![]() |
ნოე ჟორდანია (ტომი I) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|ჟორდანია ნოე |
| თარიღი: 2018 |
| აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები ტომი XIII საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918 წლის 24 ივნისი – 1921 წლის 18 მარტი) ოფიციალური დოკუმენტები, სიტყვები და გამოსვლები თბილისი 2018 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929 (479.22) ს-323 ჟ-841 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-27-716-0 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |

ასე მოხდა, რომ დღემდე არ გამოცემულა ნოე ჟორდანიას, 1918-21 წლების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსის, ძირითადი საჯარო სიტყვები, განცხადებები და სტატიები. ნოე ჟორდანია 1917 წლის ნოემბრიდან თავმჯდომარეობდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს (რომელიც 1918 წლის ოქტომბერს საქართველოს პარლამენტად გარდაიქმნა), 1918 წლის ივნისიდან 1921 წლამდე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო 1921 წლის თებერვლიდან გარდაცვალებამდე 1953 წელს - საქართველოს დევნილი მთავრობის თავმჯდომარე. ამ კრებულში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მოამზადა, შევიდა მისი სახელით გამოქვეყნებული ბროშურები, სტატიები, საჯარო გამოსვლები, წერილები და განცხადებები. საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალი ათწლეულის განმავლობაში თითქმის უცნობი იყო საკუთარი ქვეყნის ისტორიის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი. მოცემული გამოცემა ქართულ ისტორიოგრაფიაში სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება და ახლა ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, გაეცნოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამაარსებლისა და აღიარებული ლიდერის პოლიტიკურ და თეორიულ ნაშრომებს. ჟორდანიას სტატიებიდან, საჯარო გამოსვლებიდან, მის მიერ პარლამენტში და საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე გატანილი კანონპროექტებიდან და დეკრეტებიდან ჩანს, რომ იგი იყო დემოკრატიის უბადლო თეორეტიკოსი, დახელოვნებული პოლემისტი, ტაქტიკოსი და, რაც მთავარია, თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი.
ამ სამტომეულის წყალობით ქართველ მკითხველს ეძლევა საშუალება, გაიცნოს ნოე ჟორდანია და ქართველი სოციალ-დემოკრატები - არა მარტო როგორც რევოლუციონერები, არამედ როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელებიც, შემდგომში კი, როცა მათი ხანგრძლივი დევნილობის პერიოდი დაიწყო - უკვე როგორც ოპოზიციონერები და ანტიბოლშევიკები. ეს კრებული ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა თავად ნოე ჟორდანიას სახელმწიფოებრივი აზროვნება: 1917 წლის რევოლუციურ, კლასობრივი ბრძოლისკენ მიმართულ იდეებს 1918-21 წლებში ერისა და სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული იდეები ენაცვლება, ხოლო 1921-1938 წლების ნაშრომებში იგი უკვე ვრცლად განიხილავს საერთაშორისო პოლიტიკისა და ერთა თვითგამორკვევის საკითხებს. ოქტომბრის რევოლუციამდე ჟორდანია - საქართველოს სოციალისტი პოლიტიკოსების უმეტესობის მსგავსად - შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც დამოუკიდებლობის ზომიერი მომხრე, რომელსაც ჰქონდა დეცენტრალიზებული და დემოკრატიული რუსული სახელმწიფოს ფარგლებში თვითმმართველი საქართველოს შექმნის იმედი. 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ ჟორდანია იცვლის პოზიციას და, როგორც პარტიის ლიდერი, საქართველოს დანარჩენ სოციალ-დემოკრატებთან ერთად მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რაც მოხდა კიდევაც 1918 წლის 26 მაისს. ამის შემდეგ ჟორდანია ურყევად ემხრობოდა იმ აზრს, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს -განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სამთავრობო თანამდებობები ეკავათ, - როგორც მთელი ერის წარმომადგენლებს, უნდა დაეცვათ სახელმწიფოს ინტერესები. წითელი დროშა ეროვნული დროშით შეიცვალა, მუშათა საბჭოები კი პარლამენტს დაექვემდებარა. აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცა ეროვნულ მთავრობას, კანონების მიღება კი იქცა საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივად („დეკლარაცია“, ტ. 1, გვ.). სოციალიზმი - კაპიტალიზმის უპირობო უარყოფის გაგებით - გაქრა დღის წესრიგიდან. სოციალური გარდაქმნის იდეა დაექვემდებარა შერეულ ეკონომიკაზე დამყარებული სტაბილური სახელმწიფოს, პლურალისტული, უმცირესობათა აზრის გათვალისწინებაზე აგებული, პოლიტიკური სისტემისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის ისტორიულ აუცილებლობას. მთავრობას შეეძლო მხოლოდ კაპიტალიზმის რეფორმირება, მაგრამ არა მისი დამხობა (ტ. 1, გვ.).
კრებულის პირველ ტომში, რომელიც 1918-1919 წლებს მოიცავს, შევიდა ჟორდანიას სიტყვები, რომლებითაც იგი რევოლუციურ საბჭოებსა და საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიმართავდა, გერმანელებსა და ბრიტანელებთან მოლაპარაკებების ანგარიშები, იმდროინდელი დისკუსიები (ეკონომიკის, შრომის პოლიტიკის, ეროვნული გვარდიის ორგანიზების საკითხებზე), რომლებშიც იგი მონაწილეობდა, ასევე, მისი თეორიული ტრაქტატები მმართველობისა და ეროვნულ საკითხზე. ამ ტომში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჟორდანიას სტატიას „სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია“ (ტ. 1, გვ.). სტატიაში ჟორდანია აღწერს საქართველოს მომავალი სახელმწიფო წყობილების საკუთარ ხედვას, რომელიც საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ იმდროინდელ წარმოდგენებს სცილდებოდა. მისი აზრით, ხალხი უშუალოდ უნდა ჩართულიყო სახელმწიფო სტრუქტურების - სამხედრო ძალების (სახალხო გვარდიის), ადგილობრივი თვითმმართველობის (ერობისა) და სასამართლო სისტემის (ადგილობრივად არჩეული მოსამართლეების) - საქმიანობაში. ჟორდანიასეული დემოკრატიული რესპუბლიკის დედაბოძი იქნებოდა თვითმმართველობა (ტ. 1, გვ.), როგორც საპარლამენტო სისტემის ფარგლებს გარეთ სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მექანიზმი. ამ იდეების ხორცშესხმას მოემსახურებოდა კანონები მოქალაქეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო მილიციისა და არჩევითი მოსამართლეების შესახებ.
მეორე ტომი ეძღვნება მოვლენებით აღსავსე პერიოდს: 1920 წლიდან საქართველოს მთავრობის გამგზავრებამდე ემიგრაციაში 1921 წლის მარტში, რომელიც ქვეყანაში ბოლშევიკების შემოჭრას მოჰყვა. ეს ტომი ასახავს საქართველოს პარლამენტში, დამფუძნებელ კრებასა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში მიმდინარე დებატებს. ჟორდანიას სახელმწიფოებრივი ხედვა აწყდებოდა წინააღმდეგობას რესპუბლიკაში, რომელშიც ქაოსი და კორუფცია მეფობდა, მაგრამ მისი მიმართვებიდან, განცხადებებიდან და სამთავრობო დოკუმენტებიდან (კანონპროექტებისა და განკარგულებების ჩათვლით) ჩანს ამ ადამიანის პრაგმატიზმი, რომელიც მას, არაერთი კრიზისის მიუხედავად, არ დაუკარგავს. ჟორდანიას შრომებში ჩანს მისი ორიგინალური სახელმწიფოებრივი აზროვნება, განსაკუთრებით კი მისი შეხედულებები იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნებულიყო სახალხო კონტროლი და პოლიტიკური თანამონაწილეობა ქაოსური რევოლუციური გარდაქმნების ჟამს. ჟორდანიას სიტყვა დამფუძნებელი კრების მნიშვნელობის შესახებ, რომლითაც იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატთა პარტიული ორგანიზაციის კრების წინაშე 1919 წლის მარტში წარდგა (ტ. 1. გვ.), განსაკუთრებით ნათლად გვიჩვენებს საქართველოს მთავრობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა გარდამავალ პერიოდში, ვიდრე სრულფასოვანი კონსტიტუციური სახელმწიფო ჩამოყალიბდებოდეს. ამ ტომში შესულია დიდი ისტორიული ღირებულების მქონე სიტყვები, რომლებიც ჟორდანიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მეორე ყრილობაზე წარმოთქვა, კერძოდ, 1920 წლის ივნისში რესპუბლიკის შემადგენლობაში ბათუმის დაბრუნების მნიშვნელობისა და საქართველოს ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.
პირველი ორი ტომი დასტურია იმ უდიდესი ამოცანებისა, რომელთა წინაშეც 1918-21 წლებში ჟორდანიას მთავრობა იდგა. დიდი ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების სტენოგრაფიული ჩანაწერებიდან ჩანს ჟორდანიას, როგორც ნიჭიერი დიპლომატის, განსაკუთრებული როლი. ჟორდანიას, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი დეკრეტები და ბრძანებულებები, ასევე, მისი საჯარო გამოსვლები, რომლებიც დასავლეთსა და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ეხება, 1918-1921 წლებში ქვეყნის მშენებლობისა და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მატიანეა. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატები პრაგმატული რეალისტები იყვნენ, რომელთაც ხშირად უწევდათ ხან გულგრილ, ხან კი მტრულ პოლიტიკურ გარემოსთან მორგება.
მესამე ტომი ასახავს ჟორდანიას დევნილობის პერიოდს 1938 წლამდე, რის მერეც მას თითქმის აღარაფერი დაუწერია. 1920-იანი წლების დასაწყისის ნაწერებში იგი უმეტესად საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროპის მშრომელთა მოძრაობას მიმართავს და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდებს. წერს 1921-22 წლების სვანეთის ამბოხებაზე; 1924 წლის აგვისტოში საქართველოდან ბოლშევიკთა გაძევების წარუმატებელ მცდელობაზე; შედის პოლემიკაში ტროცკისთან, ირაკლი წერეთელთან და რუს მენშევიკებთან რევოლუციის არსის შესახებ; გაუთავებლად ეხმაურება დასავლურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ მცდარ ინფორმაციას პირველი რესპუბლიკისა და ძალადობრივი ბოლშევიკური ოკუპაციის შესახებ; ეკამათება ქართველ სოციალ-დემოკრატებს პარტიის სამომავლო გეგმებზე და იხსენებს კავკასიაში სტალინთან შეხვედრებს. მესამე ტომში უხვად შეხვდებით ჟორდანიას გვიანდელ თეორიულ ნაშრომებს, რომლებსაც დასავლეთში თითქმის არ იცნობენ, რადგან მათი უმეტესობა ქართულ ენაზეა. ერთ-ერთ ნაშრომში, რომელსაც „ერის თვითგამორკვევა“ ჰქვია, ევროპის მომავალზე მსჯელობისას მან გასაოცარი გამჭრიახობა გამოავლინა და იწინასწარმეტყველა, რომ ვილსონის მცდარი იდეოლოგიის საფუძველზე ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოებში ნაციონალისტური კონფლიქტები გახშირდებოდა. იგი განასხვავებდა სოციალიზმის პლურალისტურ (დასავლურ) ფორმებს ბოლშევიკური „სოციალისტური იმპერიალიზმისა“ და „ეტატიზმისგან“; იგი საუბრობდა ეროვნულ თავისუფლებაზე, როგორც მომავლის იდეაზე, და, შეიძლება ითქვას, იწინასწარმეტყველა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღმოცენება კოლონიზებულ ხალხებში. ჟორდანიასთვის დემოკრატია, ეკონომიკური პლურალიზმი, სოციალიზმი და ეროვნული დამოუკიდებლობა - განსაკუთრებით მსოფლიოს მცირე ხალხების შემთხვევაში - ერთმანეთთან ჭიდროდ იყო გადაჯაჭვული.
მოცემული სამტომეული ჟორდანიას 1918-38 წლების საჯარო გამოსვლებისა და სტატიების სრულ კრებულს არ არმოადგენს, თუმცა იგი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ გაბედულ მცდელობად იმისა, რომ მკითხველთა ფართო წრეს მიეცეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი რთულესი პერიოდის ამ გამორჩეული მოღვაწის მოსაზრებებისა და პოლიტიკური პოზიციების გაცნობის საშუალება. სამტომეული ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ქართველ სტორიკოსებს და, ცხადია, ქებას იმსახურებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელმაც ამ კრებულის გამოცემით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნაში თავისი წვლილი შეიტანა.
შტეპფენ ფ. ჯონსი
რუსეთისა და ევრაზიის კვლევათა პროფესორი, მაუნტ-ჰოლიოკის კოლეჯი
იანვარი, 2018 წ.
ემერსტი, მასაჩუსეტსის შტატი
ინგლისურიდან თარგმნა ლაშა გველესიანმა
![]() |
2 სიტყვები და გამოსვლები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი |
▲ზევით დაბრუნება |
გამოცხადებული თბილისში, სასახლის თეთრ დარბაზში
1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათს და 10 წუთს
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდის რევოლიუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თავის ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს. მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:
1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7) დამფუძნებელ კრების მოწვევამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
![]() |
2.2 საქართველოს ეროვნულ საბჭოს ისტორიული სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანიას მისალმებითი სიტყვა
მაისის 26, 5 საათი
მოქალაქენო, აქ თქვენ დღეს მოწმენი იყავით ერთ ისტორიულ ამბისა:
დღეს ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში უნდა იშვას მეორე სახელმწიფო. ამ ორ სახელმწიფოთა შორის არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო რაიმე ინტერესთა სხვა და სხვაობა და თუ მოკვდა პირველი სახელმწიფო, ამ სიკვდილის მიზეზი არის არა ის სახელმწიფო, რომელიც დღეს დგება, არამედ ის, რომელიც დღეს არ დგება (ტაში). დღეს აქ ახლად დაარსებული საქართველოს სახელმწიფო არ იქნება მიმართული არც ერთ ერის და არც ერთ სახელმწიფოს წინააღმდეგ (ხანგრძლივი ტაში).
მისი მიზანია, რომ დღევანდელ ქარტეხილში დაიფაროს თავისი და ამით ის დაეხმარება სხვებს, რომელნიც არიან ჩვენზე უფრო დიდ განსაცდელში ჩავარდნილნი. თქვენ იცით რომ საქართველო არის ჩვეული თავის არსებობისთვის ბრძოლას (ტაში).
ამ დიდი ხნის არსებობისთვის ბრძოლაში მან შეინარჩუნა თავისი ეროვნული სული, ვინაობა, თავისი ნაციონალური ორგანიზმი.
თქვენ იცით, რომ საქართველო არ ებრძოდა სხვის არსებობას. პირიქით, ის იბრძოდა საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ერებისთვისაც.
ის მფარველობდა სხვა პატარა ერებსაც (ტაში).
ეს დიადი ანდერძი უეჭველია დარჩა ქართველ ერში. ქართველ ერს შერჩა დღევანდელი ეს ძირითადი მიდრეკილება, რომ თავისი ინტერესები შეუფარდოს სხვა ერების ინტერესებს.
არც ერთი ერი და არც ერთი ახალი სახელმწიფო, რომელიც ჩვენს გვერდით არსებობს ან შემდეგ დაარსდება არ უნდა განიცდიდეს რაიმე წყენას, რაიმე აღელვებას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
დღეს ჩვენ აქ ვიყავით მოწმენი იმისა, რომ არავინ ჩაიყოლა შური საქართველოს მიმართ.
ეს დიდი დამსახურებაა ქართველ ერისა.
მე დარწმუნებული ვარ რომ ამ დასახიჩრებას თავის მიმართულებით იგი სავსებით გაამართლებს.
ჩვენ გვსურს მეზობლობა და ახლო ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენში მყოფ ერებისა.
განსაკუთრებით ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ერის ტრაგედიას. ეს ერი არის სომხობა, რომელსაც არა აქვს თავის საკუთარი ტერიტორია რომ საკუთარი სახელმწიფო დაიარსოს.
მე მწამს, რომ საქართველოს ანდერძი დღესაც იქნება დაცული და ეს ტანჯული ერიც ჩვენში დღეს იპოვის მფარველობას, როგორც ამას პოულობდა უწინ ჩვენში, ჩვენს ბედნიერების დროს.
ჩვენ გვსურს მივიღოთ მეგობრულად ის სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვება ჩვენს გვერდით.
ჩვენ ვიცით, რომ მუსულმანობა ჩვენ მოგვბაძავს: დაიარსებს თავის ტერიტორიაზე ახალ სახელმწიფოს და შემდეგ ხელს გამოგვიწვდის, რომ შევადგინოთ ერთი სახელმწიფო (ტაში).
ამასთანავე ეს მეგობრული დამოკიდებულობა ჩვენს გარეშე მყოფ ერების მიმართ იქნება უფრო მკვიდრ საფუძვლიანი, მას ექნება უფრო მაგარი ძირი რომელზედაც გამაგრდება ჩვენი ნორჩი სახელმწიფო.
ამ სახელმწიფოს სხვა სახელმწიფონი არ ჩასთვლიან მოქიშპედ რომ მას თავიდანვე ჩასცენ წიხლი.
მაგრამ ჩვენ სახელმწიფოში არიან ერები, რომლებიც უმცირესობას შეადგენენ და აი სწორედ ეს უმცირესობანი იქნებიან ისეთივე უფლებებით მოსილნი, როგორც თვით ქართველები.
ეს ერნი შეერთდებიან ერთ დროშის ქვეშ და შემდეგ შეეცდებიან შეჰკრან კავშირი იმ ერებთან, რომლებსაც გავშორდით
დღეს. ამ გვარად წარმოიშვება ის სახელმწიფო, ის დიდი სახელმწიფო, რომელიც დღეს დაიმარხა. ეს სახელმწიფო იქნება ამიერ-კავკასიის კონფედერატიული კავშირი. და აი სწორედ, რომ ჩვენი იდიალი და სავლელი გზა იქნება კონფედერატიულ კავშირის შექმნა. მტრების წინააღმდეგ, რომლებიც ბევრნი იქნებიან ჩვენს გარშემო, ამ კავშირში შესული ერები წარსდგებიან ხელიხელ გაყრილები და ერთის ნებით იბრძვიან საერთო მტრის წინააღმდეგ. მაშინ იქნება ის, რის შექმნაც დღეს ჩვენ სეიმის სახით ვერ მოვახერხეთ.
კონფედერატიულ კავშირში შესული ერები თავს მოიყრიან ერთ დროშის ქვეშ.
ეს დროშა იქნება ამიერ კავკასიის ხალხთა ერთობა და მათი ძლიერება (ხანგრძლივი ტაში და ოვაცია)...
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
ნ. ჟორდანია. ეხლა, ნება მომეცით, გადავიდეთ იმ საგანზე, რომლისთვისაც ჩვენ დღეს აქ შევიყარენით.
ჩვენ გვაქვს შემუშავებული აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. მომეცით ნება, ეს აქტი იქმნას წაკითხული (ხმები: გთხოვთ.. გთხოვთ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!).
ჟორდანია კითხულობს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ხალხი ხანგრძლივ ტაშით ეგებება... (მოისმის ხმები გაუმარჯოს საქართველოს... ხალხს მიულოცეთ, ხალხს!.. დროშით... დროშით!.. გააქვთ აივანზე დროშა... ისმის ყიჟინი... ხანგრძლივი ტაში).
ნ. ჟორდანია. ნება მომეცით ახლა იგივე ტექსტი გამოვაცხადო რუსულად.
(გ. ვეშაპელი კითხულობს რუსულად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს).
ვთხოვ ხელი ასწიოს (ყველანი მომხრე არიან დამოუკიდებლობის). ვინაა წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქმნა მიღებული (ხანგრძლივი ტაში, ძახილი: გაუმარჯოს საქართველოს!).
ვთხოვ საბჭოს ყველა წევრებს, რომ კრების შემდეგ მოვიდნენ აქ და აქტს ხელი მოაწერონ. ეხლა ნება მიბოძეთ გაგაცნოთ დამოუკიდებელ საქართველოს დროებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც შედგენილ იქმნა ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის მიერ.
ნოე ჟორდანია კითხულობს (გთხოვთ, გთხოვთ!)
საქართველოს დროებით მთავრ. შემადგენლობა
თავმჯდომარე და შინაურ საქმეთა მინისტრი: ნოე რამიშვილი (ხალხი ხანგრძლივ ტაშით ეგებება ნოე რამიშვილს), საქართველოს საგარეო მინისტრი აკაკი ჩხენკელი (ხანგრძლივი ტაში), სამხედრო მინისტრი გრ. გიორგაძე (ტაში).
ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი გ. ჟურული. (ხანგრძლივი ტაში).
განათლების მინისტრი: გ. ლასხიშვილი (ხანგრძლივი ტაში).
მიწათ მოქმედების და შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი (ტაში).
იუსტიციის მინისტრი: შალვა მესხიშვილი (ტაში).
გზათა მინისტრი: ივ. ლორთქიფანიძე.
მინისტრები გამოძახილზე გამოდიან და მთავრობის ადგილს იჭერენ. (ხალხი ყველა მინისტრებს ხანგრძლივ ტაშით ეგებება).
ნ. ჟორდანია. სანამ ჩვენ შეუდგებოდეთ ახალ კანონების გამოცემას საჭიროა რომ თქვენ დაადასტუროთ უკვე გამოცემული კანონები. ვინაიდან ფინანსიური საქმე ძნელი მოსაგვარებელია დროებით სანამ ქართულ ფულს გამოვცემთ, მოქმედებაში დარჩება ამიერკავკასიის ფული.
შემდეგ, რომ სხდომებს მიეცეს კანონიერი ხასიათი, საჭიროა სამანდატო კომისიის არჩევა (ასახელებენ კომისიის წევრებს).
სამანდატო კომისია
სამანდატო კომისიაში არჩეულნი არიან: კიკნაძე, არსენიძე, მიქელაძე, იას. ლორთქიფანიძე, ანჯაფარიძე, პ. ქავთარაძე, გიორგი გვაზავა და ჩერქეზიშვილი.
ნ. ჟორდანია. დღევანდელი წესრიგი დასრულდა. ამ დღეებში ჩვენი მთავრობა თავის დეკლარაციით გამოვა.
საქართველო. - 1918. - მაისის 28. - N 102. - გვ. 1.
![]() |
2.3 საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები |
▲ზევით დაბრუნება |
სოც.-დემოკრატები: ჟორდანია ნ., წერეთელი ი., ჩხეიძე ნ., გეგეჭკორი ე., რამიშვილი ნ., რამიშვილი ი., ჩხენკელი ა., ჯიბლაძე ვ., გიორგაძე გ., ლომთათიძე ა., მახარაძე გ., არსენიძე რ., თევზაია ვ., ხომერიკი ნ., ერაძე გ., ანდრონიკაშვილი კ., ონიაშვილი დ., ანჯაფარიძე გ., ჩიხლაძე რ., გაგლოევი გ., ჯუღელი ვ., ახმეტელაშვილი ვლ. გვარჯალაძე კ., მაისურაძე ალ., გელეიშვილი პ., ჭიაბრიშვილი ა., კანდელაკი კ., ელიავა ნ., ტოროშელიძე მინ., ცინცაძე გ., ჯაფარიძე ს., სალუქვაძე ა., სალაყაია ი., კლიმიაშვილი მ., ნინიძე კ., ფარნიევი ა.,
თოფურიძე დ., დგებუაძე ა., ნათაძე ლ., მამულაიშვილი ა., ცინცაძე ნ., მგელაძე ვ., წულაძე ვ., რუსია მ., მახარაძე ნ., ლორია ფ., ჟღენტი ნ., ბადრიძე ი., შარაშიძე დ., ნინიძე ი., ცაბაძე ვ., იობაშვილი ნ., გოგელია ი., კიკვაძე თ., საბახტარიშვილი ნ., ურატაძე გრ., წულაძე იუ., თევზაძე ს., მარუაშვილი ი., დოლიძე ს., სადაგიშვილი გ., ელიაძე ს., მიკირტუმოვი ბ., ცინცაბაძე გრ., ვარდოიანცი მ., სოლოღაშვილი ო.
სოც.-ფედერალისტები: რცხილაძე გრ., ბარათაშვილი ი., ფირცხალავა ს., მდივანი ს., ბაქრაძე ი., წერეთელი ა., უზნაძე დ., დადიანი ს., გედევანიშვილი ი., ღლონტი თ., მიქელაძე შ., ნუცუბიძე შ., ჯაჯანაშვილი ა., ტოროტაძე ე., ფაღავა ა., კაუხჩიშვილი მ.
ნაციონალ-დემოკრატები: ნიკოლაძე ნ., ქიქოძე გ., გვაზავა გ., ამირეჯიბი შ., ვაჩნაძე დ., კედია ს., ვეშაპელი გრ., თაყაიშვილი ე., ქარუმიძე შ., ლორთქიფანიძე ი., წერეთელი ვ., ჯავახიშვილი დ., გაბაშვილი რ., მაჩაბელი მ., მაჭავარიანი ი.
სოც.-რევოლიუციონერები: მესხი კ., ნათაძე გრ., გობეჩია ი., აბაკელია ი., ჯავრიშვილი კ., შენგელია ლ., პანჩუაშვილი ნ., კაკაბაძე ი., ვარაზაშვილი ი.
რადიკალ-დემოკრატები: გიორგაძე დ., ჩიქოვანი დ., ახმეტელი ა.
უპარტიონი: აბხაზი კ., მაყაშვილი კ., ინგილოთაგან: ივანიცკი რ.
ერთობა. - 1918. - 1 ივნისი. - N 111. - გვ. 2.
![]() |
2.4 საზავო მოლაპარაკება |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება
ბათუმში ამ ჟამად სამი დელეგაციაა: ოსმალეთის, გერმანეთისა და ამიერ-კავკასიის. თვითეულ მათგანს აქვს მინიჭებული განსაზღვრული ინსტრუქციები. დღეს მათში თვალსაჩინო განხეთქილება ჰსუფევს, საერთო სხდომა სამ დელეგაციისა მხოლოდ ერთხელ მოჰხდა. ამის შემდეგ საერთო სხდომები არა ყოფილა და დელეგაციებმა ერთმანეთს ნოტები რამდენჯერმე წარუდგინეს. ამიერ-კავკასიის ოსმალეთთან დამოკიდებულების საკითხს რამდენიმე მიმდინარეობა აქვს. ერთი თანახმაა ბრესტის ხელშეკრულობისა, მეორე მოითხოვს კიდევ გაფართოვდეს ბრესტის ხელშეკრულობის მიერ მოპოებანი და ოსმალეთს კიდევ შემოუერთდეს ამიერ-კავკასიის ზოგიერთი ოლქები. მესამე ენვერ-ფაშის მეთაურობით მოითხოვს ამიერკავკასიის ოკუპაციას სანამ საკითხი საზავო კონფერენციაზე გადასწყდებოდეს. ამ სამ მიმდინარეობათა შორის განხეთქილებაა. შემდეგ ეს მიმდინარეობანი შეთანხმდნენ და ოსმალეთის დელეგაციას მისცეს ინსტრუქციები, რომლითაც მოითხოვენ: ახალციხის, ახალქალაქის, გუმბრის, ეჩმიაძინის და სურმალინის საზღვრების ოსმალეთთან შემოერთებას, ამიერ-კავკასიის რკინის გზათა ხელში ჩაგდებას, სურსათისა და ჯარისთვის, ომის დასასრულამდე და კიდევ სხვა და სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, რაც განამტკიცებს ოსმალთა უფლებას ამიერ-კავკასიაში. ეს მოთხოვნილებანი წაუყენეს ჩვენს დელეგაციას ბათომში.
ჩვენმა დელეგაციამ უპასუხა, რომ იგი საზავო მოლაპარაკებას ბრესტის ხელშეკრულობის მიხედვით აწარმოებს. ოსმალებმა განაცხადეს, რომ ამ ხელშეკრულობის მიღების შემდეგ ტრაპიზონში უთანხმოება მოჰხდა და მდგომარეობაც შეიცვალა. ჩვენი დელეგაცია ამტკიცებდა, რომ ბათომისა და ყარსის ოლქში მომხდარი შეტაკებები არ არღვევენ ბრესტის ხელშეკრულობას. ბრესტის მოლაპარაკების მეოთხე მუხლის თანახმად, ბათომის და ყარსის ოლქები უნდა გაეწმინდათ ჯარებისაგან და თვითგამორკვევაც უნდა მიენიჭებინათ. ოსმალეთმა კი თვითგამორკვევის გზაზე მდგარ ქვეყანაში ლაშქარი შეიყვანა და მით დაარღვია ბრესტის ხელშეკრულობა; ამისთვის, ამიერ-კავკასიას ნება ჰქონდა ამდგარიყო მის დასაცველად. ამის საპასუხოდ ოსმალთა დელეგაციამ განაცხადა, რომ ბრესტის ხელშეკრულობის მე-4 მუხლი განხეთქილებას ჩამოაგდებს საზავო მოლაპარაკებაში.
ოსმალეთში ამ ჟამად, სახელმწიფოს ძირითადი გარდაქმნა ჰხდება. დღემდე სახელმწიფოს საფუძვლად რელიგია იდო; ოსმალებიც ისლამის უკიდურესი ტრფიალნი იყვნენ.
ახალი მიმდინარეობა, რომელიც სახელმწიფოს საფუძვლად ედება არის პანთურქიზმი. მოთურქენი ადერბეიჯანელ თათრებს თურქებად ჰსთვლიან და აგიტაციას ეწევიან, ადერბეიჯანის ოსმალეთთან შემოსაერთებლად. ზემოდ მოხსენებულ ხუთი მაზრის ანექსიით ოსმალეთს ჰსურს სომხეთის საკითხის გადაწყვეტა. სომეხთა ეროვნულ ერთეულის შექმნა ამიერ-კავკასიაში აშინებს ოსმალეთს და ამისთვის ჰსურს ამიერ-კავკასიის სომხობის ნაწილი ოსმალეთს დაუქვემდებაროს. ბათუმში ჯერ არ არის ამიერ-კავკასიის ერთი მთლიანი დელეგაცია. არის ერთი ოფიციალი დელეგაცია, რომელიც ლაპარაკობს ამიერ-კავკასიის სახელით და თათრების რამდენიმე დელეგაცია, რომელიც სულ სხვანაირად ჰმოქმედობს, ვინემ ოფიციალი დელეგაცია. ესენი პირდაპირ იწვევენ ოსმალებს ამიერ-კავკასიაში. შთაბეჭდილება ისეთი გამოდის, თითქოს ჩვენი დელეგაცია გამომსახველია არა მთელი ამიერ-კავკასიის კვეთებისა და მისწრაფებისა, არამედ მხოლოდ სომხეთ-საქართველოსი. ესევე დიდად აძლიერებს ენვერ-ფაშის შანსებს, გერმანელთ მოსვლა ბათომში მოულოდნელად მოჰხდა, მას არც კი მისცეს ინსტრუქციები; მათი მოსვლა ოსმალებისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგანაც ამიერ-კავკასიასთან მოლაპარაკებას მხოლოდ კერძო საქმედ სთვლიან. გერმანელებს კარგად არცკი ჰქონდათ გაცნობილი ტრაპიზონის მოლაპარაკება და ამიერ-კავკასიის მდგომარეობა, ოსმალური ცნობები ასეთი იყო: „გეგეჭკორის რუსოფილური მთავრობა დაეცა“. გაიმარჯვა ჩხენკელის „თურქოფილურ მთავრობამ“. გერმანელებს ეგონათ, რომ მთელი ამიერ-კავკასია თურქოფილურ განწყობილებაშია. ბათომში საქმის ვითარება გამოარკვია სეიმის წევრმა ბერნშტეინმა. გერმანეთის დელეგაციამ ინსტრუქციები მიიღო, რომლითაც მტკიცედ უნდა დაეცვათ ბრესტის ხელშეკრულობა. გერმანელების ასეთი პოზიცია ორი მიზეზით აიხსნება. გერმანელებს ჯერ ეშინიათ დაარღვიონ ბრესტის ხელშეკრულობა, რადგანაც იგინი ვეღარ ისარგებლებენ მისით საზავო კონფერენციაზე. გერმანელებს ჰსურთ, რათა ოსმალთა მთელი ძალა დაგროვდეს მესოპოტამიის ბრძოლის ველზე ინგლისელების წინააღმდეგ. კავკასიაში ოსმალებს კარგა ჯარი ჰყავს დაბანდებული, ეს კი ხელს უშლის მესოპოტამიის ოპერაციებს. გერმანელები ოსმალების მხოლოდ ერთ მოთხოვნილებას ადასტურებენ მტკიცედ, სახელდობრ, ამიერ-კავკასიის რკინის გზის მოთხოვნას ჯარის გადასხმისთვის. რკინის გზების მმართველობას ოსმალებს ვერ ჩაუგდებენ ხელთ.
მათის აზრით მმართველობას უნდა განაგებდეს ამიერ-კავკასიის, ოსმალეთის და გერმანელ წარმომადგენელების შერეული კომისია. ამიერ-კავკასიის რკინის გზის საკითხი გერმანელთა აზრით გადასწყდება, მხოლოდ ამიერ-კავკასიის და ოსმალეთის შერიგების შემდეგ. დღეს კი, სამივე დელეგაცია ერთმანეთს უდგენს ნოტებს. ნოტებს პრაკტიკული მნიშვნელობა არა აქვთ. ხოლო ფრიად საჭირონი არიან მომავალ კონფერენციისათვის. საზავო ხელშეკრულობასთან ერთად ოსმალები თანდათან შედიან ბრძოლად ამიერ-კავკასიაში. მათ ჰსურთ ჩვენ და გერმანელები დაგვაყენონ დაპყრობის ფაქტის წინაშე. ოსმალეთის დელეგაციისაგან ყოველ დღე ულტიმატუმს ელიან. ოსმალეთის ულტიმატუმს, ამ ჟამად გერმანული ნოტები აჩერებდა. ოსმალეთის დელეგაციას ჰსურს აიძულოს ამიერ-კავკასია დათმობაზე და უარაყოფინოს ბრესტის ხელშეკრულობა. ჩვენი დელეგაცია დაჟინებით მოითხოვს ბრესტის ხელშეკრულობის საფუძველზე საქმის წარმოებას. გერმანულმა დელეგაციამ შუამდგომლობა იკისრა. ჩვენ შევთანხმდით. გერმანულმა დელეგაციამ გამოსთქვა აზრი, შეკრულიყო ჯერ წინასწარი ზავი ბრესტის მოლაპარაკების საფუძველზე, დანარჩენზე კი სტამბოლში მოელაპარაკათ.
გერმანელები მოითხოვენ მოლაპარაკების სტამბოლში გადატანას, როგორც უფრო შესაფერისს ადგილში. თავის ინსტრუქციების მიხედვით, ოსმალეთის დელეგაციამ იუარა ეს წინადადება. ალბათ ამ დღეებში ულტიმატუმს წამოაყენებს. ჩვენ, ან უნდა მივიღოთ ულტიმატუმი, ან ომი განვაახლოთ. ულტიმატუმის მიღებას მხარს არავინ უჭერს; იგი უფლებებს წაგვართმევს საზავო კონფერენციაზე. გამარჯვებაც არ ძალგვიძს. ამის გამო გაერთიანებული ამიერ- კავკასია ხაფანგში ჰყვება. მთავრობა და სეიმი იშლება. ულტიმატუმის მიღებას თათრები შესაძლებლად სცნობენ. ამრიგად ფაქტიურად, - ამიერ-კავკასია აღარ არსებობს. ერთი კონტრაგენტთაგანი უკვე გამოვიდა.
ოსმალეთს არ მოსწონს ამიერ-კავკასიის მთლიანობა. თათრები ულტიმატუმისთვის მზად არიან. ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღება, არ ძალგვიძს სომხის ერი მტერს მივსცეთ ხელში. ერთიანი ამიერ-კავკასია ჰღაფავს უკანასკნელ დღეებს. შეიძლება შემდეგ შეიქმნას ამიერ კავკასიის კონფედერაცია, მაგრამ ახლა კი იშლება. დღეს თვითეულმა ეროვნულ ერთეულმა თვით უნდა იზრუნოს თავის მართვა-გამგეობაზე. კერძოდ, სომხებს დღეს არსებობის დაცვა მოუხდებათ. უნდა მიჰმართონ რომელიმე ძლიერ ძალას თავის დასაცველად. ჩვენთან მხოლოდ ერთი ძალაა - გერმანეთი. ამისთვის უნდა მიემართოს მას. ჩვენ ვართ მოწმენი ოსმალთა შემოტევისა და ამიერ-კავკასიის ერთიანობის რღვევისა. ენვერ-ფაშის პარტიას ჰსურს შეჰკრას ამიერ-კავკასიის ადერბეიჯანი სპარსეთთან თავის ძმის მეთაურობით. ენვერის ძმა, აფიცერი ნია-ზიმ-ბეი თავის ასკერებით უკვე შევიდა განჯაში. ოსმალებმა მოითხოვეს ყველა რკინის გზებზე კონვენცია. მათ უარით შეჰხვდნენ. შემდეგ ითხოვეს გუმბრის და ჯულფის რკინის გზების კონვენცია. ჩვენი დელეგაცია დასთანხმდა, კერძო კონვენციას ჩვენ და ოსმალთა მოსაზღვრე ჯარების შორის. ამ კონვენციას პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს. საზავო დელეგაციის წევრნი - „მუსავატელები“ გვარწმუნებენ, რომ ისინი მზად არიან საშველად, მაგრამ უმწეონი არიან ხალხის მოძრაობის წინააღმდეგ.
სომეხთა და მაჰმადიანთა წარმომადგენლები შეთანხმდნენ საზღვარზე. შესაფერი განცხადებით მიჰმართეს ოსმალთა მისიას, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. „მუსავატელები“ სხვანაირად იქცევიან. ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სულაც არ მოდის და ოსმალეთის დელეგაციასთან ერთად ჰმუშაობს. ოსმალებს ჰსურთ ბაქო ჩაიგდონ და ადერბეიჯანის დედაქალაქად გახადონ. გერმანეთი მტკიცედ ადგია ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობას, იგი სცნობს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ სცნობს მას რუსეთი. ბერლინიდან მოსულ ცნობით, სახალხო კომისართა საბჭო კვლავ განიხილავს თავის ურთი-ერთობას დამოუკიდებელ ამიერ-კავკასიასთან. ოსმალებიც ახლა ამბობენ, რომ დამოუკიდებელ ამიერ-კავკასიას არ სცნობენ. სცნობენ მხოლოდ ამიერ-კავკასიის მთავრობის დამოუკიდებლობას.
საქართველო. - 1918. - მაისის 29. - N 103. - გვ. 2.
![]() |
2.5 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას სიტყვა
16 ივნისი; საღამოს სხდომა
[...] მოქალაქენო! ორი დღეა თქვენ მოუსმინეთ მრავალ ორატორებს. თვითეულ ფრაქციიდან ილაპარაკა რამდენიმე ორატორმა. მხოლოდ ჩვენი ფრაქციიდან ილაპარაკა მარტო ერთმა. ეს შემთხვევითი მოვლენა არაა. ჩვენც გვყავს ისეთი ორატორები მაინც, როგორიც აქ გამოდიოდენ. მაგრამ ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა ყველა ფრაქციებისათვის და გვეთქვა, - ეს მართლა პარლამენტია, თუ ემსგავსება სეიმს. მე ამ მხრით კმაყოფილი ვარ. აქ ითქვა ის, რაც ცხოვრებაში არის. მაშასადამე, ეს ნამდვილი პარლამენტია. მე ამას არ ვაწერ მემარჯვენეების პირად თვისებებს. დღემდის ისინი გაჩუმებული იყვენ, აწარმოებდენ მუსავატელების პოლიტიკას. ახლა რომ სეიმი იყოს, მუსავატელებიც ამას იტყოდენ. ჩვენში დღეს არიან გერმანელი აფიცრები და ახლო-მახლო ოსმალეთის ფაშები (ტაში). მხოლოდ ეს გამოიცვალა. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, და სწორედ დღევანდელ ჩვენმა მდგომარეობამ გამოარკვია ჩვენი მემარჯვენეები.
რა მოხდა?
ჩვენ მოვისმინეთ აქ მთავრობის დეკლარაცია. აქ ყველაფერი თითქმის ძველია, ახალია მხოლოდ ის, რომ ვამბობთ, - დავიცავთ დამოუკიდებლობასო. ეს არის მთავარი საკითხი. მას მთავრობა უმორჩილებს სხვა კითხვებს. ამიტომ იმ პარტიამ, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიაჩნია თავის მთავარ მოთხოვნილებად, მხარი უნდა დაუჭიროს დეკლარაციას. მაგრამ თუ სხვა მუხლი შეადგენს მის მთავარ მოთხოვნილებას, რა თქმა უნდა, ამ მუხლს ვერ ანაცვალებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ასეთი მუხლი ყოფილა მუხლი აგრარულ საკითხის შესახებ.
მე-19 საუკუნის ისტორია აგრარულ საკითხის გარშემო ტრიალებს. ამ საკითხმა დაასამარა ძველი საქართველო. ახლა ამ საკითხითვე ახალ საქართველოს უპირებენ დასაფლავებას. ვიცით, რომ ახლანდელი მდგომარეობა ძლიერ წააგავს მე-18 საუკუნის მიწურულის მდგომარეობას. მაშინაც უცხო ძალასთან შევკარით კავშირი და როცა ეს ძალა ჩაერია შინაურ საქმეებში, შინაურ თვითმართველობასაც ბოლო მოეღო.
მერე ვისი პოლიტიკით მოხდა ეს?
თქვენ იცით ზურაბ წერეთლების მოქმედება. ამ ერთ წოდებას ყოველთვის თავის სასწორზე გადაქონდა ერის ინტერესები. აგრარული კითხვა არის - ეროვნულ-დემოკრატებისათვის მთავარი კითხვა და მათ სთქვეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ესმით როგორც აგრარულ საკითხის გადაუჭრელობა. მაგრამ ავიწყდებათ მათ, რომ მაშინ არ იყო ის ძალა, რომელიც გაუმკლავდებოდა ფეოდალებს. მაშინდელი საქართველოს დაცემა იყო ფეოდალების დაცემა. და ასეთ საქართველოსთვის ხალხმა არ დაღვარა სისხლი. დღევანდელი საქართველოს დაცემა კი იქნება დემოკრატიის დამხობა (ეროვ.-დემოკრატები ადგილიდან: „მართალს ამბობთ“). ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. თუ მართალს ვამბობ, თქვენ ხომ იცით, რომ ხალხს არ სურს თქვენსავით გადასჭრას აგრარული საკითხი. თქვენ ამ საკითხს თქვენდა სასურველათ პარლამენტარულის გზით ვერ გადასჭრით. მაშინ უნდა მიმართოთ არა პარლამენტარულ გზას. ეს გზა არ იქნება ჩვენი ერის საზღვრებში.
თქვენ ამბობთ, საჭიროა ჯარიო. მერე ვინ არის ამის წინააღმდეგი? გერონტი ქიქოძეს, რომელიც ჩვენთან იყო, - თუმცა მაშინაც არეულ-დარეულ ფრაქციაში (ბალშევიკების ფრაქციაში ვინ არ ირიცხებოდა), - მაინც უნდა ახსოვდეს, რომ ომის დროს ჩვენი შეხედულებითაც არის ჯარი საჭირო (ტაში). ჩვენი რეგულიარული ჯარი არ წავა ჩვენს წინააღმდეგ. იგი ხალხის შვილებისაგან შესდგება. თქვენ მას ვერ დაეყრდნობით. თქვენ უნდა მონახოთ გარეშე ძალა. მაშინ ვიტყვით, რომ გადალახეთ ჩვენი საზღვრები და დაიწყეთ ის, რაც უკრაინაში მოხდა.
თქვენ ამბობთ, ჩვენ შევქმენით ეს პალატაო. მე აქ მაგონდება ერთი ცხოველი, რომელმაც სთქვა, მეც ვხნავდიო. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ეს პალატა შექმნა რევოლიუციამ და არა ვეშაპელმა (ტაში).
დღეს ასეთი დილემა გვიდგას წინ: ვისაც სურს აგრარული რეფორმების ცხოვრებაში გატარება, მას სურს, რომ რესპუბლიკა იყოს სუვერენული; ვინც წინააღმდეგია აგრარული საკითხის გადაჭრის, მას არ სურს, რომ ჩვენი რესპუბლიკა იყოს სუვერენული. თქვენ იცით, რომ ომის დროს თქვენს მიერ ნაკურთხი ზოგიერთი წრეები ოცნებობდენ, ეგება ოსმალეთის ფაშები მოვიდენო. აქ დაიწყეს ლაპარაკი ჩვენს „ცოდვებზე“; თითქოს ისეთი ცოდვები მიგვიძღოდეს, რომლებიც სამუდამოთ უნდა დავფაროთ. ეჭვი არ არის, ყველა პარტიას აქვს შეცდომა. მაგრამ რაც აქ ჩვენს საწინააღმდეგოთ ბრალდებები წამოაყენეს, - ეს ჩვენს ღირსებად მიგვაჩნია. ქიქოძემ აქ გვისაყვედურა, ბალშევიკები შეავიწროვეთო. ჩვენ სულაც არ გვიკვირს, როცა ბალშევიკებს ეროვნულ-დემოკრატები იცავენ. მეორე ბრალდება წამოგვიყენეს, - ომი გამოუცხადეთ ოსმალეთსო. ესეც ჩვენი ღირსებაა და არა ცოდვა, ვინაიდან ამის ბრალია, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით და არა ფაშების ხელში. უკვირთ, თქვენ როგორ შეგიძლიათ სახელმწიფოებრივი მუშაობა აწარმოვოთო. მაგრამ ფინლიანდიის მთავრობა ხომ ნიკოლოზის დროსაც სოციალისტური იყო; შვეიცარიის ზოგიერთ კანტონების მთავრობებიც სოციალისტურია; გერმანიის ერთი სამთავროს მთავრობაც დღემდის სოციალისტური იყო. თქვენ გგონიათ, რადგანაც მთავრობა სოციალისტურია, მან უნდა განახორციელოს სოციალიზმიო. ეს ბალშევიკური შეხედულებაა და ადვილად წარმოსადგენია, რომ ქიქოძეს, როგორც ყოფილ ბალშევიკს, ასეთი შეხედულება წამოეყენებიოს (ტაში). ჩვენ კი ასე არ გვესმის. როცა ვამბობთ, როცა სხვაგან განხორციელდება იგი ჩვენშიაც-თქო. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა დავანებოთ ბურჟუაზიას და ვეყმოთ მას. ჩვენ ბურჟუაზიულ საზოგადოებაშიც გვაქვს საქმე. უნდა განვახორციელოთ ჩვენი პროგრამა მინიმუმი. თქვენ ამბობთ, როგორ შეგიძლიათ ააგოთ ბურჟუაზიული წყობილებაო. ეს მართალია. მარა არის წყობილებაც და წყობილებაც. ვერ ავაგებთ ეკონომიურ წყობილებას, მარა პოლიტიკურ წყობილებას - კი. თქვენ გინდათ, ჩვენში იყოს პოლიტიკური წყობილება გერმანიის, ჩვენ კი გვინდა - შვეიცარიის. თქვენ გინდათ მონარქიული წყობილება, ჩვენ გვინდა დემოკრატიული წყობილება. თქვენ გინდათ ასე და ხალხი ამიტომ არ მოგყვებათ. ამიტომ არ გვეშინია ჩვენ, რადგანაც გვინდა განვამტკიცოთ პოლიტიკურ-დემოკრატიული წყობილება.
ეროვნულ-დემოკრატები არ არიან ბურჟუაზიის წარმომადგენლები. მე ვწერდი ერთხელ, რომ ეს პარტია ეყრდნობა ორ კლასს და მალე გამოირკვევა, საით წავა-თქო. დღეს გამოირკვა, რომ იგი აგრარიებს იცავს. აგრარულ საკითხის გადაჭრას ბურჟუაზია არ ეწინააღმდეგება; საფრანგეთში თვითონ ჩამოართვა მიწები მემამულეებს. სამწუხაროდ, ჩვენს ბურჟუაზიას კიდევ არ ყოლია პარტია. აქ ბევრი ილაპარაკეს დღეს ჩვენი ამხანაგის - ირ. წერეთლის წინააღმდეგ. თურმე მან დაღუპა იქ ერთი ქვეყანა, აქ - მეორე და ახლა მესამეს ღუპავს. ეს დაღუპვა თურმე იმაში გამოიხატება, რომ მან მოიმოქმედა ის, რასაც ნამდვილი სარდალი მოიმოქმედებს. ნამდვილი სარდალი კი ასე იქცევა: როცა იგი ერთ პოზიციას წააგებს, გადადის მეორე პოზიციაზე, მეორედან - მესამეზე, და ასე ბოლომდის. ხოლო ეროვნულ-დემოკრატები პირველ პოზიციის დაკარგვისთანავე გარბიან. ამხ. წერეთელმა წააგო ერთი პოზიცია (ვეშაპელი ადგილიდან: „ახლა ოსეთში მიდის“). დიახ, მიდის იმიტომ, რომ დაუკავშიროს ოსები საქართველოს მაშინ, როცა თქვენ ამ საქართველოს ძირს უთხრით (ტაში). მარა ოსები თქვენს საქართველოს არ დაუკავშირდებიან: ისინი დაუკავშირდებიან ჩვენს საქართველოს (ტაში). გვისაყვედურებენ, ბრესტ-ლიტოვსკში არ წადითო, და თან ვითომ წინააღმდეგობაში დაგვიჭირეს. წერეთელმა სთქვა, ქართველი ხალხი კეთილშობილებას ვერ უღალატებდა და იმიტომ ვერ წავედითო; ხოლო გეგეჭკორმა განაცხადა, აქ ბალშევიკების ჯარი დგას და ვერ წავალთო; და ეროვნულ-დემოკრატები გვეკითხებიან, რომელს დაუჯეროთ, წერეთელს თუ გეგეჭკორსო. ეს წინააღმდეგობათ მიაჩნიათ. აქედან კი მხოლოდ ის სჩანს, რომ ერთის მაგივრად ორი საბუთი ყოფილა (ტაში). თქვენ კი გინდოდათ, მაგრამ დემოკრატიამ არ მისცა ნება ბალშევიკებს აქ შემოსულიყვენ, და ამას ვშვებოდით იმიტომ, რომ აქამდე მოვსულიყავით. თქვენ რომ ყოფილიყავით სათავეში, დღეს ჩვენი ქვეყანა აოხრებული იქნებოდა.
მაჭავარიანმა აქ მოღალატეობა დაგვწამა. ეს უსამართლოთ იყო ნათქვამი ირ. წერეთლის მიმართ. თქვენ იცით, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ჩვენ მაშინ არ შეგვეძლო წასვლა. ამ პოლიტიკას მაშინ ბ. მაჩაბელიც იწონებდა: - ოღონდ ამ ჯარებიდან*) გაგვათავისუფლეთ და არაფერი არ გვინდაო, - ამბობდა.
დღეს ჩვენთვის საჭირ-ბოროტო კითხვა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენობის დაცვაა, და ეს სუვერენობა იქნება მხოლოდ დემოკრატიული (ხმები: „ვერ შეგვაშინებთ!“). ახლა, რა თქმა უნდა, ძნელია თქვენი შეშინება: ჯარი ახლოს არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ისე გაჩუმდებით, როგორც იყავით გაჩუმებული ფრეილინის ქუჩაზე**) (ტაში).
ეროვნულ-დემოკრატების პოლიტიკა არის პოლიტიკა სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომისა. ვისაც სურს განახორციელოს თავის მოთხოვნილებები არა კენჭის ყრით, არამედ სხვა გზით, - იგი სამოქალაქო ომის მოციქულია (ეროვნულ-დემოკრატები ადგილიდან: „ამინ!“). ამიერიდან ეცოდინება ჩვენს ხალხს, ვინ არის სამოქალაქო ომის გამომწვევი (ტაში). იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხი ბრძოლაში გამოცდილია. მან იცის დამსჯელი რაზმები, მაგრამ მან არ დაუთმო თავისი პოზიცია ნიკოლოზის ჯალათებს და, რა თქმა უნდა, არ დაუთმობს არც ჩვენს საცოდავ ეროვნულ-დემოკრატებს (ხანგრძლივი ტაში) [...]
ვ. აღათიშვილი
ერთობა. - 1918. - 19 ივნისი. - N 124; N 125. - გვ. 1, 2.
____________
*) ე.ი. ბალშევიკურათ განწყობილ ჯარებისაგან, რომლებიც მაშინ იდგენ თფილისიდან მესამასე ვერსზე და აოხრებით ემუქრებოდენ ჩვენს მხარეს.
**) ე.ი. ეროვნულ საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.
![]() |
2.6 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანიას გამოსვლა
24 ივნისის სხდომა
[...] ნ. ჟორდანიას გამოსვლას მთელი დარბაზი ცხარე ტაშის ცემით ხვდება.
მოქალაქენო, საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრნო!
ჩვეულებათ არის მიღებული, რომ ახალი მთავრობა წარმოადგენს ახალ დეკლარაციას თავის მოქმედების შესახებ. მე არავითარ დეკლარაციას არ წარმოვადგენ. ის ცვლილება, რომელიც დღეს აქ მოხდა, არ არის პოლიტიკური ხასიათის. დღეს არავის დაუწუნებია ის დეკლარაცია, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინეთ მთავრობამ გამოაქვეყნა. მინისტრებად რჩებიან ისინი, ვინც იყვნენ დღემდის. რაც შეეხება მინისტრთა ამხანაგებს, იქ ცვლილება მოხდება და საბოლოოდ გამოირკვევა ხვალ. ეს ახალი კაბინეთი იქნება ორგანო ძალთა კონცენტრაციის, შეერთების. ჩვენ გვაქვს ერთი პარლამენტი და უნდა გვქონდეს ერთი აღმასრულებელი ორგანოც.
დღემდე მთავრობას არ ჰქონდა ყველა ფუნქციები, არსებობდა სხვადასხვა რევოლიუციონური ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებდენ ზოგიერთ სახელმწიფოებრივ ფუნქციებს.
დღეს უნდა შეიქნას ერთი ორგანო, რომელიც გააერთიანებს ყველა ორგანოებს ერთ ცენტრში. რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა გამოსთქვეს სურვილი, სახელმწიფოებრივი ფუნქციები გადასცენ მთავრობას.
თუ მთავრობამ ვერ გაართვა თავი მართვა-გამგეობის საქმეებს და ფუნქციები ჯეროვნად ვერ შეასრულა, მაშინ ისევ რევოლიუციონურ ორგანიზაციებში გადავა ზოგიერთი სახელმწიფოებრივი ფუნქციები. ჩვენი ორგანო უნდა იყოს მარტივი და მასთან სწრაფი - არც ნამეტანი სიჩქარე ვარგა, მაგრამ არც დაგვიანებაა სასურველი. ამ მხრივ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ სოფლის ცხოვრების მოწყობაში და ამიტომაა, რომ ზოგიერთ ადგილას სოფლები ანარქიამ მოიცვა. ქალაქებმა კი, სადაც კულტ. და პოლიტიკური ცენტრები იყო, შესძლეს თავისი მართვა-გამგეობის საქმეების მოწყობა; აგრეთვე იმ სოფლებმაც, სადაც კულტურული ძალები იყო და ქალაქების ახლოს მდებარეობდენ, თავს უშველეს, მოაწყვეს მართვა-გამგეობის საქმეები; ხოლო ის სოფლები კი, რომლებიც ამ მხრივ ჩამორჩენილი იყვნენ, ანარქიის ბუდეთ გადაიქცენ. ჩვენ ეხლავე უნდა მივაქციოთ ამ სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება და ანარქიას გამოვაცალოთ ნიადაგი; აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აგრარულ კანონს. ჩვენ აგრარული კანონი გვაქვს, მაგრამ ის ცალმხრივია, რადგანაც იქ აღნიშნულია, თუ ვის რამდენი ჩამოერთვას და რამდენი დაურჩეს; მაგრამ ვის მიეცეს - გლეხებს თუ სახელმწიფოს - ამის შესახებ უნდა გამოიცეს კანონი. მეორეთ, ჩვენს სოფლებში არ არის სასამართლოები - გლეხმა არ იცის, ვის მიმართოს. კულტურულ სოფლებმა მოაწყვეს რევოლიუციონური სასამართლოები. იქ კი, სადაც შეუგნებელი გლეხობა იყო, გლეხმა აიღო თოფი ხელში და თვითონ გაუსწორდა მოწინააღმდეგეს. საჭიროა დაუყონებლივ სასამართლოების შექმნა. უნდა შემოღებულ იქნას ერობა. ამ რიგათ, ჩვენ გამოვაცლით ნიადაგს იმ ანარქიას, რომელსაც ადგილი აქვს დღეს სოფლად. აგრეთვე ჩვენ მიგვაჩნია, პირველ საჭიროთ შევქმნათ იძულებითი კანონი. თუ ეს არ გატარდა ცხოვრებაში, მაშინ მთავრობა თავის მიზნებს ვერ განახორციელებს. ამას წინეთ ჩვენ მივიღეთ კანონი სახალხო გვარდიის შესახებ, მაგრამ ეს არ კმარა. სახალხო გვარდიას უნდა მივმართოთ მხოლოდ განსაკუთრებულ საჭიროების დროს. თუ გვარდია მუდმივ აქ იქნა, ეს შეაფერხებს მრეწველობას, მუშაობას, ვინაიდან გვარდიაში მყოფი ხალხი მუშებია. საჭიროა შევქმნათ მუდმივი ჯარი და გვარდია გავუშვათ სამუშაოთ. ასეთია მოკლედ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ამ ახლო მომავალში. ეს მაშინ შეიძლება, როცა პარლამენტთან ერთად სხვა ძალებიც შემოკრბებიან მთავრობის გარშემო. მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ან მთლად განვამტკიცებთ დემოკრატიულ რესპუბლიკას, ან მთლად დავიღუპებით. ბედი რევოლიუციონური ორგანიზაციებისა და მთავრობისა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია: ერთის დაღუპვა მეორის დაღუპვაც არის და ამიტომ მათ ხელიხელ ჩაკიდებული უნდა იარონ (ტაში). [...]
აკ. ს-უა.
ერთობა. - 1918 წ - 26 ივნისი. - N 130. - გვ. 1, 2.
![]() |
2.7 ნ. ჟორდანიას სიტყვა წარმოთქმული წითელი გვარდიის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
21 ივნისი
მოქალაქენო, საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრნო! სამხედრო კომისიის დავალებით მოგახსენებთ შემდეგს: სამხედრო კომისიამ სახალხო გვარდიის დაარსების კანონ პროექტი მიიღო საბჭოს პრეზიდიუმისაგან, ხოლო საბჭოს პრეზიდიუმს გადაეცა იგი ს.-დ. ფრაქციის მიერ, სამხედრო კომისიამ ეს კანონ პროექტი მიიღო მთლად ცოტაოდენი ცვლილებით.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აქ ჩამოვარდა ეგრედწოდებული ბალშევიკური საფრთხე. თფილისის აღმასრულებელმა კომიტეტმა თავს იდვა შეედგინა წითელი გვარდია. ამ მიზნით მან მიმართა მუშებს; მუშები მოწოდებას დიდის თანაგრძნობით შეხვდენ და სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში 1000 კაცამდე ჩაეწერა. დაისვა საკითხი, როგორ შევაიარაღოთ მუშები. მივმართეთ სამხედრო უწყებას. ამ განზრახვას ბევრი წინააღუდგა, მათ შორის იყვენ ს.-რევ; ისინი ამბობდენ, რევოლიუციის დაცვა ჯარის საქმეა, რევოლიუციის დაცვა ეკუთვნის რევოლიუციონურ ჯარს. ამნაირად მუშებსა და ჯარისკაცთა შორის ჩამოვარდა შურისძიება. მთავარმა აღმასრულებელმა კომიტეტმა თავისი დადგენილება მაინც სისრულეში მოიყვანა: 500 თოფი მიიღო არსენალიდან, შემდეგ აიღო კიდევ ორდერი 500 თოფის გამოსატანად არსენალიდან. მაგრამ, როდესაც მივიდენ თოფების წამოსაღებათ ჩვენგან გაგზავნილი ჯარისკაცები ხელცარიელი დაბრუნდენ, იარაღის მიცემაზე უარი უთხრეს. მაშინ ახლად დაარსებული გვარდია იძულებული იყო ერთს საღამოს არსენალი დაეკავებინა.
არსენალის დაკავების შემდეგ გარნიზონსა და მუშებს შორის კონფლიქტი მოხდა. ამიერიდან არსენალი გვარდიის ხელში გადავიდა, რამაც თანდათან გააღრმავა უთანხმოება და შუღლი მობალშევიკე სალდათებსა და მუშებს შორის. გვარდია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესდგა პირველათ თფილისში. ასეთივე წესით მოეწყო პროვინციებში. აქაც დაარსდა შტატები მაგ, თელავში, გორში, სიღნაღში, სამტრედიაში, ხაშურში, ერთის სიტყვით საქართველოს უმთავრეს დაბა-ქალაქებში შესაძლებელი შეიქმნა გვარდიის მოწყობა; ძნელი შეიქმნა მხოლოდ გვარდიის მოწყობა თათრებით დასახლებულ ადგილებში: ერევნის, განჯის გუბერნიებში. და აი ეს გვარდია მედგრად იცავდა რევოლიუციას და მის მიერ მოპოვებულ თავისუფლებას, ებრძოდა ბალშევიკურ საფრთხეს და ყოველგვარ ანარქისტულ გამოსვლებს აქრობდა.
თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ნავთლუღში დაბანაკებულ ყარსის პოლკს განზრახვა ჰქონდა თფილისი აეღო და ამიერ-კავკასიის კომისარიატს ულტიმატუმი წარუდგინა 24 საათ. განმავლობაში გადამდგარიყო, მაგრამ ამ ულტიმატუმზე ჩვენმა მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა უპასუხა, რომ იგი მუშათა ინტერესების დასაცავად მზათ არის იარაღით ხელში გაუმკლავდეს ყარსის პოლკს, რომელიც ილაშქრებს რევოლიუციონურ მთავრობის წინააღმდეგ. ყარსის პოლკს ასეთი პასუხი გაუკვირდა. ჩვენ გვითხრეს, ვითომც მთავრობა მუშების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდეს, კონტრ რევოლიუციას ემსახურებოდეს და თუ მუშები მთავრობას ნდობას უცხადებენ, ჩვენ არა გვეთქმისრა. ამნაირად, ჩვენმა მორალურმა გავლენამ ყარსის პოლკის მეთაურებზე და უმთავრესად კი პოლკის შემადგენლობაზე იმოქმედა, გასტეხა. ყარსის პოლკი ნავთლუღიდან წავიდა და ამ ნაირად გვარდიამ საფრთხეს გადაგვარჩინა. თქვენ გახსოვთ, რომ თფილისის ეშელონი ეშელონზე აწვებოდა, მაგრამ გვარდიის დახმარებით საფრთხეს თავიდან ვიშორებდით და ეშელონებს რუსეთში ვისტუმრებდით. ამ ნაირად გვარდიამ მოსალოდნელ ბოლშევიკურ საფრთხეს გადაარჩინა თფილისი და შედარებით წესიერება დაამყარა.
ბალშევიკურმა გამოსვლებმა თავი იჩინა სოფლებში და დაბა ქალაქებშიაც მაგ. თელავში, გორში, ქუთაისში, ცხინვალში და სხვაგან. ყველა ამ ადგილებში წითელი გვარდია ებრძოდა აჯანყებულ ბრბოებს და მშვიდობიანობას ამყარებდა. წითელ გვარდიამ ფრონტზედაც ისახელა თავი; ერთი სიტყვით, როგორც შიგნით, ისე გარეთ დიდი სამსახური გაგვიწია და, თუ დღეს ჩვენში რევოლიუციის მონაპოვარით ვსარგებლობთ და თავისუფლება შედარებით უზრუნველყოფილია, ეს სავსებით უნდა მიეწეროს წითელი გვარდიის მოქმედებას; რევოლიუციის დაცვა რომ თავს არ ედვა თფილისის მუშათა ორგანიზაციებს, დიდი ანარქია იქნებოდა გამეფებული, როგორც სამოქალაქო ომის სახით, ისე ნაციონალურ ნიადაგზე. შემდეგ, როცა ოსმალეთთან ხელშეკრულების თანახმად ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება ყოველგვარი ბრბოების გაფანტვისა, რათა ამით თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საფრთხე მშვიდობიანობის დასამყარებლათ, დადგა კითხვა: რას ნიშნავს ეს „ბანდები“, რომლის შესახებაც ოსმალეთის მთავრობა იუწყება. ეს წითელი გვარდია, რომელიც აქამდის ასე დიდ სამსახურს გვიწევდა და რომელიც დაკანონებული არ არის, ხომ არ შედის ამ ცნობაში. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ერთგვარი იურიდიული მხარე უნდა მივსცეთ საკითხს და გვარდია დავაკანონოთ, როგორც მთავრობის მიერ აღიარებული ძალა, როგორც შინაური, ისე გარეშე მოსალოდნელ საფრთხესთან საბრძოლველად. სწორედ ამ მოსაზრებით სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ შეიმუშავა კანონ-პროექტი წითელი გვარდიის შესახებ, ეს კანონ-პროექტი წარუდგინა პრეზიდიუმს, რომელმაც თავის მხრივ გადასცა სამხედრო სექციას განსახილველად და დღეს თქვენ მოისმენთ ხსენებული სექციის მიერ განხილულ კანონ პროექტს. ამ კანონ პროექტით გვარდიაში ეწერებიან მხოლოდ ის პირნი, რომელნიც არ არიან ვალდებულნი სამხედრო უწყებაში იმსახურონ, გარდა ამისა გვარდიაში მონაწილენი არ უნდა იყვენ ჩირქმოცხებულნი. სისხლის სამართლით დასჯილნი, არამედ უნდა იყვენ იდეიით აღჭურვილნი პირნი, რევოლიუციის ერთგულნი დამცველნი. ამ პროექტით გვარდიის არსებობა არამც თუ ავნებს მუდმივ ჯარს, არამედ დაეხმარება მას, და ყოველთვის ხელი-ხელ ჩაკიდებული იმოქმედებს მასთან ერთად, როგორც ფრონტზე გარეშე მტერთან საბრძოლველათ, ისე შიგნით ანარქიისა და ექსცესების ჩასაქრობად. ამნაირად, გვარდია იქნება ერთგვარი რეზერვი ჩვენი მუდმივი ჯარისა. გვარდია ემორჩილება ცენტრში მთავარ შტაბს, ხოლო რაიონებში რაიონულ შტაბებს. საჭირო ხარჯს გვარდიის შესანახად კისრულობს მთავრობა. ჩვენი მიზანია გვარდია თანდათან გავაფართოვოთ და ამნაირად ნიადაგი მოვუმზადოთ მომავალ სახალხო მილიციას, რომელსაც ადგილი ექნება, როცა მშვიდობიანობა დამყარდება. გარდა ამისა კანონ-პროექტში ერთი მთავარი მუხლი გვაქვს რომლის ძალითაც გვარდია ექვემდებარება მინისტრთა თავმჯდომარეს, რომელსაც უფლება ეძლევა საჭიროების დროს გამოიწვიოს გვარდია. ასეთივე უფლება ენიჭება ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარესაც. ამით უზენაესი პოლიტიკური უფლება გვარდიის შესახებ ენიჭება მთავრობისა და საბჭოს თავმჯდომარეებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში რაიონულ შტაბებს უფლება ენიჭებათ თავის შეხედულებისამებრ, როცა სასწრაფო ზომებია მისაღები საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თვითონ მოახდინოს სათანადო განკარგულება. აი მთავარი მუხლები იმ კანონ - პროექტისა, რომელიც თქვენ მოგხსენდებათ. ჯერ უნდა ვიმსჯელოთ საერთოდ კანონ - პროექტის შესახებ, შემდეგ, როცა ეს საკითხი გადასწყდება, საბჭო შეუდგება მის მუხლობრივ განხილვას (ტაში).
ერთობა. - 1918. - 28 ივნისი. - N 132. - გვ. 1, 2.
![]() |
2.8 თფ. მუშ. და ჯ. კ. დეპუტატების საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს ნ. ჟორდანია
24 ივლისის სხდომა
[...] ნ. ჟორდანია: ამხ. სანამ მოვისმენდეთ წერეთლის მოხსენებას საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, ნება მიბოძეთ, გაცნობოთ შემდეგი: მუშ. და ჯარ. დეპ. საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ საგრძნობი ცვლილება მოხდა საბჭოს აღმ. კომიტეტში და აგრეთვე მთავრობაში. აღმ. კომ. თავისი აღმასრულებელი ფუნქციები გადასცა მთავრობას, სახალხო გვარდიაც მთავრობის განკარგულებაში გადავიდა.ზოგიერთი წევრები აღმასრულებელი კომიტეტიდან შევიდენ მთავრობაში. აღმასრულებელი კომიტეტი დაადგა თავის ნამდვილ გზას: მან მოკიდა ხელი საერთოდ მთავრობის მოქმედების კანტროლს, პროპაგანდას და რევოლიუციონური იდეების გავრცელებას ფართო მასაში. ეს ცვლილებანი შემთხვევითი ხასიათის არ არის. ისინი გამომდინარეობენ იმ შეხედულებიდან, და პოზიციიდან, რომელიც ჩვენ დავიკავეთ რევოლიუციის პირველ დღიდან. ჩვენ მაშინვე დავსვით კითხვა, როგორ უნდა მოეწყოს ახალი წესწყობილება? ვინ უნდა იკისროს ამ საქმის მოგვარება? ახალი საზოგადოება უეჭველად უნდა მოეწყო იმ ძალებს, რომლებიც არსებობდა ძველ საზოგადოებაში - ეს იყო პროლეტარიატი და ბურჟუაზია. ამ ორ კლანს უნდა ეკისრა ახალი ცხოვრების მოწყობა - განმტკიცება, სანამ წყობილების აშენებას შევუდგებოდით, ჩვენ მივაქციეთ ყურადღება საზოგადოებრივ ურთიერთობას-განვითარებას. ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით, რომ რუსეთში დამკვიდრებულიყო დემოკრატიული წყობილება მაგრამ იმ ხალხისთვის, რომელიც აღიზარდა ბიუროკრატიულ საზოგადოებაში მეტის მეტად ძნელი იყო ამ მისიის შესრულება და ვფიქრობდით, რომ დემოკრატიული წყობილების დამყარება და გამტკიცება უნდა იდოს თავს მოწინავე საზოგადოებამ, რომელიც უნდა გახდეს რევოლუციის ავანგარდათ. ასეთი როლის შესრულება აუცილებლად უნდა ეკისრა მუშ. და ჯარ. საბჭოებს, ჩვენ ამ ნიადაგზე ვიდექით როგორც აქ, ისე რუსეთში, მაგრამ ბალშევიკური რუსეთი წავიდა ნაკლები წინააღმდეგობის ხაზით, აირჩიეს უფრო იოლი გზა და ხალხიც გაიყოლიეს. ცხადია, ეს უფრო ადვილი იყო, ვინემ პოლიტიკურად აღზრდა მასისა და დემოკრატიული იდეების გავრცელება - განმტკიცება მასში. ჩვენ ვიცოდით, რომ შეუგნებელ ხალხს შეუძლია რევოლიუციის დაღუპვა, ამის მაგალითი ჩვენ მოგვცა საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ, რომელიც იმპერიით გათავდა, ინგლისის დიდმა რევოლუციამაც სასტიკათ დამარცხება იგემა. და ჩვენ ვფიქრობდით რომ ამ მწარე გაკვეთილების შემდეგ რუსეთის რევოლიუცია არ წავა იმ გზით, რა გზითაც საფრანგეთის და ინგლისის რევოლიუცია წავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ აქაც ვხედავთ, რომ ხიშტების საშვალებით ბატონობენ სხვა და სხვა ცალკე ჯგუფები. პირველად ყოვლისა, ამ ჯგუფებმა დაანგრიეს და ფეხ ქვეშ გათელეს დემოკრატიული დაწესებულებები: ქალაქის თვითმმართველობა და სხ. მხოლოდ ჩვენ აქ შევძელით დაგვეცვა თავი ასეთი განადგურებისაგან. თქვენ იცით, რომ ჩვენში საბჭოები დიდ რევოლუციონურ საქმეებს აკეთებდენ და მათ ყოველ წუთში ქონდათ საშვალება მთელი ძალა-უფლება ხელში ჩაეგდოთ და თავისი თავი გამოეცხადებია მთავრობათ , მაგრამ ეს მათ არ ჰქნეს იმიტომ, რომ მათ იცოდნენ საქმე იმაში კი არ არის ძალა-უფლება ხელში ჩაიგდო, და მდგომარეობის ბატონ - პატრონი გახდენ, არამედ იმაშია, რომ მთელი ხალხი, მასსა გახდეს თავისი ბატონ - პატრონათ. გამოდიოდნენ რა ამ შეხედულებიდან, საბჭოები აკეთებდენ რევოლუციონურ საქმეებს, ორგანიზაციებს. აი, ხსენებული ცვლილებანი გამომდინარეობენ ჩვენი მთავარი დებულებიდან და შეხედულებიდან რევოლიუციაზე. უკანასკნელ დროს ჩვენს წინააღმდეგ მრავალი მტრები ისხამენ ფარ - ხმალს და საბჭოები ფიქრობენ, რომ თუ არ მოხდა ძალთა გაერთიანება, კონცენტრაცია მაშინ ყველა ჩვენ დავმარცხდებით და აქ მოვლენ ბატონ - პატრონებათ სულ სხვა ხალხნი. აი, სწორეთ ამის თავიდან ასაცთენათ გადავწყვიტეთ შეგვექნა ერთი ძლიერი დემოკრატიული ცენტრი - მთავრობა. და თუ ეს მთავრობა დამარცხდა, მაშინ დამარცხებულნი ვიქნებით ჩვენც. საკითხია, შევსძლებთ თუ არა ამ მდგომარეობის შენარჩუნებას. რომ ამის გაკეთება შესძლოს დემოკრატიამ, ის უნდა იყოს პოლიტიკურათ აღზდილი, მას უნდა ჰქონდეს შესაფერი უნარი და გამოცდილება. ჩვენ აღმოგვაჩნდა ასეთი უნარი და გამოცდილება შედარებით სხვებზე მეტი და იმის მეოხებითაა, რომ ჯერჯერობით შევინარჩუნეთ რევოლიუციის მონაპოვრები მაშინ, როცა ვლადივოსტოკიდან დაწყებული შავი რეაქცია და ანარქია რუსეთში გამეფებულა. მხოლოდ გაერთიანებულ დემოკრატიულ მთავრობას შეუძლია შეინარჩუნოს და განამტკიცოს დემოკრატიული წყობილება. [...]
ერთობა. - 1918. - 26 ივლისი. - N156. - გვ. 3.
![]() |
2.9 სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება
1. შესავალი
პირველად საქართველოს სოციალ-დემოკრატიას უხდება მთავარი როლის ასრულება თანამედროვე სახელმწიფოს აშენების საქმეში. ჯერ არსად არ ყოფილა ასეთი მაგალითი. დღემდე სოც.-დემოკრატია მხოლოდ ღებულობდა მონაწილეობას კანონების გამოცემაში, ან როგორც სახელმწიფოს ბატონ პატრონი - მაგ. ფინლანდიაში, შვეიცარიის ზოგიერთ კანტონებში, გოტის სამთავროში, და უმრავლესობაზე ახდენდა ერთგვარ ზეგავლენას, რომ გამოცემულიყო კანონები სოციალ დემოკრატიის მსოფლმხედველობასთან შეფარდებით. მე-19 საუკუნეში შეიქმნა ზოგიერთი ახალი სახელმწიფოები ძველ სახელმწიფოებიდან გამოყოფით: მაგ. ბელგია გამოეყო ნიდერლანდს, სერბია, ბულგარეთი და სხვ., ბალკანეთის სახელმწიფონი - ოსმალეთს, იტალია - ავსტრო უნგრეთს და სხვ., მაგრამ ეს სახელმწიფონი შექმნეს ბურჟუაზიულმა პარტიებმა, ხოლო სოციალ-დემოკრატია ადგენდა თავის მინიმალურ მოთხოვნილებებს და თანდათანი ბრძოლის საშვალებით აუმჯობესებდა ამ სახელმწიფოთა მდგომარეობას.
ჩვენ კი სახელმწიფოს ვაშენებთ არა მარტო კანონების გამოცემით, არამედ - ჩვენი სისხლითაც. ჩვენი სახალხო გვარდია და შეგნებული მუშები, როგორც თფილისისა ისე პროვინციის, განსაკუთრებით თფილისის - აი, ვინ არის ნამდვილი სახელმწიფოს აღმშენებელი. ჩვენც და მათაც უფლება აქვთ იკითხონ: რათ და რისთვის, რომელი იდეალების გულისთვის ვღვრით სისხლს და ვმუშაობთ დაუღალავათ საქართველოს სახელმწიფოს აშენების საქმეში? ჩვენ ვართ არა მარტო სახელმწიფოს უბრალო ამშენებლები, არამედ - სოც. დემოკ. მშენებლები ე.ი. ჩვენ ვართ ისეთი ხალხი, რომელიც განსაზღვრული პოლიტიკური აზრით და მიზნებით ვაწარმოებთ პოლიტიკას. ამიტომ ისმება კითხვა: როგორ მოვათავსოთ ერთად სოციალ დემოკრატიული მსოფლმხედველობა და მუშაობა ბურჟუაზიულ დაწესებულებათა შესაქმნელად. როგორ მოვახერხოთ, რომ ამ პროცესში პარტია არ გადაცდეს თავის გზას და არ გადაიქცეს წვრილ ბურჟუაზიულ პარტიად.
ზოგიერთი ჩვენი ამხანაგები გაზეთ „სოციალ დემოკრატიდან“ ჭეშმარიტების გზიდან ჩვენს აცდენას ხედავენ იქ, სადაც ეს არ შეეძლო დაენახა არას დროს არა თუ საღათ მოაზროვნე სოც.-დემოკრატს, არამედ - უბრალო, გულწრფელ დემოკრატს. - ეს შემცდარი გზა მათის აზრით საქართველოს დამოუკიდებლათ გამოცხადების ფაქტიდან მტკიცდება. მათ სერიოზულად დაიწყეს დავა თვითგამორკვევის უფლების პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარების ნიადაგზე. როგორც ეტყობა, ინტერნაციონალის ამგვარ მოთხოვნას სასიცოცხლო მნიშვნელობას არ აკუთვნებენ.
ნამდვილათ კი სოციალ დემოკრატიული გზიდან აცდენის შესაძლებლობას პარტიისთვის შეიცავს არა ეს აქტი, არა დამოუკიდებლობის გამოცხადება, ვინაიდან ასეთ ნაბიჯს სოციალისტს შეუძლია მხოლოდ მიესალმოს, არამედ - ასეთი გზიდან აცდენა მოსალოდნელია თვით სახელმწიფოს შენების პრაქტიკულ ნიადაგზე. მარქსისტისთვის მხოლოდ აქ შეიძლება დაიბადოს ეჭვი და გაუგებრობა, ამიტომ აქეთკენ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, მაშ, რისთვის ვაშენებთ ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს?
2. სახელმწიფო საზოგადოთ
სახელმწიფო, მენგერის გამოკვლევით არის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა შეერთება, რომლებიც საერთო მთავრობის ქვეშ იმყოფებიან. ეს ასე ვსთქვათ სახელმწიფოს შემეცნების გარეგნული განსაზღვრაა, რომელიც არაფერს არ ამბობს მის შინაგან შინაარსზე. აქედან მხოლოდ ის სჩანს, რომ დამახასიათებელი ნიშანია ყოველი სახელმწიფოსი - მცხოვრებნი, ტერიტორია და მთავრობა. იქ, სადაც არ მოიპოვება ერთი აქ მოყვანილი ნიშანთაგანი, არ არის არც სახელმწიფო. მაგრამ ჩვენ, მარქსისტებმაც ვიცით, რომ სახელმწიფო საზოგადოების კლასებად დაყოფის ნიადაგზე აღმოცენდა და სახელმწიფო არის პოლიტიკური ორგანიზაცია გაბატონებული კლასებისა. ასეთია სახელმწიფოს ბუნება. სახელმწიფოსთან შესაძლებელია იყოს ორნაირი დამოკიდებულება: უარყოფითი და დადებითი, ე.ი. ან უნდა უარვყოთ სახელმწიფო, როგორც ჩვენთვის უკეთური, მზაკვარი, როგორც ამას ანარქისტები სჩადიან, ან უნდა ვაღიაროთ სახელმწიფო საზოგადოების განვითარების უმთავრესს ფაქტორად და ვეცადოთ გამოვიყენოთ ის საკუთარი მიზნებისათვის, როგორც სოციალისტები შვრებიან. პროლეტარიატი სავსებით სდგას სოციალიზმის თვალთახედვის ისარზე და იბრძვის თავის გასათავისუფლებლათ ამ ძალის დასაპატრონებლათ.
ჩვენ კი საქართველოში როცა ეს ძალა გვაქვს, შეიძლება სახეში ვიქონიოთ სოციალური რევოლიუცია, როგორც მიზანი და როგორც ისტორიული პერსპექტივა, და არა, როგორც პირდაპირი პრაქტიკული საგანი. ამ პერსპეკტივით განვსხვავდებით ჩვენ ყველა ბურჟუაზიულ პარტიებისაგან, რომელნიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო დაწესებულებათა აშენების საქმეში იმ მიზნით, რომ განამტკიცონ კაპიტალისტური საზოგადოება და გაამუდმივონ დაქირავებული შრომა. ამ რიგათ ჩვენ სახელმწიფოს უყენებთ გარკვეულ ნათელ მიზანს: საზოგადოების სოციალურ ნიადაგზე გარდაქმნას. მაგრამ, როცა ამ მიზნისაკენ მივისწრაფით, მაშინ აუცილებლათ უნდა გავიაროთ საჭირო პოლიტიკ-ეკონომიური საფეხურები. ამ საფეხურებს ჩვენ გვერდს ვერ ავუხვევთ, ვერც ნახტომებს გავაკეთებთ, ამის უფლებას ისტორია არ იძლევა. ეს საფეხურები შემდეგია: ძველი რეჟიმის დამხობა და ახალი დემოკრატიული წყობილების დამყარება. კაუცკი ამბობდა, რომ პირველი ნაბიჯები ძლევა მოსილი პროლეტარიატისა იქნება არა სოციალური გადაკეთება, არამედ დემოკრატიულ დაწესებულებათა დამკვიდრება, პროგრამა მინიმუმის ცხოვრებაში გატარება და შემდეგ კი თანდათან პროგრამა მაქსიმუმზე გადასვლა მხოლოდ ჩვენმა თავისებურმა სოციალისტებმა, რომელნიც ჯერ კიდევ არ არიან თავისუფალნი ნაროდნიკული ცრუმორწმუნოების ბადისაგან, პირველი საფეხური უკანასკნელ საფეხურათ ჩასთვალეს, დემოკრატიული რევოლიუცია სოციალურ რევოლიუციად მიიღეს, როგორც ეს 1848 წ. საფრანგეთში ბლანკის და ლუი ბლანის სკოლის სოციალისტებმა მოიმოქმედეს. ერთი სიტყვით ბალშევიკებმა მოინდომეს ერთი საფეხურიდან მეორეზე გადახტომა, ერთი შეხტომით ძველი რეჟიმის სამეფოდან სოციალიზმის სამეფოში შესვლა, გვერდი აუხვიეს დემოკრატიას, მოატყუეს ისტორია, მაგრამ თვითონ დარჩენ მოტყუებულნი. დემოკრატიის უარყოფით მიიღეს არა სოციალიზმი, არამედ ვანდალიზმი.
სახელმწიფოს თავისთავად მიზანი არ აქვს, მას მიზანს აძლევს ის კლასები, რომელთაც ის ხელში უჭირავთ. ძველი რეჟიმის დროს, თავად აზნაურობის ბატონობის ხანაში სახელმწიფოს მიზანი თავად აზნაურული იყო, ეხლა კი ბურჟუაზიის ბატონობის ხანაში მიზანიც ბურჟუაზიულია. ე.ი. ის მოქმედებს იმ კლასების სასარგებლოთ, რომელნიც არიან მისი ბატონ-პატრონი, მაგრამ სახელმწიფო თავის პატრონებისათვის მოქმედობენ მხოლოდ ისტორიულ შესაძლებლობის ფარგლებში. თუ კი, მაგალითად ინგლისის სახელმწიფოს მოვახვევთ თავზე თავად-აზნაურულ მიზნებს, მაშინ ამ მიზნების გატარება შეუძლებელი შეიქნებოდა და აქედან გამოვიდოდა ან რევოლიუცია, ანუ ანარქია. ბალშევიკების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ შეითვისეს არამც თუ მარქსიზმის ელემენტარული ჭეშმარიტება, არამედ მთელი ის მეცნიერებაც, რომ საზოგადოება როგორც ბუნების ნაწილი, მოძრაობს აუცილებელი იტორიული კანონების თანახმათ და წარმოიდგინეს გაუსწორებელი იდეალისტებსავით, რომ შეიძლება სახელმწიფოს როგორიც გვინდა ისეთი მიზანი დაუყენო, ის მას განახორციელებს. ამ წინააღმდეგობამ, რომელიც არსებობდა ბალშევიკურთა მიერ რუსეთის სახელმწიფოსადმი წარდგენილ მიზანსა და მის განხორციელების შეუძლებლობაში, გამოიწვია რუსეთის სახელმწიფოს დანგრევა და საუკუნეობით შექმნილ ქონების დატაცება.
აი ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს პატრონებმა, რათაც უნდა დაგვიჯდეს, მაინც უნდა დავახწიოთ თავი ამ დამღუპველ წინააღმდეგობას ისე, რომ ოპორტიუნიზმში არ ჩავვარდეთ. ეჭვი არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ბურჟუაზიულ საზოგადოების ფარგლებში, ასეა თუ ისე, ემსახურება ბურჟუაზიის ინტერესებს. ამას ვერას გზით თავს ვერ დაახწევს საქართველოს სახელმწიფო. ამისათვის თავის დაღწევა - ეს უტოპია და ამიტომ ჩვენ ამას სრულიად არ ვცდილობთ. მაგრამ არა უტოპია, არამედ რეალურ შესაძლებლობას ვისახავთ მიზნათ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც რაც შეიძლება მეტს იმოქმედებს ნაკლები მქონე და არა მქონე კლასების ინტერესებისათვის. ამ მიზნის მიღწევა შეადგენს ჩვენს საქმეს, სანამ ჩვენ ძალა-უფლება ხელში გვაქვს. შესაძლებელია თუ არა ამას მივაღწიოთ? შეიძლება ჩვენც მიზნათ ახალ უტოპიას ვისახავთ, ვნახოთ.
3. ქართველი საზოგადოების სტრუქტურა
სახელმწიფო იქმნება არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობისაგან და ის იცვლება ამ ურთიერთობის შეცვლის თანახმად. სახელმწიფოებრივ ურთიერთობის მხრივ საქართველო არის TABULA ZASA (სუფთა ფიცარი), ის არ არის შებოჭვილი არც ნაციონალურ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიით, არც დამკვიდრებული სახელმწიფო ტრადიციებით. ჩვენი სახელმწიფო მოკვდა ასი წლის წინეთ, მისგან არაფერი არ დარჩენილა, რუსულ სახელმწიფოებრივობა ჩვენ უარვყავით, ერთი სიტყვით, ჩვენ პოლიტიკურათ არაფრით არა ვართ შებოჭვილი სახელმწიფოს აშენების საქმეში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი ჟინიანობით შეგვიძლია ვაშენოთ ყველა ის, რაც მოგვესურვება. ჩვენ აქ გვბორკავს კლასობრივი სტრუქტურა ნაციისა და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ურთიერთობანი. რევოლიუციამ საბოლოო მახვილი ჩასცა საქართველოში ისედაც შერყეულ თავად-აზნაურულ წოდებას და მას მამულებიც ჩამოაცალა, სოციალ-დემოკრატიის დაუდეგარი ბრძოლის მეოხებით პოლიტიკურად ეს წოდება რევოლიუციამდეც დაუძლურებული იყო. მისი აღდგენა ეკონომიურად და რამოდენიმეთ პოლიტიკურათ შეუძლია მხოლოდ გარეშე ძალას, ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობით, რადგანაც შიგნით საქართველოში ამ წოდებას არა აქვს არავითარი ნიადაგი და ძალა, რომ რევოლიუციის მონაპოვრებს ლიკვიდაცია უყოს. ყველა ის, ვინც წინააღმდეგია ჩვენი დამოუკიდებლობის და მომხრეა გარეშე ძალის, ჩვენს შინაურ საქმეში ჩარევის, აკეთებს კონტრ რევოლიუციონერების და თავად-აზნაურულ მიწათმფლობელობის საქმეს. სკოროპადსკები ჩვენში არ შეიძლება იყოს, რადგანც არ არის ის კლასი, ანუ ფართო წრე „ხლებორობებისა“, რომელთაც შეძლება ქონდეთ სოციალური ნიადაგი მოუმზადონ რეაქციას.
ერთი სიტყვით, თავად აზნაურობა, როგორც სოციალური ძალა, ქართველ ერს ჩამოსცილდა, და ამ მკვდარ სხეულს რასაკვირველია, არ შეუძლია შექმნას ბაზა შინაური კონცენტრაციისათვის. მას ან ზოგიერთ მის გავლენიანი წევრთ შეუძლიანთ ასრულონ ერთგვარი უარყოფითი როლი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რადგანაც, რა წამს რუსეთში ცარიზმი აღსდგება, ეს დრო კი შორს არ არის, ჩვენი თავად-აზნაურობა მას დასახმარებლად მოიწოდებს.
მხოლოდ ამ მხრივ წარმოადგენს ეს ჩამოგდებული წოდება საშიშროებას.
საქართველოში არ არის ძლიერი ბურჟუაზია, რომელსაც შეძლება ქონდეს აიღოს ხელში ძალა უფლება და ააშენოს თავის მსგავსი სახელმწიფო. ეს კლასი იმდენათ სუსტი და განუვითარებელია, რომ ვერ შესძლო ბურჟუაზიული პარტიის დაარსებაც.
ნაციონალ-დემოკრატები ამ მისიაზე აცხადებენ პრეტენზიას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად-აზნაურობის პარტია არიან. როგორც ხედავთ ეს ორი კლასი - თავად-აზნაურობა და ბურჟუაზია ქართულ საზოგადოებაში არ არის; ისინი პოლიტიკური მკვდრები არიან.
ამ რიგათ ჩვენში არ არის სოციალური ნიადაგი რეაქცია რესტავრაცია, ანუ მონარქიული კონსტიტუციისათვის.
ქართველი ერი შესდგება: მრავალრიცხოვან გლეხებისაგან, რომელთა 90 პროცენტი ბინის ნაკლებობას განიცდის, იძულებულია იჯარით აიღოს მიწა მფლობელისაგან, ანუ ბიუჯეტის შესავსებათ სხვადასხვა ქალაქებში უნდა ეძიონ სამუშაო. თუნდაც ყველა ის მიწები, რომელსაც კონფისკაცია ვუყავით, დავურიგოთ გლეხებს, ისინი მაინც იძულებულნი იქნებიან სხვა გარეშე სამუშაო ეძიონ, რადგანაც მარტო იმ მიწის შემოსავლით ვერ გამოკვებავენ თავიანთ ცოლშვილს.
მაგრამ ამ მიწების გლეხებისადმი გადაცემა ხომ საუკეთესო უზრუნველყოფაა რევოლიუციონური მონაპოვრების და დემოკრატიის ბატონობის.
შემდეგ არის ქალაქის „მეშჩანები“, - ანუ წვრილი ბურჟუაზია, საკმაოთ მრავალრიცხვოვანი, რომლის დიდი უმრავლესობა გლეხობიდან არის წარმოშობილი და თან ატარებს გლეხობის ანტიმემამულეთა მისწრაფებებს და თვისებებს - ეს კლასი პოლიტიკურად ეკედლება რევოლიუციონურ კლასებს, სოციალურად დაინტერესებულია მრეწველობის და მსხვილი კაპიტალის განვითარებაში, რადგანაც მას არ გამოუცდია მსხვილი ბურჟუაზიის დამრღვევითი გავლენა, ამიტომ ეს კლასი არ შეიძლება იყოს ამ ხანად მოციქული სოციალური რეაქციის.
შემდეგ მოდის მუშათა კლასი, გლეხებთან შედარებით მცირე რიცხვოვანი, მაგრამ ყველაზე უფრო შეგნებული და ორგანიზაციულად მოწყობილი. როგორც რევოლიუციამდე, ისე რევოლიუციის დროსაც მთელი გლეხობა და წვრილი ბურჟუაზიის ნაწილი მას მისდევდა და სცნობდა მის პოლიტიკურ გეგემონიას.
ამ რიგათ საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობა ეწყობა სამი დემოკრატიული კლასისაგან: მუშათა, გლეხობის და წვრილი ბურჟუაზიის, რომელიც შეადგენენ საძირკველს საქართველოს სახელმწიფო შენობისათვის. ამ პირობებში შეიძლება სახელმწიფო იქნეს დემოკრატული, ანუ სულ არ იქნება.
ასეთ საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებას ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ადერბეიჯანში, სადაც ოსმალეთის მეოხებით ძალა უფლება მიწათმფლობელთა ხელშია, ვერც სომხეთში, სადაც ბურჟუაზია საკმაოდ ძლიერია, ხოლო გლეხობა პოლიტიკურათ ნაკლებათ შეგნებულია, ვერც რუსეთში, სადაც ბალშევიკების ავანტიურის მეოხებით რეაქციისათვის ნიადაგი მომზადებულია. ერთი სიტყვით, საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებრივი ურთიერთობა კლასობრივი სტრუქტურის მიხედვით ერთიანად განირჩევა ასეთივე ურთიერთობისაგან მეზობელ სახელმწიფოებისა. სხვათა შორის, ეს განსხვავება არსებობდა რევოლიუციამდეც, რაზედაც მე არა ერთხელ დამიწერია წინეთაც.
ყველა დემოკრატიული რესპუბლიკები დაიბადენ ისეთ სოციალურ ურთიერთობაში, როგორიც არის ჩვენში. შვეიცარიის და ამერიკის რესპუბლიკები აღმოცენდნენ ისეთ დროში, როცა ბურჟუაზია არ იყო განვითარებული და არ წარმოადგენდა მსხვილ სპეციალურ ძალას, ხოლო თავად აზნაურობა არ იყო. კონვენტის მისწრაფებანი საფრანგეთში დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისაკენ მიმართული დაამსხვრია უკვე წამომდგარ თავად აზნაურობამ, გაძლიერებულ ბურჟუაზიამ და გლეხობის ჩამორჩენამ. დღევანდელი საფრანგეთის რესპუბლიკა დემოკრატიული არ არის, როგორც ამას ქვევით დავინახავთ. კონვენტს რომ მოეხერხებია თავისი დემოკრატიული კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარება, მაშინ ბურჟუაზიული კლასები იძულებულნი იქნებოდენ მიეღოთ ის, როგორც ფაქტი, და განვითარებულიყვენ ამ კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც ეს ქნა ამერიკის და შვეიცარიის ბურჟუაზიამ.
საქართველოშიაც, ხომ განვითარდება ძლიერი ბურჟუაზია, მაგრამ ის დაინახავს უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის ფარგლებში ის ვითარდებოდა და რომელსაც ის შეესისხლხორცა.
მე ვსთქვი, რომ გლეხების როლის პირველი ცდა - საფრანგეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარების შესახებ - გლეხთა უძრაობამ, ჩამორჩენილობამ დაამსხვრია მეთქი. საფრანგეთის გლეხობამ ორჯერ დაასამარა რესპუბლიკა: ჯერ ამოირჩია ნაპოლეონ I და 50 წლის შემდეგ კი მთელი ძალა-უფლება გადასცა ნაპოლეონ III.
პრუსიაში 1848 და 49 წ.წ. რევოლიუცია დაასამარა იმავე გლეხობამ, რომელმაც წარმოიდგინა, რომ მემამულენი ერთხელ და სამუდამოთ განდევნილია სოფლებიდან და მთელი მიწები ხელში იგდო, და ამიტომ რევოლიუციონურ მოძრაობას პასიურად შეხვდა. გლეხებს არ ესმოდათ (როგორც ჩვენს ბალშევიკებს), რომ მიწების კონფისკაცია და მათ ხელში გადასვლა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, დამფუძნებელმა კრებამ უნდა დააკანონოს, თავისთავად კი მიწის დატაცება არაფერ გარანტიას არ იძლევა. როცა რეაქციამ ქალაქებში გაიმარჯვა, შემდეგ სოფლებშიდაც გადავიდა და ძველი წყობილება აღადგინა.
ჩვენში კი, საქართველოში რესპუბლიკას და რევოლიუციას შესაძლებელია მოელოდეს შიგნიდან ერთად ერთი საფრთხე გლეხებისაგან. ამ საფრთხის ნიშნები უკვე არის.
რაშია საქმე? გლეხობა, რომელიც ვითომ და რევოლიუციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალად არის მოწოდებული, რათ ასამარებს მას?
დემოკრატია - ეს ხალხის პოლიტიკური ბატონობაა, ეს პოლიტიკური თვითმართველობაა; ე. ი. ისეთი წყობილებაა, რომლის დროს ხალხმა უნდა გამოიჩინოს უნარი და ნიჭი, რომ თავისი თავი თვითონ მართოს, განაგოს, უნდა იყოს თავის თავისი ბატონ პატრონი. თუ რომელიმე კლასი, ანუ ნაწილი ხალხისა ამისთვის გამოსადეგი არ არის, დემოკრატიული წყობილება მისთვის მიუღებელია. ასეთი კლასია გლეხობა. რატომ? ამაზე ბრწყინვალე პასუხს იძლევა კ. მარქსი. ის სწერს: „პარცელიარული, კარლიკური (парцелярные, карликовые крестьяне) გლეხობა შეადგენს დიდ მასსას, რომლის წევრები სცხოვრობენ ერთნაირ პირობებში, მაგრამ ურთიერთ შორის არ ამყარებენ რომელიმე მჭიდრო და რთულ დამოკიდებულებას; მათი წარმოების საშუალება არამც თუ არ აერთებს მათ, არამედ პირდაპირ აშორებს მათ ერთმანეთს. ეს იზოლიაცია ძლიერდება იმით, რომ საფრანგეთში ცუდი მიმოსვლის საშვალებებია და გლეხობაც ძლიერ ღარიბია. დასამუშავებელი მინდორი არ მოითხოვს შრომის განაწილებას, არც მეცნიერების მოხმარას, ცხადია არ თხოულობს ყოველმხრივ განვითარებას, განსაკუთრებულ ნიჭის გამოჩენას და რთულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას. თითეული გლეხის ოჯახი თითქმის იკმაყოფილებს თავს თავის ნაწარმოებით და თავის საარსებო საშვალებების ძებნაში. ბუნებასთან უფრო იჭერს დამოკიდებულებას, ვინემ საზოგადოებასთან. მიწის ნაჭერი - გლეხი და მისი ოჯახი, გვერდით მეორე ნაჭერი, მეორე გლეხი და მეორე ოჯახი. განსაზღვრული ჯამი ასეთი ოჯახებისა შეადგენს სოფელს, სოფლებთა ჯამი კი - დეპარტამენტს.
„ამ ნაირათ უმრავლესობა საფრანგეთის ერისა შედგენილია ერთგვარ სიდიდის უბრალო მიმატებით, როგორც კარტოფილით სავსე ტომარა - ცალ-ცალკე კარტოფილებით. რამდენათ მილიონი ოჯახები არსებობენ ისეთ ეკონომიურ პირობებში, რომ თავის ცხოვრების შინაარსით, განვითარებით, ინტერესებით, განირჩევიან სხვა კლასებისაგან, ან და მტრულ განწყობილებაში არიან მათთან, მაშინ ისინი შეადგენენ ერთ კლასს. მაგრამ, რამდენათ მცირე მიწის პატრონ გლეხებს შორის არსებობს ლოკალური კავშირი, რამდენათ მათი ინტერესთა მზგავსება, ერთიანობა არ ამყარებს არავითარ საზოგადოებრივობას და ერთობას, ნაციონალურ გაერთიანებას და პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმდენათ ისინი არ შეადგენენ კლასს. ამიტომ მათ არ შესწევთ ძალა თვითონ დაიცვან პარლამენტში, ანუ რომელიმე კონვენტში თავისი საკუთარი კლასობრივი ინტერესები; ისინი თავის თავს ვერ წარმოადგენენ, ისინი სხვამ, გარეშემ უნდა წარმოადგინოს. მათი წარმომადგენელი იმავე დროს უნდა იყოს მათი ბატონი, ავტორიტეტი, რომელიც აღჭურვილ იქნება უსაზღვრო ძალა უფლებით, იცავს მათ ყველა სხვა კლასებისაგან და უგზავნის მათ ზევიდან წვიმასაც და მზის სხივებსაც. პოლიტიკური გავლენა მცირე მიწის პატრონ გლეხებისა პოულობს თავის უაღრესს გამოხატულებას იმაში, რომ აღმასრულებელი ძალა იმორჩილებს საზოგადოებას“.
როგორც ხედავთ, წარმოების საშუალება, გლეხური მიწათმფლობელობა და მიწის დამუშავება ქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიაც გლეხობის გაერთიანება და პოლიტიკური ბატონობა შეუძლებელია. მოძრაობაში ის მონაწილეობას იღებს, როგორც ვეებერთელა დამრღვევი ძალა, რომელიც სწვავს და ანგრევს მემამულეთა ქონებას, სჩადის მკვლელობასაც, მაგრამ ყველა ამაში გლეხობა მონაწილეობას იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს მიწა. როცა ის ამ მიზანს მიაღწევს და მიწას ხელში ჩაიგდებს, შემდეგ მას არავითარი პოლიტიკური კითხვა არ აინტერესებს (როგორც ეს მოხდა პრუსიაში 1848-49 წლებში).
ეს ცოტაა. ისინი ხშირად ილაშქრებენ რევოლიუციონური მთავრობის წინააღმდეგ და თავის დამრღვევ ძალას დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართავენ. ამის კლასიკური მაგალითი ვანდეიაა. შევჩერდეთ ცოტახანს ამ მაგალითზე, როგორც ის აქვს აწერილი ჟორესს მე-4 ტომში „სოციალისტურ ისტორიისა (კონვენტი).
საფრანგეთის გლეხმა დიდი რევოლიუციისაგან მიიღო ორნაირი სარგებლობა: მან მიიღო უფასოთ ყველა ის მიწები, რომელიც მას ეჭირა, როგორც დროებით ვალდებულს, ნახევრად ხიზანს და მუდმივ მოიჯარადრეს (ჩვენი დროებით ვალდებულ და ხიზანთ მსგავსია), გარდა ამისა მან ფულზე მიიღო საკუთრება მემამულეებისაგან კონფისკაციით ჩამორთმეული მიწები, თუმცა ამ მიწების ნაწილი ბურჟუაზიასაც ჩაუვარდა ხელში. როცა ყველაფერი ეს მიიღეს რესპუბლიკისაგან, მაშინ გლეხებმა უარი განაცხადეს ყოველგვარ ვალდებულებაზე რესპუბლიკის მიმართ. ისინი განრისხებაში მოჰყავდა განსაკუთრებით ორ გარემოებას: ეს იყო გადასახადები და ჯარში გაწვევა, ე.ი. მათ არ უნდოდათ დაეცვათ რესპუბლიკა არც ფულით, არც სისხლით. მათ წარმოიდგინეს, რომ რესპუბლიკა და კონვენტი მათ სულ არ ეხება.
მაგრამ კონვენტი, რომელიც ირგვლივ შემორტყმული იყო კონტრ-რევოლიუც. კოალიციით, ერთად ერთ ხსნას ხედავდა ძლიერ არმიის შექმნაში და ამიტომ ახალგაზრდებს ჯარში იწვევდა. მაშინ 5 დეპარტამენტს და მათ შორის ვანდეის გლეხობა აჯანყდა. თავდაპირველად თავად-აზნაურობა განზე იდგა, ზოგიერთი გლეხურათ გადაცმული აგიტაციას ეწეოდა ქალაქების წინააღმდეგ, რომელნიც სცხოვრობენ ღარიბ გლეხთა შრომითო და სხ.; მღვდლები წყალს ამღვრევდენ, მაგრამ აჯანყებულთა სათავეში იდგენ არა ისინი, არამედ თვით გლეხები - ყოფილი ჯარის კაცები და დეზერტირები, აგრეთვე ტყის მცველები. შემდეგ კი, როდესაც აჯანყებამ მასსიური ხასიათი მიიღო, მათ მიეკედლენ როიალისტები, ემიგრანტების აგენტები და მღვდლები. აჯანყებულთა მძვინვარეობა-მრისხანებას გაკვირვებაში მოყავდა თანამედროვენი: „მკვლელობა ჩვენთვის უმაღლესი სიტკბოებაა“, ამბობდა ერთი მათგანი. წარჩინებულ რევოლიუციონერებს, კონვენტის მომხრეებს და აგენტებს არა თუ ხოცავდნენ, არამედ ისე ამახინჯებდენ, რომ გამოცნობა ძნელი იყო: ამოთხრიდენ თვალებს, ამოჭრიდენ გულს და სხ.
ისინი იქცეოდენ ისე, როგორც ჩვენი აჯანყებულები იქცეოდენ დუშეთში და ცხინვალში. მათ გაძარცვეს ყველა ის ქალაქები, რომელიც ხელში ჩაიგდეს. კონვენტმა როცა ყველაფერი ეს მოისმინა, მაშინათვე დაადგინა, გაიგზავნოს 20 ათასი ნაციონალური გვარდია (მაშინდელი წითელი გვარდია) აჯანყების ჩასაქრობათო. აჯანყება მართლაც ჩააქრეს. ჯარში გასაწვევი ხალხი აკრიფეს, გადასახადები შეაგროვეს, კოალიცია დაამარცხეს, საზღვრები და რესპუბლიკა დაცულ იქნა. ყველა ამას რამოდენიმე წლის შემდეგ გლეხებმა ნაპოლეონის ამორჩევით და რესპუბლიკის დანგრევით უპასუხეს. მართალია, ნაპოლეონიც იწვევდა ჯარში ხალხს, აგროვებდა გადასახადებს, მაგრამ გლეხები მასში ხედავდენ ბატონს, ბრძანებელს, რომელიც მართავს სახელმწიფოს მათ მაგივრად და მას უნდა დაემორჩილონ, მაშინ როდესაც რესპუბლიკა - ეს მათი მსგავსი ხალხია და მათ ისინი ბრძანებლათ არ სცნობენ.
4. დემოკრატიის თვითმართველობა გლეხობისათვის მიუწვდომელია
ამასვე ჩვენ ვხედავთ 1848 წლის საფრანგეთის რევოლიუციაში. ამ რევოლიუციაში გლეხობა არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა. მაგრამ როცა რესპუბლიკამ მათ გადასახადები მოთხოვა, მაშინათვე ამხედრდენ და მარქსის სიტყვით ერთხმათ აღიარეს, რომ ეს „პარიზის მუშებს სურთ ჩვენს ხარჯზე ფუფუნებით მოაწყონ თავიანთი ცხოვრებაო“. გლეხებმა ნაციონალურ კრებაზე ამოირჩიეს სულ პროლეტარიატის მტრები, რომლებმაც მოაწყვეს ივნისის ხოცვა-ჟლეტა, ხოლო 10 დეკემბერს თავისი ვოტუმით ძალა-უფლება ნაპოლეონ III გადასცეს. მარქსი სწერს: „10 დეკემბრის კენჭის ყრა - ეს გლეხების რეაქციაა ყველა დანარჩენ კლასების წინააღმდეგ, იმ გლეხების, რომელთაც წილათ ხვდა თებერვლის რევოლიუციის ხარჯები დაეფარათ. ეს არის რეაქცია სოფლისა ქალაქის წინააღმდეგ“. იტყვიან, ყველა გლეხები კი არ ამხედრებულან კონვენტის წინააღმდეგ, იყო ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოსვლების შემთხვევებიც, რომელმაც ეს გამოსვლები ხიშტებით ჩააქრო. ამაზე მარქსი უპასუხებს: „საქმე იმაშია, რომ ბონაპარტეს დინასტია წარმოადგენს არა რევოლიუციონურ, არამედ კონსერვატიულ გლეხს, არა ისეთს, რომელიც მიისწრაფვის გადალახოს თავის არსებობის სოციალური პირობების ფარგლები, საზღვრები თავისი პარცელისა, არამედ წარმოადგენს ისეთ გლეხს, რომელსაც სურს, პირიქით, განამტკიცოს ეს პირობები; არა ის სოფლის მცხოვრები, რომელსაც სურს ჩამოაგდოს ძველი წყობილება, საკუთარი ენერგიით, არამედ ისეთს, რომელიც ჯანით ჩაკეტილია თავის პარცელებთან ერთად ამ ძველი წყობილების ფარგლებში და ხსნას მოელის იმპერიის მოჩვენებებისაგან. ბონაპარტეს დინასტია არის წარმოდგენილი არა განათლების, არამედ გლეხობის ცრუმორწმუნეობის, - არა მათი გონებისა, არამედ უგუნურობისა, არა მათი მომავლისა, არამედ წარსულისა, არა თანამედროვე სევენების, არამედ მათი თანამედროვე ვანდეის“, ე.ი. არის ორნაირი გლეხობა: გლეხობა ჩამორჩენილი, რომელსაც არა აქვს პირდაპირი კავშირი ქალაქთან და მუშა-დემოკრატიასთან და რომელიც ჩაკეტილია თავის ცენტრიდან დაშორებულ კუთხეში, და გლეხობა მოწინავე, რომელიც ცხოვრობს ქალაქების ახლოს, რომელნიც მიდიან ამ ქალაქებში სამუშაოდ და რომელნიც მუშათა კლასის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. პირველი, - რეაქციის საძირკველია, მეორე კი ეკედლება რევოლიუციონურ მუშა-დემოკრატიას და თუმცა თვითონ არა აქვს რევოლიუციონური შემოქმედების ინიციატივა, მაგრამ ის სცნობს მუშათა კლასის ხელმძღვანელობას და მიდის მის მიერ ნაჩვენებ გზით.
ჩვენში, საქართველოში ეს ორი წრე გლეხობისა ნათლად გამოიხატა დუშეთის, ლეჩხუმის, ზუგდიდის და სხ. მთიან მაზრების რეაქციონურ გლეხობასთან ბრძოლაში. ჩვენ ვეყრდნობით სხვა მაზრების მოწინავე გლეხობას.
როგორც ხედავთ, ის რაც ჩვენში სოფლათ ხდება, ახალი არ არის. ესევე მეორდებოდა სხვადასხვა რევოლიუციის დროს დასავლეთ ევროპაში. სუყველგან ფართე მასსა გლეხობისა გამოდიოდა რევოლიუციონური დემოკრატიის წინააღმდეგ და უკანასკნელს უხდებოდა ბრძოლა მასთან, როგორც რეაქციონერებთან.
თუმცა ჩვენ არ უნდა გავეკვირვებიეთ გლეხობის აჯანყებას, მაგრამ ჩვენ იმდენათ დაგვავიწყდა მარქსიზმი და დაუჯერეთ ესერულ „აზრებს“, რომ დღემდე ზოგიერთი ჩვენში ამ გლეხებს იღებენ, როგორც რევოლიუციონერებს და დიდის ყოყმანით თანხმდებიან მათ წინააღმდეგ რეპრესიების მიღებაზე. დროა ჩვენ ბოლო მოუღოთ ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ნაროდნიკულ გლეხების ილიუზიების ბატონობას, დროა დაუბრუნდეთ მარქსს და მაგრად დავდგეთ რევოლიუციის გლეხების რეაქციისაგან დაცვის ნიადაგზე. ერთად ერთი საფრთხე შიგნიდან ჩვენს რესპუბლიკას მოელის ამ ჩამორჩენილ გლეხობისაგან და რომ მას ანგარიში გაუწიოთ და რევოლიუციის მონაპოვრები შევინარჩუნოთ, საჭიროა მუშები და მოწინავე გლეხები შეერთდენ ამ კონტრ-რევოლიუციონურ ტალღასთან საბრძოლველათ. თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს იქნება ისტორიაში პირველი მაგალითი, როცა გლეხობამ ვერ შესძლო რესპუბლიკის დამხობა და გამოვიდა პოლიტიკურ თვითმართველობის გზაზე.
5. რესპუბლიკის ფორმა
საქართველოს ფაქტიური კონსტიტუცია ეყრდნობა სამ კლასის მუშათა, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხობის საზოგადოებრივ ურთიერთ დამოკიდებულებაზე. ეს კლასები სავსებით დემოკრატიულია და მათი ცხოვრების ინტერესები თხოულობენ დემოკრატიულ პოლიტიკურ დაწესებულებებს. ამ სოციალურ საფუძველზე შეიძლება აშენება სახელმწიფოებრივი მართვა - გამგეობის მხოლოდ ერთი ფორმის - რესპუბლიკის. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყნის და ერთა მდგომარეობაში, რომლებმაც შესძლეს დამკვიდრება დემოკრატიული რესპუბლიკის ძლიერი ბურჟუაზიული კლასის ჩამოყალიბებამდე.
რა არის დემოკრატიული რესპუბლიკა?
რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ამაზე, საჭიროა გამოვარკვიოთ რესპუბლიკის ფორმები.
კ. მარქსი სცნობს სამ ფორმას რესპუბლიკისას: პარლამენტარული, დემოკრატიული და სოციალური.
უკანასკნელი ფორმა რესპუბლიკისა კერძო საკუთრების გარეშე დგას, ხოლო კაუცკის სიტყვით „დემოკრატიული რესპუბლიკა - ეს ერთად ერთი პოლიტიკური ფორმაა, რომლის მოთავსება შეიძლება სოციალიზმთან, ამიტომ რჩება ორი ფორმა რესპუბლიკისა: პარლამენტარული და დემოკრატიული.
პირველად ტიერმა უწოდა 1849 წ. საფრანგეთის რესპუბლიკას პარლამენტარული, როცა პარლამენტიდან განდევნილ იქნა მონტანიარები როლენტის მეთაურობით. ამასობაში ეს თავის თავად წარმოადგენდა ისეთ რესპუბლიკას, სადაც ბატონობდა ბურჟუაზია, რომელის ორი ფრთა - დეგიმიდისტები და ორლეანისტები - ვერ შეთანხმდენ სამეფო კანდიდატზე და ამიტომ ჩაებღაუჭენ რესპუბლიკას.
კაუცკი სწერს: „ბურჟუაზიას შეუძლია ბატონობა მხოლოდ პარლამენტარულ მონარქიის დროს, როცა ამ მონარქიის მეთაური წარმოადგენს უბრალო დეკორაციას,“ ე. ი. ბურჟუაზიის მიუცილებელი მოთხოვნილება პარლამენტარული რეჟიმია, იქნება ის რესპუბლიკის ფორმა, როგორც საფრანგეთშია, ანუ მონარქიის, როგორც ინგლისში - ეს სულ ერთია. კ. მარქსის სიტყვებით ბურჟუაზიას 1849 წ. ტიერის მეთაურობით ასე ესმოდა რესპუბლიკა:“ ეს პარლამენტარული ფორმაა ბურჟუაზიის ბატონობის, რომელიც შეუზღუდველია ვეტოთი - როგორც მონარქია - აღმასრულებელი ძალით და პალატის ვადის შესრულებამდე დათხოვით“ (ბრ. 185)
ერთი სიტყვით, ბურჟუაზიულ რესპუბლიკანურ პარლამენტარული წყობილების დამახასიათებელია ის, რომ ამ წყობილების დროს მთელი ძალა-უფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო არის მხოლოდ პარლამენტის ხელში. თვითმპყრობელი მეფის მაგივრად არის თვითმპყრობელი პარლამენტი, თავად-აზნაურობის მაგივრად - ბურჟუაზია. პრინციპი ერთნაირია - უსაზღვრო გაძლიერება ცენტრალური მთავრობის, მხოლოდ ეს ხდება სხვადასხვა ფორმით და საშუალებებით.
როცა ბურჟუაზია ხელთ იგდებს ეკონომიურ ძლიერებას, მაშინ ის პოლიტიკურადაც ბატონდება. პარლამენტარული წყობილების ბატონობის დროს ბურჟუაზიის ხელშია კანონების გამოცემა, მათი ასრულება (ადმინისტრაცია, პოლიცია, ჯარი და სხვ.).
არც ერთ ამ ფუნქციას ის არ ანიჭებს არც ხალხს, და არც სხვა პარლამენტისაგან დამოუკიდებელ ორგანოებს.
ამ რიგათ, პარლამენტარული რესპუბლიკა გულისხმობს ვეებერთელა ცენტრალურ სახელმწიფოებრივ მექანიზმს და მოხელეთა მთელს არმიას. მარქსი სწერს: „საფრანგეთის ბურჟუაზიის მატერიალური ინტერესები მჭიდროთ დაკავშირებულია ფართე სახელმწიფო მექანიზმის შენახვასთან. აქ უყრის თავს ის ბურჟუაზიის ზედმეტ მცხოვრებთ და მათ სახელმწიფო ჯამაგირის სახით უსრულებს იმას, რასაც ისინი ვერ ღებულობენ მოგების, პროცენტების, რენტის და ჰონორარის სახით.“
ამ სახით პარლამენტარული წყობილება პირდაპირ აძლიერებს ბურჟუაზიას არა თუ პოლიტიკურათ, არამედ - მატერიალურადაც აძლევს რა მათ შვილებს „თფილ ადგილებს.“
ამ რიგათ, იქმნება მთავრობა გამოყოფილი ხალხისაგან და მის წინააღმდეგ მიმართული. მარქსის სიტყვებით, ასეთ პირობაში საერთო ინტერესი ეთიშება საზოგადოებას და უპირდაპირდება მას, როგორც უმაღლესი საყოველთაო ინტერესი.
ამ ნაირათ, პარლამენტარული წყობილების დროს ყველაფერი ის, რასაც აზის ბეჭედი საზოგადო ინტერესისა, დაწყებული ხიდებით, სასკოლო შენობებითა, კომუნალური ქონებით, სოფლური ქონებით და გათავებული რკინის გზებით, ნაციონალური ქონებით, უნივერსიტეტებით, საზოგადოების წევრის თვითმოქმედების სფეროდან გამოდის და ხდება მთავრობის სამოქმედო საგნათ. (იბ 954)
პარლამენტარული რესპუბლიკა - ეს იგივე პარლამენტარული მონარქიაა უმონარქოდ და პირიქით, პარლამენტარული მონარქია თავისი სტრუქტურის მიხედვით იგივე პარლამენტარული რესპუბლიკაა უპრეზიდენტოთ. დამახასიათებელი თვისება რესპუბლიკისა, პრეზიდენტი კი არ არის, და არც საყოველთაო საარჩევნო უფლება, არამედ - პარლამენტარული რეჟიმი, ე.ი. ბურჟუაზიის პოლიტიკური დიკტატურა, ყოველ ნაირი ძალა-უფლების თავის ხელში მოგროვებით. ამ რეჟიმის მეოხებით ისინი სახელმწიფოს ფარგლებში არ ითმენენ და არ აძლევენ ნებას სხვა რომელიმე ძალა-უფლების დამკვიდრებას, თუ ის ცენტრთან არ არის დამოკიდებული და უკანასკნელი მას კანტროლს არ უწევს. ამიტომ ცენტრში გადატრიალება ნიშნავს მთელს სახელმწიფოში გადატრიალების მოხდენას, რადგანაც ცენტრის გადატრიალებას პერიფერიებში არსად არ ხვდება რაიმე კონსტიტუციური დაბრკოლებები, რომელიც მის გავრცელებას ხელს შეუშლიდა: მოახდინეთ როგორიც გინდა გადატრიალება შვეიცარიის ცენტრში, თქვენ ამით კანტონებში ვერავითარ გადატრიალებას ვერ გამოიწვევთ. ასეთივე გადატრიალება პარიზში ნიშნავს მთელი საფრანგეთის სახელმწიფოებრივი მექანიზმის ხელში ჩაგდებას.
ამ რიგათ, პარლამენტარული რესპუბლიკა გულისხმობს ისეთ პოლიტიკურ წყობილებას, როცა მთელი ძალა-უფლება პარლამენტის ხელშია, რომელიც არ ითმენს არავითარ ცვლილებას, როგორც ადმინისტრაციის სფეროში, ისე სამმართველოს და საკანონმდებლო ორგანოებში, თუ სათანადო ნებართვა და ბრძანება არ არის ცენტრიდან. ხალხმა თუ დეპუტატები ამოირჩია და პარლამენტში გაუგზავნა, შემდეგ მას (ხალხს) არაფერს არ ჰკითხავენ, ის მართვა - გამგეობაში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს. ხოლო მისი ადგილობრივი თვითმართველობა იმყოფება ცენტრის სასტიკ ოპეკის ქვეშ. ერთი სიტყვით, პარლამენტარული მართველობა არ ითმენს ხალხის პოლიტიკურ თვითმართველობას.
6. დემოკრატიული რესპუბლიკა
პარლამენტარულ რესპუბლიკისაგან დემოკრატიული რესპუბლიკა პრინციპიალურად განსხვავდება.
დემოკრატიულ რესპუბლიკას საფუძვლად ედება პრინციპი ხალხის პოლიტიკური თვითმართველობისა. აქ ძალა-უფლება მარტო ცენტრში არ არის მოგროვილი, არამედ - განაწილებულია ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ხალხი ირჩევს არა მარტო დეპუტატებს პარლამენტისათვის, არამედ - კანონების აღმასრულებლებსაც, ადმინისტრატორებს, მოსამართლეებს და სხ. ხალხი თავის წარმომადგენელთა საშვალებით მონაწილეობას იღებს კანონების გამოცემაში. ასე, რომ, დამახასიათებელი თვისება დემოკრატიული რესპუბლიკისა ის არის, რომ აქ ხალხი პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეებში. ამისათვის კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ხალხს თვითონ ჰქონდეს პარლამენტის დამოუკიდებლათ საკუთარი მართვა-გამგეობის ორგანოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა ორგანომ შესძლო გაუქმება ამა თუ იმ მოქალაქის გადაწყვეტილებისა, მაშინ რესპუბლიკა იქნება არა დემოკრატიული, არამედ პარლამენტარული. კარლ მარქსის აზრით, „მთავრობამ უნდა გაამარტივოს, შეამოკლოს სახელმწიფო მექანიზმი, რაც შეიძლება ნაკლებათ იმართველოს, დაიჭიროს ნაკლები რიცხვი მოხელეებისა, ნაკლები კავშირი დაიკავოს ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან, უნდა შეიქმნას ბურჟუაზიისათვის და მათ საზოგადო აზრისათვის მთავრობისაგან დამოკიდებული ორგანოები. (იბ. 93,191). როცა ამ რიგათ ვანაწილებთ ძალა უფლებას პარლამენტს და ხალხს შორის, და ვაძლევთ უკანასკნელთ გარანტიას ცენტრის ოპეკის წინააღმდეგ, ამით მაშინ ჩვენ საშვალებას ვუსპობთ ბურჟუაზიას ჩაერიოს სახელმწიფოს საშვალებით ხალხის ყველა საქმეებში, იყოს ყოველგან მყოფი მთავრობის ორგანოების საშვალებით. ერთი სიტყვით, ვამცირებთ და ვზღუდავთ ბურჟუაზიის პოლიტიკურ დიქტატურას.
თუ მაგ. ცენტრი სცემს კანონებს, ხოლო ის სისრულეში მოყავს ხალხის, ანუ რომელიმე ორგანოს მიერ არჩეული ცენტრის დამოუკიდებლათ, ცხადია, ბიუროკრატია უქმდება, მთავრობა რჩება უმოხელოთ. ანუ თუ კანონი, რომელიც გამოცემულია მთავრობის მიერ, ხალხმა არ მიიღო, მაშინ პარლამენტს ეკარგება უმაღლესი საკანონმდებლო ძალა-უფლება, რომელსაც ზღუდავს ხალხი.
როგორც ხედავთ, დემოკრატიული რესპუბლიკა უარყოფს პარლამენტარულ რეჟიმს, ამის და მიხედვით იცვლება მთავრობის ხასიათიც, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა - ეს არ არის პარლამენტარული კაბინეტი, რომელიც ეყრდნობა პარლამენტის ცვალებად უმრავლესობას, არამედ - ეს არის საქმიანი კოლეგია, რომელიც უსიტყვოთ ასრულებს როგორც პალატის, ისე ხალხის გადაწყვეტილებებს. ისინი არიან ხალხის მოსამსახურენი და შეიძლება თანამდებობიდან დათხოვნილ იქნან არა პოლიტიკური, არამედ საქმიანობის მოსაზრებით.
ასეთი კონსტიტუციის დროს მთავრობას არასოდეს არ შეუძლია ხალხის გარეშე ორგანიზაციულად მოეწყოს და ხალხის წინააღმდეგ გაილაშქროს. აქ ძალა-უფლება პირდაპირ გამომდინარეობს ხალხისაგან და იმდენად მჭიდროთ არიან დაკავშირებულნი ხალხი და პარლამენტი, რომ ძნელია მათ შორის დემარკაციონური ხაზის გავლენა. ხალხი და მთავრობა - ეს მთლიანი ერთეულია, საერთო ნებით, მთლიანი მოქმედებით.
დემოკრატიული რესპუბლიკა შეიძლება იყოს ორი სისტემის: ფედერატიული და უნიტარული. პირველის მაგალითია შვეიცარია და ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები, უკანასკნელებში დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპი ფრიად შეკვეცილია, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლება აქვს მინიჭებული, რომელიც ფაქტიურად ინგლისის მონარქიის უფლებებს აღემატება. საქართველოს პირობებში კი ფედერალიზმის პრინციპი სრულიად მიუღებელია, შეიძლება მხოლოდ შევჩერდეთ უნიტარულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. უკანასკნელის მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ძველ საბერძნეთის ქალაქთა რესპუბლიკებში, სადაც თვითეული მოქალაქე პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეში, მაგრამ რადგანაც არ იყო სამოქალაქო თანასწორობა, ყველა ეყრდნობოდა მონების შრომას, რომელთაც არ ქონდათ არავითარი ადამიანური უფლება.
პირველად დემოკრატიულ რესპუბლიკის თანამედროვე სახელმწიფოებრივ მასშტაბით შექმნას შეეცადა კონვენტი, რომელმაც 1793 წელს გამოიმუშავა სათანადო კონსტიტუცია.
ნება მიბოძეთ მოგაგონოთ ის ჭეშმარიტად შესანიშნავი კამათი, რომელიც გაჩაღდა კონვენტში მაშინ ამ კონსტიტუციის შესახებ. ერთი მეორეს დაეჯახა ორი პოლიტიკური მსოფლმხედველობა - ჟირონდისტების და მონტანიარების. თუმცა ორივე ეს მიმართულება პრინციპიალურად ერთ და იგივე თვალთაზრისით ხელმძღვანელობდენ.
ჟირონდისტების ლიდერის კონდორსეს პროექტით ხალხის სუვერენიტეტი უნდა აშკარავდებოდეს პირდაპირ და დამოუკიდებლივ. პირველი საარჩევნო კრებები ანუ ოლქები პირდაპირ ირჩევენ: მუნიციპალიტეტს, დეპარტამენტის ადმინისტრატორებს, დეპუტატებს პალატაში, მსაჯულებს და მინისტრებს. ორი დეპარტამენტის ამომრჩევლების მოთხოვნით კანონი, გამოცემული დეპუტატთა პალატის მიერ, ხელახლად განხილულ იქნება მთელი ხალხის რეფერენდუმით. პალატა ირჩეოდა ერთი წლის ვადით. ამ პროექტის წინააღმდეგ იაკობინელებმა წამოაყენეს შემდეგი მოსაზრებანი: მუდმივი არჩევნებით ხალხი მოიქანცება-მოიღლება და ეს ბოლოს და ბოლოს იმდენათ მობეზრდებათ მათ, რომ თავსაც კი შეიკავებს ხმის მიცემაში. მთელი საარჩევნო პროცედურა ჩაუვარდებათ ხელში პოლიტიკურ ინტრიგანებსო. ასეთი რთული პროცედურით კანონების გამოცემა - ეს იქნება ხალხის ნების Vეტო-ს (ვეტოს) შექმნა თვით ამ ნების წინააღმდეგ. შემდეგ არჩევა მინისტრების მილიონი ხმებით და დეპუტატის ათასი ხმით - ეს ნიშნავს მისცე აღმასრულებელ ორგანოს საშინელი ძალა, ეს ნიშნავს სუვერენულ ხალხს აუშენოთ „არა ტაძარი, არამედ საფლავი“, - როგორც სთქვა სენ-ჟიუსტმა.
მონტანიარები ხედავდენ ამ პროექტში ფედერალისტურ სულისკვეთებას, რაც მეტის-მეტად ეჯავრებოდა მათ, ხოლო იმის შიშით აღმასრულებელ ძალას - სამინისტროს - შექმნის პროვინციალებიო, რევოლიუციონურ პარიზის გავლენის მოუხდენლათ დაიწყეს ენერგიული კამპანია ამ პროექტის წინააღმდეგ. კონვენტი დაეთანხმა მონტანიარების დებულებებს და ამისდა მიხედვით გაასწორა კონდორსეს პროექტი. კონვენტმა დაადგინა: მოქალაქენი, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ 21 წელი, პირდაპირ ირჩევდენ დეპუტატებს და არა პირდაპირ თავის რწმუნებულთა საშუალებით ირჩევდენ ადმინისტრატორებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და საზოგადო სამედიატორო მოსამართლეთ. რაც შეეხება დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მინისტრთა პოსტზე, მათ ნიშნავს თვით პალატა. სახალხო კენჭის ყრა ხდებოდა ზოგიერთ კანონების შესახებ, რომელთა სია იყო შემდგარი.
კონსტიტუციის რატიფიკაცია მოხდა საყოველთაო სახალხო კენჭის ყრის საშვალებით, მაგრამ ბურჟუაზიულმა რეაქციამ წალეკა ის. სანამ ძალაში შევიდოდა, მისი ადგილი დაიჭირა 95 წლის ბურჟუაზიულმა კონსტიტუციამ, რომელიც თავის მხრივ, გაანადგურა კონსულურმა და იმპერიალურმა კონსტიტუციამ გლეხთა რეაქციის მეოხებით.
რაც შეეხება თვით კონვენტს, ის, როგორც განსაზღვრული საარჩევნო უფლებიდან გამოსული, არ იყო დემოკრატიული დაწესებულება. და თუმცა მთელი ძალა-უფლება მის ხელში იყო, მაგრამ ის მაინც არ იყო პარლამენტარული დაწესებულება. კონვენტი - ეს რევოლიუციონური ორგანოა, რომელიც არ არის შებოჭვილი არავითარი პარლამენტარულ - კონსტიტუციონური გზებით და მოქმედობს რევოლიუციის და სამშობლოს დაცვის გულისათვის. ამიტომ იყო, რომ კონვენტმა დემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო და დაადგინა: გაატაროს ის ცხოვრებაში, ნორმალურ პოლიტ. პირობებში, რომელიც მისი აზრით დადგება რამოდენიმე წლის შემდეგ. ამ რიგათ, პირველი ცდა უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა, დამარცხებით გათავდა. დარჩა 93 წლის კონსტიტუცია, როგორც საუკეთესო ნიმუში დემოკრატიული შემოქმედების და რომელიც შემდეგში ვერსად ვერ განხორციელდა (მის აღდგენას მოითხოვდა ბაბეფი).
როგორც ხედავთ, ჩვენ დღეს არა გვაქვს ისეთი ქვეყანა, სადაც დამყარებული იყოს უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლიდანაც შეგვეძლო სარგებლობა საქართველოს რესპუბლიკის შექმნის დროს. ჩვენ გვიხდება საკუთარი პასუხისმგებლობით და შრომით საქართველოში ხსენებული ფორმის რესპუბლიკის შექმნა-განმტკიცება, ჩვენ გვჭირია ისეთი რესპუბლიკა, რომელმაც ხალხი არ უნდა დაუმორჩილოს სახელმწიფოებრივი საშუალებებით ბურჟუაზიას, მაგრამ ამავე დროს ხელი არ უნდა შეუშალოს და ფართე ასპარეზი მიეცეს საწარმოვო ძალთა განვითარებას. ჩვენ გვინდა ისეთი რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის ბატონობას ისე, რომ ცენტრალური ორგანოები არ გახდენ ბურჟუაზიის გასაბატონებელ პოლიტიკურ იარაღათ და არც ადგილობრივი ორგანოები გახდენ პროვინციალური რეაქციის ბუდეთ.
ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი რესპუბლიკა, რომელიც შეიძლება იყოს „პოლიტიკურ ფორმათ სოციალიზმისა და მით საშვალება მოგვეცეს ჩვენ მომავალში ვიმოქმედოთ საზოგადოების სოციალისტურ ნიადაგზე გარდასაქმნელად. ხალხის პოლიტიკური თვითმართველობა - ეს აუცილებელი საშვალებაა და უეჭველი საფეხურია მის სოციალური თვითმართველობის.
7. დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანოები
როგორც ვსთქვი, საქართველოს სახელმწიფო შეიძლება დაფუძნებულ იქნას სამ სოციალურ კლასზე: მუშათა, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხობის ძალთა ურთიერთ განწყობილებაზე; ორი უკანასკნელი კლასი ჩამორჩენილ გლეხობის გამოკლებით, სცნობს მუშათა დემოკრატიის პოლიტიკურ გეგემონიას და ხელმძღვანელობას. ამ დამოკიდებულების უფლებრივ ნორმებში ჩამოყალიბება ნიშნავს სახელმწიფოს მისცე სათანადო კონსტიტუცია. აქედან დიდი პრობლემა: როგორი ორგანოები უნდა შეიქმნას, რომ ისინი მართლა გამოხატავდენ საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებას და მას შესაფერ მიმართულებას აძლევდენ. სხვანაირათ რომ ვსთქვათ, როგორ შევკეროთ ისეთი კონსტიტუციონალური ტანისამოსი, რომელიც კარგათ მოადგებოდეს ტანზე არსებულ საზოგადოებრივ სხეულს.
ერთი კი უეჭველია, ეს კონსტიტუცია უნდა იყოს რესპუბლიკანური, დემოკრატიული. მაგრამ რომელი ორგანოები, როგორი ნორმები უზრუნველყოფს ჩვენთვის დემოკრატიულ რესპუბლიკას?
მთელი ძალა-უფლება გამოდის ხალხიდან - ეს საერთო მცნებაა ყველა თანამედროვე რესპუბლიკებისათვის. შემდეგ კი იწყება განსხვავებაო, პარლამენტარულ რესპუბლიკას ეს ძალა გამოაქვს ხალხისაგან და შემდეგ აძლევს პარლამენტს, ე.ი. აგროვებს ბურჟუაზიის ხელში, ამით ხალხის სუვერენიტეტს აქცევს გაბატონებულ კლასთა სუვერენიტეტათ. დემოკრატიული რესპუბლიკა არა თუ ღებულობს ხალხისაგან ამ ძალა-უფლებას, არამედ უმეტეს ნაწილს უტოვებს ისევ ხალხს და საშვალებას აძლევს მას მოიხმაროს ის იმ ძალა-უფლების დამოუკიდებლათ, რომელიც გადაცემული აქვს ცენტრს. ძალა-უფლების ასეთი განაწილების დროს ცენტრალურ მთავრობას არა აქვს საშვალება ცალკე ორგანიზაციულად დაირაზმოს და ის თანდათან უახლოვდება ხალხს და იქცევა სახალხო მთავრობათ.
ერთია ძალა-უფლება - ერთია მისი წარმომშობი წყარო - ხალხი. უკანასკნელი თავის მოწოდებას ანხორციელებს სამი გზით: კანონმდებლობით, ადმინისტრატიული და სასამართლოთი. იქმნება შესაფერი ორგანოები.
ა) საკანონმდებლო ორგანო
უნიტარულ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანო ერთია, ვინაიდან ერთია ხალხი. საჭიროა თუ არა ამ ორგანოს ქონდეს უზენაესი უფლება? გამოჩენილ სამართლის მცოდნე დაისის სიტყვებით: „არ არის მსოფლიოში ისეთი პარლამენტარული საკანონმდებლო ორგანო, გარდა ინგლისისა, რომლის ხელში იყოს უზენაესი უფლება. ინგლისის საკანონმდებლო ორგანო არაფრით არ არის შეზღუდული თავის მოქმედებაში, შეუძლია ყველაფერი ქნას ფიზიკურ შესაძლებლობის ფარგლებში, მაშინ. როცა ყველა დანარჩენი პალატები შეზღუდულია კონსტიტუციის სტატუტებით, ე. ი. თითეულ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, ანუ თავისებური პოლიტიკური წესდება, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანო ასრულებს თავის ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოიცა კანონი, ის დაუყონებლივ გაუქმებული იქნება სასამართლოს, ანუ სხვა რომელიმე ძალის მიერ. ინგლისში კონსტიტუცია კანონისაგან განცალკევებულია, ასეთი დაყოფაც აღარ არის. პარლამენტს ყოველ დროს შეუძლია გამოსცეს როგორიც უნდა ისეთი კანონი და არავის არ შეუძლია ეს კანონი გააუქმოს*). ამიტომ ამბობენ, რომ ინგლისში კონსტიტუცია არ არის დაწერილიო, რადგანაც ის ყოველდღე იცვლება. აქედან აშკარაა, თუ რამდენათ ძლიერია პოლიტიკურათ ინგლისის ბურჟუაზია და აღჭურვილია განუსაზღვრელი პარლამენტარული ძალა-უფლებით. უზენაესობა პარლამენტარულ და ნახევრათ პარლამენტარულ ქვეყნებში შეზღუდულია კონსტიტუციებით, დემოკრატიულ ქვეყნებში კი კონსტიტუციით და სახალხო კენჭის ყრით (რეფერენდუმით).
ყველაზე დიდი შეზღუდვა, რასაკვირველია, არის რეფერენდუმი, რადგანაც ამ გზით შეიძლება გაუქმება არა თუ ანტი კონსტიტუციურ, არამედ კონსტიტუციურ კანონებისაც. ამ შემთხვევაში სრული ბატონ-პატრონია ხალხი.
ამ რიგათ, ჩვენ უარვყოფთ რა ინგლისის პარლამენტარულ სისტემას, ვდგევართ კანონმდებლობითი ორგანოს შეზღუდვილი უზენაესობის ნიადაგზე, მაგრამ რა ფარგლებში და როგორ შევზღუდოთ ის?
უწინარეს ყოვლისა, კონსტიტუციას იმუშავებს სპეციალური (დამფუძნებელი) კრება. შეიძლება ამ კრების უზენაესობის შეზღუდვა? რასაკვირველია, შეიძლება.
კონსტიტუციას რატიფიკაცია ხალხმა უნდა გაუკეთოს. ამას ბურჟუაზიაც კი ასრულებდა. შემდეგ ყოველგვარი ცვლილებანი კონსტიტუციაში ძალაში უნდა შევიდეს მის შემდეგ, როცა მას ხალხი მოიწონებს, როგორც ეს ხდება ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ლოღიკურია: თუ კონსტიტუცია მკვიდრდება რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ ყველა შესწორებები და საშუალებებიც რეფერენდუმით უნდა იქნას შეტანილი. შემდეგ ჩვენ შევდივართ ძნელ და სადავო უფლებრივ სფეროში; როგორ გავანაწილოთ საკანონმდებლო ძალა უფლება ხალხის და საკანონმდებლო ორგანოს შორის ისე, რომ ხალხმა არ უარყოს პროგრესიული კანონები, როგორც ეს შვეიცარიაში ხანდახან ხდება, ან პროვინციალიზმმა არ ჩაყლაპოს ცენტრი?
მსგავსი შემთხვევები შვეიცარიაში აიხსნება ერთის მხრით შვეიცარიის გლეხობის ჩამორჩენილობით, უძრაობით, რომელსაც არასოდეს არ განუცდია რევოლიუციონური ტალღების გავლენა, მეორეს მხრით კონსერვატიულ და ბურჟუაზიულ პარტიათა ორგანიზაციულათ მოწყობით, რომელნიც დემოკრატიის ზეგავლენით ხშირად მხარს უჭერენ კანონებს იმ იმედით, რომ ხალხი უარყოფსო, მესამე - კანონების სირთულით და გაუგებრობით.
ჩვენში, ვინაიდან გლეხობამ რევოლიუციონური ტალღები რამდენჯერმე განიცადა, ამიტომ მისი ჩამორჩენილობა იმდენად საშიშარი არ იქნება, ხოლო ბურჟუაზიული და კონსერვატიული პარტიები ჩვენში მეტად სუსტნი არიან.
მხოლოდ საკითხის სიძნელე და სირთულეს ჩვენში შეუძლია ითამაშოს უარყოფითი როლი ხმის მიცემის დროს, ვინაიდან ის, რაც არ ესმის კაცს, ის ან უარყოფს ან შეუგნებლად ღებულობს გარეშე ძალის გავლენით.
ამიტომ საჭიროა შევჩერდეთ 93 წ. კონსტიტუციის კომპრომისებზე. კანონები ზოგიერთ ძირითად საკითხების შესახებ უნდა მიღებულ იქნას რეფერენდუმით (სავალდებულო, ან ფაკულტატიური), დანარჩენ კანონებს სცემს პირდაპირ საკანონმდებლო ორგანო. რეფერენდუმით უნდა გადაჭრილ იქნას ყველა ის საკითხები, რომელსაც კავშირი აქვს ხალხის ჯიბესთან, მაგ. სახელმწიფოს შემოსავალი და გასავალის (გადასახადები, სახელმწიფო ქონება, ფულის სისტემა) ომი და ზავის (ომის გამოცხადება) საბაჟო, ვაჭრული ხელშეკრულებების, სახალხო განათლების საკითხი (შკოლა). ამ კანონების გამოცემაში ხალხის მონაწილეობას აქვს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც. ის აერთიანებს ხალხს სახელმწიფოსთან, აჩვევს და ასწავლის მას რესპუბლიკის დაცვას. ხალხის თანდათან განვითარება ამ გზაზე და გადაქცევა შეგნებულ პოლიტიკურ დემოკრატიათ ათონის დემოკრატიის მზგავსად - ხელს შეუწყობს მთელი საკანონმდებლო ძალა-უფლების მის (ხალხის) ხელში გადასვლას, ხოლო წარმომადგენლობით დაწესებულება გადაიქცევა ორგანოთ, რომელიც წინასწარ ამზადებს კანონ-პროექტებს და ხელმძღვანელობს მის ხალხის მიერ კენჭის ყრას.
ერთი სიტყვით, რომ ვსთქვათ ციურიხის კანტონის კონსტიტუციის სიტყვებით: „ხალხი ახორციელებს საკანონმდებლო ძალა-უფლებას დეპუტატთა პალატის დახმარებით“. ერთ პალატიანი სისტემის დროს, როგორიც ჩვენშიაც უნდა იქნას მიღებული, რეფერენდუმი მას კანტროლს უკეთებს და პალატას აიძულებს დაკვირვებით და დინჯათ იმუშაოს კანონმდებლობის სფეროში.
ბ) ადმინისტრატიული ორგანოები
ცენტრალური ადმინისტრატიული ორგანო - ეს მინისტრთა კაბინეთია. პარლამენტარული წყობილების დროს სამინისტრო წარმოადგენს პარლამენტის აღმასრულებელ ძალას, ე.ი. პარლამენტის დადგენილებანი სისრულეში მოყავს მხოლოდ მინისტრს და მის მოხელეებს.
ეს ერთი დამახასიათებელი თვისებაა, მეორე თვისება კი იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო არის პალატის უმრავლესობის ნების გამომხატველი და იცვლება ამ უმრავლესობის შეცვლის მიხედვით. მაშინ, როცა დემოკრატიულ ქვეყნებში სამინისტროს არა აქვს არც ერთი ეს თვისება, ის არ არის კანონების ერთად-ერთი აღმასრულებელი და მას არ აწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. შვეიცარიაში პარლამენტის და ხალხის მიერ გამოცემული კანონები სისრულეში მოჰყავს მოხელეებს, რომელნიც დანიშნულნი არიან არა ცენტრის მიერ, არამედ კანტონის მიერ. სამინისტროს არა აქვს მოხელეთა აპარატი, მასთან ერთად უმაღლეს ადმინისტრატიულ თანამდებობაზე ზოგიერთ კანტონებში პირები ირჩევიან მოქალაქეთა მიერ და არა ინიშნებიან, მეორე მხრით, მინისტრებს ირჩევს პარლამენტი თავის მოქმედების დაწყების წინ. ისინი არსებობენ შემდეგი პარლამენტის პირველ სხდომამდე, ხოლო ამ უკანასკნელზე ირჩევენ ახალ მინისტრებს (ჩვეულებრივ ძველებს ხელახლა ირჩევენ), - დალისის სიტყვებით, ასეთი სამინისტრო შეიძლება განვმარტოთ: „როგორც დირეკტორთა საბჭო, რომელიც შედგენილია შვეიცარიის საქმეების მმართველად თანახმად კონსტიტუციის მუხლებისა და პარლამენტის საერთო სურვილისა.“ ერთი სიტყვით, სამინისტრო - ეს საქმიანი კოლეგიაა, რომელიც შედგენილია გამოცდილი და საქმის მცოდნე ადმინისტრატორებისაგან, რომელნიც აწარმოებენ მხოლოდ ადმინისტრატიულ საქმეებს და არ წარმოადგენენ უმრავლესობის არც მეთაურებს და არც პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ მოღვაწეებს. სამინისტროსი, ანუ თვითეული მინისტრის გადაყენება სამსახურის ვადის გასვლამდე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია კონსტიტუცია ან კანონი. მხოლოდ ეს უნდა დაადასტუროს ფედერატიულმა სასამართლომ.
როგორც ხედავთ, დემოკრატიული სამინისტრო არ წარმოადგენს პარლამენტარულ აღმასრულებელ ძალას. რატომ? ცხადია, რატომ. თუ კანონმდებელია არა მარტო პალატა, არამედ ხალხიც, ამასთანავე პალატის უმრავლესობა შეიძლება არ წარმოადგენდეს ხალხის უმრავლესობას. ამიტომ ყოვლათ შეუძლებელია შეადგინო მინისტრთა კაბინეთი პალატის დეპუტატთა უმრავლესობისაგან ისე, რომ ეს კაბინეთი არ დაუპირდაპირდეს მოქალაქეთა უმრავლესობას. შეუძლებელია აგრეთვე კაბინეთი შეადგინო მოქალაქეთა უმრავლესობის მიხედვით, ვინაიდან ეს უმრავლესობა ხასიათდება არა პოლიტიკური ნიშნებით, არამედ იმ კანონების ხასიათით, რომელიც სახალხო კენჭის ყრით იქნა მიღებული. პარლამენტარიზმის გზით რომ წავიდეთ, მაშინ პარლამენტი უნდა გადადგეს, თუ მის მიერ მიღებული კანონი ხალხმა უარჰყო.
ამ ნაირათ, პარლამენტარიზმი ძირითადათ ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს. მაგრამ რაკი უკანასკნელი სიტყვა ხალხს ეკუთვნის, მას შეაქვს ყველგან დემოკრატიული მცნებები; მინისტრებს, დეპუტატებს და სხვა ადმინისტრატორებს ხალხი უყურებს არა ისე, როგორც თავის ბატონებს, არამედ ისე, როგორც თავის მოსამსახურეს, რწმუნებულთ, რომელნიც ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებანი იმ შემთხვევაშიაც, როცა ასეთებს არ ეთანხმებიან ისინი (მინისტრები). აქ პატრონია ხალხი და ის არ ეკითხება მინისტრებს, თანახმა არიან თუ არა; ის პირდაპირ უკარნახებს მათ თავის ნებას, რომლის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის კანონის ძალით ისჯება. ეს დემოკრატიის ბატონობის უმაღლესი ფორმაა და სანამ ხალხი არ ამაღლებულა ამ ფორმამდე, მას ძალაუნებურათ უხდება ანგარიში გაუწიოს ყველა სურვილებს და კაპრიზებს ადმინისტრატორებისა, რომელნიც მის ბატონათ ხდებიან და არა მოსამსახურეებათ.
შესაძლებელია თუ არა ჩვენში არა პარლამენტარული კაბინეთი? ამაზე კატეგორიული პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგანაც ეს გამოირკვევა დემოკრატიული კონსტიტუციის პრაქტიკიდან.
რეფერენდუმის დროს ყველასათვის ცხადი გახდება, რომ პარლამენტარიზმის და სახალხო კანონმდებლობის ერთად მოთავსება ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ, როგორც გადასასვლელ საფეხურზე, მე მივუთითებდი ისეთ კაბინეთის შედგენაზე, სადაც თავმჯდომარე და ერთი ან, ორი მინისტრი (მაგ., საშინაო ანუ საგარეო საქმეთა) იყოს პოლიტიკურათ პასუხისმგებელი, დანარჩენები კი საქმის ხალხი, რომელნიც გააგრძელებენ თავიანთ საქმეებს მაშინაც, როცა პასუხისმგებელ მინისტრების გამოცვლა ხდება.
არა პარლამენტარული კაბინეთი ჯერ კიდეც არ ნიშნავს დემოკრატიულს, თუ ის ერთად-ერთი აღმასრულებელია გამოცემული კანონებისა.
ამ შემთხვევაში ის იმდენათ გაძლიერდება, რომ თავისი მოხელეების საშუალებით ხალხს ადვილათ დაიმორჩილებს და ამით გააბათილებს როგორც რეფერენდუმს, ისე ხალხის სუვერენიტეტს ამიტომ 93 წლის კონსტიტუცია ამკვიდრებდა ისეთ წესს, რომლის ძალით ადმინისტრატორებს ირჩევენ მოქალაქენი თავიანთ რწმუნებულთა საშუალებით და არა მინისტრები ნიშნავენ.
შვეიცარიაში და ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი პირდაპირ ირჩევს გუბერნატორებს, პოლიცმეისტერებს და სხვ. მაღალ თანამდებობის პირთ. ჩვენ კი იმ პირობებში, რომელიც საქართველოშია, ვარჩევთ კონვენტის სისტემას. ადმინისტრატორების ამორჩევის უფლება უკეთესია მიენიჭოს საერობო და მუნიციპალურ თვითმმართველობებს, რომლებსაც ისინი (ადმინისტრ.) პირდაპირ ემორჩილებიან, არაპირდაპირ კი ემორჩილებიან მინისტრს, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ მოქმედებას კანონიერების მხრით.
იტყვიან: მაშინ სამინისტრო ხომ უსაქმოთ დარჩებაო? არაფერი ამის მსგავსი. ცენტრალური მთავრობის კონსტრუქციის დროს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ერთი პრინციპით: ეს მთავრობა, რაც შეიძლება ნაკლებ მმართველობდეს ხალხზე და მეტს ნივთებზე, ე.ი. ის უნდა ცდილობდეს სახელმწიფოებრივ მეურნეობა-მეოჯახეობაზე და ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მდიდარ კლასთა მისწრაფება ამ დებულებას სავსებით ეწინააღმდეგება: მათ აინტერესებს ხალხის მართვა, ე.ი. მისი დამორჩილება სახელმწიფოს ძალით და სამეურნეო-საოჯახო საქმეების კერძო პირებზე გადაცემა. პარლამენტარულ ქვეყნებში, თითქმის დემოკრატიულ ამერიკაში, სახელმწიფოებს ჯერ ვერ მოუხერხებიათ არამც თუ ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება, თავის ხელში რკინის გზების აღება-ექსპლოატაცია, ბურჟუაზია კი პრინციპიალურად უარყოფს სახელმწიფოებრივ მეურნეობას, რადგანაც მასში სოციალიზმის ჩანასახს ხედავს. არსებული დემოკრატიული რესპუბლიკები (შვეიცარიაში და ამერიკაში) ამ მუხლში სავსებით ბურჟუაზიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და არ ისახავენ არავითარ სამეურნეო მიზნებს, არა აქვთ არავითარი სახელმწიფო უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკა თავის სახელმწიფო ქონების მხრივ, რომელიც შესდგება ტყეებისაგან და მამულებისაგან (და რომელიც უნდა იქნეს შევსებული მადნეულობით) წარმოადგენს ბედნიერ გამონაკლისს. არა მქონე და მცირე მქონე კლასების ინტერესები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ პირველ რიგზე დააყენოს სახელმწიფო მეურნეობის შექმნა და კულტურული საკითხები, ხოლო მეორე რიგზე - ადმინისტრატიულ-პოლიტიკური საკითხები. რკინის გზები, ტყეები, მამულები, მადნეულობა, ჭაობების ამოშრობა, მედიცინა, სკოლები, მუშათა დაზღვევა და სხ. - აი ის საგნები, რომელზედაც უნდა ტრიალებდეს უმთავრესად მთავრობის მოქმედება, აგრეთვე ყოველნაირად ხელს უნდა უწყობდეს და ეხმარებოდეს საზოგადოებრივი ორგანოების ასეთ დაწესებულებას. როცა ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას ვაშენებთ, ჩვენი უმთავრესი მიზანია სახელმწიფოს გადაქცევა შეძლებისამებრ სამეურნეო-საოჯახო ორგანიზაციათ. ასეთია ჩვენი მიზანი დემოკრატიული რესპუბლიკის შენების დროს.
ამ რიგათ, როგორც ჩვენ გავანაწილეთ საკანონმდებლო ძალა პარლამენტისა ხალხს შორის, ასე უნდა გავანაწილოთ აღმასრულებელი ძალაც მთავრობასა და საზოგადოებრივ თვითმართველობათა ორგანოების შორის. ამისათვის კი საჭიროა და აუცილებლობას წარმოადგენს ამ უკანასკნელთა არსებობა და მოქმედებაც. მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საქართველოში ის აუცილებლათ საჭირო საძირკველი, რომელზედაც დამყარებულია თანამედროვე სახელმწიფო, - არა გვაქვს კომუნალური თვითმართველობა, ჩვენი სოფლები წარმოადგენენ უფორმო, უუფლებო ორგანიზაციებს. მაშასადამე, დღეს უმთავრესად ჩვენ უნდა შეუდგეთ კომუნალური ორგანოების შექმნას, ადგილობრივი სახელმწიფო ცენტრის მოწყობას, რის შემდეგ სახელმწიფო საძირკველი ძლიერი და შეურყეველი იქნება. საზოგადოებრივი ორგანოები თვითმართველობისა, სასოფლო-სამაზრო, ქალაქთა და მათი კავშირები, ადმინისტრატიულ მოღვაწეობასთან ხელს მოკიდებენ უმთავრესად სამეურნეო-საკულტურო მუშაობას და მით შეავსებენ და გააგრძელებენ სახელმწიფო სამეურნეო მოქმედებას.
იბადება კითხვა: როგორი უფლებრივი დამოკიდებულება არსებობს მოქალაქეთა და ადმინისტრატორთა შორის? შეუძლია თუ არა მოქალაქეთ სამსახურში დანაშაულის ჩადენის გამო ადმინისტრატორები ჩვეულებრივ სამართალში მისცენ?
ყველა პარლამენტარული და ნახევრათ პარლამენტარული სახელმწიფოები, ინგლისის გამოკლებით, თავიანთ მოხელეებს უყურებენ, როგორც პირთ, რომელთაც აქვთ მინიჭებული მთელი რიგი განსაკუთრებული უფლებებისა, პრივილეგიებისა და პრეროგატივებისა, - რითაც აღჭურვილნი არ არიან უბრალო მოქალაქენი.
და „ჰგონიათ, რომ ამ უფლებათა, უპირატესობათა და პრეროგატივების საზომი უნდა განისაზღვრებოდეს სხვაგვარი პრინციპებით, ვიდრე განისაზღვრება უფლება და მოვალეობანი ერთი მოქალაქისა მეორესთან შედარებით“. (დაისი) ეს უბრალოთ რომ აუხსნათ, ნიშნავს, რომ თანამდებობის პირნი ექვემდებარებიან არა ჩვეულებრივ სასამართლოებს, არამედ თავიანთ საკუთარ ეგრედ წოდებულ „ადმინისტრატიულ“ სასამართლოს. ამ მიზნით შექმნილია ადმინისტრატიულ უფლებათა მთელი სისტემა, რომელიც ამკვიდრებს მთავრობისაგან დამოკიდებულ ადმინისტრატიულ სასამართლოებს, უკანასკნელებს გადაეცემა გასასამართლებლათ ხოლმე მთავრობის დადგენილებით დამნაშავე თანამდებობის პირები. ამ აღმასრულებელმა ძალამ თავი დაიცვა, აღმართა თავის და ხალხს შორის სიმაგრე და მოიპოვა მასაზე ძლიერი გავლენა. ეს სისტემა პირდაპირ გამომდინარეობს პარლამენტარული წყობილებიდან ისე, როგორც ეს უფრო მოუხეშავი, ტლანქი სახით გამომდინარეობს თვითმპყრობელური რეჟიმისა და იმისაგან, რომ მთელი ძალა-უფლება გროვდება ცენტრის ხელში, სისტემა გამოყოფილი ხალხისაგან და მასაზე გაბატონებული. ადმინისტრატიული უფლება გულისხმობს მთავრობას და ხალხს შორის ანტოგონიზის და მტრული განწყობილების არსებობას და ეს უფლება იღებს ყოველგვარ იურიდიულ ზომებს მთავრობისა და მისი აგენტურის დასაცავად ამ მტრებისაგან.
უფლების ასეთი გაგება ძირიანად ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს, სადაც მთავრობა და მისი მოხელეები წარმოადგენენ ხალხის მოსამსახურეებს, რომელთაც არა აქვთ არავითარი განსაკუთრებული პრეროგატივები და ემორჩილებიან ჩვეულებრივ სისხლის სამართლის და სამოქალაქო კანონს. ყველა პარლამენტარული ქვეყნებისაგან მხოლოდ ინგლისმა დაახწია თავი ამ ადმინისტრატიულ უფლებას მოსამართლეთა ძლიერი გავლენის მეოხებით, რომლებმაც ეს ძალა შეიძინეს მთელი საუკუნის განმავლობაში მეფესთან და მოქალაქეებთან ერთად, ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლით. აქ ჩვეულებრივ სასამართლოს ექვემდებარება ყველა, დაწყებული მეფიდან და გათავებული უბრალო მომაკვდავით. თითეულ მოქალაქეს შეუძლია საჩივარი აღძრას სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის დანაშაულის შესახებ. მთელი ეს სისტემა მჭიდროთ დაკავშირებულია დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებთან და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.
გ) სასამართლო ორგანოები
ადმინისტრაცია თითქმის ყველგან გაბატონებულთა ორგანოთ ირიცხება, სასამართლო კი ჩაგრულთა ორგანოთ. ეს ორი დაწესებულება მუდამ ცუდ განწყობილებაში იყვნენ ერთმანეთთან და სასამართლომ ვერსად ვერ შესძლო - გარდა ინგლისისა, ადმინისტრაციის დამორჩილება, რომელიც განცალკევდა მისგან და საკუთარი სასამართლოები შექმნა. რადგანაც სასამართლო ერთად-ერთი დაწესებულებაა, სადაც თავშესაფარს პოულობენ ყველა სუსტები და დაჩაგრულები. ამიტომ უფლებისათვის მებრძოლებს მთელი ძალ-ღონე იქითკენ უნდა მიემართათ, რომ სასამართლო ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებელი გაეხადათ და ამ ნაირათ უზრუნველყოთ ხალხისათვის მინიმალური სამართლიანობა მაინც. სასამართლოს დამოუკიდებლობა გადაიქცა მოწინავე საზოგადოების საერთო მოთხოვნილებათ. აქედან გამომდინარეობს იდეა, რომ მოსამართლენი აღარ უნდა იცვლებოდენ - ეს მათი ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლობის გარანტია იქნება.
მაგრამ, დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდგომარეობა იცვლება და სასამართლო სხვანაირ პირობებში ვარდება. თუ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს, ცხადია ისინი არ შეიძლება დამოკიდებულ იყონ ადმინისტრაციისაგან, ისინი დამოკიდებული არიან მხოლოდ ხალხისაგან. ამ პირობებში კი სასამართლო დამოუკიდებლობა შეიძლება მხოლოდ „გაბატონებულთა“ მოთხოვნილება იყოს.
ამ რიგათ, მოსამართლენი არ უნდა იცვლებოდენ და დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ პარლამენტარულ და ნახევრათ პარლამენტარულ ქვეყნებში, ხოლო დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამოკიდებულიც უნდა იყვნენ და მასთან იცვლებოდენ; ხალხი ირჩევს და უკანვე იწვევს თავის არჩეულებს.
ეხლანდელი სასამართლო დანაშაულობის მიხედვით ორ ნაწილათ განიყოფება: პირად და სახელმწიფოებრივ ხელშეუხებლობას იცავს სისხლის სამართლის სასამართლო, საკუთრებისა და ოჯახის უფლებას - სამოქალაქო სასამართლო. ეს გაყოფა საერთოდ სამართლიანია, თუმცა ის ასე მტკიცეთ არ ხორციელდება. რაც შეეხება პროცესუალურ მხარეს, ეს დემოკრატიული თვალთახედვის ისრით კრიტიკას ვერ უძლებს. სისხლის სამართლის სასამართლოში დაზარალებულთა ინტერესების დაცვა სახელმწიფო ხარჯზე ხდება, სამოქალაქო სასამართლოში კი დაზარალებული საქმეს თავის ხარჯით აწარმოებს. ასეთი წესი კარგი და მისაწვდომია მდიდრებისათვის, ხოლო ცუდი და მიუწდომელი - ღარიბებისათვის. პირველთ ფული აქვთ და შეუძლიათ პროცესი თავისი ხარჯით აწარმოვონ, ხოლო მეორეთ შეძლების უქონლობისა გამო ეს არ შეუძლიათ და ამიტომაა, რომ მდიდრები საქმეს თითქმის ყოველთვის იგებენ, ხოლო ღარიბები კი აგებენ. ამიტომ საჭიროა დაზარალებულთა სახელმწიფო ხარჯით დაცვის პრინციპი მიღებულ იქნას სამოქალაქო პროცესშიაც. ამით შეიძლება შეუმსუბუქოთ სუსტს მდიდართან საჩივრის წარმოება.
რაც შეეხება სასამართლოს ორგანოების მოწყობას, ჩვენ ამ შემთხვევაშიაც უნდა ვიხმაროთ ძირითადი პრინციპი. ძალა-უფლება უნდა განაწილდეს ცენტრსა და ხალხს შორის. 93 წ. კონსტიტუციის მაგალითით ხალხი თავის რწმუნებულთა საშვალებით (ჩვენში საერობო მუნიციპალური ორგანოების საშვალებით) ირჩევს მოსამართლეებს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის. უკანასკნელნი საქმეს არჩევენ ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით. სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლო, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს ყველა სასამართლოებს, არჩევს განსაკუთრებულ სერიოზულ და საკასაციო საქმეებს; და როგორც უმაღლესი ინსტანცია, არჩევს კასაციურ საქმეთ და ირჩევა პარლამენტის მიერ, როგორც ეს შვეიცარიაშია მიღებული. - ყველა მოსამართლეებს ირჩევენ ვადით. ხელ-ახალი არჩევის უფლების უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი კომპრომისის გაკეთება. ხელ-მეორეთ არჩეულნი მოსამართლენი, როგორც ხალხის ნდობის მქონებელი, შეიძლება გამოცხადდენ მუდმივ მოსამართლეებათ.
მაგრამ ეს დროებითი კომპრომისია, რომელიც სრულებით არ გამომდინარეობს რესპუბლიკის პრინციპებიდან და ახლო მომავალში უნდა გაუქმებულ იქნას.
მე არაფერი არ მითქვამს ერთ ფრიად ძლიერ დაწესებულებაზე, რომელსაც ყოველ-გვარი წყობილება და ყოველგვარი თავისუფლება - ეს მუდმივი ჯარია.
ყველა ზემოთ თქმულისაგან ცხადია, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრინციპებს სულ არ შეეგუება მუდმივი ჯარი და როგორც მსოფლიო ომი გათავდება და ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა გამოირკვევა, ნეიტრალობის დამკვიდრების მაშინათვე ჩვენ გადავალთ სახალხო მილიციის სისტემაზე.
მე გავათავე. როგორც ხედავთ, ჩვენს წინაშე სდგას მეტის-მეტად ძნელი და რთული კითხვა - უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება - ესეთი წეს-წყობილების დაფუძნება და განმტკიცება, რომელიც ჯერ-ჯერობით არსად არ განხორციელებულა. ამ მიზნის მისაღწევათ კი საჭიროა ორი პირობა: საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა და ძლიერი დემოკრატიული მთავრობა, რომელიც შეძლებს ახალ წყობილების ცხოვრებაში გატარებას. ჩვენმა პარლამენტმა რომ შესძლოს გზის გაკვლევა, გაწმენდა, ყველა დაბრკოლებების ძლევა და დემოკრატიული პოლიტიკური თვითმართველობის დამკვიდრება, ის უნდა იყოს აღჭურვილი კონვენტის ძალა-უფლებით.
და თუ ჩვენ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ და დავმარცხდით, ერთი კი უეჭველი იქნება და ამას პირუთვნელი ისტორია აუცილებლათ იტყვის - ჩვენ მივდიოდით სწორე გზით და გავაკეთეთ, რის გაკეთებაც კი შეგვეძლო.
(მოხსენების შესახებ შენიშვნები იხ. რუბრიკაში სხვადასხვა)
ერთობა. - 1918 წ. - N 30 VIII; N 31 VIII; N 8 IX; N 10 IX; - N 184, 185, 192, 193.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1918. - N 30. - გვ. 4; - N 31. - გვ. 3, 4.
________________
* პარლამენტის ქვეშ იგულისხმება ყველა ის ინსტანციები, რომელთა თანხმობა
საჭიროა ინგლისში კანონის გამოსაცემათ - სათემო პალატის, ლორდების პალატის და კოროლის.
![]() |
2.10 თფ. მუშათა და ჯარის კაცთა საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
შაბათს, ორს ნოემბერს სახალხო სახლში, საღამოს 8 საათზე, მოხდა თბილისის მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოს კრება. მთელი დარბაზი ხალხით იყო გაჭედილი. წინა-ხუთი-ექვსი რიგის სკამები თვით საბჭოს წევრებს ეჭირა. სრულ რვა საათზე შემოვიდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბ-ნი ნ. ჟორდანია, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს ყოფილ ამიერ-კავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, ამ შემთხვევაში თფილისის მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოს სამოქმედო ასპარეზის ფარგლებში. ბ. ჟორდანიას თან ახლდა ბ. ბ. ირ. წერეთელი და ევ. გეგეჭკორი. საზოგადოება მათ დიდის ტაშით შეეგება. კრება გახსნა თავმჯდომარე ჟორდანიამ. მოკლე სიტყვაში აღნიშნა რომ როგორც საერთაშორისო მდგომარეობაშიო აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრებაშიც დიდი ცვლილება მოხდა მას შემდეგ, რაც თფ. მუშათა და ჯ. საბჭოს თავისი უკანასკნელი კრება ჰქონდა, დღეს სწორედ ამ ცვლილებებზე გვექნება მოხსენება საბჭოს წევრთა წინაშე. ჩვენი მტრები დარწმუნდებიან, რომ წინააღმდეგ მათ ყოველდღიური ნიშნის მოგებისა საბჭო ცოცხალია და მოქმედებს და რომ იგი იარსებებს, სანამ საბჭოს დანიშნულება სრულ გამარჯვებამდე არ მივაო. თფ. მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოს თავმჯდომარემ ბ. ჟორდანიამ თავისი სიტყვა ასე დაამთავრა: საბჭომ თვალყური უნდა ადევნოს ყველა იმ ორგანოს, რომელთაც თავისი ფუნქციები გადასცა, რათა ამ ორგანოებმა იმ გზას არ გადაუხვიონ, რომელიც საბჭოს აქვს არჩეული თავის მიზნების მისაღწევადო. თავმჯდომარის სიტყვამ დარბაზში, როგორც მოსალოდნელი იყო, მხურვალე ტაში გამოიწვია. თავმჯდომარის წინადადებაზე იქნება ვინმეს ჰქონდეს დღიურ წესრიგში შესატანი საკითხი, მეტალისტ მუშების წარმომადგენელმა ტომით რუსმა წამოაყენა საბჭოს ორგანიზაციის საკითხი, რომელიც დღიურ წესრიგში იქნა შეტანილი.
ამის შემდეგ სიტყვა მიეცა ბ-ნ მომხსენებელს ირაკლი წერეთელს, თავის გრძელ სიტყვაში ბ-მა წერეთელმა აღნიშნა სხვა და სხვა ეტაპები საერთაშორისო მდგომარეობაში ომის დაწყებიდან, შეჩერდა ხანგრძლივათ რუსეთსა და ევროპაში ომითა და რევოლიუციით შექმნილ მდგომარეობაზე. მომხსენებელი ამავე დროს ახასიათებს საქართველოს მდგომარეობას, მის საგარეო პოლიტიკას, ტაკტიკას საერთაშორისო მდგომარეობის ამა თუ იმ ვითარების დროს. იმ ნაწილში, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობას შეეხებოდა, მომხსენებელმა ენერგიულად ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გერმანიის შემოსვლა და მისი ყოფნა საქართველოში იყო და არის ერთი ძლიერი ფაქტორი საქართველოს დამოუკიდებლობისა და რომ გერმანიის მოშველებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ოსმალთაგან აწიოკება-განადგურებას და შინაურ ანარქიასო. თამამის მადლობის გრძნობით მიესალმა ბ-ნი მომხსენებელი გერმანიას მის ასეთ ორგანიულ, სახელმწიფოებრივ თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და კიდევ მეტი მეგობრობისა და სოლიდარობის ჩამოგდება დაინახა შესაძლოთ დღევანდელ დემოკრატიულ გერმანიასთან. კერძოდ საქართველოს შესახებ, მომხსენებელმა აღნიშნა, იმ საერთაშორისო კონიუკტურაში, რომელშიაც იგი სცხოვრობდა, საქართველოს სხვა გზით სიარული არ შეეძლო. მან აირჩია ის ერთად ერთი გზა, რომელიც დარჩენოდაო. საქართველოს ორიენტაციის შესახებ ირ. წერეთელმა სთქვა: საქართველოს ერთად ერთი ორიენტაცია აქვსო, ეს არის ქართული ორიენტაცია და საქართველოს დამოუკიდებლობა და ამის განსამტკიცებლად იგი ადგება დღეს ერთ ორიენტაციას, ორიენტაციას საერთაშორისო დემოკრატიისაკენო.
გაიმართა კამათი მოხსენების შესახებ. კამათში მონაწილეობა მიიღო: სოციალისტ-რევოლიუციონერებმა ბულგაკოვმა და თარხანოვმა და დამოუკიდებელმა ესერმა ჩემოდანოვმა. ბ-ნი ბულგაკოვი და თარხანოვი თავიანთ სიტყვებში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, საქართველო რუსეთის ფერხულში უნდა ჩაებას და რუსეთს შეუსხეულდეს ფედერატიულ ნიადაგზეო. ბ-ნი ჩემოდანოვი თავის სიტყვაში ამტკიცებდა, საქართველოს სხვანაირად მოქმედება არ შეეძლო. დღეს მისი სახე გამორკვეულია, იგი დამოუკიდებლობის გზას ადგია, მისი ორიენტაცია, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ორიენტაცია და მე დარწმუნებული ვარ, თუ მართლაც და დემოკრატიული რუსეთი აღსდგა, იგი თავისთან ფედერაციაში შემოსვლას საქართველოს არ დააძალებსო. შემდეგ გამოვიდა მეტალურ მუშების წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა მუშათა საბჭოს ორგანიზაციის აღდგენა.
დასასრულ გამოტანილ იქმნა შემდეგი რეზოლიუცია:
ა) მსოფლიო ომის დასასრული მოითხოვს დემოკრატიის და კერძოდ მშრომელთა კლასის მიერ ძალთა ამოძრავებას, რათა დამყარებულ იქმნას საერთო დემოკრატიული ზავი ხალხთა შეთანხმების საფუძველზე, და დადგენილ იყოს თანასწორობა ერთა შორის.
ბ) საერთაშორისო მდგომარეობის შეცვლით საქართველოს რესპუბლიკას, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა რევოლიუციის მონაპოვარი, მოელის დიადი საფრთხე, ამისთვის ქართველ დემოკრატიას ჰმართებს მეტი სიფხიზლე და ძალთა გაერთიანება
თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად.
გ) სათავე უდიდეს საფრთხისა არის ამიერ-კავკასიის ერთა შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება. საბჭო მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ უთანხმოების მოსასპობად.
დ) საქართველოზე შეგროვილ ღრუბლების გამო, მისი მტრები აბამენ ათას ქსელს; ჰმართვენ შეთქმულებისა და სხ., დემოკრატიის ვალია - ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს მთავრობას მათ საწინააღმდეგო ბრძოლაში.
ე) თავის იმედებს სამართლიანობისა და ერთა შორის დამოუკიდებლობის დასამყარებლად საბჭო ამყარებს ინტერნაციონალზე, დემოკრატიისა და უფრო კი ამიერ-კავკასიის სოციალისტურ ელემენტების გაერთიანებაზე.
ხალხი დაიშალა ღამ. 12 ს.
საქართველო. - 1918 წ. - გიორგობისთვის 5. - N 209. - გვ. 3.
ერთობა. - 1918 წელი. - 5 ნოემბერი. - N 238. - გვ. 2.
![]() |
2.11 მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
წარმოთქმული პარლამენტის სხდომაზე ნოემბრის 9-ში
(ჩაწერილია სტენოგრაფიით. მთავრობის თავმჯდომარეს ტაშით ეგებებიან)
მოქალაქენო! ვინაიდან შეკითხვა ეხება ფრიად სერიოზულ საკითხს ერთის მხრივ, და ვინაიდან, ჩვენ გვაქვს უტყუარი ცნობები, რომ ამ კითხვის გარშემო, რომელიც დღეს აქ არის აღძრული, დიდი მითქმა-მოთქმა, დიდი აგიტაციაა ხალხში, და ჩვენ, შეიძლება, ვდგევართ დღეს დიდ რაიმე ანარქიულ გამოსვლის წინაშე, ამიტომ მთავრობამ არ ისარგებლა იმით, რომ, მას უფლება აქვს ერთი კვირის განმავლობაში გასცეს პასუხი და გადაწყვიტა ამ შეკითხვის პასუხი გასცეს დღესვე.
აქ ითქვა, რომ უკანასკნელ დღეებში, ერთი ჯურის პრესაში არის დიდი აგიტაცია გაჩაღებული, აგიტაცია ისეთი, რომელიც იწვევს, და რომელსაც მუდამ ყოველგან გამოუწვევია ერთა შუღლი და მტრობა.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს სწორეთ ასე არის.
ამ უკანასკნელ 4-5 დღის განმავლობაში, არ ვიცი ამ 4-5 დღის განმავლობაში რა მოხდა (ვეშაპელი: „ხიდი ააფეთქეს“), რა შეიცვალა ამ პარტიაში, რომლის ორგანოში დღეს არის ასეთი აგიტაცია. ეს ორგანოა გაზეთი „ჰორიზონი“. მე არ დავასახელებ სხვა წვრილმან გაზეთებს, ვინაიდან მათ არც იმდენი ძალა აქვთ, არც იმდენი გავლენა და არც იმდენი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. მაგრამ, პარტიას, რომელიც არის მართლა პარტია მასსიური, რომელსაც მისდევს დიდ ძალი ხალხი, მის ორგანოს სიტყვას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და მათ უნდა მოეთხოვოთ დასაბუთებული პასუხი, და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.
ჩვენ, პირველ დღეს, როცა აქ, ამ პარლამენტში, შემოვიდნენ ნაციონალურ უმცირესობის წარმომადგენლები, გავიგონეთ რომ იმ უმცირესობის წარმომადგენელი პარტიები, აქ შემოვიდნენ სამუშაოდ ჩვენთან ერთად, და არავითარი ზრახვა არ აქვთ სხვა გარეშე ერთობისა. მე მწამს, რომ ეს მათი სიტყვა იყო გულწფელი და არის დღესაც. და ვფიქრობ რომ ისინი არ უნდა იზიარებდენ იმას, რაც იწერება იმ გაზეთებში, რომელნიც ითვლებიან მათ ორგანოებად. მე არ მივაქცევდი კიდევ დიდ ყურადღებას იმას, რასაც სწერენ ეს გაზეთები. მაგრამ, უნდა ვთქვათ, რომ მე მაქვს უფრო სხვა სერიოზული საბუთი, და ამ საბუთს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
6 ნოემბერს, სწორეთ იმ დღეს, როცა თითქმის მთელი ნომერი „ჰორიზონისა“იყო აი იმ აგიტაციით ავსებული, ჩემს კაბინეთში გამოცხადდა მრავალ რიცხოვანი დელეგაცია პარტიის დაშნაკელებისა. უნდა გითხრათ რომ ხშირად, ამ უკანასკნელ 4-5 თვის განმავლობაში, მოდიან ჩემთან დელეგაციები. მაგრამ, ეს დელეგაცია სულ სხვა ელფერისა იყო, ეს დელეგაცია თავისი რიხით, თავისი მკვახე სიტყვებით მოგაგონებდათ იმ დელეგაციებს, რომელთაც ჩვენ ეშელონები გვიგზავნიდნენ აღმასრულებელ კომიტეტში. მაგრამ, მე მგონია, მათ ერთობ ნახტომი შეეშალათ (მხურვალე ტაში, ვაშა!). მათ კარგად იციან, რომ ჩვენ უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაციები და ეშელონები ადვილად ჩავატარეთ და უფრო ადვილია „ჰორიზონის“ დელეგაციის და მათი ეშელონების გასტუმრება (სპ. კედია: ჭეშმარიტებაა!)
არც ერთ წევრს ამ დელეგაციასას, მე არ ვიცნობდი, გარდა ერთისა, და სწორედ იმ დელეგაციის მეთაური იყო ის ერთი პირი, რომელმაც გამაკვირვა. ეს გახლდათ ქალაქის ხმოსანი, ქალაქის საბქოს თავმჯდომარე ამხანაგი ბატონი იაკჯიანცი. მან აიღო სიტყვა, დელეგაციის სახელით, და მითხრა: მე ეს დელეგაცია მოვაწყე, და მათ წამოვყევი, იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ უფრო დიდი უბედურება ეს ის, რომ სომხის ხალხში დღეს დიდი მღელვარებაა და მოსალოდნელია რაღაც მასსიური გამოსვლა და მე მინდა, რომ ეს გამოსვლა არ მოხდეს და იმიტომ მე მინდა თქვენგან გავიგონო პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც დღეს დიდათ აღელვებს სომხის ერს, იმიტომ მოვიყვანე ეს დელეგაცია (ხმები: საზიზღრობაა!). მე გამიკვირდა. მართლა გითხრათ სამწუხაროდ, სომხური არ ვიცი, სომხურ გაზეთებს არ ვკითხულობ, და ვიცი რაც, კანტი-კუნტათ ითარგმნება და იბეჭდება რუსულ და ქართულ გაზეთებში. მე სრულიად არ ვიცოდი, რომ იმ დღეს სომხურ გაზეთში: „ჰორიზონში“ ეწერა ის რაც მან ბრძანა. გამიკვირდა და უთხარი საიდან რა მოხდა, ან რა ამბავია. მან მითხრა: ჩვენ ვიცით დანამდვილებით, რომ ოსმალები უშვებენ თავიანთ სამშობლოში სომხის ლტოლვილებს, და თქვენ კი იმათ არ უშვებთო (ხმა: წაიყვანონ!) ამას დაუმატა მგონებ, მისი გვარი უნდა იყოს თოფჩაევი, როგორც მერე გავიგე, რომ ჩვენ ამის საბუთები ხელში გვაქვს, და სწორედ მოვედით, რომ სომხის ერის სახელით გამოვაცხადოთ დიდი პროტესტი (ეეშაპელი: უკრაინაში უკვე განაცხადეს).
შემდეგ მეორე ბრალდება წამოაყენა ის, რომ თქვენი ჯარები, რომელნიც სდგანან ბაკურიანში და აქეთ საზღვრებზე, იკვებებიან ლტოლვილთა პურით. ისინი ახდენენ რეკვიზიციას, ართმევენ პურს და ლტოლვილები იხოცებიან შიმშილით. ამაში არის დამნაშავე თქვენი ჯარიო.
მესამე ბრალდება წამოაყენეს ის, რომ ჩვენ უმიზეზოთ დავატუსაღეთ ექიმი კარჩიკიანი და მღვდელი მალიანცი ბაკურიანს, სადაც მუშაობდენ იმისთვის, რომ შეუმსუბუქონ ოდნავ მაინც ლტოლვილებს მდგომარეობა.
მე არ მოგახსენებთ იმას, თუ იმათ რა უთხარი. მაგრამ მაინც ამ სამ ბრალდებამ, და ყველაზე უფრო პირველმა ბრალდებამ, სწორეთ გითხრათ, ძალიან გამაკვირვა. მე ვკითხე: მართალია, რომ თქვენი ხალხი, თქვენი მასსა ჰფიქრობს, რომ ოსმალები თქვენ გიშვებენ, და ქართველები კი არა? ოსმალები გექცევიან უფრო მეგობრულათ, და ჩვენ მტრულათ? მითხრეს, სწორეთ ასე ფიქრობენო და თუ არ დავეშურებით, შეიძლება დიდი უსიამოვნება მოყვესო (ხმაურობა. თავმჯდომარე: უკაცრავათ, გთხოვთ ნუ ლაპარაკობთ). ჰო და, მართალი გითხრათ ისე რიხიანათ ამბობდენ, რომ ცოტაოდენი ეჭვი შემივიდა. ვიცოდი, რომ ისეთი ბრძანება მთავრობას არ მიუცია. პირიქით, მთავრობა სცდილობდა სულ წინააღმდეგს. მაგრამ შეიძლება საზღვრების რომელიმე გენერალმა იმის მსგავსი განაცხადა. მე დავეჭვდი, რადგან ისეთნაირ დაჟინებით, ისეთნაირ რიხით ამას ისინი ამტკიცებდენ. რომ მცოდნოდა, რომ ეს ეწერა: „ჰორიზონ“-ში, რასაკვირველია, მაშინ მივხვდებოდი საქმე რაში იყო და არც არავითარი ეჭვი არ შემივიდოდა, მაშინ მივხვდებოდი, რომ აქ საქმე გვაქს პროვოკაციასთან, რომ აქ იყო დიდი ქსელი პროვოკაციისა, და ამ პროვოკაციის ანკესზე წამოეგო ფართო მასსა და თვით ეს დელეგაცია.
დელეგაცია გავისტუმრე, და მაშინ დავიბარე სამხედრო მინისტრი და ვკითხე: თუ იყო მართლა ასეთი ბრძანება მიცემული? რასაკვირველია, მასაც გაუკვირდა, სრულიათ არავითარი მსგავსი ბრძანება არ გაუცია. ჩვენ, პირიქით, გვინდა, რომ სომხის ლტოლვილები, ისე როგორც ყველა ლტოლვილები: ქართველი, ბერძენი და სხვა, ყველა ერთნაირათ გვინდოდა დაგვებრუნებინაო. აბა, მე უთხარი ეხლა წავიდეთ აპარატთან, გამოვიწვიოთ იქაური გენერალი მაყაშვილი. მე, სამხედრო მინისტრი, აგრეთვე მიწათმოქმედების მინისტრი, წავედით აპარატთან და გამოვიხმეთ მაყაშვილი. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დავნიშნეთ იმ ჯარების უფროსათ, რომელიც არის ჩვენ საზღვრებზე, განსაკუთრებულათ მაყაშვილი, იმიტომ რომ მაყაშვილი გახლავთ ის პირი, რომელიც იყო ახალციხის გარნიზონის უფროსათ, და რომელიც არ დაემსგავსა იმ სარდლებს და გენერლებს, როგორც ბაქოში, რომლებმაც დასტოვეს ბრძოლის ველი, თავის თავს უშველეს და ხალხი კი დასტოვეს მტრის ამარათ (მხურვალე ტაში). და აი, ეს გენერალია, რომელმაც მართლაც რომ ქალაქი დაიცვა და დიდებულათ შეასრულა თავისი მისსია და შემდეგ ჯარი საპატიო პირობით გამოიყვანა, და აქ შევიდენ ოსმალები, ისე, რომ სომხებს იქ თმის ბალანიც არ ჩამოსცვივნიათ. აქ არის ახალციხის ქალაქის თავი ბატ. ზორიანი და იმას დაამტკიცებს. აი ამ გენერალმა დაიმსახურა სომხების განსაკუთრებული პატივისცემა (სომხები: მართალია!). იმან აგრეთვე დაიმსახურა განსაკუთრებული პატივისცემა მუსულმანების, ვინაიდან ეს არ იყო მომხრე ჟლეტისა არც ოსმალებისა და არც სომხებისა. ჩვენ ასეთი გენერალი გავგზავნეთ იქ და უთხარით, აბა თქვენ იმეცადინეთ, რომ შეხვიდეთ შიგ, იმ მაზრებში რომელიც დასტოვეს ოსმალებმა, და თქვენ მფარველობაში შეიყვანეთ ის ლტოლვილები, რომელნიც იქ არიან. იმიტომ, მე რასაკვირველია, მართლა გითხრათ, გამიარა ეჭვმა, და უნდა გამეგო - ნუ თუ მართლა მან ასეთი რაიმე ბრძანება გასცა, რომ ოსმალები იღებენ ლტოლვილებს, და ის კი არ უშვებს. და იმიტომ გამოვიხმე აპარატთან და სამი კითხვა მივეცი. პირველი კითხვა მივეცი იმათ, რომ თუ მართალია, რომ ოსმალები უშვებენ ლტოლვილებს, და ისინი არ უშვებენ. მეორე კითხვა მივეცი ის, რომ თუ მართლა ხდება პურის რეკვიზიცია იქ ლტოლვილთა შორის და მესამე, რა მიზეზით იყო დატყვევებული და აქ გამოგზავნილი ექიმი ხარჩიკიანი და მღვდელი მალაიანცი, და აი მისი პასუხი. უკაცრავათ, პასუხი რუსულად არის დაწერილი და რუსულად წავიკითხავ.
1. Турки не согласны пропускать бђженцевъ безъ пропуска отъ особой комтссიи въ Тифлисђ.Сами бђженцы готовы отправиться хоть сейчасъ.
უნდა ვსთქვა, რომ მაყაშვილთან ერთათ აღმოჩნდა ჩვენი პოლიტიკური წარმომადგენელი ლეო რუხაძე. მაშასადამე, ეს პასუხი იყო ორივესი (კითხულობს).
2. Реквизицიи хлђба не производится. Былъ случай, когда въ виду неподвоза продовольствიя для отряда, въ первый день взяли хлђбъ взаимообразно. но какъ только прибылъ хлђбъ, мука немедленно возвращена обратно.
3. Харчикянъ и Меликъ Малаянцъ были арестованы, какъ лица, подбивающიя бђженцевъ не признать передачи Ахалцыхскаго и Ахалкалакскаго уђздовъ грузинамъ и возмущавщიе жителей противъ грузинъ. Есть еще нђсколько лицъ, на которыхъ указывають сами армяне и которыхъ просятъ удалить. Дознанიе производится и будетъ прислано дополнительно (ამას მიაქციეთ ყურადღება). Сейчасъ я получилъ просьбу менабдიйскаго об-ва объ удаленიи свящ. Оганеса Арамянца, ведущаго пропаганду противъ правтельства Грузიи и портящаго молодежь об-ва. Приказалъ арестовать, произвести дознанიе и отправить въ Тифлисъ. Въ томъ же направленიи ведется пропаганда среди армянъ, которые умоляютъ избавить ихъ отъ етихъ пропагандистовъ смутьяновъ. Что же касается препятствიй, чинимыхъ якобы нами бђженцамъ къ возвращенიю на родину, то это чистђйшая ложь и клевета. Пришлите удостовђриться.
(სოც.-დემ. სირცხვილი! კედია: უნდა დაისაჯონ). შემდეგ მაინც ვკითხე მე ამნაირათ: «Вђрно ли, что турки бђженцевъ пропускаютъ, а Вы не пропускаете?» ამის პასუხი: “ Ложь, чистђйшей воды. Пришлите удостовђриться!”
აი თქვენ აქედან ხედავთ, რომ, არა თუ მთავრობას, არამედ არც გენერალ მაყაშვილს, და არც რომელიმე აქ მდგომ ქართულ ნაწილს, არავითარი ბრძანება არავითარი დაბრკოლება არ მიუცია, იმისთვის, რომ იქიდან ლტოლვილები დაბრუნებულიყვნენ. ეს იცის სუყველამ. ლტოლვილები ვერ მოდიან ამიტომ რომ ოსმალები არ უშვებენ. თუმცა ისინი დარწმუნებული არიან და მშვენივრათ იციან ის, როგორც მე ვიცი, რომ ის ესე არის, მაგრამ, ამ უკანასკნელ დროში შეაბრუნეს უკუღმართათ და ამბობენ: ოსმალები ჩვენი მეგობრები არიანო, ოსმალები ჩვენ გვიშვებენ, ქართველები კი არ გვიშვებენო. მაგრამ, თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმას, რასაც იქიდან იწერებიან, იმას თუ რანაირი პროპაგანდა სწარმოებს, თითონ ლტოლვილთა შორის. იქიდან გაგზავნილი პირნი, გაგზავნილი იმიტომ, რომ იმ ხალხს გაუწიონ რაიმე შემწეობა და დახმარება, იმას კი არ სჩადიან, არამედ მიდიან პოლიტიკურ მიზნით, და უჩურჩულებენ, რომ ქართველები არ შევიდნენ არც ახალციხეში, და არც ახალქალაქის მაზრებში. და უნდა ვთქვათ, რომ ამ პროპაგანდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ის მოღალატეები, რომელთაც გააბრიყვეს და გადაიყვანეს ოსმალები იქიდან წინად, ეხლა როდესაც ხედავენ, რომ ოსმალები უნდა წავიდნენ, და უნდა მოვიდნენ ქართველები მათ ეშინიათ, ვაი თუ ქართულ მთავრობამ დაგვსაჯოს ვერაგობის ჩადენისათვისო - ეწევიან აგიტაციას საქართველო არ შემოვიდესო. მათ შექმნეს მთელი ორგანიზაცია, და ქადაგობენ, როგორც ახალციხეს, ასევე ახალქალაქსა და აგრეთვე აჭარაშიც, და ცდილობენ ხალხს ჩაუნერგონ: თუ შემოვიდნენ, ქართველებიც ამოგვჟლეტავენო და აი, მათ ეხმარებიან, გვერდში უდგანან ზოგიერთი სომეხი ინტელიგენტები. ასეთსავე პროპაგანდას, ეწევიან ლტოლვილები. მაგრამ, უნდა ვსთქვათ, რომ ხალხის საღი ნაწილი არ იწონებს ასეთ აგიტაციას და თვითონვე, სომხის გლეხი, თხოულობს - ამისთანა ხალხი მოგვაშორეთ აქედანაო. ისინი ხედავენ, რომ ამ პროპაგანდისტებს ლტოლვილებთან კავშირი არ აქვთ, და მათ სულ სხვა ინტერესები აწუხებთ.
აი, მაშასადამე, თქვენ იცით, რომ არც მთავრობას, არც იქ მდგომ ჯარის ნაწილს, არც მის სარდალს არავითარი ზომა არ მიუღია იმისათვის, რომ არ გაუშვან იქიდან ლტოლვილები სამშობლოში და თუ მაინც ასეთი აზრი არის გავრცელებული დღეს სომხის ხალხში, და თუ მაინც ეს იწერება მათ ორგანოებში, - უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ აქ გვაქვს საქმე სერიოზულ მოქმედებასთან, და სერიოზულ ფაქტთან, უეჭველია მეთაურთ სურს სომხის ხალხი ააღელვონ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც სხვა მიზნის მისაღწევათ, რომ შემდეგ აღელვება გადიტანონ, რაღაც სხვა ნიადაგზე (ეროვ. დემოკ.: „მართალია, რა თქმა უნდა“), და ამ ნიადაგზე აპირობენ ჩვენ წინააღმდეგ მოახერხონ გამოლაშქრება. ჩვენ გვაქვს სხვა საბუთებიც, რომ აქ თბილისში, თბილისის გუბერნიაში არის მთელი ქსელი გაბმული და ეწევიან დღეს დიდ აგიტაციას (ერ. დემოკრატები: ,,დიდი ხნის ამბავია“).
უნდა ვსთქვა, რომ დელეგაციაში, რომელიც იყო ჩემთან, 6 ნოემბერს, არის ერთი მუშა. ის ადგა ბოლოს, და მითხრა: ,,მე სომხური კარგად არც ვიცი, ქართულად მოგახსენებო, რასაც ვხედავ: მე ვარ გორის მაზრიდან. არასოდეს არ გაეგო არავის ჩვენში, რომ ამ მაზრაში სომხებსა და ქართველებს შორის რაიმე მელიობა ყოფილიყო. ჩვენ მუდამ ვცხოვრობდით კეთილ-მეგობრულად და ძმურად მაგრამ, აი, ამ უკანასკნელ დროს, გორის მაზრაში, სომხებში, არის პროპაგანდა, ამბობენ, რომ ჩვენ გვიღალატებენ ქართველები; და, ამიტომ ჩვენ გთხოვთ, რო მიიღოთ ყოველგვარი ზომები, რომ ასეთ პროპაგანდას, ასეთ აგიტაციას არ მისცეთ ადგილი“ (ტაში. ხმა: ბუნებამ დაილაპარაკა!) ის დარწმუნებული იყო, სხვათა შორის, რომ ჩვენ მართლა ლტოლვილებს არ უშვებდით, და მეხვეწებოდა: „ასეთ მიზეზებს ნუ მისცემთ ჩვენ ხალხსო, რომ ჩვენ ხალხის და ქართველ ხალხის შუა არ მოხდეს დიდი უბედურება“.
თქვენ აქედან ხედავთ, რომ, არა მარტო აქ არის პროპაგანდა, არამედ გორშიაც (ვეშაპელი: კახეთშიაც.). არ ვიცი, კახეთში არის თუ არა: ეს დაიბადა უკანასკნელ დღეებში, მაგრამ, ეს პროპაგანდა, ეს ორგანიზაციები, ვინაიდან თავის მიზანს არ ამჟღავნებენ, თუ რა სურთ - ალბათ რაიმე საიდუმლო ზრახვები აქვთ, იმიზეზებენ ცრუ მიზეზებს, ასახელებენ ისეთს, რასაც მართლა შეუძლია ხალხი ააღელვოს, მართლაც ასაღელვებელია, თურმე ოსმალები მათი მეგობრებია, ოსმალები უშვებენ ლტოლვილებს, და ჩვენ კი არ უშვებთ. ეს ისეთი აღმაშფოთებელია, რომ უბრალო გლეხი, უბრალო კაციც კი აღელვდება თუ კი დაუჯერებს ამათ. ესეთი დემაგოგია, რასაკვირველია, ააღელვებს ხალხს (ვეშაპელი: დემაგოგიას გარდა, სხვაც არის რამე).
ეხლა მე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ არსებითად, საერთოდ ლტოლვილების შესახებ.
როგორც ვიცით, ბევრს ცილს გვწამებენ გაზეთებში: სწერია ის, რომ ჩვენ ლტოლვილებს არ უშვებთ, რომ ისინი ლაგერებში არიან. რომ აქ მესოპოტამია არის და სხვა ბევრი ამისთანა; და სწორედ დღეს, ვინაიდან ჩვენ შემთხვევა გვაქვს ვთქვათ იმაზე, თუ რას ვშვრებით ამ მხრით, ნება მიბოძეთ ამ საგანზე მოგახსენოთ (ხმები: გთხოვთ).
ლტოლვილების საკითხს ამიერკავკასიაში აწარმოებდა ერთი ორგანიზაცია. იმას ჰქვიან - აღმასრულებელი კომიტეტი კავკასიის ფრონტის ლტოლვილების საქმის მოსაწყობად. იმ აღმასრულებელ კომიტეტში შედიოდნენ ყველა ერების ლტოლვილთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის იყო თბილისში. ჩვენი, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 26 მაისს, მაგრამ ეს საქმე დარჩა მაინც იმ კომიტეტის ხელში და ჩვენ ეს საქმე მივიღეთ მხოლოდ ივლისში. მაშასადამე, შემდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, თითქმის თვე-ნახევარზე მეტი იყო მათ ხელში.
იმ კომიტეტს სეიმმა მისცა, თუ გახსოვთ, 15 მილიონი მანეთი. ამ 15 მილიონ ფულში უმრავლესობა სომხის ლტოლვილთა ორგანიზაციამ მიიღო - 10 მილ. 252 ათასი (გ. ვეშაპელი: რამდენ თოფს იყიდნენ!). ის არ არის გამოანგარიშებული, თუ ლტოლვილები, საერთოდ, რამდენი არიან. მაგრამ არის, ვარაუდით ნაანგარიშევი, რომ ის ლტოლვილები, რომელნიც აქ დარჩნენ, თუ ამ გზით გაიარეს, იყო 300 ათასი. ეს ციფრიც რომ შევამციროთ ყოველ შემთხვევაში, საქართველოს საზღვრებში დარჩა 150 ათასი ლტოლვილი ყველა ეროვნებისა. ამათში სომხის ლტოლვილებს, ჩვენ ვანგარიშობთ 100-110-120 ათასამდე. და ეს ლტოლვილები იყვნენ გადმოხვეწილნი ორი მხრიდან: ერთი მოდიოდა ახალციხის და ახალქალაქის მაზრიდან, მეორე რიგი ლტოლვილებისა მოდიოდა ოსმალეთიდან და ერევნის გუბერნიიდან.
ის ხალხი, რომელიც მოდიოდა ერევნის გზით, ის მოდიოდა თბილისში. ის ხალხი, რომელიც წამოვიდა ახალქალაქის და ახალციხის მაზრიდან, ისინი მოვიდენ ბაკურიანში და მის მიდამოებში. უნდა ითქვას, რომ იმათში, რასაკვირველია, იყვნენ ყველა ერის ლტოლვილები: იყვნენ სომხები, იყვნენ ბერძნები, იყვნენ ქართველები, და იყვნენ აისორები და ჩვენ არასოდეს, არავითარი განსხვავება არც ერთ ეროვნების შორის არ გაგვიკეთებია. ამ საქმეში სომხებს, როგორც ქართველებს და ბერძნებს - უყურებდით ერთნაირად. თბილისში იმყოფებოდა 40 ათასი ლტოლვილი - შემდეგ, თვით ქალაქის თვითმართველობის განკარგულებით, ვინაიდან ლტოლვილთა შორის გაჩნდა ხოლერა და სხვა სენი, ისინი იყვნენ გაყვანილნი მე-300 ვერსზე. უნდა ითქვას, რომ 300 ვერსზე იყვნენ გაყვანილნი იმიტომ კი არა, რომ იქ ცუდი იყო მათთვის, პირიქით, იქ არის შესაფერი ბინა, მშვენიერი ჰაერი და წყალი. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ 40 ათასიდან, რომელნიც იქ იყვნენ, მესამასე ვერსზე, ეხლა არის 6 ათასი. ეხლა იკითხავთ - სხვები რა იქნენო? (ვეშაპელი. ელიავამ შეინახა) რომ ვკითხოთ „ორიზონს“, იგი იტყვის დაიხოცაო (ივანიცკი: «чичиковскიя мертвыя души»). იმიტომ გადაიყვანეთ, რომ დახოცილიყვნენო, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ისინი კი არ დახოცილან. ჩვეულებრივ ავათმყოფობისაგან იქნება ზოგიერთი დაიხოცა, მაგრამ ბევრი მათგანი აიყარნენ და გაემგზავრენ თბილისში და სხვა ქალაქებში. რადგან მათთვის ჩვენ, რასაკვირველია არავითარი დაბრკოლება, არავითარი წინააღმდეგობა არ აღმოგვიჩენია, და თუ ნახავდენ იქ სამუშაოს, ისინი იკრიბებოდენ, სცხოვრობდენ აქ და ამრიგად იქ 40 ათას ლტოლვილიდან დარჩა სულ 6 ათასი. მაშასადამე, დანარჩენებზე აქ ლაპარაკი არც კი არის.
ეხლა თქვენ გადახედეთ ბაკურიანის მხარეს. აქ იყო 80 ათასი კაცი. სუყველა ერის ლტოლვილი იყო და ეხლა კი არიან 25 ათასი, თქვენ იკითხავთ: დანარჩენნი რა იქნენო? იტყვიან დაიხოცნენო. კი, დაიხოცა რამდენიმე, უეჭველია, მაგრამ დიდი უმრავლესობა კი არ დაიხოცა, არამედ თვითეული ინდივიდუუმი წავიდ-წამოვიდა. ჩვენ მათთვის არავითარი დაბრკოლება არ აღმოგვიჩენია. ფეხით, ურმით მოდიოდენ ან თბილისში ან სურამში, ან ბორჯომში, ან და სახლდებოდენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (ვეშაპელი: შეგვემატენ).
მაშასადამე, უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ არავითარი დაბრკოლება არ აღმოგვიჩენია (ვეშაპელი: სამწუხაროდ!) იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც მოდიან თავისუფლად, და ოჯახებით. ისინი წავიდნენ იქ, სადაც უნდოდათ. თქვენ ხედავთ რომ ლტოლვილთა 2/3 უკვე აქ აღარ არიან. მაშასადამე , იმაზე ლაპარაკი, რომ აქ იყო, რაღაც კონცენტრაციონი ლაგერები, ან არ უშვებთ, ან მესოპოტამია არის - ეს აღმაშფოთებელი პროვოკაციაა. რომლის მზგავსი ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს (ტაში).
ამ ლტოლვილებთან საქმე, თავიდანვე ითქმოდა ასე ჩვენი აზრით ეს ლტოლვილები უნდა დაბრუნებულიყვნენ თავის ბინებზე.ჩვენ ვიცით, რომ ახალციხის და ახალქალაქის მაზრის ლტოლვილები ადრე თუ გვიან, დაბრუნდებიან თავის სამშობლოში. აგრეთვე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლტოლვილებს, რომელნიც იყვნენ ერევნის გუბერნიიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ სომხის მთავრობა მიიღებს მათ, და უკან წაიყვანს (ვეშაპელი: დიახ, დიახ!!).
უნდა მოგახსენოთ, რომ, თუმცა დღეს შეიძლება მათი წაყვანა, გზა ხსნილია, მაგრამ, ერთი ქაღალდიც არ მოგვსვლია, და არც უთქვამთ: „აბა შენი ჭირიმე, დაგვეხმარეთ, წავიყვანოთო“. ისინი ამას არ ფიქრობენ. ისინი მხოლოდ გაყვირიან: „მესოპოტამია არისო და თუ ეს მესოპოტამიაა, უნდა ცდილობდნენ აქედან წაიყვანონ (მხურვალე ტაში).
ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, რომ კითხვის გადაჭრა შეიძლება იქ დაბრუნებით. მასსიური ჩასახლება აქ - შეუძლებელია. ჩვენ ვამბობდით, რომ თვითეულ ინდივიდუუმის დასახლების წინააღმდეგ ჩვენ არაფერი გვაქვს და, როგორც იცით, ორი წილი ლტოლვილებისა უკვე ჩასახლებულია. მაგრამ, მასსიური დასახლება აქ რამდენიმე სოფელში ჩვენთვის იყო მიუღებელი. და თქვენ იცით, რატომ იყო ეს მიუღებელი. თქვენ იცით, თუ რანაირად უყურებენ სოფლის გლეხკაცები ჩამოსახლებულებს არა მარტო უცხოელებს, არამედ თავიანთებსაც. აქედან რომ მიდიან თბილისის მუშები თავიანთ სოფლებში, გლეხები ფიქრობენ - ლუკმას გამოგვაცლიანო, მიწას მოითხოვენო და უკმაყოფილონი არიან. არ გვინდოდა მიგვეცა საბუთი გლეხისათვის, არა მარტო ქართველ გლეხისათვის, სომხის, ბერძნის და სხვა, სულ ერთია, გლეხი გლეხია, რომ არეულობა არ გამოეწვიათ და არც ნაციონალური ხოცვა-ჟლეტა. რასაკვირველია, ის ვაჟბატონები, რომელნიც გვეუბნებიან მესოპოტამია არისო, თქვენ გააკეთეთ მესოპოტამიაო, იმათ უნდოდათ ეს. ჩვენ ომი არ გვინდოდა, და არც გვინდა შური გაჩდეს და ამიტომ მიზნათ დავისახეთ, ეს ხალხი დაუბრუნოთ თავიანთ კერას. უნდა ვთქვათ, რომ დაბრუნება გვინდოდა არა მარტო სომხის ლტოლვილების, არამედ ქართველებისაც და სხ. (ხმაურობა. საუბედუროდ). აქ ამბობენ - საუბედუროდ. არა, და უნდა გითხრათ - რატომ. ჩვენ გავაკეთეთ ერთადერთი სინჯვა. ყარაიაზში რამდენიმე ადგილიდან წავიდნენ რუსები. ავიღეთ 500 მოსახლე ჯავახელები, და მოვიყვანეთ იქ. მაგრამ, ერთი კვირის განმავლობაში, ისეთი სიკვდილი გაჩენილიყო ბავშვებში, რომ ბავშვები სულ გაწყდნენ. ამიტომ მათ გვითხრეს: გვირჩევნია ბაკურიანში სიკვდილი, აქ ცხოვრებასო. ამბობდნენ, ჩვენ არ შეგვიძლიან ბარში ცხოვრებაო (ხმაურობა. თავმჯდომარე: უკაცრავად, გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ).
მე ვამბობ, დღეს წალკაში, აწყურში, ბაკურიანში, არის დიდი ძალა ქართველი ლტოლვილები.
ჩვენ არავითარ გარჩევას არ ვაკეთებთ ლტოლვილთა შორის, აი, რაკი დავადექით იმას, რომ ეს ხალხი უნდა იყოს უკან დაბრუნებული, ჩვენ შევუდექით იმ საქმის მოწყობას. როგორ შეგვეძლო ამის მოწყობა? ისე, რომ ჩვენ უნდა მოგველაპარაკნა ოსმალეთის მთავრობასთან, რომ ეს საწყალი ლტოლვილები მათი ქვეშევრდომები არიან და უნდა მათ დაუბრუნდნენ.
მე მაქვს აქ მთელი რიგი მიწერ-მოწერა, რომელიც ჩვენ გვქონდა ოსმალეთის მთავრობას, და მის მისსიასთან, პირველ ნოტით ჩვენ მივმართეთ 22 აგვისტოს, ე. ი. ჩვენ მივიღეთ ეს საქმე თბილისში და აგვისტოში, ჩვენ უკვე საქმეს შეუდექით 22 აგვისტოს. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა ოსმალთა მესამე არმიის უფროსს ესად ფაშას და სთხოვა, რომ არის ჩვენ ტერიტორიაზე 100 ათასი ლტოლვილი. ეს ლტოლვილები არიან თქვენი მაზრებისა, ახალციხის და ახალქალაქისა, და, თუ შეიძლება, ჩვენ მოგვეცით საშვალება ისინი უკან დავაბრუნოთ. ამ ნოტის კოპიო გავუგზავნეთ ფონ-კრესს. აგრეთვე ადერბაიჯანის, და სომხების მთავრობას. შემდეგ, ჩამოვიდა აქ ახალი ელჩი ოსმალეთისა აბდულ-ქერიმ-ფაშა და, როგორც კი მოვიდა ჩემთან - მე თავშივე ეს კითხვა დაუსვი და ვსთხოვე საქმე მოეგვარებია. 6 სექტემბერს მივმართეთ ოფიციალური ნოტით - მან 8 სექტემბერს მოგვცა პასუხი, რომ მან მისწერა ამის შესახებ თავის მთავრობას, და მისწერა აგრეთვე ენვერ-ფაშას, და იმედი აქვს, რომ ამ საქმეს მოაგვარებენ. უნდა ვთქვა, რომ აბდულ-ქერიმ-ფაშამ, პირველ დღესვე გვითხრა, რომ ის ჩამოვიდა იქ, როგორც მოციქული მშვიდობიანობისა, და კარგი მეზობლობისა, და ისეთ საქმეს, როგორც ლტოლვილთა საქმეა, ჩვენ უეჭველად მოვარიგებთო. ისე, რომ ჩვენ ერთნაირი იმედი მოგვეცა. მის შემდეგ ჩვენ მივიღეთ 11 სექტ. აბდულ-ქერიმ-ფაშას ნოტა, რომელშიაც გვთხოვდა, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ბორჩალოს მაზრაში 119 სოფელი მაჰმადიანები, რომელნიც აყრილნი არიან იქიდან, და წასულნი. ჩვენ მაშინვე მივეცით პასუხი, რომ ჩვენ მივიღეთ დიდი სიამოვნებით, ოღონდ ვთხოვდით, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი ლტოლვილები ბაკურიანისა და წალკისა.
ორჯერ რადიო გავგზავნეთ ბერლინში, და ვთხოვეთ ჩვენ წარმომადგენელს იქ, ჩხენკელს, მოლაპარაკებოდა იქ, გერმანიის მთავრობას, რათა მან აიძულოს ოსმალეთის მთავრობა და ლტოლვილები უკან მიაღებინოს.
ასეთ მუშაობის შედეგი ის იყო, რომ 26 ოქტ. და 6 ამ თვეს, ჩვენ მივიღეთ აბდულ-ქერიმის ნოტა, და იქ ამბობდა, რომ ჩვენ თანახმანი ვართ, შევადგინოთ კომისია, რომელშიაც შევლენ ოსმალეთის ორი ოფიცერი და საქართველოს და სომხების თითო წარმომადგენელი და ის მოაწყობს ლტოლვილთა დაბრუნების საქმეს. ესეთი კომისია არის დღეს შემდგარი, და მუშაობს. ამის გარდა, ჩვენ გვქონდა მიწერ-მოწერა ლტოლვილების შესახებ თვითონ სომხეთის მთავრობასთან. ჩვენ გაუგზავნეთ ერთი ნოტა ბ. ჯამალიანის ხელით სომხის მთავრობას, და შეუთვალეთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან სომხის ლტოლვილები, რა ძნელია უკან დაბრუნების საქმე. ეს საქმე ჯერჯერობით, არ სწყდება, ზამთარი მოდის, და აი, ამიტომ ჩვენ გთხოვთ თქვენ, მიიღოთ ლტოლვილთა ერთი მესამედი, და წაიყვანოთ თქვენ ტერიტორიაზე. 1/3 შეიძლება ჩვენ გადავასახლოთ არმავირის რაიონში, და ერთი მესამედი ჩვენ დავირჩინოთ, ჩვენ მივიღეთ ამის პასუხი, და ეს პასუხი აგერ მაქვს. იწერებიან ასეთს პასუხს (კითხულობს).
„გამოდის, რომ ისინიც ადგნენ ამ აზრს, როგორც ჩვენლტოლვილნი უკან უნდა დაბრუნდნენ. იმათ არც ერთხელ არ მოუთხოვნიათ - აქ დაასახლეთო. და ეს იმიტომ რომ პასუხისმგებელ მთავრობამ იცის, რომ აქ ჩვენს ქვეყანაში, აქ, საცა მიწის ესეთი სივიწროვეა, მასიური ჩასახლება არ შეიძლება, და ისინი იდგნენ იმაზე, რომ უეჭველად უკან უნდა დავაბრუნოთო (კითხულობს). მაშასადამე, აქედან თქვენ ხედავთ რომ ისინი ადგნენ იმ აზრს, რომ ჩვენ უნდა გადავასახლოთ ახალქალაქში, და ახალციხეს მაზრაში. ეხლა შემდეგი: (კითხულობს):
ესე იგი, ისინი არ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ყველა არ წავიყვანოთ, ისინი აქაც იყვნენ იმის მომხრე, რომ ერთი ნაწილი ჩვენ წავიყვანოთ არმავირის რაიონში, მაგრამ, სწორედ ამ დროს, იქ გადასახლება აკრძალეს და ეხლა თხოულობენ, ჩვენს დახმარებას, რომ ეს აკრძალვა იყოს გაუქმებული; რომ ჩვენ კატეგორიულად გამოგვიცხადეს, რომ ამ სომხის ლტოლვილებს ჩვენ ვერ წავიყვანთ სომხეთშიო ჯერ-ჯერობით.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამის შემდეგ დღეს, სომხის მთავრობა არ იზიარებს იმ განგაშს, რომელიც არის. მაგრამ, პასუხისმგებელი პარტია პასუხის მგებელი ორგანო, ამის ბრალს ჩვენ გვდებს და სთესს აგიტაციას და ჰსურს აქ მოიმოქმედოს ის, რაც მოიმოქმედეს სულყველგან. მაგრამ, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამას, მათ არ დავანებებთ (ტაში). ჩვენ არ მოვითმენთ, რომ აქ შეიქმნას ან ადერბეიჯანის, ან ოსმალეთის კუთხე. არ დავანებებთ, რომ აქ შეიქმნას ეროვნული შუღლი და განხეთქილება (მხურვალე ტაში). (ვეშაპელი: ხიდები ხომ დაანებეთ:). აი ბატონებო, აქა მაქვს ცირკულიარების, მთელი კონა, საიდანაც სჩანს, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი როგორ უწყობს ხელს, რომ შეშა, სანოვაგე და პური შეიძინონ. მათ გადაჰყავთ თავიანთი ობლები სურამში, სოხუმში, სიღნაღში და სხვაგან. ეს მიწერ-მოწერა, უტყუარი საბუთია და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ თელავის და სიღნაღის მაზრაშიც არიან ლტოლვილები.
ჩვენ ვსწერდით შეაჩერეთ მათი გადასახლებაო, მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ ადგილობრივ ხალხს შიში აქვს, რომ ის ლტოლვილები მიწას წაგვართმევენო. ატანდნენ ძალას, მათგანვე არჩეულ კომისრებს, რომ გავლენა იქონიონ ლტოლვილებზე. ამ კომისრებს ჩვენ აქედან ვერ შევაჩერებთო. მე ვამბობ, რომ, ყველა იმის შემდგე, რაც ჩვენ გავაკეთეთ ლტოლვილებისთვის, ყველა ამ მიზეზების შემდეგ რაც ჩვენ მიგითითეთ ლტოლვილების მიმართ, ჩვენ არ გაგვირჩევია ლტოლვილების ეროვნება. ერთნაირად ვემსახურებოდით სომხებს, ქართველებს, ბერძნებს და სხვებს - ყველა ამის შედეგათ, მივიღეთ ისეთი აგიტაცია, და პროპაგანდა, რომელიც სწარმოებს სოფლად, სწარმოებს თბილისში და თვით ლტოლვილთა შორის.
უნდა ვთქვათ, რომ ამით შეიქნება და გველის დიდი და სერიოზული საქმე. და უნდა ვსთქვათ მთავარობა რას შვრება, რა პასუხს და რა ზომებს ღებულობს.
ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ამას ბოლო მოუღოთ (ტაში) და ჩვენ საქართველოში, არავითარი ეროვნული შუღლი და არავითარი ბოროტ-მოქმედება, ჩვენი ერის წინააღმდეგ არ იქნება მოთმენილი არც ერთი დღე (მხურვალე: ტაში). ამისთვის ზომებს მიიღებს, და ამ ერთ ზომის შედეგი იქნება, რომ ის ორგანო, რომელიც ამ ღვაწლს სჩადის, თითონ ისინი იძულებულნი იქნებიან, რომ ან ბოლო მოუღონ ასეთ პროვოკაციას, ან და ჩვენ საქართველოს ტერიტორია დატოვონ, და სომხეთში გადასახლდნენ...
(მხურვალე ტაში, უკანასკნელი სიტყვები გარკვეულად არ ისმის).
მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პასუხი
მეორე სიტყვა
ნოემბრის 9, საღამოს სხდომა
დღეს თავის თავად ცხადია, რომ დღევანდელ შემთხვევაში არის ლაპარაკი არა მარტო ლტოლვილთა შესახებ, ეს არის საბაბი, ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდა ეს შეკითხვა. აქ არის კითხვა იმ აგიტაციის შესახებ, რომელსაც ეწევა ერთი ჯურის პრესა.
და როცა ბატონი ზორიანი გამოვიდა აქ, თქვენ მოისმინეთ, რომ მას ჰსურდა დღევანდელი აგიტაცია ჩვეულებრივად გაეხადა არა მარტო მათ პრესაში, არამედ ჩვენს პრესაშიც. მან სთქვა: ეს არის არა მარტო ჩვენ პრესაში, არამედ ეს არის თქვენ პრესაშიცო. უნდა ვსთქვა, რომ ეს არ არის. ესეთი მოვლენა არც მათ პრესაში ყოფილა. არ ყოფილა ასეთი ტონი, ასეთი ანშლაგები როგორიც არის სწორედ გაზეთ „ჰორიზონში.“ უნდა ვსთქვა, რომ მე არ ვიცი სომხური, მაგრამ (აჩვენებს „ჰორიზონის“ ნომერს საბჭოს) არ ვიცი არის თუ არა სხვაგან ასეთი ანშლაგები. აქ ბევრი რამ სწერია. რა სწერია ყველა ნომერში არ ვიცით (ხმა „თვითონ მაგათ წააკითხეთ“), მაგრამ აი ერთგან ასეთი მოწოდებით თავდება: „მოითხოვეთ ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ სამშობლოში“, ე.ი. ხალხს უწოდებენ, რომ ჩვენგან მოითხოვონ ლტოლვილების უკან დაბრუნება, ჰოდა, უნდა მოგვთხოვონ ლტოლვილების დაბრუნება, თითქოს ჩვენ ვიჭერთ ამ ლტოლვილებს. ეს ისეთი საზიზღარი პროვოკაციაა, რომ ამის მზგავსი ჭორი ჯერ ჩვენ არა გვსმენია (ტაში... ხმაურობა -,,დამახასიათებელია სომხების“) ან და ამისთანა - აქ მოწოდება არის და ასე იწყება (კითხულობს): ან და აი ამათი ტონი კამათისა. აქ სწერია (ჩვენ ვევედრებით... .კითხულობს) აი ამას უძახის ბ. ზორიანი ლიტერატურულ ტონს. (სპ. კედია. საზიზღრობაა! ხმა: ზიზღი!).
არ ვიცი, არის თუ არა ასეთი კუთხე, სადაც მოიძებნებოდეს ასეთი პრესის თავისუფლება, სადაც ასეთი რამ დაწერილიყოს. ასეთ რეკლამებს, ასეთ ტონს პრესისას ადგილი აქვს მხოლოდ სომხურ პრესაში. ჩვენ პრესის თავისუფლებას ვიცავთ, მაგრამ ამას არ ჰქვია პრესის თავისუფლება. ეს არის შუღლის დათესვა (ვეშაპელი. ინგლისის მოლოდინში). არა მგონია, რომ ინგლისელებმა თუ მართლა მოახლოვდნენ, ეს მათ მოუწონონ (ტაში). სამწუხაროდ ამის ავტორები რასაც აკეთებენ, ეს მათი ნაკეთები მათვე წინააღმდეგ დგება. ეს იციან ყველამ, ამიტომ ვამბობ, რომ პრესის თავისუფლებას ვიცავთ მეთქი, მაგრამ ვერ დავაფარებთ ხელს პრესის ბოროტმოქმედებას. აქ უნდა იყოს გარკვეული, ერთის მხრივ პრესის თავისუფლება და მეორეს მხრივ პრესის ბოროტება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თვითონ დაშნაკელთა პარტიაში, მთელ მის მასაში ამ მხრივ არ არის თანხმობა. უმეტესი ნაწილი ამ მთელისა ასე არ ფიქრობს. მათი აზრი გამოიხატება იმ მუშების ამონაკვნესში, რომელიც დელეგაციაში იყო და გვეხვეწებოდა - გვიშველეთ, რომ ასეთი შუღლი არ ჩამოვარდესო.
ეს იწერება არა მასის გავლენით, ეს არის ამონახეთქი არა მასის გულიდან, არამედ იწერება ორიოდე ჯგუფის მიერ, რომლებიც იცავენ თავიანთ ჯგუფურ ინტერესებს. აქ არსებობს განსხვავება მასსასა და მათ მეთაურებს შორის. მე მგონია, რომ როცა თვითონ მასსა გაიგებს ჩვენს სიმართლეს, რომ ყოველივე ეს, რაც აქ სწერია არის მარტო ტყუილი, მაშინ იტყვიან - „ჰორიზონი“ ჩვენ გვატყუებსო. აი ეს მასსა დაინახავს იმას, და ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენს საქართველოში არ მოხდება ის, რაც ამ ლიდერებმა მოახდინეს სხვაგან, სხვა კუთხეებში. ეს არ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით და იმ გზაზე ვდგევართ, რომ თვითონ ხალხის მასსა მათ პროვოკაციას უდგია კრიჭაში.
თვით სომხის ხალხი დარწმუნდება, რომ აქ პროვოკაცია არის, არ არის სიმართლე და არის სიყალბე.
ბატონმა ზორიანმა დაამოწმა ჩემი სიტყვა, რომ მართლაც მაყაშვილს აქვს ნდობა და მე სწორედ მაყაშვილთან მქონდა ლაპარაკი, ჩვენ ტელეგრაფით ვლაპარაკობდით, მან არ იცოდა რა ხდებოდა აქ, ჩვენც არ ვიცოდით რა ხდებოდა იქ. რაც მან ილაპარაკა, ის მოწმობს, თუ რანაირი საღი შეხედულებისაა თვით მასსა, სომხის მასსა. მათ თავიანთ ღვდლის შესახებ დაუდგენიათ - თავიდან მოგვაშორეთო. აქედან ნათლად სჩანს, რომ თვით სომხის მასსა არკვევს თუ საიდან არის მტერი და საიდგან მეგობარი.
შევეკითხეთ, როგორ უყურებს ჩვენი მთავრობა იქაურ ლტოლვილებს. შევეკითხე აგრეთვე, რომ თქვენი აზრით სცნობთ თუ არა აუცილებელ საჭიროებად, თუ ოსმალები გაუშვებენ ლტოლვილებს, გააყოლოთ რაიმე დამცველი ნაწილები, რადგან თუ არ გააყოლებთ შეიძლება სახიფათო იყოს. აი ამის შესახებ იწერება (კითხულობს).
აქედან ხედავთ, რომ თვით სომხის ხალხი, რომელიც იქ არიან ჩვენ გვიცქერიან დიდი ნდობით. და თვით ჩვენი გენერალი და ჯარი იმ აზრს ადგიან, რომ უნდა გავგზავნოთ ლტოლვილები. აქ კი ერთი მხრივ, ხალხს ატყუებენ და ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ლტოლვილებს არ უშვებთ, და მთელი სომხის ხალხის წინააღმდეგიაო.
აქ ბატონმა ზორიანმა დაასახელა კომისია. სთქვა, რომ საქმე გაჭიანურდა და ალბად თქვენი ბრალი უნდა იყოსო. ალბად ბატონ ზორიანმა არ იცის საქმის ვითარება (ხმა: იცის!). სამწუხაროდ ალბად არ იცის, რადგან ეს ქაღალდი (მიუთითებს ნოტაზე) არ ექნება წაკითხული. 26 იმ თვეს მივიღეთ ნოტა აქაურ ოტომანის მისიისაგან. აქ განსაზღვრულია კომისიის კომპენტენცია. ეს ფრანგულად სწერია. ამ ნოტაში სწერია: კომისიამ უნდა დაამტკიცოს ლტოლვილების ვინაობა, უნდა შეადგინოს მათი ნუსხა და დასახლება უნდა მოხდეს თანახმად იმ გეგმისა, რომელსაც შეიმუშავებს ოსმალეთის სარდლობა.
ასეთი იყო ეს ნოტა. ისეთია ეს ინსტრუქცია. ჩვენ კომისიაში გავგზავნეთ რუხაძე, იქ იყვნენ წარმომადგენლები სომხებისაც. ეს, რომ მოისმინეს სთქვეს, რომ ასეთი ინსტრუქცია მიუღებელია, შეუძლებელია, კაცო, ეხლა ლტოლვილების ვინაობის დამტკიცება და მათი აღწერა. ამასთან მათი დასახლება იმ გეგმით, რომელიც მათ მიერ არის შემუშავებული, შეუძლებელია. თქვენ იცით, რომ აქ ბევრი სოფლებია ქართული და სომხური დაჭერილი მუსულმანების მიერ, მაშასადამე აუცილებელი იქნება, რომ ალბად ოსმალების სარდლები მიეჭრებიან ლტოლვილებს და ბევრს ჩაასახლებენ პატარა სოფლებში და არ გაუშვებენ იმ ადგილებს, სადაც წინად უცხოვრიათ. ამიტომ ჩვენმა იქ წარმომადგენლებმა სთქვეს, რომ ერთი წელიწადი მაინც დაგვჭირდება, რომ ეს შესრულებულ იქმნეს, ამის შემდეგ ეჭვი დაიბადა. შეიძლება თუ არა, რომ ოსმალების დაცვის ქვეშ ჩვენ გაუშვათ აქედან ეს ლტოლვილები. მე უთხარი რუხაძეს, რომ წასულიყო მაყაშვილთან და იქ ენახა ოსმალეთის სარდალი და ეკითხნა თუ აძლევენ იმისთანა გარანტიას, რომ ჩვენი ჯარი ლტოლვილებს შინ შეჰყვება და არას აუტეხავენ და არ ამოხოცავენ. ამ საქმეებში, რასაკვირველია, კომისიის მუშაობა დაგვიანდა. შევეკითხე მე და ასეთი პასუხი მომცა მაყაშვილმა იმავე დღეს:
«Думаю, что Халилъ-бей не откажетъ принять всђ мђры къ огражденიю бђженцевъ отъ враждебнаго отношенიя со стороны мусульманскаго населенიя». (იგი სოფელ აგარაში ყოფილა).
აი, მაშასადამე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვცდილობდით და ვმუშაობდით რომ თუ დავაბრუნებთ ამ ხალხს, ეს დაბრუნება მოხდეს ჩქარა, მოხდეს პლანით. აქ კი ჩვენ გვეუბნებიან, რომ კომისია არის, თქვენ არ შედიხართ შიგ და ამით აბრკოლებთ მათ დაბრუნების საქმეს. უნდა ვსთქვა, რომ ამ საქმის გამორკვევამდის რუხაძე, რასაკვირველია, ვერ დაბრუნდებოდა. ეს გამოირკვა გუშინ. გუშინ წინ ჰქონია მოლაპარაკება მაყაშვილს ხალილ ბეისთან სოფელ აგარაში. მაგრამ ჩვენ უკვე დავნიშნეთ ჩვენი წარმომადგენელი ამ კომისიაში. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი იცოდეს ბატონმა ზორიანმა არ იტყოდა, რომ აქ ჩვენ რამე დავაბრკოლეთ.
აი ასეთია ზრუნვა ჩვენი ამ საქმეში. აქ ეხლა სთქვა ბ-ნმა ივანე გომართელმა, რომ წმიდა ბერი წმიდათ წაწყდაო. მე ცოტა არ იყოს გამეცინა. თუმცა, მე მგონია, წაწყმედა არ უნდა მოჰყვეს, მაგრამ მართლა, რომ ჩვენ გვინდა მაინც, რამდენათაც შესაძლებელია, წმიდა დემოკრატიული პრინციპი დავიცვათ და, მე მგონია, ამას წაწყმედა კი არ მოჰყვება, უეჭველად ჩვენი გამარჯვება, თუ ამ გზას დავადექით ბოლომდის.
ნოე ჟორდანიას მესამე სიტყვა
მოქალაქენო, მე მსურს მხოლოდ თქვენ მოგახსენოთ რამდენიმე ფაქტიური შენიშვნა.
ახლა აქ მოქალაქე ავეტისიანმა სთქვა, რომ ხდება მთავრობის და მთავრობის ფრაქციის და მთელი ფრაქციის წარმომადგენლების კრება და ამ თათბირზე, ამ კრებაზე ჩვენ ფრაქციას კი არ იწვევენო. მე უნდა ვსთქვა, რომ ეს არ არის მართალი. ასეთი შემთხვევა არა ყოფილა. და სწორედ არ ყოფილა ეხლა ამ შეკითხვის დროსაც. არავითარი ფრაქციათა კრება არ ყოფილა და არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყვნენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც ეკუთვნის ავეტისიანი.
მთავრობა ყველა ფრაქციებს საპარლამენტო თათბირზე ერთნაირად ექცევა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხდომაზე რაიმე პოლიტიკური კითხვა უნდა გადასწყდეს, ამ სხდომაზე ვიწვევთ ჩვენ სუყველას და თითქმის არავითარ განსხვავებას (ვეშაპელი. თითქმის!) არ ვაძლევთ და შემდეგშიაც არ მივცემთ არც ერთ ფრაქციას.
მართლაც, მე ამას წინად მივიღე რეზოლიუციები, რომელიც მომიტანა ბატ. ავეტისიანმა, საქართველოში მცხოვრებ მათ დაშნაკელთა ორგანიზაციების კრების ერთნაირი პროტოკოლები და მართლაც რომ ამ კრების განაჩენები ეხება ჩვენს საერთო კითხვებს. ისეთ ნაირად იყო ეს კითხვები გადაჭრილი, რომ სრულიად დამაკმაყოფილა და თქვენც დაგაკმაყოფილებდათ, თუ გაიგონეთ.
ამიტომ მე მაკვირვებს, რომ „ჰორიზონი“ რომელიც ასეთ რამეებს სწერს, ვისი ორგანო არის? თუ ის ორგანოა იმ ცენტრალურ კომიტეტის, რომელიც მოქმედობს საქართველოში, მაშინ ის, რასაც იგი სწერს ერთია და ის პროტოკოლები, რომელიც წარმოადგინა ავეტისიანმა ის სხვა არის. მაგრამ მე ვიკითხე ვისი ორგანოა „ჰორიზონი“ და გვითხრეს, რომ ეს არის ორგანო აღმოსავლეთ ბიუროსი, აღმოსავლეთ ბიუროსი დაშნაკციუტუნის პარტიისა.
მაშასადამე გამოდის, რომ ეს ყოფილა არა ორგანო ჩვენს რესპუბლიკაში მყოფ ამ პარტიისა, არამედ საერთოდ მთელ ამიერ-კავკასიის, ასე ვსთქვათ, დაშნაკცუტიუნის პარტიისა.
თავისთავად ცხადია, რომ ეს ორგანო კითხვებს გადასწყვეტს არა ჩვენი რესპუბლიკის თვალსაზრისით, არამედ სულ სხვა რესპუბლიკის თვალსაზრისით, სულ სხვანაირ თვალსაზრისით.
აი სწორედ ეს წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს დღეს ამ ადგილობრივ საზოგადო ორგანიზაციის და ამ საერთო მათ პარტიის ორგანოს შორის - და ეს ცენტრალური ორგანო აქ ჰქონია და არა ერევანში, ეს თავისთავად ცხადია, და ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ერთს ადგენენ საქართველოში მცხოვრებ დაშნაკცაკანელთა ორგანიზაციები და მეორეს სწერს მათი ცენტრალური ორგანო „ჰორიზონი.“
მე მგონია, რომ მე სრულიად არა ვსდებ ბრალს ამ პარტიას; საერთოდ იმის მასსას ძლიერ ჰსურს იყოს მშვიდობიანად ჩვენს მასსასთან და სხვების მასსასთან, მაგრამ როგორც ამბობენ ვინც აკეთებენ პოლიტიკას ხალხისას, ვინც არიან მოკალათებულნი ამ ცენტრალურ ორგანოში აი ისინი არიან, ბატონებო, რომელნიც ამღვრევენ წყალს და აქაც ანხორციელებენ იმას, რასაც აკეთებენ ყველგან.
უნდა ვსთქვათ, რომ ეს ახალი ამბავი არ არის ჩვენთვის. ამაზე წინადაც გვითქვამს, გვიწერია, მაგრამ მიუხედავათ ამისა ეს პარტია განაგრძობს თავის პოლიტიკას.
აი დღეს, აქ ბატონმა ავეტისიანმა სთქვა, რომ ოსმალებმა კომისიაში განაცხადეს, რომ ჩვენ არ ვაკავებთ თქვენს ლტოლვილებს, წავიდნენ თვის გზით თავიანთ სახლებში და მან ეს დაიჯერა. ეს დაიჯერეს და ააშენეს ეს აგიტაცია. და როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით ეს ასე არ იქნება მართალი არ არის, ასე არ იქნება საქმე - ჩვენ არ დაგვიჯერეს. ეხლა მე გეკითხებით ვინ იცავს, ვინ მუშაობს ამ ხალხის სასარგებლოდ - ისინი თუ ჩვენ? ეხლა მომივიდა დეპეშა. იქ წალკაში ალბად მივიდოდა „ორიზონის“ ნომერი და იქ იტყოდნენ: წადით, თავისუფალნი ხართ, იქ ოსმალები გვიშვებენ და მარტო ქართველები გაკავებენ. ეს უეჭველია დაიჯერეს ლტოლვილებმა და გადავიდენ საზღვარზე. მერე? აი ის ტელეგრამა, რომელიც მე მივიღე მაყაშვილისაგან (კითხულობს):
«Цалкинскიе бђженцы, переходять границу. Турецкიя войска обстрђливають ихъ. По донесенიю капитана Канделаки происходить цђлое сраженიе. Со стороны турокъ открытъ артиллерიйскიй огонь. Бђженцевъ забросали ручными гранатами. Убитыхъ много.»
აი, ბატონებო, ასე სჩადიან ეს ჩვენი დაშნაკელები, ასე ზრუნავენ ისინი თავიანთ ხალხისთვის და თავიანთ ხალხს ასე ასამარებენ.
მე თქვენთვის მომინდვია - ვისი პოლიტიკა იყო მართალი და მათთვის სასარგებლო, ჩვენი თუ დაშნაკელთა? (ტაში).
მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა წარმოთქმული პარლამენტის სხდომაზე ნოემბრის 9-ში (ჩაწერილია სტენოგრაფიით) // თბილისი, საქართველოს მთავრობის სტამბა. 1918.
საქართველოს რესპუბლიკა. - 10 ნოემბერი. 1918. - N 88. გვ. 2. 12 ნოემბერი, 1918. - N 89. გვ. 2.
ერთობა. - 10 ნოემბერი. - 1918. - N 243. გვ. 2.
საქართველო. - 1918. - გიორგობისთვის 10. - N 214. გვ. 2.
![]() |
2.12 მუშათა დეპუტატების საბჭოში |
▲ზევით დაბრუნება |
კრება დანიშნული იყო სახალხო სახლში საღამოს 6 საათისათვის. აუარებელი ხალხი მოაწყდა დარბაზს, აუარებელი ხალხი იცდიდა ქუჩაში. საღამოს 6 ნახ. ს. იქნებოდა, როდესაც დარბაზში გამოჩნდნენ გერმანელი ჯარისკაცები. ხალხი მათ ოვაციებს უმართავს.
ნ ჟორდანია ხსნის რა კრებას, მისასალმებელ სიტყვას ეუბნება გერმანელ ჯარისკაცებს.
ნ. ჟორდანია. ამხანაგებო! ვიდრე გადავიდოდეთ მოხსენებებზე, ნება მომეცით გაუმართო საზეიმო შეხვედრა აქ მყოფ გერმანელ ჯარისკაცთა საბჭოს წევრებს (ტაში). (გაისმის მარსელიოზა, ყველა ფეხზე დგებიან და სიმღერის დასასრულს გაისმის მქუხარე ტაში). აქნობამდე ესენი იყვნენ ჯარები გერმანიის იმპერიალიზმისა, ახლა შეადგენენ გერმანიის რევოლიუციის ლაშქარს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყავით მეტად კმაყოფილი გერმანელ ჯარისკაცების აქ ყოფნით, თქვენ იცით, რომ მათ აქ ყოფნამ დაგვიხსნა ჩვენ უცხო ქვეყნის მტრებისგან. თუ ჩვენ კმაყოფილი ვიყავით მაშინ რა თქმა უნდა, ეხლა უფრო კმაყოფილი ვიქნებით, როდესაც ისინი შეადგენენ რევოლიუციის რაზმს. გერმანიის ჯარისკაცებს სურთ წავიდნენ სამშობლოში, რათა მიიღონ აქტიური მონაწილეობა თავიანთ ქვეყნის საქმეებში. ვუსურვებთ მათ მშვიდობიანათ დაბრუნებას და რევოლიუციაში მონაწილეობის მიღებას. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, რომ ამხანაგები დარჩნენ კარგა ხანს აქ, ჩვენთან ერთი ერთმანეთის გასაცნობათ. ის კედელი, რომელიც ჩვენ გვაშორებდა ერთმანეთს დანგრეულია, ჩვენ წინაშე არიან თავისუფალნი გერმანელი მოქალაქენი ჯარისკაცთა ტანსაცმელში გამოწყობილნი, ესენი გაემგზავრებიან არა როგორც მარტო ჯარისკაცები, არამედ, როგორც თავისუფალი გერმანიის მოქალაქენი. მომეცით ნება კიდევ მივულოცო საბჭოს სახელით. ჩვენ, აქ მყოფნი დიდხანს დავიხსომებთ მათ, ჩვენი მეხსიერებიდან ესენი არ წაიშლებიან და გვეხსომება მათი ყოფნა აქ, როგორც გერმანიის რევოლიუციამდე, ისე მის შემდეგ. ნება მიბოძეთ ერთხელ კიდევ მივესალმო (ტაში).
საპასუხო სიტყვას ამბობს გერმანელი ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი, რომლის გამოსვლას ხალხი ძლიერი ტაშით ხვდება. მისი სიტყვა გადათარგმნა ნ. იმნაიშვილმა, რომლის შინაარსიც მოგვყავს: ორატორი მადლობას უცხადებს ჯარისკაცთა საბჭოს სახელით იმ გრძნობიარე შეხვედრისათვის, რომელიც მათ წინეთ შეხვდათ. ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად იმ საერთო მიზნების განსახორციელებლათ, რომელიც ჩვენ დავისახეთ ყველამ, ჩვენ მთელს სიცოცხლეში არ დაგვავიწყდება ის ბედნიერი წუთები, რომელიც აქ განვიცადეთ. ორატორი თავის სიტყვის დასასრულს უსურვებს საბჭოს, რომ განეგრძოს ნაყოფიერი და ათავებს სიტყვას - „ჰოხ“-ით (ტაში).
მეორე ჯარისკაცი ამბობს, რომლის სიტყვას სთარგმნის რუსულად ირ. წერეთელი. ამხანაგმა დაიწყო თავის სიტყვა იმ განცხადებით, რომ ის ლაპარაკობს არა როგორც ჯარისკაცი, არამედ - როგორც წევრი ბავარიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიის. სოციალ-დემოკრატია თავს უყრის იმ ძალებს, ვინც წინააღმდეგი იყო იმპერიალისტურ ომების. სოციალ-დემოკრატია აღნიშნავდა იმ საშინელებას, რომელიც ომს მოსდევს. ჩვენ, ამბობს ორატორი, გვეძახიან იმპერიალისტურ სოციალისტებს, რომელნიც მხარს უჭერს თავის მთავრობასო, მაგრამ ავიწყდებოდათ, რომ გერმანიაში არ იყო სიტყვის თავისუფლება, ჰქონდა ადგილი ძალდატანებას და ხმა გერმანიის საუკეთესო შვილებისა დახშული იყო. ეხლა გერმანიის თავისუფალ შვილებს შეუძლიანთ სთქვან ის, რაც მათ აწუხებთ და რაც სურთ. გერმანია, რომელიც შეადგენდა მონარქიულ სახელმწიფოთა კავშირებს, ხალხმა რესპუბლიკანურ კავშირებათ გამოაცხადა, პრუსიაში გამოცხადდა რესპუბლიკა, ასევე მოხდა ბავარიაში, რომლის დემოკრატიის სახელითაც ორატორი ესალმება საბჭოს და ამბობს, რომ დაუვიწყარი იქნება ის შეხვედრა, რომელიც თქვენ გაგვიმართეთო, ეს წუთები სამუდამოთ ჩაგვრჩებიან ჩვენ ხსოვნაში, და წავალთ სამშობლოში იმ რწმენით, რომ აქ დემოკრატია იბრძოლებს იმავე იდეალებისათვის, რომელიც ჩვენ გვასულდგმულებს. ორატორი სიტყვის დასასრულ ესალმება ბავარიის სოც.-დემ. პარტიის სახელით.
კ. ჩხეიძე. ამხანაგებო, ჯარისკაცებო, რევოლიუციონურ გერმანიისა! ჩვენ გვქონდა შემთხვევა გვენახა მე-8 ს.-დ. ყრილობაზე თქვენი წარმომადგენლები. მე წილად მხვდა ბედნიერება მივსალმებოდი მათ. ვხედავთ რა, ამხანაგებო, აქ მე მაგონდება ის მომენტი, როდესაც რუსეთში შესდგა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები და ნება მომეცით მე, როგორც იმ საბჭოების პირველ თავმჯდომარეს, შევძახო: გაუმარჯოს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებს! გაუმარჯოს ინტერნაციონალს (ტაში). პეტროგრადის საბჭომ, როგორც თქვენ იცით, მიჰმართა მსოფლიო პროლეტარიატს მოწოდებით და მოითხოვდა ზავს უანექსიოს და უკონტრიბუციოს, ერთა თვითგამორკვევის პრინციპებით. იგი მოუწოდებდა პროლეტარიატს, დაემხო იმპერიალისტური მთავრობები გაერთიანებულიყო იგი და ჩამოეგდო ზავი. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და დიდხანსაც მოგვიხდა ლოდინი, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ეს მოწოდება ჰპოვებდა გამოხმაურებას. ჩვენ ეხლა ამ ფაქტის წინაშე ვდგევართ. გერმანიის ხალხმა აიღო ხელში სოციალიზმის დროშა. ეს დროშა აიღო იმ ხალხმა, ვინც ჩვენ გვასწავლიდა, რომელთა შვილებიც ჩვენი წინამძღოლები იყვნენ. ცუდ პირობებში უხდება მას ზავის მოპოვება, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ გენია გერმანიის ხალხის, მისი გამოცდილება იმისი თავდებია, რომ გერმანია მიიღებს საპატიო ზავს. მით უმეტეს, რომ გერმანიის პროლეტარიატი არ სდგას განმარტოვებით. თქვენ უფრო ბედნიერები იქნებით ჩვენზე, თქვენ დიდხანს არ მოგიხდებათ ცდა, თქვენს წინაშე არის გაკვეთილი რუსეთის რევოლიუციისა და მის შეცდომებს თქვენ არ გაიმეორებთ. ჩვენ, ამხანაგებო, დავანგრიეთ რუსეთის თვითმპყრობელობა და თქვენც იმედი გქონდეთ, რომ ჩვენში აღარ დაბრუნდება თვითმპყრობელობის დრო, თქვენშიაც დაინგრა თვითმპყრობელობა და ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ. დასასრულ არ შემიძლია არ გითხრათ, რომ თქვენ დიდი საქმე გააკეთეთ: იხსენით საქართველოს რესპუბლიკა არა მარტო მტრებისაგან, არამედ - სამარცხვინო სიკვდილისაგან. ამით თქვენ დაეხმარეთ არა მარტო ამიერკავკასიის დემოკრატიას, არამედ - რუსეთის და მსოფლიო პროლეტარიატსაც, რადგანაც აქ რევოლიუციის მონაპოვარი შენახულია და ეს კი თქვენის დახმარებით მოხდა, და ამ რევოლიუციის მონაპოვრით დაინტერესებულია მსოფლიოს პროლეტარიატი. თქვენ რომ წახვალთ სამშობლოში, შეგიძლიათ უთხრათ თქვენებს, რომ თქვენ ეშველებოდით მათ, ვინც სწავლობდა გერმანიის ხალხისაგან და უთხარით თქვენებს, რომ ჩვენ მათთან ვართ და შეგვინარჩუნეთ ყველა რევოლიუციონური მონაპოვარი, და მზათ ვართ გერმანელებთან ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლების და სოციალიზმის დასამყარებლათ.
ჯ. კ. რიხტერი ამბობს, ჩვენ შევასრულეთ ის მოწოდება, რომლითაც ამხანაგმა ჩხეიძემ პეტ. მუშ. საბ. სახელით მოგვმართა, ჩვენ განვახორციელეთ ის, რასაც მოგვიწოდებდა პეტროგრადის საბჭო. ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ საფრანგეთშიაც დაარსდა საბჭოვო (ტაში) და არ არის შორს ის დრო, როდესაც საფრანგეთის დემოკრატია ჩვენთან ხელიხელ ჩაკიდებული ივლის საერთო მიზნებისთვის. დასასრულ ორატორი უცხადებს მადლობას იმ შეხვედრის გამო, რომელიც მათ გაუწიეს აქ და ეს წუთები ჩვენ ხსოვნაში სამუდამოთ აღიბეჭდება (ტაში).
ნ. ჟორდანია. ამხანაგებო, ჩვენი საზეიმო შეხვედრა სრულდება. მე მსურს თქვენი სახელით ვუთხრა მათ მადლობა იმ სიტყვებისთვის, რომელიც აქ წარმოსთქვეს. მინდა ვუთხრა, რომ თფილისის საბჭო წავა ბერლინის საბჭოს გზით. იმედი გვაქვს, რომ ბერლინის საბჭო და გერმანიის ყველა საბჭოები ივლიან სწორის გზით და მიაღწევს დემოკრატიის საშუალებით სოციალიზმს. გერმანიის დემოკრატია ბრძოლაში გამოწრთობილია, ის ჩვენ გვასწავლიდა, გვაძლევდა მაგალითს, თუ როგორ უნდა მოგვეხდინა რევოლიუცია და როგორი ნაბიჯებით გვევლო განზრახულ მიზნებისკენ. ჩვენ მზათ ვართ გავყვეთ მათ; მათი აზრები გავავრცელოთ და მოვფინოთ აღმოსავლეთ სამხრეთისაკენ და თუ ჩვენი ტერიტორია გეოგრაფიულათ ევროპას აზიასთან აერთებს, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს შეერთება იდეურ მხრითაც მოხდეს, გისურვებთ მშვიდობით დაბრუნებას გერმანიაში (ტაში).
ერთობა. - 1918. - 19 ნოემბერი. - N 250. - გვ. 2.
![]() |
2.13 თფ. მუშ. და ჯ.-კ. დეპუტ. საბჭოს კრება |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანიას მოხსენება
„რევოლიუცია გერმანიაში“
20 ნოემბერი, სახალხო სახლი
ამხანაგებო! რეაქციის მთავარი ბურჯის რუსეთის აბსოლიუტიზმის დანგრევის შემდეგ, ხდება დანგრევა მეორე არა ნაკლებ მნიშვნელოვან გერმანიის იმპერიალიზმისა. გერმანიაში და ავსტრიაში ხდება ფრიად დიდი მოვლენები, რომელიც თქვენ ყველამ იცით გაზეთებიდან, მაგრამ არ არის საკმარისი ცოდნა მომხდარ ამბებისა, საჭიროა შეგნება მისი და ჩვენი მუშაობის და ტაქტიკის შეფარდება ამ მოვლენათა გაგებით. რომ შევიგნოთ ის ამბები, რომელიც ხდება ავსტრიაში და გერმანიაში, საჭიროა აღინიშნოს ის პოლიტიკური პირობები, რომელიც არსებობდა ამ სახელმწიფოებში და რით განსხვავდებოდნენ ეს სახელმწიფოები დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. პოლიტიკური წესწყობილების მიხედვით ევროპის სახელმწიფოები შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: აღმოსავლეთის, რომელშიაც შედიან გერმანია და ავსტრო-უნგრეთის სახელმწიფოები და, დასავლეთის ყველა ევროპის სახელმწიფოები ინგლისის მეთაურობით. დასავლეთის სახელმწიფოები განსხვავდებიან აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან ორი თვისებით: პირველი ის, რომ ესენი შეადგენენ ნაციონალურ სახელმწიფოებს, ე.ი. მომეტებული ნაწილი მცხოვრებლებისა ეკუთვნის ერთ ნაციას. მეორე განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოებში არსებობს პარლამენტარული წყობილება, რომლის საშუალებითაც ხალხი გამოხატავს თავის ნების ყოფას. ის ორი თვისება, პარლამენტარული წყობილება და ნაციონალური სახელმწიფო, არ არსებობდა გერმანიაში და არც ავსტრიაში. გერმანია წარმოადგენს ნახევრათ ფეოდალურ სახელმწიფოს. ავსტრია კი წარმოადგენდა კონგლომერატს სხვადასხვა ეროვნებისა, რომელთა ინტერესებიც ხშირათ ერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდენ, რაც ქმნიდა ნიადაგს გამუდმებულ კონფლიქტებისათვის. ამგვარათ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში იყო ორგვარი წინააღმდეგობა: პოლიტიკური და ნაციონალური. ვიღებთ რა ამ გარემოებას მხედველობაში, შეგვიძლიან სისწორით დავაფასოთ იქ მომხდარი ამბები. გერმანიაში დანგრევა ნახევრად ფეოდალურ პოლიტიკურ წყობილებისა მოხდა სწრაფათ და ეს კი აიხსნება შემდეგი მიზეზებით. გერმანია შეიქნა მთლიან სახელმწიფოთ ხანგრძლივ ომების ხანაში. რევოლიუცია 48 და 60 წლებისა ცდილობდა შეერთებინათ ის და დაემყარებინათ რესპუბლიკანური წყობილება. რეაქციონური წრეები სცდილობდნენ შეერთებას მონარქიულ ნიადაგზე გამარჯვებულ ომების წყალობით. უკანასკნელმა მიმდინარეობამ გაიმარჯვა, შეიქნა ბურჯი, რომლის მეთაურადაც გახდა გერმანიის იმპერატორი. აქედან შეგვიძლიან ის დავასკვნათ, რომ ნახევრათ ფეოდალური და ნახევრად პარლამენტარული წყობილება შედეგი იყო გამარჯვებულებისა და დამარცხება ომის ველზე უნდა გამხდარიყო მიზეზი მონარქიის დანგრევის და ჩვენ ვხედავთ, დაიწყო თუ არა გერმანიის დამარცხება, მოისპო ის ნიადაგი, რაზედაც იქნა აღმოცენებული გერმანიის იმპერია. მე ჩემს სიტყვებში და წერილებში არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ გერმანიის იმპერიის სიძლიერე არის დამყარებული სამხედრო ძლიერებაზე და ვატერლო გერმანიისა გამოიწვევდა ამ მონარქიის დამხობას. და ჩვენ ვხედავთ, რომ ის პოლიტიკური ხაზი, რომელსაც ატარებდნენ კონსერვატორები და ლიბერალები 48 წლიდან და რომლის შედეგიც იყო გერმანიის შეერთება მახვილის საშუალებით, სამუდამოთ გაკოტრდა და ეს გაკოტრება მოხდა იმავე ძალის საშუალებით, რომელმაც შეაერთა გერმანია, ესე იგი მახვილის საშუალებით. გერმანიის დამარცხებამ ომის ველზე გამოიწვია მონარქიის დანგრევა პირველათ პრუსიაში და შემდეგ სხვა სამეფო და სამთავროებში. ეხლა ხორციელდება იდეა მთლიან გერმანიის რესპუბლიკის შექმნისა, ამგვარათ გერმანია, რომელმაც დაამარცხა რუსეთი, იქნა თვით დამარცხებული უფრო განვითარებულ ევროპის სახელმწიფოების მიერ. ამერიკის მონაწილეობამ, რომელმაც ძლიერ წინ გაუსწრო გერმანიას ეკონომიურათ, გადასწყვიტა ბედი გერმანიისა. ეს ცხადი გახდა მაშინვე. ეკონომიური საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ წყობილებასაც, ამერიკაში უფრო ძლიერი და განვითარებული აღმოჩნდა. და ამის წყალობით ამერიკა უკარნახებს თავის ნებისყოფას სხვა სახელმწიფოებს. გადავიდეთ ახლა ავსტრიაზე.
ავსტრიის რევოლიუციამ მიიღო ნაციონალური ფორმა, მონარქია გაიყო რამდენიმე ნაციონალურ რესპუბლიკებათ და მთელი რევოლიუცია ხდება ნაციონალურ ჩარჩოებში. პირველ შეხედულებით დემოკრატიზმს არავითარი საერთო არ აქვს ნაციონალიზმთან. მაგრამ წარმოუდგენელია დემოკრატიზმი იქ, სადაც ხალხს არ აქვს შეძლება სუვერენულ ნებისყოფის გამოჩენისათვის ნაციონალურ ჩარჩოებში, თავის ენის, ლიტერატურის და კულტურის საშუალებით. ნაციონალური და დემოკრატიული მოძრაობა ხშირათ შეთანხმებით მიდიან. როდესაც მოხდა დიდი რუსეთის რევოლიუცია, ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი ეროვნებათა გათიშვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი სურვილების მიუხედავათ, ამ ცხოვრების მიმდინარეობამ გაიმარჯვა. ამ გვარათ, აღმოსავლეთი ევროპა ემსგავსება დასავლეთს, აღმოსავლეთის სახელმწიფოები ხდებიან დემოკრატიული და ნაციონალური. როგორი იქნება მომავალში აღმოსავლეთში დაწყებული რევოლიუციონური მოძრაობა: გაჩერდება ამ ჩარჩოებში თუ გადალახავს მას და გათავდება სოციალურ რევოლიუციით, თუ დასრულდება რესტავრაციით?.. ამ სამს კითხვას უნდა გაუკეთოთ ანალიზი. პირველი უმთავრესი დებულება, რომელიც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ რევოლიუცია მოხდა ომის ნიადაგზე - გერმანიის დამარცხების შემდეგ. ამაში მდგომარეობს ძალაც და სუსტი მხარეც რევოლიუციისა. ძალა მდგომარეობს იმაში, რომ დამონებულ კლასებმა ჩაიგდეს ძალა-უფლება ხელში და მოექცნენ სახელმწიფოს სათავეში. სუსტი მხარე რევოლიუციისა არის ის, ძალა-უფლება ხალხმა მიიღო არა შინაურ ბრძოლის შემდეგ, არამედ გარეშე პირობების წყალობით. რევოლიუცია ყოველთვის გამარჯვებულია, როდესაც იგი შედეგი არის შინაურ ბრძოლისა. და თუ ის ხდება მაშინ, როდესაც დაჩაგრული კლასები არ არიან მომწიფებულნი, არამც თუ მიიღონ თავისუფლება, არამედ შეინარჩუნონ იგი, რევოლიუცია შეიძლება დამარცხებით გათავდეს. 90 წლებში კაუცკი სწერდა, რომ საშუალება, რომელიც გადასცემს პროლეტარიატს ძალა-უფლებას, შეიძლება იყოს ომიც, რომელიც უფრო ცხადათ ააშკარავებს შინაგან წინააღმდეგობას და აძლევს შეძლებას დაჩაგრულ კლასებს გამარჯვებისას, მაგრამ რევოლიუცია, რომელიც არის შედეგი ომისა, არის მაჩვენებელი დაჩაგრულ კლასთა სისუსტისა, ის არ არის ხანგრძლივი და ადვილათ თავდება დამარცხებითო. კითხვა, თუ რა შედეგებიდან გამომდინარეობს რევოლიუცია, არის ფრიად მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ კითხვას ვითვალისწინებდით რუსეთის რევოლიუციის შემდეგ და მაშინ ვამბობდით, რომ რევოლიუცია შეიძლება დაიღუპოს, თუ მუშათა კლასი არ შეიგნებს მის მიზნებს და არ წავა მის განხორციელების გზაზე. ამიერ-კავკასიის სოციალ-დემოკრატიამ შეიგნო ეს და დაისახა განსახორციელებლათ ის მიზნები, რომლის მიღწევაც ობიექტურათ შესაძლებელი იყო. ამის წყალობით ჩვენ შევინარჩუნეთ აქ რევოლიუციის მონაპოვარი. რუსეთში ეს არ შეიგნეს და შედეგი ამისა არის ის, რომ ძალა-უფლება ერთი ჯგუფის ხელშია, რომელიც ხელს უწყობს კონტრრევოლიუციონურ ძალების ზრდას. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რევოლიუციაშიაც ხდება შეჯახება ორ მიმდინარეობისა, ერთი მიმდინარეობაა, რომელსაც ატარებდა პეტროგრადის საბჭო პირველი შემადგენლობისა და მეორე ის, რომელმაც დაასამარა რუსეთის რევოლიუცია.
სიძლიერე რევოლიუციისა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ უმრავლესობა თუ უმცირესობა იზიარებს მას. რევოლიუცია გაიმარჯვებს თუ მთელი დემოკრატია მხარს უჭერს მას, დამარცხდება რევოლიუცია თუ იგი მხოლოდ უმცირესობას ეყრდნობა. რუსეთის მაგალითი ამის მაჩვენებელი არის. რუსეთის რევოლიუციას თავის გარშემო რომ შემოეკრიბა ხალხის უმრავლესობა, ვერავითარი ძალა მას ვერ შეარყევდა. მე მგონია, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მთელი პროგრამის ძირიანად შეცვლა და გადატეხა შეუძლებელია. უმრავლესობა მისი დემოკრატიისა იმ აზრს ადგა, რომ რევოლიუცია შეიძლება ბოლომდის მივიდეს მხოლოდ დემოკრატიზმის საშუალებით. ერთი ნაკლი ამ რევოლიუციისა არის ის, რომ მასში მონაწილეობას იღებს სამხედრო სტიქია, რომელსაც შეუძლიან წაიმძღვაროს მასა, მაგრამ იმ გზით, როგორითაც წავიდა სამხედრო სტიქია რუსეთისა. მაგრამ გერმანიას ჰყავს ძლიერი, დიდის ხნიდან დაარსებული პარტია და ორგანიზაციულად შეკავშირებული. დემოკრატიულ გერმანიას შეუძლიან დაამარცხოს ეს სტიქია და ჩააყენოს დემოკრატიულ კალაპოტში და მისცეს ნორმალური მსვლელობა. გერმანიის რევოლიუციას სამ გვარი გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს. თუ ბალშევიზმმა გაიმარჯვა, ეს მოხდება სამხედრო სტიქიის წყალობით და მისი შედეგი იქნება დემოკრატიის დამარცხება. თუ ეს არ მოხდა, რევოლიუცია დემოკრატიულ ფარგლებში განვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ მთელი გერმანია მოითხოვს დამფუძნებელ კრების მოწვევას და თუ ამ გზით ივლის უმრავლესობა, რესტავრაცია არ არის მოსალოდნელი. თუ გერმანიის რევოლიუცია გაიმარჯვებს, როგორც დემოკრატიული, რა მოელის მას შემდეგ, გაჩერდება დემოკრატიულ ჩარჩოებში თუ დემოკრატიზმის საშუალებით გადააბიჯებს და მივა სოციალიზმამდის. თუ საფრანგეთში ან ინგლისში მოხდა რევოლიუცია, ის იქნება სოციალური რევოლიუცია. იქ არ არსებობს წინააღმდეგობა არც ნაციონალური და არც პოლიტიკური. იქ არსებობს მხოლოდ სოციალური ხასიათის წინააღმდეგობა და ამიტომ იქ შესაძლებელია მხოლოდ სოციალური რევოლიუცია. თუ დასავლეთში არ იქნება რევოლიუცია, ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში დამყარდება დემოკრატიული წესწყობილება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ორგანიზაციულ კლასთა ბრძოლის საშუალებით პროლეტარიატი მიაღწევს სოციალიზმს. ჯერ უნდა განხორციელდეს პროგრამის მინიმუმი და მხოლოდ შემდეგ შესაძლოა სოციალურ რევოლიუციის მოხდენა მთელი თავისი სიგრძე-სიგანით. დემოკრატიის საშუალებით შეუძლებელია რევოლიუციის დამყარება, საჭიროა ახალი ორგანიზაცია წარმოებისა, რომელიც მოითხოვს დიდ დროს. გერმანიამ უნდა გაიაროს ეს დემოკრატიზმის ეტაპები. გერმანიის რევოლიუცია არ ივლის რუსეთის რევოლიუციის გზით, ამის თავდებია მისი კულტურა. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ გერმანიის მუშათა კლასი ივლის რუსეთის მუშათა კლასის გზით. ჩვენ ვხედავთ რევოლიუციის ორ ტიპს: რუსეთის, რომელიც გვიჩვენებს, რომ არ უნდა ვაკეთოთ რევოლიუცია, გერმანიის, რომელიც გვასწავლის, როგორი უნდა იყოს რევოლიუცია. თუ საქართველოს დემოკრატიამ გაითვალისწინა ყველა შეცდომები რუსეთის რევოლიუციისა და ცდილობდა არ განემეორებინა ისინი, ამას უფრო უკეთ შეიგნებს შეგნებული პროლეტარიატი გერმანიისა და დემოკრატიზმის საშუალებით სოციალიზმს მიაღწევს (ხანგრძლივი ტაში).
ერთობა - 23 ნოემბერი. - 1918. - N 254. - გვ. 1, 2.
![]() |
2.14 საქართველოს პარლამენტის სადღესასწაულო სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას სიტყვა
მოქალაქენო! ასი წლის წინეთ საქართველომ ხელი აიღო თავის დამოუკიდებლობაზე. ექვსი თვის წინათ იმავე საქართველომ გამოაცხადა აქტი თავის დამოუკიდებლობისა. ამ ორი ერთი მეორის მოპირდაპირე მოწინააღმდეგე აქტი არის იმავე დროს აქტი ჩვენი ცხოვრების ძირითადი პრობლემისა.
ეს მიზეზია ჩვენი მტკიცე სურვილი, თავი დავაღწიოთ აზიურ ბარბაროსობას, ხოლო შედეგია ის, რომ ორივე შემთხვევაში დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
აქედან ცხადია, აქტი 26 მაისის იყო არა უცაბედი, შემთხვევითი მოვლენა, გამოგონილი რომელიმე პირის, ჯგუფის თუ პარტიისა, არამედ ის იყო აქტი ისტორიულათ აუცილებელი, ჩვენი ხალხის გულის სიღრმიდან ამოხეთქილი. ამ აქტმა ჩვენ მოგვცა ის, რომ საქართველო გადაურჩა განადგურებას, ჩვენი ქვეყანა გადაურჩა მტერთა ოკუპაციას და გავხდით ჩვენი თავის ბატონი და პატრონნი. ამ აქტით მოხდა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა სამტროთ შეიარაღებული ძალა; თუ შემოვიდა - შემოვიდა მხოლოდ სამოყვროთ; და სრული იმედი გვაქვს, სრულიად დარწმუნებული ვართ, თუ ამ ძალის გასვლის შემდეგ ჩვენში შემოვა სხვა ევროპიული ძალა - შემოვა იმავე სამოყვროთ და სამეგობროთ.
და ეს იმიტომ, რომ მთელი ჩვენი მეცადინეობა მე-16 საუკუნიდან მიმართულია დასავლეთის დაახლოვებისაკენ. ჩვენ იქ ვეძებდით და ვეძებთ წყაროს თავისუფლებისა და კულტურისა და მაშასადამე, ჩვენს შორის არ შეიძლება იყოს შუღლი და მტრობა.
თუ კი რეაქციონური გერმანიის ჯარები პატივით მოგვეპყრო და არაფრით არ შეულახავთ ჩვენი ერის სუვერენობა, განა კიდევ უფრო არ უნდა მოველოდეთ უკეთეს მოპყრობას მოწინავე და დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენელთაგან, რომელთაც გუშინ უკვე დაადგეს ფეხი საქართველოს ტერიტორიაზე. არა გვმართებს ცრემლთა ფრქვევა, არა გვმართებს უიმედობა, - მხოლოდ ერთი პირობით კი: ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენს ისტორიულ საფუძველზე შეურყევლათ, გაუქანებლათ: ჩვენ ერთხელ და სამუდამოთ უნდა უარვყოთ ქაოსი და ბარბაროსობა, საიდანაც უნდა მოდიოდეს ის, - იქნება ის სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან.
ჩვენ დღეს შეგვიძლია შევიდეთ ევროპის ხალხთა შორის პირდაპირ, უშუამდგომლოთ, - ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და ამ გზას არასოდეს არ მოვშორდებით.
და განა ეს ჩვენი სურვილი უნიადაგოა? თუ მართლა ამ ცარიელ სურვილს გარდა არაფერი გვაბადია, - ცხადია, ასეთი მსუბუქი ბარგით ევროპა არ მიგვიღებს და არ გვიცნობს. იქ სამართლიანათ გვეტყვიან: მოიტანეთ საბუთები, რომ შეგიძლიათ უბატონოთ, დამოუკიდებლათ ცხოვრებაო და ჩვენც თამამათ შეგვიძლია წარვსდგეთ უსასტიკესი აეროპაგის წინაშე შესაფერი საბუთებით.
ამ საბუთებს ჩვენ გვაძლევს ჩვენი ექვსი თვის დამოუკიდებელი ცხოვრება.
მოხდა ერთი დიდი აშკარა ფაქტი: - თებერვლის დიდი რევოლიუცია განმტკიცდა და ხორცი შეისხა მხოლოდ საქართველოში. მოპოვებულმა თავისუფლებამ ააფორიაქა რა მთელი რუსეთი და იქ გააჩაღა ანარქია ერთ ადგილას, რეაქცია - მეორეს, მხოლოდ ჩვენში ჰპოვა ამ თავისუფლებამ ღირსეულნი პატრონნი, გონიერი მომხრენი: მან ვერ გააქანა ჩვენი ხალხი ვერც ანარქიისაკენ, ვერც რეაქციისაკენ.
დემოკრატია მხოლოდ აქ იშვა და დაეპატრონა ქვეყანას.
ერთი წლის რევოლიუციურ ქარცეცხლმა მხოლოდ აქ გამოსჭედა დემოკრატია, ხალხი - თავის თავის მართველი და ბატონი. მაშინ, როდესაც ყოველგან ძველი რუსეთის მთელ სივრცეზე ხალხი დაიმორჩილა რეაქციონურ და ანარქიულ ძალებმა, - იქ არ აღმოჩნდა დემოკრატია იმდენად ძლიერი, რომ ამ ძალებს გამკლავებოდა და ქვეყნის სადავე მას დარჩენოდა.
ასეთი დემოკრატია აღმოჩნდა მარტო საქართველოში და მან დაამყარა წესიერება და თავისუფლება.
თავისუფლებას მხოლოდ ჩვენში არ აღმოუჩნდა მტერი წესიერების.
წესიერებამ მხოლოდ ჩვენში ჰპოვა ფესვები თავისუფლებაში.
ჩვენი დემოკრატია მართავს ქვეყანას თავისუფლებით.
მოსპეთ ეს თავისუფლება და დაინგრევა წესრიგი, ჩავცვივით ანარქიაში.
მოსპეთ წესრიგი, - მოისპობა თავისუფლება, ჩავცვივით რეაქციაში.
აი ამ ორი ელემენტის შედუღება ჰქმნის ქართველ ხალხისაგან პოლიტიკურ დემოკრატიას და მით ის შედის ევროპის დემოკრატიათა ოჯახის სრულ უფლებიან წევრათ.
აი, ბატონებო, დიდი საბუთი ჩვენი პოლიტიკური სრულ-წლოვანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი მომწიფების და თავის თავის პატრონობის. ჩვენ არა თუ გვსურს, არამედ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა: ჩვენ უკვე ვართ ეს ექვსი თვეა და ვიქნებით მუდამ.
და არა თუ შევქენით დამოუკიდებელი რესპუბლიკა, არამედ მას შეუქენით და დღე მუდამ უქმნით შესაფერ ორგანოებს.
არ კმარა ხალხის მიერ სუვერენობის გამოცხადება, - საჭიროა ამ ბატონობის შესაფერი ნორმებით გამოხატვა და გატარება, და სწორეთ ამ დიდ მუშაობაში ჩაბმულია პარლამენტის ყველა ჩვენი უწყება ეს ექვსი თვეა. ჩვენ დავიწყეთ თითქმის ცარიელი ადგილიდან, კონსტიტუციური ნორმები თითქმის სრულიად არ არსებობდენ. მაშინ იყო დრო ბრძოლის და არა შენების. წინანდელ ნაყოფიერმა ბრძოლამ მოამზადა ნიადაგი დემოკრატიული რესპუბლიკისა. ამ ექვსი თვის განმავლობაში მოვაწყვეთ ადმინისტრატიული აპარატი, აგრარიული რეფორმა, სახელმწიფო მეურნეობის ერობა, ადამიანები, ჯარი, გადასახადთა სისტემა, გავაფართოვეთ სახალხო გვარდია, გავაუმჯობესეთ მიმოსვლა, გავამრავლეთ ფოსტა-ტელეგრაფი ორჯერ, გავიყვანეთ მრავალ მაზრებში და სოფლებში ტელეფონთა ქსელი, დავუახლოვეთ სწავლა-განათლება ხალხს სამშობლო ენის საშუალებით, მოვახდინეთ სასამართლოთა რეორგანიზაცია და სხ. და სხ. ერთი სიტყვით, პარლამენტი, მთავრობა, უწყებები ჩაბმულია შეუწყვეტელ ორგანიულ მუშაობაში ჩვენი რესპუბლიკის კონსტიტუციურ ნორმებში ჩამოსაყალიბებლათ. უკანასკნელი და უზენაესი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც ახლო მომავალში მოწვეული იქნება.
აქ არ შემიძლია არ მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ საგულისხმო გარემოებაზე: ჩვენ ვაკეთებდით არა მარტო საქართველოს საქმეებს, არამედ წილათ გვხვდა გაკეთება მთელი რუსეთის საქმეების რუსეთის მაგიერ. მე მოგახსენებთ იმ აუარებელ ხარჯებს, რაც რუსეთის მაგიერ ჩვენ გავსწიეთ. ჩვენი მტრები ხმას ავრცელებენ რუსეთში, რომ აქ, საქართველოში რუსებს, განსაკუთრებით აფიცრობას, ვდევნით, ძალით ვერეკებით და სხ. და სხ. მე ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, რომ რუსეთის არც ერთ კუთხეში რუსეთის და რუსთა ინტერესი არ ყოფილა დაცული ისე, როგორც ეს იყო საქართველოში. და აი, ციფრები:
მხოლოდ ჩვენ შევსძელით შეგვექმნა პოლიტიკური წონასწორობა, თავისუფალი და წესიერი მართვა-გამგეობა და მხოლოდ დაუძინებელ მტერთ თავისუფლების და დემოკრატიის, შეუძლიათ გვითხრან: ხელი აიღეთ ამ წყობილებაზე და გადაეშვით რუსეთის ანარქიულ და რეაქციონურ მორევშიო!
არა, ბატონებო, ამას ჩვენ არ ვიზამთ, ამას ჩვენ ვერ ვიზამთ.
ჩვენ გვსურს ჩვენებური წესწყობილება შეიქმნას როგორც რუსეთში, ისე ჩვენს მოსაზღვრე რესპუბლიკებში. ჩვენ მოხარული ვიქნებით რუსეთის, ნამდვილი რუსეთის აღდგენის და დემოკრატიულ გზაზე შეერთებული ძალით დადგომის. მარა განა ეს უნდა მოხდეს საქართველოს სიკვდილით? არა, ამას ნამდვილი დემოკრატი ვერ იფიქრებს; ხოლო ვინც ასე ფიქრობს, დემოკრატები არ არიან. მათ სურთ აღადგინონ არა დემოკრატიული, არამედ რეაქციონური რუსეთი და ნურას უკაცრავათ, თუ ასეთ ხალხთან და ასეთ რუსეთთან საერთო ენა ვერ ვიშოვოთ.
26 მაისიდან ვიდრე 20 ნოემბრამდე ჩვენ დავხარჯეთ რუსეთის მაგიერ შემდეგი: ფრონტისა და მასთან დაკავშირებულ დაწესებულებების ლიკვიდაციისათვის თფილისის ხაზინიდან გავიდა 21 მილ. 22 ათას. მან., საველე ხაზინიდან - 9, 791, 000 მან., სენაკის ხაზინიდან - 1 მილ. მ., ნატანების ხაზინიდან - 736, 000 მან., ფოსტა-ტელ. ოლქიდან - 512 000 მან., მიმდინარე ანგარიშით სახაზინო გამგეებისა - 1, 436, 000 მან., რკინის გზაზე - 1, 020, 000 მან. ამას გარდა, სამხედრო პირების ოჯახებს ჩვენ მივეცით 1, 032, 000 მან., პენსიონერებს - 1, 323, 000 მან. გარდა ამისა, ჩვენ გავწიეთ ხარჯები რუსეთის მაგიერ, რაც არც ერთ რესპუბლიკას არ გაუწევია. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ფული იყო კასებში, ბანკებში და სხვ. ეს ფულები დაიხარჯა ომზე და ეს დაწესებულებანი უფულოდ დარჩნენ. რომ ისინი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, შემნახველ კასებს მივეცით 30 მილ., მივეცით კერძო ბანკებს 28, 000 000 მან., სახელმწიფო ბანკს და ხაზინას მიმდინარე ხარჯებისათვის - 23 მილიონი მან. სულ რუსეთის მაგიერ ჩვენ დავხარჯეთ 100 მილიონ მანეთზე მეტი. ამას გარდა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ცნობები ქუთაისის, გორის, სიღნაღის და სხვ. სახელმწ. ხაზინებიდან და ყველა ეს რომ მიუმატოთ, ხარჯების საერთო ჯამი გაცილებით გადიდდება.
აი, ბატონებო, ნამდვილი რეალური დახმარება რუსეთის და რუსებისა. ვის, რომელ კუთხეს რუსეთისას შეუძლია წარმოადგინოს ასეთი საბუთი, ასეთი ბალანსი რუსეთისათვის გაწეული?
და თუ მაინც ცილს გვწამებენ, თუ მაინც რუსების დევნას გვიკიჟინებენ, - ეს აიხსნება ჩვენი დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის მტრების, შოვინისტური და რეაქციონური სულისკვეთებით.
აქ კი ნურას უკაცრავათ, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოებს ყოველთვის მოვეწყობით, მათთან ყოველთვის გვექნება მჭიდრო ეკონომიური და პოლიტიკური კავშირი. მაგრამ მათგან მოვითხოვთ ერთ პირობას: ცნობას ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოსი და თანასწორის თანასწორთან მოლაპარაკებას. რაც გვსურს თავის თავისათვის, ის გვსურს სხვებისათვის. მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა აი, ამ სურვილით არის გამსჭვალული.
ბოლოს ნება მიბოძეთ გითხრათ: ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, საქართველოს რესპუბლიკა იარსებებს, თუ ჩვენ შიგნით და გარეთ აი, ამ ნიადაგზე მტკიცეთ ვიდგებით.
გისურვებთ თქვენ, უსურვოთ ჩვენს შთამომავლობას, რომ 26 მაისის აქეთ გახდეს მუდმივ დღესასწაულათ, დღეთ გამარჯვებისა საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლებისა (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
ნ. ჟორდანიას სიტყვის შემდეგ სხდომა დაიხურა და გაიმართა სასახლის წინ მიტინგი.
ერთობა. - 1918. - 4 დეკემბერი - N 263. - გვ. 2.
საქართველო. - 1918. - 4 დეკემბერი. - N232. - გვ. 2-3.
![]() |
2.15 საორგანიზაციო საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება
ამხანაგებო! როგორც ჩვენ გავიგეთ ცენტრალურ კომიტეტში, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაარსების გარშემო ზოგიერთი პირნი, და შესაძლებელია ჯგუფიც, აწარმოებენ აგიტაციას და მოუწოდებენ მუშებს პარალელურად მეორე პარტიული ორგანიზაციის დაარსებისაკენ. რადგანაც ეს ორგანიზაციული საკითხი ასეთი ფორმით ისმება, ჩვენ გვინდა აქ, ამ კრებაზე გამოვარკვიოთ - რაშია საქმე, რა მოხდა და რაში გამოიხატება ჩვენი დაშორება ინტერნაციონალისაგან?
საკითხი, რომელიც ჩვენ წინ არის წამოყენებული, არის არა პროგრამის ანუ ტაქტიკის საკითხი, არამედ ის არის წმინდა საორგანიზაციო საკითხი. საორგანიზაციო საკითხს ჩვენ არასოდეს არ ვანიჭებდით პირველ ადგილს, რადგანაც საკითხი არ შეადგენს პარტიის განმასხვავებელ თვისებებს - ე.ი. საორგანიზაციო საკითხით შეიძლება სხვადასხვა პარტიები არ განსხვავდებოდნენ. ხშირად ბურჟუაზიულ პარტიებსაც ისეთი ფორმა აქვთ ორგანიზაციისა, როგორიც სოციალისტურს, და ეს არც გასაკვირია. პარტიას აქვს თავისი განსაკუთრებული პროგრამა, რომლითაც ის განსხვავდება სხვა პარტიებისაგან; ორგანიზაციის ფორმა კი, როგორც ვსთქვი, არ შეადგენს პარტიისათვის განმასხვავებელ თვისებას. ამიტომ, არ უნდა შევურიოთ ერთმანეთში ორგანიზაციის ფორმის და პარტიის შინაარსის, პროგრამის და ტაქტიკის საკითხები. „ოპოზიციონერები“ კი ლაპარაკობენ, კიდევაც სწერენ, რომ ჩვენ დავშორდით ინტერნაციონალს. რატომ? იმიტომ, რომ მივიღეთ ორგანიზაციის ახალი ფორმა. ისინი საკითხს ყალბათ აყენებენ. ფორმა პარტიის შინაარსის გამომხატველი არასოდეს არ ყოფილა და არც ეხლა შეიძლება იყოს.
გადავდივარ რა საკითხზე, უნდა ვსთქვა, რომ თითოეულ სახელმწიფოში არსებობს საკუთარი სოც.-დემ. პარტია. რატომ არის ეს ასე? რატომ არ შეიძლება სამ-ოთხ სახელმწიფოში ერთი სოც.-დემ. პარტია არსებობდეს?
პირველ ინტერნაციონალის დროს, რომელიც შესდგა კ. მარქსის მეთაურობით, არსებობდა ერთი ცენტრი, ხოლო სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებობდნენ სექციები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ ცენტრის ხელმძღვანელობით. ცენტრთან კი იყვნენ მდივნები ავსტრიის, გერმანიის და სხვა სექციებიდან. ამავე დროს გერმანიაში ლასალის აგიტაციით დაარსდა, დამოუკიდებლათ ცენტრისა, სოციალ.-დემოკრატიული პარტია. საკითხები თითეულ სახელმწიფოში თანდათან რთულდებოდენ. ინტერნაციონალი ამ საკითხების გართულებამ შეარყია და გადასწყვიტეს თვით ცენტრში, რომ ინტერნაციონალი დაეშალათ და მოქმედების მთელი სიმძიმე ცალკე სახელმწიფოებში გადაეტანათ, თითეულ სახელმწიფოში დაეარსებინათ სოც.-დემ. პარტია, შემდეგ კი ამ პარტიებისათვის შეექმნათ ცენტრი. ასეც მოხდა. მათ ცალკე სახელმწიფოებში დააარსეს სოც. დემოკრატიული პარტია. ასე მოხდა ავსტრიაში, გერმანიაში და სხვ. შემდეგ მოიწვიეს სოციალისტური კონგრესი და დაარსდა მეორე ინტერნაციონალი.
თავის თავად ცხადია, რომ ყველა სოც.-დემ. პარტიებს, რომელ სახელმწიფოშიაც არ უნდა მოქმედებდენ ისინი, აქვთ ერთი საერთო მიზანი - სოციალიზმის განხორციელება. მაგრამ რადგანაც მათ (პარტიებს) უხდებათ მოქმედება განსაკუთრებულ პოლიტიკურ წყობილებაში, ხოლო თვით სახელმწიფოებრივი წყობილება მათ უყენებს განსაკუთრებულ კონკრეტიულ საკითხებს, ამიტომ თითეულმა სოც.-დემ. პარტიამ თავისი მოქმედება უნდა შეუფარდოს არსებულ სახელმწიფოებრივ წყობილებას. ჩვენ არ გვინახავს, რომ ორ სახელმწიფოს ერთი სოც.-დემ. პარტია ჰყოლოდეს. პირიქით, ერთ სახელმწიფოში შესაძლებელია იყოს რამოდენიმე სოც. დემოკრატიული პარტია, რომელნიც ერთდებიან სახელმწიფოს დარგებში ერთ ცენტრში. მაგ., ავსტრიაში არსებობს რამოდენიმე სოც.-დემოკრატიული პარტიები, ხოლო ყველა პარტიები შედიან ერთ ცენტრში. თითქმის რუსეთშიაც კი, რევოლიუციამდე არსებობდნენ მთელი რიგი სოც.- დემ. პარტიებისა, რომლებიც ერთდებოდნენ ერთ რუსეთის სოც.-დემ. მუშათა პარტიის ცენტრში. მაგ. ლატიშებს ჰქონდათ სოც. დემ. პარტია, პოლონეთში იყო პოლონეთის ს.- დ. პარტია და სხვა. ამრიგათ, ორგანიზაციისათვის ამა თუ იმ ფორმის მიცემას ჩვენ გვიკარნახებენ სახელმწიფო ორგანიზმის კონკრეტიული კითხვები. ამრიგათ, თითოეულ სახელმწიფოში არის ცალკე სოც.-დემ. პარტია. შეიძლება ერთ სახელმწიფოში არსებობდეს რამოდენიმე სოც.-დემ. პარტია, მაგრამ რამოდენიმე სახელმწიფოში რომ ერთი პარტია იყოს, ეს არ გაგონილა.
რაც შეეხება ფორმას, ის არ წარმოადგენს ისეთ ხელუხლებელ ჭეშმარიტებას ან დოგმას, რომლის შეცვლა შეუძლებელი იყოს. პირიქით, ორგანიზაციის ფორმა იცვლება პოლიტიკურ ცვლილებასთან ერთად. ასე რომ, ჩვენ მიერ საქართველოს სოციალ დემოკრატიული პარტიის დაარსება არაფერს ახალს არ წარმოადგენს.
ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს ისეთი ერთეულია, რომელიც არ წააგავს არც ერთ ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენებულ რესპუბლიკებს. ცხადია, რომ ამ რესპუბლიკაში მცხოვრებ მუშებს უხდებათ ცხოვრება სულ სხვა პირობებში, ვინემ სხვა რესპუბლიკის მუშებს; ცხადია, ამ მუშების წინაშე ისმება სულ სხვა საკითხები და საქმეები, ვიდრე სომხეთში, ადერბეიჯანში და სხვაგან. ის მოთხოვნილებები, რომლებსაც უყენებს საქართველოს რესპუბლიკის მუშებს ადგილობრივი პირობები, არ არის საერთო იმ მუშებისათვის, რომლებსაც მოქმედება უხდებათ სხვა სახელმწიფოებში და სხვა პირობებში. ჩვენმა მუშებმა ამ მოთხოვნილებებს და პირობებს ანგარიში უნდა გაუწიონ. სწორედ ამ საფუძველზე ავაგეთ ჩვენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია.
როცა ჩვენ გვქონდა საერთო ამიერ -კავკასიის ცენტრი, მაშინ საოლქო კომიტეტი სწყვეტდა სომხეთის და ადერბეიჯანის საკითხებსაც. იქიდან კი მოდიოდა პროტესტები: რათ ერევით ჩვენს საქმეშიო. მოგეხსენებათ, საოლქო კომიტეტში დიდ უმრავლესობას წარმოადგენდენ ქართველები. იყო ასეთი შემთხვევაც: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრმა, საოლქო კომიტეტის თავმჯდომარემ, უკან გამოიწვია სომხეთის პარლამენტის წევრი. ეს, როგორც კურიოზი, აღნიშნული იყო პრესაში. ასეთ უხერხულობას ჰქმნის რამოდენიმე სახელმწიფოში ერთი სოც.-დემოკრატიული პარტიის არსებობა.
ამ რიგათ, ძირითადი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს სოც.-დემოკრატიული პარტიის დაარსება, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლად არსებობა და მათ, ვინც საქართველოს სოც.-დემოკრატიული ორგანიზაციის დაარსების წინააღმდეგ ილაშქრებენ, თავის თავად უნდა გაილაშქრონ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წინააღმდეგაც.
დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრება, - ეს ჩვენთვის ძველი საკითხია. საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკათ გამოცხადების შემდეგ ჩვენ გამოგვეყო ერთი ჯგუფი ლიტერატორებისა, რომლებმაც დააარსეს გაზეთი „სოციალ-დემოკრატი“ და ოპოზიციაში ჩაგვიდგენ. ოპოზიციონერებმა საკითხი უნდა დასვან არა ორგანიზაციის მხრივ, არამედ. - სახელმწიფოებრივობის მიხედვით. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ოპოზიციის მიერ გამოცემული დეკლარაცია.
მე შევეცდები გავარჩიო თითეული დებულება ამ დეკლარაციისა.
დეკლარაცია ასე იწყება: „რუსეთის და კერძოთ ამიერ-კავკასიის წვრილ ნაციონალურ სახელმწიფოებად დაყოფამ, რომელიც შედეგი იყო უმთავრესად რუსეთის რევოლიუციაზე დასავლეთ ევროპის, და განსაკუთრებით გერმანიის იმპერიალიზმის დროებით გამარჯვებისა, გამოიწვია თავის მხრივ საერთო პროლეტარული ფრონტის დარღვევა და გაძლიერება რეაქციონურ ნაციონალისტურ მისწრაფებებისა.
როგორც ხედავთ, შესავალი ამ დეკლარაციისა არის აშენებული ყალბ საფუძველზე. სწერენ, რომ გერმანიის იმპერიალიზმმა გაიმარჯვა რუსეთის რევოლიუციაზე და ამას მოყვა რუსეთის დანგრევაო. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა.
გერმანიის იმპერიალიზმმა გაიმარჯვა რუსეთის პოლიციურ იმპერიალიზმზე. რუსეთის რევოლიუციის დამარცხების მიზეზი კი არის არა გერმანიის იმპერიალიზმის გამარჯვება, არამედ რუსეთის მთლიანი დემოკრატიული ფრონტის დარღვევა, რომელიც შედეგი იყო ბალშევიკების მოქმედებისა. ამ დეკლარაციის ავტორმა კი საკითხი ყირამალა დააყენა და ამბობს, რომ რუსეთის დარღვევა გერმანიის იმპერიალიზმის ბრალიაო. აქედან გამომდინარეობს, რომ რადგანაც ახლა გერმანიის იმპერიალიზმი არ არის, ჩვენ უნდა შეუდგეთ რუსეთის აღდგენას და ისტორია თავიდან დავიწყოთო.
შემდეგ დეკლარაციაში ვკითხულობთ: „გამარჯვებულ მსოფლიო რევოლიუციას, რომელიც სულ ახალ-ახალ ქვეყნებზე ვრცელდება, ძლიერი იერიშები მიაქვს იმპერიალიზმზე, ერეკება მას მის საკუთარ ციხე-სიმაგრეებიდან და ერთიანად ცვლის ძირითად ხაზს მომავალი განვითარებისა. რევოლიუცია ერთ პოლიუსზე უყრის თავს ევროპის და აზიის ყველა პროლეტარულ ძალებს მუშათა კლასის საბოლოო მიზნების მისაღწევად და უმთავრეს მიზნათ ისახავს არა დანაწილებას, არამედ შეერთებას, არა დაქუცმაცებას ეკონომიური ძალებისა, არამედ მათ გაერთიანებას მსხვილ სამეურნეო, პოლიტიკურ ორგანიზმში. ძალთა გაერთიანება აღნიშნულ მიზნისთვის, პროლეტარიატის კლასიურ მიზნების მაღლა დაყენება, ეგრეთ წოდებული ხალხის და ნაციონალურ მიზნებზე, ამზადებს ასპარეზს უკანასკნელ გადამჭრელ ბრძოლისათვის.“
რაც შეეხება მსოფლიო რევოლიუციის გამარჯვებას, ამაზე, ჩემის აზრით, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. ამ წაკითხულ დებულებიდან თქვენ ხედავთ, რომ თანამედროვე რევოლიუცია აყენებს მიზანს ყველა ეკონომიურ ძალების ერთ მთლიან სამეურნეო პოლიტიკურ ერთეულში გაერთიანებისა. აქედან არ სჩანს მხოლოდ, რის თქმა უნდოდა ავტორს. ალბათ, მას უნდოდა ეთქვა, რომ ყველანი ერთდებიან და თქვენც უნდა შეხვიდეთ ამ ერთეულშიო. ვინც იყო სახალხო სახლში მუშ. დეპ. საბჭოს სხდომაზე, მას ეცოდინება, რომ ჩვენ იქ ვსთქვით, რომ ეს რევოლიუცია არის ნაციონალური და დემოკრატიული. აღმოსავლეთის სახელმწიფოები ამით უთანასწორდებიან თავიანთ მეზობლებს - დასავლეთის სახელმწიფოებს. ავსტრია დაიყო რამოდენიმე ნაციონალურ სახელმწიფოებად. ის საკითხი, რომელიც წამოაყენეს „ოპოზიციონერებმა“ - სახელმწიფოთა გაერთიანების - იყო ომის დასაწყისში დასმული გერმანიის პრესაშიც. არსებობდა ასეთი თეორია: როგორც მსხვილი წარმოება, მრეწველობა ჰყლაპავს და სპობს წვრილს, ისე მსხვილმა სახელმწიფოებმა უნდა გადაყლაპონ წვრილი სახელმწიფოებიო. ამ თეორიის წინააღმდეგ კარლ კაუცკიმ დასწერა წიგნი სათაურით: „საშუალო ევროპა“, სადაც ნათქვამია, რომ არც ერთ სახელმწიფოში არ მართლდება ხსენებული თეორია. ერთად ერთი გამონაკლისია ბურების რესპუბლიკა, რომელნიც შეუერთდნენ ბრიტანიის იმპერიას. კაუცკი სწერს: „ტენდენცია სხ. და სხ. ხალხთა ერთ მსოფლიო იმპერიაში თავის მოყრისა, რომელიც ამ ჟამათ თვალსაჩინო ხდება, გამოიხატება მხოლოდ კოლონიალური პოლიტიკის საშუალებით იმ ოლქების შემოერთებაში, რომელნიც პოლიტიკურის მხრივ უუფლებოთ დარჩნენ. იქ, სადაც ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ერებს, რომელნიც გაერთიანებულნი არიან ერთ სახელმწიფოში, რომელშიაც ხალხის მასას განვითარებული პოლიტიკური ცხოვრება აქვს, ისტორიის ნაყოფია არა ფაქტი მათი გაერთიანებისა, არამედ მხოლოდ მათი ნაციონალური ცხოვრება. გაერთიანება ეკუთვნის წარსულს და არას გზით არ წარმოადგენს ახალი მომავლის ჩანასახს. ერთად-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს ბურების რესპუბლიკის დიდი ბრიტანეთის იმპერიასთან შეერთება. ამ გამონაკლისს ჰქონდა ადგილი აფრიკაში და არის კოლონიალური პოლიტიკის მეორე ხარისხოვანი ნაყოფი. ევროპაში უკანასკნელ ათეულმა წლებმა არ მოგვცეს არც ერთი ფაქტი ხანგრძლივი გაერთიანებისა სხვადასხვა ნაციონალურ სახელმწიფოების ერთ მთლიან სახელმწიფოებრივ ერთეულში, პირიქით, მოგვცა ორი სულ წინააღმდეგი ხასიათის მოვლენა: ავსტრიის ორ სახელმწიფოდ გაყოფა, მათ შორის, ერთი - უნგრეთი თანდათან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ხდებოდა, მეორე - ნორვეგიის და შვეციის შორის უნიის გაწყვეტა. უკანასკნელმა ამბავმა ერთი სახელმწიფო 8 მილ. ხალხათ გადააქცია, ორ პატარა ნაციონალურ სახელმწიფოებად; მათ შორის ერთში ირიცხება 5 მილიონი მცხოვრები, მეორეში კი 2 მილიონზე მეტი.
ეს მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ 10 წ. წინეთ, ცხადათ გვიჩვენებს უსაფუძვლობას იმ მტკიცებისა, რომ ნაციონალურმა სახელმწიფომ თავისი დრო მოსჭამა და მის ადგილს იკავებს ინტერნაციონალური კავშირი სახელმწიფოებისა“.
ასე რომ, მეორე დებულება ოპოზიციისა - ეს მისწრაფება პროლეტარული ძალების ხალხისთვის დაპირდაპირებისა - უარყოფს დემოკრატიზმის პრინციპს, როგორც ეს უარყვეს ბალშევიკებმა, როცა პროლეტარიატი ხალხს დაუპირდაპირეს. ჩვენ კი პროლეტარიატის ინტერესებს დაუკავშირებთ ხალხის ინტერესებს; ხოლო ისინი კი, ვინც ამ ორ ძალას ერთი მეორეს უპირდაპირებს, მარქსიზმიდან ბალშევიზმში ვარდება.
შემდეგ დეკლარაციაში ვკითხულობთ: „კერძოთ რუსეთის სხვადასხვა ტომიანი პროლეტარიატი თავისი კლასობრივი ინტერესებისათვის უნდა მიისწრაფვოდეს ერთ მთლიან რუსეთის რევოლიუციონური პროლეტარული ფრონტის აღდგენისაკენ. ამიერ-კავკასიის მუშათა კლასმა კი პირველ რიგში უნდა დასვას კითხვა ამ კუთხის ხალხის გაერთიანების შესახებ, რომელიც (კუთხე) რუსეთთან დაკავშირებულია მჭიდროთ, ეკონომიურათ, კულტურულათ, პოლიტიკურათ.
ეს დებულებაც ჩვენ გვეუბნება, რომ მიზნათ უნდა დავისახოთ რუსეთის პროლეტარული რევოლიუციონური ფრონტის აღდგენა. ჩვენც ძალიან გვსურს მთლიანი რუსეთის რევოლიუციონური ფრონტის აღდგენა, მაგრამ მარტო სურვილით და გეგმის შედგენით რა გაკეთდება? გეგმაზე რომ იყოს საქმე, მაშინ საუკეთესო გეგმას შევადგენდით; მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გეგმებით და სურვილით საქმე არ კეთდება. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ანგარიში უნდა გავუწიოთ რეალურ ძალთა განწყობილებას. სწორედ ჩვენ, სანამ რუსეთი დაინგრეოდა, ასეთი გეგმა გვქონდა შემუშავებული: მთლიანი რევოლიუციონური ფრონტის შენარჩუნება. აქ ჩვენის აზრით, შედიოდენ ნაროდნიკებიდან დაწყებული ბალშევიკებით გათავებული ყველა პარტიები - უბალშევიკებოთ ჩვენ ეს ფრონტი ვერ წარმოგვედგინა. თუ თქვენ გახსოვთ, შარშან ნოემბერში. საოლქო კომიტეტში, მივიღეთ რეზოლიუცია, რომ ბალშევიკების წინააღმდეგ გამოსვლა იარაღით გამოიწვევს კონტრ-რევოლიუციასო. დღეს კი, ამ გეგმას, როგორც ვსთქვი, არა აქვს რეალური საფუძველი. ვისთან გინდათ ფრონტის აღდგენა? დუტოვ დენიკინ თუ ბალშევიკებთან? ასეთია საქმის ნამდვილი ვითარება. რაც შეეხება საერთო რევოლიუციონურ ფრონტის აღდგენას, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია დღეს და ლამაზი სიტყვებით საქმე არასოდეს არ გაკეთებულა. როცა ამბობენ საერთო რუსეთის ფრონტის აღდგენაზე, მაშინ გვეუბნებიან, წადით რეაქციონერებთანო, - ეს კი ჩვენ არ შეგვიძლია.
დეკლარაციაში ნათქვამია აგრეთვე: „მერვე ყრილობა ს.-დ. ორგანიზაციებისა სულ სხვა გზას დაადგა. მან არა თუ დაადასტურა ამიერ-კავკასიის დაშლა, არამედ თვით პროლეტარიატიც გაყო, გაგლიჯა მთლიანი ს.-დ. პარტია. ყველა ამით ყრილობა ხელს უწყობდა და მომავალშიც ხელს შეუწყობს იმას, რომ დაიჩრდილება დიადი მცნება კლასიური ბრძოლისა და ნათელი ხაზები პროლეტარულ ტაქტიკისა, და ყველა ამის ნაცვლად წამოყენებულ იქნება უფრო ადვილათ მისაღწევი მიზნები - წვრილ-ბურჟუაზიული ნაციონალისტური საქმეების კეთება“.
აქედან თქვენ ხედავთ, რომ ამის ავტორები დიდათ უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ყრილობამ ამიერ-კავკასიის დაყოფა დაადასტურა. ეს ფაქტი ციდან კი არ ჩამოვარდნილა - ის გამომდინარეობს არსებულ მდგომარეობიდან: ავსტრიის დაშლა დაადასტურა ავსტრიის სოც.-დემოკრატ. პარტიამ და თუ ჩვენთვის ცოდვათ სთვლით, მაშინ ავსტრიის სოციალ-დემოკრატიასაც ჩაეთვლება ის ცოდვათ, მაშინ მთელი ინტერნაციონალიც ცოდვილათ უნდა გამოვაცხადოთ. უნდა გამოვაცხადოთ აგრეთვე შემცდარად ყველა ისინი, ვინც ერთა თვით გამორკვევის საფუძველზე დგანან. ამ რიგათ, ამ რეზოლიუციის ავტორები ფიქრობენ, რომ ნაციონალური სახელმწიფოს შექმნა წვრილ ბურჟუაზიული საქმეა. ასე ფიქრობდენ ბალშევიკებიც. თუ ეს ასეა, თუ ნაციონალური სახელმწიფოს შექმნა წვრილ-ბურჟუაზიული საქმეა, მაშინ დასავლეთი ევროპის ყველა სოც.-დემ. პარტიები წვრილ ბურჟუაზიული საქმეების გამკეთებელნი ყოფილან.
განსაკუთრებით საინტერესოა დეკლარაციის დასკვნა. ის წმინდა ბალშევიკურია; დასკვნა ასეთია: „ღრმა მწუხარებით და ძმური გაკიცხვით აღვნიშნავთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ჩვენი ამხანაგები, ქართველი სოც.-დემოკრატები დაშორდნენ ინტერნაციონალურ პროლეტარულ პარტიას. ჩვენ კი ვდგევართ ჩვენს ძველ პოზიციაზე და მოვუწოდებთ ყველა შეგნებულთ საერთაშორისო მუშათა მოძრაობის დროშის ქვეშ და გვწამს, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენს გვერდით ვიხილავთ დღეს ჩვენგან წასულ ამხანაგებს“.
ისინი სწერენ, რომ სიეზდი მათგან წავიდა, მათ დაშორდა. საინტერესოა ვიცოდეთ, ვის დაშორდა? ეს პირდაპირ სასაცილოა. მთელს ყრილობაზე ოპოზიცია ხუთი კაცისაგან შესდგებოდა, ხოლო სიეზდზე 100 კაცზე მეტი იყო. მე მგონია, ცხადი უნდა იყოს, თუ ვინ ვის დაშორდა. სიეზდის ოპოზიციაში „გუმეტი“ მგონია გაუგებრობით უნდა იყოს მომხდარი, რადგანაც ეს წმინდა ნაციონალური პარტიაა და მას არ შეუძლია ჩვენ გვიკიჟინოს ნაციონალისტობა. ბაქოს ორგანიზაციიდან იყო მხოლოდ 1 კაცი, ისიც სათათბირო ხმით. დარჩა „სოციალ-დემოკრატის“ ჯგუფი. აი ეს ჯგუფი არის რეალური ორგანიზაცია. აქედან თქვენ ხედავთ, თუ როგორ არეულ -დარეულობაა ამ ოპოზიციაში.
ჩემი დასკვნა ასეთია:
1) საქართველოს სოციალ დემოკრატიული პარტიის ამიერ-კავკასიის ორგანიზაციიდან გამოყოფვის მიზეზია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პარტიები უნდა იქნას დაარსებული როგორც სომხეთში, ისე ადერბეიჯანში; შემდეგ კი შესაძლებელია მათი გამაერთიანებელი ორგანოს დაარსება. მე წინდაწინ არ მინდა ეს საკითხი გადავსჭრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება პარიტეტულ ნიადაგზე;
2) ჩვენი პარტიის ორგანიზაციული ფორმა არის ტერიტორიალური და არა ნაციონალური. ამიტომ ამ ორგანიზაციაში უნდა შევიდენ ყველა ის პარტიები და ჯგუფები, ვინც საქართვ. ტერიტორ. ცხოვრობენ და მოქმედებენ;
3) ის ამხანაგები კი, რომელნიც ამის წინააღმდეგ მიდიან და ცდილობენ მუშათა კლასის დაყოფას, მათ ცალკე ორგანიზაციულად დარაზმვას, - პარტიაში რასკოლს ახდენენ და მით აწარმოებენ ინტერნაციონალისათვის საზიანო ნაციონალისტურ პოლიტიკას.
მე ვიცი, რომ თფილისის ორგანიზაციები იმდენათ გამობრძმედილი არიან ბრძოლაში და ორგანიზაციულად მომზადებულნი, რომ „რასკოლნიკებს“ თფილისის მუშებში ნიადაგი არ ექნებათ, მაგრამ მაინც უნდა განვაცხადო: თუ არის ცდა თფილისის ორგანიზაციებში „რასკოლის“ მოხდენისა, ეს ცდა ძირშივე უნდა იქნას ჩაკლული.
ნ. ჟორდანიას მოხსენების შემდეგ იმართება კამათი. კამათში მონაწილეობა მიიღეს: აიოლლომ, დ. საღირაშვილმა, ფირუმოვმა, ალ. მაისურაძემ, ზურაბოვმა, სმირნოვმა, ს. თევზაძემ, ნ. რამიშვილმა, ალ. ფარნიევმა, ვლ. ბაქრაძემ.
ერთობა. - 6 დეკემბერი. - 1918 წ. - N 264. - გვ. 1, 2.
ერთობა. - 8 დეკემბერი. - 1918 წ. - N 266. - გვ. 1, 2.
![]() |
2.16 საორგანიზაციო საკითხები* |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას საპასუხო სიტყვა
ჩემი მოხსენების წინააღმდეგ მე მოვისმინე დებულებები იმ პირთაგან, რომელნიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგნი არიან. ყველა ის ამხანაგები, გარდა ფირუმოვისა, ხაზგასმით ამბობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლეა და მალე გაქრება; რაკი რესპუბლიკის დღეები დათვლილია, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ თავისი მიზნები და მოქმედების გეგმა ამ რესპუბლიკის არსებობაზე არ უნდა ააშენოსო.
რადგანაც მათ ასეთი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს რესპუბლიკასთან და ამ ფაქტს უარყოფით უყურებენ, ცხადია, რომ ჩვენ ერთ ორგანიზაციაში ყოფნა არ შეგვიძლია. მოწინააღმდეგე ორატორების სიტყვები აშკარათ ამტკიცებენ იმას, რომ თითოეულ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკაში საკუთარი სოციალ-დემოკრატიული პარტია უნდა დაარსდეს. თითოეულ რესპუბლიკას აქვს თავისი პოლიტიკური საკითხები და ამიტომ თავისი პოლიტიკური პარტიაც უნდა ყავდეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ყველა პარტიული ორგანიზაციები ერთსულოვნად დგანან საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე, სომხეთის და ადერბეიჯანის ამხანაგები კი ეწინააღმდეგებიან. აქედან ცხადია, რომ შეუძლებელია ყოველგვარი გაერთიანება ერთ პარტიულ ცენტრში ამიერ-კავკასიის სოც.-დემ. ორგანიზაციებისა.
ჩვენ არასოდეს არ ვიყავით გაერთიანების წინააღმდეგ და არც ამ ჟამათ ვართ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაერთიანებისათვის საჭიროა ის ელემენტები, რომელნიც უნდა შეერთდნენ. სწორედ ჩვენ ამ ჟამათ ეს ელემენტები არ გვყავს ან, უფრო სწორედ რომ ვსთქვათ, ამ ჟამათ ამ ელემენტების შეერთება შექმნილ პირობებისა გამო შეუძლებელია.
ჩემი მოწინააღმდეგე ორატორები ეყრდნობოდნენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სათბობი მასალა არ აქვს, პური არა აქვს და ამიტომ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიაო. ეს მართალი არ არის. არც ერთ განვითარებულ სამრეწველო სახელმწიფოს თავისი პური არ ყოფნის, პური საკმაო და ზედმეტი აქვს მხოლოდ ჩამორჩენილ სახელმწიფოებს (აიოლლო ადგილიდან: ამერიკას ხომ აქვს თავისი პური, ის ხომ ჩამორჩენილი სახელმწიფო არ არის?).
აიოლლომ უნდა იცოდეს, რომ ამერიკა ერთი მატერიკია, ხოლო რამოდენიმე სახელმწიფოსაგან შესდგება და იქ არის მრეწველობის მხრივ ჩამორჩენილიც და განვითარებული სახელმწიფოებიც.
ჩვენ აქ ზურაბოვმა და სხვებმა გვითხრეს, რომ წინეთ სხვას ამტკიცებდით, ცენტრალისტები იყავით, დღეს კი სულ სხვას ამტკიცებთ; განა კაუცკის ეს ნაწერი წინეთ არ ჰქონდა და თქვენ არ იცოდითო? ასე გვისვამენ კითხვას.
ამხანაგებო, ჩვენ წინეთაც ვიცოდით ეს: კაუცკის რევოლიუციამდე ჰქონდა ის წიგნი დაწერილი და ჩვენ ვიცოდით მისი შინაარსი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი რამ: ჩვენ ვიყავით ცენტრალისტები, ღრმად გვწამდა, რომ მხოლოდ ცენტრიდან შეიძლებოდა ძველი რეჟიმის დამხობა. სწორედ აქეთკენ მოვუწოდებდით ჩვენ ყველა რევოლიუციონერებს და მუშათა კლასს.
რევოლიუცია მოხდა, ძველი რეჟიმი მართლაც ცენტრის საშუალებით დაემხო. ჩვენ გვინდოდა ისევ ცენტრის საშუალებით აგვეგო ახალი სახელმწიფოებრივი შენობა, წყობილება. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ბალშევიკების წყალობით საერთო რევოლიუციონური, დემოკრატიული ფრონტი დაირღვა და მით ჩვენი გეგმაც ჩაიფუშა. ჩვენ დავმარცხდით და გავმაგრდით ჯერ ამიერ-კავკასიაში, შემდეგ საქართველოში, რათა ამ კუთხეში მაინც შეგვენარჩუნებია რევოლიუციის მონაპოვარი. და აი, დღეს ჩვენ კიდევაც შევინარჩუნეთ რევოლიუციის მონაპოვარი და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. თქვენ კი გვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, მიატოვეთ და რუსეთთან გაერთიანებაზე იფიქრეთო.
ხომ სჯობია, საერთო დემოკრატიული ფრონტი, - საერთოდ უკეთესად გავატარებთ პროლეტარულ ტაქტიკას და სოციალიზმსაც უფრო ადვილათ განვახორციელებთო.
თქვენ, ამხანაგებო, თქვენი ლამაზი სიტყვებით ვერავის ვერ
გადაარწმუნებთ (ტაში). ჩვენში რევოლიუცია ბრწყინავს, გამარჯვებულია. ეს გარემოება თქვენ უნდა გახარებდეთ, მაგრამ მე თქვენში სიხარულის მაგიერად ვხედავ სულ სხვას, და ეს სულ სხვა მე არ მომწონს, - ეს არის რუსული ნაციონალიზმი.
სმირნოვი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მე-19 საუკუნეში არ ხდებოდა სახელმწიფოთა ნაციონალურ სახელმწიფოებად დაყოფა, პირიქით, გაერთიანების ტენდენცია უფრო ძლიერი იყოო.
ეს მართალი არ არის. იყო მაგალითები, როცა ორი ეროვნება ერთი მეორეს ეთიშებოდენ, ეყოფოდენ, ხოლო ორი-სამი ნაციის გაერთიანების მაგალითი, როგორც მე მოგიყვანეთ კ. კაუცკის ნაწერიდან, არ ყოფილა. სმირნოვმა თავისი აზრის დასამტკიცებლად მოიყვანა კარლ კაუცკის ნაწერები, მაგრამ ავიწყდება, რომ კაუცკი ამტკიცებს თავის ნაწერებში, რომ არის ტენდენცია განვითარებისა, რომელსაც მივყევართ ნაციონალური სახელმწიფოების შექმნისაკენ (ზურაბოვი: კაუცკი ხომ წინააღმდეგია საქართველოს დამოუკიდებლობის?). ამხ. ზურაბოვი ამბობს, რომ კაუცკი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგიაო, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ კაუცკი სრული თანაგრძნობით უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ამიტომ სმირნოვის მიერ იტალიის მაგალითის მოყვანა არის მხოლოდ გაუგებრობაზე აშენებული. ამ მაგალითს მნიშვნელობა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ იტალია სხვადასხვა ერებით იყოს დასახლებული და ისინი შეერთებულიყვნენ ერთ იტალიის სახელმწიფოში, მაგრამ იტალია დასახლებულია მხოლოდ ერთი ნაციით - იტალიელებით, და ამ ხალხის გაერთიანება კაუცკის მიერ ნაჩვენებ ტენდენციას ამტკიცებს, ვინაიდან ეს არის მაგალითი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნისა. ამასვე ვხედავთ ჩვენ გერმანიის მაგალითზე (აიოლლო: „შვეიცარია“?). ამხანაგი აიოლლო ისევ ცდება. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ თანამედროვე ტენდენციაზე, რომელიც ნაყოფია მრეწველობის განვითარებისა. შვეიცარიის შექმნის პროცესი კი ეკუთვნის საშუალო საუკუნეებს. ის წარმოადგენს განსაკუთრებულ ტიპს სახელმწიფოსას. აი, მაგალითად, საშუალო საუკუნეებიდან ჩვენი მთიელები რომ გაერთიანებული ყოფილიყვნენ ერთ კავშირში და ეს კავშირი შეენარჩუნებინათ დღემდე, - სწორედ ასეთია შვეიცარიის კავშირი.
შემდეგ სმირნოვმა სთქვა, რომ პროლეტარიატის ინტერესები საერთო ხალხის ინტერესებს არ ეგუებიან, პირიქით, მათ შორის წინააღმდეგობა არსებობსო. ის, ვინც ფიქრობს, რომ პროლეტარიატის ინტერესები არ ეგუება საერთო ხალხის ინტერესებს, ვინც პროლეტარიატის და ხალხის ინტერესებს ერთმანეთს უპირდაპირებს, ის არ შეიძლება იყოს მარქსისტი. ჩვენ სწორედ ამ საკითხში ვედავებოდით ბალშევიკებს. ისინიც პროლეტარიატის ინტერესებს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ. ამ შემთხვევაში სმირნოვი და მისი ჯგუფიც ბალშევიკობენ. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ პროლეტარიატის ინტერესები არ უნდა იქნას ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენებული; პროლეტარიატის ინტერესები უნდა შევუთანხმოთ საერთო ხალხის ინტერესებს. სმირნოვმა აქ სთქვა, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული ისეთი გეგმა, რომლის საშუალებით ვიხსნით როგორც რუსეთის, ისე საქართველოს დემოკრატიასო. მე არ ვიცი, რომელ გეგმაზე ლაპარაკობდა ის აქ. თუ რაიმე ახალი, საღი გეგმა გაქვთ შემუშავებული, მობრძანდით, გაგვაცანით და იქნებ მართლაც გვიხსნათ. მაგრამ თუ თქვენი გეგმა შეიცავს მხოლოდ ფრაზებს, რომლითაც გაერთიანებისკენ მოგვიწოდებთ, მაშინ ნურას უკაცრავად, თუ თქვენი გეგმა არ მივიღოთ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ აგრეთვე ბალშევიკებთან საბრძოლველად გარეშე ძალებზე დაყრდნობის, რადგანაც ეს კონტრ-რევოლიუციის, რეაქციის გამარჯვება-გაბატონებას გამოიწვევს. ჩვენ მომხრე ვართ ბალშევიკებთან შინაური ძალებით ბრძოლისა; ჩვენ სულ არ ვართ გაერთიანების წინააღმდეგი, მაგრამ ამ ჟამად ჩვენ რუსეთთან გაერთიანება შეუძლებლათ მიგვაჩნია.
სმირნოვი გულმოსულათ ლაპარაკობდა და ამიტომ იყო, რომ ის ხშირად სულ უსაფუძვლო აზრებს ამბობდა. მან სთქვა, რომ შულენბურგი და დენიკინი ერთი და იგივეა, და თუ შულენბურგთან სახელმწიფოებრივ მუშაობას ეწეოდით, რა გიშავთ, რომ დენიკინთან იმუშაოთო.
ეს ანალოგია ძალიან სუსტია არსებითად. შედარება ერთია, ხოლო საქმე - მეორე. შულენბურგმა ჩვენ ასე თუ ისე დაგვიფარა ოსმალეთის მიერ განადგურებისაგან, ხოლო დენიკინი ყოველ წამს განადგურებით და ვინ იცის, კიდევ რით არ გვემუქრება. ასე რომ, ჩვენთვის შულენბურგი და დენიკინი ერთი და იგივე არ არის, - ეს უნდა სცოდნოდა სმირნოვს.
ფირუმოვი ამბობდა, რომ ყველგან სამოქალაქო ომია, ხოლო საქართველოში სამოქალაქო ზავია ჩამოგდებული ბურჟუაზიასთანაო. ამხანაგო ფირუმოვო! თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის რევოლიუცია, რომელიც თავიდან აიცდენს სამოქალაქო ომს, საუკეთესო ფორმაა რევოლიუციისა. ჩვენში იმდენათ ძლიერი აღმოჩნდა დემოკრატია, ხოლო ბურჟუაზია კი იმდენათ სუსტი, რომ პირველმა (დემოკრატიამ) ბურჟუაზია უომრათ დაიმორჩილა. ჩვენ ისე გავატარეთ აგრარული რეფორმა, რომ სამოქალაქო ომი არ ამტყდარა. ეს არის ჩვენი რევოლიუციის დადებითი მხარე, ღირსება და არა ნაკლულევანება, როგორც ეს ფირუმოვს და სხვებს ჰგონიათ (ტაში).
ამხანაგებო, შეიძლება ჩვენს მოქმედებაში შეცდომები ბევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ცალკე შეცდომებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ძირითადი ხაზი ჩვენი მოქმედებისა და ეს ხაზი სწორი იყო.
იქნებ ჩვენ ბევრი მტერი მოგვაწვეს, იქნებ მოზღვავებულ მტერს ვერ გავუძლოთ და დავმარცხდეთ, მაგრამ პირუთვნელი ისტორია იტყვის, რომ ჩვენ მივდიოდით სწორი გზით და ვებრძოდით რევოლიუციის შესანარჩუნებლად ყველა მტრებს, ხოლო სმირნოვი და ამხანაგები ჩვენ არათუ გვეხმარებოდენ ამ ბრძოლაში, არამედ ხელს გვიშლიდნენ (ხანგრძლივი ტაში).
დასასრულ, ნოე ჟორდანიამ წარმოადგინა რეზოლიუცია; მეორე რეზოლიუცია არ წარმოუდგენიათ.
ერთხმათ იქნა მიღებული შემდეგი რეზოლიუცია.
რეზოლიუცია
„შეერთებულმა სხდომამ ცენტრალური კომიტეტის, საკონტროლო კომისიის, თფილისის კომიტეტის, რაიონული კოლექტივების, ქვეკოლექტივების და ქალთა ორგანიზაციებისა, საქართველოს ს.-დემოკრატიულ მუშათა პარტიისა, მოისმინა რა მოხსენება საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაარსების შესახებ და მის გარშემო კამათი, დაადგინა: „საქართველოს სოც.-დემოკრატიული პარტიის დაარსება არის აუცილებელი შედეგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა, რომელიც (რესპუბლიკა) საქართველოს მუშათა კლასს უყენებს სულ სხვა პოლიტიკურ საკითხებს, ვინემ სხვა სახელმწიფოების დემოკრატიას.
„როგორც საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად არსებობა არ ნიშნავს სხვა რესპუბლიკებთან ამა თუ იმ ფორმით გაერთიანების უარყოფას, ისე საქართველოს სოც.-დემოკრატიული პარტიის არსებობა არ ნიშნავს სხვა ძმურ პარტიებთან გაერთიანების უარყოფას; პირიქით, კრებას აუცილებლად მიაჩნია ეხლავე გადადგმულ იქნას ნაბიჯები საქართველოს, სომხის და ადერბეიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ერთ-ერთ ცენტრში გასაერთიანებლად. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაცია არის არა ნაციონალური, არამედ ტერიტორიალური. ამიტომ საქართველოში დაუშვებელია ნაციონალური სოც.-დემოკრატიული ორგანიზაციის არსებობა.
„ამიტომ ყოველგვარი ცდა ცალკე სოც.- დემოკრატიული ორგანიზაციის დაარსებისა დამოუკიდებლად არსებულ პარტიულ ორგანიზაციებად, არის პარტიაში რასკოლის და დეზორგანიზაციის შეტანა; ეს გარემოება კი ხელსაყრელია საქართველოს ს.-დ. პარტიის და რესპუბლიკის მტრებისათვის.
„კრება მოუწოდებს ყველა შეგნებულ ამხანაგებს, ენერგიული ბრძოლა აწარმოვონ ორგანიზაციის რასკოლის წინააღმდეგ და შევინარჩუნოთ პარტიის მთლიანობა და მუშათა კლასის სიმტკიცე“.
______________
* ) იხ. „ერთობა“, N 264, 266.
ერთობა. - 10 დეკემბერი. - 1918. - N 267. - გვ. 2.
![]() |
2.17 საქართველოს პარლამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
17 დეკემბრის სხდომა
ნ. ჟორდანია: ბატონებო, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო: იმ დროს, როცა მსოფლიო ომი ქრება, როცა უაღრესი იმპერიალისტური ქვეყნები თავის ხმალს აგებენ ქარქაშში და მსოფლიო ზავი მზადდება, აი ამ დროს სომხების მთავრობა მალულად და ჩუმად ჩვენს საქართველოს რესპუბლიკას თავს დაესხა.
ეხლა ირკვევა აშკარად, რომ მან ან მისმა აგენტებმა ჯერ მოატყუეს სომხური სოფლები აჯანყებით, შემდეგ ეს თითზე დაიხვიეს და თავისი რეგულიარული ჯარები ჩვენს საზღვრებში შემოიყვანეს. ამითი სომხეთის მთავრობამ დაარღვია საუკუნოებით შემუშავებული კეთილ მეზობლური განწყობილება.
მან ლახვარი ჩასცა როგორც ქართულ, ისე სომხის ხალხის ისტორიულ ტრადიციას.
მათ შორის არასოდეს ომიანობა არა ყოფილა, და აი ეხლა ამ მთავრობამ ორივე ხალხი ჩაითრია ამ სამარცხვინო საქმეში.
თუ კი საშუალო საუკუნოებში, იმ ბარბაროსულ დროს, ორივე ერის მთავრობა ახერხებდა უომრად, მეგობრულად ცხოვრებას, რა მოხდა დღეს, მეოცე საუკუნეში, რომ სომხის მთავრობა ომის გზას დაადგა, ჩაიდინა დიდი ისტორიული დანაშაულობა, და ეს დანაშაულობა დარჩება წაურეცხელი ისტორიის ფურცლებზე.
კაჩაზნუნის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს როგორც ხალხის, ისე სამართლიანობის წინაშე.
მან უნდა მოიყვანოს ის საბუთები, თუ რის ძალით შეუძლიან მას ეს თავისი მოქმედება გაამართლოს.
ჩვენ უკვე ვიცით ეს საბუთები და ეხლა მინდა, რომ ეს საბუთები, რომელიც ჩვენ გვაქვს, თქვენ გაგაგებინოთ. თქვენ გასაჯეთ, თუ მართლა ეს საბუთები წააგავს საბუთებს და თუ მართლა შეიძლება ამ საბუთების ძალით ასეთი დიდი ისტორიული დანაშაულობის ჩადენა.
ისინი გვწერენ: „საზღვრებზე მდებარე ჩვენს ტერიტორიაზე ერთ სომხის სოფელში მიაყენეს შეურაცხყოფა თქვენმა სალდათებმა აქაურ მცხოვრებლებს, და ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ“-ო.
აი, ბატონებო, მათი პირველი საბუთი. და მეორე? საიდან იციან, რომ ეს ასე მოხდა? და თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ ეგონათ, რომ ჩვენ თვითონ დამნაშავეს არ დავსჯიდით? და ან საიდან მიიღეს ის უფლება, რომ ჩვენს საშინაო საქმეში, ასეთ წვრიმალ კითხვის გამო ჩაგვრეოდნენ? სად, რომელ ქვეყნებში მოხდა, რომ ასეთ წვრიმალ საქმის გამო ერთ სახელმწიფოს ომი გამოეცხადებინოს მეორე სახელმწიფოსათვის?
აქედან თქვენ ხედავთ, რომ ეს საბუთი ისეთი მჩატეა, გამოგონილია, რომ ვერავითარ საბუთობას ეს საბუთი ვერ გასწევს; ვერავითარ სამსჯავროს წინაშე, ვერავითარ მთავრობის წინაშე ამ საბუთით ვერასოდეს ვერ წარსდგებიან.
მეორე საბუთი: „თქვენ დაიჭირეთ, - ამბობენ ისინი, - სადაო რაიონები“.
დიახ, ჩვენ დავიჭირეთ ეს სადაო რაიონები, მაგრამ განა ეს ახალი ამბავია?
ჩვენ დავიჭირეთ ბორჩალოს ის ხაზი, რომელიც გვეჭირა ამ ორი თვის წინათ. ეს მოხდა მათი თანხმობით, და თუ არ შეიძლებოდა მაშინ ამ რაიონების დაჭერა, რატომ მაშინვე არა თქვეს, რომ ამ რაიონების დაჭერა არის ომის საბაბი?
არა, მაშინ ეს მათ არ უთქვამთ.
მაშინ ჩვენ მათთან მოლაპარაკება გვქონდა. თქვენ გახსოვთ, ჩვენი ჯარი და მათი ჯარი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და მათთვის საზღვრების საკითხი ახალი საქმე არ არის. ჩვენ თავის დროზე გამოვაცხადეთ, რომ საქართველოს საზღვრებად ჩვენ ვსთვლით მთელ თფილისის გუბერნიას და ამ გუბერნიას დავიჭერთ. და თუ ვისმე აქვს სადაო რამ, - მობრძანდით და ვილაპარაკოთ.
ეს ახალი ამბავი არ არის.
იმავე ძალით ჩვენ დავიჭირეთ ჯავახეთი. ესეც არ არის ახალი ამბავი.
ჩვენ დიდი ხანია ეს არ დაგვიძალნია, გავგზავნეთ იქ ჯარები და დავაარსეთ განსაკუთრებული გენერალ-გუბერნატორობა ახალციხეს და ახალქალაქის მაზრებში.
ჩვენ ამაზე ვიქონიეთ მიწერ-მოწერა ოსმალეთთან. ოსმალეთი წავიდა და ჩვენ იქ შევედით. ასე რომ, სრულიად არ მომხდარა ისე უცბად და საიდუმლოდ.
და ეს არავისთვის არ არის ახალი ამბავი. ეს არის, ბატონებო, სულ მათი მთელი საბუთები; ამაზე მეტი საბუთები მათ არ მოეძებნებათ და ამაზე მეტი მათ არც მოუწერნიათ.
აქედან თქვენ ჰხედავთ, რომ ეს საბუთი იყო ძველი საბუთი და არის წამოყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ გაამართლონ თავისი საქციელი.
თქვენ კარგად იცით, რომ მგელმაც არ შეჭამა კრავი უსაბუთოდ. მან ის საბუთი წამოაყენა, რომ კრავმა წყალი ამიმღვრიაო, ამიტომ უნდა შევჭამოო. მაგრამ რომელი სერიოზული ადამიანი დაიჯერებს, რომ ის მოქმედებდა ამ საბუთებით იმიტომ, რომ ამას მოითხოვს მისი გუნება, რომ მგელმა შესჭამოს ის, რის მოხელთებაც შეუძლიან. და მე მგონია, რომ კაჩაზნუნის მთავრობას ისეთი გუნება აქვს (ვეშაპელი: ნუ თუ ჩვენ კრავები ვართ? როდემდის უნდა ვიყვნეთ კრავები?).
მე მგონია, ბატონებო, რომ კაჩაზნუნის მთავრობას ასეთი გუნება აქვს. მას არ შეუძლიან მეზობლებთან იყოს მშვიდობიან განწყობილებაში; მას უნდა ჰქონდეს მუდამ ვისმესთან ომი, შუღლი და ჩხუბი, - აი, ეს არის მთავარი მიზეზი იმ ფაქტებისა, იმ საქმისა, რომელიც ხდება ბორჩალოს მაზრაში და არა ის მიზეზები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს და დღეს აქ გაგაცანით. ჩვენ გვეგონა და ვფიქრობდით, რომ ერევნის მთავრობამ იცის და დააფასებს იმას, რომ თუ მას დღევანდელ პირობებში ასე თუ ისე თათრებთან ცუდი განწყობილება აქვს, სამაგიეროდ ქართველებთან აქვს კარგი განწყობილება და ჩვენ კარგი განწყობილება გვქონდა მათთან და მათ სრულიად მოულოდნელად ჩვენდამი კეთილი განწყობილება კი ამნაირად ჩაშალეს. ჩვენ და მათ შორის დიდი ხნის გადებული ხიდი ჩალეწეს და დღეს თავის თავს ამართლებენ. რა იმედით? ვეკითხებით ჩვენს თავს და ვფიქრობთ, რომ მათ ალბათ რაიმე იმედი აქვთ რომელიღაც ძალისა, მაგრამ არა მგონია ეს იმედი მათ გაუმართლდეთ. არა მგონია იყოს ისეთი სახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც გაამართლებს ასეთ ვერაგულ მოქმედებას.
მართალია, ჩვენ მივმართეთ გარეშე ძალას, მაგრამ ჩვენ მივმართეთ არა ამიერ-კავკასიის ერთა წინააღმდეგ, არამედ ამიერ-კავკასიის მტერთა წინააღმდეგ.
ჩვენ ამ ძალის საშუალებით ერთ და იმავე დროს დავიფარეთ არა მარტო ქართველები, არამედ დიდძალი სომხობა (ხმა: მართალია). აი, ჩვენ ამ აზრს ვატარებთ.
მხოლოდ, ბატონებო, კაჩაზნუნის მთავრობა ემყარება ვიღაც, რაღაც ძალას არა ამიერ-კავკასიის ერთა სასარგებლოდ, არამედ ჩვენს წინააღმდეგ. უნდა დავუმატოთ, რომ აქ არის ორი პოლიტიკა, ორი ხაზი: ერთი არის ჩვენი, მეორე არის მათი. ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული ამიერ-კავკასიის ერთა სოლიდარობისკენ; მეორე ხაზი არის მიმართული იმისკენ, რომ ეს სოლიდარობა სამუდამოდ მოისპოს, შუღლი და მტრობა, რომელიც, სამწუხაროდ, არსებობს სომეხთა და თათართა შორის, რომ ეს მტრობა და შუღლი სამუდამოდ სუფევდეს ქართველებსა და სომხების შორისაც. ჩვენ, ბატონებო, ამ ხაზს ვებრძოდით თავიდანვე და ვებრძვით დღესაც. აქედან ცხადია, რომ თვითონ სომხეთში და, ალბათ, სომხის მთავრობაშიაც, ჩვენ ვიცოდით წინადაც, რომ იყო ორი მიმართულება: ერთი მიმართულება იყო სწორედ ის, რომ ჩვენთან შეთანხმებულიყვნენ; მეორე მიმართულება იყო - მიმართულება მაუზერებისა, რომ ძალით იყოს გადაწყვეტილი საქმე. მე უნდა ვსთქვა, რომ მაშინვე ეჭვი დამებადა, როცა პირველი მიმართულების მეთაური კარჩიკიანი მოჰკლეს, მაშინვე ვსთქვი, ალბათ საქმე ცუდად მიდის-თქო (ხმა: მართალია. ვეშაპელი: რა ზომები მიიღეთ?). უეჭველია, რომ ამ უკანასკნელ სამ დღეში, ამ უკანასკნელ დროს, ან შეიძლება წინადაც, ეს მეორე სამხედრო პარტია, რომელიც მომხრე არის, რომ მაუზერებით გადაწყდეს საქმე, მათ გაუმარჯვიათ ერევანში და დღეს ჩვენ გვაქვს ომი.
ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ, ამ დიდ ისტორიული დანაშაულობის პასუხისმგებელი არის მთავრობა კაჩაზნუნისა (ხმები: პარლამენტი?).
ჩვენ მოვითხოვთ, ჩვენი მთავრობა მოითხოვს, რომ ამ საქმეს შევხედოთ სერიოზულად, რომ - მთელი საქართველო ფეხზე დადგეს, - და საუკეთესო მებრძოლნი გამოგზავნოს.
იქ, სადაც უფლება არ სჭრის და არც მოლაპარაკება, სადაც არ სჭრის ერთა უფლება, მე ვამბობ:
დეე, ხმალი იყოს ამ უფლების გადამჭრელი.
სადაც არ სჭრის გონიერება, დეე, იარაღმა გადასჭრას კითხვა. ჩვენ ამისი არ გვეშინია (მქუხარე ტაში). ჩვენ ვართ ღრმად დარწმუნებულნი, რომ ვიღონეთ ყოველნაირი ღონე.
თქვენ იცით, ქვეყანამ იცის, რომ ჩვენ ყოველნაირი ზომები მივიღეთ, რომ ეს ხმალი აგვეშორებინა.
ჩვენი საქმე წმინდა საქმეა და ჩვენ მოვსთხოვთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად პარტიისა, რადგანაც დღეს ვინც არ არის ჩვენი მომხრე, ის არის ჩვენს წინააღმდეგ, ის არის ჩვენი მტერი და ისინი ჩვენს საქართველოს რესპუბლიკაში ვერ დარჩებიან.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს დადგა ისეთი დრო, როცა ასე თუ ისე ჩვენ უნდა დავამყაროთ ამიერ-კავკასიის ერთა შორის ერთი უფლებრივი მდგომარეობა და ვინაიდან ეს უფლებრივი მდგომარეობა არ სურს იქ ერევნის მთავრობას, ამიტომ ჩვენ ეს თავზე უნდა მოვახვიოთ ერევნის მთავრობას იარაღით ხელში.
თუ დღეს დავმარცხდით, მე ვამბობ: ამიერ-კავკასიაში სამუდამოდ დარჩება შუღლი და მტრობა და ამიერ-კავკასიაში ან ფედერაცია, ან კონფედერაცია შეუძლებელი იქნება.
ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს დემოკრატიას საბრძოლველად არა სომხის ხალხთან პირიქით, სომხის ერი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ სომხებსა და ქართველთა შორის, სომხეთის და საქართველოს რესპუბლიკას შორის არის მუდმივი უფლებრივი, მშვიდობიანური განწყობილება. არამედ, ბატონებო, ჩვენ მოვითხოვოთ შევებრძოლოთ იმ მთავრობას, იმ სამხედრო მთავრობას და პარტიას, რომელმაც ეს საშინელი და უდიდესი დანაშაული ჩაიდინა (დადიანი: სომხეთის პარლამენტი რა აზრისაა?).
ბატონებო, მე არ მოგახსენებთ სომხეთის მთავრობის აზრს, მე მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის აზრს.
ვინც ჩვენს წინააღმდეგ აღმართა ხმალი და იარაღი, ჩვენ უნდა ავიღოთ იგივე იარაღი და იმავე იარაღით უნდა გავცეთ პასუხი.
ამის ძალა ჩვენ შეგვწევს.
საჭიროა მხოლოდ თვითეულმა მოქალაქემ, თვითეულმა მოხელემ თვისი მოვალეობა შეასრულოს და მტერს მტრულად შეხვდეს (მქუხარე ტაში. მთელი პარლამენტის წევრები ლოჟებზე, ხორებზე მსხდომნი ტაშის ცემით, ფეხზე ადგომით ეგებებიან ნ. ჟორდანიას. ბბ. ავეტისიანი, დავითხანიანი, თარხანოვი და თუმანოვი სხედან და მონაწილეობას არ ღებულობენ საერთო დემონსტრაციაში. ისმის ხმები: - ადექით, ადექით! - ესენი არ დგებიან. გაისმის: შპიონი! პროვოკატორი! გაეთრიეთ გარეთ!
მოშორდით! მეტეხში უნდა ისხდნენ! ისმის სხვა ხმები. თარხანოვი, თუმანოვი და სხვები დარბაზს სტოვებენ).
ერთობა. - 19 დეკემბერი. - 1918 წ. - N274. - გვ. 2
საქართველო. - ქრისტეშობისთვის 19. - 1918. - N243. - გვ. 2
![]() |
2.18 საქართველოს პარლამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა
4 იანვრის სხდომა
მოქალაქენო, თქვენ მოისმინეთ ოპოზიციის ორატორების სიტყვები, რომლებმაც სასტიკი განაჩენი გამოუტანეს მთავრობას.
მათ სთქვეს, რომ მთავრობამ ჩაიდინა დიდათ სასირცხვო და საზარალო საქმე, მათ აქ წარმოსთქვეს მთელი ფილიპპიკა ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი პირობები, რომელიც იქმნა დადებული 25 დეკემბერს, მათ გაატარეს სასტიკ კრიტიკაში, მაგრამ მე ერთს ვიკითხავ აქ: სად იყვნენ ეს ფრაქციები და ის პირები, რომლებიც აქ გამოვიდნენ მაშინ, როცა ჩვენ ამ პირობებს 25 დეკემბერს ხელს ვაწერდით? ისინი იყვნენ სწორედ იქ და მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ ამ პირობების შემუშავებაში (ხმები ეროვნულ დემოკრატების მხრივ: ტყუილია!). ბატონი გვაზავა იქ იყო (ხმაურობაა).
თავმჯდომარე. უკაცრავად, გთხოვთ, ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ. პარლამენტის წევრო, მიხეილ მაჩაბელო, უმორჩილესად გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ (ხმაურობა მარცხნივ) (მ. მაჩაბელი იმათაც სთხოვეთ!).
თავმჯდომარე. უკაცრავად, გთხოვთ, ბატონო მაჩაბელო, ნუ მასწავლით, რადგანაც მეც გამეგება ჩემი მოვალეობა. კეთილ ინებეთ და დამშვიდდით. (მთავრობის თავმჯდომარეს) გთხოვთ განაგრძოთ.
ნ. ჟორდანია. მოგახსენებთ, 25 დეკემბერს მთავრობას ჰქონდა სხდომა ფრაქციათა წარმომადგენლებთან ერთად და სწორედ ის ხელები, რომელიც აქ ტაშს უკრავდნენ ბნ. კედიას, რომელმაც თავის საათიც აჩუქა, რომელიც აიღო ბ-ნმა გვაზავამ, სწორედ ეს ხელები იყო, რომელმაც შეიტანა შესწორება.
გ. გვაზავა (ფეხზე დგება). არ არის მართალი, არ არის მართალი, არ არის მართალი!
თავმჯდომარე. ბ-ნო გვაზავა! კეთილ ინებეთ და დაბრძანდით, ნუ მაიძულებთ შენიშვნა მოგცეთ.
ნ. ჟორდანია. ჩვენ გისმენდით, თქვენც მოგვისმინეთ.
გ. ვეშაპელი. ჩვენც ვიყავით ბ-ნო თავმჯდომარე?
ნ. ჟორდანია. ბ-ნი ვეშაპელი იყო წინა კრებაზე და არ წარმოუდგენია არც ერთი საბუთი იმისა, რომ არ შეგვეწყვიტა ომი, არ მიგვეღო ესა თუ ის პირობები. (ვეშაპელი: როდის?) სწორედ რომ ამ პალტოში იყავით და იღებდით მხურვალე მონაწილეობას წინა კრებაზე. (გ. ვეშაპელი სცდებით ბ-ნო!) მე ძალიან კარგად ვიცი, რომ იქ ბრძანდებოდით და იღებდით მონაწილეობას.
მოგეხსენებათ მთავრობას არ გადაუდგავს ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ სცოდნოდეს წინდაწინ ფრაქციებს, მათ წარმომადგენლებს და მათი წინააღმდეგობა, მათი პროტესტი მოისმინა მთავრობამ, მხოლოდ დღეს. (რ. გაბაშვილი: გაზეთებში იწერებოდა), ბ-ბო, მხოლოდ გუშინ იყო გაზეთებში, თუმცა გუშინდლამდე თქვენ იცოდით და ყველა ეს თქვენი მონაწილეობით ხდებოდა. (გ. ვეშაპელი: რად დაკეტეთ „კლდე“ პირველად?) აქედან ცხადია, ბატონებო, რომ თუ, რომელიმე ფრაქციას შეუძლიან აწარმოვოს ორი პოლიტიკა იმის და მიხედვით, თუ სად იმყოფებიან, რომელ ოთახში, ერთი ჩვენს კაბინეთში და მეორე აქ ცხადია, რომ სულ სხვა მოსაზრება ალაპარაკებთ მათ (ტაში, ხმა: მართალია) და არა ის მოსაზრება, რომელსაც ადგებიან ისინი მთავრობის კაბინეთში (ტაში). აქ ოპოზიციას სურს ისარგებლოს შემთხვევით და თავის პარტიული კაპიტალი ეხლა მაინც მოაგროვოს. (ს. კედია: ეხლა არის პატრია და არა პარტია!). დიაღ, ბ. კედიას სიტყვაში არ ყოფილა არც ერთი სახელმწიფოებრივი მოსაზრება (ს. კედია, თავიდან ბოლომდე, ბ. თავმჯდომარე) (თავმჯ. უკაცრავად, უკაცრავად) ბ. კედიას სურს, რომ მე მოუყვანო იმის საბუთი, დიაღ, ამასაც მოვიყვან. ბ. კედიამ აქ სთქვა, რომ შესაძლებელი არის მიგვეღო ასეთი პირობები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ინგლისი ან საფრანგეთი ულტიმატუმს წამოგვიყენებდენ. აქედან სჩანს, რომ ბ. კედიას სურვილია, რომ ასეთ პირობებში ულტიმატუმის სახით სხვა უცხო ძალას ჩვენთვის თავზე მოეხვია. თქვენი მთავრობა ამას არ იზიარებს, ის ამბობს, რომ ჩვენ ვართ მთავრობა სუვერენული და არავითარ ულტიმატუმებს არ მივიღებთ, ბ. კედიას მოსაზრებიდან სჩანს, რომ ჩვენ ყოველთვის, მე ვგულისხმობ მთავრობას - ჩვენ უნდა მივიღოთ, თურმე ბრძანება, და, ამ ბრძანების მიხედვით, გადავდგათ ნაბიჯი. მე გეკითხები თქვენ: არის ამაში რაიმე სახელმწიფოებრივი მოსაზრება? არა ბატონებო, თუ დღეს მივიღეთ ერთი ულტიმატუმი ერთ საგანზე, ხვალ - მეორე საგანზე, ზეგ - მესამეზე - ეს იქნება არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ იქნება მთავრობა დამოკიდებული, სხვის უფლებაში სხვის პროტექტორატში ჩავარდნილი. ასეთია, ბატონებო, ჩვენი აზრი ერთის მხრივ, და ამ ფრაქციის აზრი - მეორეს მხრივ. გარდა ამისა, თქვენ მოისმინეთ ბ. კედიას კომენტარიები, ისეთი კომენტარიები, რომლებიც ამ ტრიბუნიდან არ უნდა წარმოედგინა, თუ ავტორი ამ კომენტარიებისა ხელმძღვანელობს მართლა სახელმწიფოებრივ მოსაზრებით, მან წინდაწინ აქედან გამოაცხადა, რომ ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრები ჩვენთვის დაკარგულია, ამას ჩვენ არ მოგვცემს პარიზის კონფერენცია. მე მეგონა, რომ ამ ტრიბუნიდან ითქმოდა სულ წინააღმდეგი, მე მეგონა, რომ, ის, რაც მოხდა, სრულიად არ სპობს ჩვენს უფლებას. დღემდის ვფიქრობდი, ბ-ნ კედიას ასულდგმულებდა მარტო ინტერესი სახელმწიფოებრივი და არა მარტო პარტიული, ეს დღეს არ დამტკიცდა. მან სთქვა ისეთი აზრი, ის აძლევს წინასწარ ჩვენ მტრებს ისეთ ახალ საბუთებს, რომ იმათ შეუძლიათ სთქვან, რომ თუ კი პარლამენტის წევრი საქართველოსი ამ აზრისა არის, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენც ამ აზრისა უნდა ვიყვეთ. ასეთი გახლავთ სახელმწიფოებრივი მოსაზრება ბ. კედიასი და იმ პირების, რომლის სახელით აქ ილაპარაკეს. აქედან თქვენც ჰხედავთ, რომ სრულიად ჩვეულებრივია, რომ ამ პირების წარმომადგენლები ერთს ლაპარაკობენ იქ და მეორეს აქ (ერ. დემ: თქვენი შეგირდები გახლავართ!) იმიტომ, რომ იქ, ასე თუ ისე, ეხვევიან სახელმწიფოს, თუ მთავრობის პასუხისმგებელ ქერქში, მაგრამ აქ მოდიან და ლაპარაკობენ არა სახელმწიფოსთვის, არამედ ამომრჩევლებისთვის, ე.ი. ისინი უყურებენ (ხმაურობა, ხმა; სირცხვილია! ვეშაპელი: საქართველოს პრეზიდენტი ასე ლაპარაკობს!) თქვენ ამბობთ, ბ. მაჩაბელი არ გახლდათ იქ, მაგრამ მისი მოციქულები გახლდნენ (ხმაურობა), (თავმჯდომარე: ბ. გვაზავა, ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ, კიდევ გთხოვთ. ბ. ვეშაპელო, რაკი თქვენ ჩემი თხოვნა არ გესმით, მე იძულებული ვარ, რომ შენიშვნა მოქცეთ), ეს, ბატონებო, გახლავთ ფრაქციის დამახასიათებელი, ასეთი გახლავთ ჩვენი ოპოზიცია და მე ვწუხვარ, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია გვყავს. ეხლა გადავიდეთ კითხვის არსებითი მხარეზე, მართლაც დიდი დანაშაული ჩავიდინეთ? მართლა ღირსნი ვართ იმ განაჩენისა, რომელიც აქ დღეს გამოთქვეს? არა, ბატონებო! და აი, საბუთები: აქ ამ ტრიბუნიდან ვეშაპელმა სთქვა. რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დღიურია, ის ხან ერთს ლაპარაკობს, ხან მეორეს; ერთს შვრება დღეს, ხვალ სხვას და ასეთი მჩატე, მსუბუქ ხასიათის პოლიტიკით სულდგმულობენო. აქ მან ისიც სთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, რაღაც ცალკე პოლიტიკას აწარმოებს, და თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ ფრაქციებმა ამოიჩემეს, ეს რამდენიმე ხანია, განსაკუთრებით. აქ, უნდა ვსთქვა, არ არსებობს საგარეო სამინისტრო, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო - არის ერთი მთავრობა, არის ერთი კაბინეთი და ის, რაც კეთდება საგარეო სამინისტროში, ის კეთდება საქმით მთელი სამინისტროებისა, მთელ მთავრობისა, არა, მინისტრი არ აკეთებს თავის პირად პოლიტიკას, ეს მე მგონია, უნდა ცხადი იყოს იმისთვის, ვინც აქ ხშირად ლაპარაკობს საგარეო მინისტრზე (ვეშაპელი: სახლშიაც კი ლაპარაკობენ გეგეჭკორის პოლიტიკაზე!) დიაღ, ბატონებო, ხალხი ლაპარაკობს, მაგრამ თქვენ ხართ პოლიტიკური მოღვაწე და უნდა იცოდეთ ცოტათ, რომ ამ პოლიტიკას (ხმაურობა: არა, ბატონო!) აი, მაშასადამე, რაც მოხდა საგარეო სამინისტროს პოლიტიკაში, იმის პასუხისმგებელი არა მარტო საგარეო მინისტრია, არამედ მთელი მთავრობა (გვაზავა: მართალია!) და ჩვენ ამას ვკისრულობთ შეგნებულათ, მთავრობას არა აქვს ისეთი დღიური პოლიტიკა, რომელსაც დღეს მას აწერდა ბატონი ვეშაპელი, ჩვენ ერთ ხაზზე ვდგევართ დიდი ხანია და ერთი პოლიტიკური მისწრაფება გვაქვს და ამ ხაზიდან ვერავითარი ძალა, ვერც გარეშე და ვერც შინაგანი ჩვენ ვერ ჩამოგვაშორებს. ჩვენ არ ავყვებით იმას, თუ რა გულისწყრომა, რა გრძნობა უღვივის ამა თუ იმ ფრაქციას, ამა თუ იმ პარტიას, ან თითონ ხალხის ნაწილებს, აქ დღეს ბატონ კედიას სიტყვაში უფრო მეტი იყო ეს გულისწყრომა, ვიდრე ლოღიკა. ჩვენ, ჩვენ საერთო ხაზს, რომელზედაც ჩვენ ვდგავართ და ვაწარმოებთ და აქეთ იქით არ უხვევთ, ამ ხაზს არ ვანაცვალებთ წუთიერ გამარჯვებას, ჩვენი ხაზი იცით თქვენ, იცის ოპოზიციამ, მაგრამ, როცა უნდა მაშინ ივიწყებს. ჩვენი მთავრობის ხაზი გახლავთ ის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენ დამოუკიდებლობა და ამასთანავე დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული წყობილება. ყოველივე ის, რაც ამ ორ გარემოებას ხელს უშლის, ჩვენ ის არ გვინდა და იმისაგან შორს ვართ. და აი, რაც ჩვენ მოვიმოქმედეთ ამ ომის დროს, ან ეხლა, ამ საქმეში ვმოქმედებთ, აი, სწორედ ამ თვალთახედვის ისრით და მთავრობა დარწმუნებულია, ამ აქტით ვაძლიერებთ ჩვენ დამოუკიდებლობას და ჩვენ დემოკრატიულ წყობილებას. ბატონმა კედიამ სთქვა, რომ ჩვენი ვითომ ჩვენი მოქმედებით გავაძლიერეთ პარტია დაშნაკცაკანებისა, რომ ჩვენ მათ ვარგუნეთ გამარჯვება. მაკვირვებს იმისი ასეთი დასკვნა, თუმცა თვითონვე ამბობს, რომ პარტია დაშნაკელებისა ებრძოდა და იბრძვის არა მარტო ბორჩალოს მაზრისათვისს, არამედ იმისთვისაც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეემუსრა და აქ მოსულიყო. თუ ეს მართალი აზრია ბატონ კედიასი, მაშინ ცხადია, რომ ჩვენი მოქმედება ერთნაირად ჩაფუშავდა მათ ზრახვას და ისინი დიდად და დიდად დაშორდებოდენ ამ მიზანს. მე მგონია ბატონი კედია მართალია იმაში, რომ დაშნაკცაკანების პარტია ვერ ინელებს საქართველოს დამოუკიდებლობას ამაში ვარ დარწმუნებული არა მარტო დღეს, არამედ დიდი ხანია. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჩვენ ომის დაწყებამდინ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას სომხეთის მთავრობასთან ამ ჩვენ საზღვრების დასაცავად; ჩვენ თითქმის საზღვრებზე შევთანხმდით, იქაც ოფიციალურ პირებთან გვქონდა მოლაპარაკება და ერევანში ოფიციალურად ჩვენ წარმომადგენელს იქაურ მთავრობასთან ჰქონდა ლაპარაკი და თითქოს ერთი და იგივე დასკვნას დავადექით. მაშასადამე, ომი იმისთვის არ იყო საჭირო, არ იყო საჭირო ამისთვის, რომ აქ საზღვრების კითხვა გადაგვეწყვიტა, იყო საჭირო უფრო დიდი საქმესთვის; თუ ჩვენ და სომხების მთავრობა მოვასწრებდით შეთანხმებას, ეს ნიშნავდა, რომ სომხების მთავრობას უნდა ეცნო ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი დამოუკიდებლობა. ომი იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი არსებული აქ წყობილება შემუსვრილიყო და ამითი განეხორციელებინად. ის, რასაც აქ სწერდენ ,,ორიზონში“ და ,,აშხატავორში“. ამას, ვამბობ, არავითარი მტკიცება არ უნდა, ეს ისეც აშკარაა ყველასთვის. მაშასადამე, პოლიტიკა დაშნაკელებისა და სომხეთის მთავრობისა იყო მიმართული იმისაკენ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ასე თუ ისე შეებღალათ, მოეშალათ. ესე იგი, ისინი ეხებოდენ იმ ძარღვს, იმ ხაზს, რომელზედაც ჩვენ ვდგევართ და ვიცავთ,შეიძლება ისინიც ფიქრობდენ, რომ თავის საშუალებით მიზანს ვერ მიაღწევდენ, მაგრამ ალბათ ფიქრობდენ დავინახავთ იმათ, ვინც აქ მოვიდენ, რომ ამიერ-კავკასიაში არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები იმიტომ, რომ მათ ექნებათ ჩხუბი და აყალ-მაყალი. აქტი ომიანობისა, ამ ორ მეზობელ ხალხთა შორის, უეჭველათ საბუთია იმისთვის, ვინც წინააღმდეგია ჩვენი დამოუკიდებლობისა. ეს იყო ერთნაირი პროვოკაცია იქიდგან წამოსროლილი და უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არავითარი პროვოკაციას წინ არ წამოვეგებით და მას არ ავყვებით. დაშნაკელების პროვოკაციის აყოლა იქნებოდა მათი საქმეების კეთება (მაჩაბელი: რაშია საქმე, გამაგებინეთ?) ბატონ მაჩაბელს არ ესმის მაღალი პოლიტიკა, იმიტომ, რომ მიჩვეულია სულ სხვა, დაბალ პოლიტიკას (არსენიძე: მართალია). ბ. მაჩაბელს არ ესმის ეს იმიტომ, რომ არასოდეს პოლიტიკურ ასპარესზე არ უმუშავნია და თავისთავათ ცხადია ეხლა, ამ ბოლო დროს, ეს ასპარეზი ისე ადვილი არ არის, რომ ის მან გაიგოს და შეიგნოს (მაჩაბელი - ვაიმე, ვაიმე). მოითმინეთ ბატონებო, აქამდის ჩვენ გისმენდით (მაჩაბელი - მიუთითებს მემარცხენეებს - ესენი სულ პოლიტიკოსები არიან?) დიახ, ბატონებო, ისინი პოლიტიკოსები არიან იმიტომ რომ, 20 წელიწადია პოლიტიკურ ცხოვრებაში იწვიან, თქვენ კი ეხლა გამოდიხართ. (გაბაშვილი - პოლიტიკა მარტო ქუჩებში კი არ კეთდება) მარტო ბანკებში...
თავმჯდომარე: უკაცრავათ, კიდევ იძულებული ვარ გთხოვოთ, რომ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ).
ნ. ჟორდანია. ერევნის მთავრობის უმთავრესი მისწრაფება მიმართული იყო იქითკენ, რომ დაემტკიცებინა ინგლისელებისთვინ, ფრანგებისთვინ, მთელი ქვეყნისთვინ, რომ აქ თუ დარჩა საქართველოს ან სომხეთის დამოუკიდებლობა, ისინი მუდამ ომში იქნებიან და მაშასადამე ასეთი დამოკიდებულობა უნდა იყოს მოშლილი და ეს ისე აშკარა საბუთი არის რომ ჩამოსულმა ინგლისელმა გენერალმა პირდაპირ გვითხრა: „თქვენ ამბობთ, რომ თქვენ გინდათ დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენ ომი გავათავეთ, ამ ომში ჩვენ ამოდენა ხალხის სისხლი ვღვარეთ, თქვენ კი ეხლა იწყებთ ომს და თავისთავად ცხადია, არ შეგიძლიანთ იქონიოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბბ. ეს ისეთი აშკარა ფაქტია, ეს ისეთი საბუთია, რომ ამ საბუთის წინაშე ვერავინ ფილიპიკებით და ლაპარაკით აქ ვერას გააწყობთ (ხმაურობა: ვეშაპელი, ჯამალიანი).
თავმჯდომარე. მე კიდევ გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ, ბატონო ვეშაპელო, ხელმეორეთ შენიშვნას გაძლევთ.
- მე ურჩევ ბ. ვეშაპელს, რომ მან მიჰბაძოს ჯამალიანს და ისე დაიცვას თავისი მთავრობა, როგორც ის იცავდა ერევნის მთავრობას.
აქ ჩვენ გამოგვიცხადეს უკვე ოფიციალურათ და დღეს, გაგვიმეორეს სხვათა შორის, რომ ტერიტორიის საკითხი აქ არ გადაწყდება, გადაწყდება იქ პარიზში, თქვენი საზღვრები სად იქნება, ან თქვენი არსებობა, - ამას ვერც ომი გადასწყვეტს, ვერც ზავი, აიღეთ თქვენ, თუ გინდათ, ერევნის გუბერნია ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ დაგრჩებათ ერევნის გუბერნია. ან წაიღონ სომხებმა, რომელიმე მაზრა ან რომელიმე კუთხე, ეს არ ნიშნავს, რომ იმათ დარჩება. ამის სამსჯავრო არის იქ პარიზში, აქ კი წარმოდგენაა ისეთი, თითქოს ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომ საქართველო და სომხეთი სწყვეტენ დამოუკიდებლათ თავის კითხვებს. ბატონებო, ეს ასე არ გახლავთ. საქმე ასე რომ ყოფილიყო, მაშინ, თავის თავათ ცხადია, ჩვენ შეიძლება სხვა გზა მოგვენახა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. ჩვენი საბოლოო სვე-ბედი სწყდება იქ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლიან აქედან ვაწარმოვოთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეგვიწყობს. იქ ჩვენი სვე-ბედის ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას. აქ, სთქვეს, ბატონებო, რომ ჩვენი აქაური დიპლომატია არ ვარგაო, მაგრამ იქაური, საგარეო დიპლომატია კარგიაო. საგარეო დიპლომატია ვერაფერს ვერ გააწყობს, თუ ჩვენ არ მივეცით საბუთი აქედან, თუ ჩვენ მოქმედებას, ჩვენ საქმიანობას, ჩვენ პოლიტიკას არ ექნება ისეთი საფუძველი, რომელზედაც დაემყარება აი იქ ჩვენი დიპლომატია და მე ვამბობ, რომ ომის საკითხი, ისე, როგორც ზავის საკითხი, - ჩვენ ამ კითხვას ვუმორჩილებთ პოლიტიკურ მიზნებს, თუ ეს საშუალება აძლიერებს თუ ასუსტებს ჩვენ სახელმწიფოს და მის დამოუკიდებლობის იქ ცნობას. მე ვამბობ, რომ ომის გაგრძელება იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობის ერთი ლახვარის ჩაცემას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ მართლაც საქმით დავამტკიცებთ, რომ ჩვენ არ გვდომებია მშვიდობიანათ საქმის მოგვარება, ჩვენ არ შეგვიძლიან ჩვენი სახელმწიფოს მოვლა და სხვა მეზობლებთან ასე თუ ისე მეზობლური განწყობილების შენახვა და აი, ბატონებო, ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან, ვინც ამბობს, რომ ომიანობა არ უნდა შეგვეჩერებინაო, - იმას უნდა ეთქვა და დაემტკიცებინა, რომ ეს ომის შეუჩერებლობა ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის ცნობას და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას (მაჩაბელი, რაზე ლაპარაკობთ?) ასეთი საბუთი არც უთქვამთ, არც მოუყვანიათ. საქმე იმაშია, რომ თქვენ ილაპარაკეთ იმაზე, რაზედაც არ უნდა გელაპარაკნათ, და არ ილაპარაკეთ იმაზე, რაზედაც უნდა გელაპარაკნათ (ტაში).
როცა მთავრობა დარწმუნდა იმაში, რომ ტერიტორიის საკითხი აქ არ გადაწყდება, მაშინ ომს დაეკარგა თავისი მიზანი, ომს არ დაურჩა არავითარი პერსპექტივა. მიდიხარ წინ და რისთვის, ვისთვის როდესაც პერსპექტივა, მიზანი არ აქვს არც მთავრობას, არც ჯარს, მაშინ ომის წარმოება არ შეიძლება (გაბაშვილი, რათ დაიწყეთ?) თუ, ბატონებო, იმას ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს მთავრობამ იცოდეს, ხოლო ჯარი მაინც უნდა წასულიყო წინ და ებრძოლა - ეს ნიშნავს დიდი დანაშაულობის ჩადენას. ჩვენ ვაფასებთ დიდათ იმას, რომ უმიზნოთ და უსარგებლოთ სისხლი არ უნდა იღვაროს. პერსპექტივა ჩვენ აღარა გვქონდა, რომ ომის საშუალებით ჩვენ მივაღწევთ რამეს და მაშინ ჩვენ არავითარი უფლება არ გვქონდა არც მორალური, არც პოლიტიკური, რომ გვეთქვა ჯარისთვის - წადი, იბრძოლე (ხმა - 25 შემდეგ რომ შეუტიეთ). 25 შემდეგ სომხეთის მთავრობა არ იყო თანახმა, ის გახდა თანახმა მის შემდეგ, როცა შეუტიეთ და დავამარცხეთ (მაჩაბელი, თქვენ ხომ დიდი პოლიტიკოსი ბრძანდებით, გჯერათ ესა?) იმედია, რომ თქვენც დაიჯერებთ ამას ბატონო. აი, ბატონებო, ის საღი პოლიტიკური ანგარიში, რომლითაც მთავრობა ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობდა მაშინ, როცა მან შეაჩერა ეს ბრძოლა. ეგ არ ნიშნავს, თავის თავად ცხადია, იმას, რომ ჩვენ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი და უნდა ვიძინოთ ბალიშზე, ჩვენ ისევე საქმე გვაქვს ერევნის მთავრობასთან და იქ ხელმძღვანელ პარტიასთან, ჩვენ მათი ნდობა ამიერიდან არ გვაქვს, ჩვენ მუდამ გვექნება საფრთხე იმ მთავრობისაგან, სანამ იქ იქნება გაბატონებული დაშნაკელების პარტია, მაგრამ მე ვამბობ ჩვენ არ უნდა ავყვეთ სწორეთ ამ პარტიას და მის პროვოკაციას. თუ ამ პარტიამ შესძლო ჩვენი გადაყვანა თავის მეთოდზე, თავის გზაზე, თუ მან შესძლო თავს მოგვახვიოს ბრძოლა, მაშინ იცოდეთ ჩვენ ვიქნებით დამარცხებულნი საბოლოოთ, ზნეობრივ და პოლიტიკურად... (მაჩაბელი: აკი თქვენ თანახმათ გადაწყვიტეთ? თავმჯდომარე: უკაცრავათ, ბატონო მაჩაბელო, სადა გგონიათ თქვენი თავი? უკაცრავათ ამ კითხვაზე, მაგრამ მე იძულებული ვარ ასეთი კითხვა მოგცეთ), ბატონებო, ჩვენ არ ავყევით იმ მთავრობის პროვოკაციას, ე.ი. ჩვენ არ მოვიმოქმედეთ ისე, რომ ევროპას დაენახა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შეუძლებელია. აქ არის, მაშასადამე, ისეთი მოქმედება, რომელიც იქიდან ჩვენ გვიკარნახებს და ჩვენ ძალაუნებურათ გავყევით, მაგრამ ჩვენ შევჩერდით დროზე, და აი ამ ჩვენმა მოქმედებამ უფრო გააძლიერა, უფრო მეტი საბუთი მისცა ყველას იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ერთობა და მისი დამოუკიდებლობა იქნეს ცნობილი. აი ეხლა დაშნაკელთა პოლიტიკას რომ გავყოლიყავით, ჩვენი დამოუკიდებლობა იქ, საერთაშორისო ტრიბუნალზე, ჩავარდებოდა დიდ საფრთხეში. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ ვიცავთ საქართველოს დემოკრატიულ წყობილებას. აქ ერთმა სთქვა, მგონი ეს იყო ბატ. ს. კედია, რომ საქართველოში ვერ მოვითმენთ სხვა ნაციონალურ ზრახვებსო (კედია - პოლიტიკურ ზრახვებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო ჩვენი აზრი)... ეს არის ჩვენი პოლიტიკაო. მე მაგაში სრულიად ვეთანხმები ბ. კედიას, არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს მეორე სახელმწიფო. მაგრამ მე უნდა გკითხო, რა საშუალებით სურს ბ. კედიას ეს საქმე ასე მოაწყოს, რით სურს, რომ საქართველოში მართლა არ იყოს სხვანაირი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ზრახვები და მიმართულებები? ეს, ალბათ, ფიქრობს, რომ უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში მაგარი კეტი და თავზე დავცხოთ სუყველას, ვისაც ასეთი ზრახვები აქვს (ხმა მემარჯვენეებისაგან - არ არის მართალი).
ბატონებო, ამას თუ არ ფიქრობს, მაშინ ის უნდა გამოვიდეს თავის პარტიიდან და აქეთ პარტიაში უნდა ჩაეწეროს, იმიტომ, რომ სხვანაირი წესით მართველობა არ აქვს არც ბურჟუაზიას, არც ნაციონალისტებს, მე მგონია, თქვენი პოლიტიკა უნდა იყოს ამნაირი, თუ თქვენ ხართ ნაც.-დემ. პარტიისა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ასეთი ზრახვები, ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, უნდა იყოს აღმოფხვრილი არა კეტით, არამედ თითონ დემოკრატიულ რეჟიმით უნდა იყოს აღმოფხვრილი თავისუფლებით. ჩვენ შორის, ბატონებო, აქ არის განსხვავება და ეს ჰყოფს ორ დიდ მიმართულებას; ამიტომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ისეთ მოქმედებას, ისეთ ქცევას, რომელიც აი ამ პრინციპს აქ ჩვენ ქვეყანაში უთხრის ძირს, ე.ი. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ჩვენი დემოკრატიული წყობილება იქნეს აგებული აქ მცხოვრებ ერთა ნებაზე და სურვილზე, მაშასადამე, საქართველოს მცხოვრებნი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ეს წყობილება, ეს დამოუკიდებლობა აქ არსებობდეს. ეს ესმის ერევნის მთავრობას და აგრეთვე მის ხელმძღვანელ პარტიას და სწორეთ სურთ ძირი გამოუთხარონ ამას. თუ მათ შესძლეს საქართველოს საზღვრებში ისეთი ღვარძლის და შურის დათესვა, როგორც მათ შესძლეს ერევნის გუბერნიაში და სხვაგან თუ ჩვენში დათესეს ისეთივე ნაციონალური შუღლი და ბრძოლა, როგორც იქ, მაშინ ჩვენი დემოკრატიული წყობილება ვეღარ იარსებებს, დაინგრევა დემოკრატიული წყობილება და თუ დაინგრევა დემოკრატიული წყობილება ჩვენში არ შეიძლება იქნეს დამოუკიდებელი საქართველო. დიახ, აი ბ-ნი ვეშაპელი გულახდილი კაცია, მან სთქვა ერთი სიმართლე, დიახ (ხმაურობაა).
ბ. ვეშაპელმა სთქვა, რომ ომის შეჩერება საჭირო იყო იმისთვის, რომ საქართველოშია ახალი ძალები, ახალი მიმდინარეობა, რომელიც შეებრძოდნენ აქ გაბატონებულ პარტიას, არ აღმოცენებულიყო ასეთი ძალა, ეს ძალა იქნებოდა აი ამ პარტიის გასაძლიერებლათ (მ. მაჩაბელი, მშვენიერი იქნებოდა). მაშასადამე, აქედან თქვენ ხედავთ, რომ ამ პარტიას ომის გაგრძელება სდომებია თავის პარტიის გასაძლიერებლად (ტაში), ბატონებო, ეს ითქვა ამ ტრიბუნიდან.
მე ვამბობ, რომ ომის გაგრძელება იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ არ გვქონდა პოლიტიკური პერსპექტივა მაშინ, როცა ამ ომში აღარ სწყდებოდა ტერიტორიის საკითხი, ამ ომის გაგრძელება ამ შემთხვევაში ნიშნავს არა ომს, არამედ შურისძიებას, ე.ი. ნიშნავს ურთიერთობის ჟლეტვას და ხოცვას, და სწორედ ასეთი ხოცვა და ჟლეტა უმიზნოთ შეჰქმნიდა ჩვენში ისეთ ნიადაგს, რომელზედაც აღმოცენდებოდა შუღლი და მტრობა საქართველოს და სომხეთს შორის (გაბაშვილი: ეს ხომ ჩაანელეთ) ბატონებო, თქვენთვის ეს არ არის საყურადღებო, მაგრამ ჩვენთვის, დემოკრატიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე არის აგებული დემოკრატიული წყობილება. თქვენ იცით, რომ ჩვენ აუარებელი დეპეშები მოგვივიდა თვითონ სომხის ხალხისაგან დუშეთის, თელავის და სიღნაღის მაზრებიდან. ყველა ისინი გულისწყრომას გამოსთქვამენ ერევნის მთავრობის წინააღმდეგ, მოგვივიდა დეპეშები თანაგრძნობისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში მართლაც, რომ იქნება ერთი ფრონტი, საქართველოს ფრონტი, მიუხედავათ ეროვნებისა და აი ჩვენ ამ ფრონტს ვაფასებთ და ამ ფრონტზე უნდა იყოს აგებული ჩვენი დემოკრატიის წყობილება. აი სწორედ, ბატონებო, ეს ფრონტი არ მოგწონთ. აქ არის, როგორც ვსთქვი, არის დემოკრატიული, და იმავე დროს საერთაშორისო, რომელზედაც დგას საქართველო და რომელზედაც აგებულია მთელი ჩვენი სახელმწიფოებრივი წყობილება. აი ეს ფრონტი არ მოსწონთ ნაც. დემ. ჯგუფს და აქედან არის ჩვენსა და მათ შორის მთელი განსხვავება. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ეს ომი არ არის შეწყვეტილი ან შიშით ან შემთხვევითი მოვლენით. გამოდის ისე, რომ მოვიდა ორი ან ხუთი ინგლისელი და მათ წინაშე შევშინდით. არა ბატონებო, ჩვენ შიში არ ვიცით რა არის. ჩვენ გამოცდილნი ვართ, უფრო ძლიერ, დიდ მტერთან გვქონია საქმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს გონიერება და ერთნაირი პოლიტიკური ანგარიში (მაჩაბელი, ჩვენი შიში გაქვთ) თქვენი შიში არ გვაქვს სრულიად, ბატონო მაჩაბელო, და ვამბობ, რომ მე ვიცი ან ამ ომის შეწყვეტა არა მარტო ამ ფრაქციაში, არამედ ბევრ სხვა წრეებშიაც ერთგვარ გაუგებრობას იწვევს და სწორეთ მე ვამბობ, რომ ომის შეწყვეტა გამოწვეულია იმ პოლიტიკურ ანგარიშით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და არ გვინდა ამ ანგარიშებს ავშორდეთ, ომის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ ჩვენს დამოუკიდებლობისათვის ხელსაყრელია და მეორეს მხრივ, ჩვენს დემოკრატიულ წესწყობილებას უფრო და უფრო განამტკიცებს. ომის გაგრძელება ამ პირობებში ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ჩავარდებოდა დიდ საფრთხეში და აქედან ჩვენი დემოკრატიული წყობილება და მთელი ჩვენი დემოკრატია, ასე თუ ისე, დასუსტდებოდა. ეს იყო, ბატონებო, ამათი, დაშნაკელთა ინტერესი, ეს არ იყო ინტერესი არც ჩვენი დემოკრატიისა და არც საქართველოს ხალხისა (ერ. დემ. სომხებისა?) მე არ ვამბობ, რომ ეს არის ინტერესი სომხებისა, მე ამას არ ვიტყვი. ჩვენში მყოფი სომხების და სხვა ერების ინტერესი არის, რომ ჩვენში იქნეს დემოკრატიული წყობილება მტკიცე და შეუბღალავი. მე მესმის, რომ არიან სომხები, რომლებსაც არ სწამთ ჩვენი, არც დამოუკიდებლობა, არც წყობილება, მაგრამ შეიძლება, რასაკვირველია, ასეთი სომხები იყვნენ იქაური სომხები, უფრო კი მოსულები და საქართველოში მცხოვრებ სომხების აზრი ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ტელეგრამებიდან (ვეშაპელი: ტარიფი იაფია?) აი ის სომხები, რომელნიც აქ სცხოვრობენ დიდი ხანია და მამაპაპურად არიან ჩვენ ხალხთან შეერთებულნი და შესისხლხორცებულნი, ისინი არ წამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ისინი, ბატონებო, ვინც აქ თფილისში უნებურათ მოკალათებულნი იყვნენ, აქ სწერდნენ და ეწეოდნენ წინააღმდეგობას. ორ ნაწილს მაინც, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ დემოკრატიასთან და, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს საზღვრებში ვერ გამოვა ვერც ერთი გაზეთი, რუსული იქნება თუ სომხური ან სხვა, რომელიც მტკიცედ არ დადგება საქართველოს (ერ. დემ: „სოციალ-დემოკრატი“ გამოდის, „ნოვოე ზნამია“ გამოდის!) უნდა ვთქვა, რომ ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ, გამომდინარეობს არა ჩვენ სახელმწიფოებრივ და დემოკრატიულ ინტერესებიდან, არამედ გამომდინარეობს წმინდა ჯგუფურ ინტერესებიდან და მთავრობა ვერ დაადგება ასეთ ჯგუფურ თვალსაზრისს (ერ. დემ: დაადგება!) ის, ბატონებო, დაადგება მაშინ, როცა თქვენი ჯგუფი შეადგენს აქ უმრავლესობას და გეყოლებათ თქვენი მთავრობა. თუ ეს მოხდა, მაშინ საქართველოს უკანასკნელი ჟამი დადგება (ტაში მემარცხ. ფრთ.კედია: მაშინ ვნახოთ. გაბაშვილი: მაგასაც ისწავლით!) მე მოგიწოდებთ ყველას ამ კათედრიდან, რომ კითხვა, რომელიც აქ არის აღძრული, მეტად სერიოზულია და მან არავითარი გაუგებრობა არ უნდა გამოიწვიოს, როგორც პარლამენტში, ისე ჩვენ ხალხში. ვინც სდგას დემოკრატიულ ნიადაგზე, ყველა იმან უნდა იცოდეს, რომ, რაც ჩვენ ვქენით, ეს იყო ერთად ერთი გამოსავალი და საშუალება, რომლითაც შეგვეძლო დაგვემტკიცებინა, როგორც ჩვენი დამოკრატიული წყობილება, ისე ჩვენი დამოუკიდებლობა (ტაში მემარცხ. ფრ.).
ერთობა. - 1919. - 7იანვარი. - N 5. - გვ. 2.
საქართველო. - 1919. - იანვრის 7. - N 5; N 6 - გვ. 3.
![]() |
2.19 საქართველოს ჯარების პარადი |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ, თბილისში საქართველოს ჯარების პარადი გაიმართა. დილიდან დაიწყო ქუჩებში გამოსვლა ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ ჯარის სხვა და სხვა ნაწილებმა. შუადღისას 12 ს., შოთა რუსთაველის ქუჩა, სასახლიდან წყნეთის ქუჩამდე სავსე იყო ჯარებით, პარადში თითქმის ჯარის ყველა ნაწილები ღებულობდა მონაწილეობას.
ყურადღებას იპყრობდა ცხენოსანი პოლკი, რომელსაც წინ ომში მტრის ტყვიისაგან დაგლეჯილი დროშა მიუძღოდა. პარადში მონაწილეობა მიიღო ქართული ლეგიონის ერთმა ნაწილმა ბ. ლეო კერესელიძის მეთაურობით.
შუადღის 12 საათი იქნებოდა, სასახლიდან გამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე ბ. ნოე ჟორდანია, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიჰმართა ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ ჯარებს, მათ სალამი უძღვნა საქართველოს სახელით და რწმენა გამოსთქვა, რომ ისინი კვლავ თუ კი საჭირო იქნება, მკერდით დაიცავენ თავიანთ განახლებულ სამშობლოს. მისი უკანასკნელი სიტყვები ჯარის „ვაშას“ ძახილმა დაჰფარა, გაისმოდა ხმები: „გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს მეთაურს“ - უკრავდა მუსიკა და ისმოდა ეროვნული სიმღერები. შემდეგ ჯარის სხვა და სხვა ნაწილებმა სასახლის წინ გაიარეს. ხალხი ჯარს ოვაციებს უმართავდა.
მთელი ნახევარი საათი მიმავალი ჯარი სასახლის წინ არ გამოლეულა.
ჯარი მოდიოდა ქვიურ სვეტებად. ნიავობით, მზიან ხალხით, ლომის ყივილით. ირჩეოდა ჯანსაღი, მოქნილი ტანი ცეცხლიან თარეშობით. დარბაისლურად ეშურებოდნენ სარდლები, ბაირაღტრები. ელავდა საქართველოს სამფერი დროშა, უცნაური ცეცხლი ენთებოდა მზირალს. იყო განათება, ჟინიანი გრძნობა და ნათელი სიამაყე.
ქუჩები სავსე იყო ხალხით და მცირე ხნით ტრამვაის მოძრაობაც შეჩერდა.
საქართველო. - 1919. - იანვრის 15. - N10. - გვ. 2.
![]() |
2.20 სამუსულმანო საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
თავის ძმებს, მუსულმან ქართველებს, მოგმართავს დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მთავრობა.
რამოდენიმე საუკუნის წინად თქვენ დროთა ვითარებით მოსწყდით ძველ საქართველოს და მას ჭირსა და ლხინში გამოეთიშეთ. მაგრამ თქვენი სულიერი კავშირი სამშობლო კერასთან, საქართველოსთან, არასოდეს არ შეწყვეტილა. თვით დაუძინებელი მტერიც კი თქვენ გურჯებათ ანუ ქართველებათ გიხსენიებდნენ. მიუხედავათ სასტიკი დევნისა, თქვენ დღემდის შეინარჩუნეთ მამა-პაპათა ენა და ადათები.
ქართველ ერს ერთი წუთითაც არ დავიწყებია თავისი დიდი მოვალეობა თავისი ძმების, მუსულმან-ქართველთა წინაშე. ყოველივე უბედურების ჟამს, ის თქვენს ჭირ-ვარამს იზიარებდა. როცა მსოფლიო ომის დასაწყისში, 1914 და 1915 წლებში აჭარა-ქობულეთსა და შავშეთ-ერუშეთს უსასტიკესი ჯალათის, რუსეთის მეფის ჯარები შემოესია და ააოხრა, მთელი საქრისტიანო საქართველო თქვენთან იყო სულით და გულით და თქვენი ვაების შემსუბუქებას ცდილობდა. სამუსულმანო საქართველო ვერ დაივიწყებს იმ ხანად თქვენი ძმების, ქრისტიან ქართველთა მოღვაწეობას.
მას შემდეგ ქართველმა ერმა მრავალი მწარე წუთი გადაიტანა. ჩვენ ვიხილეთ მტრის შემოსევა და ჩვენი იმ სოფლებისა და დაბა-ქალაქების აკლება. სამწუხაროდ, იმ ხანათ ჩვენს გვერდში არ აღმოჩნდნენ მუსულმანი ქართველები. მოყიდულ პირთა წყალობით ისინი გადაუდგნენ ქართველთა საქმეს და მით ხელი შეუწყვეს თავისი სამშობლო კერის, აჭარა-ქობულეთის და შავშეთ-ერუშეთის აოხრება-აკლებას.
დღეს მდგომარეობა საბოლოოდ გამოიცვალა. ქართველმა ერმა შესძლო თავისი საკუთარი სახელმწიფოს მოწყობა, დაამყარა თავისუფლება და ვერასოდეს ვერ შეურიგდება ძველი მონობის აღდგენას. მარა ჩვენს თავისუფლებას ანახევრებს და ქართველ ერს უდიდეს ბოღმას ჰგვრის თქვენი დაშორება, ძმებო მუსულმანებო! სანამ აჭარა-ქობულეთსა, გონია ბათომსა და შავშეთ-ერუშეთში არ დამსხვრეულა მონობის ბორკილები, ქართველი ერი ვერ მოისვენებს. საბედნიეროდ დადგა ხელსაყრელი დრო, როცა თქვენ საშუალება გეძლევათ სამუდამოდ მოიპოვოდ თავისუფლება.
მოყიდული პირები თქვენ ჩაგჩიჩინებენ, თითქოს საქრისტიანო საქართველო თქვენს რჯულს ემუქრებოდეს. არ დაუჯეროთ ცილისმწამებელთ! დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ყველა სარწმუნოება თანასწორია, ყველას უფლება აქვს თავის რჯულისამებრ ილოცონ, თავისი სარწმუნოება მტკიცეთ დაიცვას. თქვენი ორგულნი გეტყვიან: საქრისტიანო საქართველო მუსულმანთა ადათებს უარჰყოფს და მათ ბრძოლას გამოუცხადებსო. ზურგი აქციეთ თქვენს ორგულთ და მტრებს. საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში ყველა სარწმუნოების მოქალაქენი თანასწორი უფლებით სარგებლობენ: მაჰმადიანები, ებრაელები და სხვ.
თანახმად მთელი საქართველოს მოქალაქეთა სურვილისა და პარლამენტის დადგენილებისა, ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საყოველთაოდ და გადაჭრით აცხადებს რომ: სამუსულმანო საქართველოს ის ანიჭებს ავტონომიას თვით მუსულმანი-ქართველების წარმომადგენელნი გამოსცემენ კანონებს, რომელთაც ისინი სამუსულმანო საქართველოში თავის გემოზე და თავისი სინიდისისამებრ მოაწყობენ თავის ცხოვრებას, მტკიცე კანონებით უზრუნველყოფენ თავისი სარწმუნოების უფლებებსა, მოაწესრიგებენ ადგილობრივ საქმეებს და მით დაამყარებენ თავის სამშობლო მხარეში ბედნიერებას.
ძმებო, მუსულმანებო! საბოლოო დამონების მსურველნი თქვენ გაშინებენ ქრისტიან ქართველთა შურისძიებით. ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიას კარგათ გათვალისწინებული აქვს, რომ ასეთი ხმები ერთი მუჭა მოყიდული პირების მოღვაწეობას მიეწერება, თქვენი მოძმეები თქვენსკენ მოეშურებიან არა შურის საძიებლათ, არამედ თავისუფლების დროშით და ძმური სალამით. ეს დროშა წინამორბედია თქვენი საბოლოო განთავისუფლების.
დადგა ბედნიერი წუთი თქვენი ბორკილების დამსხვრევის, ძმებო მუსულმანებო! მიმოიხედეთ გარშემო, გაითვალისწინეთ ის უბედურებანი, რაც თქვენ თავს დაგატეხათ რუსეთის მეფის მთავრობამ, ასწონ-დასწონეთ თქვენი აუნაზღაურებელი ზარალი ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში. მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული მთავრობა საბოლოოდ იცავს ხალხის ბატონობას და მის უზენაეს უფლებებს და მხოლოდ ის მოგანიჭებს თქვენ სრულ თავისუფლებას. მაშ აირჩიეთ თქვენი განთავისუფლების გზა საქართველოსთან შეერთებისა და მის ფარგლებში ავტონომიური სამუსულმანო საქართველოს მოგვარებისა.
საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ თქვენ, ქართველი მუსულმანები, გაჰყვებით თქვენს რჩეულ მეთაურთ, რომელნიც საბოლოოდ დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირება იხსნის სამუსულმანო საქართველოს და მის სრულ თავისუფლებას უზრუნველჰყოფს.
გაუმარჯოს სამუსულმანო საქართველოს ავტონომიას, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ფარგლებში!
გაუმარჯოს მუსულმან-ქართველთა მონობისგან განთავისუფლებას!
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
25 დეკემბერი
საქართველო. - 1919. - იანვრის 15. - N 10. - გვ. 2.
ერთობა. - 1919. - 14 იანვარი. - N 9. - გვ. 2.
![]() |
2.21 მუშათა დეპუტატ. საბჭოში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგიერთი ორატორები თავის სიტყვებში ეხებოდნენ მთავრობის მოქმედებას, ამიტომ მოვალეთ ვსვთლი ჩემ თავს მოგცეთ ზოგიერთი განმარტებები. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ჩვენ გვქონდა ორი მოწინააღმდეგე ფრონტი. ერთ ფრონტზე ბალშევიკები იყვნენ, მეორეზე - ოსმალეთი. შავი რაზმის საფრთხეზე ჩვენ არ ვფიქრობდით. რეაქციას თავი არ ჰქონდა წამოყოფილი, ჩვენ ვფიქრობდით, რომ მათთან საქმე გათავებული იყო და მთელი ჩვენი ცდა იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს ორი ფრონტი დაგვესუსტებინა. ყოველივე ღონისძიებას ამ ბრძოლაში მიღებულს ერთად ერთ მიზნათ ჰქონდა რევოლიუციის მონაპოვართა დაცვა. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, არის პოლიტიკური ფორმები, რომლის შემწეობით ჩვენ ვფიქრობდით რევოლიუციის მონაპოვართა შენარჩუნებას და ეს ჩვენ დღემდე შევძელით.
მართალია, ჩვენ წინააღმდეგ ამხედრდნენ ბევრი მტრები, ბევრი საყვედურები იყო ყოველ მხრივ, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ჩვენ მივდიოდით ჩვენი მიზნისკენ და მივედით იქამდე, რომ ყოფილი რუსეთის საზღვრებში, მხოლოდ ჩვენთან ბატონობს დემოკრატია. სომეხ-ქართველთა ომის დროს ჩვენ დავინახეთ ახალი საფრთხე - შავი რეაქცია. მაშინ ჩვენ გავიგეთ, რომ სოჭის ოლქში ჩვენ გვიპირობენ დაცემას და ჩვენ მივიღეთ ზომები. ჩვენ მივმართეთ ინგლისის მისიას და მიუთითეთ, რომ ტუაპსეში სდგება რაზმები, რომლებიც აპირობენ ჩვენ წინააღმდეგ გამოლაშქრებას. ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ სოჭის ოლქი ჩვენ დროებით გვიჭირავს, რომ ჩვენ მზად ვართ თავი დავანებოთ მას, თუ ამით არ დაიჩაგრება ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესები და წინადადება მივეცით ინგლისის სარდლობას დაეკავებია ოლქი. პასუხის მიღებამდე ჩვენ უკან დახევა დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ წინადადება მოგვცეს დავრჩენილიყავით სანამ კითხვა სოჭის ოლქზე სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა.
ამ ხაზზე დარჩენა სამძიმო იყო ჩვენთვის პოლიტიკური და ეკონომიური თვალსაზრისით და ჩვენ მზათ ვიყავით გადაგვეცა ის ყუბანის მთავრობისათვის. ამავე დროს ოლქის მუშებმა, გლეხებმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადეს, რომ დენიკინი მათთვის მიუღებელია და, როცა მცხოვრებლებმა გაიგეს ჩვენი წასვლის სურვილი, ჩვენთან მოვიდენ სხვადასხვა დელეგაციები თხოვნით დავრჩენილიყავით იქ.
ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ფრონტი უზრუნველყოფილია ბრიტანეთის გარანტიით და დავტოვეთ იქ მცირე გარნიზონი. ხმები შეტევაზე მზადების შესახებ თანდათან იზრდებოდა, მაგრამ ინგლისის მისიამ განაცხადა, რომ ეს არ მოხდებაო.
აქ ეჭვი გამოითქვა იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების სიტყვა საქმეს არ ეთანხმება. მე არავითარი საბუთი არა მაქვს მათ გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო. ინგლისის მისიის წარმომადგენელი მეტად შესწუხდა, როცა ჩვენ განუცხადეთ დენიკინის შემოჭრაზე. ის დარწმუნებული იყო, რომ დენიკინი ვერ გაბედავდა ეს ჩაედინა. მე ვფიქრობ, რომ ინგლისი არ არის დაინტერესებული დენიკინის აქეთ წამოსვლით, არამედ ჩრდილოეთით, სადაც ბალშევიზმია გამეფებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დენიკინმა ბოროტად ისარგებლა მოკავშირეთა ნდობით და გადასწყვიტა ჯერ ამიერ-კავკასია დაიპყროს და შემდეგ ჩრდილოეთისაკენ დაიძრას.
ამ გეგმაზე ლაპარაკობენ აქაც, მას დაუფარავად ქადაგობენ ბათუმის პრესაშიაც.
ყოველივე მომხდარ ამბებში დამნაშავე არიან არა მოკავშირენი, არამედ ის შავი რეაქცია, რომლის წარმომადგენელნიც ატყუებენ ბრიტანეთის მისიას.
თუ აშკარა შეიქნება, რომ ეს ასე არ არის მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ მზათა ვართ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. შესაძლებელია, რომ მოკავშირეთა ზოგიერთი წვრილი აგენტები ხელს უწყობდეს ჩვენ მტერს მოქმედებაში, მაგრამ ეს არ ეთანხმება მოკავშირეთა და უმაღლესი სარდლობის ინტერესებს. მათ ინტერესს შეადგენს ბალშევიკებზე გამარჯვება და ამ მიზნით დაუკავშირდენ ისინი დენიკინს და როცა დაინახავენ ნამდვილ სახეს მოხალისეთა ჯარისას, მაშინ შეიძლება მათ უფრო კრიტიკულათ მოეპყრან. ბრიტანეთის მისიის დამოწმება ჩვენთვის ძალაში რჩება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყვნეთ ჩვენი ინტერესების დასაცავად, ამისათვის უწინარეს ყოვლისა უნდა შეიქნეს რეალური ძალა. ჩვენკენ მომავალი საშიშროება ოსმალთა შემოსევაზე უარესია, რადგანაც დენიკინის გამარჯვებას მოჰყვება არა მარტო რევოლიუციის მონაპოვართა განადგურება, არამედ დემოკრატიის ფიზიკური გაწყვეტაც. ჩვენ უნდა ყოველივე ძალა მოვიკრიბოთ, რომ შევქმნათ საომარი ძალა და მაშინ როგორც ბალშევიკებთან ბანდების გაქცევა დავინახეთ, ისე დავინახავთ დენიკინის ბანდების გაქცევასაც (მქუხარე ტაში).
შემდეგ ლაპარაკობს სამხედრო მინისტრი გრ. გიორგაძე. როცა მე მივიღე ღამის 2 საათზე ცნობა, დენიკინის მოთხოვნილებისა იარაღის ჩაბარების შესახებ, დაუყოვნებლივ შევატყობინე ეს მოთხოვნილება ჩვენი მთავრობის თავმჯდომარეს. მე მივიღე ასეთი პასუხი, „დემოკრატიას არ შუძლია იარაღი დაჰყაროს შავ-რაზმელების წინაშეო“ (მქუხარე ტაში, დეპუტატები ფეხზე დგებიან და ოვაციებს უმართავენ ნოე ჟორდანიას). თავმჯდომარის ეს სიტყვები მთელ მხარეს უნდა მოედოს და მათი პასუხით ჩვენი ლოზუნგათ უნდა იყოს ამოძახილი „მობილიზაცია“.
ერთობა. - 1919. - 15 თებერვალი. - N 37. - გვ. 2.
![]() |
2.22 საქართველოს პარლამენტის თებერვლის 18-ს სასწრაფო სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნ ნოე ჟორდანიას სიტყვა
(ჩაწერილია სტენოგრაფით)
მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლას პარლამენტი ტაშით ეგებება.
მოქალაქენო! ჩქარა 2 წელიწადი სრულდება მას შემდეგ, რაც მოხდა რუსეთის დიდი რევოლიუცია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა პატარა ქვეყანამ განიცადა მრავალ ნაირი ცვლილება. ჩვენმა ხალხმა ამ დიდ რევოლიუციის ტალღებში, რომელიც ჰგორავდა ხან მაღლა და ხან დაბლა, და ჩვენი ხალხი მას აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა და ხშირათ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ის უნდა ჩავარდნილიყო ან ერთ უფსკრულში, ან მეორეში. მაგრამ, საბედნიეროთ, ამ ხალხში მოიძებნა ისეთი შეკავშირებული და ცნობიერი ელემენტები, რომელნიც თავიდანვე დაადგენ ერთ სწორე ხაზს და შეეცადენ, რომ ხალხი ამ ხაზზე შემდგარიყო და მის ირგვლივ შემოკრებილიყვნენ. უნდა ვთქვა, რომ დღეს ეს მიზანი შესრულებულია.
დღეს, ამ 2 წლის ბოლოს თითქმის შეგვიძლიან ვთქვათ დანამდვილებით, რომ ქართველი ხალხი და საქართველო უკვე მიადგა იმ ნაპირას, საითკენაც უნდა მივსულიყავით ჩვენ წინათ და საიდანაც იწყობა, ისე ვთქვათ, ნორმალური ეროვნული განვითარება.
ჩვენ დღეს ფაქტიურად უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული სოციალისტური და პოლიტიკური კალაპოტი და მხოლოდ საჭიროა მისი ჩამოყალიბება იურიდიულათ და კონსტიტუციურ ფორმებში, და უეჭველია, ამას ჩაიდენს მომავალი დამფუძნებელი კრება. ქართველი ხალხით დღეს იქმნება ნამდვილი დემოკრატია, ესე იგი, თავისი მმართველი და პატრონი. ცხოვრება იწყობა ახალ რევოლიუციის მიერ ბოძებულ ნიადაგზე და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალი ნიადაგი, რომელზედაც ჩვენი ხალხი საბოლოოდ შესდგა, არის შეურყეველი და მას ვერავითარი შინაგანი და გარეშე ძალა დღეს ვეღარ შეარყევს. მაგრამ თუ ეს ესეა საქართველოს შუა გულისთვის, იგივე არ ითქმის საქართველოს განაპირა ქვეყნებისათვის.
აქ ჩვენ ვხედავთ სხვანაირ სურათს. აქ, ამ განაპირა ქვეყნებში მოსახლეობენ ქართველები, თუმცა ისინი სარწმუნოებით განსხვავებულნი არიან. აქ მოსახლეობენ არა ქართველებიც, და ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ისე ადვილად ვერ ეწყობა ახალ ნიადაგზე ის ცხოვრება და ის ურთიერთობა, რომელიც ეწყობა თვით საქართველოს შუა გულში. ჩვენი მოწინააღმდეგენი გვეუბნებიან: „რათ გინდათ თქვენ, რათ ებღაუჭებით ამ სოხუმს, გაგრას, ახალციხეს, ახალქალაქს, თუ თქვენ არ ხართ იმპერიალისტები“. უნდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც ამას გვეუბნებიან, ისინი თვით არიან იმპერიალისტები (ხმა: მართალია!). ისინი, ალბათ, ჰფიქრობენ, რომ აი ეს კუთხეები ნამდვილი იმპერიალისტურ შავ ძალებს გადაუგდონ და ამით ჩვენი ქვეყანა დაასუსტონ და ამისი მაგალითი ჩვენ გვაქვს.
ერთი მხრივ, ჩვენ მოგვადგა დენიკინის შავი რაზმი და მეორე მხრივ, აჩრდილი ოსმალეთის ფაშებისა. ჩვენი მიზანია შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლიან ცხოვრება სტრატეგიულად და ეკონომიურად. ბათუმი, ახალციხე, გაგრა და სხვ. ჩვენ მიგვაჩნია სწორედ აუცილებელ, სტრატეგიულ, ეკონომიურ და ისტორიულ კალაპოტად. მხოლოდ აშკარა მტერი იტყვის: „თქვენ ამას მოშორდით“, ვინაიდან ამათი მოშორება იქნება ის, რომ საქართველოში ყველა კარები იქნება ღია და მაშინ ყოველ წუთს, ყოველ ჟამს, შეეძლება აქ შემოსვლა სხვა და სხვა ურდოებსა და ამით, რასაკვირველია, თვით საქართველოს სახელმწიფოებრივობა დაირღვევა. იქნება აი ამ განაპირა ქვეყნებში ჩვენ მოვდივართ არა იმიტომ, რომ ისინი ჩვენ ძალით დავიპყარით, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ამ ჩამორჩენილ კუთხეებს დავეხმაროთ; რომ იქაც მიიღონ იდეა დემოკრატიისა და წყობილება დემოკრატიული. ჩვენ გვსურს, რომ იქ იქმნას შემოღებული ისეთი წყობილება, რომელიც სავსებით დააკმაყოფილებთ ადგილობრივ მცხოვრებთ. იქ შეიქნება თავისუფალი წყობილება თავისუფალ საქართველოში. ჩვენ ვეუბნებით ქართველ მაჰმადიანებს, აფხაზებს, თათრებს, სომხებს და სხვა და სხვა ერებს, რომელნიც იქ მოსახლეობენ, რომ ჩვენი ინტერესი არ არის მათი აქეთ ძალად შემოკავშირება, არამედ ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ისინი თავის ნებით, თავის სურვილით იქმნენ შეკავშირებულნი ჩვენთან. მაგრამ ეს კავშირი უნდა იყოს აგებული ერთ რამეზე: ეს უნდა იყოს აგებული იმაზე, რომ ისინი სცნობდნენ იდეას დემოკრატიისას და დემოკრატიულ საქართველოს სახელმწიფოს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი და მათი ერთად დგომა ორივე მხარეს გააძლიერებს, ხოლო ჩვენი და მათი დაშორება ორივე მხარეს დაასუსტებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კუთხეები კულტურულად განსხვავდებიან თვით შუა გულისგან საქართველოისა. აქ ისტორიულად შემუშავდა სრულიად სხვანაირი ზნე-ჩვეულება, ურთიერთობა და ჩვენ ამას უწევთ ანგარიშს. ამის გამო იყო, რომ მთავრობამ დაადგინა, ამ კუთხეებს მიეცემა ავტონომიაო. ესე იგი, ამ კუთხეებმა თავისი შინაური ცხოვრება უნდა მოაწყონ თავის სურვილისამებრ. მაგრამ ერთი პირობით კი, რომ უნდა იყოს დაცული ჩვენი მთლიანობა სტრატეგიული, ეკონომიური და ისტორიული. ყოველნაირი მათი მოთხოვნილება, რომელიც კი შეეხება ავტონომიას, ჩვენ ვართ მზად მივიღოთ, მაგრამ ვერ მივიღებთ ჩვენ ერთ რამეს: ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რომ იქ ისინი ჩვენ მოგვწყდნენ და შეუერთდნენ ან ოსმალეთს და ან დენიკინის მოხალისეებს. აი ამაში არის სწორედ განსხვავება და ჩვენმა მტრებმაც ეს იციან მშვენივრად. იმათ იციან, რომ ამ კუთხეების მოწყობა იმ პრინციპით, რომელზედაც ვლაპარაკობთ, ნიშნავს იმას, რომ ამ შავ ძალებს იქ ადგილი აღარ ექნებათ. ეს განაპირი კუთხეები იქნებიან სამუდამოდ ჩვენთან შეკავშირებულნი და აი ამიტომ იჩქარიან. იმიტომ არის, რომ ეხლავე, სანამ ამ კუთხეების მოწყობა იქნება დამთავრებული, აი ეხლავ მიიღონ ზომები, რომ ეს კუთხეები ჩვენ მოგვწყვიტონ და იმით, რასაკვირველია, ჩვენ არ მოგვცენ საშუალება, უჩვენოთ პრაქტიკულათ ამ ხალხს, თუ რანაირი წყობილების იქ დამყარება ჩვენ გვსურს და რანაირად სასარგებლო იქნება მათთვის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი დემოკრატიის ურთიერთობა. იმით აიხსნება, რომ ერთ და იმავე დროს, სწორედ დამფუძნებელ კრების არჩევნების წინ მოხდა ორ მხრივ შემოტევა: შავი ზღვის პირიდან დაიძვრნენ დენიკინის მოხალისენი და ახალციხიდან დაიძვრნენ ოსმალეთის ემისარები. ამ ჟამად ჩვენი მთავრობა არის ჩაბმული იმაში, რომ ამ ორი საქმის ლიკვიდაცია ასე თუ ისე მოახდინოს საჩქაროდ. თავის თავად ცხადია, რომ სოჭის ოლქი, თანახმად ჩვენი დადგენილებისა, ჩვენ გვეჭირა დროებით. ეს იცოდნენ მშვენივრად მოხალისეებმა და რომ მარტო სოჭის ოლქზე იყოს ლაპარაკი ან დავა, მაშინ რასაკვირველია ასეთ შემოტევას არ დაიწყებდა. იმათ იცოდნენ, რომ სოჭის ოლქი ადრე თუ გვიან დაუბრუნდებოდა რუსეთს და თუ იწყეს შემოტევა, მიზანია არა სოჭის ოლქი, არამედ სულ სხვა. ჩვენ თავიდანვე გვსურდა, რომ აი ამ მხრივ გვყოლოდა ისეთი მეზობელი, რომელიც ამ ფრონტს ასე თუ ისე მუდამ არ დაემუქრებოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეიძლება ეს ოლქი გადავცეთ ყუბანის მთავრობას, რომლის წყობილება ცოტაოდენ ჰგავს ჩვენ წყობილებას და რომელთანაც შეგვეძლო დაგვემყარებინა ურთიერთობა ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენი საზღვრების სასარგებლოდ. ჩვენ არ გვინდოდა და არც ეხლა გვსურს, რომ იქ ჩვენ მეზობლად ყოფილიყვნენ დენიკინის მოხალისენი, ვინაიდან ეს იქნებოდა მუდმივი მუქარა ამ მხრივ, მაგრამ მიუხედავათ ამისა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამ ოლქის დაცლა და კიდევაც დავიწყეთ ეს დაცლა. მაგრამ ამავე დროს ინგლისელების წარმომადგენლები ჩვენ გვაცნობებდნენ, რომ არ არის სრულიად საშიშარი ამ მხრივ დენიკინის თავდასხმა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლიან იქ დავრჩეთ. ეს ჩვენ გვაცნობეს არა მარტო სიტყვიერად, არამედ ჩვენ გვაცნობეს წერილობით. ამ წერილობით დოკუმენტს ჩვენთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა სხვათა შორის იმიტომ, რომ ამითი იხსნება, რომ დიდი ბრიტანია არის ჩვენ მიმართ კეთილ განწყობილებაში. ჩვენ, რასაკვირველია ამ დოკუმენტს, ამ დაპირებას მივეცით დიდი ფასი და ვიყავით დაიმედოვნებული. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, რომ დენიკინი თავს დაგვესხა.
აი ამ გარემოებამ, რასაკვირველია, საზოგადოება ააყაყანა. ჩვენ გვესმის ამ საზოგადოების გულის წყრომა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს გულის წყრომა სავსებით იყოს მიმართული იმ მხარეზე, საითკენაც უნდა ყოფილიყო მიმართული. აქ, ჩვენში, ეჭვი შეიტანეს მოკავშირეთა პოლიტიკის შესახებ. ჩვენ მოგვთხოვეს, რომ ეს პოლიტიკა ჩვენ გამოგვერკვია ერთხელ და სამუდამოდ. ეხლა მე შემიძლიან უფრო საბუთიანად ვსთქვა ის, რაც ერთი კვირის წინ ვსთქვი სახალხო სახლში, როდესაც იქ იყო თათბირი დემოკრატიული ორგანიზაციებისა. მე ვსთქვი იქ და ეხლაც ვიმეორებ, რომ შემოტევა დენიკინისა იყო ისეთივე მოულოდნელი მოკავშირეებისათვის, როგორც ეს იყო მოულოდნელი ჩვენთვის. აქ მოხდა ერთი რამ, მოხდა ის, რაც უნდა გვცოდნოდა თავიდანვე: ის, რომ დენიკინი ვერ გაამართლებდა მოკავშირეთა მოლოდინს; რომ ის ადრე თუ გვიან გვიჩვენებს თავის შავ გულს და ბნელ ხელებს. ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ უეჭველად დენიკინი და მათი მოხალისენი ისეთი რაინდული და თავაზიანი ხალხია, რომ მათ შეუძლიათ თავის სიტყვა, მიცემული ვისთვისმე, არ გასტეხონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ მოაზროვნეებს ვერ ჰქონიათ ნამდვილი წარმოდგენა იმ ხალხზე, ან და ჰქონიათ მეტად ჩინებული წარმოდგენა მათზე. არა, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი სიტყვის ხალხი არ არიან დენიკინის მოლაშქრეები. მათ შეუძლიათ მისცენ სიტყვა მოკავშირეებს, უთხრან მათ, რომ ისინი მოკავშირეების დაუკითხავათ ფეხს არ გადასდგავენ. მაგრამ მათ ესე არ მოიქმედეს და ამ ფაქტის, ამ თავდასხმის წინაშე მათ დააყენეს როგორც მოკავშირენი, ისე ჩვენ. ჩვენ ხალხში ბევრს ჰგონია, რომ დენიკინის სახით მოდის ჩვენ წინააღმდეგ მთელი რუსეთი. ეს, რასაკვირველია, სრული გაუგებრობა არის. პირიქით, რუსეთი, ნამდვილი რუსეთი ებრძვის დენიკინს. აი სწორედ ჩრდილოეთიდან შევიწროებული დენიკინის ჯარი მოდის ჩვენსკენ და იმას, რასაც იქ ჰკარგავს, ფიქრობს ეს დანაკარგი აქ შეასრულოს, აქ აინაზღაუროს. დენიკინის მსვლელობა, იმის ჯარის გამოლაშქრება ჩვენ წინააღმდეგ არ არის ნამდვილი რუსეთის გამოლაშქრება: ეს არის გამოლაშქრება შავი რაზმისა და მე მგონია, ამ შავი რაზმის წინააღმდეგ ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ხალხები ამიერ-კავკასიისა და თითონ რუსეთიც. ერთი რამ უეჭველია, დენიკინის მოხალისენი ალბათ ფიქრობდენ თავისი გამოლაშქრებით გადაგვკიდონ მოკავშირეებს. ეს უეჭველად ერთგვარი პროვოკაცია არის ამ მხრივ და უნდა ვსთქვა, რომ თუ ასეთი მიზანი მათ ჰქონდათ, ეს მიზანი მიღწეული არ არის. არ არის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ თავისუფალი საქართველო, თავისუფალი კავკასია უფრო შეეფერება ინტერესებს მოკავშირეებისას, ვინემ აქ ჩვენში და მთელ კავკასიაში დენიკინის ბატონობას. იგი არ შეეფერება რიგიანათ გაგებულ ინტერესებს მოკავშირეებისას და ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ დენიკინის პროვოკაციას არ ექნება არც ჩვენში და არც მოკავშირეებში დიდი გასავალი. შეიძლება რომელიმე წვრილი აგენტები მოკავშირეებისა იმედოვნებენ დენიკინს, მაგრამ პასუხის მგებელ წარმომადგენლებმა მოკავშირეებისა მშვენივრად იციან, რომ ეს მათი ინტერესი სრულიად არ არის და ამიტომ, თავის თავად ცხადია, რომ დენიკინს მხარს ვერ დაუჭერენ და არც უჭერენ. ჩვენ არ მოველოდით და არც უნდა მოველოდეთ ამას მოკავშირეებისაგან. თუმცა იმ დროს, როცა მე ვლაპარაკობდი ამაზე სახალხო სახლში, მე არ მენახა ინგლისის მთავარი წარმომადგენელი, ე.ი. გენერალი ვუოკერი, მაგრამ თავიდანვე მქონდა წარმოდგენა იმაზე, რასაც ვუოკერი იტყოდა, რაც ჩვენ ვსთქვით სახალხო სახლში. ეს გამართლდა გუშინ წინ, როდესაც მე და საგარეო მინისტრს გვქონდა ხანგრძლივი (ლაპარაკი) ბაასი ამ გენერალთან.
მეორე უმთავრესი საქმე, რომელიც არის ჩვენ წინაშე დღეს გადასაჭრელი, ეს არის ახალციხის საქმე. ამ ერთი კვირის წინად ჩვენ მივიღეთ ცნობები სტამბოლიდან, რომ იქ შესდგა განსაკუთრებული ორგანიზაცია რიზა-ფაშის მეთაურობით, რომლის მიზანი არის სამაჰმადიანო საქართველო და ყარსის ოლქი ამიერ კავკასიას ჩამოაშოროს და გადასცეს ოსმალეთს. თუ ეს ეხლავე არ მოხდა, შექმნან ისეთი ურთიერთობა, რომ ეს ახლო მომავალში მაინც მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ გამოჩნდენ უკმაყოფილო ელემენტები, განსაკუთრებით ბეგები ახალციხეში, რომლებმაც თავი მოიყარეს ბათუმში, გამოაცხადეს ეგრედ წოდებული სამხრეთ დასავლეთის სამაჰმადიანო რესპუბლიკა, სადაც ფიქრობენ, რომ აი ეს პლანი საბოლოოდ შეერთებისა ოსმალეთთან იქნება განხორციელებული. აი ამ ოსმალეთის კომიტეტის, ბათუმში თავმოყრილ ბეგებისა და მათი მიმდევრების საქმე არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ეხლა. ახალციხის საზღვრებში ისინი შევიდნენ, აქ უნდა ვთქვათ, რომ მათ მიემხრნენ აგრეთვე დენიკინის მომხრენი, მათ ამალაში ირიცხებოდნენ ოფიცრები, მოხალისეები (ხმა: რუსები), ირიცხებოდნენ აგრეთვე ოფიცრები სომხები. მაგრამ ეს უეჭველად იგივე მოხალისეები არიან, ვინაიდან ჩვენ ვიცით იქ, სოჭის ოლქში მოხალისეთა რიცხვში არიან ბევრი სომხები (დავიდხანიანი: ქართველებიც არიან). ამნაირად ჩვენ ვხედავთ, რომ ორი ფრონტი კი არ არის, ეს არის ფრონტი ესეთი პლანით, ესეთი გეგმით შემუშავებული, ერთი და იგივე მწარმოებელით. ამ დროს ინგლისელებს არ ჰქონდათ კიდევ დაჭერილი არდაგანის ოლქი, არ ჰყავდათ თვით ყარსში საკმარი ძალები ინგლისელებს, რომ თვით ყარსისთვის და მის ოლქისთვის ასე თუ ისე მოევლოთ, და აი ამ უპატრონობით ისარგებლეს ჩვენმა მტრებმა - შემოვიდა არდაგანის ოლქში, განსაკუთრებით ფოცხოვის რაიონში და იქიდან მოახდინეს თავდასხმა ახალციხის მაზრაში. უნდა ვთქვათ, რომ ახალციხეში არ ყოფილა ის, რაც იყო ბორჩალოს მაზრაში, ესე იგი, თითონ სოფლები, თვით ადგილობრივი მცხოვრებლები არ აჯანყებულან და არ ამხედრებულან შემოსულ მტერთან. მხოლოდ მის შემდეგ, რაც ფოცხოვში ჩამოვიდნენ და ფოცხოვის ახლო მდებარე სოფლები დაიჭირეს, აი მხოლოდ მის შემდეგ, როცა ეს სოფლები მათ ხელში იყო, ეს სოფლები მათ მიემხრნენ, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი სოფლები იყვნენ ჩუმად, არავითარ მტერს იქ არ მისდევდნენ. თქვენ აქედან მიხვდებით, რომ ეს ახალციხის საქმე არის აღმოცენებული არა შინაგან ურთიერთობაზე, არა შიგნიდან არის ეს მოწყობილი, არამედ ეს გახლავთ მოწყობილი გარედგან, და შემოტევა არის იმ ხალხისაგან, იმ პირებისაგან, რომელნიც თავიდანვე არიან ოსმალეთის ემისრები და რომელთა მიზანი არის აი ამ კუთხეებში ოსმალეთის საბოლოოდ გაბატონება. ჩვენ რასაკვირველია ამის შემდეგ მივმართეთ მოკავშირეთა აქაურ წარმომადგენელს და იმათ ჩვენ გვითხრეს: ჩვენ არ გვყავს არდაგანის ოლქში არც ერთი ჩვენი დარაჯი, ჩვენ არ გვქონდა დაჭერილი საზღვრები და თავის თავად ცხადია, რომ ისინი იქიდან ადვილად შემოვიდნენ. მაგრამ ამით ჩვენ მოგვცეს სიტყვა, რომ ისინი იქ გზავნიან ჯარს და საზღვარზე არდაგანის და ახალციხის შუა იქნება მათი პიკეტები და ამ მხრიდან ამიერიდან ვერავითარი ბრბოები და ურდოები ვერ შემოვლენ. იმათ გვითხრეს აგრეთვე, რომ ახალციხის საქმე თქვენი საქმეა, ამიტომ ჩვენ არ ვერევით თქვენ საქმეებში. ტფილისის გუბერნიის საქმეებში ისინი არ ერევიან. ამიტომ ჩვენ ჩვენის ძალით უნდა აღვადგინოთ წესიერება ახალციხის მაზრაში. ამნაირად, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩაბმული ორ ფრონტზე ბრძოლაში. ერთი ფრონტი არის შავი ზღვის ფრონტი, და მეორე - ახალციხის ფრონტი და ჩვენ უკვე გამოვაცხადოთ მობილიზაცია და სრულიად ახლო მომავალში ჩვენ გვეყოლება საკმაო ძალა, რომ ეს ორი ფრონტი ისევ ჩვენ დავიბრუნოთ და შემოსეული მტრები გავდევნოთ. თუ დენიკინი არ გავიდა მოკავშირეთა სიტყვით, ყოველ შემთხვევაში გაგრის ოლქიდან ჩვენ ისინი უნდა გავდევნოთ ჩვენი ძალით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაგრის ოლქი სწორედ ეგრედ წოდებული გაგრის ჭიშკარი, ჩვენ მიგვაჩნია ჩვენ სტრატეგიულ და ისტორიულ საზღვრად და ამიტომ ამ საზღვარს რასაკვირველია ვერავინ ვერ წაგვართმევს. დენიკინი ამბობს, ბზიბის მდინარე არავითარი საზღვარი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდამ ვიქნებით შიშში და ხიფათში, რომ დენიკინი ერთ მშვენიერ დღეს გადმოვა ამ წყალზე და შემოგვესევა. ბზიბის წყალი ვერავითარ შემთხვევაში ჩვენთვის ვერ იქნება საზღვრად. საზღვრად უნდა იყოს ისეთი საზღვარი, რომელიც ჩვენ გვქონდა საუკუნოების განმავლობაში, საზღვარი - გაგრის ჭიშკარი. უამისოდ განვითარება სახელმწიფოებრივის ორგანიზმისა არ შეიძლება (ხმა: მართალია!). ეს იქნება, რომ ჩვენ გვითხრან, ჩვენთვის საზღვარი ჩრდილოეთით უნდა იყოს არა დარიალი, არამედ დუშეთიო. ამას, რასაც ჩვენ დღეს გვთხოვს დენიკინი, ამაზე ჩვენ რასაკვირველია ვერასოდეს ვერ დავთანხმდებით.
უნდა ვთქვათ და თქვენ კარგათ იცით ისიც, რომ ჩვენი ჯარის ნაწილებმა თავის მოვალეობა განაპირა ქვეყნებში ვერ შეასრულეს. ეს ჩვენი ჯარის ნაწილები ვერ გამოდგნენ დემოკრატიის ლაშქრად და თავისი ქცევით ბევრგან გამოიწვიეს ადგილობრივ მცხოვრებთა უკმაყოფილება. ამ ჟამად მიღებულია ყოველი ზომა, რომ დამნაშავენი იქნენ დასჯილნი და ის ჯარისკაცები და მათი უფროსები, რომლებმაც უჩვენეს ზურგი მტერს, ყველა ისინი იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი და სასტიკად დასჯილნი, მაგრამ მარტო სამხედრო ძალით არ ვფიქრობთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის უზრუნველყოფას. არა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რესპუბლიკა იქნება უზრუნველყოფილი მაშინ, როცა ერთის მხრით ის იქნება აგებული მაგარ შინაურ წყობილებაზე და მეორეს მხრით იქნება აგებული უფრო მჭიდრო კავშირზე როგორც ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებთან, აგრეთვე მოკავშირეებთან. ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ ასეთი შეთანხმებით ჩვენ ირგვლივ მყოფ სახელმწიფოებთან ასეთ თუ ისეთ შეთანხმებით იმათთან, ვინც დღეს სწყვეტს ქვეყნის ბედს და რომელთა ინტერესი უეჭველად ეთანხმება ჩვენ ინტერესს და ჩვენი ინტერესი ეთანხმება მათ ინტერესს, აი ამათთან შეთანხმებით ჩვენ ვფიქრობთ უზრუნველვყოთ საქართველოს რესპუბლიკის არსებობა და მისი განვითარება.
მაშასადამე, სიმტკიცე და თავისუფლება შიგნით, კავშირი და შეთანხმება გარედ, - აი ჩვენი გზა და ხიდი, აი რა იარაღით ჩვენ გვსურს ჩვენი არსებობის უზრუნველყოფა (ტაში).
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919. - 21 თებერვალი. - N41. - გვ. 2-3.
საქართველო. - 1919. - თებერვლის 21. - N40. - გვ. 2.
ერთობა. - 1919. - 20 თებერვალი. - N40 გვ.
![]() |
2.23 დამფუძნებელი კრება, მისი ფუნქცია და ძალა-უფლება |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება სოც. დემ. ორგანიზაციათა შეერთებულ კრებაზე
დამფუძნებელი კრება არის სრული სუვერენი და შეუბორკავი თავის მუშაობაში და სახელმწიფო შემოქმედებაში. ის არ არის შეზღუდული არავითარი ფორმით, არავითარი წინასწარი კანონებით და სისტემით. ეს მისი მუშაობა იხატება სამი გზით: კანონმდებლობითი, მართველობითი და სასამართლოს ფუნქციები. სამი ფორმაა კანონმდებლობისა: დეკრეტი, კონსტიტუცია, კანონები. დეკრეტი - ეს იგივე განჩინება ანუ ბრძანებაა, მიღებული ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევის გამო და მოდის სისრულეში დაუყონებლივ. დეკრეტს აქვს კანონის ძალა იმ განსხვავებით, რომ ის უფრო წარმავალ დროებით მოვლენას ეხება და მისი მოქმედება დროთი ისაზღვრება. მაგ., ამა თუ იმ პირთათვის ქონების ჩამორთმევა შეიძლება დეკრეტით, მარა იმავე პირის სამოქალაქო დავის გადაწყვეტა შეიძლება კანონით. მაშასადამე, დეკრეტი იცემა შესახებ ისეთი მოვლენისა, რომელიც ეხება პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებს, ის ყოველთვის წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა. არც ერთ დამფუძნებელ კრებას არ უარუყვია გზა დეკრეტისა.
დამფუძნებელ კრებას მუდამ უხდება არა მარტო საკონსტიტუციო მუშაობა, არამედ ბრძოლა სახელმწიფოს და რევოლიუციური მონაპოვარის დასაცავათ; ხოლო ბრძოლის ერთი მთავარი იარაღია დეკრეტი, თავის სისწრაფით და მიღების სიმარტივით. საფრანგეთის დამფუძნებელ კრებას დეკრეტით უხდებოდა ჯარის შეყრა, ფულის მოპოვება, მეფის გადაყენება, რესპუბლიკის გამოცხადება და სხვა ასეთი დიდი კითხვები. პარლამენტმა არ იცის დეკრეტი - ის მხოლოდ კანონმდებლობს განსაზღვრული წესით და ფორმით.
კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრება იმუშავებს და აფუძნებს კონსტიტუციას, ე. ი. იმ პოლიტიკურ ნორმას, რომლის ფარგლებში უნდა იმუშაოს სახელმწიფომ. კონსტიტუცია - ეს იურიდიული ფორმაა, და როცა ის დაფუძნებულია, შეუძლებელია დეკრეტებით მართველობა. მაშასადამე, მისი შემოღება ნიშნავს ბრძოლის გათავებას, ნორმალური ურთიერთობის დამყარებას და თუ ეს ასე არ არის და კონსტიტუცია შემოღებულია, - ის ჩქარა ინგრევა და ხელახლა დგება. 1790 წ. კონსტიტუცია ერთიანათ დაანგრია 91 წ. ათი აგვისტოს აჯანყებამ. კონვენტის კონსტიტუცია დაანგრიეს ტერმინორიონელებმა, ტერმინორიონელების დირექტორიამ, დირექტორიის კონსულებმა, ნაპოლეონმა და სხვ.
ყველა ეს მოწმობს იმას, რომ კონსტიტუცია თავის თავათ არავითარ გარანტიას არ წარმოადგენს ნორმალური განვითარებისა, პირიქით, უკანასკნელი პირობაა პირველისა.
ამიტომ კონვენტი მართალი იყო, როცა თავის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის ძალაში შეყვანას აგვიანებდა და საერთო მშვიდობიანობის დამყარებამდის სდებდა, და ეს იმიტომ, რომ მას მაშინ არ შეეძლებოდა ემართველა რევოლიუციურათ, დიქტატორულათ და მით სახელმწიფო წყობილებას დაანგრევდა. მხოლოდ იაკობინელთა დამარცხებამ კონვენტში და ტერმინორიონელების გამარჯვებამ დაასამარა თვით ეს კონსტიტუცია, შესდგა ახალი და ის საჩქაროთ განახორციელეს.
რევოლიუციურ ხანაში კონსტიტუციის შემოღებას ითხოვენ ზომიერები და რეაქციონერები და არა რევოლიუციონერები.
საუკეთესო გარდამავალი გზაა კონსტიტუციის თანდათანი შემოღება და მისი რევოლიუციური საშუალებით დამყარება, ე.ი. ეს ორი გზა ერთმანეთს უნდა ავსებდეს, ეხმარებოდეს ისე, რომ ბოლოს კონსტიტუცია გაბატონებულ ფორმით რჩებოდეს.
კონსტიტუცია - ეს საზოგადოების ფაქტიური მდგომარეობის იურიდიულათ ჩამოყალიბებაა და თუ ეს მდგომარეობა დაუდეგარია, ცხადია, ის ვერ ჩამოყალიბდება განსაზღვრულ სახეთ.
ჩვენში, უეჭველია, ფაქტიური მდგომარეობა რამდენათმე ჩამოყალიბებულია, მარა არა ყოველგან. მაგ., მაშინ, როდესაც საქართველოს შუაგული გარკვეულ სოციალურ კალაპოტშია, განაპირა კი დიდ ტოკვაშია და იქ კონსტიტუცია არსებულ მდგომარეობას ვერ გამოხატავს, ვინაიდან ეს მდგომარეობა გამოურკვეველია. ამიტომ საერთო კონსტიტუციის ნორმის, აგებული შუაგულის სინამდვილეზე, განაპირაში გადატანა უეჭველათ გამოიწვევს მის იქ დამარცხებას, როგორც მისთვის უცხო ნორმის. განაპირისათვის კონსტიტუციის ცალკე გამომუშავება - გონიერი გზაა, თუ გვინდა ის ნებით იყოს ჩვენთან და არა ძალით.
როგორც ხედავთ, დამფუძნებელი კრების ერთი ფუნქციათაგანია კონსტიტუციის შემუშავება და მისი თავის დროზე გატარება. ეს გატარება უნდა მოხდეს არც აჩქარებით, არც დაგვიანებით.
კანონები. დამფუძნებელი კრების ფუნქცია კანონების გამოცემაა, რომელიც კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ამ გარდამავალი ხანისათვის. ეს კანონები განსაკუთრებით ეხება სამოქალაქო ურთიერთობას, ხანდიხან სისხლის სამართალსაც, თუმცა ამ სფეროში დეკრეტებიც მუშაობს.
აქედან დამფუძნებელი კრება პირველ დღესვე ირჩევს ორ ძირითად კომისიას: საკონსტიტუციოს და სამოქალაქო - სისხლის სამართლის კანონმდებლობის; სადეკრეტო კომისია არ არის, ვინაიდან მისი წინდაწინ გათვალისწინება შეუძლებელია; ის შემთხვევით იცემა, ასე ვთქვათ, სéანცე ტენანტე, ერთ სხდომაზე.ყველა დამფუძნებელი კრება არსებობდა და მუშაობდა არა კონსტიტუციური და კანონმდებლობითი საქმიანობით, არამედ დეკრეტებით, ე.ი. ის მთელ თავის ძალ-ღონეს ანდომებდა ბრძოლას არსებობისათვის. კონსტიტუცია და კანონები „მომავლის მუსიკაა“, ხოლო დეკრეტი კი ყოველდღიური საჭიროებაა.
დეკრეტის გზას ვერ აუქცევს ვერც ჩვენი დამფუძნებელი კრება, რომლის მოწოდებაა ბრძოლით დაამყაროს შიგნით და გარეთ ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა.
მმართველობა
მთავარი კითხვა, რომელიც აქვს გადასადგმელათ დამფუძნებელ კრებას - არის მართველობის ანუ აღმასრულებელი ძალის მოწყობა.
ვინ ასრულებს დეკრეტს, კანონს კრებისას?
საფრანგეთის პირველ დამფ. კრებამ ეს კითხვა ადვილათ გადასჭრა. დეკრეტის თუ კანონის ამსრულებელია მეფე, რომელიც აყენებს მინისტრებს. აი, სწორეთ ამით დაირღვა მისი კონსტიტუცია, ვინაიდან მეფემ არ მოისურვა აესრულებია ის კანონები, რომელიც მას არ მოსწონდა და ამიტომ ის მუდმივ განხეთქილებაში იყო დამფუძნებელ კრებასთან.
რესპუბლიკაში აღმასრულებელი ძალა გამომდინარეობს დამფუძნებელი კრებიდან.
პარლამენტალურ რეჟიმში დგება სამინისტრო პარლამენტის უმრავლესობისაგან და პასუხისმგებელია მის წინაშე. თუ სამინისტროს პოლიტიკა ან პროექტები არ მოიწონა პარლამენტმა, - ის სამსახურს თავს ანებებს და დგება მეორე სამინისტრო.
დამფუძნებელი კრება არასოდეს ასე არ მოქცეულა, ვინაიდან ის მოწვეულია ბრძოლისათვის და იძულებული ხდება აღმასრულებელ ძალას, მის გარეთ მდგომს, მტრულად შეხვდეს და საქმეების საჩქაროდ გამოსასწორებლად მისი ფუნქციები რამოდენიმეთ თვით მიისაკუთროს.
საფრანგეთის პირველი დამფუძნებელი კრებაც კი, მიუხედავად მეფის დიდი სიყვარულისა, პირველსავე სხდომებზე ჩაერია აღმასრულებელი ძალის საქმეებში, თვით დაიწყო სურსათის საქმეების მოწყობა და დამშეული ხალხის ამ გზით დახმარება. აქ იგი სამინისტროს არ ენდო.
საკანონმდებლო კრება აუქმებს მეფის და სამინისტროს ბრძანებას პარიზის მერის პეტიონის გადაყენების შესახებ. კონვენტი პირველსავე სხდომაზე დაადგა სრულიად ახალ გზას: მან გადასწყვიტა სამინისტროს სავსებით დამორჩილება, თავისი ბრძანების ამსრულებლად გადაქმნა. ამ მიზნით მან დაადგინა: მინისტრათ არ შეიძლება იყოს დეპუტატი, რომ ამით მინისტრს გავლენა არ მოეხდინა დეპუტატებზე და კონვენტში თავისი მომხრეების უმრავლესობა არ შეეყენებია. ამ დეკრეტის ძალით დანტონი გამოვიდა სამინისტროდან, კონვენტმა თვით აირჩია მინისტრები. ესენი იყვნენ კონვენტის ნების ამსრულებელნი, ამიტომ მათ შორის არ იყო ეგრეთ წოდებული სოლიდარობა, ე.ი. სამინისტრო არ წარმოადგენდა სოლიდარულ კაბინეტს და არ ყოფილა მუდმივი თავმჯდომარე. ამ პირველ სამინისტროში იყო არჩეული ორი მოწინააღმდეგე: როლანდი (ჟირონდელი), პააშე (იაკობინელი), რომელნიც მუდმივ იბრძოდენ კაბინეტში.
კონვენტი თავის შეხედულობით ზოგ მინისტრს სცვლიდა, ზოგს სტოვებდა. როცა როლანდმა სამსახურიდან გასვლის ქაღალდი შეიტანა კონვენტში, კონვენტმა დიდი კამათის შემდეგ, წინააღმდეგ იაკობინელთა, პააშიც გააძევა; მათ მაგიერ სხვები დანიშნეს. ამ წესით მინისტრი გახდა პირდაპირი მოსამსახურე. მარა, ესენი რომ პირნათლად ასრულებდენ თავიანთ მოვალეობას, - დაუყენეს მეთვალყურე; კონვენტმა აირჩია ზედამხედველი კომიტეტი.
მიუხედავად ამისა, სამინისტრო აპარატი მაინც არ აკმაყოფილებდა კონვენტს. სამინისტრო გადაიქცა ბიუროკრატიულ დაწესებულებათ, სადაც საქმე სწრაფათ ვერ კეთდებოდა, ხოლო დრო კი არ იცდიდა. ომში დამარცხებამ გამოიწვია მთავრობის ცენტრალიზაცია, - ერთი სწრაფათ მომქმედი ცენტრის შექმნა, რომელსაც ემორჩილებოდა ყველა სამინისტ. ყველა კომისიები. ამ მიზნით კონვენტმა დააარსა საზოგადო ხსნის კომიტეტი, მას დაუმორჩილა სამინისტროები და აგრეთვე კომიტეტები სამხედრო, დიპლომატიური და საზოგადო მყუდროების, ე.ი. ყველა ძაფები საგარეო და საშინაო უზრუნველყოფის თავი მოუყარა ერთ ცენტრში და ის აღჭურვა ნამდვილი მთავრობის უფლებით. მას შეეძლო მინისტრების განკარგულებანი გაეუქმებინა ან დამატებითი განკარგულებანი გამოეცა და სხვ.
საზოგადო ხსნის კომიტეტი მეთაურობდა სამხედრო საქმეს, შინაგან მყუდროებას, სურსათს, ნიშნავდა სარდლებს, მოხელეთ და სხვ. ის, არჩეული ერთი თვით, გრძელდებოდა ყოველ თვის გასულს.
ამ ცვლილებამ გამოიწვია დიდი აურზაური. ზომიერები თხოულობდნენ „კონსტიტუციონურ სამინისტროს“, სრულიად დამოუკიდებელს კონვენტისაგან (კონსტიტუციით მინისტრებს ირჩევს კონვენტი დეპარტამენტების კანდიდატებისაგან). იაკობინელები თხოულობდნენ მთავრობას რევოლიუციურს და არა კონსტიტუციურს. შედეგი ამ დავისა იყო კონვენტის შემდეგი დეკრეტი: „საფრანგეთის მთავრობა არის რევოლიუციური საერთო მშვიდობიანობამდის. სამინისტრო, მინისტრები, გენერლები, დაწესებულებები არიან დაყენებულნი საზოგადო ხსნის კომიტეტის მხედველობის ქვეშ, რომელიც კვირაში ერთხელ ანგარიშს აძლევს კონვენტს. რევოლიუციური კანონები უნდა იქნას ასრულებული სწრაფათ, ვინაიდან მთავრობის სიგვიანე არის მიზეზი უმთავრობის; ამიტომ დანიშნულ იქნება ვადა კანონის ასრულებისა. ამ ვადის შემცვლელი იქნება დასჯილი, როგორც თავისუფლების მტერი“.
ამით აღმასრულებელი ძალა გადავიდა კონვენტის ხელში. მინისტრები გადაიქცნენ უბრალო ტიკინებათ, მეტ ბარგათ და კონვენტმა ისინი ჩქარა სავსებით გააუქმა. სამინისტროს ალაგას არჩეულ იქნა 12 კომისია:
1) კომისია სამოქალაქო დაწესებულებათა, პოლიციის და სასამართლოების;
2) კომისია სახალხო განათლების;
3) კომისია მიწათ-მოქმედების და ხელოვნების (დეს არტს);
4) კომისია ვაჭრობის და სურსათის;
5) კომისია საზოგადო მუშაობის;
6) კომისია საზოგადო დახმარების;
7) კომისია გზის და ფოსტა-ტელეგრაფის;
8) კომისია ფინანსების;
9) კომისია ხმელეთის ჯარის ორგანიზაციის და მოძრაობის;
10) კომისია ზღვის და ახალშენების;
11) კომისია იარაღის, თოფის წამლის და მადნების;
12) კომისია საგარეო დამოკიდებულების.
ყველა ეს დაუმორჩილეს საზოგადო ხსნის კომისიას, რომელიც შედგებოდა 24 პირისაგან. ასე რომ, ეს კომისიები არსებითად იყო უკანასკნელის ბიუროები. კონვენტი ამით სავსებით დაემსგავსა ინგლისის გრძელ პარლამენტს, რომელმაც 1649 წ. თავი მოჰკვეთა მეფეს, გამოაცხადა რესპუბლიკა და მთელი ძალა-უფლება თავის ხელში დაიტოვა; ის მართავდა არჩეული კომისიებით.
9 ტერმოდორს შემდეგ ზომიერები გამხნევდნენ, ძალა მოიკრიბეს და გადასწყვიტეს საზოგადო ხსნის კომიტეტის დამხობა. კონვენტმა მიიღო მათი წინადადება: მოსპო ერთი ცენტრი მართველობისა, აირჩია 15 კომისია და მათ შორის გაყო შრომა. ხსნის კომიტეტი მხოლოდ ერთი ამ კომისიათაგანია, მეტი არაფერი. მაგრამ ეს კომისიები, იგივე სამინისტროები გადაიქცნენ, ერთმანეთში დაუკავშირებელნი, ერთი ალთას, მეორე ბალთას; მოქმედება მოდუნდა, ბიუროკრატიული სახე მიიღო; სისწრაფე დაიკარგა, მიწერ-მოწერა კომისიებს შორის გართულდა. ოცი ჯარისკაცის გაგზავნა რაიმე უწესრიგობის ჩასაქრობათ იწვევდა სამ-ოთხ უწყებას შორის მიწერ-მოწერას, შეთანხმებას და მერე ასრულებას. საქმეები გვიანდებოდა. აქედან ცხადია ის, რომ სახელმწიფო მექანიზმის გამარტივება და ამის გასწრაფება ხდება არა იმით, რომ საქმეებს უძღვება საპარლამენტო კომისიები, არამედ იმით, რომ არის ერთი ცენტრი, ერთი დირიჟორი, ერთი ცენტრალური უწყება, რომელიც ამოძრავებს დანარჩენთ და მათ უძღვება.
აი, ეს კითხვა დაისვა კონვენტში. დეპუტატები თხოულობდენ, რომ კომისიებს მისცემოდა უფლება მხოლოდ კანონპროექტების შემუშავების და წარმოდგენის; აღმასრულებელი ძალა მიეცემოდა მხოლოდ საზოგადო ხსნის კომიტეტს. ზომიერთ ეშინოდათ ამ კომიტეტის ასე გაძლიერება და ბოლოს კონვენტმა მიიღო ასეთი წინადადება: კომისიები იქნებიან კანონპროექტის შემმუშავებელნი, ხსნის კომიტეტს ექნება უფლება აღმასრულებელი ძალის, გარდა პოლიციის ფუნქციებისა, რაც რჩება საზოგადო მთავრობების კომიტეტს: მას არ ექნება უფლება წარმოადგინოს კანონპროექტები და არც რაიმე ბრალდება დეპუტატის წინააღმდეგ.
ეს წესი დიდხანს არ ყოფილა პრაქტიკაში, ვინაიდან ჩქარა ახალი კონსტიტუცია იქნა შემუშავებული და ძალაში შესული. კონვენტი დაიშალა, მის ალაგას მოვიდა ორი პალატა (საბჭო ხუთასის და საბჭო უხუცესთა), რომელმაც, თანახმათ კონსტიტუციისა, აირჩია დირექტორია ხუთი პირისგან შემდგარი (ოქტომბერი 1795). დირექტორია აყენებდა მინისტრათ, მარა პალატების წინაშე პასუხისმგებელნი იყვენ დირექტორები და არა მინისტრები (იყო 7 მინისტრი). წელიწადში იცვლებოდა დირექტორიის ერთი მეხუთედი, ე. ი. გამოდიოდა ერთი და მის ალაგას ირჩევდენ სხვას.
დირექტორიის არჩევა ნიშნავდა არა მოსამსახურის, არამედ ბატონების არჩევას, რაიცა ჩქარა დამტკიცდა იმით, რომ, როცა მათ მოღალატეებს შორის ჩამოვარდა კონფლიქტი, დირექტორიის უმრავლესობამ (სამმა) მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, დაატყვევა ორი დირექტორი მოწინააღმდეგე დეპუტატებმა და ასე პალატაზე გაბატონდენ. ეს იყო წინამორბედი ნაპოლეონის გადატრიალების და მონარქიის აღდგენის.
ეს მოკლე მიმოხილვა გვიჩვენებს მნიშვნელობას და აუცილებლობას სწრაფი, მარტივი და მომქმედი სახელმწიფო აღმასრულებელ ძალისა. აი, ამ მიზანს უმორჩილებდა კონვენტი თავის მრავალნაირ ცდას ამ დარგში და მას ეძებდა მუდამ.
დამფუძნებელი კრება 1848 წ. ადგენს აღმასრულებელ ძალას ხუთი პირისაგან, რომელნიც არიან იმავე დროს მინისტრები თავის ბრძოლაში მუშებთან. დამფუძნებელი კრება გამოდის, როგორც მთავრობა, ხოლო მინისტრები - მისი მოსამსახურენი. მან ჩააბარა კოვენიაკს დიქტატორობა და სხვ.
დამფუძნებელმა კრებამ 1871 წ. აირჩია პრეზიდენტი გრევი, ხოლო აღმასრულებელი ძალის მეთაურად - ტიერი, რომელმაც შეადგინა კაბინეტი. დღევანდელი პარლამენტარული რეჟიმი საფრანგეთისა შვა ლიბერალებმა და მარჯვენა რესპუბლიკანელებმა 1875 წ. კონსტიტუციით, რომელიც პირია ბელგიის კონსტიტუციისა იმ გამოკლებით, რომ აქ მონარქი, იქ კი - პრეზიდენტია.
ამნაირად, ჩვენ ვხედავთ ორგვარ ტიპს მთავრობის ორგანიზაციისა დამფუძნებელ კრებათა მიერ გარდამავალ რევოლიუციურ ხანაში: ან და კრება თვით აცხადებს თავის თავს აღმასრულებელ ძალად სხვადასხვა კომისიის სახით, ან და ის ნიშნავს ერთ პირს აღმასრულებელი ძალის მეთაურად და მას ანდობს მთავრობის შედგენას; არის შუათანა წესიც - კრება ირჩევს ყველა მინისტრებს. მარა გაჭირვების, კრიზისების დროს ეს სისტემა ყოველგან უარყოფილ იქნა თვით კრების მიერ, ვინაიდან ასეთი არჩევნები იძლევა მინისტრებს ერთი მეორეზე დამოუკიდებელთ, ხშირად მოქიშპეთ, რითაც სახელმწიფო მანქანა მძიმდება და დუნდება. ამიტომ კონვენტმა ეს მოსპო და მთელი ძალა საზოგადო ხსნის კომიტეტს გადასცა, ხოლო 1848 წ. კრებამ აღმასრულებელი ძალის მეთაურად ხუთის მაგიერ აირჩია ერთი - კოვენიაკი - და მან შეადგინა კაბინეტი ხუთი პირისაგან.
რაც შეეხება თვით დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს, - არასოდეს ერთი პირი დიდ ხანს არ ყოფილა, - კონვენტში ის ყოველ თვე იცვლებოდა; ასევე იყო თითქმის ყოველგან. ფუნქცია დამფუძნებელი კრებისა ჩვენშიაც ის უნდა იყოს, რაც ყოველგან ყოფილა - დეკრეტებით ჩარევა არა მარტო კანონმდებლობაში, არამედ მმართველობაშიაც. ეს ცოტაა, დამფუძნებელი კრება თვით ხდება მსაჯულად, თავს აცხადებს უმაღლეს სასამართლოდ დიდ პოლიტიკურ პროცესებში. არა ერთი და ორი მოღვაწე გაასამართლა კონვენტმა და ინგლისის გრძელ პარლამენტმა.
ერთი სიტყვით, დამფუძნებელ კრებას, როგორც შეუზღუდავი კონსტიტუციით, კანონებით და რაიმე ფორმით, შეუძლია მოიმოქმედოს ყველაფერი, ბუნების და ისტორიის საზღვრებში, რასაკვირველია. რაც უფრო მეტი გაჭირვება ადგია ქვეყანას, მით უფრო მეტ უფლებას იჩენს კრება, მით უფრო მეტად დიქტატორობს.
ჩვენი დამფუძნებელი კრება უეჭველია აიღებს შუათანა ხაზს, ვინაიდან ჩვენ არც დიდ გაჭირვებაში ვართ და არც დალხინებაში, ე.ი. იმ დაბრკოლებების დასაძლევად, რომელიც ჩვენ წინ გვიდგას, საჭირო არ იქნება დიქტატურა კონვენტისებური, მარა ვერც პარლამენტარული ბიუროკრატიზმი გვიშველის.
ამბობენ, დამფუძნებელი კრება ჩვენი პარლამენტის განმეორება იქნებაო, ცოტა მეტი გავლენითო. ეს შემცდარი აზრია. ცხადია, დამფუძნებელი კრება მიაჩნიათ პარლამენტად არც მეტად, არც ნაკლებად, მაშინ როდესაც ის პარლამენტი სრულიად არ არის. პარლამენტი დგება კონსტიტუციის ძალით, ხოლო კონსტიტუციას იძლევა დამფუძნებელი კრება იმით, რომ ჩვენს ნაციონალურ საბჭოს პარლამენტი დავარქვით. მართლა პარლამენტი არ გამხდარა და თვით ეს სახელი მას ისე შეეფერება, როგორც ძროხას - უნაგირი. ის არსებითად დარჩა ნაციონალურ საბჭოდ. ჩვენ პრაქტიკულად შემოვიღეთ პარლამენტარული რეჟიმი, თუმცა საამისო არც კონსტიტუცია გვაქვს და არც ადათი. ჩვენ მხოლოდ მივბაძეთ რუსეთის დუმას, თითქოს უკეთესი მაგალითი ქვეყნად არ მოიძებნებოდეს. ერთი მთავარი მიზეზთაგანი ჩვენი მოუწყობლობის ბრალი არის ის, რომ ჩვენმა პარლამენტმა მართლა პარლამენტად წარმოიდგინა თავი, არ მიითვისა დამფუძნებელი კრების ზოგი ფუნქცია და არ ჩაერია პირდაპირ აღმასრულებელ ძალის მოქმედებაში. არსად არც ერთ რევოლიუციურ, გარდამავალ, უკონსტიტუციო ხანაში ეს არ მომხდარა. ვინაიდან ჩვენი დამფუძნებელი კრება ივლის საშუალო გზით, აღმასრულებელი ძალის სავსებით თავის ხელში დატოვება არ დასჭირდება; ეს შეიძლება მოახდინოს დიდი კრიზისის დროს, როცა საჭიროა გმირული საშუალებების გამონახვა ქვეყნის სახსნელად. მარა იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, საკმარისი იქნება მან აირჩიოს ერთი პირი აღმასრულებელი ძალის მეთაურად და მას მიანდოს კაბინეტის შედგენა და წინამძღოლობა. მაგრამ ეს არ იკმარებს, თუ თვით კაბინეტის ორგანიზაცია არ გამოიცვალა და ახალ ნიადაგზე არ დადგა. გარდამავალ ხანაში საჭიროა მინისტრები რაც შეიძლება ნაკლები იყოს, ხოლო აპარატი - სწრაფი და მოძრავი. ის აპარატი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, წარმოადგენს ვეებერთელა ტვირთს, რომელიც აწევს ჩვენს რესპუბლიკას და მას ხელ-ფეხს უბორკავს. ეს არის მემკვიდრე ნიკოლოზის ბიუროკრატიის, კერენსკის წყობილების, კომისარიატის ნამოქმედარის. ერთი სიტყვით, აქ დომხალივით არეულია სხვადასხვა ნაკეცები და ყველა ეს ერთი სახელმწიფო აპარატი გვგონია. დამფუძნებელმა კრებამ ეს ერთიმეორეზე მექანიკურად შეკოწიწებული აპარატი სავსებით უნდა დაშალოს, უვარგისი ელემენტი გამოაგდოს, ვარგისიანი ერთად შეკრას და აღმასრულებელ ძალას ჩააბაროს. პირველათ ყოვლისა, უნდა მოხდეს სამინისტროთა რიცხვის შემცირება. საფრანგეთის დიდ რევოლიუციასაც არ ყოლია შვიდ მინისტრზე მეტი, ჩვენ კი ცხრამდი გავიჭიმეთ. მე მგონია, ოთხი სავსებით საკმარისია. უწყებები გაიყოფა ამნაირათ:
1) სამინისტრო თავის დაცვისა შედგება ორი დეპარტამენტისაგან: სამხედრო და საგარეო საქმეთა;
2) სამინისტრო შინაური საქმეებისა - დეპარტამენტები: საზოგადო მყუდროება, სასამართლო, განათლება;
3) სამინისტრ. სახ. მეურნ. - დეპარტამენტები: ფინანსები, ვაჭრობა-მრეწველობა, სახელმწიფო ქონება, სასოფლო მეურნეობა, მიმოსვლა, შრომა. თვითოეულ დეპარტამენტს ეყოლება თავისი დირექტორი, რომელნიც მინისტრთა თათბირში მონაწილეობას იღებს სათათბირო ხმით.
მაშასადამე, იქნება სამი მინისტრი, მეოთხე - თავმჯდომარე.
ყველა სამინისტრო თავმჯდომარიანათ იქნება მოთავსებული ერთ შენობაში, რომ თავმჯდომარეს უკეთ შეეძლოს თვალყურის გდება და თვით უწყებათა შორის იყოს სწრაფი მიმოსვლა.
შეიძლება მესამე სამინისტრო თავისი სიდიდის გამო გაიყოს ორად; მაშინ მივიღებთ ხუთ მინისტრს.
ერთ შენობაში მოთავსება თავისთავათ მოგვცემს შტატის შემცირებას, ვინაიდან შესაძლებელია იქნას ერთი საერთო ბუხჰალტერი, ერთი საერთო რეგისტრაცია, საერთო გადამწერლები, ექსპედიცია, სტოროჟები და სხვ. ნუ დავივიწყებთ, რომ მრავალი საქმე გადაეცა ერობათა და ქალაქებს, რომელთაც თავისი ცენტრი ეყოლებათ.
დამფუძნებელ კრებამ უნდა აირჩიოს იმდენი კომისია, რამდენიც დეპარტამენტია და მათთან ერთად მუშაობდეს როგორც კანონმდებლობითი, ისე აღმასრულებითი დარგში.
რა დამოკიდებულება უნდა იყოს სამინისტროს და დამფუძნებელ კრების შორის?
მათ შორის არ არის დემოკრატიული ხაზი, ვინაიდან დამფ. კრებას თვით აქვს აღმასრულებითი ძალა. ის თავისი კომისიებით ერევა აღსრულების საქმეებში, ახდენს ყოველგვარ რეორგანიზაციას და ორგანიზაციას და მუშაობს ამ სფეროში სამინისტროსთან ერთად.
მაშასადამე, დამფუძნებელი კრება აღმასრულებითი ძალის ერთ ნაწილს აძლევს სამინისტროს, ხოლო დანარჩენს თვითონ იტოვებს. თუ მათ შორის კონფლიქტია, უკანასკნელი სიტყვა რჩება დამფუძნებელ კრებას.
ჩვენთვის ეს განსაკუთრებით საყურადღებოა - ვინ აიღოს ის ჩვენი ხლამის გამოგვა? - არავის არ ძალუძს, თუ არა დამფუძნებელ კრებას და მის კომისიებს!
ხალხს და დამფუძნებელ კრებას შორის არ არის სამინისტრო, როგორც ეს პარლამენტარულ რეჟიმშია; ის მას პირდაპირ ეკავშირება მთელი თავისი საქმიანობით ხალხს.
განსაკუთრებით ეს არის საყურადღებო.
კამათის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა შემდეგი ტეზისები:
I. დამფუძნებელი კრების მთავარი საზრუნავია, პირველ ყოვლისა, მოახდინოს მართვა-გამგეობის რეორგანიზაცია.
სახელდობრ:
1. შემცირება სამინისტროების;
2. შემცირება შტატების;
3. ორგანიზაცია აღმასრულებელი ძალის.
II. დამფუძნებელი კრება, გარდა თავისი ჩვეულებრივი მოქმედებისა, - დეკრეტებით, კანონების და კონსტიტუციის შემუშავებით, - აარსებს კომისიებს, რომელნიც თვალ-ყურს ადევნებენ აღმასრულებელი ძალის მოქმედებას და უფლება აქვს, რომ ამ მოქმედებაში ჩაერიოს, როცა საჭიროთ დაინახავს.
დამფუძნებელი კრება ახორციელებს პირდაპირ აღმასრულებელ ძალას მთლათ თუ ნაწილობრივ, როცა ამას ქვეყნის მდგომარეობა მოითხოვს.
ერთობა. - 1919. - 1 მარტი. - N46. - გვ. 2 - N48. - გვ. 2.
![]() |
2.24 ისტორიული დღე |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას სიტყვა
1918 წლის 26 მაისი
დღეს ამიერ კავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ სასახლის თეთრ დარბაზში დაინიშნა საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება. ნაშუადღევის 4 ს. და 50 წთ. საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, გახსნა რა კრება, შემდეგი სიტყვით მიმართა დამსწრეთ:
„მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწამე იყავით ერთი ისტორიული, იშვიათი და ამავე დროს ტრაღიკული აქტისა.
„ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა, ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.
„ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა. და თუ ოდესმე პირველი აღსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა“ (ტაში).
„საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთი ერის, არც ერთი ხალხის, არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
„მისი მიზანია-დღევანდელ ისტორიულ ქარტეხილისაგან დაიფაროს თავისი თავი. და როცა ამას მოახერხებს იგი, დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიად განსაცდელში (ტაში).
„თქვენ კარგად იცით, რომ საქართველო ჩვეულია ბრძოლას თავისი არსებობის დასაცველად. ის საუკუნოებით იბრძოდა, რათა თავისი სულიერი ვინაობა, ნაციონალური ორგანიზმი და ტერიტორია შეენარჩუნებინა, მაგრამ იგი იბრძოდა მხოლოდ თავის დასაცავად.
„ამასთანავე, იგი იბრძოდა არა მარტო ქართველთათვის, არამედ იმ ერებისათვისაც, რომელნიც მოსახლეობდენ მის სახელმწიფოებრივ ფარგლებში.
„მეტსაც ვიტყვი, ის იბრძოდა თავის ფარგლების გარეშეც, აგრეთვე სხვების დასაცველად.
„ეს დიადი ისტორიული მაგალითი ცხოველყოფელ ანდერძად დარჩა ქართველ ხალხს და ეს სრული გარანტიაა იმისი, რომ დღევანდელ ქართველ ერს შერჩენილი აქვს მისი ძირითადი ისტორიული მიდრეკილება შეუსაბამოს ხოლმე თავისი ინტერესი სხვა ერთა ინტერესებს.
„სწორედ ამიტომ, არც ერთი ერი, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები, თუ ჩვენ სახელმწიფოს გარეშე მყოფი, არ უნდა განიცდიდეს ჩვენგნით რაიმე აღელვებას, სულიერ მტკივნეულობას და წყენას.
„და განა დღეს სეიმში არ განაცხადეს სხვადასხვა ორატორებმა, რომ არ არის ისეთი ერი, რომელიც ცუდათ იხსენიებდეს ქართველ ერსო? ეს არის იმის თავმდები, რომ ახალი სახელმწიფო, ახალი მთავრობა სავსებით გაამართლებს ამ იმედებს.
„ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენში მყოფ ერებთან.
„ჩვენ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ერის დიდ ტრაღედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე სცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი-ჩვენს გარეშე.
„ეს არის სომხობა.
„ძველს ანდერძს დღევანდელი ქართველობაც გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთა შორის (ხანგრძლივი ტაში).
„ჩვენ გვსურს კეთილგანწყობილებაში ვიყოთ ამიერ-კავკასიის მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან-მუსულმანებთან. ჩვენ გვინდა, რომ მათ მოგვბაძონ, დაიარსონ ასეთივე სახელმწიფო და შეერთების ხელი გამოგვიწოდონ (მხურვალე ტაში).
„ამასთანავე, ეს მეგობრული დამოკიდებულება ჩვენს გარშემო მყოფ ერებისა, იქნება უფრო მკვიდრი საფუძველი, რომელიც გაამაგრებს ჩვენს შორის ნორჩ სახელმწიფოს და აგრეთვე ამ ერებსაც და საშუალებას მოუსპობს ჩვენს საერთო მოქიშპეთ წიხლი ჩაგვცენ და დაგვანგრიონ.
„ჩვენს სახელმწიფო ფარგლებში მოსახლეობს სხვადასხვა ერთა უმცირესობა. ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისევე უფლება მოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა,-ქართველობა. „ეს ერნი, - შეერთებულნი ერთის დროშის ქვეშ, შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომელნიც ჩვენი ქვეყნის ფარგლების გარეშ იმყოფებიან და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი, რომელიც აღადგენს აქ, ჩვენს წინაშე, დაღუპულს სახელმწიფოს.
„ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატიული კავშირი (ხანგრძლივი ტაში).
„ამრიგათ, ჩვენი სავალი გზა, ჩვენი იდეალი უნდა იყოს ამ კავშირის შედგენა. ეს კავშირი იქნება ის სახელმწიფოებრივი ორგანიზმი, - სახელმწიფოთა კავშირი, - რომელიც საერთო ძალღონით შეკრებილი, მთლიანი წარსდგება გარეშე მტრის წინაშე და დაიცავს თავის თავს (ტაში).
„აი, მაშინ შეიძლება აღსრულდეს ის, რაც სეიმმა ვერ შექმნა.
„და ის, ვინც ახლა შეუგნებლად მიდის ამიერ-კავკასიის ფარგლების გარეშე, - შესაძლებელია, კვლავ მობრუნდეს და საერთო დროშის ქვეშ დადგეს.
„ამით დამყარდება ამიერ-კავკასიის ერთობა და იქ მოსახლე ერების ძლიერება“ (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
შემდეგ ამისა ნ. ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი.
საქართველოს დამოუკიდებლობა
საქართველოს დამფუძნებელი კრება, - არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თფილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
ერთობა. - 1919. - 26 მაისი. - N115. - გვ. 1
![]() |
2.25 თანამედროვე მომენტი და სახ. გვარდ. მიზნები |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება
ამხანაგებო! გვარდიის მთავარმა შტაბმა მე მომანდო თქვენ წაგიკითხოთ მოხსენება თანამედროვე მომენტისა და გვარდიის დანიშნულებისა.
მომენტი შეიძლება იყოს ბევრნაირი.
რა არის მომენტი?
მომენტი არის ასე ვთქვათ, ძალთა და გარემოებათა ისეთი ქსოვილი, რომელშიაც უხდება მოქმედება და ცხოვრება ამა თუ იმ საზოგადოებას.
აი ეს კომბინაცია ძალთა და გარემოებათა შეიძლება იყოს ორნაირი: ერთი შეიძლება იყოს წარმავალი - დღიური ან თვიური; მეორე შეიძლება იყოს უფრო ძირითადი, უფრო მუდმივი და ხანგძლივი, საიდანაც გამომდინარეობს წარმავალი მომენტი.
ავიღოთ მაგალითი: აქ, ჩვენში სხვადასხვა მომენტი იყო, სხვადასხვა ძალთა და გარემოებათა კომბინაცია სხვადასხვა დროს: სხვა მომენტი იყო, როცა მოვიდნენ აქ გერმანელები, სხვა მომენტი იყო, როცა მოვიდნენ ინგლისელები, სხვა მომენტია, როცა ინგლისელები წავიდნენ და სხვა. ასე რომ ეს კომბინაცია იცვლება და ასეთ მომენტს ვუწოდებ - მომენტს წარმავალს.
არის მეორე მომენტი, ანუ ძალთა და გარემოებათა მეორე სახის კომბინაცია, რომელიც არ არის ცვალებადი, რომელიც არ არის წარმავალი, რომელიც ძირითადი და მუდმივია. აი ეს მეორე სახის კომბინაცია ჩვენში ორი წელიწადია არ შეცვლილა. ეს წარმავალი მომენტი აშენებული და აგებულია იმ ძირითად მომენტზე, რომელიც წარმოიშვა რევოლიუციის შემდეგ...
ამიტომ, მე მინდა თქვენ მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა ამ მუდმივ - ახლად შექმნილ ძალთა და გარემოებათა კომბინაციაზე, რომელიც არის ძირითადი, ანუ დედა მომენტი. თქვენ, საერთოდ, წარმოადგენთ შეიარაღებულ ძალას, მაგრამ არა მარტო შეიარაღებული ძალა ხართ თქვენ, თქვენ ხართ ძალა იდეურიც. ჩვენი გვარდია არის შედგენილი სწორედ გვარდიელთა სრული თანხმობით. მაშასადამე, როცა რომელიმე პიროვნება თავისი ნებით იღებს თოფს და გამოდის ასპარეზზე, მას უნდა ჰქონდეს შეგნებული, რისთვის გამოდის ის ბრძოლის ველზე და რას იცავს იგი.
ამით განსხვავდება ჩვენი სახალხო გვარდია მუდმივი ჯარისაგან. იქ არის ერთნაირი იძულებითი გამოყვანა ჯარისკაცთა და შემდეგ, როცა ისინი მოექცევიან აქ, ჩვენს ყაზარმებში, ვცდილობთ, რომ იმათ ვასწავლოთ და ვაუწყოთ, რისთვის არიან ისინი აქ და რა უნდა დაიცვან მათ. მაშინ, როდესაც თვითეულმა გვარდიელმა წინდაწინვე იცის, მან უნდა იცოდეს, თავის დანიშნულება და საქმე. ამიტომ მე, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ამ ძირითად მომენტზე, რომელმაც შექმნა ჩვენი გვარდია. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა აიძულებს ჩვენს მოწინავე დემოკრატიას იყოს არა მარტო პოლიტიკური, არამედ - იარაღიც აისხას და ჩვენი მდგომარეობა დაიცვას. ამიტომ თვითეულმა გვარდიელმა უნდა იცოდეს, რომ, რასაც აკეთებს ის, აკეთებს მართალ საქმეს; ამიტომ საჭიროა მას ჰქონდეს გათვალისწინებული დღევანდელი მომენტი.
არ დავიწყებ შორიდან.
თქვენ იცით, რომ იმ დროს, როცა საქართველო იმყოფებოდა რუსეთის ფარგლებში, ჩვენი სოც. დემოკრატია და საერთოდ სარევოლუციო პარტიები რას ელტვოდენ. იცით, რომ ჩვენ გვინდოდა მთელი რუსეთის ხალხთან ერთად რუსეთის ახალ ნიადაგზე მოწყობა.
ისიც იცით, რომ ეს არ მოხდა.
ჩვენ ვიყავით იძულებული, რომ რუსეთს გამოვყოფოდით და ჩვენი საკუთარი წყობილება მოგვეწყო.
როგორ მოხდა ეს? არის ის ვინმეს ჯიუტობა, თუ მოქმედებდა ისტორიული კანონი?.
ამის მიზეზი ის არის, რომ, როცა ჩვენს ხალხს და რუსის ხალხს მიეცათ საშუალება თავისით ეთქვა თავისი სურვილები, გაეკაფა თავისი გზა, ამ დროს ჩვენმა ხალხმა ერთი სთქვა, რუსის ხალხმა კი - მეორე.
გამოჩნდა, რომ არსი წლის ისტორიას ჩვენს ცხოვრებაში სხვა ჩაუწერია, რუსისაში - კი სხვა. სანამ ჩვენ და რუსებს ერთი ბატონი ყავდა და არ გვანებებდა ჩვენი სურვილები გაგვემხილა, ამ ტლანქ ძალას ორივე ვემორჩილებოდით.
მას შემდეგ, რაც ეს ტლანქი ძალა მოვიშორეთ და თავისუფლება მივიღეთ, აქ გამოჩნდა, რომ ჩვენ ვსთქვით სხვა, - მათ კიდევ სხვა. ჩვენს წინ აღიმართა ორი კულტურული გზა: ერთ გზაზე შედგა რუსის ხალხი, მეორეზე ჩვენ. ეს ორი გზა არ შეერთებულა, არამედ - მიდის პარალელურად - ერთი ერთი მხარით მიდის, მეორე - მეორეთი.
რა გზებია ეს და რამ წარმოშვა იგინი? ჩვენ, მარქსისტებმა, ვიცით კარგად, რომ საკუთრების ფორმაა ის საფუძველი, რომელზედაც შენდება პოლიტიკური, იურიდიული და საერთოდ კულტურული მდგომარეობა ხალხის. ამ საკუთრების ფორმის გარდაქმნასთან ერთად გარდაიქმნება ყოველივე ისიც, რაც მასზე არის დამყარებული.
თანამედროვე ცხოვრება, თქვენ იცით, რომ აგებულია კერძო საკუთრებაზე. ეს საკუთრების ფორმა გაბატონებულა ევროპაშიაც და ჩვენშიაც. ეს ფორმა ჰქმნის საფუძველს, რომელზედაც ჯგუფი, კლასი პიროვნება ვითარდება თვითმოქმედების ნიადაგზე. აქ არის სრული და მძლავრი სულიერი და ნივთიერი დიფერენციაცია. აქ თვითეული პიროვნება წარმოადგენს ერთს პოლიტიკურს და კულტურულს მთლიან ინდივიდუუმს, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, შეხედულება, საკუთარი ინტერესები ...
როდესაც ასეთი ინდივიდუუმები ერთდებიან, ისინი ქმნიან კლასს, რომელიც ძლიერია, როგორც იდეებით, ისე მოქმედებით. ასეთია მთავარი დახასიათება დღევანდელი ევროპის ... ავიღოთ ახლა მეორე მხარე: ავიღოთ ხალხი უფრო ჩამორჩენილი, სადაც არ არის გაძლიერებული თანამედროვე ევროპიული წარმოება და საკუთრების ფორმა. აქ ხალხი პრიმიტიულ მდგომარეობაშია. აქ პიროვნება, ჯგუფი, კლასი არ არის განვითარებული; მათში არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური და კულტურული იდეები, აქ ნაკლებია დიფერენციაცია. აქ ერთი პიროვნება გავს მეორეს, ერთი სოფელი მეორეს, ერთი ჯგუფი მეორეს. აი აქ ცხადია, რომ მეორე ხალხის კულტურული გზა არ იქნება იმის მსგავსი, რომელი გზაც არის და ეკუთვნის პირველ ხალხს. ეს ორი საზოგადოება სხვა და სხვაა. და ამიტომ ისინი მიდიან თვითეული თავის საკუთარი გზით.
ამ თვალით თუ შევხედავთ რუსეთს, იმ რუსეთს რომელიც ბატონობდა და ბატონობს რუსეთში, და საქართველოს, დავინახავთ, რომ ამ ორ ხალხს შორის დიდი განსხვავებაა.
თქვენ იცით, რომ ამ დიდ რუსეთში იყო და თითქმის ახლაც არის თემური მიწათ-მფლობელობა.
მართალია, ამ მიწათ-მფლობელობას ერთნაირი ბრძოლა გამოუცხადა სტოლიპინმა, მაგრამ ეს ბრძოლა არ იქნა დამთავრებული და არც შეიძლებოდა ასეთ მფლობელობაზე აგებულიყო ფსიქოლოგიის ერთი კალმის მოსმით მოსპობა.
აი, ეს თემური მიწათ-მფლობელობა, რომელიც იყო მთელს ევროპაში, ჩვენშიაც და რომელიც მოისპო, ფაქტია დღევანდელ რუსეთშიაც.
მაშასადამე, ის ძირითადი დებულება, რომელიც ახდენს დიფერენციაციას - განსხვავებას ჯგუფსა, კლასს და პიროვნებას შორის, რასაც ვხედავთ ევროპაში, აი ეს ძირითადი მიდრეკილება იყო სუსტი რუსეთში, ვინაიდან აქ იყო თემური მიწათ - მფლობელობა.
ამ მხრივ, უნდა ვსთქვათ, რომ რუსეთის ნივთიერი ყოფა-ცხოვრება ევროპასთან შედარებით იყო და არის ჩამორჩენილი და ამიტომ მისი იდეური თუ პოლიტიკური მსვლელობა იყო და არის ჩამორჩენილი. მხოლოდ ამ თემური ურთიერთობით აიხსნება ის, რომ ეს უზარმაზარი წყობილება, რომელიც დიდი ხანია მოისპო ყველგან ასე გასინჯეთ ჩინეთშიაც კი, ეს წყობილება - მათრახებზე აგებული აგერ 1917 წლამდის იყო და ბატონობდა. აი სწორედ ეს თემური მიწათ-მფლობელობა ჰქმნის იმას, რომ ერთი პიროვნება ნთქავს მეორეს, ერთი სოფელი მეორეს, ერთი ჯგუფი მეორეს და სხვა; აქ ერთი მარჯვე კაცი დაიმორჩილებს მთელ ხალხს, ერთი დიდი ბატონი იყო მთელი ხალხის მეფე.
აქ არ იყო ხალხის თვითმოქმედება, არ იყო საკუთარი აზრი და სურვილი თავისი საკუთარი ძალით ცხოვრების მოწყობისა. აქ არ იყო პოლიტიკური აზრი გავრცელებული, რომ მას წარმოეშვა პოლიტიკურათ აღზრდილი მასა. ასეთი კულტურული მდგომარეობა ქმნიდა იმას, რომ რუსეთში, დიდ რუსეთში იყო შექმნილი ასეთი ურთიერთობა. პატარა რუსეთში, ყუბანში, ყაზახებში შექმნილი სულ სხვანაირი ურთიერთობა იყო. ასეთმა მდგომარეობამ შექმნა ის, რომ რუსეთში არ შესდგა ნიადაგი დემოკრატიული მართველობისა. დემოკრატიული მართველობა ნიშნავს ხალხის უმრავლესობის მიერ თავისი სურვილების გამოთქმას ე.ი. თვითეულ კლასს, ჯგუფსა, პიროვნებას უნდა ჰქონდეს უფლება სთქვას; თუ ეს ასე არ იქნება, მე არ ვარ ამის მომხრეო. მაგრამ ასეთი ლტოლვისათვის საჭიროა, რომ თვით ხალხი იყოს სხვა მდგომარეობაში და ჰქონდეს ის ძირითადი ელემენტები. კოლექტიური და ფსიხოლოგიური ვითარება, რომელსაც ვხედავთ მოწინავე ხალხში და რომელზედაც აგებულია ეს დემოკრატიული წყობილება.
აქ იყო პირიქით: აქ ერთი კაცი უბრძანებდა, ერთი კაცი ბატონობდა, ერთი მეფე სუფევდა და მთელი ხალხი მას მორჩილებდა.
მართალია, რევოლიუციამ შეარყია ეს მდგომარეობა, მაგრამ, თქვენ იცით, რომ ასეთი სულიერი და ნივთიერი მდგომარეობა 1, 2, 3, წელში ვერ მოისპობა.
რევოლიუცია გახდა ერთნაირი დემოკრატიული იდეების მატარებელი, მაგრამ ამ დემოკრატიული იდეების მატარებელი იყო არა მთელი ხალხი, არამედ - მოწინავე ინტელიგენცია.
როცა ჩვენ 1917 წელს ენკენისთვეში ქალაქ პეტროგრადში ე.წ. დემოკრატიულ თათბირზე მოვითხოვეთ, რომ რუსეთში შემდგარიყო დემოკრატიული მთავრობა და კავშირი გაეწყვიტათ ბურჟუაზიასთან, გვიპასუხეს - რუსეთში არ არის დემოკრატიაო - არ არის ისეთი დემოკრატია, რომელსაც შეეძლოს აიღოს ხელში სადავე და მოაწყოს სახელმწიფო რადგანაც ეს არ არის, ამბობდენ ჩვენი ამხანაგები, ამიტომ საჭიროა შევუკავშირდეთ მოწინავე ბურჟუაზიას და მათი საშუალებით დავამკვიდროთ დემოკრატიული წყობილება.
ამას გვეუბნებოდენ არა მარტო რუსები, არამედ - აქაური ჩვენი ამხანაგებიც, რომელნიც იქ მუშაობდენ.
ეს ისეთი აშკარა იყო, რომ ჩვენ - აქაურმა დელეგატებმა ვსთქვით, თუ არ არის დემოკრატია, ბურჟუაზიას მაინც მოშორდება რუსეთი და სხვას დაემორჩილება; ჩვენ ვსთქვით, რომ ეს გათავდება ბალშევიკების გამარჯვებით. ეს მოხდა სწორედ ერთი თვის შემდეგ.
ბალშევიკებმა იცოდნენ ეს, ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთში არ არის დემოკრატია, რომ რუსეთის ხალხს არ შეუძლია მოაწყოს თავისთვის ბატონობა, რომ მიუშვათ მის ჭკუაზე და მის ნებაზე. ამიტომ სთქვეს, რადგან ეს მას არ შეუძლია ამიტომ მაღლიდან მოვახვიოთ თავზე ჩვენი იდეები და წყობილება. ამას მიხვდნენ ბალშევიკები და უნდა ვსთქვათ, რომ ამ აზრის იყო ძველი წყობილების ყველა რეაქციონერი. არის ერთი დიდი წიგნი - პობედონოსცევის, რომელიც იყო სინოდის მეთაური. ის ამ წიგნში ამბობს: ჩვენმა ინტელიგენციამ არ იცის რა არის რუსის ხალხი: თუ რუსის ხალხმა აიწყვიტა, ყველაფერს დაანგრევს, მაგრამ ვერაფერს ვერ შეჰქმნის და ჩვენ იგი გვყავს დაბმულიო.
ბალშევიკები მიხვდენ, რომ ეს ხალხი ჩამორჩენილი, განუვითარებელია, ცხადია, იმავე ბიუროკრატიზმის წყალობით. მიხვდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში, თავის თავად ცხადია, ვერ გამოიცვლიდა თავის ჩვეულებას, ფსიხოლოგიას, და თუ მიუშვი თავის ნებაზე, ისევე მივა ნიკოლოზთან. მაგრამ მათი დანაშაული ის არის, რომ მათ არ მოინდომეს, რომ ეს ხალხი გამხდარიყო პოლიტიკურ დემოკრატიად. ეს პრინციპი - პრინციპი რეაქციონერთა, მიიღეს თავისად - არ არის დემოკრატია და არც უნდა იყოსო.
აი, მათი დანაშაული ესაა და არა ის, რომ მათ გაიგეს საქმის ნამდვილი მდგომარეობა.
ახლა მიუბრუნდეთ ჩვენს - საქართველოს ხალხს; თქვენ აქ იცით, რომ საკუთრების ფორმა არის კერძო საკუთრება; იცით, რომ ჩვენში არ არის თემური მიწათ-მფლობელობა და ამიტომ არც შეიძლება იყოს მასზე აგებული პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობა.
ვიცით, რომ ჯერ კიდევ ძველი რეჟიმის დროს ჩვენი ხალხი მიეჩვია - ზოგი ლეგალურად, ზოგი არა ლეგალურად, - მოეწყო ორგანიზაციები და კულტურული ცენტრები.
მახსოვს მე, ეს იყო 25 წლის წინად, რომ ხალხი თავისი სურვილით ხსნიდა სამკითხველოებს, სკოლებს. მახსოვს მე - ერთხელ ჩემს სოფელში რუსის მოწინავე ინტელიგენტი ჩამოვიდა და, როდესაც გაიგო, რომ აქ იყო გზები, სკოლა, სამკითხველო, ხოლო არ იყო ერობა, ძლიერ გაუკვირდა და სთქვა: ჩვენში ერობა რომ არ იყოს, არც ერთი ეს არ იქნებოდაო. მაშასადამე აქ, ჩვენში, კერძო საკუთრების ნიადაგმა ეს ენერგია, ეს ინტერესი, ეს თვითმოქმედება გაუძლიერა, როგორც თვითეულ პიროვნებას, ისე მთელ ხალხს.
აგრეთვე, თქვენ გახსოვთ, როცა აქ იყო პოლიტიკური არჩევნები, მიუხედავათ ბევრნაირ მუხრუჭებისა და სასტიკი ზომებისა, ხალხი ბევრს რამეს იტყოდა მთავრობის წინააღმდეგ და ის ირჩევდა მუდამ ოპოზიციას - სოციალისტების კანდიდატებს.
ამნაირად ჩვენში მომზადდა ნიადაგი დემოკრატიზმის ან ხალხის მიერ თავისი თავის ბატონობის და მართვა-გამგეობის.
ამნაირად იქ დიდ რუსეთში ხალხი შეიქნა ერთნაირ ობიექტი - საგანი დესპოტიზმისა და დიქტატურისა.
იქ წინათ იყო დიქტატურა ნიკოლოზისა, შემდეგ ლენინისა, ახლა აპირობს დენიკინი, კოლჩაკი და ყველა ეს პირები დგანან ერთს ნიადაგზე - ყველანი უარს ჰყოფენ დემოკრატიზმს.
უარს ჰყოფენ იმიტომ, რომ ისინი ხედავენ: ამ დიდი რუსეთის ხალხს არ შეუძლია, რომ ის იყოს თავისი თავის ბატონი და მხოლოდ დანაშაული მათი ის არის, რომ არ სურთ ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანონ და მიაჩვიონ თავისი თავის ბატონობას - გახადონ პოლიტიკურ დემოკრატიული. ამ სურვილებში ისინი შეერთებული არიან და ამიტომ არის, რომ ასე ვებრძვით ბალშევიკებს და ვამბობთ, ესენი არ არიან სოციალისტები.
აი ასეთი ორი გზა ჩვენი და რუსეთის: ორი პოლიტიკური და კულტურული გზა - ერთი გზა არის გზა ანტიდემოკრატიული და მეორე გზა არის გზა დემოკრატიული.
ამით, რასაკვირველია, მე არ ვამბობ, რომ რუსეთის ხალხი მუდამ ჩარჩება ასეთ მდგომარეობაში.
წარსულში ბევრი ხალხი ყოფილა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ის ამ განსაცდელიდან გამოსულა.
აი, როცა რუსეთის ხალხი ამ მდგომარეობიდან გამოვა და ისიც ისეთივე დემოკრატიული წყობილებით და სურვილებით იქნება გამსჭვალული, როგორც ჩვენ, ცხადია, ჩვენს და მათ შორის გაიბმება ახლო ძაფები და ჩვენ შორის არავითარი რთული კითხვები აღარ იქნება და ხელი - ხელ ჩაკიდებული გავუდგებით საერთო გზას
როდის მოხდება ეს? - ამის თქმა ძნელია.
საფრანგეთის დემოკრატიული წყობილება დასამარდა კონვენტით, განვლო 80 წელი და 1873 წ. დემოკრატიამ საბოლოოდ გაიმარჯვა, საბოლოოდ უარჰყო მონარქიზმი და განამტკიცა რესპუბლიკური წყობილება. მაშასადამე, არც ისე ადვილი საქმეა, რომ ხალხი შეიქნეს პოლიტიკურ დემოკრატიად - დაამყაროს დემოკრატიული წყობილება. მე არ ვამბობ, რომ რუსის ხალხსაც ამდენი დრო დასჭირდეს - აქ უფრო სწრაფად, უფრო ჩქარა იწარმოებს ეს პროცესი, მაგრამ ეს ახლო მომავლის საქმე მაინც არაა.
და ვინაიდან ამ დემოკრატიული სულის კვეთება და პოლიტიკური დემოკრატიის დამყარება არ მოხდება ახლო მომავალში, - ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენთვის დამოუკიდებულად.
აი, ამისთვის არის მოწოდებული სახალხო გვარდია, რომელიც ამ საქმეს უდგია გუშაგათ და დარაჯათ. (ძლიერი ტაში).
აქედან თქვენ დაინახეთ, რომ აქტი 26 მაისისა, - ეს არის დიდი ისტორიული აქტი, აღმოცენებული არა შემთხვევით, არამედ - დიდი ისტორიულ აუცილებლობაში და ფაქტზე.
თუ გვინდა, რომ ჩვენში იყოს დემოკრატიის ბატონობა - დემოკრატიზმი და არა დიქტატურა, მაშინ ჩვენ იძულებული ვართ ჩვენი საკუთარი საშუალებით შევქმნათ და ავაშენოთ დემოკრატიის ბატონობა.
აქედან თქვენ ხედავთ, რომ გვარდიის მოწოდება, მისი საბუთები - იდეური და პოლიტიკური, საბუთები თავის მოქმედების გასამართლებლად მეტად დიდი და მძლავრია.
უნდა იყოს გვარდია დარწმუნებული, რომ, თუ იგი იცავს საქართველოს, იგი იცავს ამავე დროს თავის თავს, საქართველოს მუშების და გლეხობის ბატონობას.
მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან: ღირს განა ამდენი დავიდარობა ამისთვის; რა გააკეთეთ, თქვენი საქმეები რა საქმეებია? . . . რა გავაკეთეთ? - ნამდვილი დიქტატურა მუშების და გლეხების არის აქ ჩვენში.
მაგრამ ეს დიქტატურა არის მოპოვებული არა დიქტატორული გზით, არამედ გზით დემოკრატიულით.
არავინ არ იფიქროს, რომ რუსეთში იყოს ნამდვილი დიქტატურა მუშების და გლეხების.
რომ ეს ასე იყოს, მაშინ უამრავლესობა მუშების და გლეხობის მიემხრობოდა მათ - ბალშევიკების წყობილებას.
თუ ეს ასეა, მაშინ რატომ შეეშინდათ, რომ ხალხისთვის მიეცათ უფლება თავის სურვილი გამოეთქვა? ალბათ იმიტომ რომ მაშინ გამოჩნდებოდა, რომ ეს ხალხი არ მიემხრობა მთავრობას;
იქ არის დიქტატურა ჯგუფისა, შეიარაღებული ჯგუფისა, ის მოვლინებულია შეიარაღებული ძალით მაღლიდან და ისინი ბატონობენ როგორც მუშებზე, ისე გლეხებზე და არ ანებებენ გამოსთქვან თავისი აზრი, ვინაიდან იციან, რომ ეს აზრი არ იქნება მათი სასარგებლო. აქ, ჩვენში, სრულიად თავისუფალი - დემოკრატიული გზით მუშებმა და გლეხობამ შეადგინეს თავისი მთავრობა.
ასეთი მთავრობა ჩვენ რომ არ შეგვედგინა და მოვქცეულიყავით ისე, როგორც რუსეთში, ე.ი. დავყრდნობოდით შეიარაღებულ ძალას, მაშინ აქაც გაღვივდებოდა სამოქალაქო ომი.
აი, ახლა, როცა აქ შესდგა ნამდვილი მართველობა და მთავრობა ამ მუშებისა და გლეხებისა დემოკრატიული გზით და სრულიად ერთსულოვნად, მის წინაშე შავი რეაქცია იძულებულია ქედი მოიხაროს და დაემორჩილოს მას. აქ არ არის სამოქალაქო ომი და არც შეიძლება იყვეს იქ, სადაც არის დემოკრატია. სამოქალაქო ომი არის იქ, სადაც ბატონობს დიქტატურა და დესპოტია.
ჩვენ ეს გავაკეთეთ, ერთ და იმავე დროს დავიცავით დემოკრატიული წეს-წყობილება და შევქენით მთავრობა მუშების და გლეხების ინტერესების გამომხატველი მართველობა.
აი ამიტომ იყო ჩვენში შესაძლებელი, რომ უსიხსლოთ და უომრად მომხდარიყო უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის რეფორმა, ისეთი რეფორმა, როგორიც არის აგრარული რეფორმა.
ეს აგრარული რეფორმა არის უდიდესი რეფორმა იმიტომ, რომ ასე ფართედ და რადიკალურად მიწის საკითხი წმინდა დემოკრატიული გზით არც ერთს რევოლიუციას ევროპაში არ გადაუწყვეტია. ეს მოხდა ჩვენში. ამ წესებმა ამ დემოკრატიული გზით მართველობის და მთავრობის შედგენამ ჩვენ მოგვცა ის, რომ არა მარტო მიწის მფლობელი, არამედ - კაპიტალისტიც იძულებულია თავი მოიხაროს ამ ფაქტის წინაშე, და დაემორჩილოს სოციალისტურ რეფორმებს. ჩვენში სოციალური რეფორმის წარმოება არ არის ადვილი; არ არის ადვილი იმიტომ, რომ ჩვენში, როგორც იცით თქვენ, მრეწველობა და კაპიტალისტური წარმოება არ არის განვითარებული. მაშასადამე, საწარმოვო ძალები არ არის განვითარებული იმდენათ, რომ მან აიტანოს ყოველგვარი რეფორმები. აი, აქ საჭიროა მოხდეს შეერთება, მოხდეს კომბინაცია ისეთი, რომ სოციალური რეფორმები ეთანხმებოდეს საწარმოვო ძალთა განვითარებას და პირიქით, ჩვენი საწარმოვო ძალთა განვითარება უნდა ეთანხმებოდეს მუშათა ინტერესების დაცვას.
აი სწორედ ჩვენში დღევანდელი სოციალური რეფორმები ამ ფარგლებში ტრიალებს და ჩვენ ვცდილობთ, ამოგვეწურა ის შესაძლებლობა, რასაც კი იძლევა ჩვენი ნივთიერი ყოფა - ცხოვრება.
აქ, ვამბობ მე, ინტერესი მუშათა კლასის და საწარმოვო ძალთა განვითარების ერთნაირია. მაგრამ ერთნაირი არ არის ინტერესი საწარმოვო ძალთა განვითარების და კაპიტალისტის.
თუ კაპიტალისტი იღებს ბევრს შემოსავალს, ის არ სწუხს ეს ძალები იქნება განვითარებული თუ არა, პირიქით მისი ინტერესი მოითხოვს, რომ ეს ძალები არ განვითარდეს.
ამიტომ მე ვამბობ, რომ აი აქ, ჩვენში, წინ უნდა იყოს დაყენებული სოციალურ რეფორმების გატარების დროს ინტერესი არა კაპიტალისტის, არამედ საწარმოვო ძალთა განვითარებისა და მუშათა კლასის. აქეთ არის დღეს მიმართული ჩვენი სოციალური რეფორმები.
უნდა ვსთქვათ, რომ რასაც საქართველოში ამ მხრივ დღეს ვაკეთებთ, ამის მსგავსს ვერ ვხედავთ სხვაგან, რომ იქიდან გადმოვიღეთ მაგალითი, ან იმათ წავბაძეთ. ეს იმიტომ, რომ არც ერთს უცხო სახელმწიფოში არ არის დღეს მუშათა პარტიის ბატონობა. თვით გერმანიის მუშათა პარტიას არა ყავს დღეს უმრავლესობა დამფუძნებელ კრებაში და ის იძულებულია შევიდეს ბლოკში სხვა პარტიებთან და ამნაირად კომპრომისული პოლიტიკა აწარმოოს.
ამიტომ ჩვენ ვართ იძულებული საკუთარი გზით ვიაროთ და ვაშენოთ სახელმწიფო, სადაც სოციალური რეფორმები უნდა იყოს მიმართული საწარმოვო ძალთა განვითარებისაკენ.
ჩვენ შეგვიძლია დღეს შევიდეთ დამფუძნებელ კრებაში და გამოვაცხადოთ აქ სოციალიზმი. ეს ჩვენ პოლიტიკურად ყოველთვის შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ეს ეკონომიურად. და ვინაიდან ეკონომია არის საფუძველი დანარჩენი მხარეებისა, ამიტომ ჩვენ ვდგევართ ეკონომიური რეფორმების გზაზე.
მაგრამ არ შეგვიძლია იმიტომ, რომ, როცა ირგვლივ და მთელს ევროპაში ბატონობს კაპიტალისტური წყობილება, როცა იქ ბაზარი კაპიტალისტების ხელშია, როცა იქ მეფობს საერთო კონკურენცია, არც ერთ ხალხს არ შეუძლია ამ კონკურენციას თავი დააღწიოს და შიგნით სოციალური წყობილება დაამყაროს.
რუსეთში არ არის სოციალიზმი, ეს თავის მოტყუებაა. არავის სოციალური წყობილების დამყარება არ შეუძლია, თუ იგი არ არის ევროპაში. როცა რევოლიუცია იფეთქებს მთელს ევროპაში და ბაზარი იქნება მათ ხელში, მაშინ შეიძლება ხალხების აყვავება. ამიტომ მარქსი, ენგელსი ამბობდენ, რომ სოციალური რევოლიუცია არის საერთაშორისო, ის არ შეიძლება იყოს ნაციონალური, ის უნდა მოხდეს მოწინავე ქვეყნებში, რომ ჩამორჩენილმა ქვეყნებმა ამით ისარგებლონ.
თქვენ იცით, რომ 60-ან წლებში რუსეთის რევოლიუციონერთა შორის იყო გაბატონებული ერთი აზრი: ვინაიდან რუსეთში არის სათემო მიწათ-მფლობელობა, რუსეთს შეუძლია არ გაიაროს კაპიტალისტური ხანა და გადავიდეს ამ პრიმიტიულ მდგომარეობიდან სოციალიზმში. ამ აზრის განხორციელება თავს იდვეს ბალშევიკებმა.
მაგრამ ეს აზრი, რასაკვირველია, მერე უარყვეს; რუსეთის ნაროდნიკებმა კითხეს მარქსს: შეიძლება თუ არა ესე მოხდეს რუსეთშიო. მან უპასუხა: ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში იფეთქებს სოციალური რევოლიუცია, თუ მთელს ევროპაში გაიმარჯვებს სოციალიზმი, და ამას აჰყვება რუსეთი.
ეს აზრი, რომ სოციალური რევოლიუცია მოხდება ჯერ მოწინავე ქვეყნებში და მერე ჩამორჩენილში, არის მუდმივი აზრი ყველასი ჩვენი მოძღვარ მარქსიდან დაწყებული.
აქედან ცხადია, ჩვენ რომ დამფუძნებელ კრებაზე გამოვაცხადოთ სოციალიზმი, ეს იქნება ერთნაირი ბუტაფორია, ერთნაირი დეკლამაცია, ტრაბახი; საქმეს აგვიშლის და არაფერს გააკეთებს.
ამით ჩვენ ვამბობთ, სანამ აქ მართვა გამგეობა იქნება მუშათა და გლეხთა წარმომადგენლების ხელში, მანამ ჩვენი პოლიტიკის მიზანი იქნება, რომ ჩვენი პროგრამმა მინიმუმი განვახორციელოთ, ე.ი. პოლიტიკური და სოციალური რეფორმების განვითარებით თანდათან მივიდეთ ამ საბოლოვო გზასთან - სოციალიზმის განხორციელებასთან; აქ ვიყოთ მზად, თუ ევროპაში, სოციალურმა რევოლიუციამ იფეთქა, ჩვენ უომრად და უჩხუბრად შეგვეძლება ამ სოციალური რევოლიუციის აქ მოხდენა და ევროპის ერებთან ერთად ხელი ხელ ჩაკიდებული სიარული. და რომ ეს ასე უნდა მოხდეს - ეს უეჭველია. ევროპას თუ უნდა ცხოვრება, ის უნდა დაადგეს სოციალიზმის გზას. მას არ ძალუძს ძნელ ნიადაგზე გადაჭრას დღევანდელი საჭირ-ბოროტო კითხვები. ომის მიერ შექმნილი ეკონომიკური კალაპოტის აღდგენა მხოლოდ სოციალისტური საშუალებებით შეიძლება, ამ მხრით ევროპა შექანდება. ამ დროს ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურად მზათ და ასეთი მომენტით ვისარგებლებთ და ეს პატარა ხალხი - ეკონომიურათ ჩამორჩენილი, აჰყვება მოწინავე ერებს და მათთან ერთად შევა სოციალიზმის სამეფოში.
აი, ასეთია ჩვენი დღევანდელი მოქმედება, ჩვენი დღევენდელი ტაქტიკა. გვარდია არის მოწოდებული ეს მოქმედება, ეს ტაქტიკა დაიცვას.
თუ ჩვენ წაგვერთმევა თავისუფლება, თუ აქ შემოიჭრება დესპოტი და დიქტატორი, თუ ჩვენ მოგვესპო თვითმოქმედების საშუალება, ცხადია, რომ სოციალური რევოლიუცია, სოციალური მიზანი იქნება დიდხანს დამარხული ჩვენ ვიქნებით გამოთიშული იმ მსოფლიო რევოლიუციიდან, რომელიც უნდა მოხდეს ევროპაში.
ამიტომ თვითეული გვარდიელი, მათი მთავარი შტაბი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის აკეთებს საერთო საქმეს და ამაში მას ეჭვი არ უნდა ჰქონდეს.
ჩვენი დემოკრატიული რეფორმები მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ხალხი არ ასცდეს პოლიტიკურ დემოკრატიის გზას, ჩვენს მიზანს, ის მუდამ უნდა იყოს თავისი ბედის შეგნებულათ მმართველი. ეს უნდა მოხდეს არა პროპაგანდა, არამედ პრაქტიკულათ, უნდა შევქნათ ჩვენი ისეთი ფორმები მმართველობისა, რომელნიც გაწვრთნიან ხალხს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს წვრილ და მსხვილ ერობებს. უკანასკნელის საშუალებით ხალხი თავის ჭკუით იკაფავს გზას. ამნაირათ ჩვენი ძირითადი მომენტი, რომელზედაც აგებულია სხვა მომენტები ხასიათდება, იმით, რომ საქართველოს დემოკრატია - და მასში სახალხო გვარდია იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ ამით მან დაიცვას პოლიტიკური და სოციალური თავისუფლება.
ის როცა სისხლს ღვრის აქა-იქ ფრონტებზე, უნდა იცოდეს, რომ ეს სისხლი წმინდა სისხლია. საჭიროა სისხლის დაღვრა არა მარტო იქ, არამედ იქ შიგნითაც.
ვინც მოინდომებს ამ ჩვენი ისტორიული გზის, ამ დემოკრატიის მიერ შექმნილ წყობილების დამხობას, მის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული გვარდიის ხმალი. ვინ მოინდომებს ამას? . . . ამას მოინდომებენ რეაქციონერები მარჯვნივ, ანარქისტები მარცხნივ.
ეს იქნება ჯგუფი, ეს იქნება უმცირესობა და ვინც უმრავლესობის წინააღმდეგ ამოიღებს ხმალს, იმასა ხმალს უკანვე ჩავაგებიებთ.
არაა ადვილი დემოკრატიული წყობილების დამკვიდრება, პოლიტიკური დემოკრატიის შექმნა. არ ყოფილა ჯერ მაგალითი ისტორიაში, რომ რევოლიუციის პირიდან გამოსულიყო დემოკრატია:
საფრანგეთში იყო რევოლიუცია - ბატონობა იაკობინელთა, ეს ბატონობა იყო ისეთი, როგორიცაა ბალშევიკების ბატონობა; ეს იყო მათი დიქტატურა და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ რევოლიუციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ რეაქცია - იმპერატორი ნაპოლეონი, შემდეგ მეფე ლუდვიგი, მერე კარლოსი, მერე რევოლიუცია, მერე მეფე ლუი ფილიპე, რევოლიუცია, რესპუბლიკა იმპერიით, კიდევ რევოლიუცია და მხოლოდ 1873 წლიდან გამტკიცდა დემოკრატიული რესპუბლიკა. არც ერთი რევოლიუციიდან, ინგლისის რევოლიუციიდანაც კი, არ გამოსულა პოლიტიკური დემოკრატია. რადგანაც ძველი რეჟიმი არ აძლევდა ხალხს ნებას თავისუფლად ეაზროვნა და ამიტომ ხალხი არ იყო მიჩვეული თვითმოქმედებას.
ამიტომ ჩვენ ვახდენთ ერთგვარ ექსპერიმენტებს, რომ რევოლიუციის შემდეგ შეიქნეს მუდმივი, მკვიდრი, დემოკრატიული წყობილება და ამ წყობილებაში - დემოკრატიის ბატონობა.
ასეთი ისტორიული ამბის მოწმენი ვართ, ამის მომქმედნი ვართ, ამას ვქმნით და ეჭვი არ უნდა ჰქონდეს არც ერთს გვრდიელს, რომ ის ქმნის დიდს ისტორიულ მაგალითს, ისტორიულს საქმეს.
მე გავათავე, ბოლო უნდა გითხრათ, რომ თვითეული კლასი თვითეული ხალხი იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. ამ ბრძოლას მაშინ აქვს ნაყოფი, როცა ის იღებს შესაფერ ფორმას, როცა ის მიდის სწორი გზით.
თუ ის არ მიდის სწორი გზით, თუ ის არ იღებს შესაფერ ფორმას, ის მალე განადგურდება.
ჩვენი დემოკრატია მოძრაობს აქ სწორი გზით, სწორ ფორმით, რომ ეს სწორი გზა და სწორი ფორმაა, ამას გვიმტკიცებს ის, რომ, მიუხედავათ ათასგვარ დაბრკოლებათა, ჩვენ დღემდის მოვედით გამარჯვებული და ამ სახლში იკრიბებოდა ჩვენი საუკეთესო დემოკრატია, და ვიკრიბებით დღესაც. ეს არის გვარდიის მთავარი დანიშნულება, რომ მან ჩვენი ხალხი დაიფაროს იარაღით ხელში, ხოლო ჩვენ - უიარაღონი დავეხმაროთ პოლიტიკურათ, რომ ის არ გადასცდეს ამ სწორ გზას, არ ჩავარდეს უფსკრულში არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
ამ სწორი ხაზის დასაცავად მოგიწოდებთ თქვენ აქ და თქვენთან ერთათ მთელს გვარდიას. (მხურვალე ტაში - ოვაციები).
ერთობა. - 1919. - 19 სექტემბერი. - N 212. - გვ. 2
![]() |
2.26 მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება*
ამხანაგებო! ჩემი დღევანდელი მოხსენების საგანს ის კი არ შეადგენს, რაც ჩემს დაუკითხავათ გაზეთებში იყო გამოცხადებული. დღევანდელი პოლიტიკური მომენტი დიდათ არ განსხვავდება იმისაგან, რაც ამ რამდენიმე ხნის წინათ იყო. ამიტომ დღეს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ თქვენ ის, რაც ჩვენ - მთავრობის წევრები, ვალდებულნი ვართ მოვახსენოთ პარტიულ ორგანიზაციებს. თქვენი დავალებით, პარტიის დავალებით, ჩვენ შევედით მთავრობაში და მოვალენი ვართ გაგაცნოთ თქვენ დროგამოშვებით ჩვენი მუშაობა წარსულში და ის გეგმები, რაც მომავალ მუშაობისთვის გვაქვს განზრახული. გზა და გზა მე შევეხები, რასაკვირველია, პოლიტიკურ მომენტსაც, ვინაიდან ამას მჭიდრო კავშირი აქვს ჩვენს მუშაობასთან.
ჩვენი მუშაობა ორი მიმართულებით სწარმოებს: საგარეო და საშინაო პოლიტიკა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ რამოდენიმე თვის წინათ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ საგარეო პოლიტიკას ვაქცევდით; მაშინ ვფიქრობდით, რომ საგარეო პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული ჩვენი შინაური მდგომარეობა; ჩვენ გვჯეროდა, რომ პარიზის კონფერენცია მალე იცნობდა ჩვენს დამოუკიდებლობას, გაარჩევდა ჩვენს საქმეს და ამის შემდეგ, საერთაშორისო ნორმებით უზრუნველყოფილნი მთელის ენერგიით შევუდგებოდით შინაური მდგომარეობის მოწესრიგებას მაგრამ, როგორც იცით, საზავო კონფერენციაზე ჩვენი კითხვა ჯერ არ დასმულა და ვინ იცის, როდის დაისმება. ჩვენ ამას ანგარიში გავუწიეთ და მალე დავრწმუნდით, რომ ჩვენი საგარეო მდგომარეობა სავსებით დამოკიდებულია შინაურ მუშაობაზე, - იმაზე, თუ როგორ შევსძლებთ ჩვენი შინაური საქმეების მოგვარებას. ამ რიგათ, მთავარი ცენტრი სახელმწიფოებრივ მუშაობისა, სახელმწიფოებრივ ცხოვრების ქვაკუთხედი, საერთაშორისო ნორმებიც საშინაო პოლიტიკაა და ჩვენც ამას მივაქციეთ მთავარი ყურადღება. მაგრამ ამასთანავე არ შეგვიწყვეტია მუშაობა საზღვარ გარეთაც. იქ შემდეგ მეორე დელეგაციაც გაიგზავნა და ჩვენი მუშაობა უცხოეთშიაც საკმაოდ თვალსაჩინოა. მაგალ., შვეიცარიიდან ჩამოსული პირი გადმოგვცემს რომ დასავლეთ ევროპაში ქართველებს ეხლა ყველა იცნობს, რაც ჩვენი დელეგაციის მუშაობას უნდა მიეწეროს. გაიგზავნა ჩვენი დელეგაცია იტალიაში, სადაც მას დიდის სიმპატიითა და პატივისცემით შეხვდენ; იტალიის ყველა გაზეთები ქართველებისადმი კეთილგანწყობილების გრძნობებს გამოსთქვამენ.
მაგრამ, მოგეხსენებათ, მთელი ეს მუშაობა მარტოოდენ პროპაგანდაა; და ისიც მოგეხსენებათ, რომ ვერავითარი პროპაგანდა, ვერავითარი პოლიტიკა ვერ გასჭრის თუ შინაური საქმეები ვერ მოვაგვარეთ. აქ ჩვენ პირველყოვლისა უნდა დაგვემკვიდრებია კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულება იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ჩვენს ირგვლივ სცხოვრობენ.
როდესაც ამიერ-კავკასიის სეიმი დაიშალა და ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მე ვთქვი: მართალია, ჩვენ ვიშლებით, ვსცილდებით ერთმანეთს, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ სხვა დროს და სხვა სახით ჩვენ ისევ შევკავშირდებით. ეს მიზანი, შეკავშირება - ფედერაცია იქნება ის, თუ კონფედერაცია - ჩვენ არ გაგვიშვია მხედველობიდან და ამ მხრივ განვაგრძობდით ჩვენს მუშაობას. მუშაობას უნაყოფოთ არ ჩაუვლია.
დამოუკიდებლობის პირველ თვეებში ახალ დაარსებულ ერთეულთა შორის დამოკიდებულებაში უნდობლობა იყო გამეფებული. ამ უნდობლობის სამწუხარო შედეგათ უნდა ჩაითვალოს ის ომი, რომელსაც შარშან დეკემბერში ჩვენსა და სომხეთს შორის ჰქონდა ალაგი. მაგრამ ისტორიულმა აუცილებლობამ თავისი გაიტანა: ჩვენი მეზობლებიც თანდათან დარწმუნდენ იმაში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უერთმანეთოთ ცხოვრება, რომ ჩვენ გადახლართული ვართ ერთი მეორეზე ეკონომიურის, პოლიტიკურის და სხვ. ძაფებით; და ჩვენც შევძელით შევთანხმებულიყავით ჯერ ადერბეიჯანთან, შემდეგ სომხეთთან. ამ გზით ჩვენ ბოლოს მივალთ, ალბათ, იქამდე, რომ შესაძლებელი იქნება დაარსდეს ერთი კონფედერატიული სახელმწიფო. ამ მხრივ ჩვენ არ გვიღალატია, მაშასადამე, იმ მიზნისთვის, რომელიც დავისახეთ.
ჩვენ არა ვართ კარგ დამოკიდებულებაში ერთ მეზობელთან. ეს არის მოხალისეთა სამეფო. ჩვენ არ ვიცით, რა სახელმწიფოა, ან არის თუ არა იგი სახელმწიფო (სახელათ „ჯარი“ ეწოდება). მაგრამ მას უკავია დიდი ტერიტორია ჩვენ მეზობლათ, ჰყავს თავის მფლობელობის ქვეშ ბევრი ხალხი და ჩვენც იძულებული ვართ ანგარიში გავუწიოთ ამას. თქვენ იცით, რომ ეს სახელმწიფო ძველი რეჟიმის მომხრეებისაგან შესდგება; ამიტომ ცხადია, მათ ეჯავრებათ, როგორც ბალშევიკები, ისე ჩვენ. ამიტომ ისინი შემთხვევას არ უშვებენ, რომ თავს დაგვესხან, მაგრამ ამისთვის მათ ძალა არ ყოფნით. ისე კი ყოველ წუთში ცდილობენ ზიანი მოგვაყენონ, - მაგ. დააკავეს ჩრდილო კავკასიაში ჩვენი ნახევარი მილიონი ფუთი ფქვილი, გამოაცხადეს ბლოკადა, არ უშვებენ ჩვენს ნავთ-სადგურებში არა მარტო რუსეთის გემებს, - ცდილობენ ჩვენი გემიც არ შეუშვან; ამ მხრივ წაგვართვეს კიდეც ჩვენი გემი სოხუმიდან გაგრაში მიმავალი. ასეთი განწყობილება ჩვენდამი მოხალისეთა სარდლობისა გვავალებს ფხიზლათ ვიყოთ, რომ თავი დავიცვათ ყოველგვარ აგრესიულ მოსალოდნელობისაგან. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და წამოვიყვანეთ მათი 3-4 გემი (ტაში). თუ ისინი არ დასცხრებიან და გაბედავენ ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმას, - მაშინ ჩვენ ვაჩვენებთ მათ, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
ეხლა მოგახსენებთ ჩვენი შინაური მუშაობის შესახებ.
აქ სამი მომენტი უნდა გავარჩიოთ: 1) მმართთველობის სისტემა, 2) ადმინისტრაცია, 3) ეკონომიური პოლიტიკა.
შარშან, სახალხო სახლში, პარტიულ კრებაზე ჩემი მოხსენების დროს („სოციალ დემოკრატია და სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია“) მე ვსთქვი: სახელმწიფოებრივი ძალა უფლება განაწილებული უნდა იქნას ცენტრსა და პერი ფერიებს შორის, ე.ი. სახელმწიფოს აღმაშენებლობით მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც მთავრობამ, ისე ხალხმა, მასსამ. ამ მიზნით ჩვენ მოვაწყეთ ერობები და გადავეცით მათ არა მარტო თვითმართველობის, არამედ მმართველობის ფუნქციები. საქართველო, მგონი, ერთად ერთი სახელმწიფოა, სადაც ცენტრალურ მთავრობას არა ყავს მოხელენი; ცენტრალური მთავრობა მხოლოთ საერთო სახელმძღვანელო დირექტივების მიმცემი ორგანოა; მას ჰყავს მხოლოთ ჯარი, რომელიც ხალხის შვილებიდან შესდგება. ასეთი მდგომარეობა არც ერთ სახელმწიფოში არ არის. სხვაგან ცენტრსა და პერიფერიებს შორის მუდმივი ბრძოლა არსებობს; ამიტომ ცენტრი იჭერს თავისთვის არა მარტო ჯარს, არამედ - მოხელეთა მთელ არმიას და მის ხელშია მთელი სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება. ეს იქ იმიტომ ხდება, რომ გამეფებულია კლასიური დიქტატურა, რომ სახელმწიფოს სათავეში უდგას გაბატონებული ბურჟუაზიული კლასი, რომლის მტრებია სხვა კლასები და რომ ძალა უფლება ხელიდან არ გაუვარდეს, - იძულებულია ხალხი მართვა-გამგეობას ჩამოაცილოს. ჩვენში კი ბატონობა მუშათა დემოკრატიას ეკუთვნის და ამიტომ ცენტრსა და პერიფერიებს შორის ჰარმონიაა დამკვიდრებული.
ჩვენ პირველათ დავაარსეთ სამაზრო ერობები, შემდეგ კი შევუდექით თემების შექმნას. ასეთი პოლიტიკა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი: ჩვეულებრივათ ჯერ უნდა მომხდარიყო თემების მოწყობა. თემები - ეს ის ორგანოებია, რომლებიც ყველაზე უფრო ახლოს დგანან ხალხთან და რომელზედაც ემყარება სახელმწიფო; ამიტომ მეტი სახელმწიფოებრივი უფლებები იმათ უნდა ეკუთვნოდეთ; მთავრობის საუმჯობესო დასაყრდნობი ორგანო თემებია. დასავლეთ ევროპაში, როგორც ვთქვით, პერიფერიას ძალიან ცოტა უფლებები აქვს; მაგრამ სამაზრო ერობებთან შედარებით თემები მეტი უფლებებით სარგებლობენ. ჩვენც განზრახვა გვაქვს გავაფართოვოთ თემების უფლება და უკანასკნელი სათანადო იურიდიულ ნორმაში ჩამოვასხათ. მთავრობას არ ეშინია ხალხის გაძლიერების, ამიტომ იგი ცდილობს გააძლიეროს თემები და შემდეგ შეაკავშიროს ისინი ძლიერ ერობათა ცენტრში. მთავრობა ეხმარება ქალაქთა კავშირს, რომელიც უკვე მოხდენილათ განაგებს საქალაქო საქმეებს. ჩვენ ასეთივე გეგმა გვაქვს ერობათა ცენტრის მიმართ, რის შემდეგაც შევეხებით ქალაქთა კავშირისა და ერობათა ცენტრის გაერთიანებას, რათა ამ გზით ავამუშაოთ ხალხის თვითმოქმედება სახელმწიფოს საკეთილდღეოთ. ამ მხრივ უკვე არსებობს მოლაპარაკება ერობათა ცენტრსა და ქალაქთა კავშირის შორის.
მეორე დიდი კითხვა საშინაო პოლიტიკისა არის კითხვა ადმინისტრაციის შესახებ. ერთი წლის წინათ ჩვენ ადმინისტრაციაში ქაოსი იყო გამეფებული. დღეს მდგომარეობა ბევრათ უმჯობესია. მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენი ადმინისტრაცია იდეალური არ არის. ადმინისტრაციამ კარგათ უნდა შეასრულოს მთავრობის განკარგულებები, იგი უნდა იყოს კარგი მოხელე. ეს ადვილი საქმე არ არის. ქართველი ყველაზე უფრო გლახა მოხელეა. ეს ადვილი ასახსნელია, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართველებს არას დროს არ უხდებოდა ასეთი როლის შესრულება: ჩვენში ადმინისტრატორებათ ძველათ რუსები იყვენ; შემთხვევით თუ გამოერეოდა ქართველი იშვიათად. ცნობილია, რომ ყველაზე კარგი მოხელე გერმანელია, შემდეგ მას მოჰყვება ფრანგი, ინგლისელი და სხ. ჩვენი მოხელე უნდა აღიზარდოს; ისინი უნდა შევაჩვიოთ დისციპლინას. ხშირად ისინი - ადმინისტრატორები სცდილობენ თავიანთი ინიციატივის გამოჩენას იქ, სადაც მათ მხოლოდ მთავრობის განკარგულებების შესრულება ევალებათ. საჭიროა მათ შევაგნებიოთ სახელმწიფოებრივი მოვალეობანი. თუ ეს მიღწეული იქნა, - მაშინ ადმინისტრაციის საქმე უფრო მკვიდრ ნიადაგზე დადგება.
მე მინდა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის კითხვის განხილვის დროს კითხვას სასამართლოს შესახებ, ვინაიდან ამ სფეროშიაც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთი დამახასიათებელი მომენტი. აღსანიშნავია, ის მოვლენა, რომ მოსამართლეებს ირჩევენ ერობები და სენატი; მთავრობას არა ყავს თავისი მოხელენი, თავი სასამართლო. ესეც მეტად იშვიათი მოვლენაა და ნიშნავს დიდ ნდობას ხალხისადმი მთავრობის მხრივ. ერთი წლის წინად სასამართლოს საქმე მეტად არეულ დარეული იყო; ამის მიზეზი ის იყო, რომ სასამართლოში თავი ჰქონდათ მოყრილი ათას საეჭვო პირებს. ახალ მოხელეთა გვერდით დარჩენ ძველებიც. დღეს საქმე გაუმჯობესებულია: სასამართლოში არჩეულია ახალი ხალხი. გამოიცა ახალი კანონები. არ შეცვლილა მხოლოდ სამოქალაქო კანონ-მდებლობა; მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს მალე მოვახდინოთ სამოქალაქო კანონთა ყველა 16 ტომის გადასინჯვა და განვდევნოთ იქიდან ის კანონები, რომლებიც უკვე არ შეეფერებიან ცხოვრებას. სასამართლოს ბევრს უსაყვედურებენ იმის გამო, რომ საქმეების გარჩევა ვერ ხდება სათანადო სიჩქარით. მაგრამ ამის მიზეზი ის არის, რომ დარჩენილია ბევრი ძველი საქმეები, რომლების განხილვის შემდეგაც განზრახვაა დაწყებული იქნეს ახალი მუშობა ახალ საქმეების გასარჩევათ.
სამწუხაროთ, უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსიურის და ეკონომიურის მხრით ჩვენ შარშანდელზე უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ფინანსიური პოლიტიკა უარესდება მაშინ, როდესაც ცხოვრების სხვა მხარეები უმჯობესდება. რა არის ამის მიზეზი? თქვენ იცით, რომ დღეს ფინანსიურის მხრივ მთელი ქვეყანა უნუგეშო მდგომარეობაშია. მაგრამ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ჩვენი ფინანსიურ მდგომარეობას აუარესებს ერთი განსაკუთრებული გარემოება. ფინანსები მაშინ გაჯანსაღდება, თუ ეკონომიურ მუშაობასთან ერთად ხალხიც გადასახადებს იხდის; დასავლეთ ევროპაში ხალხს შეგნებული აქვს ეს ჭეშმარიტება. ჩვენი ხალხი კი რევოლიუციის დროიდან გადასახადს არ იხდის. მას არა აქვს შეგნებული, რომ გადასახადი - ეს აუცილებელი მოთხოვნილებაა სახელმწიფოებრივობისა.
დასავლეთ ევროპის ხალხისათვის ეს თავისთავათ იგულისხმება; ჩვენში კი ხშირათ გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: „ბეჭდეთ ფულები“-ო. ამას ზოგიერთი პარტიული ამხანაგიც იმეორებს და ივიწყებს პოლიტიკურ ეკონომიის ანბანურ ჭეშმარიტებას. ერთ ერთ ერობამაც კი გამოიტანა დადგენილება, რათა არ გადაახდევინონ გადასახადი ხალხს. ჩვენი მთავრობის მიზანია მოვაწყოთ გადასახადის აკრეფის საქმე ისე, როგორც ეს თანამედროვე სახელმწიფოს შეეფერება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ბიუჯეტში დიდი დეფიციტია, რომ ბონები ხალხის ვალია; ჩვენ ამ ვალს ყოველდღიურათ ვიხდით იმ ზედმეტ მანეთების სახით, რასაც საქონელის ფასის ახალი გადიდება ითხოვს. ბონებზე აღნიშნული შეხედულება ჩვენი პოლიტიკური ჩამორჩენილობის დამამტკიცებელია.
ფინანსიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო ფისკალური ზომებით, არამედ ეკონომიურ შემოქმედების გზითაც. დამფუძნებელ კრებაში ოპოზიცია ჩვენ ყოველთვის იმას გვიკიჟინებს, რომ თქვენ არა გაქვთ ეკონომიური პროგრამაო. მაგრამ ისინი სცდებიან: ჩვენ გვაქვს ეკონომიური პროგრამა, რომელიც მართალია ძირითადათ განსხვავდება მათ პროგრამიდან.
ეკონომიურ პოლიტიკაში დღეს ორი მიმდინარეობა იბრძვის: ერთი ბალშევიკური, მეორე - ლიბერალური. პირველი აღიარებს, რომ დღეს სოციალისტური რევოლიუცია ხდება, სოციალიზმთან ახლო ვართ და ამის მიხედვით სოციალიზმის სამეფოში შესასვლელათ საკმაოა დეკრეტებით სოციალიზაციის აღიარებაო.
მეორე მიმდინარეობის აზრით კაპიტალი ხელშეუხებელია, კერძო ინიციატივას უნდა მიეცეს განუსაზღვრელი უფლებები, განუსაზღვრელი ასპარეზი მუშაობისათვის, ჩვენ ამათგან არც ერთ შეხედულებას არ ვიზიარებთ: პირველი უსაფუძვლოა, მეორე - მოძველებული, რეაქციონური. ეხლა სოციალიზმიდან ჩვენ კიდევ უფრო შორსა ვართ, ვინემ ომამდე ვიყავით! თუ კი სოციალიზმი შიმშილსა და გაღატაკებას ნიშნავს, მაშინ ჩვენ მართლაც მიახლოვებული ვართ მასზე. ბალშევიკებს დაავიწყდათ სოციალიზმის საფუძვლები; მაგრამ ჩვენ, მარქსისტებმა, კარგად ვიცით, რომ სოციალიზმი წარმოების უმაღლესი ფორმაა და რომ მისი განხორციელება შეუძლებელია საერთო სიღატაკისა და საწარმოვო ძალთა დაშლის დროს. ომმა მიგვიყვანა ასეთ სიღატაკემდე და წარმოების დაშლამდე. აი რატომ ვამბობთ ჩვენ, რომ ჯერ არ დამდგარა დრო სოციალიზმის განხორციელებისა. თქვენ იცით, რომ ავსტრიის მუშათა საბჭომ უარი განაცხადა ძალა-უფლების აღებაზე, ვინაიდან ავსტრიის მუშებმა კარგად იციან, რომ ამას შიმშილობის გაძლიერება მოყვებოდა. საფრანგეთის სინდიკალისტებმაც აგრეთვე კარგად იციან, რომ ბალშევიკურ გზებს შიმშილობა სიღატაკისაკენ მივყევართ. ამრიგათ, ომმა გაანადგურა წარმოება; და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყველა ჩაებმება საერთო მუშაობაში. მხოლოდ ეკონომიურ მოქმედების ყველა ფორმების გამოყენებით შეიძლება დანგრეულ ეკონომიურ ცხოვრების მოწესრიგება. სახელმწიფოს, ერობებს, ქალაქებს, კოოპერატივებს, კერძო კაპიტალს, - ერთის სიტყვით - როგორც კოლექტიურ, ისე კერძო ინიციატივას უნდა მიეცეს მოქმედების საშუალება. თუ წარმოების ორივე დასახელებულ ფორმას, - კოლექტიურ და კერძო ინიციატივას მიეცემა საშუალება აამუშაოს მთელი თავისი შემოქმედებითი ენერგია, - მაშინ მათი მუშაობით შესაძლებელი იქნება ფეხზე დადგეს ეკონომიური ცხოვრება, მაშინ გაუმჯობესდება მდგომარეობა და შეიქმნება ნიადაგი სოციალისტურ წარმოების სისტემის განსახორციელებლათ. თუ ამ დროს ძალა-უფლება ჩვენს ხელში იქნება, - ჩვენი ქვეყანა უმტკივნეულოთ გადავა სოციალიზმში; ეს იქნება სოციალიზმი დოვლათზე და აყვავებულ წარმოებაზე დამყარებული, და არა ბალშევიზმი, რომელიც თან ატარებს სიღატაკესა და დაშლას.
ამრიგათ, მხოლოდ შრომითა და წარმოების განვითარებით შეიძლება ომის მიერ დაშლილ-განიავებულ ღირებულებათა შექმნა. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ რეკვიზიციაზე, რომლის მიზნათაც უკვე შექმნილ ღირებულებათა განაწილების დასახვა შეიძლება. რეკვიზიციის სისტემის გამართლება მხოლოდ რევოლიუციონურ დროის პირობებით შეიძლებოდა. ეხლა კი ჩვენი მთავარი მიზანია ეკონომიური ცხოვრების აღდგენა; ეს შესაძლებელია არა რეკვიზიციით, - შექმნილ ღირებულებათა განაწილებით, - არამედ წარმოების აღორძინებით. არა რეკვიზიცია, არამედ წარმოება.
არის წარმოების ორი ფორმა: კოლექტიური და კერძო. არც ერთმა მათგანმა დღეს დღეობით არ უნდა დაჩაგროს მეორე. თუ ჩვენ დღეს უპირატესობას კოლექტიურ წარმოებას მივსცემთ, თუ შევბოჭავთ და ჩავახრჩობთ კერძო ინიციატივას, - ჩვენ ვერ მივაღწევთ დასასრულ მიზანს: ჩვენ გამოვიწვევთ ეკონომიურ რეგრესს. ჩვენ ისე უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, რომ არც ერთი დარგი წარმოებისა არ უნდა იქნეს ამ ჟამათ ერთი მეორეზე გაბატონებული; ეს ორი დარგი უნდა მუშაობდეს პარალელურათ. სახელმწიფოს, ქალაქების, ერობების მუშაობა იმ გზით უნდა მიმდინარეობდეს, რომ არ მოესპოს საშუალება მოქმედებისა კერძო ინიციატივასაც. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ჩვენ ჩვენი მიზანი განვახორციელოთ, ავაღორძინოთ და ავაყვავოთ ჩვენი ქვეყანა.
სწორეთ ამ მოსაზრებებით ვხელმძღვანელობდით ჩვენ, როდესაც მომარაგების სამინისტრო დავაარსეთ, რომელმაც ეკონომიური ცხოვრება უნდა მოაწესრიგოს. ჩვენის ღრმა რწმენით რესპუბლიკის ფინანსიურ ეკონომიური მდგომარეობის გაჯანსაღება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ საქმეში სახელმწიფო ჩაერევა აქტიურათ; სახელმწიფომ ფართე დახმარება უნდა აღმოუჩინოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მაგრამ იმ პირობით კი, რომ იურიდიული ნორმები, როგორც კოლექტიურ ფორმისთვის, ისე კერძო ინიციატივისთვის ერთი და იგივე იყოს. ჩვენ მომარაგების სამინისტრო შრომის სამინისტროს შეუერთეთ; და ეს განზრახ მოვიმოქმედეთ: ახალ სამინისტროს მიზანს შეადგენს პირველ საჭიროების საგნები მიაწოდოს პირველ ყოვლისა მუშათა კლასს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო საჭიროებს ასეთ დახმარებას. ბუნებრივია ამიტომ მისი შრომის სამინისტროსთან შეერთება, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს სდგას მუშათა კლასთან.
აი პროგრამა, რომლის გატარებასაც მთავრობა ეცდება ცხოვრებაში. აი განზრახული გეგმა მომავალ მუშაობისა. მთავრობა შესძლებს ამ პროგრამის განხორციელებას მხოლოდ თქვენი დახმარებით. ჩვენი მთავრობა სოციალდემოკრატიული მთავრობაა, რომელიც თქვენ პარტიულ ორგანიზაციებმა აღჭურვეთ ძალაუფლებით. პარტია პასუხს აგებს ჩვენი მოქმედებისათვის: ჩვენი გამარჯვება - თქვენი გამარჯვებაა, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები, თქვენი შეცდომებიცაა.
ამიტომ თქვენ დიდის ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ჩვენს მუშაობას და ჩვენს გეგმებს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტივობა თფილისის ორგანიზაციამ უნდა გამოიჩინოს, რომელიც ყველაზე უფრო ახლო სდგას მთავრობასთან და შეძლება აქვს თვალყური ადევნოს ჩვენს მუშაობას. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს კრიტიკას და ვიხელმძღვანელებთ ამით ჩვენს მომავალ მუშაობაში (ტაში).
მთელ რიგ შეკითხვებისა და კამათის შემდეგ მიღებულ იქნა რეზოლიუცია, რომელშიაც პარტიულ ორგანიზაციათა კონფერენცია იწონებს მომხსენებლის ყველა მოსაზრებებს და დებულებებს.
______________
*) წაკითხული თფილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციათა კონფერენციაზე 9 დეკემბერს.
ერთობა. - 1919. - 17 დეკემბერი. - N287. - გვ. 2-3.
![]() |
2.27 მუშათა სასახლის საზეიმო გახსნა |
▲ზევით დაბრუნება |
28 დეკემბერს თფილისის პროლეტარიატმა ზეიმით გახსნა თავისი სასახლე, რუსთაველის ქუჩაზე მთელი სახლი წითელი დროშებით და გირლიანდებით იყო მორთული. 2 საათისათვის დარბაზი მუშებით გაივსო. გახსნას დაესწრენ დამფუძნებელი კრების და მთავრობის წევრები, თფილისის თვითმართველობის წარმომადგენელნი, საქართველოს პროფესიონალურ კავშირთა საბჭოები და სხვ.
[...] მთავრობის სახელით სიტყვას ამბობს ნ. ჟორდანია. მის გამოსვლას ცხარე ტაშით ხვდება დარბაზი. ყველანი ფეხზე დგებიან და ოვაციებს უმართავენ. უცბათ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება. ყველა სმენათ გადაიქცა. ორატორი იწყებს: ამხანაგებო, ნება მომეცით, მოგილოცოთ თქვენ მუშათა სასახლის გახსნა. ეს სახლი გარეგნულათ სრულიად არ გავს მუშათა სახლს. არც ეს ქუჩა გავს იმ ქუჩებს, რომლებზედაც უხდებოდათ ცხოვრება მუშებს. და აი, მუშათა სასახლის გახსნა სწორედ ამ სახლში, რომელიც აგებული იყო მაღალი კლასებისათვის, სწორედ ეს გვიჩვენებს დღევანდელი მდგომარეობის აზრს, შინაარს. ეს ჩვენ გვიჩვენებს რევოლიუციის აზრსაც, გვიჩვენებს იმასაც, რომ მუშები გამოდიან თავიანთი ბნელი, ვიწრო ქუჩებიდან და იკავებენ საუკეთესო სახლებს ჩვენ დედა ქალაქ თფილისისა. მას შემდეგ, რაც მუშებმა დაიპყრეს პოლიტიკური ძალა უფლება და დაიკავეს ის სასახლე (დამფუძნებელი კრების სასახლე), სრულიად ბუნებრივია ამ მუშათა სასახლის დაკავება. და აი, ამ სასახლის გახსნა გვიჩვენებს, რომ მუშები უფრო ახლო დგებიან, მჭიდრო კავშირს იკავებენ იმ ხალხთან, რომელნიც იმყოფებიან იმ სასახლეში და რომლებიც თქვენზე ეყრდნობიან. ჩვენ მიჩვეული ვართ თქვენგან დირექტივების, დახმარების მიღებას და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ კვლავ არ მოგვაკლებთ ამ დახმარებას, გააგრძელებთ თქვენს პოლიტიკას.
თუმცა თქვენი პროფესიონალური კავშირები პოლიტიკას არ ეწევიან, მაგრამ წმინდა პროფესიონალური მოძრაობა არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს. და აი, თქვენ უნდა გვიკარნახოთ დირექტივები და ჩვენ მათ ცხოვრებაში გავატარებთ მუშათა კლასის სახელით, მისი ინტერესების მიხედვით.
აი ამ სახლში გაერთიანებულია თფილისის პროფესიონალური კავშირები და მე ვისურვებდი, რომ ამ სახლში გაერთიანებულიყვნენ მთელი საქართველოს კავშირები. ეს ცოტაა, მე ვისურვებდი, რომ ეს საღი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, გადასროლილ იყოს საქართველოს საზღვრების გარეშე, განსაკუთრებით ბაქოში და სხ. ცენტრებში. გილოცავთ დღევანდელ ბრწყინვალე დღეს [...] (ცხარე ტაში).
ერთობა. - 1919 - 30 დეკემბერი - N 298. გვ. 1-2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919. - 30 დეკემბერი. - N 296. - გვ. 3.
![]() |
3 პოლემიკა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თფ. მუშ. და ჯ.-კ. დეპ. საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს ნ. ჟორდანია
29 მაისის სხდომა
მიმდინარე მომენტზე ვრცელ მოხსენებას აკეთებს ი. წერეთელი; ის აღნიშნავს საზავო მოლაპარაკების მსვლელობას, ამიერ-კავკასიის მთლიანობის დარღვევის მიზეზებს და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება გამოყავს, როგორც ლოღიკური დასკვნა ამიერ-კავკასიის მთლიანობის დარღვევისა და ერთად ერთი გამოსავალი გზა შექმნილ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობიდან. ის ვრცლად ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ამბობს: ოსმალეთი ამიერ-კავკასიის დაპყრობის გზაზე დამდგარი ულტიმატუმს უყენებს ამიერ-კავკასიას, და როცა ის ამოიშალა სახელმწიფოთა სიიდან, ულტიმატუმს მიმართავს ახალ ნორჩ საქართველოს რესპუბლიკისადმი. აი ასეთ პირობებში ფუჭი იქნებოდა იმაზე ოცნებობა, რომ საქართველო საკუთარი ძალების ამარა მტერს გაუმკლავდებოდა. ცხადი იყო ჩვენ უნდა გვეძია დამხმარე ძალა. ჩვენ ხშირად გვეუბნებიან: რატომ რუსეთს არ მიმართეთო. მე ვაცხადებ გადაჭრით, რომ რუსეთს ჩვენ მივმართეთ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლათ გამოცხადებამდე. მის შემდეგაც, მაგრამ ვერავითარი დახმარება ვერ მივიღეთ. რუსეთი დღეს იმდენათ დაცემული და გახრწნილია, რომ ჩვენ კი არა, საკუთარი თავი ვერ დაუცავს. ის იმდენათ დაუძლურებულ დასუსტებულია, რომ მტრის წინაშე ქედს იხრის და მის საწინააღმდეგოთ სიტყვასაც ვერ იტყვის. ამ პირობებში რუსეთთან ფრონტის გაერთიანება იმ დროს, როცა ოსმალეთი ხმალ ამოწვდილი თავზე გვადგა, დემოკრატიის ფიზიკურათ განადგურება, დაღუპვა იქნებოდა.
საქართველოს ბედის გადაწყვეტა შეეძლო ორ რეალურ ძალას: ოსმალეთს და გერმანიას. პირველის ინტერესები მოითხოვდა ამიერ-კავკასიის და მასთან საქართველოს სავსებით დაპყრობას, მეორის კი - საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთ არსებობას. აი აქ მოხდა ოსმალეთის და გერმანიის ინტერესთა ერთგვარი წინააღმდეგობა. გერმანია ომის დაწყებიდანვე ოცნებობდა, რომ რუსეთის დიდი სახელმწიფო დაენაწილებია რამოდენიმე პატარა სახელმწიფოებათ, რომ რუსეთი, როგორც მეომარი ერთეული, მოშლილიყო. აი აქეთკენ იყო გერმანიის პოლიტიკა მიმართული და დღესაც ამ პოლიტიკას მტკიცეთ ადგია. თუნდაც რომ დავუშვათ, რომ ოსმალეთმა შემოიერთა ამიერ-კავკასია და კერძოთ საქართველო, ცხადი იყო, გერმანიისათვის და ჩვენთვისაც, რომ დესპოტიური ოსმალეთი სულ ვერ შეძლებდა ამიერ-კავკასიის შენარჩუნებას, ამიერ-კავკასიის ერნი ადრე თუ გვიან ოსმალეთის წინააღმდეგ გაილაშქრებდა და ჩვენი კუთხე მეორე ბალკანეთი შეიქნებოდა.
აი, როგორც ვთქვი, ჩვენი ბედის გადაჭრა შეეძლო ორ რეალურ ძალას, ჩვენ ორი ბოროტებისაგან უფრო ნაკლები ბოროტება ვირჩიეთ და გერმანიას შევაფარეთ თავი. ჩვენ გერმანია გვპირდება მფარველობის გაწევას; ცხადია ის ამას ჩვენი სიყვარულის გამო არ შვრება, ამის სასყიდელს ის წაიღებს ჩვენგან, მაგრამ უკეთესი გამოსავალი გზა აღარ იყო: ერს მოელოდა ფიზიკური განადგურება, რომ მას დარჩენოდა ძალა მსოფლიო იდეალებისათვის საბრძოლველათ და საუკეთესო მომავლის გამოსაჭედათ (ხანგრძლივი ტაში).
წერეთლის მოხსენების შემდეგ სიტყვას იღებს ვ. ჯუღელი. ის აღნიშნავს საზავო მოლაპარაკების მიმდინარეობას და ჩვენი დიპლომატიის სისუსტეს, უთითებს კრებას მთავრობის ზოგიერთ, განსაკუთრებით დიპლომატების შეცდომებზე და ამით ხსნის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობას.
ნ. ჟორდანია ეხება ჯუღელის სიტყვას და ამბობს, რომ აქ ამბობენ ასეთი მდგომარეობა შეცდომების შედეგიაო, ეს რო ასე იყოს პირდაპირ ბედნიერება იქნებოდა. ვინც იცის საქართველოს და სომხეთის ისტორია დამერწმუნება, რომ ეს ორი მხარე სულ ოსმალეთის საფრთხის წინაშე ცახცახებდა. აი სწორეთ ამ გარემოებამ აიძულა საქართველო 100 წლის წინეთ რუსეთისთვის შეეფარებია თავი. ისტორიას თავის გზა აქვს. აქ ახლა ორი ძალა იბრძვის. ხალხი პირდაპირ მოითხოვს ოღონდა თათრები მოგვაშორე და ნიკოლოზი დაგვიჯდინე მეფეთო. ამ რიგათ ეს ჩვენი ნაბიჯი ისტორიული აუცილებლობა იყო ობიექტიური პირობების მიერ შექმნილი. მე ღრმათ მწამს, რომ მომავალი თაობა მოწიწებით მოგვიხსენიებს.
წარმოდგენილ იქნა ასეთი რეზოლიუცია:
აღმასრულებელმა კომიტეტმა მოისმინა რა მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლათ გამოცხადების შესახებ, დაადგინა: ცენტრი გააგრძელებს თავის მუშაობას ამიერ-კავკასიის დემოკრატიის გაერთიანების ნიადაგზე ინტერნაციონალური დროშის ქვეშ და ყოველგვარ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკის მთავრობას გარეშე მტრის მოგერიებაში და რევოლიუციის მონაპოვარის შენარჩუნებაში.
რეზოლიუცია მიღებულ იქნა ერთხმათ 2 ხმის წინააღმდეგ.
ერთობა. - 1918 - 31 მაისი. - N110. - გვ. 3
![]() |
3.2 საქართველოს ეროვნულ საბჭოში |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე
6 ივნისის სხდომა
დღის წესრიგი ასეთია: მთავრობის მოხსენება ზავის შეკვრის შესახებ და მოხსენება თფილისის და ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკების შესახებ.
პირველი საკითხის შესახებ მოხსენებას აკეთებს სამხედრო მინისტრი გ. გიორგაძე, რომელიც დაწვრილებით აღნიშნავს, თუ რა პირობებში მოხდა საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ამის შესახებ ჩვენ გუშინდელ ნომერში გვქონდა ირ. წერეთელის მოხსენება მოთავსებული. მდივანი ონიაშვილი კითხულობს საზავო ხელშეკრულების შავს. მთელი დარბაზი სიჩუმით ხვდება ამ აქტს. სჩანს, ყველა გრძნობს ამ ზავის სიძნელეს, ყველას ენანება და გულს სიმწრით უვსებს ჩვენი მოძმეების, ახალქალაქ, ახალციხეში მცხოვრებთა ოსმალთა ხელში გადასვლა. მით უმეტეს, ძნელია ეს თავისუფლებაზე მიჩვეული ხალხისათვის, რომელთაც წარსულში დიდი ტანჯვა-ვაება გამოუვლიათ და მომავალშიაც უბედურების წინაშე დგანან. მოხსენების შემდეგ.
ნ. ჟორდანია ამბობს: ჩვენ მოვისმინეთ ცნობა ზავის შესახებ. მოვისმინეთ აგრეთვე საზავო ხელშეკრულების შავი. ჩვენ არ გვაქვს დედანი ხელშეკრულებისა და ამიტომ ამაზე მსჯელობას ნუ ვიქონიებთ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითეულ სიტყვას, მძიმეს, დიდი მნიშვნელობა აქვს. ავირჩიოთ კომისია, რომელიც შეიძენს დედანს ხელშეკრულებისა, შეისწავლის ყოველ მხრივ საკითხს და შემდეგ წარმოგვიდგენს მოხსენებას.
კენჭის ყრით მიღებულ იქნა ნ. ჟორდანიას წინადადება და არჩეულ იქნა 11 კაცისგან შემდგარი კომისია. კომისიაში შედიან: ნ. ჟორდანია, ევგ. გეგეჭკორი, მელ. რუსია, ვეშაპელი და სხვ. ფინანსთა მინისტრი გ. ჟურული მოხსენებას აკეთებს ბანკების შესახებ და ამბობს: დღეს თფილისის და ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკები თავად აზნაურთა ყრილობის დადგენილების ძალით შეადგენს მთელი ქართველი ერის ქონებას. ამ ბანკების საკითხის მოსაწესრიგებლათ არსებობს სპეციალური კომისია. დღეს კი საჭიროა აირჩეს სასწრაფოთ კომისია იმის შესახებ, თუ როგორ მოეწყოს ბანკის წარმომადგენელთა კრება, რომელიც 10 ივნისში იქნება მოწვეული ქუთაისში. წინანდელი დადგენილების ძალით რწმუნებულთა ყრილობა შესდგებოდა 203 კაცისაგან, რომლებიც ირჩევიან სამი წლით. ერთნახევარს ირჩევს ბანკის მსესხებლები, მეორე ნახევარს კი თავად-აზნაურობა. ეროვნული საბჭოს დაარსების შემდეგ ერთი ნახევარი საბჭოს წარმომადგენლები უნდა ყოფილიყო, მეორე ნახევარი კი ბანკების მსესხებლები. მომხსენებელი მოითხოვს კომისიის არჩევას.
ნ. ჟორდანია: ეს საკითხი ჩვენთვის მოულოდნელად დაისვა. ასე უცბათ საკითხის დაცვა ან უარყოფა შეუძლებელია. ერთხელ და სამუდამოთ უნდა მივიღოთ, რომ ყოველი საკითხი კომისიას უნდა გადაეცეს და შემდეგ დაისვას საბჭოს წინაშე.
თავმჯდომარე ჟორდანიას წინადადებას კენჭს უყრის. წინადადება მიღებულ იქნა. ამ საკითხის გამორკვევა მიენდო საფინანსო და იურიდიულ კომისიებს.
საბჭოს მდივანი კითხულობს ს.-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილ წინადადებას კომისიების არჩევის შესახებ. წინადადების მიხედვით უნდა აირჩეს შემდეგი კომისიები: საქართველოს დამფუძნებელი კრების, ძირითადი საკონსტიტუციო და შინაური მართვა-გამგეობის 9 კაცისაგან შემდგარი თითო, ჯანმრთელობის 5 კაცისაგან შემდგარი და ხელოვნების კომისია.
არჩეულ იქნა მხოლოდ ორი კომისია: საქართველოს დამფუძნებელი კრების და ძირითადი კონსტიტუციის შემმუშავებელი.
ეკ. ს-უა.
ერთობა. - 1918. - 8 ივნისი. - N 117. - გვ. 2,3
![]() |
3.3 თფ. მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოში |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს ნ. ჟორდანია
9 ივნისის სხდომა
განსახილველია საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. მომხსენებლათ გამოდის ი. წერეთელი. იგი ეხება რუსეთში მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების წარმოშობის ისტორიას, მისი ფუნქციონირების დადებით და უარყოფით მხარეებს.
შემდეგ ლაპარაკობენ მთელი რიგი ორატორები, რომლებიც მთავარ ყურადღებას თფილისში ნემცების მოსვლას აქცევენ და ამბობენ, რომ საქართველოს რესპუბლიკასაც ის ბედი ეწევა, როგორიც უკრაინას ხვდა წილადო და სხვ. ისინი საბჭოს არსებობას ჯვარს უსვამენ და ამბობენ, რომ დღეიდან საბჭოებს ყოველგვარი უფლება წაერთმევაო.
ნ. ჟორდანია. უკანასკნელი ორატორის სიტყვა (რებრუხის მიერ წარმოთქმული) მაიძულებს ერთგვარი განმარტება მივსცე კრებას ნემცების თფილისში მოსვლის შესახებ. როგორც ირკვევა, მთავარი საკითხი აქ არის ნემცების ჩამოსვლა. თქვენ ხედავთ, რომ ნემცები აქაც არიან, უკრაინაშიაც არიან, მაგრამ ჩვენს და უკრაინის მდგომარეობის შორის დიდი განსხვავებაა. იქ მიიწვიეს გერმანელები შინაური მტრების, ბალშევიკების წინააღმდეგ, ე. ი. შინაური წესიერების დასამყარებლად. ჩვენ შინაური ანარქიის დასაწყნარებლათ გერმანელები არ მოგვიწვევია. ჩვენ საკუთარი ძალებით ვებრძოდით შინაურ ანარქიას, ჩვენ საკუთარი ძალ-ღონით გავისტუმრეთ აქედან ნახევარ მილიონიანი რუსის ჯარი, რომელიც თფილისს დარბევით ემუქრებოდა. ჩვენი ასეთი პოლიტიკა და გერმანელების მოსვლა გაუკვირდება მხოლოდ ჩამოსულ ხალხს, რომელიც არ იცნობს ქართველი ერის ისტორიას, მის წარსულს. ჩვენ საუკუნეობით გვიხდებოდა ბრძოლა ოსმალეთთან და სპარსეთთან და როცა ჩვენ ვერ გავუმკლავდით მათ, მაშინ მოვიწვიეთ რუსეთი და ჩვენ ასი წლის განმავლობაში კისერზე გვედგა რუსეთის თვითმპყრობელობის უღელი, მაგრამ ჩვენ ვითმენდით, რადგანაც ვიცოდით, რომ, როცა რუსები წავლენ, თათრები მოვლენ. ახლაც ასეთი მდგომარეობაა. საქართველო პატარა კუთხეა, მას არსებობა არ შეუძლია, თუ ძლიერი მფარველი არ ეყოლა. აი ამიტომ მივმართეთ ჩვენ გერმანიას. ამ რიგათ გერმანელების მოსვლა აქ აიხსნება იმით, რომ ოსმალოები მოდიოდენ, ოსმალოების მოსვლა კი ბრესტის ხელშეკრულების ბრალია, უკანასაკნელი კი ბალშევიკების მოღვაწეობის ნაყოფია (ტაში). რომ გერმანელები არ მოგვეწვია, ოსმალები მოვიდოდენ, ჩვენ გერმანელები ვარჩიეთ. შეიძლება გერმანიაც ისე მოიქცეს, როგორც რუსეთი. რუსეთმა პირველათ თავისუფლების დაცვა აღგვითქვა, მაგრამ თანდათან დაარღვია ტრაქტატი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ, როცა ისინი აქ მართვა-გამგეობას არ დაინახავენ, თვითონ ჩაერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში. როცა რუს გენერლებმა 1802 წ. აქ არ დაინახეს სახელმწიფოებრივი აპარატი, თვითონ მოჰკიდეს ამ საქმის მოწყობას ხელი. ახლაც შეიძლება ანალოგიური რამ მოხდეს, თუ სახელმწიფო ძალა-უფლება არ გავამაგრეთ. ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, სხვები შესძლებენ ამას. საქმე დაყოვნებას არ ითმენს, ჩვენ ეხლავე უნდა მოვკიდოთ ხელი სახელმწიფოებრივი აპარატის შექმნას.
დასასრულ მომხსენებელი ი. წერეთელი უპასუხებს ყველა წინა მოლაპარაკე ორატორებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ წერეთლის მოხსენება მტრის ნაკარნახევი იყო და საბჭოების წინააღმდეგ გამოსვლა ამით აიხსნებაო, და ამბობს, რომ ჩვენ მუდამ სიმართლეს გეუბნებოდით და ახლაც მიმდინარე მომენტის ნამდვილ სურათს გიხატავთ.
მართალია ეს სურათი არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ ასეთ მდგომარეობამდის მოგვიყვანა სულ სხვა, ჩვენს გარეშე არსებულმა პირობებმა; მართალია, ჩვენ საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ეს გამოსავალი გზა გამოვნახეთ, თუ უკეთეს გამოსავალ გზას გვიჩვენებთ, ჩვენს პოლიტიკაზე უარს ვიტყვით.
ჩვენ არასოდეს არ წავსულვართ საბჭოების წინააღმდეგ და არც დღეს მივდივართ, მხოლოდ ვამბობთ, რომ საბჭოები უნდა დადგენ კლასობრივ ნიადაგზე და სახელმწიფო ფუნქციები უნდა გადასცენ დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. ჯერ-ჯერობით არავინ გვიშლის დემოკრატიულ ორგანიზაციებში მუშაობას და სამწუხაროდ, თუ ასეთ ფაქტს ექნა ადგილი, ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით და განვაგრძობთ ჩვენს მუშაობას.
მიღებულ იქნა ნ. ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი რეზოლიუცია, რომელიც 8 ივნისს მიიღეს ცენტრის და წითელგვარდიის შტაბის შეერთებულ კრებაზე.
ერთობა. - 1918.-11 ივნისი. - N 119. - გვ. 3.
![]() |
3.4 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობდა იოს. ბარათაშვილი
თიბათვის 21 სხდომა
დღის წესრიგში დასმული იყო:
1) პლენარულ სხდომის დღეების განაწილება, 2) კანონპროექტი სახელმწიფო კანტროლიორის დანიშვნის შესახებ, 3) კანონპროექტი სახელმწიფოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიის შექმნის შესახებ და 4) ეროვნულ საბჭოს წევრთათვის ჯილდოს დანიშვნის შესახებ.
საბჭოს კრებები
პირველ საკითხზე კრებამ დაადგინა: საბჭოს კრებები მოხდეს სამშაბათობით და პარასკეობით დილის 11 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე.
სახელმწიფო კონტროლი
იასონ ლორთქიფანიძემ წაიკითხა კანონპროექტი სახელმწიფო კონტროლის დაარსების შესახებ. კანონპროექტი მიღებულ იქმნა და შესასწორებლად გადაეცა კომისიას.
კანონ-პროექტი ეროვნულ გვარდიის შექმნის შესახებ
ნოე ჟორდანია გამოვიდა მომხსენებლად ეროვნულ გვარდიის შესახებ. აღნიშნა გვარდიის ღვაწლი და ისტორია, შემდეგაც მოითხოვა უკვე არსებულ გვარდიის და მის შტაბების დაკანონება. მომხსენებელმა განაცხადა, რომ ეს საჭიროა, ვინაიდან ოსმალეთთან დადებულ ხელშეკრულობაში ჩვენ ვალად ვიდეთ ჩვენს ტერიტორიაზე „ბანდების“ იარაღის აყრა. რომ ოსმალეთმა ჩვენ გვარდიას ბანდა არ უწოდოს, საჭიროა მას მივსცეთ ლეგალური სახე. (კითხულობს თვით კანონ-პროექტს).
24 ივნისს, დილის სხდომა
დღიურ წესრიგში მარტო ერთი საკითხია: მთავრობის განცხადება.
თავმჯდომარეობს ო. ბარათაშვილი.
თავმჯდომარე კითხულობს მთავრობის განცხადებას. როგორც სჩანს, მთავრობა აცხადებს თავის თავს გადადგომილად.
ირ. წერეთლის გამოსვლის შემდგომ გ. ვეშაპელი კითხულობს ერ.-დემოკრ. ფრაქციის განცხადებას:
1. მთავრობის კრიზისი არ არის გამოწვეული პარლამენტში არსებულ ძალთა განწყობილების შეცვლით;
2. თანახმად 15 თიბათვის წაკითხულ დეკლარაციისა ერ. დემოკ. ფრაქცია აცხადებს, რომ საქართველოს საშინაო ანარქიისა და საგარეო საფრთხის მოსასპობად აუცილებელია ძლიერი მთავრობის შედგენა არა სოციალისტური პარტიების დელეგაციებით, არამედ სახელმწიფოებრივ საფუძველზე.
ალ. წერეთელი (ს. ფ.) და სოც. ფედერ. სახელით მხარს უჭერს სოც. დემ. ქავთარაძე (ალიონი) და ჩერქეზიშვილი (სოც. რევოლ.) აგრეთვე ემხრობიან სოც. დემ. წინადადებას.
ამის შემდგომ ირ. წერეთელს ს. დ. სახელით შემოაქვს წინადადება, რომ მთავრობის შედგენა მიენდოს ნ. ჟორდანიას.
თავმჯდომარე კითხულობს აქვს თუ არა ვისმეს კიდევ წინადადება. თავმჯდომარე კენჭს იყრის. სოც.-დემ. წინადადებას ხმას აძლევენ ყველა ფრაქციები. ერ.-დემოკრატები თავს იკავებენ. ნ. ჟორდანიას უმართავენ ოვაციებს. თავმჯდომარე დღიურ წესრიგს აცხადებს ამოწურულად, ხოლო შემდეგ კრებას ნიშნავს საღამოს 8 საათისათვის, რომელზედაც ევალება მთავრობის თავმჯდომარეს წარმოუდგინოს საბჭოს ახალი კაბინეთის შემადგენლობა დასამტკიცებლად.
საღამოს სხდომა
თავმჯდომარეობს ო. ბარათაშვილი. დღიურ წესრიგში მთ. თავმჯდომარის მოხსენება ახალ კაბინეტის შემადგენლობის შესახებ.
მინისტრთა ლოჟაში ზის ნ. ჟორდანია.
სხდომა იხსნება და ტრიბუნაზე ადის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუმცა ჩვეულებრივად არის მიღებული, რომ ახალი კაბინეტი გამოდის ახალ დეკლარაციით, მაგრამ ის არ ადგენს ახალ დეკლარაციას, რადგანაც დღევანდელი ცვლილება არ არის პოლიტიკური ცვლილება, პოლიტიკურ ორგანიზაციებს არ დაუწუნიათ ყოფილ კაბინეტის დეკლარაცია, ამიტომაც ეს დეკლარაცია რჩება, მიღებულია და დამტკიცებული. კაბინეტში შედიან იგივე მინისტრები, რომელნიც შედიოდნენ ყოფილ კაბინეტში, ხოლო ცვლილება უსათუოდ იქნება მინისტრების ამხანაგებში, რაიც საბოლოოდ გამოირკვევა ხვალ. შემდეგი განსხვავება ამ კაბინეტის იმაშია, რომ ეს კაბინეტი არის ძალთა შეკავშირების, სადაც ყველა რევოლუციონურ ორგანიზაციებმა უნდა გადასცენ სრული უფლებები, რაიც უკვე დაადგინეთ. ორატორი ამბობს: „ჩვენ გვინდა, რომ ყველა ფუნქციები სხვადასხვა რევოლიუციონურ ორგანიზაციებისა შევიდეს ერთს მთავრობაში, რადგანაც საქმე თხოულობს სისწრაფეს და ყოველივე უნდა სისრაფითვე სრულდებოდეს“. შემდგომ ორატორი აღნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა უსწრებდეს ცხოვრებას და არც ჩამორჩენილი უნდა იყვეს. „ჩვენ ვერ მივყვებით ცხოვრებას და ძალიანაც ვიგვიანებთ. ეს ნამეტნავად აღმოჩნდა სოფელში, სადაც აქა-იქ იჩინა თავი ანარქიამ ამიტომ ჩვენ, პირველ ყოვლისა უნდა მივაქციოთ ყურადღება სოფელს. ჩვენ გვაქვს კანონი მიწის ჩამორთმევის შესახებ და არა გვაქვს კანონი ვის უნდა გადაეცეს ეს მიწა, სოფელში არ არის სათანადო სასამართლოები - საჭიროა სასამართლოს რეფორმა, მაგრამ ამას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, თუ სოფელი არ იქმნა ადმინისტრატიულად მოწყობილი - საჭიროა ერობის სისრულეში მოყვანა, შექმნა მტკიცე იძულებითი ძალისა.
ჩვენ მივიღეთ კანონი სახალხო გვარდიისა, ეს ძალა უნდა იყოს რეზერვი და საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში. დღეს კი ყველა ესენი ჩამოშორებულნი არიან თავის ნამდვილ საქმეს და ამიტომ საჭიროა, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ სახლს. ამ ჟამად კი აუცილებლივ საჭიროა მუდმივი ჯარი. აი ყველა ეს იქნება გარანტია მთავრობის სიძლიერისა და ქვეყნის სიმშვიდისა.
საქართველო. - 1918. - თიბათვის 26. - N 125. - გვ. 3.
![]() |
3.5 ეროვნული საბჭო. მე-32 სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
პარასკევი, 23 აგვისტო, 1918 წ. ტფილისი, სასახლე.
თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჩხეიძე.
პრეზიდიუმში არიან: თავმჯდომარის ამხანაგი ი. ბარათაშვილი და ე. თაყაიშვილი.
მდივანი დ. ონიაშვილი, მდივნის ამხანაგი ი. აბაკელია.
კრება იხსნება ნაშუადღევის 1 საათზე.
თავმჯდომარე: კრება გახსნილი გახლავთ. მდივანს ვთხოვ წაიკითხოს დღიური წესრიგი.
დ. ონიაშვილი (მდივანი) კითხულობს დღის წესრიგს:
1. განხილვა კანონ-პროექტისა-ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობისა ეროვნულ საბჭოში.
მომხსენებელია კალენიკ ქავთარაძე.
2. განხილვა კანონ-პროექტისა-სხვადასხვა უწყებათა სკოლების განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ.
მომხსენებელია ნოე ცინცაძე.
3. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება-ეროვნულ საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ.
4. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა ბორჯომის წყლის, ტყეების და სხვა სახელმწიფო ქონების უწესო ექსპლოატაციის შესახებ.
მომხსენებელია გრიგოლ ვეშაპელი.
5. საბჭოს წევრი ალექსანდრე ახმეტელის მთავრობისადმი შეკითხვა-პურის და სანოვაგის სიძვირის ნიადაგზე წარმოებულ აგიტაციის შესახებ-საქართველოს დამოუკიდებლობის და რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ.
თავმჯდომარე: უნდა დღიურ წესრიგზე მოგახსენოთ. ეს კანონ-პროექტი სახალხო განათლების მინისტრისა უნდა მოიხსნას, რადგანაც უწყებათა შორის ჯერ კიდევ ამის შესახებ მოლაპარაკება გახლავთ. ამიტომ ამ უწყების წარმომადგენელნი ითხოვენ, რომ ეს კანონ-პროექტი დღევანდელი წესრიგიდან მოხსნილი იყოს. მე ამას უყრი კენჭს (ხდება კენჭის ყრა). მაშასადამე, ეს კანონ-პროექტი დღეს განხილული არ იქნება.
პირველ კანონ-პროექტის შესახებ მომხსენებელი ქავთარაძეა
კ. ქავთარაძე (ალიონელი). საქართველოს ეროვნულ საბჭოს სამანდატო კომისიამ წინადვე დაადგინა, რომ საბჭოში მიწვეულ იქნენ საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენელნი, რასაკვირველია, მათ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მაგრამ სანამ ეროვნულ საბჭოს არა ჰქონდა მიღებული კანონი მოქალაქეობის, ეს დადგენილება სისრულეში არ იყო მოყვანილი და ვერც მოიყვანეს. მაშინ, როდესაც კანონი მოქალაქეობისა მივიღეთ, სამანდატო კომისია შეუდგა მუშაობას, გამოიანგარიშა დაახლოებით, რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიის ეროვნულ უმცირესობის რიცხვი. საზოგადოდ, მხედველობაში მიიღო მკვიდრთა რიცხვი, აგრეთვე ის, რომ ზოგიერთი სოფელი ამ ერებისა აიყარა და სხვაგან გადასახლდა. დაახლოებით შემდეგი რიცხვი მოიყვანეს სტატისტიკის მიხედვით, სომხები 200 000-ზე ცოტა მეტი, თათრები 80 000, ოსები 40-50 000, აბხაზები 60 000, რუსები 70 000, ებრაელები 30 000, გერმანელები 8 000, ბერძნები 21 000. სამანდატო კომისიამ აგრეთვე მხედველობაში მიიღო ისიც, რომ არიან ზოგიერთი ერნი ძალიან პატარა, როგორც ბერძნები და გერმანელები, მაგრამ მაინც საჭიროდ მიიჩნია დღეს-დღეობით იმათ წარმომადგენლობა მიეცეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში. შესახებ იმისა, თუ რა წესით, რა დაწესებულებისაგან იქნებიან გამოგზავნილნი საქართველოს ეროვნულ საბჭოში ამ ერთა უმცირესობის წარმომადგენელნი, სამანდატო კომისიამ დაადგინა, რომ ასეთი წარმომადგენელნი უნდა გამოაგზავნონ ამ ერთა უმცირესობის ამა თუ იმ ერის ეროვნულმა საბჭოებმა. რასაკვირველია, თუ ამ უმცირესობის ეროვნულ საბჭოს წევრები მოქალაქენი არიან საქართველოს რესპუბლიკისა, თუ ზოგიერთ ერს ეროვნული საბჭო არა აქვს, მაშინ წარმომადგენლები გამოიგზავნებიან პოლიტიკური პარტიების და ზოგიერთ დემოკრატიულ სხვადასხვა დაწესებულებათა შეთანხმებით.
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საბჭოს წევრს ფაღავას.
ა. ფაღავა (ს.-ფედ.). ეროვნულ საბჭოს წევრნო! სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციას ამ კანონ-პროექტის მიღება იმ სახით, რა სახითაც აქ არის წარმოდგენილი სამანდატო კომისიის მიერ, ყოვლად შეუძლებლად მიაჩნია და აი, რატომ. მით უფრო, რომ თუ მივაქცევთ ყურადღებას კანონს, იგი პირველ მუხლში ამბობს (კითხულობს). რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით ყოველივე დაჩაგრულისათვის, მათ შორის ეროვნულ უმცირესობათათვის. ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ, არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩვენს საბჭოში, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ წარმომადგენლობა ასე უნდა იყოს მიღებული, როგორც აქ არის ნათქვამი. ყველას, ვინც მოსახლეობს საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა მიეცეს უფლება, წარმომადგენელი იყოლიოს ეროვნულ საბჭოში. უნდა მივაქციო ეროვნულ საჭოს წევრთა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ეს დებულება ეწინააღმდეგება იმ ძირითად კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოქალაქეობის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს ქვეშევრდომობის შესახებ. თუ კი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ესა თუ ის პირი, ყოვლად შეუწყნარებელია, რომ ის წარმომადგენელი შეუშვათ ჩვენს პარლამენტში. ის ეროვნულ უმცირესობათა კრებული სარგებლობს ამ უფლებით, რომელიც შედის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა რიცხვში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თვით ეს საკითხი ჯერჯერობით პრინციპიალურად გადაწყვეტილი პრაქტიკულად არ არის ცხოვრებაში გატარებული. ჩვენს ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ისეთი პირნი, რომლებიც არ არიან ჩვენი მოქალაქენი, ეკუთვნიან სხვა სახელმწიფოებს და ებრძვიან ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენთვის ეს ცხადია, რა არის დასამალი! და ამას უნდა ყურადღება მიექცეს. თუ წაიკითხავთ კანონ-პროექტის მე-2 მუხლს (კითხულობს), აი სწორედ ესეც იწვევს შემდეგ გაუგებრობას. აქ რუსებს აქვთ თავიანთი ეროვნული საბჭო. ყოვლად შეუძლებელია, რომ ამ ეროვნულმა საბჭომ აქ გამოგზავნოს თავისი წარმომადგენელი. ეს რუსული ეროვნული საბჭო არის ელჩი რუსეთისა და ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ელჩს, დიპლომატიურ წარმომადგენელს ჩვენს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. ეს აბსურდია. საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელს აირჩევენ ეროვნულ უმცირესობათა პირს, ვინც გვეცოდინება, რომ ჩვენი ქვეშევრდომნი არიან. საკითხი, თუ პრაქტიკულად როგორ გატარდება ეს საკითხი, ეს პრაქტიკის საქმეა. მთავრობას შეუძლიან დააწესოს საგანგებო ორგანო, სადაც განაცხადებენ ჩვენში მყოფი ეროვნული უმცირესობანი საქართველოს ქვეშევრდომობის სურვილს. დღეს დასამალი არ არის, რომ არ სცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას და პირდაპირ გვებრძვიან არა მარტო შავრაზმელები, არამედ შეგნებული ელემენტებიც, წარმომადგენელნი, პრესა. ალბათ მოგეხსენებათ, ამას წინათ „სახალხო საქმე“-მ ყურადღება მიაქცია „ტრუდოვოე ზნამია“-ს თანამშრომელს, ბ.-ნ ავდეევს, რომელიც მოღალატეს უწოდებს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პირს. საყურადღებოა, რა ანგარიში გაუწია მთავრობამ ამ გარემოებას. ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ ავდეევი არის ჩვენი მთავრობის მოხელე. თქვენც გეცოდინებათ, რომ სომხის ეროვნულ საბჭოს განუზრახავს საქართველოში მცხოვრები სომხები გამოაცხადოს სომხის რესპუბლიკის მოქალაქეებად და საცხოვრებლად კი აქ დასტოვოს. ეს, რა თქმა უნდა, იმათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ხომ არ შეგვიძლიან, რომ ნება დავრთოთ მათ მოქალაქეებს, წარმომადგენლები ჰყავდეთ ჩვენს საბჭოში. უნდა მოგახსენოთ, რომ ის პრინციპი, რომელიც აქ არის დაცული, შეიძლება არ იყოს სწორი. თუ იმას მივაქცევთ ყურადღებას, რომ საქართველოში დაახლოვებით 75%25-ს ქართველები შეადგენენ და დანარჩენს 25%25-ს სხვა ეროვნებანი, მაშინ უნდა მოგახსენოთ, რომ სამანდატო კომისიას უმცირესობა წარმომადგენლების რიცხვი სწორედ უანგარიშნია. ქართველი წარმომადგენელი საბჭოში 121-ა, ამის მეოთხედი ნაანგარიშევია 28. მაგრამ მე ვამბობ, რომ შეიძლება ეს პრინციპი არ იყოს სწორი, რადგან ჩვენ არ ვიცით, ჩვენთვის არ უთქვამთ, რა ფაქტებზეა აშენებული აი ასეთი განაწილება. რომ არავის მიეცეს საბაბი იმის სათქმელად, რომ ზოგს ვითომდა სიმპატიით ვეპყრობით და ზოგსაც ანტიპატიით, ჩვენ პრინციპი ერთი უნდა გვქონდეს. ამიტომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი უნდა არჩეულ იქნენ იმ მეტრით, რა მეტრითაც ავირჩიეთ ქართველი წარმომადგენლები. 2 მილიონ 400 ათასი მცხოვრებ ქართველთაგან (მე ამას მოგახსენებთ ვ. ინგოროყვას უკანასკნელ სტატისტიკით) არჩეულ იქნა 121 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში დაცულ იქმნა შემდეგი მეტრი: 200 000 ქართველზე იგზავნება 1 წარმომადგენელი. აი ამიტომ უფრო კარგი იქნება, რომ ეროვნულ უმცირესობათ თავიანთი წარმომადგენლები ასეთი მეტრით ავარჩევინოთ. ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინადადებას იძლევა: დაუბრუნდეს უკან ხელახლა გადასასინჯავად ეს კანონ-პროექტი სამანდატო კომისიას. სამანდატო კომისიის გასამართლებლად უნდა ითქვას, რომ ეს კანონ-პროექტი გადაცემულ იქმნა მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით, თუ რა კანონი გვექნებოდა მოქალაქეობის შესახებ. ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ ეს კანონ-პროექტი ხელახლად დაუბრუნდეს სამანდატო კომისიას და ამავე დროს იგი გადაეცეს საკონსტიტუციო კომისიას. მე მგონი, რომ მისი აზრიც ჩვენთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, სურვილს გამოვსთქვამთ, რომ ეს კანონ-პროექტი 2 კვირის განმავლობაში წარმოუდგინონ კომისიებმა ეროვნულ საბჭოს დასამტკიცებლად, რომ ეროვნულ უმცირესობათ მიეცეთ საშუალება წარმომადგენლები იყოლიონ ჩვენს საბჭოში.
თავმჯდომარე: თანახმად ჩვენი რეგლამენტისა, სანამ მივიღებდეთ ასეთ წინადადებას, მიღებული გახლავთ მის შესახებ კამათის გახსნა. სიტყვა ეკუთვნის საბჭოს წევრს ალ. ლომთათიძეს.
ალ. ლომთათიძე: (ს.-დ.) საქართველოს პარლამენტის წევრობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს. არა მოქალაქეს საქართველოს რესპუბლიკისა, უცხოელს არ შეუძლიან იყვეს დეპუტატი პარლამენტისა. აი ეს მთავარი და ერთათ ერთი მოსაზრება არის, რომლის ძალით ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ეს კანონ-პროექტი დაუბრუნდეს უკან კომისიას. მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საკმარისი არის მარტო სამანდატო კომისიას დაუბრუნდეს ეს კანონ-პროექტი, ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიას დავალებული აქვს საერთო კონსტიტუციის შემუშავება და აი, ამ პროექტს კი აქვს ერთგვარი დროებითი მოვლენის ხასიათი, გარდამავალი ხასიათი. ჩვენ ვშიშობთ, ორ კომისიას რომ გადაეცეს, შეიძლება დაგვიანდეს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა-გადაჭრა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკითხი, რაც კი შეიძლება, საჩქაროდ უნდა იქმნეს გადაჭრილი საბოლოოდ. ჩვენ მხარს უჭერთ კანონ-პროექტის უკან დაბრუნებას კომისიაში. ჩვენ მომხრენი ვართ, რომ იგი გადაეცეს მხოლოდ სამანდატო კომისიას, მაგრამ ერთი დამატებით: დაენიშნოს ვადა კომისიას; განსაზღვრულ დროზე წარმოდგენილი იყოს კომისიის მოსაზრება. ვადად ჩვენ მიგვაჩნია ერთი კვირა. ასე რომ, კომისიამ შემდეგ პარასკევს უნდა წარმოადგინოს ეს კანონ-პროექტი.
თავმჯდომარე: ვის ნებავს სიტყვა ამ საკითხის შესახებ, რომ ეს კანონ-პროექტი დაუბრუნდეს კომისიას? - არავის.
დაენიშნოს ვადა. ვინ არის მომხრე, რომ ვადა დაენიშნოს? - (უმრავლესობა).
იყო წინადადება: - ერთი კვირის ვადა.
ვინ არის მომხრე ერთი კვირის ვადისა? (უმრავლესობა). მაშასადამე, უმრავლესობამ დაადგინა, ეს კანონ-პროექტი გადაეცეს სამანდატო კომისიას ერთი კვირის ვადით.
ახლა, როგორც მდივანმა წაიკითხა, დღევანდელ წესრიგში იყო წინადადება ეროვნულ საბჭოს სახელის შეცვლის შესახებ. მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ავტორნი წინადადებისა ამ საკითხს უკავშირებდნენ ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენელთა საკითხს. რადგან ეს საკითხი მოიხსნა, ეს წინადადებაც მოხსნილი უნდა იყოს. ახლა ჩვენ გადავდივართ შეკითხვებზე. პირველი შეკითხვა ეკუთვნის ბ.-ნ. ვეშაპელს.
გ. ვეშაპელი: ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა შემდეგი შინაარსისა არის: მიწათმოქმედების სამინისტროს და სხვა უწყებების მიერ, როგორც ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის დროს, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გაცემულია იჯარით, ანდა გაყიდული ისეთი სახელმწიფო ქონება, როგორიც არის ტყის მოჭრის უფლება, ბორჯომის წყლის ექსპორტი, და სხვა ასეთი.
პირობები იჯარით გაცემული ანდა გაყიდული ქონებისა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ეწინააღმდეგება აგრეთვე სახელმწიფოს ქონების შესახებ არსებულ კანონებს.
მომხრე არის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა თუ არა, რომ დაარსდეს ეროვნულ საბჭოსთან საგანგებო კომისია, რომელიც გარდახედავს წინად დადებულ ხელშეკრულებებს, რათა გაუქმებულ იქმნეს ისეთი პირობები, რომელნიც არღვევენ სახელმწიფოს ინტერესებს? მეორე: ეროვნულმა საბჭომ აიღოს ინიციატივა ისეთი წესის დაკანონებისა, რომელიც უზრუნველ-ჰყოფს ამიერიდან სახელმწიფო ქონების ექსპლუატაციას, შესაფერ ნაციონალურ და დემოკრატიულ ინტერესებისა.
მოგახსენებთ ფაქტიურ ცნობებს ამ საქმის შესახებ.
პირველი ფაქტი არის ბორჯომის ექსპორტი და საერთოდ ბორჯომში მყოფ სახელმწიფო ქონების და მამულის ექსპლუატაცია.
მარტის 7 სეიმმა დააკანონა გამოუსყიდველი კონფისკაცია დიდი მთავრის ნიკოლოზ მიხეილის ძის მამულისა, რომელიც ბორჯომში იმყოფება. კანონი ამბობს: «Подлежитъ конфискаціи, безъ выкупа: Боржомское имъніе, въ цъломь составъ, всъми минеральными источниками и лъсом, нъдрами, водами, заводами, дворцами, а равно съ сельскохозяйственными инвентарями и запасами продуктовъ». როგორც ხედავთ, ბორჯომში ბევრი ქონება ყოფილა. კერძოდ, რაც შეეხება მინერალურ წყლის საქმეს, რადგანაც იმავე კანონში იყო ნათქვამი: «Предоставить комиссару по дъламь Министерства Земледълія, организовать пріемь и временное управленіе по дъламь означеннаго имънія». ალბათ ამ უფლების ძალით, თუმცა აქ ლაპარაკი არის მხოლოდ ორგანიზაციაზე, მიღებაზე და გამგეობაზე, და არ არის ლაპარაკი ლიკვიდაციაზე, სამინისტრო შეუდგა ამ წყლის გასაღების საქმეს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს კანონი გამოცემული არის ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის დროს. ბორჯომის წყლის გადაცემა არის მომხდარი აგრეთვე კავკასიის რესპუბლიკის დროს, თუმცა პერსონალურად ერთი და იგივე პირი უდგა მაშინაც და ეხლაც ამ სამინისტროს სათავეში და ამიტომ გვიადვილდება ამ საგანზე მსჯელობა. 4 აპრილის „კავკაზში“, რომელიც იყო ოფიციოზი წინა მთავრობისა, დაიბეჭდა შემდეგი განცხადება:
«Канцелярія министра землħделія симъ объявляетъ, что по распоряженію г-на министра, 7 апрħля 1918 года, въ 11 часовъ дня, в Тифлисъ, в помħщеніи министерства земледħлія (ул. Петра Великаго, домь №22, бывш. Управленіе удħльными имħніями) будетъ производится соревнованіе на продажу имħющагося вь Боржомъ запаса Боржомской воды въ количествħ 100.000 бутылокъ и 136.000 полубутылокъ, вмħстъ съ упаковочными ящиками, въ которыхъ хранятся бутылки.
Соревнованіе начнется съ оцħночной суммы по 1 р. 60 к. За бутылку и 1 р. 50 к. за полубутылку, считая посудой и упаковкой въ ящики.
Принявшій участіе въ торгахъ обязанъ внести одну четвертую часть предложенной суммы немедленно по окончаніи соревнованія и остальныя три четверти въ теченіи пяти дней по утвержденіи торга г-ом министромъ.
Покупщикъ воды объязанъ вывести боржомскую воду изъ склада въ трехмħсячный срокъ, считая со дня утвержденія торга.
Въ случаħ нарушенія покупщиком настоящихъ кондицій в чемлибо, сдħлка расторгается, и внесенныя денежныя суммы обращаются въ доходъ казны.»
(გელეიშვილი: 100.000 კი არა, მილიონ 236 ბოთლი. კარგად წაიკითხეთ!)
ამ შემთხვევაში საყვედური ეთქმის თქვენი მთავრობის გაზეთს და თქვენს კანცელარიას, რომ ციფრები არ არის წესიერად დაბეჭდილი.
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მიწად-მოქმედების მინისტრის ამხანაგს.
პ. გელეიშვილი (ს. დ.): პატივცემულნო საბჭოს წევრნო! წარსულ ერთ-ერთ კრებაზე ბ. აფხაზმა ნატაცია წაგვიკითხა შეკითხვების მნიშვნელობის თაობაზე. ეს ძალიან ეჩოთირათ ერთ პარტიის წევრებს. მათ შეურაცხყოფათ მიიღეს. უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი შეკითხვა ასეთ შთაბეჭდილებას არ ახდენს. ჩვენ დღევანდელმა შეკითხვამ ძალიან გაგვახარა არა იმიტომ, რომ ეს მთავრობას რამდენიმედ ეხება.
დემოკრატია დიდი ხანია ხელმძღვანელობს, დიდი ხანია სარგებლობს იმ იარაღით, რომლითაც შემკითხველი სარგებლობს, რომელიც უკვე ჩვენ ამხანაგების ხელში ის მჭრელი ბარი იყო, რომლითაც ძირს უთხრიდენ და უკვე დაასამარეს რუსეთის თვითმპყრობელობა. კიდეც იმისთვის გაგვახარა დღევანდელმა შეკითხვამ, რომ ჩვენ საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ თქვენს წინაშე საქმის ვითარება და სრულიად გულახდილად მოგახსენოთ ჩვენი საბუთები და პირბადე ავხადოთ ზოგიერთ პირებს, რომლებიც ჭირისუფლის ქურქში ეხვევიან, გამოდიან და ჩვენ გვეუბნებიან, ქვეყანა დაღუპეს, ბოროტმოქმედება ჩაიდინეს, ქვეყანას უღალატესო.
რა მოხდა?!
მოხდა უბრალო აქტი. ყველა სამინისტროში ყველა მეთაურს, ყველა მმართველს ამა თუ იმ ადმინისტრაციული დარგისა თუ პოლიტიკური ორგანიზაციისა, აქვს ერთგვარი უფლება, რასაკვირველია, ეს უფლება უნდა განახორციელოს რომელიმე აგენტის საშუალებით. პრაქტიკულად ასეთი აგენტები „პოდრიადჩიკები“ არიან. ჩვენ პირადად ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთ მინისტრს არ აქვს გამოცდილება „პოდრიადჩიკობა“ აიღოს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მივდივართ არსებული გზით. შეიძლება მომავალში ბატონმა ინტერპელიანტმა და მისმა პარტიამ გამოიგონოს წამალი ამა თუ იმ საქმისა. ჩვენ არ ვიცით ეს წამალი და გაკაფული გზით მივდივართ, რომლითაც დადიან არსებული სახელმწიფოები, საზოგადოებები. ეს არის „პოდრიადი“. ჩვენი მოვალეობაა ფაქტიურ მხარეს გაუწიოთ ანგარიში და სხვა ბედნიერება, რომელიც მოგვანიჭა ბატონმა ინტერპელიანტმა, როდესაც მან რევოლიუციის მონაპოვრის წინააღმდეგ გაილაშქრა, როდესაც სთქვა, რა საჭირო იყო დიდი მთავრის მამულის ჩამორთმევაზე და შეიძლება ძველ პატრონებზე, ავალიშვილებზე ლაპარაკი დაგვიწყონ, - უყურადღებოდ დავსტოვოთ.
ფაქტიური მხარე: რა მოხდა, რა დაგვიშავებია, ან რა მომხდარა?! 16 მაისს ჩვენს მიწად-მოქმედების მინისტრს ხელი მოუწერნია ერთ აქტზე, რომლის ძალით ერთ ჯგუფს, ქართველ ვაჭრების ჯგუფს, მივეცით ბორჯომის წყლის გაყიდვის უფლება. ჯერ ფორმალური მხარე: გვისაყვედურებენ იმ უფლების დარღვევას, რომელიც ჩვენ არ გვქონდა.
რა ვქენით? რა გზას დავადექით?!
როცა გამოვაცხადეთ „ტორგები“, - „ტორგებზე“ არავინ არ გამოცხადდა. „ტორგების“ გამოცხადება ასეთი პატარა საქმე არ არის, როგორც ინტერპელიანტსა ჰგონია. იგი ბრძანებს, რომ არავისა სცოდნიაო. ჩვენ საჩქაროდ გავაქციეთ ქართულ ქალაქებში, სადაც ბორჯომის წყალი იყიდება ჩვენი აგენტები და მათი პირით შეუთვალეთ ქართველ ვაჭრებს: „არიქა, მოგვეშველეთ და ტორგში მონაწილეობა მიიღეთო“. ეს შეჯიბრება მოხდა 7 აპრილს, - არც ერთი კაცი არ გამოცხადდა, თუმცა წინა დღით ყველამ ჩინებულად იცოდა, რომ მეორე დღეს ტორგი ხდებოდა. ამბობენ, არავინ არ იცოდაო. იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ, ბევრი მოწამე არის ამისა. ზოგიერთი მოწამე ბ. ვეშაპელის პარტიული ამხანაგები ბრძანდებიან. მობრძანდენ, ამ წყალს გარს უვლიდენ, მოსუნეს და როგორც „გოროდნიჩი“ ამბობს, სიზმარში ვნახე: თაგვები მოვიდნენ, დასუნეს და წავიდნენ. აი აგრეთვე დასუნეს ამ წყალს და წაბრძანდნენ (ვეშაპელი-ალბად გლახა სუნი უდიოდა). გარს გვივლიდენ და ამბობდენ, დიდ ფასებშია, კარგი იქნება, თუ მოგვცემთ „უტორგოთ“ ოთხ აბაზ ნახევრად, მაშინ მადლობას გეტყვით, გაგირიგდებით და წავიღებთო. ჩვენ რასაკვირველია, ასე ვერ მოვიმოქმედებდით სწორედ იმ მოსაზრებით, რა გზასაც ადგია ინტერპელიანტი. ჩვენ რომ ასე უტორგოთ მიგვეცა (არ დავასახელებთ გვარებს, ზოგი ამ სხდომაზედ არიან. ეგ უპატიოსნობა იქნება და იმდენი პატიოსნობა ყველა კაცს აქვს, რომ სამართლიანობას ანგარიში გაუწიოს), მე ეჭვი არა მაქვს,რომ უარს არ იტყვიან; ჩვენ რომ ასე უტორგოთ მიგვეცა, მაშინ, მგონია ეს ხეირს ვერ მოგვცემდა. ამ პირობებით რომ მიგვეცა, მაშინ, რასაკვირველია, ის სახელმწიფოებრივი პარტია, ვეშაპელი კი არ შემოიტანდა შეკითხვას, არამედ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-რევოლიუციონერები, ფედერალისტები. ჩვენ ამას ვერ ვიზამდით, რადგან ჩვენ ამით დავარღვევდით ფორმალურ მხარეს. მისთვის ვერ მივეცით ოთხ აბაზ ნახევრად, რომ მარტო თითო ბოთლი წყლის ჭურჭელი გვიღირს ამ ფასად. მაშინ თუ კი დავადექით სახელმწიფო ინტერესების უფლების დაცვას და ამ შემთხვევაში, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ დავიცავდით, მაინც არ დაგვირღვევია ფორმალური მხარე. რითი დავარღვიეთ? გამოვაცხადეთ „ტორგები“. „ტორგების“ გამოცხადების დოკუმენტი ხელში მიჭირავს, თუ რომ აქ ამას ანგარიშს გაუწევთ, აქ არის ნათქვამი: «Соревнованіе будетъ производиться безъ переторжки». მაშასადამე, საზოგადოების დაინტერესებულმა ნაწილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ხელმეორედ „ტორგებს“ არ მოუბრუნდებით, „ტორგი“ არ გამეორდებოდა. ასე თუ არის, ჩვეულებრივ მიღებული, „ტორგზე“ არ წავალთ „პერეტორჟკაზე“ წავალთ, ჩვენ უთხარით პირველშივე, რომ „პერეტორჟკა“ არ იქნებაო. არ შესდგა „ტორგი“. ჩვენ ავწიეთ ის ფასები და დაუწერეთ პირობები იმ ჯგუფს. ფორმალური დარღვევა მაშინ იქნებოდა, რომ „ტორგების“ წინად, ჩვენ დაგვეწერა პირობები იმ ჯგუფისთვის. ბატონი ვეშაპელი ბრძანებს: „ფორმალური მხარე დარღვეულია“-ო იმ ფარგლებში, რომელშიაც ჩვენ ვმოქმედობდით, რუსეთის „არსებულ წეს-წყობილების და რუსულ არსებულ კანონებით, ჩვენ არა დაგვირღვევია-რა. ჩვენი მთავრობის საკუთარი კანონი კი ამ საგანზე არ გამოცხადებულა. თქვენ ამას ვერ ბრძანებთ, რომ ფორმალური მხარე დარღვეული იყოს, ვერც ერთი იურისტი, რომელიც მობრძანდება და გამოაცხადებს, რომ ფორმალური მხარე დარღვეულიაო, ვერ დამიმტკიცებს ამას, ვერც ერთი იურისტი ვერ დაგვიმტკიცებს, რომ „პერეტორჟკა“ უნდა მოგვეხდინა, მაშინ როდესაც ვაცხადებდით, რომ „პერეტორჟკა“ არ იქნებოდა. ესეც რომ არ გამოგვეცხადებინა, კანონი არ გვაიძულებს.
თქვენს პარტიაში ბრძანდებიან კანონის მცოდნე იურისტები და კანონებს რომ დაუკვირდეთ, დაინახავთ: არის ერთათ-ერთი შემთხვევა, რომ ხაზინა ან მთავრობა იძულებული არის „პერეტორჟკა“ მოახდინოს, ეს არის შემთხვევა. по казённымъ взысканіямъ. როგორც იურისტები ამბობენ, მაგალითად, ჩვენ ქებაძისთვის რომ დღეს წყალი მიგვეცა, ვერა კანონი ამას ვერ გაამართლებდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაგალითად, გავყიდოთ სახლი №№, თუ დროზე არ გამოვაცხადეთ, მაგალითად, რომ მოვიდეს ვაჭარი რომ მოგვცეს მაქსიმუმი იმისა, რაც ღირს №№ სახლი. ჩვენ არავითარ კანონის ძალით არა გვაქვს უფლება ერთი „ტორგის“ გავყიდოთ. უნდა მოვახდინოთ „პერეტორჟკა“.
ასეთ ფაქტს, ასეთ მოვლენას აქვს ადგილი თუ არა? რასაკვირველია, არა აქვს. მაშასადამე, მე ვამბობ, თუ ეს მართალი არ არის, მოვითხოვთ აქვე, ამ ტრიბუნიდან დაგვიმტკიცონ მოწინააღმდეგეებმა, რომ ფორმალური მხარე დარღვეული არის.
მეორედ ვსთქვათ არსებითად. მართლა რა პირობებში გვიხდებოდა მოქმედება? რად ვეჩქარებოდით? ძალიან ბევრი მოსაზრებით.
რევოლიუციის გარდა, მტერი გარშემო გვედგა და ჩვენ ეს დავაჩქარეთ. ღვინოც გვქონდა, მაგრამ არ დაგვიჩქარებია. რაღა ეს დავაჩქარეთ? წყალი ისეთი საქონელი გახლავთ, რომ მას თავის დროზე უნდა მოვლა და ხელიდან გაცლა, რადგანაც იგი ფუჭდებოდა.
ახლა ვიკითხოთ, რა დრო იყო, როცა ასეთი აქტი მოხდა?
საქართველოს რესპუბლიკას თავის არსებობიდან, ერთხელაც არ უნახავს მზიანი დღეები, რადგანაც გაჭირვებული და გამწვავებული იყო ის დრო, მაგრამ იმისთანა საშინელი დრო, როგორც მაშინ იყო, ისეთი საშინელი დრო ჩვენს რესპუბლიკას თავიდან ჯერ არც ერთხელ არ დასდგომია.
მახვილ ამოწვდილი მტერი მიესწრაფოდა ქუთაისისკენ, იმერეთის გული უნდა გაეჭრა და მოესწრაფოდა თფილისისკენ, თვით ბორჯომის 12/15 ვერსის მანძილზედ იყო მტერი. მაშინ როგორ მოგვევლო ამ დიდ მამულისთვის, რომელიც ვეშაპელმა დაგვისახელა... ჩვენ მაშინ რას ვშვრებოდით? იმას, რაც უნდა მოემოქმედა ყველა თქვენგანს, თუ ანგარიშს გაუწევდით ამ გარემოებას. რაკი მივმართეთ საუკეთესო იურისტებს და აგვიხსნეს, რომ მტერი როცა ოკუპაციას ახდენს, ყველა სახელმწიფო ქონება მექანიკურად მის ხელში გადადის, მაშინ როცა კერძო საკუთრებას, ან საზოგადოებრივ საკუთრებას მტერი ვერ შეეხება (ვეშაპელი: სოციალისტები რომ ყოფილიყვნენ). მომითმინეთ, ჯერ თქვენზე არ ვლაპარაკობთ, თქვენ დაგიბრუნდებით და პასუხს მაშინ გაგცემთ. რარიგად მოვიქცეთ მაშინ? ჩვენ ავიღეთ თფილისის ღვინო და გადავეცით, რასაკვირველია, ფიქტიურად, ერთ კერძო საზოგადოებას, რომ ამნაირად დაგვეცვა ეს ქონება. აქ ბრძანდება ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი და დამემოწმება ერთ გარემოებაზე. თვით ძვირფასი საქონელი სასახლიდან, რომელიც წარმოადგენდა დიდ ღირებულებას, მთლად 600 ათას მანეთად დაფასებული ისტორიულ ხელოვნებისა და სხვა ნივთები ვაგონებში გვქონდა ფრთხილად დატვირთული. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, არ ვიცოდით საით გაგვეგზავნა და დაგვემალა, ქუთაისში გაგვეგზავნა ზეკარით. ოსმალთა წამოსვლისა გვეშინოდა, არ ვიცოდით, სად შეგვენახა. ჩვენი მდგომარეობა იყო ტრაღიკული. გადავწყვიტეთ, გორში გაგვეგზავნა - (ვეშაპელი - ოსებში). თითონვე ენა წავარდნილი დავრბოდი, რომ ექვთიმე თაყაიშვილი მენახა, რომ გადამეცა მისთვის, როგორც სანდო პირისთვის, როგორც თფილისის ეთნოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარისათვის, რომ ეს ძვირფასი ისტორიული განძები ერს, ჩვენს ხალხს არ დაჰკარგოდა. მე მგონია, ბატონი თაყაიშვილი, რომელიც აქა ბრძანდება, მაგას მიმოწმებს, რომ ამ პირობებში ვიყავით. სახელმწიფო თვალსაზრისით ისევე გადავეცით ქუთაისის თავს, ესეც ისევე ფიქტიურად, რასაკვირველია. რა უნდა გვექნა წყალისთვის? თქვენ წარმოიდგინეთ. რა გზას უნდა დავდგომოდით - ისეთი დიდი ციფრები იყო, რომ თქვენ წაკითხვაც გაგიჭირდებათ. (ვეშაპელი: მე გთხოვთ, თქვენ წაიკითხოთ). ჩვენ ჯიბეში ხომ ვერ ჩავიდებდით, ვერ დავმალავდით - უნდა მოგვენახა ამისთვის პატრონი, ჩვენ ყოველი ღონისძიება მივიღეთ: მივმართეთ კუდ დავარდნილ ჩვენს კაპიტალისტებს, თქვენს კაპიტალისტებს, რომელთაც ახლად დაბადებული ალკვიადის უკუდო ძაღლი დაარქვა ამხანაგმა წერეთელმა.
მივმართეთ მათ, ჩვენს ალკვიადებს. მაგრამ რა მივიღეთ იქიდან? რაც მივიღეთ იქიდან, ბოლოს დაინახავთ. ეხლა გეტყვით, რომ არაფერი ჩვენი ხელიდან მათ არ მიიღეს (ვეშაპელს მიაქვს „კავკაზში“ გამოცხადებული განცხადება მიწად-მოქმედების მინისტრისა და ტრიბუნაზე სდებს).
თავმჯდომარე. (რეკს ზარს): უმორჩილესად გთხოთ, ბატონო ვეშაპელო, წესრიგი დაიცვათ. რეგლამენტის ძალით წერილების მიწერა აღკრძალულია.
ვინც მოგვყვა ხელში, პირობა ვინც მოგვცა, იმათ მივეცით ეს წყალი, იმიტომ რომ შემოგვქონდა ფულები. ჩვენ შეგვეძლო ეს ფული შეგვეტანა ისეთ ადგილას, საცა მტერი ვერ მიაგნებდა. დიახ! ბოლოს ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ამ ჯგუფისთვის მიგვეცა წყალი. ჩვენ თითონ ვგრძნობდით არაფერი დასამალავი არა გვაქვს. ჩვენ ნება უწინაც გვქონდა უზენაესი პატრონისგან ჩვენი ქვეყნისა, ჩვენ გვინდოდა, რომ წყლის საქმე მოგვეწყო კარგად, მაგრამ ჩევნ უნდა მოგვეწერა ხელი გაყიდვაზე, თუმცა ჩვენ კმაყოფილნი არ ვიყავით.
იმ დროს მტერი, თათარი, ჩვენი დემოკრატიის სისხლის ფასით შეჩერებული იყო. ჩვენ იმედი მოგვეცა, ჩვენ არ ვიყავით არხეინად, ამას ხაზი უნდა გავუსვათ, ჩვენ თვითონ არხეინად არ დავსეირნობდით. ჩვენი ამხანაგი მინისტრი ხომერიკი, როდესაც ჩვენს ქვეყანას გარს მტერი ერტყა და ფიზიკურ არსებობას განადგურებას უქადდა, ორი კვირის განმავლობაში ის იქ იყო, რომ დახმარებოდა, ხელი შეეწყო იმ პირობების შექმნისათვის, რომელიც ხელს შეუწყობდნენ იმას, რომ ბორჯომი გადაერჩინათ. როცა ეს საქმე გაკეთდა, როცა ცოტა მიწყნარდა და მტერი შეჩერებული იყო ისეთ ფარგლებში, რომ ჯერ ჯერობით ჩვენს ქვეყანას არაფერი აღარ ეჭირვებოდა, ჩვენ მაშინ ავიღეთ და დავიწყეთ გადაშინჯვა ამ წყლის გაყიდვის პირობებისა. გავიგეთ, რომ ჩვენი კაპიტალისტები, რომელთა წარმომადგენლებს აქა ვხედავთ, კანტი-კუნტად საყვედურებს ბრძანებდნენ. თუმცა იმათ საბუთები არა აქვთ იმიტომ, რომ მათ არ მოისურვეს. ჩვენ გავყიდეთ 7 აბაზად, ისინი კი ოთხ აბაზ ნახევრად თხოულობდნენ, ჩვენ მაგათ ვერ მივეცით, მაგრამ ვიფიქრე ეს საზომი მოვიშორეთ. არის ერთი ჯგუფი კაპიტალისტებისა ბატონ ხოშტარიას მეთაურობით. ყოველ გაჭირვებაში გვესმის, რომ საქართველოს მხსნელია, რომ საქართველო იღუპება და ეს კაპიტალისტი დაეხმარებაო. ჩვენც სწორედ ამას დაუჯერეთ და აგენტები აგვგზავნეთ. ერთ მაგათ გამოგზავნილ აგენტს გავყევით ბანკში, სადაც გამგეობის წევრად არის ბატონი ლორთქიფანიძე. მივედით იქ, რასაკვირველია, მივმართეთ ბატონ ლორთქიფანიძეს, ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა. ჩვენ, რასაკვირველია, წინ და წინ დავეკითხეთ ქებაძეს, რომელიც იმდენად კეთილშობილი და პატიოსანი გამოდგა, რომ გვითხრა: თუ თქვენ უკეთესს პირობებით შეგიძლიანთ გაყიდოთ, გაყიდეთ, ინებეთ და „ხელშეკრულება დაარღვიეთ“-ო. აქ ქებაძეს, რომ მოურიგდით, წავედით ლორთქიფანიძესთან. აქ დაესწრო, ინტერპელიანტის პარტიის თვალსაჩინო წევრი, ბ-ნი ანტონ ქავთარაძე, რომელსაც მოველაპარაკეთ. ჩვენ სამნი ვიყავით და მის ყმაწვილი, რომელიც ჩვენთან გამოგზავნეს. მოველაპარაკეთ და უთხარით, რომ ამხანაგ მინისტრისაგან მივიღე მისი აზრი, რომ თუ მოვაგვარე საქმე, შემიძლიან ათი კაპეიკი დაუთმო. ასეთი უფლება, რომ დავიკავეთ, ასეთი დირეკტივა რომ მივიღეთ, გამგეობის წევრს ლორთქიფანიძეს უთხარით, რომ კონტრ-აგენტი თანახმა არის. ლორთქიფანიძემ გვითხრა: „ვაჭრებს აქვთ თავისი ეთიკა“-ო. მე უთხარი ეთიკა, ეთიკად დარჩეს, ეთიკა ჩვენს კისერზედ დარჩეს, თქვენ კი 6 მილიონი მანეთი მოგვეცით, მერმე ოთხი ან ხუთი თვის შემდეგ დანარჩენი მოგვეცითო... - მიიღეთ ორ შაურ ნაკლებად ქებაძის კონტრრაკტთან შედარებით. ბ-ნ ლორთქიფანიძეს დავავალეთ, რომ ის № ორთავენი მოლაპარაკდებოდნენ კაპიტალისტთა ჯგუფს, მისულიყვნენ ხოშტარიასთან ამ სამ დღეში და მოაწყონ საქმე. წავედით სრულიად დაიმედებული, რომ სამ დღეში მივიღებდით 6 მილიონ მანეთს. რათ მინდოდა, რა საქმისთვის, რა საჭიროებისათვის, ამას მერე მოგახსენებთ. საქმე გაჩარხული იყო. უცადეთ ერთ დღეს, მეორე, მესამე...
და დღემდის ამის პასუხი არ მიგვიღია. გაუქმება ამგვარი პირობებისა, რომელიც ქებაძესთან გვქონდა, არ გვარგო, რომლის შედეგი ის იყო, რომ ჩვენს ხალხს დარჩა ნახევარი მილიონი ფული. ნახევარი მილიონი შემოიტანა ჩვენს კასაში. ეს არის იმისთანა მოვლენა, რომელიც, მავნედ უნდა ჩაითვალოს, თუ ღვთის წყალობად? ამასთან ბორჯომის მამული ისე კი არ მიგვიღია, რევოლიუციის კანონით, ბატონ ვეშაპელის სამწუხაროდ, უვალოდ კი არ მიგვიღია, ამას დარჩა ძალიან ბევრი ვალი. გლეხების ჯიბეებში ჩარჩენილი ბევრი დამპალი ბარათი, რამდენჯერმე გამოუცვალეთ. სახეხ ქარხნები ძველ პატრონებს, როცა ფული არ ჰქონდათ, ბარათებს აძლევდნენ „რასპისკებს“, რომლებიც ულპებოდათ გლეხებს. როგორც მახსოვს, სამჯერ გამოუცვალეთ ასეთი დოკუმენტები. ბევრი ვალი იყო. თქვენ რომ ჰსთქვით ერთ მილიონ ნახევარი ჰქონდა თქვენს მინისტრს მიწის დეკრეტის გასაყვანად, და რომ ჩვენ ეს დეკრეტი უნდა გაგვეტარებინა მთელ ამიერ-კავკასიაში, ეხლა კი ფაქტიურად ვატარებთ ორ გუბერნიაში, ისე რომ იქნება თქვენ გგონიათ, რომ რაიმე დაიხარჯა უწესოდ? მაგრამ მობრძანდით და ბუჰგალტერია ნახეთ ამ ფონდისა. ჩვენ გადავეცით ბორჯომს 880 ათასი მანეთი, რომ გაენთავისუფლებინა საშიშარ ვალებიდან. ეს საშიშარი ვალი იცით, რომ იყო გლეხებისა. ისიც იცი, რა არის გლეხი. სამი წლის განმავლოაბში არ მიუღია თავის შრომის ფასი. რუსების დროს ვერას ხდებოდა და ჩვენ კი არ დაგვინდო. მაშინ ეს ბრალი დიდმთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ეკუთვნოდა, მისი ეშინოდათ და როგორ გაუწყრებოდათ ღმერთი, როგორ გაუბედავდნენ რისამეს თქმას იმის შიშით, რომ ყაზახები არ მოგვიყვანოსო. როდესაც მივედით ჩვენ მთავრობის კაცებთან, ამ ვაჟკაცებმა მაშინვე გამოგვიცხადეს: „ფული მოგვეცით, თორემ აქედან ერთ ფიცარს არ გამოგატანინებთ“-ო. ფული არ გვქონდა. ის ფული, რომლითაც უნდა დეკრეტი გაგვეყვანა, მივეცით ბორჯომის გლეხებს.
ჩვენ მართლაც კრიტიკულ მდგომარეობაში ვიყავით. მე თქვენ მოგახსენეთ ადრევე, რომ ფარდა აეხსნება დღევანდელ შეკითხვას. ბევრს ფაქტიურ მხარეს თვით მინისტრი მოგახსენებთ. მე კი ერთს ფაქტიურ მხარის გაშუქებას ვიკისრებ.
სწორედ ის პარტია, რომელსაც პატარა თუ დიდი კაპიტალი შეუძენია, ჩვენს ქვეყანას ერთ გვარ გამოსარჩენს თვალსაზრისით ხედავს. ჩვენ კი გვგონია, მე თვითონ მწამს, რომ ამ საძირკველზე აშენებული, ჩვენი დემოკრატიული მუშებისაგან ჩვენი რესპუბლიკა ლომი უნდა იქმნეს. და ეს ლომი ჯერ სუსტი ლეკვია და ამ სუსტს ლეკვს დასევიან და უცდიან, როდის დაეცემა, რომ მივიდეთ, რამე გამოვგლიჯოთ და ჯიბეში და უბეში ჩავიდოთო, რომ ეს არის ფსიქოლოგია ამ ხალხისა, ამ ბატონებისა სჩანს იქიდან, რომ ამ ბატონებმა რაც წყლის გაყიდვის საქმეზე ჩაიდინეს, იგივე პრობკის საქმეზე მოახდინეს, იმ პრობკის საქმეზე, რომელიც ბატონმა ვეშაპელმა დაასახელა. მე მგონია, რომ თქვენ აქ ძალიან მოიტეხავთ კისერს. ამ საქმეში ბურჟუაზია ერია და არა სოციალისტები, ერთი ჯგუფი კაპიტალისტები, ბატონო ვეშაპელო, სოციალისტები არ იყვნენ, სოციალისტებს ჯერ არ გასწყრომიათ ღმერთი, აქ ბორჯომში არ ყოფილან. სოციალისტებმა არ შეირცხვინეს თავი და არ გაამართლეს თქვენი იმედები. მოგახსენებთ, პრობკის საქმეზე. სწორედ იმ მიზეზით, რომ ფული ყოფილიყო, რადგან ყოველთვის გვიჭირდა და მთავრობას კი, როგორც ვიცით, ძალიან ხშირად არა აქვს კასაში, ჩვენ კი იქ ბევრი დამზადებული მასალები გვქონდა: პრობკები, ბოთლები, მავთულები და სხვა. როცა ვივარაუდეთ, რომ ორი-სამი წლის ზაპასი გვქონდა, რომ გაყიდვა შეიძლებოდა, შეიძლება გაყიდოს კაცმა, რასაკვირველია, ვიფიქრებდით, რომ გაგვეყიდა, როგორც ხელს მოგვცემდა. იქაურმა კომისარმა იფიქრა, რომ გაეყიდნა. ნახეს ერთი ვაჭარი კობერიძე, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს სოციალისტებთან, ის ყიდულობდა დიდ პრობკებს ოც კაპეიკად. ორასი ათასი უნდა ეყიდნა და პატარა 4 კაპეიკად. მერე რა მოხდა? გამოჩნდა ერთი ინჟენერი, რომელიც შუაკაცი იყო ჩემსა და კობერიძეს შორის. ეს ინჟენერი მივარდა ამ კაცს და უთხარ: ნუ იღუპავ თავს, რაჟდენ დათეშიძე ყიდულობს და მოგყიდის შვიდ თუმნად ათას და რად გინდა, რომ ორას მანეთად იყოდო? ამ კაცმა, რასაკვირველია, იფიქრა, თუ შვიდ თუმნად ვიყიდი, რად მივცე ორასი მანეთიო, მერე ძლივს დავარწმუნეთ, რომ დათეშიძეს ფიქრადაც არა აქვს პრობკის ყიდვა. მერე მივიღეთ ცნობები, რომ ის იყო აგენტი იმ ჯგუფისა. ჩვენ გავყიდეთ 2 მილიონი პრობკა - დანარჩენი მერე უნდა გაგვეყიდნა, ეს იქნება აღარც კი დაგვჭირდეს.
ესე იყო პრობკის საქმე. ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი? ეს არის, როგორც გავიგეთ, ძველი ნაციონალურ საბჭოს ტეხნიკურ კომისიის წევრი ინჟენერი, მათ მიერ გაგმოგზავნილი. აქ მოიწვიეს და ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ინჟენერი ჩვენგან ჯამაგირს ღებულობდა და იმავე დროს იყო აგენტი იმ კაპიტალისტების ჯგუფისა... მე ბორჯომში ვიყავი, როცა დამტკიცდა მთელი ეს საქმე. მე მინდოდა მაშინ ამ ინჟენერის დაჭერა. სამწუხაროდ მე ის ვერ ვნახე, ზომები კი არის მიღებული, რომ მას პირბადე აეხადოს. პრობკა ძალიან ძვირად გვაქვს გაყიდული. გაყიდა ისეთმა ორგანომ, რომელსაც ამისი უფლება ჰქონდა. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი წაფერხება ყოველ მხრივ ადვილდება ერთ ჯგუფ კაპიტალისტებისაგან წვრილ ფეხა და ეგრედ წოდებულ დიდფეხა კაპიტალისტებისაგან, მაგალითები? ბორჯომში ჩვენ გვქონდა ხერხის მასალები, ერთ მილიონ მანეთად ღირებული და იმავე დროს დიდი ავლი გვაწუხებდა. ეს იყო სხვა და სხვა დაწესებულებანი, რომლებსაც მთავრობამ დაუტოვა. აქ იყო ბევრი მასალა ტყე დატოვებული. მაგრამ სანამ ეს მთავრობის ხელში ჩავარდებოდა, ზოგიერთ ქურდებს სხვა და სხვა ქონება მიჰქონდათ და ყველა ეს ნივრის ფასად იყიდებოდა ბორჯომის ბაზარში. მაშინ, რასაკვირველია, დაეცა ბორჯომის ხე-ტყის ფასი. რომ ეს ასე არ მომხდარიყო, ჩვენ ასე მოვიქეცით როგორც საჭიროება მოითხოვდა, რაზედაც ბ. ვეშაპელი ხომერიკს ბრალდებას უყენებს. აქაც არის გასამართლებელი საბუთი. აი რა აკეთა ხომერიკის სამინისტრომ. ავიღეთ და მოვთხოვეთ იმ დაწესებულებებს, რომელთაც ებარათ ეს ხე-ტყე, გადაეცათ იგი ჩვენს სამინისტროში. მაშასადამე, ჩვენ ვყოფილვართ ფასების რეგულიატორი და ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ბორჯომის მამული არ დაიღუპა. მივიღეთ რა ჩვენ ყველა ეს, შევძელით შეგვექმნა ერთგვარი ფასები.
ჩვენ დავადგინეთ, ყოველგვარი ხეტყეულობა თავიდანვე გადაგვეცა საზოგადოებრივ დაწესებულებისათვის, ქალაქის სამმართველოებისათვის.
მაგრამ ჩვენ დავრჩით პატარა წვრილმან „ზაკაშჩიკების“ ამარად. ვერშოკი ერთი გოჯი ხე ფიცრისა ღირს იქ 3 მანეთი. ეს ფასი ბაზრებში მეტი არის და ბორჯომში სამი მანეთი ღირს. ჩვენ, რასაკვირველია, ნაკლებად რომ მივცეთ, ხელს არ მოგვცემს და არაფერი არ დაგვრჩება. მუშებს უნდათ დიდი ფულის გადახდა, დიდი ფულია საჭირო, და უნდა გაიყიდოს ამ ფასად. იმ დროს, რასაკვირველია, ჩვენ ფული არ გვქონდა და მთავრობას ფულის გაგზავნა არ შეეძლო. მზა-მზარეული მასალა კი გვქონდა. ამავე დროს წამოჰყვეს თავი გლეხებმა და გვითხრეს თუ თქვენ 330 000 მანეთი ძველი ვალი არ მოგვეცით, არამც თუ არ ვიმუშავებთ, არამედ არაფერს გაგატანინებთ და სალაროს დავანგრევთო. რასაკვირველია, ამისთვის ანგარიში უნდა გაგვეწია. დაიწყო კომისიამ ძებნა კაპიტალისტებისა, რომელთაც უნდა აეღოთ ეს ხე-ტყე. აი როგორი წინადადება მიიღო დეპეშით ჩვენმა კომისიამ აქაური კომისიისაგან: «согласны забрать весь готовый лесной материал по следующей расценке: первую партию по 1 р. 50 коп. вершокь» მე კი ვამბობ, რომ 3 მანეთი ღირს; რაკი შევიტყვე გაჭირვებული ვიყავით, მოგვთხოვეს 1 მ. 50 კ. პირველ ხარისხში - «остальной сорть сь большой скидкой». აწერია ხელი თქვენთან კარგად ცნობილი, ბატონო ვეშაპელო, ანტონ ქავთარაძისა და არუთინოვის მიერ.
(ვეშაპელი: ეს კიდევ თქვენი იქნება!).
ჩვენ, რასაკვირველია, ამ ფასებით ვერ მივცემდით. მერე, როცა გაიგეს, რომ ჩვენ უკანასკნელი კაპეიკი მოვაგროვეთ, რომ გლეხებისათვის მოგვეცა, როცა გაიგეს, რომ ვერ დაგვიმორჩილეს, მოგვწერეს დეპეშა: „добовляем 20 коп. за первый сорт - значит, первый сорт - 1 р 70 к. ასეთი დეპეშა მოგვწერეს, ვერც ამას დავეთანხმეთ. ძალიან თავზარი დაეცათ იმათ, ვინც საქართველოს ინტერესების დაცვას ეფარებიან. და ამავე დროს ჩვენი იმპერიალისტები, ნაციონალისტები არიან თუ სომხები, თუ ორთავენი ერთად ტყავს აძრობენ და ძირს უთხრიან.
(ვეშაპელი: შეშის საქმე.)
შეშის საქმესაც მოგახსენებთ. აქ მაქვს ის პირობები, რომელშიაც არის შეშა გაცემული. რა არის ასეთი ამ პირობებში, რომ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს. ქალაქში ერთად-ერთი დაწესებულებაა, რომელიც, როგორც კერძო პირი, თავის ოჯახურ საქმით, რასაკვირველია, ერთგვარ რისკით ეწევა ზრუნვას ამ მხრივ ამა თუ იმ საზოგადოებისათვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ-ჩვენი ძალით გაგვეწია ანგარიში ამ უბედურობისათვის, რომელიც ჩვენ ნორჩ რესპუბლიკას დაეცა. ეს უარესია პურის უქონლობაზე - მშიერი თითებს დაიწუწნის და ამით გამოიკვებება. შეშის და სათბობ მასალის უქონლობა კი ზამთარში ყინვის დროს ბევრს გაამწარებს. ბევრი მუშა წამოვარდება და ფანჯრებს ჩაუმტვრევს, რასაკვირველია, არა პეტრე გელეიშვილს, არამედ იმას, ვისაც აქვს რამდენიმე დესეტინა ტყე და მუხა.
დღეს გლეხები მდიდრები არიან, ფული არ უნდათ. მაშინ მთავრობამ რაღაც უნდა გამოიგონოს, რომ გასცეს ანგარიში ამას. ჩვენ ვნახეთ „რუნო“. დამნაშავეა თუ არა ეს „რუნო“, რომ საქართველომ ამღვრეულ ტალღიდან ამოიყვანა?
მე არ მოგაწყენთ თავს კონტრაკტის წაკითხვით. მხოლოდ ერთ ადგილს მოვიყვან, რომლიდანაც დაინახავთ, რა ღრუბელი დაგვიწმინდა, რომ განსაცდელიდან გამოეყვანა საქართველო. (კითხულობს): Заготовочные работы производятся руно с такой успешностью, чтобы сдавать м-ству в месяць не менее 1500 куб. Сажень, при чемь можеть быть производима партиями не менее 50 куб. саж. начало сдачи не позже одного месяца со дня заключения настоящаго договора при условии отвода в течение двух недель сь сего числа.
დიდი საქმე იქნება, რომ ჩვენ შევძლოთ ამოდენა შეშის მოტანა. ის ამბობს, დავამზადებ, მოვიტან თბილისში და მომეცით 10%25 ჩემი კაპიტალის და შრომის ფასი. შეიძლება არ აასრულოს, მაგრამ მითხარით, თუ ეს პირობები ჩვენი ერთგვარი ფანტაზია არის?
შეშა ჩვიდმეტ თუმნად გამოტანილია რკინის გზაზედ და დატვირთულია. ჩვენ რომ გამოვიტანოთ საჟენი, დაჯდება კიდევ 12 თუმანი. 17 თუმანს კიდევ უნდა მიუმატოთ 12 თუმანი და 29 თუმანი დაგვიჯდება ერთი საჟენი შეშა. ეს პარტია შეშა დაგვიჯდება 29 თუმანი საჟენი. აქ კი საჟენი ღირს 600-800 მანეთი. ეს ძალიან ცუდი პირობებია თქვენთვის, ბ. ვეშაპელო? უფრო მაგარი ჯიშის შეშა 180 მან., სწორეთ ამავე პირობებში და უფრო მოკლედ დახერხილი 22 თუმანი, ესე იგი, აქ მოტანილი შეშა დაგვიჯდება მინიმუმი 22 თუმანი. „რუნოსგან“ რომ მოვიტანოთ მაქსიმუმი 320-330 მანეთი. უნდა მერწმუნოთ, რომ ეს ასე არის და იმაზედაც რომ, თუ ეს ვერ შევძელით, ამისთვის ჩვენ მზადა ვართ, თავიდან ტალახი მოვიშოროთ. ვეშაპელი ამბობს: თქვენ შეჰქმენით მონოპოლიაო. მე ვაცხადებ ამ კათედრიდან, რომ ეს სიმართლეს მოკლებულია. ჩვენ არ შგვიქმნია მონოპოლია. ჩვენ დაუწერეთ პირობები მის გარდა რამდენიმე კაცს. ხვალაც უნდა მოუწეროთ ხელი ორ გამოჩენილ კაპიტალისტს, რომლებსაც ფული აქვთ.
ასეთი საქმის გაკეთებას მონოპოლია ჰქვიან? მონოპოლია ამაში მდგომარეობს? ამა თუ იმ რაიონში მივეცით ნება შეშის მოჭრისა და ამავე რაიონში ვეღარავის გაურიგდებით. ჩვენ კი დავჭერით პატარ-პატარა რაიონებად და ერთი პეტრეს მივეცით, მეორე რაიონი პავლეს. სად არის აქ მონოპოლია? მონოპოლია თუ ეს არის, მაშინ ეს გამოწვეული უნდა იყოს რაიმე რაღაც საღი სახელმწიფოებრივი ინტერესებით. რომ ეს ინტერესები საფუძვლიანი და საღი არის, ეს ყველასთვის სრულიად აშკარაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეგვრჩა დიდი მთავრის ქონება, რომელიც შესაძლოა ვითომდა წაგვერთვას, მე ამაზე არ შევჩერდები, მე ამ ბედნიერებას სხვას დაუთმობ. მე არ მინდა ეს თემა გავაფუჭო.
ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედების მინისტრი): ბატონებო, როცა მე სოხუმიდან მომავალმა პირველად წავიკითხე გაზეთებში, რომ ნაციონალ-დემოკრატებმა შეკითხვა შეიტანეს ეროვნულ საბჭოში ჩემი მოქმედების შესახებ, მე ერთობ გამიკვირდა. უნდა მოგახსენოთ, რომ მე ძლიერ მაინტერესებდა, თუ ვინ გამოვიდოდა შეკითხვის დასაცავად. რატომ? ამაზე ქვევით მოგახსენებთ.
ამ შეკითხვის ავტორმა სთქვა, რომ ერთ კაცს არა აქვს უფლება ასეთი სერიოზული საკითხები გადაჭრას და ხაზინა აზარალოსო. მე ძალიან გულდასმით და ყურადღებით მოუსმინე ორატორს, მაგრამ ვერ გავიგე, თუ რაში დაინახა მან ხაზინის ზარალი. არსებული კანონის მიხედვით, შეიძლება ასეთი საქმეების გაცემის დროს დაინიშნოს შეჯიბრება ორჯერ. ერთხელ დავნიშნეთ, მაგრამ არავინ გამოცხადდა. მეორეჯერ დანიშვნა არ შეიძლებოდა, რადგან ისეთი პირობები იყო შექმნილი, თუნდაც რომ დაგვენიშნა, დარწმუნებული ვიყავით, როგორც აქ ჩემმა ამხანაგმა მოგახსენათ, რომ არავინ მოვიდოდა, რადგანაც პირველ საჯარო ვაჭრობაზე არავინ გამოცხადდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, თუ რაში იყო საქმე. ჩვენ საშინელ ცუდ პირობებში ვიმყოფებოდით: ოსმალეთი იმუქრებოდა და შეტევასაც აწარმოებდა. ჩვენ უნდა გვეზრუნა როგორმე სახელმწიფოს ქონება გადაგვერჩინა და ოსმალეთის ხელში არ ჩავარდნილიყო. იქნებ ბატონი ვეშაპელი იმაზე ზრუნავდა, რომ ეს ქონება ოსმალეთის ფაშებს ჩავარდნოდა ხელში! ამიტომ ჩვენ ვიჩქარეთ, მივმართეთ კაპიტალისტებს, მაგრამ არც ერთმა არ ისურვა ამ საქმის აღება. როგორც შემდეგში გამოირკვა, თურმე ვისაც კი შეეძლო ამ საქმის მოგვარება, ისინი ამაში წინასწარ შეთანხმდენ და ხაზინის წინააღმდეგ გაფიცვას აწარმოებდენ. ჩვენ ამის საბუთები გვაქვს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში, რომ წყალი თანდათან ფუჭდება და ის გავეცით იმ ჯგუფზე, რომელმაც ამ საქმის მოწყობა იკისრა. ამ რიგათ, ჩვენ თავიდან ავიცილეთ პასუხისმგებლობა და ასეთი მათ დავაკისრეთ. ჩვენ მათთან შევკარით ისეთი პირობა, რომელიც ცალმხრივია და რომლის დარღვევა ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია. გაუგებრობის გასაფანტავად უნდა განვაცხადო, რომ კონტრაგენტებმაც ეს იცოდენ. ვინაიდან მე მეეჭვებოდა, რომ ისინი ამ საქმის გაძღოლას შესძლებდენ, წინასწარ გავაფრთხილე: თუ თქვენ კარგათ ვერ წაიყვანეთ საქმე, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, სხვას გადავცეთ-თქო. ისინი დათანხმდენ. ჩვენ დღესაც მზად ვართ უკეთეს კაპიტალისტებს გადავცეთ იგი. მართლაც, ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, მოგვეცითო. მარა ჩვენ მოგველაპარაკებიან, პირობას მოგვცემენ,-მარა ისევ გარბიან. როგორც მოგახსენეთ, ჩვენმა კონტრაგენტებმა უკვე ნახევარი მილიონი შემოიტანეს ჩვენს კასაში (გ. ვეშაპელი ადგილიდან: მერე როგორ ყიდიან?). არ ვიცი, როგორ ჰყიდიან. ეს არც უნდა ვიცოდე. ჩვენ რომ მიგვეღო ჩვენს თავზე ის, თუ რა ფასებში და როგორ გაყიდიდენ, მაშინ წაგებაც (თუ იქნებოდა) უნდა გაგვეზიარებია. ამიტომ ჩვენ დაუშვით თავისუფალი ვაჭრობა. თქვენ ყოველთვის მომხრე ხართ თავისუფალი ვაჭრობის და ამ ნიადაგზე კამპანიასაც აწარმოებდით. ახლა კი მიკვირს, რად ხართ წინააღმდეგი ამ შემთხვევაში თავისუფალი ვაჭრობის. აქ ბატონმა ვეშაპელმა გვისაყვედურა ტყის შესახებ, - რათ დაუშვით მონოპოლიაო. მე კი ვაცხადებ, რომ არავითარ მონოპოლიას ადგილი არა აქვს. ინტერპელიანტს რომ კარგად წაეკითხა ხელშეკრულება, მაშინ ის იმაში მონოპოლიის ჩანასახსაც ვერ იპოვიდა. ჩვენ შევუთანხმდით „ოქროს ვერძის“ საზოგადოებას 10.000-დან 20.000 საჟენი შეშის დამზადებაში. ჩვენი წარმომადგენელი იქ არის და უყურებს საქმის ვითარებას. ფასის გამომუშავებაში ჩვენც ვღებულობთ მონაწილეობას, მხოლოდ ჩვენ სანიმუშო ფასათ ავიღეთ 190 მ. შეიძლება მომატება და დაკლებაც, მხოლოდ ჩვენი დასტურით ეს დამოკიდებულია მუშა ხელის ფასზე. სად არის აქ მონოპოლია? თუ „ოქროს ვერძი“ იტყვის, რომ ამაზე ქვევით არ შემიძლიან დამზადებაო, ჩვენ მას ერთ საჟენსაც არ მოვაჭრევინებთ. კიდევ გეკითხებით: სად არის აქ მონოპოლია? რათ ეყრდნობით გაზეთ „სოციალ-დემოკრატს“? ამ გაზეთს ყალბი ცნობის მოთავსებისათვის მე ვაძლევ პასუხის გებაში. ბატონებო! ყოველ შემთხვევაში, მე არ გირჩევდით დაეყრდნოთ ისეთი გაზეთის ცნობას, რომლის დახურვა თქვენ ამას წინეთ ამ კათედრიდან მოსთხოვეთ ჩვენს მთავრობას. რამდენათ მისაღებია ასეთი საშვალებით ბრძოლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან, დე ამაზე თავისი აზრი საზოგადოებამ გამოსთქვას.
აქ ინტერპელიანტმა წაგვიკითხა დიდი ეპისტოლე ვაჭარ-მრეწველთა საზოგადოების, რომელიც თავს სდებს სამშობლოსათვის. მე განგებ ვთხოვე ინტერპელიანტს, თუ სახელდობრ ვინ აწერდა ხელს ამ განცხადებას. იცით, ბატონებო, ეს პირი ვინ არის? ის სპეკულიანტი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპეკულიაცია ჩვენში არ არსებობდა და განსვენებულ ჯაბართან ერთად დიდის ენერგიით ებრძოდა კოოპერატივებს. ერთი-ორი კოოპერატივი კიდევაც ჩაკლა. ვეშაპელის მიმდევრები მაშინ ამაზე ბევრს სწერდენ, მარა ეტყობა, ეს ახლა დაავიწყდათ. არ ლაპარაკობენ იმაზედაც, ვითომ ჩვენ ვეღობებით წინ კერძო ინიციატივას, საშუალებას არ ვაძლევთ კაპიტალისტებს, რომ კაპიტალი დააბანდონ და წარმოება გააჩაღონ. უნდა ვაღიარო გადაჭრით, რომ ეს სიმართლეს სრულებით არ შეეფერება. ჩვენი კაპიტალი სამწუხაროდ ევროპიულ საქმიანობას გაურბის და სპეკულიაციით კმაყოფილდება. მე ძალიან ვცდილობდი, რამდენადაც ეს ჩემგან იყო დამოკიდებული, ეხლაც ვცდილობ, რომ ჩვენი კაპიტალი წარმოებაში დაიბანდოს და მით ქვეყანა ნორმალურ პირობებში ჩამდგარიყო. მაგრამ ეს ასე არ ხდება. რა უფლებით ლაპარაკობენ უანგარობაზე ბატონი ვაჭრები, რომელთაც თქვენ ასეთ აღტაცებაში მოყავხართ?
მე მოვიგონებ ერთ მომენტს: ეს ის დრო იყო, როცა ბონების ბეჭდვის უფლება გაგვითავდა, თათრებთან და სომხებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და ჩვენ საშინელი ფინანსიური კრახის წინაშე ვიდექით. მდგომარეობის გამოსაკეთებლათ ჩვენ გადავწყვიტეთ ზოგიერთი სახელმწიფო ქონება გაგვეყიდა. მივმართეთ ჩვენს ვაჭრებსა და მრეწველებს, გავაგებიეთ სახელმწიფოს საშინელი მდგომარეობა და წინადადება მივეცით შეეძინათ ჩვენგან ქონება. რა ქნეს მერე? წარმოგვიდგინეს მიუღებელი პირობები, და როცა ტყავის საჯარო გაყიდვა დავნიშნეთ, ერთი მათგანიც არ გამოცხადებულა. ხოლო გარე-გარე დადიოდენ და უცდიდენ იმ მოვლენას, როცა ჩვენ იძულებული ვიქნებოდით მათ პირობებს დავსთანხმებოდით. აი, ბატონებო, ამ ხალხის პატრიოტიზმი და უანგარობა.
და ბოლოს, მოგახსენებთ ერთ გარემოებას. ბ. ვეშაპელი ჩვენ გვისაყვედურებს სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაყიდვას, თუმცა ეს უკანონობა მას არაფრით დაუმტკიცებია. მარა ახლა არ იკითხავთ, იმ დროს თითონ ვეშაპელი როგორ მოიქცა? მოგეხსენებათ, საქართველოს ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა, როცა ის კერძო კულტურული დაწესებულება იყო, მიყიდა ტყავი კაპიტალისტთა ერთ ჯგუფს ისეთ პირობებში, რომ ხაზინა კარგავდა 15-18 მილიონ მანეთს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უნდა განვაცხადო, რომ მე აზრადაც არ მომდის, თითქოს პრეზიდიუმმა აქ ნებსითი თუ უნებლიეთი შეცდომა ჩაიდინა. არა, ეს ბატონ ვეშაპელის ხელობაა და მე მის გზას არ გავყვები. ისეთი მდგომარეობა იყო მაშინ, რომ მოფიქრების დროც არ იყო. და თუ მაინც მოგახსენებთ ამ ფაქტს, იმიტომ რომ ბატონი ვეშაპელი თითონ იყო წევრი ამ პრეზიდიუმისა და მაშასადამე, მონაწილეობა მიიღო ტყავის ამ წესით გაყიდვაში. ამის შემდეგ რა ზნეობრივ უფლებით გვთხოვს ჩვენ პასუხს? ჩვენ კი, ბატონებო, ბორჯომის წყალი გავყიდეთ საჯარო ვაჭრობით. შევასრულეთ კანონის მოთხოვნილება, შეშას ვამზადებთ საოჯახო წესით, ხოლო ამ საქმეში ვიხმარიებთ კერძო ინიციატივასაც.
აი, რაშია ჩვენი დანაშაულობა!
გ. ვეშაპელი (ერ.-დემ.) აცხადებს, რომ ის იყო პრეზიდიუმის წევრი, მაგრამ იმ ტყავის გაყიდვაში, რომელიც აქ ნ. ხომერიკმა დაასახელა, მას აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. მასთან ამბობს, რომ თუ ეს დანაშაული არის, მაშინ საბრალმდებლო სკამზე უნდა დავსვათ ძველი ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის ყველა წევრები. ორატორი აღნიშნავს, რომ თუ დავიცავით ეროვნული ინტერესი, მაშინ თავად-აზნაურების წარმომადგენელს და მის ინტერესების დამცველს გვეძახით. თუ სახელმწიფოს ეკონომიურ მხარეზე დავილაპარაკეთ, მაშინ კაპიტალისტებს გვეძახითო. შეკითხვის დასაცავათ ის არაფერს ლაპარაკობს.
ნ. ხომერიკი. მე, ბატონებო, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლათ თავიდანვე განვაცხადე, რომ მე აზრათ არ მომდის, თითქოს პრეზიდიუმმა აქ ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომა ჩაიდინა-მეთქი და თან დაუმატე, რომ ეს ბატონ ვეშაპელის ხელობაა და მე ამ გზას არ გავყვები-მეთქი. მე ვაცხადებ, რომ ჩემს სიტყვაში არავისთვის ბრალი არ დამიდვია და თუ მაინც აღვნიშნე, ეს იმიტომ, რომ მინდოდა მიმეთითებია იმ უნუგეშო მდგომარეობაზე, როცა გაიყიდა ტყავი და გაიცა ბორჯომის წყალი. ეს მოხდა ერთ და იმავე დროს, ერთ და იმავე პირობებში. ბატონი ვეშაპელი, როგორც წინეთ ვსთქვი, წევრი იყო იმ პრეზიდიუმისა, და მაშასადამე, მონაწილეობა მიიღო ტყავის ამ წესით გაყიდვაში. ამიტომ მას არ ჰქონდა ზნეობრივი უფლება ჩვენი მოქმედების წინააღმდეგ წასულიყო. როცა პირობები შეიცვალა, ქვეყანა ცოტათი დაწყნარდა, მაშინ პრეზიდიუმის წევრებმა, გარდა ვეშაპელისა, აღიარეს იძულებითი შეცდომა თავისი, ხოლო ვეშაპელს არც პრესაში და არც კერძო ლაპარაკში ამ შეცდომაზე არაფერი უთქვამს.
ასეა, ბატონო ვეშაპელო, მე თქვენთვის არავითარი საბაბი არ მომიცია, რომ პრეზიდიუმისათვის ბრალი დაგედოთ.
ერთობა. - 1918. - 27 აგვისტო. - N 180-N 181. - გვ. 1, 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1918. - N 38. - N 39. - N 40. - N 41. - გვ. 4, 5, 3, 4.
![]() |
3.6 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
სხდომას თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე
17 სექტემბრის სხდომა
მდივანი კითხულობს დამოუკიდებელ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის განცხადებას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნაციონალურ-დემოკრატიული ფრაქცია ორ ჯგუფათ გაყოფილა.
თავმჯდომარე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომისია არ იკრიბება თავის დროზე, ხოლო მრავალი სერიოზული და დიდმნიშვნელოვანი საკითხები აქვს გასარჩევი და მოუწოდებს ამ კომისიის წევრთ შემდეგში მაინც ცხადდებოდენ კომისიის კრებაზე.
შეკითხვა პურის სიძვირის ნიადაგზე
წარმოებულ აგიტაციის შესახებ
ა. ახმეტელი (რ. დ.) აღნიშნავს, რომ სურსათის საკითხის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ცხოვრებაში. სახელმწიფოს სურსათის მხრივ მდგომარეობა ბარომეტრია, რომელიც სწორეთ გამოხატავს სახელმწიფოს ეკონომიურ, ფინანსიურ და ორგანიზაციულად მოწყობას. რუსეთი დაანგრია სასურსათო საკითხის მოუწესრიგებლობამ, საქართველოს დამოუკიდებლობაც დაიღუპება, თუ სასურსათო საკითხი ჯეროვანად ვერ გადაიჭრა. შემდეგ ორატორი ეხება მთავრობის ორგანიზაციას და ამბობს, რომ, როცა ნ. ჟორდანიას ვირჩევდით მინისტრთა თავმჯდომარეთ, მასზე დიდ იმედებს ამყარებდენ; ფიქრობდენ, ის ყველაფერს გააკეთებსო, მაგრამ იმედები არ გაგვიმართლდა და სახელმწიფო ჯერაც მოუწყობელია; პურის სიძვირემ გასაოცარი ხასიათი მიიღო, მონოპოლიის გატარება მთავრობამ ვერ მოახერხა, თავისუფალ ვაჭრობამ კი არაფერი მოგვცა. თავისუფალ ვაჭრობას მაშინ ექნებოდა მნიშვნელობა, რომ უცხო სახელმწიფოებიდან შემოგვქონდეს პური. ახლა ჩვენში თავისუფალი ვაჭრობა კი არა, პურის თავისუფალი „ტორგია“. რადგანაც მთავრობა პურის გარეშედან შემოტანას ვერ ახერხებს, მან ერთი მაინც უნდა მოახერხოს: საქართველოს პური მარტო საქართველოს მოქალაქემ უნდა სჭამოს. ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობას, მას პური არ უნდა მიეცეს. აქ სთქვეს, რომ სანამ არანორმალური პირობები არ მოისპობა და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში არ ჩადგება, მანამ ეკონომიური ცხოვრების მოწყობა შეუძლებელიაო. მე ვამბობ, რომ სწორეთ სხვების არევ-დარევით უნდა ვისარგებლოთ და მოვაწყოთ ეკონომიური მხარე ჩვენი ქვეყნისა. პოლონეთს სამუშაო იარაღი აქვს, მაგრამ დასამუშავებელი მასალა არა აქვს და ამიტომ წარმ. შეფერხებულია, ჩვენ კი მასალა გვაქვს და წარმოების ამოძრავება ადვილია. მხოლოდ საჭიროა, რომ ჩვენმა მთავრობამ აწარმოვოს გაბედული და არა ლოიალური პოლიტიკა. პურის სიძვირის ნიადაგზე დიდი აგიტაცია სწარმოებს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როგორც ქუჩაში, ისე კერძოთ ოჯახში. ერთი დიდი დაწესებულება, თფილისის ქალაქის თვითმართველობა აგიტაციის ბუდეთ არის გადაქცეული. იქ სხედან საქართველოს არა მოქალაქეები და ჩვენს დამოუკიდებლობას აშკარათ ებრძვიან. საჭიროა მთავრობამ ეს დაწესებულება დაანგრიოს და ააშენოს ახალი, საქართველოს ინტერესების დამცველი. დასასრულ ორატორი ეხება მთავრობის პოლიტიკას და ამბობს, რომ უკუ უნდა აგდოს პოლიტიკა ლოიალური, სოციალისტური, ინტერნაციონალური და მიიღოს პოლიტიკა ნაციონალური, გაბედული, თუ გნებავთ, ეგოისტურიც.
ი. ლორთქიფანიძე (გზათა მინისტრი): მე ვფიქრობდი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გადაგვეტანა პარასკევს, რადგანაც მაშინ ჩვენ ფართედ შევეხებოდით სასურსათო საკითხის ორგანიზაციას და იმ გზას, რომელსაც ამ საკითხში სამინისტრო დაადგა. მე მინდოდა ეს განმეცხადებია აქ, მაგრამ რადგანაც ამ შეკითხვის გარშემო ერთგვარი განგაში არის ატეხილი როგორც პრესაში, ისე საზოგადოებაში, თითქოს მთავრობა განზრახ აგვიანებდეს ამ შეკითხვის განხილვას, მე ეს განცხადება საბჭოს პრეზიდიუმში არ შევიტანე. მე დღეს წამოვაყენებ ამ შეკითხვის საპასუხოთ მხოლოდ ზოგიერთ დებულებებს. აქ შეკითხვის ავტორმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არსებითად პურის სიძვირის შესახებ არაფერი უთქვამს. განა სთქვა ბ. ახმეტელმა პურის საკითხის მოწესრიგების, ანუ მის განაწილების შესახებ? არაფერი უთქვამს. მან მხოლოდ წაგვიკითხა აქ პურის შესახებ აქტი, რომლიდანაც სჩანს, რომ კომისიას პური უვარგისად უცვნია. აქ გასაოცარი არაფერია. პური ყველა ქვეყნებში არის უვარგისი. აქ ორატორი შეეხო მთავრობის მოქმედებას და სთქვა, რომ ნ. ჟორდანიამ იმედები არ გაამართლა და სახელმწიფოს საქმეები ჯეროვანად ვერ მოაწესრიგაო. მე არ ვიცი ბ-ნი ახმეტელი როგორ იმედებს ამყარებდა ჟორდანიაზე, მაგრამ ერთი კი ცხადია: სოციალისტურმა მთავრობამ, რომლის თავმჯდომარეა ბ. ჟორდანია, გააკეთა ის, რის გაკეთებაც შეიძლებოდა დღევანდელ პირობებში. ამის დამასაბუთებელია ისიც, რომ თვით ნაციონალ-დემოკრატების ბანაკში მოინახა ისეთი პირნი, რომელნიც სცნობენ ჩვენი მთავრობის მოქმედების ზოგიერთ დადებით მხარეებს; მათი პარტიის ნაწილმა შეიგნო ის მძიმე პირობები, რომელშიაც მთავრობას უხდება მოქმედება (ვეშაპელი ადგილიდან: კურსები გახსენით). დიახ, თქვენთვის დიდათ საჭიროა კურსები (ვეშაპელი ისევ რაღაცას ლაპარაკობს ადგილიდან, თავმჯდომარე მას შენიშვნას აძლევს, რომ ხელს ნუ უშლი ორატორსო). სასურსათო პოლიტიკის კრიტიკა მე არ მომისმენია. როგორც ეტყობა, ახმეტელი არ არის გაცნობილი ამ საკითხის ნამდვილ დღევანდელ მდგომარეობას. რომ შემოსულიყო სამინისტროში და ეკითხა, გაიგებდა, თუ რამ შეგვიშალა ხელი პურის შეძენაში, რა პირობებში უცვლით საქონელს და რა გზას ადგია დღეს სასურსათო სამინისტრო, არ იტყოდა აგრეთვე, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ არაფერი მოიტანაო. არ ვიცი, რა აზრის იყო ბ. ახმეტელი მაშინ; მხოლოდ მე ვიცი, რომ, როცა თავისუფალ ვაჭრობას ვაცხადებდით, მაშინ არ იყო არც ერთი ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგი ყოფილიყო თავისუფალი ვაჭრობისა. რა მოგვცა თავისუფალმა ვაჭრობამ? მართალია, ბევრი არაფერი, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ პურის თავისუფალ ვაჭრობის გამოცხადების შემდეგ პურის ფასმა თანდათან დაიწია, თელავის მაზრაში პურის ფასი საგრძნობლად დაეცა. ბორჩალოს მაზრაში საქმე ცოტა სხვანაირათაა. იქ ხელს გვიშლის და პურის ფასს სწევს ერთი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ აუცილებლათ ანგარიში უნდა გაუწიოთ. როცა ჩვენ მაგარი ფასები გვქონდა გამოცხადებული, იქ ამ ორგანიზაციამ პურის შესყიდვა დაიწყო 200 მ. ფუთი და ქერის - 150 მ. ახლა სასურსათო სამინისტროს აქვს განზრახული სასურსათო პოლიტიკის შეცვლა და შემუშავებული აქვს გეგმა პურის თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ. თუ ეს არ ვქენით წელს, სამეგრელოდან ბევრს სიმინდს გაზიდავენ. სტატისტიკური ცნობების მიხედვით, საქართველოში წელს კარგი მოსავალია და ბევრი პურის შემოტანა არ დაგვჭირდება. სულ 32 მილიონი პური რომ შემოვიტანოთ, საქართველო პურის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება. მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ პური შემოიტანოს გარეშე სახელმწიფოებიდან, მაგრამ ობიექტური პირობები ძლიერ აფერხებს ამ საქმეს. ჩვენი მოწინააღმდეგენი სამწუხაროთ ამ ობიექტურ პირობებს ანგარიშს სრულებით არ უწევენ და მთავრობას უსაყვედურებენ, პური რათ არ მოგაქვთო. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვცდილობდით ჩრდილოეთ კავკასიიდან პური ჩამოგვეტანა და მოვაწყვეთ ძლიერი ორგანიზაცია, 200 ვაგონი უკვე დამზადებული იყო ჩამოსატანათ, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის ანარქიამ, იმ ამბებმა, რომელიც უკანასკნელ ხანებში იქ დატრიალდა, ხელი შეგვიშალა პურის ჩამოტანაში. ოსეთიდანაც გვინდოდა პურის შემოტანა და ჩვენი რწმუნებული იქაც აწყობს სათანადო ორგანიზაციებს, მაგრამ იქაც ხელი შეგვიშალა უთანხმოებამ, რომელიც ოსებსა და რაჭველებს შორის ჩამოვარდნილა (გაბაშვილი ადგილიდან: კონტრ-რევოლიუციონერები იქნებიან ისინი). შეიძლება კონტრ-რევოლიუციონერები არ იყონ, მაგრამ კონტრ-რევოლიუციის ნამოქმედარი კი იყოს. ტუაფსედან ვაპირობდით პურის შემოტანას, მაგრამ ჩვენმა ჯარებმა უცბად დასტოვეს ტუაფსე და ამან ხელი შეგვიშალა. უკანასკნელ დღეებში ეკატერინოდარიდან მივიღეთ ცნობა ჩვენი რწმუნებულისაგან, რომ მისთვის ყუბანის მთავრობის თავმჯდომარეს განუცხადებია, რომ საქართველოს ყოველ თვეში 100 ვაგონი პური მისცეს. 25 ვაგონი უკვე გზაშია. ეხლა კი ამ მთავრობასთან მოლაპარაკება სწარმოებს და როცა მეგობრული განწყობილება დამყარდება, მაშინ ტრანსპორტის საქმეც კარგათ მოეწყობა. გვაქვს აგრეთვე დაპირება გერმანელთა მისიისაგან, რომ ისინი შემოიტანენ დაახლოვებით 200,000 ფუთ პურს. უკრაინიდან პურის შემოტანა მივანდეთ ერთ ჯგუფს. ამის შესახებ დიდი მითქმა -მოთქმაა ზოგიერთ დაინტერესებულ წრეებში და ამიტომ მოკლედ აღვნიშნავ იმას, თუ როგორ მივეცით კაპიტალისტთა იმ ჯგუფს პურის შემოტანის უფლება უკრაინიდან. ორატორი აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ხოშტარიამ პირველად საქართველოში პურის მონოპოლიის უფლება მოითხოვა, შემდეგ კი რუსული ფულების მიცემა პურზე და სხვა. დანარჩენი კაპიტალისტები ჩამოშორდენ. შემდეგ მოვიდა ვიღაც კაპიტალისტი შრაკი, რომელმაც განაცხადა, რომ ხოშტარიაც ჩემთან იქნება ამხანაგათო და სხ. დარჩა მხოლოდ ვაჭარი მაზმანოვი, ძეგველოვი და ერთი ჯგუფი. მათ პირობით შეეკრა სამინისტრო. ახლა საქმე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ექვსი კვირა, რომლის განმავლობაში მათ უკრაინიდან ნაწილი პურისა უნდა შემოეტანათ, გუშინ თუ დღეს თავდება, მაგრამ მე მოხსენება მინდა გავუკეთო მთავრობას და ვსთხოვო ეს ვადა ცოტათი გაუგრძელონ, რადგანაც მათ აქედან წასვლა დააგვიანდათ ტეხნიკური დაბრკოლებების გამო. იქ კი მათ პურის შესყიდვაში არავინ არ უშლის ხელს, თუ გერმანელებმა მისცეს გამოტანის ნება. მაგრამ ამ მხრივ გვგონია, რომ დაბრკოლება არ იქნება, რადგანაც ამის შესახებ ჩვენი დელეგატებიც გერმანიაში სათანადო მოლაპარაკებას აწარმოებენ. დაწვრილებით ამის შესახებ შემდეგ სხდომაზე მექნება ლაპარაკი. ასეთია საერთოდ მდგომარეობა საზღვარ გარეთიდან პურის შემოტანის შესახებ. თუ იქ ანარქიამ და სამოქალაქო ომმა არ იფეთქა, მაშინ ჩვენ ნაწილს პურისას შემოვიტანთ. შემდეგ ორატორი აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ყოვლად შეუწყნარებელია მიღება იმ დებულებისა, რომელიც ახმეტელმა წამოაყენა და რომელიც ამბობდა, რომ არა ქართველ მოქალაქეთ პური არ ვაჭამოთო. ამას არც ერთ ქვეყანაში არ შვრებიან. ასეთი პოლიტიკა რომ ვაწარმოვოთ, მაშინ არც ერთ ტყვეს საჭმელი არ უნდა ვაჭამოთ; ყველა, გარდა დემოკრატიისა, უნდა ამოვხოცოთ შიმშილით და სხ. არა ქართველ მოქალაქეთ რომ პური არ მივცეთ, ამით ქართველების საქმეს ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ის დიდი რიცხვი ქართველობისა, რომელიც საქართველოს გარეშე სცხოვრობს, ხომ უცნაურ მდგომარეობაში ჩავარდება? ამ წინადადების მიღება შეუძლებელია, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთგვარი უპირატესობა მივცეთ მუშებს, რკინის გზის მოსამსახურეთ და ჯარს პურის იაფად მოწოდებით. რაც შეეხება აგიტაციას, მთავრობა აგიტაციას ებრძვის სხვადასხვა ზომებით და საშვალებებით. აქ ბევრს ლაპარაკობენ, რომ ნ. ხომერიკის პოლიტიკამ დაღუპა საქმეო. უნდა ითქვას სიმართლე, რომ სწორედ ხომერიკის პოლიტიკის წყალობითაა, რომ წელს არც ერთი ტკაველი მიწა არ დარჩენილა დაუმუშავებლათ და წელს ბევრი პურის შემოტანა არ გვჭირია. დაწვრილებით ამ საკითხს, როგორც ზევით მოვიხსენიე, შევეხები შემდეგ სხდომაზე, როცა სასურსათო საქმის რეორგანიზაციაზე მექნება ლაპარაკი.
რ. არსენიძე: ს. დემოკრატიული ფრაქციის სახელით მოგახსენებთ, რომ შეკითხვა საყურადღებოა. შეკითხვის ავტორმა ბევრი კითხვები წამოაყენა, მაგრამ კამათი დღეს ამ კითხვის შესახებ უნდა მოიხსნას, რადგანაც მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შემდეგ სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებულ საქმეზე გვექნება მსჯელობაო.
გ. ვეშაპელი მოითხოვს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს, რადგანაც მინისტრმა არსებითად პასუხი გასცა შეკითხვის ავტორს. საჭიროა საერთო მსჯელობაც დღეს დამთავრდეს.
საბჭომ დაადგინა ამ საკითხზე მსჯელობა შემდეგ სხდომაზე იქნას გაგრძელებული.
24 სექტემბერის სხდომა
მსჯელობა გრძელდება ახმეტელის შეკითხვის გარშემო. სასურსათო საქმის მინისტრი დაპირდა საბჭოს მომავალში მოქმედების გეგმას წარმოვადგენო.
პური
ივ. ლორთქიფანიძე (გზათა და სასურსათო საქმეთა მინისტრი) იძლევა პურის შემოტანის შესახებ ზოგიერთი დამატებითი ცნობებს და ამბობს: მე წინა სხდომაზე განვაცხადე ყუბანის თავმჯდომარის თანხმობა საქართველოსათვის პურის მიცემის შესახებ, ეხლა კი ხელთ მაქვს ოფიციალური ქაღალდი ყუბანიდან. კითხულობს ქაღალდს, რომლიდანაც ჩანს, რომ საქონლის გაცვლა - გამოცვლის საფუძველზე ყუბანის მთავრობა თანახმაა ყოველ თვეში ასი ვაგონი პური უგზავნოს საქართველოს. გუშინ ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე ელაპარაკა ყუბანის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც სთქვა, რომ ბალშევიკური მთავრობა დაეცა და ის დელეგაცია, რომელიც საქართველომ ყუბანთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა, მიზანს მიაღწევსო. ევგენი გეგეჭკორიც იქ არის და პურის საკითხს აუცილებლად მოაწესრიგებენ. მხოლოდ ხელს შეგვიშლის სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობა. ნოვოროსიაში გემები არ არის. ჩვენ უნდა მოვძებნოთ და აქედან გავაგზავნოთ. საყურადღებო ცნობები მოდის ქუთაისის გუბერნიიდან. იქ სიმინდის ფასი საოცრად დაეცა. ახლო მომავალში მთელს საქართველოში ძლიერ დაეცემა პურის და სიმინდის ფასი, რადგანაც საზღვარგარეთიდან პურს შემოვიტანთ.
მარილი
არა ნაკლები განგაში იყო ატეხილი მარილის გარშემო, როცა ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას და რამეს გავაკეთებთ, თავისუფალ ვაჭრობის მოტრფიალენი მაშინვე ატეხავენ განგაშს. თვითონ კი თავისუფალი ვაჭრობის მომხრე არიან, მაგრამ არაფერი არ შემოაქვთ. როცა დავინახეთ ჩვენ, რომ მარილის კრიზისი იყო, გადავწყვიტეთ საზღვარგარეთიდან შემოგვეტანა მარილი. სტატისტიკური ცნობების მიხედვით, საჭირო იყო ერთი მილიონ 300 ათასი ფუთი მარილი. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი განსაკუთრებული არანორმალური პირობების გამო ჩვენ ვერ ვახერხებთ ხელშეკრულობები შევკრათ ისე როგორც ამას მოითხოვს სათანადო კანონები რუსეთისა. ჩვენ გვქონდა ორი წინადადება გერმანოვიჩისა, რომელიც დაგვპირდა 200 ვაგონი მარილის შემოტანას და ხოდორსკის. ორივემ პირობა შეასრულეს და ჩაგვაბარეს. დაახლოვებით დღეს საქართველოს რესპუბლიკაში 600 ათას ფუთამდეა მარილი, რაც იკმარებს ექვს თვეს. იყო მითქმა - მოთქმა, რომ მთავრობამ დიდ ფასებში გასცა მარილის მოტანაო, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. ძეგველოვს უნდოდა შემოტანა, მაგრამ მარილის მონოპოლია ითხოვა. ყველა დანარჩენი ვაჭრები ითხოვდენ ფუთ მარილში 7 მ. 45 კ., იყო ერთი, რომელსაც ხუთ მანეთად შემოქონდა, მაგრამ დანარჩენი ხარჯების მიმატებით მაინც 8 მანეთამდე აღწევდა. სხვა წინადადებები მთავრობას არ ქონია.
ჩაი
ამ ორი საკითხის მოწესრიგების შემდეგ მთავრობამ გაგზავნა თავისი რწმუნებული ქუთაისის გუბერნიაში მოცვის ჩაის მოშენების შესახებ, რადგანაც ჩვენში ჩაის დიდი ნაკლებობაა. აღმოჩნდა, რომ ის ჩაი, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ და რომელსაც ქვია „ვისოცკის“ ჩაი, მოცვის ჩაი ყოფილა. ეხლა ქუთაისში ორი ქარხანა მუშაობს, სამწუხარო ისაა, რომ წვრილი ვაჭრები სპეკულიაციას აწარმოებენ.
აწინდელი მოქმედების გეგმა
თქვენ იცით რომ ამიერ კავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არსებობს სასურსათო სამინისტრო, ორგანიზაციები. მაგრამ მიუხედავად ამისა, სპეკულიაცია მაინც სწარმოებს. ახმობენ კვერცხს, მაწონს და სადღაც მიაქვთ ვაჭრებს. ჩვენს წინაშე დაისვა საკითხი, - არის თუ არა საჭირო რაიმე ორგანიზაცია. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ჩვენ ბევრი პური და სხვა საქონელი უნდა შემოვიტანოთ, რომელსაც მოწყობა მოწესრიგება უნდა, საჭიროდ დავინახავთ სასურსათო ორგანიზაციის არსებობას. მთავრობა შეჩერდა იმაზე თუ რა ტიპის უნდა ყოფილიყო ეს ორგანიზაცია და მოიწონა პროექტი რომლის ძალით სასურსათო ორგანიზაცია სდგება: ერობების, კოოპერატივების, ქალაქთა კავშირების სამ სამი წარმომადგენელნი. ერთი ქალაქ თფილისის, თითო მიწათ - მოქმედების, შინაგან და გზათა სამინისტროს წარმომადგენელი, თითო რკინის გზის ცენტრალური სამმართველოს სასურსათო განყოფილების, სამხედრო საინტედანტო და სახალხო გვარდიის წარმომადგენელი. ამ რიგათ მომავალში სდგება სასურსათო საბჭო, რომლის თავმჯდომარეს დანიშნავს თვითონ მთავრობა.
ალ. ახმეტელი. აღნიშნავს, რომ მე ფაკტები ბევრი მქონდა, მაგრამ მაშინ განზრახ არ შევეხე. ეხლა კი მოგითხრობთ იმას, თუ რას ჰქონდა ადგილი სასურსათო სამინისტროში. ორატორი ეხება ხელშეკრულობებს სამინისტროს მიერ სხვადასხვა კაპიტალისტებთან დადებულს და ამბობს, რომ არც ერთი ხელშეკრულება არ არის ჩვენთვის მოსაგები, ყველა საზარალოა. ადერბეიჯანში ერთ ერთმა ვაჭარმა 27 მილიონი მანეთის შაქარი გაზიდა, ხოლო აქეთ ჯერ არაფერი შემოუტანია. ასახელებს ზოგიერთ ვაჭრებს, რომლებმაც საქონელი აქედან გაიტანეს და საქართველოში არაფერი შემოუტანიათ. ორატორი ამბობს, რომ ის პროექტი, რომელიც სასურსათო მინისტრს წარმოუდგენია და მთავრობას მოუწონებია, არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს იგივე სამინისტროა. ახმეტელი იძლევა წინადადებას სურსათის მოწყობა მოწესრიგების საკითხი მიენდოს ვაჭართა კლასს. მხოლოდ მათ შეუძლიანთ ამის მოწესრიგება.
ი. ლორთქიფანიძე. საზარალო იყო ერთი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ დავდევით ადერბეიჯანთან, მის გარშემო რევიზია სწარმოებს. ბ. ახმეტელმა ეს იცოდა და აქ ამაზე არაფერი უნდა ეთქვა, რადგანაც ზომები უკვე მიღებული იყო. შემდეგ ახმეტელი შეეხო «Кутаисская украинская громада»-ს და სთქვა, რომ მისთვის არ უნდა მიეცათ ნება პურის ყიდვისო, მე ვამბობ, რომ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ ვინც მოვიდოდა და განაცხადებდა ამა თუ იმ სანოვაგის შემოტანას, მასთან ვსდებდით ხელშეკრულობას. შემდეგ მინისტრი ეხება ნარსიასთან დადებულ ხელშეკრულობას და ამბობს, რომ ნარსიამ გაიტანა ორი ვაგონი შაქარი, უნდა შემოეტანა 10 ვაგონი პური, მაგრამ მან განაცხადა, რომ სადგურ ფოილოზე შაქარი წამართვესო და ამიტომ პური არ შემოუტანია. ჩვენ გვაქვს საბუთები, რომ ნარსიამ შაქარი დიდ ფასებში გაყიდა, ხოლო სამინისტროს თხოვა პურის შემოტანის ვადა გაეგრძელებია, მე ის დავიბარე, დავატუსაღე და ოლქის სასამართლოს გადავეცი საბუთებით. ახმეტელი შეეხო ვიღაც მამინაიშვილს და სთქვა, რომ მანაც აზარალა საქართველოსო. ეს სიმართლეს მოკლებულია. მას უნდა ჩაებარებია ჩვენთვის ათასი სული საქონელი. მან ეს მოახერხა და ადერბეიჯანიდან მორეკა ათასი სული საქონელი, ეს მაშინ, როცა ჩვენი ჯარი ამ მხრივ საშინელ კრიზისს განიცდიდა. „კომერსანტთან“ ხელშეკრულება დავსდეთ მაშინ, როცა ხოშტარიასთან ვერ მოხერხდა. თქვენის აზრით, ბ. ახმეტელო, უფრო ხელსაყრელი იყო ჩვენთვის ხოშტარიასთან შეგვეკრა, მაგრამ სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. „კომერსანტმა“ ვოლგა-კამის ბანკში შეიტანა 250 ათასი მანეთი რუსული ფული საწინდარი. ასე რომ, მართალი არ არის, რომ ამ საზოგადოებამ ფულის შემოტანა ვერ მოახერხაო. „კომერსანტთან“ რომ ხელშეკრულება შევკარით, ის ხოშტარიასთვის იყო გამზადებული, მაგრამ მან მეტი მოითხოვა, შენიშვნები გაუკეთა, რომლის დაკმაყოფილება ჩვენ არ შეგვეძლო, რაც შეეხება ძეგველოვს, ის ბანკის დირექტორია და იმ ბანკის განყოფილებები ხელს უწყობს პურის შესყიდვაში ჩვენს აგენტებსო.
ნ. ჟორდანია. მოქალაქენო, როცა ბ. ახმეტელმა შემოიტანა აქ შეკითხვა, ამას მე დიდის სიხარულით მივეგებე. ვფიქრობდი, რომ ბ. ახმეტელი ისეთ რამეს იტყოდა ახალს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემდა სპეკულიაციასთან უფრო ენერგიულად და მიზანშეწონილად ეწარმოებია ბრძოლა, მაგრამ იმედები არ გამიმართლდა. რაც სთქვა ბ. ახმეტელმა, ისიც სიმართლეს მოკლებულია. რომ მისთვის გვეცადა და ჩვენ სპეკულიაციის წინააღმდეგ ზომები არ მიგვეღო, სულ დავიღუპებოდით. ჩვენში მიღებულია, რომ როცა საჭიროა საქონელი, მაშინ ერთი ორგანიზაცია ჰკრავს ხელშეკრულებას კერძო პირთან, ან საზოგადოებასთან. ასეთი ორგანიზაციაა სურსათის სამინისტრო. ის შეეცადა ეშოვა პირები, შეიკრა რამდენიმე ხელშეკრულება. ამ დროს დაიწყეს ამ უწყების გარშემო დავა. მე მოვითხოვე ყველა ხელშეკრულებათა ასლები და შევუდექი საქმის გამოძიებას. სულ დადებული ყოფილა 12 ხელშეკრულება. ყველა ესენი გადავეცი იურისტკონსულს. ამავე დროს შეუდგა საქმის გამოძიებას სახელმწიფო კანტროლიორი, გამოირკვა, რომ შედეგი გამოძიებისა კანტროლიორის და ჩვენი ერთნაირი შეიქნა. ხელშეკრულობების უმრავლესობა არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. არის მხოლოდ ერთი ხელშეკრულება, რომელიც არ არის საზარალო. ვინაიდან ყველა ხელშეკრულობებზე ხელი უწერია ბ. საბაშვილს, ის თანამდებობიდან დროებით გადავაყენეთ და სწარმოებს რევიზია ამ უწყების. მე რევიზიის მოსახდენათ დავნიშნე ერთი პირი, რადგანაც მთავრობამ ეს მე მომანდო, მაგრამ ის პირი ავად გახდა. ეხლა კი მივანდევი რევიზიის წარმოება თფილისის სახაზინო პალატის უფროსს ვირსალაძეს. მე არ ვარ საერთოდ ამაში სპეციალისტი, მაგრამ ხოშტარიას მიერ წამოყენებულ პირობებში მაინც ცხადათ დავინახე, რომ ის საზარალო იყო, ის ჩვენს ხაზინას ხელფეხს უბორკავდა. ამასობაში წარმოდგენილი იქნა მეორე პირობები - „კომერსანტის“, რომელიც ჩვენი ხაზინისათვის უფრო ხელსაყრელი იყო, რასაკვირველია, შედარებით. მხოლოდ არ არის პასუხისმგებლობის მუხლი აქ შეტანილი. ამის შესახებ უკვე ზომებია მიღებული და ამის შეტანას მოვახერხებთ, თუ არა და მისი დარღვევაც ადვილია, არის მხოლოდ ერთი ძლიერ საზარალო ხელშეკრულება, ადერბეიჯანთან პურის შესახებ, რომლის დარღვევა შეუძლებელია. ხელშეკრულების ძალით ერთ ფუტ შაქარში იძლევიან ორ ნახევარ ფუტ პურს. ისინი ვინც ჰკრავდენ ამ ხელშეკრულებებს ან არ იცოდენ, ან და იცოდენ და მაინც შეკრეს, ყოველ შემთხვევაში ამას გამოძიება და რევიზია გამოარკვევს და რეზოლიუციები საბჭოს წარედგინება. საერთოდ სურსათის საქმეს დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ცხოვრებისათვის და ამიტომ მთავრობა დიდს ყურადღებას აქცევდა ამ საკითხის მოწესრიგებას, მაგრამ ხელი შეგვიშალა ჩვენი მეზობლების პოლიტიკურმა მდგომარეობამ. როცა ჩვენ პური უნდა გამოგვეტანა, მაშინ იქ ბალშევიკურმა მოძრაობამ იჩინა თავი და საშუალება არ მოგვეცა, რომ პური შემოგვეტანა. ახლა კი იმ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელია პურის გამოტანა, სიწყნარეა ჩამოვარდნილი და პურის შემოტანაც შესაძლებელი გახდა. ჩვენს მთავრობას არა სურს მარტო თვითონ იყოს პასუხისმგებელი სურსათის საკითხში და არსდება საბჭო, რომელიც მთავრობასთან ერთად შესძლებს ახალი გზით, ახალი ძალებით სასურსათო საქმის მოგვარებას. რაც შეეხება ბოროტმოქმედებას, ჩვენ ერთხელ კიდევ ვაცხადებთ, რომ არც ერთ უწყებაში არ გვინდა იყოს ისეთი პირი, რომელიც რაიმე ბოროტ მოქმედებას სჩადის, ხელს არავის არ დავაფარებთ და თითოეული მოქალაქე ვალდებულია თვალყური ადევნოს მოხელეთა მოქმედებას. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ბოროტ მოქმედი სასტიკად იქნება დასჯილი (ტაში). სიგვიანის გამო კრება შესწყდა და კამათის გაგრძელება გადაიდო შემდეგი სხდომისთვის.
ალ. ახმეტელის შეკითხვის შესახებ კამათის გაგრძელება
თ. ღლონტი, აღნიშნავს შეკითხვის უმნიშვნელობას და საერთოდ სასურსათო პოლიტიკას და ამბობს, რომ შეკითხვა შეიძლება თავის - თავად უმნიშვნელო იყოს, ხოლო თვით სასურსათო საქმის ორგანიზაცია - სისტემა დიდმნიშვნელოვანი საკითხია. უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს შეკითხვა აქ არის დასმული, ამ ხნის განმავლობაში მთავრობამ სასურსათო საქმის რეორგანიზაცია მოახდინა, შეიქნა ახალი ორგანიზაცია. რა უნდა დაედვას სარჩულად ამ ახალ სასურსათო ორგანიზაციას და მის პოლიტიკას? ცხადია, საქმისთვის აუცილებლათ საჭიროა მოკრებილ იქნას ყველა ცოცხალი ძალები, დაწყებული ბურჟუაზიიდან და გათავებული მემარცხენეებით. თუ სადმე საჭიროა ტრადიცია, ეს უპირველესად ყოვლისა ამ საქმეში. ეს სპეციფიური დარგია და არ შეიძლება ისე მალ - მალე იცვლებოდეს ორგანიზაცია, როგორც ეს ხდებოდა. სასურსათო სამინისტროს უმთავრეს საკითხს შეადგენდა პურის საკითხი. ამ უწყებამ ეს საქმე მიანდო დიკტატორს, რომელსაც სამწუხაროთ არაფერი გაუკეთებია, შექმნილი ახალი ორგანიზაცია არ არის დამაკმაყოფილებელი, ის დამოუკიდებულია მთავრობისაგან და წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში. მას არა აქვს სათანადო უფლებები, რომ დამოკიდებულება იქონიოს სხვა სახელმწიფოებთან. ჩვენის აზრით საჭიროა სასურსათო ორგანიზაციის განკარგულებაში იყოს ყველა ის საქონელი, რომელიც მოეპოვება სხვადასხვა ორგანიზაციას, თუ გინდა მომარაგების კომიტეტს და ეს და ეს ორგანიზაცია სრულს მთავრობის მორჩილებაში იყოს.
თ. კიკვაძე: მოქალაქენო! თუ არ ვცდები, დღეს მესამე სხდომაა, რაც საბჭო მსჯელობს ახმეტელის შეკითხვაზე. საზოგადოთ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საბჭოში მემმარჯვენენი შემოიტანენ სრულიად დაუსაბუთებელ და უაზრო შეკითხვებს და საბჭოს დროს აკარგვინებენ.
ჩვენი ფრაქცია შეკითხვებს საერთოდ დიდ ფასს სდებს და მით ის სარგებლობდა სახელმწიფო სათათბიროში და სხვაგან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ კითხვა დასაბუთებული უნდა იყოს. აქ 4 თვეა, რაც შეკითხვები შემოაქვთ ამ სკამებიდან (მიუთითებს ნაც. დემ.) და არც ერთი შეკითხვა დასაბუთებული არ ყოფილა. ვერც ბ. ახმეტელმა დაასაბუთა თავისი შეკითხვა. აქ ბ. ახმეტელმა განაცხადა, რომ სასურსათო სამინისტროში პანამა ხდებაო, ხოლო დასამტკიცებლათ საბუთები არ მოუყვანია. ყოველ შემთხვევაში რევიზია ხდება და ის იტყვის უკანასკნელ სიტყვას და თუ რაიმე ბოროტება ხდება - დამნაშავენი სასტიკად დაისჯებიან. ჩვენს ფრაქციას შემოაქვს კანონ - პროექტი, რომლის ძალით ყველა ბოროტმოქმედნი და ის პირნი, რომელნიც თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ, სასტიკად უნდა დაისაჯონ. როგორც ზევით ვსთქვი, შესაძლოა სამინისტროში მართლა რაიმე ბოროტებას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას რევიზია გამოარკვევს, ხოლო რაც შეეხება სასურსათო სამინისტროს, უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ სამინისტროს, ორგანიზაციას არ შეუძლია იარსებოს დროსა და სივრცის გარეშე, მე აზრათ არა მაქვს დავიცვა ეს სამინისტრო, მხოლოდ მსურს მიუთითო საბჭოს იმ პირობებზე, რომელშიაც სამინისტროს უხდებოდა მუშაობა. ჩვენი დამოუკიდებლობა გამოცხადდა 26 მაისს, ეს ის დრო იყო, როცა ძველი პური გამოლეული იყო, ხოლო ახალი შემოსული არ იყო, მასთან უნდა ვსთქვა, რომ საქართველოს ყველა ქალაქები იკვებებოდნენ უცხოეთიდან შემოტანილი პურით. პურის საკითხი დიდმნიშვნელოვანი საკითხია. ამ საკითხმა დაამხო რუსეთის ძველი მთავრობა და ამავე საკითხმა ჩასცა სასიკვდილო მახვილი გულში რევოლუციას. როცა სააკიანი და ტერგაზარიანი მუშაობდნენ სამინისტროში, მაშინ უფრო კარგი პირობები იყო, გზები მაინც გახსნილი იყო და შეიძლებოდა პურის შემოტანა. ჩვენს სამინისტროს ძველი ორგანიზაციისაგან არაფერი არ მიუღია გარდა შაქრისა. ცუდი პირობები შეიქნა, გზები დაიკეტა, შიგნით ზოგიერთი კუთხეები საშინელ შიმშილს განიცდიდენ. ასეთ ცუდ პირობებში უხდებოდა სამინისტროს სხვადასხვა ხელშეკრულებათა დადება კერძო პირებთან. მე ახლა გადავდივარ იმ ხელშეკრულებაზე, რომლის მიუღებლობა საქართველოს რესპუბლიკას დაღუპავსო, რომ გაიძახიან ნაც - დემოკრატები და მათი ამყოლ-დამყოლნი. ეს არის ხოშტარიას მიერ წარმოდგენილი პირობები. ხელშეკრულობა ხელთა მაქვს. იქ არის ისეთი მუხლი, რომლის მიღება ყოვლად შეუძლებელია, ის ერთიანად უბორკავს ხელფეხს ჩვენს ხაზინას და მასთან ძლიერ საზარალოა. ხოშტარია თხოულობდა პურის მონოპოლიის უფლების მიცემას საქართველოს რესპუბლიკაში, მასთან ის თხოულობდა 3 მილიონ რუსულ ფულს, ხელშეკრულებაში არ იყო აღნიშნული დრო, თუ როდის უნდა შემოეტანა. როგორც ხედავთ, ეს ხელშეკრულება მიუღებელი იყო. მაზმანოვის ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება შედარებით უკეთესია, რაც შეეხება ტაგიევს სამინისტრომ მას მისცა 2 ვაგონი შაქრის გატანის ნება, მაშინ, როცა გურიის სხვადასხვა კუთხეებიდან მოდიოდა აუარებელი დეპეშები შიმშილის შესახებ და თხოულობდენ პურს. ამ პირობებში სამინისტრო იძულებული იყო იმ შედარებით არა საზარალო პირობებზე მოეწერა ხელი. ტაგიევს ორი ვაგონი შაქრის სამაგიეროდ უნდა შემოეტანა ორი ვაგონი პური და 120 ათასი მანეთი ფული უნდა დაემატებინა. ამ ნაირათ ის ბრალდება, რომ სასურსათო სამინისტრო არ შეეცადა უფრო ხელსაყრელ პირობებში შეეკრა ხელშეკრულებაო, სიმართლეს მოკლებულია.
შემდეგ ორატორი აღნიშნავს საეროდ დადებულ ხელშეკრულებათა უარყოფით და დადებით მხარეებს და ამბობს, რომ თუ ობიექტურ პირობებს გავითვალისწინებთ, მაშინ ასეთ ბრალდებას ვერ წამოვაყენებთ.
წელს კი საბედნიეროდ მოსავალი დიდია. თუ პურიც შემოტანილ იქნა ერთ მილიონ ფუთამდე, ქ. თფილისს ეყოფა. სოფლად კი წრევანდელი მოსავალი თითქმის საკმარისია.
ბ. ახმეტელმა იცოდა, რომ 14 აგვისტოს სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენებით სასურსათო უწყების რევიზია დაინიშნა, მაგრამ მიუხედავათ ამისა, 17 აგვისტოს მან შეკითხვა შემოიტანა. მას უნდა მოეცადა რევიზიის შედეგისათვის, მაგრამ ეს პირადი მისი საქმეა. ჩვენ ერთხელ კიდევ აღვნიშნავთ, რომ სასურსათო საქმე ერთობ რთული საქმეა. ამის სათანადოთ მოწესრიგება თვით გერმანიასაც ვერ მოუხერხებია. აქ მონოპოლიაზე ამბობდა გ. ღლონტი, მონოპოლია შეიძლება განხორციელდეს იქ, სადაც მთელი ხალხი ამას ხელს უწყობს. ჩვენში კი საამისო პირობები არ არის და ვერც განხორციელდა. ჩვენი მთავრობა უნდა შეეცადოს და როგორმე შემოიტანოს უცხო ადგილებიდან განსაზღვრული რაოდენობა პურისა. ამის გაკეთებას უფრო შესძლებს ის ახალი სასურსათო საბჭო, რომელიც შესდგება კოოპერატივების, ქალაქთა კავშირის, ქალაქის თვითმართვ. რკინის გზის მთავარ კომიტეტის და მთავრობის წარმომადგენლებისაგან, ეს საბჭო ხალხთან უფრო დაახლოვებულია და მისი მუშაობაც ნაყოფიერი იქნება. თუ მის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რომ რათ ნიშნავს მთავრობა თავმჯდომარესო, ეს იმიტომ არის, რომ მთავრობის და საბჭოს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კავშირი, თუ ეს ასე არ იქნა, არ ვარგა, მთავრობა იღებს ხარჯებს და იქ თავისი კაცი უნდა ყავდეს. ჩვენ ბევრი ზომები ვსცადეთ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიაღწია მიზანს და ამიტომ მხარს უჭერთ ამ ახალ სასურსათო ორგანიზაციას და პოლიტიკას.
რ. გაბაშვილი. ბ. კიკვიძემ განაცხადა, რომ მთავრობას არ დავიცავ ჩემს სიტყვაშიო, მაგრამ მაინც დაიცვა. მან სთქვა: ხელშეკრულებები ცუდ პირობებში იქნა შეკრული და ამისდა მიუხედავათ მაინც და მაინც საზარალო არ არისო. ნ. ჟორდანიამ კი წინა სხდომაზე განაცხადა, რომ 12 ხელშეკრულობიდან, მხოლოდ ერთი არ არის საზარალო, დანარჩენი კი საზარალოაო, რომელს დაუჯეროთ? კიკვაძემ ისიც განაცხადა, რომ ეს მემარჯვენე ფრთა თავისი შეკითხვებით დროს გვაკარგვინებსო. ეს მართალი არ არის. შეკითხვებს ჩვენ მაშინ ვიხილავთ, როცა საქმიან მუშაობას მოვრჩებით ხოლმე.
ბ. გზათა მინისტრმა ახმეტელის შეკითხვას საფუძვლიანი პასუხი ვერ გასცა, მან მხოლოდ გვიამბო, თუ როგორ ვერ შემოიტანა პური 17 ადგილიდან, მეორეჯერ კი სთქვა თუ შემდეგ როგორ ვერ შემოიტანს პურს. მე არ ვიტყვი სასურსათო სამინისტროში პანამა არის მეთქი, მაგრამ არ შემიძლია არ ვსთქვა, რომ იქ საქმე კარგად ვერ არის დაყენებული, მაგ. ვიღაც აივაზოვს 80 ათასი მან. ჩეკი გადაუხურდავეს - პურს შემოვიტანო - ხოლო საწინდრად 5 ათასი მანეთი გამოართვეს. ეს მოქმედება მოსაგებია? არა მგონია. რათ მოხდა ისე, რომ ტაგიევს 2 ვაგონი შაქრისათვის მოსთხოვეს ორი ვაგონი პურის შემოტანა, ხოლო ნარსიას 2 ვაგონი შაქრისათვის 10 ვაგონი პურის შემოტანა?
შემდეგ ორატორი ეხება თვით სამინისტროს პოლიტიკას და ამბობს, რომ ეს სისტემა საშინელ მდგომარეობას ქმნისო. გაბაშვილს არც ახალი საბჭო მოსწონს, ის ამბობს, რომ ვერც ეს საბჭო გააკეთებს რამესო. ორატორი ეხება იმ გარემოებას, რომ პური დამალულია, ბაზარში არ გამოაქვთ და ამბობს: ყველაფერი ეს მიწის დეკრეტის ბრალია; თავად - აზნაურებისათვის მიწა რომ არ ჩამოგერთვათ, ისინი ღალის საშვალებით პურს შეიძენდენ და შემდეგ ბაზარში გამოიტანდენ გასაყიდათ, მიეცით გლეხებს მიწები, (მიუთითებს სოც. დემოკრატებისაკენ), მაგრამ ხომ ხედავთ პური არ გამოაქვთო. არის თუ არა რაიმე საშვალება ამ სიძვირესთან საბრძოლველათ? (ეს საკითხი ორატორმა სამჯერ დასვა, მაგრამ პასუხი არ გაუცია. შეიძლებოდა მხოლოდ ასეთის დასკვნის გამოტანა, თუ მემამულეებს მიწებს დაუბრუნებთ, მაშინ შესაძლებელია პური გვქონდესო.
პ. ქავთარაძე. (ალიონ.) აცხადებს, რომ ჩვენი ფრაქცია სავსებით მხარს უჭერს მთავრობას და მზათ არის მას ყოველგვარი დახმარება გაუწიოს, მხოლოდ არ შეუძლია ფრაქციას არ გამოსთქვას მწუხარება იმ გარემოების გამო, რომ ჩვენს მთავრობას გარს შემოხვევია მუმლივით მავნე ელემენტები და მოქმედებაში ხელს უშლიან. ორატორი ეხება ბ. ახმეტელის შეკითხვას და ამბობს, რომ ასეთი დასაბუთებული შეკითხვა ჯერ საბჭოში არ შესულაო. ეს დაამტკიცა მთავრობის თავმჯდომარემ თავის განცხადებით. ახმეტელმა სთქვა, რომ რევიზიის მოსახდენათ დაინიშნა ისეთი პირი, რომელიც თვითონ სასურსათო საქმეშია ჩაბმული და თავის ამხანაგებს ჯეროვნად ვერ გაასამართლებსო. ეს სრული სიმართლე იყო, რევიზორად დაუნიშნავთ ალ. ჯაფარიძე, ეს შეუძლებელია. ის თვითონ ამ სასურსათო საქმეში მუშაობს, ისედაც შეუფერებელი კანდიდატია. ეხლა კი ის გამოუცვლია მთავრობას და მოსალოდნელია რევიზია ნაყოფიერი იყვეს. შემდეგ ორატორი აღნიშნავს, რომ ხშირად იცი, დარწმუნებული ხარ, რომ ესა თუ ის ბოროტება ხდება, მაგრამ ფაქტებით არ შეგიძლია დაამტკიცო. მაგ. ქუთაისის გუბერნიაში არის ერთი სასურსათო სამინისტროს რწმუნებული, რომლის მოვალეობაა დამალული საქონლის აღმოჩენა და მოგროვება, ის კი პირიქით, დადის და ეუბნება ვაჭრებს, საქონელი გადამალეთ და შემდეგ უფრო აწეულ ფასებში გაყიდითო. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტს ადგილი აქვს, მაგრამ მისი დამტკიცება საბუთებით ხელში არ შემიძლია, რადგანაც სასამართლოს წინაშე არც ვაჭარი იტყვის ამას და არც ის რწმუნებული, უბრალო საუბარში ნაცნობთან კი სთქვასო.
სასურსათო მინისტრმა შეკითხვაზე მსჯელობის პირველ დღეს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს სასურსათო სამინისტროს რეორგანიზაცია და ახალი გეგმით უნდა ვაწარმოვოთ სასურსათო პოლიტიკაო. იმის შემდეგ ჩვენ ველოდით შესაფერ კანონ პროექტის წარმოდგენას ეროვნულ საბჭოში, მაგრამ ეს თვითონ მთავრობას გადაუწყვეტია. რასაკვირველია, ეს არ არის კარგი. სასურსათო საქმის პოლიტიკის შესახებ აუცილებლად უნდა გამოეთქვა თავისი აზრი პარლამენტსო.
ნ. ჟორდანია. სამწუხაროდ დღეს აქ არ არ არის ჩვენი სასურსათო სამინისტროს წარმომადგენელი, რომ გასცეს პასუხი ორატორებს. მხოლოდ მე მინდა რამოდენიმე სიტყვა ვსთქვა დღევანდელი დებატების შესახებ, აქ ბ. ქავთარაძემ სთქვა, რომ ახმეტელის შეკითხვა იყო ერთად ერთი დასაბუთებული შეკითხვა იმ შეკითხვებთა შორის, რომელნიც საბჭოში იქნა შემოტანილიო, ეს დაამოწმა მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ლორთქიფანიძემო, მაშინ, როცა მე წინა სხდომაზე განვაცხადე, რომ ბ. ახმეტელმა სთქვა ის, რაც ჩვენ ვიცოდით, და ახალი, რაც სთქვა სიმართლეს მოკლებული იყო თქო. ამ ახალის დამამტკიცებელი საბუთი მე დღეს აქ არ მომისმენია, რჩება ის, რაც ჩვენ კარგი ხანია ვიცოდით. ბ. ახმეტელს შეეძლო მთავრობის კანცელარიაში შესულიყო, გადაეშალა ქაღალდები და რაც თვითონ სთქვა იმას იქ იპოვიდა. მთავრობა თვითონ აღიარებს და ამბობს, რომ ეს საქმე რთულია, ძნელია, ჩვენ ვსცადეთ ერთი საშვალება, მეორე, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოდგა, საქართველოს თავისი პურით არასოდეს არ უცხოვრია {ვეშაპელი ადგილიდან: მჭადით?} არც მჭადით. მას შემოქონდა სხვა პროვინციებიდან {დღეს კი ეს პროვინციები ცალკე რესპუბლიკებად გადაიქცენ}, დღეს კი ეს პოლიტიკური მდგომარეობისა გამო შეუძლებელი ხდება. რომ არ ყოფილიყვნენ იქ ყაზახები, აქ ოსმალები და სხვა, მაშინ მოხერხდებოდა პურის შემოტანა, აქ გამოვიდა ბ. გაბაშვილი და სთქვა, რომ რატომ მიეცით მაზმანოვის ჯგუფს და არა სხვასო. ჩვენ განვიხილეთ ორივეს პირობები და უფრო ხელსაყრელად დავინახეთ მაზმანოვის და მისი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულობა. მე აქ ვსთქვი, რომ ყველა პირობებში არის მხოლოდ ერთი პირობა - მაზმანოვის და, რომელიც არ არის საზარალო. მაზმანოვის ჯგუფმა კიდევაც მოახერხა პურის შეძენა, მხოლოდ იქაური მთავრობა არ ანებებს ჯერ ჯერობით გამოსატანად. თუ ჩვენ პოლიტიკური ხასიათის დაბრკოლებები ვერ დავსძლიეთ, მაშინ ის პურის შემოტანას ვერ მოახერხებს.
ბ. ქავთარაძემ სთქვა, რომ რევიზიის თავმჯდომარეთ დაინიშნა ისეთი პირი, რომელიც ამ საქმეს ჯეროვანად ვერ წაიყვანდა და ამ საქმისთვის შეუფერებელი კანდიდატი არისო. მე რევიზორად დავნიშნე ალ, ჯაფარიძე, იმას ვიცნობთ როგორც სასტიკ ადამიანს, რომელიც ერთ კაპეიკს არ დაანებებს სხვას და არც თვითონ უნდა სხვისი, კერძო საქმე იქნება ეს თუ საზოგადო, ვიცოდით გრეთვე ისიც, რომ იმან არ დაინდო არც თავისი ამხანაგები და ოროტმოქმედებისათვის ისინი დაიჭირა. ბ. ქავთარაძეს ის არ ოსწონს და წერილიც მოათავსა „ალიონში“, მაგრამ არც ამ ტრიბუნიდან, არც ამ თავის წერილში გარკვეულად არაფერი უთქვამს, რომლის მიხედვით შეუძლებელი იყო ჯაფარიძის დანიშვნა. ის მე თუ გადავაყენე, არა იმიტომ, რომ შეუფერებელი კანდიდატი იყო, არამედ ავადმყოფობის გამო. თუ ბ. ქავთარაძეს აქვს მის შესახებ საბუთები, მაშინ მოვალეა, საბუთები წარმომიდგინოს.
აქ ბევრს ლაპარაკობენ სასურსათო პოლიტიკაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენში იყო პურის მონოპოლია, ის ცხოვრებაში ძნელი გასატარებელი შეიქნა, მონოპოლია მოვსპეთ და შემოვიღეთ თავისუფალი ვაჭრობა, რადგანაც ხალხს ეგონა, რომ თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნებოდა ბევრ პურს შემოიტანდნენ და პური გაიაფდებოდა.
ამ მიმდინარეობას ჩვენ ანგარიში გავუწიეთ და სასინჯავათ შემოვიღეთ პურის თავისუფალი ვაჭრობა. როგორც ხედავთ, არც ამ ზომამ გასჭრა. ახლა საჭირო შეიქნა პოლიტიკის შეცვლა. ჩვენ ახლა იმედი გვაქვს, პურს შემოვიტანთ ყუბანის ოლქიდან, თუ იქიდან პურის შემოტანა ვერ მოვახერხეთ, მაშინ სხვა გზა და საშუალება უნდა ვეძიოთ. ამ საკითხის გადაჭრა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პასუხს მოგვცემს ყუბანის მთავრობა.
სასურსათო პოლიტიკის საწარმოებლად, ცხადია, საჭირო არის ორგანიზაცია. ჩვენ დავინახეთ საუკეთესოდ, რომ საჭირო არის ამ ორგანიზაციაში შევიდეს ყველა სურსათის საქმეში დაინტერესებული ორგანიზაციათა წარმომადგენელნი, როგორიც არიან: კოოპერატივთა კავშირის, ქალაქთა კავშირის, ქ. თფილისის, რკინის გზის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ სასურსათო განყოფილების და სხ. თუ ჯერაც არ შესდგა ეს საბჭო, იმიტომ, რომ არის ერთგვარი უთანხმოება თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ. ეს დავა მგონია ამ დღეებში დამთავრდება და საბჭო შეუდგება თავის საქმეს.
როგორც ხედავთ, სურსათის საკითხი - ეს დიდი კითხვაა და ჩვენ ვეძებთ ახალ პოლიტიკას და გზებს. აქ გამოდიან ზოგიერთები და ებრძვიან ქარის წისქვილებს, არც ცნობა, არც ახალი წინადადება მათ არ შემოაქვთ (ტაში).
წინადადება შემოდის კამათი სიგვიანის გამო გადაიდოს შემდეგი სხდომისათვის.
[...] ნ. ჟორდანია. აქ პ. ქავთარაძემ სთქვა, რომ რომელიმე უწყების მოხელე, ან წარმომადგენელი არ შეიძლება დაინიშნოს რევიზორათ იმავე უწყებაშიო. როცა ის მე დავნიშნე რევიზორათ, მაშინ ის სასურსათო კომიტეტში არ მსახურობდა, და თუ დავნიშნე ეს იმიტომ, რომ ის გამოცდილი კაცი იყო და მისი მუშაობა ნაყოფიერი იქნებოდა.
წინადადება შემოდის კამათის მოსპობის შესახებ. კამათი მოისპო. საბჭომ მიიღო სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ წარმოდგენილი შემდეგი რეზოლიუცია: „მოისმინა რა შეკითხვა სურსათის საქმის შესახებ და მთავრობის პასუხი, საქართველოს ეროვნული საბჭო აღნიშნავს, რომ მთავრობას საკუთარი ინიციატივით მიუღია ჯეროვანი ზომები და დაუნიშნავს რევიზია სასურ. საქმის, რესპუბლიკის და ხალხის ინტერესების დასაცავად და დარწმუნებული, რომ მთავრობა მთელი თავისი ძალით განახორციელებს მის მიერ აღნიშნულ ზომებს ამ დარგში გამეფებულ ბოროტების ასალაგმავად, უცხადებს ნდობას მთავრობას და გადადის მორიგ საკითხებზე“.
ა. სიგუა
ერთობა. - 1918. - 19. IX; 27.IX; 4 X. - N 200; 206; 212. - გვ 2, 2, 1, 2.
საქართველო. - 1918. - ღვინობისთვის 5. - N 186. - გვ. 2.
![]() |
3.7 მერვე ყრილობა |
▲ზევით დაბრუნება |
ს.-დ. მ. პარტიის წარმომადგენელთა
12 ნოემბერს კრება იხსნება საღამოს 6 ნახ. საათზე: სამანდატო კომისიის სახელით მოხსენებას აკეთებს ზ. გურული. მოსხენებიდან გამოირკვა, რომ კომისიას უდაოდ უცვნია 86 მანდატი. 85 დაუმტკიცებია გადამწყვეტი ხმით - ერთი კი სათათბირო ხმით. დანარჩენი მანდატები კი ფორმალურის მხრით სადაო გამხდარა და კომისიამ ყრილობას მიანდო ამ მანდატების განხილვა. ყრილობამ მოხსენების შემდეგ ეს სადაო მანდატებიანი დელეგატები დაუშვა ყრილობაზე სათათბირო ხმით. მათი რიცხვი არის 4. საოლქო კომიტეტის მოქმედების შესახებ მოხსენებას აკეთებს ნ. ჟორდანია, რომლის გამოსვლას ყრილობა მხურვალე და ხანგრძლივი ტაშის ცემით ხვდება.
მომხსენებელი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი კონფერენციის შემდეგ ერთ წელზე მეტმა გაიარა. ამ ხნის განმავლობაში ყრილობის და პარტიის სახელით მოქმედობდა ის საოლქო კომიტეტი, რომელიც არჩეულ იყო წინა კონფერენციაზე. თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი დიდი ამბები, ცვლილებები მოხდა, საოლქო კომიტეტს კი უხდებოდა თავის პასუხისმგებლობით და „რისკით“ მუშაობა. ხშირათ კომიტეტს ამხანაგები ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ის თავის ნებით, სხვა ორგანიზაციების დაუკითხავათ მოქმედობს და ყრილობას არ იწვევსო. მე უნდა განვაცხადო, რომ საოლქო კომიტეტმა რამოდენიმეჯერ დაადგინა კონფერენცია მოწვეულიყო, მაგრამ მდგომარეობა ისე მიდიოდა, რომ ყრილობის ცდა და მოლოდინი შეუძლებელი იყო, ამბები თითქოს ციდან ვარდებოდნენ, და უნდა მიგვეცა ყოველი მოვლენისათვის პასუხი. ამ პასუხისაგან იყო დამოკიდებული ხშირად მთელი სოფლის, კუთხის და ხალხის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამიტომ ჩვენ არ შეგვეძლო მოქმედება შეგვეწყვიტა. დღეს კი თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს ყველა ის ნაბიჯები, რომელიც გადავსდგით პარტიის სახელით.
რომ დავახასიათო ის პოლიტიკური განსხვავება, რომელიც იყო წინა ყრილობის დროს და არის ახლა, მე წაგიკითხავთ იმ ყრილობის დღის წესრიგს. ორატორი კითხულობს დღის წესრიგს, სადაც სწერია: ბალშევიკებთან გაერთიანება, დამფუძნებელი კრება და სხვა, და ამბობს, რომ დღეს ბალშევიკებთან გაერთიანებას, აგრეთვე სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევას, ვინ იფიქრებს. ეს განსხვავება გვიჩვენებს, რომ თითქოს იმ ყრილობის შემდეგ გასულიყოს არა რამოდენიმე თვე, არამედ 13 საუკუნე, ეს ნათლად გვიმტკიცებს, თუ რამდენათ დავშორდით ჩვენ იმ ეპოქას. ამ ყრილობის საკითხებს არავითარი საერთო არა აქვს წინა ყრილობის დღის წესრიგთან. რას აკეთებდა საოლქო კომიტეტი ამ ხნის განმავლობაში?
ჩვენ გვეძახოდნენ ცენტრალისტებს, დიახ, ჩვენ ვიყავით ცენტრალისტები. ჩვენ ვფიქრობდით და გვწამდა, რომ რუსეთის გარდაქმნა, ძველი რეჟიმის მოსპობა და ახალის დამყარება შეიძლება ცენტრიდან და ჩვენს თავს სიამოვნებით ვუწოდებდით ცენტრალისტებს. ეს ცენტრალისტობა იყო დასახული მიზნის მისაღწევათ საშუალება. ეს მიზანი იყო სახელმწიფოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრება და ამ წყობილებიდან სოციალისტურ ხანაში გადასვლა. ასე ვმოქმედებდით ჩვენ ოქტომბრის გადატრიალებამდე. ამ გადატრიალებამ კი ჩვენ ნათლად დაგვანახა, რომ ტაქტიკის შეცვლა აუცილებელი იყო.
ჩვენი იმედები გამართლდა. ძველი წეს-წყობილება დაეცა, მაგრამ ახალი შენობის აშენების საკითხში თავი იჩინა სხვადასხვა გზებმა. ჩვენ ამ გადატრიალებამ დაგვანახა, რომ რუსეთში, ცენტრში აღარ არის ის ძლიერი დემოკრატია, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული წყობილების განმტკიცება. თვითონ რუსეთის მუშათა კლასი უძლური აღმოჩნდა ამ დემოკრატიული წყობილებისათვის, როდესაც ჩვენთვის ნათელი გახდა რომ ცენტრიდან არ შეიძლებოდა დემოკრატიული წყობილების განმტკიცება, მაშინ ჩვენ გადავსწყვიტეთ ამიერკავკასიის ფარგლებში გვემუშავა ამ მიმართულებით და ერთგვარი გავლენა მოგვეხდინა ცენტრზე და ქვეყანა გვეხსნა სამოქალაქო ომისა და ანარქიისაგან.
1-13 ნოემბრის საოლქო კომიტეტის სხდომის ოქმებში ჩვენ სხვათა შორის ვკითხულობთ: „ანარქიის ჩასაქრობათ შევიდეთ თანხმობაში თითქმის ყველა ადგილობრივად მომქმედ პარტიებთან. ამ ხანებში ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ჩვენ ცენტრის მთავრობას ვერ ვუყურებთ, ვერ მოუცდით. ამიტომ საოლქო კომიტეტმა დაადგინა: შეუთანხმდეთ ყველა პარტიებს და შევქმნათ აქ ცენტრალური მთავრობა. ეს მთავრობა პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წინაშე-ცენტრის. ჩვენ ხშირად გვიკიჟინებდნენ, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ საბჭოთა მთავრობისა და იმავე დროს იმ საბჭოებს სცნობთო. ეს მართალი არ იყო. ჩვენი დამოკიდებულება საბჭოებთან ღრმად განსხვავდებოდა ბალშევიკების დამოკიდებულება - შეხედულებისაგან. ამ საბჭოებში, ცენტრებში ხელმძღვანელ პარტიათ ჩვენი პარტია იყო. და ჩვენ შევქენით ეს მთავრობა, მაგრამ მაინც არ ვკარგავდით იმედს იმისას, რომ რუსეთის მთლიანი რევოლიუციონური ფრონტი და ამას ხელს უწყობდით იმათ, რომ ადგილობრივათ ორგანიზაციულათ ვეწყობოდით. ამ მიზნით ჩვენ 24 ნოემბერს დავადგინეთ სახალხო კომისრებთან ერთგვარად შევთანხმებულიყავით; ჩვენ გადავწყვიტეთ აგრეთვე, რომ 8 იანვარს ჩვენი დეპუტატები გაგვეგზავნა დამფუძნებელ კრებაზე, მაგრამ რამდენი მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ღრმავდებოდა ბალშევიკების რღვევითი გავლენა. ეს რღვევა დაიწყო ფრონტიდან. მთელი ფრონტი დაიძრა და დაიბადა ოსმალეთის საფრთხის საკითხი. ჩვენ ვიცოდით, თუ რანაირი მდგომარეობა იქნებოდა და ამიტომ 6 დეკემბრის ოქმში ჩვენ ვკითხულობთ: „მოეწყოს მიტინგები ყველა პუნქტებში, სოფლებში და ხალხს მოვუწოდოთ, რომ ჩაეწერონ ნაციონალურ პოლკებში, აგრეთვე აუხსნან საყოველთაო შეიარაღების საჭიროება და ოსმალეთის საფრთხე. ჯერ კიდევ მაშინ მიუთითებდა საოლქო კომიტეტი ხალხს იმაზე, რომ ოსმალეთის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შეიარაღებული ძალის ყოლა. ჩვენ როცა დავინახეთ ოსმალეთის საფრთხე გადავსწყვიტეთ ნაციონალური პოლკების შექმნა, რომ ამით შეგვეჩერებინა სახლში მიმავალი ჯარისკაცები, მაგრამ მოვსტყუვდით. ბალშევიზმმა ჩვენი ჯარისკაცებიც გარყვნა. დაიწყო დეზერტირობა, საოლქო კომიტეტმა ამას ყურადღება მიაქცია და ზომები მიიღო. როცა ამ ზომამ მიზანს ვერ მიაღწია, საოლქო კომიტეტმა დაადგინა განსაზღვრულ წლოვანების ახალგაზრდათა მობილიზაცია მომხდარიყო (19 წ. - 32 წ.) და აი ამიერ-კავკასიის კომისარიატმა გამოსცა დეკრეტი მობილიზაციის შესახებ. ამის წინააღმდეგ საშინელი კამპანიის წარმოება დაიწყეს მოწინააღმდეგეებმა. ეს კამპანია იმდენათ ძლიერი იყო, რომ საოლქო კომიტეტმა დაადგინა მობილიზაცია შეეჩერებინა. კომისარიატმა მობილიზაცია შეაჩერა. ამ საკითხის გარშემო ერთსულოვნება არ იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ორგანიზაციათა წარმომადგენლები. გამოცხადდა 19 ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეს ყრილობა კომპრომისულ გზას დაადგა. მიიღო მობილიზაცია 19 წ. და 25 წლამდე, მაგრამ თან გაუკეთა შენიშვნა, რომ ისეთ პუნქტებში მოხდეს მობილიზაცია, სადაც 15 დღის საჭმელ-სასმელი და სამხედრო მასალა არის. ეს კი თითქმის არსად არ იყო. ამრიგათ, ამ შენიშვნამ თითქმის გააბათილა მობილიზაციის მთავარი დებულება. ოსმალეთისაგან თავის დაცვის საკითხში საოლქო კომიტეტმა ვერ ჰპოვა მხარის დაჭერა მთელს პარტიაში. მთელმა პარტიამ ეს დებულება მიიღო, მაგრამ მერე გვიან იყო. ამ ხანებში ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკილიაო. მაშინ საოლქო კომიტეტმა განიზრახა აქ შეექმნა ისეთი მთავრობა, რომელსაც მხარს დაუჭერდა მთელი ამეირ-კავკასიის ხალხი და რევოლიუციონური ორგანიზაციები. 9 იანვარს კომიტეტმა დაადგინა მოეწვია სეიმი დამფუძნებელ კრების დეპუტატებისაგან, სეიმის მოწვევის იდეა დაიბადა მაშინ, როცა დამფუძნებელი კრება გარეკილ იქნა და არ იყო იმედი მთლიანი რუსეთის რევოლიუციონური ფრონტის აღდგენისა. 21 იანვარს საოლქო კომიტეტმა დაადგინა დამფუძნებელ კრების დეპუტატთა რიცხვი გადიდებულიყო სამჯერ და შეკრებილიყო სეიმი 10 თებერვალს. ამ ხანებში აქ გამოცხადდა საბჭოთა მთავრობის საგანგებო კომისარი შაუმიანი. მაშინ ჩვენს წინ დადგა საკითხი ბალშევიკებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის და 25 იანვარს დადგენილ იქნა გაგვეწყვიტა ბალშევიკებთან ყოველგვარი კავშირი და მათ წინააღმდეგ მიგვეღო რეპრესიული ზომები. ამ ხანებში ჩვენ მივიღეთ დეპეშა ოსმალთა მთავრობისაგან, რომლითაც ისინი თანხმობას აცხადებდენ საზავო მოლაპარაკებაზე. საოლქო კომიტეტი ცდილობდა ეს მოლაპარაკება გამართულიყო ან თფილისში, ან უკრაინაში, მაგრამ მათ არ მიიღეს ეს და საზავო მოლაპარაკების ადგილათ დაინიშნა ტრაპიზონი, მიუხედავად ყოველგვარ საზავო მოლაპარაკებისა, ოსმალებმა დაიწყეს შეტევა. მაშინ ყევლამ დაინახა ოსმალეთის საფრთხე და ყველა თანახმა იყო მობილიზაციის, მაგრამ გვიანღა იყო. და თქვენ იცით თუ რით გათავდა ყველაფერი ეს. მოლაპარაკებიდან არაფერი არ გამოვიდა, დელეგაცია თფილისში დაბრუნდა. როგორც სომეხი, ისე ქართველი დელეგატები ამბობდენ, რომ ხსნა მხოლოდ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებააო. ამ საკითხმა დიდი უთანხმოება გამოიწვია. თავდაპირველად საოლქო კომიტეტში ასეთი აზრი იყო, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება საქმეს სრულებით არ უშველის, მაგრამ პროვინციალური ამხანაგები ამას აუცილებელ ნაბიჯათ და საჭიროთ სთვლიდნენ. საოლქო კომიტეტმა დაადგინა ენერგიულად გვეწარმოებია თავდაცვა და განსაკუთრებული უფლებებით აღგვეჭურვა ჩვენი ამხანაგები მთავრობაში. ამას ხმა მისცა 14 კაცმა შვიდის წინააღმდეგ. ცხრა აპრილს დავადგინეთ გამოცხადება ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობისა. მე მაშინ თავი შევიკავე, პრინციპიალურად არაფერი არ მქონდა ამის საწინააღმდეგოთ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობა მდგომარეობას იმდენად არ შესცვლიდა, როგორც ეს სხვებს ეგონათ. ამიერ-კავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამ გარემოებამ უთანხმოება გამოიწვია პარტიულ ორგანიზაციაში. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ჩვენ ვერ გვიხსნა. ოსმალებმა შეტევა განაგრძეს და თქვენ იცით ბათუმის ბედი. იმ ხანებში ნათელი გახდა, რომ ამიერ-კავკასიის მთლიანობა დაირღვა და მისი არსებობა ფიქცია იყო. მაშინ 24 მაისს ჩვენ გამოვიტანეთ რეზოლიუცია საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ, იმ პირობით, თუ ნემცები მოგვცემდენ გარანტიას ოსმალებისაგან დაცვისას. 26 მაისს, თქვენ იცით, სეიმმა თავი დაშლილად გამოაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების საკითხს თითქმის სულ არ გამოუწვევია უთანხმოება. მხოლოდ ზოგიერთმა ამხანაგებმა გაზ. „ბორბის“ სარედაქციო კოლეგიიდან განცხადება შემოიტანეს კოლეგიიდან გასვლის შესახებ და პარტიულმა ამხანაგებმა - ლიტერატორებმა - დაიარსეს ცალკე ორგანო, ვიმეორებ, ეს გარემოება შეეხო მხოლოდ ლიტერატორთა ერთ ჯგუფს. აი. ამხ. ის ძირითადი პოლიტიკური ხაზი, რომელსაც აწარმოებდა საოლქო კომიტეტი. რა საკვირველია, საოლქო კომიტეტი ღებულობდა მონაწილეობას და მის ხელმძღვანელობით ხდება ყველა საერობო და საქალაქო თვითმართველობების არჩევნები. ის ხელმძღვანელობას უწევდა ყველაფერს და ამიტომ ძველი წყობილებიდან ახალ წყობილებაში გადავედით-დღეს დემოკრატიული წყობილება გვაქვს, ამას იმიტომ ვშვრებოდით, რომ ჩვენ გვწამდა დიადი მომავალი პროლეტარიატისა განხორციელდებოდა დემოკრატიის საშუალებით და ამიტომ მხარი ვერ დავუჭირეთ ბალშევიკებს, რომელნიც მუდამ გამოდიოდნენ დემოკრატიის მტრებათ. დღეს გერმანიაში რევოლიუცია ხდება. იქ ჯერ ჯერობით სწორეთ დემოკრატიული გზით მიმდინარეობს მოძრაობა. ჩვენ ამ ამხანაგებთან წავალთ, მაგრამ არას გზით არ შეგვიძლია სიარული რუსის ბალშევიკებთან (ძლიერი ტაში). თუ გერმანიის რევოლიუცია წავიდა ბალშევიკური გზით, მაშინ ის რევოლიუცია აუცილებლათ დამარცხდება. და თუ დემოკრატიული გზით წავიდა-ჩვენც, როგორც ვთქვით, მათთან ვიქნებით. (ხანგრძლივი ტაში).
[...] ნ. ჟორდანია. არც ერთი საკითხი ადგილობრივი ორგანიზაციების დაუკითხავად არ გადაწყვეტილა. ერთმა ადამიანმა დამისვა წერილობითი კითხვა: რუსეთში არ სწამთ რომ ჩვენში ოსმალთა საფრთხე იყოვო და ეს უნდა დავუმტკიცოთო. ისინი, ამხანაგებო, იგონებენ ასეთ ამბებს, რომ თავზე მოგვახვიონ თავისი გამარუსებელი კონტრრევოლიუციონური პოლიტიკა (ტაში), ჩვენთვის ეს ცხადია, რომ გერმანიას მფარველობა არ გაეწია, ოსმალეთი მთელს საქართელოს აიღებდა.
რეზოლიუცია ყრილობას არ მიუღია, რადგან არ იყო გამორკვეული რომელ სახელით: ამიერ-კავკასიის სოც.- დემოკრატიული პარტიის, თუ საქართველოს პარტიის სახელით გამოეტანათ რეზოლიუცია [...]
13 ნოემბრის სხდომა
ნ. რამიშვილის მოხსენების შესახებ ლაპარაკობენ ი. ირემაშვილი, ლ. დავითაია და ზ. გურული. ორატორები საერთოდ კმაყოფილნი არიან მთავრობაში მყოფი ამხანაგების მუშაობით და აღნიშნავენ, რომ ისინი სწორ ხაზს ადგნენ და სავსებით ასრულებდნენ მიცემულ დირექტივებს და მათი მოქმედება საგარეო პოლიტიკაში, ეს იყო მუდმივი გამარჯვება. მაგრამ ეს სავსებით არ შეიძლება ითქვას შინაურ საქმეებზედ-ეს მხარე თითქმის მივიწყებული იყო. შინაურ საქმეების გადაჭრა მოწესრიგებაში ორატორები აღნიშნავდენ ზოგიერთ დეფექტებს: მთავრობა მეტის მეტ სისუსტეს იჩენს დამნაშავეთა დასჯაში, ამით ხალხი უკმაყოფილოა. მართალია, კანონი არსებობს, პარლამენტის მიერ მიღებული, მაგრამ მას ცხოვრებაში არავინ არ ანხორციელებს და ეს ხალხს გულს უტეხს. სოფლის ადმინისტრაცია თავის სიმაღლეზე არ სდგას, ბევრ ძველ მოხელეებს უჭირავთ პასუხ საგები ადგილები. ერთი ორატორთაგანი აღნიშნავდა რაიონული და სოფლის კომისრების ჯამაგირის სიცოტავეს და ამბობდა, რომ ეს გარემოება ხელს უწყობს ბოროტმოქმედებას და რესპუბლიკანურ წყობილების წინააღმდეგ ხალხში ნიადაგს ამზადებს, რადგანაც სოფლის და რაიონის კომისარი ეს ხალხისათვის რევოლიუციაც არის და რესპუბლიკაც. თუ კარგია კომისარი, მისი აზრით მაშინ რესპუბლიკაც კარგია და ასე მთავრობის პასუხი რომ, გადასახადები არ შემოდის, ხაზინა ცარიელია და სოფლის ადმინისტრაციაც ჯეროვნად ვერ მოვაწყვეთო, არ არის დამაკმაყოფილებელი. შეიძლებოდა იძულებითი სესხი გამოეცათ და საქმე მოეგვარებინათო, ამბობდენ ორატორები.
ფირუმოვი აღნიშნავს რომ საკითხი უნდა დაისვას არა ცალკე დეფეკტების მხილების შესახებ, არამედ საერთოდ მთვარობის პოლიტიკურ კურსზე. სოციალ დემოკრატიულ პარტიის ტაქტიკაა, რაც შეიძლება ფართე დემოკრატიზაცია და კლასობრივ ბრძოლის პრინციპის მიხედვით პირდაპირი ხაზის ტარება პოლიტიკურ სფეროში. ეჭვი არ არის, რომ ჩვენს წარმომადგენლებს სურვილი ჰქონდათ პოლიტიკური ხაზი მოემართათ ისე, როგორც ამას მოითხოვდა სოც. დემოკრატიული პარტიის პრინციპები, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა-საქმე, ამა თუ იმ პრინციპის ცხოვრებაში გატარება. ჩვენი მთავრობა გაჰყვა ნაციონალისტურ მიდრეკილებებს-მან შეკრა ბლოკი ნაციონალისტურ პარტიებთან-დაშნაკცუკუნებთან და მუსავატელებთან. ამ ბლოკის შეკვრით ჩვენ მარცხენა ხელით ვაფუჭებდით იმას, რასაც ვაკეთებდით მარჯვენა ხელით. ჩხენკელის გამგზავრება ტრაპიზონში, ეს ნაციონალისტური მიდრეკილებით იყო გამოწვეული. ამ პოლიტიკურმა ხაზმა ჩვენი მთავრობა მიიყვანა სამოქალაქო ზავამდე და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პარტია არც ერთხელ არ გამოსულა, როგორც კლასობრივი და პროლეტარული პარტია, არამედ,-როგორც ნაც. პარტია და მე ვგრძნობ, რომ ეს ნაციონალისტური პოლიტიკა ჩვენ მიგვიყვანს იზოლაციამდე. საჭიროა თავის დროზე უარყოფილ იქნას ეს ნაციონალისტური პოლიტიკა. მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ შესძლო თითქმის პროგრამა მინიმუმის განხორციელება. ეს ჩემის აზრით იმით აიხსნება, რომ მთავრობა მიდიოდა ბურჟუაზიასთან კომპრომისებზე, დათმობაზე. სოციალ დემოკრატიული პარტია საერთაშორისო მთავრობის დაწყების დროს უნდა დადგეს წმინდა კლასობრივ ბრძოლის გზაზე.
ნ. ჟორდანია. მე ავიღე სიტყვა იმიტომ, რომ პასუხი გამეცა იმ ამხანაგებისათვის, რომელნიც აღნიშნავენ მთავრობის დეფეკტებს, მაგრამ ამ დროს ამხ. ფირუმოვმა წამოაყენა საკითხი ჩვენი პოლიტიკური ხაზის შესახებ და მე სიამოვნებით მსურს მას ვუპასუხო. საქმე იმაშია, რომ დემოკრატიულ წყობილების აშენების დროს ჩვენ გვიხდებოდა მოქმედება ნაციონალურ ფარგლებში. დღეს თურმე ამხ. ზურაბოვი გვიკიჟინებდა ჩვენ, რომ ნაციონალ დემოკრატებათ გადაიქეცითო, მაგრამ თუ ნაციონალურ ფარგლებში, ჩარჩოებში მუშაობა ნიშნავს ნაციონალ დემოკრატობას, მაშინ ყველა ქვეყნის სოციალ დემოკრატები ნაციონალ-დემოკრატები ყოფილან. ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ბრიყვ კოსმოპოლიტებათ. ჩვენ ვდგევართ შემდეგ თვალთახედვის ისარზე: თუ რაიმე გაკეთება შეუძლებელი ხდება ფართე მასშტაბით, მაშინ ის უნდა გაკეთებეულ იქნას ვიწრო ფარგლებში. ამაოთ უწოდებენ თავის თავს მარქსისტებს ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ნაციონალური სახელმწიფოს შენება ნიშნავს მარქსიზმის ღალატს. ისეთი ცნობილი მარქსისტ-თეორეტიკი, როგორიც არის კარლ კაუცკი ნათლად ამბობდა, რომ თუ ავსტრო უნგრეთს ჰსურს გარდიქმნას დემოკრატიულ საფუძველზე. ის უნდა დანაწილდეს ცალკე ნაციონალურ სახელმწიფოთა და შემდეგ უნდა გაერთიანდეს ფედერატიულ ნიადაგზე. რაც შეეხება ამხ. ფირუმოვის ბრალდებებს, მე უნდა უპასუხო, რომ ჩვენი პოლიტიკური ხაზი იყო კლასობრივი და შემდეგშიაც ასეთი იქნება და ისინი, ვინც ჩვენ ბრალს გვდებენ ნაციონალისტობაში, ანუ ნაციონალ-დემოკრატობაში, ან დაავიწყდათ დანახვა იმის, რაც არის, ან და არ უნდათ დაინახონ ის, რაც სინამდვილეში არის. უსაფუძვლოა აგრეთვე ამხ. ფირუმოვის ბრალდება, რომ ჩვენ ნაციონალ-დემოკრატებთან ბლოკი შეეკრათ. როგორ უნდა შევეკრათ ბლოკით სომხის ხალხს თუ არა მთავარ პარტიის საშულებით? სამწუხაროთ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არა გვყავს პოლიტიკური დემოკრატია, ამაში უმთავრესად დამნაშავე არიან ჩვენი ამხანაგები, რომელიც გლეხთა მასსის გულის მოგების სურვილით გლეხობას მოუწოდებენ გადასახადების გარდაუხდელობაზე და სხვა. იმ ამხანაგებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ნაციონალ დემოკრატებათ გავხდით და ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენ ვაშენებთ ნაციონალურ სახელმწიფოს, სჩანს დავიწყებიათ ისტორიაც და მარქსიზმიც. კარგი იქნება რომ ისინი დაუბრუნდენ მარქსიზმს.
კამათი შეწყვეტილია. ზურაბოვი ითხოვს სიტყვას. კრება მას აძლევს ლაპარაკის ნებას ათი წუთით. ირ. წერეთელს წინადადება შეაქვს მიეცეს 10 წუთით სიტყვა ფირუმოვსაც. წინადადება მიღებულია.
ზურაბოვი. ნოე ჟორდანია დღეს ჩემი სიტყვის დროს აქ არ იყო და როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი მისთვის სწორედ არ გადაუციათ, მაგრამ მე ის იმდენად მიცნობს, რომ არასოდეს არ უნდა დამწამოს კოსმოპოლიტობა, აბსოლიუტური ჭეშმარიტება არ არსებობს; არ შეიძლება ყოველ-გვარ პირობებში ნაციონალურ სახელმწიფოს შენებას პროლეტარული საქმე ვუწოდოთ, ჩემის აზრით, ამიერ კავკასიაში ნაციონალური სახელმწიფოების შექმნა მიმართულია პროლეტარიატის ინტერესების წინააღმდეგ, ვინაიდან ამიერკავკასია წარმოადგენს ერთ მთლიან სამეურნეო ერთეულს. სულ სხვაა ავსრტო-უნგრეთი, სადაც სახელმწიფო არ წარმოადგენს ერთ მთლიან სამეურნეო ერთეულს. ნოე ნიკოლოზის ძემ მე მისაყვედურა მარქსიზმის ანბანის დავიწყება. ამხანაგო, მე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენ ნაციონალ-დემოკრატების ტყვეთ იმყოფებით. ჩვენი ამხანაგები, რომლებიც მთავრობაში არიან, შესდგენ ნაციონალისტურ გზაზეთა, ამას შეუძლია ხალხი დაღუპვისაკენ წაიყვანოს.
ფირუმოვი ამბობს, რომ ჩვენი ამხანაგების ნაციონალისტურმა მიდრეკილებებმა დაჩრდილა პროლეტარიატის კლასობრივი თვითშეგნება. როცა ჩვენ ვაკეთებთ დემოკრატიის საქმეს, უნდა ვეცადოთ, რომ პროლეტარიატის კლასობრივი თვითშეგნება არ დაიჩრდილოს. ორატორი არ ეთანხმება ჟორდანიას ჩვენი დემოკრატიის დაფასებაში და ამბობს, რომ მთელ რუსეთში მხოლოდ ჩვენმა დემოკრატიამ გამოიჩინა პოლიტიკური მომზადება-სიმწიფე. ამას მოწმობს ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ნ. ჟორდანია. მე გადმომცეს, რომ ზურაბოვმა განაცხადა, ვითომ ჩვენ ვაკეთებთ ნაციონალ-დემოკრატების საქმეს. ზურაბოვმა ეს პირველად უარჰყო, მაგრამ ბოლოს კი ეს სავსებით გაიმეორა, ზურაბოვის აზრით, ამიერ-კავკასია უნდა გავაერთიანოთ, რადგანაც ის დააქუცმაცა დამარცხებამ. ცხადია, უნდა გაერთიანებულ იქნას აგრეთვე ავსტრო-უნგრეთი, რომლის დაქუცმაცებაც დამარცხების შედეგი იყო. ა, ხ. ზურაბოვი ჩვენ გვირჩევს რუსეთთან შეერთებას. მაგრამ, რომელ რუსეთს უნდა შევუერთდეთ? ალექსეევის რუსეთს, თუ ბალშევიკებისას? არც ერთთან და არც მეორესთან შეერთება ჩვენ არ გვსურს და არც შეგვიძლია.
დასასრულ მომხსენებელი უპასუხებს ყველა ორატორებს და კონკრეტული საბუთებით არღვევს მოწინააღმდეგეთა მიერ წამოყენებულ ბრალდებებს და აღნიშნულ დეფექტებს.
14 ნოემბრის სხდომა
კამათი აგრარულ საკითხის შესახებ
ნ. ხომერიკის მოხსენების შემდეგ, როგორც ჩვენი გაზეთის 16 ნოემბრის ნომერში იყო მოთავსებული, დაიწყო კამათი. მუხრან ხოჭოლავას შეაქვს წინადადება, რომ კამათის დროს გამოყოფილი იყოს საკითხი მუნიციპალიზაციის შესახებ.
ნ. რამიშვილი წინააღმდეგი არის ამ წინადადებისა. ერთი ნაწილი ორატორებისა თუ მუნიციპალიზაციის შესახებ ილაპარაკებს, მეორენი ძალა უნებურათ შეეხებიან სხვა საკითხებსაც.
ამხ. ხოჭოლავას წინადადება ყრილობამ უარჰყო.
მ. ხოჭოლავა. სრულიად მართალი არის ნ. ხომერიკი, როდესაც ამბობს, რომ კერძო საკუთრებათ მიწების გადაცემა არ არღვევს ჩვენ პროგრამასო, მაგრამ ეს იყო ჩვენი პროგრამის შენიშვნა, რომელიც უნდა გაგვეტარებინა მხოლოდ იქ, სადაც არ განხორციელდებოდა მუნიციპალიზაცია. მართალია, მიწების კერძო საკუთრებათ გადაცემა არ არის დემოკრატიული პრინციპის ღალატი, მაგრამ რა პრაქტიკულმა მოსაზრებამ შეგაცვლევინათ ეს საკითხი და პროგრამის შესწორება გადაიქცა მთავარ საგნად. ორატორის აზრით თუ ზედმეტ ხარჯებს არ გამოიწვევს, საჭიროა მუნიციპალიზაციის გატარება.
ს. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ეს კითხვა არ უნდა გადაწყვეტილიყო ხუთი ექვსი პიროვნების მხრით, რომ მუნიციპალიზაცია სასურველია, ამის მომხრენი არიან თელავის გლეხებიც. აღნიშნავს, რომ საადგილ მამულო კომიტეტების წევრები „ჩინოვნიკებათ“ გადაიქცნენ და ნორმის გადიდება უკანონოთ ხდება. თუ მიწის გაყიდვის გზას დავადექით, ეს იქნება უკან დახევა და სოციალიზმს დავშორდებით კარგახნითო. მოითხოვს მუნიციპალიზაციის გატარებას.
გრ. კოპლატაძე. ორატორის აზრით უარყოფილი უნდა იქნეს გლეხების ისეთი გამოხმაურება, რომელიც ძირითად პრინციპებზე ხელს აგვაღებინებს. მიწის კერძო საკუთრებად დარიგება არ მიაჩნია მას რეგრესათ. და არც სიმართლეა, რომ თითქოს ეს კითხვა კაბინეტებში გადაწყვეტილიყოს. მიწას, რომ დაურიგებთ გლეხებს, ამით ჩვენ მასაც დავაკმაყოფილებთ და ფინანსიურადაც გავმაგრდებითო.
ს. მაისურაძე აღნიშნავს, რომ ბუნებით გლეხი არასოდეს არ ყოფილა რევოლიუციონერი და თუ გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მიწის მიღება უნდოდა. უმიწო გლეხობას იმედი აქვს, რომ მიწა მიეცემა უფასოდ. იძახიან, შეღავათიან ფასებში დაურიგდებათო. თუ გლეხს ფული გამოერთვა მიწაში, ის უღონოთ დარჩება და მეურნეობას ვერ გააჩაღებს. ამბობთ, ნაწილობით გადავახდევინებთო. როდესაც ფული გაძვირდება, როგორ შესძლებს მის გადახდას. საჭიროა სრულიად უმიწაწყლო გლეხებს ორ-ორი დღის მიწა უფასოდ მივცეთ.
ლ. ბერიტაშვილი. მუნიციპალიზაციას ნაკლებათ აქვს გასავალი გლეხობაში, გლეხს გამჯდარი აქვს სულსა და ხორცში, რომ მიწა საბოლოოდ უნდა მიეცეს მას. იგი მოუვლის მიწას მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მისი საკუთრება იქნება. იგი ადვილად მას აღარავის დაუთმობს და ამ რიგათ გავამაგრებთ ერთგვარ ძალას და ეს ძალა კი იქნება რევოლიუციის დამცველი. აგრეთვე საჭიროა მიწა ფასით დაურიგდეს გლეხებს. შეუძლებელია ნაწილი მიწისა მუქთად გადაეცეს გლეხობას. ეს ერთგვარ არევ-დარევას გამოიწვევს.
გადაწყდა განისაზღვროს ორატორთა რიცხვი. მიიღეს წინადადება სამ სამ ორატორს მიეცეს სიტყვები.
ს. მაისურაძე. არც ერთი პარტიის აგრარული პროგრამა სავსებით არ განხორციელებულა რუსეთში და ასევე მოხდა საქართველოში. ჩვენმა პროგრამამ ვერ მოიპოვა განხორციელება იმ დროს, როდესაც სრული პოლიტიკური თავისუფლება გვაქვს. ჩვენმა ლიდერებმა გვასწავლეს და აგვზარდეს მიწის მუნიციპალიზაციის იდეაზე, მაგრამ თუ მისი განხორციელება შეუძლებელია, თუ ჩვენ მხარეს დანგრევა და დამსხვრევა მოელის, ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ ის გზა, რომელიც ამას თავიდან აგვაცდენს. ჩვენ ან უნდა დავაკმაყოფილოთ გლეხობა, ან და სავსებით უნდა გამოვეთხოვოთ რევოლიუციის მონაპოვრებს. აქ განაცხადეს, რომ ეს კითხვა რამდენიმე პიროვნებამ გადასწყვიტაო. პირიქით, ეს კითხვა სათანადოთ იყო გაშუქებული პრესაში. აქ სოსო მაჭავარიანმა სთქვა, თუ მიწის საკითხი არ გადასწყვიტა მთავრობამ, მაშ რაღა მოგვცა რევოლიუციამო? რა მოგვცა და ოთხ ფორმულიანი საარჩევნო უფლებანი, თავისუფლება და სხვა. ორატორი დასასრულ აღიარებს მიწის კერძო საკუთრებათ გადაცემას, გლეხებიც ამით დაკმაყოფილებული იქნებიან და ხაზინასაც შემოსავალი ექნებაო.
ნ. ჟორდანია. ამხანაგებო! მე უნდა ვსთქვა, რომ პრინციპიალურად მომხრე ვარ, მუნიციპალიზაციისა, მაგრამ როცა განვიხილეთ არსებული მდგომარეობა, ჩვენ ვსთქვით, რომ მუნიციპალიზაცია ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ვერ გატარდება. მუნიციპალიზაცია მაინც დარჩება, მაგრამ წმინდათ ვერ გავატარებთ. პოლიტიკური მოსაზრება ის არის, რომ გვეშინიან არ მოხდეს რესტავრაცია, გლეხები კი მაშინ იქნებიან დაინტერესებულნი, რომ არ მოხდეს რესტავრაცია, როცა მის ხელში იქნება საწინდარი, მას ეცოდინება, რომ ეს რევოლიუციის მიერ არის მოპოვებული. მუნიციპალიზაცია მას საწინდრად არ მიაჩნია. ჩვენი გლეხობა წვრილი მესაკუთრენი არიან და მათ მთელი მიწები რომ დაურიგოთ, ეს მაინც მემამულეებათ არ შექმნის მათ. არის მეორე მდგომარეობა: ეს ფინანსიური მდგომარეობაა: სესხს სხვა სახელმწიფოდან ვერ ვიშოვნით. ჩვენ მიწები უნდა გადავსცეთ გამოსყიდვით, მუქთად რომ მივსცეთ გლეხს, ის არ ჩასთვლის თავის საკუთრებათ. როდესაც მას ერთ შაურს მაინც გამოართმევთ, ის მიწას საკუთრებათ მიიჩნევს. მუნიციპალიზაცია მოითხოვს პოლიტიკურ შეგნებას, გლეხებს კი ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. ჩვენს ერთობას რომ ათი წლის ისტორია ჰქონდეს, მაშინ მისი გატარება ადვილი იქნებოდა, ახლა კი, ისეთ პირობებთან გვაქვს საქმე, რომ სახნავი მიწები საკუთრებათ უნდა გადავცეთ. თუ მართლაც დასავლეთ ევროპაში დაიწყო სოციალური რევოლიუცია და თუ ეს მოხდა მალე, გამოირკვევა, ჩვენ აღარ შეგვეშინდება რესტავრაციისა და არც ფინანსიური მდგომარეობის, ყველა დამაბრკოლებელი მიზეზები მოისპობა და მუნიციპალიზაციას უფრო ფართოდ გავატარებთ.
თ. კიკვაძე. კამათიდან გამოირკვა, რომ ჩვენ სახელმწიფოს რომ ჰქონებოდა ფული, მიწის საკითხს ასე არ გადაწყვეტდით. მაშასადამე, უმთავრესი დებულება არის უფულობა. მიწის დანაწილებაში ორატორი ხედავს პრინციპის ღალატს, რომელიც ხელს უშლის მომავალში სოციალიზმის განხორციელებასო. ჩვენ ვქმნით რა კერძო მესაკუთრეებს, ხელს უწყობთ რეაქციონერთა გამრავლებას და ამით პარტია შორდება მთავარ მიზანს. მტკიცება იმისი, რომ მუნიციპალიზაცია არ სურთ გლეხებს, არ არის მართალი. შარშან გლეხთა ყრილობაზე ერთხმათ მიიღეს მიწის მუნიციპალიზაცია.
კალანდარიშვილი ემხრობა მომხსენებელს და აღნიშნავს, რომ არის მიწები, სადაც მუნიციპალიზაციის გატარება ყოვლად შეუძლებელია.
ცეკვაშვილი. იყო გარეშე ძალა, რომელმაც გვაიძულა აგრარულ რეფორმის შეცვლა, ჩვენ იმ ხანში, ვიდექით უკრაინის სამწუხარო მაგალითის წინაშე და გვეგონა, რომ ჩვენშიაც ის პირობები შეიქმნებოდა. ეხლა, როდესაც ევროპის დემოკრატია ამოძრავდა, მიწის კერძო საკუთრებად დარიგება არ შეეფერება არსებულ პირობებს. ფაქტიურათ მიწები ხელში ჩაუვარდებათ მსხვილ მესაკუთრეებს. გლეხი, რომელიც ბუნებით კონსერვატორი არის, მიწების დარიგებით მას უფრო გააკონსერვატორებთ. თქვენ ამით ისეთ კლასს ამზადებთ, რომელიც გაჰყვება პატარა ბონაპარტს. რაც შეეხება იმის თქმას, რომ ხალხში ბევრი ფული არის, უნდა ვსთქვათ, რომ ფულები შეძლებულ გლეხს აქვთ, ესენი კი, როგორც ფულის პატრონნი, ჩარჩებს წარმოადგენენ და თქვენ მიწები ჩარჩებს უნდა მისცეთ? ორატორს აგრეთე შეუძლებლათ მიაჩნია, რომ მიწიდან შემოსულ ფულებით შესძლონ ჭაობების ამოშრობა. ამას მილიარდობით უნდა ფულები. დასასრულ თავის სიტყვისას მოითხოვს, რომ უნდა გატარდეს მუნიციპალიზაცია და ამით სოლიდარობა დაუმტკიცოთ ევროპის დემოკრატიას.
ფარქოსაძე მომხრე არის მიწის მუნიციპალიზაციისა, რაც შეეხება სახელმწიფოს ფინანსურ მდგომარეობას, სულ ერთია 200 მილ. ვერაფერს უშველის, საჭირო არის სხვა წყაროს გამონახვა.
ნ. ხომერიკი. ამხანაგები! აქ წამოყენებული მოსაზრებანი იმ დებულების წინააღმდეგ, რომელსაც მე ვიცავდი, მდგომარეობს შემდეგში: ვინაიდან მოსალოდნელი არის, რომ დასავლეთ ევროპაში დაიწყება სოციალური რევოლიუცია, ამისათვის ჩვენ მუნიციპალიზაცია უნდა გავატაროთ. შეუძლებელია, ამხანაგებო, თავის ყოველდღიურ მოქმედების აგება ყოველდღიურ მოვლენაზე. რა ხდება ევროპაში? იქ არავითარი სოციალური მოძრაობა არ არის, იქ არის ფართე დემოკრატიული მოძრაობა. არ ვიცი, გარეშე ძალები რა გავლენას იქონიებენ მათზე, ითამაშებენ ისეთ დამრღვეველ როლს, როგორც რუსეთში, თუ არა, მხოლოდ აშენება ჩვენი პოლიტიკისა ამაზე შეუძლებელია, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპის რევოლიუცია მიიღებს სოციალურ ხასიათს, მაშინ შეიცვლება ჩვენი პოლიტიკაც. აგრარულ რეფორმის გატარება ერთ-ორ დღეში არ ხდება, დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალთა განწყობილებასთან. მარქსისტისათვის არ არსებობს აბსოლიუტური ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება კონკრეტიული არის. ამბობენ, კერძო საკუთრებათ მიწების მოცემა რეაქციონური აქტი არისო. მე კი ვიტყვი, რომ კერძო საკუთრება უაღრესათ რევოლიუციონური აქტია.
ჩვენი აგრარულ რეფორმის წინააღმდეგი არის ბურჟუაზიაც და თუ არ აუჯანყდნენ მთავრობას, ეს იმიტომ, რომ ძალა აქვს დემოკრატიას. ბურჟუაზიისთვის მიუღებელი არის იდეა კონფისკაციისა. გლეხობას არ სწამს მუნიციპალიზაცია, მას მიწის საკუთრებათ მიღება უნდა. თელავის საადგილმამულო კომიტეტიდან, სადაც ამხ. სოსო მაჭავარიანიც არის, შეგვატყობინეს, კერძო საკუთრების მომხრე არის გლეხობაო. ჩვენი მთავრობის მიზანი იყო ფეოდალური ნაშთების დანგრევა. მეორე საკითხი იყო, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ჩამორთმეული მიწები. სასურველი იყო მუნიციპალიზაცია, მაგრამ მასსას არ სურს ეს და ვინც ამას ანგარიშს არ გაუწევს, კისერს მოიტეხს. თუ ეს ჩვენ არ ვქენით - ამას იზამს სხვა ძალა და გლეხობასაც თან წაიმძღვარებს. ამ დღეებში კიევში გაიხსნა შავრაზმელთა ყრილობა. იქ დაადგინეს, მიწა მიეცეს გლეხობას. მემარჯვენეებმაც კი ალღო აუღეს შექმნილ პირობებს და ამით სურთ სათავეში ჩაუყვნენ ხალხს და ძალა-უფლება ჩაიგდონ ხელში. კერძო საკუთრებათ გადაცემა აუცილებლათ საჭიროა და თუ ჩვენ არ ვიზამთ ამას, სხვა პოლიტიკური ჯგუფი იზამს. გლეხობა საადგილ მამულო კომიტეტს ისე უყურებს, როგორც ძველ დაწესებულებას. გლეხობა ყველა იმ ძალას გაჰყვება, ვინც მას მიწას საკუთრებათ მისცემს. ჩვენ კანონ პროექტში შევიტანეთ ისეთი მუხლები, რომელიც გააძნელებს რესტავრაციის მოხდენას. გლეხობა მიიღებს საბუთებს ერობიდან. ის დაკავშირებული იქნება მასთან. ცხადი იქნება, თუ ეს დემოკრატიული უწყება გაუქმდება, გლეხებს მიწებს წაართმევენ და მისი ინტერესები მოითხოვენ დაიცვას ერობა, იგი მასთან დაკავშირებული იქნება და სისხლს შეანთხევს მათ, ვინც ერობის გაუქმებას მოინდომებს, რადგანაც ეცოდინება, რომ ერობის გაუქმებით მას მიწები ჩამოერთმევა. ეს ზომა არ არის რეაქციონური, ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, მაინც შეუძლებელი იქნებოდა მუნიციპალიზაციის გატარება სავსებით, და მოგვიხდებოდა კერძო საკუთრებათ მიწების გადაცემა. იძახიან: რა მოხდა შარშანდელს აქეთო? მაშინ ყველანი თეორეტიულათ მსჯელობდენ. ბევრი წინათ პრინციპიალურათ მომხრე იყო მუნიციპალიზაციისა, ეხლა კი კერძო საკუთრებათ მოითხოვენ მიწებს. მუნიციპალიზაცია გლეხისთვის ლამაზი სიტყვა იყო, როცა საქმე პრაქტიკულ განხორციელებაზე მიდგა, მაშინ განაცხადეს: არ გვინდა მუნიციპალიზაციაო.
გლეხს წინათ კარგათ არ ჰქონდა წარმოდგენილი, რა იყო მიწის მუნიციპალიზაცია, მხოლოდ როდესაც დაინახა, რომ მას მიწა არ მივეცით, ნაწყენი დარჩა, ამით ისარგებლეს სხვებმა, აიყოლიეს გლეხები და აჯანყებას აწყობდენ. დღეს დღეობით საჭირო არის მიწების კერძო საკუთრებათ დარიგება. მუნიციპალიზაცია ნაწილათ ძალაში რჩება. დიდი კულტურული მამულები ან ერობის ან სახელმწიფოს ხელში დარჩება. მთელი ტყეები სახელმწიფოს საკუთრებათ ცხადდება, აგარაკები, მინერალური წყლები და მის გარშემო ადგილები, სადაც განზრახულია „კურორტები“ მოეწყოს. მეურნეობის წესში არავითარი ცვლილება არ შეგვაქვს. გლეხს ვხდით მესაკუთრეთ იმ მიწისა, რომელიც წინათ იჯარით ჰქონდა, უმიწაწყლო გლეხს ჩვენ საშუალებას ვაძლევთ გადაიხადოს ნაწილ ნაწილათ ის მცირე თანხა, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ 500 მან. ეს ხომ 5 ფუთი პურის ფასია - მუშა კაცის ერთი თვის ჯამაგირი, ჩვენ დაგვანახვა სინამდვილემ რომ მას აქვს ფული და ხშირათ ჩუმათ იძენს და ერთ ქცევაში მეტსაც იხდის. სახელმწიფოს ესაჭიროება ფინანსები და თუ ჩვენ განვაგრძეთ მხოლოდ ბონების ბეჭდვა, შეიძლება მივიდეთ იმ ზომამდის, რომ ბონების გამოშვება უფრო მეტი ჯდებოდეს, ვიდრე მასზე აღნიშნული ფასი.
სანამდის ნაწილი გამოშვებული ბონების უკან არ დაბრუნდება ხაზინაში, შეუძლებელია ისე არსებობა სახელმწიფოსი. მარტო ჩვენი ჯარი დღეში ერთი მილიონი ჯდება და თუ სახელმწიფოს არ გაუჩნდა შემოსავალი, დაიღუპება იგი, და ის გლეხი, ვინც არ გადიხდის ფულს, წავა თავის რეალურ ინტერესების წინააღმდეგ და ყველა რეფორმებს ჯვარი დაესმება. საჭიროა მიწის რეფორმის ორგანიზაციულათ ჩატარება და თუ თქვენ იტყვით, რომ მიწა უფასოთ რიგდებაო, მაშინ ხომ შეიქმნება ანარქია, მასა წაეპოტინება ყველა მიწებს და ანარქია გაძლიერდება. ერთად ერთი გამოსავალი შექმნილ მგომარეობიდან არის ამ მიწების კერძო საკუთრებათ გადაცემა. ეს გლეხებს დააკმაყოფილებს და სახელმწიფოსაც ფული შემოუვა.
ყრილობამ მიიღო ნ. რამიშვილის მიერ წარმოდგენილი შემდეგი რეზოლიუცია:
1) ადგილ-მამული, რომელსაც ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ჩაირიცხოს ხელუხლებელ ფონდათ და ის გადაეცეს სახელმწიფოს, ხოლო ნაწილი საერობო თვითმართველობებს, 2) დანარჩენი ადგილ-მამული დაწესებულ ნორმის ფარგლებში გადაეცეს კერძო უმიწაწყლო და ღარიბ გლეხობას, 3) ამ ადგილ-მამულისათვის მშრომელ გლეხობას გადახდეს შეღავათიანი ფასი.
ერთობა. - 14 ნოემბერი. - 1918. - N 246, 247. - გვ. 1.
ერთობა. - 1918. -19 ნოემბერი. - N 250. - გვ. 3, 4.
ერთობა. - 20 ნოემბერი. - 1918. - N 251. - გვ. 3,4.
![]() |
3.8 საქართველოს პარლამენტი კანონ-პროექტი ძვირფას კულტურულ მამულებში პროდუქტების რეკვიზიციის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს ექვთ. თაყაიშვილი
10 დეკემბრის სხდომა
მომხსენებელია დ ონიაშვილი. წარმოდგენილი კანონპროექტი განხილულია აგრარულ კომისიაში, სადაც თითქმის ერთხმად იქნა მიღებული. ეს კანონპროექტი ეხება იმ პროდუქტების რეკვიზიციას, რომელსაც რესპუბლიკისათვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. სეიმის მიერ გამოცემულ კანონების მიხედვით ძვირფასი კულტურული მამულები, რომლებსაც სამეურნეო ხასიათი აქვთ, ჩამოერთმევა მემამულეებს. დაკანონებულია აგრეთვე ინვენტარის ჩამორთმევაც საფასურის მიცემით. მიწათმოქმედების სამინისტროს შეხვდა დაბრკოლება იმაში, რომ ჩაითვლება თუ არა ინვენტარის და მამულის განუყრელ ნაწილად პროდუქტები, სამინისტროს ამ შემთხვევაში არ ჰქონდა კანონი, რომლის საშუალებით შეძლება ექნებოდა ამ პროდუქტის რეკვიზიციისა. კომისიამ განიხილა ეს საკითხი და აღიარა, რომ პროდუქტების ნაწილი აუცილებლად საჭიროა მეურნეობის განვითარებისთვის. შეუძლებელია ყველა პროდუქტების ბაზარში გატანა და გაყიდვა. პროდუქტების ნაწილი უნდა დარჩეს მეურნეობისთვის. ის, როგორც ინვენტარი, განუყრელი ნაწილია მეურნეობისა და ამიტომ აგრარული კომისია კანონ - პროექტს იცავს.
[...] გ. გვაზავა: ბევრს ჰგონია, რომ ჩვენში ჯერ კიდევ რევოლიუცია არის. არა, ბატონებო, რევოლიუცია გათავდა. ასეთი კანონ-პროექტის მიღება შეუძლებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად კანონებს: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მეორე მუხლში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაცული იქნება კერძო საკუთრება, ხოლო მეხუთე მუხლში - რესპუბლიკა არის დემოკრატიული და სამოქალაქო უფლებები ყველასი დაცული იქნება. ეს კანონ-პროექტი არღვევს კერძო საკუთრების პრინციპს და იჭრება აღებ-მიცემობის, ვაჭრობა-მრეწველობის სფეროში. შემდეგ ორატორი ეხება თვით სიტყვა „რეკვიზიციას“ და ამბობს, რომ ეს იხმარება მხოლოდ ომის დროს და რადგანაც ჩვენში ომი არ არის, ეს სიტყვა კანონ-პროექტში არ უნდა იყოსო. ორატორი დაასკვნის, რომ პროდუქტებს მეურნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს და ამიტომ კანონ-პროექტი უარყოფილ უნდა იქნას.
[...] ნ. ჟორდანია აღნიშნავს, რომ მართალი არ არის გ. გვაზავას განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მთავრობას თავის მოქმედების პრინციპად გაეხადოს კერძო საკუთრების რეკვიზიცია. მთავრობის აზრით, აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე, რეკვიზიცია არ შეიძლება იყოს მმართველობის საგანი. მთავრობა სრულ გარანტიას აძლევს ვაჭარ-მრეწველთ. ჩვენ მიგვაჩნია აუცილებელ საჭიროდ, რომ ვაჭრებს და მრეწველებს თავისუფლად შეეძლოთ მოქმედება და არავისი შიში არ უნდა ჰქონდეთ. წარმოდგენილი კანონ-პროექტი არის გაგრძელება აგრარულ რეფორმებისა და არავითარი კავშირი არა აქვს მრეწველობასთან. ვინც წინააღმდეგია აგრარული რეფორმისა, ის, ცხადია, ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგიც იქნება (გვაზავა ადგილიდან: აგრარული რეფორმის წინააღმდეგ არა ვართ პრინციპიალურად). თუ არა ხართ აგრარული რეფორმის წინააღმდეგი, მაშინ არც იმის წინააღმდეგი უნდა იყოთ, რომ იმ პროდუქტის ნაწილი, რომელიც მეურნეობის გასაგრძელებლად, გასავითარებლად აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ჩამოერთვას მემამულეებს საფასურის მიცემით. ასეთი მემამულეები რესპუბლიკაში 10-მდე იქნება. რასაკვირველია, ამ პროდუქტების ჩამორთმევის დროს მეპატრონეთა ინტერესებიც იქნება დაცული. თუ ჩვენ შეგვიძლია ეს კანონი უმტკივნეულოდ გავატაროთ ცხოვრებაში, ეს მოხდება ისეთი გზით, რომ თვით მეპატრონეები დაკმაყოფილებულნი იქნებიან. ამიტომა ვსთქვი მე, რომ ვაჭრობა-მრეწველობასთან ამ კანონ-პროექტს კავშირი არა აქვს და ბ. გვაზავას განცხადება სიმართლეს არ შეიცავს-მეთქი (ტაში). [...]
ერთობა - 1918. - 14 დეკემბერი. - N 270 - გვ. 2.
საქართველო. - 1918. - ქრისტეშობისთვის 12. - N 238. - გვ. 3.
საქართველო. - 1918. - ქრისტეშობისთვის 14. - N 239. - გვ. 3.
![]() |
3.9 მუშათა დეპუტატების საბჭოში |
▲ზევით დაბრუნება |
19 დეკემბერს თფილისის მუშათა საბჭოს სხდომას აუარებელი გარეშე საზოგადოება დაესწრო. ნ. ჟორდანიას გამოსვლას მთელი დარბაზი მხურვალე ტაშის ცემით შეხვდა.
ნ. ჟორდანია: ამხანაგებო! დღეს ჩვენი სხდომა იძულებული ვართ დავიწყოთ სამწუხარო ამბის ცნობით. ამ დილას ეკატერინოფელდთან ბრძოლაში დაეცა რამდენიმე ჩვენი საბჭოს წევრი. ყველას გვარები ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ ამ ბრძოლაში გმირულად დაღუპულა საბჭოს წევრი სანდრო მაისურაძე. თქვენ ყველამ იცით, ვინ იყო ის., მე ვიტყვი მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას, თუ რა პირობებში მოხდა ეს ამბავი.
მთელი ჩვენი გვარდია იმყოფებოდა ეკატერინოფელდთან. ამ დილას მტერმა ისარგებლა ნისლით და გარსშემოერტყა ჩვენს გვარდიას და დაიკავა ერთი ჩვენი ბატარეია. ბატარეის გამოსახსნელად თავისი რაზმით გაეშურა ჯუღელი და მაისურაძე. მაისურაძე დაეცა, მაგრამ თავისი სიკვდილით მან იხსნა რამოდენიმე ასეული გვარდიელი სიკვდილისაგან. საბჭომ ფეხზე ადგომით პატივი სცა ბრძოლაში დახოცილებს.
საქართველო-სომხეთის დამოკიდებულების შესახებ მოხსენებას გააკეთებს ევ. გეგეჭკორი.
რადგანაც ევ. გეგეჭკორმა ამ საკითხის შესახებ მოხსენება რამოდენიმე ალაგას გააკეთა და აგრეთვე გამოაქვეყნა დიპლომატიური მიწერ-მოწერა, ეს მოხსენება მოგვყავს შემოკლებით.
ევ. გეგეჭკორი: საქართველოს და სომხეთს შორის ომი დაიწყო. დემოკრატიამ უნდა იცოდეს, - ჩვენმა მთავრობამ ამოსწურა თუ არა ყველა ზომები, რომ მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობა. ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენციაზე, ანუ საერთაშორისო არბიტრაჟით. შემდეგ მომხსენებელი აღნიშნავს იმ მიწერ -მოწერას და მოლაპარაკებას, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა სომხეთის მთავრობასთან. ჩვენ წავედით ყოველგვარ დათმობაზე, - ამბობს მომხსენებელი. - გვეგონა შევთანხმდით, მაგრამ სომხეთის მთავრობამ თავისი წარმომადგენლები არ გამოგზავნა. უკანასკნელ ნოტაში მე ვწერდი ჩვენს წარმომადგენელს მდივანს: კონფერენცია გადაიდო 30 ნოემბრამდე. აი, ყველაფერი ის, რის გაკეთება მე შევძელი. თუ ამ ვადაზე არ გამოცხადდენ სომხეთის წარმომადგენლები, მაშინ კონფერენციის იდეია დიდი ხნით ჩაკვდებოდა. ჩემი წინასწარმეტყველება, სამწუხაროდ აღსრულდა ... არ გამოცხადდენ. შემდეგ ჩვენ 2 დეკემბერს გავუგზავნეთ ნოტა, სადაც ისევ ვთხოვდით მოსულიყვნენ კონფერენციაზე, მაგრამ ამის საპასუხოდ მივიღეთ პროტესტი ახალქალაქის დაკავების შესახებ. 8 დეკემბერს მდივანი შეუთანხმდა ტიგრანიანს, რომ ის ან თითონ ჩამოვა ან სხვას გამოგზავნის თფილისში მოსალაპარაკებლად. მდივანი წამოვიდა და მას კარაკლისში ულტიმატუმი ჩააბარეს. ეს ულტიმატუმი ჩვენ 13 დეკემბერს მივიღეთ. სომხეთის მთავრობამ იცოდა, რომ ჩვენ 13-მდის ვერ მივიღებდით ამ ულტიმატუმს (ეს სჩანს მდივნის კარაკლისიდან ტიგრანიანთან ლაპარაკიდანაც), მაგრამ მიუხედავად ამისა, სომხის ჯარის მთავარ სარდალმა 12 დეკემბერს დაიწყო მობილიზაცია და 13 დეკემბერს დილით შეტევაზე გადავიდა. სომხეთის მთავრობის დანაშაული იმაშია, რომ მათ არ დაუცადეს ულტიმატუმის პასუხს და ისე დაიწყეს შეტევა. არის ორი მომენტი: ერთი სისტემატიურად უყურადღებოდ დატოვება ჩვენი ნოტებისა კონფერენციაზე დელეგატების გამოგზავნის შესახებ და მეორე - ომის გამოცხადება, ვიდრე ჩვენგან ულტიმატუმზე პასუხს მიიღებდა. შემდეგ მომხსენებელი აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ისტორია გააშუქებს სიმართლეს და ყველა დაინახავს, თუ ვის ხელშია სომხეთის ბედი. ჩვენი მთავრობა ეხლაც მომხრეა მშვიდობიანი გზით გადაჭრას სადავო საკითხები, მხოლოდ პლატფორმად უნდა იქნას მიღებული შტატუს პუო ანტე ბელლი მდგომარეობა, რომელიც ომამდე იყო, ე.ი. თუ ორივე რესპუბლიკის ჯარები დაიკავებენ იმ ხაზს, რომელიც მათ ამ ომამდე ეჭირათ და შემდეგ დეე, სადაო საკითხები კონფერენციამ გადასჭრას. თუ კონფერენცია ვერ გადასჭრის, მაშინ საერთაშორისო არბიტრაჟით მოგვარდეს. მე ამ პლატფორმის მიღებისკენ მოვუწოდებ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სომეხი მუშა ამ შემთხვევაში ჩვენთან იქნება (მხურვალე ტაში).
შეკითხვები: იყო თუ არა აგარონიანი, პაპაჯანოვი და სხვები დელეგაციის სახით საგარეო საქმეთა მინისტრთან? მეორე - მთელი დაშნაკელების პარტია უჭერს ამ ომს მხარს, თუ ეს მარტო იმ სამხედრო ჯგუფის საქმეა?
გეგეჭკორი: აგარონიანი და პაპაჯანოვი ჩემთან იყვნენ, მაგრამ მათ არავითარი რწმუნება სომხეთის მთავრობისაგან არა აქვთ. რაც შეეხება იმ შეკითხვას, თუ რამდენად სომხის ფართე მასსა თანაუგრძნობს ყველაფერ იმას, რასაც სომხეთის მთავრობა სჩადის, მე უნდა განვაცხადო, რომ ამის შესახებ ოფიციალური ცნობა არა მაქვს. არა ოფიციალური ცნობით, ერევანში ყალბი ცნობაა გავრცელებული, ვითომ საქართველოს ჯარებს თავდასხმა მოეხდინოთ სომხეთზე, ვითომ საქართველოს მთავრობა აგრესიულად მოქმედებდეს და სხვა.
მარცხენა ფრთა დაშნაკელებისა თავის ძალაში რჩება. ისე კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ ავანტიურაში წილი არ უდევს მთელ სომხის ერს. ეს ასე რომ იყოს, მაშინ უარესი მდგომარეობა იქნებოდა. ამ ცეცხლის დანთება მხოლოდ და მხოლოდ დაშნაკელების საქმეა.
რებრუხი (ს.-რ.). დიდის მწუხარებით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჩვენი საბჭო პირველად უდგება ასეთ საკითხზე მსჯელობას. როცა ყველგან ომი თავდება, ომის ცეცხლი ინთება ორ საუკუნოების განმავლობაში ძმურად მცხოვრებ ერთა შორის. საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ რეზოლიუციას მივიღებთ, არამედ იმაში, თუ რა მოყვება ამ ომს. ამას მოყვება საუკუნოებრივ შუღლი და მძულვარება ორ ერთა შორის. მუშათა საბჭო არის სასამართლო და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომში დამნაშავეა სომხის მთავრობა; რომ ჩვენმა მთავრობამ მიიღო ყოველგვარი ზომები, რომ მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტა სადავო საკითხები. ამიტომ ყველა მუშები მთავრობასთან იქნებიან. ორატორი კითხულობს არსენალის მუშების მიერ მიღებულ რეზოლიუციას, რომელშიაც მუშები იწონებენ მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯებს და მოუწოდებენ ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, მთავრობას ამოუდგნენ გვერდში დაშნაკელების ასალაგმავად.
გ. ფოფხაძე (ს.-დ.). ეჭვი არ არის, რომ ჩვენი მთავრობა დემოკრატიული ენით ლაპარაკობს. თუ რამეში შეიძლება ბრალი დავდოთ მთავრობას, ეს გადამეტებულ დემოკრატიზმში (ტაში). შემდეგ ეს ეხება სომხის დემოკრატიის სისუსტეს და ამბობს, რომ სომხის დემოკრატიის „გენერლები“ სხედან იქ, სადაც არ უნდა ისხდნენ, - ისინი უნდა მუშაობდნენ სომხის დემოკრატიაში. ორატორი შემდეგ ეხება სომხის ერის სოციალურ შემადგენლობას და ამბობს, რომ იქ გაბატონებულია ვაჭრული კაპიტალი. ეს კაპიტალი მოითხოვს ბაზრის გაფართოვებას და ამიტომ არის, რომ დაშნაკელები თავს გვესხმიან. ამიტომ ამ ომის მიზეზები უნდა ვეძიოთ ეკონომიურ ურთიერთობაში. როცა ჩვენი მთავრობა ელაპარაკება ვინმეს, უნდა იცოდეს, თუ ვის ელაპარაკება. დაშნაკელებთან დემოკრატიული ენით შეუძლებელია ლაპარაკი. სანამ აქ, თფილისში არსებობენ დაშნაკელები, ვითომ საქართველოს კარგი ცხოვრება არ ექნებათ; ასევე ითქმის იმაზედაც, რომ სანამ სომხეთში ბატონობს დაშნაკელების პარტია, სომხის ერი მოსვენებას ვერ ნახავს. შემდეგ ორატორი სასტიკად ილაშქრებს „ზნამია ნაროდას“ წინააღმდეგ და ამბობს, რომ ამ ჯგუფმა მოამზადა ნიადაგი ამ ომისთვისაო. შემდეგ ის დაასკვნის, რომ მთავრობამ კარგი ნაბიჯები გადადგა, მისი მოქმედება ხალხის სურვილის და ნების გამომხატველია; მხოლოდ უნდა იცოდეს მან, მთავრობამ, რომ მეტი სისასტიკეა საჭირო ამ შემთხვევაში და თფილისი უნდა გაიწმინდოს.
კაიტანჯიანცი (ს.-დ.). ისეთი მდგომარეობაა, რომ მე პირდაპირ მრცხვენია თვალებში სწორად შეგხედოთ თქვენ იმ სომეხ ავანტიურისტების მოქმედების გამო, რომლებმაც გააჩაღეს ეს ომი. განა სომხის ხალხს ომი უნდა? განა იმ ხალხს, რომელიც ეხლახან დაუბრუნდა თავის კერას და რომელიც იძახის: პური, პური მოგვეცითო, - ომზე შეუძლია, ანუ ახალქალაქზე იფიქროს. აშკარაა, რომ ისინი ჩაითრიეს სომხის ავანტიურისტებმა ამ ომში. მუშათა საბჭომ ენერგიული პროტესტი უნდა გამოიტანოს იმ ავანტიურისტების მოქმედების შესახებ.
ზურაბოვი (ს.-დ.) აღნიშნავს, რომ ამ ომის დაწყებაში დიდი დანაშაული მიუძღვის სომხის მთავრობას - დაშნაკელებს, ხოლო მიზეზები უნდა ვეძიოთ საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად არსებობაში; ცალკე სახელმწიფოებად რომ არ ყოფილიყვნენ ისინი, მაშინ საზღვრების საკითხიც არ დაისმებოდაო.
დ. ლორთქიფანიძე (ს.-დ.) ამბობს, რომ ისეთი უბედური მდგომარეობა, როგორიც ახლა არის, შახაბასის შემოსევის დროსაც არ ყოფილა. დღეს ყველა, დიდი და პატარა, ცის მანანასავით შესცქერის საერთაშორისო ომის გათავებას და სომხებმა კი ახალი ომი გამოგვიცხადეს. აქ ზურაბოვი ლაპარაკობდა ინტერნაციონალისტობაზე და ნაციონალისტობაზე. მიზეზად ომისა ჩვენსა და სომხებს შორის მოიყვანა საქართველოს და სომხეთის ცალკე რესპუბლიკებად არსებობა. ჩვენ, მუშებმა ვიცით, თუ რაში გამოიხატება ინტერნაციონალისტობა. ჩვენ ყოველთვის ინტერნაციონალისტები ვიყავით. ვინ იყო, თუ არა ჩვენ, რომ 1905 წელში სომხებს და თათრებს შუა ჩავდექით და ჩვენი საკუთარი სისხლით ჩავაქრეთ მათი ბრძოლა.
ჩვენი ნაციონალ-დემოკრატები ჩვენ დავამარცხეთ; ხოლო სომხეთში კი ნაციონალისტები ძლიერნი არიან. გაცილებით უკეთესი იქნება, რომ ზურაბოვი და სხვები წავიდოდენ იქ და ჩადგებოდენ სომხის დემოკრატიაში, გააძლიერებდენ მას და მით ალაგმავდნენ სომხის ნაციონალისტებს. ზურაბოვმა სთქვა, რომ გეგეჭკორს არ ვეთანხმები იმაში, რომ ჯარებმა ის ადგილები დაიკავონ, რომელიც ომამდე ეჭირათო, ეს შერიგებას ხელს ვერ შეუწყობსო. დაუშვათ, რომ ჩვენ მივიღეთ ის პირობები, რომელზედაც მიგვითითებს ზურაბოვი; მაგრამ გვაძლევს თუ არა ის გარანტიას, რომ შემდეგ კვლავ არ შემოგვიტევენ სომხები? ამის გარანტიას ის ვერ მოგვცემს. მთავრობის მიერ აღებული პოლიტიკური ხაზი სავსებით მისაღებია და ჩვენ მას უსურვოთ კვლავ აწარმოვონ ეს პოლიტიკა.
ნ. ჟორდანია. ისეთ პოლიტიკურ საკითხის გარჩევაში, როგორიც არის ჩვენს წინაშე წამოყენებული საკითხი, აუცილებლად საჭიროა გამორკვევა საქმის ფაქტიური მდგომარეობის. ომი უკვე სწარმოებს. ეს ომი სომხეთის მთავრობის წყალობით დაიწყო. საზოგადოდ ომი არის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის გამოხატულება. საგარეო პოლიტიკის წარმოება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი წყობილებაა სახელმწიფოსი და ვინ უდგია მას სათავეში. ამ პოლიტიკას აწარმოებენ ხან იარაღით, ხან ისე, უიარაღოდ. ახლა, თუ შევადარებთ ერთმანეთს სომხეთის და საქართველოს სახელმწიფოებრივ წყობილებას, დავინახავთ, რომ იქ სულ სხვა ჯგუფები განაგებენ სახელმწიფოს, აქ - სულ სხვა; იქაც არის პარლამენტი, აქაც - პარლამენტი. ერთი შეხედვით, თითქოს იქ და აქ ერთნაირი წყობილება ეგონება კაცს, მაგრამ ეს ასე არ არის. იქ პარლამენტში დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ დაშნაკელები და კადეტები, ჩვენს პარლამენტში კი უმრავლესობას წარმოადგენენ ს.-დემოკრატები და სხვა სოციალისტები. ჩვენ გვაქვს მუშათა დეპუტატების საბჭო. ჩვენი ამხანაგები თავის მოქმედებაში პასუხისმგებელნი არიან არა მარტო პარლამენტის წინაშე, არამედ საბჭოსაც უნდა მისცენ თავის მოქმედების ანგარიში. ჩვენი მთავრობა სოციალისტურია, სომხის მთავრობა კი ნაციონალისტური და კადეტური. აქედან ცხადია, რომ იქ სულ სხვა პოლიტიკას აწარმოებენ, ვინემ ჩვენში.
არავის არ ახსოვს ისეთი მაგალითი, რომ სოციალისტებს ვინმესთვის ომი გამოეცხადებინათ, - ომს აცხადებენ ყოველთვის ნაციონალისტები და ლიბერალები. რომ გაამართლონ ომის გამოცხადება, ისინი ამისათვის თხზავენ ტყუილს. მოიგონეთ 1870 წ. ომი გერმანია-საფრანგეთს შორის. ბისმარკმა მოტყუებით დაიწყო ეს ომი, - ფალსიფიკაციური დეპეშა გახადა ომის საბაბად. თანამედროვე ომი ვილჰელმმა იმით დაიწყო, რომ თითქოს გერმანიას თავს დაესხენ - ნამდვილად კი თვითონ იყო თავდამსხმელი, და სერბიაზე თავდასხმით დაიწყო ეს ომი.
ჩვენს და სომხებს შორის ომი რომ გავარჩიოთ, დავინახავთ, რომ აქაც ასეთი ტყუილებით დაიწყეს ომი. სომხის მთავრობამ შეთხზა, რომ თითქოს საქართველოს ჯარებმა სროლა აუტეხეს სომხეთის ჯარებს და იმიტომ გაჩაღდა ომი. „ზნამია ნაროდა“-შიც არის მოთავსებული წერილი ამ სათაურით: „სიმართლე სანაინის ამბების შესახებ“. ამ გაზეთში ისეა ცნობები მოყვანილი, თითქოს სიმართლე იყოს ეს ცნობები; ნამდვილად კი სიმართლეს სრულებით არ შეიცავს.
საქმე ასე იყო: ათ დეკემბერს ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ლორის რაიონის საზღვარზე არის სროლა. ჩვენ საქმის გამოსარკვევად გავუგზავნეთ დელეგაცია გერასიმე მახარაძის მეთაურობით. როცა დელეგაციას ვგზავნიდით, ჩვენ არაფერი არ ვიცოდით ომის შესახებ. დელეგაცია მივიდა სანამ შეიძლებოდა მისვლა; გამოიწვია გლეხები უზულარიდან და გამოკითხა საქმის ვითარება. დელეგაცია დაარწმუნეს, რომ ეს არის ადგილობრივი გლეხების მიერ შექმნილი მდგომარეობა. ეს იყო 11 დეკემბერს. ამასობაში ჩვენ ვიცით, რომ 9 დეკემბერს მდივანი, ჩვენი წარმომადგენელი იყო კარაკლისში და მას ჩააბარეს ულტიმატუმი, ხოლო 10 დეკემბერს, სომხის ჯარის სარდალმა დრომ გადასწყვიტა შეტევაზე გადასულიყო. მდივანმა ამის შესახებ პროტესტი გაუგზავნა საფრანგეთის წარმომადგენელს ერევანში. როგორც აღვნიშნე, ჩვენი დელეგაცია დარწმუნდა იმაში, რომ ამ ამბავს ადგილობრივი ხასიათი აქვს და ჩქარა მოწესრიგდება. აქედან თქვენ ხედავთ, თუ როგორი ტყუილები შეთხზეს მათ, რომ გაემართლებინათ ეს ომი. აი, საქმის მდგომარეობა. აქ ამხ. ზურაბოვი ამბობდა, რომ საქართველოს და სომხეთს შორის საზღვრების საკითხი დაბადა ამ რესპუბლიკების ცალკე არსებობამაო. ეს მართალი არ არის. საზღვრების საკითხი არსებობდა რევოლიუციამდე. ეს კითხვა იყო წამოყენებული საერობო თათბირზედაც. ჩვენ ვფიქრობდით, ეს საკითხი გადაგვეჭრა შეთანხმებით კონფერენციაზე და ამ კონფერენციაზე საფუძველი ჩაგვეყარა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა კონფედერაცია ანუ ფედერაციისათვის. მაშინ არ იქნებოდა დიდი საჭიროება დამოჟნების და სხვ.
ჩვენი პოლიტიკა, ეს თქვენი პოლიტიკაა. ამიტომ ის სულ არ გავს იმ პოზიციას, რომელიც აქვს სომხის მთავრობას. ნაციონალისტების გამარჯვება დემოკრატიაზე ამ შემთხვევაში ნიშნავს რეაქციის გამარჯვებას. ჩვენს ნაციონალისტებს რომ ქონდეს აპარატი, ისევე მოიქცეოდენ, როგორც იქცევიან სომხის ნაციონალისტები. ისინი ჯერ ჩვენს მთავრობას ჩამოაგდებენ, შემდეგ კი სომხეთზე გასწევდენ.
ჩვენთვის საინტერესოა, ეს მათი (ნაციონალისტების) პოლიტიკა საბოლოოდ დამარცხებულ იქნას. ეს კი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა სომხის ხალხი დაინახავს, რომ მათ ამ პოლიტიკამ არაფერი კარგი არ მოუტანა. ხალხი ფაქტებზე სწავლობს.
ჩვენ ვდგევართ ომის შეწყვეტის ნიადაგზე იმ პირობით, თუ სომხის ჯარები დაუბრუნდებიან ძველ საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იფიქრებენ, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოება შეიძლება იარაღის საშუალებით. თუ მშვიდობიანი გზით ვერ მივაღწიეთ, რომ სომხებმა ჯარები წაიყვანონ ძველ საზღვრებზე, მაშინ იარაღის საშუალებით ვიზამთ ამას. ჩვენ მათ ვაიძულებთ გასწმინდონ დაკავებული ადგილები (ტაში).
ჩვენ რომ ეკატერინეფელდზე გვარდიელები არ გაგვეგზავნა, მაშინ ისინი აქვე ახლოს იქნებოდენ. თუ დაშნაკელების პოლიტიკა ახლა საბოლოვოდ არ დამარცხდა, მაშინ ხვალ მუსავატისტები წამოდგებიან და ამ პოლიტიკის წარმოებას დაიწყებენ. ამიტომ ჩვენ მათი პოლიტიკა უნდა დავამარცხოთ ან მშვიდობიანი გზით, ან შეიარაღებული ძალით (ტაში).
რეზოლიუცია
საბჭომ ერთხმად მიიღო შემდეგი რეზოლიუცია: თფილისის მუშათა საბჭოს დეპუტატებმა მოისმინა მოხსენება სომხეთის საზღვარზე მომხდარ ამბების შესახებ და სთვლის დამტკიცებულად: 1) რომ სომხეთის მთავრობას არა თუ არ გადუდგამს ნაბიჯი, რომ მშვიდობიანად გადაჭრილიყო სადავო საკითხები ორ მოძმე ხალხთა შორის, არამედ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არა ერთხელ შეეცადა მოეწვია სამშვიდობო კონფერენცია სადავო საკითხების გადასაჭრელად, სომხეთის მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობდა გადაედვა სომხეთ-საქართველოს დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და კონფერენციაზე არ გამოგზავნა თავისი დელეგატები; 2) რომ სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა მობილიზაცია და შეტევა დაიწყო იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობა ძმურად ხელს უწვდიდა და კონფერენციაზე ელოდა სომხეთის დელეგატებს, - თფილისის მუშათა საბჭო, როგორც ქ. თფილისის, მთელ დემოკრატიის ორგანო, პროტესტს აცხადებს სომხეთის მთავრობის ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც დემოკრატიის დამღუპველია, და აცხადებს, რომ ის მთელი ძალ-ღონით მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას იმათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ხალხთა შორის სადაო საკითხების გადაწყვეტას იარაღის საშუალებით ლამობს. მასთან ერთად საბჭო ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის წინადადება ერთათ-ერთი ნაბიჯი და საშუალებაა ომის საჩქაროდ ლიკვიდაციისათვის; საომარ მოქმედების შეწყვეტა, სომხეთ-საქართველოს კონფერენციის მოწვევა და ამ უბედურობის ნამდვილ დამნაშავეთა გამორკვევა, რომ ისინი შესაფერისად დაისაჯონ. საბჭო დარწმუნებულია, რომ ნაციონალისტთაგან და სომეხ კადეტთაგან შემდგარ სომხეთის მთავრობის საქართველოს მთავრობაზე გამარჯვება ნიშნავს კონტრ-რევოლიუციის გამარჯვებას რევოლიუციაზე, ნაციონალისტების - ინტერნაციონალისტებზე და ბურჟუაზიის გამარჯვებას პროლეტარიატზე.
ერთობა. - 21 დეკემბერი. - 1918. - N276. - გვ. 2,3.
![]() |
4 განცხადებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 დამფუძნებელი კრება |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის განცხადება
მეორე სხდომა. 14 მარტი
ნოე ჟორდანია. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დაბლა თავს გიკრავთ, გისურვებთ კეთილ ბრძანებას და თან გეთხოვებათ.
მთავრობამ მიაღწია ერთ თავის ძირითად მიზანს, მოიწვია საქართველოს ნამდვილი ბატონ-პატრონი. შეჰყარა დამფუძნებელი კრება და აი ეხლა მას შეუძლია თქვენს წინაშე განიმეოროს სიტყვანი მოხუცი მიმრქმელი სიმეონისა.
მაგრამ სანამ დავტოვებდეთ ჩვენს პოსტს, სანამ გადავიქცეოდეთ ერთ თქვენთაგანათ და მანდ თქვენს შორის ჩავჯდებოდეთ, მანამდის საჭიროთ მიგვაჩნია დამფუძნებელი კრება შევიყვანოთ სახელმწიფო საქმეთა მდგომარეობაში, გავაცნოთ რა იყო მთავრობა, საიდან მოდიოდა და საითკენ მიდიოდა ის.
საქართველოს მთავრობა არსებობს დღიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებისა. ხოლო ეს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოახვიეს საქართველოს გარეშე მდგომ ძალების ზეგავლენით, მისი საგარეო საქმეთა მსვლელობის პროცესში. ერთი მხრით რუსეთის ჩვენი ქვეყნიდან წასვლა, მეორე მხრით ოსმალეთის მოსვლა - აი, ამ ორმა ისტორიულმა მოვლენამ დაბადა ჩვენი დამოუკიდებლობა როგორც აუცილებელი საშუალება ამ ქარტეხილში თავის გადარჩენის და ისტორიული წარღვნისაგან თავის დაღწევის.
მთავრობის წინაშე იდგა ერთი მთავარი მიზანი, რომლის მიღწევისათვის მას უნდა შეეწირა მთელი თავისი ძალ-ღონე, მას ცხოვრებამ დაუყენა ერთი ამოცანა, ერთი დილემა და ეს დილემაა ის, თუ რა გზით შევძლებთ ამ პატარა ერის მისი პატარა საშუალებით აოხრებისაგან გადარჩენას და მის კულტურულ და ფიზიკურ არსებობის შერჩენას.
ჩვენ დიდი რუსეთის ფრთებს-ქვეშ შეფარებული თავის მოვლას და ბატონობას გადაჩვეული მოულოდნელად დავრჩით ჩვენი თავის ამარად და აი ამ გარემოებამ უკარნახა მთავრობის მოქმედებას გეზი, მოწოდების გეგმა.
საგარეო საქმეთა მსვლელობამ მისცა დასაბამი საქართველოს მთავრობას და შინაარსი მის მოღვაწეობას. და ჩვენ დღეს თამამათ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ისტორიული დანიშნულება მთავრობამ გაამართლა, მსოფლიო ომი დასრულდა ისე, რომ საქართველო უვნებლათ გამოვიდა მსოფლიო ცეცხლის რკალიდან, ხოლო დიდი რევოლუცია სრულდება ისე, რომ საქართველომ თავი დააღწია როგორც ანარქიას, ისე რევოლიუციის მონაპოვართა დაკარგვას.
მაშასადამე ჩვენ გვაქვს დღეს სამგვარი ნაყოფი:
საგარეო მყუდროება,
საშინაო მყუდროება,
რევოლიუციის ყველა მონაპოვარი.
არც ერთი დამფუძნებელი კრება არ შეყრილა არსად ასეთ ხელსაყრელ საზოგადოებრივ პირობებში, ყველა იძულებული იყო ეს სამივე ნაყოფი თვით მოეპოვებია, თვით ებრძოლა მათთვის და ისე განეხორციელებია.
ჩვენ დამფუძნებელ კრებას ეს დახვდა მზა-მზარეული და მას დარჩენია მხოლოდ ამ ნაყოფის განვითარებისათვის შესაფერი პოლიტიკური და იურიდიული კალაპოტის შექმნა და მუდმივი საგარეო მყუდროების დამკვიდრება. რანაირად მოხდა ეს? როგორ მივაღწიეთ ამ მიზანს?
მთავრობა იყო იმ აზრის, რომ საგარეო სიმტკიცეს მოგვცემს მხოლოდ შინაური სიმტკიცე. გარედან მოსულ მტერ-მოყვარეთ გაუმაგრდებით იმდენათ, რამდენათ ჩვენ შინ შევსძლებთ ერთი დიდი ფრონტის შექმნას და მასზე შეურყევლათ დაყრდნობას.
ამ ფრონტის შექმნა კი შეიძლება მხოლოდ რევოლიუციის მონაპოვართა ნიადაგზე, ხალხის დარაზმვა დემოკრატიული დროშის გარეშემო.
დროშა რევოლიუციის და დემოკრატიის გახდა დროშათ ჩვენი შინაური ერთობის, ჩვენი ნაციონალური სიმტკიცის საგარეო გაჭირვებიდან თავის გადარჩენის, აი ეს დროშა გახდა მთავრობის დროშათ და მას ვემსახურებით.
ჩვენ არ წამოგვიყენებია არც ერთი ასეთი ლოზუნგი, არ მიგვიღია არც ერთი ისეთი კანონი თუ განკარგულება, რომელიც მოგვაშორებდა ერის სასიცოცხლო ელემენტებს და მათ მაგიერ შეგვმატებდა უსიცოცხლო და დროშეჭმულ წრეებს. ის, რაც ისტორიამ და რევოლიუციამ უარყო, უარვყავით ჩვენც. ის, რაც ისტორიამ და რევოლიუციამ სასიცოცხლოთ მოიწვია - მას ჩავაფრინდით ჩვენც და მათგან შევკარით ერთი მტკიცე რევოლიუციური და სახელწიფო ძალა.
პირველათ ჩვენში შეიქმნა მთავრობა, რომლის გარშემო შემოიკრიბა ყველა დემოკრატიული და რევოლიუციური ორგანიზაცია, მართლა მთავრობა, რომელსაც უპროტესტოთ ემორჩილება მთელი დემოკრატია, მთელი ერი. ასეთი მთავრობა ჯერაც არ შექმნილა რუსეთის არც ერთ კუთხეში, არც ერთ ერში, ეს იქ მომავლის საქმეა და ახლა, როგორიც უნდა იყოს ეს მთავრობა, ვინც უნდა შედიოდეს შიგ - ეს ძალა მას ექნება, მხოლოდ ერთი პირობაც კი - ის არ უნდა გადასცდეს დემოკრატიის, რევოლიუციის ნიადაგს. ამ პირობის გარეშე ვერც ერთი მთავრობა ვერ იარსებებს, მის გარეშე იწყება ანარქიის და კონტრ-რევოლიუციის შავი უფსკრული, რაიცა თან ჩაიტანს დამოუკიდებლობას.
აი, ასეთია ის საერთო პოლიტიკური კალაპოტი, რომელშიაც მოძრაობდა, მოქმედებდა და თავის მიზნისაკენ მივიდოდა მთავრობა და მასთან ერთად მისი წარმომშობი პარლამენტი.
ეს ორი ორგანო, ერთი კანონმდებლობით, მეორე მართველობით ხელიხელ ჩაყრით მოღვაწეობდენ და ერთხელაც მათ შორის არ ჩამოვარდნილა კონფლიქტი. ამიტომ ჩვენ არ გაგვიცვლია ეგრეთ წოდებული კაბინეტის კრიზისები.
თავისთავად ცხადია, რომ ამ საერთო პრინციპებს - ჩვენ ვატარებდით ცხოვრებაში არა მის ქადაგებით და სხვა იდეიური საშუალებით, არამედ კონკრეტიული ზომებით, სხვადასხვა რეფორმებით. ამ ზომებთა შორის მთავარი ადგილი უჭირავს თავდაცვის ზომებს - ე. ი. შეიარაღებულ ძალებს და დიპლომატიას.
პირველი განიყოფება ომით - გვარდია და მუდმივი ჯარი. ახალია გვარდია, ძველია მუდმივი ჯარი და აი ამ მათი თვისებებიდან წარმოსდგა მათი ღირსება-ნაკლულევანება. გვარდია შეიქმნა რევოლიუციურ ტალღებში საუკეთესო მოწინავე ელემენტებისაგან და ეს ინსტიტუტი ჩვენ დავაკანონეთ. ბევრი იყო მისი მოწინააღმდეგე, მარა მისმა საქმეებმა ახლა თვით ურწმუნონიც კი დაარწმუნა მის აუცილებლობასა და დიად სახელმწიფო სარგებლობაში.
გაცილებით მეტი ყურადღება იყო მიქცეული მუდმივი ჯარისაკენ, მარა აქ ჩვენმა ცდამ ვერ გამოიღო საჭირო ნაყოფი. ამის მთავარი მიზეზია, რასაკვირველია, ოთხი წლის ომი, ყაზარმა ხალხს შესძულდა და ვეჭვობ არა თუ ჩვენში, არამედ ევროპაშიაც შესაძლებელი გახდეს საკმაო მუდმივი ჯარის ყოლა და მისი დიდხანს დამაგრება, ჩვენ ამ მხრით გვმართებს რეფორმის მოხდენა, დროსათვის ანგარიშის გაწევა, მარა ერთი კი მაინც ფაქტია - ჩვენი შეიარაღებული ძალის საშუალებით ჩვენ შევირჩინეთ ჩვენი საშინაო და საგარეო მყუდროება. ჯარი და გვარდია გაჭირების დროს თავის თავის სიმაღლეზე იდგენ და მტერთ მხნეთ ებრძოდენ.
რასაკვირველია, ამას მარტო ხმლით ვერ შევსძლებდით, რომ აქ დიპლომატიაც არ მოგვშველებოდა, და თუ პატარა რესპუბლიკების ძალებს ჩვენი ძალითვე გაუსწორდებოდით, დიდ სახელმწიფოებთან დამოკიდებულების დაჭერა მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვეძლო და ჩვენც სავსებით ვისარგებლეთ ამით. მოკავშირეებთან მეგობრული განწყობილება გვაქვს. დელეგაცია საზავო კონგრესზე გავგზავნეთ და ჩვენ ეჭვიც არ შეგვდის იმაში, რომ ჩვენ ხალხთა ლიგაში შევალთ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის.
მეზობელ რესპუბლიკებთან მეგობრული დამოკიდებულებაა, სომხეთთან დიპლომატიური კავშირი აღდგენილია, გადადგმულია ნაბიჯი მათთან უფრო მჭიდროთ დაკავშირებისა.
ყველა ეს მოითხოვდა ხარჯებს, ერთობ დიდ ხარჯებს და თუ მივიღებთ სახეში იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ხაზინას დღიდან ბალშევიკების გადატრიალებისა, 1917 წ. ოქტომბრიდან, ცალი კაპეიკი არ მიუღია რუსეთიდან - ადვილათ წარმოიდგენთ ჩვენს ფინანსიურ გაჭირვებას, ხოლო როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ - ხაზინა სრულიად ცარიელი იყო. მიუხედავათ ამისა დღემდე სული მაინც მივიტანეთ ისე, რომ არავითარი საგარეო ვალი არ აგვიღია. მართალია შემოსავლის წყარო ფინანსიური თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მარა ბონების ბეჭდვის მეტი სხვა გზა არ გვქონდა. ამას მოყვა ფულის კურსის დაცემა, ე. ი. გამოცემული ბონები ჩვენი დეფიციტი საშინაო სესხია, მარა საგარეო სესხი ყველა ამ ვნებას მოგვიტანდა და იმავე დროს უცხო ძალის მოვალე გავხდებოდით. ამავე დროს მთავრობა ღებულობს ყოველ ღონეს მოეწყო გადასახადების ახალი სისტემა, ამკრეფი აპარატი, ახალი დამოჟნები, და სხ. და სხ. ყველა ამ ზომამ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ შვიდ თვეს მოგვცა 69, 044, 000 მ. თუ მას რკინის გზის შემოსავალ 27, 114, 000 მ. მიუმატებთ, გამოვა რომ ხაზინას შემოსავალი პირველ იანვრამდის ყოფილა სულ 36, 158, 000 მ. ხოლო გასავალი კი იყო 342, 244, 000 მ. დეფიციტია 256, 086, 000 მ. რაიცა ერთი ფორმა ბონების გამოშვებაა.
იმავე ხნის განმავლობაში ჩვენი საგარეო ვაჭრობა უდრიდა: შემოვიტანეთ უცხოეთიდან 140, 929, 260 მან., ხოლო გავიტანეთ 87, 494, 105 მან. მაშასადამე ჯამი ჩვენი საგარეო აღებ-მიცემობისა გასული წლის უკანასკნელ ექვს თვეს უდრიდა 228, 343, 336 მან. შემოზიდვა აღემატება გაზიდვას 53, 435, 095 მან., რაიცა აიხსნება იმით, რომ ჩვენ ვსაჭიროებთ უფრო პურს და შაქარს. მთავარი ვაჭრობა გვქონებია უკრაინასთან - უდრის 110 მილიონ, შემდეგ შედის რუსეთი 50 მილიონი, ოსმალეთი 32 მილ., ადერბეიჯანი 6 მილ., სომხეთი-მილიონი, დანარჩენები 56 მილ.
მრეწველობის მხრივ თითქმის არაფერი ახალი არ გაკეთებულა ამ ხნის განმავლობაში, თუ სახეში არ მივიღებთ ტყიბულის ქვა-ნახშირის დამუშავებას რკინის გზის საჭიროებისათვის.
როგორც ვხედავთ, ვაჭრობა, მრეწველობა და გადასახადთა სისტემა ჯერ კიდევ არ დგას იმ დონეზე, რომ სახელმწიფოს დეფიცეტი ამ საშუალებიდან დაგვეფარა. მართალია, გვაქვს ერთი დიდი დარგი, რომელზედაც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, მარა ჯერ-ჯერობით კი ეს საქმეც ვერ იძლევა საჭირო შემოსავალს. მე მოგახსენებთ სახელმწიფო ქონებაზე. აგრარული რეფორმის წყალობით სახელმწიფოს ხელშია დღეს დაგროვილი ორ-მილიონ დესეტინამდე ტყე, ნახევარ მილიონამდე სახნავი მიწები, რვაას-ათასამდე საძოვარი, კურორტები თავის სასახლეებით, მადნეული წყლები, მადნები და სხვ. მაგრამ ყველა ეს როგორც ახალი მიღებული საჭიროებს შესაფერათ მოწყობას, დაყენებას, შესაფერ სამეურნეო და საექპლოატაციო აპარატების შექმნას, რაიც დიდ ხარჯებს ითხოვს. უწყების ვარაუდით წელს ეს ქონება მოგვცემს 90 მილიონ მანეთს. ხოლო დაიხარჯება 71 მილიონამდის. აქ რასაკვირველია, ჩათვლილი არ არის სახნავი მიწების გადაცემა გლეხებზე კერძო საკუთრებათ თანახმათ პარლამენტის დადგენილებისა, საიდანაც მოველით არა-ნაკლებ ორასი მილიონი მანეთისა, რაც რასაკვირველია, ჩვენს ფინანსებს გააუმჯობესებს დროებით. მარა ვერ მოსპობს დეფიციტს.
როგორც ხედავთ, მთავარ ძარღვს ჩვენი სახელმწიფო მოთხოვნილებისა, გარდა თავის დაცვისა გარეშე და შინაურ მტერთაგან, არის ფინანსიური მდგომარეობა, რის გამოკეთება საბოლოოთ დაგვაყენებს მტკიცე, შეურყეველ საფუძველზე. ჩვეულებრივათ, სახელმწიფო გასავალი იფარება უმთავრესათ გადასახადებით; სახელმწიფოს აშენების პროცესში გადასახადის აკრეფა ძნელდება, ვინაიდან ადმინისტრატიული აპარატები დარღვეულია, ქონებრივი მდგომარეობა არეული და გამოურკვეველია, არა თუ აკრეფა, გასაჭირია იმის თქმა, თუ ვის უნდა დაადვა გადასახადი, ვის ხელშია დაგროვილი გადასახადის საგანი - ქონება. დღეს, ამ სპეკულიაციის ხანაში, ძნელია ქონების კადოსტრის შედგენა, ვინაიდან დღევანდელი ღარიბი, ხვალ უცებ მდიდარი ხდება, ხოლო დღევანდელი მდიდარი, ხვალ ღარიბდება.
ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობას ამძიმებს რკინის გზა, რომელიც იძლევა დიდ დეფიციტს. ეს აიხსნება თვით ამ გზის მუშაობის წესრიგით. ეს გზები იძულებული იყვნენ თავისივე საშუალებით გადაეყვანა ჯერ რუსეთის ეშელონები, მერე გერმანელი და ოსმალთა ჯარები, შემდეგ კიდევ ოსმალები და ბოლოს ინგლისელები. ასე თავს დაატყდა მეტად დიდი ტვირთი და ყოველივე ეს უნდა ეზიდა არსებული ტეხნიკური საშუალებით. ამით რასაკვირველია, ეს საშუალებანი გაცვდა, რადგან გამოცვლა არ შეიძლება და მხოლოდ მის შეკეთებით ვცხოვრობთ. გარდა ამისა, სათბობი მასალის თავის დროზე უქონლობისა, ვაჭრობა-მრეწველობის სისუსტე, საქონლის გადაზიდვა-გადმოზიდვის ნაკლებობა, საუკეთესო მუშების და მოსამსახურეთა ხშირად გვარდიაში ფრონტზე გამგზავრება და მუშაობას ჩამოცილება - აი, ყველა ეს ქმნის რკინის გზათა დეფიციტს, მისი შემოსავლის ნაკლებობას.
როგორც ხედავთ, ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა მჭიდროდ შეკავშირებულია მსოფლიო ომის შედეგებთან და როგორც კი საერთო ზავი დამყარდება, ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება - ფინანსებიც, რასაკვირველია, სხვა სახეს მიიღებენ და ჩვენ უდეფიციტოდ შეგვეძლება ვიცხოვროთ, თუ კი, რასაკვირველია, შესაფერი საშინაო პოლიტიკური ურთიერთობა შევქენით.
ამ მხრით მთავრობა და პარლამენტი გამუდმებულ მუშაობდა. ერობათა შემოღება, ადმინისტრაციის მოწყობა. მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის შექმნა, სამართლის და სწავლის გაეროვნებით ხალხთან დაახლოვება და სხვ. და სხვ.
მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება მთავრობის მოქმედებას შრომის სფეროში. მიუხედავად დიდი სიძვირისა და გაჭირვებისა, ჩვენ თავიდან ავიცილეთ გაფიცვები. ერთად-ერთი დიდი გაფიცვა მოხდა ტყიბულის მაღაროებში, მარა აქ ისეთი ახირებული და შეუძლებელი მოთხოვნილებანი იქნა წამოყენებული, რომ ის მთავრობასთან ერთად დაგმო მთელმა შეკავშირებულმა მუშათა კლასმა და ასე მოვახდინეთ მისი ლიკვიდაცია უმტკივნეულოდ. ეს აიხსნება მით, რომ მუშათა კლასი, სრული ნდობით ეპყრობა მთავრობას და ის დარწმუნებულია, შრომის ინტერესს დავიცავთ საწარმოვო ძალთა განვითარების ფარგლებში. ჩვენმა შრომის სამინისტრომ არა ერთი და ორი გამზადებული გაფიცვა თავის ჩარევით ჩააქრო, რაიცა ამტკიცებს იმასაც, რომ პატრონებიც საკმაოდ ნდობით ეპყრობიან უწყებას. მაგრამ მიუხედავად ყველა ამისა, მუშის ხელფასი - კითხვა დგას მთელი თავისი სიმწვავით. ქირის მომატება არ სურს ამ კითხვას, ვინაიდან ცხოვრების გაძვირება კიდევ უფრო მატულობს და ასე მუშა მაინც გაჭირვებაში ვარდება. ამ კითხვის მოწესრიგება შეუძლებელია, მანამდის ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური მდგომარეობა არ გამოკეთებულა და სახალხო მეურნეობა ნორმალურ კალაპოტში არ ჩასდგება. ერთი მთავარი ელემენტი ამ გამოკეთებისა არის შრომის ნაყოფის გამრავლება, შრომის განთავისუფლება. რაც მეტი ღირებულება იქნება შექმნილი, მით უფრო მეტი სიმდიდრე გროვდება, მით უფრო მეტ ღირებულებას მოვიზიდავთ გარედნიდან და ასე ავსწევთ ჩვენს ვალიუტას და ფულის კურსს. შრომის ნაყოფიერების დაცემა ერთი მიზეზია დღევანდელი ეკონომიურად დასუსტების და მაშასადამე შრომის პირობების გაუარესებისაც. საწარმოვო ძალთა განვითარებაში დღეს ერთნაირად დაინტერესებულია სახელმწიფო, მუშა, გლეხი და მრეწველი.
აი ასეთია საერთოდ ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელი მდგომარეობა; მე არ მოგახსენებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეიდან, ეს თქვენი და თქვენ მიერ შექმნილი მთავრობის საქმეა; მე გაგაცანით მხოლოდ არსებული მდგომარეობა, და ვამბობთ, რომ რაც შეგვეძლო - ვიმუშავეთ, რუსეთის სხვა სახელმწიფოებთან და ერებთან შედარებით ჩვენი სახელმწიფოს გემი მშვიდათ მოვიყვანეთ თქვენამდის, ქვეყნის ნამდვილ ბატონ-პატრონამდის. აი, ჩაიბარეთ ეს გემი, მიიღეთ სახელმწიფოს სადავე და გააკეთეთ ის რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, რაც დავაკელით ან რაც გამოგვრჩა. ჯერ კიდევ შორსა ვართ იმისაგან. რაც უნდა იყოს, ჯერ არ განხორციელებულა ჩვენი პოლიტიკური გეგმა; დამფუძნებელი კრება სწორეთ ამ გეგმის განსახორციელებლათაა მოწოდებული და ის არ დაიშლება მის განხორციელებამდის.
პარლამენტის მთავრობა მიდის და ადგილს უთმობს დამფუძნებელ კრების მთავრობას.
ახალი მთავრობა
თავმჯდომარე: ეხლა მეორე საკითხია: მთავრობის შედგენის შესახებ;
ნოე ჟორდანია რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - პრეზიდენტი;
მთავრობის თავმჯდომარეთ, სოც.-დემოკრატიული ფრაქციის სახელით რ. არსენიძე ასახელებს დამფუძნებელ კრების წევრს ნოე ჟორდანიას.
თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ დამფუძნებელი კრების წევრი ნოე ჟორდანია არჩეულ იქმნეს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთ? არავინ! ნოე ჟორდანია არჩეულია მთავრობის თავმჯდომარეთ (სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ფეხზედ სდგება და ხანგრძლივი ტაშით ესალმება ნოე ჟორდანიას. ეროვ.-დემოკ., სოც.-ფედ. და სოც.-რევ. თავის ადგილებზედ სხედან).
საქართველო. - 1919. - მარტის 16. - N 59. - გვ. 2, 3
ერთობა. - 1919. - 16 მარტი. - N 60. - გვ. 2.
![]() |
4.2 მთავრობის დეკლარაცია საქართველოს ეროვნულ საბჭოს 15 ივნისის სხდომაზე წაკითხული |
▲ზევით დაბრუნება |
„26 მაისს გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და შესდგა ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა.
რესპუბლიკის მთავრობის პირველ შემადგენლობას მეტად რთულ და მწვავე -პირობებში დაეკისრა ქვეყნის მართვა-გამგეობა.
მის მთავარ მოვალეობას შეადგენს საქართველოს ხალხი გამოიყვანოს მსოფლიო ომის ქარტეხილიდან, ხელი შეუწყოს რესპუბლიკანურ წესწყობილების დამყარებას და დიდის რევოლიუციით მოპოებულ სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა საბოლოოდ განმტკიცებას.
ამ ისტორიულ მოვალეობათა მიხედვით მთავრობის უპირველესი საგანი იყო გარეშე საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქროდა და ნორჩ რესპუბლიკას კულტურულ განადგურებას უქადდა. ამ მიზნით მთავრობამ უკვე გადასდგა რამდენიმე დიდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 28 მაისს ქალაქ ფოთში გერმანიის მთავრობის საიმპერიო წარმომადგენელთან დადებულ იქნა წინასწარი ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიის მთავრობამ აღგვითქვა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და მისი ტერიტორიის ხელუხლებლობის დაცვა. ჩვენთან შეთანხმებით გერმანიამ გამოგზავნა თავისი ჯარი, რომელიც იმოქმედებს ჩვენს განკარგულებათა თანახმად და მთავრობას ხელს შეუწყობს გარეშე საზღვრების დაცვის საქმეში.
მთავრობა კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მან მოამზადა ნიადაგი, რათა მკვიდრი კეთილგანწყობილება განმტკიცდეს გერმანიის სახელმწიფოსთან საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.
4 ივნისს ქ. ბათუმში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოსმალეთთან ხელშეკრულობას. ამ გზით ჩვენი ხალხის საყოველთაო მისწრაფება ოსმალეთთან ზავის ჩამოგდების შესახებ განხორციელდა და გადაიდგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობის დასამყარებლად. თანახმად ეროვნულ საბჭოს დადგენილებისა მთავრობა გადასცემს არსებულ საზავო კომისიას ხელშეკრულობის ტექსტს.
მთავრობა თავის მოვალეობად რაცხს აშკარად აღიაროს, რომ 4 ივნისის ხელშეკრულობის ზოგიერთი პირობები ქართველ ხალხის გულში სრულიად სამართლიან მწუხარებას გამოიწვევს, მაგრამ მთავრობა იმედოვნებს, რომ ნორჩი რესპუბლიკის ენერგიულ შემოქმედების და დიპლომატიური საქმიანობის მომავალში ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესები დაცულ იქნება.
მთავრობა მოწადინებულია კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს კავკასიის რესპუბლიკებთან და ერებთან.
მთავრობა სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მის წარმომადგენელთა წინადადებით ამ დღეებში ქ. სტამბოლში შეიკრიბება ოთხი მოკავშირე სახელმწიფოთა კონფერენცია, რომელზედაც მიწვეულ არიან აგრეთვე ჩვენი წარმომადგენლები და რომლის უმთავრესი საგანია საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის გამორკვევა და უზრუნველყოფა.
მთავრობა თავის მოვალეობად რაცხს დაიცვას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობილება ყოველნაირ გარეშე და შინაურ საფრთხისგან.
მთავრობა ნათლად ხედავს, რომ დიდის რევოლიუციით მოპოებულ სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა განხორციელებას ხელს უშლის არევდარევა, რომელმაც თავი იჩინა ჩვენს სახელმწიფოს ზოგიერთ კუთხეში.
ამიტომაც მთავრობა მთელის თვისის ძალღონით შეეცდება ანარქიის ყოველ ნაირ ნიადაგის მოსპობას და სახელმწიფოებრივ წესრიგის განმტკიცებას.
ამ მიზნისათვის საჭიროა დამყარდეს ერთი ძლიერი მთავრობა, ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი, რომლის გვერდით, როგორც ეს რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა უკვე აღიარეს, არ უნდა იდგეს არც ერთი, მთავრობის უფლებებით აღჭურვილი ორგანო.
მთავრობა აღიარებს, რომ საქართელოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად აუცილებლად საჭიროა საკუთარი, ევროპიულის წესით გაწვრთნილი ჯარის შედგენა და ამავე დროს მთელის ხალხის მიერ სამხედრო ხელოვნების შესწავლა, რათა საჭიროებისას სახელმწიფომ შესძლოს თვისი საზღვრების დაცვა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა.
მთავრობა თავისს მოვალეობად მიიჩნევს ცხოვრებაში გაატაროს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში აღიარებული ის დებულება, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეებს მიენიჭებათ ისეთივე პოლიტიკური, მოქალაქეობრივი და ეროვნულ-კულტურული უფლებები, რომლითაც აღჭურვილი იქნება თვით ქართველი მოქალაქენი.
ახალ დემოკრატიულ წყობილების განსამტკიცებლათ მთავრობა ზომებს მიიღებს დაჩქარებით შემოიღოს საერობო თვითმმართველობა, განსაზღვროს ადმინისტრაციის და თვითმმართველობის ურთიერთობა და ახალ პირობათა მიხედვით გარდაქმნას სასამართლო და სკოლა და დაჩქარებით განახორციელოს სავალდებულო უფასო პირველ დაწყებითი სწავლა-განათლება.
საქართველოს ეკონომიური განვითარების ხელშესაწყობად ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ფინანსიური მეურნეობის მოწესრიგება, ფულის სისტემის შემუშავება და საკუთარი ფულის მოჭრა; ხოლო, ვიდრე ეს რთული საქმე მოეწყობოდეს, - მთავრობა ზომებს მიიღებს შინაური და საგარეო სესხის ასაღებად. მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგება შემოსავლისა და ქონების მიხედვით პროგრესიული გადასახადის შემოღებას და გადასახადთა მთელ სისტემის გარდაქმნას, რათა საუკეთესოდ დაცულ იქნას მშრომელ ხალხის ინტერესები.
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობა მთელი თავისი ძალღონით შეუდგება დაწყებულ აგრარულ რეფორმის განხორციელებას და ამ გზაზე ყოველივე დაბრკოლების დაძლევას.
ზავის ჩამოგდებით მყარდება წინასწარი პირობა საწარმოვო ძალთა განვითარების უზრუნველსაყოფათ. ამ მიზნით ეკონომიურ განვითარების ხელშესაწყობათ, აგრეთვე უმუშავრობის წინააღმდეგ საბრძოლველათ მთავრობას განზრახული აქვს საქართველო მოჰფინოს რკინის გზებით, მოაწყოს ტყეების წესიერი ექსპლუატაცია, შეუდგეს არხების გაყვანას და საერთოდ იზრუნოს ინტენსიურ სასოფლო მეურნეობის განვითარებისათვის.
რათა ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე ხალხის საკეთილდღეოთ გამოვიყენოთ, მთავრობა საჭიროდ სთვლის ყოველგვარი მადნეულობის სახელმწიფოს საკუთრებად აღიარებას და შესაფერ კანონპროექტს ახლო მომავალში წარუდგენს ეროვნულ საბჭოს. აგრეთვე მთავრობას განზრახული აქვს დააწესოს სახელმწიფო კონტროლი საზღვარგარეთ ნედლი მასალის გატანაზე.
მთავრობა ხელს შეუწყობს სოციალურ კანონმდებლობის განვითარებას და მუშათა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მთავრობას დიდმნიშვნელოვან მორიგ საქმედ მიაჩნია ხალხის უზრუნველყოფა სურსათით, რისთვისაც ის სათანადო ზომებს მიიღებს.
მთავრობა აცხადებს, რომ ის ეცდება ახლო მომავალში მოწვეული იქნას სრულ დემოკრატიულ საფუძველზე საქართველოს დამფუძნებელი კრება ნორჩ რესპუბლიკისთვის მტკიცე საფუძვლის ჩასაყრელად და სახელმწიფო საქმეების მოსაწესრიგებლად.
მთავრობას სრული იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი, რომლის დემოკრატიის დაუღალავი ბრძოლა უცხოეთშიაც საერთო აღტაცებას იწვევდა, სძლევს ყოველგვარ დაბრკოლებას, რაიცა ნორჩ რესპუბლიკას წინ გადაეღობება, და რომ ყველა მოქალაქე გაიმსჭვალება სამშობლოს წინაშე პასუხისგების გრძნობით და მთავრობას დახმარებას აღმოუჩენს დიდის რევოლიუციის მოპოებათა განმტკიცებასა და რესპუბლიკის აყვავების საქმეში.
ერთობა - 18 ივნისი. - 1918 წ. - N 123. - გვ. 2.
![]() |
4.3 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნ. ნ. ჟორდანიას დეკლარაცია წარმოთქმული, საქართ. საბჭოში 1918 წ. 24 ივნისს |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანია. მოქალაქენო! საქართ. ეროვ. საბჭოს წევრნო! ჩვეულებათ არის მიღებული, რომ ახალი მთავრობა წარმოადგენს ახალს დეკლარაციას თავის მოქმედების შესახებ. მე ცოტათი უნდა უღალატო ამ პრინციპს. ახალ დეკლარაციას მე არ წარმოგიდგენთ, რადგან ის ცვლილება, რომელიც დღეს აქ მოხდა, არ არის პოლიტიკური ხასიათისა. ჩვენს პალატას არ დაუწუნებია ის დეკლარაცია, რომელიც მთავრობამ ამ რამდენიმე დღის წინად წარმოადგინა, ჩვენ ნდობა გამოუცხადეთ მთავრობას და მაშასადამე ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს დეკლარაცია. ამიტომაც მინისტრები თავის ადგილებზე რჩებიან და ცვლილება მათ კაბინეტის შემადგენლობაში არ მოხდება; რაიცა შეეხება მინისტრთა ამხანაგებს, იქ კი ცვლილება მოხდება და ეს საბოლოოდ ხვალ გამოირკვევა. ამ ცვლილების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს კაბინეტი უნდა იქნეს ძალთა კონცენტრაციის მქონე, ძალთა შეერთების ორგანო. ამ ორგანოში უნდა გაერთიანდეს მთელი რევოლიუციონური და საზოგადოებრივი ძალები. ჩვენ გვაქვს ერთი პარლამენტი და უნდა გვქონდეს ერთი აღმასრულებელი ორგანოც. ამ პალატაში გამოდის ყოველივე კანონი, რომელიც ტარდება ცხოვრებაში ერთი აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დღემდე მთავრობის ფუნქციებს რევოლიუციონური ორგანიზაციები ასრულებდნენ. დღეს ყველა ეს ფუნქციები მთავრობის ხელში უნდა გადავიდეს, აქ და მხოლოდ აქ უნდა მოხდეს ამ ფუნქციათა გაერთიანება, კონცენტრაცია. რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა უკვე გამოიტანეს ასეთი დადგენილება. მხოლოდ რომ ეს ფუნქციები შეასრულოს მთავრობამ, აუცილებლად საჭიროა, რომ მისი მოქმედების მეთოდი წააგავდეს იმ მეთოდს, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ რევოლიუციონური ორგანიზაციები. ჩვენი მთავრობის მექანიზმი უფრო მარტივი უნდა იქნეს, სწრაფად დამაკმაყოფილებელი...
თუ მთავრობამ ვერ აართვა თავი მართვა-გამგეობის საქმეებს და ფუნქციები ჯეროვანად ვერ შეასრულა, მაშინ ისევ რევოლიუციონურ ორგანიზაციებში გადავა ზოგიერთი სახელმწიფოებრივი ფუნქციები. და ისევ ორმთავრობიანი მართვა-გამგებლობა გვექნება. არც ნამეტანი სიჩქარე ვარგა, მაგრამ არც დაგვიანებაა სასურველი. ამ მხრივ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ სოფლის ცხოვრების მოწყობაში და ამიტომაა, რომ ზოგიერთ ადგილას სოფლები ანარქიამ მოიცვა. ქალაქებმა კი, სადაც კულტ. და პოლიტიკური ცენტრები იყო, შესძლეს თავისი მართვა-გამგეობის საქმეების მოწყობა, აგრეთვე იმ სოფლებმაც, სადაც კულტურული ძალები იყო და ქალაქების ახლოს მდებარეობდენ თავს უშველეს, მოაწყვეს მართვა-გამგეობის საქმეები. ხოლო ის სოფლები კი, რომლებიც ამ მხრივ ჩამორჩენილი იყვნენ, ანარქიის ბუდედ გადაიქცენ. ჩვენ ეხლავე უნდა მივაქციოთ ამ სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება და ანარქიას გამოვაცალოთ ნიადაგი, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აგრარულ კანონს. ჩვენ აგრარული კანონი გვაქვს, მაგრამ ის ცალმხრივია, რადგანაც იქ აღნიშნულია, თუ ვის რამდენი ჩამოერთვას და რამდენი დაურჩეს; მაგრამ ვის მიეცეს - გლეხებს თუ სახელმწიფოს, ამის შესახებ უნდა გამოიცეს კანონი. მეორეთ ჩვენს სოფლებში არ არის სასამართლოები, გლეხმა არ იცის, ვის მიმართოს. კულტურულ სოფლებმა მოაწყვეს რევოლიუციონური სასამართლოები. იქ კი სადაც შეუგნებელი გლეხობა იყო, გლეხმა აიღო თოფი ხელში და თვითონ გაუსწორდა მოწინააღმდეგეს. საჭიროა დაუყონებლივ სასამართლოების შექმნა, უნდა შემოღებულ იქნას ერობა. ამ რიგათ ჩვენ გამოვაცლით ნიადაგს იმ ანარქიას, რომელსაც ადგილი აქვს დღეს სოფლად. აგრეთვე ჩვენ მიგვაჩნია პირველ საჭიროთ შევქმნათ იძულებითი კანონი. თუ ეს არ გატარდა ცხოვრებაში, მაშინ მთავრობა თავის მიზნებს ვერ განახორციელებს. ამას წინეთ ჩვენ მივიღეთ კანონი სახალხო გვარდიის შესახებ, მაგრამ ეს არ კმარა. სახალხო გვარდიას უნდა მივმართოთ მხოლოთ განსაკუთრებულ საჭიროების დროს. თუ გვარდია მუდმივ აქ იქნა ეს შეაფერხებს მრეწველობას, მუშაობას, ვინაიდან გვარდიაში მყოფი ხალხი მუშებია. საჭიროა შევქმნათ მუდმივი ჯარი და გვარდია გაუშვათ სამუშაოთ. ასეთია მოკლეთ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ამ ახლო მომავალში. ეს მაშინ შეიძლება, როცა პარლამენტთან ერთად სხვა ძალებიც შემოკრბებიან მთავრობის გარშემო, მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ან მთლად განვამტკიცებთ დემოკრატიულ რესპუბლიკას, ან მთლად დავიღუპებით. ბედი რევოლიუციონური ორგანიზაციებისა და მთავრობისა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, ერთის დაღუპვა, მეორის დაღუპვაც არის და ამიტომ მათ ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა იარონ (დიდი ტაში).
საქართველოს რესპუბლიკა. - 17 აგვისტო. - 1918. - N19. - გვ. 3.
![]() |
4.4 ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
ბორჯომის მამულების უწესო ექსპლოატაცია
ნოე ხომერიკის განმარტება
23 აგვისტოს სხდომა
მე ვაცხადებ, რომ ჩემს სიტყვაში არავისთვის ბრალი არ დამიდევს. ბ-ნი ვეშაპელი დამნაშავეა იმაში, რომ მან, როგორც საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა მონაწილეობა მიიღო ტყავის გაყიდვაში და შემდეგ არც პრესაში და არც კერძო ლაპარაკში წინააღმდეგობა არ განუცხადებია.
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია
მინისტრთა განმარტების შემდეგ საკითხი გამორკვეულად უნდა ჩაითვალოს და თუ ავედი ტრიბუნაზე, ეს აიხსნება მით, რომ აქ შეეხენ ეროვნულ საბჭოს ყოფილ პრეზიდიუმს. ის ტყავი, რომლის შესახებ აქ იყო ლაპარაკი იყიდებოდა იმ დროში, როცა საერთო მოუწყობლობა იყო და არ ვიცოდით თუ ვინ იქნებოდა საბოლოო ბატონ-პატრონი ყველა ამ ქონებისა. ყოველ შემთხვევაში უნდა განვაცხადო, რომ ამ ტყავის გაყიდვაში მე არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია და არც პრეზიდიუმის იმ სხდომას დავსწრებივარ, სადაც ეს საკითხი სწყდებოდა.
ი. ლორთქიფანიძე (ადგილიდან): როგორ არა, თქვენ იქ ბრძანდებოდით!
ნოე ჟორდანია. როცა ვაცხადებ, რომ არ ვყოფილვარ, ნუ-თუ ეს საკმარისი არ არის, რომ დაიჯეროთ!
იმ სხდომაზე თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი.
ბ-ნი ვეშაპელი აქ დაგვემუქრა, რომ რაღაც ბოროტმოქმედებათ გამოააშკარავებს.
ყოველი წევრის ვალდებულებაა განაცხადოს ის, რაც იცის და ვინც ამას არ სჩადის, სჩანს არ ესმის თავის მოვალეობა.
ვეშაპელი (ადგილიდან), Комитеть снабженiя.
ნ. ჟორდანია. თუ ვინმემ რამე იცის და განაცხადებს რაიმე ბოროტმოქმედების შესახებ, ჩვენ სასტიკ ზომებს მივიღებთ.
გ. ლასხიშვილის განცხადება
მე მისთვის ავიღე სიტყვა, რომ მეც მივიღე მონაწილეობა იმ ტყავის გაყიდვაში, რომლის შესახებაც აქ არის ლაპარაკი. მე თავმჯდომარეობდი იმ სხდომას და კატეგორიულად უნდა განვაცხადო, რომ ვეშაპელი აქ არაფერ შუაშია. მომხსენებელი ამ საკითხში იყო ბ-ნი იასონ ლორთქიფანიძე, რომელმაც შემოიტანა ამ ტყავის გაყიდვის წინადადება.
შემდეგ ვრცელ და დემაგოგიურ სიტყვაში კირილე ნინიძე იმეორებს ხომერიკისა და გელეიშვილის მიერ გამოთქმულ აზრებს და სრულებით შეუსაბამო ლექციას კითხულობს პარლამენტიზმის შესახებ.
ი. ჩერქეზიშვილის (ს. რ.) და მ. ყაუხჩაშვილის (ს. ფ.) სიტყვების შემდეგ ეროვნული საბჭო იღებს სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის გარდასვლის ფორმულას.
საქართველო. - 1918. - მარიამობისთვის 29. - N 172. - გვ. 2.
![]() |
4.5 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის განმარტება
24 სექტემბრის სხდომა
[…] ნ. ჟორდანია: ამ დილას, როცა სახლიდან მოვდიოდი, მითხრეს, რომ აქ ჩამოსულან ოსმალთა ასკერები, რომელთაც ჩამოუყვანიათ ტყვე ინგლისელები. მე ეს ვერ დავიჯერე. მოვედი თუ არა აქ, იმავ წუთში დავიბარე თბილისის გარნიზონის უფროსი და მილიციის უფროსი. მათ მივეცი ბრძანება, რომ სასწრაფოთ წავიდენ იქ და შეამოწმონ მართალია თუ არა ეს ცნობა. თუ მართალია, მაშინ ისინი მოხსნან, ისინი მოსულან ოსმალთა მისიაში, სადაც მათთვის უთქვამთ, რომ ეს ცნობა მართალია, რომ ასკერებმა სრულიად მისიის მოულოდნელად ჩამოიყვანეს ტყვე ინგლისელები ბაქოდან (7 კაცი) და ეხლა სადგურზე იმყოფებიან და ისევ უკან მიდიანო. ეს ამბავი რომ გადმომცეს, მე მივეცი გარნიზონის და მილიციის უფროსს ბრძანება, რომ უჩემოდ არ გაუშვან, ჩამოიწერონ ყველას გვარები და შეადგინონ აქტი. ასეთია საქმის ფაქტიური მდგომარეობა. ოსმალეთის მისიას სამი დღეა ამის შესახებ ცნობა ჰქონია, მაგრამ ჩვენთვის არ შეუტყობინებია. მე შევეკითხე ამის შესახებ საგარეო, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრებს, მაგრამ გამოირკვა, რომ არც მათ მიუღიათ ოსმალთა მისიისაგან ასკერების მიერ ტყვეების შემოყვანის შესახებ ცნობა. რასაკვირველია არავის არა აქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ტყვეები შემოიყვანოს ჩვენდა დაუკითხავად და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შებღალვა. რაც შეეხება საერთაშორისო უფლებას, სწორედ ეს უფლებაც ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს და მათი (ოსმალთა ასკერების) საქციელი ამ უფლების დარღვევაა. ამაში დამნაშავე არიან ჩვენი დარაჯები, რომელნიც ვალდებული იყვნენ, რომ ეკითხათ მათთვის თუ ვინ იყვნენ ისინი და არ შემოეშვათ. მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, რომ შემდეგში სასტიკად იქნას დაცული საზღვარი და საერთაშორისო უფლებრივი ნორმები და წესები. თუ რაიმე გართულება მოხდა საქმის, ამაზე შემდეგ მოგახსენებთ (ხანგრძლივი ტაში). […]
ერთობა. - 1918. - 26 სექტემბერი. - N 205. - გვ.1-2
![]() |
4.6 ბ. ჩხენკელის ელჩად დანიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბ-ნი აკაკი ჩხენკელი დროებით დაინიშნა რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენელად ბერლინში, ხოლო ბ-ნი ევგ. გეგეჭკორი აგრედვე დროებით საგარეო საქმეთა სამინისტროს გამგედ.
საქართველო. - 1918. - გიორგობისთვის 8. - N 212. - გვ. 2.
![]() |
4.7 მთავრობის თავმჯდომარის ბ. ნ. ნ. ჟორდანიას სიტყვა საქართველოს პარლამენტის ნოემბრის შვიდის სხდომაზე |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარე ბ. ნ. ნ. ჟორდანიამ შემდეგი განაცხადა:
მოქალაქენო! მაქვს პატივი გაცნობოთ შემდეგი: თქვენ ალბათ იცით მშვენივრათ, ისე როგორც ჩვენ, რომ საქმეები მთავრობაში უფრო და უფრო რთულდება და მრავლდება მაშინ, როდესაც სრული კომპლექტი მინისტრებისა აქ არა გვყავს. ერთი მინისტრი არის ბერლინში. ამიტომ მოგეხსენებათ, რომ ორი უწყება ჩაბარებული აქვს ერთ მინისტრს, რომელიც საქართველოში მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ამასთან მოგეხსენებათ, რომ გარეშე საქმეთა მმართველს არა ჰყავს ამხანაგი. იგი წავიდა ევროპაში. მაშინ, როდესაც როგორც მოგახსენათ, საქმეები რთულდება და დღითი-დღე მრავლდება. უნდა იყოს სპეციალური კაცი მოწვეული, როგორც საგარეო საქმეთა მმართველათ, აგრეთვე მთავრობის სხვა და სხვა საქმეებში მონაწილეობის მისაღებათ. ვთხოვე ევგენი გეგეჭკორს შემოსულიყო მთავრობაში, როგორც მინისტრი უპორტფელოთ. ის ჩვენს წინადადებას დასთანხმდა და უკვე ითვლება ჩვენს უწყებაში, როგორც მმართველი საგარეო საქმეებისა (ტაში მარცხნიდან). უნდა ვსთქვათ, რომ ესეც ჩვენ დღეს არ გვაკმაყოფილებს, ვინაიდან ბევრი რთული საგარეო საქმეები აქ იჭრება. ჩვენ ვთვლით საჭიროთ, ვინაიდან ეხლა შეუძლებელია ჩხენკელის ბერლინიდან გამოწვევა, თვით საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ გვინდა იქ დავტოვოთ იგი ელჩათ და აქ საგარეო საქმეთა მინისტრათ კი დავტოვოთ ევგენი გეგეჭკორი.
საქართველოს რესპუბლიკა. - 9 ნოემბერი. - 1918. - N87. - გვ. 2.
![]() |
4.8 საქართველოს პარლამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
17 დეკემბრის სხდომა
ნ. ჟორდანიამ მთავრობის სახელით განაცხადა: მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.
იმ დროს, როცა ყველა დიდი იმპერიალისტური ქვეყნები იარაღს ქარქაშში აგებენ და საერთაშორისო ზავის დღე დგება, სომხეთის მთავრობა ქურდულად, მალულად თავს დაგვესხა.
კაჩაზნუნის მთავრობამ დიდი ისტორიული დანაშაული ჩაიდინა.
საბუთები?
პირველი საბუთი: ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებთ საქართველოს ჯარისკაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის მოთმენა ჩვენ არ შეგვიძლიაო. მერე, მოგვთხოვეს თუ არა ჩვენ პასუხი ამ გარემოების შესახებ? რათ არ გამოიძიეს? მათ მხოლოდ ეს მოიმიზეზეს. თქვენ ხედავთ, რომ ასეთი უმნიშვნელო მიზეზი არ შეიძლება იყოს ომის საბაბი. ეს საბუთი სუსტია, საბუთად არ გამოდგება.
მეორე საბუთი: თქვენ დაიჭირეთ სადაო რაიონებიო.
დიახ, ჩვენ დავიჭირეთ ახალქალაქი, ახალციხე, მაგრამ ეს ძველი ამბავია - ორი თვის წინეთ მოხდა. ამის შესახებ მაშინ მათ არაფერი უთქვამთ. მათ იცოდნენ აგრეთვე, რომ მთელი თფილისის გუბერნია ჩვენ გამოცხადებული გვქონდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიად. ეს საბუთიც სუსტია ომის დაწყებისათვის.
მაგრამ კაჩაზნუნის მთავრობის ბუნებაა, რომ მუდამ შური, მტრობა და ქიშპობაში იყოს ყველასთან.
კაჩაზნუნის მთავრობამ თავი განიმარტოვა. საქართველოც გადაიმტერა. რა იმედით? ალბათ, გარეშე ძალაზე ამყარებენ იმედებს. მე მგონია, რომ არ მოიძებნება ისეთი ძალა, რომელიც გაამართლებს მათ ასეთ უსამართლობას, უფლების დარღვევას.
ჩვენც მოვიწვიეთ გარეშე ძალა, მაგრამ არა ამიერ-კავკასიის ერთა წინააღმდეგ, არამედ - მათი მტრის წინააღმდეგ. არის ორი ხაზი: ერთია ჩვენი, მიმართული ამიერ-კავკასიის ერთა სოლიდარობისაკენ, მეორე მათი, - მიმართული ამიერ-კავკასიის ერთა სოლიდარობის წინააღმდეგ, ამ ერთა შორის უფსკრულის გათხრისაკენ.
დღეს კი ბრძოლა სწარმოებს. ჩვენ არ ვართ ომის მომხრე: ყოველი ღონე ვიხმარეთ, რომ ჩვენს შორის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დამთავრებულიყო, მაგრამ მტერი მზაკვრულად თავს დაგვესხა. ჩვენც იძულებული ვართ იარაღით გავაკეთოთ ის, რის მოგვარება მშვიდობიანი გზით, გონებით და შეგნებით ვერ შევძელით.
ის, ვინც მომხრეა საქართველოს რესპუბლიკისა, ჩვენთან იქნება (ტაში). ის, ვინც ამაში ჩვენ მხარს არ დაგვიჭერს, მტერია საქართველოსი და აქ ვერ დარჩება (ხანგრძლივი ტაში).
დღეს იარაღით უნდა მოვახვიოთ სომხეთის მთავრობას პრინციპი სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით, კონფერენციით გადაწყვეტისა. ჩვენ ამისი არ გვეშინია და ძალაც კი შეგვწევს (ხანგრძლივი ტაში). ჩვენ დარწმუნებული ვართ, მთელი საქართველო ამ შემთხვევაში ჩვენთან იქნება (ხანგრძლივი ტაში).
ერთობა - 1918. - 18 დეკემბერი. - N 273. გვ. 2
![]() |
4.9 თფილისის მილიციის საქმეთა რევიზია |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის განცხადება
ვაცხადებ ყველას საყურადღებოთ, რომ 14 ამ იანვარს მე დავაარსე კომისია ქალაქ თფილისის მილიციის საქმეების სარევიზიოდ და მილიციის მოხელეთა ბოროტმოქმედების გამოსაძიებლად. კომისიაში შედიან თფილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს ბრალმდებელნი, მათი ამხანაგები, მთავრობის იურისკონსულტი, საქართველოს პარლამენტის წევრნი და სხვები.
ბოროტების ძირშივე აღმოსაფხვრელად და დამნაშავეთა დასასჯელად მოვუწოდებ ყველას ვინც დაზარალებულა მილიციის მოხელეთა უკანონო მოქმედებით ან ვისაც რაიმე ცნობები აქვს იმათ მიერ ჩადენილ ბოროტების შესახებ, განუცხადონ ამის შესახებ ზემო აღნიშნულ კომისიას.
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
14 იანვარი, 1919 წ. ქ. თფილისი
ერთობა. - 1919. - 16 იანვარი. - N 11. გვ. 2.
საქართველო. - 1919. - იანვრის 17. - N 12. - გვ. 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919. - 17 იანვარი. - N 12. - გვ. 2.
![]() |
4.10 ცირკულიარული |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ქალაქთა და ერობათა გამგეობებს
იუსტიციის სამინისტროს მოხსენებიდან ირკვევა, რომ აუარებელი საქმეები რჩება გაურჩეველი სასამართლოების მიერ მხოლოდ იმიტომ, რომ მილიცია უწყებებს არ აბარებს გამოწვეულ პირთ და მით მართლმსაჯულების საქმეს აფერხებს. წინადადებას გაძლევთ გამოუცხადოთ მილიციას, მის მთავარ მოვალეობათაგანია სასამართლოს და გამომძიებელთა განკარგულებების სწრაფი ასრულება და ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ მათთვის საჩქაროთ შეტყობინება, წინააღმდეგ შემთხვევაში მილიციის მოსამსახურენი სამსახურიდან დათხოვნილი და სამართალში მიცემული იქნებიან.
ამასთანავე გაუწყებთ, რომ თუ დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მილიციამ ვერ გამოასწორა ეს თავისი ნაკლულოვანება და იუსტიციის მინისტრმა კიდევ საჩივრით მომმართა ადმინისტრაციის უმოქმედობაზე - ჩემ მიერ სასტიკი ზომები იქნება მიღებული კომისრების და მილიციის უფროსების წინააღმდეგ, რომელთაც სამსახურიდან გადაყენებასაც არ ვაკმარებ.
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919. - 19 ნოემბერი. - N 262. - გვ. 2.
![]() |
5 წერილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 საქართველოს პარლამენტში |
▲ზევით დაბრუნება |
წერილები პარლამენტიდან
რა სახელი უნდა დაერქვას საქართველოს პარლამენტს?
პავ. საყვარელიძის სიტყვა. საკონსტიტუციო
კომისიის წინადადება
[...] საკონსტიტუციო კომისია წინადადებით შემოდის ეროვნულ საბჭოში, რათა შეცვლილ იქმნეს ჩვენი პარლამენტის სახელი. ამ საკითხს, მართალია დიდი პრინციპიალური მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაინც საჭიროა მისი ყურადღებით განხილვა.
„რესპუბლიკის დარბაზი“, თუ „საქართველოს პარლამენტი“?
საკონსტიტუციო კომისიაში იყო მრავალი წინადადება, სხვათა შორის სოც.-დემ. ფრაქციამ შემოიტანა წინადადება, რომ ეროვნულ საბჭოსათვის სახელად პარლამენტი დაგვერქმია. საკონსტიტუციო კომისიამ უარჰყო ეს წინადადება და ერთხმად შეჩერდა „რესპუბლიკის დარბაზზე“.
მთელს დედამიწის ზურგზედ, სადაც კი დემოკრატიული წყობილება და პარლამენტარიზმია გამყარებული, პარლამენტი ჰქვია ყველგან საკანონმდებლო დაწესებულებათ და ჩვენის მხრით პარლამენტის დარქმევა ნიშნავდა არაფრის დარქმევას.
მთელს დედამიწის ზურგზედ ვერ ნახავთ პარლამენტს, რომელსაც თავისი საკუთარი სახელი არ ერქვას.
მაგალითად გერმანეთის პარლამენტს ჰქვია რეიხსტაგი, საფრანგეთის ცჰამბრე დეს დეპუტაიტს, ავსტრიისას რიხსტრატი და სხვა.
მაგალითად შვეიცარიაში ორივე საკანონმდებლო ორგანო რომ შეაერთოთ, გამოვა პარლამენტი.
ასეა ყველგან და საქართველო რად უნდა იყოს გამოყოფილი და აქ დაერქვას ის, რაც არსად არ ჰქვია.
არ შეიძლება ძველი სახელის დატოვება, რადგან ჩვენი საბჭო აღარ არის მარტო ქართული, არამედ აქ არის წარმომადგენლობა სხვა ერთა და მის სახელწოდებაშიც ეროვნული ელემენტი უნდა მოხსნილ იქმნას.
კომისიამ ერთხმად დარბაზი მოიწონა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ზოგიერთი ფრაქციები ამ სახელის წინააღმდეგია, მაგრამ კომისიაში ყველა ფრაქციათა წარმომადგენელთა მიერ იგი ერთხმად იყო მიღებული.
დარბაზი - პალატა - საბჭო
ზოგიერთნი იცავენ „საქართველოს პალატას.“ და არიან მომხრენი „რესპუბლიკის საბჭოს“-იც. მე როგორც კომისიის წარმომადგენელი ვიცავ დარბაზს.
არის სამი წინადადება, რომელიც ხვებზედ უფრო მისაღებია:
დარბაზი, პალატა, საბჭო.
დარბაზი იგივე პალატაა:
დარბაზი ნიშნავს დიდს ოთახს, პალატაც იგივე მცნებას შეიცავს.
საბჭო, ბატონებო, დღეს აურაცხელ დაწესებულებათ ქვია:
მუშათა საბჭო, სასურსათო საბჭო, ქალაქის საბჭო და სხვა. შემცდარი არ ვიქნებით, რომ ვსთქვათ, დღეს საღამოს ქალაქში 10 საბჭოს კრება მაინც შესდგება. პარლამენტის სახელი კი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა სხვა დაწესებულებათა სახელს ფარავდეს.
დარბაზი, ჩვენი ისტორიკოსების და მცოდნე პირთა ცოდნით ძველი სახელია და ამის მცნებას გამოხატავდა ძველად. ამ სახელში არის სახელმწიფოებრიობის მცნება, ამასთან იგი განსხვავებულია სხვა პარლამენტის სახელებისაგან და შნოიანიც არის.
ნოე ჟორდანია და პარლამენტარიზმი
შეიძლება, ბატონებო, მომავალში ჩვენ პარლამენტარიზმი უარვყოთ. შესანიშნავმა მწერალმა და პუბლიცისტმა ნოე ჟორდანიამ ამას წინეთ სახალხო სახლში მოხსენება წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოს შესახებ და სთქვა, რომ დემოკრატიულ სახელწიფოს პარლამენტარიზმი არ ეგუებაო. შეიძლება მომავალში ეს ასე იყოს, მაგრამ მარტო სახელით არ შეიძლება დამტკიცება ამ პარლამენტარიზმის. [...]
საქართველო. - 1918. - ღვინობისთვის 6. - N187. - გვ. 2, 3.
![]() |
5.2 მთავრობის თავმჯდომარის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „ბორბაში“ მოთავსებულია შემდეგი წერილი
მთავრობის თავმჯდომარე ბ. ნ. ჟორდანიასი:
პატივცემულო ამხ. რედაქტორო!
გთხოვთ ეს წერილი მოათავსოთ გაზეთ „ბორბაში“. ოსმალეთის ჯარის მიერ ბაქოს აღების შემდეგ, ზოგიერთ ტფილისის გაზეთებში მოთავსებული იყო ცნობა, ვითომ ი. ვ. რამიშვილს და მე ამ ამბის გამო მიგველოცოს ადერბეიჯანის მთავრობის წარმომადგენელთათვის.
ჩვენი პარტიის მოწინააღმდეგე პრესაში იმდენი ყალბი ცნობები და ჭორები იბეჭდება, რომ იმათ უარსაყოფათ არც დრო მაქვს და არც სურვილი. მაგრამ რადგანაც ჩვენმა მოწინააღმდეგე პრესამ მის მიერვე გამოგონებული ცნობა გაიხადა პოლიტიკურ მიზნების დასაყრდნობელ პუნკტათ, რომლითაც სურთ სახელი გაუტეხონ, მარტო ჩვენ კი არა, არამედ რესპუბლიკის მთავრობასა და ჩვენს პარტიასაც, საჭიროთ ვთვლი თქვენი გაზეთის საშუალებით განვაცხადო შემდეგი: არც მე, არც ი. ვ. რამიშვილის და არც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას არავისთვის არავითარი მილოცვა არ გაგვიგზავნია ბაქოს აღების გამო.
ნ. ჟორდანია
19 ოქტომბერი, 1918 წელი.
საქართველოს რესპუბლიკა. 1918. - 23 ოქტომბერი. - N172. - გვ. 2.
![]() |
5.3 საქართველოს სოციალ-დემოკრატიის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო სოციალისტური
ბიუროსადმი მიწერილი
თქვენ, მთელი ქვეყნის პროლეტართა წარმომადგენლებს, მოგმართავთ საქართველოს პროლეტარიატისა და მთელი ქართველი ხალხის სახელით.
ჩვენს პატარა ერს ძნელი ისტორიული გზა ხვდა წილად სასიარულოდ. მრავალი საუკუნის წინეთ დასავლეთის კულტურის ჩანასახი გადმოსტყორცნა ისტორიამ საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიის მთა-გრეხილის სამხრეთით - შავი ზღვის აღმოსავლეთის ნაპირად, ევროპასა და აზიას შორის ძველის ძველ საერთაშორისო გზაზე. მაგრამ, საუბედუროთ ჩვენი ერისა, ის სცხოვრობდა ევროპის კულტურის წყაროს დაშორებით, იმ წრეში, სადაც გაჩაღებული იყო ნაციონალური შუღლი და სარწმუნოებრივი ფანატიზმი. სისხლით გამოისყიდა საქართველომ მისწრაფება კულტურისადმი, რაც მისი მეზობლებისათვის უცხო ხილი იყო, ვინაიდან ისინი იმყოფებოდენ მუსულმანთა აღმოსავლურ დესპოტიის გავლენის ქვეშ.
საქართველოში შემოიჭრებოდენ და მას აფორიაქებდენ სხვადასხვა მომთაბარენი, რომელნიც ძარცვავდენ და ცეცხლს აძლევდენ საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, სთელავდენ მის ნახნავ ნათესს, ჩეხდენ ბაღებს, ჟლეტდენ ხალხს და ტყვეთ იტაცებდენ დედაკაცებს და ბავშვებს. ამაოდ იკრეფდა ჩვენი ხალხი მთელს თავის ძალ ღონეს, რომ დაეცვა თავისი კერა და რამდენად უმოწყალო, შეუბრალებელი იყო ბარბაროსული აზიის მხრით ჩვენს ხალხზე თავდასხმა, იმდენათ მასში მაგრად იდგამდა ფესვებს ევროპიული კულტურისადმი მისწრაფება.
მეთვრამეტე საუკუნის მიწურულში ჩვენი ხალხის მდგომარეობა აუტანელი შეიქმნა. მეზობლების მხრით განუწყვეტელი ომების გამო, მისი რაოდენობა 7 მილიონიდან ერთ მილიონ ნახევრამდე ჩამოვიდა. ამ ხანებში კავკასიის მთაგრეხილის ჩრდილოეთით ფეხი მოიკიდა და გამაგრდა რუსეთი. და მას, როგორც ორგანიზაციულათ უფრო მოწყობილს და კულტურითაც მონათესავე სახელმწიფოს, მიმართა სისხლით დაცლილმა საქართველომ იმ იმედით, რომ მასში ჰპოვებდა მფარველს ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ. ამ რიგათ მოხდა საქართველოს რუსეთთან შეერთება, თანახმად ხელშეკრულებისა, რომლითაც საქართველოსთვის დაცული უნდა ყოფილიყო შინაური სახელმწიფოებრივი თვითმართველობის ყველა უფლებები. რუსეთმა ჩვენს ხალხს მფარველობა გაუწია, მიანიჭა მას ნანატრი მშვიდობიანობა. ასეთივე მშვიდობიანობა მიანიჭა რუსეთმა მთელს ამიერ-კავკასიას, რომელსაც ღრღნიდა და აქუცმაცემდა მასში მოსახლე სხვადასხვა ტომთა ურთიერთ შორის შუღლი და მტრობა.
რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოში ფეხი მოიმაგრა კულტურამ, წარმოიშვა მრეწველობა, განვითარდა პროლეტარიატი, გამსჭვალული იმავე იდეალებით, რომლებიც, ამხანაგებო, თქვენც გინათებდენ გზას.
მაგრამ თუმცა დაიფარა საქართველო რუსეთის თვითმპყრობელობამ ოსმალთაგან, მაგრამ თან დაიმონავა იგი; და არც შეიძლებოდა მინდობილ ერის უფლებებისთვის გაეწია ანგარიში იმ მთავრობას, რომელიც შეუბრალებლათ სჩაგრავდა თავის ხალხს.
ცარიზმის უღელი მძიმე ტვირთათ დააწვა კისრათ ქართველ ხალხს. ამ ტვირთს ქართვლი ხალხი რუსეთში მცხოვრებ სხვა ერებთან ერთად ეწეოდა და, როცა საწარმოვო განვითარებამ წარმოშვა მუშათა მოძრაობა საქართველოში, მეფის თვითმპყრობელობის სახთ ჩვენმა პროლეტარიატმა დაინახა არა მარტო თავისი მტერი, არამედ - მტერი მთელი რუსეთის დემოკრატიისა. ამ დემოკრატიასთან ერთად ბრძოლაზე დაამყარა საქართველოს პროლეტარიატმა თვისი იმედები და რუსეთის რევოლიუციის საქმეს შესწირა მთელი თავისი ძალ-ღონე.
როგორც სრულიად რუსეთის რევოლიუციონური მოძრაობის მონაწილეებმა, ჩვენ პირველად შემოვდგით ფეხი, ამხანაგებო, თქვენს ინტერნაციონალურ ოჯახში.
უდიდესი უბედურება იყო ჩვენთვის მსოფლიო ომის დასაწყისი, რომელმაც დაარღვია ინტერნაციონალის ძმური კავშირი.
საზეიმო დღესასწაული იყო რუსეთის რევოლიუციის დასაწყისი. მასში ჩვენ ვხედავდით ჩვენი საუკეთესო იმედების განხორციელებას, მთელი კაცობრიობის განთავისუფლებას და ხალხთა მსოფლიო ძმობის აღორძინების განთიადს.
თქვენ იცით, ამხანაგებო, რომ ხანგრძლივი არ ყოფილა რუსეთის დიდი რევოლიუციის დღესასწაული. მის გულში გაჩნდა მისი დამრღვეველი ძალა ანარქიისა, რომლის განვითარება უფსკრულისაკენ მიაქანებდა რევოლიუციას და რუსეთის სახელმწიფოს ნანგრევებზე კონტრ-რევოლიუციას უმზადებდა გამარჯვებას. ჩვენი პროლეტარიატი რუსეთის შეგნებულ სოციალ-დემოკრატიასთან ხელი-ხელ ჩაკიდებული ბოლომდე ებრძოდა ამ ძალებს, ბოლომდე ერთგულად ემსახურა იმ პოლიტიკას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული მთელი დემოკრატიის ძალთა შემოკრება რევოლიუციონური რუსეთის დასახსნელად ანარქიისა და კონტრ-რევოლიუციის უფსკრულისაგან. მაგრამ უიმედო გამოდგა ეს ბრძოლა, - ანარქია და კონტრრევოლიუცია, ეს ორი ძალა ერთნაირი დამღუპველია დემოკრატიისა, რუსეთს უფსკრულისაკენ მიაქანებდა და თავდაუჭერლათ ქმნიდა ნიადაგს რუსეთის მთლიანობის დანგრევისას და ჩვენს და რუსეთს შორის კავშირის გაწყვეტისას. ბალშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ მთელი რუსეთის სივრცეზე გააჩაღა სამოქალაქო ომის კოცონი, დააქუცმაცა რუსეთი ცალკე ნაწილებათ და მოგვწყვიტა ჩვენ ჩრდილოეთს ჩვენმა პროლეტარიატმა, მისი საბჭოთა ორგანიზაციების სახით, მიიღო თავის თავზე ინიციატივა შეექმნა ამიერ-კავკასიისათვის მართველობა. ეს მართველობა მან მოაწყო ფართო დემოკრატიულ საფუძველზე, შექმნა რა ამიერ-კავკასიის სეიმის სახით წარმომადგენლობითი დაწესებულება ამიერ-კავკასიაში მოსახლე ყველა ერთათვის და გადაჭრით უარჰყო ლოზუნგი უმცირესობის დიქტატურისა, ის ლოზუნგი, რომლის გამარჯვებამ რუსეთში დემოკრატიის ბანაკში გააჩაღა ურთიერთ შორის ომი.
ამით მან იხსნა ამიერ-კავკასია სამოქალაქო ომისაგან, რომელიც ადგილობრივ პირობების მიხედვით აუცილებლათ გართულდებოდა და ერთა შორის ბრძოლით გადაიქცეოდა.
ამ მომენტიდან პოლიტიკური ცხოვრების გზა ჩვენი ქვეყნისა და რუსეთისა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ, ვიდრე რუსეთის ისტორიულ გზაზე კიდევ ჰკრთოდა იმედი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მასთან ფორმალური კავშირი.
ჩვენ გვიწვევდნენ ბრესტ ლიტოვსკში, მაგრამ ჩვენ ვაღიარებდით თავს რუსეთის ნაწილად. არ გვსურდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით გამოსვლა, რომელიც თავის კეთილდღეობას აგებს მოძმე ხალხის უბედურებაზე და ამიტომ ჩვენ არ წავედით იქ.
მაგრამ რამდენადაც რუსეთი ინგრეოდა სამოქალაქო ომის ცეცხლში და ღრმავდებოდა უფსკრული იმ გზას შორის, რომელზედაც ერთი მხრით შესდგა რუსეთი 1917 წლის ოქტომბერში მომხდარ გადატრიალების შემდეგ, და მეორე მხრით, ჩვენმა პროლეტარიატმა დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრება, იმდენათ უფრო და უფრო აშკარავდებოდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი კავშირი რუსეთთან უნდა გაწყვეტილიყო, ვინაიდან ერთ და იმავე დროს დაირღვა რუსეთთან ერთიანობის გრძნობა, რასაც ჩვენს ხალხში ამაგრებდა პოლიტიკური იდეალების ერთიანობა და მატერიალური ისტორიული საფუძველი საქართველოს რუსეთთან სახელმწიფოებრივი კავშირისა.
ეს მატერიალური საფუძველი გამოიხატებოდა იმ შეიარაღებულ მფარველობაში, რომელსაც ძლიერი რუსეთი უწევდა პატარა საქართველოს. როგორც ასი წლის წინად საქართველოს მოწოდებით მოსულმა რუსის ჯარმა ჩვენში საქართველოს ხალხი უზრუნველჰყო გარეშე საფრთხისაგან და მით გააბა კავშირი ჩვენსა და რუსეთს შორის, ისე ახლა, რუსის ჯარის ჩვენი საზღვრებიდან წასვლამ საქართველო პირში მისცა ოსმალებს დასარბევად და გასაძარცვავად და მით გასწყვიტა ეს მთავარი კავშირი. საქართველო იმავე მდგომარეობაში მოექცა, რომლიდანაც ის სცდილობდა გამოსავლის პოვნას 120 წლის წინად.
დაიძრა თუ არა რუსის არმია ამიერკავკასიის საზღვრებიდან, ზვავივით მოსქდა და შემოიჭრა ჩვენი ქვეყნის შუაგულში ოსმალთა ლაშქარი, აღსდგა ოსმალეთის იმედი აღმოსავლეთში უსაზღვრო ბატონობის გავრცელებისა. ევროპის ხალხთა მიერ შევიწროებულმა ოსმალეთმა თვალი კავკასიას მიაპყრო. ჩვენ შევეცადეთ თავი დაგვეცვა, მაგრამ რით შეგვეძლო ჩვენ ჩვენი საზღვრების დაცვა? საკუთარი ჯარი საქართველოს არ მოეპოვებოდა, რუსეთის არმია კი, რომელიც საქართველოს საზღვრებს იცავდა, გაიხრწნა და გახდა არა მფარველი, არამედ - საფრთხე ჩვენი არსებობისა. ოთხი თვე გაგრძელდა ფრონტიდან გამოქცეულ ჯარისკაცთა ტალღების დენა ჩვენს ქვეყანაში და ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი მუშები იძულებულნი იყვენ იარაღით ხელში დღე და ღამე დარაჯათ მდგარიყვენ, რომ დარბევისაგან დაეცვათ ჩვენი ქალაქები და სოფლები.
ამ მდგომარეობაში მოგვიხდა ჩვენ ოსმალეთთან შეხვედრა, როცა მან მიიღო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ძალით ყარსის, არდაგანის და ბათუმის საუკეთესო ციხე-სიმაგრეები, რის წყალობითაც ამიერ-კავკასიის გზა ფართოდ გაეხსნა და შემოტევას აწარმოებდა. ოსმალეთის შემოტევას ჩვენთვის მოჰქონდა არა მარტო პოლიტიკური მონობა, არამედ მთელი ჩვენი ხალხის ფიზიკური განადგურება.
ჩვენ შევეცადეთ შეგვეკავშირებია ამიერ-კავკასიის ერები მთელი ამიერ-კავკასიის დაცვისათვის. მაგრამ ჩვენს ასეთს ცდას წინ გადაეღობა სომეხ-თათართა შუღლი, რომელიც სწიწკნიდა ამიერ-კავკასიის სხეულს. ამიერ-კავკასიის წინააღმდეგ შემოტევის დროს ოსმალებმა მოკავშირენი ჰპოვეს ადგილობრივ მუსულმან ხანებსა და ბეგებს შორის, რომლებიც ოცნებობდენ ოსმალთა შემწეობით დაებრუნებიათ რევოლიუციის დროს დაკარგული სიმდიდრე, მიწა და ძალა-უფლება. ამ წრის პოლიტიკამ ნაყოფიერი ნიადაგი მოიპოვა მუსულმანთა ჩამორჩენილ მასებში. გადამწყვეტ მომენტში, როცა ფრონტზე გამოაშკარავდა ოსმალთა ძალების უპირატესობა და ოსმალეთმა დაიკავა სომხეთი და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, აღმოსავლეთი ამიერ-კავკასია მიენდო სავსებით ოსმალეთს და მის მხარეზე გადავიდა.
ასე დაირღვა ამიერ-კავკასია. ჩვენ დავრჩით მარტონი ცეცხლის ალში გახვეული, ყოველ მხრიდან მტრების მიერ გარშემორტყმული. დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩვენზე მოდიოდა ოსმალთა ლაშქარი, სამხრეთიდან გვემუქრებოდენ ბალშევიკები, აღმოსავლეთიდან - თათრები.
საქართველოს ბედი ბეწვზე ეკიდა, და არ სჩანდა ძალა, რომელსაც შეეძლო დაღუპვისაგან დახსნა ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი ბურჟუაზია მცირერიცხოვანია, შეუკავშირებელია, არ გააჩნია ინიციატივისა და აქტივობის უნარი. ჩვენი თავად აზნაურობა მიჩვეულია მუქთახორულ არსებობას, დროის ტარებას და არა სახელმწიფოებრივ საქმეების კეთებას. მაგრამ მოიპოვება საქართველოში საზოგადოებრივი კლასი, რომელმაც თავს იდვა ქვეყნის ხსნის საქმე: რევოლიუციის დაცვა, წესრიგის დამყარება, სახელმწიფოს საზღვრების გამაგრება, გარეშე ქვეყნებთან კავშირის დაჭერა. ყველა ეს იტვირთეს ჩვენმა მუშებმა.
პირველი საკითხი, რომელიც მათ სახელმწიფოს აღმაშენებლობითი მუშაობაში დაუდგათ წინ, იყო დაძლევა ანარქიის, რომელიც შიგნიდან სახელმწიფოს დანგრევით ემუქრებოდა. გარედან მომდგარი უდიდესი საშიშროების ჟამს, ეს მუქარა თავზარდამცემი იყო ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ეკონომიურმა არევ-დარევამ და გაჭირვებამ შექმნა საუკეთესო პირობები ხალხის უკმაყოფილებისათვის. ის ძალები კი, რომლებიც მტრული თვალით უცქერიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ცდილობდენ ამ ხელსაყრელი პირობების თავის მიზნებისათვის გამოყენებას. ამ მხრით შეთანხმებულათ და ერთსულოვნად მუშაობდენ ბალშევიკები, ოსმალთა აგენტები და ჩვენი კონტრ რევოლიუციონური თავად-აზნაურობის ზოგიერთი ელემენტები. მაგრამ ჩვენმა პროლეტარიატმა გადალახა ეს დაბრკოლებანი, მან შემოიკრიბა თავის გარშემო ანარქიასთან საბრძოლველათ მთელი ქალაქის დემოკრატია და გლეხობის მოწინავე ნაწილი.
თქვენ, ამხანაგებო, იქნებ გასაკვირველათ დაგირჩეთ ის გარემოება, რომ პატარა ერის პროლეტარიატმა აზიის ბჭეში შეძლო იმ საქმის შესრულება, რომელმაც დამარცხება არგუნა თვალუწვდენელ რუსეთის მუშათა მოძრაობას, მაგრამ ჩვენი პროლეტარიატის გამარჯვება ამ საქმეში აიხსნება ჩვენი ქვეყნის და მუშათა მოძრაობის ისტორიული განვითარების თავისებურობით. საქართველოს პროლეტარიატი ეზიარა კულტურულ, მოქალაქეობრივ ცხოვრებას სოციალ-დემოკრატიული პარტიის საშუალებით, სოციალ-დემოკრატიისაგან გაიცნო მან თავისი მიზნები და ისტორიული დანიშნულება და სოც-დემოკრატიული პარტია დიდი ხანია გადაიქცა მისთვის სკოლათ, სარწმუნოებათ და თვით სამშობლოთ. ოცი წლის განმავლობაში სწარმოებდა საქართველოში მწყობრი საორგანიზაციო მუშაობა სოც.-დემ. პარტიისა. რეაქციის წყვდიადით მოცულ წლებშიაც ჩვენი პროლეტარიატი გაერთიანებული და შეკავშირებული იყო თავის არა-ლეგალურ ორგანიზაციებში, რომლის დაშლა-დარღვევა, მისი მასიური ხასიათის გამო, ვერავითარმა დევნა შევიწროვებამ ვერ შესძლო.
რუსეთის რევოლიუციის დასაწყისს ჩვენი მუშები შეხვდენ შეკავშირებული პარტიულ ორგანიზაციებში, რომელნიც თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში გამოწრთობილი იყვნენ, რომლემბაც მკვიდრი ტრადიციები შექმნეს მასაში, თავიანთი ქსელით მოჰფინეს მთელი მხარე, და ყველა სოფელში გააჩინეს „იაჩეიკები“.
მეორეს მხრით, ჩვენი გლეხობის დიდი ნაწილი, რომელსაც მიწა-წყალი მცირე აქვს, ან სრულიად უმიწაწყლოა, მჭიდროთ შეკავშირებულია ქალაქთან, სადაც დროებით სხვადასხვა ქირაზე დადის და იმ თავითვე მუშათა კლასის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ეს კლასი მისთვის ერთად ერთი მონათესავე და მახლობელი კულტურული ძალა იყო ქართველ ერში. დიდი ხანია, რაც ქალაქის დემოკრატიამ აღიარა პოლიტიკური ჰეგემონია სოც.-დემ. პარტიაში გაერთიანებულ მუშათა კლასისა. ამნაირად, მუშათა პარტიამ, რომელმაც დაიცვა სავსებით თავისი პროლეტარული ხასიათი, გახდა ჩვენში სახალხო მასსიური პარტია. ყველა ამან შეაძლებინა ჩვენ პროლეტარიატს, ამიერ-კავკასიის დაშლის საბედისწერო ჟამს, შეექმნა საქართველოში დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობას და მის რეალურ ძალაზე ეყრდნობოდა და ამით შესწევდა ძალა და უნარი ეწარმოებია საპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკა მთელი ქვეყნის სახელით.
თუ ჩვენმა პროლეტარიატმა შინაურ პოლიტიკის სფეროში შესძლო წამოყენებული საკითხების საკუთარი ძალებით გადაჭრა, სამაგიეროთ გარეშე პოლიტიკაში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად გახდა მისთვის ისეთი გარეშე ძალის გამოძებნა, რომელსაც შეეძლო, როგორც ეს ოდეზღაც რუსეთმა ქნა, საქართველოს დახსნა ოსმალთა შემოსევისაგან.
სად უნდა გვეპოვა ჩვენ ასეთი ძალა? ჩვენ ყველას ვთხოვეთ შველა, მაგრამ ჩვენი მოწოდება ამაო დარჩა.
შექმნილ ისტორიულ პირობებში ერთად ერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ჩვენი შველა, გერმანია აღმოჩნდა. ოსმალეთის მახვილი ჩვენი ხალხის მკერდზე იყო მიბჯენილი იმ ხანათ, როცა ჩვენ გერმანიასთან ხელშეკრულობა დავდევით, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ჩვენს შემდგომს ურთიერთობას. ოსმალებმა, რომელთა ჯარები ოთხი მხრიდან უტევდენ ჩვენს დედა-ქალაქს, გვაიძულეს დავსთანხმებულიყავით ჩვენი რკინის გზების მათთვის გადაცემაზე. მხოლოდ გერმანიას შეეძლო ამ შეთანხმების მარყუჟისაგან ჩვენი გამოხსნა, თუ კი ჩვენი რკინის გზების კანტროლს მას გადავსცემდით.
ჩვენ ვიცოდით, რამდენათ მძიმე იყო ეს პირობები. ვიცოდით, რომ ის ამცირებდა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, რომ ამით იზღუდებოდა ჩვენი ნეიტრალიტეტი, ვინაიდან მებრძოლ მხარეს საშუალება ეძლეოდა ჩვენს მიწა-წყალზე ჯარის გატარებისა.
მაგრამ ჩვენ არ მოგვეპოვებოდა სხვა საშუალება თავის დასაღწევათ ოსმალეთის ოკუპაციისაგან. რკინის გზის საკითხში ჩვენი სუვერენული უფლებები უკვე დარღვეული იყო ოსმალეთის ჩვენზე გამარჯვების შემდეგ და ჩვენც გერმანიასთან ხელშეკრულობას მოვაწერეთ ხელი, გადავეცით მათ განკარგულებაში ჩვენი რკინის გზები, მივანიჭეთ მათ ეკონომიური უფლებები, რასაც ისინი მოითხოვდენ, შემოვიყვანეთ ჩვენში მათი ჯარი. სამაგიეროთ მათგან მივიღეთ პირობა - რომ ოსმალეთისაგან დაგვიცავენ და ჩვენს შინაურ საქმეებში არ ჩაერეოდენ.
ორივე პირობა გერმანიამ აასრულა.
იმ შავ-ბნელ დღეებში, როცა გერმანიის დახმარება ჩვენთვის ყველაზე უფრო იყო საჭირო, ჩვენ ხელი არ აგვიღია გერმანიის იმპერიალიზმის სასტიკი კრიტიკის ქარცეცხლში გატარებაზე.
მაგრამ ახლა, როცა ამ იმპერიალისტებს თავისი განაჩენი გამოუტანა თვით გერმანიის ხალხმა, ახლა ჩვენ მოვალე ვართ ჩვენი სვინდისის წინაშე, დავადასტუროთ ინტერნაციონალის წინაშე, რომ საქართველოში გერმანიას ლაქა არ მოსცხებია არც მუხანათობის და არც ძალადობის ჩადენით. მას ბოროტად არ უსარგებლნია ჩვენი ნდობით და თავის ძლიერებით.
ჩვენი შინაური საქმეების ბატონ-პატრონნი ჩვენვე ვიყავით. შევძელით რევოლიუციის მონაპოვართა შენარჩუნება ჩვენს მხარეში. საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრება დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმაში ჩავაყენეთ. ვინაიდან მოკლე ხანში შეუძლებელი იყო ნამდვილი დემოკრატიული არჩევნების მოხდენა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევათ, ჩვენ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგის მიხედვით შევადგინეთ საქართველოს დროებითი პარლამენტი, ყველა პარტიებისა და ეროვნებათაგან, რომლებიც კი საქართველოში მოსახლეობენ. ამ პარლამენტმა გამოიმუშავა კანონი საქართველოს დამფუძნებელ კრების მოწვევისა, რომელიც არჩეული იქნება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო სისტემით და პროპორციონალური წარმომადგენლობის პრინციპით. ასეთივე საარჩევნო კანონის თანახმად ჩვენ შევქმენით ადგილობრივ თვითმართველობათა ორგანოები. ჩვენ გავაუქმეთ მემამულეთა საკუთრება მამულებზე და მიწები გადავეცით მშომელთ, დავაწესეთ ფართო მუშათა კანონმდებლობა, შევუდექით ცხოვრებაში ფართე პროგრამით ისეთი ზომების გატარებას, რომლებიც მიმართულია ხალხის კულტურულ და ფიზიკურ წარმატებისაკენ.
რაც უნდა აუტანელი იყოს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, ჩვენ ხალხს მაინც აქვს საშუალება საქართველოს თავისუფალი რესპუბლიკის ჭერ-ქვეშ შეაფარებინოს თავი მრავალ დევნილთ, რომლებიც ომმა, რეაქციამ და ანარქიამ გამორეკა მეზობელ ქვეყნებიდან. კერძოთ, 300 ათასმა ლტოლვილმა სომეხმა ჰპოვა თავშესაფარი საქართველოში.
საკუთარ ფეხზე დამდგარი ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა სამი უმთავრესი ძალის ველური შურისძიების საგანს შეადგენს დღესაც. ეს ძალები მის საზღვრებთან დგანან და მზათ არიან ცეცხლითა და მახვილით დაესხან ჩვენს ქვეყანას.
ჩვენზე თავდასასხმელათ ყოველდღე მზადაა ოსმალეთი, რომლის უღლისაგან გერმანიის ჩარევამ დაგვიხსნა.
მზათ არიან ჩვენს რესპუბლიკის საზღვრებში შემოსაჭრელათ ბალშევიკები, რომელთათვის საქართველოს რესპუბლიკა საძულველი შეიქმნა იმიტომ, რომ ეს ერთათ-ერთი კუთხე დარჩა ყოფილი რუსეთიდან, რომელმაც არ სცნო მათი მთავრობა, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება თებერვლის რევოლიუციის ნაანდერძევ ლოზუნგებისა. არა ნაკლები მძულვარებით გვიცქერიან რუსეთის კონტრ-რევოლიუციონური ძალები, რიმლებიც რუსეთის მიწა წყალთა შეკრების სახელით ამზადებენ ნიადაგს მეფის დესპოტიზმის აღსადგენათ. მათ სძულთ საქართველო, როგორც თავისუფლების ქვეყანა, რომელსაც სოციალისტები განაგებენ.
ოსმალეთი, ბალშევიზმი, რუსეთის კონტრ-რევოლიუცია, - თითოეული ამ ძალთაგანი, თუ კი საქართველოზე გაიმარჯვა, მოუტანს მას მონობას, დანგრევას, დაღუპვას.
ჩვენ კვლავ ცეცხლის ალის წრეში ვართ მომწყვდეული, როგორც ამ 120 წლის წინეთ ვიყავით.
ერთად ერთი გამოსავალი გზა ამ წრიდან, ერთად ერთი საფარველი ჩვენთვის ყველა ამ საშიშროების წინააღმდეგ - მუშათა ინტერნაციონალია.
თქვენ, ინტერნაციონალის წარმომადგენელთ, მოგმართავთ საქართველოს პროლეტარიატის და ქართველი ხალხის სახელით.
რევოლიუციის ქურაში გამოსჭედა ჩვენმა ხალხმა თავისი სახელმწიფო და მან გადაწყვიტა ბოლომდე მთელი თავისი ძალღონით დაიცვას ამ დემოკრატიული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ამაში ჰხედავს ის ერთად ერთ საშუალებას თავის არსებობის შენარჩუნებისა და კულტურული განვითარებისა.
ისახავს მიზნათ თავისუფლებას და მუდმივ მშვიდობიანობას თავის შინაურ და გარეშე პოლიტიკაში. ჩვენი ხალხი მოგმართავთ თქვენ, მთელი ქვეყნის პროლეტარების წარმომადგენელთ: ის მოწადინებულია ხელიხელ ჩაკიდებული იმუშაოს სხვა ერებთან ერთად სამართლიანობის უკვდავი იდეალების ხორცშესასხმელად. თქვენგანი მოელის მხარის დაჭერას და შველას - თავისი დამოუკიდებლობის დადასტურებას და მუდმივი ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას.
დედანს ხელს აწერენ: საქართველოს სოც.-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების მინდობილობით ნ. ჟორდანია, ნ. ჩხეიძე, ირ. წერეთელი და ევ. გეგეჭკორი
ერთობა. - 3 ნოემბერი. - 1918. - N 237. - გვ. 1.
![]() |
5.4 მთავრობის თავმჯდომარის წერილი ქალაქის მოურავს იძულებითი გადასახლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
დეკემბრის 2-ს მთავრობის თავმჯდომარემ შემდეგი წერილი გაუგზავნა ქალაქის მოურავს:
„შემჩნეულია, რომ ზოგიერთი სახლის პატრონი ყალბ ცნობებს იძლევა მდგმურის მდგომარეობის შესახებ იმ მიზნით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის სავალდებულო დადგენილების ძალით ისინი გაძევებულ იქნან და მათ შეძლება მიეცეთ განთავისუფლებულ ბინების მომატებულ ფასებში გაქირავებისა. ამ ბოროტების წინააღმდეგ, საჭიროთ მიმაჩნია დაუყონებლივ გამოაცხადოთ, რომ ყველა ხსენებულ დადგენილების ძალით განთავისუფლებულ ბინებს სათვალავში აიღებს და მცხოვრებთა შორის დაანაწილებს ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილება და რომ არც ერთ სახლის პატრონს ნება არა აქვს აღნიშნულ დადგენილების ძალით განთავისუფლებულ ბინის გაქირავება, ისე როგორც არც ერთ მოქალაქეს არ შეუძლია მისი დაქირავება საბინაო განყოფილების ნება-დაურთველათ.
ამასვე საჭიროა დასძინოთ რომ აღნიშნულ წესის დამრღვევი მოქალაქე სასტიკ პასუხისგებაში იქნება მიცემული.“
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკა. - 4 დეკემბერი. - 1919. - N 275. - გვ. 2.
![]() |
6 კითხვა-პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
2 ივლისის სხდომა
თავმჯდომარეობს კ. ჩხეიძე. დღიურ წესრიგშია მიწათ-მოქმედების სამინისტროს კანონ-პროექტები, სხვა და სხვა სალიკვიდაციო დაწესებულებათა მოხელეთა დაჯილდოების კანონ-პროექტი, სიკვდილით დასჯის კანონ-პროექტი და საბჭოს წევრის ა. ახმეტელის შეკითხვა შესახებ დუშეთში მომხდარ ამბოხებისა.
ყველა კანონ-პროექტები, გარდა სიკვდილით დასჯისა, რომელიც გადაიდო საღამოს კრებაზე, ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებული იყო.
შემდგომ იწყება შეკითხვა, დუშეთში მომხდარ ამბების შესახებ.
სიტყვა ეძლევა შეკითხვის ავტორს ა. ახმეტელს.
ორატორის აზრით დუშეთის ამბები აღმოცენდა იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევქმენით ძლიერი მთავრობა. მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობაში უპასუხისმგებლოდ აწარმოებენ ყოველნაირ პროვოკაციას „ხუდადოვები“, „ხატისოვები“ და ძმანი მათნი, მაშინ, როდესაც აქვე, თბილისში ბრძანდება ყოფილ რუსის ჯარების ყოფილი სარდალი ლებედინსკი და ყოვლად დაუსჯელად აწარმოებს პროვოკაციას, რომლის ყავახანაშიაც არის ბუდე ყოველნაირ პროვოკაციულ აჯანყებების მომწყობ პირებისა, რომელთა ყოველივე ცდა და წადილი მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მე მინდა გავიგო რა ზომებს იღებს მთავრობა ამ პირთა წინააღმდეგ.
საქართველოს ყველა კუთხეები მოცულია ანარქიით, ამბობს ორატორი, რომ ის უპასუხისმგებლო პირები, რომლებიც არიან მომწყობნი ამ აჯანყებების დასეირნობენ გოლოვინის პროსპექტზე სრულიად დაუსჯელად. გასაკვირველია ერთი რამ, რომ მაშინ როდესაც საქართველოს სამხედრო გზას იცავდა აბესაძის რაზმი არ ქონდა არავითარი ადგილი აჯანყებას და სწორედ იმ დროს, როდესაც ეს რაზმი შესცვალა ვიღაც ფალიანის რაზმმა, სწორედ მაშინ იჩინა თავი ანარქიამ. ორატორი ბრალსა სდებს მთავრობას იმაში, რომ ადმინისტრაციული აპარატი არ არის საღ ნიადაგზე დაყენებული და ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ადრევე ვერ გაითვალისწინა, ვერ შეამჩნია რომ მაზრაში მზადდებოდა აჯანყება არ არის ამის დამამტკიცებელი, და ის რომ ამ ამბებს მთავრობა იგებს ხოლო მომხდარ ფაქტების შემდგომ, არ არის დიდი დანაშაული ადმინისტრაციისა, და მაზრის კომისარი ვ. ჯაფარიძე სრულიად დაუსჯელია. საჭიროა სასტიკი ზომების მიღება, და მე მინდა გავიგო, ამბობს ორატორი, რას ფიქრობს ამის შესახებ ის და რა ზომებს მიმართა მან.
შეკითხვაზე პასუხს იძლევა მთავრობის თავმჯდ. ნ. ჟორდანია.
ის დუშეთის ანარქიაში ბრალსა სდებს ბოლშევიკებს და მათ პროვოკაციულ პროპაგანდას, რომელსაც კარგი ნიადაგი ჰქონდა ჩვენს ჩამორჩენილ კუთხეებში. დიდი ბრალი უდევს, ამბობს ორატორი, დუშეთის მოძრაობაში პოლკოვნიკ აბესაძის რაზმელებსაც. შემდგომ ეხება იმ ზომებს, რომელიც მიიღო მთავრობამ.
უკანასკნელმა მოახდინა სახალხო გვარდიელების მობილიზაცია, რომელიც გაიგზავნა დუშეთისაკენ, ხოლო წინასწარ გაიგზავნა აღმასრულებელ კომიტეტის მიმართვა დუშეთის ხალხის მიმართ და ამ მიზნით სპეციალურად გაგზავნილი იყო ჰაეროპლანი, რომელსაც უნდა მოეფინა ეს პროკლამაციები. გაგზავნილი იყვნენ ამხანაგები მუშები მცხოვრებლებთან მოსალაპარაკებლად და ამ მოლაპარაკებიდან გამოირკვა, რომ მშვიდობიანი მცხოვრებლები ბოლშევიკების პროვოკაციით შეყვანილ იყვნენ შეცდომაში. შემდგომ მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობა იღებს საჭირო ზომებს, რათა ჩააქროს გლეხთა მოძრაობა და სამართალში მისცეს დამნაშავენი.
საქართველო. - 1918. - მკათათვის 4. - N 129. - გვ. 3.
![]() |
6.2 ოსმალო ასკერთა მიერ დატყვევებულ ინგლისელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოს პრეზიდიუმში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილია მთავრობისადმი შეკითხვა შესახებ ოსმალო ასკერთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბაქოში დატყვევებულ ინგლისელთა შემოყვანის შესახებ.
შეკითხვის სისწრაფე
ვინაიდან სოციალ-დემოკრ. შეკითხვის წინ წესრიგში დასმულია საბჭოს წევრის ახმეტელის შეკითხვა, სოციალ-დემოკრატები ითხოვენ ამ შემთხვევისათვის რეგლამენტის დარღვევას და პირველ რიგში მათი შეკითხვის მოსმენას. შეკითხვის სისწრაფეს იცავს ირაკლი წერეთელი და ასაბუთებს მით, რომ შეკითხვის საგანია ჩვენი სუვერენიტეტის შებღალვა, რაიც პარლამენტის მხრივ სასწრაფო ყურადღებას ითხოვს.
სოციალ-დემოკრატების წინადადებას კრება ერთხმად აკმაყოფილებს. სიტყვა ეკუთვნის ირაკლი წერეთელს.
ირაკლი წერეთლის სიტყვა
ტყვეთა შემოყვანა ჩვენი სუვერენიტეტის შებღალვაა სოც.-დემ. ფრაქციას მოუვიდა ცნობა, რომ ოსმალო ასკერებს საქართველოს დედაქალაქში შემოუყვანიათ დატყვევებული ინგლისელები. თუ ნეიტრალ ტერიტორიაზედ უცხოელებს თავისუფლად შეუძლიათ შემოიყვანონ თავიანთი ტყვეები და მთავრობამ ამის საწინააღმდეგო ზომები არ მიიღო, მაშინ ამ სახელმწიფოს ნეიტრალობაზედ ლაპარაკი აღარ შეიძლება. ამ ომის განმავლობაში ასეთს ფაქტს არსად ადგილი არ ჰქონია. თვით მეომარი სახელმწიფონიც კი უდავოთ სთვლიდენ, რომ თავის ტერიტორიაზედ უცხო შეიარაღებულ ძალისათვის იარაღი აეყარათ.
ხელშეკრულება ოსმალეთთან
ოსმალეთთან ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის ძალით ოსმალეთს შეუძლია თავისი ჯარის გადაყვანა ჩვენის რკინის გზით, მხოლოდ ჩვენს მთავრობასთან შეთანხმებით და ჩვენც პირნათლად ვასრულებთ ჩვენგან მიცემულ პირობას; ასკერების შემოყვანა კი არავითარ ხელშეკრულებაში არ არის მოხსენებული და ეს უაღრესად აღმაშფოთებელი ფაქტია...
მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საწინააღმდეგო ზომები
მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საწინააღმდეგო ზომები და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ზომები ყველა იმ პირთა შორის, ვინც კი საერთაშორისო ნორმებთან არის გაცნობილი გულწრფელ თანაგრძნობას გამოიწვევს. პარლამენტმა უნდა იცოდეს თუ რა ზომებია უკვე მიღებული და რას აპირობს მთავრობა მომავალში.
ამასთანავე ერთად ეს ფაქტი უნდა ეცნობოს ყველა დიპლომატიურ მისიებს. თუ ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი უფლებანი, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაზედ ლაპარაკი სრულებით ზედმეტი იქნება.
მე სრული რწმენა მაქვს, რომ ამ საკითხის შესახებ, მთავრობისაგან სრულ პასუხს მივიღებ და ამასთანავე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მრავალ საკითხებში ეროვნული საბჭო სხვა და სხვა აზრებით განიყოფება, ამ საკითხის გარშემო იგი უსათუოთ გაერთიანდება.
მთავრობის თავმჯდომარის პასუხი საქმის ვითარება
დღეს დილით, ჩემის ბინიდან სასახლეში რომ მოვდიოდი, გზაში გადმომცეს ეს ცნობა; დაუყოვნებლივ დავიბარე ქალაქის გარნიზონის და მილიციის უფროსნი, ბრძანება გავეცი, დაუყონებლივ გაეგოთ მართალია თუ არა ეს ცნობა და თუ მართალია, აღმოეჩინათ ის ბინა, სადაც დატყვევებულნი იმყოფებიან და ჩვენი ყარაულები დაეყენებიათ. ბრძანებისთანავე ისინი გაეშურენ ოსმალთა მისიაში და იქ უთხრეს, რომ ეს ცნობა თუმც მართალია, მაგრამ ეს ფაქტი მოხდა მათ და უნებურათ და რადგანაც ჩვენთვის იგი შემბღალავია, უკან დააბრუნებენ, ტყვეები კი ამ ჟამად სადგურზედ იმყოფებიანო. გარნიზონის უფროსი მე დაუყოვნებლივვე გავაგზავნე სადგურზე და ვუბრძანე, შეედგინათ აქტი, დაეყენებიათ ყარაულები და უჩემოთ ტყვეების წაყვანის უფლება არავისთვის არ მიეცათ. ტყვეები თბილისში კვირას მოუყვანიათ, დღეს სამშაბათია. ოსმალთა მისიამ ეს იცოდა და დღემდე ჩვენთვის არაფერი არ უცნობებია. მოიყვანეს ჩუმათ, მალულად, ასევე მალულად მიყავდათ უკან და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით.
უნდა მოხდეს ტყვეების ინტერნატი
ჩვენს ტერიტორიაზედ არავის არა აქვს უფლება დააკავოს ვინმე, თუ სათანადო ნებართვა არ არის ჩვენგან გაცემული და ვერც ამ შემთხვევაში მივცემთ ამის საშუალებას.
საერთაშორისო ნორმების მიხედვით თუ ტყვეები მოჰყავთ, ხდება მათი ინტერნატი და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.
მთავრობა ყოველივე ზომებს მიიღებს, რომ სახელმწიფოს ძირითადი ნორმები შებღალული არ იქმნეს ამაში დამნაშავენი რამდენიმედ ჩვენი საზღვრების დარაჯებიც არიან. მათ უნდა იცოდენ, თუ ვინ მიჰყავთ და მოჰყავთ მათს სადარაჯო საზღვრებზედ. დღეს სათანადო აქტი იქნება შედგენილი და გამოირკვევა ისინი შემოვიდნენ როგორც ტყვეები, თუ თავისუფალი მოქალაქენი; აგრედვე მივიღებთ ყოველივე ზომებს, რომ საერთაშორისო ნორმებიც სავსებით იქმნენ დაცულნი. ამის შესახებ ჩვენ შემდეგში გვექნება მსჯელობა, ხოლო ამ ჟამად მთავრობა აცხადებს, რომ მიღებული იქმნებიან ყველა ზომები, რათა ჩვენი სახელმწიფოებრივობის ძირითადი ნორმები სავსებით დაცულნი იქმნენ და არავისაგან შებღალულნი არ იქმნენ (ტაში ყველა სკამზედ).
საქართველო - 1918 წ. - ენკენისთვის 26. - N 178. - გვ. 2.
![]() |
6.3 საქართველოს პარლამენტში |
▲ზევით დაბრუნება |
წერილები პარლამენტიდან
საქართველოს პარლამენტში ისევ დაისვა სომხების საკითხი და ამ შემთხვევაში დაისვა მთელის თავისის სივრცე სიგანით.
საჭირო გახდა ძეგვის ხიდის აფეთქება, შეთქმულებათა მთელის რიგის გამომჟღავნება, შეიარაღებული თავდასხმა და სულ ბოლოს მათის პრესის აღვირ-ახსნილი პროვოკაცია ჩვენი დემოკრატიის მესვეურთა შესახებ, რომ სომხების საკითხი დასმულიყო ჯეროვანის დაფასებით.
საქართველოს არა სოციალისტური პარტია მუდამ ამტკიცებდა, რომ სომხების ანტი ქართული მოქმედება, შედეგია იმ ეროვნული იდეისა, რომელიც ესე ძლიერად ამოქმედებს სომხის ერს.
და სოციალისტური პრესსა მუდამ იმის მტკიცებაში იყო, რომ ანტიქართული მოქმედება მხოლოდ შედეგია სომხების უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა ავანტიურისა.
საქართველოსა და სომხის დემოკრატიის შორის მუდამ იდგა პარტია „დაშნაკცუტუნ“ და ხელს უშლიდა ამ ერთა დაახლოვებას.
სომხების პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ თავმჯდომარეობს ნიკ. ჩხეიძე
8 გიორგობისთვის სხდომა
სხვა საკითხთა შორის პარლამენტის დღის წესრიგში მოქცეულია სოციალ-დემოკრატების შეკითხვა სომხური პრესის აგიტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. სოც. დემ. ფრაქცია ითხოვს, რომ ეს შეკითხვა სასწრაფოდ იქნეს ცნობილი და პირველად განიხილონ. შეკითხვის სისრაფის შესახებ იცავს დეპუტატი ლომთათიძე (ს. დ.).
ალ. ლომთათიძის განცხადება
მოქალაქენო! დღის წესრიგში შეტანილია სოც. დემ. ფრაქციის შეკითხვა. ჩვენი ფრაქცია უაღრეს მნიშვნელობას აძლევს ამ შეკითხვას და წინადადებას იძლევა, რომ იგი პირველად იქნეს განხილული.
შეკითხვის ტექსტი
ამ უკანასკნელ დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო და მისი დემოკრატია საკუთარი ძალების ანაბარა დარჩა, აღვირ წახსნილ აგიტაციას და ყოვლათ ამაშფოთებელ მოქმედებას ჩვენი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ საზღვარი არ უჩანს. ამ აგიტაციის ქსელი ფართოდ არის გაბმული სოფლისა და ქალაქის ფართო მასაში. ქადაგებენ სიტყვით, ქადაგებენ საქმით, ქადაგებენ წერით. არ დაკმაყოფილდენ ხიდის აფეთქებას, არ სჯერდებიან ჩუმჩუმათ ხალხში ჩვენი დემოკრატიულ მთავრობის ჩამოსაგდებათ გაჩაღებულ აგიტაციას მიმართეს ყველაზე უფრო მკვეთრ და ნაცად იარაღს - ეროვნულ შუღლის გაღვივებას, მოძმე დემოკრატთა შორის სისხლის ღვრისა და ხოცვა-ჟლეტის ჩამოგდებას. ამ მხივ ყოველ წრესა და რიგს გადავიდა ტფილისის ზოგიერთი გაზეთი. ერთ იმათთაგანში ყოვლათ გულშემზარავ და ყველა პატიოსან და მიუდგომელ გაზეთისთვის დაუშვებელ სტატიას ვკითხულობთ, „იენვერი ჟლეტს სომხის ხალხს ოსმალეთში, ხან-ხოისკი ამავე დანაშაულს სჩადის ადერბეიჯანში, ნ. ჟორდანიას მთავრობა კი დემოკრატიულ საქართველოში. „ახალგაზრდა ოსმალები, მუსავატელები და „სოციალისტები“, პირშეთქმულნი, ანხორციელებენ სომხის ხალხის მშვიდობიანობის თუ ძალადური საშუალებით ამ ჟლეტის სისხლიან პოლიტიკას.
„იღუპება მთელი ხალხი მთელი კაცობრიობის თვალწინ, იღუპებიან ასობით და ათასობით, იღუპება ლტოლვილთა გადარჩენილი ნაწილიც, ჟლეტენ სომხის ერის დანაშთენს, აგრეთვე საქართველოში, რაც ფრიად სამწუხაროა სომხის დემოკრატიისთვის. ჯავახეთის გაქართველებისათვის საჭირო გამხდარა სომეხ-ლტოლვილთა გაჟლეტა ბაკურიანისა და წალკისა მაღლობებზე და აი ჟლეტენ კიდეც მათ ენვერ-თალაათბისებური საშვალებით.“
„ეს ჟლეტა უნდა შეწყვეტილ იქნეს, ჩვენ არ შეგვიძლია ენვერის დანაშაულობა საქართველოს საზღვრებშიაც დაუშვათ.“
„სომხის მთავრობა, საქართველოს სომხის მთელი მოსახლეობა, თფილისის ყველა სომხური ორგანიზაციები და ყველა მოქალაქე სომეხი არავითარ მსხვერპლს არ უნდა დაერიდონ და აიძულონ საქართველოს მთავრობა დაუყონებლივ შეწყვიტოს სომხის ხალხის მშვიდობიანური ჟლეტა.“ ასეთი არის სტატია თითქმის სავსებით მოყვანილი. და აი ჩვენ ვეკითხებით მთავრობას:
იცის თუ არა მან ყველაფერი ეს? იცის თუ არა მან, რომ ჰაერში უკვე სდგას საშინელი სუნი ძმათა სისხლისა, ხედავს თუ არა, რომ კავკასიის დემოკრატიისა საერთოდ და კერძოთ საქართველოსა და სომხეთის დემოკრატიის დაუძინებელ მტერთ ცხრაას ხუთი წლის საშინელი სისხლის მორევში უნდათ შეაცურონ დღემდე ძმურათ მცხოვრები ქართველი და სომეხი ხალხი, გამოიწვიონ წარმოუდგენელი ანარქია. დემოკრატიულ საქართველოში, დასცენ მისი დემოკრატიული მთავრობა და ამით ბოლო მოუღონ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის დემოკრატიულ წყობილებას და თავისუფლებას, და თუ იცის ყველაფერი, რა ზომების მიღებას აპირებს ამ სისხლის წვიმების თავიდან ასაცილებლათ და ბნელეთის მოციქულთა ასალაგმავათ.
ფრაქცია ითხოვს, რომ ეს შეკითხვა საჩქაროდ იქნეს ცნობილი და განხილულ იქნეს პირველ რიგში.
ნოე ჟორდანიას პასუხი: რა მოხდა ამ 5 დღის განმავლობაში
ვინაიდან შეკითხვა ეხება ფრიად სერიოზულ საკითხს და ამასთანავე ჩვენ ვიცით, რომ ხალხში ადგილი აქვს დიდ მითქმა-მოთქმას და აგიტაციას მთავრობის წინააღმდეგ. რის გამო, შესაძლოა ახლო მომავალში ანარქიულ გამოსვლების წინ დავდგეთ. მთავრობამ პასუხისთვის არ ისარგებლა იმ ერთი კვირის ვადით, რომელიც მას რეგლამენტი ანიჭებს და გადასწყვიტა პასუხი დაუყოვნებლივ გასცეს.
აქ ითქვა რომ, პრესაში გაჩაღებულია აგიტაცია მთავრობის წინააღმდეგ, თითქოს, ერთ-ერთი ეროვნების ლტოლვილთა შევიწროების ნიადაგზე და ჩვენ ვიცით რომ ასეთს აგიტაციას ყოველთვის მოსდევს ერთიმეორის შუღლისა და მტრობის ჩამოგდება.
ეს აგიტაცია აგერ ხუთი დღეა რაც სწარმოებს და მე არ ვიცი თუ რა მოხდა ამ დღეებში ისეთი, რასაც შეეძლო მისი გამოწვევა.
ამ აგიტაციას განსაკუთრებით ადგილი აქვს გაზეთ „ორიზონში“.
მე ყურადღებას არ ვაქცევ სხვა ორგანოებს, რადგან მათ არც დიდი გავლენა აქვთ ხალხში და არც სათანადო პასუხი მოეთხოვებათ.
მე დიდ ყურადღებას არც კი მივაქცევდი ამ გაზეთების წერილებს, რომ ხელთ არ მქონდეს უფრო დიდი მნიშვნელოვანი საბუთები, რომელნიც ამ გაზეთების წერილებთან ერთად ფარდას ხდიან ამ აგიტაციის მიზნებს.
უმაგალითო პროვოკაცია
მაშასადამე ლაპარაკი, რომ ჩვენ რაღაც კონცენტრაციული ბანაკები მოვაწყეთ, ისეთი პროვოკაცია არის, რომლის მზგავსი ჩვენ დიდი ხანია არ გვსმენია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სომხები ლტოლვილნი უთუოდ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
ისინი ვინც ახალციხე-ახალქალაქში მოსახლეობენ, იქით წავლენ, ვინც ერევნისაკენ არიან - იქ წავიდენ. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ აქ ახალი მესოპოტამია გაიმართა, პროვოკაცია არის, რომელსაც მიზნად აქვს ჩვენ წინააღმდეგ აღელვება გამოიწვიოს ამ ლტოლვილებში.
რა ზომები მიიღო მთავრობამ ლტოლვილთა დაბრუნებისათვის
ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით ლტოლვილთა დაბრუნებისათვის, რადგან იმ მოლაპარაკებაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით ოსმალებთან სჩანდა, რომ მას არ სურდა ამ ლტოლვილთა მიღება.
29 აგვისტოს ჩვენ მივმართეთ ნოტით მე-3-ე არმიის უფროსს ესად-ფაშას და ვთხოვეთ, რომ მოეცა საშუალება 100-მდე ლტოლვილი სამშობლოში დაგვებრუნებია. ამ ნოტის ასლი ღენერალ ფონ-კრესს გაეგზავნა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა ოსმალეთის ელჩი აბდულ-ქერიმ-ფაშა და 6 სექტემბერს მას მივმართეთ ესეთივე ნოტით და 8 სექტემბერს უკვე პასუხიც მივიღეთ.
მან თქვა, რომ იგი მოვიდა აქ როგორც მშვიდობიანობის მოციქული და ესეთს მცირე მნიშვნელობის საკითხს, როგორც ლტოლვილთა დაბრუნებაა, რასაკვირველია, მოაწყობს.
შემდეგ მან მოგვმართა თხოვნით ბორჩალოს 11 - სოფლის მცხოვრებნი საზღვარს იქით გახიზნულნი დაგვებრუნებია.
ჩვენ თანხმობა განუცხადეთ, ვთხოვეთ, რომ აქ მყოფ ლტოლვილთათვისაც დაერთოთ ნება სამშობლოში დაბრუნებისა.
ჩვენ აგრეთვე მივმართეთ ჩვენს წარმომადგენელს ბერლინში, რომ მას ეშუამდგომლა გერმანიის მთავრობის წინაშე, რათა უკანასკნელს აეძულებია ოსმალეთის მთავრობა თავიანთი ლტოლვილნი უკანვე მიეღო.
2 ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ პასუხი ქერიმ-ფაშასაგან, რომელშიაც იგი საჭიროდ სცნობდა განსაკუთრებულ კომისიის დანიშვნას ყველა ეროვნებათა ლტოლვილთა საქმის მოსაწესრიგებლად.
2 ოქტომბერს ბ-ნ ჯამალიანის საშუალებით ჩვენ გაუგზავნეთ ნოტა სომხეთის მთავრობას, რომ თავიანთი ლტოლვილების საქმე მოეწესრიგებინა, მაგრამ ჯერ მისგან პასუხი არ მიგვიღია.
მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ბოლო მოუღოს ამ აგიტაციას
როგორც ხედავთ მთავრობამ მიიღო ყოველივე ზომა, რათა ლტოლვილთა საქმე მოეწყო და ჩვენ, რასაკვირველია, არ დავანებებთ, რომ აქ გახადონ აზერბეიჯანის, ან ოსმალეთის კუთხე, მაგრამ არავის მივსცემთ ნებას, რომ აქ დასთესონ შუღლი და ძმათა შორის სისხლის ღვრა გამოიწვიონ.
კმაყოფილების აღნიშვნის ნაცვლად იმ მზრუნველობისათვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ლტოლვილთა მიმართ გამოიჩინა, ჩვენ ვხედავთ მის საწინააღმდეგო აგიტაციას და მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ბოლო მოუღოს მათ. (მქუხარე ტაში ყველა სკამებზედ. სომხები სდუმან).
ი. გომართელი: მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გაჭირვებიდან მთავრობა სრულიად გამარჯვებული გამოვა.
აქ შეკითხვა იყო შემოტანილი იმ პროვოკაციის შესახებ, რომელსაც სომხური გაზეთები ავრცელებენ.
ნოე ჟორდანია
დღეს აქ მარტო ლტოლვილების საკითხი არ არის. აქ არის საკითხი იმ აგიტაციის შესახებ, რომელსაც აწარმოებს სომხური პრესსა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. და როდესაც აქ პარლამენტის წევრმა ზორიანმა სთქვა, რომ ესეთს აგიტაციას მარტო სომხურ პრესსაში არა აქვს ადგილი, მე უნდა განვაცხადო რომ ეს სიმართლე არ არის. ესეთი აშლანგები არც ერთს გაზეთში არ ყოფილა.
რა სწერია აქ?
მოსთხოვეთ მთავრობას, რომ ლტოლვილები სახლში დააბრუნონო.
მეთაურ წერილში სწერია: „მთავრობის ხელები ლტოლვილთა სისხლით არის შეღებილიო“.
სპ. კედია საზისღრობაა.
ნ. ჟორდანია: ჩვენ გვესმის პრესსის თავისუფლება, მაგრამ ის რაც ამ გაზეთებში სწერია, არის ძმათა შორის შუღლისა და მტრობის თესვა.
დ. ვაჩნაძე. ინგლისის მოლოდინში.
ნ. ჟორდანია: არა მგონია, რომ ინგლისმა მოიწონოს ეს (ტაში).
ჩვენ ვერ დავაფარებთ ხელს მას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მასსაში ასეთს პოლიტიკას ნიადაგი არა აქვს.
ბ-მა ზორიანმა კომისიის შესახებ სთქვა, რომ იგი არ იკრიბებოდა იმის გამო, რომ ჩვენი წარმომადგენლები არ ესწრებოდაო.
მე უნდა მოგახსენოთ, რომ 26 ოქტომბერს მივიღეთ ნოტა კომისიის, როგორც ხედავთ, ჩვენ ყოველივე ზომებს ვიღებთ, რომ ლტოლვილნი დაბრუნებულ იქმნან თავიანთ ადგილებში და რაც შეიძლება სწრაფად. შესახებ, სადაც ეწერა, რომ ამ კომისიამ უნდა წინასწარ გამოარკვიოს ვინაობა ყოველის ლტოლვილის და დაბრუნება ამ ლტოლვილთა უნდა მოხდეს იმ გეგმით, რომელიც ოსმალებს აქვთ უკვე შემუშავებულიო. ჩვენის მხრით ეს წინადადება მიღებული იყო, რადგან შეუძლებელია ამდენი ხალხის სათითაოდ გამორკვევა და ჩვენ დავავალეთ ჩვენს წარმომადგენელს ლეო რუხაძეს, ადგილობრივ მოელაპარაკა ოსმალებთან ლტოლვილთა დაბრუნების პირობათა შესახებ და ისიც დაუყონებლივ გაემგზავრა ახალციხისკენ.
აქ ბ-ნმა გომართელმა ჩვენი მთავრობა წმინდა ბერს შეადარა; მე გამეცინა მაშინ, მაგრამ არა მგონია, რომ ამ საქმეებისათვის ბერი წაწყდეს (ტაში).
[...] ავეტისიანი: მე არ ვამტყუნებ მარტო საქართველოს; ესევე ვამტყუნებთ ჩვენ სომხის საზოგადოებას, რომელიც საოცარ გულგრილობას იჩენს თავის დატანჯულ ძმებისადმი; განა ამ სომხის საზოგადოებამ, ჩემი თავიდგანაც რომ დავიწყოთ, განა რამე მოიმოქმედა რომ ის ბავშვები მაინც გადაერჩინათ, თბილისის ქუჩებში რომ იხოცებიან? დასასრულ მე არ შემიძლია საყვედური არ გამოვუცხადო მთავრობას იმ უნდობლობისადმი რომლითაც იგი სომხებს ეკიდება. მე მხოლოდ დღეს შემატყობინეს ქართველი ჯარის ნაწილები სადგურ შულავერს გარშემოერტყნენ და მცხოვრებლებს მოთხოვნილება წარუდგინეს, რომ თოფები და ტყვიისმფრქვეველნი ჩააბარონ.
ხმები ადგილებიდან: მათ აქვთ ეს იარაღი!
ავეტისიანი:
მე არ ვიცი რითია გამოწვეული ესეთი ზომა, მაგრამ მე ვიცი რომ ასეთი ზომები ჰქმნიან იმ გაუგებრობას, რომელნიც შუღლს და უთანხმოებას ბადებს ერთა შორის. (ტაში სომხების სკამებზედ).
ნოე ჟორდანიას პასუხი:
მე მინდა რამოდენიმე შენიშვნა მოგახსენოთ იმ სიტყვის გამო, რომელიც აქ მოქალაქე ავეტისიანმა წარმოსთქვა, მან სთქვა, რომ მთავრობა „დაშნაკცუტუნის“ ფრაქციას არ იწვევდა საფრაქციოთაშორისო თათბირზედო. ამ შემთხვევაში არავითარი თათბირი არ ყოფილა გამართული და მაშასადამე, ვერც მის ფრაქციას მოვიწვევდით. მთავრობისათვის ყველა ფრაქციები თანაბარია და იგი არავითარ გამონაკლისს არ ახდენს მათში.
რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ დაშნაკცაკანების რეზოლუციებს, მოქალაქე ავეტისიანმა მართალია მე წარმომიდგინა და მგონია სავსებით დაკმაყოფილებულნი იყვნენ და ამისთვის უაღრესად გამაკვირვა გაზეთ „ორიზონის“ გამოსვლამ, რადგან ამ გაზეთის წერილებს არაფერი საერთო არა აქვთ ამ რეზოლუციებთან. მაგრამ, შემდეგში გავიგე, რომ გაზეთი „ორიზონი“ „დაშნაქცუტუნის“ პარტიის აღმოსავლეთის ბიუროს ორგანო ყოფილა და მაშასადამე წარმოადგენს არა საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრებთა ინტერესებს, არამედ სრულებით სხვა სახელმწიფოსას.
მე დარწმუნებული ვარ რომ, საქართველოში მცხოვრებს სომხის დემოკრატიას ქართველ დემოკრატიასთან ძმური დამოკიდებულება სურთ დაამყაროს, მაგრამ მას ხელს უშლიან ის მეთაურები, რომელთაც საქართველოშიც იმის ჩადენა სურთ, რასაც ყველა სხვა ქვეყნებში ჩადიოდენ. ბ-ნი ავეტისიანცი ამბობდა დღეს დილით, რომ ოსმალებმა განუცხადეს ლტოლვილთა საქმის მომწყობ კომისიას, რომ მათ არასფერი საწინააღმდეგო არა აქვთ ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნებისაო.
ჩვენ არ დაგვიჯერეს და ოსმალებს დაუჯერეს; სჩანს ჩვენ მათი მტრები ვყოფილვართ და ოსმალონი კი მეგობრები!
ლტოლვილებმაც უთუოდ წაიკითხეს გაზეთი „ორიზონი“ და გადავიდენ საზღვარზედ, მაგრამ ეს არის მე მივიღე დეპეშა ღენერალ მაყაშვილისაგან, რომ საზღვარზედ გადასულ ლტოლვილებს, ოსმალებმა საარტილერიო სროლა აუტეხეს, რომელიც ეხლაც გრძელდებაო.
მე მგონია, რომ ეხლა მაინც გაიგებთ თუ ვისი პოლიტიკა იყო უფრო მართალი? [...]
საქართველო. - 1918 წ. გიორგობისთვის 10. N 214. - გვ. 2.
საქართველო. - 1918 წ.გიორგობისთვის 12. N 215. - გვ. 1,2.
საქართველო. - 1918 წ. - გიორგობისთვის 13. - N 216. - გვ. 3, 4.
![]() |
6.4 ერევანი. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს კაჩაზნუნს |
▲ზევით დაბრუნება |
ტფილისში მყოფ ბრიტანეთის გენერალ-მაიორ რაიკფორტმა და სათავეში მყოფ პოლკოვნიკ შარდინიემ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე უფალ ჟორდანიასთან ერთად, უფალ ჯამალიანის თანდასწრებით, კონფერენციაზე დაადგინეს რომ სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შესწყდეს.
მიუხედავად უფალ ჯამალიანის პროტესტისა, გენერალ რაიკფორტმა, პოლკ.შარდინიემ და საქართველოს რესპ. მთავრობის თავმჯდომარე უფალ ჟორდანიამ დაადგინეს, რომ:
ინგლისელების, ფრანგების, ქართველების და სომხების წარმომადგენლებისგან შემდგარი შერეული კომისია, შეძლებისა დაგვარად საჩქაროდ, უნდა გაემგზავროს ფრონტზე, შემდეგი შეთანხმების პირობების ცხოვრებაში გასატარებლად:
კომისია განსაზღვრავს გარნიზონების შემადგენლობას, რომელნიც უნდა დასტოვონ ქართველებმა ჩრდილოეთ მხარეში და სომხებმა სამხრეთით ბორჩალოს მაზრისა და ქართველებმა აგრეთვე ახალქალაქის მაზრაში.
ქართველების ჯარი იდგომილება იმ ხაზზე, რომელზედაც ეხლა იმყოფება, სომხების ჯარი იხევს ოსმალეთის დისიხ-ჯელალ-ოღლის ხაზამდის.
ბრიტანელების პიკეტები დადგება რკინის გზაზე ქართველების და სომხების ჯარებს შუა ადგილზე, სადაც ადმინისტრაცია იქნება შერეული.
ქართველების ადმინისტრაციას ახალქალაქის მაზრისა თვალ-ყურს ადევნებს მოკავშირეთა კომისია, რომელშიდაც შედიან ადგილობრივ მცხოვრებლების სომხების და მუსულმანების წარმომადგენელნი.
საქართველოს და სომხეთის სახელმწიფოების წარმომადგენელნი ახლო მომავალში გაიგზავნებიან ევროპაში, სადაც დიდ სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილ იქნება ყოველი საკითხი საზღვრის შესახებ
რაიკფორტი, შარდინიე, ჟორდანია
ტფილისი 25 დეკემბერს, 1918 წელს
ამის პასუხი ჩვენ მხოლოდ 30 დეკ. საღ. 7 საათზე მივიღეთ.
პასუხი შემდეგი გახლავთ, თარგმნილია რუსულიდან. (კითხ.).
გამოგზავნილია 30 დეკ. საღ. 5 ს. 30 წ.
მიღებულია სამინ. 30 დეკ. საღ. 6 3/4 ს.
თარგმანი რუსულიდან, კარაკლისიდან 4 ნომრით მიღებული რადიოგრამით:
ტფილისი, ბრიტანეთის მისიას, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, გარეშე საქმეთა და სამხედრო მინისტრებს
სომხეთის მთავრობა თანახმაა სამხედრო მოქმედების დაუყონებლივ შეწყვეტისა და ჯარის უკან დაწევაზე ისე, როგორც გადაწყვეტილია გენერალი რაიკფორტის მიერ. ბრძოლა უნდა შეწყდეს მებრძოლ მხარეთა წარმომადგენლების შეთანხმებით 31 დეკემბერს 1918 წ. 24 საათს. სომხეთის ჯარის ახალ ხაზზე დაწევის დღე გადაწყდება ტფილისში. გენერალ რაიკფორტის მიერ წამოყენებული ზოგიერთი მუხლები სომხეთის მთავრობისათვის გამოურკვეველია, მაგრამ ის პრინციპიალურად თანახმაა და პირობაზე ხელი მოაწერა. მას სურს მიიღოს უფრო სწორი განმარტებანი და ამიტომაც ამ საკითხის საბოლოოთ გამოსარკვევად მოკავშირეთა მიერ ჩემთან ერთად დღესვე მოემგზავრებიან ტფილისში ორი დელეგატი: ერთი სამხედრო პირი და ერთიც მოქალაქე. განვიხილე რა ეს საკითხები სრულებით ვეთანხმები სომხეთის მთავრობას, რომ გენერალ რაიკფორტის მიერ წამოყენებულ პირობის ფარგლებში მშვიდობიანი და ნაყოფიერი მუშაობისათვის საჭიროა ამ საკითხების ზოგიერთ დეტალების უფრო გარკვეული განმარტებანი. სომხეთის მთავრობა სიამოვნებით და გულწრფელად შეხვდა ზავის ჩამოგდებას.
მოკავშირეთა სახელმწიფოების კომისია კარაკლისში კომისიის თავმჯდომარე
დუგლას-ვიცერსი 30 დეკემბერს, 1918 წ.
საქართველოს რესპუბლიკა - 1919. - 5 იანვარი. - N 4. - გვ. 2, 3.
საქართველო. - 1919. - იანვრის 7. - N 5. გვ. 2.
![]() |
6.5 მოკავშირეთა ჯარ. მთავარ სარდ. გენ. მილლი მთ. თავმჯდომარესთან |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენს გაზეთში უკვე იყო ცნობა, რომ მოკავშირეთა ჯარების მთავარ სარდალი აღმოსავლეთში, გენ. მილლი სადარბაზოდ იყო საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან. დარბაზობის დროს ბ-ნ ნოე ჟორდანიას შემდეგი სიტყვებით მიუმართავს ბ-ნ მილლისთვის: „საქართველოს მთავრობის სახელით მოგესალმებით პატივცემულო გენერალო და ვამბობ კეთილი იყვეს თქვენი მოსვლა ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ თქვენ შეადგენთ საქართველოს შესახებ აზრს, რომელიც დაფუძნებული იქნება ნამდვილ ფაქტებზე და არა ხმებზე. მთავარი, ყველაზე არსებითი ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის დიდ რევოლუციის უდიდეს სივრცეზე ქართველი ხალხი აღმოჩნდა ყველაზე შეკავშირებული, ყველაზე დისციპლინიანი და ყველაზე შემძლე, რომ თავი დაეცვა ანარქიისაგან, რომ დაემყარებინა წესრიგი და თავისუფლება თავის ტერიტორიაზე. ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ იმ გარემოებით, რომ გენერალი ფორესტ-უორკი, მთავარსარდალი ინგლისის ჯარების, კავკასიაში აღმოჩნდა პირველი კაცი, რომელმაც სისწორით გაიგო საქმის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ, მეორეს მხრივ, შეძლება გვქონდა სისწორით და გარკვევით გაგვეგო მისწრაფებანი და სურვილები ინგლისის ნაციისა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთის გაგება, მომავალში გახდება კეთილ დამოკიდებულობისა ინგლისსა და საქართველოს შორის. ჩვენ ერთხელ კიდევ გეუბნებით თქვენ, დიდათ პატივცემულო გენერალო - კეთილი იყვეს თქვენი მოსვლა“.
საპასუხოდ გენ. მილლმა შემდეგი სთქვა: „ჩვენ მოვედით აქ, როგორც დიდი და თქვენთან მეგობრული ძალის წარმომადგენელნი. გენ. უორკს, ჩვენს სრულუფლებიან წარმომადგენელს, ბოძებული აქვს სრული ავტორიტეტი ყველა თავის გამოსვლებში. იმედია, რომ მან გაგაცნოთ ყველა ის დებულებანი, რომლებიც საფუძვლად დაედება ჩვენს აქ ყოფნას. ჩვენ თქვენთან საერთო მტერი გვყავს - ესენია გერმანელები და ბოლშევიკები. ორივე ეს ძალა ეწინააღმდეგება კანონიერებას და წესრიგს. ვიმეორებ, ჩვენ მოვედით აქ, როგორც მეომრები. სხვა მოტივები ჩვენ არ გვაქვს. ვაცხადებ, რომ ყოველ მხრივად დაგეხმარებით, თქვენ კი თქვენის მხრივ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რის ძალაც კი შეგწევთ. დროებით ზავის თანახმად გერმანელები უნდა წავიდნენ კავკასიიდან და რაც უფრო მალე წავლენ, მით უფრო ჩქარა საბოლოოდ განმტკიცდება სიმპატიები ინგლისისა საქართველოსადმი. ერთხელ კიდევ მოგესალმებით თქვენ, როგორც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს მოკავშირეთა სახელით“
საქართველო. - 1919. - იანვრის 24. - N 18. - გვ. 3.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919. - 24 იანვარი. - N 18. - გვ. 2.
![]() |
6.6 საქართველო და საბჭოთა რუსეთი |
▲ზევით დაბრუნება |
სახალხო კომისრის მოადგილის კარახანის ნოტა
4 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ მოსკოვიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე კარახანისაგან შემდეგი რადიო დეპეშა მიიღო: 2 დეკემბერი. ჩვენი ცნობებით მთელ საქართველოში ასობით არიან დატუსაღებული კომუნისტები. საბჭოთა მთავრობის მიერ ამის საპასუხოთ შეპყრობილი არიან პეტროგრადში, მოსკოვში და სხვა ადგილებში ყველა ის პირნი, ვინც სთვლის თავის თავს საქართველოს მისიის წევრათ, ანდა კონსულათ. ჩვენ წინადადებას გაძლევთ დაუყონებლივ გაანთავისუფლოთ კომუნისტები, შეგვატყობინოთ სია განთავისუფლებულ კომუნისტებისა და წარუდგინეთ ამხ. მ. ცხაკაიას დაგვიდასტუროს, შესრულებულ იქნა თუ არა ჩვენი წინადადება. მივიღებთ თუ არა რადიოს, რომ შესრულებული არის ჩვენი წინადადება, მიხა ცხაკაიას დასტურით, რუსეთში ყველა შეპყრობილთ გავანთავისუფლებთ.
საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე კარახინი.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას პასუხი.
ამ დეპეშის საპასუხოთ 9 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს, ლენინს (ასლი საქართველოს მისიას მოსკოვში) შემდეგი რადიო დეპეშა გაუგზავნა:
მე მივიღე ცნობა რადიოთი საქართველოს რესპუბლიკის მისიის წევრებისა და კონსულების დაპატიმრების შესახებ საბჭოთა რუსეთში, რომელსაც ხელს აწერს სახალხო კომისარი საგარეო საქმეთა მოადგილე კარახანი, ასეთი ნაბიჯი კარახანის
განცხადებით, პასუხია კომუნისტების დაპატიმრებაზე საქართველოში. საქართველოში კომუნისტების წინააღმდეგ არავითარ რეპრესიებს ალაგი არას ჰქონებია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კომუნისტურ პარტიის წევრები არიან; ამის დამამტკიცებელია ის ფაქტები, რომ საქართველომ თავშესაფარი მისცა 5 ათასამდე კომუნისტს, რომლებიც თერგის ოლქიდან გამოიქცენ, ოლქის მოხალისეთა ჯარის მიერ დაკავების დროს; ამათგან ისინი, რომლებმაც ვერ მოახერხეს სამშობლოში წასვლა, ეხლა საქართველოში თავისუფლათ სცხოვრობენ; არ ვამბობთ იმაზე, რომ მთავრობა 8 თვის განმავლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდა კომუნისტებს, რომელიც რამდენიმე მილიონით განისაზღვრება. მთავრობის განკარგულებით დაპატიმრებულ იქნენ მხოლოდ ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდენ შეიარაღებულ გამოსვლებში და შეთქმულებებში საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი მთავრობის მთელი დემოკრატიის ნდობით აღჭურვილის წინააღმდეგ.
გამოსვლებს თან ახლდა მკვლელობა და ძარცვა გლეჯა. საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებსაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ საბჭოთა მთავრობის საწინააღმდეგო სამტრო გამოსვლებში და ამით დაარღვია საერთაშორისო უფლების ელემენტარული უფლებები. ამის გამო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მოითხოვს საქართველოს მისიის მოხელეთა დაუყონებლივ განთავისუფლებას. წინააღმდეგი მოქცევა დაამტკიცებს მთელი ქვეყნის დემოკრატიის წინაშე, რომ საბჭოთა მთავრობა მტრულათ ეკიდება ქართველ ხალხს და უარყოფს მის დამოუკიდებელ სახელმწიფოთ არსებობის უფლებას.
მთავრობის თავმჯდომარე ჟორდანია.
ტფილისი, 9 დეკემბერი, 1919 წ.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919 - 20 დეკემბერი. - N 288. - გვ. 2.
![]() |
7 სხვადასხვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 გერმანელები ნოე ჟორდანიასთან |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისში ჩამოსულ გერმანელ და ბულგარელ აფიცრებმა 25 ივნისს გენ. ფონ-კრესსის მეთაურობით მთავრობის თავმჯდომარე ინახულეს და ხანგრძლივი მოლაპარაკება იქონიეს მასთან. გენ. ფონ-კრესსი შეეხო საქართველოში გერმანულ ჯარის ყოფნის საკითხს და სხვათა შორის სთქვა, რომ როგორც მას შეუტყვია ქართველი ხალხი უარყოფით შეხვდა გერმანელების ჩამოსვლას, მაშინ როდესაც გერმანელი ჯარი ჩამოვიდა აქ მხოლოდ საქართველოს მთავრობის სურვილით, და თანხმობით საქართველოს საზღვრების დასაცავად. ხოლო თუ ხალხი უარყოფით შეხვდა გერმანელებს მათ შეუძლიათ უკან გაბრუნდნენ. როცა გენ. ფონ-კრესსი საქართველოს მართვა-გამგეობის ხასიათს შეეხო, მან სთქვა, რომ გერმანიისა და მის მოკავშირეთათვის საქართველოს მართვა-გამგეობა, სოციალისტური იქნება ის თუ არა, სულ ერთია. მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ამაზე შენიშნა, რომ ქართველი ხალხის უკმაყოფილება გერმანელების ჩამოსვლით გაუგებრობაა და ქართველი ხალხი გერმანიას და მის მოკავშირეებს ისე უყურებს, როგორც თავის მეგობრებს, რომლებიც როგორც დიდი სახელმწიფონი საქართველოს დახმარებას უწევენ საქართველოს ინტერესების დაცვაში გარეშე მტრებისაგან.
საქართველო. - 1918. - თიბათვის 27. - N 126. - გვ. 3.
![]() |
7.2 საქართველოს ეროვნული საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე
23 ივლისის სხდომა
საბჭომ სარედაქციო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საბოლოოდ მიიღო კანონ-პროექტი სომხებთან შეთანხმებით 200 მილიონი მანეთის ბონების გამოცემის შესახებ.
საბჭომ მიიღო აგრეთვე კანონ-პროექტი იმის შესახებ, რომ გზათა მიმოსვლის სამინისტროს ავანსათ მიეცეს ერთი მილიონი მანეთი შავიზღვის რკინის გზის (სამშენებლო) სამმართველოს სალიკვიდაციოთ.
იურიდიული კომისიის წევრის მოხსენების შემდეგ მიღებულ იქნა კანონ - პროექტი, რომლის ძალით საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალურ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში დაბეჭდილ უნდა იქნას ყველა ის განკარგულებები და კანონები, რომლებიც მოთავსებულია რუსეთის სხვა და სხვა მთავრობის ოფიციალურ ორგანოებში და რომლებიც ეხებიან მხოლოდ საქართველოს.
საბჭოს მდივანი კითხულობს გ. ვეშაპელის შეკითხვას საჩხერის ამბების შესახებ. ვეშაპელი ეხება საჩხერის რაიონში მომხდარ აჯანყებას და აღნიშნავს იმ ზარალს, რომელიც ამ აჯანყებამ მიაყენა საჩხერეს და მის მახლობელ სოფლებს. ორატორი მიუთითებს საბჭოს აგრეთვე იმ საფრთხეზე, რომელიც მოელის ჩვენს დიდ სამრეწველო კერა - ჭიათურას, თუ ისევ განმეორდა ასეთი გამოსვლები.
შემკითხველი ვრცლად ეხება საერთოდ ასეთი გამოსვლების მიზეზებს და ამბობს, რომ საჩხერის აჯანყებაში ბრალი ედება ოსებსო. ორატორი ამტკიცებს, რომ აჯანყება მოაწყვეს არა ადგილობრივმა ოსებმა, არამედ ჩამოსულმა (სამხრეთ ოსეთიდან) ოსთა ელემენტებმა. ორატორი მოითხოვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამორკვეულ იქნას ოსეთის და საქართველოს ურთიერთ შორის დამოკიდებულება. საჭიროა მთავრობამ შესაფერი დახმარება აღმოუჩინოს საჩხერის რაიონიდან გამოქცეულებს და მიიღოს ზომები იმ აუარებელი ქონების უკან დასაბრუნებლად, რომელიც გაზიდულ იქნა საჩხერიდან ჭალის ხეობაში.
ნ. ჟორდანია მთავრობის სახელით ამბობს, რომ ეს შეკითხვა ჩვენ გავიგეთ დღეს. შეკითხვა სერიოზული ხასიათისაა. ამის შესახებ სამინისტროებში მრავალი მასალები მოიპოვება. ამიტომ მდგომარეობა მოითხოვს ამ შეკითხვის გარჩევა გადადებულ იქნას შემდეგი სხდომისათვის. სასურველია ასეთი სერიოზული შეკითხვები 24 საათით ადრე აცნობოს შეკითხვის ავტორებმა მთავრობას, რომ მას საშუალება მიეცეს დასაბუთებული პასუხი მიეცეს შემკითხველთ. საბჭომ ერთხმათ მიიღო ჟორდანიას წინადადება.
ერთობა - 1918. - 24 ივლისი. - N 154. - გვ. 2.
![]() |
7.3 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანიას მოხსენების გამო
ლიბერალური მწერლების თეორიებს დიდი გასავალი ჰქონდა მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნოებში. მართალია, უკანასკნელ დროს პოლიტიკაში ისინი უფრო და უფრო ჰკარგავენ ნდობას, მაგრამ ბევრი მათი შეხედულება დღესაც მრავალ დამცველს და მომხრეს პოულობს თვით დემოკრატიულ წრეებშიაც კი.
ასეთია მათი დოქტრინა, მაგალითად სახალხო წარმომადგენლობაზე. ლიბერალები არ უარყოფენ, რომ ხალხი უნდა იყოს თავისი ბედის ბატონ-პატრონი, მაგრამ, დასძენენ, რომ ხალხს არ შეუძლია, არ ეხერხება თავისი საქმეების გაკეთება, ამიტომ ამას მის წარმომადგენლებს ანდობსო.
პარლამენტი ერის წარმომადგენელია, პარლამენტის სურვილი და ნება ერის სურვილი და ნებაა.
ამრიგათ პარლამენტი ერის განსახიერებაა. პარლამენტს შეუძლია სთქვას - „ერი მე ვარო“ სწორედ ისე, როგორც ლუი მე-XIV ამბობდა „სახელმწიფო ეს მე ვარო.“
აქედან პარლამენტი თვითმპყრობელობამდე ერთი ნაბიჯია. პარლამენტს ისეთი იარაღი აქვს ხელში, რომელიც სხვა სახელმწიფოებრივ ბრძანებლობის უმაღლეს ორგანოებთან უპირატესობას აძლევს მას. ასეთია ხარჯთაღრიცხვის საქმე: საკმარისია უბრალო მუქარა პარლამენტის მხრივ, თუ ჩემ სურვილს გადახვალ წლიურ ბიუჟეტს არ დავამტკიცებო, რომ აღმასრულებელმა ძალამ ქედი მოიხაროს მის წინაშე.
პარლამენტს შეუძლია ახალი კანონით თავის სურვილისამებრ მოაწყოს ყველაფერი, რაც კი რჩება ძირითადი კანონების გარეშე.
ისიც თავის იარაღს მოხერხებულათ ხმარობს, თავის გავლენას აფართოებს, ყველასა და ყველაფერს თავის სურვილებს უმორჩილებს, და თუ სახელმწიფოში არ იქნება ძალა, რომელსაც შეეძლება პარლამენტის ნებისთვის საზღვრების დადება, მაშინ სადაა თავდები იმისა, რომ თვით პარლამენტი არ შეიქნება ხალხის უფლებათა უზურპატორი, ხალხის მტარვალი.
პარლამენტის თვითნებობაც ისეა შესაძლებელი და საშინელი, როგორც დესპოტიზმი რომელიმე დიქტატორის, ან ტირანის.
ისტორიამ ასეთი მაგალითი იცის.
და საჭირო შეიქნა პარლამენტის ძალა-უფლების საზღვრების აღნიშვნა თეორიაში და პრაქტიკაში.
„სუვერენიტეტის წარმომადგენლობა შეუძლებელია, შეუძლებელია მისი გადაცემაც - ამბობს ჟ. კ. რუსსი.
სუვერენიტეტი, არსებითად, საერთო ნებისყოფაა და როგორც ასეთი ის ან თავის თავად უნდა დარჩეს, ან სრულიად მოისპოს - აქ საშუალო მდგომარეობა არ არის.
ინგლისის ხალხს თავი თავისუფლად მიაჩნია, მაგრამ სასტიკად სცდება: ის თავისუფალია პარლამენტის წევრის არჩევის დროს, მაგრამ ამ უკანასკნელის არჩევისთანავე ის იქცევა მონათ და არარათ...
ხალხის მიერ დაუმტკიცებელი კანონი უძალოა - ის სრულებითაც არაა კანონი“...
ამ რიგათ წარმომადგენლობითი მართველობა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ხალხის თავისუფლებას, პირიქით შეიძლება პარლამენტის რეჟიმი ისეთივე აუტანელი გახდეს ხალხისთვის, როგორც თვითმპყრობელობა.
საკანონმდებლო ორგანოს ყოვლისშემძლეობა იქ აშკარავდება, სადაც პარლამენტარიზმი დამყარებულა. აქ უნდა შევნიშნოთ ერთი რამ: თუ რომელიმე სახელმწიფოში კანონმდებლობის საქმე პარლამენტის ხელშია, ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ იმ სახელმწიფოში უსათუოდ პარლამენტარიზმიც იყოს. მაგალითად, კარგი თუ საბრალო, მაგრამ რუსეთში პარლამენტი იყო (სახელმწიფო სათათბირო, სახელმწიფო საბჭო), პარლამენტარიზმი კი არა.
სწორედ ასე, გერმანიასაც პარლამენტი აქვს, მაგრამ იქ პარლამენტარიზმი დიახაც რომ არ არის.
პარლამენტარიზმი (პარლამენტარული, ანუ კაბინეტური მართვა გამგეობა) ეწოდება ერთნაირ განწყობილებას მთავრობასა (მინისტრები) და პარლამენტს შორის.
პარლამენტარიზმის ქვეყნებში (ინგლისი და მისი კოლონიები, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, იტალია, ავსტრია, ვენგრია, შვეცია, ნორვეგია და სხ.) მთავრობა - მინისტრები - პარლამენტის უმრავლესობიდან ირჩევა; ის პასუხის მგებელია პარლამენტის წინაშე, სათავეში უდგას სახელმწიფოს მანამდე, სანამ უმრავლესობა მას მხარს უჭერს და უნდა გადადგეს, რა წამსაც უმრავლესობა გადაუდგება.
პირიქით, სადაც პარლამენტარიზმი არ არის, იქ საკანონმდებლო ორგანო, რომლის უმრავლესობაც არ ემხრობა მთავრობას, თვით იძულებული ხდება დაიშალოს, ყველა შემთხვევაში მის მიერ უნდობლობის გამოცხადება მთავრობისადმი იმას კიდევ არ ნიშნავს, რომ უკანასკნელი უნდა წავიდეს.
1863 წ. ლანდტაგმა ბისმარკს უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ პასუხად მიიღო: ჩვენ მისი უდიდებულესობის მეფის მინისტრები ვართ და არა თქვენიო“.
პარლამენტარიზმის ქვეყნებში კი, შეგვიძლია ვსთქვათ, მინისტრები „მისი უდიდებულესობის პარლამენტის მინისტრები არიან.“
ნ. ჟორდანიამ თავის მოხსენებაში პარლამენტის „თვითმპყრობელობა“ მოიხსენია.
თავისუფლებას საფრთხე მოელის ყოველგან, სადაც ეს თვითმპყრობელი არ არის თვით ხალხი. პარლამენტარულ რეჟიმში კი საქმე ისე მოჭახრაკებულა, რომ ერი მონარქის თვითმპყრობელობიდან ჯერ მისულა პარლამენტის თვითმპყრობელობამდე, იქიდან კი რამდენიმე კაცის, კაბინეთის (მინისტრთა საბჭოს) თვითმპყრობელობამდე.
აი რას ამბობს ერთი მწერალი ინგლისზე, ამ პარლამენტარიზმის სამაგალითო ქვეყანაზე: „აქ კაბინეთის ხელშია ის უდიდესი მორალური ძალა, რომელსაც იურისტები სახელმწიფოს სუვერენიტეტს ეძახიან, სამოქალაქო საქმეებში მაინც. კაბინეთის ძალა განისაზღვრება მხოლოდ იმით; რაც საზოგადოთ ადამიანთა ძალას აღემატება, სხვა საზღვრები მან არ იცის“...
ამბობდენ - ინგლისის პარლამენტი მამაკაცს დედაკაცათ ვერ გარდაქმნის და პირიქით, თორემ სხვა ყველაფრის გაკეთება შეუძლიაო. თურმე თითქმის იგივე ითქმის დღეს კაბინეტზე.
„კაბინეთი მოქმედობს არა საქვეყნოთ, განაგრძობს აღნიშნული მწერალი: ის თავს არ იბოჭავს ფორმალური მხარეებით, მას არ აქვს განსაზღვრული და მტკიცე საქმის წარმოების წესი...
დრო გამოშვებით შეიკრიბება რამოდენიმე კაცი და სწყვეტს იმ უზარ მაზარ და რთულ ორგანიზმის ბედს, რომელსაც ბრიტანიის იმპერია ეწოდება და რომელიც რამოდენიმე ას მილიონ მცხოვრებს შეიცავს“...
აქ დიდათ გადაჭარბებულათ არ არის წარმოდგენილი კაბინეტის ძლიერება.
რა შორს არის ყველა ეს დემოკრატიზმისაგან!
ლიბერალური მწერლები თავისუფლების იდეალათ სახავენ პარლამენტარიზმის ქვეყნებს.
რასაკვირველია, იმ ქვეყნის მართვა-გამგეობას, სადაც მთავრობა არაფერში და არავისთან პასუხს არ აგებს, პარლამენტარიზმი სჯობია. ზოგიერთ შემთხვევაში იქნებ ის დემოკრატიამ მიიღოს, ან კიდევ სისხლიც დაღვაროს მისთვის, მაგრამ პარლამენტარიზმი დემოკრატიის იდეალათ ვერ გადაიქცევა: ის, როგორც სთქვა მომხსენებელმა, არ აძლევს მას პოლიტიკურ თვითმართველობას.
ალფა ცისკარიძე
ერთობა. - 1918. - 31 აგვისტო. - N 185. - გვ. 1.
![]() |
7.4 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანიას მოხსენების გამო
წინა წერილში აღვნიშნე, რომ შეიძლება პარლამენტი დიდ ბოროტებათ გადაიქცეს, თუ მისი ძალა უფლების ბუნებრივი საზღვარი ვერ ვიპოვეთ; მონარქის თვითმპყრობელობის მაგიერ პარლამენტისა ან კაბინეტის თვითმპყრობელობა კი - ეს იგივე იქნება, ცეცხლს რომ თავი დავახწიოთ და ალში ჩავვარდეთ.
ასეთი საზღვრების აუცილებლობას გრძნობენ და მას კიდევაც პოულობენ თვით პარლამენტის აგებულობაში. მათი აზრით საკმარისია ორპალატიანი პარლამენტის შექმნა, რომ ბოროტებას ადგილი აღარ ექნეს: კანონის გამოსაცემათ საჭიროა ორივე პალატის თანხმობა (და მონარქის, ან პრეზიდენტის დასტური); თუ ერთმა პალატამ ავი რამ განიზრახა, მეორე არ დაეთანხმება და კანონიც აღარ გამოიცემაო.
ნამდვილათ კი ცხოვრებაში ასე ხდება: ზედა პალატა მართლაც ხშირად ეღობება წინ დაბლა პალატის სურვილებს, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი რაიმე გაბედულ ნაბიჯს სდგამს პროგრესისაკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ დაბლა პალატაში მიღებული დემოკრატიული პროექტები იმარხება ზედა პალატაში.
მეორე პალატას პროგრესულ მისწრაფებათა ჩაკვლა უფრო ეხერხება, ვიდრე პარლამენტის თვითნებობის შეზღუდვა.
მრავალი საბუთი მოყავთ ორპალატიან სისტემის სასარგებლოთ, მაგრამ ერთი ამ საბუთთაგანი ყველაზე უფრო გულწრფელია: „სახელმწიფოში მუდამ მოიპოვებიან კაცები, წარჩინებულნი ჩამომავლობით, სიმდიდრით, დამსახურებით - ამბობს მონტესკიე: მაგრამ ისინი რომ დანარჩენ ხალხს შევურიოთ და მხოლოდ სხვების თანასწორი ხმის უფლება მივცეთ, მაშინ საერთო თავისუფლება მათთვის მონობათ გადაიქცევა და აღარ ექნებათ სურვილი დაიცონ ის, რადგან საერთო დადგენილებათა უმრავლესობა მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მათი კანონმდებლობაში მონაწილეობა სხვა მათ უპირატესობათ უნდა უდრიდეს, ეს კი ასე იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი შეადგენენ განსაკუთრებულ კორპუსს, რომელსაც უფლება ექნება შეაჩეროს ხალხის დადგენილებანი სწორედ ისე, როგორც ამ უკანასკნელს შეუძლია პირველის დადგენილებათა შეჩერება. ამ გვარად კანონმდებლობითი ბრძანებულება უნდა ებარებოდეს კეთილშობილთა კორპუსს და იმას, რომელიც არჩეულია ხალხის წარმომადგენლად. ამავე დროს თვითოეულ მათგანს უნდა ქონდეს ცალკე კრებები, თათბირები და თავისი განსაკუთრებითი ინტერესები.“
ასეთი საბუთი დღეს ვეღარავის დააჯერებს, ასეთი თეორია დემოკრატიას ვეღარ მოხიბლავს. დღეს ის თავის უფლებებში შედის, ყველაფერს თავის კონტროლის ქვეშ აყენებს, თვით პარლამენტსაც კი.
ამ უკანასკნელის ნებისყოფის „ბუნებრივი“ განმსაზღვრელი მისი მეორე ნახევარი კი არ ყოფილა, არამედ ხალხის საერთო ნება.
იქმნება და მაგრდება პრინციპი, რომლის ძალითაც კანონი მხოლოდ ის არის, რასაც პარლამენტი დაადგენს და ხალხი მოიწონებს.
შემოდის ხმარებაში რეფერენდუმი.
ის დემოკრატიული პრინციპის ლოღიკური შედეგია.
თვით ხალხს არ ეხერხება რთული კანონების გამომუშავება და დადგენა, მაგრამ მას შეუძლია სთქვას, რაა კარგი და რა ცუდი, შეუძლია დააფასოს, დაადასტუროს ან უარყოს წარდგენილი პროექტი კანონისა.
უნდა სიმართლე ვსთქვათ, ამ ინსტიტუტს ყოველგან საკმაოდ მომზადებული ვერ შეხვდა დემოკრატია. ამიტომაო - აღნიშნავენ - რეფერენდუმმა თუ დიდი ბოროტება არ მოიტანა, ყველა შემთხვევაში ბევრი კარგი რამ შეაჩერა და ისეთი იმედები აღუძრა დახავსებულ წყობილების მოციქულებს, რომ უკანასკნელნი თვით მოითხოვენ რეფერენდუმს, რათა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენონო.
ნ. ჟორდანიას მოხსენების აზრით რეფერენდუმი ადრე ჩვენი კანონმდებლობის ფაქტორად უნდა გახდეს. ახლო მომავალში გვიჩვენებს, თუ რა სახის იქნება ის, მაგრამ ყველა შემთხვევაში შეუძლებელია იმის მოლოდინში ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქის გულმა უფრო მძლავრად არ იწყოს ძგერა.
გაუძლებს ჩვენი გლეხი პოლიტიკურ სიმწიფეზე გამოცდას, თუ ვერა - აი კითხვა, რომელიც უნებურად იბადება.
დიდი რწმენა და იმედი უნდა ჰქონდეს ხალხის იმას, ვინც პირველად სთქვა, რომ ჩვენი ერი საკეთილოდ მოიხმარს რეფერენდუმსო.
ალფა ცისკარიძე
ერთობა. - 1918. - N 188. - გვ. 3.
![]() |
8 ახალი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 სომხეთის ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელნი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან |
▲ზევით დაბრუნება |
21 იანვარს საქ. მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგნენ სომეხთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელნი. მათ სთხოვეს ნება დართონ სომხეთის ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ მათ ორი მატარებელი დაუთმო ლტოლვილთა გადასაყვანად. მათვე სთხოვეს აგრეთვე კავკავში მყოფ ლტოლვილებს დართონ ნება საქართველოზე გადავლისა. მთავრობის თავმჯდომარემ აღუთქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში მყოფი ლტოლვილები წავლენ, კავკავის ლტოლვილთაც ნება ექნებათ საქართველოზე გადავლისა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღუთქვა მათ, რომ გენერალ-გუბერნატორის განკარგულება ავჭალის წყალსადენიდან სომხების დათხოვნისა შეცვლილი იქნება.
საქართველო. - 1919. - იანვრის 25. - N 19. - გვ. 2
![]() |
8.2 მილოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიამ ოვანეს თუმანიანს მისი დღესასწაულის გამო შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: „მოგილოცავთ დაბადებიდან 50 წლის შესრულებას, კავკასიის ერთა გაერთიანების კეთილშობილო მგალობელო, და გისურვებ კვლავაც ერთა ამავე ერთხელ არჩეული გზით სიარულს“.
ერთობა - 1919 - 22 თებერვალი. - N 42. - გვ. 2.
![]() |
8.3 ახალი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და მისი მეუღლე ინნა ივანეს ასული დიდ მადლობას უძღვნიან ყველა პირებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, რომელთაც თანაგრძნობა გამოუცხადეს წერილობით თუ პირადათ მათი დიდი მწუხარების გამო. კერძოთ, მადლობას უხდიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, პოლონეთის, სპარსეთის, უკრაინის, სომხეთის, ადერბეიჯანის, ლიტვის, მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, აფხაზთა სახალხო საბჭოს, სახალხო გვარდიის მთავარ და პროვინციალურ შტაბებს, მუშათა დეპუტატების საბჭოებს, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს, პროფ. კავშირებს, კოოპერატივებს, საქართველოს სომხების ეროვნულ საბჭოს, პოლიტიკურ პარტიებს - ს. - ფედ. ს. რევ. ერ. დემ. რუსეთისა და საქართველოს ს. დემ. მათი ცენტრალური და სარაიონო ორგანიზაციებით, „გუმეტის“ ს. - დ. პარტიას, დამფ. კრების ს. - დ. ფრაქციას, საქალაქო და საერობო თვითმარველობებს ქ. თფილისისა, ქუთაისის და საქართველოს სხვა ქალაქებისა და მაზრებისა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამხედრო ნაწილთა მოსამსახურეებს, ამხანაგებს, მეგობრებს და ნაცნობებს.
ერთობა. - 1919. - 16 აპრილი, - N 85. - გვ. 2.
![]() |
8.4 მთავრობის თავმჯდომარის ბ. ნ. ნ. ჟორდანიასა და გენ.-მაიორის ბიჩის გამოსასალმებელი დეპეშები |
▲ზევით დაბრუნება |
გენ.-მაიორ ბიჩის გამგზავრების გამო მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მას შემდეგი დეპეშით მიმართა:
„ვწუხვარ რა იმის გამო, რომ მოკლე ხანში თქვენ საქართველოდან მიემგზავრებით და ავადმყოფობის გამო შეძლება არა მაქვს პირადათ გამოგემშვიდობოთ, გიცხადებთ ღრმა პატივისცემას და მადლობას. თქვენში ყოველ თვის ვხედავდი საქართველოს გულწრფელ მეგობარს და იმედი მაქვს, რომ შემდეგშიაც არ დაივიწყებთ ჩვენ პატარა ერს, რომელიც ბედმა თავისი საკუთარი ძალების ამარას დასტოვა, ძალიან მოხარული ვიქნები კვლავ გიხილოთ აქ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში ახალი უფრო მნიშვნელოვანი დავალებებით თქვენი მთავრობისაგან.
ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას. ჩვენ ორივეს ყოველთვის გვეხსომება თქვენი წუხილი ჩვენი საოჯახო უბედურების გამო“.
გენ.-მაიორმა ბიჩმა ნოე ჟორდანიას შემდეგი დეპეშით უპასუხა: „მოვალეთ ვრაცხ ჩემ თავს მადლობა გამოვუცხადო თქვენს აღმატებულებას იმ კეთილ გამოსათხოვარ დეპეშისთვის, რომლის სიტყვებსაც მე დიდათ ვაფასებ. მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მე ვწუხ საქართველოდან წასვლის გამო. იცოდეთ, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ჩამთვალოთ ქართველი ხალხის გულწრფელ კეთილის მომსურნეთ და ვამაყობ, რომ შემიძლია ვიწოდებოდე თქვენ პირად მეგობრათ. საუკეთესო სურვილები თქვენ და თქვენ მეუღლეს. ორევუარ. ნახვამდის.“
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919. - 11 სექტემბერი. - N 203. - გვ. 2
![]() |
8.5 საუბარი ნ. ჟორდანიასი ბიჩთან |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია პირდაპირი მავთულით ელაპარაკა ყუბანის მთავრობის თავმჯდომარე ბიჩს, ბიჩმა შეატყობინა ნ. ჟორდანიას რომ ყუბანის ოლქში ბოლშევიკების მთავრობა დაემხო და უფლება ხელახლა გადავიდა ძველ მთავრობის ხელში. ყუბანის მთავრობა გამოთქვამს იმედს, რომ ორივე სახელმწიფოს შორის დამყარდება მეგობრული განწყობილება და საქართველოს დელეგაცია, რომელიც მიემგზავრება ეკატერინოდარს, მიაღწევს შეთანხმებას ყუბანის მთავრობასთან ყველა კითხვებში. ბოლშევიკები დამარცხდენ არმავირთან და მაიკოფთან. ეს ორი ქალაქი უკვე გადავიდა ყუბანის მთავრობის ხელში.
ბოლშევიკები მხოლოდ ერთ ბაგალპაშინსკის ოლქში არიან შეგროვილი. ნ. ჟორდანიამ თავის მხრით მიულოცა ყუბანის მთავრობას და გამოთქვა სურვილი, რომ ახალმა მთავრობამ იაროს იმ გზით, როგორც დროებითი მთავრობა.
საქართველო. - 1918. - ენკენისთვის 26. - N 178. - გვ. 3.
ერთობა. - 1918. - 26 სექტემბერი. - N 205. - გვ. 2.
![]() |
8.6 გაფიცვა ამიერ-კავკასიის ბანკში |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ნ. ჟორდანიამ ამიერ-კავკასიის ბანკის მოსამსახურეთა გაფიცვის მიზეზების და პირობების გაცნობის შემდეგ სთხოვა შრომის მინისტრს წინადადება მისცეს საკრედიტო დაწესებულებათა მოსამსახურეების კავშირს, რათა მან საშუალება მისცეს მთავრობას კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოსპოს.
საქართველო. - 1918 წ. - ღვინობისთვის 10. - N 190. - გვ. 3.
![]() |
8.7 ბ. მთავრობის თავმჯდომარის დეპეშა არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს. |
▲ზევით დაბრუნება |
„ბუინოს აირესი. არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ცნობა მიიღო, რომ არგენტინის მთავრობამ ამა წლის 15 სექტემბრის დეკრეტით საქართველო აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოთ. ამ ცნობას ჩვენი რესპუბლიკა შეხვდა უაღრესი სიხარულის და მადლობის გრძნობით თავის უფროს დას არგენტინის დემოკრატიულ რესპუბლიკისადმი, რომელმაც შესძლო სხვა სახელმწიფოებზე ადრე გაეგო საქართველოს დემოკრატიის იდუმალი მისწრაფებანი და რომელმაც თავისი დეკრეტით დაბადა იმედი, რომ მის მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიჰყვებიან. გიძღვნით ღრმა მადლობას და არგენტინის დემოკრატიას გულწრფელათ ვუსურვებ აყვავებას მომავალში“.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკა. - 1919 წ. - 2 დეკემბერი. - N 273. გვ. 2.
ერთობა. - 1919 წ. - 2 დეკემბერი. - N 274. გვ. 2
![]() |
9 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აბაკელია იოსები 25, 212
აბდულ-ქერიმ-ფაშა 89,90,336
აბესაძე 327,328
აბხაზი კოტე 25
აგარონიანი 273,274
ავდეევი 215
ავეტისიანი 95,96,132,338
აიოლლო 120,122,123
აივაზოვი 249
ალექსეევი 263
ამირეჯიბი შ. 25
ანდრონიკაშვილი კონსტანტინე 25
ანჯაფარიძე 24
ანჯაფარიძე გ. 25
არსენიძე რაჟდენი 24,25,138,240,290
აფხაზი კ. ნ. 25,219
აღათიშვილი ვენე 34
ახმეტელაშვილი ვლ. 25
ახმეტელი 237,240,243,244,246,
248,249,250,329
ახმეტელი ა. 25,235,327
ახმეტელი ალ. 242,245
ახმეტელი ალექსანდრე 212
![]() |
9.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაბეფი 63
ბადრიძე ი. 25
ბარათაშვილი იოს. ა. 25,209,212
ბარათაშვილი ო. 210
ბარათაშვილი ს. 209
ბაქრაძე ვლ. 120
ბაქრაძე ი. 25
ბერიტაშვილი ლ. 264
ბერშტეინი 27
ბისმარკი 277,354
ბიჩი 364,365
ბლანი ლუი 46
ბლანკი 46
ბონაპარტე (ნაპოლეონ) 55
ბულგაკოვი 77
![]() |
9.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაბაშვილი რევაზი 25,134,138,140,142,144,238,249,251
გაგლოევი გ. 25
გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე 25,
27,76,136,204,241,272,274,301, 302,322
გედევანიშვილი ი. 25
გელეიშვილი პ. 25,219
გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე 299
გვაზავა გიორგი 24,25,133,134,135,136,270,271
გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე 25
გვარჯალაძე კ. ე. 25
გიორგაძე გრიგოლი 24,25,151,204
გიორგაძე დ. 25
გობეჩია იოსები 25
გოგელია ი. 25
გოლოვინი 327
გომართელი ივანე 95,336,338
გრევი 166
გურული ზ. 254,259
![]() |
9.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დადიანი სამ. 25,131
დავითაია ლ. 259
დავითხანიანი 132
დათეშიძე რაჟდენ 227
დაისი 64,71
დალისი 67
დანტონი 163
დგებუაძე ა. 25
დენიკინი გ. ნ. 118,124,150,151,153,154,155,156,157,158,159,180
დისიხ-ჯელალ-ოღლი 340
დოლიძე ს. 25
დრო 277,286
დუგლას-ვიცერსი 342
დუტოვი 118
![]() |
9.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ელიავა ნიკო 25,87
ელიაძე ს. 25
ენგელსი 183
ენვერ-ფაშა 89
ერაძე გიორგი პავლეს ძე 25
ესად-ფაშა 89,335
![]() |
9.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვანდეი 53,55
ვარაზაშვილი ი. 25
ვარდოიანცი მ. 25
ვაჩნაძე დ. 25,337
ვეშაპელი 139,226
ვეშაპელი გრიგოლი 23, 25, 33, 79, 85, 86, 87, 88, 91, 93, 96, 129, 130, 134, 135, 136, 138, 142, 143, 204, 210, 212, 217, 220, 221,223,225,228,229,230, 231,232,233,234,237,240,251,298, 299,350
ვილჰელმი 277
ვირსალაძე ბაგრატ სვიმონის ძე 244
ვუოკერი 157
![]() |
9.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზორიანი 82,92,93,94,95,337
ზურაბოვი არშაკ 120,122,123,261, 262,263,275,276,278
![]() |
9.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თარხანოვი 77,132
თაყაიშვილი ექვთიმე 25,212,223,270
თევზაია ვ. 25
თევზაძე ს. 25,120
თოფურიძე დ. 25
თოფჩაევი 81
თუმანიანი ოვანეს 362
თუმანოვი 132
![]() |
9.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იაკჯიანცი 80
იენვერი 333
ივანიცკი რ. 25,87
იმნაიშვილი ნ. 99
ინგოროყვა პ. 215
ინნა ივანეს ასული 363
იობაშვილი ნ. 25
ირემაშვილი ი. 259
ინტერპელიანტი 220,225,232
![]() |
9.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კაკაბაძე ი. 25
კაჩაზნუნი 127,129,130,303,340
კაიტანჯიანცი 275
კალანდარიშვილი 266
კანდელაკი კონსტანტინე პ. 25
კარახანი 345
კარლოსი 185
კარჩიკიანი 81, 130
კაუცკი კარლი 46,57,104,116,122,123,261
კაუხჩიშვილი მ. 25
კაჩაზნუნი 127,129,130,303
კედია სპირიდონი 25,80,83,92,133,134,135,136,137,141,144,337
კერენსკი 168
კერესელიძე ლეო 145
კიკვაძე თ. 25,246,249,266
კიკვიძე 249
კიკნაძე 24
კილაძე სამსონი 24
კლიმიაშვილი მ. 25
კობერიძე 227
კოვენიაკი 167
კოლჩაკი 180
კონდორსე 61,62
კოპლატაძე გრ. 264
![]() |
9.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლანდტაგი 354
ლასალი 113
ლასხიშვილი გ. 229
ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე 24
ლებედინსკი 327
ლენინი 180, 345
ლომთათიძე ალ. 25,216,332,333
ლორთქიფანიძე 25,224,225,251, 275
ლორთქიფანიძე იასონი 24,209, 236,243,298,299
ლორთქიფანიძე ივანე ნესტორის ძე 24,240
ლორია ფ. 25
ლუდვიგი 185
ლუი ფილიპე 185
ლუი მე-XIV 352
![]() |
9.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მაზმანოვი 239,247,251
მაისურაძე ალექსანდრე (სანდრო) 25,120,264,272
მალაიანცი 82
მამინაიშვილი 243
მამულაიშვილი ა. 25
მარუაშვილი ი. 25
მარქსი კარლ 51,54,55,57,58,60, 113,183
მაყაშვილი კ. 25,82,93,95,97,339
მაჭავარიანი ი. 25,33
მაჭავარიანი სოსო 263,265,267
მაჩაბელი მიხეილი 25,33,133,135, 138,140,142,143
მახარაძე გერასიმე თომას ძე 277
მახარაძე გ. ფ. 25
მახარაძე ნ. 25
მგელაძე ვლ. 25
მდივანი სვ. 25
მენგერი 45
მესხი კ. 25
მესხიშვილი შალვა 24
მიკირტუმოვი ბ. 25
მილლი 343
მიმრქმელი სიმეონი 283
მიქელაძე შალ. 24,25
მონტესკიე 356
![]() |
9.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნათაძე გრ. 25
ნათაძე ლ. 25
ნაპოლეონ I 51
ნაპოლეონ III 51,55
ნაპოლეონი 54,55,161,166,185
ნარსია 243,249
ნია-ზიმ-ბეი 29
ნიკოლაძე ნ. 25
ნიკოლოზი 32,34,168,180,203,226
ნინიძე ი. 25
ნინიძე კირილე 25,299
ნუცუბიძე შალვა 25
![]() |
9.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ონიაშვილი დავითი 25,204,212, 270
![]() |
9.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პააშე 163
პანჩუაშვილი ნ. 25
პაპაჯანოვი 273,274
პეტიონი 163
პობედონოსცევი 178
![]() |
9.16 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟირონდელი როლანდი 163
ჟორდანია ინა ივანეს ასული 363
ჟორდანია 76,237,262,340,341, 346,351
ჟორდანია ნ. 21,23,24,25,35,37,41, 76, 98, 101, 102, 111, 120, 127, 132, 133, 134, 138, 148, 173, 196, 201, 202, 204,205,206,208, 210, 235, 237, 244, 249, 250, 252, 254, 259, 261, 262, 265, 271, 272, 276, 295, 299, 300, 301, 302, 303, 306, 312, 322, 323, 328, 333, 337, 345, 351, 352, 354, 356, 357, 364, 365, 366, 367
ჟორდანია ნოე 23,26,30,44,79,92, 95, 107, 112, 121, 125, 133, 145, 149, 151, 152, 160, 171, 174, 187, 209, 211, 262, 283, 290, 298, 310, 334, 337, 338, 343, 349, 362, 363, 364
ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე 262
ჟორესი 53
ჟურული გ. 24,204
ჟღენტი ნ. 25
![]() |
9.17 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რაიკფორტი 340,341
რამიშვილი ი. 25
რამიშვილი ი. ვ. 312
რამიშვილი ნ. 25,120,259,263,269
რამიშვილი ნოე 24
რებრუხი 206,274
რიზა-ფაშა 157
რიხტერი ჯ. კ. 101
როლანდი (ჟირონდელი) 163
როლენტი 57
რუსსი ჟ. კ. 353
რუსთაველი 196
რუსთაველი შოთა 145
რუსია მ. 25
რუსია მელ. 204
რუხაძე 94,95
რუხაძე ლეო 83,337
რცხილაძე გრ. 25
![]() |
9.18 ს |
▲ზევით დაბრუნება |
სააკიანი 247
საბახტარიშვილი ნ. 25
საბაშვილი 244
სადაგიშვილი გ. 25
სალაყაია იოსები 25
სალუქვაძე ა. 25
სოლოღაშვილი ო. 25
საღირაშვილი დ. 120
საყვარელიძე პავლე 309
სენ-ჟიუსტი 62
სიგუა ა. 253
სმირნოვი 120,123,124,125
სოლოღაშვილი ოლღა 25
სტალინი 15
სტოლიპინი 177
![]() |
9.19 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტაგიევი 247,249
ტერგაზარიანი 247
ტიგრანიანი 273
ტიერი 57,166
ტოროტაძე ე. 25
ტოროშელიძე მინ. 25
ტროცკი 15
![]() |
9.20 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უზნაძე დ. 25
ურატაძე გრ. 25
![]() |
9.21 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფალიანი 327
ფარნიევი ალექსანდრე (სანდრო) 25,120
ფარქოსაძე 266
ფაღავა აკაკი 25,214
ფირუმოვი 121,125,260,261,262
ფირცხალავა ს. ს. 25
ფონ-კრესი 89,335,349
ფორესტ-უორკი 343
ფოფხაძე გ. 274
![]() |
9.22 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქავთარაძე 210,213,250,252
ქავთარაძე ანტონ 225,228
ქავთარაძე კ. 213
ქავთარაძე პ. 24,249,252
ქავთარაძე კალენიკე 212
ქარუმიძე 25
ქებაძე 224,225
ქერიმ-ფაშა 336
ქიქოძე 32
ქიქოძე გ. 25
ქიქოძე გერონტი 31
![]() |
9.23 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
ღლონტი გ. 248
ღლონტი თ. 25,245
![]() |
9.24 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაუხჩიშვილი მ. 299
![]() |
9.25 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შარაშიძე დ. 25
შარდინიე 340,341
შაუმიანი ს. 257
შახაბასი 275
შენგელია ლ. 25
შრაკი 239
შულენბურგი 124
![]() |
9.26 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემოდანოვი 77
ჩერქეზიშვილი 210
ჩერქეზიშვილი ი. 24,299
ჩიქოვანი დ. 25
ჩიხლაძე რ. 25
ჩხეიძე კ. 99,327
ჩხეიძე კარლო 204,235,350
ჩხეიძე ნ. 25,212,322,332
ჩხენკელი 27,260,301,302
ჩხენკელი ა. 25
ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე 301
![]() |
9.27 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცაბაძე ვ. 25
ცეკვაშვილი 266
ცინცაბაძე გრ. 25
ცინცაძე გიორგი 25
ცინცაძე ნ. 25
ცინცაძე ნოე 212
ცისკარიძე ალფა 355,358
ცხაკაია მიხა 345
![]() |
9.28 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძეგველოვი 239
![]() |
9.29 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წერეთელი 33,41,202,207,223
წერეთელი ა. 25
წერეთელი ალ. 210
წერეთელი ი. 25
წერეთელი ირაკლი გ. 33,76,77,
207,210,262,322,329
წულაძე ვ. 25
წულაძე იუ. 25
![]() |
9.30 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭიაბრიშვილი ა. 25
![]() |
9.31 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხალილ-ბეი 95
ხან-ხოისკი 333
ხატისოვები 327
ხარჩიკიანი 82
ხოდორსკი 241
ხომერიკი 224,228,240,299
ხომერიკი ნოე გიორგის ძე 24,25, 230, 234, 239, 263, 267, 298, 299
ხოშტარია 224,247
ხოჭოლავა მუხრანი 263
ხუდადოვები 327
![]() |
9.32 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯაბარი 232
ჯავახიშვილი დიმიტრი 25
ჯავრიშვილი კ. 25
ჯამალიანი 90,138,336,340
ჯაფარიძე ალექსანდრე ივანეს ძე 250,251
ჯაფარიძე ვ. 328
ჯაფარიძე ს. 25
ჯაჯანაშვილი არჩილი 25
ჯიბლაძე ვ. 25
ჯუღელი ვ. 25,202,272
![]() |
9.33 К |
▲ზევით დაბრუნება |
Канделаки 97
![]() |
9.34 Х |
▲ზევით დაბრუნება |
Халилъ-бей 95
![]() |
10 გეოგრაფიული საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აგარა 95
ადერბეიჯანი 27,50,89,91,114,120, 121, 125, 242, 245, 287, 333, 363
ავსტრია 102,104,113,116,117,119, 309, 353
ავსტრო-უნგრეთი 102
ავჭალა 361
აზერბეიჯანი 336
აზია 101,102,113,116,313,318
ათონი 66
ამერიკა 51,104,122
ამიერ-კავკასია 19,22,26,27,28,29, 75, 105, 114, 117, 122, 130, 131, 138, 150, 156, 159, 172, 201, 217, 242, 243, 255, 272, 278, 303, 314, 315, 317, 318
არგენტინა 367
არდაგანი 157,158,317
არმავირი 90,365
აფრიკა 117
აღმოსავლეთ ევროპა 102
აღმოსავლეთი 101,104,343
აწყური 89
აჭარა-ქობულეთი 146
ახალქალაქი 26,83,84,86,89,128, 135, 153, 204, 273, 275, 303, 335, 340
ახალციხე 26,82,83,84,86,89,128, 153, 154, 157, 158, 204, 303, 333, 338
![]() |
10.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაგალპაშინსკის ოლქი 365
ბავარია 99
ბათომი 26,27,146,317
ბათუმი 26,150,153,157,291
ბაკურიანი 81,86,87,88,89,333
ბალკანეთი 202
ბაქო 82,119,300,329
ბელგია 353
ბერლინი 101,105,301,302
ბზიფი 158
ბორჩალო 89,128,129,135,137,158,237,336,340
ბორჯომი 87,212,217,218,220,222,224,225,227,228,233,298
ბრესტ-ლიტოვსკი 33,316
ბრესტი 26,27,28,207
ბრიტანეთი 116,150,340
ბუინოს აირესი 367
ბურების რესპუბლიკა 116,117
![]() |
10.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაგრა 153,158,159
გერმანია 63,70,74,77,99,100,103,105,106,113,202,207,239,248,259,277,291,319,320,336,349
გერმანეთი 26,309
გონიო 146
გორი 85,111,223
გურია 247
გუმბრი 26
![]() |
10.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დარიალი 159
დასავლეთ ევროპა 55,102
დასავლეთი 117,150,155,313,317
დიდი ბრიტანეთი 363
დუშეთი 54,55,142,159,327,328
![]() |
10.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპა 101,108,116,141,176,177,302,313,341
ეკატერინოდარი 238,365
ეკატერინოფელდი 272,278
ერევანი 86,129,137,274,277,335,340
ეჩმიაძინი 26
![]() |
10.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვატერლოო 103
ვენგრია 353
![]() |
10.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზეკარი 223
![]() |
10.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი 19,85,86,89,145,229,272,300,327,331,335,338
თელავი 90,142,237
თურქეთი 97
თფილისი 101, 110, 120, 144, 204, 206, 222, 223, 236, 242, 244, 248, 252, 272, 273, 275, 278, 279, 305, 334
![]() |
10.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იმერეთი 222
ინგლისი 28,93,102,106,134,157,165,337,343,344,353,354
იტალია 353
![]() |
10.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კავკავი 343,361
კავკასია 28,156,173,313,334,343,344
კარაკლისი 273,277,341
![]() |
10.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლეჩხუმი 55
ლიტვა 363
ლორე 277
![]() |
10.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მაიკოპი 365
მესოპოტამია 28,88,335
მთიელთა რესპუბლიკა 363
მოსკოვი 345
![]() |
10.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნატანები 110
ნიდერლანდი 353
ნოვოროსია 241
ნორვეგია 117,353
![]() |
10.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ოსეთი 350
ოსმალეთი 26, 33, 86, 128, 149, 157, 158, 201, 202, 206, 209, 283, 287, 291, 314, 316, 317, 319, 320, 321, 322, 330, 333, 336, 340
![]() |
10.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პარიზი 59,139,163
პეტროგრადი 100,345
პოლონეთი 113,236,363
პრუსია 53,99,103
![]() |
10.16 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთი 19, 77, 100, 102, 108, 110, 115, 118, 124, 155, 156, 168, 175, 177, 178, 180, 181, 201, 206, 241, 247, 255,286, 289, 314, 315, 316, 318, 320, 321, 343, 345, 350, 353
![]() |
10.17 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბერძნეთი 61
სამხრეთი 108,313,317,340
სამხრეთ ოსეთი 350
სამხრეთ დასავლეთი 157
საფრანგეთი 50,52,54,57,101,106,134,160,162,163,164,180,277,309,353,363
საქართველო 19,55,61,63,70,74,77, 84, 90, 93, 96, 100, 106, 107, 110, 119, 122, 125, 126, 128, 131, 135, 137, 141, 144, 146, 147, 171, 181, 185, 201, 207, 214, 217, 236, 279, 283, 291, 293, 304, 309, 312, 313, 314, 316, 317, 318, 319, 320, 321, 322, 327, 329, 332, 334, 340, 343, 346, 361, 367
საჩხერე 350,351
სენაკი 110
სერბია 277
სიღნაღი 90,111,142
სომხეთი 27,114,120,121,125,142, 202,272,279,287,303,304,340,341, 361,363
სოჭი 149
სოჭის ოლქი 154,155,157
სოხუმი 90,153
სპარსეთი 206,314,363
სტამბოლი 28,157,292
სურამი 87,90
სურმალინი 26
![]() |
10.18 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაპიზონი 26,27
ტუაპსე 149,238
ტფილისი 83,212,312,333,340,341
ტყიბული 287,289
![]() |
10.19 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უზულარი 277
უკრაინა 81,206,238,287,363
უნგრეთი 117
![]() |
10.20 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფოთი 291
ფოილო 242
ფოცხოვი 157,158
![]() |
10.21 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქუთაისი 111,204,205,222,223,241,242,250
![]() |
10.22 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაზახი 177,251
ყარაიაზი 88
ყარსი 26,157,317
ყუბანი 155,177,238,251,365
![]() |
10.23 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შავი ზღვა 313
შავშეთ-ერუშეთი 146
შეერთებული შტატები 363
შვეიცარია 51,59,61,309
შვეცია 117,123,353
შულავერი 338
![]() |
10.24 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩინეთი 177
ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები 61
ჩრდილოეთი 108,150,156,159,315
![]() |
10.25 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცხინვალი 54
![]() |
10.26 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძეგვი 332
![]() |
10.27 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წალკა 89,97,333
![]() |
10.28 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭალის ხეობა 351
ჭიათურა 350
![]() |
10.29 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯავახეთი 128,333
![]() |
11 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აგენტები 54
აგრარული კანონი 296
აგრარული კომისია 270
აგრარული რეფორმა 182,271,287
ადგილობრივ თვითმმართველობათა ორგანოები 321
ადგილობრივი მუსულმანები 317
ადგილობრივი ადმინისტრაცია 327
ადმინისტრატიული აპარატები 109,288
ადმინისტრატიული ორგანოები 67
ადმინისტრატორები 68,69,71,191
ადმინისტრაცია 57,59,72,73,189,191,260,328,340
ავტონომია 147,148,154
ავტონომიური სამუსულმანო საქართველო 148
ამიერ-კავკასიის ბანკი 366
ამიერ-კავკასიის ერები 78,130,131,202,303,317
ამიერ-კავკასიის კომისარიატი 38,256
ამიერ-კავკასიის კონფედერატიული კავშირი 22
ამიერ-კავკასიის კონფედერაცია 29
ამიერ-კავკასიის მთავრობა 29
ამიერ-კავკასიის მუშათა კლასი 117
ამიერ-კავკასიის ორგანიზაცია 119
ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები 121,159,217,218,272
ამიერ-კავკასიის რკინის გზა 26,28
ამიერ-კავკასიის სეიმი 171,188,315
ამიერ-კავკასიის სოციალ-დემოკრატია 105
ამიერ-კავკასიის სოც.-დემოკრატიული პარტია 105,259
ანარქია 35,36,38,43,47,77,108,109,206,211,238,239,269,284,296,315,318, 321,327,328,334
ანარქისტები 46,185
ანექსია 27,100
ანტიდემოკრატიული გზა 180
არბიტრაჟი 272,273
არსენალი 37,274
არჩევნები 61,154,167,179,258,320
ასკერები 29,300,330
აფხაზთა სახალხო საბჭო 363
აღმასრულებელი კომიტეტი 23,41,86,203
აღმასრულებელი ორგანო 35,62,295
„აშხატავორი“ 137
აჯანყება 54,56,161,268,327,328,350
![]() |
11.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბავარიის სოც.-დემ. პარტია 99
ბაირაღტრები 145
ბალშევიზმი 150,194,321
ბალშევიკები 31,32,33,47,50,115,118,119,122,178,179,181,185,189,206, 207, 256, 263, 286, 315, 317, 321
ბალშევიკების ფრაქცია 31
ბალშევიკური 32,37,42,119,192,241,259
ბანკები 204,205
ბანკი 205, 244
ბეგები 157
ბიუროკრატიზმი 168,179
ბიუჯეტი 49
ბლოკადა 189
ბონები 192,233,268,269,286,287,350
ბოლშევიკები 328,344,365
„ბორბა“ 312
„ბორბი“ 258
ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება 29,317
ბრესტის ხელშეკრულება 28
ბრიტანიის იმპერია 116,354
ბრიტანეთის მისია 150,341
ბურჟუაზია 32,33,41,49,50,51,53,57,58,60,63,65,70,125,141,178,226,261, 267,317
ბურჟუაზიული 47,56,66,118,119
ბურჟუაზიული კლასი 50,190
ბურჟუაზიული პარტია 49
ბურჟუაზიული წყობილება 32
![]() |
11.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გადასახადთა სისტემა 109
განათლების მინისტრი 24,212
განათლების სამინისტრო 212
განკარგულებანი 164
განსაზღვრული ინსტრუქციები 26
გარდაქმნა 27,46
გარნიზონი 82,150,300,330,331
გენერალ-გუბერნატორი 361
გვარდია 36,37,38,39,54,174,175,181,184,186,209,272,285,288,296
გვარდიის მთავარი შტაბი 174
გვარდიელი 185,272
გზათა და სასურსათო საქმეთა მინისტრი 240
გზათა სამინისტრო 242
გლეხთა ყრილობა 266
გლეხობა 36,50,51,52,53,54,55,56,66,181,262,264,265,277
გოტის სამთავრო 44
გუბერნია 226
„გუმეტი“ 363
![]() |
11.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დ. პარტია 363
დამოუკიდებელი მთავრობა 135
დამოუკიდებელი საქართველო 138,142
დამოუკიდებლობის აქტი 23,173,270
დამფუძნებელი კრება 65,152,160,162,163,166,167,168,169,170,173,184, 196, 205, 255, 257, 283, 284, 290, 294, 315,
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე 167
დამფუძნებელი კრების მთავრობა 290
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი 363
დამფუძნებელი კრების ს.- დ. ფრაქცია 363
დაქირავებული შრომა 46
დაშნაკელები 80,93,97,137,138,140,274,275,276,278
დაშნაკცაკანელთა ორგანიზაციები 96
დაშნაკცაკანების პარტია 137
დაშნაკციუტუნის პარტია 96,338
„დაშნაკცუტუნის“ ფრაქცია 338
„დაშნაქცუტუნის“ პარტია 338
დეზერტირები 54
დეკლამაცია 184
დეკლარაცია 30,35,115,117,118,211,291,295
დეკრეტი 160,162,163,164,225,226,249,256,367
დელეგატები 239,254,258,273,279
დელეგაცია 26,27,28,29,80,81,85,93,188,241,258,277,286,365
დემარკაციონური ხაზი 60
დემოკრატია 33,43,47,51,55,78,99,100,101,105,108,109,119,124,125,126, 131, 143, 147, 149, 151, 152, 175, 178, 179, 180, 182, 185, 186, 190, 219, 255, 262, 266, 267, 272, 274, 276, 278, 285, 314, 318, 319, 333, 339, 355, 357, 367
დემოკრატიზაცია 260
დემოკრატიზმი 104,105,106,117,179,181,355
დემოკრატიული 115,116,122,124,131,136,137,141,143,144,147,153,155, 162, 169, 177, 178, 180, 181, 182, 185, 207, 213, 217, 226, 259, 263, 267, 268, 270, 275, 320
დემოკრატიული მთავრობა 178,319,334
დემოკრატიული ორგანიზაცია 208,285
დემოკრატიული რესპუბლიკა 185,270,297,320,321,367
დემოკრატიული საქართველო 154,333,334
დემოკრატიული სახელმწიფო 322
დემოკრატიული სახელმწიფოს პარლამენტარიზმი 311
დემოკრატიული წყობილება 32,41,43,51,136,141,142,143,178,180,186, 259,292,309
დემონსტრაცია 132
დეპუტატთა პალატა 61,67,68,
დეპუტატი 62,163,166,216,332
დესეტინა 229,287
დესპოტიზმი 179,321,353
დეფიციტი 192,286,287
დიპლომატია 139,285,286
დირექტივები 190,196
დირექტორია 161,166
დიქტატორი 184,353
დიქტატურა 60,168,180,181,182
დროებითი მთავრობა 20,365
დროშა 23,100,145,147,284
![]() |
11.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სახელმწიფოები 102,103
ეკონომიური პოლიტიკა 189,194
ემიგრანტები 54
ემისრები 158
ერევნის მთავრობა 129,131,139,140,142
ერობა 36
ერობები 189,190,191,194,242
ერ. დემოკ. ფრაქცია 20
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები 214
ეროვნული გვარდია 209
ეროვნული საბჭო 20,21,205,212,213,214,235,298,299,300,327,330,350
ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი 234
ეროვნული უმრავლესობა 172
ეროვნული უმცირესობა 215
ექსპედიცია 169
ექსპორტი 217,218
![]() |
11.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვანდალიზმი 47
ვაჭრობა 231,232,235,236,237,252,287
ვაჭრობა-მრეწველობა 24,169,271,288
ვეტო 57,62,
„ვისოცკის“ ჩაი 242
![]() |
11.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზავი 28,66,78,100,125,127,139,204,288,291,292,293,303,342,344
„ზნამია ნაროდა“ 275,277
![]() |
11.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თავად-აზნაურობა 49,53
თემური მიწათ-მფლობელობა 176,177,179
თვითმმართველობა 31,42,51,54,59,63,70,71,236,293,321,327,355
თფილისის გუბერნია 85,128,303
თფილისის და ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკები 204
თფილისის კომიტეტი 125
თფილისის მილიციის საქმეთა რევიზია 305
თფილისის მუშათა საბჭო 272,279
თფ. მუშათა და ჯარის კაცთა საბჭო 76
თფილისის პროფესიონალური კავშირები 197
თფილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციათა კონფერენცია 187
![]() |
11.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იაკობინელები 164
იმპერიალისტები 153,229
იმპერიალიზმი 98,102,115,320
ინგლისის პარლამენტი 354
ინტერნაციონალი 45, 78,100,112,113,119,120,314,320,322
ინტერნაციონალისტები 275,276
ინტერნაციონალური 117,119,203
ინტელიგენცია 178
იურისკონსულტი 305
იუსტიციის მინისტრი 24
იუსტიციის სამინისტრო 306
![]() |
11.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კადეტები 276
კავკასიის კონფედერატიული კავშირი 173
„კავკაზი“ 218,223
კანდიდატი 250,251
კანონ-პროექტი 39,209,212,213,214,216,217,270,271,327,350
კანტონები 32
კანცელარია 219,251
კაპიტალი 49,134,193,226,229,232,233,275
კაპიტალისტები183,223,224,225,226,227,228,231,232,233,239,242
კაპიტალისტური წარმოება 182
კაპიტალისტური წყობილება 183
კაჩაზნუნის მთავრობა 127,129,130,303
კლასიური დიქტატურა 190
„კლდე“ 134
კოლეგია 60,68
„კომერსანტი“ 244
კომისარი 257,260,328,345
კომისარიატი 38,168, 256,257
კომისია 24,28,37,90,94,95,97,162,164,165,169,204,205,209,213,215,216, 217, 228, 235, 237, 254, 270, 292, 305, 309, 310, 337, 339, 340, 341, 342
კომიტეტი 23,41,86,96,114,125,157,164,165,166,248,254,255,256,257, 258,267,328
კომუნისტები 345
კონგლომერატი 102
კონგრესი 113,286
კონვენტი 50,53,54,55,61,62,69,75,161,163,164,165,166,167168,180
კონვენცია 29
კონსერვატორები 103
კონსტიტუცია 56,61,62,63,64,65,68,69,160,161,162,166,167,168
კონსულები 345
კონტრ-რევოლიუცია 38,118,315,321
კონფედერატიული სახელმწიფო 189
კონფედერაცია 29,131,188,278
კონფერენცია 26,28,135,149,187,195,254,272,273,278,279,292,340
კონფისკაცია 49,51,218
კონცენტრაციული ბანაკები 335
კოოპერატივი 232
კოოპერატივები 242,248
![]() |
11.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბერალები 103,277,352
ლიბერალური192,352,355
ლიკვიდაცია 48,154,218,289
ლორდების პალატა 65
ლტოლვილები 81,82,83,84,85,86,87,88,89,90,91,92,94,336,337,361
![]() |
11.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მადნეული 287
მაზრა 85,89,90,91,129,139,157,158,237,328,340
მაზრის კომისარი 328
მართვა-გამგეობა 29,110,190,207,291,349,355
მართვა-გამგეობის რეორგანიზაცია 170
მართველობა 28,59,141,161,162,167,177,181,182,315,353
მარსელიოზა 98
მარქსიზმი 47,56,117,261,262
მარქსისტები 45,176,193,261
მაჰმადიანები 89,147
მემამულეები 53,271
მერვე ყრილობა 118,254
მეფე 177
მე-8 ს.-დ. ყრილობა 99
მთავარ-სარდალი 343
მთავრობა 24,28,30,32,35,36,38,39,41,42,43,45,58,60,64,70,72,78,79,81, 83, 84, 89, 90, 94, 96, 99, 109, 127, 130, 131, 133, 134, 135, 136, 137, 140, 144, 154, 164, 166, 172, 181, 182, 187, 190, 191, 195, 210, 211, 215, 217, 219, 222, 227, 228, 229, 232, 235, 236, 237, 238, 239, 241, 242, 243, 244, 245, 247, 248, 249, 250, 251, 253, 256, 257, 258, 259, 260, 261, 262, 265, 267, 271, 272, 273, 274, 275, 277, 278, 283, 284, 285, 287, 289, 290, 291, 292, 293, 294, 295, 296, 300, 302, 303, 304, 312, 314, 319, 321, 327, 328, 329, 330, 331, 333, 334, 335, 336, 337, 338, 341, 342, 343, 346, 350, 351, 353, 354, 355, 363, 365, 366, 367
მთავრობის თავმჯდომარე 76,79,133,145,149,151,210,211,238,240,250, 271, 290, 298, 301, 302, 305, 306, 312, 323, 328, 340, 343, 345, 346, 349, 361, 363, 364, 365, 366
მთავრობის კანცელარია 251
მთავრობის ორგანიზაცია 235
მილიცია 39,74,305,306
მინისტრები 24,62,68,69
მისია 29,49,149,300,331,341,345
მიტინგი 111
მიწათ-მოქმედების სამინისტრო 327
მიწათ-მოქმედების სამინისტროს კანონ-პროექტები 327
მიწების კონფისკაცია 51
მიწის მუნიციპალიზაცია 266,268
მობილიზაცია 151,158,256,257,273,279,328
მოკავშირეთა კომისია 341
მოკავშირეთა ჯარები 343
მომარაგების სამინისტრო 194
მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი 289
მონარქია 57,58,61,103,104,166
მონარქი 167,354,356
მონარქიზმი 180
მონარქიული კონსტიტუცია 49
მონარქიული წყობილება 32
მონოპოლია 230,232,241,248,251,252
მონტანიარები 57,61,62
მოხალისეთა ჯარი 150,346
მოხელენი 189,191
მრეწველობა 36,116,182,271,287,296,314
მუდმივი ჯარი 36,39,74,175,211,285,286,296
მუნიციპალიზაცია 263,264,265,266,267,268
„მუსავატელები“ 29
მუსავატისტები 278
მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები 100,206
მუშათა დეპუტატების საბჭო 98,272,276,363
მუშათა კლასი 50,55,105,106,116,120,126,182,183,197,289,294,319
მუშათა პარტია 183,319
მუშათა საბჭო 78,193,272,274,275,279,310
მუშები 36,37,38,44,56,76,78,88,93,114,181,182,196,226,274,288,296,317, 318,328
მღვდლები 54
![]() |
11.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაროდნიკები 118,184
ნაციონალ-დემოკრატები 25,49,237,261,262,276
ნაციონალიზმი 104,123
ნაციონალისტები 229,276,277,278,279
ნაციონალურ-დემოკრატიული ფრაქცია 235
ნაციონალური 21, 58, 88, 102, 103, 104, 106, 116, 117, 119, 120, 123, 126, 142, 171, 183, 233, 236, 256, 261, 262, 284, 313
ნაციონალური გვარდია 54
ნაციონალური პოლკები 256
„ნოვოე ზნამია“ 144
![]() |
11.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ოკუპაცია 26,107,222
ოლქი 110,149,150,154,155,157,158,243,252,346
ოლქის სასამართლო 243
ოპოზიცია 115,119,134,135,136,179,192
ორგანო, ორგანოები 19,35,58,59,60,62,63,64,65,67,70,71,72,74,76,79,80, 84, 90, 91, 96, 97, 109, 120, 190, 215, 227, 258, 279, 285, 292, 295, 322, 335, 338, 350, 352
ორდერი 37
„ორიზონი“ 137,335,338,339
ორლეანისტები 57
ორმთავრობიანი მართვა-გამგებლობა 296
ოსმალთა ასკერები 300
ოსმალეთის ემისრები 158
ოსმალეთის მისია 300
ოსმალეთის მთავრობა 39, 89,90,336
ოსმალეთის ფაშები 30,32,153
![]() |
11.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პალატა 31,61,62,67,68,166,295,310,356
პალატები 64,166
პანთურქიზმი 27
პარიზის კონფერენცია 135,187
პარლამენტარიზმი 68,69,309,310,311,353,354,355
პარლამენტარული ბიუროკრატიზმი 168
პარლამენტარული კაბინეტი 60,69
პარლამენტარული რეჟიმი 57,58,167,168
პარლამენტარული რესპუბლიკა 58,59
პარლამენტარული საკანონმდებლო ორგანო 64
პარლამენტარული წყობილება 58,102,103
პარლამენტი 30,35,57,58,59,60,65,67,68,70,74,79,97,109,130,132,133, 135, 147, 152, 163, 168, 216, 260, 270, 276, 277, 285, 288, 289, 290, 295, 301, 309, 310, 320, 329, 332, 337, 352, 353, 354, 356, 357
პარლამენტის მთავრობა 290
პარტია 29,30,32,33,45,49,56,66,79,90,96,97,105,112,113,114,118,119,120, 121, 126, 130, 131, 134, 136, 137, 140, 141, 142, 150, 183, 195, 220, 221, 222, 226, 230, 256, 257, 260, 261, 266, 312, 318, 319, 332,
პარტიულ ორგანიზაციათა კონფერენცია 195
პარტიული კაპიტალი 134
პარტიული ორგანიზაციები 121
პიკეტები 158,340
პოლიტიკა 30,33,34,44,77,97,111,120,130,134,136,137,138,139,141,155, 163, 183, 187, 188, 190, 192, 194, 196, 197, 201, 202, 206, 207, 236, 239, 245, 246, 248, 249, 250, 251, 252, 259, 260, 267, 276, 277, 278, 315, 317, 319, 322, 333, 337, 339,352
პოლიტიკური 19, 29, 32, 35, 40, 41, 44, 45, 49, 51, 52, 53, 57, 58, 59, 60, 61, 63, 65, 67, 68, 70, 75, 83, 96, 102, 103, 106, 109, 110, 111, 116, 117, 121, 136, 140, 142, 143,149, 150, 152, 160, 175, 176, 177, 179, 180, 181, 184, 185, 186, 187, 188, 192, 196, 206, 211, 213, 219, 251, 255, 258, 260, 261, 262, 264, 265, 267, 276, 284, 285, 288, 290, 293, 295, 296, 315, 316, 317, 319
პოლიცია 57
პოლიცმეისტერები 69
პოლკები 256
პრეზიდენტი 58,135,166,167,290
პრეზიდიუმი 37,233,234,298
პრესა 79,92,93,114,116,150,215,234,236,265,298,312,334
პროვოკაცია 81,87,91,92,93,138,140,141,156
პროლეტარიატი 41,46,55,100,106,116,117,118,124,259,262,313,314,315, 318,322
პროტექტორატი 135
![]() |
11.16 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟირონდისტები 61
![]() |
11.17 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რატიფიკაცია 62,65
რეაქციონერები 161,185
რეგლამენტი 216,224,329,334
რევიზია 243,244,245,246,248,250,253,305
რევოლიუცია 31,38,42,46,47,48,50,51,54,98,101,102,103,104,105,106, 108, 113, 115, 116, 122, 123, 125, 152, 169, 178, 182, 183, 184, 185, 193, 259, 260, 265, 267, 270, 278, 279, 285, 315
რეზოლიუცია 78,118,125,195,203,208,252,258,259,269,274,279
რეკვიზიცია 81,82,194,270,271
რეორგანიზაცია 109,169,170,240,245,250
რეპრესიები 56
რესპუბლიკური წყობილება 180
რეფერენდუმი 61,65,66,67,69,357
რეფორმა 109,125,182,211
რიხსტრატი 309
რკინის გზა 26,110,230,239,242,248,287,288,320,340
რკინის გზის ცენტრალური სამმართველო 242
როიალისტები 54
რუსეთის დუმა 168
რუსეთის მეფის მთავრობა 147
რწმუნებულთა ყრილობა 205
![]() |
11.18 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბაჟო 66
საბჭო 20,37,40,41,42,67,76,78,92,98,99,100,101,105,116,166,168,171,193, 205, 206, 207, 209, 210, 212, 213, 214, 215, 216, 219, 227, 233, 236, 240, 242, 245, 246, 247, 248, 249, 250, 252, 253, 256, 272, 274, 275, 276, 277, 279, 291, 292, 294, 295, 298, 299, 300, 309, 310, 327, 329, 330, 341, 345, 350, 351, 353, 354, 361, 363
საბჭოთა რუსეთი 345
საბჭოს მდივანი 205,350
საბჭოს პრეზიდიუმი 37,234,298
საგანგებო კომისია 217
საგანგებო ორგანო 215
საგარეო დიპლომატია 139
საგარეო ვაჭრობა 287
საგარეო საქმეთა სამინისტრო 272,301
სადეკრეტო კომისია 162
საერობო მუნიციპალური ორგანოები 74
საერობო თვითმმართველობა 258,269,293
საზავო კომისია 292
საზავო კონფერენცია 26,28,187
საზავო ხელშეკრულება 204
სათავად-აზნაურო ბანკები 204
სათემო მიწათ-მფლობელობა 183
საკანონმდებლო ორგანო 59,64,65,66,309,320,353,354
საკონსტიტუციო კომისია 216,309
სამანდატო კომისია 24,213,215,216,217
სამოქალაქო ომი 34,39,125,181,182,255,315,316
სამოქალაქო სასამართლო 73
სამუსულმანო საქართველოს ავტონომია 148
სამუსლიმო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი 363
სამხედრო 37,39,103,105,106,110,130,131,159,164,169,242,257,274,293, 300,327,340,341,363
სამხედრო კომისია 37
სამხედრო მთავრობა 131
სამხედრო მინისტრი 24,81,82,151,204
საოლქო კომიტეტი 114,254,255,256,257,258
საოლქო სასამართლო 305
სარდალი 33,94,327
სასამართლო 36, 57, 64, 65, 68, 71, 72, 73, 74, 109, 160, 167, 169, 191, 211, 243, 250, 274, 293, 296, 305, 306
სასამართლო ორგანოები 72
სასამართლოს რეფორმა 211
სასოფლო მეურნეობა 169
სასურსათო ორგანიზაცია 242,245,248
სასურსათო საბჭო 248,310
სასურსათო სამინისტრო 237,238,242,246,247,248,249,250
საფინანსო საბიუჯეტო კომისია 235
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 19,23,173,270
საქართველოს დამფუძნებელი კრება 173,294
საქართველოს დელეგაცია 365
საქართველოს დემოკრატიული მთავრობა 147
საქართველოს ეროვნული საბჭო 19,171,173,350
საქართველოს მთავრობა 74,77,146,148,283,363
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე 343,361,363
„საქართველოს პალატა“ 310
საქართველოს პარლამენტი 107,127,133,152,270,302,303,309
საქართველოს პროფესიონალურ კავშირთა საბჭოები 196
საქართველოს რესპუბლიკა 33,63,76,147,159
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა 283,312,346,367
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 76
საქართველოს სუვერენიტეტი 31
საქართველოს ფრონტი 142
სახალხო განათლების მინისტრი 212
სახალხო გვარდია 36,41,44,109,175,180,185,211,296,363
სახალხო კომისართა საბჭო 29,345
სახალხო მილიცია 39
სახელმწიფო ხაზინა 286
სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია 19,189
სეიმი 23,27,28,30,257,270
სენატი 191
სინდიკალისტები 193
სინოდის მეთაური 178
„სოციალ-დემოკრატი“ 115,119,144
სოც.-დემ. მუშათა პარტია 125
სოც.-დემ. პარტია 112,113,114,319
სოც.-დემოკრატია 44
სოც.დემ. ფრაქცია 309,329,332
სოც.-რევოლიუციონერები 25
სოც.-ფედერალისტები 25
სოციალ-დემოკრატები 221,329,332
სოციალ-დემოკრატია 44,99,105,315
სოციალ-დემოკრატიული მთავრობა 195
სოციალ-დემოკრატიული პარტია 112,114,121,125,126
სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია 39,205,212,290,329,
სოციალ-ფედერალისტთა ფრაქცია 214,253
სოციალიზმი 32,46,47,63,70,100,101,113,183,184,193
სოციალისტები 46,179,180,223,226,276,321,333
სოციალისტ-რევოლიუციონერები 221
სუვერენიტეტი 31,61,292,293,300,329,353
სურსათის სამინისტრო 244
![]() |
11.19 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტელეგრაფი 93
ტერმინორიონელები 161
ტერმინორიონელების დირექტორია 161
ტფილისის გუბერნია 158
ტფილისის სასამართლო 305
ტფილისის ქალაქის თვითმართველობა 236
![]() |
11.20 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი ორგანოები 352
უნიტარული 61
უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა 63
უწყებები 109,169,217
![]() |
11.21 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფედერალიზმი 61
ფედერალისტები 221
ფედერატიული 61
ფეოდალები 31,72
ფილიპპიკა 133
ფინანსები 165,169,192,268,288
ფინანსთა მინისტრი 204
ფოსტა-ტელეგრაფი 109
ფრაქცია 39,95,96,133,134,136,143,216,246,249,310,333,334,338
ფრაქციები 30,133,210,310,338
![]() |
11.22 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. თბილისის რკინის გზის ცენტრალური კომიტეტი 252
ქალაქთა კავშირისა და ერობათა ცენტრის გაერთიანება 190
ქალაქის საბჭო 310
ქართველი მუსულმანები 148
ქართული ლეგიონი 145
![]() |
11.23 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაზარმა 175,286
ყარსის ოლქი 157
ყარსის პოლკი 38
ყრილობა 99,118,119,205,254,257,259,263,266,267,269
ყუბანის მთავრობა 155,240,252,365
ყუბანის ოლქი 252
![]() |
11.24 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შავი ზღვის რკინის გზა 350
შავრაზმელთა ყრილობა 267
შერეული კომისია 28
შინაგან და გზათა სამინისტრო 242
შინაგან საქმეთა მინისტრი 91,223
შინაგან საქმეთა სამინისტრო 136,302
შრომის მინისტრი 24,
შრომის სამინისტრო 194,195,289
შტატი 169
![]() |
11.25 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცარიზმი 49,314
ცენტრალური ადმინისტრატიული ორგანო 67
ცენტრალური კომიტეტი 125
ცენტრალური მთავრობა 189,256
ცენტრის ოპეკი 60
ციურიხის კანტონი 67
![]() |
11.26 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი რეჟიმის სამეფო 46
![]() |
11.27 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წვრილი ბურჟუაზია 49
წვრილი ვაჭრები 242
წითელი გვარდია 37,38,39,54
![]() |
11.28 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხაზინა 111,222,231,233,244,247,260,265,269,286,287
ხელოვნების კომისია 205
![]() |
11.29 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯარი 26,28,31,33,34,36,37,39,57,74,81,82,84,94,95,109,128,140,145,150, 156, 159, 160, 165, 175, 189, 190, 206, 211, 243, 269, 273, 277, 285, 286, 291, 293, 296, 312, 316, 320, 330, 338, 340, 341, 346, 349
ჯარისკაცთა საბჭოები 98,99,100
ჯარისკაცები 37,54,76,98,99,159,165,175,206,256,303,316
![]() |
11.30 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
„ჰორიზონი“ 96