლიძეს; ვიგონებ დევნილ და წამებულ მოხუცს ის. რამიშვილს, ყველა იმათ ვინც კიდევ ცოცხალია და ხალხს არ უღალატა, ვინც დარჩა ერთგული პირველი ჯგუფის, სოც. დემ. პარტიის და არ გასტეხა ფიცი წმინდა ამ ორმოცი წლის წინეთ ხალხის წინაშე დადებული.
ულოცავ მრავალ ათას თავდადებულ ამხანაგებს, ციხეებში გამომწყვდეულთ, ცივ ქვეყნებში გადასახლებულთ, ჩეკის საკნებში წამებულთ და გამწარებულთ.
ქართველი სოციალდემოკრატია უძლეველია, გამარჯვება ჩვენია!
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №30
![]() |
51 როგორ იყო |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპიული ანუ მარქსისტული სოციალიზმი საქართველოში შემოვიდა ვარშავის კარებიდან და დაუპირისპირდა რუსულ ნაროდნიკულ სოციალიზმს.
1890 წელს რამოდენიმე ახალგაზრდამ დავათავეთ თფილისის სასულიერო სემინარია და სხვადასხვა დროს გავემგზავრეთ ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში შესასვლელათ. ამ დროს მარქსის მსოფლმხედველობას არ ვიცნობდით და არც გაგვეგონა ამის შესახებ რამე, გარდა თვით სახელი მარქსისა და მისი წიგნი „კაპიტალისა“,რაიცა არ წაგვიკითხავს. მე ჩემდა თავათ უნდა ვთქვა, რომ გავემგზავრე როგორც ნაროდნიკი ლავროვის შკოლისა და ვებრძოდი მიხაილოვსკის მიმართულებას. ვარშავაში ჩავედი აგვისტოს გასულს 1891 წ. დავაარსეთ თვითგანვითარების ქართველთა წრე, სადაც წავიკითხე მოხსენება: „რა არის პროგრესი“, თავიდან ბოლომდე რუსული სოციალიზმის ტენდენციის1. 1892 წ. იანვარში დაარსდა რუსი სტუდენტების წრე და მიგვიწვიეს ქართველებიც. ეს წინადადება მივიღეთ ორმა, მე და ფ. მახარაძემ. და აი აქ პირველათ გავიცანი მარქსისტული მსოფლმხედველობა. ამ წრის ხელმძღვანელ გვარათ ვიტკინს მოქონდა კაუცკის გერმანული წიგნი, იქვე გვითარგმნიდა და გვაცნობდა ისტორიულ მატერიალიზმს. ეს იყო ჩემთვის დიდი აღმოჩენა, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. უტოპიურ სოციალიზმს თანდათან ვეთხოვებოდი და რამდენიმე თვის მეცადინეობის შემდეგ მიხაილოვსკის ლავროვიც მივაყოლე. ამავე დროს ხელში ჩამივარდა პლეხანოვის ნაწერები, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა წიგნაკმა ტიხამიროვის წინააღმდეგ. ამ რუსულ ლიტერატურას ვაგზავნიდით საქართველოში, სადაც კავშირი და მიწერ-მოწერა მქონდა სამ პირთან: ეგნატე ნინოშვილთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და დიმიტრი კალანდარიშვილთან. ესენი თავის მხრივ აცნობდენ ახალ ლიტერატურას თავის მეგობრებს.
იმავე წელს ზაფხულში მე ავათ გავხდი ფილტვებით და ექიმების რჩევით გავემგზავრე სამშობლოში. ზაფხული გავატარე ჯუმათის მონასტერში, მისი წინამძღვრის ბინაზე. იქ რამდენიმეჯერ მინახულეს ეგნატემ და სილვამ და გვქონდა ხანგრძლივი ბაასი რევოლიუციურ მუშაობაზე. ენკენისთვეში მე გავემგზავრე ს. ჯიბლაძისას ამაღლებაში და იქიდან ჩვენ ორივე წავედით სურებში რამიშვილის სანახავათ. ვნახეთ ისიდორე, მისი შკოლა, მისი საქმე წმინდა ნაროდნიკული მოძღვრებით, გეზით და მიდრეკილებით. გვქონდა ლაპარაკი საერთო მუშაობის და სამუშაო პროგრამის შემუშავების შესახებ. მე დავბრუნდი შინ, ლანჩხუთში და დამხვდა ეგნატე, ჭიათურიდან ჩამოსული. მითხრა, რომ იქ მან აღმოაჩინა დიდათ მომზადებული მარქსისტი და უეჭველათ უნდა გაიცნოვო. მისი ვინაობაა კარლო ჩხეიძეო, თან იხუმრა, სახელიც მოწმობს მის მარქსისტობასო. დამისახელა აგრეთვე მრეწველი კაკაბაძე, როგორც ჩვენი წრის კაცი, რამაც გამაკვირვა, - სად კაპიტალისტი და სად სოციალისტი. ერთი სიტყვით აღმოჩნდა, რომ მარქსისტები გურიის გარეთაც არიან და საჭიროა მათი თავის მოყრა. ეგნატე გაემგზავრა უკანვე და იქიდან მაცნობა, რომ კრების მოხდენა შეიძლება ყვირილაში ი. კაკაბაძის ბინაზე და თუ თანახმა ვარ, აცნობებს ყველას.
მაშინვე თანხმობა ვაცნობე. შობა-ახალ წელს შუა ყვირილაში შევიყარეთ საქართველოში მყოფი ყველა მარქსისტები, ანუ ისეთები, რომელთაც თავი მარქსისტათ მოქონდათ. აქ იყვნენ: ე. ნინოშვილი, კ. ჩხეიძე, მიხა ცხაკაია, დ. კალანდარიშვილი, ის. რამიშვილი, არ. წითლიძე, ევგენი ვაწაძე, ი. კაკაბაძე, ის. კვიცარიძე, რ. კალაძე. ბოლოს კრების გათავების შემდეგ ჩამოვიდა ს. ჯიბლაძე. საქართველოს გარეთ მარქსისტათ გვეგულებოდა მხოლოდ ფ. მახარაძე. გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კამათი. არავის არ აღმოაჩნდა რაიმე დაწერილი გეგმა. თავშივე გამოირკვა ორნაირი მიდრეკილება - ძველი უტოპიურ-ნაროდნიკული და მარქსისტული. უმრავლესობა აშკარათ პირველ ხაზზე იდგა და წმინდა წყლის მარქსიზმი აგრარიულ ქვეყანაში უნიადაგოთ მიაჩნდათ. ამ დავაში ჩემი ხაზი იყო ერთი: მარქსიზმის დანერგვა ჩვენს ნიადაგზე, მისთვის ნაციონალური და დემოკრატიული შინაარსის დამატებით. ამ კამათის დროს ევ. ვაწაძემ ჩამოსწერა იქვე რუსულათ უმრავლესობის ტენდენციის პრინციპები, მსგავსად პროგრამისა, რაიცა შეიცავდა ათიოდე მუხლს. ეს იყო განმეორება უტოპიური სოციალიზმის მთავარი დებულების: აჯანყება, რევოლიუციური მთავრობა, სოციალიზმის დამყარება, სწორეთ ის, რაც შემდეგ თვალწინ გაიშალა ბოლშევიზმის სახით. პროგრამაში ადგილი არ დაურჩა არც ნაციას, არც დემოკრატიას. ვაწაძის პროექტი იქნა მიღებული და კრება დაიშალა. ამ დროს ჩამოვიდა ს. ჯიბლაძე და მასთან ერთათ გავემგზავრეთ გურიაში. ჩვენ ორისათვის აშკარა იყო მარქსიზმის დამარცხება ყვირილაში და გადავსწყვიტეთ საქმის შებრუნება. ჩვენ მოგვემხრო ეგნატეც და მან ითავა ხელახალი კრების მოწვევა იმ პირობით, რომ მე წარმოვადგენდი პროგრამის პროექტს, განსხვავებულს ყვირილისაგან.
მე მაშინვე შეუდექი და იანვრის გასულს ვაცნობე ეგნატეს: მზათა ვარ. დავნიშნეთ მეორე კრება იმავე ჯგუფის თფილისში თებერვლის გასულს, ყველიერის უკანასკნელ სამ დღეს. შეიკრიბა იგივე ჯგუფი, გარდა რამდენიმე პირისა, რომელნიც სიშორის გამო ვერ ჩამოვიდენ (ის. რამიშვილი და სხ). პირველ ყოვლისა მოვახდინეთ გამოკვლევა იმის, თუ კიდევ არის ვინმე სხვა ეროვნების მარქსისტი. ამ მიზნით მივმართეთ სტეფანე დანდუროვს, რომელიც იცნობდა მემარცხენე ინტელიგენციას. მან გაგვიცხადა, რომ მარქსისტი მას არავინ ეგულება და თვით მარქსიზმი რუსეთის სინამდვილეში, მით უფრო კავკასიაში, დიდი სიბრიყვეა: ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ევროპას კიდევ თავისი. გაიმართა კამათი. ბოლოს გვითხრა: კვირა საღამოს რევოლიუციური ინტელიგენციის „ვეჩერინკაა“, მოდით იქ და ეგება იქ ნახოთ ვინმე თქვენი თანამოაზრეო. მოგვცა მისამართი და დავშორდით. მეორე დღესვე შევიყარეთ და ჩემი მოხსენება სახელწოდებით „რა ვაკეთოთ“ წავიკითხე. მოხდა საკვირველი ამბავი: ყვირილის პროგრამა აღარავის გახსენებია, მისი დამცველი აღარავინ გამოსულა. ჩემი პროექტის დასკვნებს არავითარი კამათი არ გამოუწვევია, მხოლოდ დასაბუთება არ მიაჩნდათ საკმარისი და ითხოვდენ მის გაძლიერებას ისტორიული მაგალითებით. განსაკუთრებით ამ მხარეს აწვებოდა კ. ჩხეიძე. მეორე დღესვე შევედი „საზოგადო ბიბლიოთეკაში“, გოლოვინის პროსპექტზე, გადმოვიღე დუბროვინის ისტორიული მასალები, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისის აწერილობა ჩვენში, შევავსე ჩემი მოხსენება და შემდეგ კრებაზე წარუდგინე ამხანაგებს. ეს იყო შაბათი თუ კვირა დილა. აქ ერთხმათ იქნა მიღებული ჩემი პროექტი და დამევალა გამომექვეყნებია ლეგალურ პრესაში.
კვირა საღამოს წავედით რევოლიუციურ საღამოზე. სამი ოთახი გატენილი იყო ქალითა და კაცით. რევოლიუციური სიმღერა, ცეკვა, მსუბუქი საჭმელი, - აი „ვეჩერინკა“. ვერავინ ნაცნობი ვერ ვნახეთ. ბოლოს მოგვწყინდა ამ სიცარიელის ცქერა და დავაპირეთ წამოსვლა. ვეძებთ კარლოს. მას თურმე ხელში ჩაუგდია ვიღაც ნაროდნიკი და „ტყავს აძრობს“. მივედით ჩვენც. თავი მოიყარა ხალხმა. გაკეთდა დიდი წრე. შეწყდა მუსიკა და ცეკვა, გაიმართა კამათი. ხმა გავარდა, მარქსისტები გამოჩენილანო და ყველა მორბოდა ამ უცხო მხეცის შესახვედრათ. ამ კამათის შედეგი იყო ის, რაც დანდუროვმა გვითხრა: მარქსისტი თფილისში არ აღმოჩნდა. შავ ორშაბათს კიდევ შეიყარა ჩვენი ჯგუფი და გადაწყვიტა პრაქტიკული მუშაობის დაწყება წერით, სიტყვით და ორგანიზაციების დაარსებით, პირველ ყოვლისა თფილისში.2
ამნაირათ, ჩამოყალიბდა ქართველ მარქსისტების პირველი ჯგუფი, გარკვეული პროგრამით და მოქმედების გეგმით. ამ ჯგუფს მე დავშორდი მანძილით, საზღვარგარეთ გავემგზავრე იმავე წელს მაისში. ჯგუფის დადგენილებით მასთან მქონდა მუდმივი მიწერ-მოწერა და კავშირი. ამ ჯგუფის საჯარო გამოსვლა მოხდა ეგნატე ნინოშვილის საფლავზე და მას დაერქვა „მესამე დასი“. ეს ლეგალური სახელი სწორეთ მისწრება იყო ამ არა-ლეგალური ხალხისათვის და ჩვენც ეს სახელწოდება შევიფერეთ ყველა ჩვენ ლეგალურ გამოსვლაში.
შემდეგ ამ ჯგუფს ჩამოშორდა ზოგი მისი წევრები და დაუბრუნდენ რუსულ სოციალიზმს ბოლშევიზმის სახით. ყვირილის პროგრამა ისევ აღდგა. ეს ორი სოციალიზმი - რუსული და ევროპიული - დღესაც ერთმანეთს ებრძვის.
_____________
1. ეს მოხსენება, ისე როგორც ჩემი ხელნაწერები, დიდი ხანია აბარია ერთ ჩემს ყოფილ მეგობარს თფილისში და მიკვირს, რომ ამდენ ხანს არ მიბრუნებს.
2. „რა ვაკეთოთ“ მაშინვე დაუტოვე „ივერიას“ დასაბეჭდათ. არ დაბეჭდა. შემდეგ გაუგზავნე „მოამბეს“ და დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გამოაქვეყნა 1894 წ. ორ ნომერში. სათაური გამოუცვალე, დავარქვი „ეკონომიური წარმატება და ეროვნება“
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №30.
![]() |
52 ნოე ჟორდანიას ნაწერებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ 20-25 წ. განმავლობაში ჩვენი ცხოვრება შესამჩნევათ შეიცვალა. შემდეგ ბატონ-ყმობის მოსპობისა, ფოსტატელეგრაფის და რკინის გზების დამართვისა ფეხი აიდგა მრეწველობამ და ვაჭრობამ, შეიქმნა რევოლიუციურ ძალათ ჩვენი ქვეყნისა. ვაჭარი არ კმაყოფილდება ერთი რომელიმე განსაზღვრული ტერიტორიით. იმას სურს ყველგან მისი საქონელი ბატონობდეს, მოცილეობას უწევდეს უცხო საქონელს და მეტ ბაზარს იპყრობდეს. ამისათვის გაჰყავს გზები მიუვალ ალაგას, მიაქვს თავისი ნაწარმოები გასანაღდებლათ და გამოაქვს სამაგიერო სხვაგან გასაყიდათ. ამნაირათ, ნივთიერათ აკავშირებს უცნობ ნაწილებს. სოფელი, ქალაქი, მაზრა გამოდიან ეკონომიურ განკერძოებულ ცხოვრებიდან, ერთ კუთხეში ეჩვევიან უფრო სიმინდის მოყვანას, მეორეში-პურისას, მესამეში-ღვინისას და სხ. (შრომის ამგვარი განაწილება მხოლოდ ახლათ დაწყებულია და ისიც არა ყველგან: იმართება საეკონომიო ცენტრები, სადაც შეაქვთ და გამოაქვთ საჭირო საქონელი. ეს იზიდავს ხალხს: ვაჭარს, ხელოსანს, მუშას. იქვე იკრიბება სხვადასხვა სამმართველო და საზოგადო დაწესებულებანი, იხსნება სკოლები, თავს იყრიან განათლებული და ნასწავლი პირები. ჩნდება გონებრივი აღებ-მიცემობა, ფეხს იდგამს მწერლობა და სხვა. ამასთანავე მრავლდება ქალაქები, იზრდება დაბა-სოფელი. მთელი საქართველო მიისწრაფება უმთავრეს და წვრილ ქალაქებისაკენ. ამით სხვადასხვა კუთხე შეუმჩნევლათ უახლოვდება და უკავშირდება ერთმანეთს. ეს კიდევ არაფერი. ჩვენი ვაჭარი თვალ-ყურს ადევნებს ევროპიულ ვაჭრობას; ტყობილობს, სად რომელი საქონელია ძვირი, სად რა არის საჭირო; იბარებს დამუშავებულ საქონელს და გზავნის დასამუშავებელ მასალას. ასე გასინჯეთ, სოფლის მეურნეც კი ჩაიყოლია ამ მიმდინარეობამ, ის მოცილეობას უწევს მსოფლიო ბაზარში ევროპის მეურნეს, სიმინდით, პურით, ღვინით და სხ. ამისათვის იმას ძლიერ ეინტერესება უცხოეთის ამბები, მისი ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა, ერთი სიტყვით, ცხოვრებაში გაჩნდენ ახალი პირობები და განახლდა თვით ცხოვრება.
ამგვარათ, ახალმა ცხოვრებამ დაჰბადა ახალი მოთხოვნილება, წინ წამოაყენა ვაჭრობა და აღებ-მიცემობა, გაართულა და გაამრავალფერა პირვანდელი სადა ურთიერთობა. შრომა ეკონომიურად დაჰყო ერის ნაწილთა შორის, ჩააყენა ქვეყანა მსოფლიო აღებ-მიცემობის კალაპოტში. სუყველა ამას თან მოსდევს ხალხის ნივთიერად გაერთიანება და საზოგადო კაცობრიობის ცხოვრებაში შესაფერი ადგილის დაჭერა. აი ამ საისტორიო გზას დაადგა ქართველობა; ჯერ მხოლოდ ერთი ბიჯი გადადგა ამ მხრით და მით ფეხი მოიმაგრა ახალ ნიადაგზე. ამით მიეცა შეურყეველი საფუძველი ქართველ ეროვნობას. ერი შეება საერთო უღელში, შეეჩვია ერთად ცხოვრებას, ერთათ მოღვაწეობას; მომზადდა ნიადაგი გონებრივი ერთობისა: ქართველობა ერთი ყელ-საბმელით შებორკილი, ერთი ჯაჭვით შემოჯაჭვული, ფხიზლდება, საღი გონებით და მახვილი თვალით იხედება (ეკონომიური წარმატება და ეროვნება - 1893 წ.).
საქართველოს დღევანდელი განვითარება შეიცავს ორ მხარეს, ორივეს აუცილებელს და ერთმანეთთან მჭიდროთ შეკავშირებულს: ნივთიერად გაერთიანება საქართველოს სხვადასხვა კუთხის და ნივთიერად დაყოფა ქართველი ხალხის, ორივე ხდება აღებ-მიცემობის კაპიტალის წყალობით. პირველ შემთხვევაში თუ ერი ერთიანდება იდეებით ეროვნული თვით-ცნობიერების ნიადაგზე, მეორე შემთხვევაში იგივე ერი ნაწილდება ინტერესებით ეკონომიური თვით-ცნობიერების ნიადაგზე. ყოველივე ფეხის ნაბიჯი ჩვენ მიერ წინ გადადგმული მოასწავებს ეროვნული შრომის, საწარმოვო ძალის განვითარებას - ერთი მხრით, კლასსიური განხეთქილების, სოციალური ანტაგონიზმის აღორძინებას - მეორე მხრით, ეს ორი მხარე ერთი მეორის შვილია. პირველი იწვევს მეორეს, მეორე ავითარებს პირველს. ჩვენი ცხოვრება, რომლის შინაარსს წინათ წოდებრივი წყობილება და პატრიარქალურ-იდილიური დამოკიდებულება შეადგენდა, დღეს გაევროპელების გზას დაადგა („ივერია“ და ეროვნება - 1897წ.).
ეროვნული და სოციალური კითხვა - აი, ის ორი ფეხი, რომელზედაც ცხოვრება შედგა და საშინელი სისწრაფით წინ მიექანება. ეს ჩვენი არსებობის დედაძარღვია, ეს ჩვენი წარმატების საფუძველია (იქვე).
ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სარჩული ეკონომიური წარმატებაა, რამაც დაბადა ეროვნული გაერთიანება და სოციალური დანაწილება. საქართველო ერთი, განუყოფელი; საქართველო ორი სიმდიდრ-სიღარიბის მიხედვით დაყოფილი. თუ პირველ კითხვაზე ვერთდებით, მეორეზე ვიყოფით. თუ შინაურ ცხოვრებაში ვიბრძვით, გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთათ ვდგევართ. ეს არის არსებითი თვისება უმაღლესი განვითარების (იქვე).
გაევროპიელება სწარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე. სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ევროპა, ქართველობა და ევროპიელობა-აი რა წერია ახალ დროშაზე. ამის ამოკითხვა და ხალხის შეგნებაში გადატანა-ჩვენი დროის ისტორიული კითხვაა (იქვე).
დიდათ ვაფასებთ იმ თაობას, რომელმაც დაუფასებელი ღვაწლი დასდვა მთელ საქართველოს, შეგვიქმნა მწერლობა, შეგვიმუშავა სალიტერატურო ენა, შეებრძოლა ძველ წესებს და ჩაგრულთა მომხრეთ გამოვიდა. ერთი სიტყვით ეს თაობა იბრძოდა წინსვლის, პროგრესისათვის და თვით ეს ბრძოლა გულწრფელი, უანგარო იყო... მაგრამ ნება მოგვეცით, ამავე თაობის დღევანდელ მოქმედებაში ეჭვი შევიტანოთ. ეს თაობა (უკეთ ვთქვათ, ძველი დასი) დღევანდელ ცხოვრებასაც მესამოცე წლების სათვალეებით უცქერის. მაშინ როდესაც თვით ცხოვრება საშინლად შეიცვალა, დაიბადენ ახალი პირობები, აღმოცენდენ ახალი კითხვები. აი, აქ იწყება ამ დროის უკან-დახევა, ჩამორჩენა და განზე გადახვევა... ეს თაობა დღეს წინად მოხვეჭილი სახელით სარგებლობს სწორეთ ისე, როგორც მოვახშე ერთხელ შეძენილი ფულის პროცენტით სცხოვრობს. ეს გარემოება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევს სამოქმედო ასპარეზზე ახალ მოღვაწეთ, იმ მოღვაწეთ, რომელნიც განაგრძნობენ ძველი დროის დაწყებულს, მაგრამ მიტოვებულ საქმეს, თანახმად ახალი ცხოვრებისა და მისი მოთხოვნილებისა.(კრიტიკის კრიტიკა. 1895 წ.).
ოქტომბრის 22-ს (1896 წ.) ქართველობამ იდღესასწაულა თ. რ. ერისთავის 50 წლის მოღვაწეობის იუბილე. ეს დღესასწაული ისე სამაგალითო და დიდებულათ იქნა გადახდილი, რომ მიიპყრო მთელი ჩვენი ყურადღება, ერი, საუკუნეთა განმავლობაში დანაწილებულ დაქსაქსული, ვიწრო ადგილობრივი ინტერესებით გარემოცულ-კარჩაკეტილი, დღეს საერთო აზრით და მისწრაფებით, საერთო ჭირით და ლხინით ასულდგმულებულა, აღფრთოვანებულა. ერი რომელიც ვერ გააერთა სახელ-განთქმულმა მეფეებმა, ძლევამოსილმა მხედრებმა, დღეს ერთი საქმისათვის ერთ ალაგას ხელი-ხელ გაყრილი გამოსულა! ერს, რომლის წარსულ დროშაზე შუღლი და უთანხმოება ეწერა, დღეს ერთობის, ძმობის დროშა აუფრიალებია! გურული და ხევსური, მეგრელი და თუში, ქართლელი და ქობულეთელი, იმერელი და კახელი ერთ ქალაქში ჩამოსულან, ერთ დარბაზში შეკრებილან, ერთი გრძნობით გამსჭვალულან! და ისიც რატომ? 50 წლის იუბილე მიელოცა ერთი კაცისათვის, და მერე რა კაცისათვის? მწერლისათვის, პოეტისათვის! წამოაყენეთ ირაკლი მეფე საფლავიდან და შეახედეთ, - ის გაშტერებული წამოიძახებს: გურული და მეგრელი მე ვერ ჩამოვიყვანე თფილისში, რომ კრწანისის ბრძოლაში დამხმარებოდა, დღეს კი ვიღაც პოეტისათვის თავის ნებით ჩამოსულან! ეს მე აღარ მესმის, აქ რაღაც სხვა ძალა ამუშავებულაო. დიახ, ახალი ძალა ამუშავდა და მას თანდათან ემორჩილება მთელი საქართველო (მესამოცე წლების მოღვაწენი და დღევანდელი ცხოვრება. - 1896 წ.)
რეფორმების შემდეგ ჩვენ ერთ და იმავე გზაზე მივდივართ, არც ერთი წუთიც ამას არ გადავცდენივართ, და თუ მწერლობა გადაცდა, ეს მწერალთა სისუსტეა და არა ცხოვრების სიძაბუნე. დროში, მესამოცე წლებში აფრიალებული, ისევ აფრიალებულია, მაგრამ მისი მატარებელი ის აღარ არის, ვინც მაშინ იყო. ის ერთიანად ხალხს გადაეცა და მან თავის გულში დამალა, ცხოვრების სიღრმეში გადაიტანა. საჭიროა მისი ისევ ზევით ამოტანა და ის, რაც ზედ დღევანდელმა ვითარებამ მოჰქარგა, საქვეყნოდ გამოჩვენება. აი ეს „მენე ტეკელი“ უნდა ამოვიდეს სიბნელიდან სინათლეში, შეუგნებლობისაგან შეგნებაში და გადაიქცეს მოწინავე რაზმის დროშად. ამ რაზმს ჩვენ დღევანდელი მწერლობა ვეღარ მოგვცემს, იმიტომ რომ ის ერთიანად გადასცდა ცხოვრების კალაპოტს, ისტორიულ ნიადაგს და მოგეხსენებათ ბურთი წინ გასროლილი უკან ვეღარ დაბრუნდება. მაგრამ ერთი ვიკითხოთ, შეეძლო კი მწერლობას სხვაფერ მოქცეულიყო? ჩვენ ვიტყვით, რომ არ შეეძლო, ეს აუცილებელი იყო, რაიცა პირველი საბუთია ცხოვრების ზრდის და წარმატებისა. მწერლობა იმიტომ დაიბნა, რომ ცხოვრება შეიცვალა, ეს ცვლილება მან ვერ ახსნა, ვერ შეიგნო და ფანტაზიას, უტოპიას მიეცა. ასეთ მდგომარეობიდან მას გამოიყვანდა მხოლოთ დასავლეთი ევროპის განვითარების გაცნობა, რომელმაც ის ხანა, რომელშიაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, კაი ხანია განვლო და საკუთარი გზა გაიკვლია, შესწავლა ამ გზის, გამორკვევა მისი მიდრეკილების, ნიშნავს ჩვენი ცხოვრების გარკვევას და მერმისის გათვალისწინებას. სამწუხაროდ ჩვენი მწერლობა ამ მიმართულებას არ ადგია, ეს ერთიანად რუსული მწერლობის გავლენის ქვეშ არის, იმ ქვეყნის, რომელიც მოქალაქობრივათ ჩვენსავით უკან ჩამორჩენილია და, მაშასადამე, გზას მერმისას ვერ გვიჩვენებს. (იქვე).
ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც ერთი ევროპიული ხანა - ფეოდალური, უკვე გავიარეთ, ევროპა ვერას დაგვაკლებს. ის ჩვენი მტერი არ არის, პირიქით, ის არის სისხლი-სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი - ხორცთაგანი ჩვენი. ჩვენ ჩვენითვე ვევროპიელდებით და მაშასადამე, მის გვერდით, მასთან შეკავშირებით ჩვენითვე უნდა ვიცხოვროთ. ქართველობამ თვითონვე უნდა განავითაროს ძალა, აღძრას ენერგია, გაანაყოფიეროს შრომა, თვითმოქმედება, თვითმოძრაობა, თვითაზროვნება-აი, რა უნდა ეწერო მის დროშაზე, ყველა ის, რაც ამ გზაზე გვაბრკოლებს, ძიძაობას გვიწევს, ასპარეზს გვივიწროებს, გვაძინებს, გვაზარმაცებს-აი, ეს ჩვენი პირდაპირი მტერია,მომავლის ორმოს ამომთხრელია. მას სურს ამ ორმოში ჩვენი ჩაყრა, რომ შემდეგ თავისუფლათ იპარპაშოს. აი, აქ სიფრთხილე, prenez garde! (იქვე).
როგორც არა ერთხელ მოვიხსენეთ, ის, რამაც ჩვენ წინ წაგვწია, ახალი მოქმედებისაკენ გაგვაქანა. ყოფნის თუ არ ყოფნის კითხვა დაგვისვა, - არის ეკონომიური ურთიერთობა. ამასთან მჭიდროდ შეკავშირებულია ყველა დანარჩენი მხარეები: ლიტერატურული, იურიდიული, პოლიტიკური, ეროვნული და სხვა, მაგრამ არის განვითარება და განვითარებაც. განვითარება იქნება ისიც, რომ მთელი ქართველობის ქონებას და გონებას ვიღაც გადამთიელი დაეპატრონოს, და ისიც, როცა ქართველობა საქართველოში ყოველ სარბიელზე ბატონობდეს. სად არის ის ძალა, რომელიც ჩვენ ამ მეორე გზისაკენ ხელს წაგვკრავს? საიდან მოგროვდება ის შეუდრეკელი მხნეობა, რომელიც დაამარცხებს უცხო ტომთა მეტოქეობას და უმაღლეს საფეხურზე აგვიყვანს? უცხოეთიდან მოგვევლინება? სხვისი მიწის შვილი იქნება? არა, ელექტრონის ძალა, რომელიც ჩვენ გარს შემოგვხვევია და უბრალო შეხებისთანავე დამწველ ნაპერწკალს გასცემს, ჩვენშივე უნდა მოგროვდეს, ჩვენვე უნდა შევიმუშავოთ და თავი მოვუყაროთ იმ საერთო აუზში, რომელსაც ეწოდება ქართველობა და რომლის თითოეული მართული თითოეული ქართველია. ამ მართულების შემაერთებელი ძირი ცხოვრებაა, ხოლო მათი ბოლო ეროვნობა, ეროვნული ძალაა. შეახეთ ხელი უკანასკნელს და მაშინვე გადაეცემა პირველს და ერთნაირად აბობოქრდება უკანასკნელი. პირველი დაუშრეტელი შადრევანია, საიდანაც ჰაერში სცემს ანკარა წყალი . დააჭირეთ ხელი შადრევანს მაღლიდან და უეჭველათ შეჩერდება წყლის მსვლელობა, მაგრამ რამდენსამე ხნის შემდეგ შენით თუ არ მოშორდი, ის ახალ მოკრეფილი ძალღონით ჰაერში გისვრის. მოშალეთ თვითონ შადრევანი და ყოველივე გათავდა, აღარ არის წყლის სროლა, აღარც მისი ძლიერება და აი, სწორეთ ამნაირი შადრევანია ცხოვრება, სამოქმედო ასპარეზი, და მისი განმტკიცება, განვითარება უმაღლესი ისტორიული დანიშნულებაა. მხოლოდ აქ არის ის ნიადაგი, რომელზედაც მაგრდება თითოეული ერი და შედის საკაცობრიო ცხოვრებაში (იქვე).
საქართველოში ერთ და იმავე დროს ვითარდება ორგვარი კლასიური განხეთქილება: წინააღმდეგობა ბურჟუას და თავად-აზნაურობას შორის და წინააღმდეგობა თვითონ ბურჟუას და მუშა-ხალხს შორის. პირველ შემთხვევაში რევოლიუციონურ ძალას წარმოადგენს ბურჟუაზია.1, მეორე შემთხვევაში მუშა-ხალხი. პირველი მიზნის მისაღწევათ ბურჟუაზიას ეხმარება მთელი ხალხი, ვინაიდან მთელი ერის ინტერესია განთავისუფლდეს მობერებულ წყობილებიდან. აქ ბურჟუაზიის ლტოლვილება ხალხის ლტოლვილებაა, მეორე შემთხვევაში მოკავშირენი, - ხალხი და ბურჟუაზია-ნაწილდებიან ორად, რომელთა შორის სტყდება სასტიკი და უკანასკნელი ბრძოლა. აქ ბურჟუაზიის ლტოლვილება აღარ არის ხალხის ლტოლვილება. მათ შორის ღრმა ორმოა. თუ პირველი ძლიერდება ფულით, შეძლებით, და მით ბურჟუაზიული განათლებით, მეორე უნდა გაძლიერდეს ერთობით, თანხმობით და მუშური შეგნებით. აქ საძირკველი შრომაა, იქ კაპიტალი. ამ ორ ელემენტის შერიგება ვერ მოხდება, სანამ ისინი სხვადასხვა პირს ეკუთვნიან. მათი შეკავშირება, ერთ და იმავე პირში თავის მოყრა, არის ერთად ერთი საშუალება მათი შერიგების და ყოველივე განხეთქილების მოსპობის. აი, ამ ისტორიული დანიშნულებისათვის მოწოდებულია დღევანდელი მუშა-ხალხი. მან უნდა მოუღოს ბოლო ბრძოლას, რომელიც ატეხილია კაპიტალსა და შრომას შუა, მდიდარსა და ღარიბს შორის, და უდაბნოში მოტანტალე კაცობრიობა აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანოს. მის დროშაზე წერია: tout pour le people, tout pur le people - ყველაფერი ხალხისათვის, ყველაფერი ხალხითვე. ვინც ამ დროშის ქვეშ იბრძვის, ის იბრძვის ხალხისათვის, ვინც ამ დროშას ებრძვის, ის იბრძვის თავისთვის, ხალხის წინააღმდეგ. დეე, მუშა-ხალხმა შეიგნოს, რაც არის და რაც არ უნდა იყოს. დეე, გამედიდურდეს, გაამპარტავნდეს, რომ მხოლოდ მას ასეთი უდიდესი მოვალეობა ისტორიამ არგუნა! (იქვე).
მესამოცე წლების ცხოვრებამ წამოაყენა ორი კითხვა: ბატონ-ყმობის გაუქმება და სამშობლო ენის დაცვა. ეს ორი დედა-აზრი შეიქმნა მაშინდელ მოღვაწეთა სახელმძღვანელოდ. პირველი კითხვა დღეს აღარ არსებობს, ბატონ-ყმობის მოსპობას ყველა შეურიგდა, მეორე კითხვას გაცილებით ფართო ნიადაგი მიეცა. ეს ნიადაგი შეიცავს შემდეგ ორ კითხვას, რომელიც წამოაყენა დღევანდელმა ცხოვრებამ: ეკონომიური განვითარება მთელი ერის საერთოდ.2 და ეკონომიური განვითარება თითოეული კლასის კერძოდ. პირველი ჩვენი ეროვნული, კულტურული კითხვაა, მეორე კი კლასიური, სოციალური; უკანასკნელი პირველის ერთად ერთი შინაარსია. ეროვნული ზრდა არ არის კლასთა ბრძოლის გარეშე. წინსვლის დედა ძარღვი აქ არის დამარხული. ბურჟუაზია უარყოფს პატრიარქალურ ფეოდალურ ურთიერთობას და ამყარებს ბურჟუაზიულს; მუშა-ხალხი უარყოფს ბურჟუაზიულს და ამყარებს კოლექტიურს. ეს პროცესი მოძრაობაა და არა რეცეპტი და პროგრამა. აშკარაა დღევანდელ მოღვაწეთათვის ეს ორი კითხვა უნდა შეიქნეს სახელმძღვანელოდ და მით გაგრძელებულ იქმნას მესამოცე წლების გონებრივი მოღვაწეობა ისე, როგორც დღევანდელი ცხოვრება მაშინდელი ცხოვრების ნივთიერი გაგრძელებაა.
როცა ეს ისტორიული მოწოდება ცხოვრებიდან გონებაში გადავა შეგნებით გაშუქებული შეიქმნება კუთვნილებად თითოეული ქართველის, მისწვდება უკანასკნელ სოფელს, შევა უკანასკნელ ქოხში, მაშინ ხეზე შემომჯდარი მერცხალი გადმოგვძახებს: „გაზაფხული, გაზაფხულიო“.
_____________
1. მკითხველს ხელმეორეთ მოვაგონებ, რომ მე აქ ეკონომიური სარბიელი მაქვს სახეში; პოლიტიკაში მან შეიძლება შესაფერი როლი ვერ ითამაშოს.
2. ჩვენ აქ არ შევეხებით იმ კითხვებს, რომელნიც შეკავშირებულია ამ მხარესთან. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს: ხალხის გამრავლება მჭიდროდ შეკავშირებულია საწარმოვო ძალის განვითარებასთან. რამდენად ეს საყურადღებოა პატარა ერისათვის თავისთავად აშკარაა.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №30
![]() |
53 საეჭვო მეგობრობა |
▲ზევით დაბრუნება |
გასულ თებერვალს მოხდა საბოლაო დამტკიცება (რატიფიკაცია) საფრანგეთ-საბჭოთა ხელშეკრულობის ერთი მეორეზე თავდაუსხმელობის შესახებ, წოდებული პაქტათ. დრო არის შევჩერდეთ ამ საგანზე და მივაქციოთ მისკენ ჩვენი მკითხველის ყურადღება.
რატომ და ვისთვის იყო საჭირო ეს თავდაუსხმელობის პაქტი? მის ხელის მომწერთ საერთო საზღვარი არ აქვთ, ვერავითარი გზით ერთიმეორეს ვერ დაესხმიან, საფრანგეთს ყავს მოსაზღვრენი, რომელთაც მართლა შეუძლიათ მას დაეცენ, მაგრამ მას საჭიროთ არ დაუნახავს მსგავსი ხელშეკრულობათა მათთან დადება. მისთვის და სხვებისათვისაც სრულიად სამართლიანათ ითვლება ბრიან - კელოგის პაქტი საკმარისათ და მის ნიადაგზე გაჩერებით მშვიდობიანობის უზრუნველყოფა, მაგრამ რუსეთთან, რომელთან ტერიტორიალურის თუ სხვა რაიმე ღრმა საკითხების გარშემო არავითარი დავა საფრანგეთს არ აქვს.უეჭველათ განსაკუთრებითი პირობა შეიქნა საჭირო და მისი კელოგის პაქტისატვის მიმატება. ეს ერთი - მეორის ორმაგი გამოჭირვა არ აიხსნება არც საბჭოთა მოსაზღვრე სახელმწიფოებით. ვინაიდან ყველაზე უფრო საშიშარ მდგომარეობაში მყოფ რუმინიას ის დღემდის არ მიუღია.ამათი პოზიცია გამორკვეულია, მოსკოვს იქით არ ედავებიან, ოღონდ აქეთ არ შემოგვედაოსო. სწორეთ ამ შემოდავებამ აიძულა რუმინია პაქტზე უარი ეთქვა.
პაქტი საჭირო იყო და არის მხოლოდ მოსკოვისათვის, რომ ამ გზით ამოვიდეს იმ საშინელი უფსკრულისაგან, რომელშიაც შინ ის ჩავარდა.
მან საკმაოთ მოიბალახა გერმანია, გამოიტანა ყოველივე ის, რის გამოტანა კი შეეძლო და სამაგიეროთ ჩაუტოვა ცარიელი უფულო ვექსილები, რომლის განაღდება საკუთარი ძალით არ ძალუძს. რაპალომ გადაარჩინა ის დანგრევისაგან და მოიყვანა დღევანდლამდე. ახლა საჭირო გახდა ახალი რაპალო, საფრანგეთისაკენ გადმობალახება და ფრანგების ჯიბით გერმანელების გასტუმრება. მართალია საფრანგეთმა მილიარდები ჩატოვა რუსეთში და საეჭვოა ახალი მილიარდების კიდევ ამ უძირო ქვევრში ჩაყრა, მაგრამ მაინც გაჩნდნენ მაკლერები, მოსაშუალენი, დაინტერესებული პირები, მოსკოვის აგენტები და კულისებში გაჩაღდა მუშაობა და უცებ, მოულოდნელათ ამ ერთი წლის წინ საიდუმლოება გახდა აშკარათ. ამოძვრა მზამზარეული პაქტი. შემდეგ შეიქმნა ყოყმანი, საქმის გათრევა, მის მიზანშეწონილობაშია დაეჭვება დრო მიდიოდა, პაქტი ადგილიდან არ იძვროდა.
მაგრამ არც მოსკოვს ეძინა. მოსკოვის კოჭი უცებ შემოტრიალდა და ალჩუზე დაჯდა. ნოემბრის გასულს რადიკალების მეთაურმა ერიომ პაქტს ხელი მოაწერა და სარატიფიკაციოთ გაამზადა. ეს საველე პავლეთ გადაქცეული ახლა საჯაროთ გამოვიდა და თავის აქტის დასაბუთება პრესაში და კრებაზე დაიწყო.
აი ეს საბუთები პაქტს აძლევს ახალ სახეს; მას ეკარგვის კომერციული მოსაზრებები და ხდება პოლიტიკურ ფაქტორათ. თუ ამდენ ხანს ლოიდ ჯორჯის მიერ მოწონებული ვაჭრობა კაცის მჭამელებთან ბოლშევიკებზე იქნა გადატანილი, ახლა ეს მეტათ პროზაიკული საბუთი მიიჩქმალა და რომანტიზმი ამუშავდა. პირველი მოსაზრება ყოველ შემთხვევაში შედარებით უბრალოა, ვინაიდან ის ეხება მხოლოდ კერძო პირთა წაგებას თუ მოგებას. ხოლო მეორე ეხება მთელ ერს, მთელ საზოგადოებას, რომლის პოლიტიკურ ილუზიებში გაბმა საბედისწეროა. მოვისმინოთ ეს ახალი საბუთები1.
საბუთი პირველი: „არასოდეს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება პოლიტიკურ რეჟიმს იმ ქვეყნისას, რომეთანაც ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა“. აზრი ჩინებულია, ერთხანს ჭეშმარიტად მიჩნეული. მაგრამ ვინაიდან ჭეშმარიტება კონკრეტულია, არსებულ სინამდვილეში ის მისაღებია? როგორ შეუძლიათ ორ მოპირდაპირე რეჟიმს მართლა მეგობრული დამოკიდებულება ქონდეთ. ერთი მეორეს გაჭირებაში შერჩენ? დიდმა ომმა დაგვანახვა, რომ ქვეყანა გაიყო ორათ რეჟიმის მიხედვით, ყველა ქვეყნის დემოკრატია დადგა ერთათ საფრანგეთის მეთაურობით, მონარქიები და ფაშები მეორე მხრით. ერთათ ერთი გამონაკლისი, რუსეთი, სწორეთ ამ გარემოებამ დაანგრია, ე.ი. ის ვერ შერჩა დემოკრატიის კოალიციას, რადგან მისი რეჟიმი არ იყო დემოკრატიული. მაშასადამე, ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ თანაბარი რეჟიმთა შორის.
რას ვხედავთ ირგვლივ? ეს თანამედროვე პოლიტიკის ანბანი ფართე მასშტაბითაა ამუშავებული, ცენტრალური ევროპა სწრაფი ნაბიჯებით ეწყობა სწორეთ მის ნიადაგზე. იტალია, გერმანია, ვენგრია ერთი მეორეს ეკავშირება სწორეთ რეჟიმით. დგება, მაშასადამე, მკვიდრი დამაფიქრებელი კოალიცია. ხოლო ამ დროს ძველი უშინაარსო მცნების წამოყენება - რეჟიმი ჩვენ არ გვეხებაო ილუზიის დაუშვებელი თესვაა. ეს ამრუდებს არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკასაც. სწორეთ დემოკრატიაა მოვალე მხარი დაუჭიროს ყოველგან დემოკრატიულ რეჟიმს და გაამაგროს ის. ეს მისი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესია. რაკი ამ მოვალეობისაგან ხელს იბანთ, სხვისი რჟიმი მე არ მეხებაო, ამით ხელს უწყობთ ანტიდემოკტრატიული მიმდინარეობის გამარჯვებას და მტერთა ბანაკის გაძლიერებას. ამ ძველი დრომოჭმული პოლიტიკის ნაყოფია ფაშიზმის ასე გაფართოვება და ევროპის მშვიდობიანობის საფრთხეში ჩავარდნა. ჩემი მეზობლის უბედურობა ჩემი უბედურობაცაა. სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი - საფათერაკო აზროვნებაა პოლიტიკაში. ის უნერგავს ყოველნაირ საფუძველს პაციფიზმს; წარსული დიდი ომი იყო ომი რეჟიმთა შორის; მომავალი ომი სწორეთ ამავე ხაზით მზადდება.
ეს აზრი ერიოს დაავიწყდა სამოსკოვო წერილში, თვარა თავის პარტიულ კრებაზე არ დავიწყებია, მან სთქვა პირველი მარტის სხდომაზე: „ჩვენ განვაგრძობთ რწმენას, რომ მხოლოდ ღრმა შეთანხმება სამი დიდი დემოკრატიისა - ამერიკის, ინგლისის და საფრანგეთის წარმოადგენს საუკეთესო გარანტიას თვისუფლების და ზავისა“. მაგრამ რა დარჩება ზავის და თავისუფლებისაგან. თუ ქვეყნათ მარტო ეს სამი დემოკრატია დარჩა, სხვაგან ყოველგან მისი მოპირდაპირე რეჟიმი! და ეს მით უფრო, რომ ამერიკა შორსაა, ინგლისი კუნძულზეა, ხოლო საფრანგეთი ტერიტორიალურათ გადაბმულია ანტიდემოკრატიულ ქვეყნებთან. ამ იზოლაციის დაფარვა მოსკოური იმედებით ნუთუ თავის მოტყუება არ არის!
საბუთი მეორე: „თუ ჩვენ თავს დაგვესხა მესამე სახელმწიფო, რუსეთი დარჩება ხმალ ჩაგებული“. ეს მეტათ გაბედული მტკიცებაა. ამის საბუთია მხოლოდ ერთი: პაქტზე ხელის მოწერა, ე.ი. ნაწეკვი ქაღალდი. ომის და ზავის საკითხს სწყვეტს არა ქაღალდი, არამედ რეალური მდგომარეობა. ძალთა განწყობილება ერში და ერთა შორის. თუ კი ერში დემოკრატიული რეჟიმი ქრება და მილიტარისტული მყარდება, ქაღალდი აქ გარანტია აღარ არის. ყველა რეჟიმთა შორის ბოლშევიზმი ყველაზე უფრო გაჟღენთილია სამხედრო სულით, აფრიალებული აქვს ომის დროშა. საბჭოთა რეჟიმის გავრცელება ხიშტით ეს მისი თანდაყოლილი დოქტრინაა. მან ეს განახორციელა საქართველოში, კავკასიის სხვა რესპუბლიკებში, უკრაინაში. და სხ.
ამით გაფართოვდა მისი ტერიტორია, მაგრამ ის დასუსტდა პოლიტიკურათ. ამოდენა უცხო ერების ძალით თავის საბრძანებელში შეთრევამ დაბადა მთელი წყება დამარღვეველი ძალების, რომელნიც ებრძვიან მოძალადეს და უცდიან შემთხვევას მის დასანგრევათ და თავისუფლების მოსაპოვებლათ. ამ ნაციონალურ წინააღმდეგობას ემატება პოლიტიკური და ეკონომიური წინააღმდეგობანი ყველა ხალხისა, 160 მილიონი მცხოვრებისა და ქმნის საბჭოთა საგარეო პოლიტიკის დამბლას. ახლა საყოველთაოთ ცნობილია, რომ მოსკოვს ომი არ შეუძლია, ვინაიდან პირველსსავე შეტაკებაში ის შიგნიდან დაინგრევა. მართალია, მოსკოვი სამხედრო თვალსაზრისით გერმანელი სპეციალისტების წყალობით საკმაოთ მომზადებულია, მაგრამ ომის წარმოება მაინც არ შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ ომს იგებს თუ აგებს ხალხი, ცოცხალი ძალა, ხოლო ეს ძალა რუსეთში მიმართულია საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. მაშასადამე, თუ მოსკოვის ხმალი ქარქასში დარჩება - ამას აიძულებს მას არა პაქტი, არამედ რეალური მდგომარეობა, უკმაყოფილო რუსის და არარუსის ხალხები.
ახლა მითხარით: ვინ იცავს ზავს. საბჭოთა ნეიტრალობას მოსალოდნელ ომში, ის ვინც მოსკოვის ტირანიას ამაგრებს ფულით, რჩევით და თანაგრძნობით და სწყვეტს კავშირს ამ ტირანიის მსხვერპლთან, დაჩაგრულ ხალხებთან, თუ ის ვინც ამათ ესარჩლება, ამხნევებს და ბრძოლისაკენ უთითებს? ერიო მოუწოდებს საფრანგეთს პირველი გზისაკენ და ამით ისპობს იმ თანაგრნობას 160 მილიონი ხალხისას, რომელიც გმინავს საბჭოთა ტირანიის უღელს ქვეშ. სწორეთ „დიდი რევოლუციის შვილისშვილი“ არ უნდა ივიწყებდეს ამ რევოლუციის დიდებულ მცნებას - ბრძოლას
ტირანიასთან. საფრანგეთმა ამ მცნების დაცვით და განსახიერებით დაიმსახურა ყველა ჩაგრულთა სიყვარული და აღფრთოვანება. ამ ნაყოფიერი ხის ასე უცებ ერთი ცულით მოჭრა არ შეეფერება საფრანგეთის არც ერთ საფრანგეთის არც დემოკრატიულ, არც ნაციონალურ ინტერესებს.
დანარჩენი საბუთები ხომ რომანია. აბა ვინ დაიჯერებს იმას, რომ საბჭოთა მთავრობა ხელს აიღებს საფრანგეთის, ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩარევაზე. გააძევებს საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას კომინტერნიდან, აუკრძალავს „მოპრს“, ამსტერდამის ორგანიზაციას, საბჭოთა მეგობართა კავშირს და სხვა მრავალ ბოლშევიკურ რაზმებს გასწიონ აგიტაცია საფრანგეთის ტერიტორიაზე, არ მისცემს ყველა მათ სუბსიდიებს - ერთი სიტყვით მოსკოვი უარს იტყვის თავის თავზე. რასაკვირველია, ვისაც ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე სინამდვილეს, ის პოლიტიკური ფანტაზიის ტყვეა. მოსკოვის მეგობრობა საეჭვო მეგობრობაა, მასზე დამყარებული პოლიტიკა ქვიშაზე აგებული კოშკია.
დასასრულ ორიოდე სიტყვა პაქტის ინტერპრეტაციაზე. ნათქვამია როცა ძაღლის მოკვლა სურთ, ცოფიანათ გამოგაცხადებენო. მოსკოვის დიდი ხნის ცდა საქართველოს ნაც. მთავრობა და მისი ლეგაცია პარიზში გაუქმებულიქნას ყოველთვის უშედეგოთ დარჩა, მაგრამ ახლა მისმა დამცველებმა ჩასჭიდეს ხელი პაქტს და ფიქრობენ მისი საშუალებით მოსკოვის ზრახვების მიღწევას. ამ მიზნით მათ საქმის მომხსენებლათ პალატაში გაიყვანეს ცნობილი ტორესი, მოსკოვის დიდი ხნის ვექილი, საქართველოს დამოუკიდებლობის საჯარო მტერი, დამცველი ვეშაპელის და ნოე რამიშვილის მკვლელის. მართალია საფრანგეთის ნაფიცთა მსაჯულებმა,ამ საფრანგეთის ერის უმაღლესმა სვინდისმა, მხარი დაუჭირა ყველა ამ პროცესებში საქართველოს და ტორესი მუდამ აგებდა, მაგრამ მიუხედავათ ამისა შესაძლებლათ დაინახეს იმავე პირის ოფიციალურ როლში გამოყვანა, რომ ამით ის რაც სასამართლოებში წააგეს პალატის ტრიბუნიდან ამოიგონ.
ტორესი მუდამ ითხოვდა და დღესაც ითხოვს ჩვენი ლეგაციის გაუქმებას ახლა პაქტის ძალით. პაქტი კი ამის არავითარ საბუთს არ იძლევა. აქ ნათქვამია: „პატივს ვსცემთ იმ ინტერნაციონალურ დაპირებებს, რაიცა წინეთ დავდევით“. ხოლო ერთი ამ დაპირებათაგანია საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა და მისი ლეგაციის დაშვება. ცხადია, რაკი საერთო დებულებაში გამონაკლისი მოხსენებული არ არის, საქართველოსთვის მიცემული დაპირება ძალაში რჩება. ამიტომ მას ვეღარ შეეხება ვერც პაქტის მე-5 მუხლი, მით უფრო რომ აქ ლაპარაკია ისეთ ორგანიზაციებზე, რომელნიც „იჩემებენ მთავრობის ან წარმომადგენლის „როლს“, ხოლო საქართველოს მთავრობა და ლეგაცია საფრანგეთის მიერ ცნობილია როგორც კანონიერი სრულუფლებიანი წარმომადგენელნი თავისი ქვეყნისა, მაშასადამე „დაჩემებულთა“, ე.ი. უზურპატორთა კატეგორიაში ვერას შემთხვევაში ვერ შევა.
როგორც ხედავთ, პაქტის ტექსტი სრულიად არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ, პირიქით, მისი რეზერვი და უზურპაციის განსაზღვრა, აშკარათ რიცხავს ჩვენს ლეგაციას გასაუქმებელ ორგანიზაციათაგან. სხვანაირათ არც კი შეიძლებოდა, თუ სახეში მივიღებთ პაქტის ავტორს არისტიდ ბრიანს, ჩვენი ქვეყნის დიდ მოამაგეს, მის მცნობელ და დამცველს.
ქართველი ერი არასოდეს არ დაივიწყებს დიდი კეთილშობილური საფრანგეთის ღვაწლს მის წინაშე. ჩვენ, ამ ერის წარმომადგენლებმა და ერთგულმა შვილებმა, აშკარათ განვიცადეთ სინამდვილე ცნობილი თქმულების: ყოველ კაცს ორი სამშობლო აქვს ერთი თავისი და მეორე საფრანგეთიო. ჩვენ აქ ვპოვეთ ყველა წრის და პარტიის თანაგრძნობა, მთელი ერის სტუმართმოყვარეობა და პატივისცემა, ნამდვილი ძმური, მეგობრული დამოკიდებულება ჩვენი უბედური სამშობლოსადმი.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №31.
___________
1. იხ. საკვირაო ჟურნალი „L'Avenir Social“ 15 თებერვლის
![]() |
54 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს მეცამეტეჯერ ვდღესასწაულობთ 26 მაისს საზღვარგარეთ.
ეს მეცამეტე წელია ქართველი ერი ამ თავის აღდგომის დღეს ვერ დღესასწაულობს, მას შესაფერათ ვერ ეგებება და უფლება აყრილი, ტყვეთ ქმნილი მას მხოლოდ თავის გულში ატარებს. ამ დღეს, აქ და იქ გადმოხვეწილი ქართველი და სამშობლოში მყოფნი ფიქრობენ ერთნაირათ, უცემთ გული ერთხმიანათ, შედუღებულნი ერთი აზრით, ერთი იდეალით. ეს იდეალი იყო, არის და იქნება ერის ტყვეობისაგან განთავისუფლება, წართმეული თავისუფლების დაბრუნება.
ამ დროშის გამარჯვების თავდებია ერთი პირობა - ქართველი ხალხის მტკიცე ნებისყოფა, მისი მორალური ძალა, დაუშრეტელი ენერგია, თავის თავის ერთგულება და მტერ-მოყვარის გარჩევა. ყველა ეს თვისება ქართველობის სამკაულია. მას ის თან ახლავს მუდამ, ამით მოდის ის ისტორიის ეკლიან გზაზე და გამოცურა არა ერთი და ორი აბობოქრებული ტალღები. რამდენი ძველი ხალხი ჩაიხჩო ამ ტალღებში, რამდენი მისი თანამგზავრნი დაეცენ შუა გზაზე. ფეხზე, თავის მიწა-წყალზე დარჩა ჩვენი პატარა ერი და ძველებურათ, იმედიანათ გაყურებს მომავალს.
ერი მორალური პიროვნებაა, მას აქვს თავისი ეთიკა, თავისი დისციპლინა, თავისი კალაპოტი, რომლისაგან ამოვარდნა მას ღუპავს. ის იძულებულია ამოვარდნილ ისტორიულ გრიგალს პირდაპირ დაუხვდეს, გული მიუშვიროს და შეებრძოლოს. მას არ შეუძლია დამალვა, გაქცევა, გადახვეწა. ამ ნიადაგზე მაგრათ მდგომი, ის აძლევს სავალ კალაპოტს, სამუშაო ხაზს მოწინავე მებრძოლთ, მედროშეთ და წინამძღვართ. მისი მეთაურია მხოლოდ ის, ვინც ამ კალაპოტში რჩება; მისი დროშაა მხოლოდ ის, რომელიც მის ტანჯვა-ვაებას აღბეჭდავს. ხალხი თავის თავს ვერ გადაუხვევს, ეს მისი ბუნებაა. კერძო პირი კი მოკლებულია ამ სტიქიას, მისი გზა-კვალი განუსაზღვრელია, უსწორ-მასწოროა. მისი გადახვევა-გადმოხვევა, ბუდიდან ამოვარდნა, კერძო ინტერესის საზოგადოზე მაღლა დაყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც უბედურება თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას წარსულში და დღეს, სწორეთ ამ მიზეზით აიხსნება. მუდამ ხალხს მოსწყდებოდა მთელი წყება წყალწაღებული ადამიანებისა და მათ მოევლინებოდა ბატონათ და მტანჯველათ უცხო ძალასთან დაკავშირებით. ესენი მირბოდენ წინეთ ჯერ სპარსეთში, შემდეგ რუსეთში თავიანთი ეგოისტური ინტერესების გასამარჯვებლათ ქართველი ერის ხარჯზე. ასე მირბიან მოსკოვის კარზე დღესაც ამ დაბეჩავებული ერის ნაძირალები.
და ასე სწუწნიან ხალხს მისი შინაური და გარეშე მტერი შეერთებული ძალებით. რით უძლებს ამ სვავებს ერი? მხოლოდ ერთი თვისებით - მორალური ძლიერებით, ერთათ დგომით, საერთო შინაური ფრონტით, მაგარი სულით და გაუტეხელი ნებისყოფით. მტერი მას არ შეუყვარდება. მტერმა ეს კარგათ იცის და ცდილობს მას შემოუაროს მისი მორალის გატეხით, მის მებრძოლთა შორის შუღლის გაჩაღებით, ფრონტში ფრონტის შექმნით და ხალხისათვის ამ გზით ზურგიდან მახვილის ჩაცემით. გაყევი და იბატონე, გზა ძველი, გაცვეთილი, მაგრამ მუდამ ახლათ ამუშავებული. ამ ხაფანგს მუდამ გასავალი აქვს დაბნეულთა და მერყევ ელემენტთა შორის.
პოლიტიკა ბრძოლაა. ამ ბრძოლას ესაჭიროება შესაფერი აპარატი, ურყევი ორგანიზაციები. დაცვა ამ აპარატების გარეშე მტრისაგან ადვილია, თუ მას ზურგი მაგარი აქვს, თუ შინაური მტრისაგან დაცულია. გაყოფილ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ვისაც ეს ასე არ ესმის, - მებრძოლი არ არის, პოლიტიკაში შემთხვევით შემოხიზნულია. მარტო ღმერთო, ღმერთოს ძახილით სამოთხეში ვერავინ შევა. 26 მაისს ესაჭიროება შესაფერი საქმე, გზა მისკენ მიმავალი. ის ითხოვს ბრძოლის მეთაურთა ისეთსავე მორალურ ძალას და ერთობას, როგორიც არის თვით ხალხში. დაადევით ყური დედამიწას და გაიგონებთ საქართველოს მიწის გამოძახილს, გაიგონებთ ქართველი ერის სულისთქმას, მაჯისცემას და მიაგნებთ ნამდვილ გზას. საქართველოს აქვს პოლიტიკური ხერხემალი, ის მტერმა ვერ გასტეხა და ვერც გასტეხს. ამ ხერხემალის რგოლებია იქ, სამშობლოში, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები და მასთან დაკავშირებული სხვა ანტისაბჭოთა პარტიები; აქ, ნაციონალური მთავრობა და მის ირგვლივ დაწყობილი პარტიული ორგანოები. ამათი არსებობა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, პასუხს აგებენ მის წინაშე და არავითარ გარეშე ძალას არ ძალუძს მათი გაუქმება და გზიდან გადაგდება.
ნაციონალურმა მთავრობამ მიიღო მანდატი დამფუძნებელ კრებისაგან, მას შეჰყურებს ტანჯული ერი და ის დარჩება თავის პოსტზე ბოლომდე, გამარჯვებამდე. 26 მაისი მისი დროშაა, ის მისი უმაღლესი გამომხატველი და დამცველია და მას ვერ დასწევს, ძირს ვერ დაუშვებს ვერავითარი საგარეო მომენტების წინაშე. საქართველოს ოფიციალური ლეგაცია იქნება თუ არა საფრანგეთში, - ეს არ ვიცით; ვიცით მხოლოდ, რომ ნაციონალური მთავრობა იქნება. მისი გამაუქმებელი ძალა უცხოეთში არ არის; მისი გაუქმება შეუძლია მხოლოდ მის შემქმნელს, მის დედას - ქართველ ერს.
საქართველოს მის ორი ათასი წლის ისტორიის მანძილზე დღეს პირველათ ყავს თავისი საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპაში, პირველათ ყავს აქ პოლიტიკური ემიგრაცია. ყველა წინანდელი ემიგრაცია არ გაშორებია სპარსეთს, ოსმალეთს და რუსეთს. ევროპის ფართე წრეებმა პირველათ ახლა გაიგო ჩვენი ერის სულიკვეთება, მისი წარსული, აწმყო და მომავალი ლტოლვილება. თუ წინეთ ის გადაბმული იყო დასავლეთთან კულტურულათ, ახლა ის გადაება პოლიტიკურათ, ადამიანების საშუალებით. ეს დიდი მისია, ეს დიდი როლი, რაიცა წილათ ხვდა გადმოხვეწილ ქართველობას, უნდა იქნას შესრულებული ღირსეულათ, მოვალეობის შეგნებით და ერთგულებით. დაქსაქსულობა, დანაწილება, ერთიმეორის წინააღმდეგ დარაზმვა მიუტევებელი დანაშულობაა ერის და ისტორიის წინაშე. საქართველოს პირველ პოლიტიკურ ემიგრაციამ უნდა აჩვენოს მაგალითი და იყოს ღირსეული წარმომადგენელი მებრძოლი ერის გაუტეხელობის, სულის სიმაგრის, ერთობის და მთლიანობის.
26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია, ჩვენი მთლიანობის სიმბოლოა, ჩვენი საერთო დროშაა. დღეს საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს შინაგანი განხეთქილების არც ერთი მომენტი, - არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული და საზოგადოებრივი. ჩვენ ყველა ვიბრძვით არსებობის ძირეულ, უდაო და მიუცილებელ საფუძვლისათვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი თავის ბატონი და პატრონი, როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც პიროვნება. ყველა ეს უფლება წართმეული გვაქვს და ეს საერთო უბედურება აერთებს ყველას, განურჩევლათ რწმენისა, პროგრამული სხვადასხვაობისა და სოციალური მდგომარეობისა.
ჩვენ და ისინი, საქართველო და მისი მტარვალები, შუაში უფსკრულია, ხიდები წაღებულია. 26 მაისი ჩვენი ხარტია, მათი სახრჩობელაა...
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი/. 1933. №89.
![]() |
55 ჩვენს შორის |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველ პოლიტიკურ ემიგრაციაში რიცხვით და წონით მთავარ როლს თამაშობს მისი ს.-დ. ნაწილი. ეს არც შეიძლებოდა სხვანაირათ ყოფილიყო. საქართველოში მომუშავე და მებრძოლ პარტიებს უნდა მოეცათ თავისი მიმდევარნი უცხოეთში მათივე რიცხვის და წონის მიხედვით. გადმოხვეწელთა დიდი უმრავლესობა წამოსულია იძულებით, გადმოსახლებულნი მტარვალთა მიერ პირდაპირ, ან გამოქცეულნი მათი და ჩეკის კლანჭებისაგან. ძლიერ მცირე ნაწილი წამოსულა თავის ნებით სხვადასხვა დავალებებით უცხოეთში ჩვენი საქმიანობისათვის სამუშაოთ. ეს ორი ნაწილი ს.-დ. ემიგრაციისა აქ უცხოეთში, გახდა ერთიმეორის ხელისშემწყობათ და დამატებათ. მათი მოქმედების ხაზს და ორგანიზაციულ კალაპოტს იძლევოდა მებრძოლი პარტია, საქართელოდან, ხოლო თვით პარტია თავის გეზს აგებდა ერის მდგომარეობაზე და სულისკვეთებაზე. ასე რომ საბოლაოთ, მთელი პოლიტიკური ემიგრაცია იმყოფებოდა სამშობლოს ცხოვრების და ბრძოლის კალაპოტში და მით ინახავდა თავის მთლიანობას და ერთათ დარაზმულობას.
დრო გავიდა, მდგომარეობა გახანგრძლივდა. ემიგრაციას დაღლილობა შემოეპარა, ეჭვები დაიბადა, ვაი თუ სამშობლოში მებრძოლი ორგანოები აღარ არსებობდესო. შემაერთებელი პსიქოლოგიური ძაფები დასუსტდა, ალაგ-ალაგას დაწყდა; ამ გარემოებამ შეარყია პარტიის ავტორიტეტი, მისი კალაპოტი მოიშალა, მის ხმას არ მიეცა ძველებური გამოხმაურება. დაიწყო ურთიერთ შორის შუღლი და განხეთქილება. ეს სენი მოედვა ყველა პარტიას, ამათ შორის ჩვენსასაც. ამ დავის საფუძველი არ არის პოლიტიკური ხასიათის; დღემდის არავის, არც ერთ მოდავე მხარეს არ წამოუყენებია ბრძოლის ხაზი. განსხვავებული საქართველოში შემუშავებული და იქიდან ჩვენთვის ბოძებულისა. რასაკვირელია, არიან ისეთები, რომელთაც არ სურთ თუ არ შეუძლიათ, მაშასადამე არც ბრძოლა ხაზი აქვთ. საზოგადოთ ჩვენი დროშის ჩამოხსნას ელტვიან. ესენი ამოვარდნილია მებრძოლი საქართველოდან და არც გასაკვირალია თუ იქიდან მოსულ შემოძახებას არავითარ ანგარიშს არ უწევენ. მაგრამ ყველა ბრძოლის ხაზზე მდგომნი და იმავე დროს ერთმანეთში მოდავენი პოლიტიკურათ გაერთიანებულია, ერთი დროშის ქვეშ თავმოყრილია.
ჩვენი ნაციონალური პოლიტიკის და ტაქტიკის საფუძველი - საქართველოს სუვერენობის აღდგენა და ამ მიზნით ყველა დაჩაგრულ ერებთან დაკავშირება და საერთო მებრძოლო ფრონტის შექმნა - გაზიარებულია ყველა პოლიტიკური პარტიების მიერ.
სოციალდემოკრატია დგას ამ ხაზზე, დგას არა მარტო დროებით, მიმდინარე მომენტში, არამედ მუდამ, რუსეთის ყოველნაირ რეჟიმში, სანამ მთავარი მიზანი მიღწეული იქნება. ჩვენი ნაციონალური დროშა გაიმარჯვებს მხოლოდ ამ ინტერნაციონალური შეკრებულობით. ქართველი ერის ხმას მრავალი სხვა ერების ხმასან ერთათ გადამწყვეტი მნიშვნლობა ექნება ყველა დიდ ისტორიულ გადატეხაში.
სოციალდემოკრატია ამ ხაზით ეკავშირება და ენათესავება ყველა ქართველ მებრძოლ ნაციონალურ პარტიას. ეს არის მათი საერთო ნიადაგი, საერთო ფრონტი. მაგრამ მას აქვს თავისი საკუთარი ნიადაგი, საკუთარი ფრონტი, რომლის შერყევა და შეშლა შლის მთელ პარტიას და მით მთელ ნაციონალურ საქმესაც.
ქართველ სოციალდემოკრატიამ დარაზმა ქართველი ხალხი საკუთარი სოციალურ და პოლიტიკურ პლატფორმაზე. მისი იდეოლოგია, მისი მოთხოვნილებანი, მისი საბოლაო მიზანი ამ დარაზმულობის გზა და ხიდია. ხალხი დადგა დამოუკიდებლობის დროშის ქვეშ იმიტომ, რომ დაინახა, დარწმუნდა ჩვენი იდეოლოგიის განხორციელების შესაძლებლობაში მხოლოდ ნაციონალურ თავისუფლებით. როცა უზარმაზარი იმპერიის კიდიდან კიდემდე ცეცხლი ტრიალებდა და ანარქია ბობოქრობდა, ერთათ-ერთ საქართველოში მწყობრათ და მშვიდობიანათ ტარდებოდა დემოკრატიის ყველა ძირითადი პრინციპები. ერი და ხალხი ერთათ სუვერენობდა. ეს უდიდესი საისტორიო მოვლენა დაედვა მიჯნათ ძველს და ახალ საქართელოს. საქართველოს ქედ მოხრილს, თავის თავის ბატონობაში დაეჭვებულს, არა-ნაციონალურათ განწყობილს და საქართველოს ახალს, რევოლიუციურს, თავის თვაში დარწმუნებულს, დემოკრატიულს და ნაციონალურს. ხალხის და ერის ინტერესი გაისკვნა სოც.-დემოკრატიის იდეოლოგიის ნიადაგზე და ეს პარტია გადაიქცა მათი შემაერთებელი და მეთაური. ამ კავშირის გარღვევა, ერის ინტერესის გამოტანა ხალხის ინტერესების გარეშე, მათი დაპირდაპირება, ეს ანგრევს მთელ მოძრაობას, მთელ საქმეს.
მაშასადამე, სოციალდემოკრატობისათვის არ კმარა იზიარებდეთ საერთო ნაციონალურ დროშას; სავალდებულოა ამსთანავე იზიარებდეთ ჩვენი პარტიის იდეოლოგიას, მის გმირულ წარსულს, მის აწმყოს და ამით აკავშირებდეთ ხალხს ერთად. ამ გზაზე მიდის ჩვენი ახალი ისტორია და კაფავს მომავლის მიმართლებას. ჩვენთვის მიუღებელია როგორც ნაციონალური ნიღილიზმი, ისე ნაციონალური შოვინიზმი. ეს გზა ნათელია სამშობლოში. იქ ხალხის ჭირ-ვარამი, მისი გაჭირვება და უმწეობა ქმნის ნაციონალური იდეოლოგიის ატმოსფეროს, მის ჩარჩოს, მის მამოძრავებელ ძალას. ამიტომ ჩვენი პარტია რადიკალურათ განწყობილია არა მარტო ნაციონალურ საკითხში, არამედ სოციალურშიც. ხალხის ეკონომიკური და პოლიტიკური ბატონობა წარმოდგენილია ნაციონალური ბატონობის ჩარჩოში.
სულ სხვაა ემიგრაციაში; აქ ჩვენ გამოშორებულნი სამშობლოს რეალურ პირობებისაგან, ხალხის მდგომარეობისაგან, გამოკლებულნი ასე ვთქვათ ჰაერში, ნიადაგს მოკლებულნი, ადვილათ ვხვდებით ტყვეთ რომანტიული და ფანტასტიური აზროვნებისა. ემიგრაცია ჩვეულებრივათ ხედავს ერს, ვერ ხედავს ხალხს. აი ამ დაუნახავობამ შიტანა რყევა ს.-დემ. ემიგრაციაში და დაიბადა ეჭვი პარტიის იდეოლოგიაში. პარტიის პატრიოტიზმი დასუსტდა, ჯგუფური პატრიოტიზმი გაძლიერდა.
თავისთავათ ცხადია, რომ ასეთ ემიგრანტულ ატმოსფერაში ყოველივე წვრილმანი იღებს სახეს დიდი გარემოებებისას და პატარა უთანხმოება იბერება. ორგანიზაციული უთანხმოება დაედვა საფუძვლათ ს.-დემ. რიგების რყევას და აქეთ-იქეთ მიდგომ-მოდგომას. ბევრი მართლაც ამით ხატავდა თავის უკმაყოფილებას, მაგრამ ბევრი ამასთან ერთათ ხატავდა უფრო დიდ და ღრმა გადახრას პარტიის ხაზისა და იდეოლოგიისაგან. პირველი ჯურის უთანხმოება დღეს სავსებით ამოწურულია. ამას მოწმობს ჩვენი გაზეთის ამ ნომერში მოთავსებული პარტიის ბიუროს მიმართვა. ყველა პარტიული ამხანაგი ამ მიმართვას სიხარულით შეხვდება და მას ასრულებაში მოიყვანს. ამ ხაზზე არასოდეს არ იქნება დაბრკოლება შეთანხმების და საერთო ენის გამონახვისათვის. მთავარია არა ეს დროებითი და ზერელე განსხვავება, არამედ ნაციონალური, სოციალური და პოლიტიკური გადაჯდომ-გადმოჯდომა, რაიცა დღეს წარმოებს აზროვნებაში და ხვალ შეიძლება იწარმოვოს პრაქტიკაში. აი ამ მეორე მომენტს საფუძვლიანათ უნდა დაუფიქრდეთ ყველანი თუ კიდევ დღეს ვინმე ყოყმანობს, მისი ვალია მთელი საბუთების აწონ-დაწონვით გადმოდგან ნაბიჯი ბიუროსაკენ, პარტიისაკენ, ძველი შინისაკენ. პარტიული მთლიანობის აღდგენა, პარტიული მუშაობის აწყობა, დღევანდელი საჭირბოროტო საკითხების გარკვევა და შესწავლა დაუბრუნებს პარტიულ სულს ჩვენს ორგანიზაციებს, აღადგენს ამხანაგურ და მეგობრულ ურთიერთობას გათიშულთა შორის. მოგვცემს ერთ მთლიან სოც.-დემ. ემოგრაციას, რომლის სიტყვა და საქმე გადაიქცევა ავტორიტეტულ მოვლენათ, გახდება ბრძოლის ერთ ძლიერ ელემენტათ. აი ასეთი ორგანიზაციების კონფერენცია და მასზე გამოტანილი საერთო სულისკვეთება მართლაც მიზანშეწონილი და სასურველი იქნება. ჩვენ გვინდა ერთობა საქმისათვის მტრის წინააღმდეგ და არა ბრძოლისათვის ერთი-მეორეს წინააღმდეგ.
საერთაშორისო მდგომარეობა დამძიმებულია. პოლიტიკური ცა მოღრუბლულია და ჭექა-ქუხილისათვის მომზადებულია, ვის რა ტალღა წაიღებს, ვის რომელი ქარ-ბუქი დაახრჩობს არავინ იცის. დიდი ერებიც კი შეშინებულია, ყველა ამაგრებს თავისპოზიციას. აგებს ჯებირებს და ეძებს სიმაგრეს. ჩვენი პატარა ერის სიმაგრეა მისი ერთობა, მისი ერთათ დგომა. ეს ერთობა პოლიტიკურათ გამოიხატება მხოლოდ მის მოწინავე მებრძოლ დაჯგუფებათა ერთობაში და ავტორიტეტის მოპოვებაში. ამ მოთხოვნილებას ამ მძიმე მომენტში პასუხი უნდა გასცეს ყველა ანტისაბჭოთა პარტიამ. პირველ რიდში კი სოციალდემოკრატიამ. რყევა, ერთი ალაგის ბეკნა დაუშვებელია; ჩვენ მივმართავთ პარტიის ყველა ერთგულ გადმოხვეწილ წევრთ დადგენ თავის სადარაჯოზე და ძველებურათ, პარტიულათ ხელიხელ ჩაკიდებულნი მუშაობდენ მებრძოლი პარტიის გასამაგრებლათ, მებრძოლი ერის გასამარჯვებლათ.
ნოე ჟორდანია
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №34.
![]() |
56 ეტატიზმი1 |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიტლერის უმაგალითო გამარჯვება, გერმანიის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მისი დროშის ქვეშ დადგომა, მისი ნაციონალურ ბელადათ გამოცხადება ისეთი დიდი საქვეყნო ისტორიული მოვლენაა, რომ სამართლიანათ მიიპყრო მან მსოფლიოს ყურადღება. ამ გარემოებამ შეარყია კაცობრიობა პოლიტიკურათ და იდეოლოგიურათ. გამოჩნდა ხალხის გულში ახალი მიმდინარეობა, ახალი ტალღა, თითქოს უჩინარი და მოდუნებული მრავალ წელთა განმავლობაში და დღეს, უცებ, ერთბაშათ ქვესკნელიდან ამოხეთქილი. ამ მოულოდნელ სანახაობამ საზოგადოება ჯერ გააშტერა, შემდეგ გააოცა და ააღელვა. გამოირკვა რომ ის მას არ ელოდა, არსებული სინამდვილე მას არ იძლეოდა, გავლილი ეტაპის ლოღიკურ დასკვნათ ის არ მიაჩნდათ და ციდან ჩამოვარდნილ ღვთის რისხვათ გასაღდა. ყველა სახელმწიფოთა შორის ამ „ღვთის რისხვას“ მხოლოდ ორმა გაუწოდა ხელი და დაუახლოვდა - იტალიამ და მოსკოვმა. მაშინ როდესაც ყოველგან ფართო საზოგადოებრივი აგიტაცია და მასიური მოძრაობა გაჩაღდა მის წინააღმდეგ, სტალინის და მუსოლინის საბრძანებელში არავითარი ამის მსგავსი მოძრაობა, რაიმე ფართე მასიური პროტესტი არ ყოფილა და ჰიტლერიზმი უხილავ ბოროტებათ არ გამოცხადებულა. გულს გული იცნობსო, ნათქვამია. ამ სამი ერის სამმა დიქტატორმა იცნეს ერთმანეთი. არა უკვირთ რა ერთიმეორის: მაშასადამე აქვთ რაღაც საერთო, საერთო საფუძველი, რომელზედაც თვითეული თავისებურათ აგებს თავის შენობას. ესენია ერთიმეორის შეგნებული მიმდევარნი.
მაგრამ არიან მათივე შეუგნებელი მიმდევარნი, მათი ძირითადი ნიადაგის მიმღები და ამყოლნი. მხოლოდ ზედ აგებული პოლიტიკური წყობილების უარისმყოფელნი. თანამედროვე დემოკრატია, რომელიც ასე გულწრფელათ აღელვებულია გერმანიით. სინამდვილეში სავსებით იზიარებს მის ძირითად ტენდენციას, ემსახურება მას, მხოლოდ შუა გზამდე, არ აგრძელებს ბოლომდე.
ეს ტენდენცია სისწორით აღნიშნა მუსოლინმა. მან დასწერა „მეცხრამეტე საუკუნე იყო საუკუნე პიროვნების, მეოცე საუკუნე კი ეკუთვნის სახელმწიფოსო!“
და მართლაც, დიდი რევოლიუციის მიერ აღმართული და გამარჯვებული დროშა ადამიანის და მოქალაქის უფლებისა ჩვენ თვალწინ ჭკნება, ფრთები ეკვეცება და მის ალაგს იჭერს დროშა სახელმწიფოს ყოვლადშემძლებლობისა და ბატონობისა. პიროვნების კულტი დაბლა ეშვება. სახელმწიფო მხოლოდ ადამიანთა მართველი, კვდება, მოდის სახელმწიფო ნივთიერი ცხოვრების მართველი. ეს არის საერთო, საყოველთაო მოვლენა სხვადასხვა ფორმით და სახით ამუშავებული, მაგრამ არსებითად ერთი ხისაგან გამოჭრილი. რუზველტის „საგანგებო უფლებების“ და მუსოლინის პარტიული დიქტატურა მოდის ერთი და იმავე ძირიდან - დააბან თავისუფალი პიროვნება და აუშვან დაბმული ხელისუფლება. თვით მართლმორწმუნე ლიბერალიზმიც კი დღეს იძულებულია აღიაროს, რომ „უსაზღვრო თავისუფლება აღარ არის მოსათმენი, ვინაიდან მისი ბოროტმოქმედება ბადებს მეტათ ბევრ კერძო და საზოგადო უბედურობას“2. გეგმიანი ეკონომიკა დღის წესრიგში დგება, დაგეგმილი არა საზოგადოების, არამედ სახელმწიფოების მიერ.
ეს ტენდენცია გაიშალა სხვადასხვა ფორმით: ბოლშევიკურათ, ფაშისტურათ, ბურჟუაზიულ-დემოკრატიულათ. მოსკოვმა ის მიიყვანა ლოღიკურ დასკვნამდე, ბიუროკრატიამ დაიმორჩილა მოქლაქე სულიან-ხორციანა. მუსოლინი დაეყრდნო კერძო საკუთრებას იმ პირობით, რომ თვითონ იყოს მისი ხელმძღვანელი, ბრძანებელი და მართველი, ჰიტლერი დგება მოსკოვ რომის შუაში, საფრანგეთში დემოკრატიული მართველობა ეპატრონება აშობილ მოქალაქის ჯიბეს, მის შემოსავალს, მის ქონებრივ ავლადიდებას; ის სცნობს კერძო ეკონომიკას, იმ პირობით რომ მისი შემოქმედების დიდი ნაწილი თვითონ იგდოს ხელში.
ასე იშვა თანამედროვე ეტატიზმი და ის ძლევამოსილათ ვითარდება.
ინდივიდუალიზმის და ეტატიზმს შორის ატყდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
რით აიხსნება სახელმწიფოს მნიშვნელობის ასეთი უეცარი გადიდება? ამის უახლოესი წარმომშობია დიდი ომი. ყველა მეომარი სახელმწიფო იძულებული გახდა საერთაშორისო ურთიერთობის დასუსტების გამო თავისი საკუთარი ძალღონით მოეწესრიგებია საშინაო ეკონომიკა და მით ეხსნა ხალხი შიმშილისაგან, ომი წაგებისაგან. სახელმწიფომ აიღო სამი ფუნქცია: მართველობა ადამიანის, წარმოების, აღებ-მიცემობის და ურთიერთობის; გერმანიაში ამას ეწოდა „იძულებითი ეკონომია“. „ომის განმავლობაში, სწერს ვანდერველდე, ყველა მეომარ ერებში იფეთქა და საშინლათ განვითარდა ეტატიზმი: ხდება ტრანსპორტის რეკვიზიცია, წესდება სრული კონტროლი ნახშირზე, ცხადდება პურის მონოპოლია, საზოგადო განაწილება კვების მასალის. ერთი სიტყვით თავისუფალი კონკურენციის და მოხმარების ალაგს იჭერს სისტემა დაგეგმილი კოლექტიური ეკონომიის, რასაც ეწოდა, თუმცა არა სამართლიანათ, ომის სოციალიზმი“3. ომი შეწყდა, სამხედრო საჭიროებანი გაქრა, მაგრამ სამხედრო იდეოლოგია, სამხედრო წარმოდგენა ხელისუფლებაზე დარჩა და გაიკაფა გზა საზოგადოებაში. ეს მჭიდრო კავშირი თანამედროვე ეტატიზმის და მილიტარიზმს შორის აშკარათ მტკიცდება იტალია-გერმანია-რუსეთში, სადაც განვითარებული ეტატიზმი გადაბმულია განვითარებულ მილიტარისტულ სულისკვეთებასან, ხმლის უმაღლეს მსაჯულათ აღიარებასან.
როგორ შეხვდა ამ ტალღას სოციალიზმი? ის თვით ჩადგა მის ფერხულში, დააწერა თავის დროშაზე და გახადა თავისი პოლიტიკური მუშაობის საგნათ. ყველა ქვეყნის სოციალისტები დაადგენ ეტატიზმის გზას და შეეცადენ მისი ასპარეზის გაფართოვებას: სოციალიზაცია და ნაციონალიზაცია სხვა და სხვა დარგის წარმოებათა გასახელმწიფოების ფორმით. ხელისუფლება გახდა პატრონი და გამნაწილებელი აუარებელი დაგროვილი სიმდიდრის, რომლითაც ხელის მოთბობა თვითეული მცხოვრებისათვის სანატრელათ გადაიქცა. პროფ. ჰერშის აღრიცხვით, ნაციონალური სიმდიდრის ერთი მეექვსედი გერმანიაში იმყოფება მართველობის ხელში.
თერთმეტ გერმანელში ერთი ცხოვრობს ჯამაგირით; თუ ამას მიუმატებთ ომის პენსიონერთ და უმუშევართ, გამოვა, რომ ხუთ გერმანელზე ერთი ცხოვრობს მართველობის კასით. „ყველა ამას მივყევართ ძალაუნებურათ სახელმწიფო კაპიტალიზმამდე“4. ხალხი ითხოვს ხელისუფლებისაგან ჩააცვას, დაახუროს, გამოკვებოს, ასწავლოს, ჭირში და ლხინში უპატრონოს - ერთი სიტყვით იყოს მისი ძუძუმწოვარი. და როცა ამას სახელმწიფო ვერ შვრება, ამას აბრალებს არა თვით პრინციპს, არა ეტატიზმს, არამედ გაბატონებულ პოლიტიკურ პარტიებს. არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც ის გარეთ ისვრის და მის ალაგას აჯენს ახალ მართველობას, იმავე პრინციპის, იმავე დაპირებების მატარებლათ. დემოკრატიამ შექმნა ერში ეტატიური ილიუზიები და მას აგრძელებენ ფაშისტები.
ამ მიმართულებას სოციალისტური დემოკრატია ასაბუთებდა ერთნაირათ. ჰილფერდინგმა ის ასე გამოსთქვა ვრცელ მოხსენებაში გერმანიის ს.-დემ. კონფერენციაზე: „ორგანიზაციული კაპიტალიზმი ეწოდება შეცვლას კაპიტალისტური პრინციპის, თავისუფალი კონკურენციის, სოციალისტური პრინციპით გეგმიანი, საზოგადოებრივი მოწესრიგების. გეგმიანი ეკონომიკის წარმოება იძლევა უმაღლეს შესაძლებლობას შეგნებული გავლენისას ეკონომიკისა სახელმწიფოზე. პირისპირ დგება ერთი მხრით კაპიტალისტურათ დაგეგმილი მეურნეობა, მეორე მხრით სახელმწიფოს ორგანიზაცია. დღევანდელი დროის პრობლემაა როგორ მოხდება მათი ურთ-ერთში ათქვეფა. ჩვენი თაობის საგანია სახელმწიფოს ძალით მოწყობა კაპიტალისტური მეურნეობის მართვის, რომ ამ წესით მოწესრიგებული ეკონომიური ცხოვრება გადაიქცეს დემოკრატიული სახელმწიფოს მეურნეობათ“ და სხ.5 აზრი ნათელია, ეტატიზმი როგორც გეგმიანი ეკონომიკა ნიშნავს სოციალისტური პრინციპის განხორციელებას. ის სოციალიზმის დაწყებაა და მისი გამარჯვება არის ჩვენი დოქტრინის გამარჯვება. უკვე აზრი საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ორგანიზატორმა და ლიდერმა პოლ ფორმა გამოსთქვა შემდეგ ნაირათ: „ფაქტების და აუცილებლობის ძალდატანებით მთავრობები შედგენ სახელმწიფო სოციალიზმის გზაზე, რასაც არ შეუძლია არ მოამზადოს ნამდვილი, მხსნელი სოციალიზმი.
ის რაც კეთდება სახელმწიფო სოციალიზმის გზაზე აქვს ერთი მნიშვნელობა - უნებური პატივისცემა მომაკვდავი საზოგადოებისა იმ ახალი ქვეყნისადმი, რასაც სოციალისტური პროლეტარიატი ამზადებს“.6
ეტატიზმი არის წინა კარები, გადამავალი საფეხური სოციალიზმისა - აი თანამედროვე სოციალიზმის აზროვნება. ამით აიხსნება საბჭოთა წყობილების, როგორც უაღრესათ დაგეგმილი მეურნეობის, მომხრეობა, მისი სოციალიზმის გზა და ხიდათ აღიარება. მას მიუმატეთ თავისუფლება და ჩვენ თურმე თავს ამოვყოფთ სოციალისტურ წყობილებაში.
თავისთავათ ცხადია, რომ სოციალისტურ პარტიათა პროგრამები შეიცვალა თანახმათ ამ აზროვნებისა.
წარმოებათა სხვადასხვა დარგის გასახელმწიფოება გადაიქცა პარტიათა მთავარ სოციალურ მოთხოვნილებათ (რკინის გზები, მთამადნები და სხ.). ამ სათავიდან ლოღიკურათ გამომდინარეობს სოციალისტების ბლოკი და კარტელები. თუ კი გასახელმწიფოება ჩვენი მთავარი მოთხოვნილებაა, აშკარაა ყველა ამ ნიადაგზე მდგომი პარტიების შეერთება და საერთო ძალ-ღონით საერთო მიზნის მიღწევა სავალდებულოა. და რომ ასეთი მიმდინარეობა არსებობს ბურჟუაზიულ დემოკრატიაში - ცნობილია. კიდევ მეტი ეტატიზმის დროში პირველათ სწორეთ მან ააფრიალა და მოუწოდა სოციალისტებს მასან და მის ბაირაღის ქვეშ დასადგომათ.
საფრანგეთის რადიკალიზმის მამა-მთავარნი კამილ პელეტანი, მორის სარო, ლეონ ბურჟუა და მათმა ამხანაგებმა თავიდანვე წამოაყენეს ეტატიური პროგრამმა და ის საჯაროთ გამოაცხადეს. ფერდინანდ ბუისონი თავის ცნობილ წიგნში ამ საგანზე სკვნის ასე; „პარტია რადიკალური და რადიკალ-სოციალისტური მოითხოვს სახელმწიფოს ხელში გადასვლას ფაქტიურათ არსებული მონოპოლიების, რომელსაც კი მოითხოვს საზოგადო ინტერესი, სახელდობრ იმ მთავარი ნაციონალური მონოპოლიების, რომელნიც გადამჭრელ გავლენას ახდენენ წარმოებაზე, ქვეყნის სიმდიდრეზე და ომის დროს თავდაცვაზე, ხელი შეუშალოს ზოგ მრეწველ-მონოპოლისტებს თავის სურვილისამებრ დაადვან ფასი შრომას და საქონელს... კერძოთ ის ითხოვს გამოყიდვას რკინის გზების და დაზღვევის მონოპოლიის. ეს მოთხოვნილებანი კიდევაც იქნა შეტანილი პროგრამაში 1907 წ. ნანსის კონგრესზე.
საფრანგეთის სოციალიზმი უარყოფით შეხვდა ამ პროგრამას, გარდა მისი მემარჯვენე ფრთისა, მილიერანის მეთაურობით. ამან ცნობილ სენმანდეს სიტყვაში წამოაყენა სამი მუხლი თავისი პროგრამისა:
„ა. სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში იმ მიზნით, რომ თავის საბრძანებელში გადაიტანოს კაპიტალისტური სფეროდან სხვადასხვა კატეგორიის და აღებ-მიცემობის საშუალებები, იმის მიხედვით თუ რამდენათ ისინი დამწიფდენ სოციალური დასაკუთრებისათვის; ბ. ძალაუფლების დაპყრობა საყოველთაო კენჭის ყრით; გ. მუშათა საერთაშორისო შეთანხმება.“
რეფორმისტული სოციალიზმი დაიბადა, მისი მიზანია ეტატიზმი, საშუალება „დემოკრატიული მეთოდი“ ანუ პარლამენტარიზმი.
მილიერანიზმს შეებრძოლა გედი და შემდეგ ჟორესიც. გედი ამტკიცებდა ეტატიზმის არა თუ სარგებლობას, არამედ დიდ მავნებლობასაც. ის სწერს: `რომელი მუშაა სახელმწიფოს მუშაზე ნაკლებათ თავისუფალი? სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია. სახელმწიფო - პატრონი - ეს არის მუშა ორმაგათ დამონებული, ის დაბმულია მუცლით და კისრით“. პარტიის რუანის კონგრესმა გაიზიარა ეს შეხედულობა და დაადგინა სახელმწიფოს ჩამოერთვას საწარმოვო დაწესებულებები და გადაეცეს ის მათში მომუშავეთა ასოციაციას. მარქსისტები ეტატიზმს უპირდაპირებდენ შემდეგ დებულებათ...
„პირველათ რევოლიუცია, ე.ი. კაპიტალისტთა კლასის პოლიტიკური და ეკონომიური ექსპროპრიაცია, ხოლო შემდეგ აწყობა საზოგადო ეკონომიკის. ვინაიდან მხოლოდ შემდეგ ყველა კლასების გათქვეფით ერთ მწარმოებელთა კლასში შესაძლებელი გახდება მართლა საზოგადო მეურნეობის დაფუძნება“.7
დაახლოვებით ასეთივე აზრისაა ჟორესი. ის სწერს:
„სოციალიზმს უსაყვედურებენ ვითომ მისი მიზანი იყოს დღევანდელი ბიუროკრატიზმის განვითარება. დღევანდელი სახელმწიფოს, დეპარტამენტის და კომუნის პატრონობის გავრცელება მთელ წარმოებაზე და ჩვენ გვეკითხებიან რა სარგებლობა მიეცემა აქედან მშრომელთ? განა სახელმწიფოს თუ მუნიციპალიტეტის მუშა უფრო ბედნიერია ვინემ კერძო მრეწველობის? რასაკვირველია, მუშები სახელმწიფოსი, დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტის თუ კერძო პირების ერთი და იგივეა; პატრონს ეწოდება სახელმწიფო თუ შნაიდერი ეს იგივე დამოკიდებულება და სიღატაკეა; და რომ სოციალისტური ორგანიზაცია ნიშნავდეს არსებული სახელმწიფოს პატრონობის გაფართოვებას, ისეთ საზოგადო წარმოებას, როგორიც დღეს არის. ეს იქნებოდა ერთი საშინელი დატყუილება... სახელმწიფო, როგორც პატრონი, სანამ არსებული სოციალური წყობილება არ შეცვლილა, არის ყმა საერთო ეკონომიური პირობებისა. საფრანგეთის სახელმწიფო კიდევაც რომ გახდეს პატრონი რკინის გზების, როგორც ეს გერმანიაშია, ან და მთამადნების როგორც ნაწილობრივ იმავე გერმანიაში და რუსეთშია, ამით მუშის მდგომარეობა არ შეიცვლება“.8
როგორც ხედავთ, გედი და ჟორესი ამბობენ ერთ და იმავეს:
ჯერ რევოლიუცია ანუ სოციალური წყობილების შეცვლა და შემდეგ საზოგადო ეკონომიკის აწყობაო. ამით ორივენი ერთნაირათ ეთიშებიან რადიკალების და რეფორმისტების პროგრამას.
საფრანგეთის სოციალიზმის ასეთი პოზიცია სავსებით ეთანხმება მარქსისტულ მსოფლმხედველობას და პირდაპირ გამომდინარეობს კომუნისტური მანიფესტიდან, სადაც სახელმწიფოს ხელში სიმდიდრის გადასვლის წინასწარ პირობათ წამოყენებულია მუშათა რევოლიუცია, „გადაქცევა პროლეტარიატის მართველ კლასათ“.
ამნაირათ, თანამედროვე სოციალიზმი ძირითად პრობლემაში, სოციალიზმის გზის და გამარჯვების გამონახვაში, სავსებით ეთიშება ძველ კლასიკურ სოციალიზმს და იზიარებს რადიკალების და რეფორმისტების მიმდინარეობას. ამ საერთო ნიადაგზე დგანან მისი ყველა ჯგუფი და ფრთა, რომელთა შორის იწყება განსხვავება შემდეგ, ამ საფუძველის ამუშავების და გატარების პოლიტიკაში. ეტატიური რეფორმიზმი სოციალიზმის დამახასიათებელია, მისი სული და გულია. და ეს არა მარტო საფრანგეთში, არამედ ყოველგან, გერმანიაში, ინგლისში, სკანდინავიაში, ავსტრიაში, მთელ საერთაშორისო მასშტაბში.
აი ეს ძირითადი შეტრიალება სოციალიზმის, თავისი ძველი პოზიციის დატოვება და ეტატიზმში შეტოპვა მოხდა ორი დიდი სინამდვილის გავლენით: „სამხედრო სოციალიზმი“-ს და მისგან წარმოშობილი რუსეთის კომუნისტური წყობილების. ამ ორივე მაგალითმა დაამტკიცა შესაძლებლობა გეგმიანი ეკონომიკის და რადგანაც ეს ეკონომიკა გამოცხადდა სოციალიზმის დამახასიათებელ თვისებათ, მაშასადამე შესაძლებლობა სოციალიზმის ეტატიზმის საშუალებით განხორციელების. აქ ისმება ძირითადი საკითხი: სოციალიზმის დამახასიათებელი თვისება მართლა გეგმიანი ეკონომიკაა, გაწესრიგებული მეურნეობაა? საკმარისია თვალი გადავავლოთ ისტორიას, რომ საკითხს უარყოფითად უპასუხოთ. ჩვენ ვიცით მრავალი გეგმიანი ეკონომიური საქმიანობა, სადაც სოციალიზმის ნატამალიც კი არ ყოფილა. სახელმწიფო როგორც ეკონომიური ურთიერთობის ამწყობი, სიმდიდრის შექმნის მეთაური და გამნაწილებელი ძველი ამბავია; ეგვიპტე, მესოპოტამია, ინდოეთი, ჩინეთი, ყველა აზიური დესპოტია ამ გზაზე იღვწოდა მეტნაკლები ზომით და წონით. ევროპას არასოდეს ამ სფეროში არა უთქვამს რა ისეთი, რაც წინეთ არ ყოფილიყოს ნათქვამი და ნამოქმედარი აზიაში, მაგრამ ვინაიდან მოსკოვის კომუნიზმი ახალ სახარებათ არის მიჩნეული, უმაგალითო მოვლენათაა აღიარებული, გეგმიანი ეკონომიკის უმაღლეს მიღწევათაა გამოცხადებული, ამიტომ ჩვენ აქ შევჩერდებით ერთ ძველ ასეთივე გეგმიან მეურნეობაზე, რომლის პირწმინდა განმეორებაა მოსკოვის კომუნიზმი.
მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში ჩინეთში იფეთქა დიდი სოციალური კონფლიკტი და კლასთა ბრძოლა მივიდა უმაღლეს ხარისხამდე. „მთელი ერი, ამბობს ისტორიკოსი, გაიყო ორ მოპირდაპირე ბანაკათ. წიგნაკები, პამფლეტები, განცხადებები უხვათ გამოდიოდა ყოველ დღე და ყოველი მიმართულების. რეფორმატორთა მეთაურათ გამოდიოდა შესანიშნავი ნიჭის პატრონი, ვანგნგაშე. კაცი მეტათ განათლებული, მწერალი, მეცნიერების დოქტორი, რომელსაც ყველა საშუალება მისაღებათ მიაჩნდა მიზნის მისაღწევათ. მან შეიმუშავა რეფორმათა პროექტი და მის ნიადაგზე გაწია ფართე აგიტაცია. აი რას სწერის იგი: „მთავრობის უპირველესი და უსაჭიროესი მოვალეობაა უყვარდეს ხალხი ისე, რომ მას მისცეს ცხოვრების რეალური სარგებლობა, რაც იხატება ნივთიერ კეთილდღეობაში და სიხარულში. ამ დიდი მიზნის მისაღწევად საკმარისია ჩააგონო ყველას უცვლელი წესები პატიოსნების. მაგრამ ვინაიდან ამ წესების ზედმიწნევით შესრულება ყველას მიერ ნებაყოფლობით შეუძლებელია, აუცილებელია სახელმწიფომ დაადგინოს ბრძნული და ურყევი კანონები მათი გატარებისა. ამ კანონების თანახმათ, იმ მიზნით რომ არ დაანებონ ერთ ადამიანს მეორის გაყვლეფა, სახელმწიფო ეპატრონება ქვეყნის ყველა სიმდიდრეს და ხდება მისი ერთათ-ერთი გამგებელი, ის არის ვაჭარი, მრეწველი, მეურნე, ღარიბთა საკეთილდღეოთ და მდიდართა შესაბოჭავათ. ამ საქმისათვის წესდება ყოველგან ახალი ტრიბუნალები, რომელთა საგანი იქნება დააწესოს ფასები ხორბალზე და გასაყიდ საქონელზე. ისინი შეაწერენ მდიდრებს რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გადასახადებს, ხოლო ვინ მდიდარია და ვინ ღარიბი არჩევენ თვითონ ეს ტრიბუნალები. ამ გადასახადებისაგან შემოსული თანხები გროვდება ხაზინაში და ურიგდება უმწეო მოხუცთ, ღარიბებს, უსაქმოთ დარჩენილ მუშებს, ყველა იმათ ვინც გაჭირებაში ჩავარდება. მთელი მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს, რასაც ყოველწლივ ტრიბუნალები უნაწილებენ მიწის მუშათ სამუშაოთ. აძლევენ მათ თესლს იმ პირობით, მას იხდიან ფულით ან მოსავლით; ამასთანავე იგივე ტრიბუნალები სწყვეტენ რომელი მიწა რა ჯიშის თესლით დაითესოს.
ამ პროექტის წინააღმდეგ ამხედრდა მემამულეთა კლასი, მანდარინები, ხოლო ინტელიგენცია და ხალხი მას მიემხრო. მეფე ბოლოს და ბოლოს გადაიხარა პროექტის სასარგებლოთ, დაითხოვა მოწინააღმდეგე მინისტრები და პრემიერათ მიიწვია რეფორმის მეთაური ვანგნგაშე. ახალმა მთავრობამ პირველ ყოვლისა დასცვალა მთელი ადმინისტრაცია, ყველა თანამდებობაზე ჩააყენა თავისი პარტიის კაცები, შეაყენა ახალი ტრიბუნალები და შემდეგ შეუდგა დეკრეტებით სახელმწიფო კომუნიზმის განხორციელებას. მანდარინები აჯანყდენ, მაგრამ დამარცხდენ. რეფორმა გატარდა მთელი სისასტიკით, მოწინააღმდეგენი გაიქცენ მანჯურიაში. რეფორმის მომხრე ინტელიგენცია თანდათან იცვლის აზრს და იწყებს მის კრიტიკას. მთავრობა აუქმებს მწერალთა ასოციაციებს, კრძალავს თავისუფალ მწერლობას და აზროვნებას და მყარდება პოლიტიკური დესპოტია.
„ვანგაშენმა შესძლო, სწერს ელიზე რეკლიუ, ეს სახელმწიფო კომუნიზმი შეენახა 15 წელიწადს“, მაგრამ ჩქარა გამოირკვა რომ „ეს რეჟიმი აღარ შეესაბამებოდა არც შეძლებულთა, არც ხალხის ინტერესებს. რეჟიმმა შექმნა მთელი კლასი ინკვიზიტორებისა რომელიც გახდა ნამდვილი პატრონი მთელი მიწა-ადგილის; ასე რომ რეფორმატორმა წინააღმდეგ მისი კეთილი სურვილებისა ვერა გააწყო რა იმის მეტი რომ ძველი მანდარინები შესცვალა ახალით, მიწის გამნაწილებლებით და კონტროლიორებით“. ამ დროს გარდაიცვალა მეფეც. მისმა მემკვიდრემ შეაბრუნა პოლიტიკა, დააბრუნა ემიგრაცია, დაითხოვა ვანგშეინის მთავრობა და აღადგინა კერძო საკუთრება.9
აი გეგმიანი ეკონომიკის საოცარი მაგალითი, სადაც მშრომელნი განთავისუფლდენ ერთი ბატონობისაგან იმიტომ რომ ჩავარდნილიყვენ მეორე ბატონობაში. სწორეთ ისე როგორც ამას დღეს ვხედავთ კომუნისტურ რუსეთში. ცხადია, სოციალიზმის დამახასიათებელია არა დაგეგმილი ეკონომიკა, არამედ ადამიანის ექსპლუატაციის მოსპობა, კლასების გაუქმება და მათ ალაგას ერთი მშრომელთა თავისუფალი საწარმოვო ასოციაციათა დაარსება. ეტატიზმი კი თავის საშოდან ბუნებრივათ იძლევა ახალ ბატონებს, მთელ კლასს, რომლის ბრძანებლობა კერძო პირთა უფრო მკაცრი და შეუდრეკელია. ის აბამს მშრომელთ, გედის სიტყვით რომ ვთქვათ, როგორც მუცლით, ისე კისრით. ეს ახალი კლასი გახლავთ ბიუროკრატია, მოხელენი. ეტატიზმის გზა და ხიდია ფუნქციონარიზმი. ამით აიხსნება მოხელეთა ინტერესების დაყენება პროლეტარიატის ინტერესების გვერდით და მათი დაცვა სოციალისტურ საქმეთ. საფრანგეთის სოციალისტური პარტია იმდენათ ააფორიაქა ამ საკითხმა, რომ საჩქაროთ მოწვეულ იქნაავინიონის კონგრესი მის მოსაწესრიგებლათ. კონგრესმა დაიჭირა მოხელეთა მხარე.
ყველა პოლიტიკური სისტემა უეჭველათ ხატავს მცხოვრებთა რომელიმე წრის, რომელიმე კლასის ინტერესებს. უამისოთ ხომ ის არც კი იარსებებდა. საზოგადოება ეკონომიური თვალსაზრისით იყოფა ორათ: კლასები მწარმოებელი და გამნაწილებელი, ანუ ღირებულებათა შემქმნელნი და ამ ღირებულებათა გადამტან-გადმომტანნი, მოდარაჯენი და მართველნი. პირველი კატეგორიის დარგებია: მრეწველობა, სასოფლო და სატყეო მეურნეობა, ხელოსნობა; მეორისაა: ვაჭრობა და ტრანსპორტი, სახელმწიფო და საზოგადო ორგანოები, მოსამსახურენი, საექიმო-სასანიტარო საქმე, შინამოსამსახურეობა. ვაჭრობის კატეგორიას ეკუთვნის ფულით ვაჭრებიც, ე.ი. ბანკირები, ბირჟევიკები და სხ. ყველა ამათ შორის ეტატიზმი ეთანხმება მხოლოდ ამ მეორე კატეგორიის ხალხს. ყველა იმათ ვინც ცხოვრობს საზოგადო კასიდან: ჯამაგირებით, სესხება-გასესხებით, სახელმწიფო რენტებით, იჯარებით, საარჩევნო უფლებებით, თავისუფალი პროფესიით, საადმინისტრაციო პოსტებით. მთელი ხროვა ადამიანებისა, რომელნიც თავს დასტრიალებენ მწარმოებელთა კლასებს და მათ მიერ შექმნილ ზედმეტ ღირებულებას ინაწილებენ. ამიტომ სრულიად არ არის მოულოდნელი, რომ მრეწველი ბურჟუაზია და პროლეტარიატი წინააღმდეგია ეტატიზმის. პირველი ინდივიდუალიზმის დროშით, მეორე სოციალური დროშით, ვინაიდან სახელმწიფოსათვის დაყმობა მათთვის ორივესთვის საზარალოა.
ასეთივე მდგომარეობაშია გლეხობა და ხელოსნობა. არც ერთ ამ
კლას ალაგი არ აქვს სახელმწიფოს აპარატებში. პირიქით ეს აპარატები ცხოვრობენ მათი ჯიბით და ანგარიშებით. მათი ინტერესია ნაკლები აპარატი, იაფი აპარატი. სახელმწიფოს ფუნქციების შემცირება, ხარჯების შემოკლება, ეტატიზმის ძირშივე მოჭრა.
ამნაირათ, ეტატიზმის შედეგია არა ადამიანის ექსპლუატაციის შემცირება, არა კლასთა ბატონობის დასუსტება, არამედ იმ ექსპლუატაციის კიდევ უფრო გამწვავება, მწარმოებელი კლასების ალაგას მუქთახორა კლასების გამრავლება, გაძლიერება და მთელი მოსაქმე ერის მათ ყმობაში ჩაყენება.
ეტატიზმის აუცილებელი შედეგია დესპოტიზმი. სოციალიზმი იღებს რა პირველს, ებრძვის ამ მის დასკვნას. შესაძლებელია ეტატიზმის და თავისუფლების შეთავსება?
ძველი სოციალიზმი აღიარებდა: პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობას პროლეტარიატის მიერ და მისი საშუალებით სოციალური საკუთრების გაბატონებას. ახალი სოციალიზმი აღიარებს: სოციალური საკუთრების გაბატონებას და შემდეგ მისი საშუალებით პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობას.
მაგრამ გამოჩნდა ამ მეორე ხაზზე დაბრკოლება, სოციალური საკუთრება ეტატიზმის ფორმით ვითარდება, მაგრამ ძალაუფლება ხელში უვარდება რეაქციას. აქედან დაიბადა ახალი პრობლემა.
ემილ ვანდერველდე სწერს:
„არ იქნება მოულოდნელი თუ ვიტყვი, რომ დღეს სოციალიზმის დიდი პრობლემაა არა იმდენათ პრობლემა საკუთრების, რამდენათ თავისუფლების; პროგრესს ტეხნიკის და რაციონალიზაციის თავისთავათ მივყევართ კოლექტივიზმის ამა თუ იმ ფორმისაკენ; ხოლო თავისუფლების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშრომელთა ინდივიდუალური და კოლექტიური ძალღონით“.10
ეგევე აზრი ოტო ბაუერმა ასე გამოთქვა ავსტრიის სოც.-დემ. პარტიის ნოემბრის ყრილობაზე:
„უნდა გავიგოთ, რომ დღეს აქ გადასაჭრელია დავა არა კაპიტალიზმს და სოციალიზმს შორის, არამედ სულ სხვა ჩვენს წინაშე წარმომდგარი საკითხი; გარშემორტყმული ყველა მხრიდან ფაშიზმით, პროლეტარიატის უპირველესი საგანია შევინარჩუნოთ ეს ჩვენი კუნძული დემოკრატიული თავისუფლებისა“.11
ორივე ლიდერი ახალი სოციალიზმისა ამბობენ ერთ და იმავეს: დღის წესრიგში დგას არა სოციალური, არამედ პოლიტიკური საკითხი. სოციალური საკუთრება ვითარდება, დესპოტიზმი ძლიერდება. აქედან პრობლემა: შევინარჩუნოთ პირველი, დავარღვიოთ მეორე. მაგრამ ამ საკითხის გადასაჭრელათ საჭიროა გადავსჭრათ მეორე საკითხი: ამ ორ მოვლენას შორის არსებობს აუცილებელი თუ შემთხვევითი კავშირი. ე.ი. ეტატიზმის და ბურჟუაზიული კოლექტივიზმის ბუნებისაგან, მისი შინაგანი ურთიერთობისაგან გამომდინარეობს დესპოტიური პოლიტიკური ფორმა თუ ეს უკანასკნელი მისი კანონიერი შვილი არ არის, გარედან მიწებებული ფენომენია.
ჩვენ ზემოთ გავარკვიეთ, რომ ყველა ეტატიზმი, ყველა დაგეგმილი ეკონომიკა, აგებული ადამიანის ექსპლუატაციაზე, იღებს დესპოტიურ პოლიტიკურ ფორმას. რატომ? ცხადია რატომ, რაკი ეკონომიური რეჟიმი სავსებით დამყარებულია სუსტი კლასების ჩაგვრაზე, შრომის გაყვლეფაზე, მისგან რაც შეიძლება მეტი ზედმეტი ღირებულების ამოღებაზე. ცხადია, საჭიროა ამათი დამორჩილება, იძულებით ასეთი ოპერაციების მის ზურგზე ჩასატარებლათ. როგორც კი ხელისუფლება იწყებს ამ ეკონომიურ ოპერაციებს, ის იშველიებს მის აპარატებს, მის აღმასრულებელ და გამკარგულებელ ძალას უკმაყოფილო ხალხის მორჩილებაში ჩასაჭედათ. გეგმიანი ეკონომიკა ნიშნავს გეგმიან ექსპლუატაციას, გეგმიანი ექსპლუატაცია კი დესპოტიას.
აი ამ საქვეყნო ისტორიულ მოვლენას პირველათ ლახვარი ჩასცა ბურჟუაზიამ და დაამყარა შრომის ექსპლუატაცია ანარქიულ ეკონომიკაში და მის შესაფერ პოლიტიკურ, ლიბერალურ ფორმებში, ე.ი. მან უარყო სავსებით გეგმიანი ეკონომიკა საზოგადოებაში, მაშასადამე უარყო შრომის ექსპლუატაციის პოლიცივური ფორმა და ეს ჩააყენა ეკონომიურ ფორმებში. რატომ მოიმოქმედა ეს მან? თავისუფლების სიყვარულით? რასაკვირელია არა; თავისუფლება აქ არის შედეგი, აუცილებელი, გარდაუვალი გამოხატულება კაპიტალისტური წარმოების და ურთიერთობის. ამ ეკონომიური რეჟიმის ძირითადი საფუძველია თავისუფალი კონკურენცია, ეკონომიური მეტოქეობა, ხოლო ეს კი გულისხმობს შესაძლებლობას მეტოქეობისას, საკმაოთ თავისუფალ კალაპოტს ამ მოვლენის ასამუშავებლათ და გასაფართოვებლათ. კონკურენცია - ეს თავისუფლებაა. კონკურენციის საშუალებით ხდება შესაძლებელი საქონლის ღირებულების განსაზღვრა. მაშასადამე მისი ფასების დადგენა და ბაზარზე გატანა. როცა წარმოების მიზანია არა გასაყიდი ნივთის, საქონელის დამზადება, არამედ მისი შინ მოხმარა, საჭიროც არ არის მისი ღირებულების დაფასების განსაზღვრა, კონკურენცია მეტი ბარგია; აქ შეიძლება შრომა იყოს პატრიაქალური, მონური, ბატონ-ყმური თუ პოლიციური ფორმების, შრომის ექსპლუატაცია არ ხდება კონკურენციის საშუალებით.
ამნაირათ, კაპიტალისტურ წარმოებაში თავისუფლების შენახვა შეიძლება მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის შენახვით.
ეტატიზმი, მონოპოლიები, ტრესტები-ყველა ეს ნიშნავს თავისუფალი კონკურენციის მოსპობას, დაგეგმილი ეკონომიკის შემოღებას სხვადასხვა ფორმით და მასშტაბით, ვინაიდან მთელი ეს პროცესი წარმოებს კაპიტალიზმის ნიადაგზე საქონლის დამზადების, ყიდვის და გაყიდვის მიზნით, ე.ი. მისი მიზანია არა ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, არამედ მოგება, ზედმეტი ღირებულება, შრომის ექსპლოატაცია. რა გზით უნდა მოხდეს მთელი ეს პროცესი თუ კი კონკურენცია, ეს უმაღლესი რეგულიატორი ღირებულების და ბაზრის დაბმული ან სავსებით გაუქმებულია? არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება, რაც სახელმწიფო მასშტაბში განხორციელებულია საბჭოთა ეკონომიკაში - ეს საშუალებაა ძალაუფლება, მონოპოლისაგან წარმომდგარი. მოხელე ანგარიშობს რა დაეხარჯა საქონლის დამზადებაზე, რამდენი მოგება მას ეჭირვება და ამის დაგვარათ ადებს ფასებს. შეიძლება ეს ფასები სრულიად არ ხატავს საქონლის ღირებულებას, არც ბაზრის მოთხოვნილებას, არც რაიმე ეკონომიურ კანონებს, ის არის შედეგი ბრძანების, და არა საწარმოო ურთიერთობის.
მარქსი სწერს:
„საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ ღირებულებას საზღვრავს არა ის დრო, რომლის განმავლობაში ნივთი კეთდება, არამედ ის უმცირესი დრო, რომელიც საჭიროა მისი გაკეთებისთვის, ხოლო ეს მინიმუმი ცხადდება კონკურენციით. წარმოიდგინეთ ერთ წუთს, რომ კონკურენცია არ არის, მაშასადამე არ არის ის საშუალება, რომლითაც ვტყობილობთ შრომის მინიმუმს დასამუშავებლათ აუცილებელს. რა მოხდება მაშინ? ამ შემთხვევაში საკმარისია დახარჯოთ ექვსი საათი ნივთის დასამზადებლათ, რომ პრუდონის თეორიით, უფლება გქონდეს მოითხოვოთ ექვსჯერ მეტი სამაგიერო, ვინემ ის ვინც ამავე ნივთის დასამზადებლათ დახარჯა ერთი საათი“.12
რაკი მონოპოლიებში, განვითარებულ ეტატიზმში, როგორც დღეს მაგ. რუსეთშია მთელი ეს პროცესი შებრუნებულია, რაკი კონკურენცია არ არის, რანაირათ შეუძლიათ გაიგონ საქონლის დამზადების აუცილებელი დროის რაოდენობა? შეიძლება ერთი არშინი ჩითი ითხოვს ერთ საათს, შეიძლება ნახევარს, ვინ იცის; დირექცია ემყარება მხოლოდ თავის ბუხჰალტერიულ ანგარიშებს და ამის თანახმათ აწესებს ფასებს. საბოლაოთ ეკონომიური კანონების ალაგს იჭერს პოლიციური კანონები. აი ამით აიხსნება საბჭოთა საქონლის საარაკო სიმდარე, სიძვირე და ნაკლულევანება. ერთი სიტყვით კაპიტალისტური წარმოება მოკლებული მის შინაგან ბუნებას - თავისუფალ კონკურენციას ხდება, ეკონომიურათ ერის ტვირთათ, ხოლო პოლიტიკურათ ტირანიის საფუძვლათ.
დღევანდელი საზოგადოება იტანჯება არა მარტო კაპიტალისტური რეჟიმისაგან წარმომდგარი კრიზისით, არამედ ამასთანავე იმ რეფორმატორული ზომებითაც, რომლითაც ამ კრიზისს ებრძვიან, დამპალი შენობა დასარღვევია და არა შესაკეთებელი. ბურჟუაზიული საზოგადოების რეფორმებით შეკეთება მის მდგომარეობას აუარესებს, ვინაიდან მას უსპობს მის საკუთარ სასუნთქავ ასპარეზს. ლიბერალიზმი არის კაპიტალიზმის პოლიტიკური ფორმა; თუ ის მოკვდა, თუ ის მიუღებელია, რანაირათ რჩება ცოცხალი და მისაღები მისი შინაარსი, მისი ეკონომიური სარჩული, კაპიტალიზმის ცუდი მხარის შესწორება, კარგის დატოვება - ეს ძველი რომანტიული რეცეპტი ისევ აღდგა და დაბნეულ საზოგადოებას დაეპატრონა. ამ უტოპიას შესწირა მთელი თავისი ძალღონე გერმანიის სოციალდემოკრატიამ; ეს „კაპიტალიზმის მოწესრიგება სოციალისტური პრინციპით“ გათავდა საშინელი კატასტროფით; პარტია ეტატიზმით მიდიოდა სოციალიზმისაკენ. ნამდვილათ კი მივიდა ფაშიზმისაკენ. აქედან დაიბადა პარტიის მორალური დარღვევა, მთელ ამ მუშაობაში დაეჭვება, მთელი ამ გზის უკუგდება; და რადგანაც სხვა გზა, სხვა ტაქტიკა პარტიის რეზერვში არ აღმოჩნდა, მისი დემორალიზაცია აუცილებელი შეიქნა.
ამნაირათ, საზოგადოება დღეს სწუხს ეტატიზმით, ე.ი. „კაპიტალიზმის შეკეთებით სოციალური პრინციპით“, გეგმიანი წარმოებით, რაიცა იხატება სხვადასხვა პოლიტიკურ ფორმებში, რომელთა ლოღიკური დასკვნაა ფაშიზმი და ბოლშევიზმი, საზოგადოთ ხმალის გაბატონება საზოგადოებაზე. ამ დასკვნისაკენ სწრაფი ნაბიჯით მიექანება ბურჟუაზიული დემოკრატია. თავისუფლების დამაგრება კი მოითხოვს მთელი ამ პროცესის შებრუნებას, ეტატიზმის ძირშივე მოჭრას, სახელმწიფოს ბატონობის დასუსტებას, მისთვის საზოგადოების დასაჩაგრავი იარაღების წართმევას. „თავისუფლება ნიშნავს, სწერდა მარქსი, სახელმწიფოს გადაქცევას საზოგადოებაზე გაბატონებულ ორგანოდან, მის დამორჩილებულ ორგანოთ.“13 ახლა კი მისი სახელით სახელმწიფოს აბატონებენ ყოველნაირი საშუალებით ხალხზე, ამით სპობენ ხალხის თავისუფლებას მის წინაშე და ამავე დროს ოცნებობენ დემოკრატიაზე. ეს გასაოცარი გარღვევა ეკონომიური საფუძვლის და პოლიტიკური ზედ შენობის სწარმოებს მთელ ხაზზე და საზოგადოება ვარდება მის მიერვე დაგებულ ისტორიულ ხაფანგში.
თავისუფლების რეჟიმი გულისხმობს შესაფერ ეკონომიურ რეჟიმს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ორი ფორმით - ინდივიდუალურის და საზოგადოებრივის. ე.ი. თავისუფალი უნდა იყოს ეკონომიური შემოქმედება ან პიროვნების, ან საზოგადოების; პირველი მოგვცა ბურჟუაზიამ, მეორე უნდა მოგვცეს პროლეტარიატმა; მესამე ხაზი, მესამე ფორმა თავისუფლებისა არ არსებობს, ისტორიას არ მოუცია. მაშასადამე, დღის წესრიგში დგას არა საკითხი თავისუფლების, არამედ საკითხი სოციალური რეჟიმის. ეკონომიკის, რომლის გამარჯვებასან შეკავშირებულია თავისუფლების დამაგრება.
ამნაირათ, ეტატიზმი შეუთავსებელია სოციალიზმთან, თავისუფლებასან, პიროვნების და საზოგადოების ბატონობასან. ის არის წვრილი ბურჟუაზიის იდეოლოგია კაპიტალიზმის მათრახით მოსაშინაურებლათ, ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის შუათანა კლასების მდგომარეობის და გაგების დონეზე გასაყინებლათ, „კაპიტალიზმის სოციალისტური პრინციპით“ შეკეთება და მის სამიდღემჩიო, უკვდავ მოვლენათ გამოსაცხადებლათ.
სოციალიზმის დამახასიათებელია, როგორც ვთქვით, არა გეგმიანი წარმოება, არამედ შრომის გაყვლეფის მოსპობა, კლასთა ბატონობის გაუქმება და უკლასო თანასწორი საზოგადოების მოწყობა, ხოლო ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია თვით მშრომელთა შეერთებით და ბრძოლით. მოაკელით მათ ეს საშუალება, ხოლო ამავე დროს მოსპეთ კაპიტალისტების კლასები, მთელი დღევანდელი ბურჟუაზიული ურთიერთობა, ამით შრომის ექსპლუატაცია ოდნავათაც არ სუსტდება. სოციალიზმის აჩრდილიც კი არ ჩნდება. რატომ? იმიტომ რომ ექსპლუატაციის მხოლოდ ფორმა იცვლება, ძველი ბატონების ალაგას იჭერენ ახალნი - ხელისუფლება და მისი მოხელენი და ძველი ამბავი ისევ გრძელდება. ლიბერალიზმი იძლევა საშუალებას ბრძოლისას. ეტატიზმი ამას სპობს და ამყარებს ძალმომრეობას. მაშასადამე, ეტატიზმი ეკონომიურათ და პოლიტიკურათ მიიმართება პირდაპირ წინააღმდეგ სოციალისტური დროშისა და მიზნისა. ამიტომ სრულიად სამართლიანათ სკვნიდა კლასიკური სოციალიზმი იმათ შორის საერთო არა არის რაო.
დღეს გაჩაღებული ბრძოლა პიროვნებას და სახელმწიფოს შორის ძველი ამბავია, განმეორებაა გავლილი ისტორიული ეტაპების ახალი შინაარსით. ახალი ფაქტორი აქ უნდა ყოფილიყო მესამე მხარის გამოჩენა და მათთვის დაპირდაპირება. ეს მესამე მხარეა საზოგადოება, პიროვნებათა კრებული, რომელიც არსებობს რეალურათ და რაზედაც დაემყარა სოციალიზმი. მაგრამ მოხდა საოცარი იდეიური არევა, საზოგადოებათ გამოცხადდა სახელმწიფო, ამიტომ სახელმწიფო ეკონომიკა საზოგადო ეკონომიკათ. გამოდის, რომ ცხოვრებიდან საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, გამქრალია და ის პოლიტიკურ აპარატათ გადაქცეულა. უეჭველია, დღეს საზოგადოება ხატავს თავის პოლიტიკურ მდგომარეობას სახელმწიფოს ფორმით, მაგრამ ეს ფორმა მას არ ფარავს, მთელ მის ცხოვრებას არ ხატავს, მის მაგიერობას ვერ სწევს და მაშასადამე ის რჩება იმათ, რაც არის მიუხედავათ ამ ფორმისა და მისი მრავალნაირათ ცვალებადებისა.
სახელმწიფო არის ხელოვნური მოვლენა, შექმნილი ადამიანების მიერ მათი ევოლიუციის განსაზღვრულ საფეხურზე, საზოგადოება კი არის მოვლენა ბუნებრივი, სოციოლოგიური, არსებობს თავიდანვე, ადამიანთა გაჩენიდან, ცხოვრობს, ვითარდება და იცვლება თავისთავათ, მისი შინაგანი კანონების თანახმათ, ადამიანთა სურვილების და პლანების დამოუკიდებლათ. მის საშოში წარმოებული სოციალური ბრძოლა გახდა მიზეზი სახელმწიფო ძალაუფლების ორგანიზაციისა ძლიერთა მიერ და ამ იარაღით მათი ბატონობის განმტკიცება. ცხადია, ეს ორი ფენომენი - საზოგადოება და სახელმწიფო - არსებობდა და არსებობს ცალ-ცალკე გათიშულათ, ერთიმეორეზე დამოუკიდებელნი და მხოლოდ განსაკუთრებითი მიზნით ერთიმეორეზე გადაბმულნი, როგორც კი გაუქმდება მჩაგრავი კლასები, დაიფუშება მათი პოლიტიკური ორგანიზაციაც, გაუქმდება სახელმწიფო, ხოლო საზოგადოება დარჩება. ბრძოლა სახელმწიფოს, ე.ი. გაბატონებული კლასების და საზოგადოების, ე.ი. დამორჩილებული უმრავლესობის, შორის არის მუდმივი, შეუჩერებელი და თავდება ხან სახელმწიფოს მიერ საზოგადოების დანგრევით (ეგვიპტე, რომი და სხ.), ხან საზოგადოების მიერ სახელმწიფოს „ღამის ყარაულათ“ გადაქცევით (დიდი რევოლიუცია), ხან ორივეს ერთათ დაქცევით (ურიასტანი, ქალდეია, ასირია და სხ.). მათ შორის მშვიდობიანი, ურყევი და ორივე მხარისათვის მისაღები ურთიერთობის დამყარება ისტორიას არ მოუცია. ერთათ ერთი სოციალიზმი ფიქრობს ამ ბრძოლის მოსპობას თვით მისი მიზეზის - გაბატონებული კლასების მოსპობით და ძველი საზოგადოებრივი წონასწორობის აღდგენით ახალ ეკონომიურ ბაზაზე.
ამნაირათ, საზოგადოებრივი და სახელმწიფური მიმდინარეობათა შორის სოციალიზმის პოზიცია ცნობილია. ის მუდამ წარმოადგენს პირველს და ებრძვის მეორეს. მათი არა ერთიმეორეში გალესვა და ათქვეფა, არამედ გაყოფა, ერთის გაძლიერება, მეორის მინიმუმამდე დაყვანა - აი ჩვენი სამოქმედო ხაზი. ეს არ ნიშნავს, რასაკვირელია, აპოლიტიციზმს, პოლიტიკურ უხასიათობას, ვიწრო სინდიკალიზმში ჩარჩენას, მაგრამ არ ნიშნავს არც ეტატიზმს, არც მხოლოდ პარლამენტარიზმს, „დემოკრატიულ მეთოდს“, იერიხონის საყვირით სიმაგრეების აღებას. სახელმწიფო ძალაუფლების დაპყრობა უეჭველი პირობაა ყველა რევოლიუციის; მაშასადამე ბრძოლა ამ ნიადაგზე სავალდებულოა, მაგრამ დაპყრობილ ძალას როგორ მოვიხმართ. ისე როგორც ბოლშევიკებმა, ერთი ბატონის მაგიერ მეორის გამწესება, თუ თვით მშრომელ საზოგადოებას მიეცემა საშუალება ააწყოსსაერთო ეკონომიკა თავის სურვილისამებრ, უკანასკნელ შემთხვევაში სახელმწიფო რჩება „ღამის დარაჯის“ როლში, ე.ი. უდარაჯებს აწყობილ საზოგადოებრივ ნივთიერ ურთიერთობას. არ ანებებს მტერთ და ორგულთ მის დაფუშვას და როდესაც ახალი ცხოვრება ძირ-გადგმული იქნება, საფრთხე აღარ მოელის და დასაცავიც აღარაფერია, სახელმწიფო მექანიზმი სიძველეთა მუზეუმში შეინახება. სოციალისტური რევოლიუცია ნიშნავს შრომის იარაღთა მიცემას როგორც კერძო მწარმოებელთა, ისე მწარმოებელთა საზოგადოებისათვის დადგენილ სოციალური ეკონომიკის ფარგლებში სამუშაოთ და მოსახმარათ. ამ მიზნით დგება საწარმოვო ამხანაგობები და კოოპერატივები შრომის ყველა დარგში, მათი შეერთება და კავშირების დაარსება როგორც ადგილობრივის, ისე ცენტრალურის, მათი ერთიმეორეზე გადაჯაჭვა, ამ ქსელში შემოყვანა საკრედიტო ორგანოების, საზოგადოთ ერის მთელი ეკონომიური აქტივობის ჩამოყალიბება სხვადასხვა ფორმის და სახის მოგვცემს შესაძლებლობას საზოგადოების ეკონომიურათ და პოლიტიკურათ შექმნისას სახელმწიფოს გარეშე.
ეტატიზმი ამ პროცესს, ამ რევოლიუციას არა თუ არ აადვილებს, არ გვიახლოვებს, არამედ პირიქით სავსებით ხელს უშლის, ეწინააღმდეგება და გვაშორებს. რევოლიუციურ კლას ურჩევნია მის წინ იდგეს ერთი ძალით შეიარაღებული ბატონი, კერძო კაპიტალისტი, ვინემ ორმაგათ შეიარაღებული კაპიტალისტი - სახელმწიფო და პირიქით, თუ ასეთი მებრძოლი კლასი არ არის, თუ რევოლიუცია შეცვლილია ევოლიუციით, პარლამენტარიზმი საზოგადოების გამაკურნებელ პანაცეათ, მაშინ, რასაკვირელია, ეტატიზმი რჩება მთავარ სამოქმედო სარბიელათ და რეფორმიზმი მის გზათ და ხიდათ. ამ შემთხვევაში ეტატიზმი არის გამოხატულება რევოლიუციური ნებისყოფის დაუძლურების, კლასიური ენერგიის მოშლის და ბრძოლის განელების. ამ მდგომარეობას ჩვეულებრივათ ამართლებენ ორი მოსაზრებით: სოციალური რევოლიუციის მოუმწიფებლობით და უმრავლესობის შეუგნებლობით. თუ მარქს ამ 60 წლის წინათ ეგონა სოციალური რევოლიუციის შესაძლებლობა და კიდევაც ელოდა, ეს თურმე დღესაც, ამ კაპიტალისტური მეურნეობის გახწნის აშკარა ხანაშიაც, შეუძლებელი ყოფილა. თუ კიდევ ეს მეურნეობა უმწიფარია, ცხადია ის კიდევ ზდის და გაჯანსაღების ასაკში ყოფილა, ხოლო არსებული კრიზისი შემთხვევითი მოვლენა, გამოწვეული ზრდით და არა სიბერით, თეზა ლიბერალიზმის და გზა დაბნეული ეკონომისტების. ეს „მწიფისტები“ უმწიფრათ სთვლიან ევროპას, ხოლო რუსეთი დამწიფებულათ მიაჩნიათ. ამ ლიბერალურ უკან დახევას ისინი ასაბუთებენ იმითაც, რომ სოციალიზმი მოითხოვს აყვავებული ეკონომიკის არსებობას და არა კრიზისსო. ჯერ ერთი, თუ ეს მათ სჯერათ, რატომ რუსეთი მიაჩნიათ სოციალიზმის გზაზე დამდგარათ, ე.ი. წარმოების დაცემა და საერთო სიღატაკე სოციალიზმის წინაკარებათ. არის ორგვარი კრიზისი: განაწილების, დამზადებული საქონლის მოხმარების და თვით წარმოების, საქონლის დამზადების დასუსტების. პირველის მაგალითია ევროპა, მეორის რუსეთი. აქ სოციალიზმის შეუძლებლობა აშკარაა, იქ, პირიქით, უამრავი საქონლის დამზადების შესაძლებლობა აუცილებლათ ხდის მის წესიერათ განაწილებას, საზოგადოების მიერ მოხმარებას. არასოდეს არ ყოფილა ისე გამწვავებული ანტაგონიზმი სიმდიდრის სოციალურათ დამზადების და ინდივიდუალურათ განაწილების შორის როგორც ეს დღეს არის. ეს ჩინებულათ აწყობილი საწარმოვო საშუალებები, ეს უდიდესი ტეხნიკური მიღწევანი მექანიზაციის და რაციონალიზაციის სფეროში შეადგენენ მზამზარეულ ბაზას მათი საზოგადოების სასარგებლოთ ასამუშავებლათ, საკმარისია მოაშოროთ მას კერძო პირების ბატონობა და მათ ალაგას ჩააყენოთ საზოგადოება. ობიექტური პირობები, ეკონომიური საძირკველი სოციალიზმისა მომზადებულია. შეგნება? „ხალხს თავზე ვერ მოახვევს პატარა უმცირესობა ახალ ეკონომიურ სისტემას. ის უნდა გამოვიდეს მშრომელთა ფართე მასების საკუთარი სურვილისაგან. ამიტომ პირველი წინასწარი პირობა სოციალიზმისა არის ის, რომ ხალხის უმრავლესობა იყოს გაჟღენთილი სოციალისტური რწმენით, სოციალიზმის სურვილით“, სწერს ოტო ბაუერი.14 რამდენათ სწორია ეს შეხედულობა?
დემოკრატიული მეთოდის თვალსაზრისით, ბაუერი მართალია, ამას მოითხოვს პარლამენტარული თამაში. საარჩევნო და სამინისტრო სოციალიზმი, ეტატიზმი. აქ ლოღიკა დაცულია. მაგრამ მთელი ეს ლოღიკა, მთელი ეს პოზიცია სრულიად არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. საზოგადოებაში ხდება ორგვარი პროცესი: ობიექტიური, ბუნებრივი, ადამიანის ნება-სურვილებისაგან დამოუკიდებელი. ეს ისტორიული დეტერმინიზმი იძლევა განვითარების კალაპოტს, მის საზღვარს, მის სიფართეს, სიღრმეს და შესაძლებლობას, რომელშიაც ცხოვრობს და მოძრაობს თვითეული პიროვნება. აი აქ ხდება მეორე პროცესი-სუბიექტიური, შეგნება არსებული მდგომარეობის, გაგება ობიექტიური პროცესის და მის ნიადაგზე, მის შესაფერათ აზროვნება და მოქმედება. პიროვნების ძალა განისაზღვრება ამ ობიექტიური დეტერმინიზმით, რომლის ფარგალში მისი როლი და მნიშვნელობა დიდია. პიროვნებას თუ პიროვნებათა გუნდს არ ძალუძს საზოგადოება დააშოროს მის ბუნებრივ კალაპოტს, გადაიყვანოს ის მისთვის უცხო ნიადაგზე, თვით შეუქნას მას სოციალური კანონები და უკარნახოს ისტორიულ ძალთა მსვლელობის ალაგას თავისი საკუთარეი მსვლელობა. მაგრამ მას შეუძლია საზოგადოებას დაეხმაროს, უწინამძღვროს, გააცნობიეროს, იყოს მისი აზრის მესაიდუმლე, მისი ბრძოლის ბელედი. აი ეს აქტიური ნაწილი საზოგადოებისა არასოდეს არ უცდის „დემოკრატიული ლიტანიის“ დასრულებას. თუ კი რევოლიუციური მდგომარეობა იქმნება და რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი ხდება, რევოლიუციას არ ახდენენ, ის ხდება ისტორიული მიზეზებით; მოწინავე პირთა საქმეა ეს შეიგნონ და მას ხელი შეუწყონ. ყველა რევოლიუცია შეიცავდა ორ ელემენტს: აქტიურს უმცირესობას და პასიურს უმრავლესობას. ეს უკანასკნელი მხოლოდ რევოლიუციის პროცესში, ფაქტების ძალდატანებით მიყვება პირველს და ხდება აქტიური, ე.ი. მისი აქტიობა და ამის შესაფერი შეგნება არის შედეგი და არა მიზეზი რევოლიუციის. როგორც კი უმცირესობა გამოვა ისტორიული კალაპოტიდან და დაუპირდაპირდება უმრავლესობას, ის ეცემა ან დიქტატურათ ხდება. ამის საქვეყნო მაგალითია საბჭოთა რუსეთი.
ამნაირათ, პარლამენტარული სოციალიზმის თვალსაზრისით რევოლიუცია საჭიროებს წინასწარ ფორმალურათ მის დადასტურებას უმრავლესობის მიერ, ხოლო რევოლიუციური სოციალიზმის შეხედულობით საკმარისია აქტიური უმცირესობა და მისი მუდმივი კონტაქტში დარჩენა უმრავლესობასან. ეს ფაქტიური კავშირი რევოლიუციის მსვლელობაში ბოლოვდება ფორმალური კავშირითაც, როგორც ეს იყო მაგ. კომუნაში. ეტატიზმი კლავს რევოლიუციურ სულს, სამოქმედო ნებისყოფას, სოციალურ აქტივობას. ის ხატავს „ჭკვიანი კაცის“ ფილოსოფიას, რომელსაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. ნელა, ზანტათ ეძებს ამ კვერცხის შეძენის შანსებს. მისი აზრით სანატრელი ქათამი მისით მოფრინდება, ოღონდ დემოკრატიული მექანიზმი კარგათ იქნას ამოძრავებული და შეუცდომლათ დათვლილი. აი ამ თვლაში იყო გართული გერმანიის სოციალდემოკრატია, რომ უცებ არა თუ ანგარიში შეეშალა, არამედ თვით სადღაც გაქრა და თვითონ განცვიფრებული დარჩა. ამ კატასტროფამ ლახვარი ჩასცა როგორც ეტატიზმს, ისე ეტატიურ ტაქტიკას, გამეფებულ სოციალურ ოპტიმიზმს. ვითომ უეჭველათ, ფატალურათ პროგრესს პროგრესი მოსდევს, ცუდი კარგათ თავდება, ხოლო პიროვნება აქ არაფერ შუაში იყოს. მარქსის ისტორიული დეტერმინიზმი გადაიქცა პოლიტიკურ უდარდელობათ, პანგლოსის ფილოსოფიათ (კანდიდიდან), ვითომ ყველაფერი საუკეთესოთ მიდიოდეს ამ ცოდვილ ქვეყანაზე. დემოკრატიზმი გადაიქცა ამ მოძღვრების ღერძათ, გაზვიადებულ ფეტიშათ, ყოვლად მხსნელ პანაცეათ. ამ მხსნელის ასე საარაკოთ დაქცევა სვამს მთელი ამ მოძღვრების, მთელი ახალი სოციალიზმის გადაშინჯვის საკითხს.
დასკვნა. უდავოა არსებობა ახალი, ომის მერმინდელი სოციალიზმის, თავისი საკუთარი სოციალური კონცეპციით, საკუთარი ტაქტიკით და პრაქტიკული პოლიტიკით. ძარღვი მისი განსხვავებისა კლასიკური სოციალიზმისაგან მარხია შეფასებაში სახელმწიფოს როლის საზოგადოებაში. მათ შორის მიჯნაა ეტატიზმი, რომლის გაღმა-გამოღმა მიდის ორი ერთიმეორის მოპირდაპირე პოლიტიკური ხაზი: რევოლიუციური და ოპორტიუნისტული, პროლეტარული და წვრილბურჟუაზიული.
ეტატიზმის საბოლაო დასკვნაა ნაციონალური სოციალიზმი ანუ ბოლშევიზმი და ფაშიზმი.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №34, 35
____________
1. État ფრანგულად ნიშნავს სახელმწიფოს, ეტატიზმი სახელმწიფოს ეკონომიურ უაღრესობას.
2. Émile Labarthe. La liberté créatrice. 1932.
3. K. Vandervelde. Faut-it changer notre programme?? გვ. 117. 1923 წ.
4. იხ. La Vie Socialiste. 23 აპრილი, 1927 წ.
5. Vorwaerls, 27 მაისი, 1927 წ.
6. „Populaire“, 3 იანვარი, 1932წ.
7. იხ. დაწვრილებით გედის Le socialisme et les Services publics და სხვა მისი ნაწერები.
8. გადმობეჭდილია La Vie Socialiste-ში, 4 და 11 მარტი, 1933 წ.
9. E. Reclus. L'Empire du milieu. 1902. M. Hue: L'Empire chinois, 2 volumes, 1854.
10. L'Alternative, გვ. 142.
11. Vorwaerts. 15 ნოემბერი, 1932 წ. 399
12. იხ. მარქსის „ფილოსოფიის სიღატაკე“.
13. იხ მისი კრიტიკა გოტის პროგრამის.
14. იხ Der Weg zum Socialismus. 1919.
![]() |
57 პარტიაში |
▲ზევით დაბრუნება |
იძულებითი განმარტება „ბრძოლის ხმის“ ივნისის ნომერში (№34) დაიბეჭდა ორი წერილი: ერთი ბიუროსი, მეორე ბიუროს დადგენილებით, ჩემი, სადაც მივმართავდით ჩვენგან გამდგარ ქართველ სოც.-დემოკრატებს, შემოკრებილიყვენ პარტიის და მის ხელმძღვანელ ორგანოთა ირგვლივ, ჩამდგარიყვენ პარტიის ორგანიზაციულ წყობაში და მიიღონ თავის თავზე პარტიული მოვალეობანი. ამის საპასუხოთ მათ ირ. წერეთლის, რ. არსენიძის, შალვა აბდუშელის და ვ. ნოზაძის მეთაურობით და ხელის მოწერით, ბროშიურით გვიპასუხეს თანამშრომლობაზე უარი. ამის საბუთათ გამოუქვეყნებიათ მათი წერილი პარტიის ცენ. კომიტეტისათვის მიწერილი და ც. კ-ს პასუხი ბიუროსადმი მომართული. მთელი ეს მიწერ-მოწერა იმ დღიდან, რაც პარტიის სახელზე პარტიაში გაიგზავნა, შეადგენდა პარტიის საკუთრებას და მის დაუკითხავათ და ნებადაურთველათ აღარავის შეეძლო გამოექვეყნებია. აი ეს ელემენტარული სავალდებულო მორალი მათ გადაუჯეკნიათ და წმინდა ბოლშევიკურათ, ყოველივე წესების დარღვევით, სააშკარაოზე გამოსულან. მათ მიითვისეს ც. კ. წერილი, დაბეჭდეს და ყიდიან! მათ მიითვისეს სხვა ამხანაგებთან საზიარო დოკუმენტი და მათ ნებადაურთველათ მტრების საჯიჯგნათ გაუხდიათ. ავტორული უფლებაც კი არ დაუცავთ, უფლება, რასაც მფარველობს ყველა ქვეყნის კანონი, გარდა, რასაკვირველია, კომუნისტებისა.
ასე უმსგავსოთ დაწყებული დავა რა იქნება, თუ არა კრებული სხვა კიდევ უფრო გასაშტერებელი ამბებისა.
ჩვენ შევეკითხეთ ნათლათ: მიიღეთ მონაწილეობა ბიუროს ახალ წესებზე აგებულ მუშაობაში. მათ კი გვიპასუხეს: რადგან ძველ ბიუროში ამ სამი, ხუთი და რვა წლის წინეთ მუშაობის მიუღებელი წესები იყო დამკვიდრებული, ამიტომ ახალ ბიუროში მონაწილეობაზე უარს გეუბნებითო! საიდან სადაო, რა შუაშია აქ ძველი ამბების მოტანა. მათ ეუბნებიან „გამარჯობა“-ს, ისინი უპასუხებენ - „წისქვილში მოვდივართ“-ო! ცხადია, ეს არის უბრალო მომიზეზება და არა მიზეზი. ისინი უარს ამბობენ პარტიასთან თანამშრომლობაზე ნამდვილი მიზეზის დაუსახელებლათ. ორში ერთი: ან ისინი იდეოლოგიურათ და პოლიტიკურათ დაშორდენ პარტიას, რომ მის წყობაში ყოფნა აღარ სურთ, ანდა მოილალენ, არავითარი პოლიტიკური საქმის გაკეთება აღარ სურთ და უნდა თავი დავანებოთ. ორივე ეს მოვლენა სრულიად გასაგებია. გაუგებარია მხოლოდ ამის დამალვა და გულახდილი პასუხის მაგიერ ძველი ისტორიების წამოწყება.
სანამ ეს ისტორიები ემიგრაციის ერთ ნაწილში ვრცელდებოდა, მითქმა-მოთქმის ხასიათს ღებულობდა, მანამდე მას არც ვაქცევდით ყურადღებას. ემიგრაციაში რა არ ითქმება, მაგრამ როცა ეს ამბავი ახლა საჯაროთ გამოიტანეს, როცა ბიუროს ორმა ყოფილმა წევრმა შეეცადა გაბახება პარტიის ხელმძღვანელი დაწესებულების ევროპაში, მით უფრო, როცა ეს ეხება გარდაცვალებულ ამხანაგების მუშაობასაც, გაჩუმება მიმაჩნია დაუშვებლათ. ამ დაწესებულმა ბიურომ უდიდესი სამსახური გაუწია პარტიას და ერს და მისი აბუჩათ აღება - ეს თვით ჩვენი საქმის აბუჩათ აღებაა. მათ რომ კითხოთ, ბიუროს მუშაობის სისტემამ „ჩვენი პარტიის და ქვეყნის საქმეს პირდაპირ დამღუპველი შედეგები მოუტანა“, ე.ი. ჩაგვიდენია უდიდესი დანაშული, დაგვიღუპავს პარტია და ქვეყანა. ამაზე უდიდესი ბრალდება არც შეიძლება წარმოვიდგინოთ. საბუთები? საბუთებათ მოტანილია რამოდენიმე მაგალითი ბიუროს ცხოვრებიდან.
ჯერ ერთი, საიდან იციან ამ ძველი მაგალითების სიმართლე წერილზე ხელის მომწერლებმა? ამათში მათი ცოდნა შეუძლია ერთათ ერთ პირს, წერეთელს, რამდენიმეთ არსენიძესაც, ხოლო ყველა დანარჩენნი არათუ ბიუროში არ იღებენ მონაწილეობას, პარიზშიაც, ბევრი საფრანგეთშიაც არ იმყოფებოდენ1. მაშასადამე, მათი ცნობის წყაროთ ყოფილა ირ. წერეთელი, მას დაუჯერეს და მიემოწმენ. მთელი მორალური პასუხისმგებლობა ედება მხოლოდ მას.
აი, ბრალდებანი:
„აგვისტოს გამოსვლის შემდეგ გამოირკვა, რომ აჯანყების მოახლოვების ნიშნებზე საქართველოში მყოფ ამხანაგებმა საზღვარგარეთ გამოგზავნეს განსაკუთრებითი პირი“ და სხ., რომელიც თურმე არ უჩვენეს არც „მთელ ბიუროს და არც კერძოთ ზოგიერთ ისეთ ამხანაგებს, რომელნიც საზღვარგარეთ განსაკუთრებულ მუშაობას აწარმოებდენ... ასეთ გარემოებათა აღმოჩენამ დაბადა პირველი განხეთქილება ჩვენს ორგანიზაციაში და იმავე დროს წარმოიშვა ის ოპოზიცია, რომელსაც ამხანაგ ირ. წერეთლის სახელი დაერქვა“.
აი, ისტორია! მთელი ეს მოთხრობა შეთხზულია თავიდან ბოლომდე. იმ დროს არავითარი დელეგატი საქართველოს ს.-დ. პარტიას ბიუროსთან არ გამოუგზავნია და რასაკვირველია, ბიუროც ვერ ნახავდა. ის ერთათ-ერთი დელეგატი, რომელიც მართლა მოვიდა, ვ. ნოდია, იყო გამოგზავნილი დამკომისაგან, სადაც ყველა პარტია იღებდა მონაწილეობას პარიტეტულათ, გამოგზავნილი არა რომელიმე პარტიასთან, არამედ მთავრობასთან. მთავრობამ მას შეახვედრა ორი თავისი წევრი (რამიშვილი და გეგეჭკორი)კონსპირატიულ ადგილზე და მათ გადასცეს ყველა საჭირო ცნობები. სხვანაირი დავალება მას არ ქონებია და არც მოუთხოვია. ეს ისეთი უდაო ამბავი იყო, რომ ბიუროს 16 ოქტომბრის სხდომაზე (1924) საქართველოსთან კონსპირატიული კავშირის დაჭერა უკამათოთ მიენდო იმავე ნ. რამიშვილს. არასოდეს ნოდიას მოსვლის საკითხი სადაოთ არ ყოფილა ბიუროში, არც ვინმეს წამოუყენებია ის. მაშასადამე, ამით ვერავითარი განხეთქილება ვერ დაიწყებოდა და არც დაწყებულა. ამ განხეთქილების დაწყება აღნიშნულია ბიუროს 19 ოქტომბრის ოქმში გვარიან ვრცლათ და იქ ნოდიას ან სხვა რაიმე ორგანიზაციული დავის ხსენებაც კი არ არის. დავა დაიწყო წერეთელმა ტაქტიკაზე და გაიტანა ის ფართო მასაში. თავის მოხსენებაში ამ საგანზე მას ორგანიზაციული საკითხი სრულიად არ წამოუყენებია. მასზე ერთი სიტყვაც არ არის არც მის რეზოლიუციის პროექტში და არც მიღებულ რეზოლიუციაში (იხ. „ბრძოლა“ №1).
აი სინამდვილე, ხოლო ახლა რასაც ისინი სწერენ, შემდეგ გამოგონილი ამბავია.
მეორე ბრალდებაა ინტერნაციონალში მუშაობის სფეროდან. წარმოდგენილია ისე, ვითომ ამ სფეროში წერეთელმა ყველაფერი გააკეთა, ხოლო სხვებმა, უფრო მე და რამიშვილმა, ყველაფერი გავაფუჭეთ. ეს მოთხრობილია ზღაპრული კილოთი, არც საბუთი, არც დამტკიცება. რასაკვირველია, ირ. წერეთელმა იმუშავა ინტერნაციონალში, მაგრამ მას გაეკეთებიოს სხვებზე მეტი და ან იმდენი, რამდენიც სხვებმა გააკეთეს, სიმართლეს არ შეეფერება. მადლობა ღმერთს, დაბეჭდილია დოკუმენტები სხვა და სხვა ენაზე და მათი გაცნობა არც ისე ძნელია.
ინტერნაციონალში მუშაობა განიყოფება ორ პერიოდათ: დამოუკიდებლობის ხანა და დაცემის ხანა. პირველ პერიოდში რომ ინტერნაციონალი მხარს გვიჭერდა, ამაში საკვირველი არაფერია: იცნეს ფაქტიური მდგომარეობა და იცავენ მშვიდობიანობას. მძიმე დრო დაგვიდგა მხოლოდ დაცემის შემდეგ: აქ იყო საჭირო დიდი მუშაობა, რომ ინტერნაციონალს არ ეცნო ახალი ფაქტი და გამოსულიყო ჩვენ მოსარჩლეთ. აი, ეს რთული მუშაობა თავს იდვეს სამმა პირმა: ჩხეიძემ, რამიშვილმა, ჟორდანიამ და გამოატანიეს ჩვენი სასარგებლო რეზოლიუციები: - 1921 წ. 1 ივნისს საფრანგეთის პარტიას, 22 ივნისს - ბელგიისას, იმავე ივნისში ინგლისისას (ბრაიტონის კონგრესი) და მეორე ინტერნაციონალის ეგზეკუტივის - ივლისში ვენის ინტერნაციონალს (ფრანკფურტის ყრილობა), სექტემბერში - შვეიცარიის ყველაზე უფრო ბოლშევიზანურ პარტიას, დეკემბერში - ინტერნაციონალის ბიუროს, ბრიუსელში და სხ., ხოლო ე. გეგეჭკორი მუშაობდა იტალიის სოც. პარტიაში. ამან მოიტანა იშვიათი ნაყოფი - შეკითხვა ჩვენს საქმეზე პალატაში და ხელჩართული ბრძოლა ამის გამო სოციალისტ და კომუნისტ დეპუტატებს შორის. არც ერთ ამ მუშაობაში წერეთელი არ იღებდა მონაწილეობას და მას ასე გამზადებული საქმე ჩავაბარეთ ჰამბურგის კონგრესზე. აი ამ დღიდან იწყება ჩვენი საქმის დაქანება უკან. აჯანყების დროს ადლერმა უარი გვითხრა რაიმე დახმარებაზე ეგზეკუტივის დაუდგენლათ და გვირჩია პრესას მიმართეთო, ხოლო აჯანყების ჩაქრობის შემდეგ შეკრებილმა ეგზეკუტივმა, რომელსაც წერეთელი დაესწრო, ძველი რეზოლიუციის განმეორებით და საერთო სიმპატიებით დაკმაყოფილდა, არავითარი მოთხოვნილება საბჭოებს არ წაუყენა. საზოგადოთ, ინტერნაციონალში სუსტი მუშაობა იწვევდა ბიუროში უკმაყოფილებას და ხშირ უსიამოვნო დებატებს.
ახლა გამომდგარა ირ. წერეთელი და აცხადებს, რაც გაკეთდა - მე გავაკეთე, რაც გაფუჭდა - სხვამ გააფუჭაო. ამის ერთათ ერთ საბუთათ მოყავს ჩემი და ნ. რამიშვილის წერილები ქარცივაძისათვის მიწერილი, მაგრამ არსებობს ინტერნაციონალის დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია მიზეზები ჩვენი პარტიისადმი უკმაყოფილებისა. ეს დოკუმენტია ადლერის მოხსენება ეგზეკუტივისათვის, 11 თებერვლის 1929 წ. თარიღით და რომლის ასლი ბიუროს მოუვიდა. გამდგართა შორის ერთათ-ერთი წერეთელი იცნობს ჩინებულათ ამ დოკუმენტს და რომ ჩვენ მათსავით შეგვეძლოს მოქცევა, მას გამოვაქვეყნებდით ავტორის ნებადაურთველათ და დღემდის დამალული ცხადი იქნებოდა. ახლა კი იძულებული ვართ აღვნიშნოთ მოკლეთ შიგ ჩამოთვლილი სამი მიზეზი:
პირველ მიზეზათ ნაჩვენებია ბიუროს რეგლამენტის დამატება, საიდანაც დაუნახავთ პარტიის ორ ნაწილათ გაყოფა. ბიურომ მხოლოდ აქედან გაიგო, რომ ირ. წერეთელს ადლერისათვის მიუწოდებია ბიუროს უცოდინარათ და ნებადაურთველათ რეგლამენტის დამატება, ხოლო რეგლამენტი არ გაუგზავნია, ე.ი. მას მიუწოდებია ცალმხრივი ინფორმაცია; მეორე მიზეზათ ნაჩვენებია ჩვენი კოალიცია კავკასიის სხვადასხვა პარტიებთან და მონაწილეობა „პრომეთე“-ს დაარსებაში, რაიცა რამიშვილის წერილიდანაა მოყვანილი; მესამე და მთავარი მიზეზია ირ. წერეთლის ბროშიურა, საიდანაც მოყვანილია მთელი გვერდები, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც ჩვენ სამხედრო კომბინაციები გვბრალდება.
ახლა გეკითხებით, როცა პარტიის წარმომადგენელი ინტერნაციონალს ასეთ ორ ყალბ ინფორმაციას აწვდის, ინფორმაციას, მაშასადამე ოფიციალური ხასიათისას, რა დარჩენია უცხო ამხანაგთ გარდა იმისა, რომ ეს დაიჯეროს და მას შესაფერი მსვლელობა მისცეს? ნ. რამიშვილის წერილიდან მოყვანილი ცნობა კოალიციის შესახებ არის საკითხი პოლიტიკური, სადისკუსიო ყველა პარტიაში, მაგრამ თუ პარტიაში რასკოლია, არევ-დარევაა, თუ პარტია ომის მოტრფიალე და მაძიებელია, ვინ გაუწევს მას რაიმე დახმარებას? აი, ასე დააზარალა ჩვენი პარტია მისმა წარმომადგენელმა ინტერნაციონალში და ახალა ამას ფარავს ჩვენკენ შემოდავებით.
თუ მთავარი ეპიზოდები ჩვენი წარსული მუშაობისა ასე ყალბათ არის მოთხრობილი წერილში, რა ღირსების იქნება წვრიმალები, ადვილათ წარმოსადგენია. არც ერთი ეს წვრიმალი სისწორით მოყვანილი არ არის. ამაებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ: პარტია საქართველოში ყველა ამ საქმეების კურსშია.
დასასრულ, ირ. წერეთელი და რ. არსენიძე დიდის რიხით აცხადებენ: „პარტია და ხალხი გაგვსჯის ჩვენ“. ნამდვილათ კი ეს მსჯავრი კარგა ხანია გამოტანილია, მათი პოზიცია, მათი ცდა საქართველოს საკითხი რუსეთის შინაურ საკითხათ აქციონ, უარყო პარტიამ, ხალხმა იქ და ემიგრაციის დიდმა უმრავლესობამ აქ. თვით მათი მოკავშირენიც კი ემიჯნებიან მათ იმავე საერთო ბროშიურაში და რჩებიან განმარტოვებულნი.
მე ეს სრულებით არ მიხარია, ძველი ამბების ქექა ჩემი ხელობა არ არის - ეს ისტორიის მასალებია. მაგრამ როცა ამ ისტორიას უკუღმა ატრიალებენ და ამ საშუალებით საბრალდებულო სკამზე გვაჯენენ კვდართ და ცოცხალთ - ერთათ-ერთი პასუხია სიმართლის აღდგენა. ყველა დოკუმენტი არსებობს. მთელი გავლილი გზა ოქმებში გატარებულია.
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა. /ჟურნალი/. - 1933. №36
_______________
1. ბიუროს ორი წევრი სალაყაია და წულაძე საფრანგეთში არ ცხოვრობდნენ.
![]() |
58 საბჭოთა საგარეო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
საგარეო პოლიტიკა მუდამ არის გაგრძელება საშინაო პოლიტიკის და ეწყობა მის ხაზზე.
საბჭოთა საგარეო პოლიტიკა განიცდის ცვალებადობას მათი საშინაო პოლიტიკის მიხედვით. რამდენათ სხვაფერდება ეს უკანასკნელი, იმდენად სხვაფერდება პირველი და იღებს ახალ სახეობას. ამ მხრით აღსანიშნავია სამი ეტაპი, ერთიმეორისაგან დიდათ განსხვავებული და სხვადასხვა მდგომარეობის მატარებელი.
საბჭოთა არსებობის პირველი პერიოდი ხასიათდება რევოლიუციური ბრძოლით შიგნით, მოხალისეთა ჯარების წინააღმდეგ, გარეთ კაპიტალისტურ მთავრობათა მიერ შემოქალტული. ამ ხანაში მოსკოვის საგარეო პოლიტიკა იყო რევოლიუციური ხასიათის, ბრძოლა ინტერვენციის წინააღმდეგ და განდევნა რუსეთის ტერიტორიიდან დენიკინ-ვრანგელის ჯარების და მათი დამხმარე უცხო რაზმების. ის იმყოფებოდა საომარ კონფლიქტში მსოფლიოსან და ითხოვდა ცნობას და ზავს. ეს პერიოდი დასრულდა საბჭოთა სრული გამარჯვებით, ხდება მათი ძალა-უფლების კონსოლიდაცია, გაფართოვება და მოგერიებიდან საიერიშოთ მზადება.
მეორე პერიოდი ხასიათდება კომუნისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბებით, კომინტერნის და მისი აპარატების შექმნით, სახელმწიფო მმართველობის პარტიის მიზნებისათვის ამუშავებით და რევოლიუციური ომების დროშის აღმართვით.
დღის წესრიგში დგას რუსეთის კომუნისტური რევოლიუციის ხსნა და უზრუნველყოფა ევროპის რევოლიუციით. ამ მიზანს ემსახურება მოსკოვის საგარეო პოლიტიკა: გაამწვავოს დამოკიდებულება სახელმწიფოთა შორის, დაუპირდაპიროს ისინი ერთმანეთს, არ მიემხროს გადაჭრით არც ერთ დაჯგუფებას, ებრძოლოს პოლიტიკურ და ეკონომიურ სტაბილიზაციას, შექმნას ყოველგან უკმაყოფილების და შუღლის ატმოსფერო. ერთი სიტყვით, აწარმოვოს ყოველგან პოლიტიკა თაღლითობის, რასაც მანიოვრებს უწოდებდენ. ლენინის ინსტრუქცია გენუის კონფერენციისათვის ცნობილია: არ მიემხროს არც ერთ კოალიციას, დარჩეს მუდამ მესამე ფაქტორი.
თუ პირველი პერიოდი დასრულდა ყველა ფრონტზე სრული გამარჯვებით, ეს მეორე პერიოდი კი დასრულდა იმავე საშინაო და საგარეო ფრონტებზე სრული დამარცხებით.
კომუნისტური იდეოლოგიის ამოძრავებამ და რუსეთის სინამდვილეში გატარებამ განამარტოვა ხელისუფლება ხალხის ფართე მასებისაგან, გათხარა მათ შორის ღრმა ორმო, შექმნა ორი სამტრო ბანაკი და გაიმართა მათ შორის მტრობა და შუღლი. კომუნისტური პარტია და მისი მთავრობა კარგავს ხალხის თანაგრძნობას და იძულებულია დაეყრდნოს შიშველ ძალას, პოლიციურ აპარატებს. ისმება საკითხი არა რევოლიუციის გაღრმავების, არამედ თავის შენახვის, მოპოვებული ძალაუფლების შერჩენის. ამავე დროს კომინტერნის მუშაობა უცხოეთში იწვევს არა რევოლიუციას, არამედ რეაქციას, ჩაღდება ფაშისტური მოძრაობა, დგება ანტი დემოკრატიული მთავრობები, ბოლშევიზმი იდევნება, სუსტდება და მრავალ ალაგას სრულიად კვდება: აღარც კომუნისტური რევოლიუცია, აღარც რევოლიუციური ომი. მოსკოვი სუსტდება როგორც კომინტერნი და როგორც სახელმწიფო. ის ვეღარავის ვერ აფრთხობს, მისი აღარავის ეშინია. ეს უზარმაზარი სახელმწიფო გადაიქცა უსუსტეს სახელმწიფოდ. ხელისუფლების საზრუნავი გახდა არა თავს დასხმა, არა უცხოეთისათვის თავისი იდეოლოგიის ძალად თავზე მოხვევა, არამედ პირიქით, თავს დაუსხმელობა, რომელიმე სახელმწიფომ ჩვენ თვითონ არ მოგვახვიოს ძალად თავისი წყობილებაო. ლენინის ეპოქა თავდება, სტალინ-ლიტვინოვის ეპოქა დგება - ეპოქა დაკნინების, დაძაბუნების, ნახევი ქაღალდების, ფიცის და მტკიცის: თქვენც იყავით, ჩვენც გვამყოფეთო. მეგობრულად არსებობა ორი ეკონომიური სისტემის - კომუნიზმის და კაპიტალიზმის - ერთი მეორის გვერდით ცხადდება ბოლშევიზმის უკანასკნელ სიტყვად.
იწყება მესამე პერიოდი. ამ პერიოდის დამახასიათებელი აზროვნებაა კომუნისტური სახელმწიფო წყობილების დაცვა საშინაო და საგარეო ფათერაკისაგან. რაკი საყოველთაოდ მიღებულია, რომ ეს წყობილება დაინგრევა პირველ საომარ შეხეთქებასან შიგნიდანვე, ხალხის საყოველთაო აჯანყებით, ცხადია, საბჭოები ცდილობენ ასეთი საბაბი უკმაყოფილო მცხოვრებთ არ მიეცეს და მით რაც შეიძლება დიდხანს ფეხით წყალზე გაჩერდეს. აი ამ თვალსაზრისით მოსკოვის საგარეო მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. მისი ცდა, იყოლიოს მოსაზღვრეთ პატარა, სუსტი და დაშინებული სახელმწიფოები, დაბოლოვდა დამარცხებით. შორეულ აღმოსავლეთში ანარქიული ჩინეთის და უპატრონო მანჯურიის ალაგას მას ამოეტუზა დიდი იაპონია და თავისი ბრძანებლობა მიიყვანა ციმბირის საზღვრამდე. საბჭოებმა ამაში სამართლიანად დაინახეს მომდგარი საფრთხე და იწყეს უკანდახევითი პოლიტიკა და ამავე დროს დასავლეთის საზღვრების უზრუნველყოფა. ეს საფრთხე არის რეალური თუ ფანტასტიური?
იაპონიის ძლევამოსილი განვითარების პირველი საქვეყნო ნიშანი იყო რუსეთის მის მიერ დამარცხება. კორეის დაპყრობით იაპონია კუნძულებიდან გადმოვიდა მატერიკზე და გაიჩინა გაფართოვების ბაზა. დიდმა ომმა გასწმინდა მანჯურიის ნაპირები ევროპიელებისაგან. კიოჩაუ გადავიდა იაპონელთა ხელში. გაბატონებული ლიბერალური წრეები ამით დაკმაყოფილდენ და საბჭოთა მთავრობასთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარეს. იწყება ჩვეულებრივი ლიბერალური ქანაობა კონფერენციებით, ერთა ლიგით, სიტყვიერებით აზიის მეთაურობის ხელში ჩასაგდებად. ამ ერთ და იმავე ადგილის უნაყოფო ტკეპნა იწვევს აღშფოთებას სამხედრო წრეებში, ფართე მასებში და აქტიური პოლიტიკა საერთო მოთხოვნილებად ხდება. ლიბერალები კარგავენ ხელისუფლებას, სამხედრო წრეები გენერალ არაკის მეთაურობით ქვეყნის სათავეში დგებიან. ომი ჩინეთთან, მანჯურიის გამოყოფა, სარკინისგზო კონფლიქტი - აი, ამათი აქტივობის პირველი ნაბიჯი. ქვეყანა ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხო - იაპონიის დღევანდელი სახელმძღვანელო პრინციპია. ისინი სამართლიანად აფასებენ საერთაშორისო უმწეო მდგომარეობას და ფიქრობენ, რასაც მოასწრებენ ახლა, შემდეგ გვიან იქნება.
იაპონიის ეს აგრესიული პოლიტიკა არის წარმავალი, რომანტიკების გამოგონილი სამხედრო წრეებისათვის საქმის საშოვნელად, თუ ის გამომდინარეობს იაპონიის რეალური მდგომარეობიდან, მისი შინაური ეკონომიური ურთიერთობიდან და საზოგადოებრივი საჭიროებისაგან? ამ საკითხის გადასაჭრელად საკმარისია მოიგონოთ იაპონიის მცხოვრებთა სიმჭიდროვე და მიწა-ადგილის რაოდენობა. აქ კვადრატ კილომეტრზე ცხოვრობს ორჯერ და სამჯერ მეტი, ვინემ რომელიმე სამრეწველო დიდ სახელმწიფოში. ოთხას ათას კვადრატ კილომეტრზე, რომლის ნახევარი უვარგისი მიწებია, ცხოვრობს 70 მილიონი მცხოვრები. ამ პატარა კუნძულებზე ამოდენა ხალხის თავის მოყრა, შეწუხებულნი ხშირი მიწის ძვრით, გაღატაკებული მიწის და სამუშაოს ნაკლებობით, ერეკება მათ სტიქიურათ, აუცილებლობით გადასახლების, ახალი ქვეყნებისაკენ. საითკენ? უპატრონო ქვეყანა დღეს აღარ არის. კლიმატიური მოსაზრებით მათთვის ერთი გზა არის დარჩენილი: წყნარი ოკეანით ავსტრალიისაკენ. მაგრამ აქ მათ ხვდება ძლიერი პოლიტიკური ზღუდე - ინგლისი; კიდევ მეტი, აქ ამ გზას და მის კუნძულებს უდარაჯებს ჩრდილო ამერიკა. მისთვის იაპონელთა ჩამოთესლება ავსტრალიაში ნიშნავს მთელი ოკეანის და მისი გზების იაპონიის ხელში გადასვლას. ეს იმდენათ აშკარაა, რომ 1908 წ. იაპონია-ამერიკის კონფლიქტის დროს შეერთებული შტატების მთელი სამხედრო ფლოტი დაეწყო ავსტრალიის ნაპირებზე და განაცხადეს, თუ ინგლისი არ დაიცავს თავის კოლონიას, ჩვენ დავიცავთო. ამის შემდეგ ინგლისმაც ყურები აცქვიტა და იაპონიის წინააღმდეგ სინგაპურის სამხედრო ბაზა გაიჩინა. ამავე დროს მონროეს დოქტრინამ ყვითელ კანიანთ გზა შეუკრა სამხრეთ ამერიკის აუარებელ ცარიელ ადგილებისაკენ, სადაც თეთრ კანიანთ სიამოვნებით ასახლებენ.
ცხადია, იაპონიისათვის მეტად ხელსაყრელი ავსტრალია და სამხრეთ ამერიკა მისთვის ხელმისაწვდომი არ არის. აქეთ გზა არის კლდიანი. აი ამ დროს იაპონიის აზროვნებამ პირი იბრუნა და წამოაყენა ახალი ლოზუნგი: აზია აზიელებისათვის! რომელ აზიაზეა ლაპარაკი? ჩინეთი მას დასასახლებლად არ გამოადგება: მისი მოსახლეობის სიმჭიდროვე ცნობილია. ის მისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ბაზარი თავისი სამრეწველო ნაწარმოების გასასაღებლად. დარჩა ერთათ-ერთი ცარიელი ადგილები ციმბირში, მონგოლიაში, თურქესტანში - საბჭოთა საბრძანებელში და მათ ირგვლივ. ეს ხაზი უსუსტესი სიმაგრით არის დაცული. მისი დიდი პატრონი, მოსკოვი, დაავადმყოფებულია და რა გასაკვირალია, იაპონიის კვანძის გახსნა ამ მხრით მიიმართოს.
როგორც ხედავთ, იაპონიის დღევანდელი იმპერიალიზმი მომდინარეობს არა კაპიტალისტური განვითარებისაგან, არა ინდუსტრიალური აყვავებისაგან, თუმცა როლს ესეც თამაშობს, არამედ აგრარიული მდგომარეობიდან, მოსახლეობის და მიწის რაოდენობის ურთიერთობისაგან. ეს არის უმთავრესად აგრარიული იმპერიალიზმი. ამიტომ მას მეთაურობენ არა კაპიტალისტები, არა ლიბერალები, არამედ აგრარიები და მათგან გამოსული სამხედრო წრეები.
მაშასადამე, იაპონიის საფრთხე რუსეთისათვის სინამდვილეა, აშკარა ფაქტია და ამ ორი ქვეყნის შეხეთქება დროის და გარემოების საქმეა. როგორ ცდილობს მოსკოვი მას გაუმკლავდეს?
რამდენად იაპონია ძლიერდება, იმდენად საბჭოები დასავლეთისაკენ იხრებიან. მათი ძველი დევიზი: „ბრძოლა დამპალ ევროპას, მშვიდობა აღორძინების გზაზე დამდგარ აზიას“, შეიცვალა
მოპირდაპირე დევიზით: „მშვიდობა ევროპას, ბრძოლა აზიას“. მაგრამ ეს მათი გაჭირების ხმა არ ეყურებოდა ევროპას, მას მნიშვნელობას არ აძლევდენ. ამ განმარტოვებისაგან მოსკოვი გამოიყვანა ჰიტლერმა. ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიამ იმდენად დააშინა დასავლეთი, იმდენად არივ-დარია მისი დაწყობილი ურთიერთობა, რომ მან ფართე კარები გაუხსნა ლიტვინოვის მოციქულობას. რატომ ლიტვინოვმა აირჩია საფრანგეთის კოალიცია და არ შერჩა გერმანიას? ამის პასუხს იძლევა გერმანიის საგარეო მიდრეკილების განხილვა. ეს დიდი ქვეყანა და დიდი ერი წარმოადგენს ხიდს ევროპის დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. ის მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა გვიან, როცა უკვე ყველა ქვეყანა განაწილებული იყო ძველ სახელმწიფოთა შორის. მისი აღორძინებული მრეწველობა, მისი მოჭარბებული მოსახლეობა ითხოვდა ახალ ბაზრებს, ახალ დასამუშავებელ ქვეყნებს. დასავლეთით მას გასაქანი არ ქონდა, იძულებული გახდა სუსტ აღმოსავლეთით პირი ებრუნა და იქ თავისი გავლენა გაებატონებია. ვილჰელმის გერმანიამ ისროლა ცნობილი ლოზუნგი: „Drang nach Osten“ - „გავიწიოთ აღმოსავლეთისაკენ“. სლავიანთა ქვეყნები და ოსმალეთი გახდა გერმანელთა სამუშაო ასპარეზად. მაგრამ აქ მათ შეეტაკა მეფეთა რუსეთის ინტერესი, რომელიც ამ ერებს თვლიდა თავის ყურმოჭრილ ყმებად და არავითარ უცხო მოცილეობას არ ითმენდა. აი ამ გარემოებამ ალექსანდრე მესამე გადაისროლა საფრანგეთის მხარეზე. ფრანგები ამას ვერ მიხვდენ თავის დროზე და ეგონათ მილიარდების მიცემით რუსის გულს მოვინარიდებთო. ნამდვილად კი რუსეთის და გერმანიის გზების გაყრა აუცილებლობით ფუშავდა მათ კოალიციას და ამარცხებდა ბისმარკის რუსეთის სამეგობრო დიპლომატიას. ვერსალის ზავმა გერმანიას დაავიწყა ძველი ანტაგონიზმი რუსეთთან და რაპალოს პოლიტიკას მიეცა. გერმანია, მოქცეული დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, ვერც ერთი მხრით საგრძნობლად წინ ვერ წაიწია, თავს დაატყდა უსაშინელესი სამრეწველო კრიზისი, უმუშევრობა, შუათანა კლასების განადგურება და როგორც შედეგი, ჰიტლერიზმის მოვლინება. ახალი მთავრობა დამაგრდება იმდენად, რამდენად გამოუნახავს გერმანიას გამოსავალს და დააკმაყოფილებს მის მომავლინებელ კლასებს. ყველამ იცის, რომ ვერსალის ზავის რევიზია, რამდენადაც უნდა შეაბრუნ-შემოაბრუნო ის, ვერავითარ რეალურ მალამოს გერმანიას ვერ დასდებს, გარდა პატრიოტული თავმოყვარეობის დაკმაყოფილებისა. ძველი ვილჰელმის დროის პრობლემა „დრანგ ნახ ოსტენ“, როგორც საუკეთესო გამოსავალი, დღეს ისევ აღდგა და დღის წეს-რიგში დაისვა. ოსმალეთი დაპატარავდა და არავითარი სახარბიელო ასპარეზია, სლავიანები გაძლიერდენ ახალი სახელმწიფოების დაარსებით, მათი კავშირით და საფრანგეთის მფარველობით. დარჩა ერთათ-ერთი რუსეთი, რომლის შესახებ გუგენბერგმა უადგილოდ დაფარული აზრები წამოისროლა. გერმანია-რუსეთის სასიცოცხლო გეზი ძველებურად გაიყო და რა გასაკვირალია, მოსკოვი და ლიმიტროფები ერთნაირ შიშს განიცდიდენ. ერთი ცხადია, ჰიტლერის გერმანია გაბატონდება ევროპაში იმდენად, რამდენად ის გაბატონდება რუსეთზე. ასეთ იარაღად რომ კომუნისტური რუსეთი მას არ გამოადგება, ცხადია. ჰიტლერის საკოლონიზაციო ზრახვებმა დიდად აღაშფოთა ბოლშევიკები. მაგრამ ამ სფეროში ჰიტლერს არაფერი ახალი არ უთქვამს: ის ადგება ძველის-ძველ გზას, როცა პრუსია მშვიდობიანად და მოლაპარაკებით ასახლებდა გერმანელთ რუსეთის ტერიტორიაზე (ვოლგის ნაპირები, კავკასია და სხვ.). ბოლშევიკურ რუსეთში ამ ხაზის გაგრძელება შეუძლებელია არა იმიტომ, რომ კრემლი არ მიიღებს ახალ მოსახლეთ, არამედ იმიტომ, რომ არც ერთი გერმანელი არ დასთანხმდება გახდეს საგანი კომუნისტური ექსპერიმენტის. პირიქით, იქ მცხოვრები გერმანელები გამორბიან უკან, თავიანთ სამშობლოში. ასე რომ, კომუნისტური რუსეთი ჰიტლერიზმის გზაზე ვერ თავსდება, ადრე თუ გვიან ისინი ერთმანეთს უნდა მოხვდენ. რა ფორმას მიიღებს ეს შეხვედრა, - შინაური გადატრიალების და რუსული რასიზმის მოსკოვში გაბატონების თუ გარედან, გვერდიდან მის შემტვრევის, - ეს არავინ იცის. და თუ ჩვენ ფაშიზმის მეთოდებს სახეში მივიღებთ, უნდა ველოდოთ პირველი ფორმის განხორციელების ცდას. რუსული რასიზმი კი იქნება სუდარა ყველა არარუსებისათვის, თუ ისინი ამ გარდატეხის დროს მის ფარგლებში ჩარჩნენ.
ამნაირად, ჰიტლერიზმმა დააშინა ერთ და იმავე დროს დასავლეთი და აღმოსავლეთი და მოამზადა მათი დაახლოვება. დაიწყო პაქტების ეპოპეია. მოსკოვი და საფრანგეთი ერთად ხელიხელ ჩაკიდებული იმიჯნებიან გერმანიიდან და მას ქალტავენ ყოველი მხრიდან. კრემლი ჩადგა საფრანგეთის კოალიციაში, მიიღო გარკვეული საგარეო ორიენტაცია. ალექსანდრე მესამის პოლიტიკა აღდგა და სტალინის პოლიტიკად განახლდა. კომინტერნი დასძლია რუსეთმა, კომუნისტური იდეოლოგია - მეფობის იდეოლოგიამ. შეშინებული კრემლი მოკავშირეს ეძებს არა შიგნით, თავისივე ხალხის მიმხრობით და მისთვის საამისო დათმობების მიცემით, არამედ გარეთ, ქაღალდების გოდოლით სწორედ ისე, როგორც ამას სჩადიოდა ცარიზმი. რომანოვების მეთოდი მმართველობისა გადაიქცა კომუნისტების მეთოდად. მოსკოვი ჩაება ვერსალის იდეოლოგიაში, უკან იხევს მთელ ხაზზე მოკავშირეთა გულის მოსაგებად და მას ასაბუთებს პაციფისტურად. „ვერსალის რევიზია ნიშნავს იმპერიალისტურ რევიზიას, რაიცა ნიშნავს ახალ ომს“-ო, - სწერს ახლა რადეკი. წინეთ თუ მას ენატრებოდა ომი და არევ-დარევა, ახლა ის გამოდის არსებული ურთიერთობის (სტატუსკვო) დამცველად. ასე საარაკოდ დაიფშუტა ეს გაბერილი ბოლშევიკური გუდა და ხელში შეგვრჩა ძველი ნაცნობი საერთაშორისო ჟანდარმი.
ერთი სიტყვით, საბჭოთა საგარეო პოლიტიკა დღეს არის განმეორება მეფეთა საგარეო პოლიტიკისა, იმავე მოწინააღმდეგეებით და იმავე მეგობრებით, მაგრამ არა იმავე მატერიალური და საზოგადოებრივი შესაძლებლობით. ეს ორი ეპოქის ერთი და იგივე საგარეო პოლიტიკა დაყრდნობილია ორ სხვადასხვა საშინაო ბაზას. აქედან რა აუცილებელი შედეგი გამომდინარეობს როგორც თვით რუსეთისათვის, ისე მისი ახალი მოკავშირეებისთვის, - ამაზე შემდეგ.
ახლა ყველასათვის აშკარაა, რომ მოსკოვის ეს 15 წლის კომუნისტური ფრაზეოლოგია და „ქვეყნის გაკეთებით“ ევროპის გამოყოფა იყო დიდი მანიოვრი აღსადგენათ შიგნით ძველი რუსეთის საზღვრების და გარეთ ძველი რუსეთის ორიენტაციის. მოხდა არქაიული იმპერიის შერჩენა კომუნისტური გზით. იმავე ძველი საგარეო და საშინაო წინააღმდეგობების უსაშველოთ გამწვავებით. მეფეთა ცნობილი პრეტენზია იყოს რუსეთი ევროპათ და აზიათ (ევრაზია), დამარცხებული ორჯერ ომით და ერთჯერ რევოლიუციით, დღესაც ისევ ეხეთქება გარდაუვალ ზღუდეებს. ამ კვანძის გახსნა რევოლიუციური პროცესით, შიგნიდან ხალხთა და ერთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით, შესწყვიტა მოსკოვის ხელისუფლებამ და გადაიყვანა ქვეყანა დაცრეცილ დატოვებულ რელსებზე. ამ მუშაობაში მას დაეხმარა დასავლეთი, რომელსაც ეგონა ლიმიტროფების შექმნით კომუნიზმის კარანტინში მოექცევა და მასან შეკავშირებული პრობლემები რუსეთის შიგნით თავისთავათ გადაიჭრება. ეს იმედები არ გამართლდა: იდეიას კარანტინი ვერ დააკავებს, ხოლო შიგნით ვერავითარი პრობლემა ვერ გადაიჭრება. საშინაო და საგარეო საკითხებმა ისევ ამოხეთქა და ყველა ძველი პრობლენა ისევ დაისვა.
საბჭოთა მთავრობა ფიქრობს ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას საფრანგეთის ორიენტაციის მიღებით. რას მისცემს მას და მის ახალ მეგობრებს ეს ორიენტაცია?
მათ შორის საერთოა: გერმანიის იზოლიაცია, ვერსალის ზავის და საზღვრების შენახვა. ეს საფრანგეთის დროშა არის მოსკოვის ნამდვილი დროშა თუ ეს მისი ახალი მანიოვრია და, მაშასადამე, მის მიერ პირველ ხელსაყრელ შემთხვევისთანავე მისატოვებელი?
კომუნისტური ხელისუფლების უმაღლესი და უწმინდესი მიზანია თავის შენახვა, უკმაყოფილო ხალხის ალაგმვა და თავის ექსპერიმენტის გაგრძელება. ამ მთავარ მიზანს უმორჩილებს ის ყველათავის საგარეო ნაბიჯებს. არავითარი რევიზია თავის იდეოლოგიის, თავის სახელმწიფო და პარტიული პრინციპების, თავისი კომინტერნის მსოფლიო მასშტაბით მუშაობის მას არ მოუხდენია და ვერც მოახდენს. მაშასადამე მისი საგარეო ორი ხაზი - რევოლიუციური და ნაციონალური ძალაში რჩება; საბჭოთა სისტემის გავრცელება სხვა ერებზე და მით მათი მოსკოვისათვის დამორჩილება ამ მიმართულების გარეგანი ფორმაა. ასეთ პირობაში მისი სამხედრო დახმარება საშიშარია უფრო მოკავშირისათვის, ვინემ მტრისათვის. კომუნისტური ჯარის შესვლა მაგ. პოლონეთში გერმანიის წინააღმდეგ სამოქმედოთ იქნება სიგნალი პოლონეთის გასაბჭოების, შინაური კომუნისტური რევოლიუციის, რომლის ბოლო იქნება ახალი ბრესტლიტოვსკი. წარმოვიდგინოთ მოულოდნელი, პოლონეთის და რუსის ჯარის მიერ ხელიხელ გაყრილი გერმანიის ჯარის დამარცხება და პრუსიაში შეჭრა. ამ შემთხვევაში აქ მოხდება ის, რაც ვერ მოხდა პოლონეთში - გერმანიის გასაბჭოება და მით მთელი შუაგული ევროპის ხელში ჩაგდება. ეს დიდი კომუნისტური კოალიცია გახდება პატრონი და ბატონი მთელი ევროპის.
როგორც ხედავთ, ლიტვინოვის სამშვიდობო მოციქულობა დასარჩულებულია შორეული კომუნისტური პერსპექტივებით: კომინტერს ეხსნება შესაძლებლობა - ის რასაც ვერ მიაღწია პირდაპირი რევოლიუციური პროპაგანდით, მიაღწიოს სამშვიდობო კოალიციებით. ყოველ შემთხვევაში რუსეთი აქ არაფერს აგებს, ხოლო შეიძლება კი მოიგოს ყველაფერი. სწორეთ მოსკოვზეა ზედგამოჭრილი ძველი ბერძნული თქმულება - მეშინია დანაელების მაშინაც კი როცა ძღვენით მოდიანო. მოსკოვის ძღვენი ასე გულგაშლილათ დღეს მოსაზღვრეთათვის მოძღვნილი გავს იმ ძღვენს, რომელიც მებაღემ კლეოპატრას მიაწოდა და რომელშიაც ტკბილ ხილთან ერთათ შხამიანი გველი მოათავსა.
ამნაირათ, მოსკოვი მუდამ ერეოდა ევროპის საქმეებში კომინტერნის კარებით: ახლა მას პირველათ მიეცა გზა ჩაერიოს მასში ოფიციალურათ პაქტების საშუალებით. თუ მტერი მტრობით ვერ დაამარცხა, შეიძლება დაამარცხოს მოყვრობით. მაგრამ მთელ ამ პლანებში უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის არა თვით ამ მეპლანეებს, არამედ მათ მიერ დამონებულ ხალხებს საბჭოთა კავშირისა. ეს ორი მოპირდაპირე ბანაკია, რომელთა შეტაკება დროის და გარემოების საქმეა. რომანოვების დინასტიის სვებედი გადასწყვიტა სწორეთ იმავე ხალხმა. ვის რა საბუთი აქვს თქვას რომ ასეთივე ბოლო არ მოელის ლენინის დინასტიას, როცა საამისო გარემოება დადგება. მაშასადამე, რაკი საბჭოთა კავშირში დღეს არსებობს ორი სამტრო ბანაკი, ცხადია არსებობს ორი სამტრო ორიენტაცია, ერთიმეორეს წინააღმდეგ მიმართლი. ყოველივე ის რაც ამაგრებს ოფიციალურ რუსეთს, მიუღებელია არა - ოფიციალური რუსეთის. რეალური პოლიტიკა არ ნიშნავს უეჭველათ თავის ცხვირს იქით არ გაიხედო, შენობის მხოლოდ ერთ კუთხე დაინახო და ასე ცალგვერდათ იარო. ცნობილია რომ დიდი ომის პერიოდში რუსეთის ყველა უკმაყოფილო ელემენტები გერმანიას თანაუგრძნობდენ, ხოლო საფრანგეთის მომხრენი იშვიათი სანახავი იყო. სწორეთ ამ გარემოებამ შექმნა რევოლიუციის პერიოდში ფრონტის დარღვევა. ე.ი. იყო ორი საგარეო ორიენტაცია, მთავრობის სასარგებლო და მთავრობის სამტრო და რადგანაც მთავრობა დაამარცხა ხალხმა. დაამარცხა ამით ყველა მისი დამხმარენი და ამყოლდამყოლნი.
ახლა როგორც სჩანს ისტორია მეორდება. პაქტებს მოყვა უარისყოფა ამ ორ ბანაკის არსებობის. მტკიცება რომ საბჭოთა მთავრობა ხალხის მიერ მიღებულია, ძირმომაგრებულია, ყველა კმაყოფილია და სხვ. და თუ ეს ასეა, რატომ ბ. ერიოს არ სურს ამ ჩინებული წყობილებით თავისი ერიც გააბედნიეროს. საბჭოთა მიღწევები მასაც აგემოს? ჩვენ სრულიად არ ვართ წინააღმდეგი დადებული პაქტების. შეიძლება ამანაც ითამაშოს დადებითი როლი. დასაფრთხობი მართლაც დააფრთხოს. ჩვენ ვართ წინააღმდეგი პოლიტიკური პერსპექტივების გამრუდების, ახალი ილუზიების შექმნის და გაჭირვების დროს ხავსზე ხელის მოჭიდების. საბჭოთა ტირანიის გამართლება, მის სასარგებლოთ რუსეთის საქმეებში ჩარევა და მით გადაკიდება ყველა ტანჯული ხალხების, არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფოს საგარეო ინტერესებს შეეფერებოდეს. მორალური იზოლაცია ას სამოცი მილიონი ხალხებისაგან გაცილებით უფრო დიდმნიშვნელოვანია ვინემ კრემლის ყველა დაპირებები. რეალური პოლიტიკა ნიშნავს მის დაფუძნებას ხალხთა ორიენტაციაზე და არა მათ წარმავალ ბატონებზე. მართველობა იცვლება, ერი რჩება, იცვლება ის კატასტროფიულათ თუ პარლამენტალურათ - ეს საკითხს არ სცვლის. კრემლის დროებითი ბინადრებთან კავშირი არ უნდა ნიშნავდეს ქვეყნის მუდმივი ბედნიერების გადაკიდებას.
უეჭველია საკრემლო პაქტები ზოგისათვის არის ტაქტიკური ნაბიჯი, საჭირო და სასარგებლო დღევანდელ კონკრეტულ პირობებში. პოლონეთს, მით უფრო პატარა ლიმიტროფს ის ეჭირვება, როგორც ერთ ზედმეტი დაპირება მოსკოვისაგან. აქ მოხდა ამით გამარჯვება და არა ლიტვინოვის. ესტონია და ლატვია რომ რუსეთს ვერ დაეცემა - ცხადია. მაგრამ საფრანგეთმა თავისი ჩარევით საბჭოთა შინაურ საქმეში პაქტი გადააქცია დოქტრინათ, წყობილების გამართლებათ, შორეულ პოლიტიკურ პერსპექტივათ, ხოლო სლავიანთა ქვეყნებში ამეტყველდენ ძველებურათ, სლავიანოფილურათ, დიდი რუსეთის, სლავიანთა მფარველის, სადიდებლათ და სადღეგრძელოთ. პოლონეთის „სახალხო დემოკრატია“ ამაში ხედავს მათ დოქტრინის გამარჯვებას. რუსეთის შემწეობით გერმანიის იზოლაციას. ერთი სიტყვით სლავიანოფილური მოძღვრება ნიშნავს გერმანიის დაჩიხვას მოპირდაპირე სახელმწიფოებით, საფრანგეთის და დიდი რუსეთის მეთაურობით. ეს რომანტიკოსები სრულიად არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ საქმისათვის დღევანდელი რუსეთი არ გამოდგება. აქლემის ტვირთი კატას ვერ აეკიდება და თუ მართლა 65 მილიონი ერთ სახელმწიფოში შეკავშირებული გერმანელების იზოლაცია გვერდებიდან მუშტების მოღერებით - რეალური პოლიტიკაა, მაშინ ამას უნდა აწარმოებდეს აღმოსავლეთით არა არქაიული, შინაგანი წინააღმდეგობით დასნეულებული საბჭოები, არამედ გაჯანსაღებული, განახლებული თავისუფალ ერთა კავშირი. კრემლს ძალიან სურს ითამაშოს ასეთი როლი; გერმანიის სამშვიდობო დეკლარაცია მას სრულიად არ სწამს. მთელი გერმანული პრესა სდუმს მოსკოვის დღევანდელ ინტრიგაზე მის წინააღმდეგ. ორში ერთი: ან საკონფლიქტოთ დღეს ჰიტლერს არ სცალია, მზათ არ არის, ან მართლა სურს დაამყაროს მეგობრული კავშირი რუსეთთან და ის კოალიციას ჩამოაშოროს. მაგრამ როცა მისი პრესა ერთხმათ ირწმუნება - ჩვენ კმაყოფილი ვართ პაქტებით. ე.ი. ჩვენი იზოლიაციითო - რასაკვირველია დასაჯერებელი არ არის და მოსკოვიც მასში საბუთიანათ ხედავს მახეს.
ცხადია, მთელი ეს საპაქტო პოლიტიკა, მთელი ეს კოალიციები და კონტრ-კოალიციები არის განმეორება ომის წინა დროის დაჯგუფებების და მაშასადამე ეს 15 წელი კაცობრიობას წყალი უნაყავს. ეს არის სამხედრო და არა სამშვიდობო პოლიტიკა. ეს უკანასკნელი მოითხოვს საკონფლიქტო მასალების აცლას ერთა შორის პაციფიურათ, მოლაპარაკებით, ურთიერთისადმი დათმობით და პატივისცემით. არსებულ პირობრბში, როცა ყველა იძახის „ჩემი სჯობს და უცილობს ვითა ჯორი“, თვით უდავო პაციფიური ნაბიჯიც კი ხდება ბრძოლის შუღლის ელემენტათ. საკრემლო პაქტები ვითომ ზავის გარანტიაა. ნამდვილათ კო სწორეთ მათი დადების შემდეგ გაძლიერდა კონფლიქტი შორეულ აღმოსავლეთში. წათამამებული მოსკოვი ისეთი ენით ამეტყველდა, რაიცა არ გაუბედია მეფეთა მთვარობასაც. აი მაგალითად რას სწერს ის უკანასკნელ ნოტაში იაპონიისამდი: რკინის გზის მოხელეთა დაჭრისათვის მანჯურიაში „პირდაპირი პასუხის მგებლობა ედება მხოლოდ იაპონიის მთავრობას. არა მანჯუკო, მოკლებული ძალას, აგებს პასუხს იმისათვის რაც იქ ხდება, არამედ მანჯურიის ნამდვილი ბატონი იაპონიის მთავრობა ხელშეკრულობის ყველა დარღვევისათვის და ძალით აღმოსავლეთი ჩინეთის რკინის გზის დასაკუთრებისათვის“ და სხ. ერთი სიტყვით კომინტერნის ეპისტოლე და არა საერთაშორისო დიპლომატიური მიწერ-მოწერა. პაქტების წინ ამ სადაო რკინის გზის ბედი წყდებოდა მოლაპარაკებით. დავა იყო ფულის რაოდენობაზე; პაქტების შემდეგ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა, ბრძოლა გაძლიერდა. ერთ სიტყვით პაქტების შედეგია დასავლეთით გერმანელი ჟურნალისტების და სპეცების რუსეთიდან გამოდევნა, ხოლო აღმოსავლეთით იაპონიასთან კონფლიქტის გამწვავება.
ამნაირათ, საბჭოთა დღევანდელი საგარეო პოლიტიკაა: კოალიციებით დაიცვას არსებული გამწვავებული ურთიერთობა ევროპაში, არ მოხდეს ვერსალის „იმპერიალისტური რევიზია“. სამაგიეროთ იმედოვნებენ მომავალი ქაოსიდან გამოვიდეს ისეთი ძალა რომელიც მოახდენს ამავე რევიზიას არა „იმპერიალისტურათ“, არამედ კომუნისტურათ. ამ ორ უახლოეს და უშორეს პერსპექტივებს შორის ის ერთათ იჭერს ორ კურდღელს: პოულობს ახალ დახმარებებს თავის ხალხის წინააღმდეგ და ეხსნება ხელი მანჯურიაში, სხვის ქვეყანაში, განაგრძოს პოლიტიკური ინტრიგები.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1933. - №36, 37. - გვ. 1.
![]() |
59 ცეცხლის კერანი |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა სახელმწიფოს მეთაური და მოღვაწე დღეს ერთხმათ აღიარებს მშვიდობიანობის საჭიროებას და ომის სირთულეს. თვით ჰიტლერიც კი ამ ჰანგზე ამღერდა და მას ბანს აძლევენ ყველა დიქტატორები.
ამავე დროს ყველა სახელმწიფო საშინელი სისწრაფით იარაღდება. საომარ ძლევამოსილებას იმრავლებს და თავიდან ფეხამდე იარაღში ჯდება.
სიტყვა და საქმე სრულიად არ გავს ერთმანეთს, მათ შორის ძევს დიდი ზღვარი.
რაშია საქმე?
საქმეა ობიექტურ მდგომარეობაში, სხვა და სხვა ერთა ერთიმეორეს წინააღმდეგ დაპირდაპირებაში. არის ერი ამომავალი, მზის ყურეში შესაფერი ადგილის მაძიებარი, იაპონია. არის ერი დაბმული, ასაწყვეტათ გამზადებული და აჯანყებული, გერმანია; არის კიდევ ერი პრეტენზიებით სავსე, რაღაცას მაძიებელი, ყველა ქვეყნის დამწუნებელი, იტალია; არიან ერნი კმაყოფილნი, არსებული წონასწორობის დამცველნი, საფრანგეთი, ინგლისი, და ბოლოს არის კიდევ ერთი ქვეყანა დასნეულებული, სულის კბილით დამჭერი და ყველასათვის გემრიელ ლუკმათ მიჩნეული, რუსეთი. რაკი ასე დაშორდა ერთმანეთს მათი სავალი გზები, ვის შეუძლია ცარიელი კეთილი სურვილებით ამ გაყრილი გზების თავის მოყრა და ერთი მხარისაკენ მიმართვა?
ერთა ლიგას პრეტენზია იყო ქვეყნიერების მართვა. მას გვერდები ჩაუმტვრიეს თვით მისმა მომხრეებმა. საფრანგეთმა და ინგლისმა მუსოლინის ოთხთა პაქტების მიღებით საჯაროთ ჩასცეს მას ლახვარი და აღიარეს ლიგის უილაჯობა. ჟენევიდან წასვლა და იაპონია-გერმანიის და იტალიის აშკარა მტრობა ნათელ ყოფს, რომ ლიგა აღარ არის დიდ სახელმწიფოთა მომრიგებელი იარაღი და ის მხოლოდ დღეს პატარა სახელმწიფოთა ამარაა მიტოვებული. ესენი მართლა საჭიროებენ ლიგას, რომ ამათ თავი დაიფარონ აშვებული გაუმაძღარი ვეშაპებიდან. მაგრამ ვინ არის ამათი ეჟვანის შემბმელი? უძლური ჟენევა კარგავს ამ შესაძლებლობას. დარჩა ისევ ძველი გზა, კერძო მოლაპარაკებისა, დიპლომატების ამუშავებისა, კაბინეტებში გამომუშავებული პლანებისა. ამ გზას დაადგა ახლა ყველა, თვით საფრანგეთიც კი. ჰიტლერთან ამ ჟამათ ყველა კარებიდან შედიან და გუშინდელი მომდურავნი ბუხართან ტკბილათ მუსაიფობენ.
ცეცხლის ორი კერაა დღეს ანთებული და ლამის მათ მთელი კაცობრიობა გამოსწვან. ამ ხანძარის ლოკალიზაცია, მეზობლისკენ მიმართვა - საჭირბოროტო კითხვათაა გადაქცეული. პირველი კერაა - წყნარი ოკეანე, მეორე აღმოსავლეთი ევროპა, ხოლო მესამეზე ლაპარაკიც არ ღირს. იტალიის საბალკანო ზრახვები ალბანიასაც ვერ გასწვდება. ორივე კერას შუაგულში ძევს ავადმყოფი მოსკოვი და რა გასაკვირალია ის ცდილობდეს ცეცხლის ალი არც ერთი მხრიდან მას არ მოწვდეს. ლიტვინოვის რბენა ვაშინგტონს და რომს შორის ამის მაჩვენებელია.
წყნარ ოკეანეში ძევს იაპონია, მაგრამ იქ ბატონობს ჩრდილო ამერიკა. მათ შორის არავითარი ტერიტორიალური დავა არ არსებობს, იაპონია არ მილტვის ჩამოგლიჯოს ამერიკას რომელიმე შტატი, ამერიკა არ ფიქრობს წაართვას იაპონიას რომელიმე კუნძული. მათ შორის არის მხოლოდ კომერციული შეჯიბრება, საქონლით ერთიმეორის დამარცხება. ვინ გაბატონდება ჩინეთის და რუსეთის უშველებელ ბაზარზე მათი საშუღლო საკითხია. ჩინეთის გაუთავებელ ანარქიას იაპონიამ უპასუხა მანჯუკოს შექმნით, ამერიკა დარჩა განზე. ახლა თუ რუსეთის გაუთავებელ ტირანიას მან უპასუხა ციმბირკოს შექმნით და ამერიკა კიდევ განზე დარჩა - ეს იქნება წყნარ ოკეანეში ჰეგემონიის მის მიერ დაკარგვა და იაპონიის სავსებით გაბატონება. ამის თავიდან ასაცილებლათ რუზველტმა საჩქაროთ მოიხმო ლიტვინოვი და იცნო მოსკოვი. ეს რასაკვირველია არაფერია, ერთი ნაბიჯია, ფარატინა ქაღალდია. მას უნდა მოყვეს მეორე ნაბიჯი, არსებითი, ანტიაპონური კავშირი, ამ ამომავალი ერის ორივე მხრით დაჩიხვა. შესაძლებელია კი ასეთი კარანტინი? ამერიკის ინტერესია არა კარანტინი კარანტინისათვის, არამედ ბაზრის მოპოვებისათვის. რუსეთი რომ ასეთ ბაზარს ვერ იძლევა დევანდელ იქ გამეფებულ პირობებში - ეს საკმაოთ დაინახა და განიცადა ევროპის ყველა სახელმწიფოებმა. რუსეთი ობიექტურათ დიდი ბაზარია, 160 მილიონი კულტურული ხალხი მოითხოვს აუარებელ დამზადებულ საქონელს. მაგრამ ამისათვის საჭიროა ამ ხალხს ქონდეს საშუალება შრომის და ნაშრომის მოხმარის. ქონდეს შეძლება მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო აღებ მიცემობაში. დღეს კი ის ამას მოკლებულია. მას წართმეული აქვს შრომის თავისუფლება, ყოველივე საკუთრება და დაყმობილია ხელისუფლებისათვის. მსოფლიო ბაზრის აგენტია არა ხალხები, არამედ კრემლის ერთი მუჭა ბატონები. რუზველტი ახლა აკეთებს ბრმა ცდას, რომ ბოლოს დაინახოს ის რასაც ყველა ხედავს. მის მრავალ საშინაო ილუზიებს ეს ერთი საგარეოც მიემატება. ამერიკის ცალი ხელი დაბმულია 15 მილიონი უმუშევარით, რომლის რიცხვი დღითი დღე მატულობს. ცხადია, წყნარი ოკეანის პრობლემის უფრო თავსატეხი და რთული პრობლემა შინ აქვს და იაპონიას ამ მხრით დიდი საფრთხე არ მოელის. ასეთ პირობაში უეჭველია ვაშინგტონი არჩევს მიმართოს მორიგებას და არა ძალას. და თუ სახეში მივიღებთ იაპონელთა ახალ პოლიტიკას, ევროპის კაპიტალის დაინტერესებას მანჯურიის საქმეებში, სადაც ფრანგთა საზოგადოება უკვე მუშაობს, ამერიკისათვის გამოსავალიც მონახულია.
ყოველ შემთხვევაში წყნარი ოკეანის საკითხი დგას მთელი თავისი სიმძიმით და მასთან შეკავშირებულია იაპონიის ბედი, დაიჩეხება ის კუნძულებზე თუ საბოლაოთ დამაგრდება აზიის მატერიკაზე. ეს ხაზი მაშასადამე ეკლით მოფენილია. მოულოდნელი ამბები მუდამ მოსალოდნელია.
მეორე ასეთივე ხაზია შუაგულ ევროპაში. ახლა დღესავით ნათელია, რომ გერმანელთა ერს გადაწყვეტილი აქვს გამოვიდეს ვერსალის ყმობისაგან და აღიდგინოს ძველი თავისუფლება, ძველი ძლიერება. და აი ეს გამოსვლის პროცესი როგორ მოხდება, თანდათანობით, თანხმობით და მოლაპარაკებით თუ უცებ აწყვეტით, ქმნის საშიშარ მდგომარეობას. უეჭველია ორივე მხრიდან არიან ორივე მეთოდის მომხრენი, მაგრამ ძირითადი პრობლემა ჯერ არ გადაწყვეტილა: არიან თანახმა ვერსალელები აუშვან გერმანია და გაითანასწორონ? ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რას უწოდებენ ჰიტლერელები თანასწორობას, თანასწორობა ომში თუ მშვიდობიანობაში? ამ ძირითადი დავის გამოკვლევა შეიძლება მხოლოდ პრაქტიკული ნაბიჯებით, ერთმანეთთან მოლაპარაკებით და საერთო ხაზების მონახვის ცდით. ამ მხრით მოხდა ერთი შესანიშნავი მოვლენა. იმ დროს როცა საფრანგეთში ყალყზე დგებოდენ, არ გაველაპარაკებით ჰიტლერს უჟენევოთო, პოლონეთმა დაარღვია ეს კონცერტი და დაიწყო გერმანიასთან მოლაპარაკება. ამ მაგალითს შემდეგ გაყვა თვით საფრანგეთიც; ამნაირათ დგება შესაძლებლობა მოდავეთა შორის კონტაქტის და შეთანხმების გამონახვის. ამ დიდათ სასიხარულო და სასარგებლო ნაბიჯებმა გამოიწვია პროტესტი სოციალისტ-ბოლშევიზანურ წრეებში, რომელთაც მუდამ საბჭოებზე თავდასხმა ელანდებათ და მსოფლიო ინტერესებს კრემლის ინტერესებით ზომავენ. გამოდის რომ დასავლეთ ევროპის დაწყნარება მიუღებელია, როგორც ხაფანგი მოსკოვისათვის დაგებული - თეზა დიდი ხანია ბოლშევიკების მიერ წამოყენებული. ამ ხალხს კონფლიქტის ლოკალიზაციას ურჩევნია მსოფლიო კონფლიქტი, ოღონდ კი „ერთათ ერთი სოციალისტური სახელმწიფო“ დანგრევიდან იხსნან.
როგორც ხედავთ, შუაგული ევროპის ცეცხლის კერა დიდათ სასარგებლო ყოფილა საბჭოებისათვის და ყველა მისი დამქაშები მას უბერავენ დასავლეთისაკენ. აქ ერთიმეორეს ეჯახვის წინააღმდეგობანი პოლიტიკური, ტერიტორიალური, პარტიული და ამ კერას აღვივებენ. ბოლშევიზანებმა დიდი ხანია წამოაყენეს ლოზუნგი - რუსეთის შინაურ საქმებში ნუ ვერევით, მაგრამ თვითონვე მუდამ ითხოვენ ჩარევას გერმანიის, ავსტრიის და სხვა სახელმწიფოთა შინაობაში. ცნობილია, რომ ავსტრიის დემოკრატიული კონსტიტუციის ცოტაოდენი ნაშთი კიდევ დარჩა საფრანგეთის მუდმივი ჩარევის და მოთხოვნის წყალობით. მაგრამ იგივე ხალხი ვინც ამ ჩარევას მუდამ ითხოვს, ყალყზე ეგებიან როგორც ვინმე გაიფიქრებს მოსკოვისათვისაც რაიმე არა თუ კონსტიტუციური, უბრალო ადამიანური მოთხოვნილების დიპლომატიური გზით წაყენებას. ამიტომ რა გასაკვირალია, ამ მოსკოველთათვის მიუღებელი იყოს გერმანია-ვერსალელთა შორის მშვიდობიანობის ჩამოვარდნა და ევროპის გულიდან ომის საშიშროების აღმოფხვრა. ამ გარემოებით ხელს ითბობს არა მარტო მოსკოვი, არამედ რომიც, რომლის სამაკლერო პრესტიჟი გაიზარდა და სადაც ყველა მართველები სადარბაზოთ მიისწრაფვიან, როგორც მექაში. ლიტვინოვსაც დაუქნიეს თითი და ისიც მირბის იქ. რასაკვირველია რომის საბალკანო პლანებს ბოლო ეღება იუგოსლავიის მცირე ანტანტაში გამაგრებით და ოსმალეთთან პაქტის დადებით. რაკი ეს დიდი კოზირი „დუჩეს“ ხელიდან გაუვარდა, ხოლო უკოზიროთ შინაურ თამაშს ვერ გააგრძელებს, ახლა ეძებს კომპენსაციას - „სამი დიქტატორის“ დაკავშირებას და „დამპალი“ უდიქტატორო ევროპის ჭკვაზე მოყვანას. ფაშიზმი ეს ათი წელია გვპირდება ქვეყნის შენძრევას. შეპყრობილია ნაპოლეონური განდიდებით, ხოლო ნამდვილათ კი პატარა ალბანიაც კი ლამის ხელიდან გაუსხლტეს. არა, იტალიის „ფრონტი“ მოსახსენებელი არ არის, ის უბრალო საპრაპაგანდო მასალაა შინაურობაშითვალის ასახვევათ.
რჩება ცეცხლის ორი კერა და მათ უტრიალებს მთელი ქვეყანა.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1933 - №38
![]() |
60 ამხ. ნ. ნ. ჟორდანიას წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
(მოთავსებული იყო გაზ. „ვოზროჟდენიეს №3104-ში)
მოწ. ხელმ. ბ-ნო რედაქტორო,
გთხოვთ ამ წერილს ადგილი დაუთმოთ თქვენი პატივცემულ გაზეთის ფურცლებზე.
„ვოზროჟდენიე“-ს 24 ნოემბრის ნომერში მოთავსებულია ბ-ნ რენნიკოვის შენიშვნა საპანაშვიდო პოლემიკის შესახებ, რომელიც გამიმართეს მე „სოც. ვესტის“-ის ფურცელზე. მე სრულიად ვეთანხმები ავტორს მსგავსი პოლემიკის უადგილობის შესახებ, მაგრამ აქ არაფერ შუაშია არც „სოციალისტური სოლიდარობა“ და არც საერთოდ სოციალისტები. ჩემი ხანგრძლივ ცხოვრების მანძილზე მე არასოდეს მინახავს და გამიგონია, რომ რომელიმე ქვეყნის სოციალისტებს თავის თავისთვის ნება მიეცათ ურთიერთისთვის წაეყენებიათ ბრალდება იმის შესახებ, თუ ვინ ვის პანაშვიდზე დადის და ვინ ვის კუბოს აცილებს. ყველა ისინი თავსდებიან საზოგადოთ მიღებულ რიგიანობის ფარგლებში და სასაფლაოზე ცეკვა თამაშს არ მართავენ, მაგრამ არ არის წესი, რომელსაც გამონაკლისი არ ქონდეს და ამ გამონაკლისს შეადგენს ფ. დ., რომელმაც „სოც. ვესტნიკ“-ში „დამსაფლავებელ ბიუროს“ განყოფილება შემოიღო, სადაც ბეჯითად შეაქვს „საპანაშვიდო საქმეთა“ ყველა შემთხვევები და მათი მიხედვით არკვევს ამხანაგების პოლიტიკურ კეთილსაიმედოობას. ის, რა თქმა უნდა, მოხარული იყო თქვენი გაზეთის ქრონიკულ შეცდომით შეევსო შემოღებული განყოფილება და წამოეყენებია ჩემსა და ა. ჩხენკელის წინააღმდეგ მთელი რიგი ისეთი ბრალდებებისა, რომელთაც ყოველ წლობით უყენებენ ყველა პოლიტიკურ ტუსაღებს „ჩეკას“ სარდაფებში. მე ასეთ დაბეზღებებს არ მივაქცევდი არავითარ ყურადღებას, რომ არალეგალურ პარტიის მოღვაწეთა წინააღმდეგ საზღვარ გარეთ ასე ზერელეთ წამოსროლილ ბრალდებებს არ იყენებდენ საბრალდებულო მასალათ ჩემს იქაურ თანამოაზრეთა წინააღმდეგ. თუ აქამდე „ჩეკისტები“ ჩვენ ბრალს გვდებდენ „ინტერვენციაში“, ახლა ფ. დ. მას დაუმატა კიდევ ორი მუხლი: თითქო მე გადავედი „თეთრ გენერალთა“ ბანაკში და მზად ვარ ხელი გაუწოდო ჰიტლერს. მართალია ბოლშევიკები ამავე ცოდვებს ბრალად სდებენ რუს მენშევიკებსაც, მაგრამ „სოც. ვესტ.“ის ბრალმდებელი აბეზღებს რა ქართველებს, სცდილობს თავისი თავი და მისიანები დაიცოს. და თან გული მოულბოს იმ „სტალინელებს“, რომლებთაგან იგი ამდენი ხანია ელის „დემოკრატიზაციას“; ჩვენ კი, რომლებსაც არ გვწამს ეგ „მანილოვშჩინა“, გვაგზავნის „თეთრების“ ბანაკში.
როგორც ხედავთ, ა. ჩხენკელის მიერ თქვენთვის გადმოგზავნილი ქრონიკულ შენიშვნის უარყოფა ნაკარნახევი იყო იმ მრავალი ათას ტუსაღების ინტერესებით, რომლებიც „სოვდეპიაში“ იტანჯებიან. და თქვენ იგი დაბეჭდეთ. ფ. დ.-მა კი უარი განაცხადა დაებეჭდა „სოც. ვესტნიკში“ ჩემი პასუხი. მას ურჩევნია ცილი დაგვწამოს, მარა პასუხი კი არ აგოს.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1933. №38.
![]() |
61 მსოფლიო პრობლემა |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ცივილიზაცია იყო და არის წყალთა ცივილიზაცია, მათ გაღმა-გამოღმა მცხოვრებთა კულტურა ნორმა და ურთიერთობა.
ყველა ცივილიზაცია გადის საფეხურთა ერთ და იმავე რიგს - დაბადებას, აყვავებას და დაცემას, როცა ერთი შედის უკანასკნელ პერიოდში. ამ დროს იწყება მეორე, მისი გამაგრძელებელი, სხვა წყალზე და სხვა მიწაზე და მით ძაფი ისტორიისა არ წყდება. ტიგრი სა ეფრატი შესცვალა ნილოსმა, ნილოსი ხმელთაშუა ზღვამ. ეს კიდევ ატლანტიის ოკეანემ. ამ ჯაჭვის თვითეული რგოლი თანდათან დიდდება, ფართოვდება და ბოლონდელი უზარმაზარ ოკეანეთ იქცევა.
ჩვენ ვიმყოფებით ამ ჟამათ ატლანტიკის პერიოდში, მაგრამ ის დღეს უკვე შერყეულია. განიცდის კრიზისს და მაშასადამე კრიზისშია ატლანტიკის მთელი ცივილიზაცია, შესულია თავისი ბრუნვის ბოლო პერიოდში.
და ისმევა საკითხი: როგორ შეიძლება ის გადაურჩეს ყველა გავლილ ცივილიზაციათა ბედს. გამოვიდეს კრიზისიდან დაუქცევლათ და თუ ის დასაქცევია სად ისკვნება ნასკვი ახალი, მისი გამაგრძელებელი, ისტორიული პერიოდისა.
ისტორიის თვითეული საზოგადოებრივი ფორმაცია კვდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ამოსწურავს ყველა შესაძლებლობას. იტყვის უკანასკნელ სიტყვას, დახარჯავს ყველა დავის რესურსებს და ამ რიგათ გამოფიტული ხდება სათამაშოთ მისი მემკვიდრე, სადმე ახლათ გაფურჩქნული საზოგადოებისა.
ატლანტიკის მესვეური და მატარებელია ორი ერი - ინგლისელები და ფრანგები, დანარჩენები მხოლოდ მათ მისდევენ და მათ გზაზე ეწყობიან. მათ გააშენეს ჩრდილო ამერიკა და ატლანტიკის მიმდევრათ გადააქციეს. იტალია ჩაიჩიხა ხმელთა შუა ზღვაში და ამ ვიწრო ბოღაზიდან ვერ გამოვიდა; გერმანია მთლათ მოწყდა ამ ხაზს; მისი ორივე დასაყრდნობი წერტილები აფრიკაში დიდმა ომმა ხელიდან გამოაცალა. არასოდეს ის ატლანტიკის კანონიერი შვილის არ ყოფილა და რა გასაკვირალია ის ახლა განზე იცქირებოდეს. ორ დიდ მესვეურთ შორის ინგლისი მეტათ წაქანებულია, ის დაემსგავსა იმ კრუხს, რომელიც იხვის კვერცხებს ჩეკს და ეს მისი გამოჩეკილნი მისგან გარბიან და მარტოთ სტოვებენ მას დარჩა ერთათ ერთი საფუძველი - ინდოეთი, სადაც იძულებული იქნება გამოვიდეს მთლათ ან ირლანდიისებურათ. უკეთეს მდგომარეობაშია საფრანგეთი; ის ჯერ-ჯერობით ახერხებს შეათავსოს თავისი და კოლონიების ინტერესები; ეს აისახება მისი სიახლით. იმყოფება კოლონიური ექსპანსიის პირველ პერიოდში, როცა ადგილობრივი ხალხების გამოღვიძება და ამოძრავება ჯერ კიდევ ნაადრევია და მაშასადამე ინგლისის გზანი მისთვის მომავლის უსიამოვნო მუსიკაა.
ბოლოს და ბოლოს, ატლანტიკის ღვიძლი შვილი საფრანგეთია, მაგრამ მის ირგვლივ და მის შინ იმდენი ნაციონალური და სოციალური წინააღმდეგობანი დაგროვდა. მისი არსებობა იმდენათ ხიფათშია, რომ მას მარტოთ მარტო არ ძალუმს თავისი პოზიციები შეინარჩუნოს და მომხმარეთა ძებნაშია. ჟენევის არეოპაგი უმთავრესად მისი დეკორაციაა და მისი შემწეობით არსებობს. ერთა ლიგა ატლანტიკის უმაღლესი გამოხატულებაა, მისი ბატონობის, მისი მოძღვრების საერთაშორისო ორგანოა. ატლანტიკის უკანონო შვილები იქიდან გარბიან. ამერიკა მხოლოდ ახლა მიხვდა რომ მისი გზები მთლათ ატლანტიკური არ უნდა იყოს, მაგრამ სამაგიერო ვერ მონახა და განზე გადგა.
ატლანტიკის ასე წაქეზება, მისი მატარებელთა და მიმდევართა ასეთი არევ-დარევა, აისახება იმით რომ მან ჩქარა ამოსწურა თავისი შესაძლებლობა, ხოლო ამოსწურა, იმიტომ რომ ის არ არის საკაცობრიო ცივილიზაცია, მასში არ ურევია კაცობრიობის უმრავლესობა. რომის ცივილიზაცია იყო შვილი ერთ მილიონ რომაელთა, გავრცელდა ის 54 მილიონ ადამიანზე - ევროპაში, აზიაში და აფრიკაში.
ატლანტიკა დაეყრდნო 47 მილიონ ინგლისელს და 39 მილიონ ფრანგს (1920 წ. აღწერით). გავრცელდა სამას მილიონ ევროპიელზე (ურუსეთოთ). დაიმორჩილეს მრავალი უცხო ხალხები და ქვეყნები, მაგრამ ის მაინც დარჩა დასავლეთის ცივილიზაციათ, დიდი ოკეანეს საკუთრებათ, რომლის გარეთ აღმოჩნდა ადამიანთა უმრავლესობა. ატლანტიკა, ისე როგორც ყველა მისი წინაპარნი - ხმელთა შუა-ზღვა, ნილოსი და ეფრატი, გახდა უმცირესობის აკვანათ.
ათას რვაას მილიონ მცხოვრებზე დედა-მიწაზე, ათას ასი მილიონი ცხოვრობს აზიაში. აი ეს უშველებელი თავყრილობა ადამიანებისა ეკვრის წყნარ ოკეანეს და სავსებით განზე დგას ატლანტიკის მიმდინარეობიდან. ევროპაში ითვლება სახნავ სათესი მიწა 2.700 ათასი ოთხკუთხი კილომეტრი, საბალახო და მინდვრები 2. 400 ათასი, უვარგისი მიწა 21 პროცენტია; აზიაში კი პირველი კატეგორიის 7. 970 ათასი, მეორესი 19. 800 ათასი. უვარგისი მიწა 20 პროცენტი. აი ამოდენა ხალხი და ამოდენა ბუნებრივი სიმდიდრე დატოვებულია ატლანტიკის გარეშე და ევროპა იხრაკება თავისივე წვენში. მართალია ატლანტიკის მესვეურნი აქაც შეიჭრენ როგორც დამპყრობელნი, მაგრამ დაკმაყოფილდენ ზღვის პირობით, ვერსად ვერ მოიკიდეს ფეხი შიგნით, მცხოვრებთა სიღრმეში.
აზიის „აღება“ არ შეიძლება ნაპირებიდან; ევროპამ ეს ვერ შესძლო, მისი შენძრევა შეიძლება მხოლოდ ხმელეთით, მის შუაგულში შესვლით. უკანიდან მოვლით; შუაგული აზია მისი გასაღებია, მაგრამ აქ შუაზე ჩაწვა დიდი რუსეთი და ევროპა არ გაუშვა. სატრანზიტო საშუალებები დახშო და ეკონომიური ურთიერთობის ალაგას აალაპარაკა ტყვია-ზარბაზანი თავის სასარგებლოთ. კავკასიის და თურქესტანის დაკავებით რუსეთმა მოსჭრა ყველა მისავალი გზები შუაგული აზიისაკენ და ამით ეს ქვეყანა მოსწყვიტა რა ევროპას გაყინა ერთ წერტილზე. საბჭოებმა ეს პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრეს, მეფეთა ხაზი გააგრძელეს.
ევროპის წინაშე დგას უდიდესი პრობლემა - შემოიყვანონ აზიის ხალხები თავის აღებ-მიცემობის სფეროში. ჩააცვას და დაახუროს მილიარდ ხალხს და თავი დაახწიოს დაცემას. მაგრამ ეს მას არ ძალუმს, ის მრავალ სამტრო ბანაკებათ დაყოფილია, ლამის ერთი მეორეს დაერიონ და თავისი თავი თვითონ მოიკლან. აი ამ დროს ალაპარაკდა წყნარი ოკეანე და ატლანიკას დაუპირისპირდა.
რაკი აღმოსავლეთი და დასავლეთი ვერსად ვერ შეიყარა. გამოღვიძებულ და ამოძრავებულ აზიას ევროპამ სამეგობრო ხელი ვერ გაუწოდა, ხოლო საბჭოთა რეჟიმის მფარველობით რუსული კომუნიზმით კიდეც დააშინა. ცხადია ვინმე უნდა გამოსულიყო ამ ნაკლის შესავსებლათ და თავისი საკუთარი გზებით ეძია აზიის მეთაურობა. აი ეს როლი წილათ ხვდა იაპონიას.
როგორც ერთხელ ატლანტიკის ჩრდილო კუნძულებმა ინგლისელები გამოაგდო მსოფლიო ასპარეზზე დასავლეთის წინამძღოლათ, ისე ახლა წყნარი ოკეანის ჩრდილო კუნძულებმა იაპონელები გადაისროლა აზიის მატერიკაზე იქ შექუჩული მილიარდი ხალხების ასამუშავებლათ და შესანძრევათ.
იაპონიის მიერ დაარსება თვითმართველი მანჯურიის და ჯეეხოლის და მონგოლიისაკენ გაქანება აშკარა მაჩვენებელია იმ ერთათ ერთ სწორი და ნამდვილი გზის, რომლის საშუალებით მართლა შეიძლება შუაგულ აზიისადმი მიდგომა. იკაფება გზა შიდა ჩინეთს და ციმბირს შორის, მარჯვნივ აუარებელი ცარიელი მიწები, მარცხნივ აუარებელი მცხოვრებლები; იაპონია ერთ და იმავე დროს უკანიდან უვლის როგორც ციმბირს, ისე მჭიდროთ დასახლებულ აზიას. ამ მსვლელობის ბოლო ეტაპია თურქესტანი, საიდანაც შესაძლებელია ხიდის გადება კასპიის ზღვით ევროპისაკენ. და თუ მოხდება ოდესმე დასავლეთის და აღმოსავლეთის შეხვედრა, მოხდება მხოლოდ ამ ხაზზე; სხვა შესაყრელი პუნქტი მათ არ აქვთ.
როგორც ხედავთ, მიტოვებულ აზიაში იწყება უდიდესი რევოლიუცია. ხალხთა და ცივილიზაციათა ახალი გადაჯგუფება. და ეს ძირიანათ, საფუძვლიანათ. ამ საქმეს იაპონია აწარმოებს შეგნებულათ, გაპლანულათ და შემთხვევად, ერთი ცხადია - თვით მეთოსი მისი ეს შეცვლილია. მისი გადმოსვლა მატერიკაზე კორეის დაპყრობით, ადგილობრივი მთავრობის და დინასტიის გაუქმებით და წმინდა საოკუპაციო ხელისუფლების დაარსებით. ახლა კი პირიქით ის ქმნის თვითმართველობას. ადგილობრივ დინასტიასაც იქ, სადაც წინეთ არ ყოფილა, ე.ი. ეყრდნობა სახელდახელოთ შექმნილ ნაციონალურ ხელისუფლებას, რასაც ის აყენებს თავის მფარველობის ქვეშ. კორეიული მართველობა უარყოფილია, ინგლისური პოლიტიკა დაშვებულია.
იაპონიის ეს შეჭრა შუაგულ აზიაში იწვევს შურს და წინააღმდეგომას პირველ ყოვლისა ატლანტიკის მეთაურთა შორის. ინგლისი მას უპასუხებს ავსტრალიის გზის გამაგრებით. ხოლო საფრანგეთი იმავე გზაზე უდაბური კუნძულების დაჭერით. ამ მიმართულებით ეწყობა შეერთებული შტატების საზედამხედველო პუნქტები. მაგრამ მთელი ეს მუშაობა მოკლებულია საგანს, ვინაიდან იაპონია სრულიად არ აპირებს ამ მხრით დარაზმვას, ამ სახელმწიფოებისათვის დაპირისპირებას ამ შორეული ადგილების ხაზზე. მან მიაგნო მის გვერდით ულეველი წყარო სიმდიდრის, მიწის და ხალხების და ამ მხრით მიმართა თავისი მუშაობა. აქ კი მას ვერც ერთი მისი მეტოქე ვერ შეეცილება სიშორის და მიუსვლელობის გამო. აქ ძევს მხოლოდ ერთათ-ერთი მეზობელი სახელმწიფო - საბჭოთა იმპერია, და მაშასადამე შეუძლია ითამაშოს რაიმე როლი. მთელი ათეული წლის განმავლობაში ის თვითონ მუშაობდა აზიაში და ფიქრობდა აქაური ხალხების მეთაურათ გამხდარიყო. მაგრამ ის ამ ხალხებს ვერ მიუდგა. მის გულს ვერ მისწვდა. მას მიუტანა მათთვის უცხო პოლიტიკური მოძღვრება. მოინდომა მათი გასაბჭოება და სასტიკათ დამარცხდა. მან შეიქმნა ისეთი პირობები, რომ არა თუ უცხო, არამედ შინაური ხალხებიც აჯანყებული ყავს და მოუთმენლათ ელიან იმ დროს, როცა მას გაექცევიან. ახლა ამ ხელისუფლებას ჩამოეკიდენ ანტიიაპონური ელემენტები და ფიქრობენ მისი ხელით ცეცხლიდან ნაკვერჩხალის გამოლაგებას. რუზველტი მიმხვდარი კაცია, მან კარგად გამოიფიქრა რუსეთის თავის იარაღათ გამოყენება, მაგრამ ვერ მიხვდა ამ იარაღის სიჩლუნგე და სიძაბუნე. ისტორიულათ წაგებულ საქმეს ვერავითარი ძალა ვერ ამოიგებს. აზიის საკაცობრიო სარბიელზე გამოსვლა - დღეს მსოფლიო აუცილებლობაა. ატლანტიკა მას არ ეხმარება, პაციფი კი ხელს უწოდებს. ამერიკა ამ ოკეანეშია ცალი გვერდით, მისი პირდაპირი ინტერესია მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ საკაცობრიო მუშაობაში, მაგრამ ვიწრო სადღეისო კომერციული ინტერესი მას აიძულებს დასტოვოს მომავალი დიდი ინტერესი და ისტორიულ ტალღას ან უნაყოფოთ შეებრძოლოს ან შორიდან უცქიროს.
მუსოლინმა უთხრა აღმოსავლეთის სტუდენტთა კონგრესს რომში, რომ აუცილებელია აღმოსავლეთის და დასავლეთის შეხვედრა და ეს შეხვედრა მოხდება ფაშიზმის ნიადაგზე! ასე ჩამოახურდავა ამ შეხვედრის ძალა და მნიშვნელობა. ფაშიზმი აზიის გამოგონებაა, ათასი წლობით მძვინვარებდა იქ ყოველნაირი დესპოტიზმი. ამათ შორის იყო კომუნისტურიც, ხალხი მოიღალა, მას მოსძულდა ყველა ეს ძალთა მაცხონეობა, ეძებს ახალს, ახალ ურთიერთობას, ხოლო რომი კი მას ისევ ამ ძველ ამბავს აწვდის! ასეთ ნიადაგზე მათი შეხვედრა წინდაწინ გამორიცხულია, ევროპის წინაშე დგას უფრო მძიმე პრობლემა, უფრო ღრმა ამოცანა, ეს არის მისი ცივილიზაციის ყოფნა არყოფნის საკითხი; ამ ცივილიზაციას მიეცემა ფართე ბაზა მხოლოდ მას შემდეგ, რა მის ფარგლებში შევა აზიის ხალხები. ამ მსოფლიო პრობლემის ჩამოქვეითება წვრილ პარტიულ ანგარიშებამდე დამახასიათებელია ატლანტიკის ჩიხში მომწყვდეულ ბატონებისათვის, რომელთაც გონიათ რომ კაცობრიობის ათი პროცენტი უნდა ბრძანებლობდეს 90 პროცენტზე, როგორც ეს სამართლიანათ შენიშნა რუზველტმა თავის საახალწლო სიტყვაში.
დასავლეთის და აღმოსავლეთის შეხვედრა ძველათ არა ერთხელ მომხდარა, მაგრამ შეხვედრიდან მტრულათ და გაყრილან მტრულათ ახლა ისევე დადგა ეს საკითხი მსოფლიო მასშტაბით, როგორც მიუცილებელი საშუალება ევროპის კულტურის გადარჩენის. ამ შეხვედრის მოციქულათ ევროპის ეგოიზმი არ გამოდგება. მხოლოდ თანასწორობის და თანამშრომლობის ნიადაგზეა შესაძლებელი მათი დაახლოვება და ძველი და ახალი კულტურიდან ერთი მსოფლიო კულტურის შექმნა. იაპონია მოდის იქიდან, ევროპა უნდა მოვიდეს აქედან. გზა კი ერთათ-ერთია, ძველთაგან ცნობილი და მრავალჯერ ნაცადი - გზაა კავკასია თურქესტანი.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №39
![]() |
62 ჩვენი დროის ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპა ამ ჟამათ განიცდის მუდმივ, შეუჩერებელ რევოლიუციას, აზროვნების ყველა სფეროში, მოქმედების ყველა დარგში, საზოგადოების ყველა კლასში და წრეში.
ეს დიადი მოვლენა ყველასათვის დასანახავი ხდება მხოლოდ პოლიტიკური კატასტროფით, სახელმწიფო წყობილების უეცარი შეცვლით. ის უჩინარი და შეუმჩნეველია, როცა ის პატარა ნაკადულებით გროვდება, მიიმართება და ჩუმათ, უხმაუროთ თხრის ძველი წესების ფესვებს.
პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოება ერთნაირათ მოიცვა შიშმა, უნდობლობამ, მღელვარებამ. მის გულში ეწყობა ახალი დასაყრდნობი წერტილები, ახალი გადაჯგუფება, ახალი იდეები, რაიცა ურყევს ძველს საფუძველს და უკარგავს მას სიმშვიდეს და უზრუნველ ყოფას.
საზოგადოების ბაზის ასე ძირიანათ შერყევა მოდის მისი ეკონომიური საფუძველის შეცვლისაგან. ამით საყოველთაოთ აღიარებულია უაღრესობა ეკონომიური ფაქტორის ყველა სხვა ფაქტორებზე, რომელნიც მის ნიადაგზე ეწყობიან და ხეირობენ. სამაგიეროთ არც ერთ ეკონომიურ ფორმაციაში არ ყოფილა ისე დაფარული ზედშენობის რიგებში მომხდარი ცვლილებები, როგორათაც დღეს არის. ამ ცვლილებათა ფაშისტური ფორმა სრულიად არ არის ერთათ ერთი მისი ფორმა, კიდევ მეტი - ის არ არის მისი დამახასიათებელი გამოხატულება: ის არის მხოლოდ ერთი იმ გზათაგანი, რასაც აფორიაქებული კაცობრიობა ეძებს.
მოვლენათა ძირი დამარხულია საზოგადოების შინაგან დუღილში, მის საშოში დაგროვილ ახალ საწარმოვო ურთიერთობაში, ახალ სოციალურ ძალთა შეჯგუფება-გადაჯგუფებაში. დღითი დღე სხვაფერდება ხალხის სოციალური სტრუქტურა, დგება ახალი საზოგადოება; თვით ეკონომიური კრიზისი არის არა ამ ახალი ურთიერთობის მიზეზი, არამედ მისი ლოღიკური შედეგი, მისი აუცილებელი დასკვნა.
როგორ და რა ხაზით წარმოებს ეს პროცესი?
1. საზოგადოება
საზოგადოება ეკონომიური თვალსაზრისით წარმოადგენს ერთ მთლიან საწარმოვო დაჯგუფებას, რომლის ფარგალში განაწილებულია შრომა მისი მნიშვნელობის მიხედვით. ადამიანთა დიდი უმრავლესობა ჩაბმულია ნივთის დამზადებაში, სიმდიდრის შექმნაში, მცირე ნაწილი კი - ამ შემქნელი სიმდიდრის მოვლა-პატრონობაში, განაწილებაში, გადატან-გადმოტანაში და დარაჯობაში. ეს ორივე შრომაა, მაგრამ ერთია შრომა შემქნელი, მეორე კი - არა-შემქნელი. საფრანგეთის ნახევარი მცხოვრები რომ მოხელეებათ გადაიქცეს, ამით მის სიმდიდრეს ერთი წყვილი წაღაც არ მიემატება, მხოლოდ დაკლებით კი ბევრი დააკლდება. საზოგადოების საფუძველი დაყრდნობილია ამ ორი კატეგორიის შრომაზე და მათ ურთიერთშორის დამოკიდებულებაზე.
კაპიტალისტური საზოგადოების წინა პერიოდში შემქნელი შრომა და მისი მატარებელი კლასები დიდათ ჭარბობენ გამნაწილებელ შრომაზე და მის მატარებელ კლასებზე; მანუფაქტურის პერიოდი ხომ სავსებით დაყრდნობილი იყო მუშის მარჯვენაზე. მანქანების შემოღებამ პირველათ მოახდინა მუშათა შორის დიდი პერტურბაცია, რომელთაგან მრავალი უსაქმოთ რჩებოდა და მანქანას ამტვრევდენ. მაგრამ მსოფლიო ბაზრის გაფართოვებამ და მუშტართა გამრავლებამ აიძულა კაპიტალისტი მანქანური შრომის გაფართოვებასან თანდათან მეტი მუშა ხელი საქმეში ჩაება. მწარმოებელი ბურჟუაზია და მწარმოებელი პროლეტარიატი გახდენ მთელი ახალი ნივთიერი განვითარების მატარებელნი და მესვეურნი. ესენია ახალი კლასები, კაპიტალისტური რეჟიმის ღვიძლი შვილნი, ხოლო ყველა დანარჩენნი ძველი კლასებია, წინა პერიოდებისაგან გადმოსროლილნი და ახალ ურთიერთობაში ჩაბმულნი: ვაჭარი, გლეხი, ფულის გამსესხებელი - იყვენ მუდამ, ყოველნაირ ეკონომიურ წყობაში.
კაპიტალიზმის ეს ხანა არის მისი კლასიკური ხანა, მისი აყვავების და მსოფლიო მასშტაბით გაბატონების ეპოქა. აქ შემქნელი ბურჟუაზია მეთაურობს და უძღვება მთელ ბურჟუაზიას, შემქნელი პროლეტარიატი - მთელ მუშათა კლასს. თანახმათ ამ მათი სოციალური პოზიციისა, აღორძინდა ერთი მხრით ლიბერალიზმი, მეორე მხრით - სოციალიზმი. ამ პერიოდში კაპიტალიზმის ყველა დარგში ბატონობს სამრეწველო კაპიტალი ყველა სხვა ფორმის კაპიტალზე - ე.ი. კაპიტალისტის მიერ საქონლის ყიდვა-გაყიდვისაგან ამოღებული თანხა არის მთავარი მამოძრავებელი თანხა მთელი სოციალური კაპიტალისა.
მაგრამ კაპიტალისტურ წარმოების მიუცილებელი პირობაა მისი მუდმივობა, მისი შეუჩერებელი წინსვლა და გამრავლება. ერთ დონეზე შეჩერებული კაპიტალი კვდება, ნიავდება. აქედან იბადება აუცილებლობა - გამრავლება მუდმივი კაპიტალის, შემცირება ცვალებადი, სახარჯავი კაპიტალის. თუ წინეთ ეს უკანასკნელი ფორმა საწარმოვო კაპიტალისა სჭარბობდა პირველს, ახლა იწყება მისი დაქვეითება და მის ანგარიშსზე უზარმაზარი მანქანების, რთული მექანიკური იარაღების შემოღება და ასე თანდათან რაციონალიზაციის და მექანიზაციის ხანაში შესვლა. ეს საწარმოვო პირობების შეცვლა იწვევს ორ ღრმა სოციალურ ცვლილებას, რადგან მუდმივი კაპიტალის ასე საოცრათ გაზრდა ითხოვს დიდ თანხას, ხოლო ეს მრეწველ კაპიტალისტს არ მოეპოვება: ის იძულებულია მიმართოს სესხს, საკრედიტო დაწესებულებათ. გამსესხებლები, ბანკები, ფინანსისტები იპყრობენ დიდ ძალას და ბოლოსდაბოლოს იმორჩილებენ მთელ სამრეწველო ბურჟუაზიას. კაპიტალის ფინანსიური ფორმა ბატონდება მის სამრეწველო ფორმაზე, ფინანსისტების არმია ხდება მთელი ბურჟუაზიის მეთაური და ტონის მიმცემი.
მაშასადამე, დღევანდელ პერიოდში შექმნილ ბურჟუაზიას დაეკარგა ეკონომიური გეგემონია და ის გადავიდა არა-შემქნელი ბურჟუაზიის - ფინანსისტების ხელში.
ასეთივე ცვლილება ხდება მეორე დიდ თანამედროვე კლასში - პროლეტარიატში. მუდმივი კაპიტალის უსაშინელესი გაზრდა იწვევს მუშა ხელის შემცირებას, მისთვის გადადებული თანხის მინიმუმამდე დაყვანას, უმუშევართა გამრავლებას, სამუშაოზე დარჩენილთა ქირის შემცირებას, კლასის საერთო დაღარიბებას. სარეზერვო არმია მუშებისა აუცილებელი პირობაა კაპიტალისტური წარმოების, მაგრამ ასე გაზრდა და მუდმივ კონტინგენტათ გადაქცევა გამოწვეულია კაპიტალიზმის ფინანსიური ფორმით. ამ ტეხნიკურ მიზეზებს ერთვის მსოფლიო ბაზარზე მომხდარი ცვლილება: აქ ევროპამ დაკარგა უდაო გეგემონია და გამოღვიძებული, ამომავალი ერები მას ეცილებიან საწარმოვო და სააღებ-მიცემო ასპარეზზე.
თუ წინეთ ტეხნიკური პროგრესით გამოწვეული უმუშევრობა ნელდებოდა ახალი ბაზრების და ახალი ქვეყნების დაპყრობით, დღეს პირიქით: ევროპას ეკარგვის ძველი ბაზარი, მას ეკონომიურათ ეთიშება არა ევროპიული ქვეყნები და კრიზისი ხდება თვით რეჟიმის კრიზისათ.
ამ ნაირათ, შემქნელი მომუშავე პროლეტარიატი კლებულობს, სამაგიეროთ მატულობს არა შემქნელი - უმუშიერი და გამნაწილებელი. საქონლის განაწილების და მოვლის მექანიზაცია არ იზრდება ისე სწრაფათ, როგორც მისი დამუშავების. სატრანსპორტო საშუალებები ვითარდება ძველი წესით - რკინის გზებით და ნაოსნობით, რაიცა მოითხოვს მუშახელს წინანდურათ; ხოლო მეორე მხრით, არსდება დიდი სავაჭრო სახლები და ამ გზით მრავლდება ნოქრები და სხვა დაქირავებული მუშები. წარმოებიდან გამოძევებული მუშა ეძებს თავი შეაფაროს არა საწარმოვო დარგებში, არამედ უმთავრესათ ვაჭრობა-აღებ-მიცემობაში. მაგ., გერმანიაში 1907 წელს სავაჭრო დაწესებულებაში ითვლებოდა1.955.684 დაქირავებული, ხოლო 1925 წ. კი - 3.175.157: მოიმატა 62%.
ერთი სიტყვით, ფინანსიური კაპიტალიზმის ძირითადი ტენდენცია - შეამციროს შემქნელი კლასები და გაამრავლოს არა-შემქნელი - გასაოცარი სისწრაფით განვითარდა ამ უკანასკნელ პერიოდში და დაედვა საფუძვლათ საზოგადოების ძალთა გადაჯგუფებას. როგორც შემქნელ ბურჟუაზიას, ისე შემქნელ პროლეტარიატს ეკარგვის თავის კლასის ფარგალში ძველი გეგემონია. ამის შედეგია პროლეტარული კლასის საზღვრების წაშლა და მის რიგებში ათქვეფა არა-პროლეტარული კლასების. ამ მიზნით შეთხზულია ახალი თეორიები, წამოყენებულია ახალი დებულებანი და მათ საფუძველზე დგება სტატისტიკური გამოკვლევანი. ცნობილი ბელგიელი სოციალისტი - დე მან სწერს ამ საგანზე:
„პროლეტარიატის დამახასიათებელია სწორეთ დამოკიდებულება კაპიტალის მქონე ადამიანებისაგან. ამიტომ მოხელეები და მოსამსახურეებიც ჩაითვლება პროლეტარიატათ“. თანახმათ ამ თეორიისა, უკვე მოეწყვენ ეს რიგები სინდიკალურათ და ჩაეწერენ პროლეტარიატის კლასიურ ორგანიზაციებში; ხოლო ეს ფენები დღითი დღე მრავლდება და მაგრდება, როგორც აუცილებელი შედეგი თანამედროვე კაპიტალიზმისა, რომლის წონასწორობა თანდათან არა-შემქნელთა კლასებზე მყარდება. რიცხვი მოხელეთა და მოსამსახურეთა გერმანიაში ირიცხებოდენ 1882 წ. 1 მილიონი, 1925 წ. - 5,3 მილიონი. ამათ შორის, სახელმწიფო მოხელენია 1,5 მილიონი. მოსამსახურეთა რიცხვი მოიმატა 1907 წლიდან 1925 წლამდე 133 პროც., ხოლო საერთო მცხოვრებთა რიცხვი მოიმატა 14 პროც.1. ამ ახალი ფენების ასე სწრაფათ განვითარება არის საერთო მოვლენა ყველა კაპიტალისტურ ქვეყანაში, გარდა ინგლისისა, სადაც ტრადიციული სამრეწველო კაპიტალიზმი კიდევ მაგრათ დგას და მასზე აგებული სოციალური დაჯგუფებანი დანგრეული არ არის.
ამ ნაირათ, ამ ჟამათ პროლეტარიატის დამახასიათებელ თვისებათაა გამოცხადებული არა მისი საწარმოვო მდგომარეობა, არა მის მიერ ზედმეტი ღირებულების შექმნა, როგორც ეს კ. მარქსს2 და ძველ სოციალიზმს ესმოდათ, არამედ მისი შემოსავალი, მისი დამოკიდებულება დამქირავებელისაგან, თუნდაც ის არავითარ სიმდიდრეს არ ქმნიდეს. შემქნელი პროლეტარიატი არის მხოლოდ ერთი ნაწილი მთელი მუშათა კლასისა, მისი შრომა არის ნაწილი მთელი დაქირავებული შრომისა. ყოველგან, გარდა გერმანიისა და ინგლისისა, ის რიცხვით უმცირესობას წარმოადგენს, შედარებით თავის კლასთან, ხოლო შედარებით მთელ ერთან, ის ყოველგან დიდი უმცირესობაა. დასავლეთ ევროპაში (ურუსეთოთ) მთელი დაქირავებული შრომის მხოლოდ 45 პროც. არის ჩაბმული სამრეწველო დარგებში: ე.ი. ინდუსტრია, ეს თანამედროვე საზოგადოების დამახასიათებელი ეკონომიური დარგი, ემყარება დაქირავებულთა უმცირესობას.
ცხადია, კლასიკური კაპიტალიზმის მიერ შექმნილი კლასიკური ბურჟუაზია და პროლეტარიატი დღეს აღარ არსებობენ - ისინი დაფუშულია. მათ რიგებში შეიჭრენ ახალი ფენები და მოედანს დაეპატრონენ. საზოგადოების ამ ორი თანამედროვე კლასის სტრუქტურა, მაშასადამე, შეცვლილია.
მაგრამ საზოგადოება ხომ მარტო ამ ორი კლასისაგან არ შედგება. მათ შორის დგას სხვა ჯგუფები, რომელნიც თავის ეკონომიური პოზიციით წარმოადგენენ საშუალო კლასებს და თამაშობენ უდიდეს როლს ერის ცხოვრებაში. ესენია: გლეხობა, ხელოსნობა, წვრილი მრეწველნი და ვაჭრები. ამათ შორის მაწარმოებელი, სიმდიდრის შემქნელია მხოლოდ პირველი სამი კლასი; მეოთხე - ვაჭრები ეკუთვნიან გამნაწილებელთა წყებას. მათი ფიზიანომია და სოციალური საზღვარი ნათელია: ესენია წვრილი მესაკუთრენი, უმთავრესათ პირადი შრომით და საკუთარი ანგარიშებით მომუშავენი. ინდივიდუალური სამუშაო პირობების მიზეზით მათი ნაშრომი მეტათ მცირეა, მათი შენახვის ხარჯებს ძლივს ასწორებს და ნაციონალური სიმდიდრის აღორძინების საფუძვლათ ვერ ხდება. ყველა კლასი ცხოვრობს მწარმოებელ პროლეტარიატის ხარჯზე, ხოლო წვრილი მესაკუთრე მწარმოებლები კი თავიანთ ხარჯზე. ისინი არ ერევიან მუშის ზედმეტი ღირებულების მითვისებაში. ამ მხრით გლეხი და ხელოსანი გაცილებით უფრო ახლო დგას შემქნელ პროლეტარიატთან, ვინემ მუშათა კლასის არაშემქნელი ნაწილები. მთელი თანამედროვე ეკონომიკა დაფუძნებულია შრომის ორ ბოძზე: პროლეტარიატის და წვრილი მესაკუთრენის. მათ შორის ერთი დიდი სოციალური განსხვავებაა - პროლეტარი მუდამ იმყოფება ეკონომიურ ხიფათში; მისი არსებობის ბაზა კრიზისების მსხვერპლია, ხოლო წვრილი მწარმოებელი ეკონომიურათ უფრო გამძლე, მედგარი და უზრუნველყოფილია. ამ განსხვავებიდან წარმოსდგება მათი დღევანდელი, ერთი მეორისაგან დიდათ განსხვავებული მდგომარეობა საზოგადოებაში. მსოფლიო კრიზისი არღვევს რა პროლეტარიატს, ვერ ერევა გლეხობას და მას ძველი პოზიციიდან ვერ ერეკება: ჯერ ერთი, თანამედროვე მექანიზაცია და რაციონალიზაცია მეურნეობაში ვერ ბატონდება: გლეხი ახლაც ისე მუშაობს, როგორც წინეთ მუშაობდა. მაშასადამე, გლეხთა განადგურება, მათი ქონების კონცენტრაცია მცირე რიცხვთა ხელში არ ხდება; პირიქით, კრიზისი ერეკება რა მუშებს ფაბრიკებიდან, აიძულებს მათ გახდენ წვრილი მესაკუთრე, გაიჩინონ ნაჭერი მიწა ან პაწია სახელოსნო და მით გაამრავლონ საშუალო კლასები. ამ მხრით გერმანიის სტატისტიკა იძლევა საკმაო მასალას. აქ წვრილი სამეურნეო საკუთრება გამრავლებულა 4.64 მილიონიდან 5.1 მილიონამდე, მაშინ როდესაც სხვილი საკუთრება შემცირებულა. ყველა სოციალურ პერტურბაციას, გამოწვეულს კაპიტალისტური საკუთრებისაგან, ადვილათ უძლებს წვრილი, არა კაპიტალისტური საკუთრება. ამიტომ მისი წონა და მნიშვნელობა გაიზარდა. საზოგადოებას შეუძლია იცხოვროს უფაბრიკოთ და უქარხნოთ, არ შეუძლია იცხოვროს უპუროთ. მისი არსებობის ბაზა არის სოფლის მეურნეობა, წარმოების ყველა სხვა დარგი - მისი ზედნაშენი.
ამნაირათ, თანამედროვე კრიზისი საშუალო კლასებს შედარებით ამაგრებს და ამრავლებს. უსაქმოთ დარჩენილი მუშა და ნოქარი იძულებულია ჩაებას ამ კლასების საარსებო პირობებში, გახდეს გლეხი, წვრილი ვაჭარი, ხელოსანი და სხვ. კრიზისი არღვევს რა სხვილ მიწათმფლობელობას დავალიანებით და ბაზრის შეკუმშვით, ვერ არღვევს წვრილს და ამას ვერ უსპობს ძველ დამოუკიდებელ მდგომარეობას. და თუ სახეში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ახალი საშუალო კლასები - მოხელენი და მოსამსახურენი - პროლეტარიატმა თავის რიგებში ჩაიწერა, ძველი საშუალო კლასები დგანან ურყევათ ძველ პოზიციებზე - გადაურჩენ შინაურ არევას და სოციალურ დაფუშვას. ესენი სწუხან კაპიტალისტური არევით, განიცდიან დიდ გაჭირებას, მაგრამ არა იმდენათ, რომ განადგურდენ და პროლეტარიატის რიგებში ჩავარდენ. პირიქით, ჩასავარდნი ასპარეზი აღარ აქვთ, ვინაიდან თვით პროლეტარები არიან იძულებულნი მათ რიგებში ჩავარდენ, განადგურებულ მუშათა ფენებს საშუალო კლასობა ენატრება. კაპიტალისტური ევოლიუცია ასრულებს ციკლს თავის განვითარებისას და მიდის იქამდე, საიდანაც დაიწყო მისი ჰიპერტროფია - აშკარაა.
ერთი სიტყვით, ჩვენ დროში შეიცვალა კაპიტალისტური საზოგადოების სტრუქტურა; არ შეცვლილა მხოლოდ ძველი, წინა კაპიტალისტური საზოგადოების სტრუქტურა. ამ გარემოებამ სავსებით არივ-დარია საზოგადოების იდეიური და პოლიტიკური ურთიერთობა.
2. იდეოლოგია
რაკი კაპიტალისტურ ევოლიუციამ გააბატონა ბურჟუაზიაში მისი ფინანსიური ნაწილი, ცხადია, ამით ის გააბატონა მთელ საზოგადოებაში, მთელ სახელმწიფოში და მისი ინტერესები შეიქნა ერის ოფიციალური ინტერესები. საზოგადოება ცხოვრობს და ვითარდება ფინანსიური კაპიტალის ნივთიერ და იდეიურ ფარგალში. ფინანსიური ბურჟუაზიის აღორძინება დაიწყო დიდი ხანია, მაგრამ მისი სრული გაშლა და გამარჯვება მოხდა უკანასკნელ ათეულ წლებში. ჯერ კიდევ მარქსი სწერდა:
„დგება ახალი ფინანსიური არისტოკრატია, ახალი კატეგორია პარაზიტებისა სხვადასხვა ფორმით - მეპროექტენი, დამაარსებელნი, დირექტორები. მხოლოდ სახელით, მთელი სისტემა მოტყუების და წართმევის, სააქციო საზოგადოებათა დაარსების, ემისიის და აქციათა ვაჭრობის საქმეში... აქ კაპიტალი იხმარება არა მის მესაკუთრეთა მიერ; ამიტომ ისინი არ უფრთხილდებიან ამ სიმდიდრეს, როგორათაც უფრთხილდება მისი მესაკუთრე, რომელიც არასოდეს არ უშვებს მხედველობიდან თავისი საკუთარი კაპიტალის საზღვარს“3.
ე.ი. ფინანსისტები არიან კლასი მოსაშუალეთა, ფულის გამსესხებელთა და მსესხებელთა შორის ჩამდგარი; ის არც ხნავს, არც თესავს, ხოლო მომკით მკის ყველაზე მეტს. ის აწევს ტვირთათ, პარაზიტათ როგორც მწარმოებელ კაპიტალისტს, ისე არა მწარმოებელს, მსესხებელთ და გამსესხებელთ და ორივე მხრიდან ეწიწება თავის ჯიბიდან მოგების უდიდეს ნაწილს. მისი მიზანია, მაშასადამე, არა წარმოება, არა სიმდიდრის შექმნა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მიღება. და თუ ეს მიზანი განხორციელდება გარეშე წარმოებისა, თუ ხალხის გაპარვა მოსახერხებელია ფაბრიკა-ქარხნების აუმუშავებლათ, ის ამ მხრით აწყობს თავის საკრედიტო სისტემას საბოლაოთ; ფინანსიური ბურჟუაზია ამოვარდნილია მწარმოებელი ბურჟუაზიის ნიადაგიდან, კაპიტალისტური ეკონომიკის ბაზიდან და ემსგავსება ძველებურ მევახშეთ, რომელიც სხვადასხვაგვარი გაიძვერა ხერხებით ზრდიდა თავის თანხას.
რაკი მოსაქმე საზოგადოებაში გაბატონდა მისი უსაქმო, პარაზიტული ნაწილი, არ შეიძლებოდა არ გაბატონებულიყო მისი იდეოლოგია.
სამრეწველო ბურჟუაზიის დოქტრინა გამოიხატება ეკონომიაში - კონკურენცია, პოლიტიკაში - ლიბერალიზმი.
ფინანსიურ ბურჟუაზიამ უარყო ორივე ეს მცნება და მათ დაუპირდაპირა ეკონომიაში მონოპოლია, პოლიტიკაში - ეტატიზმი, სახელმწიფოს ეკონომიური სუპრემატია. რატომ? ცხადია, რატომ, რადგან მთავარი მიზანია საზოგადოების ჯიბიდან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება. ამის საუკეთესო საშუალებაა სახელმწიფო აპარატი, მისი ბიუჯეტი, მისი სააქციო კანონმდებლობა, მისი მფარველობა და ხალხის წინაშე მისი ავტორიტეტით სარგებლობა.
სამრეწველო ბურჟუაზია სახელმწიფოს აკუთვნებდა უბრალო დარაჯის როლს; ფინანსიური ბურჟუაზია კი მას ეყრდნობა და თავის საქმეებს მისი საშუალებით აწყობს. ამიტომ თანამედროვე სახელმწიფო იცვლის თავის ეკონომიურ პოლიტიკას. მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ფინანსისტების გასესხებული ფულის უკან დაბრუნება და რაც შეიძლება ნაკლები გაკოტრების გამოცხადება. მაგრამ ამისათვის საჭიროა თვით მსესხებელნი არ იყვენ მსხვერპლნი ეკონომიური კატასტროფების, ფასების დაცემის, ურთიერთშორის შეჯიბრების და ერთიმეორის დამარცხების. მაშასადამე, გაწესრიგებული კაპიტალისტური ეკონომია, კონკურენციის დაბორკვა, შეთანხმება, ტრესტების და მონოპოლიების შემოღება, ფასების დაწესება, წარმოების შემცირება - მთელი რიგი იმ ახალი ზომებისა, რაც ამჟამათ ტარდება სხვადასხვა სახელმწიფოში, - დემოკრატიულში და ფაშისტურში, და რასაც ეწოდება დაგეგმილი ეკონომიკა, მათი საბოლაო მიზანია ფინანსიური კაპიტალის გამაგრება, მისთვის მოგების უზრუნველყოფა. შეერთებული შტატების „კეთილდღეობა“ დაბოლავდა უოლსტრიტის ფინანსიური კატასტროფით; რუზველტის მთელი მუშაობა მიმართულია უოლსტრიტის აღსადგენათ, ბირჟისათვის ძველებური ბატონობის დასაბრუნებლათ.
ამნაირათ, ფინანსიური ბურჟუაზიის ინტერესებს აღარ შეეფერება ბურჟუაზიული წარმოების ძირითადი კანონები, ფასების შეჯიბრება, საქონლის მისი ღირებულებისამებრ გაცვლა, ამ ღირებულების შიგ ჩადებული შრომის რაოდენობით განსაზღვრა, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მიერ სამიდღემჩიოთ გამოცხადებული პრინციპები. ცოცხალ-კვდარი ლიბერალების დრტვინვა ამ ახალ წესებზე რჩება ხმათ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა; ეს წრიპინი საზოგადოებას აღარ ეყურება. სამაგიეროთ, რეფორმატორები მოიცვა ახალმა, წინეთ გაუგონარმა ეკონომიურმა მოძღვრებამ. თითქოს მსოფლიო კრიზისის დაძლევა შეიძლებოდეს არა წარმოების, არამედ ფულის აღებ-მიცემობის მოწესრიგებით. „მონეტური პოლიტიკა“ დაედვა საფუძვლათ ფინანსიური ბურჟუაზიის საბატონო მიმდინარეობას; კლასი-პარაზიტი სულდგმულობს პარაზიტული საშუალებებით.
თუ ასე სამაგალითოთ აირ-დაირია ბურჟუაზიის რიგები, უკეთესი მდგომარეობა არც პროლეტარიატის რიგებშია.
როგორც ვთქვით, კაპიტალისტური სიმდიდრის შემქნელი პროლეტარიატი დაქირავებული შრომის უმცირესობაა, ხოლო მცხოვრებთა საერთო რაოდენობაში ის პატარა კუნძულს წარმოადგენს. არა შემქნელი მუშათა კლასი, სიმდიდრის გამგე და გამნაწილებელი ფენები და საშუალო კლასები ყოველგან ერის დიდი უმრავლესობაა, მაგრამ კლასთა ამა თუ იმ რაოდენობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ისტორიულ განვითარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე რიცხოვანი ფეოდალების და შემდეგ ბურჟუაზიის საწარმოვო წესები და მასზე აგებული მათი ბატონობა შეუძლებელი იქნებოდა. სოციალიზმი უჩვენებდა კაპიტალიზმის მხოლოდ ტენდენციას გააპროლეტაროს ერის უმრავლესობა, მაგრამ არასოდეს ეს მას პირობათ არ დაუსვამს სოციალიზმის განხორციელებისა. მისი მოძღვრებით ისტორიაში გადამჭრელია ობიექტური საზოგადო პროცესი, რომელიც წარმოებს ხალხის გულში და შეკავშირებულია რომელიმე კლასის დაბადებასან, განვითარებასან და მსვლელობასან. როგორც ფეოდალურ საშოში აღორძინებული ბურჟუაზიული საწარმოვო წესები ბოლოსდაბოლოს ხეთქს ამ ძველ რკალს და იმარჯვებს, ისე ბურჟუაზიულ საშოში აღორძინებული პროლეტარული საწარმოვო წესები გახეთქს ბურჟუაზიულ ჩარჩოს და გაიმარჯვებს. თუ ამ მსვლელობას არ ასვამს დაღი ისტორიული აუცილებლობის, ის ვერ გაიმარჯვებს, თუნდაც მთელი ერი პროლეტარათ გადაიქცეს. მაგრამ ამ პროცესის დაჩქარება თუ დაგვიანება, პირდაპირ მსვლელობა თუ მიხვევ-მოხვევა, მეტი თუ ნაკლები მსხვერპლის გაღება - ეს კი დამოკიდებულია ადამიანთა შეგნებისაგან, ამომავალი კლასის მიერ ისტორიული მოწოდების შესრულებისაგან.
სოციალიზმი არის შემქნელი პროლეტარიატის მოძღვრება, მისი საწარმოვო და სოციალური მდგომარეობის გამოხატულება. დანარჩენი მისი მონათესავე მშრომელთა ფენები და კლასები მას უნდა მისდევდენ, მის გეგემონიას სცნობდენ. ეს ასე იყო სამრეწველო კაპიტალიზმის პერიოდში, ასე აღარ არის დღეს საზოგადოების ახალ სტრუქტურაში. მშრომელთა არა შემქნელი ნაწილის გამრავლება, მის გულში ახალი საშუალო კლასების შეჭრა, თვით პროლეტარიატის უმუშევრობით დაუძლურება, გატეხა, მისი ერთი ნაწილის პარაზიტულ მდგომარეობაში ჩაყენება უკარგავს მას ძალას, გავლენას და უკან ახევიებს მთელ ფრონტზე. პროლეტარიატის კლასიური ორგანიზაცია შეიცავს ყოველგან მხოლოდ ნაწილს პროლეტარიატისას. მისი პოლიტიკური პარტიები ვერსად ვერ იმხრობენ პარლამენტალურ არჩევნებზე მთელ პროლეტარულ მასას, გარდა ერთათ-ერთი შვეციისა. ეს ორგანიზაციულათ დაყოფილი კლასი გადმოდის ახალ, დღევანდელ, რთულ საზოგადო პირობებში და ვარდება ახალი ფენების ჩიხში. კლასი მოსამსახურეთა და მოხელეთა უკეთ შეკავშირებულია, უფრო შეძლებულია, თავისი ინტერესების გაგებულია, მოძრავი და მყვირალაა, ვინემ ფაბრიკის ან მთამადნის მუშები, რომელთაც დროც არ აქვთ წაიკითხონ, დაფიქრდენ და საზოგადო საქმეებში შესაფერი მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ ვნახეთ უმუშიერთა გამო ინგლისის მუშათა მთავრობის დარღვევა, ვნახეთ საფრანგეთში მოხელეთა ჯამაგირების გამო სოც. პარტიის გახეთქა, სამი სამინისტროს დაცემა, მაგრამ არ გვინახავს არცერთი ასეთი მოვლენა მუშათა ხელფასის და მათი ბრძოლის ინტერესების ნიადაგზე. მუშას ასობით და ათასობით ისვრიან ქუჩაზე, არც ერთი სამინისტრო არ ეცემა, მოხელეთა ჯიბეს შეეხენ და ქვეყანა იქცევა!
როგორც ბურჟუაზიაში გაბატონდა მისი პარაზიტული ნაწილი, ისე პროლეტარიატში გაბატონდა მისი პარაზიტული ფენები, ისინი, ვინც სიმდიდრეს არ ქმნიან და მუშის ზედმეტი ღირებულების განაწილებაში მონაწილეობენ. მწარმოებელი სოციალიზმის მატარებელი კლასი უკან დადგა, გამნაწილებელი სოციალიზმის მატარებელი კლასი წინ წამოდგა; ძველი იდეოლოგია უარყოფილია, ახალი იდეოლოგია გამეფებულია. სოციალისტური პარტიების მთელი ბრძოლა დღეს წარმოებს ერის შემოსავლის განაწილების ირგვლივ; პროლეტარიატის ვერც ერთი პროფესიონალური შეკავშირება ვერ გაშორდა ამ ფარგალს, ვერ დაახწია თავი რეფორმიზმის ვიწრო ჩარჩოს (იხ. საფრანგეთის სინდიკატების 30 სექტემბრის (1933) კონგრესის გადაწყვეტილებანი).
რაკი პროლეტარულ რიგებში გაიმარჯვა განაწილების თეორიამ, ამით ეს კლასიც შევიდა ფინანსიური ბურჟუაზიის ორბიტაში, სადაც სწორეთ ეს თეორია ბატონობს და მისი დროშით მსოფლიო კრიზისს ებრძვიან. ამიტომ სრულიად შემთხვევითი არ არის რუზველტის პოპულიარობა მემარცხენე წრეებში და დაგეგმილ ფულის მეურნეობაზე იმედების დამყარება. ეს დასკვნა გამომდინარეობს საერთო იდეოლოგიიდან - უშველონ საზოგადოებას ზედმეტი ღირებულების ახალი გადანაწილებით იმ განსხვავებით, რომ ერთნი მას ეწიწება გაბატონებული ბურჟუაზიისაკენ, მეორენი - მშრომელებისაკენ. დიდი ბიუჯეტი, დიდი გადასახადები, ფასების აწევა, ძვირი ცხოვრება, ყოველივე ის, რასაც წინეთ უარყოფდა სოციალიზმი, მიღებულია მუშათა პარტიებში და მასზე აგებულია მათი რეფორმატორული პოლიტიკა.
იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმის და კლასიკური სოციალიზმის ერთნაირათ უკან დახეულია, პრინციპიალურათ უძლეველი პოლიტიკურათ დამარცხებულია.
სამაგიეროთ, იგივე არ ითქმის საშუალო კლასებზე და მათ იდეოლოგიაზე. წვრილი მესაკუთრე მწარმოებლები, ირჩენენ რა თავის ეკონომიურ პოზიციებს, ირჩენენ თავის სოციალურ მნიშვნელობას და იდეიურ მიმდინარეობას. აქ ვერ შეიჭრა პარაზიტული ფენები და მათ ვერ აურია გზაკვალი. წვრილი საკუთრების საზღვარი იმდენათ ნათელია, მისი ეკონომიკა იმდენათ ძველი და ტრადიციულია, რომ მისი წაშლა გარედან, სხვა კლასების გავლენით და მიწოლით ადვილი არ შეიქნა: გლეხი მაგარია, მაგრათ ასვია მიწაზე.
საშუალო კლასების იდეოლოგია, ისე როგორც ყველა სხვა კლასების, გამომდინარეობს მათი საწარმოვო მდგომარეობიდან: წვრილი მესაკუთრე, წვრილი თანხის პატრონნი, მუდამ საფრთხეში მყოფნი შეძლებულთა კონკურენციით ქონების დაკარგვით და დაქირავებულთა არმიაში გადასვლით, არ შეიძლება იყვენ კმაყოფილნი არც სხვილი კაპიტალით, არც პროლეტარული შრომის პირობებით. მათი ტენდენციაა თავისი საწარმოვო ურთიერთობა გადააქციონ საყოველთაო ურთიერთობათ, წვრილი შეძლება ბატონათ და პატრონათ. ისინი იცარცვება არა კაპიტალისტური წარმოების პროცესით. ეს მათ არ ეხება, არამედ კაპიტალისტური გაცვლა-გამოცვლით, თავისუფალი ვაჭრობით, სადაც სხვილი კაპიტალისტის მიერ გამოტანილი საქონელი ამარცხებს წვრილისას და მით თავისუფალი კონკურენცია მიიმართება საშუალო კლასების წინააღმდეგ. აქედან მათი მოთხოვნილება - გაუქმება არა კაპიტალისტური წარმოებისა, არამედ კაპიტალისტური ვაჭრობის, - ე.ი. საქონელი მუშავდება თავისუფლათ, მაგრამ არ იცვლება თავისუფლათ. მაშ როგორ? - „სამართლიანი ფასების“ დაწესებით.
პრუდონი სწერს:
„მაშასადამე, საკმარისია აღებ-მიცემობის გასაწესრიგებლათ ვაჭრობის დისციპლინაში ჩაყენება, მეთოდიურათ აწყობა მისი ორივე აქტის - ყიდვა-გაყიდვის. ავიღოთ მაგ. გაყიდვა. ეკონომიური სამართლიანობის და ღირებულობის თვალსაზრისით გაყიდვა იქნება გულწრფელი, ნორმალური, შეუბღალავი, თუ ის იწარმოებს, რამდენათაც შეიძლება სამართლიანი ფასებით. ხელფასი სამართლიანია, თუ ის წარმოადგენს ზედმიწევნითი სისწორით წარმოების ხარჯებს, მწარმოებელთა საშუალო ოფიციალური ცნობით და ვაჭრის ქირას ანუ ჯილდოს იმ სარგებლობის დაკარგვისათვის, რასაც ის კარგავს საქონლის გაცემით“. ვინ ახდენს ფასების ასეთ განსაზღვრას? ეს ორგანოებია „სახელმწიფო, მის მიერ დროებით წარმოდგენილი ინტერესების მიხედვით; თემი და ერობა მათი მცხოვრებთა სახელით. ესენი გამოდიან იმ მოსაზრებიდან, რომ ყველას უზრუნველუყოს სამართლიანი ფასები და საღი ნაწარმოები, თავიდან აიცილონ სიყალბე, სპეკულაცია, მონოპოლია და გარანტიას აძლევენ მწარმოებელთ, რომელნიც საუკეთესო პირობებს წარმოადგენენ, რომ მათ ექნებათ პროცენტები მათ საქმეში დაბანდებული კაპიტალისათვის ან განსაზღვრული ჯამაგირით, ან და თუ საჭიროა, საკმარისი დაკვეთებით. სამაგიეროთ, ისინი იძლევიან თავის ნაწარმოებთ თუ სამსახურს მომხმარებელთა მოთხოვნილებისამებრ და ვალდებულნი იქნებიან აჩვენონ მათი საქონლის ფასების შემადგენელი ნაწილები, ჩაბარების წესები და სხვ. ამას რაც საქონელი გადარჩება, გადის ბაზარზე გასაყიდათ თავისუფალი კონკურენციით“4.
პრუდონის გერმანელ მიმდევარმა როდბერტუსმა ამ მოსაზრებაზე ააგო მთელი თავისი პრუსიული პოლიციური სოციალიზმი, რასაც დღეს ჰიტლერიზმი ახორციელებს.
პრუდონიზმი დაამარცხა ცხოვრებამ, მრეწველობის განვითარებამ, დაამარცხა მეცნიერებამ - ლიბერალურ და სოციალისტურ პოლიტიკურმა ეკონომიამ. მაგრამ დღეს ეს კვდარი აღდგა, დაცლილ მოედანს დაეპატრონა და თან აიყოლია მთელი საზოგადოება. ფასების რეგულიარიზაცია, სამართლიანი ღირებულების დაწესება გადაიქცა საყოველთაო მოთხოვნილებათ. აქ შეთანხმებულია რუზველტი, ჰიტლერი, ჰერიო, სოციალისტები; ვეღარ გაარჩევ მარჯვენას და მარცხენას; დემოკრატიული საფრანგეთი და ფაშისტური გერმანია ერთნაირათ აწესებენ კანონით ხორბალზე „სამართლიან ფასებს“ და ლამობენ ეს გაავრცელონ სხვა ნაწარმოებზედაც, ხოლო რუზველტი უკრძალავდა ვაჭართ გაყიდონ თავისი საქონელი არსებული ფასების ზემოთ, აიღონ „გაზვიადებული მოგება“ და სხვ. ჰიტლერი ამ გზით ფიქრობს ჩამოაგდოს „სოციალური მშვიდობიანობა“, მოსპოს კლასები და კლასთა ბრძოლა. ამ პოლიტიკას ემსახურება დემოკრატიული ამერიკაც. აქ ფასების დიქტატორმა ღენერალ ჯონსონმა 11 ოქტომბრის სიტყვაში გააფრთხილა მუშათა სინდიკატების დელეგატები, - არ მიმართოთ გაფიცვას, რაიცა „გახდა ზედმეტი დაწესებული რეჟიმის ხანაში. თქვენ არ შეგიძლიათ მოითმინოთ გაფიცვა. ხვალ რომ დიქტატურამ აიღოს ძალაუფლება, რას გააკეთებს იმაზე მეტს, რაც ჩვენ გავაკეთეთ?...“
საშუალო კლასების იდეოლოგია გადაიქცა სახელმწიფო იდეოლოგიათ. ეს, რასაკვირველია, ვერ მოხდებოდა, რომ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი ფინანსიური ბურჟუაზია მასში არ ხედავდეს თავის ნათესაობას. რაკი ის თვითონ გახდა წინააღმდეგი თავისუფალი კონკურენციის, მომხრე - ტრესტების, მონოპოლიების, ფასების დაწესების, მთელი ერის გაცარცვის საერთო ძალღონით, ურთიერთ შეთანხმებით და უბრძოლველათ სახელმწიფო აპარატების დახმარებით, ცხადია, ყოველნაირი რეგულიარიზაცია მისთვის მისაღებია, თუ ეს ძევს მის ხაზზე; ხოლო მისი მთავარი ინტერესია მიიღოს პროცენტები გასესხებულ თანხებზე, პირველ ყოვლისა, სოფლის მეურნეობიდან. გლეხები იძულებულია აირჩიონ ორში ერთი: ან ვალების გადახდა და საამისოთ ფასების აწევა, ან და ვალებზე უარის თქმა, რაც უდრის რევოლიუციას, ფინანსიური ბურჟუაზიის გაკოტრებას. რუზველტი ამას არ მალავს, ის პირდაპირ აცხადებს, - დავეხმაროთ ფერმერებს ვალის გადახდაშიო. მთელი მისი „მონეტიური პოლიტიკა“ ამ მხრით არის მიმართული და ეს სავსებით ძევს გაბატონებული კლასის ინტერესების სფეროში. ვერც ერთი თანამედროვე პარტია, ვერც სოციალისტური, ვერ მივიდა იმ დასკვნამდე მეურნეობის გამოსაბრუნებლათ, რომელზედაც მივიდა ძველი ათინის დემოკრატია. როცა მან დაინახა, რომ მიწის მესაკუთრეთა დავალიანება საფრთხეში აგდებს თვით დემოკრატიულ წყობილებას, მან სოლონის რეფორმებით ერთი დაკვრით გააუქმა ყველა ეს ვალები, მეურნეობა ჩააბრუნა პირვანდელ უვალო მდგომარეობაში და მით იხსნა ქვეყანა რეაქციონური კატასტროფისაგან. მაგრამ ეს დღეს შეუძლებელი ხდება: ის არ შედის ყველა კლასში და მთელ საზოგადოებაში გამეფებული პარაზიტული ფენების ანგარიშში, - ის შედის წვრილ მესაკუთრეთა ანგარიშში, რასაკვირველია, მაგრამ ისინი იმყოფებიან ორგვარ იდეიურ ტყვეობაში - ფინანსიური ბურჟუაზიის და თავისი საკუთარ ტრადიციულ წვრილბურჟუაზიულში.
ამ ნაირათ, საზოგადოების სოციალურ სტრუქტურასან ერთათ მოხდა მისი იდეიური სტრუქტურის შეცვლა. ახალმა ბატონებმა მოიტანეს თავისი იდეოლოგია და ის თავს მოახვიეს მთელ საზოგადოებას. დაიწყო ამის თანახმათ ახალი გზების ძიება, ახალი პოლიტიკის ამუშავება.
პოლიტიკა
ცნობილია, რომ ცხოვრებაში იმარჯვებს ის იდეები, რომელნიც ეთანხმებიან და ხატავენ ისტორიის ობიექტურ მსვლელობას. ამ მსვლელობის დღევანდელი ძირითადი ნიშნები ნათელია. ერთი მხრით დგას კაპიტალისტური წარმოების უაღრესი განვითარება, კაპიტალის უმაგალითო კონცენტრაცია, აუარებელი სიმდიდრის დამზადება, მეორე მხრით კი ეკონომიური კრიზისი, უმუშევრობა, მასების დაღარიბება და საზოგადოების აფორიაქება. მიზეზი და შედეგი აშკარაა: წარმოებასა და მოხმარებას შორის კავშირი გარღვეულია, მათ შორის წინააღმდეგობა საქვეყნოთ გამოაშკარავებულია და მაშასადამე, გამოსავალიც მონახულია. ამ გარღვეული კავშირის აღდგენა, ამ წინააღმდეგობათა მოსპობა არის ერთათ ერთი შესაძლებელი გამოსავალი, მაგრამ რა ფორმებით, - ძველით, დღევანდელით თუ ახალით?
ძველი საწარმოვო ფორმა ისტორიამ გადალახა: მისი საფუძველი - თავისუფალი კონკურენცია ობიექტურათ შეუძლებელია. კაპიტალიზმის თანამედროვე წესები სპობს მას, ის ვეღარ ეტევა მის ფორმებში. საწარმოვო მონოპოლია ბუნებრივათ უარყოფს თავისუფალ წარმოებას. რაკი საქონლის დამუშავება ვეღარ ითმენს კონკურენციას, ცხადია, ვერც მისი გასაღება უნდა ითმენდეს. მაშასადამე, ორივე ამ ეკონომიური მოვლენის ერთ ხაზზე აწყობა აუცილებელია, და სწორეთ ამის ცდაა დღეს. მაგრამ ამ ცდაში გამოტოვებულია მესამე უმაღლესი მომენტი, რაც თავდაყირა ატრიალებს მთელ ამ ცდას. ის არ არის შეთანხმებული მოხმარებასან, ხალხის მოთხოვნილებასან. დღესაც ისე არავინ იცის, ვის რამდენი საქონელი ეჭირვება, როგორც არ იცოდენ თავისუფალი კონკურენციის ხანაში, ე.ი. არ ხდება შეფარდება, მოთანხმება წარმოებას და მოხმარებას შორის. ამიტომ ყველა ეს რეფორმატორული ჭაპან წყვეტა ყინულზე დაწერილი თამასუქია, ის ოდნავათაც ვერ ანელებს კრიზისს და ვერ უკაფავს საზოგადოებას გზას, ის ერთ ალაგას იბეკნება. წარმოების და ნაწარმოების მომხმარებელისათვის მიწოდების რეორგანიზაცია ისეთ ფორმებში, რომელიც შეუძლებლათ ყოფს ერთ და იმავე დროს სიმდიდრის დაგროვებას და ხალხის გაღატაკებას, - აი თანამედროვე ეპოქის უმთავრესი ამოცანა. მაგრამ ეს ვერ გატარდება ეკონომიური კანონების, ისტორიული პირობების გარეშე; ფინანსიური ბურჟუაზიის ინტერესი სრულიად არ ეთანხმება არც წარმოების ინტერესს, არც ხალხის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას; ხოლო წვრილი ბურჟუაზიული სულისკვეთება საშუალო კლასებისა სრულიად ვერ თავსდება სხვილ ბურჟუაზიულ საწარმოვო ურთიერთობასან და მასზე აგებულ საზოგადოების სტრუქტურასან. ერთი ეწევა საზოგადოებას მის ბუნებრივი ბაზიდან უგზო უკვლოთ, ხოლო მეორე ეწიწება მას უკან, ძველი კარგი დროისაკენ, როცა ქვეყნათ ბატონობდა წვრილი წარმოება. ორივე ეს მიმდინარეობა უტოპიურია და ის უკვე ამუშავებისთანავე კოტრდება. საკმარისია მოვიგონოთ ხორბლის ფასების ფიქსაცია საფრანგეთში. ის მიუღებელი აღმოჩნდა მეურნეთათვის და, როგორც პალატის სხდომაზე გამოირკვა, მას ქურდულათ არღვევდენ, ე.ი. პალატის განჩინებამ ვერ დაარღვია ცხოვრების განჩინება. გლეხი ყიდის თავის ნაწარმოებს დაკანონებული ფასების ქვევით ან გაჭირებით ექაჩება, ან და მისი სამუშაო პირობები ნებას აძლევს ფასი დაუწიოს და მაინც მოიგოს. მაგარი სავალდებულო ფასები კი გულისხმობს, თითქოს ყველა მეურნე ერთნაირ საწარმოვო და მატერიალურ პირობებშია. აშკარა სიბრიყვე, გზა-დაბნეულ რეფორმატორების მიერ გამოგონებული.
საზოგადოთ, მოტყუება ცხოვრების, მისი რკინის კანონების, მისი ძირითადი ეკონომიური ურთიერთობის შეუძლებელია. ფასების ხელოვნურათ ერთ დარგში აწევა იწვევს ბუნებრივათ ფასების სხვა დარგებში აწევას და მაშასადამე, საზოგადოება მთლიანათ და მისი ნაწილები ცალ-ცალკე ვერას იგებენ. თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, მოსაგები ვერა ვნახე. ამ მხრით ტრაღი კომიკურ მდგომარეობაშია რუზველტი. მან ასწია ფასები სამეურნეო ნაწარმოების, ფერმერები „გაკეთდენ“, მეტი ფული აიღეს, მაგრამ როგორც იწყეს ამ თანხის ხარჯვა, საჭირო საქონლის ყიდვა, დაინახეს, რომ ყველაფერი გაძვირებულა და ჯიბეცარიელი დარჩენ. დაიწყო მოძრაობა, ორი მილიონი ფერმერი გაიფიცა. ქალაქებს ბოიკოტი გამოუცხადეს. დაფაცურდა „ტვინის ტრესტი“, უბრძანა ვაჭრებს, ფასები არ ასწიონ... ერთი სიტყვით, ის ცდილობს წაართვას ერს ქონების ერთი ნაწილი და შემდეგ ის აჩუქოს იმავე ერს, - სიზიფის ცნობილი შრომა.
აშკარაა, მთელი ეს უტოპიური რეფორმიზმი არ შეიძლება არ გათავდეს კრახით და საზოგადოებას არ დაუდგეს გადასაჭრელათ გადაუჭრელი კითხვა: რა უშველის? ნაცადია ყველა გზა: სამრეწველო ბურჟუაზიას დაეკარგა გეგემონია ფინანსიური ბურჟუაზიის სასარგებლოთ. ამ უკანასკნელმა მოგვცა უდიდესი მსოფლიო კრიზისი. წვრილი ბურჟუაზიული მალამო კოტრდება. ყველა კლასმა მოჭამა თავისი დრო და თავისი შესაძლებლობა, დარჩა ერთათ ერთი კლასი, რომლის სოციალური დოქტრინა არ გატარებულა და მისი გზა არ ცდილა. ეს არის მწარმოებელი პროლეტარიატი, კლასი ნაციონალური სიმდიდრის შემქნელი და ყველა არა მწარმოებელ კლასების მარჩენალი. დღევანდელი საყოველთაო ანტი-მარქსისტული კოალიცია არის არსებითათ მიმართული არა მარქსისტული სოციალიზმის, სამრეწველო პროლეტარიატის დოქტრინის წინააღმდეგ, რაიცა დღეს მუშათა კლასის ასპარეზიდან განდევნილია, არამედ წინააღმდეგ გამნაწილებელ კლასების სოციალიზმისა, რაიცა დღეს მუშათა პოლიტიკის ავანგარდშია და რასაც არაფერი საერთო არ აქვს პირველთან. აი ეს შეგნება დღეს იწყებს გზის გაკაფვას სოციალისტურ პარტიებში. დგება ბრძოლის ახალი ლოზუნგები, წამოყენებულია სოციალური რევოლიუციის აუცილებლობა, მაგრამ მთელ ამ მშვენიერ კამპანიას თან ახლავს მისი დამარღვეველი პოლიტიკა, ხალხის ფართე მასების ჩამოშორების „რეფორმიზმი“, ნაკარნახევი პარაზიტული ფენების ინტერესებით.
ავხსნათ.
სოციალური რევოლიუციის, უბრალო სოციალური რეფორმის გატარებაც კი მოითხოვს ერის უმრავლესობის დარაზმვას ერთ საერთო პლატფორმაზე. არასოდეს არც ერთი რევოლიუცია არ მომხდარა ხალხის ფართე მასების ინტერესის წინააღმდეგ. რუსეთის უკანასკნელი რევოლიუციაც კი, რომლის მაგალითი პირზე აკერიათ, ემორჩილება ამ საერთო ისტორიულ აუცილებლობას: მან გაიმარჯვა იმით, რომ მას ეხმარებოდა გარდა მუშებისა, მთელი გლეხობა, მთელი საშუალო კლასები. მართალია, ამ რევოლიუციურ მასას შემდეგ მოაჯდა გაბატონებული საბჭოთა ხელისუფლება და დიქტატურის საშუალებით დაიმორჩილა ის, მაგრამ ეს ხომ რევოლიუციის ბოლო ეტაპია, მისი დასრულებაა, რაიცა ხშირათ მომხდარა ისტორიაში. ხალხს დაურჩა იმდენი ძალა, რომ ძველი ბატონები თავიდან მოიშოროს, მაგრამ არა იმდენი, რომ თავისთავს უბატონოს. ეს ძველი ამბავია.
ერთი სიტყვით, მარქსისტული სოციალიზმი რევოლიუციას
უყურებს, როგორც ერის უმრავლესობის ამოძრავებას უმცირესობის წინააღმდეგ. მაშასადამე, „პუჩი“, ამბოხება, შეთქმულობა გამორიცხულია. სავალდებულოა მხოლოდ ისტორიულათ რევოლიუციურ კლასს ემხრობოდეს ყველა სხვა უკმაყოფილო კლასები და მით ის გადაიქცეს მთელი მოძრაობის მეთაურათ. ეს ერთი კლასის მიერ გამოხატვა მთელი საზოგადოების მიდრეკილების შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ის „საერთო უფლების სახელით ითხოვს საზოგადო სუპრემატიას... რომ ხალხის რევოლიუცია და ერთი კლასის ემანსიპაცია ბურჟუაზიული საზოგადოებისა შეთავსდეს. ერთი კლასი რომ წარმოადგენდეს მთელ საზოგადოებას, საჭიროა პირიქით საზოგადოების მთელი სიდუხჭირე თავმოყრილი იყოს მეორე კლასში, რომელიც წარმოადგენს საერთო სკანდალს, განსახიერებას საზოგადო დაბრკოლების“...5. „კომუნისტური მანიფესტი“ ხაზგასმით ჩამოთვლის ყველა იმ საშუალო კლასებს, რომელიც უნდა დადგენ პროლეტარიატის გვერდით რევოლიუციურ ბრძოლაში. ავტორთ ესეც არ მიაჩნიათ საკმარისათ და სწერენ: „იმ დროს, როცა კლასთა ბრძოლა უახლოვდება გადამწყვეტ მომენტს, გაბატონებული კლასის, მთელი საზოგადოების რღვევის პროცესი ისე მკაცრათ წარმოებს, რომ ერთი ნაწილი გაბატონებული კლასისა შორდება თავის კლასს და ემხრობა რევოლიუციურ კლასს, რომელიც წარმოადგენს მომავალს“.
ამ ნაირათ, მცირე რიცხოვან გაბატონებულ კაპიტალისტებს ეპირდაპირება მთელი ერი პროლეტარიატის მეთაურობით, სოციალიზმის დროშის ქვეშ თავმოყრილი. რევოლიუცია ჩაღდება, აი ნამდვილი მარქსისტული გაგება რევოლიუციის, რომელიც ძირბუდიანათ უარყოფს თანამედროვე გაგებას, როგორც ცდას სოციალიზმის განხორციელებისა ხალხის ფართე მასებთან დაპირდაპირებით, პროლეტარიატის განმარტოვებით და სოციალისტური სექტარიზმის გამეფებით.
მაშასადამე, მომავალი პროლეტარული რევოლიუცია გულისხმობს ორ მომენტს: შემქნელი პროლეტარიატის პოლიტიკურ სუპრემატიას დაქირავებულთა შორის და საშუალო კლასების მომხრობას. ეს არის რევოლიუცია მწარმოებელთა და მას ატარებენ მწარმოებლები. ყველა არა მწარმოებელი უკმაყოფილო კლასები მათ მისდევენ და ზურგს უმაგრებენ.
ეს ორი მომენტი თავის მხრივ მოითხოვს პარაზიტული ფენების და მათი მომხმარებელი სოციალიზმის უკუგდებას მუშათა კლასში და წვრილ მწარმოებელთა ინტერესების წინ წამოწევას საშუალო კლასებში. ეჭვს გარეშეა, რომ ყველა სიმდიდრის შემქნელი კლასები ერთნაირათ განწყობილია ანტიკაპიტალისტურათ, მუშაც და წვრილი მესაკუთრეც. მხოლოდ მათ ვერ მოუნახავთ ის ხიდი, სადაც ისინი უნდა შეხვდენ ერთმანეთს და დაამხანაგდენ. ეს მათი დაშორება არასოდეს არ ყოფილა ისე მკაცრი, როგორიც არის დღეს. მთელი ანტიმარქსისტული შემოტევა დაყრდნობილია სწორეთ საშუალო კლასებზე, ე.ი. პროლეტარიატი, მთელი მუშათა კლასი განმარტოვებულია, ერის უმრავლესობისაგან მოწყვეტილია და მით შექმნილია სავსებით არა რევოლიუციური მდგომარეობა. ანტიმუშური რეაქცია მძვინვარებს ყოველგან, როგორც ფაშისტურ, ისე დემოკრატიულ ქვეყნებში. პროლეტარიატის იზოლიაცია, ბურჟუაზიის ბანაკის გამრავლება - ფაქტია.
რით აიხსნება ეს გარემოება?
პირველი და მთავარი მიზეზია დაპირდაპირება დაქირავებული შრომის ერთი ნაწილის და უმუშიერთა ინტერესების - საშუალო კლასების ინტერესებთან. უმუშიერის დახმარება, მოხელეთა პრივილეგიების დაცვა, დიდი ბიუჯეტის შენახვა წარმოებს გადამხდელთა ანგარიშზე, პირველ ყოვლისა, საშუალო კლასების. და რადგანაც სოციალისტური პარტიები გახდენ ამ მიმდინარეობის მატარებლები, ამით ისინი დაუპირდაპირდენ წვრილ მესაკუთრეთ, მთელ წვრილ ბურჟუაზიას.
გასულ საუკუნეთა ყველა რევოლიუცია იყო რევოლიუცია ორი კლასის: მუშების და საშუალო კლასების. ამათი ბლოკი აშკარა გახდა 1848 წლის რევოლიუციებში: საფრანგეთში „შეერთებული ბურჟუაზიის პირდაპირ შედგა კოალიცია წვრილი ბურჟუების და მუშების, რასაც მაშინ დაერქვა სოციალ-დემოკრატია“, სწერს მარქსი. ასეთივე ბლოკი იყო გერმანიაში. მათი ასეთი დაახლოვება მოხდა გადასახადების ნიადაგზე. წვრილი ბურჟუაზია, შეწუხებული გადასახადების მომატებით, აუჯანყდა ხელისუფლებას. ამიტომ პარიზის რევოლიუციური მთავრობა 7 მარტს აცხადებს სახელმწიფო ხარჯების შემოკლებას და გადასახადების შესაფერათ დაკლებას. ეს დაპირება მან ვერ გაატარა და ბოლოს იძულებული გახდა 16 მარტის საგადასახადო დეკრეტი უკან წაეღო. საზოგადოთ, მარქსის გამოკვლევით ყველა ამ რევოლიუციაში და კონტრ-რევოლიუციაში გადასახადების საკითხი თამაშობდა მთავარ როლს6. და განა თვით დიდი რევოლიუცია ამავე საკითხმა არ გამოიწვია? წოდებათა ყრილობა მოწოდებული იყო სწორეთ გადასახადების მოსაწესრიგებლათ.
საშუალო კლასების მთავარი საზრუნავი იყო მუდამ და არის დღეს გადასახადების შემცირება, მაშასადამე, იაფი მმართველობა, მოხელეების დამორჩილება, მათი რიცხვის შემოკლება, სახელმწიფო აპარატისათვის ნაკლები ხარკის გაღება. აი სწორეთ ამიტომ ყველა ძველ სოციალისტურ პროგრამებში აღნიშნული იყო არა პირდაპირი გადასახადების მოსპობა, რაიცა ახალ პროგრამებში სავსებით გაქრა, ე.ი. თანამედროვე სოციალისტური პოლიტიკა გადაუდგა ძველ რევოლიუციურ პოლიტიკას, ძველ პროგრამას და მოხელეთა და უმუშიერთა გავლენით მიიმართა საშუალო კლასების წინააღმდეგ. ამის ნათელსაყოფათ საკმარისია მოვიგონოთ საფრანგეთის სოც. პარ. პროგრამათა ცვლილება. 1892 წ. პროგრამაში შეტანილ იქნა ორი მუხლი: მე-4: თემის მიწების გადაცემა უმიწაწყლო გლეხებისათვის სასარგებლოთ იმ პირობით, რომ მიწა თვითონ დაამუშაონ და საქველმოქმედო კასისათვის მცირე ნაწილი გაიღონ; მე-10: გაუქმება ყველა არა-პირდაპირი გადასახადის, გაუქმება სამიწათმფლობელო გადასახადის იმათზე, ვინც თვითონ ამუშავებს მიწას. 1919 წლის პროგრამაში პირველი მოთხოვნილება გაქრა, მეორე დარჩა, ხოლო 1930 წ. პროგრამაში ორივე გაქრა; სამაგიეროთ, შეტანილია გაუქმება არა-პირდაპირი გადასახადების პირველ საჭიროების სურსათზე. 1932 წლის საარჩევნო პლატფორმაში აღარც ეს მოთხოვნილებაა და ყველა მათ ალაგას წამოყენებულია „ფასების რეგულიარიზაცია“, ეს წვრილბურჟუაზიული უტოპია. ასეთი საპროგრამო მეტამორფოზა აიხსნება ძალთა ახალი გადაჯგუფებით დაქირავებულთა შორის, შემქნელთა გავლენის დასუსტებით და არა-შემქნელთა, ჯამაგირიანი ხალხის გავლენის გაზრდით და ბოლოს, გაბატონებით. დიდი ბიუჯეტი, დიდი გადასახადები გადაიქცა ამ ფენების მოთხოვნილებათ.
როგორც ხედავთ, გადასახადების საკითხი არის საბოლაოთ საკითხი საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ. ეს მუდმივი მძიმე პრობლემა ყველა დროის, კულტურის და მდგომარეობისა, მარქსის აზრით, საზოგადოება თავისუფალია იმდენათ, რამდენათ ის ნაკლებათ დამოჩილებულია სახელმწიფოს მიერ7, ხოლო დღევანდელი „მარქსისტებისათვის“ კი პირიქით, საზოგადოების დამორჩილება სახელმწიფოს მიერ მთავარი მოთხოვნილებაა, - დამორჩილება ნივთიერი ბიუჯეტით და მონოპოლიებით დემოკრატიაში; ხოლო ფაშისტები ამას აგრძელებენ და საზოგადოებას იმორჩილებენ როგორც ნივთიერათ, ისე სულიერათ და პოლიციურათ. მაგრამ რაკი მთელი ამ მიმდინარეობის ბაზა ნივთიერი ხასიათისაა, ცხადია, მისი დემოკრატიული ფრთა უნდა მივიდეს თავის ლოღიკურ დასკვნამდე, ამა თუ იმ ფორმის ტირანიამდე. პარაზიტული ნაწილებისათვის ეს დასკვნა ყურადღების ღირსი არ არის: მისთვის ყველა ხელისუფლება მისაღებია, ვინც კი ჯამაგირებს და სუბსიდიებს არ მოაკლებს.
აშკარაა, ბრძოლა ბიუჯეტის შემცირების, გადასახადების შემოკლებისათვის არის ბრძოლა თავისუფლებისათვის, და პირიქით: ბრძოლა დიდი ბიუჯეტის, დიდი ჯამაგირისათვის არის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის არსებითად ნაპოლეონური დოქტრინა, ბატონობის ერთი საშუალებათაგანი, სამღვდელოების და ჯარის გვერდით. „უშველებელი ბიუროკრატია, კარგათ ჩაცმული და კარგათ მჭამელი არის იდეია ნაპოლეონური, რაიცა ყველაზე უფრო უღიმოდა მეორე ბონაპარტს. და როგორ შეიძლებოდა სხვანაირათ? განა ის არ იყო იძულებული შეექნა საზოგადოების რეალური კლასების გვერდით ხელოვნური კასტა, რომ მისი რეჟიმის დაცვა გამხდარიყო ყოველდღიური ჭამის საკითხათ. ამიტომ მისი პირველი ფინანსიური ოპერაცია შეიცავდა მოხელეთა ჯამაგირების აწევას ძველ დონემდე და ახალი სინეკურების შექმნას“8, სწერს მარქსი.
დღეს კი როგორ შეტრიალდა ყველა ეს! ნაპოლეონური იდეია გადაიქცა სოციალისტურ იდეიათ, ხოლო მარქსისტული იდეია - ანტისოციალისტურ დროშათ! მოხელეთა კარტელი უკარნახებს პოლიტიკას სოციალისტურ პარტიას! მარქსიზმის და თანამედროვე სოციალიზმის გაყრა არც ერთ სფეროში არ არის ისეთი მკაცრი და თვალსაჩინო, როგორც სწორეთ გადასახადების საკითხში. და ეს არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ აგრეთვე ეკონომიურის. ყველა გადასახადს საბოლოოთ იხდის მწარმოებელი კლასები, ახალი ღირებულების შემქნელნი, მუშა და წვრილი მესაკუთრენი. ბრძოლა გადასახადების ირგვლივ ნიშნავს ბრძოლას ამ კლასებისა თავისივე ნაშრომის განაწილების ირგვლივ: რამდენი დარჩეს მას და რამდენი ყველა დანარჩენ მუქთა მჭამელთ - მემამულეთ, კაპიტალისტთ და სახელმწიფოს.
ამის შემდეგ რა გასაკვირალია, საშუალო კლასები აჯანყებული იყოს და „ანტიმარქსისტულ“ ბლოკში გადაჯგუფებული. ის წვრილი შეძლების ხალხი, რომელიც ყველა რევოლიუციაში მუშათა გვერდზე იდგა, ახლა დადგა მუშის წინააღმდეგ ყველა მის მტერთა გვერდზე. ამ გარემოებამ შეარყია თვით მუშათა კლასი. ის თავის ზურგის ჯარის გაქცევით დამფრთხალი, მოდუნებული, ნებისყოფას მოკლებული და დაბნეულია. ის მოიცვა წვრიმალ რეფორმიზმმა, მას დაეკარგა ფართე სოციალური ჰორიზონტი.
საკითხი საშუალო კლასებთან დამოკიდებულებისა არის ძირითადი საკითხი პროლეტარული ბრძოლისა. ამათი ბლოკი დემოკრატიის ნიადაგზე გახდა თავდები დემოკრატიული წყობილების დამყარებისა. ამათი ბლოკი სოციალურ ნიადაგზე არის ერთათ ერთი თავდები სოციალისტური გარდაქმნისა. ყოველგან, სადაც კი საშუალო კლასები გადაუდგა დემოკრატიას, იქ დაინგრა ეს წყობილება და თან მოიყოლა პროლეტარიატიც. პარტია, რომელიც ფიქრობს ორში ერთს - ან ძალაუფლების დაპატრონებას შეთქმულებით, რაიმე შემთხვევით და მის ამუშავებას დიქტატორული მეთოდით, მსგავსათ ბოლშევიკებისა, ან და სექტარიზმის ფარგალში ჩაკეტვას, წმინდა ბერათ დარჩენას და „ღმერთო, ღმერთოს“ ძახილით სასუფეველში შესვლას. ფართე სახალხო მოძრაობა თუ ვიწრო ჯგუფური უძლურება - აი რა დილემაა გადასაწყვეტი და შესაფერი გზები გამოსანახავი. პირველი გულისხმობს მწარმოებელი კლასების დარაზმვას, მათი საერთო მისწრაფების და ინტერესების გაერთიანებას და ყველა დანარჩენი საზოგადოებისათვის დაპირდაპირებას. მხოლოდ ასეთი დაჯგუფება მოგვცემს იმ გარდამავალ საფეხურს სოციალიზმისაკენ, რასაც ასე გაფაციცებით ეძებენ ეს ერთი ხანია და პოულობენ იქ, სადაც მხოლოდ აღვირ წახსნილი პლუტოკრატია და წვრილბურჟუაზიული უტოპიაა. საშუალო კლასის ბლოკი ბურჟუაზიასან იძლევა მართალია გარდამავალ საფეხურს, მაგრამ არა სოციალიზმისაკენ, არამედ ტირანიისაკენ: ის ფაშიზმის წინა კარებია.
საშუალო კლასებს და პროლეტარიატს შორის არის შემდეგი საერთო ინტერესები:
პირველათ, ორივე ერთნაირათ, თუმცა სხვა და სხვა გზით, იყვლიფებიან ბურჟუაზიის მიერ; ანტიკაპიტალიზმი მათი საერთო ნიადაგია; საერთო საბოლაო დროშა ამით ბოძებულია.
მეორეთ, მუშის ქირის და საერთოთ, სასყიდელი ძალის გადიდება, რაიცა ადიდებს გლეხის, ხელოსნის და წვრილი ვაჭრების საქონლის გასაღებას. მაშასადამე, საერთო რეფორმატორული მუშაობა ბოძებულია.
მესამეთ, სიმდიდრის შექმნა, დამუშავებული ღირებულების რაც შეიძლება მეტი ნაწილის მათთვის დატოვება. მაშასადამე, ნაკლები მუქთათ მჭამელი, ნაკლები მოხელეობა, იაფი სახელმწიფო აპარატი, შემქნელი კლასების უაღრესობა მომვლელ და გამანაწილებელ ფენებზე.
მეოთხეთ, ვინაიდან პროლეტარიატი და საშუალო კლასები ერის დიდი უმრავლესობაა, მათი მმართველობა, დემოკრატია საერთო პოლიტიკური ნიადაგია.
ერთი სიტყვით, სოციალიზმი, რეფორმა, დემოკრატია, - აი მათი შემაერთებელი გზა და ხიდი.
ამ ხიდზე გაჩხირულია „ხელოვნური კასტა“, ბიუროკრატია, რომლის ინტერესი პირდაპირ ეწინააღმდეგება საშუალო კლასების, მთელი ხალხის ინტერესებს და ანგრევს ამ შემაერთებელ დვრიტეს. მისი ადგილი აქ არ არის: მას უნდა ეჩვენოს თავისი ადგილი ან გაბატონებულთა გვერდით, რომელთაც ის მუდამ ემსახურება, ან და მწარმოებელი კლასების წინაშე თავისი კასტიური დროშის დაწევა.
საშუალო კლასების არსებობის საკითხია მათი საკუთრების და ინდივიდუალური შრომის მფარველობა და დამაგრება. ამ სფეროში მარქსიზმს აქვს თავიდანვე აღებული ერთი ხაზი და მისთვის არასოდეს არ გადაუხვევია. ის ებრძვის არა საკუთრებას საზოგადოთ, არამედ კაპიტალისტურ საკუთრებას, სხვისი შრომის გაყვლეფის სოციალურ საშუალებას. მაშასადამე, წვრილი საკუთრება და მასზე აგებული ინდივიდუალური შრომის ურთიერთობა რჩება ხელშეუხებელი, არ შეადგენს საგანს სოციალიზაციისას; პირიქით, ის ღებულობს დახმარებას და მფარველობას სოციალისტური ხელისუფლებისაგან. ამის დაგვარათ არის შედგენილი ყველა სოციალისტური აგრარიული პროგრამმა და ეს ღრმათ სწამდა დაინტერესებულ კლასებს. მაგრამ ეს არის დეკლარაცია, თეორია, რომლის გულწრფელობას ლახვარი ჩაცა თვით მისმა ავტორებმა. პირველი ნაბიჯი ამ მხრით გადადგა საფრანგეთის სოც. პარტიამ, რომელმაც მიიღო შემდეგი რეზოლიუცია ტულუზის კონგრესზე:
„უეჭველია, არის ჩვენს და ბოლშევიკებს შორის დოქტრინალური საბოლაო მიზნის უდაო ერთობა: როგორც ჩვენ, ისე იმათ სურთ დღევანდელი რეჟიმის ალაგას შექმნან მეორე რეჟიმი, რომელიც დაუტოვებს მთელ საზოგადოებას თავისი სიმდიდრის მოხმარას“, და სხვ.
მაგრამ ბოლშევიკების რეჟიმი არსებობს არა დოქტრინაში, არამედ სინამდვილეში. ის ყველასათვის დასანახავი, ცოცხალი მოვლენაა; ის ახორციელებს თავის სოციალურ მიზანს. მისი დამახასიათებელია არა კერძო კაპიტალისტური საკუთრების მოსპობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა, არამედ საზოგადოთ საკუთრების მოსპობა, საშუალო კლასების ექსპროპრიაცია და განადგურება. იყო დრო, როცა კაპიტალისტური საკუთრება არ ყოფილა და საზოგადოება და მისი ისტორია მაინც ვითარდებოდა. მაგრამ პრიმიტიული მიწის საერთო მფლობელობის დარღვევის შემდეგ ისტორიამ არ იცის პერიოდი, სადაც წვრილი საკუთრება და მასზე აგებული ინდივიდუალური შრომის ურთიერთობა არ არსებულიყოს. რაკი საბჭოთა ხელისუფლებამ აი ეს ისტორიულათ ბოძებული კლასი და მისი საკუთრებაც ძალით მოსპო და ამავე დროს მას ენათესავება სოციალიზმი, რანაირათ უნდა გაიგოს ეს მოუსპობელ საშუალო კლასებმა, რომელთაც ის ასეთი განცხადებით მიმართავს? დასკვნა ერთათ-ერთი შეიძლება: სოციალიზმის მსგავსათ, ბოლშევიზმი მზათ არის გაანადგუროს საშუალო კლასები, როგორც კი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს. ყველა წინანდელ აგრარულ პროგრამას და საგლეხო დეკლარაციებს ამით ფასი ეკარგება და ბურჟუაზიის ბანაკი ძლიერდება. ასეთი ბოლშევიზანური რეზოლიუციებით მოხერხებულათ ისარგებლეს სოციალიზმის მტრებმა და ის გადააქციეს საშუალო კლასების საფრთხუნალათ. მუსოლინის, ჰიტლერის, დოლფუსის გაბატონებაში ამ საფრთხუნალამ ითამაშა უდიდესი როლი.
ტულუზის რეზოლიუცია არსებითადაც მოკლებულია ყოველივე სიმართლეს. არავითარი სიმდიდრე ბოლშევიკურ ხელისუფლებას საზოგადოებისათვის არ გადაუცია, არც აპირებს გადაცემას, ყველაფერს და ყველას ბიუროკრატია განაგებს, პოლიცია პატრონობს, საზოგადოება და მისი რაიმე ორგანიზაცია არ არსებობს.
აი ეს ბოლშევიზანობა, ნათესაობა მოსკოვის წყობილებასან, მფარველობა და გამართლება იმ რეჟიმის, რომელმაც დაიმონა 160 მილიონი ხალხი და მას ანადგურებს, უკარგავს მორალურ ძალას და პოლიტიკურ გავლენას სოციალიზმის არამარტო საშუალო კლასებში, არამედ აგრეთვე პროლეტარიატშიაც. ამ რევოლიუციური კლასის გაზომიერება, მისი ბრძოლის რეფორმიზმით შემოფარგვლა აიხსნება შიშით სოციალურ-რევოლიუციის წინაშე, ვაი თუ ბოლშევიზმი გამეფდესო. არც ერთი ქვეყნის ხალხს არ სურს ჩავარდეს რუსის ხალხის მდგომარეობაში, რამდენიც უნდა ეჩიჩინონ ბოლშევიზანებმა. ამის შედეგია მხოლოდ პროლეტარიატის იზოლიაცია, მოდუნება და სოც. პარტიების დაქვეითება, ალაგალაგ სავსებით განადგურება. სიტრინმა სამართლიანათ თქვა ბრიტანიის მუშათა კონგრესზე: რამდენ კომუნისტს გააჩენთ, იმდენ ფაშისტს გააჩენთ მის პირდაპირო. მაგრამ დაავიწყდა ეთქვა: რამდენ ბოლშევიზანს გააჩენთ სოციალისტურ ინტერნაციონალში, იმდენ გავლენას დაკარგავთო...
ამნაირათ, პროლეტარიატის იზოლიაცია, ამოძრავებული და შეკავშირებული საშუალო კლასების გადასვლა ბურჟუაზიის ბანაკისაგან და მით სოციალიზმის დასუსტება გამოიწვია ორმა გარემოებამ: გამანაწილებელი სოციალიზმის გამარჯვებამ სოციალურ პოლიტიკაში და ბოლშევიზმთან იდეოლოგიურათ გადაკავშირებამ. ორივე ეს სავსებით ანტიმარქსისტული მიმდინარეობა საღდება მარქსიზმის სახელით და სახელს უტეხს რა მარქსიზმს, ძირს უთხრის სოციალისტური რევოლიუციის სადღეისო საკითხათ გადაქცევას. სოციალისტების რეფორმისტული პოლიტიკა სოციალისტურ რევოლიუციურ ლოზუნგებს ხდის ხმათ მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
მუსოლინის ერთი სოციალური დიაგნოზი მართალია: „ეს ცივილიზაცია, რომელიც აეგო კაპიტალიზმზე და ლიბერალიზმზე, გაკოტრდა“-ო, თქვა მან. მაგრამ ამ სინამდვილეს უნდა მიემატოს მეორე: ის წვრილი ბურჟუაზიული ცივილიზაცია, რომლის მედროშეთ ფაშიზმია, კიდევ უფრო წინ გაკოტრდა. ე.ი. ყველა კლასებმა სცადა თავისი დოქტრინის განხორციელება და დამარცხდა. არ უცდია მხოლოდ ერთ კლასს და მისი ჯერი დადგა. ეს კლასია მწარმოებელი პროლეტარიატი, მისი დოქტრინით, მისი საწარმოვო პირობებით და ისტორიული მოწოდებით. დღევანდელი სოციალური ქაოსიდან ეს ერთი ბილიკია დარჩენილი კაცობრიობის გამოსასვლელათ.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №39, 40
______________
1. R. Küstermeier. Die Mitelchichten
2. იხ. კაპიტალი I, თავი 23.
3. კაპიტალი, უკანასკნელი ტომი, თავი 27.
4. L'Idée générale de la Révolution au XIX s. 1851. გვ. 262.
5. მარქსი: ჰეგელის უფლების ფილოსოფიის კრიტიკა.
6. მე-18 ბრიუმერი, რევოლიუცია და კონტრ-რევოლიუცია.
7. იხ. მისი კრიტიკა გოტის პროგრამისა.
8. მე-18 ბრიუმერი.
![]() |
63 თვალსაჩინო გაკვეთილი |
▲ზევით დაბრუნება |
პარიზი წმინდა პარიზულათ ჩაერია პოლიტიკურ ბრძოლაში და პარლამენტალურ მეთოდს რევოლიუციური მეთოდი დაუპირდაპირა.
პარიჟი არასოდეს არ ყოფილა შეპყრობილი „პარლამენტალური კრეტინიზმით“, თვითონ დიდი დემოკრატი არასოდეს დემოკრატიული ლიტანია ხელშეუხებელათ არ უცვნია და პირდაპირ მოქმედებაზე ხელი არ აუღია.
პარიზმა არა ერთი და ორი პალატა გარეკა, არა ერთი და ორი რეჟიმი გადააგდო, არა ერთი და ორი დინასტია გააუქმა. პარიჟი მუდამ სცნობს ერთ დროშას, რომლის ქვეშ ყველა გაჭივრებულ მომენტებში თავს იყრის. ეს დროშაა - კანონი საზოგადოების გადარჩენის. ხოლო რით გადარჩება ის, კანონით თუ უკანონობით, პარლამენტით თუ ქუჩით - ეს დროის და გარემოების საკითხათ მიაჩნია.
და სწორეთ 6 თებერვალს ღამით ქუჩა ახმაურდა. სისხლიანი დემონსტრაციები მოხდა. მასა საბრძოლველათ გამოვიდა და გამარჯვებაც ირგუნა: 12 თებერვალს გამოვიდა პროლეტარიატი საერთო გაფიცვით.
რა მოხდა, რაშია საქმე?
საფრანგეთშიაც დაიწყო ის კრიზისი, რაც სხვაგან დემოკრატიის დანგრევით გათავდა. უძლური პალატა, უძლური მემარცხენეთა ბლოკი, მთავრობათა დაუსრულებელი ცვლა, საშინაო და საგარეო კრიზისის გამწვავება, არსაიდან შველა, არსად გამოსავალი - აი უკანასკნელი თვეების პოლიტიკური მდგომარეობა საფრანგეთში. პალატა დაშორდა ხალხს, მის სულისკვეთებას, მის ჭირვარამს და ჩაიკეტა ბურბონის სასახლეში. აქ გაჩაღდა კენჭობია. პარტიათა ერთიმეორის გადაგდება, სამინისტრო კომბინაციები, სკანდალების ხელის დაფარება. ლაპარაკი, დაუსრულებელი ენამჭევრობა და საწყალი საქმიანობა. პარიზს მოსწყინდა ამ სურათის ცქერა; ითმინა, დიდხანს ითმინა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ბერლინივით სულგრძელი არ გამოდგა. მან არ დაანება სტიქიას თავაშვებულათ ეთარეშა. დაწყებული უპატრონობა და უთავბოლობა ბერლინივით გაღრმავებულიყო და ბოლოს გერმანულათ გათავებულიყო. ის ადგა და ჩაერია. დემოკრატიული მეთოდი დაირღვა, მაგრამ დემოკრატია შეინახა, დეპუტატები არ გარეკა, მაგრამ ჭკვაზე კი მოიყვანა, ეს ქვეყნის პატრონები თავის საპატრონოთ გამოაცხადა.
6 ამ თვეს ქუჩაზე გამოვიდა ხალხი, საშუალო კლასები; ქუჩაზე არ გამოვიდა პროლეტარიატი, მუშური ფენები. აქ გამოჩნდა აშკარათ უდიდესი ფაქტი: ამ ორ კლასთა შორის კავშირის გარღვევა, მუშების განმარტოვება, წვრილი ბურჟუაზიის მარცხენა პალატის წინააღმდეგ ამუშავება. ამით მოხერხებულათ ისარგებლეს ფაშისტურ ორგანიზაციებმა და მოინდომეს ამოძრავებულ ხალხის თავის მიზნებისაკენ მიმართვა.
პოლიტიკა, რომელიც საშუალო კლასებს ფაშისტებს მიურეკს, უვარგისი, დასაგმობი პოლიტიკაა. მარცხენა ბლოკმა აწარმოვა ეს პოლიტიკა და მოიმკო შესაფერი ნაყოფი; დელადიეს სამინისტროს დაცემა, რადიკალების სრული კაპიტიულაცია, ნეოსოციალისტების მათკენ გაყოლა და ძველი სოციალისტების იზოლიაცია.
პარიზი გამოვიდა ფაშისტებთან ერთათ, მაგრამ მათ ბოლომდე არ გაყვა. ის დემოკრატიას არ გადაუდგა და პარლამენტარულ რეჟიმს ბრძოლა არ გამოუცხადა. მან დაიკავა საკუთარი პოზიცია, პოზიცია საშუალო კლასებისა, ყავდეს საღი, საქმიანი დემოკრატია. მას უყვარს მთავრობა მომქმედი და არა მოლაყბე; მას სურს ქონდეს მისი რეჟიმი, წმინდა, გაურყვნელი. მისთვის ხელის შემწყობი და დამხმარე. მან ეს მარცხნით ვერ ნახა და მიდგა მარჯვნივ. ეს იყო კრახი პირველ ყოვლისა რადიკალების; ესენი დატოვა მათმა ჯარმა და ამით იძულებული გახდენ თვითონაც მარჯვნივ გაქცეულიყვენ. სოციალისტები გაიყვენ - ერთნი მიემხრენ გამარჯვებულთ, იმ იმედით, რომ დემოკრატია გადაარჩინონ, მთავრობა მარტო საეჭვო ელემენტების ამარათ არ დასტოვონ. მათი ლიდერი კომპერ მორელი სწერს:
„პალატა გახდა ასე არა პოპულიარული საზოგადოების ყველა ფენებში, ყველა კლასებში იმიტომ, რომ მან დაგვანახვა უძლურება მართველობის. კანონმდებლობის და მოქმედების.“ აი „სიღარიბის მოწმობა“ კარტელისათვის ბოძებული. სწორეთ რეიხსტაგის ასეთ უძლურებამ მოგვცა ჰიტლერი და რომ პარიზი დროზე არ ამდგარიყო აქაც ასე გათავდებოდა. ქუჩამ ჩამოკრა პირველი ზარი, ზარი გაფრთხილების და დაფიქრების. განა გერმანიის დემოკრატია დიდათ მოგებული არ იქნებოდა, ბერლინის ხალხი ამდგარიყო და მისთვის თავში ჩაეკრა? მან კი დეპუტატებთან ერთათ დინჯათ ითვალა კენჭები. ვითომ ეს თვლა სწყვეტდეს ქვეყნის ბედს. ამასობაში მას წამოეპარა ვინც კენჭობიას არ ეტრფის და წესი აუგო მთელ ამ უძლურთა კიდობანს.
პარიზი მუდამ ეკუთვნოდა საშუალო კლასებს და წყდებოდა მისი ბედი მათი საშუალებით; მუშათა კლასი თავმოყრილია მის ირგვლივ, უმთავრესათ პარიზის ფობურგებში (სენდენი, კურბევუა, ბიანკური და სხ.); აქ რევოლიუცია ნიშნავდა საშუალო კლასის გადასვლას მუშათა მხარეზე, კონტრ რევოლიუცია კი ამ კავშირის დარღვევას და მათ გადასვლას ბურჟუაზიისაკენ. პოლიტიკა მიმართული ამ კლასების ინტერესების წინააღმდეგ ყველაზე უფრო საფათარაკოა სწორეთ საფრანგეთისათვის, რომლის ჩარხს პარიზი აბრუნებს. ამ ჟამათ ეს მოუსვენარი აქტიური ფენები შეჩერდენ დემოკრატიის ნიადაგზე, მაგრამ შემდეგ? ეს დამოკიდებულია მუშათა წრეების დამოკიდებულებაზე.
9 ამ თვეს კომუნისტების გამოსვლა ნიშნავდა ფაშისტების წისქვილზე ახალი ნაკადულების მიშვებას. საშუალო კლასების საბჭოთა პერსპექტივებით დაფრთხობას და მათ კიდევ უფრო მარჯვნივ გადაქანებას. საბედნიეროთ არც წვრილ ბურჟუაზიაა პოლიტიკურათ უწვრთნელი, ადვილათ დასაშინებელი, არც კომუნისტებია მრავალრიცხოვანი და გავლენის პატრონნი. სულ სხვაა სოციალისტების მეორე რაზმი. ბლიუმი დროშის ქვეშ თავმოყრილნი, რომელთა წონა და გავლენა საკმაოთ დიდია. განიმეორებენ ესენი გერმანიის სოციალ დემოკრატიის პრობოლშევიკურ ტაქტიკას. დაძმობილდებიან კომუნისტებთან „საერთო მტრის“ წინააღმდეგ, საშუალო კლასებს საწოლს მოუმზადებენ ფაშისტების ბანაკში. დაიწყეს კი ამ ნაბიჯით, მოუწოდეს მოსკოველთ „საერთო მტერთან“ ერთათ საბრძოლველათ. თავის თავს კი სრულიად არ ეკითხებიან, სად არის ეს „საერთო მტერი“:;დემოკრატიას უარყოფს კომუნისტები ისე როგორც ფაშისტები; რანაირათ შეიძლება კომუნისტი იყო დემოკრატიისათვის თანამებრძოლი - სრულიად გაუგებარია. ის ებრძვის ფაშიზმს არა დემოკრატიისათვის, არამედ თავისი საკუთარი დიქტატურისათვის.
ამ ჟამათ პარიზში, მთელ საფრანგეთში წარმოებს ბრძოლა პარტიათა შორის საშუალო კლასების მოსამხრობათ. ეს კლასები პირველ ყოვლისა ანგარიშს უწევენ ძალას: ეს ძალა 6 თებერვალს დაანახვა მარჯვენამ, გადაექანენ მისკენ: სამაგიეროთ 12 ამ თვეს პროლეტარიატმა მდგომარეობა გამოაკეთა; მისმა საერთო გაფიცვამ, მოწყობილათ და საკმაოდ ფართეთ ჩატარებულმა, მოაგონა ქვეყანას მუშა - პარიზის ძალა და გავლენა, მართალია მას არ მიემხრო წვრილი ბურჟუაზია. თავისი სავაჭროები არ დაკეტა, როგორათაც ამას ჩადიოდა რევოლიუციურ პერიოდში, მაგრამ მარჯვნივ გადახრილ ფენებმა თვალსაჩინო გაკვეთილი მიიღეს. დემოკრატია უპატრონოთ ვეღარ დაინახეს. პარიზს მუდამ გონია, რომ რეჟიმის ბატონია არა პალატა და მთავრობა, არამედ ხალხი. პირველ ყოვლისა პარიზის ხალხი. ამიტომ ნამდვილი ხალხის გამოჩენას, პარიზში განაპირა უბნებიდან პროლეტარიატის შემოსვლას და აქ თავისი სიტყვის ავტორიტეტულათ თქმას არ შეეძლო არ მოეხდინა პარიზელებზე შესაფერი გავლენა. პროლეტარიატმა 6 თებერვალს დაკარგული გავლენა 12 თებერვალს დაიბრუნა, მაგრამ ეს დაბრუნება იქნება დროებითი, წარმავალი, თუ ის არ გამაგრდა შესაფერი რეფორმებით, თუ სოციალისტური პარტია არ დადგა ფართო სახალხო ნიადაგზე და არ მიმართა თავისი ტაქტიკა საშუალო კლასების და პროლეტარიატის ბლოკის შექმნისაკენ.
დუმერგის კაბინეტი - ეს გარდამავალი საფეხურია, ეს დროებითი დაძმობილებაა შავის და თეთრის, რომლის გარღვევა მოხდება მაშინვე როგორც კი საქმეს შეუდგებიან. დუმერგი ბრძოლის არა დასასრულია, არამედ დასაწყისია, მომზადებაა ახალი შეტევებისაკენ. უკანასკნელ სიტყვას სხვა იტყვის
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №40
![]() |
64 შორეულ აღმოსავლეთში |
▲ზევით დაბრუნება |
იმ დროს, როცა ქვეყანა მარჩიელობს, იქნება თუ არა ომი რუსეთ-იაპონიას შორის, შუაგულ აზიაში ხდება უდიდესი ისტორიული პროცესი. იაპონიის მიერ დაწყებული ჩინეთის დანაწილება გრძელდება, ასე ვთქვათ, თავის თავათ, ერთა ამოძრავების ხაზით. მანჯუკუოს მოყვა თავისუფალი გარეშე მონგოლია, მონგოლიას - ტიბეტი, ტიბეტს - ჩინეთის თურქესტანი, ჩინეთისაგან ყველა მისი განაპირა ხალხების და პროვინციების ჩამოშორება და მათი დამოუკიდებელ ერთეულებათ გადაქცევა.
ამნაირათ დაირღვა შანხაიში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულობა, რომლის ძალით უნდა შენახულიყო ჩინეთის მთლიანობა და მისი ღია კარები. ამერიკის დიდი ხნის შრომა, ნანკინის მთავრობა გამხდარიყო მთელი ჩინეთის ბატონ-პატრონი, საბოლაოთ დამარცხდა. ამ გარემოებამ გამოაჩინა ახალი შესაძლებლობანი წყნარი ოკეანის დახლართულ კვანძების გასახსნელათ და სამაგიეროთ ასეთივე ახალი კვანძების მეორე ალაგას შესაკვრელათ.
წყნარ ოკეანეში არსებული მდგომარეობის შენახვა (სტატუს კვო) იყო და არის ამერიკის სახელმწიფო დოქტრინა. ამ დოქტრინის მთავარი საგანია იაპონიის დაჩიხვა კუნძულებზე და მისთვის გასაქანის შეკვრა დასავლეთით და სამხრეთით. ამ მიზნით მან დაიპყრო თავისუფალი სახელმწიფო ფილიპინი და გამოვიდა რუსეთის მთლიანობის დამცველათ. პირველით დამცირდა მნიშვნელობა ფორმოზის კუნძულის, როგორც იაპონიის ექსპანსიის დასაყრდნობი ბაზა, ხოლო მეორით კარი ეკეტებოდა მას კორეით. დიდმა რევოლიუციამ შეარყია რუსეთის მთლიანობა. შეშინებული ამერიკა 17 ივლისს 1918 წ. გამოვიდა ახალი დეკლარაციით, სადაც აღიარებდა რუსეთის მთლიანობის დაცვის საჭიროებას და აიძულა იაპონია გაეყვანა ციმბირიდან თავისი 70 ათასი კაცისაგან შემდგარი საექსპედიციო ჯარი. მართალია, ვილსონის სარუსეთო პოლიტიკა სავსებით ვერ გატარდა დასავლეთით, მაგრამ აღმოსავლეთით კი მან გაიმარჯვა. აქ ყველა ჩადგა თავის ძველ კალაპოტში - ფილიპინები დარჩა ამერიკას, ჩინეთს და რუსეთს - მთლიანობა.
აი, ამ სამფეხიან პოლიტიკას ერთი ფეხი ამჟამათ ეცლება და ის არყევს მთელ ამ პოლიტიკას. რუზველტი დაფაცურდა, სასწრაფოთ მოსკოვი იცნო, მაგრამ ეს სრულიადაც ვერ სცვლის შორეული აღმოსავლეთის ფაქტიურ მდგომარეობას. თვით ამერიკას ომი იაპონიასთან არ ძალუძს. მათ შორის ძევს რვა ათასი კილომეტრის მანძილი, მაშინ როდესაც ევროპა-ამერიკას შორის ხუთი ათასი კილომეტრია. მას დარჩენია ერთათ-ერთი იმედი: ბოლშევიკური რუსეთი და ნანკინის ხელისუფლება და ამათი გამაგრება ფულით და საქონლით.
მაშასადამე, შორეულ აღმოსავლეთში ერთი-მეორეს ეპირდაპირება ორი ინტერესი - იაპონიის, არქაიული სახელმწიფოთა დაშლა და ნაციონალური საზღვრების აღორძინება და რუსეთ-ამერიკის ნაც. მოძრაობის დაბორკვა. ვინ როგორ ეწყობა ამ ორი ხაზის ირგვლივ?
ჩინეთის მონგოლიის განთავისუფლება სვამს საკითხს რუსეთის მონგოლიის განთავისუფლებისას. შეერთებული მონგოლია გადაიქცევა ციმბირის მონგოლური რასის შემაკავშირებელ გზათ და ხიდათ და რუსეთის ხარჯზე ახალი ნაც. მოძრაობის დაწყებათ. აქ ისკვნება წინააღმდეგობა იაპონია-რუსეთის შორის, რაიცა წარმოადგენს ადგილობრივ ინტერესს. სულ სხვაა თავისუფალი თურქესტანის მნიშვნელობა და ძალა. ეს ქვეყანაც ორათ გაჭრილია: ნახევარი რუსეთს ეკუთვნის; მეორე, საჩინეთო ნახევარი ამ ჟამათ განთავისუფლებულია. აქაც რუსეთის ინტერესია, შეებრძოლოს ამ ახალი სახელმწიფოს დაბადებას ან თვითონ დაპატრონებით, ან ძველი პატრონისათვის დაბრუნებით. ესეც ადგილობრივი ინტერესის საკითხი იქნებოდა, რომ აქ არ იყოს მესამე მოსაზღვრე დიდი სახელმწიფო, რომელიც თურქესტანის პრობლემას ქმნის მსოფლიო პოლიტიკის ერთ ელემენტათ. ეს მოსაზღვრეა ინგლისი.
ინგლისს წყნარათ ეძინა ინდოეთის ამ ხაზზე რუსეთის დაუძლურების ხანაში. ის მხარს უჭერდა საბჭოებს, როგორც საუკეთესო იარაღს მისი მოქიშპე დიდი სახელმწიფოს დასასუსტებლათ. საზოგადოთ ბოლშევიკური მოსკოვი მისაღებია ყველა მისი მოსაზღვრეთათვის, რომელნიც იქით არას ედავებიან და ეშინიათ აქეთ შემოდავების. ამათ შორის მთავარია ინგლისი და პოლონეთი. ინგლისი და მისი დიდი კოლონიები უმთავრესათ ისაზღვრება ზღვებით, გარდა ერთათ-ერთი ინდოეთისა, რომელსაც ეკვრის დიდი რუსეთი თურქთა მოდგმის საშუალებით. ამ ერის ამოძრავება და საკუთარი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისაკენ მიმართვა ბუნებრივათ ატოკებს როგორც რუსებს, ისე ინგლისელთ. ამ ჟამათ წარმოებს მათ შორის ქიშპობა ახალ თურქესტანში; აქ შედგა ორი მთავრობა: ერთი კაშგარის ინგლისის სამეგობრო, მეორე - როტანის რუსეთისაკენ მაცქერალი. ამავე დროს მოსკოვმა დაამთავრა უდიდესი საავტომობილო გზა ორ თურქესტანს შორის ინდოეთის საზღვარზე მიმავალი, რითაც 35 დღის სავალი გახადა ხუთი დღის სავალათ - რუსეთი პირველათ ახლა მიადგა სწრაფი საშუალებით ინგლისის სამფლობელოს. მისი საზღვარი უზრუნველყოფილი აღარ არის.
ამ გარემოებამ იქონია დიდი გავლენა ევროპის პოლიტიკაზე და შეიტანა ღრმა ცვლილება ძალთა დაჯგუფებაში. რაკი
ძლიერი რუსეთი, მით უფრო ბოლშევიკური, ინგლისისათვის მისაღები არ არის, ცხადია არ არის მისაღები არც მისი გამაძლიერებელი პოლიტიკა და მისი დამხმარეები. როცა გერმანია რუსეთს ამაგრებდა რაპალოს გზით, ეს არაფრათ ეჭაშნიკებოდა ინგლისს, მაგრამ არ აწუხებდა, ვინაიდან ინდოეთის საზღვარი იყო მიუვალი აზიიდან. მაგრამ როცა დღეს გერმანია შესცვალა მისმა მეგობარმა საფრანგეთმა, რომელმაც მიზნათ დაისახა რუსეთის დიდ სახელმწიფოთა ფარგალში შემოყვანა და მისი გავლენის და მოქმედების გაძლიერება, ეს უკვე აღარ შედის მის ანგარიშებში და გერმანიისაკენ პირი იბრუნა. ჯერ კიდევ 7 ნოემბერს ინგლისის საგარეო მინისტრი ა. საიმონი თემთა პალატაში საფრანგეთს ეფიცებოდა ერთგულებას, მაგრამ 48 საათის შემდეგ პოლიტიკა უცებ მოტრიალდა და მაკდონალდმა ქალაქის ოფიციალურ ბანკეტზე განაცხადა: `ჩვენ ყოველთვის გვწამდა, რომ ევროპაში საუკეთესო პოლიტიკაა დავეხმაროთ გერმანიას განთავისუფლდეს იმ პირობებისაგან, რაიცა მას ღრმათ აჯავრებს~. ამის შემდეგ ინგლისი თანდათან ტოვებს საფრანგეთს და ბოლოს აქვეყნებს განიარაღების მემორანდუმს სრულიათ მიუღებელს უკანასკნელისათვის. საფრანგეთის პრესამ სამართლიანათ აღიარა ის არა განიარაღების, არამედ გერმანიის შეიარაღების მემორანდუმათ. ამნაირათ, ჰერიომ მოიპოვა მოსკოვის ცარიელი სიმპატია და დაკარგა ინგლისის რეალური დახმარება. ამას მიუმატეთ პოლონეთის დაკავშირება გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტით და მისი საგარეო მინისტრის - ბეკის 5 თებერვლის სიტყვა სენატში, სადაც ის აშკარათ დადგა გერმანიასთან სამეგობრო ნიადაგზე.
შორეული აღმოსავლეთის ამბები დაუკავშირდა ევროპის ამბებს და წარმოიშვა ერთი მთლიანი მსოფლიო პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შუაგულში ძევს აზიის ნაციონალური მოძრაობა და მის ირგვლივ მდებარე დიდ სახელმწიფოთა ინტერესების ერთმანეთისათვის დაპირდაპირება. ყველა ესენი სხვის სანახორეზე იბრძვიან, სხვისი ტერიტორიებისაკენ უჭირავთ თვალი. მაგრამ ამ საერთო მიდგომ-მოდგომაში ზოგის ინტერესი ძევს ნაციონალური მოძრაობის ხაზზე, ხოლო ზოგი მას ეპირდაპირება. იაპონია და რუსეთი აქ დგას პირისპირ, ორ აშკარა სამტრო ბანაკში. ყოველნაირი ნაციონალური აღორძინება რუსეთის საზღვრებთან ემუქრება ამ საზღვრებს და იწვევს იქით მცხოვრებ აზიის თანამოძმეთ საერთო ბრძოლის და თავისუფლებისაკენ. საბჭოთა ძველი ლოზუნგი: - აზიის ხალხებო, ადექით-ო - მიიმართება დღეს მოსკოვის წინააღმდეგ და აიძულებს მას გადმოისროლოს საწინააღმდეგო ლოზუნგი: - აზიის ხალხებო, დაჯექით-ო. ამ ორ მიმდინარეობათა შორის არის გაჩხირული მესამე მოსაზღვრე - ინგლისი, რომლისათვის დიდი რუსეთი საუკუნო მუქარაა, იაპონიასთან კი არა აქვს რა გასაყოფი, გარდა კომერციული ინტერესებისა. საბოლაოთ, მსოფლიო პოლიტიკის, ევროპა-აზიის ურთიერთობის ცენტრში დგას საბჭოთა რუსეთი მისი მოპირდაპირეებით და მომხრეებით. ამ საერთო კვანძშია დღეს მოქცეული როგორც აზიის, ისე თვით საბჭოთა იმპერიის ეროვნებათა პრობლემა.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №41
![]() |
65 გუშინდელი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ირ. წერეთელი განაგრძობს დავას. ჩემს მოკლე წერილს მის და მისიანების მიერ პარტიულ დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ („ბრძოლის ხმა“, №36) მან უპასუხა ბროშიურით. ეს მეორე წიგნაკია მის მიერ ქართველი მკითხველისათვის, მიძღვნილი ამ 15 წლის განმავლობაში და ორივე საპოლემიკო პარტიის წინააღმდეგ. არავითარი სხვა უფრო საყურადღებო და საჭირბოროტო საკითხი მისთვის აღარ არსებობს, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც საერთაშორისო, ყველაფერი თავის რიგზეა, დარჩა ერთათ ერთი ჩვენი პარტიის საზღვარ გარეთელი ბიურო, ც. კ. და მე, რომელნიც ვაფუჭებთ ამ მშვენივრათ აწყობილ ქვეყნიერებას და რასაკვირველია, უნდა გადავდგეთ. ჩვენზე თავს დასხმა ახლა ქართულ ემიგრაციაში მოდათ შემოვიდა. ეს იძლევა მოწმობას „რიგიან საზოგადოებაში“ მიპატიჟებისა და სათანადო პატივისცემის დამსახურებისა. უამისოთ აბა ვინ მიიღებდა ირ. წერეთლის ჯგუფს ქართული კოლონიის კრებებზე და მის კომისიებში ამხანაგათ და მოკავშირეთ ს.-დემ. ჩასაფოლავათ. კედიელნი, კერესელიძენი, ორნატელნი, მთელი აშკარა თუ გადაცმული ლაშქარი ფაშიზმისა ამხედრებულია ჩვენს წინააღმდეგ და მათ მეთაურათ და ამყოლათ გამოდიან ი. წერეთლის ლეიტენანტები და პარტიზანები. ამ საერთო ბანაკში ყველაფერი რიგზეა, სტილი დაცულია, მიზანი ამოღებულია და შესაფერი ლიტერატურა გაჩაღებულია. „გუშაგს“, „ახალ ივერიას“, „თეთრი გიორგის“ და „ორნატს“ ემატება ი. წერეთლის ბროშიურები. ყველა ამათ აერთებს „საერთო მტერი“, რომლის წაქცევის შემდეგ დამყარდება მყუდროება და სათნოება. ეს „საერთო მტერი“ ვართ, რასაკვირველია, ჩვენ, რომელთაც ამ ლაშქრის წინაშე ამდენ ხანს იარაღი არ დავყარეთ.
რამ აამხედრა ამდენი ხანის სიჩუმის შემდეგ ლაშქარის ერთი ფრთა წერეთლის მეთაურობით? ახლა სადავოთ გახადეს ძველი ამბავი, რაიცა დიდი ხანია გადასწყვიტა პარტიამ და რასაც ისინი საზოგადოებას მოუთხრობენ უკუღმა. მთავარია ამ დავაში პოლიტიკური ხაზი, ხელქვეითია ორგანიზაციული წესები. დიდი ხანია ირ. წერეთელი ცდილობს უკანასკნელის შეცვლას პირველის გასამარჯვებლათ. ბიუროს დაწუნებული წესები მისთვის გამომდინარეობს ბიუროს დაწუნებული პოლიტიკური ხაზიდან და სრულიად ლოღიკურათ ორივეს უპირდაპირებს თავის დროშას და თავის წესებს. რა სახისაა ეს დროშა?
1. პოლიტიკური ხაზი
ჩვენ მოკლე წერილში ირ. წერეთლის ხაზს შევეხეთ გაკვრით, როგორც საყოველთაოთ ცნობილ ამბავს. ჩვენ ვსწერდით: „იმათი პოზიცია, მათი ცდა საქართველოს საკითხი რუსეთის შინაურ საკითხათ აქციონ, უარყო პარტიამ, ხალხმა - იქ, ემიგრაციის დიდმა ნაწილმა - აქ“. ამ დახასიათებას მეტათ გაუკვირვებია ჩვენი ავტორი. ის ისეთ ახალ ამბათ მიუღია, რომ გაჯავრებული სწერს: „ის ერთ შხამიან ბრალდებას წამოისვრის ჩემს და არსენიძის წინააღმდეგო. ტონი და მნიშვნელობა ამ ბრალდებისა, რომელიც გადმოსროლილია ჩვენი ემიგრაციის ნაციონალისტურ ატმოსფერაში, ყველასათვის ადვილი დასაფასებელია“. გამოდის, რომ ასეთი „ბრალდება“ მას წინეთ არასოდეს გაეგონოს არც ჩემგან, არც სხვებისაგან და ახლა შემითხზავს ის სახელდახელოთ ნაციონალისტების საყურადღებოთ. ნამდვილათ კი მთელ ამ ჩივილში ერთი სიტყვაც არ არის მართალი; აქაც ის ისე უკუღმა მოუთხრობს ამ ამბავს მკითხველთ, როგორც ყველა სხვა ამბავს. სინამდვილეში კი აი როგორ იყო: 1925 წ. პარტიული დისკუსიის დროს ირ. წერეთელმა წარმოადგინა რეზოლიუციის პროექტი, რაზედაც გვქონდა სჯა ბიუროში და შემდეგ საჯაროთ. აი რა ვთქვი მე აქ 13 მარტის სხდომაზე: „როცა რეზოლიუციების პროექტებს გავეცანი, დავრწმუნდი, რომ ირ. წერეთლის და ნ. რამიშვილის მიერ წარმოდგენილ პროექტთა შორის დიდი განსხვავებაა. ნ. რამიშვილის რეზოლიუციაში ის აზრია გატარებული, რომ ჩვენს საკითხს ვუკავშირებთ არა მარტო რუსეთის შინაურ მდგომარეობას, არამედ გარეშე პირობებსაც. ირ. წერეთლის ტაქტიკით კი ჩვენი საკითხი ხდება რუსეთის შინაურ საქმეთ. ეს ძირითადი განსხვავება ბადებს სხვადასხვა ტაქტიკასაც...“1.
შემდეგ, როცა საერთო დისკუსია დასრულდა და ც. კ. გაეგზავნა მიღებული რეზოლიუცია, ირ. წერეთელმა თან გააყოლა სამი წერილი, ხოლო ბიურომ ერთი პატარა წერილი ამ წერილების შესახებ. აი, რას სწერდა ბიურო პარტიას:
„ამასთანავე ირ. წერეთლის თხოვნით ვაგზავნით მის სამ წერილს. პირველი ორი ეხება აქ აჯანყების შემდეგ გამართულ დისკუსიას, ხოლო მესამე - ახლათ აღდგენილ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა საერთო ფრონტს... ბიურომ ირ. წერეთლის რეზოლიუციაში დაინახა რუსეთის ორიენტაციისაკენ გადახრა, მით ჩვენი საკითხის საერთაშორისო ფარგლებიდან ჩამოხსნა და რუსეთის შინაურ საქმეთ გადაქცევა. აქედან ერთი ნაბიჯი იქნებოდა მთელი ჩვენი საზღვარ-გარეთელი მუშაობის სახელმწიფოებრივი მასშტაბით მოხსნამდე, ე.ი. მთავრობის და ლეგაციის გაუქმება, ყველა მოპოვებული იურიდიულ უფლებათა დაკარგვა და მსგავსათ რუსეთის სოც. დემ. პარტიისა, ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლით დაკმაყოფილება“ და სხ. (იქ.).
აქედან ცხადია, რამდენათ ნამდვილია ირ. წერეთლის თეატრალური განცვიფრება, ვითომ ახლა მას „შხამიანი ბრალდება“ წაუყენე. მთელი მისი ჩვენგან განდგომა სწორეთ ამ „შხამით“ დაიწყო, რომლის ავტორი თვითონ არის და თუ დღეს ეს მისი პოზიცია არ მოსწონს და უკან იხევს, ეს იქნებოდა სასიხარულო ამბავი და სადაოც არაფერი დაგვრჩებოდა. მაგრამ სამწუხაროთ ამ თავის ახალ ბროშიურაში იმეორებს თავის ძველ პოზიციას და, მაშასადამე, ჩვენი აზრი ამ საგანზე რჩება იგივე ძველი. რას ამბობს ის ახლა? პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ის მომხრეა ერის თვითგამორკვევის, მაშასადამე, ქართველი ერისაც და აქედან სკვნის: ამაში „საქართველოს საკითხის რუსეთის შინაურ საკითხათ გადაქცევის ცდას ვერავინ დაინახავს“. ეს დასკვნა სრულიად არ შეეფერება მთავარ დებულებას. პრინციპის გულწრფელობა და პრაქტიკული მნიშვნელობა განიზომება ტაქტიკით, ე.ი. იმ საშუალებათა ქსოვილით, რითაც ფიქრობთ მის განხორციელებას. თვითგამორკვევის პრინციპს სიტყვით იზიარებენ ბოლშევიკები, ჰიტლერელები, რუსის სოციალისტები, მრავალი სხვა დაჯგუფებანი, მაგრამ საქმით კი ხელიდან არ უშვებენ დამორჩილებულ ერებს და მათ თავისკენ ეწიწებიან. რუსეთის მეფენი სწორეთ ამ პრინციპის დროშით ეომებოდა ოსმალეთს სლავიანთა განსათავისუფლებლათ, მაგრამ იმავე დროს იპყრობდა როგორც ამათ, ისე მრავალ სხვა ერებს. რა ზომებით სურს ირ. წერეთელს საქართველოს საკითხის გადაწყვეტა? ის სწერს: „საქართველოს დამოუკიდებელი და თავისუფალი არსებობა შეკავშირებულია დემოკრატიის იდეალების გაძლიერებასან და გამარჯვებასან, როგორც მთელ მსოფლიოს ასპარეზზე, ისე თვით რუსეთშიაც“. აქედან აშკარაა, რომ ჩვენი საქმე შეკავშირებული ყოფილა რუსეთის დემოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც თურმე თავისუფლებას მოგვანიჭებს. მართალია, ყველა ჯურის რუსის დემოკრატია დღესვე უარს გვეუბნება დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ავტორი მაინც მათკენ გვითითებს და მათ ბედთან ჩვენსას აკავშირებს. ახალი ამ პოზიციაში არის ერთი ელემენტი: საჭირო ყოფილა დემოკრატიის გამარჯვება არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოშიაც, ასე ვთქვათ, პლანეტარული მასშტაბით; ე.ი. ჩვენი საქმე კიდევ უფრო გაძნელებულია, ის გადადებულია „ბერძნულ კალენდრამდე“, უკუნისამდე.
ამ ნაირათ, რაკი ჩვენი ნაციონალური ბრძოლა უნაყოფოა უვადო კალენდრამდე, ცხადია, ჩვენ მოვალე ვართ გავჩუმდეთ, ჩვენ სკამზე დავეტიოთ და შეურიგდეთ ყველა არადემოკრატიულ რეჟიმს - ბოლშევიზმს, ფაშიზმს, მონარქიზმს - ყველა რეაქციას, რაიცა კი მოსკოვში გაბატონდება იმ იმედით, რომ ერთხელ მზე ჩვენთვისაც გამოანათებს. ჩინებული გამართლებაა უსაქმობის, განდგომის, გულზე ხელის დაკრეფის და მტერთა წინაშე ფორთხვის. ბოროტებას ნუ შეებრძოლები - ეს ტოლსტოური ცნება არ არის ქართველი ერის და ქართული პარტიის ცნება. ირ. წერეთელს როგორ დაავიწყდა მაინც სულ ახლო ამბავი: ჩვენ რუსეთს გამოვეყევით არა მაშინ, როცა იქ დემოკრატიამ გაიმარჯვა, არამედ როცა ის დამარცხდა და საშინელი რეაქცია დაიწყო. ჩვენ სწორეთ რეაქციას არ დავემორჩილეთ და გამოყოფით თავს უშველეთ. ახლა კი გვეუბნებიან, რუსეთის რეაქციას დაემორჩილე იქ დემოკრატიის გამეფებამდეო! აქ ირ. წერეთელი იმეორებს რუსის მენშევიკებს, მაგრამ არ იხსენიებს მათ მოტივებს. მათი ლიდერი დანი ხაზგასმით სწერდა, რომ დემოკრატიული წყობილებით ხალხი დაკმაყოფილდება, გამოყოფას არ მოინდომებს და სეპარატისტები გაირიყებიანო (იხ. „ბრძოლის ხმა“, №7). ე.ი. მათთვის ნაციის განთავისუფლების გადადება დემოკრატიის გამარჯვებამდე არის მანიოვრი ერის თვითგამორკვევის პრინციპის დასასამარებლათ. ირ. წერეთელი კი ამ დასკვნებს არ აკეთებს და კმაყოფილდება დღეს დღეობით ნაციონალური ბრძოლის და მოძრაობის გადადებით, გვიქადაგებს ნაციონალურ ნიღილიზმს.
ასეთია მისი ნაციონალური პოზიცია და ადვილათ წარმოსადგენია, რა დიდ ზარალს მოგვიტანდა ის ინტერნაციონალში. მაგრამ ახლა ის ცდილობს ეს ზარალი ჩვენ გადაგვაბრალოს და თვითონ პილატესავით ხელი დაიბანოს. რადგანაც ამ საკითხს უდიდესი აქტუალური მნიშვნელობაც აქვს, საჭიროა ერთხელ და სამუდამოთ გამოირკვეს ის აშკარათ. ამისათვის საკმარისია გავიცნოთ გამოქვეყნებული დოკუმენტები, გავიხსენოთ ჩვენი პოზიცია, ჩვენი პარტიის, ინტერნაციონალის და რა ცვლილება მოხდა უკანასკნელში.
საქართველოდან წამოსვლისთანავე, ჯერ კიდევ სტამბოლიდან მივმართეთ მოწოდებით 27 მარტის თარიღით (1921 წ.) „ყველა სოციალისტურ პარტიას და მუშათა ორგანიზაციებს“, სადაც აუწერდით საქართველოს დაცემას და ვათავებდით ასე: „მოითხოვეთ მოსკოვის მთავრობიდან საქართველოდან ჯარის გაყვანა. ქართველ ხალხს დაანებოს უფლება გამოარკვიოს თავისი თავი და მოაწყოს თავისი ცხოვრება და სახელმწიფო თავის ნებისამებრ“. ეს ჩვენი ლოზუნგი გაიზიარა ორივე ინტერნაციონალმა (ლონდონის და ვენის) და გამოიტანეს შესაფერი რეზოლიუციები. არსად არც ერთ რეზოლიუციაში არ იყო წამოყენებული საკითხი რეჟიმის, არ ყოფილა გადაბმული ჩვენი საკითხი რუსეთის დემოკრატიასან, არ იყო წამოყენებული არავითარი პირობა, ყველა ერთხმათ იძახოდა - საქართველოდან გავიდეს რუსის ჯარიო. ბოლშევიზანურ ვენის ინტერნაციონალის რეზოლიუცია ასე თავდება: „დაუყონებლივი ევაკუაცია საქართველოსი ბოლშევიკური ჯარებიდან და თავისუფალი ძალდაუტანებელი გადაწყვეტა ქართველი ხალხის მიერ თავისი ბედის, რასაც უდაოთ ითხოვს სოციალისტური სამართლიანობა“ (ივლისი 1921). ხოლო ლონდონის ინტერნაციონალი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ბრიუსელის სხდომაზე მოითხოვა საბჭოთა მთავრობის ცნობის უარი, სანამ ის საქართველოს საზღვარს არ დატოვებდა (დეკემბერი 1921). ამ დადგენილებამ გამოიწვია პროტესტი „სოც. ვესტნიკისა“. ჰამბურგის გამაერთიანებელ კონგრესმა ერთხმათ მოითხოვა საქართველოს დაუყონებლივი დაცლა საბჭოთა ჯარებისაგან (1923 წ.). აჯანყების შემდეგაც ინტერნაციონალი ათავებს თავის რეზოლიუციას: „რუსის ჯარის გაყვანა საქართველოდან, თავისუფალი რეფერენდუმი ქართველი ხალხის“. ერთი სიტყვით, სტამბოლიდან გადასროლილი მოთხოვნილებანი გახდა მთელი ინტერნაციონალის მოთხოვნილებათ. ამ ხაზზე იდგა ირ. წერეთელიც.
მაგრამ 1925 წ. ცნობილი დისკუსიის დროს ირ. წერეთელმა გაარღვია ეს ჩვენი საერთო ფრონტი და წამოაყენა თავისი ცნობილი თეზისი, სადაც ჩვენი საკითხი დაუკავშირა რუსეთის დემოკრატიის გამარჯვებას. ის სწერს აქ: „რუსეთი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში ისეთი დიდი ფაქტორია, რომ მასან შეუთანხმებლათ, რუსეთის ხალხში თანაგრძნობ ელემენტების მოუპოვებლათ, საქართველოს მკვიდრ ნიადაგზე თავის ცხოვრების მოწყობა არ შეუძლია. ბოლშევიზმთან ან სხვა რომელიმე დესპოტიურ მთავრობასან, რომელიც იქნება მას მოყვეს, შეთანხმება რასაკვირველია, შეუძლებელია. მაგრამ რუსეთის დესპოტიისაგან თავს ვერ ვიხსნით მხოლოდ საკუთარი ძალით ან გარეშე დახმარების იმედით. თვით რუსეთში უნდა მოხდეს დესპოტიის შერყევა, რომ მისი დაცემა საქართველოში შესაძლებელი გახდეს“ და სხ. ეს თეზისები უარვყავით არა იმიტომ, რომ ეს გზა შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი საკითხი მხოლოდ ამ ერთ გზასანაა გადაბმული და სხვა ყოველი გზა გამორიცხულია. რაკი ეს გზა წამოყენდა ერთათ ერთ პირობათ ჩვენი განთავისუფლებისა, რაკი ამით გადავირიცხეთ რუსეთის დემოკრატიის ფარგალში, ამით ცხადია, სავსებით ძირი ეთხრებოდა ინტერნაციონალის მთელ პოზიციას და ჩვენს ტაქტიკას. გაიმართა მიწერ-მოწერა პარტიასან საქართველოში. პასუხათ მივიღეთ პარტიის მესამე არალეგალური კონფერენციის დადგენილება (მაისი, 1926 წ.), რაიცა ამტკიცებდა ძველ ტაქტიკას. აქ სწერია: „საქართველოს სოც.-დემოკრატია უთუოთ გამოიყენებს ყოველ კრიტიკულ მომენტს, რომელიც აუცილებლათ დაუდგება საბჭოთა კავშირის დღევანდელ მესვეურთ საშინაო თუ საგარეო გართულების ნიადაგზე“ და სხ. („ბრძოლა“, №5). ამ რეზოლიუციების კომენტარიებათ გამოვიდა „ჩვენი ტაქტიკა“, რაიცა პარტიამ თავისათ აღიარა.
ირ. წერეთელი, როგორც პარტიის წარმომადგენელი, ვალდებული იყო გაეტარებია პარტიის დადგენილებანი ინტერნაციონალში ან და გადამდგარიყო. მან არც ერთი ეს არ მოიმოქმედა და განაგრძო პარტიის სახელით თავისი ანტიპარტიული ტეზისების ინტერნაციონალში გავრცელება. 1927 წ. დაიბეჭდა მისი წიგნი, მიუხედავათ პარტიის დადგენილებისა, დისკუსია დასრულებულიაო და ის გაავრცელა უცხო ამხანაგთა შორის ხელნაწერათ. ამ პროპაგანდამ გამოიღო შესაფერი ნაყოფი. ყველა ბოლშევიზანი და მათი ამყოლნი მას ჩააფრინდენ, როგორც საუკეთესო საშუალებას საბჭოთა წინააღმდეგ აგიტაციის შეწყვეტისა და საქართველოს საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნისა. 1928 წ. ადლერმა გამოსცა დიდი წიგნი მესამე კონგრესისათვის ყველა პარტიათა დახასიათებით, სადაც საქართველოს პარტიის ტაქტიკა დაგმობილია და ირ. წერეთლის ნაქებია. აქ აჯანყება დახატულია როგორც „უიმედობის აქტი“, ხოლო ნაც. ბრძოლა „გარეშე დემოკრატიული ძალებისა“ - ფანტასტიურათ და სხ.2 ეს წერილი ბიუროში ყუმბარასავით გავარდა, ყველა აღაშფოთა, გარდა წერეთლისა, რომელმაც განაცხადა: მე ამ წერილისათვის ადლერს მადლობა მივსწერეო! ბიურომ დასწერა პასუხი, რაზედაც მან ხელი არ მოაწერა. ეს პასუხი დარიგდა 1929 წ. ინტერნაციონალის ეგზეკუტივის ყრილობაზე.
აი რას ვსწერდით:
„ამ ერთ აბზაცში (აჯანყებაზე) რამდენიმე შეცდომაა: პირველია - საქართველოს ხალხის აჯანყების დისკვალიფიკაცია (დაგმობა); ყოველნაირი მოძრაობა, არის ის უიარაღო თუ იარაღით, წარმოადგენს ბრძოლის ერთ მეთოდს, რევოლიუციური მოძრაობის ერთ რგოლს და შეიცავს პოლიტიკური რეცეპტის ერთ ელემენტს. ამიტომაც მისი მონათვლა როგორც „უიმედობის აქტი“, სრულიად ახალი ამბავია ინტერნაციონალისათვის. ინტერნაციონალს არასოდეს არ მიუღია რაიმე დადგენილება საბჭოთა კავშირში რევოლიუციური მოძრაობის წინააღმდეგ, თუმცა ცდა ამ მხრივ კი იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს გლეხთა აჯანყებამ გამოგლიჯა მოსკოვის ხელისუფლებას საგლეხო პოლიტიკა, როგორც ეს საჯაროთ აღიარა სტალინმა თავის დროზე.
„მეორე შეცდომა ის არის, რომ ამ აბზაცში არის ცდა, მოგვცეს ერთი განსაზღვრული ფორმა ნაციონალური განთავისუფლებისა. ესეც ავტორის სუბიექტიური შეხედულებაა და არავითარი კავშირი არ აქვს ინტერნაციონალის დადგენილებასან. ბრიუსელის კონგრესმა ნათლათ აღიარა, რომ ეროვნული განთავისუფლება არის „ერთა საკუთარი ძალის შედეგი“, რასაც სოციალის.
ინტერნაციონალი „მხარს უჭერს“. მას ნაც. განთავისუფლების წინასწარ პირობათ არ გამოუცხადებია გაბატონებულ ერში „დემოკრატიული ძალების გამარჯვება“, ვინაიდან მისი რეზოლიუციები ერთა განთავისუფლებას ითხოვენ სწორეთ იმ ქვეყნების ბატონობისაგან, სადაც „დემოკრატიული ძალები“ გამარჯვებულია... რაც შეეხება კერძოთ საქართველოს განთავისუფლების საკითხს, ინტერნაციონალს ის არასოდეს არ შეუკავშირებია რუსეთის დემოკრატიის გამარჯვებასან. ის მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მოხსნას დღესვე ისეთი ანტიდემოკრატიული მთავრობისაგანაც კი, როგორიც ბოლშევიკურია და მოითხოვს ხვალეც, როცა დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება სხვა ხელისუფლებით, იქნება ის ბონაპარტისტულ-მონარქისტული თუ დემოკრატიული“.
ამ წერილის ხელის მოწერაზე და დაცვაზე უარი განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა წერეთელმა და მის მაგიერ გავგზავნეთ ე. გეგეჭკორი და კ. გვარჯალაძე.
ამის შემდეგ ბოლშევიზანები დაფაცურდენ და მოინდომეს ადლერ-წერეთლის ტეზისისათვის მიეცათ ინტერნაციონალის ბეჭედი. შეყარეს ამ მიზნით 1930 წ. საგანგებო სხდომა ეგზეკუტივისა და მიიღეს რეზოლიუცია, რაზედაც ახლა ირ. წერეთელი გახარებული სწერს: თქვენ იქ ერთს მოაწერეთ ხელი, აქ წინააღმდეგს ქადაგებთო. ეს ამბავიც ისეთივე ცალმხრივათ არის გადმოცემული, როგორც ყველა სხვა. ნამდვილათ კი ჩვენ გავაკეთეთ რეზერვები როგორც იქ, კრებაზე, ისე პრესაში. პირველი მუხლი მივიღეთ, მეორე და მესამე დავიწუნეთ, მეოთხე უარვყავით (იხ. „ბრძოლის ხმა“, №7).
როგორც ხედავთ, წერეთელმა პარტიის წარმომადგენლობის საფარველს ქვეშ გასწია მუშაობა ინტერნაციონალში პარტიის წინააღმდეგ, შეაცვლია მას თავისი წინანდელი პოზიცია ჩვენს საკითხში, გამოიყვანა ის ჩვენი ტაქტიკის მოკარნახეთ, გააძლიერა ბოლშევიზანური მიდრეკილება და მით ჩვენი საკითხი ჩამოახსნია დღის წესრიგიდან.
და აი ახლა, როცა დასმულია საკითხი მოსკოვის ერთა ლიგაში შესვლისა, რა პოზიციას დაიჭერს ინტერნაციონალი? დარჩება წერეთლის ხაზზე, ჩარევას ჩვენ სასარგებლოთ გადადებს დემოკრატიის გამარჯვებამდე რუსეთში; უარყოფს ამ პოზიციას და დაუბრუნდება თავის წინანდელ ხაზს. მაშინ ჩაერევა ჩვენ სასარგებლოთ და მოსთხოვს მოსკოვს ლიგის წინასწარი პირობების შესრულებას - „მისცეს ნამდვილი გარანტია მისი გულწრფელი სურვილისა, დაიცვას თავისი საერთაშორისო დაპირებები“. ამას ითხოვს ლიგის წესდება. მისი ასრულება ნიშნავს საქართველოს ევაკუაციას. მართალია, 1930 წლის რეზოლიუცია არ ლაპარაკობს „დემოკრატიის გამარჯვებაზე რუსეთში“, მით ნაკლებათ „მსოფლიოში“; აქ ნათქვამია, იმედს ვამყარებთ „დემოკრატიული წყობილების წინსვლაზე“, რაიცა შეიძლება მივაკუთვნოთ ერთა ლიგასაც. ეს მუხლი არის საგანი ინტერპრეტაციის და ჩვენი ვალია ის მოვახდინოთ ჩვენდა სასარგებლოთ და ინტერნაციონალი დავაბრუნოთ თავის ძველ პოზიციაზე, ე.ი. ვაჯეროთ ის იმაში, რაც მუდამ უდაოთ იყო აღიარებული: ნაციონალური და სოციალ-პოლიტიკური ბრძოლა განისაზღვრებიან სხვადასხვა კანონებით, მოძრაობენ სხვადასხვა ხაზებზე; ერთია საგანი ერის საგარეო პოლიტიკის, მეორე კი საშინაოსი და ხდება ერის სხვადასხვაგვარი დაჯგუფება ამ ორ სხვადასხვა სფეროში. ეს ანბანი ინტერნაციონალს არასოდეს არ დავიწყებია, არც ერთ ეროვნული მოძრაობისათვის. და თუ ის დაივიწყა ჩვენთვის, მოინდომა ქართველთა ეროვნული მოძრაობის გადაბმა ერთ გარემოებასან, ამის მიზეზია არა ის თვითონ, არამედ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მას პარტიის სახელით არწმუნებდა თავის კერძო აზრში, ხოლო პარტიის აზრი გამოქონდა ბიუროს რამდენიმე წევრის აზრათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც წერეთელი აღარ არის პარტიის წარმომადგენელი და ადლერი ღებულობს პარტიის ინფორმაციას სწორს, ისიც სწერს და აქვეყნებს ჩვენი პარტიის შესახებ სწორს და თანაგრძნობით აღსავსე დახასიათებას. აქ სრულიად უკომენტარიოთ და უპოლემიკოთ მოყვანილია პარტიის მიერ წერეთლის დებულებათა უარისყოფა და დადგენილება, რომ „პარტია აღიარებს სრულიად დაუშვებლათ საქართველოს პრობლემის გადაჭრის გამოყოფას მიმდინარე მომენტისაგან“ და სხ.3
ამ ნაირათ, ირ. წერეთლის მიერ დაწყებულ დავაში მთავარია აი ამ პოლიტიკური ხაზის განსხვავება, ხოლო ყველა სხვა განსხვავება იყო და არის წვრიმალი და დროებითი. ჩვენ საორგანიზაციო უთანხმოება ადვილათ ამოვსწურეთ იმათთან, ვინც წერეთლის ხაზს არ იზიარებს, ვინც პარტიის ხაზზე დგას და თუ ამათგან ვინმე კიდევ დარჩა ამ შეთანხმების გარეშე - ეს უბრალო გაუგებრობის შედეგია. ამ ორ სხვადასხვა ამბავს ახლა ირ. წერეთელი ერთმანეთში ურევს და დიდ დავას წვრიმალებით ფარავს.
სწორედ საკვირველია, კაცი თავს გჭრიდეს და თმაზე გედავებოდეს. ირ. წერეთელი არ იზიარებს ჩვენი ნაციონალური ბრძოლის მთელ ხაზს და გვედავება რაღაც წვრიმალებზე. ამ დავის აზრია ერთათ-ერთი - მიფუჩეჩდეს მთავარი უთანხმოება და ჩავეფლათ ინტრიგებში. რა საჭიროა ეს? რა საჭიროა მტკიცება იმის, ვითომ ჩვენი უთანხმოება დაიწყო «წერილებით», ე.ი. 1927 წელს, მაშინ როდესაც ის დაიწყო 1924 წლის გასულს და 1925 წლის ცნობილ საჯარო დისკუსიებში. სწორეთ აქ დაგვაბრალა მან „სამხედრო კომბინაციების“ ძიება, ხოლო ახლა კი იძახის - ეს „სადირექტივო წერილებიდან“ მომდინარეობს და ამან „აღაშფოთა“ ადლერიო. ვთქვათ ადლერმა აქ დაინახა ეს, მაგრამ თვით ირ. წერეთელმა რაში დაინახა ის ორი წლით ადრე? მართალია, ის თავის ბროშიურაში მთავარ ასეთ წყაროთ ასახელებდა ი. ჭავჭანიძის წერილს, დაბეჭდილს „ბრძოლა“-ში (№22), ხოლო არც ამ ნომრის, არც თვით „ბრძოლის“ ჭაჭანებაც კი არ იყო იმ დროს, როცა მან თავისი ბრალდებები წამოაყენა საჯარო კრებაზე. ცხადი იყო და არის დღესაც, რომ ეს გახლდა მომიზეზება პარტიის მთავარი პოლიტიკური ხაზის დასასამარებლათ და თავისის გასაყვანათ. ნათქვამია, როცა ძაღლის მოკვლა სურთ, ცოფიანობას დააბრალებენ. თვარა როგორ დავიჯეროთ ირ. წერეთელმა არ იცის, რაც ყველამ იცის; სამხედრო კომბინაციები არა თუ ჩვენ, არამედ თვით იმპერიალისტურ სახელმწიფოებსაც არ აქვთ და ყველა თავის იმედს ერთა ლიგაზე ამყარებს. ლიგიდან გერმანია-იაპონიის გასვლამ აღაშფოთა სხვები სწორეთ იმიტომ, რომ ვაი თუ ძველებურათ სამხედრო კავშირების პოლიტიკა აწარმოვონო. და როცა ჩვენ, დევნილთ და დაპყრობილთ, ამ ცხრა წლის წინ, ერთა ლიგის აპოთეოზის ხანაში, წერეთელმა წამოგვიყენა ასეთი უდიერი ბრალდება, - რა უნდა ეფიქრა ჩვენზე ინტერნაციონალს, მთელ საერთაშორისო დემოკრატიას? აი საიდან მოდის სათავე ჩვენი საქმის დაფოლების სოციალისტურ წრეებში.
ახლა ირ. წერეთელი მთელ ამ ისტორიას იწყებს „წერილებიდან“; ნამდვილათ კი ამ ორ ამბავს არაფერი საერთო არ აქვს. ის გვაბრალებდა „სამხედრო კომბინაციებს“ უცხო სახელმწიფოებთან, ხოლო „წერილებშია“ ლაპარაკი სამხედრო კომბინაციებზე რუსეთისაგან განთავისუფლებულ ერებთა შორის მოსკოვისაგან თავის დასაცავათ. ეს ერები ხომ არ არიან იმპერიალისტური ძალები, ხოლო რუსეთი - არა-იმპერიალისტური, რომლისაგან თავის დაცვა მომაკვდინებელი ცოდვა იყოს. ამ „სადირექტივო“ შეხედულობას ჩვენ არა თუ არ უარვყოფთ, პირიქით, მას საჯაროთ ვაცხადებთ და უდებთ საფუძვლათ კავკასიის კონფედერაციას, რომლის პროექტი დიდი ხანია დავბეჭდეთ. ხოლო კავკასიის ერთა კონფედერაცია ნიშნავს, პირველ ყოვლისა, მათ სამხედრო კავშირს თავის დასაცავათ. უამისოთ ხომ მეორე დღესვე დაბრუნდება მოსკოვი და აგვკაკლავს ცალ-ცალკე, როგორც მან ეს ერთხელ მოიმოქმედა. ამას ძლიერ კარგათ მიხვდა ადლერი და ამიტომ თავის მოხსენებაში მან ხაზი გაუსვა წერილის არა ამ მხარეს, არამედ კოალიციის საკითხს. ირ. წერეთელმა ეს ადგილი მოხსენებისა არ მოიყვანა და მხოლოდ მისი სიტყვით გადმოგვცა, „სამხედრო კომბინაციებმა“ ააღელვა ადლერიო. აი სინამდვილე: მოყავს რა მას ნ. რამიშვილის წერილიდან ადგილი შესახებ კავშირისა „პრომეთე“-სან, უკრაინისა და სხვა ერებთან და მათთან სამხედრო კავშირისა, ადლერი აგრძელებს:
„ეს დამოკიდებულება საზღვარგარეთელი ბიუროსი წარმოადგენს დიდ საშიშროებას, ვინაიდან აქ ანგარიში ეწევა ისეთ ჯგუფთა მოქმედებას, რომელნიც არავითარ პასუხს არ აგებენ ინტერნაციონალის წინაშე და რასაც შეუძლია სახელი გაუტეხოს თვით ბიუროს». აი ადლერის დაფასება, სიტყვა არ არის სამხედრო კომბინაციებზე, მთელი ყურადღება გადატანილია კოალიციაზე არა-სოციალისტურ დაჯგუფებებთან.
შემდეგ ადლერი სწერს, რომ „წერილების“ პოლიტიკა „არ უნდა ეთანხმებოდეს ინტერნაციონალის სამშვიდობო პოლიტიკას („ne paraît pas conciliable“). სწორეთ ეს საკითხი შეადგენს მთავარ ძარღვს ანტაგონიზმისას წერეთელსა და ჟორდანია-რამიშვილს შორის... აი რას სწერს ირ. წერეთელი თავის ბროშიურაში 1927 წ.“. და მოყავს მთელი გვერდები. აქედან აშკარაა, რომ ადლერი თავისი გაგებით გვიწუნებდა კოალიციას, ხოლო წერეთლის მოწმობით და საბუთებით „არა-სამშვიდობო პოლიტიკას“. ახლა ადვილი მისახვედრია, ვინ იყო ადლერის მთავარი ინფორმატორი და ჩამგონებელი.
ადლერი იწერს ირ. წერეთლის ბროშიურიდან სწორეთ იმ ადგილებს, სადაც სამხედრო კომბინაციებზეა ლაპარაკი და სადაც დაუშვებლათ გამოცხადებულია „იმ აზრის თესვა, რომ სამხედრო იმპერიალისტური კონფლიქტები ერთი ხელსაყრელი პერსპექტივათაგანია მისი (საქართველოს) განთავისუფლებისა“ და სხ. ერთი სიტყვით, ომით სარგებლობა განსათავისუფლებელი მიზნებით გამოცხადებულია ინტერნაციონალისაგან განდგომათ. ამის გამო ჩვენ გამოცხადებული ვიყავით მილიტარისტებათ, სოციალიზმის მოღალატეთ და სხვა. ასე იყო წინეთ. როგორ არის ახლა?
ახლა მდგომარეობა და აზროვნება სრულიად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც გერმანელი და ავსტრიელი სოციალისტები მოხვდენ ჩვენსავით ემიგრაციაში, დაკარგეს თავისი სამშობლო, თავისი შინაური წეს-წყობილება და დაუპირდაპირდენ არსებულ ხელისუფლებას, - ამეტყველდენ ჩვენსავით, ომი აღარ გამოაცხადეს ეშმაკეულათ და მასზე ზოგი იმედებიც ააგეს. აი, მაგ., რას ვკითხულობთ გერმანიის ს.-დემ. პარტიის ცენტრალური ორგანო „ახალი ფორვერტში“:
„თუ მაინც ომმა იფეთქა, ამ შემთხვევისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ შიგნიდან მზათ, რომ ომმა ჰიტლერის ბატონობა დაასამაროს... ჰიტლერის დესპოტიზმი ბევრში გავს ნაპოლეონ მესამის დიქტატურას საფრანგეთში, ხოლო ეს დიქტატურა ომით გათავდა. როცა ომი წააგეს, პარიზის მუშებმა კომუნა გამოაცხადეს“(№26).
ახლა ბაუერიც კი ალაპარაკდა ამ ჰანგებზე. ის სწერს თავის ახალ ბროშიურაში „ავსტრიის მუშათა აჯანყება“: „ავსტრიის სოციალ-დემოკრატიის დამარცხებამ გაანთავისუფლა ორივე გზა: გზა ჰიტლერისაკენ და ფაბსბურგებისაკენ. მაგრამ ორივე გზას მივყევართ ომისაკენ... თუ კონტრ-რევოლიუციას მივყევართ ომისაკენ, ომი მიგვიყვანს რევოლიუციისაკენ... შემთხვევა, რითაც ჩვენ ვისარგებლებთ, ცოტა არ იქნება. მხოლოდ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ შევსძლოთ მათი გამოყენება სავსებით მომზადებული“ (გვ. 56-57).
ე.ი. ომი ერთი პერსპექტივათაგანია გასანთავისუფლებელი ბრძოლისა, აცხადებენ ახლა გერმანელნი და ავსტრიელნი. დევნილნი და გაჭირვებულნი გამოეყვენ დალხინებულთ და ჩვენსავით ამეტყველდენ. ის, რასაც ჩვენ წინეთ „წერილებში“ ვლაპარაკობდით და ახლა ეს გუშინდელი ჩვენი კრიტიკოსები იმეორებენ, ასე ვთქვათ, ზურგიელიძის ჭეშმარიტებაა. ყველამ იცის, რომ არა ერთი და ორი ომის შედეგი ყოფილა როგორც ნაციის განთავისუფლება, ისე დემოკრატიის დაპყრობა. და თუ უცებ წერეთლის და დან-აბრამოვიჩის მეთაურობით ეს ანბანი ინტერნაციონალში ერთხელ დაივიწყეს, - ამის მიზეზია უბრალო ამბავი: მაძღარს მშიერის არ ესმის და არც ეამხანაგება. ბელგიელისათვის, მაგალითად, ყოველნაირი ცვლილება საერთაშორისო ასპარეზზე მიუღებელია და მას მეტად უფრთხის. რასაკვირველია, ახლა ამას მიუმატეთ ბოლშევიზანური მიმდინარეობის გაძლიერება და საბჭოთა კავშირის დაცვის ქადაგება. აი ამის შედეგი იყო ეგზეკუტივის რეზოლიუცია 1928 წელს, სადაც დებრუკერის მოხსენებით დაგმობილი იყო უკრაინის სოციალ-დემოკრატების კოალიცია სხვა პარტიებთან, მათი ნაციონალური ბრძოლა მონათლულია შოვინიზმათ და სხვ. ამ რეზოლიუციამ და მომხსენებლის სიტყვამ გამოიწვია აღშფოთება ბიუროში და წერეთელს მოსთხოვეს პასუხი, როგორ დაეთანხმა ის ამას. წერეთელმა კი განაცხადა: „დებრუკერი თავის სიტყვაში გულისხმობდა საქართველოსაც. ეს მართალია და მე მას სავსებით ვეთანხმები. მე ვფიქრობ, მისი ასეთი გამოსვლა თქვენ ჩაგაფიქრებთ და ამ მხრივ მე ეს მიმაჩნია დადებით მოვლენათ“! (ოქმი 10 მარტის, 1928 წ.). ასე ამხედრებდა უცხო ამხანაგთ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი თავის პარტიის წინააღმდეგ! და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გავბედეთ და ვთქვით, ომი ხანდახან განმათავისუფლებელიც შეიძლება იყოს-თქვა.
არ გამოუდგები წვრიმალებს. წერეთლის მიერ მათ მოთხრობას არავინ არ ამოწმებს, გარდა წერეთლისა. და რაც საკვირველია, ე. გეგეჭკორის მოწმობით, თვით წერეთელი ყოფილა მომხრე ნოდიას საკითხის სავსებით ამოღების „დოკუმენტიდან“, ხოლო ახლა კი ამ ზღაპარს ის თავგამოდებით იცავს. ასეთი ძაფებით არის შეკერილი ყველა მისი წვრიმალები. შესაძლებლათ მიმაჩნია, კაცს არ ახსოვს, დიდმა ხანმა განვლო, მაგრამ შეუძლებლათ მიმაჩნია საჯაროთ სწეროს ის, რაც არ ახსოვს და არ მოისურვოს მისი შემოწმება წინასწარ დოკუმენტებით. წერეთელი თავის დროზე ბიუროში ძალიან იკვეხდა, მე ვარ, რასაკვირველია, ადლერის ინფორმატორიო, ხოლო ახლა კი რეგლამენტის დამატებით გაგზავნაზედაც კი უარს ამბობს! საზოგადოთ წერეთლის მიწერ-მოწერა ინტერნაციონალთან შეადგენდა მის საიდუმლოებას, წინააღმდეგ ბიუროს რეგლამენტისა, და არც ამის რაიმე კვალია დარჩენილი ბიუროს საქმეებში. როდის რას სწერდა ის, რა ცნობებს აწვდიდა ინტერნაციონალს წერილობით, ბიუროს არასოდეს არ სცოდნია, არც ერთი ასლი მისი წერილისა მას არ წარმოუდგენია.
ჩვენ ტაქტიკას ვიღებთ პარტიიდან, პარტია კი ხალხისაგან. ეს ასე არის ყველა სოციალისტურ პარტიაში. ი. წერეთელმა მოინდომა ამ გზის შეცვლა. ჩვენთვის ტაქტიკის მოცემა უცხოელთაგან, დალხინებული თავისუფალ ერების საშოში გამომუშავებული მეთოდებით შეცვლა ჩვენს დამონებულ ერში გამომუშავებული მეთოდებისა. ამ ხაზის გამარჯვება ნიშნავდა ჩვენი პარტიის საქართველოს სინამდვილისაგან მოწყვეტას, ქართველი ხალხისაგან გამარტოვებას და განყენებულ მცირე რიცხოვან ემიგრანტულ სექტათ გადაქცევას, მსგავსათ რუსის მენშევიკებისა. ჩვენ ეს მას არ დავანებეთ, ბიურო და პარტია არ დავანგრევიეთ. ამაში უეჭველათ ბრალი მიგვიძღვის და მას აქვს საბუთი გაწყრომისა. ასეთი საბუთი მუდამ ექნება...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /პარიზი/. - 1934. - მარტი. - №№41, 43.
______________
1. იხ. ოქმი. ყველა ოქმი წაკითხული და დამტკიცებულია ბიუროს მიერ.
2. Troisiѐme congrѐs de l'I. O. S.1928 წ.
3. იხ. ინტერნაციონალის მეოთხე კონგრესის მასალები, დაბეჭდილი 1931 წ.
![]() |
66 ერთა ლიგა და საბჭოები |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ერთი ხანია დაჟინებით ლაპარაკობენ საბჭოთა ერთა ლიგაში შესვლაზე. დაინტერესებულ დიპლომატებს და ამათ შორის მოსკოველებს ამ ნიადაგზე გაჩაღებული აქვთ მუშაობა და მოსალოდნელია ახლო მომავალში ეს საკითხი უკვე ოფიციალურათ დადგეს ჟენევის დღის წესრიგში. მართალია საბჭოთა მოსკოვი თავიდანვე უარყოფდა ყოველივე ურთიერთობას ლიგასთან და მას აფურთხებდა, მაგრამ მას არა ერთხელ დაულევია ასეთი დაწუნებული წყაროსაგან და უეჭველია ახლაც ერთა ლიგას ნეკტარათ გამოაცხადებს.
რა აზრი აქვს ერთა ლიგას და რანაირი ურთიერთობა შეიძლება ჩამოვარდეს მას და საბჭოთა შორის?
ერთი ხალხი ცხოვრობს მეორის გვერდით, ისე როგორც ერთი ადამიანი მეორის, ამიტომ დასაბამიდან იდგა პრობლემა მათი ურთიერთობისა და დამოკიდებულებისა. ძველათ ამ საკითხს სწყვეტდენ მარტივათ. ადამიანთა და ხალხთა ურთიერთობის ამწყობი იყო ერთი და იგივე მოვლენა - ფიზიკური ძალა, უძლიერესის მიერ დამორჩილება უსუსტესის და თავის საბრძანებელში შემოყვანა. მძლავრი პიროვნება ხდიდა სუსტს მონათ, ყმათ, ვასალათ - იმისგან დამოკიდებულათ; მძლავრი ერი იპყრობდა სუსტს და მას ხდიდა თავის ტყვეთ, მოხარკეთ, მორჩილათ. პიროვნებათა და საერთაშორისო მდგომარეობა ეწყობოდა ერთ და იმავე პოლიტიკურ ხაზზე: მუშტი იყო ყველაფერი, უფლება არაფერი.
ამ ძალის პოლიტიკას ლახვარი ჩასცა პირველათ საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ. მან გამოაცხადა „ადამიანის უფლება“ და მასზე ააგო საერთაშორისო უფლებაც. ეს უკანასკნელი დედა-აზრი შეტანილ იქნა 1791 წლის კონსტიტუციაში ასეთი სიტყვებით:
„საფრანგეთის ერი უარს ამბობს დაიწყოს რაიმე ომი დაპყრობის მიზნით. არასოდეს არ მიმართავს თავის ძალას სხვა ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ.“ ეგევე გაიმეორა 1848 წ. კონსტიტუციამ: „საფრანგეთის რესპუბლიკა პატივს სცემს უცხო ერთ ისე როგორც მოითხოვს მათგან პატივისცემას თავის ერის მიმართ. ის არ დაიწყებს არავითარ ომს დაპყრობის მიზნით და არ მოიხმარს თავის ძალას სხვა ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ.
1884წ. კ. მარქსმა დიდი რევოლიუციის მიერ აღიარებული „ადამიანის უფლებები“ გამოაცხადა უმაღლეს რეგულიატორათ ერთა ურთიერთობისა. ინტერნაციონალის დამაარსებელ სიტყვაში მან სხვათა შორის თქვა:“ კანონი მორალის და სამართლიანობის, რაც განაგებს ურთიერთობას ადამიანთა შორის, უნდა გახდეს უმაღლეს კანონათ ერთა ურთიერთ დამოკიდებულებისა. ბრძოლა აი ამგვარი საერთაშორისო პოლიტიკისათვის ნიშნავს მონაწილეობის მიღებას საერთო ბრძოლაში მუშათა გასანთავისუფლებლათ.“
1875 წ. საერთაშორისო მშვიდობიანობის ლიგამ ეს დებულებანი გაიხადა თავისათ და გამოაცხადა „ხალხთა უფლებანი“, სადაც სხვათა შორის ვკითხულობთ:“ ხალხთა უფლება - ეკუთვნოდეს და მართავდეს თავის თავს არის ხელშეუხებელი, განუყრელი. არც ერთ პირს, არც ერთ მთავრობას, არც ერთ ხალხს არ აქვს უფლება არავითარი მიზეზით დაიკაოს მეორე ხალხი ანექსიით, დაპყრობით თუ სხვა რაიმე საშუალებით და სხ.
ამნაირათ, საერთაშორისო ურთიერთობა ვითარდება ორ მოპირდაპირე ხაზზე - ძველი, დაპყრობის და ძალმომრეობის, ახალი, უფლების და თავისუფლების. ყველა რევოლიუციური ხელისუფლება ატარებდა ახალ დროშას. ყველა რეაქციონური და კონტრრევოლიუციური ძველს. უკანასკნელი ომის მსვლელობაში ეგევე ორი მიმდინარეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს, ძალის და უფლების თეორია დაიჯახენ. მოკავშირეებმა აღმართეს უფლების დროშა და ამ ლოზუნგით შევიდენ ომში. 1914 წ. ორ ოქტომბერს ინგლისის მთავრობის მეთაურმა ასკვიტმა წარმოთქვა საჯარო სიტყვა, სადაც აღიარა, რომ პატარა ერებსაც აქვს ისეთივე კანონიერი უფლება სიცოცხლის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების როგორც დიდ ერთ“. 22 ოქტომბერს 1916 წ. ამერიკის პრეზიდენტი ვილსონი აქვეყნებს დეკლარაციას, სადაც ის აცხადებს „გამოინახოს ზომები პატარა და სუსტი ერების განსათავისუფლებლათ უსამართლობისა და ძალმომრეობის საშიშროებისაგან“. ეს იყო დაწყება საერთაშორისო ორგანოს შექმნის უფლების და თავისუფლების საფუძველზე. 22 იანვარს 1917 წ. იგივე ვილსონი აქვეყნებს მეორე დეკლარაციას, სადაც ის სწერს: „მე ვიძლევი წინადადებას - ყველა ერმა ერთსულოვნათ მიიღოს პრეზიდენტ მონროეს დოქტრინა: არც ერთი ერი არ ეძებს თავის პოლიტიკურ აგებულებაში მოაქციოს სხვა ერი ანუ სხვა რომელიმე ხალხი. თვითეული ხალხი თვითონ თავისუფლათ განსაზღვრავს თავის საკუთარ პოლიტიკურ რეჟიმს. ვითარდება საკუთარი გზით დაუბრკოლებლათ, ყოველივე მუქარის და ძალდატანების გარეშე. პატარა ერები დიდ და მძლავრთა გვერდით... ყოველივე მშვიდობიანობა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული ამ პრინციპებზე დაინგრევა.“ 12 თებერვალს მოკავშირეებმა უპასუხეს ვილსონს კოლექტიური ნოტით, სადაც აცხადებდენ „თანხმობას ერთა ლიგის შექმნაზე, რომ ამით უზრუნველ ვყოთ მშვიდობიანობა და სამართლიანობა მთელ ქვეყანაზე“.
აი ეს დიადი პოლიტიკური მოძრაობა, დაწყებული დიდი რევოლიუციიდან, დაგვირგვინდა გამარჯვებით დიდი ომის გათავებისას, დაარსდა ერთა ლიგა. ის არის უმაღლესი საერთაშორისო ორგანო სავსებით დაყრდნობილი ერთა უფლებაზე, დაპყრობის დაგმობაზე და ამით მშვიდობიანობის უზრუნველყოფაზე; მშვიდობიანობა სამართლიანობით - აი მისი დროშა. ეს ძირითადი აზრები დაედო საფუძვლათ მის სტატუტს. აი მისი შესავალი:
„ამა პირობის უმაღლესი დამდებნი გამოდიან რა იმ მოსაზრებიდან რომ ერთა შორის თანხმობის გასავითარებლათ და ზავის და უშიშროების უზრუნველსაყოფათ საჭიროა:
„მიღებულ იქნას განსაზღვრული ვალდებულებანი არ მიმართონ ომს;
„ცხადათ წარმოება საერთაშორისო ურთიერთობის, დაფუძნებულის სიმართლესა და პატიოსნებაზე.
„ასრულება სასტიკათ საერთაშორისო უფლების წესების, რაც დღეიდან აღიარებულია მთავრობათა მოქმედების ნამდვილ წესათ.
„გამეფება სამართლიანობის და ზედმიწევნით პატივისცემა ხელშეკრულობათა ყველა ვალდებულებების აგებულ ხალხთა ურთიერთ დამოკიდებულებაში.“
ამ მუხლების შინაარსი და მოსაზრება დღესავით ნათელია. აქ თავმოყრილია მოკლეთ და სხარტულათ მთელი საუკუნის ნააზრევი და ნაქადაგევი მოწინავე დემოკრატიის მიერ საერთაშორისო ნორმის სფეროში. ეს პაქტი ამით დაეპირდაპირა ძველ პოლიტიკურ ხაზს, ხაზს ძალმომრეობისას და დაპყრობისას. მხოლოდ ამ მუხლთა შორის არის ერთი, მეოთხე, რომელიც მოითხოვს განმარტებას; აქ ნათქვამია, რომ უფლებრივი საერთაშორისო ნორმა გულისხმობს „აგებულ ხალხებს“ (les peoples organises), ე.ი. იმათ რომელთაც მიაღწიეს პოლიტიკურ სიმწიფეს, აიგეს თავისი საკუთარი პოლიტიკური შენობა, გახდენ პოლიტიკური ერი. მაშასადამე ამ მუხლიდან გამორიცხულია ხალხი, როგორც ეთნოგრაფიული მოვლენა, განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი, რომელნიც თავისი მდგომარეობით და შეგნებით არ შეადგენენ საგანს საერთაშორისო უფლებისას. ასეთები ჯერ კიდევ მოიპოვებიან ქვეყანაზე, განსაკუთრებით პრიმიტიულ კოლონიებში.
მაშასადამე, ლიგა მოითხოვს თავის წევრისაგან ერთა შორის დაცვას მშვიდობიანობის, სამართლიანობის, პატიოსნების, დადებულ ხელშეკრულობათა და პირობათა ასრულებას; ის უარყოფს ომს და ძალმომრეობას.
აი ამ ლიგაში აპირებს საბჭოთა ხელისუფლება შესვლას. როგორ უხდება ეს პირობები მას? სწორეთ ისე, როგორც უნაგირი ძროხას. საბჭოთა მთელი საერთაშორისო პოლიტიკა იყო და არის ყველა ამ მუხლების აშკარა დარღვევა. მან აწარმოვა ომი ყველა მის მეზობლათ მდებარე თვითგამორკვეულ ერებთან; მან დაიპყრო ყველა ვისაც კი მოერია - უკრაინა, კავკასია. დასტოვა დაუპყრობელი ვისაც ვერ მოერია - პოლონეთი და ბალტიკა, ე.ი. მან სისტემატიურათ დაარღვია პირველი, მეორე და მესამე მუხლი ლიგის პაქტისა. მან გამოაცხადა ძალმომრეობა საერთაშორისო რეგულიატორათ. კიდევ მეტი, მან დაარღვია თავისი საკუთარი ხელშეკრულობა თავისუფლათ დადებული მეორე სახელმწიფოსან - საქართველოსან და დაიპყრო ის. მან ჩამოგლიჯა ჩინეთს ავტონომიური გარეშე მონგოლია და ხელში უჭირავს. ამ სამი წლის წინეთ ის შეიჭრა მანჯურიაში, დაარბია ის და ხმალით თავს მოახვია მას თავისი პირობები. მან გამოაცხადა ომით თავისი დოქტრინის განხორციელება საერთაშორისო ნორმათ. მოსკოვი თავიდან დგას სავსებით ძველ საერთაშორისო მოძღვრებაზე, ხმალი არის მისთვის უმაღლესი გადამწყვეტი ერთა ურთიერთობისა.
ამ სერიას მიუმატეთ ის საყოველთაოთ ცნობილი ფაქტი, რომ მოსკოვის ხელისუფლება თავისი ხარჯით და მფარველობით ქმნის და ამუშავებს აშკარათ თუ საიდუმლოთ კომუნისტურ პარტიებს ყოველგან, ყველა ქვეყნის მთავრობათა წინააღმდეგ. ის მფარველობს და ეხმარება კაცით თუ ფულით სამხრეთ ჩინეთის კომუნისტურ ჯარებს.
როცა ის ამ ბაგაჟით შემოდის ლიგაში, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს მის მიერ ამ ბაგაჟის მის კარებთან დატოვებას, თავის თავის გაწმენდას და განბანას, თუ თვით ლიგის ჩამოქვეითებას ძველ საერთაშორისო დოქტრინამდე და უფლებრივი პრინციპის უარის ყოფას?
საბჭოთა ხელისუფლების გაწმენდა ნიშნავს მის მიერ მოწინავე დემოკრატიის პრინციპების მიღებას; ადამიანის და ერის უფლება მისთვის სავალდებულო ხდება. ძალმომრეობა თავის სახლში თანამემამულეთა წინააღმდეგ თავისთავათ გულისხმობს ძალმომრეობას უცხო ხალხების წინააღმდეგაც. საერთაშორისო უფლებრივი დოქტრინა ხალხს და მოქალაქეს ერთ ხაზზე აყენებს და ერთი პოლიტიკური საზომით ზომავს. მაგრამ პრაქტიკაში ეს კავშირი ხშირათ ირღვევა და არის შემთხვევები შიგნით დესპოტიური მთავრობა გარეთ უფლების დროშით გამოდის. მოიგონეთ ნიკოლოზ მეორის სამშვიდობო პროექტი ჰააგის კონფერენციაზე წარდგენილი (1898 წ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლიგის წევრი საგარეო სფეროში უნდა აკმაყოფილებდეს მის ძირითად მოთხოვნილებებს. საბჭოთა სალიგოთ მონათვლა აუცილებლათ გულისხმობს მის საგარეო ცოდვების მონანიებას, მის მიერ დაპყრობილ ერთათვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭებას.
შეიძლება მოსკოვის ადვოკატებმა გვითხრან, ლიგის პაქტით სავალდებულოა დაცვა მხოლოდ ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებათა და არა საზოგადოთ ერთა თვითგამორკვევაო. ამ ინსტრუქტაციას აძლევენ შესავალის მეორე მუხლი, სადაც ხაზგასმით აღიარებულია „დაცვა ერთა შორის სამართლიანობის და პატიოსნების“. ვერაფერი სამართლიანობა და პატიოსნებაა თავისუფალ ერს შეესიო და დაიმონო, თუნდაც პირობა არ ქონდეს მიცემული არ შეგესევიო. გამოდის, რომ სადაც ასეთი პირობა არ არის დადებული, იქ შესევა და ძალმომრეობა გამართლებულია. ეს იქნებოდა ლიგის პრინციპების სავსებით დატოვება და ფარაონების პრინციპების აღიარება.
მაგრამ დავუშვათ დაუშვებელი, შევავიწროვოთ დავის საგანი ხელშეკრულებებით. მოსკოვმა 7 მაისის (1898წ.) ხელშეკრულობით იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და შევიდა მასთან ურთიერთობაში როგორც სუვერენულ სახელმწიფოსან. ის იცნა ასეთათ ფაქტიურათ და იურიდიულათ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ. ქართველი ერი გახდა საყოველთაოთ ცნობილი პოლიტიკურათ და იურიდიულათ „აგებული ერი“. მიუხედავათ ამისა მოვიდა მოსკოვის ჯარები და ის ომით დაიპყრო და დღემდე მას ხელიდან არ უშვებს. ეს აშკარაა საქვეყნო დანაშაულობა არის ამავე დროს ლიგის ყველა მუხლის დარღვევა. ეს ასეთათ იცნო თვით ლიგის საზოგადო კრებამ ორჯერ და გამოიტანა შესაფერი დადგენილება. მან 22 სექტემბრის 1922 წ. სხდომაზე ერთხმათ მიიღო შემდეგი რეზოლიუცია:
„ერთა ლიგის საზოგადო კრებამ, განიხილა რა საქართველოს მდგომარეობა, წინადადებას აძლევს თავის საბჭოს თვალყური ადევნოს ამ ქვეყნის ამბებს ისე რომ ხელიდან არ გაუშვას შემთხვევა, რომელიც კი წარმოსდგება რომ დაეხმაროს, მშვიდობიანი ზომებით და საერთაშორისო უფლების წესების თანახმათ, ამ ქვეყნის ნორმალური მდგომარეობისათვის დასაბრუნებლათ.“
ეგევე რეზოლიუცია დაადასტურა იმავე კრებამ 25 სექტემბრის 1924 წლის სხდომაზე. ამნაირათ, აშკარა, უდაოა ორი ფაქტი: მოსკოვის მთავრობის მიერ საქართველოს დაპყრობა წინააღმდეგ დადებული ხელშეკრულებისა და ლიგის მიერ მისი დაგმობა და თავის თავზე აღება ვალდებულების ხელიდან არ გაუშვას შემთხვევა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლათ.
არასოდეს ლიგას არ ექნება უკეთესი შემთხვევა, რუსეთი მის კარებზე აკაკუნებს.
ვიცი, მოსკოვის ადვოკატები შემოგვძახებენ: რას ამბობთ. საბჭოები მოდიან ლიგაში სხვების დასახმარებლათ, თვითონ მას არ საჭიროებენ და დიდის ზეიმით და პატივით უნდა მივეგებოთო. ეს არის უბრალო „აბლაკატური“ სიტყვა, ღირსი მესამე ხარისხოვანი გადამწერისა და რასაც არავითარი კავშირი არ აქვს სინამდვილესან.
ჯერ ერთი როდის იყო რომ ბოლშევიკებს ევროპის რომელიმე სახელმწიფოს ბედი აწუხებდა და მისი შენახვისათვის ზრუნავდეს? ასეთი გულუბრყვილო პოლიტიკოსები კრემლში არ ბატონობენ. ესენი ალბათ ლიგის დერეფნებში და მიტინგებზე მოინახებიან. საერთაშორისო მდგომარეობა იმდენათ საშიშარი შეიქნა მოსკოვის ხელისუფლებისათვის, რომ იძულებული ხდება თავი შეაფაროს ლიგას და მისი დახმარებით მოსალოდნელ გრიგალს გადაურჩეს. როგორ მოხდა ეს?
საბჭოთა კავშირის დიდი ხნის ცდა - ირგვლივ მოსაზღვრეთ იყოლიოს პატარა და უძლური სახელმწიფოები ბოლოს და ბოლოს დამარცხდა. აღმოსავლეთით მის კარებს ამოეტუზა დიდი იაპონია, ხოლო დასავლეთით შორი ახლო გაუჩნდა მრისხანე გერმანია. ამასთანავე ორივე ეს მეზობელი გამოვიდენ ერთა ლიგიდან, თავი გაინთავისუფლეს მისი ვალდებულებებისაგან და ხელები გახსნილი დაიტოვეს. ამ 15 წლის განმავლობაში მოსკოვი ასეთ ქალტაში პირველათ ახლა მოიმწყვდა და სრულიად ბუნებრივათ თავი იგრძნო საფრთხეში. ის ეძებს დახმარებას, არაკუნებს ყველა კარებზე, ნერვიულობს, ხეკს დიუჟინობით ახალ-ახალ პაქტებს, დარბის ქუდმოგლეჯილი ამერიკას და ევროპას შორის და ბოლოს ყველა გზით ლიგისაკენ მიექანება. ლიგა მას ეჭივრება და არა ის ლიგას. ჟენევის არეოპაგს არ შეუძლია თავის თავზე აიღოს მოსკოვის მიერ დათესილი ცოდვები, როგორც თავის ხალხში, ისე სხვა ხალხებში.
როგორც ხედავთ, მოსკოვს ეჭირვება ლიგა ორი კურდღელის ერთათ დასაჭერათ: საგარეო საშიშროების თავიდან ასაცდენათ და თავისი მუშაობის ერში თუ ერთა შორის მორალური გამართლების მისაღებათ. ამ დიდი ძვირფასი საქონელისათვის ის არ დაერიდება არავითარ სასყიდელს, მით უფრო ისეთ მცირეს, როგორიცაა მისთვის საქართველოს საკითხი, საკითხი სრულიად უდაო და ცხადი. მაგრამ ის იჯანჯლებს, გაიპაიჟებს, და შეეცდება ევროპის კურიერები მოიყვანოს თავის კარზე ხვეწნა-მუდარით - მობრძანდით ბატონებო ჟენევაში და გვიპატრონეთო... მაგრამ ეს მოსავალი გზა გვარიან კლდიანია; ლიგის ფორმალური წესები ლიგაში შემოსვლას აძნელებს თავისი კატეგორიული მოთხოვნილებით. ის ითხოვს:
„ყველა სახელმწიფო, დომინიონი თუ კოლონია, რომელიც კი მართავს თავისთავს თავისუფლათ გახდება ლიგის წევრი, იმ პირობით თუ ის იძლევა ნამდვილ გარანტიას თავისი სურვილების გულწრფელობისა დაიცვას თავისი საერთაშორისო დაპირებანი და ღებულობს ლიგის რეგლამენტს შესახებ სამხედრო და საზღვაო შეიარაღებისა“ (მუხ.1). ამ მუხლის შერიგება მოსკოვის მიერ საქართველოსან დადებული ხელშეკრულების დარღვევასან შეუძლებელია, მიუხედავათ ყოველნაირი აბლოკატური ცდისა. ლიგის ბრძანება კატეგორიულია, გარანტია აუცილებელია, ხოლო გარანტია კი ერთათ-ერთია - აღდგენა დარღვეული ხელშეკრულობის და მის ბაზაზე განახლება რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებისა. ლიგაში შესვლა უამგარანტიოთ, ძალმომრეობის და დაპყრობის გაშლილი დროშით ნიშნავს დაპყრობისათვის სანკციის მიცემას, ე.ი. ლიგის ძირთადი პრინციპების დარღვევას და მით უფლებრივი საერთაშორისო ნორმის უარისყოფას.
მოსკოველები არ დაცხრებიან, ლიგაში შემოსვლამდე საბჭოთა მოქმედება ჩვენ არ გვეხებაო, იტყვიან ისინი. მაგრამ ამ შემთხვევაში რა წესით უნდა შესრულდეს პირველი მუხლის მოთხოვნილება, რას ნიშნავს „ნამდვილი გარანტიის“ მიცემა თუ არა ფაქტიურათ ხელის აღება ჩადენილ უსამართლობაზე და ძალადობაზე? გარანტია უეჭველათ გულისხმობს ფაქტიურ მდგომარეობას და არა მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ ლიგის წევრობისათვის სავალდებულო არ არის წმინდა ხელების ქონება და ომის და შესევის უკუგდება, საკმარისია ლიგიდან რომელიმე წევრის გასვლა, მის მიერ ახალი ტერიტორიების დაპყრობა, რომ შემდეგ ის ისევ დაშვებულ იქნას ლიგაში სრულ უფლებიან წევრათ. მოსკოვის პრეცენდენტის დაშვება ნიშნავს იმას, რომ ომი და დაპყრობა აღარ არის ლიგაში შესვლის დაბრკოლება, ლიგა უარს ამბობს თავის დოქტრინაზე - სამართლიანობა, უფლება და მშვიდობიანობა გააბატონოს მთელ ქვეყანაზე.
ლიგის იურისდიქციის გავრცელება არაწევრებზედაც აშკარათ აღბეჭდილია მე-17 მუხლში. აქ სწერია:
„იმ შემთხვევაში როცა დავაა ორ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან ლიგის წევრია მხოლოდ ერთი ან და არც ერთი, სახელმწიფო თუ სახელმწიფონი ლიგის გარეთ მყოფნი მოიწოდებიან დაემორჩილონ დავის ამოსაწურავათ იმ ვალდებულებათ, რასაც ემორჩილებიან ლიგის წევრები თანახმათ ლიგის საბჭოს მიერ წამოყენებული პირობებისა“. ეს მუხლი პირდაპირ ეხება ჩვენს შემთხვევას. დავაა რუსეთს და საქართველოს შორის, არც ერთი ამათგანი არ ყოფილა და არც არის ლიგის წევრათ; ახლა რუსეთი შემოდის ლიგაში, ამით თვითონ აცხადებს თანხმობას დაემორჩილოს ლიგის იურისდიქციას. მე-17 მუხლის ამუშავება აუცილებელია. მოსკოვის მიერ თანხმობა წინდაწინ უნდა იქმნას გამოცხადებული.
ჩვენ სრულიად არ ვართ წინააღმდეგი მოსკოვის ლიგაში შესვლის; წინააღმდეგი ვართ მხოლოდ ლიგის ბოლშევიზაციის, მისი სტატუტის დარღვევის და ამით მისი ისედაც დასუსტებული მორალური გავლენის სავსებით განადგურების, ვინ სად მიდის, მოსკოვი ჟენევაში თუ ჟენევა მოსკოვში? მოსკოვი იღებს ჟენევის პირობებს თუ ჟენევა იღებს მოსკოვის ცოდვებს?
საბჭოთა ხელისუფლება საფრთხეშია, თავის გადასარჩენათ ის დათანხმდება ლიგის ყველა პირობას, თუ კი ამ ლიგას კიდევ შერჩა საკმაო მორალური ძალა და ნებისყოფა თავის საკუთარი პრინციპების და არსებობის დასამტკიცებლად.
ნ. ჟორდანია.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - მარტი. - №42
![]() |
67 საპროგრამო საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
პარტიული პროგრამის პროექტმა გამოიწვია მისი კრიტიკა კ. კ-ის და ი. ჭავჭავაძის მიერ და მისი დაცვა გრ. ურატაძისა („ბრძ. ხმა“ №39, 40, 41). ამ ჩვენ შენიშვნებში შევეხები მხოლოდ პირველ ორ ავტორს. ვინაიდან მესამე დგას სავსებით პროექტის თვალსაზრისზე და მისი წერილი ეთანხმება ჩვენს შეხედულებას სადაო საგანზე.
პროექტის ორივე კრიტიკოსი თავის საკმაოთ დასაბუთებულ წერილებში გამოდიან სხვადასხვა მოსაზრებიდან, ხმარობენ სხვადასხვა არგუმენტაციას, მაგრამ მიდიან ერთ და იმავე დასკვნამდე, იძლევიან ერთ და იმავე პროგრამას. ამ პროგრამის ძირითადი საკითხია საბჭოთა ხელისუფლებისაგან ჩამორთმეული ქონების განაწილება. პროექტი ითხოვს „წვრილ წარმოების და საკუთრების დაბრუნებას იმათთვის, ვისაც ის ჩამოერთვა, ხოლო მსხვილი წარმოების და საკუთრების დატოვებას თავის ხელში, როგორც ბაზას სახალხო სოციალური ეკონომიის ასაგებათ“ (მუხ.32). ამ მოთხოვნილებას ორივე ავტორი უპირდაპირებენ: სახელმწიფო იტოვებს ხელში სხვილი წარმოებიდან იმას „რასაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და მისი კერძო მწარმოებლის ხელში გადასვლა სახელმწიფო ინტერესების შელახვა იქნებოდა“ (ი. ჭ.); ასეთებია კ. კ. წარმოებანი „მონოპოლიური ხასიათის, მადნები, რკინის გზები, ავიაცია, სამხედრო მასალის დამზადება და სხ.“ ე.ი. ორივე კრიტიკოსი გამოდიან უმთავრესათ სახელმწიფოს საჭიროებიდან, სახელმწიფოს ფუნქციებთან შეკავშირებული ეკონომიური საქმიანობიდან. ეს არის ერთი პრინციპი, რომელსაც იზიარებს ყველა სახელმწიფო და მას ახორციელებს ყველა რეჟიმი, აბსოლიუტური, ბურჟუაზიული, მონარქიული თუ დემოკრატიული. რკინის გზები, მადნები, ავიაცია და სხ. მუდამ შეადგენდა საგანს სახელმწიფო მეურნეობის როგორც რუსეთის ძველი რეჟიმისა, ისე ევროპის სახელმწიფოებისა. ამ ჟამათ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელშია წარმოება და ქონება 85 მილიარდი ფრანკისა: ჰოჰენცოლერთა გერმანიაში ყველა რკინის გზა ეკუთვნოდა სახელმწიფოს. საზოგადოთ, სახელმწიფო თავიდანვე, მისი აღორძინებიდანვე, ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქონებრივი შეძლება დაიტოვოს თავის ხელში, რაც შეიძლება ნაკლები დაუტოვოს კერძო პირს და საზოგადოებას. ეს მიმდინარეობა შეანელა ბურჟუაზიამ ამ უკანასკნელ ერთ საუკუნეში. მას დაუპირდაპირა ლიბერალური ეკონომია, ე.ი. კერძო პირს ყველაფერი, სახელმწიფოს და საზოგადოებას არაფერი: მაგრამ ამჟამად ეს ახალი, ბურჟუაზიული ეკონომიკა საყოველთაოთ დამარცხებულია და ძველი სახელმწიფოებრივი ეკონომიკა წამოყენებულია.
ჩვენი პროგრამის პროექტი კი გამოდის არა სახელმწიფოს საჭიროებიდან, არა ამ ძველი ეკონომიური სათავიდან, არც მისი მოპირდაპირე ბურჟუაზიული ეკონომიკიდან. არამედ საზოგადოებრივი საჭიროებიდან, საზოგადოების ინტერესების და მოთხოვნილებისაგან. სახელმწიფო, კერძო პირი, საზოგადოება - აი სამი ელემენტი ერთათ ერთიმეორის გვერდზე არსებულნი და მოსაქმენი. მათი მუშაობის სფერო სხვადასხვანაირია, მათი მიდრეკილება ხან ერთმანეთს ეთანხმება, ხან ერთმანეთს ებრძვის. სახელმწიფო ხშირათ არღვევს საზოგადოებას, ანადგურებს კერძო პირთა ავლა-დიდებას; კერძო პირი ხშირათ ბატონდება სახელმწიფოზე, ითვისებს საზოგადოების სიმდიდრეს, იმორჩილებს ძლიერი სუსტთ და ხდის მათ თავის მონათ, ყმათ, მუშათ. ყველა ცდა საზოგადოებისა, ე.ი. ადამიანთა კოლექტივისა, განთავისუფლდეს ამ ბატონების უღლისაგან, დაიფაროს მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს თუ კერძო პირთა ძალმომრეობის და ყვლეფისაგან დამარცხდა. ამის თვალსაჩინო საქვეყნო მაგალითი მოგვცა ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმმა. ხალხი თითქოს მიუახლოვდა საზოგადოებრივ ეკონომიკას, გაიჟღინთა ანტიკაპიტალისტური სულით, შედგა სოციალურ გზაზე და აი, უცებ შეჩერდა, შეყოყმანდა, ერთი დაკვრით გადახტა უკან სახელმწიფოებრივი პოლიტიკური და ეკონომიური დესპოტიისაკენ.
ცხადია, კ. კ. და ი. ჭავჭანიძე ახალს არას გვეუბნებიან, ახალ საკითხს არ უპასუხებენ, გვაძლევენ იმას რაც მუდამ იყო და არის. ხოლო იყო და არის სახელმწიფო და კერძო ეკონომია. სოციალიზმის საგანია გადააბიჯოს ამ ძველ ფორმებს და მოგვცეს მესამე - სოციალური ეკონომია. ჩვენი პროექტი ამ მესამე პრინციპისაგან გამოდის და მას უმორჩილებს თავის შემოქმედებას. ის იძლევა ახალ იდეალს, ახალ გზას, რამაც ბოლოს და ბოლოს უნდა გაიმარჯვოს, ე.ი. სოც.-დემ. პროგრამის საგანია დღევანდელ მომენტში ჩარევა სახელმწიფო და კერძო ეკონომიკის სფეროში და ააწყოს მათი წონასწორობა მესამე სექტორის, სოციალური ეკონომიკის შექმნით. ჩვენ არ ვსპობთ ძველ სექტორებს. მხოლოდ მათ ვტოვებთ ისეთ ურთიერთობაში, რომ მოგვცენ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი, არ ვიყოთ მუდმივი სხვერპლი მათი პოლიტიკური და ეკონომიური დესპოტიის. სოციალური ეკონომიის საშუალებით ვფიქრობთ მათ ლაგამი ამოვდვათ და ჩავაყენოთ შესაფერ კალაპოტში. აუშვით სახელმწიფო ეკონომია და მიიღებთ ბოლშევიზმს, აუშვით კერძო ეკონომია და მიიღებთ ფინანსიურ ოლიგარხიას, რაც დღეს ევროპას აქცევს. პროექტის მიზანია მათ გვერდით შექმნა მესამე ფაქტორის, რომელიც შეაკვეცს რა მათ მტაცებლურ ფრთას, ბოლოსდაბოლოს თანდათანობით გახდება გაბატონებული ფორმა მთელი ეკონომიური საქმიანობისა.
ამნაირათ, პროექტის დედა-აზრი აგებულია სოციალური ეკონომიის საფუძველზე და მიიმართება ლიბერალური ეკონომიის წინააღმდეგ. ეს დედა-აზრი და მასზე აგებული სოციალური კონცეპცია ჩვენთვის ახალი არ არის. მე ის არ გამომიგონია ახლა, უცაბედათ, საპროგრამო საჭიროებისათვის. პირიქით ეს კონცეპცია მიიღო 1920 წ. პარტიის ყრილობამ თფილისში ჩემი მოხსენების შემდეგ და ის დაედვა საფუძვლათ ჩვენი კონსტიტუციის სოციალურ ნაწილს. აქ ნათქვამია: რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებმიცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოვება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია. რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას და სხ. (მუხლი 115).
მაშასადამე „ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის“ დროშა ააფრიალა საქართველომ დიდი ხანია და თუ ვერ მოასწრო ამ ხაზზე მუშაობის გაჩაღება - ეს ბარბაროსთა შემოსევის ბრალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დროშა ჩვენ არხივში შევინახოთ და დაწყებული და უხეში ძალით შეწყვეტილი ხაზი არ გავაგრძელოთ. ამ ხაზისაა ყველა ჩემი დაბეჭდილი წერილები თუ წიგნაკები, რომელნიც კი ამ საგანს ეხებიან“1. პროგრამის პროექტი ამ მიმდინარეობის გაგრძელება და ჩამოყალიბებაა.
პროექტის კრიტიკოსები ლიბერალური ეკონომიკის თვალსაზრისით მართალნი არიან. უარყოფენ ბოლშევიკურ მეურნეობას და ვარდებიან კერძო ეკონომიის საბრძანებელში, მაგრამ არც ეს დროშა, არც მისი დასაბუთება სრულიად არ უდგება სოციალისტურ მსოფლმხედველობას. მთავარი მათი საბუთია ჩვენი ეკონომიური ჩამორჩენილობა და მაშასადამე აუცილებლობა ჩვენი ეკონომიური განვითარების კაპიტალისტური ეტაპებით. ჩვენი კონცეპცია კი გამოდის იმ მოსაზრებიდან, რომ უკან ჩამორჩენილი ხალხი სხვა ხალხების მიერ გავლილ ეტაპებს ამოკლებს. ზოგს სავსებით გვერდს უხვევს და მაგრდება თანამედროვე საფეხურზე. შესაძლებელია ეს? შვილდ-ისარის ხალხი იძულებულია გადავიდეს კაჟიანი თოფის ხმარაზე თუ შეუძლია პირდაპირ მექანიკური თოფი და ტყვიამფრქვეველი აამუშაოს? კ. მარქსი ემხრობა აი ამ მეორე მოსაზრებას, რაზედაც ვრცლათ მოვილაპარაკეთ „ბრძოლის ხმაში“ (№14) და აქ აღარ გავიმეორებთ. ჩვენ არ გავდივართ ევროპის ყველა გავლილ ეტაპებს, არც პოლიტიკურს, არც ეკონომიურს, არ ვიწყებთ მანუფაქტურით, წყლის მანქანებით, განუსაზღვრელი სამუშაო დღით, სოფლის ხალხის ექსპროპრიაციით, პავპერიზაციით და სხ. და ამ დაქცევიდან არ გადავდივართ მაღლა, უმაღლეს საფეხურზე, თანდათან და აუარებელი მსხვერპლით ჩვენ ვებრძვით ბოლშევიკურ რეჟიმს სწორეთ იმიტომაც, რომ ის აქვეითებს ხალხს პრიმიტიულ კაპიტალიზმამდე, როცა ერი იცარცვება პოლიციური წესებით და ძალმომრეობით.
ერთი სიტყვიდ, პროექტის გეზია შეებრძოლოს ეკონომიის სტიქიურათ განვითარებას და ის მიმართოს შეგნებულათ ადამიანის სასარგებლოთ. ეს იდეია ახლა გზას იკაფავს, ევროპის ბურჟუაზიულ წრეებშიაც; „გეგმიანი ეკონომიკა“ საყოველთაო მოთხოვნილებათ გადაიქცა. სტიქიური კაპიტალიზმის წამოყენება დღეს, ფინანსიური კაპიტალის ბატონობის ხანაში, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გადაგდებას უცხო მტაცებელი კაპიტალისათვის გამოსახრავათ და გასაცარცვავათ. ახლანდელი კაპიტალი დაინტერესებულია არა წარმოების გაჩაღებაში, არამედ პროცენტების მიღებაში სხვადასხვა ხერხით და საშუალებებით. მისი უკანასკნელი და უმაღლესი გამოხატულებაა სტავისკები. მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩვენთვის მისაღები იყოს ყოველნაირი დაგეგმილი ეკონომიკა. ჩვენთვის მიუღებელია როგორც ბოლშევიკური, ისე ბურჟუაზიულ-ფაშისტური დაგეგმა, ვინაიდან არც ერთი ეს ფორმა ფართე მასების სასარგებლოთ არ მიიმართება, მხოლოდ ნამდვილი დემოკრატია, ე.ი. პროლეტარიატისა და საშუალო კლასების შეკავშირება, და მის მიერ ერთათ ეკონომიური განვითარების ხელმძღვანელობა და აწყობა იძლევა გარანტიას მართლა სოციალური მეურნეობის უზრუნველსაყოფათ და მის მშრომელთა სასარგებლოთ ასამუშავებლათ.
სოციალური დემოკრატია, სოციალური ეკონომია - აი პროექტის დედა-აზრი. თუ ამას მივიღებთ, მის ფორმებზე დავა ადვილი გადასაწყვეტია. ჯერ პრინციპები, შემდეგ მისი განხორციელება. პროექტი ჩამოთვლის ამ პრინციპების პრაქტიკულ ფორმებს. ამ სფეროში მთავარია საკუთრების საკითხი, მეორე ხარისხოვანია მოხმარის საკითხი. თავისთავათ ცხადია, რომ საზარალო და მოუხმარელი საკუთრება ვერ იქნება ბაზა სოციალური ეკონომიკის. მიზანშეწონილობა აი აქ წარმოიჭრება და წარმოების ბედს გადასწყვეტს. ეს უდაოა; დავაა იმაზე თუ რას ნიშნავს წვრილი და სხვილი საკუთრება; ჩვენი კრიტიკოსები უარჰყოფენ ასეთ დანაწილებას და ისინი მართალნი არიან ლიბერალური ეკონომიკის შეხედულობით. ჩვენთვის კი ეს საკითხი ნათელია: წვრილი საკუთრებაა საშუალო კლასების ქონება. საკუთრების ეს წინაკაპიტალისტური ფორმა, რაიცა არ არის შეკავშირებული კაპიტალისტურ ექსპლუატაციასან და არ შეადგენს მის მიუცილებელ ნაწილს. გლეხი, ხელოსანი, წვრილი მრეწველი და ვაჭარი ამ ფორმის საკუთრების მატარებელია. ამათ საკუთრება უბრუნდება თავისუფლათ მოსახმარათ და დასამუშავებლათ. საკუთრების ის ნაწილი, რომელიც არ არის შეკავშირებული ამ კლასების არსებობასან უნდა ჩამოერთვათ გაბატონებულ კლასებს, არის ეს მამული თუ სამრეწველო დაწესებულება, შეიცავს სხვილ საკუთრებას და ის ხდება ბაზათ საზოგადოებრივი მეურნეობის. ამ ქონების ექსპლუატაციის საკითხი პრაქტიკული საკითხია და ემორჩილება მიზანშეწონილობას. მაშასადამე, საბჭოთა ეკონომიკის ნანგრევზე დგება ორ-ნაირი ფორმა საკუთრებისა: წვრილი, კერძო პირთა და სხვილი, საზოგადოებისა. ამ ორ სექტორს ემატება მესამე - მსხვილი საკუთრება კერძო პირთა, რაიცა აღორძინდება ბუნებრივათ ეკონომიური საქმიანობის თავისუფლების ჩარჩოში. აი ეს სექტორი იქნება კერძო კაპიტალისტური შტო მთელი მეურნეობისა.
რა გარანტიაა იმის, რომ საბჭოთა სხვილი საკუთრება მართლა გახდება სოციალური ეკონომიის ბაზათ და არ გადაიქცევა „ერთ ზედმეტ კანცელარიათ“. ეს გარანტია დამოკიდებულია იმაზე - თუ ვინ იქნება საბჭოთა ხელისუფლების მემკვიდრე, ვინ ჩამოართმევს მას ქონებას. ჩამოართმევენ ფაშისტები - მივიღებთ კანცელარიას და ტირანიას, ჩამოართმევს დემოკრატია, მუშები და საშუალო კლასები, მივიღებთ საწარმოვო და სააღებმიცემო ორგანოებს. პროექტი ხაზგასმით აღნუსხავს ამ ორგანოებს და მათ სავსებით გამოყოფს იძულებითი ორგანოებიდან;ეტატიზმი გამორიცხულია; სახელმწიფოს დარჩება ავიაცია, სამხედრო მასალების დამზადება და სხვა ასეთი მის ფუნქციებთან დაკავშირებული დარგები. სოციალური ორგანოების მუშაობა და საერთო გზაზე საერთო ძალღონით მიმართვა მოითხოვს მათ ურთიერთდახმარებას, შეკავშირებას და ამხანაგობას. ამ მიზნით პროექტი ითხოვს მათ ერთი მეორეზე გადაბმას, კავშირთა - კავშირის დაარსებას, საერთო სამეურნეო ქსელის შექმნას. ყველა მისი წევრი ამ ქსელიდან იღებს სარგებლობას არა კანონით და ძალდატანებით, არამედ ბუნებრივათ, ურთიერთ დახმარების პრინციპით, როგორც ახლა ყველა საზოგადოების წევრს ხვდება. რაკი ყველა დარგი მეურნეობისა ეწყობა კონკურენციის, წაგება მოგების ნიადაგზე, ცხადია თვითეულ სექტორისა და მისი ნაწილების მდგომარეობა განიზომება მხოლოდ მისი საქმიანობით და უნარიანობით.
კაპიტალიზმის აშვება „მისი საკუთარი ბუნების თანახმათ“ ნიშნავს ცხვრის ფარეხში მგლის აშვებას „მისი ბუნების თანახმათ“. სწორეთ ასეთი აშვებით იტანჯება დღეს კაცობრიობა. მხოლოდ აშვება მოხდა იმიტომ რომ ამშვებელი იყვენ თვით კაპიტალისტები, ე.ი. აუშვეს თავისი თავი და ეს გამოაცხადეს „საუკეთესო წყობილებათ“. მთელი ფართო სახალხო მოძრაობა, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ სფეროში, დაიწყო და გაჩაღდა სწორეთ ამ აშვების წინააღმდეგ და ის გრძელდება დღევანდლამდე. ქართულ სინამდვილეში, წვრილი საკუთრების და მეურნეობის სფეროში კაპიტალიზმის აშვება „მისი ბუნების თანახმათ“ დაბოლოვდება წვრილი მესაკუთრეთა განადგურებით, მათი საკუთრების ექსპროპრიაციით, მიწების შეძლებულთა ხელში გადასვლით, გლეხთა გაბოგანებით - სოციალური კატასტროფით და თუ ამას მიუმატებთ იმას, რომ ჩვენ ნაციონალური კაპიტალიზმი არ მოგვეპოვება, მაშასადამე გაბატონდებიან უცხო კაპიტალისტები. ცხადია სოციალური კატასტროფა მიიღებს ფორმას ნაციონალური კატასტროფისას.
დღეს ეკონომიური კონკურენცია ერთა შორის აღარ წარმოებს ძველი ინდივიდუალური გეზით, თვითეული ერი ქმნის სახელმწიფო თუ აქციონერულ მონოპოლიებს და კოლექტიურათ გამოდიან მსოფლიო ბაზარზე. ბრძოლა არის ამ კოლექტივთა შორის. ამ ვეშაპებს დაუპირდაპირეთ პატარა საქართველოს მეურნეობა, აგებული თავაშვებულ კაპიტალისტურ საფუძველზე და მიიღებთ სულ მოკლე დროში ქართველი ხალხის უცხოელებისათვის დაყმობას.
მაშასადამე, ქართველი ერის, როგორც ეკონომიურ-სოციალური, ისე ნაციონალური ინტერესი აუცილებლათ მოითხოვს მისი მეურნეობის ხელმძღვანელობას და პატრონობას საერთო ინტერესების საფუძველზე. „მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა“ და მისი გავლენის გაფართოვება და გაშლა საუკეთესო გარანტიაა ჩვენი ნაციონალური მეურნეობის გადარჩენის და ფართე მასების ინტერესების დაკმაყოფილების. ჩვენ გვინდა ინდუსტრიალიზაცია ხალხისათვის და არა ხალხი ინდუსტრიალიზაციისათვის; ეს უკანასკნელი მიმდინარეობა ბოლშევიკების და კაპიტალისტების თანდაყოლილი ბუნებაა. მწარმოებელი ძალების აღორძინება უნდა ეთანხმებოდეს ხალხის ინტერესებს, ხოლო ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ამ ხალხს აქვს კონტროლი ამ ძალების განვითარებაზე. რასაკვირველია, სოციალური სექტორის მთავარი მიზანი იქნება და არის ხალხის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, მაგრამ არც ერთი მეურნეობა, არც წმინდა სოციალისტური და კომუნისტური, არ შეიძლება იყოს და გასძლოს თუ მას მოგება არა აქვს. მოგება აუცილებელია ყველა ეკონომიურ რეჟიმში. მუშის ზედმეტი ღირებულება რჩება ყოველნაირ წარმოებას, რაიცა ნაწილდება სხვადასხვა აუცილებელ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლათ და რაც ანუსხული აქვს მარქს თავის გოტის პროგრამის კრიტიკაში. განსაზოგადოებული წარმოება სხვავდება კერძო კაპიტალისტურისაგან არა ამ სფეროში, არამედ მოგების მოხმარასა და განაწილებაში. ის რჩება ერთ შემთხვევაში კერძო პირს, მეორე შემთხვევაში საზოგადოებას.
დასასრულ, საჭიროა თუ არა ამ ჟამათ პროგრამმა? არასოდეს ისე საჭირო არ ყოფილა, როგორც ეს არის ახლა, ამ იდეიური არევ-დარევის და ახალ-ახალი უტოპიების ხანაში, აზროვნების სისტემატიზაცია და პოლიტიკური ბრძოლის განათება ცხადი, გასაგები ლოზუნგებით შეადგენს მიუცილებელ საჭიროებას ყველა მებრძოლისათვის. ბოლშევიკური რეჟიმის უვარგისობა სრულიად უდაო ჭეშმარიტებაა; მისი უარყოფით დამოკიდებულება ნიშნავს ცარიელ ალაგას მოკალათებას, დავა იწყება მხოლოდ შემდეგ, ვინ რა რეჟიმს აყენებს ბოლშევიზმის მემკვიდრეთ. ყველა ანტიბოლშევიკი გულისხმობს ამ მემკვიდრეს თავისებურათ. ყველა მიმდინარეობას თავისი შეხედულობა აქვს ამ საგანზე. მერყევი ელემენტები, რომელნიც ქადაგობენ ჯერ დავანგრიოთ საბჭოთა ტირანია და შემდეგ ვიფიქროთ მის მემკვიდრეზეო, აწარმოებენ ერთნაირ მანიოვრს თავისი პროგრამის უცაბედათ ხალხისათვის თავზე მოსახვევათ. ნათელი, გამოცხადებული პროგრამმა კი აძლევს პარტიას მკვეთრ იარაღს ყველაზე მერყევ, დაბნეულ და ორ სკამზე მჯდარ ელემენტებს დასამარცხებლათ და ხალხის ფართე მასების მისი დროშის ქვეშ ბრძოლის ასპარეზზე თავის მოსაყრელათ. ჩვენი პარტია კარგათ იცნობს ჩვენს ხალხს. საჭიროა ხალხიც მას კარგად იცნობდეს და მუდამ იცოდეს დანამდვილებით მისი გულის ნადები, მისი მოთხოვნილებანი, მისი ასავალ-დასავალი. პროგრამმა მიუცილებელია, რაც მალე იქნება, მით უკეთესია.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - მარტი. - №42
_______________
1. „ბრძოლა“ №33. „ბრძოლის ხმა“ №1, 9, 12, 14 და სხ. რუსული წიგნაკი „იტოგი“, „დემოკრატია“ და სხ.
![]() |
68 საქართველოს საგარეო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მუდამ ქონდა და აქვს თავისი საგარეო პოლიტიკა.
ქონდა ისტორიულ წარსულში - მეფეთა ხანაში, მეცხრამეტე საუკუნეში - რუსეთის ბატონობაში, დამოუკიდებელ რესპუბლიკაში - და აქვს დღეს, მოსკოვის ოკუპაციის დროს.
რა ახასიათებდა ამ პოლიტიკას თვითეულ ამ ისტორიულ პერიოდში?
საგარეო პოლიტიკის საგანია პირველყოვლისა გადარჩენა ერის ფიზიკურათ უცხოთა შემოსევის და გაჟლეტისაგან. გადარჩენა მისი დამოუკიდებლობის, ნაციონალური ყოფა-ცხოვრების და წყობილების, შენახვა მისი შინაგანი ძალებით განვითარების, მისი მატერიალური და იდეიური საუნჯის გამდიდრების, აღორძინების და აყვავების. აქ წინ დგება ერის საერთო ინტერესები და ამ დროშის ქვეშ ის ეპირდაპირება უცხოეთს. ეს დაპირდაპირება ღებულობს ორ ფორმას: თავდაცვის და შეტევის, ბრძოლას დამპყრობელთა წინააღმდეგ და ბრძოლას დასაპყრობელათ. საგარეო პოლიტიკა იძიებს გზებს, საშუალებებს ორივე ამ ფორმის საწარმოებლათ და გასატარებლათ.
მაშასადამე, საგარეო პოლიტიკა არსებობს იმიტომ, რომ არსებობს ქიშპობა და ბრძოლა სხვა და სხვა ერთა და სახელმწიფოთა შორის. ამ საერთო შუღლში თვითეული მისი მონაწილე ცდილობს, რასაკვირველია, გადარჩეს და გაიმარჯვოს. ქართველი ერი ამ მონაწილეთაგანია და იძულებულია თავი დაიცვას და გადარჩეს. როგორ, რა გზით - ეს საკითხი მას მუდამ ედგა წინ და მას სჭრიდა თავისებურათ.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გადამჭრელ გავლენას ახდენდა ერის მცირე რიცხვიანობა და უხსოვარი დროიდან დღევანდელ მის მიწა წყალზე დასახლება. პირველი შემთხვევა მას არ ანებებდა ეწარმოებია აგრესიული პოლიტიკა, სხვა ხალხების დაპყრობა და დარბევა, ხოლო მეორე შემთხვევა მას არ ანებებდა თავისი მიწა-წყლიდან აყრილიყო, სხვა ხალხებში ათქვეფილიყო ან მათთან თავი შეეფარებია და მათი გავლენის ქვეშ ჩავარდნილიყო. ორივე ამ გარემოებით ის იძულებული იყო ეწარმოებია თავის დაცვა თავის საკუთარ ტერიტორიაზე და ამ დიდი მიზანისათვის სავსებით დაემორჩილებია მთელი თავისი საგარეო მოღვაწეობა.
სანამ საქართველო კულტურულათ წარმოადგენდა ნაწილს ძველი სპარსეთის, ეს მისი საგარეო მუშაობა წარმოებდა გვარიან მწყობრათ სპარსთა გვერდით და მათი დახმარებით. პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი სპარსელი იყო. ჩვენი პატარა ერის დიდი ერის მფარველობით და კეთილმეზობლობით გადარჩენა და მისი თავისუფლების დამაგრება ამ დროის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. მაგრამ ბიზანტიის აღორძინება და ქართველობის გაქრისტიანებით მის გავლენის სფეროში მოქცევა სცვლის მთელ ობიექტურ მდგომარეობას და ართულებს საგარეო მუშაობას. საქართველო ემწყვდევა ორ დიდ სახელმწიფოს გვერდით. ამათში ერთი კერპთაყვანისმცემელია, შემდეგ მუსლიმანი, ხოლო მეორე კი ქრისტიანი. მათ შორის შუღლი და ბრძოლა იღებს შეუწყვეტელ ხასიათს. რა პოზიცია დაიჭირა ამათ შორის ქართველ მთავრობამ?
ერთი შეხედვით, აქ ასარჩევიც არაფერია. ქრისტიანი ერი მუდამ გვერდში უნდა ყოლოდა მეორე ქრისტიან ერს. ე.ი. რელიგიური მოსაზრება უნდა გამხდარიყო საგარეო პოლიტიკის მთავარ შინაარსათ. აი ეს დებულება, რაიცა დიდი ხნის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკათ გახდა, სრულიად უცნობია ჩვენი ისტორიის კლასიკურ პერიოდში. აქ წინ დგება სახელმწიფოს ინტერესი, მიუხედავათ მისი რწმენისა და სამღვთო წერილისა, ინტერესი რეალური, ანგარიშზე აგებული, ავანტიურას და ფანტაზიას მოკლებული. რა მოუხდება ერს, სახელმწიფოს - აი რა საკითხია გადასაჭრელი. რელიგია ცვალებადია, წარმავალია, ერი მუდმივი, უცვლელია. აი ეს მუდმივი, უცვლელი მოვლენა არის საგანი სახელმწიფო პოლიტიკისა და ის დგება პოლიტიკის წინა რიგში. ორი დიდი მოქიშპე სახელმწიფოს შორის საქართველოს შეეძლო თავი გადაერჩინა ორივესაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებით, დარჩენილიყო მესამე ფაქტორათ, არ ჩავარდნილიყო ერთ ერთის კოალიციაში და მით სამუდამოთ ხიდი არ ჩაეტეხა მეორე მეზობელთან. ამ პოლიტიკის საუცხოვო ნიმუშია ვახტანგ გორგასლანის მოქმედება. ის თხოულობს წარმართი შახის ქალიშვილს და მას უმოყვრდება; ბიზანტია სპარსეთის ომში დახმარებას აღუთქვამს უკანსკნელს, ამით აიძულებს პირველს დააბრუნოს წართმეული ქართული პროვინციები, რომლის შემდეგ მეფე ვახტანგი გამოდის ორივე მეომართა არბიტრათ და მომრიგებლათ. სპარსეთის ახალი მეფე სარწმუნოებრივი მოტივებით მოდის საქართველოზე, საიდანაც ცეცხლის თაყვანისმცემელნი განდევნეს და ფიქრობს ძალით ძველი სარწმუნოება აღადგინოს. მეფე სთხოვს დახმარებას ბიზანტიას; ბერძენთა ჯარის გამოჩენა საკმაო გახდა უომრათ მშვიდობიანობის ჩამოსაგდებათ და სპარსთა ჯარების პატივით უკან გასასტუმრებლათ.
განსაკუთრებით ძნელი შეიქნა საგარეო პოლიტიკის წარმოება მაჰმადიანობის აღორძინებიდან, როცა საქართველო მოექცა მაჰმადიანთაზღვაში, როგორც პატარა კუნძული, თუმცა მარჯვენა მხარეზე ბიზანტია განაგრძობდა არსებობას. დაკავშირება ამ დიდ ქრისტიანულ სახელმწიფოსთან ნიშნავდა გადაკიდებას ყველა სხვა მეზობლების და თავისი ფიზიკური არსებობის ხიფათში ჩაგდებას. სამოქალაქო მომენტი სძლევს რელიგიურ მომენტს და ერი განაგრძობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. არაბთა ბატონობის დროს ქართველობა ეწყობა შიგნიდან ამ ბატონობის უღლის ქვეშ, ვითარდება და ძლიერდება და უცდის დროს არაბთა გასადევნათ. ასეთი დრო კიდევაც დაუდგა. მაჰმადიანებთან შეგუება, როცა არ სჯობს გაცლა, როცა სჯობს ომი. და ამ გზით თავისი ფიზიკური, კულტურული და პოლიტიკური არსებობის შერჩენა - აი ამ დროის რელიგიური სახელმწიფო პოლიტიკა. ამ პოლიტიკას მისდევდა ყველა დიდი მეფე მე-16 საუკუნემდე. აქედან გამომდინარეობდა ის საოცარი მოვლენა, რომ ევროპის რელიგიურ აღტყინებაში, ჯვაროსანთა ომებში მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა და სომხებივით თავისი თავი არ მიიტანა სასაკლაოზე. ქართველები კარგათ ხედავდენ, რომ ევროპიელები შინ დაბრუნდებოდენ, ხოლო ისინი კი დარჩებოდენ პირისპირ მაჰმადიანებთან განმარტოვებულნი. სახელმწიფი სარბიელზე საქართველო სრულიად არ არჩევდა ქრისტიანს და არა ქრისტიანს, ოროვეს ერთნაირათ ებრძოდა ომით და აძლევდა ზავს, თავის ინტერესების მიხედვით. თამარის ომები ბიზანტიასთან ცნობილია.
ერთი სიტყვით, მთლიანი საქართველოს საგარეო პოლიტიკა ნათელია: ის სცდილობდა არ მომხდარიყო იზოლაციაში, არ დაპირდაპირებოდა მუსულმანობას, როგორც ამნაირს, არ ჩამდგარიყო ანტიმუსულმანურ ბლოკში და არ გადაეკიდებია მეზობლები. ეს პოლიტიკა დაგვირგვინდა შესამჩნევი ნაყოფით. მაშინ როდესაც მუსულმანობა ცდილობდა მოესპო მეზობელი საქრისტიანო სახელმწიფოები და კიდევაც მოსპეს, ჯერ სომხეთი, შემდეგ ბიზანტია, საქართვლოს მიმართ კმაყოფილდებოდენ მისი თავის გავლენის ქვეშ ჩაყენებით, თავისი ორბიტაში მომწყვდევით. ამ გზით ერი ირჩენდა თავის თავს გაჟლეტის და გადასახლებისაგან, სახელმწიფო თავის პოლიტიკურ წყობილებას, თავის პროვინციებს, ქრისტიანობა თავის სარწმუნოებას და კულტურას.
შერჩა ამ პოლიტიკას საქართველო?
მოხდა ორი დიდი ამბავი: დაეცა ბიზანტიის იმპერია მისი სატახტო ქალაქით (1454 წ.) და ოსმალები გაბატონდენ ბალკანეთში; განვითარდა ჩვენში ფეოდალიზმი და დაეცა საბოლაოთ სახელმწიფოებრივი მთლიანობა.
პირველმა გარემოებამ გამოიწვია მოსკოვის პრეტენზია ბიზანტიის სარწმუნოებრივ მემკვიდრეობაზე; ვასილი მესამე ირთავს ბერძენთა ბატონიშვილს, იღებს საბერძნეთის სახელმწიფო გერბს და ტიტულებს და ცხადდება ბიზანტიის იმპერატორთა მემკვიდრეთ. მათლმადიდებლობის პოლიტიკური ცენტრი ხდება მოსკოვი, ისე როგორც წინეთ იყო კონსტანტინოპოლი. მაგრამ ამით საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა სრულიად არ იცვლება. ახლაც, ისე როგორც წინეთ ბიზანტია, მოსკოვი ეპირდაპირება მუსულმანობას და მართავს მასთან სისტემატურ ომს. საქართველოს პოზიცია ამ ბუმბერაზებს შორის უნდა ყოფილიყო ისეთივე, როგორიც იყო წინეთ - დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და მეზობლებთა წინაშე ლოიალობა. ნამდვილათ კი მოხდა ამ პოლიტიკის სავსებით უკუგდება და გადაჭრით ანტიმუსულმანური ბლოკის არჩევა მოსკოვის გვერდით. ეს საოცარი მოვლენა აიხსნება მხოლოდ ფეოდალიზმის გამარჯვებით და სახელმწიფო პოლიტიკის მაგიერ კუთხური და პიროვნული პოლიტიკის ამუშვებით. თვითეული ფეოდალი, თვითეული მეფე, ამ ფეოდალების მიერ შეწუხებული, ეძებს საკუთარი გზით და საკუთარი ჭკუით მეგობარს, მფარველს და გამორჩენას. რატომ ამ ხანაში იწყება ასეთი მფარველის რუსეთში ძებნა? ამის მიზეზია განვითარება ფეოდალიზმის თანამგზავრის - კლერიკალიზმის, რელიგიური საკითხების წინა რიგებში წამოყენება და ქვეყნის ინტერესების სარწმუნოების თვალსაზრისით გაზომვა. მოსკოვი ხდება ქართველი სამღვდელოების მექა.
პირველ მიწერ მოწერას და ელჩების გაგზავნას მოსკოვში იწყებს კახეთის მეფე ალექსანდრე 1492 წ. მას მიბაძა ქართლის მეფემ გიორგი მეათემ; მათ გზას აგრძელებენ მათი მემკვიდრენი. ესენი სთხოვენ მოსკოვის მეფეს „მიიღოს ისინი რუსეთის ქვეშევრდომობაში“; მეფე ალექსანდრე მეორე შეფიცავს რუსეთის მეფეს „ერთგულ ქვეშევრდომობას შვილებით და პირდება უხადოს ხარკი წლიურათ ქართული ნაქსოვებით“ (დუბროვინი). ერთი სიტყვით ქართლ-კახეთის მეფენი უარს ამბობენ თავის სუვერენობაზე, აღიარებენ რუსეთის ქვეშევრდომობას და საფასურათ ითხოვენ მფარველობას და დახმარებას მუსულმანობის წინააღმდეგ.
იბადება საკითხი: იცოდენ კი ამ ახირებულ პოლიტიკოსებმა არა თუ მოსკოვის მართველობის სისტემა, არამედ მისი გეოგრაფიული საზღვარი მაინც? იმ დროს როცა კახეთი ითხოვს მისგან ჯარით შველას, მისი სამხრეთი საზღვარი გადადიოდა მდინარე ოკაზე (დღევანდელი მოსკოვის და რიაზანის გუბერნიას შორის), ქვემოთ მდებარეობდა კაზაკების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმის და ასტრახანის სახანო, მერმე კიდევ ჩერქეზები - ერთი სიტყვით არავითარი საშუალება რუსეთიდან რაიმე სამხედრო დახმარების მიღების. პოლონეთი გაცილებით უფრო ახლო მდებარეობდა ჩვენგან, ვინემ მაშინდელი რუსეთი. არც არავითარი რეალური დახმარება მოსკოვიდან არ მოსულა საქართველოს არც ერთ გაჭირვებულ მდგომარეომაში, ხოლო რუსეთში კი მიდიოდენ ქართველები, შედიოდენ იქ სამხედრო სამსახურში და თავს დებდენ მოსკოვისათვის. „ქართველი გუსართა პოლკი თათრების წინააღმდეგ ომში 1739 წ. შესანიშნავათ იბრძოდა“, სწერს ბუტკოვი. ამის გამო 1740 წ. განსაკუთრებითი უკაზით გადაწყდა „ქართველების მოწვევა გაგრძელდეს და მათგან დაარსდეს ათი როტა“. დამხმარე რუსის ძალა საქართველოში არ მოდის, ხოლო ქართული ძალა კი იქით მიდის და ეხმარება „საწყალ“ რუსეთს თურქების წინააღმდეგ!
აი ამ ფანტასტიურ ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკამ სავსებით შესცვალა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა და დაედვა საფუძვლათ ყველა უბედურობას, რაც შემდეგ მას თავს დაატყდა. რუსეთი აწარმოებს ომებს ჯერ ყაზანის სახანოსთან, შემდეგ ასტრახანის, შემდეგ ამათი ძლევისა სპარსეთთან კასპიის ზღვისა და სავაჭრო მიზნებისათვის; ამავე დროს ომები ოსმალეთთან დუნაის მიმართულებით და ყირიმით. ამ ბუმბერაზების შორის მომწყვდეული პატარა საქართველო გადაჭრით ემხრობა ერთ მხარეს, ისიც უშორეს, რომელსაც მოსავალი გზებიც კი არ აქვს ჩვენამდე. ახლა იბადება სპარს ოსმალეთში აზრი საქართველოს მოსასპობათ, მსგავსათ სომხებისა, და მით რუსის საფრთხის კავკასიის გზით თავიდან მოშორებისა. მაგრამ პირველათ სცადეს დიპლომატიური საშუალებანი. სპარსეთის შახი, შაჰ აბაზი უთვლის ქართლ-კახეთის მეფეთ ჩამოშორდით რუსეთს და მიირთვით ყოველივე შეღავათებით. ამაოთ. არ გასჭრა. იწყება კახეთის აოხრება სპარსელებისაგან და ქართველების მასიური გადასახლება. მეორე მხრით, ოსმალეთმაც სცადა საქართველოს ჩამოშორება რუსეთიდან და როცა ამას ვერ მიაღწია, იწყო ქართული დაპყრობილი პროვინციების ძალით გამაჰმადიანება. სამცხე-სათაბაგო, აჭარა-ქობულეთი ხდება იძულებული მიიღოს ისლამი.
როცა ასეთი საშინელი ამბები ტრიალდებოდა ჩვენში, როგორ გვეპყრობოდა ჩვენი მძლავრი მოკავშირე, რუსეთი? პეტრე დიდს სპარსთან ომში ვახტანგ მეფემ მიაშველა 40 ათასი მეომარი, რითაც რასაკვირველია მეტათ გაარისხა როგორც შახი, ისე სულთანი. მაგრამ ზავის ჩამოგდების დროს მოსკოვმა „დაივიწყა“ საქართველო და ჩაუტოვა ის უმწეოთ განრისხებულ მეზობელთ. შაჰმა იჯერა გული ვახტანგზე. გააძევა საქართველოდან და ისიც თავს აფარებს მრავალი საუკეთესო ქართველით მოსკოვს, ხოლო ქვეყანას კი აოხრებს შემოსეული სპარსელები. ერეკლე მეორე გაყვა მამის - თეიმურაზის გზას, გააგრძელა მეგობრობა სპარსეთთან, მონაწილეობაც კი მიიღო მის ომებში ინდოეთის საზღვარზე, მაგრამ ამ ხაზს ბოლომდე ვერ შერჩა. ჩაება რუსეთ-ოსმალეთის ომში (1770 წ. ასპინძის ომი) რუსეთის დასახმარებლათ, და მით გადაეჯაჭვა სარუსეთო პოლიტიკას; უკან დასახევი გზა აღარ ქონდა.
ბოლოს, სულ ბოლოს, სამასი წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იყო მოვიდა საქართველოში „მოკავშირე“ ჯარებით და დახმარების მაგიერ, ის სავსებით მოსპო და თავის გუბერნიათ აქცია. ასე საქვეყნოთ დამარცხდა მეთექვსმეტე საუკუნიდან დაწყებული ჩვენი საგარეო პოლიტიკა: ქვეყანა აოხრებული, ერის მესამედი გამაჰმადიანებული და უცხო უღელში მყოფი, მცხოვრებთა რიცხვი განახლებული, თავისუფლება დაკარგული, საერთაშორისო ურთიერთობიდან გამოვარდნილი.
ამნაირათ, მეფეთა ხანაში იყო ნაწარმოები ორი მოპირდაპირე საგარეო პოლიტიკა: ერთია პოლიტიკა სახელმწიფოებრივი, რეალურ ინტერესებზე აგებული, ერის სვებედზე მზრუნავი და სინამდვილეზე დაყრდნობილი. მეორეა პოლიტიკა ფეოდალური, კუთხური, ოჯახური, პირადი თუ ჯგუფური სარგებლობის მაძიებელი, ერისთვის ავანტიურისტული და დამღუპველი. რაკი არ იყო ერთი სახელმწიფო, არ იყო ერთი სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველოს პატრონი არ დაურჩა.
აი ამ ფეოდალური საგარეო პოლიტიკით გადმოვედით მეცხრამეტე საუკუნეში.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. - 1934 წ. - მარტი. - №43
![]() |
69 საქართველოს საგარეო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
2
პირველ წერილში დავინახეთ, რომ საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ იყო აუცილებელი შედეგი საქართველოს მართველი წრეების საგარეო პოლიტიკისა, დაწყებული მეთექვსმეტე საუკუნიდან. წარმოიდგინეთ, მაგ. დღეს, შვეიცარია უკავშირდება გერმანიას და ხელს იღებს თავის საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე. ამის შედეგი იქნება საფრანგეთის მიერ დაპყრობა მისი მოსაზღვრე ნაწილების და რაც გადარჩება გერმანიის ლუკმათ გადაქცევა. აქედან წარმოდგება საგარეო პოლიტიკის ძირითადი დებულება: კავშირი შეიძლება მხოლოდ თანასწორ მეზობელ სახელმწიფოთა შორის; კავშირი პატარა და დიდი სახელმწიფოსი თავდება პირველის დანგრევით. ეს ძველი ამბავია, თიხის და რკინის ქოთანის ერთათ მოგზაურობა მუდამ სახიფათოა.
საქართველო რუსეთის ხელში გადაიქცა სპარს-ოსმალეთის საფრთხობელა იარაღათ, რითაც ის აიძულებდა მათ დათმობებს. ხოლო საქართველომ კი სამაგიეროთ ვერავითარი შეღავათი, ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო რუსეთისაგან. იქიდან მოდიოდენ მხოლოდ ბერები, საჩუქრები და ულევი დაპირებანი. ეს აშკარა მაჩვენებელია იმის, რომ ერთი, უძლიერესი მხარე აწარმოებდა სახელმწიფო პოლიტიკას, ხოლო მეორე, უსუსტესი, არა სახელმწიფო, კერძო ინტერესების პოლიტიკას. ეს უკანასკნელი მოვლენა დამახასიათებელია მთელი ფეოდალური წესწყობილებისა მთელ ქვეყანაზე. ინგლის-საფრანგეთის ასი წლის ომი იკვებებოდა ფრანგ ფეოდალების მიერ ინგლისის მოწვევით შინაურ საქმეებში ჩამოსარევათ თავის მეფის წინააღმდეგ, აქ მეფე იცავდა თავის საბრძანებელის მთლიანობას, რაიცა ნიშნავდა დაცვას ამავე დროს ნაციონალური ინტერესებისა. ფეოდალები კი თავის ოჯახის და ლოკალური ინტერესების მეთაურათ გამოდიოდენ. რაკი საქართველო სავსებით მოექცა ფეოდალურ ურთიერთობაში, რაკი აქ მეფენიც კი არ ცდილობენ ერის გაერთიანებას (ერეკლე მეორემ უარი თქვა იმერეთის შემოერთებაზე) და მთლიან სახელმწიფოს საფუძველზე დაყრდნობას, ამით აიშვა დამარღვეველი ელემენტების თარეშობა და მათ დარჩათ ბატონობა.
აღარ იყო ნაციონალური საგარეო პოლიტიკა, გამეფდა ფეოდალური პოლიტიკა.
ამით აიხსნება ისიც თუ რა ხასიათის მოძრაობა გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობამ. მაშინ როდესაც კახეთში და მთაში მღელვარება დაიწყო, ქართლი სდუმდა, ხოლო იმერეთი შორიდან სეირს უცქეროდა. როცა იმერეთი ადგა, ამერეთი სდუმდა, ე.ი. ანექსიას ერი შეხვდა დაქსაქსულათ, დაბნეულათ, მისი სხვადასხვა ნაწილები სხვა და სხვა ინტერესებით გარემოცული. გაბატონებულ წრეებმა, დიდმა მემამულეებმა დასტოვეს ბაგრატიდების დინასტია და თავისი ბედი გადაასკვნეს რომანოვებს. პენსიები, ჩინები, ორდენები გახდენ მათი მონადირების საშუალებათ. ოჯახურ-წოდებრივი ინტერესი დადგა ერის ინტერესების მაღლა, ე.ი. წინანდელი ფეოდალური პოლიტიკა იქნა გაგრძელებული ახალ პოლიტიკურ ურთიერთობაში. ამ გარემოებამ გარიყა აჯანყებული ტახტის მემკვიდრე და მისი მომხრენი და ისინიც იძულებულნი გახდენ სპარსეთში სამუდამოდ გადახვეწილიყვნენ. ასე დასრულდა გარღვევა ნაციონალური ტახტის და მართველი წოდების ინტერესების, ხოლო ხალხს ხომ არაფერი ეკითხებოდა, გარდა მორჩილებისა თავთავიანთ მებატონეებისადმი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა სავსებით კარგავს ნაციონალურ ელფერს და ხდება თავად-აზნაურობის ინტერესების დაცვათ რუსეთის მთავრობის საშუალებით. ამიტომ საქართველოს ხმა აღარ ისმის არც ერთ საერთაშორისო გართულებაში, რითაც მდიდარია მაშინდელი ეპოქა. ფეოდალიზმი, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი ირღვევა, მაგრამ ფეოდალური პოლიტიკა, პოლიტიკა პირადი გამორჩენის, გრძელდება. ეს ხაზი თანდათან ხდება გაბატონებული წოდების კოლექტიურ ხაზათ და ბოლოს ის ყალიბდება თვით ამ კოლექტივის ჩამოყალიბებით, მსგავსათ რუსეთის თავად-აზნაურობისა.
რუსეთის ერთათ-ერთ დასაყრდნობ ბაზათ კავკასიაში ხდება საქართველო, საიდანაც ის აწარმოებს შეტევას ყველა ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. რა მიზანი ქონდა რუსეთს? კ. მარქსის მაშინდელი ცნობებით რუსეთის მიზანი იყო შავი ზღვის გადაქცევა თავის დახურულ ტბათ და ამით ხელის გახსნა აზიაში საბატონოთ. ხოლო ეს შეიძლებოდა დაპყრობით კავკასიის და დუნაის ნაპირების; მაგრამ ამ პლანებს ებრძვის გარდა ოსმალეთისა, ინგლისი და საფრანგეთი და მით კავკასია-დუნაის საკითხი ხდება ევროპის საკითხათ. ადრიანოპოლის ზავით 1837 წელს დამარცხებულმა ოსმალეთმა აღიარა მთელი კავკასია რუსეთის სამფლობელოთ. ინგლისმა უარი თქვა ამ ხელშეკრულობის ცნობაზე. ლორდთა პალატაში გრეიმ განაცხადა, „რომ ამ ხელშეკრულობის დადასტურება ნიშნავს ოსმალეთის გაწირვას და მშვიდობიანობის დარღვევას ევროპაში“. დიდი დიპლომატიური ბრძოლის და მიწერ-მოწერის შემდეგ რუსეთს გამოგლიჯა ევროპამ ჩერქეზეთი და ის აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოთ თავისი შავი ზღვის ნაპირებით1. ამ საერთო ევროპიულ დავაში საქართველოს ხმა არ ისმის. ქართველი მოღვაწენი არ სჩანან და არ იცავენ ყოველ შემთხვევაში ერეკლე მეფის მიერ რუსეთთან დადებული ტრაქტატის ხელშეუხებლობას. ეგევე განმეორდა ყირიმის ომის დროს 1854 წ., როცა კაკასიის ირგვლივ დიდი ომი გაჩაღდა და შავ ზღვაზე გამოვიდა ინგლის-საფრანგეთის შეერთებული ესკადრა რუსეთის წინააღმდეგ, ოსმალეთი იძლევა წინადადებას საქართველოს ოკუპაციისა და ამ გზით ყარსიდან და მით მთელი ამიერკავკასიიდან რუსის ჯარის გარეკისას. საფრანგეთი მხარს უჭერს ამ პროექტს, ინგლისის სამხედრო მინისტრი წინააღმდეგია იმ მოსაზრებით, რომ მტრის ტერიტორიაზე ჯარის ექსპედიცია ხაფანგიაო. მარქსი თავის წერილში ებრძვის ამ შეხედულობას და ამბობს, რომ მინისტრს შეიძლება „საქართველო მართლა მიაჩნია მტრათ და არა მეგობრათ, ის საქართველო, რომელიც წარმოადგენს კავკასიაში რუსეთის პოლონეთს. ოსმალეთის პროექტი არის მთელი თავისი შინაარსით გაბედული. კარგათ დამწიფებული და შეიძლება ერთათ-ერთი სტრატეგიული იდეა, რაც ამ ომმა მოგვცა“. შემდეგ ავტორი იძლევა თავის პლანს: ჯარის გადასხმა სამეგრელოში, დაჭერა ქუთაისის, წასვლა თფილისზე და რუსის ჯარის განდევნა და სხ.“2 იბადება საკითხი: ვინ იყო მართალი, ინგლისის მინისტრი თუ მარქსი? უეჭველია პირველი, საქართველო ამ დროს იყო „მტრის ქვეყანა“, ხოლო მარქსი გამოდიოდა იმ საერთო მოსაზრებიდან, რომ დაპყრობილი ერი არ შეიძლება იყოს დამპყრობელის ერთგული. ინგლის ქონდა რასაკვირველია, თავის დიპლომატიურ აგენტებისაგან ცნობები, რომ ქართველი თავად აზნაურობა იბრძვის რუსის გვერდით და მაშასადამე მოკავშირეთა დასაყრდნობი ბაზა ამ ქვეყანაში არ მოიპოვება. ამავე დროს, მოკავშირეთა აგენტები მუშაობდენ აბხაზეთში და სამეგრელოში, მაგრამ სამეგრელოს დედოფალის ეკატერინეს გული ვერ მოინადირეს. ცნობილია მისი პასუხი მათდამი : „ვერ უღალატებ ჩემს ხელმწიფე იმპერატორსო“. მას აზრათაც არ მოსვლია მოეთხოვა სამეგრელოს ავტონომიის საერთაშორისო ცნობა მაინც. და ეს იმიტომ რომ ის უყურებდა თავის ქვეყანას არა სახელმწიფოს, არამედ ფეოდალური თვალსაზრისით. ქვეყანა ეკუთვნოდა მას კერძო საკუთრების საფუძველზე, რომელსაც მართავს, გაყიდის თუ გააქირავებს თანახმათ თავისი ოჯახური ინტერესებისა. ამით აიხსნება ისიც, რომ როგორც სამეგრელოს მთავრის მემკვიდრე ნიკოლოზი გახდა სრულ-წლოვანი, მან რუსეთის მთავრობას მიყიდა ფულზე ყველა თავისი უფლებები და თვითონ გადადგა. სამეგრელო პოლიტიკური ერთეულიდან უცებ გადაიქცა ადმინისტრაციულ ერთეულათ, მაზრათ, მაზრის უფროსის სამართველოთ, ე.ი. ფეოდალური პოლიტიკა პრაქტიკულათ ხორციელდებოდა მესამოცე წლებშიაც და ეს არავითარ პროტესტსაც კი არ იწვევს საზოგადოებაში!
თავის თავათ ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკის მიმდევარნი ვერ გამოვიდოდენ ვერც ერთ დიდ ისტორიულ გართულებაში საქართველოს უფლების დამცველებათ და მისი სახელით მოლაპარაკეთ. ყველაფერს სწყვეტს რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორი, ბაგრატიდების მემკვიდრე და მას უნდა ემორჩილებოდეს ერი - ეს აზროვნება ხდება ოფიციალურ დოქტრინათ და მასზე შენდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. ქართველ თავად-აზნაურობის მიერ გამართული დღესასწაული რუსეთთან შეერთების ასი წლის თავზე, 1901 წ., და მის მიერ ოთხი სტიპენდიის დაარსება იმ რუსის პოლკებისათვის, რომელნიც პირველათ ჩვენში შემოვიდენ და დაგვიპყრეს - იყო ლოღიკური დასკვნა ერთხელ აღებული პოლიტიკურ ხაზის.
ამ ფეოდალურ პოლიტიკურ ხაზზე საბოლაოთ დადგენ, მცირე ყოყმანის შემდეგ, ქართველი საზოგადო მოღვაწენიც. ტახტის ერთგულების საჯაროთ გამოფენა, მისი სახალხოთ ქადაგება, უქვეშევრდომილესი მორჩილების აღიარება და ამ გზით ქართული საქმისათვის სამსახური - ხდება ჩვენ მოღვაწეთა საზოგადო დოქტრინათ. ეს იყო პოლიტიკა, საშუალება, გზა და ხიდი ჩვენი ნაციონალური აღორძინების წინ წასაწევათ. ამ დოქტრინას ეძლევა ოფიციალურათ ქართული ნაციონალური ხასიათი ი. ჭავჭავაძის ხელით მოწერილ გამოქვეყნებული წერილით, დაწერილი ნიკოლოზ მეორის გვირგვინის კურთხევის გამო. აქ ვკითხულობთ: „სასოებით ვეგებებით ჩვენთვის და მთელი რუსეთისათვის დიდებულ დღეს და ერთგული ქვეშევრდომის გრძნობით ღმერთსა ვსთხოვთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენის საყვარელის იმპერატორისას საბედნიეროთ და საახოდ ჩვენდა“3. შემდეგ, როცა ხალხის მოძრაობა დაიწყო და პროგრამებზე ჩამოვარდა კამათი, „ივერია“ ისევ უბრუნდება ამავე დოქტრინას და სწერს: „ქართველს უნდა ქონდეს გარკვეული პროგრამმა; ასეთი პროგრამმა გვაქვს. პირველი მუხლი: ქართველობა აღიარებს თავის მტკიცე ერთობას და ერთგულებას რუსეთისას და ჩვენი ხელმწიფე იმპერატორისა“4.
რაკი ერთხელ მოვხვდით იზოლიაციაში, დაუპირდაპირდით ყველა მეზობელ ხალხებს, რომელთა დაპყრობაში აქტიური მონაწილეობაც მივიღეთ, ცხადია რაიმე ძალას უნდა დავყრდნობოდით და მომავალი ხიფათისაგან თავი გადაგვერჩინა. ასეთ ძალათ იქნა აღიარებული ხელმწიფე-იმპერატორი, რუსეთის ტახტი, რომლის წინ საქართველო დააჩოქა ფეოდალურ პოლიტიკამ. ამნაირათ, მე-16 საუკუნის საგარეო პოლიტიკა პირდაპირ გადაება მე-19 საუკუნისას, ერთი და იგივე გაბატონებული წრეების საშუალებით, თუმცა გარეგანი ჩარჩოები ამ პოლიტიკისა სავსებით შეიცვალა, ბაგრატიონთა ალაგი დაიჭირა რომანოვებმა.
მაგრამ როგორც ეს ხაზი გაკოტრდა ძველათ რუსის მოსვლისთანავე, ისევე გაკოტრდა ის შემდეგ, ახალ გარემოებაში. ტახტზე დაყრდნობამ არა თუ ააღორძინა ჩვენი ნაციონალური ცხოვრება, პირიქით, ეს უკანასკნელი უფრო გვარდებოდა, მახინჯდებოდა, რუსიფიკაცია მთელი თავისი ძლიერებით ტარდებოდა. ჩვენ ვერ მივიღეთ უბრალო რეფორმებიც, რაც რუსებს თავსაყარათ ქონდათ, ვერც ერობა, ვერც ნაფიცთა სამსაჯულო, ვერც უნივერსიტეტი, ვერც ერთი კულტურული კერა. მიუხედავათ ამ აშკარა ფაქტებისა, „უქვეშევრდომილეს გრძნობებს“ არ ეყრებოდენ, ფეოდალური პოლიტიკა გრძელდებოდა.
აი ეს პოლიტიკა პირველად გაარღვია ქართველი ხალხის ამოძრავებამ.
რაკი ხალხი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და დაუპირდაპირდა შინაურ თავის მოპირდაპირეთ, ამით ის დაუპირდაპირდა მათ პოლიტიკასაც, მათ მფარველ „ხელმწიფე-იმპერატორს“, მათ მთავრობას, მთელ მათ ეკონომიკას და იდეოლოგიას. ქართველი ხალხის პოლიტიკური ამოსაღები დაიწყო ლოზუნგით: ძირს ტახტი, ამბავი სრულიად გაუგონარი საქართველოში. ეს იყო ძირიანათ შებრუნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის. ვისი იმედით? ქართველი ხალხი ხომ ვერ მოერეოდა რუსეთის იმპერატორს. აი აქაც იმავე ხალხმა გაარღვია მეორე რკალი, ჩვენი იზოლიაცია მეზობელ ხალხებისაგან და წამოაყენა ყველა ხალხის, ყველა ტვირთმძიმეთა დარაზმვა და ერთი დროშის ქვეშ თავის მოყრა.
ამ ინტერნაციონალურ დროშას ჩვენ გამოვყავდით განმარტოვებისგან, გვიშლიდა ფართე ასპარეზს, გვაკავშირებდა იმპერიის ყველა ხალხებთან და ხსნიდა პერსპექტივას დიდი რევოლიუციისას, დაბმულ ხალხთა და ერთა განთავისუფლებისას. აქ მთავარი ამოცანა იყო კერპის - ტახტის დამსხვრევა, ამ უახლოესი მიზნის გარეშემო მთელი ძალღონის ამოძრავება და გამარჯვება. ასეთი გაბედული ნაბიჯი ქართველი ხალხისა იწვევს შიგნიდანვე, ძველი აღთქმის მოღვაწეებისგან, მედგარ წინააღმდეგობას, ფართო შემოტევას, პრესის და საზოგადოების აყაყანებას, მაგრამ მთელი ეს ხმაურობა აღმოჩნდა სულთმოძრავის უკანასკნელ გაზმორებათ. ქართველი ხალხი უკან არ იხევს, პირიქით, იმპერიის ყველა ხალხთა შორის ის იყო უეჭველათ ყველაზე უფრო აქტიური, მედგარი, შეუპოვარი. ყველა დიდ საერთო ლეგალურ თუ არალეგალურ გამოსვლებს მან უმეთაურა, პირდაპირ თუ თავის არჩეულთა საშუალებით, როგორც ამიერ-კავკასიაში, ისე მთელ იმპერიაში. ეს მოძრაობა პირველი რევოლიუციით სასიკვდილოთ სჭრის ტახტს, ხოლო მეორეთი მას სავსებით ანგრევს და მასთან ერთათ ანგრევს ტახტთან დაკავშირებულ მთელ დრომოჭმულ ეკონომიურ და პოლიტიკურ წყობას.
ფეოდალური საგარეო პოლიტიკა ეცემა, ხალხური პოლიტიკა იწყება.
ამნაირათ, რევოლიუცია და დემოკრატია გახდა იმ საშუალებათ, რომელმაც გაარღვია ჩვენს ირგვლივ შემოვლებული საგარეო რკალი, გამოიყვანა ერი ისტორიული ჩიხიდან და დაუბრუნა მთლიან ნაციონალურ და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. თუ ჩვენი ისტორიის კლასიკურ პერიოდში ამ პოლიტიკას მეთაურობდენ დიდი მეფენი, ახლა მის მეთაურათ დადგა ქართველი ხალხი, გამოღვიძებული და შეკავშირებული ქართველი ერი.
იშვა საქართველოს ნაციონალური საგარეო პოლიტიკა.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - მარტი. - №44
_______________
1. კ. მარქსის „პოლიტიკური თხზულებანი“, ტ. I, გამოცემა კოსტის.
2. იხ. იქ. ტომი მერვე, გვ. 50-51.
3. „ივერია“, 1896 წ. №102.
4. იქ. 1901 წ. №116. იხ. გიორგაძის წიგნი „საზოგადოებრივი ურთიერთობა“.
![]() |
70 საქართველოს საგარეო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
3
ხალხი თავის მტერი არ არის; მის მიერ წარმოებული პოლიტიკა არ შეიძლება არ მომდინარეობდეს მისი საარსებო მოთხოვნილებისაგან, მისი მიუცილებელი საჭიროების და მდგომარეობისაგან. ხოლო ხალხის პოლიტიკა ნიშნავს ერის პოლიტიკას, ნაციის დიდი უმრავლესობის ინტერესების გამოხატულებას.
ხალხის მტერია არა ხალხი, არამედ მისგან გამდგარი და მის მაღლა მდგომი გაბატონებული კლასი თუ ჯგუფნი, რომელნიც მას ეპირდაპირებიან ცხოვრებაში და მაშასადამე, მათი საშინაო და საგარეო მუშაობა სხვადასხვა ინტერესებს ემსახურება.
რაკი საქართველოში დაირღვა ძველი გაბატონებული წოდება, ხოლო მისი ალაგი ვერ დაიჭირა ახალმა ბატონებმა, ამით ძალაუფლება ხელში ჩაუვარდა ხალხს, ერის დიდ უმრავლესობას და შეიქნა შესაძლებელი მართლა ნაციონალური პოლიტიკის წარმოების. ეს პოლიტიკა არ იყო იმპროვიზაცია, უცებ გამოგონილი მუშაობა, არამედ იყო ლოღიკური გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც მისდევდა თავის რევოლიუციურ ბრძოლაში ქართველი ხალხი. მისი დამახასიათებელია ორი დებულება: თავიდან აცილება იზოლაციის და ავანტიურის. ეს ხაზი დიდის სიფრთხილით და გამჭრიახობით ტარდება გარემოებათა ახალ ქსელში, სამოქალაქო ომის და მსოფლიო სისხლის ღვრის საბედისწერო მომენტში, ერის გემი ცურაობდა აი ამ ორი აგორებულ ტალღებს შორის, სცილას და ხარიბდას სასიკვდილო ლახვარის მიდამოებში და ბოლოს გაბედულათ, გონიერათ გაექცა ორივეს, გამოვიდა უვნებლათ სანაპიროში. მისი ორგანიზმი ვერ დაასახიჩრა ვერც შინაურ, ვერც საგარეო ომმა. საქართველო გადაიქცა ირგვლივ ანთებულ კოცონის ზღვაში ის მშვიდი და აწყობილი კუნძული, სადაც პოულობენ უშიშროებას და მყუდროებას ყველა დევნილი და შეწუხებულნი. ამ ტრაგიკულ ხანაში ქართველმა ხალხმა დიდებულათ ჩააბარა ისტორიის გამოცდა.
ამ ხაზის გამარჯვება შესაძლებელი გახდა ერის დისციპლინით, ყველა მისი სასიცოცხლო ნაწილების დარაზმვით და ერთი მთლიანი ნაციონალური ფრონტის შექმნით. პატარა ერი ვერ გადაურჩება ისტორიულ ქარცეცხლს საშინაო შუღლით და განხეთქილებით. ეს შეგნება გახდა საყოველთაო, სახალხო და ის გადაიქცა ჩვენი პოლიტიკური დოქტრინის მიუცილებელ ელემენტათ. ამ ხაზს დაშორდენ მხოლოდ მცირე ჯგუფები, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ და თავის სახელმძღვანელოთ გაიხადეს ძველი ფეოდალური პოლიტიკა: თავისი ბატონობა მოიპოვონ არა თავის ხალხის, არამედ უცხო ხალხის საშუალებით, უცხო ძალებზე დაყრდნობით; ასეთ ძალათ ერთმა დასახა ჩვენში მდგომი უცხო ჯარი, ხოლო მეორემ მოსკოვი. პირველი ჩაგვიდგა სისტემატურ ოპოზიციაში, მეორემ სისტემატურ მტრობაში. მაგრამ ესენი წარმოადგენდენ თავისთავათ უმნიშვნელო ძალას და ოდნავადაც ვერ არყევდენ ერის მთლიანობას.
ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ძარღვი მიიმართებოდა რევოლიუციურ ერთა თვით გამორკვევის გატარებისაკენ საერთო თანხმობით და ურთიერთ გარანტიით, ე.ი. ერის და ხალხის თავისუფლების განმტკიცება ყველა ჩაგრულ ერთა და ხალხთა შეერთებით და ამათი ურთიერთობის აწყობით და დაწყობით.
მაშასადამე აქ გასარჩევია ორი მომენტი: მიზანი და გზა ანუ მეთოდი მის მისაღწევათ. რევოლიუციის დროშაზე ეწერა ორი ლოზუნგი: დემოკრატია და ერთა თვითგამორკვევა. ხოლო თვითგამორკვევა ნიშნავდა ერის თავისუფლებას და საკუთარ სახელმწიფოს დაარსების შესაძლებლობას. სხვანაირი თვითგამორკვევა ისტორიამ არ იცის, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა მოითხოვდა შესაფერ მეთოდს, რომ ბოლოს არ მიგვეღო მიზნის საწინააღმდეგო მდგომარეობა და არ დავმარცხებულიყავით. ყველა ჩაგრულ ხალხთა და ერთა ერთობა და საერთო ძალღონით საერთო მიზნის განხორციელება იყო ჩვენი მთავარი საშუალება. ეს იყო ჩვენთვის უძლიერესი ფარ-ხმალი იზოლიაციის და დამარცხების წინააღმდეგ ამართული. მაგრამ ამ ხაზს თანდათან ეცლებიან სხვა და სხვა ხალხნი, პირველ ყოვლისა რუსის ხალხი. რევოლიუცია და დემოკრატია მარცხდება ცენტრში, ბოლშევიკური და მონარქიული რეაქცია იფეთქა; ყველა დანარჩენი ერი თავის ძალით და პასუხისმგებლობით არკვევს თავის თავს სუვერენულ და დემოკრატიულ ერათ ჩვენ ვიკეტებით ამიერ კავკასიის საზღვრებში და აქ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს. და როცა ეს რკალიც სქდება გარეშე ძალის შემოსევით, ვიკეტებით ჩვენს საკუთარ საზღვრებში იმ იმედით, რომ კვლავ გადავებმებით ჩვენს მეზობლებს და შევქნით მთლიან საერთო საფარს. ამ ეკლიან გზაზე ქართველი ერი ვიდოდა მთლიანათ, შეგნებულათ და დაწყობილათ.
რაკი ჩვენ ვერ მივიღეთ ქართველი ერის დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა შინაგანი, საიმპერიო ძალების აწყობით, ვერც კავკასიის ფრონტის შექმნით, ამით მივიჩეხეთ გარეშე იმპერიალისტური ძალებისაკენ და გადავებით მათი ინტერესების ალალბედს. ჩვენ აქ მოვიპოვებდით მფარველობას იმდენათ, რამდენათ თავისუფალი საქართელო შევიდოდა მათი საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში. ე.ი. რამდენათ ეს მათვის სასარგებლო და საინტერესო გახდებოდა. ყველა, ახლათ აღორძინებული ერი გაექანა ევროპისაკენ. ყველამ აქ გაშალა თავის მუშაობა და დაიწყო ძებნა მფარველის და დახმარების. ამით შორის ვიყავით ჩვენც. ე.ი. მიზანი რჩება ურყევი, ნაციონალური თავისუფლება ჩვენს დროშათ, მხოლოდ იცვლება მეთოდი. ვცდილობთ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობის გარანტია დიდი სახელმწიფოებისაგან და საამისოთ ეწყობა მთელი საგარეო მუშაობა.
ყველა არსებული პატარა სახელმწიფოები არსებობენ რომელიმე დიდი სახელმწიფოს თუ სახელმწიფოთა შემწეობით. ე.ი. ყველა ისინი წარმოადგენენ მიუცილებელ ღერძს საერთაშორისო წონასწორობისა. ბელგიას და სკანდინავიას უდარაჯებს ინგლისი, შვეიცარიას მის ირგვლივ მდებარე მოქიშპე დიდი ერები, ბალკანეთს რუსეთი წინეთ, დღეს საფრანგეთი, არაბეთს ინგლისი, სამხრეთ ამერიკას ჩრდილოეთ ამერიკა (მონროეს დოქტრინა), ერთი სიტყვით არც ერთი პატარა ერი არ არის გაშვებული ეულათ, ბაწარწაძრობილი. გინდ იყავი და გინდ არაო. ერი, რომლის თავისუფლება არავის არ ესაჭიროება სხვის უღელშია.
ვერც ერთი პატარა ერი თავს ვერ გაინთავისუფლებს დიდისაგან მხოლოდ საკუთარი ძალღონით. სუსტის და მძლავრის კანონი მუდამ ძალაშია.
რა გეზით მიიმართა ჩვენი დამოუკიდებლობის დროს, მსოფლიო პოლიტიკა და რა გავლენა იქონია ამან ჩვენს სვე-ბედზე?
ახალ აღორძინებულ ნაციონალურ ერთეულებში დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ იმათ, რომელნიც მდებარეობენ რუსეთს და ევროპის შორის. ამის მთავარი მიზეზია არა მათი განსაკუთრებული ღირსება და უნარიანობა, არა მათი საკუთარი თვისებები, არამედ მათი გეოგრაფიული მდებარეობა და ამიტომ მათ არსებობაში ევროპის დაინტერესება. მას შემდეგ რაც ევროპის ექსპედიცია რუსეთში თეთრი ძალების დასახმარებლათ დამარცხდა და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო, აშკარა ხდება ევროპიელთათვის, რომ ბოლშევიზმი რჩება რუსეთის განვითარების აუცილებელ საფეხურათ და საჭიროა მხოლოდ ამ ჭირისაგან დასავლეთის დაზღვევა. ამერიკის ელჩის ცნობილი სიტყვა ვერსალის კონგრესზე „სანიტარული კორდონის“ გავლებაზე რუსეთ-ევროპის შორის ხდება ამ მიმდინარეობას ოფიციალურ გამოხატულებათ. ბოლშევიკური რუსეთის და ევროპის შორის ბუფერი - სახელმწიფოთა შექმნა შედის ევროპის მსოფლიო პოლიტიკის სისტემაში; ეს ახალი კარანტინი ხდება ამ სისტემის წონასწორობის მიუცილებელ ელემენტათ. ბოლშევიზმი იკეტება ამით თავის სამშობლოში და ის ცხადდება რუსულ წყობილებათ.
მაგრამ ამავე დროს გამოჩნდა, რომ ასეთი კარანტინის შექმნაში დაინტერესებულია თვით ბოლშევიკური ხელისუფლება. ის, შეშინებული მუდმივი ინტერვენციით, ცდილობდა თავიდან აიცილოს ეს ევროპიული ჭირი საზღვრების შეცვლით. ახალი ნეიტრალური სახელმწიფოების აღორძინებით დასავლეთის გასწვრივ და მით უზრუნველყოფა ამ მხრით თავისი არსებობის. ყველაფერში დაპირისპირებული ორი ბანაკი - ევროპა და მოსკოვი - ერთი მეორის შიშით შეერთდენ ამ ერთ საკითხში და გაავლეს თავიანთ შორის „ნეიტრალური ზონა“. მათი უშიშროება ამას მოითხოვდა.
მიუხედავათ იქ ბინადართა ვინაობისა და მათი წარსულისა.
პოლიტიკაში ის მიღწევაა მკვიდრი და საფუძვლიანი, რომელიც აგებულია ინტერესზე. რეალურ სარგებლობაზე. ყველაფერი ის რაც კეთდება ინტერესის გარეშე, ხათრით, პროტექციით, სიმპატიით, წარმავალია, უძირო მცენარეა. დღეს ბალტიის პატარა სახელმწიფოები წარმოადგენენ მთავარ საფარს მოსკოვისათვის და ამიტომ ლიტვინოვი ყოველნაირი საშუალებით ცდილობს მათი ხელშეუხებლობა უზრუნველყოს.
ახლა გადავხედოთ კავკასიის მდებარეობას და მის მეზობელ სახელმწიფოთ. ერთათერთი მეზობელი, რომლის ინტერესში შედიოდა უეჭველათ ჩვენი დამოუკიდებლობა - ეს იყო ოსმალეთი. ეს ოდესმე დიდი სახელმწიფო დღეს პატარათ ქცეული საკუთარი ძალღონით ვერ დაიფარავს თავის თავს დიდი მოსაზღვრე რუსეთისაგან. ის ადრე თუ გვიან უნდა გახდეს მსხვერპლი ამ ვეშაპისა. აქ გაისკვნა ორი მოპირდაპირე ინტერესი: ოსმალეთი, რუსეთის წინააღმდეგ საფარი - კავკასია, რუსეთის, ასეთი საფარის მოშლა და ოსმალეთთან საერთო საზღვარი, რომ ამით მას ქონდეს მუდმივი შესაძლებლობა მასზე მოახდინოს პირდაპირი გავლენა. რაკი ოსმალეთის გზით მოსკოვს არ მოელოდა ინტერვენცია, მსგავსათ ევროპის გზისა. ცხადია მის ანგარისში აღარ შედიოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. არ შედიოდა ეს არც ევროპის „სანიტარული კორდონის“ სფეროში ვინაიდან ჩვენ დიდათ დაშორებული ვართ მისგან გეოგრაფიულათ და ამ მხრით მას არ მოელოდა ბოლშევიზმის საშიშროება. ეს მით უფრო რომ ევროპა იჯდა კონსტანტინოპოლში და სრუტეების გზას ფრთხილათ იცავდა. იქით არ უშვებდა მოსკოვის სენს, ხოლო აქეთ ვისაც ის მოედებოდა - არ დაგიდევდა. ამნირათ, ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობას ითხოვდა ერთათ-ერთი ოსმალეთის (რამდენიმეთ სპარსეთის) ინტერესი, ძალა ერთობ მცირე და გავლენით სუსტი, მაგრამ ეს მცირე ძალაც, კიდეც უფრო დამცირდა იმ მდგომარეობით რომელშიაც ის მოემწყვდა. მას გადაეკიდა ევროპა, მის წინააღმდეგ დარაზმეს საბერძნეთი, მის გზებს და დედა ქალაქს დაეპატრონენ ევროპელები და ამით აიძულეს ის ჩრდილოეთში მოენახა დამხმარე და მფარველი. განსაკუთრებით ლოიდ ჯორჯის მთავრობამ ითამაშა ამ მხრით გადამჭრელი როლი და ოსმალეთი დააჩოქა მოსკოვის წინაშე: მოსკოვის აგენტი, ლოიდ ჯორჯის პირადი მდივანი, უაზი ერთი მხრით აახლოვებდა თავის მთავრობას მოსკოვთან, ხოლო მეორე მხრით ასისიანებდა მას ოსმალეთის წინააღმდეგ: შუღლი ოსმალეთს და ევროპის შორის შედიოდა მხოლოდ რუსეთის ანგარისში, რომ ამით ის ჩამოეთრია ანტი-ევროპიულ ბლოკში და გაბატონებულიყო კავკასიაში მისივე დახმარებით. ამ მიმდინარეობას ხელს უწყობდა ინგლისის ლიბერალიზმის ტრადიციული ანტი-ოსმალური პოლიტიკა, რომლის სადავე ლოიდ ჯორჯს ხელთ ეპყრა და ის ეძლეოდა ძველებურ ილიუზიას - რუსეთის ოსმალეთის წინააღმდეგ დარაზმვას. მისთვის მისაღები იყო თუნდაც კაციჭამია რუსეთი, თუ კი მას ამ ხაზზე აამოძრავებდა და მაშასადამე ბუფერ - სახელმწიფოს შექმნა ოსმალეთს და რუსეთს შორის მის ანგარისში არ შედიოდა. სწორეთ ამიტომ 1920 წელს შემოდგომაზე ლოიდ ჯორჯი უცხადებს კრასინს, რომ ამიერ-კავკასიაში ინგლისი არ არის დაინტერესებული, როგორც ეს შემდეგ ჩიჩერინმა გამოამჟღავნა. მხოლოდ ამ აშკარა ნებართვის მიღების შემდეგ, რუსეთი შემოგვესია. ასე დაუგეს მახე ოსმალეთს და ისიც შიგ ხელაღებ ჩავარდა. აზერბაიჯანი დაეცა სწორეთ ოსმალთა მეოხებით, ძალდატანებით და რჩევით, იგივე ოსმალები დაესხა საქართველოს ზურგიდან რუსეთის შემოსვლის დროს - ერთი სიტყვით მიიღო აქტიური მონაწილეობა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა დაცემაში.
როგორც ხედავთ, საერთაშორისო ურთიერთობა დასავლეთით მიიმართა ბალტიკის სასარგებლოთ, ხოლო აღმოსავლეთით ამიერ-კავკასიის წინააღმდეგ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მოემწყვდა აი ამ ობიექტურ ჩვენს სამტროთ მომართულ პირობებში, რომლის გარღვევა პატარა ერის ძალღონეს აღემატება. მას შემდეგ რაც რევოლიუცია რუსეთში დამარცხდა, მაშასადამე დაიკარგა იმედი შინაგანი ძალთა ურთიერთობით ერთა თავისუფლების და თანამშრომლობის უზრუნველყოფის, ჩვენი ყურადღება მიიმართა, რასაკვირველია, საგარეო ძალებისაკენ და აქ თავიდანვე შევეჩეხეთ ჩვენს წინაშე ამ აღმართულ კედელს. ოსმალეთის შემოსევა შევაჩერეთ გერმანელების შემწეობით, ერთათ ერთი მაგალითი ომის მსვლელობაში მოკავშირეთა ერთი-მეორის წინააღმდეგ მიმართვისა; ომის გათავებისას ჩვენ მთელ რუსეთთან ერთათ მოვხვდით გამარჯვებულთა ბლოკადაში, ხოლო ინგლისის პრესაში გაიმართა მთელი კამპანია („მორნინგპოსტს“, „ტაიმსი“ და სხ.) საქართელოს წინააღმდეგ. მათ ისარგებლეს საზღვარ გარეთელ ქართველ ავანტურისტების ოსმალეთთან დადებული ხელშეკრულებით, მიაწერეს ის მთელ საქართველოს, გამოგვაცხადეს მოღალატეთ, ოსმალო-გერმანელთა აგენტებათ, დაგვაყენეს საერთაშორისო მფარველობის გარეშე. მიუხედავათ ჩვენი ცდისა, დიდი ავანსების მიცემისა ინგლისისათვის, რომელიც ფაქტიურათ საკითხს სწყვეტდა, მისი პოლიტიკის სისტემაში ვერ შევედით. ჩვენი საკითხით არ დაინტერესდა. ამით აიხსნება იარაღის შესაძენათ ღენ. ოდიშელიძის თავმჯდომარეობით გამოგზავნილი კომისიის დამარცხება და ხელცარიელი დაბრუნება. მოკავშირეებმა ხელი დაადვეს ყველა იარაღს სადაც კი ის ეწყო და აკრძალეს ვისმესათვის რაიმე იარაღის მიცემა. საქართველო იძულებული იყო აირაღის, განსაკუთებით თოფის, ნაკლებობის და ბლოკადის გამო, დაკმაყოფილებულიყო მცირე შეიარაღებული ძალებით.
ასეთ ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ურთიერთობაში ჩვენი რესპუბლიკის სამ წელიწადს გაძლება, მის მიერ შინაური წყობილების ახალ თანამედროვე საფუძველზე აწყობა, ხოლო გარეთ ყველა იურიდიული უფლებების და ცნობის მოპოვება ჩაითვლება უდიდეს გამარჯვებათ, რაიცა წინეთ არც ერთ ქართველს აზრშიაც არ მოუვიდოდა. საქართველო მე-15 საუკუნის შემდეგ პირველათ ახლა გაერთიანდა პოლიტიკურათ, სულიერათ, შექმნა ერთი მთლიანი ნაციონალური წყობილება, ერთი მთავრობა და მოიპოვა დამოუკიდებლობის ხარტია მტრის და მოყვრისაგან. მისი ყველა სასიცოცხლო ძალების აღორძინება, შეუჩერებელი დუღილი, მრავალფეროვანი შემოქმედება და ჰარმონიულათ საერთო მიზნისაკენ მიმართვა დარჩება სამუდამო ძეგლათ ქართველი ერის ცხოველმყოფელობის, კულტურის და მომწიფების. აი ეს ძეგლი არის ურყევი თავდები მომავალში ჩვენი გამარჯვების და ადგომის.
ამ გვარათ, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის მთავრი მიზეზია ჩვენი იზოლიაცია კავკასიაში, აზიაში, ევროპაში. დავრჩით მარტო. ჩვენ წინააღმდეგ მოიმართა ყველა საგარეო ძალები. მაგრამ ეს იზოლიაცია არაფრით არ გავს გასულ საუკუნეთა იზოლიაციას. მაშინ ამას აწარმოებდენ ჩვენი მეთაურები შეგნებულათ, გაზომილათ, ეს იყო მათი პოლიტიკა. ახლა კი ის გახდა შედეგი არა ჩვენი მუშაობის და პოლიტიკისა, არამედ გარეშე ობიექტურ პირობებისა. ქართველობამ კი პირიქით აწარმოვა პოლიტიკა ერთა სოლოდარობის, საგარეო კავშირების და მეგობრობის, მსოფლიო პოლიტიკური სისტემაში შესვლის. ეს ხაზი დაამარცხა გარეშე უძლეველ გარემოებამ, მაგრამ ამას არ შევხვდით პანიკურათ, არ დაუჩოქეთ მოსკოვს, არ მივეცით ახალი თამასუქები და არ ჩაუვარდით ძველებურათ კალთაში. ქართველი ერი კარგავს თავისუფლებას ბრძოლით და არა ჩოქვით, ის განაგრძობს ბრძოლას, იარაღს არ ყრის არც შინ და არც გარეთ. ის არ ურიგდება შექმნილ მდგომარეობას და ცდილობს მის გარღვევას. მან შეინახა ნაციონალური მორალი, გაუტეხელი ნებისყოფა, წმინდა იდეალი. როგორც კი ობიექტური პირობები ჩვენს სასარგებლოთ მობრუნდება, ეს იდეალი ხორცს შეისხამს და გამარჯვებული მოგვევლინება...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - მარტი. №45
![]() |
71 მცირე განმარტება |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. მანველიშვილი შემნიშნავს („მომავალი“, №3), რომ ჩემი ცნობა, - საქართველო არ იღებდა მონაწილეობას ჯვაროსანთა ომში, - არ შეეფერება ისტორიულ სინამდვილესო. ამის საბუთად მოყავს ორი ამბავი: ჯვაროსანთა ომების დროს დავით აღმაშენებელი ამარცხებს საქართველოში არაბ-თურქებსო. რუსუდან დედოფალი წერილით ატყობინებს რომის პაპს, რომ ისინი მზათ იყვენ დასახმარებლათ, მაგრამ ხელი შეუშალა გარეშე მტერთა შემოსევამო.
ორივე ეს ფაქტი - როგორც დავითის ბძოლა, ისე დედოფლის წერილი, მართალი ამბავია. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველო მონაწილეობას იღებდა ჯვაროსანთა ომებში, თვით გახდენ ჯვაროსნები? რასაკვირველია, არა, და სწორედ ამას ამტკიცებს ბ. ავალიშვილი თავის წიგნში „ჯვაროსანთა დროიდან“, რაზედაც ვემყარები მეც და მანველიშვილიც.
თუ შემოსეულ მუსულმანურ ლაშქართან ბრძოლას ჯვაროსანთა ომი ეთქმის, ამ შემთხვევაში, საქართველო მუდამ ჯვაროსნები იყვენ. ნამდვილად კი ჯვაროსნობა განსაკუთრებით - ეპიზოდია ხალხთა ისტორიიდან და ეწოდება იმ პერიოდს, როცა რომის პაპის მოწოდებით ევროპიელებმა გაილაშქრეს „წმინდა ქალაქის“, იერუსალიმის გასანთავისუფლებლად „უსჯულოებისაგან“. საქართველოში შემოსული თურქთა ლაშქრის დამარცხება რომ იერუსალიმის განთავისუფლებას არ ნიშნავდა, ეს მგონი, გასაგები ამბავია. ბ. ზ. ავალიშვილი ხაზგასმით სწერს: „ჯვაროსანთაგან არც ხსნას და შველას მოელოდა საქართველო, არ საჭიროებდა არც იმ დროს მათ დახმარებას და არც ფიქრობდა მათთან კავშირზე. მისი პოლიტიკის მიზანი, ფარგალი და საშუალებანი სულ სხვა იყო“ (გვ. 62). ეს პოლიტიკა ყოფილა საერთო კავკასიური, მთელი კავკასიის გაერთიანება საქართველოს მეთაურობით (გვ. 46). ავტორი უპირდაპირებს ჩვენს მაშინდელ საგარეო პოლიტიკას სომხეთისას:
„სომხეთის ახალშენმა კილიკიაში, ხმელთაშუა ზღვისაკენ მიმართულმა, პიზა-გენუა-ვენეციის ხომალდთა სამფლობელოსაკენ, პირიქით, სწორედ დავით მეორის დროიდან მოყოლებული მოისურვა თავის მომავალი ფრანგთა კავშირზე დაეყრდნო და ჯვაროსან სამთავროთა ბედს საკუთარი არსებობა შეუერთა. ამისი დაბოლოვება მე-14 საუკუნის დიდი კატასტროფა იყო, რომლის განმეორება ანუ გაგრძელება იქვე კილიკიაში და სხვაგან, სხვა სახით, უკვე ჩვენს დროს - 1914-24 წწ. უკიდურესი დრამით ამნაირათვე დასრულდა“ (გვ. 63).
დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკა, როგორც ხედავთ, იყო მეტად რეალისტური, კავკასიური და ავანტიურას და ფანტაზიას სავსებით მოკლებული.
ბ. მანველიშვილის მეორე საბუთი ლაპარაკობს მხოლოდ პლანზე, სურვილზე და არა ფაქტებზე. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატია, მობოდიშება, ცარიელი სიტყვებით მეგობრობა და სხვა არაფერი. ამიტომ სრულიად მართალია ბ. ავალიშვილი, როცა სწერს: „მიუხედავად იმისა, რასაც რუსუდანის წერილში ვკითხულობთ, ლაშა-გიორგის და მისი წრის ჯვაროსნობა ფრიად საეჭვოა“ (გვ. 146).
ამ ძველ ამბებზე ბაასი გავაბი უმთავრესად იმიტომ, რომ ამათ მეტად აქტუალური მნიშვნელობა აქვთ დღეს ჩვენთვის...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №45
![]() |
72 აგვისტოს აჯანყების ათი წლისთავი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველ ერს1
საქართველო აჯანყდა.
საქართველო დამარცხდა.
აი ორი უდიდესი, რომლის მზგავსი საქართველოს არ განუცდია კარგა ხანია.
საქართველო ხშირათ აჯანყებულა ისტორიულ წარსულში სპარსთა უღელის წინააღმდეგ.
მას არა ერთხელ ამოუღია ხმალი თავის თავის, თავის ვინაობის და თავისუფლების დასაცავათ.
ქართველი ერი მუდამ ბრძოლით მოდიოდა სიცოცხლის გზაზე. ის ხან მარცხდებოდა, ხან იმარჯვებდა. დამარცხება მას გულს არ უტეხდა, გამარჯვება არ აბნევდა.
და აი, ერთი საუკუნის მოსვენების შემდეგ მის ხელში ხმალმა კვლავ გაიელვა: ის ამეტყველდა ძველებურათ, ქართველურათ და ქვეყანას ამცნო თავისი ფიქრი და მისწრაფება მამაცურათ.
რა თქვა მან?
ქართველმა ხალხმა სისხლით დასწერა ცხოვრების ფურცელზე, რომ მას სურს იყოს თავის თავის პატრონი, თავის ქვეყნის ბატონი. ხალხი დგება და ეპატრონება ძალაუფლებას.
ბორკილ დადებული დემოკრატია ამტვრევს ჯაჭვს და აცხადებს თავისუფლებას.
ეს არის უაღრესათ დემოკრატიული აჯანყება.
დემოკრატიის გამარჯვება, ხალხის გაბატონება თავისთავათ ნიშნავს მოსკოვის საქართველოდან განდევნას, დაკარგული სახელმწიფოს აღდგენას.
საკუთარი სახელმწიფო - აი რა მოითხოვა აჯანყებულ ერმა.
ეს არის უაღრესათ ეროვნული აჯანყება.
თავისუფალი საქართველო თავისუფალი ხალხით! - მედგრათ გაისმა ქვეყნათ აგვისტოს გასულს და ამ ყიჟინამ შეაშფოთა ერთნი, გაახარა მეორენი.
შეაშფოთა ბნელის მოციქული მოსკოვი და მისი დაქირავებული აგენტები.
გაახარა ყველა დანარჩენნი, მთელი კაცობრიობა, სიმართლის და თავისუფლების მოტრფიალენი.
მოსკოვმა ნიღაბი საქვეყნოთ აიხადა და დაფარული სისხლიანი პირი დასანახავათ გახადა. ის წინეთ კიდევ ბოდიშობდა, ძველი რეჟიმის დამცველნი გვაიძულებენ ტერორს მივმართოთო.
ახლა კი გამოჩნდა, რომ ერს და დემოკრატიას ის ეომება გაცილებით უფრო მკაცრათ, გაცილებით უფრო შეუბრალებლათ.
ადამიანის და მოქალაქის უფლების მოთხოვნაზე მან საქართველოს უპასუხა მასიური ჟლეტით, უმანკო სისხლის მდინარეებით.
საქართველოს დაპყრობით ბოლშევიკები გაკოტრდა პოლიტიკურათ: ის დაადგა მეფეთა საგარეო პოლიტიკას.
საქართველოს აჯანყების ჩაქრობით ის გაკოტრდა მორალურათ. მან გადააჭარბა ყველა თვითმპყრობელთა მტარვალობას.
ისტორიის შავ დაფაზე აღბეჭდილა პოლონეთის აჯანყების (1863 წ.) ჯალათი მურავიოვი. მარა ეს პირი უმანკო ბალღია შედარებით საქართველოს დღევანდელ ჯალათებთან, სტალინ-ორჯონიკიძეებთან. ამათ დააყენეს ქართველი ხალხის სისხლის ტბა და შიგ ცურაობენ სიცილ-ხარხარით.
სანამ ქვეყნათ იქნება ქართველი ერი, მისი გულიდან არ აღმოიფხვრება ეს საშინელი ხვედრი.
დავიწყების ზეწარი გადაეფარება ლენგ-თემურის შემოსევას, შახ-აბაზის აკლებას, სააკაძის გამოლაშქრებას. არ დაივიწყება მხოლოთ სისხლის მსმელთა ბრბო, დღეს საქართველოში მოკალათებული. სიმხეცე მათი გაუგონარი საუკუნოებს გადაეცემა.
დღეს ქართველი ერი გლოვის ძაძებშია გახვეული. ის დასტირის ვერაგულათ დაღუპულ საუკეთესო შვილთ. მოიგონეთ ძველი თქმულება: ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა! ნუ სტირით, მომავალი ჩვენია!
გადახედეთ ჩვენს ისტორიას; სადღა არიან საქართველოს ძველი მტარვალნი? ჟამთა ბრუნვამ მათ გაუთხარა საფლავი.
გაივლის მოკლე დრო და თქვენვე იკითხავთ: სადღა არიან საქართველოს დღევანდელი მტარვალნი? მათ საფლავსაც კი ვერ მიაგნებს ვერავინ.
მახვილის ამღებნი მახვილით დაეცემიან. ამ განაჩენს ვერ ასცდება მტარვალი.
ქართველ ხალხს დღეს მართებს მოთმინება, გამაგრება და მომავლისაკენ იმედიანათ გახედვა.
მისთვის მოსკოვი სამუდამოთ მოკვდა. ახლა ბრმასაც კი აეხილა თვალი და დაინახა სისხლით დამთვრალი ტირანი. ჩვენსა და მას შორის უკვე გზა არის კლდიანი.
ქართველი ერი დღეს სამუდამოთ გამთელდა. საერთო უბედურების ერთ ემბაზში მონათლული, ის სდგას ერთი დროშის ქვეშ, ერთი აზრით, ერთი გრძნობით გაჟღენთილი. მისი სიმტკიცე, მისი ერთობა და ამ დროშისათვის ერთგულება მას მიანიჭებს საბოლაოთ გამარჯვებას. მისი მცნება უნდა გახდეს გალილეის გმირული სიტყვები. ის ჯალათის წინაშეც კი უშიშრათ იმეორებდა: „მაინც ბრუნავს“-ო.
დიახ, საქართველო მაინც „ბრუნავს“! ეს ნათელყო აგვისტო-სექტემბრის ამბებზე მსოფლიო გამოხმაურებამ. არც ერთ პატარა ერს არ ღირსებია ასეთი საყოველთაო თანაგრძნობა. მისი რეალიზაცია უეჭველათ მოხდება. როდის? - ეს სხვა საკითხია, აჩქარება არ გვმართებს. რაც დრო მიდის, მოსკოვი სუსტდება და უფსკრულისაკენ მიექანება. მისი მესაფლავე წარმოსდგება შიგნიდან, თუ გარედ მიდიან, - ეს ჩვენთვის სულერთია. ორივე შემთხვევისათვის მზათ უნდა ვიყოთ, მზათ - უმთავრესათ მორალურათ, მტერს მტრულათ მუდმივ, ბოლომდე.
შიში არ იცის მებრძოლმა ერმა. ერთი დაღუპულის ადგილას ასი ჩადგება. სულიერი მონობის ჩვეული არ არის ქართველი ერი.
საქართველოს საკურთხეველზე დიდი მსხვერპლია მიტანილი. იქ ანთებულია ლამპარი სისხლით მორწყული; იქ ირეკება გლოვის ზარი; იქ ილოცება წამებულთა წინაშე და იდება ფიცი, ფიცი გაუტეხარი...
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
ნოემბერი, 1924 წ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №46
__________________
1. ამ წერილით მიმართა ქართველ ხალხს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიამ აჯანყების შემდეგ ნოემბერში 1924 წ. იბეჭდება პირველათ. რედ.
![]() |
73 საგარეო პოლიტიკისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
1. რუსეთის პერსპექტივები
რუსეთის შემოსვლა ევროპის კონცერტში, საბჭოთა კავშირის პსევდონიმით, სამართლიანათ იპყრობს საერთო ყურადღებას. რა მოაქვს, რა შეძლების პატრონია, რა ღირსების მტერი ან მოყვარეა - ყოველ მხრით კითხულობენ და პასუხს ეძებენ. საერთო ტონი ამ მაძიებელთა ოპტიმისტურია, რუსეთი დიდძალათ დასახულია და მისი მოყვრობა მომგებიანათ გამოცხადებულია. მას ეპატიჟებიან მარჯვნიდან და მარცხნიდან, ფაშისტი და ლიბერალი, სხვადასხვა მდგომარეობის და მოკაზმულობის თავბრუ დახვეული მოარშიყენი. ზოგი აქებს მის სამხედრო ძლიერებას და მისგან გამოელის გადამჭრელ დახმარებას, ზოგი იწონებს მის საშინაო შემოქმედებას. მის სამრეწველო და სამეურნეო აღმშენებლობას და მას აღიარებენ მისაბაძ მაგალითად. ამ საერთო აღტკინებაში ჭარბობს პირველი ტონი. თითქოს უდაოთ აღიარებული, ხოლო მეორე კი იწვევს დიდ წინააღმდეგობას დასავლეთის მუშათა კლასში და ჯერ ჯერობით რჩება ხმად მცირეოდენი გზადაბნეული სოციალისტებისა. მაგრამ ამ ოპოზიციურ ფენებშიაც სჯერათ დედა-მიწის ერთი მეექვსედის საგარეო ძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე მისი უდიდეს ფაქტორათ გადაქცევა.
და ისმება საკითხი: რა არის ამაში მართალი, რა გადაჭარბებული, რა სავსებით ყალბი. ამ საკითხის გათვალისწინება მოგვცემს საშუალებას გავიგოთ რუსეთის პერსპექტივები. მისი აუცილებელი საგარეო ხაზები და ობიექტური სავალი გზები.
ხალხი თავის თავს ვერ გადაახტება, რაგინდ იხტუნოს თავისი ისტორიული კალპოტიდან ვერ ამოვარდება. საბჭოთა რუსეთმა საკმაოთ ახტა-დახტა, ძველ მოვლენებს ახალი სახელები უწოდა, ყოველნაირი პსევდონიმები გამოიგონა, მაგრამ წასულის ბრჭყალებისაგან ვერ განთავისუფლდა, კვდარმა ცოცხალი ხელიდან არ გაუშვა. მართალია პოლიტიკური ფორმა შეიცვალა, მაგრამ მისი შინაარსი არ შეცვლილა, მისი მეთოდები ძველის ძველია, მისი ობიექტი იგივე დამონებული ხალხია მაღლა ყოვლად შემძლე ხელისუფლება. დაბლა უფლება აყრილი ქვეშევრდომნი, შუაში გარყვნილი ბიუროკრატია - ძველი წყობა ახალ ქერქში პირწმინდათ განმეორებულია.
ასეთ პირობებში, თავისთავათ ცხადია, რომ ძველი საგარეო ხაზები, პეტრე დიდის მიერ აღმართული დროშა და მის მიერ დატოვებული ანდერძი - პროგრამმა ამ დროშის გასამარჯვებლათ დარჩა ურყევათ როგორც მეფეთა, ისე კომისართა რუსეთისათვის. ერს პოლიტიკას უკარნახებს მდგომარეობა და არა რეჟიმი, არა მმართველთა სურვილები.
რაკი ბოლშევიკები გახდენ წარსულის ტყვენი, მათი მთავარი საქმიანობაც ამ წასულის სამსახურში უნდა გამოხატულიყო. მათ ყველაფერი დაანგრიეს, ვერც ერთ დარგში თავისი საშინაო პოლიტიკისა გამარჯვება ვერ მოიპოვეს, გარდა ერთად-ერთი დარგისა, რომელშიაც უეჭველია დიდი მიღწევები აქვთ. ეს დარგია სამხედრო უწყება, განსაკუთრებით მისი მატერიალური და ტექნიკური ნაწილი. არასოდეს არ ყოფილა ასე განვითარებული რუსეთის სამხედრო ინდუსტრია, ყველა მისი მრავალფეროვანი ნაწილებით, როგორც დღეს არის; ხოლო არა-სამხედრო მრეწველობა აწყობილი და დაწყობილია ისეთნაირათ, რომ ოცდაოთხ საათში გადაიქცეს სამხედრო ამოცანების დასამუშავებლათ. ურალის იქით და აქეთ ახლათ აგებული ქარხნები მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ისახავს. ის აუარებელი ჰაეროპლანები, ჰაეროდრომები და თოფ-ზარბაზნები, რაიცა დღეს ყოველ დღე უხვათ ცხვება მოწმობს სამხედრო მრეწველობის დიდ ნაყოფიერებას. ნიკოლოზის რუსეთს არ ქონდა ნახევარი იმ ტეხნიკური სამხედრო შესაძლებლობის რაიცა აქვს საბჭოთა რუსეთს. ის, დღეს კბილებამდის შეიარაღებული, წარმოადგენს უდიდეს მილიტარისტულ სახელმწიფოს. ამას მიუმატეთ ახალი სტრატეგიული გზები - მეორე რკინის გზა ციმბირისაკენ, თურქესტანით. აქვე საავტომობილო გზები, დასავლეთით სანაოსნო არხი პეტერბურგ თეთრ ზღვას შორის, უკანასკნელათ ზღვის გზის გამონახვა ვლადივასტოკიდან ლაგოდამდე, და სხ. და სხ. მოწმობს ფართეთ გამოფიქრებულ და დაწვრილებით დაგეგმილ მილიტარულ მზადებას.
საბჭოთა მთავრობას არ აჩერებს ხარჯვაში არა ვითარი საბიუჯეტო მოსაზრება; ის ამ მხრით სრულიად თავისუფალია; მცხოვრებთა მთელი ნაშრომი, ისე როგორც მათი პიროვნება მის სრულ განკარგულებაშია. გადაახდიებს რამდენიც მოესურვება, ამუშავებს რამდენიც მოეპრიანება. ამით ის დიდათ განსხვავდება ყველა სხვა მთავრობათაგან, რომელნიც იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიოს ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის ნება-სურვილებს. პეტრე პირველის შემდეგ მოსკოვის ხელისუფლება არ ყოფილა ისეთი აბსოლიუტური გამკარგულებელი ერის მთელი ავლა-დიდების, როგორც არის დღეს. ეს შესაძლებლობა ახლაც ისე როგორც წინეთ, გამოყენებულ იქნა უმთავრესათ სამხედრო მიზნების მისაღწევათ, საგარეო ხაზებზე გასამაგრებლათ. როგორც პეტრეს დროს ძალით სამუშაოზე გაწეული აუარებელი ხალხი იღუპებოდა, ისე ახლაც, იმ განსხვავებით რომ დღეს ხალხი გაცილებით უფრო მოძულებული, დევნილი და პატივაყრილია, ვინემ ოდესმე იყო. მარტო ერთი არხის გათხრაზე დაიღუპა გაცილებით მეტი ადამიანი, ვინემ პეტრეს მთელ მეფობაში.
ყველა ეს სამხედრო მიღწევები გამოფიქრებული იყო არა ბოლშევიკების, არამედ მეფეთა მიერ. ეს გეგმები დიდი ხანია განისვენებდენ მთავრობის არქივებში, უსახსრობის გამო შეუსრულებელი; საბჭოებმა ის ამოალაგეს მტვერიანი ყუთებიდან და განახორციელეს. მეფეები დიდი ხანია ცდილობდენ ომის დროს ყოფილიყვენ თავისუფალი მარილის და რკინის შემოტანისაგან შვეცია გერმანიიდან. ეს იდეალი მხოლოდ ბოლშევიკებმა შეასრულეს. წინანდელი მთავრობათა ოცნება და პლანები ბალტიის და თეთრი ზღვის წყლით შესაერთებლათ სისრულეში იქნა მოყვანილი დღეს. მისი მნიშვნელობა მთავრობამ დაახასიათა არხის გახსნის დღეს 17 აგვისტოს 1933 წ. როგორც „უდიდესი გამარჯვება ინდუსტრიალიზაციის ფრონტზე და გამაგრება ქვეყნის სამხედრო ძლიერების“. თეთრ ზღვაში ერთათ-ერთი გაუყინავი ნავთ სადგური მურმანსკი ხდება ფინლიანდიის და სკანდინავიის ჩრდილოეთით მოსარებ გზა და ხიდათ.
შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირის სტრატეგიულ ხაზებზე, გაწეულია უდიდესი შრომა ამ ქვეყნის სამხედრო სიმაგრეთ გადასაქცევათ. ამ სიმაგრის ადგილობრივი წარმოებით უზრუნველსაყოფათ აქ შენდება მძიმე ინდუსტრია, ფაბრიკები ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დასამზადებლათ; აშენებენ ახალ რკინის გზებს და სხ. აქ აღსანიშნავია ერთი არაჩვეულებრივი ზომა - ჯარის უზრუნველყოფა ციმბირის სანოვაგით, რუსეთიდან შემოუტანელათ. ამ მიზნით შიდა გუბერნიებიდან გადაყავთ რამოდენიმე ასი ათასი გლეხი და ასახლებენ ნაწილს რკინის გზების გასწვრივ, ნაწილს მანჯურიის საზღვრებთან. მათი ნაშრომი ჯარის კვების მთავარი წყაროა.
რუსეთი გახდა და ყოველ დღე ხდება მრისხანე მილიტარულ სახელმწიფოთ.
ამ სამხედრო აღმშენებლობის გვერდით ვითარდება ნაციონალისტური და მილიტარისტული სულისკვეთება გაბატონებულ წრეებში. ძველი სიამაყე, „ქუდებით მოვერევითო“, კვდრეთით დგება და ბრძოლის აღტყინებას ემსახურება. კომუნისტური პარტიის მთავარ ორგანოს „პრავდაში“ პირველათ წელს გაისმა პატრიოტული ჰანგები და დეზერტირების წინააღმდეგ გამოცემულ დრაკონური წესების გამოცემის გამო დაიწერა შემდეგი: „სამშობლოს დაცვა არის სიცოცხლის უმაღლესი კანონი. სამშობლოს სიყვარულს დედის ძუძუსან სწოვენ ჩვენი შვილები. რუსის ხალხი ცხოვრობს იმ მიწაზე, სადაც დაიბადა, სადაც თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა და რაც მის მომავალს შეადგენს“ და სხ. ლენინის ინტერნაციონალიზმი დატოვებულია სავსებით, სტალინის „ერთი ქვეყნის სოციალიზმი“ რუსული ნაციონალიზმის ფუძეა. მისი ლოზუნგი „ჩვენი ორიენტაციაა მხოლოდ საბჭოთა კავშირი“, ითარგმნება მხოლოდ ერთნაირათ: „რუსეთი, რუსეთი, ყველაზე მაღლა, ყველაზე მაღლა მთელ ქვეყანაში“. ნაციონალური „სოციალიზმი“ გამარჯვებულია, ინტერნაციონალური, დამარცხებულია. ძველ ფრაზეოლოგიას კიდევ არ ეყრება მხოლოდ „ძველი გვარდია“, რომელიც თანდათან მცირდება რიცხვით და სუსტდება გავლენით. საკმარისია ამ ძველი ნაშთის გადარეკა, რომ მის ქვემოდან ამოძვრეს დიდი ფენა ახალი ხალხის, აშკარა ნაციონალისტური დროშით და იდეოლოგიით. ნაციონალ-სოციალიზმი დიდ ხანს იქნება იმ სანატრელ დროშათ, რომლის კალთებს ქვეშ იწარმოებს რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა.
როგორც ხედავთ, რუსეთს აქვს ჩინებული პერსპექტივები საერთაშორისო ასპარეზზე. ის მზათ არის აწარმოვოს აგრესიული პოლიტიკა. მზათაა ტეხნიკურათ, მილიტარულათ და იდეოლოგიურათ, ნაციონალიზმის მატარებელი კადრები, ხელმძღვანელები და ამსრულებლები მოწყობილი და გაწვრთვნილია.
რა აკლია ამ მორთულ სურათს? აკლია ერთი რამ, რაც მიუცილებელია, მთავარია და რაც სწყვეტს მთელი პოლიტიკის ბედ-იღბალს, ის რაც ავითარებს სამხედრო ინდუსტრიას, ძირს უთხრის ამ ინდუსტრიის პოლიტიკურ და სამხედრო ფაქტორათ გადაქცევას. რაც მას აშენებს, ის მას აქცევს. ხალხის გაბმა ამ ეგვიპტის უღელში ძალათ, მის დაუკითხავათ და ნებადაურთველათ, მისი ყველა სასიცოცხლო ინტერესების გათელვით, აპირდაპირებს ამავე ხალხს საბჭოთა მთავრობისამდი და ქმნის მისგან შეურიგებელ სამტრო ბანაკს. მაშასადამე, საბჭოთა ხელისუფლებას აკლია ხალხის თანაგრძნობა და ეს ასე იყო ყოველთვის, ყველა ეპოქაში და საზოგადოებაში, სადაც კი მონური შრომის პირობები დაწესდებოდა და მართველი წრე მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას ხმლით დაიმორჩილებდა. მონა არასდროს არ ყოფილა ბატონისათვის საიმედო გაჭირვებაში, მაგრამ ძველათ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ნახულობდენ და მით მონურ წყობილებას ახანგრძლივებდენ. ეს გამოსავალი იყო ერთი: მონას და ყმას აკრძალული ქონდათ იარაღის ტარება და ომში მონაწილეობის მიღება. მეომარი ჯარები დგებოდა თვით პრივილეგიური კლასებიდან. დღეს კი, კომუნისტებმა მონობა დაამყარეს, მაგრამ თვითო არ ძალუძთ საომარი არმია თავის წრიდან გაიწვიონ და იძულებულნი არიან საჭირო ჯარი მონებისაგან შეადგინონ და თვითონ მათი მეთაურობით დაკმაყოფილდენ. აქედან წარმოიშვა ძირითადი პრობლება: რა გზით შეიძლება ხალხის შემორიგება და მისი ჩაბმა იმპერიალისტურ პოლიტიკაში. კომუნისტურ ახალგაზრდობაში ეს პრობლება დასმულია დიდი ხანია და პასუხიც ბოძებულია - გლეხისათვის კერძო საკუთრების დაბრუნება, შრომის განთავისუფლება, ეკონომიკური დემოკრატიის მიღება; ე.ი. სახელმწიფო კაპიტალიზმის დაყრდნობა წვრილ საკუთრებაზე. ეს გვარიან საზრიანათ მოფიქრებული მალამო ანელებს უეჭველია ხალხის ანტაგონიზმს და გადაყავს ის შერიგების გზაზე. ყველა მთავრობა ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკა დააყრდნოს ორ ფაქტორს ტეხნიკურ საშუალებებს და ხალხის თანაგრძნობას. საბჭოთა მთავრობის ანგარიშიდან ეს მეორე მომენტი დღეს სავსებით გამორიცხულია და მაშასადამე ამ მთავრობაზე სამხედრო იმედების დამყარება - ქვიშაზე აგებული შენობაა. მაგრამ როგორც კი ეს მეორე ფაქტორი რუსეთის პოლიტიკაში შესაფერ ადგილს დაიჭერს და ამის თანახმათ მოხდება ცვლილება პოლიტიკურ ზედ შენობაში. ცხადია მდგომარეობა სავსებით ახალი სახის გახდება და ძალთა განაწილება ყველა სფეროში გადასხვაფერდება. ამ ნიადაგზე აგებული ხელისუფლება იქნება ნაციონალური ხელისუფლება, რაზედაც ოცნებობენ რუსის ემიგრანტული ფენები, შეიარაღებული ერთი მხრით არსებული ვეებერთელა ტეხნიკური საშუალებებით და მეორე მხრით გლეხობის თანაგრძნობით. დღევანდელი განვითარებული სამხედრო ინდუსტრია გადაიქცევა ცოცხალ, პოლიტიკურ, ძალათ და გამოიჭედება მძლავრი დიდი რუსეთი, საშიში ყველა ახლობელი თუ შორეული მეზობლისათვის.
მაგრამ აქაც, ამ გამართულ გზაზე, მაინც რჩება ერთი დიდი დაბრკოლება, რომლის გადალახვაზე დამოკიდებულია იმპერიალისტური რუსეთის ბედი. ეს დაბრკოლებაა რუსეთის ფარგლებში მოქცეული არა რუსები, რომელთა რიცხვი უკანასკნელი აღწერით უდრის 48 პროცენტს მცხოვრებლებისას. ეს ამოდენა გამოღვიძებული და ნაციონალური აღორძინების მოტრფიალენი დარჩებიან მუდამ ოპოზიციაში მოსკოვის მთავრობის მიმართ და დაიჭერს მის ცალ ხელს. გაჩაღდება შინაური საერთაშორისო ბრძოლა. მსგავსი ძველი ავსტრო-უნგრეთის და გადაეღობება წინ მართველთა საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ კვანძის გახსნა მოსკოვს არ შეეძლება იმ უბრალო მოსაზრებით, რომ მისი გახსნა ნიშნავს რუსეთის იმპერიის დანაწილებას ნაციონალურ ერთეულებათ და მაშასადამე თვით იმპერიის გაქრობას. გლეხობის დაკმაყოფილება გაცილებით უფრო ადვილია, ვინემ ერების.
ამ ნაირათ, საბჭოთა რუსეთი სწრაფი ნაბიჯით ვითარდება მილიტარიზმის და ნაციონალიზმის მიმართულებით. ის იძულებული გახდა საგარეო გეგმის გასახორციელებლათ მიიღოს ზომები რუსის ხალხის შემოსარიგებლათ და გადაიქცეს მრისხანე ბატონათ არა რუსი ერების შიგნით და მუქარათ გარეშეებისათვის.
შეუძლია კი მას ჩაეტიოს არსებულ საზღვრებში და დაკმაყოფილდეს თავდაცვის პოლიტიკით? არა, არ შეუძლია, რატომ - ამაზე მეორე წერილში.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №48
![]() |
74 საგარეო პოლიტიკისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
2. რუსეთის პოლიტიკა
თანამედროვე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ვითარდება ორ ხაზზე: ერთი ხაზია დროებითი და წარმავალი, ხოლო მეორეა მუდმივი და შეუჩერებელი. პირველი მეორის გზადახიდია და მის საბოლოო მიზანს ემსახურება.
დროებითი საგარეო პოლიტიკა გამომდინარეობს მიმდინარე ძალთა დაჯგუფების და ურთიერთობისაგან. საშინაო წყობილების სიავ-კარგე აქ ხშირათ გადამჭრელ როლს თამაშობს. დიპლომატიური კულისები, გადაჯდომ-გადმოჯდომა, სიტყვიერი შეტევა თუ უკან დახევა, კავშირი და კონტრკავშირები, ყველა ის რითაც დღეს სავსეა საერთაშორისო ასპარეზი წარმოადგენს მხოლოდ მანიოვრებს, მზადებას, დროს მოგებას, ხელსაყრელ პირობებში მუდმივი პოლიტიკის ასამუშავებლათ და გასამარჯვებლათ. მთავარია მაშასადამე ეს უკანასკნელი, როგორც საბოლაო მიზანი და სათავე სახელმწიფოს საგარეო საქმიანობის. ხოლო ის შეკავშირებულია ისტორიულ მსვლელობასან, სახელმწიფოს განვითარებასა და გაზდასან, მის გეოგრაფიულ მდებარეობასა და მისავალ-მოსავალ გზებთან, მის სივრცესა და ძლიერებასან - თვით მისი არსებობის საფუძველთან და კალაპოტთან.
ამ მხრით თუ გავშინჯავთ რუსეთის მუდმივ საგარეო პოლიტიკას - დავინახავთ რომ ის საუკუნეთა განმავლობაში რჩება უცვლელი, აქტიური და მებრძოლი. მისი მთავარი დამახასიათებელია მისი მუდმივი ლტოლვა ახალ-ახალი მიწების და ხალხების დაპყრობისაკენ, მისი შეუჩერებელი ტერიტორიალური ექსპანსია. პეტრე პირველიდან მან დაიპყრა გაცილებით მეტი ტერიტორია, ვინემ მას ქონდა ევროპაში. ის გაიწია და გაიბერა ყოველი მიმართულებით - დასავლეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით. დიდმა ომმა მას ჩამოაკლო დასავლეთით - პოლონეთი და ბალტიკა, მაგრამ მისი მუდმივი პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის დროებითი მარცხი, ისტორიული ეპიზოდი, რაიცა უნდა გამოსწორდეს წინანდელი მდგომარეობის აღდგენით.
რაკი რუსეთი გახდა უმთავრესათ დამპყრობელ სახელმწიფოთ და მით გადაიქცა უდიდეს მსოფლიო ერთეულათ, ცხადია მისი საზღვრების გაძლიერების შერჩენა შეიძლებოდა მხოლოდ ერთი გზით - მისი გასვლით თფილ ზღვებზე და იქ გამაგრებით. ასეთ სანატრელ გასავალს წარმოადგენდა ძველათ ერთათერთი დარდანელის სრუტეები. პეტრე პირველის ანდერძი ამ ხაზს ასე აღნიშნავს: „მიახლოვება რაც შეიძლება ახლოს კონსტანტინოპოლის და ინდოეთისაკენ. ვინც იქ იბატონებს - იქნება მსოფლიოს ნამდვილი ბატონი. ამ მიზნით ომი ხან ოსმალეთთან. ხან სპარსელებთან; აგება სადგომების შავ ზღვაზე, დაპყრობა ამ ზღვის ნელ-ნელა, აგრეთვე ბალტიის ზღვის; ეს ორივე ზღვა აუცილებელია ჩვენი პროექტის გასახორციელებლათ“ (მუხ. 9 ). და მართლაც ამ ორი ზღვის ბატონობა გზას ხსნიდა ევროპაში გაბატონებისას და მაშასადამე თავისი საზღვრების უზრუნველყოფისათვის. ამ პროგრამის შესასრულებლათ რუსეთმა გადაიხადა მრავალი ომები, მაგრამ ამაოთ. ვერ გაბატონდა ვერც დარდანელზე, ვერც ბალტიკაში. ამ მარცხის გამოსწორება მან მოინდომა უკანასკნელი დიდი ომით. მოკავშირეებმა მას მისცეს ხელწერილი გამარჯვებისას მას დაუთმობდენ სტამბულს, მაგრამ რუსეთი გამოვიდა ომიდან და დაკარგა უფლება ახალი მიწების მიღების.
ამ ნაირათ, რუსეთი ვერ გამოვიდა ვერც დასავლეთით, ვერც სამხრეთით თავისუფალ ზღვებისაკენ და ამ მხრით დარჩა ჩაკეტილი დღესაც ისე, როგორათაც იყო წინეთ, ხოლო ბალტიკის დაკარგვით კი დევაც გაუარესდა მისი მდგომარეობა. ახლა ყველამ იცის, რომ რუსეთის დამარცხების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ შავი ზღვის სრუტეები მის ხელში არ იყო და ამ მხრით მოკავშირეთაგან ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო. ხოლო როცა მოკავშირენი სრუტეებს დაეპატრონენ, რუსეთისათვის გვიანი იყო. აქ უკვე რევოლიუცია გრგვინავდა. მაშასადამე, დიდ რუსეთს არ შეუძლია თავისი არსებობა უზრუნველყოს დარდანელის დაუპატრონებლათ და ხმელთა შუა ზღვაში გაუსვლელათ. ეს მისი საარსებო ამოცანაა, დამყრობელი პოლიტიკის მიუცილებელი დასკვნაა.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ რუსეთს შეუძლია იქონიოს მეორე გასავალიც. პირდაპირ უდიდეს თფილ ოკეანისაკენ. ამ ხაზით აწარმოვოს მსოფლიო პოლიტიკა და ევროპას ძალა დაატანოს თავისი გეგემონიის მისაღებათ. ეს ხაზია წყნარი ოკეანე. ამ მიზნით მან დაიპყრო 1853 წ. ციმბირის აღმოსავლეთი ზღვის ნაპირები და დაარსა ვლადივასტოკი. 1875 დაიკავა სახალინი, 1895 წ. კუნძული ფორმოზა და პორტარტური, სადაც პირველათ გამოვიდა გაუყინავ ზღვაზე. მაგრამ გამოჩნდა რომ ამ მხრით ვითარდება და ძლიერდება მეორე სახელმწიფო - იაპონია, რომლის არსებობას განსაცდელი უდგებოდა. მათ შორის ინტერესთა წინააღმდეგობამ მოიპოვა პირველი დაბოლოვება ომით 1905 წ. რუსეთი დამარცხდა და დაკარგა თფილი ბოღოზები - პორტარტური და ფორმოზა, ის ისევ მოწყდა ოკეანეს და ჩაიკეტა.
ამ ნაირათ, ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების წინ რუსეთი განიცდიდა სრულ უმწეო საგარეო მდგომარეობას. წყნარ ოკეანეს მხრით მას ეპირდაპირებოდა იაპონია, ხმელთა შუას და სამხრეთ სპარსეთის მხრით ინგლისი, ხოლო დასავლეთში მას გადაეღობა აღდგენილი პოლონეთი. დაკარგა წინანდელი დასაყრდნობი ფუძენი და გამოვარდა საფრანგეთის კოალიციიდან.
საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო ასეთი მემკვიდრეობა და მის პატრონობას შეუდგა ახალი მეთოდებით. პირველ ყოვლისა საჭირო იყო დაშლილი იმპერიის აღდგენა და მეფეთა იმპერიის საზღვრებში მისი ჩაბრუნება. ე.ი. უარის ყოფა რევულიუციის ყველა შედეგების, ხალხთა და ერთა თავისუფლების. რევოლიუციური პროცესი სავსებით ეწინააღმდეგებოდა ძველი იმპერიის სტრუქტურას, მის დამპყრობელ მიმდინარეობას, მის შეუჩერებელ ექსპანსიას და მაშასადამე მასან შეკავშირებულ მთელ საგარეო პოლიტიკას. მონარქიის ნანგრევებზე აღმოცენებული დემოკრატიული და ნაციონალური სახელმწიფო ერთეულები, მოკლებული აგრესიულ პოლიტიკას და გამსჭვალული ურთიერთის და მეზობელთა თავისუფლების პატივისცემით და საერთო ინტერესების დაცვით, წარმოადგენდენ ახალ საერთაშორისო კომბინაციას, ძირიანათ განსხვავებულს პეტრე დიდის და მისი მემკვიდრეთა რუსეთისაგან. ბალშევიკებმა პირველ ყოვლისა შეებრძოლენ აი ამ ახალ მიმდინარეობას. მოსპეს ის და აღადგინეს ძველი ცენტრალისტური და დესპოტიური იმპერია. თავისთავათ ცხადია, რომ ამით მათ აღადგინეს ამ იმპერიასან დაკავშირებული ძველი საგარეო ამოცანა. მხოლოდ ამ დროშის გასამარჯვებლათ მათ წამოაყენეს ახალი ლოზუნგები: რევოლიუციური ომი, მეზობელ ერთა გასაბჭოვება. პირველი საშუალება დამარცხდა განხორციელებისთანავე, პოლონეთის საზღვართან. მათ დარჩათ მეორე გზა და მასზე შედგენ თავდადებულათ კომინტერნის სახით. ჩინეთის გაუთავებელ ანარქიამ და იაპონიის ლიბერალურ მთავრობათა უდარდელ პოლიტიკამ მათ შეუქმნა დაბალი ღობე შორეულ აღმოსავლეთში, საითკენაც მიაპყრეს მთავარი ყურადღება. ამ ქვეყნების გასაბჭოება თავისთავათ სწყვეტდა წყნარი ოკეანის საკითხს.
მუდამ ინტერვენციის შიშით შეპყრობილი საბჭოთა ხელისუფლება არა თუ არ ცდილობდა, დარდანელით ხმელთა შუა ზღვაზე გასვლას, პირიქით ამ გასავალის ჩაკეტვაზე ოცნებობდა, რომ იქიდან მყუდროება მოეპოვებია. ამიტომ მისი ინტერესი იყო ამ მხარეზე არა რევოლიუციური პროპაგანდა, არა ოსმალეთის გასაბჭოება და შემოერთება, არამედ მასან მეგობრობა, მისი დამოკიდებულობის დაცვა, მისი ბუფერათ გამოყენება ინგლის და რუსეთს შორის. ლოზანის კონფერენციამ სავსებით არ გაამართლა მოსკოვის იმედი. სრუტეები არ ჩაკეტა და დასტოვა ის თავისუფალი საერთაშორისო ნაოსნობისათვის დასავლეთით. აქ ომში დამარცხებული ბოლშევიკები სავსებით ეწყობიან პროპაგანდის ნიადაგზე და აჩაღებენ დიდი სტილის რევოლიუციურ შემოტევას შიგნიდან, განსაკუთრებით პოლონეთში, ბალტიის რესპუბლიკებში და გერმანიაში. იყო დრო, როცა მოსკოვი დღე-დღეზე ელოდა გერმანიის გასაბჭოებას და თავის ორბიტაში მოქცევას. კომინტერნი ამას წინდაწინ აცხადებდა საჯაროთ.
ეს რევოლიუციური დროშით წარმოებული იმპერიალისტური ატაკა ყველა ფრონტზე დამარცხდა, ალაგ-ალაგ მან გამოიწვია საშინელი კონტრ-ატაკა, რაიცა გათავდა მოსკოვის აგენტების - კომუნისტური ორგანიზაციების სრული განადგურებით. კომინტერნი ამ ჟამათ ყოველგან განიცდის დაცემას და ფიქრობს გამოცოცხლებას ერთი ფრონტის საშუალებით. მოსკოვი ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა რომ რევოლიუციური მეთოდით რუსეთის ძირითად ამოცანებს ვერ გადასჭრიდა. თფილი ზღვები უფრო და უფრო მას შორდებოდა და უცებ პირი იბრუნა, კონსერვატიული მეთოდი წინ წამოაყენა და ამ დროშით ევროპის ასპარეზე დადგა. რას ეძებს აქ? ცხადია რას, დახმარებას და შველას თავისი ძირითადი პრობლემის გადასაჭრელათ. ეს პრობლემაა წყნარი ოკეანის ნაპირას გამაგრება და ქვეყნათ რუსეთის გეგემონიის განმტკიცება. ხოლო გზა ამ მხრით მიმავალი თავიდანვე გადადიოდა ევროპით, დაწყებული პეტრე დიდიდან.
და მართლაც, პირველათ ევროპის პოლიტიკა, ე.ი. ევროპის საქმეებში ჩარევით რუსეთის გამაგრება, დაიწყო პეტრე I-მა; ამ მიზნით მან დაიკავა აქეთ მოსავალი გზები - ბალტიკა, მაგრამ ჩქარა აღმოჩნდა რომ ეს გზა საკმარისი არ არის, ის მიემართება დასავლეთით მხოლოდ ბალტიის ზღვით, სადაც ინგლისი ბატონობს და მაშასადამე ის სავსეა ხიფათით. ამავე დროს პრუსია და ავსტრია უფრო და უფრო ეპატიჟება რუსეთს მათ გვერდით ევროპის საქმეებში ჩამოსარევათ და მათ სასრგებლოთ მოსაწესრიგებლათ. გზა კი ერთათ ერთია - პოლონეთი. ეს ქვეყანა, ღრმათ შეჭრილი ევროპის ცენტრში, მიბჯენილი ერთი მხრით პრუსიისკენ, მეორე მხრით ავსტრიისკენ, წარმოადგენდა საუკეთესო პლაცდარმს მოსკოვისათვის და ისიც შეუდგა ამ სიმაგრის დაპატრონებას. იწყება პოლონეთის საქმეებში ჩარევა, ამა თუ იმ პარტიის დახმარება, შინაური ანარქიის გაღვივება და ძებნა საბაბის ჯარების შესაყვანათ - ერთი სიტყვით ეკატერინე მეორის ცნობილი ფართე ანტიპოლონური ინტრიგები, რაიცა გათავდა ამ ქვეყნის სამათ გაყოფით.
რუსეთი ევროპაში ნიშნავს პოლონეთს რუსეთში. ეს ასე იყო და ასე იქნება.
ეს იმდენათ აშკარაა, რომ როგორც კი ამჟამათ საბჭოები გამოვიდენ ევროპაში, მაშინვე მისი პირველივე წინადადება მიიმართა პოლონეთის წინააღმდეგ და ეს სხვანაირათ არც კი შეიძლება, სხვა გზა მას აქეთ არ აქვს. გასული საუკუნის დამდეგს პოლონეთის დაცემამ რუსეთი მოიყვანა პარიზამდე, დააკავშირა პრუსიასან და ავსტრიასან 1815წ., 1848 წ, 1864 წ. და 1870 წ. ვინაიდან მთელი ეს ბლოკი მიიმართებოდა უმთავრესათ საფრანგეთის წინააღმდეგ. ამიტომ ფრანგები მუდამ გამოდიოდენ დამცველებათ პოლონეთის თავისუფლების და რუსეთის ევროპიდან გაძევების. რაკი ვერც ერთ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ბოლოს და ბოლოს თვითონ ჩამოითრიეს რუსეთი თავის ბლოკში და ერთათ გადაიხადეს დიდი ომი. მაგრამ ეს რუსული პოლიტიკა იმ დროს არ მიიმართებოდა პოლონეთის წინააღმდეგ. ვინაიდან ის თავისუფალი არ იყო. პოლონეთის აღდგენა კი ნიშნავდა ამ პოლიტიკის დატოვებას, მოსკოვის ევროპიული ადგილის პოლონეთის მიერ დაჭერას და რუსეთთან კოალიციაზე ხელის აღებას. ევროპა კიდევაც დაადგა ამ გზას, მაგრამ ამ ბოლო დროს ის დატოვებულ იქნა და ძველი, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკა აღდგა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, როცა ვარშავა დღეს განიცდის შიშს და ეძებს გამოსავალს. რასაკვირველია, ფრანგები დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის მომხრეა სუბიექტიურათ და მათი საამისო განცხადება სრულიად გულწრფელია; მაგრამ პოლიტიკას ქმნის ობიექტური მდგომარეობა, ისტორიული სტიქია - გარემოებათა ლოღიკა. რუსეთი ვერასგზით ვერ ჩამოერევა ევროპაში თუ არა პოლონეთის გადმოლახვით.
თუ ასეთი საშიშარი მდგომარეობა იქმნება პოლონეთისათვის რუსეთის მოპატიჟებით საფრანგეთის მიერ, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნება მისთვის თუ საფრანგეთის ადგილი გერმანიამ დაიჭირა და ძველებურათ რუსეთ პრუსიული ბლოკი შეიკრა. ეს კი სუბიექტიურათაც იქნება მიმართული ვარშავის წინააღმდეგ და დაემსგავსება ეკატერინე მეორის და ფრიდრიხ მეორის კოალიციას (1767 წ.). ამ საფრთხის დროებით მაინც აცილება 26 იანვრის პაქტით გერმანიასან დიდებულით გამოფიქრებული და ასრულებული ნაბიჯია.
როგორც ხედავთ, რუსეთის ხელახლა ჩამორევას ევროპის საქმეებში არა თუ არ მოაქვს სიწყნარე და დამშვიდება, პირიქით, ის კიდევ უფრო აპირდაპირებს ერთიმეორე სხვადასხვა ქვეყნებს. ქმნის წინააღმდეგობათა ახალ კვანძებს და აბრუნებს დასავლეთს ძველი საერთაშორისო დანაწილებისა და განხეთქილებისაკენ. აქ ისკვნება ევროპის სახელმწიფოთა სხვადასხვა ინტერესები. იტალიას და ინგლისს სრულიად არ ეჭაშნიკება რუსეთის გასვლა არც შორეულ, არც ახლო აღმოსავლეთის ზღვებზე და ცდილობენ ევროპის საქმეებში ჩაბმით მოაშორონ თავის ისტორიულ მიზანს. აქაც ამუშავებულია სხვა და სხვა ხაზის პოლიტიკა. რუსეთის გასვლა ხმელთა შუა ზღვაზე განსაკუთრებით აშინებს იტალიას, რომელიც მიილტვის ბალკანეთში და ახლო აღმოსავლეთში გეგემონიისაკენ და რაიცა სავსებით ჩაეფუშება რუსეთის იქ გაბატონებით. ამიტომ იტალია უფრო შეურიგდება რუსეთს წყნარ ოკეანეში გამაგრებას. მაგრამ აქაც შიშია, ვაი თუ დამარცხებული იაპონია მოაწვეს სამხრეთს, აფრიკისაკენ და იქიდან იტალია გამოაძეოს. ეს საფრთხე გამოხატა თავის საჯარო სიტყვაში იტალიის საგარეო მინისტრმა ამხანაგმა, ლესონამ 19 ოქტომბერს ნეაპოლში. მან სთქვა: `რაც უფრო შეიბორკება იაპონიის ექსპანსია აღმოსავლეთში, მით უფრო იქნება შესაძლებელი მისი ექსპანსია სხვა კონტინენტებზე და სხვა სექტორებში. აქ ისკვნება კავშირი აღმოსავლეთის პრობლემის და აფრიკის დაპყრობის შორის, ვინაიდან აფრიკა მოსალოდნელია გადაიქცეს იაპონიის გავრცელების საბოლაო მიზნათ.“ იტალიის კოლონიალური პოლიტიკა მოითხოვს იაპონიისათვის საქმის გაჩენას აზიის კონტინენტზე და მაშასადამე რუსეთის იქიდან აბარგებას. მაგრამ რუსეთის იქიდან მოწყვეტა ნიშნავს მის დარდანელისაკენ მოწოლას... ერთი სიტყვით იტალიის დიპომატია ჩიხშია და ამით აიხსნება მის მიერ ერთი ადგილის ტკეპნა, გაუბედავი, პასიური საგარეო პოლიტიკა. ჯერ ჯერობით ის კმაყოფილდება ინგლის-საფრანგეთთან ერთათ რუსეთის ევროპაში ჩაბმით, ე.ი. ამ 160 მილიონიან სახელმწიფოს პოლონეთზე მოწოლით.
დარდანელის საკითხის გადაწყვეტა დღეს გაცილებით უფრო ადვილია მოსკოვისათვის, ვინემ ეს იყო მეფეთა დროს.. დიდი ოსმალეთი გაქრა, პატარა ოსმალეთი, ისიც მოსკოვისადმი ვასალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი, დიდ რუსეთს ერთ ლუკმათ არ ეყოფა. მაშასადამე, ოსმალეთის არსებობა დამოკიდებულია დღეს არა რეალურ ძალთა კომბინაციაზე, არამედ მოსკოვის კეთილ სურვილებზე, ხოლო ეს სურვილები ცვალებადია. სპარსეთი ამ მხრით უფრო უზრუნველყოფილია ვინაიდან მის უკან დგას ინგლისი თავისი სანავთო ინტერესებით. ამ საბედისწერო მდგომარეობას ალბათ კარგათ გრძნობს ოსმალეთი და ამით აიხსნება მისი ცდა გამოვიდეს იზოლიაციიდან. მაგრამ ვინაიდან დასავლეთს არ ენდობა, იტალიის და ინგლისის ეშინია, ის ცდილობს შეკრას მუსლიმანურ სახელმწიფოთა ბლოკი და მას უმეთაუროს. ამ ბლოკის შემადგენელი ნაწილებია: ოსმალეთი, სპარსეთი, ავღანისტანი და ირაქი. დაიწყო ოსმალო - სპარსელთა დაახლოვება. ეს ჩინებული პლანია, მაგრამ საკითხავია ვისი გავლენის სფეროში მოექცევიან. აქ, ამ ნიადაგზე, უკვე გაიმართა შეჯიბრება რუსეთს და იაპონიას შორის; ორივეს სურს გახდეს ამ ბლოკის მეთაური და მიმართოს ის ერთიმეორის წინააღმდეგ. ოსმალეთი სარგებლობს ამ ორივე მოარშიყენით და ორივესაგან იღებს. ბოლშევიკებმა მისცეს რვა მილიონი დოლარი ხუთ წლიანი გეგმის განსახორციელებლათ, დაპირდენ ტრაქტორებს, საფაბრიკო მანქანებს და სხ. იაპონია კი უშენებს სამხედრო ფლოტს. მიიღო კონცესია ბამბის კულტურის და ფაბრიკების გახსნის და სხ. ეგევეა სპარსეთში, სადაც იაპონელები დიდ აქტივობას იჩენენ. იაპონიის ასე დაინტერესება ამ ქვეყნებით აიხსნება პოლიტიკური და სამხედრო მოტივებით: ომის დროს მას ქონდეს საშუალება თავს დაესხას რუსეთს არა მარტო ციმბრით, არამედ შავი ზღვით და სპარსეთით. მისი საბოლაო მიზანია ამ ხაზზე შავ ზღვაში სამხედრო ფლოტის შემოყვანა და კავკასია თურქესტანზე ორი მხრით დარტყმა.
როგორც ხედავთ, რუსეთი და იაპონია ერთიმეორეს ეპირდაპირებიან ყველა ნევრაგიულ პუნქტზე და აწარმოებენ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ყველა დანარჩენი სახელმწიფონი აწარმოებენ პასიურ პოლიტიკას, ცდილობენ შერჩენას იმისი რაც აქვთ. ერთათ ერთი გერმანიაა დღეს სფიქსი, გაურკვეველი საგარეო პოლიტიკით და მით საფრთხუნალათ გადაქცეული. რას იზამს ვინ იცის.
დასკვნა ერთია. რუსეთის საგარეო ობიექტური პოლიტიკის გატარება ითხოვს ყველა მისი ძალების დარაზმვას სამი მიმართულებით - შორეულ-აღმოსავლეთის, ახლო აღმოსავლეთის და დასავლეთით, პოლონეთის მიმართულებით. როდის რომელ ხაზს მიეცემა უპირატესობა - ეს დროს და ძალთა განწყობილების საქმეა. ამ ჟამათ წინა რიგზე დგას პირველი და მესამე მიმართულება, რომლის სვებედზეა დამოკიდებული ხმელთა შუა ზღვის და სამხრეთ სლავიანთა საკითხების წამოყენება. სანამ იარსებებს დიდი ცენტრალისტური რუსეთი, მანამდე ვერც ერთი მისი მთავრობა, ვერც ერთი მისი რეჟიმი ამ ისტორიულათ ბოძებულ კალაპოტიდან ვერ ამოვარდება და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ვერ აშორდება...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1934. - №49
![]() |
75 შუაგულ ევროპაში |
▲ზევით დაბრუნება |
ავსტრიის სოციალ-დემოკრატიის დამარცხებამ შუაგული ევროპის პოლიტიკურ ცენტრში დააყენა და გაამწვავა ავსტრიის საკითხი. ვერსალის ზავით ეს ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ ხალხის შეგნება და ნაციონალური შემადგენლობა არ შეურიგდა ასეთ დადგენილებებს და 14 წლის განმავლობაში წარმოებდა ფართე პროპაგანდა გერმანიასან შესაერთებლათ. ეს აგიტაცია უცებ შეწყდა ჰიტლერიზმის გამარჯვებით და ავსტრიის თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიამ ძველი გზა დასტოვა. ახლა აქ პატრიოტიზმი ნიშნავს არა გერმანიასან შეერთებას, როგორც ეს გუშინ იყო, არამედ პირიქით, მისგან განდგომას და საკუთარი სახელმწიფოს შერჩენას. ამ ახალი მიმდინარეობის მთავარი ბოძი სოციალ-დემოკრატია წაიქცა და მით მთელი პოლიტიკური წყობა ცალგვერდზე გადაექანა წასაქცევათ. ჰიტლერიზმს მიეცა ახალი მოულოდნელი იმედი, რამაც შეაშფოთა ვერსალელები, პირველ ყოვლისა, იტალია და სხვა მისი მოსაზღვრენი.
წარმოიშვა შუაგული ევროპის საკითხი.
ამ ხაზზე ამჟამათ იბრძვის ორი ტენდენცია: გერმანიის, გერმანელთა მოდგმის შესაერთებლათ და თავისი გეგემონიის გასამარჯვებლათ ბალკანეთამდე; იტალიის, მცირე ანტანტის და სხვა მათ მიმყოლთა, გერმანიის ჩაჭერა თავის ახლანდელ საზღვრებში, შუაგული ევროპის ძალთა ახალი გადაჯგუფებით. ამ კონცერტში პირველი კამერტონი უჭერია იტალიას, მიუხედავათ მისი იდეიური ნათესაობისა ჰიტლერიზმთან. იტალიას ურჩევნია მოსაზღვრეთ ყავდეს პატარა უწყინარი ავსტრია, ვინემ მრისხანე გერმანია. ამით ამ დიდი ქვეყნის ექსპანსიას სამხრეთით კარი ეკეტება და ბალკანეთში სამეტოქეო ასპარეზიდან იდევნება. ამ მიზნით იტალია ქმნის პირველ ყოვლისა „სანიტარულ კარანტინს“ - დუნაის სახელმწიფოთა ეკონომიურ ბლოკს და თვითონ დგება მის მეთაურათ. ამ ახალი კომბინაციის სარჩულია, მაშასადამე, არა ეკონომიური ხასიათის, არამედ პოლიტიკურის; ეს აშკარაა მისი შემადგენლობისაგან. ავსტრიის და ვენგრიის ბლოკს ეკონომიურათ არ დაერქმის დუნაის ბლოკი, ვინაიდან მასში არ შედიან დუნაის სახელმწიფოთა უმრავლესობა - ჩეხო-სლოვაკია, სერბია, ბოლგარია, რუმინია; სადუნაიო კომბინაცია აქ არაფერ შუაშია, ეს წმინდა ანტი გერმანულ-რასისტული გამოგონებაა, რომელსაც უჭერია დუნაის მხოლოდ ერთი მეოთხედი ნაპირები და გახდა საინტერესო მხოლოდ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, როგორც ბარიერი იტალიის საზღვრების ჩრდილოეთით დასაცავათ.
თავისთავათ ცხადია, რომ ავსტრიელები კარგათ ვერ ურიგდებიან ამ მოსამსახურის როლს და ფიქრობენ გერმანიიდან თავი დაიფარონ სხვა საშუალებებით; ასეთათ დასახულია ამ ჟამათ ჰაბსბურგელთა ტახტის აღდგენა და ვენგრიასან ერთათ ერთი მონარქიული სახელმწიფოს შედგენა ძველებური სახისა. ეს ლეგიტიმისტური აგიტაცია ფართეთ წარმოებს და თუ გამარჯვებული რეაქცია მას ჯერ კიდევ არ ეპოტინება, ამის მიზეზია მისი მოსამსახურის როლი, ეშინია იტალიის და საფრანგეთის კოალიციის. ამათ ანგარიშში სრულიად არ შედის ჰაბსბურგთა მონარქიის აღდგენა და ძველი ამბავის ისევ წამოწყება. ამ სფეროში მათი ინტერესი უერთდება ჰიტლერელთა შეხედულებას. ეს ერთი იშვიათი შემთხვევაა მათი ერთ ბალახზე მოძოვის. როგორც ხედავთ, ავსტრიის სოციალ-დემოკრატია, როგორც ყველა პარტიაზე უფრო შეკავშირებული, მძლავრი და კულტურული, ყოფილი მთავარი სიმაგრე და ხერხემალი ავსტრიის ნამდვილი დამოუკიდებლობის და საკუთარ ფეხზე დგომის, როგორც კი ის მოიშალა, მოიშალა ეს რეალური დამოუკიდებლობა და ქვეყანა გახდა სათამაშო იარაღათ უცხო სახელმწიფო ძალების. ახლა ავსტრიას აღარ აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. აქ რეჟიმის შერჩენა დგას პირველ რიგში, ხოლო ყველა დანარჩენი ნაბიჯები ამ მიზანს ემსახურებიან. ორივე ეს მუშაობა წარმოებს სავსებით ანტიხალხური გზით; ავსტრიელ მოქალაქეთ არავინ არას ეკითხება. აქ საყურადღებოა ის, რომ ჰიტლერელები ითხოვენ „დემოკრატიას“, ხალხის თავისუფალ არჩევანს და ორიენტაციის საკითხის პლებისციტით გადაწყვეტას. დოლფუსის მთავრობის მთელი მუშაობა მიმართულია სწორეთ ამ მეთოდის წინააღმდეგ, რაიცა ამტკიცებს გერმანული ორიენტაციის სიძლიერეს ერის გულში. რასაკვირველია, პატარა ავსტრიის დამაგრება ასე ცალფეხზე, საცალფეხო ბილიკზე დიდხანს შეუძლებელია, და ბოლოს და ბოლოს უნდა ჩავარდეს რაიმე და ვისიმე კალაპოტში - იქნება ეს იტალიის, გერმანიის თუ სხვა რომელიმე უცხო ძალთა აშკარა დამოკიდებულებაში.
ამ პატარა ქვეყნის გარეშემო ამდენი შუღლის და ბრძოლის ატეხა აშკარა მაჩვენებელია გაბატონებული აზროვნების ევროპის კრიზისის დაძლევის ევროპის შინაური კომბინაციებით. ვინ როგორ გადაჯდება, ვინ ვის დაიმორჩილებს - აი, უებარი წამალი ეკონომიური სნეულების. მთელი ეს გაუთავებელი კონფერენცია განიარაღების და მის ირგვლივ გაჩაღებული ჭიდილი ნიშნავს აი ამ აღებულ ხაზს, - ევროპიული პოლიტიკური კომბინაციებით ძირითადი გაჭირების განკურნებას. ნამდვილათ კი სწორეთ ეს თავის ქერქში ჩაჯდომა, თავის წვენში მოხარშვა არის მთავარი სატკივარი და მისი კიდევ უფრო გაძლიერებით, ერთიმეორის ძირის მოთხრით, ერთი მეორის დაბმით რანაირათ აყვავდება ეს ქვეყანა, - არავინ უწყის. მოუჯექით ამ შუაგულ ევროპას, როგორც გნებავთ, მარჯვნიდან მარცხნით თუ მარცხნიდან მარჯვნივ, - ამით ის გაფართოვდება, ახალი ბაზრები შეიქნება, უმუშევრობა გაქრება, არსებული ტერიტორიული და ეკონომიური სახე გამოეცვლება? რასაკვირველია, არა, ახალი იქნება მხოლოდ საზღვარი, „პრესტიჟი“, სხვა ყველაფერი ძველ გზაზე დარჩება. კიდევ ერთხელ დაიწერება „ვერსალის ზავი“ და შემდეგ ისევ დაიწყება მასან ბრძოლა. ეს სიზიფის მუშაობა წარმოსდგება იქიდან, რომ სნეული თვით არის თავის თავის ექიმი და სვამს შემცდარ დიაგნოზს. თვითეული ეს საექიმო ექიმი მეზობელში ხედავს თავის ავათმყოფობის მიზეზს და ფიქრობს მისი დასნეულებით თავის გაჯანსაღებას. ეს „ძმათა“ ბრძოლა, ამ განათლებული მეზობლების ასე საარაკოთ ურთიერთი გადაკიდება და საერთო ენის დაკარგვა საფრთხეში აგდებს მთელ ევროპიულ ცივილიზაციას, მის უარყოფით მხარეებთან ერთად დადებით თვისებებსაც. ძირი მისი აშლილობისა დამარხულია არა პოლიტიკურ ურთიერთობაში, საზღვრების და ტარიფების სფეროში, არა სადამოჟნო და სადიპლომატო დამოკიდებულებაში, ვერსალის თუ ახალ და ძველ საზავო პირობებში, არამედ გაცილებით უფრო ღრმა და გარდაუვალ მოვლენაში. ეს მოვლენაა დასავლეთი ევროპის საწარმოვო და სააღებ-მიცემო პირობები. ეს ცნობილი ფირმა, რომელსაც „ევროპა“ ეწოდება, დეფიციტშია. მის წარმოებას იმდენი ზედსართავი ხარჯები დაურჩა, რომ შემოსავალი მას ვერ ასწორებს და იძულებულია ძირითადი კაპიტალიდან შეავსოს. ხდება სიმდიდრის გაფლანგვა, დაგროვილი თანხების გაწყალება, საკუთრების ფასების დაცემა. ამავე დროს არავის არ სურს თავის ცხოვრების დონე დასწიოს, შემოსავალის კვალობაზე იცხოვროს; პირიქით, ყველა კლასს, განსაკუთრებით კი პარაზიტულს, ახლა გაუდიდდა მადა და მიადგა სახელმწიფოს, - მარჩინეო. ის, რაც დღეს საფრანგეთში ხდება, საოცარია, სახელმწიფო დეფიციტშია; გამოსავალი ერთია - ხარჯების შემოკლება. მაგრამ ყველა, ვისაც კი ეს ზომა შეეხო, ყალყზე დადგა. დეე, სახელმწიფო დაიქცეს, ოღონდ კი ჩემს ჯიბეს არაფერი დააკლდესო. ძველი იდეალიზმი, იდეიური გატაცება და პოლიტიკური თავის დადება, კვდარია. ყველაფერი გროშებით განიზომება. მაშასადამე, ცხოვრების წესი და ხარჯვის რაოდენობა რჩება ძველი. ზოგან ის კიდევაც მატულობს, ხოლო წყარო კი ჭკნება, ევროპის სამრეწველო მონოპოლია ისპობა, შორეული ბაზრები ეკარგება, მთელი ძველი საფუძველი ინგრევა. ხოლო ამ დროს ასაფეთქებელ ვულკანზე მჯდარნი კი ერთმანეთს გაუთავებლათ ედავებიან, - ჩემი სჯობსო. ამ არევ-დარევით სარგებლობენ ყველა ჯურის ავანტიურისტები და ხელს ითბობენ პოლიტიკურათ, პარტიულათ, ფინანსიურათ და სხვ. დადგა ავანტიურისტების და დემაგოგების ოქროს ხანა. ფეხქვეშ ნიადაგის შერყევა იწვევს თავში გონების შერყევასაც, საღი მხედველობის და პერსპექტივების დაკარგვას და უტოპიების გამეფებას.
აი, ამ დროს მოდის გამოღვიძებული შორეული აზია და მოაქვს ძველი კულტურული და საწარმოვო მთლიანობა: პატარა სახელმწიფო ბიუჯეტი, ნაკლები მუქთამჭამლები, იაფი ცხოვრება, იაფი ხელფასი, ერთი სიტყვით, - ევროპის აღორძინების დროის ეკონომიური და სოციალური ურთიერთობა, რომლის ნიადაგზე დაყრდნობილია ტეხნიკის უკანასკნელი გამოგონება. იაპონიის სახელმწიფო ბიუჯეტი უდრის 12 მილიარდ ნახევარ ფრანკს, ხოლო საფრანგეთის კი - 50 მილიარდს; აქ საშუალო კლასები ნადგურდება მძიმე გადასახადებით, მსგავსათ რომის იმპერიისა. აზიის „დემპინგზე“ ყვირილი საქმეს ვერ უშველის; აქ არის არა დემპინგი, არამედ ორი ქვეყნის შეხვედრა. ასეთივე დემპინგი იქნებოდა, რომ შესაძლებელი იყოს ძველი, ამ ნახევარი საუკუნის წინ არსებული ევროპის წამოყენება და დღევანდელისათვის დაპირდაპირება.
როგორც ხედავთ, ევროპას ბევრი საბედისწერო საკითხები აქვს მოსაგვარებელი, მთელი თავისი არსებობის საფუძველი გადასათვალიერებელი, თავისი სოციალური და ეკონომიური ურთიერთობა ახლათ ასაწყობი, შეცვლილ მსოფლიო მდგომარეობისათვის ანგარიშის გაწევა და ძველი თავისი ბატონობის და მონოპოლიური მდგომარეობის დაბოლოვება. აღმოსავლეთს შეუძლია უთხრას დასავლეთს: - გმადლობთ იმისთვის, რაც კარგი აკეთეთ, ამიერიდან კი ვიყოთ თანასწორნი, ძმა და ამხანაგებიო.
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1934. - №100.
![]() |
76 კავკასიის კონფედერაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი გამოცემის ამ ნომერში იბეჭდება კავკასიის კონფედერაციის პაქტი, ხელმოწერილი კავკასიის სამი ერის წარმომადგენლების მიერ.
ეს პაქტი არ არის იმპროვიზაცია, საზღვარ-გარეთ გამოგონილი და შეთხზული ახალი ამბავი. ის მოდის თვით კავკასიიდან, იქ მობინადრე ერთა მიუცილებელი მოთხოვნილებებისაგან და საჭიროებისაგან. ცალკე ეროვნულ სახელმწიფოთა დაარსებას წინ მიუძღოდა ჩვენში მთელი კავკასიის თვითგამორკვევა და ამიერ-კავკასიის ფედერაციის დაარსება 1918 წ. რუსეთის უღლისაგან განთავისუფლება ხდება საერთო ძალ-ღონით, ერთათ დგომით და ერთათ ბრძოლით. ეს იყო ბუნებრივი, სტიქიური მოძრაობა კავკასიის ხალხების ერთი-მეორისაკენ, ჭირში და ლხინში ერთათ ყოფნისაკენ. ეს ხალხთა გულიდან ამოხეთქილი ნაკადული ერთა სოლიდარობის შეეხეთქა დიდი ომის ნაკადულს, რაიცა წვდა ჩვენს შორეულ ქვეყანასაც და დამარცხდა. ფედერაცია დაიშალა, თვითეული ერი იძულებული ხდება თავს უშველოს ცალ-ცალკე; აარსებს დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებს იმ იმედით, რომ კავკასიური ერთობა კვლავ აღდგება და ერთ მთლიან საფარველს ქვეშ ძმურათ თავს მოიყრიან დროებით გათიშული ძმები. ჩვენ წილათ გვხვდა ეს საერთო, საკავკასიო იმედი გამოგვეთქვა თავიდანვე იმ დღეს, როცა ფედერაცია დაიშალა და საქართველოს რესპუბლიკა გამოცხადდა. 1918 წ. 26 მაისს საქართველოს ნაციონალური საბჭოს პირველსავე სხდომაზე ეს იმედი გამოითქვა ამ სიტყვებით:
„მოქალაქენო, დღეს თქვენ იყავით მოწამე იშვიათი და თან დრამატიულ-ისტორიული აქტის. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა, მეორე კი იბადება, არ შეიძლება ყოფილიყოს ინტერესთა წინააღმდეგობა... საქართველოს ხალხნი, გაერთიანებული საერთო დროშის ქვეშ, დასდებენ კავშირს იმ ხალხებთან, რომელნიც ცხოვრობენ ჩვენი სახელმწიფოს გარეთ და ამ გზით აღსდგება სახელმწიფოებრივი ერთობა და აღადგენს ჩვენ თვალწინ დანგრეულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატიული კავშირი. ჩვენი გზა, ჩვენი იდეალი მიიმართება ასეთი კავშირის შექმნისაკენ“.
ამ იმედის გამართლება იქ ვერ მოვასწარით: დანაწილებული კავკასია დაიპყრო მტერმა ნაწილ-ნაწილათ. იმედი დარჩა იმედათ, ხალხთა გულში აღგზნებულ ლამპარათ და მოელის განხორციელებას მომავალში.
კონფედერაციის პაქტი, როგორც ხედავთ, მოდის კავკასიიდან: მისი დროშა იქ აღიმართა, მისი საყვირი იქ გაისმა, მას შეეწირა მრავალი მსხვერპლი. ჩვენ მხოლოდ მას მივეცით აქ იურიდიული ფორმა, ჩამოვაყალიბეთ მისი სტატუსი, მივეცით წერილობითი ბაზა იმ ბრძოლას თავისუფლებისათვის, რასაც ჩვენს ქვეყანაში ეწევიან ყველა ერთათ, ეროვნების განურჩევლათ - თათარი, ქართველი, სომეხი და მთიელი. ეს ოთხი ხალხი, უხსოვარი დროიდან დასახლებული ერთ ტერიტორიაზე, ერთი მეორის გვერდით, თავისი საარსებო ინტერესებით გადაჯაჭვული იყვენ და არიან ერთიმეორეზე; ერთი ვერ წავა წინ, თუ მეორე არ გაიყოლია; ერთი ვერ წაიქცევა, თუ მეორეც თან არ ჩაიყოლია. საქართველოს თავისუფლების დაკარგვას მოყვა მთელი კავკასიის თავისუფლების დაკარგვა მე-19 საუკუნეში; კავკასიის თავისუფლების დაკარგვას მოყვა საქართველოს თავისუფლების დაკარგვაც მეოცე საუკუნეში. ასე იყო მუდამ და ასე დარჩება მომავალშიაც: ან ერთათ თავისუფლებაში, ან ცალ-ცალკე მონობაში, მესამე გზა ისტორიას არ მოუცია. კავკასიის ხალხებს ეს ჭეშმარიტება შეგნებული აქვთ. ისინი იბრძვიან ხელიხელ გაყრილნი ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენი პაქტი მხოლოდ იურიდიული გამოხატულებაა დღევანდელი ბრძოლის და ხვალინდელი გამარჯვების. მის დროშაზე აწერია ერთა, ყველა ერთა სოლიდარობა თავისუფლების და დამოუკიდებლობის ნიადაგზე. ის ებრძვის მხოლოდ ძალმომრეობას, უღელს და მტარვალობას. მისი იდეალია მოწინავე კაცობრიობის იდეალი, მისი გზა მიიმართება ისტორიული აუცილებლობის გეზით. ერი უნდა იყოს თავისუფალი, - ამას ვერ შეაჩერებს ვერავინ.
კავკასია ერთი მთლიანი ტერიტორიალური და ეკონომიური ორგანიზმია; აქეთ არ ძევს გზანი არც ჩრდილოეთის, არც სამხრეთის; მათი საარსებო გასავალნი სხვაგან არიან; აქ ძევს მხოლოდ ერთი მოკლე გზა - დასავლეთიდან აღმოსავლეთში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში. კავკასიას შევყავართ შუაგულ აზიაში - ამ კაცობრიობის და კულტურის უძველეს აკვანში. ეს გზა დღეს დახშულია - მას გახსნის მხოლოდ თავისუფალი კავკასია. ამ თავისუფლებაში დაინტერესებულია ყველა ერი, ყველა სახელმწიფო, რომელიც კი არ არის შეპყრობილი ვიწრო ნაციონალიზმით და ფართე იმპერიალიზმით. კავკასიის პრობლემა საკაცობრიო პრობლემაა; მისი გადაჭრის ფორმა ერთათ-ერთია. ეს არის კავკასიის კონფედერაცია.
კავკასიის ერნი დგანან რა პაქტის ნიადაგზე, მოუწოდებენ საბჭოთა კავშირის ყველა ჩაგრულ ერთ და ხალხთ შეერთებული ძალ-ღონით კომუნისტური ტირანიის დასანგრევათ და საერთო თანხმობით ერთა და ხალხთა ცხოვრების და ურთიერთობის ასაგებათ თავისუფლების და კეთილმეზობლობის საფუძველზე.
კავკასიის პაქტი არის საუკეთესო ფორმა ამ ურთიერთობის გასატარებლათ, აღმოსავლეთის პატარა მეზობელ ერთა შესაკავშირებლათ და მძლავრ საერთაშორისო ფაქტორათ გადასაქცევათ. ერთათ დგომით აშენდებიან, ცალ-ცალკე დგომით დაიქცევიან...
ნ. ჟ.
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1934. - №103.
![]() |
77 ნაციონალური ფრონტი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველი პოლიტიკური ემიგრაციის დანაწილება, დაშლა და ერთიმეორეზე გადაკიდება დღეს უდაო ფაქტია. ამ რღვევის ასპარეზია ემიგრაციის ორი მთავარი ცენტრი - პარიზი და ბერლინი. საიდანაც ეს სენი ვრცელდება სხვა ადგილებში დაბინავებულ ქართველებზედაც. მათი საერთო რიცხვი არ აღემატება სამას კაცს. თითქმის ყველა განიცდის გაჭირვებას, უსახსრობას, უმუშიერობას, ავათმყოფობას, ემიგრანტობის ყველა სიდუხჭირეს და ნაკლულევანებას. მათ ესაჭიროებათ ურთიერთის დახმარება, ხელის შეწყობა, მეგობრობა და ამხანაგობა, საერთო ძალღონით და თანაგრძნობით ცხოვრების მძიმე უღლის მსუბუქათ გატანა. ნამდვილათ კი ხდება სწორეთ უკუღმა. ეს ღარიბი საზოგადოება ამ უკანასკნელათ აღმოჩნდა იმდენათ მდიდარი რომ ბეჭდოს ათზე მეტი გამოცემა და ყველა ეს მიმართოს ერთიმეორის ლანძღვის და თრევისაკენ. სოკოსავით გამრავლდა ჯგუფები. ცალ-ცალკე დარაზმულნი და ურთიერთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმულნი. მთელ ამ ოპოზიციურ ლაშქარს აერთებს სიძულვილი ნაც. მთავრობის, ნაც. ცენტრის და სოც. დემოკრატიული პარტიის, მთელი ჩვენი ანტიბოლშევიკური მებრძოლი აპარატების. მათი რუსულ-ქართული გამოცემანი თავიდან ბოლომდე სავსეა ამ ორგანოთა გაბიაბრუებით, მათი მეთაურთა გაბახებით. ყოველგვარი სიცრუით და გამოგონებით. მთელ ამ ჭუჭყს სისტემატურათ ანთხევენ თავზე ემიგრანტებს. მათ ურევენ გზა-კვალს და რაზმავენ მოქიშპე ბანაკებათ. ეს სამარცხვინო ამბავი გრძელდება წლეებით. მწვავდება დღითი დღე და ახლა ღებულობს ხასიათს სიტყვიდან საქმეზე გადასვლის, საჯარო მუქარის, ანგარიშების გასწორების მაკედონურ წესით.
რით აიხსნება ეს სავალალო მოვლენა? მტრის მუშაობით, გეპეუს გრძელი ხელებით? რასაკვირველია მტერი მუშაობს, ის ცდილობს ჩვენ დანგრევას, მაგრამ ეს რომ იყოს მთავარი მიზეზი, სალაპარაკოც ბევრი აღარ გვექნებოდა, ბოლშევიზმთან ერთათ ეს ვაჟბატონებიც დაიღუპებიან და მით საქართველოს პოლიტიკური ატმოსფერა გაიწმინდებოდა. მიზეზი ეს არ არის, ის თვითონ მიზეზის შედეგია. სენი უფრო ღრმაა. ის ძევს იდეიურ სფეროში და ხდება იარაღათ მტრის ხელში. საბჭოთა ხელისუფლება თავის პოლიტიკას ჩვენს მიმართ ამყარებს ჩვენს დაქსაქსულობაზე. ჩვენს იდეიურ მოუთახმობლობაზე და მაშასადამე სათავე ჩვენი დაზუსტების ეს უკანასკნელია. ეს სენი რომ მარტო ემიგრაციას სჭირდეს - ჩიტი ბდღვნათ არ ეღირებოდა. ის როგორც კი დაბრუნდება საქართველოში - გაჯანსაღდება, მაგრამ ეს იდეიური არევდარევა მოდის სწორეთ საქართველოდან, იქ დაიბადა ჯერ კიდევ ჩვენი დამოუკიდებლობის დროს და მიიღო გაუბედავი პრაქტიკული გამოხატულება, ხოლო მისი დასაბუთება, საჯაროთ წამოყენება და თავის დროშათ მათ აღიარება მოხდა ემიგრაციაში; სამშობლოში ამ ჟამათ არ არის მისი გამოფენის ასპარეზი და ამიტომ ამ ნიადაგზე იქ სიჩუმეა. მაგრამ როგორც კი იქ მდგომარეობა შეიცვლება, ეს სენიც ამუშავდება, განხეთქილება იფეთქებს და ჩვენი ქვეყნისათვის საბედისწერო გახდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩუმმა საშინაო ბრძოლამ გადასწყვიტა აჯაყების ბედი. ის მომავალშიაც დაგვამარცხებს. თუ აქედანვე მის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული გადამჭრელი ზომები, თუ არევ-დარევის სამოციქულოდან არ გაიმიჯნა ყველა სასიცოცხლო ძალები.
რა ქვია ამ მომაკვდინებელს სენს, საიდან მოდის და საითკენ მიდის?
საქართველოს რესპუბლიკა დაეცა არა შინაგანი მიზეზით, არა რევოლიუციით, არამედ გარეშე ძალთა შემოსევით, ომით. ამ გარემოებამ ერთი დაკვრით მოსპო ყველა საშინაო საკითხები, ყველა სადაო ამოცანები და წინ წამოაყენა ერთათ ერთი, უდაო, საყოველთაოთ გასაგები და მისაღები მიზანი - აღდგენა დაკარგული თავისუფლების, ერის სუვერენიტეტის, ნაციონალური მომენტი გაბატონდა ყველა სხვა მომენტზე, ნაციის დაცვა დაისვა მოქმედების პირველ რიგში.
რაკი ასე საფუძვლიანათ შეიცვალა ერის მდგომარეობა, ცხადია უნდა შეცვლილიყო პოლიტიკურ პარტიათა ტაქტიკაც და ის ახალ გარემოებას შეწყობოდა. ერის დარაზმვა თავდაცვის ხაზზე სავალდებულო გახდა. ეს ამოცანა არ არის წმინდა ქართული მოვლენა, ის უდგას ყველა ერს, ყველა პარტიას ნაციონალური საფრთხის პერიოდში, საერთაშორისო ომის და შეხლა შემოხლის მომენტებში. როგორ სჭირიან ამ საკითხს პრინციპიალურათ?
ერის დაცვის საჭიროება აღიარებულია ყველა მიმდინარეობის და დაჯგუფების მიერ, ეს მითი საერთო ნიადაგია, მაგრამ შემდეგ მოდის მათ შორის განსხვავება, რაიცა საბოლაოთ ყალიბდება ორი ფორმით: ერთნი აღიარებენ ერის დაცვას უპირობოთ, ყოველივე მიზეზების და მოსაზრებათა გარეშე, ხოლო მეორენი ერის დაცვას უკავშირებენ რეჟიმის საკითხს. შინაური წყობილების სიავ კარგეს. აქ ეროვნული იდეია გადაბმულია სოციალურ იდეასთან, თავდაცვა გარეშე მტრისაგან თავდაცვასან შინაურ მტრისაგან. ერის უპირობოთ დაცვა უარყოფილია. საბოლაოთ, ამ ბანაკში პოლიტიკურ სოციალური მომენტი იჭერს პირველ ადგილს, ხოლო ნაციონალური მეორეს, მის ხელქვეითს. ამ მიმდინარეობის აშკარა გამოხატულებაა დღეს კომუნიზმი, რომელიც უარყოფს ერის თავდაცვას კაპიტალისტურ წყობილებაში და მის პირობათ აყენებს საბჭოთა წყობილების შემოღებას. სოციალისტებს შორის ამ საგანზე დავაა. თუმცა პრაქტიკულათ, ერის, რეალური საფრთხის წინაშე, ისინი ყველა სხვა პარტიას ამოუდგენ გვერდში და ერის დაცვა უპირობოთ თავის დროშათ აღიარეს, ამის მაგალითია დიდი ომი.
აი ეს ძირითადი საკითხი დაისვა ჩვენს წინ საქართველოშივე, უცხოეთში გამგზავრებამდე და გადავწყვიტეთ დადებითათ. მთავრობამ შეიტანა წინადადება დამფუძნებელ კრებაში მისი კოალიციურ ხაზზე გადაწყობის შესახებ. ბრძოლის გაგრძელება ყველა პოლიტიკური ძალების შეერთებით და ხელმძღვანელობით მთავრობის და დამფუძნებელი კრების ლოზუნგი გახდა. ეს არ იყო ჩვენ მიერ სახელდახელოთ გამოგონილი წინადადება, ნაციონალური მომენტის უცაბედათ პირველ რიგში გადატანა. ეს იყო ჩვენი აზრი მუდამ, თავიდანვე, ქართველი სოც. დემოკრატიის გაჩენის დღიდან. აი რას ვსწერდით პირველ საპროგრამო წერილში ამ ორმოცი წლის წინეთ ამ საგანზე:
„ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სარჩული ეკონომიკური წარმატებაა, რამაც დაბადა ეროვნული გაერთიანება და სოციალური დანაწილება. საქართველო ერთი განუყოფელი, საქართველო ორი, სიმდიდრე - სიღარიბის მიხედვით დაყოფილი. თუ პირველ კითხვაზე ვერთდებით, მეორეზე ვიყოფით, თუ შინაურ ცხოვრებაში ვიბრძვით, გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთათ ვდგებით. ეს არის არსებითი თვისება უმაღლესი განვითარების“.1
აქედან ცხადია, რომ ეროვნების დაცვას ჩვენ ვღებულობდით თავიდანვე უპირობოთ, დამოუკიდებლათ ერში არსებული წეს წყობილებისა. ჩვენ ვაღიარებდით, რომ მიუხედავათ სოციალური განხეთქილებისა, სიმდიდრე სიღარიბისა, გარეშე მტრის წინაშე უნდა შევერთდეთ და ერი, როგორც ბაზა ჩვენი არსებობისა, შეერთებული ძალ-ღონით დავიცვათ. თვით ფორმა ერის დაცვისა დამოკიდებულია, რასაკვირველია კონკრეტულ მდგომარეობაზე. ერის დაცვა ერთ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოს დაცვით, თუ დასაცავ ერს აქვს თავისი სახელმწიფო და დაეკარგა ან და მას ემუქრებიან გარეშე მტრები, მეორე შემთხვევაში ერის დაცვა იქნება მისი კულტურის, მისი ენის, მისი მართველობის - მთელი მისი ნაციონალური თავისებურების დაცვა, როცა მას თავისი სახელმწიფო არ აქვს და სხვის სახელმწიფოში მოემწყვდა. ერის არსებობის ყველა პირობებში ძირითადი პრინციპი რჩება უცვლელი - მისი დაცვა თავისთავათ. დამოუკიდებლათ სხვა ფაქტორებისა, როგორც იმ დიდი ღირებულების, რომლის ფარგალში ტრიალებს მთელი თანამედროვე ცხოვრება. ვისთვისაც ეს დედააზრი მისაღებია, მისი განხორციელება დეტალია, მიზან შეწონილობის საქმეა.
აი ამ მოსაზრებიდან გამოვდიოდით, როცა ბათუმში ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ მთავრობაში შემოსვლა და მით საგარეო საქმეების ნიადაგზე მტკიცე ერთობის დამყარება. მდგომარეობა იყო სავსებით ნათელი, დიდი სახელმწიფო თავს დაგვესხა და მოგვერია; ასეთი ამბავი ხშირათ ყოფილა ისტორიაში, როგორც ჩვენში ისე სხვაგან. ჩვენი ამოცანა გახდა, ეს ფიზიკური დამარცხება ამ გამხდარიყო სულიერ, მორალურ დამარცხებათ, ხალხს გული არ გატეხოდა და მტერს არ შერიგებოდა. დამფუძნებელმა კრებამ გადასწყვიტა ბრძოლის გაგრძელება და მთელი ერის ამ დროშის ქვეშ თავის მოყრა. ამოსარჩევი გახდა ორში ერთი: ან მთავრობის ბანაკი, ან მტრის, მესამე გამოსავალი არ შეიძლება ყოფილიყო და არც იყო, ხოლო მისი მაინც ძებნა ნიშნავდა მთავრობის ბანაკის დასუსტებას. ოპოზიცია ამ გაჭირების დროს იქნა მოწოდებული ამოუდგეს გვერდში ერის მთავარ ფაქტიურ და იურიდიულ ძალას - მთავრობას, როგორც ეს ჩაიდინეს სოციალისტებმა სხვაგან, საფრანგეთში ისინი გვერდში ამოუდგენ ბურჟუაზიულ ხელისუფლებას მტრის წინაშე, ხოლო გერმანიაში ხელი გაუწოდეს მეფესაც. ჩვენმა ოპოზიციამ ვერ გაიგო თუ არ გაიგო ეს მარტივი მდგომარეობა, არ მიიღო ჩვენი წინადადება და შეუდგა მესამე გამოსავალის ძებნას. ეს ილუზია დაამსხვრია ხალხის სტიქიურ მოძრაობამ ერთობისაკენ, ერთი ფრონტის შედგენისაკენ. ამ მიმდინარეობას დაემორჩილა ყველა დაჯგუფება, გარდა ნაციონალურ დემოკრატებისა, რომელთა შორის იწყება იდეიური და ტაქტიკური რყევა.
როგორც ხედავთ, მთავრობა დარჩა ერთფეროვანი არა მისი, არამედ ოპოზიციის მიზეზით. მაგრამ მიუხედავათ ამისა უცხოეთში დაბინავებისთანავე ის შეუდგა ფრონტის შექმნას, ნაციონალური ძალების თავის ირგვლივ შემოკრებას. ამ საკითხში ნაც. დემოკრატები გაიყო სამათ: მცირე რიცხვი დგება საერთო ფრონტში უპირობოთ, უმრავლესობა განზე დგება და მას ებრძვის, ხოლო პატარა ჯგუფი დგება მათ შორის, აქეთაც და იქითაც მოტრიალე. აქ ჩაისახა ძირი ემიგრაციის არევის, აქ გაეღო კარი დამარღვეველ ელემენტებს. მოვლენილთ როგორც შიგნიდან, ისე გარედან. რით ამართლებდენ ფრონტიდან განდგომას? მხოლოდ ერთი მოსაზრებით: მთავრობისათვის მხარის დაჭერა მიუღებელია მათთვის არა იმიტომ, რომ ის არ იცავს ერს, არამედ იმიტომ რომ ის სოციალისტებისაგან შედგება, საშინაო საკითხებში განსაკუთრებითი პროგრამა აქვთ. ერთი სიტყვით არ არიან ნაციონალ-დემოკრატები და მაშასადამე საერთოც არაფერი აქვთ. ეს აზრი ამუშავდა თავიდანვე, ჯერ ვიწრო წრეში, შემდეგ გაფართოვდა, გაიშალა, დაიბადა ახალი დაჯგუფებანი და ბოლოს დაიშალა ემიგრაციის მთლიანობა.
ამნაირათ, ემიგრაციაში დაუპირდაპირდა ორი იდეიური მიმდინარეობა: ერის დაცვა ყოველივე პირობის გარეშე და ამ ნიადაგზე ყველა ძალების კონცეტრაცია. ერის დაცვა პირობების მიხედვით და მებრძოლი ძალების კონცეტრაციის უარის ყოფა. რა პირობებია ? პირობები მრავალნაირია, იმის და მიხედვით თუ რომელი ჯგუფი ლაპარაკობს. უარის ყოფა დემოკრატიის, ხალხის სუვერენიტეტის, აგრარიული რეფორმის, სოციალური კანონმდებლობის, დამოუკიდებული საქართველოს მთელი საშინაო საქმიანობის, ე.ი. ერის აღდგენის საკითხს უდგებიან არა ნაციონალურის, არამედ კლასიკური და ჯგუფური თვალსაზრისით და ეძებენ წინასწარ გარანტიას მათი პროგრამის განხორციელების. „შეირყა ქართველი ერის მრავალსაუკუნიანი საფუძველი - საკუთრება, დაეცა საქართველოს ეკლესია, დაიქსაქსა ქართველი საომარი ძალა, და საქართველოს საკუთარ ეროვნულ დოვლათს საძირკველი გამოეცალა. სოც. დემოკრატიულ პარტიამ გააგდო ხელიდან ძვირფასი ქართული ერთობის ჭურჭელი და საქართველოს დამოუკიდებლობას გავარდა ძირი“, სწერს ფრონტის მომხრე ნაც. დემ. ორგანოც კი („მამულიშვილი“ №4). ამ აზრს განსაკუთრებით უნერგავენ უცხოელთ; არ ყოფილა არც ერთი მათი გამოსვლა უცხო ენაზე, რომ არ უმტკიცებდენ მკითხველთ ერთ და იმავე აზრს : საქართველო დაღუპა „სოციალისტურ ექსპერიმენტმა“ და მაშასადამე ნაც. მთავრობის დახმარება ერის საქმეში უარსაყოფია. ბრძოლის ისარი მიმართეს ჩვენს წინააღმდეგ და არა წინააღმდეგ მტრისა, ეს ასე ვთქვათ ყველა გამდგარი ჯგუფის საერთო პლატფორმაა. რეაქციონური იდეილოგია, საქართველოში მიძინებული, უცხოეთში ამეტყველდა და თავდაცვის საკითხში ითვისებს ბოლშევიკურ შეხედულებას; ან ჩემი საქართველო ან სულ არა. ამიტომ მათი ბრძოლის მთავარი საგანია ამოგდება არა ბოლშევიზმის, არამედ მენშევიზმის, როგორც ახალი საქართველოსათვის მებრძოლის, რადგანაც მათ არ მოსწონთ ჩვენი სოციალური და პოლიტიკური პროგრამა, აღარ სურთ ჩვენთან ერთათ ერის სუვერენიტეტის აღდგენა, ჩვენთან ერთად მტრის წინაშე ერთათ წარდგომა.
ეს დოქტრინა ამუშავდა სხვადასხვა სახით: დიპლომატიურათ, ლიტერატურულათ, მიტინგურათ, მიეთ-მოეთურათ და სხ. ეს „დიპლომატიური“ საქმიანობა მხოლოდ ერთი გეზისაა, ერთი შინაარსისაა, რასაც არავითარი კავშირი აქ აქვს მართლა დიპლომატიასან. ისინი უმტკიცებენ უცხო მთავრობათა ემისარებს მხოლოდ ერთს: საქართველოს ნაც. მთავრობა ქართველ ერს არ წარმოადგენს და მას არ ენდოთო. ამის საბუთები მრავალი გვაქვს. მოვიხსენიებთ მხოლოდ ერთს, რომელიც უკვე გამოცხადდა საჯაროთ და რაც არავის უარყვია. ანტიფრონტული მიმართულების მთავარი მედროშე იყო და არის ბ. სპ. კედია. ის ჩამოვიდა სამშობლოდან სტამბოლში საბჭოთა პასპორტით 1923 წ., ინახულა საფრანგეთის საელჩოს მდივანი და განუცხადა, რომ საქართველოს, მთავრობა აღარ ყავს და ამიერიდან ჩემთან დაიჭირეთ საქმეო, რაიცა ფრანგმა მაშინვე აცნობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს იქ კ. გვარჯალაძეს (იხ. „ბრძ. ხმა“ №41, ივლისი 1934 წ.). ე.ი. ქართველ ნაც.-დემოკრ. პარტიის ლიდერმა მოიმოქმედა გაუგონარი ამბავი. ზურგში ჩასცა მახვილი დამფ. კრების მიერ ნდობით მოსილ მთავრობას, რომელიც იმ დროს სწორეთ დიდ კამპანიას აწარმოვებდა ბოლშევიკების საოკუპაციო ძალის წინააღმდეგ. ძნელი დასაჯერებელია ეს მძიმე დანაშაულობა ბ. კედიას თავისი ინიციატივით ჩაედინოს. მან უეჭველია საქართველოდან მოიტანა თავის პარტიულ მანდატთან ერთათ პარტიული დირექტივაც. ავტორნი მთავრობის წინააღმდეგ დაპირისპირებისა უეჭველია იმყოფებიან საქართველოშიაც. ეს კიდევაც განუცხადა კედიამ თავის პარტიულ ბიუროს, რომელიც იყო უკმაყოფილო მისი სეპარატიული ნაბიჯებით. ის აცხადებს რომ „პარტიული მასა და მებრძოლი ეროვნული ელემენტები როგორც აქ, ემიგრაციაში, ისე საქართველოში მის გარეშემო არიან შემოკრებილიო“ („მამულიშვილი“ №4, 1929 წ.). ემიგრაციაზე რა მოგახსენოთ, ეს არც იმდენათ საინტერესოა, მაგრამ საქართველოში რომ ნაც.-დემ. ერთი წყება, და არა ყველა, ანტიფრონტულათ არის განწყობილი - ამის საბუთები ჩვენ სხვაც გვაქვს. და სწორეთ ეს არის მთავარი სენი ჩვენი ბრძოლისა.
როგორც დიპლომატიურ სფეროში მათ პირველათ აგვიტეხეს კინკლაობა, ისე მწერლობაშიაც მათ პირვალათ აგვიტეხეს შფოთი და გამართეს საშინაო ბრძოლა. პირველი პარტიული ორგანო, რომელიც საფრანგეთში გამოვიდა ეკუთვნით მათ სახელწოდებით „სამშობლოსათვის“ და მიმართეს ჩვენს წინააღმდეგ (1925 წ.). ეს იყო იმდენათ ახალი ამბავი, მოულოდნელი და დაუმსახურებელი, რომ შემდეგ გამოსულმა სოც. დემ. „ბრძოლამ“ გამოსთქვა თავისი განცვიფრება და აღშფოთება შემდეგი სიტყვებით: „მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. ბ. კედია-ასათიანმა სრულიად მოულოდნელათ გამოსცეს თავისი ორგანო „სამშობლოსათვის“ და ის სავსებით მიმართეს წინააღმდეგ არა ბოლშევიკური მტარვალობისა, არამედ სოც. დემ. პარტიისა. ისინი ლმობიერათ ეპყრობიან ვეშაპელსაც კი, მას ხუთიოდე სტრიქონი უძღვნეს. სამაგიეროთ იერიში მიიტანეს იმაზე ვისაც მუდამ ებრძვიან ბოლშევიკები, რენეგატები და მათი ამყოლ-დამყოლნი. ამით მათ საჯაროთ გაარღვიეს ერთი ეროვნული და ინტერპარტიული ფრონტი და გვერდში ამოუდგენ საქართველოს მოსისხლე მტერთ“ და სხ. („ბრძოლა“ №1, ივლისი 1925 წ.). ეს აღშფოთება ახლა გვარიან გულუბყვილოთ გამოიყურება, ის კარგახანია აღარავის უკვირს და თუ მაინც მოვიყვანეთ აქ მხოლოდ იმიტომ რომ გვეჩვენება შინაურ ბრძოლის დამწყებნი და ინიციატორნი. ერთხელ ამ მიმართულებით აღებული ხაზი გაფართოვდა, გაღრმავდა და მას გაყვა ისეთი ჯგუფებიც კი, რომელნიც მას წინეთ არ ემხრობოდენ. ნაც. დემ. პარტიული ბიურო აქვეყნებს მიმართვას თავის ამხანაგებისადმი სადაც სწერია: „ეს ეგრეთ წოდებული ეროვნული ფრონტი არის უკვე სავსებით მენშევიკური კამარილია და მას არავითარი საერთო არ აქვს იმ მებრძოლ ეროვნულ ფრონტთან რომელიც წარმოშვა მებრძოლ საქართველოს სინამდვილემ და სადაც მთავარ როლს თამაშობდენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი მიმდევარი ეროვნული ძალები“ („სამშობლო“ №1, 1929 წ.). ასეთი ახალი ძალის გაჩენა ნაც. თვალსაზრისით იქნებოდა დიდათ სასარგებლო მოვლენა, რომ ეს სიმართლეს შეიცავდეს. მაგრამ ამის საბუთი არ გამოჩნდა არც აქ უცხოეთში, არც იქ სამშობლოში. ამიტომ იმავე ორგანოს გამოცხადება რომ მენშევიზმი საქართველოში მოისპო და ბურთი და მოედანი ჩვენ დაგვჩაო (№3-4) უბრალო თავის ქებაა, ნატვრაა და არა რეალობა. ნაც. მთავრობა ეყრდნობა რეალურათ არსებულ მომუშავე ძალებს, რა პარტიისაც უნდა იყოს იგი და არა რეკლამებს. ასეთი ლიტერატურა გამომხატველია მხოლოდ პარტიული სულისკვეთების. მისი მიმართულების და გეზის. ვინაიდან ამ მიმდინარეობის მეთაურნი ფრონტს პრინციპიალურათ უარს არ ყოფდენ, ზოგი მათგანი შემოვიდენ ფრონტში. მაგრამ მათ მიმდევართა შორის დაიწყო რყევა სრულიად საბუთიანათ. თუ მენშევიზმი მოკვდა და მთავარ ძალას ნაც.-დემოკრატია წარმოადგენს, კვდართან ბლოკი რა მისაღებია, რა სასარგებლოა. ამით აიხსნება მეთაურთა რყევა, ხან შემოსვლა ფრონტში, ხან გასვლა, ხან ჩვენთან, ხან ჩვენ წინააღმდეგ, ხან კიდევ ორივე ერთათ.
ბრძოლა პარტიათა შორის, ბრძოლა მენშევიკურ ძალების მოსასპობათ სრულიად არ შეესაბამება ერის ინტერესებს და გამოდის მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან, ჯგუფური მოსაზრებიდან. რაკი ესენი პირველ რიგში აყენებენ რეჟიმის საკითხს. ცხადია ამით თავის მთავარ მიზნათ ისახავენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და ამ მხრით უდგებიან კოალიციას და ნაციის დაცვის საკითხსაც. თავის თავათ მართველობის დაპატრონებაზე ფიქრი საზრახისი არ არის. ეს მიზანია ყველა პარტიის, მიუღებელია მხოლოდ ამ მიზნის ნაციონალურ მომენტზე მაღლა დაყენება და ფრონტის საკითხის მისთვის დამორჩილება. დასაძრახისია ბრძოლა ტყეში გავარდნილი დათვის ტყავის გაყოფისათვის. „სამშობლოს“ სულის ჩამდგმელნი განაგრძობენ დავას თავისუფალი საქართველოს კანონმდებლობაზე და აცხადებენ „ბოროტი ექსპერიმენტების ხანა უნდა დამთავრდეს“, რაიცა თურმე მოხდება მაშინ როცა თვითონ „სახელმწიფოებრივი ცხოვრების სადავეებს აიღებენ ხელში“ (იქ). ვთქვათ რომ საქართველოს არც პოლიტიკური, არც სოციალური შემოქმედება აღსადგენი აღარ არის და უნდა დავბრუნდეთ უკან, ძველი კარგი დროისაკენ, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ პარტიულ თავმომწონეობას ჩვენს მთავარ საკითხთან. ჯერ აღსადგენია საქართველო, რომლის შემდეგ არის შესაძლებელი „სახელმწიფოს სადავეების ხელში აღება“. ჯერ დათვი უნდა მოიკლას და შემდეგ მისი ტყავი გაიყოს. ჩვენ კი უარს გვეუბნებიან აღდგენის საქმეში დახმარებაზე, იმიტომ რომ მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება! ერთი სიტყვით ჩვენს გამარჯვებაზე - წისქვილში მივდივარო, გვიპასუხებენ. რაკი მათ აწუხებს განსაკუთრებით შინაური საკითხი, ხელისუფლების დაპატრონება და ამ ხაზზე მთავარ კონკურენტს ხედავენ მენშევიკებში, ცხადია ამ მოქიშპის გაქრობა, მისთვის გავლენის და ძალის დაკარგვა ხდება მთავარ ტაქტიკურ მოსაზრებათ, მაგრამ ვინაიდან ბრძოლა რომელიმე ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციასან ნიშნავს მტრის გამაგრებას, სამშობლოს განთავისუფლების დაგვიანებას, ნაციონალური ერთობის შეუძლებლობას, აშკარაა მათი მუშაობა კარგავს ნაციონალურ ხასიათს და რჩება წმინდა პარტიულ დოგმათ. მტრის წინაშე ერთათ დგომა ხდება შეუძლებელი, აი ეს სენი ღრღნის დღეს ემიგრაციას და ხვალ გადაედება საქართველოსაც. თუ კი ამის შესაფერი პირობები დამყარდება.
არის ორი კონცეფცია: ჯერ ნაცია, შემდეგ რეჟიმი; ჯერ რეჟიმი, შემდეგ ნაცია; ჩვენია პირველი, მეორეა მემარჯვენეთა ჯგუფების. ე.ი. ჩვენ ვიზიარებთ ერის თვითგამორკვევას უპირობოთ, ისინი კი მას უყენებენ პოლიტიკურ და სოციალურ პირობებს. ეს აბრუნებს ბრძოლის მთელ პერსპექტივას და ამას გამდგარნი არც კი მალავენ. ისინი აცხადებენ რომ პირველ ყოვლისა დასანგრევია არა ბოლშევიზმი, არამედ ის ფაქტორი „რომელიც ბ. ჟორდანიას ირგვლივ დაგროვდა და საერთო ფრონტის სახელს იჩემებს. ამ მეთაურობასან ბრძოლა დღეს უფრო გაადვილებულია, ვიდრე ეს იყო ამ მშვიდი-რვა წლის წინეთ. როდესაც მას პირველათ ბრძოლა გამოუცხადეთ“, სწერს ბ. კედია თავის საპროგრამო წერილში („საქ. გუშაგი“ №1, 1932 წ.). ეს ნათელზე ნათელია, მტერი შიგნით არის, დასანგრევია ქართველი ერის მთავარი ანტი-ბოლშევიკური ძალა. აქედან გამომდინარეობს მათი ტაქტიკა : ბლოკი ყველა იმ ჯგუფებთან, რომელნიც „ჟორდანიას ფაქტორს“ ებრძვის, ე.ი. შინაური ომის გაჩაღება. რისთვის? პროგრამისათვის პარტიის იდეოლოგიის განსახორციელებლათ. ჯერ პროგრამა, შემდეგ ერი. აქ ერთდება მათი და ბოლშევიკების გზები, ორივე ბრძოლის საგნათ ჩვენს დამარცხებას აღიარებენ.
ეს აზროვნება, ეს სენი ჩვენი ძველი ნაცნობია; ის მოდის ფეოდალური საქართველოდან, როდესაც ერთი კუთხის რბევის დროს მეორე კუთხე იცინოდა, ოპოზიციაში მდგომ ფეოდალს უცხო ჯარი შემოყავდა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ძმათა ბრძოლას აჩაღებდა. ეს პოლიტიკური და იდეიური პარტიკულიარიზმი დღეს საქართველოს გაერთიანებული ერისათვის ანახრონიზმია. ის მას სრულიად არ უდგება და რჩება მხოლოდ გზადაბნეული ნაციონალისტების ამარათ.
რეაქციონერთ ჩვენთან მუშაობა არ სურთ, ძლიერ კარგი. მაგრამ თუ ისინი მართლა ნაციონალური ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ვალდებულნი არიან იმუშაონ ერისთვის თვითონ, ჩვენგან დამოუკიდებლათ, გასწიონ პროპაგანდა უცხოეთში ქვეყნის სასარგებლოთ. აი მაგ. უკრაინელები; ისინი გაყოფილია ორათ: დემოკრატები და მონარქისტები; ორივე მუშაობენ ცალ-ცალკე თავის ქვეყნისთვის, სხვა და სხვა ქვეყანაში, დემოკრატია დემოკრატიულ ქვეყნებში და ერთა ლიგაში, სკოროპადსკის ამალა გერმანია-ინგლისში. ეს ასე ვთქვათ შრომის და ასპარეზის გაყოფაა. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება ქართველთა შორის. აქ მხოლოდ ნაც. მთვარობა და მისი აპარატები მუშაობენ, ხოლო რეაქციონერები ამათ ებრძვიან და თუ ვინმე ალაპარაკეს უცხო ენაზე - ეს უეჭველათ ჩვენს წინააღმდეგ. ამათ ასულდგმულებს სიძულვილი არა ბოლშევიკებისა, არამედ ქართველი მებრძოლი დემოკრატიისა და ლამიან დაანგრიონ ის ფუძე, რაც დიდის შრომით და ვაივაგლახით ევროპაში მოვიპოვეთ. ამ ბრძოლაში მათ გადააჭარბეს ყოველივე ზომას, არ დაინდვეს არც ისეთი უპარტიო წმინდა ნაციონალური დაწესებულება როგორიც არის საქართველოს ლეგაცია, პირველი ლეგაცია ევროპაში ჩვენი ერისა. აი რას სწერენ ქართველი ნაციონალისტების სახელით ერთ ფრანგულ ჟურნალში: „საფრანგეთში თქვენმა მთავრობამ ნება მისცა დედა-ქალაქის შუაგულში ორი ხორცმეტი არსებულიყო: საბჭოთა ლეგაცია, სადაც თავმოყრილია კომუნისტური კონსპირაციის ძაფები და ბუნაგი საქართველოს ვითომ და ლეგაციის. ეს უკანასკნელი დაწესებულება არის თავშესაფარი სიცრუის. აქ დაბინავდა ნაშთი იმ სოციალისტური მარქსისტული მთვარობისა, რომელიც გაბატონდა ჩვენში გერმანიის დახმარებით. მას არავითარი უფლება არ აქვს წარმოადგენდეს საქართველოს“... (იხ. „კრუასდი“ №1, 1923 წ.). ასე შეგინებული და დასმენილია სუვენერული საქართველოს უკანასკნელი ემბლემაც კი. და ახლაც, მას შემდეგ რაც ეს ემბლემა გაგვიუქმეს და მის ნაცვლათ დიდის შრომით ჩვენი ეროვნების გამომსახველი ოფიციალური დაწესებულება შემოვაღებიეთ, ამის ირგვლივაც ეს ერთი წელია ისეთი შუღლი და ბრძოლა გაჩაღდა, რომ თუ ეს გაგრძელდა, მასაც დაგვიხურავენ.
ასე აირია ემიგრაცია, აირია დუხჭირი იდეიური მომენტით, რითაც ნაყოფიერათ ხელს ითბობს მტერი.
ჩვენ შევებრძოლეთ ამ დამარღვეველ პროცესს და არა ერთხელ მოვიწოდეთ ემიგრაცია ერთობისაკენ. აი რას ვსწერდი 26 მაისის გამო ამ საკითხზე:
„26 მაისი არის სიმბოლო არა მარტო ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ამასთანავე ჩვენი ერთობის. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ერთობით, ერთათ დგომით, ერთი აზრით და ერთი პოლიტიკით. მასვე აღვადგენთ მხოლოდ ამ გზის გაგრძელებით, 26 მაისის ამ ანდერძის ასრულებით.
„ყველა კულტურულ ერს აქვს შემუშავებული ერთი საერთო სახელმწიფო დოქტრინა, რომელზედაც არის დამყარებული მისი საერთაშორისო დამოკიდებულება და თავის არსებობის დაცვა. ამ დოქტრინის ნიშნობრივი თვისებაა ერის ყველა სასიცოცხლო ძალის ერთ უღელში შებმა. საგარეო საფრთხის წინაშე ერთი ფრონტის შექმნა, კანონიერი ხელისუფლების გარეშემო თავის მოყრა და ნიციონალური დისციპლინის დამყარება.
„26 მაისის დროშას ემსახურება მხოლოდ ის ვინც ასრულებს მის ორივე ანდერძს - ვინც რჩება ერთგული დამოუკიდებლობის და ერთობის, ერთი ნაციონალური სახელმწიფო დოქტრინის. „26 მაისის დროშა შეიცავს ჩვენს ნაციონალურ პროგრამას და ჩვენ ნაციონალურ ტაქტიკას. ეს ორი სახე მისი არსებობისა განუყრელია, განუყოფელია ერთი მთლიანი ქანდაკებაა.
„ეს დღე მოუწოდებს ყველა ქართველს ჩადგეს ნაციონალური დისციპლინის კალაპოტში, დაივიწყოს თავისი ჯგუფური თუ პირადი მოსაზრებანი და დაირაზმოს ერთათ მტერთან სამტროთ, მოყვარესთან სამოყვროთ“ („დამოუკიდებელი საქართველო“ №77, 1932 წ.)
ასეთივე მოწოდებით მივმართეთ შემდეგ წელსაც, მაგრამ ყოველთვის უშედეგოთ, დამარღვეველი პროცესი ვერ შეჩერდა. ის უფრო და უფრო აიშვა და გაღრმავდა. რაკი იდეიური სათავე ამღვრეულია, რაკი ნაციონალური თავდაცვა უპირობოთ უარყოფილია და მთავარ მტერათ შინაური მომენტია დასახული, შედეგი მუდამ ერთია - ერთობის დარღვევა, მთლიანობის დაშლა, სამოქალაქო ომის მომზადება. ეს თავდაღმართი ისე სწრაფათ დაეშვა უფსკრულისაკენ, რომ ჩვენ ვიხილეთ ნაციონალისტები, რომელნიც შეეცადენ დაცვას თავისუფალი საქართველოს პირველი თავმჯდომარის მკვლელის! მადა ჭამაში მოდის. ახლა მეორე თავმჯდომარე ამოიჩემეს და მას საჯაროთ გაზეთის ფურცლებზე მუქარას უთვლიან, დუხჭირი პოლიტიკა კრიმინალს ენათესავება.
მე ძალიან მსურს განდგომილთა სწორი პოზიციის გაგება, მათი მამოძრავებელი იდეოლოგიის გამოკვლევა და არ მივაწერო ის, რაც სინამდვილეს მოკლებულია. მთელი მათი პოლიტიკის სარჩული მხოლოდ ერთი აზროვნებაა, საიდანაც მომდინარეობს მთელი მათ ყოფა-ქცევა. ეს ძირი გახლავს, როგორც ზემოთ ვსთქვით, ერთათ ერთი: რეჟიმის საკითხის უაღრესობა ნაციონალურ საკითხზე. ნაციის სუვერენობა ან მათებურათ ან სულ არა. სხვა ყველა მათი საბუთები არ საბუთობენ, თმებით მოთრეული სიტყვიერებაა, რაიცა მხოლოდ ბურუსში ხვევს მთავარ იდეიას. გავიხილოთ მაინც ეს საბუთებიც.
ისინი ამბობენ: საქართველოს დამოუკიდებლობა დაეცა იმიტომ, რომ ხელისუფლება სოციალისტების ხელში იყო, ნაციონალისტური მთვარობა შეინარჩუნებდაო. ეს მოსაზრება ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. ჯერ ერთი როგორ მოხდა, რომ ყველა ჩვენს სიახლოვეს მდებარე რესპუბლიკები, რომელთა მთავრობა სწორეთ ნაციონალისტების ხელში იყო, ჩვენზე ადრე დაეცა. უკრაინა, მთა, აზერბაიჯანი, სომხეთი ვერ იხსნა ნაციონალისტებმა, ხოლო ჩვენმა სოციალისტებმა იმდენი მოახერხეს, რომ გაეძლო მათზე უფრო ხანგძლივათ და მიეღოთ თავისუფალი საქართელოს ცნობა როგორც რუსეთისაგან, ისე ევროპისაგან. ეს იურიდიული ხარტია არის ჩვენი მუშაობის ბაზა და მან მოგვცა სიმაგრე უცხოეთში. ე.ი. სოციალისტური ხელისუფლების მიღწევა ნაციონალურ სფეროში გაცილებით მეტია ვინემ არასოციალისტური მთავრობების. ყველამ იცის პოლონეთის ისტორია, რამდენჯერ აღდგა და დაეცა, რამდენჯერ აჯანყდა და დამარცხდა. განთავისუფლება კი მოხდა დიდი ხნის შემდეგ და ისიც სწორეთ სოციალისტების ხელმძღვანელობით. ემიგრაციის ნაციონალ-დემოკრატიული კომიტეტი, საფრანგეთის მიერ პოლონეთის მთავრობათ აღიარებული, არ მიიკარა განთავისუფლებულ პოლონეთის ხალხმა და თავის ბედი ჩააბარა მემერცხენეთ.
ჩვენ საკმაოთ გამოვარკვიეთ მთელ რიგ წერილებში2, რომ ერის ადგომა თუ დაცემა დამოკიდებულია საერთაშორისო პირობებზე და არა მის შინაგან წყობილებაზე. ისტორიულ წარსულში ეს პირობები მიიმართებოდა პოლონეთის წინააღმდეგ და ვერ ირჩენდა თავისუფლებას. დიდი ომის დროს ის მიიმართა მის და ბალტიკის სასარგებლოთ, ხოლო უკრაინის და კავკასიის საწინააღმდეგოთ და მოიტანა ორი სხვადასხვა ნაყოფი - ერთ ალაგას თავისუფლება, მეორე ალაგას მონობა. ამ მოვლენებს არავითარი კავშირი არ აქვს შინაურ წყობილებასთან, რეჟიმის საკითხთან. საგარეო პოლიტიკა ვითარდება სარგებლობის ხაზით, უტილიტარული სასწორით და მას ეყრდნობა საერთაშორისო ურთიერთობა. სახელმწიფო იჭერს კავშირს და ეხმარება მეორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს შედის მის ინტერესებში. ამიტომ არის რომ დღეს ბურჟუაზიული საფრანგეთი ეკავშირება ბოლშევიკურ-ბანდიტურ ხელისუფლებასაც კი, ხოლო იტალია ეპირდაპირება გერმანიას მიუხედავათ მათი რეჟიმისა ნათესაობისა. ყველა სახელმწიფო საუცხოვო განწყობილებაშია სკანდინავიის ქვეყნებთან, მიუხედავათ მათი სოციალისტური მთავრობებისა. ჩვენს სოციალისტურ მართველობასან საუცხოვო განწყობილება ქონდა გერმანიის იმპერიალისტურ არმიას და მის წარმომადგენლებს. პირველათ ჩვენ მათ გვიცვნეს.
ერთი სიტყვით, საგარეო ურთიერთობის ხაზზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინტერესებს. სამაგიეროთ საშინაო მდგომარეობის ხაზზე ასეთივე გადამწყვეტი ძალა აქვს რეჟიმს და რომ საქართველოში არ ყოფილიყო დემოკრატიის რეჟიმი, არ ქონებოდა ძალა და გავლენა მუშათა და გლეხთა კლასებს, არ ყოფილიყო მათი ორგანოები და მათი გვარდია, ქვეყანა იქნებოდა გასაბჭოებული თავიდანვე, 1917 წლის მიწურულშივე, როცა თფილისში იდგა 35 ათასი რუსის გაბალშევიკებული გარნიზონი, ხოლო ფრონტებიდან თფილის აწვებოდა ნახევარი მილიონი ასეთივე გათავხედებული ჯარები. ეს ამბავი ცნობილია, უდაოა და ზედ შეჩერებაც არ ღირს.
საქართველოს სოც.-დემოკრატია დაეპატრონა ხელისუფლებას გარემოებათა ძალდატანებით, წინააღმდეგ მის მიერ აღებული პოლიტიკური კურსისა. ჯერ კიდევ ძველ რეჟიმში მას არა ერთხელ გამოუცხადებია თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რევოლიუციურ მთავრობაში შესვლისა ან მისი შედგენისა. ის კმაყოფილდებოდა რევოლ. თვითმართველობათა შექნით და მთავრობაზე გავლენის მოხდენით. ის რევოლიუციის პირველ პერიოდში გარედან ეხმარებოდა ჯერ „ოზოკომს“, შემდეგ კომისარიატს, ხოლო მათ მუშაობაში თითო ოროლა წარმომადგენელის მონაწილეობით კმაყოფილდებოდა. პარტიამ სრულიად უანგაროთ და მამაცურათ დააყენა თავისი ძალა და გავლენა მათ განკარგულებაში და ფაქტიურათ გახდა მათი აღმასრულებელი ძალა საქართველოში. მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ის უდგება ნაციონალურ ხელისუფლებას სათავეში, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართველი ერისა. მხოლოდ ამ გზით, ამ ძალით გახდა შესაძლებელი ჩვენი დამოუკიდებლობის შიგნიდან დამაგრება, მასან ხალხის დიდი უმრავლესობის რეფორმით მჭიდროთ დაკავშირება, ერთი მთლიანი ნაციონალური ფრონტის შექმნა და გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთათ წარდგომა. ომი წავაგეთ, დიდი პატარას ყოველთვის მოერევა, მაგრამ არ წაგვიგია ჩვენი ნებისყოფა, ჩვენი ბრძოლის უნარი, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ვიყოთ თავისუფალი. უცხო ჯარებმა, ვერ გამოიწვია ერში მორალური დაქსაქსულობა.
და აი, რაც ვერ შესძლო მტერმა, იმას გვიქადის და მას ემსახურება ჩვენი გამდგარი შინაური მემარჯვნენი. მათ არ მოსწონთ სოციალისტები, ეს მისახვედრია, ყველა პარტიას თავისი პროგრამა აქვს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც პროგრამებზე მაღლა დგას, რაც საერთოა ყველასათვის და სწორეთ აი ეს საერთოც მათ არ მოსწონთ; ნაციონალური მომენტი თავის პროგრამის მაღლა ვერ დაუყენებიათ და ნაციონალური დისციპლინა თავისთვის სავალდებულო ვერ გაუხდიათ. ეს იდეიური არევდარევა შემოიჭრა ფრონტთან ახლოს მდგომ ფენებშიაც. აქაც დაიწყო რყევა და გამდგართა ლოზუნგის წამოყენება. ამ ახალი აზრით, ემიგრაციას გაამთელებს მთავრობის გადადგომა და კომიტეტის დაარსება. იდეიურ არევდარევის დაძლევა მექანიკური და ორგანიზაციული საშუალებით კაცს არ მოსწონებია. იდეიას იდეია სძლევს. ვერავითარი სახარება ვერ მოაბრუნებს იმათ, ვინც ტყისკენ იცქირება. მთავრობა გამოვიდა სამშობლოდან განსაზღვრული მონდობილობით - იზრუნოს საქართველოს უფლებებზე. ზრუნვა ემიგრაციაზე მის მანდატში არ აღნიშნულა და შემოვიდა მთავრობის მუშაობის ფარგლებში პრაქტიკულათ, ემიგრანტთა მდგომარეობის მიხედვით. ერის კანონიერი წარმომადგენელობის გაუქმება და მისი ემიგრანტთა კომიტეტით შეცვლა ნიშნავს ჩვენი საქმის მოხსნას, ჩვენი დროშის ჩამოღებას და მის საემიგრანტო საქმეთ გადაქცევას, ბრძოლის და კინკლაობის სამსხვერპლოზე მიტანას. მთავრობის არც ერთ წევრს არ მიაჩნია თავისი პოსტი პირადათ სასიამოვნოთ და თუ მას არ ეყრება, ამის მიზეზია პასუხისმგებლობის გრძნობა, მოვალეობის ერთგულება. საქართველოს იურიდიული ცნობა გამოიხატა შემდეგი სიტყვებით: „კომფერენციამ, სწერს გეგეჭკორს ბრიანი, ერთხმათ დაადგინა იცნოს იურიდიულათ საქართველოს მთავრობა“, ამიტომაც იყო, რომ ბათუმში წამოსვლის წინ ამ მთავრობის სრული შეცვლა არ მოვახდინეთ და მხოლოდ მისი შეკეთებით, მესამედი ადგილის ოპოზიციური პარტიებისათვის მიცემით, დავკმაყოფილდით. ნაცნობ მთავრობას უფრო დაუგდებდენ ყურს ისინი ვინც ის იცნო, ვინემ უცნობ, სახელდახელოთ საგარეო მომენტისათვის შედგენილ ფიქტიურ ხელისუფლებას. მე მესმის იყოს სხვა რომელიმე ქართული ნაციონალური ორგანიზაცია, ან წრეები, რომელსაც მთავრობაზე მეტი კავშირები და გავლენა ქონდეს. იურიდიული ძალა თავს დახრიდა ამ ფაქტიური ძალის წინაშე. ნამდვილათ კი, როგორც ვთქვით, თუ რამე გაკეთდა ან კეთდება ჩვენი საქმის ირგვლივ - ეს მთავრობის და მისი წარმომადგენელების მიერ, რომელნიც იმყოფებიან მთავარ სატახტო ქალაქებში და მუშაობენ.
პარტიას, რომელსაც არ აქვს ნაციონალური იდეოლოგია, არ მიაჩნია საჭიროთ ერის სუვერენიტეტის დაცვა ან და ამას შორეულ ბუნდოვანი დროისათვის დებს, არ ექნება არც ნაციონალური ტაქტიკა და ის საშინაო საპროგრამო მოთხოვნილებას არ გასცილდება. მაგრამ ჩვენი მემარჯვენე ჯგუფები თავისთავს უწოდებენ ნაციონალისტებს. ყველა ჯვარადინა გზაზე გაყვირიან: საქართველო უწინარეს ყოვლისაო, ხოლო საქმე კი გამოუდისთ ანტინაციონალური. ნაციონალური აზროვნება ითხოვს პირველ ყოვლისა ნაციონალურ დისციპლინას, ნაციონალურს პარტიულზე მაღლა დაყენებას, კერძო, კლასიკური დროშის დაბლა ჩამოწევას და საერთო დროშის მაღლა აწევას, ერთი სიტყვით წინააღმდეგს ყოველივე იმისას რასაც მემარჯვნენი აკეთებენ. ისინი არ არიან ნაციონალური პარტიები; მათი გონება შებოჭილია არა ნაციონალური, არამედ პარტიული მსოფლმხედველობით; უწინარეს ყოვლისა არა საქართველო, არამედ მათი ჯგუფი და მათი კლასი.
მთელი ამ არევ-დარევის სათავეა ნაციონალურ-დემოკრატიული ერთი მიმდინარეობა, რომელსაც მისდევენ სხვა ანტიდემოკრატიული დაჯგუფებანი. სინამდვილეში მათ შორის არც ამ სფეროშია განსხვავება. ეს ნაც.-დემოკრატები რომ მართლა დემოკრატები იყვენ, რეჟიმის საკითხს არც კი დააყენებდენ და კოალიციის საფუძვლათ არ გამოაცხადებდენ. დემოკრატიისათვის სრულიად უდაოა, რომ რეჟიმის დამყარება ხალხის საქმეა, რომლის წინაშე ყველა პარტია წარსდგება მსჯავრის მისაღებათ. ჩვენი პოზიცია ნათელია: ჯერ ნაციის განთავისუფლება, შემდეგ ხალხის მიერ თავისუფლათ თავის მართველობის შექმნა. ვინც ამ რიგს არ სცნობს, ხალხს არ ენდობა და ძალაუფლების დაპყრობას მთავარ საკითხათ აყენებეს, ცხადია ის ეძებს მსჯავრს არა საკუთარ ხალხში, არამედ მის გარეთ და ფიქრობს გარეშე ძალაზე დაყრდნობით თავისავე ხალხის დამორჩილებას და ძალათ მისთვის თავის პროგრამის მოხვევას. ეს არის არსებითათ ღრმა რეაქციონური, ანტიხალხური მიმდინარეობა როგორც ნაცონალურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში. ამით აისახება ის საოცარი გარემოება რომ ამ მიმდინარეობას არავითარი პატივისცემა არ აქვს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის, მისი მუშაობის და საქმიანობის. მათი ლიტერატურა სავსეა ამ ჩვენი აღორძინების ხანის ლანძღვით, თრევით და გაბიაბრუებით. ჩვენი დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადებულია „საქვეყნო სირცხვილის აქტათ“ („საქ. გუშ.“ №5). რის დასაცავათ თურმე ქართველ ხალხს არ უბრძოლია, სისხლი არ დაუღვრია. საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება ქართველი ერის მიერ აბუჩათ აღებულია, ხოლო ამავე საქართველოს ნაჭრობით
რუსეთისათვის ბოძება, თავისუფლების ჩინ-მედლებზე გადაცვლა, ქვეყნის ფულზე გაყიდვა (სამეგრელო) და ყოველივე ნაციონალურ საუნჯეზე ხელის აღება, აი ეს აქტი მათში არ იწვევს არც „სირცხვილს“, არც კრიტიკას, არც გაკიცხვას. ასე ორი სხვადასხვა საზომით მიდგომა აღდგომის და დაცემისათვის აიხსნება ერთი და იმავე მიზეზით: აღდგომა მოიმოქმედა ხალხმა, ის დასაწუნარია, დაცემა მოიმოქმედა გაბატონებულმა წოდებამ, ის საქებია. ე.ი. გადამწყვეტია მათში არა ნაციონალური მომენტი, არამედ სოციალური; გაბატონებულია კლასების ინტერესი ნაციონალურზე მაღლაა დაყენებული. აქედან წარმოსგდება ისიც, რომ ახალი, თავისუფალი საქართველოს მთავარი დამაარსებელნი, მისი საფუძვლის ჩამყრელნი, უბრალო ხალხის შვილები, რომელთაც არც ჩინი და არც პენსია მიუღიათ და მხოლოდ ერის სიყვარულით საერთო საქმეს თავს სწირავდენ, აი ეს თვადადებულნი დღეს ყველაზე უფრო შეგინებული და გაკიცხულია. გვარდია ამოჩემებულია და ყველა რეაქციონერი მას ურტყამს. მისი ალაგი სჭეროდა თავ.-აზნაურიბის „დრუჟინას“ და მთავრობაც მისი საშოდან გამოსულიყო, ამათ ძეგლების ღირსათ გამოაცხადებდენ, თუნდაც მათ საქართველოს ერთი თვეც ვერ გაეძლო. ამ მიმართულების მესვეურნი ყურადღებას აქცევენ არა საქმეს არამედ პირებს, რომელნიც ამ საქმეს მეთაურობენ. და თუ ესენი მისაღებია, მათი საქმე თუნდაც ნაციის დამღუპველი იყოს, მაინც ქების და დაცვის ღირსია. ჩვენ გავარჩიეთ მეთვრამეტე საუკუნის საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოს დაცემის და ის დავიწუნეთ. მის წინ დავაყენეთ ახალი საქართველოს პოლიტიკა, პოლიტიკა აღორძინების, მერმე? ბ. შ. ამირეჯიბმა გვიპასუხა დიდი ლანძღვით, როგორ თუ ჩვენ თავად-აზნაურობის პოლიტიკა დავიწუნეთ და ხალხის პოლიკიტა მოვიწონეთ! („საქარ. გუშ.“ №7, 1934 წ.). ეს გამოლაშქრება საყურადღებოა არა არგუმენტით, რაიცა, რასაკვირველია, არ მოეპოვება, არამედ სულისკვეთებით, აზროვნობის მიდრეკილებით. დაცემული ერი უფრო მისაღებია, ვინემ აღორძინებული მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ პირველს მეთაურობენ გაბატონებულნი, მეორეს კი დამორჩილებულნი; კლასი ერის წინააღმდეგ! თორემ რა შედარებაა, სად დაცემის პერიოდი და სად აღდგომის. ი. ჭავჭავაძის მთელმა პოლიტიკამ ქართული შკოლაც კი ვერ მოგვცა, ქართული სწავლა დედაენას და ბუნების კარს ვერ გადააშორა. ხალხის რევოლიუციამ კი ძირიანათ შესცვალა მთელი ჩვენი კულტურული პირობები. სახელმწიფო დროებით დავკარგეთ, მაგრამ მის მიერ შექმნილი ქართული სწავლა - განათლება ხალხმა მაინც შეინარჩუნა. ძველი დრო, დრო დაკნინების და დავარდნის, გაქრა სამუდამოთ. დადგა ახალი დრო, დრო ხალხის გამოღვიძების, გაერთიანების, შეგნების, ბრძოლის და თავის დადების. ვინც ამ ახალ დროში არ დგას ორივე ფეხებით, ვინც მას სავსებით არ იღებს და მასზე არ აგებს თავისი მუშაობის გეგმას, ის ახალი საქართველოსათვის უსარგებლო ბარგია, მისი უკანონო შვილია.
და აი მე ვამბობ, ამ ახალი საქართველოს დღის წესრიგში დგას ნაციონალური პრობლემა, როგორც მთავარი სახალხო მოთხოვნილება. ყველა პარტია ვალდებულია თავისი პოლიტიკური მუშაობა აწარმოვონ ისე, რომ ამ ამოცანას ზარალი არ მიაყენოს და მტრის ბანაკი არ გააძლიეროს. პარტიული და ნაციონალური მსოფმხედველობის დალაგება, მათი ურთიერთობის სწორათ განსაზღვრა ჩვენი ერის პირობების მიხედვით და ამ ნიადაგზე რეალურ ძალთა კოორდინაცია როგორც აქ, უცხოეთში, ისე იქ, სამშობლოში, ჩვენი დროის მთავარი ტაქტიკური ამოცანაა. აქ ჩაიჭრა ემიგრაცია, გამოხიზნულ პოლიტიკურ მოღვაწეთა უმრავლესობა და შედგა აშკარათ ანტინაციონალურ გზაზე. დააყენეს რა თავისი კლასიკური ინტერესი ეროვნულზე მაღლა, იძულებულნი არიან მოახდინონ კონცენტრაცია არა ნაციის, არამედ პროგრამის ნიადაგზე, შეერთდენ ყველა მემარჯვნენი, ისეთნიც რომელთაც საქართველოს თავისუფლება არც სწამს, არც მისთვის ოდესმე ხმა დაუძრავს, არც რაიმე საზოგადო საქმისათვის სამსახური გაუწევია. აქ შემომკრები ლოზუნგი ერთათერთია: დაკარით მენშევიკებსო! და ვინაიდან ეს ლოზუნგია მტრისაც, ისინი ერთდებიან და ურტყამენ თავ-თავისი გზით ქართველი ერის მთავარ სიმაგრეს. ე.ი. თავისი პარტიული და კლასიკური ინტერესების გასაბატონებლათ ისინი მზათ არიან შეუერთდენ და ფაქტიურათ უერთდებიან ქართველი ერის ყველა მტერთ და მოწინააღმდეგეთ. მათთვის სრულიად ლოღიკურია თავის ლიდერათ დაიყენონ ისეთი არაქართველი, რომელნიც ქართ. ერის უმაღლეს კრიტიკულ დროს, ოსმალთა შემოსევისას, მტრის მოკავშირეთ მოგვევლინა და ულტიმატუმს - ულტიმატუმზე გვიგზავნიდა შემოსეულთა სასარგებლოთ. ნურც ნურავის გაუკვირდება, თუ ისინი ხვალ რუსის მონარქისტებსაც დაუკავშიორდებიან, თუ კი უკანასკნელთა იმედებმა ცოტაოდნათ აიწია რუსეთში. გაბატონებული კლასები თავის ინტერესებს ნაციის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ამას ამტკიცებს მთელი ისტორია, ამას ამტკიცებენ ჩვენი დღევანდელი საშინაო ბრძოლის მოციქულები.
გავათავეთ. ჩვენ გამოვარკვიეთ ერთი დიდი სენი, რომელიც ღრღნის ქართულ აზროვნებას, ქართულ პოლიტიკას. ეს სენი რომ მხოლოდ ემიგრაციაში იყოს, ყურადღებასაც არ მივაქცევდით, ამ სტრიქონებს მას არ უძღვნიდით. ჩვენი საკითხი წყდება იქ, სამშობლოში ქართველი ხალხის მიერ და მას ესაჭიროება წმინდა საშინაო ატმოსფერა, რომ მას ზურგიდან მტრის გრძელი ხელი არ მოევლინოს. ამისათვის კი საჭიროა ის ნათლათ არჩევდეს მტერს, რანაირი ქურქითაც მოევლინოს, მოყვარისაგან, შემპარავ „მეგობარს“ ნამდვილ, გულწრფელ მეგობრისაგან. სამოქალაქო ომი ძირშივე უნდა ამოიკვეთოს. ერთი ნაციონალური ფრონტი აუცილებელია, მაგრამ ყველა ფრონტს ფრონტი არ დაერქმევა. კავშირი მრავალმრიცხოვანი მებრძოლის დადებითი მოვლენაა მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მოკავშირენი ერთი გზით, ერთი მიზნისაკენ მიდიან, მაგრამ როცა ერთი მიდის ალთას, მეორე ბალთას, როცა ერთიმეორეს სხაპს უგებს მისი თავიდან მოსაშორებლათ, მისი ადგილის დასაჭერათ, როცა საშინაო ომის მედროშენი შიგ ციხეშია შემომძვრალი და მას ძირს უთხრიან, აი ასეთი კოალიცია დამღუპველია. მთელი საქმის დამანგრეველია, საღი ელემენტების დამაუძლურებელია.
მთლიანი ნაციონალური ფრონტის საფუძველია ორი დებულება: ერის განთავისუფლება, შინაური წყობილების თავისუფალი ქართველი ხალხის მიერ დამყარება. ე.ი. ნაცია და დემოკრატია ამ ხაზის მთავარი საფეხურებია, რომელნიც ერთიმეორეს მისდევენ რიგ - რიგობით. ნაციონალური მთავრობა ამ პოლიტიკას ატარებს, ქართველობას ამ დროშის ქვეშ შემოკრებას მოუწოდებს. მისი ლოზუნგია: ბრძოლა გარეთ, მშვიდობა შიგნით. ის ეყრდნობა მხოლოდ იმ პარტიებს და ორგანიზაციებს, იმ უპარტიოთა მასას, რომელთაც ეს ლოზუნგი თავისათ გაუხდიათ, ამ ხაზზე ურყევათ დგანან და ერთ ნაციონალურ ფრონტს გადაჭრით, გულწრფელათ, რწმენით ემსახურებიან...
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1935. - №51
______________
1. იხ. ეკონომიური წარმატება და ეროვნება, „მოამბე“, 1894 წ.
2. „ბრძოლის ხმა“ №№42, 43, 44. 1934 წ.
![]() |
78 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იცვლება, იქსოვება ახალ-ახალ მოვლენათა ქსელი. ხდება გადაჯგუფებ-გადმოჯგუფება მთელი რიგი ისტორიული გადასხვაფერებისა.
არ იცვლება მხოლოდ ერთი გარემოება, არ იცვლება 26 მაისი!
ჟამი-ჟამს მისდევს, წელი წელს: 26 მაისი კი რჩება იქ, სადაც იყო, - უცვლელათ, შეუდრკელათ, დაუხევლათ და ამაყათ.
და ეს იმიტომ, რომ მისი ძირი, მისი ფესვები ღრმათ არის გადგმული ქართველი ერის სულში და გულში. მან სამუდამოთ დაიპყრო მთელი ხალხი. მან აშკარათ დაანახვა მას მისი სავალი გზა, მისი სასიცოცხლო კარები. მისი მიჯნა სიკვდილს და სიცოცხლეს შორის მკაფიოთ გავლებული.
ჩვენ მივიღეთ თვალსაჩინო გაკვეთილი, სამუდამო, დაუვიწყარი, სიხარულით და სიმწარით შეზავებული, ამაღლებით და დაქანებით გარემოცული; განვლეთ ბჭენი სიკვდილის, შევაღეთ კარნი სიცოცხლის, ვიპკურეთ წყაროთი უკვდავების; ერი წელში გაიმართა, თავის თავის იმედი მიეცა, სულიერი აღორძინება იგემა, დარწმუნდა, რომ შეუძლია იყოს თავის თავის ბატონი და პატრონი; განქრა მასში ძველი უიმედობა, თავისთავის დამცირება, სხვის კარებზე ყურება, სხვის სამოწყალოთ გადაქცევა. ის აღარ ეხვეწება ძველებურათ გადამთიელთ - მიიღეთ ჩემი თავისუფლება, ჩემი ბედი და უბედობა. პირიქით, მან აღმართა დროშა 26 მაისის, დროშა სრული წლოვანის, თავის სვე-ბედის თვითგამგებლობის, ყველა უფლებათა დაპატრონების.
26 მაისს ქართველობა დაეპატრონა თავის თავს, როგორც ერთი მთლიანი ერი. კუთხური განდგომა, თემური ქიშპობა, ცალ-ცალკე ლტოლვა და დაბნეულობა გაქრა 26 მაისში და გამოიკვეთა ერთი ხალხი, ჭირში და ლხინში განუყრელი.
აი ეს განძი, დიდი მორალური განძი მოგვცა 26 მაისმა და მის ემბაზში მოინათლა მთელი ხალხი.
მტერმა მოგვტაცა ეს დიდი დღე, დაგვაქანა უკან, მონობისაკენ, გასტეხა ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი წყობილება, ჩვენი თავისუფლება, მაგრამ ვერ გასტეხა ჩვენი მორალი, ვერ წაშალა ჩვენი მთლიანობა, ჩვენი ეროვნული ერთობა და ჩვენი გადაწყვეტილება - ვიყოთ თავისუფალი.
26 მაისი ბუდობს თვითეული ქართველის გულში; ის მას უგალობს, ის მას ეთაყვანება. ის აღარ ფრიალებს საქართველოში გამოჩენილათ, ის ფრიალებს გამოუჩენელათ ყველა ქართველში. აი ეს მორალური ძალა, ეს მორალური სიმაგრე და ურყევი იდეალი არის ის აუღებელი კლდე, რომელსაც შეასკდება მტერთა იერიშები. მისი აღება შეუძლებელია: ის თავდებია, უტყუარი თავდებია მისი საბოლაოთ გამარჯვების.
26 მაისი არ არის ჩვენი წარსული, განვლილი ისტორიული ეტაპი: ის ჩვენი აწმყოა, მომავალია, ჩვენი წინამძღვარი და გზის მანათობელია. ის ცოცხალი, ცხოველმყოფელი დაუშრეტელი წყაროა, რომელიც ჩუხჩუხებს ქართველის ძარღვებში, ატოკებს მის გულს, აცემებს მის მაჯას და ქმნის მისგან თავდადებულ მებრძოლს.
26 მაისს ემსახურება მხოლოდ ის, ვინც დგას მის ისტორიულ კალაპოტში, ვისაც ესმის მისი შინაარსი და წვდება მის სიღრმეს. ეს დღე არის დაგვირგვინება ქართველი ხალხის ბრძოლის ორი ეტაპის - პოლიტიკურის და ნაციონალურის. ამ დღეს თავი მოიყარა ორმა ტალღამ: ხალხის და ერის სუვერენობამ და მით ის იქცა ხალხურ და ეროვნულ სამარადისო დღესასწაულათ. ამ რგოლის გარღვევა, ერთის ცნობა, მეორის უკუგდება, უარისყოფაა სავსებით 26 მაისის, ამოვარდნაა ძირბუდიანათ ისტორიული კალაპოტიდან. ეს დღე ერთია, მთლიანია, განუყოფელია და მხოლოდ ამ მთლიანობის ცნობით შევდივართ საქართველოს სინამდვილეში, ქართველი ხალხის სულში. სხვა გზა, სხვა ბილიკი მისკენ მიმავალი არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს სხვა დროშა მტრის წინააღმდეგ აღმართული და მის ქვეშ ერის თავის მომყრელი.
ქართველ ხალხს სურს იყოს დამოუკიდებელი, ვინაიდან მას სურს იყოს სუვერენი.
ქართველ ხალხს სურს იყოს სუვერენი, ვინაიდან მას სურს იყოს დამოუკიდებელი.
ეს ორი მომენტი ერთი მეორის გზა და ხიდია, ერთიმეორისაგან განუყრელია. 26 მაისი ამ ერთობის ამსახველია, ამ მომენტების შემდუღებელია.
სწორეთ ამით არის ეს დღე ძლიერი, მოურეველი. ის ატარებს ხალხის გულისთქმას, მის სულისკვეთებას და მიმდინარეობას.
საერთაშორისო ურთიერთობა ცვალებადია; დღეს ერთი მოვა, ხვალ მეორე, დღეს ერთი ზარი ჩამორეკს, ხვალ მეორე. ამ ისტორიულ ზვირთთა სრბოლაში, ამ არეულ-დარეულ ხანაში ქართველი ერის პატარა ნავი გასცურავს სამშვიდობოსაკენ მხოლოდ ერთი საშუალებით: მისი მთლიანობით, მისი მორალის შენახვით, მისი 26 მაისით.
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1935. - №53
![]() |
79 ჰიტლერიზმის გაბატონება |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიტლერიზმის გაბატონება, ჰიტლერული გერმანია დგას მსოფლიო ყურადღების ცენტრში და იწვევს იდეიურ თუ პოლიტიკურ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებას. ამ უდიდესი მოვლენის შესწავლა, მისი მიზეზების გულდასმით გამორკვევა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამ ჟამათ ვიმყოფებით ვნებათა გაღვივების ატმოსფეროში, შიშის და დაბნეულობის ხანაში და არა მიუდგომელი ძიების შესაძლებლობაში. დრო კი არის გრძნობათა აღტყინებამ გზა დაუთმოს გონებას, ცარიელ აღელვებამ ფაქტების გაგებას.
რა მოხდა, როგორ მოხდა?
პირველ ყოვლისა აღსანიშნავია ჰიტლერიზმის პროცესი. ის სრულიად არ წააგავს სხვადასხვა სახის გადატრიალებას სხვა ქვეყნებში. ის არ დაპატრონებია ძალაუფლებას ერთი დაკვრით, უცაბედათ, შეთქმულობით, აჯანყებით ან გადატრიალებით. ის ვითარდებოდა ათეული წლის განმავლობაში დემოკრატიული რეჟიმის ფარგლებში, იმხრობდა პროპაგანდით და საარჩევნო ბიულეტენებით უფრო და უფრო მეტ ხალხს და ბოლოს მივიდა იმ ზომამდე, რომ გერმანიის ერის უდიდესი ნაწილი მის და მასან მოკავშირე პარტიების მხარეზე აღმოჩნდა. პარლამენტარული წესისამებრ ჰიტლერს უნდა ჩაბარებოდა მართველობის სადავე. ის კანცლერათ ხდება.
ე.ი. ჰიტლერიზმის გაბატონების მიზეზია ხალხის აზროვნების შეტრიალება, მისი დემოკრატიიდან განდგომა და თავისი ნებით ანტიდემოკრატიული გეზის აღება.
და ისმება საკითხი: რით აიხსნება აზროვნების ასეთი ცვლილება, ხალხის ასეთ ნაირათ გამოცვლა და ჰიტლერის წინაშე დაჩოქება?
ამბობენ, რომ ეს მიზეზია ვერსალის ზავიო. უეჭველია ამ გარემოებამაც ითამაშა როლი, საგარეო ურთიერთობამაც შეიტანა ამ საქმეში თავისი წვლილი, მაგრამ მოვლენის მთავარი ძირი ამ სფეროში არ მარხია, ის მხოლოდ დაემატა სხვა სფეროში მდებარე ძირს, გახდა მისი ზედნადები, ჩარჩო და არა გადამწყვეტი ფაქტორი. საგარეო მომენტი ფართე მასისათვის ადვილი გასაგები არ არის; ის ნათლათ ამჩნევს ერთიმეორისაგან ომს და ზავს, ხოლო დიპლომატიური გამწვავება, საერთაშორისო მიკიბულ-მოკიბული დამოკიდებულება სპეციალისტების, პოლიტიკოსების ასპარეზია, რომლის ნიადაგზე მილიონები აზრს არ იცვლიან, ერთი რეჟიმიდან მეორეში არ ვარდებიან. ხალხის აზროვნების განვითარება, მისი დაჯგუფება ხდება შინაგანი მომენტის გავლენით; მისი საარსებო ინტერესები მუდამ პირველ ალაგს იჭერენ და ატოკებენ საზოგადოებას. აი ამ ხაზზე ხშირათ ჰიტლერიზმის მომავლინებელათ ასახელებენ უმუშევრობას. მაგრამ ოთხი მილიონი უმუშევარი როგორ გახდა ოც მილიონ ჰიტლერელათ? და რატომ ისინი უეჭველათ რასისტებს უნდა მიმხრობოდენ და არა კომუნისტებს, რომელნიც მათ ყოველ დღე სამოთხეს პირდებოდენ? ამერიკაში უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო მეტია, მაგრამ ფაშიზმი არ აღორძინებულა. საზოგადოთ, თანამედროვე მუშა არც ისე გაუგებარია, რომ ნივთიერ გაჭირვების გამო თავისუფლება დესპოტიაზე გადასცვალოს, მაშასადამე, საზოგადოებაში უნდა გამოჩნდენ ისეთი მოვლენები, რომელნიც ჭარბობენ ყველა სხვა ფაქტორებს, ემუქრებიან საზოგადოების ძირითად სტრუქტურას, მიუცილებლათ აღიარებულ საარსებო პირობებს, რომ ხალხში მოხდეს შესაფერი გადატეხა და მიიღოს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც გუშინ ებრძოდა. რა ასეთი მოვლენა ამუშავდა გერმანიაში?
ეს მოვლენა არის იგივე რაც ამუშავდა იტალიაში 1920-22 წ. და რაიცა გათავდა მუსოლინის გამარჯვებით. იქ პირველათ მოხდა უცნაური ამბავი: თავისი ნებით მოკვდა ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო და ასპარეზი დაუთმო ოტორიტარულს, ფაშიზმის სახით. ხოლო ეს სიკვდილი გამოიხატა მის საშინაო პოლიტიკაში: აზვირთებული კომუნიზმის და მისი ანტიპოდის ფაშიზმის ბრძოლაში მან ხელი დაიბანა, განზე გადგა, ფაბრიკა და ქუჩა ამათ მიუტოვა და თვითონ მაყურებლის როლი დაიტოვა. მან დაიკავა ხელში სასწორი და ნეიტრალიტეტი აღიარა. ამ მის ფაქტიურ სიკვდილს ჩქარა მოყვა პოლიტიკური სიკვდილი. ფაშიზმი გაბატონდა. აი ეს ფენომენი ამუშავდა გერმანიაში, იწარმოვა ხანგძლივათ, ათი წლის განმავლობაში და გათავდა იმავე შედეგებით. განვიხილოთ მისი მსვლელობა ფაქტებით. ერთხელ, ამ რამდენიმე წლის წინეთ, ჰიტლერს მიტინგზე შეეკითხენ: როგორ შეგიძლიათ გამარჯვებაზე იოცნებოთ, როცა გერმანიაში ამდენი კომუნისტებიაო. ჰიტლერმა უპასუხა: სწორეთ იმიტომ გავიმარჯვებ, რომ ამდენი კომუნისტებია! მან სთქვა სრული ჭეშმარიტება, რაიცა შემდეგ ინგლისის ტრედიუნიონთა ლიდერმა სიტრინმა თავის საჯარო სიტყვაში ასე გამოთქვა: „ყოველთვის, როცა თქვენ შექმნით კომუნისტს, იმის პირდაპირ შექმნით ფაშისტს“ (1933 წ. ოქტომბერში). ე.ი. ფაშიზმი იკვებება და იზრდება ბოლშევიზმით, ეს მისი აღორძინების და განვითარების წინასწარი პირობაა. ეს თეორიული დებულება ამ რამდენიმე წლის წინეთ ჩვენ დავამტკიცეთ იტალიაში ფაშიზმის გამარჯვების ანალიზით, რასაც ვათავებდით შემდეგი სიტყვებით: „რომის დამარცხება შეიძლება მოსკოვის დამარცხებით.“1
გერმანიის რასიზმის გზანი მოექცა ამავე კალაპოტში, აღორძინდა და გაიზარდა ამავე ხაზზე. ამ ფაქტს დღეს არ მალავენ თვით ჰიტლერელები. პირიქით მათ მიერ გამოქვეყნებული წიგნი ფრანგულ ენაზე სახელწოდებით „შეიარაღებული აჯაყება“ ამ დებულების დასაბუთება2. ამ კრებულში თავმოყრილია მთავრი ოფიციალური დოკუმენტები, რაიცა ნათელყოფენ კომუნიზმის განვითარებას დემოკრატიული რეჟიმის ფარგლებში მის მიზნებს, საშუალებებს და მოქმედებათა მრავალნაირ ქსელს. ეს მასალები ფანტასტიურათ ეგონებათ იმათ, ვინც არ იცნობს ლენინის პარტიას, მის თეორიას და პრაქტიკას რუსეთში, ჯერ კიდევ თვითმპყრობელობის დროს. რა იყო მათი პირდაპირი მიზანი? შეიარაღებული აჯაყება და ამ ხაზზე გადაწყობა მთელი პარტიული აპარატების. ე.ი. ხელისუფლების ხელში ჩაგდება რითაც და რათაც უნდა დაჯდეს ეს - შეადგენდა ბოლშევიკების მთავარ მიზანს. 1905 წ. იმათ თავის ფრაქციის ყრილობაზე მიიღეს, „რომ პროლეტარიატის ორგანიზაცია შეიარაღებული აჯაყებით თვითმპყრობელობასან საბრძოლველათ წარმოადგენს პარტიის მთავარ მიზანს მიმდინარე მომენტში“. ამ ბრძოლის საშუალებანია „პროლეტარიატის შეიარაღება“, „აჯანყების პლანის დამუშავება“, „დამკვრელი დრუჟინების შედგენა“ და სხ. ერთ სიტყვით „პარტია უნდა იყოს სავსებით მილიცია, თვითეული მისი წევრი შეიარაღებული მებრძოლი“3. ყველა ეს დადგენილებანი იღებოდა ცარიზმის ნიადაგზე, სადაც არავითარი ლეგალური საშუალება არ იყო პარტიის ორგანიზაციის და აგიტაციისათვის. თუმცა ამ უტოპიას არასოდეს არავითარი პოლიტიკური ნაყოფი არ გამოუღია, არც ერთი რევოლიუცია, (არც 1905 წ. და არც 1917 წ.) ამ გეგმით არ დაწყებულა და არც ბოლშევიკების მეთაურობა ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო რეცეპტი დაწერილი დესპოტიისათვის.
და აი, გერმანიის კომუნისტებს, რუსების კარნახით უეჭველია, ყველა ეს ტაქტიკური დადგენილებანი გადმოუტანიათ და აუმუშავებიათ დემოკრატიულ რეჟიმსში. როგორ? სულ უბრალოთ, ლეგალურათ არსებული პარტიის გვერდით იმავე პარტიისაგან შეუქნიათ არალეგალური ორგანიზაციები. პარტია ლეგალურათ აწარმოებდა აგიტაციას, საარჩევნო კამპანიას, მსგავსათ ყველა სხვა პარტიებისა, ხოლო ჩუმათ აწყობდა დრუჟინებს, ტერორისტულ ჯგუფებს, შეიარაღებას, სამხედრო და სამრეწველო შპიონაჟს, ტერორს, ყალბი პასპორტების და მოწმობების ფაბრიკაციას, თავდასხმებს, იარაღების საწყობების გაჩენას და სხ. არა ერთი და ორი პროცესი ყოფილა სახელმწიფო მოღალატეობისათვის, სადაც დამტკიცდა კომუნისტების მიერ სამხედრო და სამრეწველო სეკრეტების მოპარვა მოსკოვის სასარგებლოთ. მარტო ერთ წელიწადს (1931 წ.) გაიმართა III პროცესი. დაუსჯიათ 150 კომუნისტი ამ დანაშაულობისათვის. ერთ დიდ სამრეწველო დაწესებულებაში ოთხი წლის განმავლობაში აღმოუჩენიათ (1926-1930 წ.) 134 მძიმე სამრეწველო შპიონაჟი, გამართულა ამ ნიადაგზე 350 პროცესი. პარტია გამოდიოდა როგორც ფილიალი მოსკოვის ხელისუფლების, ამსრულებელი მისი ბრძანებების. ათეული წლის განმავლობაში აშკარათ დგებოდა პარტიზანული რაზმები სხვადასხვა სახელწოდებით, ხოლო მათი საჭიროებისათვის ჩუმათ ხდებოდა ყაზარმების გაქურდვა, იარაღების შეძენა, ასაფეთქებელ მასალათა ფაბრიკაცია, ტყვიისმფრქვეველების, თოფების, პატრონების და სხვა საომარი მასალების დაგროვება. პარტიის ტერორისტების მიერ მარტო პრუსიის პოლიციის შემადგენლობიდან მოუკლავთ და დაუჭრიათ ორიათასამდე. მოსკოვის რაზმები დაეპატრონენ ქუჩას, შეძვრენ ყველა სახელმწიფო აპარატში. მათთვის ღია იყო ყველა საიდუმლოებანი, ყველა ყაზარმა, ჯარის და პოლიციის ნაწილები.
1928 წ. იმპერიის კომისარმა კიუნცერმა საჯარო კრებაზე წაიკითხა პარტიის ც. კ. ბრძანება: „კომუნისტური პარტიის ძირითადი ორგანიზაცია მოწოდებულია იმუშაოს მეტათ საიდუმლოთ: მათი ორგანო უნდა რიგდებოდეს საიდუმლოთ. ყველა მუშამ იცის, რომ მომზადება სამოქალაქო ომის, დაწყება ასეულების და სხვა ორგანიზაციების ითხოვენ ძირითადი ორგანოების დახმარებას“. აქვე კომისარი უმატებს: არსებობს კონსპირატიული ჩეკა, რომელიც იმყოფება მოსკოვის გეპეუს განკარგულებაში და რომლის დანიშნულებაა კონტროლი გაუწიოს ბოლშევიკური მუშაობის ყველა აგენტებს. ამ საქმეში ჩაბმულია საბჭოთა კომერციული დელეგაციის მოსამსახურენი, რომელთა რიცხვი რვაას აღწევს.4 რა პოზიცია დაიჭირა დემოკრატიულ მთავრობამ ამ საფრთხის წინაშე? სრულიად მოულოდნელი; ის სჯიდა დანაშაულობის პირდაპირ ჩამდენთ, ხოლო თვით პარტია, მისი ბელადები და ორგანიზაციები რჩებოდა ხელშეუხებელი, კანონის მფარველობაში დარჩენილნი და თავისი დამარღვეველი მუშაობის გამაგრძელებელნი. ლეგალური პარტიის მიერ არალეგალური მუშაობის წარმოებას ითმენდა ხელისუფლება დემოკრატიის სახელით! ეს იყო „დემოკრატიული კრეტინიზმი“, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილ ხალხურ დემოკრატიასან. საქართველოში გვქონდა დემოკრატიული რეჟიმი, მაგრამ კომუნისტები ასეთი მუშაობისათვის სასტიკათ იდევნებოდა, მათი პარტია აიკრძალა, მათ წაერთვათ ყოველივე ასპარეზი მუშაობისათვის. ხალხური დემოკრატია არის მებრძოლი, შემტევი, იცავს თავს აქტიურათ და ებრძვის მტერს მთელი სახელმწიფო აპარატებით, ხოლო გერმანიაში კი, როგორც ერთხელ იტალიაში, დემოკრატიას დაეცა დამბლა, გაიჟღინთა ლიბერალური ცრუმორწმუნოებით და სეირივით უყურებდა დემოკრატიის ნგრევას, მასთან ერთათ გერმანიის გასაბჭოებას და მოსკოვის ბატონობაში გადაცემას.
ამ უილაჯობას ხელს უწყობდა რაპალო, გერმანიის ხელშეკრულება მოსკოვთან საფრანგეთის წინააღმდეგ. ეს „სახელმწიფო მოსაზრება“ კარს უღებდა კომინტერნს გერმანიაში დაუბრკოლებლათ სამუშაოთ, სწორეთ ისე როგორც დღეს საფრანგეთში - მოსკოვის ხელშეკრულება გერმანიის წინააღმდეგ ფართე კარებს უღებს კომინტერნს საფრანგეთის ბოლშევიზაციისათვის. გერმანიაში, ისე როგორც დღეს საფრანგეთში, ბოლშევიკები ითვლებოდენ მოკავშირეებათ და მეგობრებათ. ამიტომ მთავრობამ საშინაო გადატრიალების უდიდესი საფრთხე ვერ დაინახა, სამაგიეროთ საზოგადოებამ დაინახა და იწყო თავისი საშუალებით თავის დაცვა. ფაშისტური ორგანიზაციები მრავლდება, ფართოვდება და ანტიკომუნისტურ ტალღათ ქვეყანას ევლინება. როგორ ხვდება ამას ხალხი? პირველათ უარყოფითათ; ჰიტლერლიუდენდორფის „პუჩი“ სასტიკათ მარცხდება (1923 წ.). ე.ი. ხალხი რჩება ჯერ კიდევ ერთგული დემოკრატიული რეჟიმისადმი და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებათა დამარცხებას (1919-1923), საიდანაც უნდა ყოფილიყო ის. მაგრამ როცა კომუნისტური პარტია ავიდა ერთ მილიონ წევრამდე, მათი მიმდევართა რიცხვი გაიზარდა ექვს მილიონამდე, როცა შეიარაღებული აჯანყების მზადება ფართე მასშტაბით დაიწყო და კომუნისტური გადატრიელების საფრთხე აშკარა გახდა, ახლა კი მასები ერთმაშათ სტოვებენ ძველ პოზიციას და გადადიან ჰიტლერიზმის ბანაკში. ერთი მეორეს უპირდაპირდება არა მთავრობა და კომუნიზმი, არამედ ჰიტლერიზმი და კომუნიზმი, ორივე ერთნაირი მეთოდებით და ერთიმეორის წინააღმდეგ მებრძოლი. მათ შორის გაიმართა დუელი. ათი წლის განმავლობაში კომუნიტებმა მოკლეს და დასჭრეს ოცი ათასი ჰიტლერელი. სამაგიეროს უხდიან ესენიც. ხელისუფლება კი ამ კერძო ჯგუფების ასე სამაგალითოთ თარეშობას შორიდან უცქერის. საკითხი დაისვა: ვისი ძალმომრეობა სჯობს, კომუნისტების თუ რასისტების. ერის დიდმა უმრავლესობამ არჩია უკანასკნელი, ვინაიდან აქ კიდევ რჩებოდა მას თავისი ქონების ერთი ნაწილი მაინც, ხოლო კომუნისტური მთავრობა კი მას აღარაფერს შეარჩენდა და მთელ გერმანიას რუსეთის მდგომარეობაში ჩააყენებდა. ეს იყო ერის დიდი დრამა, მისი ღრმა სულიერი განცდა. ის დიდხანს ეძებდა გამოსავალს, დიდხანს ყოყმანობდა და ბოლოს იძულებული გახდა ორ დესპოტიას შორის ჰიტლერიზმი უფრო მისაღებათ დაესახა. ხალხის აზრი შეტრიალდა რასისტების სასარგებლოთ. ჰიტლერიზმი მოვიდა, მოვიდა გრიგალივით და წალეკა როგორც კომუნიზმი, ისე მისი მომთმენი და მოყურადე დემოკრატიზმი, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო მოკვდა ჯერ სულიერათ, შემდეგ პოლიტიკურათ, რასისტულ-ოტორიტარული დაიბადა.
თვალსაჩინო გაკვეთილი, მსოფლიო გაკვეთილი; მას ვერ დაინახავენ მხოლოდ განწირულნი...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1935. - №54
______________
1. იხ. „ბრძოლა“, მარტი 1927 წ. „დემოკრატიის კრიზისი“.
2. Révolte Armée, édition Eckart, ბერლინი.
3. იხ. ოქმები მესამე ყრილობის და ლონდონის გამაერთიანებელი კონგრესის.
4. Matin, 1928 წ. 17 მაისი
![]() |
80 ძვირფას მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
დავკარგე ძვირფასი მეგობარი; ულმობელმა სენმა მოგვტაცა დათიკო შარაშიძე, კაცი სპეტაკი სულის, ლმობიერი გულის, მჭრელი ჭკუის. ის გამოირჩეოდა ყველასაგან, მისი მსგავსი ჩვენს შორის არავინაა; დაჯილდოვებული მრავალნაირი ღირსებით, ნიჭით, სიმტკიცით და ერთგულებით, ჩვენი დათიკო იყო ყველასათვის საყვარელი როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი. სწორეთ მასზე იყო გამოჭრილი ქართული თქმულება - თვალში ჩაგვარდნოდა, ხელს არ ამოისობდი. საუკეთესო ამხანაგი, ერთხელ აღებულ ხაზზე მაგრათ მდგომი, ჭირის და ლხინის ერთ ნაირათ გამზიარებელი, საამური მეგობარი, სასიამოვნო მოსაუბრე და გულწრფელათ თავდაბალი. დათიკო წარმოადგენდა მრავალფეროვან, მრავალ მხრიან ინდივიდუალობას სხვადასხვა მორალური სამკაულით შეზავებულს. ყველა სასახელო წრეში ის მონატრული იყო, ყველა კარები მისთვის ყოველთვის იღებოდა. პოლიტიკოსებს შორის პოლიტიკოსი, ლიტერატორებს შორის ლიტერატორი, მომქმედთა შორის მომქმედი, მხიარულთა შორის მხიარული - სადაც კი შევიდოდა, ყოველგან მას სიყვარულით მიაძახებდენ - მოვიდა ჩვენი დათიკო! მას აფასებდენ, ის აფასებდა.
ის იყო მეტად ფხიზელი გონების, დინჯი აზროვნების, საუკეთესოთ გამოფიქრების, ნათელი აზრის ამწყობი და დამწყობი, კალმის მკვეთრი პატრონი. მისი ნაწერები მას გვანან: ჩაქსოვილი აქვს ბრძოლაში სითბო, თავდასხმაში სათნოება, მოწინააღმდეგეში ადამიანობა. ის იდგა ჩვენს გვერდით მუდამ, თავიდანვე, მისი გული ძგერდა ჩვენთან ერთათ, მისი ხმა უერთდებოდა ჩვენსას, მაგრამ ყოველთვის მისებურათ, შარაშიძურათ. ჩვენი პარტიული თუ საერთო პოლიტიკურ სიმფონიაში მისი ხმა გაისმოდა განკერძოებულათ, მისი მოძახილი გამორჩეულათ. ის იყო თავისებური სხვადასხვაობაში, სხვა და სხვა თავისებურობაში.
მას ქონდა ერთი იშვიათი თვისება და სწორეთ ამან ჩაიტანა ასე უდროვოთ საფლავში. მისი პიროვნება, პირადი ცხოვრება და მდგომარეობა მას სრულიად არ აინტერესებდა, თავისი თავი მისთვის არ არსებობდა. ცხოვრობდა ისე, ალალბედზე, სიმდიდრეს და სიღარიბეს ერთნაირათ აფასებდა, პირველს არ ეძებდა, მეორეს არ ერიდებოდა, გაჭივრებას იტანდა მხიარულათ, დალხინებას ბრძნულათ. მისი სენი - ჭაჭის ავადმყოფობა - თავის დროზე ადვილათ მოსარჩენი იყო, მაგრამ აქაც მან გამოიჩინა თავისი თვისება - მორცხვობა სხვებთან, უდარდელობა თავის თავთან, გულგრილობა სიცოცხლესთან. ამავე დროს სხვის სიცოცხლეს დიდათ აფასებდა, სხვისი ავით იწვოდა, სხვისი კარგით ხარობდა.
დათიკო ვალმოხდილი პირნათლათ წარსდგა ჩვენ მრავალ დახოცილ მეგობართა წინაშე. მათი ანდერძისათვის, მათი სახელისათვის მას არ გადაუხვევია, მათი ფერხულიდან არ გამოსულა და აი ახლა მათ შეუერთდა წმინდა სინიდისით, თავაწეულათ და სევდიანათ. ის განისვენებს იქ, სადაც განისვენებენ ჩვენი თავდადებული მებრძოლნი, ჩვენი ერის დიდი მედროშენი და მათთან ერთათ გადმოგვხედავს ჩვენ აქ შთენილთ და მოგვაგონებს - განგაგრძოთ გზა ეკლით მოცული.
მშვიდობით, ძმაო დათიკო. ხომ ხედავ არც ბუნებას ქონებია სამართალი, შენ მე უნდა მარხავდე და მე გმარხავ. შენს საფლავს დავხედავ მუდამ თვალ-ცრემლიანი...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1935. - №56
![]() |
81 დასავლეთი და აღმოსავლეთი |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთი თავდება პოლონეთით და ბალტიკით, რომლის იქით იწყება აღმოსავლეთი და მიიმართება წყნარ ოკეანეს ნაპირებამდე.
პირველი, შედარებით მცირე ტერიტორია, შეიცავს 25 დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხოლო მეორე, პირველზე მრავალჯერ უფრო ვრცელი, წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახელმწიფოთი - რუსეთით და ჩინეთით.
აღმოსავლეთის საზომით მთელი დასავლეთი თამამათ მოთავსდება ერთ სახელმწიფო ფარგალში. ამ საზომით ხელმძღვანელობდა ისტორიულ წარსულში ცეზარი, შარლემანი (კარლოს დიდი), რომ გერმანელთა წმიდა იმპერია და ბოლოს ნაპოლეონი, და ყოველთვის ამაოთ; გაერთიანებული ევროპა მუდამ ირღვეოდა და თავის შემადგენელ ნაწილებათ იყოფოდა. საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ საბოლაოთ ჩასცა ლახვარი ძველ, ტერიტორიალურ პრინციპს ძალმომრეობისა და მისი ალაგი დაიჭირა ნაციონალურმა პრინციპმა უფლების და თვითგამორკვევისა. ნაცია გადაიქცა სახელმწიფოთა წარმოშობის მთავარ საფუძვლათ, ხოლო ტერიტორიალური მოსაზრება - მის ხელქვეითათ. ისტორია ამოძრავდა ამ ხაზზე შეუდრეკელათ, შეუჩერებლათ და მოახდინა დასავლეთის ნაციონალიზაცია. აღმოსავლეთი კი პირიქით, შერჩა ძველ საფეხურს, ჩამორჩა დასავლეთს და დარჩა დრომოჭმულ ტერიტორიალურ ნიადაგზე. ამ პოზიციიდან ის დასძრა ორმა დიდმა მოვლენამ, ორმა დიდმა რევოლიუციამ, რომელიც მოხდა ჯერ ჩინეთში, შემდეგ რუსეთში. აღმოჩნდა, რომ ეს ვეებერთელა ტერიტორიაც შეიცავს მრავალ ერთ, სხვა და სხვა რასის, მოდგმის და კულტურის ხალხთ, რომელნიც მიილტვიან თავისი საკუთარი ნაციონალური შინისაკენ. ჩნდება ყველა პირობები მისი ევროპიულათ აწყობისა.
მოსალოდნელი იყო დასავლეთი ხელს გაუწოდებდა აღმოსავლეთს ამ ახალ გზაზე და მას დაეხმარებოდა. ხდება კი სრულიად წინააღმდეგი მოვლენა: მას თავისი ნაციონალურ-პოლიტიკური შენობა მიაჩნია კაცობრიობის უდიდეს გამარჯვებათ, პროგრესის უმაღლეს რგოლათ, რომლის გარეშე ის თავის ცხოვრებას ვერც კი წარმოიდგენს. მის დასაცავათ ის მზათაა მიმართოს ყოველნაირ ზომას, ამათ შორის ომსაც. სამაგიეროთ, ეს პრინციპი ავიწყდება მაშინვე, როგორც კი აღმოსავლეთისაკენ გაიხედავს, სადაც ის ამჩნევს ძველებურათ მხოლოდ ტერიტორიას, სახელმწიფო საზღვარს, ვერ ხედავს შიგ მომწყვდეულ და ამოძრავებულ ერებს. ამ ქვეყნების ევროპის გზიდან გადადენა, ძველ ხალხთა სატუსაღოს ხელუხლებლათ შენახვა გადაიქცა მიმდინარე საერთაშორისო დოქტრინათ, რამაც განსახიერება ჰპოვა ერთა ლიგაში. ამას წინეთ მოსკოვი მიიღეს ლიგაში უპირობოთ, აღუთქვეს მისი საზღვრების დაცვა, მაგრამ არავინ დასვა საკითხი, თუ სად არის ეს მისი ხელშეუხებელი მიჯნა. 1918 წ. ის იყო ერთი მიმართულებით, გადადიოდა სწორედ რუსი ხალხის ბინადრობის ხაზებზე, რომლის გადმოღმა იწყებოდა სხვა ეროვნული რესპუბლიკები (უკრაინა, კავკასია და სხ.). ხოლო დღეს კი ეს საზღვარი ძევს სრულიად სხვა ადგილას, დაკარგული აქვს ნაციონალური ხასიათი, მის შიგნით ძალით შეყრილია გუშინ თავისუფალი ერები, აღდგენილია ძველი დესპოტიის სახელმწიფო კედლები. ჟენევა ამ ღრმა ცვლილებას აღარ ხედავს, აღმოსავლეთს არ უდგება ევროპიული საზომით, თავისთვის მიუღებელი პრინციპი სხვისთვის მისაღებ პრინციპათ არის აღიარებული. რატომ? წამოყენებულია ერთი მეტათ საპატიო მიზეზი, დასახულია მეტათ მნიშვნელოვანი მიზანი. ეს მიზანია დაცვა მშვიდობიანობის, განდევნა ომის. ამ გზაზე ის ეძებს მოკავშირეთ და დამხმარეთ. ეს ჩინებული დროშა მოითხოვს შესაფერ, მიზანშეწონილ საშუალებათ ნამდვილ, ერთგულ დამხმარეებს, რომელნიც ჭირში მართლა მასთან დარჩებიან. ასეთი ელემენტები უნდა მოინახოს იქ, სადაც ევროპიული შინაური მდგომარეობაა და რომლის გამოხატულება ერთა ლიგაა. რა სამშვიდობო იმედის დამყარება შეიძლება იმ ქვეყანაზე, რომლის ნახევარი მცხოვრები მაინც ეპირდაპირება გაბატონებულ ხელისუფლებას, ერთი ერის გეგემონიას და მიიწევს ამ სახელმწიფოს დაშლის და მის ალაგას ახალი ნაციონალური სახელმწიფოების შექმნისაკენ. ამ სილაზე აგებული საჟენევო იმედები მხოლოდ ილუზიებს ქმნის, ამრუდებს სამშვიდობო გზას და რეალიზმის ალაგას აბატონებს რომანტიკას.
დასავლეთს აღარ ესმის აღმოსავლეთი. ამ გაუგებრობაზე აგებული საერთაშორისო პოლიტიკა რა იქნება, თუ არა დამარცხების პოლიტიკა. მან ეს ნაყოფი მიიღო ჩინეთში და დღეს ემზადება მის მისაღებათ რუსეთში.
განვიხილოთ ეს ორი მაგალითი ცალ-ცალკე.
1921 წ. ვაშინგტონში ცხრა სახელმწიფომ დასდვეს ხელშეკრულობა (კონვენცია), რომლის ძალით ჩინეთს აღუთქვეს მთლიანობის დაცვა. იაპონიამ დაარღვია ეს პირობა, ხოლო კონვანცინელებმა კი თავისი პირობა ვერ შეასრულეს. რით აიხსნება ეს საოცარი დამარცხება დასავლეთის აღმოსავლეთში? მხოლოდ იმით, რომ დასავლეთი დაეყრდნო არა ნამდვილ მდგომარეობას, არა რეალურ ჩინეთს, არამედ იმ ჩინეთს, რომლის არსებობა მას სურს და რაც ბუნებაში არ არის. მას არ სურს გაიგოს, რომ ჩინეთი, ისე როგორც რუსეთი, გეოგრაფიული ტერმინია, რომლის საფარველს ქვეშ ცხოვრობენ სხვა და სხვა მოდგმის და მდგომარეობის ხალხები. „ციური იმპერია“ შეიცავს ათ რასას, ლაპარაკობენ 50 ენას თუ დიალექტს და ერთათ აცხოვრებდა მათ ბოგდიხანთა მაგარი დესპოტიური ხელი1. ტახტი დაეცა, შემაერთებელი ძალა დაირღვა, განსხვავების ძაფები აიშვა და დაიბადა ეგრეთ წოდებული „ჩინური ქაოსი“, ე.ი. ამ სხვადასხვა ერების წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ თავი მოიყარეს ცენტრალისტური საბრძანებელის ხელქვეით. აი ეს გარემოება არ მიიღო თავის მხედველობაში ნანკინმა, როგორც ეს გაბატონებულ იმპერიალიზმს სჩვევია და თავისი სახელმწიფო მუშაობა მიმართა ძველებური მთლიანობის აღდგენისაკენ. ბოლოს მანჯურიასაც კი წაართვა ავტონომია. სამაგიეროთ, ეს სუსტი მხარე იაპონიამ მიაგნო, დაეყრდნო მას და ააფრიალა დროშა განაპირა კუთხეების ნანკინისაგან ჩამოშორებისა. რა ფორმით? აქ მან უარყო ფორმა კორეიული, უბრალო დაპყრობა თუ ანექსია და დაიწყო ნაციონალური ხელისუფლების აწყობა მისი ხელმძღვანელობით და პროტექციით. იშვა მანჯუკო, რასაც თან უნდა მიყვეს სხვადასხვა არა-ჩინური მოსაზღვრე პროვინციებიც.
დასავლეთის გაუგებრობა აღმოსავლეთის შინაგანი პროცესისა ბადებს მთავარ მიზეზს საერთაშორისო ომის და შფოთის. მისი პოზიცია მეტათ ხელსაყრელათ მიაჩნია თავისთვის იაპონიის
მოსაზღვრე დიდ სახელმწიფოს მოსკოვს, რომლისათვის ტერიტორიალიზმი ერთათ ერთი მისაღები და თავშესაფარი დოქტრინაა. იაპონიის მიერ გადმოსროლილი ლოზუნგი წვდება მასაც და არყევს მის ბატონობას აზიაში. მართალია, საბჭოთა ხელისუფლება ერთხანს ყველაზე უფრო ხმა მაღლა გაყვიროდა ერთა თვითგამორკვევასა და თავისუფლებაზე, მაგრამ აზიის ხალხები მას არ ენდვენ, მისი პროპაგანდა დაგებულ მახეთ დასახეს. ამის საბუთი მათ უხვათ ქონდათ თვალწინ გადაშლილი. ყოველგან, სადაც კი მოსკოვი შევიდა, შევიდა იქ არა თავისუფლება, არამედ მონობა, - მონობა ნაციონალური, პოლიტიკური, ეკონომიური. საბჭოთა პრესტიჟის ასეთი სამაგალითო დაცემით ისარგებლა იაპონიამ და გახდა წამქეზებელი ნაციონალური მოძრაობის.
ამ ორი მეზობელი სახელმწიფოს სხვადასხვა ნაირი მიდგომა აღმოსავლეთის პრობლემისადმი ქმნის მათ შორის დაუსრულებელ კონფლიქტებს და საომარ მდგომარეობას. მანჯურია შექმნილია, ჯერი მიდგა მონგოლიაზე, რომელიც გაყოფილია ორათ: ერთი ნაწილი განიცდის საბჭოთა ოკუპაციას, თუმცა დღევანდლამდე ის ითვლება ჩინეთის ტერიტორიათ. ასეთი აშკარა დარღვევა ჩინეთის სუვერენული უფლების სრულიად არ იწვევს რაიმე პროტესტს არც ვაშინგტონელების, არც ჟენევიელების. მონგოლებმა ვერ პოვეს მფარველობა ვერც ჩინეთში, ვერც ევროპაში. და აი ახლა მოდის იაპონია და მათ მოუწოდებს ერთი მთლიანი მონგოლიისაკენ. ვინაიდან მოსკოვი თავის მსხვერპლს ხელიდან არ უშვებს, დაპყრობილ მონგოლებს არ ანთავისუფლებს, იაპონიასთან კონფლიქტი მოცემულია.
კარგათ უნდა დავიმახსოვროთ ერთი გარემოება: იაპონია მოიწევს მონგოლიისაკენ არა, რასაკვირველია, მონგოლთა ლამაზი თვალებისათვის, არა სწორი და პროგრესიული დოქტრინისათვის, არამედ თავისი საკუთარი ინტერესებისათვის, როგორც ამას სჩადის ყველა თანამედროვე სახელმწიფო გამოუკლებლივ. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ ვის როგორ შეუძლია გადააბას თავისი ინტერესები ადგილობრივი ხალხის ინტერესებთან, ვის რა მიაქვს მასთან. იაპონიამ შესძლო მიეტანა დამორჩილებულთათვის განთავისუფლების ნაპერწკალი, ნაციონალური მთლიანობა და შედარებით თავისუფლება. ამის სამაგიეროთ ის ითხოვს ეკონომიურ კომპენსაციას და პროტექტორის უპირატესობას. ხოლო მეორე მხრით, რუსეთიდან ისინი ვერას ხედავენ, გარდა კოლხოზის და ჩეკისა. რა გასაკვირალია ამ ორ მეზობელთა შორის მონგოლები ირჩევდენ პირველს, როგორც საფეხურს სრული თავისუფლებისა. ასეთივე მდგომარეობაშია მონგოლიის მოსაზღვრე თურქესტანის საკითხი. ეს ერიც გაყოფილია ორათ - ჩინეთს და რუსეთს შორის. ამ უკანასკნელი ნაწილის ამოძრავება იაპონიის მიერ გადმოსროლილი ლოზუნგით ბადებს ორივე ნაწილის გამთელების და ერთი ნაციონალური ერთეულის შექმნის პრობლემას.
ამ ნაირათ, ჩინეთის განაპირა ქვეყნების, არაჩინური ხალხების ამოძრავება თავისუფლებისაკენ მიიმართება ამავე დროს საბჭოთა წინააღმდეგ და იაპონიის სამეგობროთ. პირველი თამაშობს კონსერვატიულ როლს, სტატუქვოს დასაცავათ, ხოლო მეორე რევოლიუციურ როლს სტატუქვოს შესაცვლელათ თავის და მისი სამფარველო ერთა სასარგებლოთ. აქ ისკვნება ომის კვანძი. ამ კვანძის გახსნა პაციფიურათ ერთა ლიგას თამამათ შეუძლია მიზეზების მოშლით, თავის ხელში აღებით მონგოლიის საკითხის და მისი გადაჭრით მონგოლთა სასარგებლოთ. მაგრამ ლიგა არ დგას აღმოსავლეთში ნაციონალურ თვალსაზრისზე, - ის იქ ხედავს მხოლოდ ტერიტორიას და მის ირგვლივ შემოვლებულ ძალმომრეობის კედელს, რომლის შიგნით არ იხედება. მან ნათელი, უდაო გარემონგოლიის საკითხიც ვერ დასვა და არ აღიარა საბჭოების მიერ მისი ოკუპაცია უკანონოთ. ჟენევის ასეთი გულგრილობით სარგებლობს მოსკოვი; ის სამართლიანათ ხედავს ევროპაში მისი იმპერიალიზმის გამართლებას, თავის დანაშაულობაში ევროპის ჩაზიარებას. ის ასე ზურგ გამაგრებული მზათაა დაანთოს ცეცხლი აზიაში სხვისი ქვეყნის, სხვა ერის თავის საბრძანებელში სამუდამოთ ჩასაჭერათ. ამ მიზნით მან თავი მოუყარა 250 ათას ჯარს მანჯურიის საზღვარზე, გაიყვანა ახალი სტრატეგიული რკინის გზები, დააყენა ნადავლი მონგოლია საომარ ფეხზე, მოეწყო ყოველ მხრივ იაპონიისათვის „ჭკუის სასწავლათ“. მისი საომარი მზადება მიმართულია აგრეთვე ჩინეთის თურქესტანის მხრით. მას სასწრაფოთ გაყავს მის საზღვრებამდე ტურკსიბის რკინის გზიდან სამი შტო ბაიზანის, მუგუს და დუარკენკულდისაკენ. ამ შემოვლით მანჯუკვო შემოქალტულია რუსის ჯარით სამი მხრით. და ეს საშინელი ცეცხლი უნდა დაინთოს და მასში დასავლეთმაც უნდა მიიღოს მხურვალე მონაწილეობა იმიტომ, რომ საბჭოებს რამენაირათ შერჩეს სხვისი ქვეყნები!
ახლა გადავხედოთ თვით საბჭოთა იმპერიას. აქ კიდევ უფრო მკაცრათ და მკაფიოთ დგას იგივე ნაციონალური პრობლემა. დიდმა რევოლიუციამ დამორჩილებულ ერებს მიანიჭა თავისუფლება, ბოლშევიკურ რეაქციამ მათ ეს საუნჯე წაართვა და ჩააბრუნა წინანდელ უუფლებო მდგომარეობაში. საერთო სოციალ-პოლიტიკურ წინააღმდეგობათ აქ ემატება ნაციონალური წინააღმდეგობაც და ქმნის საერთო, სახალხო უკმაყოფილებას. ამ შინაურ საქმეებში ერევა დასავლეთი და სხვადასხვა პაქტებით თავზე ახვევს ყველა ამ ხალხთ არსებულ რეჟიმს, არსებულ საზღვრებს. მოწინავე ევროპის ასე ძირბუდიანათ შებრუნება გამოიწვია ერთმა გარემოებამ: გერმანიის შეიარაღებამ და აქედან წარმომდგარმა შიშიანობამ.
გერმანია დღეს მართლაც გადაიქცა სფინქსათ, ამოცანათ; არავინ იცის, რა სურს, საითკენ გაიწევა, ვის დაეტაკება, რა კალაპოტში ჩაეტევა, რით დაკმაყოფილდება. ამ საკითხს უტრიალებს ევროპის დიპლომატია და აყენებს სხვადასხვა წამლობას. ინგლისის საგარეო მინისტრმა ჰორმა 11 სექტემბერს თავის ჟენევის სიტყვაში წამოაყენა ერთი ამ რეცეპტთაგანი, რამაც მიიქცია საერთო ყურადღება. მან სთქვა: გადანაწილება არა კოლონიების, არამედ ნედლი მასალებისო. ამაზე სოც. დემ. გაზეთმა „ახალმა ფორვერცმა“ სამართლიანად შენიშნა: ნედლი მასალა ისედაც ყოველგან ბევრია, საჭიროა მხოლოდ მისი შესაძენი საშუალება, ხოლო გერმანიას კი სწორეთ ეს საშუალება აკლიაო (№135). ე.ი. გერმანიის ძირითადი პრობლემაა შეძენა ბაზრის, მუშტრის, რაც თავისთავათ იძლევა ნედლ მასალას და აყვავებულ მრეწველობას. სწორეთ ამავე საჭიროებამ გამოიწვია დიდი ომი.
გერმანიის სამრეწველო აყვავებამ ომის წინ დაბადა მისი ლტოლვა ახალ-ახალ ბაზრებისაკენ. იშვა ლოზუნგი: „დრანგ ნახ ოსტენ“, „გაწევა აღმოსავლეთისაკენ“. გზაზე კი ძევს სლავიანთა ქვეყნები. ბრძოლა გერმანიზმს და სლავიანიზმს შორის ძველი ამბავია; თუ წინეთ მას ქონდა რასიული ხასიათი, ახლა მიიღო ეკონომიური ხასიათი. ეს დავა სრულებით არ ეხებოდა ევროპის დასავლეთს და თუ მასში მაინც ჩაერია ის და ადგილობრივი კონფლიქტი გადაიქცა მსოფლიო ომათ, ამის მიზეზია მაშინ არსებული სამხედრო ალიანსების სისტემა, სხვისი სხვის საქმეში უადგილოთ შეტოპვა. მთელი დღევანდელი „კოლექტიური უზრუნველყოფა“, მოხერხებულათ გამოგონილი ლიტვინოვის მიერ, ნიშნავს იმავე ძველი ამბის ზედმიწევნით განმეორებას, გერმანელ-რუსის დავაში მთელი ევროპის ჩათრევას და მის კიდევ ერთხელ ორ ბანაკათ დაყოფას. გამოიცვალა მხოლოდ ერთი უდიდესი ფაქტორი - რუსეთის მდგომარეობა. მისი ძალით შეწყვეტილი ნაციათა აღორძინება, განთავისუფლებული ერების ხუნდებში ჩაყრა ქმნის შორეული აღმოსავლეთის ატმოსფერას; ვინც ამ ტყვეთ დაეხმარება განთავისუფლდენ, - ის მათი მეგობარი და მოკავშირე გახდება.
ეს ლოღიკურათ გამომდინარეობს საბჭოთა მიერ შექმნილ ობიექტური შინაური მდგომარეობისაგან. ასეთ ატმოსფერაში თუ მართლა გერმანია შეიჭრა რუსეთში, როგორც ამას დაჟინებით გაიძახიან და რაც ჩვენ მეტათ საეჭვოთ მიგვაჩნია, მისი გამარჯვება თუ დამარცხება დამოკიდებული იქნება იმ დროშის სიავკარგეზე, რითაც ის იქ შეიჭრება.
არავინ იცის, რა სარუსეთო გეგმა აქვს გერმანიას. თუ აქვს რაიმე გეგმა, აქვს უეჭველია ორში ერთი: ან ბოლშევიზმის იქ ჩამოგდება და მის ნაცვლათ თავისათვის მისაღები წყობილების დაწესება იმპერიის მთლიანობის შენახვით, მაგრამ იმ ტერიტორიისა, რომელსაც თვითონ დაეპატრონება, ან რუსეთის დამორჩილებული ერების დახმარებით ახალი ნაციონალური სახელმწიფოების დაარსება. პირველ შემთხვევაში, გერმანია-რუსეთის დატაკება არაფრით არ განსხვავდება ორ სახელმწიფოთა დატაკებისაგან და ერთა ლიგის ყველა სანქციები, პაქტების ყველა პირობები ლეგალურათ ამუშავდება. ამავე დროს გერმანიის წინააღმდეგ დაირაზმებიან რუსეთის მცხოვრებთა ყველა ელემენტები, რომელთაც არ სურთ არც ფაშისტური რეჟიმი, არც ერთა მონობა. სულ სხვა პირობები გაჩნდებიან მეორე შემთხვევაში. გერმანიის შესვლა საბჭოთა საბრძანებელში ნაციონალური დროშით, რეჟიმის საკითხის უკუგდებით, ქმნის მის სასარგებლო ატმოსფერას, ერთა საყოველთაო ამოძრავებას. საკმარისია მაგალითად უკრაინამ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, ხოლო გერმანიის ჯარები თავის დამხმარე ძალათ, რომ ჟენევის სანქციებს დაეკარგოს ლეგალური ხასითი. და თუ ეს მოძრაობა გაფართოვდა და უკრაინას მიბაძეს თეთრმა რუსეთმა, კავკასიამ, ყუბანმა, თურქესტანმა, ციმბირმა, სადაც ავტონომიური მიდრეკილება დიდი ხანია არსებობს და სხვამ, ერთა ლიგა იძულებული იქნება ხელი აიღოს სანქციებზე და თვით ჩაერიოს გერმანიის გვერდით აღდგენილი ერების თავისუფლების და ურთიერთობის აწყობაში ისე, რომ არც ეს ერები დაზარალდენ, არც ევროპა. მხოლოდ ეს ერთი გამოსავალი რჩება ლიგას.
რატომ? ცხადია, რატომ. ერთა ლიგაში იქნა მიღებული საბჭოთა კავშირი; პაქტები იდება სწორეთ ამ კავშირთან და არა რომელიმე მის შემადგენელ ნაწილთან. როგორც კი აღდგება დამოუკიდებელი ნაციონალური რესპუბლიკები, ამით ირღვევა არსებული კავშირი, საბჭოთა სახელმწიფო, ქრება პაქტების სუბიექტი. ყველა პირობები ამ პარტნიორთან დადებული ფაქტიურათ უქმდება, ვინაიდან მისი ერთი ხელის მომწერი და ამსრულებელი აღარ არსებობს. ამ პირობების სუბიექტათ გამოცხადება რუსის მთავრობის, ე.ი. დღევანდელი კავშირის ერთი შემადგენელ ერთეულის, შეუძლებელია, ვინაიდან ის საერთაშორისო ნიადაგზე არ გამოსულა და არც რაიმე ხელშეკრულობა ვისმესან დაუდვია. ამით ეკარგება ნიადაგი საფრანგეთ-საბჭოთა ალიანსს. მართალია, ამ ხელშეკრულობაში არ არის ნაჩვენები საბჭოთა საზღვარი, მაგრამ სამაგიეროთ ის ნაჩვენებია მისი იურიდიულათ ცნობის ნოტაში, რომლითაც 28 ოქტომბერს 1924 წ. მთავრობის თავმჯდომარემ ედუარდ ჰერიომ მოსკოვს მიმართა და სადაც ხაზგასმულია, რომ ის სცნობს საბჭოთა მთავრობას „ძველი რუსეთის იმპერიის იმ ტერიტორიების მთავრობათ, სადაც მცხოვრებლებმა ის მიიღეს (acceptée)“ ე.ი. მცხოვრებთა სურვილი, მათ მიერ მიღება თუ არ მიღება საბჭოებისა, გამოცხადებულია ნიშნათ მოსკოვის სახელმწიფო საზღვრების. ხოლო საყოველთაოთ ცნობილია ის ფაქტი, რომ მოსკოვმა არა-რუს ერთა შორის თავისი ხელისუფლება დაამყარა ძალით, ომით და სისხლით 1919-21 წლებში. საკმარისია გავიხსენოთ მრავალთა შორის ერთი მაგალითი - საქართველო. მაშასადამე, საფრანგეთის მიერ თავის თავზე მიღება საბჭოთა დაცვის იურიდიულათ გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხელისუფლება კიდევ დარჩება ნაციონალური რესპუბლიკების აღდგენის ხანაში, თუ კიდევ ის სადმე მაინც დარჩა, რაც დიდათ საეჭვოა.
ამ ნაირათ, დასავლეთს ეკარგვის აქ როგორც იურიდიული, ისე ფაქტიური ნიადაგი და იძულებული იქნება გახდეს ან უბრალო მაყურებელი, ან და იტვირთოს მომრიგებელი როლი. ნაციონალური რევოლიუცია, ისე როგორც ყოველი რევოლიუცია მეომარ სახელმწიფოებში, ბოლოს მოუღებს ომს და ჟენევას გზა ეხსნება აამუშაოს თავისი ძირითადი დოქტრინა, გამოვიდეს ერთა თვითგამორკვევის მომხრეთ და დამცველათ.
როგორც ხედავთ, ერთა ლიგის სანქციონალური სტატუტი, სხვადასხვა პაქტების სისტემა სრულიად არ უდგება საბჭოთა კავშირის სინამდვილეს. აქ თუ მართლა ომი მოხდა, მისი შემაჩერებელია არა ჟენევა, არამედ შინაგანი რევოლიუცია, რასაც უნდა დაეხმაროს ჟენევა, ე.ი. სანქციები უნდა მიმართოს აღორძინებულ ერთა დასაცავათ, რომ ისინი ერთი უღლიდან განთავისუფლებულნი მეორეში არ ჩავარდენ.
ცხადია, საბჭოთა კავშირზე დაყრდნობა საერთაშორისო კონფლიქტში ნიშნავს სილაზე შენობის აგებას. ის თავისი შინაგანი მდგომარეობით და ურთიერთობით არ წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც გაჭირვების დროს ვინმეს დაეხმარება. მაგრამ ლიგას აქვს უფრო მკვეთრი გზა, აწევს პირდაპირი მოვალეობა ომი თავიდან აიშოროს არა ზემოდან, პაქტომანიის შექმნით, არამედ ქვემოდან, ომის თვით მიზეზის მოშლით. მისი ძირითადი დებულება აღიარებს „მშვიდობიანობა უფლებით“, „ერთა შორის ურთიერთობის დამყარებას სამართლიანობასა და პატიოსნებაზე“, რაიცა დაფუძნებულია პრეზიდენტ ვილსონის 22 იანვრის 1917 წლის დეკლარაციაზე: „არც ერთი ერი არ ეძებს თავის პოლიტიკურ აგებულებაში მოაქციოს სხვა ერი ან სხვა რომელიმე ხალხი. თვითეული ხალხი თვითონ თავისუფლათ განსაზღვრავს თავის საკუთარ პოლიტიკურ რეჟიმს“. აქედან გამომდინარეობს ერთათ ერთი მართლა პაციფიური და კაცობრიული საერთაშორისო პოლიტიკა: ყველა ერის და სახელმწიფოს სწორ უფლებიან მდგომარეობაში ჩაყენება, მათთვის ცხოვრების და განვითარების თანასწორი პირობების შექმნა, ერთა თვითგამორკვევის უზრუნველყოფა და ამ ნიადაგზე მათი ურთიერთობის მოწესრიგება. დღეს კი ეს ხაზი სავსებით დავიწყებულია; პირველ რიგში წამოყენებულია არა სამართლიანობა და უფლება, არამედ ძალა, ალიანსები, ზარბაზნები, დაშინება, უმცროს-უფროსობა - ყველა ერთა ლიგის წინ არსებული ძალმომრეობის ფარ-ხმალი. გამარჯვებაზე და დაჯაბნებაზე კაცობრიობა ვერ დაეყრდნობა. მომრევის მომრევი არასოდეს არ დაილევა.
დამორჩილებულ ერებს ამ ახალ მიმდინარეობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ; ისინი იბრძვიან სწორეთ ძალმომრეობის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის. თუ ევროპა არ დაეხმარება აღმოსავლეთის ევროპიზაციას, მის საქმეებში მტერთა დასახმარებლათ მაინც ნუღარ ერევა. ისტორიის განაჩენი ვერავითარი საშუალებით ვერ შეჩერდება. რაც უნდა მოხდეს, უეჭველათ მოხდება.
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1936. - №60
______________
1. იხ. M. Lachiu, Japon 1934.
![]() |
82 ჩვენი დღესასწაული |
▲ზევით დაბრუნება |
ეს არის 26 მაისი, მაისი თავისუფლების და აღდგომის, ერის და ხალხის, შრომის და დამოუკიდებლობის.
პირველმა მაისმა მოგვცა 26 მაისი. 26 მაისმა დააკანონა პირველი მაისი; აქ შედუღდენ ეს ორივე დღესასწაული, მშრომელი ხალხი იქცა გაერთიანებულ ერათ, გაერთიანებული ერი დაეყრდნო მშრომელ ხალხს.
საქართველოს ორიათასი წლის ისტორიის მანძილზე ქართველი ხალხი პირდაპირ, უშუალოთ, გათვითცნობიერებული და გამთელებული, პირველათ გამოვიდა საქვეყნო სარბიელზე 26 მაისს და მისცა დასაბამი ახალ ისტორიას, თქვა ახალი სიტყვა, გამოკვეთა გზა თავისთვის სავალი. მან აქ შესძახა მომავალს - მე ვარ ჩემი თავის ბატონი და მინდა ვიყო თავისუფალი.
წინეთ გამოღვიძებული, მებრძოლი ერი დიდხანს დღესასწაულობდა პირველ მაის, როგორც ემბლემას შრომის და ხალხის სუვერენობის. ამ ხაზზე მან მოიპოვა გამარჯვება და გამოსჭედა თავი სახისამებრ ამ გამარჯვების პოლიტიკური ფორმა: 26
მაისი. ამ დღეს ჩამოყალიბდა, განსახიერდა ერთი ურყევი ჭეშმარიტება: ხალხის ემანსიპაცია შეუძლებელია გარეშე ერის
ემანსიპაციისა, ნაციონალური პირობაა ხალხური დამოუკიდებლობისა.
ამ ორი დიდებული დებულების შედუღებას, მათ გამთელებას და ერთ სახეთ ქცევას ჩვენ ვდღესასწაულობთ; 26 მაისი ჩვენი დღეა, დღე ქართველი ერის და ქართველი ხალხის.
და ეს სახელოვანი დღე თავის სამშობლოში დღეს აკრძალულია; მის წინააღმდეგ წამოყენებულია მეორე დღე, დღე საქართველოს დაპყრობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაკარგვის, ხალხის და ერის მონობის უღელში შებმის. რაც ერი დაეცა, ხალხიც დაეცა, რაკი ერს შეება ბორკილი, ხალხსაც შეება. 26 მაის ისინი ერთათ ადგენ, 25 თებერვალს ერთათ დაეცენ. ამ დაცემას დღესასწაულობენ დამცემნი, მოსკოვის ურდოები და მათი ქართველი ფარეშები.
საქართველოს რევოლიუციამ გარიყა მხოლოდ ერთათ ერთი პოლიტიკური მიმდინარეობა; ის მუდამ დამარცხებული, საბოლაოთ დამარცხდა 26 მაის. ბოლშევიზმი ამოვარდა ქართული ნიადაგიდან. ამოვარდა იმ უბრალო მიზეზით, რომ ქართველი ხალხი გაიზარდა, მომწიფდა თავისთავის საპატრონოთ, თავისი ქვეყნის საბატონოთ. მან უარყო როგორც მეფის და მისი ამალათა ბატონობა, ისე ლენინის და მისი მოციქულების. ეს იყო მისი უდიდესი აქტი, მისი უმაღლესი შეგნება და ისტორიის ცნობიერ კოლექტიურ მატარებლათ გადაქცევა.
და აქ განმეორდა ის აქტი, რაც არაერთხელ გათამაშებულა საქართველოს ისტორიაში. ერის მიერ უარყოფილნი, მისი მეტხორცნი და ნაძირალები გარბიან უცხო ტირანების კარზე, სადაც უფროსობის და პატივმოყვარეობის მწყურვალე ბოლშევიკები ბატონდებიან და მათ განუკითხავ ბრძანებლობაში ჩამორჩენილი, მოუმწიფებელი რუსის ხალხი ვარდება, მოუწოდებენ იქიდან თავისუფლებას აყრილ მონათ გადაქცეულ ბრბოებს თავისავე ერის და ქვეყნის წინააღმდეგ; და ასე ისინი მონების ხიშტით თავისუფალ ხალხზე ბატონდებიან. ეს არის მათი დღესასწაული, დღესასწაული მოძალადეთა, მოღალატეთა და მცარცველთა. ჯილდოთ მიიღეს გადაქცევა ახალ კლასათ, აღჭურვილი ახალი უფლება-უპირატესობით, ახალი წინეთ გაუგონარი პრივილეგიებით; ისინი გახდენ თვითნება გამკარ გულებელი თვითეული პირის, მთელი ხალხის სიცოცხლის და ქონების.
ახლა ფიქრობენ ქართველ ხალხს დაავიწყონ ეს საშინელი ტანჯვა-ვაება პარადებით, ძალათ აწყობილი მანიფესტაციებით, მწერალთა და პოეტთა სამოსკოვო ალაპარაკებით, თავის დანაშაულობაში სხვების ჩათრევით და ჩაზიარებით.
ტყუილი იმედია, ხალხი დგას ურყევათ თავის პოზიციაზე; ის განიცდის ყოველდღე შემოსეულთა უღელს, ის არის საგანი მუდმივი, შეუჩერებელი ცარცვის, დევნის და განადგურების; მის გულს ვერ მოინადირებენ მტარვალნი ცარიელი სიტყვებით, მათ ამყოლთა ტირანების ცარიელი ქებათა-ქებით. ისტორიამ არ იცის მაგალითი ხალხს და მის ჯალათებს შორის გამართული დუელი არ გათავებულიყო ხალხის სასარგებლოთ.
ამ ხაზით გაიხსნება საქართველოს ტრაგედია; 26 მაისის გამარჯვება ისტორიის გადაუვალი განაჩენია.
ჩვენ ვდღესასწაულობთ ამ დიად დღეს, დიდებულს წასულით, აღსავსეს მომავლით.
ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან, მას შორიდან უგზავნით სამაისო სალამს და უსურვებთ 26 მაისის აღდგომას...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1936. - №61/62
![]() |
83 ნაწყალობევი კონსტიტუცია |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც იყო სტალინმა უწყალობა თავის ქვეშევრდომთ ახალი კონსტიტუცია, მსგავსათ ნეტარხსენებული გვირგვინოსნებისა, რომელნიც თავის ხალხთ ხშირათ „აბედნიერებდენ“ ასეთივე წყალობებით. მსგავსი მდგომარეობა ქმნის მსგავს იდეოლოგიას. ახალი თვითმპყრობელი ხალხს უდგება ისე როგორც ძველი. ორივესათვის ხალხი ბრიყვია, თავის მტერია და თუ თავის ჭკუაზე გაიარა უეჭველათ ხრამში ჩაიჩეხება. მათ საბედნიეროთ არსებობენ ზეციური ადამიანები, ქვეყნათ მოვლენილნი, ხალხთა საპატრონოთ და სამეთაუროთ. ასეთები იყვენ წინეთ მეფენი, წყალობითა ღვთისათა ტახტზე აყვანილნი, ხოლო დღეს არიან ბოლშევიკები, იმავე საბატონო სავარძელში წყალობითა ისტორიისა მოკალათებულნი. ჩამომავლობა სხვადასხვანაირი, საზოგადოებისადმი დამოკიდებულება და ბატონობის მეთოდი ერთნაირი. მათი დოქტრინა ფორმით განსხვავებულნი, შინაარსით კი დამსგავსებულნი. ორივე აგებულია ერთ დებულებაზე - ხალხი ვერ იხსნის თავის თავს. მისი მხსნელი მას გარედან უნდა მოევლინოს.
აი ეს დებულება არის თეორიული საფუძველი ბოლშევიზმის თავიდანვე, დღიდან მისი აღორძინებისა და რაც დაასაბუთა თვით ლენინმა თავის წიგნში „რა ვაკეთოთ“ 1900 წ. ის აქ სწერს: „ყველა ქვეყნის ისტორია მოწმობს, რომ მარტოთ მარტო თავის საკუთარ ძალებით მუშათა კლასს შეუძლია შეიმუშაოს მხოლოდ ტრედუნიონული შეგნება, ე.ი. შეგნება კავშირების საჭიროებისა, ხაზაინებთან ბრძოლის აუცილებლობის, მთავრობისაგან ამა თუ იმ საჭირო მუშათა კანონმდებლობის მოთხოვნისა და სხ... კლასიური პოლიტიკური შეგნება შეიძლება შეტანილ იქნეს მუშათა კლასში მხოლოდ გარედან, ე.ი. გარეშე ეკონომიური ბრძოლისა, გარეშე მუშათა და ხაზაინეთა ურთიერთობის სფეროსი“.1 ამ თეორიული სათავიდან გამომდინარეობს ლენინის ორგანიზაციული და ტაქტიკური კონცეპცია. რაკი ხალხს გარედან უნდა მოევლინოს მხსნელნი, უნდა შედგეს ამ უკანასკნელთა ცალკე ორგანიზაცია, ხელმძღვანელთა შტაბი, რომელიც ხალხის მოძრაობის დახმარებით ხელთ იგდებს ხელისუფლებას და ამყარებს ახალ წყობილებას, ე.ი. საქმის პატრონი, მისი ამწყობი და დამწყობი აი ეს „თავდადებული რევოლიუციონერებია“, ხოლო ყველა დანარჩენნი, მთელი მშრომელი მასა მათი მიმყოლნი და მათი ბრძანების ამსრულებელნია.
ეს დოქტრინა უდევს საფუძველათ საბჭოთა მთელ წყობილებას, მათ დაწერილ თუ დაუწერელ კანონმდებლობას, მათ ძველ და ახალ კონსტიტუციას. ეს სისტემა პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა სახის თავისუფლებას, თავისუფალ არჩევნებს, დამფუძნებელი კრების მოწვევას, კონსტიტუციის ხალხის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, დეპუტატების საშუალებით, მიღება - ძირითად დებულებებს ყოველნაირი დემოკრატიისა, როგორც ბურჟუაზიულის, ისე ხალხურის, მშრომელთა მასების და პროლეტარულის. მთელ ერში ერთათ ერთი ჯგუფია სიმართლის მატარებელი, უფლება-უპირატესობით მოსილი, კაცობრიობის გამანთავისუფლებელი, ტვირთ მძიმეთა და მაშვრალთა აღთქმულ ქვეყანაში შემყვანი. ეს არის ჯგუფი ბოლშევიკების, პარტია კომუნისტების და ძალაუფლებაც მას უნდა ეკუთვნოდეს. ბოსუეტის მოძღვრება ღვთიურ უფლებაზე შეიცვალა ლენინის მოძღვრებით ბოლშევიკურ უფლებაზე.
სტალინის კონსტიტუცია აგებულია ამ დოქტრინაზე, როგორც ფორმით ისე შინაარსით. ამ კონსტიტუციის მისაღებათ მოწვეულია არა თავისუფლათ არჩეული ხალხის წარმომადგენლობა, არამედ კომუნისტური პარტიის ბრძანებით ერთხელ არჩეული საბჭოების კრება, რომლის სამი მეოთხედი წმინდა სტალინელებია. ე.ი. სტალინის აგენტებმა უნდა დაუდასტურონ მას კონსტიტუცია. შინაარსის მხრივ კონსტიტუცია იყოფა სამ ნაწილათ: პოლიტიკურათ, ეკონომიურათ და ნაციონალურათ. განვიხილოთ ესენი ცალკ-ცალკე.
1. ძალაუფლება
ძველი კონსტიტუცია (1923 წლის) სახელათ იყო კონსტიტუცია. შინაარსით კი მისგან იყო დაშორებული სავსებით. არც ერთი ნიშანი კონსტიტუციისა მას არ ქონდა. ახალი კი, პირიქით, ფორმით და ტერმინოლოგიით დიდათ განსხვავდება ძველისაგან, იქ არის აშკარა კვალი დიდი ცდისა რაღაც კანონიერების დამყარების და უფლებათა არევ-დარევის მოსპობის. მაგრამ ვინაიდან ეს მუშაობა ჩატარებულია ლენინის დოქტრინის ფარგლებში, ხალხისადმი უნდობლობის სფეროში, ამიტომ უფლებრივი შინაარსი ძველი კონსტიტუციისა, გადმოტანილია აქაც და განმეორებულია ახალი სიტყვიერებით. აქ ლაპარაკია არა იმაზე თუ ვის ქონდეს ძალაუფლება, არამედ იმაზე თუ ამ ძალაუფლების პატრონი სტალინი და მისი პარტია, რა აპარატებით უნდა იყვენ აღჭურვილნი. ამ საკითხს თავიდანვე უტრიალებდა ლენინი. 1918 წ. ის სწერდა: „თუ მეფე 50 ათასი პომეშჩიკებით მართავდა ქვეყანას მდიდრების სასარგებლოთ, რატომ მე არ შემიძლია ვმართო იგივე ქვეყანა 250 000 კომუნისტით ღარიბთა სასარგებლოთ“. ის მართველობის მაგალითს ეძებდა არა დემოკრატიულ ქვეყნებში, არამედ მეფის რუსეთში. შემდეგ ეს გეოგრაფიული რკალი ცოტა გააფართოვა და შეუდგა მაგალითის ძებნას პრუსიაში თავის წიგნში: „მარცხენა ბავშობა და წვრილბურჟუაზია“-ის სწერს: ომის დროის გერმანიაში „ჩვენ საქმე გვაქვს სხვილ-კაპიტალისტურ ტეხნიკის და გაპლანური ორგანიზაციის უკანასკნელ სიტყვასან, რაიცა ექვემდებარება იუნკრულ-ბურჟუაზიულ იმპერიალიზმს. მოაცილეთ ეს უკანასკნელი სამი სიტყვა, დასვით სამხედრო, იუნკრულ, ბურჟუაზიულ და იმპერიალისტური სახელმწიფოს ალაგას სხვა ტიპის სახელმწიფო საბჭოების ე.ი. პროლეტარული და თქვენ მიიღებთ ყველა იმ პირობებს, რომელიც იძლევა სოციალიზმს“. „ჩვენი მიზანია, განაგრძობს ის, ვისწავლოთ მთელი ჩვენი ძალღონით გერმანელ სახელმწიფო კაპიტალიზმისაგან, მივბაძოთ მას, ნუ დავზოგავთ დიქტატორულ წესებს მის ჩვენში გადმოსანერგავათ, დავაჩქაროთ ეს კიდევ უფრო ვინემ პეტრემ დააჩქარა დასავლეთის შეთვისება ბარბაროსულ რუსეთის მიერ“ და სხ. (გვ. 83. 86.)
ამნაირათ, მართველია კომუნისტური პარტია, ხოლო ამ მართვის ფორმა შეიძლება იყოს ცარისტულ-პომეშჩიკური, პრუსიულ-მხედრული, ხოლო არას შემთხვევაში დემოკრატიული.
სტალინმა რამოდენიმეთ გაარღვია ეს ლენინის რკალი, მონახა დემოკრატიული კონსტიტუციები. ამოიღო ამათგან დემოკრატიული ფორმები, ორი პალატა, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და საიდუმლო კენჭის ყრის უფლება, პასუხისმგებელი მთავრობა და სხვა პარლამენტარული წესები, მაგრამ არ მიიღო ყველა ამ წესების მთავარი ატრიბუტი, მათი სული და გული - არ მიიღო თავისუფლება, თუნდაც მხოლოდ მშრომელთა მასების და მათი პარტიებისათვის. დაშვებულია ერთათ-ერთი პარტია - კომუნისტური; მოქალაქე თავისუფალია, მაგრამ მას არ აქვს უფლება შეადგინოს ან შევიდეს რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გარდა კომუნისტურისა. ბურჟუაზიულ დემოკრატიას, რასაკვირელია, ადგილი არ აქვს და ეს გასაგებია; მაგრამ მისი ბედი ხვდა მშრომელთა დემოკრატიასაც, აღარც მუშახალხი შეიძლება იყოს ქვეყნის ბატონპატრონი. და ეს სავსებით ეგუება დოქტრინას; მარილი ქვეყნისა მხოლოდ კომუნისტებია. ამიტომ კონსტიტუციის ძალით, არავითარ დაჯგუფებას, არც პარტიას და პიროვნებას არ აქვს უფლება ქონდეს სტამბა, ქაღალდი, საბეჭდავი საშუალებანი. ყველა ამას იძლევა სახელმწიფო (მუხ. 125), აძლევს იმას ვინც მოეწონება და მოეპრიანება; ამაში რომ ეჭვიც კი არავინ შეიტანოს კონსტიტუციის ამ მუხლს ასე მარტავს „პრავდა“ (22 ივნისის): „ბურჟუაზიული და მენშევიკურ-ესერული მწერლობა სამუდამოთ აღმოფხვრილია ჩვენში. თავისუფლება მყარდება არა ბურჟუაზიის გადარჩენილ აგენტებისათვის. ვინც ფიქრობს შეარყიოს სოციალისტური წყობილება - ის ხალხის მტერია. ის ვერ მიიღებს ნაჭერ ქაღალდს, ვერ შევა ვერც ერთ სტამბაში, ვერ მიიღებს ვერც ოთახს, ვერც კუთხეს რომ ზეპირათ მაინც გაავრცელოს თავისი საწამლავი“. ამით ბოძებულია მთელი კონსტიტუციის შინაარსი. მხოლოდ სტალინმა და მისმა შტაბმა იცის რა არის ხალხის ინტერესი. ვინ არის მისი მტერი და მოყვარე. თვით ხალხს ამის არაფერი გაეგება. ამიტომ ის საოპეკუნოა, შეუმცდარი ბოლშევიკების წინამძღოლობით და ჩვენებით მცხოვრები. ცხადია, რაკი პოლიტიკას აკეთებს მხოლოდ კომუნისტური პარტია, დანარჩენ მოსახლეობას რჩება მხოლოდ ერთი მოვალეობა - იაროს კრებებზე, ისმინოს ამ პარტიის მოღვაწეობა და ლოზუნგები, აირჩიოს მისი კანდიდატები. ერთი სიტყვით შეადგენდეს მათ ამალას, ამყოლს, მათ ზურგის ჯარს. მოქალაქე ხელშეუხებელია მხოლოდ ამ ფარგლებში, საარჩევნო უფლება ფიქციაა. თავისუფლება ოცნებაა. მეტყვიან: ეს ასეა საბჭოთა კომუნისტებთა შორის, მაგრამ ევროპის კომუნისტები მათ სრულიად არ გვანან. ესენი დიდი მომხრე და დამცველნი არიან დემოკრატიის. თავისუფლების ყველა ატრიბუტებისო. ამის მაგალითს ვხედავთ საფრანგეთშიო. ეს ვითომ და განსხვავება დიდი გაუგებრობაა. ერთი დოქტრინის მიმდევარნი ვერ იქნებიან ერთიმეორისაგან დიდათ დაშორებულნი პოლიტიკაში. რუსის ბოლშევიკები აწარმოებდენ სწორეთ ისეთსავე ტაქტიკას როგორსაც აწარმოებენ დღეს საფრანგეთის კომუნისტები. მათ დროშაზე ეწერა თვითმპყრობელობის ჩამოგდება და დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარება. ლენინი სწერდა: „ჩვენი ტაქტიკური ლოზუნგები იმავე დროს დემოკრატიულ-რევოლიუციური და რესპუბლიკანური ბურჟუაზიის ლოზუნგებია... ერთხელ და სამუდამოთ უნდა უკუვაგდოთ სულელური, ნახევრათ ანარქისტული აზრი პროგრამმა-მაქსიმუმის დაუყონებლივ განხორციელების და ძალაუფლების სოციალისტური გადატრიალებისათვის მოხმარების შესახებ“ და სხ. და სხ.“2 ეს იყო რევოლიუციამდე, ხოლო რევოლიუციის შემდეგ, როგორც კი ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მთელი ეს ხაზი უკუაგდეს და დაგმობილი „ნახევრათ ანარქისტული“ დროშა ააფრიალეს. ევროპის კომუნისტების დღევანდელი ბრძოლის მეთოდი არის სტრატეგია, ტაქტიკური იარაღი ძალაუფლების დასაპყრობათ, რომლის შემდეგ ამუშავდება მათი ნამდვილი ლენინური დოქტრინა.
ამნაირათ, სტალინის კონსტიტუციას არავითარი კავშირი
არ აქვს მშრომელთა დემოკრატიასან, მუშათა მასების თავისუფალ შემოქმედებასან, ხალხის სუვერენობასან. სუვერენი რჩება სტალინი და მისი პარტია, რომლის ხელში დანარჩენი მოსახლეობა საექსპერიმენტო მასალაა.
2. ეკონომია
მთელი ამ პოლიტიკური სისტემის მიზანია შეინახოს და განავითაროს არსებული ეკონომიური სისტემა; კონსტიტუციის პირველი მუხლი აცხადებს: „საბჭოთა კავშირი წარმოადგენს მუშათა და გლეხთა სოციალისტურ სახელმწიფოს“; მეორე მუხლი ამბობს: „საბჭოთა კავშირის ეკონომიური საფუძველია სოციალისტური სისტემა და სოციალისტური საკუთრება წარმოების იარაღებზე“. ერთი სიტყვით, სოციალიზმი განხორციელებულია და მას ეჭივრება დაცვა. ვინც ამ საკუთრებას ვნებს - ის ხალხის მტერია (მუხ. 131). ვინ იცავს მას? მისი დამცველია ერთათ-ერთი კომუნისტური პარტია. რის გამო ის არის არჭურვილი სუვერენული უფლებით. ხალხი არ არის სუვერენი სწორეთ იმიტომ რომ ის გამოცხადებულია საეჭვოთ და თუ მას მიეცა მთელი ძალაუფლება შეიძლება „სოციალისტური საკუთრება“ არ დაიცვას.
რა სახისაა ეს საბჭოთა სოციალიზმი? პირველ ყოვლისა საკვირველია ერთი მოვლენა: სოციალიზმის დამყარებისათვის საჭირო არ არის არც კულტურული სიმაღლე, არც წერა-კითხვის ცოდნა, არც პოლიტიკური განვითარება, არც ეკონომიური სიმაღლე, არც ერთი მხარე თანამედროვე ცივილიზაციისა. ევროპაში ის ვერ დამყარდა, ხოლო რუსებში, კირგიზებში, მონგოლებში, ყველა პრიმიტიულ და ჩამორჩენილ ხალხებში ის უკვე განხორციელებულია. საიდანაც დასავლეთმა უნდა ისწავლოს და გადმოიღოს. ჩინეთშიაც კი კომუნიზმს დაპყრობილი აქვს მრავალი პროვინციები და ემუქრება თვით ნანკინს. ერთი სიტყვით, მარქსის დებულება სავსებით დამარცხებულა: წარმოებით წინ წაწეული ქვეყანა კი არ არის სარკე უკან დარჩენილის მერმისის, პირიქით, უკან დარჩენილი ხალხი წარმოადგენს წინ წაწეულის მერმის. სოციალიზმი მოდის აღმოსავლეთისაგან. ეს კიდევაც დაიჯერა დასავლეთის ფართე საზოგადოებამ, ბურჟუაზიამ სოციალიზმის სიძულვილით.
საბჭოთა ახალი კონსტიტუციის განმარტებით სოციალიზმი ნიშნავს კერძო საკუთრების მოსპობას და მთელი სიმდიდრის სახელმწიფოს საკუთრებათ აღიარებას. ერთი სიტყვით, კერძო საკუთრების არ არსებობა უდრის სოციალიზმს. ერთი სოციალური ფენომენი, რაიცა შეადგენდა დამახასიათებელ თვისებას აღმოსავლეთი დესპოტიების ეკონომიკის გასულ ისტორიულ პერიოდებში. მონათლულია დღეს ევროპიული სიტყვით - სოციალიზმით. ვისაც კი რუსეთის ისტორიის რამე გაეგება, უეჭველია იცის რომ იქ მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე, კერძო საკუთრება მიწაზე არ არსებობდა; მთელი მიწა-ადგილი ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ეძლეოდა ამა თუ იმ პირს დროებით, სამაგიერო სამსახურის გაწევისათვის. პლეხანოვი სწერს: „მოსკოვის სახელმწიფო განირჩეოდა დასავლეთის სახელმწიფოებიდან იმით რომ დაიყმო არა მარტო დაბალი მიწათმოქმედი კლასი, არამედ აგრეთვე მაღალი მოსამსახურე კლასიც, ხოლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან, რომელთაც ძლიერ გავდა ამ მხრით, იმით რომ დაადგა გაცილებით უფრო მძიმე უღელი თავის დაყმობილ მოსახლეობას“3. ცნობილი ისტორიკოსი კლიუჩევსკი სწერს: „პოლიტიკური წესრიგი მოსკოვის სამეფოისა იყო დაფუძნებული განაწილებაზე ყველა კლასთა შორის მხოლოდ ვალდებულებების, უფლებასან შეუკავშირებლათ. მთავრობის ხელში იყო მთელი სხვილი საშინაო ვაჭრობა, მთელი საგარეო ვაჭრობა (ვნეშტორგი). ყველა სამრეწველო დაწესებულება, ყველა სავაჭრო შენობები, ერთი სიტყვით მთელი სხვილი სავაჭრო-სამრეწველო მეურნეობა მე-17 საუკუნის ბოლოს წარმოადგენდა გაწესრიგებულ სახელმწიფო მონოპოლიას“4. ამ ეკონომიკას არ უწოდებენ ბოლშევიკები სოციალიზმს, ვინაიდან მას მეთაურობდა მეფე და მისი ამალა და არა ლენინ-სტალინი და მათი ბიუროკრატია. მაგრამ თვით ობიექტიური ეკონომიური წყობა ბოლშევიკური და ცარისტული სავსებით ერთი და იგივეა. კერძო საკუთრების ისტორია რუსეთში იწყება მხოლოდ ეკატერინე მეორიდან, რომელმაც თავის დამხმარე აზნაურობა - მეფე პეტრეს გადაყენების საქმეში - დააჯილდოვა მამულების საკუთრებათ მიცემით. შემდეგ საკუთრების ინსტიტუტი თანდათან გავრცელდა სხვა კლასებზედაც, გარდა გლეხობისა, რომელიც ჩარჩა მიწის საერთო მფლობელობაში.
ამნაირათ, კერძო საკუთრების მოსპობა რუსის ერის ძველი ისტორიის დამახასიათებელი თვისებაა, რაიცა ბოლშევიკებმა აღადგინეს და მას ახალი სახელი დაარქვეს. ეს ძველი მოვლენის ახლათ მონათვლა აგებულია ორი ცნების ერთიმეორეში შერევაზე - სახელმწიფო დასახულია საზოგადოებათ, საზოგადოება სახელმწიფოთ. აქედან დასკვნა - რაც ეკუთვნის სახელმწიფოს - ეკუთვნის საზოგადოებას. სოციალიზმის ნიშნობლივი თვისებაა გადაცემა საკუთრების, ისიც „ბურჟუაზიული საკუთრების“, თანახმათ კომუნისტური მანიფესტისა, საზოგადოებისათვის, ხალხისათვის და არა სახელმწიფოს ბიუროკრატიისათვის. თუ ასე გავიგებთ სოციალიზმს, გამოვა რომ ლენინი, სტალინი და კამპ. არასოდეს არ ყოფილან სოციალისტები. არ არიან დღესაც და არც სოციალიზმის რაიმე ნატამალი მოიპოვება მათ შემოქმედებაში. ცნობილი ბოლშევიკი ლარინი 1928 წ. გამოცემულ თავის წიგნში, სახელწოდებით „სახელმწიფო კაპიტალიზმი ომის დროს გერმანიაში“, პირდაპირ აღიარებს, რომ გერმანიის სამხედრო-ეკონომიური ორგანიზაცია „ბევრში გამოგვადგა სანიმუშოთ საბჭოთა წყობილების დამყარების თავიდან 1917-1919 წლებში“, ხოლო ლენინი მისაბაძ მაგალითად აღიარებდა სწორედ ამ ეკონომიკას. ის სწერდა: „ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაგალითი სახელმწიფო კაპიტალიზმისა გერმანიაში და ვიცით რომ ის იდგა ჩვენზე მაღლა... ჩვენ რომ ის გვქონდეს რუსეთში, გადასვლა სრულ სოციალიზმამდე იქნებოდა ადვილი“5. სტალინმა ეს ამოცანა გადასჭრა, მოახდინა გლეხობის ექსპროპრიაცია და მათი კოლხოზებში ჩარეკა. ამით ეკონომიური წყობა საბოლაოთ ჩამოყალიბდა: სახელმწიფო კაპიტალიზმი პრუსიული ტიპის და კერძო საკუთრების გაუქმება ძველი მოსკოვური ტიპის დამყარდა და მას დაერქვა „სოციალიზმი ერთ ქვეყანაში“.
სტალინი არ გაჩერდა ამ ხაზზე. მან შემოიღო სახელმწიფო ეკონომიკის ისეთი ფორმები, რომლის მსგავსი არ მოსიზმრებია არც ძველ რუსეთს, არც ახალ პრუსიას. ამის გასაგებათ საკმარისია გაშინჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და გაიგებთ რით ცხოვრობს ეს უზარმაზარი სახელმწიფო და მისი უამრავი ჩინოვნიკობა. ბიუჯეტი უდრიდა 1928-1929 წ. 6 მილიარდ მანეთს, 1930 წ. 30 მილიარდს, 1933 წ. 40 მილიარდს, 1935 წ. 64 მილიარდს, ხოლო წელს ნავარაუდევია 78 მილიარდი, რაც გამოდის 234 მილიარდი ფრანკი. თანხა სრულიად გაუგონარი ევროპის უმდიდრესი სახელმწიფოსთვისაც. როგორ იკრიბება ამოდენა თანხა გაღატაკებულ და გაცარცულ საბჭოთა ხალხებში? ვინაიდან კერძო მეურნეობა მოშლილია, ამიტომ პირდაპირი გადასახადი მცირეა. ის შეადგენს წლევანდელი ვარაუდით ორ მილიარდ მანეთს; 4-5 მილიარდი ნაანგარიშევია შინაგანი „სესხით“, ე.ი. იძულებითი პირდაპირი გადასახადით. ყველა მოქალაქეს გაეწერება სესხის რაოდენობა და მას უწერენ ხელფასიდან, ჯამაგირებიდან და სხ. ხოლო 62 მილიარდი იფარება საშინაო და საგარეო ვაჭრობიდან, რომლის მონოპოლია მთავრობის ხელშია. როგორ? სულ უბრალოთ, ყიდულობს იაფათ და ყიდის ძვირათ. ვაჭრობის მთელი მონოპოლია ეკუთვნის მთავრობას და ამ უფლებით შეიარაღებული აწესებს მაგარ ფასებს ყველა საქონელზე.
მაგ. გასული წლის ბიუჯეტით კოლხოზის გლეხს კილო ხორბალზე მთავრობა აძლევდა 1,4 კაპეიკს (ოქროს ანგარიშით). ხოლო ყიდდა კილო პურს 36 ოქროს კაპეიკათ, კილო ერბოში იგივე გლეხი იღებდა 56 კაპეიკს, ხოლო იყიდებოდა მუშტარზე 351 კაპეიკს. ყველა სასოფლო ნაწარმოების ყიდვა-გაყიდვა ხდება ამ წესზე. ამ ვაჭრობიდან მთავრობას დარჩა მარტო პურიდან 20 მილიარდი; წლევანდელი ბიუჯეტით ნაანგარიშევი მოგება: პურზე 21 მილიარდი, შაქრიდან 5 მილიარდი, ერბოსაგან ორნახევარი მილიარდი, სამი მილიარდი ხორცისაგან და სხ. ამას ემატება სამრეწველო საქონლით ვაჭრობა. აქ მოგებას იძლევა იგივე პროცესი: ნედლი მასალის იმავე გლეხებისაგან ცალის ფასათ შეძენა და მუშისათვის მცირე ხელფასის მიცემა.
ერთი სიტყვით ეს „ერთი ქვეყნის სოციალიზმი“ წარმოადგენს გრანდიოზული მასშტაბის ჩარჩულ ეკონომიკას, მწარმოებელთა მუდმივ შეუჩერებელ ცარცვას.
აი ამ ეკონომიკის შესანახათ და გასამაგრებლათ დაწერილია სტალინის წყალობა - კონსტიტუცია. აქ აღიარებულია „მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ქალაქთა და სოფელთა მშრომელთ“ (მუხ.3), მხოლოდ იმ პირობით რომ ამ ეკონომიურ წყობილებას არ შეეხონ (მუხ.4). მისი დამწუნებელი გამოცხადებულია ხალხის მტრათ (მუხ.131). ე.ი. ფაქტიური კონსტიტუცია, ნივთიერი ურთიერთობა, დაფუძნებულია კარგა ხანია ბოლშევიკების მიერ ერთხელ და სამუდამოთ, ხალხს ამ საქმეში არავითარი ხმა არ აქვს. წერილობითი კონსტიტუცია მას მხოლოდ ავალებს ის დაიცვას, მის ფარგალში იმუშაოს და იცხოვროს. სტალინის პრივილეგიაა დაკანონება იმის თუ ვის რა საკუთრება შეუძლია ქონდეს, რა პლანით იმუშაოს, როგორ მოხნას და დათესოს, როგორ იცხოვროს; განსაზღვრა მთელი მატერიალური მდგომარეობის როგორც პიროვნების, ისე მთელი ერის (მუხ. 6-10). ის აფუძნებს, ბრძანებლობს, ხალხი მას ღებულობს, ასრულებს.
3. ნაცია
საკუთრების ბოლშევიკური ფორმა, როგორც ზემოთ დავინახეთ, არის წმინდა წყლის რუსული განვლილი მოვლენა, ნაყოფი ძველი რუსეთის განსაკუთრებული წასულის და დღეს მისკენ უკან დაბრუნება. ამიტომ ბოლშევიზმმა გაიმარჯვა მხოლოდ რუსებს შორის, ისიც დიდი რუსეთის ფარგლებში, კაზაკების და ციმბირის გამორიცხვით. არა - რუსთა შორის კი ყოველგან დამკვიდრდა დემოკრატიული წყობილება. შემდეგ გაბალშევიკებულ დიდმა რუსეთმა ყველა ეს ერები ცალცალკე ძალით დაიმორჩილა, მოსკოვის უღელში შეყარა და ამას დაარქვა სახელმწიფოთა კავშირი, რომლისაგან გასვლა ვითომ თვითეულ მათგანს შეუძლია (მუხ.17). ასევე იყო აღიარებული ძველ კონსტიტუციაშიაც. ეს არის უდიდესი ფარისევლობა ბოლშევიკების, რომლითაც ფიქრობენ დაფარონ თავისი მოსკოვური იმპერიალიზმი. ამ ფარისევლობის აშკარა სახე ნათელჰყო იმ საშინელ რეპრესიებმა, რომლითაც მოსკოვმა ჩააქრო 1924 წ. საქართველოს ცდა დაებრუნებია თავისი ნაციონალური დამოუკიდებლობა. ბოლშევიზმის დამოკიდებულება ერისადმი იგივეა რაც მისი დამოკიდებულება ხალხისადმი. რაკი ის არ ენდობა ხალხს, ის არ ენდობა ერსაც. მართალია ის აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ ამას აყენებს არა თავის საბრძანებელში მყოფ ერთათვის, არამედ სხვებისათვის, რომელნიც ცხოვრობენ მოსკოვის სახელმწიფოს გარეთ. ამ დარგშიაც ისინი ბაძავენ ცარიზმს. ცნობილია რუსეთის მეფეთა მოღვაწეობა სლავიანთა თუ არასლავიანთა ერების განსათავისუფლებელათ უცხო უღლისაგან, ხოლო პოლონეთის ცდა განთავისუფლებისა სისხლში ჩაახრჩო; ბოლშევიკების მოქმედება საქართველოში 1924წ. იყო პირწმიდა განმეორება მახრჩობელა მურავიოვის მოქმედების პოლონეთში 1863 წ.
რაკი ბოლშევიკები არ ენდობიან ერს, ამ ერის ყოფა-ცხოვრების აწყობას მას არ ანდობენ და მის ბატონ-პატრონათ თვითონ დგებიან. მათ ეშინიათ ერთა თვითგამორკვევის, ეროვნული მთავრობის შედგენის იმიტომ, რომ კარგათ იციან ამათ მიერ მიუღებლობა ძველი მოსკოვური სახელმწიფო მეურნეობის და მასზე აგებული მთელი ახლანდელი ბატონყმური ურთიერთობის. აი ამ საფუძველზეა აგებული კონსტიტუციის ნაციონალური ნაწილი.
ბოლშევიზმის მთავარი სიმაგრეა მოსკოვი; ყველა არა რუსის ერი უნდა მორჩილებდეს ამ ცენტრს, ვინაიდან ეს ნიშნავს იმავე დროს მორჩილებას კრემლის ბატონებისათვის. ამ ცენტრალისტური სულით არის გაჟღენთილი კონსტიტუცია. არის ორი პალატა, ხალხთა და ერთა, ორივე ერთნაირათ უფლება აყრილი. ორივე ერთნაირათ სუვერენობას მოკლებული. ეს სახელმწიფო რომ მართლა იყოს ერთა კავშირი, ამ შემთხვევაში თვითეულ ერს თავის რესპუბლიკაში თავისუფლათ უნდა მოეთათბირებია საერთო კავშირის ძირითად ხაზებზე და შესაფერი დირექტივებით აღჭურვილნი მათი წარმომადგენელნი შეყრილიყვენ კავშირის ფორმის და შინაარსის გამოსარკვევათ. ნამდვილათ კი ყველა ამ ერთა მაგიერ ლაპარაკობს, ადგენს, კანონმდებლობს სტალინი, რასაც ერები უნდა იღებდენ „ენტუზიაზმით“. ამ სისტემით ცენტრს ეკუთვნის ყველა ნამდვილი უფლებები, ისეთი წვრიმალებიც კი როგორიცაა გადასახადების აკრება ადგილობრივი საჭიროებისათვის, უმავთულო ტელეფონის მოხმარა, სტატისტიკის შედგენა და სხ. ამას მიყვება მთავარი მუხლები: ბიუჯეტის შედგენა, სამოქალაქო და სისხლის სამართალის კოდექსი, ძირითადი პრინციპები განათლების და ჯანმრთელობის, სამეურნეო პლანი, სახელმწიფო დაზღვევა და სხ. (მუხ.13). ამავე დროს წესდება ადგილობრივი მთავრობანი, რა უფლებით? უფლება აქვთ ერთათ-ერთი ემორჩილებოდეს ცენტრს, რომლის განჩინება სავალდებულოა მათთვის (მუხ. 67). იგივე ცენტრალური ხელისუფლება აუქმებს ადგილობრივ დეკრეტებს (მუხ.69). რესპუბლიკათა პროკურორები პირდაპირ ემორჩილებიან ცენტრალურ პროკურორს, რომელიც მათ ნიშნავს (მუხ.113); ცენტრალური მთავრობა უძღვება რესპუბლიკათა მთავრობების მუშაობას, მის ხელშია პოლიცია მთელ სახელმწიფოში (მუხ.68) - ერთი სიტყვით მოსკოვი ბატონობს და განაგებს ყველა ეროვნულ ტერიტორიებს და მათ მცხოვრებთ. დაიყვანეს რა ისინი მეფის დროინდელ გუბერნიებამდე, ამავე დროს დაარქვეს მათ მყვირალა სახელები: რესპუბლიკა, მთავრობა და სხ. ამით სურთ დაფაროს ის მწარე სინამდვილე, რომ ეს „რესპუბლიკები“ ფაქტიურათ გადაქცეულია მოსკოვის უუფლებო კოლონიებათ, რომელთა ქონებას და გამგებლობას დაუსჯელათ ითვისებს ის. კრემლი რასაკვირველია თავისით ვერასოდეს ვერ მივა ინგლისური დომინიონის კონცეპციამდეც. მართლა თანაბარი რესპუბლიკათა შეკავშირებამდე. ის დგას სავსებით ძველ უკვე დრომოჭმულ საკოლონიო დოქტრინის ნიადაგზე. ძველი უხეში იმპერიალიზმის ცარცვის პოზიციაზე. ამ ხაზზედაც ბოლშევიზმი სავსებით ჩამორჩა თანამედროვე ნაციონალურ და კოლონიალურ განვითარებას და ჩაიფლა ძველ ცარისტულ სამართველო იდეოლოგიაში.
როგორც ხედავთ, სტალინმა, უწყალობა თავის ქვეშევრდომთ კონსტიტუცია თავის საკუთარი სახისამებრ, თავისი საკუთარი ბატონობის გასამაგრებლათ. ევროპიული სიტყვიერებით მიკიბულ-მოკიბულ ფორმაში ჩასდვა თავისი აზიური სულისკვეთება. თავისი წყურვილი ხელისუფლების, ბრძანების და პარპაშობის. მოსკოვის ხალხმა, როგორც გვატყობინებენ იქიდან, უკვე გამოუტანა მას შესაფერი მსჯავრი: ეს ნიშნავსო - კონსტიტუცია ხალხს, ძალაუფლება სტალინს! უკეთესი თქმა შეუძლებელია. კონსტიტუციას არავითარი ცვლილება არ შეუტანია საბჭოთა კავშირის არც ფაქტიურ, არც იურიდიულ ძალთა ურთიერთობაში. ამიტომ ამოცანაც რჩება ძველი - დაბმული ხალხის აშვება, აშვებული ტირანების დაბმა...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1936. - №63/64
______________
1. იხ. დაწვრილებით ჩემი „ბოლშევიზმი“, 1922 წ.
2. ლენინი, ორი ტაქტიკა, გვ. 23, 74 და სხ. „ბოლშევიზმი“.
3. რუსეთის საზოგადო აზრის ისტორია ტ. I, წინასიტყვაობა.
4. წოდებათა ისტორია რუსეთში გვ. 110. იხ. ჩემი რუსული წიგნი „იტოგი“, 1928 წ.
5. ლენინი. მორიგი ამოცანა საბჭოთა მთავრობისა. 1922 წ.
![]() |
84 სტალინი |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ჟამათ მთელი ქვეყანა სტალინზე პალარაკობს. ვერავინ მიმხვდარა რა მოხდა, რისთვის მოხდა, რათ დასჭირდა მოსკოვს სასამართლობიას გათამაშება და საბჭოთა რეჟიმის თექვსმეტი მამათ-მთავართა ერთბაშათ დახვრეტა. თუ ეს დიდი ფაქტი ევროპისათვის რჩება გაუგებარი, სამაგიეროთ მეორე ფაქტი როგორც იყო შევიდა საზოგადოების გაგებაში. ახლა მაინც ნათელი გახდა ყველასათვის, რომ საბჭოთა იმპერიაში დამყარებულია პირადი რეჟიმი, რამაც გააუქმა ყველა დანარჩენი რეჟიმი - საბჭოების, ბოლშევიკური პარტიის, ბიუროკრატიის - და მათ ალაგას წამოსკუპებულია სტალინის bon plaisir.
ყველა პირად რეჟიმში გადამჭრელი მნიშვნელობა ქონდა და აქვს თვით ამ პირადობას, მის ძირითად თვისებებს და შეხედულობათ, მის ზნე-ხასიათს და მიდრეკილებათ, მთელ კრებულს იმ საკუთარი მორალური ავლადიდებისა, რომლითაც ერთი ადამიანი ნსხვავდება მეორისაგან. სტალინზე ბევრი დაიწერა, მაგრამ მისი პიროვნება დარჩა მაინც გამოუცნობელი, რა ატოკებს რით სულდგმულობს, რა ამოქმედებს და აბრძოლებს მას - აი ამ საკითხების გამუქება მოგვცემს ამ ფიგურის სრულ დახასიათებას.
ეს იყო 1898 წლის დამლევს, მე ვიყავი „კვალის“ ხელმძღვანელი. ერთ დღეს რედაქციაში შემოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გამეცნო: ჯუღაშვილი, სასულიერო სემინარიის მოწაფე, და მთხოვა მოსმენა. დაიწყო: მე ვარ თქვენი ჟურნალის და თქვენი წერილების ერთგული მკითხველი; ყველა ეს ჩემზე ახდენს დიდ შთაბეჭდილებას და გადავწყვიტე სემინარიის დატოვება და ამ აზრების მუშათა შორის გატანა. მოვედი თქვენთან რჩევის მისაღებათო.
მე ეს მისი გადაწყვეტილება მომეწონა, თფილისის სოც.-დემოკ. ორგანიზაციას პროპაგანდისტები აკლდა და ვიფიქრე ამ ერთ კაცს შევსძენ. მაგრამ სანამ ჩემს რჩევას მივცემდი, მსურდა გამეგო თუ რა გონებრივი საგზალი აქვს და ჩამოუგდე ლაპარაკი სხვადასხვა საკითხებზე ისტორიიდან, სოციალოგიიდან და პოლიტიკური ეკონომიიდან. ნახევარი საათის მუსაიფის შემდეგ ჩემთვის აშკარა გახდა რომ ამ ყმაწვილს ყველა ამ დარგზე სრულიად ზერელე წარმოდგენა აქვს, მთელი მისი საპრაპაგანდო ავლადიდება ამოიწურება „კვალის“ სტატიებით და კაუცკის ერფრუტის პროგრამით. და გამოუცხადე: ჩვენი მუშები მეტათ ცნობის მოყვარენია, დაგისვამენ მრავალნაირ საკითხებს, თუ პასუხი ვერ მიეცით ან მრუდეთ მიეცით ავტორიტეტი დაგეკარგებათ და აღარ მოინდომებენ თქვენს მოსმენას. ჩემი რჩევაა: დარჩეთ კიდევ ერთი წელი სემინარიაში, ხელი მოკიდეთ თვითგანვითარებას და საჭირო ცოდნის შეძენას. ახლა თქვენ უზრუნველყოფილი ხართ მატერიალურათ და მაშასადამე მთელ დროს მოანდომებთ ამ საქმეს. ამასთანავე დაუსახელე წასაკითხავი და შესასწავლი წიგნები. ამაზე პასუხი არ მითხრა, დავფიქრდებიო და წავიდა.
გავიდა ექვსი თუ მეტი თვე. ეს ვიზიტი კიდევაც გადამავიწყდა. ერთ საღამოს შემოდის ჩემთან თფილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ს. ჯიბლაძე, მეტათ გაჯავრებული: ყაზირალი, ამბობს ის, ჩვენ ვუთხარით პროპაგანდა ეწარმოებია მთავრობის და კაპიტალისტების წინააღმდეგ, ის კი თურმე პროპაგანდას აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ! მე ვერ გავიგე ეს ქარაგმა და ჩავეკითხე, ვისზე და რაზე ჯავრობს. სილვამ ამიხსნა: ერთი ახალგაზდა მივიღეთ პროპაგანდისტათ, ჩავაბარეთ წრე და ახლა გავიგეთ რომ ეს წრე გადაუკიდებია კომიტეტზე, ითხოვს მის დაშლას... გვარი არ ახსოვდა, სოსოს ვეძახითო. მაგრამ როცა ამიწერა მისი გარეგნობა, ვუთხარი - ვიცნობ, ეს ჯუღაშვილია, გორელი და მოუყევი მისი ჩემთან მოსვლის ამბავი. სილვას მეტათ გაუკვირდა და მისაყვედურა - ეს ჩემთვის გეთქვა, მას არ მივიღებდით, უვიცი ხალხი პროპაგანდისტათ არ აგვყავსო, მაგრამ ამასთანავე დაუმატა: ალბათ სალაპარაკო მასალა დაელია წრეში და ჩვენი გინებით შეავსო. ეს იყო დანაშაულობის შერბილება, ახსნა მისი განუვითარებლობით და არა პირადი მოტივებით. სოსოს ჩამოართვეს ეს წრე და გადაიყვანეს რკინისგზის რაიონში.
ამ დროს თფილისის ორგანიზაციის წყობა იყო შემდეგი: ქალაქი იყოფოდა რამოდენიმე რაიონათ; თვითეული რაიონი შეიცავდა რამოდენიმე არალეგალურ წრეს, წოდებულს იაჩეიკათ; წრეს აარსებდა მოწინავე მუშა თავისი ნაცნობი მუშებისაგან და ითვლებოდა მათ ორგანიზატორათ. წრეთა მეთაურნი ადგენდენ რაიონის ცენტრს, ხოლო რაიონთა წარმომადგენელნი ადგენდენ თფილისის ცენტრს ანუ კომიტეტს. ვინაიდან ორგანიზატორები იყვენ მუშები, ამიტომ თავისთავათ ყველა ეს ცენტრები შესდგებოდა მუშებისაგან, ხოლო პროპაგანდისტებს ისწრებდენ სხდომაზე სათათბირო ხმით. ერთათერთი ინტელიგენტი, რომელიც კოოპტაციით მოიწვია კომიტეტმა გადამწყვეტი ხმით იყო სილვა, მაგრამ ის იყო არა მარტო საუკეთესო პროპაგანდისტი, არამედ საუკეთესო ორგანიზატორიც.
ასეთ წყობას ვერ შეურიგდა ჩვენი ახალგაზდა სოსო. ახალ რაიონში და ახალ წრეში მან განაგრძო ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შექმნა თავისი საკუთარი ჯგუფი და გამართა პიროვნული კამპანია სილვას წინააღმდეგ. ბოლოს კომიტეტმა დაადგინა მისი გასამართლება, მოიწვია თავის სხდომაზე, მოსთხოვა თავისი ბრალდებათა საბუთები და ერთხმათ გადასწყვიტა: გამოირიცხოს ორგანიზაციიდან როგორც გაუსწორებელი ინტრიგანი. სოსო იძულებული გახდა დაეტოვებინა თფილისი და წავიდა ბათუმში.
ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო პარტია, არც რაიმე საერთო ცენტრი, თვითეული ქალაქი თავისთვის აწყობდა ორგანიზაციებს და აწარმოებდა მუშაობას თავისი საკუთარი პასუხის მგებლობით. ამიტომ ერთი ქალაქიდან გაძევებული პროპაგანდისტი ან ორგანიზაციის წევრი, ადვილად შედიოდა სხვა ქალაქის ორგანიზაციაში. ამნაირათ, სტალინმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო მცირე ცოდნით და დიდი პრეტენზიით. ამ ყმაწვილმა თავიდანვე მოინდომა ლიდერობა და რადგანაც საამისო არავითარი დამსახურება არ მიუძღოდა, გადასწყვიტა ლიდერების დამცირებით თავისი პიროვნების გადიდება. ის არ იყო ორატორი, ლაპარაკობდა მონოტონურათ, გაზეპირებულივით და მხოლოდ მაგარი სიტყვების ხშირი ხმარებით იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას. არ იყო მწერალი, პრინციპებისა და დირექტივების საჯარო მქადაგებელი და დამცველი. დარჩა ერთადერთი სფერო, სფერო ორგანიზაციული, სადაც ის საფუძვლიანად ჩაჯდა და გადასწყვიტა მისი საშვალებით სათავეში მოქცევა. აქ კი მან გამოიჩინა იშვიათი სიმტკიცე, გაბედულება და ერთგულება. ბათუმში გვერდი აუხვია იქაურ ხელმძღვანელთ, კ. ჩხეიძეს და ის. რამიშვილს, დაბინავდა მუშათა რაიონში, დაიწყო თავის გარშემო მათი შემოკრება. მაგრამ მისი ძირითადი თვისება, პირადი ამბიცია ამ მუშაობასაც ხელს უშლიდა, აჩქარებდა და თფილისურ მეთოდს არ ავიწყებიებდა. ყველა მოწინავე პირი აითვალისწუნა, ყველა მათ აბრალებდა ლაჩრობას, უუნარობას, უკან დახევას და ხალხს მოუწოდებდა პირდაპირ ქუჩაზე გამოსვლას. ორგანიზაციაში მან შექმნა თავისი საკუთარი პირადი ორგანიზაცია, რომელიც მას მორჩილებდა სავსებით და არც რაიმე პასუხს აგებდა კომიტეტის წინაშე. საიდუმლო ორგანიზაციაში ასეთი საიდუმლო მუშაობის შედეგი იყო მუშების მანიფესტაცია ციხის წინ და მათი დახოცვა. ასეთ ტაქტიკას იმ ხანად ორგანიზაციები არ ადგენ და ეს გამოსვლა მოინათლა პროვოკაციის სახელით. სოსოს აღარ დაედგომილებოდა ბათუმში, მას მუშები აღარ იკარებდენ; მისდა საბედნიეროდ დაიჭირეს და გადაასახლეს, რამაც რამოდენიმეთ ასწია მისი პრესტიჟი და პროვოკატორის სახელი მოხსნა.
1903 წ. ზაფხულში საქართველოში ხმა გავარდა პარტია გაიყო კონგრესზე, ბოლშევიზმი აღორძინდაო. სოსო, უკვე კობად გადაქცეული და ციმბირიდან გამოქცეული, მაშინვე მიემხრო ლენინს. ის ბოლშევიზმამდე იყო ბოლშევიკი, არა თეორიული მოსაზრებით, არამედ თავისი ბუნებით, ხასიათით და ამბიციით. როგორც კი ახლა ლენინში ნახა ამ მისი მიდრეკილების თეორიული დასაბუთება, მუშათა კლასის „თავდადებული რევოლიუციონერების მიერ“ ხელმძღვანელობის აუცილებლობა, შედგენა პარტიის არა მუშების, არამედ მუშებისათვის სოციალისტური ინტელიგენციის მეთაურობით - ყველა ეს ლენინის ახალი სახარება სავსებით უდგებოდა კობას პსიქოლოგიას და თავიდანვე მას დაეწაფა. მან იცნა ერთათ ერთი ლენინი თავის ლიდერათ და ხელმძღვანელათ.
ერთი სიტყვით, დემოკრატიულ და ოტორიტარულ საორგანიზაციო მიმდინარეობათა შორის აირჩია უკანასკნელი და შეუდგა ჩვენი ორგანიზაციების მის ნიადაგზე გადაყვანას. მაგრამ აქ ის შეეხეთქა ქართველი მუშათა კლასის დემოკრატიულ სულისკვეთებას, მის წმინდა მუშურ ორგანიზაციულ წყობას. მის დიდი ხნის თვითმოქმედების ტრადიციას და დამარცხდა. ბოლშევიკური მიმდინარეობა გადაიქცა ვიწრო წრის კუთვნილებათ. კობა ჩაიკეტა თავის ფრაქციაში და იშვიათათ გავიდოდა მუშათა კრებებზე მენშევიკებთან საკამათოთ. მისი მონოტონური სიტყვა მართლა ხატავდა მის გულისნადებს თუ ლაპარაკობდა ერთს, ფიქრობდა მეორეს - მისი მსმენელი ვერ მიხვდებოდა. მისთვის სიტყვა იყო მხოლოდ საშუალება მენშევიკის ჩასაქოლავათ, ხოლო მის სისწორეს და სიმართლეს სრულიად არ დაგიდევდა. ჭიათურის მთელი მუშათა კლასი ააღელვა ერთმა მის გამოსვლამ, სადაც ის მოუწოდებდა მიტინგს იქ დამსწრე მენშევიკების ფიზიკურათ ჩასაქოლავათ. ის ყოფდა მებრძოლთ ორათ: მის მორჩილთ და მის მოწინააღმდეგეთ; ვინც მას არ ემორჩილებოდა, მისი მტერია.
საქართველოს ბოლშევიკთა შორის ამ დროს უკვე ყალიბდება ორი მიმდინარეობა: პოლიტიკური, შაუმიანის მეთაურობით, და ყაჩაღურ-ბანდიტური სტალინის მეთაურობით. მათ შორის გაჩაღდა შინაური ძმათა ბრძოლა, ერთი მეორის აბუჩად აგდება, და დაუსრულებელი პიროვნული მეტოქეობა. სტალინმა შექმნა თავის საკუთარი ჯგუფი, მისი სავსებით მორჩილი და მასზე დამოკიდებული. ამ ჯგუფში შედიოდენ მხოლოდ „დამკვრელები“, მაუზერისტები, რომელთა დანიშნულება იყო არა პოლიტიკა, არამედ „ექსი“, ხაზინის ცარცვა. ნაშოვარ ფულებს უგზავნიდნენ ლენინს, ხოლო თვით სტალინი რჩებოდა ისევ უფულოთ, ღარიბად ჩაცმული, გაჭივრებულათ მცხოვრები და მუდამ თავის პოსტზე მდგომი. ამით ის დიდათ განირჩეოდა ყველა სხვა ბოლშევიკ-ინტელიგენტისაგან, რომელნიც მუდამ ეძიებდენ თფილ ადგილს და გამორჩენას, უყვარდათ კარგი ცხოვრება (შაუმიანი, მახარაძე, მდივანი, ქავთარაძე და სხ.). ის თავის ერთგულ ჯგუფსაც სთვლიდა მხოლოდ საშუალებათ, მიზნის მისაღწევ იარაღათ; მან არ იცოდა არავითარი მეგობრობა და ამხანაგური დამოკიდებულება. როგორც კი ამ ყარაჩოღლური ჯგუფის მთავარი წევრი, კ. ცინცაძე, მას ყველაფერში არ დაემორჩილა, თავის საკუთარი აზრის გაბედულობა დაურჩა, სტალინმა ის ხელათ გადაასახლებია და მან ციმბირში უმწეოთ დარჩენილმა სული დალია. ბოლშევიკურ გაზეთებმა მისი დაკარგვა არც კი მოიხსენიეს. სტალინი არასოდეს არ ყოფილა ვინმეს მეგობარი და არც დღეს შეიძლება იყოს. მისი ძირითადი მიდრეკილებაა - იყოს ბატონი, მბრძანებელი, წრის, პარტიის თუ სახელმწიფოს, სადაც კი ამას შესძლებს. მაგრამ არასოდეს სხვისი თანასწორი, სხვაზე დამოკიდებული. ის ეწეოდა ორგვარ კონსპირაციას: ერთს, საერთოს, მთავრობის წინააღმდეგ, მეორეს, კერძოს, პიროვნულს, თავის მეტოქეთა წინააღმდეგ.
ქართველი ბოლშევიკების სულისკვეთება ნათლად გამოირკვა 1905 წ. რევოლიუციაში. როგორც კი ხალხი აშკარათ გამოვიდა და გამარჯვება მოიპოვა, ბოლშევიკები ამ ტალღაში გაქრენ, აღარ ჩანდენ, ვერც ერთ დიდ მომენტში თვალსაჩინო მონაწილეობა ვერ მიიღეს. დაიწყო რეაქცია, თფილისი სამხედრო წესებზეა, მხოლოდ მუშათა უბანში, ნაძალადევში, ჯერ კიდევ ვერ ბედავენ შეჭრას და მის აკლებას. შეიკრიბა ორგანიზაცია ნაძალადევის მოედანზე, დაესწრენ ბოლშევიკებიც სტალინის მეთაურობით. ბჭობა სწარმოებდა საჯაროთ. მენშევიკურ კომიტეტმა შემოიტანა წინადადება - დაუყონებლივ ორგანიზაცია გადაეწყოს არალეგალურ საფუძველზე და გავნაგრძოთ ბრძოლა მოწოლილ რეაქციასთან. სტალინი შეებრძოლა ამ უკანასკნელ აზრს: საქმე წაგებულია, ჩვენ დავიმალოთ, თავი შემოვინახოთ, ხალხი თავის თავს უჩვენოთაც მოუვლისო. ატყდა დიდი კამათი. ჩვენ ვიცავდით ხალხთან ჭირშიაც დარჩენას, მის გვერდით ყოფნას და ბრძოლას და მით პარტიის პრესტიჟის და გავლენის განმტკიცებას. გავიდა ეს წინადადება წინააღმდეგ ბოლშევიკებისა, რომელნიც გავიდენ კრებიდან და მართლაც გადაიმალენ. ისინი აღარსათ არ გვინახავს.
ქართველი ბოლშევიკი, რუსის ბოლშევიკთან შედარებით, ყოველთვის იყო მეტათ მხდალი, დაშინებული და ყველა გაჭივრების დროს ბრძოლის ველის მიმტოვებელი და გაქცეული. მუშა ბოლშევიკები კი არ განირჩეოდენ მენშევიკ-მუშებისაგან, მაგრამ მათი რიცხვი იყო მეტათ მცირე. როცა ისინი ნაძალადევის მოედანზე ბრძოლის მიტოვებას და გაქცევას გვირჩევდენ, რუსის ბოლშევიკები კი მოსკოვში ბარიკადებზე იბრძოდენ. ქართველი ბოლშევიკების თვისებაა აგრეთვე უსაშველო ტრაბახობა და თავისთავის განდიდება. ეს თვისება ახლა, მათი ბატონობის ხანაში, გადაიქცა წყაროთ დაუსრულებელი ყალბი მოგონებისა, სადაც მენშევიკების ნამუშევარი მიწერილია ბოლშევიკებისათვის. საკმარისია ერთი მაგალითი.
ნაძალადევის პარტიული კრება როგორც კი დაიშალა, კომიტეტმა გამოყო განსაკუთრებითი ორგანო რეაქციასან ბრძოლის სამეთაუროთ. ამ ორგანომ პირველსავე კრებაზე დაადგინა - მოიკლას რეაქციის მეთაური ნამესტნიკის სამხედრო თანაშემწე გრიაზნოვი და ამ საქმის ასრულება მიანდო თავის თავმჯდომარეს ს. ჯიბლაძეს. მან გამონახა შესაფერი კაციც და დადგენილება სისრულეში მოიყვანა. ახლა კი მთელი ეს საქმე ბოლშევიკებმა მიაწერეს კობას! მისმა ფარეშმა კ. ცინცაძემ ამ მიზნით მთელი ზღაპარი შესთხზა და დაბეჭდა.
ამ ნაირათ, პირველ რევოლიუციაში აშკარათ გამოირკვა ქართველი ბოლშევიკების ხალხისაგან მოწყვეტა და თავის ვიწრო ჯგუფში ჩაკეტვა. ამიტომ რა გასაკვირალია, მათ დაკარგოდათ ყოველივე გავლენა ხალხში და სექტათ გადაქცეულიყო. ეს რასაკვირელია, ხელს არ უშლიდა ამ სექტაშიაც ყოფილიყო მუდმივი შუღლი სტალინს და მახარაძეს შორის პირველობისათვის. მათ შორის ისე გამწვავდა ურთიერთობა, რომ ერთხელ სილვას ბინაზე ერთი მეორეზე წაიწიენ და მასპინძელს მოუხდა მათი გაზავება. სტალინი იძულებული გახდა გადასულიყო ბაქოში და იქ რუსის მუშებს შორის მოეპოვებია შესაფერი ნიადაგი, მაგრამ აქ ის შეეჩეხა ბოლშევიკური ორგანიზაციის ლიდერს შაუმიანს და მათ შორის გაჩაღდა მორიგი კინკლაობა პირველობისათვის.
ყველა ბოლშევიკ-ინტელიგენტის საერთო თვისებაა თავიდანვე - ძალაუფლების ხელში ჩაგდება რითაც კი შეიძლება. ეს წყურვილი სხვისი მართვის იმ ხანათ მომწყვდეული იყო პარტიის ფარგლებში. ორი ლიდერობაზე პრეტენდეტი, შაუმიანი და სტალინი, შეიტაკენ. პირველი იყო ანჩხლი, იცოდა გულის მოსვლა კამათში, კრების დატოვება, შემობრუნება, პირში მთქმელი, გულწრფელი. კობა კი, პირიქით, გულჩახოული, აუჩქარებელი, დინჯი, ხმასაც კი არ აიმაღლებდა, რაც ფიქრობდა არავინ იცოდა, შეურაცხყოფაზე მაშინვე არას გიპასუხებდა, მაგრამ ის არ ავიწყდებოდა და უცდიდა მოთმინებით ხელსაყრელ მომენტს სამაგიეროს გადასახდელათ. ამ ორი პიროვნების ბრძოლის ხანაში, დაიჭირეს შაუმიანი. მისმა მომხრეებმა ხმა გაავრცელეს სტალინმა დააბეზღაო. რამოდენიმე წლის შემდეგ შაუმიანს შევხვდი და ვკითხე, რამდენათ საფუძვლიანი იყო ეს ხმები, მან მიპასუხა: მე ახლაც დარწმუნებული ვარ მის სიმართლეში, საბუთიც მაქვს; როცა ჩავერიე გახსნა: მე მქონდა ერთი მეტათ კონსპირატიული ბინა, სადაც ხანდახან ღამეს ვათევდი, მისი მისამართი იცოდა ერთათ-ერთ კობამ, როგორც კი დამიჭირეს, მკითხეს ამ ბინის შესახებო.. მთელი ეს ბრალდება საეჭვოთ მიმაჩნდა და მიმაჩნია; საყურადღებოა ეს მხოლოდ იმ მხრით, რომ სტალინს მისი უახლოვესი თანამებრძოლნი თვლიდენ ისეთ პიროვნებათ, რომელიც პირადი ამბიციის დასაკმაყოფილებლად არავითარ საშუალებას არ დაერიდება.
პარტიის გაერთიანებიდან (1906 წ.) ამიერ კავკასიის პარტიული ორგანიზაციები ხშირათ მართავდენ საერთო ყრილობებს, მაგრამ არც ერთ ამათგანზე სტალინი არ გამოუგზავნიათ დელეგატათ, მას მისი ფრაქცია პოლიტიკურ მანდატებს არ აძლევდა. ხოლო შაუმიანი და სხვები კი ხშირათ ესწრებოდენ. კობაც არ იყო ამით დიდად შეწუხებული, ყველა ეს კრებები სიტყვის რახა-რუხათ მიაჩნდა და კმაყოფილდებოდა თავისი ერთგული ყარაჩოღლური ჯგუფით, რომელსაც საექსო საქმეებზე აგზავნიდა (ჭიათურა, კოჯორი, თფილისი, გორი და სხვ.), თვითონ კი კულისებში რჩებოდა, გამკარგულებლათ. ის პარტიის ორ ყრილობაზე - სტოგჰოლმის და ლონდონის - გამოცხადდა მანდატით, მაგრამ ორივე შემთხვევაში მისი მანდატები ყალბი აღმოჩნდა და მხოლოდ სათათბირო ხმით დაუშვეს. მაგრამ ექსების მეოხებით ისეთი ნდობა დაიმსახურა ლენინის, რომ ზოგ ჭუჭყიანი საქმეების გაკეთებას მას ანდობდა, როგორიცაა მაგალ. მესამე დუმის ს. დ. ფრაქციის გათიშვა, აყალ-მაყალის ატეხა და სხვა.
აი ეს სტალინი, პატარა ცოდნით და დიდი ამბიციით, ფრაქციულ და ჯგუფურ ბრძოლაში გამობრძნილი, შევიდა 1917 წ. რევოლიუციაში, პეტროგრადში. ის პირველი გაყვა ლენინის ახალ გზას. ძველი ბოლშევიზმის გაუქმებას და კომუნისტური პარტიის დაარსებას და მით დაიმსახურა მფარველისაგან შესაფერი ჯილდო - პარტიის მდივნობა. ეს თანამდებობა ლენინის სიცოცხლეში უბრალო ტექნიკური ფუნქცია იყო, ლიდერის ნება-სურვილის ამსრულებელი.
ლენინის გადაცვლამ დააყენა მის მემკვიდრეობის საკითხი. ბუნებრივი პრეტენდენტები იყვნენ ლენინის ძველი თანამებრძოლნი - ზინოვიევი, კამენევი და ახლათ გალენინებული ტროცკი. მაგრამ განიდან ამავე მემკვიდრეობას უთვალთვალებდა ქართველი ყარაჩოღელი. მათ შორის გაიმართა ბრძოლა.
რით შეეძლო სტალინს ამ ბრძოლის მოგება? მას არ ქონდა არც პოლიტიკური, არც ლიტერატურული, არც მორალური ავტორიტეტი; პარტიის ფართე წრეები მას არც კი იცნობდენ. მისი მონაწილეობა სამოქალაქო ომში არავითარ უპირატესობას არ აძლევდა მრავალ სხვა თანამებრძოლებზე. დარჩა ერთათ ერთი გზა, გზა ნაცადი, უტყუარი, დავის გადამწყვეტი, გზა ორგანიზაციული აწყობის და ჩაწყობის. პარტიის უმრავლესობა უნდა მომხრობოდა სტალინს და ის ეღიარებია ლიდერათ. როგორ?
ლენინი სტალინივით უარყოფდა ხალხის სუვერენობას, მასის დემოკრატიას, მაგრამ აღიარებდა თავის პარტიის დემოკრატიას, პარტიის შიგნით თავისუფალ დისკუსიას და ხმის უმეტესობით საკითხების გადაჭრას. ის არაერთხელ ყოფილა უმცირესობაში თავისავე ფრაქციაში; მაგრამ მას არასოდეს არ უცდია თავისი ფრაქციის თუ პარტიის „გაწმენდა“, ე.ი. ურჩთა განდევნა და თავისი მომხრე უმრავლესობის ხელოვნურათ შეყენება. ის მაინც რჩებოდა ლიდერი. მიუხედავათ ყოველნაირი უთანხმოებისა.
სტალინმა სავსებით შეაბრუნა ეს ლენინური პარტიული დოქტრინა და გადასწყვიტა ორგანიზაციული ზომებით თავისი საკუთარი პარტიის შედგენა. მან სავსებით მიიღო ლენინის დებულება - მე უნდა ვმართო ქვეყანა პარტიის საშუალებითო, მხოლოდ ამისათვის აუცილებელი გახდა თვით პარტიის მისადმი ერთგულება. მისთვის დამორჩილება. ხოლო ეს კი შესაძლებელი იყო ორგანიზაციულ-პოლიციური ზომებით. ამ მიზნით მან დაიწყო მოსკოვიდან დანიშვნა ყველა საგუბერნიო და საქალაქო პარტიული ცენტრების სეკრეტრების, ხოლო ეს სეკრეტრები ნიშნავდენ თავის მხრივ ყველა მათი ხელქვეითი ორგანიზაციების მდივნებს. ესენი კი აღჭურვილნი იყვენ განუსაზღვრელი უფლებებით არა მარტო პარტიის, არამედ ყველა სფეროებში. პარტიული ყრილობის შემადგენლობა ამით წინასწარ ისაზღვრებოდა. ის შედგებოდა სტალინის აგენტებისაგან. თავისი სეკრეტარიატი მან გადააქცია პოლიციის დეპარტამენტათ, რომლის მხედველობაში დააყენა მთელი პარტია. თვითეულ ცნობილ ბოლშევიკზე აქ დგებოდა მთელი „საქმე“. ვინ როდის რას აკეთებდა, ვინ საეჭვო ღირსების იყო და სხ. ურჩს მოიხმობდა და პირველ გაფრთხილებას აძლევდა, როგორც კი ძველ ბოლშევიკს პეტროვსკის თავისი აზრი გამოაჩნდა პარტიულ საკითხებზე, გამოიწვია სტალინმა და გამოუცხადა: შენზე ცუდი ცნობებია, ისპრავნიკთან გიქეიფია, ფრთხილათ იყავი, თავს მოუარე... შეშინებულ პეტროვსკის ენა მუცელში ჩაუვარდა. ოპოზიციონერობა ხელათ გაუქრა. (სტალინი რასპუტინივით ყველას შენობით ელაპარაკება). პარტიის მე 14 ყრილობაზე (1925 წ.) ზინოვიევი ამაოთ ითხოვდა - „მიეცეს ლენინგრადის ორგანიზაციას უფლება თავისი ხელმძღვანელების არჩევის“-ო. სტალინურათ ჩაწყობილმა ყრილობამ ურას ძახილით დაადასტურა თავის შეფის ნაბიჯები. ასე გამოაცალა ხელიდან ლილოელ გლეხმა მსწავლულ ლიდერებს პარტია და მით მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობა. ეს მოხდა არა სტალინის დიდკაცობით, არამედ მოწინააღმდეგეთა სიგლახაკით.
და მართლაც, პირისპირ იდგენ ერთი მხრით სტალინი, კაცი მშრალი გულის, ვიწრო ჭკუის, უზომო ამბიციის, ძლიერი ნებისყოფის, მტკიცე ხასიათის და ქართულ ორგანიზაციებში გამოცდილი. მეორე მხრით ლიტერატორები, მუდმივი ემიგრანტები, ჟენევის და ვევეს ქუჩების მუდმივი მტკეპნელნი და საწერ-კალამით თავის შემქცევნი. არც ერთ მათგანს მონაწილეობა არ მიუღია პრაქტიკულ რევოლიუციურ მუშაობაში, არ აუწყვია არც ერთი არალეგალური ორგანიზაცია, არ მოდიოდენ უცხოეთიდან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებათ, ერთი სიტყვით, არ ქონდათ არავითარი სტაჟი არც ორგანიზატორის, არც პროპაგანდისტის, არც აგიტატორის, არავითარი გარდა, ლიტერატორობისა. ტროცკის უეცარი ხანმოკლე მუშაობა პეტროგრადის მუშათა საბჭოში 1905 წ., დაჭირვა, გადასახლება და გაქცევა ვერ მისცემდა მას ორგანიზაციულ გამოცდილებას. ჯუღაშვილს ეს ხალხი თავიდანვე ეჯავრებოდა, როგორც მოლაყბენი, მოშიშარნი და ბრძოლის ველიდან გაქცეულნი. მართალია ლენინიც მუდმივი ემიგრანტი იყო, მაგრამ ის იყო არა მარტო ლიტერატორი, არამედ ამასთანავე პარტიის მთავარი ორგანიზატორიც. საზოგადოთ, საქართველოს სოც.-დემ. ორგანიზაციებში საქმის ბატონათ და პატრონათ თვლიდენ ადგილობრივ მომუშავეთ, ხოლო უცხოეთში გახიზნულ ამხანაგებიდან მხოლოდ ლიტერატურას ღებულობდენ. თვით ადგილობრივ ციხეებში დამწყვდეულ ამხანაგებსაც კი, რაგინდ დიდი ლიდერი ყოფილიყო მათ შორის, არ ეკითხებოდენ პრაქტიკულ რჩევას, ბრძოლის და მოქმედების დირეკტივებს, სტალინმა ამ საერთო შეხედულობას მიუმატა თავისი პირადი თვისებები, პიროვნული ამბიცია და სამეტოქეო შუღლი. განსაკუთრებით მას ეჯავრებოდა ტროცკი, რომელსაც უწოდებდა „დიდი ფრაზის და მცირე საქმის“ კაცს. ეს შეხედულობა სავსებით გაამართლა მან რევოლიუციის პერიოდში. ტროცკის სრულიად უსაბუთოთ დაუვარდა სახელი „დიდი ორგანიზატორის“. ეს ეჩვენებოდა საზოგადოებას ამნაირათ ლენინის დროს, ე.ი. ასეთი იყო თვით ლენინი, რომლის ხელმძღვანელობით მუშაობდა ტროცკი. მაგრამ როგორც კი ეს ბჭე გამოეცალა, ულენინოთ დარჩა, დარჩა ის უმწეოთ, მოკლებული ნებისყოფას, გადამჭრელ მოქმედებას, ფრაზების და სიტყვიერების დაუხსნელ ტვეთ. მის ხელში იყო მთელი ძალა, მთელი მხედრობა, ხოლო სტალინმა ისე გამოაცალა ხელიდან ეს ძალა, მთელი პარტია, რომ არც კი შეუტყვია მოსკოვიდან, და შემდეგ რუსეთიდან, გამოძევებამდე. სტალინს იძულებითი აპარატები, ტროცკი-ზინოვიევის კამპანიას ცარიელი სიტყვები. პრაქტიკი და თეორეტიკები შეიტაკენ პრაქტიკულ საკითხებში და გამარჯვება დარჩა პრაქტიკს. ეს სრულიად ბუნებრივი, ლოღიკური მოვლენაა. ქართველმა თხამ რუსის დათვები დაჭამა. ის რაც ვერასოდეს ვერ მოაწყო საქართველოში, ჩინებულად მოაჭახრაკა რუსეთში. და ეს მოახდინა მან იმავე მეთოდით, რომელსაც ხმარობდა საქართველოში. პარტიაში შეექმნა საკუთარი ორგანიზაცია, მორჩილი, ვიწრო, მაგრამ მომქმედი აპარატი, აპარატი ყოვლად შემძლე სეკრეტრების და მისი საშუალებით დაეპატრონა პარტიას, ხოლო პარტიის საშუალებით სახელმწიფოს. რასაკვირველია, მის წინააღმდეგ გამოჩენილიყო მოსკოვში ვინმე ორგანიზატორი, მსგავსი ნ. ხომერიკისა და ნ. რამიშვილისა, ის აქაც ისე დამარცხდებოდა, როგორც დამარცხდა სამშობლოში. მაგრამ მის წინააღმდეგ დარჩენ გამოუცდელი, უხერხემალო ემიგრანტები და ამ უძაღლო ქვეყანაში ქართული კატა აყეფდა.
ამნაირათ, სტალინის გამარჯვება ნიშნავს პარტიის პრაქტიკი - ყარაჩოღლური ფრთის გამარჯვებას და პოლიტიკურ კულტურული ფრთის დამარცხებას. პარტიაში გადამჭრელი როლი მიენიჭა არა აზრს, სწორ პრინციპებს, არამედ ძალას, რევოლვერს. პარტია გადაეწყო ამ პოლიციურ ხაზზე: ერთათ შემოკრბენ ცნობილი მაუზერისტები, მტლანქი ძალადობის თაყვანის მცემელნი, გამოსარჩენი ადგილის და კარგი ცხოვრების მაძიებელნი. ყველა გამოჩენილი უცნობი, სხვისი ჭირის-ღობეს ჩხირის მღაღადებელნი. ეს მაგრათ შეკრული საზოგადოებაა, უფრო მაგრათ ვინემ იყო ნაპოლეონ მესამის „10 დეკემბრის საზოგადოება“. ის შეიცავს პარტიის არა უმეტეს ათი პროცენტისა, მხოლოდ მის ზედაფენას, რომლის განკარგულებაშია ყველა დანარჩენი პარტიელები. ლენინური პარტია, პარტია თავისუფალ ადამიანთა, დიდი ხანია მოისპო, მისი ალაგი დაიჭირა სტალინის პარტიამ, არათავისუფალ ადამიანთა კრებულმა, მეთაურის ბრძანების ყურმოჭრილ ამსრულებელმა, გეპეუს განუმკითხავ განკარგულებაში მყოფმა. ე.ი. პარტია როგორც ამნაირი არ არსებობს. ის რასაც პარტიას ეძახიან ფიქციაა, რეალობაა სტალინი, მისი ამალა და გეპეუ. პიროვნული დიქტატურა გამეფდა. ახლა კი აშკარაა, რომ არც ეს დაპყრობილი პარტია აკმაყოფილებს მას და მიილტვის მისი სრული ლიკვიდაციისაკენ. ის ეძებს თავის დასაყრდნობს „უპარტიო ბოლშევიკებში“, ე.ი. გეპეუსა და ჯარში.
ამნაირათ, სტალინს ამოძრავებს, ატოკებს ერთათერთი მიზანი - ბატონობა, ადამიანთა მართველობა. მას სრულიად არ აინტერესებს ადამიანი როგორც ამნაირი, მისი ყოფა-ცხოვრება, მისი ინტერესები და მოთხოვნილებანი; ის მისთვის არის მხოლოდ მასალა, საფეხური, რომლითაც უნდა ამაღლდეს და თავზე დააჯდეს. და ეს არა პირადი გამორჩენისათვის, კარგი ცხოვრებისათვის, მსგავსათ მთელი მის ირგვლივ თავმოყრილი „საზოგადოებისა“, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავის ამბიციის დასაკმაყოფილებლათ, თავისი სულის დასამშვიდებლათ, თავისი ბატონობის წყურვილის მოსაკლავათ. ადამიანთ მოდგმა მას ჭირივით ეჯავრება და რაც უფრო კისერს მოუგრეხს მას მით მეტ დაკმაყოფილებას პოვებს. მან არ იცის მხიარულება, იცინის იშვიათათ, მისი სიცილი ნაღვლიანობას გავს. მისთვის „კვალს“ არ აერია ბუნებრივი გზა უეჭველია იქნებოდა სადმე უდაბნოში დაყუდებული ბერი, კაცთმოძულე და მიზანტროპი. რაკი ეს გზა მას დაეკარგა და გახდა ადამიანთა „მწყემსი“ - ასრულებს ამას თანახმათ თავისი ბუნებისა, ადამიანისადმი ზიზღით, თავისი პრეტენზიების უსაშველოთ გაბერვით, როგორც ძუნწს უხარია ფულის მოგროვება და შენახვა, ისე სტალინს უხარია რაც შეიძლება მეტი უფლების თავის ხელში დაგროვება და მისი შენახვა. ეს პროცესი თავისთავათ იტაცებს და ასულდგმულებს; ის ამის ფანატიკია, რაც კი ამ გზაზე მას გამოადგება, მისი სათაყვანო საგანია. აქ მან დახევა არ იცის; პიროვნულათ უანგარო, პოლიტიკურათ ყოვლად უმორალოა, ყველა საშუალება მისთვის მისაღებია. მას ყოველთვის ქონდა სია იმ ამხანაგებისა, რომლის გავლენა პარტიაში უნდა დაეცა; ახლა როცა ხელთ უპყრია სახელმწიფო ძალა, ყოველთვის აქვს სია ნამდვილი თუ მოსალოდნელი კონკურენტებისა და თან გათვალისწინებული აქვს როდის ვინ ამათგანი უნდა მოკვდეს. ის არის ტიპი ცეზარი ბორჯიასი, დაუნდობელი, დაუზოგველი, გაუტანელი. ყველა მის მიერ გატარებული ზომა - ეკონომიური, ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური - მიზნათ ისახავს არა ხალხის კეთილდღეობას, არამედ თავისი ხელისუფლების გამაგრებას და გახანგრძლივებას. ამ ხაზზე გააკეთებს მრავალნაირ მიხვევ მოხვევას ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მასში დგას სული ძველი დესპოტების.
ახლა მგონი გასაგებია რათ დასჭირდა სტალინს ცნობილი ბოლშევიკების 16 თავი და დასჭირდება კიდევ მრავალი.
არისტოტელის თქმით კორინთის ტირანს პერიანდრის მოუვიდა მოციქული მილეთის ტირანისაგან - მასწავლე როგორ შევინარჩუნო ძალაუფლებაო. პერიანდრიმ პასუხის მიცემის მაგიერ წაიყვანა ის პურის ყანაში და მაგრატლით გადასჭრა თავები ყველა იმ პურის ღეროებს, რომელნიც სხვებზე მაღლა გაზრდილიყვენ. მოციქულმა ეს ამბავი გადასცა თავის ბატონს და ისიც მიხვდა ტირანიის საიდუმლოებას.
სტალინი, მარქსის მოწაფეთ გასაღებული, ნამდვილათ აი ამ პერიანდრის ერთგული მოწაფეა. მაღალი დაადაბლე, წინ წაწეული უკან დააქანე, თავაწეულს თავი წააგდებიე, ყველა დაბალ საფეხურზე დაიყვანე და გაათანაბრე. და ასე დაშინებულ და დაღარიბებულ საზოგადოებაზე იბატონე - ყველა ამ სატირანო დოქტრინას გულმოდგინეთ ასრულებს ის.
სტალინს ჯერ კიდევ არ უმღერია გედის სიმღერა...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1936. - №65
![]() |
85 ორი პოეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენში ბევრი მელექსე ყოფილა და არის, მაგრამ ნამდვილი პოეტი, ზეგარდმო მირონ ცხებული, მეტათ იშვიათი მოვლენაა. საქართველოს პარნასის მწვერვალს მრავალ საუკუნეთა განმავლობაში მიაღწია მხოლოდ ერთმა მგოსანმა - შოთა რუსთაველმა. ჩვენი მდიდარი აყვავებული ბუნება ძლიერ ძუნწი გამოდგა ამ სფეროში. ცხადია, ერი მუდამ განსაცდელში მყოფი, თავის ფიზიკური არსებობისათვის მებრძოლი, საშინაო და საგარეო ქარცეცხლში გახვეული, არ იძლეოდა ნიადაგს აღმაფრენისა და საუკუნეთა მესაიდუმლის დროშის აღმართვისა. ის აღიმართა მხოლოდ ერთხელ, ქვეყნის აყვავების ერთათერთ ეპოქაში, თამარ მეფის დროს. სხვა დროს, სხვა პირობებში რუსთაველი ვერ გაჩნდებოდა.
მეცხრამეტე საუკუნეში ერის მდგომარეობა საგრძნობლათ შეიცვალა, ერთი მხრით მივიღეთ საგარეო მყუდროება, ხოლო მეორე მხრით დავკარგეთ თავის თავის ბატონობა, თავისი წყობილება და შემოქმედება. აქ ჩაისახა ნაციონალური დრამა, რამაც საკმაოთ შეანძრია ჩვენი გრძნობიარე საზოგადოება. ორ მომენტს შორის გახდა ასარჩევი, რა სჯობია, საგარეო მყუდროება თუ დამოუკიდებლობა. პოეზიის მწვერვალზე გამოჩნდა ბარათაშვილი, ამ დუალიზმით შეპყრობილი და ამიტომ გაპესიმისტებული. ის ვერ პოულობს გამოსავალს და მიაჭენებს თავის მერანს ცის სივრცეში, შორს სინამდვილისაგან. ის ვერ მივიდა რუსთაველამდე, ეს არ შეეძლო, ვინაიდან მისი ნიადაგი ძირიანათ განირჩეოდა რუსთაველის ნიადაგისაგან. მან მხოლოდ დასვა საკითხი და მით გახდა თავისი დროის საიდუმლოების გამომხატველი.
ეს ჩიხში მომწყვდეული ქართველი საზოგადოება იცვლება მესამოცე წლებიდან. ბურუსი იფანტება, რაღაც პერსპექტივები ისახება. დასავლეთიდან გადმოვარდნილი გრიგალი ანძრევს რუსეთის მოწინავე ფენებს და ის აღწევს ჩვენამდე. ჩნდება ახალი საზოგადოება, ახალი იდეებით და ბრძოლის წყურვილით. ჩნდებიან ახალი მოღვაწენი; ირეკება ზარი გამოღვიძების და ადგომის, და აი ამ დროს ჩვენ გვევლინება ორი დიდი პოეტი, ორი გრძნობიარე სიმები, რომელნიც აჟღერდენ თანამედროვე ენით, ესენია ილია და აკაკი.
ანდრე შენიეს განმარტებით „პოეტი არის მხოლოდ გული“, ე.ი. ის ცხოვრების მოვლენებს პირველათ გულით იგრძნობს, მათ მისი არსება განიცდის და შემდეგ ამ გზით გადადის თავში, აზროვნების სამეფოში, იწყება შემოქმედება. ილია და აკაკი სწორეთ ასე მიუდგენ თავის ეპოქას, მიუდგენ სხვადასხვა ტემპერამენტით, სტილით და პათოსით, მაგრამ ერთნაირი მიმართულებით და დროშით. ორივეს ნათელი წარმოდგენა აქვს თავის მისიაზე. ილია სწერს „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა“. ყველა დიდი პოეტი ერის მეთაურობას იჩემებს სუბიექტურათ და კიდევაც ასე არის ობიექტურათ, რატომ? იმიტომ რომ პოეტის სიდიდე ნიშნავს საზოგადო ჭირ-ვარამის განცდას პიროვნულათ და შემდეგ მის გამოხატვას წყობილი სიტყვებით. თუ ის ვერ განიცადა, ვერ იგრძნო და მაინც ლექსებით ალაპარაკდა, ის პოეტი აღარ არის, ის უბრალო მოშაირეა. რაკი პოეტი ზეცის სახელით დაბლა ხალხს ელაპარაკება, ისმება საკითხი - რა ენით ელაპარაკება, რა გზით მიდის ის ხალხის ცნობიერებამდე.
სტილი ადამიანიაო - ამბობენ; სწორია; მაგრამ ადამიანი ხომ ბუნების შვილია, მიწიერია; ის მთლიანათ მისი პირადობით, ტემპერამენტით და სტილით, ნაყოფია იმ ბუნების, სადაც დაიბადა და აღიზარდა. ამ მხრით, ილია და აკაკი დიდათ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ილიას ენა არის მრისხანე, სევდიანი, დინჯი, დამაფიქრებელი; აკაკის პირიქით, მსუბუქი, ცქრიალა, ადვილი გასაგები, სიმებივით აწყობილი. ეს განსხვავება აიხსნება ერთი და იმავე მოვლენით - მათი სამშობლო ბუნების სხვადასხვაობით. ილია არის ყვარელის შვილი, ხოლო ყვარელი მას აწერილი აქვს ჩინებულათ. ეს მისი პირველი ლექსია. ვისაც ყვარელის მიდამოები უნახავს - არასოდეს არ დაავიწყდება. წარმოიდგინეთ მოღრუბლული, მოხუშული ცივი მთა, მიბჯენილი კიდევ უფრო მკაცრ კავკასიონის ქედზე, ამაყათ მაღლიდან დაბლა გადმომყურე, ყოველივე მხიარულ პეიზაჟებს მოკლებული. ილიას ღრმათ განუცდია მისი გავლენა, გავლენა დაუვიწყარი, მუდმივი; ის სწერს: „მახსოვს ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა, როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა. აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება თქვენს შორის მხვდა, ბუნებისა თქვენისა ვარ შვილი, გრიგალთა, მეხთა, ქუხილთა შორის ვარ გაზრდილი“. პოეტს უყვარს ყვარლის მთა, ის მის კალთებში გაიზარდა და მას დაემსგავსა: მაგარი, მქუხარე, უშიშარი, ჩაფიქრებული. აკაკი, კი პირიქით, არის მეტათ მხიარული ბუნების შვილი, მუდამ აყვავილებულის, წარმტაცის და ლმობიერის. მისი სამშობლო საჩხერე ნამდვილი პანარამაა, ცქერით ვერ გაძღებით. ყვარლის მთას უნდა მოეცა სწორეთ ილია, საჩხერის წალკოტს სწორეთ აკაკი, იმერ ამერობა აქ არაფერ შუაშია.
სამშობლო ბუნებამ შექმნა მათი სხვადასხვა ფორმა, ხოლო საქართველომ მათი შინაარსის ერთიგივეობა. მათი რითმა და ჰარმონია განსხვავებულია, აზრები კი დაახლოებით ერთნაირია. მათ პოეზია ჩამოიყვანეს პარნასიდან და ჩააბეს ხალხის სამსახურში. მათ სულსა და სხეულს შორის წონასწორობა დამყარებულია, ხალხთან მჭიდრო კავშირი გამტკიცებულია. ვიქტორ ჰიუგოს აზრით „ყველა ნამდვილი პოეტი უნდა გამოხატავდეს ჯამს თავისი დროის იდეებისა“. ასეთი იდეები მესამოცე წლეებში იყო ორნაირი: ნაციონალური და სოციალური. ორივე პოეტი სწორეთ ამ ორ სფეროში იღებენ შინაარს თავის პოეზიისა.
ილია
პირველათ ილიამ აიღო ნაციონალური ქნარი და მასზე აჟღერა თავისი აზრები. „ქართვლის დედაო, სწერს ის, ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა, დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა. გაქრა ის დროცა!...“ ახლა? „დაჩაგრულ ბედმა სრულიად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილათ შესცვალა. მითხარ სადღაა მამა-პაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური...“ ეს გულიდან ამოძახილი შეიცავდა სრულ სიმართლეს; როცა ყველა ჩინებზე და ორდენებზე ფიქრობდა, იქ რასაკვირველია მამა პაპური მხნეობა აღარ იყო. წასულის ქებით ის აძაგებს აწმყოს. ამასთანავე ქართველ დედას ის ურჩევს თავის შვილს „ჩააგონებდეს ძმობას, ერთობას, თავისუფლებას“. ამით ის ნაციონალურ იდეიას აბამს სოციალურ იდეებს. ის ფიქრობს ამ გზით შეგვიძლია მივიდეთ ნაციონალურ აღორძინებამდე. მაგრამ ესმით კი ეს შედუღება? აქ პოეტი პესიმისტია. „ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო, რომ შენს მიწაზე, ამდენ ხალხში კაცი არ არი, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო“. ის მაინც გამოსთქვამს იმედს, რომ „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია... წვრილი შვილნი წამოგვესწრენ ნაზარდი, გულმტკიცები, მათი ზრუნვის საგანი შენ (საქართველო) ხარ და შენ იქნები“. ასეთი დრო დადგებაო და დახატა ამ „მომავლის სცენა“ დედა და შვილში“; აქ დედა თავის ერთ შვილს აგზავნის ბრძოლის ველზე სამშობლოსათვის. მოსჩანს მეომრები. „დედა: მიმიყვა შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი. შვილი: შეხე დედილო ამ განწირულ ყმაწვილ კაცობას; ისე მიდიან სასიკვდილოდ როგორც დღეობას. შეხედე ხალხი რა-რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს, დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?“ ეს „სცენა მომავალი ცხოვრებიდან“ დიდის რეალობით ხატავს ნამდვილ სცენებს ჩვენი ახლო წარსულისა...
ცხადია, ილია იყო ოპტიმისტი, სჯეროდა ჩვენი ნაციონალური ამოცანის ცხოვრების ზედა პირზე ამოტივტივება და მის გადასაჭრელათ იარაღით ბრძოლა. ის ეძებს მომავლის მედროშეთ, მეთაურებს და მებრძოლთ. ამათ ვერ ხედავს ის გაბატონებულ წოდებაში, რომლის წინააღმდეგ ის სასტიკათ ილაშქრებს თავის „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით“. საქართველოს დაცემის დროს რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით? ეკითხება პოეტი თავის პაპას, მომსწრეს ამ ამბებისა. ამ ბატონებმა სამეფო დასცეს და დაათავეს იმით რომ „ნაპლეჩობა გვასწავლეო, მთავრობას ვეხვეწებოდით“... თავის თავად ცხადია, რომ ასეთი საზოგადოება რაიმე იმედის მომცემი ვერ იქნებოდა და მასზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა. პოეტი ატარებს სასტიკ კრიტიკაში თანამედროვეთ, რომელთაც ახასიათებს: „უწყინარი, უჩინარი, ქედდრეკილი, მადლიერი, უშფოთველი, ქვეშ მძრომელი... ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, ყველა ყრუი, ყველა ცრუი“ და სხ.
ეს იყო ბრძოლის გამოცხადება ძველი თაობისათვის; მოპირდაპირეებმაც არ დატოვეს უპასუხოთ და გაიმართა ლექსებით პოლემიკა. გრ. ორბელიანი ილაშქრებს, „კოღო ბუზებო, ლიბერალებო, საიდან კნავით...“, რაზედაც ილია უპასუხებს: „ჩვენ, უჩინონი, თქვენ ჩინიანთა ბუზი გგონივართ. იქიდან ვკნავით, სად თქვენის მადლით ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ... ჩვენი ქვეყანა მკვდარი თქვენგანა თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიცვლია, ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია. თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული, ერი ჯვრებზე არ გაგვიყიდია...“, ნამდვილი პრაკლამაცია რევოლიუციური ხანისა. ამაზე უფრო სასტიკი თავდასხმა გაბატონებულ საზოგადოებაზე არც ერთ რევოლიუციურ პარტიას არ მოუხდენია. ამით ილიამ ააფრიალა აჯანყების დროშა 1872 წ. იანვარში.
როგორც ვთქვით, ილიას ნაციონალური იდეა გაჟღენთილი იყო სოციალური იდეით. მისთვის ერის აღორძინება ნიშნავდა ხალხის აღორძინებას. ეს ორი მხარე ერთი და იმავე მოძრაობის მას ნათლად აქვს დასახული და გატარებული თავის პოემაში „აჩრდილი“, დაწერილი 1859 წ. ეს არის ილიას პროგრამმა, რასაც ის ატარებდა თავის ლექსებში. მყინვარიდან დასცქერის საქართველოს „კაცი მოხუცებული“, „აჩრდილი“ და ასწერს მის უბედურობას. აქ ის ხედავს მშრომელ ხალხს დაბეჩავებულს, წელში გატეხილს და მთელ ერს უფლება ართმეულს. ის უგალობს შრომის შვილს: „აგერ უფალი და მისი მონა! თრთოლით სასწორზე ხარჯს უწონს ძნელსა და, რა გასწორდა სასწორზე წონა, უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა და მით მის ხარჯსა ერთსა ორად ხდის... მაგრამ ქვა არის ბატონის გული, ვერ დაარბილებს მას შებრალება, ვერა განკურნოს მან მონის წყლული, ვინც მონებას თვით ემორჩილება. მონა ბედშავი, მონა საწყალი სდგას, ევედრება მის თვალი შვებას... ვინ შრომობდა და ვინა ძღებოდა, ღმერთო სად არის აქ სამართალი? შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ, დედას ძუძუდან შვილსა აგლეჯენ, ვინ იცის სიდან სად გაყიდიან... შრომისა შვილო, მძიმე უღელი ქვეყნისა ცოდვის შენ გაწევს კისრად, თუმცა ტვირთ მძიმეთ შემწყნარებელი შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად. შრომა აწ ქვეყნად ტყვედა პყრობილი, მცარცველობის ქვეშ ჩაგრულ-ვნებულა, ხოლო რღვეულა მისი ბორკილი და დასამსხვრევად გამზადებულა. შრომისა ახსნა - ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნისა, კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის, ვეღარ გაუძლებს ქვეყანა ძველი განახლებისა გრიგალის ქროლას, ვეღარ გაუძლებს ქვეყნის მტარვალი ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას; და დაიმსხვრევა იგი ბორკილი, შემფერხებელი კაცთა ცხოვრების და ახალ ნერგზედ ახლად შობილი ესე ქვეყანა კვლავ აყვავდების. შრომის სუფევა მოვა მაშინა... მაშინ უქმ სიტყვად არ იქნებიან ძმობა, ერთობა თავისუფლება“. და სხ. და სხ. აჩრდილი შემდეგ იგონებს სამშობლოს ბედს, პოეტი არავითარ იმედს არ ამყარებს „მტარვალებზე“, „დიდ კაცებზე“, რომელნიც „რათ ინდომებს ქვეყნისა ბედსა, როს მასა შველის მის ბედკრულობა, რათ შეებრძვის ის სიბოროტესა, როს მისი მეოხებით თვით რჩება“. ეს გაბატონებულნი ქვეყნის ტვირთია, მისი აღორძინების წინააღმდეგია, ვინაიდან აღდგენილ საქართველოში ისინი ვეღარ იპარპაშებენ, ერი ხალხია, სამშობლოს აღმდგენელი განთავისუფლებული მშრომელი მასებია.
ილია უგალობს მუშას და გლეხს, ყველა მაშვრალთ და თვირთ მძიმეთ (იხ. მუშა, კაკო ყაჩაღი, გუთნის დედა და სხ.). როცა ძველი თაობა გრ. ორბელიანის კალმით ახალს ღვთის-გმობას აბრალებდა, ილია მათ უპასუხებდა: „ღმერთი არმობის, ღმერთი ყალბობის არ ურწმენია ჩვენსა თაობას; ღმერთი მზაკვრობის და თვალთმაქცობის, ღმერთი უქმობის უარუყვია, ღმერთი ხარბობის და მცარცველობის თქვენთა მსგავსთათვის მას დაუთმია; ხოლო გვწამს ღმერთი უქმთა წარმწყმედი, ტვირთ მძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი, ღმერთი ტანჯულთა, ღმერთი ჩაგრულთა, ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი; ყოველთა ძმობის, თანასწორობის მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული, ძლიერთ დამბმელი, უძლურთ ამხსნელი, თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნილი...“ ძლიერი ნათქვამია და ამ ნათქვამში ძლიერი სულია. პოეტის სიტყვა მკვეთრი ლახტია, რასაც და ვისაც ხვდება ის ფეხზე ვეღარ ჩერდება. ვინც მას სძულს - სძულს სავსებით, ვინც უყვარს - უყვარს საფუძვლიანათ. მისი ქნარი ჟღერის ყველა დაჩაგრულთათვის, როგორც ქართველის, ისე არაქართველისათვის. ეს ნათელია მისი ლექსისაგან პარიზის კომუნის დაცემის შესახებ. ილია ვერ იქნებოდა დიდი პოეტი, რომ შინ ყოფილიყოს ჩაგრულთა ერთგული, ხოლო უცხოეთში მჩაგვრელთა მომხრე, ეს ორმაგი ბუხალტერია, რაიცა ახლა ასე გავრცელებულია, სრულიად უცნობია პოეტისათვის. ის სწერს: „ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა. კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა, კვლავ ეწამა მოყვასისთვის, საოცარი იგი ერი, კვლავ დაიდგა დიდ წამების მან გვირგვინი მშვენიერი; კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა წმინდა სისხლი წამებულის, კვლავ დამარცხდა დიდი საქმე ყოვლად მხსნელის სიყვარულის“ და სხ. პოეტი ებრძვის სამშობლოში მებატონეთ, საფრანგეთში ბურჟუაზიას, ორივე შემთხვევაში გაბატონებულ საზოგადოებას, ის იყო წინააღმდეგი საზოგადოთ ბატონობისა, ხალხის ჩაგვრისა, რა ფორმითაც და სადაც უნდა ყოფილიყო ის. მისი ნაციონალური იდეია სწორეთ ამ ძირითადი მოსაზრებისაგან გამომდინარეობს. ნაციონალური ჩაგვრის წინააღმდეგი, ის ვერ იქნებოდა ხალხის ჩაგვრის მომხრე, სწორეთ ამ ლოღიკაში, ამ გულწრფელობაში და პატიოსნებაში იხატება ნამდვილი პოეტის ბუნება. ილიას პოეზიის ორიგინალობა სწორეთ ამ ორგვარი იდეიის, ნაციონალურის და სოციალურის, შედუღებაშია.
პოეზიის საგანია სამი მოვლენა: სამშობლო, საზოგადოება, ოჯახი. ყველა მგოსანი ამათ თავს დასტრიალებს. ილიას პოეზია ემსახურება უმთავრესათ პირველ ორ მოვლენას, ოჯახს ანუ სიყვარულს აქ მცირე ალაგი უპყრია. აქ ამ სფეროში ის მეტათ თავდაჭერილია, მორცხვია, სახე მოხუშულია. მისი დინჯი გული, მისი მწარე ფიქრები, მისი საზოგადოებრივი დარდები ადვილათ არ თბება, არ ივიწყება. ის თანა სდევს სიყვარულშიაც. ამიტომ მისი მუზა ამ დარგში მეტათ ძუნწია, ნაყოფი ცოტა გამოუღია. სიყვარულის პრობლემა მუდმივია, გადაუწყვეტელია; ილიას კი აწუხებდა ისტორიული, გადასაწყვეტი პრობლემა. აი აქ მისი ქნარი მედგრათ სცემს, მისი ჩანგი მძლავრათ ჟღერს.
ილიას შემოქმედებაში მოხდა ერთი საოცარი ამბავი, რომლის მზგავსი არ მომხდარა არც ერთი დიდი პოეტის ცხოვრებაში, მისი ქნარი ადრე შენელდა, მისი ხაზი სავსებით შეიცვალა. 34 წლის ილიას ტვირთმძიმეთა მუზა ეთხოვება, სოციალური ჰანგები ქრება და ეს იწვევს ნაციონალური პოეზიის მოდუნებასაც. 1872 წელი არის მისი უმაღლესი მწვერვალი, რომლის შემდეგ უკან ექანება. შემდეგ სიკვდილამდე, ე.ი. 35 წლის განმავლობაში, მან დასწერა ხუთი ლექსი. ამათში ორი დიდი პოემა, ერთი ისტორიული „დიმიტრი თავდადებული“, მეორე ფილოსოფიური - „განდეგილი“. ამათში „აჩრდილის“ პროგრამმა აღარ სჩანს, მიმდინარე ჭირვარამზე სიტყვა აღარ არის. რით აიხსნება სინამდვილისაგან ასე დაშორება, ნაყოფიერების ასე დაძაბუნება? ნიჭის დამცირებით, გრძნობათა მოდუნებით? არა, არას შემთხვევაში. მისი ლექსები, განსაკუთრებით „განდეგილი“ ნათელყოფენ ილიას ნიჭის სიძლიერეს და მუდმივობას. ცხადია, მისი მუზა იჯდა თავის ალაგას, მაგრამ ძველებურათ აღარ მღეროდა, პოეტს ძუნწათ ეხმარებოდა, რატომ?
როგორც ვთქვით, პოეტის შემოქმედების იარაღია გული, გრძნობები; ის ჯერ იგრძნობს მოვლენებს, ის განიცდის შთაბეჭდილებათ და ეს ისეთი სიძლიერით, რომ არ ძალუძს მას არ დაემორჩილოს და კალამი ხელში არ აიღოს. ეს გზა შემოქმედებისა ფატალურია, აუცილებელია, პოეტი მისი ტყვეა და მას ატარებს თავის გზაზე, ამიტომ დიდი პოეტი დიდია იმით რომ არ შეიძლება იყოს ყალბი, არ შეიძლება დასწეროს ის რაც მის ბუნებას არ განუცდია, ის ვერ იცრუებს, განცდის მაგიერ რითმების კორიანტელს ვერ დააყენებს. ცხადია, ილია არ სწერდა იმიტომ რომ არ განიცდიდა, მისი გული და სული არ მიიმართებოდა წინანდელი გზით. ხოლო ახალ გზაზე კი პოეზიას არ დაურჩა თავისი საკვები, ვერ მიიღო აღმაფრენის მასალა და დადუმდა. ის იშვიათათ აიშვებდა, ესეც განყენებულ საკითხზე. მისი ნიჭი მოშორდა რეალურ ცხოვრებას, მის ძირითად სიდუხჭირეს, მის მწარე ტკივილებს. როგორ მოხდა ეს პროცესი?
ილია თავის ლექსებში მედგრათ იბრძვის მშრომელთა და სამშობლოს ინტერესებისათვის, მაგრამ არსათ არ ასახელებს ვინ არის ამ ბრძოლის ამწყობი და დამწყობი, რომელი კლასი, რომელი საზოგადოება უნდა გახდეს მისი მეთაური. ამ მხრით ის იმყოფებოდა სავსებით მაშინდელი ინტელიგენციის საერთო იდეოლოგიის ფარგალში; არც ერთი პროგრესიული და რევოლიუციური მიმდინარეობა მთელ რუსეთში თავის იმედს არ ამყარებდა თვით დაჩაგრულებზე, ხალხზე და აღიარებდენ მხოლოდ მოწინავე ინტელიგენციას მებრძოლის და მხსნელის როლში. ილიამ, როგორც ქართველმა, და რეალურათ მოაზროვნემ, ალბათ ჩქარა დაინახა ამ თეორიის უნაყოფობა საქართველოს სინამდვილეში, სადაც მოწინავე და მებრძოლი ინტელიგენციაც კი სანთლით საძებარი იყო. ის იწყებს ძებნას უფრო საიმედო რეალური ძალისა და ის დაინახა იმ ერთათ ერთ ამოძრავებულ და ახმაურებულ საზოგადოებაში, რომელმაც ამ დროს თავი წამოყო. ეს არის თავად-აზნაურობა. მას მიენიჭა ახალი უფლებები, კრებები, მარშლების არჩევანი, დეპუტატთა საკრებულო, ფული ბანკის დასაარსებლათ. ერთი სიტყვით საერთო სიჩუმეში იწყება ახალი მოძრაობა პრივილეგიური წოდების. ილია თავგანწირულათ ეშვება ამ მორევში და ეძებს აქ ბერკეტს ქვეყნის გადასატრიალებლათ. ის ხდება თავად-აზნაურთა ბანკის მეთაური, დამოკიდებული პატრონთა არჩევისაგან. ბანკის საშუალებით ჩნდება ახალი კულტურული დაწესებულებანი და ილიაც ხდება ყველა ამ საქმის წინამძღოლი. ამ ტალღამ გაიტაცა პოეტი და მოკლა მასში პოეზია. პოეტი ბანკირის როლში ქვეყანას არ მოსწრებია. პოეტი პოეტობს იმდენათ რამდენათ დამოუკიდებელია ძლიერთა ამ ქვეყნისაგან. მუზა ითხოვს სრულ თავისუფლებას, უამისოთ ის უარს ამბობს სიუჟეტის ამორჩევაზე. რაკი ილიას დაეკარგა ეს დამოუკიდებლობა და გახდა დამოკიდებული იმ ბატონებზე, რომელთაც წინეთ ებრძოდა, ცხადია ამით დააშრო წყარო შემოქმედებისა; ის ვერ შეიგრძნობდა, ვერ განიცდიდა იმ ხალხის ჭირვარამს, რომელსაც ის დაშორდა. მისი თანამებრძოლნი - აკაკი, გ. წერეთელი, ს. მესხი - არ გაყვენ ამ ტალღას, დარჩენ ძებნის ნიადაგზე; ილიამ კი ეს ძებნა დამთავრებულათ გამოაცხადა.
ილია მართალი იყო იმაში, რომ უარყო რუსული ნაროდნიკული იდეოლოგია და საჭიროთ დაინახა საზოგადოებაზე დაყრდნობა. მაგრამ შეცდა საზოგადოების ამორჩევაში. ეს შეცდომა მან დაინახა თავისი თვალით პირველი რევოლიუციის პერიოდში; უხაროდა ეს რევოლიუცია, ხალხის ასეთი გამოღვიძება, მისი სიჭაბუკის ნატვრის ასრულება. ტრაღიკულად განიცდიდა მხოლოდ იმას რომ ეს გზა მან ვერ მიაგნო, არ სწამდა და მიმავალ წოდებას ჩაებღაუჭა. ამ დღიდან ილიამ დადვა კალამი, თავი ანება პუბლიცისტობასაც. მასში ისევ იღვიძებს ახალგაზრდობის სულისკვეთება და სახელმწიფო საბჭოში იჭერს უკიდურეს მარცხენა ფრთას. დიდი პოეტი მაინც რჩება დიდი ლიბერალი და შეურიგებელი...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1937. - №72
![]() |
86 ორი პოეტი |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი
როგორც წინა წერილში ვთქვი, ორივე პოეტი, ილია და აკაკი, პოეზიას აყენებენ ხალხის სამსახურში, ე.ი. უარსყოფენ წმინდა პარნასელობას, ხელოვნებას ხელოვნებისათვის. ამის შედეგია იდეის გაბატონება ლექსთა წყობაში, პოეზიის დამორჩილება განსაზღვრული მსოფლმხედველობისათვის, შემოქმედების გამოყენება გარკვეული მიზნისათვის. აქ შედუშებულია იდეალიზმი და რეალიზმი, პირველი როგორც დროშა, მეორე როგორც გზა მისკენ მიმავალი.
ილია გამოდის ასპარეზზე განსაზღვრული პროგრამით (აჩრდილი), აკაკი გამოდის იმავე დროს უპროგრამოთ, პირადი განცდით, დაგროვილი გრძნობათა ნაკადულით, ცივი ჩრდილოეთიდან გაგზავნილ საიდუმლო ბარათით. ერთი ქმნის პლანით, გათვალისწინებული ხაზით, სინტეტიური მეთოდით, რაც შეიძლება მეტი აზრის მოკლეთ მოჭრით. მეორე უპლანოთ, შემთხვევების და შთაბეჭდილებათა აყოლით, ანალიტიური მეთოდით, კერძოთა არა ერთათ დაგროვებით, არამედ პირიქით დაგროვებულის, მთელის ნაწილებათ დაჭრით, დაკეპვით და თვითეული ნაწილის ცალცალკე რგოლებათ აცმით. ილია ერთი დაკვრით მოერევა თავის საგანს, აკაკი კი მრავალი დაკვრით; ერთს ხელში უჭირავს ლახტი, მეორეს სადგისი. შედეგი კი ორივე იარაღს ერთნაირი მოაქვს. ეს ორი სახის შემოქმედება არის სარკე მათი ორი სხვადასხვა ნაირი ბუნების და ცხოვრების.
აკაკი უდგება საზოგადოებას განიდან, მასში არ იფლება, მისთვის არავითარ პასუხისგებას არ იღებს. ამ გზით ის რჩება მუდამ დამოუკიდებელი, თავისთვის მოარული, ხელებ შეუბორკავი, აზრით თავისუფალი. ის არ ერიდება არავის, არც მტერს, არც მოყვარეს; არ სცნობს არავითარ შემბორკავ დამოკიდებულებას, ხელის შემშლელ მეგობრობა-ნათესაობას, არავითარ ავტორიტეტს; ის ყოველთვის და ყოველგან რჩება თავის თავის ერთგული: აჟღეროს თავისი ჩანგი გაბედულათ ყოველივე დამაბრკოლებელ მიზეზთა ანგარიშ გაუწევლათ. ამიტომ აკაკის პოეზიაში დიდი ადგილი უჭირავს პიროვნულ მომენტს, საკუთარ განცდას და მდგომარეობას. ის ასე ახასიათებს პოეტს: „დახვალ ამ სოფლად მარტოკა ობლად, ვით გარეგანი მიუნდობელი, შენთვის არ არის არც მეგობარი, არცა შობილი, არცა მშობელი“. ეს თვითონ აკაკია. ეს ობოლი ზღვასავით ღელავს: „პოეტის გული აღელვებული, ზღვისა დარია, ზვირთებს აგორებს, სდგამს ტალღის გორებს თუ ავდარია, ღრიალ გრიალით, უცნაურ ძალით ცას ემუქრება“... ხოლო მის ირგვლივ მუდამ ავდარია და ისიც იძულებულია მუდამ ცას ემუქრებოდეს, ხან ელვასავით სჭექდეს, ხან ბულბულივით სტვენდეს, მას „ცა ქუდათ მიაჩნია, დედა მიწა ქალამნათ, არც დიდი ვარ, არც პატარა, არც ბატონი, არც მონა... მაშინ უფრო მდიდარი ვარ, როცა უფრო ღარიბი ვარ... ვინ გგონივართ? ერთი ვინმე გიჟი-ცეტი? უკაცრავათ, შემცდარი ხართ, მე გახლავარ ეს - პოეტი“. მისი გული სარკეა, „მხოლოდ მის სახეს გაჩვენებთ, რასაც შიგ ჩაუხედია“. ხოლო აქ კი იხედება ყველაფერი, ავიც და კარგიც. ამიტომ მისი მუზა „ზოგს ეტკბილება, ზოგს არა, მაგრამ რა ჩემი ბრალია? ბულბული ვარდსა და ეკალზე თანასწორად მომღერალია“. პოეტის განცდა ისეთი მძლავრია, რომ მას არ ძალუძს არ ამეტყველდეს. „ლოცვა და ჩანგის ჟღერა ორივ ტყუპისცალია, მათი შემქნელი მშობელი მხოლოდ ძალთა-ძალია, მათი აკვან-ტახტია გრძნობა და გონება, ორივეს წინ უძღვის ზეგარდმო შთაგონება, არც ბრძანებას, არც თხოვნას არ ემორჩილებიან“. დიდებული დახასიათებაა ყველა დიდი პოეტის, ყველა ციური მადლის და შთაგონების. „შენი ქება და დიდება, შენი ლხინი და ჭირიო, მაღლიდან გადმომძახეს - ქამანჩაა და სტვირიო“.
ცხადია, აკაკის სწორათ აქვს შეგნებული და გაგებული თავისი ნიჭი და მოწოდება. მისი გაგება პოეტისა არის გაგება ყველა დიდი მგოსნისა საზოგადოთ; ის ამ გაგებით ენათესავება ყველა მსოფლიო პოეტებს, ის ქმნის იმიტომ რომ არ შეუძლია სხვანაირათ მოიქცეს, მისი გული და გრძნობა მუდმივ შეუჩერებელ კავშირშია ცხოვრებასან და მის მოვლენათ თავისებურათ განიცდის. ამ განცდას აქვს ორი მხარე: ტეხნიკური და იდეიური. აკაკის სტილი სავსებით შეფარდებულია მის იდეიასან. ეს შედუღება იშვიათი მოვლენაა, უფრო ხშირათ ან ერთი ჭარბობს ან მეორე, ხან აზრებს ანაცვალებენ სტილს, ხან სტილს აზრებს. ამ ორი ფორმის ერთ ფორმათ ჩამოსხმა შესძლო სავსებით რუსთაველის შემდეგ აკაკიმ. ის ენის ქურუმია, როგორც ვეფხისტყაოსანის გაგებას უშლის მისი ენის მიმზიდველობა, ისე აკაკის ლექსებში ჩაკვირვებას აბრკოლებს მისი ენის სიმსუბუქე და მუსიკალობა. მკითხველის ყურადღებას ისე ხიბლავს ორივე შემთხვევაში ჰანგების ჰარმონია, რომ არ აძლევს ხალის და დროს შინაარსი კარგათ გაიგოს. მისი ენა გესლით სავსეა, მწარე სიტყვას ტკბილათ შემოგაპარებს. მის ლექს კითხულობთ სიამოვნებით, თუნდაც მის შინაარს სრულიად არ ეთანხმებოდეთ. მისი გამოთქმა ბუნებრივია, მისი ფრაზა ხალხის გულიდან ამოღებულია. სიტყვების აწყობა თავისთავად იძლევა რითმას, ხოლო ეს აწყობა კი არ ხდება ძალდატანებით, სიტყვების გადაბრუნ-გადმობრუნებით. მისი ბაგიდან მოსჩქეფს დაუშრეტელი შადრევანი წარმტაცი სიტყვიერების, ყველა პოეტს არ შეუქნია საკუთარი სტილი, ჩვენსში ის შექმნა მხოლოდ შოთამ და აკაკიმ. ორივეს სტილი არის სადა, უბრალო. საფრანგეთის დიდი სტილისტი პოეტი მალჰერბი ამბობდა, კარგი ფრანგულია ის რომელიც დაბალ ხალხს ესმისო. აკაკის ქართული გასაგებია ყველა ქართველისათვის, განსაკუთრებით სწორეთ დაბალი ხალხისათვის, ვინაიდან ეს მისი სათათბირო ენაა, მისი გამოთქმათა კონაა. სჯობს ლექსიკონი შეამცირო, ვინემ ის გაამრავლო ხალხისათვის გაუგებარი უცხო სიტყვებით. აკაკის ლექსიკონში ასეთი სიტყვები არ მოიპოვება, მისი სიტყვიერება ნაციონალურ ხალხურია, მისი სტილი არ არის მჭერმეტყველური და სწორედ ამაშია მისი ღირსება. მჭერმეტყველობა კლავს ბუნებრივობას, ხოლო არაბუნებრივობა კლავს პოეზიას და აქცევს მას ნაძალადევ რითმათა კრებულათ. აკაკი შორს არის ამ დარგის მელექსეობიდან. მისი ლექსი არ არის ნაკეთები, შეთხზული, ხელოვნური, ის თითქოს გესაუბრება უბრალოთ და ამ საუბარში თავის თავათ ჩქეფს ჰარმონია, ჰანგების შეხმატკბილება. დასამტკიცებელი საბუთების მოყვანა ზედმეტია, საბუთია ყველა მისი ლექსი, მოკლე თუ გრძელი, მთელი თხზულება.
აკაკის პოეზიის დამახასიათებელი თვისებაა სრული გულწრფელობა; პოეტი ამბობს რასაც განიცდის, ამბობს პირდაპირ, მიუკიბ მოუკიბავათ, რაინდულათ და მამაცურათ. მას არა აქვს რა დასამალავი, მისაფუჩეჩებელი, არ მისდევს თქმულებას - ზოგან თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგან თქმითაც დაშავდების; ის ყოველთვის ამბობს, ზოგან და როდის მის ლექსიკონში არ სწერია. ის თავის თავს უწოდებს „თავხედს“, სრული ჭეშმარიტებაა, ის არის უშიშარი, მოურიდებელი, თავხედი პირში მთქმელი. აკაკი არის ის რასაც აშკარათ ამბობს, არავითარი უკანა აზრი, საიდუმლო მოსაზრებანი მასში არ მოიპოვება. მისი მუზა არ არის შეკაზმული, ჩაცმულდახურული, სათვალისეიროთ გამოწყობილი; პირიქით, ის არის მთლათ ტიტველი, დედის მუცლიდან ახლათ შობილი, დაუფარავი და შეუმოსავი. დადის ის „მარტოკა, ობლად“; ცხადია, ეს „თავხედი“ არავის ეპიტნავება, მას ყველა ზურგს აშვერს და გაურბის, ვინაიდან ვის როდის მისგან რა მოხდება - არავინ უწყის. ის არის მგოსანი-ყარყუმი, შარაზე გამოსული და ამაყათ მთქმელი: „დიდკაცებს თავს არ უკრავ, რა მათი საფერო ვარ“; ამიტომ რასაკვირველია ის ამ „დიდ-კაცებისაგან“ მუდამ აბუჩათ იყოს აღებული და იდევნებოდეს; ამის უკანასკნელი მაგალითია მის ნაწერების უდიერათ გამოცემა პირში მთქმელს, მჩაგვრელნი ვერ ითმენენ. პოეტი ამაზე კიდევაც ჩივის: „მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა?.. მე ამ ლაგამს წავიძრობდი, არ მაქვს უცხოს მორიდება, მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ ჩემივე ძმა მეჭიდება“; მთავრობა და საზოგადოება შეერთებულია მის წინააღმდეგ. სამაგიეროთ ის უყვარს ჩაგრულთ, მისი ლექსები აღწევენ ხალხის სულამდე და გადადის ხელიდან ხელში სათქმელათ და სამღერლათ. ის წინამძღვრობს მასებს. აკაკიმ სამუდამოთ დაისადგურა ქართველი ხალხის გულში, რუსთაველის გვერდით, რით? მარტო ფორმით, მარტო მუსიკით და ჰარმონიით? არა, ამ ფორმაში გამოხვეულია შესაფერი შინაარსი, მასში ჩაქსოვილია ერის და ხალხის გულის ნადები, ტვირთ მძიმეთა ცრელმთა ფრქვევა გადმოცემულია მომხიბლავი ლექსთა ფრქვევით.
აკაკის დროშაა ნაციონალური ხასიათის, მისი იდეალია თავისუფალი საქართველო. ეს მან ნათლათ და მამაცურათ გამოაცხადა თავის ლექსში „თვითმპყრობელობას“: „დამეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო?.. ვერ მომხიბლავ, ცრუ მოყვარე ვერც ენით, ვერც თვალადობით, შეგიპყრივარ, როგორც მთვარე, გველეშაპსა, ძალადობით. შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემს გულს ანუგეშებს ის იმედი, რომ ოდესმე შენს ცხრაკლიტულს მთლად დალეწავს ჩემი ბედი!..“
ამ დიდი იდეალის განსახორციელებლათ პოეტი ეძებს შესაფერ ძალას თვით ჩვენივე ცხოვრებაში. ის აქ ხედავს ორ დიდ ფენას: მუშებს და გლეხებს ერთი მხრით, ყველა დანარჩენ საზოგადოებას მეორე მხრით. პირველთ უგალობს თანაგრძნობით, მეორეთ ეპყრობა უარყოფით. ეს ორი ქვეყანა მოკლეთ დახასიათებულია მის „ახალი გზა“-ში. „ჩემს სამშობლოს კარგათ ვიცნობ, მომივლია კიდით-კიდე; მარადის თქმით და გულწრფელობით ჭირი ჭირზე გადვიკიდე! აქ მონება ჭკუა არის, ორპირობა სიბრძნე დიდი და მას რჩება მოედანი ვინც კი არის მეტად ფლიდი... მხოლოდ საწყალ მიწის მუშას არავინ ყავს გამკითხავი, მისი ოფლით თავს იკვებენ, ქურქათ მიდის მისი ტყავი...“ აი ამ სიმებზე ჟღერს პოეტის ქნარი. „სიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური, ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედურნი... ყველა თავში გვიჩაჩქუნებს, გარეშე და შინაური, ცხელსა მიწას უხვად ალბობს ოფლი ჩვენგან მონაწური...“ მას აწუხებს მემამულე, ბატონი. ის მას ეკითხება: „რომ იცი რაღად მკითხავ, ასე რისთვის ვღონდები? მისთვის, ჩემო ბატონო, რომ სულ შენ მაგონდები! პირუტყვივით მიმონებ, მფლობ და არ გეცოდები, მაგრამ, ჩემს წამწყმედს აქ, იქ შენ ვერ ცხონდები! ცხადად შენ მაგონდები, შენ ხარ ჩემი სიზმარი, შენ ღვდელივით სუქდები, მე ოფლად ვარ დამდნარი, მაგრამ შენ რას დამეძებ? შენი ფიქრი ეს არი: ნეტავ ვინ გაასწორა ერთადო მთა და ბარი?..“ პოეტი ეტრფის ერის გამთელებას დამონების მოსპობით, ხოლო მთლიანი ერი მას ესაჭიროება გარეშე მტერებთან ბრძოლისათვის. ამიტომ იგივე გლეხი, ასე უჩიჩინებს თავის ბატონს: „ამით ჩვენი კავშირის უფლებით ხარ შემცვლელი, ძლიერმა სუსტი მნახე, დაჩაგვრა შეიძელი, მაშ ახლა რაღად სწუხარ, ახალ დროს რომ მოელი? რათ არ მეტყვი: ძმები ვართ, მოდი, მომხვიე ხელი! თორემ შენ ცხვირს მაჩვენებ, მე ჩამოგიყრი ყურებს, მტერს ვინ უწინააღმდეგებს, რომელიც ჩვენ შეგვყურებს, ერთმანერთის მტერს ვეღარც მამული გვიმსახურებს“. ბატონს ეს სახარება არ ეყურება და გაჯავრებული უპასუხებს: „შენ ვინ ხარ, ვისი ტაკი-მასხარა!“ გლეხი პატრიოტია, მემამულე კი თავის პირად ბატონობას ეთაყვანება, მაგრამ აკაკის მაინც სწამს სიმართლის გამარჯვება და ამხნევებს მუშებს. „მუშებო, თქვენი მარჯვენა იკურთხოს ოფლით ნაბანი, მიწაა თქვენი ლოგინი და ლაჟვარდი ცა - საბანი, უდროოდ გცივათ და გეცხელებათ, ბევრჯერ რჩებით მშიერი, მაგრამ ყველაფერს აიტანს თქვენი ბუნება ძლიერი. მიმხვდარი არის ეგ თქვენი შეუბღალავი გონება, რომ პირუტყვსავით არ შვენის მშრომელ კაცს სხვისი მონება... იმ უკვდავების წყაროთი რომელსაც ქვიან იმედი და რომლის მოლოდინში კაცს ვერ ერევა შავბედი. ნუ გამოილევთ მაგ იმედს...“ ის უგალობს გლეხის ოჯახს, მის პირუტყვს, მის აკვანს, მის დედას და მამას (ჩემი თხა, მწყემსის სიმღერა, ნანინა და სხ.) მისთვის იდეალია „მუშის ნატვრა“: „თავი მოუკვდეს ზოგიერთს რომ იტაცებენ სხვისასა, საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან, ურცხვად ივსებენ ქისასა... რათ დავიბნელო სიხარბით სამიწე წუთის თვალები; ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა, ნაჯახ ცულს ვენაცვალები; რაც ჩემი ურმის არ არის, სახლში არ შემიტანია, ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის ოფლით არ გამიბანია...“ პოეტის საფარველს ქვეშ არის მთელი მშობელი ხალხი; ის იცავს მის მარჯვენას, მის ნაშრომს, მის ზნეობას და პატიოსნებას.
სამაგიეროთ ბასრი მახვილით უმასპინძლდება ყველა დანარჩენ საზოგადოებას, ხელობის და მდგომარეობის განურჩევლათ. ის მიმართავს მდიდარს: „ქვეყანა განწირული გაქვს გასაცემ გასაყიდათა, და მოძმე შენი რად გინდა თუ არ კიბედ და ხიდადა; ფეხითა მათი მსრესელი ასულხარ მაღლა სერზედა და იმ მაღლიდან აფურთხებ შენ წინ ქედ-მოხრილ ერზედა...“ მაგრამ მას სწამს რომ ამათ თავხედობას ბოლოს მოუღებს თვით გამოღვიძებული ხალხი: „ჭეშმარიტება ჩაგრულ ერს გამოუგზავნის მოციქულს, ის თვალს აუხელს მძინარეს და დაანახვებს მაგ შენ გულს, მაშინ იქუხებს, იელვებს ხალხთ ძალი მიძინებული და მეხს დაგატეხს კერპ თავზე, წარსულზე შენანებული, გაგარონიებს ქვესკნელსა, გინდ მაღლა იყო ცათამდე და შეაჩვენებს შენს სახელს უკუნით უკუნისამდე“. ამ ლექსით ის გამოდის 1882 წ. ხალხთა რევოლიუციის მოციქული, ცხადია, აკაკი მშრომელთ აღარ უყურებდა მხოლოდ როგორც საგანს მფარველობის და თანაგრძნობის, არამედ ამასთანავე როგორც იმ ბერკეტს, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გადაბრუნება. ეს იყო სრული გაწყვეტა კავშირის ნაროდნიკულ-ინტელიგენტურ იდეოლოგიასან და ხალხის დასახვა გამანთავისუფლებელი მოძრაობის მთავარ ძალათ. ამ გზის დანახვა აკაკიმ ასე ადრე შესძლო იმიტომ, რომ ის იყო მუდამ დამოუკიდებელი ძლიერთა ამა სოფლისაგან და დაახლოვებული ხალხის გულის ცემასან. „დაზამთრდეს სუსხმა დაგვკრას, ქარიშხალმაც გვბეროს ველით, ზამთარი ვერ შეგვაშინებს, თუ გაზაფხულს კი მოველით“. დიდებულათ ნათქვამია; გაჭირებამ, წაფორხილებამ, სხვადასხვა ჭირ ვარამმა ვერ უნდა შეაშინოს მებრძოლი, თუ კი ის დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუ მას სწამს გაზაფხულის მოახლოვება. ვინ არის ეს მებრძოლი, ხალხის გამომღვიძებელი, ინტელიგენცია? არა, „ბევრი ვნახე ჩამოსული, ჩვენსში ბრძოლა განეზრახა, მაგრამ გადუბრუნდა გული სასაცილოთ, ხა, ხა, ხა; მოიშალა რა ფაფხური, ცხოვრებით რა შეილახა, მტერს დაუწყო სამსახური და შესცინის ხა, ხა, ხა! ადრე დასცინოდა ტუზებს, დღეს თვით დაუღია ხახა...“ არიან კიდევ ისეთები, რომელნიც არც იქითაა, არც აქეთ და კიდევაც ამაყობენ: „აქეთაც ვარ, იქითაც, მიყვარს შუა მე ტრიალი, მაგრამ არსად კი არა ვარ, ჩემთვის ვარ ნეიტრალი... ამბობენ რომ საზოგადო საქმე არის ყველას ვალი, მაგრამ მე ჯერ ვალს არ ვიხდი, სანამდის ვარ ნეიტრალი...“ ის ვერ ხედავს პირველ პიონერთ, მაგრამ მაინც არ ვარდება გაბატონებულ წრეების გავლენის ქვეშ, პირიქით ამათ ებრძვის სამკვდრო სასიცოცხლოთ (ნადირობა, ვირი და ფილოსოფოსი, ყეენობა და სხ.). ნიშანში ამოღებული ყავს მოხელენი და ცენზურაც (სულო ბოროტო, აპელაციის მცოდნე, იუდა და სხ.). საერთოთ, „მელა მექათმეთ დამდგარა, მწყემსობას ჩემობს მგელიო, ეშმაკი ეშმაკს პატიჟებს სასუფეველში გელიო“. ის დასცინის მთელ წყობილებას, საზოგადოების მთელ ურთიერთობას გულისტკივილით და თან ამბობს: „რა იციან რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი ბევრჯერ უფრო მწარეა“.
პოეტი სანთლით ეძებს ხალხის გამომაღვიძებელ ამბებს. ალექსანდრე პირველი მოკლეს; ის ფიქრობს ამით იწყება გაზაფხული და მას ესალმება: „დღეს მერცხალი შემოფრინდა, ჭიკჭიკითა გადმოსძახა: „გაზაფხული, გაზაფხული“, გულს იმედი ჩამესახა... სუნი მეცა გაზაფხულის უცნაური ვიგრძენ ძალი, ვსთქვი, თუ: გულსა რაღად ვიტეხ? ახლო არის მომავალი...“ პოეტის ნატვრა არ გამართლდა, წყვდიადი კიდევ უფრო შესქელდა. ის მაინც გულს არ იტეხს, იცდის, უცდის და განაგრძობს ბოროტებასან ბრძოლას. და აი ნატვრა სრულდება. პირველ რევოლიუციას აღფრთოვანებით ეგებება: „ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში და, როგორც სვიმონ მოხუცებულსა, მეც მომეფინა, მოხუცს, ნუგეში. გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა, რომ მოიპოვოს თავისუფლება, სიტყვის, მწერლობის, კრება-ერთობის და აასრულოს საერთო ნება... მადლობა უფალს! მოვიდა წარღვნა რომ წაილეკოს უსამართლობა და დაემკვიდროს ამიერიდან შვება, თანხმობა, ძმობა, ერთობა...“ რასაკვირელია მიზანი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, მტერი არ არის დამარცხებული, მაგრამ „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და თან მოყვება მას სიარული, შვილების პირველ ფეხის ადგმაზე, მისი მშობელი არს მხიარული... ბედმა გვარგუნა ჩვენ ხვნა და თესვა, რაც კი მოითხოვს ხანდახან გასვრას! თქვენ მომკლები ხართ! ხელს ნუ გაიჭრით, ნუ ერიდებით ცოტა სისხლის ღვრას...“ ეს იყო ძალის წამოყენება პირველ ალაგას, როგორც საშუალება რევოლიუციისა. და რომ ეს ნათელი ყოფილიყო ამავე ლექს იმავე კვირაში მიაყოლა თავისი ცნობილი ხანჯალი: „გლესავ და გლესავ, მახვილო, ამოგიფერავ გულსაო, შენ უნდა ეძმო და ეყმო უმართლოთ დაჩაგრულსაო... მომიციქულე მტრის გულთან, მიუძღვენ ჩემი სალამი ის ვითომ საწერელია, ჩაარჭვე, როგორც კალამი...“ აკაკი სავსებით გაყვა რევოლიუციას მის დამცველათ და მებაირაღეთ. მან შესძახა „ინტერნაციონალში“: „აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ, გაიღვიძე პროლეტარო, ჩვენვე უნდა მოუპოვოთ ჩვენ თავს აწი დრო სანეტარო...“ ან და „ძირს მთავრობავ უსამართლო, ვეღარ ვიტან გასაჭირსა, ყოველი მხრით გეძახიან: ძირს, მთავრობავ, აწკი ძირსო... ხალხი იბრძვის, ხალხი ღელავს, ვეღარ ასდებ აწ აღვირსო, ყოველი მხრით გეძახიან: ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო...“ რევოლიუციის დამარცხებას მისთვის სრულიად არ შეუცვლია ხაზი, არ შეუნელებია ბრძოლა , არ მოუდუნებია კალამი. ის ისევ ბასრი და ენამჭევრი რჩება ბოლომდე, სიკვდილამდე. ის განაგრძობს თავდასხმას მედროვე მოღვაწეებზე: „დედას სნეულს და ავათმყოფს ერიდები, აშორებ თვალს, მოწიწებით თაყვანსა სცემთ გადამთიელ დედინაცვალს... თეთრი კბილი, შავი გული აი შენი პოლიტიკა, საქმით მგელო, ხაშმით გველო, კუდამელის კუდისრიკა. მოდის ის დრო, რომ დაგმობენ შენისანა ფარისევლებს, შეგეცვლება ლხინი ჭირათ და მოიმკი კვნესით ცრემლებს...“ ეს დრო კიდევაც დადგა რამდენიმე წლის შემდეგ...
პოეტის აქ მოკლეთ მოყვანილი სოციალური და პოლიტიკური ჰანგები წარმოადგენენ ბასრ კრიტიკას ყველა უფროს-უნცროსობაზე აგებული საზოგადოების, როგორც მისი დროის, ისე დღევანდელის და მომავლის. თითქმის ყველა მისი თავდასხმა არის იმავე დროის თავდასხმა დღევანდელ ბოლშევიკურ ბატონობაზე და მის მიერ დამყარებულ ადამიანთა ურთიერთობაზე. აკაკის ბრძოლა არის მუდმივი, სანამ საზოგადოება იქნება აგებული შრომის და მშრომელთა ჩაგვრაზე. მთელი ეს ჰანგები გამოწვეულია პოეტის ნაციონალური მოსაზრებიდან. მისი იდეალია მთლიანი ქართველობა გარეშე მტრის - რუსეთის - წინააღმდეგ, ხოლო ამავე დროს დარწმუნებულია რომ ეს სანატრელი ერთი ფრონტი შეუძლებელია ხალხის ყვლეფის და დაბეჩავების ნიადაგზე. ხალხის განთავისუფლება ერთათ ერთი გზაა ნაციონალური განთავისუფლებისა. ილიას და აკაკის შეხედულება ამ სფეროში სავსებით ერთი და იგივეა, ორივეს მუზა ერთხმიანათ ამას ჟღერენ, ორივეს პოზიცია ოპტიმისტურია. იმ დროს როდესაც თითქოს ყველაფერი დავარდნილი, დაცემული, უძრავათ გდებული იყო, აკაკი მაინც გულს არ იტეხდა და სწერდა: „არ მომკვდარა! - მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს, ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს...“ (1880წ.). მას სჯეროდა მუდამ საქართველოს ადგომა, მისი ნაციონალური აღორძინება, ერთი პირობით: „მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული, ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს ძმობა, ერთობა და სიყვარული“. ამ აზრს ის არ ეშვება, ხშირათ იმეორებს და ამით კიდევაც ამაყობს დიდი რეაქციის დროსაც: „არაფრად მიჩანს ქვეყნის დიდება, კუჭს არ ვაღმერთებ, თაყვანს ვსცემ გულსა და ვუგალობ მე თანასწორობას, ძმობას, ერთობას და სიყვარულსა“ (1908 წ.).
პოეტი მოქალაქე, პოეტი მებრძოლი, მამაცი, უშიშარი და შეუდრკელი - აი ვინ არის ჩვენი დიდი მგოსანი, ჩვენი აკაკი.
ეს დიდი ტემპერამენტის, ძლიერი ნებისყოფის მგოსანი არის იმავე დროს დიდი გრძნობების, ძლიერი სულის პატრონი. მისი ლირიკული ლექსები გადმოგვცემენ ერთ და იმავე დროს ავტორის და ხალხის გულის ინტიმურ სიმებს, ადამიანში ღრმათ დამარხულ გრძნობათა თაიგულებს. ის უკრავს ამ ჩონგურზე და ამღერებს მთელ ქართველობას. ამ ნიადაგზე აკაკიმ მოახდინა სასწაულება: მისი ლირიკა აერთებს ყველა ქართველს, მდგომარეობის და შეძლების მიუხედავათ, ყველა ერთნაირი სიამოვნებით მას მღერის, ყველას გული მის გაგონებაზე ერთხმიანათ სცემს. ქართველი ერის მუსიკალური მთლიანობა აკაკის შემოქმედებაა. რომელი ქართველი არ სტკბება მისი საიდუმლო ბარათით, თავო ჩემო, აღმართ-აღმართ მივდიოდით და მრავალი სხ. პოეტი ჩაწვდა ადამიანის სულის სიღრმეს და იქიდან ამოალაგა დამალული ხმები. მისი პოეზია უკვდავია ხალხთან ერთათ. ის ხალხშია, ხალხი მასშია.
აკაკი უეჭველი მესაიდუმლეა ქართველი ხალხის გრძნობების და ფიქრების. ის მისი შეუდრეკელი, შეუშინებელი წინამძღოლია ჭირში და ლხინში. ის მას არასოდეს მარტოთ არ ტოვებს, ყველა გასაჭირში ის მას თარით ევლინება და მძიმე უღელს უმსუბუქებს. ის მუდამ ახარებს მის გულს, უნერგავს იმედს, ჩანგით ხელში თავს დასტრიალებს.
ორივე პოეტი, აკაკი და ილია, მუზამ ტყუპათ გახადა; ერთი გზით მიმავალნი, ერთი დროშით მომღერალნი, სიმების დაწყობით განსხვავებულნი, გამარჯვებულნი გამოდიან. მათი იდეალი სავსებით ასრულდა, ქართველი ერი გამთელდა ხალხის ნიადაგზე და მან მაშინვე ნაციონალური თავისუფლება გამოაცხადა. ამ დიდ აღდგომას ისინი ვერ მოესწრენ, მაგრამ მათი სული, მათი ანდერძი უკვდავია...
ნ. ჟ.
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1937. - №73
![]() |
87 „ვეფხის ტყაოსანი“-ს საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
1. ტექსტი
ვეფხის ტყაოსანს ერთი საკვირველი ამბავი სჭირს. მიუხედავათ მისი შვიდასი წლის არსებობისა და მრავალნაირი გამოკვლევისა, პოემის ტექსტი აღდგენილი არ არის. დღესაც ამ საგანზე ისეთივე დავაა, როგორიც იყო წინეთ, საუკუნეთა განმავლობაში. ეს საკითხი თითქოს გადასჭრა ვახტანგ მეექვსემ, დაბეჭდა მთლიანათ წარმოდგენილი პოემა, როგორც საბოლაო და სწორი. მაგრამ ჩქარა ეს ტექსტიც სადაოთ გახდა და დაიწყო „ყალბი ადგილების“ ძიება. ერთხელ განსვენებულმა ალ. სარაჯიშვილმა ჟურნალ „მოამბე“-ში გამოაქვეყნა იმდენი ეს „ყალბი ადგილები“, რომ პოემისაგან ცოტა რამ რჩებოდა, რასაც სხვები თავის მხრივ სადაოთ აღიარებდენ.
ყველა ძველი პოემა, რომელიც ხელიდან ხელში ხელთნაწერათ გადადიოდა, უეჭველათ განიცდიდა ცვლილებას, შესწორებას, ჩამატებას, გაგრძელებას, თანახმათ გადამწერის გემოვნებისა და მსოფლმხედველობისა. ამ საერთო ხვედრს ვერ აცდა რუსთაველიც: ეს თუ ის ტაეპი თუ სტრიქონები საფუძვლიანათ იწვევს ეჭვს და დავას. ეს ასე ყოფილა ყოველგან, ასეა ჩვენშიაც. მაგრამ რაც სხვაგან აღარ არის დიდი ხანია, ხოლო ჩვენში კი გრძელდება დღევანდლამდის, ეს არის პოემის მთლიანობის, მისი დასაწყისის და დაბოლავების უდაოთ მაინც წარმოდგენა, მთელი გაშლილი მოქმედების თავიდან ბოლომდე გათვალისწინება. თუ შესავალი კიდევ დავას იწვევს, დასაწყისი მაინც უდაოა, ხოლო დაბოლავება სამაგიეროთ გამხდარა დიდათ სადაოთ. ამ მხრით საყურადღებოა ბ. კ. ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ვეფხის ტყაოსანი, რაიცა თავდება ახალი თავებით, ვახტანგის მიერ ყალბათ აღიარებულით. ეს გამოცემა ისევ სვამს ტექსტის საკითხს იმდენათ, რამდენათ ეს დაბოლოვებას ეხება. თუ ეს საკითხი გადაწყდა, თავი და ბოლო აღდგა, შიგნით ჩართული ტაეპების გაწმენდა შედარებით ადვილია. აი, ამ საგანს ვუძღვნით ამ ჩვენ მოსაზრებას.
ისმება ორი საკითხი: პოემა თავდება ვახტანგისებურათ, თუ მას უნდა ქონდეს გაგრძელება; და თუ გაგრძელება აუცილებელია, რამდენათ ასრულებს ამ დანიშნულებას ჭიჭინაძის ტექსტი, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?
ესეც ისე უნდა იქნას გადაწყვეტილი, როგორათაც ყველა სხვა სადაო საკითხები პოემისა. მართალია ის ტექსტი, რომელიც ეთანხმება მთავარ ხაზს, პოემის მოქმედების მსვლელობას, განვითარებას და ლოღიკას, უპასუხებს დასმულ ამოცანებს, ანათებს ბნელ ადგილებს, - ერთი სიტყვით, მის ხერხემალს, მის მუსკულებს, მის სულს და გულს. სახეში მისაღებია პოეტის შემოქმედების პროცესი. ის მეტათ მკაფიო, ლაკონიური და ლოღიკური მწერალია. უცაბედათ, უადგილოთ არას წამოისვრის; ყველა მისი აზრი, დებულება, პლანი, მოქმედება გადაბმულია ერთიმეორეზე, აცმულია ერთ მთლიან ძაფათ, ერთ შენობათ, რომლისაგანაც ერთი აგურიც კი ვერ გამოვარდება.
ვახტანგისებური ტექსტის ბოლო ეთანხმება მთელ პოემას, მის სულს და გულს? ბ. ჭიჭინაძე ამაზე უპასუხებს უარყოფითათ. სამწუხაროთ, ამის შესაფერი დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოიყვანა. მისი ორიოდე საბუთი, პოემიდან ამოღებული, მოკლებულია დაჯერების ძალას. ნამდვილად კი „ვეფხის ტყაოსანში“ მოიპოვება მრავალი სხვა ადგილები, მეტათ მჭრელი და ურყევი, რაიცა სავსებით აქარწყლებს ძველ ტექსტს. განვიხილოთ ეს ადგილები.
ნესტან-დარეჯანი არის ტახტის ერთათ-ერთი მემკვიდრე; ის დაიკარგა და მას ეძებენ. ცხადია, ეძებენ არა მარტო რომანიული მოსაზრებით, არამედ აგრეთვე სახელმწიფო მოთხოვნილებითაც. ქვეყანა საჭიროებს კანონიერ მეფეს. მისი საქმრო, ტარიელი სრულიად არ მალავს, რომ ის ინდოთ მეფეა და ამ ტიტულს ყოველთვის იფერებს. ფრიდონს აცნობს თავის თავის ვინაობას და ისიც უპასუხებს: „შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა სადმე ხარ მოსული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული“ (ტაეპი 539; აბულაძის გამოცემა). ტარიელ უთვლის არაბთა მეფეს, როსტევანს: „მე მოვალ მეფე ინდოდა დარბაზსა თქვენსა სეფესა“ (1339). ბოლოს და ბოლოს, ნესტან-დარეჯანს მიაგნეს, ტყვეობიდან გამოიხსნეს, მოიყვანეს არაბეთში; აქედან დიდის ამალით და მხედრობით გააცილეს ინდოეთისაკენ. იარეს სამი თვე და ბოლოს „მინდორსა შინა სადილათ გარდახდეს უდილადოსა. ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სვამდეს არ დოსა“ (1409). და აი, ამ მინდორში თავდება პოემის მოქმედება! არც ტახტი, არც სრა, არც დედა-ქალაქი, არც რაიმე ქალაქი ან სოფელი, არც მტერ-მოყვარე, - ერთი სიტყვით, ორი მეფე ცოლ-ქმარი მიატოვეს მეგობრებმა უდაბურ ადგილას და დაბრუნდენ თავიანთ სამშობლოში! არც ის სჩანს, თუ სად მდებარეობდა ეს მინდორი - ინდოეთში თუ მის გარეთ. ეს არის სამი თვის მგზავრობის დასკვნა. მაგრამ თუ მივიღებთ მანძილს, არაბეთიდან სპარსეთით ინდოეთისაკენ და მგზავრობის პირობებს, ეს მინდორი შესაძლებელია სპარს-ინდოეთის საზღვართან მდებარეობდეს. „მტერობა ვერავინ დაიქადოსა“-ო. მაგრამ რომელ მტერზეა ლაპარაკი, არ სჩანს. მტერნი შეიძლება ყოფილიყვენ სპარსელნიც, განსაკუთრებით მათი ბატონიშვილის მოკვლის შემდეგ, რომლის მკვლელი ტარიელი მისი ტერიტორიით მიემგზავრებოდა. რუსთველს არც ერთი ალაგი არ აქვს პოემაში ბურუსით მოცული. ყველა მისი აზრი, ყველა მის მიერ აწერილი მოქმედება ნათელი და თვალსაჩინოა. ამიტომ სრულიად დაუჯერებელია, გამარჯვებულთა ბოლო მომენტი ასეთ ბურუსში გაეხვია და რაღაც იგავებით ელაპარაკა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მეგობართა ზნე-ჩვეულებას, სტუმართ-მოყვარეობას და ავთანდილის დაპირებას.
დავუშვათ, რომ ეს მინდორი ინდოეთშია, მაგრამ აქ ხომ მტერი დგას. ნესტან-დარეჯანი სწერს ტარიელს ქაჯეთის ტყვეობიდან: „წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწროებულსა“ (1162), ე.ი. ინდოეთში მეფე ცოცხალია და მტერს ებრძვის, რომელსაც დახმარება ეჭივრება, ხოლო მინდორში პურის საჭმელათ ჩამომხტარი ტარიელი მისი ამალით ვერც მეფეს ხედავს, ვერც მტერთ და თვითონ მეფდება. თუ მეფე მოკვდა, ეს უნდა იყოს აღნიშნული; თუ მტერი-უცხოელნი შიშით თავიანთ ქვეყნებში გაიქცენ - ესეც უნდა იყოს მოხსენებული. როსტევან მეფე ტარიელს აძლევს 80 ათასიან გამორჩეულ მხედრობას მტერთა შესამუსრავათ: „ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა, თქვენთა მტერთა და ორგულთა დაფრენდით, დაცასჭრიდითა“ (1393, 1395), ე.ი. მტერი იდგა ინდოეთში როგორც ნესტან-დარეჯანის ტყვეობის დროს, ისე შემდეგაც - ტარიელის დაბრუნებამდე.
ამოდენა ხალხი დაბანაკდა მინდორში პურის საჭმელათ; ეს სრულიად ბუნებრივია. „ღვონოსა სვამენ, არ დოსა“, - ესეც მისახვედრია. მაგრამ შემდეგ მოდის ტაეპები, რომელთა შინაარსი თილისმას უფრო შეეფერება, ვინემ რეალობას. აქ უცებ „ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი სანატრელი, შვიდი ტახტი, სახელმწიფო საშვებელი გაუცვდელი, ... მისცეს კლიტე საჭურჭლეთა“ და სხვ. (1410_1411), ე.ი. ამ მინდორში მათ ტახტიც მიუღიათ, ხაზინაც ჩაუბარებიათ, საჩუქრებიც დაურიგებიათ, ხოლო როგორ, რა თილისმით - ეს არა სჩანს. ეს უეჭველია, ასე მოხდა, მაგრამ სად, შემთხვევით ნახულ მინდორში თუ სადმე სხვაგან - რომელიმე დიდ ქალაქში, მეფეთა სასახლეში? უეჭველია, მოხდა ტარიელის სატახტო ქალაქში შესვლა და ყველა ბოლოს აწერილი ამბები აქ დატრიალდა. და სწორეთ პოემას ეს მომენტი აკლია, აკლია დიდი მნიშვნელოვანი დასასრული: ტარიელის ინდოეთში ტრიუმფით მოგზაურობა და გამეფება. ასეთი ნაკლი, მოქმედების გაწყვეტა, გადახტომა, ულოღიკობა და არევ-დარევა სავსებით ეწინააღმდეგება რუსთველის შემოქმედებას და მის დალაგებულ მეთოდს. ის რეალისტია თავიდან ბოლომდე.
ამნაირათ, ყოველივე ეჭვს გარეშეა ის, რომ 1409 და 1410 ტაეპს შორის აკლია რამოდენიმე ტაეპები, აწერილობა ტარიელის მოგზაურობისა უდაბურ მინდორს და დედა-ქალაქს შორის. ეს ბოლო ამბავი, უეჭველია, უნდა ყოფილიყო მოკლეთ მოჭრილი, ვინაიდან პოემის ფაბულის გაშლა უკვე დასრულებულათ უნდა ჩაითვალოს და მას მხოლოდ შესაფერისი დაბოლავება მიეცეს პოეტის ლოღიკის და მსოფლმხედველობის საზღვრებში; და სწორეთ ეს ლოღიკა არ არის დაცული. ბოლო თავდება ტარიელის და მისი ცოლის გამეფებით. მაგრამ არსაიდან არ სჩანს, რომ ინდოეთის ტახტი ცარიელია, ნესტან-დარეჯანის მამა გარდაცვლილია. ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილი წერილიდან კი, პირიქით, სჩანს, რომ მეფე ცოცხალია და მას მიხმარება ეჭივრება. ასე ბუნდოვანათ ამ დიდ საკითხს რუსთაველი ვერ დატოვებდა და მას უეჭველათ გააშუქებდა.
აი, ამ ნაკლის შევსებას ცდილობს ბ. ჭიჭინაძის ტექსტი. მას ჩაურთავს აღნიშნულ ტაეპებს შორის 39 ტაეპი და მით აღუდგენია გაწყვეტილი ძაფი. ეკუთვნის ეს დამატება რუსთაველს? ამაზე უარყოფით უპასუხებენ მრავალი მკვლევარი, მაგრამ მათ შესაფერი საბუთი არ მოუყვანიათ და მით საკითხი გადაუჭრელი დარჩენილა; ხოლო საბუთები კი ბევრი მოიპოვება თვით ტექსტში.
საკმარისია გულდასმით გადაიკითხოთ ის, რომ დაასკვნათ: არც მსოფლმხედველობა, არც სტილი და არც მუსიკა რუსთველური არ არის. და მართლაც, მთელ პოემაში არსად, არც ერთი მაგალითი არ არის ამოღებული საღვთო წერილიდან - არც დაბადების, არც სახარების, არც ყურანის, არც საეკლესიო წყობისაგან. ის ერთათ-ერთი სიტყვა - „მოციქული“, რომელიც პოემის ზოგ გამოცემაშია შეტანილი, რასაკვირველია, პოეტს არ ეკუთვნის. ბ. აბულაძე მას აწერს ვინმე გადამწერს. ნათქვამია: „წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რა გვარ სწერენ“. რუსთაველს კი ყოველგან ავტორიტეტათ მოყავს „მეცნიერი“, „ბრძენი“ ან რომელიმე ფილოსოფოსი. ამიტომ სრულიად სამართლიანათ ბევრ გამოცემაში „მოციქულის“ ალაგას შეტანილია „მეცნიერნი“. ეს მით უფრო, რომ ავთანდილია არაბი; მაშასადამე, საქრისტიანოს წმინდანებს თავის ავტორიტეტათ ვერ მოიყვანდა. მაგრამ იმავე დროს არ მოყავს არც მაჰმადიანთა წმინდანები, ვინაიდან ამით დაეკარგებოდა გმირს ქართული ხასიათი. ამიტომ პოეტის ყველა აზრები და შედარებები სავსებით საერო ხაზზეა დაწყობილი, სარწმუნოებათა გარეშეა მონახული.
ჭიჭინაძის ტექსტში ეს მთავარი ხაზი პოეტისა დარღვეულია და შიგ საქრისტიანო ჩანგი აჟღერებულია. აქ მოთხრობილია ტარიელის და მისი არაბთა ამალის გლოვა-ტირილი, ოდეს გაიგეს ნესტან-დარეჯანის მამის გარდაცვალება. უცებ მათ სანუგეშოთ გამოყვანილია ქართველი ეკლესიის მეთაური - ქათალიკოსი! „მაგრა ექმნეს სულის მღებლათ ქათალიკოს-მაწყვერელათ“ (1667). აშკარა შეუსაბამობაა, მახმადიანებს ქათალიკოსი ვერაფრით ვერ ანუგეშებდა. ეს არის არა უბრალო მიბაძვა რუსთველისადმი, არამედ ყალბი მიბაძვაც. ამავე ხაზისაა „დაბადებიდან“ აღებული შედარებები, რასაც პოეტი არასოდეს არ მიმართავს, ხოლო მიმბაძველი კი რუსთველურათ ასაღებს: „აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითაა მაგარა“ (1673); ან და: „ვით ნინეველნი ისხამდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა“ (1689). ყველა ეს უეჭველია შეთხზულია ძალიან გვიან, კლერიკალურ პერიოდში, პოემისათვის საეკლესიო ელფერის მისაცემათ.
ახლა გავშინჯოთ სტილი. რუსთველს ყველა თავისი აზრები გამოხატული აქვს ისეთი სიტყვებით, რომელნიც მათ ზედმიწევნით აღბეჭდავენ. არავითარი ორ-აზროვნება, შეუსაბამობა, გადახვევ-გადმოხვევა არ არის. შინაარსი და ფორმა ერთმანეთზე მიმკვდარია. ჭიჭინაძის ტექსტი ასე იწყება: „ქედსა ზედა გადმოადგა მეტათ დიდი ქარავანი“. ეს ფრაზა ემსგავსება რუსთველისას, მაგრამ შემდეგი: - „კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი“, - რუსთველური აღარ არის. კაცი შეიძლება იყოს „შაოსანი“, ე.ი. შავათ ჩაცმული, და პოეტს კიდევაც აქვს ეს ნახმარი (198). აქ მხოლოდ განმეორებაა, რაც რუსთველურათ არ ჩაითვლება. ის ერთხელაც არ იმეორებს ერთხელ ნახმარ აწერილობას. მაგრამ სახედრების შაოსნობა, პირუტყვის შავათ ჩაცმა - ეს მეტათ ვულგარული მეტყველობაა, რაიცა არ მოუვა ჩობანო მელექსესაც. ქვემოთ უკვე ირკვევა, რომ შავათ ემოსა მხოლოდ მგზავრებს და არა სახედრებს (1672), ე.ი. წინანდელი აწერილობა აქ უკვე დარღვეულია, ლოღიკა დაკარგულია. ტარიელი მათ ეკითხება: „ვინა ხართ, შავითა რა ტანი შეგიგლესია?“ (1653). „შეგლესა“ ანუ „შელესვა“ შეიძლება კედლის, უსულო საგნის, და არა ადამიანის. ხეირიანი პოეტი იტყოდა მის ალაგას: „შეგიმოსია“. „დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა“ (1655). ეს „მსგავსი წვეთისა“ მეტათ უხეირო ნათქვამია. ქვეყანა იცრემლება, ცრემლი კი ერთი წვეთი ყოფილა! რუსთველი იტყოდა: „ცრემლთა დენა“, „ცრემლთა ღვარა“, „ცრემლთა წყალები“ და სხვა ასეთი აწერა, რითაც სავსეა პოემა.
ერთი სიტყვით, დამატებული თავების სტილისტიკა სრულიად არ არის რუსთველური. პოეტის მსუბუქი, ცქრიალა ენის ალაგას წამოყენებულია მძიმე ენა, ნაძალადევი ლექსთა წყობა, არა-ბუნებრივი გამოთქმა, მუსიკას და ჰარმონიას მოკლებული. მიმბაძველი ცდილობს უეჭველათ, დაემსგავსოს პოეტს და ალაგალაგ მიმართავს რუსთველის განმეორებას და ამასაც სჩადის უხეიროთ. მაგ, პოეტის ცნობილი ფრაზა: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“, მიბაძვაში განმეორებულია ასე: „შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდიღა დაღრეჯანია“ (1679). მუსიკას ვინ ჩივის, გრამატიკაც კი არ არის. რუსთველი სწერს რამაზ-მეფეს: „ზედ არ მოგეპარებიო“. მიმბაძველს ის ასე უხეიროთ გაუმეორებია: „მოპარვა მე შენი მე არ მწადიან“ (1681). ავტორი ვერ ატყობს, რომ „მოპარვა“ და „მოპარება“ სხვადასხვა სიტყვაა. მოხდენილია თვით ტარიელის ვულგარიზაცია, მისი სიტყვა-პასუხი მოკლებულია ზრდილობიანობას (1681).
ამნაირათ, კ. ჭიჭინაძე მართალია იმაში, რომ ვახტანგისებური ტექსტის ბოლო მოკვეცილია. არ არის მართალი იმაში, რომ ამ დაკარგული ბოლოს ალაგას ვიღაცას ლექსი ამ ბოლოთ გამოუცხადებია. თუ სახეში მივიღებთ რუსთველის ლაკონიზმს, გრძელი სიტყვის მოკლეთ მოჭრას, უნდა ვიფიქროთ, რომ დაკარგული ბოლო შედგებოდა რამოდენიმე ტაეპისაგან, რაიცა შეიცავდა სხარტულათ აღწერას ინდოეთის მდგომარეობისა ტარიელის დაბრუნებისას. სანამ ეს ბოლო არ მოინახება და გაწყვეტილი კავშირი ტარიელის მინდორში დაბანაკებას და მის გამეფებას შორის არ აღდგება, უნდა მოხდეს ტეხნიკური ცვლილება გამოცემაში. გამეფების ამბავი უნდა მოშორდეს პური ჭამის ამბავს და ცალკე თავათ გაკეთდეს, როგორც პოემის დასკვნა.
რაც შეეხება თვით რუსთველის ტექსტში შეტანილ ცვლილებებს, ჭიჭინაძეს ესეც გაურჩევია და ბევრი სასარგებლო შესწორებანი შეუტანია. სამწუხაროთ, ამ სფეროშიაც ვერ დაუცავს ზომიერება და რაც კი ხელში მოხვედრია, ყველა რუსთველურათ გამოუტანია. აი, მაგალითები:
აბულაძის გამოცემაში მე-76 ტაეპით თავდება ერთი თავი, ხოლო სხოლიოში აქვს შეტანილი ვარიაცია, რაიცა ჭიჭინაძეს შიგ ტექსტში შეუტანია. ვინ არის მართალი? მართალია პირველი: ვარიაცია რუსთველის არ არის. რატომ? იმიტომ, რომ ის განმეორებაა ტექსტის. და მართლაც, აქ სწერია: „კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლადია; ვერცა თუ ნახეს მნახველი ღმრთისაგან დანაბადია, ცუდათ მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია“. ვარიაცია ამბობს: „მონათა კადრეს, მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახველსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით...“ მაგრამ ეგევე აზრი უკვე არის გამოთქმული პირველ ტაეპში, თითქმის იმავე სიტყვებით. მაშასადამე, განმეორება რუსთველური ლაკონიზმის წინააღმდეგია და მას არ ეკუთვნის. სამაგიეროთ, ჭიჭინაძე მართალია, როცა ქვემოთ ორი ტაეპი აბულაძის სხოლიოდან ტექსტში გადაუტანია, საიდანაც სჩანს, თუ მეფემ როგორ გაიკეთა გული და გამხიარულდა. ამათი გამოგდება სწყვეტს აზრთა მსვლელობას და ლოღიკას: არა სჩანს მიზეზი მეფის გამხიარულებისა და მისი შემდეგი მოქმედებისა. მან მართლაც დაიჯერა, რომ ტარიელის სახით ეშმაკი ეჩვენა და დამშვიდდა. შემდეგ, აბულაძის 103 ტაეპს მოსდევს სხოლიოში ვარიაცია - ჭიჭინაძეს ესეც ტექსტში აქვს და მისი ადგილიც სწორედ აქ არის. რატომ? ამას ითხოვს ლოღიკა და აზრთა მსვლელობა: ავთანდილ გადასცემს შერმადინს თინათინის სურვილს ტარიელის მონახვისა, ხოლო არა სჩანს, რატომ ეს სურვილი მისთვის გადაიქცა ბრძანებათ და კანონათ, რის ასრულებისათვის თავსა დებს. სხოლიო კი სწორეთ ამ მიზეზს ასახელებს - ამჟღავნებს შერმადინის წინაშე ავთანდილის და თინათინის სიყვარულს.
„ვეფხის ტყაოსანისათვის“ დამახასიათებელია ერთი მეტათ საყურადღებო გარემოება: აქ არსათ არ არის გამოყვანილი და მოქმედებაში ჩაბმული მისნიური ძალები - ეშმაკები, დევები და ქაჯები, რითაც სავსეა ყველა მისი დროის საერო ნაწარმოებები. პოეტი მათ იხსენიებს თანახმათ ხალხური ლეგენდებისა; მაგრამ ვინაიდან თვითონ მას ეს არ სჯერა, ამ ძალებს არ ამოქმედებს. მთელი ფაბულის გაშლა და გატარება წარმოებს ბუნებრივ კალაპოტში. „ყარამანიანზე“ და „ამირან-დარეჯანიანზე“ აღზრდილი მელექსენი, რასაკვირველია, ასეთ კალაპოტში ვერ ჩაეტეოდენ და შესაფერი „შესწორებანი“ შეუტანიათ პოემაში. ჭიჭინაძეს ყველა ეს ხალას ჭეშმარიტებათ მიუღია და მოუცია ერთი ნაწყვეტი „სადევ-გმირო“ ამბებისა. ის ტარიელს ალაპარაკებს: „დევთა ყვირილი, ძახილი ზეცამდის აიწეოდა, მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა“ და სხვ. (1699-1701), რაიცა გათავდა უამრავი დევების გაწყვეტით ტარიელის მიერ! რეალური პიროვნება ტარიელისა იქცევა ფანტასტიურ პიროვნებათ ყარამანისა.
კმარა, კიდევ მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა. შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ყველა გამოცემათა შორის ჭიჭინაძის გამოცემა ყველაზე უფრო დაშორებულია სინამდვილეს. როგორც ერთხელ ალ. სარაჯიშვილმა ვერ დაიცვა ზომა „ვეფხის ტყაოსანის“ შემცირებაში, ისე დღეს კ. ჭიჭინაძემ ვერ დაიცვა ზომა მის გადიდებაში.
დრო კი არის ამ უდიდეს ძეგლს ქართული კულტურისა ჯეროვანი ყურადღება მიექცეს და ავტორიტეტულ პირთა კოლექტიური შრომით მისი ნამდვილი ტექსტი აღდგეს.
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1937. - №132
![]() |
88 „ვეფხის ტყაოსანი-ს“ საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
2. ავტორის ვინაობა
თუკი პოემის ტექსტზე ამდენი გაუთავებელი დავაა ჩვენს მწერლობაში, კიდევ მეტი დავაა გამართული ავტორის ვინაობაზე. ბ. აბულაძის სიტყვით, „ჯერ-ჯერობით არ აღმოჩენილა არავითარი სარწმუნო ცნობა პოეტის ვინაობისა და ცხოვრების დროის შესახებ“; ხოლო „ერთათ ერთი ახალი მოსაზრება პოეტის პიროვნების შესახებ ეკუთვნის ბ. პ. ინგოროყვას“-ო.1 აქედან ცხადია, რომ პოეტის ვინაობაზე ერთი მხრით სრული სიცარიელეა, მეორე მხრით, გადაჭრილი შეხედულობაა გამოთქმული ბ. ინგოროყვას მიერ, რაიცა ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოთ მიღებული.
რა მეთოდით უნდა მიუდგეთ ამ სადაო საკითხის გამორკვევას? რა გვაინტერესებს პოეტის ვინაობაში?
არის ერთათ-ერთი მეთოდი, ან ისტორიულათ გადმოცემული ცნობები, და თუ ასეთი მატიანე არ მოიპოვება, თვით პოემა რუსთაველზე პირველი წყარო დუმს; რჩება მეორე საშუალება. აქ ჩვენთვის საყურადღებოა არა უეჭველათ პოეტის გვარი და ჩამომავლობა, არამედ უმთავრესათ მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა, მისი ალაგი სოციალურ იერარქიაში და იდეიურ მიმდინარეობაში. რას იცავდა, ვის ებრძოდა, რა წყობას და აზროვნებას ამაგრებდა - ამის პასუხი იძლევა პოეტის ნამდვილ ბუნებას და ვინაობას; ე.ი. არის ორი საკითხი გამოსარკვევი: პოეტის პირადობა და მისი ალაგი საზოგადოებაში.
ჩვენი ავტორი თავის თავს გვაცნობს წინასიტყვაობაში: „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა, ამად არი“. ის არის რუსთავიდან. ასეთი დასახელება თავის თავისა საშუალო საუკუნეში ჩვეულებათ იყო შემოღებული: ავტორი თავის ნაწარმოების რომელიმე ალაგას - თავში, შუაში ან ბოლოში - უეჭველათ თავს გვაცნობდა. მაგ., საფრანგეთის დიდებული ძველი პოემა - „სიმღერა როლანზე“ - თავდება ასე: აქ წყდება ლექსი, რითაც ტუროლდუს არის დამწერი თუ გადამწერი. მაგრამ ფაქტია ის, რომ შესაძლებელია, ასეთი ადათი გადმოიღეს სამოციქულოდან, სადაც, მაგ., პავლე ყველა თავის ეპისტოლეს თავისი ვინაობის გაცნობით იწყებს. მაშასადამე, „ვეფხის ტყაოსანში“ მოთავსებული ტაეპი ავტორის ვინაობაზე სავსებით შეეფერება სინამდვილეს, მიღებულ სამწერლო მეთოდს. ჩვეულება თავის თავის დასახელებისა ტექსტში იყო დაშვებული.
თუ კი ფრანგ პოეტზე შეიძლება დავა იმაზე, თუ ის დამწერი თუ გადამწერი იყო, რუსთაველზე კი ასეთი დავა უადგილოა, რადგანაც თვითონ კატეგორიულათ აცხადებს: „დავჯე, რუსთველმა გავლექსე“, „ვპოვე და ლექსად გადავთქვი“ და სხვ., ე.ი. ის არის უეჭველი ავტორი, დამწერი და არა გადამწერი.
ამავე დროს პოეტი თავის ვინაობას აცხადებს არა გვარის და ჩამომავლობის მიხედვით, არამედ იმ ადგილის, სადაც დაბადებულა, აღზრდილა ანდა უმოქმედია. ის არის რუსთავიდან. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსთავი მას ეკუთვნოდა, როგორც ამას ფიქრობს ბ. პ. ინგოროყვა, თუ ნიშნავს მხოლოდ მის სამშობლოს?
ჩვენში, ისე როგორც მთელ ევროპაში, მებატონენი და დიდგვარიანები ხშირათ გვარის ალაგას ხმარობდენ თავისი მამულის სახელწოდებას თავისი რეზიდენციის მიხედვით. ასეთი წესი იყო საეკლესიო სფეროშიაც. მაგრამ ასეთი წესი უეჭველათ ასეთი მნიშვნელობით იხმარებოდა, უეჭველათ მებატონებას ნიშნავდა? ბ. ინგოროყვა სწორეთ ასე ფიქრობს და აქედან სკვნის: რუსთაველი რუსთავის მფლობელი იყოვ-ო. ეს ჰიპოტეზა მოკლებულია სიმართლეს, ე.ი. თავისი ბინადრობის დასახელება ყოველთვის არ ნიშნავდა თავისი მებატონეობის აღნიშვნას. საზოგადოთ, ჩვენში და დასავლეთის მწერლობაში ძველთაგან შემოვიდა ადათი, - ავტორმა აღნიშნოს თავისი ვინაობა არა გვარით, არამედ სამშობლო ადგილით. მეცამეტე საუკუნის დამდეგს დაწერილ „ტრისტან და იზოლდოს“ ავტორი თავის თავს უწოდებს - გოდფრიდ სტრასბურგელი. მისი ბიოგრაფია ცნობილია. ის იყო სტრასბურგის მცხოვრები ბურჟუაზიის წრიდან და არა ამ ქალაქის ბატონი. ჩვენში, მოსე ხონელი ნიშნავს მის მხოლოდ წარმოშობის ადგილს და არა იმას, რომ მას ხონი ეკუთვნოდა. აბო თფილელი, გიორგი მთაწმინდელი, შავთელი და სხვ. მხოლოდ დაბადების ან მოღვაწეობის ადგილს აღნიშნავს. ასეთი ჩვეულება პსევდონიმების გამოგონებისა დღევანდლამდე დარჩენილია მწერლობაში ყოველგან. რასაკვირველია, ამ მწერალთა შორის ალბათ იყვენ ისეთი პსევდონიმებიც, რომელნიც მართლა აღნიშნავდენ მათ მამულს. მაგ., სარგის თმოგველი შეიძლება იყოს თმოგვის ბატონ-პატრონიც.
მარტო ეს მოსაზრება არ სჭრის საკითხს ავტორის ვინაობისა. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ „ვეფხის ტყაოსანის“ ავტორი შეიძლება ყოფილიყო ან რუსთავის მებატონე, ანდა რუსთავში დაბადებული. ამ ორ ჰიპოთეზას შორის რომელია მართალი - ეს ამოცანა უნდა გადასჭრას პოემის შინაარსმა და მეთორმეტე საუკუნის სოციალური ურთიერთობის გათვალისწინებამ.
პ. ინგოროყვას აზრით, შოთა „ეკუთვნოდა სამეფო კარის წრეს, სამეფო უმაღლეს არისტოკრატიას... ჰერეთის ერისთავი შოთა, ჰერეთის ბაგრატიონთა შთამომავალი - არის იგივე შოთა რუსთაველი“. რამდენათ შეეფერება ეს აზრი თვით პოემაში გატარებულ პოლიტიკურ მიმართულებას და მაშინ არსებულ წოდებათა დამოკიდებულებას?
ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ საშუალო საუკუნეში და მის წინ საზოგადოება იყოფოდა ერთი-მეორისაგან მკაცრათ გაყოფილ ჯგუფებათ, წოდებათ და ხელობათ. ამათ შორის მთავარი იყვენ მეომარნი ანუ იარაღის ხალხი (აზნაურობა) და მიწის მუშაკნი ანუ გლეხობა. პირველი იყო გაბატონებული, მმართველი წოდება და თავის პრივილეგიებს სასტიკათ იცავდა. ამავე დროს მეფის და ერისთავთა კარზე იყვენ სხვადასხვა მოხელეობა, აღმასრულებელი ძალა, რომელიც თავიანთ უფროსებს ემორჩილებოდა. ამათ შორის საპატიო ადგილი ეჭირა მწიგნობართა წყობას, დამორჩილებული პირველი მინისტრი ჭყონდიდელისადმი და აგრეთვე მდივნებს, წოდებულს „კალმის ხალხათ“. ყველა ამ დარაზმულობას ქონდა თავ-თავისი საკუთარი გარეგანი გამოხატულობა: იცვამდენ სხვადასხვანაირათ და ატარებდენ თავისი მდგომარეობის ნიშანს. მწიგნობართა ნიშანი იყო საწერელი, „კალმის ხალხის“ კალამი და სხვ. ესენი გამოდიოდენ უმთავრესად დაბალი წოდებიდან, ღარიბი აზნაურობის თუ სხვა წრეებისაგან და თავისი პირადი ნიჭით და ცოდნით აღწევდენ მოხელეობის კარიერას.
ამავე დროს, ამ მწიგნობართა და კალმოსნებისაგან დგებოდა მთელი გუნდი დიდი-კაცების მეხოტბეთა, მელექსეთა, შემსხმელთა, რომელნიც მეთორმეტე საუკუნეში ჩვენში განსაკუთრებით ცეხს წარმოადგენდენ. ესენი თავის მხრივ იყვენ თავიანთი უფროსების განკარგულებაში. ასეთი წყობა იყო არა მარტო საქართველოში, არამედ ყოველგან მთელს ევროპაში და აზიაში. ყველა სასახლეს ყავდა თავისი მაქებარნი და მწიგნობარნი. ყოველგან იარაღის ხალხს აგდებული ყავდა კალმის ხალხი: ეს ხელობა მიაჩნდათ დამამცირებელ საქმეთ, განსაკუთრებით კი მელექსენი - შაირობა ყველა ხელობაზე დაბლა იდგა. ამით აიხსნება რუსთაველის ცდა, აქოს ეს ხელობა და ასწიოს მისი პრესტიჟი. მისთვის „შაირობა სიბრძნისაა ერთი დარგი“. მიუხედავათ ამისა, ჩვენში დღესაც კი მწერალს და პოეტს მოცლილ კაცს ეძახიან. რა იქნებოდა რვა საუკუნის წინ, ადვილათ წარმოსადგენია.
აი, ასეთ საზოგადოებრივ წყობაში, ხელობათა მკაფიოთ დანაწილებაში და შესაფერ ზნე-ჩვეულებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე დიდი გვარიანი, ისიც მეფის გვარის და ჰერეთის ერისთავთა-ერისთავი, ტოვებდეს თავის პრივილეგიებს, ეშვებოდეს კალმის ხალხამდე, ეწერებოდეს მგოსანთა ცეხში, იცვამდეს მდაბიურათ და ნიშნათ ატარებდეს კალამს? საკმარისია ეს საკითხი დაისვას, რომ ის უარყოფით გადაიჭრას. მთელ საშუალო საუკუნეში ყოველგან ხმალის ხალხისათვის კალმის ხალხათ გადაქცევა იყო მიჩნეული დიდ სასირცხო საქმეთ. არისტოკრატია მისდევდა სამხედრო ხელობის შესწავლას და არა განათლების მიღებას. ეს იყო საყოველთაო მოვლენა და საქართველოც მას სავსებით ემორჩილებოდა. მაგრამ დაუშვათ, ჰერეთის ბატონი არც ცეხში შესულა, არც მწიგნობართა შორის გადაწერილა. რუსთაველის არსებული სურათით თავისი ჩაცმულობით და კალმით ყალბია: ის იჯდა თავის ტახტზე და გასართობათ სწერდა ლექსებს, რომელთა შორის „ვეფხის ტყაოსანიცაა“. ასეთ ჰიპოტეზას სავსებით არღვევს ტექსტი. აქ სწერია: „მიბრძანეს მათდა საქებრათ თქმა ლექსებისა ტკბილისა; ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-ტკბილისა“. ვის შეეძლო ასეთი ბრძანება მიეცა პოეტისათვის? რასაკვირველია, მის უფროსს, რომლის მორჩილებაში ის ირიცხებოდა. ჰერეთის ერისთავის უფროსი იყო ერთათ-ერთი პირი - მეფე; სხვა ბრძანებელი მას არ ყოლია. ეს სავსებით გამორკვეულია ისტორიაში. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ თამარ მეფემ მას უბრძანა: შემაქე, აქე ჩემი წარბი და წამწამიო! - ჰიპოტეზა სრულიად დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი თამარისა. ამ ქალის იშვიათი მორალური თვისებანი, მისი სათნო და თავდაბალი ხასიათი იმდენათ ცნობილია, რომ ყოველივე ასეთ ჰიპოტეზას ძირშივე სპობს. ეკატერინე მეორეც კი არ უბრძანებდა თავის ტრეტიაკოვსკის, შემაქეო. ცხადია, პოეტის ბრძანებელი მეფე არ იყო, ხოლო სხვას არავის შეეძლო ასეთი დაკვეთა მიეცა ჰერეთის ბატონისათვის. ისტორიიდან ვიცით, რომ „ერისთავთა-ერისთავს ქონდა მთავრობა ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა“; ამათ მთავრათ „შეიძლებოდა ყოფილიყო და იყო კიდეც მხოლოთ ერისთავთა-ერისთავი. შემდგომათ მეფისა მისი იყვენ მორჩილნი“ და სხვ. (ჯავახიშვილი). მაშასადამე, ჰერეთის მფლობელი ანუ ერისთავთა ერისთავი ისეთი დიდი კაცი ყოფილა, რომ მას მორჩილებდა მთელი ჰერეთის არისტოკრატია, იყო მეფის შემდეგ პირველი პიროვნება და ცხადია, ის ვერ იქნებოდა მელექსეთა და მეხოტბეთა შორის. თამარის დროს ასეთი დიდი თანამდებობის პირნი ბევრი არ იყვენ, მათი რიცხვი რვას არ აღემატებოდა; თავის ქვეყანას განაგებდენ არა დანიშვნით, არამედ მემკვიდრეობით (იქ.).
ამნაირათ, უდაოთ უნდა იქნას აღიარებული ის, რომ „ვეფხის ტყაოსანის“ ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსთაველის დიდ-გვარიანობას, მის დიდ თანამდებობას და არისტოკრატიულ ჩამომავლობას. ამ დებულების წინააღმდეგ შეიძლება იქნას წამოყენებული ერთათ-ერთი საბუთი: ტექსტის სიყალბე, წინასიტყვაობის ვიღაც მიმბაძველების მიერ შეთხზვა. მართალია, ეს საბუთი მოკლებულია ყოველივე საბუთიანობას, რის შესახებ ჩვენ სხვა ალაგას ვრცლათ მოვილაპარაკეთ. მაგრამ დაუშვათ მაინც ერთი წუთით ეს მომიზეზება და მოვნახოთ სხვა, ამაზე უფრო მჭრელი
და ურყევი დამოწმება. და სწორეთ ასეთი დამამტკიცებელი საბუთი მოიპოვება თვით „ვეფხის ტყაოსანში“, მის უდაო ნაწილში.
სამწუხაროთ, პოემის მკვლევარნი მას აკავშირებენ ყოველნაირ ძველის ძველ უცხო ნაწერებთან, სხვა ხალხების ყოფა-ცხოვრებასან და მათ იდეოლოგიასან; არ აკავშირებენ მხოლოდ საქართველოს ცხოვრებასან, მის ისტორიასან და მდგომარეობასან. რუსთაველი უპასუხებს არა ქალდეელთა და სუმარელთა ამოცანას, არა იაფეტურ თუ მატრიაქალურ კულტურას, არამედ იმ საჭირ-ბოროტო საკითხებს, რომელნიც ქართველი ერის დღის წესრიგში იდგა მე-11-12 საუკუნოებში. რა საკითხებია ეს?
ქართლის მეფეებმა დაიწყეს საქართველოს გაერთიანება, ქვეყნის ნაციონალური ერთობის, ერთი ერის შექმნა. მათი მოწინააღმდეგე, ერის დანაწილების და დაქსაქსვის მომხრე იყო გაბატონებული წოდება - დიდგვარიანი აზნაურობა, არისტოკრატია. ამ ორ ტენდენციას შორის გაიმართა სამკვტრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რაიცა ასე ჩინებულათ აქვს აწერილი ჯავახიშვილს თავის „სამართლის ისტორიაში“. აი, ამ ბრძოლის რამდენიმე მომენტი: ბაგრატ მესამემ 1010 წელს დაიპყრო კახეთ-ჰერეთი და იქ თვით დანიშნა ერისთავთა ერისთავი. ამით გააუქმა იქ მეფობა და მემკვიდრეობითი ერისთავობა. სამაგიეროთ, ბაგრატის გადაცვლით ისარგებლა იქაურმა არისტოკრატიამ, აუჯანყდა გიორგი პირველს, გააძევა დანიშნული ერისთავები და აღადგინა ძველი წესი - დამოუკიდებლობა საკუთარი მეფით. 1104 წ. დავით აღმაშენებელმა დაიპყრო კახეთ-ჰერეთი ხელმეორეთ და შეუერთა ქართლს. ერისთავთა ერისთავათ დასტოვა დამოუკიდებელი ჰერეთის ბატონი გრიგოლ ბაგრატიონი შვილებითურთ. მაგრამ ვინაიდან ესენი არ ურიგდებოდენ შექმნილ მდგომარეობას, 1117 წელს მეფემ დაატყვევა გრიგოლის ძენი - ასად და შოთა და აიღო მათი ციხე გიში. ერისთავთა-ერისთავი დაინიშნა მეფის მიერ. სამაგიეროთ, არისტოკრატიამ შეარჩია ხელსაყრელი მომენტი და 1117 წელს გიორგი მესამეს აუჯანყდა ამირ სპასალარი ივანე ორბელის მეთაურობით. თვით თამარის მეფობა დაიწყო დიდი შინაგანი არეულობით. დიდ-გვარიანი აზნაურები აჯანყდენ და მეფე-ქალს წაუყენეს მოთხოვნილება - ძალაუფლება გადმოგვეცითო. ერთი სიტყვით, „აზნაურთა აშლა მეფის წინააღმდეგ და ორგულობა საზოგადო მოვლენა იყო“, - სწერს ჯავახიშვილი. ერთი მეორეს დაუცხრომლათ ებრძოდა ორი ბანაკი, ორი პოლიტიკური დოკტრინა: ერთს შეიცავდა მეფე და მის ირგვლივ შემოკრებილი მისი მოხელენი, მოსამსახურენი, მწიგნობარნი და მდივნები, ერის მთლიანობისდამცველნი, ერთი სახელმწიფო უფლების მატარებელნი; მეორე ბანაკს შეიცავდა გაბატონებული წოდება, დიდ-გვარიანი აზნაურობა, ერისთავები და ერისთავთა-ერისთავნი, რომელნიც მიილტვოდენ ერის დანაწილებისაკენ, კუთხური ბატონობის და მრავალ ხელისუფლებიანობისაკენ. ამ უკანასკნელ ბანაკს მეთაურობდა ჰერეთის ერისთავნიც.
სად იყო რუსთაველი?
ეს ნათლად სჩანს მის პოემაში: ის იყო მეფის მხარეზე. ის იცავს მის პრეროგატივებს, მას უწოდებს „ღვთის სწორს“, აღიარებს მეფის თვითმპყრობლობას, რომლის წინაშე ყველა თანასწორათ ქვეშევრდომია. ის იდეალათ აყენებს ინდოეთის შვიდ სამეფოს ერთ სამეფოთ გადაქცევას, მეფე სარიდანის მიერ თავის ნებით უარის თქმას თავის მეფობაზე და ფარსადან მეფის სამსახურში შესვლას ამირმარათ. პოეტის პოლიტიკური დოქტრინა სავსებით, ზედმიწევნით ხატავს თამარ მეფის და მის მოხელეთა მონარქიულ გამაერთიანებელ მიმდინარეობას და ებრძვის დიდგვარიანთა თავგასულობას და პარტიკულიარიზმს. გამარჯვებული თამარის სახელმწიფო აპარატი სავსებით ეწყობა შესაფერ საფუძველზე, რაიცა ასე ჩინებულათ გამოხატულია მაშინდელ თქმულებაში: „ათასათ კაცი დაფასდა, ათიათასათ ზრდილობა; თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარისშვილობა“. მართალია, შემდეგ ეს დოქტრინა სავსებით დამარცხდა - გაიმარჯვა აზნაურობამ, რომლისაგან დიდგვარიანები იქცენ თავადებათ, ხოლო მცირეგვარიანნი რჩებიან აზნაურებათ. ამით დამარცხდა საქართველო, დაიჭრა ქართველი ერი და ბოლოს თვითეული ეს ნაწილი აღგიგავა პოლიტიკური რუქიდან ნაწილ-ნაწილ, ცალ-ცალკე. მაგრამ მე-11_12 საუკ. ნაციონალურმა იდეიამ გადაიტანა დიდი ბრძოლა: მისი მებაირაღტრეა რუსთაველი და ცხადია, ის ვერ იქნებოდა იმავე დროს მეფის მოწინააღმდეგეთა ბანაკში და კუთხური პატრიოტიზმისათვის მებრძოლი.
მართალია, ამ თვალსაზრისით ჩვენი ძველი ისტორია ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ რაც უკვე გამოქვეყნებულია, სრულიად საკმარისია ეპოქის დასახასიათებლათ, მაშინდელი სოციალური და ნაციონალური ბრძოლის გასათვალისწინებლათ და რუსთაველის დიადი პოლიტიკური როლის გამოსარკვევათ.
ამნაირათ, რუსთველი არ იყო დიდგვარიანთა რიგებიდან: არ იყო არც ერისთავი, არც ერისთავთა-ერისთავი. პირიქით, ის ამათ ებრძოდა, მათ ბატონობას მეფის ბატონობას უპირდაპირებდა. ის იყო მეფის მოხელეთა რიგებიდან, კარის კაცი, მცირეგვარიანი ან სულ უგვარო, როგორც თამარის მრავალი სხვა ცნობილი კარის კაცები - თავისი ცოდნით, ნიჭით და გაგებით სხვებისაგან გამორჩეული. ის არის რუსთავისაგან, ან იქ დაბადებული და აღზრდილი, ან იქ დიდხანს ნამსახური. თუ მივიღებთ სახეში ლიტერატურულ ჩვეულებას თავისი პსევდონიმი სამშობლო ადგილით გამოიხატოს, ცხადია, პირველი ჰიპოტეზა უფრო სწორია.
ისმება საკითხი: რომელი რუსთავი - ქართლის თუ მესხეთის? ამ საკითხის გამორკვევას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ავტორის ვინაობის ასახსნელათ. ამ მხრით სრულიად საკმარისია ის, რაც ითქვა. სამაგიეროთ, მას აქვს დიდი მნიშვნელობა გამოსარკვევათ იმ კულტურული წყაროსი, საიდანაც პოეტი იღებდა თავის განათლებას და რასაც მასზე გადამჭრელი გავლენა ქონდა.
საქართველოს ისტორიიდან სჩანს, რომ მის სავალ გზაზე სხვადასხვა კუთხე სხვადასხვა როლს თამაშობდა. ეს ასეა ყველა ერში, ასე არის ჩვენსშიაც. ქართველი ერის კულტურის მეთაური მონგოლების შემოსევამდე ყოფილა მესხეთი. თითქმის ყველა ცნობილი პოეტი, მწერალი, საეკლესიო თუ საერო მოღვაწე მესხეთიდან გამოსულან: თმოგველი, გ. და ექვ. მთაწმინდელნი, მხარგრძელები, ხანძთელი, ჩახრუხაძე და მრავალი სხვა საზოგადო მოღვაწენი სწორეთ ამ კუთხიდან არიან. ქართლი და კახეთ-ჰერეთი სავსებით ჩამორჩენილი ყოფილა. ისინი კულტურულ როლს თამაშობენ მხოლოდ შემდეგ, როცა ბიზანტია დაიქცა, მესხეთი დავარდა და ცენტრი გონებრივი განვითარებისა გადაიწია სპარსეთისაკენ.
რით აიხსნება მესხეთის ასეთი დაწინაურება? აიხსნება მისი გეოგრაფიული მდებარეობით. ის ეკვროდა ბიზანტიის იმპერიას, მასზე გადადიოდა მრავალი საერთაშორისო გზები დასავლეთიდან აღმოსავლეთში; ის იდვა, მაშასადამე, მიმოსვლის და აღებ-მიცემობის შარა გზაზე და განიცდიდა უცხოეთის პირდაპირ გავლენას. ქართლში მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა დასავლეთიდან - ფოთიდან თფილისზე, სპარსეთში; ხოლო სამცხე კი დასერილი იყო ასეთივე გზებით (ბათომიდან, ხოფიდან, რიზედან, ტრაპიზონიდან, სივასიდან და სხვ.). მესხეთი იყო ჩვენი კულტურის აკვანი და აქედან ეფინებოდა ის მთელ ერს, პირველ ყოვლისა, თფილისს. თამარის უახლოესი თანამშრომელნი მესხნი იყვენ. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი დიდი პოეტი ყოფილიყო მესხეთიდან, როგორც დასკვნა კულტურის მთელი განვითარების და მისი აპოთეოზი. სხვა, ჩამორჩენილ თემებს არ შეეძლოთ მოეცათ ასეთი დიდი პიროვნება. ეს იქნებოდა სასწაული, რაიცა ისტორიაში არ ხდება. ხალხის სავალი გზა მტკიცეთ ისაზღვრება ერთი-მეორე მომდევნო პერიოდებით.
რუსთაველის მესხურ ჩამომავლობას ამტკიცებს პოემის ბოლოსიტყვაობა, სადაც სწერია: „ვსწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთავისა დაბისა“. დაუშვათ მთელი ამ დასასრულის შეთხზვა მიმბაძველის მიერ, როგორც ამას ზოგიერთნი ფიქრობენ. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ დგას მხოლოდ უძველესი მოწმე, რუსთაველის მომდევნო პიროვნება, რომელმაც იცოდა - ან უშუალოთ ან გადმოცემით - პოეტის მესხური ჩამომავლობა. მაგრამ დასაშვებია მთელი ბოლოსიტყვაობის გამოგონება? როგორც ზემოთ ვთქვით, საშუალო საუკუნოებში წესათ იყო შემოღებული წერის სისტემა: შესავალი, მოთხრობის გაშლა და დასკვნა. ეს წესი შემდეგ შკოლებშიაც შემოიღეს, რაიცა გრძელდება დღევანდლამდე. რაკი თხზულებას ქონდა წინასიტყვა, უეჭველათ მას უნდა ქონებოდა უკანასიტყვა. ავტორის ვინაობა იხსენიებოდა ან ერთ ან ორივე ალაგას. პოემის დასასრული, მაშასადამე, თავისთავათ, ფორმალურათ არ ამბობს მის სიყალბეს: გაყალბებულია მხოლოდ შინაარსი, რაიცა ეწინააღმდეგება შესავალის შინაარსს, როგორც ეს ვთქვით ჩვენს ბროშიურაში ამ საკითხზე. ეჭვებს იწვევს არა პირველი ტაეპი, სადაც ავტორის ჩამომავლობაა მოხსენებული, არამედ შემდეგნი, სადაც გვარიან აგდებულათ არის მოხსენებული მთელი პოემა (ტაეპი მესამე).
უდაო ტაეპის ბოლო სტრიქონს სხვადასხვანაირათ სწერენ დღეს: „მე რუსთავისა და მისა“, „მე რუსთველისად ამისა“, „მე რუსთველისსად ამისა“ და სხვ. ეს ვარიაცია გამოწვეულია ალბათ იმ მოსაზრებით, რომ რუსთავი სოფელია და არა დაბა და, მაშასადამე, პირველი ფორმულა ყალბია. ნამდვილათ კი სწორეთ ეს ფორმულაა სწორი იმავე მოსაზრებით, რითაც მას უარყოფენ. ჯავახიშვილის ცნობით, ძველათ მე-6_9 საუკ. „სოფელი“ ეწოდება ქვეყანას, ხოლო სოფელს ეწოდება „დაბა“. მე-12 საუკ. ეს ჩვეულება დაკარგულია და ხმარებაში შემოდის თანამედროვე ტერმინოლოგია. მაგრამ რუსთველი ხმარობს ძველ ტერმინოლოგიას, ალბათ, პოეტური მოსაზრებით. მას მრავალ ადგილას აქვს ნახმარი „სოფელი“, „სოფლისა“, „სოფლად“ და სხვ. ყოველთვის ერთი და იგივე შინაარსით ნიშნავს „ქვეყანას“, „სააქაოს“. ის ერთათ ერთი ტაეპი, სადაც ნახმარია „სოფლები“ ახლანდელი მნიშვნელობით, ბ. აბულაძეს შეტანილი აქვს სხოლიოში, როგორც საეჭვო, რაც ბ. ჭიჭინაძეს უეჭვოთ გამოუცხადებია. ეს ვარიაცია, რასაკვირველია, ყალბია (1338).
სავსებით არარუსთველურია ზოგ გამოცემაში შეტანილი „თემისა“, ნაცვლათ „დაბისა“. პოეტს ეს სიტყვა ნახმარი აქვს რამდენიმე ალაგას აღსანიშნავათ არა „სოფლის“, არამედ „ტომის“: „დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად“; ე.ი. თემი ნათესაური ერთობაა და არა სოფლური.
რაკი პოეტი ძველებური ტერმინით აღნიშნავს ქვეყანას, ცხადია, ასეთივე ძველებური სიტყვით უნდა აღენიშნა სოფელიც, რომ არ მომხდარიყო სიტყვების შერევა და გაუგებრობა. ამიტომ თავისი სოფელი რუსთავი უნდა აღენიშნა მას სიტყვით „დაბა“.
მგონია, ავტორის ვინაობა საკმაოთ ნათელია. ის არის შვილი კულტურული მესხეთის, გაბატონებული წოდების მოწინააღმდეგე და ერთმეფობისათვის მებრძოლი, ნაციონალური მთლიანობის მებაირაღე, სახელმწიფო შენობის დამწყობი არა გვარისშვილობაზე, არამედ ნიჭზე და პირად დამსახურებაზე. ის იყო წინამორბედი იმ სახელმწიფო მოძღვრების, რომელიც საფრანგეთში განავითარა ბოსუეტმა მეფობის ღვთიურ წარმოშობაზე (მე-17 ს.) და დაუდვა საფუძვლათ ფრანგთა გამარჯვებულ მონარქიას. ჩვენსში დამარცხდა რუსთველიზმი პოლიტიკურათ, ე.ი. დამარცხდა დროშა ფეოდალიზმის ამოგდების და ნაციონალური მონარქიის დამკვიდრების. ეს მოძღვრება დარჩა ხმად მღაღადებლისა. დაგვრჩა პოემა, ეს უდიდესი წყარო ნაციონალური პოეზიის, სიბრძნის და აზროვნების.
ნ. ჟორდანია.
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1937. - №133.
_______________
1. იხ. აბულაძის 26-ე გამოცემა ვეფხის ტყაოსნისა, 1926 წ.
![]() |
89 „ვეფხის ტყაოსანი“-ს საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
3. შედარებანი
ვეფხის ტყაოსანის ჯეროვანად დაფასების და გაგების მიუცილებელი საშუალებაა მისი შედარება სხვა განთქმულ პოემებთან, რომელნიც დაიწერა ევროპაში რუსთაველის ეპოქაში, დაახლოებით მე-11-13 საუკუნეებში. ამით ჩვენ დავინახავთ მათ შორის მსგავსებას და განსხვავებას და გავითვალისწინებთ იმ ადგილს, რომელიც მათ უჭერიათ ისტორიაში.
ასეთი პოემები ბევრი არ არის. მათი რიცხვი ჩამოითვლება სამ თითზე: „სიმღერა როლანზე“ დაიწერა საფრანგეთში მე-11 საუკ. გასულს; „ტრისტან და იზოლტო“, ბრეტონულ-ალზასური თხზულება, გამოვიდა მე-13 საუკ. დასაწყისში, და იმავე ხანის გერმანელთა „ნიბელუნგები“. სამივე ეს ითვლებოდა და ითვლება საშუალო საუკუნეთა საუკეთესო ნაშრომათ, იკითხებოდა იმ დროს გატაცებით, იკითხება დღესაც და ასწავლიან შკოლებში. მათი ფაბულა აღებულია ძველი გადმოცემებიდან, აწერილია ძველი ამბები; მაგრამ ამ ფორმაში გამოხატულია საშუალო საუკუნეთა სოციალური წყობა და იდეოლოგია. ერთათ-ერთ „სიმღერა როლანზე“-ში დაცულია ისტორიული ამბავი - შარლემანის გალაშქრება ისპანიაში, მაგრამ შინაარსი ბევრად გამოგონებულია: თვით მთავარი გმირები არ გვანან ორიგინალებს. აქ საფრანგეთის საშუალო საუკუნოების ადამიანთა ურთიერთობა და მსოფლმხედველობა აწერილია ძველი სახელების ჩარჩოში. ცხადია, ამ პოემებში ჩვენ საქმე გვაქვს არა პრიმიტიული ეპოქების ხალხებთან, არამედ დამწერთა თანამედროვე ევროპასან, მთელი მისი მრავალფეროვანი ყოფა-ცხოვრებით. ამ საკითხში დასავლეთის ლიტერატურაში დღეს არ არსებობს აზრთა არავითარი განსხვავება. რუსთაველმა გამოიგონა „ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი“ და ამ საფარველს ქვეშ აგვიწერა მისი დროის საქართველოს სინამდვილე, ევროპის პოეტებმა კი თავის ქვეყანათა ასეთივე სინამდვილე მოგვცეს ძველი ლეგენდების სახით. ორივე შემთხვევაში საკითხისადმი მიდგომა დაახლოვებით ერთნაირია: ამბავი ძველი, შინაარსი - ახალი. წმინდა რუსთველურათ საკითხს მიუდგა რამოდენიმე საუკუნის შემდეგ შექსპირი ახალი გამოკვლევებით, რაიცა ამ ორი წლის წინეთ გამოვიდა ინგლისში. დამტკიცებულია, რომ „ჰამლეტში“ აწერილია არა დანიის სინამდვილე, არამედ თვით ინგლისის - მისი დროის სასახლის ამბები და ზნე-ჩვეულებანი, ე.ი. „უცხო ამბების“ სახით ავტორმა მოგვცა სამშობლო ამბები. თანამედროვე ცხოვრების სიდუხჭირის მხელა მსოფლიო ლიტერატურაში პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავათ იწყება გვიან, მე-17 საუკუნიდან ევროპაში, ხოლო ჩვენსში კი - გასულ საუკუნეში.
ჯერ გავიგოთ, რა მსგავსებაა „ვეფხის ტყაოსანსა“ და სამ დასახელებულ პოემებს შორის. მთავარი მსგავსებაა ერთათ-ერთი: ყველა გმირები ერთმანეთს გვანან: ტარიელი იგივე როლანია, როლანი - იგივე ტრისტანი და სიგფრიდი. ყველა ისინი ერთნაირათ მამაცი, გულადი, ღონიერი და გამარჯვებულია. ამ ფიზიკურ უაღრესობას ახლავს მორალური უაღრესობაც: არიან კეთილშობილნი, პირდაპირნი, მტერს არ მიეპარებიან, თავდადებულნი, უშიშარნი, ყველა რაინდული სამკაულით. ამ მხრით, ტარიელი და ავთანდილი მათ დიდათ ჩამოუვარდებიან: არც ერთ მათგანს მიპარვით კაცი არ მოუკლავთ. დუელი მათი ბრძოლის ერთათ-ერთი გზაა როგორც ომში, ისე მშვიდობიანობაში. ჩვენებური რაინდობა უეჭველია სავსებით ვერ განთავისუფლდა პრიმიტიული დაუნდობლობისაგან. რასაკვირველია, როლანის გვერდით არის განელონი - ცრუ და ღალატიანი, სიგფრიდის გვერდით - ჰააგენი, ბოროტი და მიპარვით მკვლელი. მაგრამ მთავარი გმირები, ე.ი. მისაბაძი პიროვნებანი, რაინდობის განსახიერებანი აღჭურვილია კეთილშობილური თვისებებით.
არის ერთი წვრიმალი მსგავსება: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა სამივე ევროპიულ პოემაში არის არა ნაკლები, ვინემ „ვეფხის ტყაოსანშია“, განსაკუთრებით „სიმღერა როლანზე“-ში. გმირი როლანი, მთელი ლაშქარი ხშირათ ტირიან. როცა დაბრუნებულ ჯარმა იხილა როლანის რაზმის გაწყვეტა, „არ ყოფილა არც ერთი ბარონი თუ რაინდი, რომელიც მწუხარებით არ ატირებულიყო“; მეფე წვერებს იგლეჯს და იცრემლება. როცა ჯარი ბრუნდება სამშობლოში, სიხარულით ტირიან. როცა განელონის გასასამართლებლათ იმართება დუელი მის მომხრე და მოწინააღმდეგეს შორის, დამსწრე „ასიათასი რაინდი ტირიან“. ერთი სიტყვით, ფრანგები გაცილებით მეტ გულჩვილობას იჩენენ, ვინემ რუსთაველის ტიპები. მიზეზი კი სხვადასხვანაირია. ჩვენი პოეტი ხსნის მას: „სიყვარული ადამიანს ატირებს და აგულჩვილებს“-ო; ხოლო ფრანგულ პოემაში გულჩვილობის მიზეზია თითქმის ყველაფერი ის, რაც ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს: ტირილი ომის ველზე, სამშვიდობოში, სასამართლოში - ყოველგან.
აი, ამ ორ მსგავსებათა გარდა, ყველა დანარჩენი მხარეები პოემებისა დიდათ განსხვავდება ერთი მეორისაგან: ერთ ხაზზე დგანან ევროპიელნი, მეორეზე - რუსთაველი, და აგვიწერენ სრულიათ სხვა და სხვა ურთიერთობას და მსოფლმხედველობას.
დავიწყოთ სოციალური სტრუქტურიდან, საზოგადოების აწერიდან, რომლის შვილები და მეთაურები გმირებია.
„როლანის სიმღერაში“ შარლემანი ეთათბირება თავის ბარონებს, ე.ი. მემამულეთ, რომელთა რიცხვი ათასს აღემატება. თათბირი იმართება არა დარბაზში, არამედ მუხის ძირში. ის მიმართავს ყრილობას: „ამირჩიეთ ერთი ბარონი, რომელსაც შეეძლოს მიტანა მასსილისათვის ჩემი პასუხის“. ასეთივე საზოგადოება იკრიბება, რიცხვით მრავალ ათასიანი, მოღალატე განელონის გასასამართლებლათ. ბრალმდებელათ დგება თვით მეფე; დიდი უმრავლესობა განელონის მომხრეა. მეფე გრძნობს თავის-თავს დამარცხებულათ და ამბობს: „რა უბედური ვყოფილვარ!“ მაგრამ მოულოდნელათ მის მხარეს იჭერს ერთი რაინდი და აძლევს წინადადებას: ღვთის განაჩენს მივენდოთო, რაიცა ჩვეულებისამებრ უნდა გადაწყდეს დუელით. დამარცხებული ისჯებოდა, როგორც მტყუანი.
როგორც ხედავთ, აქ გამოყვანილი საზოგადოება არის წმინდა წყლის ფეოდალური საზოგადოება, სადაც მეფეს არავითარი დამოუკიდებელი ძალაუფლება არ აქვს - არ ყავს საკუთარი მოხელენი, საკუთარი სასამართლო: ყველაფერი დამოკიდებულია ბარონების ნება-სურვილზე. ასეთივე სახელმწიფო წყობილებაა დახატული ორ დანარჩენ პოემაში - „ტრისტან და იზოლტოსა“ და „ნიბელუნგებში“. სრულიად სხვა საზოგადო ურთიერთობაა დახატული „ვეფხის ტყაოსანში“. აქ მეფე როსტევანი ეთათბირება ისეთ დიდ საკითხზე, როგორიცაა მემკვიდრეობა თავის ვაზირებს, ე.ი. მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს. ის ისმენს მათ აზრს, ხოლო სწყვეტს თვითონ. ტარიელის გალაშქრება ხატაელთა წინააღმდეგ ხდება მისი გადაწყვეტილებით და მეფის დასტურით; ის ამირ-ბარათ ინიშნება თვით მეფის მიერ; მეფე-დედოფალი მასან თათბირობს ხვარამშას ბატონიშვილისათვის ნესტან-დარეჯანის მითხოვებაზე. ყველგან, მთელ პოემაში სახელმწიფო წყობილება აწყობილია ერთნაირად: უზენაესი ძალაუფლება ხელთ უპყრია მეფეს, რომელიც ბრძანებლობს თავისი მოხელეების საშუალებით. ეს არის მონარქიულ-მოხელური პოლიტიკური წყობა, რაიცა დასავლეთში თანდათან აღორძინდა მე-16 საუკუნიდან. რუსთაველს არ გამოუგონია მის მიერ დახატული საზოგადოება: მან ასწერა მხოლოდ ის, რაც მის თვალის წინ ხდებოდა საქართველოში. თამარ-მეფის უზენაესობა სწორეთ მონარქიულ-მოხელურ წეს-წყობილებაში იხატებოდა. მართალია, შემდეგ საუკუნოებში ის ინგრევა: დაუსრულებელ საგარეო შემოსევამ აწყვიტა დაბმული ანარქიული ძალები, იმარჯვებს დიდ-გვარიანთა დოქტრინა და მით ვექანებით უკან, მკვდრეთით აღდგენილი ფეოდალიზმისაკენ. ევროპა წინ მიდის, ჩვენ ერთ წერტილზე ვიყინებით. მაგრამ ისტორიული ფაქტია ის, რომ რუსთაველის ეპოქაში დასავლეთი იმყოფებოდა სრულ ფეოდალურ ურთიერთობაში, ჩვენსში კი ასეთი ურთიერთობა დაძლეული იყო და ნაციონალური მონარქია შექმნილი.
რაკი ასეთი დიდი განსხვავება იყო ამ ორ სინამდვილეს შორის, ცხადია, მისი დროის ლიტერატურას უნდა აღენიშნა ეს და დაეხასიათებია მათი სხვა და სხვანაირი იდეოლოგიაც. და მართლაც, დასავლეთის პოემები ძირ-ბუდიანათ სხვავდება „ვეფხის ტყაოსანისაგან“ თავისი მსოფლმხედველობით. აქ გამოყვანილი საზოგადოება იმყოფება ერთ საერთო სულიერ ატმოსფეროში: აქ ბატონობს რელიგია და თილისმა; საერთაშორისო საკითხს სწყვეტს არა სახელმწიფო მოსაზრება, არამედ ქრისტიანობის გავრცელების ინტერესი, რასაც თან ახლავს, უეჭველათ, სასწაულებანიც. ამ რელიგიურ-თილისმურ რკალიდან ამოვიდა მხოლოდ რუსთაველი, ევროპიელნი კი ჩარჩენ შიგ სავსებით. აი, მაგალითები:
შარლემანი ამარცხებს ისპანიაში სარაზინელთ (არაბთ) და მათ ძალათ აქრისტიანებს; ვინც არ ქრისტიანდება - ხოცავს. მეფე მარსილს (მაჰმადიანს) ის უგზავნის ულტიმატუმს: თუ არ გაქრისტიანდები, ამოგხოცავთო. შარლემანმა აიღო ქალ. სარაგოსი. ღვდლები აკურთხებენ სასმელ წყალს, შემდეგ მოყავთ ტყვე „წარმართნი“ (ე.ი. მახმადიანნი) მოსანათლავათ, ურჩთ იქვე წვავენ კოცონში. მონათლეს ასი ათასი და სხვ. ფრანგთა ჯარი სავსეა მისიონერებით, ხუცებით და ეფისკოპოზებით. როლანის ზურგის ჯარს თავს დაესხმის არაბთა ჯარი. საკმარისია წინ-წასულის ლაშქრის დაბრუნება, რომ მომხთურნი დამარცხდეს. როლანი კი არ უძახის მას იმ იმედით, რომ ის ქრისტიანია, ღმერთი მისკენაა და ამიტომ უეჭველათ გაიმარჯვებს. მოხდა კი წინააღმდეგი: როლანი და მისი ჯარი გაანადგურეს. სიკვდილის წინ დაჭრილი როლანი ლოცულობს: „წმინდაო ღმერთო, შენ იხსენი წმინდა ლაზარე სიკვდილისაგან, დანიელი - ლომებისაგან; იხსენი ჩემი სული ყოველივე განსაცდელისაგან იმ ცოდვების გამო, რაიცა მე ჩავიდინე ჩემს ცხოვრებაში“. მან გაუწოდა ღმერთს მარჯვენა ხელის ხელთათმანი, წმინდა გაბრიელმა ის ხელიდან გამოართვა“. ეს აწერილი სცენა სავსებით ხატავს დასავლეთის საზოგადოების სულისკვეთებას.
„ვეფხის ტყაოსანში“ რელიგიური მომენტი სრულიათ არა სჩანს: ის იქიდან სავსებით განდევნილია. ტარიელი ომს აწარმოებს სახელმწიფო მოსაზრებით: ხატაელები არ უხდიდენ სახარაჯოს ხელშეკრულობის თანახმათ და საჭირო იყო მათი დასჯა. დამარცხებულ ჩინელთ გამარჯვებული ინდოელნი თავის მაჰმადიანობას თავზე არ ახვევენ, არავითარ რელიგიურ ხასიათის ულტიმატუმებს არ უდგენენ. ამიტომ ტყვეებისადმი მოპყრობა ლმობიერია, ადამიანურია - არც ერთი მათგანი სიკვდილით არ ისჯება. ტარიელი არ ამბობს როლანივით, ჩემი რჯული უეჭველათ მომანიჭებს მტერზე გამარჯვებასო. პირიქით, ის საჩქაროთ იბარებს უკან ჩამორჩენილ ჯარს საშველათ და კიდევაც იმარჯვებს. მის ჯარში არ წარმოებს რაიმე რელიგიური პროპაგანდა, არც ურევია შიგ კულტის მსახურნი. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს პოეტის და მისი გმირების გულგრილობას სარწმუნოებისადმი ან მათ ურელიგიობას. უეჭველია, ყველა ისინი მორწმუნენიც იყვენ და სასულიერო წოდების პატივისმცემელნი. მაგრამ მათ ეს არ მოაქვთ სახელმწიფო და საზოგადო საქმეების საზომათ. ამ სფეროში საკითხს სწყვეტს სარგებლობის, მიზანშეწონილობის მოსაზრება. თამარ მეფე გასომხებულ ქურთს, მხარგრძელს, წინ აყენებს მრავალ მართლმადიდებელ ქართველზე და იწვევს უდიდეს პასუხისმგებელ თანამდებობაზე - მას აბარებს ქვეყნის დაცვას, ე.ი. არც მოსამსახურეთა შერჩევაში თამაშობს როლს რელიგიური მოტივი. ასეთ ატმოსფეროში აღზრდილი რუსთაველი, ცხადია, თავის პოემას ააგებდა სავსებით სამოქალაქო ფუძეზე და მით გასწყვეტდა კავშირს საშუალო საუკუნოების მსოფლმხედველობასან.
ამ კავშირის გაწყვეტა გატარებულია ყველა სფეროში, მთელ ხაზზე. რაკი ის მოშორდა რელიგიურ მოტივებს, ამით მოშორდა სასწაულებრივ იდეოლოგიასაც. მთელ მის შრომაში არც ერთი მოვლენა არ ჩნდება და არ ბოლოვდება არაბუნებრივი, მისნიური ძალების ჩარევით; დასავლეთის პოემებში კი ციური ძალები ფართეთ მოქმედებენ. შარლემანი ემზადება რა ომისათვის, ეხვეწება ღმერთს: „მზე გააჩეროს, დღე გააგრძელოს, დაღამება დააგვიანოს“. ამ დროს ეცხადება ანგელოზი, ის, რომელიც ჩვეულებისამებრ მასან საუბრობს და ეუბნება: შარლ, ცხენზე შეჯექი. საფრანგეთის ახალგაზრდობის ყვავილი დაკარგე, ღმერთმა ეს იცის, შენ შეგიძლია შური იძიო. მეფე ცხენზე ჯდება, ღმერთი ახდენს დიდ სასწაულებას: მზე ჩერდება, მტერი გარბის.“ გაბრიელ ანგელოზი მუდამ თან ახლავს მეფეს და მას აძლევს რჩევას, ეხმარება ომში. „ტრისტან და იზოლტოში“ კუდიანები თამაშობენ დიდ როლს: დატყვევებული ტრისტანი თავისუფლდება ქარის საშუალებით, რომელზედაც ის ჯდება და გადაფრინდება სამშვიდობოში. „ნიბელუნგებში“ გამოყვანილია ღმერთი ოდინის ქალიშვილი, რომელიც მამამ დასაჯა მუდმივი ძილით და დააბინავა მუდმივ ცეცხლში გახვეულ ქალაქში. ნიბელუნგთა ხაზინის მცველია გველ-ვეშაპი, რომელსაც კლავს სკანდინაველი გმირი სიგურდი, საიდანაც იწყება შუღლი და ომიანობა. გმირი სიგფრიდი იქცევა მის მეგობარ გუნსტერათ, ამარცხებს მეომარ ქალიშვილს ბრუნჰილდს და შემდეგ ისევ სიგფრიდათ გადაქცეული მას რთავს ცოლათ გუნსტერს. ეს საიდუმლოება შემდეგ მჟღავნდება და იბადება საშინელი ტრაგედია, მრავალი მკვლელობით და სხვ. და სხვ. ერთი სიტყვით, ზღაპრული სულით გაჟღენთილია სამივე პოემა.
განსაკუთრებით საყურადღებოა სიყვარულის გაგება და გატარება. რუსთაველის გმირებს შეუყვარდებათ ქალიშვილები ადამიანურათ, ჩვეულებრივი გზით, როგორც ეს ხდება ცხოვრებაში და იწერება ყველა თანამედროვე რომანებში. „ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა“, ამბობს ტარიელი. სიყვარულის ალი ედება მას უცებ, გრიგალივით. ავთანდილს კი შეუყვარდება თინათინ ნელ-ნელა, შორიდან. ორივე ფორმის მიჯნურობა ხდება ბუნებრივათ, ერთი მეორეზე გავლენით და შთაბეჭდილებით. სულ სხვა სახისაა რომანიული მხარე ევროპიული პოემებისა. „სიმღერა როლანზე“ ეპიკური პოემაა, რომანიულ შინაარსს სავსებით მოკლებულია; სამაგიეროთ, „ტრისტანი...“ ნამდვილი რომანია, თავიდან ბოლომდე სიყვარულის საფუძველზე აგებული. მეფე მარკი პოულობს თავის სასახლის აივანზე ოქროსფერ თმას, რომელიც ჩიტს ნისკარტიდან დაუვარდა. თმა ისე მოეწონა, რომ გადასწყვიტა მისი მატარებელი ქალიშვილის შერთვა. ითათბირა ბარონებთან და მიანდო ტრისტანს იმ ქალის მონახვა და მის საცოლეთ მოყვანა. ტრისტანმა იცნო თმა და მოახსენა მეფეს, ოქროს თმიანი ქალი არის ირლანდიის მეფის შვილი იზოლტო, რომლის ბიძა მან დუელში მოკლა. მარკი აწყობს დიდ დელეგაციას ტრისტანის მეთაურობით ირლანდიის მეფესან. როგორც კი ისინი მიადგენ ირლანდიის ნაპირებს, გაიგონეს რაღაც საშინელი მხეცის ღმუილი. გაიგეს, რომ ის არის გველ-ვეშაპი, რომლის გულის მოგება და დაამება შეიძლება მხოლოდ ერთი საშუალებით - ქალიშვილის მიცემით, რომელსაც ის მაშინვე ყლაპავს. ირლანდიის მეფეს არა-ერთხელ გამოუცხადებია, რომ ვინც მოკლავს ამ მხეცს, მას მიათხოვებს თავის იზოლტოს. მაგრამ მისი მომრევი არავინ გამოჩნდა, მრავალი საუკეთესო რაინდი დაეცა მხეცთან ბრძოლაში. ტრისტანი საჩქაროთ შეებრძოლა გველ-ვეშაპს, მოკლა ის და მოსთხოვა მეფეს იზოლტო, მაგრამ არა თავისათვის, არამედ მეფე მარკის საცოლეთ. მეფე თანხმდება. იზოლტო მიყავთ საფრანგეთში. დედა მას აყოლებს ერთგულ მოსამსახურე ქალს, რომელსაც საიდუმლოთ ატანს თავის მიერ თილისმით შემზადებულ სასმელს და არიგებს, ეს სასმელი დაალევიოს ქორწინების დღეს იზოლტოს და მარკს, რის შემდეგ ისინი შეიყვარებენ ერთმანერთს „მუდამ, სიკვდილამდე“. გზაში შეცდომით ამ სიყვარულის ნეკტარს სვამენ მოწყურებული ტრისტანი და იზოლტო. ამ დღიდან იწყება მათი რომანი. სიყვარული ჩნდება არა ბუნებრივათ, არამედ ჯადოსნურათ. ორივე თავს კარგავს, გზაშივე იჭერენ სქესობრივ კავშირს. ადგილზე მისვლისთანავე მარკი ირთავს ქალს ცოლათ, ხოლო ტრისტანი განაგრძობს ჩუმათ მასან კავშირს. გმირი ტრისტანი ხდება ცრუ, მატყუარა, მოღალატე და თან თავს იმართლებს, რა ჩემი ბრალია, გზაში დალეულ სასმელმა ისე შემიპყრო, რომ სხვანაირათ მოქცევა ჩემს ხელთ არ არისო. ტრისტანი და იზოლტო იგივე ვის-რამიანია, არსებითი განსხვავება მათ შორის არ არის. „ნიბელუნგებშიაც“ თილისმური სასმელი სიყვარულის მომცემია. ასეთი რწმენა უეჭველია ყოველგან იყო გავრცელებული საშუალო საუკუნოებში და შემდეგაც. ქართველ ხალხში ის დღევანდლამდის დარჩენილია. მაგრამ რუსთაველმა ამ პრიმიტიულ ცრუმორწმუნოებას გადააბიჯა, მას არავითარი ანგარიში არ გაუწია და აგვიწერა სიყვარული, როგორც ადამიანური, ბუნებრივი მოვლენა; ევროპის დიდმა პოეტებმა კი პირიქით, სწორედ ამ ცრუმორწმუნოებაზე ააგეს თავისი რომანი და ის გამოიტანეს რეალურ ფაქტორათ. რუსთველის ენით ლაპარაკობს მოდერნიზმი, გოტფრიდ სტრასბურგელის და სხვათა ენით კი ძველის ძველი პრიმიტიული ლეგენდები.
რუსთაველს სიყვარული მიაჩნია ცოლ-ქმრობის, ოჯახის საფუძვლათ: აქ შეყვარებულნი ქორწინდებიან. ევროპიულ პოემებში სიყვარულს არავითარი მიზეზობრივი კავშირი არ აქვს ცოლ-ქმრობასან. იზოლტოს უყვარს ტრისტანი, თხოვდება კი სხვა პირზე. ტრისტანს უყვარს იზოლტო, ქორწინდება კი სხვა ქალზე, თუმცა მას აღარ „ექმარება“. მთელ ამ სქესობრივ არევ-დარევაში ქალი ხდება ცრუ, მოღალატე, ვერაგი, ნდობას და პატივს მოკლებული. „ნიბელუნგებში“ ჰააგენი კლავს სიგფრიდს; მისი ქვრივი კრიმჰელდი თხოვდება ჰუნთა მეფე ატილაზე იმ მიზნით, რომ შური იძიოს ჰააგენზე. ერთ დღეს ის სტუმრათ იწვევს ბურგუნდიის მეფეს და მის აზნაურობას ჰააგენით. ქეიფის დროს შემოარტყამს დარბაზში ჰუნებს და მოღალატურათ ახოცვიებს ყველას, ჰააგენს კი კლავს თვითონ. ის აკვლიებს თავის ძმასაც, ჰააგენის მეგობარს. ეს საშინელი ამბავი ააშფოთებს ბარბაროს ატილასაც კი; ის დრტვინავს: „ღმერთო დიდებულო, დაიღუპა ერთი ქალის ხელით საუკეთესო მეომარი; თუმცა მე მისი მტერი ვარ, მაგრამ განვიცდი მაინც დიდ მწუხარებას“. სასახლის უფროსი ჰილდებრანდი ხმალით კლავს დედოფალს, ხოლო ატილა დასტირის არა დედოფალს, არამედ ბრძოლაში დახოცილ ნათესავებს და ვასალებს... საზოგადოთ, ამ პოემების ქალები არიან ბოროტნი, ვერაგნი, სირცხვილს და ნამუსს მოკლებულნი, ჭკვა თხელნი, შურით და ღვარძლით შეპყრობილნი. რა აქვთ საერთო ამათ „ვეფხის ტყაოსნის“ ქალებთან? არავითარი, ორი სხვადასხვა ქვეყანაა, მათ შორის გარდაუვალი ზღვარია.
უეჭველია, ბოროტი და უნამუსო ქალები ჩვენშიაც იყვენ, მაგრამ რუსთაველმა მოგვცა არა მარტო სინამდვილის აწერილობა, არამედ ამასთანავე დახატა იდეალიც, საუკეთესო ადამიანები, როგორც მისაბაძავი მაგალითნი. მისი „დიაციც“, ე.ი. საეჭვო მორალის პატრონი ქალიც, კეთილშობილია, რაიცა კიდევაც დაამტკიცა ფატმანმა ნესტან-დარეჯანის საქმეში. რუსთაველის შეხედულობა ქალზე ძირიანათ განსხვავდება „ტრისტანის...“ ავტორთა შეხედულობისაგან. იქ ქალი კაცის სწორია, აქ კი ის სიამოვნების საგანია. ეს ძველი სპარსული აზროვნება, რაიცა გატარებულია „ვისრამიანში“, პირწმინდათ განმეორებულია ამ საუკეთესო ევროპიულ რომანში. ეს ორი, შორი შორს დაწერილი თხზულება ერთი მეორეს გავს ტიპებით, მათი ხასიათით და ურთიერთისადმი დამოკიდებულებით. ცხადია, ამ მიმართულების რომანიული მწერლობა წარმოადგენდა იმ დროს მსოფლიო მოვლენას და არა მარტო კუთხურს და ადგილობრივს. ამ რკალიდან ერთათ-ერთი რუსთაველი ამოვიდა.
ამ ნაირათ, საშუალო საუკუნის ევროპიული პოემების განხილვა ნათელ ყოფს „ვეფხის ტყაოსანის“ ძირითად თვისებას: მკაცრათ გადაწყვეტას კავშირის თავისი ეპოქის საერთო მსოფლმხედველობასან ყველა სფეროში: პოლიტიკურათ, მორალურათ, იდეიურათ. მას ახასიათებს: ბუნებრივობა, რეალიზმი, სამოქალაქო ჰანგები, მაღალი ზნეობა, ოპტიმიზმი. ის არის პირველი რომანი თანამედროვე მნიშვნელობით. როგორ მოხდა ეს? ვისი გავლენა განიცადა პოეტმა? რაკი მისი დროის მწერლობა არ იძლევა ამ მიმართულების მასალას, პირიქით, ყველა ცნობილი ლიტერატურული ძეგლები ანტირუსთველურ საფუძველზეა აგებული, უნდა დავასკვნათ: პოეტის შემოქმედების წყარო თვით საქართველოა. აი, აქ უნდა მოიძებნოს მისი ახალი იდეოლოგიის ფესვები...
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1937. - №135
![]() |
90 ოცი წელი |
▲ზევით დაბრუნება |
წელს, 26 მაისს სრულდება ოცი წელიწადი მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა დალეწა უცხო ბორკილები და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
26 მაისს 1918 წ. რუსეთის ასი წლის ბატონობა დასრულებულათ მან აღიარა და საკუთარი სახელმწიფო დააარსა.
მეთექვსმეტე საუკუნიდან დანაწილებული, დაქსაქსული, მრავალჯერ დარბეული და ბოლოს, მოსკოვის უღელში მოქცეული ჩვენი სამშობლო დიდებულ მაისს მკვდრეთით აღდგა, აღდგა ნაციონალურათ გამთელებული, ერთ შეგნებულ თვითმართველ ერთეულათ გადაქცეული. თავისუფალმა საქართველომ მოიპოვა თავისი ისტორიული ტერიტორია, ჩადგა საკუთარ გეოგრაფიულ კალაპოტში და გახდა ღირსეული მემკვიდრე ძველი საქართველოსი.
როგორ შეასრულა მან ეს ახალი მოწოდება? გაამართლა კი ეს მოპოვებული ბედნიერება?
მოიგონეთ, რა იყო ამ ოცი წლის წინეთ, რა ხდებოდა რუსეთის იმპერიის კიდის კიდემდე. იქ მძვინვარებდა ძმათა ჟლეტა, ყველა ერში გუგუნებდა ცეცხლის კოცონი, იღვრებოდა სისხლის მდინარეები, ინგრეოდა ურიცხვი სიმდიდრე, სამოქალაქო ომს ეწირებოდა აუარებელი ადამიანები. აი, ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთათ ერთ პატარა საქართველოში ბატონობდა წესიერება, მყუდროება და წარმოებდა აღმშენებლობითი მუშაობა. ყველა დევნილი და წამებული ჩვენში მორბოდა და აქ პოულობდა უშიშროებას და მოსვენებას. იქ, კავკასიის ქედს გადაღმა, სტიქიამ დაიმოჩილა ხალხი და უგზო-უკვლოთ აათამაშა. აქ, საქართველოში, ხალხმა დაიმორჩილა აზვირთებული სტიქია და თავის ჭკუაზე აამუშავა. მან უარყო როგორც ქაოსი და ანარქია, ისე ბარბაროსობა და რეაქცია. აზვირთებული რევოლიუცია ქართველმა ხალხმა დააბა, მისი უარყოფითი მხარეები შორს გადაუძახა, დადებით მხარეებს ხელი მედგრათ წაავლო და თავის სამსახურში ჩააყენა.
ეს არ არის დღევანდელი დაფასება გავლილი ისტორიის; ეს ასე ესმოდა ქართველობას მაშინაც, როცა ავარდნილ გრიგალში საქმიანობდა. ეს საერთო დაფასება მე გამოვთქვი დამოუკიდებლობის ექვსი თვის თავზე, 1 დეკემბერს 1918 წ. საქართველოს პარლამენტში შემდეგი სიტყვებით: „მხოლოდ ჩვენსში თავისუფლება არ შეიქმნა წესიერების მტერი; წესიერებამ მხოლოდ ჩვენსში პოვა თავისუფლებაში თავისი საძირკველი. მთელ რუსეთში რევოლიუციით მიღებულ თავისუფლებამ გამოიწვია ერთი მხრით არევ-დარევა, მეორე მხრით, კონტრრევოლიუცია. და მხოლოდ ჩვენს საქართველოში ამ რევოლიუციას მიეცა ღირსეული ხელმძღვანელობა, გონიერი მეთაურობა“ (იხ. სტენოგრამა).
ქართველმა ერმა სავსებით დაიჭირა ეს ისტორიული გამოცდა. მან საქვეყნოთ დაამტკიცა თავისი სახელმწიფოებრივი მომწიფება. რით? ერთათ ერთი გზით, თავისი ნაციონალური დისციპლინით, ერთათ დგომით, ერთათ შეტევით, ერთათ მუშაობით. განა ჩვენში არ იყვენ მემამულეთა და უმამულოთა წოდებები? მაგრამ ისინი ერთმანეთს არ დარევიან, ძმათა სისხლი არ დაუღვრიათ. ყველა კლასი და წოდება ამაღლდა თავის ინტერესებზე და თავისი ქონება და შეძლება ნაციონალური აღორძინების სამსხვერპლოზე მიიტანა. ვის არ ახსოვს თავად-აზნაურობის დაუვიწყარი აქტი, მისი წინამძღოლის - აბხაზის მიერ საჯაროთ გამოცხადებული: ქართველი თავად-აზნაურობა სამუდამოთ უარსყოფს თავის წოდებრივ უფლება-უპირატესობას და მთელ თავის კოლექტიურ ქონებას უთმობს განთავისუფლებულ ქართველ ერს! მან სრულიად უპროტესტოთ მიიღო აგრარიული რეფორმა, მუქთათ მამულების ჩამორთმევა და უმიწაწყლო გლეხობისათვის საკუთრებათ დარიგება. განა მუშათა და გლეხთა გვარდია არ ასამართლებდა მოყაჩაღო გაბალშევიკებულ სოფლის ნაძირალებს, რომელნიც აქა-იქ თავადებს თავს ესხმოდენ, რუსული მეთოდები ჩვენსში გადმოქონდენ?
ამ კრიტიკულ დროს, ამ მძიმე პირობებში გამოჩნდა ქართველი ერის სიდიადე, მისი უმაღლესი იდეალიზმი, მისი უწმიდესი სული, ერთი-მეორისათვის თავის დადება, ნაწილების გამთელება, ერთი ეროვნული მაჯის ცემა, საერთო ფერხულში თავისუფლათ ჩადგომა. მან ღირსეულათ დაიმსახურა 26 მაისი.
ქართველი ხალხის ეს ღირსება არ გამოხატულა მარტო ამ თვისებებში, მარტო დისციპლინაში და ერთობაში. სახელმწიფოს აღშენებისათვის ეს არ კმარა; ეს მხოლოდ პირობაა, საფუძველია, რაზედაც უნდა დაეყრდნოს ნაციონალური შემოქმედება. რა გააკეთა ამ მხრით ქართველობამ? მე წილათ მხვდა ამ საკითხზე პასუხი მიმეცა ქვეყნისათვის ექვსი თვის თავზე ზემოთ მოხსენებულ ჩემს სიტყვაში; მე ვთქვი:
„მხოლოდ ამ პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოგვეცა ჩვენ საშუალება რთული სახელმწიფო შენობის ასაგებათ. ამ მოკლე დროში ჩვენ შევქენით ადმინისტრაცია, შემოვიღეთ ერობა, განვახორციელეთ აგრარიული რეფორმა, შევქენით და ავაწყვეთ სახელმწიფო ქონება ფართე მასშტაბით, შევქენით ჯარი, დავაწესეთ საბაჟოები, შემოვიღეთ გადასახადების ახალი სისტემა, გავაუმჯობესეთ მიმოსვლა, გავაფართოვეთ ფოსტა-ტელეგრაფის ქსელი, მრავალ მაზრებში და სოფლებში გავიყვანეთ ტელეფონი, გავხსენით მრავალი სასწავლებელი სამშობლო ენაზე, დავაარსეთ პირველი ქართული უნივერსიტეტი, შემოვიღეთ მართლმსაჯულება ქართულ ენაზე. ერთი სიტყვით, მივიღეთ ყველა ზომა, ჩვენს ახალგაზრდა სახელმწიფოს მისცემოდა სახე ნამდვილი სახელმწიფოსი“ (იქ.).
სადღაა ახლა ეს საქართველო? ის აღარ არის, მას მოუბრუნდა მოსკოვი, ფიცის გამტეხი და მოსტაცა თავისუფლება. 17 წელიწადია, ქართველი ერი გმინავს ბოლშევიკების უღელს ქვეშ: მას აყარეს ყველა უფლება, მას წაართვეს მთელი ქონება, ის აქციეს უენო პირუტყვათ; მაგრამ ვერავითარ ზომით ის ვერ გადააქციეს თავის მონებათ, ვერ ამოართვეს მას სული ძლიერი, იდეალი თავისუფლების, რწმენა საბოლაო გამარჯვების. ერის ნაციონალური დისციპლინა კიდევ უფრო ძლიერია ამ ჯოჯოხეთურ გაჭირებაში. ერთი ქართული ფრონტი ტანჯული ხალხის ქვითკირია. ის მუდმივ, შეუჩერებელ ბრძოლაშია მოსკოვის ძალმომრეობასან. ინთხება ზღვა სისხლი, იწირება აუარებელი მსხვერპლი, დედამიწა იპკურება შეუშრობელი ცრემლით. მაგრამ მებრძოლი ერი მტერს არ ნებდება, მისი სულიერი სიმაგრე არ ტყდება, თვალახილული მამაცურათ წინ იხედება. შორს აღარ არის ის დრო, როცა მისი აღდგომის ზარი დაირეკება...
ნ. ჟორდანია
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1938. - №146
![]() |
91 VINGTANS |
▲ზევით დაბრუნება |
Vingt ans se sont écoulés depuis que la nation géorgienne a brisé les chaînes étrangères et a proclamé son indépendance.
Le 26 Mai 1918 elle a solennellement annoncé la fin de la domination séculaire russe et a fondé son État national.
Depuis le XVIe siècle la Géorgie morcelée, dévastée maintes fois, tombée enfin sous le joug moscovite, a réssuscité, se relevant nationalement unie et politiquement consciente. La Géorgie libre a retrouvé son territoire historique, s'est remise dans ses frontières naturelles et devient la digne héritière de l'ancienne Géorgie.
Comment a-t-elle atteint cette renaissance glorieuse? Rappelez-vous ce qui se passait à cette époque sur l'immense territoire de l'Empire russe! Toute son étendue était embrasée par un feu déchaîné, la guerre civile y sévissait, le sang humain coulait à flots, ses richesses innombrables disparaissaient sous les ruines. Sur ce territoire immense il n'y avait que la petite Géorgie qui maintenait l'ordre intérieur et continuait paisiblement le travail constructif. Toutes les personnes persécutées accouraient chez nous de tous les côtés et trouvaient là la tranquillité et la sécurité. Tandis que là-bas, au-delà des chaînes caucasiennes, les éléments aveugles avaient subjugué les hommes en se jouant d'eux, ici, en Géorgie, c'est le peuple qui a maîtrisé les éléments libérés et les a guidés à sa guise. Il a renié l'anarchie et le chaos aussi bien que la barbarie et la réaction. Il a repoussé le côté négatif de la grande Révolution et a mis à son service ses qualités positives.
Cette caractéristique des événements passés n'est pas un jugement contemporain. J'ai exprimé le même jugement - qui était celui de tout notre peuple - dans mon discours au Parlement national le 1er Décembre 1918, en disant: „Chez nous seulement la liberté n'est pas devenue l'ennemie de l'ordre. Chez nous seulement l'ordre a trouvé dans la liberté son soutien principal. Dans toute la Russie, la liberté conquise par la Révolution a déchaîné, d'un côté, l'anarchie, de l'autre, la contre-révolution. Dans notre pays seulement cette Révolution a trouvé une direction intelligente et digne d'elle“.
La nation géorgienne a soutenu brillamment cette épreuve historique. Elle a démontré au monde entier sa maturité et sa capacité de se gouverner librement. Elle a obtenu ce résultat par un seul moyen: la discipline nationale.
Car chez nous aussi il y avait des grands propriétaires terriens et une masse paysanne pauvre. Mais ils ne se sont pas combattus entre eux et n'ont pas déclanché la guerre civile. Toutes les classes de la nation se sont élevées au-dessus de leurs intérêts privés en apportant à l'autel de la renaissance nationale toutes leurs richesses et toutes leurs capacités. Qui ne se souvient de l'inoubliable acte de la noblesse proclamé publiquement par son chef le Prince Abkhasi : „La noblesse géorgienne renonce pour toujours à tous ses prérogatifs et cède tout son bien collectif à la nation libérée“. La noblesse a accepté sans aucune protestation la réforme agraire, l'expropriation gratuite des grands terrains et leur distribution aux paysans nécessiteux en propriété privée.
C'est la Garde Populaire, composée exclusivement d'ouvriers et de paysans, qui arrêtait et jugeait sévèrement bandes des bolchéviks qui attaquaient dans les villages, par-ci par-là, les nobles, important ainsi chez nous la méthode russe. C'est dans ces circonstances critiques que le peuple géorgien a démontré son âme élevée, son idéalisme, sa solidarité intérieure. Il a bien mérité le 26 Mai!
Mais cette discipline nationale ne forme que la base sur laquelle s'appuie le travail créateur d'un peuple. Quel était donc le résultat de ce travail? J'ai eu l'honneur de l'exposer au Parlement géorgien 6 mois après la proclamation de l'indépendance. J'ai dit: „Ce n'est que pendant ces premiers 6 mois que nous avons eu la possibilité de commencer l'édifice de notre État. Dans ce cours de temps nous avons créé l'administration, introduit l'autonomie provinciale, réalisé des réformes agraires, acquis des biens nationaux d'une grande richesse, organisé l'armée, établi les douanes, introduit un nouveau système d'impôts, amélioré les communications, étendu le réseau de poste et télégraphe, amené les lignes téléphoniques dans de nombreux districts et villages, ouvert de nombreuses écoles en langue maternelle, créé la première Université géorgienne, institué une justice nationale… en un mot, avons pris toutes les mesures pour donner à notre jeune État le visage d'un État véritable.“*)
C'est de ce pas accéléré que marchait le travail créateur dans la Géorgie libre.
Où est maintenant cette Géorgie? Elle n'est plus… Le Moscou parjure l'attaqua traîtreusement et lui a ravi sa liberté.
17 ans déjà la nation géorgienne souffre sous le joug bolchévik. Un peuple qui voulait vivre en liberté, est tombé en esclavage. Il a perdu tout: son territoire, ses institutions populaires, son bien privé et publique, ses droits politiques et civils, mais dans cette débâcle générale, il a conservé un bien précieux: la volonté et l'espérance de tout recouvrir. Le peuple géorgien lutte courageusement pour briser ses chaînes. Il se redresse comme dans son passé historique; sa force vitale et son énergie combative, accumulées dans les épreuves, se sont réveillées. La nation fut vaincue physiquement par une force mille fois supérieure, mais elle ne le fut pas moralement. Elle continue à tenir ferme dans cette lutte pour la liberté. La stricte discipline nationale, le front commun géorgien, voici les armes de cette lutte tenace. Cette lutte inégale fait d'innombrables victimes, le sang coule à flots, le sol s'empreigne de larmes, mais la ténacité du peuple ne fléchit jamais. Courageusement, avec espérance, il marche vers l'avenir.
Le temps est proche où la cloche de sa délivrance sonnera. Nous sommes convaincus que le peuple qui veut être libre, sera libre.
N. JORDANIA
_____________
*) Voir le sténogramme de la séance du Parlement du 1er Décembre 1918.
დამოუკიდებელი საქართველო. /ჟურნალი. პარიზი/. - 1938. - №146
![]() |
92 რუსთაველი |
▲ზევით დაბრუნება |
1
რუსთაველის შემდეგ განვლო 750 წელი და ამ დიდიხნის განმავლობაში არ აღმოჩენილა არავითარი მატიანე, რომელიც ეხებოდეს ამ უდიდეს მგოსანს და შეიცავდეს მის რაიმე ბიოგრაფიულ ცნობას. ჩვენ არ ვიცით მისი წარმოშობის, აღზრდის, განათლების, ცხოვრების და მუშაობის შესახებ.
დაგვრჩა მხოლოდ ერთი წყარო, ერთი დოკუმენტი, რასაც უნდა მივმართოთ და გამოვიყენოთ პოეტის ნამდვილი სურათის აღსადგენათ. ეს წყაროა მისი შემოქმედება, მისი ვეფხისტყაოსანი. ამ პოეტში იხატება ავტორი, მასშია ჩაქსოვილი მისი სული და გული, მისი ჭკვა და ცოდნა, მისი მიმართულება, მთელი მისი სახეობა. ამ შრომის მიგნებულათ გაშიფრვა, გულდასმით შესწავლა და გამოკვლევა უეჭველია მოგვცემს გასაღებს ბევრი ბნელით მოცემული საკითხების. ამ წერილში ჩვენ გვსურს შევეხოთ ზოგ ამ საკითხებთაგანს და მით მივაქციოთ საზოგადოების ყურადღება ამ დიდ პრობლემისაკენ.
რა საზოგადოებაში, რა ატმოსფეროში ტრიალებდა პოეტი, ვისთან ქონდა კავშირი, ვის გემოვნებას უფარდებდა თავის შემოქმედებას?
ამის პასუხს ჩვენ ვხედავთ პოემის წინასიტყვაობაში. აქ აშკარად სჩანს პოეტის საზოგადოება. ის პირდაპირ სწერს რომ თხზავს თამარ მეფის საქებრათ, მას წინეთაც დაუწერია ლექსები ამავე საგანზე, სწერს დავალებით, სხვების მოთხოვნით. ე.ი. ყოფილა ასეთი წრე, რომელიც ხელოვნებას აფასებდა, მფარველობდა, ნიჭიერ მწერალთ ეძებდა და სამუშაოთ გამოყავდა. სად იმყოფებოდა ასეთი წრე? თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების ისტორიას, დავინახავთ რომ ასეთი წრე ლიტერატურის მოყვარულთა, მწერალთა და მკითხველთა, შეიძლებოდა არსებულიყო მხოლოდ ერთ ცენტრში, საიდანაც ხელოვნების სხივები ეფინებოდა მთელ ერს. ეს ბუდეა მეფის სასახლე. ასეთი ცენტრი არ ჩნდება ყველა მეფის ირგვლივ, არც ყოველ დროში. ის ჩნდება მხოლოდ განსაკუთრებითი ისტორიული გარემოებათა მეოხებით, როცა ერი თავს იყრის პოლიტიკურათ ერთი მეფის ირგვლივ, ქმნის მთლიან ნაციონალურ ერთეულს, აჩაღებს ეროვნულ ცხოვრებას. ასეთი მდგომარეობა შეიქმნა მაგ. საფრანგეთში მხოლოდ მე-16 საუკუნეში, როცა საბოლაოთ დამარცხდა ფეოდალური დანაწილება და მეფენი ფრანსუა პირველი და ჰანრი მეორე ხდებიან მეფეებათ მთელი ერისა. ამავე დროს სასახლის ირგვლივ თავს იყრიან მწერლები, პოეტები, მთელი მწიგნობარი საფრანგეთში. ეგევე პროცესი ჩვენში ჩატარდა უფრო ადრე, რამოდენიმე საუკუნის წინ. დანაწილებული საქართველო ერთდება ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან, ხოლო თამარის ხანა მას სავსებით აგვირგვინებს. ჩვენსში, სწორეთ ისე როგორც გვიან საფრანგეთში, ამავე დროს იწყება პოემების და ოდების წერა, მეფეთა ქება, ჩნდება მთელი ახალი ლიტერატურა. პოლიტიკურ გაერთიანების გვერდით წარმოებს გონებრივი გაერთიანება, ლიტერატურული აღორძინება. და თუ შემდეგ საქართველო ისევ გადავარდა ფეოდალურ წყობილებაში, ეს აიხსნება არა ერის შინაგანი პროცესით, არამედ გარეშე, ამ პროცესზე დამოუკიდებელი, ისტორიული ზვირთებით, მრავალჯერ აზიაში ამოვარდნილი ქარიშხალის ჩვენს ხალხზე დაბერვით, ჩვენი ქვეყნის დაქცევით. აქ ერის მთავარი ამოცანა გახდა არა კულტურა და პროგრესი, არამედ თავისი ფიზიკური არსებობის შენახვა. არც ერთ სხვა თანამედროვე ერს არ განუცდია ამ გვარი ტრაღიკული ბედი, არც ერთი ხელმეორეთ არ გადავარდნილა უკან, არ უგემია მეორეთ დანაწილება და თავისი ისტორიის ხელახლათ დაწყება.
ამ ნაირათ, მეთორმეტე საუკუნეში მეფის სასახლე ხდება ხელოვნების ცენტრი, რომელიც იზიდავს თავისკენ ყველა ნიჭიერ და განათლებულ მოღვაწეთ. აქ ჩნდება პირველათ თამარ მეფის მფარველობით და მეთაურობით ლიტერატორთა და გონება მახვილთა სალონი, იმავე ზომის და მნიშვნელობის, როგორიც დიდი ხნის შემდეგ აღორძინდა ევროპის ქვეყნებში. ამ სალონში ანუ, ჩვენებურათ, დარბაზში იკრიბებოდენ პოეტები, მხატვრები, მწერლები, მოქანდაკენი, ხუროთ მოძღვარნი; მათ სხდომებს და მსჯელობას ესწრებოდენ კარისკაცნი და ქალნი, უეჭველია თვით თამარიც, იწონებდენ თუ იწუნებდენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. გამოქონდათ მსჯავრი - ერთი სიტყვით აქ ეს წრე იყო ხელოვნების სჯულმდებელი. რა დამოკიდებულება შეიძლებოდა ყოფილიყო რუსთაველს და ამ საზოგადოებას შორის? თავისთავად ცხადია, რომ პოეტი ამ ხალხს ვერ მიაწვდიდა ისეთ აზრებს, ვერ ააჟღერებდა სიმებს, რაიცა სრულიად არ უდგებოდა მათ აზროვნებას, მათ გემოვნებას და გამოიწვევდა მათ აღშფოთებას. პოეტი ქმნის განცდით, შთაბეჭდილებათა გავლენით, ის რაც უფრო დიდია, გენიოსია, მით უფრო ემორჩილება ამ განცდის ბრძანებას. რუსთველის განცდა გამომდინარეობდა აი ამ სალონიდან, იქ თავმოყრილი საზოგადოებიდან; აქ გაბატონებული აზროვნება უნდა გამხდარიყო მისი აზროვნებაც და ეს მისთვის დაებრუნებია წარმტაცი წყობილ სიტყვაობით. პოეტს და სალონს შორის სრული გონებრივი ურთიერთობა და თანხმობა უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, რუსთაველი იყო ლიტერატურული დარბაზის გამოჩენილი წევრი. შეიძლება მისი შეფიც და აჟღერებდა მის სიმებს.
რა კავშირი აქვს ამ სიმებს მისი ერთი დროის მდგომარეობასთან? არის ის წმინდა ქართული თუ ამ ქართულში ჩაქსოვილია
საკაცობრიო აზროვნება?
რუსთაველის ერთათ ერთი ავტორიტეტია სიბრძნე, მეცნიერება, ფილოსოფოსნი. ის უბრუნდება დიდი ხნის დავიწყებულ კლასიციზმს და ცდილობს აღადგინოს ელინური მსოფლმხედველობა. ეჭვს გარეშეა რომ ეს მიდრეკილება ახასიათებდა არა მარტო პოეტს, არამედ თამარის ეპოქას, სასახლის ლიტერატურულ საზოგადოებას. ეს სჩანს იქიდან, რომ ყველა ცნობილი მგოსნები, როგორც მაგ. შავთელი და ჩახრუხაძე, ელინურ ავტორიტეტს ემყარებიან, მათ ახსენებენ, თუმცა ამავე დროს ქრისტიანულ დოგმას არ შორდებიან. რუსთაველი ასწორებს ამ ხაზს, რელიგიურ აზროვნებას სავსებით უკუაგდებს და კლასიკურზე აფუძნებს თავის პოემას. ფილოსოფოსთა შორის ის ახსენებს მხოლოდ პლატონს. არის ეს ხსენება შემთხვევითი, უცაბედათ გახსენებული და წამოსროლილი, თუ ის მას იცნობდა, მისი ნაწერები უკითხავს და მისგან ზოგი რამ უსესხებია? ამ საკითხის გამოსარკვევათ საჭიროა ორივე მწერლის საერთო აზრი, საერთო დოქტრინა იქნას გამონახული და მით მათი სულიერი ნათესაობა გამოცნობილი.
რუთაველს და პლატონს აქვს ერთი ასეთი საერთო აზროვნება, ორივე აღიარებენ ერთ და იმავე პოლიტიკურ დოქტრინას. ვეფხის ტყაოსნის ეს მხარე მე გამოვარკვიე ჩემს ბროშიურაში ამავე საგანზე. სადაც ვსწერდი: „პოეტის პოლიტიკური დოქტრინაა აბსოლიუტიზმი, რეფორმებზე დამყარებული ანუ მეთვრამეტე საუკუნის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, განათლებული აბსოლიუტიზმი... მისი იდეალია არა ყოველნაირი მეფე, არამედ მხოლოდ ისეთი რომელიც ღარიბებს ეხმარება, მონებს ათავისუფლებს, სიმართლეს მისდევს - ერთი სიტყვით უმაღლესი კაცთმოყვარული თვისებებით დაჯილდოვებული“. აი ეს პოლიტიკური დოქტრინა მსოფლიო ლიტერატურაში პირველათ წამოაყენა პლატონმა თავის „პოლიტიკაში“ და „კანონებში“. ის აქ აღიარებს სიბრძნის, მეცნიერების ბატონობას ადამიანთა მართვა გამგეობაში. ის სწერს: „როგორც ექიმი ჩვენ გვარჩენს თანახმათ ჩვენი სურვილისა თუ მის წინააღმდეგ რკინით თუ ცეცხლით, ხშირათ მძიმე ტკივილებით, ასევე მეფე მეცნიერებით ასრულებს თავის როლს, სწმენდს სახელმწიფოს მისი ბედნიერებისათვის... ის იხსნის სახელმწიფოს მეცნიერებით და სამართლით. სახელმწიფო რომ იყოს კარგათ მოწყობილი და გამართული საჭიროა ფილოსოფოსნი გახდენ მეფეთ ან მეფენი გახდენ ფილოსოფოსნი“ და სხ. და სხ. ამას ის დასძენს: ასეთი იდეალური მეფე ყველა წყობილებას სჯობს, მაგრამ ის იშვიათი მოვლენაა, ისევ კანონებს და სამართალს უნდა დაუბრუნდეთ და სახელმწიფო ავაგოთ მკვიდრ ნიადაგზეო. აქ ის არჩევს სამ ფორმას: მართველობა არისტოკრატიის, მონარქიის და დემოკრატიის.
პლატონის ეს პოლიტიკური მოძღვრება გახდა მთავარი წყარო პოლიტიკური მეცნიერების აღორძინების და განვითარებისა მთელ ევროპაში. ეს აზრი გადავიდა აგრეთვე სპარსულ ლიტერატურაში. საფრანგეთის ისტორიკოსების აზრით, მეთვრამეტე საუკუნის მოძღვრება განათლებულ მონარქიაზე სავსებით გადმოღებულია პლატონის „პოლიტიკიდან“. აქედან ცხადია, რომ რუსთაველის პოლიტიკური შეხედულობა პლატონიდან მომდინარეობს, მეფის როლი ორივეს ერთნაირათ აქვს დახატული და წარმოდგენილი. ეს ერთიგივეობა გატარებულია წვრიმალებშიაც. მაგალითად, პოეტი სრულიად არ იხსენიებს კანონს, კანონის უაღრესობას, მართველობის და სამართლის კანონებზე დამყარებას. და ეს იმიტომ რომ კანონი ზღუდავს მეფეს, არ ანებებს აკეთოს კეთილი საქმე. პლატონი სწერს: „ძალა უნდა ეკუთვნოდეს არა კანონს, არამედ ბრძენ და მოხერხებულ მეფეს“.
ისმება საკითხი: რატომ რუსთაველმა პლატონის სამართველო სისტემიდან ამოირჩია მისი ერთი თეორია - ბრძენი მეფე და არა სხვა რომელიმე შეხედულება? ცხადია რატომ, ის ამ თეორიის გამართლებას და განხორციელებას ხედავდა საქართველოში თამარ მეფის სახით. და ეს ესმოდა არა მარტო მას, არამედ მთელ მის თაობას, მაშინდელ მემატიანეთ, მთელ ისტორიას და, წარმოიდგინეთ, ჩვენც, ახლანდელ ქართველობას. თამარის მიერ დაარსება სახელმწიფო საქველმოქმედო დაწესებულების, სადაც მთელი შემოსავლის მეათედი გადაიცემოდა, სიკვდილით დასჯის და ადამიანის ორგანოების დასახიჩრების მოსპობა და მრავალი სხვა იმ დროს გაუგონარი რეფორმა პოეტს აძლევდა უტყუარ საფუძველს მეფექალი ჩაეთვალა პლატონის მიერ მოწონებულ იდეალურ მეფეთ. რასაკვირველია, ჩვენში ტახტზე მჯდარიყო ვინმე ვერაგი დესპოტი, რომელიმე მეფე-ტირანი, ხალხის მტანჯველი და მდევნელი, რუსთაველი ან არას დასწერდა ან თუ დასწერდა - ის არ დაემსგავსებოდა მის ვეფხის ტყაოსანს.
ამნაირათ, დამტკიცებულათ უნდა ჩაითვალოს რუსთაველის მიერ საქართველოს სინამდვილეში გადატანა პლატონის პოლიტიკური მოძღვრების. ორივე ერთნაირად აღიარებს, რომ მართველობა, ხალხის მეთაურობა ეკუთვნის არა სიმდიდრეს, არა ღონიერს, არამედ სიბრძნეს, ჭკვას, გენიოსობას. ამ მსოფლმხედველობას პლატონის და რუსთაველის შემდეგ ჩაებღაუჭენ მეთვრამეტე საუკუნის განმანათლებელნი და როცა ამ იდეალის განსახიერება ვეღარ ნახეს. გზა გაუხსნეს რევოლიუციას, პლატონის დემოკრატიის გასაბატონებლათ.
საიდან გაიცნო ჩვენმა პოეტმა პლატონის პოლიტიკა? ქართულათ მისი თარგმანი არ იყო, ყოველ შემთხვევაში დღევანდლამდე ასეთი თარგმანის არსებობა არავის აღმოუჩენია. ნუ დავივიწყებთ, რომ იმ დროის საქართველო ესაზღვრებოდა ბერძენთა სახელმწიფოს - ბიზანტიას. მაშასადამე იქ წასვლა, ბერძნული ენის შესწავლა, ბერძნული მწერლობის გაცნობა ძნელი აღარ იყო. რუსთაველის სამშობლო, მესხეთი, ბერძენთა უახლოეს მეზობელს წარმოადგენდა და მათ შორის მუდმივი მიმოსვლა წარმოებდა. უეჭველია რუსთაველი ბიზანტიაშია ნამყოფი და ბერძნული ენა ქონდა შესწავლილი. ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. არაჩვეულებრივია მხოლოდ შემდეგი: ბიზანტია სავსებით დაეყრდნო ქრისტიანობას, მართლმადიდებელი ეკლესია გახდა მისი არსებობის და აზროვნების ქვაკუთხედი, ელინური კულტურა კი სავსებით უარყოფილი და მივიწყებული. აი ამ წმინდა საშუალო საუკუნურ წყობაში და იდეოლოგიაში ქართველი პოეტი ეწაფვის არა ამ იდეოლოგიას, არამედ ძველს, ელინურს და მას ეყრდნობა. მისთვის ბიზანტია გახდა მხოლოდ ხიდი, რაზედაც გადაირბინა ათინამდე.
რაკი შოთა იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიას პირდაპირ, უშუალოთ, არ შეიძლება ის არ გაცნობოდა ბერძნულ ლიტერატურას საზოგადოთ, განსაკუთრებით პოეტებს და დრამატურგებს. ამათ შორის იყო ერთი, მგოსნობის უდიდესი ქურუმი, რომელსაც ბაძავდენ ყველანი. ეს არის ჰომერი. ნ. მარის თქმით შოთას თაობა იცნობდა ილიადას და მას კიდევაც იყენებოდენო. მაგრამ ვინ, რაში და როგორ იყენებდა - მას არ გაურკვევია. ჩვენი მაშინდელი მწერლები რომ იცნობდენ ჰომერს და მის ნაწარმოებს - ეს უდაო ფაქტია. ამ აზრის საბუთია ჩახრუხაძის პოემა „შესხმა თამარ მეფისა“, სადაც მრავალჯერ არის მოხსენებული ჰომერი (უმიროსი), ტროია და ელენე, როგორც მაგალითები; ამათ გვერდით მოხსენებულია ეთინელთა თითქმის ყველა ფილოსოფოსნი (სოკრატი, არისტოტელი, პლატონი, დიონისი და სხ.). ცხადია შოთას თაობა მართლა იცნობდა ძველი საბერძნეთის მთელ ლიტერატურას და მას არ შეეძლო მასზე არ მოეხდინა გავლენა. ამ გავლენის უტყუარი ძეგლია ვეფხის ტყაოსანი. ამ მხარის გამოსარკვევათ საჭიროა შევადაროთ ჰომერის პოემები რუსთაველის პოემას და გავარკვიოთ მათ შორის რა მსგავსებაა.
ვეფხის ტყაოსანის მთელი დრამა, ხალხთა შეჯახება და ომიანობა წარმოებს ერთი ქალის გამო. ნესტან დარეჯანი გაიტაცეს და მის დახსნას ეწირება აუარებელი მსხვერპლი. ილიადას მთელი დრამა, ხალხთა შეჯახება და ომები წარმოებს ერთი ქალის გამო. საბერძნეთის მეფეს მენელას მოსტაცეს ცოლი ელენე და მის ტყვეობისაგან გამოხსნას ეწირება აუარებელი მსხვერპლი. ერთი ზის ქაჯეთის ციხეში, მეორე ტროიას ციხეში; ტარიელი აქცევს ქაჯეთს და ათავისუფლებს ნესტან დარეჯანს, მენელა აქცევს ტროიას და ათავისუფლებს ელენეს. ორივე ეპიკური პოემის მიზანი და საშუალება ერთნაირია. ნესტან დარეჯანი იგივე ელენეა, ელენე იგივე ნესტან-დარეჯანია; ორივე ჩასმულია, რასაკვირველია, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჩარჩოში, რაიცა დიდათ განსხვავდება ერთი მეორისაგან და რაზედაც ქვემოთ მოვილაპარაკებთ. მაგრამ ბრძოლის თვით საგანი და მიღწევანი ერთი მეორის განმეორებაა. ამავე ხაზისაა სხვა მეორე ხარისხოვანი მომენტები, ის მრავალნაირი თავგადასავალი, რაიცა ტარიელს და ავთანდილს გადახდა გზადაგზა, გამარჯვებამდე. აქაც რუსთაველი მისდევს ჰომერის მეორე პოემის, ოდისეის, ნაკვალევს.
ტროიაში გამარჯვებული ოდისეი (ულისი), მენელას მეგობარი და დამხმარე, ბრუნდება სახლში, მაგრამ გზაში იმდენი დაბრკოლება ეღობება, იმდენ ავანტიურას განიცდის რომ ათი წელი უნდება მოგზაურობას. ტარიელი და ავთანდილი ასეთსავე ავანტიურას განიცდიან გამარჯვებამდე, თუმცა ოდისეის ბრძოლაში შინ დასაბრუნებლათ ქალის საკითხიც დიდ როლს თამაშობს. მას უყვარს თავისი ცოლი პენელოპე და მიეჩქარება მასან. ის ამბობს: „ოღონდ ხელახლა ვნახო ჩემი ცოლი სასახლეში ისე როგორც მე მინდა ის იყოს და ყველა ჩემი მეგობრები ჯანმრთელათ“. ოდისეი გზაში წააწყდება ერთ კუნძულს, ესტუმრება მის მეფეს, ალკინოუს, ცხოვრობს მასთან როგორც სტუმარი, თუმცა მასპინძელმა არ იცის მისი ვინაობის და ჩამომავლობის. აქ ის იღებს მონაწილეობას სასახლის ყოველნაირ გართობაში. ერთ დღეს ის ესწრება ქეიფს, სადაც დამღერიან საბერძნეთის და ტროიას უბედურობას. ოდისეის თვალებიდან გადმოცვივა ცრემლები. მეფე ეკითხება რატომ ტირის, ვინა ხარ შენო. ასეთივე ამბავი დაემართა ტარიელს ფრიდონისას, სადაც ნესტან დარეჯანის ამბის გაგონებაზე ვარდება და ცრემლებს აფრქვევს. მაშინ განცვიფრებული ფრიდონი მას ეკითხება: რა გატირებსო. ორივე შემთხვევაში, იქ ოდისეი და აქ ტარიელი იძულებული ხდებიან უამბონ თავიანთ მასპინძლებს თავისი თავგადასავალი. ამის შემდეგ ალკინოემ უბოძა დიდი ძღვენი ოდისეის და მისცა საშუალება მოგზაურობისა (ხომალდი). ფრიდონმა უძღვნა ტარიელს ასეთივე საშუალება - განთქმული ცხენი, ხოლო სხვა შემოძლეული ძღვენი არ მიიღო („ძღვენი რა მცა გავკითხენი“). ოდისეი ბრუნდება რა თავის სამშობლოში, ხედავს მის ქვეყანას დაპყრობილს უცხო მეფეთა მიერ, რომელნიც იძულებულს ხდიან პენელოპეს ერთ ერთს მითხოვდეს. ოდისეი ომით ამარცხებს მათ და იბრუნებს ტახტს და ცოლს. ტარიელი ინდოეთში დაბრუნებისას ხედავს ამ ქვეყანას დაპყრობილს, არეულ დარეულს, ხალხს დაჯაბნებულს და დაშინებულს. მაგრამ როგორც მტერი მის დაბრუნებას გებულობს, შიშით გარბის და ტარიელიც უომრათ ბატონდება. დრამა ორივე პოემაში სიხარულით და გამარჯვებით ბოლოვდება. ორივე გმირი თავის თავგადასავლის გასწვრივ კარგავენ ყველა თავის თანამგზავრ მებრძოლთ, არც ერთ მათგანს ერთი კაციც არ შეყოლიათ სამშობლოში. ოდისეი ბრუნდება უცხო ხომალდით და ჯარით, რომელნიც უკან ბრუნდებიან; ტარიელი აღწევს სამშობლოს ასევე უცხო ჯარებით, რომელნიც მასთან „დაყვეს ცოტაი დღენია“ და დაბრუნდენ.
ამ მოკლე შედარებიდან ნათელია, რომ ორივე პოეტის საერთო გეგმა, პოემათა მოხაზულობა, მიზანი, საშუალებანი, მოქმედების გაშლა და დაბოლავება ერთნაირია. ამ მხრით რუსთაველი სავსებით ენათესავება მხოლოდ ჰომერს. „ესე ამბავი სპარსული ქართულათ ნათარგმანები“; არაფერი ამის მსგავსი; ეს ამბავი, ანუ ფაბულა, რუსთველმა თვითონ შეთხზა პოემის გავლენით. მან აიღო ანტიური ფორმა; ელინურ პოლიტიკურ სიბრძნეს მიაყოლა ელინურ-პოეტური აღმაფრენა. ასე მოიმოქმედა შემდეგ აღორძინების საუკუნოებში მთელმა ევროპამ. რუსთაველს ამ გზაზე მიუძღვნის უდიდესი დამსახურება, ის პირველი იღებს ამ მიმართულებას, წინამორბედია კლასიციზმის აღდგენის. ევროპის კლასიკებმა ამ გზაზე მეტათ გადააჭარბეს; ისინი იღებენ ძველი დროიდან არა მხოლოდ ფაბულას, ლიტერატურულ ფორმას, არამედ მთელ შინაარს, მთელ საზოგადოებას, ხატავენ ძველ მოღვაწეთ (კორნელი, რასინი და სხ.), მაშინ როდესაც რუსთაველი იღებს ძველ ფაბულას, მაგრამ აძლევს თანამედროვე შინაარს, ხატავს მისი დროის საზოგადოებას, ე.ი. ხდება უაღრესათ ნაციონალური პოეტი. თავის თავად ცხადია, რომ მარტო ფორმის გადმოღება ავტორს ვერ გახდის აღორძინების დიდ ქურუმათ. საჭიროა ფორმას გამოყვეს მსოფლმხედველობა, ძირითადი პრინციპები, რითაც ხასიათდებოდა ელინური აზროვნება. ჰომერს ბაძავენ სპარსელი მწერლებიც: ამირან დარეჯანიანში და ვისრამიანში მრავალი ეპიზოდებია მსგავსნი ჰომერის და რუსთაველის ეპიზოდებისა, მაგრამ მათ მსოფლმხედველობათა შორის არავითარი მსგავსება არ არის.
აი ამ სფეროშიაც რუსთაველს და ჰომერს შორის ახლო ნათესაობაა. ორივეს გმირები ერთმანეთს გვანან თავისი მორალური თვისებებით: ვაჟკაცნი, პირდაპირნი, კეთილშობილნი, ზნეობიანი, ემსახურებიან კეთილშობილ მოვალეობას, ურთიერთ დამხმარენი და მეგობარნი, თავგანწირულნი, პატიოსანნი, ჭკვიანნი - ერთი სიტყვით გმირები ერთმანეთის მსგავსნია როგორც ადამიანები და მოღვაწენი. საკვირველია ერთი გარემოება, არც ერთ პოეტს არ ყავს გამოყვანილი კრიმინალური გმირები, მკვლელები, მოღალატენი, გამცემნი, უზნეონი. ყველა მთავარი მოქმედნი არიან სათნოებით შემკულნი. ყველა ძველ ხალხთა შორის თავისი რაინდობით და უმაგალითო ადამიანობით განთქმულია ელინელები. ჩვენი პოეტიც სწორეთ აქ ეძებს თავის იდეალს, თავის მაგალითებს და აღჭურავს თავის გმირთ ელინური თვისებებით. ის სავსებით გაურბის აზიურ გავლენას, კრიმინალურ-ზღაპრულ მოქმედებით სავსე სპარსულ ლიტერატურას, საეჭვო ზნეობის კაცთა და ქალთა გმირათ გამოყვანას. დახედეთ ვ. ტყაოსნის ქალებს, განა ისინი რამეთი გვანან ვისრამიან ქალებს? ასეთი სათნო, გონიერნი და ზნეობიანნი მხოლოდ ელინელი და რომაელი მანდილოსნები არიან ცნობილნი ისტორიაში. რუსთაველი აი ამ ქვეყნებისაკენ უთითებს თანამედროვე საზოგადოებას, ასწავლის სასახლის სალონს როგორი უნდა იყოს ქართველი ქალი. უეჭველია ასეთი ქალები მოიპოვებოდენ და თავს იყრიდენ თამარის ირგვლივ. გმირი მამაკაცები მოიპოვებოდენ და გარს ეხვიენ დედოფალს, მათ შექმნეს თავისი მხნეობით, ჭკუით და ვაჟკაცობით ოქრის ხანის საქართველო. პოეტი მათ იცნობდა, ისინი ასწერა და ეს აწერილობა გამოვიდა ჰომერის აწერილობა ბერძენთა გმირების. ეს სხვადასხვა ერის შვილები, დროთი და ისტორიით ერთიმეორისაგან დიდათ დაშორებულნი, მორალურათ, ადამიანურათ ერთმანეთს ემსგავსებიან, ორივენი ერთნაირათ აღიარაბენ: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. მათი მსოფლმხედველობა, საიდანაც გამომდინარეობს მათი საგმირო საქმეები, მათი გაგება ცხოვრების, ბრძოლის, მეგობრობის და ამხანაგობის სავსებით ერთნაირია.
როგორია ეს მათი ძირითადი მსოფლმხედველობა?
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1938. - №78
![]() |
93 რუსთაველი |
▲ზევით დაბრუნება |
2
როგორც ადამიანის დაფასება არ შეიძლება მისი ჩონჩხით, ისევე არ შეიძლება ლიტერატურული ნაწარმოების დაფასება მისი ფაბულით. ლეგენდა დანიის პრინცის, ჰამლეტის შესახებ, რომელიც ვითომ არსებობდა ქრისტეს წინ და თავი მოიგიჟიანა მამისათვის შურის საძიებლათ, გახდა საგანი მრავალი პოეტური შემოქმედების, მაგრამ მხოლოდ შექსპირმა აქცია ის უკვდავათ და დავიწყებას მისცა ყველა დანარჩენი ავტორები. მაშასადამე, ფაბულის შეთხზვა თუ პირწმინდათ გადმოღება სხვა ნაწარმოებიდან ან თქმულებიდან სრულიად არ ამჟღავნებს მის ღირსება-ნაკლულევანებას.
რაკი ფაბულა არ იძლევა თხზულების გაგების გასაღებს, ცხადია, უნდა იყოს მისი სხვა მხარე, რომელიც ანსხვავებს მას დანარჩენისაგან და ქმნის მის სახეობას, მის ღირსება-ნაკლულევანებას. ასეთი თვისებაა მხოლოდ ერთი: ის სული, ის მსოფლმხედველობა, რომელიც ჩაბერილია შიგ და მას ასულდგმულებს. აი ამ სულის გამოცნობაში, მისი ნათესაობის, მისი გენეალოგიის აღდგენაში უეჭველია ფაბულა თამაშობს დიდ როლს. „ვეფხის ტყაოსანი“ თუნდაც თავისი შინაარსით მთლათ გავდეს ბიზანტიის ან სპარსეთის ეპოსს, ის მაინც ვერ იქნება მისი ნათესავი, ვინაიდან სულიერათ ის მას არ ემსგავსება. რუსთაველს მივყევართ მხოლოდ ჰომერისაკენ (ჰომეროსისკენ), ელინიზმისაკენ. როგორ?
რუსთველის ეპოქაში, აღმოსავლეთში და დასავლეთში, ბატონობდა დაახლოვებით ერთნაირი მსოფლმხედველობა: რელიგიური და დევ გმირული. ბუნებრივი და ადამიანური ძველი ელინებისა სავსებით იქნა დავიწყებული და უკუგდებული. ყველა მწერალთა და პოეტთა შორის ერთათ-ერთი რუსთაველი უბრუნდება ელინიზმს და მას სავსებით ატარებს თავის ნაწარმოებში. აქ მან მონახა ერთი ძირითადი შეხედულება, ერთი ბერკეტი, რომლითაც გადააბრუნა თავის დროის დახავსებული იდეიური შენობა და ჩაყარა საფუძველი ახალი აზროვნების. ასეთ ბერკეტათ მის ხელში გადაიქცა ჰომერის მიერ ახატული მოძღვრება ბედისწერაზე. ყველა მისი დიდი გმირი, დიდი მეომარი და წინამძღოლი ფატალისტია. საკითხი სიკვდილ-სიცოცხლისა, რასაც მუდამ უტრიალებს კაცობრიობა, „ილიადაში“ და „ოდისეაში“ წყდება ისე, როგორც „ვეფხის ტყაოსანში“. ავთანდილის სიტყვები: „უგანგებოთ ვერას მიზმენ, შეცამებნეს ხმელთა სპანი“, ამოძახილია ჰეკტორის (ჰექტორის), ულისეს და სხვა ძველი დიდი პიროვნებების. ჰეკტორს არ უშვებს ომში თავისი ცოლი ანდრომახა (ანდრომაქე), ისე როგორც ავთანდილს არ უშვებდა როსტევანი. ორივე შემთხვევაში ორივე გმირი თავის სურვილს ასაბუთებენ ერთი და იგივე მოსაზრებით. ჰეკტორი ეუბნება ანდრომახას: „ვერც ერთი მომაკვდავი ვერ გამითხრის სამარეს იმ წუთამდე, რომელიც დანიშნულია ბედისწერით; არ არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან არ ექვემდებარებოდეს მის კანონებს, გმირი ისე, როგორც ლაჩარი“. ცოლი ეთანხმება და ბრუნდება ბინაზე. იგივე გმირი ეუბნება მოწინააღმდეგე აიაქსს: „ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა განვაახლოთ სხვა დროს, სანამ ჩვენ არ დაგვაშორებს ერთმანეთს ბედისწერა და მიანიჭებს ერთ-ერთს გამარჯვებას“. ასევე მიმართავს ტროას მეფე პრიამი (პრიამოსი) თავის ჯარს: „ჩვენ ხელთ ავიღოთ იარაღი მანამდი, სანამ ბედისწერა გაათავებს ჩვენ დავას ერთ-ერთი ხალხის გამარჯვებით“. ამ აზრისაა თვით ღმერთებიც. ზევსი ეუბნება თავის შვილს, მერკურს: „ბედისწერასა სურს, რომ ულისი დაბრუნდეს თავის ძვირფას სამშობლოში და ხელახლა იხილოს იქ თავისი მეგობრები და სასახლე... ის დაბრუნდეს დაუყონებლივ სამშობლოში, ვინაიდან ბედისწერას არ სურს, ის მოკვდეს უცხოეთში. პარკი (განგება) ქსოვს მის დაბრუნებას და სურს მან ნახოს თავისი ქვეყანა“. ულისის მხებლები ეუბნებიან მას: „ბრძენო, დრო არის მოიგონოთ სამშობლო, თუ ბედმა გადასწყვიტა იქ დაბრუნება“. ახილესის სული საიქიოს შეხვდება აგამენონისას (აგამემნონისას) და გაკვირვებით ეუბნება: „თქვენი დღენი ასე უდროვოთ შეამოკლა ულმობელ პარკმა, რომელსაც ყველა ადამიანი ემორჩილება დაბადებიდან“. წერას ვერ გააუქმებენ ღმერთებიც კი. ერთი სიტყვით, ბედისწერის ანუ განგების მოძღვრება მომდინარეობს უძველესი ელინური დოკუმენტიდან და შეადგენდა ძველი საბერძნეთის მსოფლმხედველობის ცენტრს. მის ნიადაგზე იდგენ სტოიკები და მათი ყველა შკოლა მას იცავდა. ეს შეხედულობა გატარებულია თითქმის ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებში. სოფოკლეს გაუბედურებული ედიპი (ოიდიპოსი) თავის თავზე ამბობს: „ეს წინდაწინ გადაწყვეტილია, მე ვერ გავექცევი ჩემს წერას“, ხოლო მთელი ტრაგედია ბოლოვდება ასეთი განჩინებით: „ყოველივე ასრულდა, თანახმათ უზენაესი დეკრეტებისა“.
რუსთაველი ამ მოძღვრებას აღიარებს თავისათ და მრავალ ალაგას იმეორებს გადაჭრილათ: „განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქნელი არ იქნების“. ტარიელი მიდის ხატაეტში საომრათ და ამბობს: „განგებაა, დღესაც მომკლავს, სადაც უნდა დავიმალო“. ავთანდილი გაიპარა რა ტარიელთან მეორეთ შესახვედრათ, ასე ანუგეშებს მეფეს: „არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა“. ყოველგან მთელ პოემაში პოეტი ამ საკითხზე ელინურათ ლაპარაკობს - ფატალიზმს: წინასწარ გადაწყვეტილებას ადამიანი ვერ გაექცევა.
ეგევე შეხედულობა შეითვისა მეთვრამეტე საუკუნეში ვოლტერმა. ის სწერს: „ან ქვეყნიერება არსებობს თავისივე ბუნებით, თავის ფიზიკური კანონებით, ან და ის შექმნა უმაღლეს არსებამ, თანახმათ თავისი უზენაესი კანონებისა. ორივე შემთხვევაში ყოველივე აუცილებელია... შეუძლებელია არ ყოფილიყოს ის, რაც იყო; რაც არის დღეს, არ იქნას; რაც უნდა მოხდეს, არ მოხდეს. შენ თუ შესცვლი ერთი ბუზის ბედს, არ არის არავითარი საბუთი ვიფიქროთ, რომ არ შეგიძლია შესცვალო ბედი ყველა ბუზის, ყველა ცხოველების, ყველა ადამიანის, მთელი ბუნების; ბოლოს და ბოლოს, იქნები ღმერთზე უფრო ძლიერი... ჩვენ ყველა ერთნაირათ სათამაშო ვართ ბედისწერის...“1. [იხ. მისი ფილოსოფია, წერილი Le Destin]. ეს საკითხი დღემდის სადავოა ფილოსოფიაში და არ არის გადაჭრილი. აქ არჩევენ მის რამოდენიმე ფორმას: არის ფატალიზმი თეოლოგიური, რასაც ლეიბნიცი უწოდებს „ზარმაცთა სოფიზმს“, ფატალიზმი ფილოსოფიური, დეისტური და სხ. მაგრამ არსება ყველა ამ ფორმებისა ერთი და იგივეა, ყველა აღიარებს: „რაცა იქნების, იქნების, ყოვლი თათბირი სწორია“. ჩვენთვის აქ საყურადღებოა არა ამ დებულებათა განსჯა და დაფასება, არამედ ის შედეგები, რასაც ისინი იძლევიან მსოფლმხედველობის შემუშავებაში.
რაკი ადამიანის მთელი სავალი გზა, სიცოცხლის მიმდინარეობა წინასწარ განსაზღვრულია, აქედან გადახვევა, მისი შეცვლა, მისთვის სხვა მიმართულების მიცემა შეუძლებელია. ცხადია, რელიგიურ დოგმებს, საეკლესიო მთელ წყობას ნიადაგი ეკარგვის და მაშასადამე, მისი პრეტენზია სიცოცხლეს და სიკვდილს უწინამძღვროს, ამაოა. საჭირო აღარ არის არც ღვდელი, არც წირვა-ლოცვა, არც ეკლესია, არც ვედრება და მეტანია - არავითარი ზომები, რასაც მორწმუნე მიმართავს ღვთის გულის მოსანადირებლათ და სვებედის გასაუმჯობესებლათ. თუ კი „ავსა კარგით ვერვინ შესცვლის“, ზიარება, ცოდვების მონანიება ზედმეტია. ქართველ ხალხში გამჯდარია რწმენა, რომ ყოველ კაცს შუბლზე აწერია, როდის უნდა მოკვდეს. ამით აიხსნება მისი ურელიგიობა ან მცირერელიგიობა, ღვდელმოქმედების დიდი არაფერი სწამს, ეკლესიაში დადის უფრო ჩვეულებით, ნაცნობების სანახავათ და მასზე არ ამყარებს დიდ იმედებს. ჩვენში ვისაც მართლა ლოცვა სურს, ის მიდის არა ეკლესიაში, არამედ დგება ხის ძირში, პირს იზამს აღმოსავლეთით და ევედრება ღმერთს. ეს მისი ღმერთი პანტეისტურია, ბუნებაშია და არა რომელიმე შენობაში, რასაც ეკლესია ეწოდება. ამიტომ მას არც ხატების სწამს რამე. ეკლესიას აშენებენ ისე, რომ პირი ქონდეს უეჭველათ აღმოსავლეთისაკენ, რაიცა მოწმობს მზის პატივისცემას. ერთი სიტყვით, ქართველ ხალხში ძველი ელინური მსოფლმხედველობა ფართეთ არის გამჯდარი. ვოლტერმა სწორეთ ეს დებულება აამუშავა ეკლესიის და მისი დოგმების წინააღმდეგ. მას მოყვანილი აქვს დიალოგი ერთი მორწმუნე ქალის და ფილოსოფოსის. ქალი ეუბნება: „ჩემი მოძღვარი ამბობს, რომ ღმერთი იცვლის ყოველდღე თავის ნებას ერთგულ მორწმუნეთა სულის სასარგებლოთ“. ეს უშველებელი სიყალბეა, - უპასუხებს მოსაუბრე. „ამას გიჩიჩინებენ მოხერხებულათ, რომ ამით შენზე იბატონონ“ და უხსნის, რომ ბუნების მოვლენები ურყევია, ყველა ერთიმეორეზე დამოკიდებულია, ვერც ერთი რგოლი ვერ გამოვარდება, ვერც შეირყევა: „რომ შენი ბეღურის სიცოცხლე გაეგრძელებია შენს ლოცვას ერთი წამითაც მეტი, ის დაარღვევდა უზენაესი არსების მიერ დადგენილ ყველა კანონებს, თქვენ ააფორიაქებდით მსოფლიოს. საჭირო გახდებოდა ახალი ქვეყანა, ახალი ღმერთი, ახალი აწყობა მსოფლიოსი...“2
ახლა მგონი ნათელია მიზეზი რუსთველის პოემის ურელიგიობისა. ხალხი არ ცხოვრობს და არ ქმნის ლოღიკით. ამიტომ ქართველ ხალხს შეიძლება სწამდეს ბედისწერაც და ეხვეწოს ხატებსაც, დიდხანს მაცოცხლეო. მაგრამ მწერალი, დიდი პოეტი, ისიც რუსთაველი, ქმნის აზრთა და გრძნობათა ლოღიკურათ აცმით, სისტემატიურ შემოქმედებით. რაკი მან ერთხელ დაუშვა ბედისწერის თეორია, დარწმუნდა განგების მიერ დადგენილ უცვლელ კანონებში, აქედან მან ლოღიკურათ, მსგავსათ ვოლტერისა, გამოიყვანა ურელიგიობა, დოგმების, ხუცების და ეკლესიური აზროვნების თავისი პოემიდან სავსებით განდევნა. რომ ლოცვით და ვედრებით შესაძლებელი ყოფილიყო ხატაელთა დამარცხება, ასეთივე საშუალებით შეიძლებოდა თვით ტარიელის დამარცხებაც, ე.ი. კონფლიქტს სჭრის არა ბრძოლის უნარიანობა და დაწყობილება, არამედ საუკეთესო ლოცვა, ე.ი. უკეთესი სარწმუნოება. პოეტს უნდა ეთქვა, რომ ტარიელის რჯული ისეთი კარგი და ღვთისნიერია, რომ ამით ის ამარცხებს ურჯულოებს, ე.ი. დამდგარიყო საეკლესიო ნიადაგზე. აქ კი ყველაფერი შემთხვევის საქმეა. პოეტი კი შემთხვევას, „ჰო-არას“, არ უშვებს სრულიად. ავთანდილი ამბობს თავის ანდერძში: „რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლათ, გადამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ალვათ“. ამ განჩინებას ვერავინ გააუქმებს ვერავითარი საშუალებით, ვინაიდან „არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა“. ეს ხაზი მას გატარებული აქვს ყველა სხვილ, საგმირო საქმეებში, ხოლო წვრიმალებში ის ვერ აქვს სავსებით დაცული. თუ დაუშვებთ შესაფერი ტაეპების სინამდვილეს, ზოგ ალაგას დაშვებულია განჩინების შეცვლის შესაძლებლობა. ფრიდონი ეუბნება ტარიელს: ღმერთი „მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს“. ან და: „ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს, ავსა წამერთ გაამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკლავდეს“ და სხ. თუმცა ეს უკანასკნელი აზრი მოყვანილია „ბრძენი დივნოს“ სახელით, მაგრამ შიგდაშიგ ასეთ დებულებებს ხშირათ შეხვდებით. ასეთი შეხედულობა ღმერთზე სავსებით ეწინააღმდეგება იქვე მრავალ ალაგას მოყვანილ ღვთის დახასიათებას, როგორც მომავლინებელს როგორც ავის, ისე კარგისა. ავთანდილი ასე ლოცულობს: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო“. აი ეს აზრი რუსთველურია. წყარო ყოველნაირი მოვლენის ერთი და იგივეა. უეჭველია, პოემის მოწინააღმდეგეთ შემდეგ საუკუნოებში შექონდათ შიგ შესწორებანი, რომ ამით რაც შეიძლება დაეახლოვებინათ ქრისტიანობის დოგმებისათვის, დაემსგავსებიათ შოთას ღმერთი „სჯულ ჭეშმარიტის“ ღმერთისათვის და მით გაეხადათ პოემა ყველას მისაღებათ. მაგრამ ასეთი ჩამატება-მოკლება ოდნავათაც ვერ ამრუდებს პოეტის მსოფლმხედველობას, მის რელიგიათა გარეშე დგომას. მისი ღმერთია საერთო, საკაცობრიო; მას არც ერთი ხალხის მონოპოლიათ არ ხდის და მაშასადამე, მისი დაჩემება რომელიმე ეკლესიის მიერ სიბრიყვეა. ფილოსოფიურ სისტემაში შოთა დეისტია, და აქედან გამომდინარე, თავისუფალი აზროვნების მომხრეა.
ელინურ მსოფლმხედველობას ებრძოდა ეკლესია, და ეს გასაგებიცაა: ამით ინგრეოდა სამღვდელოების პრეტენზია - იყოს ხალხის სულიერი მამა, მასწავლებელი და წინამძღოლი. მაგრამ ვინაიდან ელინიზმის სავსებით დაგმობა შეუძლებელი გახდა, შეეცადენ მის გამოყენებას თავისი მიზნებისათვის, მისგან სესხებას მისაღები და სასარგებლო შეხედულობების. ამ გზით წარმოიშვა ეგრეთ წოდებული ნეო პლატონიზმი. რას ნიშნავს ეს?
პირველ საუკუნოებში ქრისტიანობა წარმოადგენდა მრავალ, ერთიმეორის მოქიშპე სექტებს და ჯგუფებს, რომელთა შემადგენლობა განისაზღვრებოდა საწყალი, ბოგანო, მოხეტიალე ხალხით. ის ვერ გადაიქცა ფართე, მთლიან საზოგადოებრივ მოძრაობათ, რომელსაც შესძლებოდა მოაზრე და კულტურული წრეების თავისკენ მოზიდვა. აი ამ უმწეო მდგომარეობიდან ქრისტიანობის გამოყვანა გადასწყვიტეს რამოდენიმე ჭკვიანმა ღვთისმეტყველმა წმიდა ავგუსტენის მეთაურობით მესამე საუკუნეში. მათი აზრით, ახალ სარწმუნოებას აკლდა ადამიანობა და მოინდომეს ამ ნაკლის შევსება პლატონის ფილოსოფიური ნაწერებიდან. აი ამ ძველი აზრების ქრისტიანულ სამოსელში გამოხვევა, მისთვის საეკლესიო სულის ჩაბერვა და მით სექტარიზმის დაძლევა დღის წესრიგში დაისვა. იშვა განახლებული პლატონიზმი და ის მოედვა მთელ საქრისტიანოს. ჩვენსში მეათე საუკუნიდან ვითარდება ეს მოძღვრება, ჩნდებიან განთქმული ნეოპლატონისტები და ავრცელებენ თავის გავლენას მთელ ლიტერატურაზე. წმინდა საეკლესიო მწერლობის გვერდით ჩნდება ამალგამი - საეკლესიო-საერო მწერლობაც. პოეტები მიმართავდენ ძველ კლასიკურ ლეგენდებს, იღებდენ ძველ ფაბულას, მაგრამ მათ აქრისტიანებენ. მაგალითად, საფრანგეთის მწერალ ბენუას „ტროას რომანში“ აწერილია ეკლესიები, რომელნიც ვითომ ტროიასი იყო, თავისი ეფისკოპოზებით და ხუცებით. „რომანი ალექსანდრეს“-ში ძველი ბერძნები გამოყვანილია საშუალო საუკუნის რაინდებათ და ქრისტიანების დამცველათ. ერთი სიტყვით, აზროვნობა, იდეიური მიმდინარეობა იყო დამყარებული სავსებით ავტორიტეტზე, ეკლესიის მიერ აღიარებულ წმიდათა წმიდაზე და არა თავისუფალ შემოქმედებაზე. ეს ერთხელ და სამუდამოთ აწყობილი აზროვნობა იყო ჩაყენებული ასევე ერთხელ და სამუდამოთ აწყობილ ცხოვრების წესებში, შექმნილ ტრადიციებში, ჩამოსხმულ უძრავ ურთიერთობაში და ზნე-ჩვეულებებში. ასე იყო დასავლეთში, ასე იყო ჩვენში. შოთას დროის მწერლობა, როგორც საეკლესიო, ისე საერო, ატარებს ამ მიმდინარეობას, ემორჩილება მას სავსებით და შეადგენს გონებრივი სალაროს არმატურას. ჩვენამდე მოღწეული ორი პოემა, დაწერილი შოთას წინ, აღბეჭდავენ ამ სულიერ მდგომარეობას.
თუ კიდევ შავთელის ხანაზე შეიძლება დავა, მართალიც რომ იყოს მარის შეხედულობა, ვითომ ის ცხოვრობდა და სწერდა მეთერთმეტე საუკუნეში, ჩახრუხაძე ხომ უეჭველათ თამარის თანამედროვეა და მაშასადამე, წარმოადგენს ეპოქის უკანასკნელ სიტყვას რუსთველამდე. მარის აზრით, ჩახრუხაძე და რუსთაველი ერთი და იგივე პირია. არაფერი ამის მსგავსი! ამის დაშვება ნიშნავს მათი მსოფლმხედველობის მსგავსების აღიარებას, ნამდვილათ კი მათ შორის არა არის რა საერთო. ჩახრუხაძე ჩამოყალიბებული ნეოპლატონისტია, ფილოსოფიური და ქრისტიანული შეხედულობანი ერთათ არის არეული, ერთმანეთზე გადაჯაჭული. ჩახრუხაძე იწყებს ქვეყნის გაჩენით, მოთხოვნილია მისი ისტორია „დაბადებიდან“, ადამ და ევა, მათი სამოთხიდან გამოძევება, ნოეს კიდობანი, ქრისტეს გამოჩენა, მთელ ამ პროცესის თამარით დაგვირგვინება, იმოწმებს ათინის ფილოსოფოსთ და სხ. შოთასან საერთო აქვს ზოგი რამეს, რასაკვირელია: ისიც უცხადებს სიყვარულს თამარს, მაგრამ გვარიან ვულგარულათ: „ხარ საძებნელი, ხვეწნით და ნდომით შენამართევად“, - მიმართავს მეფე-ქალს. ამასთანავე ავტორი ებრძვის მაჰმადიანობას, წარმართობას, ყველა რელიგიას, გარდა ქრისტიანობისა. რაც შეეხება შავთელს, მისი პოემის სახელწოდება გვიჩვენებს მის მიმართულებას: „აბდულმესია“, ქართულათ „მონა ქრისტესი“, შეიცავს მთელ რიგ ბრძოლებს დავითისა ქრისტეს სჯულის გასამარჯვებლათ. ეს არის რელიგიურ-მხედრული პოემა, სადაც ქრისტეს მხედარი მუდამ იმარჯვებს, იმიტომ რომ იცავს ქრისტიანობას. ქვეყნის გაჩენის ამბავი აქაც მოყოლებულია, რაიცა თავდება აბდულმესიის დაბადებით და ქვეყნათ ჭეშმარიტების გამეფებით. ორივე პოეტი, შავთელი და ჩახრუხაძე, სავსებით დგანან თავის დროის იდეოლოგიის ნიადაგზე. ამბობენ დაახლოვებით ერთ და იმავეს იმ განსხვავებით, რომ აქებენ სხვა და სხვა პიროვნებას ერთი და იგივე მოტივებით და სიტყვებით. მათი პოემები თავისი მსოფლმხედველობით და სულიერი განწყობილებით გვანან ბიზანტიის ცნობილ პოემას, რომელიც დაიწერა მეათე საუკუნეში და რომლის სრული ტექსტი აგერ ახლა აღმოაჩინეს. მისი სახელია: „დიგენის აკრიტას“ (თვით გმირის სახელწოდებაა). აქ აწერილია ამ ისტორიული პიროვნების ბრძოლები ისლამის წინააღმდეგ. უეჭველია, ჩვენი პოეტები მას იცნობენ.
აი ასეთ ხანაში, ასეთ სულიერ და იდეიურ ატმოსფერაში ცხოვრობდა რუსთაველი. მას არ შეეძლო ამ ნიადაგზე აღმოეცენა თავისი ნაყოფი, ეპოვნა წასაბაძავი მაგალითი, შეეთვისებია ახალი აზრები. ერთათ ერთი ქვეყანა, რომელიც ძირბუდიანათ განსხვავდებოდა საქრისტიანო ქვეყნიდან, იყო მხოლოდ ძველი საბერძნეთი, მივიწყებული და გადამახინჯებული. შოთას მხოლოდ აქ შეეძლო ამოეკრიფა მარგალიტები, დამდგარიყო მის ნიადაგზე და გაეწყვიტა კავშირი მისი დროის მსოფლმხედველობასან, ე.ი. მოემოქმედა ის, რაც შემდეგ საუკუნოებში მოიმოქმედეს ევროპაში.
შოთა ვერ გაყვებოდა ვერც სპარსული მწერლობის გზაკვალს, აქ გაბატონებულ სულისკვეთებას, ზღაპრულ და სასწაულებრივ წარმოდგენას ქვეყნიერებაზე. პოეტის დამახასიათებელი თვისებაა ბუნებრივობა, ადამიანის ადამიანურათ დახატვა, მისნიური, ციური, უცაბედ მოვლენათა სავსებით განდევნა და რეალიზმის სამეფოში მკვიდრათ ჩაჭედვა. ის სავსებით სწყვეტს კავშირს ძველ აზიურ იდეოლოგიასანაც.
რუსთაველი არის პირველი კლასიკა მსოფლიო ლიტერატურაში.
ჩვენი ნეოპლატონური პოეტების გმირები გმირობენ სარწმუნოებით, ღვთით იმარჯვებენ თუ მარცხდებიან. ქრისტესთვის მებრძოლის წინაშე „მტერთა მახვილნი იქმნეს ვით ცვილნი“ (სანთელი), - ამბობს შავთელი. „მაჰმადის ტომნი, უკრავ უომნი, მოსრნეს, მოსწყვიდნეს განქიქებულათ“, - სწერს ჩახრუხაძე და სხ. რუსთაველი სრულიად არ გვიჩვენებს თავის გმირთა სარწმუნოებას, არ ახსენებს არსად, ვინ რომელ ღმერთს აღიარებს. ერთათ ერთ ბაღდადიდან მომავალი ვაჭრები თავს აცნობენ ავთანდილს თავისი რელიგიით: „ჩვენ ვართ მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, არასოდეს გვისვამს მაჭარნი“. არსად სხვაგან არ არის ნახსენები არც მაჰმადი და არც სხვა ვინმე სჯულმდებელი. მხოლოდ შიგდაშიგ, მოქმედების მსვლელობაში ატყობთ, რომ ტარიელი და ავთანდილი მაჰმადიანებია, ესეც მხოლოდ გარეგნობით, ფორმალურათ. მართალია, ავთანდილი ლოცულობს მიზგითას, მაგრამ იქვე ხშირათ ქრისტიანებიც ლოცულობდენ, მაგ. დავით აღმაშენებელი. ხოლო რა სარწმუნოებისაა მესამე გმირი ფრიდონი, სრულიად არა სჩანს. ყოველგან კაცი იზომება კაცობით, ადამიანობით: გმირი იმარჯვებს ვაჟკაცობით, მოხერხებით, ჭკუით და გამჭრიახობით და არა სხვა რაიმე ზეკაცური მოსაზრებით. „ვისრამიანში“ ბედისწერის თეორია არის წამოყენებული, მაგრამ აქედან არავითარი დასკვნა არ არის გაკეთებული; ისიც წამოყენებულია უფრო, როგორც ხერხი უპატიოსნო საქმის ჩასადენათ. შაჰი მოაბადის მოციქული მიმართავს ვისის: „ღვთის განგებასა ვერ აცდები, რაცა ეტლსა გიწერია, მას ვერ დაეხსნები, ღვთის განგება იქნა ესე და წერა შენსა თავსა ზედა - უნდა გაყვე ცოლათ მეფეს“. ვისი უარზეა, მე ვიროს ცოლი ვარ და როგორ უღალატოვო. აბა წარმოიდგინეთ ასეთი მოტივებით მიემართათ ნესტან-დარეჯანისათვის და ეთხოვათ, ცოლათ გაყევი ხვარაშმას შვილსო, - ეს იქნებოდა რუსთველიზმის სავსებით განადგურება. შოთა კვალდაკვალ მისდევს ელინიზმს. ელინელნი ხალხთ ყოფდენ არა სარწმუნოების, არამედ კულტურის მიხედვით. ოდისეის თავის მოგზაურობაში მრავალი სხვადასხვა სარწმუნოების და მდგომარეობის ტომები ხვდებიან, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განუსჯია რელიგიური მოსაზრებით. ჰომერი ასწერს მხოლოთ კულტურულ დონეს. აქ მტრები ომის მსვლელობაშიაც ერთიმეორეს დიდის პატივით იხსენიებენ, არავინ არ ტრაბახობს თავისი ღმერთებით.
არც სპარსულ ზღაპრულ მწერლობაში კეთდება რამე ღვთის დაუხმარებლათ: „რუსუდანიანში“ ჯიმშედ გმირი კლავს ვეშაპს ღვთის ძალით. ის, უმწეოთ დარჩენილი, ღმერთს საჭმელს სთხოვს. აიხედა მაღლა ხეზე და ხედავს ტოტზე დადებულს პურს და ღვინოს. „მიველ და ღმერთს მადლი შევსწირე, თურმე ღმერთს არ გაუმეტებივარ“-ო და სხ. ყოველგან აქ ღმერთია გმირთა მეგზური და ამხანაგი. „ვეფხის ტყაოსნის“ გმირებისათვის, მიუხედავათ ხანგრძლივი გაჭირებისა, არსად ერთი ლუკმა პურიც კი არ მიუწოდებია ღმერთს, არც კი უთხოვიათ მისთვის ასეთი გამასპინძლება: მათთვის ყოველივე წინდაწინ განსაზღვრულია და მისი შეცვლა არავის ძალუძს.
ზღაპრული სიო ბერავს კანტიკუნტათ ჰომერის პოემებშიაც3 [ცნობილია, რომ ელინთა და რომაელთა ღმერთები წარმოადგენდენ ალეგორიულ გაპიროვნებას ბუნების ძალების და ადამიანთა თვისებების]. ამიტომ რუსთველი სავსებით არ მიყვება მას და ამაშია მისი დიდი დამსახურება. ჩვენი პოეტი ჰომერზე უფრო რეალისტია, ლოღიკაც მეტი აქვს და ლეგენდების ტყვეთ არ რჩება. ორივე ელინურ პოემაში, როგორც „ილიადაში“, ისე „ოდისეაში“, ღმერთები ერევიან ადამიანთა საქმიანობასა და ბრძოლაში. ერევიან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს იმდენი ძალა, რომ წერა შესცვალონ, განგების განჩინება გააუქმონ. ისინი, როგორც ამბობს პოეტი, განირჩევიან ადამიანებიდან მხოლოდ სისასტიკით და უკვდავებით. მათ შორის ისეთივე პარტიობაა, როგორც კაცთა შორის: ერთი რომ ოდისეის ეხმარება, მეორე მას ებრძვის. მთელი ეს ლეგენდარული და ზღაპრული ჩარჩო ძველი გმირებისა რუსთაველმა უარჰყო და დასტოვა ჩარჩოც და მოქმედებაც მხოლოდ ადამიანური, მხოლოდ ბუნებრივი. მან, მაშასადამე, არ გაიზიარა მისტიკური ძალების ამუშავება არც საქრისტიანოს, არც სამაჰმადიანოს და არც ელინელების.
რუსთაველი არის პირველი ჰუმანისტი ახალი დროისა. ევროპის პირველი ჰუმანისტი პეტრარკა ცხოვრობდა მე-14 საუკუნეში.
რისთვის მუშაობს ადამიანი, რა უნდა იყოს მისი უმაღლესი მიზანი და დამსახურებული ჯილდო? ამ საკითხს ორივე დიდი პოეტი, ჰომერი და შოთა, ერთნაირათ სჭრიან: „სახელისა მოხვეჭა სჯობს ყველა მოსახვეჭელსა“, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - რუსთველის გმირების სახელმძღვანელო მრწამსია. სწორედ ასე ფიქრობენ ჰომერის გმირებიც. ტარიელი თავისი პესიმიზმით წააგავს აგამემნონს, ხოლო ავთანდილი თავისი ოპტიმიზმით - ულისეს. ელინთა მეფეს ეკარგვის იმედი და ურჩევს თავის ჯარს უკან დაბრუნებას ილიონის აუღებლათ.
ულისე უპასუხებს: „სასირცხოა, ამდენი წელი აქ ვიყავით და ახლა შინ დავბრუნდეთ სახელის მოუხვეჭლათ“. ჰეკტორი ასე უპასუხებს თავის ცოლს, ანდრომახას: „საყვარელო მეუღლე, მესმის შენი შიში, მაგრამ მე არ შემიძლია თრთოლვით არ ვიფიქრო იმ საყვედურებზე, რომლითაც მე მომმართავენ ტროიას კაცები და ქალები, თუ მე, როგორც მხდალი, მოვერიდე ბრძოლას. ჩემი მხნეობა მე მიწერს მეორე კანონს. მე ვისწავლე მეზიზღებოდეს ყოველთვის საშიშროება და ვიბრძოლო ტროიელთა სათავეში, რომ ამით დავიცვა მამაჩემის და ჩემი სახელი...“ მთელი ეს სიტყვა მოგვაგონებს ავთანდილის ანდერძს, მათ შორის გასაშტერებელი მსგავსებაა. შინ დაბრუნებული აგამემნონი მოკლა ლაჩრულათ ცოლის საყვარელმა, ხოლო ახილესი (აქილევსი) დაეცა ტროიას ბრძოლის ველზე. მათი სული შეიყრებიან და საუბრობენ. ახილესი ეუბნება: „თქვენ უფრო ბედნიერი იქნებოდით, რომ დაღუპულიყავთ ტროის სიმაგრეებთან სახელოვანი. ამ შემთხვევაში ყველა ბერძნები გაგიკეთებდენ შესანიშნავ აკლდამას და დაუტოვებდით თქვენ ვაჟს უკვდავ სახელს. ახლა კი თქვენი ბოლო გათავებულია მეტათ უბედურათ“. აგამემნონი მიუგებს: „ბედნიერი ხართ, რომ თქვენი დღენი დალიეთ ილიონის ნაპირას, შორს სამშობლოდან... თქვენი სახელი გადაეცემა მომავალ თაობას სამუდამოთ. მე კი რა სარგებელი ვნახე ჩემი შრომიდან? რა მომცა ამ გრძელი ომის სახელოვნათ დასრულებამ? იუპიტერმა დაუშვა ჩემი შინ დაღუპვა უბედურათ მოღალატე ეგისტის და ჩემი ბოროტი ცოლის მიერ დაგებული მახეთი“.
ამ ამონაწერებიდან ცხადია ელინიზმის და რუსთველიზმის ერთნაირი გაგება სიცოცხლის და ბრძოლის. ორივე უმაღლეს ჯილდოთ აღიარებენ სახელის მოხვეჭას და მის გადაცემას შთამომავლობისათვის.
არ გამოუდგებით უფრო წვრიმალ მსგავსებებს, როგორიცაა, მაგალითად, მიცემული სიტყვა, ფიცი, მეგობრობა და სხ. აღვნიშნავ მხოლოდ მათ შეხედულობას მზეზე. ჰომერისათვის მზე არის ერთი ღმერთთაგანი, რომელიც „ხედავს ყოველივეს, ყურობს ყოველივეს“. მას ეკუთვნის „დიდძალი ხარი და ცხვარი“, ყავს ცოლ-შვილი და სხ. რუსთაველი ასე შორს არ მიდის, მზეს არ სახავს ცოცხალ განკერძოებულ პიროვნებათ, მაგრამ აღიარებს კი უზენაეს არსებათ, ანიჭებს ღვთის ხარისხს, რომელსაც ავთანდილი ევედრება იმავე სიტყვებით, როგორათაც ის ევედრება ღმერთს მისგითას. აქ ის ლოცულობს ასე: „ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ფლობ ქვეყნათ ზესა, შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორა უკეთესსა ჩემსა მზესა, ნუ აღმოფხვრი სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა“. ხოლო მზეს ევედრება: „ჰა მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლესა მძლესა, ვინ დაბალსა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა...“ ე.ი. ღმერთი საეკლესიო (მიზგითას) და ღმერთი ბუნების ერთნაირი ძალის და ხარისხისაა, ორივე ერთნაირი მსოფლიო მოვლენაა. პოეტი სხვა მნათობებს ასეთ ძალათ არ რაცხს და მათდამი მიმართულ ვედრებაში ღვთიური თაყვანი არა სჩანს.
ამნაირათ, რუსთველმა თავისი ელინიზმით გასწყვიტა კავშირი თავის დროის იდეოლოგიასან, ხალხის ზედაფენებში გაბატონებულ მსოფლმხედველობასან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მან თავს მოახვია ერს გაუგონარი, უცხო სულისკვეთება. ელინიზმი შესანიშნავია იმით, რომ ის იდგა სავსებით ხალხის უძველესი სულიერი განწყობილების ნიადაგზე. მისი საღი წარმოდგენა ბუნებაზე და ადამიანზე მომდინარეობს ხალხის გაურყვნელი ბუნებისა და პსიხოლოგიისაგან. ეს პირვანდელი პსიხოლოგია შემდეგ დაიფარა მრავალნაირი რელიგიური დოღმატებით და საბატონო იდეოლოგიით. რუსთველი, მაშასადამე, უბრუნდება ამ ბნელში გახვეულ აზროვნების ბუნებრივ სიწმინდეს და დაინახა, რომ ელინიზმი - ეს იგივე ქართული სულია. ასე ფიქრობს ის ქართველი, რომელიც არ არის აღზრდილი სქოლასტიკურათ, არ არის შებოჭვილი ხუცური მცნებებით, დგას ახლოს ბუნებასან და ატარებს თავის სულში და გულში ათასი წლობით შემუშავებულ ხალხურ შეხედულობათ. ამიტომ ქართველმა ხალხმა ის თავისათ მიიღო, მას ატარებს თავის არსებაში და მას თავის საერო სახარებათ აღიარებს შვიდასი წელიწადია. ის ფიქრობდა რუსთველურათ რუსთველამდე, ფიქრობს რუსთველურათ დღევანდლამდე.
აი ამ ელინურ ქართულ მსოფლმხედველობის ჩარჩოში რუსთველმა ჩასვა წმინდა ნაციონალური შინაარსი, დიდათ განსხვავებული ელინიზმისაგან. როგორ, ამაზე შემდეგ.
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1938. - №79
________________
1. იხ. მისი ფილოსოფია, წერილი Le Destin.
2. იქ. [Providence].
3. ცნობილია, რომ ელინთა და რომაელთა ღმერთები წარმოადგენდენ ალეგორიულ გაპიროვნებას ბუნების ძალების და ადამიანთა თვისებების.
![]() |
94 რუსთაველი |
▲ზევით დაბრუნება |
3
რუსთაველის შემოქმედების დამახასიათებელი თვისება, რითაც ის ძირიანათ განსხვავდება ელინიზმისაგან, მდგომარეობს მის მიერ ქალის როლის დახატვაში.
ილიადის მთელი ტრაგედია წარმოებს ელენეს გამო, მაგრამ ამ ქალს არავითარი როლი არა აქვს მინიჭებული; ის პასიური პიროვნებაა, მოკლებული საკუთარ ნებისყოფას, საკუთარ გულისთქმას და სურვილებს. ის სრულიად უპროტესტოთ და უბრძოლველათ ხდება მეუღლე მომტაცებელი პარისის, თითქოსთავისი ნებით და ამორჩევით გათხოვილიყოს.
ვეფხისტყაოსანის მთელი ტრაგედია წარმოებს გატაცებული ნესტან-დარეჯანის გამო.
მაგრამ ეს ახალგაზრდა ქალი აღჭურვილია დიდი ნებისყოფით, დიდი ენერგიით და თავმოყვარეობით. მას აქვს საკუთარი იდეალი, საკუთარი გული და გონება და იბრძვის მედგრათ, შეუპოვრათ მათ დასაცავათ და განსახორციელებლათ. ის ქაჯეთის ციხიდან უდასტურებს ტარიელს თავის ერთგულებას: „შენმა მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმა მზემან, ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი, აქა თავსა გადავიქცევ, ახლოს მახლვნ დიდნი კლდენი“. ე.ი. თავს მოვიკლავ და სხვას არ გავყვები მეუღლეთო. რუსთაველის ქალი არის აქტიური, გონიერი, თავმომწონე და მებრძოლი. ის გვერდში უდგას მამაკაცს, მას ეთანასწორება ყველა სფეროში, როგორც საზოგადო ისე საოჯახო ასპარეზზე. ელინელთა ქალს კი მხოლოდ ერთი ასპარეზი ქონდა მიჩენილი - ეს იყო ოჯახი, აქაც მთელი ძალაუფლება ეკუთვნოდა მამაკაცს და დედაკაცი მის სრულ განკარგულებაში იმყოფებოდა, მათ შორის საერთო არა არის რა.
რით ასაბუთებს რუსთაველი ამ აზროვნებას? ერთი მოხდენილი ფრაზით: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, გინდა ხვადია“. ეს არის მისი ძირითადი თეორია, რაზედაც აგებულია მთელი მისი პოემა. ამ თეორიის გაგება შეიძლება ორნაირათ: ის ან ამით გულისხმობს მხოლოდ მეფეთა ქალ-ვაჟის თანასწორობას, ან საზოგადოთ ორივე სქესის თანასწორობას. განვიხილოთ ორივე ეს გაგება.
თვით ეს თეორია, რა გაგებითაც უნდა იყოს ის, სავსებით ეწინააღმდეგება ელინიზმს. არასოდეს ქალი მეფეთ არ მჯდარა. მეფეთა ქალ-ვაჟნი სრულიად არ სარგებლობდენ თანასწორი უფლებით. არასოდეს მათ შორის თანასწორობის ხაზი არ გავლებულა. ელენე მეფის შვილია და მეფის ცოლია, მაგრამ პიროვნებას არ წარმოადგენს, მამაკაცის ბრძანება მისთვის კანონია. ევრიპიდის ცნობილ თხზულებაში, მთავარი გმირი ქალი იფიჟენია თავს სწირავს სამშობლოს და თავს ინუგეშებს იმით, რომ „ერთი კაცის სიცოცხლე უფრო ძვირფასია ვინემ ათასი ქალის სიცოცხლეო“. ეს იფიჟენია კი მეფის შვილია (აგამენოსის). ე.ი. ქალი თუნდაც მეფის ჩამომავალი კაცზე უფრო დაბლა დგას, თუნდაც ეს უგვაროც იყოს. კიდევ მეტი, მამა იფიჟენიას უბრძანებს: „წადი სახლში, არ არის რიგი ახალგაზრდა ქალს კაცები ხედავდნენ“. აქილესი ეუბნება აგამენონის მეუღლეს: „მართალია შენ მოკლეთ თქვი მოხდენილი აზრები, მაგრამ ჩემთვის სასირცხოა ქალებს ვემუსაიფო“ 1.
ერთი სიტყვით, ელინელები ქალს უყურებდნენ როგორც დაბალ არსებას, მათთვის გაუგონარია რუსთაველის თეორია - ძუს და ხვადის თანასწორობა, თუნდაც ამ აზრის ვიწრო მნიშვნელობით, მისი მხოლოდ მეფეთა ჩამომავლობაზე გავრცელებით.
რუსთველი მართლა ამ ვიწრო ჩარჩოში ათავსებდა თავის მთავარ დებულებას? საკმარისია კარგად ჩაკვირვება მის პოემაში და გათვალისწინება ძველი საქართველოს ისტორიის, რომ ამ საკითხზე უარყოფითათ უპასუხოთ; რუსთველისათვის თანასწორია ყველა ქალი და კაცი, რა ხარისხისაც უნდა იყვენ ისინი. და მართლაც, ვეფხისტყაოსნის ყველა ქალი მომქმედი, აქტიური ტიპებია; ისინი არა თუ ეთანასწორებიან კაცებს, არამედ მათ კიდევაც მეთაურობენ, თაოსნობას უწევენ, მათ. ასაქმებენ და ამუშავებენ. სიყვარული და სიყვარულით ცოლ - ქმრობა ქალების მეთაურობით მჟღავნდება და სრულდება (ნესტანი და თინათინ). დრამის ყველა კვანძები მათ მიერ ისკვნება და იხსნება, განრისხებული მამიდა დავარი კარგავს თავის ძმისშვილს, მის საძებნელათ თინათინი აგზავნის ავთანდილს, ხოლო ფატმანის წყალობით დაკარგული ნესტანი ინახება და ტყვეობისაგან თავისუფლდება. ტარიელი მას ამ დიდი სამსახურისათვის თავის დად აცხადებს:
„მე თავი შენი მიდია, და გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია“. გამდელი ასმათის როლი ხომ ცნობილია, ის ახლავს ტარიელს მის ნუგეშათ და გასამხნევებლათ.
ავთანდილი ასე ხატავს მის როლს ამ გავარდნილი კაცის წინაშე: „ქალი ახლავს სასურველათ, სულთა დგმათ და ჭირთა თმენად“, ე.ი. მისი შემწეობით იტანს გმირი-კაცი ამდენ გაჭირებას. სიტყვა ასმათი სპარსულია და ნიშნავს მორცხვს, უმანკოს. პოეტმა ამ სახელით, მაშასადამე, გადმოგვცა მისი მორალური თვისებები. ამ თავის თვისებას ასმათი ამჟღავნებს ტარიელის პირველ შეხვედრისთანავე ამ სიტყვებით:
„დღე ეგე სირცხვილათ მედების გულსა ალობა, გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის (არშიყობისთვის. ნ. ჟ.) მომავლობა“-ო. ის რჩება ასეთ მორცხვათ ბოლომდე. რუსთაველმა ამ ტიპით დახატა უბრალო ქართველი ქალი, პატიოსანი, ერთგული და ამტანი.
რუსთაველს გამოყავს ოთხი მომქმედი ქალი, ორი მეფის ასულნი, ორი ხალხის შვილები, მამაკაცების წინამძღოლებათ და მრჩევლებათ. ისინი ერთნაირი ენერგიით და გონიერებით ეხმარებიან კაცებს ყველა გაჭირვების დროს. მთელი პოემა არის ქალის აპოთეოზი, მიუხედავად მისი მდგომარეობისა და წოდებისა. საერთო საქმეში ისინი ერთნაირათ იღებენ მონაწილეობას, ერათნაირათ ემსახურებიან მოვალეობას და ერთნაირათ ამხნევებენ კაცებს. აქ იხატება არაც თუ ქალი და კაცის თანასწორობა საზოგადოთ, არამედ უბრალო ქალებისაც, აი ეს აშკარა ხასიათი ვეფხის ტყაოსნისა იწვევს დიდ გაკვირვებას და საჭიროებს მის საფუძვლიანათ ახსნას. აშკარაა, ძველ საქართველოში ქალი დიდ როლს თამაშობდა, გაცილებით უფრო დიდს, ვინემ შემდეგ ფეოდალურ პერიოდში, რაიცა უნდა ჩაითვალოს ქალის მდგომარეობის დაქვეითების ხანათ. ამის დასამტკიცებლათ საკმარისია მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითები ისტორიიდან.
ერთათ ერთი ერი, რომელმაც სარწმუნოება მიიღო ქალისგან, არის ქართველი ერი. წმინდა ნინო ქართველმა ხალხმა აღიარა თავის სულიერ წინამძღოლათ და მომნათვლელათ. ყოველგან, სხვა ქვეყანაში, ამ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ მამაკაცები. მოციქულთა შორის არც ერთი ქალი არ ყოფილა. ქალის დაქვეითება საზოგადო ასპარეზზე სავსებით ეთანხმება ქრისტიანობის მოძღვრებას. ის სქესთა თანასწორობას ძირიანათ უარსყოფს. მოსე, ქრისტე მოციქულები და შემდეგ მათი მიმდევარი მაჰმადი აცხადებენ კაცობრიობის დაცოდვილების მიზეზათ ქალს, რომელმაც აცდუნა პირველი კაცი ადამი, აყვა ეშმაკის რჩევას და თავს დაატეხა კაცობრიობას საშინელი უბედურება. პავლე მოციქული ასე აგვიწერს ორი სქესის ურთიერთობას თავის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ: „იცოდეთ, რომ ქრისტე არის უფროსი ყველა კაცის, ხოლო კაცია უფროსი ყველა ქალის... კაცი არ უნდა იხურავდეს თავს, ვინაიდან ის არის სახე და სახელი ღვთისა, მაშინ როდესაც ქალი არის სახელი კაცისა. და მართლაც, კაცი არ იყო ამოღებული ქალისაგან, პირიქით ქალი იყო ამოღებული კაცისაგან; კაცი არ იყო შექმნილი ქალისათვის, პირიქით ქალი იყო შექმნილი კაცისთვის“ და სხ. ეს ნათელია. ქალი სჯულის მიმცემი ვის გაუგონია. ჩვენსში კი ეს გაუგონარი ამბავი მოხდა. მიზეზი? ეს ახსნილია წმინდა ნინოს ცხოვრებაში, სადაც ნათქვამია: ნინოს სიზმარში გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა წასულიყო ივერიაში ქრისტიანობის საქადაგებლათ, ნინოს გაკვირვებაზე მე დედაკაცი ვარ, ვინ დამიჯერებსო, ღმერთი ეუბნება: „არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ“-ო! ეს ახსნა სავსებით ეწინააღმდგება ყველა სარწმუნოების მოძღვრებას, ყველა ღმერთის შეხედულობას და ასეთ განმარტებას როგორ მისცემდა ქრისტიანთა ღმერთი. რასაკვირველია მთელი ეს ამბავი შეთხზულია მემატიანესაგან, რომ ამით აეხსნა საოცარი ისტორიული ამბავი. ხოლო ახსნა კი გამოვიდა ანტიქრისტიანული, სამაგიეროთ ქართველებისათვის დასაჯარებელი, ვინაიდან ის იყო ახსნა წმინდა ქართული.. ძველი ქართველობა სწორეთ ასე ფიქრობდა, სქესთა თანასწორებას სცნობდა და ამიტომ მიიღო მან დედა - კაცისაგან მირონი და ნათვლა. ე.ი. თვით ქართული ნაციონალური ნიადაგი იძლეოდა სქესთა თანასწორობის იდეოლოგიას, ქალს არ უყურებდენ, მოციქულ პავლესავით, მეორე ხარისხოვან არსებათ და ამიტომ მისი მეთაურობა რელიგიაში, ისე როგორც შემდეგ სხვა სფეროებში, სავსებით მისაღები იყო. ეს აზრი კიდევ უფრო ნათლათ არის გამოთქმული ქართულ ჰიერატიკონში: „წმინდა და ერთ სწორ ყავი მამაკაცი და დედაკაცი, ვითარცა სათნო გაჩნდა შენ არა ხოლო თუ მამათა, არამედ დედათაცა მოეც მადლი სულისა შენისა წმიდისა“ (იხ. ჯავახიშვილის ისტორია). დებულება და მისი დასაბუთება აქ ერთი მეორეს არ გავს. მადლი უეჭველია ორივე სქესზე გადმოვიდა, მაგრამ აქედან სრულიად არ გამომდინარეობს მათი „ერთსწო-რობა“, როგორც ეს აგვიხსნა პავლემ. აქ არის ცდა წმინდა ქართული წარმართული შეხედულობის დამტკიცება რელიგიური მოსაზრებით. მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტათ რჩება - ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.
ყველა ლეგენდის არსება აგებულია სინამდვილეზე. თქმულება ძველი კავკასიის ამაზონებზე, მეომარ ქალებზე, უეჭველია არის დაყრდნობილი ასეთი ქალების სინამდვილეში არსებობაზე. ეს მოწმობს იმ გარემოებას, რომ ჩვენსში იყო მატრიარხატი, ქალის უფროსობა ოჯახში და საზოგადოებაში და ამ სქესთა ურთიერთობის იდეოლოგია დიდხანს შეინახა ქართველთა შორის. მატრიარხატი ბატონობდა ბევრ ხალხებში, მაგრამ ისეთი ღრმა, ფართო, გმირული და ხანგრძლივი, როგორიც იყო კავკასიაში არსად ყოფილა.
აქედან აიხსნება აგრეთვე ერთი იშვიათი მოვლენა - ქალის უაღრესობის გამოხატვა ლინგვისტურათ. მარტო ქართველებმა ქალის წინ დაყენება კაცზე ორივე სქესის ერთი სიტყვით გამოსათქმელათ: დედ - მამა, და ძმა, ქალ-ვაჟი, ცოლ-ქმარი და სხ. ორივე სქესი აღიარებულია კაცათ: დედა-კაცი, მამაკაცი. ქართველი ქალი დღევანდლამდე სასტიკათ იცავს თავის ინდივიდუალობას ქმრისაგან. ის არასოდეს არ სცნობს ქმარის გვარს თავის გვარათ. ქმრის ოჯახს თავის ნამდვილ ოჯახათ; მისი „შინა“ არის იქ სადაც მისი დედ-მამა ცხოვრობს, მისი გვარი მამის გვარია. ის „მოყვანილია“ სხვის ოჯახში და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარეობს შესაფერი დამოკიდებულება ქალს და კაცს შორის. ქალის პატივისცემა, ოჯახის ერთგულება, მეუღლეობის ძლიერება არსად ისე მკვიდრათ არ არის დაბუდებული როგორც ქართველებში. რაკი ქალი კაცის დამატება არ არის, ცხადია ის არ შეიძლება იყოს მისი მონა, ქვეშევრდომი, მორჩილი. ის მისი თანასწორია და ურთიერთობაც ამ ნიადაგზე არის აგებული. მათი შრომა ოჯახში გაყოფილია - კაცი ბატონია ოჯახს გარეთ, საგარეო საქმეებში, ქალი კი ოჯახში, საშინაო საქმეებში. ეს ხაზი სასტიკათაა გავლებული საოჯახო ურთიერთობაში. გაგვიგძელდა. ჩვენ მიზანში არ შედის ამ მხარის გამორკვევა და რაც დღეს სავსებით გამოურკვეველია2.
რაცა ვთქვით საკმარისი საბუთია რუსთველის პოზიციის გასაშუქებლათ. ის აღიარებს სქესთა თანასწორობას, როგორც ქართველ ნაციონალურ მოვლენას. კიდევ მეტი, ის იღებს ამ თანასწორობის უძველეს ფორმას და ქალს ანიჭებს უპირატესობას ყველა დარგში, გარდა, რასაკვირველია, ფიზიკური ძალისა. პოეტისათვის ქალ-ვაჟი არ არის უბრალო ენის ბრუნვა, სინამდვილეშიც ქალს ვაჟზე წინ აყენებს. აი ეს ნაციონალური იდეოლოგია შთაბერა პოეტმა ძველ ელინურ მსოფლმხედველობაში და მით თავისი თხზულება განასხვავა ყველა წინა დროის თუ თავის დროის თხუზულებათაგან. ვეფხის ტყაოსანი არის წმინდა ქართული რომანი. სიყვარული ელინური გაგებით ამ რომანში აღარ არის. ნესტან - დარეჯანი აუჯანყდა ყოვლად შემძლე მეფეს, თავის მამას, რომელიც მას მისი ნების წინააღმდეგ ათხოვებდა უცნობ ადამიანზე და მოაკვლევინა ეს თავხედი საქმრო. ქალის ასეთი რომანტიული აჯანყება მამის ავტორიტეტის წინააღმდეგ ძველმა ქვეყანამ არ იცის. რუსთველმა პირველმა შეაღო ჩვენი დროის რომანტიზმის კარები. ხოლო რომანტიზმი იგივე ინდივიდუალიზმია. პიროვნება წინ წამოყენებულია, რომლის გასამარჯვებლათ ქყეყანას შეებრძოლება. აქ „მე“ ეპირდაპირება მთელ ძველ ადათ-ჩვეულებებს, ყველა ავტორიტეტს, არ ემორჩილება მეფესაც და ბრძოლით იმარჯვებს.
შოთას შემოქმედების დამახასიათებელია გრძნობათა იდეალიზაცია; ის სავსებით გმობს მისი დროის რომანიულ ლიტერატურას, რაიცა გაჟღენთილია გრძნობათა ვულგარიზაციით: სიყვარული სხვაა, სიძვა სხვაა; პოეტი ფატმანსაც კი ბოდიშს ხდის, ის სუქანი იყო, ხოლო ქმარი კი მჭლეო. ცოლ-ქმრობის აგება სიყვარულზე, ერთი მეორის გაგებაზე პოეტის უმაღლესი იდეალია და მას სწირავს მთელ თავის ნიჭს. გმირები ამ იდეალს ემსახურებიან, ე.ი. სასიამოვნო ცხოვრებას ეტრფიან, მაგრამ მიუხედავათ ამისა სიამოვნება მათთვის არ არის უმაღლესი იდეალი: მის მაღლა აყენებენ „სახელის მოხვეჭას“, ხალხის თანაგრძნობის და პატივის დამსახურებას. ამით შოთა გმობს მის დროში გაბატონებულ მიმართულებას ლიტერატურაში, რაიცა იხატებოდა სპარსული სიტყვით სუფიზმი, ეს ახლათ აღდგენილი ძველი ეპიკურეიზმი. ვისრამიანი - ეს ამ მიმდინარეობის გამოხატულებაა. შოთა და მისი გმირები სტოიკებია, ცხოვრობენ და მუშაობენ მოვალეობის შესასრულებლათ. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ გმირები არ ეტრფიან სიმდიდრის შეძენას, პირიქით „რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, „უხვი ახსნილსაც დააბამს“. ტარიელი ნადავლ ქონებას გზადაგზა სხვადასხვა პირთ უტოვებს საჩუქრათ.
შოთა სავსებით ეპირდაპირება გაბატონებულ ჩვეულებებს ომის და ზავის სფეროშიაც. იმ დროს მტრის დამარცხება თავდებოდა ტყვეთა წამოყვანით და მათი ბაზარზე მონებათ გაყიდვით. თფილისის ბაზარი სავსე იყო ასეთი გასაყიდი ცოცხალი საქონლით. პოეტმა კი ამ მონურ იდეოლოგიას დაუპირისპირა თავისი საკუთარი გაგება ომის და ხალხთა ურთიერთობისა. ტარიელი ამარცხებს ხატაელთ,იპყრობს რამაზ მეფეს და მის მებრძოლთ, მოყავს ინდოთ მეფის წინაშე, მაგრამ ის მას აპატივებს, ათავისუფლებს და თან ატანს ტყვეებს: „ წავიდა და ყველა კაი მისი თანა წაიტანა“. გამარჯვებული სამაგიეროთ ღებულობს ათას ჯორაქლემზე დატვირთულ სახაზინო სიმდიდრეს (საჭურჭლეს) და წლიურ ხარკს. ტარიელი ამბობს: „ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულვანე“. მაშასადამე, გულადობა ნიშნავს ლმობიერებას, ადამიანის ადამიანურათ მოპყრობას, მტერთა მიღებას მტრულათ ბრძოლის ველზე, მაგრამ აქაც რაც შეიძლება ნაკლები სისხლის დაღვრას. „მათი სპანი ყოველნივე დავიპყარით, არ მოვკალნით“. კერძო პირთა ქონებას არ ეხებიან. ელინელებმა კი ტროია მთლად დაანგრიეს, მამაკაცები დახოცეს, ქალები მონებად წაიყვანეს, მთელი ქონება წაიღეს. ამასთან შედარებით ქაჯეთის ციხის მცხოვრებნიც უფრო ადვილათ გადარჩა აკლებას. აქ დახოცეს მხოლოდ მებრძოლნი, წაიღეს საჭურჭლენი, ხოლო თვით ქალაქი და მისი მშვიდობიანი მცხოვრებნი ხელუხლებელნი დარჩენ. მონები არც აქედან წაუყვანიათ. ტარიელი ფატმანს ასაჩუქრებს არა ტყვეებით, არამედ ქონებით: „აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.
ერთი სიტყვით, ის ჰუმანიზმი, რომელიც პოეტს გატარებული აქვს ადამიანთა ურთიერთობაში, გატარებული აქვს ხალხთა ურთიერთობაშიაც. მისი გმირები ლაშქრობენ არა ლაშქრობისთვის, ნადავლის შესაძენათ როგორც ეს იყო იმ დროს მიღებული, არამედ აუცილებელი, გამომწვევი მიზეზებით. ხატაელებმა დაარღვიეს დადებული ხელშეკრულობა, ხოლო ქაჯეთს ტყვეთ ყავდა მეფის ქალი ნესტანი. სინამდვილეს, არსებულ ადათ-ჩვეულებებს უფრო ეთანხმება შავთელი, როცა სწერს: „მაჰმადის ტომნი, უკრავ უომნი, მოსრნეს, მოსწყვიდნეს განქიქებულათ“; ამ გამარჯვების შედეგი იყო: „აღივსნეს ტყვითა ლარ-პირუტყვითა, არ დარჩა კაცი შოებულად“. რუსთველი კი ამ სინამდვილეს უპირდაპირებს თავის კაცთმოყვარულ იდეალს, რაიცა უნდა განხორციელდეს ცხოვრებაში და რაც საშუალო საუკუნეებში არ განხორციელებულა არასოდეს. შოთა არის აღწერილობაში რეალისტი, აზროვნობაში იდეალისტი; ყველა დიდ საკითხზე თავისი საკუთარი იდეალისტური პასუხი აქვს და მის სამსახურში აყენებს რეალიზმს.
ამნაირათ, ვეფხისტყაოსანი წარმოადგენს სამგვარი ელემენტის სინთეზს: ელინური მსოფლმხედველობის, ქართული სულის და ავტორის იდეალის. აქ გამოყვანილი მთავარი გმირები ნამდვილი ქართული ტიპებია, ყველა მათი ღირსება - ნაკლულოვანებით. ავთანდილი და ტარიელი ერთმანერთის დამატებაა, ერთიმეორეს ავსებენ, ერთიმეორეს სჭირია და სწორეთ ამ განსხვავებაზეა მათი მეგობრობა დაფუძნებული. ავტორის იდეალი არ არის წარმოდგენილი როგორც განყენებული ჭეშმარიტება, მისაბაძი მაგალითი, ათი მცნებისებური სენტენცია; ის ჩაქსოვილია თვით მოქმედების მსვლელობაში, გამოტანილია რეალურ ურთიერთობათ. ამიტომ პოეტი არ ტრაბახობს, თავისთავი მოციქულათ არ გამოაქვს, რეზონერათ, მასწავლებლათ არ გვევლინება, როგორც ეს მერმინდელ პოეტებს სჩვევიათ. ჭეშმარიტი აზროვნება აქ გამოხატულია კონკრეტულათ, ადამიანთა ურთიერთობით, ფაქტებით და მოვლენებით. სულის კვეთება გამომდინარეობს მდგომარეობიდან და არა, პირიქით, მდგომარეობა აზროვნებიდან. გმირების ხასიათი და შეხედულობანი სჩანან საქმეებიდან, მათი ყოფაქცევიდან. საკვირელია, ყველა გმირი მოკლებულია სიამაყეს, თავმომწონეობას, ამბიციას. ისინი თავდაბალი ხალხია. მათ ცხოვრება უყვართ, მაგრამ სიკვდილის არ ეშინიათ. არც ერთი არ არის მორალისტი, არც თვით ავტორი; არ უყვართ სხვებისათვის ჭკუის სწავლება, მასწავლებლობა, ქურუმათ თავის თავის დასახვა. მათი სიტყვა და საქმე ერთია, ერთმანერთზე კიდია, ერთიმეორეს ეთანხმება. არც სიტყვაში, არც საქმეში არ ჩანს მათი გაორება, წაჯექ უკუჯექობა, ულოღიკობა. არიან შეყვარებულნი, მხოლოდ სიყვარული თავისებურია: ის არის მორცხვი, ხან მკვახე, ხან რაინდული, ხან ტკბილი და ზრდილი, მომცემი ხან ბედნიერების, ხან უბედურობის, გონიერი, გატაცებული, მაგრამ არასოდეს არ მიდის თავდავიწყებამდე. ამ სფეროში ყველა გმირს თავი მართლა მას ახლავს, გული ვერ ერევა გონიერებას, გრძნობა ვერ ჭარბობს ხასიათს. მოვალეობა ყოველგან პირველ რიგზეა. ავთანდილ, ტარიელ, ნესტანი ქართული ნაციონალური ტიპებია, ამოკრებილი ძველი ქართული სინამდვილისაგან. ისინი რჩებიან მისაბაძ მაგალითებათ დღევანდელი ქართველობისათვის.
დროა გავათავოთ. შოთაზე წერა შეიძლება დაუსრულებლივ, მისი მარგალიტების ამოკრეფა და ახსნა-გაგება მრავალ ტომს მოითხოვს. რაცა ვთქვით საკმარისია ამ ხანათ პოეტის ფიზიონომიის ნათლათ წარმოსადგენათ. ის არის დიდათ განათლებული, თანამედროვე საზოგადოების მაღლა განკერძოებულათ მდგომი, აღჭურვილი მკვეთი ლოღიკით, მაღალი გონებით, ამავე დროს ხალხთან ყველა ძაფებით გადაბმული, განსაკუთრებით საღი ხალხური მსჯელობით; მისი შემოქმედებითი ნიჭი უსაზღვროა, მაგრამ ეს ნიჭი მორჩილებს მას, მის გონებას, მის შეგნებას, მის წინამძღოლობას. საბოლაოთ, შოთა, არის პოეტი-მოაზრე, პოეტი-ობიეკტიური, პოეტი-მიმზიდველი თავისი სიწმიდით, მორალით, თავის დადებით და უბრალოობით. ის ათბობს სულს, გულს, აკეთილშობილებს ადამიანს, ამაგრებს მის ხასიათს, ამდიდრებს მის ჭკუას, აძლევს აღმაფრენას, საუკეთესო იდელს. მან გადააბა მიწიერი ციურს, სინამდვილე სანატრელს. ამავე დროს ის არის გულადი, არ ეშინია თავისი აზრის, რაგინდ ის რადიკალური იყოს: არ სცნობს არსებულ საზოგადოებრივ არტახებს. ის გამოდის მათი ქსელიდან, იწევს მაღლა, ძლიერ მაღლა და იქიდან დაყურებს მწარე სინამდვილეს. ის მართლა ზის პარნასზე, მაგრამ კარგად ხედავს დაბლა მჩქეფარე ადამიანთა ცხოვრებას. ის ეშვება მასსში ორივე ფეხებით, მაგრამ ხელს არ უშვებს ზეცას. მას სურს საზოგადოება ასწიოს, მაღლა, აიყვანოს და მით ნატვრა გახადოს შესრულებულათ. ის არის მონარქისტი, მაგრამ არ ინდობს მეფესაც, თუ მან გადაუხვია გონიერებას. მან გასწირა ინდოთა მეფე ქალის ძალათ გათხოვების გადაწყვეტისათვის. ის უგალობს სიბრძნეს, გონიერებას და სიყვარულს. ის მოხერხებულათ აერთებს ოცნებას და სინამდვილეს. შოთა არ არის სანტიმენტალისტი, ცარიელი სიტყვებით თანაგრძნობის გამომწვევი. არ უყვარს მისტერიები, გამოუცნობელი საკვირველებათა წამოყენება. ის არ ასწერს წასულს, არ ეხება არც მომავალს. ის აგვიწერს მხოლოდ აწმყოს, მიმდინარე ურიერთობას, მაგრამ მასში ჩაქსოვილია დიდი მომავალი, გამოკვეთილია სავალი გზები. მას არ უყვარს ინტრიგები, ეს დაბალი მწერლების მაღალი ფარხმალი; მისთვის სინამდვილე, მდგომარეობა ყველა გამოგონილ ინტრიგას სჯობნის; ის ლაპარაკობს გმირის საშუალებით, ხოლო გმირი ლაპარაკობს თანახმათ მისი მდგომარეობისა, ლაპარაკობს პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავათ, არც ალეგორიები, არც გადაჭარბება, არც კომიკური სცენები, არც უიმედობა...
შვიდასი წელიწადია რუსთაველი ანათებს ქართველის სულს; ის გვასწავლის ჭირში გამაგრებას, ლხინში ზომიერებას. ის ჩვენი მუდმივი სულიერი მოძღვარია...
ნ. ჟორდანია
ბრძოლის ხმა. /გაზეთი. პარიზი/. - 1938. - №1(80)
_______
1. იხ. ევრიპიდეს „იფიჟენია“.
2. ერთათ ერთი პირი, რომელმაც, ჩემის ცნობით, ყურადღება მიაქცია ამ დიდ საკითხს და შეეცადა ქართველი ქალის როლის დახატვა ჩვენი ისტორიის გარდატეხის პერიოდში, არის ქ-ნ თამარა გოგოლაშვილი-პაპავასი. მისი დიდი შრომა „დიდი სახეები“ ეს პირველი ცდაა ამ მიმართულებით, ცდა მეტათ საინტერესოთ და გონიერათ შესრულებული. აქ გამოყვანილია ქალები კულისებში მომქმედი, რაიცა სავსებით შეეფერება სინამდვილეს, მათი ადგილი სწორეთ აქ არის. ავტორს აკლია მხოლოდ მასალები, რასაც უეჭველია შეავსებს საქართველოში დაბრუნებისას.
![]() |
95 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ა. პ. ლ. 21, 22, 25, 39, 40, 41, 42, 43, 44
აბდუშელი, შალვა 409
აბრამოვიჩი 224, 225, 226, 227, 233, 244, 247, 248, 249, 253,254, 256, 257, 260, 262, 263, 486
აბულაძე 643, 655
აბხაზი 667
აგამენოსი 694
ადლერი 47, 412, 413, 480, 481, 482, 483, 484, 486
ადლერი, ფრ. 353
ავალიშვილი 526, 527
ავალიშვილი, ზ. 526
ავთანდილი 641, 643, 645, 646, 658, 662, 677, 678, 682, 683, 685, 689, 690, 691, 694, 695, 700, 701
აიაქსი 682
აკაკი 621, 622, 628, 629, 630, 631, 632, 633, 634, 636, 637, 638
ალექსანდრე 509, 687
ალექსანდრე მეორე 509
ალექსანდრე მესამე 419, 421
ალექსანდრე პირველი 635
ალექსეევი 42, 57
ალკინოუ 678
ამირეჯიბი, შ. 569
ანდრომახა 682, 691
არაკი 417
არისტოტელე 619, 677
არსენიძე 410, 475
არსენიძე, რ. 409, 413
ასათიანი 559
ასკვიტი 489
ასმათი 695
ატილა 664
აქსელროდი 216, 225
აღმაშენებელი დავით 526, 652, 689
ახილესი 682, 691
ბ
ბაგრატ მესამე 652
ბაგრატიდები 513, 515
ბაგრატიონი გრიგოლ 652
ბარათაშვილი 620
ბარანოვსკი 139
ბაკუნინი 348, 355
ბაუერი 354, 406, 485
ბაუერი ოტო 197,209, 398, 406
ბებელი 83, 356
ბეკენდოსოფი 60
ბელა-კუნი 209
ბენია 131
ბენუა 686
ბენჰური 295
ბისმარკი 419
ბლიუმი 354
ბლუმი, ლეონ 351
ბონაპარტი 95, 461
ბოსუეტი 596, 656
ბრიანი 311, 373, 378, 567
ბრიუმერი 459, 461
ბრიუნინგი 313, 353
ბრუნჰილდი 662
ბრუტი 150, 151
ბუტკოვი 509
ბუხარინი 113, 115, 133, 135, 139, 170, 171, 173, 175, 176, 178, 179, 279
გ
გაბრიელი 661, 662
გალილეი 154, 530
გალიფეი 153
განელონი 658, 659
გარიბალდი 72, 230
გეგეჭკორი 56, 58, 151, 411, 567
გეგეჭკორი ე. 412, 481, 486
გეგეჭკორი ევგ. 18
გედი 83, 216, 356, 392, 393
გვარჯალაძე, კ. 481, 558
გიზო 267, 279, 285, 291
გიორგი 333, 334
გიორგი მეათე 509
გიორგი მესამე 652
გიორგი მთაწმინდელი 648
გიორგი პირველი 652
გოგიტა 131
გოგოლაშვილი, თამარა 698
გორგასლანი, ვახტანგ 506
გოტი 401, 460,503
გრეი 159, 514
გრიაზნოვი 612
გუგენბერგი 420
გუნსტერი 662
გუსი ივანე 154
დ
დავარი 694
დავით აღმაშენებელი 526, 527, 652, 673, 689
დავით მეორე 527
დანი 477
დანიელი 661
დარიუსი 109
დებრუკერი 486
დე მან 443
დენიკინი 22, 26, 27, 42, 53, 56, 57, 59, 66, 415
დენიკინ-ლენინი 27
დიაკი 230
დიმიტრი თავდადებული 626
დიონისი 677
დოლფუსი 464, 546
ე
ეგნატე 149, 363, 364
ედიპი 682
ევდოკიმოვი 113
ეკატერინე 515
ეკატერინე მეორე 541, 542, 601, 650
ელენე 677, 693, 694
ერიო 374, 375, 376, 424
ერისთავი 649, 650, 651, 652, 653
ერისთავი, თ. რ. 368
ერფრუტი 608
ექვ. მთაწმინდელი 654
ვ
ვანდეი 197
ვანდერველდე 322, 389
ვანდერველდე, ემილ 397
ვასილი მესამე 508
ვახტანგ 507, 510, 639
ვახტანგ მეექვსე 639
ვერნერი 247
ვეშაპელი 377, 559
ვეხიბ-ფაშა 62
ვირო 689
ვისი 689
ვილსონი 74, 470, 489, 490. 591
ვილჰელმი 419, 420
ვოიტინსკი 181
ვოლტერი 137, 350, 683, 684, 685
ვრანგელი 26, 27, 58, 59, 60, 415
ზ
ზალუცკი 113
ზევსი 682
ზინოვიევი 109, 110, 113, 136, 159, 160, 252, 614, 615, 617
თ
თამარი 507, 620, 650, 651, 652,653, 654, 660, 661, 672, 673, 674, 676,677, 680, 687
თეიმურაზი 510
თემურ-ლენგი 529
თინათინი 645, 646, 662, 694
თმოგველი, გ. 649, 654
თომასი 198
თფილელი, აბო 648
იზოლტო 657, 659, 663, 664
ილია 621, 622, 623, 624, 625, 626, 627, 628, 629, 637, 638
ინგოროყვა 361, 647, 648
ინგოროყვა, პ. 647, 648, 649
იოხი 323
იფიჟენია 694
ი. ჭ. 497
კ
კ. კ. 497, 498
კამენევი 110, 113, 115, 116, 614
კაპი 199
კარლო 147, 148, 149, 150, 151, 365
კარლოს დიდი 583
კანდიდი 256, 407
კაუფმანი 143, 145
კაუცკი 216, 225, 232, 254, 356, 362, 608
კაშენი 49
კედია 559, 561
კედია-ასათიანი 559
კედია, სპ. 558
კერენსკი 42
კვირკველია 44
კინე 72
კიროვი 60
კიუნცერი 578
კლეოპატრა 423
კლიუჩევსკი 601
კლიჩკო 35
კობა 610, 612, 613, 614
კოტსი 33, 34, 35, 39, 44, 45, 46
კოტსი ვ. პ. 33
კოშუტი 230
კრაპოტკინი 348
კრასინი 34, 35, 46, 74, 523
კრასნოვი 42
კრიმჰელდი 664
კუიბიშევი 181, 189, 191
კურსკი 143
ლ
ლაკომტი 198
ლაზარე 661
ლანსბური 34, 35
ლარინი 601
ლასხიშვილი, გიორგი 333
ლაშა-გიორგი 527
ლეიბნიცი 683
თემურ-ლენგი 529
ლენინი 15, 42, 96, 136, 159, 187, 196, 198, 219, 355, 415, 416, 423, 534, 577, 593, 595, 596, 597, 599, 601, 602, 610, 611, 614, 615, 616
ლენინ-სტალინი 601
ლენინ-ტროცკი 26, 42
ლესონა 542
ლიკურგი 315
ლიტვინოვი 416, 419, 423, 424, 428, 430, 522, 588
ლოიდ, ჯორჯი 74, 75, 262, 341, 374, 523
ლონგე 43
მ
მაკდონალდი 36, 43, 47, 79, 223, 472
მაკდონალდი რამზეი 33
მალჰერბი 631
მანველიშვილი 526, 527
მარი 687
მარი, ნ. 677
მარკი 663
მარსილი 660
მარტოვი 44
მარქსი 71, 75, 112, 149, 156, 157, 159, 168, 169, 170, 171, 183, 185, 192, 197, 198, 199, 239, 308, 322, 325, 326, 327, 347, 352, 362, 400, 401, 405, 407, 447, 457, 459, 460, 461, 503, 514, 600, 619
მარქსი კ. 351, 444, 489, 500, 513, 514
მარქსი, კარლ 71, 325
მაზნიევი 58
მაძინი 72, 230
მახარაძე 611, 613
მახარაძე, ფ. 362, 363
მდივანი 44, 49, 611
მენელა 677, 678
მერკური 682
მესხი, ს. 628
მილიუკოვი 227
მირბახი 61
მირიანი 506
მიუნცერი, ტომას 100
მიშლე 72
მიხაილოვსკი 149, 362
მოლოტოვი 116
მონროე 418, 490, 521
მორგანი 308
მორელი, კომპერ 467
მურავიოვი 529, 604
მუსოლინი 196, 215, 219, 387, 388, 427, 438, 464, 465, 576
მხარგრძელი 654, 661
ნ
ნანკინი 470, 471, 585, 600
ნაპოლეონი 23, 70, 239, 240, 290, 291, 583
ნაპოლეონ მესამე 78, 485, 617
ნესტან-დარეჯანი 640, 641, 642, 643, 660, 665, 677, 689, 693
ნიკოლოზი 515, 532
ნიკოლოზ მე-II 17
ნიკოლოზ მეორე 492, 516
ნინოშვილი, ე. 363
ნინოშვილი, ეგნატე 148, 362, 365
ნინოშვილი-ინგოროყვა ეგნატე 361
ნოდია 411, 486
ნოდია, ვ. 411
ნოზაძე, ვ. 409
ნ. ჟ 76, 82, 89, 99, 108, 117, 129, 131, 151, 163, 179, 193, 210, 220, 227, 228, 236, 242, 282, 293, 332, 334, 344, 356, 372, 378, 408, 426, 431, 439, 465, 469,473, 487, 504, 511,518, 525, 527, 536, 544, 552, 580, 582, 591, 594, 606, 619, 628, 638, 695
ო
ობოლაძე 153
ოდიშელიძე 524
ორბელიანი, გრ. 623, 625
ორბელი, ივანე 652
ორჯონიკიძე 105, 119, 354, 529
პ
პავლე 85, 374, 648, 696, 697
პანგლოსი 256, 407
პერიანდრე 619
პენელოპე 678
პეტრე 85, 533, 597, 601
პეტრე დიდი 60, 510, 532, 539, 541
პეტრე პირველი 533, 537, 538
პეტრე I 541
პეტროვსკი 615
პილატე 478
პლატონი 675, 676, 677, 686
პლეხანოვი 100, 362, 600
პოპოვი 187
პოტრესოვი 225
პროკოპოვიჩი 172
პრუდონი 159, 168, 348, 400, 452
პუგაჩოვი 241
ჟ
ჟანგრავი 348
ჟორდანია 35, 412, 484, 561, 562
ჟორდანია ნ. 18, 20, 25, 27, 36, 38, 46, 47, 48, 50, 51, 69, 124, 126, 213, 299, 303, 306, 358, 361, 365, 382, 414, 496, 528, 530, 549, 571, 574, 646, 656, 665, 668, 680, 692, 702
ჟორდანია ნ. ნ. 432
ჟორდანია ნოე 13, 30, 32, 243, 295, 296, 366, 386
ჟორესი 83, 221, 356, 392, 393
რ
რადეკი 49, 51, 69, 421
რაკოვსკი 166, 181
რამაზი 644, 699
რამიშვილი 236, 363, 411, 412, 413, 484
რამიშვილი. ის. 361, 363, 364, 609
რამიშვილი ნ. 18, 302, 411, 412, 413, 475, 484, 617
რამიშვილი ნოე 296, 300, 301, 302, 303, 377
რასპუტინი 615
რენნიკოვი 432
რენერი 340
რენერი, კარლ 340
რიკოვი 181, 185, 187, 189, 190, 192
რობესპიერი 239, 240
როდბერტუსი 157, 159, 452
როკფელერი 308, 309
როლანი 647, 657,658, 659, 661, 663
რომანოვები 421, 423, 513, 516
რომის პაპი 526
რუზველტი 388, 429, 438, 448, 451, 453,456, 471
რუსთაველი 620, 630, 632, 639, 642, 643, 647, 648, 650, 651, 652, 653, 654, 657, 659, 660, 662, 664,665, 672, 673, 674, 675, 676, 677, 678, 679, 680, 681, 683, 685, 687, 688, 690, 691, 693, 694, 695, 702
რუსთაველი, შოთა 620, 649
როსტევანი 640, 641, 659, 682
რუსუდანი 526, 527
ს
სააკაძე 529
საიმონი ა. 472
სარაჯიშვილი ალ. 639, 646
სარგის თმოგველი 649
სარიდანი 652
სენმანდე 392
სენჟუსტი 239
სიგურდი 662
სიგფრიდი 664
სილა 196
სილვა 130, 148, 149, 363, 608,609, 613
სიზიფი 172, 456, 547
სიტრინი 464, 577
სკოროპადსკი 562
სნოუდენი 43
სოკოლნიკოვი 97
სოკრატი 677
სოლონი 196, 315, 454
სოფოკლე 682
სტალინი 96, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 139, 254, 353, 387, 416, 421, 480, 529, 534, 595, 596, 597, 598, 599, 601, 602, 603, 605, 606, 607, 609, 611, 612, 613, 614, 615, 616, 617, 618, 619
სტენკა-რაზინი 241
სტრასბურგელი, გოტფრიდ 648, 664
სტრუბელი 185
სულაქველიძე, კ 154
სუხომლინი 244, 245, 246, 247, 248, 249, 254
ტ
ტარიელი 640, 641, 642, 643, 644, 645, 646, 658, 659, 661, 662, 677, 678, 679, 683, 685, 689, 690, 693, 695, 699, 700, 701
ტიერი 197
ტრეტიაკოვსკი 650
ტრისტანი 648, 657, 658, 659, 662, 663, 664, 665,
ტროცკი 15, 26, 27, 42, 51, 52, 53, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 252, 254, 265, 266, 614, 616, 617
ტუროლდუს 647
უ
უაზი 523
ულისე 678, 682, 690, 691
ურატაძე, გრ. 497
ფ
ფატმანი 665, 694, 698, 700
ფარსადანი 653
ფილიპე, ლუი 285
ფონ-კრესი 61
ფრანსუა პირველი 673
ფრიდონი 640, 678, 685, 689
ფრიდრიხ მეორე 542
ქ
ქავთარაძე 611
ქავთარაძე ს. 44
ქარცივაძე 228, 412
შ
შავთელი 648, 674, 687, 688, 700
შარაშიძე, დათიკო 581
შარლემანი 583, 657, 659, 660, 662
შაუმიანი 611, 613, 614
შახ-აბაზი 529
შენიე, ანდრე 621
შერმადინი 645, 646
შექსპირი 658, 681
შოუ 43
ჩ
ჩახრუხაძე 654, 674, 677, 687, 688
ჩერნიშევსკი 325
ჩერნიშოვი 60
ჩერნოვი 244, 249, 252, 254, 255
ჩიჩერინი 15, 74, 75, 81, 262, 523
ჩხეიძე 53, 412
ჩხეიძე კ. 17, 18, 361, 363, 364, 609
ჩხეიძე, კარლო 363
ჩხეიძე ნ. 20
ჩხენკელი ა. 432, 433
ც
ცეზარი 160, 583, 618
ცინცაძე, კ. 44, 611, 612
წ
წერეთელი 53, 229, 230, 231, 232, 233, 234, 410, 411,412, 413, 481, 482, 486
წერეთელი, გ. 628
წერეთელი ი. 487
წერეთელი ირ. 229, 231, 232, 233, 234, 236, 411, 412, 413, 474, 475, 476, 477, 479, 481, 483, 484
წითლიძე, არ. 361, 363
ჭ
ჭავჭავაძე, ი. 497, 516, 569
ჭავჭანიძე 236
ჭავჭანიძე ი. 483, 498
ჭავჭანიძე ივ. 236
ჭიჭინაძე 640, 642, 643, 645, 646, 655
ჭიჭინაძე, კ. 639, 644, 646
ჭყონდიდელი 649
ხ
ხანძთელი 654
ხონელი, მოსე 648
ხომერიკი, ნ 154, 617
ხორტი 209
ჯ
ჯავახიშვილი 651, 652, 655, 697
ჯიბლაძე, ს. 361, 363, 364, 608, 612
ჯიბლაძე, სილიბისტრო 148, 362
ჯონსონი 453
ჯუღაშვილი 607, 608, 616
ჯუღელი 63
ჰ
ჰააგენი 658, 664
ჰაკსტჰაუზენი 134, 135, 136
ჰამლეტი 658, 681
ჰანრი მეორე 673
ჰეგელი 352, 457
ჰეკტორი 682, 691
ჰერიო 472
ჰერიო, ედუარდ 590
ჰეროდოტი 109
ჰილდებრანდი 664
ჰიმანსი, მაკს 312
ჰიტლერი 342, 349, 354, 387, 388, 419, 420, 425, 427, 428, 429, 433, 453, 464, 467, 485, 575, 576, 577
ჰომერი 154, 677, 678, 679, 680, 681, 689, 690, 691
ჰომეროსი 681
ჰორი 588
ჰიუგო, ვიქტორ 622
![]() |
96 გეოგრაფიული საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბხაზეთი 515,
აფხაზეთი 63, 64
ადერბაიჯანი 14
ადრიანოპოლი 514,
ავსტრალია 144,
ავსტრია 152, 194, 195, 198, 201, 209, 210, 221, 222, 223
ავსტრო-უნგრეთი 230, 536
ავღანისტანი 543,
აზია 74, 92,
ათენი196
ათინა 677
ალბანეთი 428
ალბანია 427
ამერიკა 20, 98, 144, 200, 427, 428, 434, 435, 438
ამიერკავკასია 31, 53, 54, 62
ამსტერდამი 293
ანგორა 15, 30, 31
არაბეთი 521
არგენტინა 144, 145,
არტაანი 54, 62
ასპინძა 510
ასტრახანი 509
ატლანტიკა 434-439
ატლანტიის ოკეანე 434,
აფრიკა 74, 92, 110, 234, 434, 435
აღმოსავლეთი 132 208
აღმოსავლეთ ევროპა 208, 428
აღმოსავლეთ ციმბირი 142
აჭარა-ქობულეთი 510
ბ
ბავარია 240, 291,
ბათომი 15, 16, 27, 41, 60, 74, 654
ბათუმი 54, 556, 567, 609
ბალკანეთი 508, 521
ბალტიის ზღვა 538, 541
ბალტიკა 491, 537, 538, 541
ბაქო 14, 62, 141
ბელგია 21, 30, 56, 83, 86, 234, 318, 521
ბელორუსია 139
ბერლინი 13, 49, 51, 69, 246, 466, 467, 468
ბიანკური 468,
ბიზანტია 506, 507, 508
ბოლგარია 546
ბოლივია 311
ბრაიტონი 34, 412
ბრესტი 41
ბრიუსელი 214, 412, 478, 480
გ
გენუა 30, 31, 47, 415, 526
გერმანია 39, 41, 56, 78, 79, 80, 81, 86, 100, 134, 195, 199, 200, 235, 236, 240, 253, 273, 275, 283, 285, 286, 307, 308, 310, 311, 313, 314, 316, 317, 318, 331, 337, 341, 342, 349, 353, 362, 373, 375, 376, 387, 389, 390, 393, 401, 407, 419, 420, 421, 422, 423, 424, 425, 426, 427, 429, 430, 434, 443, 444, 445, 452, 453, 568, 472, 473, 483, 485, 494, 512, 524, 533, 540, 542, 544, 545, 546, 547, 556, 562, 563, 565, 575-580, 583, 588, 589, 597, 602, 657
გროზნო 141
გურია 48
დ
დანია 658
დარდანელი 538, 540, 543
დარდანელის სრუტეები 538
დასავლეთი 68, 74, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 86, 88, 89, 99, 132, 134, 208, 214, 233, 234, 657, 660
დასავლეთ ევროპა 27, 77, 86, 208, 444
დასავლეთ საქართველო 47, 48
დაღესტანი 66
დიდი ბრიტანეთი 31
დონბასი 173,
დუნაი 509, 513, 514, 545, 546
დუშეთის მაზრა 63
ე
ეგვიპტე 92, 394, 403
ევროპა 31, 40, 47, 50, 70, 71, 74, 75, 80, 81, 84, 96, 98, 107, 111, 121, 133, 135, 137, 145, 167, 168, 171, 216, 223, 225, 233, 235, 234, 261, 262, 267, 268, 270, 271, 273, 275, 277, 279, 290, 311, 312, 320, 321, 322, 323, 324, 325, 327, 328, 329, 330, 331, 335, 337, 338, 339, 340, 343, 347, 353, 405, 410, 428, 419, 422, 426, 435, 436, 439, 440, 442, 443, 471, 472, 473, 522, 523, 525, 537, 538, 541, 542, 543, 545, 547, 562, 583, 587, 589, 591, 600, 648, 657, 658, 660,
ევროპა-აზია 473
ევროპა-ამერიკა 98, 471
ეკატერინოდარი 56
ეფრატი 434, 435
ვ
ვარშავა 362, 542
ვაშინგტონი 428
ვენა 47, 221, 222, 223
ვენგრია 545, 546
ვერსალი 197, 198, 421, 429, 522
ვლადივასტოკი 532, 539
ვორონეჟი 246
თ
თეთრი ზღვა 533
თერგი 42
თურქესტანი 44, 141, 418, 436, 437, 439, 471, 472,
თფილისი14, 15, 19, 27, 36, 42, 44, 45, 47, 49, 54, 57, 59, 60, 64, 66, 67, 74, 333, 362, 364, 365, 369, 514, 566, 607, 608, 609, 612, 614, 654
ი
იაპონია 254, 310, 311, 417, 418, 419, 426, 427, 428, 429,
იერუსალიმი 526
ინგლისი 33, 35, 39, 43, 78, 79, 81, 86, 134, 159, 184, 191, 200, 225, 235, 375, 393, 412, 418, 427, 434, 435, 436, 437, 444, 514, 515, 521, 524, 540, 541, 542, 543, 577, 588,
ინდოეთი 18, 310, 311
ირაქი 543
ირლანდია 239, 310, 435, 663
ისპანია 350, 657, 660
იტალია 40, 72, 74, 152, 218, 226, 412, 428
იუგოსლავია 313, 430
კ
კავკასია 53, 62, 75, 107, 513, 584,
კავკასიონის ქედი 125
კანადა 144, 145, 311
კანი 30, 31, 37
კასპიის ზღვა 437, 509
კილიკია 526, 527
კორეა 417,437,470,585
კოსტანტინოპოლი 508, 523, 538,
კოჯორი 614
კრონშტატი 156, 255
კურბევუა 468
ლ
ლანკაშირი 340
ლენინგრადი 615
ლეჩხუმი 48
ლიტვა 214
ლოზანი 540
ლოკარნო 121, 123
ლონდონი 33, 34, 35, 36, 43, 45, 81, 322, 478, 577, 614
მ
მადრიდი 215,
მანჯუკო 425, 428,
მანჯურია 428, 437, 491
მარსელი 83, 84, 85, 87, 88, 89, 208, 216, 227
მესხეთი 654
მექსიკა 311
მონგოლია 268, 329 418, 437, 470, 471
მოსკოვი 13-21, 25, 27, 30-41, 44, 45, 48, 49, 51, 61, 68, 69, 74-81, 88, 94, 98, 108, 109, 111, 119-124, 127, 132, 140-145, 198, 205, 208, 209, 212-220, 224-227, 241, 256, 257, 262, 304, 305, 306, 320, 357, 373-380, 387, 388, 394, 415-425, 428, 430, 468, 471, 472, 477, 478, 480-484, 488, 491-496, 505, 508-510, 520, 522, 523, 528, 529, 530, 533, 536, 540, 541, 543, 577-579, 585-590, 592, 593, 600-607, 612, 615, 617
მოსკოვ-რიაზანი 142
ნ
ნანკინი 471, 585,
ნეაპოლი 543
ნიდერლანდები 311
ნილოსი 434
ნოვგოროდი 142
ნოვოროსია 60
ნოვოჩერკასკი 42
ო
ოკა 509
ოსმალეთი 15, 41, 54, 62, 66, 92, 127, 212, 251, 349, 381, 419, 420, 430, 476, 509, 510, 514, 522, 523, 524, 538, 543,
პ
პარაგვაი 137, 350
პარიზი196, 197, 466, 467, 468, 469
პეტერბურგი 71, 532,
პეტროგრადი21, 42, 53, 115, 116, 144, 170, 614, 616
პიზა-გენუა-ვენეცია 526
პოლონეთი 71, 80, 81, 88, 491
პორტარტური 539,
პრუსია 134, 135
პსკოვი 245
ჟ
ჟენევა 427, 494, 496,
რ
რაპალო 59,
რაჭა 48
რიაზანი 142
რიზე 654
რიონი 15
რომი 226, 403, 428
როსტოვი 42
რუბე 340
რუმინია 373, 546
რუსეთი 13-17, 20-23, 26, 27, 30, 31, 37-41, 48, 51, 52, 53, 54, 57, 58, 60, 61, 62, 65, 68, 69, 71, 73, 78, 80, 81, 82, 88, 89, 91, 92, 93, 94, 96, 97, 99, 100, 104, 107, 109, 111, 114, 115, 119, 120, 121, 123, 127, 128, 132, 134, 135, 139, 139, 145, 146, 154, 159, 162, 164, 171, 175, 176, 180, 181, 200, 201, 216, 219, 224, 227, 229, 232, 234, 235-238, 240, 241-247, 252, 256, 261, 262, 265, 267, 268, 278, 281, 311, 316, 320-329, 331, 333, 336, 348, 349, 364, 374, 375, 384, 394, 405, 407, 413-428, 438, 457, 470-479, 481, 484, 493, 495, 497, 509-517, 521-524, 531-544, 550, 569,
რუსეთ-ამერიკა 471
რუსეთ-იაპონია 470
რუსთავი 647, 648
ს
საბერძნეთი 217
სამცხე 654
სამცხე-საათაბაგო 510
სამხრეთი 127
სამხრეთ ამერიკა 521
სამხრეთ ევროპა 214
სამხრეთ სლავიანთა 544
სამხრეთ ჩინეთი 492
სარაგოსი 660
საფრანგეთი 30, 37, 60, 72, 78, 80,
81, 86, 428, 521
საქართველო 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 30, 31, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 65, 66, 68, 69, 73, 74, 75, 76, 81, 86, 90, 91, 94, 99, 101, 103, 104, 107, 108, 118, 119, 120, 122, 124, 126, 128, 147, 149, 151, 152, 159, 196, 200, 211, 212, 224, 227, 228, 229, 231232, , 233, 234, 235, 236, 244, 245, 251, 257, 261, 262, 263, 268, 276, 277, 279, 281, 295, 299, 302, 303, 304, 306, 329, 334, 362, 363, 366, 367, 368, 369, 370, 371, 376, 377, 380, 381, 382, 383, 384, 411, 413, 475, 476, 477, 478, 479, 480, 481, 482, 486, 487, 491, 492, 493, 494, 495, 499, 503, 505, 506, 507, 508, 509, 510, 512, 513, 514, 515, 516, 517, 519, 524, 525, 526, 528, 529, 530, 550, 551, 553, 554, 555, 557, 558, 559, 560, 561, 562, 563, 564, 565, 566, 567, 568, 569, 570, 573, 579, 592, 593, 604, 610, 611, 616, 617, 620, 622, 623, 625, 627, 632, 637, 650, 651, 653, 654, 657, 660, 666, 667, 668, 673, 676, 680, 694,
საჩხერე 622
სახალინი 539
სვანეთი 47, 50
სევასტოპოლი 26
სენდენი 468
სერბია 30
სივასი 654
სინგაპური 418
სკანდინავია 521
სმოლენსკი 245
სომხეთი 14, 89, 244, 245
სოჩა 15
სპარსეთი 109, 127, 212
სპარტა 196
სტამბული 538
სტამბოლი 478, 479, 578
სტოგჰოლმი 614
ტ
ტიბეტი 470
ტრაპიზონი 654
ტურკსიბი 587
ტფილისი 30
უ
უკრაინა 66, 89, 116, 139, 141, 143, 244, 376, 491, 564, 584, 589,
უნგრეთი 230, 240, 536
ურალი 173, 532
ფ
ფილიპინები 470
ფინლიანდია 42
ფოთი 59, 583, 654
ფორმოზა 539
ფორმოზის კუნძული 470
ფრანკფურტი 412
ქ
ქართლი 212, 213
ქუთაისი 48, 514
ყ
ყარსი 54, 62,
ყვარელი 621, 622
ყირიმი 60, 509,
ყუბანი 42, 56, 57, 58, 66, 246
შ
შავი ზღვა 15, 58, 63, 68, 69, 513, 514, 538, 544
შანხაი 470
შეერთებული შტატები 191
შვეიცარია 412, 521
შვეცია 83
ჩ
ჩერქეზეთი 514
ჩეხოსლოვაკია 311, 331
ჩინეთი 428
ჩრდილოეთი 48, 59
ჩრდილო ამერიკა 428
ჩრდილოეთ ამერიკა 521
ჩრდილო კავკასია 26, 27, 42, 44, 66
ც
ციმბირი 142, 246, 302, 417, 418, 428, 437, 470
წ
წყნარი ოკეანე 428
ჭ
ჭიათურა 363, 611, 614
ხ
ხოფა 654
ხმელთა შუა ზღვა 526
ჯ
ჯეეხოლი 437
ჰ
ჰააგა 492
ჰამბურგი 83, 88, 412, 478
ფრანკფურტი 412
![]() |
97 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ადამიანის უფლებათა ლიგა 37, 38
„ავანტ“ 40
ავიაცია 497, 502
ამერიკის ელჩი 522
ამირ სპასალარი 652
ამიერ-კავკასიის კომისარიატი 54
ამიერ-კავკასიის მთავრობა 54
ამიერ-კავკასიის ფედერაცია 550
ამსტერდამის კონგრესი 293
ანარქისტები 221, 348
ანტილიბერალური 313
ანტისაბჭოთა პარტიები 380
არბიტრაჟი 36, 45, 69, 79, 81, 85, 249
არისტოკრატია 196, 215, 447, 649, 650, 651, 652
აღმ. კომ. საბჭოთა საოლქო ცენტრი 57
„ახალი გზა“ 633
ბ
ბაგრატიდების დინასტია 513
ბანკები 97, 138, 139, 146, 158, 190, 442
ბასტილია 294
ბიზანტიის იმპერია 508, 654
ბიურო 413, 432, 474, 475, 476, 480, 482, 484, 486, 487, 559, 560
ბიუროკრატია 102, 152, 179, 288, 388, 396, 460, 463, 464, 532, 601, 607
ბოლშევიზმი 328, 345, 346, 348, 364, 365, 376, 401, 408, 416, 464, 504, 522, 523, 558, 561, 577, 589, 593, 595, 604, 605, 610, 614 ბოლშევიკები 532, 533, 540, 559, 562, 577, 578, 579, 593, 595, 596, 598, 599, 601, 603, 604, 611, 612, 613, 619
ბოლშევიკური იმპერიალიზმი 16, 74, 86, 88, 89
ბოლშევიკური სააგენტო „როსტა“ 26, 27
„ბორბა“ 56
ბრაიტონის კონგრესი 412
ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება 41, 251, 422
„ბრძოლა“ 411
ბურჟუაზია 68, 75, 76, 77, 83, 84, 112, 115, 117, 159, 161, 165, 166, 178, 185, 195, 206, 215, 223, 238, 239, 240, 253, 267, 268, 269, 270, 273, 275, 276, 278, 279, 280, 281, 285, 286, 288, 292, 312, 314, 315, 322, 323, 324, 327, 329, 330, 331, 341, 349, 371, 372, 397, 399, 402, 441, 442, 443, 444, 446, 447, 448, 450, 453, 456, 459, 462, 468, 469, 498, 600, 625
ბურჟუაზიული იმპერიალიზმი 74, 75
გ
გუბერნია 142, 509, 510
გუსართა პოლკი 509
დ
„დამოუკიდებელი საქართველო“ 119, 120, 122, 229, 564
დამფუძნებელი კრება 38
„დეილი ჰერალდი“ 34, 52
დეკლარაცია 72, 74, 103, 425, 463, 489, 591
დენიკინ-ლენინის ბლოკადა 27
დეპუტატები 36, 59, 148, 291, 467,
დეპუტატთა საკრებულო 627
დროშა 466, 475, 489, 490, 499, 500, 517, 520, 521, 532, 534, 551, 554, 555, 563, 572, 573, 584, 585, 599, 624, 625, 629, 632, 637, 656
დრუჟინა 254, 569
დუმა 614
„დუჩე“ 430
ე
ევოლუციონიზმი 134
ევროპის პროლეტარიატი 40
ერთა ლიგა 85, 427, 435, 481, 482, 483, 488, 490, 562, 584, 587, 589
ეროვნული საბჭო 55
ესერები 244, 598
„ექსი“ 611
ვ
ვენის კონგრესი 70
ვერსალის ზავი 74, 85, 420, 422, 545, 547, 575
ვერსალის კონგრესი 522
„ვეფხის ტყაოსანი“ 630, 672, 693, 700
„ვოზროჟდენიე“ 432
თ
თავად-აზნაურობა 70, 159, 322, 324, 359, 371, 627, 667
თეთრი არმია 27
თემთა პალატა 472
თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები 55, 499
თფილისის მუშათა საბჭო 55, 57, 66
ი
იაკობინელები 23, 239, 241
იმპერატორები 331
იმპერიალიზმი 75, 76, 84, 86, 87, 88, 89, 127, 128, 209, 227, 243, 418, 552, 587, 604, 605
ინგლისის მუშ. დელეგაცია 43
ინტერნაციონალური სოციალიზმი 197
„იზვესტია“ 80, 110, 113, 164, 354
იუნკერები 273, 316, 331, 597
კ
კავკასიის კონფედერატიული კავშირი 551
კავკასიის კონფედერაცია 484, 550, 551, 552
კავკასიის ხალხთა კონფედერატიული კავშირი 306
კანცლერი 575
კაპიტალი 85, 98, 103, 114, 158, 165, 166, 167, 169, 175, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186, 187, 188, 189, 190, 191, 192, 198, 268, 272, 275, 278, 280, 308, 323, 326, 327, 328, 331, 367, 371, 429, 441, 442, 443, 446, 447, 448, 451, 454, 500
კაპიტალიზმი 84, 96, 110, 112, 133, 134, 135, 136, 139, 155, 156, 157, 159, 169, 183, 195, 198, 201, 207, 209, 223, 227, 274, 308, 309, 324, 325, 326, 330, 331, 355, 390, 399, 401, 402, 416, 441, 442, 443, 444, 449, 454, 500, 502, 535, 597, 602
კაპიტალისტური იმპერიალიზმი 84, 86, 88
„კვალი“ 607, 608
„კიზილ-არვატი“ 60
კლერიკალები 253, 288
კოალიცია 374, 375, 413, 415, 419, 421, 423, 425, 456, 459, 484, 486, 506, 542, 560, 571
კოლექტივიზაცია 350
კოლონიური ექსპანსია 435
კომერსანტები 27
კომინტერნი 98, 136, 138, 197, 201, 254, 377, 415, 416, 421, 422, 423, 426, 540
კომისარი 97, 143, 579
კომპარტია 116, 132, 136
კომუნა 196, 197, 198, 407, 485
კომუნიზმი 16, 18, 85, 87, 95, 133, 137, 155, 159, 193, 197, 265, 266, 283, 285, 287, 289, 291, 350, 394, 395, 416, 422, 436, 555, 570, 577, 580
კომუნისტები 140, 155, 179, 222, 223, 241, 266, 267, 279, 283, 324, 328, 409, 421, 468, 577, 578, 579, 580, 596, 598, 599
კომუნისტური იმპერიალიზმი 84
„კომუნისტური მანიფესტი“ 200, 393, 457, 601
კომუნისტური პარტია 101, 115, 173, 222, 328, 416, 580, 597, 598, 600
კონგრესი 70, 83, 84, 86, 87, 88, 209, 244, 249, 254, 293, 320, 396, 412, 450, 480
კონვენტი 23, 198
კონვენცია 585
კონსტიტუცია 196, 251, 266, 267, 271, 276, 279, 328, 488, 595, 596, 599, 603, 604, 606
კონსტიტუციონალისტები 95
კონტრ-რევოლიუციონერები 16, 26, 57, 66, 116, 122, 195, 198, 200, 203, 209, 239, 240, 282, 459, 468, 485, 489, 667
კონფერენცია 30, 31, 37, 47, 51, 57, 58, 62, 69, 94, 200, 323, 354, 386, 390, 492, 540, 547
კონცესია 543
კოოპერატივი /კოოპერატივები/ 105, 138, 143, 144, 200, 203, 205, 276, 320, 404
კრასნო-პრესნიას ტრესტი 140
კრემლი 111, 128, 156, 180, 208, 420, 421, 424, 429, 430, 604, 605
„კურსანტების“ რაზმები 33
ლ
„ლაბურ პარტიის“ ყრილობა 34
ლეიტენანტები 474
ლიბერალები 113, 243, 250, 269, 277, 329, 417, 419, 448
ლიბერალიზმი 70, 219, 271, 308, 313, 314, 315, 316, 317, 319, 331, 388, 401, 402, 405, 441, 447, 451, 523
ლორდთა პალატა 514
მ
მადნები 13, 24, 191, 202, 277, 391, 393, 497
მანიფესტაცია 610
მანიფესტი 199, 200, 321, 322, 351, 393, 457, 601
მარსელის კონგრესი 83, 244, 249, 254
მარქსიზმი 110, 134, 146, 197, 345, 349, 350, 363, 364, 461, 465
მარქსისტული სოციალიზმი 362, 456, 457
მატროსების პოლკი 33
მეფე 101, 106, 111, 127, 246, 315, 368, 369, 395, 396, 419, 421, 422, 425, 436, 476, 505, 506, 507, 508, 509, 510, 511, 512, 518, 529, 532, 675, 676, 677, 678, 682, 683, 687, 689, 690, 693, 694, 698, 699, 702
მენშევიკები 52, 250, 251, 269, 487, 611, 612
მეშჩანები 155, 253, 288
მილიტარისტები 80
მილიტარიზმი 85, 536
მილიტარისტულ-სპეკულიანტური ბურჟუაზია 77
მილიცია 577
მონარქია 196, 215, 314, 656, 660, 675
მონარქიზმი 253
მონარქისტი 134, 702
მუნიციპალიტეტები 200
მუშათა დეპუტატების საბჭოები 36
მუშათა კლასი 14, 39, 67, 112, 157, 162, 173, 187, 194, 196, 205, 207, 208, 221, 258, 283, 322, 444, 445, 449, 456, 458, 461, 468, 610, 611
მუშათა რევოლიუცია 68, 393
მუშათა სინდიკატები 453
მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესი 86
მუშათა ორგანიზაციები 17
მუშების მანიფესტაცია 610
ნ
ნაციათა ლიგა 79, 92
ნაციონალიზმი 73, 74, 231, 534, 536, 552
ნაციონალისტები 72, 80, 230, 231, 284, 475, 562, 564
ნაციონალური დროშა 357, 384
ნაციონალური სოციალიზმი 96, 132, 133, 134, 136, 146, 408
ნაროდნიკები 135
ნეო-მენშევიზმი 256
ნეოსოციალისტები 467
ო
ობშჩინა 134, 247
„ოზოკომი“ 566
ოკუპანტები 22, 38, 48, 50
პ
პარიჟის კომუნა 198
პარიჟის კომუნარები 153
პარლამენტარიზმი 314, 315, 392, 405
პარტიის მე 14 ყრილობა 132, 137, 155, 615
პარტიის მესამე ყრილობა 231
პარტიზანები 474
პარტიკულარიზმი 214, 562, 653
პაციფიზმი 22, 84, 256, 343, 355
„პეტრე დიდი“ 60, 532, 539, 541
პლებისციტი 546
პლენუმი 177
პოლიტბიურო 177
პოლიტიკური ემიგრაცია 381, 383
პოლიტიკური და რევოლიუციური ორგანიზაციები 54
პოლიცია 101, 102, 169, 173, 288, 464, 605
„პრავდა“ 169, 181, 185, 189, 190, 534, 598
პროგრამა-მაქსიმუმი 24, 194
პროგრამა-მინიმუმი 24, 194
პროვინციალიზმი 214
პროლეტარიატი 14, 16, 23, 35, 36, 40, 47, 69, 71, 84, 85, 86
პროფკავშირები 179, 206
„პუჩი“ 457, 580
ჟ
ჟირონდისტები 95
რ
რადიკალური ბურჟუაზია 80
რეზოლიუცია 463, 464, 475, 476, 478, 481, 482, 486, 493
რეფერენდუმი 55, 68, 478
რკინის გზები 13, 24, 142, 155, 191, 350, 366, 391, 392, 393, 443, 497, 534, 587
რომის იმპერია 548
რომის პაპი 526
რუსეთის კომუნისტური პარტია 164, 180, 200
რუსეთის კომპარტია 164, 180, 200
ს
საბჭოთა კავშირი 80, 110, 167, 180, 181, 182, 223, 227, 244, 245, 257, 261, 263
საბჭოთა კომისრები 54
საბჭოთა მთავრობა 33, 51, 68, 98, 135, 144, 166, 337, 417, 422, 424, 532, 590
საბჭოთა რუსეთის ჯარი 30, 39, 51
საბჭოთა საოლქო ცენტრი 57, 66
სამხედრო სასამართლო 63
საოკუპაციო ჯარი 34
„საქ. გუშაგი“ 562
საქ. რევოლ. კომიტეტი 30, 31, 44
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი 119
საქართველოს ნაციონალური საბჭო 550
საქართველოს რესპუბლიკა 15, 23, 41, 42, 44, 56, 550, 554
საქართველოს ჯარი 30, 31
სახალხო გვარდია 14, 67
სენატი 472
სეპარატისტები 477
სექტა 613, 686
სინდიკატები 200, 323, 450, 453
სოციალ-დემოკრატია 54, 73, 103, 194, 195, 206, 209, 256, 459, 545, 546
სოც.-დემოკრატები 135, 201, 222, 253, 359, 486
სოც.-დემ. პარტია 221
„სოც. ვესტი“ 432
„სოც. ვესტნიკ“ 224, 247, 255, 260, 269, 432, 433, 478
„სოციალ. ვესტნიკ“ 250
სოციალიზმი 14, 23, 24, 70, 75, 77, 79, 83, 84, 85, 86, 87, 88, 91, 92, 93, 96, 98, 103, 104, 105, 110, 11, 112, 113, 119, 132, 133, 134, 135, 136, 146, 158, 161, 194, 197, 200, 201, 202, 207, 218, 219, 223, 231, 234, 235, 243, 249, 270, 273, 274, 275, 280, 281, 283, 287, 288, 289, 290, 293, 314, 315, 336, 339, 343, 346, 365, 389, 390, 402, 405, 449, 451, 462, 534, 599, 600, 602, 603, 728, 729, 730, 733
სოციალისტები 467, 476, 485, 566, 601
სოციალისტური პარტია/პარტიები 198, 218, 223, 231, 269, 275, 281, 286, 287, 293, 396, 469
ტ
„ტაიმსი“ 524
ტერორიზმი 197, 198, 239, 240
ტრესტები 143, 308, 310, 313, 338, 399, 448, 453
ტულუზის კონგრესი 287, 463, 464
უ
უტოპიზმი 339, 342, 347, 349, 355
ფ
ფაბრიკები 113, 134, 140, 141, 339, 340, 445, 533, 544
ფაშიზმი 401, 408, 420, 430, 438, 462, 465, 474, 576, 577
ფაშისტები 217, 253, 354, 390, 460, 468, 502
ფაშისტური 84, 202, 209, 214, 267, 284, 314, 328, 416, 440, 453, 500, 580, 589
ფეოდალები 449, 508, 512
ფეოდალიზმი 268, 329, 508, 513, 656, 660
ფინანსისტები 442, 447, 448
„ფორვარდი“ 21
ქ
ქართული უნივერსიტეტი 668
„ქაჯეთის ციხე“ 667
ქვეითი დივიზიები 33
ყ
ყაზახთა დივიზია 33
„ყარამანიანი“ 646
შ
შერეული კომისია 35, 60
ჩ
„ჩეკა“ 44, 53, 64, 66, 91, 101, 135, 145, 432, 579
„ჩეკისტები“ 432
ც
ც. კ. 109, 110, 115, 116, 164, 176, 177, 178, 302, 409, 474, 476, 587
ცხენოსანთა დივიზიები 33
ცხენოსანთა რაზმები „განსაკუთრებულ დანიშნულებისა“ 33
წ
წვრილი ბურჟუაზია 161, 178, 206, 459, 469
წითელი ჯარი 50, 52
წყლები 277
ხ
ხაზინა 139, 190, 191, 395, 642
ხელმწიფე-იმპერატორი 515, 516
ჯ
ჯარი 534, 535, 562, 578, 587, 658, 661, 668, 679, 732, 734
ჯვაროსნები 526
ჯვაროსანთა ომი 95, 526
ჰ
„ჰუმანიტე“ 49, 51