The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი I

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი I


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები)
თარიღი: 2019
აღწერა: ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს 7 ტომად ტომის სარედაქციო საბჭო: ირაკლი იაკობაშვილი, მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამფუძნებელი კრება სხდომის ოქმები ტომი I (1919 წლის 12 მარტი – 27 მაისი) თბილისი 2019 UDC(უაკ)328(479.22)+94(479.22) ს-323 სერია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები საქართველოს დამფუძნებელი კრება. იდეის ავტორი და შემდგენელი – ირაკლი იაკობაშვილი, წიგნის რედაქტორი და საძიებლის შემდგენელი – მზია ხოსიტაშვილი. წინათქმა ემზარ ჯგერენაიასი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა. 2019 წელი. 613 გვერდი. ISBN 978-9941-9652-8-9 (ყველა ტომის) ISBN 978-9941-9620-5-9 (პირველი ტომის) „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ 7-ტომეულში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პლენარული სხდომის ოქმები. სხდომის ოქმები წიგნის სახით პირველად ქვეყნდება. გამოცემა დაეხმარება საქართველოს უახლესი ისტორიის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მკვლევრებს. „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკებში. © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.



1 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, მიუხედვად ხანმოკლე არსებობისა, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელსაც წარმატებით სწავლობენ თანამედროვე საქართველოს ძველი და ახალი თაობის ისტორიკოსები. თუმცა მისი გამოცემისა და მკვლევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის მიწოდების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომაც სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამომცემლო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოს უახლესი ისტორიის, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტების გამოცემაა.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელების“ სერიით უკვე გამოსცა ნოე ჟორდანიას საჯარო გამოსვლების, მიმართვების, დისკუსიაში მისი მონაწილეობის ამსახველი მასალების სამტომეული, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა (იხ. „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები. ნოე ჟორდანია“ ტომი XIII, XIV, XV, 2018); საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მომზადების უაღრესად საინტერესო პროცესის მიმდინარეობის ამსახველ დოკუმენტებს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თავი მოუყარა ორტომეულში: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921) მასალები, დოკუმენტები“ (I ტომი გამოვიდა 2015 წელს, ხოლო II ტომი - 2018 წელს).

2019 წლის 12 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების - პირველი ქართული პარლამენტის - დაარსებიდან ასი წელი სრულდება. დამფუძნებელი კრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბრწყინვალედ შეძლეს დამფუძნებელი კრების სხდომის პროცესის დოკუმენტირება. მათი დიდი ნაწილი მაშინდელ პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნდა, ხოლო ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმების სტენოგრაფიული ანგარიში თავდაპირველად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდებოდა. მოგვიანებით ამავე გაზეთის დამატების სახით გამოდიოდა. სხდომის ოქმები საბჭოთა საქართველოს მკვლევართათვის ხელმიუწვდომელი იყო. ისინი განსაკუთრებულ საცავებში იყო დაცული. ასე მაგალითად, საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმები (სტენოგრაფიული ანგარიშები) მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის (დღეს სასტუმრო ბილტმორის შენობა რუსთაველის პროსპექტზე), ე.წ. „იმელის“ ბიბლიოთეკაში იყო საგულდაგულოდ გამოკეტილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტიც ისტორიას ჩაბარდა, ხოლო მისი ბიბლიოთეკის ნაწილი - ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის ძალისხმევით - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. მათ შორის იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშებიც. დღეს ის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული. საქართველოს პარლამენტის არქივის უფროსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ირაკლი იაკობაშვილს, რომელთანაც ეროვნულ ბიბლიოთეკას მრავალმხრივ საინტერესო თანამშრომლობა აკავშირებს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმების - სტენოგრაფიული ანგარიშების - გამოცემის იდეა გაუჩნდა, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა. გამოცემის მომზადებაზე მომუშავე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ერთ-ერთი სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც დამფუძნებელი კრების წევრები ბიბლიოთეკის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე მსჯელობდნენ. აქ მოვიყვანთ სტენოგრაფული ანგარიშის ამ ნაწილს:

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამ. კრ. წევრს ჩიქავას.

ალექსანდრე ჩიქავა. ბიბლიოთეკის გამგისთვის 950 მანეთი ძალიან ცოტა არის. დღევანდელ პირობებში ასეთი თანხით ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ბიბლიოთეკის გამგეს ექნება ძალიან დიდი შრომა. კატალოგები უნდა შეადგინოს, წიგნები უნდა დაალაგოს სხვა და სხვა ნაწილების მიხედვით.

ამისთვის წინადადება შემომაქვს, რომ ბიბლიოთეკის გამგეს მიეცეს 1000 მანეთი.

თავმჯდომარე. ამ რიგად, კენჭს უყრი შესწორებას სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისას, რომ ბიბლიოთეკის გამგეს მიეცეს 1000 მან. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

ონიაშვილი კითხულობს: ბიბლიოთეკის გამგის თანაშემწე 1-750 - თვიურად.

ჯამი შეიცვლება აქ მიღებულ ცვლილებების მიხედვით.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მთლად შტატისა? არავინ. მიღებულია“.

(იხ. საქართველოს დამფუძნებელი კრება, VI სხდომა, 29 მარტი, 1919 წელი)

გამომცემლებმა გადავწყვიტეთ არ შეგვეცვალა სხდომის ოქმების ორთოგრაფია და პუნქტუაცია. ამით გვსურდა, დავხმარებოდით ქართული ენის მკვლევრებს, ენათმეცნიერებს, რომლებიც ქართული ენის ეროვნულ კორპუსზე მუშაობენ და რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქართული ენის ისტორიული განვითარების ეტაპების შესწავლა. ამ გამოცემით ისინი კვლევისთვის მზა მასალას მიიღებენ.

დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმების გამოცემა მომავალშიც გაგრძელდება. 2020 წელს დაგეგმილია ეროვნულ არქივში დაცული დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმების გამოცემა.

საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმების გამოცემაზე მუშაობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები: მზია ხოსიტაშვილი, ხათუნა დავითური, შალვა პაპალაშვილი, ნანო ომანაძე, ეკატერინე ჭელიძე, ნელი გიორგაძე, მარინა ალანია, ნელი ნადირაძე, ნელი კაციტაძე, ნათია ხოტენაშვილი. თითოეულმა მათგანმა დიდი შრომა გასწია. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მზია ხოსიტაშვილის წვლილი გამოცემის მომზადებაში. მან პირთა საძიებელს განმარტებები დაურთო. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, მაია შონიას, რომელმაც ყურადღებით წაიკითხა გამოცემისთვის წინდართული ტექსტები.

ემზარ ჯგერენაია

მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

2 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეულ პირველ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ აღიარებულია 1919 წელს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე პროპორციული პრინციპით, ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეული საქართველოს დამფუძნებელი კრება.

დამფუძნებელი კრება, როგორც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების მქონე საზოგადოების ფენების დემოკრატიული კონსოლიდაციის საშუალება, ფრანგული „განმანათლებლობის“ ფუძემდებლურ იდეათა შორის (კერძოდ კი - ჟან-ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ანუ პოლიტიკურ უფლებათა პრინციპები-დან) გაჩნდა. ქვეყანაში დამფუძნებელი კრების (სხვა დასახელებით - „კონსტიტუანტა“-ს) არჩევისა და ამოქმედების ძირითადი ამოცანა თვით ამ ქვეყანაში საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპების შემუშავება და ამ პრინციპების ქვეყნის ძირითად კანონად (სხვა სიტყვებით - ქვეყნის კონსტიტუციად) დამკვიდრებაა.

საქართველოში დამფუძნებელი კრების არჩევის ძირითადი მიზანიც ქვეყნის ძირითადი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის - შემუშავება და დაკანონება და ამით ქართულ საზოგადოებაში რევოლუციური სულისკვეთების დაცხრომა, ქვეყნის ცხოვრების მშვიდობიან, კანონებით განსაზღვრულ კალაპოტში მოქცევა იყო. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ეს ვალდებულება წარმატებით შეასრულა - შეიმუშავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1921 წლის 21 თებერვალს ოფიციალურად დააკანონა კიდეც.

საქართველოში დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა 1919 წლის გაზაფხულზე.1 ახლადარჩეული დამფუძნებელი კრების პირველი საჯარო სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

დამფუძნებელი კრების გახსნის დღედ 12 მარტი საგანგებოდ იქნა შერჩეული: 1917 წლის 12 მარტს საქართველო გახდა საკუთარი თავის პატრონი: 12 მარტს დაინგრა რუსეთის იმპერია.

თუმცა არ კმარა მარტო დანგრევა ძველისა: საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალ, მტკიცე საძირკველის დაფუძნება. და აი აქედან წარმოდგება ჩვენი მეორე იდეალი: სრულ-უფლებიანი დამფუძნებელი ყრილობა - ეს გვირგვინი რევოლიუციისა, მის მონაპოვართა განმტკიცებისა.

მთელი 9 თვე ატარა რუსეთის დემოკრატიამ იდეა ამ ყრილობისა, ბოლოს დიდი ვაივაგლახით და ტანჯვით წარმოშვა მან [სრულიად რუსეთის დამფუძნებელი] ყრილობა. მაგრამ, აქვე გამოაშკარავდა სისუსტე [რუსეთის] ამ დემოკრატიისა. მან ვერ შესძლო მისი მოვლა პატრონობა, და აი ერთ ცხოველისა არ იყოს - დაბადებისთანავე შთანთქა მშობელმა თავის შობილი: [1917 წლის] ოქტომბრის გადატრიალებამ გადაუშვა ანარქიის მორევში დიდი გემი დიდი რევოლიუციისა.

1919 წელს, საქართველოს დამფუძნებელი კრების 12 მარტს დაწყება ჩვენება იყო, რომ, მხოლოდ დემოკრატიულმა საქართველომ იტვირთა განხორციელება თებერვლის რევოლიუციის მონაპოვრისა, მხოლოდ დემოკრატიულ საქართველოს საზოგადოებამ, ერთადერთმა, არ დაჰკარგა გონება, არ მიეცა სასოწარკვეთილებას - ამ საერთო განცდის დროს. მხოლოდ ამ დემოკრატიამ გადაარჩინა ჩვენი პატარა ნავი, მწარე ხვედრს, დიდი რევოლიუციის, დიდი გემისა, რომელზედაც მთელი 100 წლის განმავლობაში მიკრული იყო მაგარი ჯაჭვით. მხოლოთ მან ერთმა ააცილა ეს ნავი ათასგვარ დაბრკოლებას და კლდეებს, ანარქიის უძირო ზღვაში ამოზიდულთ და მოიყვანა აქ, ამ სამშვიდობოში, ამ დიად ამ ძვირფას განძით, საქართველოს დამფუძნებელი კრებით.2

1919 წლის 12 მარტს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოაწერასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტს», 12 მარტი კი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სადღესასწაულო, უქმე დღედ გამოცხადდა.3

***

დამფუძნებელ კრებაში (1919-1921 წ.წ.) სხვადასხვა დროს არჩეულნი იყვნენ 7 პოლიტიკური პარტიის, 9 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, სულ 145 დეპუტატი - მათ შორის 5 ქალი. დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და ოფიციალურად მიიღო 400-მდე კანონი.4

დაუღალავ საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საჭიროდ მიიჩნია მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელება. ამ მიზნით შეიქმნა საგანგებო «საპროპაგანდო კომისია», რომლის მთავარი მიზანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მშენებლობის საკითხების რიგითი მოქალაქისათვის გასაგები ენითა და ფორმით წარდგენა იყო. დამფუძნებელმა კრებამ დააარსა საკუთარი სტამბა, სადაც დაიგეგმა ორ ათეულამდე ამგვარ გამოცემათა დამზადება. 1919-1921 წლებში მხოლოდ 7 წიგნის დაბეჭდვა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელება მოხერხდა. ესენია: „მაჰმადიანი ქართველები“, „ჩვენი დამოუკიდებლობა“, „რისთვის და როგორ შეუერთდა საქართველო რუსეთს“, „როგორ ცხოვრობენ საბჭოთა რუსეთში“, „ბოლშევიზმი და დემოკრატიზმი“, „საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე“ და „სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოებრივი წესწყობილება“.

1921 წლის თებერვლის დასაწყისში დამფუძნებელი კრების მუშაობა შეფერხებით მიმდინარეობდა, მკვეთრად შემცირდა პლენარული სხდომების რაოდენობაც. საბჭოთა წითელ არმიასთან საომარი მოქმედებების დაწყების გამო საკანონმდებლო საქმიანობამ პლენარული სხდომებიდან დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმში გადაინაცვლა. საკანონმდებლო მუშაობა გართულდა იმითაც, რომ კრების აპარატის თანამშრომელ მამაკაცთა დიდი უმრავლესობა გაწევრიანდა საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად შეკრებილ მოხალისეთა რაზმში. კრების მუშაობა სრულ შეჩერებას გადაარჩინა დამფუძნებელი კრების დადგენილებამ, რომლის თანახმადაც 7 თანამშრომელს დამფუძნებელი კრების განკარგულებაში დარჩენა დაევალა.

***

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა (ისევე, როგორც დამფუძნებელი კრების მუშაობის ძალადობრივი შეწყვეტა) ჩვენმა საგარეო ფაქტორებმა, უპირველესად კი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ განაპირობა.

საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, იარსება სულ ორი წელი და ათი თვე - ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაში საპარლამენტო ქვეყნები ხშირად ერთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას და ცხოვრებაში გატარებას უნდებიან ხოლმე!5 (...)

საქართველო დაბყრობილი იქნა სწორედ მაშინ, როცა უკვე ჩასახული იყო მისი ეკონომიურათ გამაგრების საშუალებანი და როცა იგი შევიდა საერთაშორისო ოჯახში როგორც კანონიერი და სრულუფლებიანი წევრი.6 (...) საქართველოს უბედურება იმაში იყო, რომ მას სხვებზე უფრო ადრე მოსტაცეს დამოუკიდებლობა ისე, რომ მან ვერ მოასწრო თავის ეკონომიურ შესაძლებლობათა სავსებით გაშლა და გამოყენება. სხვებმა უფრო მეტ ხანს იარსებეს და ამიტომ მეტიც მოასწრეს.7 (...)

ის, რაც საქართველომ შესძლო და მოასწრო გაეკეთებია მოწმობს ქართველი ხალხის სიმწიფესა და საქართველოს ეკონომიურ შესაძლებლობას თავის - თავის პატრონობისთვის; სხვისი მოწყალების შემყურე ის ნივთიერათ არას დროს ყოფილა და თავის მოთხოვნილებებს იგი მარტოდ - მარტო, საკუთარ რესურსებით იკმაყოფილებდა როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ, ისე დამოუკიდებელ სახელმწიფოთ არსებობის პერიოდში.

საქართველოს დამოუკიდებლათ არსებობის საშიშროების ძირი სხვაგან იყო ისტორიულათ და იქვე დარჩა: მის გეოგრაფიულ მდებარეობაში და მისი დიდი მეზობლების აგრესიული განწყობილებაში.8

როგორის წარმოდგენის არ უნდა ვიყოთ ჩვენ ჩვენის თავისუფლების ხანაზედ, როგორის კრიტიკით არ უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რასაც ადგილი ჰქონდა ამ ხანაში, იგი ყოველ შემთხვევაში თვალსაჩინო ადგილს დაიჭერს საქართველოს საერთო ისტორიაში. ჩვენ გვახსოვს მარტო ნაკლი და შეცდომები და დადებით მხარეებს არ ვეძებთ და არც ვიხსენიებთ. ჯერ ერთი, მარტო ის რად ღირს, რომ ყველა ქართველ მოდგმის ხალხებს: ქართლელები, კახელები, იმერლები, მეგრელები, აფხაზები, გურულები, აჭარლები, სვანები და ინგილოები [1918-1921 წლებში] მჭიდროდ გაერთიანებულ ერად გამოვიდენ მსოფლიო ასპარეზზე. ასეთ გაერთიანებას XIII საუკუნის შემდეგ ადგილი არ ჰქონია ქართულ ისტორიაში. (...) ჩვენი ინტელიგენციის და ნიჭიერ მოღვაწეთა თავგანწირულმა მუშაობამ XIX საუკუნის მეორე ნახევრისა თავის მიზანს მიაღწია, ერი შეაკოწიწა, ეროვნული მეობა შეაგნებია და ერთობა დაამყარა.

არავითარ სეპარატიულ ლტოლვას ქართველ ტომთა შორის ჩვენი თავისუფლების დროს ადგილი არა ჰქონია. (...) საქართველო იყო მოთავე კავკასიის ერების ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად შექმნისა და ამიერკავკასიის სეიმის მოწყობისა და თუ ამ ცდამ ნაყოფი არ მოიტანა და გაერთიანება არ მოხდა, ამის მიზეზი ჩვენი მეზობლების პოლიტიკურად მოუმზადებლობა და შეუგნებლობა იყო.

როდესაც ამიერ კავკასიაში სამი რესპუბლიკა დაარსდა, დე ფაცტო სამივე ცნობილი იყო, მაგრამ მათში მარტო საქართველომ შესძლო, რომ ანტანტას ის de jure-თაც ეცნო. ეს არ ღირსებიათ არც ერთს ჩვენს მეზობლებს.

საქართველოს სუვერენობა არა თუ მარტო ევროპის სახელმწიფოებმა იცნეს, იცნო აგრეთვე რუსეთმაც და სპეციალური ხელშეკრულობით საჯაროთ აღიარა მისი სუვერენობა არსებულს საზღვრებში. არც ერთი სხვა კავკასიის სახელმწიფო რუსეთს არ უცვნია დამოუკიდებლად. მართალია მან შემდეგ ვერაგულად თავს დაგვესხა და მოსპო ჩვენი თავისუფლება, მაგრამ იგი დღესაც ვერ ბედავს თქმას, რომ საქართველო ძალით დავიბყარიო, არამედ - თვით ხალხმა მოგვიწვიაო. (...)

ჩვენი თავისუფლება მართალია ხანმოკლე იყო, მაგრამ ამისგან დროშიც ბევრი თვალსაჩინო საქმეები გაკეთდა. ჩვენმა საზოგადოებამ დაიბრუნა ავტოკეფალია, შევსძელით დაგვეარსებია ქართული უნივერსიტეტი და ჯეროვნად მოგვეწყო მასში უმაღლესი განათლება. დაარსდა აუარებელი გიმნაზიები და სხვა სკოლები და სწავლის მიღების საქმე მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა, დაარსდა სენატი და მოეწყო სახალხო სასამართლო და სხვა.

მე აღარ გავაგრძელებ სხვა თვალსაჩინო საქმეების აღნუსხვას, ვიტყვი მხოლოდ, რომ წარმატება აშკარა იყო და რომ უხეშ ძალას ანექსია არ მოეხდინა, საქართველო დღეს ერთი სამაგალითო პატარა სახელმწიფო იქნებოდა. თუ ჩვენ ვერ გამოვეცით ჩვენი დამოუკიდებლობის დროის საბუთები და აქტები, ეს ჩვენ მიუტევებელ დანაშაულობად ჩაგვეთვლება და მომავალი თაობა ამას ჩვენ არ გვაპატიებს.9

***

საქართველოს დამფუძნებელი კრების არსებობა 1921 წლის მარტში ძალადობრივად შეწყდა საქართველოში შემოჭრილი ბოლშევიკური რუსეთის უხეში ძალის მიერ. შედეგად, კრების დეპუტატთა ერთი ნაწილი იძულებული გახდა უცხოეთში გახიზნულიყო და პოლიტიკური ემიგრაციის პირობებში გაეგრძელებინა საქმიანობა; საქართველოში შეგნებულად დარჩენილი დეპუტატები მუდმივი დევნა-შევიწროების თუ ფიზიკური განადგურების მსხვერპლნი გახდნენ; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობის მთელი დროის განმავლობაში საქართველოს დამფუძნებელი კრების ყველა, - 1919-21 წლებში გამოცემული თუ საარქივო-დოკუმენტი მიუწვდომელი გახდა რიგით მოქალაქეთათვის; საქართველოს დამფუძნებელი კრების დამსახურებანი ამოიშალა ქართული საზოგადოებრივი მეხსიერებიდან, აიკრძალა არა თუ დამფუძნებელი კრების საქმიანობის სამეცნიერო კვლევა, - მისი საზოგადოდ ხსენებაც კი.

დღეს უკვე ტაბუმოხსნილი ისტორიული დოკუმენტების გამოსაცემად მომზადების საქმეში შეუფასებელი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯგუფს მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორ ემზარ ჯგერენაიას ხელმძღვანელობით. რომ არა სამი წლის განმავლობაში მისი და მისი ჯგუფის საქმისადმი ამგვარი კვალიფიციური დამოკიდებულება, ეს გამოცემა ასეთი სრულყოფილი სახით ვერ შეიქმნებოდა.

დიდი მადლობა მათ ამ საქმის წარმატებით დასრულებისთვის.

წარმოდგენილი დოკუმენტების მრავალტომეული გამოცემა, დარწმუნებული ვართ, დიდ დახმარებას გაუწევს მიუკერძოებელ მკითხველს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, - საქართველოს დამფუძნებელი კრების ნააზრევისა და საქმიანობის შესწავლაში.

***

ემიგრაციაში, საქართველოს დამფუძნებელი კრების ლეგიტიმაციის შესახებ მსჯელობისას, დამფუძნებელი კრების წევრმა ილია ნუცუბიძემ გამოთქვა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა საერთო მოსაზრება:

არის ორი უფლება - რევოლიუციონური და ფორმალური.

პირველია, - როცა ხალხი რევოლიუციური გზით აუქმებს არსებულ რეჟიმს და ქმნის ახალ კონსტიტუციას. დაიწერება რევოლიუციური კანონი, რომელიც იქცევა ფორმალურ ნორმად.

მეორე - ფორმალური უფლება - დაწერილი კონსტიტუცია თვით გაითვალისწინებს თავისთვის გაუქმების წესებს და პირობებს.

მესამე - საოკუპაციო უფლება არ არსებობს. ჩვენი კონსტიტუცია კი ოკუპანტებმა გააუქმეს.

ამიტომ ჩვენი დამფუძნებელი კრება იურიდიულად არსებობს.

დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრებით იწყება საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოთა მოწვევების ათვლა. ამდენად, დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი კრება (1919-1921) პარლამენტის პირველ მოწვევადაა მიჩნეული. შესაბამისად, 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტი არის „საქართველოს რესპუბლიკის მეცხრე მოწვევის პარლამენტი“.

ირაკლი იაკობაშვილი

საქართველოს პარლამენტის არქივის გამგე
დეკემბერი, 2018 წელი

______________

1. „საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ანუ პოლიტიკურ უფლებათა პრინციპები“

2. სილიბისტრო ჯიბლაძეს სიტყვიდან დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს.

3. ბედის უკუღმართობით, 1922 წლის, იმავე 12 მარტს, თბილისში, საქართველოს დამფუძნებელი კრების იმავე დარბაზში, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების დელეგატთა კონფერენციაზე დამტკიცდა ხელშეკრულება „ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების ფედერატიული კავშირის“ შექმნის შესახებ.

4. დაწვრილებით დამფუძნებელი კრების შესახებ იხ: „საქართველოს დამფუძნებელი კრება“. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ გამოცემა, თბილისი, 2019 წ.

5. კონსტანტინე კანდელაკი. „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წიგნი II. „დამოუკიდებელი საქართველო: მისი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა“, პარიზი, 1960. გვ. 211. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის ამ ნაშრომის ვრცელი ვარიანტი ჩვენს მიერ გამზადებულია უახლოეს ხანს გამოსაცემად.

6. იქვე, გვ. 212.

7. იქვე, გვ. 214.

8. იქვე გვ. 215

9. საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგის [მოადგილეს], ექვთიმე თაყაიშვილის მოხსნებიდან, 1939 წელს საქართველოს მთავრობის, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და ქართულ პოლიტიკურ პარტიათა საბჭოს გაერთიანებულ (ე.წ. „კოლეგიის“) სხდომაზე. ამ სხდომათა 1922-1939 წლების სრული სტენოგრამები ჩვენს მიერ თავმოყრილია და გამზადებულია უახლოეს ხანს გამოსაცემად.

2.1 პირველი სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

ოთხშაბათი 1919 წლის მარტის 12. ტფილისი. სასახლე.

კრება იწყება ნაშუადღევის 12 საათსა და 12 წუთზე.

თავმჯდომარეობს უხუცესი წევრი დამფუძნებელი კრებისა

სილიბისტრო ჯიბლაძე.

მდივნობს უუმცროსესი წევრი დამფუძნებელი კრებისა

გიორგი ფაღავა. (.-.)

სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა.

ბატონებო!

ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია.

ჩემმა ხნოვანობამ წილათ მარგუნა გახსნა ამ დიადი, ამ ორმაგი დღესასწაულისა.

ბატონებო, დიდო ბატონებო!

დამფუძნებელი კრების წევრნო! უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგიძღვნათ ჩემი გულწრფელი, გულის სიღრმიდან ამოღებული სალამი!

ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ეს დიადი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულ წლოვანობისა!

ნება მომეცით დიდის მოკრძალებით მივესალმო და დაბლა თავი დაუკრა უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. (ტაში)

სალამი დიდს ბრიტანეთს. (ტაში; დეპუტატები ფეხზე ადგომით მიესალმებიან ბრიტანიის წარმომადგენლებს) ამ აკვანს დემოკრატიისას. (ტაში).

ნება მიბოძეთ მივესალმო საფრანგეთს, სამშობლოს რევოლიუციისას. (ტაში და ოვაცია). ნება მიბოძეთ მივესალმო, ამერიკის ბუმბერაზ შეერთებულ შტატებს, სიმბოლოს თავისუფლებისას (მხურვალე ტაში და ოვაცია).

პატარა შვეიცარიას, (ტაში და ოვაცია,) ამ ყველა დევნილთა მფარველს.

მე მწამს, მე მჯერა, რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურულ სახელმწიფოებისა, მოჰფენს თავის ძლევა მოსილს სხივს ჩვენ ნორჩსა და პატარა რესპუბლიკასაც.

გაუმარჯოს რუსეთის ყველა ერებს, რომლებიც განთავისუფლდნენ თვითმპყრობელი მეფის ბრჭყალებისაგან (ტაში).

მივესალმები ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებს, ადერბეიჯანს, (ტაში) სომხეთს (ტაში) და მთიელთა რესპუბლიკას (ტაში) მივესალმები სპარსეთის წარმომადგენელს (ტაში) მივესალმები პოლონეთის ახალ რესპუბლიკის წარმომადგენლებს (ტაში) წარმომადგენელს ლიტვისა და უკრაინისა (ტაში), მივესალმები საბერძნეთს, ისპანიას, ნორვეგიას და ჰოლანდიას. (ტაში).

ახლა ნება მიბოძეთ მხურვალე სალამი მიუძღვნა ჩვენს მთავრობას და მის ბელადს ბ. ნ. ჟორდანიას (მხურვალე ტაში). მათ ღირსეულათ ატარეს მძიმე ქუდი მონომახისა, რომელიც მათდა უნებურათ დაახურა მათ უჩვეულო მომენტმა.

ვაშა, ვაშა, თქვენ გამჭრიახობას და საქმიანობასა.

ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ნება მიბოძეთ კვლავ თქვენ მოგესალმოთ! კეთილი იყოს თქვენი ფეხის შემოდგომა ამ თეთრ დარბაზში, სადაც, ვინ იცის, რამდენი შავი საქმენი გაკეთებულა! ბედნიერი იყოს თქვენი აქ დაბინავება, აქ ამ თქვენ სახლში, რომელსაც სხვები ჰპატრონობდნენ, რომელშიაც ხალხის მტრები ხალხის ხარჯზე ქეიფობდნენ და დროს ატარებდნენ, ხალხის ბორკილებს სჭედდნენ და ამაგრებდნენ.

კურთხეულ იყოს საფუძველი იმ ახალ სახელმწიფოებრივი შენობისა, რომლის ასაგებათ თქვენ ბრძანდებით მოწოდებული.

მეტად სერიოზულ მომენტში დაგაკისრა თქვენ დროთა ბრუნვამ ეს თქვენი მძიმე მოვალეობა. ჩვენ მოწამენი ვართ, ბატონებო, ისეთ ამბების, მოძრაობის, ცვალებადობისა, რომლის მსგავსი ასეთი ფართო მასშტაბით არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას. მოძრაობა-ცვალებადობა სულია ცხოვრებისა, მაგრამ ეს ყველასათვის გასაგები ჭეშმარიტება, წინათ თვით უდიდესი მეცნიერებისთვისაც წარმოუდგენელი და მიუწდომელი საიდუმლოება იყო. ფილოსოფოს არისტოტელს ვერც კი წარმოედგინა სახელმწიფოებრივი ცხოვრება გარეშე მონობის ინსტიტუტისა. ეს ხდებოდა იმიტომ რომ პროცესი განვითარებისა, მოძრაობისა მეტის-მეტათ ნელი ნაბიჯით მიდიოდა. დღეს სხვა სურათი იშლება ჩვენს თვალ წინ. დღეს ისტორია თითქოს გამოერკვა საღათას ძილიდან, ამოიფშვნიტა თვალები და პირველათ იხილა თავისი ცოდვები: ის საშინელი, გულშემზარავი სიზანტით და ზმორვით ჩოჩავს და ხოხავს. მან თითქოს იგრძნო მთელი სიმძიმე ამ ცოდვების და აი თავისი წარსულის ასანაზღაურებლათ აუშვა თავისი დამბული მალი მერანი. ჩვენ ვხედავთ, რა თავ-ბრუ დამსხმელი სისწრაფით მიეჩქარება წინ ეს მერანი, და ჩვენ ვხედავთ, რა საშინელ რყევას და ნგრევას იწვევს არე-მარეში ეს მოძრაობა. ინგრევა სახელმწიფოები, ისპობა, თუმცა დრო-მოჭმული, მაგრამ ჯერ კიდევ ძლევა მოსილი წოდებები, ნაფოტივით იმსხვრევა ტახტები ღვთის მიერ მირონცხებულთა. რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყნიერებას. ერთი სიტყვით ცხოვრება ვეღარ ეტევა თავის ტანში, გაფიციცებით კანს იცვლის, განახლების-გადახალისების გზაზე დგება. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი კვანძი ისკვნება.

თავის თავათ ისმება საკითხი, რა დავკარგეთ ჩვენ, და რა შევიძინეთ, ჩვენ ამ საერთაშორისო ორომტრიალში. პასუხი მოკლეა: დავკარგეთ ის, რის დაკარგვა და დამარხვა ყოველთვის შეადგენდა ჩვენი დემოკრატიის საოცნებო საგანს, მის პირველ იდეალს, წყევლა-კრულვით გადუშვით მეფის თვითმპყრობელობა იმ უფსკრულში, რომლის პირამდის მიიყვანა მან მრავალ ტანჯული და წამებული შრომელი ხალხი. აი, ბატონებო, სიდიადე თებერვლის და მარტის რევოლიუციისა.

ბედნიერი არის ეს ახალი თაობა, რომელმაც მხოლოთ იხილა დამარხვა, მაგრამ თავის ნორჩ სხეულზე არ უგრძვნია საშინელი ბრჭყალები ორთავიან არწივის რეჟიმისა. მაგრამ, ეს ცოტაა, ეს არ კმარა. არ კმარა მარტო დანგრევა ძველისა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალ, მტკიცე საძირკველის დაფუძნება. და აი აქედან წარმოდგება ჩვენი მეორე იდეალი: სრულ-უფლებიან დამფუძნებელი ყრილობა.

დამფუძნებელი ყრილობა - ეს გვირგვინია რევოლიუციისა, მის მონაპოვართა განმტკიცებისა. მთელი 9 თვე ატარა რუსეთის დემოკრატიამ იდეა ამ ყრილობისა, ბოლოს დიდი ვაივაგლახით და ტანჯვით წარმოშვა მან ეს ყრილობა. მაგრამ, აქვე გამოაშკარავდა სისუსტე ამ დემოკრატიისა. მან ვერ შესძლო მისი მოვლა პატრონობა, და აი ერთ ცხოველისა არ იყოს - დაბადებისთანავე შთანთქა მშობელმა თავის შობილი. ოქტომბრის გადატრიალებამ გადაუშვა ანარქიის მორევში დიდი გემი დიდი რევოლიუციისა.

ლოცვა-კურთხევით მოიგონებს მომავალი თაობა მადლიერი ჩვენს დემოკრატიას და მის მთავრობას, რომელმაც ერთად ერთმა არ დაჰკარგა გონება, არ მიეცა სასოწარკვეთილებას - ამ საერთო განცდის დროს. მხოლოდ ამ დემოკრატიამ გადაარჩინა ჩვენი პატარა ნავი, მწარე ხვედრს, დიდი რევოლიუციის, დიდი გემისა, რომელზედაც მთელი 100 წლის განმავლობაში მიკრული იყო მაგარი ჯაჭვით. მხოლოთ მან ერთმა ააცილა ეს ნავი ათასგვარ დაბრკოლებას და კლდეებს, ანარქიის უძირო ზღვაში ამოზიდულთ და მოიყვანა აქ, ამ სამშვიდობოში, ამ დიად ამ ძვირფას განძით, დამფუძნებელი კრებით. ცხადია, ეს დიდი საქმე არის შედეგი არა უბრალო, ბრმა, და ბედნიერი შემთხვევის, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, არამედ ჩვენი დემოკრატიის იმ სწორი პოლიტიკური სიბრძნე-სიმწიფისა, რაზედაც ეს ეს იყო მოგახსენებდით. არ არის დარგი ისეთი რთული და საიდუმლოებით მოცული, როგორც პოლიტიკა. და ვაი იმ ხალხს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ შესწევს გამჭრიახობა ჩაიხედონ ამ საიდუმლოების სიღრმეში და გაიკვლიონ გზა ამ იშვიათ ხელოვნების ბნელ ლაბირინტში. თვითეული ნაბიჯი მრუდეთ გადადგმული ამ სფეროში, შეიძლება გახდეს საბედისწერო ნაბიჯად მთელი ხალხისათვის.

აბა რა ხეირი დააყარეს, ბატონებო, თავიანთ ხალხს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მხოლოდ სხვა ხალხის დაღუპვაზე, სხვის უბედურებაზე ოცნებობენ. მეორე ცოცხალი მაგალითი. რას ფიქრობენ და რას ცდილობენ ჩვენი ფეხ-მარდი კომუნისტ-ბოლშევიკები? მთელ ქვეყნიერებაზე და არა მარტო რუსეთის ცხოვრებაში, სოციალიზმის ხელათ განხორციელებაზე და ერთი მუჭა წითელ არმიელების ხიშტებით ვეებერთელა რუსეთის გლეხთა ამ უმაღლეს სოციალურ სამეფოში გადატყორცნას.

სულ სხვა გზა აირჩია ჩვენმა დემოკრატიამ. კაცი-ჭამიაობას და მეზობელთა მძულვარებას მან დაუპირდაპირა ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპი ერთა სოლიდარობისა და კეთილ-განწყობილებისა კომუნისტთა დამღუპველ ექსპერიმენტებს, - წინ დახედულება და შორს-მჭვრეტელობა. ჩვენი სურვილი იყო რუსეთის დემოკრატიასთან ერთად ბრძოლა და ჭირსა და ლხინში მასთან ყოფნა, მასთან სიცოცხლე. მაგრამ მწარე სინამდვილემ გვიმტყუნა, და გაგვიცრუა ეს იმედები. ანარქიის ტალღებმა მოგვწყვიტა მას და ობლათ გაგვრიყა. და როცა ჩვენ ანგარიში გაუწიეთ ამ სინამდვილეს, მაგრათ შემოვიბარეთ, შემოვიბეკნეთ პირველად მთელ ამიერკავკასიის და შემდეგ ჩვენ რესპუბლიკის ფარგლებში. ჩვენმა „კეთილის მოსურნეებმა“ დაიწუნეს და დაგმეს ეს ჩვენი ტაქტიკა. შემდეგ როცა ჩვენი და ჩვენი განმარტოებულ რესპუბლიკის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ დაისვა კითხვა ჩვენი ფიზიკური ყოფნა არ ყოფნისა და როცა ჩვენ არ ყოფნას ყოფნა ვარჩიეთ, და კარზედ მოსულ განსაცდელს თავი დავახწიეთ, ეს იმავე ჩვენმა „კეთილის მსურველებმა“ არამც თუ დაგვიწუნეს, არამედ პირდაპირ დამალულად დემოკრატიულ პრინციპის ღალატად ჩამოგვართვეს და ასტეხეს საშინელი განგაში: - ქვეყანა იქცევა, ჩვენ თან მივყვებით, თქვენ კი რაღაც საკუთარ არსებობაზე ფოჩიხობთო.

ასეთია, ბატონებო, ბუნება ბუშმენთა მორალისა. როდესაც ამოშიშვლებული ხმლებით თავს გესხმიან, კარგ საქმეს შვრებიან! როცა თავს იცავთ ვერაგულ თავდასხმიდგან ეს - ცუდზე უცუდესია! დავუტოვოთ ბუშმენებს მათი ბუშმენური მორალი და გავსწიოთ წინ, იმ ჩვენი გზით, სწორი გზით, რომელმაც არა ერთხელ გამოგვიყვანა გამოუსვლელი ჩიხიდგან, რომელმაც შეგვანარჩუნა ძვირფასი მონაპოვარი რევოლიუციისა.

ბატონებო, დღეს ამ რევოლიუციის, რუსეთის რევოლიუციის 2 წლის თავია. ჩვენი დემოკრატია, მადლიერი დემოკრატია არ დაივიწყებს დიდ ამაგს რუსეთის დემოკრატიისას. მუხლის მოდრეკით მოვიხსენიებთ ამ დემოკრატიის გმირებს, რომელთაც თავი დასდვეს საკაცობრიო სამსხვერპლოზე. 2 წელიწადია რაც მოპოვებულ ჩვენს თავისუფლებას ემუქრებიან ყოველ მხრიდან მოზღვავებული მტრები. სახელი და დიდება ჩვენ ხალხის რჩეულ შვილებს, - სახალხო გვარდია და ახალგაზდა ჯარს, რომელთაც თვისი თავდადებული მამაცობით შეინარჩუნეს, დაიცვეს შეგვინახეს და ჩაგაბარეს თქვენ ეს თავისუფლება (ტაში). აწი, ბატონებო, თქვენს ხელთ არის ბედი ამ ჩვენ ქარცეცხლში გამოტარებული ავლა-დიდებისა. ვერ ვიტყვით, რომ სრულიად უზრუნველი, დაზღვეული იყოს ეს თავისუფლება მოსალოდნელ საშიშროებისაგან, ვინაიდან არ სჩანს დასასრული იმ ქაოსისა, რომლის ალში ჩააგდო მთელი განათლებული კაცობრიობა საშინელმა მსოფლიო ომმა. მაგრამ ერთი რამ კი შეიძლება აქ ითქვას გადაჭრით: ხალხი, რომელმაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინვის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქობრივი ზრდა-განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოებულ თავისუფლებას. მაშ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავისუფალ დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას. ერთხელ კიდევ გიძღვნით ჩემს გულწრფელ სალამს და კიდევ გისურვებთ წარმატებას და თავისუფალ მუშაობას (ხანგრძლივი ტაში).

დამფუძნებელ კრების მუშაობისათვის საჭირო არის ღირსეული და დახელოვნებულ ხელმძღვანელის არჩევა. ინებეთ ბატონებო დასახელება კანდიდატებისა. სიტყვა ეკუთვნის ნოე ცინცაძეს.

დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის და მის უფროსი ამხანაგის არჩევა.

ნოე ცინცაძე. (ს.დ) სოც.-დემ. ფრაქციის სახელით წინადადება შემომაქვს: არჩეულ იქმნას დღეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე და მის უფროს ამხანაგი. დამფუძნებელ კრების თავმჯდომარედ ჩვენ ვასახელებთ ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძეს (ტაში) და მის უფროს ამხანაგად ალექსანდრე ლომთათიძეს.

თავმჯდომარე. არის თუ არა სხვა კანდიდატები? სხვა კანდიდატები არაა. ვინ არის მომხრე თავმჯდომარეთ ნიკოლოზ ჩხეიძის არჩევისა? წინააღმდეგი არავინაა. ვინ შეიკავა თავი? არავინ. ერთხმათ არჩეულია (ხანგრძლივ ტაში). ვინ არის მომხრე, რომ ალ. ლომთათიძე არჩეულ იყოს უფროს ამხანაგად. ვინ შეიკავა თავი? არავინ. ერთხმათ არჩეულია (ალექსანდრე ლომთათიძე იკავებს თავმჯდომარის ადგილს. სილიბისტრო ჯიბლაძე მას ესალმება და თავმჯდომარის ადგილს სტოვებს. დეპუტატები ალ. ლომთათიძეს ტაშის ცემით ეგებებიან).

ალექსანდრე ლომთათიძის სიტყვა.

მოქალაქენო, ხალხის ნდობით აღჭურვილნო, მესვეურნო, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისა! უწინარესყოვლისა მიიღეთ ჩემი მხურვალე მადლობა და დაბალი სალამი იმ დიად ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეთ, და რომლითაც მე დამაკისრეთ ასეთი საპატიო, მაგრამ მასთანვე ფრიად მძიმე, მოვალეობა.

ნუ თუ დღესაც გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც გაბედავს და იტყვის, რომ საქართველოს და მის დემოკრატიას არ შესწევს გონებრივი, სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ არამც თუ მტკიცე საძირკველი ჩაუყაროს სახალხო, საეროვნო საქმეს, არამედ განამტკიცოს ამ საძირკველზე ურყეველი, მიუვალი ციხე-სიმაგრე ხალხის ნება-სურვილების, მისი სახელმწიფოებრივობის გამომხატველი და დამგვირგვინებელი.

აი დღევანდელი დღე, მოქალაქენო, აშკარად ღაღადებს იმას, რომ საქართველო და მისი ხალხი მომწიფებულია. მტკიცედაა შემდგარი თავის საკუთარ ფეხზე, და თვით გამოსჭედავს თავის საკუთარ ბედს. დღევანდელი დღე ამის საუკეთესო გამომხატველია, დღევანდელი ზეიმი აშკარად მეტყველებს ამას.

მე ჩემს თავს ნებას მივცემ მოვიგონო სამი მომენტი ისტორიისა უკანასკნელ საუკუნის განმავლობაში. მომენტი, როდესაც 19 საუკუნის განთიადზე მაშინდელმა საქართველოს მესვეურებმა საუკეთესოდ დაინახეს, რომ თავის ხალხის და თავის ერის ბედიღბალი მოსაზღვრე დიდ სახელმწიფოსთვის ჩაებარებინათ. თქვენ იცით, მოქალაქენო, თუ რა პირობებში მოხდა ეს ისტორიული აქტი, თქვენ იცით რას გამოელოდა საქართველო, როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული მაშინ დადებულ ხელშეკრულებისაგან, და რა მიიღო მან სინამდვილეში. მაგრამ იცით ისიც, რომ ის დიდი სახელმწიფო, რომელმაც მას თავის მფარველობა აღუთქვა, სხვა რამეს საქართველოს ვერ მისცემდა. იქ, დიდ რუსეთში ხალხი გმინავდა თითონ მაშინდელ სახელმწიფოებრივ რეჟიმის სასტიკ სალტეებში ჩაჭედილი; და ჩვენ გვესმის, თუ რატომ ამ ნაირი პოლიტიკა იქმნა ნაწარმოები მათ მიერ პატარა საქართველოს შესახებ. საჭირო იყო, რომ დაბადებულიყო ახალი ძალა, ახალი გზის გამკაფავი ხალხის განსათავისუფლებლად. და მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა კიდეც ეს ძალა, რომელიც შეუდგა ახალი გზის, ახალი პოლიტიკური გეზის გამონახვას. ეს გზა იყო გზა საერთო, ძმური იმ ხალხთან, რომლის სახელმწიფოებრივ საზღვრებში საქართველო მოაქცია ისტორიულმა მსვლელობამ და აი ამ საერთო გზით იარა ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა დემოკრატიამ და თქვენ იცით, მოქალაქენო, თუ რა შედეგები მოჰყვა ასეთ ბრძოლის გზას - შეერთებულმა ძალამ რუსეთს და საქართველოს დემოკრატიებისამ, დაანგრია თვითმპყრობელობა, ეს ძირ მოჭმული, ძირ დამპალი სახელმწიფოებრივი წესწყობილება, და ისტორიის წიაღში გადაისროლა ის ერთხელ და სამუდამოდ. ეს მოხდა 27 თებერვალს, ორი წლის წინედ. ეს მეორე ისტორიული მომენტი.

დღეს, 12 მარტს წლის თავია ამ დიადი გადატრიალებისა. თუ გადაავლებთ თვალს ამ ორი წლის ამბავს, მოვიგონებთ მოკლედ რა ხდებოდა აქ, ჩვენში. რას მიაღწიეს იქ, და რა გვაქვს აქ ჩვენში, პატარა საქართველოში. საქართველოს დემოკრატია აქ ისეთი მდიდარი გამოდგა, რომ მას, ვისაც დასცინოდნენ კიდეც, რა შეუძლიან ამ პატარა და განუვითარებელ ხალხს და ერსო, მას, მოქალაქენო, თამამად შეუძლიან სთქვას, რომ მაშინდელი დიდი რუსეთის, დიდი დემოკრატიის ბრძოლის დროს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის შვილნი საუკეთესო მებრძოლნი და ხელმძღვანელნი იყვნენ იმ საბედისწერო ბრძოლაში, და ეს ოქროს ასოებით აღიბეჭდება ისტორიაში. და თუ დღეს ეს მოვიგონეთ თქვენწინაშე, ეს იმისთვის, რომ ერთხელ კიდევ გაიგონ, რომ საქართველოს შეუძლიან არამც თუ თავის საკუთარ საქმეებს გაუძღვეს, არამედ სხვასაც დაეხმაროს. თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ მანამ, სანამ რუსეთის ბედიღბალს და რუსეთის დემოკრატიის ვაჟკაცურ თავ განწირულ ბრძოლის დროს რუსეთში ბატონობდა ის პოლიტიკური სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სიბრძნე, რომელიც დღესაა საქართველოში, რუსეთის ერთიანი დემოკრატიული ფრონტი ურყეველი იყო. ის, რაც ამ პოლიტიკის დამარცხების შემდეგ განიცადა რუსეთმა, ააშკარავებს თქვენ წინაშე რომელი გზა და გეზი ყოფილა ხალხისათვის სასარგებლო დღევანდელ სოციალურ პოლიტიკურ პირობებში. ეს იყო ერთად ერთი გზა, რომ რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული ოჯახი არ გაპარტახებულიყო და დემოკრატიის სუვერენობის ადგილი ჯგუფის ბატონობას და ძალდატანებას არ დაეჭირა. მართალია დღეს რუსეთი მბორგავ ზღვას წარმოადგენს, მართალია ბობოქრობს იქ საზოგადოებრივი ცხოვრება, მაგრამ, მოქალაქენო, ეს იმის მომასწავებელი როდია, თითქოს დემოკრატია თავის ნავთსაყუდელს გადადიოდეს, პირიქით მას უმზადებენ ხანგრძლივს დამარცხებას, და კიდევ უფრო მეტ შავბნელ დღეებს.

დამარცხდა საერთო გზით მოსიარულე რუსეთი, ჩვენ ჩვენს საკუთარ ძალის და ბედის ანაბარა დაგვტოვეს აქ, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ გვყვავდა ისეთი მეზობელი, სადაც აზიური, დესპოტიური წესწყობილებას ჯერ კიდევ მკვიდრი საფუძველი აქვს და დღეს თუ არა, ხვალ ამ დესპოტიზმის მსხვერპლი უნდა გავმხდარიყავით. დადგა მეორე მომენტი, როდესაც, კავკასიონის ქედის აქეთ, მცხოვრებ ხალხთათვის შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ საერთო ძალით შესაძლებელი იყო საერთო კეთილდღეობის გამოჭედვა, მაგრამ ეს ესე არ მოხდა. მე აქ არ გამოუდგები მიზეზების გამორკვევას. ეს ისტორიას მივანდოთ, დადგა ისეთი, მდგომარეობა, როცა თვითეულ ერს, თვითეულ დემოკრატიას თვით უნდა ეზრუნვა თავის თავზე. და აი გასულ წლის 26 მაისიდან დაწყობილი დღევანდლამდინ, საქართველოს დემოკრატია ვითა გააფრთებული ლომი იბრძვის, რომ შეინარჩუნოს მონაპოვარი დიდებულ რევოლიუციისა თავის მიწა წყალზე. ასე მოისურვა საქართველოს დემოკრატიამ თავის, თავის გამორკვევა და ამ გზას ადგია ის დღესაც.

აი შედეგი თავგანწირულ ბრძოლისა, მოქალაქენო, მან თავისი წმინდა დროშა, საქართველოს დემოკრატიის საუკეთესო შვილების სისხლით განბანილი, მოიტანა აქ, აი ამ დამფუძნებელ კრებაში და მოგიწოდათ თქვენ, რომ განაგრძოთ ეს საშვილიშვილო, დამოუკიდებლობისათვის საარსებო მნიშვნელობის საქმის კეთება.

მოქალაქენო, ჩვენ გვინდა ერთი რამ. ნურავინ შეგვიშლის ხელს ამ მუშაობის დროს, ჩვენ გვინდა განვაცხადოთ აქედან და გვსურს, რომ ეს ჩვენი განცხადება ისმინოს მთელმა კაცობრიობამ და სათანადო ანგარიში გაუწიოს მას: ჩვენ გვინდა აზია დავტიოთ, ევროპის საერთო ხალხთა ოჯახში შევიდეთ, და ჩვენი ძალით და სხვის დახმარებითაც, თუ ეს დახმარება ვისმესგან გვეღირსება, გავხდეთ სწორუფლებიანი წევრი ევროპიულ ხალხებთან, ევროპიულ დემოკრატიათა და მათ სახელმწიფოთა საერთო ოჯახისა. (ტაში).

ჩვენ გვინდა, რომ გაიგოს ეს ყველამ, გაუწიოს ამას ანგარიში, მე მგონი რომ ის ევროპის სახელმწიფოები, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან აქ, დიდი ბრიტანეთი, განთქმული თავის დემოკრატიულ კონსტიტუციით, დიდი რევოლიუციის აკვანი, დიდი საფრანგეთი, დემოკრატიული შვეიცარია, დიდი ამერიკა, ამას სათანადო ანგარიშს გაუწევენ, და მართლაც, რომ ჩვენ გვერგება წილი ამ საკაცობრიო ლოზუნგის განხორციელების დროს, რომლის ძალით მცირე ერის და მის დემოკრატიას საშუალება უნდა მიეცეს თავის საკუთარი ბედი თვითონ გამოსჭედოს (ტაში).

დასასრულ, ბატონებო, ხაზი უნდა გაუსვა კიდევ ერთ გარემოებას: არიან წარმომადგენელნი ჩვენი მეზობელ სახელმწიფოებისა, ნორჩ რესპუბლიკებისა. მე ნებას ვაძლევ ჩემ თავს, მივმართო მათ მხოლოდ ერთი სურვილით. ჩვენ ხელთ არის ჩვენი ხალხისა, ჩვენი დემოკრატიის ბედ-იღბალი, ჩვენ შეგვიძლიან დავანგრიოთ ამ ერების ბედნიერება, სამუდამო საფლავი მოუმზადოთ მათ და მათს იდეალებს. მაგრამ ჩვენ ხელთ არის აგრეთვე გამოვჭედოთ მათთვის საუკეთესო მომავალი. და მე მგონია, რომ ეს შეგვეძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ, მეზობლებთან ერთად, საერთო ძალით ხელი ხელთ ჩაკიდებული, ძმურად ვივლით. მაშინ ჩვენი მტრები არც ისე საშიშრები იქნებიან. მე ვისურვებ რომ აი ასეთი გზა აგვეღოს ჩვენ ყველას და საერთო გონებრივი, სულიერი და ფიზიკური ძალთა შეერთებით გვებრძოლნოს საუკეთესო მომავლისათვის (ტაში).

ერთხელ კიდევ მომეცით ნება, უღრმესი მადლობა მოგიძღვნათ ამ დიდ ნდობისათვის, და თქვენთან ერთად შევსძახო: - გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოს დამფუძნებელ კრებას, გაუმარჯოს ჩვენს სტუმრებს, მათ სახელმწიფოებს, და მათ მიერ წარმოდგენილ დემოკრატიას (ტაში).

შემდეგი საკითხი, რომლის გადაწყვეტა და გადაჭრა დღევანდელ წესრიგში არის ნავარაუდევი, ეს გახლავთ შემდეგი აქტი დამოუკიდებლობისა, ნება მომეცით მოგახსენოთ...

(ალექსანდრე ლომთათიძე კითხულობს, დეპუტატები ფეხზე ადგომით ისმენენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.)

საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს დამფუძნებელი კრება, - არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5ს. და 10 წ. ტფილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

„მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრივ მტრისაგან შევიწროებული, საქართველო თვისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

„რუსეთის დიდი რევოლიუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დასტოვა ამიერკავკასია.

„დარჩნენ რა თვისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ, თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზედგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

„ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს.

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

ხელის მოწერა აქტზე.

ალექსანდრე ლომთათიძე. ეხლა, ბატონებო კეთილ ინებეთ და ხელი მოაწერეთ ამ დიდებულ აქტს. მე ნება მომეცით დავიწყო მთავრობის თავმჯდომარით. (ხელს აწერენ აქტსა).

მორიგი სხდომის დანიშვნა.

ალექსანდრე ლომთათიძე. შემდეგი საკითხები დღევანდელ წესრიგში აღარ არის. შემოტანილი არის წინადადება. ამ წინადადებაში არის ორი საკითხი, ერთი შესახებ შემდეგ სხდომის დღის დანიშვნისა, და მეორე დღიურ წესრიგის მიერ.

წინადადება არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ. ამ წინადადებით მორიგი სხდომა უნდა დაინიშნოს ზეგ, 14 მარტს, დილის 12 საათზე. ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ. სხვა წინადადება არ არის.

ნება მომეცით უყარო კენჭი. ვინ არის მომხრე, რომ სხდომა დაინიშნოს 14-ს? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, დამფუძნებელ კრების სხდომა იქნება 14 მარტს 12 საათზე.

მორიგ სხდომის დღიური წესრიგის დამატება.

ალექსანდრე ლომთათიძე. შემდეგი საკითხი შეეხება დღიურ წესრიგს დამფუძნებელ კრებისა. წანადადება გახლავთ შემდეგი;

პირველ საკითხად გახლავთ პრეზიდიუმის დანარჩენ წევრების არჩევა და მეორე, მთავრობის მოხსენება.

ეს ორი საკითხი მხოლოდ აქვს განზრახული სოციალ-დემოკრატიის ფრაქციას. თუ ისურვებთ რაიმეს დამატებას, ამ ცვლილებას თითონ იმ კრებაზე გადასწყვეტთ, რადგანაც დამფუძნებელ კრებას სურს, რომ ჯერ-ჯერობით დღიურ წესრიგში იყოს ორი საკითხი: პირველი პრეზიდიუმის არჩევა და მეორე მთავრობის მოხსენება. ამით დღევანდელი სხდომა გათავებულია.

არის ერთი წინადადება და თხოვნა. მე მგონი რომ კრებას არაფერი ექნება საწინააღმდეგო. აი აქ არის სინემატო-გრაფიული და ფოტოგრაფიული აპარატი, და გვთხოვენ ეს დიდებული მომენტი აღბეჭდილი იქმნეს.

ბატონებო, დღიური წესრიგი გათავებულია, და უნდა მოგახსენოთ, რომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმათ არის მიღებული.

კრება იხურება 2 ს. და 50 წ. 27

2.2 მეორე სხდომა.

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

ოთხშაბათი 1919 წლის მარტის 14. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

კრება იხსნება ნაშუადღევის 1 საათსა და 20 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. კრება გახსნილი გახლავთ.

თქვენის გადაწყვეტილებით, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ორი საკითხია დღიურ წესრიგში.

პირველი - პრეზიდიუმის წევრთა არჩევა,

მეორე - მთავრობის განცხადება.

გახლავთ აგრეთვე წერილობითი განცხადება სახელმწიფო კანტროლიორისა, შესახებ იმისა, რომ მასაც სურს დღეს მოკლე მოხსენება გაუკეთოს სხდომას.

მოისურვებთ თუ არა, რომ ეს მესამე საკითხი აგრეთვე იქმნეს შეტანილი? წინააღმდეგი არავინ არის.

მაშასადამე მესამე საკითხად იქნება - მოხსენება სახელმწიფო კონტროლიორისა.

არის კიდევ ახალი წინადადება: დღის წესრიგში დასმული იქმნეს სამანდატო კომისიის არჩევა. (არსენიძე: მეოთხე საკითხად!) დიახ! მეოთხე საკითხად. წინააღმდეგი არავინ არის.

მაშასადამე: პირველი საკითხია: - პრეზიდიუმის წევრთა არჩევა.

მეორე - მთავრობის გაცხადება.

სახელმწიფო კონტროლიორის მოკლე მოხსენება - მესამე, და სამანდატო კომისიის არჩევნები - მეოთხე.

დღიური წესრიგი, მაშასადამე, დამტკიცებული გახლავთ.

პირველი საკითხი - პრეზიდიუმის წევრთა არჩევა.

ვის სურს ამ საკითხის შესახებ სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

დამფუძნებელ კრების უფროს მდივნის არჩევა.

რაჟდენ არსენიძე. (ს.დ.) მე მინდა პატარა წინადადება შემოვიტანო. დღეს ავირჩიოთ მხოლოდ უფროსი მდივანი. დანარჩენი პრეზიდიუმის წევრთა არჩევა გადავდოთ შემდეგ სხდომისთვის, იმ მოსაზრებით, რომ შესაძლებელი გახდეს ყველა ფრაქციებთან, ყველა მიმდინარეობასთან მოლაპარაკება და შეთანხმება.

კრების გასაძღოლად პრეზიდიუმის წევრებისაგან, დღეს საკმარისი იქნება თავმჯდომარე და მდივანი.

დანარჩენი წევრები შეიძლება ამოვირჩიოთ შემდეგ კრებაზე.

თავმჯდომარე. მაშასადამე წინადადება არის შემოსული, რომ დღევანდელ სხდომაზე მოხდეს ნაწილობრივი არჩევნები პრეზიდიუმისა. ამ წინადადების შესახებ სურს ვისმეს სიტყვა აიღოს თუ არა? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი არსენიძის მიერ შემოტანილ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინ არის. წინადადება კრების წევრის არსენიძისა მიღებულია.

ეხლა გთხოვთ კანდიდატები დაასახელოთ.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

. არსენიძე. (ს.დ.) უფროს მდივნად ჩვენი ფრაქცია ასახელებს კონსტანტინე ჯაფარიძეს.

თავმჯდომარე. არის თუ არა სხვა კანდიდატები? სხვა კანდიდატები არ არის. მაშასადამე მე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე, რომ უფროს მდივნად იყოს არჩეული დეპუტატი კონსტანტინე ჯაფარიძე. ერთხმად არის არჩეული კონსტანტინე ჯაფარიძე. (ტაში).

მეორე საკითხი - მთავრობის განცხადება.

მთავრობის განცხადება.

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მდაბლად თავს გიკრავთ, გისურვებთ კეთილ მობრძანებას და თან გეთხოვებათ. მთავრობამ მიაღწია ეხლა თავის ძირითად მიზანს: მოიწვია საქართველოს ნამდვილი ბატონ-პატრონი. შეჰყარა დამფუძნებელი კრება და აი ეხლა მას შეუძლია თქვენს წინაშე განიმეოროს მხცოვანი მოხუც სიმეონის სიტყვები.

მაგრამ სანამ დავტოვებდეთ ჩვენს პოსტს, სანამ გადავიქცეოდეთ ერთ თქვენთაგანათ და მანდ, თქვენს შორის ჩავჯდებოდეთ, მანამდის საჭიროთ მიგვაჩნია დამფუძნებელი კრება შევიყვანოთ სახელმწიფოს საქმეთა მდგომარეობაში, გავაცნოთ რა იყო მთავრობა, საიდგან მოდიოდა და საით მიდიოდა ის.

საქართველოს მთავრობა არსებობს დღიდან საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებისა. ხოლო ეს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა, საქართველოს გარეშე მდგომ ძალების ზეგავლენით, მისი საგარეო საქმეთა მსვლელობის პროცესში. ერთის მხრით რუსეთის ჩვენი ქვეყნიდან წასვლით, მეორე მხრით ოსმალეთის მოსვლით - აი ამ ორმა ისტორიულმა მოვლენამ დაბადა ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორც აუცილებელი საშუალება ამ ქარტეხილში თავის გადარჩენის და ისტორიულ წარღვნისაგან თავის დასაღწევად. მთავრობის წინაშე იდგა ერთი მთავარი საგანი, რომლის მიღწევისათვის მას უნდა მოენახა მთელი თავის ძალღონე. მას ცხოვრებამ დაუყენა ერთი ამოცანა, ერთი დილლემა და ეს დილლემა არის, თუ რა გზით შევსძლებთ ამ პატარა ერის, მისი პატარა საშუალებებით აოხრებისაგან გადარჩენას, მისი ფიზიკური არსებობის და კულტურის შერჩენას.

ჩვენ, დიდი რუსეთის ფრთებ ქვეშ შეფარებული, გადაჩვეულნი თავის მოვლას და ბატონობას, მოულოდნელათ დავრჩით ჩვენი თავის ამარა და აი, ამ გარემოებამ უკარნახა მთავრობას მოქმედების გეზი და გეგმა.

საგარეო საქმეთა მსვლელობამ მისცა დასაბამი საქართველოს მთავრობას და შინაარსი მის მოღვაწეობას. და ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ისტორიული დანიშნულება მთავრობამ გაამართლა. მსოფლიო ომი დასრულდა ისე, რომ საქართველო უვნებლად გამოვიდა მსოფლიო ცეცხლის რკალებიდან, ხოლო დიდი რევოლიუცია სრულდება ისე, რომ საქართველომ თავი დაახწია, როგორც ანარქიას, ისე რევოლიუციის მონაპოვართა დაკარგვას.

მაშასადამე ჩვენ გვაქვს დღეს სამ გვარი ნაყოფი:

საგარეო მყუდროება,

საშინაო მყუდროება,

რევოლიუციის ყველა მონაპოვარი.

არც ერთი დამფუძნებელი კრება არ შეკრებილა ასეთ ხელსაყრელ საზოგადოებრივ პირობებში. ყველა იძულებული იყო ეს სამივე ნაყოფი თვით მოეპოებია; თვით ებრძოლა მისთვის და ისე განეხორციელებინა. ჩვენს დამფუძნებელ კრებას ყოველივე ეს მზა-მზარეული დახვდა. მას დარჩენია მხოლოდ ამ ნაყოფის განვითარების შესაფერი იურიდიული და პოლიტიკური კალაპოტის შექმნა და მუდმივი საგარეო მყუდროების დამკვიდრება.

რანაირათ მოხდა ეს, როგორ მივაღწიეთ ამ მიზანს?

მთავრობა იმ აზრს ადგა, რომ საგარეო სიმტკიცეს მოგვცემს მხოლოთ შინაური სიმტკიცე. გარედან მოსულ მტერ-მოყვარეს გაუმაგრდებით იმდენათ, რამდენად ჩვენ შინ შევსძლებთ ერთი დიდი ფრონტის შექმნას და მასზე შეურყეველად დაყრდნობას. ამ ფრონტის შექმნა შეიძლება მხოლოდ რევოლიუციის მონაპოვართა ნიადაგზე ხალხის დარაზმვით დემოკრატიულ დროშის გარეშემო.

დროშა რევოლიუციის და დემოკრატიის გახდა სიმბოლოდ ჩვენი შინაური ერთობის, ჩვენი ნაციონალურ სიმტკიცის და გაჭივრებიდან თავის გადარჩენის. აი, ეს დროშა გახდა მთავრობის დროშათ, მას ვემსახურებოდით ჩვენ. ჩვენ არ წამოგვიყენებია არც ერთი ისეთი ლოზუნგი, არ მიგვიღია არც ერთი ისეთი კანონი, თუ განკარგულება, რომელიც მოგვაშორებდა ერის სასიცოცხლო ელემენტებს და მათ მაგიერ შეგვმატებდა უსიცოცხლო და დრო მოჭმულ წრეებს. ის, რაც ისტორიამ და რევოლიუციამ უარყო - უარვყავით ჩვენც; ის, რაც ისტორიამ და რევოლიუციამ სასიცოცხლოთ დასტოვა, მას ჩავაფრინდით ჩვენც და მათგან შევკარით ერთი მტკიცე რევოლიუციური და სახელწიფოებრივი ძალა. პირველად ჩვენში შეიქნა მთავრობა, რომლის გარშემო შემოკრბა ყველა დემოკრატიული და რევოლიუციონური ორგანიზაციები, მართლა მთავრობა, რომელსაც უპროტესტოთ ემორჩილებოდა მთელი დემოკრატია, მთელი ერი. ასეთი მთავრობა ჯერ არ შექმნილა რუსეთის არც ერთ კუთხეში, არც ერთ ერში - ეს იქ მომავლის საქმეა და ახლა როგორიც უნდა იყოს ეს მთავრობა, ვინც უნდა შედიოდეს შიგ, - ეს ძალა მას ექნება მხოლოდ ერთი პირობით კი - ის არ უნდა გადასცდეს დემოკრატიის, რევოლიუციის ნიადაგს. ამ პირობის გარეშე ვერც ერთი მთავრობა ვერ იარსებებს, მის გარეშე იქმნება ანარქიის და კონტრ-რევოლიუციის შავი უფსკრული, რაიცა თან ჩაიტანს ჩვენს დამოუკიდებლობასაც.

აი ასეთია ის საერთო პოლიტიკური კალაპოტი, რომელშიაც მოძრაობდა, მოქმედებდა და თავისი მიზნისაკენ მიდიოდა მთავრობა და მასთან ერთად მისი წარმომშობი პარლამენტი. ეს ორი ორგანო - ერთი კანონმდებლობითი, მეორე - მართველობითი, ხელი-ხელ ჩაკიდებულნი მოღვაწეობდნენ და ერთხელაც მათ შორის არ ჩამოვარდნილა ეგრეთ წოდებული კაბინეთის კრიზისი.

თავის თავად ცხადია, რომ ამ საერთო პრინციპებს ჩვენ ვატარებდით ცხოვრებაში არა მოქადაგეობითი საშუალებით, არამედ კონკრეტიულ ზომებით, სხვა და სხვა რეფორმებით, ამ ზომებთა შორის მთავარი ადგილი უჭირავს თავდაცვის ზომებს; ე.ი. შეიარაღებულ ძალებს და დიპლომატიას. პირველი განიყოფება ორად: - გვარდია და მუდმივი ჯარი. ახალია გვარდია, ძველია მუდმივი ჯარი და აი, ამ მათი თვისებიდან, წარმოსდგა მათი ღირსება-ნაკლულევანება. გვარდია შეიქნა რევოლიუციონურ ტალღებში საუკეთესო მოწინავე ელემენტებისგან და ეს ინსტიტუტი ჩვენ დავაკანონეთ. ბევრი იყო მისი მოწინააღმდეგე, მარა მისმა საქმეებმა ეხლა თვით ურწმუნონიც კი დაარწმუნა მის აუცილებლობისა და დიად სახელმწიფო სარგებლიანობაში. გაცილებით მეტი ყურადღება იყო მიქცეული მუდმივ ჯარისაკენ, მარა აქ ჩვენმა ცდამ ვერ გამოიღო საჭირო ნაყოფი. ამის მთავარი მიზეზია, რასაკვირველია ოთხი წლის ომი. ყაზარმა ხალხს შესძულდა და ვეჭვობ, რომ არამც თუ ჩვენში, ევროპაშიაც შესაძლებელი გახდეს ეს საკმაო მუდმივი ჯარის ყოლა და მისი დიდხანს დამაგრება. ჩვენ ამ მხრივ გვმართებს რეფორმის მოხდენა, დროსთვის ანგარიშის გაწევა. მარა ერთი კი მაინც ფაქტია: ჩვენი შეიარაღებული ძალის საშუალებით ჩვენ შევირჩინეთ ჩვენი საშინაო და საგარეო მყუდროება, ჯარი და გვარდია გაჭივრების დროს თავის სიმაღლეზე იდგნენ და მტერს მხნეთ ებრძოდენ.

რასაკვირველია, ამას მარტო ხმლით ვერ შევსძლებდით, რომ აქ დიპლომატიაც არ მოგვშველებოდა და თუ პატარა რესპუბლიკების ძალებს ჩვენი ძალითაც გაუსწორდებოდით - დიდ სახელმწიფოებთან დამოკიდებულების დაჭერა მხოლოდ დიპლომატიურ გზით შეგვეძლო და ჩვენც სავსებით ვისარგებლეთ მით. მოკავშირეებთან მეგობრული განწყობილება გვაქვს. დელეგაცია საზავო კონგრესზე გავგზავნეთ და ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, იმაში, რომ ჩვენ ხალხთა ლიგაში შევალთ, როგორც სრულ უფლებიანი წევრი, მეზობელ რესპუბლიკებთან მეგობრული დამოკიდებულობით. სომხეთთან დიპლომატიურ კავშირი აღდგენილია. ყველა ეს მოითხოვს ხარჯებს, ერთობ დიდ ხარჯებს და თუ მივიღებთ სახეში იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ხაზინას დღიდან ბოლშევიკების გადატრიალებისა 1917 წ. ოქტომბრიდან ცალი კაპეიკი არ მიუღია რუსეთიდან, - ადვილათ წარმოიდგენთ ჩვენს ფინანსიურ გაჭირვებას. ხოლო როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ ხაზინა სრულიათ ცარიელი იყო. მიუხედავათ ამისა, დღემდე სული მაინც კი მივიტანეთ ისე, რომ არავითარი საგარეო ვალი არ აგვიღია. მართალია შემოსავლის წყარო ფინანსიური თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ბონების ბეჭვდის მეტი სხვა გზა არ გვქონდა. ამას მოჰყვა ფულის კურსის დაცემა, ე.ი. გამოცემული ბონები ჩვენი დეფიციტია, საშინაო სესხია, მარა საგარეო სესხი ყველა ამ ვნებას მოგვიტანდა და იმავე დროს უცხო ძალის მოვალე გავხდებოდით. ამავე დროს მთავრობა ღებულობდა ყოველ ღონეს მოეწყო გადასახადების ახალი სისტემა, ამკრეფი აპარატი, ახალი დამოჟნები და სხვა და სხვა. ყველა ამ ზომამ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ შვიდ თვეს მოგვცა 69, 044, 000 მან. თუ მას რკინის გზის შემოსავალს 27, 114, 000 მ. მიუმატეთ, გამოვა, რომ ხაზინის შემოსავალი პირველ იანვრამდი ყოფილა სულ 96, 188, 000 მან., ხოლო გასავალი კი იყო 342, 244, 000 მან., დეფიციტია 246, 086, 000 რაიცა დაიფარა ბონების გამოშვებით, იმავე ხნის განმავლობაში ჩვენი საგარეო ვაჭრობა უდრის: შემოვიტანეთ უცხოეთიდან 140, 929, 260 მან. ხოლო გავიტანეთ 87, 494, 105 მან. მაშასადამე ჯამი ჩვენი საგარეო აღებ-მიცემობისა გასული წლის უკანასკნელ ექვს თვეს უდრიდა 228, 343, 336 მ. შემოზიდვა აღემატება გაზიდვას 53, 435, 095 მ. რაიცა აიხსნა იმით, რომ ჩვენ ვსაჭიროებთ უცხო პურს და შაქარს. მთავარი ვაჭრობა გვქონებია უკრაინასთან - უდრის 110 მილ. მან. შემდეგ მოდის რუსეთი - 50 მილ.მან., ოსმალეთი - 32 მილ., ადერბეიჯანი - 6 მილ., სომხეთი - მილიონი, და დანარჩენები 56 მილ.

მრეწველობის ხრით თითქმის არაფელი ახალი არ გაკეთებულა ამ ხნის განმავლობაში, თუ სახეში არ მივიღებთ ტყიბულის ქვანახშირის დამუშავებას რკინის გზების საჭიროებისათვის. აქ, როგორც ხედავთ ვაჭრობა-მრეწველობა და გადასახადთა სისტემა ჯერ კიდევ არ დგას იმ დონეზე, რომ სახელმწიფოს დეფიციტი ამ საშუალებიდან დაგვეფარა. მართალია გვაქვს ერთი დიდი დარგი, რომელზედაც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, მარა ჯერ-ჯერობით კი ეს საქმეც ვერ იძლევა საჭირო შემოსავალს. მე მოგახსენებთ სახელმწიფო ქონებაზე აგრარული რეფორმის წყალობით სახელმწიფოს ხელშია დღეს დაგროვილი ორ მილიონ დესიატინამდე ტყე, ნახევარ მილიონამდე სახნავი მიწები, რვაას ათასამდე საძოვარი, კურორტები თავის სასახლეებით, მადნეულ წყლით, მადნები და სხვა. მაგრამ ყველა ეს, როგორც ახალ შემოღებული საჭიროებს შესაფერ მოწყობას, დაყენებას, შესაფერ სამეურნეო და საექპლოატაციო აპარატების შექმნას, რაიცა დიდ ხარჯებს ითხოვს. უწყების ვარაუდით წელს ეს ქონება მოგვცემს 90 მილ., მან., ხოლო დაიხარჯება 71 მილ. მანეთამდის. აქ რასაკვირველია ჩათვლილი არ არის სახნავი მიწების გადაცემა გლეხებზე კერძო საკუთრებათ, თანახმად პარლამენტის დადგენილებისა, საიდანაც მოველით არა ნაკლებ ორას მილიონ მანეთს, რაიცა, რასაკვირველია ჩვენს ფინანსებს გააუმჯობესებს დროებით. მარა ვერ მოსპობს დეფიციტს. როგორც ხედავთ მთავარი ძარღვი ჩვენი სახელმწიფო მოთხოვნილებისა, გარდა თავდაცვისა გარეშე და შინაურ მტერთაგან, არის ფინანსიურ მდგომარეობაში, რის გამოკეთება საბოლოოთ დაგვაყენებს მტკიცე, შეურყეველ საფუძველზე.

ჩვეულებრივათ სახელმწიფო გასავალი იფარება უმთავრესად გადასახადებით; სახელმწიფოს აშენების პროცესში გადასახადის აკრეფა ძნელდება, ვინაიდან ადმინისტრატიული აპარატები დარღვეულია, ქონებრივი მდგომარეობა არეული და გამოურკვეველია, არა თუ აკრეფა, გასაჭირია იმის თქმა, თუ ვის უნდა დაადვა გადასახადი ვის ხელშია დღეს დაგროვილი გადასახადის საგანი - ქონება. დღეს, ამ სპეკულიაციის ხანაში ძნელია ქონების კადასტრის შედგენა, ვინაიდან დღევანდელი ღარიბი ხვალ უცებ მდიდრდება და დღევანდელი მდიდარი ხვალ უცებ ღარიბდება.

ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობას ამძიმებს რკინის გზა, რომელიც იძლევა დიდ დეფიციტს. ეს აიხსნება თვით ამ გზის მუშაობით. ეს გზები იძულებული იყვნენ თავისივე საშუალებით გადაეყვანა ჯერ რუსეთის ეშელონები, მერე გერმანელი და ოსმალოს ჯარები, შემდეგ კიდევ - ოსმალოები და ბოლოს ინგლისელები. ასე თავს დაატყდა მეტად დიდი ტვირთი და ყოველივე ეს უნდა ეზიდა არსებული ტეხნიკური საშუალებით. ამით, რასაკვირველია, ეს საშუალებანი გაცვდა, გადნა, გამოცვლა არ შეიძლება და მხოლოდ მის შეკეთებით ვცხოვრობთ. გარდა ამისა, სათბობი მასალის თავის დროზე უქონლობა, ვაჭრობა მრეწველობის სისუსტე, საქონლის გადაზიდვა გადმოზიდვის ნაკლებობა, საუკეთესო მუშების და მოსამსახურეთა ხშირათ გვარდიაში ფრონტზე გამგზავრება, მუშაობას ჩამოცილება - აი ყველა ეს ქმნის რკინის გზათა დეფიციტს, მისი შემოსავლის ნაკლებობას.

როგორც ხედავთ, ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა მჭიდროთ შეკავშირებულია მსოფლიო ომის შედეგებთან: ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება - ფინანსებიც, რასაკვირველია, სხვა სახეს მიიღებენ და ჩვენ უდეფიციტოთ შეგვეძლება ვიცხოვროთ, თუ კი, რასაკვირველია, შესაფერი საშინაო პოლიტიკური ურთიერთობა შევქენით.

ამ მხრით მთავრობა და პარლამენტი გამუდმებული მუშაობდა. ერობათა შემოღება, ადმინისტრაციის მოწყობა, მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის შექმნა, სამართლის და სწავლის გაეროვნებით ხალხთან დაახლოვება და სხვ. და სხვ.

მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება მთავრობის მოქმედებას შრომის სფეროში. მიუხედავათ დიდი სიძვირისა და გაჭირვებისა ჩვენ თავიდან ავიცილეთ გაფიცვები. ერთათ-ერთი დიდი გაფიცვა მოხდა ტყიბულის მაღაროებში, მარა აქ ისეთი ახირებული და შეუძლებელი მოთხოვნილებანი იქნა წამოყენებული, რომ ის მთავრობასთან ერთათ დაგმო მთელმა შეკავშირებულმა მუშათა კლასმა და ასე მოვახდინეთ მისი ლიკვიდაცია უმტკივნეულოთ. ეს აიხსნება იმით, რომ მუშათა კლასი სრული ნდობით ეპყრობა მთავრობას და ის დარწმუნებულია შრომის ინტერესი დავიცავთ საწარმოვო ძალთა განვითარების ფარგლებში. ჩვენმა შრომის სამინისტრომ არა ერთი და ორი გამზადებული გაფიცვა თავის ჩარევით ჩააქრო, რაიცა ამტკიცებს იმასაც, რომ პატრონებიც ნდობით ეპყრობიან ამ უწყებას, მაგრამ, მოუხედავათ ყველა ამისა, მუშის ხელფასის საკითხი სდგას მთელი თავისი სიმწვავით. ქირის მომატება არ სჭრის ამ კითხვას, ვინაიდან ცხოვრების გაძვირება კიდევ უფრო მატულობს და ასე მუშა მაინც გაჭირვებაში ვარდება. ამ კითხვის მოწესრიგება შეუძლებელია, სანამდის ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური მდგომარეობა არ გამოკეთდება და სახალხო მეურნეობა ნორმალურ კალაპოტში არ ჩასდგება. ერთი მთავარი ცემენტი ამ გამოკეთებისა არის შრომის ნაყოფის გამრავლება, შრომის განთავისუფლება. რაც მეტი ღირებულება იქნება შექმნილი, მით უფრო მეტი სიმდიდრე გროვდება, მით უფრო მეტ ღირებულებას მოვიზიდავთ გარედან და ასე ავსწევთ ჩვენს ვალიუტას და ფულის კურსს. შრომის ნაყოფიერების დაცემა ერთი მიზეზია დღევანდელი ეკონომიურათ დასუსტების და მაშასადამე შრომის პირობების გაუარესებისაც. საწარმოვო ძალთა განვითარებაში დღეს ერთნაირათ დაინტერესებულია სახელმწიფო, მუშა, გლეხი და მრეწველი.

აი ასეთია საერთოთ ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელი მდგომარეობა; მე არ მოგახსენებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეიდან, ეს თქვენი და თქვენ მიერ შექმნილი მთავრობის საქმეა; მე გაგაცანით მხოლოდ არსებული მდგომარეობა და ვამბობთ, რომ რაც შეგვეძლო - ვიმუშავეთ, რუსეთის სხვა სახელმწიფოებთან და ერებთან შედარებით ჩვენი სახელმწიფოს გემი მშვიდათ მოვიყვანეთ თქვენამდის, თქვენის ნამდვილ ბატონ-პატრონამდის. აი ჩაიბარეთ ეს გემი, მიიღეთ სახელმწიფოს სადავე და გააკეთეთ ის, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, რაც დავაკელით ან, რაც გამოგვრჩა. ჯერ კიდევ შორსა ვართ იმისაგან, რაც უნდა იყოს, ჯერ არ განხორციელებულა ჩვენი პოლიტიკური გეგმა; დამფუძნებელი კრება სწორეთ ამ გეგმის განსახორციელებლათაა მოწოდებული და ის არ დაიშლება მის განხორციელებამდის.

პარლამენტის მთავრობა მიდის და ადგილს უთმობს დამფუძნებელ კრების მთავრობას.

. . ფრაქციის რეზოლიუცია.

თავმჯდომარე. თქვენ მოისმინეთ განცხადება მთავრობისა. როგორ ინებებთ ეხლა, სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ამ განცხადების შესახებ? (არსენიძე: მივიღოთ უკამათოთ!) ვინ არის წინააღმდეგი ასეთ წინადადებისა? (გვაზავა: რომელი წინადადებისა?) კრების წევრი არსენიძე წინადადებას იძლევა, რომ, განცხადება, რომელიც მოვისმინე მთავრობისაგან, - უკამათოთ მივიღოთ. აქ შემოტანილია რეზოლიუცია... (კითხულობს... „შეწყნარებულ იქნეს განცხადება მთავრობისა. გადადგომის შესახებ და დაეკაოს იმავე მთავრობას განაგრძოს რესპუბლიკის საქმეთა მართვა ახალი მთავრობის შედგენამდე“.

არის თუ არა სხვა რაიმე წინადადება? მე კენჭს უყრი. სურს თუ არა კრებას სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება მიიღოს? (კენჭის ყრა). ერთ-ხმად არის მიღებული:

ეხლა მეორე საკითხად გახლავთ ახალი მთავრობის შედგენის საკითხი. ამის შესახებ სურს თუ არა ვინმეს სიტყვა? ერთი განცხადება მაქვს აქ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

ახალი მთავრობის შედგენის საკითხი.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ) დამფუძნებელ კრების წევრნო! ეს უნდა იყოს პირველი აქტი დამფუძნებელ კრების ნამდვილ პრაქტიკულ მუშაობისა. ეს პირველი აქტი იქნება შედგენა ახალი მთავრობისა. საერთოდ, უმთავრესი, ის, რაც ესაჭიროება დღეს ჩვენ სახელმწიფოს, ეს არის მმართველობის აპარატის გაღონიერება, განმტკიცება და გამაგრება. საერთოდ ცნობილია, რომ რევოლუციურ ნგრევა, შენების ხანაში ყველაზე სუსტი მმართველობის აპარატი გახლავთ. კანონმდებლობა რევოლიუციის დროს შეიძლება უფრო მეტის ენერგიითაც მოქმედებდეს, მაგრამ აღმასრულებელი ძალა ყოველთვის სუსტობს. თვით რევოლიუციის რყევა, ქანაობა ამის აუცილებელი საფუძველი და ნიადაგია. ცხადია, ასეთ პირობებში ერთი დადგენილებით ვერ შეჰქმნით ისეთ მტკიცე, მჭიდრო, მაგარ და ძლიერ აპარატს, როგორიც საჭირო არის. მაგრამ ჩვენ პირველ აკტში მაინც უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი მისწრაფება და ლტოლვილება ასეთ აპარატის შექმნისა. ჩვენ მთავრობის სათავეში ისეთი ორგანიზაცია უნდა შევქმნათ, ისეთი პირები უნდა ჩავაყენოთ, რომელთაც შეუძლიათ ამ დიდ საქმეს გაუძღვენ, რომელთაც ენდობა თვით დამფუძნებელი კრება, და რომელნიც სათანადოდ გაუწევენ ანგარიშს დამფუძნებელ კრების ნება სურვილს, მის მომავალ მუშაობას. ეს თითქმის შეიძლება უდაო ჭეშმარიტებად ჩავთვალოდ, მაგრამ მთავარი აქ ის არის, თუ როგორი უნდა იყოს ორგანიზაცია მთავრობისა. მაგრამ ეს დიდი კონსტიტუციონური საკითხი გახლავთ, და დღეს ჩვენ ამ კითხვის გადაჭრას არ შევუდგებით. მე მგონია უდიდესი საგანია ჩვენ დამფუძნებელ კრებისა, და ეს ალბად დიდ დროს, ბევრ დავას და ბევრ კამათს გამოიწვევს; ამას დიდ დროს მოვანდომებთ, უამისოდ არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ დღეს დღეობით დაუყონებლივ მაინც გვინდა მთავრობა. მართალია ჩვენ ჯერ არ გვაქვს კონსტიტუცია მაგრამ შეგვიძლია გვქონდეს ერთგვარი კონსტიტუციონური პრაქტიკა. წარსულს თუ გადავხედავთ ჩვენ დავინახავთ, რომ გვაქვს ერთგვარი პრეცენდენტი. ეს პრეცენდენტი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა სდგება პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოწვევით, ეს ერთი მხრივ. მეორე პრაქტიკა არის შემდეგი: საკანონმდებლო დაწესებულება ირჩევდა ერთ პირს და ეს პირი ადგენდა მთავრობას. დამფუძნებელ კრების პრაქტიკაში, საერთო ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც დამფუძნებელი კრება ან თვითონ ირჩევდა მთელ შემადგენლობას მთავრობისას, ან ანდობდა ერთს პირს მთავრობის შედგენას. სხვა იყო იქ, სადაც მეფობა არ გაუქმებულა მისი საშუალებით ადგენდნენ აღმასრულებელ ორგანოს. ჩვენ შეგვიძლიან რასაკვირველია, მხედველობაში მივიღოთ ისტორიული მაგალითები, მაგრამ ადგილობრივ პრაქტიკასაც უნდა გაუწიოთ ანგარიში. ეს პრაქტიკა კი გვეუბნება ერთს რამეს. ჩვენი დამფუძნებელ კრების წინამორბედი გახლდათ ეროვნული საბჭო, შემდეგ პარლამენტი, და მის პრაქტიკა ამ შემთხვევაში, ერთგვარი ცდა იყო მთავრობის შედგენისა და მისი მუშაობისა. არ პრაქტიკამ ჯერ-ჯერობით უარყოფითი შედეგები არ მოიტანა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით დღევანდელ განცხადებიდან, რომ მთავრობის და საკანონმდებლო დაწესებულების შორის კონფლიქტი არ მომხდარა, ე.ი. არ მომხდარა სამინისტროს კრიზისი. ეს ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმის, რომ შეთანხმებული მუშაობა კანონმდებელ დაწესებულებისა და მთავრობისა, არსებობდა იმ ორგანიზაციის საშუალებით, რომელიც ჩვენ გვქონდა პარლამენტის დროს; ამ პრაქტიკის მიხედვით, უნდა დავადგეთ შემდეგ გზას: დამფუძნებელი კრება აირჩევს ერთს და მას მიენდობა შედგენა კაბინეტისა, რომელიც წარმოსდგება ჩვენს წინაშე თავის დეკლარაციის და თავის შემადგენლობის დასამტკიცებლად. ასეთ პრაქტიკას ჰქონდა თავის საბუთი, აქვს ეხლაც: ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ გვყვავს აღმასრულებელი აპარატი, რომელსაც აირჩევთ, შეუძლია იყოს შეთანხმებული ერთი მეორესთან, ესე ვსთქვათ შეზავებული, რომ მათი მუშაობა იყოს მთლიანი, და არ იყოს დაფანტული, დაბნეული. ყველანი რომ ჩვენ ავირჩიოთ, შეიძლება ეს უფრო სავსებით გამოხატავდეს დამფუძნებელ კრების ნებისყოფას, მაგრამ ეს აპარატი ვერ იქნება ყველაზე სწრაფი და სწორი გამტარებელი დამფუძნებელ კრების სურვილისა. აღსრულებისთვის საჭიროა მთლიანობა ნებისა და სურვილისა, ეს კი გვექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაბინეტი შესდგება ერთი არჩეულ პირისაგან და დანარჩენი კი მოწვეულნი იქნებიან. მაშინ ისინი შეადგენენ უეჭველად ერთგვარ თანამოაზრეებს მათ შორის იქნება ერთგვარი წინასწარი შეთანხმება პიროვნებისას, იდეების, პრაქტიკის; ერთი სიტყვით, ასეთი კოლეგია მოგვცემს ისეთ აღმასრულებელ აპარატს, რომელსაც მართლა შეუძლია მოქნილიც იყოს და სწრაფი მუშაობა შეიძლოს, და ამნაირად შედგენილი აპარატი უმჯობესად გაუძღვება იმ მუშაობას, რომელზედაც მე მიგითითებთ.

ამ რიგად პირველი დებულება, რომელიც მე მინდა წამოვაყენო თქვენ წინაშე, ეს იქნება ის, რომ დამფუძნებელმა კრებამ აარჩიოს ერთი პირი, რომელიც უეჭველია, იქნება მთავრობის თავმჯდომარე, და შეადგენს მთელ კაბინეტს.

მე მინდა ამასთანავე მეორე გარემოებასაც გავუსვა ხაზი.

ჩვენ რესპუბლიკაში დღემდის არ ყოფილა მთელი რესპუბლიკის სხვა წარმომადგენელი, გარდა მთავრობის თავმჯდომარისა. ჩვენ არ გვყოლია არც პრეზიდენტი, არც დაგვიყენებია წინეთ ეს საკითხი, და მე არ ვამბობ, რომ დღესაც უეჭველია, არ შეიძლება საბოლოოდ გადიჭრას ეს საკითხი. ეს დიდი კონსტიტუციონური საკითხი გახლავთ, მაგრამ თუ დამფუძნებელი კრება არის წარმომადგენელი მთელი ერისა, მას უნდა ჰყავდეს ასეთივე წარმომადგენელი მთელი რესპუბლიკისა; მისგან არჩეული პირი, ცხადია, უნდა იყოს პიროვნული გამომხატველი იმ სუვერენული უფლებებისა, რომელიც ეკუთვნის დამფუძნებელ კრებას, და ვისაც ვანდობთ უეჭველად ამ უფლებას. ის იქნება, თუ გინდა, პრეზიდენტი, თავმჯდომარე რესპუბლიკისა. მისი უფლების საკითხი სადაოა, მაგრამ ერთი რამ უდავო უნდა იყოს ყველასთვის, რომ ეს იქნება წარმომადგენელი რესპუბლიკისა, და იქნება უმაღლესი წარმომადგენელი, და მაშასადამე ის იქნება განსახიერებული წარმომადგენლობა ამ რესპუბლიკისა თავის პიროვნობაში. ეს ერთგვარი ფუნქციაა პრეზიდენტისა, მაგრამ ესაა პრეზიდენტი, რომელიც არის იმავე დროს კაბინეტის წევრი, წევრი მთავრობის, და მაშასადამე ისეთივე პასუხისმგებელი დამფუძნებელ კრების წინაშე, როგორც ყველა სხვა წევრი კაბინეტისა. აი თუ ჩვენ მივიღებთ ამ ორ ძირითად მთავარ დებულებას, მაშინ ჩვენი პრაქტიკა გამოიხატება შემდეგში: ჩვენ დღეს შეგვიძლიან დავასახელოდ, ავირჩიოთ ერთი პირი და მივანდოთ მას შედგენა სოლიდარულ და პასუხის მგებელი კაბინეტისა, რომელიც წარმოსდგება ჩვენს წინაშე თავის დეკლარაციით,

ასეთი გახლავთ ჩვენი წინადადება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნუცუბიძეს.

შალვა ნუცუბიძე (ს. ფ.) სოციალ-ფედერალისტების ფრაქციის სახელით უნდა განვაცხადო, რომ მთავრობის შემადგენლობის საკითხში, რადგანაც ასე ისმევა საკითხი, ფრაქცია კენჭის ყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ?

მსურველი არავინ არის. აქ არის წერილობითი წინადადება შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. სხვა წინადადება შემოტანილი არ არის. წინადადება შემდეგი გახლავს... „რესპუბლიკის მთავრობის შესადგენათ დამფუძნებელი კრება ირჩევს ერთ პირს, რომელიც იქნება მთავრობის თავმჯდომარე;

მთავრობის თავმჯდომარე ამავე დროს არის უმაღლესი წარმომადგენელი რესპუბლიკისა“

როგორ მოისურვებთ, - ერთად უყარო კენჭი, თუ განაწილდეს?

. გვაზავა. წინადადების შესახებ შეიძლება?

თავმჯდომარე. მობრძანდით.

გიორგი გვაზავა. (ნ. დ.) ამ წინადადებაში მეორე ნაწილი, მე მგონი დღეს არ უნდა იყოს დასმული.

მეორე ნაწილში ლაპარაკია განსაკუთრებით ისეთ საკითხზედ, რომელსაც შეუძლიან დიდი დავა გამოიწვიოს, რადგანაც ეს არის საკითხი კონსტიტუციონური, საკონსტიტუციო საკითხი, საკითხი სახელმწიფოს წარმომადგენლობის.

ამ საკითხს ეხლა ვერ დავსვამთ. ჩვენ ვეთანხმებით სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის პირველ წინადადებას იმ მხრივ, რომ არჩეული უნდა იყოს თავმჯდომარე მთავრობისა, ამით გადავწყვიტოთ ეს საკითხი დღეს, და ნუ დავსვამთ მეორე საკითხს, რომელიც არის უფრო ღრმა, უფრო რთული, უფრო სადავო და განსაკუთრებით საკონსტიტუციო. ამიტომ წინადადება შემომაქვს, ეს მეორე ნაწილი წინადადებისა მოხსნილი იყოს და მივიღოთ მხოლოდ პირველი ნაწილი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკვუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს. რ.) სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადების პირველი ნაწილის დღესვე განხილვისა. ჩვენ შესაძლებლათ მიგვაჩნია, რომ დღესვე იქნეს დასახელებული ის პირი, რომელიც კაბინეტს შეადგენს, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ ვიქნებით, რომ ის პირი, რომელსაც უნდა მიენდოს მთავრობის შედგენა, დღესვე აღიარებულ იქნეს რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლათ, ესე იგი პრეზიდენტათ. რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობის საკითხი - მეტათ სერიოზული საკითხია, იგი ერთი ძირითად საკონსტიტუციო საკითხთაგანია და ამიტომ მოითხოვს სერიოზულ განხილვას. ეს კი შესაძლებელია საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც საკითხი ყოველმხრივ უნდა იქნეს გარკვეული და მხოლოდ შემდეგ შეიძლება დასმულ იქნეს დამფუძნებელ კრების სხდომაზე. რესპუბლიკაში პრეზიდენტის თანამდებობის დაარსების საკითხი - მეტად-სადავო საკითხია, ის აუცილებლათ გამოიწვევს დიდ კამათს, რაც დღეს შეუძლებელია, რადგანაც ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს საკონსტიტუციო კომისიას, ამიტომ ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ მეორე ნაწილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადებისა სრულიად მოიხსნას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრ. საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე (ს. დ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ბატონ გვაზავამ განაცხადა, რომ კითხვა რესპუბლიკის წარმომადგენლობისა არის უაღრესი კონსტიტუციონური კითხვაო. მე ვამბობ; ეს მართალია, მაგრამ თითონ კითხვა პრემიერის დანიშვნისა, თითონ მთავრობის ორგანიზაციის, მისი სტრუქტურის კითხვა, - იგივე კონსტიტუციონური საკითხი არ არის? მაშასადამე თავის თავად ეს არგუმენტი არავითარ შემთხვევაში არ არის საბუთი, რომ მოვხსნათ მეორე ნაწილი. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვესმის შენიშვნა დამფუძნებელ კრების წევრისა ბ. გობეჩიასი თითქოს ეს წარმომადგენლობა, რაღაც სხვა რამ იყოს. განა პრემიერი იმ სახელმწიფოში, სადაც პრეზიდენტი, განსაკუთრებული პირი არ არის წარმომადგენლად, არ წარმოადგენს ამ სახელმწიფოს? განა ამდენ-ხანს ჩვენი პირველი პრემიერი, პირადად ბატონი ნოე ჟორდანია წარმომადგენელი არ იყო მთელი ჩვენი რესპუბლიკისა? განა იგი არ იყო აღჭურვილი იმ უფლებებით, რომლითაც მას შეეძლო რესპუბლიკის მთავრობის სახელით ელაპარაკნა ყველა სახელმწიფო წარმომადგენლებთან, შინაურ და საგარეო ცხოვრებაში, საგარეო საერთაშორისო ურთიერთობაში? მაშასადამე ეს კითხვა თავის თავად აშკარაა, რომ წარმომადგენელი ამ ჩვენ რესპუბლიკაში პრემიერი, პრემიერ-მინისტრი, ამავე დროს არის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობაში და შინაურ წყობილებაში, მთელი რესპუბლიკის. ეს თავის თავად ცხადია. ჩვენ ბატონებო, ვიტყოდით, რა თქმა უნდა სიტყვას, „პრეზიდენტი“, შეგვეძლო, თავის თავად ცხადია, გვეთქვა ის, რაც აქ იყო ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე არის ამავე დროს წარმომადგენელი, უმაღლესი წარმომადგენელი მთელი ჩვენი რესპუბლიკისა. ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა „პრეზიდენტი“ პირდაპირ მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამას მართლა შეეძლო დიდი დავა გამოეწვია თითონ პრეზიდენტის უფლებაზე. არის სხვა და სხვა პრეზიდენტი მისი სხვა და სხვა უფლებები, აი ამიტომ ჩვენ, ამ ჟამად ამას ვტოვებთ. კონსტიტუციონური კომისია იქნება არჩეული უეჭვლად და ის ცხადია იმას უაღრეს ყურადღებას მიაქცევს. დღეს რაკი ეს სადავოა და ამავედ დროს საჭიროა რომ ჩვენს პრეზიდენტს, მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდეს აშკარათ გამოთქმული უფლებები, აშკარად უნდა ვთქვათ, რომ მას აქვს უფლება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობისა ეს დიდათ საჭიროა, როგორც შინაურ ცხოვრების, საერთოშორისო ურთიერთობის განმტკიცებისათვის. საჭიროა რომ ის პირი, რომელიც არის მთავრობის თავმჯდომარე, პრემიერი იყოს ჩვენი რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ჩვენს რესპუბლიკაში არავითარი სხვა უმაღლესი ძალა არ იქნება გარდა დამფუძნებელ კრების, და მთავრობისა უნდა იყოს აღნიშნული, რომ ის არის იმავე დროს უმაღლესი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკისა. აქ სადაო არაფერია, ფაქტიურად ეს ასე იყო პოლიტიკურ პრაქტიკაში და ასეც იქნება. მაგრამ აუცილებლად საჭიროა, რომ იყოს მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ - როგორც გამოხატულობა ჩვენი სურვილისა, რომ ჩვენ გვყვავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ადგენს მთავრობას, და ის, იმავე დროს, არის წარმომადგენელი, არა უბრალო წარმომადგენელი, არამედ უმაღლესი წარმომადგენელი ჩვენი რეპუბლიკისა. ეს არის აუცილებელი და ჩვენი ფრაქცია ამას აღიარებს აუცილებლად, რომ მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ. კონსტიტუციონური საკითხი, როგორც ეს, ისე სხვა საკითხები, როგორც კონსიტუციონური ძირითადი უფლებელის საკითხი, შემუშავებული იქნება შემდეგში. ეხლა კი ჩვენ აი ამ ფორმულას მხარს უჭერთ და წინადადებას ვაძლევთ მთელ კრებას, რომ მიღებული იქმნას ერთხმათ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (სოც. ფედ.) დამფუძნებელ კრების წევრნო! სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის სახელით მეც მოვითხოვ, რომ მეორე ნაწილი იმ წინადადებისა, რომელიც შემოტანილი იყო სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ, ნუ იქნება განხილული. მართალია დამფუძნებელ კრების წევრი საყვარელიძე ამტკიცებს, რომ აქ ახალი არაფერია, რომ უწინაც, როდესაც ვადგენდით მთავრობას, თავმჯდომარე უაღრესი და უზენაესი წარმომადგენელი იყოო. მაგრამ უწინ, როდესაც მთავრობას ვადგენდით, ამისთანა სპეციალური დადგენილება არ დაგვჭირებია. დღეს, ამას თქვენ ხაზს უსვამთ იმიტომ, რომ ამით გინდათ შეჰქმნათ ფაქტიურად პრეცედენტი და როდესაც დადგება კონსტიტუციის საკითხი, თქვენ მზა-მზარეული ფაქტი გექნებათ ცხოვრებაში გატარებული. ამავე დროს თქვენ წინასწარ სწყვეტავთ კითხვას, საჭიროა თუ არა დემოკრატიულ რესპუბლიკისთვის პრეზიდენტი და თუ საჭიროა რა უფლება უნდა ჰქონდეს. თქვენი მოსაზრება, რომ ამ უფლებებზე მერე ვილაპარაკებთო, მართალი არ არის, იმიტომ რომ შეიძლება გამოჩნდეს, მიმართულება, რომელიც თვით ფაქტს პრეზიდენტის არსებობისას უარყოფს. ამიტომ შემომაქვს წინადადება, რომ ეს მეორე საკითხი გამოვაცალკეოთ, რადგანაც კითხვა რესპუბლიკის უზენაეს წარმომადგენელისა, ძალიან სერიოზული და მართლა ძირითადი კონსტიტუციონური საკითხია, და ასე ადვილად ფაქტიურად პრეცედენტის შექმნით ნუ გადავწყვეტთ ამ საკითხს.

თავმჯდომარე. ბ. არსენიძე.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ.) დამფუძნებელ კრების წევრნო. მე მიტომ, გამოვედი ხელმეორედ ტრიბუნაზე, რომ ძალიან გამიკვირდა კამათი, რომელიც აღიძრა ამ ჩემის აზრით, უდაო, საკითხის გარშემო. მართალია, სახელმწიფოს წარმომადგენელი არის დამფუძნებელი კრება, როგორც ერთი კოლექტიური მთელი, მაგრამ თუ გგონიათ თქვენ, რომ იმას შეუძლიან, როგორც მთელს, გახდეს აღმასრულებელი ძალა წარმომადგენელი მთელი რესპუბლიკისა, უნდა მოგახსენოთ, ეს იქნებოდა მეტად უხერხული წარმომადგენლობა. ორში ერთი, ან სახელმწიფოს უნდა ყავდეს თავისი წარმომადგენელი, ისეთი პირი, ვისთანაც შეიძლება კაცი მივიდეს, ვის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად ის არის რესპუბლიკის წარმომადგენელი; ჩვენ შეგვიძლია მივანდოთ ეს წარმომადგენლობა ან მთავრობას მთლიანად, ან ერთ პირს. სხვა გზა არ არის. ან უნდა ავირჩიოთ განსაკუთრებული პრეზიდენტი, ან უნდა მივანდოთ პრეზიდენტობა მთელს კოლეგიას; სხვა სახე, სხვა ფორმა წარმომადგენლობისა ისტორიას ჯერ არ გამოუმუშავებია. ყოველ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ შემუშავებას, ამას სწრაფად და მალე ვერ მოვასწრებთ. ეს ერთი. მეორე, მოგახსენეთ უკვე, რომ დღეს კონსტიტუციას არ ვწერთ. ჩვენ გვინდა პრაქტიკა მივიღოთ და ის პრაქტიკა, რომელიც დღემდის იყო, და რომელმაც დღემდის თავის თავად უვარგისობა არ გამოიჩინა, უნდა სავარგისად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ასეთ სისტემის დროს არც ერთი სამინისტროს კრიზისი არ ყოფილა. ეს გახლავთ ერთი დებულება. მეორე მთავარი დებულება გახლავთ ის, რომელზედაც წინა სიტყვაშიც მოგახსენეთ. აქ უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად თავმჯდომარე მთავრობისა იყო წარმომადგენელი რესპუბლიკისა, მაშასადამე ეს უფლება ფაქტიურად თვით ცხოვრებით, ჰქონდა მას მინიჭებული, პარლამენტისგან კი არ იყო დადასტურებული. მე არ მინდა, რომ დღეს ვისმეს ჰქონდეს უფლება, რომელიც არ არის დადასტურებული დამფუძნებელი კრების მიერ. ჩვენ გვგონია, რომ უზენაესი უფლებების მატარებელი არის დამფუძნებელი კრება, ყოველ მთავრობის წევრს აქვს მხოლოდ ის უფლება, რომელიც დამფუძნებელ კრების მიერ მიენიჭება, და არა აქვს არავითარი უფლება, რომელსაც დამფუძნებელი კრება მას არ მიანჭებს, მე მგონია ისიც, რომ სუვერენობა ხალხისა გამოიხატა დამფუძნებელ კრების არჩევნებში, და ყოველი უფლება, ყოველი აღმასრულებელი, საკანონმდებლო სამოსამართლეო და სხვა, ეკუთვნის დღეს დამფუძნებელ კრებას, და მისგან უნდა გამომდინარეობდეს; ყოველ აღმასრულებელ ძალას შეუძლია მიიღოს უფლება მხოლოდ დამფუძნებელ კრებისაგან. თუ ის ითვისებს უფლებას ამის გარეშე, ის იქნება საკანონმდებლო უფლების უზურპაცია და არ იქნება გამოხატვა ხალხის ნებისა, ეს იქნება, თუ გნებავთ, ბრძოლა შეჯახ-შემოჯეხება.

და მაშინ მივიღებთ, რომ დამფუძნებელ კრების გარეშე ფაქტიურად მყარდება ისეთი უფლება, რომელიც არ იცის დამფუძნებელმა კრებამ მე არ მინდა, რომ შეიქნას ასეთი მდგომარეობა, თუნდაც ერთი საათიც და ამიტომ სუვერენობის გამომხატველს, მთავრობის თავმჯდომარეს, ჩვენ უეჭველად უნდა მივცეთ ის მინიმუმი უფლებისა, რომელიც ფაქტიურად ექნება მას, და თუ ჩვენ არ მივცემთ იმ უფლებას, რომელიც ფაქტიურად ექნება მას, ეს სასარგებლო და გამოსადეგი არ იქნება ჩვენ მუშაობის ნაყოფიერებისათვის. თქვენ გინდათ, რომ ჩვენ პრეზიდენტის უფლებაზე ვიდაოთ - ძალიან კარგი; ვიდავოთ მხოლოდ ამაზედ შემდეგ, როდესაც კონსიტუციონურ მუშაობას შევუდგებით, მაგრამ წარმომადგენლობას ხომ ვერ გაექცევით, უნდა ჰყავდეს ხომ რესპუბლიკას თავის წარმომადგენლობა და ამიტომ ახლა ჩვენ ვამბობთ, წარმომადგენლობა მიეცეს იმ მთავრობის თავმჯდომარეს, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. დანარჩენი კაბინეტი არ იქნება არჩეული, ის, ვისაც ჩვენ ეხლა ავირჩევთ, მას ექნება ეს უფლება. როდესაც ვეტყვით, რომ ეს უფლება აღარ გაქვთ-თქო, ცხადია, მას ეს უფლება აღარ ექნება. ეს არის დამფუძნებელ კრების ხელში, ეს გამომდინარეობს მისგან. მე მინდა ეს გატარდეს დღეს, და არ გადაიდოს სხვა დროსთვის. დავა აქ სრულიად ზედმეტია. ვისაც პრეზიდენტი უნდა, ან ვისაც პრეზიდენტი არ უნდა, წარმომადგენლობა ორივეს დასჭირდება. ვისაც უნდა რომ მთავრობა იყოს, წარმომადგენლობის მატარებელი, ეს სულ სხვა კითხვაა.

და მე ვამბობ, ეს წარმომადგენლობა ისეთი აუცილებელი საგანია, რომელსაც ჩვენ გვერდს ვერ აუხვევთ ერთი საათითაც კი. ამიტომ ეს უფლება უნდა იქმნეს დღესვე დამტკიცებული, დღესვე მიღებული.

თავმჯდომარე. სურს კიდევ ვისმეს სიტყვა აიღოს, თუ არა? მსურველი არავინ არის. მაშასადამე, გამოირკვა შემდეგი. ერთი საკითხი, მე მგონია, უდავო არის - ის, რომ წინადადებას ნაწილ-ნაწილად უყარო კენჭი. ეს დავას არ იწვევს. ამიტომ ნება მიბოძეთ კენჭი უყარო პირველ ნაწილს, ერთხელ კიდევ მოგაგონებთ. (კითხულობს)... „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შესადგენად დამფუძნებელი კრება ირჩევს ერთ პირს, რომელიც იქნება მთავრობის თავმჯდომარე.“

ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? ერთხმად არის მიღებული. მეორე ნაწილის შესახებ ორი წინადადება არის. ერთი - რომ საკითხი დღესვე გადიჭრას. მეორე - დღეს ნუ გადიჭრება ეს საკითხი. კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე, რომ დღეს გადავჭრათ ეს საკითხი? ვინ არის წინააღმდეგი? უმრავლესობა მომხრეა. მაშასადამე, ეს საკითხი დღეს გადიჭრება, ფორმულა ასეთი არის. (კითხულობს). „მთავრობის თავმჯდომარე არის იმავე დროს უმაღლესი წარმომადგენელი რესპუბლიკისა“. სხვა რაიმე წინადადება არის, თუ არა?

გვაზავა. შესწორება შეიძლება?

თავმჯდომარე. შესწორება? მაშ მობრძანდით.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) მე წინადადება შემომაქვს ამ ფორმულაში სიტყვა უმაღლესი მაინც ამოიშალოს. დარჩეს (სიცილი) წარმომადგენელი რესპუბლიკისა. უკაცრავად, აქ სასაცილო არაფერი არ არის. (თავმჯდომარის ზარი) აქ დამფუძნებელი კრებაა და ვლაპარაკობ იმას, რაც საჭიროა. და რაც ჩემ ვალდებულობას წარმოადგენს. უმაღლესი საჭირო არ არის, ვინაიდგან უმაღლესი წარმომადგენელი და უმაღლესი ძალა ეხლა მაინც, ამ მომენტში არის დამფუძნებელი კრება. ჩვენ გვინდა ერთი კაცი. ეს ტეხნიკურ საჭიროებას შეადგენს. რადგანაც ჩვენ ვართ 130-კაცი, და ჩვენ არ შეგვიძლიან წარმომადგენლობა გავწიოთ, ამიტომ ჩვენ გვინდა ერთი წარმომადგენელი, ეს შეიძლება. ამიტომ სიტყვა უმაღლესი წარმომადგენელი ჩვენთვის მისაღები არ არის. მე შემომაქვს შესწორება, რომ უმაღლესი ამოიშალოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრ პავლე საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე (ს. დ.) ბატონებო! ბატონი გვაზავა წინადადებას იძლევა, რომ ამოიშალოს სიტყვა უმაღლესი და დავტოვოთ მარტო წარმომადგენელი. ეს უხერხულობას გამოიწვევს, ვინაიდგან სახელმწიფოს, რესპუბლიკას, მრავალი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ამით ერთი სახელმწიფოს მეთაური, რესპუბლიკის თავი, „გლავა გასუდარსტვა“-ს რომ უძახიან. არ არის არც ერთი რესპუბლიკა, არც ერთი მონარქია, არც კონსტიტუციონური არც პარლამენტარული, რომელსაც არ ჰყავდეს მეთაური, „გლავა გოსუდარსტვა“, რუსულად რომ ვსთქვათ. აი ასეთი უმაღლესი წარმომადგენელი აუცილებლათ საჭირო არის ჩვენთვის. თქვენ ამბობთ, რომ უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოსი დამფუძნებელი კრება არისო. ეს მართალი გახლავთ, მაგრამ დამფუძნებელ კრებიდან გამოდის ის ძალა, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ჩვენს წარმომადგენლობას, ჩვენ უმაღლეს წარმომადგენლობას, რომელიც აპიროვნებს, როგორც აღმასრულებელი ძალის მეთაური, უმაღლეს წარმომადგენლობას, აპიროვნებს ჩვენ სუვერენობას და ამვე დროს პასუხის მგებელია დამფ. კრებ. წინაშე. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის, და მე მაკვირვებს რომ ამისთანა მართლა აშკარა უდავო საკითხი, რომ უმაღლესი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს, და უნდა ჰყავდეს, სწორეთ აღმასრულებელი ძალის სახით, იწვევს კამათს. ვინაიდან არსად არ არის ისეთი პრაქტიკა, ისეთი წესწყობილება, სადაც უმაღლესი წარმომადგენელი, (глава государства) იყოს დამფუძნებელი კრება, პარლამენტი ან და მთელი მთავრობა, როგორც ბრძანებს ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი, ეს შეუძლებელია, ეს არსად არ გახლავს.

აი აიღეთ უაღრესი დემოკრატიული შვეიცარია ან ამერიკის შეერთებულ შტატები და ამერიკის სხვა რესპუბლიკები, რომელთაც ბოლოს და ბოლოს ვგევართ (ხმა: უმაღლესი) დიახ უმაღლესი, ამიტომ ვლაპარაკობ უმაღლესი წარმომადგენელი უნდა იყოს ის პირი, რომელსაც დამფუძნებელი კრება მიანდობს პრემიერობას და იმავე დროს წარმომადგენლობას ჩვენ სუვერენულ უფლებისა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობაში, ისე შინაურ წყობილებაში. ჩვენ მხარს უჭერთ, უსათუოდ უნდა დარჩეს უმაღლესი, უამისოდ აზრი იკარგება. ეს უმაღლესი აუცილებლად საჭიროა.

თავმჯდომარე. ვის სურს კიდევ სიტყვა? ვინ არის იმ შესწორების მომხრე რომელიც შემოიტანა კრების წევრმა გვაზავამ, რომ სიტყვა უმაღლესი ამოიშალოს. ვინ არის ამ შესწორების მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? დიდი უმეტესობა წინააღმდეგი არის. სხვა რაიმე შესწორება არ არის. ვინ არის მომხრე ამ რეზოლიუციის მეორე ნაწილისა? მიღებულია. ეხლა კენჭს უყრი მთელ რეზოლიუციას. ვინ არი მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ეს რეზოლიუცია მიღებულია. აქ რეზოლიუციაა ერთ პირზე. როდის განიხილავთ ამ საკითხს? როდის გინდათ აირჩიოთ მთავრობის თავმჯდომარე? სიტყვა ეკუთვნის პარლამენტის წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.დ.) მე მგონი ასეთი საკითხის გადადება საჭირო არ არის, რადგანაც ერთი მთავრობა გადადგა და ეს ჩვენ მივიღეთ. მეორე მთავრობის ჩასახვა ეხლა უნდა მოხდეს. დღესვე აუცილებლად უნდა ჩაისახოს ეს მთავარი ძალა, რომელიც წარმოსდგება და შეადგენს მთავრობას. თუ ეს მიღებული იქნება მაშინ დავასახელებთ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ დაასახელოთ.

. არსენიძე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ მთავრობის თავმჯდომარეთ დასახელებულია ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია. (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე. სხვა წინადადება და კანდიდატურა ხომ არ არის? მაშასადამე წინადადება არის, რომ ახალი მთავრობის შედგენა მიენდოს დამფუძნებელ კრების წევრს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას. ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? ვინ არის წინააღმდეგი. ვინ შეიკავა თავი. ეს წინადადება ერთ ხმად არის მიღებული. (მხურვალე ტაში. ნ. ჟორდანიას ფეხზე ადგომით მიესალმებიან).

შალვა ნუცუბიძე. (სოც. ფედ.) თავმჯდომარემ ვერ შეგვამჩნია უეჭველად, ამიტომ განაცხადა, რომ ერთ ხმად იქმნა არჩეული მთავრობის თავმჯდომარეო, ვინაიდან ჩვენმა ფრაქციამ თავიდანვე განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას კენჭის ყრაში, თავის თავად ცხადია, მას ხმა არც წინააღმდეგ და არც მომხრეთ არ მიუცია.

ივანე გობეჩია. (ს. რ.) ძველი მთავრობა უკვე გადადგა, ამიტომ ახალი უნდა იქნეს არჩეული. თუ ამ ახალი მთავრობის შედგენა ევალება ერთ პირს, ჩვენ პრინციპიალურათ არა ვართ წინააღმდეგი მთავრობის შედგენის ასეთი სისტემის, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ მთავრობის შემადგენელი პირი აღიარებულ იქნას რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლათ, რადგანაც ასეთი დადგენილება, ჩვენის აზრით, წინასწარ სწყვეტს მეტათ სადაო საკითხს - ეყოლება საქართველოს პრეზიდენტი თუ არა.

ჩვენი დღევანდელი დადგენილება, რომ ჩვენი პირველი მინისტრი იმავე დროს არის რესპუბლიკის წარმომადგენელი, ქმნის ისეთ პრეცედენტს, რომ მომავალში დამფუძნებელ კრებას ადვილათ შეუძლია - და ამისთვის საბუთიც ექმნება - ამ უმაღლეს წარმომადგენელს უწოდოს პრეზიდენტი ან თუ გნებავთ კოროლი. ჩვენ კი წინააღმდეგი ვართ კოროლის არჩევის, თუ გინდა კოროლად თვით ნოე ჟორდანია იყოს დასახელებული.

ამიტომ სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციამ თავი შეიკავა წინადადების პირველი ნაწილის კენჭის ყრის დროს, ხოლო ის წინააღმდეგ აძლევს ხმას, როდესაც კენჭს უყრიან წინადადების მეორე ნაწილს.

თავმჯდომარე. ნება მიბოძეთ გადავიდე შემდეგ საკითხზე. შემდეგი გახლავთ სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენება.

სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს კონტროლიორს.

სახელმწიფოს კონტროლიორის მოხსენება.

სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი. ბ-ნნო, საქართველოს დამფუძნებელ კრების წევრნო! ნება მიბოძეთ მოვახსენო საქართველოს უზენაეს კრებას მოკლე ანგარიში იმისა, თუ როგორ მოეწყო, რა გააკეთა და რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ჩვენი „სახელმწიფოს მართველობის ცალკე ნაწილს შეადგენს“ და რომლის მეთაურობა და პასუხის-მგებლობა საქართველოს პარლამენტის მიერ მე მქონდა დაკისრებული.

როდესაც მე სახელმწიფო კონტროლის თანამდებობის ასრულებას შეუდექი (წარსული წლის ივლისის 1-ს), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ შემდეგი საკონტროლო დაწესებულებანი: ტფილისის საკონტროლო პალატა, ამიერ კავკასიის რკინის გზათა კონტროლი, ქართული კორპუსის საველე კონტროლი, და ყოფილ ამიერ-კავკასიის კომისარიატის სახელმწიფო კონტროლიორის კანცელარია. ყველა ამ დაწესებულებებში 360-მდე მოხელე ირიცხებოდა.

რადგან ასეთი შემადგენლობა საკუთრივ საქართველოს კონტროლისათვის მეტად დიდი იყო და მძიმე ხარჯს ადებდა ხაზინას, ამიტომ მე პირველ რიგში დასახელებულ დაწესებულებათა შტატების შემოკლებას შეუდექი, იმ ანგარიშით კი, რომ ლიკვიდაციის შემდეგ დატოვებულ მოხელეთ შესძლებოდათ, სამსახურის სტაჟით, შეედგინათ გამოცდილ და კონტროლის დარგის მცოდნე მუშაკთა ჯგუფი.

ამასთანავე ერთად მიღებულ იქნა ზომები რესპუბლიკის ყველა იმ დაწესებულებათა რეგისტრაციისათვის, რომელნიც ვალდებულნი არიან კონტროლს ანგარიში წარმოუდგინონ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო თვალყურის დევნა სარევიზიო ანგარიშების თავის დროზედ წარმოდგენისათვის. ამ გარემოების გამორკვევამ ცოტად თუ ბევრად ცხად ჰყო საქართველოს მომავალი კონტროლის სამუშაოს ზომა და მასთან ის შემადგენლობა, რომელიც საჭირო უნდა ყოფილიყო მის წესიერად მოქმედებისათვის.

ამის შემდეგ პირველ ჩემ საზრუნავ საქმედ მივიჩნიე გამორკვევა და შემუშავება იმ საფუძველთა და დებულებისა, რომელზედაც უნდა აგებულიყო საქართველოს სახელმწიფო კონტროლის წყობილება და სახელმწიფოებრივი საქმიანობა. ეს საქმე საშური იყო მით უფრო, რომ რუსეთის კანონმდებლობა შესახებ სახელმწიფო კონტროლისა ჩვენს პოლიტიკურ წყობილებას სრულებით არ შეეფერებოდა.

რუსეთში კონტროლი, როგორც ვიცით, მთავრობის კონტროლი იყო და არა სახელმწიფო სათათბიროსი. სათათბირო რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა ეს კონტროლი მის ორგანოდ გარდაექმნა. მაგრამ ამას სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობა, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო კონტროლიორიც შედიოდა, როგორც კაბინეტის წევრი. სახელმწიფო სათათბიროს ზედამხედველობის ქვეშ იყო მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის ანგარიში, სახელმწიფო ხარჯთაღრიცხვის შესრულების შესახებ, მაგრამ ეს ანგარიში არ წარმოადგენდა სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის არსებითად რევიზიის შედეგს და აღნიშნავდა, რამდენად კანონიერი და წესიერი იყო აღმასრულებელი ძალის მოქმედება სახელმწიფო მეურნეობის მართვა-გამგეობაში. ეს ანგარიში იყო არსებითად საკასო ანგარიში თანხათა ტრიალისა სახაზინო კასებში და საბალანსო თავმოყრა სახელმწიფო ბიუჯეტისა.

თავისთავად ცხადია, რომ რესპუბლიკის კონტროლს არ შეეფერებოდა ასეთი განწყობილება საკანონმდებლო ორგანოსადმი, რომელიც გადამწყვეტი მსაჯულია მისი, თუ რამდენად წესიერად ან უწესოდ არის შესრულებული ბიუჯეტი. ეჭვს გარეშეა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონტროლი უნდა ყოფილიყო ორგანო საკანონმდებლო დაწესებულებისა და სრულიად დამოუკიდებელი მთავრობისაგან. ეს ძირითადი აზრი უკვე მიღებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაწესების დროს და იგი მე მივიჩნიე სახელმძღვანელოდ, როდესაც კონტროლის წყობილებისა და დებულების პროექტის შემუშავებას შეუდექი.

რუსეთის კანონი კონტროლის დებულების მხრივაც არ შეეფერებოდა ჩვენს მდგომარეობას აუცილებლად საჭირო იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო კონტროლის აგებულება შეფარდებოდა ჩვენს მდგომარეობას, აუცილებლად საჭირო იყო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ წყობილებას, მის სიდიადეს და ფინანსიურ მდგომარეობას. ამიტომ კონტროლის ცენტრალური მექანიზმი და მისი ადგილობრივი ნაწილები საქართველოს სახელმწიფო კონტროლში უნდა შედუღებულიყვნენ ერთ ერთეულში საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდებით. მაგრამ ისე კი, რომ კონტროლის ამგვარ გაერთიანებას, რასაკვირველია, ხელი არ უნდა შეეშალა, საჭიროების მიხედვით, პატარა საკონტროლო ნაწილის გამოყოფისათვის, რათა საკონტროლო აპარატი შეძლებისადაგვარად დაახლოვებული ყოფილიყო ადგილობრივ აღმასრულებელი ძალის განმკარგულებელ ორგანოებთან.

იგივე რუსეთის კანონი კონტროლის სამოქმედო ასპარეზის სიფართის მხრივაც არ შეეფერებოდა ჩვენს საჭიროებას. საქმე იმაშია, რომ რუსეთში კონტროლი უმთავრესად შემდგომი რევიზიის მწარმოებელი იყო და მხოლოდ სახელმწიფო მეურნეობის ზოგიერთ დარგში მასთან ერთად ასრულებდა წინასწარსა და ფაქტიურ კონტროლს. მე კი, თანახმად დაწინაურებეულ ქვეყნების მაგალითისა, მიზანშეწონილად ვსცანი შემედგინა პროექტი სრულის კონტროლის დაწესებისა, რომელმაც უნდა აწარმოოს როგორც შემდგომი, აგრეთვე წინასწარი და ფაქტიური რევიზია, - ყოველ შემთხვევაში უფრო მსხვილ ხარჯებისათვის მაინც, როგორც, მაგალითად, სამეურნეო-საოპერაციო, დასამზადებელი, სააღმშენებლო და სხვა.

ხსენებულ საფუძველზე აგებული და ვრცლად შემუშავებული „სახელმწიფო კონტროლის დებულება“, მისი შტატები „რევიზიის წესდება“, რომელშიაც დაწვრილებით აღნუსხული იყო მდგომარეობა, აგებულება, ხასიათი, უფლება და მოვალეობანი სახელმწიფო კონტროლისა და მისი და ანგარიშ-ვალდებულ დაწესებულებათა და პირთა ურთიერთშორისი დამოკიდებულება, წარსული წლის სექტემბრის 25-ს წარვუდგინე პარლამენტს, რომლის მიერ დამტკიცებულ იქმნა მცირე ცვლილებებით, დეკემბრის 6-ს და თანახმად კანონისა, იმავე თვის 28-ს ძალაში შევიდა.

მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო მე შევსდგომოდი კონტროლის ორგანიზაციას და მისი მოქმედების განხორციელებას გარკვეული კანონის საფუძველით. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი მოკლე ხნის განმავლობაში შტატის შევსება შეუძლებელი იყო. ერთის თვის განმავლობაში (1 თებერვლამდე) მაინც მოხერხდა დაწესებულ შტატის 2/2-მდის აყვანა მოხელეთა რაოდენობისა.

თუმცა პირველ ხანებში ძველ საკონტროლო დაწესებულებათა ლიკვიდაციის საქმესა და ხსენებულ კანონ-პროექტების შემუშავებაში ვიყავი გართული, მაგრამ იმავე დროს ჩემი საზრუნველი იყო კონტროლის დაწესებულებათა ფაქტიური გაერთიანება. ამ მიზნით ყველა ეს დაწესებულებანი ოქტომბრის 1-ისათვის კანონ-პროექტის ნავარაუდევ გეგმისამებრ შეერთებულ და მოთავსებულ იქნენ ერთ შენობაში, რამაც გაადვილა საქმის საერთო ხელმძღვანელობა. მასთან ერთად შევიმუშავე გაერთიანებული კონტროლის მოქმედების გეგმა, რომლის ძირითადი საფუძველი იმ პროგრამაზე იყო დამყარებული, რომელსაც გვიკარნახებდა სახელმწიფო მეურნეობის მდგომარეობა და გადამეტებული, მოუწესრიგებლი ზრდა სახელმწიფო ხარჯებისა, მასთან რაიმე საბიუჯეტო სისტემის უქონლობა. საქმის მდგომარეობის ნამდვილი სურათი რომ გადაშლილიყო, კონტროლისათვის საჭირო შეიქმნა: 1) გამოერკვია, რა კრედიტის მქონე არიან სხვა და სხვა ანგარიშვალდებულნი დაწესებულებანი და პირნი. 2) ფაქტიურად გასცნობოდა ზოგიერთ უფრო მსხვილ სამეურნეო ოპერაციების წარმოებას მაინც და 3) მიეღწია საბიუჯეტო ანგარიშ-წარმოების საქმის წესიერად დაყენებისათვის, სათანადო ანგარიშების აუცილებლივ კონტროლში წარმოდგენით.

ასეთი გეგმის მთლიანად შესრულება მეტად მძიმე იყო, როგორც ხალხის უყოლობის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ ბევრი სახელმწიფო დაწესებულებანი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან, გარდამავალი ხანის განსაკუთრებულ თვისებაზე და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის დროებით მოთხოვნილებაზე, რომ არა ვსთქვათ-რა. მიუხედავათ ამისა, იმ აზრით გამსჭვალულმა, რომ ამ აღმშენებლობისათვის შესაძლოა შემწეობა აღმოეჩინა, კონტროლმა ყოველივე ღონისძიება იხმარა, რათა მისი ცნობანი მთავრობას გამოეყენებია სახელმწიფოსა და ხაზინის ინტერესისათვის.

ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ კონტროლი გარდა იმისა, რომ ამის შესახებ თავის დროზე მთავრობასაც მიმართა მოხსენებით და საფინანსო კომისიაშიც აღძრა რამდენჯერმე ეს საკითხი, მრავალ გზით ცდილობდა ამ საქმის ასრულების დაჩქარება გამოეწვია. და მგონია, შემიძლიან ვთქვა, რომ თუ დღეს ჩვენი ბიუჯეტის შედგენის საქმე წინ წაწეულია იმ მხრივ რომ ხარჯთაღრიცხვათა უმრავლესობა შედგენილია - რომელთაც, უნდა გვახსოვდეს, დიდი, ფრიადი დიდი შემოკლება და შემცირება ესაჭიროებათ, - ამაში კონტროლს, მისი სასაყვედუროდ გამხდარ ულმობელობის წყალობით, ცოტათი წილი უდევს.

იყო რამდენიმე იმის მაჩვენებელი გარემოება, რომ სხვა და სხვა დაწესებულებანი აღარ უწევენ ანგარიშს სახარჯთაღრიცხვო და საკასო წესებს, რომ შემოსავალი თითქმის აღარ შედის ხაზინაში, რომ ბევრი ხარჯთამკრეფნი ხარჯავენ მათ ხელში შემოსულ თანხებს თავის სამმართველოთა შესანახად და სხვა და სხვა სამეურნეო საჭიროებაზე, კონტროლის წინაშე ანაგარიშ წარუდგენლად, და რომ სამეურნეო დარგში მუშაობა არაა შეფარდებულ-შეთანხმებული ხაზინის ინტერესებთან, რის გამო კონტროლმა პირველ რიგში ტფილისის ხაზინის საკასო-საბუხჰალტერო ანგარიშ-წარმოების ფაქტიური მიმოხილვა მოახდინა.

საანგარიშო საკრედიტო ნაწილის მიმოხილვის შემდეგ სახელმწიფო კონტროლი სხვა და სხვა უფრო თვალსაჩინო სამეურნეო დარგთა ფაქტიურ შემოწმებას შეუდგა, შემდეგში განაგრძობდა და ეხლაც განაგრძობს მის შესრულებას სხვა და სხვა ცალკე შემთხვევებშიაც.

პირველ რიგში ფაქტიურად შემოწმებულ იქმნენ: 1) ყოფილ სასურსათო სამინისტროს დაწესებულებანი - ტფილისში; 2) მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებანი - ტფილისში, ბორჯომში და კახეთში; 3) მომარაგების კომიტეტის დაწესებულებანი ტფილისში და ქუთაისში. შემდეგ ხდებოდა და ხდება ფაქტიური რევიზია რკ. გზისა, ცენტრალურ სასურსათო საბჭოს ოპერაციებისა, სამხედრო სამინისტროს და სახალხო გვარდიის სხვა და სხვა დაწესებულებათა, აგრეთვე ცალკე სამხედრო ნაწილებისა, მათ შორის იმათიც, რომელნიც ბრძოლის ველზე იმყოფებოდნენ.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე დაწესებულებაში ყველაფერი წესიერად აღმოჩენილიყოს. მხოლოდ ზოგიერთ მათგანში აღმოჩენილი უწესოება შეიძლება ჩავთვალოთ დროთა ვითარების აუცილებელ შედეგად, მაგრამ დანარჩენებში კი კონტროლი შეხვდა ანგარიშების არეულ-დარეულ, უთავბოლო მდგომარეობას ხშირად მათ სრულ უწარმოებლობასაც, ფულსა და საქონლის უწესო ხარჯვას და აშკარა ბოროტმოქმედებასაც. სხვა დაწესებულებებში ფაქტიურმა რევიზიამ გამოამჟაღავნა ისეთი ნაკლი და ურიგობა, რომელიც მოწმობდა ან საქმის საზარალოდ მიმართვას, ან სახელმწიფო მეურნეობის სახიფათო, უნუგეშო მდგომარეობას.

საქართველოს უზენაეს კრებას ამჟამად ბევრი პირველხარისხოვანი საშური საქმე აქვს გასაკეთებელი და ამიტომ ვერ ვბედავ აქ მისი ყურადღება შევაჩერო იმ უწესობისა და ბოროტმოქმედების კერძო შემთხვევებზე, ან იმაზე, თუ რა იღონა კონტროლმა იმათ გამო. ზოგი რამ იმათგან, ნათქვამის კონკრეტ მაგალითებით დასასაბუთებლად, აღნუსხულია ვრცელს წერილობით მოხსენებაში, რომელთაც აქვე წარმოვადგენ.

ფაქტიური რევიზიითა და სხვა საკონტროლო ცნობებით სახელმწიფო კონტროლი დარწმუნდა, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა უწინარეს ყოვლისა მტკიცე ზომები საბიუჯეტო სისტემის მოსაწესრიგებლად. ერთ ასეთ ზომად მან მიიჩნია ყველა უწყებათა ხარჯების წინასწარი რევიზია.

1917 წლის 12 მარტის დადგენილებით რუსეთის დროებითი მთავრობისა სახელმწიფო კონტროლიორს უფლება ჰქონდა მინიჭებული, სადაც და როდესაც იგი საჭიროდ დაინახავდა, მუდმივი წინასწარი კონტროლი დაეწესებია. თანახმად ამ კანონისა, მე გადავწყვიტე შემომეღო წინასწარი კონტროლი გასულ წლის 9 ნოემბრიდან ყველა ხარჯებისათვის, რომლებსაც ახდენენ სამინისტრონი და ტფილისში არსებული მთავრობის მართველობანი, დაწესებულებანი და სახელოსნოები. ეს კანონიერი გადაწყვეტილება ვაცნობე მთავრობას და ყველა სამინისტროებს და შევატყობინე, რომ ამის შემდეგ არც ერთი ასიგნობა ხაზინისა და არც ერთი მოთხოვნა ფულისა ბანკების სახელზე არ იქნება განაღდებული, უკეთუ ამ დოკუმენტებს არ ექნება გრიფი სახელმწიფო კონტროლისა მეთქი.

მე არ ვეჭვობდი ასეთი რთულისა დ ახალი საქმის სიძნელეში; არ ვეჭვობდი იმაშიც, რომ კონტროლი ვერ აიცდენდა უწყებების მხრით საყვედურებს, თითქოს წინასწარი რევიზია აფერხებს საქმეს, აგვიანებს გარდახდას და სხ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კონტროლი მაინც შეუდგა წინასწარი რევიზიის განხორციელებას და ხსენებულ რიცხვიდან მოკიდებული ეს რევიზია სწარმოებს, თუმცაღა კონტროლის მოხელეებს უხდებათ მუშაობა არაჩვეულებრივ პირობებში, - საჩქაროდ და მრავალ რიცხოვან მთხოვნელებისა, კერძო პირთა და დაწესებულებებში მოსამსახურეთა მუდმივი იერიშების ქვეშ, რომელნიც, ხშირად მუქარითაც კი, მოითხოვენ „დაუყოვნებლივ“ კონტროლის მიერ დამტკიცებას ასიგნობისას, მიუხედავად იმისა, არის ამისათვის საჭირო საბუთი და საფუძველი თუ არა.

წინასწარი რევიზიის ცდამ მოგვცა სწორედ ის შედეგები, რომელთათვის ზრუნავდა კონტროლი. დაახლოვებით თვის განმავლობაში (9 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე) შემოვიდა საწინასწარრევიზიოდ ყველა უწყებებიდან (გარდა რკინის გზისა, რომელზედაც ეხლავე ცალკე მოგახსენებთ) 5942 ასიგნობა საერთო ჯამით 93.550.525 მან. 63 კაპ., რომელთაგან სამხედრო გვარდიის შტაბს უწევს. 55.719.813 მან. 35 კაპ. ამ თანხიდან მიჩნეულია სწორედ და დამტკიცებულია 20.413.063 მან. 53 კაპ, გადადებულია შემდგომი რევიზიისათვის 70.82.731 მან. 87 კაპ. და დაუმტკიცებელია 3.052.730 მ. 22 კაპ. ეს უკანასკნელი თანხა (3 მილიონი), მაშასადამე, კონტროლის დაუმტკიცებლობის მიზეზით არ იქმნა გამოწერილი დასახარჯავად და დარჩა ხაზინაში.

70.082.731 მან. 87 კაპ. ხარჯი გადადებულ იქმნა შემდგომი რევიზიისათვის უმთავრესად იმიტომ, რომ უფრო დიდი ნაწილი გამოთხოვილი იყო ავანსის სახით (სამხედრო უწყებისა და სახალხო გვარდიისათვის), ხოლო ავანსი საზოგადოდ უნდა გამართლებულ იქმნეს მხოლოდ შემდეგ მისი დახარჯვისა. არა მცირე ნაწილი აღნიშნული ხარჯისა გაცემულია. სხვა და სხვა შემთხვევის გამო, იმ დაწესებულებათათვის, რომელთა შტატი საბოლოოდ კიდევ არ იყო შემუშავებული და დამტკიცებული; ხანდახან ხსენებული შტატები მთავრობის მიერაც-კი არ იყო დამტკიცებული. ყველა ამ შემთხვევებში კონტროლმა შეუძლებლად სცნო ხარჯების წინააღმდეგ პროტესტი განეცხადებია, ვინაიდან ეს შეაჩერებდა მთავრობისათვის საჭირო ორგანიზაციებისა და მთელ დაწესებულებათა მოქმედებას. მაგრამ, ამტკიცებდა რა ასეთ ხარჯებს პირობით, სახელმწიფო კონტროლი დაჟინებით მოითხოვდა უწყებათაგან, რომ მათ დაეჩქარებიათ შტატების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა, რაც მათ უმრავლეს შემთხვევაში კიდევაც შეასრულეს.

ხოლო რაც შეეხება დასახარჯავად განზრახულ ჯამის (3.052.730 მან. 22 კაპ.) დაუმტკიცებლობის მიზეზებს, ასეთები მრავალნაირი იყო. მაგალითად იყო არითმეტიკული შეცდომა გამოანგარიშებაში, არ იყო საბუთი, რომლითაც შესაძლებელი ყოფილიყო ამა თუ იმ ფულის მოთხოვნის სისწორის დამტკიცება, არ იყო გამართლებული წინეთ მიცემული ავანსი, სრულებით არ იყო მთავრობის მიერ ნებადართული კრედიტი და სხ.; ხანდახან მიზეზი იყო ხაზინისადმი პრეტენზიის ცხადი უკანონობაც.

დიდი ნაწილი გადარჩენილი ანუ დაზოგვილი ხარჯებისა უწევს მთავრობის ერთი დაწესებულების ანგარიშების გასწორებას მეორესთან, როდესაც განზრახული იყო ფული გადაეტანათ კერძო კასებში იმის მაგივრად, რომ ფული შეტანილი ყოფილიყო ხაზინაში და ჩარიცხულიყო ხაზინის შემოსავლად, როგორც ამას მოითხოვს კანონი, ვინაიდან ეს ფული გაყიდულ სახაზინო საქონელსა და ქონებაში იყო აღებული.

წინასწარმა რევიზიამ გარდა იმისა, რომ გადაარჩინა ამდენი თანხა უსწორო და უკანონო დახარჯვას, გადაგვადგმევინა სრულიად განსაზღვრული ნაბიჯი დაწესებულებათა მრავალრიცხოვან მიმდინარე ანგარიშთა გადასასინჯავად, მრავალ მათგანის დასახურავად, ხაზინაში საკრედიტო ანგარიშ-წარმოების მოსაწესრიგებლად და დასასრულ - ხელი შეუწყო შტატების შედგენისა დაჩქარებას უწყებათა დაწესებულებებში.

წინასწარი რევიზიის ფარგალში შედის აგრეთვე განხილვა: სხვა და სხვა გვარი სამეურნეო-საოპერაციო გეგმებისა, ხელშეკრულებათა (ხაზინისათვის საჭირო მასალების მოტანის შესახებ), დასამზადებელ საქონლის ფასებისა, ხარჯთააღრიცხვის ზედმეტ კრედიტებისა და შემწეობისა დაწესებულებებსა და ცალკე პირებისათვის მისაცემად, ხაზინის გასაცემისა წინანდელ ვალდებულების გასასწორებლად, და ბოლოს განხილვა უწყებათა შტატებისა და ხარჯთააღრიცხვის პროექტებისა. ცალკე შეკითხვები და მომართვანი მთავრობის დაწესებულებათა, ამ გვარი შემთხვევების გამო, შემოვიდა კონტროლში მთელი საანგარიშო დროის განმავლობაში 300. განხილულ საკითხთა ან შუამდგომლობათა უდიდესი ნაწილი გაშვებული იქმნა კონტროლის მიერ პირობით, ე.ი. ჯამის შეკვეცით და მისი მხრით წარდგენილ იქმნა საწინააღმდეგო პასუხი და შენიშვნები - ზოგი ხაზინისადმი პრეტენზიებისა და მოთხოვნათა და დაუსაბუთებლობის გამო, ზოგი ამ მოთხოვნათა სიჭარბის გამო და ხანდახან კი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოანგარიშებაში შეცდომა იყო დაშვებული. ამგვარად წინასწარის წესით განხილული შემთხვევების საბოლოო შედეგი გამოიხატა იმაში, რომ ხაზინის ხარჯები შემცირებულ იქმმნა 7 მილიონი მანეთით.

დასასრულ ორიოდე სიტყვა რკინის გზის ოპერაციების შესახებ.

საანგარიშო დროის განმავლობაში კონტროლის საწინასწარ სარევიზიოდ შემოვიდა 3.283 ასიგნობა - 80.271. 831 მ. 12 კაპ. ამ საერთო ჯამიდან გამორიცხულ იქნა კონტროლის წინასწარი რევიზიის შემდეგ, ასიგნობების მოსპობით ან ასიგნობებში გასაცემად დანიშნული თანხების შემცირებით, სულ 406. 273 მან. 2 კაპ. დანარჩენი ჯამიდან (79. 865. 558 მან 10 კ.) 1919 წ. 1 თებერვლისათვის დამტკიცებულია 50. 602. 131 მ. 25 კ., გადადებულია შემდგომი რევიზიისათვის 15.411. 320 მ. 25 კაპ. და დაუმტკიცებელია ე.ი. უარყოფილია 12.852.105 მ. 89 კაპ.

შემდგომი რევიზიისთვის გადადება გამოწვეული იყო უმთავრესად გზათა მოსამსახურეების დამატებითი დაჯილდოვების ხარჯებით, რომელიც სწარმოებდა საექსპლოატაციო კრედიტიდან და უნდა დაფარულიყო შესაფერის წყაროებიდან, აგრეთვე იმით, რომ ხარჯების უმრავლესობა სასწრაფოდ იყო მოთხოვნილი და ყველას განხილვა წინასწარ რევიზიის დროს შეუძლებელი ხდებოდა და კონტროლი იძულებული იყო, ნაწილი ხარჯებისა შემდგომი დოკუმენტალური რევიზიის დროისათვის გადაედო.

ხოლო რაც შეეხება ასიგნობათა დაუმტკიცებლობას, მიზეზი შემდეგში მდგომარეობდა: რევიზიის დროს აღმოჩნდა გასაცემ ფულის ზედმეტი გამოანგარიშება ხარჯების გადატანა არა სათანადო წყაროზე ან მათთვის თავისუფალ კრედიტის უქონლობა; აგრეთვე ზედმეტი ხარჯები ექსპლოატაციისა და ამ ხარჯების დასაფარავად კრედიტების არა თავის დროზედ გახსნა.

ფაქტიური რევიზიით გასინჯულ იქმნა 41 სადგური და 507 მატარებელი. სადგურებზე აღმოჩნდა, რომ შემოსავალი ყველა არ იყო დანიშნულებისამებრ შეტანილი, ხოლო მატარებლის რევიზიის დროს აღმოჩნდნენ მრავალი უბილეთო მგზავრები. ორივე შემთხვევაში კონტროლის მოთხოვნით გადახდილი და შეტანილ იქნა ხაზინაში 11,000 მან. გარდა ამისა შემოსავალთა შემდგომი რევიზიის წყალობით შეენახა ხაზინას 16.972 მან. 57 კაპ. შემოსავალი, ხოლო სულ ერთად 28.000 მან. სადგურების რევიზიის დროს აღმოჩენილ იქნა უსარგებლოდ გაჩერებული დატვირთული ვაგონები, სადგურის საწყობებში ბარგი და ამანათები არა სათანადო დოკუმენტებით და სხვა.

რკინის გზის მართველობის სხვა და სხვა განყოფილებათა საქმისწარმოების რევიზიამ აღმოაჩინა მისი სრული არევ-დარევა და უწესრიგობა, რომელიც არის შედეგი, ერთის მხრით მოსამსახურეთა მიერ თავის მოვალეობის ასრულების უცოდინარობისა, ხოლო მეორეს მხრით მათი შრომის ნაყოფიერების დაცემისა.

მთავარი ბუჰალტერიის საშემოსავალ-გასავალო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მოულოდნელმა ფაქტიურმა რევიზიამ დიდი დეფექტები აღმოაჩინა, მათ შორის ბოროტ-მოქმედებაც.

ამას გარდა კონტროლის მიერ დანიშნულ იქნა რკინის გზის ყველა საქონლის საწყობების სრული ფაქტიური რევიზია. ეს რევიზია ჯერ არ გათავებულა, მაგრამ მან უკვე აღმოაჩინა დავთრებში შეუტანელი სხვა და სხვა მასალები რამოდენიმე მილიონ მანეთისა.

ხსენებული ქონება ახლა შეაქვთ დავთრებში, კონტროლის მოთხოვნილებით. ამავე რევიზიამ აღმოაჩინა აგრეთვე დიდ ფულად ღირებული სხვა და სხვა საქონლის დანაკლისი.

საანგარიშო დროის განმავლობაში კონტროლის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა რკინის გზის მართველობის საბჭოს სხდომაზე სადაც განხილულ იქნა სულ 965 მოხსენება.

კონტროლის პროტესტებსა და შენიშვნებს ის შედეგი მოჰყვა, რომ 1918 წლის ხარჯთ-აღრიცხვაში პირად შემადგენლობის შესანახად და სხვა და სხვა სამუშაოსთვის ნავარაუდევი გასავალი ამოშლილ და შემცირებულ იქმნა - 2.700.000 მანეთით, ხოლო 1919 წ. ხარჯთაღრიცვხაში - 15 1/2 მილიონ მანეთით.

ეს არის უმთავრესი მხარეები და შედეგნი სახელმწიფო კონტროლის მოქმედებისა. თუმცა კონტროლს საფუძველი ჩაყრილი აქვს, მაგრამ არ შემიძლიან ვთქვა, რომ მისი ორგანიზაცია დასრულებული და საქმეების მოწყობა ყოველ-მხრივ დამთავრებულ იყოს. მთავარი შესასრულებელი მორიგი საქმეა მუდმივი წინასწარი და ფაქტიური რევიზიის მოწყობა სახელმწიფოს სხვა და სხვა ადგილებში, - ტფილისს გარედ. ამ საქმის ჯერჯერობით მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზს მცოდნე და გამოცდილ მოხელეთა ნაკლებობა შეადგენს.

ამ ნაირად, მოქმედება ჩემი და მოღვაწეობა ჩემდამი რწმუნებულ სახელმწიფო კონტროლისა საანგარიშო დროს განმავლობაში გამოიხატა შემდეგში:

1) გატარებულია კონტროლის რეფორმა, ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნილებასთან შეფარდებული, რაიცა გამოიხატა 1918 წ. 6 დეკემბრის კანონში.

2) მიღებულია ზომები სახელმწიფოს ანგარიშ-წარმოების ან ანგარიშთა წარმოდგენის სისტემის მოსაწესრიგებლად და ანგარიშების სარევიზიოდ წარსადგენად, დაწყებულია აგრეთვე მათი შემოწმებაც.

3) გამოკვლეულია მრავალი დარგი სახელმწიფო მეურნეობისა, სადაც აღმოჩენილია არევ-დარევა, უთვალყურობა და ბოროტ-მოქმედება, რის შესახებ თავის დროს უკვე მოხსენდა სათანადო უწყებათა, მთავრობას საჭირო ზომების მისაღებად.

და 4) წინასწარი რევიზიით, აგრეთვე ხაზინისადმი წარდგენილ მოთხოვნილებათა განხილვით და ფაქტიური რევიზიით აცილებულია უსწორო, უდროვო ან მიზანშეუწონელი საერთო ჯამით 32 მილიონ მანეთზედ მეტი.

მე თვითონ ვიცი, რომ მოხსენებული შედეგები დიდი არაა, მაგრამ იმ გარემოებაში, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩემი პატარა ძალ-ღონე და დიდი მეცადინეობა, სამწუხაროდ, მეტს ვერ გასწვდა.

მოვახსენებ-რა ყველა ამას საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც ამიერიდან უზენაესი პატრონი და გამგებელია სახელმწიფოს ყველა დარგისა და მათ შორის კონტროლისაც, აქვე წარმოვადგენ ჩემი, ვითარცა სახელმწიფო კონტროლიორის, თანამდებობიდან გადადგომის ქაღალდს და სულით და გულით ვინატრი, ვიმედოვნებ და მოველი რომ ეს უზენაესი ძალა-უფლებისა და ავტორიტეტის პატრონი კრება სახელმწიფო კონტროლის მოწყობის საქმესაც ისეთ სიმაღლეზე აიყვანს და განამტკიცებს, როგორც ეს ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნილებას შეეფერება.

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიის ფრაქცია იძლევა შემდეგ წინადადებას. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს) „შეწყნარებულ იქნეს სახელმწიფო კონტრალიორის განცხადება მისი გადადგომის შესახებ. დამფუძნებელი კრება ავალებს იმავე სახელმწიფო კონტრალიორს განაგრძოს მუშაობა ახალ სახელმწიფო კონტრალიორის არჩევამდე“.

სხვა წინადადება ხომ არ არის? მაშასადამე კენჭს ვუყრი. ვინ არის წინააღმდეგ ამ წინადადებისა? ვინ არის მომხრე? ვინ შეიკავა თავი? მაშასადამე, ერთხმად არის მიღებული. შემდეგ ჩვენ უნდა შეუდგეთ კომისიის არჩევნებს. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? გთხოვთ წაიკითხოთ.

საგანგებო კომისიის არჩევა.

მდივანი (კითხულობს განცხადებას ახალციხეში გასაგზავნ კომისიის შესახებ) „არჩეულ იქნეს დამფუძნებელ კრების წევრთაგან საგანგებო კომისია ახალციხის მაზრაში მდგომარეობის გამოსარკვევად და სათანადო ზომების მისაღებად.“

თავჯდომარე. მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე დავსვი სხვა საკითხი, აქ არის საკითხი სამანდატო კომისიის არჩევნების შესახებ. ეს კი, უნდა განვაცხადო, რომ რიგს გარეშე არის შემოტანილი. გსურთ რომ ეს საკითხი მოვისმინოთ, თუ არა? სიტყვა ეკუთვნის ბატონ ელიავას.

ნიკოლოზ ელიავა. (ს. დ.) მე იმ წინადადების შესახებ მინდა ვილაპარაკო, რომელიც რიგს გარეშე არის.

თავმჯდომარე. დიახ, დიახ, მობრძანდით.

ნიკოლოზ ელიავა. (ს. დ.) დღეს, ბატონებო, პირველი საქმიანი დღე არის დამფუძნებელ კრებისა. მოგეხსენებათ, რომ ერთი საკითხი ჩვენი რესპუბლიკისა არ არის ნორმალურ პირობებში, ჩაყენებული.

მე მოგახსენებთ ახალციხის მაზრაზე,

ყველას მოგეხსენებათ, რა მოხდა ახალციხის მაზრაში. ამიტომ სოციალ-დემოკრატიის ფრაქციას საჭიროდ მიეჩნია, რომ დღესვე პირველ კრების დროს, ამ მხარეს მიაქციოს დამფუძნებელ კრებამ უეჭველად ყურადღება და არჩეული იქმნას განსაკუთრებული კომისია, ამ მდგომარეობის გამოსარკვევლად, და საჭირო ზომების მისაღებად. მე მგონია რომ ეს ისეთი გასაგებია და ყველასათვის მისაღებია, რომ მეტ დასაბუთებას არ მოითხოვს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? მსურველი არავინ არის. მაშასადამე, წინადადება მოისმინეთ თქვენ და მე კენჭს უყრი. (გვაზავა: რომელი წინადადებას?) უკაცრავად მე კენჭს უყრი იმ წინადადებას, რომლის შესახებ ბ. ელიავამ ფრაქციის დავალებით მოგახსენათ. სამანდატო კომისიის შესახებ შემდეგ იქნება მოხსენებული. წინადადება არის, რომ ახალციხის მაზრაში მდგომარეობის გამოსარკვევლად დამფუძნებელ კრებამ გამოარჩიოს თავის წრიდან კომისია, და დაავალოს იქ წასვლა და საქმის გამოძიება. სურს ვისმეს სხვა წინადადების შემოტანა? მსურველი არავინ არის. ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? ვინ არის წინააღმდეგ? ერთ ხმად არის მიღებული.

რამდენი კაციდან უნდა შესდგეს ეს კომისია? (არსენიძე: სამიდან!) არავინ არის წინააღმდეგი, რომ სამი კაცი იყოს არჩეული? წინააღმდეგ არავინ არის. გთხოვთ დაასახელოთ კანდიდატები.

ნიკოლოზ ელიავა (ს. დ) ჩვენი ფრაქცია ასახელებს ორ კანდიდატს: მამედ ოღლის და ანჯაფარიძეს.

თავმჯდომარე. მამედ-ოღლი არ არის, არის მამედოვი.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ) ჩვენი ფრაქცია ასახელებს პეტრე სურგულაძეს.

შალვა ნუცუბიძე (ს. ფ.) ჩვენი ფრაქცია ასახელებს სამსონ ფირცხალავას.

თავმჯდომარე. კიდევ არის თუ არა? მაშასადამე დასახელებული გახლავთ ოთხი პირი: მამედოვი, ანჯაფარიძე, პეტრე სურგულაძე და სამსონ ფირცხალავა (გვაზავა: ოთხი იყოს!)

რაჟდენ არსენიძე. ჩვენ წინადადებას ვიძლევით მივიღოთ ოთხივე აქ წარმოდგენილი კანდიდატი.

თავმჯდომარე. კრება არ არის წინააღმდეგი იმისა, რომ ამოირჩიოს სამის მაგივრად ოთხი კაცი? მაშასადამე ერთ ხმად არიან არჩეულნი ოთხი კაცი. (ელიავა: დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ.)

შემდეგი საკითხი გახლავთ სამანდანტო კომისიის არჩევა. გამოსარკვევი არის საკითხი, თუ რამდენი კაცისაგან გსურთ, რომ იყოს ეს კომისია შემდგარი. (ხმაურობა) გთხოვთ კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ. სიტყვა ეკუთვნის ცინცაძეს.

სამანდანტო კომისიის არჩევა.

ნოე ცინცაძე. სოციალ დემოკრატიულ ფრაქციას წინადადება შემოაქვს არჩეულ იქმნას 7 - კაცი. ჩვენი ფრაქციიდან იქნება 4-კ. და სხვა ფრაქციებიდან, მაშასადამე თითო წარმომადგენელი.

თავმჯდომარე. დიახ, 7-წევრიდან, წინადადება გახლავს ასეთი: რომ სამანდანტო კომისია შესდგებოდეს 7 კაცისგან.

ვინ არის წინააღმდეგი. მაშასადამე კომისია გახლავთ 7-დ წევრიანი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ასახელებს შემდეგ წევრებს - (კითხულობს.) გრიგოლ ურატაძე, ივანე ჭავჭანიძე, თევდორე კიკვაძე, გაბრიელ ცისკარიშვილი. გთხოვთ სხვა ფრაქციებს დაასახელონ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გვაზავა. (ერ. დემ.) ჩვენი ფრაქცია ასახელებს ალექსანდრე ასათიანს.

თავმჯდომარე. დიახ, მეხუთე, გახლავთ ასათიანი. სხვა ფრაქციებს, ვის სურთ დაასახელონ? (ხმა ფედერალისტების მხრიდან: ოსიკო ბარათაშვილი.) უმორჩილესად გთხოვთ აქ მობრძანდეთ. მართალია რეგლამენტი ჯერ არ გვაქვს მიღებული მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ძველი რეგლამენტი უნდა დარჩეს ძალაში, და უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, სანამ ახალი არ მიგვიღია. ბარათაშვილი არის დასახელებული მეექვსეთ.

ივანე გობეჩია. ჩვენი ფრაქცია ასახელებს გიგო ნათაძეს.

თავმჯდომარე. მაშასადამე დასახელებული გახლავთ შემდეგი პირნი: სოც. დემ. ფრაქციის მხრიდან: გრიგოლ ურატაძე, ივანე ჭავჭანიძე, თევდორე კიკვაძე, გაბრიელ ცისკარაშვილი, სოც.რევოლ. - გრიგოლ ნათაძე, ეროვნულ დემოკრატების მხრიდან - ალექსანდრე ასათიანი. ნება მიბოძეთ კენჭი უყარო. ვინ არის წინააღმდეგ? ეს კომისია ერთ ხმათ არის არჩეული. შემდეგ, აუარებელი წერილები და დეპეშები, არის მოსული დამფუძნებელ კრების სახელზე. არ ვიცი თქვენ როგორ მოისურვებთ, მაგრამ მე პირადად, და მდივანს გვგონია, ამ ჟამად მარტო ორ წევრს პრეზიდიუმისას, საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი და საყურადღებო დეპეშები წავიკითხოთ და დანარჩენები გადავცეთ პრესას. გთხოვთ წაიკითხოთ.

მილოცვები დამფუძნებელ კრების გახსნის გამო.

კონსტანტინე ჯაფარიძე (კითხულობს):

ადერბეიჯანის პარლამენტისაგან.

На торжественном собранიи. 12 марта въ день второй годовщины Великой Русской революцიи, Азербеджанскიй парламентъ поручилъ мнѣ привѣтствовать дружественную Республику съ историческимъ днемъ открытიя Учредительнаго собранიя.

Грузიя единая въ стремленიи къ осуществленიю своихъ нацоიнальныхъ чаянიй не страшась никакихъ преградъ и не останавливаясь ни передъ какими жертвами достигла того чего еще не добился ни одинъ изъ самоопредѣлившихся народовъ. Появленიე грузинскимъ народомъ чрезвычайной воли въ дѣлѣ осуществленიя своихъ чаянიй составить лучшую страницу исторიи освобожденიй народов.

Учредительное Собранიе Грузიи, призванное къ окончательному опредѣленიю формы государственнаго бытიя Грузიи, безъ сомнѣния, явится выразителемъ чаянიй 53

и другихъ народов Кавказа лишь въ нацიонально-территорიальной независимости видящихъ свое нацიональное счастье.

Одухотворенныя искренней любовью и взаимнымъ уваженიемъ правъ другъ друга, независимыя государственныя образованიя Кавказа сумѣютъ безболѣзненно разрѣшать всякიя внутреннიя вопросы какъ бы они остро не стояли. Азербежданскიй парламентъ шлетъ горячიя пожеланიя благодѣнствიя Грузიя въ лицѣ лушчихъ ея сыновъ призванныхъ разрѣшать иногосложныя задачи и убежденъ что сѣмья Кавказскихъ народовъ съумѣетъ всегда съ честью отстоять дорогой Кавказъ отъ посягательствъ всякихъ черных силъ.

Предсѣдатель Парламента Агаевъ.

(დამფუძნებელი კრება მილოცვას ტაშით ეგებება)

სომხეთის მთავრობისგან.

Въ историческიй день, когда мощно заявляетъ свою волю независимый народъ Грузiи, Правительство республики Арменiи посылаетъ суверенному Учредительному Собранიю свой искреннიй привiтъ. Да прозвучитъ торжественно и радостно всенародно голосъ, голосъ самостоятельной и независимой Грузiи столь близкი сердцу ея исконнаго Армянскаго сосђда и пусть укрђпится навсегда драгоцђнная нерушимая связь между Грузiей и Арменiей счастье и сила которыхъ так неразрывно связаны между собою. Правительство Арменიи твердо увђренъ, что Учредительное Собранიе Грузiи соберетъ вокруг себя всђ живыя силы страны и полностью претворить въ жизнь вышую волю ея на благо и счастье всего населенიя ея народовъ и племенъ.

Да здравствуетъ независимая Грузiя!

Да здравствуетъ Учредительное Собранiе ея!

Исполняющიй должность Предсђдателя

Правительства Республики Арменiи Александръ Хатисовъ.

Министръ Иностранныхъ дђлъ Тигранянъ.

(დამფუძნებელი კრება მოლოცვას ტაშით ეგებება)

სომხეთის საბჭოსგან.

Совђтъ Арменიи горячо привѣтствуетъ Учредительное Собранiе Грузiи долженствующее заложить основы Государственнаго бытიя страны исконны намъ дружественной и близкой, глубоковђрены, что демократическiе принципы и cоцiальные права трудяшагося народа восторжествуетъ въ собранიи и нацiональныя меньшинства сотрудничествъ съ Грузинскимъ народомъ приложить всђ свои силы къ устроенიю

За предсђдателя совђта Грикоръ Терхачатурянъ.

(დამფუძნებელი კრება მოლოცვას ტაშით ეგებება).

საქართველოს მაჰმადიანთა ეროვნულ საბჭოსაგან.

Привѣтствуя Грузинскიй народъ великим днемъ открытiя Учредительнаго Собранiя, Мусульманскiй нацიональный Совђтъ Грузiи шлетъ собранiю пожеланიя успђхов сложной трудной работђ созданiи конституцiи, закрђпляющей завоеванiя революцiи и выражаетъ увђренность, что будутъ выработаны нормы, при которыхъ лучшiя чаянiя и стремленiя нацiональныхъ меньшинствъ получатъ полное свое осуществленie

Да здравствуетъ Демократическая Грузинская Республика!

Предсђдатель Совђта А. Наримановъ

(კრება მოლოცვას ტაშით ეგებება).

საქართველოს გერმანელთა ეროვნულ საბჭოსაგან.

Нѣмецкიй Нацიональный Совђтъ въ Грузiи, как представитель, ея гражданъ нђмецкой нацiональности в день великаго событiя, открытiя Учредительнаго Собранiя независимой Грузiи, привђтствуетъ и поздравляетъ въ Вашемъ лицђ Грузинскiй народъ и правительство его съ исполненiемъ давно лелђяной мечты и выражаетъ пожеланiе благополучнаго процвђтанიя всего народа.

Предсђдатель Мейбомъ.

(კრება მოლოცვას ტაშით ეგებება).

საქართველოს სომეხთა ეროვნულ საბჭოსაგან.

Армянскიй Нацიональный Совђтъ Грузiи горячо привђтствуетъ Учредительное Собранიе Грузiи. Советъ выражаетъ свою глубокую увђренность, что учредительное собранiе укрепитъ демократическiй строй Грузiи, сплотитъ всђ нацiй, живущiя в Грузიи, установитъ тђсныя дружескiя отношенიя съ сосђдними республиками и выведет всю Грузiю на широкий путь мирнаго свободнаго развитiя.

Да здравствуетъ Учредительное Собранiе!

Да здравствуетъ свободная Грузiя!

Предсђдатель Нацiональнаго совђта А. Зурабовъ.

(კრება დეპეშას ტაშით ეგებება).

საქართველოს ებრაელთა ეროვნულ საბჭოსაგან.

Въ высокоторжественный день открытiя Грузинскаго Учредительнаго Собранiя, Тифлисскiй Еврейскიй Нацიональный Совђтъ считаетъ своимъ прiятнымъ долгомъ привђтствовать представителей Грузiи довести страну до рђдкаго нацiональнаго праздника свободнаго и самостоятельнаго устроенiя своей нацiональной жизни. Еврей, населяющiе Грузიю увђрены, что грузинскiй народъ, представители, котораго всегда первыми горячо отставили права угнетаемаго еврейскаго народа, въ своей странђ останется вђренъ принципамъ высшей справедливости, свободы, равенства и братства.

Тифлисскй Еврейскй Нацiональный Совђтъ.

თავმჯდომარე. სხვა დეპეშები არის სხვა და სხვა კუთხებიდან მოსული, და თანახმად თქვენი გადაწყვეტილებისა, გადავცემთ პრესას. მე მგონია გამოვთქვამ კრების სურვილს, თუ კი იმ უცხო სახელმწიფოებს, ვინც ჩვენ მოგვილოცა სამადლობო დეპეშებს გაუგზავნით. (ხმები: გთხოვთ!) სხვა საკითხი დღიურ წესრიგში აღარ არის. მე მგონია, რომ ერთი საკითხი უნდა გადავჭრათ. როდის მოისურვებთ შემდეგ კრებას. (არსენიძე: სამშაბათს!) რამდენ საათზე? (არსენიძე: 12-ზე) უმორჩილესად გთხოვთ, სრულ 12-საათზე მობრძანდეთ, იმიტომ რომ კრებას სწორედ 12-ზე გავხსნი. კრებას ვხურავ.

უკაცრავად, დღეს სახელმწიფო თეატრში იქნება საზეიმო საღამო დამფუძნებელ კრების წევრებისთვის.

კრება იხურება ნაშუადღევის 3 საათსა და 15 წუთზე.

2.3 მესამე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

ოთხშაბათი 1919 წლის მარტის 18. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი . ჯაფარიძე.

კრება იხსნება ნაშუადღევის 12 საათსა და 25 წუთზე.

თავმჯდომარე. - გთხოვთ დაბრძანდეთ, კრება გახსნილი გახლავთ მდივანი მოგახსენებთ დღიურ წეს-რიგს.

მდივანი (კითხულობს) დღიური წესრიგი:

1) საბოლოო ტექსტი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შედგენის დეკრეტისა.

2) პრეზიდიუმის წევრთა არჩევა.

3) სხვა და სხვა კომისიების არჩევა.

სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის საკანონმდებლო წინადადება.

სოციალ დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადება: (კითხულობს).

სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას შეაქვს შემდეგი საკანონმდებლო წინადადება დეპუტატობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა და დეპუტატთა დიეტისა.

1) მთავრობის დაწესებულებებში მოსამსახურენი არ შეიძლება იმავე დროს იყვნენ დამფუძნებელ კრების წევრად. გამონაკლისს შეადგენენ: მთავრობის წევრები (მინისტრები), მათი ამხანაგები, ელჩები და სახალხო გვარდიის შტაბის წევრები.

ამ უკანასკნელთათვის შეთავსება დასაშვებია.

2) ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრებს და ხმოსნებს არ ეკრძალებათ იყვნენ იმავე დროს დამფუძნებელ კრების წევრად. 58

3) დაენიშნოს დამფუძნებელ კრების წევრს გასამრჯელოდ 1,500 მან. თვიურად.

4) არავის არ აქვს უფლება აიღოს ჯამაგირი ერთ და იმავე დროს დამფუძნებელ კრებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ან ადგილობრივ თვითმართველობებიდან.

5) ყოველი წევრი დამფუძნებელი კრებისა, რომელიც პირველ მუხლში აღნიშნულ დაწესებულებებში მსახურებს, ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში დღიდან კანონის მიღებისა, წარმოადგინოს საბუთი იმისა, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დამფუძნებელ კრების წევრათ არ ჩაითვლება და მის ადგილს შემდეგი კანდიდატი დაიჭერს.

თავმჯდომარე. მდივანმა მოგახსენათ დღიური წეს-რიგი და აგრეთვე საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შემოიტანა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ.

ჯერ დღიური წეს-რიგის შესახებ სურს თუ არა ვინმეს თავისი აზრი გამოსთქვას? მსურველი არავინ გახლავთ. ნება მიბოძეთ დღიური წესრიგი მიღებულად ჩავთვალო.

ახლა საკანონმდებლო წინადადების შესახებ ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის დამფუძებელი კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ.) შეიძლება ეს წინადადება გადავცეთ დასამუშავებლად კომისიაში. ჩვენ შესაფერისად მიგვაჩნია გადაეცეს საფინანსო და საკონსტიტუციო კომისიებს, ვინაიდან ამ წინადადებას აქვს ფინანსიური და ერთ გვარი საკონსტიტუციო ხასიათი. მაშასადამე გადავცეთ ორ კომისიას, რომელთაც დღეს ამოვირჩევთ.

თავმჯდომარე. წინააღმდეგი არავინ არის, რომ ეს საკანონმდებლო წინადადება გადაეცეს საფინანსო და საკონსტიტუციო კომისიას? ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ?

მსურველი არავინ არის. მაშასადამე ეს წინადადება მიღებულია და გადაეცემა საფინანსო კომისიას.

ეხლა მდივანი მოგახსენებთ საბოლოო ტექსტს დეკრეტისას. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს).

დეკრეტი 1

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შედგენისა.

1. დაევალოს დამფუძნებელ კრების წევრს ნოე ჟორდანიას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შედგენა - მისივე თავმჯდომარეობით.

2. მთავრობის თავმჯდომარე იმავე დროს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელია.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს რაიმე შესწორების შემოტანა? მსურველი არვინ არის. მაშასადამე ეს ტექსტი საბოლოოდ მიღებული გახლავთ. 59

შემდეგი საკითხი - პრეზიდიუმის წევრების არჩევაა. ვინ არის მსურველი სიტყვა აიღოს? სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს შ. მესხიშვილს.

პრეზიდიუმის წევრთა არჩევა.

შალვა ალექსი მესხიშვილი. (ს. ფ.) სოციალ ფედერალისტების სახელით თავმჯდომარის მეორე ამხანაგად ვასახელებ დამფუძებელ კრების წევრს ბ. სვიმონ მდივანს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ნ. დ.) - ჩვენი ფრაქცია ასახელებს დამფუძნებელ კრების წევრს: ექვთიმე თაყაიშვილს.

თავმჯდომარე. არის თუ არა სხვა კანდიდატურა?

ივანე გობეჩია. (ს. რ.) ჩვენი ფრაქცია ასახელებს პრეზიდიუმის წევრის თანამდებობაზე გიგო ნათაძეს.

თავმჯდომარე. უკაცრავათ, მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჯერ ერთი საკითხი უნდა გამოვარკვიოთ. აქ სამი პირი დაასახელეს პრეზიდიუმის წევრათ. გამოურკვეველია, ვინ რა თანამდებობაზედ: ერთი გარკვეულად იყო დასახელებული ს. მდივანი, როგორც თავმჯდომარის ამხანაგი. სხვები კი იყვნენ დასახელებულნი, როგორც პრეზიდიუმის წევრები. გთხოვთ გამორკვეული იყოს, რამდენი წევრი იქნება და ვის რა თანამდებობაზე ასახელებთ.

გიორგი გვაზავა. (ნ. დ.) ჩემი აზრი აშკარა იყო, მე მეგონა რომ ლაპარაკი არის თავმჯდომარის მეორე ამხანაგზე. მხოლოდ ამ თანამდებობაზე მე ვასახელებდი დამფუძნებელი კრების წევრს ექვთიმე თაყაიშვილს, როგორც მეორე ამხანაგს თავმჯდომარისას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეძლევა დამფუძნებელს კრების წევრს ნოე ცინცაძეს.

ნოე ცინცაძე. (ს. დ.) პრეზიდიუმის შემადგენლობა ჩემის აზრით, უნდა განისაზღვროს ასე: უნდა არჩეულ იყვნენ ორი ამხანაგი თავმჯდომარისა, და ორი უმცროსი მდივანი. მაშასადამე აქ დასახელებული იყო თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე ორი პირი, როგორც გავიგე: ს. მდივანი და ექვთიმე თაყაიშვილი. მაშასადამე ორი მდივანია ასარჩევი, ერთი მდივანი უკვე დასახელებულია, გიგო ნათაძე. მეორე მდივანს ჩვენი ფრაქცია ასახელებს ქრისტინე შარაშიძეს.

თავმჯდომარე, სხვა კანდიდატურა როგორც სჩანს არ არის, როგორ ინებებთ, ცალკე უყაროთ კენჭი თუ ყველას ერთად? (ხმა: ყველას ერთად!) წინააღმდეგი არავინ არის? ვინ არის მომხრე, რომ დასახელებული წევრები დამფუძნებელ კრებისა არჩეულ იყვნენ კრების პრეზიდიუმის აღნიშნულ თანამდებობებზედ? მე მგონია ერთ ხმად არის მიღებული. გთხოვთ მობრძანდეთ აქ და დაიკავოთ თქვენი ადგილები. (ტაში.)

შემდეგი საკითხი გახლავთ არჩევა სხვა და სხვა კომისიებისა. ვის სურს ამ საკითხის შესახებ სიტყვა აიღოს? სიტყვა ეკუთვნის ნ. ცინცაძეს.

კომისიების არჩევა.

ნოე ცინცაძე: (ს. დ.) ჩვენ ფრაქციას წინადადება შემოაქვს: არჩეულ იქნეს დღეს ოთხი კომისია: სარეგლამენტო, საკონსტიტუციო, საბიუჯეტო-საფინანსო და სარედაქციო. ამ კომისიების შემადგენლობა, ჩემის აზრით უნდა განისაზღვროს ასე:

სარედაქციო კომისიაში შვიდი წევრი, საკონსტიტუციოში - თხუთმეტი, აგრეთვე საფინანსო და საბიუჯეტოში - თხუთმეტი და სარეგლამენტოში - შვიდი.

თავმჯდომარე. გთხოვთ ერთხელ კიდევ წაიკითხოთ

მდივანი (კითხულობს კომისიების ნუსხას)

სარეგლამენტო კომისიაში სოციალ დემოკრატიული ფრაქცია ასახელებს (ხმები: ჯერ რიცხვი, რამდენი კაცისგან არის შემდგარი კომისია?)

სარეგლამენტო კომისია...

თავმჯდომარე. თუ არა ვცდები, წინადადება არის არჩეულ იყოს ოთხი კომისია, სარეგლამენტოში - შვიდი წევრი, საკონსტიტუციოში - თხუთმეტი, საბიუჯეტო-საფინანსოში - თხუთმეტი და სარედაქციოში - შვიდი. გსურთ თუ არა ამ წინადადების შესახებ გამოსთქვათ აზრი? მსურველი არავინ არის. მაშასადამე მიღებულად უნდა ჩაითვალოს. ეხლა გთხოვთ დაასახელოთ კანდიდატები. ერთ ფრაქციას უკვე დასახელებული ჰყავს კანდიდატები სარეგლამენტო კომისიაში. გთხოვთ წაიკითხოთ.

სარეგლამენტო კომისიის არჩევა.

მდივანი (კითხულობს) სოც. დემ. ფრაქცია სარეგლამენტო კომისიაში ასახელებს: . ნათაძეს . არსენიძეს, . საყვარელიძეს, . იმნაიშვილს.

თავმჯდომარე დასახელებულია მხოლოდ ოთხი წევრი, გადაწყვეტილი გახლავთ შვიდი. გთხოვთ დანარჩენი კანდიდატები წამოაყენოთ.

გიორგი გვაზავა. (ადგილიდან): ჩვენი ფრაქცია მე მასახელებს.

თავმჯდომარე: კიდევ ვის სურს?

ივანე გობეჩია. (ს. რ.) სარეგლამენტო კომისიაში ვასახელებთ დამფუძნებელ კრების წევრს ილია ნუცუბიძეს.

მდივანი: (კითხულობს) სოციალ ფედერალისტების ფრაქცია ასახელებს იოსებ ბარათაშვილს.

თავმჯდომარე. სხვა კანდიდატურა, როგორც სჩანს, არ არის მაშასადამე დასახელებულნი გახლავან: (კითხულობს).

ლეო ნათაძე (ს. დ.) რაჟდენ არსენიძე (ს. დ.), პავლე საყვარელიძე (ს. დ.), ნ. იმნაიშვილი (ს. დ.), გიორგი გვაზავა (ერ. დემ.) ილია ნუცუბიძე (ს. რ.) იესე ბარათაშვილი (სოც. ფედ.).

გსურთ ესენი არჩეულნად ჩაითვალონ? შემდეგი: - საკონსტიტუციო კომისია. გთხოვთ წაიკითხოთ ვის ასახელებს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.

საკონსტიტუციო კომისიის არჩევა.

მდივანი. - (კითხულობს): სოც. დემ. ფრაქცია საკონსტიტუციო კომისიაში ასახელებს შემდეგ პირებს: არსენიძეს რ., ჯაფარიძეს ს., საყვარელიძეს პ., ნათაძეს ლ., ჯაფარიძეს ვ., ანდრონიკაშვილი კ., ჩიხლაძეს რ., რუსიას მ., ფაღავას გ., წულაიას პ.

საკონსტიტუციო კომისიაში სოციალ ფედერალისტები ასახელებენ იოსებ ბარათაშვილს და გიორგი ლასხიშვილს.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) - ჩვენი ფრაქცია ასახელებს სპირიდონ კედიას და გიორგი გვაზავას.

მდივანი. (კითხულობს) სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქცია ასახელებს ივანე გობეჩიას.

თავმჯდომარე. - მაშასადამე დასახელებული გახლავთ კანდიდატები. სხვა კანდიდატები აღარ არის. ნება მიბოძეთ ეს კომისია ისეთ შემადგენლობით, რომელიც მიიღეთ, არჩეულად ჩავთვალო.

მესამე - საფინანსო საბიუდჯეტო კომისია. გთხოვთ წაიკითხოთ.

საფინანსო საბიუჯეტო კომისიის არჩევა.

მდივანი (კითხულობს): სოციალ დემოკრატიული ფრაქცია ასახელებს თოფურიძეს დ., ელიავას ნ., ცინცაძეს ნ., ონიაშვილს დ., შარაშიძეს დ., ჭიაბრიშვილს ან., ელიგულაშვილს ი., პანიევს კ., ურატაძეს გრ., ჭავჭანიძეს ივ.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია ასახელებს გრიგოლ ნათაძეს.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) - ჩვენი ფრაქცია ასახელებს გერონტი ქიქოძეს და ალექსანდრე ასათიანს.

თავმჯდომარე. - ესეც მიღებული გახლავთ. გთხოვთ მეოთხე - სარედაქციო კომისია.

სარედაქციო კომისიის არჩევა.

მდივანი (კითხულობს): სოციალ-დემოკრატები ასახელებენ: არსენიძეს რ., შარაშიძეს ქრ., სოლოღაშვილს ოლ., გომართელს ივ.

სარედაქციო კომისიაში სოციალისტ-ფედერალისტები ასახელებენ: სამსონ ფირცხალავას.

ნაციონალ-დემოკრატები. ასახელებენ იოსებ მაჭავარიანს.

სოციალ რევოლიუციონერთა ფრაქცია ასახელებს: ილია ნუცუბიძეს.

თავმჯდომარე. ესეც მიღებულია. დღიურ წეს-რიგში სხვა არაფერი არ გახლავთ, ნება მიბოძეთ კრება დავხურო. მხოლოდ კეთილ ინებეთ და დანიშნეთ შემდეგი კრების დღე და საათი, სურს თუ არა ვინმეს წინადადება შემოიტანოს? შეიძლება კეთილს ინებებთ და პრეზიდიუმს მიანდობთ! (არსენიძე: აგრე სჯობია!)

სხდომის დახურვა.

თავმჯდომარე. მაშასადამე, მიენდობა ეს საკითხი პრეზიდიუმს. ეხლა სხდომა დახურულათ უნდა ჩაითვალოს. უკაცრავათ, ჯერ ერთი, რომ გაუადვილოთ ჩვენ ქვესტორს დეპუტატების სურათების შეძენა რაც აუცილებელი არის, - აქ ფოტოგრაფი არის მოსული და გთხოვ დამფუძნებელი კრების წევრებს, ნუ დაიზარებთ, ბაღში გამობრძანდით, სადაც ფოტოგრაფი გადაგიღებთ. მეორე: კომისიის წევრებს, რომელნიც არიან ამორჩეულნი, უმორჩილესად ვთხოვ დარჩნენ მოსალაპარაკებლად.

კრება იხურება ნაშუადღევის 1 საათსა და 45 წუთზე.

2.4 მეოთხე სხდომა.

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პარასკევი, 1919 წლის მარტის 21. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძე.

სხდომა იწყება 12 ს. 35 წ.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. სხდომა გახსნილი გახლავთ.

სანამ დღიურ წეს-რიგზედ გადავალთ ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ დამფუძნებელ კრების სახელზე გამოგზავნილი დეპეშები.

გთხოვთ წაიკითხოთ.

კონსტანტინე ჯაფარიძე (კითხულობს)

მთიელთა საბჭოსგან

Въ эти исторические дни сосђдния вамъ Грузiя дождалась величайшаго счастья - собрать лучшихъ своихъ сыновъ для устроенiя судьбы народа. Правительство Республики союза Горцевъ Кавказа привђтствуетъ державнаго хозяина Грузiи, ея Учредительное Собранiе и выражаетъ твердую уверенность, что это Высокое Собранiе усиленно выполнитъ задачу по установленiю такихъ основныхъ законовъ, которые поставятъ Грузiю и ея народъ наряду съ самыми культурными демократическими странами мiра.

Да поможетъ Вамъ Аллахъ въ вашей трудной и ответственной работђ!

За прђдседатђля Совђта Министровъ Князь Тарновскiй.

(დამფუძნებელი კრება ტაშით ეგებება მილოცვას).

მთიელთა საბჭოსგან

Въ эти великიе, радостные и историческiе дни, когда собралось въ стлоицђ Грузიи Учредительное Собранიе, - Хозяйнъ Всей Грузинской Земли, Союзный Совѣтъ Республики Горцевъ шлетъ ему горячიй привiтъ. Союзный Совђтъ Горцевъ вђритъ твердо, что умудренные опытомъ, собрвшიеся лучшიе люди Грузiи быстро залечатъ всђ тяжелыя раны прошлаго дорогой имъ Грузiи и оздоровивъ, сдђлаютъ ее образцомъ среди истинно-демократическихъ республикъ. Отъ души желаемъ братскому Грузинскому народу полнаго успђха въ его чрезвычайно великой и отвђтственной работђ.

Предсђдатель Союзнаго Совђта Республики

Горцевъ Кавказа Темирхановъ.

ელლინთა ეროვნულ საბჭოსგან.

Нацიональный Совђтъ Эллиновъ Грузიи горячо привђтствуетъ Учредительное Собранiе Грузинской Демократiи отъ имени всђхъ Эллиновъ Грузიи, готовыхъ на всђ жертвы на защиту Грузiи, съ польной вђрой, что свободная Грузинская Республика всегда будетъ стоять на стражђ свободъ, завоеванныхъ революцიей и законныхъ правъ меньшинствъ.

Товарищъ Предсђдателя Спилiоти

Актъ об Автономiи Абхазiи

Первый Абхазскiй Народный Совђтъ, избранный на основђ всеобщаго, прямого, равнаго и тайнаго избирательнаго права, въ заседанiи своемъ отъ 20 марта 1919 г. Отъ имени народовъ Абхазiи постановилъ.

1) Абхазiя входитъ въ составъ Демократической Республики Грузიи, как ея автономная единица, о чемъ поставитъ въ извѣстность Правительство Республики Грузiи и ея Учредительное Собранიе,

2) Для составленიя Конституцიи Автономной Абхазიи и опредђленიя взаимоотношенიй между центральной и автономной властью, избирается смђшанная Комиссიя въ равномъ числђ членовъ от Учредительнаго Собранiя Грузiи и Народнаго Совђта Абхазiи и выработанныя положенიя по принятიи ихъ Учредительнымъ Собранiемъ Грузიи и Абхазскимъ народнымъ Совђтомъ, должны быть внесены въ конституцიю демократической Республики Грузiи.

Предсђдатель Абхазскаго Народнаго Совђта Емухвари

(დამფუძნებელი კრება ტაშით ეგებება მილოცვას).

თავმჯდომარე. მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრება მიანდობს თავის პრეზიდიუმს საპასუხო დეპეშები გაუგზავნოს, როგორც წინად ყოფილა.

ეხლა მდივანი წაიკითხვას დღიურ წესრიგს.

კონსტანტინე ჯაფარიძე (კითხულობს).

დღიური წეს-რიგი

1) - პრეზიდიუმის წინადადება დროებით სახელმძღვანელოდ პარლამენტის რეგლამენტის მიღების შესახებ.

2. - ახალციხის ამბების გამოსარკვევად საგანგებო კომისიისთვის ბოროტ-მოქმედთა და მეამბოხეთა დატუსაღების უფლების მიცემის შესახებ.

3. - განცხადება მთავრობის შედგენის შესახებ.

4. - მთავრობის დეკლარაცია.

თავმჯდომარე. სურს ვისმეს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ? მსურველი არავინ არის. მაშასადამე კრებას სურს იმ რიგზედ განიხილოს რა რიგითაც შემოტანილია წესრიგი.

წესრიგი დამტკიცებულია.

პრეზიდიუმის სახელით გთხოვთ, სანამ სარეგლამენტო კომისია რეგლამენტს შეიმუშავებდეს და კრება მას მიიღებდეს, ნება დაგვრთათ, მივიღოთ სახელმძღვანელოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

სურს თუ არა ვისმეს ამის შესახებ სიტყვა? არავის. მაშასადამე არავინ არის წინააღმდეგი.

წინადადება მიღებულია.

მეორე საკითხის შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი. თქვენ კეთილ ინებეთ და აირჩიეთ დამფუძნებელ კრების კომისია ახალციხის მაზრაში გასაგზავნად იმ მიზნით, რომ ამ კომისიას გამოეძია ადგილობრივი მდგომარეობა, გამოერკვია მიზეზები შექმნილ მდგომარეობისა და მიეღო სათანადო ზომები. ასეთი გახლდათ შინაარსი იმ რეზოლიუციისა, რომელიც თქვენ მიიღეთ. კომისიის მიზანი იყო ასე მოწყობილიყო.

კომისიის თავმჯდომარისაგან ანჯაფარიძისაგან მოვიდა დეპეშა, რომელშიაც ის ითხოვს, რომ გაარკვიოს დამფუძვნებელმა კრებამ შემდეგი: ექნება თუ არა ამ კომისიას უფლება, რომ თუ ვინიცობაა, რომ კომისიამ გამოარკვია ბოროტმოქმედება, მიაგნოს ბოროტ-მომქმედს, დაატუსაღოს იგი. აი ამის შესახებ კომისია გთხოვთ, რომ თქვენ, დამფუძნებელმა კრებამ, სათანადო პასუხი გასცეთ.

ვთხოვ დამფუძვნებელ კრებას გამოსთქვას თავისი აზრი.

ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ელიავას.

მსჯელობა საგანგებო კომისიის შესახებ.

ნიკოლოზ ელიავა. (ს. დ.) ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ სწორედ ისე გვესმის დამფუძვნებელი კრების დადგენილება ამის შესახებ, როგორც ამას მოითხოვს გარემოება.

დამფუძნებელი კრების დადგენილებით, კომისიას, სხვათა შორის, ჰქონდათ მინიჭებული უფლება, რომ მიეღო საჭირო ზომები. საჭირო ზომებში შედიოდა ის უფლება, რომელზედაც კომისიის თავმჯდომარე ეკითხება დამფუძნებელ კრებას, და ვფიქრობთ, რომ ჩვენი დადგენილება ისე უნდა 66

იყოს გაგებული, რომ კომისიას აქვს სრული უფლება ყოველნაირი ზომები მიიღოს. სხვათა შორის, საცა აღმოაჩენს ბოროტ-მოქმედებას გადააყენოს ადგილიდან და, თუ მდგომარეობა მოითხოვს, დაატუსაღოს და გადასცეს გასასამართლებლად ესა თუ ის პირი.

ასე გვესმის ჩვენ და წინადადებას ვიძლევით, რომ დამფუძვნებელმა კრებამ განმარტოს ეს შეგნება, დაამტკიცოს და სთხოვოს პრეზიდიუმს აცნობოს კომისიის წევრებს, რომ მთავრობა სათანადო განკარგულებას მოახდენს, რათა ყველა თანამდებობის პირმა იცოდეს, რომ ეს დამფუძნებელი კრების კომისია უმაღლესი უფლებით არის აღჭურვილი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს. ფ.) მე მგონია, რომ ამ საკითხს აქვს პრინციპიალური ხასიათი.

ჩვენ ამით ვქმნით პრეცედენტს. კომისიას ეძლევა უფლება, რომ დაატუსაღოს. ჩვენი ფრაქცია ამ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით წინააღმდეგი არის, რომ ეს კომისია აღჭურვილი იყოს ამ თანამდებობით.

მართალია, დამფუძნებელი კრება არის ბატონ-პატრონი, დამფუძნებელი კრება როგორც მოისურვებს, ისე უნდა იყოს ყოველი კითხვა გადაწყვეტილი. რასაკვირველია, დამფუძნებელ კრებას აქვს ნება და უფლება შეჰქმნას ამისთანა პრეცედენტი. რასაკვირველია შეუძლიან დამფუძვნებელ კრებას უბრძანოს, რომ სწორეთ ამისთანა აღმასრულებელი უფლება მიიღოს ამ კომისიამ, მაგრამ ეს სრულიათ არ იქნება მიზან-შეწონილი.

ჩვენ კომისია გავგზავნეთ, რომ გამოარკვიოს ადგილობრივი მდგომარეობა, გამოიკვლიოს მიზეზები ამ მდგომარეობისა, მაგრამ ამასთანავე მართალია დართული იყო ის აზრი, რომ სათანადოთ ზომები მიეღო, მაგრამ არ იყო გამორკვეული, თუ რა არის სათანადო ზომები.

ადგილობრივი მდგომარეობა ასე ისახებოდა ჩვენ წინაშე, რომ იქ არის გენერალ-გუბერნატორი, იქ არის განსაკუთრებულ უფლებებით გაგზავნილი საგუბერნიო ინსპექტორი, მერე იქ აღმსრულებელი როლი ეკუთვნის ჩვენს მთავრობას, ე.ი. სამი დაწესებულებაა, სამი პირი არის, რომელნიც ამ შემთხვევაში აასრულებენ აღმსრულებელ როლს. რათ გინდათ, სწორეთ დღეს, სწორეთ ამ კომისიას მივანიჭოთ ასეთი ფუნქციები. ჩემის აზრით ეს შეიტანს ერთგვარ რყევას, ფუნქციების არევ-დარევას. (ხმა: განსაზღვრულია!).

განსაზღვრული არ გახლავთ, დამფუძნებელი კრების წევრნო! განსაზღრული არ არის იმისთვის, რომ იქ არიან იმისთანა პირები, რომელთაც სწორედ ეს უნდა აასრულონ. სრულიათ საკმარისი იქნება, რომ გამოააშკარავონ საგანი, მოკრიფონ მასალა, შეატყობინონ მთავრობას, შეატყობინონ იმ პირებს, რომელნიც იქ არიან. ამის და მიხედვით, საქმე გაკეთდება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი შეასრულებენ თავის მოვალეობას. მე მგონია, რომ სწორედ მდგომარეობით არ არის გამოწვეული რომ ამ უფლებით აღვჭურვოთ ეს კომისია.

ამის და მიხედვით, მე მგონია, რომ ძველი დადგენილება უნდა დარჩეს სისრულეში: მიზეზები გამოირკვეს და მოხსენდეს დამფუძნებელ კრებას. მერმე ეს საქმე გადაწყვეტილი იქნება. ამის და მიხედვით, ჩვენ ვერ მივანიჭებთ ამ კომისიას - უფლებას, რომ მართვა გამგეობაში დღესვე ჩაერიოს და მიითვისოს აღმასრულებელი ფუნქციები.

თავმჯდომარე. სანამ შემდეგ ორატორს მივცემდი სიტყვას, მე საჭიროდ მიმაჩნია მოგახსენოთ ამონაწერი იმ სხდომის ოქმისა, როცა დამფუძნებელ კრებამ მიიღო დადგენილება. ეს ამონაწერი შემდეგი გახლავთ: „არჩეული იქნეს დამფუძნებელ კრების წევრთაგან საგანგებო კომისია ახალციხის მაზრაში გამოსარკვევლად და სათანადო ზომების მისაღებად.“

ასეთი გახლავთ ამონაწერი.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვზავა. (ერ. დემ.) ბატონებო, ჩვენ ძალიან გატაცებულნი ვართ სხვა და სხვა ისტორიული მაგალითებით. ჩვენ ხშირად ვბაძავთ ხოლმე დამფუძნებელ კრებას, რომელსაც ჰქონდა ადგილი ევროპაში, სხვა და სხვა დროს. განსაკუთრებით ჩვენ ყურადღებას იპყრობს საფრანგეთის კონვენტი. მართალია, იქ დამფუძნებელი კრება ერეოდა მმართველობის ყოველ დარგში, ეს იყო არა მარტო კანონდებელი ორგანო: მან თავის თავზედ მიიღო სხვა და სხვა ფუნქციებიც: სამოსამართლეო, საადმინისტრაციო და სხვა. მაგრამ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ამისთანა წესს. ეხლა არ არის ის საერთაშორისო პირობები, რომელნიც იყვნენ მაშინ ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, და საფრანგეთის ირგვლივ. მაშინ საფრანგეთი როგორც მოგეხსენებათ, შემთხვეული იყო მტრებით, რეაქციონურ ევროპით. (ხმა: ეხლაც ასეთი მდგომარეობა!) უკაცრავად! რევოლიუციაა მთელ რუსეთში და რევოლიუციონური მოძრაობაა ირგვლივ (არსენიძე: დენიკინიც რევოლიუციონერია?) მაშინ ევროპა, როგორც მოწყობილი ძალა, სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, მიმართული იყო საფრანგეთის და რევოლიუციის წინააღმდეგ. ასეთი პირობები ჩემის აზრით, ამიერ-კავკასიაში არ არის. კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყო შიგნით საფრანგეთში. ბევრი იყო ნაშთები აბსოლიუტიზმისა და საჭირო იყო ბრძოლა სხვა და სხვა ელემენტებთან; ფსიხოლოგია სულ სხვა იყო, გაჟღენთილი წარსულ რეჟიმით. აქ ბევრი იყო მომხრე მეფისა. საადმინისტრაციო ძალას პროვინციაში შეადგენდნენ ისეთი პირები, რომელნიც იყვნენ დაყენებულნი მეფის მიერ და ამისთანა სხვა.

სრულიად ეს არ არის საქართველოში. საქართველოს თავისუფლება გამოცხადდა მაისში და ამის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ გაგვეწმინდა ადმინისტრაცია. ყველგან დავაყენეთ ჩვენი კაცები, დემოკრატიის ნდობით აღჭურვილნი. აქ ანალოგიას მე მგონია ადგილი არა აქვს. ამიტომ მე ვამბობ, არ არის საკმარისი საფუძველი რომ მივყვეთ იმ გზას, რომელზედაც იდგა საფრანგეთის კონვენტი. აქ სულ სხვა გარემოებაა.

მაშასადამე თუ კონვენტი ებღაუჭებოდა ყოველ-გვარ უფლებებს, როგორც საკანონდებულოს, აგრედვე მართვა-გამგეობას და სასამართლოს, - ეს მისაბაძი არ არის. ჩვენ ადმინისტრაცია გვყავს, სამინისტროები გვაქვს. ადმინისტრაცია ემორჩილება მინისტრს, მინისტრი ხომ თქვენი ნდობითაა აღჭურვილი? თუ ადმინისტრაცია არ ასრულებს იმას, რასაც უბრძანებს აქედგან მინისტრი, ის გამოცვლილი ან გადაყენებული იქმნება. მთელი აპარატი სახელმწიფოსი ჩვენ ხელშია. ასეთ მდგომარეობაში შერევა სხვა და სხვა ფუნქციებისა ყოვლად შეუწყნარებელია და არც არის სასარგებლო ჩვენთვის. არ არის სასარგებლო ხალხისთვის. ასეთი არევ-დარევა არ უნდა შევიტანოთ. რამდენადაც შეგვიძლიან გარკვეულ გზას უნდა დავადგეთ და გარკვეული ზომები მივიღოთ. ადგილობრივი ადმინისტრაცია, როგორც აქ ითქვა არის. მართალია ჩვენს დადგენილებაში ნათქვამი იყო: მიიღოს კომისიამ სათანადო ზომებიო, მაგრამ, მე მგონია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ეს კომისია ჩაერიოს ყოველთვის და ყველგან სადაც მისი ჩარევა სრულიად საჭირო არ არის (ხმა: საჭიროა?) უკაცრავად, ბატონებო არ არის საჭირო იმიტომ, რომ კომისიას ყოველ წამს შეუძლიან იქონიოს კავშირი ჩვენთან ან სამინისტროსთან: არის ტელეგრაფი, ტელეფონი, რასაც მოკლებულ იყო საფრანგეთი კონვენტის დროს. მაშინ არ იყო საშუალება. ეხლა კომისიას ყოველ წუთს შეუძლიან ელაპარაკოს მინისტრს, მაშასადამე, რა საჭიროა, რომ კომისიის თავმჯდომარეს ასეთი განსაკუთრებული უფლება გადავცეთ? (ნათაძე. რად აძლევდით...) ნუ გცხვენიათ ბატონო, გაათავეთ. (ნათაძე: რათ აძლევდით ხმას კომისიის გაგზავნაზე)?

თავმჯდომარე. ბოდიშს ვიხდი, უმორჩილესად გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ.

. გვაზავა. თუ ყურს მიგდებთ აქ გაიგებდით. კომისია გავგზავნეთ, რომ ადგილობრივ გამოერკვია ადგილობრივი მდგომარეობა, და სათანადო ზომებიც მიეღო. ამ ზომების მიღების დროს ჩვენ გვგონია - კომისია დაადგებოდა კანონიერ გზას, კანონიერად მოიქცეოდა, კანონერ ზომებს მიიღებდა. ე.ი. მიჰმართავდა არსებულ სახელმწიფოებრივ აპარატს და მისი შემწეობით და საშუალებით იმოქმედებდა. ჩვენ ის აზრი-კი არ გვქონია, რომ კომისიამ მიითვისოს ყოველგვარი ძალაუფლება. შეიძლება მან მოინდომოს ნამდვილი კანონმდებლობითი ხასიათის ბრძანება გასცეს, კანონი გამოსცეს ესეც „სათანადო ზომა“ იქნება, მაგრამ განა შეიძლება ამისთანა უფლება მივანიჭოთ? ჩვენ ამისთანა უფლება არ მიგვინიჭებია მათთვის. თუ ვინმე დასაჭერია უნდა შეატყობინონ იმ ორგანოს, რომელსაც ევალება ამგვარი საკითხების მოწყობა, და წარმოება. ამიტომ ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ შემოტანილ წინადადებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ივანე გობეჩიას.

ივანე გობეჩია (ს. რ.) მოქალაქენო! დამფუძნებელ კრების საგანგებო კომისიაში, რომელიც ახალციხის მაზრაში მომხდარ ამბების გამოსაძიებლად იყო ჩვენ მიერ არჩეული, შედის ყველა ფრაქციის წარმომადგენელი გარდა ჩვენი ფრაქციისა. შემთხვევით, მხოლოდ ჩვენ ფრაქციას არა ყავს თავს წარმომადგენელი ამ კომისიაში, და როდესაც ისმება საკითხი, მიენიჭოს თუ არა ამ კომისიას ამა თუ იმ მოქალაქის დაჭერის უფლება, ჩვენი ფრაქცია, შეიძლება, სხვა ფრაქციებზე უფრო ნაკლებ იყვეს დაინტერესებული კომისიის ამ უფლების მინიჭებაში, მაგრამ, თუ გაითვალისწინებთ დამფუძნებელ კრების იურიდიულ ბუნებას, დასმული საკითხი სულ ადვილათ გადაიჭრება. მართალია, ჯერ გამორკვეულ არ არის, დაიმსახურებს საქართველოს დამფუძნებელი კრება თავის მომავალ მოღვაწეობით ხალხის ნდობას თუ არა (სოციალ-დემოკრატიულ სკამებზე ხმაურობაა. არსენიძე: ოოო!), მაგრამ ერთი-კი ახლავე უნდა ვაღიაროთ: თუ დამფუძნებელი კრების მუშაობის დაწყებისთანავე ჩვენ მისი პრესტიჟის დაცემას ხელი შევუწყვეთ, მაშინ ჩვენ მეტათ ცუდ სამსახურს გავუწევთ მის მომავალს. ყველა პარტიები, რომელთაც ამ ჩვენს კრებაში ყავთ წარმომადგენლები, ყოველდღე და ყოველგან გაიძახოდენ პრესის საშვალებით, თუ სიტყვით, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრება არის ნამდვილი ბატონ-პატრონი საქართველოსიო, რომ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ სრულიად ახლად უნდა მოაწყოს ჩვენი ცხოვრების თითქმის ყოველი მხარეო, რომ დამფუძნებელი კრება არის უზენაესი სრულ უფლებიანი პატრონი ქვეყნისაო და სხვა. თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ ჩვენ დამფუძნებელი კრება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვეულებრივი საკანონმდებლო დაწესებულება. მე მესმის, როდესაც სახელმწიფოებრივ-უფლებრივი ცხოვრება ჩამოყალიბებულია რაიმე გარკვეულ ფორმებში, როდესაც არის შემუშავებული კონსტიტუცია, რომელიც საზღვრავს უფლებებს სხვა და სხვა სახელმწიფოებრივი ორგანოებისას, მაშინ დაისვას საკითხი, აქვს თუ არა, მაგალითად, საკანონმდებლო დაწესებულებას უფლება დაიჭიროს ესა თუ ის პირი. მაგრამ საქმეც სწორეთ იმაშია, რომ ჩვენ ჯერ არა გვაქს კონსტიტუცია, სახელმწიფოებრივ-უფლებრივი ცხოვრება მოწესრიგების სტადიაშია, ჩვენი დამფუძნებელი კრება ყველა არსებულ სახელმწიფოებრივ ორგანოებზე და კერძო პირებზე უფრო მაღლა სდგას და ყოველგვარი უფლებით მას შეუძლია ისარგებლოს, რადგანაც ის თვითონ არის ყოველგვარი იურიდიულ უფლების წყარო. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა ამას, ზედმეტი იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ დამფუძნებელ კრებას, ან მის მიერ არჩეულ და ნდობით აღჭურვილ კომისიას უფლება არ აქვს კერძო პირი დააპატიმროს, თუ ამას რესპუბლიკის ინტერესი მოითხოვს. განა შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჩვენს რესპუბლიკაში ისეთი პირი, რომელსაც მეტი უფლება მივანიჭოთ, ვიდრე დამფუძნებელ კრებას? მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოველ გენერალ-გუბერნატორს და თითქმის ყოველ კომისარს უფლება აქვს დროებით დაიჭიროს და სატუსაღოში გააგზავნოს რესპუბლიკის მოქალაქე, თუ ამას ისინი საჭიროდ დაინახავენ. თუ ეს უფლება მინიჭებული აქვს კერძო პირებს - მოხელეებს, რატომ ასეთი უფლებით არ უნდა აღიჭურვოს დამფუძნებელმა კრებამ თავის შემადგენლობიდან არჩეული რამოდენიმე პირი, რომელნიც იმავე დროს, როგორც ხალხის მიერ არჩეულნი, მეტის ნდობის ღირსნი არიან. ფედერალისტების ფრაქციის წარმომადგენელმა დღეს გაილაშქრა ახალციხის კომისიისთვის დაჭერის უფლების მინიჭების წინააღმდეგ, მაგრამ რატომ ფედერალისტები არ ილაშქრებენ გენერალ გუბერნატორის იმავე უფლების წინააღმდეგ. ამ საკითხში ერთი რამ უდავოა, ის რომ დამფუძნებელ კრებას სრული უფლება აქვს დაიჭიროს ყოველი მოქალაქე, რომლის დაკავებას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესი. აგრეთვე კრებას სრული უფლება აქვს განახორციელოს ეს დაჭერის უფლება, ან თვითონ ან და სხვა პირების საშვალებით. ახალციხის კომისია ერთხმათ იყო კრების მიერ არჩეული და თუ ის ადგილობრივ, გამოძიების დროს, რომელიმე პირის დაჭერას მიზანშეწონილ ზომად მიიჩნევს, ამის უფლება თქვენ მას უნდა მისცეთ. ყოველ კერძო შემთხვევაში რომ ჩვენ შეგვეკითხოს კომისია, დაიჭიროს თუ არა მან ესა თუ ის პირი, როგორც ამას ზოგიერთ ორატორი მოითხოვს, ეს საქმეს კი არ გაადვილებს და გააუმჯობესებს, არამედ უფრო გაართულებს და თვით დაჭერის უფლებაც მიზანს ვერ მიაღწევს, მაშინ უკეთესი იქნება, რომ დამფუძნებელი კრება სულ ერთიანად აიყაროს აქედან, გადასახლდეს ახალციხის მაზრაში, თვითონ გამოიძიოს საქმე და დაიჭიროს ის, ვის დაკავებასაც ის საჭიროდ დაინახავს. მაგრამ ამას, საბედნიეროთ, არც საქმის მდგომარეობა და არც კრების-ღირსება არ მოითხოვს, ყველა ამის გაკეთება შეუძლიან თვით ახალციხის კომისიას, რომელსაც უნდა მივანიჭოთ დაჭერის უფლება და ეს არც სახელმწიფროებრივ სხვა და სხვა ფუნქციების ერთი მეორეში არევა და არც კომისიის მიერ სხვისი უფლების მითვისება იქნება.

თავმჯდომარე. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აქ ეხლა მოლაპარაკე ორატორის სიტყვაში ერთი ადგილი იყო, რომლის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებლად მიმაჩნია. აქ ითქვა: ჯერ კიდევ კითხვა არის, დამფუძნებელი კრება დაიმსახურებს თუ არა ხალხის ნდობასო. მე მგონი რომ ამ ტრიბუნიდან ასეთ ლაპარაკს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან არც ექნება ადგილი.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრ ნინიძეს.

კირილე ნინიძე. (ს. დ.) ბატონებო! აქ კომისიის უფლებების წინააღმდეგ წამოაყენეს ორი მოსაზრება. ერთი ეკუთვნის გვაზავას. ეს არის ფორმალური მოსაზრება. ის ამბობს, რომ კომისიას, რომელიც აირჩია დამფუძნებელმა კრებამ და გაგზავნა ახალციხეში, არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ის ჩაერიოს პირდაპირ ადმინისტრაციის მოქმედებაშიო. მეორე მოსაზრება არის ბ. ბარათაშვილისა, რომელსაც ეშინია, რომ არ მოხდეს არევა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ფუნქციებისა. მე მგონია, რომ ორივე ეს მოსაზრება გაუგებრობაზეა აგებული. ბ. გვაზავა აქ ურევს ერთმანეთში პარლამენტარულ წესწყობილებას და იმ მდგომარეობას, რომელიც არსებობს ჩვენში დღეს. იურიდიულად დიდი განსხვავებაა პარლამენტსა და დამფუძნებელ კრებას შორის. პარლამენტი მოქმედობს სამინისტროს შემწეობით, ის ანდობს იმას განსაზღვრულ აღმასრულებელ ძალას და შემდეგ შეკითხვის საშუალებით მოსთხოვს პასუხს მთავრობას და თუ დაინახეს, რომ სამინისტრო ვერ ატარებს ამ ხაზს, რომელიც შეეფერება მდგომარეობას, რომელიც გამომდინარეობს კანონმდებელთა მუშაობიდან, მაშინ მთავრობას უნდობლობას უცხადებს, და ეს უკანასკნელიც უნდა გადადგეს, მაგრამ ის, რაც პარლამენტის შესახებ ითქმის, მისაღები არ არის დამფუძნებელ კრების შესახებ. დამფუძნებელი კრება ეხლა ჰქმნის კონსტიტუციას, ეხლა ამყარებს ახალ ცხოვრებას, და აქედან ცხადია, რომ მას აქვს იურიდიულათაც, უზენაესი უფლება, ის უმაღლესი უფლება, რომელიც მას ხალხმა მიანდო. აქედან ცხადია, რომ, იურიდიულის თვალსაზრისით მოსაზრება ბ. გვაზავასი ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. რაც შეეხება იმ ანალოგიას, რომელიც გვაზავამ მოიყვანა, ისიც არ არის სწორე. სწორეთ დღეს საქართველო უფრო აუტანელ მდგომარეობაშია, ვიდრე იყო კონვენტის დროს საფრანგეთი. ჩვენ ვიცით, რომ ეს დამოუკიდებელი არსებობა ჩვენი იშვა 4 წლის საერთაშორისო ომის შემდეგ, როდესაც ხალხის ეკონომიური ძალები სრულიათ განადგურებული იყო. ასეთს აუტანელ მდგომარეობაში საფრანგეთი სრულიად არ იმყოფებოდა. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვიცით, რომ თუმცა საფრანგეთის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფოები იყვნენ ამხედრებულნი, მაგრამ საფრანგეთი თავის ძალებით, ტერიტორიის სივრცით წარმოადგენდა დიდ სახელმწიფოს და ამას კი ჩვენ ვერ ვიტყვით საქართველოზე. საქართველო დღეს იძულებულია დიდი ანგარიში გაუწიოს გარეშე ძალებს. აი ასეთ პირობებში, როდესაც ყოველ კუთხიდან სხვა და სხვა ელემენტები, დამრღვევი ელემენტები ჩვენ გვიწყობენ აჯანყებას, განა შეიძლება ითქვას, რომ დღეს უფრო კარგ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე საფრანგეთი იყო, დიდ რევოლიუციის დროს? ეს ოპტიმიზმი არაფერზე არ არის დამყარებული (გვაზავა: მოიგონეთ ნოე ჟორნდანიას სიტყვა მშვიდობიანობაზე). ნოე ჟორდანიას სიტყვაში, ბატონებო, შედარებით იყო აღნიშნული, რომ იმ დროსთან შედარებით, რომელიც არსებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ, ჩვენ უკეთეს პირობებში ვიმყოფებით, მაგრამ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, ვითომ დღეს საშიშროება არ არსებობდეს.

ასეთივეა ბ. ბარათაშვილის აზრი. იმას ეშინია, რომ მოხდება აღრევა ფუნქციებისა; მაგრამ ეს არ არის მართალი, რადგანაც არავითარ აღრევას ადგილი არ ექნება. დამფუძნებელ კრების კომისია, რომელიც მოქმედობს ახალციხის მაზრაში, აღჭურვილია ჩვენი ნდობით და უმაღლეს უფლებით, ყველა ადგილობრივი ძალა ადმინისტრაციისა ამ მხარეში უნდა ემორჩილებოდეს მას. ასე რომ, ის არის უმაღლესი ორგანო, უმაღლესი წარმომადგენელი ამ მხარისა და საჭიროა მხოლოდ კონტაქტისთვის, რომ ეცნობოს მთავრობას, რომ მან თავის აგენტების მოქმედება შეუფარდოს ამ კომისიის მოქმედებას. ეს არის ლოღიკა იმ დებულებისა, რომელიც მივიღეთ ჩვენ. ჩვენ ვთქვით. რომ კომისიას ეძლევა უფლება სათანადო ზომების მისაღებათ. ეხლა ბ. გვაზავამ ბრძანა, რომ ეს სათანადო უფლება თურმე გამოიხატება იმაში, რომ მილიციას ან გამომძიებელს მოახსენოს საქმის ვითარება. მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ძალიან მაკვირვებს რომ, როდესაც თქვენ ასეთ დადგენილებას აძლევდით ხმას, როდესაც ბ. ბარათაშვილი ჰფიქრობს, რომ, ის ირჩევდა კომისიას იმ აზრით, რომ კომისია აასრულებს უბრალო გამომძიებლის როლს, ის დაემორჩილება ადგილობრივ ადმინისტრაციას. მე მგონია რომ ეს შეუგნებლათ, რასაკვირველია, დამცირებაა დამფუძნებელ კრების უფლებისა. მე ვამბობ მხოლოდ იმაზე, რაც დავადგინეთ, რომ კომისიამ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, და ეს სათანადო ზომები მდგომარეობს იმაში, რომ უმაღლესი კონტროლი უნდა აწარმოვოს, - და იმ კომისიამ, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ, - უნდა მიიღოს ყოველი საჭირო ზომები. ისე, რომ აქ ახალი არაფერია. და ვიმეორებ სხვანაირად არც შეგვეძლო გვეთქვა, რადგან დამფუძნებელ კრების კომისია რომელიც ჩვენ გავგზავნეთ ახალციხის მაზრაში, აღჭურვილი უნდა იყოს უზენაეს უფლებებით.

სოც. დემ. და ერ. დემოკ. წინადადებანი.

თავმჯდომარე. სიტყვა არავის ნებავს. მაშასადამე კამათი შეწყვეტილია.

აქ შემოსულია ორი რეზოლიუცია: ერთი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, და მეორე ეროვნულ დემოკრატებისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

კონსტანტინე ჯაფარიძე. (კითხულობს) „თანახმად 14 მარტის სხდომაზე მიღებულ რეზოლიუციისა, საგანგებო კომისიას, რომელიც გაგზავნილია ახალციხის მაზრაში, უფლება აქვს საჭიროებისამებრ გასცეს განკარგულება ბოროტმოქმედთა და მოღალატეთა დასატუსაღებლად, მისცეს ასეთი პირები სამართალში განურჩევლათ მათი მდგომარეობისა და თანამდებობისა“.

სოც. დემოკ. ფრაქცია.

ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია წინააღმდეგი არის მიენიჭოს ის უფლება რომელსაც აქ მოითხოვენ.

თავმჯდომარე. მაშასადამე ორი უმთავრესი წინადადება არის: ერთი მომხრე და მეორე საწინააღმდეგო. ვინ არის მომხრე რომ დადასტურებული იქმნეს შუამდგომლობა ახალციხეში გაგზავნილ კომისიის თავმჯდომარისა? კენჭს უყრი პირველ რეზოლიუციას. (კენჭის ყრა) დიდი უმეტესობა მომხრე გახლავთ. მაშასადამე პირველი რეზოლიუცია კომისიის შესახებ იქნება ასეთი: „თანახმად 14 მარტის სხდომაზე მიღებულ რეზოლიუციისა, საგანგებო კომისიას, რომელიც გაგზავნილია ახალციხის მაზრაში, უფლება აქვს საჭიროებისამებრ გასცეს განკარგულება ბოროტ მოქმედთა და მოღალატეთა დასატუსაღებლად, მისცეს ასეთი პირები სამართალში განურჩევლად მათი მდგომარეობისა და თანამდებობისა“.

აი მაშასადამე გადაწყვეტილება დამფუძნებელ კრებისა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადება.

თავმჯდომარე. ეხლა ნება მიბოძეთ გადავიდეთ მესამე საკითხზე: მთავრობის შედგენის შესახებ. სანამ სიტყვას მივცემდე უნდა მოგახსენოთ შემდეგ ქაღალდის შინაარსი:

„ჩემი თანამდებობის ასრულებას დროებით ვანდობ გარეშე საქმეთა მინისტრს ევგენი პეტრეს-ძეს გეგეჭკორს.“

საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

ეს ცნობისთვის მოგახსენეთ. ეხლა სიტყვა ეკუთვნის მთავრობის წარმომადგენელს.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება
ახალი კაბინეთის შედგენის შესახებ.

მთავრ. თავმჯდ. მოადგილე ევგენი გეგეჭკორი. მთავრობის დავალებით, მაქვს პატივი ვაუწყო დამფუძნებელ კრებას, რომ მან უკვე შეაყენა მთავრობა შემდეგი შემადგომლობით:

მთავრობის თავმჯდომარე:

ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია.

საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი:

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი.

შინაგან საქმეთა, სახალხო განათლების და სამხედრო საქმეთა მინისტრი:

ნოე ვისარიონის ძე რამიშვილი.

მიწად მოქმედების, შრომის და გზათა მინისტრი:

ნოე გიორგის ძე ხომერიკი.

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი:

კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი.

(დამფუძნებელი კრება მხურვალე ტაშით ეგებება მთავ. თავ. მოადგილის განცხადებას).

მთავრობის დეკლარაცია.

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი. მთავრობა აკეთებს შემდეგ განცხადებას:

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ასრულდა საქართველოს ერის სურვილი. შესდგა სუვერენული ორგანო, დამფუძნებელი კრება, რომელიც მოწოდებულია შეიმუშაოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და მტკიცე ნიადაგზე დაამკვიდროს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ორგანო დამფუძნებელი კრებისა და პასუხის მგებელი მის წინაშე, მიზნად ისახავს დემოკრატიის ინტერესთა დაცვას. რევოლიუციის მონაპოვართა განმტკიცება და გაფართოვება დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში - აი ის მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ახლად შემდგარი მთავრობა. ყველასათვის ცხადია, რომ დემოკრატიული საქართველო არასოდეს არ შეურიგდება პოლიტიკურ მონობას და ქედს არ მოიხრის მოწინააღმდეგეთა წინაშე, რომელნიც მის არსებობას ემუქრებიან (ტაში).

მართალია ჩვენს ნორჩ რესპუბლიკას წინ კიდევ მრავალი დაბრკოლება ეღობება: მსოფლიო სამშვიდობო კონგრესს თავისი უკანასკნელი სიტყვა ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ არ წარმოუთქვამს, მაგრამ ჩვენ სრული იმედით შევყურებთ მომავალს. ხალხი, რომელმაც სძლია რეაქცია და ანარქია, მოიგერია უცხო ძალთა თავდასხმა, ეჭვს გარეშეა შეინარჩუნებს და უზრუნველჰყოფს თავისუფალ პოლიტიკურ არსებობას. დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ჩვენში ფეხი შემოდგა და რომელთანაც ჩვენ ვესწრაფვით ურთიერთ ინტერესების უზრუნველყოფით დაახლოვებას, უკვე აღვითქვა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველოს მთავრობა მოწადინებულია მოკავშირეთა დანარჩენ სახელმწიფოებთანაც შეთანხმების მიღწევას და მათი დახმარებით საერთაშორისო ოჯახში სრულ უფლებიან წევრათ ჩარიცხვას.

ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ მეზობელი სახელმწიფონი - სომხეთი, ადერბეიჯანი და მთიელთა რესპუბლიკა, რომელთანაც ჩვენ ველტვით განვამტკიცოთ კეთილმეზობლური ურთიერთობა, საბოლოოდ დაადგნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივობის გზას, ხოლო ეს საუკეთესო თავდებია მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებისა და საერთო ძალღონით ჩვენი პოლიტიკური თავისუფლების დაცვისა.

საქართველოს საგარეო, აგრეთვე საშინაო მდგომარეობას მეტის მეტად ართულებს მსოფლიო ომით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალ-პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენ თვალწინ ახალ-ახალ ქვეყნებს მოედვა და, რომელიც, თანდათან ვითარდება და ღრმავდება. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს დემოკრატიის შემოქმედება და უნარი სძლევს ამ დაბრკოლებათ და ევროპაში მოსალოდნელ ცვლილებას ჩვენში მშრომელთა ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებს.

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მთავრობა თავის მოვალებათ რაცხს აშკარად განაცხადოს, რომ საქართველოს განაპირა კუთხეებში ბნელი რეაქციონური ელემენტები სცდილობენ რესპუბლიკის დამხობას და ამ მიზნით გარეშე ძალებს იშველიებენ. აფხაზეთსა და სამუსლიმანო საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობს. ჩვენი მიზანია ამ კუთხეეებში თავისებური განვითარების უზრუნველყოფა, ადგილობრივი ძალებით შინაური მართვა-გამგეობის მოწყობა და დედა სამშობლოსთან შეგნებულათ დაკავშირება. აბხაზეთის სახალხო საბჭოს მოწვევით, რომელიც არჩეულია საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციონალური სისტემით ორივე სქესის მიერ, უკვე ჩაეყარა საფუძველი აფხაზეთის საქმეთა ამ ნიადაგზე მოწესრიგებას.

საქართველოს მთავრობა მწვავეთ გრძნობს სამუსლიმანო საქართველოს დიდი ნაწილის დროებით ჩამოშორებას და სცდილობს ისტორიული უსამართლობის გამოსწორებას და მთლიანი რესპუბლიკის ფარგლებში მთელი სამუსლიმანო საქართველოს თავმოყრას.

მთავრობას განზრახული აქვს დროებით ქალ. ახალციხეში სამუსლიმანო საქართველოს მმართველობის შედგენა და ამ მხარეში დემოკრატიულ რეფორმათა განხორციელება.

მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ კუთხეების შემოერთება და კულტურული აღორძინება აუცილებელი პირობაა ჩვენი რესპუბლიკის ნორმალური განვითარებისა და თვით არსებობისაც კი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანი მისწრაფება საქართველოს ერისა ჰპოებს სრულ თანაგრძნობას მოკავშირე სახელმწიფოთა მხრივ.

რესპუბლიკის ფარგლებში ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა თანასწორი პოლიტიკური უფლებით სარგებლობს - მთავრობა მიზნათ ისახავს შექმნას პირობები ყველა ერთა კულტურულ ეროვნულ უფლებათა სრული უზრუნველყოფის და მათი განვითარების. ჩვენს მდგომარეობას არ შეეფერება მართვა-გამგეობის ის რთული სისტემა, რომელიც გვიანდერძა რუსეთის იმპერიამ.

მთავრობა მიზნათ ისახავს მართვა-გამგეობის გამარტივებას. ის შეეცდება სავსებით დაეყრდნოს თვითმართველობის ორგანოებს, რომელთაც მიენიჭათ უფლება ადგილობრივ მართვა გამგეობისა და რომელნიც ხალხთან დაახლოვებულნი არიან. მთავრობა ახლო მომავალში შემოიღებს საერობო თვითმართველობას იმ მაზრებში, რომელნიც ჯერ კიდევ მოკლებულნი არიან ამ ინსტიტუტს და დაჩქარებით შეუდგება წვრილ საერობო ერთეულობის მოწყობას, რომელნიც დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძველს წარმოადგენენ და ხალხის ბატონობას განამტკიცებენ.

მხოლოდ ამ გზით შეიძლება შექმნა ისეთის ადგილობრივი ადმინისტრაციისა, რომელიც კანონთა და განკარგულებათა ერთგული აღმასრულებელი იქნება და ხალხს ნამდვილ სამსახურს გაუწევს.

რესპუბლიკის განმტკიცება სასამართლოს რეფორმის დამთავრებას და მის ამუშავებას მოითხოვს. პირველ რიგში მთავრობა შეეცდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დაუყოვლებლივ განხორციელებას და უმაღლეს სასამართლოს დაარსებას.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ომის ხანაში მრავალ მოარული სენი გავრცელდა და ხალხს ფიზიკურ განადგურებას უქადის. მთავრობა ადგილობრივ თვითმართველობებთან შეთანხმებით შეეცდება დაუყოვნებლივ შესაფერი ზომების მიღებას და სანიტარული საქმის გაუმჯობესებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფათ და დემოკრატიული წყობილების განსამტკიცებლად მთავრობა მიზნად ისახავს საყოველთაო შეიარაღების დაკანონებას. ამავე დროს ჩვენ შევეცდებით დავრაზმოთ მოძრავი და საკმაოდ გაწვრთნილი მუდმივი ჯარი, რომელიც სახალხო გვარდიასთან ერთად იკისრებს რესპუბლიკის შინაურ და გარეშე მტერთაგან დაცვას (ტაში).

უმიწაწყლო და მცირე მამულიან გლეხთა მიწით უზრუნველსაყოფად მთავრობა განაგრძობს აგრარული რეფორმის დაჩქარებით განხორციელებას და ხელს შეუწყობს ინტენსიური სასოფლო მეურნეობის აღორძინებას.

მთავრობა უპირველეს მოვალეობათ რაცხს აღნიშნოს მწვავე ფინანსიური კრიზისი, რასაც რესპუბლიკა განიცდის. სავსებით მოწყვეტილი მრავალი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარს და სამრეწველო ცენტრებს, სახელმწიფო იძულებული იყო მრავალგვარი მოთხოვნილებანი მხოლოთ საკუთარი ძალით დაეკმაყოფილებინა. ბიუჯეტის შეუფერებელმა ზრდამ, რაიცა გამოწვეული იყო სახელმწიფოს არაჩვეულებრივი ხარჯებით, გამოიწვია ბონების ზედმეტი ბეჭდვა.

მთავრობა მიზნათ ისახავს ხარჯების შემოკლებას და ბიუჯეტის ახლო მომავალში მოგვარებას, გადასახადების ახალ სისტემის გამომუშავებას მშრომელთა ინტერესების უზრუნველყოფით და შემოსავლის ახალი წყაროების გამონახვას, საკრედიტო ოპერაციების მოწესრიგებას, სახელმწიფო ქონებათა ფინანსიური კეთილდღეობისათვის გამოყენებას და ამ გზით კრიზისის განელებას და საფრთხის თავიდან აცდენას.

მთავრობა დარწმუნებულია, რომ საღი ფინანსიური მეურნეობა მოითხოვს უცხოეთთან გაცვლა-გამოცვლის მოწესრიგებას და საწარმოვო ძალთა განვითარებას. ამ მიზნით მთავრობა შეეცდება ფართო ასპარეზი გაუხსნას კერძო ინიციატივას როგორც წარმოების, ისე აღებ-მიცემობის სფეროში, ხოლო სპეკულიაციის წინააღმდეგ მიღებულ იქნება განსაკუთრებული ზომები.

მთავრობა ხელს შეუწყობს სოფლად ინტენსიური მეურნეობის გაჩაღებას, აგრედვე რესპუბლიკის ფარგლებში ახალ საწარმოვო დარგების შექმნას. ამავე მიზნით მთავრობა შეეცდება ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის მეზობელ რესპუბლიკებთან შეთანხმებით მოგვარებას.

მთავრობა სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმართველობანი და კოოპერატიული საზოგადოებანი დღითი დღე მაგრდებიან საწარმოვო და სააღებმიცემო ასპარეზზე და ფართო შემოქმედების უნარს იჩენენ. მთავრობა მიზნათ ისახავს მათ დახმარებას, ამ გზით საზოგადოებრივ საკუთრების გაფართოებას და მის ხალხის საკეთილდღეოთ გამოყენებას.

მთავრობა მთელი თავისი ძალ-ღონით შეეცდება შრომის ინტერესების დაცვას და სოციალური კანონმდებლობის ფართო საფუძველზე აგებას ამავე დროს მას საჭიროდ მიაჩნია აღიაროს, რომ შრომის ნაყოფიერება საგრძნობლად დაეცა. ხოლო ეს ერთი მიზეზთაგანია ეკონომიური არევ-დარევისა და სანოვაგესი და სხვა საქონელზე ფასების აწევისა. მთავრობა მიზნათ ისახავს ხელი შეუწყოს შრომის ნაყოფიერების ზრდას და ამ საქმეში ის დაეყრდნობა შეგნებულ მუშათა ბანაკს, დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელი გზაა ეკონომიური ცხოვრების აღორძინებისა და მშრომელთა ბატონობის განმტკიცებისა.

სასურსათო კრიზისი თანდათან მწვავდება. მთავრობა სცდილობს მის განელებას საზოგადოებრივ ძალთა ამოქმედებით, თვითმართველობათა და კოპერატივთა ამ საქმის გარშემო შეკავშირებით და იმედოვნებს, რომ საერთო ძალ-ღონით შესძლებს ამ საქმის მოგვარებას და მოსალოდნელ საფრთხის თავიდან აცილებას.

პირველდაწყებითი სკოლები უკვე გადაეცა ადგილობრივ თვითმართველობებს. მთავრობა დაუყონებლივ შეუდგება თვითმართველობებთან შეთანხმებით პირველ დაწყებითი უფასო სავალდებულო და საყოველთაო სწავლა განათლების შემოღებას. მთავრობის მიზანია აგრეთვე საშუალო სკოლებისა ქალაქთა და ერობათა ხელში გადაცემა. ამავე დროს მთავრობა აღნიშნავს, რომ თანამედროვე სკოლა დაშორებულია ცხოვრებას. მთავრობა შეეცდება სამოსწავლო გეგმის ძირითად გადასინჯვას, სასწავლებელთა ახალი ტიპის გამომუშავებას და უმთავრეს მიზნათ ისახავს ხალხში პროფესიონალურ-ტეხნიკურ და სამეურნეო ცოდნის გავრცელებას და სკოლის ახალ საფუძველზე აგებას.

მთავრობა თავის მოვალეობათ აღიარებს ახლო მომავალში განახორციელოს ეკლესიის სახელმწიფოსაგან განცალკევება.

მრავალგვარი და მძიმე მოვალეობა ეკისრება მთავრობას, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამფუძნებელი კრების კარნახით და მისი აქტიური მონაწილეობით მართვა-გამგეობის საქმეებში ჩვენ ვსძლევთ დაბრკოლებებს, დავიცვათ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, შევინარჩუნებთ და გავაფართოებთ რევოლიუციის მონაპოვართ. (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე. როგორც დაინახავდით ეს ორი საკითხი: განცხადება მთავრობისა მთავრობის შედგენის შესახებ და დეკლარაცია მთავრობისა, გაკეთებულია.

ტრიბუნიდან ერთად მოხსენებული იყო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მიერ. ეხლა როგორ ინებებთ, მოისურვებთ, თუ არა განცხადების და დეკლარაციის შესახებ დღესვე კამათს? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

ფრაქციათა განცხადება.

სპირიდონ კედია. (ერ. დემ.) საზოგადოდ შემოღებული არის რომ ფრაქციები წინასწარ გაეცნობიან ხოლმე მთავრობის დეკლარაციას პასუხის გასაცემად. (ხმა: სად არის, რომელ ქვეყანაშია?) რადგანაც დღეს ეს ესე არ იყო, საჭიროა, რომ ფრაქციებმა მოსმენის შემდეგ კარგად განიხილონ მთავრობის დეკლარაცია. ამიტომ მე მოვითხოვ, რომ პასუხი დეკლარაციაზე, იქმნეს შემდეგ კრებისთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (ს.ფ.) მთავრობის დეკლარაციის განხილვა მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველა ფრაქციას უნდა ჰქონდეს საშუალება გაეცნოს ამ დეკლარაციას, ასწონოს დეკლარაცია, და ამის და მიხედვით თავისი დასკვნა მოახსენოს დამფუძნებელ კრებას.

აქამდის ასეთი ადათი იყო ჩვენში. მთავრობა თავის დეკლარაციას დაბეჭდილს უგზავნიდა ფრაქციებს, ფრაქციები იხილავდნენ და ამიტომ ხშირად, ხშირად კი არა, იყო იმისთანა შემთხვევები, რომ იმავე დღეს მთავრობას გასცეს პასუხი დღეს ეს არ მომხდარა, ამიტომ მოვითხოვდით, რომ დეკლარაციის განხილვა გადიდოს შემდეგ სხდომისათვის, და ეს კრება დაინიშნოს არა უადრეს კვირისა. თუ თქვენ მოახდენთ ხვალისთვის კრებას, ეს ნაჩქარევი იქნება და ჩვენ ვერ მოვასწრებთ დეკლარაციის განხილვას. (არსენიძე: ნება მომეცით)

თავმჯდომარე. კეთილ ინებეთ და რეგლამენტის მუხლი შეასრულეთ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.დ.) მე მგონი, რომ პარტიები და ფრაქციები ერთი ერთმანეთს არც ისე დაშორებულნი არიან, რომ არ იცოდნენ, რა მიმართულებისა არის ესა თუ ის მთავრობა, თუ რაგვარ მთავარ ხაზს აიღებს მთავრობა თავის დეკლარაციაში. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე, ვილაპარაკოთ, წვრილმანებზე და არა მთავარზე, და ამიტომ იმის თქმა, რომ არ ვიცი რა მოხდაო, ეს არის უბრალო მიზეზები.

ყოველ შემთხვევაში, მე საჭიროდ მიმაჩნია, განვაცხადო ფრაქციის სახელით რომ ეს საბუთი დაკმაყოფილებული იყოს, და მაინც და მაინც ფრაქციებს მიეცეს საშუალება თავიანთი უფრო დასაბუთებული, აზრი გამოსთქვან. ამ მოსაზრებით თანახმა ვართ, რომ დეკლარაციის განხილვა გადიდოს შემდეგ კრებამდის.

რაც შეეხება იმას, რომ შემდეგი კრება გავაგრძელოთ და გავაჭიანუროდ ორშაბათისთვის თუ სამშაბათისთვის, მე ეს შეუფერებლად მიმაჩნია და მიზან შეუწონელად. და აი რა მოსაზრებით. ერთი იმიტომ, რომ მხოლოდ მას შემდეგ რა დამთავრდება კამათი გამოირკვევა დავამტკიცებთ მთავრობას მისი შემადგენლობით, თუ უარვყოფთ მას. მხოლოდ დამტკიცების შემდეგ მიეცემა მთავრობას საშუალება მუშაობისა. მართალია გარდამავალი ხანაა ორ სამ დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვსო, იტყვიან, მაგრამ მე უნდა განვაცხადო, რომ დღევანდელ დღეს, დღევანდელ მდგომარეობაში, ხანდისხან, საათიც ბევრს ნიშნავს არამც თუ დღეები. თვითეულ დღეს უმთავრობოდ დარჩენილს უმთავრობოდ დატოვებულს, შეუძლია დიდი ზიანი მოუტანოს 78

რესპუბლიკას, განსაკუთრებით ეხლანდელ ხანაში. ამიტომ მე ჩვენ ვადგევართ იმ აზრს, რომ კრება გადიდოს შემდეგ დღისთვის.

მე მგონი ყველა ფრაქციები მოასწრობენ, რაც მოსააზრებელი აქვთ, მოიაზრონ და თავიანთი პასუხი გასცენ მთავრობის დეკლარაციას.

თავმჯდომარე. როგორც სჩანს კრების გადადების წინააღმდეგ არავინ არის. ნება მომეცით ეს წინადადება მიღებულად ჩავთვალო.

დამფუძნებელი კრება მომხრეა, რომ სხდომა გადადებული იყოს. რაც შეხება იმას, თუ როდის დაინიშნოს კრება, ამის შესახებ არის წინადადება ხვალ 22-მარტს 12 საათზე. სხვა წინადადება არ გახლავს. (გვაზავა: არის!) კეთილ ინებეთ და გამოგზავნეთ.

მეორე წინადადება გახლავთ ეროვნულ-დემოკრატებისა, რომ კრება დანიშნულ იყოს კვირას 23-მარტს.

ვინ არის მომხრე, რომ კრება დაინიშნოს ხვალ 22-მარტს?

მაშასადამე მიღებულია. კრება დანიშნულია ხვალისთვის. ვინ არის მომხრე რომ დაინიშნოს 12 საათზე?

დიდი უმრავლესობა მომხრე არის, რომ დაინიშნოს ხვალ 12-საათზე.

სხვა საკითხები დღიურ წესრიგში არ არის.

მაშასადამე კრებას ვხურავ.

კრება იხურება ნაშუადღევის 1 საათსა და 30 წუთზე. 79

2.5 მეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

შაბათი, 1919 წლის მარტის 22. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძე.

სხდომა იწყება 12 ს. 15 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ, მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს. გთხოვთ წაიკითხოთ.

კონსტანტინე ჯაფარიძე (კითხულობს)

დღიური წესრიგი.

1) მსჯელობა მთავრობის დეკლარაციის შესახებ და

2) სამანდატო კომისიის მოხსენება.

თავმჯდომარე. რა წესით მოისურვებთ წესრიგის განხილვას, იმ წესით, რომელიც მოგახსენათ მდივანმა, თუ შესცვლით წესრიგს? ვის სურს სიტყვა აიღოს? (გ. გვაზავა: ჯერ სამანდატო კომისიის მოხსენება მოვისმინოთ!)

მსურველი არავინ არის, მაშასადამე თქვენ მოისმენთ ამ საკითხებს ისე, როგორც შეტანილია.

ჯერ მსჯელობას იქონიებთ მთავრობის დეკლარაციის შესახებ, და მერმეთ მოისმენთ სამანდატო კომისიის მოხსენებას.

მთავრობის დეკლარაციის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

შალვა ალექსი-მესხიშვილის სიტყვა.

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! დღევანდელ რთულ და მეტის მეტად საპასუხისმგებლო მომენტში, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სამოქმედო გეგმას, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ.

ჩვენ მოვისმინეთ გუშინ მთავრობის დეკლარაცია, რომელიც მიზნად ისახავს დაიცვას დემოკრატიის ინტერესები, განამტკიცოს და გააფართოვოს რევოლიუციის მონაპოვარი დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში. ჩვენს, სოციალისტ-ფედერალისტების მიზანსაც შეადგენს დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკის განმტკიცება, მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვა და მისი პოზიციების იმდენად გამაგრება, რომ მომავალში იგი მომზადებული დახვდეს სრულს განთავისუფლებას. მაგრამ ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია გზა, რომლითაც მთავრობა აპირებს სიარულს. გამოქვეყნებული დეკლარაცია ზოგიერთის დამატებით თითქმის არ განსხვავდება წინანდელ დეკლარაციისაგან. აღნუსხულ გეგმას მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის. ეს საკითხი, როგორც აღნიშნა მთავრობის ანგარიშში ბ-მა ნოე ჟორდანიამ და რასაც ხაზს უსვამს მთავრობის დეკლარაცია, დღეს ბევრად უკეთესს პირობებშია, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს. პარტიათა შეერთებული ძალა აუცილებლად საჭირო იყო და თვალსაჩინო შედეგებსაც მიაღწია. დღეს კი მეტის მეტად გართულებულ და გამწვავებულ პირობებში შინ და გარედ, დეკლარაციაში აღნიშნული ზომები საკმარისად აღარ გამოდგებიან.

გადახედეთ, მოქალაქენო, რა ხდება ჩვენში!

რევოლიუციის განმავლობაში სოფლის მეურნეობის გარდა, რომლის ნაყოფი ჩვენს ერს არ ჰყოფნის, ჩვენი მცირე ინდუსტრიალური წარმოება სრულიად დაეცა.

მატერიალური ღირებულება ძალიან ნაკლებად მზადდება, კაპიტალიზმი განვითარებულია მეტად სუსტად და იმედი კერძო ინიციატივის ამოძრავებისა, როგორც ეს დეკლარაციაშია აღნიშნული, მართალი არ არის.

მოკლე ხანში კერძო ინიციატივა ვერაფერს შეჰქმნის, მით უმეტესად, რომ კაპიტალისტები გაურბიან მრეწველობას, რადგანაც ეშინიანთ გარდამავალი ხანისა და თანაც არ კმაყოფილდებიან იმ სარგებლით, რომელიც შეუძლიან მოიტანოს ნორმალურად დაყენებულმა წარმოებამ. ამას არჩევენ სპეკულიაციას და უკვე არსებულ საქონელზე საშინლად ფასების აწევას.

საერთაშორისო ომმა და რევოლიუციამ ისეთი პირობები შეჰქმნა ჩვენს გარეშე, რომ ფაქტიურ ბლოკადას განვიცდით და მოკლე ხანში აღებ-მიცემობის მოწესრიგება და საქონლის შემოტანა ვერ მოეწყობა.

თვით მთავრობა აღნიშნავს, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ფინანსები. არ გვაქვს გარკვეული ფინანსიური სისტემა; აუარებელ ბონების ბეჭდამ სხვა პირობებთან ერთად სრულიად დასცა ბონების ფასი. სახელმწიფოს ხარჯი საშინელი აქვს, შემოსავალი კი მეტად მცირე.

მუშათა და სახელმწიფო მოსამსახურეთა მდგომარეობა პირდაპირ აუტანელია. ჯამაგირი, რომელიც შეუძლიან მთავრობას მისცეს, უპირველეს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ვერ გასწვდება. ეს კი პასუხისმგებლობის სისუსტესთან ერთად ჰქმნის ნიადაგს იმ აღვირახსნილ ქურდობის და მექრთამეობისათვის, რომლის მოწამენი ჩვენა ვართ. მაგრამ დიდი უმრავლესობა სიმშილს განიცდის. ამ მეტად სერიოზულ კითხვას ჯამაგირის მომატებით ვერ უშველით. ბონების ფასი ისეთის სისწრაფით ეცემა, რომ ჯამაგირის მომატება საქმეს ვერ მოაგვარებს.

ბ-ბო! ეს მკრთალი სურათია იმის, რაც ხდება ჩვენს გარეშე.

ჩვენ მოწამენი ვართ რუსეთში და ევროპაში შრომისა და კაპიტალის, სოციალიზმისა და იმპერიალიზმის ბრძოლისა. ბრძოლა ტიტანიურია. ვეთანხმებით თუ არა ბრძოლის მეთოდებს, ერთი რამ აშკარაა. საერთაშორისო ომისაგან გამოწვეულმა კრიზისმა დაუპირისპირა ერთი მეორეს ორი ბანაკი. რევოლიუციონურმა ქარცეცხლმა ნათლად დაანახვა თვით იმპერიალისტებსაც კი, რომ ძველი სოციალური ურთიერთობათა დაბრუნება შეუძლებელია. ეს აშკარად გამოითქვა ინგლისის მრეწველთა ყრილობაზე, ამავე აზრს ადგა გერმანიაში დამფუძნებელი კრება. მიუდგომელ მეთვალყურისათვის აშკარა უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ ხანაში და დღესვე უნდა ჩაეყაროს მტკიცე საძირკველი მომავალ სოციალისტურ წყობილებას. ამით იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს დღესვე შეიძლებოდეს სოციალიზმის განხორციელება. არა. მე მხოლოდ აღვნიშნავ, რომ თვით იმპერიალისტებიც კი გრძნობენ სერიოზულ სოციალურ გარდაქმნის აუცილებლობას, სოციალისტები კი მოვალენი არიან, სადაც კი მათ შეუძლიანთ, გაშალონ შემოქმედებითი ნიჭი და მტკიცე ნიადაგი მოუპოვონ სოციალისტურ წესწყობილებას. აი მოკლედ ობიექტური პირობები, რომელშიაც უხდება მოქმედება საქართველოს მთავრობას და საჭიროა სერიოზული გეგმა, რომ ამ მდგომარეობიდან საქართველოს მშრომელი ხალხი გამარჯვებული გამოვიდეს.

საქართველოს დამოუკიდებლობას ადვილად ვერავინ მოსპობს, თუ თვით ჩვენში არ დაგვანგრია ცხოვრების მოუწესრიგებლობამ. სოციალისტური მთავრობა, სოციალისტურ დამფუძნებელ კრების ნდობით აღჭურვილი, ვალდებულია გაბედული ნაბიჯები გადადგას, თორემ იმ გზით, რომელიც დეკლარაციაშია ნაჩვენები და რადიკალებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე სოციალისტებს, ვერაფერს გახდება.

სურსათ-სანოვაგის, ეკონომიურის და ფინანსიური კრიზისის ასაცდენად, მთავრობა ვერ დაეყრდნობა კერძო ინიციატივის და კაპიტალიზმის უმტკივნეულოდ განვითარებას.

სრულიად უნდა შეიცვალოს არსებული გეგმა წარმოებისა სოფლად და ქალაქში. სოფლის მეურნეობაში, მრეწველობა-აღებმიცემაში მთავრობა უნდა მიისწრაფოდეს, სადაც კი შესაძლოა, კოლექტივიზაციისაკენ.

ძირიანად უნდა შეიცვალოს პარლამენტის მიერ მიღებული აგრარული კანონი, რომლის ცხოვრებაში გატარებას მთავრობა აპირებს. ამის მაგიერ უნდა გატარდეს მიწის სოციალიზაცია. მთავრობა ყოველმხრივ უნდა დაეხმაროს კოლექტიურ წარმოებას სოფლად. ამით შეიქმნება ერთად ერთი საღი ნიადაგი სოფლის მეურნეობის აყვავებისათვის.

ქალაქის თვითმართველობათა, ერობათა და სახელმწიფოს ხელში უნდა გადავიდეს წარმოების ყველა დარგი, რომელსაც მასსიური ხასიათი აქვს. ყველაფრის ჩამოთვლა საჭირო არ არის; იმას გარდა, რაც უკვე განსაზოგადოებრივებულია, მე მიუთითებ, მაგალითად კრედიტის ცენტრალიზაციაზე სახელმწიფოს ხელში, სურსათ სანოვაგის საქმეს, სამთამადნო მრეწველობას, ბინების საკითხს, ელექტრონით სარგებლობას, აფთიაქებს, ზოგიერთ ქარხნებს და ბევრ სხ.

ერთის სიტყვით ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მთავრობა უნდა ცდილობდეს ეკონომიურ ცხოვრების უმთავრესს დარგთა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელში გადაცემას.

განსაკუთრებითი ყურადღება უნდა მიექცეს კოოპერატიულ მოძრაობის განვითარებას და მათ დახმარებას სახელმწიფოს მიერ. მართალია, მთავრობის დეკლარაციაში სხვათა შორის ესეც მოხსენებულია, მაგრამ სწორედ ეს უნდა შეიქმნას მთავრობის მოქმედების დედა ბოძად. რასაკვირველია, მე არ მოვითხოვ კერძო ინიციატივის მოსპობას. დღევანდელ პირობებში ეს შეუძლებელიცაა, მაგრამ მთავრობის ეკონომიური სისტემა ამას ვერც დაემყარება და არც უნდა დაემყაროს.

სოციალურ ურთიერთობის გარდაქმნაში თვით მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და არა მორცხვად ამბობდეს, როგორც ეს დეკლარაციაშია, რომ, თუ ევროპაში მოხდა რამე სასარგებლო მშრომელ ხალხისთვის, ამით ვისარგებლოთო. ასე კითხვის დაყენება შეუძლებელია.

მხოლოდ ზემოაღნიშნული გაბედული აზრით და არა კაპიტალიზმის ფეტიშად გადაქცევით, მთავრობა შექმნის საღ ნიადაგს ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ერთს გარემოებას მინდა მოვიქციო კიდევ თქვენი ყურადღება.

თუ მთავრობამ ალღო არ აუღო თანამედროვე მომენტს, ცხოვრება თავისას მაინც გაიტანს და ამით შეიძლება საბაბი მიეცეს ანარქიულ ელემენტებს სოციალიზმის სახელით ჩვენსკენ გამოილაშქრონ. აგვირ დაგვირევენ წესიერებას და მიზანშეწონილ, საღ სახელმწიფო შემოქმედების მაგიერ ჩვენში გაჩაღდება ანარქია და სამოქალაქო ომი.

საგარეო პოლიტიკაში ჩვენ დღევანდლამდის გარემოებათა მიხედვით იმპერიალისტურ სახელმწიფოებთან გვქონდა საქმე. ჩვენი მთავრობის მოვალევობაა ეხლა დაიჭიროს კავშირი და იქონიოს მეტი ურთიერთობა სოციალისტურ ელემენტებთან ჩვენს გარეშე და ევროპაში.

ყველა ამ მოსაზრებათა გამო მთავრობის გეგმა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენის ღრმა რწმენით, თუ მთავრობამ არ შესცვალა რადიკალურად თავისი გეგმა, მიზანს ვერ მიაღწევს და ჩვენ, გამსჭვალულნი დიადის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის განმტკიცებისა და მშრომელ ხალხის საბოლოოდ გამარჯვებისა, ვაწარმოებთ კრიტიკას ყველა ნაბიჯებისას, რომელნიც ეწინააღმდეგებიან ჩვენგან აღნიშნულ გეგმას.

მოქალაქენო! დამფუძნებელი კრების მოწვევა დიადი ფაქტია ყოველი ერის ცხოვრებაში. ეს ფაქტი აღნიშნული უნდა იყოს. მე მოველოდი მთავრობის დეკლარაციაში განცხადებას ამნისტიის შესახებ, მაგრამ ვერ ვნახე იგი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გამოცხადებული იყოს სრული ამნისტია ყველა პოლიტიკურ დამნაშავეთათვის და შეუმსუბუქდეს სასჯელი უბრალო ბოროტმომქმედთ.

ნება მიბოძეთ, ეხლა ფრაქციის დავალებით წავიკითხო სოციალისტ ფედერალისტთა დეკლარაცია.

სოციალისტ ფედერალისტთა ფრაქციისა.

საქართველოს მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

1919 წლის მარტის 12 ისევე აღიბეჭდება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, როგორც შარშანდელი მაისის 27-ი. დაფუძნებელმა კრებამ უნდა დააგვირგვინოს საქართველოს განთავისუფლება. განამტკიცოს მისი პოლიტიკური სახე და შეუდგეს ხალხის ცხოვრების სოციალურ გარდაქმნას. ბევრი და მძიმე სამუშაოა ჩვენს წინ. ხალხი ელის დამფუძნებელ კრებისაგან დიდს შემოქმედებას. მაგრამ მომავალ მუშაობის გეგმის ნათელსაყოფად საჭიროა მოკლედ წარსულის გათვალისწინება.

რუსეთის რევოლიუციამ დაამსხვრია თვითმპყრობელობა, დაშალა ძველი რუსეთი. ახალის შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ ყველა ნაწილის გათანასწორებით.

რევოლიუციის პირველმა ხელმძღვანელებმა ამას დროზე ალღო ვერ აუღეს და დამარცხდნენ კიდეც. ოქტომბრის რევოლიუცია გაღრმავება იყო რუსეთის რევოლიუციისა. მაგრამ ერების თავისუფლება, თვითგამორკვევის უფლების დიადი ლოზუნგი იმხანადაც მხოლოდ სიტყვებად დარჩა. საქართველომ კი ეს ლოზუნგი რევოლიუციისა განახორციელა და ამას მოწმობს დღევანდელი ჩვენი დამფუძნებელი კრება.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ საქართველოს თავისუფლება რუსეთის რევოლიუციის შედეგია, მისი ერთ-ერთ დიად ლოზუნგის ხორცშესხმაა. და ეს გარემოება გვავალებს რევოლიუციის პირველი დღე ისეთსავე დიდმნიშვნელოვან დღედ აღვიაროთ, როგორც მაისის 26 და მარტის 12.

მოქალაქენო! ჩვენ შევთანხმდით სოციალ-დემოკრატიასთან ქართველი ერის თავისუფლების ფორმის შესახებ. და ეს ფორმა დღევანდელ პირობებში დამოუკიდებლობაა. სოციალ-დემოკრატიამ თავს იდვა სახელმწიფოებრიობის შექმნა და განტკიცება. ჩვენ პარტიას თავდაპირველადვე მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ჩვენ ეროვნული თავისუფლება მიგვაჩნდა საუკეთესოდ და აუცილებელ პირობად სოციალურ თანასწორობის განხორციელებისათვის. სოციალ-დემოკრატიაც ამ გზას დაადგა. ჩვენც მთელი ძალღონით შეუდექით მშობელი ხალხის სამსახურს მათთან ერთად და არა დაგვიზოგავს რა ბრძოლის ველზე, თუ სამოქალაქო საამშენებლო მუშაობაში.

ჩვენს ერს იშვიათად ახსოვს ისეთი განსაცდელები, როგორიც დაატყდა შარშან. ოსმალეთმა მოგვწყვიტა სამუსულმანო საქართველო და გალაღებული ეშურებოდა ტფილისისა და ქუთაისისაკენ. ბოლშევიკური რუსეთი გვემუქრებოდა. მეზობლები შურით და მტრობით შემოგვყურებდნენ. დუშეთის მაზრასა და სამეგრელოში აჯანყებამ იფეთქა. შინ არაქართვე84

ლი ელემენტები შეთქმულებას გვიმზადებდნენ. ამას ზედ დაერთო დიდი ეკონომიური კრიზისი, რომელიც გამოიწვია მსოფლიო ომმა, ხოლო გაართულა ჩვენმა საერთო მოუწყობლობამ. საჭირო იყო შეერთებულის ძალით დაცვა ახლად მოპოვებული თავისუფლებისა, შექმნა სასწრაფოდ ელემენტარული სახელმწიფოებრივი აპარატისა და ნდობის მოპოება რესპუბლიკისადმი ხალხში.

პირველ ხანებში საქართველოში მართლაც გაერთიანებული ეროვნული ფრონტი იყო, მაგრამ მალე დაირღვა იგი და მთელი სიმძიმე მუშაობისა და ბრძოლისა ახალი წესწყობილების განსამტკიცებლად მხოლოდ ორ პარტიას დააწვა სოციალ-დემოკრატებს და სოციალისტ-ფედერალისტებს. ჩვენი და მათი შეთანხმებული მუშაობა კრიტიკის შენელება, დადებითი საქმიანობა აუცილებელი პირობა იყო ახლად შექმნილ სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის.

დამოუკიდებლობის არსებობის ათმა თვემ განვლო. მართალია საქართველოს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაჭრილი არაა და არა ერთი საფრთხეა მოსალოდნელი, მაგრამ დღეს საქართველოს რესპუბლიკის აზრი საკმაოდ განტკიცებულია ქართველ ხალხში. გარეშე მტრებმაც იგრძნეს ძალა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა უფრო საიმედოა. დღეს მოწვეულია დაფუძნებელი კრება და საქართველოს დამოუკიდებლობას ხელს ადვილად ვერავინ შეახებს.

ეს დამოუკიდებლობა დღევანდელ პირობებში მიგვაჩნია ერთ-ერთ სახედ ერის თავისუფლებისა. ჩვენ ფედერალისტები ვიყავით და დღესაც ფედერალისტები ვართ. მსოფლიო ცხოვრების განვითარების გზა ისეთია, რომ ფედერატიული კავშირი ერებისა აუცილებელი პირობაა კაცობრიობისა, ამ ამ კავშირს დაჟინებით მოითხოვს აგრეთვე თვით ჩვენი ქვეყნის გართულებული ეკონომიური ინტერესები.

ამიტომ ჩვენ გვმართებს მეგობრული კავშირი ვიქონიოთ ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით კი მეზობელ ერებთან.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა სხვა და სხვა გარემოებათა გამო დღევანდლამდე იძულებით მიმართული იყო მხოლოდ დიდი იმპერიალისტულ სახელმწიფოებისაკენ და მათი საშუალებით ჩვენი თავისუფლების უზრუნველყოფისაკენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რევოლიუცია არ დამთავრებულა და გადავიდა ევროპაშიაც. ჩვენ მოწმენი ვართ მსოფლიო ძირითად გარდაქმნისა და სოციალური რევოლიუციის ხანაში შევდივართ. ამიტომ ჩვენი პარტია საქართველოს სახელმწიფოსაგან მოითხოვს მეტ დაახლოვებას, კავშირის გაბმას სოციალისტურ დემოკრატიასთან ჩვენს გარშემო და ევროპაში.

ეხლა დამფუძნებელ კრების წინაშე სდგება გადასაწყვეტად საკითხი: რა სოციალური შინაარსის უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო, რა უნდა განახორციელოს, რა მიზანი უნდა დაისახოს მან? აქ ჩვენი და მმართველი პარტიის გზა ერთმანეთს შორდება, ჩვენი გეგმები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

მმართველი პარტია აპირებს საქართველოში დაამყაროს მარტოოდენ დემოკრატიული სახელმწიფო და ერიდება მისცეს მას სოციალისტური ხასიათი. 85

ჩვენ კი, სოციალისტ ფედერალისტები ვამტკიცებთ: ეროვნული აღორძინება წილად ხვდა საქართველოს მშრომელ ხალხს და მის იდეოლოგიას. საქართველოს განთავისუფლების დროშა არის დროშა სოციალისტური დემოკრატიისა. ამ დემოკრატიის, მშრომელი მასსის საქმეა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური აღორძინებაც შეგნებული განსაზოგადოებრული მეურნეობით, რომელიც უნდა მოაწყონ კოოპერატივებმა, საერობო და საქალაქო თვითმართველობამ და მთელმა სახელმწიფომ. დამფუძნებელმა კრებამ ამ მიზნით უნდა გადასინჯოს აგრარული კანონი და მიწათმფლობელობა მოაწყოს სოციალიზაციის პრინციპებზე.

ამას გვიკარნახებს ფინანსიური მოსაზრებაც. საქართველო ეკონომიურად ჩამორჩენილია, მცხოვრებთა საშუალო შემოსავალი ძლიერ მცირეა, საქარხნო საფაბრიკო წარმოება განუვითარებელია; სახელმწიფოს შემოსავლის წყარო ნაკლებად აქვს: გადასახადს ვერ გააწერს ხალხს იმდენს, რომ დაჰფაროს თავისი ხარჯი. ვერც კაპიტალისტების დაბეგვრა უშველის, რადგან მათი რიცხვი მცირეა. ერთად ერთი საღი საშუალებაა ფართო საზოგადოებრივი, საერობო, საქალაქო და სახელმწიფოებრივი მეურნეობის მოწყობა. მხოლოდ ამ გზით ავიცდენთ, სხვათა შორის, სურსათ სანოვაგის იმა კრიზისსაც, რომელიც დღეს ასე მწვავეა.

ამგვარი მუშაობით განხორციელდება ორნაირი მიზანი: განაღდება, აიწევს შრომის ნაყოფიერობა, განმტკიცდება რესპუბლიკის ფინანსიური მდგომარეობა. შეიქნება ეკონომიური სიმდიდრე და მეორეს მხრით ნაწილობრივი გასაზოგადოებული მეურნეობით შევემზადებით სოციალისტური წარმოებისათვის.

ჩვენ არ გვგონია, რომ დღესვე შესაძლებელი იყოს სოციალიზმის განხორციელება. დღეს არის მხოლოდ გარდა მავალი ხანა და ჩვენმა სახელმწიფომ უნდა შეიქნას სოციალიზმისთვის ელემენტები. სოციალიზმი მარტოოდენ საქართველოში ვერ განხორციელდება, მაგრამ საქართველო მზად უნდა იყოს სოციალიზმის მისაღებად და არა მარტო პროპაგანდისა და აგიტაციის მეოხებით, არამედ მეურნეობის თანდათანობითი კოლექტივიზაციით და ეს უნდა ეხებოდეს ერთნაირად როგორც ქალაქს, ისე სოფელს.

ჩვენი საკუთარი მოქმედებით უნდა მოუსპოთ ანარქიულ ძალებს ყოველივე საბაბი სოციალიზმის სახელით გამოილაშქრონ ჩვენსკენ: ეს შეუძლიან ჩვენ სახელმწიფოს, თუ დაადგება ზემოხსენებულ სოციალურ ცვლილებათა გზას და კერპად არ გაიხდის ბურჟუაზიული დემოკრატაულ წყობილებას.

ჩვენი მიზნები განსაზღვრავენ სახელმწიფოებრივ აპარატის აგებულობასაც. თავდაცვა დღესაც საზრუნავ საგნად გვაქვს და უნდა გვქონდეს: ამისთვის საჭიროა სამხედრო საქმის რეორგანიზაცია და თანდათანობით გადასვლა სახალხო მილიციის სისტემაზე, მაგრამ უდიდესი ყურადღება უნდა მოვაქციოთ იმ დაწესებულებებს, რომელთა მიზანი არის შრომის და მეურნეობის ორგანიზაცია.

საჭიროა ფართო დეცენტრალიზაციის განხორციელება, უნდა დამყარდეს მჭიდრო კავშირი თვით ხალხთან. მთავრობა უნდა ემყარებოდეს ადგილობრივ თვითმართველობებს, ამასთანავე განხორციელებულ უნდა იქმნას მოქალაქეთა ინიციატივის უფლება და რეფერენდუმი. 86

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ეროვნულ უმცირესობათა უფლების უზრუნველყოფას, თუ ჩვენ აფხაზეთსა და სამაჰმადიანო საქართველოში არ განვახორციელებთ გამოცხადებულ თვითმართველობას, ფრიად გართულდება საქმე და ჩვენ ვერ შამოვიკრებთ ჩვენს გარშემო გაფანტულ ელემენტებს.

დამფუძნებელ კრებაში ჩვენ ყოველთვის კრიტიკას გაუწევთ და შევებრძოლებით იმისთანა ნაბიჯებს, რომელიც ზემოხსენებულ მიზეზებს ეწინააღმდეგება.

სავსებით ვითვალისწინებთ ჩვენ დღევანდელს მძიმე და რთულ პირობებს. ერთი მხრით უნდა დავამყაროთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მოვაწყოთ საკუთარი თავისუფალი ცხოვრება, მეორე მხრით შემზადებულად შევეგებოთ იმ სოციალურ რევოლიუციას, რომელიც უკვე დაწყებულია. სწორედ ეს გარემოება გვავალებს ვაწარმოოთ კრიტიკა ფხიზელი და საქმიანი.

მაგრამ ჩვენი რესპუბლიკის დაცვაში, ვისგანაც უნდა მოელოდეს მას საფრთხე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ყოველთვის მზად იქნება მხარში ამოუდგეს დამფუძნებელ კრებას და თავდადებით, საკუთარის სისხლით დაიცავს საქართველოს თავისუფლებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

სპირიდონ კედიას სიტყვა.

სპირიდონ კედია. (ერ. დემ.) დამფუძნებელი კრების წევრნო! არასოდეს ასეთის სიმკაცრით არ გამოთქმულა წინააღმდეგობა სინამდვილესა და იდეოლოგიას შორის.

ის გარემოება, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში 127 მეტი სოციალისტი ზის, ხოლო სინამდვილე ძალას გვატანს სახელმწიფოს აღსაგებად საღი ბურჟუაზიული საფუძვლები და მეთოდი ვიხმაროთ, - ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ სურვილი და დიდი რწმენაც უძლურია სოციალიზმის დასამყარებლად და სინამდვილის გარდასაქმნელად. ეს გარემოება თანაც გვეუბნება, რომ საჭიროა გადავხედოთ წარსულ გზასა და მოქმედებას. ამ წარსულის გადახედვა და გადასინჯვა ქართველმა ხალხმა თქვენ დაგავალათ, ბ. ბ. დამფუძნებელ კრების წევრნო.

პირველათ საქართველომ თავის თავი ჩაიბარა და დაიყუდნა, პირველათ მთელი ქართველი ხალხი დაეუფლა თავისი ქვეყნის მმართვა-გამგეობას; ეს პირველათ აირჩია და შეადგინა დამფუძნებელი კრება, რომელმაც საქართველოს ძირითადი კანონები უნდა დასწეროს. ამით ისტორიამ დიდი მოვალეობა დაგვაკისრა. ჩვენს ნამოქმედებს და ნააზრევს ისტორია წაიკითხავს და განსჯის. ჩვენი დღევანდელი ნამოქმედარი განსაზღვრავს მომავლის მიმართულებას და ბედს. და სწორეთ ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით თავისუფალნი და ჩვენი ქეიფის ამყოლნი ჩვენი უფლების მოხმარებაში, ჩვენს მოქმედებაში, საქართველოს მარადიულ მიმდინარეობაში ჩვენი აქ ყოფნა ერთი წუთია. და ამ წუთმა არ უნდა შეიწიროს ჩვენი ქვეყნის უკვდავება, იმის ნიშნები კი ბევრად ბევრია ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებაში. პირველი საქმე, რომელიც უნდა დამფუძნებელ კრებას გაეკეთებინა, მთავრობის შედგენა იყო; ეს უკვე მოხდა და ახალი მთავრობა წარსდგა კიდევაც დამფუძნებელ კრების წინაშე. ეს მთავრობა ჩვენთვის უცნობი არ არის. მის შემადგენლობა იგივეა, რაც საქართველოს პარლამენტის დროს იყო. არავითარი ახალი ელემენტები ამ მთავრობაში არ შემოსულა, არც პიროვნების სახით და არც როგორც ფსიქოლოგიური მოტივი. ამიტომაც ამ მთავრობის მომავალი საქმიანობის წარმოდგენა შეიძლება მისი წარსული მოქმედების ანალიზის საშუალებით.

14 მარტს მთავრობა წარსდგა ჩვენს წინაშე თავის მოქმედების ანგარიშით. 21 მარტს მან დაგვიხატა მომავალი მოქმედების პროგრამმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 21 მარტის აქეთ ჩვენი მთავრობის ძირითადი შეხედულებები და პროგრამმა ვერ გამოიცვლებოდა და დარჩებოდა, რაც 21 მარტამდე იყო. ამიტომაც მისი მომავალი მოქმედება რომ გამოვიცნოთ, საკმარისია გადავხედოთ მის წარსულს, იმას თუ რას წარმოადგენდა იგი დამფუძნებელ კრების მოწვევამდე.

ერთი უმთავრესი აქტი საქართველოს ცხოვრებაში - საქართველოს დამოუკიდებლობა - მოხდა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის და მთელი იმ მიმართულების წინააღმდეგ საიდანაც მთავრობა არის გამოსული. მეორედ რაც ძირითადია და ცენტრი და რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ქართველი ხალხის ენერგიაც და პოლიტიკაც, ჩვენი მთავრობის მისწრაფებას არ წარმოადგენდა და მის განხორციელებაში მას არც ფსიხოლოგიური მონაწილეობა მიუღია, და არც მოქმედობითი. ეს მოვლენა აღნიშნული იყო თვით მთავრობის თავმჯდომარის სიტყვაში. ცხადია, რომ ის მთავრობა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის ძიება თავის დღეში არ ჰქონია და რომელმაც მხოლოდ გარემოების ძალდატანებით ჩაიბარა უკვე დამოუკიდებელ საქართველოს მართვა-გამგეობა, ცხადია, რომ ასეთი მთავრობა ვერ გამოიჩენდა იმ შემოქმედებით სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომლითაც მხოლოდ შეიძლებოდა ამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო შენობის აგება და გამაგრება. აქედან წარმოსდგა მთელი რიგი შეცდომებისა საშინაო და საგარეო მოქმედობაში. ეს ხალხი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყო ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის. მისთვის გაუგებარი იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც ყოველგან უაღრეს კომპრომისს თხოულობს, ამის ნაცვლად ეს ხალხი აწარმოებს ცალ მხრივ და დამქსაქსავ პოლიტიკას, იდგა კლასობრივ ბრძოლის ნიადაგზე და საზოგადოებაში სთესდა „კამაგის“ და შეურიგებლობის იდეოლოგიას, ის გარემოება ნაკლებათ იყო სახიფათო საქართველოს იმ ნაწილებში, სადაც ქართული ეთნოგრაფია, სადაც ტერიტორია მთლიანათ ქართველებით იყო დასახლებული, სადაც შეგნება და ფსიქოლოგია წმინდა ეროვნულია. ხოლო ასეთი პოლიტიკა დამღუპავი და საბედისწერო შეიქმნა საქართველოს იმ ნაწილებში, სადაც სხვა და სხვა ისტორიის დროს ან ეთნოგრაფია აჭრელებულა ან თუ ეთნოგრაფიული ერთფერობა შენახულა სამაგიერო ფსიხიკით და შეგნებით გადაგვარებულია. და მართლაც მთავრობას საქართველოს განაპირა კუთხეებში შეცდომა შეცდომაზე მოსდის. სოხუმის ოლქი, ბათომისა და ზაქათლის ოლქები იგივე ბორჩალო, ახალქალაქის და ახალციხის მაზრები ყველა ეს კუთხეები ერთი ცოცხალი სურათია ჩვენი მთავრობის შემცდარი პოლიტიკისა.

ამავე პოლტიკის შედეგი იყო საქართველოს სრული იზოლიაცია, მეზობელ სახელმწიფოთაგან, როგორიცაა ადერბეიჯანი, მთიელთა რესპუბლიკა და სომხეთი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავრობის პოლიტიკა, რომელიც რევოლიუციონურ-სოციალიზმის პროგრამას ადგა, ვერ შეურიგდა და არ დაინდო მეზობელი სახელმწიფონი, რომელნიც ძალიან შორის იყვნენ სარევოლიუციოთ სოციალიზმის პროგრამასთან. საქართველოს მთავრობა ამ სახელმწიფოებთან დაახლოვებას ეროვნულ სახელმწიფოებრივ საზომითა და საჭიროებით კი არ არკვევდა, არამედ პარტიულ იდეოლოგიის თვალსაზრისით და ამიტომაც განმარტოებული რჩებოდა. მისი მოქმედების ხაზია მუდმივი მერყეობა ქანაობა ერთის მხრივ ამ მებრძოლ ინტერნაციონალურ პოლიტიკასა, და ნამდვილ ეროვნულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკის შორის, მეორეს მხრივ. და იგი დღესაც ამ ყოფაშია. მთავრობას დღესაც არა აქვს გამორკვეული სახელმწიფოებრივი შემოქმედობის ორიენტაცია, ის თუ რომელი პრინციპს მისცეს უპირატესობა და სახელმძღვანელოდ გაიხადოს, მოსკოვის პრინციპი თუ პარიზისა. დღეს ეს ორი ცენტრია მთელს ევროპასა და ამერიკაში. ორი ცენტრი გარს იკრებს განსხვავებულ იდეალისა და მეთოდის ხალხებს. ერთიმეორის უარმყოფელ ღირებულებას შეიცვენ, ვერ გამოერკვია და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არ სჩანს, საითკენ იხრება. და ეს გაურკვევლობა უაღრესად მავნებელია და სახიფათო თუ ერთის მხრით, ჩვენ მთავრობას მოსკოვის ცენტრისადმი ფრაქციული სიძულვილი აქვს, მეორე მხრივ მასთან პრინციპიალი სიყვარული აკავშირებს, მაშინ როდესაც პარიზის ცენტრი ჩვენ მთავრობისათვის მხოლოთ და მხოლოთ პრინციპიალური მძულვალობის საგანს წარმოადგენს. ეს გარემოება ხელს უშლის იმას, რომ საქართველოს იდეა ანტანტის იდეამ დაინათესავოს.

ამნაირათ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა შინ გვასუსტებს გვაკარგვინებს ტერიტორიას. გამოგვთიშა მეზობელ სახელმწიფოებისაგან და განმარტოებით დაგვსვა. მან აქაც ვერ შეგვარიგა იმ ერთათ ერთი ორიენტაციას და ცენტრსა, რომელიც დღეს წესიერებისა და სახელმწიფოებრივ სიმტკიცის იდეას წარმოადგენს.

მეორე მხრივ, ახალგაზრდა სახელმწიფოს გამაგრებისთვის იმ პირობებში, რა პირობებშიაც ჩვენ აღვმოჩნდით, აუცილებლათ იყო წესიერი ჯარის შექმნა. ჩვენ მთავრობის პოლიტიკა კი ამ საქმეს იმ თავითვე მტრულად შეხვდა, ვინაიდან იგი წლობით აღიზარდა ამ რეგულიარი ჯარის სიძულვილში; რადგანაც მისი მისწრაფება საერთაშორისო გაიარაღება იყო, ეს იდეალური შეხედულობა პრინციპიალური პოზიცია ამ საკითხისადმი მან პირდაპირ ჩვენს სინამდვილეში გადმოიტანა და ჯარის შექმნა შეაფერხა თითქმის შეუძლებელი გახადა. ამ გვარათ ორი გარემოება, - ერთის მხრივ, შეუძლებლობა იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობის შესაფერი შექმნილიყო; ხოლო მეორე მხრივ ფართო ლოზუნგები და ინტერნაციონალური პოლიტიკა, - აი ეს ორი ფაქტორი საქართველოს გამაგრების საქმეს ხელს უშლიდა. ჯარის შექმნის მაგიერ, მთავრობა ინტერნაციანალისტურ სოლიდარობის ფრაზებს რაზმავდა; შედეგათ ბორჩალოს საქმე მივიღეთ. ბორჩალოს შემთხვევა აშკარად მოწმობს, რომ ჩვენი მთავრობა ძმობა-ერთობის ფრაზეოლოგიას არ შერჩენოდა და საქართველო დროზე გაეფრთხილებინა, მაშინ საქართველოს თავზე არ დაატყდებოდა ის სირცხვილი და უბედურობა, რომელიც ბორჩალოში მოუვიდა. ეს მაზრა, საქართველოს უდავო ნაწილი თვით ძველი მთავრობის აზრითაც, ნაწილათ ჩამოგვჭრა და ნაწილათ კიდევ სადავოთ გახდა. და ამის საბუთზე ჩვენ მთავრობას თავისი ხელიც უწერია! აქედან ვამბობთ ჩვენს კატეგორიულ აზრს. საქართველოს რომ დროზედ მიეღო საჭირო ზომები, მტერი ბორჩალოში ვერ შემოვიდოდა და ბორჩალოს მაზრა დღესაც მთლიანათ საქართველოს ხელში იქნებოდა. მაგრამ, სწორეთ იმიტომ, რომ მთავრობას არ ჰქონდა ალღო და ინსტინქტი მტრის ცნობისა, სწორეთ იმიტომ, რომ მთავრობა კიდევ სოლიდარობაზე ლაპარაკობდა, როდესაც მტრის ჯარები გამალებით უკვე თბილისისკენ მოდიოდნენ, აი სწორეთ იმიტომ მოგვივიდა ბორჩალოს კატასტროფა.

რომ ამ საგანს თავი დავანებოთ და შევეხოთ მთავრობის მოქმედებას წმინდა შინაურ პოლიტიკის ფარგალში, ჩვენ აქ მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ მისი სრული უსუსურობა და ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა სახელმწიფოს შექმნის საქმისთვის.

ძველი წყობილების შენობა დანგრეულია და ახალის სიმტკიცე აქამდის ვერ ავაგეთ; სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველგან და ყოველ რეჟიმის პატიოსანი მამულიშვილის უმთავრეს საზრუნავს შეადგენდა, საქართველოში არ არსებობს. სასამართლო ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ იმყოფება. ახალი დემოკრატიული წესი სასამართლოს ინსტიტუტის შესაქმელად ვერ გამოვიყენეთ ისე როგორც საჭირო იყო; არჩეულ მოსამართლეთა შორის ბევრი ისეთია, რომელიც ამ თანამდებობისთვის სრულიად გამოუსადეგია. ამ ორ მომენტით იწყობა სასამართლოს გახრწნა და თუ საქმეს დროზე არ მივეშველეთ, სასამართლოს გახრწნას თან მოჰყვება საზოგადოების დაშლა, - გათახსირებაც.

ადმინისტრაცია, ვერ სდგას თავის დანიშნულების სიმაღლეზე, იგი პარტიული ანგარიშის გამასწორებელი აგენტი უფროა, ვიდრე სახელმწიფოს ცხოვრების წესიერების აგენტი.

უმთავრესი ძარღვი ჩვენი საზოგადოებრივ ცხოვრებისა, რაზედაც ჩვენი მომავალი ჰკიდია გახლავთ, ჩვენი ეკონომიურ ვითარება. რომ გარედან არავითარი ხიფათიც არ მოგველოდეს და საერთოშორისო ურთიერთობაში, ჩვენი დამოუკიდებლობა სრულიად უზრუნველყოფილი იყოს, ვიმეორებ, რომ ამ მხრივ საქართველოს არავითარი შიში და ხიფათიც რომ არ მოელოდეს, მაშინაც გვეეჭვება ჩვენ ნორჩ ქვენის ბედი, რადგან ჩვენი ეკონომიური ცხოვრება ისეთი წესით მიდის, რომ შეუძლებელია კატასტროფამდის არ ჩავახწიოთ. ვის მიუძღვის ამაში ბრალი? რა თქმა უნდა, ერთ წუთსაც არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ის საერთაშორისო მდგომარეობა, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც ართულებს და აძნელებს ეკონომიურ ცხოვრებას, ნორმალურ ეკონომიურ საქმიანობას. ეს ერთი მიზეზი უნდა სახეში ვიქონიოთ, როდესაც დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ ფინანსიურ მდგომარეობას ვიხილავთ; მაგრამ ამის გვერდით არის ადგილობრივი წმინდა სუბიექტური მეორე მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს 90

ეკონომიურ დაშლა-განადგურებას. აი სწორედ აქ არის ჩვენი მთავრობის სოციალისტური ცოდო და დანაშაული. 1918-წლის 7-თვის თავისუფლება ჩვენ ძველმა მთავრობამ 26 მილიონი ვალით დაამთავრა. მომავალ წლისთვის იგივე მთავრობა ერთი ორად მეტ ვალს ვარაუდობს. მთელი ქონება, რომელიც საქართველოს თვის წილად დარჩა ძველი რეჟიმისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტით ერთ განძს წარმოადგენდა, დიდ განძს, რამაც ფინანსიურ-ეკონომიურად დიდი დახმარება გაგვიწია ამა თუ იმ საჭიროების დაკმაყოფილების საქმეში. სახელმწიფოს ამ ქონებიდან ბევრი რამ, რა თქმა უნდა, უთავბოლოდ დაეკარგა. დღეს ეს მზამზარეული ქონება გამოგველია, აღარ გვაქვს; ასე რომ, მომდინარე წლის ვალი სწორედ ამის გამო, გაცილებით იმაზე მეტი იქნება, რაც ნავარაუდევია ჩვენის ბიუჯეტით. ვალით სცხოვრობს მთელი სახელმწიფო, ვალით სცხოვრობენ ჩვენი თვითმართველობები; ამავე დროს ფულის ფასი თანდათან ეცემა და ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება. მოსალოდნელია ჩვენშიაც ის მოხდეს, რაც საფრანგეთში რევოლიუციის დროს, როდესაც ზოგი პირველ საჭიროების საქონელი მისი წონა ქაღალდის ფული ღირდა. თქვენ წარმოიდგინეთ პროგრესიულად სანოვაგის გაძვირებისა და ფულის გაიაფების სვლა და მაშინ დაინახავთ თქვენი დამოუკიდებლობის საფრთხესა და კატასტროფას. და აქამდისინ არავითარი ღონის ძიება არ იყო მიღებული მთვრობის მიერ, რომ ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა გამოებრუნებინა. მთავრობას არ სურს ისარგებლოს იმ ნაცადის და ერთად ერთის გზით, რომლითაც ყოველგან და ყოველთვის შექმნილა და დაგროვილა ხალხის სიმდიდრე. არ არის არავითარი გარანტია, რომ მესაკუთრეს შეუძლიან თავისი მოძრავ თუ უძრავი ქონება თავისუფლად მოიხმაროს, დაიმუშავოს, გადაატრიალოს. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ბანკები და სხვა და სხვა საკრედიტო დაწესებულებები თავიანთ ოპერაციებს არ აწარმოებენ, მათ დაჰკარგეს ნდობა; ხალხს ბანკებში ფული აღარ მიაქვს, როგორც ის იყო უმალ; სოფლის ხალხი, ვის ხელშიც დღეს მთელი ფულია თავმოყრილი, უნდობლად უცქერის ბანკებს, იმიტომ, რომ დარწმუნებული არ არის, თუ იქ ფული შეიტანა, რომ მას უკან მიიღებს საჭიროების დროსა. დღეს მწარმოებელი კი მარტოკა სოფელია, ქალაქში მას შემოაქვს თავის ნაწარმოებები და ქალაქიდან მასვე სისტემატიურად ფული გააქვს; ამ ფულს იგი შინ უძრავად აბინავებს. ეს ფული, ამნაირად, ტრიალიდან გამოდის და ჰკარგავს საზოგადო ღირებულებას, მისი ფასი თვით მის პატრონისათვისაც ეცემა; იმავე დროს სოფლის მეურნეობა თან და თან კრიზისში შედის. რევოლიუციონური წესით მიწის საკითხის გადაჭრამ ყველა დააზარალა, საერთო მეურნეობა დასცა და სარგებლობა ვერვის მოუტანა. თუ წმინდა პოლიტიკურ სფერაში რევოლიუცია ადვილად ასატანია, ეკონომიურ ცხოვრებაში ასე არ გახლავთ; რევოლიუციონური ღონის ძიებას აქ პირდაპირ დანგრევა და განადგურება შემოაქვს. ამ წესმა მთელი ერთი ნაწილი საზოგადოებისა ქუჩაში უსახსრო დაჰყარა. ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილში მტაცებლობა და წართმევის ინსტიკტი აუშვა, საერთოდ სოფლის მეურნეობაში არევ-დარევა და ანარქია შეიტანა. ამის ავტორია ჩვენი მთავრობა. მაგრამ როგორც სხვა დარგშიაც, მან აქაც კისერი მოიტეხა და ლოღიკურ წინააღმდეგობაში გაიხლართა. თუ მემამულის მიმართ იგი დაადგა საკუთრების უარყოფის გზას და მიწები სრულიად უსასყიდლოდ ჩამოართვა, უმიწაწყლო და მცირე მამულიან გლეხების მიმართ კი საკუთრების პრინციპს დაადგა. ამ კატეგორიის მიწის მუშაობას მთავრობა მხოლოდ სასყიდლით აძლევს ჩამორთმეულ მიწებს. ასეთი უსისტემო და ულოღიკო ეკონომიური პოლიტიკა, რომელიც სარევოლუციო დემაგოგიას ვერ გასცილებია და შემთხვევითი პარტიული ზრახვებისთვის არის მოგონილი, ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობას ვერ მოაგვარებს, და სოფლის მეურნეობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ვაჭრობა-მრეწველობას გაანადგურებს.

საქონლის გატანა-შემოტანა გაძნელდა. მთელი 7-8 თვის განმავლობაში მთავრობამ თვისი ბეცი პოლიტიკით საქონლის გატან-შემოტანა შეაფერხა, და მხოლოდ ეხლა, როგორც ეს მთავრობის ოფიციოზურ პრესაში ირკვევა, იგი ადგება იმ გზას, რომელსაც მისგან ყოველთვის უშედეგოთ მოვითხოვდით, ეს არის თავისუფალი და კერძო ინიციატივის გზა.

მრეწველობის საკითხი ჩვენში კიდევ უფრო უნუგეშოა; არავის არა აქვს გარანტია, რომ თუ საქმე დაიწყო, რაიმე დადებით შედეგებს მიაღწევს. მუშების პროფესიონალურ კავშირების საკითხი, მათი - დღევანდელის ფორმით პირდაპირ შეუძლებელს ჰყოფს ეკონომიურ საქმიანობას, ამ მიზეზების გამო ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრება მიექანება უფსკრულისაკენ; ეხლა უკვე თვით სოციალისტებისთვისაც ცხადია, რომ მისი გამობრუნება სოციალისტურის წესით და ექსპერიმენტებით ყოვლად შეუძლებელია. და რაც უფრო მალე დაადგება მთავრობა ნაცად და საიმედო ბურჟუაზიულ სახელმწიფოებრივ შემოქმედების გზას, მით უფრო მალე და ადვილად შეიძლება ჩვენი ეკონომიურ ფინანსიურ მდგომარეობის გაუმჯობესობა და თუ მთავრობას სურს ხალხის ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესობა, და ჩვენი სახელმწიფოს კონსოლიდაცია, მან უნდა დაჰგმოს სარევოლიუციო სოციალიზმის გზა და მოიპოვოს ნდობა ხალხის თვალში; ყოველი მესაკუთრე მეურნისა და ვაჭარ-მრეწველის თვალში. ამის გარანტიებს კი მთავრობა არ იძლევა, და მაშინ როდესაც თავის დეკლარაციაში ისეთ წვრიმალსაც კი აღნიშნავს, როგორიცაა სანიტარული ზომების მიღება, იგი საჭიროდ არ სთვლის უთხრას სოფლის ხალხს, და ქალაქის ვაჭარ-მრეწველებს, რომ მათი ნამუშავარი, პირადი ინიციატივით ან თაოსნობით შექმნილი საქმე და ქონება ხელ შეუხებელი იქნება. მთავრობას ვერ გაუბედნია, ან თუ არ სურს საქვეყნოთ და ხმა მაღლა იცნოს მესაკუთრის უფლება თავის საკუთრებაზედ! ხოლო თუ ეს არ მოხდა, ყოვლად შეუძლებელი იქნება ჩვენ მდგომარეობის გამობრუნება. თუ რაიმე დადებითი იყო მთავრობის მოქმედებაში აქამდის, ეს იმდენად ხდებოდა, რამდენადაც იგი ხან და ხან უახლოვდებოდა თავის პრაკტიკასა და მოქმედებაში იმ ბურჟუაზიულ ზომებს, რომლის დიდი შემოქმედებითი როლი ცხოვრებით და გამოცდილებით არის დადასტურებული, ხოლო რამდენადაც იგი შორდებოდა, ამ ნაცად იარაღს და წაისოციალისტ რევოლიუციონერებდა იმდენად მეტ ზიანს აძლევდა ჩვენს შინაგან და საგარეო მდგომარეობას.

როგორი უნდა იყოს მომავალში ჩვენი დამოკიდებულება ამ გვარის წარსული მქონე მთვრობისადმი. მთავრობის მომავალი პოლიტიკა, იქნება გაგრძელება მისი წარსულ პოლიტიკისა; ხოლო მისი წარსულ პოლიტიკა, როგორც ეს დავინახეთ აღსავსეა მრავალ და საბედისწერო შეცდომებით. იგი პრინციპიალად მიუღებელია, რადგან სახელმწიფოსი და საზოგადო ცხოვრების ამშლელია და არა დამლაგებელი. ამიტომ თავის თავად ცხადია და აშკარა, მთავრობას ენ ბლოც ნდობას ვერ მივცემთ მის მომავალ მოქმედებაში. მაგრამ არის ერთი საკითხი, გარდუვალად ყველასთვის სავალდებულო საკითხი, უზენაესი სავალდებულო კატეგორია - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხი. ამ საკითხში ყველა მთავრობასთან ვიქნებით ყოველ გასაჭირის დროსა. დანარჩენ საკითხებში, სადაც მთავრობის რევოლიუციური სოციალიზმის მისწრაფება და მეთოდია, პრინციპიალ და საქმიან ოპოზიციას დავადგებით. რადგან დღევანდელი მთავრობა მხოლოდ შეიძლება დადგეს გამოსადეგი, როდესაც იგი თავის თავს რადიკალურად გარდაქმნის. მთავრობის მუშაობა იმდენად იქნება პოზიტიური და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად იგი თავის მომავალ მოქმედებაში თავის წარსულს დაუპირისპირდება; რამდენადაც იგი შესძლებს თავის უარყოფას, და დაადგება ნამდვილ ბურჟუაზიულ დემოკრატიულ გზას, იმდენად უფრო სასარგებლო და უფრო სწორი იქნება მისი ნაბიჯი და უფრო მტკიცე ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა. მისი წარსულ პოლიტიკის გაგრძელება კი ჩვენს ქვეყანას დაღუპავს და გაანადგურებს. ამით ვათავებ მთავრობის დეკლარაციისა და ანგარიშის მოკლე განხილვას და დასასრულ უნდა მხოლოდ სურვილი გამოვსთქვა, რომ დამფუძნებელ კრებამ, რომელსაც დაევალა ჩვენი ქვეყნის დაფუძნება, გამოიჩინოს საჭირო გონების სიფხიზლე, და უტოპიურს ანთებაში არ ჩასწვას ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაიას სიტყვა.

მოქალაქენო! ოცნება მრავალ მებრძოლ თაობათა სინამდვილეთ იქცა.

დამფუძნებელი კრება ეს სიმბოლო დემოკრატიის გამორკვევისა და ერის თავისუფლებისა უკვე შეუდგა მუშაობას.

საქართველოს დემოკრატიის წინაშე ამ ნაირად იშლება უდიდესი პერსპექტივები.

დამფუძნებელმა კრებამ უნდა ჩაუყაროს ახალი და მტკიცე საფუძველი ჩვენს სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებას.

ჩვენი ცხოვრების ყოველ დარგს უნდა დააჩნდეს დამფუძნებელი კრების მძლავრი შემოქმედებითი ხელი.

მთავრობის თავმჯდომარემ თავის უკანასკნელ საანგარიშო მოხსენებაში აქ განაცხადა, რომ არც ერთი დამფუძნებელი კრება არ შეკრებილა ისეთ კარგ პირობებში, როგორც ჩვენი დამფუძნებელი კრებაო. ასეთი მდგომარეობა ბევრ რამეს ავალებს ჩვენს დამფუძნებელ კრებას, მართლაც ჩვენი მდგომარეობა თავისებურია.

ჩვენი ქვეყანა არის ქვეყანა გლეხური დემოკრატიისა. ძნელია გამოვნახოთ მეორე რესპუბლიკა, სადაც ისეთივე ძალთა განწყობილება იყოს როგორც ჩვენში არის, ასე ვსთქვათ უარისტოკრატიო და უბურჟუაზიო ერი, რომელიც ინ ცორპორე თავის ბედს სოციალისტებს ანდობს - აი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ერის პოლიტიკური სახე.

ჩვენს დამფუძნებელ კრებაში ფეოდალურ არისტოკრატიას თავისი წარმომადგენლები არა ყავს. ეს შემთხვევით არ არის, ვინაიდან დიდმა რევოლიუციამ ფეოდალურ კლასს სასიკვდილო ლახვარი ჩასცა!

7 თუ 8 დეპუტატი - აი მთელი სიძლიერე ჩვენი ბურჟუაზიისა! ასეთია ჩვენში მებრძოლ ძალთა განწყობილება, და ვინც დღესაც, სოციალ-დემოკრატიული დამფუძნებელი კრების შემდეგაც გაიძახის:

ჩვენ ვიტანჯებით კაპიტალიზმის განუვითარებლობის გამო, ჩვენ ვიღვწით ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობისათვისა, ის არ არის რევოლიუციონერი, - ის რევოლიუციის ლიკვიდატორია!..

(ტაში ესერების სკამზე).

ძალთა ასეთი იშვიათი განწყობილება ჩვენ ვერ გამოვიყენეთ რევოლიუციის არა სიტყვიერ, არამედ რეალური გაღრმავებისათვის და როგორც სჩანს ვერც გამოვიყენებთ. ამას მოწმობს მთელი წარსული ჩვენი პოლიტიკა, ამას ადასტურებს ის დეკლარაცია, რომელიც აქ მთავრობამ წარმოადგინა!

ჩვენი რევოლიუცია არის მშრომელთა რევოლიუცია, რევოლიუცია კლასობრივი, მიმართული პრივილეგიურ კლასების პოლიტიკურ და ეკონომიურ ბატონობის წინააღმდეგ.

ჩვენში გაბატონებულმა სოციალ-დემოკრატიულმა მიმართულებამ ეს რევოლიუცია წარმოიდგინა, როგორც ბრძოლა მხოლოდ კაპიტალიზმსა და ფეოდალიზმს შორის, როგორც რევოლიუცია ბურჟუაზიული - აქ არის დასაწყისი, აქ არის წყარო იმ ოპორტიუნისტული პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა მთავრობა, რომელსაც აწარმოებდა უმრავლესობის პარტია. შედეგები ამ პოლიტიკისა ყველამ კარგათ იცის.

თითქმის ერთი წელიწადი სრულდება, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ შევიძინეთ ვერც ერთი მოკავშირე. პირიქით, თითქმის ყველა მეზობელ ერებთან ჩვენ ომი და შეტაკება მოგვიხდა. ჩვენ ვერ დავიცავით ნაციონალიზმის პოზიციები და დავთმეთ ინტერნაციონალის პოზიციებიც. აი შედეგი ჩვენი მერყევი საგარეო პოლიტიკისა!

ადმინისტრაცია ჩვენი გადაიქცა თვითნებობისა და ზნეობრივი-გახრწნის სინონიმათ მართვა გამგეობის და ზედ გავლენის ძველი პოლიციური მეთოდებით მან დასცა პრესტიჟი ახალი წესწყობილებისა და ნიადაგი მოუმზადა ანარქიას ჩვენში!

დაუსჯელი დანაშაული და დაუმსახურებელი წარმატება გადაიქცა ჩვენს ადმინისტრატიულ პრაქტიკაში ჩვეულებრივ მოვლენად!

ჩვენ თითქოს დიდი ყურადღება მივაქციეთ თავდაცვის საქმეს, მაგრამ ვერ შევქენით ვერც ხეირიანი რეგულიარული ჯარი და ვერც ნამდვილი სახალხო მილიცია! ჩვენ თითქმის ყველა ფრონტებზე დავმარცხდით, - ეს იყო შედეგი იმ უპრინციპობისა, იმ ორჭოფი პოლიტიკისა, რომელსაც თავდაცვის საქმეში ჩვენ ვადექით. ჩვენ მივიღეთ კანონი რეგულიარული ჯარის შესახებ, ჩვენ მივეცით ამ ჯარს მონარქიული წესდება და ამნაირად ახალი ურთიერთობის ხანაში ჩვენ მოვისურვეთ ძველი სისტემით, ძველი გზით სიარული!

თავისუფალი და მიუდგომელი სასამართლო ყოველთვის შეადგენდა ყველა პატიოსან მოღვაწეთა ოცნებას, იდეალს, სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენი სასამართლო არაფრით განირჩევა ძველი ბიუროკრატიული სასამართლოსაგან: იგივე ზედგავლენა სფეროებისა, იგივე დავიწყება მართლ-მსაჯულების მაღალი პატივის და მოვალეობისა!., ეკონომიური დარგი ჩვენი ცხოვრებისა სრულიად ხელ უხლებელი არის. ამ დარგს ჯერ არ უგრძვნია რევოლიუცია, ამ დარგში რევოლიუციის მონაპოვარი მხოლოდ ლითონი სიტყვაა. ჩვენში ხშირად ამბობენ ჩვენი რესპუბლიკა პოლიტიკური თავისუფლების ოაზისი არისო. ჩვენში არსებული ძალთა განწყობილება და თანამედროვე საერთაშორისო სიტუაცია ჩვენ გვაძლევს სრულ შესაძლებლობას, რომ საქართველო გადავაქციოთ ახალი სოციალური ცხოვრების ოაზისად. დამფუძნებელი კრება, მოწვეული ასეთ პირობებში უნდა იქნეს უპირველეს ყოვლისა ორგანო ბრძოლის, ორგანო რევოლიუციის სოციალური გაღრმავებისა. ესმის რა ამ ნაირად დანიშნულება საქართველოს დამფუძნებელი კრებას, სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია ადგენს შემდეგ დეკლარაციას.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა.

მოქალაქენო! იშვიათ ისტორიულ მომენტში იწყებს დამოუკიდებელი რევოლიუციონური საქართველო თავის სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების ახალ საძირკველთა დაფუძნებას.

ცენტრალური ევროპა, ეს ბუდე მსოფლიო რეაქციისა, - სოციალისტური რევოლიუციის მებაირახტრეთ გამოდის.

ისტორიული ბრძოლა შრომასა და კაპიტალს შორის ახალ გადამწყვეტ ფაზაში გადადის. კაცობრიობა დგას უმაგალითო შესაძლებლობათა და პერსპექტივების წინაშე.

ჩვენი ქვეყნის თავისებური კლასობრივი სტრუქტურისა და სოციალ პოლიტიკური განვითარების გამო რეაქციონური ძალები უძლურნი არიან დემოკრატიის რევოლიუციონურ შემოქმედებას ხელი შეუშალონ.

რესპუბლიკის შინაური და საერთაშორისო მდგომარეობა თანდათან მტკიცდება; საქართველოს დამფუძნებელი კრება, მოწვეული ასეთ პირობებში, უნდა იქნეს ორგანო რევოლიუციის სოციალური გაღრმავებისა.

პერმანენტული რევოლიუციონური შემოქმედება, მწყობრი კოლექტივიზაცია შრომისა და საკუთრებისა - ასე ესმის სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციას სოციალისტური დამფუძნებელი კრების დანიშნულება!

შეტევა ბურჟუაზიის კლასობროვ პოზიციებზე და თავდაცვა დემოკრატიის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ პოზიციებისა - აი ფორმულა ჩვენი მოღვაწეობისა, ჩვენი ტაქტიკა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში.

დამფუძნებელ კრების უახლოეს მიზნებად სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციას მიაჩნია: 95

საბოლოო განმტკიცება და დაკანონება დემოკრატიული თავისუფლების: სინიდისის, სიტყვის, ბეჭდვის, კრებების, პროფესიის, მიმოსვლისა, გაფიცვების, კავშირებისა.

ნამდვილი და სრული გარანტია პიროვნებისა და ბინის ხელშეუხებლობისა; საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო უფლება ყველა მოქალაქეთათვის განურჩევლად სქესისა, სარწმუნოების და ეროვნებისა.

ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა უპრეზიდენტოთ.

სრული დეცენტრალიზაცია მართვა გამგეობაში და ხალხის პირდაპირი მონაწილეობა კანონმდებლობაში რეფერენდუმისა და საკანონმდებლო ინიციატივის სახით; ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია დემოკრატიულ ნიადაგზე, სავალდებულო და ყველასათვის თანასწორი საერო განათლება.

სინიდისის თავისუფლება უზრუნველ ყოფილ უნდა იქნეს, სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრული განცალკევებით.

თავისუფალ ხალხურ საქართველოში სასამართლო უნდა იქნეს განსახიერება უმაღლესი სამართლიანობისა და პატიოსნებისა; მხოლოდ სასამართლო ხალხური, მიუდგომელი და დამოუკიდებელი განამტკიცებს უფლებას და დაიცავს თავისუფლებას!

სამხედრო სასამართლოები და ყველა სამოსამართლო დაწესებულებანი, რომელნიც ეწინააღმდეგებიან ამ პრინციპებს, დაუყონებლივ გაუქმებულ უნდა იქნეს!

ძველი საუკუნოების სამარცხვინო მემკვიდრეობა - ჯალათი და სახჩობელა თავისუფალს და ხალხურ საქართველოში არ უნდა იქნეს.

სოციალისტურ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მოითხოვს სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივ გაუქმებას.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მოითხოვს პოლიტიკურ დამნაშავეთა სრულს ამნისტიას, ვინაიდან პოლიტიკურ უფლებათა შეზღუდვა ეწინააღმდეგება თავისუფალი დემოკრატიის უფლებრივ შემეცნებას.

რევოლიუციის დაგვირგვინებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთავრობის საკითხს.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია აცხადებს: მხოლოდ მთავრობა ჭეშმარიტი სოციალისტური პროგრამითა და მოქმედებით, მთავრობა ძირითადი სოციალური გარდაქმნისა - გაუძღვება ღირსეულად რევოლიუციონურ მშრომელ ხალხს.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მხოლოდ ასეთ მთავრობას გამოუცხადებს თავის ნდობას და მთელი თავისი ძალ-ღონით მხარს დაუჭერს მას.

მიწისა და თავისუფლების ინტეგრალურ ლოზუნგში გამოიხატა რევოლიუციის აუცილებელი გეზი სამეურნეო ქვეყნებში. მიწის საკითხის სწორად გადაჭრას გლეხურ საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში მთელი თავისი ძალ-ღონით დაიცავს მიწის სოციალიზაციას. ფრაქცია მოითხოვს მთელს მიწაზე ბურჟუაზიული საკუთრების გაუქმებას და მიწის მთელი მისი სიმდიდრით, ტყეებით, წყლებით და მადნეულობით ხალხის საერთო ავლადიდებათ გამოცხადებას. პარლამენტის მიერ მიღებული რეაქციონური და წვრილ ბურჟუაზიული კანონი მიწების გაყიდვისა ეწინააღმდეგება, როგორც მიწის მუშების ინტერესებს, ისე სოციალიზმის მიზნებს სოფლად.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მოითხოვს ამ კანონის დაუყოვნებლივ გაუქმებას!

აწარმოებს რა კაპიტალისტურ წესწყობილების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას სოც. რევ. ფრაქცია მოითხოვს წარმოებაზე მუშათა კანტროლის დაწესებას, სამუშაო დღის შემცირებას (8 საათი და სხვ.) და მთელი თვისი ძალ-ღონით დაიცავს ყველა იმ ზომებს, რომელნიც ხელს შეუწყობენ მუშათა კლასის ფიზიკურისა და სულიერი ძალების დაცვას და სოციალიზმისათვის მისი ბრძოლის უნარის გაძლიერებას.

იღებს რა მხედველობაში ჩვენი მწარმოებელი ძალების განუვითარებლობას და მძიმე ეკონომიურ კრიზისს, სოც. რევ. ფრაქცია მოითხოვს ქვეყნის ეკონომიურს ცხოვრებაში სახელმწიფოსი და ადგილობრივ დემოკრატიულ ორგანოების აქტიურ ჩარევას.

ამ ჩარევის მიზანი უნდა იქნეს საზოგადოებრივი მეურნეობის და კოლექტიურ წარმოებათა უაღრესი განვითარება, ვინაიდან დღევანდელ პირობებში მხოლოდ ამ გზით შეიძლება შრომის ნაყოფიერების აწევა და მწარმოებელ ძალთა გაჯანსაღება.

სოც. რევოლიუც. ფრაქცია მოითხოვს, რომ გადასახადების მთელი სიმძიმე დააწვეს მდიდარ კლასებს, რათა შემოსავალსა და მემკვიდრეობაზე პროგრესიული გადასახადების დაწესებით სრულიად განთავისუფლდეს მშრომელი ხალხის უღარიბესი ნაწილი.

საქართველო არის რესპუბლიკა ყველა ერების, რომლებიც მასში მოსახლეობენ. მხოლოდ პოლიტიკა ინტერნაციონალური, პოლიტიკა ერთა თანასწორობისა და სოლიდარობისა, - შეიძლება დაედვას საფუძვლად საქართველოს დემოკრატიის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას.

განაპირა ოლქების ცხოვრების მოგვარება, მათი ეროვნულ-კულტურული მოთხოვნილებათა სრული დაკმაყოფილება, - იქნება სოც.-რევ. ფრაქციის ერთი უმთავრესი საზრუნავი.

სდგას რა რევოლიუციის მონაპოვართა და ერის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, სოც-რევ. ფრაქცია მოითხოვს შეიარაღებული ძალების არსებული სისტემის ძირითად რეორგანიზაციას და საქართველოს მუდმივ ნეიტრალობასთან ერთად დაიცავს სახალხო მილიციის სისტემის დაუყონებლივ ცხოვრებაში განვითარებას, ვინაიდან მხოლოდ თავისუფალი ერი, თავისუფლად გაწვრთნილი და შეიარაღებული დაიცავს ღირსეულად თავის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

სოც. რევ. ფრაქცია მოითხოვს, რომ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამყაროს ძმური დამოკიდებულება ყველა მეზობელ და შორეულ ერებთან და განსაკუთრებით დემოკრატიულ და სოციალისტურ სახელმწიფოებთან, ვინაიდან სოც-რევ. ფრაქციას ღრმადა სწამს, რომ მხოლოდ მეზობელ ერებთან და დემოკრატიულ სახელმწიფოებთან სოლიდარობით და ურთიერთი სასიცოცხლო ინტერესების სწორი გაგებით და უფლებითა ცნობა-პატივისცემით განმტკიცდება ჩვენი თავისუფლება, დაგვირგვინდება მშრომელთა რევოლიუცია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძის სიტყვა.

დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, თავის მიზნად ვისახავთ, რასაკვირველია, სოციალიზმის განხორციელებას. ეს უდავო საგანი არის. მაგრამ ამ მიზნის, სოციალიზმის განხორციელება, და სხვა კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღესვე შეუდგეთ საქართველოში ამის ექსპერიმენტებს. ჩვენ გვგონია, რომ სოციალიზმისთვის არსებობს გზა მეცნიერულად დამუშავებული, მეცნიერებისაგან დადასტურებული, და მთელი ევროპის მუშა კლასის მოძრაობით შემოწმებული. და ეს გზა ერთად ერთ გზათ მიგვაჩნია ამ მომავალ სამეფოში შესავლელად. ეს გზა გახლავთ გზა დემოკრატიისა. მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებით. - ეს გვწამდა, და გვწამს დღესაც, - შეიძლება მომზადდეს ნიადაგი და გაიკაფოს გზა, რომელიც უფრო სწორედ, უფრო ნაკლები მტკივნელობით, უფრო ადრე და მალე გაუკაფავს მშრომელ ხალხს გზას სოციალისტურ სამეფოში შესასვლელად. ეს უდავო დებულება დაედვა საფუძვლად ჩვენს პოლიტიკას სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოს გარეთ. ჩვენ გვგონია, რომ დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც განიცდის ჩვენი რესპუბლიკა არ გვაძლევს საბუთსა, რომ მთავარი ხაზი შევცვალოთ. ის გარემოება, რომ მთელმა ხალხმა, თითქმის მთელმა ერმა, ყველა საქართველოს მცხოვრებელმა, სოციალისტურ პარტიებს მისცეს თავის ნდობა და მათ შორის უპირველეს ყოვლისა სოციალ-დემოკრატებს, ეს ამოწმებს მხოლოთ ერთს რამეს, იმას კი არა, რომ ყველაფერი მზათ არის სოციალიზმისთვის, არამედ იმას, რომ გზა არჩეული სოციალ-დემოკრატიის მიერ არის სწორი, და ამტკიცებს კიდევ იმას, რომ ნამდვილი გაძღოლა დემოკრატიულ წყობილებისა მხოლოდ სოციალისტებს შეუძლიათ. თქვენ მოისმინეთ სხვა და სხვა სიტყვები და იქიდან შეგიძლიანთ გამოიყვანოთ დასკვნა, რომ ასეთი მარტო ერთი ძალაა ჩვენში; - არ არის ჩვენ შინაურ ცხოვრებაში სხვა ისეთი საზოგადოებრივი ჯგუფი თუ წრეები, რომელთაც შეეძლოთ ამ მხრივ გვერდში ამოუდგენ, კონკურენცია გაუწიონ, და მით უფრო წინ გაუსწრონ სოციალ-დემოკრატიას, როგორც ნამდვილ გამომხატველს დემოკრატიის ინტერესებისას. არჩევნების შედეგი, რომელმაც ჩვენ აქ მოგვიყვანა, სწორედ ამ აზრს ადასტურებს. აქედან გამოდის ის დასკვნა, რომ ჩვენი პოლიტიკის ღერძად, მის მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა დარჩეს შემდეგშიაც იგივე პოლიტიკური ხაზი, რომელსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა. დღევანდელ რევოლიუციის ტალღების ქანაობიდან ჩვენ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დამფუძნებელ კრებამდის სწორედ ამ მთავარმა ხაზმა ჩვენი მოქმედებისა, რომელსაც აქ ებრძვიან. ჩვენ, რომ გამოგვეცხადებინა დაუყონებლივ რევოლიუციონური ბრძოლა შრომის და კაპიტალის შუა, მათი უკანასკნელი შეჯახება დაგვეწყო, როგორც ეს მოსკოვმა მოიმოქმედა, ესე იგი, რომ მოსკოვის გეზი აგვეღო და მისი ხაზი მიგვეღო, როგორც დღეს გვირჩევდნენ აქ, ის ვერ გადაგვარჩენდა. არც ის გვიხსნიდა, რომ პარიზის გეზზე დავმდგარიყავით, ვინაიდან პარიზის გეზი არ იცნობს ამ ხაზს რევოლიუციისა და რევოლიუციის მსვლელობისა; ჩვენ ავიღეთ ის გეზი, რომელსაც მოითხოვდა თვით რევოლიუცია და მისი შინაგან ძალთა განწყობილება და მოქმედება.

ჩვენ არ შეგვეძლო ანგარიში არ გაგვეწია ამისთვის, თუ რა ხდება დასავლეთ ევროპაში, რა ძალთაგანწყობილება იბადება და იქმნება იქ. მაგრამ ერთი უნდა აღვნიშნო ხაზგასმით: რომ მთავარი ხაზი ჩვენი მოქმედებისა არის ნაკარნახევი ძალთა განწყობილებით ჩვენში და არა ევროპაში. მთავარი ძალა, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლიან დავეყრდნოთ, ეს არის ურთიერთობა საქართველოში და არა ურთიერთობა გერმანიაში, გინდ ინგლისში, გინდ საფრანგეთში, გინდ რომელიმე სხვა სახელმწიფოში. ანგარიშის გაწევა ერთია და მთავარია სამოქმედო გეგმის მიღება იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია პროლეტარიატი გერმანიაში, გინდ ინგლისში, ან ამერიკაში. დიახ, ამაზე დაყრდნობა და მთავარი სამოქმედო გეგმის ამაზე აგება, ნიშნავს თავის პატარა ნავის ზღვის ტალღებში უმწეოდ გაშვებას მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სადღაც დიდ-ოკეანეში დიდი გემები დასრიალებენ. ყოველ შემთხვევაში დემოკრატიას სოციალ დემოკრატიას, რომელსაც დღემდის ეჭირა საჭე რევოლიუციისა და რომელიც მიუძღოდა ჩვენ სახელმწიფოს, რო ამ გზით ეარა, ჩვენი ნავი დიდი ხანია შთანთქმული იქნებოდა. მაგრამ სოციალ-დემოკრატია არ გაჰყვა ამ ხაზს, მან ალღო აუღო სწორედ იმას, რაც ხალხის გულში და სულში იხატება.

ჩვენი ცხოვრების გულში ვინც ჩაიხედავს, ის დაინახავს აშკარად რომ ჩვენ გვღუპავდა და გვღუპავს არა მოჭარბებული წარმოება და მრეწველობა, არამედ სისუსტე და უძლურობა მისი. შეხედეთ თქვენ დღევანდელ კრიზისს, რომელსაც ჩვენ უძახით ფინანსურ კრიზისს, ან ეკონომიურ კრიზისს, განა ეს იმით არის გამოწვეული, რომ ვიღაცას და რაღაცას არ მისცეს გზა თავისუფალ ეკონომიურ ძალთა განვითარების? სრულიადაც არა. საქმე სრულიადაც იმაში არ არის. საქმე იმაშია, რომ ეკონომური ძალთა განვითარება თანდათანობით ხდება, და თანდათანობით განვითარებას კი შეუძლია დამყარება იმაზე, რაც არსებობდა გუშინ და გუშინწინ, ხოლო ის, რაც გუშინ და გუშინწინ არსებობდა, მეტად მცირეა. ჩვენი ეკონომიური ვითარება ჩამბული იყო ისეთ პირობებში, რომ ის ყველაფერს გარედან იღებდა. იგი უფრო საექსპლოატაციო საგანს წარმოადგენდა უცხოელ კაპიტალისტებისა, უცხოელ ვაჭრებისა, ვიდრე შინაურ ძალთა განვითარების შედეგს. ცხადია, მაშინ როდესაც გარშემო ბობოქრობს რევოლიუციის ტალღები ინგრევა რევოლიუციის მიერ ყოველივე ურთიერთობა, ინგრევა საწარმოვო ძალთა საშუალებანი, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად ეკონომიურ კრიზისში უნდა ჩავარდნილიყო.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ 10 თვის განმავლობაში არ აღორძინდა წარმოება, ესე იგი არ გაჩაღდა ფაბრიკები, ქარხნები, დიდი ტეხნიკური საშუალებანიო. მე ვიტყვი, არა თუ რევოლიუციის ხანაში, არა თუ არევ-დარევის დროს, სრული მშვიდობიანობაც რომ იყოს ჩვენ წყობილებაში საქართველოში, სრული მშვიდობიანობაც რომ იყოს განხორციელებული ჩვენს გარშემო, რამდენიმე თვეების და წლების განმავლობაში წარმოება არ გაჩაღდება. ძალთა განვითარების შედეგები ისე უეცრად ვერ მოგვევლინება, ის შეიძლება აღმოცენდეს მხოლოდ თანდათანობით, სისტემიურად და არა უეცრად მოევლინოს ქვეყანას, როგორც სასწაული. არა, სასწაული არა ხდება, და სოციალ-დემოკრატია სრულიად მართალია, როდესაც ფიქრობს, რომ ასეთი სასწაული დღეს არსაიდან არ მოელის ჩვენს ქვეყანას. ამით აიხსნება ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, რომელსაც აქ ბრალად ადებენ, რასაკვირველია, სოციალ-დემოკრატიას, და იმ მოვალეობას, რომელსაც იგი უჭერს მხარს. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ნავს ზღვის ტალღები აქანავებენ, ეს მოვლენა დააბრალო მენავეს და არა იმ ვეებერთელა ტალღებს, რომელიც ნავზე ბევრად ძლიერი არიან (ტაში) და მართლაც როგორ შეიძლება მთავრობას დავავალოთ მთელი ქვეყნის ეკონომიური აღორძინება და განვითარება?

მე მგონია, რომ ეს უნდა დაევალოს იმას, ვის ხელშიაც არის ქონებრივი და ეკონომიური შესაძლებლობა ამ განვითარებისა. ჩვენ გვეუბნებიან მათ უნდობლობაზე სოციალისტურ მთავრობისადმი. მე ამას შევაბრუნებდი და ვიტყოდი, უფრო სწორი იქნება ვილაპარაკოთ მათ უნდობლობაზე საკუთარ ძალებისა, საკუთარ თაოსნობისადმი. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მაინც უნდა აშკარათ ვაღიარო იგი. ჩვენ ვიცით, რომ არც რეკვიზიციის, არც ჩამორთმევის, და არც სხვა ასეთი მოვლენის შიშით სპეკულიაცია არც ერთ ძალთაგანს არ შეუწყვეტია. მაშინ, როდესაც ყველაზე უფრო მოსალოდნელია ასეთი სარეკვიზიციო და სხვა ზომების მიღება სწორედ სპეკულიაციის წინააღმდეგ როგორც ხედავთ, საქმე აქ ნდობაში და უნდობლობაში კი არ არის, არამედ უფრო ღრმად არის ჩამარხული ცხოვრების წიაღში და იქიდან ჩვენ ვერც ერთი მთავრობა ისე სწრაფად, ისე იოლად, ისე უეცრად რამდენიმე თვეების განმავლობაში ვერ ამოგვიყვანს. მით უფრო საკვირველია, როდესაც ასეთ პირობებში მოითხოვენ დაუყონებლივ სოციალისტურ გარდაქმნისთვის მზადებას, და თუნდაც დაუყონებლივ გასაზოგადოებრიობას სხვადასხვა წარმოების დარგებისა. უნდა მოგახსენოთ, დიდი გულდასმით უსმენდი ამ საკითხის ავტორთ, ვინაიდან ეს უაღრესი მნიშვნელობისაა ყოველი სოციალისტისთვის. მართლაც, თუ კი დღესვე შეიძლება გასაზოგადოებრიობა სხვადასხვა დარგებისა, სხვა და სხვა წარმოების სფეროში, განა ამას რომელიმე სოციალისტი უარყოფს? მე ველოდი დასახელებას ამ წარმოებისას და აი ჩემ ყურს მოესმა ახლოდ ორი სიტყვა: აფთიაქი და ელექტრონი. მე არა მგონია, რომ ამ ორ დარგზე წარმოებისა დაემყაროს, ან მომავალ სოციალიზმის ძალები, მან უნდა შეჰქმნას ისეთი დიადი რამ, ან ისეთ ფაქტორად იქცეს, ისეთი მნიშვნელოვანი გახდეს, რომ მომავალ წყობილების ჩანასახად გარდაქცევა მაინც მოახერხოს. ეს უბრალო მუნიციპალური ეკონომიური პოლიტიკაა, რომელზედაც თამამად, როგორც მახსოვს, ვგონებ, ძველ დროსაც, აი მეფის წესწყობილება რომ იყო, მაშინაც თამამად ლაპარაკობდნენ, პროექტებს ადგენდნენ მის განსახორციელებლად. მაგრამ მაშინ არავინ არ ფიქრობდა, რომ აქედან ისეთი დიადი შედეგები წარმოდგებოდა, რომელსაც აქ გვიხატავენ.

მართლაც თუ იქიდან წარმოიდგინეთ სოციალისტური ნაბიჯების ჩვენშიც შესაძლებლობა, რომ გერმანიაში ხდება ისეთი დიდი გასახელმწიფოებრიობა და გასაზოგადოებრიობა წარმოების დარგებისა, უნდა გულახდილათ მოგახსენოთ, რომ ეს გამოწვეულია იქ იმ ვეება, დიდ ეკონომიურ ძალთა განვითარებითა და ფართე წარმოებით, რომელმაც საოცარი სისწრაფით გაშალა ფრთები ამ უკანასკნელ დროს გერმანიაში და რომლითაც მან თითქმის მთელ კაციობრიობას გაუსწრო. მაგრამ თუ ეს ხდება განვითარების უმაღლეს საფეხურზე, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ჩვენთვისაც შესაძლებელია, რადგანაც ასეთი განვითარება ჩვენში არც კი დაწყებულა და განა შეიძლება განსაზოგადოებრივება იმის, რაც არც დაწყებულა? და როდესაც ასეთ პროექტებს გვიყენებენ, როგორც ერთად ერთ სახელმწიფოებრივ გეგმას, ჩვენ უნდა გულახდილად ვსთქვათ: სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ასეთ ექსპერიმენტების გზას ვერ დაადგება. რაც არ არსებობს, იმის გასაზოგადოებრიობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ უნდა ძალა წარმოიშვას, შეიქნას ის ურთიერთობა, ის ტეხნიკური ეკონომიური საშუალება, რომელზედაც შეიძლება დაყრდნობა და შემდეგ გვექნება მსჯელობა, თუ როგორი სახე უნდა მიეცეს მის საზოგადო მოხმარებას, გასაზოგადოებრივებას. მანამდის კი, სანამ ჩვენ ეკონომიურ ძალთა განვითარება სათანადო საფეხურს არ მიახწევს, ამაზე სჯობს ვსდუმდეთ.

ჩვენთვის, რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტიურ, შეერთებულ მოღვაწეობას, არსებითად, როგორიც არის ქალაქის თვითმართველობა, ერობები, კოოპერატივები და სხვა, მაგრამ არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს კერძო ინიციატივას. სადაც და ვისშიაც კი ასეთ ინიციატივას დავინახავთ, ჩვენ მხოლოდ ხელის შემწყობი ვიქნებით მისი. ჩვენ, რომ დაუჯეროთ მოპირდაპირეებს და ავართვათ კერძო ინიციატივას საშუალება თავის ენერგიის გამოჩენისა ეს ენიშნება იმას, რომ ქვეყანას ჩამოვართვათ ერთი დიდი ძალა, რომელსაც შეუძლიან მონაწილეობა მიიღოს მის მომავალ ეკონომიურ ცხოვრების განვითარებაში.

აი ეს გახლდათ ის საერთო ხაზი შინაურ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვადგივართ. თვით რეფორმები, რომლებსაც ატარებდა ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელობით ჩვენი მთავრობა, თვით ეს რევოლიუციონური რეფორმები, თავის არსებით, თავის მნიშვნელობით ამ საერთო ხაზს არ გადასცილებია; აგრარული რეფორმაც სწორედ ამავე ხასიათისა იყო, და სწორედ ამისთვის გახდა იგი მისაღები ჩვენი ხალხისათვის. ეს რეფორმა გატარებულია სწორედ არჩევნების წინ, და არჩევნების შედეგებში ჩვენ გვაქვს დასტური იმის, რომ ხალხს ის მოეწონა, ხალხმა ის მისაღებად ჩათვალა, მიზანშეწონილად და შესაფერისად ჩვენი ცხოვრების ურთიერთობისა.

ის, რაც არჩევნების წინ გატარებულია ცხოვრებაში, რაც წარედგინება ხალხს არჩევნების წინ, იღებს დასტურს, ან უარყოფას არჩევნებში. და აი, შედეგი არჩევნებისა ჩვენ გვეუბნება, რომ ეს ნაბიჯი იყო სწორი და დღეს მათ გაუქმებაზე ლაპარაკი სულ ზედმეტია დამფუძნებელ კრებაში; პირიქით ჩვენ გვგონია, და ღრმად დარწმუნებული ვართ, რომ დამფუძნებელი კრება ასეთ არჩევნების შემდეგ ვალდებულია, ეს აშკარად და მკაფიოდ გამოხატული ნება, სურვილი ხალხისა განახორციელოს და ცხოვრებაში გაატაროს. სხვა გვარად არ შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ თვით დამფუძნებელ კრების მნიშვნელობა და მისი აზრი, თუ ის არ განახორციელებს იმას, რაც ხალხმა გამოსთქვა, რაც მისმა გონებამ გადასჭრა, რაც მან თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნია.

საშინაო პოლიტიკაში ჩვენ, მაშასადამე შემდეგშიაც იმ საერთო დემოკრატიულ ხაზს უნდა დავადგეთ, რომელიც ვიმეორებ, საუკეთესო თავდებია ჩვენი მომავალი წესწყობილებისათვის მომზადებისა.

ასეთსავე ხაზს უნდა დავადგეთ ჩვენ, და ვიდექით კიდეც დღემდის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში: დემოკრატიული საგარეო პოლიტიკა ვერასოდეს ვერ დაემსგავსება ვერც ვიწრო ბურჟუაზიულ ნაციონალურ საგარეო პოლიტიკას (ხმა: სოციალისტური) დიახ, და ვერც ისეთი გახდება, როგორსაც აქ ახალი მემარცხენეები გვიკარნახებენ, რომლითაც თითქოს შეიძლებოდა მოსკოვის, ან სხვა ასეთ წრეების მეგობრობის მოპოვება. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთვის საჭიროა და აუცილებელი იმ ახალი დემოკრატიულ ხაზის გატარება საგარეო ურთიერთობაში, რომელსაც დღემდე ვადექით. აქ არის ლაპარაკი არა მარტო იმაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობას საფუძვლად უნდა დაედოს ურთიერთ განწყობილება ძმობისა და სოლიდარობის, არამედ იმაზედაც, რომ ამ საერთაშორისო ურთიერთობის მთავარი ძარღვი უნდა იყოს საერთო მშვიდობიანობისადმი მისწრაფება, მე ვიცი რა სასტიკ კრიტიკას გამოიწვევს ეს პოლიტიკა. გვეტყვიან, - განა ჩვენ მუდმივ ომიანობის ხანაში არ ვცხოვრობთო? დიახ ვცხოვრობთ, მე მეტს ვიტყვი, საქართველოს არ ჰქონია არც ერთი დღე, რომ იარაღი არ სჭეროდეს ხელში და მტერი არ მოეგერებიოს. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის, რომ მტერი გვესხმევა თავს, საქმე იმაშია, რომ ხაზი საგარეო პოლიტიკისა, საგარეო ურთიერთობისა იყოს იარაღი იმავე დროს დამცველი სახელმწიფოსი, და მეორეს მხრივ მომნიჭებელი გამარჯვებისა. და ჩვენ შეგვიძლიან თამამად ვსთქვათ, რომ ის ღია, აშკარა, ნათელი პოლიტიკა, ნათელი პოლიტიკური ხაზი, რომელსაც აწარმოებს ჩვენი დემოკრატია დღემდი, დაედვა საფუძვლად იმას, რომ ყოველი მტერი, რომელიც კი გარედან შემოგვესია, ყოველთვის მორალურადაც დამარცხებულ იქმნა და ფიზიკურადაც დამარცხდა საქართველოს დემოკრატიის მიერ. (ტაში) შესაძლებელია ჩვენ, რომ ვერაგულად და მუხანათურად თავს დავსხმოდით, მაგალითად სომხებს, შეიძლება ლორიც აგვეღო და ალექსანდროპოლიც, მაგრამ ჩვენ დიდ ზნეობრივ დამარცხებას მივიღებდით. შესაძლებელი იყო აგრეთვე, რომ სხვა გარეშე მეზობლებისთვის დაგვენახვებინა ჩვენი ძალა, და იარაღით ღამის სიბნელეში დავცემოდით, მაგრამ მე, ვამბობ, დემოკრატიისთვის აქვს მნიშვნელობა არა იმას, რომ იარაღის გამარჯვება მოიპოვოს, არამედ იმას, რომ იარაღით გამარჯვებასთან ერთად მოიპოვოს ზნეობრივი გამარჯვებაც და ასე განამტკიცოს ის მთავარი იდეა, რომ მისი სიტყვა და მისი საქმე მიმართულია სწორედ ხალხის სოლიდარობისაკენ; და თვით მაშინაც კი, როდესაც მისი იარაღი სჭრის და სცელავს, იგი უნდა სჭრიდეს არა იდეას მშვიდობიანობისას, არამედ ამ მშვიდობიანობის საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალას. ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი მთავრობის პოლიტიკისა დღეს, და ეს ხაზი მან უნდა გაატაროს კიდევ უფრო მეტი სისწორით, უფრო მეტი გამბედაობით. ჩვენ, რასაკვირველია გვაქვს არა ერთი წვრილმანი შეცდომები. მაგრამ განა ვინც ახალ გზას იკაფავს, წაბორძიკების უფლება არა აქვს? დამისახელეთ ისეთი ძველი, გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც ანგარიში ერთხელაც არ შეშლოდეს და მაშინ მე ვიტყვი, რომ ჩვენც არ უნდა წავფორხილებულიყავით მეთქი. მაშასადამე ის მთავარი ხაზი, რომელიც გვანიჭებს მუდმივ გამარჯვებას ყოველ მხრივ საერთაშორისო ურთერთობის სფეროში, განა ეს წესი არ არის მისაღები და დასამტკიცებელი დამფუძნებელ კრებისგან? პასუხი აქ ერთად ერთი შეიძლება. დადებით შეცდომებზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც კონკრეტიულ ფაქტებთან გვექნება საქმე, და არა დღეს, როდესაც ვმსჯელობთ საზოგადო პოლიტიკურ ხაზზე, თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, ეს ხაზი იყო სწორი, ეს ხაზი იყო უდავო, და მიმნიჭებელი ჩვენთვის გამარჯვებისა, და ეს ხაზი უნდა დარჩეს მომავალშიაც. აქ კიდევ ერთ გარემოებას განსაკუთრებითი ყურადღება უნდა მივაქციო, ესაა იზოლიაცია საქართველოსი, რომელიც გამოწვეული იყო თითქოს ამ ჩვენი საგარეო პოლიტიკით. მე კი ვამბობ, თუ იზოლიაციის რგოლი ტყდება, და ტყდება თანდათანობით, ეს არის შედეგი ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკისა, და თვით იზოლიაცია კი არის შედეგი არა ჩვენი პოლიტიკისა, არამედ შედეგი იმისა, რომ საქართველოა ერთად ერთი კუთხე, რომელსაც ნამდვილი რევოლიუციონური სული და გული შერჩა. თუ გინდათ ანალოგია, იგი იმ მხრივ საფრანგეთს წააგავს, საფრანგეთს კონვენტის დროისას, როდესაც საფრანგეთს მტერი ესეოდა ყოველ მხრივ. მაგრამ ეს იყო შედეგი არა საფრანგეთის შინაურ და საგარეო პოლიტიკისა, არამედ მათი რევოლიუციონერობისა. თქვენ იცით ისიც, რომ ყველა თავდასხმას, რომელიც განიცადა საქართველოს დემოკრატიამ, ყველა თავდასხმას სარჩულად ედო მოსპობა იმისა, რაც ჩვენ რევოლიუციით მოგვიპოვებია, გაუქმება ყველა იმ ღირებულებისა, რომელიც ხალხმა სისხლით შეიძინა, და რომლის შენარჩუნება მას სწადდა, და სწადია დღესაც. აი ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, უმთავრესი საფუძველი ჩვენ გარშემო ატეხილ ომიანობისა. დიახ, ეს თუ, გნებავთ არის ომი არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ უმთავრესად და უპირველეს ყოვლისა წმინდა კლასობრივი. ეს არის ომი ამ დემოკრატიის წინააღმდეგ, ვინაიდან თამამად შეიძლება ვსთქვა, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც ასე ვსთქვათ, უდრის მეორე მცნებას, დემოკრატიას, დემოკრატიის მმართველობას და ბატონობას, და არის ძალები და ელემენტები ჩვენს გარშემო, რომელიც რა სახითაც და რა ფორმითაც უნდა ჩამოყალიბდეს, ეს იქნება მხოლოდ ბეგები და სხვა ძველი გაბატონებული წრეები, რომელთა ინტერესი ვერასოდეს ვერ შეურიგდება, ვერ შეუთანმხდება, ვერ შეიწყნარებს რევოლიუციას, დემოკრატიის ინტერესებს, და ამათ შორის ბრძოლის იარაღით შეტაკება განა გასაკვირველია? ყოველი ფორმა და სახე, რომელსაც იღებს ეს ომი, ეს ბრძოლა, არის მხოლოდ ის შირმა, რომელითაც სურთ დაჰფარონ ნამდვილი კლასობრივი, პირდაპირ შავრაზმული თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე. თავის დროზე თვითეულ ამ ომის ისტორია ასე იყო გაშუქებული და დღეს ამის უარყოფა იქნება მხოლოდ ფაქტების წინაშე თვალის დაბრმავება.

ასეთი გახლავთ ის საერთო ხაზი, საერთო მიმდინარეობა, რომელსაც ადგია ჩვენ მიერ არჩეულ პირისაგან შედგენილი მთავრობა და სოციალ-დემოკრატიის ფრაქცია, რომლის სახელით მე ვლაპარაკობ. დღეს, სავსებით იზიარებს იმ პოლიტიკას, და სწამს, რომ დამფუძნებელი კრება, რომელიც შექმნილია ქართველ დემოკრატიის მიერ თავის ბრძოლის უნარით, თავის პოლიტიკურ გამჭრიახობით, დღეს მხარში ამოუდგება მთელი თავის ენერგიით, მთელი თავის ძლიერებით ამ მთავრობას; და ეს მთავრობა, როგორც დღემდის ატარებდა ყოველგვარ განსაცდელში ჩვენი ქვეყნის ნავს, ისე დღეს გაატარებს მას, რათა გადაარჩინოს ყოველგვარ ხიფათისაგან და მიახწიოს იქ, საითკენაც მიისწრაფება ჩვენი ერი, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ხალხი. (ტაში).

სოც. დემ. და სოც. ფედერალისტების ფორმულები.

თავმჯდომარე. ჩაწერილი აღარავინ არის. მაშასადამე კამათი შეწყვეტილია. ჯერ-ჯერობით არავითარი წინადადება არ მაქვს. გახლავთ ორი რეზოლიუცია შემოტანილი, ერთი სოციალ-დემოკრატების მიერ და მეორე სოციალ-ფედერალისტების მიერ.

რეზოლიუცია სოციალ-დემოკრატებისა არის შემდეგი (კითხულობს)

„მოისმინა რა მოხსენება მთავრობის შედგენის შესახებ და მისი სამოქმედო პროგრამა, დამფუძნებელი კრება სავსებით იწონებს მას, ამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას და გადადის მორიგ საკითხებზე.“

კენჭს უყრი ამ რეზოლიუციას. ვინ არის მომხრე? ვინ შეიკავა თავი? (თავი შეიკავეს ესერებმა და სოციალ-ფედერალისტებმა).

სოც. ფედერალისტების რეზოლიუცია: „დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა განცხადება მთავრობის შემადგენლობის შესახებ და აგრეთვე მისი დეკლარაცია და გადადის მორიგ საკითხზედ“.

ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე მიღებულია სოციალ-დემოკრატების რეზოლიუცია (გობეჩია: არ მოელოდით?)

პირველი საკითხი განხილული გახლავთ.

ნება მომეცით მეორე საკითხზე გადავიდე - სამანდატო კომისიის მოხსენებაზე. სიტყვა ეკუთნის მომხსენებელს ურატაძეს.

სამანდატო კომისიის მოხსენება.

გრიგოლ ურატაძე. (ს.-დ.) ბატონებო, სამანდატო კომისიამ განიხილა ცენტრალური კომისიის ოქმები, განიხილა ყველა ის სადავო არჩევნები, რომელიც აღნიშნულია ამ კომისიის ოქმებში. გამოიტანა თავისი დადგენილება და პატივი მაქვს მოგახსენოთ შემდეგი: ის არჩევნები, რომელიც სამანდატო კომისიას უდავოთ უცვნია კომისიამ თავის მხრივ დაადასტურა. მან გამოჰყო მხოლოდ ის არჩევნები, რომელსაც გამოუწვევია ცენტრალურ კომისიაში დავა. ასეთი გახლავთ არჩევნები: დუშეთისა, რომელიც კომისიას არ დაუმტკიცებია იმიტომ, რომ არჩევნების მეორე დღეს, როდესაც კომისია შესულა, უნახავს ჭერი ჩატეხილი და როდესაც შეუმოწმებია საარჩევნო ყუთი ქვეშ დაჭყლეტილი ყოფილა. საქმე გადაუციათ გამომძიებლისათვის და როდესაც გამომძიებელი დაასრულებს თავის გამოძიებას მას შემდეგ მოხსენდება ცენტრალურ კომისიას, და მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა საშუალება სამანდატო კომისიას ეს ხმები გაანაწილოს სხვა და სხვა პარტიათა შორის. ამიტომ სამადატო კომისიამ დასტოვა ეს საკითხი ღიათ.

შემდეგი გახლავთ ხაშურის არჩევნები. ხაშურის არჩევნებში მომხდარა შემდეგი დეფექტი: ცამეტი ამომრჩეველი არ არის შეტანილი აღნიშნულ ოქმებში, საარჩევნო კომისიას გამოურკვევია ის საკითხი და იქ აღმოჩენილა შემდეგი: ერთი სიიდან მეორეზე გადაწერის დროს გამოჩენილა ის ცამეტი ამომრჩეველი, ამიტომ ცენტრალურ კომისიას კანონიერათ უცვნია არჩევნები და მიუთვლია ეს ხმები პირველ ნომერისთვის.

შემდეგ გახლდათ ასეთი შემთხვევა: რაჭის ზოგიერთ კუთხეში ყუთი აემოძრავებიათ და სხვა და სხვა ალაგას დაედგათ. ამის შესახებ განკარგულება მოახდინა ცენტრალურმა კომისიამ და ეს სოფლებიც თანახმათ ამ განკარგულებისა მოქცეულა. სამანდატო კომისიამ ეს არჩევნები დაამტკიცა, მხოლოდ დაადგინა, რომ აღენიშნა ეს დეფეკტები. უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ცენტრალურმა კომისიამ გამოიტანა ეს დადგენილება, აქ დაესწრო ყველა პარტიის წარმომადგენელი და როგორც სჩანს სათანადო ოქმიდგან, არავითარი პროტესტი არ იყო განცხადებული.

იმავე რაჭაში იყო შემდეგი შემთხვევა: როგორც მოგეხსენებათ არჩევნები უნდა დაწყებულიყო 14-ს და დასრულებულიყო 17-ს; რაჭის მაზრაში კი ზოგიერთ სოფლებში არჩევნები 17-ს დაიწყო და გაგრძელდა 3-დღე. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ არჩევნების დროს მოსულა დიდი თოვლი, კომისია გაჩერებულა გზაში, საშუალება არ ჰქონია მისულიყო აღნიშნულ ადგილზე და არც ამრჩევლებს ჰქონიათ საშუალება ყუთთან გამოცხადებულიყვნენ. სამაზრო კომისიამ ნება დართო არჩევნები დაწყებულიყო 17-ს. ასე რომ ხელოვნურად და ბოროტ მოქმედებით არ ყოფილა გამოწვეული არჩევნების დანიშვნა ვადის შემდეგ, არამედ სრულიად მოულოდნელმა დაბრკოლებამ ხელი შეუშალა, და რომ ამრჩევლების დიდ უმეტესობას მისცემოდა საშუალება თავის მოქალაქეობრივი უფლება განეხორციელებინა, სამაზრო კომისიას დაურთავს ნება. სამანდატო კომისიამ მიიღო მხედველობაში და არჩევნები დაამტკიცა, მაგრამ იქვე დაუმატა, რომ ესეც აღენიშნოს დამფუძნებელ კრების საყურადღებოდ.

შემდეგ გახლავთ თელავის მაზრის არჩევნები. აქ რამდენიმე სოფლის არჩევნებმა ეჭვი გამოიწვია სამანდატო კომისიაში. ეს ეხება ერთის მხრივ სოფელ გულგულას. ამ სოფელში მომხდარა შემდეგი შემთხვევა: ადგილობრივ საზოგადო ყრილობას დაუდგენია, რომ ამა თუ იმ დღეს გამოვცხადდეთ ყველა და ყველამ მივცეთ ხმა №1. და ასეც უქნიათ. არჩევნების დღეს მართლაც ყველა გამოცხადებულა და მიუციათ ხმა, მაგრამ საარჩევნო კომისიას ხმები ადგილობრივ არ დაუთვლია. ყუთი იქვე დაუბეჭდიათ და ჩამოუტანიათ სამაზრო კომისიაში. სამაზრო კომისიას სხვა და სხვა პარტიათა წარმომადგენელთან გაუხსნია და მართლაც აღმოჩენილა იმდენი ხმა, რამდენი ამრჩეველიც გამოცხადებულა, და ყველას მიუცია №1. ცენტრალურ კომისიას ეს არჩევნები არ დაუმტკიცებია მანამ, სანამ არ გაგზავნეს სპეციალური კომისია თელავში, რომ გამოერკვიათ, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ბოროტ-მოქმედებას. ცენტრალურ კომისიის მიერ გაგზავნილი მცირე კომისია, დაბრუნების შემდეგ აკეთებს მოხსენებას, რომლიდანაც ირკვევა, რომ არავითარ ბოროტ-მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ თუ ყუთი გასახსნელად ჩამოუტანიათ სამაზრო კომისიაში, ეს აიხსნება იმით, რომ სოფლის საზოგადოება არ არის გაცნობილი ყველა კანონებს, რომელნიც უნდა დაიცვას. აქ ჰქონია ადგილი უბრალო გულუბპყვრილობას და არა ბოროტმოქმედებას. ცენტრალურ კომისიამ გაიზიარა ეს შეხედულობა და არჩევნები დაამტკიცა.

შემდეგ არის რამდენიმე სოფელი იმავე თელავის მაზრაში, რომელთა დამტკიცებამ საარჩევნო კომისიაში გამოიწვია დავა. ამ დავას იწვევს ის გარემოება, რომ ზოგიერთ ყუთებში აღმოჩნდა კონვერტები მეტი, ვიდრე იყვნენ ამრჩევლები. მაგრამ ეს კონვერტების უმრავლესობა ისეთ მცირე რიცხვს წარმოადგენს, რომ შეუძლებელია, იფიქროს კაცმა, რომ აქ ჰქონდა რაიმე ბოროტ-მოქმედებას ადგილი. ზოგან, მაგალითად არის 17-ტი, ზოგან 2. საარჩევნო ცენტრალურ კომისიამ დაამტკიცა ის ოქმები, და სამანდატო კომისიამაც დაამტკიცა, მხოლოდ გამოსთქვა, რომ ეს დეფექტები აღსანიშნავი არის დამფუძნებელ კრების საყურადღებოდ. თვით ის ფაქტი, რომ ყუთებში მეტი კონვერტები აღმოჩნდა, ვიდრე ამრჩევლები, აიხსნება იმით, რომ სოფელში ამრჩევლები მოდიან ერთად და სიებში აღნიშვნას ვერ ასწრებდენ. შეტანილი კი ყველა ყოფილა. ეს არ ჩაითვლება რასაკვირველია ბოროტ-მოქმედებათ და სამანდატო კომისიამ ეს ოქმები დაამტკიცა.

შემდეგ გახლავს წყნეთის და სხვა საზოგადოებების ოქმები. აქ მომხდარა, როგორც ირკვევა ცენტრალურ კომისიის ოქმებიდან, რაღაც ბოროტ-მოქმედება. ამის შესახებ დანიშნულია კომისიები. კომისიების მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა, ამისთვის ცენტრალურ კომისიას არ მიუთვლია არც ერთ პარტიისათვის ეს ხმები, და სამანდატო კომისიაც მოკლებული იყო საშუალებას ეს ხმები მიეთვალა, სანამ არ გამოირკვევა რამდენად კანონიერად მოხდა ეს არჩევნები. ამიტომ ეს ხმები არც ერთ პარტიას არ ექნება მითვლილი. ჯერ-ჯერობით ამ რიგად ყველა ამის აღნიშვნის შემდეგ სამანდატო კომისიამ საარჩევნო ოქმები ყველა არჩევნებისა დაამტკიცა. ის ხმები, რომელნიც ცენტრალურ კომისიას არ დაუთვლია, სამანდატო კომისიასაც არ მიუთვლია. ამ რიგად საერთო ხმები, რომელნიც კანონიერად არის ცნობილნი უდრის 505,477. 15-ტ პარტიათა შორის ეს ხმები განაწილებულნი არიან ესე:

სიამ №1. (საქ. სოც. დემ. მუშ. პარტიამ) მიიღო 409.766 ხმა.

სიამ №2. (საქ. ერ.-დემ. პარტიამ) მიიღო ... 30.154 ხმა.

სიამ №3. (საქ. სოც. რევ. პარტიამ) მიიღო ... 21.453 ხმა.

სიამ №4.(„დაშნაკციუტიუნ“-მა) მიიღო ... 2.353 ხმა.

სიამ №5. (საქ. სოც. ფედერ. პარტიამ) მიიღო ... 33.721 ხმა.

სიამ №6. (მუსულ. ეროვნულ საბჭომ) მიიღო ... 6 ხმა.

სიამ №7. (საქ. რად. დემოკრ.) მიიღო ... 3.107 ხმა.

სიამ ¹8. (საქ. ეროვნულ პარტიამ) მიიღო ... 1.532 ხმა.

სიამ №9. (მემარც. სოც. ფედერალისტ პარ.) მიიღო ... 1.616 ხმა.

სიამ №10. (შოთა რუსთავლის ჯგუფ. პარ.) მიიღო ... 51 ხმა.

სიამ №11. (დამოუკ. უპარტ. კავშ.) მიიღო ... 795 ხმა.

სიამ №12. (ბორჩ. მას. მცხოვ. მოს. ჯგუფ.) მიიღო 77 ხმა. 106

სიამ №13. (რუს. სოც. დემ. მუშ. პარ.) მიიღო . 779 ხმა.

სიამ №14. (ესტეტიურმა ლიგამ პატრიოტ.) მიიღო 53 ხმა.

სიამ №15. (საქ. ელინთა დემოკრ. ჯგუფმა) მიიღო 14 ხმა.

შემდეგ გამოანგარიშებული არის მეტრი. მეტრი უდრის 3724 ხ.

მეტრი არის დონტის სისტემისა და მოგეხსენებათ ამ სისტემის შინაარსი, რომ თუ რომელიმე პარტია, თუ გინდა სავარაუდო მეტრის ნაკლებ ხმას მიიღებს, ესენი ირიცხვებიან საერთო რიცხვიდან და მათი ხმები არავის არ ეთვლება. ამ მეტრის თანახმად ხმები განაწილებულია პარტიებთა შორის და გამოანგარიშებული არის, თუ რამდენმა პარტიამ რამდენი დეპუტატი გაიყვანა.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 109-დეპუტატი.

1. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე.

2. ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე.

3. ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე.

4. წერეთელი ირაკლი გიორგის ძე.

5. რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე.

6. გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე.

7. ხომერიკი ნოე გიორგის ძე.

8. რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე.

9. ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე.

10. არსენისძე რაჟდენ მათეს ძე.

11. ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე.

12. გიორგაძე გრიგოლ კიმოთეს ძე.

13. მახარაძე გერასიმე თომას ძე.

14. ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე.

15. ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე.

16. შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე.

17. ჯუღელი ვალერიანი ანთიმოსის ძე.

18. ნინიძე კირილე იესეს ძე.

19. ვარდოიანცი მიკიჩ კარაპეტის ძე.

20. ახმეტელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე.

21. ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის ძე.

22. კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე.

23. ონიაშვილი დავით ეფრემის ძე.

24. ხოჭოლავა მუხრინიონა მაქსიმეს ძე.

25. დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე.

26. ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე.

27. თევზაია ბიქტორ ვასილის ძე.

28. გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე.

29. აბაშიძე ჰაიდარ ალიბეგის ძე.

30. გერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე.

31. ერაძე გიორგი პავლეს ძე.

32. ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე.

33. სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე. 107

34. გელიეიშვილი პეტრე პავლეს ძე.

35. ჯაფარიძე სერგო დავითის ძე.

36. ტერ-პარსეგოვა მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული.

37. სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე.

38. თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე.

39. ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე.

40. მამედოვი გუსეინ გული-მამედ ოღლი.

41. რუსია მელიტონ ივანეს ძე.

42. ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე.

43. შარვაშიძე ყადირ თანბეგის ძე.

44. პაშალიდი ივანე გიორგის ძე.

45. ჩიხლაძე რაფიელ ალექსის ძე.

46. საყვარელიძე პავლე დავითის ძე.

47. ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე.

48. ნათაძე ლევან იასონის ძე.

49. გაგლოევი გიორგი ალექსის ძე.

50. ურატაძე გრიგოლ ილარიონის ძე.

51. დავარაშვილი მოსე რახამის ძე.

52. ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე.

53. ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე.

54. ძველაია ბარნაბ პავლეს ძე.

55. გურული ზაქარია დავითის ძე.

56. ჩიქავა ალექსანდრე ჩიტოს ძე.

57. ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე.

58. შარაშიძე დავითი გრიგოლის ძე.

59. მგელაძე ვლასა დარისპანის ძე.

60. გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე.

61. ტოროშელიძე მინადორა ეფრემის ასული.

62. სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე.

63. გურჯუა ვასილ გიორგის ძე.

64. ნოდია ვასილ გიორგის ძე.

65. აუშტროვი რუბენ გიორგის ძე.

66. მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი.

67. ქუმსიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე.

68. საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე.

69. პანიევი კონსტანტინე აბგერის ძე.

70. კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე.

71. ბადრიძე ილია გიორგის ძე.

72. შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული.

73. სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე.

74. კოპალეიშვილი ილია ივენეს ძე.

75. ჭავჭანიძე ივანე თედორეს ძე.

76. ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე.

77. ცინცაძე გიორგი იოსების ძე. 108

78. ჩხეიძე დავით ანდუყაფრის ძე.

79. ბოლქვაძე ელისაბედ იოსების ასული.

80. ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე.

81. თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე.

82. ცინციბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე.

83. ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე.

84. კიკვაძე თედორე გაბრიელის ძე.

85. კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე.

86. ტატიშვილი ივანე ალექსის ძე.

87. კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე.

88. წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე.

89. იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე.

90. ემუხვარი არზაყა კონსტანტინეს ძე.

91. გომართელი ივანე გედევანის ძე.

92. ბიული პავლე იაკობის ძე.

93. ელიგულაშვილი იოსებ აარონის ძე.

94. კიღურაძე ლავროსი პავლეს ძე.

95. გვარამაძე თავაზ-ყადირ-მამაც-გული ოღლი.

96. რუხაძე ლევან პორფილეს ძე

97. ახმეტელაშვილი სიკო გიორგის ძე.

98. შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე.

99. ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე.

100. წულაია პავლე ლუკას ძე.

101. ბერიშვილი პავლე აბრამის ძე.

102. ბაკურაძე ვასილ ზურაბის ძე.

103. კალაძე ერმალოზ თეთორეს(!) ძე.

104. ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე.

105. მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე.

106. ფაღავა გიორგი აქვსენტის ძე.

107. მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე.

108. ჟღენტი ლეონტი ალმასხანის ძე.

109. ლორია ფილიპე გლახუნის ძე.

ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ - 8 დეპუტატი.

1. ნიკოლაძე ნიკოლოზი (ნიკო) იაკობის ძე,

2. კედია სპირიდონ მალხაზის ძე.

3. ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე.

4. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე.

5. თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე.

6. მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე.

7. ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე.

8. სურგულაძე პეტრე როსტომის ძე.

სოც. რევოლიუციონერებმა - 5 დეპუტატი.

1. შენგელია ლეო ანდრიას ძე.

2. ნუცუბიძე ილია დავითის ძე.

3. გობეჩია ივანე პავლეს ძე.

4. გობეჩია იოსებ პავლეს ძე.

5. ნათაძე გრიგოლ იასონის ძე.

სოც. ფედერალისტთა სარევოლიუციო პარტიამ - 8 დეპუტატი.

1. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე.

2. რცხილაძე გრიგოლ სიმონის ძე.

3. ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე

4. ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე.

5. ალექსი მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე.

6. ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე.

7. გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე.

8. მდივანი სიმონ გურგენის ძე.

სხვა დანარჩენ პარტიებს არ გაუყვანიათ არც ერთი დეპუტატი. სამანდატო კომისია წინადადებას იძლევა, რომ დამფუძნებელ კრებამ იცნოს ეს არჩევნები კანონიერად და დაამტკიცოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს იოსებ ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (სოც. ფ.) ჩვენი ფრაქცია ზოგიერთ შემთხვევაში არ ეთანხმება სამანდატო კომისიის დადგენილებას.

როგორც მოისმინეთ მომხსენებელისგან რაჭაში მომხდარ ზოგიერთ ქალაქებში, ზოგიერთ სოფლებში რაჭის მაზრისა არჩევნები მომხდარა 17, 18 და 19-ს 14-15-16-ს თებერვლის მაგიერ. მართალია იმ დროს ქარბუქი იდგა და ბიულეტენები ვერ გადაიტანეს დანიშნულ დროზე, მაგრამ აქედან ვერ გამოიტანთ დასკვნას, რომ რომელიმე კომისიას ეძლეოდეს ჩვენი დებულებით უფლება თავისი ნებით დანიშნოს ახალი ვადა არჩევნებისა. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს წინადადება, რომ ეს არჩევნები გადაიდოს შემდეგისთვის, როდესაც დანარჩენ ალაგებში მოხდება დამატებითი არჩევნები და ეს კი ჩვენის აზრით გაუქმებული უნდა იყოს.

თელავის მაზრაში, როგორც მოისმინეთ მოხდა არჩევნები სოფელ გულგულაში. ეს არჩევნები უკანონოა, რადგანაც არჩევნების კანონი არის დარღვეული. მე უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ არ არი დაცული ფორმალური მხარე. მაგრამ იმ ფორმას მოსდევს შინაარსის დარღვევაც. მე ვერ ვიტყვი, რომ მოხდა რაიმე ბოროტმოქმედება. მიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ სულ ამომრჩევლები იყვნენ 429 და არჩევნებში ყველას მიუღია მონაწილეობა. ეს ჰბადეს ეჭვს. ამისთანა არჩევნები არსად არ მომხდარა: არც ერთი ავად არ გამხდარა, არც ერთი დაჰკლებია, სუყველა მოსულა ყუთთან. ეს ყუთი ჩაუტანიათ მაზრის კომისიაში ქ. თელავში და იქ დაუთვლიათ, ბიულეტენები. ეს დარღვევა არის კანონისა, და ჩვენ ვერ ჩავთვლით ამას წესიერად.

სოფელ ყარაჯალა და ახტალაში, როგორც მოისმინეთ, რიცხვი გამოცხადებული ამომრჩეველთა რაოდენობისა არ ეთვისება სიას. გამოცხადებულნი აღნიშნულნი არიან, სიაში და მერმე როდესაც დაითვალეს ბიულეტენები, უკანასკნელი აღმოჩნდა მეტი. ამას ადგილობრივი კომისია ხსნის იმით, რომ ხალხი ერთბაშად მოვიდა და ვერ მოასწრეს ჩაწერა სიაში. ეს საბუთი, არ მიგვაჩნდა საპატიოდ. სამი დღე იყო არჩევნები, 16-ტი კვირა დღე იყო, ხალხი თავისუფალი იყო და დროს განაწილება შეიძლებოდა. კომისიას საშუალება ჰქონდა არჩევნები მოეწესრიგებინა?

ჩვენის აზრით უკანონო იყო არჩევნები თბილისის 14 და 20 უბანში. ჩვენ გვგონია, ეს არჩევნებიც გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ალექსანდრე ასათიანს.

ალექსანდრე ასათიანი. (ეროვნულ.-დემ.) ბბ. დამფუძნებელი კრების წევრნო! ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის დავალებით, უკვე მომხდარი არჩევნების ზოგიერთ მხარეს უნდა შევეხო. დამფუძნებელ კრების სამანდატო კომისიის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მას არ უნდა დაემტკიცებინა ყველა არჩევნები ან და დაერღვია არჩევნების დიდი ნაწილი, ვინაიდან კანონის დარღვევას და გადახვევას დამფუძნებელი კრების არჩევნებში საერთო და საყოველთაო ხასიათი ჰქონდა.

საარჩევნო კანონი, ეროვნული საბჭოს მიერ გამოცემული, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა - შეცვალა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინადადებით. ყველა ვადები შესახებ სიების გამოქვეყნებისა, მათი შეცვლისა, შესწორებისა და სხ., შესახებ საარჩევნო ბარათების დაგზავნისა და დარიგებისა, სანახევროდ შემოკლებული იყო. დამფუძნებელი კრების არჩევნების დაჩქარებას სოციალ-დემოკრატები იმით ასაბუთებენ, რომ საერთაშორისო მდგომარეობა ამას მოითხოვსო, რასაკვირველია, დამფუძნებელი კრება რომ ორიოდე კვირით უფრო გვიან შეკრებილიყო, დიდი უბედურება არ იქნებოდა. ამ ვადის შემოკლებას კი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი შედეგები მოყვა. არ მოესწრო სიების შედგენა, ქალაქებს გარდა არსად სიები არ გამოქვეყნებულა და, რასაკვირველია, არ შესწორებულა, კომისიები ნაჩქარევად შედგა, საარჩევნო ბარათები გვიან მიდიოდა ადგილებზე და სხ.

თვით დამფუძნებელი კრების საარჩევნო კანონს დიდი ნაკლი ჰქონდა. ეს არ უნდა დავივიწყოთ, როდესაც მომავალი პარლამენტისათვის საარჩევნო კანონის შემუშავებას დავიწყებთ თვით კანონში აღვნიშნავ მხოლოდ ტეხნიკურ ნაკლს, ისიც ერთს. კანონი მოითხოვს, რომ ყველა საარჩევნო კომისიები შემდგარიყო ადგილობრივ „პარტიულ ძალთა განწყობილების მიხედვით“, ასეთი პრინციპი მიუღებელია. შეუძლებელია სასამართლოს, ადმინისტრაციის, ან მმართველობის სხვა რაიმე გამგებლობა „პარტიულ ძალთა განწყობილების მიხედვით“ დგებოდეს. ასეთი წესით შემდგარი მართველობა არასოდეს არ იქნება კანონის ნამდვილი დამცველი და მისი მორჩილი. როგორი იყო „პარტიული ძალთა განწყობილება“, რასაკვირველია, მმართველი პარტია არკვევდა და ამის გამო ზოგიერთს მაზრაში კომისიის წევრებად სრულებითაც არ ინიშნებოდა ჩვენი პარტიის წევრები.

ეს თვით კომისიის ოფიციალური შემადგენლობა. მაგრამ ამას გარდა პარტიებს უფლება ენიჭებათ თავისი თითო წარმომადგენელნი ყოლოდათ საარჩევნო კომისიებში. მრავალ ადგილას ასეთს წარმომადგენელსაც არ ღებულობდნენ, თუმცა კანონში ეს უფლება აშკარად არის აღნიშნული. ამბობდენ - ჩვენ ამის შესახებ არავითარი ინსტრუქცია არ მიგვიღიაო.

ასე ცალმხრივი შემადგენლობის კომისიები აწყობდენ მთელს საქართველოში არჩევნებს. ასეთი კომისიების ოქმები არის ის მასალა, რომლის მიხედვით ამტკიცებდა არჩევნებს ცენტრალური და შემდგომ დამფუძნებელი კრების კომისია. კომისიების ოქმებში ვერსად ვერ დაინახავთ, რომ კომისიაში რაიმე აზრთა სხვა და სხვაობა ყოფილიყოს, ან პროტესტები. ეს იმით აიხსნება, რომ კომისიის შემადგენლობა თითქმის სავსებით ერთი პარტიის იყო და ეს კომისიები უმრავლესობის დადგენილებას სწერდა ოქმში და თითო ოროლა წევრის აზრის აღნიშვნას სრულიად საჭიროდ არ სთვლიდა.

პარლამენტის მრავალ მხრივ შეუფერებელი საარჩევნო კანონი საყოველთაოდ ირღვევოდა, ამის პირველი მაგალითი თვით პარლამენტის საარჩევნო ცენტრალურმა კომისიამ მისცა. კანონი აშკარად ამბობს: „საარჩევნო ბარათები (ბიულეტენები) ერთნაირი უნდა იყოსო“. თქვენ მოგეხსენებად თუ რამდენად ერთნაირი იყო სხვა და სხვა პარტიების ბიულეტენები, ან ფერით, ან ქაღალდის ზომით, თუ სისქით, ან ნაბეჭდის ფერით. რასაკვირველია, როდესაც კანონი იწერებოდა, რომ ყველა პარტიები ბიულეტენში ერთნაირი ყოფილიყო ეს იმიტომ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შემდგომ კომისიამ დააკანონა „მოძრავი ყუთი. ამის შედეგი მოგეხსენებათ როგორი იყო. ყველგან ყუთს „აამოძრავებდენ“, ე.ი. სოფელ-სოფელ ჩამოატარებდენ სახლებში და იქ მიაცემინებდენ ხმას. რასაკვირველია ასეთს პირობებში არ შეიძლებოდა ხმის მიცემის საიდუმლოების დაცვა და ყოველივე ეს მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო იყო.

საარჩევნო ბარათები თავის დროზე არ მიდიოდა ადგილზე. ზოგს მაზრაში პარტიებს არჩევნების ერთი თუ ორი დღის წინეთ გადასცეს ბიულეტენები. ასეთს პირობებში, რასაკვირველია, შეუძლებელი იქნებოდა მათი წესიერად დარიგება როცა პარტია არ კისრულობდა ბიულეტენების დარიგებას, კანონის ძალით, თვით კომისიებს უნდა დაერიგებინათ ეს ბიულეტენები. კანონის ეს მოთხოვნილება არსად არ შესრულებულა. ყუთები წესიერად არ კეთდებოდა, არ იბეჭდებოდა და ილუქებოდა, კანონიერად არ ხსნიდნენ მას და არ ითვლიდნენ, ხშირად კონვერტებს დაუთვლელად წაიღებდნენ მეორე სოფელში და სხ, მრავალი იყო შემთხვევა, რომ ხმას აძლევდნენ ისეთებს, ვინც სიაში შეტანილი არ იყო. კონვერტები ხშირად ხმის მიმცემლებზე მეტი აღმოჩენილა. ამ მოვლენებს შემთხვევითი ხასიათი არ ჰქონია, არამედ თითქმის საყოველთაო იყო. აქა-იქ ასეთი მოვლენა აღბეჭდილია კომისიების ოქმებში, მაგრამ ყველა ასეთი არჩევნები დამტკიცებულია ცენტრალურ კომისიის მიერ. იყო ისეთი ბედნიერი სოფელი გულ-გულა, კახეთში, სადაც 429 პირს ჰქონდა ხმა და ყველა ისინი არამც თუ პირველი ნომრის მიმდევარნი აღმოჩნდნენ, არამედ ყველა ჯანსაღი და ჯანმრთელი აღმოჩნდა და ხმა მისცა. ეს ყუთი არც კი გაუხსნიათ, ისე გაუგზავნიათ ყუთი სამაზრო ქალაქში - სოფელმა დაადგინა პირველი ნომრისთვის ხმის მიცემა და ყველამ მას მისცა ხმაო. და ასეთი არჩევნები დაამტკიცა სამაზრო და ცენტრალურმა კომისიამ. სადაც პარტიების სასტიკი ბრძოლა იყო, იქ ყუთთან ამომრჩეველთა 30-50 პროც. ძლივს მოდიოდა და ასეთს მოვლენას, რომ თითქოს ყველა ამომრჩეველმა ხმა მისცა და ამავე დროს კანონი დაირღვა ყუთის გაუხსნელად და დაუთვლელად გადატანით, მაინც არ გასჭრა და იჭვი არ აღძრა ერთფეროვნად მოწყობილ კომისიებში.

ჩვენ აქ აღვნიშნეთ კანონის ისეთი დარღვევანი, რომელსაც თითქმის ყოველგან ჰქონდა ადგილი. საერთოდ კი, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საარჩევნო კანონში არ დარჩენილა არც ერთი მუხლი, რომელიც მრავალ შემთხვევაში არ დარღვეულიყოს.

წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა, ისეთი ორგანოსი, რომელიც ხალხის დიდი უმრავლესობის სულისკვეთებას და ინტერესებს გამოსახავს, მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ საარჩევნო მუშაობის დროს კანონი სავალდებულოდ იქნება მიჩნეული და ერთნაირი უფლებით იქნებიან აღჭურვილნი საარჩევნო მუშაობის დროს ყველა პარტიები და ჯგუფები, რომელნიც არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ. თორემ თუ კანონს არავითარი ანგარიში არ გაუწია და არჩევნები მოეწყო „პარტიულ ძალთა განწყობილების“ სისტემით, მმართველი პარტია ყოველთვის მოახერხებს ისეთი შედეგების მიღებას, როგორიც მას ესურვება.

ეროვნულ დემოკრატიულმა ფრაქციამ საჭიროდ დაინახა ამ მოვლენების აღნიშვნა, მაგრამ არა იმისთვის, მით დამფუძნებელი კრების სუვერენობა უარყოს და ის არ სცნოს, არამედ იმისთვის, რომ ეს მძიმე შეცდომები არ იქნეს დავიწყებული დამფუძნებელი კრების მიერ მაშინ, როდესაც ის საარჩევნო კანონის შემუშავებას შეუდგება მომავალი პარლამენტისათვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს. სხვა არავინ არის ჩაწერილი.

გრიგოლ ურატაძე (ს.დ.) მე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას.

პირველი ნაწილი ბ. ასათიანის სიტყვისა შეეხება მომავალს, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში, თუ როგორი კანონი შევიმუშავოთ და რა შესწორებების შეტანაა საჭირო იმ კანონდებლობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე ამაზე ამ ჟამათ არაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ უნდა მოგახსენოდ ცენტრალურ კომისიისადმი საყვედურის შესახებ. მე არ ვიცი ის ცნობები, რომელიც ბატონმა ასათიანმა მიაწოდა დამფუძნებელ კრებას, საიდან აქვს, მაგრამ ის სამანდატო კომისიის წევრია, და ჩვენ ყველამ ერთად წავიკითხეთ ყველა ოქმები, საზოგადოდ არსად ასეთი საჩივრები, განცხადება არ არის, რომ სადმე მოძრავი ყუთებით ისე ესარგებლად, რომ კარის-კარ ეტარებინათ, ასე რომ სამანდატო კომისიას არ შეეძლო განეხილა ეს კითხვა და ამის შესახებ რაიმე განაჩენი გამოეტანა.

რაც შეეხება იმას, რომ პრაქტიკაში მოძრავი ყუთები შემოღებული იყო აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ კომისიის პრეზიდიუმში, სადაც ყველა პარტიების და მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ, და შემდეგ პარლამენტში პროტესტი არავის არ განუცხადებია, კანონს რომ დაუკვირდეთ, არის ზოგიერთი ადგილები, საიდანაც შეიძლება გამოიყვანოთ დასკვნა, რომ თითონ კანონი არ არის წინააღმდეგი რომ ზოგიერთ დიდ საზოგადოებებში მოძრავი ყუთი იყოს. მხოლოდ ყოველ კონკრეტიულ შემთხვევაში ხელმძღვანელ კომისიას უნდა ეცნობოს ეს.

რაც შეეხება სოცია-ფედერალისტების განცხადებას რაჭის მაზრის არჩევნების გადადების შესახებ, იქ მართლაც იყო შემთხვევა, რომ 14-ს მაგივრად არჩევნები დაიწყეს 17-ს. ბ. ბარათაშვილი სამანდატო კომისიის წევრი იყო და იცის, რომ იქ არავითარ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია გარდა იმისა, რომ დიდი ქარბუქი იყო და იმის მაგიერ, რომ 14-ს დაწყებულიყო, დაიწყო 17-ს. მართალია, თუ რომ ისე მოვიქცევით, როგორც რუსები იტყვიან по буквˆ закона, თუ გამოვეკიდეთ ყველა მძიმეს და წერტილებს, ეს მართლაც კანონის დაღვევა იქნება, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ შექმნილ მდგომარეობას, მაშინ ეს არჩევნები დამფუძნებელმა კრებამ უნდა დაამტკიცოს.

რაც შეეხება გულგულას არჩევნებს, აქ ითქვა: რატომ საზოგადოდ ერთი სხვა პარტიის წევრი არ იყოვო. ჩვენ სწორედ არ ვიცით იყო თუ არ იყო! ოქმებიდან სჩანს, რომ გამოცხადდნენ 429 ამომრჩეველი, და იმდენივე კონვერტი აღმოჩნდა. მოგეხსებათ, რომ სოფელმა გამოიტანა განაჩენი ყველამ ხმა პირველ ნომერს მივცეთო. აქ რომ იყოს ნათქვამი, რომ ამ საზოგადოებაში მეტი ამომრჩეველი არ იყოვო, მაშინ ჩვენ შეგვეძლებოდა გვეთქვა რატომ არ გამოცხადდნენ სხვა პარტიის წევრები. შესაძლებელია, თანახმად განაჩენისა, გამოცხადდნენ ისინი, ვინც ხმას აძლევდა პირველ ნომერს, და შეიძლება სულ არ გამოცხადდნენ ისინი, ვინც სხვა პარტიისა იყვნენ. სხვათა შორის, იმ კომისიაში, მცირე კომისიაში, რომელიც ცენტრალურ კომისიამ გაგზავნა სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენელნი იყვნენ, და თანახმად იმათ მოხსენებისა, დაამტკიცა ცენტრალურმა კომისიამ ეს არჩევნები. ახლა სიაში არ შეტანის შესახებ.

სხვათა შორის აქ ერთად ერთი შემთხვევა არის, ეს არის ხაშურში, სადაც სიაში არ შეტანილთ მიუციათ ხმები, ოქმში არის ეს, რომ ეს შეეხება 13-ამომრჩეველს, შემდეგ, როდესაც კომისიამ გამოირკვია ეს შემთხვევა აღმოჩნდა, რომ მთავარ სიაში ისინი შეტანილი ყოფილან, მხოლოდ გადაწერის დროს გამოუტოვებიათ ეს 13-ტი კაცი.

ასე რომ ამ მხრივ ასეთი შემთხვევა ერთია, მაგრამ სხვა არც ერთი ოქმიდან არ სჩანს, რომ თითქოს ვინც სიაში არ იყო ჩატანილი, იმას ხმა მიეცა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხმები უნდა იყოს მითვლილი ისე როგორც სამანდატო კამისიამ მიუთვალა.

რაც შეეხება იმ კონვერტებს, ქაღალდს, გავრცელებას ბიულეტენებისას, აქ ცენტრალურმა კომისიამ, გამოიტანა ისეთი დადგენილება, რომელიც კანონში არის ნათქვამი, ერთნაირი უნდა იყოს ბიულეტენები, მაგრამ რაკი შემდეგ სხდომაზე გამორკვეულა ქაღალდის შოვნის შეუძლებლობა, შემდეგ სხდომაზე დაადგინეს, შეთანხმებით ყველა პარტიებისა, ერთნაირი შეიძლება არ იყოსო. იქ პროტესტი არავის განუცხადებია. ეს სახელმძღვანელოდ მიიღეს. სხვადასხვა პარტიებმა, ყველა უმთავრესმა პარტიამ თითონ იკისროს ბიულეტენების დაბეჭდვა და დარიგება.

ისე, რომ ჩვენი აზრით, აქ არ არის ძირითადი დარღვევა არჩევნების კანონისა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, დამფუძნებელი კრება მიღებს სამანდატო კომისიის წინადადებას, რომ ეს არჩევნები დადასტურებული და დამტკიცებული იყოს.

თავმჯდომარე. თქვენ მოგეხსენათ სამანდატო კომისიის აზრი. ზოგჯერ ორატორებს სადავოდ მიაჩნიათ შემდეგი ერთეულები, რაჭის მაზრა, თელავის მაზრა, ახტალა, ყარაჯალი, თბილისის მეთოთხმეტე და მეოცე უბანი. აშკარაა, რომ დანარჩენი არ მიაჩნიათ სადავოდ, ამიტომ ნება მიბოძეთ ამნაირად უყარო კენჭი. პირველად, დანარჩენებს ყველა იმ ადგილებში მომხდარ არჩევნებს, რომელიც აქ არ არის სადავო, კანონიერად არის მიჩნეული, და ამტკიცებს დამფუძნებელი კრება.

რაც შეეხება იმ დანარჩენ ერთეულებს, იმათ ცალ-ცალკე უყრი კენჭს. არის შემოტანილი სოციალ-ფედერალისტების ფრაქციის მიერ: რაჭაში მომხდარი არჩევნები გადიდოს შემდეგისთვის. (არსენიძე: წერილობითი არის შემოტანილი?) დიახ წერილობითი.

ვინ არის მომხრე, რომ არჩევნები რაჭის მაზრაში ჩაითვალოს კანონიერად და დამტკიცებული იყოს? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე, რომ თანახმად დასაბუთებისა არჩევნები გადიდოს იმ დრომდის, როდესაც დანარჩენები მოხდება? რაც შეეხება რაჭის მაზრის არჩევნებს, კანონიერად და დამტკიცებულად არის მიღებული.

შემდეგ ყარაჯალა და ახტალა, ვინ არის მომხრე რომ ამ უბნების არჩევნები კანონიერად იყოს მიღებული და დამტკიცებული? ვინ შეიკავა თავი? (შეიკავეს ესერებმა და ფედერალისტებმა) ესეც მიღებულია.

გულგულა, ვინ არის მომხრე რომ დამტკიცებული იყოს. ვინ შეიკავა თავი. მიღებულია.

თბილისის 14 საარჩევნო უბანი. - ვინ არის მომხრე, რომ არჩევნები კანონიერად ჩაითვალოს? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? (თავი შეიკავა ესერებმა და ფედერალისტებმა).

20-ცე საარჩევნო უბანი. ვინ არის მომხრე, რომ კანონიერად ჩაითვალოს არჩევნები? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? (თავი შეიკავეს ესერებმა და ფედერალისტებმა).

ეხლა საერთოდ უყრი კენჭს. ვინ არის მომხრე რომ მიღებულ იქმნას საერთო სამანდატო კომისიის მოხსენება. მაშასადამე არჩევნები კანონიერი არის და დამტკიცებელი კრების მიერ.

ამგვარად ხმები განაწილებული არის და როგორც მოგეხსენებათ: სოციალ-დემოკრატებს ერგოთ 109. კრებაზე მოხსენებულია და დამტკიცდა. სოციალ-რევოლიუციონერებს ერგოთ - 5-თი. დამტკიცებულია.

სოციალ-ფედერალისტებმა - 8. დამტკიცებულია.

ეროვნულ-დემოკრატებმა - 8. დამტკიცდა.

ეს საკითხი გათავებულია.

ეხლა შემდეგ კრებისთვის შეიძლება კეთილ ინებოთ და დაადასტუროთ საქართველოს პარლამენტის წესი, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტს კვირაში ორჯელ ჰქონდა ხოლმე სხდომა (არსენიძე: ნება მომეცით) უმორჩილესად გთხოვთ შეასრულოთ რეგლამენტის მუხლი. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

მორიგ სხდომის საკითხი.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ.) მე მგონი, რომ, ჯერ-ჯერობით, დღეების დანიშვნა ნაადრევია. ორი მოსაზრება გახლავთ, - ერთი იმიტომ, რომ ჩვენი მუშაობა უმთავრესად კომისიებში ხდება, და ჯერ-ჯერობით კომისიებს არცკი დაუწყვიათ მუშაობა, რადგანაც მასალა არ შემოსულა და არ დამუშავებულა. მარტო სადეკლარაციოთ და სალაპარაკოთ არ შევიკრიფებით, შევიკრიფებით საქმისთვის. ეს საქმე უნდა მომზადებული იყოს წინასწარ და შემდეგ იმისა უნდა გაიმართოს სხდომა დამფუძნებელ კრებისა. აი ამიტომ, მე ვამბობ, დღეს დღეობით ამას ნუ დავნიშნავთ, მომავალი სხდომა დანიშნოს პრეზიდიუმმა, როცა საამისო მასალები შეიკრიფება და საკითხი მისთვის წარმოსდგება. მომავალში ამისდამიხედვით, თუ რა გვარ ხასიათს მიიღებს ჩვენი მუშაობა და რამდენად რთული იქნება იგი, დავნიშნავთ სამუშაო დღეებს, საათებსაც და წესრიგს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მე პარლამენტის წესის მიღება ნაადრევად მიმაჩნია.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს კიდევ სიტყვა? მაშასადამე წინადადება ასეთი გახლავთ, მიენდოს პრეზიდიუმს, რომ როდესაც მოვა მასალები დანიშნოს სხდომა. ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე მიღებულია, და კრებას ვხურავ.

კრება იხურება 3 საათსა და 20 წუთზე. 117

2.6 მეექვსე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

შაბათი, 1919 წელი. მარტის 29. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 ს. 35 წ.

თავმჯდომარე. დაბძანდით. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიაში გადასაცემი კანონპროექტი.

კ. ჯაფარიძე. სანამ დღიურ წესრიგზე გადავიდოდეთ, მოგახსენებთ, რომ შემოსული გახლავთ მიწადმოქმედების მინისტრის კანონპროექტი ქალაქებში მიწების გაყიდვის და დაგირავების შეზღუდვისა.

ეს პროექტი გადაეცემა აგრარულ და იურიდიულ კომისიებს.

დღიური წესრიგი.

1. კანონპროექტი დამფუძნებელ კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა დიეტისა.

მომხსენებელია დამფუძნებელ კრების წევრი რაჟდენ არსენიძე.

2. დამფუძნებელ კრების 1919 წ. ხარჯთ აღრიცხვა.

მომხსენებელია დამფუძნებელ კრების წევრი დავით ონიაშვილი.

3. სხვა და სხვა კომისიების არჩევა.

თავმჯდომარე. ვის სურს დღიურ წესრიგის შესახებ სიტყვა? არავის. წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე დღიური წესრიგი დამტკიცებულია.

პირველ კანონ-პროექტის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი რ. არსენიძე. მთავარი და ძირითადი ამ კანონ-პროექტისა არის შეუთავსებლობა საკანონმდებლო დაწესებულების, დამფუძნებელ კრების წევრობისა და მისი ღირსებისა ზოგიერთ თანამდებობასთან. ძირითადი იდეა, რომელიც გამომდინარეობს თქვენს წინაშე წარმოდგენილ კანონ-პროექტიდან გახლავთ ის, რომ დაცული იქნეს ღირსება დამფუძნებელ კრების წევრისა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ თავისუფალი იქნეს ის თავის საკანონმდებლო, საკონტროლო და სხვა მხრივ მუშაობაში, რომლისთვისაც იგი მოწოდებულია. ჩვეულებრივ პარლამენტი, ჩვეულებრივი საკანონმდებლო დაწესებულება, ყოველი კანონმდებელი უნდა თავისუფალი იყოს ზოგიერთ დამოკიდებულებისაგან, რომელიც ზღუდავს მის ნებისყოფას და სურვილს, და ხელს უშლის მის მიერ უმთავრეს და უაღრეს მოვალეობის პირნათლად შესრულებას. ეს უფრო მეტად არის საჭირო დამფუძნებელ კრებისთვის, ვინაიდან დამფუძნებელი კრება არ წარმოადგენს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს. არამედ ის უზენაესი გამომხატველია ხალხის სუვერენულ ნებისყოფისა. ცხადია, ის პირი, რომელსაც სურს ხალხის ყოველ მხრივი წარმომადგენლობა იკისროს, უნდა თავისუფალი იყოს ყოველ გვარ გარეშე დამოკიდებულებისაგან, რომელიც მის ნებას შეჰკრავს და მისგან მიღებულ მანდატის სავსებით განხორციელებაში ხელს შეუშლის. აი ესეთი გახლავთ მთავარი საფუძველი წარმოდგენილ კანონპროექტისა.

სხვა და სხვა ქვეყნებში ამ საკითხის შესახებ სხვა და სხვა კონსტიტუციონური წესი არსებობს. თუ ავიღებთ ზოგიერთ მთავარ რესპუბლიკას და ზოგიერთ პატარა სახელმწიფოებს, რომელთა მდგომარეობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლიან ანალოგია გავატაროთ მათსა და ჩვენს შორის, შემდეგ სურათს დავინახავთ. საფრანგეთში შეუთავსებლობა ქვემო პალატის წევრებისა და ზოგიერთ მოხელეობისა მიღებული გახლავთ, ესე იგი პალატის წევრი, რომელიც კანონმდებლობს, არ შეიძლება იმავე დროს დაქვემდებარებული იყოს ადმინისტრაციის აპარატს, ექვემდებარებოდეს რომელიმე მოხელეს, რომელიმე თანამდებობის პირს და იძულებული იყოს მისი განკარგულება აასრულოს. იგულისხმება რომ კანონმდებელი თვით არის უმაღლესი განმკარგულებელი, უმაღლესი მბრძანებელი კანონის გამოცემაში მონაწილეობით და იგი არ შეიძლება იყოს იმავე დროს დამორჩილებული იმ აღმასრულებელ ძალაზე, რომლისთვისაც ის კანონს სცემს. რასაკვირველია, ზოგიერთი გამონაკლისების შესახებ ამ ჟამად არ მოგახსენებთ, რადგანაც გამონაკლისი არის მხოლოდ იმ მხრივ, რა მხრივაც ასეთ შეზღუდვას და დაქვემდებარებას ადგილი არა აქვს. მაშასადამე შეიძლება გამონაკლისი დარჩეს მხოლოდ მთავრობისათვის, რომელიც უმაღლესი ორგანო არის და არავითარ სხვა ადმინისტრატიულ დაწესებულებას არ ემორჩილება: თუ ის ვისმეზე არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული მხოლოდ საკანონმდებლო დაწესებულებაზე, რომელთანაც ერთგვარ კავშირში, ერთგვარ ურთიერთობაში იმყოფება, და იმიტომ როდესაც გამონაკლისს ვიღებთ მთავრობის წევრებისთვის, ეს ამ პრინციპს კი არ ზღუდავს, ეს ამ პრინციპს კი არ აუკუღმართებს, კი არ სპობს, არამედ, პირიქით ამტკიცებს. მართლაც დამფუძნებელ კრების წევრი არ უნდა იყოს დამოკიდებული ადმინისტრაციულ პირზე; სამინისტრო ამ შემთხვევაში არავიზე არ არის დამოკიდებული, გარდა საკანონმდებლო დაწესებულებისა.

მაგრამ, ზოგიერთ ქვეყნებში ეს პრინციპიც არ არის სავსებით ამ გვარად გადაჭრილი. პირიქით, ჩვენ შეგვიძლიან დავასახელოთ მეტად დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელშიაც მთავრობის პირებისაგან, თვით აღმასრულებელ ძალისაგან მოითხოვენ, რომ იგინი არ იყვნენ საკანონმდებლო დაწესებულების წევრად. ეს გახლავთ შვეიცარია. 77-ე მუხლი შვეიცარიის კონსტიტუციისა პირდაპირ ამბობს, რომ ნაციონალური საბჭოს წევრად, რომელიც კანონდებელი დაწესებულებაა, არ შეიძლება იყოს არც კანტონური საბჭოს ე.ი. მეორე პალატის წევრი, არც კავშირის საბჭოს წევრი. კავშირთა საბჭო კი გახლავთ კონფედერაციის მთავრობა. ეს მუხლი ამბობს აგრეთვე, რომ ნაციონალურს საბჭოს წევრი არ შეიძლება დანიშნული იყოს რაიმე სამსახურში. მაშასადამე არც მთავრობას, რომელშიაც შედის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დანარჩენი წევრი აღმასრულებელ ორგანოსი, და არც მათგან დანიშნულ მოსამსახურეს არ შეუძლია იყვნენ იმავე დროს ნაციონალურ საბჭოს წევრებად. იქ, ასე ვთქვათ, ყოველი აღმასრულებელი ძალა, მთელი აღმასრულებელი აპარატი რაც შეიძლება ძლიერად, და ყოველ მხრივ არის დამორჩილებული საკანონდებლო ორგანოზე. იქ ეს დამორჩილება აღმასრულებელ ძალისა კანონმდებელზე იმდენათ ძლიერია, რომ ამის მიხედვით, პრეზიდენტს, მაგალითად, ყოველწლიურად ახალ პირს ირჩევენ, აგრეთვე თვით იმავე ნაციონალურ საბჭოს თავმჯდომარე ყოველ წლიურად ახალს ირჩევენ, ძველი თავმჯდომარე არ შეიძლება ხელ ახლა არჩეულ იქნეს. ამ ფაქტში იქ ერთგვარი შიშია გამოთქმული იმისა, რომ მუდმივ თავმჯდომარეს, მუდმივ აღმასრულებელი ძალას, რესპუბლიკის სათავეში მდგომს, შეუძლიან ეს ძალა ასე თუ ისე ბოროტად და დემოკრატიის საზიანოდ გამოიყენოს. ამ გვარად შვეიცარიაში ყველაზე უფრო მკაფიოდ და სასტიკად არის გატარებულ სრული ბატონობა კანონმდებელისა და სრული დამორჩილება აღმასრულებელი ძალისა, და ეს უკანასკნელი გადაქცეულია უბრალო მოხელეობათ, სამაგიეროდ აღმასრულებელი ძალა პასუხისმგებლობას იმ სისტემით, რომელიც არის პარლამენტარიზმში მიღებული, არ განიცდის; ისინი მუშაობენ უფრო, როგორც მოხელეები ვინემ როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელები.

ახლა ავიღოთ სხვა სახელმწიფოები. ავსტრიაში, მაგალითად დაშვებულია, რომ მოხელე, თუ ის არჩეულია პარლამენტის წევრად, არ არის ვალდებული რომ მოხელეობას თავი დაანებოს. აგრეთვე ავიღოთ პატარა სახელმწიფო ბელგია. იქ თუ პარლამენტის წევრი დაინიშნა მოხელედ, ის ვალდებულია პარლამენტის წევრობიდან გადადგეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ხელახლად აირჩევენ, შეუძლიან ისევ მიიღოს კანონმდებლობით დაწესებულების წევრობა. მაშასადამე აქ სხვა პრინციპი არის გატარებული. აქ მოხელეს შეუძლიან გახდეს კანონმდებელი, თუ ის უკვე მოხელე იყო, არჩევამდე. ინგლისში სავსებით არის მიღებული შეუთავსებლობა. 1701წ. 12 ივნისის კანონის მესამე მუხლის მეშვიდე ნაწილი ამბობს, ვისაც აირჩევენ ჯამაგირიან სამსახურში, რომელიც მეფისაგან დამოკიდებულია, ან მისგან იღებს ჯამაგირს, იმას არ შეუძლიან იყოს თემთა პალატის წევრი. ამით მოსამსახურე განდევნილი გახლავთ საკანონმდებლო დაწესებულებიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეიძლება დანიშვნა პარლამენტის წევრებისა რაიმე თანამდებობაზე იმ ხნის განმავლობაში, სანამ ის ითვლება კანონმდებლად.

პატარა სახელმწიფოებში სხვა და სხვა წესებია, მაგალითად სერბიაში იმდენი გამონაკლისებია ძირითადი პრინციპებიდან, რომ თითქმის ყველა მოხელეები, განსაკუთრებით ექიმები, ინჟინრები და მასწავლებელნი, არ არიან უფლებას მოკლებულნი, რომ ერთსა და იმავე დროს იყვნენ კანონმდებელნი და თავის თანამდებობასა და მოვალეობასაც ასრულებდნენ. ყველა მოსამართლენი, ყოველ სასამართლოს თავმჯდომარე და ზოგიერთი სასამართლოს წევრები, აგრეთვე მთავრობის წევრები, პენსიონერები, ჩინოვნიკები, ინჟინრები და ექიმები არ არიან უფლებას მოკლებულნი, რომ პარლამენტის წევრობასთან ერთათ თავის თანამდებობაზეც იყვნენ დატოვებული. ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ადგილობრივ პირობებით, და პრინციპი ამ მიზეზით არის გამრუდებული. ამიტომ ეს მაგალითი ჩვენთვის საყურადღებო და საინტერესო არ არის. მაგალითად ინჟინერები, ექიმები და სხვები თითქმის სუყველანი, თუნდაც ისინი სამსახურში იყვნენ, შეიძლება იმავე დროს იყვნენ წევრად საკანონმდებლო დაწესებულებაში. ალბად ეს გამოწვეულია იმით, რომ ინტელეკტუალური ძალები ძალიან მცირე არის სერბიაში; მათი განაწილება არ შეიძლება ისე, რომ ზოგი დარჩეს თანამდებობისთვის და ზოგი კანონმდებლობისთვის. ამიტომ შეთავსება აუცილებელი ხდება. თვით ინტელიგენციის სიმცირის გამო. სამაგიეროდ ისეთ რესპუბლიკებში, როგორიც არის ავსტრალიის ფედერატიული რესპუბლიკა, გატარებულია პრინციპი შეუთვისებლობისა, სულ მცირეოდენი გამონაკლისით, რომლებზედაც ამ ჟამად, საინტერესო არ არის შევჩერდეთ. აი ასეთი გახლავთ ზოგადი დამოკიდებულება უმთავრეს რესპუბლიკებისა და საკანონმდებლო დაწესებულებებისა ამ საკითხისადმი ე.ი. შეუთავსებლობისადმი ყველგან, ცოტად თუ ბევრად, - ზოგიერთგან უფრო მტკიცედ და სასტიკად, ზოგიერთგან სუსტად და მკრთალად, ამა თუ იმ სახით ამ შეუთავსებლობის პრინციპს ატარებენ ცხოვრებაში. კანონმდებელს არ შეუძლიან ერთსა და იმავე დროს კანონმდებლობდეს და ყოველ ადგილას მსახურებდეს. ეს არის ერთგვარი საყოველთაოდ მიღებული იდეა, რომლის მიხედვით კანონმდებელი განთავისუფლებულია სხვა თანამდებობისაგან, სხვა დამოკიდებულობისაგან და ეს ყველა კონსტიტუციაში შედის იქ, როგორც ერთი მისი აუცილებელი ელემენტი, ერთი მისი აუცილებელი ნაწილი და დამფუძნებელ კრებისთვის ეს მით უმეტეს მისაღებია და სავალდებულო. ამაზე გახლავთ დაფუძნებული კანონ-პროექტი, რომელიც შემუშავებულია საკონსტიტუციო კომისიის მიერ და წარმოდგენილია თქვენს წინაშე.

ეს კანონ პროექტი ეფარდება ჩვენ მდგომარეობას, ესე ვსთქვათ, ჩვენს ფაქტიურ კონსტიტუციონურ მდგომარეობას, რომელიც ჩვენში დამყარდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის წევრები არ არიან ყველა არჩეული ისე, როგორც შვეიცარიაში, არამედ არჩეული არიან მხოლოდ ერთი წევრი, - თავმჯდომარე მთავრობის, და დანარჩენი კი არიან მოწვეული თავმჯდომარის მიერ და დამტკიცებული დამფუძნებელი კრების მიერ. მაშასადამე ისინი არიან პოლიტიკურადაც პასუხისმგებელნი და ექვემდებარებიან პარლამენტის ყოველივე ვოტუმს და მის განკარგულებას, მის გადაწყვეტილებას. ამ მხრივ, თუ გნებავთ ეს ტიპი წარმოადგენს ერთგვარ საშუალო ტიპს, პირდაპირ საპარლამენტო სამინისტროსა და მოხელეთა სამინისტროს შორის, რომელიც არის ერთ მხრივ საფრანგეთში, მეორე მხრივ შვეიცარიაში. ამიტომ ჩვენ სასურველად მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჰქონდეს ჩვენში ადგილი საფრანგეთის პრაქტიკას და არა შვეიცარიისას. ესე იგი უმთავრეს აღმასრულებელ ორგანოს, როგორც არის სამინისტროები, და ზოგიერთი ამგვარი თანამდებობანი, ჰქონდეს საშუალება და უფლება ერთ და იმავე დროს იყვნენ წევრებად დამფუძნებელ კრებისა და თან ასრულებდნენ თავის თანამდებობას. ზოგიერთი სხვა პოლიტიკური დაწესებულებებისათვისაც და უმთავრესად ისეთის, როგორც არის მთავარი შტაბი სახალხო გვარდიისა, ეს მეთაური შეიარაღებულ რევოლიუციისა, მიღებულ უნდა იქნეს იგივე პრინციპი. ეს უაღრესად პოლიტიკური დაწესებულება, ეს წარმომადგენლობითი ორგანო არ არის ადმინისტრაციაზე დაქვემდებარებული, და არ განიცდის თავის ნებისყოფის, სურვილის შეზღუდვას. ამიტომ ჩვენ შესაძლებლად მივიჩნიეთ მის შესახებაც იმავე პრინციპის აღიარება, რომელიც არის მიღებული მინისტრების მიმართ, ესე იგი შეთავსების პრინციპის.

ჩვენ წინ დადგა კიდევ ერთი საკითხი: ეს გახლავთ მდგომარეობა ადგილობრივ თვითმმართველობებისა, ერობის და ქალაქის თვითმართველობების. ძველი ტრადიციით, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ გვიანდერძა, თვითმართველობის ორგანოები გახლავთ წმინდა ეკონომიური ორგანოები და ადმინისტრატიულ აპარატში, მთავრობის აპარატში, პირდაპირი მონაწილეობა მათ არ ჰქონდათ, ადგილი არ ეჭირათ, როგორც აღმასრულებელ ძალას მთავრობის დადგენილებებისა. ამ მხრივ ისინი მეორე ხარისხოვანათ ითვლებოდენ და იდგნენ გარეშე იმ მთავრობის აპარატისა, რომელიც სახელმწიფოს საერთო მუშაობას ემსახურება. ჩვენში იმ ახალ კანონების მიხედვით, რომელიც რევოლიუციამ მოგვცა, მდგომარეობა შეიცვალა, თვითმართველობა გადაიქცა ადგილობრივ აღმასრულებელ ძალათ, მთავრობის ადგილობრივ აპარატათ, მაგრამ იმავე დროს თვით მათი შედგენა, თვით მათი წარმოშობა დაემგზავსა თავის სახით და ფორმით პარლამენტის წარმოშობას. იგი შექმნილია იმავე სახით, იმავე ტიპით, როგორც პარლამენტი, როგორც დამფუძნებელი კრება, იმავე საარჩევნო სისტემით. მას ჰყავს თავისი საკანონმდებლო საბჭო, თავისი აღმასრულებელი ორგანო, გამგეობა, არჩეული ამ საბჭოს მიერ. ამნაირად დაიბადა ამ გვარი საკითხი: ის აპრატი, რომელიც უდგას სათავეში თვითმართველობას რა როლს თამაშობს, რა უფლებით არის აღჭურვილი? თვით საბჭოს წევრთა უფლებაში ჩვენ ეჭვი არ შეგვსვლია. რასაკვირელია, ყოველივე ხმოსანს რომელიც კანონდებლობს ადგილობრივ, შეუძლიან იმავე დროს იყოს კანონმდებელი ცენტრში, ასრულებდეს საკანონმდებლო მუშაობას მთელი სახელმწიფოსთვის. ეს იყო უდავო ყველასთვის, ვინაიდან აქ ერთი და იგივეობა არის და ვინაიდან ისინი არავის არ ექვემდებარებიან. სადავო იყო მხოლოდ ამ საბჭოს მიერ არჩეული გამგეობა. ერთის მხრივ იმას აქვს თავისი კონსტიტუცია და თავისი კონსტიტუციითაა ამორჩეული, მეორეს მხრით ის ვალდებულია აასრულოს მთავრობის განკარგულება და მოწერილება. აი ამ პრინციპთა შორის იყო კომისიაში ცოტად თუ ბევრად გამწვავებული კამათი. ერთნი ამტკიცებდნენ შეუთავსებლობას პრაქტიკულ მოსაზრებით, რო უამისოდ ადგილობრივი საქმეები შეფერხდება, მეორე მხრით იყოს მოსაზრება, რომ ეს ადმინისტრაციის აპარატის ნაწილი არის, მაშასადამე ექვემდებარება სამინისტროს, და ყველა ეს მოსაზრება მოითხოვს, რომ მათთვის მიღებული იყოს პრინციპი შეუთავსებლობისა, ესე იგი ერთსა და იმავე დროს არ შეიძლებოდეს ყოფნა დამფუძნებელი კრების წევრად და თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოს წევრად, ესე იგი თვითმართველობის გამგეობის წევრად. მეორეს მხრივ ამბობდნენ, რომ ანალოგია, ერთი და იგივეობა ამ ორი დაწესებულებისა, ადგილობრივ საბჭოსი და ცენტრალურ საკანონმდებლო პარლამენტის, იმავე დროს არის ერთგვარი გარანტია, რომ ეს არჩეული პირები უმთავრესად არიან დამოკიდებული არა ცენტრალურ ადმინისტრაციაზე, არამედ თავის ამომრჩევლებზედ, ხმოსნებზე, ვინაიდან ისინი არჩეულნი არიან იმავე წესით, როგორც თვით მინისტრები, ესე იგი მათი მდგომარეობა დაახლოვებით ისეთივეა, როგორც მინისტრებისა, მხოლოდ უფრო ვიწრო, ადგილობრივ ფარგლებში. მეორეს მხრივ საჭიროა ერთგვარი მუდმივი კავშირი ადგილობრივი ინტერესებთა შორის. ამიტომ ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამისთანა პირებისთვის არ უნდა იყოს აკრძალული ორ თანამდებობაზე ყოფნა, ესე იგი თვითმართველობის წევრად ყოფნა და დამფუძნებელი კრების წევრად ყოფნა ერთ და იმავე დროს. აკრძალვა ასეთი შეთავსებისა არ უნდა იყოს დაშვებული კანონდებლობის მიერ. აი ესაა მთავარი დებულება, რომელიც აქვს საფუძვლად ამ კანონპროექტს.

მესამე დებულება ეხება წევრთა ჯამაგირის მიღებას. დემოკრატიული პრინციპი მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრებს ეძლეოდეს შესაფერი ჯამაგირი, რომ მათ შეეძლოთ მთელი თავისი ძალ-ღონე ამ მუშაობას მოახმარონ და იძულებული არ იყვენ თავისი სარჩენი სახსარი გარეშე ამ მუშაობისა შეიძინონ. კომისიაში დაიბადა მხოლოდ საკითხი გასამრჯელოს რაოდენობისა, მაგრამ ეს საკითხი არ შეიცავდა დავას პრინციპიალურს. დავა გამოიწვია მეორე საკითხმა, რომელიც ეხება ორგან ჯამაგირის აღებას.

რამოდენიმე გამონაკლისი მაინც რჩება იმას, რომ ერთი და იგივე პირი ორ ადგილას მსახურობს, ვსთქვათ სამინისტროში და პარლამენტში; დამფუძნებელი კრების წევრი არის და იმავე დროს მინისტრიც, მინისტრის ამხანაგი; დამფუძნებელი კრების წევრი არის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ არის თვითმმართველობის გამგეობის წევრი. შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ და იგივე პირმა, ერთ და იგივე ხაზინიდან აიღოს ორი ჯამაგირი? კომისიამ ერთი მხრით დაადგა იმ აზრს, რომ ორი ჯამაგირის მიღება შეუძლებელია ხაზინიდან. ხაზინა ყოველ თავის მოსამსახურეს, ყოველ თავის ხელქვეითს და ვალდებულ პირს აძლევს მხოლოდ ერთ ჯამაგირს. და ის პირნი, რომელიც ორგან მსახურებენ - აიღებენ მხოლოდ ერთ ადგილიდან ჯამაგირს, და არა ორ ადგილიდან; ეს იყო უმთავრესი, უდავო პრინციპი. ბოლოს ჩვენ დავუნიშნეთ ვადა იმ პირთ, რომელნიც ამ ჟამად ორ ადგილას მსახურებენ, დამფუძნებელ კრების წევრნი არიან და აგრეთვე სხვა რაიმე შეუთავსებელი თანამდებობა უკავიათ, მათ ერთ თვის განმავლობაში უნდა მოახდინონ ლიკვიდაცია თავის საქმისა და სამსახურის, ან გავიდენ დამფუძნებელ კრებიდან. ან ერთი, ან მეორე. დაისვა კითხვა უკანასკნელი გასამრჯელოს რაოდენობაზე, კომისიამ მიიღო გასამრჯელო 1500 მანეთი. ამ საკითხის გარშემო იყო დავა: ერთი ნაწილი კომისიაში თხოულობდა ამ ჯამაგირების გადიდებას იმ ზომამდე, რომელიც შეეფერება დღევანდელ ეკონომიურ სიძვირის ვითარებას, რასაკვირველია, თუ მივიღებთ მხედველობაში უმთავრესად თვით დეპუტატის მდგომარეობას, და იმას რომ მან უნდა შესძლოს ამ დიეტით თავის თავის და ოჯახის რჩენა, რომ ის არ იყვეს იძულებული თავის თავის და ოჯახის გამოკვებისთვის ეძიოს გარეშე სახსარი, აი ამისთვის ასახელებდნენ 2000-3000 მანეთს თვიურ გასამრჯელოს. ხმის უმეტესობით მიღებული იქმნა 1500 მანეთი. აქ მიღებული იყო მხედველობაში არა მარტო მდგომარეობა თვით დამფუძნებელ კრების წევრისა, არამედ აგრეთვე მდგომარეობა ჩვენი სახელმწიფო ხაზინისა, საერთო ფინანსიური კრიზისი. ჩვენ ვიცით, რომ ხარჯის ყოველი აწევა ერთ დაწესებულებაში, იწვევს ხარჯების აწევას, დანარჩენ დაწესებულებაში, ყველა ჯამაგირების აწევა კი მოითხოვს ისეთ თანხას, რომლის გაღება სახელმწიფოს არ შეუძლიან და რომლის სიმძიმის ქვეშ სახელმწიფო დაინგრევა. ეს უმთავრესი საფუძველი იყო იმის, რომ მიღებული იქმნა ზომიერი გასამრჯელო დამფუძნებელ კრების წევრთათვის. ეს გახლავთ საერთო შინაარსი და მთავარი აზრი ამ კანონ-პროეკტისა, რომელიც თქვენ წინაშეა წამოყენებული.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს. ფ.) ჩვენთვის მარტოკა ერთი კითხვა არის სადავო. რომ სწორედ გავაშუქოთ ეს საკითხი ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვქონდეს მხედველობაში, რას წარმოადგენს დამფუძნებელი კრება. როგორც მოგეხსენებათ დამფუძნებელი კრება არის საკანონმდებლო დაწესებულება. მას აქვს მინიჭებული საკონტროლო ფუნქციები, - ერთი სიტყვით ყველა საქმის ბატონ-პატრონი არის დამფუძნებელი კრება. ამისდა მიხედვით თვითმართველობის გამგეობის წევრი ვერ იქნება იმავე დროს წევრად დამფუძნებელ კრებისა. ორი თანამდებობა შეუთავსებელია. თქვენ მოისმინეთ მოხსენება, მაგრამ ვერ ვპოვებ ნამდვილ დასამტკიცებელ საბუთს, რომ შეუთავსებლობა შესაძლებელი იყოს. უმთავრესი აზრი მოხსენებისა ის გახლავთ, რომ თვითმმართველობის წევრი არჩეულია ხალხისაგან, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი. წესი არჩევნებისა ერთი და იგივეა, მაგრამ ამ ანალოგიას მარტოკა გარეგნული ხასიათი აქვს. მაშასადამე ჩვენ გამოვიკვლიოთ უფლება და თანამდებობა თვითმართველობის გამგეობისა, გამგეობის წევრებისა. გამგეობა ეს არის აღმასრულებელი ორგანო. ამას მოჰყავს აღსრულებაში დადგენილობა მთავრობისა. თვითონ მომხსენებელმა მოგახსენათ აქ, რომ სწორედ მოწოდებანი და ბრძანება მთავრობისა რომელიც შეეხება ადგილობრივ თვითმართველობებს უნდა აასრულოს გამგეობამ, გამგეობის წევრმა, ცხადია ამ შემთხვევაში გამგეობის წევრი მთავრობის წევრს ექვემდებარება. გამგეობის წევრი არ არის თავისუფალი. იგი დამოკიდებულია, ის ემორჩილება სხვას, სხვისი ბრძანება უნდა მოიყვანოს ასრულებაში. დამფუძნებელ კრების წევრი კი არის ბრძანებელი, კონტროლი. შეუძლიან, გაუკეთოს კონტროლი და მოსთხოვოს პასუხი თვითმართველობის გამგეობის წევრს; უკანასკნელი მოვალეა, რომ მას პასუხი უგოს, პასუხი გასცეს. ერთ და იმავე დროს ეს იქნება ბრძანებელი და კონტროლი და მეორე მხრივ პასუხის მგებელი, ქვემდებარე. აქედან თქვენ ხედავთ რომ უფლება და მოვალეობა განსაზღვრული არ არის. უნდა მოგახსენოთ რომ ჩვენი კანონების მიხედვით ადგილობრივ თვითმართველობის გამგეობებს ენიჭებათ ბევრი მოვალეობა; ბევრი დარგი მმართველობისა გადადის მათ ხელში, როგორც განათლების, ადმინისტრაციის საქმე. ერთი სიტყვით იქნება სახელმწიფოებრივი ორგანო. სახელმწიფოებრივი დაწესებულება, ეს არ არის განყენებული დაწესებულება, ის ასრულებს სახელმწიფოებრივ ფუნქციებს; შეუძლებელია რომ ამისთანა ორგანო არ იყოს ქვემდებარე; ის ექვემდებარება ზოგ შემთხვევაში როგორც მთავრობას, ისე მით უმეტესად დამფუძნებელ კრებას, და თუ ექვემდებარება, ცხადია, ადგილი არ უნდა ჰქონდეს შეთავსებლობას. თუ ეს ასე არის, და ამ მხრივ ჩვენ საქმე გვესმის, შეუძლებელია რომ ორი სხვა და სხვა თანამდებობა და სხვა და სხვა მოვალეობა შევაერთოთ. არჩევნების წესს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც ჰგონია მომხსენებელს.

კიდევ არის ერთი საბუთი დასამტკიცებელი. თქვენ ნახავდით პირველ მუხლიდან, რომ თუ სახელმწიფო აძლევს გასამრჯელოს, სახელმწიფო მოხელეს არ შეუძლიან დამფუძნებელი კრების წევრობა, დამფუძნებელი კრების წევრი და მოხელე იღებენ გასამრჯელოს ერთი წყაროდან. (ხმა, მინისტრი? მაშ რა განსხვავება არის?) ამაზე ამ წუთში მოგახსენებთ, რა განსხვავება არის. მე მოგახსენებდით წყაროზე, წყარო ერთი და იგივეა, ეს არის სახელმწიფოს ხაზინა. ერთი და იგივე წყაროდან იღებენ ფულს როგორც დამფუძნებელი კრების წევრი ისე ადგილობრივი თვითმართველობის გამგეობის წევრი. რასაკვირველია თქვენ პირდაპირ იტყვით წყარო ერთი და იგივეა. აქ გაისმა ხმა, - მინისტრიო, მინისტრები, დამფუძნებელი კრების წევრებო - მინისტრები შეადგენენ გამონაკლისს, თქვენ გინდათ ეს გამონაკლისი გააფართოვოთ. დიახ, მინისტრი შეადგენს გამონაკლისს, მაგრამ აქედან არ უნდა გამოიყვანოთ, ის შედეგი, რომ თვითმართველობის გამგეობის წევრებიც უნდა იყვნენ აღჭურვილნი პრივილეგიებით. როგორც სახელმწიფო მოხელეს არ შეუძლიან იყოს დამფუძნებელი კრების წევრად, ისე თვითმართველობის გამგეობის წევრს. გამგეობის წევრის ნების ყოფა შეზღუდულია, ის არ არის თავისუფალი, დამოუკიდებელი. დამფუძნებელი კრების წევრი კი სრულიად თავისუფალია, დამოუკიდებელი, არავის ექვემდებარება. ამის და მიხედვით ჩვენ ამ მეორე მუხლის წინააღმდეგ ვართ, ეს არ არის კერძო საკითხი არამედ პრინციპიალური კითხვაა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ნათაძეს.

ლეო ნათაძე. (ს. დ.) ბარათაშვილმა ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება მოიყვანა იმის უარსაყოფად, რომ შეუთავსებლობა თვითმართველობის მოღვაწისა და დამფუძნებელ კრების წევრისა შეუძლებელია. ეს მოსაზრება მართლაც სერიოზულია და ეს ის მოსაზრებაა, რომელიც ჩვეულებრივ მოჰყავთ ხოლმე, და იმაში მდგომარეობს, რომ თვითმართველობის გამგეობის წევრი აღმასრულებელი ორგანოაო, და იმას დამფუძნებელ კრებამ შეუძლიან მოსთხოვოს პასუხი. ანგარიში, და მაშასადამე თვითმართველობის გამგეობის წევრი, ერთ და იმავე დროს იქნება ისიც, ვინც სთხოვს ანგარიშს, და ისიც ვინ ანგარიში უნდა მისცეს. მაგრამ თვით ორატორმა იგრძნო, რომ სწორედ იმავე თვალსაზრისით შეიძლება შევხედოთ მთავრობის ორგანოს. მთავრობის შესახებ, ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება შევათავსოთ მთავრობის წევრობა და მასთან ერთად დამფუძნებელ კრების წევრობა. ამასთან ერთად ბ. ბარათაშვილმა სთქვა, რომ ეს გამონაკლისიაო, და ამ გამონაკლისის საერთო წესათ აღიარება კი ჩვენთვის დაუშვებელიაო. ჩვენც გვგონია, რომ მთავრობის შესახებ ეს არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს გამონაკლისი დაშვებულ იქნეს თვითმართველობის მოღვაწეების შესახებაც. გვაქვს თუ არა ამის რაიმე საბუთი? მე მგონი, რომ საბუთი გვაქვს არა ერთი, არამედ ორი. ერთი საბუთი გახლავთ ჩვეულებრივი რეალური საბუთი, ის საბუთი, რომელიც გამომდინარეობს იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თვითმართველობაში ძალიან ცოტა მოღვაწეები გვყავს, თვითმართველობას, რომ ჩვენ მოვაკლოთ ის მოღვაწეები რომელნიც იქ არიან შეიძლება იმით საშინელი ზიანი მივაყენოთ ახალ თვითმართველობას, რომელიც ეს არის ეწყობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდი რიცხვი ამ თვითმართველობის მოღვაწეებისა დამფუძნებელ კრების წევრად არიან არჩეული. იმათ რომ ავუკრძალოთ დამფუძნებელ კრების წევრობა, ან დამფუძნებელ კრების წევრებათ რომ მივიჩნიოთ და ავუკრძალოთ თვითმართველობაში მოღვაწეობა, - ეს ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ამ ახალ საქმეს. ჩვენ ასე ღარიბნი ვართ ინტელეგენტურ ძალებით, რომ ამნაირი ნაბიჯის გადადგმა ჩვენ არ გამოგვადგება. მაგრამ ამ რეალურ მოსაზრების გარდა არის კიდევ ერთი მოსაზრება უფრო ღრმა და პრინციპიალური, რომელიც ამართლებს ამით ჩვენს შეხედულებას. შეიძლება გამონაკლისის გაკეთება თვითმართველობის მოღვაწეებისთვის, და ეს გამონაკლისი ამ მოსაზრებით შეიძლება გავამართლოთ. საზოგადოთ კონსტიტუციის ერთი მწვავე კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც აგებთ დემოკრატიულ კონსტიტუციას, როდესაც რომელიმე სახელმწიფო დემოკრატიულ ნიადაგზე დამყარდება, ამ სახელმწიფოს თან სდევს ერთი ნაკლი. ეს ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ თვითმართველობას ეძლევა მეტის მეტად დიდი უფლება; დემოკრატიულ სახელმწიფოში სხვანაირად არც შეიძლება. პროვინციაში თითონ ხალხის არჩევნებით შედგენილი ორგანოები საგრძნობელათ დამოუკიდებელნი არიან ცენტრისაგან; და მიხწევა იმ პრინციპისა, რომ სახელმწიფო იყოს მთლიანი, ერთიანი, ძლიერი დაახლოვებული იყოს პროვინციის ორგანოებთან და მასთან ერთად პროვინციას მიენიჭოს რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, ამ ორი, ერთი მეორეს მოწინააღმდეგე პრინციპის შეთანხმება ძალიან ძნელია, და ყოველ კონსტიტუციაში ეს საკითხი ძალიან მწვავე საკითხათ არის მიჩნეული; ისტორიაში ყოფილა ისეთი მაგალითი, როდესაც ამ საკითხს ძალიან დიდი კამათი გამოუწვევია, და ამ კამათის ასე თუ ისე გადაწყვეტას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია. 91-წელს საფრანგეთის რევოლიუციის დროს ისეთი კონსტიტუცია იყო შემუშავებული, რომელიც სამაგალითოდ არი ცნობილი დედამიწის ზურგზე და რომელსაც ძალიან ბევრი კონსტიტუციები ჰბაძავდნენ. მაგრამ ეხლა მეცნიერებისაგან, საყოველთაოთ არის აღიარებული, რომ ეს კონტიტუცია, თუმცა მშვენივრად არის შედგენილი დემოკრატიულ მხრივ, მაგრამ ამ კონსტიტუციას აქვს ერთი დიდი, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაკლი, რომელიც, შეიძლება ითქვას, თუ ამ კონსტიტუციას არ დაღუპავს, მაინც ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ეს ნაკლი მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო შეერთებული ცენტრი და პროვინცია, პროვინციის ორგანოებსა და ცენტრის ორგანოებს შორის ხიდი იყო ჩატეხილი, ცენტრალური ორგანო იყო თითქმის მოწყვეტილი ხალხისაგან, პროვინციისაგან, პროვინცია თავის ცხოვრებით ცხოვრობდა და ცენტრალური ორგანოები თავის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ასე რომ არ იყო გზა და ხიდი პროვინციასა და ცენტრს შორის. როდესაც ცენტრში დაიბადება რამე საჭიროება, პროვინციას ეს არ ესმის, და როდესაც პროვინციაში რაიმე საჭიროება დაიბადება, ცენტრამდინ არ მიდის ამ საჭიროების ხმა. აი ამ შეუთანხმებლობამ პროვინციის და ცენტრის ინტერესებისა, როგორც ამბობენ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საფრანგეთის სახელმწიფოს 1791 წლის შემდეგ და საფრანგეთის რევოლიუციამ პირველ წელსვე, როდესაც ვანდეის აჯანყებამ იჩინა თავი, დაინახა, რომ მართლა ამას რამე უნდა ეშველოს და შემდეგ კონსტიტუციის შედგენის დროს ამის გამოსასწორებლად ძალიან ბევრს ფიქრობდნენ თავს იტეხდნენ, რომ ეს ნაკლი გამოეწორებინათ. და მე მგონია, რომ თვითმართველობაში მოღვაწეობის და დეპუტატობის შეთავსება თუ ამ ნაკლს არ უშველის სავსებით, მას ასე თუ ისე შეასუსტებს. შეასუსტებს იმიტომ რომ, თვითმართველობის მოღვაწეები, რომელნიც ადგილობრივ საქმეს არიან გაცნობილნი, აქ მოვლენ და ადგილობრივ საჭიროებას მოიტანენ დამფუძნებელ კრებაში. მაგალითად იმათ იციან, რა და რა საჭიროება არის სიღნაღის მაზრაში, რომლის დაკმაყოფილება აუცილებელი არის ჩვენ სახელმწიფოსთვის. მაშასადამე, ცენტრში ისინი ადგილობრივ საჭიროების, ცხოვრების ხმას მოიტანენ. ადგილობრივი საჭიროების ხმას ჩვენ გაგვიზიარებენ და ჩვენ მაშასადამე არ ვიქნებით მოწყვეტილნი პროვინციას, პროვინციის ხმა ამ ცენტრში უნდა გაისმოდეს, აქ მოვლენ ადგილობრივი მოღვაწეები, აქ, სახელმწიფოს ცენტრში დაინახავენ იმ ინტერესებს, რომლითაც ცოცხლობს დღეს ჩვენი სახელმწიფო, აქედან მივლენ პროვინციაში და პროვინციას გააცნობენ იმ საჭიროებებს, რომლითაც ცოცხლობს სახელმწიფო. ასეთი მოღვაწეები შემაერთებელი ძაფი იქნებიან, შემაერთებელი ცოცხალი ხიდი, რომელიც იქნება გადებული, ცენტრსა და პროვინციას შორის. სწორეთ ისინი შეასუსტებენ იმ ნაკლს, რომელზედაც მე მოგახსენეთ.

მაშასადამე, ისინი ერთ და იმავე დროს აქ როცა ჩამოვლენ, იქნებიან პროვინციის მისწრაფებათა გამტარებელნი, პროვინციაში როცა ჩავლენ სახელმწიფოებრივ პრინციპების მატარებელნი. და ისინი თავიდან ცოტათ მაინც აგვაცილებენ იმ პარტიკულარიზმს, რომელიც ყოველთვის თან სდევს სახელმწიფოს; და აქ როცა მოვლენ ცოტათ მაინც თავიდან აგვაცილებენ იმ ბიუროკრატიზმს, რომელიც თან სდევს ცენტრალურ სახელმწიფოს. ცენტრალური სახელმწიფო იქნება გამსჭვალული იმ ინტერესებით, რომლებითაც პროვინცია ცხოვრობს, და პროვინცია იქნება გამსჭვალული იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებით, ურომლისოთაც პროვინცია პარტიკულიარიზმში ვარდება.

ამისთვის მე მოგახსენებთ, რომ პრინციპიალურად დასაშვები არის ეს შეთავსება, არამც თუ დასაშვებია, არამედ სასურველიც კი არის. ეს შეთავსება იძულებითი კი არ არის, ამას თავის კარგი მხარეებიცა აქვს. გამონაკლისი შეიძლება თუ არა დავტოვოთ ამ შემთხვევაში თვითმართველობის მოღვაწეთათვის, ისე როგორც ეს არის მთავრობის წევრთათვის? ეს სადავო საკითხია და ამას აქვს, როგორც თავის დადებითი მხარე, ისე თავისი უარყოფითი მხარე. ისე რომ, როგორც თითქმის ყოველ კონსტიტუციონურ საკითხებში, შეიძლება გასამართლებელი საბუთი ვუპოვოთ ერთსაც და მეორე შეხედულებას. ამისთვის საჭიროდ მიგვაჩნია, რომ გამონაკლისი დაუშვათ თვითმართველობის მოღვაწეთათვის.

ბ. ბარათაშვილმა სთქვა, რომ თვითმართველობის მოღვაწეები არიან ისეთივე მოხელეები, როგორც სხვები, როგორც მაგალითად მოსამართლეები, როგორც კონტროლში მოსამსახურეები და სხვა. თუ კი ამ მოხელეების შესახებ შეიძლება დაშვება გამონაკლისისა, რატომ დანარჩენი ჩინოვნიკების შესახებ არ უნდა დაუშვათ გამონაკლისი. მე მგონი შედარება ჩინოვნიკებისა და თვითმართველობის მოღვაწეებისა სრულიად შეუფერებელია; მათი შედარება არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს თვითმართველობის მოღვაწენი არიან ხელმძღვანელნი, პოლიტიკის გამტარებელნი, და არა უბრალო აღმასრულებელნი. ეს პირები თვით მართველობათა სათავეში დგანან და სახელმწიფოს სერიოზულ დიდ დახმარებას გაუწევენ. ისინი არიან გამტარებელნი იმ ხაზისა, რომელსაც სახელმწიფო აქედან უკარნახებს. მოხელე მარტო აღმასრულებელი ორგანოა, მოხელეს აქვს თავის პირდაპირი მოვალეობა, ამ მოვალეობას იგი ასრულებს და სხვა არაფერს. თვითმართველობის მოღვაწეს მარტო ერთი რაიმე მოვალეობა კი არა, არამედ ხელმძღვანელობა აქვს დაკისრებული. შეიძლება თუ არა რეალური შეთავსება ამ ორი მოღვაწეობისა? მართლაც იქნება სიტყვიერად შევათავსოთ, და საქმით კი შეთავსება შეუძლებელი გახდეს? შეიძლება თუ არა ერთი და იგივე კაცი იყოს აქაც დამფუძნებელი კრების წევრი და იქაც თვითმართველობის წევრი? როდესაც დგას მისთანა საკითხი, რომელიც შეეხება პროვინციას რომლის შესახებაც საკმარისი ცნობები არ გვაქვს, მაშინ ჩვენგან აქედან, იქნებიან გაგზავნილი პროვინციაში დამფუძნებელი კრების წევრები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვალეობას ასრულებენ, და მათ შემწეობით და დახმარებით გადავწყვეტავთ ამა თუ იმ პროვინციის შესახებ კითხვას. და როდესაც აქ ირჩევა იმისთანა საკითხი, რომელიც პროვინციას არ შეეხება, რომელიც საერთო სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას შეეხება, მაშინ ისინი, როგორც დამფუძნებელ კრების წევრნი, და მასთან ერთად თვითმართველობის მოღვაწენი თავისი მოვალეობის აღმასრულებლად გაგზავნილი იქნებიან პროვინციაში. ამნაირად, როცა ისინი აქ უფრო საჭირო არიან, აქ იქნებიან, და როცა იქ უფრო საჭირო არიან, იქ იქნებიან. ფაქტიურად თქვენ იცით, რომ თვითმართველობის მოღვაწეები სწორეთ იმნაირ პირობებში სცხოვრობენ, რომ ისინი იქ მოღვაწეობენ, მაგრამ პროვინციის შესაერთებლად ცენტრთან ხშირად აქ ჩამოდიან. ყველა ხედავს, რომ თვეში ერთხელ, თვეში ორჯელ, ორ თვეში ერთხელ მაინც ისინი აქ ჩამოდიან და მთავრობასთან აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც შეეხება პროვინციას. მხოლოდ იმ ფორმას მოღვაწეობისას ის ნაკლი აქვს, რომ ისინი ჩვენთან მოდიან მხოლოდ, როგორც პროვინციის მოღვაწეები, მაგრამ როდესაც ისინი მოვლენ, როგორც დამფუძნებელ კრების წევრნი, ამით პროვინციაც მოიგებს და ცენტრიც, მოიგებს და დამფუძნებელი კრებაც, რომელსაც ექნება პროვინციის შესახებ სწორე ცნობები. აი ის მოსაზრება, რომელიც გვავალებს, რომ ეს გამონაკლისი თვითმართველობის მოღვაწეებისათვის დავუშვათ და დავაკანონოთ, შეთავსება თვითმართველობის მოღვაწეობისა და დამფუძნებელ კრების წევრობისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ. დ.) მე სრულიად ვიზიარებ თეორეტიულ ნაწილს მოხსენებისას, მაგრამ არ ვეთანხმები ზოგიერთ დასკვნას. არ ვეთანხმები აგრეთვე ბ. ბარათაშვილს და ბ. ნათაძეს.

უმთავრესი აზრი ამ კანონ-პროექტისა ის არის, რომ თვითეული წევრი დამფუძნებელ კრებისა უნდა იყოს ზნეობრივად თავისუფალი თავის მოქმედებაში. აუცილებელი საჭიროა სახელმწიფოს ინტერესისთვის, რომ წევრი დამფუძნებელ კრებისა, როდესაც ხმას აძლევს, როდესაც სწყვეტს რაიმე საკითხს, მოქმედობდეს სრულიად თავისუფლად. არ უნდა იყოს ის გავლენა, რომელიც წინააღმდეგია მისი ნების-ყოფისა.

ეს არის უმთავრესი პრინციპი და ის უნდა იყოს გატარებული და განხორციელებული. სხვათაშორის ლაპარაკი იყო იმის შესახებ, შეუძლიან თუ არა, ადგილობრივ თვითმართველობის გამგეობის წევრს იყოს იმავე დროს წევრი დამფუძნებელ კრებისა. ბარათაშვილმა მოიყვანა ასეთი აზრი, რომ იგი, აღმასრულებელია კანონის და განკარგულებისა, როგორც გამგეობის წევრი და იმავე დროს, როგორც დამფუძნებელ კრების წევრი, ზედამხედველია და კანონმდებელი. გამოდის თითქო პრინციპიალური წინააღმდეგობაა.

ეს მოსაზრება მე არ მიმაჩნია საბუთიანად.

პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე არის სამინისტრო, და არა ადგილობრივი მისი აგენტი. თუ მინისტრმა გასცა რომელიმე სულელური ბრძანება, რომელიც მოკლებულია კანონიერ საფუძველს, ის პასუხისმგებელია ჩვენს წინაშე; გამგეობის წევრი კი არა შუაშია; ის მხოლოდ ამსრულებელია მინისტრის ბრძანებისა. ასეთია პოლიტიკურ-მხარე პასუხისმგებლობისა. ამიტომ ის მოსაზრება, რომელიც მოყვანილია ბარათაშვილის მიერ, მე მგონია არ არის საკმარისი.

მეორე მოსაზრება უფრო სუსტი არის. იგი მოიყვანა ნათაძემ. ის ამბობს, რომ დიდი უბედურობა იყო საფრანგეთის კონვენტისათვის ის გარემოება, რომ ადგილობრივი თვითმართველობები განცალკევებულნი იყვნენ, და არავითარი კავშირი ცენტრთან არ ჰქონდათო. რასაკვირველია ეს დიდი უბედურება არის, ამის წინააღმდეგი მე არა ვარ. მაგრამ ის ღონის ძიება, რომელიც მოჰყავს ბ. ნათაძეს, ყოვლად მიუღებელია. მისი აზრით, ამის მოსაგვარებლად, საკმარისია, რომ ერთ და იმავე დროს ერთი და იგივე პირი იყოს წევრი დამფუძნებელ კრებისა და თვითმმართველობის გამგეობისა. როგორ გგონიათ? დაჭერა ვინმესაგან რამოდენიმე ადგილისა შეაერთებს მოწყვეტილ პროვინციას ცენტრთან? მე ვარ მომხრე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმართველობა არ უნდა იყოს მოწყვეტილი ცენტრისაგან, მაგრამ ეს საკითხი წმინდად უფლებრივია და არა პერსონალური და ამის განხორციელება შეიძლება მხოლოდ უფლებრივად და არა მექნიკურად. უნდა იყოს გამოყოფილი ერთნაირი დარგი უფლებისა, რომელიც ცენტრს აქვს და რომლის განხორციელება დამოკიდებულია ცენტრალურ დაწესებულებაზე, მაშინ შეუძლებელია პროვინციის გათიშვა ან მოწყვეტა ცენტრისაგან; მაგრამ თუ ყველა უფლებები გადაეცემა ადგილობრივ თვითმართველობებს, მაშინ რასაკვირველია ისინი იმოქმედებენ სრულებით ავტონომიურად, დამოუკიდებლად. ე.ი. მოხდება იმ ხიდის ჩატეხა, რომელზედაც ამბობდა ბ. ნათაძე. აქ თანამდებობათა შეთავსება საქმეს ვერ უშველის.

რაც გინდ იყოს, მე მგონი, ჩვენ ამ საკითხს უნდა შევხედოთ პრაქტიკულად. მე დარწმუნებული ვარ, და თქვენც ალბად დარწმუნებული ხართ, რომ წევრი გამგეობისა, მაგალითად სოხუმის თვითმართველობისა, ვერ იქნება იმავე დროს წევრი ჩვენი დამფუძნებელ კრებისა. ფიზიკურად შეუძლებელია იმან იმუშავოს აქაც და იქაც, თბილისში და სოხუმშიაც. მაგრამ სულ სხვაა თბილისი და შეიძლება მის ახლო-მახლო ქალაქები. აქ ცენტრში მოგროვილია მთელი ინტელეკტუალური ძალა, ისინი მუშაობენ ჩვენ თვთმართველობაში, და თუ ჩვენ არ გვინდა შევამციროთ ეს ადგილობრივ ძალების პრაქტიკული მუშაობა, არ უნდა შეექმნათ ისეთი პირობები, რომ ამ მომზადებულ პირებს აღუკვეთოთ საკანონმდებლო მუშაობაც. აქ მე მგონია, არ არის ის ლოღიკური წინააღმდეგობა, რომელზედაც ამბობს ბ. ბარათაშვილი. თუ რაიმე უწესრიგობა მოხდება, ადგილობრივ თვითმართველობებში ვიმეორებ ჩვენ პასუხს მოვთხოვთ არა იმ წევრს, რომელიც ჩვენთან ზის, მივმართავთ არა ქალაქის თვითმართველობას, არამედ სათანადო სამინისტროს.

ამნაირად, რაც შეეხება მეორე მუხლს, მე ვეთანხმები მომხსენებელს.

გადავდივარ პირველ მუხლზე. აქ ნათქვამია, რომ ეს კანონი შეუთავსებლობისა არ შეეხება მინისტრს და მის ამხანაგს, კონტროლიორს და მის ამხანაგს. ეს მისაღებია და ამის წინააღმდეგი მე არა ვარ, იქ, შვეიცარიაში, მინისტრებს უფლება არა აქვთ ხმის მიცემისა თუნცა შვეიცარიაში არის სხვა კანონი. მე მგონი, რომ ამ გამონაკლისს ჩვენც მივიღებთ. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ უკვე დავადექით გზას სამინისტროს პასუხისმგებლობისას. როდესაც ავირჩიეთ ბ. ნოე ჟორდანია და მივანდევით კაბინეტის შედგენა, - ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ სფეროში. მაშასადამე, თუმცა ჯერ გამორკვეული არ არის, დამტკიცებული არ გვაქს კონსტიტუცია, მაგრამ შეგვიძლიან ვსთქვათ, ამ მხრივ, პრინციპი სამინისტროს პასუხისმგებლობისა, უსათუოდ იქნება გატარებული ჩვენ კონსტიტუციაში. მით უფრო რომ ეს პასუხისმგებლობა არის ერთი უმთავრესი გარანტია კანონიერების და პოლიტიკური თავისუფლებისა. თუ პასუხისმგებლობა არის მაშინ, რასაკვირველია, აქ შეუთავსებლობაზე ლაპარაკი ზედმეტი არის. მინისტრი არის სათავეში აღმასრულებელ ძალისა. შეუძლებელია ითქვას, რომ იგი ვისმე კიდე იერარქიულად ემორჩილებოდეს. თუ ვისმე ემორჩილება იგი, მხოლოდ დამფუძნებელ კრებას. აქ შეუთავსებლობა არ არის.

ამიტომ მე ამას ვღებულობ, მაგრამ მე ამას ვუმატებ ახალ მოთხოვნილებას, შეიძლება მინისტრი იყოს წევრი დამფუძნებელ კრებისა და ამავე დროს იყოს მინისტრი, მაგრამ ერთი უფლება კი უნდა გამოვაცალოთ. ეს არის უფლება ხმის მიცემისა. როდესაც ჩვენ ვწყვეტთ ამ საკითხს, მინისტრს როგორც, პარლამენტის წევრს, უფლება აქვს აქ მუშაობისა, აქ ღებულობს მონაწილეობას მსჯელობაში, გამოდის კათედრაზე გვაძლევს ახსნა-განმარტებას, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს, უფლება ხმის მიცემისა, მანამ, სანამ ის მინისტრი არის, ეს იმიტომ, რომ თუ ჩვენ მივიღეთ პრინციპი პასუხისმგებლობისა, ყოვლად შეუძლებელია საკითხის გადაწყვეტის დროს თითონ მინისტრმა მიიღოს მონაწილეობა და თავის თავს თეთრი კენჭი მისცეს. ისე რომ ეს პრინციპი, მე მგონია, შეიძლება მივიღოთ, იმიტომ რომ ეს სწორედ ნამდვილი დემოკრატიული პრინციპია.

ამ ნაირად ყველა მინისტრი წევრებად დარჩებიან, მხოლოდ კითხვის გადაწყვეტის დროს ისინი თავს შეიკავებენ, ხმას არ მისცემენ. მართალია თქვენ, სოციალ-დემოკრატებს, დაგეკარგებათ ორი სამი ხმა, მაგრამ თქვენ 109 ბრძანდებით, და რა მნიშვნელობა აქვს ამას?

ეს ერთი, რაც შეეხება ელჩებს, ჩვენ პრინციპიალურად წინააღმდეგნი ვართ, რომ ეს იყოს გამონაკლისი; პრინციპიალურად, იმიტომ რომ, ელჩები ინიშნებიან მთავრობის მიერ და მათი ხელქვეითნი არიან. კანონ-მდებლობა ამისთანა თანამდებობასთან შეუთავსებელია, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში ეხლანდელ მდგომარეობას, როცა მდგომარეობა ისეთი არის, რომ ბევრი ჩვენი წევრები გაგზავნილია სხვა და სხვა მხარეებს, სხვა და სხვა ქვეყნებში, ეს გამონაკლისი შეიძლება დავტოვოთ.

გარდა ამისა რაც შეეხება პროფესორებს, ეს გამონაკლისი მისაღებია. იმიტომ, რომ სწორედ პროფესორები შეიძლება, ჩვენთვის უფრო საჭირო არიან, გონებით, ჭკუით განათლებით ბრწყინვალენი არა ვართ, და პროფესორები, რასაკვირველია, ძალიან სასურველია, რომ დარჩნენ.

მე მხოლოდ წინააღმდეგი ვარ უკანასკნელისა - გვარდიის შტაბის შესახებ. მე გთხოვთ არ იფიქროთ, რომ გვარდიის წინააღმდეგი ვარ, ყველამ იცის რომ გვარდიამ დიდი სამსახური გაგვიწია. ყველა აფასებს მას. ფაქტებით დამტკიცებულია თუ რა არის ეს გვარდია. მაგრამ მე მინდა ლოღიკური დასკვნა გამოვიტანო. წევრი დამფუძნებელი კრებისა უნდა იყოს ზნეობრივად თავისუფალი.

რა უჭირს, რა წახდება, რომ ეს შეუთავსებლობა ჩვენ მივიღოთ. მე უნდა ვსთქვა, წევრი გვარდიისა, უბრალო გვარდიელი იქნება, თუ უფროსი, ეს სულ ერთია, ან უნდა მიატოვოს და იყოს თავისუფალი წევრი დამფუძნებელ კრებისა, ან აქ უნდა მიატოვოს, იმიტომ რომ გვარდიის მოსამსახურე, ვინც უნდა იყოს, ასე თუ ისე, ექვემდებარება თავის უფროსს, ასე თუ ისე, არის მის ზედგავლენის ქვეშ. მე კი, მინდა სინდისის ქვეშ გადაწყვიტოს ყოველი საკანონმდებლო საკითხი. თუ ეს პირი მომზადებულია, როგორც კანონმდებელი ვთხოვოთ მობრძანდეს აქ, მხოლოდ იქ კი მიატოვოს თავისი სამსახური და თუ აუცილებელი საჭიროა, რომ იქ იყოს, აქ სხვა ვინმე მოვიწვიოთ.

ერთი სიტყვით, შეთავსებლობას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს, მით უფრო რომ ჩვენ გვყავს კიდევ ჯარი. ეს ისეთივე სახელმწიფოებრივი დაწესებულებაა, როგორც სხვები. მაშინ მათაც უნდა მივცეთ უფლება, რომ მოვიდნენ აქ და იკანონმდებლონ. მხოლოდ იმ პირობით, რომ თუ აქ არიან უნდა იყვნენ და იქ სამსახურს თავი დაანებონ.

აქ ამბობენ, რომ გვარდია არის დროებითი დაწესებულება, სარევოლიუციო დაწესებულება. ბატონებო, ეს რევოლიუცია ხომ უნდა როდისმე გავათაოთ (სიცილი) მე კი არ ვიცინი, თუ გნებავთ დანგრევა განვაგრძოთ, თუ ეს საჭიროა და სასარგებლო საქართველოსთვის, განვაგრძოთ, მაგრამ თუ ეს აფერხებს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ჩვენ უნდა მოუაროთ ჩვენ თავს. თუ ჩვენ ეხლა იმის შემდეგ, რაც დამფუძნებელი კრება მოვიწვიეთ, კიდევ განვაგრძობთ ყვირილს, რომ რევოლიუცია არისო, მაშინ რა არის დამფუძნებელი კრება? მე მგონია, რომ ეხლა ფაქტიურად უნდა დავადგეთ არა დანგრევის გზას, არამედ აღმშენებლობისას. (ელიავა ადგილიდან: რევოლიუცია მარტო დანგრევა არის?) რას ბრძანებთ? (ელიავა: რევოლიუცია მარტო დანგრევა არის?) თქვენ კი დაჩვეული ხართ, როდესაც არ მოგწონთ რაიმე სიტყვა, სხვა შინაარსი ჩაუდოთ მას, მაგრამ ეს არ ვარგა, ხალხი ამას ვერ გაიგებს, - შეიძლება თქვენ რევოლიუციას ეძახით დამფუძნებელ კრების მუშაობას, მაშინ გასაგებ ენაზე ილაპარაკეთ, ყველას გააგებინეთ რომ რევოლიუცია თურმე ყოფილა მშვიდობიანობა და მიზანშეწონილი მუშაობა. მე მგონი რაც გინდა იყოს, რაც შეეხება შტაბის წევრებს, აქ სრული ადგილი უნდა ჰქონდეს კანონს შეთავსებლობისას. ამბობენ, რომ ომიანობის დროს შტაბის წევრები საჭირო არიანო და ამიტომ წევრობას თავს ვერ დაანებებენო. მე არ ვიცი რამდენია ეს წევრები, მაგრამ ნუ თუ ისენი ისეთ მილიტარულ ძალას წარმოადგენენ, რომ საქართველო დაიღუპება, თუ იმათ, შტაბს თავი დაანებეს? ან იქ უნდა იყონ, ან აქ, ამაზეა მხოლოდ ლაპარაკი. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ წევრობა დამფუძნებელ კრებისა და შტაბისა შეუთავსებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს რ.) მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას ამ კანონპროექტის მეორე მუხლზე.

ჩემის აზრით, ყოვლად შეუძლებელია ადგილობრივ თვითმართველობის გამგეობის და დამფუძნებელი კრების წევრობის შეთავსება. მართალია, დამფუძნებელი კრების წევრი უნდა იყოს გაცნობილი ადგილობრივ ცხოვრებასთან, ის უნდა იყოს პროვინციიდან და აკავშირებდეს ადგილობრივ ცხოვრების პირობების ცოდნით პერიფერიებს ცენტრთან, მაგრამ ჩვენი დამფუძნებელი კრების შემადგენლობაც სწორედ ისეთია, რომ აქ თითქმის ყველა დეპუტატები პროვინციიდან არიან ჩამოსული და კარგათ იცნობენ პროვინციის ცხოვრებას. კრების წევრთა შორის ბევრი ისეთია, რომელნიც გასული არიან ადგილობრივ თვითმართველობებში ხმოსნებათ, მაგრამ თვითმართველობის ხმოსნობა და დამფუძნებელ კრების წევრობა შესათავსებელია, რადგანაც ხმოსნობა იმდენ დროს ვერ წაართმევს დეპუტატს, რამდენსაც გამგეობის წევრობა. საერობო ყრილობაში იკრიბებიან დრო გამოშვებით, სესიები გრძელდება რამოდენიმე დღე და იქ დასწრება ყოველ ჩვენგანს შეუძლია. საერობო ყრილობა - ეს, თუ გნებავთ, ადგილობრივი პატარა პარლამენტია; ის ირჩევს გამგეობას, ე.ი. აღმასრულებელ ორგანოს და მას ავალებს სისრულეში მოიყვანოს ყოველი ის დადგენილება, რომელსაც ყრილობა გამოიტანს. გამგეობის წევრი დატვირთულია იმდენი საქმეებით, რომ ის მუდმივ უნდა ეწეოდეს ადგილობრივ მუშაობას, ის თითქმის ყოველდღე უნდა იყოს თავის კაბინეტში, თვალყური ადევნოს ერობის კანცელარიის მუშაობას, მიიღოს მთხოვნელები, შეამუშავოს სხვა და სხვა პროექტები ყრილობის სესიაში წარსადგენათ და სხვა. ერთი სიტყვით, გამგეობის წევრი, თუ ის სინიდისიერათ შეასრულებს თავის მოვალეობას, ვერ შესძლებს ერთს და იმავე დროს, ემსახუროს საზოგადოებას ადგილობრივ და აქაც, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი. თუ ასეთი შეთავსება მოხდა, მაშინ თქვენ დარწმუნებული უნდა იყვეთ, რომ ის პირი, რომელიც მოისურვებს ადგილობრივ გამგეობაშიც მუშაობას და აქაც კანონმდებლობას, ვერაც იქ გააკეთებს ვერაფერს და ჩვენთვისაც გამოუდექარი იქნება, რადგანაც ის მეტ დროს მოანდომებს გზაში მიმოსვლას, ვიდრე სადმე მუშაობას. მე არ უარვყოფ იმ გარემოებას, რომ ის რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ნიჭის მქონი ადამიანისათვის, ის შესაძლებელია არა ჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ პირისათვის. შესაძლებელია, დაიბადოს ისეთი გენიოსი, რომელმაც თავის ერთი საათის მუშაობით ერობის გამგეობაში უფრო მეტი სარგებლობა მიუმატოს საზოგადოებას, ვიდრე სხვამ თავის ერთი წლის მუშაობით. ასეთ შემთხვევებისათვის ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ გამონაკლისი, მაგრამ საერთოდ-კი ჩვენ ყველასათვის ასეთ კანონს ვერ მივიღებთ. ჩვენ კარგათ ვიცით, რომ ჩვენს დამფუძნებელ კრებაში ასეთი გენიოსი არ მოიძებნება და ამიტომ გამონაკლისსაც, იმედია, არავისთვის არ დავუშვებთ. მომავალში, როდესაც ჩვენ გვეყოლება ჩვეულებრივი საკანონმდებლო დაწესებულება და მისათვის ჩვენი კრება შესაფერ დებულებას შეიმუშავებს, ჩვენ მივიღებთ ამ გარემოებას მხედველობაში და არა ჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულ პირთათვის ჩვენ გამონაკლისსაც დავუშვებთ. შესაძლებელია ჩვენ დამფუძნებელ კრებაში იმდენი დეპუტატია, რომ მათი მუშაობა კომისიაში არ იყოს საჭირო, ამიტომ ზოგიერთი დეპუტატი არც კომისიაში იმუშავებს და არც სხდომებს დაესწრება, მაშასადამე ისინი პროვინციაში წავლენ და იქ იმუშავებენ. თუ ეს ასეა, მაშინ მე ვერ გამიგია, რატომ უნდა ვიყოლიოთ ამდენი დეპუტატი დამფუძნებელ კრებაში. ჩემის აზრით, უკეთესი იქნება ჩვენ შევამციროთ დამფუძნებელ კრების დეპუტატთა რიცხვი. მაგრამ, შესაძლებელია, სხვა და სხვა მოსაზრებათა მიხედვით აუცილებელია, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში 130 დეპუტატზე ნაკლები არ ვიყოლიოთ, მაშინ იმათმა უნდა იმუშავონ აქ და არა ადგილობრივ თვითმართველობათა აღმასრულებელ ორგანოებში. თუ რომელიმე დეპუტატი უფრო გამოდგება გამგეობის წევრათ და ის იქ მეტ სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას, მაშინ ის ვალდებულია დამფუძნებელ კრებიდან გავიდეს და თავისი ადგილი მეორე კანდიდატს დაუთმოს ამა თუ იმ საკანდიდატო სიიდგან. ყოველ შემთხვევაში ყველამ ჩვენგანმა ან ერთი დაწესებულება უნდა აირჩიოს, ან მეორე და ყოვლად შეუძლებელი და შეუწყნარებელია, რომ ერთ და იმავე დროს ერთი და იგივე პირი იყვეს თვითმართველობის გამგეობის წევრი და მასთან ეწეოდეს მეტათ რთულ და საპასუხისმგებლო საკანონმდებლო მოღვაწეობას დამფუძნებელ კრებაში.

ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია კანონპროექტის მეორე მუხლის და მის წინააღმდეგ ხმას მისცემს, როცა მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს.-ფ.) დამფუძნებელ კრების წევრმა ნათაძემ ჩვენ წინააღმდეგ მოიყვანა, მისი აზრით, რეალური საბუთები. პირველი საბუთი ის არის, რომ ადგილობრივ ჩვენ ძალები არ გვყვავს და თუ მათ ნებას არ მივცემთ იყვნენ დამფუძნებელ კრების წევრებად, ეს ძალები ადგილობრივ მოგვაკლდებიან. მე არ ვიცი, იქნება მართლაც თქვენ, დამფუძნებელ კრების წევრნო არ გყავთ ეს ადგილობრივი ძალები, მაგრამ უნდა ვსთქვა, რომ ეს ძალები ადგილობრივ არის. მით უმეტეს რომ 130 წევრი არის დამფუძნებელ კრებაში, ამით არ ამოიწურება ჩვენი კულტურული ძალა და, მე მგონია, ეს არ შეადგენს იმისთანა რიცხვს, რომ შეუძლებელი იყვეს ადგილობრივად იმისთანა პირების პოვნა, რომელთაც იციან საქმე და შეასრულებენ თავის მოვალეობას. მე მოგახსენებთ პრაქტიკულ მოსაზრებას, თუ მართლაც თქვენ გინდათ ნაყოფიერი მუშაობა აქაც და იქაც, შეუძლებელია, რომ ეს პირი იყოს აქაც და იქაც. რეალურად წარმოიდგინეთ, რა უნდა გააკეთოს გამგეობის წევრმა, ვსთქვათ ოზურგეთის თვითმართველობისა, რომელიც მუდმივ იქ უნდა იყოს, მუდამ დღე უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, და მეორეს მხრივ მუდამ აქ უნდა იყოს და მუდმივ ასრულებდეს თავის მოვალეობას. რეალობის მიხედვით შეუძლებელია ამის შეთავსება იმიტომ, რომ აქაც და იქაც ერთი და იგივე პირი ვერ შეასრულებს იმ დავალებას, რომელსაც დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა უთითებს. არგუმენტები, რომ ადგილობრივი თვითმართველობა და ჩვენ დაკავშირებული უნდა ვიყვეთ, სრულიად მართალია მაგრამ, აქედან არ ამომდინარეობს, რომ თვითმართველობის გამგეობის წევრი უნდა იყოს დამფუძნებელ კრების წევრად. მოქალაქენო, თქვენ ხართ ხალხის წარმომადგენლები, გამოგზავნილი, როგორც ხალხის ჭირი ვარამის, და ადგილობრივ მდგომარეობის მცოდნე. ნუ თუ მართლა საჭიროა, რომ თვითმართველობის წევრი იყოს აქ, რომ მხოლოდ მან იცის ადგილობრივი საკითხები? ნუ თუ მართლა თქვენ იმ აზრის ხართ, რომ ჩვენ შორის ისეთი წარმომადგენლები არიან, რომელთაც ჭირ-ვარამი ხალხისა არ იციან? ჩვენ გვგონია, რომ დეპუტატმა დამფუძნებელ კრებისა სწორედ უნდა იცოდეს ხალხის ვინაობა, მისი ცხოვრება და ჭირ-ვარამი. მესამე მოსაზრება მოიყვანეს. მთავრობის წევრები, მინისტრი არ არის მოკლებულნი ამ უფლებასო. მე მოგახსენებთ ეს არის გამონაკლისი. მაგრამ განსხვავებაც არის. მინისტრს თქვენ ირჩევთ, თქვენი პირდაპირი ნდობით არის აღჭურვილი, ადგილობრივ თვითმართველობის წევრს კი თქვენ არ ირჩევთ. მართალია ის პასუხისმგებელი არის თქვენს წინაშე, მაგრამ უპირველესყოვლისა ის არ არის პასუხისმგებელი თვითმართველობის საბჭოს წინაშე. არსებითად განსხვავება არის მინისტრის და თვითმართველობის გამგეობის წევრთა შორის.

ეხლა უნდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა მოქალაქე გვაზავას სიტყვის შესახებ. გვაზავამ გამოაცხადა, რომ არც მომხსენებელს ეთანხმება არც მე, არავის არ ეთანხმება, და ბოლოს მივიდა იქამდის, რომ მეორე მუხლი ამ კანონ პროექტისა არ უნდა იყოს მიღებულიო. რა მოსაზრებით? ერთი მოსაზრება მოიყვანა, რომ ზნეობრივად გამგეობის წევრი უნდა იყოს თავისუფალიო. მათალია სიტყვა „ზნეობრივი“ მე არ მიხმარია. ერთი სიტყვით, გვაზავას უნდა გამოეჩინა ორიგინალობა. მეორე მოსაზრება მოქალაქე გვაზავასი, რომ მინისტრი არის პასუხისმგებელი დამფუძნებელ კრების წინაშე და გამგეობის წევრი კი არ არის პასუხისმგებელი. გამოყავს სხვათაშორის, ასეთი საბუთი: თუ მინისტრი გასცემს სულელურ ბრძანებას, მაშინ რასაკვირველია, გამგეობის წევრს აქვს უფლება სთქვას, რომ ჩემი ბრალი არ არის, მინისტრმა გასცა ასეთი ბრძანებაო. ეს აზრი სიდან მომდინარეობს? იქიდან, რომ მოქალაქე გვაზავას ჰგონია, მინისტრი უსათუოდ სულელურ ბრძანებას გასცემს. (გვაზავა: სრულიადაც არა, აზრს გაგება უნდა!) ჩვენ ვაყენებთ კითხვას ასე: მინისტრმა გასცა ბრძანება? ექვემდებარება თუ არა გამგეობის წევრი მას, დაასრულებს თუ არა მის ბრძანებას, გაუწევს ანგარიშს თუ არა? ჩვენის აზრით უნდა გაუწიოს ანგარიში, და შეასრულოს დავალება. აი ამ დროს შესაძლებელია დაიბადოს მათ შორის წინააღმდეგობა. ჩვენი შეხედულობა მარტოკა გამგეობის წევრებს შეეხება, ჩვენ არ ვამბობთ საბჭოს წევრებზედ. ჩვენ შორის იგინი არიან და ადგილობრივ მდგომარეობას და საქმეების ვითარებას სწორად გადმოგვცემენ. შემდეგ მოქალაქე გვაზავას აზრით, მინისტრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა კენჭის ყრაში. არც ეს არის მართალი. თუ აი ასეთი საკითხი იქნება, რომელიც შეეხება მინისტრის მოქმედებას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგი არ მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის გადაწყვეტაში. მაგრამ, როცა სახელმწიფოებრივი და აღმაშენებლობის საკითხია, ჩვენ არ მოვაკლებთ მინისტრს უფლებას მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვემხრობით კანონ-პროექტს და ვამტკიცებთ, რომ დამფუძნებელ კრების და ადგილობრივ თვითმართველობის წევრობა შეუთავსებელია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. კამათი შეწყვეტილია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

რაჟდენ არსენიძე. რასაკვირველია, მე მოველოდი კამათს, მაგრამ იმ ხასიათის კამათს, როგორიც აქ გაიმართა, არ მოველოდი; მე მეგონა, რომ იქნებოდა უმთავრესად დავა პრინციპებზე, პრინციპების სისწორით თუ მრუდეთ გატარებაზე. ამის მაგიერ აქ ლაპარაკობენ ერთნი ერთ კანონის გამონაკლისზე, მეორენი მეორეზე, და სწორედ სტოვებენ გამონაკლისს, რომლის ანალოგიურს უპირებენ კანონპროექტიდან ამოგდებას. მაგალითად, - გამგეობის წევრი შეუძლებელია, იყოს დამფუძნებელი კრების წევრადო, შტაბის წევრი და მისთანები კი შეიძლებაო. დამფუძნებელი კრების წევრმა ბარათაშვილმა განაცხადა, შტაბის წევრი შეიძლება დარჩეს, დამფუძნებელ კრებაში, თვითმართველობის გამგეობის წევრს კი არაო. უნივერსიტეტის პროფესორს კი შეუძლიაო. რაშია საქმე? ყველა ეს დაწესებულება ერთი ტიპის, ერთი ხასიათის არის იმ მხრივ, რა მხრითაც დღეს ეს ჩვენ გვაინტერესებს, ესე იგი მოხელეობის მხრივ. და მე ვამბობ, რომ არც ერთი აქ ჩამოთვლილ თანამდებობის პირი არ არის მოხელე, ჩინოვნიკი. ჩვენ რომ გვყავდეს მაგალითად არჩეული პროფესორები კი არა, დანიშნული პროფესორები, მე პირველი ვიქნებოდი წინააღმდეგი მათი დამფუძნებელ კრების წევრობის, ვინაიდან ისინი იქნებოდნენ მგზავსი ჩინოვნიკებისა; მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურდა დემოკრატიულ სახელმწიფოში იყვნენ არა ჩინოვნიკები, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნენი თავის გონების და ცოდნის მიხედვით, ამისთვის უნივერსიტეტი არის თავისუფალი, ავტონომიური და პროფესორებს ირჩევს კოლეგია. საფრანგეთში არიან დანიშნულებიც და ამორჩეულებიც. იქ არის ავტონომიის საშუალო ფორმა. ჩვენი უნივერსიტეტის ავტონომია კი იმაში გამოიხატება, რომ პროფესორები არიან არა ჩინოვნიკები, არა მოხელეები, არამედ თავისუფალი მომუშავენი არჩეული იმავე უნივერსიტეტის პროფესორებისაგან. საფრანგეთის კონსტიტუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, პროფესორებს, რომელნიც არჩეულები არიან კორპორაციის მიერ, აქვთ ეს უფლება, პალატაშიაც იყვნენ იმავე დროს წევრად. იმათ კი, რომელიც დანიშნულნი არიან, ეს უფლება არა აქვთ. ჩვენ დანიშნული პროფესორები არა გვყვავს, ისინი ყველანი არჩეულნი არიან. ისე რომ შეგვიძლიან პირდაპირ ყველა პროფესორებს მივცეთ კრების წევრად ყოფნის უფლება.

ახლა ჩვენ გვინდა ანალოგია გავიყვანოთ პროფესორების მოღვაწეობას და თვით მართველობის გამგეობის წევრთა მოღვაწეობის შორის. სრულიად ანალოგიურია მათი მდგომარეობა და ის ვინც ამბობს, პროფესორები შეიძლება დარჩნენ დამფუძნებელი კრების წევრადო, და უარჰყოფს გამგეობის წევრებისთვის ამ უფლებას, დიდ ლოღიკურ წინააღმდეგობაში ვარდება. გამგეობის წევრი არჩეულია. რა არის მოხელეს თვისება? მოხელე არის დანიშნული და დამნიშვნელს უფლება აქვს მისი გადაყენებისა აი აქ იბღალება ნების ყოფა დამფუძნებელი კრების წევრის, როდესაც იგივე პირი დამფუძნებელი კრების წევრიც არის და იმავე დროს მოხელეც, თანამდებობის ასრულებელი და შეიძლება გადაყენებულ იქნეს მის ზევით მდგომ მოხელესგან? აი მაგალითად, მინისტრს შეძლება აქვს, თუ მას მოსამსახურეთა მოქმედება, აზრი ან კენჭის ყრა არ მოეწონა, გადააყენოს იგი თანამდებობისგან, ან აიძულოს ამით მის ნებას დაემორჩილოს? მე თქვენ გეკითხებით, რომელ მინისტრს შეუძლიან ამგვარად დაიმორჩილოს თვითმართველობის გამგეობის წევრი? განა ის მინისტრის მოხელეა? განა შეუძლიან მინისტრს მისი დაყენება, ან გადაყენება? სრულიადაც არა! ის დამოკიდებულია სავსებით თავის კანონმდებელ დაწესებულებაზე, საბჭოზე. ხმოსნები მას გამოუცხადებენ ნდობას, ის თავის ადგილას სდგას და თავის საქმეს ასრულებს, ხმოსნები უნდობლობას გამოუცხადებენ, ის თავის თანამდებობიდან გადადგება თანამდებობას დაჰკარგავს. თქვენ ხედავთ, რომ აქ ისეთივე მდგომიარებაა, როგორც დამფუძნებელ კრების და ჩვენი სამინისტროს შორის. ის დამოკიდებულია სწორედ იმ პირებისგან, რომელთაც ამ თანამდებობაზე დააყენეს, და არა მინისტრისგან, არა უმაღლეს ადმინისტრატიულ აპარატისგან, და ეს არის მთავარი დღეს ჩვენთვის. მაშასადამე მისი საკანონმდებლო მუშაობა სრულიად შეუზღუდელია, როგორც უნდა, ისე მისცემს ხმას, როგორც უნდა ისე ამუშავებს, როგორც უნდა ისე იკანონდებლებს, სრულიადაც არ შესცვლის მის ნების ყოფას, მის აზრს, მის აზრის გამოხატვას, რომელიმე ადმინისტრატიული აპარატის ზედგავლენა ამ მხრივ სწორედ ზნეობრივის მხრივ ისინი სრული თავისუფალნი არიან ისევე, როგორც პრაფესორები, ვინაიდან განათლების მინისტრს არ შეუძლიან პროფესორების გადაყენება იმ თანამდებობიდან, რომელიც მათ უჭირავთ პროფესორთა კორპორაციის სურვილისამებრ. აქ არის არსებითი მსგავსება თვითმართველობის მოღვაწეებსა და პროფესორებს შორის. საკვირველია, რომ სადავო შეიქმნენ მხოლოდ თვითმართველობის მოღვაწენი!

მე ჩემს მოხსენებაში ვამბობდი შემდეგს: ჩვენ გვაქს ზოგიერთი გამონაკლისი, მაგრამ გამონაკლისი კი არ სპობს, არ აუქმებს მთავარ, ძირითად დებულებას, არამედ ამტკიცებს შეუთავსებლობას მოხელეობისას, და იმ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს წევრებისას, რომელნიც არ შეიძლება ჩაითვალონ მოხელეებათ. მე მოგახსენეთ: შვეიცარიაში მინისტრები მოხელეებათ არიან გარდაქცეული: და ე.ი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათზე არ სრულდება, არ არსებობს, როგორც ეს არის პარლამენტარულ ქვენყნებში. ნდობა მათ შესახებ არ არსებობს; არ არსებობს უნდობლობის გამოცხადება და ამით მთელი კაბინეთის გადაყენება. სწორედ ამიტომ, ისინი პარლამენტის წევრნი არ არიან, არამედ სდგანან პარლამენტის გარეშე, ისინი გადაქცეულნი არიან ნამდვილ უბრალო მოხელეებათ. თუ ჩვენ გვაქს პასუხსმგებელი სამინისტრო რომლისთვის ჩვენი ვოტუმი უნდობლობისა ნიშნავს დაუყონებლივ გადაყენებას მთლიანი კაბინეთისა, მაშინ ცხადია, მათ უფლება აქვთ იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრებად. აქ მე ვსთქვი, რომ სწორედ მთავარ, ძირითად პრინციპის თვალსაზრისიდან გამოვდივართ, როცა ჩვენ უშვებთ ასეთ გამონაკლისს. ასეთი გამონაკლისი, კანონში დატოვებული, ამ პრინციპს კი არ გადააბრუნებს, არ გადაატრიალებს, კი არ გააკუღმართებს, არამედ ამ პრინციპის ცხოვრებაში სწორედ გატარებას გვიადვილებს. ამით და არა რაიმე სხვა მოსაზრებით, ვხელმძღვანელობდით ჩვენ. იმის თქმა მაგალითად, რომ ქ. ფოთის გამგეობის წევრი კარგად ვერ იმუშავებს დამფუძნებელ კრებაში, ესეთი მოსაზრება პრაკტიკულად კარგად იმუშავებს, თუ ცუდათ იმუშავებს, აქ სრულიად ზედმეტია. რატომ არ შეიძლება კარგად იმუშაოს? სხვა აქ არაფერი არ იყო მოყვანილი თვითმართველობის გამგეობის წევრთა შეუთავსებლობის წინააღმდეგ. ვსთქვათ ზოგს ძალიან დიდი ოჯახი აქვს, და თუ მაგალითად, შვილი გაუხდა ავათ ასეთ წევრს, ან სხვა რაიმე უბედურება მოუხდია ოჯახში, - ასეთი წევრი პრაკტიკულად ვერ მოვა კრებაში, ვერ იმუშავებს კომისიაში და სხვაგან. მაგრამ განა შეიძლება ამისთვის უფლება ავყაროთ მას? მაშინ ბევრი სხვა ასეთი მიზეზიც აღმოგვიჩნდება, და შეიძლება მთელი ტომების წერა მოგვიხდეს, იმაზე თუ ვის ავყაროთ უფლება დამფუძნებელი კრების წევრად ყოფისა. ამ მოსაზრებაზე იყო დამყარებული მთელი დებულება დ. კრ. წევრის გობეჩიასი. მან წამოაყენა ეს პრაკტიკული თვალსაზრისი. მე ვეტყვი გობეჩიას შესძლებს თუ ვერ შესძლებს პრაკტიკულად. ეს მივანდოთ ჩვენ თვით იმათ. იმათ ორთავეს ადგილას ჰყავთ თავის პატრონი: იქ თავისი კანონდებელი საბჭო და აქ დამფუძნებელი კრება. ჩვენ გვაქს ჩვენი წესი, რომელსაც ექვემდებარება ყოველი წევრი დამფუძნებელი კრებისა. თვითეულ გამგეობას ყავს თვითმართველობის საბჭო, რომელიც პარლამენტარულ სახით არის შედგენილი, და რომელსაც აქვს ასეთივე წესი, და მოთხოვნა მათგან მუშაობისა ამ წესის მიხედვით ხდება. აქ კანონმდებელი პირდაპირ ვერ გადასჭრის: თქვენ შეგიძლიანთ იყოთ, დ. კრ. წევრად თქვენ კი არ შეგიძლიანთ მათ წესებში ჩაერიოთ. სრულიად ზედმეტია ჩვენი ჩარევა, იქ სადაც თვით ნების ყოფა საზოგადოებრივი აზრისა უძღვება თამამად თავის საქმეს. თორემ მაშინ უნდა დავიწყოთ პროფესორებზედაც ლაპარაკი; თუ მაგალითად უნივერსიტეტი იქნება ქუთაისში გადატანილი და ლექციები ყოველ დღე უნდა იკითხონ არ ექნებათ უფლება დ. კრ. წევრად იყვნენ. დასასრულ ისეთ კაზუისტიკის შემუშავება დაგვჭირდება, რომელსაც ვერასოდეს ვერ ამოვწურავთ.

ამ გვარად მე ვამბობ, რომ არცერთი ამ ტრიბუნიდან წამოყენებული დებულება, არც ერთი მოსაზრება არ ეხება იმ პრინციპს, რომელზედაც არის აშენებული ეს კანონ-პროექტი. მე გამაკვირა სწორედ გითხრათ, როდესაც თქვეს, რომ გამგეობის წევრს არ შეუძლიან შეთავსება დამფ. კრების წევრობის და უმაღლეს სასწავლებლის პროფესორს კი შეუძლიანო. აქ პრინციპი კი აღარ არის, არის სხვა რაღაცა მოსაზრება: ერთმა კიდეც გვისაყვედურა თქვენ ხალხი არა გყავთ ადგილობრივ მაგრამ არის სხვა ბევრი ხალხიო, ეს უბრალო განცხადება არ არის. ამაში პარტიული კინკლაობა გამოიხატება და არა საქმიანობა. ჩვენ კანონს ვცემთ არა იმის მიხედვით, თუ ვის ჰყავს ბევრი ხალხი, და ვის არა. ჩვენს კანონს ვცემთ პრინციპიალურ იდეების მიხედვით, რომელნიც საღია და რომლის ცხოვრებაში გატარება აუცილებელ საჭიროებას შეადგენს საქართველოსათვის.

ახლა გადავალ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრებზედ. აქ ილაპარაკეს იმის შესახებ, რომ ისინი არ უნდა იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრად. სწორედ იმიტომ რომ გვარდია არის ჯარი, და ანალოგია გაიყვანეს მას და მუდმივი ჯარის შორის. მე აქ უნდა ხაზის გასმით აღვნიშნო, რომ შტაბი გვარდიისა, საზოგადოდ გვარდია არის, უპირველესად ყოვლისა, პოლიტიკური ორგანიზაცია, და რამდენიც უნდა ვმალოთ ის მაინც ფაკტია, რომ გვარდია არის შეიარაღებული რევოლიუცია, რომლის არსებობა გარეშე პოლიტიკისა წარმოუდგენელია. დიახ ეს გახლავთ შეიარაღებული რევოლიუცია და თუ ეს გადაიქცევა შემდეგში მუდმივ ჯარად, მაშინ უნდა ვიფიქროთ როგორი უფლება და როგორი მოვალეობა ექნება მას. დღეს გვარდიის სახით გვყავს ისეთი შეიარაღებული ძალა, რომელიც შედგება თავისუფალი თვისნებით მოსული ხალხისაგან, დღეს ასრულებს ჯარისკაცის მოვალეობას, ხვალ უბრალო მოქალაქეა, დღეს ფრონტზე სდგას და იბრძვის, ხვალ როცა ის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდება, ეს ჯარის კაცი აღარ იქნება, ის იქნება უბრალო მუშა, უბრალო მოქალაქე და თავის საქმეს, ჩვეულებრივ ნორმალურ თავის მუშაობას აწარმოებს. აი ასეთი მდგომარეობა გვარდიისა, ქმნის მას არა ჯარად, არამედ მხოლოდ შეიარაღებულ რევოლიუციად. აი ეს არის მთავარი განსხვავება გვარდიას და ჯარს შორის. რამდენადაც ჯარი უპარტიო უნდა იყოს, იმდენად გვარდიას არ შეუძლიან იყოს პოლიტიკის გარეშე. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ რევოლიუციონურ მოღვაწეებისთვის, შტაბი პოლიტიკური დაწესებულებაა, პოლიტიკური ხელმძღვანელია, დიახ, როგორც ტეხნიკური, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელია. და მე ვამბობ, რომ მას პოლიტიკური მუშაობა პოლიტიკური ხელმძღვანელობა წავართვათ, მოუსპოთ კანონმდებლობის უფლება, ეს სრულიად ზედმეტია. არავითარი მდგომარეობა დამფუძნებელი კრების წევრისა არ მოითხოვს ამას. როდესაც ამის წინააღმდეგ ლაპარაკობდა მოქალაქე გვაზავა, ის ამბობდა, რა წახდება რომ არ მივცეთ უფლება კანონმდებლობისო. მე არ მივცემ ამაზე პასუხს, მე ვამბობ, რა გაკეთდება იმით, რომ ავართვათ ეს უფლება? როცა გინდათ ადამიანს უფლება აართვათ, უნდა იკითხო გაკეთდება თუ არა იმდენი საქმე, რომ ღირდეს ამისთვის უფლების ართმევა. ის ამბობს, რა წახდება, რომ არ იყოს დეპუტატად ესა თუ ის გვარდიელი? მე ვამბობ, რა წახდება რომ არ იყოს ესა თუ ის დეპუტატი, ივანე, პეტრე, სერგო, დათიკო? ან განა იმაზე არის ლაპარაკი, თუ რა წახდება? ერთი რაიმე პარტია რომ არ იყოს აქ სრულიად რა მოხდება? დაინგრევა ქვეყანა? არაფერი არ წახდება. მაგრამ ამით გაკეთდება რამე? ეს არის უმთავრესი კითხვა: გაკეთდება რამ თუ არა, რომ ზოგიერთ პარტიას დამფუძნებელ კრებაში შემოსვლა აეკრძალოს? რა გაკეთდება? და თუ არაფერი არ გაკეთდება, მე ვამბობ, უფლების წართმევა იმისთვის, რომ არაფერი არ გაკეთდეს, ყოვლად მიუღებელია, ყოვლად, შეუძლებელია კანონდებლობაში. სწორედ ამ მოსაზრებით, და ამ ძირითად საფუძველის გამო რომელზედაც აშენებულია გვარდია საერთოდ და მისი შტაბი კერძოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ ყოვლად შეუძებელია გვარდიისა და შტაბის წევრს ავუკრძალოთ დამფუძნებელ კრებაში ყოფნა. თქვენ იცით, რომ ჩვენ მიერ მიღებულ კანონით, გვარდიის შტაბი არ ემორჩილება სამინისტროს. ის ემორჩილება სამხედრო ძალას, სამხედრო დისციპლინას მაშინ, როდესაც ომში არის გაწვეული. დანარჩენ შემთხვევებში იგი არის უბრალო მოქალაქე, მისი გამოწვევა შეუძლიან ან მთავრობის თავმჯდომარეს, ან მთავარ შტაბს. ეს დიდი განსხვავება გახლავთ. ასე, რო, როგორც ხედავთ, ეს შტაბი ერთგვარად სრულიად დამოუკიდებელი ორგანო არის, ვინაიდან ის არ არის ადმინისტრატიული სახელმწიფოს აპარატის მუშაობაზე დამოკიდებული, ეს არც ჩვეულებრივი ჯარია; და ამიტომ არც მიუდგება მას პრინციპი მოხელეობისა, ვინაიდან მასში წმინდა პოლიტიკური საზოგადოებრივი მოღვაწეებია, რომელნიც ფრონტზე ემორჩილებიან დისციპლინას, როგორც ნამდვილი ჯარის კაცები, ნამდვილი სარდლები და ოფიცრები, და არა სხვა დროს, სხვა მომენტში. ჩვენ არ გვგონია, რომ განუწყვეტლივი ომი გვექნება, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ხანდისხან გვარდიას დასჭირდება მოგერება შემოსეულ მტრისა, დანარჩენ დროს ეს იქნება უბრალო მოქალაქე, და როგორც უბრალო მოქალაქე, ის შეასრულებს თავის პოლიტიკურ მოვალეობას, კანონდებლობლითი მოვალეობას, დამფუძნებელ კრების წევრის მოვალეობას. სწორედ ამიტომ, უნდა დარჩეს კანონ-პროექტში ეს მუხლში შემოტანილი კომისიისაგან. სხვა ამის წინააღმდეგი არსებითი არაფერი წამოუყენებიათ. გარდა ამისა უნდა აღვნიშნო ის, რაც ამ შტაბის შესახებ გამოითქვა: აქ თქვეს, დროა დადგეს რევოლიუციაო გამოვცეთ თუნდ დეკრეტი, რომ რევოლიუცია გათავდაო. ამაზე მოგახსენებთ, რომ ასეთი დეკრეტის გამოცემა შეუძლებელია, ვერავითარი დეკრეტით ჩვენ რევოლიუციას ვერ შევაჩერებთ, ვერც გავაძლიერებთ. არც კი ვიცით დამფუძნებელი კრება გათავდება უფრო ადრე, თუ რევოლიუცია, ვერც ამას გადაგიჭრით. არც დამფუძნებელ კრების მოწვევით შეიძლება ჩავთვალოთ რევოლიუცია დამთავრებულად. მხოლოდ მე მგონი, თუ ჩვენ დავაგვირგვინებთ იმას, რაც რევოლიუციით შევიძინეთ, და გავახორციელებთ, ცხოვრება ჩადგება ერთგვარ კალაპოტში, და აღარ იქნება რყევა და ქანაობა. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე რევოლიუციონური მოძრაობა, სულერთია, მოისურვებს, - დამფუძნებელ კრების წევრი გვაზავა ამას, თუ არ მოისურვებს, მოისურვებს სხვა რომელიმე ფრაქციის წევრი ამას, თუ არ მოისურვებს; რევოლიუცია მათ ნებაზე არ არის ოდნავათაც დამოკიდებული. დეკრეტებიც, რომ გამოვცეთ, გათავდეს რევოლიუცია თქო, რევოლიუცია არ გათავდება. ამიტომ ეს საკითხი უნდა მოვხსნათ. ამ კითხვის წამოყენება, უნდა გითხრათ, ახასიათებს მხოლოდ ზოგიერთის სულიერ განწყობილებას; ზოგიერთებს სურთ, რომ რევოლიუცია გათავდეს. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს საბუთს, მათ სუბიექტურ სურვილს გავყვეთ, და კანონდებლობა ამას შეუფარდოთ. აი ეს გახლავთ საერთო მოსაზრება, რომელიც წარმოგიდგინეთ თქვენ, და შემდეგ თუ ნებას მომცემთ გადავალ მუხლობრივ განხილვაზე.

თავმჯდომარე. ვის სურს რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე უყრი კენჭს. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი მუხლობრივ.

მუხლობრივი განხილვა.

რაჟდენ არსენიძე. (კითხულობს.)

I. დამფუძნებელ კრების წევრობა და სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ეს დებულება არ ვრცელდება: მინისტრებსა, მათს ამხანაგებსა, სახელმწიფო კონტროლიორსა, მის ამხანაგსა, ელჩებსა, უმაღლეს სკოლის პროფესორებსა, პრივატდოცენტებსა და მასწავლებლებზედ. არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის წევრებზედ. აქ ჩამოთვლილ თანამდებობათა შეთავსება შესაძლებელია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ?

სიტყვა ეკუთვნის გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ნ. დ.) ბატონებო; ამ მუხლის შესახებ მე მინდა შევიტანო ორი შესწორება.

ერთი, როგორც იცით, შტაბის შესახებ, მეორე მინისტრების გადამწყვეტი ხმის მიცემის შესახებ.

ბატონ არსენიძეს სიტყვამ ვერ დამარწმუნა იმაში, რომ მის მიერ აღიარებული პრინციპი შეუთავსებლობისა გატარებულ იყოს გვარდიის შტაბის შესახებ. თუ შტაბის წევრი დამოუკიდებელია, თავისუფალია თავის საკანონმდებლო მუშაობაში, ეს არ ეწინააღმდეგება არც რევოლიუციის ინტერესებს, არც სხვა რამ მოთხოვნილებას. პირიქით, თუ გვარდია არის შეიარაღებული ძალა, შეიარაღებული რევოლიუცია, სწორედ ამ ძალამ უნდა მიიღოს ყოველივე ღონის ძიება, რომ შეჰქმნას ისეთი პირობები, რომ შეიძლებოდეს მშვიდობიანად მუშაობა, დარაჯი უნდა იყოს სწორედ ამ დამფუძნებელ კრებისა. და არა წინ ეღობებოდეს დამფუძნებელი კრების ინტერესებს. მაგრამ, როდესაც თქვენ ამ თანამდებობას და იმ თანამდებობას, შტაბის და დამფუძნებელ კრების წევრობას, ერთმანეთში ურევთ, თქვენ ამით სწორედ სპობთ იმას, რასაც თქვენ ემსახურებოდით. როდესაც შეუთავსებლობაზე არის ლაპარაკი, თქვენ გვარდიის წევრის შესახებ ამბობთ, - რა საჭიროა რომ ის პირი,რომელიც არის წევრი დამფუძნებელ კრებისა თავისუფალი იყოს იმ გავლენიდან, რომელსაც ახდენს შტაბი, ან თითონ მთავრობის თავმჯდომარე? გამოდის, თითქო შტაბი არავის ემორჩილება. ეს ყოვლად შეუძლებელია. გვარდია მაინც და მაინც არის დაწესებულება რომელიც მოქმედებს სახელმწიფოში, და თუ სუვერენობა არის აქ მოქცეული, ეს სუვერენობა უნდა იყოს სერიოზულად დაცული. თუ საჭიროა შტაბისთვის, რომ მან იყოლიოს აქ თავის წარმომადგენელი, ამის წინააღმდეგ არავინ იქნება; მხოლოდ თუ ასეთი პირი, ამორჩეულია წევრად დამფუძნებელ კრებისა, თავი უნდა დაანებოს შტაბში სამსახურს, რომ იყოს თავისუფალი, ყოველ არა-სასურველ გავლენისაგან. აქ ითქვა, რომ იგი ემორჩილება არა მთავრობას საზოგადოდ, არა სამხედრო მინისტრს განსაკუთრებით, არამედ მთავრობის თავმჯდომარესო. ეს კიდევ უარესი. გამოდის, რომ თავმჯდომარეს აქ, დამფუძნებელი კრებაში, ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალა. ეს ყოვლად შეუძლებელია თვით კრების ღირსებისათვის. ამიტომ მე წინადადება შემომაქვს პირველ მუხლიდან ამოიშალოს შემდეგი ფრაზა: „არ ვრცელდება აგრედვე სახალხო გვარდიის შტაბის წევრებზე.“

მეორე უნდა მოგახსენოთ, რომ იმ მინისტრებს, რომელნიც დამფუძნებელ კრების წევრები არიან, ნება არ უნდა ჰქონდეთ გარდამწყვეტი ხმის მიცემისა. ამის შესახებ ჩემი აზრი მოგახსენეთ, ამის წინააღმდეგ ბ. მომხსენებელს არაფერი უთქვამს. მართალია, შვეიცარიის მაგალითი ჩვენთვის მისაბაძი არ არის, პირიქით, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი, საიდანაც სჩანს, რომ მინისტრი პასუხის მგებელი უნდა იყოს, მინისტრები მოქმედი ძალები არიან, ისინი სდგანან აღმასრულებელ ძალის სათავეში, ისინი არიან პასუხისმგებელნი ჩვენ წინაშე. ასეთ პირობებში ყოვლად შეუძლებელია, რომ მინისტრს მიეცეს ნება თავის თავს ხმა მისცეს თავის მოქმედების შეფასებაში. თუ პასუხსმგებლობა მიღებულია, ეს ყოვლად შეუძლებელია. მართალია, ეს არის მიღებული საფრანგეთში, მაგრამ საფრანგეთის მაგალითი გადამწყვეტი არ არის, არც შვეიცარიისა. (ნათაძე: სად არის?) რას ბრძანებთ? (ნათაძე: სად არის?) საფრანგეთში არის, მხოლოდ მაშინ როდესაც საკითხი შეეხება მის მოქმედებას. მაგრამ მე საზოგადოდ ვამბობ: თუ ჩვენ ვღებულობთ პრინციპს პასუხისმგებლობისას, სამინისტრო პასუხისმგებელია, ვინაიდან კაბინეტი - სოლიდარულია. საერთოდ, ამ შემთხვევაში სულ ერთია, საკითხი შეეხება ერთს მინისტრს განსაკუთრებით. თუ მთავრობის მოქმედებას საერთოდ. ჩემი წინადადება არის, რომ სანამ მინისტრი თავის მოვალეობას ასრულებს იმას ხმა არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ შემომაქვს შესწორება მეორე მუხლში. (კითხულობს): „მინისტრებს, მის ამხანაგებს, კონტროლიორს და მის ამხანაგებს არა აქვს უფლება გადამწყვეტი ხმის მიცემისა დამფუძნებელ კრებაში სანამ თავიანთ თანამდებობას ასრულებენ“.

თავმჯდომარე სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

რაჟდენ არსენიძე. მართალი მოგახსენოთ, სრულიად არ მოველოდი, თუ აქ დააყენებდნენ ამ კითხვას, თუ იმას დაუშვებდნენ, რომ შეიძლება კაცი იყოს დამფუძნებელ კრების წევრი, და ხელის აწევის უფლება არ ჰქონდეს. დამფუძნებელ კრების წევრი, ყველა ხომ არ ლაპარაკობს? მისი მონაწილეობა, დაფუძნებული ნების გამოხატვაში ის არის, რომ კითხვის გადაჭრაში იღებს მონაწილეობას. ეს მთავარი მომენტია, როდესაც მტკიცდება ნების ყოფა მთელ დამფუძნებელ კრებისა, და თუ ამ მომენტს, ამ ნებაყოფას ჩვენ გამოვაცლით, ის ხდება პოტენციალური წევრი, რომელიც შეიძლება ოდესმე გახდეს ნამდვილ წევრად. პოტენციალური წევრი, კი არ არის ნამდვილი წევრი დამფუძნებელი კრებისა. თუ კი ის იქნება დამფუძნებელ კრების წევრი, მაშინ ჩვენ ვერავითარ უფლებას დამფუძნებელ კრების წევრისას, მას ვერ ავართმევთ, ვერაფერ უფლებიდან მას ვერ გავანთავისუფლებთ, რადგან ყველა კონსტიტუციას თავით ლოღიკა აქვსა და იქ, სადაც მინისტრები არ არიან წევრი საკანონდებლო დაწესებულებისა, მათ აქვთ სათათბირო ხმა. ეს არის შვეიცარიაში, იქ, სადაც ისინი არიან პასუხისმგებელნი და შეიძლება იყვნენ იმავე დროს საკანონდებლო დაწესებულების წევრად იმათ აქვთ გადამწყვეტი ხმა როგორც წევრთ. ბოლოს და ბოლოს ეს უფლება გამოდის არა პიროვნების მდგომარეობიდან, არამედ გამოდის მის არჩევიდან, იქიდან, რომ ის არის არჩეული. ესე იგი იქიდან, რომ ის წარმომადგენელია სახელმწიფოსი, როგორც კანონდებელი, და როგორ შეიძლება, რომ კანონდებელმა საქმეები არ გადასჭრას? იმის მოყვანა საბუთად, რომ როცა იქნება საკითხი მის მოქმედებაზე, ნდობაზე, მაშინაც მიიღებს მონაწილეობასო, საკმაო არ არის, იმიტომ რომ დიდი მუშაობა, მთავარი, უდიდესი და უმნიშვნელოვანესი არის კანონდებლობა, და არა ნდობის და უნდობლობის გამოცხადება. ეს შეიძლება მოხდეს ხშირად, ეს შეიძლება მოხდეს იშვიათად. კანონდებლობა კი არის მუდმივი. მაგრამ თუ კანონმდებელი არ მიიღებს კენჭის ყრაში მონაწილეობას ის არ იქნება წევრი. ამიტომ ეს შესწორება უნდა მოისხნას, როგორც მიუღებელი.

რაც შეეხება შტაბის წევრებს, რაკი გამოითქვა სულ ახალი მოსაზრება, მე საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო შემდეგი. მე ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური ჯარი, დამცველი რევოლიუციისა; ეს გამოიყენეს იმის საბუთად, თითქოს გვარდია იყოს წინააღმდეგი დამფუძნებელ კრებისა, ესე გაამრუდეს ჩემი სიტყვები. მე მგონი, რომ პირიქით სწორედ იმით არის კარგი გვარდია, ეს შეიარაღებული რევოლიუცია, რომ იგი არის დამცველი რევოლიუციისა, არის დამცველი ჩვენ დამფუძნებელ კრებისა. რომელიც აგრეთვე შვილია ამ რევოლიუციისა. დამფუძნებელი კრება - ეს არის ხორც შესხმული რევოლიუცია. ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ დამფუძნებელი კრება მოწვეულია იმიტომ, რომ ვიღამაც რაღაც მოისურვა? არა ეს არის უპირველესყოვლისა გამომხატველი ამ რევოლიუციის შემომქმედებითი მუშაობისა, და თუ ამ შემომქმედებითი მუშაობას ესაჭიროება ნორმალური პირობების დამცველი, რომ მას თავს არ დაესხნენ ისინი, ვისაც მართლა უნდა ჩაფუშვა ამ რევოლიუციონურ მუშაობისა. აი ამისთვის ჩვენ გვესაჭიროება პოლიტიკურად აღრზდილი ჯარი, შეიარაღებული რევოლიუცია, რომელსაც წარმოადგენს სახალხო გვარდია - პოლიტიკურად მომზადებული ძალა. ამ ორი ძალის ე.ი. დამფუძნებელი კრების და გვარდიის გათიშვა და დაპირდაპირება ერთი მეორისათვის არ შეიძლება, ვინაიდან ისინი ერთ და იგივე ტოტზე არიან აღრზდილნი, ერთი და იგივე ტოტისგან არიან წარმომდგარი და იმდენად შედუღებულნი ერთმანეთში, რომ მე პირდაპირ ვერ წარმომიდგენია ერთი უმეოროდ. ეს პირველი. მეორეც, მე ვამბობ: არ თავდება რევოლიუცია დამფუძნებელი კრების მუშაობით. როდესაც გათავდება რევოლიუცია, დადგება ნორმალური მდგომარეობა, ნორმალური პირობები. როდესაც სავსებით განვახორციელებთ რევოლიუციის მონაპოვარათ, თავის თავად ცხადია, მაშინ გვარდია საჭირო აღარ იქნება. გათავდება რევოლიუცია, დადგება ნორმალური ცხოვრება, და გვეყოლება ჯარი უპარტიო, ნორმალური პირობების მიხედვით, მილიცია ან სხვა რამ. და არა გვარდია. გვარდია იმავე დღესვე დაუბრუნდება თავის ჩვეულობრივ მუშაობას. თქვენ თუ გინდათ გაიგოთ, როდის გათავდება რევოლიუცია, აი ამის ნიშანი: როდესაც აღარ იქნება სახალხო გვარდია, აღარ იქნება დამფუძნებელი კრება, და მის ადგილას დაიჭერს ჩვეულებრივი, ნორმალური პარლამენტი, ან სხვა ამგვარი რამ პარლამენტარულ ხასიათის დაწესებულება, მაშინ დამთავრებულია რევოლიუცია. მაგრამ მანამ, სანამ, ეს შემოქმედებითი მუშაობა არ შესრულებულა, და ახალი კალაპოტი სავსებით არ გამოჭედილა, ცხოვრება არ ჩამოყალიბებულა, - როგორ შეგვიძლიან ვთქვათ, რევოლიუცია გათავდა, რევოლიუციამ თავის მიზანს მიაღწია? თუ არ შეგვიძლიან ამის თქმა, ცხადია არც შეგვიძლია ხელი ავიღოთ იმ ძალებზე, რომელნიც ამ მიზნებს ემსახურებიან. ასეთია გვარდია, როგორც შეიარაღებული ძალა. იმავე რევოლიუციონურ პოლიტიკისა, ასეთივეა დამფუძნებელი კრება, როგორც გონება და კანონმდებლობითი წარმომადგენლობა იმავე პოლიტიკისა, იმავე რევოლიუციისა. ამ ორი ძალის ერთად ყოფნა, თანამშრომლობა, შეთავსება - ეს არის უაღრესად სასარგებლო და საკეთილდღეო. სწორედ ამიტომ მე ვამბობ, რომ გვარდიელი უნდა იყოს კანონდებლად, ვინაიდან ის იცავს იმას, რასაც ეწოდება რევოლიუციონური კანონდებლობა, და რევოლიუციის წარმომადგენლობა რევოლიუციურ ხანაში. სწორედ ამიტომ გვარდიელებისთვის შეიძლება დამფუძნებელი კრების წევრობის შეთავსება.

ამგვარად არც ეს და არც მეორე წინადადება დამფუძნებელი კრების წევრის გვაზავასი, რომელიც ამბობს, რომ მინისტრს უნდა მიენიჭოს მხოლოდ სათათბირო ხმა დამფ. კრებაში, მისაღები არ არის.

ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციის შესწორება და დამატება.

თავმჯდომარე. ნება მომეცით კენჭი უყარო. აქ არის შესწორება და დამატება. პირველ მუხლიდან ამოიშალოს „არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის შტაბის წევრებზედ“.

ვინ არის მომხრე, რომ პირველ მუხლიდან ამოიშალოს: „არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის შტაბის წევრებზე. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილი გახლავთ. ეხლა დამატება „მინისტრებს, მის ამხანაგებს, კონტროლიორს და მის ამხანაგს არა აქვს უფლება გადამწყვეტი ხმის მიცემისა დამფუძნებელ კრებაში, სანამ თვითს თანამდებობას ასრულებენ“. ვინ არის მომხრე. ვინ არის წინააღმდეგი? უარყოფილი გახლავთ.

ეხლა მუხლს მთლიანად უყრი კენჭს ისე, როგორც შემოტანილია მომხსენებლის მიერ. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? (თავი შეიკავა კედიამ)

მუხლი მიღებული გახლავთ.

გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

რ. არსენიძე. (კითხულობს) 2. ადგილობრივ თვითმართველობათა გამგობის წევრებს არ ეკრძალებათ იყვნენ იმავე დროს დამფუძნებელ კრების წევრად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს. ფ.) თანახმად ჩვენის აზრისა ამ მუხლიდან ამოღებული უნდა იყოს: „დამფუძნებელ კრების წევრობა და ადგილობრივ თვითმართველობათა გამგეობის წევრობა შეუთავსებელია“.

შეგვეძლო რასაკვირველია წინააღმდეგ მიგვეცა ხმა. მაგრამ ჩვენ ისე მოვისაზრეთ, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვენი აზრი წერილობითი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭიაბრიშვილს.

ან. ჭიაბრიშვილი. (ადგილიდან) მეოთხე მუხლის შესახებ!

თავმჯდომარე: დიახ, მეორე მუხლის შესახებ.

ჭიაბრიშვილი. (ადგილიდან) მეოთხე მუხლის შესახებ!

თავმჯდომარე. უკაცრავად, სხვა მსურველი არ არის. გსურთ, ბატონო მომხსენებელო სიტყვა?

რ. არსენიძე. მე კომისიის სახელით წინააღმდეგი ვარ. ამის, საბუთები უკვე მოგახსენეთ.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

რ. არსენიძე. (კითხულობს) 3. დამფუძნებელ კრების წევრს გასამრჯელოთ მიეცეს 1500 მან. თვიურად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის, არარის ჩემ ხელთ ბარათი.

კენჭს უყრი მესამე მუხლს. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი?

მუხლი მიღებულია.

გთხოვთ წაიკითხოთ მეოთხე მუხლი.

რ. არსენიძე (კითხულობს).

დამფუძნებელ კრების წევრი სხვა ჯამაგირს ვერც სახელმწიფო დაწესებულებიდან მიიღებს და ვერც ადგილობრივ თვითმართველობიდან.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ჭიაბრიშვილს.

ანდრო ჭიაბრიშვილი. (ს. დ.) სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის აზრით, რომელსაც სავსებით იზიარებს და მიღებული აქვს აგრეთვე საფინანსო კომისიას, სჯობია, რომ ასე მოვიქცეთ: რაკი არის ისეთი თანამდებობანი, რომელთა შეთავსება შესაძლებელია დამფუძნებელ კრების წევრობის თანამდებობასთან და მათ აქვს უფლება აი ამ შენიშვნის თანახმად, რომელიც არის აქ კანონ-პროეკტში, რომ გასამჯელო მიიღონ იქ, სადაც ისინი დაინახავენ საჭიროდ, მხოლოდ ერთ ადგილას ამიტომ ვფიქრობთ, რომ მეოთხე მუხლი ამოშლილი იყოს, მხოლოდ დარჩეს ეს შენიშვნა, ან ეს შენიშვნა გადაკეთდეს პირდაპირ მუხლად, და იყოს ნათქვამი შემდეგი: (..კითხულობს)...

-„ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ მუხლ არიან მოხსენებულნი, გასამრჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით.“

თავმჯდომარე. ბოდიშს ვიხდი, თქვენ ბრძანეთ, ან, ან. რა შესწორება შემოგაქვთ?

ანდრო ჭიაბრიშვილი. მუხლი ამოშლილი იყოს იმ სახით, რომლითაც აქ არის და დარჩეს ის შენიშვნა, რომელიც აქ არის. დარჩეს მეოთხე მუხლად ერთი დამატებით რომელიც აქ წარმოდგენილია: (კითხულობს) „ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი გასამრჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით.“

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი. იმ შესწორებით, რომელიც იქ შემოიტანეს, შემდეგი განსხვავება მყარდება იმ მუხლის შორის, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო და ახალ განზრახულ მუხლის შორის. აქ ნათქვამია: (კითხულობს) „ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი, გასამრჯელოს იღებენ, რომელიმე ერთი ადგილიდგან თვისი არჩევით.“

საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებულ მუხლში კი სწერია: „დამფუძნებელ კრების წევრი სხვა ჯამაგირს ვისაც სახელმწიფო დაწესებულებიდან მიიღებს და ვართ თვითმართველობიდან“ და არა არჩევით, პირველ მუხლში კი მოხსენებულნი არიან სწორედ ასეთი პირები: ე.ი. მინისტრი, მისი ამხანაგი, პროფესორები და თვითმართველობის წევრები, როცა ისინი დამფუძნებელ კრების წევრები არიან. განსხვავება მაინც და მაინც არ არის დიდი ან არსებითი. მიუხედავად ამისა, რომ ბევრი რამის თქმა არ შეიძლება ამის წინააღმდეგ, მე კომისიისაგან არა მაქვს დავალება. კომისიის აზრი მკაფიოდ იყო გამოთქმული. ამიტომ მე ვიცავ იმ დებულებას, რომელიც კომისიის სახელით იყო წარმოდგენილი.

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემდეგი (კითხულობს).

„ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ და მეორე მუხლში არიან მოხსენებულნი გასარმჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავის არჩევით.“

შესწორება, რომელიც მოგახსენეთ, როგორცა სჩანს, ეხება მხოლოდ შენიშვნას. ამიტომ თუ კეთილ ინებებთ და მუხლს ამოშლით, მაშინ შემდეგი საკითხი იქნება შენიშვნისა. ნება მიბოძეთ რომ კენჭი უყარო. ვინ არის მომხრე, რომ მეოთხე მუხლი უშენიშნოთ ამოშლილი იყოს? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი?

მაშასადამე მე-4-ე მუხლი ამოშლილი არის.

ეხლა შენიშვნა. წინადადება არის, რომ შენიშვნა მუხლად გადაკეთდეს. ვინ არის მომხრე რომ შენიშვნას მუხლის ძალა მიეცეს? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? მიღებული გახლავთ. ეხლა შენიშვნა ასეთი გახლავთ: (კითხულობს) „ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი ჯამაგირს იღებენ ერთ რომელიმე ადგილთან თავისი არჩევით“.

შესწორება. ასეთი გახლავთ: (კითხულობს) „ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი გასამრჯელოს იღებენ, რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით“. ვინ არის მომხრე იმ შესწორებისა რომელიც მოგახსენათ კრების წევრმა ჭიაბრიშვილმა? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? მიღებული გახლავთ.

მაშასადამე მეოთხე მუხლი იქნება იმ სახით, როგორც შემოტანილია სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ.

გთხოვთ წაიკითხოთ მეხუთე მუხლი.

რ. არსენიძე (კითხულობს).

5. ყოველი წევრი, რომელიც შეუთავსებელს თანამდებობას ასრულებს, მოვალეა, დღიდან ამ კანონის მიღებისა ერთის თვის განმავლობაში, შემოიტანოს განცხადება, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰკარგავს დამფუძნებელ კრების წევრის უფლებას და მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი სათანადო სიიდან.

თავმჯდომარე. სურს ვისმეს სიტყვა? მსურველი არ არის. მაშასადამე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? მუხლი მიღებული გახლავთ.

გთხოვთ წააკითხოთ მეექვსე მუხლი.

რ. არსენიძე (კითხულობს).

6. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. მაშასადამე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? მუხლი მიღებული გახლავთ.

ვინ არის მომხრე კანონ-პროეკტისა მთლიანად? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? კანონ-პროექტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა.

თავმჯდომარე. შემდეგ განსახილველი გახლავთ დამფუძნებელ კრების 1919 წ. ხარჯთაღრიცხვა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს დავით ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. კანონ-პროექტი საქართველოს დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. როგორც სათაურიდან ხედავთ, ეს კანონ-პროექტი გულისხმობს ხარჯთ-აღრიცხვას, რომელიც შეეხება დამფუძნებელ კრებას.

საქმე იმაშია, რომ დამფუძნებელ კრებას, ისე როგორც საქართველოს პარლამენტს წარსულში, ჰყავს პრეზიდიუმი და მის ხელმძღვანლობით დამფუძნებელ კრებასთან მუშაობს კანცელარია. კანცელარიის შესანახად, უმთავრესად, კანონ-პროექტი მოითხოვს ხაზინიდად 3-მილიონის 179 ათას 10 მან. გადადებას.

თუ თქვენ ამ ხარჯთ-აღრიცხვას ამ ჟამად შეადარებთ წარსულ წლის პარლამენტის ხარჯთაღრიცხვას, - დაინახავთ, რომ ეს ხარჯთაღრიცხვა საგრძნობლად გაზრდილია. მიზეზი ამ გარემოებისა, ის გახლავთ, რომ მას შემდეგ რაც მიღებულ იქმნა საქართველოს პარლამენტის კანცელარიის ხარჯთ-აღრიცხვა, - ეს იყო წარსულ წლის ივნისში, ამ დღიდან დღემდის ცხოვრების პირობები ძალიან შეიცვალა. დღევანდელ პირობებში მიღება პარლამენტის ხარჯთ-აღრიცხვისა სიტყვა სიტყვით, ყოვლად შეუძლებელია. თქვენ იცით, რომ ცხოვრება ძვირდება, შრომის ფასი ძალიან გაძვირდა, ამასთანავე ფასები სხვა და სხვა მასალებისა რომელიც სჭირდება კანცელარიას, საზღაპროდ გაიზარდნენ.

ჯერ კიდევ წარსულ წლის დამლევს პრეზიდიუმში დადგა ამ ხარჯთ-აღრიცხვის გადიდების საკითხი, მაგრამ, (თუმცა ეს ხარჯთ-აღრიცხვა განიხილა და დაამტკიცა საფინანსო კომისიამ, ეს იყო პარლამენტის მუშაობის მიწურულებში) იგი პარლამენტმა აღარ განიხილა.

ჩვენ მოველოდით, რომ მალე მოწვეულ იქნება დამფუძნებელი კრება და ამ საკითხის გადაჭრა გადაეცემა დამფუძნებელ კრებას, რომელიც არის ბატონი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.

მართალია ჩვენი ხაზინის მდგომარეობა აუტანელია, დღეს იგი განიცდის ფინანსიურ კრიზისს, ჩვენი ქვეყანა საერთოდ ღარიბი არის, მაგრამ მიუხედევათ ამ მდგომარეობისა, საფინანსო კომისია იძულებული იყო მაინც, ზოგიერთ მუხლების შესწორების გარდა, მხარი დაეჭირა და დაემტკიცებინა ეს ხარჯთ-აღრიცხვა, რომელსაც თქვენ აი ამ წუთში მოისმენთ.

მე მოგახსენეთ, რომ წარსულ წლის ხარჯთ-აღრიცხვის დატოვება ისე, როგორც იყო შარშან პარლამენტში მიღებული, დღეს ყოვლად შეუძლებელია. მე მინდა მაგალითი მოგიყვანოთ. წარსულ წელს საფოსტო-სატელეგრაფო და სხვა საკანცელარიო ხარჯები უდრიდა 25 ათას მანეთს. მაგრამ თქვენ იცით მოქალაქენო, რომ ამ საკანცელარიო ნივთების ფასებმა ისე აიწიეს, რომ ყოვლად შეუძლებელია დარჩეს ეს ჯამი და კანცელარიამ განაგრძოს თავის არსებობა. რამდენიმე თვის შემდეგ კანცელარიას მოუხდება დამატებით ხარჯთ-აღრიცხვის წარმოდგენა და თქვენ მისი დამტკიცება. ეს კი უფრო გაართულებს ჩვენ საკანონდებლო მუშაობას, ამიტომ საფინანსო კომისიამ გაადიდა ეს ჯამი, 25 ათასის მაგივრად არის 100-ათასი. შემდეგ კიდევ მე დავასახელებ, დამფუძნებელ კრების წევრთა საგზაო ხარჯებისთვის გადადებული იყო 10 ათასი მანეთი. წელს ამის მიღება, რასაკვირველია, ყოვლად შეუძლებელია. წელს დამფუძნებელ კრების წევრებს უეჭველია მოუხდებათ უფრო ხშირად პროვინციაში გამგზავრება, რასაკვირველია, დამფუძნებელ კრების დავალებით. და ეს 10 ათასი მანეთი შედარებით სრულიად ვერ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რომელიც უნდა გასწიონ დამაფუძნებელ კრების წევრებმა, და ეს ხარჯები გაიზდება. ამიტომ აქ ნავარაუდევი არის 100 ათასი მანეთი.

რაც შეეხება ჯამაგირებს, ეს ჯამაგირებიც შედარებით გადიდებულია.

რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ.

შარშან პარლამენტის საქმის მწარმოებელი იღებდა 650 მან. თქვენ მშვენიერად იცით, რომ დღევანდელ პირობებში იმ ჯამაგირით ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. საფინანსო კომისიამ მიიღო 1000 მან.

სტენოგრაფიულ ოქმების შემდგენლები შარშან ღებულობენ 700-მ. და თქვენ იცით რომ ეს შრომა ძალიან ინტენსიური არის, და მართლაც შეუძლებელია, რომ ამ ჯილდოთი დაკმაყოფილდნენ. ამიტომ საფინანსო კომისიამ საჭიროდ სცნო გაუდიდოთ ჯამაგირი 1100 მანათამდე.

საერთოდ თუ ავიღებთ, თვითეულ თანამდებობის პირს საშუალოდ აქვს მომატებული თვიური ჯამაგირი. ამის და მიხედვით გაიზარდა ის საერთო ჯამი, რომელიც იყო მიღებული შარშან. ასე რომ, თუ წარსულ წელს პარლამენტის ხარჯები უდრიდა 1-მილიონს, წელს დამფუძნებელ კრების ხარჯი უდრის, როგორც მოგახსენეთ, 3-მილ. 179 ათასს.

მაშასადამე ეს ერთი გარემოება, რომელიდანაც გამოდიოდა საფინანსო კომისია, როდესაც ეს ადგენდა და იმუშავებდა ხარჯთ-აღრიცხვას მაგრამ ეს იმას არ ამტკიცებს, რომ საფინანსო კომისიამ თითქოს გულუხვობა გამოიჩინა. ჩვენ რასაკვირველია, ანგარიშს უწევდით დღევანდელ მდგომარეობას, იმ საფინანსო კრიზისს, რომელსაც განიცდის ჩვენი სახელმწიფო. სადაც შეიძლებოდა ხელის მოჭერა, სადაც შეიძლებოდა ეკონომიის გაწევა, საფინანსო კომისია სცდილობდა, რომ ეკონომია გაეწია.

აი მაგალითად, ჩვენ როდესაც შტატები გადავათვალიერეთ, ზოგიერთი თანამდებობა გავაუქმეთ.

მაგალითად აქ არის კანცელარიის გამგის ამხანაგის თანამდებობა. დღეს კი საფინანსო კომისიის მიერ გაუქმებულია ეს. რასაკვირველია ეხლა თქვენზე არის დამოკიდებული მიიღებთ თუ არა ამას.

შემდეგ ჩვენ გავაუქმეთ უმცროსი საქმის მწარმოებლები. ორი კატეგორია იყო: უმცროსი და უმფროსი. უმცროსი საქმის მწარმოებლები, ჩვენ გაუერთიანეთ უფროსებს. სულ იყო ცხრა, ექვსი უმფროსი და სამი უმცროსი. ჩვენ მოვსპეთ სახელწოდება, და აღარც უმფროსია და აღარც უმცროსი, არის მხოლოდ საქმის მწარმოებელი და ასეთი პირი სულ რვა არის.

შემდეგ გავაუქმეთ ეგზეკუტორის თანაშემწის თანამდებობა.

აი ეს ცვლილება არის შეტანილი კომისიის მიერ.

რასაკვირველია თქვენ შეგიძლიანთ იფიქროთ, რომ მაინც დიდია ჩვენს პატარა რესპუბლიკისთვის ასეთი ხარჯების მიღება. შეიძლება, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, საფინანსო კომისიის აზრით შემცირება, კიდევ იმაზე მეტად, რაც შემცირება მოიხდინეს, ეს ყოვლად შეუძლებელია. თუ შევამცირებთ და კიდევ შორს წავალთ, მაშინ ჩვენ, რასაკვირველია, იმედი არ გვექნება, რომ დამფუძნებელ კრების კანცელარია შეასრულებს თავის მოვალეობას, და ეს მოვალეობა კი ძალიან დიდი აწევს მას! თუ ჩვენ მივმართავთ წარსულის მაგალითებს პარლამენტის სხდომიდან, თქვენ იცით, რომ წარსულ წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში სულ შემოტანილი იყო 247 პროექტი, ამათში განხილული იყო და მიღებული 165 კანონ-პროექტი და შემდეგ 22-შეკითხვა. აი ყველა ამ კანონ-პროექტებს უნდოდა დამუშავება, გადაბეჭდვა, სისტემაში მოყვანა, გაგზავნა ფრაქციებში, კომისიებში. პარლამენტში მუშაობდა 20-დე კომისია, და დაახლოვებით იმათში 15-კომისია იყო მთავარი და უმთავრესი. იქაც, რასაკვირველია, კანცელარიას უნდა გაეწია შავი, მუშაობა. თვით კანცელარიის მოხელეები მუშაობდნენ ამ კომისიებში. და ის დიდი სამუშაო, რომელიც აწვა პარლამენტის კანცელარიას, და დამფუძნებელი კრება რომელიც, ესე ვსთქვათ, ერთგვარი მემკვიდრე არის, კვლავ დააწვება დამფუძნებელ კრების კანცელარიას. უეჭველია დამფუძნებელი კრება უფრო ძლიერ ტემპით იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში, მე მგონია ეს მუშაობა არ შემცირდება თუ არ გაძლიერდა.

რასაკვირველია პარლამენტის კანცელარიის მუშაობას წარსულში ჰქონდა დეფექტები, ამას არავინ არ უარყობს, საფინანსო კომისია აცხადებს საჯაროდ. მაგრამ ეს მიეწერება არა რომელიმე მოხელის უცოდინარობას, არა რომელიმე მოხელის გულგრილობას, არამედ იმ ობიექტიურ პირობებს, რომელშიაც იყო საერთოდ ჩაყენებული ეს კანცელარიის მუშაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაოს კისრულობს, მოგეხსენებათ არ არის ამ ახალ კანონდებლობით მუშაობის დროს აგრე რიგად ადვილი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ახალი საქმე ჩვენ სოციალურ ცხოვრებაში, და გამოცდილ, თავიდანვე თავიანთ, სიმაღლეზე მდგარ პირების გამოძებნა, ძალიან ძნელი საქმე იყო და იმედი გვაქს, რომ მომავალში, როდესაც საკანონდებლო მუშაობა ფესვებს გაიდგამს და მოიმაგრებს, კანცელარია უკეთესად და მეტის გულმოდგინებით შეასრულებს თავის მოვალეობას.

აი ის მოსაზრებანი, რომელნიც მე მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის, ვიდრე ჩვენ გადავიდოდით მუხლობრივ განხილვაზე.

თავმჯდომარეობს სიმონ მდივანი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? გთხოვთ წაიკითხოთ.

დავით ონიაშვილი. ეხლა მე შეუდგები პირდაპირ ხარჯთ აღრიცხვის კითხვას. პირველი მუხლი... დამფუძნებელ კრების წევრთა გასამრჯელო (ყოფილ პარლამენტის 147 წევრის ორი თვისა და 11 დღისა თვიურად 900 მ. ანგარიშით 313110 მ. დამფუძნებელ კრების წევრს ცხრა თვისა და 19 დღისა თვიურად 1500 მ. ანგარიშით 1878500 მ.) - 2. 191. 610 მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? პირველი მუხლი მიღებულია.

დ. ონიაშვილი. (კითხულობს) დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ან მის მოადგილეს საწარმომადგენლო ხარჯისათვის 15000 მანეთი.

სოც.-დემ. ფრაქციის შესწორება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჩიქავას.

ალექსანდრე ჩიქავა (ს.-დ.) სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით შემოგვაქს შემდეგი შესწორება. შესწორება შემდეგი გახლავთ (კითხულობს). „დამფუძნებელ კრებას თავჯდომარის მოადგილეს საწარმომადგენლო ხარჯებისთვის მიეცეს 15000 მან.“

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისას მეორე მუხლის შესახებ. ეს შესწორება არის მიღებული.

კენჭს უყრი მეორე მუხლს იმ რედაქციით, როგორიც არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ. მიღებულია.

დ. ონიაშვილი. მესამე მუხლი (კითხულობს) დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში სხვა და სხვა მოულოდნელ ხარჯებისათვის 25000 მანეთი (ეს მუხლი საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ გაუქმებულია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის მომხრე რომ ეს მუხლი გაუქმებული იყოს? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. ამრიგად ეს მუხლი გაუქმებულია.

. ონიაშვილი. (კითხულობს) შემდეგ არის მუხლი, რომელიც შეეხება დამფუძნებელ კრებას კანცელარიის მოსამსახურეთა ჯამაგირისთვის საჭირო თანხას. ამიტომ მე წავიკითხავ ჯერ დამფუძნებელი კრების კანცელარიის შტატს.

დამფუძნებელ კრების კანცელარიის შტატი

თანამდ. რიცხვი

თვიური ჯამაგირი თვითეულს

წლიური ჯამაგირი

კანცელარიის გამგე

1

1500

18000

საბიუჯეტო საფიანსო განყ. საქმე მმართ.

1

1400

16800

საქმის მწარმოებელი

8

1000

96000

ექსპედიტორი

1

850

10200

ექსპედიტორის თანაშემწე

1

750

900

მანქანით გადამწ. უფროსი კატეგ.

7

800

67200

მანქანით გადამწ. უმცროსი კატეგ.

3

750

27000

სტენოგრაფიული ოქმების რედ. უფრ.

1

1100

13200

„ „ უმცროსი

1

950

11400

სტენოგრაფიული ოქმების შემდგენ.

8

1100

105600

ეკზეკუტორი

1

800

9600

. ონიაშვილი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის ჰსურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია?

. ონიაშვილი. შემდეგ აქ გახლავთ ეგზეკუტორის თანაშემწის ჯამაგირი, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ ეს თანამდებობა საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ გააუქმა.

თავმჯდომარე. ვის ჰსურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ?

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჩიქავას.

ალექსანდრე ჩიქავა. (ს. დ.) საჭირო არის დარჩეს ეკზეკუტორის თანაშემწის თანამდებობა, იმიტომ რომ საქმეები ძალიან ბევრი აქვს. სოციალ დემოკრატიულ ფრაქციას აზრად აქვს გაუქმდეს ხაზინადარის თანამდებობა. რადგანაც ხაზინადარის თანამდებობა იქნება გაუქმებული, რასაკვირველია ხაზინადარის თანამდებობა უნდა დაეკისროს რომელიმე მოსამსახურეს.

ამისთვის შეუძლებელია ეკზეკუტორის თანაშემწის თანამდებობის გაუქმება. ამის და მიხედვით, სოციალ-დემოკრატულ ფრაქციას შემოაქვს ასეთი წინადადება (კითხულობს). „დარჩეს ეგზეკუტორის თანაშემწის თანამდებობა“.

თავმჯდომარე. ამ რიგად, წინადადება არის სოციალ-დემოკრატიულფრაქციისა: აღდგენილი იქმნეს, პრეზიდიუმის მიერ ნავარაუდევი, ეკზეკუტორის თანაშემწის გაუქმებული თანამდებობა. ვინ არის წინააღმდეგ? წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა მიღებულია. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წინადადება გაუქმდეს ხაზინადარის თანამდებობა. სიტყვა ეკუთვნის ნათაძეს.

ლეო ნათაძე. (ს. დ.) ხაზინადარს, ჩემის აზრით, ისეთი ცოტა მოვალეობა აწევს დამფუძნებელ კრების კანცელარიაში, რომ სრულიად ზედმეტია, მისთვის ცალკე თანამდებობა იყოს დაწესებული. შემოსავალ გასავალი სრულიად არ არის, მარტივია, არც რთულია მოვალეობა. ისე რომ სპეციალურ თანამდებობის დაწესება სრულიად ზედმეტია. ეს მით უფრო საჭირო არ არის იმიტომ, რომ იქ სადაც უფრო დიდი მოვალეობა აწევს, სადაც უფრო მეტი შემოსავალ-გასავალია, - ამ დაწესებულებებში უკვე გაუქმებულია ეს თანამდებობა, მაგალითად სამინისტროებში. სამინისტროს ხაზინადარს ბევრად უფრო დიდი მოვალეობა აწევს, გაცილებით მეტი, ვიდრე აწევს ჩვენს ხაზინადარს. ეს მოვალეობა შეიძლება დაეკისროს კანცელარიის რომელიმე წევრს.

ამიტომ ჩვენ შემოგვაქს წინადადება რომ გაუქმებული იყოს ხაზინადარის თანამდებობა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა. მსურველი არავინ არის. კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი. (ბარათაშვილი წინააღმდეგია) წინადადება სოციალ-დემოკრატიის ფრაქციისა მიღებულია.

დ. ონიაშვილი (კითხულობს).

თანამ. რიცხვი

თვიური ჯამაგირი

წლიური ჯამაგირი

ეკზეკუტორის თანაშემწე

1

650

7.800

ქვესტორი

1

1.100

13.200

ქვესტორის თანაშემწე: უფროსი

1

900

10.800

„ „ უმცროსი

1

800

9.600

ბუხჰალტერი

1

950

11.400

კანცელარიის მოხელე მორიგეობ.

1

650

7.800

ბიბლიოთეკის გამგე

1

950

12.000

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამ. კრ. წევრს ჩიქავას.

ალექსანდრე ჩიქავა. ბიბლიოთეკის გამგისთვის 950 მანეთი ძალიან ცოტა არის. დღევანდელ პირობებში ასეთი თანხით ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ბიბლიოთეკის გამგეს ექნება ძალიან დიდი შრომა. კატალოგები უნდა შეადგინოს, წიგნები უნდა დაალაგოს სხვა და სხვა ნაწილების მიხედვით.

ამისთვის წინადადება შემომაქვს, რომ ბიბლიოთეკის გამგეს მიეცეს 1000 მანეთი.

თავმჯდომარე. ამ რიგად, კენჭს უყრი შესწორებას სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისას, რომ ბიბლიოთეკის გამგეს მიეცეს 1000 მან. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

ონიაშვილი კითხულობს: ბიბლიოთეკის გამგის თანაშემწე 1 - 750 - თვიურად.

ჯამი შეიცვლება აქ მიღებულ ცვლილებების მიხედვით.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მთლად შტატისა? არავინ. მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): საკანცელარიო, საფოსტო-სატელეგრაფო და სხვა სამეურნეო ხარჯებისთვის 100 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): კანცელარიის საჭიროებისათვის დროებით მიწვეულ მომუშავეთა სასყიდლისათვის 10 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): სხვა და სხვა მოულოდნელ შემთხვევის გამო მოსამსახურეთა დახმარებისთვის 15 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): ბიბლიოთეკის შევსებისა და სხვა ხარჯისათვის 200 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): სასტამბო ხარჯისთვის 60 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ჩიქავას.

ალექსანდრე ჩიქავა. სასტამბო ხარჯების დასაფარავად 60 ათასი ძალიან ცოტა არის. აი რატომ.

ყველა კანონ-პროექტი, რომელიც უნდა წარმოსდგეს დამფუძნებელ კრების განსახილველად, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დაბეჭდილი და დაურიგდეს დამფუძნებელ კრების ყოველ წევრს. ეს არის საჭირო, რომ ყველა დამფუძნებელ კრების წევრებმა შეგნებული მონაწილეობა მიიღოს კანონ-მდებლობაში, და ამისთვის კი საჭიროა დიდი სასტამბო ხარჯები. დღევანდელ სიძვირეში 60 ათასი მანეთი სასტამბო ხარჯებისათვის - ეს ძალიან ცოტა არის, და ამიტომ შემომაქვს შემდეგი წინადადება (კითხულობს) - სასტამბო ხარჯები გადიდდეს ასე: 60.000 მან. მაგიერ შეტანილ იქნეს ხარცთაღრიცხვაში ასი ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება გახლავთ. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): დამფუძნებელ კრების წევრთა საგზაო და დღიურ ხარჯისათვის 100 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): კომისიებში მოწვეულ მცოდნე პირთა გასამრჯელოსათვის 20 ათასი მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): გაუქმებულ თანამდებობის პირთა დაკმაყოფილებისათვის 1919 წ. იანვრის, თებერვლის და მარტის ჯამაგირით 6300 მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს): საერთო ჯამი შეცვლილი იქნება მიღებულ ცვლილებების მიხედვით.

ეხლა გახლავთ თვით კანონპროექტი (კითხულობს): კანონპროექტი საქართველოს დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.

მუხლი 1. დამტკიცებულ იქნეს ამ კანონთან დართული საქართველოს დამფუძნებელ კრების 1919 წ. ხარჯთაღრიცხვა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი (კითხულობს) 2 მუხლი, დამტკიცებულ იქნეს ამ კანონთანვე დართული საქართველოს დამფუძნებელ კრების კანცელარიის შტატი და 1919 ხარჯთა აღრიცხვა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

. ონიაშვილი. (კითხულობს) პირველსა და მეორე მუხლში აღნიშნული ხარჯთ-აღრიცხვის სისრულეში მოსაყვანად მიღებულ იქმნეს სახელმწიფოს ხაზინიდან ამა 1919 წ. იანვრის 1-დან წლის დამლევამდე 3 მილიონი 179 ათასი 10 მანეთი (რასაკვირველია ეს საერთო ჯამი შეიცვლება იმ ცვლილებების მიხედვით, რომელთა მიღება ინება დამფუძნებელმა კრებამ).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

ეხლა საერთოდ უყრი კენჭს კანონ-პროექტს ვინ არის წინააღმდეგი! მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი, სხვა და სხვა კომისიების არჩევა, სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ურატაძეს.

სხვა დასხვა კომისიების არჩევა.

გრ. ურატაძე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წინადადება რომ დღევანდელ სხდომაზე არჩეული იქნება შემდეგი კომისიები: (კითხულობს).

1. შრომის კომისია 15 წევრისაგან.

2. თვითმართველობისა 11 „

3. აგრარული 15 „

4. სახალხო განათლების 12 „

5. სახალხო ჯანმრთელობის 9 „

6. სამხედრო 17 „

7. იურიდიული 9 „

8. ხელოვნებისა 10 „

9. საგზაო 9 „

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) ეს კომისიები, რასაკვირველია, საჭირო არის, ამის წინააღმდეგ არა ვართ. მაგრამ გამოტოვებულია ერთი კომისია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის კომისია შესახებ გარეო საქმეებისა.

სწორედ ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა ისეთია, რომ იმ საგნებს, იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ტრიალებენ - მეტად დიდი მნიშვნელობა აქვთ.

საერთაშორისო ხასიათის ყოველ საკითხის თვალყურის დევნა მეტად ძნელია და მეტად მძიმე. ამისთანავე მოგახსენებთ, რომ ეს მეტად საჭიროა. ჩვენ კი თითქმის რომ მოწყვეტილი ვართ ამ საკითხებს. ჩვენ ძალიან გვიან ვიგებთ ბევრ მოვლენებს, და პარლამენტს კი, განსაკუთრებით დამფუძნებელ კრებას არ შეუძლიან დიდი ყურადღება არ მიაქციონ ამ საკითხს.

ამიტომ მე გთხოვთ, დღესვე, რაც გინდ იყოს, სიაში მაინც შეიტანეთ, რომ ეს კომისია არჩეული იყოს.

ეს აუცილებელი საჭიროება, ვინაიდგან ეს საკითხი - არე მოვლენებისა არის უდიდესი საკითხი, სადაც სწყდება ჩვენი ბედი და უბედობა. ამისთანა გარემოებას არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, არ შეიძლება არ გვყავდეს ასეთი კომისია, რომელსაც დაევალება თვალყურის დევნა ამ არესი.

მე წინადადებას ვიძლევი, რომ ეს კომისია ამორჩეული იყოს.

ადრე, როდესაც ჟორდანია ლაპარაკობდა, გატარებული იყო ის აზრი, რომ კომისიები არჩეულ იქნებოდა იმისდა მიხედვით, თუ რა სამინისტრო იქნებოდა. პრინციპიალურად ამის წინააღმდეგი არაფერი უნდა გქონდეთ უნდა აღიაროთ ასეთი მოვლენა, - რომ არე საერთაშორისო განწყობილებისა არის მნიშვნელოვანი. თუ კი ამაზე ვერ იტყვით უარს, თუ ეს მნიშვნელოვანია, - დამფუძნებელ კრებას სჭირია გასაკუთრებული კომისია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ექვთიმე თაყაიშვილს.

ექვთიმე თაყაიშვილი. (ერ. დემ.) მე უნდა მოგახსენოთ ბატონებო, რომ თუ თქვენ ირჩევთ კომისიებს, უფრო საშური არის საბიბლიოთეკო კომისია, ვინაიდან ბიბლიოთეკისთვის თქვენ ეხლა მიიღეთ ბიუჯეტი 200 ათასი იმ მოსაზრებით, რომ აზრად გვაქვს ამ დღეებში შევიძინოთ ერთი კარგა მოწყობილი ბიბლიოთეკა.

ამისთვის გთხოვთ რომ საბიბლიოთეკო კომისია აირჩიოთ დღესვე, ვინაიდან კომისიამ უნდა შეამოწმოს და დაადასტუროს ეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ცინცაძეს.

ნოე ცინცაძე. (ს. დ.) საბიბლიოთეკო კომისიის არჩევის წინააღმდეგნი ჩვენ არა ვართ. მართალია, რომ ეს საკითხი საშუროა, უნდა ავირჩიოთ. დღეს შეიძლება ვერ მოვასწროთ, მაგრამ შემდეგ სხდომაზე მაინც ავირჩევთ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა კომისიას, ასეთი კომისია პარლამენტში მართლაც არსებობდა, მაგრამ ფაქტიურად ის არაფერს არ აკეთებდა. იმას ეხლანდელ პირობებში შეიძლება საინფორმაციოთ ხასიათი მიეცეს. თუ შემდეგში რაიმე ხელშეკრულება დაიდება თავის თავად ცხადია, თუ ასეთი შემთხვევა იქნება, თუ როდესმე დადგება ასეთი მდგომარეობა, მაშინ ჩვენ ამის და მიხედვით ასეთ კომისიას ავირჩევთ. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს მერმე განვიხილავთ. რაც შეეხება მეორე წინადადებას შესახებ საბიბლიოთეკო კომისიის არჩევისა, საკითხი მაშინ დაისმევა როცა საჭირო იქნება. (გვაზავა: ეხლა არ არის საჭირო?) ეხლა არ არის საჭირო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? შემოტანილია სამი წინადადება სოციალ-დემოკრატებისა, რომ არჩეული იქმნეს შემდეგი კომისიები (კითხულობს): შრომის, თვითმართველობის, აგრარული, სახალხო განათლების, სახალხო ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნებისა და საგზაო.

მეორე წინადადება კრების წევრის გვაზავასი.

მესამე წინადადება ექვთიმე თაყაიშვილისა საბიბლიოთეკო კომისიის შესახებ.

კენჭს უყრი პირველ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი?

მიღებულია.

მეორე წინადადება: საგარეო კომისიის შესახებ. ვინ არის მომხრე? უარყოფილია.

მესამე წინადადება. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ დაასახელოთ წევრები. კონსტანტინე ჯაფარიძე (კითხულობს)

შრომის კომისიაში სოც. დემ. ფრაქცია. ასახელებს: 1. გერასიმე მახარაძეს, 2. იოსებ ელიგულაშვილს, 3. ილია ბადრიძეს. 4. ელეონორა-ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძეს. 5. მინადორა ტოროშელიძეს. 6. ანდრია ლოსკუტოვს. 7. ელისაბედ ბოლქვაძეს. 8 გერასიმე შევჩუკს. 9. ვასილ ნოდიას. 10. ფილიპე ლორიას.

სოც. ფედ. ფრაქცია. 1. იესე ბარათაშვილს.

თვითმმართველობის და ადგილობრივ მმართველობის კომისიაში.

სოც.-დემ. ფრაქცია. ასახელებს: 1. დავით ონიაშვილს, 2. მელიტონ რუსიას, 3. ივანე ჭავჭანიძეს, 4. ილია კოპალეიშვილს, 5. გაბრიელ ცისკარაშვილს, 6. ნიკოლოზ ელიავას, 7. იოსებ სალაყაიას, 8. ალექსანდრე ჩიქავას.

აგრარულ კომისიაში.

სოც.-დემ. ფრაქცია ასახელებს: 1. ლავრენტი კიღურაძეს, 2. კირილე ნინიძეს, 3. რაფაელ ჩიხლაძეს, 4. ილია კოპალეიშვილს, 5. სარდიონ თევზაძეს, 6. პავლე ბიულს, 7. ბარნაბ ძველაიას, 8. დიმიტრი გონიაშვილს, 9. იოსებ მაჭავარიანს, 10. ივანე ტატიშვილს.

სახალხო განათლების კომისიაში.

სოც.-დემ. ფრაქცია ასახელებს: 1. ლევან ნათაძეს, 2. ჰაიდარბეგ აბაშიძეს, 3. მოსე დავარაშვილს, 4. ნოე ცინცაძეს, 5. ქრისტინე შარაშიძეს, 6. თედორე კიკვაძეს, 7. ნიკიფორე იმნაიშვილს, 8. პავლე ბიულს.

ჯანმრთელობის კომისიაში.

სოც.-დემ. ფრაქცია ასახელებს: 1. ივანე გომართელს, 2. ელეონორა ტერ-ფერსეგოვა-მახვილაძეს, 3. სიკო ახმეტელაშვილს, 4. ვარლამე შერვაშიძეს, 5. მინადორა ტოროშელიძეს და 6. ვასილ ნოდიას.

სამხედრო კომისიაში.

სოც-დემოკრატები ასახელებენ: 1. სილიბისტრო ჯიბლაძეს, 2. გრიგოლ გიორგაძეს, 3. რუბენ აუშტროვს, 4. კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, 5. ვარლამ ჯუღელს, 6. ალექსანდრე დგებუაძეს, 7. ანანია სალუქვაძეს, 8. ზაქარია გურულს, 9. ანდრო ჭიაბერაშვილს, 10. მუხრან ხოჭოლავას, 11. ვლადიმერ ჯიბლაძეს. 12. ლეონტი ჟღენტს.

იურიდიულ კომისიაში.

სოც.-დემოკრ. ფრაქცია ასახელებს: 1. რაჟდენ არსენიძეს, 2. დავით ონიაშვილს, 3. კირილე ნინიძეს, 4. მელიტონ რუსიას, 5. ილია ფირცხალაიშვილს და 6. ვასილ ნოდიას.

გზათა კომისიაში.

სოც. დემოკ. ფრაქცია ასახელებს: 1. მიხეილ კოვალევს, 2. მოსე დავარაშვილს, 3. პავლე წულაიას, 4. ფილიპე ლორიას, 5. ერმოლოზ კალაძეს, 6. მუხრან ხოჭოლავას.

ხელოვნების კომისიაში.

სოციალ დემოკრატები ასახელებენ: 1. ივანე გომართელს, 2. გრიგოლ ურატაძეს, 3. დავით ჩხეიძეს, 4. ნოე ცინცაძეს, 5. პავლე საყვარელიძეს, 6. რაჟდენ არსენიძეს 7. ლევან ნათაძეს.

კრების შეწყვეტა.

გიორგი გვაზავა. თქვენთვის ადვილია, კომისიის წევრების დასახელება ჩვენთვის კი მეტად ძნელი. თქვენ განაწილება მომზადებული მოგაქვთ, ჩვენთვის კი ძნელია ლაპარაკი კანდიდატებზე. ამიტომ მე გთხოვთ, შეწყვიტოთ კრება ცოტახნით. ან და ჩვენი კანდიდატები შემდეგ დაუმატოთ. (არსენიძე: თქვენ რომ შეგატყობინეთ!) არ მიგვიღია!

რაჟდენ არსენიძე (ს. დ.) ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა ფრაქციებისთვის დაგვეგზავნა რიცხვის შესახებ. მე მგონი მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ ხმები: (ჩვენ არ მიგვიღია!) თუ არ მიიღეთ მომხრე ვარ, რომ შეწყვეტილი იქნეს კრება, თუნდაც ათი წუთით მოსალაპარაკებლად.

თავმჯდომარე. კრებას ვწყვეტ.

კრების განახლება.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. კრება გახსნილია.

კონსტანტინე ჯაფარიძე (კითხულობს) შრომის კომისიაში:

სოც.-რევოლ. ფრაქცია ასახელებს: 1. ლეო შენგელიას.

ეროვ.-დემოკ. ფრაქცია. ალექსანდრე ასათიანს.

თვითმმართველობის და ადგილობრივ მმართველობის კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია ასახელებს: 1. სამსონ ფირცხალავას.

სოც.-რევ. ფრაქცია 1. იოსებ გობეჩიას.

ეროვ.დემ. ფრაქცია: სპირიდონ კედიას.

აგრარულ კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია: 1. გრიგოლ რცხილაძეს.

სოც. რევ. ფრაქცია: 1. ლეო შენგელიას.

ეროვ.-დემ. ფრაქცია: 1. ალექსანდრე ასათიანს.

სახალხო განათლების კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია: 1. შალვა ნუცუბიძეს.

სოც.-რევ. ფრაქცია: 1. გრიგოლ ნათაძეს.

ერ.-დემ. ფრაქცია: 1. ექვთიმე თაყაიშვილს.

სახალხო ჯანმრთელობის კომისიაში:

ერ.-დემ. ფრაქცია: იოსებ მაჭავარიანს.

სამხედრო კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია ასახელებს: სიმონ მდივანს.

სოც.-რევ. ფრაქცია: იოსებ გობეჩიას.

ერ.-დემ. ფრაქცია: პეტრე სურგულაძეს.

იურიდიულ კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია ასახელებს: 1. შალვა მესხიშვილს.

სოც.-რევ. ფრაქცია: 1. ივანე გობეჩიას.

ეროვ.-დემ. ფრაქცია: 1. იოსებ მაჭავარიანს.

გზათა კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია ასახელებს: სიმონ მდივანს.

ერ.-დემ. ფრაქცია: ნიკო ნიკოლაძეს.

ხელოვნების კომისიაში:

სოც.-ფედ. ფრაქცია ასახელებს: სამსონ ფირცხალავას.

სოც.-რევ. ფრაქცია: ივანე გობეჩიას.

ერ.-დემ. ფრაქცია: გერონტი ქიქოძეს.

აქვე გახლავთ (კითხულობს):

სოც. დემოკ. ფრაქციის განცხადება.

სოც. დემოკრატიული ფრაქცია საკონსტიტუციო კომისიაში ასახელებს სერგი ჯაფარიძის მაგიერ, მუხრან ხოჭოლავას.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში კი: მე15-ე წევრად: ლავრენტი კიღურაძეს.

ამ რიგად სხვა და სხვა კომისიებში არჩეულად უნდა ჩაითვალოს შემდეგი პირნი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

ეხლა გთხოვთ დანიშნოთ დღე შემდეგ სხდომისთვის.

არსენიძე. ვინაიდგან მუშაობა კომისიებში ახლად არის დაწყობილი, ამიტომ შემდეგი სხდომის დანიშვნა მივანდოთ პრეზიდიუმს.

თავმჯდომარე. კრება შეწყვეტილია.

კრება იხურება 3 საათსა და 35 წუთზე.

2.6.1 მეშვიდე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

მეშვიდე სხდომა

1919 წელი. აპრილის 4. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომრის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის პირველის ნახევარზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ.

გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. სანამ დღიურ წესრიგზე გადავიდოდეთ, უნდა მოგახსენოთ შემდეგი: ერევნიდან მოსულია ოსმალეთის სომეხთა მოსალოცი დეპეშა. (კითხულობს)

Господину предсѣдателю Учредительнаго Собраня Грузи.

Исполнительный Комитет Турецкихъ армянъ шлетъ горячიя привѣтствიя Учредительному Собранიю Грузიи.

Комитетъ вѣритъ, что Учредительное Собранიе, внеся въ страну (народахъ) спокойствიе должно способствовать укрѣпленიю завоеванიй революцიй и тѣмъ болѣе должно закрѣпить возможности неизменнаго и свободнаго существованიя мелкихъ народостей.

Вѣковые сосѣды, два народа, судьба коихъ такъ тесно связана; изъ нихъ Грузიя была болѣе счастлива в дѣлѣ осуществленიя своихъ нацიональныхъ идеаловъ. Учредительное Собранიе должно быть концомъ вѣковыхъ мученიй и началомъ вѣчнаго счастья.

Президумъ исполнительнаго комитета турецкихъ армянъ.

თავმჯდომარე. ნება მომეცით საპასუხო დეპეშა გაუგზავნოთ.

(ხმები: გთხოვთ, ინებეთ!).

კომისიებში გადასაცემი კანონპროექტების სია.

მდივანი. დამუშავებულია შემდეგი კანონ-პროექტები, რომელთაც პრეზიდიუმი საჭიროდ სცნობს, გადასცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას: (კითხულობს)

1. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი - საბაჟო დაწესებულ მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გადიდების შესახებ.

2. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი - საბაჟო მოსამსახურეთათვის ზედმეტი მუშაობისათვის გასამრჯელოს ნორმების დაწესებისა.

3. გზათა მინისტრის კანონპროექტი - სახაზინო და კახეთის რკინის გზაზე ტარიფის გადიდებისა.

4. გზათა მინისტრის კანონპროექტი - რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტებისთვის ჯამაგირის მომატებისა.

5. მიწადმოქმედების მინისტრის მოხსენება - მიწების მიმღებ კომისიების წევრთ და მოსამსახურეთათვის საგზაო და დღიური სარგოს გადიდებისა. გადაეცეს აგრარულ და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიებს.

6. ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი - ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთ ზომების შესახებ.

დღიური წეს-რიგი გახლავთ შემდეგი:

1. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელ კრების წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთ გასამრჯელოს კანონისა.

2. კანონპროექტი - დამფუძნებელ კრების რეგლამენტისა.

3. სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება მცირე კომისიების დაწესებისა, ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზიისათვის.

4. ახალციხის ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილი კომისიის მოხსენება.

სოც. დემ. ფრაქციის წინადადება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ცინცაძეს.

ნოე ცინცაძე. (ს.დ.) ჩვენ შემოგვაქვს წინადადება: ახალციხეში მომხდარ ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილ კომისიის მოხსენება იყოს მეორე საკითხად.

რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, მესამედ - დარჩება რეგლამენტი დამფუძნებელ კრებისა, და მეოთხედ - მცირე კომისიის არჩევნები.

აი ასეთი წინადადება შემოგვაქვს ჩვენ.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ, - ახალციხეში მომხდარ ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილ კომისიის მოხსენება იყოს მეორე საკითხად დასმული, დამფუძნებელ კრების რეგლამენტი - მესამედ.

მაშასადამე, თანახმად წინადადებისა, თუ კრება გაიზიარებს, მაშინ დღიური წესრიგი იქნება ამისთანა:

საბოლოო ტექსტი,

ახალციხის მომხდარ ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილ კომისიის მოხსენება.

დამფუძნებელ კრების რეგლამენტი.

ამ მცირე კომისიის არჩევნები.

ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობის კანონისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობის კანონისა.

-ნი სოლოღაშვილისა. საბოლოო ტექსტი კანონისა დამფუძნებელი კრების წევრობის და მოხელეობისა და წევრთა გასამრჯელოსი.

მე მინდა მოგახსენოთ ის შესწორებანი, რომელიც შეიტანა სარედაქციო კომისიამ.

სარედაქციო კომისიამ შეიტანა მცირეოდენი შესწორება თვით სათაურში: დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ტექსტში იყო: (კითხულობს)

კანონპროექტი დამფუძნებელ კრების წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა დიეტისა (გასამრჯელოსი) კომისიამ მიიღო: კანონი დამფუძნებელი კრების და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოსი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე მიღებულია.

-ნი სოლოღაშვილისა. პირველი მუხლი. ძველი რედაქცია იყო ასეთი: (კითხულობს).

1. დამფუძნებელ კრების წევრობა და სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელია.

კომისიამ მიიღო: (კითხულობს).

1. დამფუძნებელი კრების წევრობა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ვის ნებავს? მსურველი არავინ არის. წინააღმდეგი ვინ არის? არავინ. მიღებულია.

-ნი სოლოღაშვილისა. პირველი მუხლის მეორე ნახევარი, კომისიამ შენიშვნის სახით შეიტანა. აქ ჩამოთვლილია ყველა ის თანამდებობა, რომელიც შეიძლება შეუთავსდეს საქართველოს დამფუძნებელ კრების წევრობას. აი ამიტომ კომისიამ უფრო სწორედ მიიჩნია, რომ ეს იყო შენიშვნის სახით.

ძველი რედაქცია იყო ასეთი: (კითხულობს).

ეს დებულება არ ვრცელდება, მინისტრებსა, მათს ამხანაგებსა, სახელმწიფო კონტროლიორისა, მის ამხანაგსა, ელჩებსა, უმაღლეს სკოლის პროფესორებსა, პრივატდოცენტებსა და მასწავლებლებზედ. არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის წევრებზედ. აქ ჩამოთვლილ თანამდებობათა შეთავსება შესაძლებელია.

კომისიამ მიიღო. (კითხულობს).

შენიშვნა: ეს დებულება არ ვრცელდება: მინისტრებსა, მათს ამხანაგებსა, სახელმწიფო კონტროლიორსა, მის ამხანაგსა, ელჩებსა და უმაღლეს სკოლის პროფესორებსა, პრივატდოცენტებსა და ლექტორებზედ. არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის წევრებზედ. აქ ჩამოთვლილ თანამდებობათა შეთავსება დამფუძნებელი კრების წევრობასთან შესაძლებელია.

მაშასადამე პირველი მუხლი ასეთი არის (კითხულობს).

1. დამფუძნებელი კრების წევრობა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელია.

შენიშვნა: ეს დებულება არ ვრცელდება: მინისტრებსა, მათს ამხანაგებსა, სახელმწიფო კონტროლიორსა, მის ამხანაგსა, ელჩებსა და უმაღლეს სკოლის პროფესორებსა, პრივატდოცენტებსა და ლექტორებზედ. არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის მთავარ-შტაბის წევრებზედ. აქ ჩამოთვლილ თანამდებობათა შეთავსება შესაძლებელია.

თავმჯდომარე. მაშასადამე ეს მეორე ნახევარი ამ მუხლისა შენიშვნის სახით მიდის. სურს ვისმეს ამის შესახებ სიტყვა თუ არა? არავის. მაშასადამე მიღებულია.

-ნი სოლოღაშვილისა. მეორე მუხლი. ძველი რედაქცია იყო ასეთი: (კითხულობს).

ადგილობრივ თვითმართველობათა გამგეობის წევრებს არ აეკრძალებათ იყვნენ იმავე დროს დამფუძნებელ კრების წევრად.

ახალი რედაქცია ასეთია: (კითხულობს).

2. ადგილობრივ თვითმართველობათა გამგეობის წევრს არ აეკრძალება იყოს იმავე დროს დამფუძნებელი კრების წევრად.

თავმჯდომარე. წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე მიღებულია.

-ნი სოლოღაშვილისა. მესამე მუხლი უცვლელად არის მიღებული.

მე-4 მუხლი. ძველი რედაქცია იყო ასეთი: (კითხულობს).

4. ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ და მეორე მუხლში არიან მოხსენებულნი, გასამრჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით.

ახალი რედაქცია არის ასეთი: (კითხულობს).

1. თანამდებობის პირნი, პირველსა და მეორე მუხლში მოხსენებულნი, გასამრჯელოს მიიღებენ ერთ-ერთ ადგილიდან, რომელსაც ამოირჩევენ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

-ნი სოლოღაშვილისა. 5 მუხლი. აქ მარტო სტილისტიური შესწორებები არის. ძველი რედაქცია იყო ასეთი: (კითხულობს).

1. ყოველი წევრი, რომელიც შეუთავსებელს თანამდებობას ასრულებენ, მოვალეა დღიდან ამ კანონის მიღებისა ერთის თვის განმავლობაში შემოიტანოს განცხადება, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰკარგავს დამფუძნებელ კრების წევრის უფლებას და მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი სათანადო სიიდან.

ახალი არის ასეთი: (კითხულობს).

1. ყოველი წევრი, რომელიც შეუთავსებელ თანამდებობას ასრულებს, ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის მიღებისა შემოიტანოს განცხადება, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰკარგავს დამფუძნებელი კრების წევრის უფლებას და მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი სათანადო სიიდან.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

-ნი სოლოღაშვილისა. 6 მუხლი უცვლელად არის მიღებული.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მაშასადამე მთელი კანონ-პროეკტი მიღებულია.

ახალციხეში მომხდარ ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილ კომისიის მოხსენება. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ანჯაფარიძეს.

ახალციხის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება

. ანჯაფარიძე (ს. დ.) მოქალაქენო, ახალცხის მაზრაში მომხდარ ამბებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე სხვა სახელმწიფოებშიც, განსაკუთრებით ერთ ჩვენს მეზობლად მდებარე რესპუბლიკაში.

საუბედუროდ ამ საქმის გარშემო, პროვოკაციამ იჩინა თავი, რომელსაც სარჩულად განსაზღრული პოლიტიკური მიზანი აქვს. თქვენ გეხსომებათ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელი არაჩვეულებრივი სხდომები და იქ მომხდარი კამათი.

ორი მთავარი დებულება იყო იქ წამოყენებული.

პირველი - ახალციხეში მოხდა ხალხის აჯანყება საქართველოს წინააღმდეგ; მეორე - ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო მთელ მუსლიმანობამ, მთელ ხალხმა და ეს აჯანყება იყო გამოწვეული ჩვენი ჯარის და ადმინისტრაციის უწესობით.

ჩვენი მეზობლები დღეს გაიძახიან: „ახალციხის მაზრის მუსლიმანებს არ სურთ საქართველო. რუსეთის რევოლიუციის მონაპოვრის ხალხის თვით-გამორკვევის უფლების თანახმად, მას სურს შეადგინოს საკუთარი სახელმწიფოებრივი სხეული, და საქართველო კი, რომელსაც თავი დემოკრატიულ რესპუბლიკად მოაქვს, ცეცხლით და მახვილით ანადგურებს ამ თავისუფლობის მოყვარე ხალხს“-ო.

რამდენად მართალია ეს? - აი ის მიზანი, რომელიც დაისახა იმ კომისიამ, რომელიც იყო ახალციხის მაზრაში გაგზავნილი და რომლის სახელით მაქვს პატივი მოგახსენოთ ნამდვილი სურათი მომხდარ ამბებისა, მთელ სამაჰმადიანო საქართველოში.

ჯერ კიდევ რუსეთის ბატონობის დროიდან, ოსმალები ფართოდ აწარმოებდნენ პანისლამისტურ, ან უკეთ რომ ვსთქვათ, პანთურქისტულ აგიტაციას. ყველა იმ ადგილებში, რომელსაც სამაჰმადიანო საქართველო ჰქვიან, მრავლად დაინახავდით ოსმალეთის ემისრებს. მრავალი ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ აქ ოსმალეთის სასარგებლოდ ნიადაგი მომზადებულიყო. ცნობილია, რომ ოსმალეთი ჩინებული პოლიტიკოსია, და მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს მაშინ არ სურდა გარეშე რუსეთისა ყოფნა, და ამიტომ ის დარწმუნებული იყო, რომ თუ კი ქრისტიანი ქართველები დაუახლოვდებოდნენ თავის ღვიძლ ძმებს მუსლიმან-ქართველებს და კულტურულად შემოიერთებდნენ მათ, რასაკვირველია ამ უკანასკნელში ოსმალებს სრული ნიადაგი დაეკარგებოდათ, ამიტომ პანთურქისტულ აგიტაციას სამაჰმადიანო საქართველოში კონკრეტულად საქართველოს საწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდა. ოსმალებმა, კავკასიაში ძალიან გულწრფელი თანამშრომელი ჰპოვეს ადერბეიჯანელებში. მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც პანისლამიზმის აგიტაციას განსაკუთრებული გამოცოცხლება დაეტყო, ბაქოს მუსულმანთა საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელნი მუშაობდნენ ბათომის და ყარსის ოლქში, აგრეთვე ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში. ეს მოღვაწეები ვითომც და საქველმოქმედო მიზნებს ისახავდნენ, მაგრამ სინამდვილეში კი განავითარებდნენ სასტიკ პანთურქისტულ აგიტაციას, და განსაკუთრებით ეს აგიტაცია იყო ქართველების წინააღმდეგ მიმართული. მეთაურობდა ამ აგიტაციას, ამ მოღვაწეობას კარგად ცნობილი ექიმი სულთანოვი. ახირებულია ის გარემოება, რომ რუსეთის მთავრობა ძალიან გულ-გრილად უყურებდა ასეთ მუშაობას, პირიქით ზოგჯერ მხარსაც უჭერდა. ახალციხის მაზრაში ორი მაზრის უმფროსი იყო, ორივე ტომით ინგუში. ისინი აშკარად დადიოდნენ ხალხში და არა თუ აგიტაციას ეწეოდნენ, პირდაპირ შეარაღებულ აჯანყებისთვისაც მოუწოდებდნენ ხალხს.

ერთი მათგანი აშკარად ლაპარაკობდა: „საქართველო, რომ აქ ჩამოვიდეს, დაუახლოვდეს ადგილობრივ მკვიდრთ საკმარისია 10-15 წელიწადი, რომ მთელი აქაური მაჰმადიანობა გაქართველდეს, ამიტომ ჩვენ მოვალეობას შეადგენს, ყოველივე კავშირი შევწყვიტოთ საქართველოსთან“. ან მეორე უფრო პრაქტიკოსი გამოდგა. ეს რასაკვირველია აგიტაციას ეწეოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მიუთითებდა ხალხს იმ გარემოებაზე, რომ აუცილებელია შეიარაღება. ყოველ მუსულმანს ის ელაპარაკებოდა: - „საჭიროა თქვენთვის ერთი ქათამი და 100 კვერცხიო, ესე იგი 1 თოფი და 100 პატრონა“-ო.

ადგილობრივი ქართველი მუსულმანობა გულგრილად უყურებდა ასეთ აგიტაციას. ყოველ შემთხვევაში არ არის მაგალითი იმისი, რომ იგი აშკარად მიმხრობოდა ამ მოძრაობას, მაგრამ ზოგიერთ გადაგვარებული ელემენტი აქაც მოიძებნება. 1905 წელს იქ დაბინავდა თქვენგან კარგად ცნობილი ომარ ფაიყი მუსულმანურ-თურქულ ლიტერატურაში ცნობილი მწერალი. ის, როგორც კი დაბრუნდა ოსმალეთიდან მაშინათვე შეუდგა პანისლამისტურ აგიტაციას და ოსმალეთის სასარგებლო ნიადაგის მომზადებას. ამ ნიადაგზე მუშაობდნენ აგრეთვე სეიმის ყოფილი წევრი პეპინოვი, სერვედბეგ-ათაბეგოვი,

ადგილობრივი მსხვილი მემამულეები და სხვები. რევოლიუციის პირველ ხანებში ეს მოძრაობა ცოტა არ იყოს შედუნდა, რადგანაც ხალხმა დაინახა ფართოთ პერსპექტივები თავისუფლების მოპოვებისა.

უნდა მოგახსენოთ, რომ ახალციხის მაზრაში მიწის საკითხი ძალიან მწვავედ სდგას და როდესაც ხალხმა მართლა დაინახა, რომ შეუძლიან ბოლოს და ბოლოს მიწა მიიღოს და ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდეს ბეგებისაგან, რასაკვირველია ის მომხრე გახდა რევოლიუციისა და ზურგი შეაქცია იმათ, ვინც მას ოსმალეთისაკენ მოუწოდებდა.

მაგრამ საუბედუროდ, რევოლიუციის პირველ ტალღებს მოჰყვა ანარქია, რომელიც გაბატონდა სამწუხაროდ იმ ადგილებში, სადაც მუსულმანები მოსახლეობდნენ. და როდესაც დადგა საფრთხე ბოლშევიზმისა, რუსის ჯარის კაცების ცარცვა გლეჯისა და სხვა გარემოებით ფართოდ ისარგებლეს პანთურქისტებმა.

1917-წელს 17-ნოემბერში ახალციხეს მაზრაში მოხდა ყრილობა კავკასიაში მოსახლე ყველა მუსულმანებისა. იქ სხვათაშორის უნდა გადაეწყვიტათ საბოლოოდ ბედი მუსულმანებისა. პირველ სხდომის შემდეგი სხდომები დახურულ კარებში სწარმოებდა და ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ იქ უპირველეს ყოვლისა, გადაწყვეტილი იყო ყოველგვარი კავშირი შეეწყვიტათ საქართველოსთან, რადგანაც რევოლიუცია, კონკრეტიულად საქართველოს სახით წარმოადგენდა მათთვის საფრთხეს. აქ ასეთი გადაწყვეტილებაც კი მიეღოთ: „იმისთვის, რომ მიზანს მივახწიოთ, ესე იგი, საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი შევწყვიტოთ, საჭიროა მთელი ბორჯომის გზა გავანადგუროთ, ხიდები ავაფეთქოთ, და ყოველივე მსვლელობა შევწყვიტოთ ამ გზაზე, რომ საქართველო ბორჯომის აქეთ არ იყოსო. შევქმნათ სახელმწიფო ყარსისა, არდაგანისა და ბათუმის ოლქებისაგან, რომელსაც შეიძლება მიუმატოთ ახალციხე და ახალქალაქი. ყარსი ჩვენი ციხე იქნებაო, არდაგანი გამოგვკვებამს პურით და სხვა სურსათით და ბათუმი კი თბილისის ადგილს დაიჭერს, რადგანაც ის დაგვაკავშირებს დასავლეთ ევროპასთან, იყვნენ ზოგიერთნი, რომელნიც ლამობდნენ, ამ სახელმწიფოსათვის ავტონომიის მოპოებას ოსმალეთის ფარგლებში, მაგრამ მაინც და მაინც ამ უკანასკნელ საკითხს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ.

თქვენ იცით კარგად, რომ შემდეგ, მიუხედავად იმ გმირულ ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებდა ერთი ჯგუფი მცირეოდენი ჯარისა ნიჭიერ მხედრის ღენერალ მაყაშვილის ხელმძღვანელობით, რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით, ჩაგვებარებინა ახალციხე ოსმალეთისთვის. ამრიგად ოსმალეთმა სისხლის დაუღვრელად ჩაიბარა მესხეთი და ჯავახეთი. ხალხი, ვიმეორებ, ხალხი განს იდგა, მონაწილეობას არ ღებულობდა ამ მოძრაობაში, და როდესაც ოსმალეთი ჩამოვიდა, ყველასათვის აშკარა გახდა, რა დიდ უბედურებაში ჩააგდო ეს ხალხი ზოგიერთმა ავანტიურისტმა.

ხალხმა იგემა ის დიდი ბეგარა, რომელიც მას დაადო ოსმალეთმა. რასაკვირველია ძალიან ფართო ხასიათი ჰქონდა აგრეთვე პირად შეურაცხყოფას, და ამბობდნენ ვითამც ომარ ფაიყი უკმაყოფილო ყოფილიყო, რომ ავტონომია არ მიანიჭა ოსმალეთმა ახალციხეს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოსმალეთის პანთურქისტები უყურებდნენ როგორც თავის სახელმწიფოს და მის წინააღმდეგ არ იბრძოდნენ.

მსოფლიო ომის მსვლელობით შეიცვალა ოსმალეთის მდგომარეობა და ის იძულებული შეიქმნა დაეცალა ახალციხე და ახალქალაქის მაზრები, მაგრამ ოსმალეთი, რასაკვირველია, არ ფიქრობდა ისეთის მშვიდობიანობით დაეცალა ეს მხარე, როგორც ჩვენ დავსცალეთ იგი თავის დროზე პირიქით იგი სცდილობდა როგორმე ისეთი პირობები შეექმნა ადგილობრივ, რომ დიდ გაჭირვებაში ჩაეგდო საქართველოს სახელმწიფოებრივობა თუ კი საზოგადოდ მოხდებოდა ამ გვარის ქართველებისაგან დაჭერა. აქ წარმომადგენელი ოსმალეთისა იყო ვინმე ხალილ-ფაშა, მან შეჰქნა მჭიდრო ორგანიზაცია ადგილობრივ ელემენტებისაგან, მსხვილ მემამულეებში, რომელთაც საქართველო იმიტომ არ უნდოდათ, რომ საქართველოს შემოსვლასთან ერთად შემოვიდოდა აგრარული რეფორმა, მათ წაერთმეოდათ ყოველივე ბატონობა ხალხზე. ეს ერთი, მეორეს მხრივ, საუბედუროდ, ახალციხეში ოსმალოს ხალხის ერთი ჯგუფი, ტომით არა ქართველი, დაინტერესებული იყო იმაში, რომ ქართველები არ ჩამოსულიყვნენ ახალციხეში, ახალციხის მაზრაში რადგანაც მათ სურდათ სულ სხვა სახელმწიფოს ფარგლებში ყოფნა. მე ვამბობ სომხებზე. წარმოიდგინეთ, რომ მოხდა შეთანხმება თურქოფილ ბეგებსა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ სომხებისა. რასაკვირველია, მთელი სომხის ხალხი არ ერია ამ შეთანხმებაში, მაგრამ მათი მეთაურები კი თითქმის ყველა! მოხდა შეთანხმება იმ ნიადაგზე, რომ მესხეთი და ჯავახეთი უნდა დაეყოთ ერთმანეთ შორის. ჯავახეთი უნდა მისცემოდა სომხებს, და მესხეთი კი იმ სახელმწიფოს, რომელსაც ქმნიდა სერვედ-ბეი და სხვები. არჩეულ იქნა შერეული დელეგაცია სომხებისა და მუსულმანებისა, რომელიც გაემგზავრა ჯერ ახალქალაქში და შემდეგ ერევანში. მე არ ვიცი, რა შედეგები მოჰყვა ამ დელეგაციას, მაგრამ აღსანიშნავია ეს გარემოება, რომ სომხეთთან ომი ჩვენ მოგვივიდა სწორეთ ამ დროს და ჩვენ ვიცით, რომ სომხების მოთხოვნილებაში ახალქალაქის მაზრაც იყო დასახელებული. დელეგაციის მუსლიმანთა ნაწილმა ახალქალაქიდან გაგზავნა დეპეშა კონსტანტინოპოლში, მოკავშირეთა მისიების სახელზე. ამ დეპეშაში ისინი პროტესტს აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ საქართველო, რომელსაც ჰყავს მოყვარედ გერმანია, ცდილობს ძალით ჩაიგდოს ხელში ახალციხის და ახალქალაქის მაზრები, სადაც მუსულმანები შეადგენდნენ 100,000 და სომეხი კი 70,000 მეტ მცხოვრებლებს, და რომ არც ერთს მათგანს არ სურთ საქართველო, „რომელიც თვით ცურაობს ანარქიისა და ცარცვა გლეჯის მორევში“. ამიტომ ისინი სთხოვდენ მოკავშირეებს მიეღოთ ისინი თავის მფარველობის ქვეშ. და თუ ეს შესაძლებელი არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, ისე მოახერხონ საქმე, რომ ეს მაზრები დარჩეს ძველი ბატონის, რუსეთის მფარველობის ქვეშ რა შედეგები მოჰყვა ამ დეპეშას, ჩვენ არ ვიცით.

მაშასადამე ადგილობრივ, ახალციხეში იყო შექმნილი ერთგვარი მთავრობა. ხალილ-ფაშამ ამ მთავრობას დაუტოვა 200 გადაცმული ასკერი და რამდენიმე ოსმალური ოფიცერი. გარდა ამისა, ახალციხიდან წასვლისას მან ერთი პროვოკაცია ჩაიდინა. მან დაურიგა ადგილობრივ მუსულმანებს უთვალავი იარაღი და ტყვია-წამალი და მასთან არწმუნებდა: „ეს თოფ იარაღი საჭირო არის საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც არა სგზით არ უნდა იყოს შემოშვებული მესხეთ-ჯავახეთში“-ო. მაგრამ მაინცა და მაინც დიდი წინააღმდეგობა ჩვენი ჯარებისთვის არ იქნა გაწეული. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თვით ჩვენ მოწინააღმდეგეებში უთანხმოება მოხდა, რამდენიმე ბეგი გამოეყო სერვედბეის ამხანაგებს. მათ აშინებდათ ჩვენი ჯარის ძლევამოსილობა. ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ვერ გაუძლებდნენ ჩვენი ჯარის იერიშებს. და გადაწყვიტეს მისი სისხლის დაუღვრელად შემოშვება. კიდევაც 4 დეკემბერს, როგორც ვიცით, ჩვენი ჯარი შევიდა ახალციხეში. სერვედბეიმ არ ისურვა აქ დარჩენა და ხალილ-ფაშასთან ერთად გაიხიზნა და თან წაიყვანა თავისი მომხრეები. პანთურქისტები ადგილობრივ მაინც დარჩნენ და რასაკვირველია არ იყვნენ ჩვენი მომხრენი და არც მორჩილობა გამოუცხადებიათ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ისინი მიყუჩდნენ დროებით მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ მოხერხებულ დროს ეპოვნათ საშუალება და აჯანყება მოეხდინათ. სამწუხაროდ - ჩვენდა, ის ჯარი, რომელიც ახალციხეში ჩავიდა, არ იყო საკმაოდ ძლიერი რიცხვით. ამ გარემოებამ რასაკვირველია დიდი იმედები ჩაუნერგა ჩვენ მოწინააღმდეგეებს. როდესაც ჩვენმა მთავრობამ დაიწყო აქ აგრარულ რეფორმის გატარება, იმან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, ეს რასაკვირველია აშკარაა, ამას დამტკიცება არ სჭირია. აქ მოხდა გლეხების ყრილობა, როგორც თქვენ იცით, ყრილობას დაესწრნენ ყველა სოფლის წარმომადგენლები, და ამ ყრილობამ ერთ ხმად გადასწყვიტა, რომ იყოს საქართველოს ფარგლებში. და ყველა თითქმის მოითხოვდა ჩქარა აგრარულ რეფორმის გატარებას. ეს საბაბი იყო, რასაკვირველია, ჩვენ მოწინააღმდეგეებისთვის, რომ მათ დაეჩქარებინათ თავიანთი მოქმედება. უპირველესყოვლისა მათ დაიწყეს პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ ნიადაგზე. მიწების დარიგების ნიადაგზე. ისინი ლაპარაკობდნენ: „მიწებს თქვენ ვინ მოგცემთ, ეს თავის დღეში არ მომხდარა. და თუ ჩვენ მიწებს გვართმევენ ეს იმიტომ, რომ საქართველოში მიწა ძალიან ცოტა არის და ხალხი ძალიან ბევრი. საქართველოს სურს ტეტიები რაჭველები გადმოასახლოს აქ, თქვენ კი ყველანი ამოგხოცოთ“-ო. სწორედ ამ დროს ასეთი აგიტაციის და საზოგადოდ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობის გამო, დაჭერილი იყო ომარ-ფაიყი და სხვები, მათ იცნობდნენ როგორც ნასწავლ კაცებს და ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ამაზე მიუთითეს ხალხს. აი თქვენ ხედავთ, თქვენ მეთაურებს იჭერენ, რომ თქვენ ცხვრის ფარასავით წაგიყვანონ, და ახალციხის ახალქალაქის მაზრა გააქართველონო. ხალხს სჯეროდა ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არავითარი აქტივობა ჩვენს წინააღმდეგ არ გამოუჩენია. ეს აშკარაა. თქვენ კარგად იცით, რომ სომხეთის ომის დამთავრების შემდეგ მოხდა დემობილიზაცია, რომელიც შეეხო იმ მცირე რიცხოვან ჯარსაც, რომელიც იდგა ახალციხეში. ამ დემობილიზაციის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები ძალა დარჩა აქ. მაშინ იქაურმა მეამბოხეებმა, რომელნიც ფოცხოვის რაიონში იყვნენ, იერიში მოიტანეს ჩვენს წინააღმდეგ.

აი აქ მე უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებაზე. ლაპარაკობდნენ, ვითომც, საომარი მოქმედება ფოცხოვის საზღვრებზე იყო გამოწვეული ჩვენი ჯარის უწესობით, რასაკვირველია შესაძლებელია, რომ ჯარს უწესობა მოეხდინა. მაგრამ, მე ამას კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ იყო მიზეზი აჯანყებისა, ეს ასე რომ იყოს აჯანყება, უეჭველად დაიწყობოდა იქ, სადაც უწესობა მოხდა. მაგრამ ფართოთ იმ ადგილებს, სადაც საზღვარი იყო იქაც კი, სადაც ჩვენი ჯარი არც კი მდგარა, ის არ მოედობოდა არასგზით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საომარმა მოქმედებამ პირველადვე ფართო ხასიათი მიიღო.

ჩვენი ჯარი მცირე რიცხოვანი იყო და ის იძულებული შეიქნა დახეულიყო უკან. საომარი მოქმედება გრძელდებოდა. და სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარი იმარჯვებდა, უცებ მეამბოხენი მოექცნენ ჩვენ ჯარს ზურგს უკან, რასაკვირველია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ამ გარემოებამ ჩვენი ჯარი, პსიქოლოგიური გავლენაც იქონია. გაისმა: „აქ ღალატია“. და თქვენ იცით რა გავლენა აქვს ასეთ ხმებს. ზურგს უკან მეამბოხენი მოექცნენ ჩვენ ჯარს სწორედ იქ, სადაც სომხების სოფლები იყო. მოხდა დახევა ჩვენი ჯარისა ჯერ სოფლიდან და მერე ახალციხიდან. საუბედუროდ ისე სწრაფი იყო დახევა, რომ არავინ ამას არ მოელოდა. და ქართველი ელემენტები. ქრისტიანი ქართველები, რომელნიც ჩვენ ჯართან ერთად იბძოდენ, აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნენ. იმათ ერთი წუთიც არ დარჩათ იმისთვის, რომ ევაკუაცია მოეხდინათ თავის ქონებისა და გახიზნულიყვნენ სადმე. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთ სახლებში ანთებული ლამფები ჩაუქრობელი დარჩათ, ისე სწრაფი შეიქნა გამოქცევა. რასაკვირველია, მის შემდეგ, რაც ჩვენი ჯარი წამოვიდა, სანამ სხვა რაიმე ძალა დაიჭერდა მის ადგილს, მოხდა საშინელი დარბევა, ცარცვა-გლეჯა. ყველა ქართველი სოფლები დარბეული იქნა ძალიან ბევრი, ასობით არის დახოცილ დაჭრილი, ბევრი ტყვედ წაყვანილი, განსაკუთრებით ქალები.

საზოგადოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ქართველი ქრისტიანების მდგომარეობა აუტანელია ახალციხის მაზრაში. ახალციხეში თქვენ დაინახავთ ძალიან ბევრს დაავანტყოფებულ და დამშივრებულ მოხუცებულ ქალებს, რომელიც ტალახიან ქუჩებში ღონემიხდილნი ყრიან.

მეორე დღეს ჩვენი ჯარის წამოსვლისას ჩამოვიდა იქ რაზმი, რომელსაც სერვეთბეი მეთაურობდა. ის არ იყო ბრბო, როგორც ჩვენ გვესმის. ჩვენ ვიცით კარგათ, რომ ერთი წლის განმავლობაში იქ, სადაც, ოსმალეთი შემოვიდა ხალხს სწვრთნიდნენ საომარ მოქმედებისთვის; ამისთვის ოსმალეთიდგან გამოგზავნილი იყვნენ ოფიცრები, ჩაუშები, ესე იგი უნტერ ოფიცრები, რომელნიც ასწავლიდენ ხალხს, როგორც ჯარის კაცებს; საკმაო იარაღიც ჰქონდათ დარიგებული. მათ ყავდათ ოფიცრები და სხვათაშორის გარეული იყო ამ ხალხში ოსმალეთის ოფიცრები და ასკერები. ეს აშკარაა, ამას ლაპარაკობენ თვით მაჰმადიანები. იმათ სთქვეს: ჩვენ კიდევაც ვიცანით ის პირები, რომელნიც რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ ახალციხეში. როდესაც ახალციხე დაიჭირეს სერევეთბეის ჯარებმა, სერევეთბეი შეეცადა, რომ იქ შეექმნა რაიმე სახელმწიფო აპარატი. ის არ გამოდიოდა, როგორც კერძო პიროვნება, ის იყო წარმოდგენილი ეგრედწოდებულ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიისა. ახალციხის, ახალქალაქის მაზრაში მათ შეჰქმნეს დროებითი კომისარიატი. თავმჯდომარე ამ კომისიარიატისა იყო თვით სერვეთბეი. მათ სურდათ, როგორც ეტყობა, ეს კომისარიატი ეროვნებათა წარმომადგენლობის ნიადაგზე შეექმნათ. მან მიმართა ოფიციალურად ყველა ეროვნებებს, წარმოიდგინეთ ქართველებსაც კი მიმართა თურმე, გავერანებულ გაცარცულ ქართველებს, მაგრამ, რასაკვირველია, ქართველებმა პასუხიც არ გასცეს, მიმართა აგრეთვე სომხებს. კომისიამ ვერ გამოარკვია, ამის საბუთები ადგილობრივ ვერ ნახა, მიიღეს თუ არა სომხებმა მონაწილეობა. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არ მიუღიათ სომხებს ოფიციალურად მონაწილეობა ამ კომისარიატში. თუმცა სერვეთბეის ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე თვით დაუნიშნავს ერთ დიდ თანამდებობაზე, ფინანსთა კომისრად, მაგრამ მას უარი განუცხადებია ამ თანამდებობაზე და ფაქტიურად ის არ მუშაობდა. რუსების წარმომადგენლები კი იყვნენ იმათ დიდი სიამოვნებით მიიღეს მათი თანამდებობანი და კიდევაც ძალიან ენერგიულად მუშაობდნენ ამ ნიადაგზე. სერვეთბეის დაუნიშნავს აგრეთვე ერთი კაცი, რომლის დედა ქართველია თურმე, დაუნიშნავს თავისი ნებით და მიუნდვია მისთვის ქართველების წარმომადგენლობა. რასაკვირველია ქართველები იმას თავის წარმომადგენლად არ სთვლიდნენ, მაგრამ, მაინც, ის ითვლებოდა ოფიციალურად ქართველების წარმომადგენლად. თითონ ის რუსია ტომით, დედა კი ქართველი ჰყავს.

ეს კაცი იყო თანაშემწე სერვეთბეის. მაშასადამე, ამ კომისიარიატს ჰქონდა სახელმწიფოს ყველა ფუნქციები. წარმოიდგინეთ, რომ ჯარის ორგანიზაციასაც კი შეუდგა სერვეთბეი. ამ მიზნით მან მოიწვია ერთი პოლკოვნიკი, რუსი, ალბად ის ბათუმიდან ჩამოვიდა. და ჩვენ შტაბში ვნახეთ დოკუმენტები, საიდანაც სჩანს, რომ ის რუსი შეუდგა მართლაც მუშაობას. მას წარმოუდგენია სერვერბეის დასამტკიცებლად პროექტი ჯარის შესადგენათ. და ამ პროექტში იყო ნათქვამი, რომ ჯარი უნდა შესდგეს ისე, როგორც არის მოწყობილი მოხალისეთა ჯარი. იგივე შტატი, იგივე ჯამაგირი ოფიცრებისა, იგივე ორგანიზაცია ჯარისა. მე არ ვიცი ჰქონდა თუ არა პირდაპირი კავშირი მოხალისეებთან სერვეთბეის. ამისი დასაბუთება ვერ ვიპოვეთ. მაგრამ კომისია ფიქრობს, რომ ალბად, რადგანაც სერვეთბეი დიდხანს იყო ბათომში, სანამ აჯანყება მოხდებოდა, მან შეჰკრა კავშირი მოხალისეების ზოგიერთ წარმომადგენლებთან და ალბად მოხალისეებმა მხარი დაუჭირეს, როგორც ისეთ კაცს, რომელსაც უნდა მოეწყო აჯანყება საქართველოს წინააღმდეგ. ამაში გამოიხატება ალბად მათ შორის კავშირი.

26-27 დღე იბატონა სერვერბეიმ ახალციხის მაზრაში. ხალხმა არ დაუჭირა მხარი, ეს აშკარაა. ყველა ის მოთხოვნილებანი, რომელნიც სერვეთბეის მთავრობამ ხალხს წარუდგინა უპასუხო დარჩა ვერც ხარკი აკრიფა ხალხისაგან, ვერც მობილიზაცია მოახდინა ჯარის შესაქმნელად. როდესაც ჩვენმა ჯარმა იერიში მოიტანა აწყურში სერვეთბეი თურმე ტყვიის მფრქვეველით დადიოდა სოფლად და ერეკებოდა ხალხს, მაგრამ მაინც ხალხი მას არ გაჰყვა. მაშასადამე უმთავრესი ძალა, რომელსაც ეყრდნობოდა სერვერბეი ეს იყო ფოცხოვი და ოსმალეთის ასკერები. თვით იმ ორგანიზაციაში, რომელიც შეჰქმნა სერვეთბეიმ, მოხდა ერთგვარი განხეთქილება. უპირველეს ყოვლისა ბეგები ყველა არ მიემხრნენ სერვეთბეის. და ამ ბეგებს კი გავლენა ჰქონდათ ხალხში. ზოგი არ მოემხრო იმიტომ, რომ ვერ მოითმინეს ასეთი ახალგაზრდა კაცის, როგორიც იყო სერვეთბეი, ბატონობა. „რატომ ის უნდა იყოს ბატონი და არა ჩვენ“-ო. - ზოგიერთი პირად მტრობის ნიადაგზე ოპოზიციაში ჩაუდგა და ხალხი თავისკენ წაიყვანა. ესე იგი სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი ჯარი იერიშზე გადავიდა ეს ორგანიზაცია შიგნიდან ირღვევოდა. ჩვენი ჯარების იერიშებმა, ცოტა არ იყოს გაამაგრა ეს ორგანიზაცია და მან გადასწყვიტა სასტიკი წინააღმდეგობის გაწევა და ეს ასეც მოხდა. პირველი წინააღმდეგობა მოხდა აწყურში. თქვენ იცით, რომ აწყურში ისინი სასტიკად დამარცხდნენ, და შემდეგშიაც ახალციხეში ფეხი ვერ მოიკიდეს. ორი კვირის განმავლობაში ჩვენმა ჯარმა სულ ერთიანად გასწმინდა ახალციხის მაზრა და შემდეგ ფოცხოვიც კი აიღეს. ჯარის მეთაური არის ღენერალი კვინიტაძე. რამდენადაც შეეძლო კომისიას გაცნობილიყო მის მოქმედებას, იგი დარწმუნდა, რომ ღენერალი კვინიტაძე არის მეტად ნიჭიერი და თავის საქმეების კარგად მცოდნე ღენერალი, და მან მართლაც საუცხოვოდ შეასრულა ის მოვალეობა, რომელიც მას დაეკისრა. აგრეთვე ითქმის მის შტაბის უმფროსზე პოლკოვნიკ გედევანიშვილზე. საუბედუროდ, თუმცა ხალხს მონაწილეობა არ მიუღია აჯანყებაში, მაგრამ ზოგიერთ იმ ადგილებში, სადაც საომარი მოქმედება მოხდა, ზოგიერთ ექსცესებს ადგილი ჰქონდა, სრულიად ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ სადაც ჯარმა გაიარა ბრძოლით ძალიან დაზარალდა ხალხი. ყველა სოფლებიდან ხალხი გაიხიზნა იმიტომ, რომ ათასნაირ ხმებს ავცელებდნენ. ავრცელებდნენ, რომ თუ ქართველები მოვლენ, ისინი გაგაქართველებენ ძალით. ამოგხოცავენ, საქართველოში გადაგვასახლებენ და სხვა. რასაკვირველია ხალხზე, გლეხკაცობაზე ამას ჰქონდა გავლენა, და ხალხი გაიხიზნა და ეს გახიზვნა, ეს ევაკუაცია, ესე რომ ვსთქვათ, ისე ფიცხლად მოხდა, რომ ხალხმა ვერ მოახერხა თავისი საქონლის თან წაღება. ამ რიგად ხალხის მთელი ავლადიდება უპატრონოდ დარჩა და გატაცებულ იქნა. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ცარცვა-გლეჯა მოხდა იმ ადგილებშიც, სადაც ჯარი არ ყოფილა. მაგრამ რასაკვირველია ეს ჩვენი ჯარის ბრალი კი არ არის, არამედ იქ შექმნილ პირობებისა. სერვეთბეის მთავრობა წავიდა, წავიდა მასთან ერთად მისი ადმინისტრაციაც. ჩვენ კი უცებ ადმინისტრატიულ აპარატის შექმნაც ვერ მოვასწარით. ქვეყანა დარჩა უპატრონოთ, და ამით ისარგებლეს სხვა და სხვა ბნელმა ელემენტებმა და რასაკვირველია გაცარცვეს ხალხი. და მართლაც, ადგილობრივად იქ თქვენ მრავლად დაინახავთ სხვა და სხვა პირებს ჯარის კაცების ტანისამოსში გადაცმულებს (ხმა: რატომ არ დიაჭირეთ?) ყველა დაჭერილი არ არის საუბედუროდ, რადგანაც ძალიან ბევრი იყვნენ.

საზოგადოდ სხვა და სხვა წარმომადგენლებმა, ყველამ სთქვა, რომ უმთავრეს შემთხვევაში ისინი ახდენდნენ აქ ამ უწესოებასო. როდესაც ჩვენი ჯარი წამოვიდა და სერვეთ-ბეის ჯარები მივიდნენ, მაშინ ისინი გადაცმულნი იყვნენ იმავე ტანისამოსში და ეხლა კი ისევ ჯარისკაცების ტანისამოსი და ჩვენი სახელით ერთნაირ უწესოებას ახდენდნენ. რასაკვირველია, მე არ უარვყობ, რომ ჩვენი ჯარისაგანაც იყო ზოგიერთი იმისთანა ელემენტი, რომელიც ახდენდა ამისთანა უწესობას. და კიდევაც ამის წინააღმდეგ კომისიის ახალციხეში ყოფნის დროს იყო მიღებული ფიცხელივ ზომები, სხვა და სხვა ადგილებში დაყენებული იყო პიკეტები სახალხო გვარდიელებისა და უფრო საიმედო ჯარის კაცებისა და ისინი გამვლელ გამომვლელს სინჯავდნენ და გაცარცულ საქონელს ართმევდნენ. ამ გვარად მრავალი ხორბლეული და სხვა საქონელი მოაგროვეს სხვა და სხვა ადგილებიდან და სხვათა შორის დაცარიელებულ სოფლებიდან, მოგროვილი ხორბლეული ერთ ცენტრში დააწყეს. ასე, რომ არ მოქცეულიყვნენ, უპატრონოდ დარჩენილ ქონებას გამვლელ-გამოვლელი უსათუოდ გაიტაცებდა. სულ ხორბლეული დაგროვილი იყო აწყურში 2000 ფუთამდე და ვარხანის რაიონში 800 ფუთი.

დაზარალებულთათვის პირველი დახმარების მისაცემად განახლებულ იქნა ლტოლვილთა დამხმარე კომიტეტი, რომელსაც ღენერალმა კვინიტაძემ ჩააბარა ჩამორთმეული ხორბლეული, ჩამორთმეული ნივთები, ეს კომიტეტი არჩეულია ადგილობრივ საზოგადოებისაგან აქ შედიოდენ, როგორც მუსლიმანი ისე ქრისტიანი ქართველები. ეს კომიტეტი ანაწილებს ჩამორთმეულ საქონელს.

საომარი მოქმედება ძალიან ძნელ პირობებში ხდებოდა. თქვენ კარგად იცით, რა მთიანი და თოვლიანი ადგილებია ახალციხის მიდამოებში. აქ ჩვენი მოწინააღმდეგე პარტიზანულ ომს აწარმოებდა, ამიტომ ჩვენი ჯარი ზოგჯერ აუტანელ პირობებში იბრძოდა, და უნდა განვაცხადო, რომ ჩვენი ჯარის და გვარდიის მოქმედება პირდაპირ სასახელო არის. არ ყოფილა მაგალითი, რომ რომელიმე ჯარის კაცი უკან დახეულიყო ან უარი განეცხადებინა რაიმე დაკისრებულ მოვალეობაზე, რაც უნდა ძნელი არ ყოფილიყო იგი. მეოთხე პოლკმა, რომელმაც პირველად დაიხია, სრულად გამოისყიდა თავისი დანაშაულობა იმით, რომ მასვე მიენდო იმ მაღლობის აღება, რომელიც მან დასტოვა. მას ძალიან ცხარე ბრძოლა მოუხდა და დასტოვა ამ ბრძოლაში მოკლული და დაჭრილი 60 კაცზე მეტი, რაც სამხედრო ავტორიტეტების განცხადებით ძალიან დიდ პროცენტს შეადგენს.

ჩვენი იქ ჩასვლის დროის ბევრი რესპუბლიკის მოღალატენი და მომხდარ ამბოხების მეთაურნი ჯერ კიდევ თავისუფლად დადიოდნენ. სამხედრო შტაბს ბევრი სხვა საქმეები ჰქონდა, მაშინ გათავსებული არ იყო და ეხლაც არ არის საუბედუროდ გათავებული საომარი მოქმედება და მას არ ჰქონდა საშუალება იმათთვის მიექცია ყურადღება. და ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ ეხლაც შეუძლიათ თავისუფლად სიარული მიუხედავად იმისა, რომ ეს უბედურება მოახდინეს. მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ ყველა ისინი დაგვეტუსაღებინა და აქ გამოგვეგზავნა; ეს იყვნენ ისინი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს სერვეთ-ბეგის კომისიარიატში.

სხვათაშორის ერთი პირი ჩვენ სამსახურში ითვლებოდა მაშინ, როდესაც სერვერბეიმ ის დანიშნა იუსტიციის მინისტრად, ის იყო გამწესებელი გაგრის მომრიგებელ მოსამართლეთ. და ერთი თვით იყო წამოსული ახალციხის მაზრაში დასასვენებლად. და აი სწორედ მან მიიღო აქ ასეთი დიდი სამსახური. ამნაირად, მოქალაქენო დასკვნა: ახალციხეში აჯანყება არ მომხდარა. მოძრაობა დაიწყო ფოცხოვის რაიონიდან და ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ ოსმალეთის ფაშა და ზოგიერთი ავანტურისტები ახალციხის მაზრისა, რომელნიც გატაცებულნი იყვნენ თავისი ვიწრო კლასიური ინსტიქტებით და ინტერესებით. ამ მოძრაობაში გაება ხალხის ერთი ჯგუფი ტომით არა ქართველი რომელსაც სურდა სულ სხვა სახელმწიფოს ფარგლებში ყოფნა. ახალციხეში მომხდარი ამბები იყო გამოძახილი იმ ისტორიულ ბრძოლისა, რომელსაც ოსმალეთი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ და უნდა ვიფიქროთ, რომ უკანასკნელი გამოძახილიც. მსოფლიო ომში ოსმალეთი სასტიკად დამარცხდა და მასთან ერთად მებრძოლი პანისლამიზმი სამუდამოდ დამარხულია, ამრიგად საქართველო გამარჯვებული გამოვიდა ამ ბრძოლიდან. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ახალციხეში მომხდარ ამბების ასეთი ჩქარი და ასეთი ადვილი ლიკვიდაცია მომასწავებელია იმისი, რომ ახლო მომავალში მთელი სამაჰმადიანო საქართველო შემოუერთდება საქართველოს რესპუბლიკას. ჩვენი მდგომარეობა ახალციხის მაზრაში, რომ სამუდამოდ განვამტკიცოთ ბევრი მუშაობა არის საჭირო. მაგრამ ეხლა არის საჭირო კომისიის აზრით, რომ მიღებულ იქმნეს შემდეგი ზომები. ნებას მივცემ ჩემ თავს წავიკითხო: (კითხულობს...)

I. ჩვენმა მთავრობამ უნდა აღმოუჩინოს დაუყოვნებლივ დახმარება ადგილოვბრივ დაზარალებულ მკვიდრთ განსაკუთრებით ხორბლით, როგორც გამოსაკვებად, ისე სათესლედ; თუ ეხლა მინდვრები დაუთესავი დარჩა, დიდი სიმშილობაა მოსალოდნელი მომავალ წელიწადშიაც, საჭიროა ხაზინამ უფასოდ მისცეს ხე-ტყე დანგრეულ სახლების შესაკეთებლად და ახლების ასაშენებლად.

II. ახალციხის მაზრა ჯერ კიდევ სავსებით დამშვიდებული არაა. მცხოვრებლებს არ ჩაუბარებიათ მთელი იარაღი. არატაანისა და ართვინის მხარეში კვლავ გროვდება ჩვენი საწინააღმდეგო ძალები. ჯერ კიდევ მოსალოდნელია სამხედრო მოქმედების განახლება. ასეთ პირობებში სამხედრო წესების მოხსნა შეცდომა იქნებოდა. სამხედრო წესები უნდა დარჩეს, მაგრამ ადმინისტრაციის სათანადოდ მოწყობამდის სასურველ წესიერებას ვერ აღვადგენთ, ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა მოეწყოს აქ ადმინისტრაცია, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის დაექვემდებაროს ჯარების სარდალს. უამისოთ მოხდება ძალაუფლების გაორება. რაიცა ახალციხის უკანასკნელ ამბოხების ერთ ერთი მიზეზი იყო.

III. წესიერების დამყარებასთან პარალელურად გატარდეს აგრარული რეფორმა.

IV. ამ მხარესთან განუწყვეტელი ეკონომიური კულტურული კავშირი უნდა გვქონდეს. ასეთ კავშირის განმტკიცებას მეტად შეუწყობს ხელს რკინის გზის გაყვანა აბასთუმნამდე. მაშინ ჩვენი კულტურაც სწრაფად გავრცელდება. სახალხო სკოლების გახსნას აქედანვე უნდა შევუდგეთ.

V. მაზრაში სიმშვიდის შეურყევლად დამყარების ინტერესი მოითხოვს, რომ დაინიშნოს ფიცხელი გამოძიება მომხდარ ამბოხების მოთავეთა აღმოსაჩენად და დამნაშავეთა სასტიკად დასასჯელად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გიორგი გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) ამ მოხსენებამ დაგვიმტკიცა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ბევრი რამ გამოირკვა ამ მოხსენებით. მოხსენების წინააღმდეგ სალაპარაკო ბევრი არაფერი გვაქვს.

ვინც კი ოდნავ მაინც თვალყურს ადევნებს ჩვენს ცხოვრებას ამისთვის აშკარა იყო, რომ ახალციხეში მომხდარი დავიდარაბა გამოწვეული იყო სამწუხარო მიზეზებით.

სამწუხაროდ ჩვენ ვართ გარს შემორტყმული ისეთი ხალხით, რომელიც სახელმწიფოებრივ ცხოვრებას უყურებს იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც უყურებდნენ საშუალო საუკუნეში. ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნულ ცხოვრების საფუძველი და ნიადაგი უნდა იყოს სარწმუნოება და სარწმუნოების მიხედვით უნდა შემოიტანონ ჩვენს ცხოვრებაში არევ-დარევა. ერთ დროს ჩვენშიც ასე უყურებდნენ ამ საკითხს. მაშინ, როდესაც ჩვენები რუსეთისკენ იყურებოდნენ, სწორედ ამ სარწმუნოებას აქცევდნენ მთავარ ყურადღებას. სწორედ აგრე იქცევიან ჩვენი მეზობლები. ეს დიდად სამწუხაროა ჩვენთვის. დიდად სამწუხროა, რომ ისინი ჯერ არ არიან განვითარების სათანადო დონეზე. დიდად სამწუხაროა, რომ ახალციხეს თვალები მიმართული აქვს სტამბოლისკენ. ეხლა სარწმუნოებას, რელიგიას, არა აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც ძველად. საჭიროა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ეს შეიგნონ.

ამ მხრივ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადგა სწორი ნაბიჯი, როდესაც გამოუცხადა თანაგრძნობა ჩრდილოეთ კავკასიის მთავრობას და დაუჭირა მას მხარი დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში ამით მან დაამტკიცა, რომ რჯულს არ აქვს ჩვენთვის მთავარი მნიშვნელობა. ასე არ იქცევა ადერბეიჯანი. იქ ფიქრობენ, რომ ახალციხეში მაჰმადიანები ცხოვრობენ და ამიტომ ოსმალეთს უფლება აქვს ჩაერიოს მათ ცხოვრების მოწყობაში. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. პირიქით ადერბეიჯანს, როგორც ჩვენ დენიკინის წინააღმდეგ, პროტესტი უნდა განეცხადებინა, როდესაც ოსმალეთი იჭრებოდა ამ ჩვენს ინტეგრალურ ნაწილში. მაგრამ იგი ჩვენ კი არ გვიჭერს მხარს. იგი ანგარიშს არ უწევს პრინციპს დემოკრატიზმისას, რომელიც არის საფუძველი ახლანდელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებისა, არამედ მხარს უჭერს ერთ-მორწმუნეობას. ასეთი მოქმედება მიუღებელია და ბოლოს და ბოლოს შეიძლება მან ჩვენსა და ადერბეიჯანს შორის დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს. მე ვაცხადებ, რომ ამის ბრალი ჩვენ არ დაგვედება. ეს იქნება ადერბეიჯანის ბრალი. ან და როგორ უნდა განახორციელოს თავის ძალაუფლება ადერბეიჯანმა მესხეთსა და ჯავახეთზე? მან უნდა გადალახოს ან აღმოსავლეთი საქართველო ან სომხეთი! მე მგონია, ეს ისეთი მოსაზრებაა, რომ ამას უნდა გაუწიონ ანგარიში ბაქოში.

აქ კომისია ადგენს იმ ზომებს, რომელიც მას საჭიროდ მიაჩნია, რომ ეხლავე მიიღოს ჩვენმა მთავრობამ. მე ამ ზომების წინააღმდეგ არა მაქვს რა, მაგრამ მე მგონია, რომ კომისიას ეხლა უნდა წარმოედგინა თავისი აზრი შესახებ იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა ამ კუთხის მიმართ. ჩვენ ეს უნდა დაგვეფასებინა. ჩვენის აზრით ამ მაზრას უნდა მიენიჭოს ავტონომია. ჩვენ ეს უკვე აღუთქვით, მაშასადამე ეს პრინციპი მიღებული გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმისთანა დაწესებულებანი, რომელთაც აქვთ ზოგად სახელმწიფო მნიშვნელობა ეს სახელმწიფოს მთავრობამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. იქ მართლაც უნდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს სახელმწიფოს უფლებას. დანარჩენი საქმეები ეხლავე უნდა გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობების ხელში. როდესაც თვითონ ადგილობრივი ხალხი ჩაუდგება თავის ცხოვრების მოწყობას იგი უკეთ მოუვლის თავის საჭიროებას, და იმავე დროს უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიც. აი ეს მხარე არ არის გათვალისწინებული აქ. ამის განხორციელებას, ამის შესრულებას მთავრობა ეხლავე უნდა შეუდგეს.

კომისიის აზრით საჭიროა დაზარალებულ მცხოვრებთადმი სურსათის მიწვდა. ეს რასაკვირველია, უდაოა. მაგრამ ეს არ არის თვით პოლიტიკის განსაზღვრა. როდესაც ადგილობრივი ხალხი ჩაუდგება თვით შინაურ ცხოვრების მოწყობას, მაშინ, შეიძლება ბევრი ისეთი საკითხები თვით მოაგვარონ.

კომისიას საჭიროდ მიაჩნია აგრეთვე აგრარულ რეფორმის გატარება. ჩვენის აზრით უკეთესი იქნება, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩვენ დავეხმაროთ ადგილობრივ ელემენტებს. ეს არ იქნება ძალით გატარება ამ რეფორმის. როდესაც ადგილობრივი მცხოვრები დემოკრატიულად მოწყობილ თვითმმართველობებს მხარს დაუჭერენ ამ რეფორმის გატარებაში, მაშინ ეს რეფორმა უფრო უკეთესად გატარდება. აი ეს მინდოდა მეთქვა იმ მოხსენების გამო, რომელიც აქ გააკეთა საგანგებო კომისიამ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ნიკო ელიავას.

ნიკო ელიავა. (ს. დ.) უპირველეს ყოვლისა, მე მინდა სიამოვნებით აღვნიშნო ნაყოფიერი მუშაობა ჩვენი დამფუძნებელი კრების პირველი კომისიისა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამ რთული საქმის ადგილობრივ გამორკვევა.

თვით კომისიის შემადგენლობა და მისი ამ უზენაესი დაწესებულებიდან გამოყოფა იმედსა და საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ მის მიერ წარმოდგენილი მასალა არავისთვის სადავო არ იქნება, და თუ ამ მასალას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის ხმები, ის მითქმა-მოთქმა, რომელიც კომისიის სახელით მომხსენებელმა აღნიშნა თავის სიტყვის დასაწყისში, არ იყო მართალი იმდენად, რამდენად მთელი სიმძიმე აქ მომხდარ ამბებისა უნდოდა გადაეტანათ ჩვენ ადმინისტრაციის და მთავრობის თავზე და პასუხისმგებლობაც მთლიანათ ამათთვის დაეკისრებინათ.

კომისიის მოხსენებიდან გამოირკვა, რომ ამ ამბების მიზეზები უმთავრესათ ისეთია, რომლის აცილება ჩვენ მთავრობას და მით უმეტეს ადგილობრივ ადმინისტრაციას არ შეეძლოთ. აქ მოგახსენათ ის მიზეზები, რომელიც ამოძრავებდა, და ამოქმედებდა ამ საქმის მომწყობთ. აქ არის პანისლამისტური მოძრაობა, აქ არის ადერბეიჯანიდან შემოსეული აგენტების მოქმედება, აქ არის მოქმედება სომხის ერის ზოგიერთ ელემენტებისა, და არის აგრეთვე რუსეთის დარჩენილ ჩინოვნიკების თანამშრომლობა. თვით ამ საქმის სულის ჩამდგმელთა შემადგენლობა, რომელიც აქ დაგვისურათხატა კომისიამ თავის მოხსენებაში, გვარწმუნებს, რომ აქ შეერთებულია ყველა ის ძალები, რომელნიც ჩვენი მთავრობის ყოველ ნაბიჯს ებრძვიან, ებრძვიან ჩვენს რესპუბლიკას, ჩვენ დამოუკიდებლობას. აი ეს პირობები არის ისეთი, რომელთა გათვალისწინება საჭირო იყოს. მაგრამ იგინი, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მთავრობისათვის, ჩვენი დემოკრატიისათვის, დღევანდელ დღეს შეიძლება ვსთქვათ, გარეშე ძალის მოქმედებისაგან არიან წარმოშობილნი, და არა შინაურ პოლიტიკის და შინაური წესწყობილების გამო. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ამ პირობებით ან საჭიროა შებრძოლება, მათ უნდა შეებრძოლოს ჩვენი მთავრობა და ჩვენი დემოკრატია, და უზენაესი წარმომადგენელი ამ დემოკრატიისა - დამფუძნებელი კრება, შეებრძოლოს თავისი შინაური და საგარეო პოლიტიკით.

საგარეო პოლიტიკის შესახებ მე მგონია არავისთვის საეჭვო არ არის, რომ ჩვენი დემოკრატიის ხაზი ერთად ერთია. ჩვენ გვინდა ჩვენ მეზობლებთან კეთილი განწყობილება. ჩვენ არავის არ ვედავებით, არავისთვის არაფრის წართმევა - არ გვინდა, მაგრამ არ მივცემთ ნებას ვისმეს, რომ ჩვენ საზღვრებში შემოიჭრნენ და წაგვართვან რამე. თუ რამე სადაო არის, თუ რომელიმე სახელმწიფო, რომელიმე მოსაზღვრე რესპუბლიკა ფიქრობს, ფიქრობს, რომ მისი სადაო რამე შემოგვაქს ჩვენ საზღვრებში, ამ სადაო კითხვის გადაჭრა უნდა მოხდეს იმ გზით, რომელიც ჩვენ დემოკრატიას არა ერთხელ უჩვენებია: ეს არის შეთანხმება, მოლაპარაკებად არბიტრაჟი, მაგრამ ჩვენი დემოკრატიისთვის ყოვლად მიუღებელია მხოლოდ ამ გზას მიმართოს და არ მიიღოს ზომები იმ უპასუხისმგებლო ელემენტების წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენი მეზობლების საზღვრებიდან გამოდიან, როგორც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ახალციხეს მაზრაში. მაშასადამე აქ შემოჭრილია გარეშე ძალა და ჩვენ გვაქს ერთი პასუხი. ჩვენი ხაზი საგარეო პოლიტიკისა არის ასეთი: ჩვენ შეგვიძლიან ყველასთან შეთანხმება ამ გზით, ხოლო ვინც ამ გზას გადაუხვევს და ეცდება ან შიგ მოახდინოს აჯანყება, ან გარედან დაგვეცემა თავს, ჩვენი დემოკრატია პასუხს გასცემს იმისთანავე საშუალებით, როგორიც საჭიროა ასეთ შემთხვევაში, და გარემოებაში: ძალას-ძალას დაუპირდაპირებთ, რადგანაც დემოკრატია სრულიად არ არის ვალდებული გულ-ხელ დაკრეფილი უყუროს თუ ვინ რა უსამართლობას სჩადის და ეჭრება მის შინაურ საქმეებში.

ასახელებდენ ამ მითქმა-მოთქმაში გარდა ხსენებულისა სხვა მიზეზებსაც, რომელსაც უფრო შინაური ხასიათი ჰქონდა. მათ შორის ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოწვეული არის აგრარულ რეფორმის განხორციელების სურვილით და ამას დიდ ყურადღებას აქცევდნენ ზოგიერთი ჩვენი წრეები, ზოგიერთი ელემენტებ. კომისიამ კი საკმაოდ ნათელყო, რომ ამ კუთხის დასამშვიდებლად, მისი საბოლოოთ და მჭიდროთ შემოსაკავშირებლად აუცილებლად საჭირო არის იქ რეფორმების გატარება და იმ დემოკრატიზმის დამყარება, რომელიც ჩვენ უკვე გატარებული გვაქს ჩვენი რესპუბლიკის სხვა ნაწილებში. ამ მხრივ, მე მგონია კომისია მართლაც სამართლიან დასკვნას იძლევა თავის მოხსენების დასასრულში, საცა ამბობს რომ წესიერების დამყარების დროს არ უნდა გაგვიტაცოს ძველად ცნობილმა პრინციპმა, რომელიც ამბობს „ჯერ დამშვიდება, დაწყნარება და მერე რეფორმების გატარებაო“. სამართლიანად ამბობს კომისია, და მე მგონია, მთელი დამფუძნებელი კრებაც გაიზიარებს იმ აზრს, რომ სახელმწიფოში სიმშვიდის დასამყარებლად, საჭირო არის წესიერების აღდგენა. ამისთვის კი აუცილებლად საჭირო არის მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, საჭირო არის სათანადო ადმინისტრაციის მოწყობა, ისეთ ადმინისტრაციისა, რომელიც ყოველ მხრივ სანდო იქნება მთავრობისთვის, სანდო იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის და შესაფერი ადგილობრივ პირობებისთვის. ეს საქმე, რასაკვირველია ჩვენმა მთავრობამ უნდა მოაწყოს, მაგრამ ამავე დროს ეს მთავრობა ვალდებულია, ჩვენ საერთო ხაზის თანახმად განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც წამოყენებულია დღიურ წესრიგში, და რომელიც უკვე გატარებულია, ან ტარდება ჩვენი რესპუბლიკის სხვა ნაწილებში. ეს არის, სხვათაშორის, აგრარულ რეფორმის გატარება და აი ამას უნდა დაუკვირდეთ. კომისიის მოხსენებიდან სჩანს, რომ ახალციხის მაზრაში თვით ხალხი, თვით დემოკრატია, რამდენადაც ის მონაწილეობას იღებდა ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებაში, უმთავრესად ჩათრეული იყო სხვა და სხვა აგენტების წყალობით, ჩათრეული იყო პირდაპირ ძალ-დატანებით, და თუ ეს ასეა, შეგვიძლიან ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: დემოკრატიის, დემოკრატიულ რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალციხის მაზრა, არ იყო და ვერც იქნებოდა ამიტომ ჩვენც ადგილობრივ დემოკრატიას უნდა დავეყრდნოთ, სრულიად ზურგი ვაქციოთ იმ ელემენტებს, რომელნიც დინტერესებულნი არიან, რომ დემოკრატიამ ფეხი არ მოიკიდოს იქ და ისინი დარჩნენ ისევ ისეთ ბატონ-პატრონებათ, როგორც აქამდისინ იყვენ. ამიტომ უნდა უარვყოთ ის ელემენტები, რომელნიც გამოდიან მეამბოხეებათ და შეიარაღებულ მოქმედების მეთაურებათ; ამ ელემენტების ყურისგდება, ჩვენ მთავრობას არ შეფერის და მან მთელი თავისი პოლიტიკა უნდა დაამყაროს იქაურ დემოკრატიაზე, ხალხზე; დემოკრატიას კი, უმთავრესად გლეხობა შეადგენს. რასაკვირველია გლეხობის უმთავრესი ინტერესი მიწის საკითხია, მიწის რეფორმა და უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი აგრარული რეფორმა ისევე მისაღები იქნება და სასარგებლო იქაურ გლეხებისთვის. როგორც ეს ჩვენი რესპუბლიკის არის დანარჩენი გლეხობისთვის აი სწორედ ამ გლეხობამ უნდა დაინახოს ჩვენი მთავრობის მიერ ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები.

სახალხო განათლებასაც უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება და განიდევნოს ის სიბნელე, რომელიც ყველგან და ყოველთვის არის უდიდესი მტერი დემოკრატიისა და დემოკრატიული წყობილებისა.

ჩვენი მეზობლების პოლიტიკის შესახებ მოხსენებაში საკმარისად იყო ნათქვამი და მე შემიძლიან გამოვთქვა აქ მხოლოდ ერთი იმედი: იმ ფაქტების მიხედვით, რომლებსაც ამ უკანასკნელ დროს აქვს ადგილი, მოსალოდნელი არის, რომ სხვათაშორის ადერბეიჯანის პოლიტიკა შეიცვლება და ეს ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა დაადგება იმ შეთანხმების გზას, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, მიყვებოდა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი რესპუბლიკა. ჩვენ ვიცით, რომ მოახლოვებული არის, მომენტი ამიერკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლების შეხვედრისა და მოლაპარაკებისა სადავო საკითხებზე.

შესაძლებელი და მოსალოდნელი არის, რომ ამ შეთანხმების გზას დადგებიან ისინიც, და მაშინ ის უპასუხისმგებლო გარედან შემოსული, ელემენტებიც, რომელნიც დღემდინ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდენ, შეჩერდებიან და უარყოფენ თავის ასეთ ინტრიგანულ და მიუღებელ გზას.

საზოგადოთ, უნდა მოგახსენოთ რომ ჩვენ უმთავრეს დებულებებში ვღებულობთ კომისიის მოხსენებას, არსებითად ვიზირებთ მის წინადადებას. აუცილებლად ანგარიშგასაწევი არის ის გარემოება, რომ ამ ამბოხებაში, ამ გამოსვლაში მთელი იქაური ბინადარი ხალხი დამნაშავე არ იყო, ეს გამორკვეულია, და მაშასადამე არც შეიძლება რომ რომელიმე მთავრობამ, რომელიმე სახელმწიფომ სასჯელი მიაყენოს თვით ადგილობრივ მცხოვრებლებს. ეს მით უმეტეს, რომ გამორკვეული არის სხვა დ ასხვა შემამსუბუქებელი გარემოებანი.

დახმარება მატერიალური, დახმარება ისეთი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავის საკუთარ ფეხზე დადგნენ ამ უბედურ შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებისთვის საჭირო არის. და რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ მხრივ ნაბიჯი უკვე გადადგმულია, და მე მგონია, მთავრობის წევრები ვალდებულად ჩასთვლიან თავის თავს მოახსენონ დამფუძნებელ კრებას თუ რა არის გაკეთებული. ჩვენ კი, რასაკვირველია, ზნეობრივ მოვალეობად მიგვაჩნია დახმარება პირველ რიგში იყოს დასმული, როგორც სურსათით, ისე ხე-ტყით სახლების აღსადგენათ. ამ მხრივ დახმარება უნდა აღმოუჩინონ რაც შეიძლება დაჩქარებით.

ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ჯერ-ჯერობით, როგორც თვით კომისიის ანგარიშიდანაც სჩანს, ადგილობრივ არ არის დამყარებული ისეთი პირობები, რომ სამხედრო წესების მოხსნა შეიძლებოდეს. სამხედრო წესებს, თქვენც იცით, შემოიღებენ, იქ, სადაც არ არის ნორმალური ცხოვრება, სადაც მოსალოდნელია წესიერების და სახელმწიფოს ინტერესების დარღვევა და ამიტომ, რადგანაც ჩვენ, ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ამ მხარეში, მშვიდობიანობაა დამყარებული, მიუხედავათ იმისა რომ სამხედრო მოქმედება თითქმის დასრულებული არის, - ჯარის მოხსნაც შეუძლებელია, ეს იმას ნიშნავს, და ასე უნდა გაიგოს ყველამ: რაკი შესაძლებელი არის ისეთი უბედურების განმეორება, როგორიც უკვე მოხდა, ჩვენც არ შეგვიძლიან შევასუსტოთ სახელმწიფო აპარატის ზედგავლენა იმ კუთხეებში, ჩვენ არ შეგვიძლიან მოვხსნათ იქ სამხედრო წესები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატია, სადაც საჭირო არის, იქ აუცილებლად მიმართავს სასტიკ ზომებს, რადგანაც მას არ შეუძლიან მისცეს ვისმეს ნება დემოკრატიულ წესების დარღვევისა. ამიტომ ის სასტიკი ზომები, რომელნიც გამომდინარეობენ ამ სამხედრო წესებიდან, - დატოვებული უნდა იყოს იმ სახით, რომელსაც მოითხოვს სახელმწიფოებრივი ინტერესი. მაგრამ მარტო ამით არ შეგვიძლიან დავკმაყოფილდეთ და, აქაც ვეთანხმებით კომისიის დასკვნას, რომ მარტო სამხედრო ძალაზე არ შეიძლება იყოს აშენებული ადგილობრივი აპარატის მოქმედება. აუცილებლად საჭირო არის, რომ ჩვენი მთავრობა ამ თავითვე შეუდგეს იქ ადგილობრივი ნორმალური ადმინისტრატიული აპარატის მოწყობას, რომელიც, იმდენად, რამდენადაც სამხედრო მოქმედება შეჩერდება, შეუდგება ადგილობრივი საქმეების მოწესრიგებას და აღმშენებლობით მუშაობას დაიწყებს. ამ მხრივ კომისიის მოთხოვნილება, რომ ადმინისტრაცია ეხლავე მოეწყოს, სრულიად კანონიერია. და მე ვფიქრობ რომ მთელი დამფუძნებელი კრება გაიზიარებს კომისიის იმ შეხედულობას. მხოლოდ აქ იბადება ერთი საკითხი, რომელშიაც ჩვენ ვერ ვეთანხმებით კომისიის დასკვნას. კომისია ფიქრობს რომ ადმინისტრატიული აპარატის ამუშავებისთვის და მის სახელმძღვანელოდ საჭირო არის, რომ მისი მოქმედება, მისი მოღვაწეობა ადგილობრივ სავსებით დაექვემდებაროს სამხედრო უწყებას, სამხედრო უწყების წარმომადგენლებს. ჩვენ ამ შეხედულობას არ ვიზიარებთ თუმცა ვამბობ, რომ აუცილებლად საჭიროდ მიგვაჩნია სამხედრო ძალა და მისი ფიზიკური ძალის ავტორიტეტი. მაგრამ მასთან აუცილებლად მიგვაჩნია ნორმალური ადმინისტრატიული აპარატის ამოქმედება და ამუშავება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა, და სამხედრო უწყების წარმომადგენლობა, ასეთი საქმისთვის, როგორიც არის ადმინისტრატიულ აპარატის მოწყობა არ არის მომზადებული იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო არის ამ საქმის მოწყობისთვის. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ აპარატის მოწყობის საქმე უნდა იკისროს თვით ცენტრალურმა მთავრობამ თავის ადგილობრივ აგენტების, თავის ადგილობრივ თანამშრომლების საშუალებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციაზე გავლენა სამხედრო უწყებისა უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ სამხედრო მოქმედების ინტერესებით და სამხედრო მოქმედების დასაწყისით. გარეშე ამისა სამხედრო უწყება ადმინისტრაციის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მით უმეტეს იმისთანა რაიონებში, სადაც სრული სიმშვიდე იყო. ახალციხის მაზრა იმდენად დიდი რაიონია, რომ მასზედ სავსებით სამხედრო უწყების გავლენის და ძალა უფლების გავრცელება არ არის საჭირო. ამას არ მოითხოვს ადგილობრივი პირობებიც, მაგრამ რადგანაც შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევებში მოხდეს გაუგებრობა, იმ გაუგებრობის ასაცილებლად და უწყებათა წარმომადგენლების მოქმედებათა შესათანხმებლათ, საჭიროთ მიგვაჩნია განსაკუთრებული უფლებით აღჭურვილი პირის დანიშვნა. ეს პირი თავისი ავტორიტეტით შესძლებს მოსპოს ეს გაუგებრობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავის თავად, ასეთი მთავრობის წარმომადგენელნი სამხედრო ძალის გამგე და ადმინისტრატიული აპარატისა, ყოველწუთს ეცდებიან თანხმობით იმოქმედონ, მაგრამ თვით ბუნება ამ ორი საქმისა შესაძლებლად ხდის ზოგიერთ უთანხმოებას და მათ ასაცილებლათ საჭირო იქნება ეს მთავრობის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი. მხოლოდ ის შესძლებს იმ შეთანხმების, იმ კონტაკტის შეტანას, რომელიც საჭირო არის. თავისთავად კი ვამბობ, რომ ადმინისტრაციის მოსაწყობად საჭიროა ადმინისტრატიული პრაქტიკის, ადმინისტრაციის მცოდნე კაცი. ამიტომ, მიზან შეწონილათ მიგვაჩნია, რომ ეს კომისიის წინადადება იქნეს შესწორებული აი ამ რიგათ, როგორც მე მოგახსენებთ. სადაც სამხედრო მოქმედება არის, იქ, რასაკვირველია, ყველა ექვემდებარება სამხედრო უწყების სარდალს, მაგრამ საცა არ არის სამხედრო მოქმედება, იქ ადმინისტრაცია მუშაობს ამ განსაკუთრებული უფლებით აღჭურვილი პირის ხელმძღვანელობით. ეს არის უმთავრესი შესწორება, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია შევიტანოთ კომისიის დებულებაში. დანარჩენი დებულება არ იწვევს ჩვენში დავას. მხოლოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგიერთი ადგილები ჩვენ მეტად მიგვაჩნია. აი აქ მეოთხე პუნქტში დებულებისა, რომელიც წარმოადგინა მომხსენებელმა, ნათქვამი არის სხვათა შორის, რომ საჭირო არის ეკონომიური და კულტურული კავშირიო. რასაკვირველია, საჭირო არის, მაგრამ ამაზე ლაპარაკი მეტი არის. უხერხულად მიგვაჩნია, აგრეთვე დღეს დამფუძნებელ კრებამ ილაპარაკოს გზების შესახებ, რომელზედაც კომისია მიგვითითებს. აბასთუმანში რკინის გზა, რასაკვირველია, გასაყვანია, რკინის გზა უფრო მჭიდროთ დააკავშირებს კულტურულ ცენტრს განაპირა კუთხეებთან, მაგრამ ეს არ გვიდგას დღეს დღიურ წეს-რიგში, არ გამომდინარეობს კომისიის მოხსენებიდან. ამიტომ ზედმეტად მიგვაჩნია ამაზე ლაპარაკი.

რაც შეეხება დანარჩენ დებულებებს, ჩვენ მათ ვინაწილებთ და ვიზირებთ. აუცილებლათ საჭიროა, რომ ასეთი საქმეები არ გამეორდეს ჩვენი რესპუბლიკის სხვა და სხვა კუთხეებში და თუ განმეორდა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მთელი თავისი სახელმწიფოებრივი აპარატის სიმძიმით თავს დაესხმება ბოროტმომქმედ პირთ, რომელნიც ასეთ უბედურებაში აგდებენ დემოკრატიას და სახელმწიფოს და მთელი უბედურების სიმძიმეს ატეხენ თავს იმ ბინადარ მცხოვრებლებს, რომელნიც მათი პროვოკაციის წყალობით ასეთ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მთელი თავისი სისასტიკე, რომ ასეთ გამოსვლებს არ ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ვინაწილებთ ამ დებულებას და ვფიქრობ რომ მთავრობისათვის სავალდებულოა მოახდინოს ამ საქმის სასტიკი გამოძიება, ხოლო მისი წარმოება მიენდოს ადმინისტრაციას, სასამართლოს. იმედი გვაქს, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით დასჯიან დანაშავეთ. აი ასეთი გახლავთ ის მოსაზრებები, რომელიც მე მინდოდა თქვენთვის წარმომადგინა იმ მოხსენების შესახებ რომელიც მოვისმინეთ ჩვენ. კომისია არაფერს ამბობს შორეული მომავალის პროგრამის შესახებ. არც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ, ამაზე ლაპარაკი, რადგანაც ჩვენ წინ სდგას განსაზღრული შემთხვევა და განსაზღრული შემთხვევისათვის იყო საჭირო საჩქარო ზომების ჩვენება. ეს დიდი დავალება და დანიშნულება კომისიამ სავსებით შეასრულა და მის მიერ ნაჩვენები, გზა გარდა იმისა, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ, სრულიად საკმარის არის, მიზნის მისაღწევათ. ამიტომ არ გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება სხვა რამეზე. თვითმართველობა, რასაკვირველია შემოღებული უნდა იყოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საცა ადგილობრივი პირობები არ უშლის ხელს. რასაკვირველია იგი აქაც იქნება შემოღებული. და იგი თავის მხრივ მიიღებს ყოველგვარ ზომებს წესიერების დამყარებისა და იმ რეფორმების გატარებისათვის, რომელიც საჭირო არის. ჩვენ არ გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება იმ მხარეზე, რომელსაც შეეხო ბატონი გვაზავა. ეს თავის თავად ლოღიკურად გამომდინარეობს მთელი ჩვენი პოლიტიკიდან, და მთელი ჩვენი მოღვაწეობიდან. ჩვენ არ გვინდა შევქმნათ სადმე რაიმე კალონია, არამედ გვინდა, რომ ყველა კუთხეები ორგანიულად იყვნენ დაკავშირებულნი, და ეს ორგანიული დაკავშირებული მოითხოვს, რომ მასზე გავრცელებული იყოს ყველა ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუ განსაკუთებული პირობები მოითხოვენ სხვა გვარად ადგილობრივ მართვა გამგეობას, რასაკვირველია ამის წინაშე ჩვენ არ შევჩერდებით. და ამ მხრივ ადგილობრივი მკვიდრნი დარწმუნდებიან, რომ ისინი ნამდვილი შვილებია ჩვენი რესპუბლიკისა, მიუხედავათ სარწმუნოებისა, და ეროვნობისა, და ამ მხრივ მომხდარ უბედურ შემთხვევებს, რასაკვირველია, არავითარი გავლენა არ უნდა ქონდეს მათს ბედზე და მათ მდგომარეობაზე.

ოსმან-შავყი-ეფენდი-მიქელაძე. (ს. დ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

თქვენ ხართ სრული ბატონ-პატრონი ქართველი ხალხისა.

ისტორიამ თქვენ გაკუთვნათ წინამძღოლობა დაჩაგრულ ქართველ ერისა, რომელსაც საუკუნოების განმავლობაში თავს ეხვია ურიცხვი მტერი: - სამხრეთიდან-ოსმალეთის ფაშები, და ჩრდილოეთიდან რუსეთის რეაქცია, რომელიც უხუთავდა ხალხს სულს. დღეს თავისუფალი საქართველო ებრძვის ჩვენს წინააღმდეგ შემოსეულს მტრებს, მაგრამ ის მაინც შედარებით ყველა მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალია და კეთილ მოწყობილი.

სიხარული მართებს ქართველ ხალხს!

ზეიმი მართებს საქრისტიანო საქართველოს, რომ ის თავის თავის პატრონია, რომ მან მოიძრო მონობის უღელი და დაუმტკიცა მთელ ქვეყანას, რომ ქართველი ხალხი უბრძოლველად არავის დაუთმობს სამშობლოს!

სულ სხვა პირობებში ვართ ჩვენ, მუსულმანი ქართველები. ჩვენ მოწყვეტილი ვართ თქვენგან, - ჩვენ უფროს ძმებისგან. ჩვენ ვიზრდებოდით დედინაცვლის ხელში, და ჩაქუჩით გვცემდნენ თავში, როგორც ოსმალეთის ფაშები, ისე რუსეთის ღენერლები.

დღეს საქართველოსთან ერთად სამუსლიმანო საქართველოს ერთი ნაწილი, - ძველი მესხეთი შემოერთებულია. ეს კუთხე, რომლის წარმომადგენელი მე გახლავართ, მუდამ იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იგი დასახლებული იყო ქართველ მუსლიმანებით, მაგრამ დღეს ოსმალეთის ფაშები ცდილობენ ახალციხის მაზრიდან ჩვენ მოწყვეტას. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს ისტორიულ მტრებს არ სძინავთ და ჩვენ ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყვეთ.

მე დავალებული მაქვს განვაცხადო, რომ მესხეთის მშრომელ ხალხს ხელი არა აქვს გასვრილი სისხლში, რომელიც დაღვარა ფოცხოვში ოსმალეთის დახმარებით შემოჭრილმა და შემოსულმა მოღალატის ჯარმა. დღეს ახალციხე საქართველოს უდავო ნაწილი არის, მარა ქართველი მუსლიმანთა ხალხი განსაკუთრებულ პირობებშია;

ჩვენი ზნე-ჩვეულება, სარწმუნოება, კულტურული განსხვავება მოითხოვს მოიწყოს სამუსლიმანო საქართველოში მართვა-გამგეობა, ისე, როგორც ამას მოითხოვს ადგილობრივი პირობები. ჩვენ მოგვცა მთავრობამ ავტონომია, ეხლა საქმე მის მოწყობაშია, ამით მოისპობა ათაბეგოვის და ქობლიანსკის პრავოკაცია, რომელსაც ავრცელებდნენ ხალხში ჩვენი მტრები.

თქვენ იცით, ბატონებო, რომ ფოცხოვიდან ახალციხეში მოღალატე ათაბეგოვმა დიდი ტანჯვა მიაყენა ხალხს, ბევრი დაზარალდა, და ბევრს ჩამოართვა დიდი კუხარა, ხალხი დაზარალდა. ყველა ამან ჭკუა უნდა გვასწავლოს. დღეს საზღვრები უნდა კარგათ განვამტკიცოთ რომ მტრებმა ომის ცეცხლში არ ჩაგვახრჩოს.

მშრომელი ხალხი დარწმუნებულია, რომ დაზიანებულ ხალხს მთავრობა დახმარებას გაუწევს.

ახალციხის მაზრის პროვოკაციის გავლენამ ცუდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია აჭარაში. ამან გვაიძულა წავსულიყავით გაუგებრობის გასაფანტად. ეხლა ზემო აჭარიდან მოვდივარ და სასიხარულოთ გეტყვით თქვენ, რომ აჭარა იზიარებს ოსმალეთის აგენტების აზრს (ტაში). მთელ ხალხს სურს, რომ საქართველოსთან ერთად ხელი ხელს ჩაკიდებული იაროს, და მომავალში არ მოსწყდეს თავის სამშობლოს.

თქვენ იცით, ბატონებო, რომ სამუსლიმანო საქართველოს განთავისუფლების საქმეს ბევრი ხელშემშლელი ჰყავს. არტაანი, ყარსი, დენიკინი, ყველას ცდილობენ რომ ბათუმი და ახალციხე ჩვენ ჩამოგვწყვიტონ. თვით ხალხი ახალციხისა და აჭარისა კი ამბობს, რომ ის საქართველოს ვერ დაშორდება, და თუ დღეს, ან ხვალ მაინც შესძლებს საქართველოსთან შეერთებას, ის მზადაა გინდა მისთვის სისხლი დაღვაროს იარაღით ხელში.

მე დავალება მაქვს გიძღვნათ ამ ხალხის სელამი და დღეგრძელობა! (ტაში).

გაუმარჯოს საქართველოს! (ტაში).

გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას!

ცოტა ბოდიშს ვიხდი მისთვის, რომ ქართველი მუსლიმანი ვარ და არ ვიცი წმინდა ქართული, რომ მოგახსენოთ, რაც ნამდვილათ გულში მაქვს, მაგრამ მე მაქვს დიდი იმედი, და დარწმუნებული, ვარ რომ ჩემისთანა ბნელ ადამიანს საქართველოს რესპუბლიკა და მთავრობა გაანათლებს და შეიზრდის, როგორც მკვიდრ შვილს.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მთავრობის წარმომადგენელს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

ნოე რამიშვილი. ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ეს საკითხი, რომელიც თქვენს წინაშე სდგას, მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, და ეს ასეც უნდა იყოს.

ჩვენი რესპუბლიკა იარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მჭიდროდ დაუკავშირდება სამუსლიმანო საქართველო. აი სწორედ ამ შეგნებით, დარწმუნებული ვართ, რომ ყოველივე ჩვენი ნაბიჯი, გადადგმული რესპუბლიკის განსამტკიცებლად, უპირველესყოვლისა, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რესპუბლიკა მჭიდროდ დაუკავშირდებს სამუსლიმანო საქართველოს. მთავრობამ დღეს, ამ არა ჩვეულებრივ პირობებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი დადგენილება გამოიტანა.

ჩვენ აქ არ შეუდგებით იმის დასაბუთებას, თუ რამ გამოიწვია ეს სისხლის ღვრა, რომლის მოწამენი ჩვენ ვიყავით. ეს სავსებით იყო გამორკვეული დამფუძნებელ კრების კომისიის მიერ. ჩვენი ცნობები თავიდანვე სწორე იყო.

მთავრობა მოვალე იყო, იმ პირობების წინააღმდეგ, რომლის გავლენა ყოველთვის მწვავეა და განსაკუთრებით ეს მწვავე არის ადგილობრივ მცხოვრებზე, - მოვალე იყო მიეღო შესაფერისი ზომები.

ჩვენ გადავსწყვიტეთ და შევიმუშავეთ კანონ-პროექტი და ამ დღეებში წარმოუდგენთ დამფუძნებელ კრებას, რომ ხალხს, უპირველეს ყოვლისა მიეცეს დახმარება სათესით, აგრეთვე სასურსათო დახმარებაც.

ამასთანავე ჩვენ საჭიროთ მიგვაჩნია აქ განვაცხადოთ, რომ ჩვენი ცნობებით, იყო ზოგიერთი შემთხვევა, როცა დაზარალდა მუსლიმანთა სამლოცველოები. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ამ მხრივ, ადგილობრივ მცხოვრებლებს მიეცეს ყოველ-გვარი შეღავათი და სახელმწიფო მათ აღუთქვამს იმ დახმარებას, რომელიც აუცილებელი იქნება სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ხალხი, რომელიც არავითარ მონაწილეობას არ იღებდა ამ ამბოხებაში, რომელიც მოაწყეს რესპუბლიკის ისტორიულმა მტრებმა ბეგებმა და მათმა ამყოლებმა, დარწმუნდება, რომ მთავრობა საუკეთესო დამცველია, დამფუძნებელ კრების კარნახით, მათი მოთხოვნილებისა, და მჭიდროდ დაუკავშირდება ჩვენ რესპუბლიკას.

ამასთანავე ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ის მუხლი ჩვენი პლატფორმისა, რომელიც თქვენ აქ იცით და რომელიც ეხება სამუსლიმანო საქართველოში მმართველობის მოწყობას, ახლო მომავალში განხორციელდება სამუსულმანო საქართველო მართლაც მოეწყობა ავტონომიურად.

ეს კანონ-პროეკტი იქნება წარმოდგენილი პირველ შემთხვევისამებრ. (ტაში).

თავმჯდომარე. მსურველი აღარავინ არი. ამ რიგად კამათი შეწყვეტილია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

გიორგი ანჯაფარიძე (ს. დ.) მე დიდხანს არ შევაჩერებ თქვენ ყურადღებას. ჩემ მოხსენებაში მე განვაცხადე, რომ საჭიროა დიდი მუშაობა და სხვა და სხვა ზომების მიღება. მაგრამ დღეს დღეობით იმ პირობებში, რომელიც ეხლა არის შექმნილი, საჭიროა მიღება იმ ზომებისა, რომელიც იყო ჩემ მიერ ჩამოთვლილი. რაც შეეხება იმ ზომებს, რომელზედაც ლაპარაკობდა ბ. გვაზავა, ეს ჩემ მიერ არ იყო დასახელებული მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი საკითხია, მას განსაკუთრებული ყურადღება და დიდი შესწავლა სჭირია, და ამ საკითხის მარტო უბრალო დეკლარაციის გადაწყვეტა საჭირო არ არის, მით უმეტეს, რომ მთავრობამ უკვე ასეთი დეკლარაცია გააკეთა. როდესაც დამფუძნებელი კრება ამ საკითხის შესახებ რაიმე დადგენილებას გამოიტანს, მან ეს დადგენილება უნდა ჩამოასხას უკვე შემუშავებულ კანონის განსაზღვრულ ფორმებში. კომისიას ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ კომისია წინამღდეგია ამ ზომისა; ამის წინააღმდეგ კომისია არ იქნებოდა და არც იქნება.

მიწის საკითხი კი სულ სხვა საკითხია, მართლაც ადგილობრივ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მიწის საკითხი დღესვე უნდა იყოს გადაწყვეტილი, იმიტომ რომ, მიწის საკითხის გატარებით, ერთის მხრივ ნიადაგი ეშლება ჩვენ მოწინააღმდეგეებს, რომელთა უმეტესობა უმთავრესად მემამულეებისაგან შედგება და მეორეს მხრივ ეს რეფორმა ხალხს მიიზიდავს და დაუბრუნებს თავის კერას. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ არ ყოფილა სიცრუე საქართველოს მთავრობის დაპირება, არამედ დღესვე ხორციელდება ის, მიუხედავად იმ პირობებისა, რომელიც აქ არის შექმნილი, - ხალხი უსათუოდ დაბრუნდება. და იმიტომ კომისიას ადგილობრივ გლეხების წარმომადგენელნი უპირველესყოვლისა სთხოვდნენ: „თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც მოხდა ახალციხეში, და თქვენი დაპირება უკან არ წაიღოთ, აასრულეთ, მიწა მიეცით ხალხს“-ო. ამიტომ, კომისიამ საჭიროდ დაინახა, სხვა საშურო ზომებთან ერთად ეს ზომაც ფრიად საჩქაროდ იქნეს მიღებული.

რაც შეეხება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებას, შესახებ ადმინისტრაციის მოწყობისა, საუბედუროდ, კომისიის სახელით, არ შემიძლიან ეს შეწორება მივიღო. რასაკვირველია ადმინისტრაციის მოწყობა საუკეთესოდ მთავრობას ცენტრიდან შეუძლიან, ამისთვის ცენტრიდან გაიგზავნება გამოცდილი პირი, მაგრამ თუ კი ადგილობრივად ეს პირი სამხედრო უწყებას არ დაემორჩილება, კომისიას ძალიან ეშინიან, რომ არ მოხდეს ძალა უფლების გაორება. საგანგებო რწმუნებული, რომელზედაც აქ იყო ლაპარაკი, მე მგონი რომ საქმეს სრულიად არ შეჰცვლის. ასეც რომ არ იყოს, ერთი გარემოება არის მისაღები. ჩვენ გვაქს საქმე უბრალო ჯერ კიდევ შეუგნებელ ხალხთან. რა შთაბეჭდილებას იქონიებს ამ ხალხზე, რომ რამოდენიმე პირს აქვს ეს ძალა-უფლება? ის უსათუოდ დარწმუნდება იმაში, რასაც მუდამ ეუბნებიან ჩვენი მოწინააღმდეგენი, - საქართველომ ბევრი ვერ მოგიარათ, იმიტომ რომ, თითონ არა აქვს მოწყობილი თავისი საქმე, იგი ხან ერთ კაცს აძლევს ძალა-უფლებას, ხან მეორეს, რომელნიც ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და ისინი თქვენ ვერ მოგივლით, ვერ მოგიწყობთ საქმესო, ამიტომ მე ვამბობ, აქ ძალა-უფლების გაორება ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს და შეიძლება მან შეაფერხოს ნორმალურ კალაპოტში ცხოვრების ჩაყენება. ის მოსაზრება, რომ ადმინისტრაცია იქ უნდა დაემორჩილოს სარდალს საცა სამხედრო მოქმედება სწარმოებს და სადაც სიმშვიდე არის, ეს საჭირო არააო, - მე მგონი აქ მოსატანი არ არის. იმ პირობებში, რომლებშიაც ეხლა ახალციხის მაზრა იმყოფება, ჩვენ არ შეგვიძლიან გავარკვიოთ სად არის სამხედრო მოქმედება და სად არ არის.

ჩვენ ვიცით კარგად, რომ მაშინ როდესაც ჩვენი ჯარები ფოცხოვის რაიონში იბრძოდნენ, იმ დროს ზურგში მათ აჯანყება მოუწყვეს. ამიტომ წინდაწინ ლაპარაკი და გათვალისწინება, სად იქნება საომარი მოქმედება და სად არა, არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ჯერ კიდევ დარჩა ოსმალეთის აგენტები და ემისრები.

იბადება საკითხი, თუ კი ადმინისტრაცია დაქვემდებარებული ეყოლება ჯარების სარდალს, შეგვიძლიან თუ არა ჩვენ რეფორმებს გატარება, რაიცა აუცილებელი საჭირო არის. კომისია იმ აზრისაა, რომ დამშვიდებასთან და წესიერების დამყარებასთან ერთად უნდა მოხდეს უსათუოდ პარალელურად რეფორმების გატარებაც. მე მგონი რომ ეს შეიძლება. მართალია, სადაც განსაკუთრებული წესები არის შემოღებული იქ შეჩერებულია ერთგვარად პირადი თავისუფლებანი. მაგრამ ჩვენ პრაქტიკა გვაქს, პრაქტიკა სხვა განაპირა ოლქებისა, მაგალითად სოჭისა და სოხუმის ოლქებისა, სადაც სამხედრო წესები იყო შემოღებული, და ჩვენ ძალიან ენერგიულად ვატარებდით სხვა და სხვა პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებს, და იქ თავის დღეში სარდლებს არ დაუშლიათ ჩვენი ასეთ მოქმედებისთვის. და მე მგონი, რომ არ გვექნება საბუთი იმისა, რომ აქ ჩვენ ვინმემ დაგვიშალოს. ამიტომ კომისიას ჰგონია, რომ ბევრად უკეთესი და მიზან შეწონილი იქნება თუ კი ადმინისტრაციას ცენტრიდან მთავრობა მოაწყობს, მაგრამ ეს ადმინისტრაცია დაემორჩილება სარდალს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევაც რომ არ მოხდეს ძალა-უფლების გაორება, მაინც ადგილობრივ ხალხის ფსიხოლოგიაში ამას ექნება ცუდი გავლენა და ეს ძალიან დიდ ზიანს მოუტანს საქმეს.

თავმჯდომარე. ამ საკითხის შესახებ არის ორი რეზოლიუცია. ერთი კომისიის მიერ წარმოდგენილი, მეორე შემოტანილი სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს: პირველად საგანგებო კომისიის და შემდეგ ს. დ. ფრაქ. რეზოლიუციას).

სოც. დემ. ფრაქციის რეზოლიუცია.

მოისმინა რა საგანგებო კომისიის მოხსენება ახალციხის მაზრის შესახებ და მთავრობის განმარტება, დამფუძნებელი კრება აღიარებს, რომ აღნიშნული კუთხის დასამშვიდებლად საჭიროა, ერთის მხრით, ენერგიული ბრძოლა მოღალატეთ, წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრით დემოკრატიულ რეფორმების ცხოვრებაში გატარება. ამისთვის დამფუძნებელი კრება ავალებს მთავრობას:

1. მიიღოს ზომები ადმინისტრაციის მოსაწყობად, რათა შესაძლებელ გახდეს დემოკრატიულ რეფორმების პირველ რიგში და მიწის რეფორმის ცხოვრებაში გატარება და აღმოუჩინოს დაზარალებულ მცხოვრებთ დახმარება სურსათის და ხეტყის მასალების მიწოდებით.

2. დროებით, სანამ გარეშე საფრთხე იქნება მოსალოდნელი დასტოვოს ამ მხარეში სამხედრო წესები და მომქმედ სამხედრო და სამოქალაქო ძალების შესათანხმებლად დანიშნოს თავისი საგანგებო რწმუნებული.

თავმჯდომარე. აქ სხვა რეზოლიუცია არ მაქვს. ეხლა შეუდგები კენჭის ყრას. სურს ვისმეს სიტყვა თუ არა? მსურველი არავინ არის. მე კენჭს უყრი. შეიძლება ისურვოთ და გაჰყოთ მუხლობრივ რეზოლიუცია? ჩემის აზრით, ამ ორივე რეზოლიუციაში არის ისეთი რამ, რომელიც საერთოა. გსურთ თუ არა? მსურველი არავინ არის. საჭირო არის თუ არა, ერთხელ კიდევ მოგახსენოთ კომისიის წინადადება?

გიორგი ანჯაფარიძე (ადგილიდან). ერთ შესწორებას ვღებულობ.

თავმჯდომარე. რის შესახებ გნებავთ სიტყვა?

ანჯაფარიძე (ადგილიდან) შესწორების შესახებ, რომელიც არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ.

თავმჯდომარე. მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენ უკანასკნელ სიტყვით ისარგებლეთ და ამის შესახებ არაფერი ბრძანეთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. ნინიძე. (ადგილიდან) ნება მიბოძეთ რეგლამენტის შესახებ!

თავმჯდომარე. რომელი რეგლამენტისა?

კირილე ნინიძე (ს. დ.) რომელიც დროებით იყო მიღებული. რეგლამენტი დარღვეული გახლავთ!

თავმჯდომარე. ინებეთ!

კირილე ნინიძე (ს. დ.) ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეზოლიუციაში, რომელიც კომისიამ წარმოადგინა, ბევრი მუხლი არ არის სადავო, მაგრამ არის ისეთი წვრილმანები, რომლებსაც ჩვენი ფიქრით ადგილი არ უნდა ჰქონდეს რეზოლიუციაში, და ამიტომ წარმოვადგინეთ ჩვენ ცალკე რეზოლიუცია. მე მგონი, კენჭი უნდა უყაროთ რეზოლიუციებს, როგორც ერთს ისე მეორეს. ცალ ცალკე მუხლების კენჭის ყრაში ჩვენ ბევრ პუნქტების შესახებ, თავს შევიკავებთ, რატომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისაღებია, არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ეს იყოს დაწვრილებით აღნიშნული რეზოლიუციაში. ამიტომ მე მგონია, ამ სახით უნდა ჰქონდეს ადგილი კენჭის ყრას, როგორც ეს არის წარმოდგენილი. ჯერ ერთი რეზოლიუცია არის წარმოდგენილი მერე მეორე.

თავმჯდომარე. უკაცრავათ, მაგრამ უნდა განვაცხადო, რომ ეს რეგლამენტის დარღვევის შესახებ სიტყვა არ გახლავთ.

მე რომ ეს მცოდნოდა კრების წევრს ნინიძეს სიტყვას არ მივცემდი.

შემდეგისთვის უმორჩილესად ვთხოვ ორატორს იმაზე ილაპარაკოს, რაზედაც მოითხოვს სიტყვას.

მე მხოლოდ მოგახსენეთ, გნებავთ მთლიანად უყარო კენჭი, რეზოლიუციებს, თუ ცალკ-ცალკე მუხლებს მეთქი. პასუხად არ მივიღე არც ჰო და არც არა. სანამ რეგლამენტის დარღვევის შესახებ ამას ბრძანებდა რომელიმე წევრი, უნდა მოეცადა, როგორ მოვიქცეოდით. მე რასაკვირველია ასეთი განზრახვა მქონდა. ეხლა კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე კომისიის მიერ წარმოდგენილ რეზოლიუციისა? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი?

ვინ არის მომხრე სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ წარმოდგენილ რეზოლიუციისა? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი. მაშასადამე თავი შეიკავა 7. მიღებულია სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის რეზოლიუცია.

შემდეგი საკითხი დამფუძნებელ კრების რეგლამენტის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბარათაშვილს.

დამფუძნებელ კრების რეგლამენტი.

იესე ბარათაშვილი. დამფუძნებელ კრების რეგლამენტის შემუშავების დროს სარეგლამენტო კომისია ხელმძღვანელობდა რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს, ამიერ კავკასიის სეიმის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტებით. უკანასკნელი დროებით მიიღო დამფუძნებელ კრებამ სახელმძღვანელოდ. ამიტომ მე მინდა აღვნიშნო უმთავრესი განსხვავებანი, რომელნიც მივიღეთ იმის და მიხედვით თუ რა უფლებით არის აღჭურვილი დამფუძნებელი კრება და რა მოვალეობა მას აწვება. §§ 39, 40, 41, 42, დამფუძნებელი კრება აკისრებს განსაკუთრებულ კომისიებს მმართველობის ყოველი დარგის მოქმედების გამოსაძიებლად. კომისიამ დიდი ყურადღება მიაქცია, საქმეთა განხილვის წესს. 8 კანონპროექტების პირველსა და მეორე განხილვის შუა უნდა გავიდეს არა ნაკლებ შვიდი დღისა, რომ დამფუძნებელ კრებას ჰქონდეს დრო მოიფიქროს, დაუკვირდეს საკითხს და შემდეგ სათანადო მსჯავრი გამოიტანოს §§ 65, 66, 68 აღნიშნავენ დეკრეტების განხილვის წესს. დამფუძნებელ კრებას აქვს უფლება შემოიტანოს ყოველი წინადადება დეკრეტების ინსტრუქცის და დადგენილების პროექტის სახით. წინადადება უნდა დაურიგდეს დამფუძნებელ კრების წევრებს 24 საათით ადრე კრების გახსნამდე. § 70 მ. შეეხება შეკითხვებს. ახალი ჩვენ შევიტანეთ რომ § 74 მ. შეკითხვის გარდა დამფუძნებელ კრების წევრს შეუძლიან მთავრობას მიმართოს კითხვით ამა თუ იმ საქმის განსამარტებლად. მთავრობა ვალდებულია პასუხი გასცეს დაუყოვნებლივ, ან შემდეგ სხდომაზე. ამის შესახებ კამათი არ იმართება § 79. ქვორუმი შესდგება არა ნაკლებ 50 წევრისაგან. § 110 თუ დამფ. კრების წევრი არ ემორჩილება, თავმჯდომარეს, უკანასკნელს შეუძლიან მოსთხოვოს წესრიგის დაცვა, მისცეს შენიშვნა და სხვა. § 114 მუხლში აღნიშნულია მსჯელობის შემოკლების და შეწყვეტის წესი. § 119 წინადადება კამათის შემოკლების და შეწყვეტის შესახებ უარყოფილად ჩაითვლება, თუ წინააღმდეგია თორმეტი ანუ მეტი წევრი. დანარჩენ შესწორებებს დიდი მნიშვნელობა არა აქვსთ. თუ ნებას მომცემდით, გადავალ მუხლობრივ განხილვაზედ.

თავმჯდომარეობს სიმონ მდივანი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

იესე ბარათაშვილი. კითხულობს რეგლამენტის 1-12 მუხლს.

კენჭის ყრით მიღებულია. (ხმა: - უკვე სამი საათია!)

თავმჯდომარე. დადგენილების ძალით დამფუძნებელ კრების. სხდომა წყდება სამ საათზე. გსურთ თუ არა განვაგრძნოთ კრება? ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, კრება გადაიდება.

წინადადება გახლავთ კრება დაინიშნოს რვა აპრილს თორმეტ საათზე.

კრებას ვხურავ.

კრება იხურება 3 საათზე და 2 წუთზე.

2.6.2 მერვე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი.აპრილის 8. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომრის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 ს. 40 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ.

გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტების სია:

მდივანი. შემოსულია შემდეგი კანონ-პროექტები, რომელნიც უნდა გადაეცეს კომისიებს. (კითხულობს).

1. სამხედრო მინისტრის კანონპროექტი - ოფიცერთა და სამხედრო უწყების მოხელეთა ჯამაგირისა.

გადაეცეს სამხედრო და საბიუჯეტო კომისიებს.

2. შრომის მინისტრის კანონპროექტი - 1918 წლის ივლისის 5-ს კანონის სალიკვიდაციო ჯილდოს მე-2 მუხლის შეცვლისა.

გადაეცეს შრომისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიებს.

3. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონპროექტი - მის განკარგულებაში ორი მილიონი მანეთის გადაცემისა - ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში დაზარალებულთა დასახმარებლად.

გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

4. შრომის მინისტრის კანონპროექტი. სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა.

გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთაღრიცხვის კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელ კრების დადგენილებისა ახალციხის ამბების გამოსარკვევად გაგზავნილ საგანგებო კომისიის მოხსენების გამო.

3. გაგრძელება დამფუძნებელ კრების რეგლამენტის განხილვისა.

4. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება - მცირე კომისიების დაარსების შესახებ ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზიისათვის.

5. სხვა და სხვა კომისიების არჩევა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა წესრიგის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.დ.) აქ არის ერთი ძალიან საჩქარო პროექტი. ეს გახლავთ მოსამსახურეებისათვის ავანსის მიცემის შესახებ. რადგანაც ეს ავანსი საჭიროა მიეცეს მანამდის, სანამ მათი ჯამაგირი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მე მგონია, საფინანსო კომისიას უნდა წინადადება მივცეთ, რომ დაჩქარებით განიხილოს ეს კანონპროექტი. შესაძლებელია, რომ ვთხოვოთ საფინანსო კომისიას დაუყონებლივ განიხილოს და შემდეგ სხდომისათვის წარმოადგინოს იგი. დაახლოვებით, პარასკევისთვის. პარასკევისთვის, მე მგონია, მოსალოდნელია მომავალ სხდომის დანიშვნა.

თავმჯდომარე. არის წინადადება, რომ დაევალოს საფინანსო კომისიას შემდეგ სხდომისთვის წარმოადგინოს კანონპროექტი სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა. ვინ არის წინააღმდეგი ამისა? არავინ.

მაშასადამე ეს კანონ-პროექტი, თანახმად დამფუძნებელ კრების დასტურისა, საფინანსო კომისიამ უნდა წარმოადგინოს პარასკევის სხდომაზე.

ვინ არის წინააღმდეგი დღიურ წესრიგისა? არავინ.

მაშასადამე წესრიგი დამტკიცებულია.

პირველი საკითხი: საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების კანცელარიის ხარჯთ-აღრიცხვისა. მომხსენებელია სოლოღაშვილის ასული.

საბოლოო ტექსტი დამფუძ. კრების 1919 . ხარჯთ-აღრიცხვის კანონისა.

ოლღა სოლოღაშვილის ასული. მე მოგახსენებთ საქართველოს დამფუძნებელ კრების კანცელარიის 1919 წლის ხარჯთ აღრიცხვას იმ შესწორებით, რომელიც იყო მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შენიშვნებს. (კითხულობს).

დამფუძნებელი კრების წევრთა გასამრჯელო (ყოფილი პარლამენტის 147 წევრს ორი თვისა და 12 დღისა თვიურად 900 მან. ანგარიშით - 313.110 მან. დამფუძნებელი კრების 130 წევრს ცხრა თვისა და 19 დღისა - თვიურად 1500 მან. ანგარიშით 1 878500 მ.) 1919 წ. იანვრის 1-დან წლის დამლევამდე - 2.191.610 მან.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს საწარმომადგენლო ხარჯისათვის - 15.000 მან.

დამფუძნებელ კრების კანცელარიის მოსამსახურეთა ჯამაგირისთვის - 465.600 მან.

საკანცელარიო, საფოსტო-სატელეგრაფო და სხვა სამეურნეო ხარჯისათვის - 100.000 მან.

კანცელარიის საჭიროებისათვის დროებით მოწვეული მომუშავეთა სასყიდლისათვის - 10.000 მან.

სხვა და სხვა მოულოდნელ შემთხვევის გამო მოსამსახურეთა დახმარებისათვის - 15. 000 მან.

ბიბლიოთეკის შევსებისა და სხვა ხარჯისათვის - 200.000 მან.

სასტამბო ხარჯებისათვის - 100. 000 მან.

დამფუძნებელი კრების წევრთა საგზაო და დღიური ხარჯისათვის - 100.000 მან.

კომისიებში მოწვეულ მცოდნე პირთა გასამრჯელოსთვის 20.000 მ.

გაუქმებულ თანამდებობის პირთა დაკმაყოფილებისათვის 1919 წ. იანვრისა, თებერვლისა და მარტის ჯამაგირით - 6.300 მან.

ჯამი - 3.223.510 მან.

თავმჯდომარე. დაასრულეთ?

ოლღა სოლოღაშვილის ასული. ეს გახლავთ ხარჯთ-აღრიცხვა. არის კიდევ კანონ-პროეკტი. წავიკითხო?

თავმჯდომარე. გთხოვთ!

ოლღა სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს) საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვის კანონისა. აქ შეტანილი გახლავთ შემდეგი ცვლილებანი. დამფუძნებელ კრებამ მიიღო ასეთი სათაურით:

კანონპროექტი

საქართველოს დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

სარედაქციო კომისიამ მიიღო:

კანონი.

საქართველოს დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვისა.

პირველ მუხლში თითქმის ცვლილება არავითარი არ არის, თუ მხედველობაში არ მივიღეთ, რომ მიღებულ კანონში იყო: დამფუძნებელ კრების, და სარედაქციო კომისიამ მიიღო დამფუძნებელი კრების.

შემდეგ მეორე მუხლი. უწინდელი რედაქცია ასეთი გახლდათ:

2. დამტკიცებული იქმნეს ამ კანონთანვე დართული საქართველოს დამფუძნებელ კრების კანცელარიის შტატი. და 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა.

სარედაქციო კომისიამ მეტად დაინახა, რომ აქ დაემატებინათ შემდეგი ნაწილი, „და 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა“, რადგანაც კანცელარიის ხარჯთ-აღრიცხვა უკვე შეტანილია პირველ ხარჯთ-აღრიცხვაში.

მეორე მუხლი სარედაქციო კომისიამ ასე მიიღო (კითხულობს).

2. დამტკიცებული იქმნეს ამ კანონთანვე დართული საქართველოს დამფუძნებელი კრების კანცელარიის შტატი.

საქართველოს დამფუძნებელი კრების კანცელარიის შტატი ასეთია:

N N რიგზე

თანამდებობანი

1919 წ. იანვრის 1-დან წლის დამლევამდე მანეთობით

თანამდებ. რიცხვი

თვიური ჯამაგირი თვითეულს

თვიური ჯამაგირი ყველას

წლიური ჯამაგირი თვითეულს

წლიური ჯამაგირი ყველას

1

კანცელარიის გამგე

1

1500

1500

18000

13000

2

საბიუჯეტო-საფინანსო განყ. საქმეთა მმართველი

1

1400

1400

16800

16800

3

საქმის მწარმოებელი

8

1000

8000

12000

96000

4

ექსპედიტორი

1

850

850

10200

10200

5

ექსპედიტორის თანაშემწე

1

750

750

9000

9000

6

მანქანით გადამწერი-უფროსი კათეგორიისა

7

800

5500

9600

67200

მანქანით გადამწერი-უნცროსი კათეგორიისა

3

750

2250

9000

7000

ამ მუხლს აქვს დართული შენიშვნა საფინანსო საბიუჯეტო კომისიისა. ეს შენიშვნა შემდეგი გახლავთ (კითხულობს).

ამ შტატით აღრიცხული ჯამაგირი მანქანით გადამწერთათვის - იმ პირობით დაენიშნოთ მათ, რომ, - განსაზღვრული ექვსი საათის დღური მუშაობის გარეშე, ვალდებულნი არიან ყოველთვის, როცა საჭიროება მოითხოვს, ზედმეტიც იმუშაონ და ამ ზედმეტი მუშაობისათვის განსაკუთრებული გასამრჯელო არ მიეცემათ.

ასეთი გახლავთ 6-ე მუხლში დართული შენიშვნა. შემდეგი (კითხულობს).

7

სტენოგრაფიული ოქმების რედაქტ. უფროსი

1

1100

1100

13200

13200

სტენოგრაფიული ოქმების რედაქტ. უმცროსი

1

950

960

11400

11400

8

სტენოგრაფიული ოქმების შემდგენელი

8

1100

8800

13200

105600

9

ეკზეკუტორი

1

800

800

9600

9600

10

ეკზეკუტორის თანაშემწე

1

650

650

7800

7800

11

ქვესტორი

1

1100

1100

13200

13200

12

ქვესტორის თანაშემწე უფროსი

1

900

900

10800

10800

„...“ უმცროსი

1

800

800

9600

9600

13

ბუხჰალტერი

1

950

950

11400

11400

14

კანცელარიის მოხელე მორიგეობისათვის

1

650

650

7800

7800

15

ბიბლიოთეკის გამგე

1

1000

1000

12000

12000

16

ბიბლიოთეკის გამგ. თანაშემწე

1

750

750

9000

9000

ამგვარად მთელი ჯამი გამოვა.

41

-

38800

213500

465600

ეს არის დამფუძნებელ კრების 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვა.

3-მე მუხლი უწინდელი რედაქციით ასეთი იყო: (კითხულობს).

3. პირველსა და მეორე მუხლში აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვის სისრულეში მოსაყვანად გაღებულ იქნეს სახელმწიფოს ხაზინიდან ამა 1919 წლის იანვრის 1-დან წლის დამლევამდე სამი მილიონი ორას ოცდა სამი ათას ხუთას ათი (3.223.510) მან.

რადგანაც ჩვენ მივიღეთ უკვე 2-რე მუხლის შესწორება, რომლითაც მხოლოდ შტატებს ვამტკიცებთ, ამიტომ აქაც შევიტანეთ ცვლილება. ამოიშლება სიტყვები მეორე მუხლში და დარჩება ასე: (კითხულობს).

3. - პირველ მუხლში აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის სისრულეში მოსაყვანად გაღებულ იქნეს სახელმწიფოს ხაზინიდან ამა 1919 წლის იანვრის 1-დან წლის დამლევამდე სამი მილიონი ორას ოცდა სამი ათას ხუთას ათი (3.223.510) მან.

თავმჯდომარე. ვის ნებავს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი, რომ საბოლოო ტექსტი მიღებული იყოს? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

შემდეგი საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების დადგენილებისა ახალციხის ამბების გამო. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

საბოლოო ტექსტი დამ. კრებ. დადგენილებისა ახალციხის ამბების გამო.

ოლღა სოლოღაშვილის ასული. სარედაქციო კომისიამ ასეთი ცვლილება შეიტანა. სათაური ასეთი გახლდათ:

დადგენილება

ახალციხის ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილ საგანგებო კომისიის მოხსენების შესახებ.

ახალი რედაქცია იქნება:

დადგენილება

ახალციხის ამბების გამოსაკვლევად გაგზავნილი საგანგებო კომისიის მოხსენების გამო.

სიტყვა: შესახებ შეიცვლება სიტყვით: გამო, მოხსენების გამო.

შემდეგ. უწინდელი რედაქცია გახლდათ (კითხულობს):

მოისმინა რა საგანგებო კომისიის მოხსენება ახალციხის მაზრის შესახებ და მთავრობის განმარტება, დამფუძნებელი კრება აღიარებს, რომ აღნიშნული კუთხის დასამშვიდებლად საჭიროა ერთის მხრით ენერგიული ბრძოლა მოღალატეთა წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრით დემოკრატიულ რეფორმების ცხოვრებაში გატარება.

ამ შემთხვევაში, კომისიამ ასეთივე ცვლილება შეიტანა. იყო: ახალციხის მაზრის შესახებ, შეცვალა სიტყვით: გამო. შემდეგ ჩაუმატა სიტყვები ამ საგანზე.

ასე რომ, ახალი რედაქცია ასეთია (კითხულობს):

მოისმინა რა საგანგებო კომისიის მოხსენება ახალციხის მაზრაში მომხდარი ამბების გამო და მთავრობის განმარტება ამ საგანზე, დამფუძნებელი კრება აღიარებს, რომ აღნიშნული მხრის დასამშვიდებლად საჭიროა: ა) ენერგიული ბრძოლა მოღალატეთა წინააღმდეგ, და ბ) დემოკრატიული რეფორმების ცხოვრებაში გატარება.

შემდეგ ძველი რედაქცია იყო ასეთი: ამისთვის დამფუძნებელი კრება ავალებს მთავრობას.

1) მიიღოს ზომები ადმინისტრაციის მოსაწყობათ, რათა შესაძლებელი გახდეს დემოკრატიულ რეფორმების, პირველ რიგში, მიწის რეფორმის ცხოვრებაში გატარება და აღმოუჩინოს დაზარალებულ მცხოვრებთ დახმარება სურსათის და ხე-ტყის მასალების მიწოდებით.

სარედაქციო კომისიამ მოიღო შემდეგი ტექსტი: ამისათვის დამფუძნებელი კრება ავალებს მთავრობას.

1) მიიღოს ზომები ადმინისტრაციის მოსაწყობად, რათა შესაძლებელი გახდეს დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის, პირველ რიგში, საადგილ-მამულო რეფორმის განხორციელება და აღმოუჩინოს დაზარალებულ მცხოვრებთ დახმარება სურსათის და ხე-ტყის მასალის მიწოდებით.

მე-2-ე მუხლი დამფუძნებელ კრებამ ასე მიიღო: (კითხულობს).

2) დროებით, სანამ გარეშე საფრთხე იქნება მოსალოდნელი, დასტოვოს ამ მხარეში სამხედრო წესები და მომქმედ სამხედრო და სამოქალაქო ძალების შესათანხმებლად დაინიშნოს თავისი საგანგებო რწმუნებული.

აქ სიტყვა დაინიშნოსმაგივრად, ვიხმაროთ სიტყვა დანიშნოს - სხვა ცვლილება არ არის.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ საბოლოო ტექსტისა? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

შემდეგი საკითხი გახლავთ: გაგრძელება რეგლამენტის განხილვისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

იესე ბარათაშვილი. ჩვენ შევდექით მე-12 მუხლზე და დღეს უნდა წავიკითხო მეცამეტე.

თავმჯდომარე. ესე იგი თავი მესამე, 13 პარაგრაფი. გთხოვთ წაიკითხოთ.

იესე ბარათაშვილი. (კითხულობს) თავი მე-III-ე მუხლი.

თავმჯდომარე. გთხოვთ ხმა მაღლა.

იესე ბარათაშვილი. (კითხულობს) 13-38 მუხლებს.

(ხსენებული მუხლები კენჭის ყრით მიღებულია).

იესე ბარათაშვილი (კითხულობს 39 მუხლს) მმართველობის ყოველ დარგის მოქმედების გამოსაძიებლად, სარევიზიოდ თუ სხვა მიზნისთვის დამფუძნებელი კრება აირჩევს განსაკუთრებულ კომისიას.

თავმჯდომარე. ამ მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის გიორგი ფაღავას.

გიორგი ფაღავა. (ს. -დ.) სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ამ მუხლში შემოაქვს შემდეგი შესწორება. დაემატოს ბოლოს; „ან პირს“ ე.ი. იქნება: მმართველობის ყოველი დარგის მოქმედების გამოსაძიებლად, სარევიზიოდ თუ სხვა მიზნისთვის დამფუძნებელი კრება ირჩევს განსაკუთრებულ კომისიას.

თავმჯდომარე. ცოტა ხმა მაღლა თუ შეიძლება!

გიორგი ფაღავა. ამ მუხლით იგულისხმება, რომ დამფუძნებელი კრება გარდა იმისა, რომ უწევს კონტროლს მმართველობის სხვა და სხვა დარგს, იმავე დროს, (ვინაიდან მუხლში ამნაირად არის ნათქვამი: სარევიზიოდ თუ სხვა მიზნისთვის) დამფუძნებელი კრება თვით ერევა მმართველობის განხორციელებაში განსაკუთრებულ კომისიის სახით. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ამოვირჩიეთ საგანგებო კომისია ახალციხის ამბების გამოსაძიებლად. მაშინ ამ კომისიას მივეცით უფლება დაპატიმრებისა და საჭირო ზომების მიღებისა. მაშასადამე შეიძლება ზოგიერთ კონკრეტიულ შემთხვევაში ასეთი უფლება მიეცეს დამფუძნებელ კრების რომელიმე პირს.

ამიტომ სოც. დემ. ფრაქციას შემოაქვს შემდეგი შესწორება: 3-მე მუხლს დაემატოს ბოლოში - ან პირს“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ დამატების შესახებ? მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ბარათაშვილი. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი. წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია.

ბარათაშვილი. (კითხულობს 40-78 მუხლებს).

ხსენებული მუხლები კენჭის ყრით მიღებულია.

იესე ბარათაშვილი. (კითხულობს) 79 მუხლი. თუ ნახევარ საათის განმავლობაში სხდომისთვის დანიშნულ დროს შემდეგ დამფუძნებელ კრების ორმოცდაათ (50) წევრზე ნაკლები შეგროვდა, თავმჯდომარე აცხადებს, რომ კრება არ შესდგა.

ილია ნუცუბიძე. (ს. რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების ქვორუმის საკითხი სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციას მეტად სერიოზულ საკითხათ მიაჩნია. დამფუძნებელი კრება არის მოწოდებული დაამყაროს საფუძველი ჩვენი სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა მან უნდა შექმნას კონსტიტუცია, რომელიც რამოდენიმე ათეული წლობით განსაზღვრავს ცხოვრების მიმდინარეობის გეზს და ხასიათს. ასეთ დიდმნიშვნელოვან საკითხებს სწყვეტს დამფუძნებელი კრება და ასეთი საკითხების გადაწყვეტაში თუ ორი მესამედი არა, დამფუძნებელი კრების ნახევარმა ერთის მიმატებით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს ერთი. მეორე, მოქალაქენო, თვით ჩვენ კრების წევრნი, განსაკუთრებული მოწოდებით და სერიოზობით უნდა მოვეპყრათ დამფუძნებელი კრების მუშაობას და როდესაც მხოლოდ ერთი მესამედი კრებისა მიიღებს საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას, ჩვენის აზრით ეს არ არის საქმისადმი სერიოზული მოპყრობა. როდესაც სათანადო ყურადღებით მოვეპყრობით ჩვენს მუშაობაში, როდესაც საკითხების გადაწყვეტაში მიიღებს მონაწილეობას კრების დიდი უმეტესობა დამფუძნებელი კრება გახდება მეტი პოპულიარული და ჰპოებს სამკვიდრებელს ხალხის ფსიხოლოგიაში. ამ მოსაზრებით სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მოითხოვს, რომ ორმოცდა ათის მაგივრად ქვორუმს შეადგენდეს სამოცდა ექვსი.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნინიძეს.

კირილე ნინიძე: ბატონებო, ეს შესწორება მეტიც იქნება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მიღებულია, როცა აბსოლიუტური უმრავლესობა არის, მაშინ ქვორუმიც არის. ისე რომ ამის შეტანა სრულიად მეტი იქნება. და თუ ჩვენ რეგლამენტით სულ სხვანაირად ვფიქრობთ განსაზღვრას. ეს არ ვიცი.

აქ ჩვენ გვამოქმედებს სულ სხვა, წმინდა პრაქტიკული მოსაზრება. თეორეთიულათ რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლიან არ დავეთანხმოთ ესერების განცხადებას, რომ რაც შეიძლება მეტნი დაესწრენ სხდომას. თუ ყველა წევრი დაესწრება სხდომას, ეს უკეთესი იქნება, მაგრამ საქმე შემდეგშია: ჩვენ უკვე მივიღეთ ერთი კანონი, შესახებ დამფუძნებელ კრების წევრობის შეთავსებისა. (ხმა: შეუთავსებლობისა) შეუთავსებლობის შესახებ კი არა, შეთავსების შესახებ, რადგან ჩვენ დაუშვით, რომ დამფუძნებელ კრების წევრად შეიძლება იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრები, მინისტრები, მათი ამხანაგები, ელჩები, პროფესორები და სხვები. ეხლა თუ თქვენ მიიღებთ მხედველობაში (შენგელაია: რამდენი იქნებიან სულ?)

თავმჯდომარე: გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ.

ნინიძე: არ ვიცი რამდენი იქნებიან, მაგრამ ჩვენ ეს კანონი მივიღეთ უკვე, და რაკი ეს კანონი მივიღეთ ჩვენ ეხლა აქედან უნდა გამოვდიოდეთ. თუ ეს კანონი ძალაში დარჩება, ჩვენ არ შეგვიძლიან ვივარაუდოთ, რომ ჩვეულებრივ გვეყოლება აბსოლიუტური უმრავლესობა, 66 კი არის აბსოლიუტური უმრავლესობა. მე სწორეთ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ, რომ დარჩეს 50 წევრი. ეს იქნება, გარემოებისა და დროის მიხედვით.

არსებითად სოციალ-რევოლიუციონერების წინადადება გამოდის კარგი სურვილიდან, მაგრამ ეს მოასწავებს პირდაპირ საბოტაჟს, იმიტომ, რომ აბსოლიუტური უმრავლესობა არ გვეყოლება. (ხმა: თქვენზე არის დამოკიდებული!) თქვენზე არის დამოკიდებული, აბა გადახედეთ რამდენი წევრნი ვართ, და თქვენ რამდენი %25 გაკლიათ!

ამ მოსაზრებით ჩვენ საჭიროთ მიგვაჩნია, რომ დარჩეს 50 წევრი.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

იესე ბარათშვილი: კომისიაში ამ საკითხმა გამოიწვია კამათი და ხმის უმრავლესობით ესე გადასწყდა. მე მგონი რომ ეს საკითხი ცხადია და ნათელი, ამას არ სჭირია განმარტება. როგორც დამფუძნებელი კრება ინებებს ისე მოვიქცევით. კომისიამ კი მიიღო 50.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას. შესწორება გახლავთ 50 მაგივრათ 66. შესწორება ასეთი იქნება: (კითხულობს) თუ ნახევარ საათის განმავლობაში, სხდომისთვის დანიშნულ დროს შემდეგ დამფუძნებელ კრების 66 წევრზე ნაკლები შეგროვდა, თავმჯდომარე აცხადებს, რომ კრება არ შესდგა.

ვინ არის შესწორების მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე უარყოფილია. ვინ არის წინააღმდეგი მუხლისა? არავინ. მაშასადამე მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

ბარათაშვილი (კითხულობს: 80-180 მუხლებს).

თავმჯდომარე. საერთოთ უყრი კენჭს კანონ-პროექტს. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

ეხლა, ნება მიბოძეთ, გადავიდე შემდეგ საკითხზე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წინადადება მცირე კომისიების არჩევის შესახებ. წინადადების შესახებ სიტყვა ეკუთვნის რაჟდენ არსენიძეს!

სოც. დემ. ფრაქც. წინადადება მცირე კომისიის დაარსების შესახებ.

რაჟდენ არსენიძე (ს. - დ.) ბატონებო, მთავარი დანიშნულება დამფუძნებელ კრების გახლავთ ის, რომ მოაწყოს ის აპარატი, რომელიც უძღვება მთელ სახელმწიფოს. ეს არის მისი ერთი უდიდესი საქმეთთაგანი. და ის ერთის მხრივ იმუშავებს კონსტიტუციას, მეორეს მხრივ უნდა შექმნას პირობები ამ კონსტიტუციის ცხოვრებაში გასატარებლად და პირველი ნაბიჯი ჩვენი ორგანიული მუშაობისა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. მოგეხსენებათ, რომ ერთი მთავარი პრინციპთაგანი ჩვენი აღმასრულებელი ორგანოსი - მთავრობისა, რომელსაც იზიარებს დამფუძნებელი კრება, იყო გამარტივება მმართველობისა და გამარტივება და გაადვილება იმ აპარატის მუშაობისა, რომელმაც ცხოვრებაში უნდა გაატაროს ჩვენი დადგენილებანი. იმისთვის, რომ გამარტივება უფრო სასწრაფოდ სწარმოებდეს, უფრო წესიერათ და რიგიანათ მოხდეს, საჭიროა გამოირკვეს დღეს, - რას აკეთებენ ის მოხელენი და ის დაწესებულებანი, რომელნიც სათავეში უდგანან ჩვენს რესპუბლიკას. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ გავიგოთ, რა მუშაობა სწარმოებს იქ, რა კეთდება, რის გაკეთება შეიძლება, რამდენათ რთული და ფართოა ეს სამუშაო, რომელიც მათ აწევთ კისერზე, და რამდენათ შესაძლებელია მოხელეების უფრო ნაკლები რიცხვით ამ სამუშაოების შესრულება. ჩვენ გვგონია, ხშირად ზედმეტი რიცხვი ასეთ მოხეელეებისა არა თუ არ უწყობს ხელს წარმოების სისწრაფეს, პირიქით ხელს უშლის; ეგრედ წოდებული კანცელიარშჩინა ვითარდება იმით, რომ მრავალი რიცხვი მოხელეებისა თვითონ იჩენს საქმეს, ერთ კუთხიდან მეორე კუთხეში აგზავნიან ქაღალდებს, იწყებენ მიწერ-მოწერას, გადაწერას, და ყველა ამის გამო ფერხდება მუშაობა და საქმის გაკეთება. ამ ჟამად, ყველაზე სასურველია რევიზია დავიწყოთ მთავრობის უწყებიდან, მთავრობის ცენტრალურ დაწესებულებიდან. მე მგონია, განსაკუთრებული უფლების მიცემა კომისიისთვის საჭირო არ არის, რადგანაც ჩვენ აქ არ გვაქს რაიმე ბოროტ-მოქმედებასთან საქმე, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და რომელიც უნდა აღმოვფხვრათ სპეციალურ ღონისძიების მიღებით. აქ უნდა გამოირკვეს, რა უმუშავნია მთავრობას წარსულში. გამოირკვეს, მთელი ის აპარატი, რომელიც დაგვიტოვეს ძველი წყობილების მოხელეებმა; ამ მოხელეების რევიზია გამოარკვევს მათ საქმიანობას და მოქმედების უნარს, აღნუსხავს და გაითვალისწინებს, როგორი რეორგანიზაცია იქნება საჭირო ამ დაწესებულებისა, რომ უფრო მარტივად, სწრაფად და ცოცხლათ სწარმოებდეს მათი მუშაობა. ამისთვის მე მგონი საჭირო იქნება იმ დიდმა კომისიებმა, რომელნიც ჩვენ ავირჩიეთ თვითეულ დაწესებულებისთვის, თავის წრეში გამოყოს მცირე რიცხოვანი კომისია, ორი სამი პირისაგან. ეს ორი სამი პირი სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რევიზია მოახდინონ თვითეულ ცენტრალურ დაწესებულებაში. შემდეგ ჩვენ ალბად დაგვჭირდება ასეთი რევიზიის გაგზავნა პროვინციაში ადგილობრივ დაწესებულების სარევიზიოთ, მაგრამ იქ იქნება საჭირო სპეციალური კომისია, ვინაიდან იქ გაგზავნილნი დამფუძნებელ კრების წევრნი დროებით უნდა მოშორდენ დამფუძნებელ კრების მუშაობას. ეს იქნება სპეციალური კომისია, დროებით გაგზავნილი სხვა და სხვა ალაგებში. ასეთი სპეციალური კომისია არ დავინახეთ საჭიროდ აქ, იმიტომ, რომ მუდმივი კომისიები გვყვავს, რომელნიც გამოყოფენ მცირე კომისიებს, და დღესვე გაგზავნიან სარევიზიოდ სათანადო დაწესებულებაში; როდესაც შემოვა შტატები, უფრო გარკვეული იქნებიან ამ საკითხში და ამნაირად მოკლე დროში, შევძლებთ საბოლოო შტატების დამუშავებას ყველა დაწესებულებისათვის. და მე მგონი, რომ ეს მართვა გამგეობის სისტემისთვის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანს. აი ეს არის მთავარი აზრი და მიზანი წინადადების, რომ მიეცეს წინადადება ჩვენ კომისიებს ასეთი მცირე კომისიები გამოყონ. რაც შეეხება ინსტრუქციებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ინსტრუქციებს დაიმუშავებენ თვითონ კომისიები. აი რატომ, თვითეულ უწყებას აქვს მრავალნაირი განსაკუთრებული თვისება და ხასიათი, და არ შეიძლება ერთნაირი რევიზია გაუწიოს საფინანსო დაწესებულებას, და რომელიმე ადმინისტრაციულ დაწესებულებას. სულ სხვა და სხვა სახისა და ხასიათის მუშაობა სწარმოებს ერთსა და მეორეში. ამიტომ ჩვენ გვგონია, სათანადო კომისია უფრო დაახლოვებულია ამა თუ იმ დაწესებულებასთან, რომელის საქმეებს იხილავს, და სათანადო ინსტრუქციას ზოგად ხასიათისას უფრო ადვილად მისცემს მცირე კომისიას. შემდეგ ალბად მცირე კომისია თავის გამოკვლევას შეიტანს იმავე დიდ კომისიაში განსახილველად, რომ მან განიხილოს ფართოთ, და თუ რამე საყურადღებო და საგულისხმო არის დამფუძნებელ კრებას მოახსენებენ. ეს იქნება ხარჯთ-აღრიცხვის დამუშავების დროს, შტატების დამუშავების დროს. ეს გამოიხატება იმ კამათში და დებატებში, რომელიც თვითეულ ხარჯთ-აღრიცხვის განხილვის დროს, ალბად იქნება დამფუძნებელ კრებაში. აი ამ მოსაზრებით გვგონია, რომ ეს დებულება სავსებით მისაღებია და დასამტკიცებელი დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-დ.) ბატონებო! ჩვენის აზრით ეს წინადადება იმ სახით, რა სახითაც ის აქ არის შემოტანილი, მიუღებელია. ჩვენი მოსაზრება შემდეგი არის. როგორც მოგეხსენებათ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ შემოტანილი საკანონმდებლო წინადადება მოითხოვს, რომ ყველა კომისიებმა, რომლებიც არჩეულია დამფუძნებელი კრების მიერ, გამოყონ თავიანთ შემადგენლობიდან მცირე კომისიები. წინადადების, თანახმად ამ მცირე კომისიებს დაეკისრებათ საკონტროლო ფუნქციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის მიუღებელი.

ჩვენ ვიცით, რომ დამფუძნებელი კრება, რომელსაც ხელთ უპყრია რესპუბლიკის მთელი ძალა-უფლება, არის იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი კონტროლიორი. კონტროლის უფლება არის ერთი უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანი და რა თქმა უნდა, ასეთ უფლებას დამფუძნებელი კრება გადასცემს საგანგებო ცალკე კომისიას, რომელსაც ექნება მუდმივი ხასიათი და არა რაღაც მცირე კომისიებს.

მცირე კომისია შეიძლება არჩეულ იქნეს, ასე ვსთქვათ, ად ჰოც რაიმე ტეხნიკური საჭიროებისათვის, აქ კი საჭირო არის ასე თუ ისე მუდმივი აპარატი, რომელიც კონტროლს გაუწევს ცენტრალურ დაწესებულებებს.

აქ არ არის აგრეთვე გამორკვეული, თუ რამდენი იქნება ეს მცირე კომისიები, ან რა პრინციპზე იქნება ესენი აგებული, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენის აზრით, ყოვლად შეუძლებელია ყოველმა კომისიამ გამოყოს მცირე კომისია და მას კონტროლი დაავალოს. მაგალითად, ჩვენ ავირჩიეთ სარეგლამენტო, სამანდატო და სხვა კომისიები. ახლა თქვენ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება სარეგლამენტო კომისიამ აირჩიოს მცირე კომისია ან ვის უნდა გაუკეთოს მან კონტროლი? ცხადია, ეს უაზრობა იქნებოდა.

შემდეგ ამისა არ არის გამორკვეული პრინციპი, თუ როგორ უნდა შესდგეს ეს მცირე კომისია, რასაც, როგორც მოგახსენეთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამართლიანობა და საქმის ინტერესი მოითხოვს, რომ საკანტროლო კომისია იყოს შედგენილი არა ისე, როგორც მაგ. კომისიებია შემდგარი. მაგ. ჩვენს კომისიებში, სადაც 10 კაცი არის, შვიდი სოციალ-დემოკრატი არის, ხოლო დანარჩენ პარტიებს ყავს თითო თითო წარმომადგენელი.

ვსთქვათ, რომ მცირე კომისია აირჩიეს. თუ ძველი ძალთა განწყობილება დარჩა, შეიძლება სხვა ფრაქციის წარმომადგენელი სრულებით ვერ გახდეს, ასე რომ საკონტროლო კომისიაში იქნება მხოლოდ უმრავლესობის ფრაქცია, კონტროლის ინტერესი კი მოითხოვს, რომ უმრავლესობას ჰყავდეს ყველაზე ნაკლები წარმომადგენელი.

ამ შემთხვევაში შეიძლება ორი წინადადება მივიღოთ: ან თანასწორი წარმომადგენლობა ყველა ფრაქციისა, ანდა კიდევ უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ უმრავლესობის პარტიას ყველაზე ნაკლები წარმომადგენლები ჰყავდეს, თუ ეს ასე არ იქნა, მაშინ გამოვა, რომ სოციალ-დემოკრატიული საკონტროლო კომისია კონტროლს გაუკეთებს ისევ სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას და მის სამინისტროებს და ამნაირად კონტროლს ყოველგვარი აზრი დაეკარგება.

თავმჯდომარე. ჩაწერილი არავინ არის. მე კენჭს უყრი. წინადადება გახლავთ ასეთი (ბარათაშვილი სიტყვას თხოულობს). სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი (ს. ფ.) კითხვა, რომ საჭიროა კონტროლი, და ამის უფლება აქვს დამფუძნებელ კრებას, მე მგონია უდავოა და ყველასგან მიღებული. მაგრამ პროექტი, წარმოდგენილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ არ არის მიზანშეწონილი. აზრი ასეთია, არსებულ კომისიებმა გამოჰყონ მცირე კომისიები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებულ კომისიებს დიდი სამუშაო აქვთ. მე ვეჭობ რომ ამ პატარა, მცირე კომისიებმა შეასრულონ ახალი დავალება. რევიზია კონტროლი უბრალო საქმე არ არის, არც უბრალო საგანია. უნდა მოანდომონ დიდი დრო, გააკეთონ ფაქტიური რევიზია და თუ ნაკლულოვანობა აღმოჩნდა - მოიფიქრონ როგორ გამოაკეთონ და გამოასწორონ საქმე. ყველა დაწესებულებებს უნდ ადევნონ თვალყური და სხვა. ჩვენ ვამბობთ, მცირე კომისია ვერ შესძლებს ამას. თუ მიაქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას მარტო რევიზიის, კონტროლის საკითხებს, მაშინ მოსალოდნელია ნაყოფიერი შედეგი. მათ აღარ დარჩებათ დრო კანონ-პროეკტების შესამუშავებლად; ორი მოვალეობის და დავალების შესრულება. ძნელია. ამისდამიხედვით ან უნდა მოემატოს რიცხვი ამ კომისიებსა ან არა და განსაკუთრებული სხვა და სხვა კომისიები უნდა ავირჩიოთ. მოსაზრებანი დამფუძნებელი კრების წევრის შენგელაიასი სწორე არ არის. ერთი კომისიის აჩევა არ შეიძლება. სხვა და სხვა დარგებია და ერთი კომისია ვერ გაუძღვება, წინადადებაა, ან რიცხვი არსებულ კომისიებისა უნდა გავამრავლოთ და იქიდან გამოვყოთ მცირე კომისიები, ან სხვა და სხვა კომისიები დავაარსოთ და აღვჭურვოთ რევიზორის და კონტროლიორის უფლებებით. მეორე მოსაზრება, სრულიად სამართლიანია. ამ კომისიებში თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს შემოღებული.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) საკვირველ წინაღმდეგობით შეხვდნენ ასეთ უბრალო და მარტივ წინადადებას. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ განსაცვიფრებელია. კომისიებს, რომელიც არჩეულია დამფუძნებელი კრების მიერ, თავის თავად იგულისხმება, აქვს ამისთანა კონტროლის უფლება, და არავის ეჭვიც არ უნდა ებადებოდეს, რომ კომისიებს, რომელიც ავირჩიეთ, სრული უფლება და საშუალება აქვთ მივიდნენ სხვა და სხვა დაწესებულებებში, ყველა დაწესებულებების საქმიანობის და შრომის უნარი გამოარკვიონ, ჩვენ როცა შემოვიტანეთ ეს წინადადება, - ეს იმისთვის, რომ დააჩქარონ კომისიებმა ეს საქმე, დაუყოვნებლივ მოაწყონ ეს რევიზია: ეს არის საჭირო ცენტრალურ დაწესებულების, მათი მოხელეების საბოლოო შტატების შესამუშავებლად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მალე შემოიტანენ შტატების ხარჯთ აღრიცხვას დამფუძნებელ კრებაში, შტატები იქნება აღნუსხული და ჩვენ დავამტკიცებთ, და როცა ამ შტატებს დავამტკიცებთ, თქვენ თუ მაშინ შეუდექით შტატების რევიზიას, ეს ნაგვიანები იქნება. ჩვენ გვგონია, რომ ეს უნდა მოხდეს წინასწარ, რომ კომისია ჩვენ მიერ არჩეული, წინასწარ შეიმუშავებს ინსტრუქციას, გაგზავნის თავის წევრებს ამა თუ იმ დაწესებულებაში ან საქმის მოსაგვარებლათ. ეს მეტად მარტივი საგანია. რასაკვირველია სულ სხვაა, როდესაც გავგზავნით სხვა და სხვა საკონტროლო დაწესებულებაში, მაგალითად ქუთაისში. თუ ქუთაისიდან ან ცნობა მოგვივა, ან მასალა გვექნება, რომ ბოროტ-მოქმედება ხდება, უწესოება სწარმოებს, ან რიგიანად არ სწარმოებს საქმე, ესეთ შემთხვევაში იგზავნება ჩვენ მიერ არჩეული კომისია, როგორც ჩვენ მაგალითად გავგზავნეთ ახალციხეში. თუ მუდმივი კომისია დაარსდა, მაშინ კომისია დაკარგავს თავის ნამდვილ მნიშვნელობას, ნამდვილ თავის ხასიათს. ყველა შეეჩვევა იმას ისე, როგორც, მოხელეს. რომელიც ყოველ დღეს გაივლის და გამოივლის თავის დაწესებულებაში. მე ვამბობ, რევიზიას თავისი უმაღლესი სპეციალური დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. მაშინ, როდესაც იგი ხდება განსაკუთრებული მიზნით. ამ ჟამად, ისეთ უბრალო მარტივ საქმისთვის, გვინდა კომისია, და არა განსაკუთრებული რამისათვის. თითქოს დიდი უბედურება ტრიალებდეს, ქვეყანა ინგრეოდეს, - აქ უბრალო, ნორმალური პარლამენტური მუშაობა წარმოებს, საჭიროა შტატების შემცირება, საჭიროა გამორკვევა რამდენად აუცილებელია ესა თუ ის რაოდენობა შტატისა ამა თუ იმ საქმეში, და ამისთვის ნუ თუ სპეციალური რევიზიაა საჭირო, და ისიც პარიტეტულ, და სხვა ახალ საფუძველზე დამყარებული? ეს ზედმეტია და სიტყვის მასალათ არის აქ მოტანილი.

თავმჯდომარე. კამათი დამთავრებულია. მე კენჭს უყრი წინადადებებს. როგორც მოგეხსენებათ ორი წინადადება არის შემოტანილი: ერთი კრების წევრის არსენიძის მიერ, მეორე სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მიერ. მე კენჭს უყრი ესერების წინადადებას, რომ იყოს ერთი მუდმივი კომისია. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? წინადადება უარყოფილია.

ვინ არის მომხრე მეორე წინადადებისა? მიღებული გახლავთ სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წინადადება.

შემდეგი და უკანასკნელი საკითხი გახლავთ კომისიების არჩევა.

უნდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდიუმი გთხოვთ, რაც შეიძლება საჩქაროდ აირჩიოთ საბიბლიოთეკო კომისა.

ვის სურს ამ საკითხის შესახებ სიტყვა აიღოს? სიტყვა ეკუთვნის პარლამენტის წევრს ჩიხლაძეს.

რაფიელ ჩიხლაძე. (ს.-დ.) სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია იძლევა წინადადებას, რომ დღეს არჩეული იქმნეს ორი კომისია: სამეურნეო და საბიბლიოთეკო.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? ეს წინადადება მიღებული გახლავთ. გთხოვთ დაასახელოთ რამდენი წევრნი იქნება სამეურნეო და საბიბლიოთეკო კომისიებში.

რაფიელ ჩიხლაძე. სამეურნეო კომისიაში იქნება 7 წევრი და საბიბლიოთეკოშიაც.

თავმჯდომარე. სხვა წინადადება არ არის. მაშასადამე საბიბლიოთეკო და სამეურნეო იქნებიან 7-7 წევრი. გთხოვთ დაასახელოთ წევრები.

რაფიელ ჩიხლაძე. (ს. დ.) ჩვენი ფრაქცია საბიბლიოთეკო კომისიაში ასახელებს შემდეგ პირებს: ოლღა სოლოღაშვილის ასულს, პავლე ბიულს, ნიკიფორე იმნაიშვილს და ლეონტი რუხაძეს.

თავმჯდომარე. სამეურნეოში?

რაფიელ ჩიხლაძე. სამეურნეოში - შემდეგ პირებს: ანანია სალუქვაძეს, სარდიონ თევზაძეს, ილია კოპალეიშვილს და ვასილ წულაძეს.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ, სხვა ფრაქციები ვის ასახელებენ.

მდივანი (კითხულობს). სამეურნეო კომისიაში

სოც. ფედ. ფრაქცია ასახელებს: იოსებ გედევანიშვილს.

სოც. რევ. ფრაქცია - ივანე გობეჩიას.

ეროვნულ დემოკრატთა - ალექსანდრე ასათიანს.

საბიბლიოთეკო კომისიაში ასახელებენ:

სოციალ-ფედ. ფრაქცია: შალვა ნუცუბიძეს.

სოც.-რევოლიუც. - ილია ნუცუბიძეს.

ეროვნულ-დემოკრატთა - ექვთიმე თაყაიშვილს.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებული არის.

მოითმინეთ ცნობა მოგახსენოთ. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს):

სოც.-დემოკ. ფრაქციის განცხადება. სოც. დემოკრატიული ფრაქცია გზათა კომისიაში მ. ხოჭოლავას მაგიერ ასახელებს ივანე ჭავჭანიძეს.

დამ. კრების შემდეგი სხდომა

თავმჯდომარე. სხვა საკითხები არ არის. გნებავთ ეხლა გადასწყვიტოთ როდის შესდგება შემდეგი კრება? (არსენიძე: მიენდოს პრეზიდიუმს!)

სხვა წინადადება არ არის. კრებას ვხურავ.

კრება იხურება 2 საათსა და 40 წუთზე.

2.6.2.1 მეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. აპრილის 11. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომრის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 ს. 40 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

კომისიაში გადასაცემი კანონპროექტი.

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონპროექტი - ქუთაისში პირველ ხარისხოვან საბაჟოს დაარსებისა.

გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელი კრების დადგენილებისა ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზიისათვის მცირე კომისიების დაარსებისა.

2. კანონპროექტი - სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა.

3. პროექტი დეკრეტისა ქალაქებში დაუსახლებელ მიწებზე აკრძალვის დადებისა.

4. კანონპროექტი - სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა სალიკვიდაციო შემწეობის კანონის (1918 წ. ივლისის 5-ს) მე-2 მუხლის შეცვლისა.

5. წესი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კანონისა, დეკრეტისა და დადგენილების გამოქვეყნებისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი დღიური წესრიგის დამტკიცებისა? წინააღმდეგი არავინ არის, - დღიური წესრიგი დამტკიცებულია.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების დადგენილებისა ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზიისათვის მცირე კომისიების დაარსებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სოლოღაშვილის ასულს.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების დადგენილებისა ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზიისათვის მცირე კომისიის დაარსებისა.

-ნი ოლღა სოლოღაშვილის ასული. წარსულ სხდომაზე, თანახმად სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადებისა, დამფუძნებელმა კრებამ გამოიტანა დადგენილება უწყებათა და ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზიისთვის მცირე კომისიების დაარსებისა. სარედაქციო კომისიას არსებითი ცვლილება არ შეუტანია. მან შეიტანა მხოლოდ სტილისტიური ცვლილებები, ჩამოაყალიბა და მიიღო შემდეგი რედაქცია:

(კითხულობს).

თავმჯდომარე: სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? მსურველი არავინ არის. საბოლოო ტექსტი მიღებული გახლავთ. შემდეგ კანონ-პროექტი მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კრების წევრს ჭიაბრიშვილს.

კანონპროექტი სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა.

ანდრო ჭიაბრიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ზოგიერთ დაწესებულებებში იქმნა შემუშავებული ახალი შტატები, და ეს შტატები რამოდენიმედ იყო შეფარდებული არსებულ მდგომარეობასთან, რომ შესაძლებელი ყოფილიყო რამოდენიმედ მაინც დაკმაყოფილებულიყვნენ მოსამსახურენი, მაგრამ ყველაზე არ იყო გავრცელებული ასეთი ნორმების შემუშავება, ამ შტატის შემუშავება. ამ შტატის შემოღების დროს, ასეთი ნორმების შემუშავება. ზოგიერთ დაწესებულებებში, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურენი, ასეთ ნორმას ასცდნენ, ისინი დარჩნენ ისევ ძველ პირობებში და ღებულობდნენ ჯამაგირს იმ ნორმებით, რომელიც იყო მიღებული თითქმის 1918 წლის პირველ ნახევარში. გარემოება ძალიან მძიმე იყო, მდგომარეობა ძალიან გაჭირვებული და ამიტომ ძალიან ხშირად ისმოდა ხოლმე ხმები, რომ საჭირო არის მათი მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესება ჯამაგირების მომატებით. მაგრამ გათვალისწინებული იყო ის გარემოებაც, რომ ჯამაგირების მომატებით ფაქტიურად ვერ კმაყოფილდებიან მოსამსახურეები, იმიტომ რომ ჯამაგირების მომატებას თან სდევს თითქმის მაშინათვე სურსათის გაძვირება და როგორც მთელ ამ ომის განმავლობაში, აგრეთვე ამ რევოლიუციის დროსაც ჯამაგირები ვერსად ვერ ეწეოდნენ იმ სიძვირეს, რომელიც თანდათან ვითარდებოდა. ამიტომ შრომის სამინისტროს მაშინათვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არა ჯამაგირების მომატებით გაეუმჯობესებინა მდგომარეობა მოსამსახურეებისა, არამედ გამოენახა საშუალება, რომ დაეკმაყოფილებინა მოსამსახურეები სურსათით. - იაფ სურსათის მიწოდებით. ამ მიზნით იყო მთავრობის მიერ გადადებული - 2 მილიონი მანეთი, რომ მოეწყო სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის იაფი სურსათის მიწოდება, მაგრამ ვინაიდან ვერ მოხერხდა განსაკუთრებით ისეთ კარგი ორგანიზაციის მოწყობა, რომ ამით შესაძლებელი ყოფილიყო დაკმაყოფილება მოსამსახურეებისა იმ ფასებით, რომელნიც მათ ჰქონდათ აქამდის, ამიტომ დაისვა საკითხი, რომ მოემატებინათ ჯამაგირები მოსამსახურეებისთვის, მაგრამ მოემატებინათ ისე კი არა, როგორც აქამდის ხდებოდა, - თითოეული დაწესებულება შეიმუშავებდა თავის ნორმას, ანდა რომელიმე პროფესიონალური კავშირი შემოიტანდა თავის ნორმას ცალკე და ამის გაყვანას თხოულობდა, ეს ერთგვარ არევდარევას იწვევდა და ამიტომ შრომის სამინისტრომ გადასწყვიტა, რომ შეიტანოს ერთგვარი სისტემა იმაში, რომ შეეგროვებინა, შეეკრიფა, სათანადო მასალები იმისდა მიხედვით, რომელ რაიონებში როგორი არის ცხოვრების პირობები და ამ გვარად შეემუშავებინათ წესი, თუ როგორ და ვინ უნდა იყოს დაკმაყოფილებული ჯამაგირით. რა თქმა უნდა სრულიად არ ანებებდა თავს ამასთან ერთად შრომის სამინისტრო იმ აზრსაც, რომ უეჭველად უნდა მოეწყო ეკონომიური ორგანიზაცია იაფ სურსათის მიწოდებისთვის. შრომის სამინისტროს უკვე აქვს მასალები შეგროვილი და სცდილობს, რომ ახლო მომავალში, შექმნას ნორმები ამ სახელმწიფო მოსამსახურეების ჯამაგირების რაოდენობის განსაზღვრისთვის. ამისთვის მას აქვს განზრახული, რომ ჯერ ერთი ის უხერხული მდგომარეობა, რომელიც ამ რევოლიუციის დროს შეიქმნა, რომ ყველა დარგის მოსამსახურენი, - უმაღლეს ადმინისტრაციის მოხელეების მოვალეობას ასრულებდნენ თუ დაბალი მოსამსახურეების მოვალეობას, თითქმის ერთნაირად იყვნენ დაკავშირებულნი, და ერთმანეთზე ერთგვარ გავლენას ახდენდნენ და ხშირად ერეოდნენ კიდეც იმ საკითხებში თუ ვის როგორი ჯამაგირი დაენიშნებოდა. ეს კი ქმნიდა ერთგვარ უხერხულ მდგომარეობას, რის გამოც შრომის სამინისტროს განზრახული აქვს ამ მასალების შეგროვებისთანვე ადმინისტრატიული მოსამსახურენი, - უმაღლეს პოსტზე მყოფნი, უეჭველად გამოყოფილნი იყვნენ ცალკე კატეგორიათ დაბალი მოსამსახურეებისაგან, თუ გინდ ერთი რომელიმე დარგისა ვსთქვათ, რემინგტონის მანქანაზე მომუშავარნი ყოფილიყვნენ დაყოფილნი რამოდენიმე კატეგორიათ, იმიტომ რომ მიუხედავათ იმისა რომ თვითეული მათგანი მუშაობს ერთ და იმავე მანქანაზე, მათი მუშაობის ნაყოფი სხვა და სხვანაირია, და ერთნაირი ჯამაგრის მიცემა, შრომის სამინისტროს აზრით, სრულიად შეუფერებელია, რადგანაც სხვა და სხვა ნაყოფს იღებს ის მათი ნამუშავარი. როგორც მოგახსენეთ აგრეთვე მიღებულია რაიონებზე დაყოფა, რადგანაც სხვა და სხვა რაიონებში ეს სიძვირე სხვა და სხვა ხასიათისა არის და ამისდამიხედვით, რა თქმა უნდა, ჯამაგირების რაოდენობაც განისაზღვრება. ჯამაგირები სხვა და სხვა ნაირი იქნება სხვა და სხვა რაიონებში, მაგრამ მანამდის ყველა ეს ზომები იქნებიან დამუშავებულნი, ეს ნორმები შედგენილი და დამუშავებულნი, წარმოდგენილი დამფუძნებელი კრების მისაღებად, და დასამტკიცებლად, მინამდის მოსამსახურეთა მდგომარეობა საშინელი გაჭივრებული არის, და ამიტომ შრომის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით დამფუძნებელ კრებაში, ვინაიდან მთავრობას არა ნაკლებ ერთი თვისა დასჭირდება ამ ყველა მასალების სისტემაში მოყვანისთვის, და ამისდამიხედვით ამ ნორმების განსაზღვრისთვის, მოსამსახურენი კი საშინელ გაჭივრებას განიცდიან, რომ თვითეულ მოსამსახურეს, რომელსაც არ მიუღია 1919 წელს 1 იანვრიდან ჯამაგირის მომატება - მიეცეს თვითეულს 300 მან. იმ პირობით რომ როდესაც ეს ნორმები იქნება შემუშავებული და ჯამაგირიც ახალი ნორმების თანახმად მიეცემათ, ეს ავანსი იქნეს გამორიცხული ამ მომავალ დამატებითი ჯამაგირებიდან, რომელიც მათ მიეცემათ.

ეს არის აზრი ამ წინადადებისა, რომელითაც შემოვიდა შრომის სამინისტრო. საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს წინადადება და დაეთანხმა სავსებით.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთოდ კანონპროექტის შესახებ? სიტყვა არავის სურს. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ანდრო ჭიაბრიშვილი (კითხულობს.)

1. მიეცეს სახელმწიფო სამოქალაქო უწყების ყველა მოსამსახურეს. გარდა იმ მოსამსახურეთა, რომელთაც მიიღეს ჯამაგირების მომატება ამა წლის იანვრის შემდეგ ავანსად სამასი მანეთი თვითეულს.

შრომის მინისტრის ამხანაგის განცხადება.

. ერაძე. ჩვენ ვთხოულობთ, რომ ამ პირველ მუხლში იყოს შემდეგი შესწორება, იქ სადაც ნათქვამი არის: „300 მან. თვითეულს,“ ჩაემატოს შემდეგი: „მოზარდი და მცირე წლოვან მოსამსახურეთ კი, რომლებიც იღებენ ჯამაგირს არა უმეტეს 270 მან. მიეცეს ავანსის რაოდენობის ნახევარი ე.ი. 150 მან.“

ამას იმითი ვასაბუთებთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში არიან მოზარდი, მცირე წლოვანნი, რომელნიც მუშაობენ ქაღალდების წაღებ-წამოღებაში და იმდენად არ არიან გაჭივრებულნი, როგორც ცოლ-შვილის პატრონი, რომელნიც იღებენ 250-500 მან. რადგანაც ეს ავანსი გვინდა ჩვენ უმთავრესად მისთვის, რომ ისინი გამოვიყვანოთ ასეთ ეკონომიურ გაჭივრებისაგან, და მცირე წლოვანები იმდენად გაჭივრებულნი არ არიან, რადგანაც შეადგენენ წევრებს ოჯახებისას, რომლებშიაც სხვა მშრომლებიც არიან და იქნება ხშირად სხვის ნამუშავრით სცხოვრობენ.

თავმჯდომარე. დამატებითი მოხსენების შესახებ ვის სურს სიტყვა?

მომხსენებელი. მე არაფერი არ მაქვს ამ დამატების წინააღმდეგ.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? ვინ არის წინააღმდეგ? ვინ შეიკავა თავი? დამატება მიღებული გახლავთ. კენჭს უყრი ამ მუხლს დამატებით. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? თავი ვინ შეიკავა? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მე 2 მუხლი.

. ჭიაბრიშვილი. (კითხულობს.) მიენდოს ფინანსთა მინისტრს გაიღოს 1-ლ მუხლში მოხსენებული ავანსი ამა წლის კრედიტის გაუხსნელად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. კენჭს უყრი მთელ კანონპროექტს.

ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი პროექტი არის ქალაქებში დაუსახელებელ მიწების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კირილე ნინიძეს.

პროექტი დეკრეტისა ქალაქებში დაუსახლებელ მიწებზე აკრძალვის დადებისა.

კირილე ნინიძე. ბატონებო! ასეთი არის პროექტი დეკრეტისა ქალაქებში დაუსახლებელ მიწებზე აკრძალვის დადებისა. აზრი ამ დეკრეტისა შემდეგია. ჩვენ აგრარული რეფორმის გატარება ცხოვრებაში არ დაგვიმთავრებია. სოფლის შესახებ ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ტარდება ცხოვრებაში, და რომ ამ კანონ-პროექტის განხორციელებას ხელი არ შეშლოდა წინასწარ, შარშან თებერვალში, ამიერკავკასიის კომისიარიატმა გამოსცა დეკრეტი, რომელიც ეხებოდა სოფლის მიწების თავისუფალ მოხმარებას. ამ დეკრეტით შეზღუდული იყო და არის დღესაც მიწების ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ან იჯარით გაცემა. იმ ხასიათის მიწები, რომელიც არის სოფელში, ისეთი მიწები, რომელზედაც არა აქვთ არც შენობები, არც რაიმე სამრეწველო დაწესებულებანი, ესე იგი სწორედ იმ კატეგორიის მიწები, რომელიც სოფელში არის, არის აგრეთვე ქალაქების საზღვრებში, და აი საჭირო იყო, რომ ამ მიწების ბედი კანონით ასე თუ ისე განსაზღვრული ყოფილიყო. მოსალოდნელია შემდეგი: ერთი ის, რომ გადაწყდეს ამ მიწების ბედი, რომელიც დასატოვებელი ნორმის ზევით არის, თუნდაც ქალაქის ფარგლებში. წინასწარ არ ვწყვეტთ ამ მიწების ბედს, არ ვეხებით იმ საკითხს, თუ რა სახით იქნება განხორციელებული ეს ჩამორთმევა, იქნება ფასით თუ უფასოთ, თუ რაიმე სხვა საშუალებით. ამის განსაზღვრას არ ვეხებით, მხოლოდ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ მომავალში რაიმე კანონი ამ მიწების შესახებ უნდა იყოს გამოცემული, და წინასწარ რომ ამ მიწების პარტონებმა სხვა და სხვანაირად არ ისარგებლონ თავისუფლებით და ეს მიწები არ ჩააყენონ ისეთ მდგომიარებაში, რომ შემდეგ ამ კანონის განხორციელება აღარ შეიძლებოდეს, აი ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ დროებით აღვკრძალოთ ასეთი ცარიელა მიწების თავისუფალი განკარგულება და სარგებლობა. საერთო დეკრეტს ამიერ-კავკასიის კომისიარიატისას არ ვავრცელებთ ქალაქზე. იმიტომ, რომ აქ საერთოდ აკრძალულია მიწის სხვაზე გადაცემა, მიუხედავათ მისი რაოდენობისა და ჩვენ, რომ ეს ჩავიდინოთ, ამით ხელს შეუშლით მრეწველობის განვითარებას; ამიტომ ჩვენ იგი დავტოვეთ, და ვღებულობთ ასეთ მოსაზრებას, ასეთი პრინციპი გვაქს: ერთი ის, რომ თუ დასახლებული არის მამული, არის ზედ შენობა სამრეწველო რაიმე დარგის მუშაობა, ამ მიწებს არ ვეხებით, მხოლოდ ვეხებით ცარიელ ტერიტორიას, ვისაც ერთ დესეტინაზე მეტი აქვს, საერთოდ ერთ დესეტინაზე ნაკლებს, თუნდაც ის ცარიელი იყოს, დეკრეტი არ ზღუდავს, და ეს დეკრეტი საშუალებას მისცემს მიწის პატრონს, თუ სურვილი ექნება, ან სახლი ააშენოს, ან სავაჭრო დაწესებულება, ან სხვა რამე მოაწყოს, დანარჩენ შემთხვევაში კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მომავალ კანონის მოლოდინში ეს დეკრეტი უნდა მივიღოთ. მაშასადამე წინასწარი ზომები განსაზღვრული არის. აი ასეთია ამ კანონ-პროექტის, ამ დეკრეტის დედა აზრი. ეს არის დროებითი, რადგანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ახლო მომავალში გამოიცეს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ამ ცარიელ მიწების ბედს. სხვათაშორის აქ მხედველობაში მისაღებია კიდევ მუნიციპალიტეტების ინტერესი. ჩვენ ვიცით, რომ ქალაქთა კავშირის კრებულმა გამოსთქვეს სურვილი, რომ მათ მიეცეთ საშუალება ზოგიერთი მიწებით ისარგებლონ თავისი სამუნიციპალო პოლიტიკისთვის, და აი ამ მოსაზრებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მიწები იქნება შენარჩუნებული მომავალი ქალაქის მეურნეობისთვის ამ დეკრეტის ძალით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.) ბატონებო! აქ წარმოდგენილი კანონ-პროექტი ერთხელ კიდევ ადასტურებს იმ უსისტემობას, იმ ქაოტიურ მდგომარეობას, რომელშიაც იმყოფებოდა მთელი ჩვენი აგრარული კანონმდებლობა. ის აგრარული რეფორმა, რომელსაც სოციალ-დიმოკრატია ცხოვრებაში ატარებს იმდენათ უსისტემო და უპრინციპო არის, რომ მისი გამართლება და დასაბუთება შეუძლებელია.

სოციალ-დემოკრატიული აგრარული რეფორმა არ არის დასაბუთებული და გამართლებული არც მომენტის რევოლიუციონური დაფასებით, არც რევოლიუციის ხასიათის სწორი მოგებით და არც სასოფლო მეურნეობის რევოლიუციის კანონების ცოდნითა და სწორი გათვალისწინებით.

მოგეხსნებათ, რევოლიუციის პროცესში სოციალ-დემოკრატიას აგრარული პროგრამა დაეკარგა.

ხანგრძლივი ყოყმანისა და რყევისა შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ შეთხზა ახალი პროგრამა, რომელშიც შეაერთა შეუერთებელი ცნობანი და უფლებანი, რომელშიც ერთად მოათავსა მუნიციპალიზაცია და ნაციონალიზაცია, სოციალიზაცია და მიწების აუქციონში გაყიდვა, შეაერთა რევოლიუცია და რეაქცია.

ამასობაში ბ. მიწათმოქმედების მინისტრს დაავიწყდა, რომ მიწები ქალაქშიაც არის და აი მხოლოდ ახლა, რევოლიუციის ორი წლის შემდეგ შემოაქვს დეკრეტი, რომლითაც აკრძალული უნდა იქნეს ქალაქის მიწების გაყიდვა. გამოდის თითქოს ქალაქსა და სოფელ შორის არავითარი კავშირი არ არის, თითქოს შეიძლებოდეს აგრარული რეფორმა სოფლად გავატაროთ და იმავე დროს ქალაქები სრულიად დავივიწყოდ. აგრარული რეფორმა უნდა იყოს ერთი მთლიანი პროცესი, ამას კი ჩვენ ვერ ვხედავთ მთელს აგრარულ საკანონმდებლო შემოქმედებაში.

ამ პატარა კანონპროექტსაც იგივე კომპრომისული ხასიათი აქვს.

ამ სათაურში სწერია „დროებითო“ რატომ მაინც და მაინც დროებითი? ჩვენ გვესმის, ეს სიტყვა, ეს ფრაზა, რომ რევოლიუციის პირველ დღეებში გვეხმარა, კიდევ იქნებოდა აზრი, მაგრამ დღეს, როდესაც რევოლიუციის მეორე წელიწადი შესრულდა და უკვე ტარდება უდიდესი ნაწილი ამ რეფორმისა, ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია ამ კანონს დროებითი ხასიათი მივცეთ.

შემდეგ არის ნათქვამი, რომ ეს კანონი ეხება მხოლოდ დაუსახლებელ მიწებზე, ესე იგი არა მთელ მიწებს, ყველა მიწებს, რომლებიც ქალაქში არის, არამედ ნაწილს. ასე რომ ამ კანონის გარეშე რჩება მიწების მთელი რიგი, რჩება მთელი ის მიწები, რომელზედაც არის რაიმე შენობა, სახლი და სამრეწველო დაწესებულება. ამას იმით ამართლებენ, როგორც მომხსენებელმა ბრძანა, რომ თითქოს არ უნდათ ხელი შეუშალონ მრეწველობას, მაგრამ აქ მრეწველობა არაფერ შუაში. სოციალ-დემოკრატიას ეშინია შეიჭრას კერძო უფლებრივ სფეროში ამიტომ ის ქმნის კაპიტალისტებისათვის ერთგვარ იმუნიტეტს, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. კანონი უნდა გავრცელდეს ყველა მიწებზე. თუ ამის წინააღმდეგ ვინმე იქნება, თუ აქ ვინმე დაზიანდება, ეს იქნება კაპიტალისტები და სახლის პატრონები და არავითარ შემთხვევაში მშრომელი ხალხი, ქალაქის ღარიბი ნაწილი.

სოციალისტურ დამფუძნებელ კრებას არ შეუძლია მიიღოს ისეთი კომპრომისული და ექლეკტიკური კანონი, როგორიც არის წარმოდგენილი პროექტი. კანონ-პროექტში არის აგრეთვე ნორმა - ერთი დესეტინა. საინტერესოა, რით ხელმძღვანელობდა მინისტრი, როდესაც ასეთ ნორმას აწესებდა?!

კანონი სოფლად შვიდ დესიატინას სტოვებს, ქალაქში კი უნდა დარჩეს ერთი დესიატინა, მარა ვინ არ იცის, რომ ქალაქის ერთი დესიატინა უდრის სოფლის არა 7 დესიატინას, არამედ შეიძლება 10 და 20-საც. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს წინადადება კანონ-პროექტიდან სრულიად ამოიშალოს სიტყვები „დროებით“, „დაუსახლებელი მიწები“, შემდეგ უნდა ამოიშალოს მთლიანად პირველი შენიშვნა, ხოლო მეორე შენიშვნიდან უნდა ამოიშალოს უკანასკნელი ნაწილი „ერთი წლის ვადით“.

ალექსანდრე ასათიანი (ერ. დემ.) დამფუძვნებელი კრების წევრნო! სანამ წარმოდგენილს დეკრეტს არსებითად შევეხებოდე, უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ კანონ-პროექტი, რომელიც წარმოუდგინა მიწად მოქმედების სამინისტრომ აგრარულ კომისიას, არსებითად შეიცვალა მის შემდეგ, რაც ეს კანონ-პროექტი გადავიდა იურიდიულ კომისიაში. ეს არსებითად შეცვლილი კანონ-პროექტი, უკეთ რომ ვთქვათ, სრულიად ახალი კანონ-პროექტი ამ ჟამად ჩვენ წარმოგვიდგინეს განსახილველად. ეს ცვლილება აშკარა არის, მე მგონია, ყველასთვის.

მიწათ მოქმედების სამინისტროს კანონ-პროექტი ზღუდავს ცარიელი მიწების სყიდვა-გასყიდვას და გადაცემას, უკეთუ ეს მიწა ერთს დესეტინას აღემატება. ერთი დესეტინის ფარგლებში, ამ მიწებზე სყიდვა გაყიდვა და, საზოგადოთ, განკარგულება თავისუფალი რჩება. ამ ჟამად ეს კანონ-პროექტი საზოგადოთ ზღუდავს ცარიელ მიწების ყიდვა-გაყიდვას, იქნება ეს დესეტინის ერთი მეოთხედი, ერთი ნახევარი, თუ ერთ დესეტინაზედ მეტი. მეორეს მხრივ სამინისტროს დეკრეტი სრულიად არ ეხებოდა გაშენებულს მიწებს. თქვენთვის მოხსენებული კანონ-პროექტი კი ზღუდავს განკარგულებას იმ გაშენებულს მიწებისას, სადაც შენობათა გარშემო ერთი დესეტინაზე მეტი ცარიელი მიწა აღმოჩნდება. თუმცა ეს ახალი კანონ-პროექტი შემუშავდა იმ კრებაზე, სადაც იყვნენ აგრეთვე აგრარულ კომისიის წევრები, საერთოთ შეერთებულ კრებაზედ, მაგრამ აგრარულმა კომისიამ ეს კანონ-პროექტი გადასცა ამ შეერთებულ კრებას მხოლოდ ერთი მიზნით, რომ, უკეთუ მიწადმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი სათანადო განმარტებას მისცემდა კომისიას და გაურკვევდა კომისიის წევრებს, თუ რა აქვს მიზნად მთავრობას ამ კანონის გამოცემით, მიეღოთ ის და დამფუძნებელ კრებისთვის გადაეცათ. და თუ ამ ჟამად ეს ახალი კანონ-პროექტი შემუშავდა და შემოვიდა, ცხადია, ის უნდა დაბრუნდეს თავის პირვანდელ წყაროს, იმ კომისიას, სადაც ყოველი კანონ-პროექტი მიწის საკითხის შესახებ არსებითად იხილება, ე.ი. უნდა დაუბრუნდეს აგრარულ კომისიას. ასეთი წესი მიღებული გვაქს ჩვენ და, საზოგადოთ, საკანონმდებლო მუშაობის სრულიად უდავო დებულებას წარმოადგენს. ამის გამო ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა, რომ ეს კანონ-პროექტი გადაეცეს აგრარულ კომისიას განსახილველად, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენი უდავო მოსაზრებანი თქვენ მიერ მიღებული იქნება და ამიტომ მე საჭიროთ ვსთვლი კანონ-პროექტს არსებითად შევეხო.

აგრარულ კომისიაში, რომ დაისვა საკითხი - რა არის მიზანი ამ კანონ-პროექტისა, ვერავინ ამაზედ პასუხი ვერ მოგვცა. ყველამ გაკვირვება გამოსთქვა, რომ ეს კანონ-პროექტი შემოდის ასე სასწრაფოდ. მაგრამ დეკრეტის მიზანი თუმცა დაუსაბუთებელია, მაგრამ ნათელია - ქალაქის მიწების ყიდვა-გაყიდვის შეჩერება იმ დრომდე, სანამ ამ მიწების გადასაწყვეტად ახალი კანონ-პროექტი შემუშავდება. რისთვის უნდა შეჩერდეს დროებით, ამ მიწების განკარგულება! რა საშიშროებას ხედავს მთავრობა იმის გამო, რომ ეს დროებით არ შეჩერდეს, და რატომ არ არის შესაძლებელი, რომ მოუცადოთ იმ კანონ-პროექტს, რომელიც მზადდება ალბად? ამის შესახებ აგრარულმა კომისიამ პასუხი ვერ მიიღო. ამის გამო კომისიამ საჭიროდ დაინახა მიწათ-მოქმედების წარმომადგენელის აზრის მოსმენა. თქვენ დღეს მოისმინეთ აგრარულ კომისიის თავმჯდომარის სიტყვა და იმ კითხვაზედ, თუ რა მიზანი აქვს მთავრობას, რა პერსპექტივები აქვს მას, რომ მან საჭიროთ დაინახა ასეთი დროებითი შეზღუდვა, დღესაც ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის სასარგებლო ამ დეკრეტის მიღება არც მიწის რეფორმის გატარების თვალსაზრისით, არც სხვა რაიმე პოლიტიკური მოსაზრებით, ასეთი დეკრეტებიდან ჩვენი ხალხი ვერავითარს სარგებლობას ვერ ნახავს. ის მხოლოდ ზედმეტს, კიდევ ზედმეტს არევ-დარევას შეიტანს ჩვენს ეკონომიურს ცხოვრებაში.

როდესაც სოფლის მემამულეებისთვის გამოაცხადეს ასეთივე შეზღუდვა 1918 წლის 23 თებერვალს, სამინისტროსი და მთავრობის აზრი ნათელი იყო. ჩვენ გვინდა ის ფონდი, რომელიც აქამდინ ჰქონდათ მსხვილ მფლობელებს, შევინახოთ იმისთვის, რომ მითი დავაკმაყოფილოთ უმიწაწყლო გლეხების საჭიროებაო. მაშასადამე სამინისტროს საჭიროთ მიაჩნდა რომ ეს ფონდი ხელუხლებლად დარჩენილიყო ამ სააგრარო რეფორმისთვის. თუ ეს სოფლის მიწები დაუმუშავებელი იყო მსხვილ მფლობელთა ხელში, ამ რეფორმის შემდეგ შესაძლებელი უნდა გამხდარიყო, რომ ეს ცარიელი მიწები ჩავარდებოდა სწორედ იმ ხალხის ხელში, რომელსაც ესაჭიროებოდა ეს მიწები, რომელთაც ისინი დაიმუშავებდენ და მთელი სახელმწიფოს სასარგებლოდ გახდიდენ. ასეთი რამ მოსაზრება აქ, მე მგონია, არ ითქმის. ქალაქის მიწები დასამუშავებლად, საზოგადოთ, არ არის მიჩნეული და ვფიქრობ ვერავინ იტყვის, რომ ამ მიწების განაწილება, დაყოფა და გაყიდვა უნდა შევაჩეროთ იმისთვის, რომ ერთგვარი ფონდი შევქმნათ უმიწაწყლო მშრომელ ხალხის საჭიროებისათვის, რომ მან ამ მიწაზედ მიწად-მოქმედება აწარმოვოსო. არ ვიცი, შესაძლებელია მთავრობა ფიქრობდეს, რომ ეს დეკრეტი პირველი ნაბიჯი იქნება. ჯერ-ჯერობით შეუზღუდავენ ამ საკუთრების გაცემას და შემდეგ მიწებს ჩამოართმევენ.

აქ ლაპარაკი არის მუნიციპალური პოლიტიკის შესახებ და, შესაძლებელია, მთავრობას აზრი აქვს, რომ ყველა ეს მიწები კონფისკაციის წესით გადასცეს მუნიციპალიტეტს მისი სამუნიციპალო პოლიტიკისათვის. თუ მთავრობას იმედი აქვს, რომ ქალაქის ცარიელი მიწები ამ მუნიციპალიტეტების შემწეობით გაშენდებიან, ყოველ შემთხვევაში, საჭირო იყო ამის შესახებ აქ რაიმეს თქმა, რომ ჩვენ შეძლება გვქონდეს ასეთ იმედების შესახებ ჩვენი აზრი გამოგვეთქვა. ასეთი რამ აქ არ თქმულა, და არც კომისიაში გვსმენია. ზოგიერთ კომისიის წევრებთან შემდეგი მოსაზრება გაგვიგონია - სოფელში ჩამოერთვა მემამულეებს მამულები, რატომ არის რომ ქალაქებში მდიდრებს აქვთ აუარებელი უძრავი ქონება, რატომ არის რომ აქ მათ არაფერი ჩამორთმევიათო. თუ დეკრეტის გამოცემა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ ქალაქებში მოსპობილი იქმნას ერთგვარი ქონებრივი უთანასწორობა, - საჭირო არის, მე მგონია, რომ ამის შესახებ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს დამფუძნებელ კრებას. ჩვენის აზრით ეს კანონ-პროექტი კიდევ უფრო გაამძლავრებს და გაამწვავებს იმ ეკონომიურ კრიზისს, რომელსაც ჩვენ განვიცდით, კიდევ უფრო არევ-დარევს ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას. ამ ჟამად, არ არის რასაკვირველია, მოსალოდნელი, რომ უცბათ დაიწყოს ქალაქებში აღმშენებლობა და ეს ცარიელი მიწები გაშენდეს. ამისთვის სათანადო პირობები ჯერ კიდევ არ შექმნილა, მაგრამ ნაწილობრივად თუ კი არის შესაძლებელი, რომ ქალაქის ცარიელ მიწებზე რაიმე წარმოება, რაიმე აღმშენებლობა დაიწყოს, ეს კანონ-პროექტი სავსებით სპობს ასეთს შესაძლებლობას. ზედმეტია ამაზედ ლაპარაკი, რომ ამ დეკრეტის შემდეგომ ცარიელი მიწების მეპატრონეებმა მის გაშენებაზე და მაზე, რაიმე წარმოების მოთავსებაზე იზრუნონ. ამ დეკრეტის, ამ კანონის შემდგომ, თავისთავად ცხადია ქალაქის მესაკუთრეთ შიში დაებადებათ, რომ მათ მიწებსაც იგივე ბედი ეწვევა, როგორც სოფლის მამულებს. 1918 წლის 23 თებერვალს სწორეთ ასეთივე კანონი გამოიცა სოფლის მამულებზე ყიდვა-გაყიდვის შეჩერების შესახებ და სამიოდე კვირის შემდეგ 9 მარტს გამოცხადდა კანონი იმის შესახებ, რომ ის მიწები მესაკუთრეებს ჩამოერთვათ სრულიად უსასყიდლოთ, კონფისკაციის წესით. მაშასადამე, თავისთავად ცხადია, რომ ხალხის თვალში აქ არის იგივე პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა აწარმოებდა სოფლის მამულების შესახებ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დროებითი შეზღუდვისა და ამის შემდგომ უნდა მოჰყვეს მიწის კონფისკაცია. არ ვიცი მთავრობამ გაუწია ანგარიში თუ არა, ყველა იმ შედეგებს რომლებიც ამას უნდა მოჰყვეს, მე ვფიქრობ, რომ არა. ამ მიწების დიდი ნაწილი, დაგირავებული არის ბანკებში და სხვაგან, მაშასადამე ბანკებს დარჩენილ ადგილების გასყიდვა არ შეუძლიან! დამგირავებლები ბანკებს სესხის ფულს არ გადაუხდიან, ვინაიდგან ეს საკუთრება მათ განკარგულებაში ფაკტიურად აღარ იქნება, ისე რომ ფინანსიურად ეს გამოიწვევს დიდ არევ-დარევას. მეორე მხრივ, ქალაქის ფარგლებში ეს დაბადებს ისეთსავე აპატიას, სრულ აპატიას ყოველგვარ აღმაშენებლობაში, რომელიც გამეფებული არის სასოფლო მეურნეობაში. თავისთავად ცხადია, რომ აღარ იქნება არავითარი სტიმული იმისათვის, რომ ადამიანმა ქალაქში ასეთი ცარიელი ადგილები გააშენოს, გააუმჯობესოს და თუ გვაქვს იმედი, რომ მუნიციპალიტეტები მოაწყობენ მუშაობას ამ ცარიელს მიწებზე და მათ გააშენებენ - ეს კეთილი, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ იმედისთვის ჯერჯერობით არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ჩვენი ახალი მუნიციპალიტეტების მოღვაწეობა, რომელნიც არა თუ ახალს აღმშენებლობას ვერ აწარმოებენ, არამედ ძველად გაშენებულსაც ვერ უვლიან და ვერ იცავენ. საზოგადოთ, უნდა შევიგნოთ ბოლოს და ბოლოს, რომ ერის ეკონომიურ ცხოვრებისთვის ძლიერ სახიფათო არის, ასეთი ნაჩქარევი და მოუზომელი ექპერიმენტების მოხდენა.

აქ ამბობენ, რომ ეს დეკრეტი უმთავრესად იმ ქალაქებს შეეხება, რომელნიც ამ რევოლიუციის შემდეგ აღმოცენდნენო: სამტრედიას, სენაკს, სურამს და სხ. მართლაც ეს ქალაქები ერთი ათად გაიზარდენ თავის სივრცით ამ ერთი წლის განმავლობაში და ზოგიერთი მათგანი ამ ჟამად სივრცით ლონდონსაც სჭარბობს. მაგრამ თქვენ ამ დაბების ასეთი არა-ბუნებრივი გაქალაქების წინააღმდეგ რომ ყოფილიყავით, არც მოხდებოდა. თქვენი მიწის დეკრეტის შიშით მთელი სოფლები მიეკედლა ქალაქებს და ყოველ არჩევნების წინ მმართველი პარტიის პრესა და აგენტები მათ არწმუნებდა, რომ ამ ახლო ქალაქებს მიწის დეკრეტი არ შეეხებოდა. ეხლა უკვე ამ სოფლების გაქალაქება ამ დეკრეტისათვის საბუთადაც კი მოგყავთ.

დავსკვნი და ვამბობ, რომ ეს დეკრეტი კიდევ ახალი და მავნე ცდა არის ჩვენს სააგრარო პოლიტიკაში. თუ მთავრობას სურს ქალაქის საკუთრებას შეეხოს, მაშინ მთლიანი კანონი უნდა შემუშავდეს ამის შესახებ და განმარტება უნდა მივიღოთ იმის შესახებ, თუ როგორს მიზნებს ისახავს მთავრობა თავის პოლიტიკით. დროებითი შეზღუდვა, დროებითი შეჩერება ამ მიწების სარგებლობისა და გადაცემისა, - ეს ჩვენ მიგვაჩნია მეტად მავნებლად და მიუღებლად. მივაქცევ თქვენ ყურადღებას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმ გარემოებას, რომ ეს კანონ-პროექტი სრულად გამოცვლილი არის, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს კანონ-პროექტი სულ სხვა არის და ეს ახალი კანონ-პროექტი სულ სხვა, და ამიტომ წინადადებას გაძლევთ, რომ ეს აგრარულ კომისიას გადაეცეს განსახილველად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

კირილე ნინიძე. რიგს გარეშე სიტყვა ავიღე იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ბატონ ასათიანის განცხადებაში ერთი შეცდომა შეიპარა, დიდი შეცდომა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ის თხოულობს რომ ეს კანონპროექტი დაუბრუნდეს კომისიას იმ მოსაზრებით, რომ შეცვლილი არის მინისტრის კანონ-პროექტში. მე მგონია, რომ კომისიას ნება აქვს შესცვალოს მინისტრის კანონ-პროექტი. და თუ მინისტრი არ მოისურვებს ამას საკონფლიქტო კითხვა დადგება. მინისტრი იტყვის: „მე გადავდგები სამსახურიდან, თუ კანონ-პროექტი შესცვალეთ“-ო. აქ ეს მოსატანი არ არის. იურიდიულად მე არ მესმის ის კომისია, რომელსაც არ ჰქონდეს ნება, რომ შესცვალოს კანონი.

მაგრამ აქ არის მეორე დიდი გაუგებრობა. სამწუხაროდ ასეთ გაუგებრობის თავიდან აცილება ბ. ასათიანს შეეძლო. ის ამბობს, რომ აგრარულ კომისიის კანონ-პროექტი შესცვალა იურიდიულმა კომისიამ, და ძირითადად შესცვალაო. საქმე იმაშია, რომ აგრარულ კომისიის ერთ სხდომაზე, რომელზედაც ბ. ასათიანი ბრძანდებოდა, მართალა გადასწყდა, რომ კითხვა გადადებულიყო, რათა გამოწვეული ყოფილიყო მინისტრი მოხსენების გასაკეთებლად, და ასახსნელად. შემდეგ სურვილი გამოითქვა, რომ ეს კითხვა გარჩეული ყოფილიყო შეერთებულ სხდომაზე იურიდიულ კომისიის და აგრარულ კომისიისა. ამ ორმა შეერთებულ კომისიამ, იურიდიულმა და აგრარულმა, დაადგინა და წარმოადგინა ეს კანონ-პროექტი. ისე რომ არ ვიცი ვის უნდა დაუბრუნდეს? სხვა აგრარული კომისია ჩვენ არ გვაქს, და აგრარულ კომისიამ ეს კანონ-პროექტი განიხილა. ბ. ასათიანი, მე მგონია, არ ბრძანდებოდა იმ სხდომაზე, მაგრამ, თუ არ ვცდები, იცოდა, რომ ამ კომისიის სხდომა იყო და უწყება არავისათვის არ გაგვიგზავნია, იმისთვის რომ იყო დანიშნული საგანგებო კრება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს. ფ.) სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციისსახელით უნდა გადმოგცეთ შემდეგი. დამფუძნებელ კრების წევრნო, ეს კანონი, უკეთ რომ ვთქვათ დეკრეტი, წარმოადგენს ერთ ნაბიჯის წინ გადადგმას. ჩვენ დავიგვიანეთ კიდეც ამ დეკრეტით და ვაცხადებთ სურვილს, რომ მთავრობამ მალე შემოიტანოს ამის შესახებ სრულ კანონ-პროექტი. რასაკვირველია ჩვენ პირველ მუხლს ამ დეკრეტისას ვეთანხმებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სეიმმა შარშან 7-ს მარტს მიიღო კანონი დიდად მნიშვნელოვანი, რომლის ძალით აკრძალული იყო მამულების ყიდვა-გაყიდვა. დაწესდა ნორმა მიწის-ფლობელობისა. მაგრამ შეიცვალა ეს კანონი, დატრიალდა სუნი კერძო საკუთრებისა, მიწები უნდა დაურიგდეს საკუთრებათ და ფასით. წინად პრინციპად აღიარებული იყო საკუთრების შეზღუდვა. ჩვენ სეიმის კანონი ისე გვესმოდა, რომ შემდეგ უნდა შემუშავებულიყო კანონ-პროექტი, რომლის მიხედვით სყიდვა-გაყიდვა აკრძალული იქნებოდა. საქართველოს პარლამენტმა ხმის უმრავლესობით უარყო ეს კანონ-პროექტი. ეხლა ჩვენ მოგვევლინა მეორე დეკრეტი, მე მგონია რომ სწორედ ძველი გეზი არის აღებული. მე მგონია, რომ სოც.-დემ. ფრაქცია ძველ გზით ივლის. მომხსენებელმა მოგახსენათ თქვენ აქ, რომ მაინც და მაინც სახე ამ დეკრეტისა გამორკვეული არ არის, დიახ, მაგრამ ჩანასახი არის. უკვე ნორმა მიღებულია ეს ერთი დესეტინაა. რატომ ერთი დესეტინა? არა მეტი, არა ნაკლები, დასაბუთებას ვერ ვხედავთ. თუ ვიღებთ დეკრეტს მიწის შესახებ, დეკრეტი უნდა მივიღოთ საერთოდ და გამოვხატოთ რა გვიჭერია და რა გვინდა. თუ ვამბობთ, რომ ეს დეკრეტი შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი, კანონ-პროექტის სახით, მაშინ შეუძლებელია, რომ დღეს მივიღოთ მეორე მუხლი. იბადება გამოურკვევლობა და თითქმის პირველი მუხლი - ეწინააღმდეგება მეორეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მჭიდროთ არის დაკავშირებული სოფელი და ქალაქი. განცალკევება მათი შეუძლებელია. ურთიერთ შორის ცხოვრება ისე გადახლართულია რომ საერთო ინტერესი მოითხოვს მათ შეკავშირებას. საზოგადო კანონი ყველასთვის ერთია და კანონი მიწის შესახებ ერთი უნდა იყოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დამფუძნებელი კრება განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მიწის კანონ-პროექტს. როგორც სოფლად ისე ქალაქებში მცხოვრებლების უმრავლესობას შეადგენს მშრომელი ხალხი და მათი ინტერესები ჩვენ უნდა დავიცვად. სწორედ ეს ინტერესები მოითხოვს სყიდვა გაყიდვის აკრძალვას. ეს უნდა საფუძვლად დაედოს კანონს, ეს ძირითადი კითხვაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადასწყდეს, რომ აღარ დაუბრუნდეთ მიწის კერძო საკუთრებას. მომხსენებელმა ვერ განმარტა, როგორ ესმის მას დაუსახლებელი მიწა, ვსთქვათ ვენახი, ბაღი, ბოსტანი; ესენი რომელ კატეგორიას ეკუთვნის ქალაქებში, ზოგი დაუსახლებელი მიწები დამუშავებული არის, ზოგი დასახლებული ისე უსარგებლოდ ჰყრია. აქ დეტალიზაციას ვერ გავაკეთებთ. და ესე სწრაფად არც საჭიროება მოითხოვს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მშრომელ და შევიწროებულ ხალხს ხელიდან არ გამოეცალოს მიწა. ამისათვის საკმარისია, რომ ზემოდ აღნიშნული დებულება მივიღოთ, ჩვენი მისწრაფება იქითკენ არის მიმართული, რომ მიწა უნდა იყოს აღიარებული ხალხის კუთვნილებად ეს მცნება გარდაუვალია, ამას გვერდს ვერ აუხვევთ. ამ საფუძველზე უნდა აშენდეს მიწის კანონი. დამფუძნებელი კრება შეეცდება, რომ კანონი მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ მიწის შესახებ გადაშინჯული იქმნეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მწვავე საკითხია, ამისდა მიხედვით ჩვენ მოვითხოვთ, რომ როგორც მთავრობამ ისე სააგრარო კომისიამ უნდა შეიმუშაონ ვრცელი კანონ-პროექტი. ყოვლად შეუძლებელია, რომ დღეს შევეხოთ ერთ ნაწილს საერთო საკითხისას, ხვალ მეორე ნაწილსა და სხვა. ასე დანაწილება სასიცოცხლო კითხვისა მავნებელია. ერთი დასკვნა უნდა მივიღოთ, რომელზედაც მოგახსენეთ. ჩვენ ვიზიარებთ პირველს მუხლს და შენიშვნას, მხოლოდ უნდა ამოიშალოს სიტყვა: დაუსახლებელი (კედია „en bloc!“).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მე ბატონებო, იმით უნდა დავიწყო დღეს სიტყვა რომ ზოგიერთი იმედები გაუქარწყლო იმ მემარჯვენეთ, რომელნი ფიქრობენ, თითქოს ახალი ხანა, ახალი ერა შეიქმნა, გამოიცვალა ის პოლიტიკა, რომელიც სწარმოებდა დღევანდელამდის პარლამენტში და რაღაცა განსაკუთრებული მოვლენების წინაშე ვდგევარ.

არაფერი ასეთი არ გახლავთ.

დეკრეტს ორი მარტივი, საღი ძირითადი აზრი აქვს. ერთი ის, რომ დაუსახლებელი მიწები, რომელზედაც დღემდის არც ქარხნები, არც სახლები არ არის, შეიკრას; ამ მიწების ყიდვა-გაყიდვა, დროებით შეჩერებული იქნეს. მაშასადამე ამ მიწებს რაღაცა განსაკუთრებული ბედი მოელით, რომელიც უნდა გადასწყდეს განსაკუთრებული კანონით. მეორე კიდევ ის, რომ ყველა დასახლებული მიწები, რომელზედაც ქარხნები ან სახლები სდგას, და ის ტერიტორია, რომლებიც კომისიის აზრით საჭირო არის, რომ ეკუთვნოდეს ამ სახლს, ზომით, ერთი დესეტინამდე, რჩება ძველი პატრონის სრულს განკარგულებაში. აი ეს ორი აზრია ამ კანონ-პროექტში.

აქედან ზოგიერთმა ისეთი დასკვნა გამოიყვანა, რომ ეს უნდა დაედოს საფუძვლად მომავალ საკანონდებლო მუშაობასო, ე.ი. სამუდამოდ უნდა აიკრძალოს ყიდვა-გაყიდვა, ხოლო არ იციან რა შედეგები მოჰყვება ამას. ესერებს რასაკვირველია ეცოდინებათ, რომ ამას სოციალური რევოლიუცია ეწოდება, მაგრამ ასეთ საკითხის დაყენებას გაურბიან. მაგრამ მე მგონია, ბევრად სჯობია, რომ აშკარად მკაფიოდ სთქვას კაცმა ის, რაც პრინციპიალურად საჭიროდ მიაჩნია, ვიდრე სთქვას ფარულად და ნახევრათ მორცხვად გაატაროს, რომელიმე მუხლი ძირითადი დებულებისა, რომელსაც სოციალიზაცია ეწოდება. მართლაც და თუ აღებ-მიცემობა არაა, იქ ვაჭრობა-მრეწველობაც არ შეიძლება განვითარდეს. იქ არც კაპიტალიზმს აქვს რაიმე ნიადაგი, და თუ საფუძველი გავაუქმეთ, სჯობს, რომ შედეგებიც გავაუქმოთ, ვინაიდან შედეგი ჰაერში ჩამოკიდებული ვერ იარსებებს. ეს დეკრეტი კი, რომელიც სწორეთ დეკრეტის სახით არის შემოტანილი და არა კანონისა, განსაზღვრულ აზრს შეიცავს, იმას რომ დღეს დღეობით, დროებით შეჩერდეს მხოლოდ ცარიელ მიწების ყიდვა-გაყიდვა, მხოლოდ ეს, და აი რატომ. ერთი იმისთვის, რომ ჩვენ ვიცით, როდესაც დაიწყებენ კანონის შემუშავებას და მიწის ბედს ესა თუ ის მიმართულება მიეცემა, მაშინ გამოჩნდებიან სხვა და სხვა გამოჩენილი ვექილები, გამოჩნდებიან განსაკუთრებულად დახელოვნებულნი თხოვნების დამწერნი და გამოძებნიან ისეთ ღონისძიებას, რომლითაც ეს მიწები ამ ბედიდან განთავისუფლდებიან, მიწებს დააქუცმაცებენ: გადასცემენ შვილს, ნათესავს, მახლობელ ნაცნობს. ეს მიწები დაიჭრება, დაქუცმაცდება და, რომ კიდეც მოინდომოს საზოგადო ძალამ რაიმე საზოგადო მიზნისთვის იმის მოხმარება და გამოყენება, ეს ყოვლად შეუძლებელი გახდება. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ჩვენში ეს ხელობაა, ყოველგვარი მსხვილი და წვრილი ბურჟუაზიისა და ფეოდალების და მესაკუთრებისა.

აი, ბატონებო, ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ დამფუძნებელ კრებას დღესვე წარმოუდგა დაუყოვნებლივ გასატარებლად ეს წინასწარი დეკრეტი. კანონის დამუშავებას კიდევ მოუნდება რამოდენიმე ხანი. ორი სამი თვე, და მანამ კი ეს მიწები ამ მახინაციებით არ უნდა გაიყიდოს, არ უნდა გაქარწყლდეს. ამ დეკრეტის აზრი და მნიშვნელობა მხოლოთ ეს არის.

მაშასადამე არავითარი ძირითად ახალ პრინციპზედ არ არის აქ ლაპარაკი, აქ მხოლოდ ერთგვარი წინასწარი ზომა არის მიღებული, რომ მომავალი კანონდებლობა, მოსალოდნელი რეფორმა ქალაქის შიგნით მდებარე ტერიტორიის შესახებ, იქნეს ნამდვილი; რეალური მნიშვნელობისა და არა მოჩვენება, არ დარჩეს ქაღალდზედ დაწერილი ცალიერი სიტყვა. აი ამ მიზნით არის შემოტანილი დღეს ეს დეკრეტი.

ამავე მიზეზებით, დღეს, სანამ მომავალი კანონ-პროექტი, რომელიც ამ მიწის ბედის გადამწყვეტი იქნება, არ ჩამოყალიბებულა, ძნელია იმის თქმა, თუ მთავრობა, მინისტრი, ან რომელიმე პარტია, რა აზრისა არის ამ მიწების თაობაზე. დღეს ამის გადაჭრით თქმა არ შეიძლება. ამის თქმა მხოლოდ იმ ზოგიერთს შეუძლიან, რომელსაც უკვე აქვთ გამორკვეული რეცეპტი. მაგრამ რამოდენადაც ჩვენ ვიცნობთ მთავრობას და იმ პარტიას, რომლისგანაც წარმოსდგა ჩვენი მთავრობა, იგინი ასეთ რეცეპტის შორს დგანან, მათთვის საჭირო არის ჯერ მასალების მოგროვება, მათთვის საჭირო არის ცნობების მიღება, მათთვის საჭირო არის ყოველგვარი რეფორმის, ყოველგვარი ნაბიჯების შესწავლა, გათვალისწინება მისი შედეგების მისი ეფექტების ცხოვრებაში და შემდეგ თითონ ნაბიჯების გადადგმა რამდენადაც ეს საჭირო იქნება და აუცილებელი. ამიტომ წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა ბედი ეწვევა ამ მიწებს, რომელთაც დეკრეტი შეეხება, ჩვენ არ შეგვიძლია. მოსალოდნელი, რომ მოხდება მათი კონფისკაციის სახით, ძალდატანებით, უფასო ჩამორთმევა. ეს შესაძლებელია. აგრეთვე შესაძლებელია გამოსყიდვა და გადაცემა მუნიციპალიტეტებზე. ან კიდევ შეიძლება სხვა ფორმით და მიზნით იქნეს გამოყენებული ეს მიწები. მხოლოდ ერთი მიზანი დეკრეტის არის დღესვე აშკარა და ნათელი. ეს გახლავთ ის, რომ ეს ცარიელა მიწები, რომელიც ეხლა უქმათ სდევს, და რომლის ფასი სისტემატიურად იზრდება და ამდიდრებს თავის პატრონებს მხოლოდ იმიტომ, რომ მესაკუთრის სახელწოდება აქვთ, ეს მიწები იქნება გამოყენებული არა კერძო პირის ინტერესებისთვის, არამედ საზოგადო ინტერესებისთვის. ეს თავისებური უზრუნველი ზრდა ქალაქის მიწების ფასისა ეს ზრდა, შეიძლება თვით ქალაქის მოღვაწეობით გამოწვეული, მაგალითად ქალაქის გადიდებით, გამშვენიერებით ან სხვა ამისთანა ღონისძიებით, და მომატებული ფასები არ გახდეს საკუთრებათ, რომელიმე კერძო პირის, რომელსაც კერძო მესაკუთრეს სახელი აქვს, არამედ გახდეს კუთვნილებათ მთელი საზოგადოებისა, მთელი ქალაქისა, რომლის შრომით და შემოქმედების უნარით არის გამოწვეული ამ ქონების ფასის გადიდება და ზრდა. აქ უნდა მივაქციო ყურადღება კიდევ ერთ გარემოებას. ჩვენ გვაქვს ძველი და ახალი ქალაქები. ჩვენში იყო აგრეთვე განსაკუთრებული მდგომარეობა იმ მხრივ, რომ, ზოგიერთ ძველ ქალაქებს არტყიათ გარშემო სოფლები, რომელნიც იურიდიულად, ტერიტორიალურად ქალაქს ეკუთვნიან, მაგრამ არსებითად სოფლებს წარმოადგენენ. ასეთია რამდენადაც ვიცით, მაგალითად სიღნაღი, და ის სოფლები და დაბები, რომელნიც ამ რევოლიუციის ხანაში გადაიქცნენ ქალაქებათ: ხაშური - ზესტაფონი და სხვები. ყველა ამას გათვალისწინება და მხედველობაში მიღება უნდა მომავალ კანონის დამუშავების დროს. გათანასწორება ზოგიერთი ქალაქებისა, თუ გინდ ისეთ ქალაქებისა, როგორიც არის თბილისი, ერთი მხრით, და ხაშური, მეორე მხრივ, შეუძლებელია, და სრულიად ბუნებრივი და ადვილად შესაძლებელია, რომ სულ სხვა გვარი ზომები და სხვა გვარი წესები დასჭირდება ამ მიწების მოხმარებას და გამოყოფას ამ ახლად დაარსებულ ქალაქებში და მათზე მიკრულ სოფლებში, ვინემ თვით ნამდვილ ქალაქის ფარგლებში. ამ მხრივ მთელი რიგი საკითხებისა წარმოსდგება ჩვენს წინაშე, ისეთ საკითხებისა, რომელნიც ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ. შეუძლებელია ერთი კალმის მოსმით, ასე იოლად გადაწყვეტა საბოლოოდ ამ საკითხებისა. აი მაგალითად სოფლური ხასიათის წარმოება ხშირია ახალ ქალაქებში, ხშირად მისდევენ იქ სოფლურ მეურნეობას: ხვნა თესვას, სიმინდის მოყვანას, ვენახის გაშენებას და სხვა, ჩვეულობრივ სოფლის მეურნეობას. ამისდამიხედვით სულ სხვა წესი უნდა იქნეს შემუშავებული ასეთ ქალაქებისთვის. ხოლო სადაც მიწა უზომო რენტით გაძვირებულია, იქ კიდევ სხვა ღონისძიება, სხვა ზომები იქნება მიღებული.

აი ეს საჭიროდ მიმაჩნდა, რომ ეხლავე გამოცხადებულიყო, რადგან ბევრს ეგონება, რომ რაკი შეჩერდა ქალაქის მიწების ყიდვა-გაყიდვა, ამიერიდან ყველას წაერთმევა თავის საკუთარი მიწა-წყალიო. შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ერთგვარი უკმაყოფილება იმ სოფლებში, რომელნიც ქალაქზე არიან მიწერილნი, და ისინი მოისურვებენ ქალაქისთვის თავის დანებებას. დიახ, საჭიროდ მიგვაჩნია ეხლავე გამოცხადებული იქნეს ეს, რადგანაც ბევრს ეგონება, რომ რაკი შეჩერდა ყიდვა-გაყიდვა, ყოველივე ისპობაო, და შესაძლოა ამან გამოიწვიოს ერთგვარი უკმაყოფილება იმ სოფლებში, რომლებიც ქალაქთან არიან მიწერილი და ისინი მოისურვებენ ქალაქების დანგრევას, აქედან გამოეწერებიან, ან ტყუილ უბრალოდ აღშფოთდებიან და აღელდებიან. ჩვენ სრულიად არ გვსურს, რომ სოფლის მცხოვრებლებში, ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებში რაც უნდა მცირედ იყოს მათი რიცხვი, ჩვენ რესპუბლიკას საერთო მცხოვრებლებთან, შედარებით მაინც უნიადაგო და უმიზნო ღელვა გამოვიწვიოთ და ერთგვარ სასოწარკვეთილებაში ჩავაგდოთ მაშინ, როდესაც ასეთ სასოწარკვეთილებისთვის არავითარი საბუთი არ არსებობს.

ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე.

შესაძლებელია იყოს ვინმე, ვისაც აინტერესებს არევ-დარევა, მოუწყობლობა, მოუწესრიგებლობა, მაგრამ ჩვენთვის, ვინც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვისაც გვაინტერესებს ჩვენი ხალხის მდგომარეობა მისი აწმყო და მომავალი, ჩვენთვის იმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, (ხმა: მიწის გაყიდვა?). ამიტომ მე გადავდივარ მეორე საკითხზე, რომელიც ეხება ქალაქის დასახლებულ მიწებს.

ეს დეკრეტი არ შეიცავს არც ნორმას, არც რაიმე ნიშანს იმისას, თუ რა ხასიათისა იქნება მომავალი კანონი. იგი ამბობს მხოლოდ, რომ დასახლებული მამულები ქალაქში, არის ის, სადაც აგებულია სახლები ქარხნები და სხვა შენობები. მაგალითად ის თუ მიწა არის გაშენებული, ვსთქვათ სიმინდი არის ზედ დათესილი, ან სხვა რაიმე ასეთი, (გვაზავა: გაშენებული?) დიახ, თუ არის გაშენებული, ან აქვს შემორტყმული ღობე, და სხვა, თავის თავად ცხადია ეს კიდევ არ ჩაითვლება დასახლებულ მიწად. მხოლოდ ის მამულები, სადაც არის, სახლები ქარხნები და სხვა რაიმე წარმოება არის დაწყობილი, რჩება მათი პატრონების სრულ განკარგულებაში. შეიძლება მათი ყიდვა-გაყიდვა, გადაცემა, დაგირავება და სხვ. ჩვენ განზრახ დავტოვეთ ეს ადგილები თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის სფეროში. ჩვენ ვიცით, რომ ამ ჟამად, აუარებელი თანხა, განსაკუთრებით სასპეკულიაციო თანხა ტრიალებს ამ სახლების და ქონების გარშემო, და ჩვენ სრულიადაც არ გვინდა, რომ ეს სასპეკულიაციო თანხა, ეს კაპიტალი, პურის სყიდვა-გაყიდვას შეუდგეს, ჩვენ ასეთი განზრახვა არ გვაქვს. ასეთი შეზღუდვა ამ დეკრეტის ფარგლების იმით არის გამოწვეული, რომ აუარებელი თანხა ტრიალებს ამ სფეროში: ზოგი ყიდულობს დღეს სახლებს, - ხვალ ჰყიდის, ზოგი ხვალ ყიდულობს ქარხანას, - ზეგ ჰყიდის. და ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ დღეს ქაღალდის ფულის ვალიუტა გვაქვს და ქაღალდის ვალიუტას არ უყვარს, არ მოსწონს ბანკებში ან ჯიბეში გაჩერება, ის მუდმივათ ტრიალებს და ატრიალებს იმ საგნებს, რომლებიც ბაზარზე გამოდის, თუ ერთი საგანი ამ ტრიალის სფეროდან გამოვდევნეთ მაშინ ეს თანხა მეორე საგანზე გადავა, ამ მეორე საგნის გარშემო დატრიალდება და გააძვირებს; იმ საგნების რიცხვში, რომლებიც ტრიალის სფეროში არიან მოხვედრილი, ურევია დასახლებული მიწებიც. და ჩვენ როცა თავისუფალი მიწები გამოვტოვეთ ამ ტრიალის სფეროდან, მათზე აკრძალვა დავადევით, ვხელმძღვანელობდით იმ მოსაზრებით, რომელიც თითონ დაკვირვებამ მოგვცა. სახელდობრ იმით, რომ ამ მიწების გარშემო ასეთი ყიდვა-გაყიდვის ძლიერი სპეკულიაცია დღეს არ ტრიალებს. ეს ერთი. მეორე, და უმთავრესი, კიდევ ის არის, რომ არც სახლების აშენების ციებ-ცხელება არის, დღეს, და არც ახალ ქარხნების გაშენების ციებ-ცხელება არის. და სწორედ უნდა ვთქვა, რომ იყოს დღეს გაცხარებული აშენება ახალ ქარხნებისა და ახალ სახლებისა, შესაძლებელია, რომ ასეთი კანონ-პროექტი, ასეთი დეკრეტი არ შემოგვეტანა აქ. დიახ, ადვილად ჩვენ არ მოვისურვებდით, რომ ხელი შეგვეშალა ამ დიდ შემოქმედებითი მუშაობაში თუნდაც კერძო ინიციატივისათვის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ კერძო ინიციატივა, ამ სფეროში, არაფერს არ აკეთებს, მომზადებით - არაფერს ამზადებს, ის მხოლოდ უკვე დამზადებულ საქონელზე ეწევა სპეკულიაციას, შესაქმნელს კი არაფერს არ ქმნის დღეს. ამ მხრივ ჩვენი კაპიტალი გაჩერებულია, და თუ ჩვენ გვინდა ამ ხანით, ამ დროით ვისარგებლოთ იმისთვის, რომ ერთგვარი რეფორმა გავატაროთ მამულებისა, მე მგონია, რომ დღეს ყველაზე მიზანშეწონილი დრო არის არჩეული.

აი ეს გახლავთ, ბატონებო, მეორე საბუთი, იმის, თუ რატომ არ შევზღუდეთ ამ დეკრეტით გაყიდვა სახლების, ქარხნების და იმ ტერიტორიის, რომელიც საჭირო არის ამ სახლებისთვის და ურომლისოდ სახლის დატრიალება, გაყიდვა ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ გვინდა დარჩეს ყიდვა-გაყიდვა, ტრიალი ამ სახლისა, შენობისა, და ამიტომ ეს ტერიტორიაც ამ შენობასთან ერთად, ამ სახლებთან ერთად უნდა იყოს განთავისუფლებული ყოველი შეზღუდვისაგან.

აი ეს ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები აზრია წარმოდგენილ დეკრეტში და მე მეგონა, რომ ყოველი პარტია, თუ ფრაქცია, რომელიც მოისურვებდა ამ დეკრეტის წინააღმდეგ ბრძოლას, ყოველ შემთხვევაში, ამ მარტივ აზრს გაიგებდა და ისე შეებრძოლებოდა ამ დეკრეტს, და არა თავის წარმოდგენას, რომელიც ამ დეკრეტს სრულიად არ შეეფერება. აი, როგორც, მაგალითად, აქ დეპუტატმა ბარათაშვილმა სთქვა, თითქოს დეკრეტში ჩართული იყოს ახალი პრინციპი საერთოდ მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვისა.

შემდეგ ამ დეკრეტს აწერია „დროებითი“, და ამ სიტყვას მე მინდა მივაქციო ყურადღება. ეს სიტყვა ბევრს უკარგავს საოცნებო იმედებს. სიტყვა „დროებითი“ სწორედ იმიტომ არის აქ ნახმარი, რომ, ჩვენის აზრით, ასეთი შეჩერება ყიდვა-გაყიდვის ხანგრძლივი არ უნდა იქნეს. ის უნდა განისაზღვრებოდეს არა წლობით, არამედ თვეობით. ერთი ან ორი თვის განმავლობაში უნდა დავავალოთ სამინისტროს, რომ მან შესაფერი კანონ-პროექტი შეიმუშაოს და ამ ნაირად ამ მიწების ბედის გადაწყვეტის საშუალება მოგვცეს. ამ რიგათ ამ დეკრეტით მიღებული აკრძალვა გაუქმებულ იქნება ორ-სამ თვეში. ეს ვადა არც ისეთი დიდია, რომ ამ ხნის განმავლობაში ასე ვსთქვათ, დიდი ორომტრიალი დაბადოს. პირიქით ისე მცირეა ეს ვადა, რომ ამას არავითარი არევ-დარევის გამოწვევა არ შეუძლიან. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ეს კანონ-პროექტი მიღებული უნდა იქმნეს. ამასთანავე ჩვენ გამოვსთქვამთ სურვილს და იმედს, რომ სამინისტრო მახლობელ დღეებში შეიმუშავებს და წარმოადგენს კანონ-პროექტს, რომ ამნაირად ეს საეჭვო გამხდარი ბედი თავისუფალი და ცარიელი მიწებისა გადაწყვეტილი იქმნეს და თავისუფლება მიეცეს ამ სფეროში ყველას, ამა თუ იმ ინციატივის გამოჩენისთვის. ჩვენ მაშინ ვნახავთ იმ პირთა განცხადების რეალურ მნიშვნელობას, რომელნიც ამბობენ „თქვენ ზღუდავთ კერძო ინიციატივას, კერძო პირთა შემოქმედებითი უნარს“-ო. სამი თვის შემდეგ ვნახავთ რა ნიჭს, რა მუშაობის ნიჭს გამოიჩენენ კაპიტალის პატრონები, რა სიმდიდრეს დაბადებენ, როგორ დაატრიალებენ თავის თანხას მის მქონებელნი, და რა შემოქმედებთი უნარს გამოიჩენენ ისინი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა (ერ.-დემ.). ბატონებო, მე უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას, რომლისთვისაც აქამდისინ არ მიგვიქცევია ყურადღება, მაგრამ, რომელსაც, ჩემის აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

აქ წარმოდგენილი იყო ის აზრი, რომ ეს კანონ-პროექტი, რომელიც ეხლა არის საგნად ჩვენი განხილვისა, შედეგია ან მჭიდროდ დაკავშირებულია მიწის რეფორმასთან. ამნაირად ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ლოღიკურად ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს დეკრეტი მივიღოთ. აქ ყურადღებას არ აქცევენ ერთ გარემოებას, იმას, რომ აქ არის დღეს დამფუძნებელი კრება. ეს გარემოება დღეს დიდ მნიშვნელოვანი არის. დამფუძნებელ კრებას, ჯერ არ განუხილავს ის ძველი კანონები, რომელიც ადრე იყო მიღებული; ამიტომ ყოვლად შეუძლებელია ლაპარაკი იმაზე, რომ თითქო სავალდებულოა ჩვენთვის მიღება ამ ახალ დეკრეტისა. 1917 წელს პირველად ამიერ-კავკასიის კომისიარიატმა გამოსცა აგრარული კანონი, მერე ეს კანონი, გამოცემული კომისიარიატის მიერ, დადასტურებული იყო თითქმის უდავოთ და ულაპარაკოთ ეროვნულ საბჭოს მიერ. ეს წარსულში იყო. ამის შემდეგ ჩვენ, ბატონებო, მოვიწვიეთ დამფუძნებელი კრება. აქვს რაიმე მნიშვნელობა თუ არა დამფუძნებელ კრებას? თუ ჩვენ ვართ გაგრძელება ისევ ეროვნულ საბჭოისა, ესე იგი შემთხვევითი კრება, პარტიული კრება და სხვა არაფერი?! მე გთხოვთ ამას უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება, იმიტომ, რომ იმ მომენტიდან, რაც ჩვენ გავხდით წევრნი დამფუძნებელი კრებისა, ყველა ჩვენგანი ვალდებული არის სულ სხვანაირად გაუწიოს ანგარიში ყველა მოვლენას, ყველა თავის ნაბიჯს; ჩვენ უფრო უნდა ჩაუკვირდეთ ყველა გარემოებას, უფრო ავსწონ-დავსწონოთ იგი და სინდისის ქვეშ გადასწყვიტოთ ესა თუ ის საკითხი. და ჩვენ ვმოქმედობთ აგრე? სრულიად არა. მომხსენებელმა სთქვა, რომ ეს კანონი დაკავშირებული არის ძველ კანონთანაო; მერე რა? განა ვალდებული არ არის დამფუძნებელი კრება, გადაათვალიეროს ყველა მიღებული კანონი, ხელახლად განიხილოს, ასწონ-დასწონოს და ისე ან დაადასტუროს, ან უარყოს, ან შეიტანოს საჭირო შესწორებანი? მე იმის თქმა არ მინდა, რომ უსათუოდ დამფუძნებელმა კრებამ უარყოს ის კანონები. არა, შესაძლებელია მივიღოთ, მაგრამ იმ კანონის შესახებ, რომელიც ადრე იყო მიღებული, იმ პრინციპის შესახებ, რომელიც საფუძვლად ედვა ამ კანონს, ჩვენ არავითარი სჯა, და კამათი არ გვქონია, არავითარი შეფასება, და დადგენილება არ გამოგვიტანია; თუ თვით პრინციპები არ განგვიხილავს, როგორ გინდათ ვილაპარაკოთ ამ კანონ-პროექტზე, რომელიც მხოლოდ შედეგია ან გაგძელება იმ პრინციპებისა? ამას უნდა განხილვა თუ არა? ბატონ არსენიძემ სთქვა, ჩვენ არა ვჩქარობთ, ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერიო. ბატონებო, „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“, სად არის ის აგრარული კანონი, რომელიც გატარდა სოფლად? არის სტატისტიკა მის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვა ამ რეფორმას?! ვიცით, თუ რა მოხდა ჩვენ ქვეყანაში? (ხმა: ვიცით!) თუ თქვენ იცით ბატონო, მოგვაწოდეთ ყველა ცნობა და დაწვრილებით აგვიხსენით. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით, არავითარის სტატისტიკა არ გვაქს. დამშვიდდა ქვეყანა თუ არა? როგორ მიდის ეკონომიური ცხოვრება? მოგველის სიმშილი, თუ შეიძლება იგი ავიცდინოთ? ჩვენ ფაქტებიდან კი ვიცით რომ დღეს ჩვენ გვშიან. (ხმაურობა) ბევრი ფაქტები და მოწმობენ, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში არევ-დარევა დიდი არის. შესაძლებელია რომ ამას ჰქონდეს მჭიდრო კავშირი იმ რეფორმასთან, რომელიც თქვენ გაატარეთ. იმისთვის, რომ დააფასოთ თუ რა მოხდა ამ რეფორმის შემდეგ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით, შესაძლებელია, ჩვენი ქვეყანა მიექანებოდეს დაღუპვისაკენ და ამავე დროს მოდიან აქ, მოაქვთ ახალი დეკრეტები, და ამბობენ გაგრძელება არის წინანდელ დეკრეტებისაო. თუ სიმართლე არის ბ. არსენიძის სიტყვაში რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთო, მე მეტს არაფერს ვითხოვ. თქვენ ხართ დამფუძნებელი კრება, და შეგიძლიანთ ყველაფერი დაანგრიოთ, მაგრამ დაანგრიეთ მას შემდეგ, როცა ყოველისფერი აწონ-დაწონილი და გათვალისწინებული იქნება. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ კრების უმეტეს ნაწილს წარმოდგენაც არა აქვს თუ რა ხდება ქვეყანაში ამ რეფორმის შემდეგ. ასეთი აჩქარება არ ეპატიება, არ შეეფერება დამფუძნებელ კრებას, ჩვენ შემოგვყურებს მთელი ხალხი, და პასუხისმგებელნი ვართ ხალხის წინაშე. წავიდა ის რევოლიუციონური ტემპი, როცა სიჩქარით უნდა დაგვენგრია ბევრი რამ. ეხლა არის დამფუძნებელი კრება და გვმართებს მეტი სიფრთხილე და მიზან შეწონილობა. ამიტომ, ვინაიდან, ლოღიკური საფუძველი ენგრევა თქვენ დეკრეტს, რადგანაც ის დამყარებულია იმ რეფორმაზედ, რომლის შესახებ ჩვენ ჯერ მსჯელობაც კი არა გვქონია, ყოვლად შეუძლებელია ამ დეკრეტის მიღება. ეს ერთი. გარდა ამისა, ბატონებო, აქ ბევრჯელ ითქვა, სწორედ ბ. არსენიძეს პირით ბევრჯერ-გამოითქვა საღი აზრი, რომ საჭირო არის ეკონომიური აღორძინებაო. ძალიან კარგი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“. თქვენ ერთს ამბობთ და სულ სხვას აკეთებთ. რა არის საჭირო თავდაპირველად ეკონომიური აღორძინებისთვის? რაც გინდათ ილაპარაკოთ, ერთს ვერ დაგვიმტკიცებთ. ვერ დაგვიმტკიცებთ, რომ საჭირო არ იყოს ენერგია პიროვნობისა. თუ ადამიანი ხელ-შეკრული არის, ეჭვი არ არის, რომ ყოველგვარი ეკონომიური განვითარება მოუხერხებელია. უმთავრესი მოთხოვნილება არის სწორედ თავისუფლება. თუ თქვენ ჰხუთავთ თავისუფალ მოქმედებას, მუშაობას, წარმოებას, - როგორ გნებავთ აღორძინდეს ჩვენი ქვეყანა ეკონომიურად? მართალია თქვენ ბრძანეთ ეს კანონი დროებითიაო, ამით გვაიმედებთ მაგრამ, ბატონებო, თქვენი დაიმედება მაგონებს უკვდავ მარკ ტვენის ხუმრობას, როდესაც ხმა გავრცელდა მარკ ტვენი მოკვდაო, მარკ ტვენმა ტელეგრამა გაგზავნა ამერიკაში: „ხმა ჩემი სიკვდილის შესახებ, ძალიან გაზვიადებულიაო“, სწორედ ასეთი ხასიათისაა თქვენი ნუგეშიც. თქვენი კანონი ეკონომიური ჩამოხრჩობაა მოქალაქისა და თქვენ კი ბრძანებთ „ნუ გეშინიათ, ეს დროებითიაო!“ თუ ჩამომახრჩობთ, რაღა დროებითია? (ხმა: რით არის ჩამოხრჩობა?) რით არის ჩამოხრჩობა? ნუთუ გნებავთ კონკრეტიულად მოგახსენოთ? მე, ვსთქვათ მაქვს მიწა, გაჭირებული ცხოვრება არის, მე მინდა დავატრიალო, არა მარტო ჩემი ენერგია და ის რაც მაბადია, მინდა დავაგირაო. ნებას არ მაძლევთ, მინდა გავყიდო, ნებას არ მაძლევთ. იმის ნებაც კი არ მაქვს, რომ სხვას გადავსცე იჯარით, და თქვენ ამბობთ არ გახრჩობთო. ეს კანონი ხუთავს ეკონომიურ ძალებს. თუმცა აქ იყო ლაპარაკი, არავინ არ უნდა შევაშინოთო, მაგრამ ჩვენ ასეთი აზრისა ვართ, რომ ეს ხალხს დააფთხობს. ყველასთვის აშკარა არის რომ ნელნელა მიდიხართ, სოციალისტური გარდაქმნისაკენ, ჯერ სოფელში ჩამოგვართვით მამულები ახლა გადახვედით ქალაქებში, შემდეგი ნაბიჯი იქნება კონფისკაცია შენობებისა და სხვა. თუ ამნაირად განაგრძეთ, რანაირი აღორძინება იქნება ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა? ეს, არა თუ გაუგებარია, აშკარა არის, ჩვენ ქვეყანას დაღუპავს, ჩვენ დაღუპვისაკენ მივდივართ. ეხლა კიდევ აქედან (მარცხნივ) მესმის: „რევოლიუცია არისო“ ბატონებო, თუ რევოლიუცია არის დანგრევა, ჩვენ აქ რა მოხელენი ვართ? (დიდი ხმაურობა (თავმჯდომარე: უმორჩილესად გთხოვთ, კერძო შეკითხვებს თავი დაანებეთ!) ბატონებო, არც თქვენ ბრძანდებით დიდი რევოლიუციონერები, არც თქვენ ბრძანდებით ის ბეღურები, რომელიც ბუდეებს იკეთებენ ტყვიით დახვრეტილ ბარიკადებში. თქვენი ბარიკადებიც არავის უნახავს. რევოლიუცია იყო, მართალია, მაგრამ ახლა ამის შემდეგ რაც გაიხსნა დამფუძნებელი კრება, ამაზე ლაპარაკიც მეტია. დამფუძნებელ კრებას თითონ უნდა ჰქონდეს ზედგავლენა, თითონ უნდა ჩააყენოს ცხოვრება და მისი ძალები მშვიდობიან ცხოვრების კალაპოტში. და თუ თქვენ, წევრები დამფუძნებელ კრებისა კიდევ რევოლიუციაზე ილაპარაკებთ, ეს სასარგებლო არ არის, ეს მოახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ბევრ სახელმწიფოებზე, რომელნიც უეჭველია გაუწევენ ანგარიშს ჩვენს შინაურ პოლიტიკას, თუ ჩვენი დამფუძნებელი კრება ნგრევას შეუდგა, ეკონომიური ცხოვრების ნგრევას, მე მგონია, საერთაშორისო თვალსაზრისით (ხმაურობა) სარგებლობას არ მოგვიტანს. ამიტომ ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ეს დეკრეტი მიუღებელი არის;

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ძირითადი საკონსტიტუციო საკითხი. ჩვენ უნდა შევქმნათ კონსტიტუცია. ძირითადი პრინციპი ყოველი კონსტიტუციებისა გახლავსთ სწორედ პიროვნების თავისუფლება. სწორედ კერძო საკუთრების პრინციპი არის საფუძველი თავისუფლებისა, და თუ მე მიწა წამართვით, რომელზედაც მე ვდგევარ და ვმუშაობ, ჩემი თავისუფლება მოსპობილია (დიდი ხმაურობა).

თქვენი დეკრეტი ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელიც გატარებულია ყველა დემოკრატიულ კონსტიტუციაში. (ხმა: ბურჟუაზიულ კონსტიტუციაში) მაჩვენეთ სოციალისტური სად არის? შეიძლება მარსზე იყოს ან კიდევ სხვა ვარსკვლავზე, თუ იქიდან ხართ მოფრენილი, გთხოვთ ისე იქ წარბრძანდეთ და საქართველოს კი თავი დაანებეთ (სიცილი). ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა ეწინააღმდეგება ჩვენ ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებას. სწორედ ამ მხრივ ეს დეკრეტი იქნება საზიანო და საშიში. ან უარყავით სრულიად, ან დაუბრუნეთ კომისიას მთელი კანონ-პროექტის შესამუშავებლად. კომისიამ უნდა შეიმუშაოს ეს კანონი, და წარმოადგინოს მთელი მისი მასალებით ახსნით, განმარტებით, გაშუქებით, და ყველანი დავაკვირდებით და საერთო ღონით, სინიდისის ქვეშ, მივიღებთ იმ კანონს, რომელიც სასარგებლო და მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

კირილე ნინიძე. (მომხ.) ბატონებო! აქ ორი მოსაზრება წამოაყენეს: ერთი ეგრეთ წოდებული მემარჯვენეების, ხოლო მეორე მემარცხენეების მხრივ (გვაზავა: ეგ არის თქვენი კოზირი!) მე შევეხები მემარცხენეებს. ისინი ამბობენ: თუ საზოგადოთ ჩამორთმევაა, რატომ არ შეიძლება, რომ სამუდამოდ ჩამოერთვას დაუსახლებელი მიწები. ეს არის ერთი დებულება. ეს გამოაცხადეს ბ. ბარათაშვილმა და შენგელაიამ. თუმცა ბარათაშვილს სავსებით გარკვეულად არ უთქვამს. მან მხოლოდ მოითხოვა, რომ მეორე მუხლიდან ამოიშალოს სიტყვა „დაუსახლებელი“, მაშასადამე დარჩეს მიწა საზოგადოდ. მაგრამ, მე მგონი ბარათაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მომქმედ სამოქალაქო კანონების ძალით, შენობა იზიარებს ბედს იმ მიწისას, რაზედაც სდგას, აი ასეთია კანონი. (შენგელაია: უკეთესია) ეს უკეთესიაო, ბრძანებს ბ. შენგელაია, შეიძლება ეს უკეთესი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ განგვიზრახავს ჯერ ასეთი სოციალური რეფორმა, ასეთი სოციალურ რეფორმის მოხდენა. აგრარულსა და იურიდიულ კომისიაში, ისინი იდგნენ სულ სხვა თვალსაზრისზე, სხვა დებულებიდან გამოდიოდნენ, რომ ჩვენ დღევანდელ წყობილებაში ამას ვერ ვეხებით. ეს დიდი საკონსტიტუციო კითხვა არის. სოციალისტურ წყობილებას თუ გამოვაცხადებთ, ეს დამფუძნებელ კრებას შეუძლიან, მაგრამ ჩვენი აგრარული კომისია ასე ფართოთ ვერ შეეხება. თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ ვმოქმედობთ არსებულ კანონმდებლობის და არსებულ პრაქტიკის მიხედვით და ჩვენი არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა გვეუბნება, რომ ჩვენ სოციალისტურ წყობილებას არ ვანხორციელებთ. რომ აგრე იყოს, რომ ვანხორციელებდეთ სოციალისტურ წყობილებას, მაშინ, თავის თავად ცხადია, რომ ყველა მიწებზე გავავრცელებდით არა დროებით, არამედ სამუდამოდ, როგორც შენგელაია ბრძანებს. ესე იგი ჩვენ აუკრძალავდით სამუდამოდ ყიდვა-გაყიდვას, იჯარით გაცემას, ესე იგი მოვსპობდით კერძო საკუთრებას მიწაზე და შენობებზე. ე.ი. ჩვენ მოვაწყობდით სოციალისტურ წყობილებას. ეს ასე ვსთქვათ, სოციალისტურ პრეტენზიებს არ ეხება, არ გამომდინარეობს საერთოდ ჩვენ მუშაობიდან. თუ გადასწყდება ეს კითხვა, გადასწყდება სხვაგან სადმე, ან გადასწყდება ეს ქუჩაში, ან გადასწყდება ეს დამფუძნებელ კრებაში, რომელიც მიიღებს ამ კანონს, და ამისდამიხედვით ვიმოქმედებთ.

მეორე აზრი, რომელიც წინააღმდეგ მიდის ამ კანონ-პროექტისა, წარმოადგინეს ბ. გვაზავამ და ასათიანმა. აქ ერთი სერიოზული აზრი არის! ვითომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ნგრევას საზოგადოდ, ესე ვსთქვათ, ხელს შეუშლის განვითარებას, და ბ. ასათიანმა ბრძანა, მოსპობს საზოგადოდ კერძო ინიციატივას და არევ-დარევას გამოიწვევსო. მე მგონი, რომ ეს განცხადება არ ემყარება არავითარ საბუთს, რადგანაც ეს პროექტი ეხება იმ მიწებს, რომელიც სრულიად ცარიელია, და თავის თავად ცხადი და ნათელია, რომ ეს იქნება დროებით, სანამ გადაწყდება ამ მიწების ბედი. მე მგონია ვინც ადევნებდა თვალყურს ჩვენ ცხოვრებას ამ 4-წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში არც ერთი კაპიტალისტი მრეწველი არ სცდილობდა, რომ საზოგადოდ რაიმე გაეკეთებინა, ან შენობა აეგო, ამაში ფულს არ იმეტებდა, (არსენიძე: არც გაიმეტებს!) შეიძლება არც გაიმეტოს, მაშასადამე ცხადია, რომ ამ ერთი ორი თვის განმავლობაში, ყოვლად შეუძლებელია მოველოდეთ, რომ ამ ნიადაგზე აყვავდეს, აღორძინდეს ფაბრიკები, ქარხნები, სახლები და სხვა. პირიქით ჩვენ ვფიქრობთ, რადგანაც დღეს კერძო ინიციატივა არ იჩენს მოქმედების უნარს, ეს, რასაკვირველია გარემოების ბრალია, არც კაპიტალისტების ბრალია, მე ამას არ ვამბობ, ჩვენ არ დაგვიწყვია საერთაშორისო ომი, ჩვენ არ გამოგვიწვევია ის, რაც მოხდა, ჩვენ არ მოგვიხდენია ეს, არც ბატონ შენგელაიას (ხმა: ფატალისტი) ყოველ შემთხვევაში არც თქვენ მოგიხდენიათ (ხმაურობა) (თავმჯდომარის ზარი) ამ არევ-დარევის ხანაში, როდესაც კერძო მწარმოებელნი, კაპიტალისტი ფულის პატრონი არ იჩენდა შემოქმედებითი უნარს, შეუძლებელია, რომ მეტი შემოქმედებითი უნარი ეხლა გამოიჩინოს. თითონ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში, მე მგონი ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება, ან ჩვენ მუნიციპალიტეტებს, ან ჩვენ ერობებს; თითონ სახელმწიფომაც უნდა დაიწყოს. ასე რომ, ეს სრულიად არ არის დანგრევის ხელის შეწყობა, პირიქით ჩვენი მეცადინეობა მიმართულია იქითკენ, რომ ავლაგმოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ის ბატონები, რომელთაც შეძლება აქვთ, მაგრამ, როგორც აქ განაცხადეს, ამ შეძლებით სარგებლობენ სულ სხვა მიზნისთვის და არ ქმნიან არაფერს, არამედ ატრიალებენ ამ ფულს, ამ თანხას, და ქმნიან ერთგვარ სპეკულიაციას. და თუ ბ. გვაზავას ჰგონია, რომ ეს შეზღუდვა სპეკულიაციისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არის პიროვნების თავისუფლების შეზღუდვაა, ეს მე მგონი მეტად განყენებული თეორია უნდა იყოს, ეს იმიტომ რომ მაშინ ჩვენ მივდივართ უკიდურესობამდის. ეს უკიდურესობა მე მესმის, როდესაც მას ანარქისტები ამბობენ, ისინი უარყოფენ ყოველგვარ შეზღუდვას. მაგრამ როდესაც ამას ამბობს, ბ. გვაზავა, რომლის პროგრამა სულ სხვა არის, მე ვერ გამიგია ასეთ უკიდურეს თავისუფლებას, როგორ უჭერს მხარს. ბ. გვაზავა, უფრო შორს მიდის, ის ისე ლაპარაკობს, თითქოს ჩვენი ქვეყანა ერთგვარი ტაბულა რასა იყოს ცარიელი დაფა, რაზედაც არავითარი კანონები არ სწერია. ამიტომ მას ძალიან უკვირს, როდესაც მე განვაცხადე, რომ ამ დეკრეტს დამოკიდებულება აქვს აგრარულ კანონმდებლობასთან, იმას კი ჰგონია, რომ არავითარი დამოკიდებულება არა აქვს, იმიტომ, რომ დამფუძნებელი კრება არის. მაგრამ დამფუძნებელი კრება არ შეგვიგროვია იმისთვის, რომ გამოაცხადოს სრული ანარქია, რომ ეთქვას, არავითარი კანონი არ არსებობს, სანამ ჩვენ არ გამოვცემთო, ესეთი არაფერი არ უთქვამს. დამფუძნებელ კრებამ სთქვა, მას შეუძლიან შესცვალოს კანონ-პროექტი. აი მაგალითად, როდესაც გვაზავა წარმოადგენს ისეთ კანონ-პროექტს, რომელიც შეცვლის ამ აგრარულ კანონებს, რომელიც არსებობს, ან სხვა რაიმე საშუალებას მოგვცემს, მაშინ სხვაა. მაგრამ დღეს როგორ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ დამფუძნებელი კრება არის და ამიტომ არავითარი კანონი არ არის. არა ბატონებო, ყოველივე კანონი, სანამ ის არ უარგვიყვია, არ მოგვისპია, მანამდის ჩვენ ამ კანონებით ვცხოვრობთ, აქედან ცხადია რომ ეს კანონიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ დეკრეტის მიხედვით, რას ვაკეთებთ? კიდევ ერთი კითხვა არის. როგორც ბ. გვაზავა ბრძანებს: მიიხედეთ უკან თუ რა მოგვიტანა აგრარულ კანონმაო, რა გაკეთდა, რა შედეგები მივიღეთო. მე მგონია, რომ ერთი რამ ცხადია - ის, რომ ჩვენ გვქონდა აჯანყება სოფელში, თიანეთში, დუშეთის მაზრაში, დღეს კი აჯანყება არ არის. დღეს ჩვენი გლეხობა მიწით სარგებლობს, (ხმაურობა) გლეხი, დიახ, დღეს მოწყობილი არის და მაძღარი. თუ თქვენთვის ეს არაფერი არ არის, თუ თქვენ გირჩევნიათ, რომ მარტო თავადები იყვნენ კმაყოფილნი (გვაზავა: დემაგოგია არის) ეს სულ სხვაა. (გვაზავა: სტატისტიკა?) (თავმჯდომარე: გთხოვთ ნუ ლაპარაკობთ. (გვაზავა: ციფრები მოგვეცით, რომ ვიცოდეთ რაშია საქმე.) აგრარულ კომისიაში მიბრძანდით და ციფრებს მიიღებთ, მიბრძანდით სამინისტროში და იქ მიიღებთ ციფრებს. აქ კი ამისათვის ციფრები არ შეგვიკრებია. მე მგონია, რომ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს გაზეთებიდან, ცხოვრებიდან, რომ აღარ აქვს ადგილი არევ-დარევას და აჯანყებას, როგორც შარშან, სანამ აგრარული კანონი არ გვქონდა გამოცემული. აი მე მგონია დადებითი მხარე ეს არის. ეხლა საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეს კანონ-პროექტი დროებითი იმიტომ არის, რომ უნდა გამოიცეს ახალი კანონი. ახალი კანონი რომ გვქონდეს მზათ, უკვე დაწერილი - მაშინ მივიღებდით და თავის თავად ცხადია, მაშინ ამ დროებითი კანონში საჭიროება არ იქნებოდა. მაგრამ ეს არის წინასწარი ზომა გატარებული, იმიტომ რომ სწორედ ეს კანონ-პროექტი როცა გამოიცემა, არ იყოს ჰაერში ჩამოკიდული მისი განხორციელება. გარდა იმისა, რომ როდესაც ხელუხლებელი რჩება შენობები და ერთი დესიატინა თავისთავად ცხადია, რომ არავინ შეზღუდული არ იქნება თუ ის რამეს აკეთებს, და ის მიწები რომ იყოს უმოძრაოთ, ამას არავითარი მოსაზრება არ მოითხოვს. ამიტომ შემოვიტანეთ ეს დეკრეტი.

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს)

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი წინადადება: „ვინაიდან სააგრარო კომისიამ პრინციპიალურად მიიღო მთავრობის წარმოდგენილი კანონ-პროექტი, რომელიც შემდგომ გადაეცა სააგრარო და იურიდიულ კომისიას, მხოლოდ მისი იურიდიული და პოლიტიკურ შედეგების გამოსარკვევად და ამ შეერთებულ კრებაზე კი კანონპროექტი არსებითად შეიცვალა და ამის შემდეგ სააგრარო კომისიას არ განუხილავს ეს არსებითი ცვლილებები, - შეცვლილი კანონ-პროექტი გადაეცეს აგრარულ კომისიას განსახილველად“.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი წინადადებას. ვინ არის მომხრე წინადადების? ვინ არის წინააღმდეგი? დიდი უმრავლეობა წინაღმდეგია. მაშასადამე წინადადება უარყოფილია.

ვინ არის მომხრე, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგ? თავი ვინ შეიკავა? (ასათიანი: ქვორუმი არ არის - გთხოვთ დასთვალოთ რამდენია. (ქვორუმი სდგება) წინადადება მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მუხლობრივი განხილვა.

კირილე ნინიძე. (კითხულობს).

1. დროებით აიკრძალოს ქალაქის ფარგლებში მდებარე დაუსახლებელ მიწების სხვაზე საკუთრებად გადაცემა, დაგირავება და აგრეთვე იჯარით გაცემა ერთის წლის მეტის ვადით დღიდან ამ დეკრეტის მიღებისა.

თავმჯდომარე. მოგახსენებთ წინადადებას ესერების ფრაქციის შესწორებისას.

ვინ არის მომხრე, რომ პირველ მუხლიდან ამოიშალოს სიტყვა დროებით? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მაშასადამე უარყოფილია.

შესწორება მეორე. ამოიშალოს სიტყვა დაუსახლებელი.

ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? უარყოფილია.

შესწორება მესამე. ვინ არის მომხრე რომ ამოიშალოს სიტყვები: ერთი წლის მეტის ვადით დღიდან ამ დეკრეტის მიღებისა?

ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილია. ვინ არის მომხრე პირველ მუხლისა? პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შენიშვნა.

კირილე ნინიძე (კითხულობს):

შენიშვნა I: დასახლებულ მიწად, რომელიც ამ შეზღუდვისაგან თავისუფალია, ითვლება ყოველი მიწა, რომელზედაც ამ დეკრეტის გამოცემამდე სახლი, ქარხანა ან სხვა შენობა იმყოფებოდა და ტერიტორია ამ შენობის გარშემო საერთო სივრცეთი არა უმეტეს ერთის დესეტინისა.

თავმჯდომარე. წინადადება არის სრულიად ამოიშალოს პირველი შენიშვნა? ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგ? ეს შენიშვნა უარყოფილია. ვინ არის მომხრე ამ შენიშვნისა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. შემდეგი.

კირილე ნინიძე. (კითხულობს).

შენიშვნა II. ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც ამ დეკრეტის გამოცემამდე, ან შემდეგ არის შემდგარი და ეხება აღნიშნულ მიწების იჯარით გაცემას ერთს წელზე მეტის ვადით, ძალას კარგავს ერთი წლის გასვლისთანავე ვადიდან ამ დეკრეტის მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის ჰსურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. ეხლა ნება მიბოძეთ მოგახსენოთ დამატება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა. (კითხულობს) დეკრეტი ეს ძალაში შედის დღიდან დამფუძნებელ კრების მიერ მიღებისა.

ვინ არის მომხრე, რომ მუხლი დამატებითი მივიღოთ? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მაშასადამე მეორე მუხლი დამატებით არის მიღებული.

ეხლა კენჭს უყრი დეკრეტს მთლიანად. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? (წინააღმდეგია მარტო - ასათიანი). ვინ შეიკავა თავი. ეს კანონი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

მეორე კანონ-პროექტი. სიტყვა ეკუთვნის ჭიაბრიშვილს.

კანონ-პროექტი სახელმწიფო დაწესებულებებში სალიკვიდაციო შემწეობის კანონის 2-რე მუხლის შეცვლისა.

ანდრო ჭიაბრიშვილი. (ს. დ.) საქართველოს პარლამენტის მიერ იყო მიღებული კანონი 5 ივნისს 1918 წელს, რომლითაც სახელმწიფოს მოსამსახურეთა რომელიმე დაწესებულების ლიკვიდაციის დროს, ან შემცირების დროს, უნდა მისცემოდათ ერთგვარი ჯილდო, როგორც უმუშაობის დროს დასახმარებლად, აგრეთვე მათი, ეგრედ წოდებული, წლების დამსახურების დროისა.

ამ კანონის მიღებით პარლამენტმა შესცვალა ის დებულება, რომელიც იყო მიღებული დროებით მთავრობისაგან 1918 წელს 29 ივლისს, რომელიც მაშინ მოსამსახურეებს, ხშირად ძალიან მცირე ვადის სამსახურისთვის, თუ ვინიცობაა ის რაიმე მიზეზების გამო იქნებოდა დათხოვნილი, შტატების შემცირების ან შემოკლების გამო, ძალიან დიდ ჯილდოს აძლევდა.

მაგალითად შესაძლებელი იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მოსამსახურეს ემსახურნა სულ ერთი თვე, და დროებითი კანონის თანახმად, რომელიც დროებითი მთავრობის მიერ იყო მიღებული, უნდა მისცემოდა მას ამ სალიკვიდაციო სახით ექვსი თვის ჯამაგირი, და თქვენ იცით რომ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა საშინელ ცუდ პირობებში იყო ჩაყენებული, მოწყვეტილი ვიყავით რუსეთისაგან, საკუთარი ფულის ნიშნები ჩვენ თითონ არ გვქონდა, და ის რაც გააჩნდა ჩვენ ხაზინას აქედანაც აუარებელი ხარჯების გაწევა სჭირდებოდა, ეგრედ წოდებულ, ნამდვილ ლიკვიდაციის მოსახდენად იმ დაწესებულებებში, რომელნიც ომის საჭიროებით იქმნენ შექმნილი, მაგრამ ამას დაერთო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მეორე გარემოება, რომ დამოუკიდებლობას თან მოჰყვა გაეროვნება ყველა სახელმწიფო დაწესებულებებისა. მართალია ეს ერთბაშად არ მომხდარა, ეს თანდათანობით ხდება, და ათი თვის განმავლობაში ჯერ სრულიად არც კი არის დამთავრებული, მაგრამ უმთავრესი მუშაობა გაეროვნებისა უკვე გათავებულია. და ამ გაეროვნებამ შექმნა ისეთი პირობები, რომელიც აუარებელ მოსამსახურეებს სახელმწიფო დაწესებულებებისას, რომელთა დიდი უმრავლესობა წარმოადგენდა ტომით არა ქართველებს, არ შეეძლოთ გაეროვნების შემდეგ საქმე ეწარმოებინათ, ისინი დათხოვნილი უნდა ყოფილიყვნენ, არა მარტო სამსახურიდან, არამედ შეიქმნა ისეთი პირობები, როდესაც ეს პირნი იძულებულნი იყვნენ დაეტოვნებინათ რესპუბლიკის საზღვრები რადგანაც არ შეეძლოთ სათანადო სამსახურის შოვნა თავიანთ ოჯახების შესანახად.

ასეთი პირობები იყო მიღებული მხედველობაში, როდესაც იცვლებოდა კანონი დროებითი მთავრობის მიერ მიღებული. მართალია მაშინ მცირდება ნორმები შედარებით რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონის ასეთი მოსამსახურეთა დასაჯილდოვებლათ, მცირდება იმიტომ რომ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი დაცარიელებული ხაზინა ძალიან ბევრ ხარჯებს იღებდა რუსეთის დაწესებულებებისთვის, მას არ ჰქონდა შეძლება რომ ამ მხრივ კიდევ ეწარმოებინა ასეთი ფართო დაჯილდოვება ამ ლიკვიდაციის დროს.

აგრეთვე მხედველობაში მიიღო პარლამენტმა ის გარემოება, რომ ასეთ მძიმე პირობებში ვარდებოდნენ მოსამსახურეები, ამიტომ მან შეიტანა ეს კანონ-პროექტი და შესცვალა ეს მუხლი, რომელიც შედარებით შეძლებას აძლევდა, რამდენადაც შესაძლებელია შეემსუბუქებინა მოსამსახურეების მდგომარეობა, რა თქმა უნდა პატარა შეძლებას, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში აძლევდა, რომ მათ მოეხერხებინათ წასვლა საქართველოს საზღვრებიდან. ამ მიზნით იყო მიღებული მაშინ ესეთი ნორმები, სადაც ერთი თვის მუშაობისთვის აძლევდნენ ერთი თვის ჯამაგირს, მხოლოდ ექვსი თვის ზევით თუ იმსახურებდა, რომელიმე დაწესებულებაში, ერთ წლამდის ეძლეოდა თვე ნეხევრის ჯამაგირი, და წელიწადზე მეტი - ორი თვისა.

მაგრამ იმავე დროს არსებობდა ჩვენ რესპუბლიკაში მეორე ნორმა. ეს ნორმა გახლდათ მომრიგებელ კამერის მუშებისათვის, რომელიც შედარებით მცირე იყო. ამ რიგათ ერთგვარი უთანასწორობა რჩებაო და სხვა და სხვა მოქალაქეებისა, ისინი იყოფოდნენ ხარისხათ. ერთი მოსამსახურეები და მეორე მუშები. მოსამსახურეები ამ შემთხვევაში უკეთეს პირობებში იყვნენ ვიდრე მუშები, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ეს გაზრახ იყო დაშვებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეული იყო გაეროვნებით ჩვენს დაწესებულებებში და ამასთან დაკავშირებულია მასიური დათხოვნა ამ მოსამსახურეებისა. ეს იყო მხედველობაში მიღებული და განზრახ იყო ასეთი უპირატესობა ამ მოსამსახურეების ლიკვიდაციის დროს დაშვებული.

ჩვენ ვიცით ეხლა, რომ შეიძლება სავსებით არ არის დამთავრებული გაეროვნების საქმე, მაგრამ უმთავრესი საქმე თითქმის გათავებული არის. მცირეოდენ გამოკლებით თითქმის. ყველა დაწესებულებები გაეროვნებული არიან, და მასიურ დათხოვნას ამ ნიადაგზე უკვე ჩვენში დღეს ადგილი არა აქვს. თუ ეხლა მოხდება რაიმე შემცირება მოსამსახურეების შტატებისა, ან და მოხდება დახურვა რაიმე დაწესებულებისა სავსებით აქ აღარ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მოსამსახურენი იძულებულნი იყვნენ წავიდნენ სხვაგან ჩვენ საზღვრების გარეშე, თავიანთ ადგილის საძებნელად, რადგანაც აქ ვერ იშოვნიან ადგილებს, რომ ისინი ვერ აწარმოებენ, ვერ იპოვნიან საიმისო მუშაობას. ისეთ პირობებში აღარ არიან. რჩებიან ისევე აქ და ადვილად შეუძლიანთ იშოვნონ ადგილი, რადგანაც ჩვენ უკვე ვგრძნობთ, ვხედავთ, ვიცით რომ ხშირად საქმის მცოდნე მოსამსახურეს ახალ დაწესებულებებში, ერობაში და სხვაგან, პირიქით იტაცებენ.

ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ საჭირო არის შეცვლილი იყოს ის მუხლი კანონისა, რომელიც პარლამენტის მიერ იყო მიღებული 5 ივნისს, რომელიც აძლევდა ამ სახელმწიფოს დაწესებულებების მოსამსახურეებს უპირატესობას. ასეთი წინადადება შემოაქვს შრომის სამინისტროს, ეს წინადადება უკვე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ იყო მიღებული უცვლელად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მუხლობრივი განხილვა.

ანდრო ჭიაბრიშვილი. (კითხულობს) მეორე მუხლი ახალი რედაქციით:

2. მოსამსახურენი, რომელნიც დათხოვნილი არიან დაწესებულებების გაუქმების გამო, ან რეორგანიზაციის, ან შტატების შეცვლის გამო, იღებენ ფულით დახმარებას ერთ მეთორმეტედს თვიური ჯამაგირის ნაწილს ყოველი თვიური სამსახურისათვის, მაგრამ არა ნაკლებ ორი კვირის ჯამაგირისას. ეს ფულით დახმარება გამოიანგარიშება იმ ჯამაგირის მიხედვით, რომელსაც დათხოვნილი დათხოვნის დროს ღებულობდა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. საერთოდ უყრი კენჭს კანონ-პროექტს. წინააღმდეეგი არავინ არის. მიღებულია.

შემდეგი და უკანასკნელი საკითხი. მომხსენებელი კრების წევრი არსენიძე.

წესი კანონთა გამოქვეყნებისა.

რაჟდენ არსენიძე. წესი კანონის, დეკრეტის და დადგენილების გამოქვეყნებისა შეიძლება დიდ საკონსტიტუციო საკითხად დაგვესახოს იმიტომ, რომ ზოგიერთ კონსტიტუციაში ასეთ გამოქვეყნებას დიდი იურიდიული მნიშვნელობა აქვს.

ზოგან, იქ სადაც საკანონმდებლო დაწესებულება შესდგება არა ერთ რომელიმე დაწესებულებისაგან, არამედ ორ, სამ დაწესებულებისაგან, ერთ მონაწილეთაგანი ამ კანონმდებლობითი მუშაობისა ხელის მოწერით იღებს მონაწილეობას კანონმდებლობაში. მაგალითად სადაც არის ორი პალატა და მეფე, ან სადაც არის ასეთ უფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი, იქ ხელის მოწერა მეფისა ან პრეზიდენტისა კანონპროექტზე არის აუცილებელი ელემენტი, აუცილებელი მომენტი, რომელმაც ესა თუ ის დადგენილება უნდა აქციოს კანონათ და მას მიეცეს დასრულებული კანონდებლობითი სახე და ხასიათი. გარეშე ამ ელემენტის იგი კანონათ არ ითვლება. იგი რჩება პროექტად, მაგრამ არ აქვს კანონის მნიშვნელობა. ასეთი არის ზოგიერთი კონსტიტუციის დებულება. და აი აქ ხელის მოწერას ეძლევა დიდი მნიშვნელობა, ბევრად მეტი იმაზე, ვინემ ჩვეულობრივ უბრალო ხელმოწერას შეიძლება მივცეთ, მაგრამ ჩვენ, ამ ჟამად, სრულიად არ გამოვდივართ, და არ გვინდოდა გამოვსულიყავით ასეთ საკონსტიტუციო მაგალითიდან.

ჩვენ გვგონია, რომ, საქმე გვაქს დემოკრატიულ წეს-წყობილებასთან, სადაც დამფუძნებელი კრება, როგორც სუვერენული გამომხატველი ხალხის სუვერენულ ნება-უფლებისა, არის ერთად ერთი კანონმდებელი ძალა. მაშასადამე სხვა რამე დაწესებულების და ორგანოს მონაწილეობაზე კანონმდებლობაში ლაპარაკიც კი ზედმეტია. ერთად ერთი კანონმდებელი ძალა გახლავთ დამფუძნებელი კრება. და ყოველივე ის, რაც მოწონებულია დამფუძნებელ კრებისაგან - უკვე ამით იღებს სავალდებულო ხასიათს მთელ რესპუბლიკისათვის. ეს ხდება მთელი ხალხის სახელით, მთელ ხალხის სუვერენულ უფლების ძალით.

ეს არის საერთო დებულება. ამის გამო თითონ წესი გამოქვეყნებისა სხვა და სხვა პირის ხელის მოწერით და სხვა, იქცევა, ხდება არა კანონმდებლობის აქტათ არამედ უბრალოდ ფორმალობის შესრულებად, ტეხნიკის საქმეთ, რომელიც უნდა წინ უძღოდეს გამოქვეყნებას კანონისას, ესე იგი იმას, რასაც დამფუძნებელი კრება მიიღებს, მოიწონებს და დაადასტურებს. ნამდვილი კანონმდებლობა, შემოქმედებითი მუშაობა სრულდება, თავდება დამფუძნებელ კრების დარბაზში. ის აქტი, რომელსაც ადგილი აქვს ამის გარეშე, არის მხოლოდ შესრულება ფორმალობისა, მას შეიძლება მივცეთ სხვა მნიშვნელობა, მაგრამ არ შეგვიძლიან მივცეთ მნიშვნელობა კანონმდებლობაში მონაწილეობისა, ან კანონმდებლობის შინაარსზე რაიმე გავლენის მოხდენისა. აი ასეთი გახლავთ საერთო დებულება. რადგანაც ეს დებულება გაიზიარა კომისიამ, რომელმაც წარმოადგინა თქვენ წინაშე პროექტი, ამ პროექტს ეწოდა წესი და არა დეკრეტი, კანონპროექტი ან სხვა რამ. აქ არის მხოლოდ წესი, რუსები იტყვიან „პრავილო“, ამ გამოქვეყნებისა, ესე იგი ის ტეხნიკური გზა, რომელიც უნდა გაიაროს კანონმა, მას შემდეგ როცა ის მიღებულია დამფუძნებელ კრების მიერ, რომ ის გამოქვეყნებული იქნეს. აი ეს არის მთავარი დებულება, მთავარი აზრი, რომელმაც მისცა სახელი, სათაური აქ წარმოდგენილ წინადადებას. ჩვენ ვისარგებლეთ იმ გარემოებით, რომ ჩვენ გვქონდა უკვე კანონი კანონთა გამოქვეყნებისა, მიღებული ჯერ კიდევ ეროვნულ საბჭოს მიერ, რომელსაც ვგონებ უკვე პარლამენტი ეწოდებოდა მაშინ, 11 ოქტომბერს 1918 წელს. ამ კანონის ძალით გამოქვეყნება ყოველგვარ კანონებისა ევალებოდა მთავრობას, რომელსაც იგი უნდა დაუყოვნებლივ მოეთავსებინა კანონების და მთავრობის განკარგულებათა კრებულში, მხოლოდ ამ კრებულის დაარსებამდე ოფიციალურ ორგანო „საქართველოს რესპუბლიკაში“, ასეთი იყო დებულება იმ კანონისა, რომელითაც ხელძღვანელობდა პარლამენტი. ჩვენ საჭიროთ მივიჩნიეთ, რომ ეს ფორმა, ეს სახე გამოქვეყნებისა დარჩენილიყო არა მარტო კანონებისათვის, არამედ დამფუძნებელ კრების ყოველ გვარ დადგენილებისათვის, რომელსაც ის მიიღებს ე.ი. მის ყოველ გვარ დასკვნისათვის, რომელსაც ის კამათის შემდეგ გამოიტანს ამა თუ იმ სახით, იქნება ეს დასკვნა კანონის, დეკრეტის, უბრალო დადგენილების, თუ გადასვლის ფორმულის სახით, იქნება ეს რეზოლიუცია თუ სხვა რამე. ყველა ის დასკვნა, რომელსაც გააკეთებს ამა თუ იმ კამათის შემდეგ დამფუძნებელი კრება, უნდა მოთავსებული იყოს კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულში. მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ დამფუძნებელი კრება იმავე დროს განკარგულებების გამომცემელიც არის, აღმასრულებებლი ძალის მოქმედებებშიც ერევა და სხვა. ცხადია, ამ მხრივ იგი მთავრობასაც წარმოადგენს, აღმასრულებელი ძალაც არის, და ხშირად მოხდება, რომ იგი პირდაპირ უშუამავლოდ მიიღებს მონაწილეობას აღმასრულებელ ძალის მუშაობაში, შემოქმედებაში. ცხადია მისი ამა თუ იმ ხასიათის დადგენილება უნდა იქნეს გამოქვეყნებული იქ, სადაც ამ გვარ ხასიათის დადგენილების, ინსტრუქციის თუ განკარგულების დაბეჭვდა სწარმოებს. შემდეგ აღიძრა უბრალო საკითხი, ტეხნიკური საკითხი; ვინ უნდა მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს ეს დასკვნები, მთავრობამ თუ პირდაპირ დამფუძნებელმა კრებამ? ჩვენ მივიღეთ, რომ გამოქვეყნება არის ვალდებულება მთავრობისა.

რასაკვირველია, არ გამოუწვევია დავა იმ გარემოებას, რომ ყველა დადგენილებაზე დამფუძნებელი კრებისა უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდიუმის წევრმა. ეს იყო უდავო. კომისიაში მცირეოდენი კამათი გამოიწვია იმან, მდივანმაც უნდა მოაწეროს ხელი, თუ საკმარისია თავმჯდომარის ხელის მოწერა. კომისიამ დაადგინა, რომ თავმჯდომარის ხელის მოწერა ყველა დადგენილების ქვეშ სრულიად საკმარისია, იმის დასამოწმებლად, რომ ესა თუ ის კანონი მართლა ამა თუ ამ ფორმით არის მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ. ხელის მოწერა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამოწმება არის იმისა, რომ ხელმოწერილი აქტი მართლაც შეეფერება სინამდვილეს, რომ მართლა ამ აქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ყოველ კრებაზე, აქაც ამას ადატურებს თავმჯდომარე ჩვენი სხდომებისა.

შემდეგ დაიბადა მეორე საკითხი: არის თუ არა საჭირო მთავრობის თავმჯდომარემაც მოაწეროს ხელი? აზრის გაცვლა გამოცვლის და კამათის შემდეგ, კომისია ერთხმად დაადგა ამ აზრს, რომ საჭიროა და აუცილებელიც, რომ მთავრობის თავმჯდომარემ ხელი მოაწეროს კანონების და დეკრეტების ქვეშ და არა იმ დადგენილებებს, რომელთაც განკარგულების ხასიათი აქვს და რომელნიც შეიცავენ პირდაპირ ჩარევას ამა თუ იმ აღმასრულებელ ძალის მუშაობაში. ეს უკანასკნელი არ მოითხოვს თავმჯდომარის ხელის მოწერას. ამ გვარათ მთავრობის თავმჯდომარის მიერ საჭირო არის ხელის მოწერა იმ გვარ პროექტებზე, რომელნიც შეიცავენ ერთგვარ იურიდიულ ნორმებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი არის იურიდიული ნორმა, დეკრეტიც უმრავლეს შემთხვევაში შეიცავს იურიდიულ ნორმას, თუმცა დროებითის ხასიათის, მაშინ, როდესაც დადგენილებას იშვიათ შემთხვევაში აქვს ასეთი ხასიათი. ჩვეულებრივ კი დადგენილებას ექნება განკარგულების ხასიათი, ან დაწუნება-მოწონების ხასიათი და არა კანონმდებლობითი, ამიტომ ამ დადგენილებაზე ხელის მოწერა მთავრობის თავმჯდომარის მიერ ჩვენ ზედმეტად მიგვაჩნია. მით უმეტეს, რომ შესაძლებელია, ხშირად ეს შეეხოს თვით მთავრობის კაბინეთს. ავიღოთ მაგალითად ის დადგენილებანი, რომლითაც იწონებენ, ან აფასებენ ამა თუ იმ მოქმედებას. ეს შეეხება მაშინ თვითონ თავმჯდომარესაც და მთავრობის თავმჯდომარის ხელის მოწერა ასეთ დადგენილებაზე შეუძლებელია, ზედმეტია. შეიძლება აგრეთვე იყოს ისეთი დადგენილებაც, რომელნიც მთავრობას სრულიად არ შეეხება. აი, მაგალითად ჩვენ მივიღეთ დადგენილება კომისიის შესახებ, რომ კომისიებმა აირჩიონ მცირე კომისიები. ეს არის სფერო დამფუძნებელ კრების საკუთარი მუშაობისა და ამაზე აღმასრულებელ ძალის ხელმოწერა ზედმეტია. დანარჩენში კი, იქ, სადაც აღმასრულებელი ძალა ვალდებულია ჩვენი შემუშავებული კანონები და დეკრეტები ცხოვრებაში გაატაროს, განახორციელოს, კომისიას საჭიროდ მიაჩნია მთავრობის თავმჯდომარის ხელისმოწერა. ამ ხელის მოწერას არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, თითქოს ამით მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სახელით იღებდეს მონაწილეობას თითონ კანონმდებლობაში. ამას აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა, ის, რომ აქ არის ერთი მთლიანი მოქმედება, როგორც კანონმდებლობითი ისე აღმასრულებელ ძალისა, აქ არის სრული თანხმობა ორივე ელემენტისა, იმ მთავრობისა, რომელიც არის აღჭურვილი დამფუძნებელ კრების ნდობით და თვით დამფუძნებელ კრებისა, რომელიც კანონმდებლობითი მუშაობას აწარმოებს. მეორეს მხრივ ეს არის ერთგვარი ვალდებულობა, რომ აღმასრულებელმა ძალამ მიიღო ესა თუ ის კანონი, ესა თუ ის დეკრეტი ასასრულებლად, და ვალდებულია დაუყონებლივ ცხოვრებაში გაატაროს, და მის გატარებაში პასუხიც აგოს. აი ასეთი მნიშვნელობა აქვს თავმჯდომარის ხელისმოწერას. კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს ამას. მთავრობის თავმჯდომარე იმ კონსტრუქციით, იმ პრაქტიკით, რომელიც მივიღეთ დამფუძნებელ კრებაში, არის უმაღლესი წარმომადგენელი რესპუბლიკისა. მაშინ ვლაპარაკობდით, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, - მთელი ჩვენი რესპუბლიკის ერთ პერსონაში განმახორციელებელი, ესაა ჩვენი წარმომადგენელი. ის უფლება, რომელიც საერთოდ აქვს დამფუძნებელ კრებას, როგორც წარმომადგენლობის მატარებელს, ჩვენ გადავეცით ამ ერთ პირს, ჩვენ მიერ არჩეულს, და ჩვენ გვგონია რომ იმის ხელის მოწერა ნიშნავს იმას, რომ ის პირი, რომელსაც ჩვენ მივანდეთ ამ მთლიანობის გამოხატვა, როგორც აღმასრულებელი ძალა, სავსებით ემორჩილება და ექვემდებარება ამ კანონების ასრულებას და ცხოვრებაში გატარებას. აი ამ მხრივ აქვს მნიშვნელობა მთავრობის თავმჯდომარის ხელის მოწერას.

მეორე უფრო პრაქტიკული მნიშვნელობა თუ გნებავთ ხელის მოწერისა, ეს იქნება ის, რომ ხალხში გამტკიცებულია ერთგვარი იდეა იმისა, რომ მთავრობა მოქმედებს, მონაწილეობას იღებს კანონის გამოცემაში, თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც ხდება მის გარშემო, და ყოველივე მოქმედება და მუშაობა მის განკარგულების ქვეშ უნდა იყოს ასრულებული და გატარებული. დღევანდელ არევ-დარევის ხანაში ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ, თუ რაიმე არის სუსტი დღეს ამ საზოგადოებრივ რყევის ხანაში, - ეს არის მთავრობა და მთავრობის აპარატი; და მის გამაგრებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ხელის მოწერა კი სისტემატიური გახსენებაა იმისა, რომ როცა თქვენ კითხულობთ კანონებს იმ უმაღლეს დაწესებულებისა, რომელიც მთელი ხალხის სახელით ლაპარაკობს, ამავე დროს თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა არის გამომცემელი იმ კანონებისა, როგორც აღმასრულებელი ძალა. აი ეს მუდმივი გახსენება მგონია დღეს ზედმეტი არ იქნება ჩვენში.

ყველა ამ მოსაზრების გამო, კომისია დაადგა იმ დასკვნას, რომ მთავრობის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელი, ყველა იმ დეკრეტს, და კანონს, რომელსაც მოიწონებს დამფუძნებელი კრება და მიიღებს. აი ეს არის მოკლეთ აზრი იმ წესისა, რომელიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ერთი კიდევ უნდა დაუმატო: ამ წესს არა აქვს, რასაკვირველია, მნიშვნელობა მუდმივი ხასიათისა, იგი ეხება მხოლოდ დამფუძნებელ კრებას, და შეიცავს წესს დამფუძნებელ კრების დადგენილების, დეკრეტების, კანონების გამოქვეყნებისას და სხვა არაფერს. როგორ იმოქმედებს მომავალში პარლამენტი, ან როგორი იქნება კონსტიტუციონური წესი, კანონთა გამოქვეყნების, ჩვენ დღეს არ შეგვიძლიან განვსაზღვროთ. ამასთანავე ეს წესი შეთანხმებულია იმ რეფორმასთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომლითაც მთავრობის თავმჯდომარე არის არჩეული დამფუძნებელ კრების მიერ, და ყველა დანარჩენი წევრები კაბინეთში არიან მისგან მოწვეული და ერთგვარი პასუხის მგებლობის მატარებელი ჩვენს წინაშე. ეს თუ გნებავთ ორიგინალობაა, ვინაიდან მე არ ვიცი არც ერთი რესპუბლიკა, სადაც არსებობდეს მთავრობის შედგენის ასეთი წესი, როგორც არის ჩვენ მიერ მიღებული. აი ამ წესს შეეფერება და ეთანხმება ლოღიკურად ეს წესი კანონის გამოქვეყნებისა. ამიტომ ჩვენ საჭიროდ დავინახეთ, რომ ესეთი წესი და ჩვენი პრაქტიკულ მოქმედება ერთმანეთთან ლოღიკურად დაკავშირებული და მიღებული ყოფილიყო დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს. ფ.) როცა ვარჩევთ საკითხს უმთავრესი ყურადღება უნდა მივაქციოთ არა სათაურს, არამედ შინაარსს. თუმცა სწერია „წესი“, მაგრამ როდესაც წაიკითხავთ მუხლობრივ, თქვენ მიხვალთ იმ დასკვნამდის, რომ სწორედ ეს არის კანონ-პროექტი.

ყოველ კანონ-პროექტს ორი მხარე აქვს: შინაარსი და ფორმა. მომხსენებელი მართალია და ჩვენ ვეთანხმებით, რომ დამფუძნებელი კრება არის წარმომადგენელი ხალხისა და კანონმდებლობითი უფლება მარტოკა მის ხელშია. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ საკმარი არ არის, რომ თქვენ მიიღებთ კანონ-პროექტს. მას კიდევ უნდა მისცეთ ძალა და ცხოვრებაში გაატაროთ. ამისთვის საჭიროა კიდევ ფორმალური მხარე. შინაარსი უნდა ჩამოყალიბდეს ფორმაში. როდის ხდება კანონი კანონად? პირველი მუხლიდან იმ კანონპროექტისა სჩანს რომ კანონს უნდა მოაწეროს ხელი ჩვენმა თავმჯდომარემ. ჩვენი ნების გამომხატველია ჩვენი თავმჯდომარე, იგი იღებს მონაწილეობას, როგორც კანონის შემუშავებაში, ისე მის გადაწყვეტაში. კანონს უნდა მოაწეროს ხელი თავმჯდომარემ, როგორც დამფუძნებელ კრების წარმომადგენელმა. ეს მხარე კანონისა აუცილებელია. უამისოდ კანონი არ ხდება კანონად. შემდგომ კანონი ცხადდება მთავრობის საყურადღებოდ და აღსასრულებლად იგი უნდა განხორციელდეს. ამ კანონს ვერავინ ვერ შეაყენებს. მთავრობა ვერ შეაჩერებს ამ კანონის გამოქვეყნებას. კანონი ძალაში შედის თუნდაც მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ. მაშასადამე კანონმა რომ კანონის სახე მიიღოს და თავისი ძალა ჰქონდეს, - საკმარისია ხელისმოწერა მარტოკა ჩვენი თავმჯდომარისა. ამის შემდეგ თქვენ გკითხვათ რად გვინდა მთავრობის თავმჯდომარის ხელის მოწერა?

ჩვენ რომ გავეცნოთ ზოგიერთი ქვეყნების კანონმდებლობას, დავინახამთ, რომ კანონმდებლობაში იღებს მონაწილეობას მთავრობის წარმომადგენელი. საფრანგეთის კონსტიტუციით აუცილებელია კანონზე პრეზიდენტის ხელის მოწერა, მაშინ კანონი შედის ძალაში. სწორედ ამ ჩვენ კანონს თქვენ ისეთივე თვისებებს აკუთვნებთ. განმარტებას მომხსენებლისას არავინ არ კითხულობს. განმარტება განმარტების სახით რჩება, კანონი კანონად. მე მეშინიან, რომ არსებითი მნიშვნელობა არ მიიღოს მეორე მუხლმა, რომ ხელის მოწერა მთავრობის თავმჯდომარისა არის გამოხატვა მისი ნებისყოფისა, თუ ეს არის ერთგვარი წესი, მექანიკური წესი კანონთა გამოცხადებისა. კანონპროექტი აღნიშნული უნდა იყოს ცალკე მუხლად და თუ მეორე მუხლი უცვლელად დარჩება, მაშინ გამომდინარეობს, რომ მთავრობის თავმჯდომარე სწორედ კანონმდებლობაში თავის ხელის მოწერით იღებს მონაწილეობას.

მაშასადამე, აქ არც ტეხნიკური და არც მექანიკური წესის საკითხია. კითხვა უფრო ღრმად არის დასმული. დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის თავმჯდომარე გამოაცხადა უმღლეს წარმომადგენლად, ამ უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს ხელი, უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს უმაღლესი წარმომადგენელი რას ნიშნავს, რა შინაარსი მოსდევს იმ სიტყვას, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ჩვენთვის გამოურკვეველია. რა უფლებით არის აღჭურვილი მთავრობის თავმჯდომარე, არ ვიცით. მომხსენებელი ამტკიცებს, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს ხელი. აქედან ის დასკვნა შეიძლება გამოვიყვანოთ, რომ იგი იღებს მონაწილეობას კანონმდებლობაში, რისიც ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველი ჩვენი არსებით, ჩვენი ფრაქციის აზრით მთავრობა მარტოკა არის აღმასრულებელი ძალა, და როგორც ასეთმა, უნდა მიიღოს კანონი და ცხოვრებაში გაატაროს, იმისდა მიუხედავად, მოსწონს თუ არ მოსწონს, ეთანხმება თუ არ ეთანხმება. ამერიკაში, მაგალითად, პრეზიდენტს, თუ არ ეთანხმება კანონს, შეუძლიან თავის ვეტოთი შეაჩეროს კანონის მოქმედება. უზენაესი, კანონმდებლობითი უფლებები აქვს მარტოკა დამფუძნებელ კრებას, და არავის ნება არ აქვს მისი კანონები შეაჩეროს და შეაფერხოს, ჩვენის აზრით საჭიროება არ მოითხოვს, რომ კანონები იყოს ხელმოწერილი მთავრობის თავმჯდომარის მიერ, იმიტომ მეორე მუხლი ამ კანონ-პროექტისა უნდა ამოიშალოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე (ს.-რ.) დამფუძნებელი კრების წევრნო! თუმცა ჩვენი ხმა დარჩება ხმათ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა, მაგარამ მაინც ვალდებულათ ვსთვლით ჩვენ თავს კატეგორიულათ განვაცხადოთ, რომ ეს პროექტი ყოვლად მიუღებელია იმ სახით, როგორც წარმოდგენლია, რადგანაც ეს პროექტი ზღუდავს დამფუძნებელ კრების სუვერენულ უფლებას. დამფუძნებელი კრება, როგორც ვიცით, არ ემორჩილება არავითარ ტრადიციას, თვით ქმნის ტრადიციას. დამფუძნებელი კრება, როგორც ასეთი, არის დასაბამი და დასასრული, ის არის უზენაესი წარმომადგენელი ხალხისა და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს უფლება კანონების ხელის მოწერისა. დამფუძნებელი კრების მუშაობის პრაქტიკაში თანდათან გვეპარება ისეთი ელემენტები, რომლებსაც მივყავართ დამფუძნებელი კრების სუვერენობის შეზღუდვისაკენ. პირველად - დამფუძნებელი კრების მიერ რესპუბლიკის უზნაესი წარმომადგენლის არჩევით შეიქმნა ორი უზენაესი წარმომადგენელი - დამფუძნებელი კრება და მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენი ფრაქციისათვის ეს ისეთივე გაუგებარი და მიუღებელი იყო, როგორც გაუგებელი და მიუღებელია, ეხლა რომ კანონებს ხელს აწერდეს მთავრობის თავმჯდომარე. ასეთი მოვლენა მე მაგონებს ერთ ალაგს ღვთის მეტყველებიდან (ხმაურობა). ღმერთი არის ერთი, მაგრამ სამპიროვანი, - გვასწავლის უკანასკნელი. სამივე პირი არის ყოვლის შემძლე, ყველგანმყოფი, თანასწორი, მაგრამ იმავე დროს არის მაინც და მაინც ერთი ღმერთი (ხმაურობა) ეს მოძღვრება გაუგებარი და მოუღებელია გლეხებისათვის, მაგრამ ღვთის მეტყველება გვეუბნება - გაუგებარია გონებისათვის, მაგრამ რწმენით უნდა მოიღოთო. სწორეთ ასე არის აქაც. გონებისათვის გაუგებელია რომ ორი უზენაესი წარმომადგენელი გვყავდეს ერთსა და იმავე დროს - რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრება. მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან - ენდეთ ასეთ წესს, ასეთ გარემოებას. იმიტომ რომ დემოკრატიული წესწყობილებააო. როდესაც ძირითად კანონებს ვქმნით და ჩვენის აზრით ეს ძირითადი საკითხია, ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ არა მომენტით, არამედ ძირითადი მოსაზრებით. თქვენ გსურთ რწმენაზე ააშენოთ თქვენი საკანონმდებლო მოღვაწეობა, ჩვენ კი გონებაზე (ლ. ნათაძე - ღვთის მეტყველებაზე!) დიახ, თქვენ ღვთის მეტყველებაზე აშენებთ თქვენ მუშაობას.

თავმჯდომარე. გთხოვთ ღვთის მეტყველებას თავი დაანებოთ!

ნუცუბიძე. ბ-ნ მომხსენებელს სურდა დაემტკიცებინა, რომ კანონებზე მთავრობის თავმჯდომრის ხელის მოწერა აუცილებლივ საჭიროა და დაამტკიცა კი სულ საწინააღმდეგო. სწორედ იმ გარემოებას, რომელ გარემოებისაც ჩვენ გვეშინოდა, გაუსვა ხაზი. მან სთქვა, რომ ამ წესს აქვს ერთგვარი პოლიტიკური მნიშვნელობა, ე.ი. როდესაც მთავრობის თავმჯდომარე მოაწერს ხელს, შეიქმნება ერთნაირი ფსიხოლოგია ხალხში, ხალხი შეეჩვევა მას, რომ ჩვენ გვყვავს ძლიერი მთავრობა. ასეთი გარემოება, ჩვენის აზრით, მეტათ სახიფათოა. ხალხი შეეჩვევა იმ აზრს, რომ ჩვენი მთავრობა არის კანონმდებელი. ჩვენი მოვალეობა კია გავაგებიოთ ხალხს და შევაჩვიოთ ის იმ აზრს, რომ მთავრობა არის აღმასრულებელი კანონის და არა კანონმდებელი. ყოვლად მიუღებელია რომ მთავრობის თავმჯდომარე აწერდეს ხელს კანონებს და ამიტომ წინააღმდეგი ვართ ესეთი წესის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. პ. საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე. (ს.-დ.) ბატონებო! დამფუძნებელ კრების წევრი ბ. თევზაძე ამბობს რომ ეს შეზღუდვა არის, რომ საზოგადოდ ჩვენ მივდივართ შეზღუდვისაკენ.

თავმჯდომარე. უკაცრაოთ, თევზაძე არ გახლავთ, - ნუცუბიძე გახლავთ.

პ. საყვარელიძე. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. ბატონო ნუცუბიძე, როდესაც პარლამენტში ვმოღვაწეობდით და კანონებს ვიმუშავებდით სწორედ ისე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, რას ფიქრობდით მაშინ? ფიქრობდით რომ შეზღუდვა იყო პარლამენტის მუშაობისა? ფიქრობდით რომ ვღალატობდით საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენობას? სრულიადაც არა! ყველამ ვიცოდით, რომ თავმჯდომარის ხელის მოწერით არც ერთ კანონში, რომელიც გამოქვეყნებული იყო პარლამენტის და ეროვნულ საბჭოს არსებობის დროს, არაფერი არ შეცვლილა, არავითარი შეზღუდვა, არავითარი კონფლიქტი არ მომხდარა მაშასადამე, თქვენ უნდა დაამტკიცოთ რომ წარსულშიაც ზღუდავდა. მარტო ამით, პრაქტიკით, წარსულს პრაქტიკით, წარსული მოღვაწეობით ჩვეულებრივ უფლებით შეიძლება უარყოთ თქვენი არგუმენტაცია, ბ. ნუცუბიძე-ბარათაშვილო.

სხვათა შორის კონსტიტუციები. არის კონსიტუციები, არის სახელმწიფოები, დემოკრატიული სახელმწიფოები, თუნდა ინგლისი მოვიგონოთ, სადაც კონსტიტუციური კანონები არ არსებობენ, სადაც ჩვეულებრივ უფლებით უფრო ხელმძღვანელობენ. ჩვენი ჩვეულებრივი უფლება არის ნამდვილი არსება, ნამდვილი წყარო პოლიტიკური და პარლამენტის მუშაობისა. ნუ თუ არ შეიძლება? დაამტკიცოთ, ნუ თუ ამის დამტკიცება წარსულ მოღვაწეობიდან არ შეიძლება? წარული პრაქტიკა ამტკიცებს, რომ არავითარი შეზღუდვა არ ყოფილა იმით, რომ მთავრობის თავმჯდომარე, ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე აწერდა ხელს. ამით მთავრობის თავმჯდომარის ხელის მოწერა კი არ ამტკიცებდა კანონს, ან სანქციას აძლევდა, ან ვეტოს უფლებით სარგებლობდა, არა. რასაკვირველია, კანონში პირდაპირ სწერია: კანონი დაუყონებლივ შედის ძალაში, რაკი იგი მიღებულია პარლამენტის მიერ და მთავრობის ხელმოუწერლობა პარლამენტის კანონს ვერ შეაჩერებს.

ბატონებო, საჭიროა კანონს მივაქციოთ ყურადღება. თუმცა ჩვენი კანონები გაბნეულია, მაგრამ პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონები არის დამფუძნებელი კრების კანონებიც.

როდესაც დამფუძნებელმა კრებამ აღიარა 12-მარტი, ქვეყნის და ისტორიის წინაშე დამოუკიდებლობის აქტი, მაშასადამე აღიარა რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. და როცა გამოსცა, გამოაქვეყნა ეს, მან მიიღო პარლამენტის მიერ მიღებული კანონებიც. ეს აქტი... (გვაზავა: ეს ესე არ იყო)! ასე არის!

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონებო უმორჩილესად გთხოვთ, ადგილიდან ნუ ინებებთ ლაპარაკს.

საყვარელიძე. მაინც და მაინც კანონი კანონთა გამოქვეყნების შესახებ აბობს, რომ დაუყონებლივ უნდა გამოქვეყნდეს, მაშასადამე შიში არ გვქონია კონფლიქტისა. დღეს კი მოდიან და ამბობენ, შეზღუდვისკენ მივდივართო. შეზღუდვა პრაქტიკაში არ ყოფილა, მაშასადამე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მეორე ფაქტი ის ყოფილა თურმე, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი წარმომადგენლობა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის. არც აქ არის არავითარი შეზღუდვა. ვინც იცის უბრალო ანბანი სახელმწიფოს ცხოვრებისა, ის დამეთანხმება, მან იცის, რომ უსათუოდ არის აღმასრულებელ ორგანოს ერთი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. რა არის ბატონებო, სახელმწიფო? კოლექტიურ წარმომადგენლობა. არსად არ არის, უამისოდ სახელმწიფოს ცხოვრება, აიღეთ რესპუბლიკები, ყველა რესპუბლიკების მთავრობა, ემორჩილება თავის პარლამენტს. მაგრამ სახელმწიფოს ცხოვრების აღმასრულებელი ორგანო, მთავრობა და მისი თავმჯდომარე არის გამომხატველი ამ სუვერენობისა. და მოქმედებს მისი სახელით. აიღეთ შვეიცარიის მთავრობა. ის შედარებით უღონო მთავრობაა. მთავრობის თავმჯდომარე არის პრეზიდენტი შვეიცარიის რესპუბლიკისა, ეს პრეზიდენტი ყოველ წლიურად ირჩევა, ერთი მეორეზე ორჯელ არჩევის ნება არ აქვს - (შენგელაია: სოციალისტური დამფუძნებელი კრება!) უკაცრავად, სოციალისტურ დამფუძნებელ კრებაზე მოგახსენებთ მერე, თუ იქნება ლაპარაკი. დღეს კი ჩვენ გვაქს ლაპარაკი იმაზე, არღვევს თუ არა თავისუფლებას ის, რაც ჩვენ მივიღეთ. ეს არის გამოხატულება იმისა, რაც არის. რა ჰქნა დამფუძნებელ კრებამ? დამფუძნებელ კრებამ აღიარა, პრემიერობა, მთავრობის თავმჯდომარეობა. მთავრობის თავმჯდომარეს მისცა ნება წარმოადგინოს სახელმწიფო საგარეო და შინაურ კითხვებში და იმავე დროს მან ანგარიში მისცეს ყველა თავის მოქმედებაში დამფუძნებელ კრებას. ეს არის ჩვენი შეზღუდვა? ცხადია, ეს შეზღუდვა არ არის. მაგრამ ისინი, ვინც დაავადმყოფებულნი არიან ფრაზით, დემოკრატიულ ფრაზით, რევოლიუციონურ ფრაზეოლოგიით, ხანდისხან ვერ გაიგებენ სახელმწიფოს შენების საჭიროებას და ელანდებათ შეზღუდვა ხალხის უფლებისა იქ, სადაც ამის მგზავსი არა არის რა. სამპიროვნებაზე, ღვთის მეტყველობაზე ლაპარაკობენ. მაგრამ ღვთის მეტყველობის მაგალითიც ამტკიცებს სულ წინააღმდეგს. მთავრობა იგივე არ არის, რაც დამფუძნებელი კრება. მთავრობა მთავრობა არის და დამფუძნებელი კრება დამფუძნებელი კრებაა. ჩვენ სენატსაც ავირჩევთ, მაგრამ დამფუძნებელი კრება იქნება და არის უმაღლესი ბატონი, უმაღლესი ძალა-უფლების წარმომადგენელი. დამფუძნებელი კრება ანდობს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ იგი იყოს წარმომადგენელი რესპუბლიკისა საგარეო საქმეებში, ეს არის ანბანი საკონსტიტუციო საკითხისა.

ეხლა არსებითად. მართალია, დიდი დანაშაულობა ჩავიდინეთ? უნდა მოგახსენოთ ის, რომ წლის განმავლობაში კანონები ქვეყნდება ისე, როგორც ყველგან. რატომ ვშვრებით ამას? იმიტომ კი არა, რომ ვარღვევდით პარლამენტის და ხალხის უფლებას, არამედ იმიტომ, მეტი სიმტკიცე მიგვეცა კანონებისათვის ხალხის შეგნებაში მთავრობისთვის და ჩვენს წესწყობილებისათვის. ბატონებო, უნდა იცოდეთ, რომ ბევრგან სადაც ხელს აწერს ხოლმე პრეზიდენტი, ეს ხელის მოწერა არის სანქცია, უამისოდ არ შედის კანონი ძალაში დაუყონებლივ, მაშასადამე ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც ელემენტია კანონმდებლობისა, არ შეიძლება. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ის არის არა ელემენტი კანონმდებლობისა, არამედ ელემენტი კანონის პუბლიკაციისა. ეს არის განსხვავება, ამას არ უნდა აუხვიოთ გვერდი, ამაზე უნდა ილაპარაკოთ. ჩვენ ვამბობთ, არა მარტო უფლებრივი, არა მარტო კონსტიტუციონური თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულ თვალსაზრისით ეს უთოოდ საჭირო არის. ამბობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარის ხელის მოწერას ხალხი გაიგებს ისე, რომ ვითომ მთავრობა არის უმაღლესი წარმომადგენელი, როცა დაინახავს კანონის ქვეშ მთავრობის თავმჯდომარის ხელსო. ხალხი ისე გაიგებსო. არა ბატონებო, ხალხმა იცის ერთი, იცის რომ, ის სახელმწიფო დაღუპულია, რომლის კანონმდებელი ორგანო ერთს აცხადებს, და მთავრობა მეორეს. ეს ქმნის კრიზისს, არევდარევას. სახელმწიფო არის მტკიცე, როცა ეს ორგანოები შეკავშირებულად მოქმედებენ. ჩვენის აზრით ხელის მოწერა, რომელიც სჭირდება პუბლიკაციას და არა კანონდებლობას, უკვე შექმნის, განამტკიცებს იმ აზრს და ხალხიც გაიგებს, რომ საქართველოში არავითარი კონფლიქტი, არავითარი დარღვევა, არავითარი დაშლა ამ დიდი, უმაღლესი ორგანოსი არ არის. ამიტომ პრაქტიკულადაც მომხრე ვართ, რომ კანონი ხელმოწერილი იყოს მთავრობის თავმჯდომარის მიერ მხოლოდ გამოსაქვეყნებლად. თავი რომ დავანებოთ ძველ კანონების გამო ქვეყნებას, ხელმოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონის ძალაში შესვლას. ცხადია, ვეტოს უფლებაზე თავის თავად შეუძლებელია ლაპარაკი. ეს შეხედულება არავითარ შეზღუდვას არ იწვევს, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, პრაქტიკას ხელს უწყობს, კანონზე აწერს ხელს მთავრობის თავმჯდომარე, ამით ის სავალდებულოდ იხდის კანონს, აქვეყნებს მას, აძლევს ძალას საყოველთაოდ, ხალხის შეგნებაში. ამნაირად ჩვენ ვღებულობთ ისეთ პრაქტიკას, რომ კანონდებლობითი მუშაობა და აღმასრულებელი მუშაობა სწორ კალაპოტში ჩავაყენოთ და არავითარი არევ-დარევა ხალხის შეგნებაში არ გამოვიწვიოთ.

ბ. იოსებ ბარათაშვილი აქ გვეწინააღმდეგება, თვარა საკონსტიტუციო კომისიაში გვემხრობოდა. იქ კანონი ერთხმათ იყო მიღებული. საფრანგეთის პრეზიდენტის მაგალითით არაფერი დამტკიცდება. ამ მაგალითით, პირიქით, ჩვენი აზრით მტკიცდება. როგორც ვთქვით ჩვენი აზრი ეხება არა სანქციას, არამედ პუბლიკაციას, ამიტომ უარსაყოფად მიგვაჩნია ყველა ის, რაც მოიყვანეს ჩვენს წინააღმდეგ ოპოზიციის ორატორებმა.

თავმჯდომარე. კამათი დამთავრებული გახლავს. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

რაჟდენ არსენიძე. აქ ბევრი სალაპარაკო არაფერი მაქვს. მართალია პუბლიკაციის წესს ვქმნით, ვამუშავებთ სწორედ იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, სახელმწიფოს წარმომადგენელის არჩევის დროს, დამფუძნებელ კრებას არ სურს, რომ შეიქმნას ისეთი წესი, ისეთი უფლება, რომელიც არ იყოს მიღებული დამფუძნებელ კრებისაგან, რომელიც მისგან არ იყოს დადასტურებული. ასეთი სანქცია დამფუძნებელ კრებისა აუცილებელია მაშინ, როცა ვირჩევდით რესპუბლიკის წარმომადგენელს, რომ მოგახსენეთ, თუ არ მივეცით მთავრობის თავმჯდომარეს ეს აუცილებელი უფლება, იგი მას მიინიჭებს, თავის თავად, უჩვენოდ. ეს კი ჩვენ, არ გვინდოდა. ასეა ახლაც.

ორგვარი პრაქტიკა გვქონდა ჩვენ კანონზე ხელის მოწერისა: პირველად მთავრობის თავმჯდომარეს იწვევდა საკანონმდებლო დაწესებულების თავმჯდომარე, - ეს პრაქტიკა გახლდათ სეიმში - პირველ ხანებში ეროვნულ საბჭოშიც, და თავმჯდომარე საკანონმდებლო კრებისა იწვევდა მთავრობის თავმჯდომარეს, და მას ანდობდა კაბინეთის შედგენას. ამ შემთხვევაში, ამ საკანონმდებლო დაწესებულების თავმჯდომარე გამოდიოდა, როგორც მთელ რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ძალის შემქნელი ორგანო და იყო კიდევაც კამათი, თუ ვინ არის უმფროსი და უმაღლესი, მთავრობის თავმჯდომარე თუ კანონმდებელი დაწესებულების. მაშინ კანონს ხელს აწერდა მხოლოდ პარლამენტის პრეზიდიუმი. ეს გახლდათ ერთი პრაქტიკა. შემდეგ ჩვენ ეს პრაქტიკა შევცვალეთ. ჩვენ უხერხულად დავინახეთ, რომ თავმჯდომარეს, რომელიც არის კრების გამძღოლი, ასეთი დიდი ფუნქციები ჰქონდეს მინიჭებული. საუკეთესოდ მივიჩნიეთ, რომ მთელ კრებას, უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებას აერჩია მთავრობის თავმჯდომარე და წარმომადგენელი რესპუბლიკისა. ამის შემდეგ დამკვიდრდა წესი მთავრობის თავმჯდომარისგან კანონის ხელის მოწერისა. წყარო, ახლაც ჩვენში, საიდანაც მომდინარეობს აღმასრულებელი ძალა, არის დამფუძნებელი კრება და არა მისი რომელიმე კერძო ორგანო. ამ პრაქტიკას თუ გნებავთ, არ აქვს არავითარი ანალოგია სხვა კონსტიტუციებში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთს კონსიტუციას, სადაც ამ წესით იყოს შედგენილი მთავრობა. თუ გნებავთ ამ წესიდან გამომდინარეობს ის ტეხნიკა გამოქვეყნებისა და პუბლიკაციისა, რომელიც წარმოდგენილია დამფუძნებელ კრების წინაშე.

შეიძლება ბევრმა მოგვიყვანოს მაგალითები, რომ არც ასეთი წესი გამოქვეყნებისა არსებობს სხვა რესპუბლიკებში. მართალია ბევრგან ფორმალურად არის მზგავსი წესი, მაგრამ მისი აზრი და შინაარსი არსებითად სხვანაირია. მაგალითად, ზოგიერთგან ხელის მოწერას აქვს მნიშვნელობა კანონდებლობითი, ჩვენში კი ასე არ არის. ამას უნდა მხოლოდ დაკვირვება. ჩვენ პრაქტიკაში აზრი აშკარაა და ნათელი. რასაკვირველია ისინი, ვინც წინააღმდეგნი იყვნენ, ვინც ვერ გაიგო, რას ნიშნავს არჩევა რესპუბლიკის წარმომადგენლისა, ვისაც ეს წარმოდგენა არ ჰქონდათ, (ხმა: არც თქვენ გაქვთ!) ის, დარწმუნებული ვარ, ამასაც ვერ გაიგებს. ვერ გაიგებს იმიტომ, რომ ისინი ასე სჯიან: რაკი ჩვენ დამფუძნებელი კრება გაქვს, ცხადია, ჩვენ გვაქვს ყველა უფლებები, ესე იგი, აღმასრულებელი, სამოსამართლო, კანონმდებელი, მათი აზრით, თუ არ დავჯექით და მოსამართლობა არ გავწიეთ, ეს თურმე იქნება ამ უფლების შეზღუდვა, ამასთანავე როცა უცხო სახელმწიფოს წრმომადგენელი მოვა, უნდა ავდგეთ და ვსთქვათ, ჩვენ ყველანი ვართ სახელმწიფოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ერთ პირს მივანდეთ სახელმწიფოს წარმომადგენლობა, თურმე ეს იქნება შეზღუდვა ჩვენი უფლებისა. მე კი ასე არ მესმის. ოპოზიციის ორატორთ უნდა გავახსენო ცოტა რამ! მთავარი ის კი არ არის, ვინ რას აწარმოებს, ვინ რას ანხორციელებს, მთავარი არის წყარო ამ უფლებისა. და თუ ასე შეხედავთ საკითხს, დაინახავთ, რომ არც ერთი უფლება არ არის ჩვენში, რომელიც არ გამომდინარეობდეს დამფუძნებელ კრებისაგან, არავითარი უფლება, არც აღმასრულებელი, არც წარმომადგენლობისა, არც მოსამართლეობის, და არც წარმომადგენლობის უფლება სხვა რესპუბლიკების წინაშე არ არსებობს, თუ ამის დასტური, თუ ამის ნებართვა და დაკანონება არ მიუღია დამფუძნებელ კრებისაგან. ეს გახლავთ ბატონებო სუვერენობა, და არა ის, რომ ერთად დავდგეთ და ვსთქვათ, რომ ვართ რესპუბლიკის წარმომადგენელი, ან გავხადოთ თავის თავი მოსამართლეებათ. მოსამართლეობის ძალა უფლება აქვს დამფუძნებელ კრებას, აღმასრულებელი ძალა უფლება აქვს დამფუძნებელ კრებას, და ამ ძალა უფლებას დამფუძნებელი კრება ანიჭებს ამა თუ იმ ორგანოს. ეს არის უმთავრესი გამომხატველი ხალხის უმაღლეს ნებაყოფისა, და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვავალებთ ამ ხელის მოწერას მთავრობის თავმჯდომარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ვალდებულია ეს კანონი გაატაროს ცხოვრებაში და პასუხიც აგოს. ამ კანონის გატარებისათვის ის პასუხის მგებელი არის ჩვენს წინაშე. პასუხის მგებლობას რომ არ ასცილდეს, ცხადია ხელი უნდა მოაწეროს (აი ეს ერთად ერთი მნიშვნელობა აქვს ამ მუხლს. თუ გამოჩნდება წინააღმდეგობა ჩვენს და მთავრობის შორის, მაშინ მართლა მოსალოდნელი იქნება კონფლიქტი და როდესაც გვექნება კონფლიქტი, ყველაზე ნათლათ გავიგებთ, ვინ არის სუვერენობის მატარებელი: მთავრობა თუ დამფუძნებელი კრება? მაშინ ნახავთ, რომ კანონი კანონობს, მთავრობა კი უნდა წავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ ასრულებს ბრძანებას და განკარგულებას დამფუძნებელ კრებისას, იმას არავითარი უფლება არა აქვს იმოქმედოს და იმუშაოს გარეშე ამ დამფუძნებელ კრებისა. ეს აშკარად არის გამოხატული ამ მუხლში: (კითხულობს) „ყოველს კანონსა და დეკრეტს აგრეთვე ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე. ამ უკანასკნელის ხელის მოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონის გამოქვეყნებას და ძალაში შესვლას“.

ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელის ხელის მოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონს, აქედან სუვერენული უფლება დამფუძნებელ კრებისა სრულიად დაცულია. ეს მუხლი არის გამეორება იმავე განკარგულებისა ბრძანებისა, კანონისა, რომელიც გასული წლის 16 ოქტომბერს არის მიღებული პარლამენტისაგან. იქ სწერია, მთავრობა დაუყონებლივ გამოაქვეყნებს კანონს. ასეთია კატეგორიული ბრძანება. გახლავთ კიდევ კანონი რომელიც ამბობს, რომ მთავრობამ უნდა დაუყონებლივ გამოაქვეყნოს კანონი, რომ არ შეიძლება არ გამოაქვეყნოს. იგივე არის აქ უფრო მკაფიოდ გამოთქმული იმ პირებისთვის, რომელთაც ვერ გაიგეს, ვერ შეისმინეს, რომ აქ არ არის შეზღუდვა დამფუძნებელ კრების უფლებისა, სამწუხაროდ მათ მაინც ვერ გაიგეს. მაგრამ მე მგონია რომ, ხალხი და საზოგადოება გაიგებს, ისე როგორც ნამდვილად უნდა იქნეს ეს მუხლი გაგებული.

მუხლობრივი განხილვა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

რაჟდენ არსენიძე. პირველი მუხლი (კითხულობს) 1. ყოველი კანონი, დეკრეტი და დადგენილება დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული, უნდა გამოქვეყნებულ იქნეს თანახმად 1918 წ. ოქტომბრის 11-ს კანონისა კანონთა გამოქვეყნებისათვის.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

რ. არსენიძე. (კითხულობს) 2. ყოველ კანონს, დეკრეტს, დადგენილებებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება მიიღებს, ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

რ. არსენიძე (კითხულობს) 3. ყოველს კანონსა და დეკრეტს აგრეთვე ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე. ამ უკანასკნელის ხელის მოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონის გამოქვეყნებას და ძალაში შესვლას.

სოციალისტ რევოლიუციონერთა წინადადება.

თავმჯდომარე. მესამე მუხლის შესახებ გახლავთ შემოტანილი წინადადება სოციალ რევოლიუციონერებისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს). ამოიშალოს სიტყვები: „ყოველ კანონსა და დეკრეტს აგრეთვე ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარეც...

უკანასკნელის ხელის მოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონის გამოქვეყნებას და ძალაში შესვლას“.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? უარყოფილია. შემდეგი

რ. არსენიძე. 4. წესი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

კენჭს უყრი საერთოდ კანონ-პროექტს. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

დღის წესრიგი დასრულებული გახლავთ. ინებებთ დანიშნოთ შემდეგი სხდომა? (ხმა: პრეზიდიუმს მიენდოს!)

მაშასადამე, შემდეგი სხდომის დანიშვნა მიენდობა პრეზიდიუმს. კრებას ვხურავ.

კრება იხურება 3 საათსა და 45 წუთზე.

2.6.2.2 მეათე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. აპრილის 15. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომრის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 ს. 55 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

კომისიაში გადასაცემ კანონპროექტების სია.

მდივანი. შემოტანილი გახლავთ კომისიებში გადასაცემათ შემდეგი კანონ-პროექტები: (კითხულობს).

1. ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ზოგიერთ საბაჟოების გაუქმებისა და ახალის დაარსებისა.

გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

2. ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი - ამიერ კავკასიის ბონების გამოცემის განგრძობისა.

გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების რეგლამენტისა.

2. საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების დადგენილებისა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა.

3. საბოლოო ტექსტი ქალაქებში დაუსახლებელ მიწებზე აკრძალვის დადების დეკრეტისა.

4. საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონისა, დეკრეტისა და დადგენილების გამოქვეყნების წესისა.

5. კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ორი მილიონი მანეთის გადაცემისა - ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში დაზარალებულთა დასახმარებლად.

6. კანონპროექტი სახაზინო და კახეთის რკინის გზებზე ტარიფების გადიდებისა.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ ნებავს ვისმეს სიტყვა თუ არა?

დივანი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას აძლევს კრებას: რეგლამენტის განხილვა გადადებული იქმნეს დღიურ წესრიგის ბოლოს.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა, რომ რეგლამენტის განხილვა გადადებული იყოს დღიურ წესრიგის ბოლოს? არავინ?

იოსებ გედევანიშვილის დეპეშა.

მდივანი. ორი დეპეშა გახლავთ მოსახსენებელი ბატონ გედევანიშვილისა.

(კითხულობს შემდეგ დეპეშას): „დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს. სამხედრო სამსახურისა გამო უარს ვამბობ დამფუძნებელი კრების წევრობაზე. იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი“.

თავმჯდომარე. თანახმად კანონისა მის ადგილას დაიჭერს მეცხრე კანდიდატი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიისა ბატონი ღლონტი.

ახალციხის მაზრის გლეხთა საბჭოს დეპეშა.

მდივანი. შემდეგ მეორე დეპეშა გახლავთ ახალციხიდან. (კითხულობს).

Предсѣдателю Учредительнаго Собраня

Совѣтъ крестьянскихъ депутатовъ, представители всѣхъ обществъ и селенიй Ахалкалакскаго уѣзда на съѣздѣ отъ 9 апрѣля 1919 г. Пртоколомъ №3 постановилъ:

1. Совѣтъ крестьянскихъ депутатовъ Ахалкалакскаго уѣзда представители о-въ и селенიй сегоже уѣзда, - грузины, армяне и мусульманӨ горячо привѣтствуетъ Учредительное Собранიе демократической Грузიи и надѣются, что оно установитъ законы, которые послужатъ залогомъ свободы и братской лювби между всеми нацიональностями Республики Грузიи.

2. Въ виду того, что изъ всехъ завоеванიй революцიй для крестьянъ особенно важно разрѣшенიе земельнаго вопроса въ пользу землеробовъ и такъ какъ во всѣхъ мѣстахъ демократической республики Грузიи проведена въ жизнь таковая, а въ Ахалкалакскомъ уѣздѣ благодаря авантюръ беговъ и турецкихъ эмиссаровъ рады сохраненიя своихъ привилегიй и господства къ земельной реформѣ даже не приступлено. Совѣтъ проситъ правительство о скоромъ проведенიи у насъ земельной реформы.

3. Сознавая, что правительство демократической Республики Грузიи стоя сначала же на путь защиты интересовъ трудящихся, совѣтъ проситъ немедленно приступить и у насъ къ выборамъ въ Учредительное Собранიе, чтобы мы показали мიру, кого мы считаемъ поборниками интересовъ трудящихся и кому вручаем судьбу свою. Такъ какъ все населенიе уѣзда ясно видитъ, что всѣ злодѣянიя и анархიя разыгравшიяся въ Ахалцихскомъ и Ахалкалакскомъ уѣздахъ является плодомъ провокацიонной дѣятельности людей, заинтересованных въ удержанიи за собой господства, совѣтъ крест. депут. постановилъ: всѣми силами бороться противъ провокаторовъ, сѣющихъ вражду между населяющими означененные уѣзды нацიями и желающიя съ ослабленიемъ демократიи населенიя на развалинахъ уѣздовъ строитъ тропу своего господства.

Качейшвили

თავმჯდომარის განცხადება.

თავმჯდომარე: სანამ დღიურ წესრიგის განხილვას შეუდგებოდეთ, ნება მომეცით პრეზიდიუმის სახელით მოგახსენოთ შემდეგი:

პრეზიდიუმის სახელზედ შემოსული არის ათამდის თხოვნა. ეს თხოვნები გახლავთ ორი მთავარი შინაარსისა: ნაწილი ეხება წმინდა სამოქალაქო სამართლის საქმეებს, ნაწილი სისხლის სამართლის საქმეებს.

მართალი მოგახსენოთ, პრეზიდიუმი პირდაპირ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ვინაიდან მას არა აქვს ისეთი რამე, რითაც შეუძლიან იხელმძღვანელოს ამისთანა შემთხვევებში, და ამიტომ პრეზიდიუმი მიმართავს დამფუძნებელ კრებას თხოვნით: გამოარკვიოს ეს საკითხი პრინციპიალურად, თუ რა მიმართულება მიეცეს ამნაირ ხასიათის თხოვნებს.

სხვათაშორის, არის ერთი თხოვნა შეწყალების ხასიათისა, და სხვა ამნაირი.

აი ამ თხოვნით მოგმართავთ პრეზიდიუმი და გთხოვთ, რომ გადაჭრილი აზრი მიაწოდოთ მას სახელმძღვანელოდ, როგორც შესახებ იმ ქაღალდებისა, რომელიც უკვე შემოტანილი არის, აგრეთვე იმ ქაღალდებისა, რომელიც, ალბად, ბლომათ მოუვა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.

ვის სურს ამის შესახებ სიტყვა?

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ.) ამ წამოყენებულ წინადადებაში არის ზოგიერთი მეტად მნიშვნელოვანი პრინციპიალური საკითხი, როგორც მაგალითად შეწყალების საკითხი, საკითხი სასამართლოს განაჩენის შემსუბუქებისა.

ამას თავის თავად მნიშვნელობა აქვს, უნდა გაერიოს ამ საკითხში დამფუძნებელი კრება თუ არა, ვალდებულია კრება ასეთი საკითხები თითონ განიხილოს, თუ სხვა რამე გზა და მიმართულება უნდა მისცეს მას.

ყოველ შემთხვევაში მოქალაქეთა თხოვნა ამნისტიის შესახებ, სრულიად კანონიერია და სამართლიანი და ამას რაიმე გამოსავალი გზა უნდა მიეცეს. ეხება ეს ადმინისტრატიულ სასჯელს თუ სასამართლოში გადაწყვეტილ სასჯელს, ეს სულ ერთია.

ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ამისთანა საკითხები ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს გადაწყვეტილი გადაჭრით. საჭიროა სათანადო კომისიამ შეიმუშაოს გარკვეული აზრი და წარმოუდგინოს ერთგვარი აზრი კრებას უკვე სათანადო მოხსენებით.

ამიტომ, წინადადებას შემოვიტან, რომ ყოველივე ეს მასალები, რომელიც შემოსულია დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმში, როგორც მასალა, გადაეცეს იურიდიულ კომისიას. იურიდიული კომისია თავის დასკვნას შემოიტანს იმის შესახებ, თუ რა მიმართულება და რა გზა მიეცეს ყველა ამგვარ თხოვნებს პრინციპიალურად, და როდესაც ეს პრინციპიალური საკითხი გადაჭრილი იქნება, შემდეგ შეგვიძლიან ვიმსჯელოთ თითეულ თხოვნაზე, ან აქ განვიხილავთ, ან სათანადო დაწესებულებას გადავცეთ.

თავმჯდომარე: ვის სურს კიდევ სიტყვა ამის შესახებ? მსურველი არავინ არის. მაშასადამე წინადადება გახლავთ შემოტანილი: შემოსული თხოვნები გადაეცეს იურიდიულ კომისიას, როგორც მასალა და იურიდიულმა კომისიამ თავის მოხსენება, გარკვეული აზრი იმის შესახებ, თუ რა მიმართულება მიეცეს ამნაირ შინაარსის ქაღალდებს, წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას.

ვინ არის წინააღმდეგი ამ წამოყენებული წინადადებისა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებული გახლავთ. ეს ქაღალდები, თხოვნები გადაეცემა იურიდიულ კომისიას აზრის გამოსათქმელად.

პირველი საკითხი გახლავთ საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების დადგენილებისა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეებისთვის ავანსის მიცემისა შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, სოლოღაშვილის ასულს.

საბოლოო ტექსტი დადგენილებისა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა.

ოლღა სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს) საბოლოო ტექსტი დადგენილებისა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეთათვის ავანსის მიცემისა.

დამფუძნებელ კრებას მოვახსენებ შესწორებებს, შეტანილს სარედაქციო კომისიის მიერ.

პირველი მუხლი. აქ გახლდათ წინანდელი რედაქციით ასეთი. (კითხულობს)

1. მიეცეს სახელმწიფო სამოქალაქო უწყების ყველა მოსამსახურეს, გარდა იმ მოსამსახურეთა, რომელთაც მიიღეს ჯამაგირების მომატება ამა წლის 1-ლ იანვრის შემდეგ, ავანსად სამასი (300) მან. თვითეულს.

მოზარდ და მცირეწლოვან მოსამსახურეთ კი, რომლებიც იღებენ ჯამაგირს არა უმეტეს 240 მან., მიეცეს ავანსის რაოდენობის ნახევარი ე.ი. 150 მან.

მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ავანსი დაფარულ იქნეს არსებულ ჯამაგირების მომატების შემდეგ

სარედაქციო კომისიამ შესცვალა ასე. (კითხულობს).

1. მიეცეს სახელმწიფო სამოქალაქო უწყების ყველა მოსამსახურეს, გარდა იმ მოსამსახურეთა, რომელთაც ჯამაგირები მოემატებათ ამა წლის 1-ლ იანვრის შემდეგ, ავანსად სამასი (300) მან. თვითეულს მოზარდ და მცირეწლოვან მოსამსახურეთ კი, რომლებიც იღებენ ჯამაგირს არა უმეტეს 240 მან., მიეცეს ავანსის რაოდენობის ნახევარი ე.ი. 150 მან. ეს ავანსი დაფარულ იქნეს აწინდელი ჯამაგირების მომატების შემდეგ.

სიტყვები: „არსებული ჯამაგირები“ სარედაქციო კომისიამ შესცვალა სიტყვებით: „აწინდელი ჯამაგირები.“

მეორე მუხლი უცვლელად გახლავთ მიღებული.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლების შესახებ? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებულია. შემდეგი საბოლოო ტექსტი სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა სალიკვიდაციო შემწეობის კანონის მე-2 მუხლის შეცვლისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სოლოღაშვილის ასულს.

საბოლოო ტექსტი სალიკვიდაციო კანონის მეორე მუხლის შეცვლისა.

ოლღა სოლღაშვილის ასული. საბოლოო ტექსტი სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა სალიკვიდაციო შემწეობის კანონის. მე-2 მუხლის შეცვლისა.

ამ კანონში თითქმის ყოველივე არის შეცვლილი სარედაქციო კომისიის მიერ. ამიტომ მე საჭიროდ ვსთვლი, რომ ორივე ტექსტი წავიკითხო: ტექსტი მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ, და მიღებული სარედაქციო კომისიის მიერ.

დამფუძნებელმა კრებამ მიიღო შემდეგი რედაქცია (კითხულობს)

1. მოსამსახურენი, რომელნიც დათხოვნილნი არიან დაწესებულებების გაუქმების გამო, ერთ ორგანიზაციის ან შტატების შემცირების გამო იღებენ ფულით დახმარებას ერთ მეთორმეტედს თვიური ჯამაგირის ნაწილს ყოველი თვიური სამსახურისათვის, მაგრამ არა ნაკლებ ორიკვირის ჯამაგირისა. ეს ფულის დახმარება გამოიანგარიშება იმ ჯამაგირების მიხედვით, რომელსაც დათხოვნილი დათხოვნის დროს ღებულობდა.

სარედაქციო კომისიამ მიიღო შემდეგი: (კითხულობს).

2. მოსამსახურე, რომელიც დათხოვნილ იქნება დაწესებულების გაუქმებისა, გარდაქმნის ან შტატის შემცირების გამო მიიღებს დახმარებას ფულად თვიური ჯამაგირის ერთ მეთორმეტედ ნაწილს სამსახურის ყოველ თვისათვის, მაგრამ არა ნაკლებ ორი კვირის ჯამაგირისა. დახმარება იანგარიშება იმ ჯამაგირის კვალობაზე, რომელიც დათხოვნის დროს ჰქონდა.

აქ არსებითი ცვლილება არის შეტანილი. ძველ ტექსტში იყო „მოსამსახურენი, რომელნიც დათხოვნილნი არიან“. ჩვენ კი მივიღეთ ასე: მოსამსახურე რომელიც დათხოვნილი იქნება. რადგანაც კანონი შეეხება ხოლო იმათ, ჩვენის აზრით, რომელნიც ამის შემდეგ იქნებიან დათხოვნილნი, და არა იმათ, რომელნიც წინათ უკვე იყვნენ დათხოვნილნი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მომხსენებელმა მოგახსენათ, რომ არსებითი შესწორება შეიტანა სარედაქციო კომისიამო, სიტყვა არავის უნდა. ვინ არის წინააღმდეგი რომ ეს შესწორება იყოს მიღებული? არავინ.

საბოლოო ტექსტი მიღებულია.

შემდეგი საბოლოო ტექსტი ქალაქებში დაუსახლებელ მიწებზე აკრძალვის დადების დეკრეტისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სოლოღაშვილის ასულს.

საბოლოო ტექსტი ქალაქებში დაუსახელებელ მიწებზე აკრძალვის დადების დეკრეტისა.

ოლღა სოლოღაშვილის ასული. დეკრეტი ქალაქებში დაუსახლებელ მიწებზე აკრძალვის დადებისა.

დამფუძნებელ კრების მიერ ეს დეკრეტი იყო მიღებული.

ამ დეკრეტში იყო ორი მუხლი და ორი შენიშვნა, და სარედაქციო კომისიამ კი გადააკეთა 4 მუხლად, შენიშვნები მაშასადამე გადააკეთა, გადააქცია მუხლებად, რადგან ამ მუხლებში აღნიშნული დებულებანი დამოუკიდებელნი არიან მუხლებიდან და მათთან ნაკლები კავშირი აქვთ, როგორც შენიშვნებს. სარედაქციო კომისიამ ამ შენიშვნების ცალკე მუხლებად მიღება უფრო ამჯობინა. (კედია: როგორ შეიძლება?)

პირველი მუხლი სარედაქციო კომისიამ ასე მიიღო. (კითხულობს)

1. დროებით აიკრძალოს ქალაქის ფარგლებში მდებარე დაუსახლებელ ადგილმამულის სხვისათვის საკუთრებად გადაცემა, დაგირავება და აგრეთვე იჯარით გაცემა ერთი წლის მეტის ვადით დღიდან ამ დეკრეტის მიღებისა.

სარედაქციო კომისიამ მიიღო „მიწების“ მაგიერ სიტყვა: „ადგილმამული“.

აქ უნდა აღვნიშნოთ რომ „მიწები“ სათაურშიც შესწორებულია ადგილმამულად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი, რომ პირველი მუხლი სარედაქციო კომისიისა მიღებული იყოს? არვინ. მიღებულია.

გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

მომხსენებელი. შენიშვნა პირველი გადაკეთებული იყო მუხლად.

შემდეგ აქ იგივე შესწორება გახლავთ: სიტყვა: „მიწად“ შესწორებულია „ადგილმამულად“.

შემდეგ იყო რამოდენიმე სარედაქციო შესწორებანი: იყო „რომელზედაც“ სარედაქციო კომისიამ შეასწორა: „რაზედაც“,

სიტყვა „იმყოფებოდა“ შეასწორა სიტყვით „იყო“; და ჩაურთვა სიტყვა „აგრეთვე“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? სარედაქციო კომისიის შესწორება მიღებულია.

მომხსენებელი. შენიშვნა მეორე გადაიქცა მესამე მუხლად.

აქ იგივე ცვლილება გახლავთ მიღებული.

მესამე მუხლის ძველ რედაქციაში იყო „ყველა“. შეცვლილი არის სიტყვით „ყოველი“,

იყო სიტყვა „შემდგარი“, ამის მაგივრად არის „დადებული“.

„ერთი წელზე მეტი ვადით“, შეცვლილი არის „ერთი წლის მეტი ვადით“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია.

გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგ.

მომხსენებელი.

4 მუხლში მხოლო სიტყვები არის გადასმული.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. 4-ვე მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ დეკრეტის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის.

დეკრეტი მიღებულია. შემდეგი საბოლოო ტექსტი კანონების და დეკრეტების გამოქვეყნების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულ კანონისა, დეკრეტისა და დადგენილების გამოქვეყნების წესისა.

ოლღა სოლოღაშვილის ასული. პირველი მუხლი უცვლელად გახლავთ მიღებული.

მეორე მუხლი სარედაქციო კომისიამ მიიღო ასე: ყოველ კანონს, დეკრეტს თუ დადგენილებას, რომელსაც დამფუძნებელი კრება მიიღებს, ხელს მოაწერს კრების თავმჯდომარე.

ყოველ კანონსა და დეკრეტს აგრეთვე ხელს მოაწერს მთავრობის თავმჯდომარე. ამ უკანასკნელის ხელის მოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონის და დეკრეტის გამოქვეყნებას და ძალაში შესვლას.

ძველი რედაქცია იყო ასეთი: ყოველ კანონს, დეკრეტს, დადგენილებებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება მიიღებს, ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

ყოველ კანონს და დეკრეტს აგრედვე ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე ამ უკანასკნელის ხელის მოუწერლობა ვერ შეაჩერებს კანონის გამოქვეყნებას და ძალაში შესვლას.

უწინდელი რედაქცია იყო, „ხელს აწერს“ სარედაქციო კომისიამ მიიღო „ხელს მოაწერს“. აგრეთვე არის მოხსენებული მეორეჯერ „აწერს“ შესწორებულია „მოაწერს“.

ჩართული არის „კანონის და დეკრეტის გამოქვეყნებისა“, რომელიც გამოტოვებული იყო დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულ ტექსტში.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? ეს მუხლი მიღებული არის.

მომხსენებელი. მე-3 მუხლი უცვლელად გახლავთ მიღებული.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი. კანონ-პროექტი მიღებული არის.

შემდეგი კანონ-პროექტი შინაგან-საქმეთა მინისტრის გაკარგულებაში 2 მილ. გადაცემისა ახალციხე ახალქალაქის მაზრაში დაზარალებულთა დასახმარებლად.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს შარაშიძეს.

კანონ პროექტი ახალციხის-ახალქალაქის ლტოლვილთათვის 2 მილ. მანეთის გადადებისა.

დავით შარაშიძე. ამ 10 დღის წინად დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დადგენილება ახალციხის მაზრაში მომხდარ ამბების შესახებ.

ამ დადგენილების ძალით მთავრობას დაევალა, რომ მან დახმარება გაუწიოს ახალციხის მაზრაში საომარ მოქმედების დროს დაზარალებულთ.

სწორედ ამ დადგენილების ასასრულებლად მთავრობა ითხოვს ეხლა, რომ გადაეცეს შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 2 მილიონი. ეს ის თანხაა, რომელიც მოხმარდება უსაჭიროეს საშურ მოთხოვნილებებს ადგილობრივ მცხოვრებლებისა, როგორც არის, უპირველეს ყოვლისა, სათესლე მასალის მიწოდება და აგრეთვე სურსათის.

თუ რამ გადარჩება ამ საჭიროებას, იგი მოხმარდება სამხედრო მოქმედებით გამოწვეულ ზარალის ანაზღაურებას.

კანონ-პროექტი შემდეგია: (კითხულობს).

შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ორი მილიონი (2000000) მანეთის გადაცემისა ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში დაზარალებულთა დასახმარებლად.

1. გადაიდოს რესპუბლიკის ხაზინიდან ორი მილიონი (2.000.000) მანეთი ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მცხოვრებთათვის თესლეულობისა და სურსათის შესაძენათ და სამხედრო მოქმედებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.

2. ზემორე (1) მუხლში აღნიშნული ორი მილიონი (2.000.000) მანეთი დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს თავის განკარგულებაში.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო საკითხზედ.

მომხსენებელი. უკაცრავად, მესამე მუხლს საფინანსო კომისიის სახელით მოგახსენებთ.

3. კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობის შესახებ სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინ არის.

ვინ არის წინააღმდეგ, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. მაშასადამე გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

მომხსენებელი (კითხულობს პირველ მუხლს):

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი? მუხლი მიღებულია.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს):

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა? მეორე მუხლი მიღებულია.

მესამე მუხლი, როგორც მოგახსენათ მომხსენებელმა საფინანსო-საბიუდჯეტო კომისიის სახელით არის შემოტანილი. ვინ არის მომხრე რომ მესამე მუხლი, აქ წაკითხული, დამატებული იქმნეს?

ვინ არის წინააღმდეგი? არავინ.

ვინ არის წინააღმდეგი, რომ საერთოდ კანონი მიღებული იყოს.

წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი კანონ-პროექტი სახაზინო და კახეთის რკინის გზებზე ტარიფების გადიდებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კრების წევრს ალექსანდრე ასათიანს.

კანონპროექტი სახაზინო და კახეთის რკინის გზებზე ტარიფის გადიდებისა.

ალექსანდრე ასათიანი. (ერ. დემ.) გზათა-სამინისტროს კანონ-პროექტი შეეხება რკინის გზებზე ტარიფის გადიდებას, როგორც მგზავრებისთვის, აგრეთვე ბარგის გადასატანათ. ტარიფის გადიდება უნდა მოხდეს რესპუბლიკის ყველა გზებზე, როგორც სახაზინო აგრეთვე კახეთის რკინის გზაზედაც. 1917 წლის 10 ივნისამდე არსებულ ტარიფებთან შედარებით სამოგზაურო ბილეთების პირველი კლასის ფასი გადიდებული იქნება 15-ჯერ., მეორე კლასისა 12, მესამესი და მეოთხესი 10, ბარგის, ბაგაჟის გადატანის. ფასი შედარებით 1917 წლის ტარიფებთან გადიდებულია 24 ჯერ. საქონლის გადასახადი, ბილეთების ფასი 10-ჯერ. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ნაჩვენები რაოდენობის გადიდება ნაანგარიშევია იმ ტარიფებთან შედარებით, რომელნიც არსებობდენ 1917 წელს 10 ივნისამდე და რომელნიც შემდეგ გადიდებული იქმნა, დღევანდელს, არსებულს ტარიფებთან შედარებით, რასაკვირველია ასეთი დიდი განსხვავება არ არის. 17-წლის შემდგომ 1918 წელს 25 მაისს უკვე მოხდა ერთი გადიდება ტარიფებისა. მაშინ წინა წლების შედარებით პირველ კლასის ტარიფი გადიდებული იყო 10 ჯერ, მეორე 8, მესამე 6. ეხლა დღეს 1917 წელთან შედარებით ეს მომატებული არის პირველ კლასისთვის 15, მეორესთვის 12, მესამესთვის 10-ჯერ, მაშასადამე მესამე კლასის ტარიფი მომატებული იყო 6-ჯერ, ეხლა კი მომატებული იქნება 10-ჯერ. საერთოდ კი ეს ტარიფი გადიდებული არის დღევანდელ ტარიფთან შედარებით დაახლ. 100%25-დე.

გზათა უწყება მიაქცევს თქვენს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ მიუხედავათ ასეთი მომატებისა, ეს ტარიფები და, საზოგადოდ, გზის გადასახადი ხარჯები, და სამგზავრო ბილეთების ფასები მცირეა შედარებით იმ ზრდასთან, რომელიც მოხდა ყველა საქონელზე, ყველა მასალაზე, რომელიც სჭირდება გზთა უწყებას. რომ შევადაროთ ეხლანდელი ფასები სხვა-და-სხვა მასალებისა იმ ფასებთან, რომელიც არსებობდა 1916 წელს, ნახავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგიერთი მასალების ფასმა მოიმატა 2000 %25. მაგალითად, შეშის ფასი გაიზარდა 1780%25, შპალებისა - 900%25, ხის მასალა - 1900%25, ხრეში - 2400, ნავთი - 1330, ზეთი - 1900, მუშათა ხელფასი - 1500 - და სხ., ასე რომ ამ ტარიფების მომატება შედარებით იმ ფასებთან, რომელიც დამყარდა ამ რკინის გზისთვის საჭირო მასალებზე, არ არის დიდი. მომატებული ტარიფები, რომელიც კანონ-პროექტში არის მოყვანილი, ამ ჟამად, უკვე გადიდებული არის ადერბეიჯანში, ადერბეიჯანის რკინის გზაზე. თანახმად იმ ხელშეკრულებისა, სატრანზიტო ხელშეკრულებისა, რომელიც დადებული არის საქართველოს რესპუბლიკის და ადერბეიჯანის რესპუბლიკის შორის 26 დეკემბერს 1918 წ. ამ ხელშეკრულების მე 10-მუხლის ძალით, ჩვენ უნდა გვქონდეს ადერბეიჯანთან საერთო ტარიფი. ამ ჟამად ეს ტარიფი უკვე მიღებულია ადერბეიჯანის რესპუბლიკის მიერ და ცხოვრებაში გატარებული. ჩვენ კი ჯერ-ჯერობით ძველი ტარიფით ვცხოვრობთ. რომ ავიღოთ ბილეთების ფასები, თბილისიდან ბაქომდინ ბილეთის ფასი გაცილებით ნაკლები იქნება, ვინემ განჯიდან ბაქომდენ.

რკინის გზის დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს, რომ მიღებული იქმნეს განსაკუთრებული ზომები რკინის გზის შემოსავლის გასაზრდელად, ვინაიდან რკინის გზას გასულ წელს ძლიერ დიდი დეფიციტი ჰქონდა და ამ ჟამადაც დიდი დეფიციტი აქვს. გზათა უწყება საჭიროდ სთვლის, რომ ეს ტარიფები მიღებული იყოს რესპუბლიკის რკინის გზებზე. გზის შემოსავლიანობის გასაზრდელად გზათა უწყებას განზრახული აქვს კიდევ სხვა ღონისძიებანი, რომელთა შემწეობით რკინის გზის შემოსავალი უნდა გაიზარდოს და რესპუბლიკის ხაზინა განთავისუფლდეს იმ დეფიციტებისაგან, რომელიც ამ ჟამად აქვს ხაზინას რკინის გზებისაგან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო საკითხის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ასათიანი. კითხულობს პირველ მუხლს:

I. 1917 წლის 10 ივნისამდე არსებული ტარიფები გადიდებულ იქმნეს შემდეგნაირად:

1). სამგზავრო ბილეთები I კლასისა - ხუთმეტჯერ, მეორე კლასის თორმეტჯერ, მესამე და მეოთხე კლასებისა - ათჯერ;

2). ბარგის (ბაგაჟის) გადაზიდვის ფასი ოცდა ოთხჯერ;

3). საქონლის თანმყოლთა ბილეთის ფასი - ათჯერ;

4). სამგზავრო მატარებლის საზიდი საქონლის ტარიფი - ოცდაოთხჯერ;

5). სადგურის პერრონზე გასასვლელი ფასი ათი შაური - ორჯერ;

6). სარაიონო კომიტეტის ხარჯი სამი მანეთის ნაცვლად იქმნეს ხუთი მანეთი;

7). საქონლის შესანახავ შენობათა ასაგებად სამი კაპეიკის ნაცვლად ხუთი კაპეიკი.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი. პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

ასათიანი. (კითხულობს). II პირველ მუხლში აღნიშნული გადიდება ტარიფებისა შეეხება, როგორც საქართველოს სახაზინო გზას, აგრეთვე კახეთისას.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

ალ. ასათიანი. (კითხულობს)

3. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი მესამე მუხლს. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

ვინ არის წინააღმდეგი, რომ კანონ-პროექტი მთლიანათ იყოს მიღებული? კანონ-პროექტი მიღებულია.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების რეგლამენტის პროექტისა. მომხსენებელი სოლოღაშვილის ასული.

დამფუძნებელ კრების რეგლამენტის პროექტის 1-64 მუხლის განხილვა.

სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს 1-64 მუხლამდე იმ ცვლილებებით, რომელიც შეიტანა სარედაქციო კომისიამ.) დამფუძნებელი კრება ცალცალკე ერთხმად იღებს ამ მუხლებს.

თავმჯდომარე. უკაცრავად, წინადადება არის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შამოტანილი. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება. (კითხულობს) შესწყდეს რეგლამენტის პროექტის საბოლოთ რედაქციის განხილვა და გადაიდოს შემდეგ სხდომისთვის.

2. შემდეგი სხდომა დამფუძნებელ კრებისა დაინიშნოს აპრილის 17, ხუთშაბათს, ნაშუადღევის 12. საათზე.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მიზეზი გადადებისა გახლავთ ის, რომ ზოგიერთი მუხლის განხილვა კომისიამ ვერ მოასწრო, შესწორებები ვერ შეიტანა, ამიტომ წინადადებას ვაძლევთ კრებას გადაიდოს რეგლამენტის განხილვა.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ რეგლამენტის საბოლოო ტექსტის განხილვა გადაიდოს? ეს პირველი წინადადება. მეორე წინადადება არის, რომ კრება იყოს დანიშნული ხუთშაბათს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. კრება დაინიშნება ხუთშაბათს 12 საათზე. სხდომას ვხურავ.

დამფუძნებელ კრების თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 2 საათს და 50 წუთ. დახურულად აცხადებს.

2.6.2.3 მეთერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი.აპრილის 17. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან

ექვთიმე თაყაიშვილი და

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება ნაშვადღევის 12 საათსა და 50 წუთზე.

თავმჯდომარე. დამფუძნებელი კრების სხდომა გახსნილი გახლავთ. სანამ დღიურ წესრიგს მოგახსენებდეთ ნება მიბოძეთ მოგახსენოთ მოსალოცი დეპეშები.

გთხოვთ წაიკითხოთ.

სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ ორგანიზაციების კონფერენციის დეპეშა.

ქრისტინე შარაშიძის ასული. (კითხულობს).

Конференцიя южно-осетинской организацიй соцიально-демократической рабочей партიи выражаетъ свою преданность суверенному хозяину Грузიи и горячо желаетъ успѣха въ заложенიи твердаго фундамента въ строительствѣ демократической республики, какъ вѣрнѣйшаго пути къ царству соцიализма.

Предсѣдатель Георгй Гаглоевъ.

კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტების სია.

ქრისტინე შარაშიძის ასული. სანამ დღიურ წესრიგს წავიკითხავ, მოგახსენებთ, რა კანონები შემოვიდა კომისიებში გადასაცემად. (კითხულობს):

1. მიწად მოქმედების მინისტრის პროექტი - ცენტრალურ სასურსათო საბჭოს დებულებისა.

გადაეცემა საბუჯეტო-საფინანსო და იურიდიულ კომისიათ.

2. სამხედრო მინისტრის კანონ-პროექტი - სამხედრო მოსამსახურეთა ორდენებით დაჯილდოვების დებულების შეცვლისა.

გადაეცემა იურიდიულ კომისიას.

3. სამხედრო მინისტრის კანონ-პროექტი - სამხედრო უწყების ხარისხოსანთა შესახებ დებულების ცვლილებისა და ოფიცერთა და სამოქალაქო მოხელეთა შემდეგ ხარისხზე აყვანისა.

გადაეცემა სამხედროდა იურიდიულ კომისიათ.

დღიური წესრიგი.

1. კანონ-პროექტი ამიერკავკასიის ბონების გამოცემის განგრძობისა.

2. იურიდიულ კომისიის დადგენილება სასამართლოს განაჩენის გამო შემოსულ არზების განხილვის შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ორი მილიონი მანეთის გადაცემისა - ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში დაზარალებულთა დასახმარებლად.

4. საბოლოო ტექსტი - სახაზინო და კახეთის რკინის გზაზე ტარიფის გადიდების კანონისა.

5. დამფუძნებელ კრების რეგლამენტის საბოლოო ტექსტის განხილვის გაგრძელება.

6. დამატება: კანონ-პროექტი სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელი ექსპედიციისათვის საწარმოვო იარაღისა და მასალის შესაძენად ერთი მილიონ მანეთის გადადებისა.

თავმჯდომარე. ცოტაოდენი ცვლილებები არის პრეზიდიუმის მიერ წარმოდგენილი. პრეზიდიუმის აზრით, მეორე საკითხად უნდა იყოს განხილული დამატებითი კანონ-პროექტი, რომელიც ეხლა მოგხსენდათ. დანარჩენი დარჩება ისე, როგორც არის.

გსურთ თუ არა ასეთ ცვლილებების შეტანა? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე ეს წესრიგი დამტკიცებული არის. პირველი კანონ-პროექტი. ამიერკავკასიის ბონების გამოცემის გაგრძელებაზე. მომხსენებელია ჭავჭანიძე.

კანონ-პროექტი ამიერკავკასიის ბონების გამოცემის განგრძობისა

ივანე ჭავჭანიძე. მთავრობას გაუთავდა პარლამენტის მიერ მიცემული საემისიო უფლება. მომდინარე ხარჯები რომ აწარმოოს, და დაჰფაროს, საჭიროა ემისიის განგრძნობა.

შესაფერი კანონ-პროექტი, როგორც მოგეხსენებათ, გადაეცა დამფ. კრების საფინანსო კომისიას. მან განიხილა ეს კანონ-პროექტი და აგერ წარმოადგინა შემდეგის სახით.

კანონ-პროექტი ამნაირი გახლავთ (კითხულობს).

კანონ-პროექტი

ამიერკავკასიის ბონების გამოცემის გაგრძობისა.

1. ნება მიეცეს მთავრობას გამოსცეს ამიერ-კავკასიის ბონები საქართველოს რესპუბლიკის საჭიროებისათვის კიდევ 100 მილიონი მანეთი.

2. თანაბარი თანხა, ე.ი. ას-ასი მილიონი მანეთი მიეცეს სომხეთის და ადერბეიჯანის რესპუბლიკებს, ხოლო ადერბეიჯანის რესპუბლიკას აგრეთვე უნდა მიეცეს ამა წლის 30 იანვრის ემისიიდან მიუღებელი ოთხმოცი მილიონიც, როცა დასახელებულ რესპუბლიკათა მთავრობანი ამის შესახებ შესაფერ ხელშეკრულებას დასდებენ საქართველოს მთავრობასთან.

3. ნება მიეცეს მთავრობას ამ კანონის პირველსა და მეორე მუხლში აღნიშნულ დანიშნულებისათვის შესაფერად გაადიდოს ამიერკავკასიის ბონების ემისია.

4. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს საერთო კითხვაზე მსჯელობა? სიტყვა ეკუთვნის დამფუძ. კრების წევრს გრიგოლ ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე. (ს.-რ.) დამფუძნებელ კრების წევრნო!

ესერების სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მხარს უჭერთ ამ კანონ-პროექტს, რადგანაც ვიცით, რა უკიდურეს მდგომარეობამ მოგვიყვანა ამ საშუალებამდის. ძალაუნებურად უნდა დავადგეთ ამ გზას, მაგრამ საჭიროა ხაზ-გასმით აღვნიშნოთ, რომ სწორეთ უკიდურეს მდგომარეობამ მოგვიყვანა აქამდისინ. მე მგონია ახალი არ იქნება რა არავისათვის, რომ ეს განვაცხადო, რადგანაც თვითეული ჩვენგანი ჰფიქრობს, ამას. მართლაც ვინ იფიქრებს, რომ ქაღალდის გამოცემა რამე განსაცდელისაგან გვიხსნის; ეს მხოლოთ დროებითი გადადება არის იმ კატასტროფისა, რომელიც შეიძლება თავს დაგვაწყდეს ახლო მომავალში, თუ ასე განვაგრძეთ ჩვენი საქმეები.

რა არის საჭირო, რომ ეს კატასტროფა არ დაგვატყდეს თავს? ყველამ კარგათ იცის ეს. მე ახალი არაფრის თქმა არ მინდა; მხოლოთ საჭიროთ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ მართლაც გართულებულმა მდგომარეობამ მიგვიყვანა ამ საშუალების გამოძებნამდე. მოგეხსენებათ, რომ საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს ამ ფულის შესაფერი საქონელი. ეს კი ჩვენში არ არის. მართალია, ამისთანა კრიზისს განიცდის მთელი ქვეყნიერება არა მარტო ჩვენ, და საქმის მოწესრიგება ასე პატარა ფარგალში ძლიერ ძნელია, მაგრამ საჭიროა ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ საქმის გამოსასწორებლად. ჩვენ ვიცით, რომ არის ამისთანა განზრახვა. ამას წინათ, მე მგონია დეკლარაციის განხილვის დროს გახლდათ სოც. დემოკრატიის წარმომადგენლის ასეთი განცხადება. მან განაცხადა, რომ მისი ფრაქცია საჭიროდ სთვლის ხელი შეუწყოს წარმოებას, როგორც კერძო ინიციატივის, ისე კოლექტიურ წარმოებას სახით. ეს იყო აქ ნათქვამი. მართალია, ჩვენ, სოციალისტ-რევოლიუციონერებს შეიძლება, უფრო სხვანაირათ გვეთქვა უფრო გაბედულათ, მაგრამ ჟინიანობას ხომ არ დავიწყებთ, ჟინიანობა ასეთ საკითხში, და პოლიტიკაში უადგილო არის. მმართველ ფრაქციის გეგმას შეიძლება შევრიგებოდით კიდეც, რომ მართლაც ერთი ნაბიჯი გადაგვედგა, ამ სიტყვების საქმედ გარდაქმნისაკენ.

ეხლა დრო არის ასეთი ნაბიჯი გადავდგათ. მართალია, ეს ძნელია, ძლიერ ძნელი, მაგრამ ძნელია ეხლა ყველაფერი. ვერაფერს ვერ დაასახელებთ ისეთს ეხლანდელ გართულებულ ცხოვრებაში, რომ დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდეს. ასეთ გაჭირებულ ქვეყანაში. სულ უბრალო საქმე, რომ ავიღოთ, რასაც წინათ ადვილად აკეთებდა კაცი ამის გაკეთებაც კი ძნელია, და თუ ძნელი არ არის დიდ ენერგიას მაინც მოითხოვს ადამიანისაგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს არ უნდა მოვკიდოთ ხელი. ამთავით თეორეტიულათ მაინც უნდა შევიმუშავოთ გეგმა ჩვენი განზარხვის სისრულეში მოყვანისა ჩვენ ეს ძლიერ საჭიროთ მიგვაჩნია იმ ქვეყანაშიც კი, სადაც კერძო ინიციატივას უკვე გაკაფული აქვს გზა. ჩვენში ის გარემოება უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო ინიციატივამ, მე ამას გაბედულათ მოგახსენებთ, თავის კოტრობა გამოიჩინა, ყოველ დარგში. იგი, ერთი მხრით, ძველი წესწყობილების სათუთად და ნებიერად აღზრდილი შვილი აღმოჩნდა და ახალ პირობებში ვეღარ შეეგუა რევოლიუციის ქარცეცხლს. ვერავითარი ნაბიჯი ვერ გადასდგა მან და არაფერი არ გააკეთა. მეორე მხრით დიდმა ანგარებამ გაიტაცა და სპეკულიაციის ტკბილი ნაყოფი ერთხელ, რომ აგემებინა, იოლად ნაშოვნ ას და ათას პროცენტებზე უარი ვერ უთქვამს. განა დრო არ არის დავფიქრდეთ იქნება კოლეკტიური მეურნეობა მაინც მოეწყოს და, თუ ეს არ შეიძლება, საჭიროა რომ დარწმუნდეთ მაინც ამაში, ამ ნაბიჯს, რომ გადავდგამთ, მე დარწმუნებული ვარ, ისეთ შედეგს მივაღწევთ. რომ მომავალში ჩვენ პატარა ქვეყნის პოლიტიკა მკვიდრ ნიადაგზე დადგება და იმედი მოგვეცემა, რომ ეს ფული, ეს ქაღალდის ფული, ესე არ დარჩება სამუდამოთ. ჩვენ ქაღალდის ფულის ანაბარად არ დავრჩებით, როდესაც გადავდგამთ ამ ნაბიჯს... (გვაზავა: რა ნაბიჯს, კონკრეტულად სთქვით!) შევიმუშაოთ პროექტი კოლექტიური მეურნეობისა. როგორც მოგახსენეთ, მმართველმა პარტიამ, რომ განაცხადა ჩვენ კოლექტიური წარმოებას შეუწყობთ ხელსო, ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ ეს საქმე. ვიფიქროთ რანაირად შეიძლება ამის მოწყობა (ხმა). უკაცრავათ, ვერ გავიგე. ჩვენში მცოდნე ხალხი ბევრი ბრძანდებით, ასე თუ ისე, შევიკრიფოთ და ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და მაშინ დაინახავთ, რომ ერთად ერთი ფორმა წარმოებისა, რომელიც არსებულ პირობებში იბოგინებს და ფეხს მოიკიდებს - კოლექტიური ფორმაა. ჩემის აზრით, ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მით უმეტეს, რომ - შეიძლება, ეს ბევრს არ სწამდეს, მაგრამ ჩვენ ღრმათ გვწამს, - ქვეყნიერებაში იცვლება არა მარტო პოლიტიკა, ქვეყნიერებაზე ხდება ღრმა სოციალური გარდაქმნა. როდესაც ინგლისმა, ძლიერმა ინგლისმა, რომელიც ყველაზე უფრო ციხე-ბურჯი იყო კაპიტალისტურ წარმოებისა და არის დღესაც, როდესაც მან განაცხადა, რომ ეხლა სულ სხვა დრო დგება და სხვანაირი ურთიერთობა უნდა დამყარდეს შრომის და კაპიტალის შორისო, იმან, რომ ის სთქვა, ესეც დიდი რამეა, მის თქმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ინგლისმა რომ ეს სთქვა, ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქმე, და საფუძველი ჩაუყაროთ ახალ პირობებს, წარმოებისას, ახალ სოციალურ ურთიერთობას, რომელიც მოდის და გვიახლოვდება. ეხლავე მოვემზადოთ, თორემ მერე გვიან იქნება. ეს ქაღალდის ფული მაშინ ხომ ვერ დაგვიხსნის და კატასტროფამდე მივალთ. ვიმეორებ, ამ კანონპროექტს მხარს უჭერთ, მხოლოთ ხაზი უნდა გაუსვა და აღვნიშნო, რომ საქმიანობა, საჭიროა, თუნდა ჯერჯერობით იმ სახით რა სახის საქმიანობაც მოისურვა სიტყვით, ჯერ ჯერობით მარტო სიტყვით, მმართველ ფრაქციის წარმომადგენელმა; - ამგვარი საქმიანობა მაინც დავიწყოთ; ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიძლება შემდეგ ეს საქმიანობა უფრო გამოირკვეს, და უფრო, გაბედულად გადავდგათ ნაბიჯი, კოლექტიურ შრომის, წარმოების განვითარებაში. ამას თქვენ თითონ მიხვდებით, თქვენ საქმიანობის დროს, თვით საქმის მსვლელობა დაგანახვებთ და თქვენ იძულებულნი იქნებით რომ ამას მიაქციოთ ყურადღება და მიატოვოთ თქვენი კერძო ინიციატივისადმი ტრფიალი. მაგრამ, ჯერ-ჯერობით, დღეს კი პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც გაბედეთ, რომ მოუმზადოთ ნიადაგი მომავალ მშენებლობას და ამ ქაღალდის სინაბარათ სამუდამოთ არ დასტოვოთ ქვეყანა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. არსებითად კანონ-პროექტის წინააღმდეგი არ არის კრების წევრი ნათაძე. რაც შეეხება კოლექტიურ წარმოების მოწყობას, - ეს მომავალის საქმე არის, და ამის შესახებ მე არაფერს ვიტყვი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ივანე ჭავჭანიძე. (კითხულობს პირველ მუხლს)!

1. ნება მიეცეს მთავრობას გამოსცეს ამიერ-კავკასიის ბონები საქართველოს რესპუბლიკის საჭიროებისთვის 100 მილიონი მანეთისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

ივანე ჭავჭანიძე. (კითხულობს მეორე მუხლს).

2. თანასწორი თანხა, ესე იგი ას-ასი მილიონი მანეთი, მიეცეს სომხეთის და აზერბეიჯანის რესპუბლიკებს, ხოლო აზერბეიჯანის რესპუბლიკას აგრეთვე უნდა მიეცეს ამა წლის 30 იანვრის ემისიიდან მიუღებელი ოთხმოცი მილიონიც, როცა დასახელებულ რესპუბლიკათა მთავრობანი ამის შესახებ შესაფერ ხელშეკრულებას დასდებენ საქართველოს მთავრობასთან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი (ს.-დ.) სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით შემომაქვს ასეთი შესწორება მეორე მუხლში: შესაფერი თანხა გამოიცეს სომხეთისა და ადერბეიჯანის რესპუბლიკისთვის და მიეცეს მათ, როცა დასახელებულ რესპუბლიკათა მთავრობანი შესაფერ ხელშეკრულებას დასდებენ საქართველოს მთავრობასთან.

ადერბეიჯანის რესპუბლიკას უნდა მიეცეს აგრეთვე ამა წლის იანვრის 30-ს ემისიიდან მიუღებელი 80 მილიონი მანეთი, უკეთუ სათანადო ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

უმთავრესი აზრი ამ შესწორებისა სათაურში არის ძველ ტექსტში 100 მილიონი სწერია, ჩვენ ეს შევასწორეთ „შესაფერი თანხა“, რადგანაც ეს ხელს უხსნის ჩვენ მთავრობას. წინდაწინ განსაზღვრა თანხისა ჩვენ შეუფერებლად მიგვაჩნია. შემდეგი შესწორება უფრო სარედაქციო ხასიათისა არის.

თავმჯდომარე. შესწორების შესახებ ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ გახლავთ. მაშასადამე მეორე მუხლი ამნაირად უნდა დაიწეროს: (კითხულობს ს.-დემ. ფრაქციის მიერ შეტანილ 2 მუხლის შესწორებას).

შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებულია. საერთოდ მეორე მუხლისა ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. შემდეგი.

ივანე ჭავჭანიძე (კითხულობს) ნება მიეცით მთავრობას ამ კანონის პირველ და მეორე მუხლში აღნიშნულ დანიშნულებისათვის შესაფერად გაადიდოს ამიერ-კავკასიის ბონების ემისია.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

ივანე ჭავჭანიძე (კითხულობს) ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. კენჭს უყრი მთელ კანონ პროექტს. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

მეორე კანონ-პროექტი (არსენიძე: გთხოვთ წესრიგისთვის!) უკვე გათავებული გახლავთ!

კანონპროექტი სახელმწიფოს ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციისათვის მასალის შესაძენად 1 მილიონ მანეთის გადადებისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს (არსენიძე: წესრიგისთვის!) უკვე გათავებული გახლავთ, სიტყვა უკვე მივეცი მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. თქვენ მთავრობას გაუდიდეთ საემისიო უფლება. საჭიროა გაღებული იქმნეს ხარჯები. ამისთვის საფინანსო კომისიის ინიციატივით შემომაქვს შემდეგი კანონ-პროექტი: (კითხულობს).

კანონპროექტი

სახელმწიფო ქაღალდების გამზადებელ ექსპედიციისათვის საწარმოვო იარაღების და მასალების შესაძენად ერთი მილიონი მანეთის გადადებისა.

1. გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო ქაღალდების დამზადებელ ექსპედიციისთვის საწარმოვო იარაღის და მასალების შესაძენად ერთი მილიონი მანეთი.

2. კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინი არის. ვინ არის წინააღმდეგ, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ივანე ჭავჭანიძე. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? თქვენ ამ მუხლის შესახებ გსურთ სიტყვა? (ონიაშვილი ადგილიდან: სახელწოდების შესახებ!) რომელ სახელწოდების, ამ კანონპროექტისა? ინებეთ.

დავით ონიაშვილი. ამ კანონ-პროექტის სათაურს ჰქვიან კანონ-პროექტი, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შესწორება, რომ კანონ-პროექტი შეიცვალოს სიტყვით „დეკრეტი“, რადგანაც არსებითად ამ კანონ-პროექტს ხასიათი აქვს დეკრეტისა.

ასეთივე ხასიათი ჰქონდა ჩვენის აზრით პირველ კანონ-პროექტს.

თავმჯდომარე. მე ბოდიშს ვიხდი ძალიან, მაგრამ თუ ასეთი შესწორება, ან რაიმე დამატება აქვს ვისმეს, მაშინ უნდა შემოიტანონ, როდესაც პირველად კითხულობს მომხსენებელი სათაურს. და თუ არის რაიმე შესწორება, კეთილ ინებეთ და შემოიტანეთ დროზე, და ნუ ჩააყენებთ პრეზიდიუმს ასეთ მდგომარეობაში, რომ რეგლამენტი დარღვეული იქნეს.

სურს ვისმეს თუ არა ამ შესწორების შესახებ? მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ კანონ-პროექტს დაერქვას დეკრეტი? არავინ. მაშასადამე მიღებულია. კენჭს უყრი პირველ მუხლს. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

ივანე ჭავჭანიძე. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. საერთოდ უყრი კენჭს კანონ-პროექტს. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი კანონ-პროექტის შესახებ მომხსენებელია ონიაშვილი.

იურიდიულ კომისიის დადგენილება სასამართლოს განაჩენის გამო შემოსულ არზების განხილვის შესახებ.

დავით ონიაშვილი. დამფუძნებელ კრების დავალებით იურიდიულმა კომისიამ ამას წინათ განიხილა საკითხი იმის შესახებ, თუ რა მსვლელობა უნდა მიეცეს თხოვნებს და შუამდგომლობათ, რომელნიც შემოსულნი არიან დამფუძნებელ კრების სახელზე და შეეხება სასამართლოს ამა თუ იმ განაჩენის შეცვლას.

იურიდიულმა კომისიამ ერთხმად შემდეგი დადგენილება გამოიტანა, რომ ყველა ის თხოვნები, რომელიც შეეხება სასამართლოს დადგენილების შეცვლას, უნდა დამფუძნებელ კრების მიერ განუხილველი დარჩეს.

ამ დადგენილებით, იურიდიულ კომისიას სრულიათაც არ მოსვლია აზრათ, რომ ოდნავათ მაინც შეზღუდოს ან მოსპოს ვისიმე მოქალაქეობრივი უფლება, თქვენ მოგეხსენებათ, დამფუძნებელ კრების წევრნო, რომ ყველა სახელმწიფოში, მარტო არა თავისუფალი რესპუბლიკანურ სახელმწიფოში, არამედ იქაც, სადაც კონსტიტუციონური მონარქია არის, თვითეულ მოქალაქეს აქვს უფლება, რაც უნდა მძიმე იყოს მისი დანაშაულობა, შეიტანოს თხოვნა სახელმწიფოს უმაღლეს დაწესებულებაში, ან მის წარმომადგენელთან, რომ ეს დადგენილება შეცვლილი იყოს. საკონსტიტუციო მონარქიაში ასეთ თხოვნებს იხილავს მონარქი, ხოლო რესპუბლიკანურ ქვეყნებში პრეზიდენტი, ან საკანონდებლო დაწესებულება, მაგალ. შვეიცარიაში. იურიდიულ კომისიას საჭიროდ მიაჩნია, რომ მთავრობა ამ მოკლე ხანში შემოვიდეს დამფუძნებელ კრებაში კანონპროექტით, სადაც აღნიშნული იქნება ყველა ის წესები რომელიც შეეხება აი ასეთ თხოვნების განხილვას.

თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ დადგენილებას, და დავადასტურებთ საწინააღმდეგო დებულებას, ამ დებულების მიღებას მოჰყვება ისეთი შედეგი, რომ კანომდებლობითი ორგანო, რომელსაც დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი, იძულებული იქნება გადაიქცეს სასამართლო დაწესებულებათ. ამით ერთის მხრით ჩვენ შევაფერხებთ კანონდებლობითი მუშაობას, და მეორეს მხრივ დავცემთ სასამართლოს პრესტიჟსაც. რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ დამფუძნებელ კრებას ესპობა უფლება ერთხელ და სამუდამოთ ამისთანა თხოვნების გარჩევისა. არა. დამფუძნებელი კრება, არის უზენაესი დაწესებულება ჩვენი რესპუბლიკისა, და როდესაც იგი დაინახავს, რომ სასამართლოს მიერ ჩადენილი არის შეცდომა, მას შეუძლიან ჩაერიოს ასეთ საქმეებში. ეს ჩარევა უნდა მოხდეს დამფუძნებელ კრების ინიციატივით, მისი სურვილით და მის დადგენილებით. აი ასეთი არის შეხედულება და დადგენილება იურიდიულ კომისიისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს. რ.) ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ კანონ-პროექტისა. წინააღმდეგი ვართ ამ კანონპროექტის იმიტომ, რომ ამ კანონპროექტში ჩვენ ვხედავთ იმ შეცდომების განგრძობას, რომელიც ემჩნევა სოციალ-დემოკრატების მუშაობას.

მაშინ, როდესაც მათ მთავრობის თავმჯდომარეს მიანდეს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა ჩვენ უთხარით, რომ რესპ. უმაღლესი წარმომად. იგივე პრეზიდენტი არისო. მათ კი განაცხადეს, - არა, ეს პრეზიდენტი არ არისო. შემდეგ, როცა დამფუძნებელი კრება იხილავდა კანონთა გამოქვეყნების წესს, მათ მიიღეს, რომ ამ კანონებს ხელი უნდა მოაწეროს მთავრობის თავმჯდომარემ. თუმცა ამის საწინააღმდეგოთ ჩვენ მიერ სერიოზული საბუთები იყო წარდგენილი, რომ ეს შეუფერებელია, რადგანაც დღეს აქ არის დამფუძნებელი კრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა მთავრობის თავმჯდომარის ხელის მოწერის საჭიროება. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალ დემოკრატების მიერ არჩეული თანდათანობა აქაც, ამ დადგენილებითაც გრძელდება. ეს თანდათანობა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალ-დემოკრატიამ არ იცის, როგორ უნდა გაანაწილოს ძალაუფლება, ე.ი. არ იცის რა უფლება უნდა მიანიჭოს მთავრობას და რა უფლება უნდა დაუტოვოს დამფუძნებელ კრებას.

შეწყნარების საკითხი, რომ დიდი საკითხია, ამაზე მგონი ლაპარაკი ზედმეტია. და აი სოციალ-დემოკრატიას უნდა რომ მისი გადაწყვეტის უფლებაც მიანიჭოს მთავრობას. თუ კი დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმმა უყურადღებოდ უნდა დასტოვოს ეს საკითხი, თუ კი მან შემოსულ არზების შესახებ თვის დადგენილება არ უნდა გამოიტანოს, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ სოციალ-დემოკრატებს სურთ, მისი გადაწყვეტა მთავრობას მიანდო. ასეთი უფლებით ჩვენი პრეზიდენტი უახლოვდება საფრანგეთის პრეზიდენტს. მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ე.წ. სუსპენსიური ვეტო, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს აქვს აგრეთვე მისთანა უფლებები, როგორიც არის რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა და ხელის მოწერა გამოსაქვეყნებელ კანონებზე. ეხლა მას ვანიჭებთ შეწყალების უფლებასაც. ეს კი იქნება სუსპენსიურ ვეტოზე მეტი. ამ უფლების დამფუძნებელ კრებისგან ართმევა, ჩვენის აზრით შეუძლებელია.

ამასთანავე აშკარაა, - ნაადრევია შევქმნათ იმისთანა ორგანო, რომელსაც მიენიჭება ესეთი უფლება, რომელზედაც საჭირო არის ჯერ კიდევ დავა.

ამიტომ ჩვენის აზრით ეს მიუღებელი არის.

აქ მომხსენებელმა მოიყვანა ერთი მოსაზრება: სახელდობრ ის, რომ უხერხული არის პრეზიდიუმის მიერ ამ თხოვნების განხილვა. მას არ შეუძლიან მისი განხილვა, რადგან ბევრი საქმეები აქვსო.

ვთქვათ, რომ ეს მართალიც იყოს. თუ მართლაც პრეზიდიუმს არ შეუძლიან მათი განხილვა გადავცეთ მთავრობას, მაგრამ განა მთავრობა პრეზიდიუმზე მოცლით არის?! თუ საქმე ისეთია, რომ მას ვერ გამოარკვევს პრეზიდიუმი, განა ამას შესძლებს მთავრობა?!

ტეხნიკური უხერხულობა იქნება, როგორც მთავრობისთვის ისე პრეზიდიუმისთვის. ასე რომ ეს უხერხულობა მისაღები არ არის.

სოციალ დემოკრატიამ არ იცის, როგორ განახორციელოს ძალა უფლება და თანდათან მიდის სოციალ-დემოკრატიულ მონარქიისკენ. სხვა აზრი არა აქვს ამ წინადადებას. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ იურიდიულ კომისიის მიერ შემოტანილ დადგენილებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს.-ფ.) მოქალაქენო! ჩვენ ვემხრობით იმ აზრს, რომ სათანადო კანონ-პროექტი უნდა იყოს შემუშავებული, მაგრამ არ ვემხრობი დღევანდელ დასკვნას, რომ არ უნდა განვიხილოთ, განუხილველი უნდა დარჩეს ეს არზები დამფუძნებელ კრების მიერ.

ორ ნაწილათ იყოფა ეს არზები, ერთი შეეხება სამოქალაქო სასამართლოს საქმეებს და მეორე შეეხება სისხლის სამართალს.

დამფუძნებელ კრების წევრნო! სამოქალაქო საქმეებისათვის ჩვენ სათანადოთ მოწყობილი სასამართლო გვაქს. მომჩივანსა და პასუხის მგებელს საშუალება აქვთ თავიანთი ინტერესები დაიცვან და საქმის ინიციატივა მათ ხელშია. ამ შემთხვევაში შეცდომები, რასაკვირველია, იშვიათია. სამოქალაქო უფლება არის კერძო უფლება და დაინტერესებულ პირთ ეძლევათ მოქმედების თავისუფლება, რომ მოიძებნონ გზა და გამოსავალი და საქმეს თვითონ მისცენ მსვლელობა. იგი სწყდება საბოლოოდ სასამართლოს განაჩენით. განაჩენი შედის კანონის ძალაში და დაურღვევლია, ვერავინ მას ვერ შეეხება.

რაც შეეხება სისხლის სასამართლოს საქმეს, მას კი სულ სხვა ხასიათი და მნიშვნელობა აქვს. მასში დაინტერესებული არის საზოგადოება, სახელმწიფო. სისხლის სამართლის უფლება არის საჯარო უფლება და ამ შემთხვევაში არზებს და თხოვნებს და საზოგადოთ საქმეს უნდა მივცეთ სულ სხვა მსვლელობა. შეიძლება შეცდომები ამისთანა განაჩენებში. სისხლის სამართლის საქმეებზე სხვა და სხვა გარემოებებს აქვს გავლენა. აქვს გავლენა ვთქვათ იმას, თუ რა სულის კვეთება არსებობს დღეს საზოგადოებაში. რანაირი საზოგადოებრივი წესწყობილებაა და სხვა. ზოგ შემთხვევებში სასამართლოს წარმომადგენლებს მსაჯულებს არ შეუძლიანთ ჩაუკვირდნენ ყოველ მხრივ საქმეს და შეცდომები ადვილია. მაგალითებს მოგახსენებთ. სხვათაშორის გადავავლოთ თვალი საფრანგეთს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჟორესის მკვლელი გამართლებული იქნებოდა!? ვინ წარმოიდგენდა სწორეთ იმას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჟორესის მკვლელს გაამართლებდა?! მე მგონია, რომ, თუ სასამართლო გაარჩევდა საქმეს რამოდენიმე მოკლე ვადის შემდეგ, ჩვენ ვიქნებოდით მოწმე სულ სხვა დადგენილებისა. მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ სულ სხვა დადგენილებას ვხედავთ. ეს არის ილუსტრაცია იმისა, რომ შესაძლებელია შეცდომები და სხვა და სხვა დადგენილებანი. უნდა იყოს იმისთანა ინსტანცია, იმისთანა დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია უფლებებით საქმის გადასინჯვისა. ანუ შეწყნარებისა. ამისთანა არზები უკვე არის დამფუძნებელ კრებაში: დამფუძნებელ კრების სახელზე უკვე არის შემოტანილი თხოვნა შეწყნარების შესახებ. თქვენ ბრძანებთ, რომ დამფუძნებელმა კრებამ დღეს განუხილველათ დასტოვოს ასეთი თხოვნები. მაგრამ თქვენ არ განმარტეთ, რა მსვლელობა უნდა მიეცეს ამ არზებს. თუ თქვენ სტოვებთ ამ არზებს განუხილველათ, მაშ ვინ უნდა განიხილოს? ეს დღევანდელი დღიური საკითხია. მომწიფებული საკითხია და ჩვენ დადგენილება უნდა გამოვიტანოთ: ერთის ხელის მოსმით კი ვერ მოვიშორებთ ამ კითხვებს.

ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ შემოიტანოს თხოვნა დამფუძნებელ კრების სახელზე, მით უმეტესად თხოვნა, შეწყნარების შესახებ. მე მგონი, რომ ამას ვერ უარვყოფთ. ამისთანა თხოვნას გზა უნდა მივცეთ. ყოველ შემთხვევაში, უნდა უჩვენოთ გზა. თუ დამეთანხმებით მე, რომ შეცდომები მომხდარა მაშინ უნდა გამოვასწოროთ ეს. ჩვენ ვეხებით ორ კითხვას. ერთი სადავო კითხვაა. ვინ უნდა გაარჩიოს თხოვნები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ და მეორე რა მსვლელობა მივცეთ ამ დღევანდელ თხოვნას შეწყნარების შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი საქმეები მოითხოვენ დაწვრილებით გაცნობას. ზოგჯერ დიდი მნიშვნელობა აქვთ წვრილმანებსაც და დამფუძნებელ კრებას არა აქვს საკმარისი დრო ჩაუკვირდეს წვრილმანებს. ამისთვის სათანადო დაწესებულება უნდა იყოს, რომ დაუკვირდეს თხოვნას, საქმე გამოარკვიოს, და გამოიტანოს შესაფერისი დასკვნა. ჩვენ მომხრენი ვართ, რომ ამისთანა თხოვნები გადაცემული იქმნას მთავრობაში, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, რომ ამისთანა უფლებები მიენიჭოს ერთ პირს, მთავრობის თავმჯდომარეს. მთავრობის კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს ასეთი კითხვები. რაც შეეხება დღევანდელ თხოვნებს, მათი შეჩერებული უნდა იქნას. ჩვენი კანონების მიხედვით, მთავრობა არ არის აღჭურვილი ამ უფლებებით.

26 მაისს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმძღვანელოდ რუსეთის კანონები. ვისა ჰქონდა უფლება შეწყნრებისა? ეს უფლება ჰქონდა თვითმპყრობელ მეფეს. დანარჩენ დაწესებულებებს ეს უფლება არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რაც აღნიშნული იყო კერძო შემთხვევებში, მაგ., საომო წესების გამოცხადების დროს გუბერნატორს, ანუ ჯარის სარდალს ჰქონდა უფლება, რომ შეეწყნარებინა თხოვნა, შეემცირებინა სასჯელი. როდესაც ჩვენ მივიღეთ რუსეთის კანონები სახელმძღვანელოთ, ჩვენში დამყარებული იყო სხვა წესწყობილება. დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ არ აღიარა ძალა ძველი კანონებისა. საქართველოს პარლამენტის მთავრობა ეხებოდა ყოველ კითხვას, მაგრამ დღეს ამ ჩვეულებითი წესით ვერ გადავწყვეტავთ საკითხს, რადგანაც სათანადო კანონი არა გვაქვს. ამ ჩვეულებას ვერ მივყვებით. ჩვენი წინადადებაა შემუშავდეს კანონ-პროექტი.

გარდა ამისა ჩვენ წინაშე არის კერძო კითხვა, კერძო თხოვნა, თხოვნა ბრალდებულების შეწყნარების შესახებ. ამაზე არის ლაპარაკი. თუ გზას არ მივცემთ ამ თხოვნებს, თუ არ შევიწყნარებთ, მაშინ დადგენილება სასამართლოსი სისრულეში იქნება მოყვანილი, და დამფუძნებელ კრებისთვის ეს მოვლენა არაა სასურველი. ასრულება ამ დადგენილებისა შეჩერებული უნდა იქნას. მსვლელობა ამ ქაღალდებისა შეჩერებული უნდა იქნას იმ დრომდე, ვიდრე არ გამოვიმუშავებთ კანონ-პროექტს. ინიციატივა ჩვენ ხელთ არის, რომ შემოვიტანოთ კანონ-პროექტი ამის შესახებ. თუ თქვენ დაადგებით მომხსენებელის აზრს, იურიდიულ კომისიის აზრს, მოხდება ის, რასაც ვერ გავასწორებთ. დავდგებით ფაქტის წინაშე და ჩემის ღრმა რწმენით ეს მისაღები არ არის დამფუძნებელ კრების მიერ, და არ შეეფერება მის ღირსებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) მეც მგონია, რომ შემოტანილი წინადადება არ არის მისაღები. იქ ნათქვამია, რომ ის თხოვნები შეწყალების შესახებ, რომელიც შემოსული არის დამფუძნებელ კრებაში განხილული არ იქნებაო. რა საჭიროა ამის თქმა? ეს არც კანონია, არც კანონ-პროექტი, არაფერია, ეს უბრალო აზრია. (არსენიძე: დადგენილებაა!) ეს დადგენილებაც არ არის. ეს უბრალო აზრია. მე მგონია ამ აზრის მიღება ამ ფორმით მიუღებელია. მე მაინც ვთხოვ კრებას ამ საკითხში ნუ შეიტანს ღელვას. ეს საკითხი არის სასამართლოს საკითხი (ხმა: პარტიული!) აქ პარტიული არაფერია. საქმე ისე მაქვს წარმოდგენილი: ვიღაცას, ვსთქვათ, გადაუწყვიტეს სიკვდილით დასჯა; ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს ვისმეს შესაწყნარებლათ. თქვენ თუ ამ შემოტანილ წინადადებას მიიღებთ ხვალ ალბათ ვისმეს ჩამოახრჩობენ. სხვა აზრი კი არაფერია; ჩვენ მოქალაქეს ხომ ვერ წავართმევთ უფლებას, რომ ითხოვოს შეწყნარება? ყოველ კულტურულ ქვეყანაში არის ასეთი წესი, რუსეთშიაც იყო ასეთი; მიჰმართავდნენ ხოლმე თხოვნით იმპერატორს. ვის აქვს შეწყნარების უფლება ეხლა? რასაკვირველია დამფუძნებელ კრებას. მომხსენებელმა სთქვა, რომ ამ შემთხვევაში დამფუძნებელ კრებას შეუძლიან შეიჭრას სასამართლოს სფეროში და არევ-დარევა შეიტანოსო. ეს მოსაზრება არ არის მართალი. არის რესპუბლიკები, სადაც ეს უფლება არის, მაგრამ არავითარი არევ-დარევა არ შეაქვს. თითონ მომხსენებელმა ბრძანა, რომ შვეიცარიაში აღმასრულებელ ორგანოს კი არა აქვს ეს უფლება, უფლება აქვს საკანონმდებლო დაწესებულებასო. საქართველოში საკანონმდებლო დაწესებულება ჩვენი დამფუძნებელი კრებაა, და თავის თავად ცხადია რომ შეწყნარების უფლებაც ისევ დამფუძნებელ კრებას აქვს.

საჭიროა განხორციელება უფლებისა და სხვა არაფერი. როცა შემოვა თხოვნა უნდა გადაეცეს... (ხმა: სად?) ბატონებო, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ აირჩევთ, რომელიმე კომისიას, რომელსაც მიანდობთ, რომ განიხილოს თხოვნები. თუ აღმოჩნდება თხოვნა, რომელიც შეეხება სამოქალაქო საქმეებს იმის განხილვა საჭირო არ არის. მაგრამ არის ისეთი თხოვნები, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს. ამისთანა თხოვნები განხილულ უნდა იქმნას და სადაც შესაძლებელია, სასჯელი შემსუბუქებული. ეს ჰუმანიური იდეა არის. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ამისთანა წინადადებისა.

ჩემი თხოვნა არის, - მომხსენებელმა უკან წაიღოს თავის წინადადება, ან კრებამ დაადგინოს, რომ აირჩეს მცირე კომისია, რომელსაც დაევალება განხილვა ყველა ამისთანა თხოვნებისა. მე მგონია თავის აზრს, რომ წარმოადგენს კომისია, შეიძლება იგი გავიზიაროთ; თუ წინადადება იქნება სასჯელის მოხსნის შესახებ, და თქვენ ამ დადგენილებას მიიღებთ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება არა მარტო დამნაშავესთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვისაც. ეს ისეთი მოვლენაა, ეს ისეთი მოთხოვნილებაა კაცის ბუნებისა, რომ ყოვლად შეუძლებელია ამის წინააღმდეგ წავიდეთ. არ შეიძლება მოუსპოთ იმედი ყოველივე იმ პირთ, რომელნიც დამნაშავენი არიან, და იმათ, რომელნიც შეიძლება დამნაშავენი არ იყვნენ. დანაშაულობა, ეს საზოგადო სოციალური მოვლენაა, რომლის ხასიათი და ფერი იცვლება ისე, როგორც იცვლება პოლიტიკური წესწყობილება. ერთ ხუთი წლის წინათ თქვენ ყველანი შეიძლება ჩამოხრჩობილნი ყოფილიყავით მართალია, თუ არა? (სოციალ-დემოკრატების მხრივ: ვერ მოასწარით) მე მაშინაც ციხეში ვიჯექი და შეიძლება თქვენც ჩამსვათ. როდესაც დანაშაულობა ასეთი ბუნების, ასეთი ხასიათისა არის, აუცილებელია შეწყალების ინსტიტუტი. ეს ყველგან არის. ამიტომ ჩემი წინადადებაა უარვყოთ ეს წინადადება, რომელიც არის შემოტანილი. მერე კომისია ავირჩიოთ ამ თხოვნების განსახილველათ და იმას დავავალოთ წარმოადგინოს თავისი დასკვნა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნინიძეს.

კირილე ნინიძე. (ს. დ.) ბ. გვაზავამ განაცხადა, რომ აქ პარტიული არაფერიაო. მე მართალი მეგონა, და როცა მოვისმინე იმის საბუთები, დავრწმუნდი სწორეთ წინააღმდეგში.

რაშია საქმე?

აქ მარტივი დებულება არის: დამფუძნებელ კრებამ მიანდო კომისიას წარმოადგინოს თავისი მოსაზრებანი, თუ რა ბედი უნდა ეწვიოს იმ თხოვნებს, რომელნიც შემოსულია და რომელნიც შეიძლება შემოვიდნენ ამის შემდეგ. ბ. გვაზავა ამბობს, რატომ არ აწერია ამას „კანონი“, ან „დეკრეტი“. ბატონებო, ამას აწერია „დადგენილება“, ეს არის კომისიის აზრი, რომელმაც აქ წარმოადგინა, და შემდეგ თუ დამფუძნებელი კრება გაიზიარებს ამ აზრს, ეს იქნება დადგენილება დამფუძნებელ კრებისა. ბატონებო, ეს ისე მარტივი საქმეა, მე მგონია, რომ ყველას უნდა შეეძლოს ამის გაგება (გვაზავა: საჭირო არ არის, მე ვთქვი). მაგრამ, აქ არის რაღაც პარტიული ჟინიანობა. ეს პარტიული ჟინიანობა გამოიხატება უბრალო ოპოზიციონერობაში. რატომ? იმ პატარა პარტიებს, რომლებიც დღეს უმცირესობაში არიან, განზრახვა აქვთ, რომ ყველა საკითხზე ააგონ რაღაც გაუგებრობა. (ხმაურობა) მე მესმის, რომ ეს უკიდურეს მემარცხენეებმა ჩაიდინონ, მაგრამ როდესაც ამას სჩადის წარმომადგენელი სახელმწიფოებრივ პარტიისა... (გვაზავა: შეწყნარება არ უნდა იყოს სახელმწიფოში?) ჰო, და, მე მგონია, სწორეთ სახელმწიფოებრივ პარტიის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ არა მარტო დამნაშავეს აქვს უფლება, - დამფუძნებელ კრებასაც აქვს უფლება (გვაზავა; მერე რა?). თქვენ იმდენს ლაპარაკობთ დამნაშავის უფლებაზე, და ერთხელაც არ სთქვით, რომ რა უფლება აქვს დამფუძნებელ კრებას (გვაზვა: კარგათ დაგიგდიათ ყური!)

თქვენ ბრძანებთ, უსათუოთ დამფუძნებელმა კრებამ უნდა გაარჩიოს ეს საკითხიო. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ დამფუძნებელ კრებას აქვს უფლება, მაგრამ ის იქცევა იმის და მიხედვით, თუ რამდენათ ესა თუ ის ნაბიჯი იქნება მიზანშეწონილი, რომ ესა თუ ის ნაბიჯი, რომელსაც ის გადასდგამს, შეეფერება სახელმწიფოებრივ ინტერესს. ეხლა მე მოგახსენებთ რაშია აქ დავა. აქ ბრძანეს, რომ დამნაშავეს უფლება აქვს შეწყნარება ითხოვოს და იმიტომ უსათუოთ არსებითად უნდა გავარჩიოთ მისი თხოვნაო. ბ. გვაზავა ამას ასაბუთებს იმით, რომ თვითმპყრობელობის დროს ამის უფლება ჰქონდა ხელმწიფეს და დღეს დამფუძნებელ კრებასო. მე მგონია, რომ ჩვენმა ეროვნულმა საბჭომ, რომელიც შემდეგ პარლამენტათ გამოცხადდა, 26 მაისს მიიღო დამოუკიდებლობის აქტთან ერთად ის დებულება, რომ ყველა ის კანონი, რომელიც არ არის გაუქმებული, ძალაში რჩება. ძველი კანონებით შეწყნარების უფლება ჰქონდა ხელმწიფე იმპერატორს და შემდეგ დროებით მთავრობას, რომელიც იყო პეტროგრადში; და ამ დროებით მთავრობის შემდეგ ეს უფლება გადმოვიდა ჩვენს მთავრობაზე (გვაზავა: ჰო! ამაშია საქმე?) დღემდის კი ამ მთავრობას შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. ეხლა, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლიან ეს უფლება წავართვათ მთავრობას, თუ დავინახავთ, რომ ეს საჭიროა. აქ რომ ირჩეოდეს რომელიმე პრინციპიალური საკითხი, მაგალითად საერთო ამნისტიის შესახებ, ეს მესმის. მთავრობას ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას, რომ ამნისტია გამოაცხადოს. ჩვენ მაშინ მივიღებთ კანონს თუ ამას საჭიროთ დავინახავთ, ან თუ ვინმე კეთილ ინებებს და შემოიტანს შესაფერ კანონს. მაგრამ აქ საკითხი ეხება არა ამნისტიას, არა საერთო კატეგორიის განსაზღვრას, არამედ კონკრეტიულ შემთხვევებს, კონკრეტიულ თხოვნათ (ხმაურობა) ბატ. გვაზავა, და ბატ. ბარათაშვილი გვირჩევენ, რომ აქ დავიწყოთ საკითხის გარჩევა. მაგრამ, რამდენათ მიზანშეწონილი და მოსახერხებელია ეს? (გვაზავა: შვეიცარიაში?) როგორ შეიძლება, რომ ვარჩიოთ ამდენი საკითხები?, თქვენ იცით, რომ დამნაშავენი ბევრნი არიან. ბევრს აქვს გადაწყვეტილი სიკვდილით დასჯა, ზოგს კიდევ სხვა სასჯელი, და თუ ჩვენ მივიღებთ თქვენს აზრს, დავიწყებთ სხდომაზე, თხოვნების გარჩევას, ცხადია მაშინ დამფუძნებელი კრება გადიქცევა სასამართლო უწყებათ, სასამართლო უწყების აპარატათ.

ბ. ბარათაშვილი ბრძანებს: დამფუძნებელ კრებას, თითონ არ შეუძლიან ეს, ამისთვის მან უნდა გამოყოს კომისიაო, მაგრამ, მე თქვენ გეკითხებით, რა უნდა ქნას ამ კომისიამ პრაქტიკულათ? დაადგება თუ არა უბრალო გულკეთილობის გზას და იტყვის „ივანე შეიწყალოს, - ხოლო პეტრეს არ შეუმსუბუქდეს სასჯელი?“

თავის თავათ ცხადია, რომ კომისიამ არსებითათ უნდა განიხილოს საქმე, უნდა გაეცნოს იმ მასალებს, რომელიც არის ამა თუ იმ დასჯილ პირის შესახებ მოგროვილი. მე ვეკითხები ბ. ბარათაშვილს, რომელიც იურისტი ბრძანდება, როგორ შეუძლიან კომისიას, რომ იმის შესახებ აგროვოს მასალები! (გვაზავა: როგორ ხდება შვეიცარიაში?) (თავმჯდომარე: უმორჩილესათ გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ) ბ. გვაზავამ იცის რა კანონი არის შვეიცარიაში, და უნდა იცოდეს, რა კანონები გვაქვს ჩვენ. საგანგებო სასამართლო, კანონის ძალით, არა სწერს ოქმში მოწმების ჩვენებას; როდესაც საგანგებო სასამართლო საქმეს გადასწყვეტს და გამოიტანს რამე განაჩენს და როდესაც თქვენ ამ საქმეს შეუდგებით, - რეზოლიუციის მეტს იქ ვერაფერს ნახავთ. და მე გეკითხებით თქვენ, როგორ შეგიძლიანთ ამ საქმის შესახებ იქონიოთ მსჯელობა, შეუმსუბუქოთ თუ არ შეუმსუბუქოთ? (ხმა: მთავრობას როგორ შეუძლიან?) თავის თავათ ცხადია, რომ მაშინ მოწმებს უნდა დაეკითხოთ. თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ ჩვენ ამით უსათუოდ გვინდა მთავრობას მივანიჭოთ რაღაც პრეროგატივები. ჩვენ ამას არ მოგახსენებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ დამფუძნებელი კრება ამას ვერ შესძლებს, ამას ვერ გააკეთებს.

რაც შეეხება შემდეგ - წესს, ამისთვის საჭიროა გამოიცეს წესი, გამოიცეს კანონი, რომელიც განსაზღვრავს იმ მოვალეობას, იტყვის თუ ვის ეკუთვნის ეს უფლება, ეკუთვნის პარლამენტს, მთავრობას თუ სხვა რაიმე ორგანოს. ეგ შემდეგი საკითხი იქნება, მაგრამ დღეს კითხვა იმაშია, რითი იხელმძღვანელოს დამფუძნებელმა კრებამ, რომ მართლაც შესძლოს ამ საქმეების გარჩევა, შეუძლიან თუ არა ფიზიკურათ, და აქვს თუ არა ამის საშუალება, კიდევაც რომ დაწვრილმანდეს, რომ დაიწყოს ამ საქმეების გარჩევა. მე ვამბობ, რომ დამფუძნებელ კრებას ეს დადგენილება დაწვრილმანებამდის მიიყვანდა. იმ ოპოზიციას, რომელიც აქ ოპოზიციონერობს, სურს, რომ ეს დამფუძნებელი კრება გადაიქცეს რაღაც კომისიათ, თორემ ამ ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ რამდენიმე ასი საქმეა მოგროვილი, სასამართლოში და როდესაც არსებითათ შევუდგებით ერთი საკითხის გარჩევას, როგორც არ უნდა იყოს შედეგი: უარყოფითი, თუ დადებითი, თავის თავათ ცხადია, ყველა ისინი თქვენ მოგმართავენ, და არის თუ არა, შეეფერება თუ არა დამფუძნებელ კრების ღირსებას, გამომდინარეობს მისი მუშაობის ინტერესიდან, რომ შეუდგეს ამ წვრილმან საკითხის გადაჭრას... (გვაზავა: სამართალია!) სიმართლისთვის, ბ. გვაზავა, არსებობს სასამართლო, თქვენგან არა ერთხელ გაგვიგია, რომ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელშიაც ადმინისტრაცია და სხვა ვინმე არ უნდა ჩაერიოს. აი, ბატონ ბარათაშვილის ლოღიკა მესმის მე. იმან იცის, რომ მართლა შეცდომა შესაძლებელია, მაგალითათ ჟორესის მკვლელი გაამართლეს. როგორ უნდა ბარათაშვილს, - ხომ არ სურს რომ დაიჭიროს დამფუძნებელმა კრებამ სასამართლოს მიერ გამართლებული პირი. თავის თავათ ცხადია, რომ ამ საქმეში ჩვენ არ ვერევით, აქ ჩარევა შეუძლებელი არის, გარდა ამისა, რომ ჩვენ ამით დავცემთ პრესტიჟს თვით სასამართლოისას, დამოუკიდებელ სასამართლოს პრინციპს. ჩვენ არა ერთხელ გაგვიგონია, რომ სასამართლოს პრესტიჟი უნდა მაღლა იდგეს, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ამ სასამართლოს დადგენილებაში. და დღეს კი თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ ამ სასამართლოს დადგენილებაში, ეს ჩვენ შეუძლებლათ მიგვაჩნია.

აქ არის ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც გამოსთქვა სოც.-რევოლიუციონერების წარმომადგენელმა. აქ არის საკითხი სიკვდილით დასჯის შესახებ. ეს მე მესმის, ეს პრინციპიალური დავა არის. მაგრამ, ბატონებო, ჩვენ გვაქვს კანონი პარლამენტის მიერ მიღებული სიკვდილით დასჯის. (ხმაურობა), ავია ეს კანონი, თუ კარგია, დღეს ეს კანონია. და ვისაც უნდა ამის გამო ასტეხოს პრინციპიალური დავა, ვისაც უნდა კანონი შესცვალოს, მან უნდა შემოიტანოს ისეთი კანონ-პროექტი, რომელშიაც იქნება ნათქვამი: კანონი სიკვდილით დასჯისა უნდა გაუქმებული იყოს, და უნდა მოისპოს. მაგრამ, რატომღაც აგრე არ იქცევით... (ხმაურობა). რა ბრძანეთ? (თავმჯდომარე: უმორჩილესათ გთხოვთ, ნუ ლაპარაკობთ). დიახ, თუმცა თქვენ დეკლარაციაში დაგვპირდით, მაგრამ თქვენ დეკლარაციის დავალება არ შეასრულეთ. ჩვენ ვერ ვიხილეთ ასრულება თქვენი დაპირებისა, თქვენ ვერ წარმოადგინეთ დასაბუთებული კანონ-პროექტი, რომელიც მოითხოვს, სიკვდილით დასჯის გაუქმებას. მაგრამ წარმოადგენთ - მაშინ ვილაპარაკოთ. დღეს კი წარმოდგენილია კერძო შემთხვევა. წარმოდგენილია თხოვნები და ამ თხოვნებზე არის ლაპარაკი, და არა სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე, და თუ თქვენ არ მოგწონთ კანონი, რომელითაც შემოღებულია სიკვდილით დასჯა, თქვენ შეგიძლიანთ გააუქმოთ ის კანონი, მაგრამ, სანამ არ არის მოსპობილი ეს კანონი, ამ კონკრეტიულ შემთხვევაზე უნდა ვილაპარაკოთ, და ეს კონკრეტიულ შემთხვევა არ გვაძლევს არავითარ საბუთს, რომ გავარჩიოთ ყოველი თხოვნა არსებითად. აქ, მართალია, არის კითხვა სიკვდილით დასჯისა. ეს თხოვნა მთავრობას უკვე გაურჩევია და უარი უთქვამს. თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ არ ვართ თქვენზე ნაკლები გულკეთილნი, და თუ გულკეთილობაზე აშენებენ ფედერალისტები და ეს ერები სახელმწიფოს, მაგრამ მიკვირს ბ. გვაზავა როგორ ფიქრობს სახელმწიფო ააშენოს გულკეთილობაზე. (გვაზავა: შეწყნარება). რაც შეეხება შეწყნარებას, ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს-დღეობით ეს კითხვა, შეწყნარებისა გადასულია მთავრობაზე, მთავრობას შეუძლიან ამაზე იმსჯელოს. თუ დაარღვევენ კანონს, ჩვენ ამის შესახებ შეგვიძლიან შეკითხვა შევიტანოთ, და მთავრობას პასუხი ვაგებიოთ. ჩვენ კი არ ვთვლით მიზანშეწონილათ კერძო შემთხვევები გავარჩიოთ; ეს იქნება (ხმა: ანარქია!) შელახვა დამფუძნებელ კრების პრესტიჟისა (გვაზავა: პირიქით!) და თუ თქვენ გგონიათ, რომ დამფუძნებელ კრების პრესტიჟს, ინტერესს იცავთ, მე მგონია ამით თქვენ შეცდომაში ვერავის ვერ შეიყვანთ. ჩვენ კარგათ ვიცით თქვენი პროგრამა, თქვენი წარსული მოქმედება, თქვენი აწმყო, და ჩვენ ვიცით, რომ დამფუძნებელი კრება, რომელიც ამყარებს დემოკრატიულ რესპუბლიკას, შორს სდგას თქვენს იდეალებთან. და მე მიკვირს, რომ თქვენ რაღაც უკიდურეს დემოკრატიზმს იცავთ... ეს თქვენ სხვას მიანდეთ და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიანთ (გვაზავა: მე სწორეთ ნამდვილი დემოკრატი ვარ, და თქვენ კი პროლეტარიის დემოკრატი!).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს რ.) მოქალაქენო! მე მგონია, რომ ჩვენ არ გვსურს გავიგოთ ეს საკითხი, თორემ ის სრულიად ადვილი გადასაწყვეტია,

გვეუბნებიან: „შემოიტანეთ კანონპროექტი, გააუქმეთ ის კანონი, რომელიც არსებობს, და სიკვდილით დასჯა, როგორც საზიზღარი ინსტიტუტი, მოისპობაო“. თქვენ გემახსოვრებათ ჩვენი ფრაქციის დეკლარაცია, რომელიც მოხსენდა დამფუძნებელ კრებას პირველ სხდომაზე. ჩვენ იქ მოვითხოვთ სიკვდილით დასჯის ინსტიტუტის გაუქმებას. შესაძლებელია ჩვენ ცალკე კანონპროექტიც შემოვიტანოთ დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ არ ვიცი, რა ბედი ეწვევა ამ კანონპროექტს კომისიაში. და დამფუძნებელ კრებამდისაც, რომ მოაღწიოს სიკვდილით დასჯის გაუქმების კანონპროექტმა, მას აქ მაინც დაასამარებენ.

სოციალ-დემოკრატიულ პარტიის მეთაურმა ბ. ნოე ჟორდანიამ პირველ სახელმწიფო სათათბიროში ხმა მისცა სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მაშასადამე სრულიად ბუნებრივი იქნება, რომ თვით სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია შემოიტანდეს დამფუძნებელ კრებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების კანონპროექტს, მაგრამ, ალბათ, სოც.-დემოკრატები ეხლა ისეთ პირობებში იმყოფებიან, რომ ისინი აშკარად გაურბიან და უარყოფენ იმას, რასაც ისინი ოდესმე იცავდნენ. მაგრამ ეხლა სრულიად ზედმეტია ამაზე ლაპარაკი.

ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელი და ჩვენ ამ ფაქტიდან გამოვდივართ, როცა მოვითხოვთ, რომ დამფუძნებელმა კრებამ განიხილოს იმ პირთა თხოვნები, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილნი და რომელნიც შეწყნარებას თხოულობენ.

სასამართლოს, საქმის გარჩევის შემდეგ, გამოაქვს თავისი განაჩენი დამნაშავე პირისათვის, სასამართლოს განაჩენი უნდა იქნეს სისრულეში მოყვანილი. აი სწორედ ამ დროს შემოაქვს დამნაშავეს შეწყნარების თხოვნა დამფუძნებელ კრებაში. დამნაშავე იმას-კი არ მოითხოვს, რომ თქვენ ხელ-ახლა არსებითად გაარჩიოთ მისი საქმე, ის ითხოვს თქვენგან შეწყნარებას, სასჯელის შემსუბუქებას. ეს მომართვა დამფუძნებელ კრებისადმი უკანასკნელი იმედი და ნუგეშია სიკვდილით მისჯილ პირთათვის და ამ უკანასკნელ იმედს თქვენ მათ ვერ წაართმევთ. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა არც ერთი დესპოტიური სახელმწიფო, რომელსაც წაერთმიოს დამნაშავე და განსჯილ პირთათვის შეწყნარების თხოვნით მიმართვის უფლება.

რამოდენიმე პირი, რომელთაც სასამართლოს მიერ სიკვდილით დასჯა აქვთ გადაწყვეტილი, მოგვმართავენ ჩვენ და გვთხოვენ სასჯელის შემსუბუქებას. ისინი მოგვმართავენ ჩვენ, დამფუძნებელ კრებას, როგორც უმაღლეს ორგანოს სახელმწიფოში და მუხლმოდრეკილნი ითხოვენ შეწყნარებას, მდგომარეობის შემსუბუქებას. დამფუძნებელ კრებას უფლება აქვს და ის ვალდებულიც არის შეწყნარების თხოვნები განიხილოს. დამფუძნებელ კრებას შეუძლია ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად აპატიოს დამნაშავე პირს სასჯელი, ზოგიერთ შემთხვევაში შეუმსუბუქოს და ზოგიერთ შემთხვევაშიც-კი სრულიად უყურადღებოთ დასტოვოს დამნაშავე პირის თხოვნა. ყველა ამის უფლება აქვს მხოლოდ დამფუძნებელ კრებას. შეუძლებელია, ამბობდენ, ჩემს წინ მოლაპარაკე ორატორები, რომ დამფუძნებელმა კრებამ მიიღოს თავის თავზე კერძო პირთა თხოვნების განხილვა, რადგანაც ასეთი პრეცედენტი, რომ შევქმნათ, აუარებელი თხოვნა შემოვა, დამფუძნებელ კრება დაწვრილმანდება, თუ თხოვნების განხილვას შეუდგაო.

მართალია, თხოვნების განხილვის ტეხნიკური საშუალებაც უნდა გამონახოს დამფუძნებელმა კრებამ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ჩვენ ჯერ პრინციპიალურად უნდა გადავწყვიტოთ უმთავრესი საკითხი, უნდა განიხილოს თუ არა დამფუძნებელმა კრებამ საერთოდ ყველა თხოვნები, რომლებითაც მოქალაქენი მიმართავენ თვით დამფუძნ. კრებას. თუ ყველა თხოვნებს დამფუძნებელი კრება არ განიხილავს, შესაძლებელია იმ პირთა თხოვნები მაინც განიხილოს, რომელთაც სასამართლოს განაჩენით სიკვდილით დასჯა აქვთ გამოტანილი. თუ ჩვენ ამ საკითხს დადებით გადავსჭრით, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ თხოვნების განხილვის ტეხნიკურ საშვალებაზე.

ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად ამოვირჩიოთ განსაკუთრებული კომისია, რომელშიაც შევა ყველა ფრაქციის წარმომადგენელი. ეს კომისია ვალდებული იქნება განიხილოს დამფუძნებელ კრების სახელზე შემოსული თხოვნები; წვრილმანი თხოვნები შეიძლება არ გაარჩიოს ამ კომისიამ, შეიძლება კომისიამ სხვა და სხვა მსვლელობა მისცეს სხვა და სხვა ხასიათის თხოვნებს, მაგრამ კომისიამ უსათუოდ უნდა განიხილოს იმ პირთა თხოვნა, რომელთაც მისჯილი აქვთ სიკვდილით დასჯა და რომლებიც შეწყნარებას, ან სასჯელის შემსუბუქებას თხოულობენ. ისეთი სასჯელის სისრულეში მოყვანა, როგორიც არის სიკვდილით დასჯა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს ჩვენგან. თუ რომელიმე პირი ჩამოახრჩვეს, შემდეგ კიდეც რომ გამოირკვეს მისი უდანაშაულობა, ყოვლად შეუძლებელია საიქიოდან მისი დაბრუნება. შესაძლებელია, სასამართლო შეცდა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის დროს და თუ ჩვენ ამ შემთხვევაში დამნაშავე პირს ეს უკანასკნელს საშუალება - მომართვა დამფუძნებელი კრებისადმი, მოვუსპოთ, მაშინ ჩვენ თვითონ ჩავიდენთ დიდ უსამართლობას.

ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება წავართვათ ეს უკანასკნელი იმედი ისეთ უბედურ პირთ, რომელთაც ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ შეცდომით სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამიტომ ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ დამფუძნებელმა კრებამ უსათუოდ ასეთი თხოვნები განიხილოს, ამათანავე ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით, რომ შეწყნარების უფლება მივანიჭოთ ერთ რომელიმე პირს, მაგალითად პრეზიდენტს, ან და აღმასრულებელ ორგანოს - მთავრობას. შეწყნარების უფლება უნდა შეადგენდეს მხოლოდ დამფუძნებელ კრების პრეროგატივას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. ჩემი აზრი გაიმეორეს, მაგრამ დამფუძნებელ კრების წევრს ნინიძეს ვერ გაუგია.

მე პირდაპირ განვაცხადე, კომისიამ კი არ უნდა განიხილოს, კომისიამ უნდა დაიმუშავოს სათანადო კანონ-პროექტი.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეს საკითხი შეწყალებისა და სასამართლოს დადგენილების შესახებ არ არის საკითხი საფილანტროპიო. ეს არის უფლებრივი საკითხი, ყოველივე სახელმწიფოს კანონში არის აღნიშნული შეწყალების კითხვა. (ხმა: მართალია!) აი აქ ბრძანებენ, რომ მართალიაო, ჩვენ სწორეთ ამ სამართალს მივდევთ. და სწორეთ ჩვენ გვინდა, რომ კანონი შეიქმნეს. ჩვენ ვამტკიცებთ,რომ ეს პრეროგატივაა დამფუძნებელ კრებისა და ჩვენ გვინდა, რომ ეს პრეროგატივა კანონში ჩამოყალიბდეს. (არსენიძე: თანახმა ვართ!) თქვენ ბრძანებთ, რომ თანახმა ვართო, მაშინ მე ვერ გამიგია თქვენი საწინააღმდეგო აზრი. მე მოგახსენებთ, რომ ამისთანა უფლება ჩვენ მთავრობას არა აქვს, მე პასუხი მივიღე მითომ ჩვენი უფლება გადავეცით ჩვენ მთავრობასაო. ეს ბრძანა კრების წევრმა ნინიძემ. კიდევ ბრძანა, რომ რუსეთის ახალმა მთავრობამ მიიღო ეს კანონიო. ეს ესე არ არის. მე სხვანაირად მესმის. რუსეთის დროებით მთავრობამ გააუქმა სიკვდილით დასჯა, მერე კიდევ შემოიღო, მაგრამ არავითარი კითხვა არ იყო აღძრული შეწყნარების უფლებების შესახებ. რუსეთის დროებითი მთავრობა იყო აღჭურვილი უზენაესი უფლებებით. რევოლიუციონური წესით ყველაფერი დასაშვებია. მაგრამ აქედან ვერ გამოვიყვანეთ დასკვნას, რომ ჩვენც უნდა მივბაძოთ. მე მიგითითებთ იმაზე, რომ კანონი უნდა შეიქმნას იმის შესახებ, აქვს თუ არა მთავრობას უფლება შეწყნარებისა? კრების წევრმა ნინიძემ, გვამცნო, რომ მთავრობამ უარი განაცხადაო, ბრალდებულის თხოვნაზე, მე მგონი რომ ეს არის უკანონო ქმედება, ჩვენ ვდგევართ უფლებრივ ნიადაგზე, მარტოკა კეთილ სურვილზე არ არის ლაპარაკი თქვენ წინაშე.

მე ვამბობ იურიდიული კომისია იქნება, თუ სხვა რაიმე კომისია, ან მთავრობა, ამის შესახებ კანონ-პროექტი დამუშავებული უნდა იქნას.

ამისდამიხედვით აღარ გავაგრძელებ სიტყვას, რადგანაც ჩემი აზრი ნათელი იყო. შემომაქვს შემდეგი წინადადება: (კითხულობს)

„მოხსენება სასამართლოს განაჩენების გამო შემოსულ არზების განხილვის შესახებ დაუბრუნდეს იურიდიულ კომისიას სათანადო კანონპროექტის შესამუშავებლად, მხოლოდ მსვლელობა შემოსულ თხოვნებისა და შუამდგომლობათა შეჩერდეს და სისხლის სამართლის განაჩენები არ იქნეს სისრულეში ჯერ ჯერობით მოყვანილი“.

თავმჯდომარე. კამათი შეწყვეტილი გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

დავით ონიაშვილი. ერთი ქართული ანდაზა არის: „რძეზე შეშინებული დოს უბერავდაო“; სოციალ-რევოლიუციონერები ამას ამართლებენ. სოციალ-რევოლიუციონერების წარმომადგენელს ყველგან მონარქია ელანდება. ელანდება იქ, სადაც მონარქიის აჩრდილიც არ არის. ამ დადგენილებაში სხვათაშორის, ესერების წარმომადგენელმა დაინახა რაღაც ტენდენცია, და მონარქიის შექმნის სურვილი. მაგრამ თითონაც მშვენივრად იცის, რომ ასეთი სურვილი სრულიათაც არ არის ჩვენში. აქ საკითხი უბრალოთ სდგას. საერთოდ აქ არ არის დასმული უფლებრივი საკითხი. დამფუძნებელი კრება შეწყნარების და შეცვლის უფლების სასამართლოს დადგენილებისას არავის არ უთმობს. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ მიზანშეწონილობის მხრივ უკეთესათ იქნებოდა ყველა ახალი საკითხი არ განეხილა დამფუძნებელ კრებას (ხმა: ესე იგი უთმობს მთავრობას!) მე მართალი ვთქვი, რომ სხვანაირი დადგენილება, ამ საკითხში შექმნის დიდ ტეხნიკურ დაბრკოლებას. კრების წევრმა შენგელაიამ ამაზე მიპასუხა რომ, ასეთივე დაბრკოლება იქნება მთავრობისთვის. ეს არ არის მართალი. აქ 130 კაცზედ მეტი არის, მთავრობაში კი სულ 5 კაცია.

მე კიდევ ვიმეორებ რომ, დამფუძნებელი კრება თავის უფლებაზე სრულიად არ იღებს ხელს. და თუ მოხდა ქვეყნის შემაშფოთებელი საქმე, როგორც ჟორესის მოკვლა, რაზედაც მიგვითითა სოციალ-ფედერალისტების წარმომადგენელმა, მე მაშინაც ვსთქვი და ეხლაც ვიმეორებ, დამფუძნებელ კრებას სრული უფლება აქვს ჩაერიოს ასეთ საქმეებში და გამოიტანოს კონკრეტიული დადგენილება, ამა თუ იმ საქმის შესახებ, რომელსაც მართლა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

შემდეგ გადავდივარ იმ მოსაზრებაზე, რომელიც წამოაყენა სოც., ფედერ. წარმომადგენელმა. ჩემის აზრით, ის აზრი, რომ აქ ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე, და სამოქალაქო პროცესი კი სულ სხვაა, ასეთი დაყოფა საკითხებისა მაშინ, როდესაც ლაპარაკი არის შეწყნარების საკითხზე, შეუძლებელია, დადგენილების სათაური ასეთია; „იურიდიულ კომისიის დადგენილება, სასამართლოს განაჩენის გამო შემოსულ არზის განხილვის“.

აქ ლაპარაკი არ არის სისხლის სამართლის საქმეებზე, არც სამოქალაქო საქმეებზე. ის მოსაზრება, რომ სისხლის სამართლის საქმეებს უფრო მეტი წონა და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამოქალაქო საქმეებსო, მე მგონია, შეცდომა უნდა იყოს. ასე მსჯელობს უბრალო სოფლის კაცი. მისი წარმოდგენით სისხლის სამართლის საქმეებში ყოველთვის სისხლი ურევია, ყოველთვის სახრჩობელაზე არის ლაპარაკი, კაცის კვლაზე, და ამიტომ ასეთ საქმეებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე სამოქალაქო საქმეებს. მაგრამ თუ საქმეს საბოლოო შედეგის მხრივ შეხედავთ, სამოქალაქო პროცესს ისეთივე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, როგორც სისხლის სამართალს. მაშასადამე საკითხი პრინციპიალურად უნდა იქნეს დაყენებული. დამფუძნებელი კრება ან ერევა ყველა საქმეებში, ან და არც ერთ საქმეში არ ერევა.

ბ-ნ გვაზავას შენიშვნის შესახებ მე ბევრს არას ვიტყვი.

მან შვეიცარიაზე მიგვითითა, და გვითხრა: შვეიცარიაში ეს არის და ჩვენშიაც ეს უნდა იყოსო,. ბ. გვაზავასაგან სხვაგან ხშირად გამიგონია, საყვედური, რომ ჩვენ დასავლეთ ევროპის მაგალითებს ვბაძავთ. ეხლა კი თვითონ ხელმძღვანელობს ამ მაგალითებით, როდესაც სრულიად არ არის საჭირო ცხრა მთას იქით წასვლა. როდესაც ჩვენ ანარქიის ქარტეხილი ვერ მოგვიშორებია თავიდან, მიბაძვა შვეიცარიისა სრულიად უსარგებლოა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დამფუძნებელ კრებამ მიანდოს ეს საქმეები რომელიმე კომისიას, ალბად ეს იურიდიულ, კომისია იქნება, იქ უმალ ათასობით შემოვა თხოვნები (გვაზავა: შეწყნარება უნდა იყოს თუ არა?) არ ვიცი რას დაარქმევთ ამ კომისიას, მაგრამ მე ერთი უნდა ვთქვა: კომისიებით, რომ საქმე კეთდებოდეს, ჩვენზე ბედნიერი ერი დედამიწის ზურგზედ არ იქნებოდა. ამ მიზნით დაარსებული კომისია ძალაუნებურად სასამართლოდ გადაიქცევა. (გვაზავა: შეწყალება) დიახ ჩვენ, რომ ასეთი წინადადება მივიღოთ, მაშინვე დაეცემა ავტორიტეტი სასამართლოსი. ისეთ სახელმწიფოში, სადაც კომისიას შეუძლიან სასამართლოს დადგენილების შეცვლა, მოსამართლეობას არავინ იკისრებს. რასაკვირველია შეწყნარება უნდა იყოს, ჩვენ მოქალაქეს ვერ წავართმევთ ამის უფლებას, მაგრამ ამ შეწყნარებას ყოველთვის აქვს თავის კანონი, და წესი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ დამფუძნებელი კრება ამისთანა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ვიდრე არ იქნება მიღებული სათანადო კანონი, მანამდის (გვაზავა: მანამ ჩამოვახრჩოთ!) დარჩება დღევანდელი წესი.

რაც შეეხება ფედერალისტების განცხადებას, მე მოვიგონებ, რომ მაგათი წარმომადგენელი არის იურიდიულ კომისიაში, და რამდენადაც მახსოვს, როდესაც ეს საკითხი ირჩეოდა კომისიაში, მან მხარი დაუჭირა, სწორეთ იმ დებულებას, რომელიც გამოხატული არის ამ კანონში.

თავმჯდომარე. ამრიგად კამათი დამთავრებული გახლავთ. შემოსულია ესერების წინადადება, რომ ეს საკითხი დაუბრუნდეს კომისიას. მე კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე უარყოფილია.

ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

დავით ონიაშვილი. (კითხულობს).

საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შემოსული თხოვნები და შუამდგომლობანი, რომელნიც სასამართლოს განაჩენის შეცვლას შეეხება, - დამფუძნებელი კრების მიერ განუხილველი რჩება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ.) ფრაქციის სახელით შემომაქვს წინადადება: „იურიდიულ კომისიის დადგენილება“ შეიცვალოს ასე: დამფუძნებელი კრების დადგენილება.

ჩვენ ხომ კომისიის დადგენლებას არ მივიღეთ. მიღებულია დამფუძნებელ კრების დადგენილება. ესე უნდა შეიცვალოს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

დავით ონიაშვილი. მე თანახმა, ვარ, რომ ასე იყოს.

თავმჯდომარე. წინადადება ასეთი გახლავთ; რა სათაური იყოს: „დამფუძნებელი კრების დადგენილება“, „იურიდიულ კომისიის დადგენილების“ მაგიერ.

კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

პირველ მუხლს უყრი კენჭს. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი?

მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

ეხლა სიტყვა ეკუთვნის მთავრობის წარმომადგენელს განცხადებისთვის.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება.

ევგენი გეგეჭკორი. მოქალაქნო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

საქართველოს მთავრობამ ბრძანება მისცა სოჭის ფრონტზე მდგომ ჩვენ ჯარებს გადავიდეს მდინარე ბზიბი, დაიკავოს გაგრის ოლქი და სტრატეგიული ჩვენი პუნქტი მდინარე მეხადირი.

ზედმეტია თქვენს წინაშე ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ნაბიჯი ფრიად საპასუხისმგებლოა. მაგრამ მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ის სთვლის თავის თავს მოვალედ ქვეყნის და რესპუბლიკის წინაშე, რომ ეს ნაბიჯი გადასდგას.

მე მინდა ეხლა მხოლოდ შევაჩერო თქვენი ყურადღება იმაზე, თუ რა პირობებში მოხდა ეს და რამ აიძულა მთავრობა მიეღო ეს გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ სოჭის ფრონტის ისტორია ხანგრძლივია. მას აქვს სამი თვის ისტორია. თქვენ გახსოვთ ძალიან კარგათ, რომ მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა სიტყვიერი და წერილობითი გარანტია მოკავშირეთა სარდლობის მიერ მიცემული, რომ დენიკინის ჯარები არ გადმოლახავენ სოჭის ოლქს, მიუხედავათ ასეთ გარანტიისა, მაინც დენიკინმა და მისმა შტაბმა, ჩვენ ამას თამამად ვლაპარაკობთ, მოაწყო აჯანყება სოჭის ოლქში, ისარგებლა ამით და ვერაგულათ დაეცა ჩვენ ჯარებს. მან დაიკავა სოჭის და გაგრის ოლქები და მოვიდა მდ. ბზიბამდე. სწორედ ამ დროს აქ ჩვენ გვქონდა უკვე საქმე აქტიურ ჩარევასთან ინგლისის მხრივ და ინგლისელებმა ჩვენ და მოხალისე ჯარის შორის თავისი პიკეტები ჩააყენეს. მასთან განუცხადეს საქართველოს მთავრობას, რომ ისინი ამ საკითხს, მოაგვარებდნენ დიპლომატიურის გზით. მე მოგაგონებთ, მოქალაქენო, იმასაც, რომ სწორედ ორი თვის წინ სტამბოლის სარდლობამ გენ. მილნის სახით გვამცნო ჩვენ და მთელ ქვეყანას, ვიტყვი მე, რომ მან მისცა კატეგორიული ბრძანება დენიკინის შტაბს სოჭის ოლქი დაეცალა, მაგრამ განვლო ორმა თვემ და ეს დაპირება მხოლოდ დაპირებათ დარჩა და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არა ერთხელ და ორჯელ სიტყვიერათ და წერილობით გვსმენია ინგლისელებიდან, რომ ეს საკითხი დიპლომატიურ მოლაპარაკებით გათავდებოდა და საქართველოს მთავრობას მიეცემოდა საშუალება დაეჭირა ის საზღვრები, რომელიც მას მიაჩნია სტრატეგიულ საზღვრებად, ე.ი. მეხადირი.

სოჭის ოლქის შესახებ კი უნდა განვაცხადოთ თქვენს წინაშე, რომ ჩვენ მართლაც ჩვენ პრეტენზიებზე ხელს არ ვიღებთ, მაგრამ სოჭის ოლქის ბედ-იღბალი მიგვაჩნია საკითხად პარიზის კონფერენციისა და ეხლა კი იმ დრომდე, სანამ ეს საკითხი გადასწყდებოდეს ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია დაგვეჭირა ის საზღვრები, რომელიც ერთნაირად უზრუნველჰყოფენ ჩვენს რესპუბლიკას მტრის შემოსევისაგან.

მაგრამ, როგორც იცით, მოქალაქენო, ეს საკითხი დიპლომატიური გზით არ მოგვარდა და მთელი სამი თვის განმავლობაში ჩვენი ჯარი იდგა ერთ და იმავე ალაგას. მთელი სამი თვის განმავლობაში ჩვენ აქედან ვაწვდენდით ცნობებს, რომ ეს საკითხი დიპლომატიური წესით მოწესრიგდება და არავითარ შეტევაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.

თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ თუ რა ფსიქოლოგიურ ატმოსფერას შექმნიდა ეს ჩვენს ჯარებში. თქვენ იცით, რომ მოლოდინი, რომელშიაც სამი თვის განმავლობაში იყო ჩვენი ჯარი, ხელს შეუწყობდა ჩვენი ფრონტის დეზორგანიზაციას, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს გამოცდაც კი მშვენივრად დაიჭირა ჩვენმა გვარდიამ და ჯარმა და მის დეზორგანიზაციაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული, და საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ ასეთი დასასრული სწორედ დღეს უნდა მიგვეცა. ჩვენ გვქონდა ამისი უფლება, მე მეტს ვიტყვი - ეს იყო ჩვენი მოვალეობა რესპუბლიკის წინაშე.

უნდა ვამცნო დამფუძნებელ კრებას, რომ 9 ამ თვისას უკვე დაიწყო აჯანყება სოჭის ოლქში, ჩვენ გვაქვს უტყუარი ცნობები, რომ ამ აჯანყებამ მიიღო მასიური ხასიათი. მთელი ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა, აჯანყდა მოხალისეთა ჯარების ნაწილების წინააღმდეგ. ამავე დროს იმასაც უნდა გაუსვა ხაზი, რომ განსაკუთრებულ რეპრესიულ ზომებს მოხალისეთა ჯარის შტაბი ღებულობდა ადგილობრივ ქართველობის მიმართ და როგორც ამას ჩვენ ვტყობილობთ სოჭის მოხალისეთა ჯარის უფროსის ოფიციალურ განცხადებისაგან, აჯანყებულთა მეთაურად ქართველობა მიაჩნიათ.

დაისვა ჩვენს წინაშე შემდეგი კითხვა: როგორ უნდა მოქცეულიყო ამ პირობებში საქართველოს მთავრობა? ჰქონდა თუ არა მას უფლება დაეცადა კიდევ? მთავრობამ ეს კითხვა უარყოფილად გადასწყვიტა შემდეგი მოსაზრებით. თუნდაც დაეჯერებინა მოხალისეთა ჯარის შტაბის განცხადება, რომ იქ, სოჭის ოლქში სწარმოებს ბალშევიკური მოძრაობა, ჩვენ ვფიქრობთ, იმის ცდა თუ რითი გათავდებოდა ეს შებრძოლება აჯანყებულებთა და მოხალისეთა შორის, ჩვენ ამ ცდის უფლება არ გვქონდა, რადგანაც ჩვენ არ გვეჭირა ისეთი საზღვრები, რომელიც გვაძლევდენ გარანტიას, რომ ჩვენი რესპუბლიკა უზრუნველყოფილი იქმნებოდა თავდასხმისაგან. გაიმარჯვებდა მოხალისეთა ჯარი თუ ბალშევიკები, ჩვენთვის ამ შემთხვევაში ერთი და იგივე იყო. ჩვენთვის საფრთხე მაინც რეალური იყო, რადგანაც ვიმეორებ, რომ ჩვენთვის სასურველი სტრატეგიური საზღვარი, პუნქტი არ გვეჭირა. იმავე დროს ისიც უნდა მიიღოთ მხედველობაში, რომ შებრძოლება ბოლშევიკური და მოხალისეთა ჯარისა ეხლა თან და თან ფართო ხასიათს ღებულობს და სწორედ იქ, სადაც ჩვენთვის ეხლა საფრთხე მეტად საგრძნობელია ვიდრე დღევანდელამდის იყო, რადგანაც ეს საფრთხე თანდათან ჩვენსკენ მოიწვევს და ამ დროს საქართველოს მთავრობას, რასაკვირველია, არ ჰქონდა უფლება ამის წინაშე დაყონება, და არ დაეჭირა ის პუნქტი, რომელიც მას სტრატეგიულად საჭიროდ და აუცილებლად მიაჩნია, და ამიტომაც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს დილით უკვე მოხდა გადასვლა მდინარე ბზიბზე. ამასთან უნდა აღვნიშნოთ თქვენს წინაშე, რომ იქ მდგომ ინგლისის ჯარისკაცებთან არავითარი შეტაკება არ მომხდარა, ჩვენი ჯარი უკვე გადავიდა მდ. ბზიბზე, წაიწია წინ და დღეს თუ ხვალ დავიკავებთ იმ საზღვრებს, რომელიც უზრუნველჰყოფენ ჩვენს რესპუბლიკას (ტაში).

მე მგონია, მოქალაქენო, რომ ამ საპასუხისმგებლო მომენტის დროს მთელი ჩვენი ხალხი კვლავინდებურად, ისე, როგორც წინად ფეხზე დადგება და შეეცდება შეებრძოლოს ყოველნაირ საფრთხეს, არის ეს საფრთხე მოხალისეების რეაქციისა, თუ ბალშევიკების ანარქიისა. აი სწორედ ამ იმედით, ამ ხალხის თანაგრძნობით, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ მთელი ხალხი ერთსულოვანად დაიცავს ჩვენს რესპუბლიკას და თავისუფლებას! (ტაში).

მსჯელობა განცხადების გამო.

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა ამ განცხადების განხილვას ეხლავე შევუდგეთ? ვინ არის წინააღმდეგ? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, განცხადების განხილვას ეხლავე შეუდგებით. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას არა აქვს სიყვარული სისხლის ღვრისა, არც სამოქალაქო ომებისა და არც საგარეო ომის წარმოებისა.

საქართველოს რესპუბლიკას, მის დემოკრატიას და ამ დემოკრატიის ნდობით აღჭურვილ მთავრობას ყოველთვის და ყველგან ერთი მიზანი ასულდგმულებდა. ეს მიზანი იყო: დაცვა თავის საზღვრებისა და ამათანავე შენარჩუნება მშვიდობიანობისა და კეთილ განწყობილებისა ყოველ თავის მეზობლებთან.

მაგრამ ერთია სურვილები და მეორე მისი განხორციელება.

ჩვენ ასეთ განზრახვებს, ხშირად სისუსტით ხსნიდნენ და ეგონათ, რომ ის, ვინც მოითხოვს ზავს, უეჭველად უნდა იყოს დამარცხებული და ვინც მიისწრაფის ერთა მშვიდობიანობისაკენ, ვისაც სურს სოლიდარობა ხალხთა შორის, კეთილი მეზობლური განწყობილება, ალბად ამას სჩადის თავის უღონობის, თავის სისუსტის გამო, - აი ასეთი იყო საერთოდ აზრი იმ ჯგფებისა და წრეებისა, რომელთაც გარეშე იმპერიალისტურ ზრახვებისა, ვერაფერი წარმოუდგენიათ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ცხოვრება მდგომარეობს იმაში, რომ ძლიერმა გადაყლაპოს, შთანთქას, და შეჭამოს უფრო სუსტი.

მაგრამ საქართველოს დემოკრატიამ თავის არსებობის მოკლე ხანში, როდესაც იგი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკას, არა ერთხელ დაამტკიცა სრულიად წინააღმდეგი; არა ერთხელ და ორჯელ ასეთი თავდამსხმელი მოუგერიებია, დაუმარცხებია, უკუუქცევია და არც ერთხელ იგი თავდამსხმელის როლში არ გამოსულა. და მთავრობას ჩვენი რესპუბლიკისას და საკანონმდებლო დაწესებულებას არ მიუცია დასტური იმისა, რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი გვარდია, ჩვენი შეიარაღებული ძალა მიგვემართა სხვა ქვეყნების დაპყრობისაკენ, სხვა რომელიმე დემოკრატიის შევიწროვებისაკენ, და სხვა, რომელიმე ერის, ხალხის დაჩაგვრისკენ. ასეთი მიზანი არ ჰქონია დღემდის და არც დღეს აქვს ჩვენს მთავრობას.

იმ განცხადებიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ აქ, ნათლათ, აშკარათ სჩანს ერთი რამ: სახელდობრ ის, რომ ძალადობა, რომელიც იხმარა ჩვენი რესპუბლიკის და მისი სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მოხალისეთა სარდლობამ, ეს ძალადობაც კი ითმინა ჩვენმა მთავრობამ მთელი თვეების განმავლობაში. მან ბევრი ეძია, ყოველი საშუალება მიიღო, ყოველი ღონისძიება იხმარა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანის გზით, სისხლის დაუღვრელად გადაეჭრა, და მხოლოდ ყველა ღონისძიების ამოწურვის შემდეგ, როდესაც დაიკარგა ყოველი იმედი მოხალისეთა ჯარებისაგან ჩვენი საზღვრების განთავისუფლებისა, ის იძულებული გახდა იარაღისათვის მიემართა. სხვაგვარად არც შეეძლო. სადაც სიტყვა არ სჭრის, იქ სამართალი უნდა აღადგინოს ხმალმა. ეს არის უკანასკნელი საბუთი. სხვა უკანასკნელი საბუთი ამის გარეშე, სხვა უკანასკნელი არგუმენტი საზოგადო ცხოვრებაში არ მოიპოვება. ჩვენ არა გვაქვს არც საერთაშორისო ტრიბუნალი თავისი იძულებითი, ძალდატანებითი ზომებით და არც სხვა რამ ასეთი. მაშასადამე, დაგვრჩენია ერთად ერთი გზა: როდესაც უსამართლონი ხმლით, იარაღით დაგვადგებიან თავზე და მოისურვებენ ჩვენ შემუსვრას, ჩვენს განადგურებას, ჩვენს მოსპობას, ჩვენც იძულებული ვართ მთელი ჩვენი ძალ-ღონე ვიხმაროთ, რომ ეს ძალმომრეობა თავიდან ავიცილოთ. სწორედ ასეთი ხასიათი აქვს იმ განკარგულების მიცემას, რომ ჩვენმა ჯარმა ბზიბის ნაპირებიდან წინ წაიწიოს იმ მიზნით, რომ დაიჭიროს ის საზღვრები, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უდავო ნაწილად არის ცნობილი და რომელსაც თვით ჩვენი მოპირდაპირე ამ ჟამად იქ მდგომი, საქართველოს რესპუბლიკის ნაწილად სთვლიდა. აი ასეთი გახლავთ მდგომარეობა, არსებითი მხარე ამ საკითხისა. ჩვენ არ შეგვიძლიან სხვაგვარად შევხედოთ ამ საკითხს, ვერც სხვა რომელიმე ძალა, გინდა პოლიტიკური მიმართულება განიხილავს ამ საკითხს სხვა გვარად, რაიმე სხვა თვალთახედვით.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გარემოება, დამატებითი. ის რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საქმე არა რაიმე სახელმწიფოებრივ ერთეულთან, არამედ რაღაც სრულიად განსაკუთრებულ კრებულთან, რომელიც ამ შემთხვევაში არ ექვემდებარება არც სახელმწფოებრივ იდეას, არც ეყრდნობა რომელიმე ერს და ხალხს ან კლასს საზოგადოებისა, ან სხვა რაიმე გარკვეულ ერთეულს. აქ ჩვენ გვაქვს საქმე მხოლოდ ჯართან, რომელიც თავის ტერიტორიად სთვლის ყველა იმას, რასაც დაიპყრობს, და რომელიც თითონ აღიარებს თავის თავს მხოლოდ მოხალისეთა ჯარათ და იმავე დროს ბატონობას აცხადებს, მთავრობათ ხდება იქ, სადაც ფეხს შედგამს. ეს ერთგვარი, რაღაც გარდამავალი, უჩვეულო, ისტორიაში არ ყოფილი მაგალითია, ვინაიდან ის კუთხეები საიდანაც მოდის ეს ჯარი, შეიცავს სხვა მთავრობას, მაგალითად ყუბანის მთავრობას.

ყუბანის მთავრობა საქართველოს ომს არ უცხადებს, ხოლო მოხალისეთა ჯარი კი საომრად მოდის. ცხადია, ეს მოხალისეთა ჯარი ამ შემთხვევაში, განსხვავდება ყუბანის მთავრობისგან. ეს ასეც არის, მართლაც რეაქცია - რევოლიუციის ტალღებში წარმოიშვა ეს გაუგებარი ერთი შეხედვით მოვლენა, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლებს ადგილობრივ მკვიდრებს, რომელთაც შექმნეს ყუბანის ერთეული, სრულიად არ სურთ მტრობა, ბრძოლა საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, ხოლო მოხალისეთა ჯარი, რომელიც იმავე ტერიტორიაზე სცხოვრობს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რეაქციონური ძალებისაგან და ელემენტებისაგან არის შემდგარი, ეს ძალა თავის თავად თავის საკუთარ იარაღზე და ხიშტზე დაყრდნობილი, მოდის და იპყრობს საქართველოს სანაპიროებს. აი ეს არის განსაკუთრებული თვისება ამ უკანასკნელი ბრძოლისა და შეტაკებისა.

ცხადია, გასაკვირვალი არ არის, რომ ასეთ ძალასთან მოლაპარაკებამ არ გასჭრა, მასთან მშვიდობიანობის და ზავის ენა არ გავიდა, ვინაიდან ეს ხალხი წარმოადგენს არა რაიმე პასუხის-მგებელს ერთეულს სახელმწიფოს და ხალხის წინაშე, არამედ შეიარაღებულ ძალას, რომელიც თავის იარაღით მიდის და იპყრობს ქვეყნებს, არბევს, სძარცვავს, და ამ ნადავლით სცხოვრობს. არსებობის წყარო ამ ჯარისა ის არის, რომ დაპყრობილი ადგილები დაარბიოს და იქიდან ამოღებულ ქონებით თავის თავი ასაზდოვოს. და აი სწორეთ ამიტომ შეტაკება ამ ჯართან აუცილებელი შეიქმნა, აუცილებელი გახდა. შეიძლება ბევრი მსხვერპლი შეიწიროს ჩვენი ჯარისაგან, ჩვენი გვარდიისაგან ამ ბრძოლამ, მაგრამ მაინც საჭიროა, მაინც აუცილებელია ამ ბოროტი ძალის თავიდან მოშორება, ვინაიდან არ ყოფილა არც ერთი მხარე, სადაც ჩამდგარიყო მოხალისეთა ჯარი, რომ თვით იქაურ მცხოვრებლებში აჯანყება არ გამოეწვიოს. ვერ ნახავთ ვერც ერთ კუთხეს, სადაც გამუდმებით სისხლი არ იღვრებოდეს მათი შესვლისა, აქ ყოფნისა და მათი იქიდან წასვლის დროს. ამ ჯარის ჩამოშორების შემდეგ ჩვენ საშუალება მოგვეცემა უფრო მჭიდრო უფრო მეგობრულად დავუკავშირდეთ იმ მხარეს, იმ ნამდვილ ადგილობრივ ინტერესების მიხედვით შექმნილ რესპუბლიკებს, რომელთა ტერიტორიაზე ასე თავისუფლათ და თამამად დათარეშობენ მოხალისეთა ჯარები.

მე იმედს გამოვსთქვამ ამ ტრიბუნიდან, რომ ეს შეტაკება არ იქნება ყუბანის რესპუბლიკისაგან გაგებული, როგორც შეტაკება ყუბანის მთავრობასთან. ჩვენ შეგვიძლიან თამამად განვაცხადოთ არაფერი გასაყოფი, სადავო დონის... (ხმა: ყუბანის) არც ყუბანთან, არც ყუბანის ყაზახებთან, არც ყუბანის მთავრობასთან არა გვაქვს. ჩვენ, ამ შეთხვევაში, ვებრძვით მხოლოდ მოხალისეთა რეაქციონურ ჯარს და გვინდა მისი თავიდან მოშორება ისე, როგორც მისი თავიდან მოშორება სურთ სოჭის, ნოვოროსიის და საერთოდ ყუბანის მცხოვრობლებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ღლონტს.

თევდორე ღლონტი. (ს.ფ.) მოქალაქენო, ჩვენ გვგონია, რომ დამფუძნებელი კრების ყველა ფრაქცია თავის გარკვეულ აზრს იტყვის ამ დიდ პოლიტიკურ მდგომიარების შესახებ. მე ვამბობ პოლიტიკურ მდგომიარეობის შესახებ, იმიტომ, რომ შეიძლება არც ერთ სახელმწიფოებრივ ჯგუფს ასეთი მნიშვნელობა არ ჰქონდეს რომელიმე პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, როგორც აქვს დენიკინის ჯარს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ ფორმალურად ყოველი მხარე შევასრულეთ იმისთვის, რომ არსებული განწყობილება არ დარღვეულიყო სოჭის ხალხის და იქაური მთავრობის შორის, მაგრამ ყოველგვარი მოლაპარაკების შემდეგ დენიკინის ჯარმა არ აასრულა თავისი დაპირება. დაიჭირა სხვა ადგილები. განავითარა იქ თავისი პოლიტიკა და ამნაირად გამოიწვია მეორედ საქართველოს სახელმწიფოსთან სამხედრო მოქმედების გაჩაღება.

ჩვენმა ფრაქციამ თავის დეკლარაციაში სთქვა, როდესაც ასეთი საერთო საკითხის წინ დადგება საქართველოს მთავრობა და საქართველოს რესპუბლიკა, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია იქნება იქ სადაც უნდა იყოს მთელი ხალხი. ამ შემთხვევაშიაც ჩვენ არ გვგონია რომ ასეთი მძიმე იყოს ამ ტვირთის ატანა საქართველოს რესპუბლიკისთვის. თუმცა დიდია საკითხი, მაგრამ ჩვენ გვწამს უფრო ადვილად აიტანს საქართველოს ახლანდელი მთავრობა. მაგრამ რანაირადაც არ უნდა აიტანოს ჩვენ ფრაქციის ამ საკითხთან დამოკიდებულება ერთია: ყოველგვარ ჩვენ ძალებს, ყოველგვარ ჩვენ საშუალებებს იქითკენ მოვიხმართ, რომ ამ შემთხვევაში და ყოველგვარ შემთხვევაშიაც საქართველოს რესპუბლიკის საერთო საქმე იქმნეს დაგვირგვინებული. მაშასადამე ჩვენი საქმე იქნება, როგორც საზოგადოებაში, ისე ყველგან განვამტკიცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აზრი, და ხელი შეუშალოთ მტრის მოქმედებას.

აქ მე მინდა ერთი მცირე მომენტი აღვნიშნო, თუ რისთვის ვართ დაინტერესებულნი განსაკუთრებულ ღონისძიებით ვიბრძოლოთ დენიკინის მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ გვგონია, რომ დენიკინის მთავრობის გამარჯვება, დენიკინის ჯარის გამარჯვება, ეს არსებითად ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურებას, იმ შემთხვევაშიაც მართლაც რომ აასრულოს თავისი წინანდელი დაპირებები სტრატეგიული პუნკტების შესახებ, აი ამ შემთხვევაშიაც კი მისი არსებობა, მისი არსებობის გახანგრძლივება, მისი გამარჯვება, იქნება ჩვენი სახელმწიფოს უბედურება და ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილი. ჩვენ ასე გვესმის იმიტომ, ვკითხულობთ: რა უნდა დენიკინს საქართველოში ჩვენს წინააღმდეგ? დენიკინს ის უნდა, რომ აქ თავისუფალი დემოკრატია არ არსებობდეს, და თუ ვდგევართ დემოკრატიულ საფუძველზედ და განსაკუთრებით უფრო სოციალისტურ საფუძველზედ, ჩვენ ვამბობთ: რაკი დემოკრატიზმი და სოციალიზმი გვინდა და ვიბრძვით, რომ ეს დემოკრატია გადავიდეს სოციალისტურ დემოკრატიულ პოლიტიკისაკენ, მაშასადამე დენიკინის აქ არსებისთვის კიდევ უფრო აუტანელი იქნება, რომ აქ იყოს სოციალისტური-დემოკრატია. მაშასადამე სოციალისტურ დემოკრატიის ბატონობის თვალსაზრისით აუცილებლობას შეადგენს დენიკინის დამარცხება. ეს არის რეაქციონური ძალა, ეს არის უარყოფა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოსი, ისე რომ დენიკინის ჯარის არსებობა არა მარტო ჩვენ საზღვრებში, არამედ საზღვრების უკანაც, საზღვრების გარშემოც კი ეს იქნება უდიდესი უბედურება, რომელიც შეიძლება მოევლინოს საქართველოს. თქვენ მოგეხსენებათ ეს დიდი რეაქციონური ძალა აუტანელი გახდა სოჭის ოლქისთვის, თქვენ იცით რომ ეს რეაქციონური ძალა აუტანელი შეიქმნა იმავე დროს მთებში მცხოვრებლებისთვის. მთიელებმა ჩვენ მოგვმართეს - გვიშველეთ, რომ ეს დენიკის ხროვა თავიდან მოვიშოროთო. მე მგონია, რომ ეს ძახილი, როგორც მთებისა ეს ძახილი ადგილობრივ ცხოვრებლებისა, რომელსაც იწვევდა დენიკინის ჯარი, მასთან ცხოვრება, ყველა ეს ძახილი ჩვენთვის, საერთოდ დემოკრატიისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის, სხვათაშორის, უნდა იყოს გასაგები, იმ მხრივ, რომ თუ დღეს ეს დენიკინის ძალა მათთვის აუტანელია, ხვალ ჩვენთვის იქნება აუტანელი, თუ მისი მოსპობა არ იქნება დროზე შესრულებული.

ჩვენ მივესალმებით ჩვენ ჯარის შეტევაზე გადასვლას დენიკინის ჯარების წინააღმდეგ, როგორც რეაქციონურ ძალების მოსასპობლად მიღებულ ზომას.

მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ აქ მთავრობის წარმომადგენელმა აღნუსხა რომ ჩვენ დავიკავებთ იმ ადგილებს, რომელსაც ექნებათ უმთავრესი სტრატეგიული მნიშვნელობაო. ჩვენ ხომ ვიცით ფორმალურად, რომ ყოველგვარი ზომა იყო მიღებული, რომ ის მდგომარეობა, არსებული მდგომარეობა არ შეცვლილიყო, ომი არ დაწყებულიყო, ეხლანდელი მდგომარეობა არის ომის მდგომარეობა და რაკი ეს დენიკინის ძალა არ არსებობს არც ფორმალურად, არც არსებითად, რომელთანაც არავითარი ხელშეკრულობა, არავითარი საქმის დაჭერა არ შეიძლება, რაკი ეს რაღაც სახელმწიფოებრივი პროტოპლაზმა არის, რაკი ეს ბანდაა და არავითარი კანონიერება მან არ იცის, იმისთვის ამ ბანდას ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც მოეპყრობა სახელმწიფო ბანდას. და რადგან ბანდისათვის არ არსებობს საზღვრები, მაშასადამე ჩვენ ბრძოლას ვერ ვაწარმოებთ საზღვრების მიხედვით, ეს ბანდა უნდა მოისპოს ყოველგვარ საზღვრების გარეშე. ეს არის ინტერესი არა მარტო საქართველოსი, და სოჭის მცხოვრებლებისა, არამედ საერთოშორისო დემოკრატიის ინტერესი.

მე შემიძლიან ვსთქვა, რომ დენიკინის საკითხი არის არა მარტო საქართველოსთვის თავსატეხი საკითხი, არამედ ეს არის თავსატეხი საკითხი საზოგადოდ მთელ რევოლიუციის, და მაშასადამე, თუ ჩვენ დაგვჭირდება, და მე ღრმათ დარწმუნებული ვარ, რომ დაგვჭირდება რევოლიუციისაკენ გახედვა, მაშინ დავინახავთ, რომ ამ აქტს, ამ ბრძოლას დენიკინის წინააღმდეგ, დენიკინის დასასუსტებლათ, ჩვენი რესპუბლიკისთვის ექნება დიდი მნიშვნელობა; სწორედ ჩვენი რევოლიუციის საერთაშორისო რევოლიუციის თვალსაზრისით უნდა შევხედოთ ჩვენ შესვლას სოჭის ოლქში.

აქ სთქვეს, რომ იქ უკვე იბრძვის მასსა დენიკინის წინააღმდეგ; და ამ მასსას აქვს ხასიათი ბოლშევიკურ მოძრაობისა. მე არ ვარ გაცნობილი, თუ რა გვარი მოძრაობა სწარმოებს საქართველოს იქით მხარეს, ბოლშევიკთა და დენიკინის ძალთა შორის. მაგრამ მე მგონი, ჩვენი ჯარის იქ შესვლას არ შეუძლიან არ გამოიწვიოს ერთგვარი აღტაცება, ერთგვარი სიხარული ძალების იმ მხარეზე, რომელიც ებრძვის დენიკინის ჯარებს, იმიტომ რომ, არსებითად ჩვენი დემოკრატიის იქ გამარჯვება, ჩვენი დემოკრატიის იქ შესვლა, ნიშნავს იმ მებრძოლთა ძალების არსებითი გამარჯვებას, აუტანელ შავ რეაქციისაგან, მაჯლაჯუნისაგან თავის დახწევას. თითონ ბოლშევიკები არ სცნობენ თავის თავს მძიმე, აუტანელ მდგომარეობაში ჩვენთან როდესაც თავიდან მოიშორებენ დენიკინის ძალებს.

იქნებ საქართველოს დემოკრატიულ მთავრობამ არ იცის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ცნობები, არა ერთი ცნობა, რომ დენიკინის ძალის მიერ შევიწროებული ბოლშევიკური ძალები შემოვიდნენ საქართველოში, შემოდიან კიდეც ფაქტიურად ამ ბოლო ხანაში, შემოდიან, ვინაიდან იქ ცხოვრება არ შეუძლიანთ, ურჩევნიანთ საქართველოს დემოკრატიასთან ყოფნა, ვიდრე დენიკინის ჯართან.

ამიტომ არ მესმის, ჩვენი ჯარის სოჭის ოლქში შესვლა, ეს ნიშნავს არსებითად არა მცხოვრებთა წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ამ ჟამად ბოლშევიკურ ნიადაგზე სდგანან მთავრობის კვალიფიკაციის მიხედვით. ეს ნიშნავს დენიკინის დამარცხებას მხოლოდ, იქაური მცხოვრებლებს ჩვენი დემოკრატია ყოველთვის შეურიგდება და გამონახავს იმ საერთო გზას, რომლითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, და რომლითაც მომავალში მოგვიხდება ჩვენ სხვებთან ერთად ცხოვრება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, მოქალაქენო, მთავრობის განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ჩვენ ოფიციალურად გვარწმუნებდნენ, რომ ინგლისი ჩაერია ამ საქმეში და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდაო. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენმა პარლამენტმა ამისთვის მადლობაც კი გადაუხადა იქ მყოფ ინგლისის სარდლობის წარმომადგენელს, და ყველა ამის შემდეგ ჩვენ გვეგონა, რომ ომი გათავდა. რეაქციის წინააღმდეგ, რასაკვირველია, ყოველთვის იბრძვის რევოლიუცია და ისეთი ბნელი რეაქციონურ ძალების წინააღმდეგ, როგორიც არის მოხალისეთა ჯარი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ მას არ დავამარცხებთ. საქართველოს რევოლიუციონური დემოკრატია და მთავრობა, თუკი რაიმე საფრთხე მოელის თავისუფალ საქართველოს არსებობას, ვალდებულია ამ საფრთხეს შეებრძოლოს მთელი თავისი ძალღონით და საქართველოს დემოკრატიაც დაირაზმება და დენიკინის რეაქციონურ ჯარს შეებრძოლება, მაგრამ, ვიმეორებ მაინც მოულოდნელი იყო ჩვენთვის მთავრობის დღევანდელი განცხადება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ინგლისის სარდლობას კონფლიქტის მშვიდობიანათ ლიკვიდაციისთვის მადლობა გამოუცხადეთ, თითქოს ომი გათავებულათ უნდა ჩაგვეთვალა. მე არ ვუარყოფ იმას, რომ ჩვენ, შესაძლებელია, მომავალშიც დაგვჭირდებოდა დენიკინთან ომის წარმოება, როგორც ეს ეხლა მოხდა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ახალი ომი და ამ ახალი ომის დაწყების უფლება არ ქონდა მთავრობას დამფუძნებელ კრების დაუკითხავათ. მაგრამ სჩანს, რომ სოც.-დემოკრატიული მთავრობა წინასწარ მოელაპარაკა სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას და ამიტომ იმ ფრაქციისათვის, რომელიც თავის რიცხვით ბატონობს დამფუძნებელ კრებაში და რომელიც ყველაფერს ადრე ტყობილობს, - მისთვის მოულოდნელი არაფერია მთავრობის დღევანდელ განცხადებაში, ხოლო მთელი დამფუძნებელი კრებისთვის - კი, როგორც ასეთისთვის, - მოულოდნელია. მთავრობის დღევანდელი განცხადება, - ეს იმას ნიშნავს, რომ ომის გამოცხადება, ზავის შეკვრა, მთელ საქართველოს გადატრიალება თურმე შეუძლია მთავრობას ისე, რომ თვით დამფუძნებელ კრებას არ შეეკითხოს. ეს არის, ჩვენი აზრით, დამფუძნებელი კრების პრესტიჟის დაცემა. შესაძლებელია ამას ვერ გრძნობს ის უმრავლესობა, რომელიც შემთხვევით აქ არის, მაგრამ ამ უმრავლესობას ერთი-კი მოეთხოვება: მან უნდა იცოდეს, რომ იმის შემდეგ, რაც შეიკრიბა დამფუძნებელი კრება, ომის განახლება, ომის გამოცხადება - შეადგენს კომპეტენციას, პრეროგატივას მთელ დამფუძნებელ კრებისას და არა მისი ნაწილისას, თუ გინდ ეს ნაწილი იყოს მრავალრიცხოვანი სოც.-დემოკრატიული ფრაქცია (ხმაურობა). დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ თქვენ - სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის წევრებს მოგხსენდათ ყველაფერი. თქვენ გადასწყვიტეთ ომის დაწყება და მერე მთავრობამ სისრულეში მოიყვანა თქვენი გადაწყვეტილება, ჩვენ-კი მხოლოდ დღეს გვიცხადებს მთავრობა, რომ მან დენიკინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო, ე.ი. ჩვენ უკვე მომხდარ ფაქტის წინაშე გვაყენებს. ასეთ პრეცედენტს ადგილი არ უნდა ჰქონოდა ჩვენი დამფუძნებელი კრების მუშაობის დასაწყისში, მაგრამ, რადგანაც საუბედუროთ ეს მოხდა, ჩვენი ფრაქცია ენერგიულ პროტესტს აცხადებს მთავრობის წინააღმდეგ, რომ მან დამფუძნებელ კრების დაუკითხავად დაიწყო ომი და ამით დამფუძნებელ კრების პრესტიჟი დასცა. ამასთან მე უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობის განცხადებაში ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ერთი ადგილი, რომელიც ეხება იმას, თუ ვინ არის ეხლა ჩვენი მტერი. მთავრობის განცხადებიდან სჩანს, რომ ჩვენ ვიბრძვით დენაკინის და აჯანყებულ ბოლშევიკების წინააღმდეგ. მართალია, დენიკინის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიომოთ, დენიკინის წინააღმდეგ უნდა დაირაზმოს მთელი ჩვენი დემოკრატია, მაგრამ მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ ერთ და იმავე დროს ვებრძვით დენიკინის ჯარს და ამ ჯარის წინააღმდეგ მებრძოლ ბოლშევიკებსაცო, რადგან ორივე მხრიდან საფრთხე მოგველისო, და თუ ჩვენ მართლა ვებრძვით ერთ და იგივე დროს ბოლშევიკებს და დენიკინს, ნუ თუ შეგვწევს ძალა ყველას ვებრძოლოთ?! არ ვიცი, შეიძლება, მართლადაც იმისთანა ძლიერნი ვიყვეთ, რომ მთელი ქვეყნიერების წინააღმდეგაც ვიბრძოლოთ, მაგრამ ჯერ ჩვენ არ მოგვისმენია მთავრობისაგან არაფერი ამის მზგავსი ჩვენი შეიარაღებულ ძალების ასეთი ძლიერების შესახებ და ამიტომ ვეჭვობ, რომ ჩვენ შევსძლოთ ყველას წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა რუსეთის რევოლიუციონური დემოკრატია იბრძვის დენიკინის წინააღმდეგ, მთაც იბრძვის მის წინააღმდეგ, ბაქოს დემოკრატიაც წინააღმდეგია დენიკინის და აქტიურ დახმარებას უწევს იმ ძალებს, რომლებიც იბრძვიან მოხალისეთა ჯარების წინააღმდეგ. ჩვენც უნდა ვიქონიოთ ერთგვარი მუდმივი კონტაქტი ყველა იმ რევოლიუციონურ ძალებთან, რომლებიც იბრძვიან დენიკინის წინააღმდეგ და ისინი ჩვენი მოკავშირენი არიან დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ და არც უნდა ვიბრძოლოთ დენიკინის მოსისხლე მტრების წინააღმდეგ და ასეთები კი არიან ბოლშევიკები. დღეს, როდესაც მთელი ევროპა ირაზმება და იყოფა ორად: რევოლიუციონურ და კონტრ-რევოლიუციონურ ძალად და როდესაც რევოლიუციონური ძალების შეერთება არის საჭირო, მაშინ იმის თქმა, რომ, იქ, სადაც ორი ძალა იბრძვის, ერთი კონტრ-რევოლიუციონური, და მეორე რევოლიუციონური, - ორივე ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენსო, ეს შემცდარი აზრია და, მე მგონია, ამ აზრს ვერ გაიზიარებს დამფუძნებელი კრება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ დენიკინის წინააღმდეგ და არა რევოლიუციონურ დემოკრატიის წინააღმდეგ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მთავრობის წარმომადგენელს გეგეჭკორს.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ევ. გეგეჭკორის სიტყვა.

მე უნდა მოგახსენოთ, მოქალაქენო, რომ სრულიად არ მოველოდი იმ არგუმენტაციას, რომელსაც მე აქ შევხვდი დღეს.

მოქალაქე გობეჩიამ ბრძანა, რომ მთავრობამ თავის გადაწყვეტილებით და თავის ნაბიჯით დასცა პრესტიჟი დამფუძნებელ კრებისაო.

მართლათაც, მძიმე ბრალდებები გახლავთ!

თუ საქართველოს მთავრობამ არამც თუ ეს, რაიმე ამის მსგავსიც კი ჩაიდინა, ასეთ მთავრობას არ აქვს უფლება და არც უნდა მისცეთ თქვენ თავს უფლება ერთ წამსაც კი დაიკაოს ის სავარძლები, რომელზედაც იგი ზის.

მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ადვილი არის ბრალდების წამოსროლა, მაგრამ იმავე დროს, თუ მართლაც მოქალაქეა ორატორი დამფუძნებელ კრების წევრი და აძლევს ანგარიშს თავის თავს და იცის მან თავისი უფლებები და იმავე დროს მან იცის, რომ უფლებებს თან ახლავს მოვალეობა, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გობეჩია ივანემ ეს ძალიან კარგად იცის, მაშინ ასეთი ბრალდებებით გამოსვლა საჯაროთ მთავრობის წინააღმდეგ ყოვლად დაუშვებელია და სწორედ ასეთი გამოსვლები, ჩემის ღრმა რწმენით, ამცირებენ ამ ტრიბუნას და დამფუძნებელ კრებას. (არსენიძე: მართალია!)

„საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად ომის გამოაცხადა“-ო.

მე ვამტკიცებ თქვენს წინაშე, რომ არავითარ ამის მსგავსს ჩვენ მოქმედებაში ადგილი არ ჰქონია.

დამფუძნებელ კრების წევრმა გობეჩიამ სრულიად დავიწყებას მისცა ის ფაქტი, რომ ჩვენ დენიკინთან ფორმალურად უკვე სამი თვეა, რაც ომში ვიმყოფებით; სწორედ იმ წამს, როდესაც დენიკინმა შემოსევა დაიწყო სოჭის ოლქში, და როგორც მოგახსენეთ, ვერაგულად ზურგში დანა დასცა ჩვენ ჯარს, საქართველოს მთავრობა, რესპუბლიკა, დამფუძნებელი კრება, მისი მთავრობა ომს აწარმოებდა დენიკინის ჯართან (გიორგაძე: მართალია!) და თუ ეს, ბოდიშს ვიხდი ბატონ გობეჩიას წინაშე, თუ ეს ვერ შეუთვისებია მას დღემდე, მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან იოლად და ზერელედ უყურებს თავის მოვალეობას და პასუხისმგებლობას.

ჩვენ მხოლოდ სამხედრო მოქმედებას ფაქტიურად არ ვაწარმოვებდით დენიკინთან. და თქვენ მოგახსენეთ ორიოდე სიტყვით, თუ რისთვის არ ვაწარმოებდით. ჩვენი ჯარი, როდესაც დენიკინის ჯარი დადგა, მოვიდა ბზიბზე, ჩვენი ჯარი უკვე იქ იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს საქმეში ჩაერია ინგლისი და მან თავისი პიკეტები ჩააყენა. ამას მე ვუწოდებ აქტიურ ჩარევას ინგლისისას ამ საქმეში. ამით ომი, რასაკვირველია, ფაქტიურად არ შეწყვეტილა, მხოლოდ შეჩერდა და ფაქტიურად არავითარი ახალი ომი, მე ვაცხადებ საჯაროდ ხალხის წინაშე, საქართველოს მთავრობას არ გამოუცხადებია. მაგრამ, როდესაც დაიწყო ომის მოქმედების განახლება, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ მისი კომპეტენციაა, როგორც აღმასრულებელ ორგანოს და პასუხისმგებლის თქვენს წინაშე. ეს მის კომპეტენციას შეადგენს, მე ვამტკიცებდი და ეხლაც ვამტკიცებ, რომ მთავრობამ ამ მხრივ თავისი მოვალეობა შეასრულა და თავის უფლების რეალიზაცია გააკეთა.

გობეჩია ბრძანებს, რომ ეს განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყოვო, ჩვენ მოველოდით, რომ ეს საქმე დიპლომატიურ მოლაპარაკებით გათავდება და ახალ ომთან საქმე არ გვექნებოდაო. იმ განცხადების შემდეგ, რომელიც ჩვენ წინათ მოვისმინეთ ვაცხადებ მე თქვენს წინაშე, რომ არც ერთ მთავრობის წარმომადგენელს, და კერძოთ მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, არასოდეს არცერთი განცხადება არ გაგვიკეთებია იმ სახით, როგორც ბრძანებს ბატონი ივანე გობეჩია. თითქოს ჩვენ გვეთქვას, რომ ეს საქმე უეჭველად დიპლომატიურ მოლაპარაკებით გათავდებაო. არასოდეს, არსად ეს არ გვითქვამს (შენგელაია: ნოე ჟორდანიას?). არც ჟორდანიას სიტყვა არ იყო ასეთი. დიახ, ჩვენ გვქონდა იმედი - ეს სხვაა, მაგრამ დაბეჯითებით, გადაჭრით იმის თქმა, რომ ესა თუ ის შეტაკება გათავდება მორიგებით, დიპლომატიური წესით, არამც თუ მთავრობას თავის შემადგენლობით, მე მგონია, რომ ასეთი განცხადება არც ერთ ჭკუაზე მყოფ ადამიანს თავში არ მოუვიდოდა.

მე არ უნდა ვსთქვა ბრალდება (ხმა: დელეგაცია?) დიახ, ეს მართალია, ვგზავნიდით იქ (ხმაურობა), იმავე დროს უნდა აღვნიშნო რომ დელეგაციას ვგზავნიდით ყუბანის მთავრობასთან (ხმაურობა. თავმჯდომარე: არ შეიძლება, ბატონებო, ერთხელ კიდევ მოგიწოდებთ, ნუ დაარღვევთ წესიერებას) (ხმა: მადლობა?).

ნება მიბოძეთ ვუპასუხო ამაზე:

ინგლისს მართლაც პარლამენტის დადგენილებით მადლობა განუცხადა იმ დიდ ნაბიჯზე, რომელიც გადადგა გენერალ მილნმა და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტმა მხოლოდ თავისი მოვალეობა შეასრულა.

მე კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო აქ, რომ ბრძანება სოჭის ოლქის დაცლის შესახებ გენ. მილნიდან მართლა დენიკინის შტაბმა და დენიკინმა მიიღო, მაგრამ თუ ინგლისმა ამის შემდეგ თავისი მოქმედება შეაჩერა და მეორე ნაბიჯი ლოღიკური არ გადასდგა და ძალით არ მოინდომა სისრულეში თავისი დაპირება მოეყვანა, აქ ჩემის აზრით, არც მთავრობა, არც პარლამენტი არაფერ შუაში არ არის.

ერთი ფრიად თვალსაჩინო მომენტი, რომელიც, სხვათა შორის არის აღნიშნული ღლონტის სიტყვაში, გახლავთ შემდეგი: თითქოს მე მეთქვას, რომ სოჭის ოლქში იბრძვიან ბოლშევიკები და მოხალისეთა ჯარი და დენიკინის რაზმი. ალბათ ის ჩემი აზრი ორ პატივცემულ ორატორებს არ გაუგიათ. რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა არის - ამას ამტკიცებს და სცდილობს დაამტკიცოს გენერალი დენიკინი და მისი წარმომადგენელი გენერალი ბრუნევიჩი. მე ამის მსგავსი არაფერი არ მითქვამს. პირიქით მე უნდა განვაცხადო, რომ ამ მოძრაობას, რომელსაც ადგილი აქვს იქ, არავითარი საერთო ბოლშევიკურ მოძრაობასთან არ აქვს. ეს მხოლოდ მომიზეზება გახლავთ დენიკინისა, მომიზეზება მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაამართლოს ის რეპრესიები ინგლისის თვალში, რომელსაც ალბათ ის მიმართავს იქ და უკვე მიმართა. მე პირიქით, მოგახსენებთ ობიექტივად ამ რეპრესიებისა თავდაპირველად და უმთავრესად გახლავთ ქართველები, მე შემდეგი მოგახსენეთ და მართლაც აქ ჩვენ შორის პრინციპიალური განსხვავება გახლავთ. მე მოგახსენეთ, რომ ეხლა დონის და კუბანის რაიონში ხდება შეტაკება ორი ძალის შორის. იბრძვიან დენიკინელები და ბოლშევიკები, ჩვენ არ ვიცით რითი გათავდება ეს შებრძოლება, მაგრამ გარწმუნებთ ამ ტრიბუნიდან, რითაც არ უნდა გათავდეს ეს შეტაკება, მაინც საფრთხე საქართველოს რესპუბლიკას მოელის, რადგანაც თუ დამარცხდება დენიკინი, ის შეეცდება ახალი ბაზა გამოძებნოს და შესაძლებელია სწორედ, რომ ახალი ბაზა საქართველოში ეძიოს. აქ, მე მგონი, საფრთხე თავის თავად ნათელია და თუ დამარცხდა ბოლშევიზმი, მაშინ ჩვენთვის აშკარაა, რომ სამხედრო ოპერაციებს დენიკინი გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს რესპუბლიკისადმი, ჩვენ ვფიქრობთ და ყველანი დამეთანხმე ბიან ამაში. მე მგონია, რომ პირველ ლახვარს სწორეთ ჩასცემს საქართველოს დემოკრატიას, საქართველოს რესპუბლიკას, მაგრამ აქ მეორეც მხარეც არის.

ვთქვათ გაიმარჯვა ბალშევიზმმა, როგორც ფიქრობს ბატონი გობეჩია. თუ ბალშევიზმი მოისურვებს, როგორც ამას ის წინად შვრებოდა, საქართველოს დემოკრატიას და ხალხს თავს მოახვევს თავის ნებას და დაამყარებს ისეთ წეს-რიგს, რომელიც მას ჩვენთვის მისაღებათ მიაჩნია, - როგორ ფიქრობს ბატონი გობეჩია, ვალდებულია თუ არა ყოველი მოქალაქე, შეგნებული დემოკრატი და საზოგადოთ მთელი დემოკრატია, ვალდებულია თუ არა, რომ ასეთ სურვილებს ანარქიის მოციქულთა წინ აღუდგეს და შებრძოლება გაუწიოს (ხმა: ეს სულ სხვა საკითხია!)

დიახ, ბატონებო, მე არ ვიცი როგორ ფიქრობს ბატონი შენგელაია, მხოლოდ ივანე გობეჩია იმ აზრისა იყო, რომ ამ შემთხვევაში ბალშევიკებს ბრძოლას ვერ გამოუცხადებთ, მთელ ქვეყანას ვერ შევებრძოლებითო. მე არ ვიცი მთელ ქვეყანას შევებრძოლებით თუ არა, საზოგადოთ ასეთ დონკიხოტობას თავის თავზე ვერ იკისრებს მთავრობა, მხოლოდ ერთს კი განვაცხადებ: ყოველივე ისეთ ძალას, რომელიც მიმართულია ჩვენი დემოკრატიის შემოქმედების წინააღმდეგ, ყოველივე ისეთ ძალას, რომელიც მიმართული იქნება, ჩვენი დემოკრატიულ სახელმწიფოს და რესპუბლიკის წინააღმდეგ, ჩვენ ასეთ ძალას სასტიკ წინააღმდეგობით შევხვდებით, ეს არის ჩვენი ისტორიული დანიშნულება და შეძლების დაგვარად, მე ღრმად მწამს, ჩვენი დემოკრატია და მის წინაშე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა ამ თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.

რაც შეეხება ყუბანის მთავრობასთან დამოკიდებულებას, მე უნდა აღვნიშნო თქვენს წინაშე, რომ ამ მთავრობასთან ჩვენ გვაქვს საუკეთესო, კეთილ-მეზობლური განწყობილება. მეტს ვიტყვი კიდეც, დენიკინის აგენტები შეეცადნენ ჩვენ და ყუბანის ყაზახების და მთავრობის შორის დაეთესათ შური, შუღლი და მტრობა და იყო მომენტი, როდესაც ამ პროვოკაციას, მართლაც იქ ადგილი ჰქონდა, მაგრამ დღეს ატმოსფერა იმდენათ არის გაფანტული, რომ უნდა აღვნიშნო თქვენს წინაშე, რომ ყუბანის ყაზახების ჯარის ნაწილებისგანა არც ერთი არ სდგას ჩვენს წინააღმდეგ. (ტაში) ისინი მართალია იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ ერთ დროს გაწვეულნი, მაგრამ შეიქმნა ისეთი სულიერი განწყობილება ყაზახებში, რომ დენიკინი იძულებული გახდა ეს ყუბანის ყაზახების ნაწილები გაეწვია უკან და იმის ადგილას დღეს ჩაეყენებინა მხოლოდ აფიცერთა რაზმები და სხვა ელემენტები.

ასეთია, ბატონებო, საქმის მდგომარეობა და ვითარება.

მაშასადამე, ჩვენი განცხადებაა - ჩვენ მხოლოდ განვაახლეთ სამხედრო მოქმედება იმისთვის, რომ მეტი ცდა და მოლოდინი ჩვენ არ შეგვეძლო. ყოვლად შეუძლებელი იყო ჩვენი ჯარი დაგვეტოვებინა კიდევ რამოდენიმე ხანი იმ აუტანელ ფსიხოლოგიურ ატმოსფერაში, რომელშიაც ის დარჩა სამი თვის განმავლობაში. ვერც ერთი ჯარი, მე აქ თამამათ შემიძლია განვაცხადო თქვენს წინაშე, ვერც ერთი სახელმწიფო დღევანდელ მდგომარეობაში, ამდენხანს ერთ ადგილას არ გაჩერებულა, რამდენი ხანიც შესძლო გაჩერებულიყო ჩვენი ჯარის ნაწილებმა. და ამ მხრივ მართლაც ჩვენი გვარდიის და ჯარის სამსახური არის შესანიშნავი.

მეორე მხრივ, მდგომარეობა ისეთი შეიქნა, რომ მართლაც აქ დაყოვნება სიკვდილის მომასწავებელი იყო და მთავრობამ ეს ნაბიჯი გადასდგა. ვათავებ ჩემ სიტყვას იმით, რომ არავითარი მსგავსი იმ ფაქტისა, რომელსაც ბატონი ივანე გობეჩია ბრძანებს, თითქოს ჩვენ მოვილაპარაკეთ წინასწარ ჩვენ ფრაქციასთან და თვით დამფუძნებელი კრება ასეთი ფაქტის წინაშე დავაყენეთ, მე ვაცხადებ სრულიად შეგნებულად, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მგონია, რომ ჩვენ მოქმედებაში ამას არც ექნება ადგილი.

საქართველოს მთავრობამ მხოლოდ წუხელ საღამოს გასცა ბრძანება, რომ ჩვენი ჯარი წინ წაწეულიყო, თავის თავად ცხადია, რომ ფიზიკურად და ფაქტიურად არ გვქონია შესაძლებლობა თავის დროზე ეს გამოგვეცხადებინა და მოგველაპარაკნა, თუმცა ვამტკიცებ, იმ პირობებში, რომელშიაც ვიმყოფებოდით, ეს იყო მოულოდნელი დამფუძნებელი კრებისთვის და ისეთივე მოულოდნელია ეს ფრაქციებისთვის.

და ამ მხრივ ჩვენის აზრით ბატონი ივანე გობეჩია და საზოგადოდ მთელი იმის გამოსვლა მე ვფიქრობ, რომ ყოველივე ამას საერთო არ ჰქონდა საქმიანობასთან, არც ხალხის ინტერესებთან, ეს იყო მხოლოდ იმისთვის თქმული, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყოველივე ეს გაქრება, მხოლოდ ერთი ფაქტი დარჩება, რომ ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად ავაცდინოთ ჩვენს რესპუბლიკას ყოველივე ხიფათი, საიდანაც არ უნდა მოელოდეს იგი. (ტაში).

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი ექვთიმე თაყაიშვილი.

გაგრძელება მსჯელობისა.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) იმ ნაბიჯის დაფასებაში, რომელიც მთავრობამ გადასდგა, ჩვენ სახეში უნდა ვიქონიოთ ის ისტორიული მომენტი, რომელშიაც ჩვენ ვართ.

ისტორიული მომენტი ისეთი გახლავთ, რომ უმთავრესი და უადრესი მოვალეობა არის სწორეთ აგება ჩვენი სახელმწიფოსი.

საქართველო არ არსებობდა, როგორც სახელმწიფო. ეხლა ისე მოეწყო საერთაშორისო განწყობილება და ძალა, რომ აუცილებელი გახდა გამოკვეთა საქართველოსი, როგორც თავისუფალი სახელმწიფოსი. მაშასადამე აუცილებლად საჭირო გახდა გამოკვეთა მისი საზღვრებისა.

თუ ამ თვალსაზრისით შევხედეთ იმ ნაბიჯს, რომელიც გადასდგა მთავრობამ, ჩვენ არ შეგვიძლიან დიდი სიხარულით არ მივეგებოთ იმას. დიდ სიხარულით, ვეგებებით, იმიტომ რომ აქამდის სწორეთ პოლიტიკა ჩვენი მთავრობისა არ იყო ასეთი, თუმცა ისტორიული მომენტი და გარემოება უკარნახებდა ენერგიულად ეწარმოებინა საქმე, საქმე ჩვენი სახელმწიფოს აშენებისა.

მაგრამ სამწუხაროთ ჩვენი მთავრობა არ იდგა ყოველთვის ამ სიმაღლეზე. ხშირათ ყოყმანობდა, ხშირად ირყეოდა. ამის დასამტკიცებლათ მოიგონეთ ის წარსული, რომელიც ეხლა-ხანს გამოვიარეთ: ჩვენი განწყობილება სომხებთან. მაშინ ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ შესაფერი ენერგია. ეხლაც მთავრობამ განაცხადა: სამი თვე ჩვენ ვიცადეთო. სწორეთ ეს იყო ჩვენი აზრით შეცდომა ჩვენი მთავრობისა.

მაგრამ რაც იყო იყო და ეხლა თუ მთავრობა გადავიდა მოქმედებაზე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მერყეობას - რომელიც შედეგია მათი სოციალისტური მსოფლმხედველობისა - ეხლა მაინც თავი დაანება ჩვენმა მთავრობამ. მაგრამ ეს შეხედულობა რჩება სხვა და სხვა მემარცხენე პარტიებში. აქ იყო ფედერალისტების წარმომადგენელი, რომელიც ამბობდა - „ჩვენ ეხლა უნდა გავზდიოთ დენიკინის შავ ძალებს ბოლომდისო“. ბოლომდის, სად ბოლომდის? დონამდის, მოსკოვამდის, - სანამ ბოლშევიკებს შევეყრებით?! მეორე სოციალისტ-რევოლიუციონერი ამბობდა: „ეს შავი ძალები არისო, ამას უნდა შევებრძოლოთო, და ბოლშევიკებთან კი კონტაქტი დავიჭიროთო“. თურმე საქმე იმაშია თუ რა ფერისაა - შავი თუ წითელი. ესეც შეცდომაა და ისეთი შეცდომა, რომელიც არყევს მდგომარეობას. და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას. თუ აგრე დავიწყეთ ყურება მხოლოდ ფეროვნებაზედ, გამოდის რომ ზოგიერთი ფერის ჯარი შეიძლება შემოუშვათ ჩვენ სახელმწიფოში. ეს აზრი ყოვლად მიუღებელია, ამაში არ არის აზრი სახელმწიფოებრივი. (ხმა: მართალია!).

რაც შეეხება დენიკინის ჯარს, მე ფერს არ შევეხები, იქ მგონი ყოველნაირი ფერი არის: არიან კადეტები, სოც.-რევოლიუციონერები და სხვებიც, საქმე იმაშია, რა იდეას ემსახურებიან იგინი? პარიზში არის წარმომადგენელი დენიკინისა, ეს გახლავთ საზონოვი, მილიუკოვი, ბორის სავინკოვი, ლვოვი და ზოგიერთი სხვა პირები. ამათ შეადგინეს კომიტეტი, ეგრედ წოდებული, რუსეთის კომიტეტი და დენიკინის და კოლჩაკის სახელით მოითხოვენ რუსეთის საქმეში ჩარევას და რუსეთის აღდგენას ძველ საზღვრებში. თქვენ ხედავთ რა საშინელება მოელის ჩვენ სამშობლოს, აშკარა არის რომ იდეურათ დენიკინი ჩვენი მტერია, ეს მან საქმითაც დაამტკიცა, შემოიჭრა ჩვენ ქვეყანაში, გადმოლახა ჩვენი საზღვრები და დაიჭირა ერთი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა. აქ სხვა გზა არ არის, ხმალმა უნდა გადაჭრას სადავო საკითხი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ მიზანს მივახწევთ. ამავე დროს მე იმედს გამოვსთქვამ, თუმცა მთავრობის წარმომადგენელმა არ სთქვა-რა, რომ ამ მილიტარულ ნაბიჯს წინ მიუძღვის დიპლომატიური ნაბიჯი, რომ საქმე ისე არის მოწყობილი, რომ არსაიდან საერთაშორისო საფრთხე არ მოგვევლინება. დენიკინის ჯარი სახელმწიფოს არ წარმოადგენს. დენიკინის ჯარი არის მხოლოდ ჯარი, რომელსაც თავისი ტერიტორია, თავისი სახელმწიფო არა აქვს, ესენი არიან მოხალისენი, რომელთაც რაღაცა უნდა შექმნან მომავალში - დიდი რუსეთი, რომელიც ეხლა, ამ მომენტში არ არის.

მაშასადამე აქ საერთაშორისო-უფლებრივ განწყობილებაზე ლაპარაკიც მეტია, ესენი არიან ბრბოები და ამ ბრბოებს, რასაკვირველია ჩვენ უნდა ვებრძოლოთ.

სულ სხვაა ბოლშევიკები: თუმცა მათი შეხედულება და მათი მოძღვრება ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ ვინაიდან მათ უჭირავთ მთელი სახელმწიფო, ჩვენ შეგვიძლიან ვიქონიოთ მოლაპარაკება. შეიძლება ბოლშევიკური რუსეთი იცნონ და თუ ინგლისი, საფრანგეთი, ამისთანა სახელმწიფოს იცნობენ, ჩვენთვის რასაკვირელია, რა დიდი დანაშაულობა იქნება, რომ ჩვენც ისე შევხედოთ, როგორც სახელმწიფოს და ვიქონიოთ მოლაპარაკება, როგორც სახელმწიფოსთან. ბოლშევიზმი თუ სხვა მიმართულება, ეს ჩვენ არ შეგვეხება, ვინაიდან ის არის მათი შინაური საქმე, შეეხება რუსეთს ჩვენ ყოველთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ საერთაშორისო უფლების პრინციპებით. ჩვენ უნდა ჩვენი საზღვრები დავიცვათ და შევებრძოლოთ ყველას, ვინც ემუქრება ჩვენს სახელმწიფოს და თავისუფლებას, სულერთია, დენიკინის ჯარი იქნება ეს თუ ბოლშევიკების. აქ ერთი და იგივე იდეაა, ერთი და იგივე თვალსაზრისი. ეს დენიკინის ჯარი არა მარტო ბოლშევიკებს ებრძვის, ებრძვის ჩრდილო კავკასიას, ებრძვის მთიელებს, მაშასადამე ისეთ ელემენტებს, რომელთანაც ჩვენ უნდა გვქონდეს კავშირი და ახლო განწყობილება. ისინი ბოლშევიკებს ებრძვიან, ჩვენ გვესხმიან თავს, ებრძვიან მთიელების თავისუფლებას, მაშ ჩვენ ამისთანა ბანდის წინააღმდეგ უნდა ვიხმაროთ ყოველი ღონისძიება: თუ სისხლი დაიღვრება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაღვრილი ქართული სისხლი, ეს მსხვერპლი უნაყოფოთ არ ჩაივლის. ეს იქნება დაღვრილი სისხლი, გაღებული ახალი მსხვერპლი ჩვენი სახელმწიფოებრივ ცხოვრების განსამტკიცებლად.

ჩვენმა ჯარმა და გვარდიელების ხმალმა უნდა გამოჰკვეთოს საქართველოს საზღვრები. ეს არის მათი ისტორიული დანიშნულება. მე მეტი სალაპარაკო არ მაქვს, აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ სრულიად ვიზიარებთ მთავრობის აზრს და მხარს უჭერთ იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგა მან.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს. დ.) დამფუძნებელ კრების წევრნო!

თუ მეორეთ გამოვდივარ ამ საკითხის შესახებ ტრიბუნაზე, ეს - იმიტომ, რომ აქ წამოსროლილ იქნა ისეთი სიტყვა, რომელიც უპასუხოთ არ შეიძლება იყოს დატოვებული. აქ გაისმა ისეთი ხმები, რომლის მსგავსი ჩვენ მხოლოდ ერთი წლის წინათ ზოგიერთ პროკლამაციებში წაგვიკითხავს.

ეს იყო ბათუმის ფრონტის დროს, როდესაც ზურგში ზუგდიდიდან ჩვენი მოძმენი გვესხმოდნენ მტრულად. მხოლოდ მაშინ ისმოდა, ომს იწყობს მთავრობა, ამ ომით რაღაცის დამარცხება სურთ და ჩვენ გვიწოდებენ ასე მოულოდნელათო. და ასეთივე სიტყვა გაისმის დღეს უმაღლეს საკანონდებლო დაწესებულებაში ორატორისაგან, რომელსაც შეეფერება მეტი გონიერება, მეტი დაფიქრება, მეტი სიდინჯე, მეტი პოლიტიკური გამოცდილება. ის, რაც ეპატიება უბრალო სოფლად მოსულ აგიტატორს, არ უნდა ეპატიოს სახალხო წარმომადგენელს, დამფუძნებელ კრების წევრს. (ხმა: მართალია!).

პირდაპირ განსაცვიფრებელია, როდესაც მოდის ადამიანი აქ და ამბობს, თქვენ ახალ ომს იწყობთ, წინდაწინ არც კი გვატყობინებთო, მეტადრე მაშინ, როდესაც მან იცის, რომ ომი ახლა კი არ ცხადდება, არამედ ხდება გაგრძელება იმ ომისა, რომელიც სამი თვის წინათ გამოგვიცხადეს. კიდევ უფრო მეტი, გამოუცხადებლათ დაგვეცნენ თავს. ხდება იარაღით მოგერება იმისა, რაც სიტყვით ვერ იქნა მოგერებული, ვერც სხვა საშუალებით, ვერც სხვა სახელმწიფოს ჩარევით და ჩაგონებით. აქ მხოლოდ ხდება თავიდან მოცილება ისეთ ძალადობისა, რომლის წინააღმდეგ არაფერმა გასჭრა, და არავითარი საშუალება არ დარჩა, გარდა ხმალისა. აქ კი აცხადებენ: ეს ჩვენთვის მოულოდნელია, ომს აცხადებთო, იწყებთ შეტევას და ჩვენ კი არ გვატყობინებთო. აქ ისიც გამოსთქვეს, რომ სოც.-დემოკრატ. ფრაქციას მოელაპარაკენ, სხვას კი არაო. მე აშკარად ვაცხადებ: მთავრობა, რომ მოსულიყო სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციასთან და დაეყენებინა ეს კითხვა, მე პირველი იმას კარზე უჩვენებდი. შეტევაზე გადასვლას ჯარს უცხადებენ და მიტინგებზე კი მას არ აცხადებენ. (ხმა: საქართველოს არ ეხება?). ეს შეიძლება სურს დამფუძნებელ კრების წევრს გობეჩიას, მაგრამ მე ვამბობ, რომ ხალხი, რომელთანაც თქვენ მიხვალთ წინასწარ მიტინგების გასამართათ და ეტყვით, რომ ამა და ამ დღეს ჩვენ გვინდა გადავიდეთ შეტევაზეო, ის გიპასუხებს, პროვოკაციას ეწევიო. (ტაში) ეს გახლავთ ისეთი საღი, გონიერი და მიუცილებელი მოსაზრება, რომ ვერც ერთი დემოკრატი, რაც უნდა დიდი მომხრე იყოს ყველაფერი საქმის ხალხის მიერ გადაწყვეტისა, ამ საქმეში, ბრძოლის საკითხში ასეთ საიდუმლოს დაცვას ვერავის უკიჟინებს. სულ სხვა იქნებოდა, მართლაც, რომ ახალი ომი დაწყებულიყო, რომ ორი მოპირდაპირე ჯარი პირის-პირ არ მდგარიყო იარაღით ხელში, ერთი მეორეზე ხმალ მიღერებული, სულ სხვა იქნებოდა, რომ უცბათ გამოგვეცხადებინა მობილიზაცია და გაგვერეკა ჯარი ფრონტზე, და ხალხის დაუკითხავათ მიგვესია მეორე ხალხისთვის. როდესაც დამფუძნებელ კრების წევრს სურს ამგვარად მონათლოს ასეთი მარტივი და აშკარა მოქმედება მთავრობისა, რა არის ეს? გაუგებრობა, შეუგნებლობა თუ თავისი სიკოტრის გამოჩენა? (გობეჩია: მოვალეობაა!) ეს თუ ვისმეს მიაჩნია მოვალეობათ, მით უარესი მისთვის. განა შეიძლება ვინმეს მოვალეობათ მიაჩნდეს ის, რაც მეტ ზიანს, მეტ ზარალს მოუტანს ხალხს, და ერთი ორად მეტს მსხვერპლს შეიწირავს ხალხისაგანა? ვინც ასე შეხედავს თავის მოვალეობას, ის ემზგავსება იმას, ვინც ბათუმის ოპერაციის დროს მიზნათ ისახავდა ზურგში დაგვსხმოდა და ამით თითქოს უნდოდათ ეხსნათ საქართველო, ჩვენი დემოკრატია ანარქიისა და გაჭირვებისაგან. და ამას ეძახდნენ მოვალეობას. მაგრამ ეს იყო მოვალეობა წინააღმდეგ ხალხის ინტერესისა, და ჩვენ ვიცით, როგორი მსჯავრი გამოიტანა ხალხმა ასეთ პირებისადმი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში, ვინც ასეთ ექსპერიმენტებს გაიმეორებს, ისეთსავე მსჯავრს მიიღებს ქართველ ხალხისაგან.

თავმჯდომარე. გახლავთ წინადადება შემოტანილი, რომ შესწყდეს კამათი. ვის სურს ამის შესახებ სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) კამათი არ უნდა შესწყდეს, რადგანაც ამ ტრიბუნიდან ბევრი ისეთი რამ განაცხადეს, რაც ჩემი სიტყვის დედა-აზრს ამახინჯებს და ამიტომ ჩემგან აუცილებლათ მოითხოვს პასუხს. მე მსურს დავუმტკიცო დამფუძნებელ კრებას, რომ ჩვენი ფრაქცია სწორედ ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობდა, როდესაც მე დამავალა გამოვსულიყავი აქ იმ განცხადებით, რომელიც მე გავაკეთე. შესაძლებელია, ჩემი სიტყვა სწორათ ვერ გაიგეს ვერც არსენიძემ და ვერც გეგეჭკორმა, თორემ ყოვლად შეუძლებელია ისეთი საპასუხო სიტყვების წარმოსთქმა, რომლებიც არ შეადგენდენ პასუხს ჩემ მიერ წარმოთქმულ სიტყვისას. ჩემი სიტყვიდან არ შეიძლებოდა ისეთი დასკვნის გამოყვანა, ვითომდაც მე ვიყო წინააღმდეგი დენიკინის წინააღმდეგ ომის წარმოებისა, თუ გნებავთ შეწყვეტილ სამხედრო ოპერაციების განახლებისა.

თავმჯდომარე. ბოდიშს ვიხდი, თქვენ კამათის შეწყვეტის გამო... (შენგელაია: დასაბუთება!) ნება მიბოძეთ, - საბუთი და დასაბუთება ჩვენც გვესმის. თქვენ მოგეცით სიტყვა, რომ წინააღმდეგი აზრი გამოსთქვათ კამათის შეწყვეტის შესახებ.

ივანე გობეჩია. დიახ, მე მგონია, ეხლა რომ შევწყვიტოთ კამათი, ეს იქნება ცოტა ნაადრევი. სამართლიანობა მოითხოვს, მოწინააღმდეგეს აზრიც მოისმინოთ. თქვენ თვითონ უნდა გრძნობდეთ, რომ კამათი დასრულებულათ ვერ ჩაითვლება, თუ გინდ, რომ ასე ინებოს უმრავლესობის ფრაქციის თითებმა. მთავრობის მოხსენების შესახებ, რომ ეხლა შეწყდეს კამათი, ეს იქნება ხელოვნურად შეწყვეტილი კამათი; კამათის დასრულებას ბევრი რამ თუ არ აკლია, ერთი წერტილი ხომ მაინც აკლია, ამას თქვენ კარგათ გრძნობთ და ამიტომ ნუ მომისპობთ საშვალებას ეს წერტილი მე დავსვა და მით დავამთავროთ კამათი.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ კამათი შესწყდეს? ვინ არის წინააღმდეგი? კამათი შეწყვეტილია. აქ გახლავთ ორი რეზოლიუცია, ერთი სოციალ-დემოკრატებისა, მეორე სოციალ-რევოლიუციონერებისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის რეზოლიუცია.

„მოისმინა რა მთავრობის მოხსენება სოჭის ფრონტზე მომხდარ ამბების გამო, დამფუძნებელი კრება აცხადებს, რომ მთავრობამ ყოველი ღონე იხმარა სოჭის ფრონტზე ჩვენი რესპუბლიკის უდავო და სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად მშვიდობიანი გზით და საშვალებით, რომ მოხალისეთა ჯარით კონტ-რევოლიუციონურმა და აგრესიულმა მიზნებმა, რომელიც მიმართულია ჩვენი დემოკრატიის დამხობისა და რევოლიუციის მონაპოვართა გაუქმებისაკენ, აუცილებელი გახდა იარაღით აღდგენა ჩვენი დემოკრატიის უფლებებისა, დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ საქართველოს რევოლიუციონური გვარდია და ჯარი, მთელი თავისი რევოლიუციონური გატაცებით დაიცავს ამ შავბნელ შეიარაღებული რეაქციის შემოსევისაგან ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

დამფუძნებელი კრება იწონებს მთავრობისაგან გადადგმულ ნაბიჯებს და გადადის მორიგ კითხვებზე“.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის რეზოლიუცია.

„მოისმინა რა მთავრობის განცხადება სოჭის ამბების შესახებ, დამფუძნებელი კრება აღნიშნავს, რომ ომის გამოცხადება, ან მისი განახლება შეუწყნარებელია დამფუძნებელ კრებას მოხსენდეს Post-Factum.

საქართველოს დამფუძნებელი კრება საერთო საფრთხის წინაშე მოუწოდებს საქართველოს დემოკრატიას მთელი თავის ძალ-ღონით შეებრძოლოს რეაქციას რევოლიუციის მონაპოვართა დასაცავად და უზრუნველ საყოფად. ამასთანავე დამფუძნებელი კრება ავალებს მთავრობას დაუყონებლივ დაამყაროს კონტაქტი და კავშირი ყველა იმ ძალებთან, რომელნიც იბრძვიან დენიკინის რეაქციონურ ძალების წინააღმდეგ, რათა ამიერკავკასიის და რუსეთის რევოლიუციონურ დემოკრატიის საერთო ძალ-ღონით აილაგმოს ფეოდალთა შავი რეაქცია“.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე პირველი რეზოლიუციისა? ვინ არის წინააღმდეგი? (წინააღმდეგნი არიან სოციალ-რევოლიუციონერები). ვინ არის მომხრე მეორე რეზოლიუციისა? მაშასადამე პირველი რეზოლიუცია მიღებულია.

ეხლა როგორა გნებავთ, განვაგრძოთ კრება თუ არა? (ხმები: განვაგრძოთ!) სიტყვა ეკუთვნის სოლოღაშვილის ასულს.

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ახალციხე-ახალქალაქის ლტოლვილთათვის ორი მილიონი მანეთის გადაცემისა

სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს)

დეკრეტი შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ორი მილიონი (2.000000) მანეთის გადაცემისა ახალციხე-ახალქალაის მაზრებში დაზარალებულთა დასახმარებლად“.

დამფუძნებელ კრების მიერ იყო მიღებული „კანონ-პროექტი“, მაგრამ სარედაქციო კომისიამ უმჯობესათ დაინახა, რომ ეწოდებინა მისთვის დეკრეტი.

პირველი მუხლი მიღებული გახლავთ უცვლელათ.

მეორე მუხლი დამფუძნებელ კრების მიერ იყო მიღებული ამგვარად: (კითხულობს) მეორე მუხლში აღნიშნული ორი მილიონ (2.000.000.) მანეთი დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში.

ჩვენ მივიღეთ ამგვარად: 2. პირველ მუხლში აღნიშნული ორი მილიონი (2.000.000) მანეთი გადაეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს განკარგულებისათვის დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად.

აქ შეიცვალა შემდეგი სიტყვები: მიეცეს მაგივრად ჩვენ ვიხმარეთ გადაეცეს.

და კიდევ სიტყვები არის გადასმულ-გადმოსმული.

მესამე მუხლში, რადგანაც ჩვენ სათაურში კანონის მაგივრათ ვიხმარეთ დეკრეტი, ამ მუხლშიც კანონის მაგიერ ვიხმარეთ დეკრეტი.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? მიღებულია.

შემდეგი საბოლოო ტექსტი რკინის გზებზე ტარიფის გადიდების კანონისა.

სოლოღაშვილის ასული. ძველი რედაქცია იყო ასეთი. (კითხულობს)

კანონპროექტი რესპუბლიკის სახაზინო და კახეთის რკინის გზებზე ტარიფების გადადებისა.

I. 1917 წლის 10 ივნისამდე არსებული ტარიფები გადიდებულ იქნეს შემდეგ ნაირად:

1). სამგზავრო ბილეთები I კლასისა - ხუთმეტჯერ. მეორე კლასის თორმეტჯერ, მესამე და მეოთხე კლასებისა - ათჯერ;

2). ბარგის (ბაგაჟის) გადაზიდვის ფასი ოცდა ოთხჯერ;

3). საქონლის თანმყოლთა ბილეთის ფასი - ათჯერ;

4). სამგზავრო მატარებლის საზიდი საქონლის ტარიფი - ოცდა ოთხჯერ;

5). სადგურის პერრონაზე გასასვლელი ფასი ათი შაური - ორჯერ.

6). სარაიონო კომიტეტის ხარჯი სამი მანეთის ნაცვლად იქნეს ხუთი მანეთი;

7). საქონლის შესანახავ შენობათა ასაგებად სამი კაპეიკის ნაცვლად ხუთი კაპეიკი.

სარედაქციო კომისიამ მიიღო: (კითხულობს)

კანონი

რესპუბლიკის სახაზინო და კახეთის რკინის გზაზე ტარიფის გადიდებისა.

1. 1917 წლის ივნისის 10-დე არსებული ტარიფი გადიდებულ იქნეს შემდეგნაირად:

1). სამგზავრო ბილეთი 1-კლასისა - ხუთმეტჯერ, მეორე კლასისა - თორმეტჯერ. მესამე და მეოთხე კლასისა-ათჯერ;

2). ბარგის (ბაგაჟის) გადაზიდვის ფასი ოცდა ოთხჯერ;

3). საქონლის გამყოლთა ბილეთის ფასი-ათჯერ;

4). სამგზავრო მატარებლით საზიდი ბარგის ტარიფი ოცდა ოთხჯერ;

5). სადგურის ბაქანზე გადასასვლელი ფასი ათი შაური ორჯერ

6). სარაიონო კომიტეტის ხარჯი სამი მანეთის ნაცვლად იქნეს ხუთი მანეთი;

7). საქონლის შესანახავი შენობის ასაგებად სამი კაპ. ნაცვლად ხუთი კაპეიკი.

ერთხელ და სამუდამოდ არის მიღებული მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვის მაგივრად.

თავმჯდომარე. გთხოვთ ის მუხლები წაიკითხოთ, სადაც ცვლილებები არის შეტანილი.

სოლოღაშვილის ასული. მეორე მუხლში მრავლობითი რიცხვი არის შეცვლილი მხოლოობით რიცხვით.

მესამე მუხლი უცვლელადაა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

სოლოღაშვილის ასული. სარედაქციო კომისიამ უკვე შეასწორა დღეს მიღებული კანონები. გნებავთ მოისმინოთ?

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ.

საბოლოო ტექსტი ექსპედიციისთვის 1 მილიონ მანეთის გადადების დეკრეტისა.

სოლოღაშვილის ასული. საბოლოო ტექსტი სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციისთვის საწარმოო იარაღისა და მასალის შესაძენად ერთ მილიონ მანეთის გადადების დეკრეტისა.

აქ სარედაქციო კომისიამ შეიტანა შემდეგი შესწორებანი. ეწერა გამმზადებელ ექსპედიციისათვის. ჩვენ მივიღეთ დამმზადებელ ექსპედიციისთვის. შემდეგ ჩვენ საწარმოებელი ამოვშალეთ და მივიღეთ: იარაღის და მასალის შესაძენად.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ ცვლილებისა? მიღებულია.

საბოლოო ტექსტი ამიერ-კავკასიის ბონების გამოცემის დეკრეტისა.

სოლოღაშვილის ასული. დეკრეტი ამიერ-კავკასიის ბონების გამოცემისა.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, და კანონ-პროექტის მაგივრად მივიღეთ სახელწოდება „დეკრეტი“, რადგანაც შინაარსით სწორეთ ამას შეეფერება. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვარჩიეთ, რომ კანონ-პროექტის მაგივრათ ვიხმარეთ დეკრეტი.

პირველ მუხლში მხოლოთ სიტყვები არის გადასმული. მეორე მუხლში ცვლილება არის შემდეგი: დამფუძნებელ კრებამ მიიღო:

2. თანაბარი თანხა, ე.ი. ას-ასი მილიონი მანეთი, მიეცეს სომხეთის და აზერბეიჯანის რესპუბლიკებს, ხოლო აზერბეიჯანის რესპუბლიკას აგრეთვე უნდა მიეცეს ამა წლის 30 იანვრის ემისიიდან მიუღებელი ოთხმოცი მილიონიც, როცა დასახელებულ რესპუბლიკათა მთავრობანი ამის შესახებ შესაფერ ხელშეკრულებას დასდებენ საქართველოს მთავრობასთან.

სარედაქციო კომისიამ ეს მუხლი ასე შესცვალა.

2. შესაფერი თანხა გამოიცეს სომხეთის და აზერბეიჯანის რესპუბლიკებისათვის და მიეცეს მათ, - როცა დასახელებულ რესპუბლიკათა მთავრობანი შესაფერ ხელშეკრულობას დასდებენ საქართველოს მთავრობასთან. აზერბეიჯანის რესპუბლიკას უნდა მიეცეს აგრეთვე ამა წლის იანვრის 30-ს ემისიიდან მიუღებელი ოთხმოცი მილიონი უკეთუ სათანადო ხელშეკრულობას ხელს მოაწერს.

მესამე მუხლში სიტყვა „აღნიშნული“ შეიცვალა სიტყვით „მოხსენებული“.

მეოთხე მუხლში დეკრეტისა ნაცვლად კანონისა ნახმარია დეკრეტი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი. არავინ. მიღებულია.

შემდეგ გახლავთ დამფუძნებელ კრების რეგლამენტი. (ხმები: გადავდოთ).

ეხლა კეთილ ინებეთ და დანიშნეთ შემდეგი სხდომა (ხმა: პარასკევს) აღდგომის პარასკევს დაინიშნება სხდომა.

კრება იხურება ნაშუადღევის 3 საათსა და 25 წუთზე.

2.6.2.4 მეთორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. აპრილის 25. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომრის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 11 ს. 15 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

კომისიებში გადასაცემ კანონპროექტების სია.

მდივანი. შემოტანილი გახლავთ კომისიებში გადასაცემათ შემდეგი კანონ-პროექტები: (კითხულობს).

1. განათლების მინისტრის კანონპროექტი საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის 4.075.581 მან. 16 კაპ. გადადების შესახებ, საქართველოს პარლამენტის 1919 წლის იანვარის კანონის თანახმად.

გადაეცემა განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

2. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი, საუკეთესო სახელმძღვანელოთ ავტორთათვის პრემიების მისაცემად 100,000 მ. გადადებისა. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

3. გზათა მინისტრის კანონპროექტი დადგენილებისა რკინის გზის საწყობებში საქონლის შენახვის ვადის შემცირების შესახებ.

გადაეცემა გზათა და საფინანსო კომისიათ.

გარდა ამისა, შემოსული არის საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა ტელეგრაფის მოსამსახურეთა კავშირის მოხსენება, რომელსაც დართული აქვს შემდეგი რეზოლიუცია: (კითხულობს რეზოლიუციას.) პრეზიდიუმის აზრი გახლავთ, რომ ეს უნდა გადაეცეს მასალად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს) დღიურ წესრიგს.

1. დადგენილება დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომისიისათვის 100,000 მანეთის გადაცემისა.

2. დამატებითი კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობისა (ქვეშევრდომობისა).

3. დამფუძნებელი კრების რეგლამენტის განხილვის გაგრძელება.

პრეზიდიუმის აზრით ეს დღიური წესრიგი უნდა შეიცვალოს ამნაირად: პირველად უნდა დაისვას რეგლამენტის საბოლოო ტექსტის განხილვის გაგრძელება. მეორედ დამატებითი კანონპროექტი მოქალაქეობისა და მესამედ დადგენილება ხელოვნების კომისიისა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ?

მსურველი არავინ არის. დღიური წესრიგი დამტკიცებულია. პირველი კანონპროექტი საბოლოო ტექსტი დამფუძნებელი კრების რეგლამენტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს გრიგოლ ნათაძეს.

საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების რეგლამენტისა.

გრიგოლ ნათაძე მოახსენებს კრებას იმ სარედაქციო ცვლილებებს, რომელიც შეიტანა სარედაქციო კომისიამ დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულ ტექსტში.

დამფუძნებელი კრება ამტკიცებს სარედაქციო კომისიის მიერ მიღებულ ცვლილებებს.

დამატებითი კანონ-პროექტი საქართველოს მოქალაქეობისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე. ბატონებო, ეს საკითხი ქვეშევრდომობისა თქვენთვის სულ ახალი არ არის. მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოდ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

სახელმწიფო წარმოუდგენელია უქვეშევრდომობოდ, როგორც უმთავრობოდ შეუძლებელია სახელმწიფო წარმოვიდგინოთ ან უტერიტორიოთ. უნდა ჰქონდეს მას ქვეშევრდომობა. ეს აუცილებელი იურიდიული ურთიერთობაა სახელმწიფოს და პიროვნების შორის.

ტერიტორია, მთავრობა, მთავრობის ძალაუფლება და ქვეშევრდომობა ეს დღევანდელი სახელმწიფოებრივი არსების, ნიშანდობლივი თვისება არის, ამიტომ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. როდესაც სახელმწიფო ჩვეულებრივ პირობებშია, როდესაც სახელმწიფოს აქვს ჩვეულებრივი კონსტიტუცია, მაშინ იქ არის აღნიშნული ჩვეულებრივი პირობები ქვეშევრდომობისა. მაგალითად, როგორ მოიპოების ან როგორ პირობებში დაიკარგვის ქვეშევრდომობა. მაგალითად: უცხო ადამიანი ცხოვრობს დიდხანს ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და პოულობს უფლებას მოსთხოვოს სახელმწიფოს ქვეშევრდომობა. არის დაბადება, ქორწინება და სხვა, ეს არის ჩვეულებრივი წესი. მაგრამ არის სხვა პირობები, როდესაც ეს ჩვეულებრივი წესი არა კმარა. მაგალითად სახელმწიფო არ იყო გუშინ, იბადება ეხლა.

აი, მაგალითად საქართველო არსებობდა 120 წლის წინათ, მერე 120 წლის შემდეგ გამოცხადდა სახელმწიფოებრივ ორგანიზმათ. აი იქ განსაკუთრებული პირობებია. ამ პირობებს გაუწია ანგარიში პირველად ეროვნულმა საბჭომ, როდესაც მიიღო პირველი დებულება მოქალაქეობისა. ჩვენმა სახელმწიფომ შექმნა მთავრობა, მისცა მას ძალა-უფლება, ყოველი ეს შეიძინა 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების დროს. გარდა ამისა ტერიტორია გვაქვს. საქართველოს ტერიტორია განსაკუთრებით 2 გუბერნიაა. საჭირო იყო მოქალაქეების გამორკვევა. აი სწორეთ, რომ გამოერკვია იურიდიული საფუძველი ამ მოქალაქეობისა, ეროვნულმა საბჭომ მიიღო დებულება მოქალაქეობისა 15 ივლისს 1918 წელს. ეს იყო არა ჩვეულებრივი მოვლენა. მას აქვს მნიშვნელობა იმ დროისთვის, როცა სახელმწიფო აცხადებს თავის იურიდიულ საფუძველს. თქვენ გახსოვთ, დებულებამ გამოიწვია დიდი კრიტიკა, საზოგადოდ ერთგვარი უკმაყოფილობა, ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულ, მოაზროვნე საზოგადოებაში. მაგრამ შეგვიძლია დავამოწმოთ, რომ ეს სრულიად უსაფუძვლო იყო.

რას ემყარება დებულება, რომელიც მიიღო ეროვნულმა საბჭომ? ის აღიარებს, რომ ყოველი მკვიდრი მცხოვრები საქართველოს რესპუბლიკისა არის მოქალაქე საქართველოსი. ვინ არის მკვიდრი? დებულება აღიარებს: მკვიდრი არის ის, ვინც არის მიწერილი ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ერთეულზე 1914 წ. 19 ივლისამდე. აი ეს არის ძირითადი მხარე, არსება ძველი დებულებისა. ამით ჩვენ ერთი დაკვრით გამოვარკვიეთ მთელი კატეგორია ნამდვილ მოქალაქეებისა, რომლებზედაც დამყარებულია სახელმწიფო. იგი უამისოდ ვერ იქნებოდა სუვერენული, ამასთან ჩვენ აღვნიშნეთ თუ ვინ, რა ელემენტები არიან ეს მკვიდრნი. ისინი განსაზღვრულ პირობებში ჩავაყენეთ ჩვენ. ყველა მცხოვრები კი არ არის საქართველოს მოქალაქე, არამედ ის მკვიდრი მცხოვრები, რომელიც განსაზღვრულ დრომდე მიწერილი იყო ადმინისტრატიულ ერთეულზე. ეს დრო აღნიშნული იყო 19 ივლისი 1914 წელი. რატომ? ცხადია რატომ. ეს დიდი დატაა საერთაშორისო ცხოვრებაში და ჩვენს ცხოვრებაშიაც. იმ დრომდისინ შედარებით ჩვეულებრივი, ცხოვრება ნორმალური იყო. იმ დღიდან ცხოვრება აირ-დაირია. ომი გაჩაღდა. მთელი ერები, აისვარენ ერთმანეთში, ლტოლვილნი გადადიოდნენ ერთ სახელმწიფოდან მეორეში. იმ დროიდან მოხდა დიდი გადასვლ-გადმოსვლა გადასახლ-გადმო სახლება სახელმწიფოთა შორის და ერთა შორის. აი ამან გამოიწვია ჩვენი ერთგვარი სიფრთხილე. რადგანაც ჩვენ ტერიტორიაზე, რომელსაც ეწოდება საქართველოს რესპუბლიკა, იყო გადმოსახლებული მრავალი ისეთი ელემენტი, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა არც სოციალური, არც კულტურული, არც ეკონომიური, არ იყო დაკავშირებული ჩვენ ტერიტორიასთან, ამიტომ შესაძლებელი იყო, რომ ისინი ჩვენ მოქალაქეობათ მოგვევლინებოდენ, რაც აუცილებლათ იმოქმედებდა ჩვენ სახელმწიფოებრივ შემოქმედებაზე. ამიტომ აღინიშნა ეს დატა. ეს იყო არსება პირველ დებულებისა, რომელიც მიიღო ეროვნულმა საბჭომ. გარდა ამისა ამ დებულებაში მივიღეთ მეორე მუხლი, რომელშიაც ორი მოქალაქეობა შეუძლებლათ ვცანით ჩვენ. ის, ვინც ჩვენი, მოქალაქეა ვერ იქნება სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთ და ის, ვინც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა ჩვენ სახელმწიფოს მოქალაქე ვერ იქნება - საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე არ შეიძლება იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. არიან ისეთი სახელმწიფოები, თუმცა იშვიათათ, რომელნიც ორ ქვეშევრდომობას, ორ მოქალაქეობას უშვებენ.

თქვენ იცით, რომ ქვეშევრდომობა იწვევს მოვალეობას და უფლებას. ამიტომ ორი მოქალაქეობა დიდ უხერხულობას ბადებს. ამ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია იბოროტმოქმედოს, როგორც ერთს ისე მეორე სახელმწიფოში. ის მოვალეობას გაუძვრება როგორც ერთგან ის მეორეგან, ხოლო უფლებით კი ისარგებლებს, ან შეუძლიან ისარგებლოს. ამიტომ ჩვენი კანონდებლობა აღიარებს, რომ ორ მოქალაქეობა დასაშვები არ არის. მესამე მუხლით იცით კარგათ თქვენ, რომ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებანი. მაშასადამე, ვინ არის მოქალაქე? მოქალაქე მკვიდრია და მკვიდრი კი ის არის, ვინც მიწერილი არის ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ერთეულზე. არსებითად იმ კრიტიკამ, რომელიც ამ კანონს გაუჩნდა ეგრედწოდებულ ოპოზიციაში, ჩვენი რესპუბლიკის ოპოზიციის წრეებში, ვერაფერი ვერ დაამტკიცა. უნდა ვსთქვათ, რომ ამ კანონმა გაამართლა თავისი დანიშნულება. სახელმწიფომ გამოარკვია თავისი საფუძველი იურიდიულათ, და ეს, რომ ასე არის ამას ამტკიცებს დამფუძნებელი კრება, რომელიც არჩეული არის, სწორეთ ამ კანონის მიხედვით. მაგრამ ერთი რამ აღმოჩნდა. ამ კანონის გარეშე კიდევ დარჩნენ ისეთი ელემენტები რომელნიც მიწერილნი არ არის, მაგრამ მოქალაქეებათ სურთ ყოფნა, ანდა შეიძლება სურდეთ ყოფნა. ესენი არიან როგორც ქართველები ტომით, ისე არა ქართველები. ბევრი მიწერილი არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ეს ისეთი ელემენტებია, რომელიც არ იყვენ მიწერილი, მაგრამ რომელნიც თავისი ბუნებრივი, თავისი სოციალური, თავისი ეკონომიური კავშირით საქართველოს ბუნებრივი მოქალაქენი არიან, საქართველოს ბუნებრივ მკვიდრად ჩაითვლებიან. ამიტომ ამის შესავსებათ ჩვენი საკონსტიტუციო კომისიის თაოსნობით შემოვიტანეთ მეორე კანონ-პროექტი, დამატებითი კანონ-პროექტი, მაგრამ ეს დამატებითი კანონპროექტი იმავე არა ჩვეულებრივ პირობებს ეხება, რომლებსაც ეხებოდა პირველი დებულება ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებული. იმ დებულების გარეშე დარჩნენ ისეთი ქართველები, ისეთი მკვიდრნი, რომელნიც მიწერილნი არ არინ, და მაშასადამე რჩებიან გამორიცხულათ ჩვენი მოქალაქეობიდან. ცხადია ჩვენმა კანონდებლობამ უნდა შეავსოს ეს, ანდა გააფართოვოს ქვეშევრდომობის ფარგლები იმ კატეგორიისთვის რომელიც არ შედის პირველ დებულების ფარგლებში.

ეს დამატებითი კანონ-პროექტი ლაპარაკობს იმას, რომ გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელნიც აღიარებულნი არიან საქართველოს მოქალაქეებათ პირველ დებულების ძალით, კიდევ ჩაირიცხებოდა საქართველოს მოქალაქეთ ყოფილ რუსეთის იმპერიის ყოველი ქვეშევრდომი ქართველი სადაც და რამდენი ხანიც უნდა სცხოვრობდეს დღიდან ამ კანონის გამოცხადებისა. არიან ისეთი ქართველები, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეშე, ყოფილ რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რომელნიც მოწერილნი არ არიან, მაშასადამე არ შედიან ჩვენ მოქალაქეთა რიცხვში პირველ დებულების ძალით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველ ქართველზე, ყოველ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომზე, რომელიც უნდა იყოს აღიარებული ჩვენი კანონპროექტის ძალით, საქართველოს მოქალაქეთ; დღიდან ამ კანონის გამოცხადებისა. რა აზრი ჰქონდა ამას? ჩვენის ფიქრით, ქართველები, როგორც აქ საქართველოს ფარგლებში მცხოვრებნი, ისე რუსეთში, ყოველ შემთხვევაში, დიდი უმრავლესობა მსურველია დაუკავშირდეს საქართველოს, მათ უნდათ მისი ქვეშევრდომობა. შეიძლება სულ მცირე რიცხვი ქართველებისა არ იყოს ამის თანახმა, არ მოისურვოს ჩვენი მოქალაქეობა, მაგრამ მათთვის ჩვენ განსაკუთრებული კანონი არ გვინდა დავწეროთ, ეს მცირე გამონაკლისი იქნება, რომელზედაც ლაპარაკი არ ღირს.

მაშასადამე ყოველი ქართველი, ყოფილ რუსეთის იმპერიისა, არის აღიარებული საქართველოს ქვეშევრდომათ: მაგრამ ჩვენ ტერიტორიული სახელმწიფო ვართ. ამ ტერიტორიაზე სცხოვრობენ ქართველებს გარდა სხვა არა ქართველებიც, რუსები, სომხები, თათრები და სხვანი, მათ აქ მოუპოვებიათ ქონება, დაუმყარებიათ ერთგვარი ურთიერთობა ეკონომიურ, კულტურული და სხ. ესენიც ბუნებრივი მკვიდრნი არიან საქართველოსი. ამიტომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყოფილ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი არა ქართველი, ვინც უნდა იყოს, რომელიც განუწყვეტლივ სცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მაინც, 1914 წლის 19 ივლისამდე, საქართველოს მოქალაქედ ცხადდება, თუ სამი თვის განმავლობაში გამოაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ, ამ შემთხვევაში, გარდა ობიექტიურ პირობებისა, გარდა იმისა, რომ სამი წელიწადი მაინც უნდა სცხოვრობდეს საქართველოს ფარგლებში ვაძლევთ საშუალებას თავისუფალი სურვილი გამოაცხადოს ამ მოქალაქეობისა.

ერთი მხრით საჭიროა, რომ უკანასკნლი სამი წლის განმავლობაში მაინც, 14 წლამდე, ომის გამოცხადებამდე სცხოვრობდეს საქართველოში. ეს არის ობიექტური პირობა.

მეორე მხრით, თუ ეს ობიეკტიური პირობა შესრულებულია, ის გამოაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა. აი ასეთი პირები რა ტომისაც უნდა იყვნენ, აღიარებულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეებათ.

მაშასადამე ჩვენ ამ პირველ კანონის დამატებით ორ ელემენტს ვაქცევთ ამ ახალ ქვეშევრდომობის ფარგლებში. ამ კანონ-პროექტს დროებითი დამატებითი ხასიათი აქვს. ქართველი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, და საქართველოს გარეთ გამოცხადდება ქვეშევრდომათ. არა ქართველიც, გამოცხადდება საქართველოს მოქალაქეთ, თუ ის ცხოვრობს სამი წლის განმავლობაში ომის გამოცხადებამდე და გამოაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ვადის შემდეგ ეს კანონი უქმდება, მაშასადამე შემდეგ იწყობა ნორმალური წესი მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის დაკარგვისა. ამით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას იმ პირებს, რომელნიც პირველ დებულების ძალით არ შედიან ჩვენ რესპუბლიკის მოქალაქეობის სფეროში, ასეთ პირებს უნდა მივცეთ საშვალება, შესაძლებლობა, რომ გახდნენ საქართველოს მოქალაქენი. მეორე მუხლი აი ასე იკითხება (კითხულობს).

ბ) ყოფილ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი ყოველი არა ქართველი, რომელიც განუწყვეტლივ სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი სამი წელი მაინც, 1914 წ. ივლისის 19-მდე, უკეთუ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში განაცხადებს, რომ ჰსურს საქართველოს მოქალაქეობა.

ამას აქვს ერთგვარი ფორმალური შენიშვნა, რომელიც აუცილებელია. ეს შენიშვნა ამბობს შემდეგს. (კითხულობს).

შენიშვნა: განცხადება და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლიობის დასამტკიცებელი საბუთი წარედგინება სათანადო საოლქო სასამართლოს ადმინისტრატიულ განყოფილებას, რომელიც მთხოვნელს მისცემს მოქალაქეობის უფლების მოწმობას, თუ იგი აკმაყოფილებს ) პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნილებას.

ეს თავის თავად გასაგებია და შეიცავს იმას, თუ როგორ უნდა მიიღოს მოქალაქეობა განცხადებითი წესით. მსურველი გამოუცხადებს თავის სურვილს საოლქო სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილებას, რომელიც მისცემს მოწმობას, რომ ის მოქალაქეა, თუ ეს მოქალაქე თავის თხოვნაში აღნიშნავს სწორეთ იმ პირობებს, რომელნიც კანონ-პროექტის მეორე მუხლში აღნიშნულია. ამ კანონ-პროექტის, მეორე განყოფილება შეიცავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის დაკარგვის ზოგიერთ პირობას. არ გამოუდგები ყველა პირობების აღნიშნვას, რადგანაც ეს დამატებითი არის, ამას აქვს დროებითი მნიშვნელობა. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ რამდენიმე მუხლში, რომ მოქალაქე ნატურალიზაციის წესით ჰკარგავს მოქალაქეობას. მეორე ის, ვინც უცხო მოქალაქეს მისთხოვდება, - კარგავს ამ მოქალაქეობას, და პირიქით თუ უცხო ქალი ჩვენ მოქალაქეს წამოჰყვება, ღებულობს ჩვენს მოქალაქეობას. ამგვარად არის შედგენილი ეს დამატებითი კანონ-პროექტი. საკონსტიტუციო კომისიას თითქმის მზათ აქვს, საერთოდ დიდი კანონ-პროექტი, რომელიც სავსებით შეიცავს მოქალაქეობის მოპოვებას და დაკარგვას, იმ სახით, როგორც უნდა იყოს კონსიტუციაში აღიშნული, მაგრამ არ შემოვიტანეთ განზრახ, იმიტომ რომ ეს დროებითი ხასიათის კანონი ჩამოგვეშორებია ძირითად საკონსტიტუციო კანონმდებლობისაგან.

ამ კანონ-პროექტში, ჩვენ არ ვეხებით ნატურალიზაციის წესს, შვილობას, ქორწინობას და სხ. ეს იქნება ძირითად კანონებში შეტანილი, ძირითად კონსიტუციაში. ეს კანონი კი არის დამატებითი, შედგება მხოლოდ ორი მუხლიდან, ეხება ქართველებს, რომელნიც აქ ცხოვრობენ, მაგრამ მიწერილნი არ არიან, მერე იმ ელემენტებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სახელმწიფოსთან ეკონომიურად, კულტურულად, მაგრამ იმავე მიზეზით არ შედიან მოქალაქეების რიცხვში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს. რ.) ბატონებო, ქვეშევრდომობის კანონს, როგორც მოგეხსენებათ, მჭიდრო კავშირი აქვს დამოუკიდებლობის საკითხთან.

დამოუკიდებელი სახელმწიფო ვალდებულია იცოდეს, თუ ვინ არის მისი ქვეშევრდომი, მისი მოქალაქე, ვის ემყარება ის თავის მოღვაწეობაში. ამიტომ ქვეშევრდომობის კანონის გამოცემა იყო აუცილებელი და ლოღიკური დასკვნა 26 მაისის აქტისა. როგორც ვიცით ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა განსაკუთრებულ ისტორიულ პირობებში, ეს იყო ხანა საერთო დამარცხებისა, არევ-დარევისა, და პოლიტიკურ გამოურკვევლობისა. 26 მაისის აქტი ჩვენ მივიღეთ, როგორც აქტი მოულოდნელი და თითქმის იძულებითი. ასეთ პირობებში კანონმდებელს მართებდა უდიდესი სიფრთხილე და წინ დახედვა. გარდამავალ ხანაში ჩვენ უნდა გამოგვექვეყნებინა ისეთი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენ დამოუკიდებლობას და გაფანტავდა იმ მტრულ პსიხოლოგიურ ატმოსფერას, რომელიც შეიქმნა ჩვენს გარშემო. სამწუხაროდჩვენდა უნდა ვაღიაროთ, რომ ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებულ კანონში არავითარი მგზავსი ამისა არ იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ არამც თუ სარგებლობა არ მოუტანა ჩვენ რესპუბლიკას, პირიქით პირდაპირ უნდა ვსთქვათ, რომ ამ კანონმა ზიანი მოგვიტანა, მან თავისი ცალმხრიობით ერთგვარი უნდობლობა გამოიწვია სხვა ერებში ჩვენ დემოკრატიისადმი; თუ რამდენათ მიუღებელი არის სხვა ერებისთვის ეს კანონი ჩვენ შეგვიძლიან ამის დასამტკიცებლად მიგითითოთ ერთ უბრალო ფაკტზე. ჩვენ ვიცით, რომ სომხის ერში ყველაზე უფრო ძლიერი პარტია არის დაშნაკცუტიუნის პარტია. ავია თუ კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პარტიაში თავს იყრის ყველაზე უფრო აქტიური, ეროვნულად დარაზმული ნაწილი სომხის ერისა. წარმოიდგინეთ ამ პარტიას საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი. ამას იმიტომ კი არ მოგახსენებთ, თითქოს ძლიერ გვიყვარდეს დაშნაკცაკანის პარტია, არამედ ჩვენ გვგონია ეს არა ნორმალური მდგომარეობაა და ის ხელს ვერ შეუწყობს ჩვენ დამოუკიდებლობის გამტკიცების საქმეს. ბოლოს და ბოლოს თვით მთავრობამ დაინახა რომ ამ კანონს ჰქონდა დეფექტები და გამოსცა განმარტება, ამ განმარტების ძალით საქართველოს მოქალაქეთ ითვლება ის, ვინც იყო რომელიმე ადმინისტრატიულ ერთეულზე მიწერილი მაგ. თავადაზნაურთა, მეშჩანთა, ან ვექილთა კორპორაციაში იყო ჩაწერილი. ჩვენ გვგონია, რომ ეს წესიც მისაღები არ არის. შეიძლება ადამიანმა მთელი თავის სიცოცხლე საქართველოში გაატარა, რამოდენიმე 10 წელიწადი იცხოვრა საქართველოში, მაგრამ არ არის მიწერილი ადმინისტრატიულ ერთეულზე. რატომ უნდა წავართვათ იმას უფლება, რომ იყოს საქართველოს მოქალაქე.

გარდა ამისა ამ დამატებაში არის ნათქვამი, მაგალითად ვინც არის ვექილის კორპორაციის სიაში ჩაწერილი ის არის საქართველოს მოქალაქე. ახლა ავიღოთ, მაგალითად მუშა, რომელიც არ არის ვექილთა კორპორაციაში ჩაწერილი, მაგრამ არის ჩაწერილი რომელიმე კავშირში, ის არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მგონია, ეს მიუღებელი არის. სამწუხაროდ ჩვენდა ასეთივე დეფეკტები ეტყობა ამ კანონს. ჯერ ერთი აქ სრულიად არ არის ნათქვამი რა პირობებში ხდება საერთოდ ჩვენი ნატურალიზაცია, მართალია მომხსენებელმა სთქვა, რომ კანონს დროებითი ხასიათი აქვსო, მაგრამ არ ვიცი ეს დროებითი რა არის, როდის გათავდება ის. გარდა ამისა სიტყვა დროებითი არაფერს ამბობს, ვინაიდან ყველაფერი დროებითი არის. მით უფრო არ შეიძლება ეს ეხლა უყურადღებოთ დავტოვოთ, რომ ეხლა სწყდება მთავარი პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიური საკითხები, რომლებშიაც ყველამ მონაწილეობა უნდა მიიღოს. შემდეგ, აქ არაფერი არ არის ნათქვამი თუ რა პირობებში იქნებიან ჩვენი უცხოელები, ექნებათ თუ არა მათ უფლება, მაგალითად, პოლიტიკური. მართალია ჩვენ ვიცით მაგალითად ევროპიული სახელმწიფოები არ სწყალობენ უცხოელებს, და პოლიტიკურ უფლებებს არ ანიჭებენ, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ეს ჩვენთვის სავალდებულო არ არის, ვინაიდან ევროპის კონსტიტუციები ბურჟუაზიამ შექმნა, ჩვენ კანონებს კი ქმნიან სოციალისტები, გარდა ამისა აქ სრულიად არაფერი არ არის ნათქვამი ბავშვების შესახებ, მცირე წლოვანთა შესახებ, როგორ სწყდება მათი ქვეშევრდომობის საკითხი ჩვენში. სხვა და სხვა სახელმწიფოში სხვა და სხვანაირათ სწყდება ეს საკითხი, არის სახელმწიფოები, სადაც არის ეგრედ წოდებული ns soli. აქ სახელმწიფოს თავის ქვეშევრდომათ მიაჩნია ბავშვი, რომელიც მის ტერიტორიაზედ დაიბადა, ამის შესახებ კანონში არაფერი არ არის გამორკვეული. გარდა ამისა მე უნდა მოგახსენოთ ფორმალური მოსაზრებით, ეს სრულიად მიუღებელი კანონი არის, იმიტომ რომ ამ კანონ-პროექტს აწერია „დამატებითი კანონ-პროექტი“. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დამფუძნებელი კრება ამ კანონს მიიღებს, ამით ეო იპსო, ჩვენ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც მიიღო ეროვნულმა საბჭომ. ჩვენთვის კი ეს კანონი მიუღებელია და ჩვენ გვგონია შეუფერებელია. დამფუძნებელმა კრებამ მიიღოს კანონები, ასე ვსთქვათ, ზეპირათ, ეს ყოვლად შეუძლებელია, კანონი არ არის ფელეტონი, რომ მისი გაგრძელება სხვაგან ვეძიოთ. კანონი უნდა იყოს მთლიანი.

გარდა ამისა აქ სწერია - „მოქალაქე ყოფილ რუსეთის იმპერიისა“. რატომ მოქალაქე ყოფილ რუსეთისა? რატომ არ შეიძლება ყოფილ ოსმალეთისა. მით უფრო ეს საჭირო არ არის, რადგან არ ვიცით ვის შესახებ მოგვიხდება სიტყვა „ყოფილი“ ხმარება? შემდეგ არის ნათქვამი, რომ „მოქალაქეთ ითვლებიან არა მარტო ქართველები, არამედ სხვებიც, ვინც სამი წლის განმავლობაში სცხოვრობდა საქართველოშიო“. ამას ბატონი მომხსენებელი იმით ასაბუთებს, რომ 1914 წელიწადი არის საერთო დატა, მნიშვნელოვანი დატა, მაგრამ ესეც, რომ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ვადა კიდევ სამი წლის უკან დავსწიოთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენში ნატურალიზაციისათვის საჭიროა ეხლა რვა წელიწადი. შეუძლებელი არის დემოკრატიულ სახელმწიფოში ითქვას, თუ არ სცხოვრობ 8 წელიწადს არ იქნები მოქალაქეო. არამც თუ ჩვენში დემოკრატიულ სახელმწიფოში, თვით თვითმპყრობელურ რუსეთში 5 წელიწადში შეიძლებოდა ნატურალიზაცია, თუ კი რუსეთში შეიძლებოდა 5 წელი, ჩვენში, მაინც და მაინც რატომ არის საჭირო 8 წელიწადი? შემდეგ აქ არის ბოლოში ნათქვამი, თუ ვინ კარგავს ქვეშევრდომობას ჩვენში. აქ ნათქვამია „ვინც უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს მისთხოვდებაო“ ჩვენ გვგონია, რომ ესეც მიუღებელი არის, იმიტომ, რომ როგორც სჩანს კანონმდებელს ქალი მიაჩნია კუთვნილებად მამაკაცისა, ჩვენთვის, სოციალისტებისთვის ეს მუხლი მიუღებელია. ჩვენ გვწამს ქალთა თანასწორობა. ეს მუხლი პირდაპირ ამოღებულია რუსეთის ძირითად კანონების მე-9 ტომიდან. ვსთქვათ ასეთი შემთხვევა, ქალი რომ გათხოვდება მას შემდეგ ის იღებს ქვეშევრდომობას ამ სახელმწიფოსი, რომლის ქვეშევრდომიც არის ქმარი. ვსთქვათ, რომ ქმარი მოკვდა, როგორია ამ ქვრივის მდგომარეობა, ძველი ქვეშევრდომობა დაუბრუნდება თუ არა? გოლანდიაში, საფრანგეთში მაგალითად თუ ქვრივი დაბრუნდა სამშობლოში, ის ძველ ქვეშევრდომობას ღებულობს, გარდა ამისა, მაგალითად, ვსთქვათ ქალი მისთხოვდა უცხოელს, მიიღო მისი ქვეშევრდომობა. როგორ პირობებში ჩავარდება ეს ქალი, მიიღებს მეორე ქვეშევრდომობას თუ არა. ესეც გამოურკვეველი არის. ამნაირად ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი მუხლი არ არის, რომ არ იწვევდეს დავას და მისაღები იყოს, და ამიტომ ჩვენი ფრაქცია ამ კანონს წინააღმდეგ მისცემს ხმას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

პავლე საყვარელიძე. მე უნდა განვიმეორო. ჩემი აზრი ნატურალიზაციის, და საზოგადოთ ჩვეულებრივ მოქალაქეობის მიღების და დაკარგვის შესახებ. კანონ-პროექტი ცალკე არის. მე ამას არ ვეხებოდი, ბატონმა შენგელაიამ მთელი კრიტიკა გაუკეთა ამას. არ შემოგვიტანია ნატურალიზაციის კანონი. ის ცალკე მზადდება უცხოელებზე, ბავშვებზე, და იქ იქნება ლაპარაკი. გამოდის, რომ თქვენ აკრიტიკებთ იმას, რაზედაც აქ არავინ არ ლაპარაკობდა. ეს არის სრული უძლურება ოპოზიციის კრიტიკისა.

პირველმა კანონმა ზიანი მოგვიტანაო, არ ვიცი ვის მოუტანა ზიანი? ფჩხილებში „მემარცხენეებს“? ჩვენს რესპუბლიკას რო არ მოუტანა ზიანი, ეს იქიდან სჩანს ბ. შენგელაია, რომ ჩვენც და თქვენც აქა ვსხედვართ. თქვენი პოლიტიკა, რომ მიგვეღო, ჩვენ ცეცხლის ალში ვიქნებოდით. თქვენ ვინ იცის სად იქნებოდით, დამფუძნებელი კრებაც არ იქნებოდა.

ფრაზაა, ვითომ ბურჟუაზიას ებრძვით, ბ. შენგელაია, პოლიტიკურ უფლებებს უცხოელები მოკლებულნი არიან ყველგან, მათ თურმე ჩვენ უნდა მივცეთ ეს უფლებანი რადგანაც სოციალისტები ქმნიან კანონს. არის ეგრედ წოდებული დემოკრატიული რესპუბლიკები, და ბურჟუაზიული რესპუბლიკები. ყველგან სადაც გნებავთ, არის უმთავრესი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი შეიძლება იყოს დემოკრატიული, შეიძლება ბურჟუაზიული. ჩვენ შეგვიძლიან საქართველო წარმოვიდგინოთ როგორც რეაქციონერული სახელმწიფო. შეიძლება მეფე, ან არისტოკრატია მეთაურობდეს სახელმწიფოს. ან ავიღოთ დემოკრატიული საქართველო როგორც დღეს არის. დემოკრატიულ საქართველოსთვის სავალდებულოა ყველა უცხოელს მივცეთ უფლება? ჩვენ მოგახსენებთ აშკარათ, ვინც უნდა იყოს უცხოელი, სოციალისტი თუ არა სოციალისტი ჩვენს რესპუბლიკაში, არ მიეცემათ პოლიტიკური-უფლებები. ეს იქნებოდა დაღუპვა იმ სახელმწიფოსი, რომელიც სისხლით და ოფლით იქმნება.

ნატურალიზაციაზე არ ვლაპარაკობ, არც ბავშვების უფლებაზე. ჩვენ განსაზღვრული მიზანი გვქონდა. ეს არის კანონ-პროექტი დამატებითი, დროებითი.

რაც შეეხება იმას, რომ პირველი ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებული დებულება, თითქოს არ იყოს მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ, ეს შეცდომაა. არ ვიცი, დამფუძნებელი კრება რა აზრისა არის, მაგრამ აშკარაა, როდესაც დამფუძნებელმა კრებამ 12 მარტს აშკარად საქვეყნოთ აღიარა, დამოუკიდებლობის აქტი, მით ცოიპსო დააკანონა პარლამენტის კანონმდებლობა. ყველა გამოცხადებული კანონი კანონობს დამფუძნებელ კრებისთვისაც. (შენგელაია ადგილიდან: იურიდიული აბსურდია.) ეს არის ნამდვილი იურიდიული სისწორე. (შენგელაია: აბსურდი) სხვანაირად გაგება შეუძლებელია, სხვანაირად შეიძლება გაიგოს ისეთ კაცებმა, რომელიც აზროვნობს არა სახელმწიფოებრივად.

კანონმა ზიანი მოუტანა ზოგიერთ პარტიებსო, ეს მართალია. მაგრამ თუ დაშნაკელები აქ არ შემოვიდნენ არა იმიტომ, რომ კანონი იყოს დამნაშავე, - არამედ იმიტომ, რომ დაშნაკელებმა ალბათ, დაკარგეს ნდობა იმ საზოგადოებაში, იმ ხალხში, რომელშიაც მოქმედებდენ. მგონია, რომ დაშნაკელები დამარცხდნენ არა ჩვენი კანონის სიგლახით, არამედ თავის პოლიტიკის სიმრუდით. რაც შეეხება იმას, რომ კანონის გარეშე დარჩა ზოგიერთი ელემენტები, ეს მართალია. ბევრი კატეგორია არის, რომელიც არ არის მიწერილი. აი ამ მიუწერილობისთვის არის შემუშავებული დამატებითი კანონ-პროექტი. რაც შეეხება მთლიან კანონ-პროექტს, ეს კანონ-პროექტი, როგორც მოგახსენეთ, არის კომისიაში და წარმოსდგება ცალკე.

თუ რატომ ვიხმარეთ „ყოფილი რუსეთი“, და არა „ყოფილი ოსმალეთი“, ეს მიტომ, რომ ყოფილ რუსეთის ნაწილი ვიყავით ჩვენ. იყო ეს ჩვენი სურვილი თუ არა, ჩვენ ვიყავით, volens-nolens რუსეთის ნაწილი, და გამოვეყავით რუსეთს. მაშასადამე ყოფილ რუსეთზე არის ლაპარაკი. რუსეთის სხვა და სხვა ნაწილები თვით გამორკვევის პრინციპზე დგანან. ამიტომ, ვლაპარაკობ ყოფილ რუსეთზე, და არა ყოფილ ოსმალეთზე, რომელთანაც საქმე არ გვქონია. ვადის შესახებ ბ. შენგელაია 5 წელიწადი კმარაო. 5 წელი, რომ იცხოვროს უცხოელმა და შედეგ განაცხადოს, ეს არ კმარა მრავალი კონსტიტუციის ძალით. საჭიროა განცხადების შემდეგ იცხოვროს ხუთი წელიწადი.

რაც შეეხება იმას, თუ ჩვენში რა იქნება, - იმ კანონით, რომელსაც შემოიტანს საკონსტიტუციო კომისია ნატურალიზაციის შესახებ, მოქალაქეობის მისაღებათ რამდენიმე ხანი იქნება საჭირო, შეიძლება ვადა 5 წელიწადიც არ იქმნეს. ორიოდე სიტყვა ქალის უფლებებზე. აქ დიდი გაუგებრობაა. ქალი მოქალაქე თუ გათხოვდა, ის კარგავს ჩვენს მოქალაქეობას. თუ იგი დაქვრივდა ან განქორწინდა, მან შეიძლება აღადგინოს ჩვენი მოქალაქეობა. ჩვენ სწორეთ ესე გვაქვს შემუშავებული, რომ ქალი როდესაც დაქორწინდება, ან დაქვრივდება იგი აღადგენს მოქალაქეობას, მაგრამ ამაზე აქ არ იყო ლაპარაკი, ეს ცალკე საკითხია. რეზიუმე: კრიტიკული შენიშვნა სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს, არ ეხება საგანს; ნატურალიზაციას არ შევხებივართ. არავითარი ზიანი პირველ კანონს რესპუბლიკისათვის არ მოუტანია. მოუტანა ზიანი იმ ელემენტებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არ არიან, და არც უნდა იყვნენ, თუ არ გინდათ, რომ ჩვენი რესპუბლიკის წესწყობილება დაემხოს, და ან დაემგზავსოთ მემარჯვენე რესპუბლიკებს და ეგრედწოდებულ იმ „მემარცხენე“ რესპუბლიკებს, როგორიც არის მაგალითად, რუსეთი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე: (ს. დ.) მე მგონია, რომ ის პრინციპიალური შეხედულობა, რომელიც აქ წარმოსთქვა დამფუძნებელი კრების წევრმა შენგელაიამ არის ნამდვილად ცალმხრივი, მაშინ როდესაც ის ჩვენ გვიკიჟინებს, რომ ჩვენი შეხედულობა არის ცალმხრივიო. „კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა“-ო აი სწორედ ამაზე არის ნათქვამი.

წარმოდგენილი კანონ-პროექტი არის აგებული ორ პრინციპზე. როდესაც ჩვენ ვკანონმდებლობთ, ერთმხრივ უნდა გვქონდეს სახეში პიროვნება და მისი უფლებები, რომ მისი უფლებები დაჩაგრული არ იყოს; მეორე მხრით, როდესაც ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, რომელიც იძულებითი ორგანიზაციაა, უნდა გვქონდეს მხედველობაში სახელმწიფოს ინტერესები (შენგელაია: „ეს ანტაგონიზმია.) აი ეხლა თქვენ ბრძანეთ ანტაგონიზმზე, თქვენ სიტყვაში კი ბრძანეთ ცალმხრიობაზე, მაშასადამე თქვენ შენიშვნით უკან დაიხიეთ, და ცოტა თუ ჩაუკვირდებით, მაშინ კანონ-პროექტს გაიგებთ. სამწუხაროთ, ან შეიძლება ბევრი იფიქროთ რომელიმე კანონზე და სრულიად ვერ გაიგოთ, ან და არ გსურთ გაიგოთ ის პრინციპი, რომელზედაც არის აგებული კანონ-პროექტი. ამის შემდეგ მე არ მიკვირს, რომ ზოგიერთებმა არ გაიგო, ან ვერ გაიგო ჩვენი კანონმდებლობითი ხაზი. როდესაც ვინმე ჟინიანობით არის მოცული, ვერ გაიგებს იმასაც, რაც ნამდვილად საღი არის.

აი ასე დაემართა იმ ჩვენ მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც განგაში ასტეხეს ჩვენგან გამოცემულ კანონის შესახებ. ასე დაემართება ხოლმე ყველა იმ ჩვენ მოწინააღმდეგეებს, რომელიც ჟინიანობით არის მოცული. მე ისევ საქმეს დაუბრუნდები და ვიტყვი, რომ კანონ-პროექტი არის ორ საღ პრინციპზე აგებული: სახელმწიფოებრივ და ინდივიდუალურ ინტერესეზე, და ასეთი კანონმდებლობა, ასეთი მუშაობა არის ნამდვილი საღი. და თუ ჩვენ ესე დავაყენეთ საკითხი, რომ ამ პატარა ჩვენ სახელმწიფოში ვინც უნდა შემოიჭრას, ვინც გამოგვიცხადებს „მე მსურს თქვენი მოქალაქეობა“, ყველა უპირობოთ გავხადოთ ჩვენ მოქალაქეთ, და ამგვარად ყველას გაუღებთ კარებს - ეს შეუძლებელია. ამ შემთხვევაში თქვენ დაიცავთ რომელიმე პიროვნების ინტერესს, (ხმა: სოციალისტური პრინციპი) მაგრამ არ დაიცავთ სახელმწიფოებრივ პრინციპს (ხმა: ტერიტორიის ინტერესი?) ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესი. მეორე მხრივ არ უნდა იყოს პიროვნების უფლება უკუგდებული, არც დაჩაგრული.

მაშასადამე, ამ ორ პრინციპზე უნდა იყოს აგებული ჩვენი კანონმდებლობა, და ეს კანონ-პროექტი ამ ორ პრინციპზე არის აგებული. ჩვენ ვიღებთ ობიექტურ პირობებს და ვამბობთ, ვინც წინად ცხოვრობდა ამა თუ იმ ხნის განმავლობაში მას აქვს უფლება, რომ მიიღოს მოქალაქეობა ჩვენ რესპუბლიკაში, თუ ამას ისინი გამოაცხადებენ განსაზღვრულ ვადაში. მე მგონია, ისეთი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოდ ჩვენ, როდესაც სახელმწიფოს ვაშენებთ და მას ნიადაგს უმაგრებთ. ვისაც კი ჰსურს, რომ არ ააშენოს სახელმწიფო, ვისაც სურს, რომ ამ სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს, ის ადგია არა სახელმწიფოებრივ პრინციპს, არამედ ნამდვილს ინდივიდუალურ პრინციპს, რომელიც არის არა სახელმწიფოებრივი, არამედ ანარქიული პრინციპი. ამიტომ ეს კანონ-პროექტი მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი პრინციპებით არის მისაღები (შენგელაია: უპრინციპოა). მაგრამ მეორე მხრივ არის შემდეგი. მომხსენებელის სიტყვებიდან გამოირკვა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყველა ძირითადი საკითხების შესახებ, რომელნიც მოქალაქეობრივ საკითხის ფარგლებში იბადებიან, კანონ-პროექტს უკვე იმუშავებს, მეორე მხრივ ეს კანონ-პროექტი არის დამატებითი; და აი იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდეს სრული საკანონმდებლო აქტი, სადაც ყველა ის საკითხები, რომელიც იბადება მოქალაქეობრიობის გარშემო გარკვეული და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილი იყოს ნამდვილათ იმ პრინციპის მიხედვით, რომელნიც გატარებულია ამ კანონ-პროექტში, და მეორე მხრივ, რომ საბოლოოდ დაედვას საზღვარი იმ განგაშს, რომელიც ამ საკითხის გარშემო არსებობს, სასურველია, რომ შემოტანილი კანონპროექტი დაუბრუნდეს ისევ საკონსტიტუციო კომისიას იმ მიზნით, რომ სულ ახლო მომავალში, ერთ კვირაში, ან ათი დღის განმავლობაში, ეს ძირითადი კანონპროექტი, სადაც ყველა ეს საკითხები სათანადოთ გაშუქებული, გადაჭრილი არის, შემოიტანოს დამფუძნებელ კრებაში. მანამ კი მდგომარეობა დარჩება ისეთივე, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს ძველი კანონები მიღებული პარლამენტის მიერ, მით ვიხელმძღვანელოდ; ამ ხნის განმავლობაში კი შემოვიდეს ძირითადი კანონ-პროექტი მოქალაქეობის შესახებ, რომელსაც ან მიიღებს დამფუძნებელი კრება ან უარყოფს. (შენგელაია: თუ კარგია, მიიღეთ)

თავმჯდომარე: მაშასადამე, წინადადება გახლავთ შემოტანილი. ამ წინადადების შესახებ ჰსურს ვისმე თუ არა სიტყვა? მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

პავლე საყვარელიძე. (მომხსენებელი) როგორც მოგახსენეთ ეს ძირითადი დებულება ურყეველია, რომ გადავცდეთ ამას, უნდა ავცდეთ სახელმწიფოს აღმშენებელობას და დავადგეთ ანარქიის გზას.

როგორც მოგეხსენებათ, ისიც მართალია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში გახლავთ შემუშავებული კანონ-პროექტი საერთო მოქალაქეობის დაკარგვისა და მოპოვებისა.

ცხადია, თუ დამფუძნებელი კრება მოისურვებს, თუ მას ჰსურს ეს, ჩვენი საკონსტიტუციო კომისია წინააღმდეგი არ იქნება, რომ შევაერთოთ ისინი ერთად და ერთად წარმოუდგინოთ დამფუძნებელ კრებას ახლო მომავალში.

ამის წინააღმდეგ ჩვენ არ ვართ.

თავმჯდომარე: მაშასადამე, კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგ რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დაუბრუნდეს საკონსტიტუციო კომისიას? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე, კანონპროექტი დაუბრუნდება საკონსტიტუციო კომისიას.

ხელოვნების კომისიისათვის 100000 . გადაცემის პროექტი.

თავმჯდომარე: შემდეგი კანონპროექტის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს პავლე საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე. (მომხს.) ბატონებო, როგორც მოგეხსენებათ, მალე შესრულდება ერთი წელიწადი, რაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ხალხის ისტორიაში და სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში ასეთ დატას, ასეთ წლის თავის დასრულებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ ხელოვნების კომისია, რომელიც არსებობს დამფუძნებელ კრებასთან, წინადადებას იძლევა, რომ ეს დღესასწაული იქნას ჩატარებული რაც შეიძლება კარგათ, რაც შეიძლება ბრწყინვალეთ. მოტივების მოყვანა ზედმეტია. რათ უნდა ვიდღესასწაულოთ, ეს ცხადია. ცხადია, ეს დღესასწაული თავის თავად ჩატარდება.

მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მწყობრად ჩატარებული როგორც აქ, ტფილისში, ისე მთელ საქართველოში, პროვინციაში. ხელოვნების კომისიაში უკვე მუშაობს რამდენიმე სექცია, რომლებშიაც მოწვეული არიან საუკეთესო ძალები, როგორც მუსიკალურ ისე სხვა დარგებიდან. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, ეს დღესასწაული იქნება ამიერიდან მთელი ერისა მთელი დემოკრატიისა. და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, და ჩვენ ამას მართლა განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ხელოვნების კომისია მუშაობს ამ კომისიის ანგარიშით უკანასკნელი ხარჯი უნდა გაიღოს სახელმწიფომ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სახელმწიფომ ან დამფუძნებელ კრებამ თავს იდო მთელი ხარჯის გაწევა. ეს არც იქნება, და არც არის საჭირო. ეს უნდა იყოს ხალხოსნური დღესასწაული, იმაში უნდა მიიღოს მონაწილეობა აქაც, პროვინციაშიც ხალხმა, დემოკრატიამ, რომელიც აფასებს ამ დღეს, როგორც ნამდვილ დემოკრატიულ დღესასწაულს. დემოკრატია სოფელში, პროვინციაში, დაბა ქალაქებში მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ახალგაზდა მუნიციპალური და საერობო დაწესებულებანი. ჩვენ მხოლოთ გაუძღვებით დღესასწაულს, ვაძლევთ ერთგვარ ტონს, ერთგვარ მიმართულებას, ვხელმძღვანელობთ იდეურად. ამისთვის მცირე ოდენი ხარჯი არის საჭირო. ეს გამორკვეულია მინიმუმად 100000 მან. დღესასწაულის პროგრამა ცხადია დაწვრილებით აქ არ იქნება წარმოდგენილი; იგი შესდგება სხვა და სხვა პროგრამის შესრულებისაგან; იქნება მუსიკალური პროგრამმა, თეატრი, საგიმნასტო პროგრამმა, იქნება მსვლელობა რევოლიუციურ-დემოკრატიულ და ეროვნულ მომენტების აღნიშვნით და სხვა და სხვა.

ამ გვარად ჩვენის აზრით ეს დღესასწაული უნდა იყოს კარგათ ჩატარებული, ამისთვის საჭირო არის თანხა. ეს თანხა უნდა გადაეცეს ხელოვნების კომისიას, რომელიც საერო ხელმძღვანელობას უწევს დღესასწაულს როგორც ტფილისში, ისე პროვინციაში. უნდა იცოდეთ, რომ ამ დღესასწაულის ტეხნიკურათ ჩამატარებელი, ქალაქ ტფილისის არის აგრეთვე ტფილისის თვითმართველობა, რომელიც მიიღებს თავის მხრივ ზომებს. თვითმართველობასთან ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება. მისი წარმომადგენე ლი იყო ჩვენ კომისიაში და აი ჩვენ კომისიასთან ერთად იმუშავებს გეგმას, რომ დღესასწაული ჩატარდეს რიგიანად.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ლეო ნათაძეს.

ლეო ნათაძე (ს. დ.) ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს ამ კანონპროექტს სავსებით, მაგრამ რადგანაც ეს ასი ათასი მანეთის გადადება შეეხება საფინანსო კომისიას, და რადგანაც საფინანსო კომისიას ჯერ თავისი აზრი ამის შესახებ არ გამოუთქვამს, ჩვენ საჭიროდ ვცნობთ გადავცეთ საფინანსო კომისიას, რომელიც თავის აზრს წარმოადგენს ამ ასი ათას მანეთის თანხის გადადების შესახებ.

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე რომ კომისიის დადგენილება გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას? მიღებულია ერთხმად.

დღიური წესრიგში არავითარი საკითხი აღარ არის.

სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს განცხადებისთვის.

სამხედრო მინისტრის განცხადება.

ნოე რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აპრილის შუა რიცხვებიდან მოკიდებული ჩვენ ვაწარმოვებთ სამხედრო ოპერაციებს ორ მიმართულებით: სოჭის და არტაანის მხრით.

ამ სამხედრო ოპერაციების მიზანი იყო არა ახალ კუთხეების დაპყრობა, არამედ სტრატეგიული პოზიციების დაჭერა. არტაანის მიმართულებით მოწინააღმდეგე, რომელიც დამარცხდა ახალციხის და ახალქალაქის მაზრაში, შეეცადა ახალ ბრბოების შეერთებას და ამ ბრბოებით ლამობდა შემოსევას, ამის საწინააღმდეგოთ ჯარის სარდლობა იძულებული იყო გადაედგა ერთი გაბედული ნაბიჯი, რომ სამუდამოთ ამ მხრივ, ჩვენი მდგომარეობა უზრუნველყოფილი დარჩენილიყო. და აი 16 აპრილს პირველი და მეორე დივიზიის ნაწილმა და ორმა სამთო ბატარეამ გენ. ართმელაძის მეთაურობით, მეტის მეტათ მძიმე პირობებში გადალახა ხანიორის უღელტეხილი და დაბანაკდა შემდეგ სოფლებში: სეიდის, ძირანურა, ზემო და ქვემო გიუნდაშსა და ტამალში 8 და 19 აპრილს ჩვენმა ჯარმა უკუაქცია მოწინააღმდეგე, რომელიც ბოლოს და ბოლოს სამხრეთ მდებარე მაღლობზე გამაგრდა. 20 აპრილის ჩვენი ჯარის შეტევა ამ მაღლობზე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მტერმა ვერ შესძლო არტაანში გაჩერება და მდინარეს მარჯვენა ნაპირზე დაიხია. უკან დახევისას მან მოინდომა ხიდის დაწვა. მაგრამ არტილერიამ იგი უკუაქცია და ეს ხიდი სრულ დაწვისაგან გადაარჩინა. ხიდი სწრაფ შეკეთებული იქმნა და ჩვენი ჯარი მტკვრის მეორე ნაპირას გადავიდა. მოწინააღმდეგემ, რომელთაც სენვერ-ბეგი ათაბეგოვი და ჯამალ-ბეგი ხიმშიევი მეთაურობდნენ, დაიკავა მტკვრის მარჯვენა ნაპირას მდებარე არტაანის სიმაგრეები, მაგრამ ჩვენ ფიცხელ შეტევას ვეღარ გაუძლო და უკან უკან დაიხია ოლთის და ყარსის მიმართულებით. ამ ოპერაციის დროს ჩვენ ხელთ ვიგდეთ მტრისგან დატოვებული ერთი ზარბაზანი 18 ყუთი ყუმბარა, ხოლო თვით ციხე არტაანში 4 საციხოვნო გაუბიცა.

შემდეგ დამატებითი ცნობებით არტაანის საწყობებში აღმოჩნდა 33 ზარბაზანი, დიდძალი ტყვიის ყუმბარები, თივა და ხორბალი. ჩვენი დანაკლისი შემდეგი არის: მოგვიკლეს ორი ჯარის კაცი, დავკარგეთ ოთხი ცხენი, მხოლოდ დაჭრილი არის 19. მტრის ზარალი მეტის მეტად საგრძნობი არის.

21 აპრილიდან მოკიდებული გენერალმა ართმელაძემ წინ წასწია მოწინავე სამხედრო რაზმები ოლთის და ყარსის მიმართულებით. ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ის ადგილები, რომელიც ჩვენ დავიკავეთ სავსებით უზრუნველ გვყოფს ჩვენ სტრატეგიულად, წინსვლას არც სარდლობა და არც მთავრობა არ ჰფიქრობს ამ ჟამად.

ამ ჟამად მთელი ახალციხის და ახალქალაქის მაზრები სადაც აქა იქ თავი იჩინეს ბრბოებმა, სავსებით მათგან გაწმენდილია.

რაც შეეხება სოჭის ოლქს, თქვენ გაზეთებიდან იცით, რომ შეტევა დენიკინის წინააღმდეგ დაიწყო 17 აპრილს დილის 4 საათზე. სახალხო გვარდიის ცხენოსანთა დივიზიონმა ღამით გადალახა მდინარე ბზიბი, როგორც მოგეხსენებათ, არავითარი კონფლიქტს იმ პიკეტებთან, რომელიც იქ ინგლისელებს ჰყავთ, ადგილი არ ჰქონია. მდინარის გადალახვის დროს დაიხრჩო ერთი მხედარი და დავკარგეთ სამი ცხენი. მარჯვენა ფრთამ დაიკავა „ოტრადნოე“ ხოლო მარცხენამ ყოფილ დიდმთავრის აგარაკი „კოლხიდა“ სადაც ტყვედ იგდეს 4 ოფიცერი და 2 ჯარის-კაცი.

მტრის არტილერიამ დივიზიონს სროლა აუტეხა, მაგრამ დივიზიონმა არტილერიას შემოუარა და ტყვედ იგდო. ნაშუადღევის ორ საათზე ჩვენმა ჯარმა დაიკავა გაგრა და 6 ვერსი წინ წაიწია. ორივე მხრივ შემოვლილი მტერი გაიქცა: მოგვიკლეს 2 გვარდიელი და დაგვიჭრეს 3. ჩვენ ტყვედ ვიგდეთ 88 ოფიცერი და 150 ჯარის-კაცი, მათ დააკლდათ 87 კაცი. უკან დახევის დროს მოხალისეებმა დასტოვეს ლაზარეთი, სადაც აღმოჩნდა 25 ავადმყოფი ოფიცერი და 360 ჯარის-კაცი.

18 აპრილს 9 საათზე გვარდიამ დაიკავა მდ. მახადირის ხაზი. დამარცხებულმა მტერმა, რომელსაც მცხოვრებლებმა სროლა აუტეხეს, დაიხია მდინარე ბზიბამდის.

იმ ცნობების თანახმად, რომელიც ჩვენ მივიღეთ მტერი თავს იყრის ადლერთან. ორივე ოპერაცია მთავრობის აზრით ჩვენ სტრატეგიულ მდგომარეობას უზრუნველჰყოფს. არც ერთ მიმართულებით, როგორც თავიდან მოგახსენეთ, ჩვენ მიზნათ არ გვქონდა ახალ რაიონების დაპყრობა, არამედ ვიკავებთ სტრატეგიულ ადგილებს და ეს მიზანი სავსებით მიხწეულია. ჩვენ ვფიქრობთ თუ ჩვენი მოწინააღმდეგენი არ მოინდომებენ გადასდგან რაიმე ავანტიურისტიული ნაბიჯი ოპერაცია სავსებით დამთავრებული არის და ჩვენ გვექნება საშუალება იმ ნაწილებით, რომელიც იქ არის, შემდეგშიაც დავიცვათ ჩვენი საზღვრები. (ტაში)

თავმჯდომარე: ვის ჰსურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

მესხიშვილი (ს. ფ.) მოქალაქენო, ის წინადადება, რომელიც მე მსურს შემოვიტანო დასაბუთებას არ საჭიროებს.

სრულიად აშკარა არის, რამდენი ღვაწლი მიუძღვის ჩვენ ჯარს და სახალხო გვარდიას ჩვენ სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ წინადადება შემომაქვს დამფუძნებელ კრების სახელით მივესალმოთ რეგულიარულ ჯარს და სახალხო გვარდიას, როგორც ერთს, ისე მეორე ფრონტზე.

თავმჯდომარე: უკაცრაოდ! უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი წინადადება წინათ იყო შემოტანილი. მე არ ვიცოდი თუ ამ წინადადების შემოტანა ჰსურდა კრების წევრს მესხიშვილს.

წერილობით ასეთი წინადადება გახლავთ შემოტანილი სოციალ-დემოკრატების მიერ. როგორც სჩანს ორი წინადადება და ერთი იგივე შინაარსისა არის.

მდივანი: (კითხულობს) მოისმინა რა მთავრობის განცხადება სამხედრო მოქმედების შესახებ, დამფუძნებელი კრება სალამს უძღვნის ჩვენს ჯარს და გვარდიას თავის მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის რესპუბლიკისა და დემოკრატიის წინაშე და გადადის მორიგ საკითხებზე.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადების? არავინ. ერთხმათ არის მიღებული (ტაში).

სხვა საკითხები დღიურ წესრიგში აღარ გახლავთ და ამიტომ ვხურავ სხდომას.

უკაცრავად, გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი განცხადება:

მდივანი: (კითხულობს

სოც-დემოკრატიულ ფრაქციის განცხადება:

სოციალ-დემოკრატიულ ფრაქცია ხელოვნების სექციაში ნოე ცინცაძის მაგიერ ასახელებს დავით შარაშიძეს.

თავმჯდომარე: კრება დახურული გახლავთ.

კრება იხურება ნაშუადღევის 2 საათსა და 40 წუთზე.

2.6.2.5 მეცამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. მაისის 6. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

კონ. ჯაფარიძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 საათსა და 15 წუთზე.

თავმჯდომარის განცხადება კრების წევრთა რაფიელ ჩიხლაძის და თავაზ გვარამაძის გარდაცვალების შესახებ.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ.

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

სანამ დღიურ წესრიგს მოგახსენებდეთ და მუშაობას შეუდგებოდეთ, ნება მომეცით, მოგახსენოთ შემდეგი სამწუხარო ცნობა:

27 აპრილს გარდაიცვალა დამფუძნებელ კრების წევრი რაფიელ ჩიხლაძე, რომელიც 4 მაისს საფლავს მიაბარეს.

არა მგონია საქართველოში მოიპოვებოდეს ისეთი ვინმე, ვისაც კი უყვარს ქართველი ხალხი, ვისაც გული სტკივა ჩვენ რესპუბლიკის ბედნიერებისთვის, რომ რაფიელ ჩიხლაძის სახელი არ გაეგონოს.

ხალხის შვილი, ხალხის ღარიბ ოჯახიდან გამოსული მთელ 20-25 წლის განმავლობაში მხოლოდ ხალხისთვის იბრძოდა, მხოლოდ ხალხის ბედნიერება იყო მისი სატფრიალო იდეა. მას ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. მისი მომზადება, მისი დაუშრეტელი ენერგია, თავდადებული მუშაო ბის უნარი, იმის თავმდები იყო, რომ მას კიდევ შეეძლო დიდი სარგებლობა მოეტანა საქართველოს დემოკრატიისთვის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისთვის. მას არ დასცალდა, - უწყალო სიკვდილმა ხელიდან გამოაცალა დამოუკიდებელ საქართველოს მისი დაუღალავი მოამაგე და ფხიზელი დარაჯი.

ერთად-ერთი, რაც ანუგეშებს როგორც მის დაობლებულ ოჯახს და მცირე-წლოვან შვილებს და აგრეთვე საქართველოს დემოკრატიას, არის ის, რომ თავის თავდადებული თავ-განწირული მუშაობით წაუშლელი ხსოვნა დასტოვა საქართველოს ხალხის გულში. სახელი და დიდება მას! საუკუნო ხსენება განსვენებულს.

ნება მომეცით, მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების სახელით სამძიმარი გადავცე მის დაობლებულ ოჯახს, და თქვენ გთხოვთ ფეხზე ადგომით პატივი სცეთ. (დამფუძნებელ კრების წევრნი ფეხზე ადგომით პატივს სცემენ განსვენებულის ხსოვნას).

მეორე სამწუხარო ამბავიც უნდა მოგახსენოთ:

ამ ერთი კვირის წინათ გარდაიცვალა აგრეთვე დამფუძნებელ კრების წევრი ოსმან შავყი გვარამაძე.

მართალია, დამფუძნებელი კრება იმას ჯერ არ იცნობდა იმიტომ, რომ მას საშუალება არ ჰქონდა მოსულიყო საქართველოს დედა ქალაქში და მის კანონმდებელ ორგანოში მუშაობა დაეწყო, მაგრამ ჩვენთვის დიდი დანაკლისი არის მისი გარდაცვალება, უაღრესად იმიტომ, რომ ბ. გვარამაძე გახლდათ ამორჩეული და წარმომადგენელი იმ კუთხისა, სადაც აი, ამდენი ხანი იღვრება სისხლი თავგანწირულ მებრძოლთა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მის გაერთიანებისთვის.

უნდა მოგახსენოთ, რომ ბ. გვარამაძის მოღვაწეობა საქართველოს გაერთიანების საქმეში, მისი მოღვაწეობა ახალციხის მაზრაში მეტადრე გლეხკაცებისთვის იმის ახსნის და განმარტების საქმეში, რომ მათ საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლიანთ და არც უნდა ისურვონ, ყველაფერი ეს ჩვენ გვაძლევს საბუთს ვიფიქროთ, რომ გვარამაძის დაკარგვით დამფუძნებელ კრებას და საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს გაერთიანების საქმეს დიდი დანაკლისი მოუვიდა.

გთხოვთ, მოქალაქენო, პატივი სცეთ ფეხზე ადგომით. (დეპუტატები ფეხზე დგებიან). ეხლა, ბატონებო, მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

დეპეშები ფოცხოვიდან და ბორჩალოს მაზრიდან.

მდივანი. კითხულობს: 1) ფოცხოვის რაიონის ყველა სოფლების წარმომადგენელთა ყრილობის დეპეშას, შემდგომ 2) რუსულად ბორჩალოს მაზრის ლორის რაიონის ექვსი სოფლის რწმუნებულთა თხოვნას ლორის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში დატოვების შესახებ.

კომისიებში გადასაცემ კანონპროექტთა სია.

1. სამხედრო მინისტრის კანონპროექტი ოჯახურ მდგომარეობით ჯარში განთავისუფლებისა.

გადაეცეს სამხედრო კომისიას.

2. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი სასინჯაო სამმართველოსი.

გადაეცეს საფინანსო საბიუჯეტო კომისიას.

3. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი. საწონ-საზომთა პალატისა.

გადაეცეს საფინანსო საბიუჯეტო კომისიათ.

4. გზათა მინისტრის კანონპროექტი სახაზინო რკინის გზებით მოსამსახურესათვის ჯამაგირის მომატებისა.

გადაეცეს გზათა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას,

5. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 31-ს კანონის (სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნისა) განგრძნობის შესახებ.

გადაეცეს საბიუჯეტო საფინანსო კომისიის.

6. მთავრობის თავმჯდომარის კანონ-პროექტი უძრავ ქონებათა იძულებითი წამორთმევისა, დროებითი დაკავებისა და ნაწილობრივი სარგებლობის სახელმწიფო, ან საზოგადო საჭიროებისათვის.

გადაეცეს აგრარულ და იურიდიულ კომისიათ.

7. სამხედრო მინისტრის მიერ წარმოდგენილი დროებითი წესები დახოცილ ან მუშაობის უნარ დაკარგულ სამხედრო პირთა სახალხო გვარდიელთა და მოხალისეთა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ.

გადაეცეს სამხედრო კომისიას.

8. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი ეპიდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ და შრომის უნარ დაკარგულ მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების შესახებ.

გადაეცეს ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

9. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი საკათედრო ტაძრებისა და საკათოლიკოზო დაწესებულებათა შენახვისათვის 1918 წელს გაწეულ ხარჯების დასაფარავად 1.504.820 მან. გადადების შესახებ.

გადაეცეს საბიუჯეტო საფინანსო კომისიას.

10. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი 1915-1917 წ.წ. საერობო ხარჯთაღრიცხვის გაგრძელებისა 1919 წლისთვისაც.

გადაეცეს ადგილობრივ მმართველობის, თვითმმართველობის და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

11. შრომის მინისტრის კანონ-პროექტი შრომის ხელშეკრულობის შესახებ.

გადაეცეს შრომისა და იურიდიულ კომისიათ.

მდივანი: ეხლა მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი.

1. პროექტი დადგენილობისა დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიისათვის 100,000 მან. გადაცემის შესახებ.

2. პროექტი დეკრეტისა დამფუძნებელი კრების წევრთა იმუნიტეტის (შეუვალობისა).

3. კანონპროექტი ხაზინის გასაძლიერებლათ ზოგიერთი ზომების შესახებ.

4. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება საგარეო საქმეთა კომისიის არჩევის შესახებ.

5. სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეკითხვა ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების შესახებ.

6. სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა.

7. შეკითხვა ეროვნ.-დემოკრ. ფრაქციის მთავრობისადმი. სასამართლო პალატის თავმჯდომარის მიხეილ მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ.

8. შეკითხვა ეროვნ.-დემოკრ. ფრაქციისა მთავრობისადმი ძეგვის ხიდის ამფეთქებელთათვის სიკვდილით დასჯის 12 წლის კატორღით შეცვლის შესახებ.

9. შეკითხვა ეროვნ.-დემოკრ. ფრაქციისა მთავრობისადმი ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა და სხვათა სასჯელისაგან სრულიად განთავისუფლების შესახებ.

თავმჯდომარის განცხადება სხდომების დღეების შესახებ.

თავმჯდომარე. ეხლა ცნობად უნდა მოგახსენოთ შემდეგი. რეგლამენტის ძალით დამფუძნებელ კრების სხდომის დღეს და საათს აწესებს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი.

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ეს დღეები უნდა იყოს: სამშაბათი და პარასკევი: დასაწყისი სრული 12 საათზე და დასასრული 3 ს.

ამას მოგახსენებთ ცნობად.

ეხლა დღიურ წესრიგის შესახებ თხოულობს სიტყვას კრების წევრი ნუცუბიძე.

მსჯელობა დღიურ წესრიგის შესახებ.

ილია ნუცუბიძე. (ს. რ.) ჩვენ ფრაქციას შემოაქვს წინადადება: შეკითხვა ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ბ. ადეიშვილის უკანონო მოქმედების შესახებ განიხილოთ პირველად.

ეს შეკითხვა სასწრაფო არის. შემოტანილია 30 პრილს და დღეს 6 მაისია, დიდათ დაგვიანებული არის, და ამასთან კიდევ ამ საკითხის გარშემო პრესაში ბევრი რამ დაიწერა.

ხალხიც ასე თუ ისე დაინტერესებულია ამ საკითხზე მთავრობისაგან ოფიციალურ პასუხის მიღებაში.

ამიტომ ჩვენის აზრით, საჭირო არის ეს საკითხი განიხილოთ პირველად, თორემ თუ ბოლოს მოექცა, დღეს მის განხილვას ვერ მოვასწრობთ და პარასკევისთვის კი მეტად დაგვიანებული იქნება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნინიძეს.

კირილე ნინიძე. (ს. დ.) არსებითად არაფერი გვექნება საწინააღმდეგო, რომ შეკითხვა პირველად იქნას განხილული, მაგრამ რეგლამენტით ჩვენ გვაქს მიღებული, რომ შეკითხვა დღიურ წესრიგის ბოლოს ირჩევა. ეხლა რომ შევცვალოთ ეს წესრიგი ძალიან შორს წაგვიყვანს.

სჯობიან, რომ დარჩეს ძველი წესი.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ შეკითხვა პირველ რიგში დაისვას? წინადადება უარყოფილია. მაშასადამე კრებას სურს დღიური წესრიგი დაამტკიცოს ისე, როგორც პრეზიდიუმმა წარმოადგინა.

პირველი საკითხი: ხელოვნების კომისიისათვის 100,000 მანეთის გადაცემის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, რომელიც პირველია წესრიგში, პავლე საყვარელიძეს. (ხმა: არ არის!) სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს: გერონტი ქიქოძეს.

პროექტი დადგენილობისა დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომის. 100,000 . გადაცემის შესახებ.

გერონტი ქიქოძე. (ე. დ.) ბატონებო, ამ დადგენილების შესახებ დამფუძნებელ კრებას მოახსენა კიდეც უკანასკნელ სხდომაზე ხელოვნების კომისიის წარმომადგენელმა. მაშინ დამფუძნებელ კრებამ აზრი გამოსთქვა გადასცეს ფინანსიურ კომისიას თავის მოსაზრების წარმოსადგენად.

საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დადგენილება და თავის მხრივ საწინააღმდეგო არა აქვს რა იმისა, რომ ხელოვნების კომისიას გადაეცეს 100,000 მანეთი ეროვნულ დღესასწაულის მოსაწყობად 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.

მხოლოდ რადგანაც თანხა განსაზღვრულია, ის აზრი გამოსთქვა ფინანსიურმა კომისიამ, რომ უმთავრესად ეს თანხა მოხმარდეს ცენტრს და თუ შესაძლებელი იქნება ხელოვნების კომისიის წარმომადგენელნი გაიგზავნონ პროვინციაში რომ იდეური ხელმძღვანელობა გაუწიონ. უმთავრესად კი ეს განსაზღვრული თანხა მოხმარდეს საქართველოს პოლიტიკურ ცენტრს, დედა ქალაქს. თუ ნებას მომცემთ წავიკითხავ დადგენილებას.

(მომხსენებელი ცალ-ცალკე კითხულობს პროექტის პირველსა და მეორე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ერთხმად იღებს უცვლელად პროექტის ორივე მუხლს. თავმჯდომარის შეკითხვაზე არავინ არის წინააღმდეგი საერთოდ პროექტის მიღებისა. პროექტი გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგ საკითხი.

დებულება დამფუძნებელ კრების წევრთა იმმუნიტეტის - ხელშეუვალობისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს რაჟდენ არსენიძეს.

პროექტი დეკრეტის დამფუძნებელ კრების წევრთა იმმუნიტეტისა

(შეუვალობისა).

რაჟდენ არსენიძე (ს. დ.) მოქალაქნო, დამფუძნებელი კრების წევრნო!

არსებითად ის საკითხი, რომელიც თქვენს წინაშე არის დასმული, იმმუნიტეტის საკითხი არ უნდა იწვევდეს დიდ კამათს და უთანხმოებას. საყოველთაოდ ცნობილია, როგორც პრინციპი დემოკრატიულ წყობილებისა, დემოკრატიულ მმართველობისა, და საერთოდ როგორც პრინციპი ყოველ პარლამენტარულ რეჟიმისა, რომ წევრი საკანონმდებლო დაწესებულებისა არის განსხვავებული თავის ხელშეუხებლობით დანარჩენ მოქალაქეებისაგან. მიზანი, პოლიტიკური აზრი ასეთ განთავისუფლებისა არის ერთის მხრივ ის, რომ კანონმდებელი მეტის ნდობით იყოს აღჭურვილი, მეტის ავტორიტეტით, და მეორეს მხრივ ის, რომ თვით კანონმდებელს საშუალება ჰქონდეს თავის მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. ეს არის მთავარი, და სწორედ აი ამ მხრივ უნდა მიექცეს მას ყურადღება ჩვენ მიერ. თვით პრინციპი, ის ძირითადი მთავარი პრინციპი, აი ამ მიზნის მისაღწევად ხორციელდება სხვა და სხვა გზით, სხვა და სხვა საშუალებით. ყოველ კონსტიტუციაში ამ პრინციპს ანხორციელებენ სხვა და სხვა დადგენილების მიხედვით. მაგალითად შეხვდებით კონსტიტუციას, სადაც მხოლოდ ერთი მუხლი არის მოყვანილი, რომ თვით პალატაში, ე.ი. საკანონმდებლო პალატაში წარმოთქმულ სიტყვებისთვის, შეხედულობისთვის ან ვოტუმისთვის არავინ არ შეიძლება იქნეს მიცემული პასუხისგებაში. დანარჩენზე არაფერი არის ნათქვამი; ზოგან არის მეტი, რომ მათი დაჭერა და დატუსაღება არ შეიძლება და ყველა ეს უმთავრესად არის დაკავშირებული ადგილობრივ კონსტიტუციასთან საერთოდ ადგილობრივ წყობილებასთან და იმ პირობებთან, რომელშიაც ცხოვრობს მოქალაქე ამა თუ იმ სახელმწიფოში, ამა თუ იმ წყობილებაში.

როცა საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენ წინაშე დადგა საკითხი იმუნიტეტის, მისი საჭიროების საკითხს არავითარი წინააღმდეგობა აზრებისა არ გამოუწვევია. ყველანი ერთხმად აღიარებდნენ, რომ იმუნიტეტი დამფუძნებელ კრების წევრისთვის აუცილებელი და მიუცილებელია. დავას იწვევდა მხოლოდ დამუშავება ისეთ დებულებისა, რომელიც მართლა უზრუნველყოფს დამფუძნებელ კრების წევრს თავის მოვალეობის ასრულების დროს და მისცემს მას საშუალებას პირნათლად შეასრულოს ის, რაც მისმა ამომრჩეველმა დაავალეს - ჩვეულობრივი პარლამენტი განირჩევა დამფუძნებელ კრებისაგან იმით, რომ უკანასკნელი მეტის უფლებით არის აღჭურვილი, ვინემ პირველი. მაშასადამე მის წევრებს გაცილებით უფრო მეტი მოვალეობა აწევთ, ვიდრე აწევთ ჩვეულებრივ კანონმდებლებს. მხოლოდ დამფუძნებელი კრება შეიძლება ჩაითვალოს მთელი ერის სუვერენობის, მისი სულისკვეთების, მისი აზრების მისწრაფების გამომხატველად, მაშინ როდესაც ყველა პარლამენტი შეზღუდულია ასე თუ ისე თავის მოქმედებაში, სწორედ იმ ფარგლებით, რომლებიც ძირითად კონსტიტუციაში არის განსაზღვრული და შემოფარგლული. მაშასადამე უზრუნველყოფა დამფუძნებელ კრების წევრებისა კიდევ უფრო სასტიკათ უნდა იყოს დაცული.

არის კიდევ მეორე გარემოება, რომელიც აუცილებელს ჰყოფს დამფუძნებელ კრების წევრის იმუნიტეტის დაწვრილებით განხილვას და დამუშავებას. ეს მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოდ ისეთი რყევის, ნგრევა-შენების ხანაში, რომელშიაც იწვევენ ხოლმე დამფუძნებელ კრებას, რომ მან ახალი წყობილება დაამყაროს, არ არის უკვე დამუშავებული სისტემა წყობილებისა, არც მოქალაქეა თავისუფალი, უზრუნველყოფილი, არც სხვა ასეთი კონსიტუციონური ვარიანტები არსებობენ. ასეთ მხარეში, როგორც ჩვენი ქვეყანა, ცოტად თუ ბევრად ყოველთვის წარმოებს ერთგვარი მოუწესრიგებელი ბრძოლა მოქალაქეთა შორის. შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირი ბრძოლა, სისხლის ღვრა, მაგრამ ასეთი ბრძოლა ჭიდილს, რომელიც ფაქტიურად ამყარებს ახალ კონსტიტუციას, ყოველთვის აქვს ადგილი იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრება არ შემუშავებულა, არ დადუღებულა, არ ჩამოსხმულა იურიდიულ გარკვეულ კალაპოტში. ასეთ ხანის მდგომარეობას განვიცთით დღეს ჩვენც. დაუფარავად უნდა ვსთქვათ შემდეგ: მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი და მისწრაფება დემოკრატიულ წყობილებისადმი, რომ დღეს არსებობდეს ჩვენში დემოკრატიული უფლება, დემოკრატიული გარანტიები, - ეს არც შეიძლება არსებობდეს. ძალიანაც რომ გვქონდეს სურვილი მის განხორციელებისა; ჩვენ ამით მოუტანდით მეტს ზარალს, მეტს ზიანს თვით რესპუბლიკას, მის მომავალს, ვიდრე მის განმტკიცებას. დღეს ასეთი უზრუნველყოფის შექნა შეუძლებელია, და სანამ არ დამდგარა ბრძოლა ჭიდილი, სანამ ცხოვრება არ ჩამდგარა რაიმე კალაპოტში, ეს ყოვლად შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ამიტომ ერთგვარ განსაკუთრებულ წესებს, განსაკუთრებულ მდგომარეობას, იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, ყოველთვის ექნება ადგილი. ეს რევოლიუციის ტალღები, რომელნიც ყოველთვის შეიცავენ თავის შინაარსში ერთგვარ ანარქიის ტალღებს, სანამ იგი არ დადგება, მუდამ შეჰქმნიან განსაკუთრებულ მდგომარეობას, როცა განსაკუთრებული ზომები აუცილებელი გახდება, თვით დემოკრატიისთვის, თვით უკიდურეს სოციალისტისთვის.

ჩვენი კომისიისთვის ერთი იყო უდავო, რომ მიუხედავათ ყველა ამისა დამფუძნებელ კრების წევრნი უნდა იდგნენ ამ მღელვარების და ამ შფოთის გარეშე, ისინი უნდა დარჩნენ აღჭურვილნი იმ გარანტიებით, რომელსაც აძლევს კონსტიტუცია და რომლის საშუალებით მათ მიეცემათ საშუალება, შეძლება ქვეყნის მოვლისა და პატრონობისა, ეს არის მთავარი, მხოლოდ მაშინ, როდესაც დამფუძნებელი კრების წევრები ამ მხრივ სრულიად, სავსებით, ყოველ მხრივ უზრუნველყოფილი იქნებიან, მხოლოდ მაშინ შეუძლიანთ მართლა განაგონ ქვეყანა, ენერგიულად ჩაერიონ ქვეყნის მუშაობაში და მთავრობის მოქმედებაში, შემოიღონ ფაქტიურად ის კონსტიტუციონური წესი, რომლის დაკანონება მის ხელთ არის. ჩვენ უნდა ჩავერიოთ აღმასრულებელ ძალის მუშაობაში, ყველგან უნდა ჩავერიოთ, ვიმუშავოთ, მაგრამ თუ თითონ ჩვენ არ ვართ უზრუნველყოფილი, რომ უწესეობის მსხვერპლი გავხდეთ, თავის თავად ცხადია, არ შეგვეძლება წესიერება განვახორციელოთ.

ამას გარდა უნდა შევქმნათ ერთგვარი გარეგანი გამოხატულება იმ იდეისა, რომელსაც ატარებს დამფუძნებელ კრების წევრი. იურიდიულად უნდა იყოს ჩამოსხმული ის იდეა, რომ დამფუძნებელი კრება არის გამომხ ატველი ხალხის სუვერენობისა და თუ ხალხის სუვერენობა ხელშეუხებელი უნდა იყოს, მაშასადამე ხელუხლებელი უნდა იყოს მატარებელი ამ ხალხოსნურ იდეისა. ის იყო მთავარი მოტივი, მთავარი აზრი, რომელზედაც არის აშენებული თქვენ წინაშე წარმოდგენილი დეკრეტი. თვით ხელუხლებლობის დეკრეტი განიყოფა ორ ნაწილად; ერთი ნაწილი მოგითხრობთ იმას, რომ მთელი რიგი მოქმედებისა, რომელიც ჩვეულებრივ დროს, ჩვეულებრივ ცხოვრებაში უნდა დელეკტათ, დანაშაულობათ ჩაგვეთვალა, დამფუძნებელ კრების წევრისთვის დანაშაულად არ ითვლება და არც შეიძლება დანაშაულობა უწოდოს მას; ასეთი იმუნიტეტით, ასეთი განთავისუფლობით ყოველგვარ დეკრეტისაგან სარგებლობს მხოლოდ ერთი ნაწილი დამფუძნებელ კრების წევრის მუშაობისა და მოღვაწეობისა, სწორედ ის, რომელიც სწარმოებს პირდაპირ დამფუძნებელ კრებაში. დამფუძნებელი კრების წევრი, როდესაც ის ასრულებს თავის მოვალეობას სხდომაზე, ან სხვაგან, ესე იგი ასრულებს სამუშაოს, რომელსაც პირდაპირი უშუამავლო კავშირი აქვს დამფუძნებელ კრების მოღვაწეობასთან და მის ფუნქციების ასრულებასთან, აი იმ დროს ყოველივე იმის მოქმედების გამოხატულება, იქნება ის სიტყვა, ხმის მიცემა, ან სხვა რაიმე მუშაობა, სულ ერთია, - ეს მოქმედება არ ითვლება დელეკტათ, ესე იგი დანაშაულობათ, ასეთ მოქმედებისთვის ვერავინ, ვერავითარი ძალა მას პასუხისმგებლობაში ვერ მისცემს. ვსთქვათ ტრიბუნაზე წარმოსთქვა დამფუძნებელ კრების წევრმა ასეთი სიტყვა, რომელშიაც არის ვისმეს, ან პირადი შეურაცხყოფა, ან არის მოწოდება არა კანონიერ მოქმედებისადმი, - ასეთი სიტყვა, ტრიბუნიდან წარმოთქმული, არ ითვლება დელიქტათ, არ ითვლება დანაშაულობათ. აქ მოქმედებს კრების პრეზიდიუმი და მისი დისკრეციონული ძალა, რომელსაც შეუძლიან შეაჩეროს ესა თუ ის წევრი და კრება ჩააყენოს ერთგვარ კალაპოტში, მაგრამ მის გარეშე არავითარ ძალას, თვით დამფუძნებელ კრებასაც-კი არა აქვს უფლება, რომ იგი მისცეს სამართალში. დამფუძნებელ კრების წევრნი ამ მხრივ უნდა იყვნენ სრულიად უზრუნველყოფილნი, რომ თავის აზრი თავისუფლად გამოსთქვან. დამფუძნებელ კრების წევრი პასუხს აგებს მხოლოდ წინაშე თავის სინდისით, თავის მოვალეობის გრძნობის და იმ საზოგადოებისა, რომელმაც იგი გამოგზავნა. ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, მაგრამ არა იურიდიული. ერთად-ერთი იურიდიული პასუხისმგებლობა, რომელიც არის შესაძლებელი, ეს გახლავთ დისციპლინარული პასუხისმგებლობა თავმჯდომარის წინაშე, თუ დამფუძნებელ კრების წევრი შეურაცყოფას მიაყენებს ან დამფუძნებელი კრების წევრს, ან თვით დამფუძნებელ კრების ღირსებას შელახავს. მაშასადამე ერთად-ერთ დისციპლინარულ სასჯელს ექვემდებარება დამფუძნებელ კრების წევრი თავის მოვალეობის ასრულების დროს; და მაშასადამე მისი მოქმედება არ ითვლება დანაშაულად. ეს ყველა კონსტიტუციისთვის, ყველა წყობილებისთვის უდავოა და მართლაც უამისოდ არ შეგვიძლიან გავიგოთ, რა სურდა ამა თუ დეპუტატს ან იმ ხალხს, რომლის წარმომადგენელი ის არის, რომელმაც ხმა მისცა მას, რომელმაც ჩააბარა მას მანდატი და დააბარა, რომ მისი აზრი გამოსთქვას. მთელი ხალხის აზრი, როგორც ფოკუსში, ისე უნდა იხატებოდეს დამფუძნებელ კრებაში. ყოველ წევრს უნდა ჰქონდეს საშუალე ბა თავის ნამდვილი რწმენა, ნამდვილი თავის აზრი სავსებით გამოააშკარავოს, გამოსთქვას ტრიბუნიდან.

მაგრამ არის კიდევ მეორე საკითხი, რომელიც შეეხება, ან საერთოდ შეიცავს ნამდვილ იმმუნიტეტს. ეს გახლავთ ხელუხლებლობა დეპუტატისა იმ შემთხვევაში, როდესაც ის მართლა სჩადის დანაშაულობას და როცა მისი მოქმედება არ შეიძლება დანაშაულად არ ჩაითვალოს. ავიღოთ თუ გინდ იგივე სიტყვა, იგივე მოწოდება აჯანყებისთვის წარმოთქმული სადმე კრებაზე, მიტინგზე, ოჯახში და სხვაგან. ეს უეჭველად ჩაითვლება დელიქტად, ეს დანაშაულობაა, ვინაიდან ამ შეთხვევაში დამფუძნებელ კრების წევრი თავის მოვალეობის გარეშე სდგას და ის ისეთივე ჩვეულებრივი მოქალაქეა, როგორც სხვა. მაშასადამე ყოველი მისი მოქმედება გაიზომება ისე, როგორც გაიზომება სხვა მოქალაქის მოქმედება. მისი სიტყვა თუ შეიცავს უკანონო რამეს, ეს დანაშაულია ისეთი, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს დანაშაული. მისი მოქმედება თუ შეიცავს ელემენტს უკანონობისას, თავის თავად ცხადია, ის ექვემდებარება ამა თუ იმ კანონის მუხლს. მაგრამ აქ იბადება მეორე საკითხი. სასარგებლოა თუ არა, რომ ამ მოქმედებისთვის ჩვენ მივცეთ ის სამართალში? რა უფრო დიდი ბოროტება იქნება, ის, რომ დამფუძნებელ კრების წევრი რაიმე დანაშაულობისთვის მივცეთ დაუყოვნებლივ სამართალში და ყოველივე ორგანოს, რომელიც ამ საგანს განაგებს, უფლება ჰქონდეს მას ხელი წაავლოს, დაატუსაღოს, ციხეში გაგზავნოს, თუ უმჯობესია, რომ ამ შემთხვევაშიც დამფუძნებელი კრების წევრი ხელშეუხებელი იყოს სხვა დანარჩენ ორგანოებისთვის. ჩვენ გვგონია, რომ ამ შემთხვევაშიაც დამფუძნებელი კრების წევრი უნდა იყოს ხელშეუვალი, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედება ითვლება დანაშაულად ამა თუ იმ კანონის მუხლის ძალით, არ შეიძლება ჩვეულებრივი წესით, იმგვარივე წესით, როგორც სხვა მოქალაქე, იქმნეს ის სამართალში მიცემული. ამისთვის ვაარსებთ ჩვენ განსაკუთრებულ წესით სამართალში მიცემას. აი ამ განსაკუთრებულ წესში, ამ განსაკუთრებულ პრივილეგიაში გამოიხატება მისი იმუნიტეტი, ანუ მისი ხელშეუვალობა. ძველათ რუსეთში იყო ეს ხელშეუვალობა, მაგრამ ეს ჰქონდათ მოხელეებს, ჩინოვნიკებს; მაგალითად, ჩინოვნიკების სასამართლოში მიცემა არ შეიძლებოდა, თუ მისი უფროსი ამას არ მოისურვებდა. ჩვენ რასაკვირველია, არ გვინდა დღეს ეს საკითხი უფროსს მივანდოთ. ან ჩინოვნიკი ისეთ იმუნიტეტით აღვჭურვოთ, პირიქით, ჩვენ გვგონია, ყოველი მოხელე უნდა იყოს თანასწორად პასუხის მგებელი, როგორც ყოველი მოქალაქე, მხოლოდ კანონმდებელი, წევრი სახელმწიფოს უმთავრეს ორგანოსი, რომელიც მართავს და განაგებს ქვეყანას, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვა ქვემდებარე ორგანოების მხრივ, ხელშეუხებელი. თუ სასამართლოს, ან გამომძიებელს უფლება ექნება თვითეული დამფუძნებელ კრების წევრი დაიჭიროს, ციხეში ჩასვას, მაშინ ეს გამგებელი გახდება დამფუძნებელ კრებისა, ვინაიდან დამფუძნებელ-კრების წევრი და ყველა ის პირები, რომელნიც ამა თუ სხდომაზე არა სასურველნი იქნებიან მისთვის, შეუძლია დაიჭიროს და ციხეში გაგზავნოს. და შემდეგ, როცა გამოძიებას დაათავებს უკან დააბრუნოს. ამ რიგად მოსამართლე, გამომძიებელი, ან ადმინისტრატორი გახდება ნამდვილი პატრონი და გამგე დამფუძნებელ კრებისა და არა პირიქით, დამფუძნებელი კრება იქნება პატრონი და გამგე ამ მოხელეებისა. ჩვენ კი გვინდა, რომ სწორეთ არც ერთი დამფუძნებელ კრების წევრი მცირე რაიმე დანაშაულობისთვის, ან დიდი დანაშაულობისთვისაც არ იქნეს შელახული; შესაძლებლობა და ნორმალური პირობები დამფუძნებელ კრების კანონმდებლობითი მუშაობისა. ამისთვის ვაწესებთ ჩვენ ერთგვარ იმუნიტეტს, ეს იმუნიტეტი ეხება მხოლოდ ზოგიერთ პროცესუალურ წესს დამფუძნებელ კრების წევრის პასუხისმგებლობაში მიცემისას, გაჩხრეკას, დაპატიმრებას და სხვა. ყველა ამ წესებში უნდა იყოს განსხვავება მასა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის. ასეთი განსხვავება უნდა იყოს. ეს წესები ჩვენ დაწვრილებით ჩამოვთვალეთ, მოვახსენეთ დამფუძნებელ კრებას. კრების წევრის პირადი გაჩხრეკა, დაპატიმრება და აგრეთვე სამართალში მიცემა, რაც დაპატიმრებისა და გამოძიების შემდეგ ხდება, შეიძლება სწარმოებდეს. სამართალში მიცემა კი უნდა მოხდეს განსაკუთრებულ წესით. აგრეთვე დაპატიმრება და სხვა ისეთი ზომები, რომელიც ხელს შეუშლის დეპუტატს თავის მოვალეობის ასრულებაში. ყველა ეს ჩამოთვლილია ცალკე მუხლებში, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ. კომისიაში, მივიღეთ შემდეგი წესი: იმ პროცესიალური წესების შესასრულებლად, რომლებიც ჩვეულებრივ მოქალაქეს მიმართ უნდა იქნეს მიღებული, როგორც წინასწარი ზომა სასამართლოს ორგანოსგან, როცა იგი დამფუძნებელ კრების წევრს შეეხება, საჭიროა დამფუძნებელ კრების დასტური, დამფუძნებელი კრების დადგენილება, და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს აქვს უფლება ისე მოეპყრას დამფუძნებელ კრების წევრს, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს. დანარჩენში ის არ იქნება არავითარ პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებული. თითონ დამფუძნებელ კრებას აქვს უფლება ამ შემთხვევაში უფლება, თავის წევრი მისცეს სამართალში, ან არ მისცეს. დანარჩენში კი ის ექვემდებარება სასამართლოს ისე, როგორც სხვა მოქალაქე, უკეთუ ის სამართალში იქნება მიცემული, მაშინ მას მოეპყრობიან ისე, როგორც უბრალო მოქალაქეს, რომელიც სამართალში არის მიცემული, მოეპყრობიან ისე, როგორც სხვა დამნაშავეს, რომელიც ისეთივე საქმისათვის არის სამართალში მიცემული. მხოლოდ ერთი ელემენტი, ერთი მომენტი არის შეტანილი, - ესაა ნებართვა თვით დამფუძნებელი კრებისა, აქ არის ერთგვარი რწმენა არა თვითეულ დამფუძნებელ კრების წევრისადმი, არამედ მთელ დამფუძნებელ კრების, მთელ კრებულისადმი. მთელი კრებული თითონ უფრო უკეთ გაიგებს იმას, ამა თუ იმ წევრის მოქმედება მართლაც ამცირებს მის ღირსებას, თუ არა. თუ ამცირებს, მას აქვს საშუალება სამართალში გადასცეს და ამნაირად სამართლიანობა აღადგინოს და თავის ღირსება დაიცვას, თუ უმჯობესია წევრი დარჩეს დამფუძნებელ კრებაში და იმუშაოს, დასტოვებს დამფუძნებელ კრებას, როგორც სუვერენულ გამომხატველს ხალხის ნება-სურვილისა. როგორც უმაღლეს კანონმდებელს, ნება აქვს, და საშუალება მოეპოება, რომ ეს წევრი თავის ადგილას დასტოვოს და ამუშაოს, რომ ამით ხალხს შესაფერი სარგებლობა მოუტანოს. მაშასადამე პრინციპი ხალხის სარგებლობისა და ხალხის სამსახურისა აქაც სავსებით არის დაცული. ეს მთავარი ძირითადი იდეა, რომელზედაც დაყრდნობილია ყოველი დემოკრატიული წყობილება, აქ სავსებით არის გატარებული და დაცული.

აი ასეთია ის დეკრეტი, რომელიც თქვენ წინაშე არის დღეს წარმოდგენილი. ამ დეკრეტის ბოლო მუხლში არის შეტანილი ერთგვარი სასჯელი, ვინაიდან ამ დეკრეტის დარღვევისათვის, ჩვენში ყოველგვარ კანონს ეჭირვება სანქცია, ეს სანქცია უნდა იყოს აქაც. თუ სასჯელი არ არის დადგენილი კანონის დარღვევისათვის, იგი შეიძლება არ აასრულონ, არ გაანხორციელონ და არავითარი საშუალება არ გვექნება ძალა დავატანოთ და განვახორციელებინოთ. ამისთვის არის დამატებული განსაკუთრებული მუხლი ამ დეკრეტის დამრღვევთა დასჯისა. აქ არის კიდევ ერთი მუხლი, რომელიც შეეხება დამფუძნებელ კრების მიერ ამა თუ იმ წევრის პასუხიმგებლობაში მიცემის წესს. ჩვენ გვაქვს მიღებული ხმის 2/3-ის უმრავლესობა. დამფუძნებელი კრება ამ უმრავლესობით გადასწყვეტს საკითხს დამფუძნებელი კრების წევრის დაპატიმრებისა ან სამართალში მიცემის შესახებ. რატომ მივიღეთ ეს კვალიფიციური უმრავლესობა და არა მარტივი უმრავლესობა? იმიტომ, რომ აქაც გვინდოდა დამფუძნებელ კრებას ისე, როგორც ყოველ კრებულს ეხელმძღვანელა არა მარტო პარტიულ ჟინიანობით, არამედ სამართლის იდეით. მოსალოდნელია, ჩვენ არ ვამბობთ, უეჭველად მოხდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ წევრის გამორიცხვის უფლებით უმრავლესობამ ისარგებლოს და ოპოზიციის წევრები მისცეს პასუხისმგებლობაში. ტეორეტიულად ადვილი წარმოსადგენია ასეთი შემთხვევა: მაგალითად, რომელიმე უმრავლესობას უმეტესობა 4, 5, გინდ 10 წევრი, მას სურს, რომ მეტი უმრავლესობა ჰყავდეს და რომ გაიზარდოს მისი უმრავლესობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობა, იგი სამართალში მისცემს, დააპატიმრებს, უმცირესობის, ოპოზიციის წევრთ. ეს კი ყოვლად მიუღებელია. აი ამისათვის გვაქვს მიღებული გარანტია, ეს არის კვალიფიციური უმრავლესობა. ამ შემთხვევაში არა თუ უმრავლესობა არამედ ერთი ნაწილი ოპოზიციისა უნდა მომხრე იყოს აზრისა, რომელსაც ადგია უმრავლესობა. მხოლოდ მაშინ ესა თუ ის წინადადება წევრის დაპატიმრებისა და სამართალში მიცემის გატარდება ცხოვრებაში. კონკრეტიულად რომ ვსთქვათ ჩვენი დამფუძნებელი კრებისთვის, იქნება, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ვინაიდან ჩვენი ფრაქცია დიდ უმრავლესობას შეადგენს, თითქმის 9/10-ს, მაგრამ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ეს იდეა აშკარად და მკაფიოდ იყოს გამოხატული დეკრეტში. მართალია დეკრეტი ეხება მარტო დამფუძნებელ კრებას, მაგრამ ამის ნამუშავარი მუდამ იქნება ასე თუ ისე სახელმძღვანელოდ და გვეტყვიან: „თქვენ მაშინ, როცა დამფუძნებელი კრება იყო, შეგეძლოთ ასე თუ ისე მიგეტრიალ-მოგეტრიალებიათ საქმეო“. მაგრამ როდესაც იდეა იქნება ჩამოსხმული, გატარებული, თუნდაც იმ შემთხვევაში მას არ ქონდეს დიდი კონკრეტიული მნიშვნელობა, ამას ვერ გვეტყვიან. აი ამიტომ ჩვენ ვადგევართ ამ დემოკრატიულ იდეას, ჩვენ არ გვსურს ამ შემთხვევით ვისარგებლოთ და ეს დემოკრატიული გარანტიები ჩავწიხლოთ, გავაუქმოთ, ამიტომ არის შემოტანილი ეს მუხლი ამ დეკრეტში. აი ეს აზრი გამოსთქვა და შეიმუშავა კომისიამ. ეს აზრები კი უდავო იყო, სადაო იყო სხვა: სახელდობრ ის, თუ რა ითვლება დამფუძნებელი კრების წევრის მუშაობად და როგორი მოქმედება დამფუძნებელი კრების წევრისა ჩაითვლება დელიქტის გარეშე მდგომათ. ითვლება თუ არა ასეთ მოქმედებად მუშაობა იმ კომისიაში, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ აირჩია და საქმისთვის სხვაგან წარგზავნა? ჩვენ კომისიის უმრავლესობა იმ აზრის იყო, რომ, როდესაც ჩვენ გავგზავნით სადმე კომისიას აღმასრულებელ ძალის მუშაობაში ჩასარევად, ან სხვა რაიმე სამუშაოს ასასრულებლად, ან სხვა რაიმე სპეციალურს ან ზოგადი მანდატით, ამ შემთხვევაში კომისიის მუშაობა სრულიად იფარება ამ დეკრეტით და იგი არავითარ დელიქტათ არ ჩაითვლება. საერთოდ ევროპიულ კონსტიტუციებში ასეთი წესი არ არსებობს, მაგრამ ეს აიხსნება იმით, რომ პარლამენტებში არც ისეთი წესია მიღებული, როგორც დამფუძნებელ კრებაში. პარლამენტი ბევრგან აღმასრულებელ ძალის მოქმედებაში არ ერევა, ისე როგორც ერევა დამფუძნებელი კრება და ამით პირდაპირ მართავს, განაგებს ქვეყანას. დამფუძნებელ კრებას სჭირდება ამრიგათ ზედმეტი მუშაობის ასრულება, რომელიც არ აწევს ჩვეულებრივ პარლამენტს. ჩვენ გვგონია დამფუძნებელი კრების იმუნიტეტით იფარება ყველა მოქმედება იმ კომისიისა, რომელსაც დამფუძნებელი კრება აირჩევს და სხვაგან გაგზავნის. აი უმთავრესი აზრი კომისიისა ამ საგანზე.

ამ რიგად ჩვენ მივიღეთ ორი პრინციპი, ერთი ის, რომ მოქმედება დამფუძნებელ კრების წევრისა თავის მოვალეობის ასრულების დროს არ შეიცავს არავითარ დელიქტს და თავისუფალია ყოველგვარ პასუხისმგებლობისაგან. მეორე ის, რომ დამფუძნებელ წევრის მოქმედება და მუშაობა დამფუძნებელ კრების გარეშე, თუ იგი შეიცავს რაიმე დანაშაულობის ელემენტს, შეიძლება დასჯილი იქნეს სასამართლოს მიერ, მაგრამ უკანასკნელი მიიღებს მის წინააღმდეგ პროცესიალურ ზომებს მხოლოდ მას შემდეგ, როცა იმას დაადასტურებს და დაადგენს დამფუძნებელი კრება თავის სხდომაზე. აი ეს არის მთავარი აზრი ამ პროექტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საერთო მსჯელობისთვის ბ-ნ ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს. ფ.). ჩვენ ბევრში ვეთანხმებით მომხსენებელს. ერთ შემთხვევაში მარტოკა არის ჩვენ შორის განსხვავება.

პირველი მუხლი ამ დეკრეტისა იცავს ძირითად პრინციპს დამფუძნებელ კრების წევრის ხელშეუხებლობისა. მაგრამ, როცა კი წაიკითხავთ მეორე მუხლს, დაინახავთ, რომ ეს პრინციპი ბოლომდის დაცული არ არის. მეორე მუხლში პირდაპირ ნაგულისხმებია, რომ ის ხელშეუხებელია მაშინ, როცა ასრულებს თავის მოვალეობას, თავის მოვალეობას ასრულებს დამფუძნებელ კრებაში, თქვენს წინაშე, და, მეორე, მაშინ, როცა დამფუძნებელი კრება განსაკუთრებით დაავალებს რაიმე საქმეს. ჩვენ კი გვგონია, მოვალეობა დამფუძნებელ კრებისა და დამფუძნებელ კრების წევრისა ამით არ ამოიწურება. მათი მოღვაწეობა მრავალფეროვანია და მრავალმხრივი. შეუძლებელია, რომ მან იმუშაოს და იმოქმედოს მარტოკა აქ. შეუძლებელია, რომ მან იმოქმედოს მაშინ, როცა განსაკუთრებით ექნება დავალება. ჩვენ სხვა წარმოდგენისა ვართ. ჩვენი ცხოვრება ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ჯერ სახელმწიფოებრივი ფორმები არ გვაქვს და კანონები დაწერილი არ არის. დამფუძნებელი კრების წევრი მოვალეა, რომ თავის მოქმედება გაიტანოს გარეთ, იმუშავოს ხალხში და მასთან ერთად დაიმუშაოს ძირითადი დებულებანი, რომელნიც დამფუძნებელ კრებაში უნდა იყოს გადმოტანილი მისაღებად, დასამტკიცებლად და ცხოვრებაში განსახორციელებლად. მე მოგახსენებთ მაგალითად შემდეგს: ვსთქვათ დამფუძნებელი კრების წევრმა წარმოსთქვა სიტყვა სადმე მიტინგზედ, ამ კანონ-პროექტიდან სჩანს, რომ მას არა აქვს სიტყვის თავისუფლება, ვერ იტყვის იმას, რასაც უკარნახებს მისი რწმენა, საქმის ვითარება და სხვ. ამისთანა მოქმედება რჩება გარეშე დამფუძნებელ კრების წევრის მოვალეობისა, ამ შემთხვევაში კანონი მას ზღუდავს. წარმოიდგინეთ, ვინმეს, მოხელეს, სწორედ მილიციის წარმომადგენელს არ მოეწონა სიტყვა სხვა და სხვა მოსაზრებით, მას შეუძლიან შეაჩეროს ორატორი, არა თუ გააკრიტიკოს, არამედ ზომები მიიღოს, რომ იგი იქიდან განდევნოს და თუ განდევნილი არ იქმნა, ყოველ შემთხვევაში სიტყვას შეუწყვეტს. მე გკითხავთ თქვენ, სად არის აქ ხელშეუხებლობა, სად არის აქ სიტყვის თავისუფლება? თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ, რომ როცა იქნება შემოტანილი კანონ-პროექტი სიტყვის თავისუფლების შესახებ, მაშინ, რასაკვირველია, ჩვენ ვიმსჯელებთ და ფართოდ დავაყენებთ საკითხს. მაგრამ ამ დრომდის, ვიდრე ეს კანონი ჩვენ არ გვაქვს, სწორედ, რომ ჯეროვანი იქნება, რომ აქ აღვნიშნოთ ეს. არავის უფლება არა აქვს, რომ როგორც კერძო პირმა, ისე მოხელემ დამფუძნებელი კრების წევრი შეაჩეროს, სიტყვა შეაწყვეტინოს.

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრი არის ხალხის წარმომადგენელი, ის თქვენ წინაშე და ხალხის წინაშე არის პასუხისმგებელი. (ხმა: მართალია!). ის არის აღჭურვილი უზენაეს უფლებით. საკითხი ჩვენთვის მარტივია. ჩვენის აზრით, საცა და როცა კი არ იყოს, დამფუძნებელი კრების წევრი ასრულებს თავის მოვალეობას. რასაკვირველია გამონაკლისი არ უნდა მივიღოთ მხედველობაში. შესაძლებელია, რომ დეპუტატმა ჩაიდინოს ისეთი მოქმედება, რომელიც დასაშვები არ არის, მაგრამ ამისათვის ჩვენ პრინციპს ვერ დავარღვევთ, ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ დამფუძნებელი კრების წევრი ჭკვათა მყოფია, აღჭურვილი ხალხის ნდობით, არ უნდა ივიწყებდეს თავის დანიშნულებას, იცავს ხალხის ინტერესს და როცა ის მოქმედობს, ის ასრულებს თავის მოვალეობას. თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ სახელმწიფოში ძალა დაგროვილია მმართველ პარტიის ხელში და ნებსით თუ უნებლიედ იდევნება მოწინააღმდეგე მხარე. მომხსენებელმა აღიარა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა საჭიროა, უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სახელმწიფოებრივი სახე; დღეს ვიმყოფებით ჭიდილში და დუღილში. შეუძლებელია, რომ ამ დროს სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყოს. ვის ვანიჭებთ კანტროლის უფლებებს? ვინ არის ავტორიტეტით აღჭურვილი? თუ ვისმეს ნება აქვს დამფუძნებელ კრების წევრს შეაწყვეტინოს სიტყვა, მაშინ ეს პირი წარმოადგენს კანტროლის ავტორიტეტს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამისთანა ავტორიტეტით აღჭურვილია მარტო დეპუტატი, საქმე იურიდიულ პასუხისმგებლობაში კი არ არის, როგორც ჰქონია მომხსენებელს. დამფუძნებელი კრების წევრი პასუხისმგებელია და უპირველესად ყოვლისა პასუხისმგებელია პოლიტიკურ პარტიის წინაშე, მას წამს საზოგადოება, აფასებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და პასუხისმგებლობა მას ესმის, თუ დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებელია პარტიის წინაშე, მეორე მხრით პარტია მოსთხოვს ანგარიშს. დამფუძნებელი კრების წევრი არ არის მოკლებული არც კრიტიკას, არც კონტროლს. თუ უვარგისია და შეუფერებელი, ხალხი მას არ აირჩევს. რათ გინდათ ხელოვნურად შევქნათ უფლებების შეზღუდვა, დეპუტატის პასუხის გებაში მიცემა, იმ აზრისთვის და შეხედულებისთვის, რომელიც იგი სიტყვით ანუ ხმის მიცემით გამოსთქვა, დიდი შეცდომაა. ამიტომ მეორე მუხლიდან უნდა ამოვიღოთ „მოვალეობის იმ ასრულების დროს“, ეს იმისთანა დებულება არის, რომელიც სწორედ ეწინააღმდეგება ძირითად პრინციპს ხელშეუხლებლობისას. აზრი საზოგადოდ თავისუფალია, აზრის გამოთქმის გამო დევნა შეუძლებელია. იბადება კითხვა, ვსთქვათ დამფუძნებელ კრების წევრმა ვისმე - პირადი შეურაცყოფა მიაყენა. მაშინ, ის ხომ იურიდიულათ პასუხისმგებელი არ არის? ამ შემთხვევაში შეურაცყოფილს აქვს საშუალება პასუხი გასცეს სამედიატორო სასამართლოში. ჩვენა გვწამს, რომ თუ დეპუტატი პირადათ ვისმეს შეეხება, შეეხება სწორედ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესი ამას მოითხოვს, და არ იხელმძღვანელებს კერძო ინტერესებით. ამისდამიხედვით, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ეს ორიოდე სიტყვა, მაშინ ბოლომდის პრინციპი ხელშეუხებლობისა იქნება დაცული.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

რაჟდენ არსენიძე. უნდა მოგახსენოთ, რომ ამისთანა წინააღმდეგობას არ ველოდი ამ ტრიბუნიდან. ალბათ, დღეს უკიდურესობის ხანაა და ჩვენ ყველა საკითხში გვინდა მთელს დედამიწას გადავაჭარბოთ, თვით გონებასაც. თორემ, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თუ დეპუტატი გალანძღავს, გალანძღვა არ არისო, და თუ კერძო კაცი გალანძღავს, გალანძღვა არისო. ჩვენ, რომ დავფაროთ ასეთი მოქმედება დეპუტატისა, უნდა განსაკუთრებული პირობები გვქონდეს. ეს განსაკუთრებული პირობა არის, აი ეს ტრიბუნა. ამ ტრიბუნას ყავს დამცველი პრეზიდიუმის სახით და ამ ტრიბუნაზე ვინც წარმოსთქვამს სიტყვას, რომლითაც შეურაცხყოფს ვისმეს, ან რაც მის ღირსებისთვის არ არის საკადრისი, მას შეაყენებს, შეაჩერებს თავმჯდომარე, მაგრამ თუ ის ლაპარაკობს სადმე ქუჩაში, სადაც პრეზიდიუმი ვერ შეაჩერებს, იგი ასეთ პრივილეგიით ვერ ისარგებლებს. ამბობს, რომ მე ვარ დამფუძნებელი კრების წევრი და საცა წავალ, ვილაპარაკებ, რაც მინდა და როგორც მინდა, თუნდა ვლანძღო და შეურაცხყოფა მივაყენო ვისმე, არავის უფლება არ აქვს ეს დელიქტათ, დანაშაულათ ჩამითვალოსო. მე სრულიად ვერ მომისაზრებია: როგორ, როცა ერთი კაცი ჩაიდენს დანაშაულს, ეს არის დანაშაულობა და როცა მეორე ჩაიდენს - ეს არ არის დანაშაული? ეს ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია. მაგრამ ბარათაშვილს სხვა პრინციპი აქვს წამოყენებული, ის ამბობს, რაკი ჩვენ დამფუძნებელი კრების წევრნი ვართ, ამიტომ ჩვენ ყოველივე მოქმედებას ვუქვემდებარებთ ხალხს, ამ ზოგად შემკრებელობით ერთეულს და არა სასამართლოს ან რომელიმე კანონმდებელ დაწესებულებასო. ამით მას უნდა, რომ წევრი თვით დამფუძნებელი კრებისგანაც გაანთავისუფლოს, ვინაიდან უნდა არა დანაშაულად აღიაროს ყოველი მოქმედება დამფუძნებელი კრების გარეშე ჩადენილიც. ცხადია მაშასადამე, რომ აქ არის პრინციპი არა თავისუფლებისა, არამედ თვითნებობისა. აი 130 კაცს მიეცეს უფლება თვითნებობისა, რაც უნდა ილაპარაკონ, როგორც უნდა მოიქცნენ და გამოვაცხადოთ წინასწარ, რომ დამნაშავენი არა ვართო. თვითნებობის უფლება 130 კაცის, რასაც თვითმპყრობელობის ხანაშიაც კი არ ქონდა ადგილი, და ჩვენ სრულიადაც არ გვსურს თვითნებობა დავაკანონოთ. თვით იდეა, რომელსაც ჩვენ ვადგივართ და რომლითაც ზოგიერთი მოქმედება დამფუძნებელი კრების კანონიერად იქცევა, ან არა დანაშაულობად ცხადდება, აღჭურვილია ერთგვარი გარანტიით. აქ არის ნდობა არა ერთ კერძო პირის, არამედ მთელ კრებულის. აქ ტრიბუნაზე ნალაპარაკევი დაფარულია იმუნიტეტით იმიტომ, რომ აქ არის დამფუძნებელი კრების სხდომა, მისი მუშაობა, აქ არის კოლეგია, რომელიც ფარავს თვითეულ წევრის მოქმედებას და მას აქვს შინაგანი გარანტია, რომ აქ უწესოება არ იქნეს ჩადენილი - ეს არის მთავარი.

ბარათაშვილი ამბობს, რაკი დამფუძნებელი კრების წევრი ვარო, ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ პოლიტიკურად და საზოგადოებრივადო. მე კი ვამბობ, რომ ყოველი მოქალაქე, ყოველი პოლიტიკური მოღვაწე არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად და საზოგადოებრივად. განა მას კი არ მოიხსენიებენ ცუდად საზოგადოებაში თუ ის ცუდად მოიქცა? რასაკვირველია მოიხსენიებენ ისე, როგორც დამფუძნებელ კრების წევრს და ხშირად არა ნაკლებადაც. განა ცოტაა ასეთი საზოგადო მოღვაწე, რომელიც დამფუძნებელ კრებაში არ იმყოფება, მაგრამ რომელსაც დიდ პატივს ვსცემთ და თუ ცუდი ყოფა-ქცევა გამოიჩინა, არა ნაკლებადაც დავძრახავთ, ვიდრე დამფუძნებელი კრების წევრს? მაშ იგიც მხოლოდ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად უნდა იყოს პასუხისმგებელი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, შეიძლება დამფუძნებელი კრების წევრის დასჯა, თუ მისი მოქმედება რაიმე დელექტს შეიცავს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამფუძნებელი კრების წევრი გამოდის აქ ისეთ სუვერენად, რომელიც კანონზე მაღლა სდგას. ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ხალხის ინტერესს იცავს არა თვითეული წევრი, არამედ დამფუძნებელი კრება მთლიანად, შესაძლებელია, რომ რომელიმე წევრს ასეთი წარმოდგენა ქონდეს, რომ თუ ის წავა ქუჩაში და მოუწოდებს აჯანყებისთვის ხალხს, მოუწოდებს სასახლის დასანგრევად, კარგ საქმეს ჩაიდენს, დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს გააკეთებს. ჩვენ კი გვგონია, რომ ეს იქნება დიდი დამრღვევი მუშაობა და ამიტომ დასასჯელია. ვინ უნდა გადასჭრას ეს დავა? ეს უნდა გადასჭრას კანონმა და კანონმდებელმა. მოქალაქე ბარათაშვილი კი გვეუბნება, ეს უნდა გადასჭრას იმ წევრმა, რომელიც მოქმედობს, თუ მას მიაჩნია ეს ხალხის სასარგებლოდ, დეე იმოქმედოსო. ჩვენ კი გვგონია, ის დაუსჯელად ვერ იმოქმედებს ასე, ვერ მოუწოდებს ხალხს, მოქმედებისაკენ, რომელიც ისჯება კანონით, ვინაიდან კანონი უფრო მაღლა სდგას თვითეულ წევრზე, რომელიც ამ საკანონმდებლო დაწესებულებაში ბრძანდება. კანონი არის საზოგადოებრივი ნება-სურვილის გამომხატველი და არა თვითეული ადამიანის ნების გამომხატველი.

ჩვენ არ შეგვიძლიან რომელიმე წევრის შეხედულება გავატაროთ კანონში და თვითეულ წევრს მივსცეთ უფლება კანონი თავისებურად განმარტოს.

როცა ამბობენ, ამოვშალოთ სიტყვები „თავის მოვალეობის ასრულების დროს“, ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ დავფაროთ დამფუძნებელ კრების წევრი მაშინაც, როცა ის ასრულებს არა თავის მოვალეობას, არამედ სხვის მოვალეობას. მე არ ვიცი რისი ეშინიან, თუ მას თავის „მოვალეობის ასრულების დროს“ ექნება იმუნიტეტი? თუ იმით არ კმაყოფილდება, ცხადია რომ იგი იყოს თავისუფალი ყოველგვარ დასჯისაგან, მაშინაც კი როდესაც თავის მოვალეობას კი არ ასრულებს, არამედ არღვევს, ჩვენ კი ვამბობთ, როცა ის თვითნებობას იჩენს, თავის მოვალეობას არღვევს, მაშინ ის შეიძლება, რო გორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩაითვალოს დამნაშავედ, რადგან იგი ამ მოვალეობის ასრულების გარეშე სდგას. თუ ბ-ნ ბარათაშვილს გონია, რომ ეს მუხლი არის აღებული ჩვეულებრივი კონსტიტუციიდან, რომელსაც შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, მე ნებას მივცემ ჩემ თავს მივმართო საფრანგეთის დიდ რევოლიუციას. იქაურმა კონვენტმა 91 წელს აი ეს პრინციპი როგორ ჩამოაყალიბა იქაურ კონსტიტუციაში (კითხულობს).

როგორც სჩანს, ეს იგივე იდეაა, რომელიც ჩვენ მეორე მუხლშია მოყვანილი. ასე რომ ამის გენეზისი იწყება არა შემდეგ კონსტიტუციებში, არამედ რევოლიუციის კონსტიტუციაში. თვით რევოლიუციის წიაღში ჩაისახა ეს იდეა კანონმდებელის იმმუნიტეტისა თავის მოვალეობის ასრულების დროს. იმმუნიტეტი არ უარუყვიათ მაშინაც კი, როდესაც კონვენტი არღვევდა მას, გილიოტინაზე გზავნიდა თავის წევრებს. ის არღვევდა ამ კანონს, მაგრამ კანონი არ გაუუქმებია. ეს კანონი მაინც დარჩა. ის თვითონ გრძნობდა, რომ არღვევდა ამ კანონს შინაურ ბრძოლის აუცილებლობის გამო, რომელსაც თავი ვერ დააღწია, მაგრამ ამ პრინციპის გაუქმება, ამ პრინციპზე ხელის აღება მას ერთხელაც არ უფიქრია და ჩვენც არ უნდა ვიფიქროთ. უფრო გაფართოება მუხლისა კი იქნება უბრალო ანარქიის დაკანონება.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობა დასრულებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა?

მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

იესე ბარათაშვილი (ს. ფ.). ჩვენი ფრაქციის აზრით მეორე მუხლიდან უნდა ამოღებული იქმნას სიტყვები: თავისი მოვალეობის აღსრულების დროს“.

ორი მოსაზრება მოიყვანა მომხსენებელმა.

ერთი ის, რომ თუ ვისმეს გარედ, არა პარლამენტის სხდომაზე გალანძღავთ, თქვენ პასუხისმგებელი არა ხართო და სხვას კი, გალანძღულს, საშუალება არა აქვს, რომ ამავე წესით პასუხი მოგცეთო. მე მგონია ეს ისეთი მცირედი მოსაზრება არის, რომ ჩვენ ამაზედ თქვენ ყურადღებას არ შევაჩერებთ და ვერც ამაზედ ავაშენებთ სწორე აზრს. მოგეხსენებათ, რომ როცა იქნება საკითხი სიტყვის თავისუფლების შესახებ, ყველას მიეცემა სიტყვის თავისუფლება და ამ შემთხვევაში ერთ და იგივე ნიადაგზე იდგებიან ყველანი. ერთი და იგივე კანონი ორივე მხარეს დაიცავს. მეორე - ის მოსაზრება, რომ თქვენ „მოუწოდებთ აჯანყებისთვის და წამოიყვანთ სწორედ სახელმწიფოს დასანგრევად“, მოქალაქენო, ამ შემთხვევისათვის არის შენიშვნა მე-5 მუხლში. (კითხულობს): „უკეთუ დამფუძნებელ კრების წევრს დანაშაულის ჩადენის დროს მოასწრეს - შეიძლება იგი დაპატიმრებულ იქნეს, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს კრებას“. მოწოდება ერთი არის, მოქმედება მეორე. ჩვენ ამას ვარჩევთ. სიტყვის წარმოთქმა ერთი არის და საქმეზე გადასვლა კი მეორე. როცა ორატორი სიტყვით მიმართავს ხალხს, მიუთითებს აქტიურ მოქმედებისთვის და ნაბიჯი იქნება გადადგმული აღსასრულებლად, როცა იგი უკვე დაიწყობს აქტივობას და გამოჩნდება ნიშნები ბოროტმოქმედებისა, მაშინ თქვენ საშუალება გეძლევათ, რომ ის შეაყენოთ, ხელი შეუშალოთ. ჩვენ ვამბობთ საზოგადოდ სიტყვის თავისუფლების შესახებ, აზრის გამოქვეყნებაზე, რწმენის გამოთქმაზე და თქვენ ნათლად დაინახავთ, რომ სწორედ ეს არის შეზღუდული მეორე მუხლის მიხედვით. სხვა კონსტიტუციებში ეს საკითხი არც ისე ნათლად არის გაშუქებული. მექსიკის კონსტიტუციაში არის ერთი მუხლი, როცა „ასრულებს თავის მანდატს“. როგორც გინდათ გაიგეთ. ბ. მომხსენებელმა ჩვენი აზრის გასაბათილებლად მოიყვანა ძალიან საგულისხმიერო მაგალითი საფრანგეთის კონვენტიდან. იქა ვკითხულობთ: „როცა ასრულებს, როგორც წარმომადგენელი თავის მოვალეობას, ის პასუხისმგებელი არ არის, ხელშეუხებელია“. არა მგონია, რომ ეს მაგალითი ჩვენ საწინააღმდეგოთ იყოს. „როგორც წარმომადგენელი“ ფართო მცნება არის და ამით შეგიძლიანთ ისარგებლოთ ისე, როგორც თქვენა გსურთ. ვსთქვათ, მე წაველ მიტინგზე და განვაცხადე - „მოველ როგორც ხალხის წარმომადგენელი“, ამის უფლებას მე ვერავინ წამართმევს, სწორედ რომ ვასრულებ ჩემ მოვალეობას და საჭიროება მოითხოვს სიტყვის თავისუფლებას. არა გვგონია ჩვენ, რომ კონვენტის წევრი ყოფილიყოს შეზღუდული თავის მოქმედებაში. საწინააღმდეგო ფაქტები ჩვენ არ ვიცით და არც იყო აქ მოყვანილი. ჩვენი აზრი შეურყეველი დარჩა. ვთქვათ, რომ ბ. მომხსენებელი სწორედ ხსნის კონვენტის დებულებას. განა ეს ჩვენთვის სავალდებულოა? მოქალაქენო! ის, რაც მოხდა 100 წლის წინად, შეუძლებელია, რომ ბრმად დღეს ჩვენ მივიღოთ. დღეს ჩვენ სხვა ცხოვრებას განვიცდით, ჩვენი კონსტიტუცია ნაკარნახევია ჩვენივე მდგომარეობით. საფრანგეთში ბურჟუაზიულ ელემენტებს ჰქონდათ ძალა და ბურჟუაზიული ელემენტები ქმნიდნენ კანონებს. ჩვენში კი სულ სხვა განწყობილებაა, კანონს ქმნის აქ ბურჟუაზია და არა დემოკრატია და სწორედ ამ დემოკრატიას შეეფერება შემოიღოს კანონი დამცველი ადამიანის ძირითადი უფლებისა, სიტყვის თავისუფლებისა. ამიტომ ფრაზა - „თავის მოვალეობის ასრულების დროს“ - ამოღებული უნდა იქნას.

თავმჯდომარე. შესწორება მაშასადამე ასეთი გახლავთ. (კითხულობს)... სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

რაჟდენ არსენიძე. (მომხსენებელი) წეღან მოგახსენეთ, და ეხლაც ვიმეორებ, რომ წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

არსებითათ უნდა მოგახსენოთ შემდეგი იმის გამო, რაც წარმოსთქვა კრების წევრმა ბარათაშვილმა. ის ამბობს, რომ ჩვენ ეხლა არა დემოკრატიულ წყობილებას, არამედ განსაკუთრებულ წყობილებას ვაწყობთ, და წარსული 100 წლის ისტორია, კულტურა, გამოცდილება არ გამოგვადგებაო. მე კი მგონია, რომ 100 წლის გამოცდილებით თუ ვისარგებლებთ, ეს ძალიან გამოსადეგი იქნება ჩვენთვის, და განსაკუთრებით იმ წევრებისათვის, რომელთაც უნდათ ახალი რამ შეჰქნან, მათ უნდა ისარგებლონ და არა წიხლი ჰკრან ამ 100 წლის კულტურას, გამოცდილებას და ნამუშევარს. თუ ფიქრობთ, რომ ეს ჩვენ არ გვინდა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური მომზადება და სიმწიფე გვაკლია. ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში. მეორე მხრივ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს არ შეეფერება ისტორიის ტენდენციას. თუ გნებავთ ამ ისტორიის გაკვეთილებით ოდნავ მაინც ისარგებლოთ, მაშინ ჩვენ შევხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც მართლა ნამდვილი დემოკრატიული წყობილება მყარდება, და ცხოვრებაში ფეხს იკიდებს. ჩვენ ვნახავთ დემოკრატიულ კონსტიტუციას, სადაც ისეთი გარანტიები არ არსებობს. მაგალითად, შვეიცარიის ზოგიერთ კანტონში, თვით კონფედერაციის ძირითად კონსტიტუციაშიც იმუნიტეტის შესახებ კრინტიც არ არის დაძრული, მაგრამ ეს იმიტომ, რომ აქ არც კი არის საჭირო კანომდებელის გამოყოფა ამ მხრივ დანარჩენ მოქალაქეთაგან. ის უიმისოთაც მოახერხებს თავის მოვალეობის შესრულებას, და თუ ჩვენშიც შეიქმნა უკეთესი წესწყობილება, ნამდვილი დემოკრატიული წესწყობილება, მაშინ ეს დეკრეტიც უნდა გაუქმდეს, რადგან ნორმალური, საზოგადო პირობებიც საკმარისი იქნება კანონმდებლისათვისაც. აი ეს არის, თუ გნებავთ, იდეა განვითარებისა, წინ მსვლელობისა, და არა ისეთი იმუნიტეტი, რომელიც ყოველ იმუნიტეტზე უფრო მაგარი უნდა გახადონ. მე ვამბობ, სადაც არი უფრო ღრმა შეგნება დემოკრატიული მოვალეობისა, მეტი განვითარება და სადაც უფრო უკეთესი ნორმალურ პირობებშია ჩაყენებული დემოკრატია, - იქ იმუნიტეტი ყველაზე ნაკლებ არის საჭირო, ვინაიდან განსხვავება მოქალაქისა და კანონმდებლის შორის კონსტიტუციის გარანტიის მხრივ შემცირებულია. თუ ამას ვერ გავიგებთ, და მაინც ვიტყვით, რომ მოქალაქის უფლება არის, რომ დეპუტატმა აჯანყებებზე ყველგან ილაპარაკოსო, ეს არ წარმოადგენს არავითარ კონსტიტუციონალურ წესების შემუშავებას, და არც დამფუძნებელ კრების ღირსების დაცვას.

არის კიდევ ერთი კითხვა. შეიძლება თუ არა სიტყვიერათ დელიქტის, ანუ დანაშაულობის ჩადენა.

ვერც ერთი იურისტი ვერ იტყვის, სიტყვიერათ არ შეიძლება დანაშაულობის ჩადენა, - ეს მე ვერ წარმომიდგენია, არც კონსტიტუციონალურ, არც დემოკრატიულ არც სოციალისტურ წყობილებაში. მე ვერ წარმომიდგენია ისეთი სოციალისტური წყობილება, სადაც სრულიად თავისუფლად შეიძლებოდეს ლანძღვა. მე მგონია, რომ პირიქით, სოციალისტურ წყობილებაში მეტ დანაშაულათ იქნება იგი ჩათვლილი, ვიდრე დღეს არის, რადგან მაშინ მეტი პატივისცემა იქნება პიროვნებისა და ადამიანისადმი. ჩვენ კი აქ გვეუბნებიან, რადგან ცხოვრება ვითარდება, ჩვენც სიტყვას უნდა მივცეთ სრული თავისუფლება, ესე იგი, რაც გინდა, ის ჩაიდინე სიტყვითო. მე კი მგონია, რომ სიტყვის თავისუფლება უსაზღვრო არ არის, მე მესმის, როცა სიტყვიერ თავისუფლებაზე ამბობენ - ადმინისტრატიული თვითნებობა არ იყოსო; მაგრამ რომ სასამართლოს კანონმა, მთელ ხალხის ნების გამომხატველმა სიტყვის საშუალებით არ მიიღოს ზომა კერძო პირის, ან საზოგადო ინტერესების დარღვევის წინააღმდეგ, - ამას ვერავინ ვერ იტყვის. და რაკი ჩვენ იმ პრინციპს დავადგებით, რომ სიტყვიერათ შეიძლება დარღვევა წესის, კანონის, სამართლის, თვით ხალხის ინტერესების, - ცხადია, მაშასადამე, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სიტყვა იყოს სრულიად თავისუფალი, უპასუხისმგებლო. ამ მუხლში აღიარებულია არა თავისუფლება სიტყვის, არამედ უპასუხისმგებლობის. ეს დაივიწყა კრების წევრმა ბარათაშვილმა.

მეორე მუხლში თავისუფლებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ სიტყვის უპასუხისმგებლობაზე, ვინაიდან აქ სწერია: „არ შეიძლება პასუხისგებაში მიცემა და სხ.“ მაშასადამე არ შეიძლება დელიქტად გამოცხადება ნათქვამისა. ამნაირად, ეს არის იმუნიტეტი და გარჩევა სიტყვების, რომელიც წარმოთქმულა დამფუძნებელ კრებაში, იმისგან, რომელიც წარმოთქმულა დამფუძნებელ კრების გარეშე. მაგრამ ამასთანავე აქ გვაქვს გარანტია პრეზიდიუმის სახით, რომელსაც მიცემული აქვს რეგლამენტი და თუ ვინმე წესიერებას გადააცილებს, შეუძლია შეაჩეროს. მაშასადამე, მის გარეშე კი მას შეაჩერებს კანონი, რომელშიაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „ასეთი და ასეთი სიტყვის წარმოთქმა არის დანაშაული“ და ამისთვის არის სასჯელი დადებული.

მაგრამ როცა დამფუძნებელ კრების წევრი ილაპარაკებს კრების გარეშე, ცხადია, იმას ვერ დაიჭერენ, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, არამედ მხოლოდ დამფუძნებელ კრების ნებართვით, - ე.ი. იმ წესების მიხედვით, რომელიც ქვეით არის ჩამოთვლილი.

ამ რიგათ, თუ რომელიმე დამფუძნებელ კრების წევრი აჯანყებისკენ უწოდებს ხალხს გარეთ, ჩვენ ამ მოწოდებისთვის დამფუძნებელი კრების წევრსაც დავიჭერთ. ბოლშევიკი იქნება ის, თუ მენშევიკი, მემარჯვენე თუ მემარცხენე, - ყველა ისინი კანონის წინაშე თანასწორი არიან. ჩვენ არ გვინდა, რომ მოქალაქემ, თუნდაც კრების წევრმა ბარათაშვილმა მოუწოდოს აჯანყებისთვის და ეს არ ჩაითვალოს დელიქტათ. აჯანყებისადმი მოწოდება დანაშაულია, იქნება ეს მოწოდება წარმოთქმული სოციალ-დემოკრატისაგან, ბოლშევიკისაგან, ესერისაგან, მემარცხენე, ან მემარჯვენესაგან თუ სხვისგან, ეს სულ ერთია კანონისთვის. თუ ჩვენ დავიცავთ ერთგვარ გარანტიას დეპუტატისთვის, გარანტიას პროცესიალურს, სახელდობრ იმას, რომ იგი ვერ მისცეს მილიციამ სამართალში, თუ ჩვენ არ დაგვეკითხა და დასტური არ მიიღო, - ეს სრულიად საკმარისია რომ დაიცვას მისი მუშაობის ინტერესები საკანონმდებლო დაწესებულებაში. ზედმეტ უფლებას კი ჩვენ ვერავის მივანიჭებთ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას. შესწორება ასეთი გახლავს. (კითხულობს). ამოღებულ იქნეს სიტყვები: „თვისი მოვალეობის ასრულების დროს“.

ვინ არის მომხრე შესწორებისა? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილია.

ვინ არის მომხრე მეორე მუხლისა? ვინ არის წინააღმდეგი? მეორე მუხლი მიღებულია. გთხოვთ მესამე მუხლი წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ მუხლისა. მუხლი მიღებული გახლავთ. შემდეგი წაიკითხეთ.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-4 მუხლს).

თავმჯდომარე. მეოთხე მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ.) მე-4 მუხლის ძალით, დამფუძნებელ კრების წევრის გაჩხრეკა შეიძლება სასამართლოს დადგენილებით. შემდეგ ნათქვამია. „ანდა დამფუძნებელ კრების ნებართვით“. ასე რომ, დამფუძნებელ კრებას თუ არ მიმართა სასამართლომ, მას შეუძლიან დაადგინოს და გაჩხრიკოს დამფუძნებელ კრების წევრი.

სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ფიქრობს, რომ ასეთი უფლება არ უნდა ჰქონდეს სასამართლოს. მან კიდევაც რომ დაადგინოს გაჩხრეკა, უნდა ჰქონდეს დამფუძნებელ კრების ნებართვაც დადგენილების სისრულეში მოსაყვანად.

ამიტომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა - კავშირი, ანდა შეიცვალოს მეორე კავშირით და. ისე რომ ეს მუხლი მიღებული იყოს შემდეგი სახით. (კითხულობს) - დამფუძნებელ კრების წევრის ბინა შეიძლება გაჩხრეკილ იქნეს მხოლოდ სათანადო სასამართლოს ორგანოს დადგენილებით და დამფუძნებელ კრების ნებართვით.

თავმჯდომარე. მე-4 მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი (ს. ფ.) ჩვენი წინადადება არის ამ მუხლში ამოიშალოს ერთი სიტყვა: ორგანო.

აქ ნათქვამი არის. (კითხულობს).

4. დამფუძნებელი კრების ბინა შეიძლება გაჩხრეკილ იქნეს მხოლოდ სათანადო სასამართლოს ორგანოს დადგენილებით, ან და დამფუძნებელი კრების ნებართვით.

ჩვენი წინადადება არის ამოიშალოს სიტყვა ორგანო, ამისთვის რომ, შეიძლება დაისვას კითხვა - რა არის სასამართლოს ორგანო. (გვაზავა: სასამართლო!) აქ სწერია: სასამართლოს სათანადო ორგანო; შეიძლება ეს ისე გაიგოთ: გამომძიებელი, ბრალმდებელი და სხვა. ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ ვერც გამომძიებელს, ვერც ბრალმდებელს, და ვერც იმას, ვინც მის თანამდებობას ასრულებს, თუნდაც რომ მივიდეთ მინისტრის თანაშემწის უფლებამდის. ჩვენ ვაძლევთ უფლებას სათანადო სასამართლოს.

სასამართლო გაარჩევს საქმეს, ის კოლეგიური დაწესებულება არის, ჩაუკვირდება საქმეს, და ამ შემთხვევაში, ყოველ მხრივ არის გარანტია. წარმოიდგინეთ რომ გამომძიებელი და ბრალმდებელი ბევრჯელ ხელმძღვანელობენ სხვა მოსაზრებით. ცალმხრივი, ვსთქვათ, მიმართულება იჩენს ხოლმე თავს. ხანდისხან უნებლიეთ გამოდის, რომ ეს არის თვითნებობა. ამისდამიხედვით ჩვენ ვერ მივანდობთ ამისთანა საქმეს. ჩვენ ამისთანა პრინციპს ვერ გავიზიარებთ თუ მართლა ხელშეუხებელი არის დამფუძნებელ კრების წევრი, მაშინ იმისთანა ორგანოს უნდა მივანდოთ მის ბინის გაჩხრეკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში პიროვნებას, და მით უმეტეს დამფუძნებელი კრების წევრს. ამისდამიხედვით, მე მგონია, ჩემი აზრი ნათელია, რომ ეს „ორგანო“ უსათუოდ ამოშლილი უნდა იყოს, და დარჩეს მაშასადამე: სათანადო სასამართლოს დადგენილებით.

თავმჯდომარე. ვის სურს მეოთხე მუხლის შესახებ? არავის.

მომხსენებელის დასკვნა.

. არსენიძე. (მომხსენებელი). ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმო ბ. ბარათაშვილს.

სიტყვა ორგანოს ამოშლა შეიძლება. მე მგონია ამით ძირითადი აზრი, რომელიც მიიღო კანონმა შეცვლილი არ იქნება.

რაც შეეხება იმ წინადადებას, რომელიც შემოიტანა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ, ის არსებითათ სცვლის იმ წესს, რომელიც მიღებულია დეკრეტში. საზოგადოდ ასეთი წესი ბინის გაჩხრეკისა არც ერთ კონსტიტუციაში არ არის. დამფუძნებელი კრების წევრი ამ მხრივ ისეთსავე მდ გომარეობაშია, როგორც ყველა მოქალაქე. მაგრამ იქ მოქალაქის გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით. ისე რომ, ეს გარანტია უზრუნველყოფს დეპუტატს და მოქალაქესაც. მაგრამ რადგან ჩვენ ჯერ ასეთი მუხლი კონსტიტუციისა არ შეგვიმუშავებია, - ხოლო რევოლიუციონურ მდგომარეობის გამო ადმინისტრატიულად შევეხოთ კერძო ადამიანის ბინას, ჩვენ საჭიროდ დავინახეთ, რომ ეს ნორმალურ კონსტიტუციონალური წესი შემოგვეტანა, როგორც დეპუტატის იმუნიტეტი, დროებით რასაკვირველია. თუ ჩვენ იმ პრინციპს დავადგებით, რომელსაც კომისია ადგია, - ესე იგი „რომ დამფუძნებელი კრების წევრის გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით“, - ეს სრულიად საკმარისია. ხოლო თუ დამფუძნებელი კრების ნებართვით შეიძლება სასამართლოში მიცემა და დაპატიმრება დამფუძნებელი კრების წევრისა, - მით უმეტეს შეიძლება მის ბინის გაჩხრეკა.

ამიტომ ეს რედაქცია, რომელიც კომისიამ წარმოადგინა, სავსებით გამოხატავს იმ აზრს, რომელიც ჰქონდა კომისიას ამ მუხლის შემუშავების დროს.

შესწორება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა რამოდენიმეთ სცვლის ამ დებულებას. ის თხოულობს ორგვარ გარანტიას - ერთი სასამართლოსას, მეორეს დამფუძნებელი კრებისას პრეზიდიუმის დასტურის სახით. მართალია, სჯობია დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის დასტური, ვინემ თვით დამფუძნებელი კრებისა, რადგან პირველი შეიძლება მოხდეს უფრო სწრაფად, საიდუმლოდ და მიზანსაც მიახწიოს, მაგრამ რადგან კომისიისაგან ეს აზრი არ არის მიღებული, მე, როგორც კომისიის წარმომადგენელი, მას მხარს ვერ დაუჭერ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი პირველ შესწორებას. ვინ არის მომხრე, რომ კავშირი ანდა შეიცვალოს კავშირით და? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მე-5-თე მუხლი.

შესწორება მეორე: ამოიშალოს სიტყვა ორგანო, ვინ არის მომხრე? გთხოვთ ასწიოთ ხელი. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მე-5-თე მუხლი.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ შენიშვნა.

არსენიძე. (კითხულობს შენიშვნას.)

თავმჯდომარე. მე-5-თე მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. (ს. დ.) მე-5-თე მუხლში არის ნათქვამი შენიშვნით (კითხულობს).

5. დამფუძნებელ კრების წევრის დაპატიმრება და სამართალში მიცემა შეიძლება მხოლოდ დამფუძებელ კრების დადგენილებით.

შენიშვნა: უკეთუ დამფუძნებელ კრების წევრს დანაშაულის ჩადენის დროს მოასწრეს - შეიძლება იგი დაპატიმრებულ იქნეს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კრებას.

ხშირად შეიძლება დანაშაული უმნიშვნელო იყოს. ამიტომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა სიტყვა „დანაშაულს“ მიემატოს მძიმე. ეს შესწორება არის სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის წინადადებით შემოტანილი.

თავმჯდომარე. ამავე მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს. რ.) მე-5-თე მუხლის შენიშვნის მიღება, როგორც აქ არის, ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ, რომ ჩაუმატოთ მძიმე, მე მგონია ეს ვერ გამოაკეთებს საქმეს. იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ ვცნობთ საჭიროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ დანაშაულის ჩადენის დროს დაპატიმრებული იყოს ვინმე, ჩვენ სწორედ უნდა განვაცხადოთ - უნდა ჩამოვთვალოთ. რა დანაშაულობისთვის შეიძლება იყოს დაპატიმრებული. რადგანაც ეს არ არის მოყვანილი, რადგან საკონსტიტუციო კომისიამ ვერ მოახერხა ამის მოყვანა, ამიტომ სრულიად ამოშლილი უნდა იყოს დღეს მე-5-ე მუხლის შენიშვნა. მე-5-თე მუხლი უშენიშვნო უნდა იყოს მიღებული. შენიშვნა ასეთია. (კითხულობს). უკეთუ დამფუძნებელ კრების წევრს დანაშაულის ჩადენის დროს მოასწრეს, შეიძლება იგი დაპატიმრებული იქნეს, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს კრებას.

ჩვენ ვიცით, რომ ხშირად დანაშაულს სჩადიან, მაგრამ ისეთ დანაშაულის შემდეგაც კი, რომელსაც სასჯელად 20 წლის კატორღა მოსდევს და შესაძლებელია სიკვდილით დასჯაც, ასეთ დამნაშავესაც კი თავდებით ან საწინდარით უშვებენ ციხიდან. ასე რომ, მე მგონია, ჩვენ ამ დეპუტატს არ უნდა მოუსპოთ საშუალება, რომ იმუშაოს, თავის მოვალეობა აასრულოს, სანამდის სამართალი თავის განაჩენს არ გამოიტანს, თუკი სამართალში მივცემთ. შესაძლებელი არის, რომ შემთხვევით რომელიმე დეპუტატი დააკავონ და სამართალში მისცენ. მე მგონია დანაშაულის ჩადენის დროს ეს მეტად გაურკვეველი მცნებაა. ვინ იქნება, ვინ გამოარკვევს იმას, იდენს თუ არა დანაშაულს დეპუტატი? დანაშაულის ჩადენა... (არ ისმის).

თავმჯდომარე. გთხოვთ ხმა მაღლა ილაპარაკოთ.

ივანე გობეჩია. შესაძლებელია, რომ ვინმე თავის თავს იცავს, თავის დაცვის დროს ისვრის და კიდეც კლავს ვისმეს, მაშინ იჭერენ და მას საშუალებას უსპობენ მეორე დღეს გამოცხადდეს დამფუძნებელ კრებაში და თავისი მოვალეობა შეასრულოს. მაშასადამე, ყოვლად შეუძლებელია, რომ ეს შენიშვნა მიღებული იქნეს ამ რედაქციით. ასე რომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს შენიშვნა გამოშვებული იყოს.

არსენიძე: მე წინააღმდეგი ვარ.

თავმჯდომარე. სხვა მსურველი არავინ არის. წინადადება გახლავთ ამნაირი. რომ მთლათ ამოიშალოს შენიშვნა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს. თქვენი დასკვნა.

. არსენიძე (მომხსენებელი). მე ორივე შესწორების წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ იურიდიული მცნება „მძიმე და მცირე“ დანაშაული განსაზღვრული მცნებაა. მცირე დანაშაულისთვის ჩვეულებრივ არ იჭერენ და დამნაშავე ექვემდებარება მომრიგებელ მოსამართლეს. დანაშაული არის ისეთი მოქმედება, რომელიც უმეტეს ნაწილად ექვემდებარება სისხლის სასამართლოს, საოლქო სასამართლოს. მძიმე დანაშაული არის ისეთი, რომლისთვისაც დამნაშავეს სასტიკი სასჯელი მოელის, იურიდიულად ეს ძალა გარკვეული სიტყვაა, მაგრამ ამ სიტყვის, „მძიმეს“, ჩაწერა უნდათ აქ, ალბად იმისთვის, რომ უბრალო მოქალაქეებმაც გაიგონ, რომ თუ მაგარი დანაშაული არ ჩაიდ ინა, ისე ხელი არ მოეკიდება დეპუტატს. ამას უფრო, ასე ვსთქვათ, პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იურიდიული და მე, როგორც იურისტი და კომისიის წარმომადგენელი, ამ შესწორებას ვერ ჩავთვლი აუცილებელ საჭიროებად დამფუძნებელ კრებისთვის. რაც შეეხება ამ შენიშვნის მთლიანად ამოშლას, ეს ისეთივე ხასიათის შესწორებაა, როგორც ზემოთ წამოყენებული დებულება, რომ სიტყვები „თავის მოვალეობის დროს“, ამოგვეშალა. სწორედ ამ შენიშვნის საშვალებით შეგვიძლიან სრულიად მოუსპოთ ადმინისტრაციას საშუალება თავისი საქმე გააკეთოს. ვსთქვათ დიდი ბოროტება ხდება და დამფუძნებელი კრების წევრი მონაწილეობას იღებს მასში, მიდიხარ რომ დაიჭიროთ, მაგრამ ის იძახის, მე დამფუძნებელი კრების წევრი ვარო და თქვენ როგორ შეიძლება რომ მკვლელს, მაგ. ხელი ვერ მოკიდოთ დანაშაულობის დროს და დანაშაულობა ვერ შეაჩერებინოთ? ესე იგი ეს დამნაშავე არ დაიჭიროთ? (გვაზავა: ეს დანაშაულობაა!) ყოველი დაჭერა არის დაპატიმრება. არ შეიძლება ერთი იყოს დაჭერა და მეორე დაპატიმრება. თუ დაიჭერთ, სადმე ხომ უნდა მოათავსოთ, წაიყვანოთ კომისარიატში და ჩააჯინოთ ოთახში, თუნდაც ერთი საათით, სანამ მისი პიროვნება გამოირკვევა. და ეს იქნება დაპატიმრება. ამიტომ მე ვამბობ, რომ ასეთი გარანტიების მიცემა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრს არა-სასურველ ელემენტს მივცემთ საშუალებას დამფუძნებელი კრების სახელით ისარგებლოს. ეს ერთი.

მეორე, არც თვით დამფუძნებელი კრების ღირსებისთვის და არც კანონმდებლობითი მუშაობისთვის არ არის საჭირო ასეთი შეზღუდვა ადმინისტრაციისა. ადამიანს მიუსწრეს დანაშაულის ჩადენის დროს და საშუალება არ ქონდეთ ის დაიჭირონ, ნუ თუ ეს ასწევს ჩვენს ღირსებას? თუ რომელიმე წევრი დამფუძნებელი კრებისა ჩაიდენს დანაშაულს და ამას ხელს ვერ ახლებ, ეს არ ასწევს დამფუძებელ კრების ღირსებას. პირიქით ჩვენ ღირსებას ასწევს ის, რომ არც ერთი ჩვენი წევრი არ აღმოჩნდეს დამნაშავე. ხოლო თუ აღმოჩნდა დამნაშავე, დანაშაულობა ჩაიდინა და კიდევაც მოასწრეს დანაშაულობის ჩადენის დროს, უნდა დაიჭირონ. დამფუძნებელ კრების წევრს მეტი მოეთხოვება ამ მხრივ, ვინემ ჩვეულებრივ მოქალაქეს.

მაშასადამე არ უნდა წავართვათ ადმინისტრატიულ აპარატს საშუალება თავისი მოქმედება განაგრძოს და შეასრულოს თავისი მოვალეობა. ეს ერთი და მეორე - არავითარი მიზანი, არავითარი აზრი ჩვენი მუშაობისა არ თხოულობს, რომ ეს კაცი იყო ხელშეუხებელი, თუ კი მას მოასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს. ხოლო, რომ ტყუილ-უბრალოდ გავანთავისუფლო 130 კაცი პასუხისმგებლობისაგან, მე სრულიად საჭიროდ არ მიმაჩნია. ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

თავმჯდომარე. ორი შესწორება გახლავთ: ერთი ის, რომ ჩაემატოს სიტყვა „მძიმე“. ჯერ კენჭს უყრი პირველ შესწორებას. ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? მაშასადამე მიღებულია. ვინ არის მომხრე მეორე შესწორებისა, რომელიც ამნაირია (კითხულობს): ამოიშალოს მთლად მე-5-ე მუხლის შენიშვნა. ვინ არის წინააღმდეგი? უმრავლესობა. მაშასადამე ეს შესწორება უარყოფილია. ეხლა საერთოდ ვუყრი კენჭს მეორე მუხლს. ვინ არის წინააღმდეგი მეხუთე მუხლისა? ვინ არის მომხრე? მაშასადამე მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

. არსენიძე (კითხულობს მეექვსე მუხლს).

თავმჯდომარე. მეექვსე მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე (ს. დ.). სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა სიტყვა კანონიერად იქნეს ამოშლილი, რადგანაც თავის თავად იგულისხმება, რომ აქ არის ლაპარაკი კანონიერ დაპატიმრებაზე. რაც შეეხება უკანონო დაპატიმრებას, ეს თავის-თავად იგულისხმება, დამფუძნებელი კრების წევრი განთავისუფლებული უნდა იყოს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. დასკვნა მომხსენებელისა. გთხოვთ.

. არსენიძე. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, რომ ეს სიტყვა ამოიშალოს, ამით არავითარი აზრი არ შეიცვლება. ალბათ თუ უკანონოდ არის დაპატიმრებული მით უმეტეს უნდა განთავისუფლდეს დამფუძნებელი კრების წევრი. ამნაირად ამ სიტყვის ამოშლა კომისიის აზრს და შეხედულობას არ ეწინააღმდეგება.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ მეექვსე მუხლიდან ამოიშალოს სიტყვა „კანონიერად.“ მიღებულია. შემდეგი.

არსენიძე. (კითხულობს) მეშვიდე მუხლს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? არავის. ვინ არის მომხრე ამ მუხლისა? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მერვე მუხლი.

. არსენიძე. (კითხულობს მერვე მუხლს.)

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მერვე მუხლის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კირილე ნინიძეს.

კირილე ნინიძე. (ს. დ.) ეს მუხლი არ არის როგორღაც ნათელი.

დღემდე არსებული კანონები იცავდენ მოხელეების უფლებას კერძო პირებისაგან. სისხლის სამართლის დებულებაში არის მუხლი, სპეციალური, რომელიც აღნიშნავდა სასჯელს იმ დანაშაულობისთვის, რომელსაც კერძო პირები ჩაიდენდნენ მაშინდელ სახელმწიფო სათათბიროს და სახელმწიფო საბჭოს წევრების წინააღმდეგ და იქ განმარტებაში ნათქვამია, რომ ისინი გათანასწორებულნი არიან თანამდებობის პირებთან. თუ რა სასჯელით დაისჯება თანამდებობის პირი, ამის შესახებ კანონში არ არის ნათქვამი. და ეს სპეციალური დეკრეტი სწორეთ ეხება იმას, თუ როგორ უნდა იყოს დაცული დამფუძნებელ კრების წევრის პიროვნება არა მოქალაქეთაგან, არამედ უმთავრესად თანამდებობის პირთაგან. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს კანონი, მიღებული პარლამენტის მიერ 31 იანვარს. აი ამ კანონში არის განსაზღვრული, აღნიშნული ის სასჯელი, რომლითაც დაისჯება თანამდებობითი პირი, უკეთუ ის შეურაცყოფას მიაყენებს კერძო პირს.

რადგანაც ამ დეკრეტით მიღებულია მხედველობაში განსაკუთრებით დამფუძნებელ კრების წევრის იმუნიტეტის განსაზღვრა, ამიტომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია საჭიროდ სთვლის აღნიშნოს აქ სასჯელი. და ამიტომ შემოაქვს ამ, ახალ კანონში ამისთანა შესწორება მერვე მუხლისა. უნდა იყოს ასე (კითხულობს).

„ამ დეკრეტის დარღვევისათვის დამნაშავე დაისჯება საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 31-ს კანონის 1, 11 და 12 მ.მ. ძალით (იხ. კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებული 1919 წ. მარტის 12-ს №5 ნაწ. პირველი) აღნიშნული სასჯელის გადიდებით ორის ხარისხით.“

რაჟდენ არსენიძე. (მომხსენებელი) ამ ფორმით, რომლითაც არის აქ მიღებული მერვე მუხლი. ეს სასჯელი განისჯება სასჯელთა დებულების იმ მუხლის სეკუნდით, რომელიც ეხება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, საბჭოში და სენატში არჩეულ წევრებს. აქ არის სასჯელად დაწესებული დაპატიმრება, ციხეში ჩასმა, ღირსების აყრა, ვინაიდან იქ დეპუტატის ხელის შემხებლის სასჯელი გათანასწორებულია მოხელეების შეურაცყოფისთვის დადებულ სასჯელთან. პარლამენტის მიერ 31 იანვარს მიღებულ კანონში მეთერთმეტე და მეთორმეტე მუხლში კი უმთავრესად არის სასჯელად დადებული დაპატიმრება. ასე რომ თუ ამ სასჯელს ორ ხარისხით გავადიდებთ მაინც იმავე სასჯელს მივიღებთ, როგორც განსაზღვრულია, კომისიის მიერ მიღებულ მუხლით. ასე, რომ სასჯელის რაოდენობა შედარების მიხედვით არ აღემატება კომისიის მიერ განზრახულ სასჯელს.

ამიტომ მე მგონია შესაძლებელია, ამ შესწორების მიღება. ამით სასჯელს უფრო კონკრეტიული ხასიათი ექნება და აღარ გამოიწვევს სასამართლოში რაიმე გაუგებრობას.

თავმჯდომარე. მაშასადამე შესწორება გახლავთ ასეთი (კითხულობს) „ამ დეკრეტის დარღვევისათვის დამნაშავე დაისჯება საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 31-ს კანონის 1, 11 და 12 მ. მ. ძალით. (იხ. კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებული 1919 წ. მარტის 12-ს ¹5, დან. პირველი) აღნიშნულ სასჯელის გადიდებით „ორის ხარისხით.“ ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? მიღებულია. სურს ვინმეს დამატება? თქვენ დამატება გსურთ? (ჭავჭანიძე: დიახ.)

ივანე ჭავჭანიძე. (ს. დ.) სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა, რომ ამ დეკრეტში იყოს შეტანილი მე-9 მუხლად შემდეგი. (კითხულობს) „დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.“

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

. არსენიძე. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ დამატებისა? ეს დამატება მიღებულია.

ეხლა კენჭს უყრი მთლად კანონპროექტს. ვინ არის წინააღმდეგი ამ კანონპროექტისა? ვინ არის მომხრე? მაშასადამე, კანონპროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი. კანონპროექტი სახელმწიფო ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთი ზომების მიღებისა. სიტყვა ეკუთვნის ონიაშვილს.

კანონპროექტი ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთი ზომების მიღების შესახებ.

დავით ონიაშვილი. კანონპროექტი ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთ ზომების მიღების შესახებ.

ეს კანონპროექტი გამოწვეული არის ფინანსიური კრიზისით, რომელსაც განიცდის ჩვენი ახალგაზრდა რესპუბლიკა.

ყველამ კარგად იცის, რომ თანამედროვე საერთაშორისო ომმა საშინელი კრიზისი გამოიწვია თითქმის ყველა ქვეყნებში. ეს კრიზისი უფრო საგრძნობელი შეიქნა ისეთ პატარა სახელმწიფოსთვის, როგორც არის ჩვენი რესპუბლიკა. ჩვენს პატარა ხელმწიფოს აუარებელი ხარჯები აქვს, შემოსავლის წყარო კი ძალიან მცირე. აი ეს გარემოება იწვევს მუდმივ ქრონიკულ დიფიციტს, რომელიც თან სდევს ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ჩვენ რომ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, რომელსაც თავისი მტკიცე გადასახადების სისტემა შეუმუშავებია, შეიძლებოდა ამ კრიზისიდან სულ ადვილად თავის დახწევა სახელმწიფოს გადასახადების გადიდებით.

ასე იქცევა მაგალითად ინგლისი. საკმარისი არის იქ გადასახადების გადიდება ერთი-ორი პენსით თვითეულ გირვანქა სტერლინგზე, რომ უმალვე მთელი წლის განმავლობაში შემოვიდეს რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგი და ამით დაიფაროს სახელმწიფოებრივი დეფიციტი.

აი ასეთი ელასტიური თვისებისა არის გადასახადების სისტემა დასავლეთ ევროპაში. მაგრამ რადგანაც ჩვენ არ გვაქვს ასეთი სახელმწიფოებრივი სისტემა, შეუძლებელია ასეთი ნორმალური წესით ფინანსიური კრიზისის თავიდან აცილება. არა ჩვეულებრივი მდგომარეობა მოითხოვს ჩვენგან არა ჩვეულებრივ ზომების მიღებას. რომელ საგნებზე უნდა გავრცელდეს ეს ახალი ეგრეთ წოდებული ერთდროული გადასახადი?

საღი და დემოკრატიული მოსაზრება გვეუბნება, რომ გადასახადები უნდა გადიდდეს შემოსავლის კვალობის მიხედვით, მაგრამ ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, რომ ამ შემოსავლის გათვალისწინება ყოვლად შეუძლებელი ხდება. ჩვენი ქვეყანა, საერთოდ ძალიან ღარიბი არის, კაპიტალის მხრივ. დღეს კაპიტალი სპეკულიაციის ქსელშია გაბმული, და ვერავითარი სახელმწიფოებრივი ძალა ვერ მიაგნებს მის ბნელ კუნჭულებს. ამ კანონის ძალით საგრძნობლად გადიდებულია სასარეწავო, სამრეწველო, სათამასუქო და საღერბო გადასახადები. მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთი გაორკეცებული და გასამკეცებული გადასახადიც ბევრს ვერაფერს შესძენს ჩვენ ხაზინას. შეიძლება ამ გზით შემოვიდეს ხაზინაში სულ სამი-ოთხი მილიონი. მან. ჩვენ სახელმწიფოს - კი გაცილებით მეტი ფული ესაჭიროება.

მაშასადამე, დარჩა შემოსავლის ერთად ერთი წყარო - უძრავი ქონება სოფლად. მიწა - დღევანდელ პირობებში უმთავრესი წყაროა ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად. პურის და სიმინდის ფასებთან ერთად ძალიან გაიზარდა მიწის შემოსავალი. არსებულ კანონის მიხედვით დღევანდელი მიწის გადასახადი უდრის დაახლოვებით წმინდა შემოსავლის 30%25. ეს შემოსავალი კანონით ნავარაუდევი იყო, მაგალ. ტფილისის გუბ. 1 მ.-14 მ.-დის. თუ თქვენ მიიღებთ მხედველობაში იმ შემოსავალს, რომელსაც დღეს მიწა იძლევა სოფლად, რასაკვირველია, ადვილად წარმოიდგენთ, რომ ძველი გადასახადების დატოვება მიწაზე დღევანდელ პირობებში ყოვლად შეუძლებელია. თუმცა კანონით, 3%25 მიღებული, მაგრამ ფაქტიურად გამოდის 1/100 შემოსავლისა. მაშასადამე საჭირო არის სხვანაირ სისტემის შემუშავება და შეცვლა ძველი წესებისა. ერთდროული გადასახადი ძირიან-ფესვიანად სცვლის ძველ ანგარიშებს და შემოსავალს მიწაზე.

ამ კანონ-პროექტს სხვათა შორის, თან ახლავს რამდენიმე ცხრილი. აქ არის გათვალისწინებული თუ რა შემოსავალს იძლევა დღეს მიწა. მე ნებას მივცემ ჩემ თავს ერთი ორი მაგალითი მოგიყვანოთ ამ ცხრილებიდან. მიწა ამ ცხრილების მიხედვით დაყოფილი არის რამდენიმე კატეგორიად: მაღალი, საშუალო და დაბალ ხარისხისა. მაღალი ხარისხის სარწყავი მიწა იძლევა სულ შემოსავალს - 8710 მანეთს. თუ ამ შემოსავალს გამოვაკლებთ ხარჯებს თვითეულ დესეტინაზე გაწეულს - 1175 მ., მივიღებთ წმინდა შემოსავალს - 7535 მ. თუ მხედველობაში მივიღებთ ზოგიერთ ადგილებში მიწის დასვენებას, მაშინ ეს შემოსავალი შემცირდება - 5000 მან-დის. (7535ხ2/3=5.000). სხვა და სხვა მაზრაში ამ კანონის ძალით თვითეულ დესეტინა მიწაზე დაწესებულია ერთდროული გადასახადი შემოსავლის კვალობაზე. მაგალ. თბილისის მაზრაში ერთდროული გადასახადი სარწყავ მიწაზე - 1 დესეტინ. დაბალ ადგილებში უდრის 120 მან. ბორჩალოს მაზრაში - 150 მ. თიანეთის მაზრაში - 60 მ. და სხვა. შემდეგ ეს გადასახადი უნდა გამრავლდეს იმისდა მიხედვით, თუ რავდენია მიწა ამა თუ სოფლის საზოგადოებაში, მაზრაში და ბოლოს მთელ რესპუბლიკაში. ამის გამოანგარიშება დაახლოვებით შესაძლებელია, რადგანაც მიწის რაოდენობა აღნიშნულია საადგილ-მამულო წიგნებში. ამ ანგარიშით ერთდროულ გადასახადიდან უნდა შემოვიდეს ჩვენს ხაზინაში 70 მილიონი მანეთი.

რაც შეეხება გადასახადის აკრეფის წესს, უნდა მოგახსენოთ ამის შესახებ შემდეგი: საერთო ფინანსიურ მეცნიერებამ იცის სხვა და სხვა წესები გადასახადის აკრებისა. იდეალური წესი სახელმწიფოებრივ გადასახადების აკრებისა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო აპარატი პერსონალურად დაუახლოვდეს მოქალაქეს. კარგად განვითარებულმა და მოწყობილმა სახელმწიფომ უნდა ზედმიწევნით იცოდეს ვის რამდენი შეძლება აქვს, რომ იმისდა მიხედვით დაბეგროს თვითეული მოქალაქე. ჩვენში ასეთი იდეალური წესების განხორციელება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, რადგანაც ჩვენი სახელმწიფო ეხლა იდგამს ფეხს. ერთდროული გადასახადი გაეწერება სოფლის საზოგადოებას და შემდეგ იგი თითონ ანაწილებს გადასახადს თავის წევრთა შორის, იმისდა მიხედვით, თუ ვის რამდენი შეძლება აქვს. ამის შესახებ სოფლის საზოგადოება ადგენს ოქმს, რომელსაც განიხილავს და შეასწორებს კანონის მხრივ, თუ საჭიროდ დაინახავს, სათანადო ხარკის ამკრები ინსპექტორი.

ერთდროულ გადასახადის ასაკრებად ბლანკების მიწერა ყველას, სოფლებში კაცების გაგზავნა, ხარჯის ამკრებ ინსპექტორის წასვლა-მოსვლა, ყველა ეს რასაკვირველია მოითხოვს დიდ ხარჯებს. ამ საქმისთვის საბიუჯეტო კომისიამ საჭიროდ სცნო გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან 75.000 მანეთი. დასასრულ უნდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით უნდა გაუქმებულ იყოს 1919 წ. განმავლობაში ყველა გადასახადები მიწაზე.

ამასთანავე უქმდება საბეგრო გადასახადი მიწაზე, რომელიც უდრიდა შემოსავლის 15%25. ერთდროული გადასახადი არ ვრცელდება ტყეებზე და საძოვარ ადგილებზე. რომელიც უკვე გადავიდა სახელმწიფოს ხელი, მე მინდა კიდევ თქვენი ყურადღება მივაქციო მიწების კანონიერ შეფასებას, რომელიც საჭირო არის ბაჟების გამოსაანგარიშებლად მამულის გადაცემის დროს ერთი პირიდან მეორეზე.

მიწის კანონიერი შეფასება არსებულ ძველი კანონით უდრის 1.50 კ. 1 დესეტინაზე, რადგანაც ამით სახელმწიფოს დიდი ზარალი მოსდის, საჭიროა გადიდდეს მიწის კანონიერი შეფასება.

ამ კანონს დართული აქვს ნუსხა, რომელსაც მოგახსენებთ კანონის მუხლობრივ განხილვის დროს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს თედო ღლონტს.

თედო ღლონტი (ს. ფ.) ეს კანონ-პროექტი სოც.-ფედერ. ფრაქციამ ძალიან გვიან მიიღო, ამიტომ ფრაქციის საფინანსო კომისიას ეს კანონ-პროექტი არ განუხილავს ისე, როგორც მოითხოვდა ინტერესი ამ კანონ-პროექტისა.

მაგრამ ფრაქციის აზრით, ამ კანონის ცხოვრებაში გატარებით არ შეიძლება დიდი გავლენა არ დააჩნდეს როგორც ვაჭრობა-მრეწველობას, ისე სოფლის მეურნეობის მდგომარეობას. აი ამ მხრივ საჭირო არის რამდენიმე შენიშვნა გაუკეთდეს ამ კანონ-პროექტს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უმთავრესი საფუძველი ჩვენი რესპუბლიკისა არის ვაჭარ-მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარება.

ყოველგვარი კანონ-პროექტი, რომელიც იყო მიღებული პარლამენტის მიერ და იქნება მიღებული აქ და ცხოვრებაში გატარებული, უმთავრესად ის აზრი უნდა ჰქონდეს და აქვს, რომ განვითარდეს მწარმოებელი ძალა ჩვენს ქვეყანაში.

დღემდისინ ორი წლის განმავლობაში და მის შემდეგაც როცა გამოცხადდა დამოუკიდებელი ჩვენი რესპუბლიკა, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ საქართველოს ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ არის მთელი რიგი ისეთი პროექტებისა, თუ როგორ მოხერხდეს ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება. არც ერთი ეს პროექტი იმდენად არ არის მიღებული და ცხოვრებაში გატარებული, რომ გამოიწვიოს სამეურნეო კულტურული განვითარება ჩვენს მხარეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონ-პროექტი კიდევ რამდენიმედ ხელს შეუშლის როგორც ქალაქის ისე სოფლის ეკონომიურს განვითარებას, კულტურულს და კიდევ სხვა და სხვა დარგში. აქ მომხსენებელმა უფრო დაწვრილებით არ ილაპარაკა, მაგრამ შეიძლება ეს მან მოახერხოს სხვა დროს, მაშინ როდესაც მუხლობრივ იქნება განხილული კანონ-პროექტი. ჩვენ არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ ის გარემოება, ის მდგომარეობა, რომელშიაც ჩააყენებს ვაჭრობა-მრეწველობის კლასს ეს კანონ-პროექტი. თქვენ მოგეხსენებათ სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებანი არიან დაბეგრული შემდეგ ნაირად: ისინი იხდიან ერთ ძირითად სამრეწველო გადასახადს, შემდეგ დამატებითი სამრეწველო გადასახადს და შემდეგ გადასახადს სარგებელზე. ყველა გადასახადები შეადგენენ დაახლოვებით მაქსიმუმს 90%25-ს, არის 70%25, არის 30%25 გადასახადის შემოსავლისა, მაგრამ ისეთი შემთხვევაც არის, როდესაც იხდიან მოგების 90%25. ეს აღნიშნული არის განმარტებაში, თვით კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში. ასე რომ უკვე სავაჭარ-მრეწველო კლასის უდიდესი ნაწილი იხდის შემოსავლის 90%25-ს ხაზინის სასარგებლოდ. აშკარაა ერთი, როცა ასეთი მდგომარეობა არის შექმნილი, ვერავითარ ალღოს ვერ გაუღვიძებთ მწარმოებელთ, რომ ამ პირობებში ამ წრეებმა შექმნან რამე, რომ სავაჭრო-მრეწველობის მდგომარეობა გააუმჯობესონ. ასე რომ ასეთი მდგომარეობის დაცვა, ამ მდგომარეობის ხაზგასმა და მისი უფრო გადიდება სხვა და სხვა თანხით, ძირითად თანხებზე გადასახადების გადიდება შეუძლებელია, ეს კიდევ უფრო ხელს შეუშლის, რომ ჩვენში დაარსდეს, ჩვენში გაჩნდეს სხვა და სხვა დაწესებულება, რომელიც გამოიწვევს საწარმოო ენერგიის განვითარებას. უეჭველია ჩემი მსმენელი გულისხმობს და ფიქრობს: რადგანაც სოც.-ფედერალისტების წარმომადგენელი ლაპარაკობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გადასახადი იქნეს შემცირებული, რათა ამ სფეროში ალღო იქნეს გაჩენილი, რომლის მიხედვით კერძო ვაჭრები და მრეწველები გააშენებენ ფაბრიკებს, ქარხნებს და სხვა. აი ობიექტური მდგომარეობა სასარგებლო ვაჭრებისა, სასარგებლო მრეწველებისა უნდა შექმნან ისეთი, რომ მათ საშუალება მიეცეთ ვაჭრობა-მრეწველობა გააჩაღონ.

მე მინდა, ვიდრე ლოღიკურ დასკვნას გამოვიტანდეთ, მეორე მხარეს შევეხო.

თუ კი გადასახადების მხრივ არის უხერხულ მდგომარეობაში ვაჭრობა-მრეწველობა ჩაყენებული, შრომის მხრითაც არის ეს ვაჭრობა-მრეწველობა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებული. ჩვენ ვამბობდით, ყოველთვის ვამბობდით, როგორც პარლამენტში, ისე ყოველგან და დღესაც ვამბობთ: როცა ასე უყურებთ ვაჭრობა-მრეწველობას, მაშინ სათანადო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ მუშათა საკითხის სფეროშიაც. ჩვენ ერთგვარ უფლებებს ვაძლევთ მუშებს შრომის სფეროში, ხელფასის განსაზღვრის დარგში. რაკი ასეთ უფლებებს ვაძლევთ მუშებს და როცა ასე ვავიწროვებთ მრეწველებს, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი მრეწველი არ მოვა საქართველოში. ისინი იტყვიან, რაკი ამტკიცებთ ასეთ გადასახადებს, ასეთ პირობებში; ჩვენ თქვენთან არ ვიმუშავებთ. თუ წარმოდგენილი გაქვთ, რო ჩვენ შეგვიძლია რისიმე შექმნა მრეწველობის მხრით, ჩვენ ეს მრეწველობა არ შევქმენით, ვაჭრობა-მრეწველობა ისეთ მდგომარეობაშია ჩვენში, რომ არავინ არ მოდის ჩვენში და არც ერთ დარგს მრეწველობისას არ ანვითარებს. ჩვენ ვამბობთ; არ უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, ისეთი ობექტიური პირობები, რომლის მიხედვით ჩვენ არ შეგვიძლია წინსვლა. ჩვენ ვამბობთ: „სახელმწიფოს ძალა გადასახადებში კი არ არის, სახელმწფოს ძალა ეკონომიურ კულტურულ განვთარებაშია“. რაკი იმისი მომხრენი ვართ, რომ მრეწველობა განვითარდეს ამისთვის სახელმწიფოს ხელში უეჭველად უნდა გადავიდეს მრეწველობა, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ გინდათ ამ მრეწველობის განვითარება, სახელმწიფო სოციალისტურ პოლიტიკურ გზას უნდა დაადგეს ამ მუშათა ინტერესების დასაცავად, მისი მდგომარეობის გასაუმჯობესაბლად, - ეს შეიძლე ბა მხოლოდ მაშინ, როდესაც არის არა კაპტალიზმის ალღო უმთავრესად პრევალიური ხასიათისა ჩვენს მრეწველობაში, არამედ როდესაც თვითონ სახელმწიფო, ან სახელმწიფოს დაწესებულება, ან საზოგადოებრივი დაწესებულება, ან ერობები ჰქვიან ამ ვაჭრობა-მრეწველობას, როდესაც სახელმწიფო ქმნის მრეწველობას, მაშინ შეიძლება მოხდეს შეთანხმება მუშათა მდგომარეობის და სახელმწიფო მდგომარეობის შორის. თორემ, როდესაც ჩვენ ვტოვებთ ვაჭრობა-მრეწველობაში ასეთ პრინციპს, რომელსაც ადგია დღეს ჩვენი მთავრობა, შეუძლებელია განვავითაროთ კაპიტალისტური მრეწველობა. მუშათა კანონმდებლობა და გადასახადების სისტემა ეწინააღმდგეგება კაპიტალისტურ მეურნეობას. აქ ან ერთი უნდა მივიღოთ, ან მეორე. ჩვენ ვერ უარვყოფთ სოციალისტურ პოლიტიკას მუშათა საკითხში, ამიტომ ამ პოლიტიკის დაცვა შეგვიძლია მხოლოდ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მეურნეობის დროს, როდესაც მთავრობა სპეკულიატიურ საგნებით კი არ იქნება გამსჭვალული, არამედ საზოგადოთ ეკონომიური ცხოვრების აღდგენით და კულტურით.

ეს გადასახადებიც მიმართულია ისედაც ჩაკლულ მრეწველობის ჩასაღრჩობად, ამიტომ სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია ამ გადასახადის, თუ ის გადაიქცევა გადასახადების სისტემად - წინააღმდეგია. ამ გადასახადების, როგორც ერთდროულ გადასახადისა, მიღება შეიძლება; ვიმეორებ, როგორც ერთდროულ გადასახადისა, მაგრამ ჩვენ ვიცით, ყველგან არის პრეცენდენტი, ერთდროული გადასახადი ხდება ხოლმე მუდმივ გადასახადათ. მაშასადამე ეს უფრო მაშინებს. მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით მიწის გადასახადზე შემოდის ახალი სახელმწიფოებრივი გადასახადები, შეიძლება ესე ითქვას, რომ ეს ერთდროული გადასახადი გადაიქცეს საფუძვლად სამუდამო გადასახადის სისტემისა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემის, ამ ხასიათის გადასახადები არ დარჩეს, ჩვენ ხაზს უსვამთ იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს არის ერთდროული გადასახადი, მაგრამ რა კი პრეცედენტი არის ძალიან მრავალი, რომ ერთდროული გადასახადი ხდებოდა ხშირად არა ერთდროულ გადასახადათ, თუ ეს ესე მოხდა, რომ ეს ერთდროული გადასახადი გადაიქცევა მუდმივ გადასახადათ, ეს მოსპობს ყოველგვარ კულტურას. ეხლა მე მინდა შევეხო საკითხის მეორე მთავარ მხარეებს, მოგახსენებთ ორიოდე აზრი ვაჭარ-მრეწველობის მდგომარეობის შესახებ. ეხლა განვიხილოთ მდგომარეობა სოფლად. ჩვენ ვხედავთ ძალიან საყურადღებო მოვლენას. ჩვენ ვიცით, რომ სამეურნეო ტერიტორია გაფართოვდა, ჩვენი სახელმწიფო მეტს იღებს მიწიდან ეხლა, ვიდრე ეს იყო 1916-1917, ან და 1912 წელს. აშკარაა მაშინ, როდესაც თვალსაჩინო არაფერი გაკეთებულა ვაჭარ-მრეწველების მხრით, სოფელში კი რაღაც კეთდება. რასაკვირველია შეიძლება ხომერიკმა იფიქროს, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ რეფორმები გავატარეთ. რასაკვირველია ხომერიკი სცდება და შეცდებიან ისინი, ვინც ესე ფიქრობენ. ეს ხდება იმიტომ რომ აქ მომქმედი ძალა არის წმინდა ეკონომიური მოტივების, და არა ის რეფორმა რომელიც არის გატარებული, და რომელსაც ჩვენს სოფელში არევ დარევის მეტი არაფერი მოუტანია. რადგანაც ვაჭარ-მრეწველები ხედავენ, რომ ქალაქში არ შეიძლება არავითარ სერიოზულ საქმეების წარმოება, მაშინ კაპიტალ ისტური კლასი, სხვა ელემენტიც, ინტელიგენციაც, რომელსაც მცირეოდენი თანხა გააჩნია უეჭველად სრულად მიდის, ფიქრობენ როგორმე დაიმუშავონ ზედმეტი ქცევა მიწისა, თავისუფლად იმიტომ რომ, თავისუფალია გადასახადებისაგან, აღებ მიცემა არ არის დაბეგრილი, კაპიტალისტის მდგომარეობის შექმნა სოფელში ქმნის იმ ობექტიურ მდგომარეობას, რომ სოფლად მეტი მიწა დამუშავდეს, ეს არის უმთავრესი საფუძველი რომ კაპიტალი იქ მიდის და ამუშავებს ესე თუ ისე. მე ვიცი ბევრი მაგალითი, ვიცნობ ბევრ მუშას, რომელიც იქ მსახურობს, და იმ დროს როცა აქ მსახურობენ სოფლად გზავნიან ოჯახს, და თავის პატარა თანხით რაღაცას აკეთებენ, იმიტომ რომ გაცილებით მეტ შემოსავალს იძლევა სოფლის მეურნეობა. რა არის ეს? ჩემის აზრით ასეთი მდგომარეობიდან ერთად ერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიქმნას სოფლათ ისეთი მდგომარეობა, როგორიც ამ ქალაქში, რომ არ შევაშინოთ გადასახადების მხრივ ხალხი და მათში სხვა ალღო არ დაიბადოს. ეს ხელსაყრელი მდგომარეობა რომელშიაც არის ჩაყენებული სოფელი გადასახადების მხრივ არ უნდა დავარღვიოთ. განვითარება მეურნეობისა ერთად ერთი წყარო არის რომელიც აცოცხლებს ჩვენ რესპუბლიკას. წასულ წელს ჩვენ შემოსავალი არ გვქონდა კარგი, იმიტომ რომ იყო მთელი რიგი სიმშილის წლებისა. მხოლოდ 1918 მიწის მოსავალმა შეავსო, ის რაც აკლდა ჩვენს დამშეულ წლებს, წელს თუ მივიღეთ ჩვენ კარგი მოსავალი, მხოლოდ ეს მოსავალი მოგვცემეს ისეთ სახსარს, ისეთ სურათს, რომელიც ბაზარზე გამოიტანს საქონელს. ამიტომაა სპეკულიაციას სოფელში ადგილი არ აქვს, ხალხი ინახავს თავის საკუჭნაოში რაიმე „ზაპასს,“ ხოლო ბაზარზე, როცა უფრო ხელსაყრელი მდგომარეობა იქნება და მოსავალი მოვა, მაშინ გამოიტანოს ბაზარზე. მაგრამ ასეთი ხელსაყრელი მდგომარეობა, რომელიც არსებობდა წინად, უეჭველია მოისპობა, თუ ასეთ გადასახადებს დაუდევთ საფუძვლად ჩვენი ეკონომიურ პოლიტიკას.

აქ არის ნუსხა, თუ როგორ შემოსავალს იძლევა მიწა, აქ ნაანგარიშევი არის, რომ თითეული დესეტინა მიწა ტფილისის გუბერნიაში იძლევა 120 ფუთ ხორბალს, ქუთაისის გუბერნიაში კიდევ უფრო მეტს, იმავე დროს ერთი ფუთი სიმინდი დაფასებული არის 120 მან. მე არ ვიცი რამდენად ეს შეეფერება სინამდვილეს, ამის შესახებ არაფერს არ ვამბობ. უნდა ვსთქვათ, რომ მიწის შემოსავალი დესეტინაზე უდრის საშუალოდ 3000 მანეთს. მე გამოვდივარ შემდეგ დებულებიდან: თუ კი ჩვენი ნორმა შეადგენს 7 დეს., როგორც ეს მთავრობას სურდა, თუ კი ჩვენ მივიღებთ ამ დებულებას და ნორმას 7 დესეტინას, მის შემოსავალს, დავინახავთ, რომ საშუალოდ მიწა მისცემს მეურნეს 15.000 მან. ამ 15.000 მანეთიდან საშუალო შეძლების გლეხმა 3%25 მიხედვით უნდა გადაიხადოს 490 მან., მაგრამ თუ კი ავწევთ კიდევ, ეს იქნება 750 მან. 5%25 მიხედვით, როგორც ეს იყო აღნიშნული მომხსენებლის მიერ. მაშასადამე საშუალო გლეხი, რომელიც მოახერხებს და დაიმუშავებს 5 დესეტინას, მაშინ უნდა გამოვართვათ 750 მან. რა არის ეს 750 მან. არაფერი არ არის, ეს ადვილი არისო, მაგრამ მე ასე არ უყურებ. ჩვენ უნდა შევხედოთ არა რიცხვს ამ მანეთებისას, არამედ ამ მანეთის ღირებულობას. უბედურება ჩვენი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მანეთს ის მნიშვნელობა არა აქვს, რომელსაც ეს თვითონ ციფრები გამოხატავენ. ამ 750 მან. გადახდა მძიმე არის მაშინაც, როდესაც გლეხს აქვს შემოსავალი 45.000 მანეთი. იმიტომ, რომ ამ ფულით შეუძლიან იყიდოს გლეხს 50 ფუთი გამომცხვარი პური, ძაფი შეუძლიან იყიდოს ტფილისში 50 მანეთის. მაშასადამე უნდა უყუროთ ამ მანეთს არა მანეთის თვალსაზრისით, არამედ ამ ფუთების ყიდვის თვალსაზრისით. თუ კი შევხედავთ ამ ყიდვის თვალსაზრისით, უნდა ვსთქვათ, რომ გადასახადი 750 მან. მძიმე არის, იმიტომ ვამბობ, რომ ეს გადასახადი უეჭველია გამოიწვევს ერთგვარ გაუგებრობას და უკმაყოფილებას სოფლად. ჩვენ გეუბნებოდით, როდესაც მიწას ყიდდით, მიწას არ იყიდიანო, ეხლა ვხედავთ, მიწების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ მიწას ხალხი არ ყიდულობს. რა მოსაზრებით, ეს სულ ერთია, მაგრამ გასაყიდ მიწებს არ ყიდულობენ. ეს გადასახადები სხვა დამოკიდებულებას გამოამჟღავნებს სახელმწიფოს და ჩვენ შორის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს საფუძველი ჩვენ პირობებში შექმნის ალღოს, რომელიც კაპიტალს განდევნის სოფლიდან.

აი ამიტომ ჩვენ ვემხრობით ამ კანონპროექტს მხოლოდ ერთი მოსაზრებით, სახელმწიფოს უკიდურეს გასაჭირის გამო და იმ მოსაზრებით, რომ ეს არის ერთდროული გადასახადი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიქცეს როგორც მუდმივი სისტემა გადასახადებისა.

ამასთანავე თან დართული აქვს ფარული გადასახადი, ამაზედ არაფერს ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ გადასახადებით სახელმწიფო ვერ მოგვარდება. საჭიროა ფართო სოციალური პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში და ქალაქის მეურნეობაშიც. სახელმწიფომ თვითონ უნდა აიღოს ეკონომიური ცხოვრების საჭე და მოაგვაროს როგორც საჭირო არის. ეს გამოიწვევს ეკონომიური ცხოვრების განვითარებას, რაც ფინანსიურად გააჯანსაღებს სახელმწიფოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრს.

ფინანსთა მინისტრი კანდელაკი. ბატონებო, ის გადასახადი, რომელიც თქვენ ეხლა უნდა განიხილოთ, ერთად ერთი დიდი გადასახადია, რომელიც თქვენ წარმოგიდგათ განსახილველად. თუ მიიღებთ მხედველობაში იმ ფინანსიურ მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ განვიცდით ეხლა, სახელმწიფოს აღმაშენებლობის დროს, თავის თავად იგულისხმებთ, რომ მართლაც საჭირო არის არა ჩვეულებრივი ზომები, არა ჩვეულებრივი გადასახადები. მაგრამ მე მაინც უნდა აღვიარო, რომ ის არაჩვეულებრიობა წარმოდგენილ გადასახადების, რომელიც აქ ხაზგასმით აღნიშნეს და რომლის შესახებ ისიც კი სთქვეს, რომ იგი უკმაყოფილებას გამოიწვევსო, ძლიერ გადამეტებული არის; და ამას თქვენ ნათლად დაინახავთ, როდესაც გაეცნობით იმ ციფრებს, რომელიც შეეხება ამ გადასახადებს, როცა ანალიზს გაუკეთებთ და შეადარებთ იმ ციფრებს არა ქაღალდის ფულს, არამედ პურის, საქონლის, ღირებულობას, რომელშიაც უნდა გამოიხატოს ბოლოს და ბოლოს ყოველი ფული და ყოველი გადასახადი.

მართალია, თუ ჩვენ წინანდელ გადასახადებს ავიღებთ, ჯამი წარმოდგენილი გადასახადებისა ძალიან დიდი არის; ასე, მიწაზე გადასახადს წინად შემოსავალი მოჰქონდა დაახლოვებით ერთ მილიონამდე, დღეს კი აქ გამოანგარიშებული არის, რომ გადასახადი მიწაზე უნდა ავიდეს საერთო ჯამით სამოცდაათ მილიონამდე. მართალია, ეს დიდი ციფრია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა მიიღოთ მხედველობაში ის წესი, რომელიც დადგენილი იყო წინად მიწაზე გადასახადების შესახებ. ამას გარდა, რაც თავის თავად იგულისხმება, თუ სახელმწიფომ გადასახადებით უნდა დაფაროს თავისი ხარჯები, აუცილებლად საჭირო არის ჩვენ ანგარიში გაუწიოთ თვით სოციალურ შემადგენლობას სახელმწიფოსას: მიწად-მფლობელობის ქვეყანაში, უაღრესად რასაც ჩვენი სამშობლო წარმოადგენს, არ შეიძლება გადასახადების სისტემა აშენდეს ვაჭრობა-მრეწველობაზე.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ წინანდელი კანონმდებლობა, რომელიც დღემდის დარჩა საფუძვლად მიწაზე გადასახადისა, მსხვილ მიწათ-მფლობელთა ხელში იყო, ხოლო მწარმოებელნი, რასაკვირველია, ისეთ კანონს არ გაატარებდენ, რომ მათ მიწადმფლობელობას, მათ შემოსავალს ბევრი გადასახადი დადებოდა. ამ ბ-ნ მომხსენებელომა უკვე აღნიშნა, მიწის შემოსავალი წინათ გამოანგარიშებული იყო ერთ მანეთიდან თოთხმეტ მანეთამდე დესეტინაზე და ამ შემცირებულ შემოსავლიდან ოთხ ნახევარ პროცენტს იღებდენ. თავის თავად იგულისხმება, რომ ეს სისტემა დღეს მიუღებელია, მიუღებელია მით უფრო, რომ ღირებულობა მანეთისა ძალიან დაეცა. თუ ჩვენ გადავიტანთ იმ გადასახადებს, რომელიც აქ არის დასახელებული, სწორედ პურზე, სწორეთ სანოვაგეზე, თქვენ დაინახავთ, რომ დესეტინაზე გადასახადი აღწევს ერთ ფუთს ან ყოველ შემთხვევაში ფუთ ნახევარს პურს.

აქ აღნიშნული იყო, რომ ვაჭარ-მრეწველობასაც ძალიან დიდი გადასახადი დაადევით, რის გამო უეჭველად მრეწველობა არ განვითარდება ჩვენშიო, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღეთ, რომ მუშათა კლასი დიდ მოთხოვნილებას ადგენს ხოლმე, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთო. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ აქ ალბათ შეცდომით იყო აღნიშნული, თითქოს განმარტებითი ბარათშიც კი ნათქვამია, რომ ვაჭრობა-მრეწველობას უკვე ვახდევინებთ 90 პროც. შემოსავლისას. ეს არ არის მართალი. გადასახადი ვაჭარ-მრეწველობაზე საზოგადოთ არის: ეგრეთ წოდებული ძირითადი სარეწავო გადასახადი, დამატებითი სარეწავო გადასახადი, შემოსავლის კვალობაზე და გადასახადი ზედმეტ მოგებაზე. ეს უკანასკნელი შემოღებული იყო ომის დროს, ეგრედ წოდებული გადასახადი „сверх-прибыль“-ზე. აი მხოლოდ ეს „сверх-прибыль“-ი, ეს ზედმეტი მოგება, მოგება არა ჩვეულებრივი არის დაბეგრილი. ზოგჯერ 80 პროც. მოდის, ხოლო საშუალო მოგებაზე, ჩვეულებრივ დროს მოგებაზე კი გაცილებით ნაკლები გადასახადებია; მართალია ჩვენ ეს გადასახადები ახლა გავადიდეთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ შემოსავლის ყოველ დარგზე ვადიდებთ გადასახადს, განა შეგვიძლიან ვაჭარ-მრეწველობაზე არ გავადიდოთ? მართალია, ვაჭარ-მრეწველობა დღეს ცოტათ თუ ბევრად შევიწროებული არის, მაგრამ იმ ფარგლებშიც, რომელშიაც ვაჭარ-მრეწველობა დღეს სწარმოებს, მოგება, შემოსავალი, მაინც მეტი არის, ვიდრე წინათ იყო, დღეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს გადასახადების გადიდება; ჩვენ ვადიდებთ ამას ვაჭარ-მრეწველობაზედაც, ამას მოითხოვს სამართლიანობა. გადასახადი რომ რჩებოდეს მუდმივ გადასახადათ, მუდმივ სისტემად გადასახადებისა, მაშინ ამ კანონპროექტს არც სახელს დაარქმევდენ „დროებითიო“. დიახ, ეს არის დროებითი, დღევანდელ პირობების, არა ჩვეულებრივ პირობების და არა ჩვეულებრივ ხარჯების მიხედვით შემოღებული გადასახადი. დღეს ყოველი მოქალაქე, მით უფრო შეძლებული მოქალაქე ვალდებულია ერთნაირი მსხვერპლი გაიღოს სახელმწიფოს აღსაშენებლად. ამ მხრივ წარმოდგენილ გადასახადებს დიდი გასამართლებელი საბუთი, დიდი საფუძველი აქვს. დასავლეთ ევროპაში ომის დროს ისეთი ნორმები იყო დაწესებული ეგრეთ წოდებულ „сверх-прибыль“-ზე მრეწველობაში, რომ მთელი მოგება მიჰქონდა სახელმწიფოს.

აქ სთქვეს, მიწაზე გადასახადი ხელს შეუშლის მეურნეობის განვითარებას სოფლებში და იმას ცუდ პირობებში ჩააყენებსო, ხოლო მოტივიროვკა ისეთი გაუკეთა ამას დამფუძნებელ კრების წევრმა ღლონტმა, რომელიც ჩემის აზრით, მხოლოდ გაუგებრობაზე იყო აშენებული. მე არ ვფიქრობ, რომ სოფელში დღეს მართლა ისეთი პირობები იყოს, რომ კაპიტალი აქედან სოფლად მიდიოდეს მეურნეობის გასავითარებლად. ეგ ასე რომ იყოს, რომ მართლა დღეს სოფლის მეურნეობას კაპიტალი ეტანებოდეს იმისთვის, რომ იქ მაღალი კულტურული მეურნეობა განავითაროს, ამისთვის რასაკვირველია ხელის შეწყობაა საჭირო. მაგრამ განა იმით აიხსნება დღეს კაპიტალის, ფულის სოფელში წასვლა, რომ სოფლის მეურნეობა უფრო მაღალ საფეხურზე სდგას და მეტ ნაწარმოებს იძლევა? სრულიადაც არა. ეს იმით აიხსნება, რომ ქალაქის მრეწველობა მოდუნდა, იგი დამბლათ დაცემულია და ეკსპორტი კაპიტალისა სოფელში ხდება, ფული სოფელში მიდის, სოფელში არის დაგროვილი იმიტომ, რომ სოფელი ვერ პოულობს საშუალებას ქალაქში რაიმე ფაბრიკატები შეიძინოს და სოფელში წაიღოს, წესი მეურნეობისა კი სოფლად, სამწუხაროდ, ძველი დარჩა.

ბატონებო, ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რომ სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფო ყოველ პირობებში მოითხოვს, რათა შემოსავალი ფარავდეს გასავალს. მაშასადამე სოფელი, ისე როგორც ქალაქი, ვალდებულია გადასახადი გაიღოს. დიახ, საჭიროა, რომ სოფელმა გაიღოს ახლა ფული, შეიძლება მეტიც, ვინემ წინათ, რადგან დღეს სწორედ სოფელშია დაგროვილი ფული, ვინაიდგან იგი, როგორც ვსთქვით, ქალაქში ფაბრიკატებს ვეღარ პოულობს. და აი სწორედ ამ გადასახადების საშუალებით მოხერხდება, სხვათა შორის, რომ რომ ეს ფული ამოწურული იქნეს და სარგებლიანად მოხმარდეს სახელმწიფოს. ყოველი გადასახადი იწვევს უკმაყოფილებას, რადგან იგი იძულებითია და ნება-ყოფაზე არ არის აშენებული. ამისთვის არის საჭირო ძლიერი სახელმწიფოებრივი აპარატი, ერთნაირი იძულებითი ძალა, რომლის საშუალებით ეს გადასახადები შეგროვდება. დარწმუნებული ვარ, მუხლობრივ განხილვაზე როცა გადავალთ, თქვენ დაინახავთ, რომ გადასახადების ნუსხა სრულიად არ არის გადიდებული; ამას სხვათა შორის მოწმობს ის გარემოებაც, რომ ეს კანონპროექტი თითქმის 6 თვის განმავლობაში სხვა და სხვა კომისიაში მუშავდებოდა, ჯერ კიდევ პარლამენტის კომისია იწვევდა სხვა და სხვა მიმართულების მცოდნე პირებს, მერე დამფუძნებელი კრების კომისიაც, მაგრამ ყოველთვის ნუსხა თითქმის შეუცვლელად დასტოვეს; იმასაც ვიტყვი, რომ ახლა საფინანსო კომისიამ შესაძლებლად სცნო ნუსხა გადასახადებისა 5%25-დი აეწია, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვარ და, როცა მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ, შეძლება მექნება მაშინ გამოვსთქვა ამის შესახებ ჩემი აზრი.

ბატონებო, მე ვფიქრობ, თუ მხედველობაში მივიღებთ ობიექტიურ პირობებს, ფულის ღირებულობას, საჭიროებას, რომელსაც განიცდის ეხლა სახელმწიფო, რომ გადასახადებში მართლა სამართლიანობა არის დაცული, რომ ხალხმა უნდა გაიღოს სახელმწიფოსთვის ყოველი გადასახადები, მით უფრო ისეთი გადასახადები, რომელსაც ხაზინა მოითხოვს ისეთ არაჩვეულებრივ დროს, როგორიცაა თვით სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი, დამეთანხმებით, რომ კერძოდ და საზოგადოდ წარმოდგენილი გადასახადები არ არის დიდი და კანონ-პროექტი მისაღებია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არ არის. საერთო მსჯელობა დასრულებულია. მომხსენებელის დასკვნა.

დავით ონიაშვილი. მე იძულებული ვარ ორიოდე სიტყვა დაუმატო ჩემს მოხსენებას.

აქ წამოაყენეს დებულება, რომ სახელმწიფოს ძალა ეკონომიურ განვითარებაში არისო. ეს ისეთი აქსიომაა, რომ ამის წინააღმდეგ არც ერთი შეგნებული მოქალაქე არ იქნება. საქმე იმაშია, თუ რა გზით უნდა განვითარდეს სახელმწიფოს ეკონომიური ძალა. მე ვეჭვობ, რომ იმ გზით, რომელიც წამოაყენა ბ. ღლონტმა, შეიძლებოდეს სახელმწიფოს ეკონომიური განვითარება. თუმცა ბ. ღლონტს სიტყვა „სოციალიზაცია“ არ უხმარია, მაგრამ აშკარაა, რომ მას იგი მიაჩნია ჩვენი ქვეყნის ხსნად. დღეს სოციალიზაციის განხორციელება ჩვენში, რასაკვირველია, ყოვლად შეუძლებელია. ეს არის უბრალო უტოპია. სოციალიზმი და სოციალიზაცია ისეთი ადვილი გასატარებელი რომ იყოს ცხოვრებაში, მე მგონია ამას ჯერ განახორციელებდნენ ისეთი სახელმწიფოები და ქვეყნები, რომელიც ეკონომიურად და პოლიტიკურად ჩვენზე უფრო მომწიფებულნი არიან. ისტორიას არ უყვარს ნახტომების გაკეთება, სოციალიზაცია სამრეწველო დაწესებულების მოითხოვს კაპიტალიზმის ძლიერ განვითარებას. ბ-მა ღლონტმა რის სოციალიზაცია უნდა მოახდინოს ან რა უნდა გადასცეს სახელმწიფოს, როდესაც ჩვენში ქარხანა-ფაბრიკები თითებზე ჩამოითვლება?

მაშასადამე ეს გზა არის უკუღმართი გზა, ამის შესახებ ჩვენ რამდენჯერმე გვითქვამს პარლამენტში, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ჩვენი მოწინააღმდეგენი მაინც უბრუნდებიან მას. კითხვა უბრალოდა სდგას. საჭიროა თუ არა სახელმწიფოსთვის გადასახადის შემოღება? მე მგონია ყველა მოქალაქე დამეთანხმება, რომ თუ სახელმწიფოს უნდა შეჰქმნას მტკიცე აპარატი, გადასახადების შემოღება მისთვის აუცილებელია. სახელმწიფოს აწევს სხვა და სხვა ხარჯები, რომლის გაღება საჭიროა ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მართალია ერთდროული გადასახადის კანონს აქვს მრავალი ნაკლი. მთავრობა, რასაკვირველია, ნორმალურ პირობებში არ შემოვიდოდა დამფუძნებელ კრებაში ამისთანა კანონ-პროექტით, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ არა ნორმალურ ხანაში - და სამწუხაროდ ეს არა ჩვეულებრივი ხანა გვიკარნახებს არა ჩვეულებრივ ზომების მიღებას, უფრო სამართლიანი და მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ორატორებს წამოეყენებინათ უფრო კარგი სისტემა გადასახადებისა. მაგრამ ისინი ვერ შექმნიან უკეთეს სისტემას დღევანდელ პირობებში. იმის თქმა, რომ სოფელი არ მოგვცემს ამ გადასახადს, ნაადრევია. არ ვიცი ბ. ღლონტი რომელ სოფელზედ ლაპარაკობს, მაგრამ მე ესეც გამიგონია სოფელში: თქვენ რა მთავრობა ხართ, გადასახადებს ვერ გვახდევინებთო!...

თავმჯდომარე. ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ - გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. უნდა მოგახსენოთ ცნობად, რომ ვინაიდან ჯერ დეპუტატებს რეგლამენტი არ აქვთ დარიგებული, ერთი მუხლი რეგლამენტისა სავალდებულოდ მიაჩნია პრეზიდიუმს მოგახსენოთ, ეს გახლავთ 48 მუხლი: (კითხულობს),

პირველსა და მეორე განხილვის შუა უნდა გავიდეს არა ნაკლებ შვიდი დღისა. შესწორებანი და დამატებანი, ან დამატებითი მუხლები განსახილველი კანონპროექტისა უნდა წარედგინოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს არა უგვიანეს სამი დღისა პირველი განხილვის შემდეგ. ეს დამატებანი და შესწორებანი პრეზიდიუმის განკარგულებით გაეგზავნება დამფუძნებელი კრების წევრებს ერთი დღით მაინც ადრე იმ სხდომამდე. როდესაც კანონპროექტის მეორე განხილვა არის დანიშნული.

პრეზიდიუმის სახელით გთხოვთ, სახეში მიიღოთ და თუ რაიმე შესწორება ან და დამატება გაქვთ, დროზე წარმოადგინეთ.

ეხლა 3 საათზე მეტი გახლავთ. თქვენ გაიზიარეთ პრეზიდიუმის დადგენილება რომ 3 საათზე დასრულებული იყოს კრება.

კეთილ ინებეთ და ბრძანეთ, როგორ გსურთ, განვაგრძოთ თუ შევწყვიტოთ სხდომა?

ვის სურს სიტყვა?

მე მესმის: „განვაგრძოთო“.

კეთილ ინებეთ და ბრძანეთ.

რაჟდენ არსენიძე. მე მგონი განვაგრძოთ. მით უმეტეს, რომ ცოტა არ იყოს, ჩვენ გრძელი ვაკაციები გვქონდა და ერთი ზედმეტი საათი რომ ვიმუშაოთ სასარგებლო იქნება.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი წინადადებას. ვინ არის მომხრე სხდომის გაგრძელებისა. სხდომა გრძელდება.

შემდეგი გახლავთ ეროვნულ დემ. ფრაქციის წინადადება საგარეო საქმეთა კომისიის არჩევის შესახებ, სიტყვა ეკუთვნის გიორგი გვაზავას.

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება საგარეო საქმეთა კომისიის არჩევის შესახებ.

გიორგი გვაზავა. ბატონებო, წინადადება ჩვენი დავას და წინააღმდეგობას არ გამოიწვევს.

ეხლანდელ დროში არ არის ისეთი სახელმწიფო, რომელიც გამოთიშული იყოს საზოგადოდ საერთაშორისო განწყობილებისაგან. თუ ძველად კიდევ შეიძლებოდა სახელმწიფოს ასეთი არსებობა, ეხლანდელ დროში ეს შეუძლებელია. არის მრავალნაირი ინტერესები პოლიტიკური, კულტურული და სხვ. და ამ ინტერესებით არის გადაბმული ერთი ქვეყანა მეორეზე. ჩვენი სახელმწიფო ეხლახან დაიბადა და ყველა ეს კითხვები რასაკვირველია ჯერჯერობით არ არის მოწყობილი, ეხლა ეს უნდა მოვაწესრიგოთ და გადავწყვიტოთ. აქ არის დიდი სამუშაო და ისეთი საპასუხისმგებლო სამუშაო, რომელსაც დამფუძნებელ კრებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, მოან დომოს მთელი თავისი გონება და მთელი თავის ენერგია, რადგანაც ამაზე არის დამოკიდებული თვით ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. მივაქცევ თქვენ ყურადღებას თუ როგორ იქცევიან სხვა და სხვა სახელმწიფოები.

ჩვენ ამ მხრივ არა გვაქვს დიდი ტრადიციები, არა გვაქვს გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი აპარატი მოდუნებულად მუშაობს, მით უფრო საჭირო არის ჩვენ ამას დიდი ანგარიში გაუწიოთ. სხვა ქვეყნები, მიუხედავათ მათი მტკიცე სახელმწიფოებრივ ორგანიზაციისა, ქმნიან თავისებურ ორგანოს, რომელსაც ავალებენ ხოლმე საერთაშორისო საქმის მოწესრიგებას.

აიღეთ თუ გინდ შვეიცარია. ამ სახელმწიფოს აქვს თავისებური პირობები. მაგალითად ნეიტრალიტეტი შვეიცარიასი აღიარებული არის საერთაშორისოდ, ისე რომ საგარეო ხიფათი იმას არ მოელის. მაგრამ მიუხედავათ ამისა, მაინც იქ ერთ პირს კი არ ანდობენ საერთაშორისო საქმეების წარმოებას, იქ არის მთელი ფედერალური საბჭო, რომელსაც ევალება ამ კითხვის წარმოება და ეს ფედერალური საბჭო ექვემდებარება ეროვნულ საბჭოს. ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა ხდება პირდაპირ ამ კრების დირექტივების მიხედვით.

ამერიკაში აღმასრულებელი ძალა ძალიან ძლიერი არის. მიუხედავად ამისა დეპუტატთა პალატა ირჩევს ყოველთვის საგარეო საქმეთა კომიტეტს, სენატი, რომელიც არის ზედა-პალატა, ისიც ირჩევს განსაკუთრებულ კომიტეტს და ამ კომიტეტს ევალება თვალყურის დევნა საგარეო საქმეთა წარმოებისა და მოწესრიგებისათვის.

საფრანგეთში მართალია პრეზიდენტს ნება აქვს შეჰკრას პოლიტიკური ხელშეკრულობა, მაგრამ ყოველი საკითხი საერთაშორისო ხასიათისა, სადაც კი საჭირო არის რაიმე ხარჯის გაღება, ან ისეთი შეთანხმება, რომელიც შეეხება მოქალაქეთა უფლებას, უნდა უსათუოდ მოხსენდეს და დადასტურებული იქმნას პარლამენტის მიერ. რაც შეეხება ტერიტორიალურ საკითხს, ეს პირდაპირ აკრძალულია. პრეზიდენტს ამ მხრივ არავითარი უფლება არა აქვს. ტერიტორიის შემოერთება, გაცვლა-გამოცვლა, ან დათმობა კონსტიტუციის ძალით ეკუთვნის მხოლოდ პარლამენტს და სწყდება მხოლოდ კანონის ძალით. მაშასადამე, ყოველი პარლამენტის წევრი მონაწილეობას ღებულობს ამ საქმეების გადაწყვეტაში.

აი ამ მაგალითიდან სჩანს, რომ დიდი სახელმწიფოები გარეშე საქმეთა წარმოებაში მარტო მინისტრს კი არ ემყარებიან; რაც უნდა ნიჭიერი იყოს ერთი კაცი, ყოვლად შეუძლებელია, მარტო მისი იმედით ვიყოთ და მარტო მას მივანდოთ მოწესრიგება და მოწყობა ყველა ამ საკითხებისა.

აი დღეს აქ, თბილისში კონფერენცია არის. აქ არიან თავმოყრილი წარმომადგენლები სომხეთისა, აზერბეიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიისა. აღძრულია ბევრი კითხვები, რომლის მოწესრიგება და გადაწყვეტა უნდა მოხდეს. მაშასადამე დამფუძნებელ კრებას, მე მგონი, არა აქვს ზნეობრივი უფლება განზე გადგეს ამ საკითხთა გადაწყვეტაში. ჩვენ უსათუოდ უნდა მონაწილეობა მივიღოთ. - შეიძლება მიპასუხოთ, რომ სულ ერთია, რაც შეთანხმება უნდა მოხდეს, ეს შეთანხმება უნდა დაბოლოს მაინც შემოვიდეს დამფუძნებელ კრებაში და ჩვენი დასტური უნდა მივსცეთ, მაგრამ ამ დასტურის მიცემას, ამ რატიფიკაციას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. საქმე სწყდება მაშინ, როცა მოლაპარაკებას აწარმოებენ და ხელშეკრულებას სდებენ, და არა მაშინ, როცა რატიფიკაცია ჰხდება. ჩვენ შეგვიძლიან მხოლოდ არ მივიღოთ ხელშეკრულობა, არ მივცეთ ჩვენი დასტური. მაგრამ განა ეს საქმის მოწესრიგება იქნება? მე მგონი არა, მე მგონი ეს იქნება საქმის გაფუჭება, გაფუჭება კონფერენციაზე მიხწეულ შეთანხმებისა. ამით ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა უფრო აიწეწება და უფრო გამწვავდება. მაშასადამე საჭიროა წინდაწინ მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებაში, თითონ კითხვის დაყენებაში, თითონ პოლიტიკურ მიმართულების შემუშავებაში. ეს არის სწორედ წინასწარი მუშაობა დიპლომატიური და პოლიტიკური. ამ მხირივ დამფუძნებელი კრება, ჩემის აზრით, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს, თორემ თუ შეთანხმება მოხდა უვარგისი, ან შეთანხმება არ მოხდა, მაშინ პასუხისმგებლობის თავიდან აცდენა და გადატანა ერთ კაცზედ, მე მგონი, ყოვლად შეუძლებელია. გარდა ამისა, კავკასიის რესპუბლიკებისთვის ბევრი სხვა და სხვა საკითხები იბადება. ბატონებო! აქ არის ინგლისის ჯარი, ჩვენ გვექნება მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთანაც, მაგალითად საფრანგეთთან, აუცილებელი იქნება დაჭერა თავისებურ განწყობილებისა ამერიკასთან. ერთი სიტყვით, ყოველ დღეს შეიძლება წამოიჭრას ისეთი საკითხი, რომლითაც შეიძლება მოხდეს ჩვენი ბედის გადაწყვეტა. როგორ შეიძლება, რომ დამფუძნებელ კრებამ თითონ არ მიიღოს დაახლოვებული მონაწილეობა ამისთანა საქმეების წარმოებაში? აი მოკლეთ ჩემი აზრი. რასაკვირველია, მთელი კრებული მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ შეიძლება შევქმნათ კომიტეტი, როგორც ამერიკაში, ან კომისია, როგორც ჩვენ უწოდებთ ხოლმე. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა ფრაქცია. მაშინ დამფუძნებელი კრება მოწყვეტილი არ იქნება ამ საკითხებს.

თავი და თავი ისტორიის და მომენტის მოთხოვნილება არის სახელმწიფოს შედგენა და სახელმწიფოს შექმნა. სახელმწიფოს შექმნა ყოვლად შეუძლებელია, თუ არ არის საერთაშორისო ცნობა. მაშასადამე ეს სწორედ ის სფეროა, რომლის მოწესრიგებას აქვს უაღრესი მნიშვნელობა.

ამიტომ ჩვენი წინადადება არის ავირჩიოთ კომისია. ჩვენის აზრით საკმარისი იქნება 10 წევრი, 5 სოც. დემ. 2 ნაციონ. დემოკ. 2 სოც. ფედერალისტები და 1 სოც. რევოლიუციონერი. აქ წარმომადგენლობა იქნება დაახლოვებით პროპორციონალური. აქ კომისიას უნდა დავავალოთ ახლო მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საკითხების მოწყობაში და მის მოწესრიგებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ფირცხალაიშვილს.

ილია ფირცხალაიშვილი. (ს. დ.) სოციალ დემოკრატიული ფრაქცია თანახმა არის, რომ არჩეული იქნეს საგარეო საქმეთა კომისია, და ჩვენი აზრით, საკმარისია, რომ ამ კომისიაში იქნეს არჩეული 8 კაცი.

ამ კომისიას უნდა ჰქონდეს დროებითი ხასიათი მანამ, სანამ მუშაობს კონფერენცია აქ. და შემდეგ თუ აღმოჩნდა და დავინახავთ, რომ ეს კომისია საჭირო არის, მაშინ სხვა წინადადება იქნება, მაშინ შეიძლება სხვა კომისია ავირჩიოთ. ეს კომისია უნდა იყოს 8 კაცისაგან შემდგარი. ჩვენ ვასახელებთ 5-ს.

თავმჯდომარე. მსურველი სხვა არავინ არის. წინადადება არის, რომ საგარეო კომისია იყოს არჩეული. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებულია. პირველი წინადადებაა, რომ საგარეო საქმეთა კომისია 10 კაცისაგან იყოს შემდგარი. ვინ არის წინააღმდეგი? უარყოფილია. მეო რე წინადადებაა, რომ კომისია შედგებოდეს 8 კაცისაგან. ვინ არის მომხრე? მიღებულია. შემდეგი სია არის წარმოდგენილი:

სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია საგარეო საქმეთა კომისიაში ასახელებს: დიომიდე თოფურიძეს, გერასიმე მახარაძეს, იოსებ სალაყაიას და კონსტანტინე ჯაფარიძეს.

სოც. ფედერალისტთა ფრაქცია სიმონ მდივანს.

ეროვნულ დემოკრატიული ფრაქცია. გიორგი გვაზავას.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია. ივანე გობეჩიას.

ადასტურებთ ამ სიას, თუ არა? მაშასადამე სია დადასტურებულია.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის შეკითხვა.

თავმჯდომარე. საგარეო კომისიის საკითხი გათავებული გახლავთ. (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი).

უმორჩილესად გთხოვთ ხმაურობას თავი დაანებოთ.

შემდეგი გახლავთ:

შეკითხვა სოციალისტ-რევოლიუციონერებისა ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების შესახებ. (მდივანს) გთხოვთ მოახსენოთ ტექსტი. მდივანი (კითხულობს შეკითხვის ტექსტს.)

თავმჯდომარე. მაშასადამე, ბატონებო, თქვენ უნდა განიხილოთ ეს საკითხი სასწრაფოდ.

გნებავთ თუ არა ეს საკითხი განიხილოთ სასწრაფოთ? სისწრაფის გამო სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ ნუცუბიძეს.

ილ. ნუცუბიძე. მოქალაქენო, ეს შეკითხვა რომ სასწრაფო არის, ეს თავის თავად ცხადია. თვით შეკითხვის ტექსტში ნათქვამი არის, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ადეიშვილმა ააწიოკა რამდენიმე სოფელი, აწამა ხალხი. არიან გადაცვალებულნიც, ხალხის სინიდისი აღშფოთებული არის. შეკითხვის შინაარსი ამტკიცებს თავის თავად, რომ შეკითხვა სასწრაფო არის. ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინადადებას იძლევა სისწრაფით იქნეს განხილული.

თავმჯდომარე. სურს ვისმეს სიტყვა ამის შესახებ? არავის. წინადადება მიღებული არის.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე (ს. რ.). მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ჩვენს ფრაქციას მოუვიდა ცნობები და პრესამაც გამოაქვეყნა, რომ ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ბ. ადეიშვილმა ოკრიბის მხარეში აუწერელი ბარბაროსობა ჩაიდინა. რომ დავრწმუნებულიყავით ამ ცნობების სინამდვილეში, მე, ჩემი ფრაქციის დავალებით გავემგზავრე ოკრიბისაკენ. 27 აპრილს კვირას, ჩვენებურათ ახალკვირას რომ ეტყვიან, მე იქ გახლდით, დავიბარე ნაცემი, ნაწამები ხალხი, დავკითხე მას და მართლაც საშინელი სურათი გადამეშალა თვალწინ. ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ხალხი სულით დაცემული იყო. არ იცოდა რა ექნა, არ იცოდა ვისთვის მიემართა. წამება დაიწყო 7 აპრილს და 7 აპრილიდან 19-მდე ხანგამოშვებით აწამებდენ ხალხს: შეკრებდენ ხალხს კანცელარიის ეზოში, შემოარტყამდენ ალყას, ისროდენ თოფებს. რაზმის უფროსი ბ. ადეიშვილი უცხადებს ხალხს: მე ვარ თქვენი ღმერთი, მე ყველაფერის უფლება მაქვს, შემიძლია დავხვრიტო ის, რომლის დახვრეტასაც მოვისურვებ, ჩემზე უფროსი არავინაა. ამ დროს შეიქნებოდა თოფების გრიალი, ხალხი დაეცემოდა, შიშით აქეთ-იქით გაიფანტებოდა, მაგრამ ალყა იყო შემორტყმული და გაქცევა შეუძლებელი იყო. შემდეგ ბ. ადეიშვილი უცხადებს ხალხს, რომ თვითეულმა სოფელმა ხუთ-ხუთი კაცი ამოირჩიოსო. სოფლები, როგორც ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში, ირჩევენ საპატიო მოხუც პირებს. ამ არჩეულ პირებს ეძახიან კანცელარიის ოთახში და სათითაოთ სცემენ. სცემენ მათრახით, სცემდენ თოფის კონდახით, სცემდენ სანამ მსხვერპლი უსულო არ ეცემა ძირს. (მაჭავარიანი: რათა სცემდენ?) - სცემდენ იმიტომ, რომ ყაჩაღ მორჩაძის მოყვანას მოითხოვდენ. ეს ყაჩაღი არის გავარდნილი მანდიკორის საზოგადოებიდან. მორჩაძის დასაჭერათ ბევრჯელ მისულან მილიციონერები, მაგრამ ვერ დაუჭერიათ. ხალხი ლაპარაკობს, რომ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც მისი დაჭერა იოლი იყო, მაგრამ მილიციონერებმა ვერ დაიჭირეს და ხალხს იჭვი ებადება, რომ მილიციონერებმა განზრახ არ დაიჭირეს ის. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მორჩაძე ავათმყოფი ყოფილა სახლში მწოლიარე, სახლისათვის მილიციონერებს ალყა შემოურტყამთ, მაგრამ ყაჩაღი მაინც გაქცევიათ.

მე არ ვამბობ, რომ ბ. ადეიშვილი ასეთი განსაკუთრებული უფლებით უმაღლეს მთავრობისგან იყო აღჭურვილი, მაგრამ თვით მაინც ისაკუთრებდა ასეთ უფლებას და თორმეტი დღის განმავლობაში ასეთი ტერორის ქვეშ ყავდა ხალხი. მე იქ გახლდით, როგორც მოგახსენეთ, 27 აპრილს და ჩემ მისვლამდის არც ერთი წარმომადგენელი მთავრობისა არ ყოფილა იქ და საქმის ვითარება არ გაუგია. ჩემ შემდეგ კი, როგორც გავიგე, გამომძიებელი მისულა. ჩემის აზრით, თქვენთვის საკმარისი იქნება თუ წაიკითხავთ ნაწამებ ხალხის ჩვენებას. მე მაქვს ჩაწერილი ეს ჩვენება გლეხის ენით და ნებას მივცემ ჩემს თავს წავიკითხო ზოგიერთი გლეხის ნაამბობი. თვით კანცელარიაში იატაკზე 27 აპრილს ექცია გამხმარი სისხლი. ხალხი ლაპარაკობს. როდესაც ზოგიერთებს ვერ მოერევოდნენ მათრახის ცემით, გახდიდნენ ტანზე და სცემდენ კეტს. ერთისთვის წელი გაუტეხიათ კეტით, და ვეღარ დგება ეს კაცი. ორი კაცი მომკვდარა კიდეც ასეთი ცემით, მესამე კი კვდება, მე დავკითხე 55 პირს. ცემის გარდა ხალხს წაგლიჯეს, წაართვეს აუარებელი სანოვაგე. ნება მიბოძეთ წავიკითხო. სპირიდონ ხუციბერაძე: სოფლიდან მოითხოვეს რამდენიმე პირი, სოფელმა ამომირჩია. შემიყვანეს ოთახში და უწყალოთ მცემეს. სისხლით შეღებილი გამომიშვეს. ხელს აწერს.

ბაგრატი გიორგის-ძე გვეტაძე: სოფელმა ამომირჩია შევედი თუ არა ოთახში, სანამ მკითხავდენ რამეს დამიწყეს ცემა, წამაქციეს წაქცეულს წიხლებით მცემდენ. პირისახე მათრახმა დამიხეთქა. ხელს აწერს.

ამბროსი მიხეილის-ძე აბაშიძე: შემიხმეს ოთახში ადეიშვილმა და მიქელაძემ და მცემეს, სანამ საცოდავ შეხედულებას არ წარმოვადგენდი. ხელს აწერს.

ანდრია მეთოდეს-ძე გიორგაძე: შემიხმეს და გამლახეს, მცემეს სანამ უგრძნობლად არ წავიქეცი. ცემისაგან დასივებული მაქვს ეხლაც ხელები. სისხლი მადინეს სახიდან. წერა არ ვიცი.

მაქსიმე ნიკოს-ძე გიორგაძე: შემიხმო ერთმა მილიციონერმა, მომცვინდენ და სარი მცემეს თავში. წავიქეცი მერე გამხადეს ტან-ფეხი და მცემეს. მას აქეთ ავათ ვარ და მუშაობა არ შემიძლია. ძალზე ნაწამები გამომაგდეს გარეთ.

მაქსიმე სოფრომის-ძე დიდბარიძე: შემიხმეს როგორც არჩეული. დამიწყეს სახეში მათრახის ცემა. მიძახდნენ ადეიშვილი და მიქელაძე ნიკოლოზი უნდა მოგაგონოვო. გასისხლიანებული გამომაგდეს გარეთ.

ვასილი ლუკას-ძე სირბილაძე: სოფელს მოსთხოვეს ხუთი კაცი. მათ შორის მეც ვიყავი. შემიხმეს მიქელაძემ და ადეიშვილმა მცემეს. მათრახებით სახეში. სისხლით გასვრილი წავიქეცი. ყვირილი მინდოდა. ნება არ მომცეს მკლავდა რევორველით მიქელაძე. ნაცემი გამომაგდეს გარეთ. თავი ეხლაც მტკივა. ხელს აწერს.

არქიპო დავითის-ძე გვეტაძე: შემიხმეს ოთახში, არა მკითხეს რა, მცემეს მილიციონერებმა და ერისტო ჟორჟოლაძემაც. ეს უკანასკნელი არ იყო მილიციონერი. წერა არ იცის.

ერისტო ჟორჟოლაძე, ბატონებო, ადგილობრივი მცხოვრებია. ზოგიერთი ადგილობრივი აზნაურები შეუერთდენ ადეიშვილის რაზმს და განსაკუთრებული ცინიზმით დასცინოდენ ხალხს, როცა სცემდენ. გრძნობა დაკარგულს მსხვერპლს მოკიდებდენ ზოგი ფეხებში, ზოგი ხელებში ხელს და გადაისროდენ. ათი სულ ასეთი ჩვენებური არის. ნიკოლოზ არსენიძე 68 წ. მოხუცი აჩვენებს, რომ ანდრია გოქაძე და გიორგი გოქაძეები მოკვდენ გალახულობით. არც შვილი ანდრიასი ვასილი მორჩება ისეა გალახული. ხსენებულ პირების სიკვდილს გალახულობით სხვებიც ამოწმებენ.

ბატონებო, ცემა ტყეპის გარდა ადეიშვილის რაზმი, როგორც მოგახსენეთ ხალხს ცარცვავდა. მე მაქვს წამოღებული ცნობები მხოლოთ იმ ნაცარცვისა, რომელიც მანდიკორის საზოგადოებიდან წაუღიათ. აი ეს ცნობები: 3 ფ. და 20 გირვანქა ღომი, 3 ფუთი ლობიო, 6 ბოთლი რძე, 44 ფუთი და 27 გირვანქა მჭადი, 54 ფუთი და 6 გირვანქა ღვინო, 18 ბოთლი არაყი, 83 ქათამი, 12 ინდოური, 6 გოჭი, 3 ფუთი და 10 1/2 გირვანქა ყველი, 748 კვერცხი, 475 კონა ჩალა, 9 ფუთი სიმინდი, 2 ცხვარი. 1 წყვილი წინდა, 20 წყვილი წუღა, 21 გირვანქა შაშხი, 1 ჩაბალახი, კოოპერატივიდან გაუტანიათ 1024 მან. და 30 კაპ. საქონელი. ყველა ეს ცნობები შემოწმებულია.

აი ასე ცარცვავდენ და აწამებდენ ხალხს. მთელი სურათის გადაშლა საჭირო არ არის. მე მგონია, ნათქვამითაც წარმოიდგენთ თუ რა ეწია ოკრიბის მხარის გლეხკაცობას. დემოკრატიულ წყობილების დროს, როდესაც დემოკრატიაა გაბატონებული, თავის თავად ცხადია ასეთ ანორმალობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ადმინისტრატიულ თვითნებობას, სამწუხაროდ, დიდი ადგილი აქვს ეხლა ჩვენში. და უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ ჩვენ დემოკრატიულ წყობილებას არც ერთი ისეთი მტერი არ ჰყავს, როგორიცაა ეს ადმინისტრატიული თვითნებობა. ეკონომიური კრიზისი, მართალია, ზიანს აყენებს ჩვენს რესპუბლიკას, მაგრამ აქ კიდევ შეგვიძლია ვსთქვათ რაღაც ობიექტური ძალა არის, რასაც ბევრი რამ არ მოეთხოვება, მაგრამ, როდესაც ცოცხალი პირები, ჩვენ მიერ დაყენებულნი, მივლენ ხალხთან და ხალხს ასე აწამებენ, ხალხის მარტივი ფსიხოლოგია ამას გადაიტანს თვით მეთაურებზე; ის იფიქრებს - ეს უწესობა ზევიდანაა ნაკარნახევი, თორემ ისე როგორ გაბედავენ ადგილობრივი მოხელენი ასეთ თვითნებობასო და ასეც მოხდა ოკრიბაში. მე გლეხები მეკითხებოდენ - განა შესაძლოა რაიმე გამოვიდეს ამ გამოძიებიდან, განა ადეიშვილზე უფროსი კიდევ არის ვინმეო? გლეხკაცები უფრო გულუბრყვილონი არიან შედარებით ქალაქის მუშებთან და იმათ სჯერათ ის, რასაც ხედვენ და ისმენენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ადმინისტრაცია ჩადგეს შესაფერის კალაპოტში და თვითნებობას არ ექნეს ადგილი. ოკრიბის მხარეში ეს ადმინისტრატიული თვითნებობა მეტად უხეშ, ულაზათო, მეტი არ ვიცი რა უწოდო, ბარბაროსულ ფორმებში ჩამოყალიბდა. თვითნებობა, რომელსაც აქვე ადგილი აქ თბილისში, როდესაც ადმინისტრატიული წესით რაღაც ზოგად მოსაზრებებით ატყვევებენ ხოლმე მოქალაქეს, ეს უფრო, ასე ვსთქვათ, ჯენტლმენურ ფორმებში ყალიბდება, მაგრამ ეს შემთხვევაც, როგორც თვითნებობა, დაუშვებელი და გასაკიცხია. თვითნებობა ორივე შემთხვევაში ერთსა და იგივე მიზანს ემსახურება: ორივე შემთხვევა მიმართულია ჩვენი რესპუბლიკის შინაგანი სიმტკიცის წინააღმდეგ. ეს ადმინისტრატიული თვითნებობა ავნებს ჩვენ საერთო საქმეს, დემოკრატიის საქმეს და ამიტომ მას ბოლო უნდა მოეღოს. აქ მეტეხის და საგუბერნიო ციხეებში სხედან ადმინისტრატიული წესით დატყვევებულნი ბევრი საპატიო პირნი და საპატიოც რომ არ იყვნენ და უბრალო მოქალაქენი იყვნენ, განა დასაშვებია ადმინისტრატიული წესით, კონკრეტიულ ბრალდების წაუყენებლად მოქალაქის დატყვევება?!

მე არ ვიტყვი და, ვგონებ, არც ერთი ჭკუაში მყოფი არ იტყვის, რომ პირველი შემთხვევა, რომელსაც ჰქონდა ადგილი ოკრიბაში, იყოს დამახასიათებელი თვისება შინაურ პოლიტიკისა, მეორე შემთხვევა, ადმინისტრატიული დატყვევება, სისტემად გამომდინარეობს, რაც უარყოფითი მხარეა ჩვენი შინაური პოლიტიკისა. ჩვენ ამ გარემოებას ხაზს უსვამთ და ვამბობთ, რომ ეს ამხედრებს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ ყოველ შეგნებულ მოქალაქეს. ჩემი სიტყვის დასასრულში მე ვეკითხები ბ. შინაგან საქმეთა მინისტრს - იცის თუ არა ყოველივე ეს მან და თუ იცის, რა ზომების მიღებას აპირებს ბოროტ-მომქმედთა წინააღმდეგ. როგორც მოგახსენეთ, ბატონებო, 27 აპრილს გახლდით ოკრიბაში და არავითარი ზომები არ ყოფილა მიღებული მათ წინააღმდეგ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი სიმონ მდივანი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება.

ნოე რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

იმ შეკითხვაზე, რომელიც არის შემოტანილი, მაქვს პატივი მოგახსენოთ შემდეგი.

საქმის ვითარება ასეთი იყო.

ჩვენ უნდა განვაცხადოთ აქ, რომ ის სამწუხარო ამბავი, მე მეტს ვიტყვი, აღმაშფოთებელი ამბავი, რომელსაც ადგილი ჰქონდათ ოკრიბის მხარეში, ქუთაისის მაზრისა და მექვენის საზოგადოებაში, ლეჩხუმის მაზრისა გამოწვეული იყო ერთი გარემოებით. წელიწადზე მეტია, რაც ამ მხარეში თარეშობს ლეჩხუმის აჯანყების ერთი მეთაურთაგანი ყაჩაღი მორჩაძე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მის შემდეგ, რაც დამარცხდა აჯანყება ლეჩხუმისა, ის ამ მხარეში ჩადიოდა მრავალმოქმედებას. მან თავის გარშემო შემოკრიბა ავაზაკთა ბრბო, რომელიც ავიწროვებდა მთელ ამ მხარეს. ვინაიდან ადგილობრივი ადმინისტრაცია ვერას გახდა, ვერას გახდა სწორედ იმიტომ, რომ ხალხი სამწუხაროდ თანაუგრძნობდა, უკეთ რომ ვსთქვათ, ხალხი დაშინებული მორჩაძისა და სხვა ავაზაკებისაგან, მოკლებული იყო საშუალებას, ზომები მიეღო ამ ყაჩაღების წინააღმდეგ; ვიმეორებ, ვინაიდან ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ვერ შესძლო ამ ყაჩაღების ალაგმვა, ამიტომ საჭირო შეიქმნა მაღალი დაწესებულების ამ შემთხვევაში, ჩარევა. ჯერ გუბერნიის კომისარმა გაგზავნა მილიცია ამ ყაჩაღთა შესაპყრობათ და, მართლაც, ბოლოს და ბოლოს მილიციამ შესძლო მორჩაძის საუკეთესო ამხანაგის დაპატიმრება. ეს ყაჩაღი ამ ჟამად იმყოფება ქუთაისის ციხეში.

მარტის უკანასკნელ რიცხვებში სისხლის სამართლის მილიციის უმფროსის ბ. ადეიშვილის ხელმძღვანელობით, მილიციამ შესძლო კვალი მიეგნო იმ ყაჩაღებისთვის, რომელსაც მორჩაძე მეთაურობდა. შეტაკებაში შეპყრობილ იქმნენ მისი ამხანაგები: ლომინაძე, გიორგობიანი, სირბილაძე, მხოლოდ თვით მორჩაძემ, რომელიც მსუბუქად დაიჭრა, შესძლო მიმალვა. ამის შემდეგ თანაშემწემ ადმინისტრატიულ ინსპექტორისა, რომელსაც მოუვიდა ცნობა, რომ მორჩაძე იმალებოდა ლეჩხუმის მაზრაში, წინადადება მისცა ადეიშვილს, რომელიც მართლაც ამ საქმეებში გამოცდილი იყო, ესე მიაჩნდა მას, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ მან მართლაც თავი გამოიჩინა, მან შესძლო წინათ რამდენიმე ყაჩაღი შეეპყრო, - და ამ ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწის წინადადებით გაემგზავრა იქ ადეიშვილი, რომ მოეხდინა ადგილობრივი გამოძიება, და თუ მართლაც ეს ცნობები გამართლდებოდა, მაშინ შეეპყრო ის პირი, რომელიც რამდენი ხანია ავიწროებდა ამ მხარეს. ბ. ადეიშვილი გაემგზავრა იქ 6 აპრილს, ამასთანავე ჩვენ უნდა განვაცხადოთ აქ, რომ სახარჯოთ მას ადმინისტრაციის ინსპექტორმა გადასცა 3,000 მანეთი იმ პირობით, რომ თუ საჭირო იქნება შემდეგ ზედმეტი თანხა მიეღო. დამფუძნებელი კრების წევრი ბ. ნუცუბიძე აქ ამბობს, თითქოს ის რაზმი, რომელიც იქ გაიზავნა, დღემდისინ თარეშობდეს იქ. (ნუცუბიძე: 19-მეტამდე) მე უნდა მოგახსენოთ თქვენ, რომ 17 აპრილს, ბ. ნუცუბიძე, ადგილობრივი საზოგადოებრივი წარმომადგენელნი გამოცხადნენ ადმინისტრაციის ინ სპექტორთან სახელდობრ მანდიკორის საზოგადოების წარმომადგენელნი, მათ გადაუშალეს ჩვენ მოხელეს ის საშინელი აწიოკების სურათი, რომელზედაც შემდეგ მოგახსენებთ. ამის შედეგი იყო შემდეგი: დაუყოვნებლივ ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწემ გასცა ბრძანება, რომ ეს რაზმი უნდა დაბრუნებულიყო და ის მართლაც დაბრუნდა მესამე დღეს. (ნუცუბიძე: 19 აპრილს). დიახ, 19 აპრილს. მხოლოდ პირველი ცნობა ამ საქმის შესახებ გაზეთში დაიბეჭდა 16 აპრილს „სახალხო საქმეში“ (ნუცუბიძე: ქუთათურ გაზეთში?) ეგ არ ვიცი, შეიძლება იქ უფრო ადრეც იყო. მე პირადად ამისა შესახებ სხვა ცნობა არ მაქვს. დიახ, მე ვამბობ, მაშასადამე ეს ცნობა, რომელიც აქ გამოქვეყნდა, ეს ცნობა გაიგო თუ არა მთავრობის წარმომადგენელმა, მაშინათვე მიიღო ზომები.

რაც შეეხება იმას თუ რა მოხდა, აქ სურათი შემდეგია. მე მოკლედ მოგახსენებთ.

ადეიშვილს გაჰყვა მილიციონერთა რაზმი, მაგრამ ირკვევა, რომ ამ რაზმს შეუერთდნენ რამდენიმე პირი ადგილობრივი, ეგრედწოდებული პრივილეგიურ წოდებისა, როგორც იქ იყო ნათქვამი, - აზნაურები. (ხმაურობა, სიცილი.) დიახ! და ამ რაზმმა მართლაც, ამ შემთხვევაში გაერთიანებულმა რაზმა, მრავალი ბოროტმოქმედება ჩაიდინა. ეს გამოიხატება შემდეგი: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი დანიშნულ ადგილას მიემგზავრებოდენ, გზაში მათ დახოცეს საქონელი. კლავდენ სხვათაშორის ცხვრებს, ღორებს. მერე ისიც მართალი არის, რომ მათ დააკისრეს ხალხს და წარმომადგენლებს, კომისრებს მოეტანათ განსაზღვრული ხორაგეულობა და ყველაფერ ამაში, ამბობდნენ, თქვენ ვალდებული იქნებით ეს თვით ხალხს გააწეროო. მე აქ უნდა შემდეგი განვაცხადო. თუმცა მართლაც მათ იქ ბოროტმოქმედება ჩაიდინეს, გზა და გზა შესძლეს რამდენიმე ცნობილი ყაჩაღის შეპყრობა. სხვათაშორის, ადეიშვილმა დააპატიმრა ამ დროს მკვლელები ახვლედიანებისა, ძმების ახვლედიანებისა, რომელიც ჩვენ ჯარში გაგზავნილი იყვნენ ლეჩხუმის მაზრის დასამშვიდებლად და იბრძოდენ იქ. მათი მკვლელები იყვნენ ლომთაძე, კახიძე და ლომთაძე. სხვათაშორის ზოგიერთ მათგანს ბრალს სდებდნენ ახვლედიანის ორი ქალის გაუპატიურებაში. გარდა ამისა, ადეიშვილმა დააპატიმრა რამდენიმე პირი, რომლებთაც ბრალი ედებოდათ მორჩაძის შენახვაში. მაგრამ, რაც შეეხება საერთოდ ყოფაქცევას გზაში, მიუხედავათ იმისა, რომ მათ მართლაც შესძლეს რამდენიმე პირის შეპყრობა, სხვათაშორის, მათ შეიპყრეს ერთი ცნობილი მონაწილე-მეთაური ლეჩხუმის არეულობისა ქობულაძე, მაგრამ, როცა იგი გაგზავნილი იყო დასატუსაღებლად, ის მოკლულ იქმნა. რა პირობებში მე გადაჭრით ამის შესახებ პასუხს აქ ვერ მოგცემთ. ეს არის საგანი გამოძიებისა. თვით ადეიშვილი და ის პირები, რომელიც მათ თან ახლდნენ, ისინი ირწმუნებიან, თითქოს ქობულაძემ მოინდომა გაქცევა, - ქობულაძე არის მონაწილე ლეჩხუმის აჯანყებისა, - და აი ამ დროს ის მოკლეს. მე ვამბობ, ამის შესახებ თავის პირუთვნელ მსჯავრს დასდებს თითონ სასამართლო. და სანამ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, ამის შესახებ მე გადაჭრით ვერაფერს მოგახსენებთ. მაგრამ, გარდა ამისა, მთელი მათი ყოფა ქცევა, ყოველმხრივ მიუტევებელი არის. მე მოგახსენეთ, რომ ჯერ მოგზაურობის დროს მათ ჩაიდინეს მრავალი ბოროტმოქმედება.

როდესაც მივიდნენ სოფლად, ჯერ ისინი გაემგზავრნენ მექვენის საზოგადოებაში. და აი იქ ისინი აიძულებდნენ ხალხს, რომ გაჩერებულიყვნენ წვიმაში გარეთ. ცის ქვეშ. საინტერესოა, რომ ამ დროს ადგილობრივი აზნაურები ბალკონებზე იყვნენ წამომდგარნი და გადმოყურებდნენ ამ სანახავს.

ბ. ადეიშვილი და მისი თანამხლებელნი სთხოვდნენ ხალხს დელეგატებს, და მართლაც ეს დელეგატები იყვნენ არჩეულები, მაგრამ მათი ხვედრი იყო ცემა-ტყეპა. აგრეთვე, არის გარემოება, რომელსაც დამახასიათებელი მნიშვნელობა აქვს დელეგატთა არჩევნებისას. ხალხს ეუბნებოდნენ, თუმცა არა ადეიშვილი, როგორც ეს ჩვენ ადმინისტრატიულ ინსპეკტორს გამოურკვევია, არამედ ის პირები, რომელნიც გარს ეხვევოდნენ ბ. ადეიშვილს, - „აზნაურები არ აირჩიოთ“-ო. თავისთავად ცხადია, რომ წინდაწინ იცოდნენ, რომ არჩეულ პირებს არ გალახავდნენ. და, რასაკვირველია, იმ ბრბოს, რომელიც გარს ეხვეოდა ადეიშვილს, ყოველ შემთხვევაში უნდოდა, რომ აზნაურებს ასეთი ბედი ასცდენოდათ. (გვაზავა: რა შუაშია აზნაურები? კედია: ..... ატავიზმი ჯერ კიდევ არის.) უკაცრავათ, მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც გამოძიებითა, დამტკიცდა, რომელსაც ჩვენ დავალებით, აწარმოებდა ადმინისტრატიული ინსპეკტორის თანაშემწე, თანხმლებით დამფუძნებელ კრების ორი წევრისა ფაღავასი, და რუბენ ყიფიანისა და ლეჩხუმის ერობის თავმჯდომარის ალექსანდრე მითაიშვილისა (მაჭავარიანი: სულ აზნაურები ყოფილან. სიცილი. თავმჯდომარის ზარი).

მე უნდა მოგახსენოთ განსაკუთრებით აუტანელი იყო მათი ყოფა-ქცევა ოკრიბის მხარეში, მე მაქვს აქ ჩამოთვლილი, მაგრამ მე მგონია, საჭირო არ არის წავიკითხოთ თუ რამდენი, რა წაართვეს. ეს, რასაკვირველია, არის საგანი გამოძიებისა და შემდეგ სასამართლოსი. მე შემიძლიან ჩამოვთვალო აქ, როგორც ბ. ნუცუბიძემ აქ მოისურვა, მაგრამ, საერთოდ ამაზე დამფუძნებელ კრების წევრების ყურადღების მიქცევა საჭიროდ არ მიმაჩნია. უნდა მოგახსენოთ, მართლაც გარდა იმისა, რომ ხალხს ჩამოართვეს დიდძალი ქონება, იქცეოდნენ საერთოდ ისე, როგორც წინად ხდებოდა ეგზეკუციის დროს და ამიტომ ამ რაზმის გაგზავნა მართლაც ეგზეკუცია იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მთავრობისა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ამ მხრივ, მთავრობა არაფერ შუაშია. ეს მოხდა ბ. ადეიშვილის და მის თანამხლებელთა წყალობით. გარდა იმისა, რომ გამონახეს დამნაშავე პირები, მათ მიმართეს, მართლაც არა ჩვეულებრივ ზომებს, წამებას. აი მაგალითად მათ ჩამოჰკიდეს პირდაპირ ბაწარზე კახიძე და შემდეგ სცემეს. (მაჭავარიანი: აზნაურიშვილია!). აი, ეს პირი ასე ლაპარაკობს (კითხულობს): ცემის შემდეგ მე დავეცი უსულოდ. როდესაც დავეცი იმათ კიდევ გამლახეს და სახლის კოჭზე გამომკიდეს, როცა მათ რაც არ ვიცოდი ვერ უთხარი. აგრეთვე მათ უწამებიათ ფრუიძე. პირველი იყო 71 წლისა, მეორე 65 წ., ეს არის სოფლის ექიმბაში. მას აბრალებდნენ, რომ მის შემდეგ, რაც მორჩაძე ოკრიბის მხარეში დაიჭრა, ჭრილობა უკანასკნელს ფრუიძემ შეუხვიაო.

აი ეს არის, მე ვიტყვი, მკრთალი სურათი მრავალ ბოროტმოქმედებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ამ მხარეში. (გვაზავა: ადეიშვილი სად არის? თავისუფალია?) ამის შესახებ მოგახსენებთ ბატონებო. ადმინისტრაციის თანაშემწემ საერთოდ გასცა ბრძანება დაეპატიმრებინათ შემდეგი პირები: ქელბაქიანი და მესხი. ეს იყვნენ აგრედ წოდებული აზნაურები, რომელნიც მოსაშველეობას სწევდნენ ამ ბოროტმომქმედთა და ხალხის შორის. აგრეთვე გასცა განკარგულება, რომ დაეტუსაღებინათ უგრეხელიძე. (მაჭავარიანი: ადეიშვილი გლეხია?). მან თავისი უფლებით გადააყენა ბ. ადეიშვილი სამსახურიდან და აგრეთვე გასცა განკარგულება დაეპატიმრებინათ სტუდენტი ჟორჟოლაძე, რომლის შესახებ აქ მოგახსენეს, ვინაიდან გამოირკვა დანამდვილებით, რომ ის ჯერ ატუსაღებინებდა ხალხს ადეიშვილს და იმავე დროს იღებდა ქრთამებს. ჩვენ მის შემდეგ, გამოირკვა, რომ მართლაც ყველა ის პირები და მათი ხელმძღვანელი ადეიშვილი, დამნაშავენი არიან, როცა ჩვენ მივიღეთ ცნობა ქუთაისიდან, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობები მართლაც სიმართლეს შეიცავს, მთავრობამ გასცა ბრძანება ადეიშვილის შეპყრობის შესახებ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ გუშინ არ იქნა შეპყრობილი, ალბად დღეს მაინც იქნება შეპყრობილი. (ხმა: ეს ცოტაა! ხმა: აზნაურებთან ერთად გლეხიც). რაც შეეხება იმას, რომ ეს ცოტა არის, მე მგონია, რომ დანარჩენი არის საქმე სასამართლოსი. მთელი ეს, მართლაც აღმაშფოთებელი საქმე, უნდა გადაეცეს სასამართლოს. მთავრობას არა აქვს არავითარი უფლება გამოძიებისა და თვით-გასამართლებისა. ადმინისტრატიული ზომები, რომელნიც საჭირო იყვნენ, ჩვენ მივიღეთ და მაშასადამე, ამ შემთხვევაში, ჩვენი მოვალეობა სავსებით შესრულებული არის.

ეხლა მე უნდა მოგახსენოთ მოკლეთ იმის შესახებ, თუ მართლაც რას უკიჟინებენ ამ შემთხვევაში მთავრობას. ბ. ნუცუბიძე ამბობს, რომ თქვენ, საერთოდ, ადმინისტრატიულ ზომებს იღებთო. მე უნდა მოგახსენოთ: დიახ, ეს მართალია. ჩვენ ვიღებთ ადმინისტრატიულ ზომებს, და ადმინისტრატიულ ზომებს ვიღებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ ჯერ ვიმყოფებით რევოლიუციონურ ხანაში, საცა ჯერ არ არის საკმაოდ მოწესრიგებული სასამართლო. და ასე ვიქცევით არა მარტო ჩვენ, ყველა რევოლიუციონური მთავრობა. ვინაიდან ბ. სოციალ-რევოლიუციონერები ხშირად სხვა და სხვა რევოლიუციის მაგალითებს მოიყვანენ ხოლმე (ხმა: თქვენც გიყვართ!) მეც დაუსახელებ, რომ ალბად მათ ახსოვთ, რომ საფრანგეთის კონვენტმა მიიღო კონსტიტიუცია, მაგრამ მისი განხორციელება კი გადასდო, სწორედ იმ მოსაზრებით, რომ რევოლიუციონურ ხანაში არის აუცილებელი ეს არა ჩვეულებრივი ზომები, რომლებსაც ჩვენი სასამართლო ჯერ-ჯერობით ვერ იღებს. ჯერ უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ჩვენში არიან შეპყრობილნი ადმინისტრატიული წესით, არა თუ არიან, უნდა იყვნენ და იქნებიან მანამ, სანამ ამას მოითხოვს ხალხის ინტერესი. სახელმწიფოს ინტერესი, ხალხის ინტერესი - ეს უმაღლესი კანონი არის. ეს კიდევ რომაელებმა იცოდნენ. (კედია: ამის სეკრეტი ვის ხელშია?) ამის სეკრეტი კი თვით ხალხის ხელშია. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, ყველამ იცის, ვის წინააღმდეგ არიან ეს ზომები მიმართულნი. (ხმა სოც.-რევ. მხრიდან: ხალხის წინააღმდეგ!) უკაცრავად! ამის შესახებ მოგახსენებთ. თქვენ ნუ აჩქარდებით! მე თქვენ მოგაგონებთ თქვენ ნალაპარაკებს ეროვნულ საბჭოში. მე მოგახსენებთ, რომ ეს საიდუმლოებას არ შეადგენს. ყველამ იცის ეს როგორ ხდება, ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ზომები. მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ ეს ადმინისტრატიული ზომები არის მიმართული მათ წინააღმდეგ, იმ ელე მენტების წინააღმდეგ, რომელნიც ძირს უთხრიან ან, ყოველ შემთხვევაში, სცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენ რესპუბლიკას, მაგრამ, რომელნიც ამ თავის ზრახვებს ვერ ანხორციელებენ, ვინაიდან მთავრობა შესაფერ ზომებს იღებს. ეხლა მე უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ აი იქ, ოკრიბის მხარეში მომხდარ ამბებზე რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იქიდან, რაც იქ მოხდა. მე ვაცხადებ გადაჭრით, რომ მთავრობამ შეასრულა თავის მოვალეობა, რასაც მას აკისრებდა კანონი, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. (ააწიოკეთ გლეხები) უკაცრავად, (მესხიშვილი: აწიოკების კანონი არ მიგვიღია), უკაცრავად, მე უნდა განვაცხადო უმაღლეს მთავრობის შესახებ. მე ვამბობ, რომ იქ მართლაც მოხდა აწიოკება და უმაღლეს მთავრობის მოვალეობა იყო, მას აქვს დაკისრებული ერთად-ერთი მოვალეობა - კონტროლი ადმინისტრაციისა და ზომების მიღება იმ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ხალხის წინააღმდეგ. მე თქვენ გეკითხებით, შეასრულა თუ არა ეს მთავრობამ? და მე გადაჭრით ვამბობ, რომ მთავრობამ ყველა ის, რის უფლება კანონით აქვს მიცემული, ყველა ამ უფლებით ისარგებლა აი, სწორედ კანონის ფარგლებში და მართლაც მიიღო ზომები იმიტომ, რომ მეტი სასტიკი ზომა გარდა დაპატიმრებისა ჩვენ ხელთ არ არის.

დანარჩენში, მე ვაცხადებ ყველა ამ ბოროტმომქმედ წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება და ის გადაეცემა სასამართლოს.

მართალია, პარლამენტში იყვნენ პარტიები, რომელნიც ამბობდნენ, არა მთავრობას არ უნდა ჰქონდეს კონტროლის უფლებაო. ამას ბატონებო, თქვენ, სოციალ-რევოლიუციონერები, როცა ლაპარაკობდნენ მილიციის შესახებ, თქვენ ამტკიცებდით - რა შუაშია მთავრობა, რა შუაშია ადმინისტრატიული ზომების მიღება. უკეთესია, რომ ხალხმა თვით აირჩიოს კომისრები, რომელთა დამტკიცებაზე ლაპარაკიც შეუძლებელიაო. თქვენ ამტკიცებდით, რომ ადგილობრივი თვითმართველობა თითონ გაუძღვება ამ საქმეებსო. ჩვენ ვამბობდით, ვიცოდით რამდენათ სუსტი იყო, ამ ჟამათაც, ჯერაც, მე ვიტყვი, სუსტია საერობო ქალაქის თვითმართველობა, რომლის განმტკიცებას მთავრობა და დამფუძნებელი კრება ყოველმხრივ შეეცდება, - ვიცოდით რა სუსტი იყო და ვამბობდით: აუცილებლად საჭირო არის კონტროლი და აგრეთვე დამნაშავე პირის, ადმინისტრატიულ პირის გადაყენება. მაგრამ ამის წინააღმდეგ ილაშქრებდა აი ეს პარტია. და მე ვამტკიცებ, ცხოვრებამ მართლაც დაამტკიცა, ერთი რამ: რომ ის უფლებები, რომელიც ჩვენ მაშინ მოვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, მართლაც აუცილებელი არის. ამას მოითხოვდა ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელშიაც ვიმყოფებით ამ ჟამადაც. და უნდა ვსთქვა, რაც უფლება ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაში, ეს უფლება ჩვენ გამოვიყენეთ სავსებით. გავგზავნეთ თანამდებობის პირები, რომლებმაც გამოაქვეყნეს ყველაფერი, და მე უნდა ვსთქვა, არავითარ საიდულოებას არ ვმქნით, პირიქით თუ საჭირო არის ყველა იმ ოქმებს, რომელიც შედგენილია ამ აღმაშფოთებელ მოქმედების შესახებ, ამ ოქმებს ჩვენ გამოვაქვეყნებთ. მაგრამ ეს მე საერთოდ არ მოვიყვანე იმიტომ, რომ ნათქვამიც საკმარისია ამის დასამტკიცებლად, რომ ჩადენილი იყო წარმოუდგენელი ბოროტ მოქმედება და მათ წინააღმდეგ მიღებულია კანონიერი ზომები. მაშასადამე არავინ ხელს არ აფარებს იმ ბოროტმოქ მედებას, რომელიც იქ მოხდა. ჩვენ გვგონია, სწორედ ამიტომ უსვამ ხაზს იმ გარემოებას, რომ იქ არა ჩვეულებრივი რამ მოხდა, მე მეტს ვიტყვი, შეიძლება ეს არა ჩვეულებრივი არ ყოფილიყო თვით მეფის მთავრობის დროსაც. (ხმა: მართალია!) და სწორედ ამიტომ სანამდე ბატონები სოციალ-რევოლიუციონერები თავის შეკითხვას შემოიტანდნენ და ამაზე არაფერი იცოდნენ, ჩვენ მივიღეთ უკვე ეს ზომები. (ხმა: რა მიიღეთ?) ჩვენ მაშინვე რაზმი უკან გამოვიწვიეთ, ბოროტმოქმედება გამოვარკვიეთ და ბოროტმოქმედთა შესახებ გამოძიება დავნიშნეთ, გავაკეთეთ ყველა ის, რაც შეგვეძლო. (ხმა: დაგვიანებით!) მე მგონია, ის, რაც ჩვენ კანონის ძალით შეგვეძლო, ამ შემთხვევაში, არა თუ არ იყო დაგვიანებით, არამედ, მე მგონია, ძალიან დაჩქარებითაც მოხდა, იმიტომ, რომ როცა ჩვენმა წარმომადგენელმა გაიგო (ხმა: 17 აპრილს) 17 აპრილს გაიგო ეს მოქმედება მაშინვე მიიღო ზომები. რაც შეეხება, იმის შესახებ, რომ შეიძლება 6-დან 17-ტამდე რამდენიმე დღემ განვლო, ეს რასაკვირველია, მართალია. მაგრამ, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მთავრობას არ სურდა მაშინვე მიეღო ზომები, არამედ იმიტომ, რომ ამ მხრივ მართლაც არ არის სასურველად მოწესრიგებული ადმინისტრაციის მოქმედება. მე მართალს გეტყვით ეს საქმე დიდი საქმეა, ძნელი საქმეა, და სწორედ ამიტომ ჩვენ მოვიშველეთ ადგილობრივი ძალები - ადგილობრივი თვითმართველობა. და თუ მან ვერ შესძლო ამ საქმის მოგვარება, ეს იმას ამტკიცებს, რომ ეს მეტის მეტათ რთული საქმეა. მე ვამბობ მთავრობამ გააკეთა, შეასრულა სავსებით თავისი მოვალეობა. და თუ ამ შემთხვევაში ზოგიერთი პარტიები სცდილობდნენ, ეს საქმე სხვა მიზნით გამოიყენონ, რომ ვიღაც ადმინისტრატიული წესით არის დაპატიმრებული, ამის შესახებ ჩვენ სხვა პასუხი გვაქვს,

მე მოკლეთ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ რესპუბლიკას, დემოკრატიას საფრთხე მოელის, მთავრობა ისარგებლებს არა ჩვეულებრივ უფლებებით, რომლებითაც ყოველთვის სარგებლობენ მთავრობები რევოლიუციონურ ხანაში. და თუ თქვენ ამის წინააღმდეგი იქნებით, რასაკვირველია, მაშინ ის ქედს მოიხრის დამფუძნებელ კრების წინაშე!

თავმჯდომარე. წინადადება არის შემოტანილი, კამათი გადიდოს შემდეგ კრებისთვის. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

მეორე წინადადება: შესწყდეს სხდომა. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი. წინააღმდეგი არავინ არის. სანამ კრებას დავხურავდეთ, გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი შემდეგი სხდომისა.

მდივანი (კითხულობს შემდეგ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ შემოტანილი არის განცხადება სოციალ-დემოკრეტიულ ფრაქციისა. და მეორე განცხადება არის შემოტანილი სოციალ-ფედერალისტების ფრაქციისა.

მდივანი. (კითხულობს).

1) სოც.-დემოკრატიული ფრაქცია: ნაცვლად ნ. ცინცაძისა და კ. ფანიევისა საბიუჯეტო კომისიაში ვასახელებთ გრ. გიორგაძეს და იოს. სალაყაიას, მეხუთმეტე წევრად კი გიორგი ანჯაფარიძეს.

2) სოც.-ფედერალისტთა ფრაქციისა: „დამფუძნებელი კრების სოც.-ფედერალისტთა ფრაქცია აგრარულ კომისიაში ნაცვლად გრ. რცხილაძის გზავნის თედო ღლონტს; გზათა კომისიაში სიმ. მდივნის ნაცვლად - თედო ღლონტს“.

მსჯელობა დღიურ წესრიგის შესახებ.

თავმჯდომარე. დღიურ წესირიგის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. გვაზავას.

გიორგი გვაზავა (ერ. დ.). ბატონებო, მე მგონია, რომ ის წესრიგი, რომელიც დღეს იყო მიღებული უნდა ამოიწუროს ჯერ და მერე ახალ საკითხებზედ გადავიდეთ, უამისოთ შეკითხვებზედ ვერ გადავალთ. ჩემი იქნება შეკითხვა, თუ თქვენი - სულ ერთია. დღევანდელ წესრიგში იყო შეკითხვა ჩვენ მიერ შეტანილი, ეროვნულ-დემოკრატების მიერ. სასწრაფო იყო, თხოვნაც იყო, რომ სასწრაფოა. ის ბოლოს იყო მოქცეული და თუ ეხლა მიიღო დღიური წესრიგი და ახალი კანონ-პროექტი, ახალი საკითხები წინ დააყენეთ, ჩვენი შეკითხვა ისევ ბოლოს მოექცევა, ისევ ვერ მიახწევს თავის მიზანს. ამიტომ უბრალო სამართლიანობა მოითხოვს, რომ მივიღოთ ისეთი წესი, რომ ეს წესრიგი ამოწურული იყოს. (რუსია: წესრიგს ამ კრებაზე ვამტკიცებთ).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

არსენიძე. მეც მგონია, რომ წესრიგს არ ვამტკიცებთ დღეს. თავმჯდომარემ მარტო გვაცნობა წესრიგი.

შემდეგ პრეზიდიუმს შეუძლიან გადასმ-გადმოსმა საკითხებისა იმ რიგზე, როგორც საუკეთესოდ დაინახავს ჩვენს პოლიტიკურ და პარლამენტალურ მუშაობისთვის.

ჩვენ მხოლოდ შემდეგ კრებაზე შეგვიძლიან შევიტანოთ კორექტივი, თუ საჭიროდ დავინახავთ.

თავმჯდომარე. რეგლამენტის ძალით, შეკითხვა განიხილება ყოველთვის სხდომის დასასრულს, როდესაც კანონ-პროექტების განხილვა დამთავრებულია.

ჩვენ ყოველთვის ასე ვადგენთ დღიურ წესრიგს. მაგრამ დამფუძნებელ კრებას აქვს უფლება გადასვას საკითხი პირველ რიგში მომავალ სხდომაზე, თუ მოისურვებს. ამგვარად, მე მგონია, ეს საკითხი ხელახლად განახლდება პარასკევს, 12 საათზე, როდესაც დანიშნულია შემდეგი სხდომა. დღევანდელ სხდომას ვხურავ.

სხდომა იხურება ნაშუადღევს 4 საათსა 25 წუთზე.

2.6.2.6 მეთოთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. მაისის 9. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობენ დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე და

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

კონსტანტინე ჯაფარიძე,

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება სიმონ მდივნის თავმჯდომარეობით 12 საათ. და 15 წუთ.

თავმჯდომარე. დამფუძნებელი კრების სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთადგილები დაიკავოთ.

თავმჯდომარის განცხადება დამფუძ. კრების წევრის ყადირ-ბეგ შერვაშიძის გარდაცვალების გამო.

თავმჯდომარე. კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი უნდა მოგახსენოთ საქართველოს დამფუძნებელ კრებას.

გუშინ წინწკლებიან სახადით გარდაიცვალა დამფუძნებელი კრების წევრი ყადირ-ბეგ შერვაშიძე. სამუსლიმანო საქართველოს კუთხეს მოაკლდა ერთი შეგნებული, ქართველურ იდეის მატარებელი წევრი. და ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ასეთი ადამიანები ამ კუთხისთვის, რომლიდანაც ის იყო წარმოგზავნილი, მეტად საჭირო არიან.

სამუსლიმანო საქართველო არ არის მდიდარი უმაღლეს სწავლით აღჭურვილ და ხალხოსნურ იდეით გაწვრთნილ ადამიანებით. დღეს, როდესაც ასე მწვავედ არის დასმული საკითხი, დღეს, როდესაც უნდა გადასწყდეს ბედ-იღბალი სამუსლიმანო საქართველოისა, ყადირ-ბეგ შერვაშიძის დაკარგვა მეტად მძიმეა ჩვენთვის.

სამუსლიმანო საქართველო დღემდისინ ისეთ პირობებში იმყოფებოდა, რომ მას საშუალება არ ჰქონდა თავისი შვილები გაეგზავნა საქართველოს დედაქალაქში და აქ სწავლა-განათლება მიეღებინებინა. და აი, სწორედ ამ დროს ყადირ-ბეგ შერვაშიძემ შესძლო ამგვარ პირობებისთვის თავი დაეხწია და მიეღო საშუალო განათლება თბილისში და შემდეგ უმაღლესი სწავლა დორპატის უნივერსიტეტში. სპეციალობით ექიმი, ის დაუბრუნდა სამუსულმანო საქართველოს, მაგრამ არ დასცალდა თავისი სპეციალური ცოდნა გამოეყენებინა, ის სპეციალური ცოდნა, რომელიც ასე საჭირო არის სამუსლიმანო საქართველოსთვის, შემდეგ მოუსწრო ომმა და იგი ამ ომმა გაიტაცა. იგი მუშაობდა სხვა და სხვა ორგანიზაციებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი თავგამოდებით მოღვაწეობდა ამ იდეის განსამტკიცებლად ახალციხის მხარეში, სადაც ხელძღვანელობდა ცხენოსანთა რაზმს. სულ დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც მან ამ მოღვაწეობის დროს ერთგვარი დევნა განიცადა იმ ბნელ ელემენტებისაგან, რომლებმაც მოახერხეს და ააჯანყეს მთელი ახალციხის მხარე და ამ აჯანყებით აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენეს მას.

ამ დროს ულმობელმა სახადმა ის მოგვტაცა.

პატივი მაქვს წინადადება მივცე დამფუძნებელ კრებას ფეხზე ადგომით პატივი სცეს მას. (კრების წევრები ფეხზე სდგებიან).

დამფუძნებელ კრების ახალი წევრები

თავმჯდომარე. დამფუძნებელ კრების წევრნო!

პირველმა სიამ გარდაცვალების გამო დაკარგა სამი წევრი. ამის გამო მექნიკურად მათ მაგიერ სოციალი-დემოკრატიულ პარტიის საკანდიდატო სიიდან ჩარიცხულნი არიან შემდეგი პირნი: სოლომონ ვადაჭკორია, ერმალოზ სირბილაძე და იოსებ ირემაშვილი.

კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტთა სია:

თავმჯდომარე (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ ის კანონ-პროექტები, რომელნიც შემოტანილი არიან სხვა და სხვა კომისიებში გადასაცემად.

ქრისტინე შარაშიძის ასული კითხულობს:

1. იუსტიციის მინისტრის კანონ-პროექტი - საქალაქო კანონთა კრებულის მე-10 ტომის 1 ნაწილის მე-9 მუხ. და სისხლის სამართლის სასჯელთა დებულების მე-1665 მუხლ. გაუქმების შესახებ.

გადაეცეს იურიდიულ კომისიას.

2. შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - 500.000 მან. გადადების შესახებ ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადაკეთებისათვის - რესპუბლიკის სამინისტროების მოსათავსებლად.

გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი დადგენილებისა - დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიისთვის 100.000 მან. გადაცემის შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა დამფუძნებელი კრების წევრთა იმუნიტეტისა (შეუვალობისა).

3. კანონპროექტი ოჯახურ მდგომარეობით ჯარში გაწვევისაგან განთავისუფლებისა.

4. კანონპროექტი მოქალაქეობისა.

5. გაგრძელება მსჯელობისა სოც. რევოლიუც. ფრაქციის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეკითხვის შესახებ - ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების გამო.

6. სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა.

7. შეკითხვა ეროვ. დემოკრატ. ფრაქციისა მთავრობისადმი - სასამართლო პალატის თავმჯდომარის მიხეილ მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ.

8. შეკითხვა ეროვ.-დემოკრატ. ფრაქციისა მთავრობისადმი - ძეგვის ხიდის ამფეთქებელთათვის სიკვდილით დასჯის 12 წლის კატორღით შეცვლის შესახებ.

9. შეკითხვა ეროვნ.-დემოკრატ. ფრაქციისა მთავრობისადმი - ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა და სხვათა სასჯელისაგან სრულიად განთავისუფლების შესახებ.

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ რეგლამენტის თანახმად დღიური წესრიგი მოგხსენდათ წარსულ კრებაზე, და აქ არის ნათქვამი, რომ დღიური წესრიგი მტკიცდება წინა კრებაზე. მაგრამ დაფუძნებელ კრების პრეზიდიუმს შეუძლიან შეიტანოს დამატება და ყოველ დამატების შესახებ უნდა მოხსენდეთ ფრაქციებს კრების დაწყებამდე. აგრეთვე შესაძლებელია, საკითხების რიგის შეცვლა. ამიტომ მე დავსვამ ასეთ საკითხს: ვის სურს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ?

მსჯელობა დღიურ წესრიგის შესახებ:

რაჟდენ არსენიძე. მე შემომაქვს შემდეგი წინადადება. მესამე საკითხად გადავდვათ სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა და აი რა მოსაზრებით. არჩევნები უნდა მოხდეს ფარულად და შემდეგ უნდა დაითვალოს განსაკუთრებულ სისტემით, თანახმათ რეგლამენტისა. ჩვენ რომ არ დაგვჭირდეს სხდომის შეწყვეტა, ჩვენ ეხლა განვაგრძოთ მუშაობა, მხოლოდ შედეგი ამ არჩევნების მოგვხსენდება ამავე სხდომაზე, რაც სავალდებულოა. მხოლოდ ამ მოსაზრებით ვთხოულობთ, რომ ეს არჩევნები მოხდეს წინ და ეს მესამე საკითხი გადაისვას მეოთხეთ.

დანარჩენი კი დარჩეს ისე, როგორც იყო დღიურ წესრიგში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) ბატონებო, მე წინააღმდეგი არა ვარ იმისა, რაც ეხლა წარმოითქვა საკითხის გადასმის შესახებ. მაგრამ მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება სხვა გარემოებას. როგორც მოგეხსენებათ, მე შემოტანილი მაქვს რამდენიმე შეკითხვა. ერთი შეკითხვა არის საჩქარო, იქ ნათხოვნია სასწრაფო წესით განხილვა. ეს შეკითხვა იყო დასმული წარსულ კრების დღიურ წესრიგში, მაგრამ მაშინ ვერ მოვასწრეთ და გადმოვიდა დღევანდელ დღიურ წესრიგში, მაგრამ დღეს ეს შეკითხვა ისევ ბოლოს არის მოქცეული. თუ აგრე მოვიქეცით, შეკითხვა ყოველთვის ბოლოში იქნება მოქცეული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკითხვა არასოდეს განხილული არ იქნება.

ამიტომ მე მგონია, თუ სასწრაფო შეკითხვაა დღიურ წესრიგში, ეს წესრიგი უნდა ამოწურული იყოს და ეს შეკითხვა იმ დღეს თუ არა, შემდეგ სხდომაზე მაინც უნდა იყოს განხილული. მაშასადამე შემდეგ სხდომის წესრიგი უნდა იწყობოდეს იმ საკითხებით, რომელიც დარჩა ამოუწურავი წინა სხდომაზე. თუ ეს პრინციპიალურად მისაღებია, მე გთხოვთ ასე შესცვალოთ, ესე იგი დღევანდელ წესრიგის სათავეში მოვაქციოთ ბოლო წარსული წესრიგისა.

მაგრამ შესაძლებელია, რომ ამისთანა წესის მიღება არ იყოს ხელსაყრელი ჩვენი საზოგადო მუშაობისათვის.

მაშინ გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმ შეკითხვებს, რომლებიც მე შემოვიტანე აქ. როგორც მოგახსენეთ ერთი შეკითხვა არის სასწრაფო. ის შეეხება იუსტიციის მინისტრის ამხანაგის მოქმედებას და როგორც სასწრაფო საკითხი მე გთხოვთ დღეს მაინც ის ადრე განიხილოთ და არ დასტოვოთ ისევ ბოლოში. შეკითხვა შეეხება უდიდეს ნაწილს ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებისას, შეეხება სასამართლოს. საზოგადოებრივი შეგნება აღელვებული არის, ჩვენ რაიმე დამშვიდება უნდა შევიტანოთ. ეს მგონია, ყველასათვის აშკარა არის. ამიტომ აუცილებლად ადრე უნდა განვიხილოთ. ეს ჩემი კერძო წინადადება არის. თუ არ დაეთანხმებით ამ ჩემს წინადადებაზე, მაშინ გთხოვთ ეს საკითხი დაისვას მესამედ, ან მეოთხედ. მაშინ იმედი გვექნება, რომ დღეს მაინც განხილული იქნება. თორემ, ვიმეორებ, თუ აგრე მოვიქცევით მექანიკურად, რომ ის საკითხები, რომელიც დგანან დღიურ წესრიგში, ყოველთვის ბოლოში მოვაქციოთ, გამოდის ისეთი მდგომარეობა, რომ არც ერთი საკითხი განხილული არ იქნება.

აი ამ მოსაზრების გამო ვითხოვთ, რომ ის კითხვები, რომლებიც დარჩნენ ამოსაწური წარსულ კრებაზე დღეს პირველად იქნენ დასმულნი დღიურ წესრიგში და აქედან განვაგრძოთ მათი განხილვა. თუ ეს არ შეიძლება ყველა კითხვების შესახებ, მაშინ გთხოვთ ჩვენი შეკითხვა მთავრობისადმი სასამართლო პალატის თავმჯდომარის მიხეილ მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ დასმული იქმნეს მესამე და მეოთხე საკითხად დღიურ წესრიგში.

თავმჯდომარე. ამგვარად უნდა განვიხილოთ შემდეგი, რაც შეეხება წინადადებას... სიტყვა გსურთ? მობრძანდით.

. არსენიძე. რასაკვირველია, პრინციპიალურად მისაღებია საკითხის გადატან-გადმოტანა, მხოლოდ არ შეიძლება იმ წესის მიღება, რომ წინადღიდან მორჩენილი საკითხები უეჭველათ თავში მოვაქციოთ და ახალი უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ბოლოში, - რადგან ეს იქნებოდა ერთგვარ ხელ-ფეხის შეკრვა დამფუძნებელ კრებისა, და პრეზიდიუმს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაანაწილოს დღიური წესრიგი იმისდამიხედვით, თუ რომელი საკითხი უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანია, და რომელი ნაკლებ მნიშვნელოვანი, და ამის მიხედვით მოათავსოს წესრიგში. მით უფრო, რომ დამფუძნებელ კრებას აქვს უფლება შესცვალოს შემდეგ წესრიგი განსახილველ საქმეებისა. ეს საერთოდ. კერძოდ, რაც შეეხება ამ შეკითხვების გადმოტანას, ეს მე მგონია არავითარ საჭიროებით არ არის გამოწვეული. მით უმეტეს, რომ ჩვენ უფრო რთული და დიდი მნიშვნელოვანი კითხვები გვიძევს წინ. ვიმეორებ, პირველი მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მუშაობა. ამას გარდა ჩვენ გვაქვს სხვა კითხვებიც. თუნდაც ის შეკითხვა, რომელზედაც კამათი შევწყვიტეთ და დღეს უნდა გავაგრძელოთ. ეხლა კიდევ სხვა შეკითხვის განხილვა რომ დავიწყოთ, ეს დიდ არევ დარევას გამოიწვევს, დომხალივით აირევა ერთმანეთში. ჩვენ რომ ერთი შეკითხვა დავიწყოთ, - მეორე არ დავასრულოთ, არც ეს არის რიგიანი, და ამიტომ მე მგონია, უნდა დარჩეს წარმოდგენილი წესრიგი. მცირედი კანონ-პროეკტები დიდ დროს არ წაგვართმევენ, მათ გამო დიდი კამათი არ დაგვჭირდება. შემდეგ უნდა დავამთავროთ და მერე გადავიდეთ სხვა შეკითხვებზე. ამასთანავე მგონია დიდი მნიშვნელობა არა აქვს - იმას, იქნება შეკითხვა სხდომის ბოლოში, თუ დასაწყისში, და ამიტომ მისი გადატან-გადმოტანა სრულიად ზედმეტია.

თავმჯდომარე. ბატონი გვაზავა.

გიორგი გვაზავა. (ერ. დემ.) პირველ ნაწილს წარმოდგენილ მოსაზრებისას ვეთანხმები.

მე თითონ მოგახსენეთ, რომ შეიძლება, გაურჩეველ კითხვების გადმოტანით პირველ რიგში, შეფერხდეს ჩვენი მუშაობა მეთქი. მაგრამ არც უყურადღებოდ დატოვება ამ ჩემი კითხვისა არის შესაძლებელი. ჩემი შეკითხვა დასმულია მეშვიდე ალაგას, და ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ისე ჩქარა ჩვენი მუშაობა არ მიდის, რომ დღეს ჩავიდეთ მეშვიდე მუხლამდე. ვერ განვიხილავთ.

აქ ამბობენ, რომ ბევრი, საკანონმდებლო სამუშაო გვაქვსო. ეს მართალია, ბევრი ამისთანა საკითხები არის. მაგრამ თქვენ დამერწმუნებით, რომ ის საკითხი, რომელიც ჩვენ, ეროვნულ-დემოკრატებმა, აღვძერით შეეხება სასამართლოს მდგომარეობას, ესეც უმთავრესი საკითხია. თუ სამართალი არ არის - მაშინ სახელმწიფოც არ არის. ამას აქცევს ყურადღებას ჩვენი მოყვარე და მტერი. საჭიროა რომ მთელმა საქართველომ, მთელმა საზოგადოებამ გაიგოს დამფუძნებელ კრების აზრი, თუ როგორ უყურებს იგი ამ საკითხს. უამისოდ - ის აღშფოთება, რომელიც იყო გამოწვეული საზოგადოებაში დარჩება კიდევ; ყველა იმ დასკვნას გამოიტანს, მაშასადამე, რომ სამართალი საქართველოში არ ყოფილა. ეს ისეთი დასკვნაა, და ისეთი საფრთხე, რომ ხელს შეუშლის ყველა ჩვენს მუშაობას, უნდა იყოს ერთნაირი ფსიხოლოგიური განწყობილება - რომ უბრალოთ კი არ იწერება კანონები, არამედ იმას მოელის გატარება ცხოვრებაში. მაგრამ რანაირი იქნება ეს გატარება თუ ყველა ფიქრობს რომ სამართალი მძიმე პირობებშია. უმთავრესად კანონის გატარების აუცილებელი არის რწმენა, რომ არის სამართალი, და სამართლის შემწეობით კანონი იქნება დაცული და გატარებული ცხოვრებაში. თუ ასე არ იქნება, მე მგონია ჩვენ მუშაობას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ, რადგანაც ჩემი შეკითხვა შეეხება ამისთანა დიდ საკითხს, მე ვსთხოვ დამფუძნებელ კრებას, რომ გადასმული იყოს ცოტა წინ, მესამე ალაგას. იქნება ის კითხვა, რომელიც არსენიძემ წამოაყენა, მერე, მაშასადამე მეოთხედ - იქნება გაგრძელება იმ შეკითხვისა, რომელიც აქ შემოიტანეს ესერებმა. ამის შემდეგ კი მეხუთე ალაგას უნდა იყოს უსათუოდ ის შეკითხვა, რომელიც მე შემოვიტანე.

თავმჯდომარე. ამნაირად პირველი წინადადება არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ: კონტროლიორის არჩევის საკითხი დაისვას მესამე ალაგას. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე ეს საკითხი დაისმება მესამე ალაგას.

მეორე წინადადება არის ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა. ეროვნული-დემოკრატების წინადადება ასეთი არის. მეხუთე კითხვად დღიურ წესრიგში დაისვას შეკითხვა მთავრობისადმი სასამართლო პალატის თავმჯდომარის მიხეილ მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ. ვინ არის ამ წინადადების წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? უმცირესობა. მაშასადამე ეს დარჩება ისე, როგორც წესრიგში არის დასმული.

პირველი საკითხი: საბოლოო ტექსტი დადგენილებისა დამფ. კრ. ხელოვნების კომისიისათვის 100.000 მ. გადაცემის შესახებ.

მომხსენებელია ქალბატონი სოლოღაშვილის ასული.

საბოლოო ტექსტები.

-ნი ანნა სოლოღაშვილი. (მოახსენებს კრებას საბოლოო ტექსტს დადგენილებისას დამფ. კრების ხელოვნების კომისიისათვის 100.000 მ. გადაცემის შესახებ და საბოლოო ტექსტს დამფუძნებელ კრების წევრთა იმუნიტეტის დეკრეტისას).

დამფუძნებელი კრება ერთხმად ამტკიცებს საბოლოო ტექსტს.

სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა.

თავმჯდომარე. მესამე საკითხი სახელმწიფო კონტროლიორის არჩევაა. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს თოფურიძეს.

დიომიდე თოფურიძე. სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია კანდიდატად ასახელებს ისევ ფილიპე გოგიჩაიშვილს.

ფილიპე გოგიჩაიშვილი, როგორც მოგეხსენებათ, დღემდის იყო სახელმწიფო კონტროლიორად და მან თავის თანამდებობის დროს დაიმსახურა ყურადღება.

იგი სინდისიერად და დიდის ენერგიით ასრულებდა თავის მოვალეობას.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი აწიც ასევე შეასრულებს თავის მოვალეობას, და მიტომ ვასახელებთ მას კანდიდატად.

თავმჯდომარე. ამ გვარად კანდიდატად დასახელებულია ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხვა კანდიდატი არის თუ არა? სხვა კანდიდატი არ არის. არჩევნები უნდა მოხდეს ფარულ კენჭის ყრით. თქვენ გაქვთ მანდ ქაღალდი, მხოლოდ გთხოვთ დასწეროთ.

ვთხოვ კრების წევრს ანდრონიკაშვილს და მაჭავარიანს დაესწრენ ბარათების დათვლის დროს.

სანამ ბარათების დათვლა გათავდებოდეს, ჩვენ გადავდივართ შემდეგ საკითხზედ. მომხსენებელია კრების წევრი გურული.

კანონ-პროექტი ოჯახურ მდგომარეობით ჯარში გაწვევისაგან განთავისუფლებისა.

ზაქ. გურული. (მომხსენებელი). წარმოდგენილი კანონ-პროექტი ერთნაირი დამატება გახლავთ აგვისტოს 20 მიღებულ საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეშევრდომებისაგან სამხედრო ბეგრის მოხდის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის ძალით, სამხედრო ბეგრის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს. არავითარი შეზღუდვა ოჯახურ მდგომარეობის მიხედვით არ არსებობს.

დღიდან ამ კანონის გამოსვლისა, ამ კანონის მუხლმა შეჰქმნა ერთგვარი უხერხულობა. ნაგულისხმები იყო, რომ ოჯახი, რომელსაც ამ კანონის მიხედით არ დარჩა მარჩენელი, უნდა უზრუნველყოფილ ეყოთ ეკონომიურად, ფულის დახმარებით. ეს მზრუნველობა მიჩენილი ჰქონდა ადგილობრივ თვითმართველობებს. მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ეხლა იმყოფება ჩვენი ქვეყანა, შეუძლებელი გახდა უზრუნველყოფა ეკონომიურად ოჯახებისა, მით უმეტეს, რომ ერთად-ერთი მარჩენლის დამკარგველი უფრო ხშირად არიან გლეხკაცები, სოფლის მეურნეები და მაშასადამე არა მარტო დღიური საზრდო აკლდებათ გლეხკაცებს, არამედ ინგრევა სოფლის მეურნეობა და ამნაირად, ვერავითარ დახმარებით, გარეშე დახმარებით ვერ ისტუმრებდნენ იმას, რაც აკლდებოდა ამ ერთ მარჩენელის დაკარგვით, ან, ამ შემთხვევაში უკეთ რომ ვსთქვათ, ერთად-ერთ მუშის დაკარგვას. ამიტომ, ამ კანონის გამოცემის შემდეგ, ეს უხერხულობა ყველა ფეხის გადადგმაზე ხვდებოდა მას, ვისაც ეს ეხებოდა და თქვენ ნახავდით ყველა მაზრაში, ყოველ საზოგადოებაში, თითქმის ყოველ დღე მოსულ ასეთ ოჯახის წევრებს, რომელნიც აცხადებდნენ - ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანეთო. ეს კი ასე ადვილი არ იყო.

თავის-თავად ცხადია, რომ ყველაზე მეტი მთხოვნელებანი და თხოვნები აწყდებოდა სამინისტროს. და ბოლოს შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ სხვა გამოსავლის გამოუნახავობის გამო, თვით სამხედრო სამინისტრო იძულებული იყო ესარგებლა თავის უფლებით და იძულებული იყო დროებით დათხოვნით დაეკმაყოფილებინა დაჩაგრული ოჯახები, ვინაიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ. ეს კითხვა ისმებოდა საზოგადო კრებებზედაც კი. და არა მარტო ერთად-ერთ მარჩენელ შვილების ოჯახები, არამედ საზოგადოებების მთელი კრებები წინააღმდეგნი იყვნენ ამ კანონის ასე გატარებისა და გამოჰქონდათ დადგენილება, რომ სათანადო დაწესებულებას, სათანადო სამინისტროს შეეცვალა ეს კანონი და ერთად-ერთი მარჩენელი შვილები ოჯახებისთვის დაებრუნებინათ.

ამის გამო იყო, რომ ეხლაც, სამხედრო კომისიაში, დამფუძნებელ კრების სამხედრო კომისიაში და სამხედრო სამინისტროშიაც, ერთ და იმავე დროს დაბადებულიყო ეს კითხვები. მაშინ, როდესაც სამხედრო კომისიამ დაადგინა, რომ შემდეგ კრებაზე დაისვას ეს კითხვა და თვით აიღოს ინიციატივა ასეთ კანონ-პროექტის შეტანისა, გამოირკვა, რომ სამხედრო სამინისტროს უკვე მზად ჰქონდა ეს კანონ-პროექტი და უკვე გამოუგზავნა სამხედრო კომისიას. და აი ყველა ამ მიზეზის გამო, სამხედრო კომისიამ მიიღო ეს კანონ-პროექტი და გიდგენთ თქვენ განსახილველად.

კანონით თავისუფლდებიან არა მარტო დედის-ერთები, როგორც ეს ძველი კანონის წესით იყო, არამედ ერთად-ერთი მარჩენელი. მარტო დედის-ერთა კი არა, შეიძლება რამდენიმე ძმის პატრონიც კი განთავისუფლდება სამხედრო ბეგარისაგან ამ კანონ-პროექტის ძალით მხოლოდ მაშინ, თუ ის წარმოადგენს ერთად-ერთ მარჩენელს ოჯახისას. ასეთ მოვალეობისაგან არ თავისუფლდება თუ ის, ფაქტიურად, არ არის ოჯახის მარჩენელი, ესე იგი, თუ ოჯახი ისეთია, რომლის წევრი არ მუშაობს, თუ თავის ქონებით უზრუნველყოფილია, თავის შემოსავლით ირჩენს თავს. შემდეგ ამ პროექტის ძალით, მკვიდრ შვილებად ითვლებიან აგრედვე გერები, თუ ისინი არჩენენ მამინაცვალს და დედინაცვალს და შვილობილი, თუ ის ნაშვილებია მანამ, სანამ 10 წელიწადი შეუსრულდებოდა.

აი ასეთი არის, დაახლოვებით, აზრი და მიზანი ამ კანონ-პროექტისა, რომლის შესახებ სამხედრო კომისია წინადადებას გაძლევთ, მიიღოთ და გადახვიდეთ მუხლობრივ განხილვაზე.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სურგულაძეს.

პეტრე სურგულაძე. (ნ.-დ.) ბატონებო! მართალია საზოგადოდ, სამხედრო ბეგარა არის ერთი ისეთი მძიმე მოვალეობათაგანი, რომელიც ხშირად მოქალაქეს აწუხებს და აფიქრებინებს, რომ ეს მოვალეობა თავიდან აიცდინოს, მაგრამ ისიც მართალია, რომ თუ ვინმეს სურს ისარგებლოს სახელმწიფოებრივი შემოქმედების ნაყოფით, მოვალე არის, აგრეთვე ამ სახელმწიფოს წინაშე იმუშაოს და დაიცვას ეს სახელმწიფო ყოველგვარ საშიშროებისაგან.

კანონი, რომელიც იყო წინათ მიღებული, ცხოვრებაში ვერ გატარდა. აქედან, არ შეგვიძლიან ჩვენ ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს კანონი შესაფერი არ იყო ცხოვრებისთვის.

მიზეზი, რომლის გამო ეს კანონი ცხოვრებაში არ გატარდა, არ იმალება ამ კანონის უვარგისობაში, არამედ ეს მიზეზი არის დამარხული სწორედ იმ საზოგადოებრივ განწყობილებაში, იმ საზოგადოებრივ დაულაგებლობაში, რომელიც დღეს არსებობს ჩვენში. კანონის ძალით ყოველივე მოქალაქე, ჯარის კაცის ჰასაკში მყოფი - მოვალე იყო ჯარში წასულიყო და ამ ჯარის კაცის ოჯახს, რომელსაც არ შეუძლიან არსებობა, რადგანაც მისი მარჩენელი ჯარში გაიყვანეს, უნდა დახმარებოდა სახელმწიფო. სახელმწიფომ ეს მოვალეობა ვერ აასრულა სწორედ იმიტომ, რომ ის ორგანოები, რომელსაც სახელმწიფომ დაავალა ამ მოვალეობის ასრულება, ჯერ კიდევ წესიერად ვერ მოქმედებენ და, რასაკვირველია, ამ ნიადაგზე, ხალხში შეიქმნა უკმაყოფილება. მაშასადამე, თუ ჩვენ წესიერი გზით ვივლით, - ეს ძველი კანონი ჩვენ უნდა დავტოვოთ, როგორც კანონი და უნდა ვეცადოთ, რომ თუ დღემდი სახელმწიფომ ვერ შესძლო თავისი მოვალეობის ასრულება იმათ წინაშე, ვისი ოჯახიც საჭიროებდა ამ დახმარებას, - დღეს მაინც წესიერად მოექცეს, დაავალოს ერთხელ კიდევ და აიძულოს ის ორგანიზაციები, რომელთაც წინათ დავალებული ჰქონდათ ამ დახმარების გაწევა, შეასრულოს ეს თავისი მოვალეობა.

რატომ უნდა მოვიქცეთ ესე? საქმე იმაში არის, რომ სახელმწიფოს არსებობა და კეთილდღეობა უმთავრესად არის დამყარებული მის მორალურ ძალაზე, იმ ნდობაზე, რომელიც მოქალაქეს აქვს ამ სახელმწიფოსადმი. თუ ეს ნდობა არ არის, მაშინ მოქალაქეებში მუდამ არის ერთნაირი საყვედური, ერთნაირი მითქმა-მოთქმა და ცდა, რომ ამა თუ იმ პირმა თავი დაიხსნას იმ ვალდებულობისაგან, რომელიც სახელმწფომ მას დააკისრა. სწორედ, თუ ეს კანონი მივიღეთ, მაშინ ჩვენში მრავლად გაჩნდებიან მაძიებელნი სამხედრო სამსახურისაგან განთავისუფლებისა. და რომ ეს ესე არის, ამას მოწმობს სამხედრო მინისტრი, რომელმაც მოისურვა წინდაწინ განხორციელება ამ წესისა და განთავისუფლება იმ პირებისა, რომლებიც ითვლებიან ერთად ერთ მარჩენლებად. უთვალავი მოწმობა, რასაკვირველია ყალბი მოწმობა თავს დააყარეს ბ. მინისტრს, და მინისტრმა, როდესაც შეწუხდა, - შეაჩერა თავისი განკარგულებით ამ დადგენილების გატარება. მაშასადამე, ეს კანონ-პროექტი, რომ დააკანონოთ, ამას არა სასურველი შედეგები მოჰყვება სწორედ ზნეობრივ: უთვალავი კაცი დაიწყებს ძებნას, რომ გაანთავისუფლონ სამხედრო ბეგარისაგან; უთვალავი ყალბი მოწმობა დაიწერება და ის პირნი, რომელსაც თქვენ ამ მოვალეობას დააკისრებთ, რა კი წარმოუდგენენ საბუთებს, - საზოგადოება, ადგილობრივი თვითმართველობა იძულებულნი იქნებიან ამ გვარად ძალაუნებურად სიყალბე გაამრავლონ და ხელი შეუწყონ მას. რომ ეს ასე იქნება ამას ლაპარაკი არ უნდა. აიღეთ ეს შენიშვნა. (კითხულობს).

რას ნიშნავს „ქონებრივი უზრუნველყოფა?“ ვინ არის უზრუნველყოფილი? ვინ არა? ვინ არის ამის მოსამართლე? ეს ისეთი ძნელი გადასაწყვეტია, რომ ამ ნიადაგზე ათასნაირი მიკერძოება შეიძლება მოხდეს. ამიტომ, სახელმწიფო ისეთ კანონებს უნდა აწესებდეს, რომლის განხორციელების დროს, რაც შეიძლება ნაკლები ბოროტმოქმედება და ავკაცობა ხდებოდეს. ეს კანონი კი ისეთია, რომ რაც შეიძლება, გაამრავლებს ბოროტმოქმედებას და გაგვიჭირებს ცხოვრებას.

მეორეს მხრივ, ყველასთვის სავალდებულო სამხედრო ბეგარა არც ისეთი მძიმეა, როგორც ეს იყო წინათ. წინათ სამხედრო ბეგარაში გაწვეული შორდებოდა თავის სამშობლოს დიდი ხნით, სწყდებოდა იმ საზოგადოებას, სადაც მას შეეძლო დახმარება და ზნეობრივი გამხნევება ეპოვნა; აგრეთვე არ შეეძლო ხშირად თავის ოჯახში მისულიყო. დღეს ჩვენ შეგვიძლიან ასე თუ ისე, თუ სრულიად არ ავიცდინოთ თავიდან ასეთი შემთხვევანი, - შევამციროთ, შევამოკლოთ მაინც. იმიტომ რომ, როგორც მოგეხსენებათ საქართველო ჯერ ერთი, თავის თავად დიდ ტერიტორიას არ წარმოადგენს. მაშასადამე, ჯარში გაწვეულნი პირნი, სამხედრო ბეგარას, თუ ომი არ არის, - მოიხდიან იმ ადგილას, სადაც არიან დაბადებულნი, სადაც სცხოვრობენ. მაშასადამე ისინი არ სწყდებიან თავის ოჯახებს, როგორც იყო წინათ.

ერთი ეს.

მეორე, - ახლო მომავალში დამფუძნებელ კრებას წარუდგება კანონ-პროექტი სამხედრო სამსახურის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დამფუძნებელი კრება სამხედრო სამსახურის ვადას, რამდენადაც კი შესაძლებელი არის, შეამცირებს. მაშასადამე, დიდი ხნით არავინ თავის ოჯახს არ მოშორდება.

შემდეგ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერნი ვიყოთ მოქალაქობრივი შეგნებით. ყოველივე გამონაკლისი, ყოველივე უპირატესობა მოქალაქეთა შორის შეგნებას ამცირებს და ასუსტებს. პირიქით, როდესაც მოვალეობა საზოგადოებრივი თანასწორად განაწილებულია, და სწორედ რამდენადაც ეს თანასწორად და სამართლიანად განაწილებულია, - იმდენად ეს საზოგადოებრივი მოვალეობის შეგნება უფრო ძლიერია.

ამიტომ, ყველა ამ მოსაზრების გამო და აგრეთვე, იმ მოსაზრების გამო, რომ თავის დაცვა, საქართველოს დამოუკიდებლობის შენახვა, უნდა იყოს უმაღლესი მიზანი მთელი ქართველი ერისა და მისი საკანონმდებლო ორგანოსი, მე ვფიქრობ, რომ ეს კანონ-პროექტი, რომელიც სწორედ ამ თავდაცვას ამცირებს, - უარყოფილი უნდა იყოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს.

სამხედრო მინისტრი რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ის მოსაზრებანი, რომელიც აქ ბ. სურგულაძემ წამოაყენა, მე მგონია საქმისთვის შეუფერებელია. პირიქით, ის მთავარი მოსაზრებანი, რომლებზედაც ის ეყრდნობოდა, წინააღმდეგ დასკვნამდის მიგვიყვანენ. უმთავრესად, რაზედაც დამფუძნებელი კრების წევრი ეყრდნობოდა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ყოველი ძალღონით უნდა გავამაგროთ მთავრობის ძალა-გავლენა და ამიტომ უნდა შევეცადოთ იმ კანონების, რომელიც გამოცემულია, სისრულეში მოყვანას. მე კი მგონია, მთავრობის და დამფუძნებელი კრების მოვალეობას შეადგენს, თუ მართლაც რომელიმე დადგენილება ან კანონი შესაფერისი არ გამოდგა ცხოვრებისათვის, აუცილებლად საჭიროა მისი შეცვლა. მე უნდა მოგახსენოთ, რომ მართლაც, იმ ხნის განმავლობაში, რაც მოქმედებდა ეს კანონი სამხედრო ბეგრის მოხდის შესახებ, ჩვენ აშკარად დავინახეთ, რომ ერთი ნაწილი ამ კანონისა მართლაც გამოუსადეგარია. მე სახეში მაქვს ის მხარე, რომელიც ეხება ჯარში მარჩენალთა გაწვევას. მართალი არის, რომ ყველა საშუალებით უნდა ვცდილობდეთ, რომ არავითარ პრივილეგიას, დემოკრატიულ სახელმწიფოში, ადგილი არ ჰქონდეს. და თუ მართლაც ჩვენ ამ მოსაზრებიდან გამოვედით, რასაკვირველია ბ. სურგულაძე მართალი იქნება. მაგრამ აქ არის ლაპარაკი არა პრივილეგიაზე, არამედ იმ აუცილებელ მოთხოვნილებაზე, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობით. თქვენ უნდა იქონიოთ მხედველობაში ერთი გარემოება. ჩვენ გვჭირია ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც ყოველმხრივ შეკავშირებული იქნება, ისეთი ძალა, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობა ჩვენი რესპუბლიკა. და მე გეკითხებით თქვენ: ამ თვალსაზრისით, მართლაც განა ის შესწორება, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ სავსებით მისაღები არ არის? ჯარში გაჰყავთ ერთად-ერთი მარჩენალი და თქვენ იცით იმ ტრადიციის მიხედვით, რომელიც ჩვენში არსებობს, ეს მთელ ხალხს სავსებით უკანონოთ მიაჩნიათ. ეს არის, ხალხის შეხედულობით, მეტის-მეტად უსამართლო ნაბიჯი. ასეთ შეხედულებას ადგილი აქვს, რასაკვირველია, თვით ჯარშიაც. ამიტომ, იქ, ძალაუნებურად ვრცელდება ასეთი აზრი, და ყველა ის პირები, რომელნიც თითქოს მსხვერპლად გახდნენ ამ უსამართლობისა, ერთნაირ გამოძახილს ყოველ თავის ამხანაგში ჰპოვებენ და ამითი ჯარის სიმტკიცეს ხელს უშლიან. მე გადაჭრით ვამტკიცებ, რომ სწორედ ეს ზომა ერთი იმ საშუალებათაგანი არის, რომელიც ხელს უწყობს არა ჩვენი ჯარის შექმნას, არამედ მის დაუძლურებას.

მაგრამ აქ არის კიდევ მეორე მოსაზრება. თქვენ ალბად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვცდილობდით პირველი კანონ-პროექტით, რომელიც შემდეგ მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ჩვენ ვცდილობდით რაიმე დახმარება აღმოგვეჩინა მათთვის, რომელნიც, მართლაც, სრულიად უმწეოდ დარჩნენ მარჩენალთა ჯარში გაწვევის გამო. მაგრამ თქვენ ისიც იცით, რომ ჩვენ ეს ვერ შევძელით. და იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იმყოფებოდა სახელმწიფო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ადგილობრივი თვითმართველობები, ამ დაპირების განხორციელება ჩვენ არ შეგვეძლო. თუ ეს ზომა იწვევდა საზოგადოებაში არევ-დარევას, ეს კიდევ უფრო იწვევდა და აუცილებლადაც გამოიწვევდა ჩვენ ეკონომიურ და ფინანსიურ დაქანებას.

შემდეგ ერთი მოსაზრებაა კიდევ. მოქალაქენო, მართლაც ეს შესწორება აუცილებელი იქნებოდა, რომ ფინანსიური მოსაზრება არ მოითხოვდეს ჯარის რეორგანიზაციას, რაზედაც მე აქ არ მოგახსენებთ, ამის შესახებ შემდეგ იქნება მსჯელობა, რომელიც სავსებით ეთანხმება იმ წინადადებას, რომელიც დღეს აქ ჩვენ შემოვიტანეთ. ჩვენთვის საკმაო ძალა იმ შემთხვევაშიაც უზრუნველყოფილი იქნება თუ თქვენ დაადასტურებთ იმ წინადადებას, იმ კანონ-პროექტს, რომელიც სამხედრო სამინისტრომ შემოიტანა და რომელიც მიიღო სამხედრო კომისიამ. რომ მართლაც ამ მხრივ არსებობდეს რაიმე საფრთხე, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით უზრუნველყოფილნი იმ წინადადების მიღებით, საკმაო ძალებით, მაშინ, რასაკვირველია, წინადადება ბ. სურგულაძისა მისაღები იქნებოდა. და ჩვენ მართლაც ამისდამიხედვით უნდა მოგვემართა ჩვენი სამხედრო საქმეები. მაგრამ მე გადაჭრით ვამტკიცებ, რომ ასეთი საფრთხე მართლაც არ არსებობს და ამიტომაც იმ მოსაზრებათა გამო, რომელიც მე გამოვსთქვი აქ, აუცილებლად საჭიროა ამ კანონ-პროექტის მიღება.

მთელი ჩვენი ხალხის შეხედულობა, მისი ტრადიციები, აგრეთვე დღევანდელი ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს ამ კანონ-პროექტის მიღებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ დამფუნებელი კრება ამას ანგარიშს გაუწევს და რასაკვირველია, ამით ის ხელს შეუწყობს არა ჯარის დარღვევას, რომელზედაც აქ ლაპარაკობენ, არამედ, პირიქით მის უფრო გაძლიერებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ანჯაფარიძეს.

გიორგი ანჯაფარიძე (ს.-დ.) მოქალაქენო, ჩვენი ფრაქცია მომხრეა ამ კანონ-პროექტისა და მხარს დაუჭერს მის მუხლობრივ გარჩევას. ის შესწორებები, რომელიც შემოიტანა დამფუძნებელი კრების წევრმა პ. სურგულაძემ, ჩვენთვის არ არის მისაღები.

მოსაზრება, ვითომც საჭირო იყოს მხოლოდ მატერიალურ დახმარების გაწევა იმ ოჯახებისა, რომელთ მარჩენალნი ჯარში იქნებიან გაწვეულნი და კითხვა ამით გადაიჭრებაო. უკვე ცხოვრებამ სრულიად დაარღვია. საქმე მარტო იმაში კი არ არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლიან საკმაო დახმარების გაწევა. თქვენ მომხსენებელმა უკვე განგიმარტათ ის, რომ უმრავლესობა ამ ჯარში გაწვეულთა არის სოფლის მუშები. ისინი ეწევიან სახლში მეურნეობას, მაშასადამე, როდესაც ისინი თავის მეურნეობას მოაკლდებიან, აშკარაა, რომ არა თუ მათი ოჯახები განიცდიან ქონებრივ ხელმოკლეობას, არამედ ირღვევა მათი მეურნეობა, და თუ მეურნეობა დაირღვა, რასაკვირველია მისი ხელახლად აშენება ძალიან ძნელი იქნება. რასაკვირველია, სამშობლოს დაცვა - დიადი საქმეა. მაგრამ, თუ სამშობლოს დაცვასთან ერთად არ იქნება ზურგი გამაგრებული, სამშობლოს დაცვა არ შეიძლება. თავის თავად ცხადია, რომ ამ კანონით ისარგებლებდნენ ზოგიერთნი და ჩაიდენენ რაიმე ბოროტებას, მაგრამ ამისთვის კანონი არის, რომელიც პასუხისგებაში მისცემს ამ ბოროტმოქმედთ. არ შეიძლება კანონის უარყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვიღაც დაარღვევს, ან მისით ცუდათ ისარგებლებს, ყოველ კანონის შამოვლა შეიძლება, მაგრამ კანონის უარყოფა ამიტომ ყოვლად შეუძლებელია. არც ის მოსაზრებაა მისაღები, რომ ყველა ჯარში გაწვეულნი ჩვენს ქვეყანაში დარჩება და ამიტომ მაინც და მაინც თავის სახლ-კარს შორს არ გასცილდებაო. ოჯახის ერთმა მარჩენალმა უნდა მოუაროს თავის მეურნეობას და ჯარში ყოფნა კი ამის საშუალებას არ მისცემს რაც უნდა ახლო იყოს იგი თავის სახლიდგან. მაგრამ თუ კი მას სახლისკენ ექნება თვალი, ეს ჯარში დეზორგანიზაციას შეიტანს და მას კი ვერაფერს სარგებლობას ვერ მოუტანს. დიდს და მძიმე ტვირთს შეადგენს საზოგადოდ სამხედრო ბეგარა: ჩვენი შეხედულება ამის შესახებ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ეხლა ჩვენ ისეთ მდგომარეობას განვიცდით, რომ სამხედრო ბეგარის ჯერ-ჯერობით მოწყობა არ შეიძლება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ამ სამხედრო ბეგარის მოხდის დროს, რაც შეიძლება ნაკლები გაჭირება განიცადოს მოქალაქემ თუ კი რომ საჭიროება წინააღმდეგს არ მოითხოვს. აი ამ მოსაზრებით ჩვენ მხარს დაუჭერთ კანონ-პროექტს.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. კამათი დასრულებულია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ზაქარია გურული. (მომხსენებელი) ბატონი სურგულაძე გამოდის მთავარ დებულებიდან, რომ ყველა მოვალე არის მოიხადოს ვალი სამშობლოს წინაშე, იმსახუროს ჯარში. მაგრამ მით უმეტეს, როგორც სამხედრო კომისიის წევრს დაავიწყდება, რომ იმ ხალხს, ერთად ერთ მარჩენელთ, რომლის შესახებ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ მათ კი არ ვანთავისუფლებთ სავსებით სამშობლოს დაცვისაგან: ჩვენ ვანთავისუფლებთ მუდმივ სამსახურისაგან და მუდმივ სათადარიგო ჯარში ჩარიცხვისაგან, და ამავე დროს ისინი გადარიცხულნი იქნებიან მარქაფა ლაშქარში, და თუ სამშობლოს დაცვა მოითხოვს მათ გაწვევას ჯარში და სამსახურს, ისინი გაწვეულნი იქნებიან. ამიტომ ჩვენ ვცვლით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონის მუხლს შეღავათის შესახებ, მაგრამ არ ვცვლით და ძალაში ვტოვებთ მე-6 მუხლს, რომელიც ლაპარაკობს: (კითხულობს). ასე რომ ისინი სავსებით განთავისუფლებული არ არიან სამშობლოს დაცვისაგან, მაგრამ, ისინი განთავისუფლებული არიან მუდმივ ნაწილებში ყოფნისაგან და მუდმივ სათადარიგო ნაწილებში გადარიცხვისაგან.

ბ. სურგულაძე ბრძანებს, რომ თუ აქამდისინ ვერ მოვაწყეთ მათი დახმარება ეს იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმართველობა ეხლა ეწყობა. და როდესაც მოწყობილი იქნება ის შესძლებს ამას და მთავრობამ უნდა აიძულოს. მაგრამ, როგორც დამფუძნებელი კრების წევრმა ანჯაფარიძემ უპასუხა და მეც მოხსენებაში განვმარტე, რომ ჯერ ერთი, დიდი დახმარება ეხლა ძალიან ძნელი არის, რამდენი ფული უნდა მისცეთ ოჯახს, რომ ეხლა თავი შეინახოს, ერთი ფუთი სიმინდის სასყიდლათ დასჭირდებათ 100 მანეთი, და რამდენ ხანს უნდა ეყოს ეს თქვენი დახმარება, მაგრამ თქვენი მიცემული დახმარება, რამდენიც არ უნდა მისცეთ, კაცმა რომ რიგიანათ შეინახოს ოჯახი, ჭირნახულიც, რომ იყიდოთ, რომელიც საჭირო არის, ვერაფერს ვერ უშველის, ის ისევ დამშეული იქნება და გაჭირებული იქნება. მისი მეურნეობა დაირღვევა თუ ის ვენახს არ დათოხნის, არ მორწყავს, არ მოუვლის ის მას საგაისოთ მოსავალს არ მისცემს.

მეორე მთავარი მოსაზრება კიდევ, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონ-პროექტი, თურმე არის ის, რომ ბოროტმოქმედობა იქნება აქედანაო. მე მგონია, რომ თუ ამაზე წავა საქმე უფრო მეტი ბოროტმომქმედობა შეიძლება იქნეს, უფრო მეტი ბოროტმოქმედობა შეიძლება ჩაიდინონ იმათ, ვინც თავისუფლდებიან ავანტყოფობის გამო. ისეთი ბოროტმომქმედი, რომელსაც ჰყავს ძმა, შრომის უნარის მქონე, მამა, შრომის უნარის მქონე, და რომელსაც უნდა დაიმალოს, ბოროტმოქმედება ჩაიდინოს, უფრო გლახა მდგომარეობაშია თავის საქმის ასრულებაში, ვიდრე ის რომელიც ავანტყოფი არ არის მაგრამ ავათმყოფობის გამო განთავისუფლებულია. აქ ხშირად ექიმიც ვერ გაიგებს თუ ნამდვილი ავადმყოფია, და ადვილად გააკეთებს ბოროტმოქმედობას. მაგრამ განა ვინმე იტყვის ამის გამო ეს პუნქტი მიუღებელია, რომ ბოროტმომქმედნი თავისუფლდებიან ჯარის სამსახურიდან და ამიტომ ავადმყოფები უნდა წავიყვანოთო. მე მგონია არც ერთი ჭკუაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის ამის გამო, რომ კუტები, მუნჯები და სხვა და სხვა სნეულების მქონე ადამიანები დაუდოთ ურემზე და წავიყვანოთ ჯარის ნაწილებშიო. ბოროტმოქმედობა უკვე დაიწყო, ბრძანებს ბ. სურგულაძე. ეს ბოროტმოქმედობა დაიწყო იმ ნიადაგზე, რომ ბ. მინისტრმა წინდაწინ გასცა ბრძანება ჯარიდან დროებით გაენთავისუფლებიათ, დაეთხოვნათ ის პირები, რომელნიც ეხლა მსახურობენ ჯარში, მაგრამ შეადგენენ ერთად ერთ მუშას ოჯახში. ეს შეიძლება ეხლა მოხდა, მაგრამ მოხდა იმიტომ, რომ ჯერჯერობით იმ ნაწილების უფროსებს და თვითმართველობას რომელთაც ეს ნება მიეცათ, არ აქვს არავითარი დირექტივები, არავითარი სახელმძღვანელო, რითაც უნდა გადასწყვიტონ ერთად ერთი მარჩენალის ანდა გასანთავისუფლებელის ვინაობა, და ამიტომ შეიძლება მათ ვერ გამოირკვიეს თავის დროზე ეს. როდესაც ამ კანონ-პროექტს კანონათ ვაქცევთ და სახელმძღვანელოდ მივცემთ, იმათ ექნებათ უკვე სახელმძღვანელო და ამისდაგვარად ისევე მოიქცევიან.

მერე ბატონ სურგულაძეს ძნელად მიაჩნია, საძნელო გამოსარკვევად მიაჩნია ის, რო ვერ გავიგებ ვინ არის ეკონომიურად უზრუნველყოფილი. მე მგონია ის დაწესებულება, რომელსაც ეს აქვს მინდობილი, და მინდობილი ამ კანონ-პროექტის ძალით, ამისი გარკვევა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობებს, - მათ არ გაუჭირდებათ იმის გამორკვევა, თუ ვინ არის ეკონომიურად უზრუნველყოფილნი. აქ იგულისხმება თავის თავად ის, ვინც იმდენად უზრუნველყოფილი არის, რომ შრომა არ სჭირია. არის ისეთი შემთხვევა, რომ ერთად ერთი შვილი ჰყავს ადამიანს, ის არის მარჩენელი თეორეთიულად, მაგრამ პრაქტიკულად კი არაფერს არ აკეთებს, რადგანაც აქვს შესანახი, და არც მამა მისი მუშაობს და არც შვილი. ამისთანებს კანონი არ სტოვებს სახლში. სამსახურის ვადა ცოტა იქნებაო, და თან ახლო იქნებიან სახლზეო, მაგრამ ეს მოსაზრება, რომელიც აქ მოიყვანა ბ. სურგულაძემ, მისაღები არ არის. მე მგონია 10 ვერსზედ იქნება სახლზედ დაშორებული თუ 100 ვერსსზე, ის სახლში ვერ იმუშავებს. ჩვენ გვინდა, რომ ის ჯარში იყოს და ჯარში მსახურობდეს. თუ ჯარიდან წავიდა და სახლში მუშაობს, - მაშინ გაუშვით ყველა ესეთი პირნი, მაშინ ტანისამოსი, რატომ უნდა მივცეთ ან ულუფა რატომ უნდა დაუნიშნოთ.

რაც შეეხება იმას, რომ ეს უპირატესობა არ უნდა მივცეთ, სამხედრო მინისტრმა უკვე უპასუხა, რომ უპირატესობა კი არ არის, ეს სამართლიანობა არის.

და იმის თქმა, რომ თითონ სამართლიანობის დასაცავად არის საჭირო, რომ ხალხში ერთგვარი დემორალიზაცია არ იყოს შეტანილი, - ზედმეტი არის, ვინაიდან ხალხმა თითონ რამდენჯერმე, სხვა და სხვა ადგილებში მიტინგებზე, დადგენილება გამოიტანა, რომ ეს უსამართლობა მოსპეთო. ესე იგი, უსამართლოდ სთვლის არა იმას, რომ არ მიჰყავთ, არამედ იმას, რომ მიჰყავთ ერთად ერთი მარჩენალი. და ხალხი განა სხვა კითხვებშიაც ესე არ იქცევა?

ავიღოთ გადასახადები. თითონ ისინი არიან თანახმანი, რომ ღარიბებმა არ გადიხადონ ბევრი, და ზედმეტს თითონ იხდიან. თავის თავად ცხადია, რომ ესე იქცევა ხალხი აქაც. როცა ხედავს, რომ ოჯახი ინგრევა, ცოლშვილი, მოხუცებული დედ-მამა შიმშილს განიცდის, ისინი ამბობენ - ეს უსამართლობა არისო, იკრიბებიან და დადგენილება გამოაქვთ, რომ გასწორებული იყოს ეს უსამართლობა. აი ასეთი არის მდგომარეობა. ეს არის დედა აზრი ამ პროექტისა და მე სამხედრო კომისიის სახელით წინადადებას ვიძლევი მიიღოთ ეს კანონ-პროექტი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია თანახმად რეგლამენტისა, განხილვა მოხდება მომავალ კრებაზე, 7 დღის შემდეგ.

სახელმწიფო კონტროლიორის არჩევანის შედეგი.

თავმჯდომარე. სანამ შემდეგ კანონ-პროექტის განხილვაზე გადავალთ, მოგახსენებთ შედეგს კენჭის ყრისას.

სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე დასახელებული ფილიპე გოგიჩაიშვილი ამორჩეულია შემდეგ ხმებით: მონაწილეობა მიიღო 66 კაცმა, აქედან 61 ბარათი არის მომხრესი.

წინააღმდეგ მისცა ხმა 2-მა.

1 თავი შეიკავა.

2 აღმოჩნდა ცარიელი.

ამგვარად სახელმწიფო კონტროლიორად არჩეულია ფილიპე გოგიჩაიშვილი.

შემდეგი, - ქვეშევრდომობის კანონი. მომხსენებელია კრების წევრი საყვარელიძე.

მოქალაქეობის კანონ-პროექტი.

პავლე საყვარელიძე. ბატონებო, დამფუძნებელ კრების საკონსტიტუციო კომისიამ მოქალაქეობის შესახებ შემოიტანა ახალი მთლიანი კანონ-პროექტი თანახმად დამფუძნებელ კრების სურვილისა, რომელიც გამოითქვა ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე.

კანონ-პროექტი არის მთლიანი იმ აზრით, რომ იქ არის გადმოტანილი ყველა ის არსებითი მუხლები, რომელიც იყო მიღებული პირველ კანონით, იმ კანონით, რომელიც მიიღო ეროვნულმა საბჭომ.

ამ მხრივ ამ კანონში არის ყველა ის ძირითადი დებულებები, რომელიც არსებითად შეეხებიან მოქალაქეობას და რომელიც შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად საკონსტიტუციო კანონებში. ამ აზრით ეს კანონი არის მთლიანი. საზოგადოთ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს საკითხი რთული საკითხია, იურიდიულ მეცნიერებაში მოქალაქეობის საკითხი. ხალხი აუცილებელია სახელმწიფოსთვის, ეს თავისთავად ცხადია, სახელმწიფო ემყარება ხალხს, ისე როგორც ტერიტორიას. ასე რომ უხალხოდ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სახელმწიფო. ხალხი კი, - ეს შემკრებლობაა მოქალაქეთა, ანუ ქვეშევრდომთა. ხალხი სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით, არის კრებული ქვეშევრდომებისა, კრებული მოქალაქეებისა. ამიტომ მოქალაქეობის საკითხი არის ერთი უდიდეს საკითხთაგანი. რას შეიცავს მოქალაქეობა?

შინაარსი მოქალაქეობისა შეიცავს ერთის მხრით უფლებას, უფლებათა მთელ რიგს, მეორეს მხრივ მოვალეობათა მთელ რიგს ამავე მოქალაქისას. მაშასადამე, მოქალაქე არის აღჭურვილი განსაზღვრული უფლებებით და მოქალაქეს აქვს განსაზღვრული მოვალეობა სახელმწიფოს მიმართ. მოქალაქე არის ვალდებული შეასრულოს სახელმწიფოს წინაშე მთელი რიგი მოვალეობისა და ამავე დროს მოქალაქე არის აღჭურვილი უფლებებით სახელმწიფოს მიმართ.

რა არის მოვალეობა მოქალაქისა? მოვალეობა მოქალაქისა მდგომარეობს იმაში, რომ ის ემორჩილება სახელმწიფოს, ვალდებულია დაემორჩილოს და ამავე დროს ვალდებულია ერთგული იყოს სახელმწიფოსი. ეს არის ძირითადი არსებითი მოვალეობა მოქალაქისა. მას არ შეუძლია არ დაემორჩილოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს ძირითად ძალა-უფლებას, მის სუვერენობას. მეორეს მხრივ მოქალაქეს აქვს უფლებაც. მარტო მოვალეობა არ არის მოქალაქისთვის, ის არის და აღჭურვილი უნდა იყოს უფლებითაც. მას აქვს უფლება თავისუფლად ლაპარაკისა, მოქმედების და სხვ. გარდა ამისა მას აქვს პოლიტიკური უფლებები, იმისთანა უფლებები, რომლითაც მოქალაქენი სარგებლობენ. ჩვენ ავირჩევთ, მაგალითად, ადგილობრივ თვითმართველობაში, ვირჩევთ საკანონმდებლო დაწესებულებაში და სხვა. ამ გვარია არსებითი მცნება მოქალაქეობისა.

თქვენ კარგად იცით, რომ დღევანდელ განვითარების საფეხურზე სახელმწიფოები ცალ-ცალკე არსებობენ. შეიძლება მოვესწროთ იმ დროს, როდესაც სახელმწიფოები გაერთიანდებიან, შეიძლება კაცობრიობა მოესწროს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოები ცალ-ცალკე აღარ იქნებიან. როდესაც ერთი საერთაშორისო, რაღაც საკანონმდებლო ორგანო შეიქმნება. და მაშინ შეიძლება თვითონ მცნება ქვეშევრდომობისა შეიცვალოს. ეს შეიძლება, მაგრამ, ეს შორის არის ჩვენგან. დღევანდელ დღეს კი სახელმწიფონი არსებობენ ცალ-ცალკე და სხვა და სხვა განვითარების საფეხურზე სდგანან. ამიტომ მოქალაქეობის საკითხი დღეს წყდება სახელმწიფოებრივ, ნაციონალურ საზღვრებში. ყველა სახელმწიფოს თავისი საკუთარი კანონი აქვს თავისი მოქალაქეობისა.

არის რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც ხელშეკრულებას დებენ ურთიერთ შორის მოქალაქეობის შესახებ. მაგალითად შვეიცარია და საფრანგეთი სდებენ ხელშეკრულებას, რომ დაახლოვებით ერთგვარი კანონმდებლობა იყოს. ნაკარნახევია ეს იმ მოსაზრებით, რომ კონფლიქტი არ მოხდეს ამ ორ სახელმწიფოს შუა. მაგალითად არის სხვა სახელმწიფოები. დავასახელებ გერმანიას და შეერთებულ შტატებს და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთ. გერმანია და სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკების შორის არის ერთგვარი ხელშეკრულება, რომლის ძალით მაგალითად, გერმანელი, როდესაც გადავა ამ სახელმწიფოებში და განსაკუთრებულ დროს განმავლობაში იცხოვრებს იქ, ხდება lo ipso იქაურ სახელმწიფოს მოქალაქე. ამავე დროს, იქაურ სახელმწიფოს მოქალაქე, თუ გადმოვა გერმანიაში განსაზღვრულ ვადის განმავლობაში, ხდება თავის თავად გერმანიის მოქალაქე. ნატურალიზაციის წესი არ არის საჭირო, ამ გვარი ხელშეკრულებანი არის. მაგრამ, უდიდეს შემთხვევაში, სხვა და სხვა კანონმდებლობაა, და არავითარი შეთანხმება არ არის მოქალაქეობის შესახებ. აქედან იბადება უდიდესი საკითხი საერთაშორისო კერძო უფლების. ეს გახლავთ უფლებათა კოლიზია, უფლებათა შეტაკება. ძალაუნებურად შეტაკება ხდება, როდესაც უფლების გამომცემელი ერთი და იგივე არაა. მაგალითად, საქართველოში უფლებას სცემს დამფუძნებელი კრება. ეს არის უაღრესი წყარო უფლებისა. სხვაგან, მაგალითად რუსეთში, აზერბაიჯანში სხვა უფლების წყაროა. ამნაირად, შესაძლებელია იქ სხვანაირი კანონი მიიღონ და ჩვენი კანონი დაეტაკოს იმ კანონს. ამგვარად ხდება ერთგვარი კოლიზია უფლებათა. დიდი ცდა არის, რომ ეს კოლიზია არ გახდეს, არ იყოს წინააღმდეგობა. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს უნაყოფოა. თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმ ორიოდე შემთხვევას, რომელზედაც მე მიგითითეთ. (თავმჯდომარის ალაგს იჭერს ალ. ლომთათიძე).

რაში არის ეს კოლიზია? აი რაში არის. საზოგადოთ კითხვას მოქალაქეობისას აქვს ორი დასაწყისი, ორი პრინციპი.

ერთი პრინციპია, პრინციპი სისხლისა, შთამომავლობისა, პრინციპი წარმოშობისა; და მეორე - პრინციპი ტერიტორიალური. ვთქვათ ჩვენის ფიქრით საქართველოს მოქალაქის შვილი სადაც უნდა დაიბადოს ის, - არის საქართველოს მოქალაქე. ეს არის სისხლის პრინციპი. მაგალითად საფრანგეთში ცხოვრობს ქართველი, ის არის ჩვენი მოქალაქე, მისი შვილი ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მეორე პრინციპი სულ სხვა არის. ავიღოთ, საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოში ცხოვრობს, მას იქ შვილი დაებადა, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს მოქალაქედ. ეს ორი პრინციპი უპირდაპირდება ერთმანეთს. ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს სისხლის, შთამომავლობის პრინციპი, ეს არის გერმანულ უფლების ქვეყნები. მაგრამ სხვა სახელმწიფოში არ იზიარებენ, და აღიარებენ ტერიტორიალურ პრინციპსა. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკები ჩილი, ბრაზილია და სხ. აგრეთვე დანია - ისინი აგებენ მოქალაქეობას და ქვეშევრდომობას ტერიტორიალურ პრინციპზე. დანიის მოქალაქეს ჩვენში შვილი რომ დაებადოს, ის იქნება დანიის კანონის ძალით საქართველოს მოქალაქე.

მაგრამ არის მესამე რიგი სახელმწიფოებისა, რომელიც აერთიანებენ ამ ორ პრინციპს, ეს არის მესამე შერეული პრინციპი, მაგალითად საფრანგეთი. საზოგადოდ ლათინური სახელმწიფოები ტერიტორიის პრინციპს აღიარებდენ, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდნენ ქედი მოეხარათ შთამომავლობითი პრინციპის წინაშე და შერეული სისტემა, შერეული პრინციპი ეღიარებიათ.

ჩვენი ქვეშევრდომობის კანონი უაღრესად ხაზს უსვამს პირველ პრინციპს. იგი უფრო სისხლის და შთამომავლობის პრინციპს აძლევს უპირატესობას. მაგრამ ტერიტორიალურ პრინციპსაც არ უარვყოფთ სავსებით. ჭეშმარიტებაა, რომ გერმანიის კანონმდებლობა უაღრესად დაწინაურებული და პროგრესიულია, აქ შთამომავლობის პრინციპს უპირატესობას აძლევენ მეორე პრინციპზე, ტერიტორიის პრინციპზე. გერმანიის პრინციპი ლაპარაკობს, რომ მოქალაქე და მისი შვილი, სადაც უნდა დაიბადოს ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, საიდანაც გამოსული არის. ამ პრინციპს აქვს უპირატესობა, საკონსტიტუციო კომისიამ უპირველესად ყოვლისა მიაქცია ყურადღება ამ პრინციპს. საქართველოს მოქალაქის შვილი, ვამბობთ ჩვენ, სადაც უნდა დაიბადოს, აქ თუ საზღვარ-გარეთ, საქართველოს მოქალაქე მამისაგან შობილი არის საქართველოს მოქალაქე.

მოქალაქეობას აქვს ორი მხარე: ერთი ის, როდესაც იბადება მოქალაქეობა, მეორე ის, როდესაც იკარგება ეს მოქალაქეობა.

პირველ ყოვლისა დაბადებით მოიპოვება მოქალაქეობა, მეორე ქორწინებით. მაგალითად საქართველოს მოქალაქე ითხოვს უცხო სახელმწიფოს ქალს ცოლად, მისი ცოლი ხდება საქართველოს მოქალაქეთ. შემდეგ ნატურალიზაციით, შვილებით. მაგ. იშვილებ უცხო ტომის ბავშვს, რომელიც ხდება ჩვენი მოქალაქე. როგორ იკარგება მოქალაქეობა? იკარგება იგი ნატურალიზაციით სხვა სახელმწიფოში, ქორწინებით და სხვ.

აქ საინტერესო არის დაპირისპირება ჩვენი მოქალაქისა და უცხოელისა. რა განსხვავებაა მათ შორის? ზოგიერთნი, განსაკუთრებით ესერები, კრიტიკას უკეთებენ ჩვენს კანონს. ყველას უნდა მივცეთ უფლებაო, უნდა გავათანასწოროთო. ჩვენ კი ვზღუდავთ, კედელს ვაშენებთ, ვარჩევთ - ეს უცხოელია, ეს ჩვენი მოქალაქეაო და სხ. ეს დიდი სერიოზული საკითხია და ესე გადაწყვეტა მისი, რომ ყველა ადამიანები ვართ და თანასწორი უფლება მივცეთ ყველას, რაკი აქ არიან უნდა მიიღონ მონაწილეობა ყველამ თანასწორათო - შეუძლებელია, ეს იქნება დარღვევა ყოველივე სახელმწიფოებრიობისა და ეს ჩვენ არ შეგვიძლიან.

რატომ ვართ წინააღმდეგი, რომ უცხოელს ჰქონდეს ისეთივე უფლება, როგორიც აქვს ჩვენს მოქალაქეს? ჩვენ ვამბობთ, რომ მივცეთ ასეთი უფლებები უცხოელთ, რომელნიც შემოვლენ აქ საქართველოში - უფლება პოლიტიკური, შესაძლებელია სახელმწიფოში სრული არევ-დარევა მოხდეს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა რუსეთიდან ჩამოსულთ, ყველა გერმანელს, ან ინგლისელებს, რომელნიც არიან აქ, ყველას მივცეთ უფლება, რომ ჩვენ საქმეში, ჩვენს კანონმდებლობაში მონაწილეობა მიიღონ, როგორც ჩვენ მკვიდრთ, ადგილობრივ მცხოვრებთ, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია მათ იმუშაონ და იკანონმდებლონ აქ, სანამ მოქალაქენი არ გამხდარან.

რაც შეეხება მოქალქობრივ უფლებებს, ამ სფეროში ჩვენ მათ ვათანასწორებთ. ხოლო პოლიტიკურ უფლებით სარგებლობისთვის მოქალაქედ გახდომაა საჭირო. ეს კი უცხოელს შეუძლია ნატურალიზაციით. საჭიროა ერთგვარი სტაჟის გავლა, რომლის შემდეგ უცხოელი მოიპოვებს ჩვენ მოქალაქეობას.

ქალის და კაცის უფლებებზე მსჯელობენ აქ. წარსულ კრებაზე, როგორც მახსოვს, ესერებმა განაცხადეს ქალის შესახებ, ვითომ ჩვენი აზრით ქალი ნივთი იყოს, უცხოელზე გათხოვებისას როგორ შეიძლება დაკარგოს ჩვენი მოქალაქეობაო. ეს ბატონებო, ჩვენი მოგონილი კი არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა მომხრენი ვართ თანაწორ უფლებებისა, მაგრამ შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ უცხოეთში გათხოვილი ქალი შორდება თავის პირვანდელ სამშობლოს და კარგავს ფაქტიურად თავის პირვანდელ მოქალაქეობას. ჩვენი მოქალაქე ქალი, რომ გათხოვდეს საფრანგეთში, პარიზში, რუსეთში დასტოვებს თუ არა ის ფაქტიურად ჩვენს მოქალაქეობას? თავისთავად ცხადია, დასტოვებს. თუ ჩვენ დავავალებთ მას, რომ უთუოდ საქართველოს მოქალაქედ დარჩეს, ეს განუხორციელებელი და უაზრო დავალება იქნება. ის მოჰყვება ქმარს, მას აქვს ერთგვარი ოჯახური ურთიერთობა ქმართან, აქედან იბადება მრავალი ვადებულობა, მოვალეობა, უფლება-მემკვიდრეობა, მოკლედ საოჯახო უფლებები და ვალდებულებები, ყველა ეს ძალაუნებურად ბოჭავს მას. ძალიან იშვიათი იქნება, რომ ჩვენმა მოქალაქე ქალმა, უცხოელის ცოლმა, მოითხოვოს - „არ მინდა ქმრის ქვეშევრდომობა, მინდა დავრჩე პირვანდელ ქვეშევრდომობაშიო“. ეს იშვიათი მოვლენა არის და როცა ეს ხდება, ხდება ყოველთვის ან განქორწინების, ან დაქვრივების შემდეგ. მაშინ მას შეუძლია დაუბრუნდეს პირვანდელ ქვეშევრდომობას. საერთოდ უმეტეს შემთხვევაში ქალი იძენს ქმრის ქვეშევრდომობას, მოქალაქეობას.

საქართველოში როგორი მდგომარეობა იყო? საქართველო არ იყო გუშინ სახელმწიფო, ის ხელმეორედ გაჩნდა დღეს, გამოაცხადა თავის თავი სახელმწიფოდ 26 მაისს. მაშასადამე მას, როგორც სახელმწიფოს, ჰქონდა ორი მოვალეობა ამ საკითხში. ერთის მხრივ უნდა მოენახა სახელმწიფოებრივი საფუძველი მოქალაქეობისა, მეორეს მხრივ ჩვეულებრივი წესი ეგრედწოდებულ მოქალაქეობის მოპოებისა და შეძენისა დაეკანონებინა. პირველი მან შეასრულა პირველი კანონით ეროვნულ საბჭოში. ახლა ჩვენ ამას ვავსებთ მეორე ჩვეულებრივი, მოქალაქეობის ჩვეულებრივი მიღების, მოპოების და დაკარგვის წესებით. პირველი კანონი რას ამბობს ამის შესახებ თქვენ კარგად გახსოვთ.

პირველი კანონი ამბობს, რომ ყველა მოქალაქე, ყველა მკვიდრი საქართველოს რესპუბლიკისა, არის საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ მკვიდრი გვესმოდა და ეხლაც გვესმის მცხოვრები, განსაკუთრებით მიწერილნი ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ერთეულზე 19 ივნისამდე 1914 წლისა. უმეტესობა მთელი საქართველოს მოქალაქეებისა ამ კანონით ამოიწურება. ამ კანონის ფარგლებში არიან. მაგრამ ბატონებო, ამ კანონის გარეშე დარჩა კიდევ ერთგვარი კატეგორიები ხალხისა, ქართველნი და არა-ქართველნი, რომელნიც საქართველოს მოქალაქეთ ჩაითვლებიან თუ კანონი ამას გამოაცხადებს. აი ასეთი ქართველნი, ასეთი არა-ქართველნი არიან და ჩვენ ვამბობთ: ყველა არა ქართველნი, ქვეშევრდომნი ყოფილ რუსეთის იმპერიისა, რომელნიც 19 ივნისს 1914 წლამდე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სცხოვრობდნენ საქართველოში - ჩაირიცხებიან საქართველოს მოქალაქეთ, თუ 3 თვის განმავლობაში იმ კანონის გამოცხადების შემდეგ განაცხადებს, რომ მას სურს საქართველოს მოქალაქეობა.

იბადება საკითხი, რატომ არის 1914 წელიწადი აღებული. ეს ომის დატა არის; ომის შემდეგ მოხდა დიდი გადატრიალება, ხალხის გადასვლა-გადმოსვლა, გადასახლებ-გადმოსახლება. ლტოლვილნი ბევრი გადმოსახლდნენ, ამან არივ-დარია საქმე, ამიტომ განისაზღვრა ეს ომით. ომამდე შედარებით ნორმალური მდგომარეობა იყო. ამ ნორმალურ მდგომარეობაში თუ სცხოვრობდა ვინმე განუწყვეტლივ 3 წლის განმავლობაში ე.ი. 1912 წლიდან, ის არის საქართველოს მოქალაქე თუ განაცხადა, რომ მას სურს ეს. გარდა ამისა იბადება საკითხი, 1914 წლის შემდეგ შეიძლება დაბინავდა ვინმე აქ ქვეშევრდომი ყოფილი რუსეთისა. რა ვქნათ ამ შემთხვევაში? უარვყოთ მათი სურვილი, რომ გახდნენ ჩვენი მოქალაქენი? ჩვენ ვამბობთ, - ყველა ქვეშევრდომი ყოფილ რუსეთის იმპერიისა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: საქართველოში სცხოვრობს 3 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე შეუძენია უძრავი ქონება, ან და სცხოვრობს თავისი შრომით და იმავე დროს 3 თვის განმავლობაში განაცხადებს, რომ მას სურს საქართველოს მოქალაქეობა - ასეთი ყოფილი რუსეთის ქვეშევრდომი გახდება ჩვენი მოქალაქე.

ერთი კატეგორიაა ის, რომელსაც 1914 წლამდე 3 წელიწადი უნდა ეცხოვრა, მეორე კატეგორიას შეიძლება შემდეგაც ეცხოვრა, მაგრამ აქ ცოტათი გაძნელებულია მიღების პირობები.

მესამე კატეგორია შეეხება ქართველებს, რომელთაც სურთ ჩვენი მოქალაქეობა, მაგრამ პირველ მუხლის კანონის ძალით არ არიან მიწერილნი. მათზე ჩვენ ვამბობთ: - ქართველები, ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომნი, სადაც უნდა იყვნენ ისინი სულ ერთია, ამ პირობების გარეშეც იქმნებიან მიღებულნი საქართველოს მოქალაქედ, მხოლოდ ეს სურვილი მათ უნდა გამოუცხადონ სამი თვის განმავლობაში, თუ რუსეთში არიან მახლობელ კონსულს და თუ საქართველოში - მომრიგებელ მოსამართლეს. აქ ერთი საკითხი იბადება: განცხადება ვის უნდა მისცენ მაგალითად ყოფილ რუსეთის ქვეშევრდომებმა, რომელნიც მოისურვებენ საქართველოს მოქალაქეობას? ამის შესახებ ჩვენ ვლაპარაკობთ: საუმჯობესოა განცხადების პირობების შესახებ დოკუმენტები წარედგინოს მომრიგებელ მოსამართლეს. მომრიგებელი მოსამართლე განიხილავს ფორმალურ მხრივ და თუ ის აკმაყოფილებს განსაზღვრულ პირობებს, - მისცემს მოწმობას, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე. აი ეს არის ყველა ის მუხლები, რომელიც შეეხება არა-ჩვეულებრივ, არა-ნორმალურ წესებს.

მაგრამ მეორეს მხრივ კანონ-პროექტი შეეხება საზოგადოდ იმას, თუ როგორ შეიძინება საქართველოს მოქალაქეობა და როგორ დაიკარგება ის. მოქალაქეობა შეიძინება დაბადებით. ჩვენ ვამბობთ: შობილი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე მამისაგან, როგორც საქართველოში ისე საქართველოს გარეთ, არის საქართველოს მოქალაქე. ეს არის სისხლის ანუ შთამომავლობის პრინციპი. ჩვენი მოქალაქის შვილი, სადაც უნდა დაიბადოს, აგრეთვე ცოლი ან ქვრივი საქართველოს მოქალაქისა არის ჩვენი მოქალაქე. შემდეგ ქორწინების გარეშე დაბადებული საქართველოს მოქალაქისგან არის საქართველოს მოქალაქე. დედა თუ არის საქართველოს მოქალაქე, მისი შვილი, ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე შობილი არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე. შემდეგ ჩვენ შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს მოქალაქე ქალი გათხოვდა უცხოეთში, მაგრამ ქმარი გარდაიცვალა და ის დაბრუნდა ისევ სამშობლოში, მოინდომა დაბრუნებისას აღდგენა თავის პირვანდელი მოქალაქეობისა. მას უნდა მიეცეს უფლება მოქალაქეობისა. გარდა ამისა ჩვენ ვამბობთ: ჩვენი მოქალაქე უცხოეთში გათხოვილი ქალის მისი უწლოვანო შვილები, განქორწინების თუ დაქვრივების შემდეგ, ჩვენ მოქალაქეთ ჩაირიცხებიან თუ ისინი ერთი წლის განმავლობაში დასრულწლოვანების შემდეგ არ განაცხადებენ, რომ ისინი შეინარჩუნებენ მამის ქვეშევრდომობას. აქ არის ტერიტორიალური პრინციპის შემოღება, მხოლოდ შეზღუდვით.

გარდა ამისა არის ეგრედ წოდებული ნატურალიზაცია უცხოეთის ქვეშევრდომისა, ანდა უქვეშევრდომოსი. ისინი შეიძენენ, მოიპოვებენ მოქალაქეობას ნატურალიზაციის წესით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე, უცხო ქვეშევრდომი, ანდა უქვეშევრდომო, თუ იმას ორი წლის განმავლობაში უცხოვრია ჩვენს ტერიტორიაზე განუწყვეტლივ, აღძრავს შუამდგომლობას, რომ მიიღოს ქვეშევრდომობა საქართველოში. ამ შუამდგომლობის შემდეგ გადის ორი წელიწადი და ამის შემდეგ მას მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი მავნე პირი არ არის სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის. საერთოდ სამი წელიწადი გამოდის ნატურალიზაციისთვის.

ვინ ანიჭებს მას? სხვა და სხვა სახელმწიფოებში სხვა და სხვა აზრია, სხვა და სხვა წესია ამის შესახებ. ბევრგან პარლამენტი სწყვეტს ამ საკითხს ნატურალიზაციისას. ბევრგან აღმასრულებელი ძალა-უფლებით აღჭურვილი ორგანო, მთავრობა, ან პრეზიდენტი ადგენს ამას. ჩვენ ვღებულობთ სხვა სისტემას. ჩვენის აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობა ღებულობს თხოვნებს მოქალაქის ნატურალიზაციის შესახებ. იგივე თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭო სწყვეტს საკითხს ნატურალიზაციისას, უცხო მოქალაქის ჩვენ მოქალაქედ გადაქცევისას. გარდა ამისა ჩვენ ვიცით, რომ არის უცხო ქვეშევრდომი ქართველი, არა რუსეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომი, მოქალაქე სხვა რომელიმე სახელმწიფოსი. ასეთებისთვის ჩვენ ერთგვარ გამონაკლისს ვაკეთებთ. როცა ასეთი ქართველი მოისურვებს საქართველოს ქვეშევრდომობას, ჩვენ შეიძლება არ მივიღოთ ნატურალიზაციის ყველა პირობა, ვადის აღუნიშვნელად შეგვიძლიან მივიღოთ, თუ განაცხადებს, რომ მას სურს საქართველოს მოქალაქეობა. სპარსეთში ან სხვა რომელიმე სახელმწიფოში არის ქართველი ქვეშევრდომი ამ უცხო სახელმწიფოსი, მან გამოაცხადა - მინდა საქართველოს ქვეშევრდომობაო, ჩვენ ვაცხადებთ, რომ შეიძლება ასეთი ქართველისთვის ვადა არ მივიღოთ მხედველობაში, ან შევამციროთ. ეს ერთი.

მეორე. შეგვიძლია განსაკუთრებული პირობები მივიღოთ ისეთი პირებისთვის, რომელთაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე. ასეთი ღვაწლით მოსილი პირი, უცხოელი, შეიძლება მივიღოთ აქ ვადის მოუთხოვნელად ან მისი შემცირებით.

ამგვარია მოქალაქეობის მოპოვება.

რაც შეეხება მოქალაქეობის დაკარგვას, ეს აქ უფრო მოკლედ არის აღნიშნული. უპირველეს ყოვლისა ჰკარგავს ჩვენ საქართველოს მოქალაქეობას ის, ვინც ნატურალიზაციის წესით მოიპოვებს მოქალაქეობას უცხო სახელმწიფოში. მაგალითად თუ ჩვენმა მოქალაქემ მოიპოვა, ვსთქვათ საფრანგეთში, ან აზერბაიჯანში, ან სომხეთში მოქალაქეობა, ის ამით ჰკარგავს ჩვენს მოქალაქეობას. არის მეორე წესი მოქალაქეობის დაკარგვისა. ეს გახლავთ გათხოვება მოქალაქე ქალისა უცხოეთში და უცხოელზე. იგი ჰკარგავს ჩვენ მოქალაქეობას. მაგრამ აქ ერთს კომპრომისს ვაკეთებთ, ვუშვებთ პატარა გამონაკლისს იმის გამო, რომ ასეთ ქალს უფლება ეძლევა სურვილი განაცხადოს საქართველოს მოქალაქედ დარჩენისა. აქ შეიძლება დაიბადოს კონფლიქტი იმ სახელმწიფოსთან, რომლის მოქალაქესაც მისთხოვდა ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქე ქალი. შეიძლება ეს სახელმწიფო სულ სხვა კანონმდებლობას ადგია. შეიძლება მან სთქვას: რაკი იგი ჩვენი მოქალაქის ცოლია, მაშასადამე ჩვენ მოქალაქედ უნდა გახდესო. ასეთი კონფლიქტი შეიძლება, მაგრამ ამის გამოსწორებას ჩვენ ვანდობთ თვითონ ქალის ნებას. ეს ქალმა უნდა გადასწყვიტოს. თუ შეიძლება გათხოვდეს უცხოელზე და ამავე დროს დარჩეს ჩვენ მოქალაქედ, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. თუ უცხო სახელმწიფოს კანონის ძალით ქალს შეუძლია იყოს უცხოელ მოქალაქის ცოლი და იმავე დროს იყოს ჩვენი მოქალაქე, თავისთავად ცხადია, კონფლიქტი აღარ იქნება. გარდა ამისა ჰკარგავს მოქალაქეობას ის, ვინც უცხო სახელმწიფოს სამსახურში ჩაირიცხება მთავრობის დაუკითხავად. ასეთი პირნი ჩვენ მოქალაქეებად ვერ იქნებიან. ამგვარად არის აღნიშნული მოქალაქეობის მოპოვების წესი ერთი მხრით და მეორეს მხრით დაკარგვის წესი. ამ მოკლე შესავალის შემდეგ ნება მიბოძეთ წავიკითხო კანონი მოქალაქეობისა. როგორც გითხარით, აქ გადმოტანილია ყველა ის მუხლები, რომელიც აღნიშნული იყო პირველ კანონში ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებულში.

აქ კიდევ გამორჩა ორი რამ. ერთი ის, რომ ორი მოქალაქეობა აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით. ის მოქალაქე, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე არის, ჩვენი ქვეშევრდომი ვერ იქნება. ჩვენ ის გვაინტერესებს, რომ უცხო ქვეშევრდომი არ იყოს ჩვენი ქვეშევრდომი. ეს დაბადებს დიდ უხერხულობას, დიდ საშიშროებას, შეიძლება სახელმწიფური საიდუმლოება წაიღოს აქედან, შეიძლება ჩვენი უფლებით ისარგებლოს და არავითარი მოვალეობა არ შეასრულოს. მეორეს მხრივ, როგორც წინედ მოგახსენეთ, პოლიტიკური უფლება აქვს მხოლოდ მოქალაქეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ივანე გობეჩიას.

ივანე გობეჩია. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

სოციალისტებს, რომლებიც შეადგენენ დამფუძნებელ კრების დიდ უმრავლესობას, არ უნდა სჭირდებოდეს თავის მტვრევა მოქალაქეობის საკითხის განხილვის დროს, მაგრამ სავალალოც ის არის, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით თავიდან ამ საკითხის გადაწყვეტაში. მართალია, ისტორია ჩვენ მრავალ მაგალითებს გვაძლევს იმისას, თუ როგორ იქცეოდა ამა თუ იმ დროს მთავრობა სხვა და სხვა სახელმწიფოებში, რომელთა ფარგლებში რამოდენიმე ერი მოსახლეობდა: ასეთ შემთხვევაში მთავრობა ხან ერთს ეყრდნობიდა, ხან მეორეს, ერთი მეორეზე გადააკიდებდა და თვითონ კი ყოველთვის ბატონობდა, მაგრამ, მე მგონი, რომ რევოლიუციურ ცეცხლის ალში შობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი დამფუძნებელი კრება ვერ იხელმძღვანელებს და არც უნდა იხელმძღვანელოს ისტორიის ასეთი მაგალითებით. მე უნდა განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ ამ კანონ-პროექტს შედარებით იმ კანონთან, რომელიც ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებული იყო 1918 წლის 16 ივლისს, დიდი პროგრესი ემჩნევა, მაგრამ ეს კანონ-პროექტი სავსებით ჩვენ მაინც ვერ გვაკმაყოფილებს.

ჩვენს ფრაქციას პირდაპირ მიუღებლათ მიაჩნია მთელი პირველი ნაწილი ამ კანონ-პროექტისა. ას წელზე მეტია, რაც საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - საქართველოში, დასახლდენ სხვა და სხვა ერების შვილები. ქართველი ერის დემოკრატია მუდამ ძმურათ სცხოვრობდა სხვა ერის დემოკრატიასთან, რადგან მათ სადაო და გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. ამ მოვლენას წინათ თითქმის ყოველი სოციალისტური პარტია, რომელიც მოქმედებდა საქართველოში, ხაზგასმით აღნიშნავდა ხოლმე და საქვეყნოთ აცხადებდა, რომ ის ერთნაირად იცავს საქართველოში მობინადრე ყველა ერის მშრომელთა ინტერესებს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ-კი ზოგიერთ სოციალისტურ პარტიებმა თავის ძველ სოციალისტურ ტრადიციებს უღალატეს და თავიანთი ინტერნაციონალური დროშა შესცვალეს ნაციონალისტური დროშით. რასაკვირველია, ამას თავის მიზეზები აქვს. მაგრამ ეხლა ამაზე არ ღირს ლაპარაკი. მე მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიამ სავსებით შეითვისა ბუნება ნაციონალური პარტიების, რომელიც ქვეყნის და ხალხის ხსნას და შველას ერთა სოლიდარობაში კი არ ეძებენ, არამედ ისეთ პირობების შექმნაში, რომლებიც ერთა შორის შუღლსა და მტრობას ნიადაგს უმზადებენ. ამ ჩემს აზრს სავსებით ადასტურებს პირველი ნაწილი მოქალაქეობის კანონ-პროექტისა, რომლითაც ერთგვარი პრივილეგია ენიჭება იმ ერს, რომელიც უმრავლესობას შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე (გვაზავა: სად არის ეს პრივილეგია?) (არსენიძე: ეს პრივილეგია კი არ არის, მოვალეობაა). მე არ მესმის, რომელი უფლებით შეგვიძლია ვისარგებლოთ და ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ჩვენ, რესპუბლიკის დაარსებისთანავე, ჩვენს ტერიტორიაზე მოსახლე ერებს ვყობთ სხვა და სხვა კატეგორიებათ და ერთს ერს სხვა ერებთან შედარებით ვანიჭებთ უპირატესობას? ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მხოლოდ შარშან გამოცხადდა, მოქალაქეები მას მხოლო ეხლა უჩნდება. ჩვენ ახლო წარსულში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრებით არ გვიცხოვრია და ამიტომ არ შეგვიძლია გადაჭრით ვსთქვათ, რომ ესა თუ ის ერი, რომელიც სცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, ნაკლები ნდობის ღირსია, რადგანაც ის არ არის დაინტერესებული საქართველოს რესპუბლიკის არსება-განმტკიცებაშიო. მე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ არც ერთი ერის უმრავლესობას, ე.ი. არც ერთი ერის დემოკრატიას, რომელიც სცხოვრობს საქართველოში, არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული საქართველოს ნორჩ დემოკრატიულ რესპუბლიკის წინაშე და ამიტომ საქართველოში მოსახლე ყოველ ერის ინტერესები თანასწორათ უნდა იყოს დაცული მოქალაქეობის კანონში. შესაძლებელია ჩვენ დიდი პოლიტიკოსები ვიყვეთ და რაღაც უძლიერესი სახელმწიფოს შექმნას ვლამობდეთ და ამიტომ გვსურს დავეყრდნოთ ჩვენი სახელმწიფოს შენების დროს მხოლოდ ერთ ერს. მე ვიტყვი, რომ ეს ყოვლად შეუძლებელია; ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენში ერთ ერზე დაყრდნობით შეიძლება რესპუბლიკის არსებობის შენარჩუნება და განმტკიცება, ძლიერ სცდებიან. სწორედ ასეთი პირებია, რომ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფოს და არა სასურველ მომავალს უმზადებენ მას.

1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს რესპუბლიკა არ არსებობდა, საქართველოს ტერიტორიაზე კი სცხოვრობდენ ქართველები, სომხები, თათრები, ბერძნები და სხვები. ისინი თითქმის ყველა რუსეთის სახელმწიფოს ქვეშევდომები იყვენ და ხელი ხელ ჩაკიდებული ერთად, ძმურათ იბრძოდნენ რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. რა მოხთა 26 მაისს? ის, რომ განსაზღვრული ტერიტორია გამოცხადებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთ - საქართველოს დემოკრატიულ რესუბლიკათ. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ვის აქვს უფლება თავის თავი ჩათვალოს ამ ახალი რესპუბლიკის მოქალაქედ? ყველა იმას, ვინც სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და სარწმუნოებისა. სხვანაირათ ვერ იმსჯელებს არამც თუ სოციალისტი, არამედ უბრალო დემოკრატიც (ხმაურობაა. თავმჯდომარე - ზარი). ჯერ მე კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ რუსეთის დიდმა რევოლიუციამ საქართველოს თავისუფლებასთან ერთად მისცა რევოლიუციონური დამფუძნებელი კრება. ამას მე ვამბობ იმიტომ, რომ აქ უმრავლესობა თავის თავს სოციალისტებათ სთვლის (ხმაურობა).

თავმჯდომარე: ზარი. უმორჩილესად გთხოვთ, ადგილიდან ნუ ინებებთ ლაპარაკს.

ივანე გობეჩია. როგორი რეპლიკებითაც არ უნდა გამიმასპინძლდეთ, მე მაინც ვაცხადებ, რომ კრების წევრთა უმრავლესობა თავის თავს სოციალისტებს უწოდებს და სანამ სოციალისტობაზე ხელი არ აუღია, მე უფლება მაქვს მათ მეტი მოვსთხოვო. მართალია, უმრავლესობის ფრაქციამ ბევრი ისეთი შეცდომა ჩაიდინა, რაც სოციალისტს, შეიძლება, არ ეპატიებოდეს, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს კი არ ვაფარებთ ხელს, არამედ ამ ტრიბუნიდან ვაკრიტიკებთ. როდესაც გამოცხადებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო გულწრფელი მომხრე საქართველოს დამოუკიდებლობისა. არ შეიძლება უსაბუთოდ ამა თუ იმ პირის, ამა თუ იმ ერის გულში ფათური. შესაძლებელია სხვა ტომის, სხვა ერის შვილი ათასჯერ უფრო მომხრე იყოს საქართველოს დამოუკიდებლობისა, ვიდრე ზოგიერთი შვილი თვით ქართველი ერისა. თქვენც არ უარყოფთ იმას, რომ ქართველ ერში მოიპოვება ბევრი ისეთი პირი, რომელიც სრულიად არ სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას. ავიღოთ, მაგალითად, ქართველი ბოლშევიკები. ისინი არც წინეთ იყვნენ და არც ეხლა არიან საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენი, მაგრამ ჩვენ მათთვის მოქალაქეობის უფლება არ აგვიყრია და, შესაძლებელია, ზოგიერთი იმათგანი მონაწილეობასაც იღებდა დამფუძნებელ კრების არჩევნებში (ხმა: ციხეებში ისხდნენ). დიახ, ციხეებშიც ისხდნენ, მაგრამ ყველას ციხეები ხომ ვერ ჩაიტევდა და ამიტომ მოქალაქეობის უფლებითაც შეეძლო ბევრს მათგანს ესარგებლა. მაშასადამე, როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ დედა-აზრი ამ მოქალაქეობის კანონ-პროექტისა? სიმძიმის ცენტრი აქ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეობაშია, თუ ქართველობაში? მე გადაჭრით ვაცხადებ, თუ ჩვენ ასეთნაირ კანონს გასავალი მივეცით საქართველოში, ცუდს სამსახურს გაუწევთ ჩვენს რესპუბლიკას (არსენიძე: პრივილეგია, რომ ვერ ვნახე?) მოთმინება იქონიეთ და მოგახსენებთ, ბ-ნო არსენიძევ! თუ დიდი რევოლიუციის შედეგია ჩვენი დამფუძნებელი კრების მოწვევა, თუ რევოლიუციამ მისცა თავისუფლება და დამოუკიდებლობა საქართველოს, თუ რევოლიუციაში ყველა ერის რევოლიუციონური დემოკრატია იღებდა მონაწილეობას, მე მგონი, რევოლიუციონერები და სოციალისტები ამ დამფუძნებელ კრებაში მოქალაქეობის კანონის შემუშავების დროს არ უნდა ხელმძღვანელობდენ იმით, თუ რომელ ერს ეკუთვნის ის პირი, რომელიც სცხოვრობს ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში; და უნდა ანიჭებდენ ამის მიხედვით მხოლოდ ერთს ერს სხვა და სხვა პრივილეგიებს (ხმა: სად არის ეს?) მოგახსენებთ. მოქალაქეობის კანონ-პროექტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთ ჩაითვლება ყოველი მკვიდრი, რომელიც მიწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე 1914 წლის ივლისის 19-ამდე“, რატომ 1914 წლის ივლისის 19-მდე და არა 1918 წლის მაისის 26-ამდე? 1914 წლის 19 ივლისი - ეს რა დატაა, არ მესმის (არსენიძე: არ გესმით?). არა, მე კარგათ მესმის რომ 1914 წლის 19 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ არსებობდა და ამ დატას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან. მე თქვენ გეკითხებით, რატომ არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ ის მკვიდრი, რომელიც მიწერილი იყო რესპუბლიკის რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულებზე 1915, 1916, 1917, 1918 წლების 19 ივლისამდე (ხმა: 1920 წელს) 1920 წელს სოც.-დემოკრატები, ალბათ, მიიღებენ ისეთ კანონს, რომლითაც მოქალაქეობის უფლებას წაართმევენ იმათთაც კი, ვინც იყო მიწერილი რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე (სიცილი. ზარი). 1914 წლის ივლისის 19-ის თარიღი სრულიად უსაფუძლოთ არის ჩაჩხერილი პირველ მუხლში, თვით ეს მუხლი სრულიათ ზედმეტია, რადგანაც მოქალაქეობის მოპოებისათვს იმას კი არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იყო თუ არა ესა თუ ის პირი მიწერილი რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე, არამედ იმას, სცხოვრობდა თუ არა ესა თუ ის პირი საქართველოში.

ამიტომ ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ პირველი მუხლი სრულიად ამოღებულ იქნეს ამ კანონ-პროექტიდან.

კანონ-პროექტის პირველ ნაწილის მეორე, მესამე და მეოთხე მუხლებში აღნიშნული არიან მხოლოდ ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები, რომლებთაც ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეობის უფლება. ჩემის აზრით ამის აღნიშვნა ზედმეტია, რადგანაც ჩვენ უნდა მივანიჭოთ მოქალაქეობის უფლება ყველა პირთ, - ყველა სახელმწიფოთა ქვეშევრდომებს, რომლებიც სცხოვრობენ საქართველოში, თუ ისინი უარს არ განაცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე. კანონ-პროექტის მეორე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა შეუძლია მოიპოვოს ყოფილ რუსეთის იმპერიის ყოველ ქვეშევრდომმა, თუ უკანასკნელი 1914 წლის ივლისის 19-დე სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ე.ი. თუ საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირი არ არის ქართველი, არის, მაგალითად, ბერძენი, ან თათარი, და ის სცხოვრობდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1914 წლის ივლისის 19-დე ორი წელიწადი და თერთმეტი თვე, - ის ვერ ეღირსება საქართველოს მოქალაქეობას, რადგანაც მას აკლია ერთი თვე. ვერავითარი მოსაზრებით ვერ გაამართლებს დემოკრატი, თუ ის მიუდგომელად არ იმსჯელებს, ამ მუხლის მოთხოვნილებას. ნუ თუ ყოველი არა ქართველი, რომელიც 1914 წლის ივლისის 19-მდე სამ წელიწადზე ნაკლები სცხოვრობდა საქართველოს ტერტორიაზე, არ იქნება მომხრე ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა? რატომ გგონიათ თქვენ, რომ ყოველი ქართველი, რომელიც 1914 წლის ივლისის 19-მდე განუწყვეტლივ, თუგინდ 20 წლის განმავლობაში სცხოვრობდა საქართველოში, უსათუოდ იქნება მომხრე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დამოუკიდებელ არსებობისა? რამდენიც უნდა ეცადოთ, ამ მუხლის მოთხოვნილების დასაბუთებას ვერ შესძლებთ, რადგანაც ის მეტად ხელოვნურია, არა მიზანშეწონილი და ანტიდემოკრატიული, ამიტომ ის ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის.

კანონ-პროექტის მესამე მუხლში ორი მოთხოვნილებაა წამოყენებული იმ პირთათვის, ვინც საქართველოს მოქალაქეობას მოისურვებს 1) უნდა ჰქონდეს რაიმე უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკაში, ან თავის თავის საქირაო შრომით საზრდოობდეს და 2) არა ნაკლებ სამი წლისა განუწყვეტლივ სცხოვრობდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს მუხლიც ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ჩვენ ქონებრივი ცენზის წინააღმდეგი ვართ და ყოველი სოციალისტი, რომელიც თავის მრწამსს არ უღალატებს, ამ შემთხვევაში მაინც ქონებრივი ცენზის დაწესების წინააღმდეგი იქნება. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამი წლით ცხოვრების ხანგრძლივობის მოთხოვნაც უსამართლო იქნებოდა, რადგანაც ერთ წელიწადზე ნაკლებია, რაც თვით ჩვენი რესპუბლიკა არსებობს და თუ უსათუოდ საჭიროა მოქალაქეობის მოპოებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების რაიმე ხანგრძლივობა, ეს უკანასკნელი, უკიდურეს შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს თვით ჩვენი რესპუბლიკის არსებობის დროს. მესამე მუხლი საქართველოს მოქალაქეთა გარეშე დასტოვებს აგრეთვე სრულიად უსამართლოდ ისეთ პირსაც, რომელიც, სამ წლიწადიც რომ სცხოვრობდეს საქართველოში, მაინც ვერ ეღირსება საქართველოს მოქალაქეობას. ავიღოთ, მაგალითად, მხატვარი, რომელიც საქირაო შრომით არ ირჩენს თავს და არც უძრავი ქონება აქვს, მაგრამ სამი წელიწადი სცხოვრობს საქართველოში და თავს ირჩენს თავის ნაწარმოების გაყიდვისაგან შემოსულ ფულებით. შეუძლია თუ არა მას, მესამე მუხლის მიხედვით, გახდეს საქართველოს მოქალაქედ? რასაკვირველია არ შეუძლია.

ეხლა ჩვენ შევეხებით კანონ-პროექტის იმ მუხლს, რომელშიაც წინდახედულია ქართველებისათვის პრივილეგია. ეს არის მეხუთე მუხლი, რომლის ძალით ყოფილი რუსეთის იმპერიის ყოველი ქვეშევრდომი ქართველი ჩარიცხული იქნება საქართველოს მოქალაქეთ პირველ, მეორე და მესამე მუხლებში აღნიშნულ პირობათა გარეშეც. მართალია, საქართველოში ქართველი ერი მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს შეადგენს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანასწორად უნდა იცავდეს, როგორც უმრავლესობის ერის, აგრეთვე პატარა ერების ინტერესებს, თუ კი ისინი მოისურვებენ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში ცხოვრებას. საქართველო უნდა გახდეს ნამდვილ დედათ და არა დედინაცვლად მის ფარგლებში მოსახლე ყველა ერთა შვილებისათვის, ეს მუხლი კი დიდ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგანაც ის ქმნის აშკარა პრივილეგიას ქართველთათვის (არსენიძე: ეს მოვალეობაა!) არა, ბატონებო, ეს მოვალეობა კი არ არის, პრივილეგია არის, რადგანაც ბ-ნი არსენიძე ძალით ვერც ერთს ქართველს ვერ გახდის საქართველოს მოქალაქედ (ხმა: რაშია პრივილეგია?). პრივილეგია იმაში მდგომარეობს, რომ მეხუთე მუხლის ძალით, თუ რომელიმე პირი არასოდეს არ ყოფილა მიწერილი საქართველოს ტერიტორიის რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე, თუ მას არასოდეს არ უცხოვრია საქართველოში და არც უძრავი ქონება აქვს მას საქართველოში, - ის მაინც ეხლავე ჩაირიცხება საქართველოს მოქალაქეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართველია (კედია: წაართვით ქართველობა!). ასეთი უფლებით ამ კანონის ძალით ვერ ისარგებლებს უცხო ერის შვილი, თუგინდ ის ეხლა საქართველოში სცხოვრობდეს, და აი ამაში მდგომარეობს, ჩვენის აზრით, ის პრივილეგია, რომელზედაც მე თქვენ მოგახსენეთ. ისტორიამ იცის ისეთი მაგალითიც, როცა სახელმწიფო უცხოელებსაც ანიჭებდა მოქალაქეობას (ხმა: ამერიკაში!). ამერიკაში კი არა, საფრანგეთში. ის, ვინც იცნობს საფრანგეთის რევოლიუციის ისტორიას, დაადასტურებს იმას, რომ რევოლიუციონურ საფრანგეთმა მოქალაქეობის უფლება მიანიჭა უცხოელებს და უცხოელები საფრანგეთის დამფუძნებელ კრებაშიც კი გავიდენ. ასეთ მაგალითს ადგილი ჰქონდა საფრანგეთის რევოლიუციის დროს, როდესაც რევოლიუციონურ საფრანგეთის სახელმწიფო საჭე ხელთ ეპყრო ბურჟუაზიას და ნუ თუ ჩვენი სოციალისტური დამფუძნებელი კრება არ მიანიჭებს მოქალაქეობის უფლებას ყოველ უცხოელს, რომელიც სცხოვრობს საქართველოში, რომელსაც სწამს საქართველოს დამოუკიდებლობა და რომელსაც სურს საქართველოს მოქალაქეობა? რუსეთის დიდმა რევოლიუციამ მოგვანიჭა ჩვენ თავისუფლება, მან შვა საქართველოს დამოუკიდებლობაც და ჩვენც ვალდებული ვართ ჩვენი ნორჩი სახელმწიფოს აღშენების დროს ვიხელმძღვანელოთ ძველი რევოლიუციის ისტორიით და მივანიჭოთ ჩვენში მცხოვრებ ყველა უცხო ერთა შვილებს მოქალაქეობა.

ამ კანონ-პროექტის მეორე ნაწილში ჩვენს ფრაქციას მხოლოდ ორი ცვლილების შეტანა ჰსურს, მაგრამ, სანამ ამ ცვლილებებზე მოგახსენებდეთ, ერთს რამეს აღვნიშნავ. აქ მომხსენებელმა ბ-ნ საყვარელიძემ სთქვა, რომ წინეთ, როდესაც დამფუძნებელი კრება იხილავდა მოქალაქეობის დამატებით კანონ-პროექტს, ესერების ფრაქციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალი არ არის ისეთი საგანი, რომელმაც, თუ უცხოელს მისთხოვდა, დაკარგოს თავის ძველი მოქალაქეობა და მასზე დამოკიდებული სხვა უფლებებიო. სოციალისტ-რევოლიუციონერები ეხლაც ამ აზრს იცავენ. ქალი თუ მისთხოვდა უცხოელს, თავის ადამიანობას არ კარგავს (ხმა: ჩვენ ვიცით ეს). თქვენ, შესაძლებელია, ეს ეხლა ცოტათ მაინც გაიგეთ, მაგრამ წინეთ, როდესაც ძველ კანონ-პროექტს ვიხილავდით, ეს არ გესმოდათ. თქვენის აზრით, ქართველი ქალი, თუ მისთხოვდებოდა უცხოელს, თითქმის უკანაკნელის მონა შეიქნებოდა და თავის საქართველოსადმი დამოკიდებულებას რადიკალურად შესცვლიდა. თქვენ ამ შემთხვევაში გამოდიოდით იმ შეხედულებიდან, რომ კაცი ყოველთვის ახდენს ქალზე მეტ გავლენას და ამიტომ, თუ საქართველოს მოქალაქე ქალი უცხოელს მისთხოვდა, იგი ვერ დარჩება საქართველოს ერთგულ მოქალაქედ. ადამიანის უფლება მოითხოვს იმას, რომ ამ შემთხვევაში თვით ქალს მიეცეს თვითგამორკვევის უფლება, და თუ თქვენ ამას წინეთ არ შვრებოდით, ეს იმის მომასწავებელია, რომ თქვენ არ გქონდათ სწორი წარმოდგენა ქალზე. არც ის არის მართალი, თითქოს ცოლი ყოველთვის განიცდიდეს ქმრის მეტ გავლენას. პირიქით, ხშირად ქმარი განიცდის ცოლის მეტ გავლენას და ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც რუსები უწოდებენ „подъ башмакомъ“-ს. ასეთ მოვლენის მიხედვით, რომ ჩვენ კანონები ვსწეროთ, მაშინ ხომ ვერც ერთი საქართველოს მოქალაქე ვერ ითხოვს უცხოელ ქალს. მოქალაქეობის კანონში ჩვენ არ უნდა შევიტანოთ ისეთი რამ, რაც ადამიანის - ქალის თუ ვაჟის - პიროვნებას დაამცირებს. ასეთი მუხლი იყო ძველ კანონ-პროექტში და ამიტომ ჩვენი ფრაქცია იძულებული იყო დაეცვა ქალის უფლებები. ამ კანონ-პროექტს კი ამ მხრივ ერთგვარი პროგრესი დაეტყო, რადგანაც, მეათე მუხლის ძალით, ქალი, თუ უცხო ქვეშევრდომს მისთხოვდა, საქართველოს მოქალაქეობას ჰკარგავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ განაცხადებს სურვილს საქართველოს მოქალაქედ დარჩენისას. ბ-ნ საყვარელიძეს არც ეხლა აქვს სწორი წარმოდგენა ქალის უფლებებზე, რადგანაც მან მეათე მუხლის უკანაკნელი პარაგრაფი ისე დაასაბუთა, თითქოს ჩვენ ქალებს რაღაც შეღავათს ვანიჭებთ, როდესაც ჩვენ, უცხოელზე მითხოვების დროს, ქალის თვითგამორკვევის უფლებას ვაღიარებთ მოქალაქეობის საკითხში. ბ-ნ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ ცოტათი მაინც უნდა გავაფართოვოთ ქალის უფლებებიო. მაშასადამე ბ-ნ საყვარელიძეს არ მიაჩნია სასურველად და კანონიერად ქალ-ვაჟთა უფლებების გათანასწორება.

მეშვიდე მუხლის პირველ შენიშვნაში სწერია: „ყოველი უცხო ქვეშევრდომი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე თავისი მეცნიერული შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივ მოღვაწეობით თუ სხვა მხრივ, შეიძლება ამ ვადის (სამი წლის) მოუთხოვნელადაც იქნეს მიღებული საქართველოს მოქალაქედ“. ჩვენის აზრით, აქ ზედმეტია იმის ჩამოთვლა, თუ რაში უნდა გამოიხატებოდეს უცხო მოქალაქის თვალსაჩინო ღვაწლი. ამის გამორკვევა ჩვენ უნდა მივანდოთ ადგილობრივ თვითმართველობებს, რომლებსაც კანონით დაკისრებული აქვთ უცხოელთათვის ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭება.

ჩვენი ფრაქციის აზრით აგრეთვე სრულიად უნდა ამოღებულ იქნეს ამ კანონ-პროექტიდან მეშვიდე მუხლის მეორე შენიშვნა, სადაც ნათქვამია, რომ ვადის მოუთხოვნელად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ყოველი უცხო ქვეშევრდომი ქართველი. ეს შენიშვნაც აწესებს ერთგვარ პრივილეგიას ქართველებისათვის, რასაც არ მოითხოვს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი და არც მისი ღირსება. თუ ჩვენ საერთოდ უცხო სახელმწიფოთა ქვეშევრდომობისაგან ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მოპოებისათვის მოვითხოვთ, რომ ისინი სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ სცხოვრობდენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რა მოსაზრებით უნდა გავანთავისუფლოთ ამ მოთხოვნისაგან უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომი ქართველი. აქ მხოლოდ ერთი მოსაზრების მოყვანა შეიძლება, რომ ქართველი ტომით, სისხლით, უფრო გულწრფელად მოისურვებს საქართველოს მოქალაქეობას, ვიდრე უცხო ქვეშევრდომი არა ქართველი. ეს, შესაძლებელია, ასეც მოხდეს მომავალში, მაგრამ უცხო ქვეყნის ქვეშევრდომი ქართველი, რომელსაც გულწრფელად სურს საქართველოს მოქალაქეობა და უყვარს საქართველო, ასეთ პრივილეგიას თქვენგან არ მოითხოვს, ის ამ შემთხვევაში საერთო წესს დაემორჩილება. ჩვენ კი, თუ მხოლოდ უცხო ქვეშევრდომ ქართველთათვის შემოვიღეთ ასეთი ადვილი წესი საქართველოს მოქალაქეობის მოპოებისა, ამით ჩვენ საქართველოს ბევრს ვერაფერს შევმატებთ, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის მტრებს კი ვათქმევინებთ... (არსენიძე: ამისა გეშინიან?) თქვენ რომ არაფრის გეშინიათ, მითხარით, რა გაგიკეთებიათ საქართველოს კეთილდღეობისათვის, ბ-ნო არსენიძე? (ხმაურობაა. ზარი). ასეთი მუხლის მიღებით ჩვენ ვათქმევინებთ საქართველოს დამოუკიდებელ არსებობის მტრებს, რომ ქართველებმა შექმნეს არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, არამედ ქართველთათვის ნაციონალისტური რესპუბლიკაო.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია ამ კანონ-პროექტის მთელი პირველი ნაწილის ნაცვლად ადგენს მხოლოდ ორ მარტივ მუხლს, რომელთა მიღება კრების მიერ დააკმაყოფილებს ყოველ სოციალისტს თუ კი უკანასკნელი მხოლოდ სიტყვით არ არის სოციალისტი; აგრეთვე ჩვენ მიერ კრებისათვის წარსადგენად განზრახულ მუხლებმა უნდა დააკმაყოფილოს ყოველი დემოკრატი, რომელიც გულწრფელი მომხრეა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და მისი გაჯანსაღება-გამაგრებისა.

ჩვენის აზრით მოქალაქეობის კანონის პირველი მუხლი უნდა იქნეს ასეთნაირი: „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მოქალაქეთ ჩაითვლება ყოველი პირი, რომელიც სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის გამოქვეყნებამდე, თუ ის სამი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე.“ (არსენიძე: ინგლისის ჯარიც?).

არა, ბ-ნო არსენიძე, ინგლისის ჯარის კაცი ვერ გახდება საქართველოს მოქალაქეთ, რადგანაც ეს წინდახედულია კანონ-პროექტის მეორე ნაწილის მეათე მუხლში, რომლის ძალით საქართველოს მოქალაქეობას ჰკარგავს, ვინც უცხო სამსახურში ითვლება.

მეორე მუხლი უნდა იქნეს ასეთი: „პირველ მუხლში აღნიშნული განცხადება წარედგინება ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელთ აღნიშნავს განსაკუთრებულ წიგნში.“

საკონსტიტუციო კომისიის კანონ-პროექტის მიხედვით მომრიგებელ მოსამართლესთან განცხადების შეტანა სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებსაც ჰსურთ საქართველოს მოქალაქეობა. სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის წინადადებით განცხადების შეტანა სავალდებულოა მხოლოდ იმისთვის, ვისაც არ სურს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ მიერ წამოყენებული წესი უფრო გაუადვილებს ხალხს მოქალაქეობის მოპოებას, საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული წესი-კი სრულიად უსაფუძვლოთ შეავიწროვებს ამ შემთხვევაში ხალხს. სხვას, რომ თავი დავანებოთ, ქაღალდი ეხლა რესპუბლიკაში ძლიერ ცოტაა და მასთან ერთად ძვირი და მისი ტყუილა-უბრალოთ გაფუჭებას არც სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს.

დასასრულ უნდა განვაცხადო, რომ სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციას შეაქვს საკონსტიტუციო კომისიის კანონ-პროექტში ის ცვლილებები, რომლებზედაც მე თქვენ მოგახსენებთ, და დარწმუნებულია, რომ ის, ვინც ანგარიშს უწევს მშრომელთა ინტერესს, მხარს დაუჭერს და ხმას მისცემს იმ ორ მუხლს მოქალაქეობის კანონისას, რომლებიც მე თქვენ წაგიკითხეთ და რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს ნაცვლად საკონსტიტუციო კომისიის კანონ-პროექტის პირველი ნაწილისა.

თავმჯდომარე. კრების წევრი არსენიძე.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს ამ კანონს და მხარს უჭერს სწორედ მის პირველ ნაწილს შემდეგ მოსაზრებით.

სახელმწიფოს არ შეუძლია იყოს დაყრდნობილი ისეთ ელემენტებზე, რომელიც არ არის გამორკვეული და ჩამოყალიბებული და რომელთა შესახებ სახელმწიფოს არ შეუძლიან სთქვას, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის მოქალაქე, - მას თუ სხვა რომელიმე სახელმწიფოს. განსაკუთრებით არ შეუძლიან მის შემდეგ, რაც მას აქვს სჯული, სუვერენული კანონმდებლობითი დაწესებულება. გაურკვევლობა დასაშვებია კიდევ, როდესაც დროებითი მთავრობაა, ან დროებითი მდგომარეობა. მაგრამ, როდესაც უკვე არჩეულია საკანონმდებლო დაწესებულება, განა შეგვიძლიან ჩვენ მივმართოთ ჩვენ ამომრჩევლებს და უთხრათ: ვინ იცის, ჩვენი მოქალაქე ხართ თუ არა? ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი სახელმწიფო შეარყევდა იმ საფუძველს, რომელზედაც სდგას. (გობეჩია: „ეს თქვენის აზრით“) რასაკვირველია, სოციალ-დემოკრატების აზრით, და არა ესერების აზრით, და განსაკუთრებით გობეჩიას აზრით.

რაზე უნდა აშენდეს სახელმწიფო? არსებობს ორი პრინციპი, - ტერიტორიალური და სისხლის, შთამომავლობის პრინციპი. ჩვენ კანონ-პროექტში მიღებული არის პირველი პრინციპი, როგორც მთავარი ღერძი: ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, და მასთან დაკავშირებულია, - გავლით კი არა, არამედ მუდმივათ, რომელიც თავის ინტერესებს უკავშირებს ამ სახელმწიფოს, ამ ტერიტორიის ინტერესებს, - ის, ცხადია, არის მოქალაქე იმ სახელმწიფოსი, იმ ორგანიზმისა, რომელიც ამ ტერიტორიაზე წარმოიშვა. ცხადია, სხვა გვარი წარმოდგენა სახელმწიფოსი, და სახელმწიფო ორგანიზმისა არ შეიძლება. ყველა სახელმწიფო ამ პრინციპით, ამ წესით არის აშენებული და ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე გამონაკლისი შევქნათ.

რომ ეს ძირითადი პრინციპი არის ამ პროექტისა, ამაზე დიდი დავა არ უნდა იყოს. მიუხედავათ იმისა, რომ ქადაგობენ: თქვენ ნაციონალურ პრინციპზე დგეხართო, მე ვამტკიცებ, რომ ეს კანონ-პროექტი სდგას ტერიტორიალურ პრინციპზე, ე.ი. ის აღიარებს მოქალაქედ ყველას განურჩევლად, ვინც კი სცხოვრობს, და ვინც დაკავშირებულია ამ ტერიტორიასთან. მაგრამ მხოლოდ ეს, რომ გვეთქვა, მხოლოდ პრინციპი რომ გვეღიარებინა, - ე.ი. გვეთქვა: „მოქალაქეა ის, ვინც დაკავშირებული არის ამ ტერიტორიასთან“ - ვერც ერთი იურისტი, და ვერც აღმასრულებელი ორგანო ვერ გამოარკვევდა იმას, თუ ვინ არის დაკავშირებული, ჩვენ ქვეყანასთან და ვინ არა. მაშასადამე, აქ მთავარი მოვალეობა კანონმდებლობისა იყო: - გამოენახა, გამოერკვია განსაკუთრებული ელემენტი, ნიშანი, რომლითაც ყოველ კაცს შეეძლო გაეგო, - ეს ადამიანი არის მართლაც დაკავშირებული ამ ტერიტორიასთან და ეს კი არა. შეიძლება ყველა ელემენტები ვერ დავიმუშავეთ, შეიძლება სხვა რომელიმე წევრმა უკეთესი ნიშანი გვაჩვენოს, - ჩვენ მას მივიღებთ. მაგრამ, ჩვენ სხვა ვერ მოვნახეთ, ჩვენ მოვნახეთ ერთი მომენტი. ეს გახლავთ ის, რომ თუ ადამიანი არის გუბერნიისა, სოფლის საზოგადოებისა, მან ამით, ცხადია გაიზიარა ერთეულების ბედი, და როცა ეს გუბერნია, მაზრა, და სოფლის საზოგადოება გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, - მისი წევრი გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკის წევრად, მის მოქალაქედ. ეს უდაო დებულებაა ყველგან. აქ არის განსაზღვრული ერთგვარი ობიექტური ელემენტი, რომელშიაც სუბიექტური ნებისყოფაც გამოიხატება იმით, რომ წინათაც დაკავშირებული იყო ამ ტერიტორიასთან.

ეს არის ობიექტიური ნიშანი, რომლითაც უტყუარად შეგვიძლიან გავიგოთ, - ეს ადამიანი მართლაც არის დაკავშირებული ამ ტერიტორიასთან, თუ არა. დანარჩენი მუხლები წარმოადგენენ დამატებას. ზოგიერთებმა შესაძლებელია, არ აასრულეს ეს ფორმა, არ მიეწერენ ტერიტორიალურ ერთეულს, მაგრამ ჩვენ სხვა ნიშნებით შეგვიძლიან გავიგოთ, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან ამ ტერიტორიასთან. მაგალითად 7-8 წელიწადი სცხოვრობენ განუწყვეტლივ აქ, არა ომიანობის დროს, იმიტომ რომ ის შეიძლება გაწვეული ყოფილიყო ფრონტზე, მაგრამ მისი ოჯახი სცხოვრობდა აქ. ასეთ პირს ჩვენ ვსთვლით ჩვენ მოქალაქედ, მას აქვს არსებითი კავშირი ჩვენ ტერიტორიასთან და თუ მას სურს, შეუძლიან დარჩეს ჩვენ მოქალაქედ. აქაც სადაო არაფერია. ეს აშკარა ტერიტორიალური პრინციპია.

შემდეგი მუხლი ამბობს უძრავ ქონებაზე. ე.ი. თუ ვინმე წინედ ჩამოთვლილ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ ქონება შეუძენია, სახლი, კარი, მამული თუ სხვა, ის იოლად ვერ მოშორდება ამ ქონებას, ის, ასე ვსთქვათ, დაფუძნებულია აქ. და ვინც დაფუძნდა აქ, მას აქვს სრული უფლება მოქალაქეობა მიიღოს, პირდაპირ და უდაოდ მოქალაქის უფლებით აღიჭურვოს და მოვალეობაც აასრულოს. და აი ეს არის მთავარი ღერძი ამ კანონ-პროექტისა.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ პირობებში ქალს მივეცით ერთგვარი შეღავათი, რომ შეეძლოს ჩვენი მოქალაქეობის მიღება, - აქაც იგივე ტერიტორიალური პრინციპია დაცული. გარდა ამისა ეს შეზღუდვა კი არ არის, ეს თავის მოვალეობის ასრულებაა და აქაც კანონ-პროექტი ეყრდნობა იმავე ნიშანს. მესამე ნიშნად მივიღეთ, მართალია ეროვნება, მაგრამ არსებითად იგიც ტერიტორიალური არის. ყველა ქართველი, რომელიც რუსეთში სცხოვრობს, რუსეთის რომელსამე ალაგას, წარმოშობით კი აქაურია, საქართველოდან გადასახლებულა, აქედან წასულა ან სწავლისთვის, ან სხვა რაიმე მოსაზრებით, - შეიძლება ერთი ძმა იყოს აქ, ერთი იქ, მახლობლები აქა ყვანდეს, მამა იყოს აქ და შვილი კი რუსეთში წავიდეს, შეიძლება რაიმეს შესაძენად წავიდა, - ასეთი ქართველი, რომელსაც აქვს კავშირი ჩვენს ტერიტორიასთან, საქართველოსთან. სხვა საქართველო არ ყოფილა ჯერ და აი ამ საქართველოსთან აქვს კავშირი, ყველა იმ ქართველ კაცს რომელიც წავიდა რუსეთში, - ჩვენ ვამბობთ ასეთებზე და არა ყველა სხვა ქართველზე, რომელიც სადმე სცხოვრობს, და არავითარი კავშირი საქართველოსთან აღარ აქვს; ჩვენ ვამბობთ, სწორედ ისეთ კაცზე, რომელიც, როდესაც ჰკითხავთ, ვინა ბრძანდებითო, გიპასუხებს, - ქართველი ვარო, სადაური ხარო, - საქართველოდანო. რა ვუყოთ, რომ ის როსტოვში სცხოვრობდა და აქამდის იქ სცხოვრობს. აი, სწორედ ასეთი მოქალაქე, რომელიც თავის წარმოშობით, თავის მთავარი ძარღვით იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რადგან აქედან არის წასული, - და მას აქვს უფლება გახდეს ჩვენი მოქალაქე. სად არის აქ ნაციონალიზმი, შოვნიზმი და სხვა? მაგარ-მაგარი სიტყვები, რომელიც აქ სთქვეს, არის ამოღებული ბოლშევიკურ ლექსიკონიდან. სამწუხაროა მხოლოდ, რომ დამფუძნებელი კრების წევრი ლაპარაკობს იმას, რასაც უპასუხსმგებლო პირები ქუჩებში ლაპარაკობენ. ჩვენ წინააღმდეგ საბუთად მოჰყავთ ის, რაც პროექტში არ არის. ყველა ქუჩაზე გამვლელ-გამომვლელს შეიძლება არ გაეგებოდეს რა იწერება პროექტში, მაგრამ დამფუძნებელ კრების წევრი ვალდებულია იცოდეს იმ პროექტის აზრი, რომელსაც არჩევს, გაეგებოდეს მისი აზრი, და თავის წარმოდგენას, თავის ოცნებას არ ედავებოდეს. ეს არ არის არც რიგიანობა, არც დიდი თავის პატივისცემა, არც საქმის ცოდნა.

არის ზოგიერთი ისეთი მოსაზრება წარმოდგენილი ამ პროექტის წინააღმდეგ, რომელნიც თხოულობენ პასუხს. ამბობენ - თქვენ უნდა გაუადვილოთ ხალხს მოქალაქეთ გახდომაო. ეს მართალია, მაგრამ არის მეორე დებულებაც, რომლითაც უნდა გამოცხადდეს მოქალაქედ ყველა, ვინც კი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, თუ უარს არ განაცხადებს. მაგრამ ერთი მიბრძანეთ, თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ მოსთხოვოთ ვისმეს უარი აცხადოს მოქალაქეობაზე? არც დემოკრატიული პრინციპი, არც სხვა რაიმე პრინციპი არ თხოულობს, რომ ყველას, ვინც თბილისში ჩამოსულა, - ადერბეიჯანიდან, რუსეთიდან, ომის გამო დევნის გამო, ყველა ისინი, რომელნიც სხვა და სხვა მიზეზების გამო ჩამოხიზნულან აქ და დროებით აქ სცხოვრობენ, - ყველას ვუთხრათ - თქვენ ჩვენი მოქალაქენი ბრძანდებით და თუ არ გსურთ შემოიტანეთ ქაღალდიო. ჩვენ ვამბობთ - არავითარი, არც მორალური, არც ზნეობრივი, არც პოლიტიკური უფლება არ გვაქვს, ყველა გამვლელ-გამომვლელი უეჭველად გამოვაცხადოთ მოქალაქედ და მერე მას ქაღალდის შემოტანა ვსთხოვოთ. ზოგიერთ, ვითომ დემოკრატებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ვიღაცებს ვაძლევთ მოქალაქეობის პრივილეგიას. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მოქალაქეობა არ არის მარტო უფლება, არამედ არის მოვალეობაც და როცა ნარდათ მოქალაქეობის უფლებას ანიჭებ უცხოელს აქ, ამით ართმევ საშუალებას აასრულოს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა იქ, სადაც მას სურდა, სადაც ის იყო უკვე მოქალაქედ. რა უფლებით გინდათ საქართველოს მოქალაქეობა დააკისროთ ჩამოსულს რუსეთიდან სავაჭროდ, გამოქცეულს ბოლშევიკებისაგან, დენიკინისაგან, პეტლიურასაგან, ან ვინმე სხვისაგან და საერთოდ ყველა იმათ, ვინც ჩამოსულა და სცხოვრობს აქ შემთხვევით. მე გეკითხებით, რა უფლებით გინდათ ამათ საქართველოს მოქალაქეობა დააკისროთ? რომელი დემოკრატიზმი თხოულობს ამას? არავითარი დემოკრატიზმი ამას არ თხოულობს და თუ ის ხალხი, რომელიც აქ სცხოვრობს და მართლა კავშირი აქვს ამ ქვეყანასთან - მოისურვებს, რომ მოქალაქე გახდეს, იმისთვის კი უნდა იყოს გაადვილებული ეს წესი მოქალაქეობის მიღებისა. მე მგონია, რომ ამ მუხლის წინააღმდეგი ვერც ესერები იქნებიან. აქ ძალიან მარტივად არის ნათქვამი (კითხულობს): ყოფილ რუსეთის იმპერიის ყოველი ქვეშევრდომი, რომელიც პირველ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებს, მაგრამ 1914 წ. ივლისის 19-დე (ძვ. სტ.) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და სამი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა განაცხადებს, რომ მას ჰსურს საქართველოს მოქალაქეობა, - მიღებულ იქნება საქართველოს მოქალაქედ მე-4-ე მუხლში აღნიშნულ წესით.

აქ ისე კი არ არის ნათქვამი, - თუ მოგეწონება მიიღე, არ მოგეწონება - არ მიიღო.

ჩვენ ვამბობთ (კითხულობს): მე-2-ე და მე-3-ე მუხლში აღნიშნული განცხადება წარედგინება ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც, თუ მათი მთხოვნელი სათანადო პირობებს აკმაყოფილებს, მისცეს მას მოქალაქეობის მოწმობას.

ე.ი. ვინც აკმაყოფილებს ყველა ამ პირობებს, მომრიგებელი მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ის, თუ კი ეს ფაქტები იქნება დამტკიცებული მომრიგებელ მოსამართლისათვის. მომრიგებელი მოსამართლე, როგორც ობიექტიური პიროვნება, ამ შემთხვევაში სრულიად გარეშე მდგომი ყოველგვარ პოლიტიკურ მღელვარებისაგან ამბობს, - იმ ობიექტიურ პირობებს, რომელსაც კანონი მოითხოვს, აქვს ალაგი თუ არა ცხოვრებაში, მაგ. აქვს ამ პირს ქონება, საკუთარ თავის შრომით სცხოვრობს ის თუ არა და სხვ. ერთი სიტყვით დაამოწმებს ობიექტიურ ფაქტებიდან, რომ ამ ადამიანს, ამ სუბიექტს კავშირი აქვს ამ ტერიტორიასთან და ამ ტერიტორიის ყოფა-ცხოვრებაში, მის ბედში, მის აწმყო და მომავალში მონაწილეობას იღებს. და ასეთ კაცს ეძლევა მოქალაქეობრივი უფლება. ამაზე მარტივი გაადვილებული წესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

მაშასადამე ეს კანონ-პროექტი მე ვიტყვი, უკიდურესი დემოკრატიულია და როგორც ასეთი, ეს უნდა იყოს მიღებული და დამტკიცებული. ჩვენ რომ ის მარტივი მუხლები მიგვეღო, რომელიც აქ წაიკითხა სოც.-რევოლ. ორატორმა, ეს დიდ უხერხულობას შექმნიდა ჩვენ დემოკრატიისთვის. მართლაც, ყველა გამვლელ, გამომვლელს რომ თხოვნები ვაწერინოთ თქვენი მოქალაქეობა არა გვსურსო, - მე მგონია, ამას არც საჭიროება თხოულობს, და არც სახელმწიფოს ინტერესი. და მე ვამბობ, როცა სახელმწიფოს ინტერესი არ თხოულობს, რომ დავსაქმოთ ყველა, ჩვენც არ უნდა ჩავიდინოთ ეს.

შემდეგ მოგვითხრობენ, რომ მეორე ნაწილი პროექტის შეიცავს არა დემოკრატიულ წესებს, განსაკუთრებით, სადაც ქალის გათხოვებაზე არის ლაპარაკი. მე ვამბობ, რომ პირდაპირ პოლიტიკურ უსუსურობათ უნდა ჩაითვალოს ისეთ აზრის გამოთქმა, რომ ქალის ინტერესი თითქოს თხოულობს პოლიტიკურ უფლებების მიცემას არა იქ, სადაც ის ცხოვრობს, არამედ იქ, სადაც ის არ სცხოვრობს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც თხოვდება, და ჩვეულებრივათ, - მიდის იქ, სადაც ცხოვრობს ქმარი, ვსთქვათ მაგალითად, საფრანგეთში. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ქალი არ უნდა დარჩეს საქართველოს მოქალაქეთ. აბა წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ქალს, აქვს პოლიტიკური უფლება, არჩევნების უფლება საქართველოში, სადაც აღარ სცხოვრობს და არავითარი უფლება არ აქვს იქ, საფრანგეთში, სადაც სცხოვრობს, სადაც შვილებს ზრდის, სადაც ფაქტიურათ დაკავშირებულია ცხოვრებასთან. ჩვენ მას უნდა წავართვათ ეს უფლება იქ, და დავაძალოთ მიიღოს ქვეშევრდომობა აქ? მე მგონია, არავითარი უფლება არ გვაქვს ჩვენ ამის, პირიქით, არავითარი ინტერესი არ მოითხოვს იმას, რომ ამ ქალს დარჩეს მოქალაქეობა საქართველოში, და იმ დროს, როცა მისი შვილები იქ იზრდებიან, აქ საქართველოს ქვეშევრდომობით მათ რაიმე მოვალეობა, დაედოს: ბევრს ჰგონია, მოქალაქეობა არის უფლება. მე არ ვამბობ, რომ მოქალაქეობა არ არის უფლება, მე კი ვამბობ, რომ მოქალაქეობა არის მოვალეობაც, და ეს მოვალეობა, უმთავრესად აძევს მამაკაცს. აი, მაგალითათ, სამხედრო ბეგარა, და სხვა, რაც უმთავრესათ აძევს მამაკაცს. მარა ზოგს გონიათ, რომ ეს უფლება მისი უპირატესობა არის. ეს არ არის უპირატესობა, პირიქით ეს არის უფლება ოდიოზური, ესე იგი ეს არის უპირატესობა მოვალეობის, აი მაგალითათ, თუ სამხედრო ბეგარას არ გადიხდის კაცი, იმას არ შეუძლიან მიატოვოს სახელმწიფო და სხვის მოქალაქეთ გახდეს. ის არის მოვალე სახელმწიფოს წინაშე და თუ ბეგარას არ გადიხდის არ შეუძლიან სახელმწიფოდან წავიდეს. ქალს ასეთი მოვალეობა არ აწევს. ცხადია, მას წასვლა შეუძლიან. ცხადია, როცა ქალი გათხოვდება ის ხდება იქაურ მოქალაქეთ, სადაურიც ქმარი ყავს, ვინაიდან ეს მასაც ესაჭიროება. მას ექნება იქ პოლიტიკური უფლებები და აგრეთვე მოვალეობაც, ვინაიდან სახელმწიფო არ დასტოვებს ისე, რომ მოვალეობა არ დააკისროს. ამიტომ მე ვამბობ, რომ აქ არის კითხვა არა ქალის ან კაცის, არამედ სახელმწიფოს ინტერესების, ამიტომ ყველა ადამიანს აქვს მოვალეობა და პოლიტიკური უფლებები იქ, სადაც ის სცხოვრობს, სადაც შრომობს, მოღვაწეობს, და არსებითი ინტერესი აქვს. ამიტომ თვით ეს კანონ-პროექტი თავის პრინციპიალურ შინაარსით სავსებით მისაღებია დამფუძნებელ კრებისათვის.

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ შემოტანილი: კამათი გადაიდოს შემდეგი კრებისათვის.

ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. მაშასადამე, კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, მიღებულია და კამათი ამ საკითხის შესახებ გადიდება შემდეგ კრებისათვის.

სიტყვა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრს საერთო პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ განცხადებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს-ძე გეგეჭკორის განცხადება, საერთო პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ.

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა და უმთავრესად ინგლისთან დამოკიდებულება დიდ გაუგებრობას ჰბადებს ჩვენი ხალხის თითქმის ყველა წრეებში. ჰბადებს აგრეთვე, სხვა და სხვა ხმებს და ისედაც ნერვიულ საზოგადოებრივ ატმოსფერას კიდევ უფრო ართულებს და სწამლავს.

უმთავრესი მიზეზი ასეთ მდგომარეობისა, ჩვენ უნდა ვეძიოთ ჩვენს გარეშე, მეორე რიგ მიზეზებისა კი - ჩვენში, ადგილობრივათ.

თუ კი ჩვენ მივიღებთ მხედველობაში საერთაშორისო კონიუნქტურას და მას ანგარიშს გაუწევთ, მე ვაძლევ ჩემ თავს ნებას განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ თითქმის მართლადაც გასაკვირველი იმაში, რასაც ჩვენ განვიცდით - არაფერია.

მაშინ, როდესაც დიდი ოკეანე ცხოვრებისა ღელავს და ბობოქრობს და ბუმბერაზ ხომალდებს, დიდ სახელმწიფოებს ნაფოტსავით ათამაშებს, რა გასაკვირველია, რომ პატარა ნავი ჩვენი ნორჩი რესპუბლიკისა ამ სტიქიონის წინაშე საშინელებას და განსაცდელს განიცდის?

მე ნებას ვაძლევ ჩემ თავს დაგეკითხოთ თქვენ, - აბა დამისახელეთ ისეთი რომელიმე სახელმწიფო, ან მთავრობა, რომელიც სთვლიდეს თავის მდგომარეობას უზრუნველყოფილად, ყველა მათთვის ფრიად საჭირბოროტო და სასიცოცხლო კითხვები გადაჭრილად მიაჩნდეს და დიდის იმედებით შეჰყურებდეს მომავალს. შეგვიძლიან თუ არა ჩვენ დღეს, დღევანდელ პოლიტიკურ ატმოსფერაში ვსთქვათ გადაჭრით, რომ რომელიმე სახელმწიფო იყოს ფაქტიური გამგე თავის რეალურ ძალებისა?

ამ რამდენიმე თვის წინად, გერმანიის კოალიციის დამარცხების შემდეგ, მთელი კაცობრიობა ამყარებდა იმედებს პარიზის კონფერენციაზე. ყველა ჩვენგანი გაფაციცებით თვალყურს ვადევნებდით კონფერენციის მუშაობას და სრული იმედი გვქონდა, რომ ეს კონფერენცია ზავს ჩამოაგდებდა და დასასრულს მისცემდა იმ უბედურებას, რომელიც კაცობრიობას საერთაშორისო ომმა თავს დაატეხა, მაგრამ უნდა ვსთქვათ დღეს, რომ ჩვენ თითქმის ეს იმედები გაგვიცრუვდა, დღესაც არ არის ზავი ჩამოგდებული, ეს სისხლის ბურუსი გაფანტული და ჩვენ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება ეს, როდის დადგება ეს სანეტარო დრო, რომელსაც საერთაშორისო ზავი და მშვიდობიანობა ჰქვიან.

ჩვენ მეტს ვიტყვით. პირიქით, მდგომარეობა თითქმის უფრო რთულდება, საერთო პოლიტიკის კონიუნქტურაში შემოიჭრა ახალი ძალები, რაც, უნდა ვთქვათ, უფრო გვაშორებს ამ მშვიდობიანობას და ზავს, და რა გასაკვირია, ვიმეორებ მე, თუ ასეთ ციებ-ცხელების დროს ევროპამ ჩვენ და ჩვენისთანა პატარა ერები თითქოს დაივიწყა. ჩვენთვის ჩვენი საკითხი ყოველისფერია, მათთვის კი, ვინც დღეს დღეობით განაგებს ჩვენი და საერთოდ კაცობრიობის ბედ-იღბალს, ჩვენი საკითხი შედარებით უმნიშვნელოა, წვრილმანია. თქვენ ალბათ გახსოვთ მოქალაქენო, იმ დეპეშის შინაარსი, რომელიც იყო პარიზიდან წარმოგზავნილი ჩვენი დელეგაციის მიერ, სადაც იყო ნათქვამი, რომ ამიერ-კავკასიის და კერძოთ საქართველოს საკითხი დაისმება მხოლოდ მის შემდეგ, რაც დადებული იქნება ზავი antaunt-სა და გერმანიის შორის.

ამ დღეებში ადგილობრივმა საფრანგეთის მისიამ მიიღო აგრეთვე დეპეშა საფრანგეთის საგარეო მინისტრისაგან, სადაც არის ნათქვამი, რომ ჯერ არ ვიცით როდის დაისმება ამიერ-კავკასიის საკითხიო.

ამ ნაირად, ჩვენ ჯერ კიდევ, არ ვიცით, თუ როდის გახდება ჩვენი ხალხის ნება ყოფა და ჩვენი ხალხის სამართლიანი მოთხოვნილება საგნად კონფერენციის განხილვისა.

ასეთია საერთო მდგომარეობა, საერთო სურათი.

ყველა ეს ჩვენ უნდა მივიღოთ სახეში და გავითვალისწინოთ, თუ გვსურს მიუდგომელი მსჯავრი დაუდოთ ჩვენ საერთო მუშაობას და სისწორით დავაფასოთ ჩვენი სახელმწიფოს მოღვაწეობა. და ამიტომ, ჩვენ ვიტყვით, რომ გლახა სამსახურს უწევს ჩვენს რესპუბლიკას ის, ვინც არ შეეცდება ნათლად დაანახოს ჩვენ ხალხს თუ სად და რაში არის, უმთავრესი, ხაზს ვუსვამ მე მას, წყარო იმ საშინელ უბედურებისა, რომელსაც დღეს ჩვენი ხალხი და რესპუბლიკა განიცდის.

გადავიდეთ ეხლა ადგილობრივ პირობებზე, ადგილობრივ მიზეზებზე, ჩვენ გამოურკვევლობაზე და არევ-დარევაზე.

აქ უმთავრესად, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ურთი-ერთობას ინგლისელებთან. 7 თვეა, რაც მოკავშირეთა ძალების შემოსვლა ჩვენ ტერიტორიის ფარგლებში გახდა რეალურ ფაქტორად ჩვენი პოლიტიკისა და საზოგადო ცხოვრებისა. ეხლანდელი დრო, როდესაც ყოველი დღე წლებს უდრის, 7 თვე ხალხის ცხოვრებაში ეს მთელი ხანაა. ამიტომაც ჩვენ სამართლიანად ვრაცხთ იმ გულის წყრომას, რომელიც ჩვენმა პრესამ, პოლიტიკურმა წრეებმა, ჩვენმა საზოგადოებამ გამოსთქვა იმის გამო, რომ დღემდის არ არის გამორკვეული ჩვენი ურთი-ერთობა და ჩვენ დღემდის ნათლად არ გვაქვს წარმოდგენილი, თუ რა ასულდგმულებს მოკავშირეთა ადგილობრივ პოლიტიკას, რა სარჩული უდევს მას, და რა არის იმათი მიზნები? ყველა ეს აგრეა. მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა: უდევს ამაში ბრალი საქართველოს მთავრობას და ხალხს? გადაჭრით ვაცხადებ თქვენ წინაშე, რომ არა.

საქართველოს მთავრობამ ხალხის სახელით პირველ შეხვედრისთანავე გამოუცხადა მოკავშირეთა წარმომადგენელს, რომ მას სურს კეთილ-სინდისიერი მოკავშირეობა მათთან, რომ ის მზათ არის შეძლების და გვარათ ხელი შეუწყოს მათ აქ მუშაობას. მხოლოდ ერთი პირობით, რომ უზრუნველ ყოფილი იქნეს ჩვენი დამოუკიდებლობა ყოველ თავდასხმისაგან და ამით ხელი არ შეუშალოს ჩვენ ხალხს მის სახელმწიფოს აღმშენებლობით თვითმოქმედებაში. და მე შემიძლიან თქვენ წინაშე სრულიად თამამად განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა და ამ მხრივ ერთხელაც მას თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია. ჩვენ ვერ დაგვისახელებენ ვერც ერთ შემთხვევას, ვერც ერთ მომენტს, რომ ჩვენ გვეღალატნოს ჩვენ მიერ არჩეულ ლოიალობის გზისთვის. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ცდისა, ჩვენ დღესაც არ გვაქვს სასურველი დამოკიდებულება მოკავშირეებთან.

ბატონებო, დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო, ამბობენ. და დღეს ეს, როგორც ყოველთვის, ჩვენ მიგვაჩნია სასურველად ამ ტრიბუნიდან ვსთქვათ ის, რაც სათქმელია. საქართველოს მთავრობა ერთ მიზანს ემსახურება. ეს - განამტკიცოს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო და ამ გზით საშუალება მისცეს ჩვენ ხალხს ეზიაროს ევროპიულ კულტურას და ცივილიზაციას; - ამ მიზნისაკენ ის მიდის სწორი გზით და არავითარ დაუშვებელ საძრახ საშუალებას თავის მოქმედებაში ის არ მიმართავს. ჩვენი დიპლომატია არ არის საიდუმლო დიპლომატია და ამიტომაც ყველა ის ფაქტები, რომლებზედაც ჩვენი ცნობებით ემყარება ეს გულისწყრომა, ან უკეთ, რომ ვსთქვათ, ეს ცუდი განწყობილება, რომელსაც თითქოს ჩვენ ვგრძნობთ, აი ეს ფაქტები დღეს აქ უნდა დაისვას და დამფუძნებელმა კრებამ, სუვერენულმა წარმომადგენელმა ჩვენი რესპუბლიკისა ამ ფაქტებს თავისი დაფასება მისცეს.

რა ბრალს გვდებენ ჩვენ?

სამ რამეში.

პირველი ეს - გაგრის დაკავება, მეორე - ფოცხოვის და არტაანის დაკავება და მესამე ინგლისელ ექიმის მავოელის მოკვლა.

სოჭის ფრონტის შესახებ დამფუძნებელ კრების სხდომაზე უკვე იყო მსჯელობა და ჩვენ მაშინ თითქმის ამოვწურეთ ეს საკითხი. ჩვენ აშკარად ვსთქვით ის, რაც სათქმელი გვქონდა. მე არ შევუდგები, რასაკვირველია, განმეორებას იმისას, რაც იქ ითქვა. მხოლოდ მინდა რამდენიმე კითხვა დავსვა. ნუ თუ შესაძლოა ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ანგარიში არ გაუწია ინგლისის სარდლობის რჩევას, მაშინ, როდესაც გენერალი დენიკინი და მისი ლაშქარი, მიუხედავად ინგლისის გარანტიისა, ვერაგულად თავს დაგვესხა, ჩვენ პატარა რაზმს იარაღი აჰყარა, სასტიკად შური იძია მცხოვრებლებზე და განსაკუთრებთ ქართველებზე. გენერალმა დენიკინმა არამც თუ არ შეასრულა მილლის ბრძანება, რომ მას სოჭის ოლქი დაეცალა, პირიქით მან აშკარად მოინდომა სოხუმის ოლქის დაკავება და ეს დღეს უტყუარ საბუთებით მტკიცდება. აი ამ დროს, როდესაც საქართველომ მოინდომა თავის აუცილებელ სტრატეგიულ ხაზის დაკავება, ეს ჩვენ ხალხს სასტიკ დანაშაულად ეთვლება.

და მე გეკითხებით, მოქალაქენო, ვინ შებღალა ამ შემთხვევაში ინგლისის პრესტიჟი? ნუ თუ ჩვენ? მაშინ, როდესაც ჩვენ სამი თვის ცდა მოვანდომეთ იმას, რომ დენიკინს ინგლისის გენერალის, მთავარ სარდლის ბრძანება შეესრულებინა? მე მგონია, რომ ამ კითხვაზე ორი პასუხი ყოვლად შეუძლებელია თუ კი, მართლაც, ჩვენ შევეცდებით ობიექტური ანალიზი გაუკეთოთ საქმის მდგომარეობას და არ ვიხელმძღვანელებთ სხვა რაიმე გრძნობებით.

გადავიდეთ ახლა ფოცხოვის და არტაანის დაკავებაზე.

ხუთი თვეა, მოქალაქენო, რაც ჩვენ ოსმალეთის მიერ გაპარტახებული და ანგრეული ახალციხე და ახალქალაქი ჩავიბარეთ. და სწორედ მთელი ეს დრო მოვანდომეთ მხოლოდ იმას, რომ ეს რაიონი დაგვეცვა მტრის თავდასხმისაგან. თქვენ გახსოვთ ალბად, რომ სწორედ მის შემდეგ, რაც ჩვენ ამ მაზრებში ფეხი შევდგით, ყარსში დაარსდა ეგრედ წოდებული აღმოსავლეთ-სამხრეთ კავკასიის მთავრობა და პირველი განცხადება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოისამ გაუკეთა გენერალ მილლს ეს ის იყო, რომ მას მიექცია ყურადღება ყარსის მთავრობისთვის. ჩვენ მაშინვე იმას გამოვუცხადეთ, რომ ყარსის მთავრობა, არც მეტი, არც ნაკლები, ოსმალთა ორგანიზაციაა. ჩვენ მათ საბუთებით დავუმტკიცეთ, რომ მთელი ეს მთავრობა იყო შედგენილი ოსმალთა ემისარების და აგენტების მიერ. ჩვენ განცხადებასთან ერთად ისიც დაგვეთანხმა, რომ თუ მართლაც ინგლისს აინტერესებს ჩვენში წესიერების განმტკიცება, აუცილებელი ხდება, რომ დაუყონებლივ ზომები იქნეს მიღებული ყარსის მთავრობის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ ასეთ ჩვენ განცხადებას, მიუხედავად დაპირებისა, საუბედუროდ, სათანადო ყურადღება არ მიექცა და შემდეგ მთელმა ახალციხის, ახალქალაქის ისტორიამ ნათლად დაამტკიცა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით. თქვენ იცით, რომ ფოცხოვის რაიონი გახდა ბუდე, საიდანაც სერვეთ-ბეგ ათაბაგოვის ურდოები ახდენდნენ თავდასხმას ახალციხეზე და ჩვენ არ გვაძლევდენ საშუალებას, რომ იქ სახელმწიფოებრივი მუშაობა გვეწარმოებინა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ჩვენ იძულებულნი გავხდით ამისთვის ბოლო მოგვეღო, ჩვენს საბედნიეროდ, გენერალ ტომსონმაც მიიღო ენერგიული ზომები ე.წ. ყარსის მთავრობის წინააღმდეგ და მისი თანხმობით ჩვენ დავიჭირეთ ფოცხოვი და არტაანი.

ამნაირად, ჩვენი ფოცხოვის და არტაანის რაიონში გადასვლა, მე გადაჭრით ვაცხადებ თქვენს წინაშე, მოხდა გენერალ ტომსონთან შეთანხმებით. და დღეს, როდესაც საქართველოს მთავრობამ, მთელმა ჩვენმა ხალხმა ამდენი მსხვერპლი შესწირა ამ საქმეს, დღეს საკითხის სხვანაირად შებრუნება ჩვენ ვერ გაგვიგია, ვერ აგვიხსნია. რაშია აქ საქართველოს მთავრობის ბრალი, დღესაც ეს ჩვენთვის გაუგებარია.

ჩვენ კიდევ, მოქალაქენო, არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ამ საკითხში იქნება გამონახული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შებღალავს ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს და შეეფერება მის ღირსებას.

ბოლოს თქვენ იცით, რომ აქ ქალაქ ტფილისში ჰქონდა ადგილი ფრიად სამწუხარო შემთხვევას, ეს გახლდათ ინგლისის ექიმის მკვლელობა. მეორე დღესვე საქართველოს მთავრობამ თავისი მწუხარება გამოუცხადა ინგლისის მისიას და შემდეგ ბოროტ-მომქმედნი გადაცემულ იქნენ სასამართლოში. თქვენ იცით, რომ სასამართლომ მსჯავრი გამოუტანა: სამს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, დანარჩენებს კი კატორღა. მართალია, ამ სამწუხარო შემთხვევას ზედ დაერთო მეორე სამწუხარო შემთხვევა, თქვენ იცით, რომ გზაში, როდესაც უკან მოჰყავდათ დასჯილნი მათ გაქცევა მოახერხეს, მაგრამ ორი მათგანი იქვე იყო მოკლული. იცით ალბათ ისიც, რომ ერთი ბოროტმომქმედთაგანი პაიჭაძე, რომელიც შეპყრობილ იქნა ოზურგეთში, გაიქცა, მაგრამ განა აქედან, ასეთ ფაქტებიდან შეიძლება რაიმე პოლიტიკურ დასკვნის გაკეთება? მე მგონია, რომ არა, რადგანაც იქ ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა მხოლოდ სამწუხარო ფაქტებთან საქმე, რასაც ჩვენ ვაღიარებთ. ერთად-ერთი დასკვნა, რომელიც შეიძლება აქედან მიუდგომელმა ადამიანმა გამოიყვანოს, რომ მართლაც ჩვენი სახელმწიფოებრივი აპარატი არ გვაქვს ისე მოწყობილი, როგორც ამას ჩვენი ხალხის ინტერესი მოითხოვს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვსთქვათ, რომ ასეთი შემთხვევა შესაძლებელია მოხდეს იქაც, სადაც ასის წლობით არის მუშაობა სახელმწიფოებრივ სფეროში. ისტორიამ არ იცის მაგალითი, რომ ერთი წლის განმავლობაში მოწყობილიყოს სახელმწიფოებრივი აპარატი ისე, რომ მას რაიმე დეფექტი არ ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მე უნდა განვაცხადო თქვენ წინაშე, რომ ეს ფაქტი, თავისთავად სამწუხარო, ისეთი უმნიშვნელოა, რომ მაზე აშენება ისეთი შეხედულებისა ჩვენზე, თითქოს ჩვენ არ შეგვწევდეს უნარი სახელმწიფოებრივ აღმშენებლობისა, ყოვლად შეუძლებელია (არსენიძე: მართალია!)

აი მოქალაქენო, ყველა ის, რაც ჩვენ გვესმის ოფიციალურად.

დანარჩენ რამეზე, მე უნდა აღვნიშნო თქვენ წინაშე, რომ ჩვენ ოფიციალურად არ გვსმენია. (ხმა: ბათუმში გამოკრული განცხადება?) არა ოფიციალურად ბევრი რამ გვესმის.

მოქალაქენო, თქვენ ალბად დაგვიწყებიათ, განა შეიძლება დავიწყება რეიტერის სააგენტოს გადმოცემული ცნობა შესახებ იმისა, რომ საქართველო კიდევ 1914 წელს, ყოფილა მოღალატე, 1914 წელს საქართველო ყოფილა კავშირში ოსმალეთთან. (არსენიძე: საზიზღარი პროვოკაციაა!)

საქართველო და ოსმალეთი მოკავშირენი?

მართლაც საზიზღრობაა. მაგრამ ასეთი ცნობა ჩვენთვის, ყველასათვის, რასაკვირველია, სასაცილოც არის.

ისინი, ვინც ასეთ ცნობებს პოპულიზაციას უკეთებენ, ჩვენ აშკარად შეგვიძლიან ვთქვათ, არავითარ ანგარიშს არ უწევენ სამართლიანობას, თორემ ეს ასე რომ არ იყოს განა, ასე ძნელი იყო ჩვენი ამ ომის დროის ისტორიის გაცნობა იმისთვის, ვინც ასეთ პროვოკაციას თხზავს ჩვენს წინააღმდეგ?

ბრესტის კონფერენციის ისტორია, განა ეს ისეთი უტყუარი ფაქტი არ არის, რომელსაც ანგარიშს უნდა უწევდეს ყველა, ვინც თავისთავს და სამართლიანობას პატივს სცემს?

განა მაშინ კიდევ, როდესაც გერმანიის კოალიცია იყო გამარჯვებული და ბატონ-პატრონი ფრონტზე, პატარა საქართველომ არ გამოიჩინა გამბედაობა და არ უარჰყო ის წინადადება, რომლითაც მოგვმართეს ჩვენ გერმანიამ და ოსმალეთმა, რომ ჩვენ გაგვეგზავნა ბრესტში ჩვენი წარმომადგენლები?

ან და ვის შეუძლიან წაგვართვას ჩვენ ის, რაც ჩვენ გვაქვს?

ბათუმის დაცვა, აი ის ძმათა სასაფლაო, რომელიც აგებულია ანარიაზე, ანდა ჩოლოქის ბრწყინვალე გამარჯვება, ოზურგეთში ათასობით ჩვენი ლტოლვილები, რომლებიც გამოიქცნენ ბათუმიდან და დღესაც არ არიან დაბრუნებულნი, განა ეს არ მოწმობს იმას, რომ საქართველო, ქართველი ხალხი არასოდეს მოღალატე არ ყოფილა და არც იქნება? (მქუხარე ტაში).

ეს უტყუარი ფაქტებია. მაგრამ მიუხედავად ასეთი ფაქტებისა მაინც, სამწუხაროდ უნდა ვსთქვათ, ისეთი დაწესებულება, ისეთი ორგანო, როგორიც რეიტერის სააგენტოა, აძლევს თავის თავს ნებას და მთელ სამყაროს აუწყებს იმას, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ადგილი არა ჰქონია. მერე რა უდევს სარჩულად ამას?

თქვენ ალბად კარგად იცით ის ნაბიჯი ხუთი-ექვსი უპასუხისმგებლო პირთა, რომელთაც არსოდეს კავშირი არა ჰქონია ჩვენ ხალხთან. აი ამ სარჩულზე არის აგებული ის საშინელი პროვოკაცია, რომელიც მთელ ატმოსფერას ჩვენს საზარალოდ ჟღენთავს და ჩვენ რესპუბლიკას განსაცდელს უმზადებს. ანდა ის წერილი, რომელიც მოთავსებულია გაზეთ „თიმეს“-ში. თქვენ ალბად დღეს უკვე წაიკითხეთ ეს წერილი, წერილი აღსავსე ინსინუაციებით და გინებით, წერილი, სადაც არის ნათქვამი, რომ თითქოს საქართველომ მთელი წლის განმავლობაში ვერ გამოიჩინა ვერავითარი სახელმწიფოებრივი უნარი და ენერგია და საჭიროებს ბატონ-პატრონს. ჩვენ არ ვიცით საიდან ამოკრიფა ამ წერილის ავტორმა ეს ამბავი, მხოლოდ ჩვენ გვიკვირს, რისთვის არ აამაღლებს თავის ხმას ის, ვინც ჩვენ მუშაობას თვალყურს ადევნებს, ვინც იცის, ხედავს თუ რა ხდება მთელ ყოფილ რუსეთის იმპერიის სივრცეზე, რას წარმოადგენს საქართველო, ყველა ამას ხედავენ, მაგრამ საუბედუროდ ჩვენდა, ამ მხრივ არავითარი ნაბიჯი არ არის გადადგმული, რომ გაფანტული ყოფილიყო ის მოწამლული ატმოსფერა, რომელიც შექმნა ასეთმა გამოსვლებმა. და მე გეკითხებით მოქალაქენო, ეხლა რას იფიქრებს ჩვენი ხალხი, როდესაც ის დაინახავს და გაიგებს, რომ შარშანდელი მისი ტრაგედია, მისი მდგომარეობა, მისი ცდა, რომ გახდეს თავის ბედის გამომჭედი, რომ ყველა ეს ინათლება ისეთ სახელით, როგორც მონათლულია რეიტერის სააგენტოს ცნობებით და «თიმეს»-ის წერილში? მე მგონია, ასეთი მადგომარეობა არავის პრესტიჟს არ აამაღლებს, პირიქით ხელს შეუწყობს დაცემას იმ სახელმწიფოს პრესტიჟისა, რომელსაც კავშირი აქვს ამ წყაროებთან. (მაჭავარიანი: მართალია!)

მე მინდა კიდევ შევაჩერო თქვენი ყურადღება, მოქალაქენო, იმაზე, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ხმები ვრცელდება შესახებ ერთი პროკლამაციისა. ჩვენი ცნობებით, მართლა ასეთი პროკლამაცია არის. ჩვენ მეტი ცნობებიც გვაქვს, ზოგიერთ ადგილებში ეს პროკლამაცია უკვე არის გამოკრული. მე ვერ გადმოგცემთ ეხლა სავსებით შინაარსს ამ პროკლამაციისას, მხოლოდ უნდა აღვნიშნო თქვენს წინაშე, რომ შინაარსი ამ პროკლამაციისა ყოვლად მიუღებელია საქართველოს რესპუბლიკისათვის! (მქუხარე ტაში. გვაზავა: მართალია!)

ჩვენს ხალხს იმისთვის კი არ უბრძოლია რამდენიმე ათეულ წლობით და ამ ბრძოლაში არ გაუღია წმინდა მსხვერპლი, რომ ერთი ხელის დაკვრით ვინმემ მოინდომოს ამ ჩვენ თავისუფლების გატეხა და დამარხვა.

აი სწორედ ეს განცხადება საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უკვე გააკეთა. (გობეჩია: როდის?).

რა ბრძანეთ?

(გობეჩია: როდის?). მაშინ, როდესაც გაიგო ამ პროკლამაციის არსებობა, იმ წამსვე.

ჩვენ ვაცხადებთ, პირადად მე ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩვენ გვესმის ჩვენი მოვალეობა, ის მოვალეობა, რომელიც იკისრა საქართველოს მთავრობამ მოკავშირეთა წინაშე, ამ მოვალეობას შევასრულებთ, მაგრამ იმავე დროს, ჩვენ გვესმის ჩვენი უფლების პატივისცემაც.

თავიდანვე, როგორც ეს თქვენ იცით, ჩვენ შორის იყო დადებული ხელშეკრულობა, ხელშეკრულობა ხელ-მოწერილი ინგლისის ოფიციალურ წარმომადგენელის მიერ, სადაც არის ნათქვამი, რომ მოკავშირეთა წარმომადგენელნი ჩვენ შინაურ საქმეში არ ჩაერევიან და ჩვენ თავისუფლებას არ შებღალავენ.

აი ამ ნიადაგზე ვდგევართ ჩვენ, თუ ეს პირობები იქნება დაცული. ჩვენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ისე, როგორც დღემდის აგვიღია, პირნათლად შევასრულებთ და შემდეგშიაც ვეცდებით ეს პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე ვიკისროთ, მაგრამ ის, რაც აუცილებელ პირობებს შეადგენს ჩვენი რესპუბლიკის სუვერენობისას, მე თამამად შემიძლიან თქვენს წინაშე ვსთქვა, სანამ ეს მთავრობა სდგას თავის ალაგას, ის შეეცდება ეს დაიცვას! (ხანგრძლივი მხურვალე ტაში).

არ შემიძლიან თქვენი ყურადღება არ შევაჩერო რამდენიმე წუთით ამიერკავკასიის კონფერენციაზე.

მე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის პოლიტიკის უმთავრესი ღერძი ეს გახლავთ კეთილ-მეზობლური განწყობილება ყველა ამიერ-კავკასიაში მობინადრე ერებთან. მართალია ამ გზაზე ჩვენ ბევრი დაბრკოლება ვნახეთ, მაგრამ მაინც და მაინც ამ მიზნისთვის ჩვენ მოქმედებაში არ გვიღალატნია და ბოლოს მართლაც საქართველოს მთავრობის თაოსნობით, როგორც იცით, უკვე რამოდენიმე დღეა მუშაობს ამიერ-კავკასიის კონფერენცია; აქ იყო ჩვენი თაოსნობა, ეს იყო ჩვენი მოწოდება და თვით ფაქტი იმისა, რომ ეს განხორციელდა. ეს გვავალებს ჩვენ, რომ ჩვენ ერთნაირად, უფრო მწვავე თანაგრძნობით მოვეკიდოთ ამ კონფერენციას. ჩვენ დიდი პატრიოტი ვართ ამ კონფერენციისა, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არავითარი ილიუზიას აქ ალაგი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ სრულიად არ გვგონია რომ, ეს კონფერენცია შესძლებს მოგვცეს ის, რაც ამიერ-კავკასიისთვის აუცილებელია, ე.ი. სრული შეთანხმება პოლიტიკურ და ეკონომიურ კითხვებში ამიერ-კავკასიის ერთა შორის. კიდევ ბევრი საკითხებია, მოქალაქენო, ჩვენ შორის სადაო, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩვენს წინ, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვიფიქროთ, რომ ერთის ნაბიჯით შესაძლებელია ამიერ-კავკასიის და კავკასიის ხალხთა პოლიტიკურ-ეკონომიური კავშირის მოგვარება. მაგრამ თუ კი ეს კონფერენცია შესძლებს გამონახოს საერთო ენა ამ ერთა შორის, გამონახოს საერთო ნიადაგი, - და ასეთი ნიადაგი არის უკვე მომზადებული, ეს არის ჩვენი თავისუფლების დაცვა, სოლიდარულად ამ მხრით მოქმედება, აი თუ ამ პირველ ნაბიჯს გადასდგამს ერთა სოლიდარობის გზისკენ ეს კონფერენცია, მე მგონია, რომ მეტს ჩვენ ამ კონფერენციას ვერ მოვითხოვთ და ესეც დიდი სამსახურია.

უკვე კონფერენცია დაიყო კომისიებად და აქ მუშაობა სწარმოებს.

მომავალი დაგვანახებს მოქალაქენო, რამოდენად ცხოვრება ამ ჩვენ იმედებს განახორციელებს.

დასასრულ მე უნდა მოგახსენოთ, რომ მეტად სერიოზულ და საპასუხისმგებლო მომენტს განვიცდით ჩვენ ეხლა და, ამ მხრივ, მე მგონია, დამფუძნებელი კრების და საქართველოს მთავრობის მოვალეობაა, რომ ჩვენ ხალხს აუხსნათ, თუ რა დაბრკოლება შეხვდება მას იმ მიზნის განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით.

აქ არის საჭირო დინჯი და აუჩქარებელი და მასთან კიდევ ყოველგვარ ნერვიობას მოკლებული მუშაობა და ბრძოლა.

აქ არის მართლაც მეთოდიური ბრძოლა საჭირო, რადგანაც უნდა ვიცოდეთ, რომ აღელვება, აჩქარება ამ მხრივ საქმეს ზიანს მოუტანს.

ყველა მოქალაქე უნდა გაიმსჭვალოს იმ გრძნობით, რომ ის ვალდებულია თავის ხალხს, თავის თავისუფლებას თავი შესწიროს.

თუ ამ გრძნობას ჩვენ შევეცდებით ცხოვრებაში გავატაროთ, ჩვენ ღრმად გვწამს მოქალაქენო, რომ ჩვენ უვნებლად გავივლით ეკლიან გზას და ჩვენი თავისუფლების დროშას დაუხრელად გავატარებთ ამ მძიმე გზაზე ჩვენი მიზნის ბრწყინვალე გამარჯვებისაკენ (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. ბატონებო! ეხლა ოთხის ნახევარი გახლავთ, როგორ მიბრძანებთ... (ხმები: გადავდოთ, განვაგრძოთ!) მესმის, „განვაგრძოთ“, „გადავდოთ!“ კეთილ ინებეთ და გამოგზავნეთ წერილობით თქვენი წინადადება.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს. გსურთ თუ არა ისარგებლოთ სიტყვით?

. არსენიძე. მე წინადადება შემომაქვს, - თუ სიგვიანეს გამო მოვინდომეთ კრების გადადება, კრება გადავდოთ და დავნიშნოთ საგანგებო სხდომა. შეგვიძლიან, - მაგალითად, - ხვალ საღამოს 7 საათისთვის დავნიშნოთ იგი, თუ თანახმა იქნებით.

თავმჯდომარე. როგორც სჩანს, გადადების წინააღმდეგ არავინ არის. მაშ წინადადება მიღებულად უნდა ჩავთვალოთ.

ეხლა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ინებებთ, რა დროსთვის? არის წინადადება ხვალ საღამოსთვის. სხვა წინადადება არ არის.

კენჭს უყრი მას. ვინ არის მომხრე იმისა, რომ გავმართოთ ხვალ საღამოს საგანგებო კრება? ვინ არის წინააღმდეგ? უმცირესობა. მაშასადამე, მიღებული გახლავთ. ეხლა, რომელ საათზე? (ხმა: 7 საათზე) კენჭს უყრი, 7 ს. არავინ არის წინააღმდეგი? (ხმაურობა, თავმჯდომარის ზარი.) ჯერ სხდომა არ არის დახურული, ბატონებო, გთხოვთ დაბრძანდეთ. ვინ არის წინააღმდეგ 7 ს.? არავინ. მაშასადამე, სხდომა ამ საკითხზე საკამათოდ და საბოლოო დასკვნის გამოსატანად დამფუძნებელ კრების მიერ, - დაინიშნება ხვალ, საღამოს 7 ს.

მოგახსენებთ მორიგ სხდომის დღიურ წესრიგს.

ქრისტინე შარაშიძის ასული (კითხულობს მორიგ სხდომის დღიურ წესრიგს). ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი).

თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ ნუ ხმაურობთ, არაფერი არ ისმის! (მდივანი განაგრძობს კითხვას). სურს თუ არა ვისმეს სიტყვა სამშაბათის წესრიგის შესახებ?

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

. არსენიძე. აქ გამოითქვა სურვილი, რომ ზოგიერთ შეკითხვისთვის გაგვემართა სპეციალური სხდომა, და მე, პირადათ, ამ მოსაზრების თანახმად, ვითხოვე შაბათს ყოფილიყო დანიშნული სხდომა დღიური წესრიგის იმ ნაწილისთვის, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. და როცა გამოცხადდა სამშაბათის სხდომის წესრიგი, მე სწორეთ გითხრათ უხერხულ მდგომარეობაში დავრჩი. ამიტომ მე მგონია უკეთესი იქნება თუ შაბათის დღიურ წესრიგში მოვათავსებთ არა მარტო ამ მოხსენებაზე მსჯელობას, რომელიც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, არამედ დაუმთავრებელ დღევანდელ სხდომის წესრიგს, რამდენსაც მოვასწრობთ.

თავმჯდომარე. უკაცრავათ, ბატონებო! მე უნდა განვაცხადო, რომ თუ გაუგებრობა მოხდა, პრეზიდიუმი არაფერ შუაში არის. ლაპარაკი იყო მხოლოთ მთავრობის განცხადებაზე და ამ განცხადების გამო კამათზე. შემოვიდა წინადადება, რომ გაიმართოს საგანგებო სხდომა შაბათს. მე ესე გავიგე, და მე მგონია ასე გაიგო უმრავლესობამაც. ახალი წინადადება არის, რომ ის წესრიგი, რომელიც მოგხსენდათ სამშაბათისთვის - გადაიდოს შაბათისთვის, ესე იგი პირველ რიგში იყოს კამათი მთავრობის განცხადების გამო და შემდეგ განხილულ იქმნას დანარჩენი წესრიგი.

თუ მოისურვებთ, ეს წესრიგი მიღებული იქნება. (არსენიძე: არ არის ასე, სხვა წინადადებაა!) დიახ, ბატონო, მე ესე გავიგე, მე ბოდიშს ვიხდი, ეს იმიტომაა, რომ არ სწერთ; დასწერეთ, და ისე მითხარით, რაზედაც გნებავთ ლაპარაკი.

. არსენიძე. მე მქონდა ლაპარაკი დღეს დარჩენილ წესრიგზე. აქ იყო უმთავრესათ შეკითხვები. სხვა კანონ-პროექტი არ დაგვრჩა. მაშასადამე, იქნება მთავრობის მოხსენების გამო კამათი და შემდეგ განიხილება დარჩენილი წესრიგი. რაც შეეხება სამშაბათის წესრიგს - ის თავის თავად წავა.

თავმჯდომარე. მაშასადამე, მთავრობის განცხადების გამო კამათი გადაიდება ხვალისათვის და შემდეგ მოგხსენდებათ შეკითხვა, რომლის განხილვა დღეს ვერ მოვასწარით. ვის სურს სიტყვა? არავის. მაშასადამე წინადადება მიღებულია და სხდომა დამთავრებულია. (თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს 4 საათსა და 35 წუთზე).

2.6.2.7 მეთხუთმეტე (საგანგებო) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

შაბათი, მაისის 10. 1919 . ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება საღამოს 7 ს. და 15 წუთ.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ კომისიაში გადასაცემ საკითხებს.

კომისიაში გადასაცემი დეკრეტის პროექტი.

მდივანი. (კითხულობს): ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი დეკრეტისა სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.

გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. მსჯელობა გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადების გამო - საერთო პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ.

2. გაგრძელება მსჯელობისა სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეკითხვის გამო - ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების თაობაზე.

3. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარის მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ.

4. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციისა მთავრობისადმი - ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა და სხვათა სასჯელისაგან სრულიად განთავისუფლების შესახებ.

მსჯელობა გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადების გამო საერთო პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ.

თავმჯდომარე. ეხლა იქნება მსჯელობა გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადების გამო, საერთო პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სიმონ მდივანს.

სიმონ მდივანის სიტყვა

(ს. ფ.)

დამფუძნებელი კრების წევრნო!

გუშინ ჩვენ გვქონდა შემთხვევა მოგვესმინა გარეშე საქმეთა მინისტრის მოხსენება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რესპუბლიკის მდგომარეობის შესახებ. აქ ნათლად და აშკარად იყო დასმული საკითხი, თუ რა მდგომარეობაში არის დღეს ჩავარდნილი ჩვენი ახალგაზრდა, ნორჩი, ჯერ კიდევ ორგანიზაციულად გაუმაგრებელი რესპუბლიკა.

ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმას, რომ ის საკითხი, რომლის გარშემო დღეს კამათი უნდა დასრულდეს და საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავისი დასკვნა მიაწოდოს იმ ხალხს, რომელმაც გამოგზავნა, აირჩია ეს დამფუძნებელი კრება, არის საბედისწერო საკითხი.

თქვენ კარგად იცით, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ამგვარი საკითხები არა ერთხელ დასმულა ჩვენს წინაშე და პირველი შეხედვით ჩვენ გვეგონა, რომ საბედისწერო საკითხები ისეთია, რომ ამ გადაჭრაზე არის დამოკიდებული ჩვენი ყოფნა თუ არ ყოფნა. მაგრამ ის საკითხები შესაძლებელია არ გადიჭრნენ ისე, როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ არც ისე, როგორც ჩვენ მოწინააღმდეგეს უნდოდა. ბოლოს და ბოლოს საქართველოს რესპუბლიკა დღემდის არსებობს და დღესაც საბუთი არაა ვიფიქროთ, რომ მას რაიმე ძალა მოსპობს. საქართველოს დემოკრატია თავის ჩამოყალიბებულ ნებას, გაერთიანებულ ძალას, ყოველთვის ამგვარ საკითხების გადაწყვეტის დროს გამოააშკარავებს და ერთგვარ შეურყევლობას გამოიჩენს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს პარიზის კონფერენციას სურს ლიკვიდაცია მოუხდინოს ომს. ომი ვითომც და გათავდა და ამ ომის ლიკვიდაცია ხდება დღეს პარიზში. ასეთი კონფერენცია, რასაკვირველია, უფრო მცირედი მასშტაბით, მოხდა ბრესტში. იქ წარსდგნენ: ერთი მხრით, გამარჯვებული გერმანია, მეორეს მხრივ დამარცხებული რუსეთის დემოკრატია. და ჩვენ ვიცით კარგად, თუ რა საშინელი ზავი მოახვიეს თავს გერმანიის იმპერიალისტებმა ომში დამარცხებულ რუსეთის დემოკრატიას. ამ ზავის პირობებით რუსეთის დემოკრატია იძულებული იყო ხელი აეღო ყოველივე ხალხის ქონებაზე და გადაეცა გერმანელ იმპერიალისტებისთვის. ამ ბრესტის პირობაში შეტანილი იყო აგრედვე მუხლი, რომ რუსეთის დემოკრატიას უფლება არ ჰქონდა რაიმე აგიტაცია გაეწია თავის იდეებისათვის გერმანიის სახელმწიფოში და ამგვარ ზავს რუსეთის დემოკრატიამ ხელი მოაწერა.

ჩვენ პრინციპიალურად შეგვიძლიან განვსაჯოთ ბოლშევიკები იმის გამო თუ რამდენად მისაღები იყო მაშინდელ მდგომარეობაში ასეთი პირობები, რამდენად იცავდნენ თავის ჩამოყალიბებულ პრინციპებს იმ დროს, როდესაც ხელს აწერდნენ ამ ზავს, მაგრამ დღეს ყველასათვის აშკარაა, რომ არც ერთი მუხლი ხსენებული ზავისა არ ასრულებულა. საამისოდ დიდი სურვილი, ენერგია და შრომა დასჭირდათ გერმანიის იმპერიალისტებს, მაგრამ მაინც მისი ასრულება არ დასცალდათ.

დღეს პარიზის კონფერენცია იგივე პირობებშია სავსებით. უფრო მკაცრი პირობებია წარმოდგენილი გერმანიის ხალხისადმი. თუ ჩვენ წინა ნათელი წარმოდგენა არ გვქონდა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა, როდესაც კაცს უფლებას აჰყრიდნენ, ყოველივე ქონებას ჩამოართმევდნენ, ამით სასჯელს მიაყენებდნენ და ამ შემეცნებას ვერ ვიცნობდით კარგად, ეხლა ნათლად შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ აგრეთვე, რას ნიშნავს უფლების აყრა, რას ნიშნავს ქონების ჩამორთმევა. ამისთვის საკმარისია წაიკითხოთ პარიზისაგან გერმანიისადმი წარდგენილი ზავის პირობები. მე არ ვიცი, მოაწერს გერმანია ხელს თუ არა, მაგრამ ეს პირობები ომის ლიკვიდაციას ვერ მოუხდენს, რომ ვერ დაამყარებს სიმშვიდეს, წესრიგს, ვერ გარდაქმნის დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებას, ვერ შექმნის სახელმწიფოებრიობას, ეს აშკარაა. ეს 5 დიდი სახელმწიფონი შესძლებენ ამ პირობების რეალიზაციას თუ არა, ესეც სადაო საკითხია.

ომის ფსიხოლოგია იყო იმგვარი, რომ როდესაც ერთი მხარე სცემდა მეორეს, დამარცხებული მხარე იძახდა: მე ვიბრძვი არა ჩემ ინტერესებისათვის, არამედ მთელი მსოფლიო განთავისუფლებისთვის, ჩვენ გვინდა ყოველ ერს მივანიჭოთ უფლება თავისუფალ ცხოვრებისა, ყოველ ერის კულტურას მივცეთ საშუალება, რომ ის არ გაჰქრეს, ყოველივე ადამიანს მივსცეთ საშუალება თავის პიროვნების განვითარებისა. და რამდენად უფრო სასტიკად სცემდა მოწინააღმდეგე, რამდენად უფრო მეტ დამარცხებისაკენ იყო მიმართული, იმდენად უფრო დაბეჯითებით ლაპარაკობდა, რომ ეს ჩემი დამამარცხებელი წაინააღმდეგი არის იმისა, რასაც მე ვიცავო. თუ მე მთელი ქვეყანა დამეხმარება და საშუალებას მომცემს დავამარცხო ასეთი სასტიკი მოწინააღმდეგე, მთელი კაცობრიობა ნახავს, რომ ყოველ ხალხს, ყოველ კულტურულ ქვეყანას შველა მიეცემაო. მაგრამ ვნახეთ ჩვენ, რომ ეს სასტიკი მდევნელი ხალხებისა, სასტიკი მომსპობელი კულტურისა, ყოველივე ხელოვნებისა და განხორციელება ველურობისა დამარცხდა. გაიმარჯვა სწორეთ იმათ, ვინც უფრო მეტს და ბევრს ყვიროდა.

მაგრამ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ სიტყვა ერთი ყოფილა, საქმე კი სხვა. და ამ სხვა და სხვაობის სიმწვავეს დღეს ჩვენ განვიცდით. ეს, ჩვენის აზრით, გაგრძელდება მანამ, სანამ ძირითადი უკუღმართობა არ მოისპობა. ეს ძირითადი უკუღმართობა კი ვერ მოისპობა სანამ ამ საკითხს ახალი ძალა არ დაეპატრონება - მსოფლიოს სოციალისტური დემოკრატია. ეს ახალი ძალა, ჩვენდა საუბედუროთ, ჯერ არ არის კიდევ ორგანიულად შეკავშირებული, არ არის მოწყობილი და ვერ ახერხებს დღესვე გადასჭრას ეს საკითხი. ვიდრე ეს ძალა არ ჩაერევა ამ საკითხში და არ იტყვის თავის სიტყვას, მანამ ჩვენ ვერ მივიღებთ ვერც წესს, ვერც რიგს, ვერც მშვიდობიანობას. აი ამ მხრივ რომ უკვირდებით ჩვენ მდგომარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელ ბატონებისადმი ჩვენ გაუსწორებელი სკეპტიკოსები ვართ. ისინი ვერავის მოსპობენ, ისინი ვერავის გაანადგურებენ, მხოლოდ ერთ სამსახურს გაგვიწევენ - რაც უფრო მეტ სიმწვავეს გვაგრძნობინებენ, რაც უფრო მეტ ანარქიას და არევ-დარევას შეიტანენ ცხოვრებაში, მით უფრო მალე მოეღება ბოლო. მე მგონია მათ დაუკითხავად ეს დასასრული უეჭველად უნდა მოვიდეს.

აი, ყველა ამით მე მინდა ვსთქვა, რომ ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მსოფლიო დემოკრატიის ძალა, ჩვენი სურვილები სრულიად შეეფერება მათ სულისკვეთებას. ჩვენი სურვილი ერთად-ერთია მხოლოდ: საქართველო, შობილი რევოლიუციით, საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი და თავის პატრონი უნდა დარჩეს ხელუხლებელი. რასაკვირველია საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლიან ჰაერში ჩამოკიდება, რასაკვირველია მისთვის აუცილებელია კავშირი, მაგრამ ეს კავშირი უნდა იყოს შეთანხმებითი, წინასწარ გათვალისწინებული და არა თავზე ზევიდან მოხვეული. ამას, ამგვარ კავშირს, საქართველოს დემოკრატია ყოველთვის ანგარიშს გაუწევს.

როდესაც ჩვენში მოკავშირეთა ძალა შემოდიოდა, ჩვენთვის აშკარა იყო ერთი რამ. ჩვენ გვეგონა, რომ იმ ლოიალობისათვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიამ გამოიჩინა ორივე მოწინააღმდეგე მებრძოლ მხარისადმი, იგი ჩვენ მოგვეპყრობოდა ისე, როგორც ეპყრობოდა საქართველოს დემოკრატიას წინად შემოსული ძალა. მართალია თავიდანვე სრული ნეიტრალობა გამოვაცხადეთ, მაგრამ ჩვენ ასეთი ნეიტრალობის სრული დაცვა, ვიცოდით, რომ არ შეგვეძლო. ჩვენ მოვითხოვდით იმ ძალისაგან, რომელიც აქ შემოდიოდა, რამდენადაც მაინც ეს ნეიტრალიტეტი დაეცვა. და როდესაც მოკავშირეებმა დააპირეს აქ შემოსვლა, ჩვენმა მთავრობამ მათ მოსთხოვა შემდეგი: ჩვენ წინააღმდეგობას არ გაუწევთ თქვენს ჯარს, თქვენ ჯარს აქვს საკუთარი მიზანი - განწმენდა ამიერ-კავკასიისა ოსმალეთის და გერმანიის ჯარისაგან, მაგრამ რაიც შეეხება ჩვენ საკუთარ შინაურ საქმეებს, ამაში ჩარევის ნებას არ მივცემთ, რასაკვირველია, ეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ამას შევძლებთ. ერთგვარი პირობები იყო დაწერილი. ამ პირობების შესახებ უკვე მოგახსენათ გარეშე საქმეთა მინისტრმა, და ეს პირობები ხელმოწერილია მათი წარმომადგენლების მიერ. მართალია, ჩვენ არ ვიცით, ჰქონდათ მათ ამის უფლება თუ არა, შეეძლოთ თუ არა, მათ ხელი მოეწერათ ამგვარ შეთანხმებაზე.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ ალბათ გაზეთებში წაიკითხავდით რა საოცარი ამბავი მოხდა პარიზის პალატაში. იქ შეკითხვა იყო რუსეთის ამბების გამო: ეკითხებოდნენ მემარცხენე ფრაქციების წარმომადგენელნი გარეშე საქმეთა მინისტრს, რომ ესა თუ ეს კონსული, ასეთ თუ ასეთ განცხადებას აკეთებს რუსეთში, თითქმის ომს უცხადებს უკრაინას, და ნუთუ ეს წარმომადგენელი არის საფრანგეთისა? გარეშე საქმეთა მინისტრმა განუცხადა პალატას, რომ კონსული ენო ოდესაში არ არის საფრანგეთის წარმომადგენელი, და ის რაც იმან სთქვა, ან მოიმოქმედა, არ არის აზრი საფრანგეთისა. თუ ჩვენ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაშინ სხვა საკითხია. ჩვენი უბედურება ის არის, რომ არ შეგვიძლიან დროზე ვამცნოთ ყველას, რაც ხდება აქ. მაგრამ სანამ დაბეჯითებით ეს არ ვიცით, ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ გვაქვს საქმე მოკავშირეთ, კანონიერ წარმომადგენლებთან საქართველოში და ეს კანონიერი წარმომადგენლები გვაწოდებენ ყოველთვის აზრს იმ სახელმწიფოსას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ამრიგად, ის შეთანხმება, რომელიც იყო სათავეში დადებული, დღეს ძალაში რჩება.

თქვენ მოისმინეთ განცხადება გარეშე საქმეთა მინისტრისა, რომ მთავრობას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ მას ეს შეთანხმება დაერღვია, მაგრამ, მეორეს მხრივ, თქვენ იცით იმავე მოხსენებიდან, რომ არ არის გარკვეული არც ერთი მათი მოქმედება, არც ერთი მათი საქმე, არ არის ასრულებული არც ერთი მათი დაპირება. როდესაც შემოდიოდნენ ამიერ-კავკასიაში მოკავშირენი, ამბობდნენ: ჩვენ შემოვდივართ და გვაქვს მხოლოდ ორი მიზანი. ერთი ის, რომ დამყარდეს წესრიგი, მეორე ის, რომ განვსწმინდოთ ამიერ-კავკასია. საქართველოში წესრიგი არსებობს, მაშასადამე ეს აღარ არის საჭირო. მაგრამ რაც შეეხება ოსმალეთისა და გერმანიის აგენტებს, ისინი ჩვენ უნდა გავდევნოთო.

მაგრამ რას ვხედავთ შემდეგში? პირველადვე ბათომში აირჩიეს მთავრობა, რომელსაც არავითარი კავშირი ადგილობრივ საქმეებთან და ხალხთან, ადგილობრივ ინტერესებთან არ ჰქონდა. ამის შემდეგ გააჩინეს კიდევ ახალი მთავრობა, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიისა. ბათომის მთავრობის დაარსების დროს, ჩვენ ვერ მოვასწარით გაფრთხილება. აქ კი ყარსის მთავრობის დროს, ჩვენმა მთავრობამ გააფრთხილა ისინი. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია არსებობა ისეთი მთავრობისა, რომელიც არ წარმოადგენს არც ხალხს, არც ტერიტორიას, არც ტრადიციას, არც არაფერს და ჩვენდა სამტროდ არის მოწყობილი. მიუხედავად ამისა, ეს მთავრობა მაინც დაარსდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობას არავითარი საშუალება არა აქვს ბათომში უბრალო დეპეშა გაგზავნოს, მოკავშირეთა სარდლობას კი სამხრეთ დასავლეთის მთავრობისთვის ბათომში ტელეგრაფი ყოველთვის მზად აქვს და საშუალებას აძლევს ათასგვარი პროტესტით მიმართონ საქართველოს.

თვით ხსენებული მთავრობის დაარსება მოხდა შემდეგი წესით. მე ხელთ მაქვს ერთი კერძო კორესპონდენცია, რომელიც მე მივიღე ყარსიდან, სადაც შემდეგი სწერია: „ჩამოვიდნენ თუ არა ინგლისის წარმომადგენელნი მათ განაცხადეს: ინგლისელებმა ჩამოართვეს ოსმალეთს ბათომის და ყარსის ოლქი იმიტომ, რომ შექმნან იქ წესიერება და კანონიერება. და აქ იქნებიან, ვიდრე ამ ოლქების ბედს საბოლოოდ არ გადასწყვეტს საზაო კონფერენცია. შინაურ საქმეების მართვა-გამგეობა ჩაჰბარდება ადგილობრივ მაჰმადიანებს, ხოლო თვითონ იკისრეს უმაღლესი გამგებლობა და კანტროლი. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოლაპარაკება გამართეს მუსულმანებთან და მისცეს წინადადე ბა დაეარსებიათ ახალი რესპუბლიკა, ახალის მთავრობით. ეს მოლაპარაკება დამთავრდა მით, რომ მთავრობა დაარსდა. როდესაც მათ მიერ დანიშნულ დეპუტატებისაგან პარლამენტიც შესდგა, ინგლისის წარმომადგენელი მოდის პარლამენტის პირველ სხდომაზე და მიმართავს შემდეგი სიტყვებით: „ბ-ბო, მოგესალმებით თქვენ, ხალხის არჩეულნო! (თუმცა, არავის ისინი არ აურჩევია). მე ჩამოვედი თქვენში მოკავშირე სახელმწიფოს - ინგლისის, საფრანგეთის და ამერიკისაგან სახელმწიფოებრიობის და წესიერების შესაქმნელად, მოკავშირეთა გამარჯვება არის გამარჯვება პატარა ერებისა. მე არ ჩავერევი თქვენს შინაურ საქმეებში, მაგრამ ყოველის მხრივ დაგეხმარებით და გამოგესარჩლებით. ჩვენ საქმით გავამართლებთ ჩვენ დაპირებას“.

ეს მოხდა თებერვალში. აპრილის დამლევს, იგივე გენერალი ასე ელაპარაკება იმავე პარლამენტს: „ბ-ბო! ნება-სურვილით ინგლისის მთავრობისა თქვენ ჩაგაბარეთ ძალა-უფლება და თქვენ გევალებოდათ ამ ოლქის მართვა-გამგეობა იმ ერთად-ერთი მიზნით, რომ გემუშავნათ ინგლისელებისათვის. თქვენ ვერავითარი უნარი ვერ გამოიჩინეთ ინგლისის სარგებლობისათვის. პირიქით, თქვენ მავნე იყავით ჩვენთვის და იმის მაგივრად, რომ გაგეტარებინათ ცხოვრებაში ინგლისელების იდეები, სხვა ორიენტაციისაკენ იწევდით. ეს ყოვლად მიუღებელია. თქვენი „შურა“ (პარლამენტის სახელია) გამოცხადებულია დაშლილად და ამიერიდან მთელი ძალა-უფლება გადადის ინგლისის სარდლობის ხელში, რომელიც გადასცემს ამ ძალა-უფლებას მას, ვინც დაიცავს ინგლისის ინტერესებს“. აი ამგვარი იყო უკანასკნელი სიტყვა ინგლისის წარმომადგენელისა.

უნდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენმა მთავრობამ ამცნო მოკავშირეების სარდლობას ხსენებული სახელმწიფოს არსებობა არ შეეფერება არც საქართველოს, არც მათ ინტერესებს, ვინაიდან სათავეში მას ედგა ოსმალეთის ჯარის ჩამორჩენილი აფიცრობა, პოლკოვნიკობა და სხვები, ეს მაშინ არ მიიღეს მხედველობაში და უნდოდათ უეჭველად მთავრობა შემდგარიყო. თუმცა მოკავშირეთა სარდლობას ერთგვარი ვაჭრობა ჰქონდა გამართული, ქართველებს გვეუბნებოდნენ: „ყარსის მთავრობა აღარ ვარგა, მოდით გავჰყოთ: ყარსი მივცეთ სომხებს, არტაანი და ფოცხოვის რაიონი წაიღეთ თქვენ“. როგორც მე ვიცი, თუ ვცდები, გარეშე საქმეთა მინისტრი ამას გამისწორებს, თითქმის ყარსსაც სთავაზობდნენ საქართველოს, მაგრამ ეს მეტად დიდი პატივისცემა იყო ჩვენთვის და ამისთვის მთავრობამ უარჰყო. შემდეგ ამისა სომხებთან ჰქონდათ მოლაპარაკება. იმდენად შორს წავიდნენ, რომ დაჰპირდნენ სომხებს: „მოიყვანეთ თქვენი ადმინისტრაცია, თქვენი ხალხი, ლტოლვილები და თქვენ ლტოლვილებს შეუშვებთ ყარსის ოლქშიო“. მართლაც აუარებელი ლტოლვილები მოაწყდნენ არპაჩაის ნაპირს. იქ დაჰყვეს სამი კვირა საშინელ ყინვასა, ქარბუქსა და უბედურებაში. როგორც ამბობენ (დანამდვილებით კი ვერ მოგახსენებთ) 40,000 ლტოლვილი გაწყდა არპაჩაის ნაპირზე. დღეს კი მაგგვარ მდგომარეობაში არიან ყარსის მუსულმანები, როდესაც იქ სომხები შევიდნენ. ლტოლვილები სწყდებიან აუტანელ პირობებში, რაიც შედეგია მოკავშირეთა პოლიტიკით შექმნილ წესის და რიგისა...

კორესპონდენტის სიტყვით „შურის“ გარეკა მოხდა ასე: „როდესაც გენერლის უკანასკნელი სიტყვა გათავდა, უცბად მთელი პარლამენტი და ქუჩები ჯარებით გაივსო და ჰაეროპლანებიც კი დასტრიალებდნენ ქალაქს. მთელი მთავრობა დააპატიმრეს და თავი უკრეს კუნძულ მალტასაკენ, სადაც მათ უნდა იფიქრონ და ფილოსოფიური ტრაქტატიც დასწერონ იმ 14 პუნქტის შესახებ, ვილსონმა რომ გამოაქვეყნა და რომელიც ცხოვრებაში გაჰყავთ ადგილობრივ გენერლების მეთოდებით.

მსგავსი ამბავი მოხდა ნახიჩევანში. აქ იყო მთავრობა სომხებისა და მუსულმანებისა, დღეს კი შეტაკება არის სომეხთა და მუსულმანთა შორის. შუღლი, რომელიც არსებობს მუსულმანთა და სომხების შორის, საოცრად მძვინვარებს და დღეს მდგომარეობა ისეთია, რომ მთელმა ნახიჩევანის მხარემ უარი განუცხადა ინგლისს და მას ებრძვის იარაღით ხელში.

აი, ის მეთოდი, რა მეთოდითაც მოკავშირეთა სარდლობას ჰსურს საქართველოში დაამყაროს მყუდროება, წესი და რიგი, მოსპოს ეროვნული შუღლი, რომელსაც ჩვენდა საუბედუროდ დიდი საფუძველი ჰქონდა და რომელსაც ასაზრდოებდა უკვე გარდაცვალებული რუსეთის ბიუროკრატია. დღეს ამ ძველმა ტრადიციამ ახალი საზრდო იპოვა.

ყველაფერი ეს ხდება მაშინ, როდესაც აქედან კორესპონდენტები „ტაიმსს“ აწვდენენ ისეთ ცნობებს, გაზეთ „ბარბაში“ რომ იყო მოყვანილი. იქ, სადაც ნათქვამია, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა შორის ეროვნული შუღლია გაჩაღებული და ერთმანეთი ისე სძულთ, რომ მათ არ შეუძლიანთ ერთად ცხოვრებაო. მე ვეკითხები მოკავშირეთა სარდლობას: თუ ეს მათ იციან, თუ ეს მათ სწამთ, რომ ასეთი შუღლი მართლაც არსებობს, - განა ჩვენთვის საჭირო იყო ასეთი წესები, ასეთი საშუალება, - რა საშუალებითაც მათ სურდათ ამ შუღლის ჩაკვლა ჩვენ ერებში?

რასაკვირველია ხსენებული პოლიტიკით, რომელსაც მოჰყვა ზემოხსენებული უბედურებანი ამიერკავკასიაში, შუღლი და უწესოება არ მოისპობა. ამისთანა მდგომარეობაა ჩვენს გარშემო. როგორია მდგომარეობა თვით ჩვენ ტერიტორიაზე? რას ამბობენ და რას სწერენ კორესპონდენტები ჩვენს შესახებ? „ტაიმსის“ კორესპონდენტი სწერს, სომეხ-ქართველთა ომის შესახებ, და ასეთ ცნობებს აწვდის ინგლისის საზოგადოებას: ინგლისი დაეხმარა ქართველებს მაშინ, როდესაც სომხეთის ჯარი სდევნიდა ქართველ ჯარს, როდესაც თბილისში უნდა შემოსულიყო სომხის ჯარიო. ასეთია „ტაიმსის“ ცნობა, მაგრამ კორესპონდენტს დავიწყებია ერთი ისტორიული დატა აღენიშნა. ეს დატა კი გვიჩვენებს რომ ეს ომი მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ამიერ-კავკასიაში შემოვიდა ანტანტის სარდლობა. რა კავშირია ამ ორ მოვლენათა შორის, - ეს დღეს არ მინდა აღვნიშნო, ამას ისტორია აღნიშნავს. მაგრამ კი რესპონდენტს, როდესაც ის აწვდიდა ასეთ ყალბ ცნობებს ვითომ ომი შესწყდა მაშინ, როდესაც სომხები თბილისს მოადგნენ - უნდა ერთი სიმართლე მაინც ეთქვა და ან უკვე ცნობილი დატა აღენიშნა.

გარდა ამისა ჩვენ გვინდა ყურადღება მივაქციოთ შემდეგს გარემოებას. ბაქოს და ბათომის გაზეთებში ხშირად შეხვდებით ამნაირს ცნობებს: „საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ბევრი იარა ტომსონთან, დიდი ხანი უცადა წინა ოთახში, მაგრამ მან არ მიიღო და მას დღეს თუ ხვალ ჩამოაგდებენ“ და სხვა. არის ცნობები, რომელიც ჩვენ მთავრობას შეეხება და მთავრობა უარყოფს ხოლმე ამ ცნობებს, მაგრამ არც ერთხელ ინგლისის სარდლობას ეს ცნობები არ უარუყვია. ადამიანი, ვინც ეტრფის და ზრუნავს წესიერებაზე, თავის პატიოსნების მოვალეობად უნდა ჩასთვალოს ისიც, რომ როდესაც ყალბი ცნობები ვრცელდება პრესის საშუალებით - ეს ცნობები უარჰყოს. მაგრამ ჩვენ ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ ასეთი საქციელი ინგლისის სარდლობისაგან არ გვინახავს. პირიქით როდესაც მილმა გაიარა თბილისზე კონსტანტინოპოლისკენ, ბათომის გაზეთ „ნაშ კრაიში“ სწერია... სჯობია წავიკითხო თვით გაზეთი, აქ დაბეჭდილია: „ჩვენ გადმოგვცემენ ავტორიტეტული წყაროებიდან, რომელნიც ახლო სდგანან მოკავშირეთა სამხედრო წრეებთან, რომ ლონდონში უკმაყოფილონი არიან საქართველოს მთავრობის მოქმედებით და მოსკოვთან კავშირს აპირებენ, ეს გამოიხატა სხვათა შორის იმითაც, რომ მილმა ამას წინად არ მიიღო თბილისის მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი. ინგლისელები აპირებენ ამიერ-კავკასიაში მთელი ძალა უფლება თვით ჩაიგდონ ხელში“.

ასეთი ცნობები მოითხოვენ უარყოფას, რადგან მათ შეაქვთ ხალხში გაუგებრობა და არევ-დარევა, მაგრამ ინგლისის სარდლობა ჩვეულებისამებრ სდუმს.

ჩვენ აქ გვისაყვედურებენ ოფიციალურად: „არტაანი და ფოცხოვი დაიკავეთ, ეხლა სოჭში მიდიხართ, თქვენ ამით მოქმედობთ ჩვენ საწინააღმდეგოდ და იმიტომ ვართ უკმაყოფილონიო“ გაზეთში კი უკმაყოფილება ახსნილია ასე: „ჩვენ არ მივიღეთ ისინი, მიტომ რომ კავშირი არსებობს მათ და მოსკოვის შორისო“.

რომელია მართალი? ის რასაც ჩვენ გველაპარაკებიან, თუ რასაც გაზეთებს აწვდიან? გაზეთში დაბეჭდილი, რომ მართალია და მათი ნათქვამია, ამას ჩვენ გვიმტკიცებს ის, რომ მოკავშირეებს იგი არ უარუყვიათ. რასაკვირველია, თუ ასეთი არევ-დარევა გამოიწვიეს, ასეთ მეთოდით მართვა მოისურვეს, საეჭვოა ამგვარი მოქმედებით ცხოვრების დაწყნარება და კალაპოტში ჩაყენება. ინგლისის დღევანდელი პოლიტიკა ამიერ-კავკასიაში მისგან შექმნილი ისტორიული მეთოდია და ამ მეთოდის საუკეთესო გამტარებელნი რასაკვირველია თვით არიან. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მეთოდი შეიძლება კარგი იყო ომამდე, მაგრამ ამ მეთოდს ამჟამად გასავალი არ ექნება და მით ამიერ-კავკასიაში ვერ მოიპოვებენ იმ სიმპატიებს, რომელზედაც სტირის „ტაიმსის“ კორესპონდენტი, რომლის მრავალმა სიყალბემ ყველანი აგვაღელვა.

უნდა დაბეჯითებით აღვიაროთ, როდესაც კი ჩარეულან ინგლისელები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის არევ-დარევა გამოუწვევიათ. აი თუნდ აიღეთ ისეთი ფაქტი, როგორიც არის მაგალითად, შმაგაილოვის ისტორია. ჯერ როდესაც პროცესი იყო შმაგაილოვისა, სასამართლოს მოუვიდა წერილი სასტუმრო „ორიანტის“ ბლანკზე დაწერილი, რომელსაც ვიღაც პოლკოვნიკი აწერდა ხელს. იგი სწერდა სასამართლოს, რომ ბ. შმაგაილოვი და კუჩარიანცი ჩვენი აგენტები უნდა იყვნენო და გთხოვთ ნუ გაასამართლებთო. რასაკვირველია სასამართლომ ასეთი ქაღალდი, ასეთი საბუთი არ მიიღო მხედველობაში და არავითარი ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ ამისა მეორედ მოსწერეს სასამართლოს, სადაც ოფიციალური წარმომადგენელი მოკავშირეების სარდლობისა იტყობინებოდნენ, რომ შმაგაილოვი და კუჩარიანცი, როგორც თვითონ გვარწმუნებენ, უნდა იყვნენ ჩვენი აგენტები და ამიტომ გთხოვთ გაანთავისუფლოთ ეს ხალხიო. თუნდ ინგლისის აგენტის განთავისუფლება მისაღები იყოს, როგორც აგენტისა, ყოველ შემთხვევაში ასეთი საბუთით, ასეთის აქტით განთავისუფლება შეუძლებელია. მათ უნდათ რომ ჩვენში წესრიგი დაამყარონ, მათ ჰსურთ, სასამართლოს ჰქონდეს სასამართლოს სახე და ამავე დროს ასეთ ქაღალდებს გვიდგენენ და მოითხოვენ რომ უეჭველად ისინი განთავისუფლებულნი იყვნენ. ამგვარი დეზორგანიზაცია შემოაქვთ სასამართლოში, სასამართლოს სახელს უტეხენ, ამ სახელგატეხილმა, დეზორგანიზაციულმა, დაშლილმა სასამართლომ თუ მართლაც შეცდომები ჩაიდინა - მაშინ ამას დანაშაულად ჩაგვითვლიან.

ახლა გავიხსენოთ ის უბედური ინციდენტი, რომელიც მოხდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენდა სამწუხაროდ, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო ინგლისელ ექიმის მოკვლა. ისინი თხოულობენ მკვლელების დაჭერას, ჩამოხრჩობას. რომელ სასამართლოს ეუბნებიან ამას? იმ სასამართლოს, რომელსაც ელაპარაკებიან უბრალო ნაფხრეწ ქაღალდით და მოითხოვენ მისგან უკანონობის დაკანონებას? ჩვენ ვიცით, რომ კუჩარიანცსა და შმაგაილოვს ჯერ 12 წლის კატორღით შეუცვალეს სიკვდილით დასჯა, ხოლო შემდეგ სრულიად გაანთავსუფლებინეს და მათ უკვე დაუტოვებიათ რესპუბლიკის საზღვრები. ნუ თუ ამ გვარი სასამართლოთი ჰსურთ შეჰქმნან სახელმწიფო და მოიპოვონ გავლენა ხალხში? ეს შეიძლება ველურებში, ეს შეიძლება სადმე აღმოსავლეთში, სადაც პირველყოფილი კულტურა არის, მაგრამ საქართველოში, იმ საქართველოში, სადაც დემოკრატია 25 წელიწადი გაშმაგებული ებრძოდა რუსეთის ბიუროკრატიას და დაამხო კიდეც - ამგვარ მოვლენას ადგილი არ ექნება სანამ ცოცხალია საქართველოს დემოკრატია (ხმა: მართალია! ტაში).

სხვა მხარეები ჩვენი ცხოვრებისა აიღეთ. სულ არ არის 5 თვე, რაც შემოსულან ინგლისელები, და ჩვენი ფული ფულს აღარ ჰგავს. და თუ ასეთი მდგომარეობა, ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა - ჩვენი ფული წონით გასაღდება და არა რაოდენობით. როდესაც ისინი შემოვიდნენ გირვანქა ღირდა 45, დღეს კი ორასამდე არის ასული. ჩვენი ემისია ამავე დროს 100 მილიონით გაიზარდა. რასაკვირველია ჩვენ ამაში ბრალს პირდაპირ ვერ დავდებთ მათ, მაგრამ მე ჩემ თავს ნებას ვაძლევ ვსთქვა, რომ თუ ინგლისის სარდლობა მოისურვებს ამ მოვლენას არ ექნება ადგილი. დღეს კი ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება, სანამ ჩუმი ბლოკადაა. ჩვენ ვიცით, რომ იმ დროს, როდესაც ბათომში აუარებელი გემი შემოდის, ჩვენში, ჩვენ ნავთსადგურში ერთი გემიც არ შემოსულა. ამას აბრალებენ ხან დენიკინს, ხან სხვას; მე კი გულახდილათ უნდა ვაღიარო, რომ არავითარი ბრალი დენიკინს არ უდევს. საკმარისია ხმა ამოიღოს ინგლისის, ან საფრანგეთის სარდლობამ, რომ ეს არა ნორმალური მდგომარეობა მოისპოს. ეხლა კი არა თუ გემს არ უშვებენ ჩვენში, არავითარ სურსათს არ გვაძლევენ. ჩვენმა ვაჭრებმა, კოოპერატივებმა მოისურვეს საზღვარგარედ ბაზართან კავშირის დაჭერა, საზღვარგარეთიდან მოდიოდა ხალხი და გვთხოვდა, რომ რამე ქსელი გაებათ აქაურ ვაჭარ-მრეწველებთან. ბევრიც აქედან წავიდა ამ მიზნით, მაგრამ ჰკითხეთ ჩვენ ვაჭრებს, თუ რა გაჭირვება, რა უბედურება განიცადეს მათ, როდესაც შემთხვევით მოხვდნენ იქ.

თქვენ იცით აგრედვე რა დაემართა ჩვენ დელეგაციას კონსტანტინოპოლში, რომელიც იქ 2 თვეზე მეტი იყო და რომ საფრანგეთის მუშათა კლასი არ ჩარეულიყო ამ საქმეში, აქამდე კაკი წერეთელი და ჩხეიძე ისევ კონსტანტინოპოლში იქნებოდნენ. მაშ როგორია მათი გეზი, რა სურთ მათ? მათ ვითომ სურთ ცხოვრების მოწყობა, „მშვიდობიანობის დამყარება“. მაგრამ ზემო ნათქვამიდან დაინახავდით, გულწრფელად ამის მოტრფიალენი არიან ისინი, თუ არა. თუ მართლა ჰსურთ ჩვენთან კარგი დამოკიდებულობა ჰქონდეთ, რა საჭიროა ასეთი ყალბი ცნობების გავრცელება, რეიტერის საშუალებით, რომლის შესახებ აქ გარეშე საქმეთა მინისტრმა თქვენ მოგახსენათ. რეიტერი იგივე ოფიციოზია, იგივე ოფიციალური სააგენტოა, მსგავსი ძველი პეტროგრადის დეპეშათა სააგენტოსი. ჩვენ კარგათ ვიცით, რომ რაც რუსეთის მთავრობას არ უნდოდა, არაფერი გაეპარებოდა ამ სააგენტოს. მით უმეტეს თუ ინგლისის სარდლობას არ სურდა სიყალბის გავრცელება, მისი თავიდან აშორება ადვილი იყო. რეიტერის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველომ დასდო ხელშეკრულება ოსმალეთთან და უღალატა რუსეთსო. მაგრამ ეს ცნობა უარყოფილი იყო ჯერ კიდევ ძველი რუსეთის დროს და თითქმის რუსეთის ბიუროკრატია დავაჯერეთ ამ ცნობის სიყალბეში. დღეს, როდესაც ინგლისის და საფრანგეთის სარდლობა მოდის, ისევ იმას იმეორებენ, რაც იქ უკვე თვით ძველმა რუსეთმა უარჰყო. აი ამ საშუალებით, რასაკვირველია, ჩვენში ვერავითარ სიმპატიას, ვერავითარ ნდობას ვერ მოიპოვებენ.

არის კიდევ ერთი უკანასკნელი ფაქტი, რომლის გამო პირდაპირ განცვიფრებაში მოდიხართ. ეს არის ბატონებო, ეგრედწოდებული პროკლამაცია, რომელიც უკვე გააკრეს ბათომსა, ბაქოს და ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზონაში, იქ, სადაც მათ ჯარის ორგანიზაცია ჰყავთ; აი ეს პროკლამაცია მე ხელთ მაქვს. ეს არის დაბეჭდილი ბათომის გაზეთის ოფიციალურ განყოფილებაში: (კითხულობს)...

„რადგანაც ინგლისის ჯარმა კავკასიის ოკუპაცია მოახდინა

1) მოკავშირეთა და ოსმალეთის შორის დადებულ საზავო პირობების განხორციელების უზრუნველსაყოფად

და 2) საზავო კონგრესის დადგენილებამდე ტერიტორიალურ საკითხების წესიერად და კანონიერად მოსაგვარებლად

ამისათვის:

მე, ქვემორე ამისა ხელის მომწერი, ინგლისის ჯარების უფროსი, ვაცხადებ, რომ მცხოვრებთა მოვალეობაა სრულიად მშვიდობიანად მოიქცენენ და რამდენადაც შესაძლებელია თავიანთ კერძო საქმეებს მოჰკიდონ ხელი. რამდენადაც ისინი წესიერად მოიქცევიან და ინგლისისა და მოკავშირეთა წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ საქმეში თავს შეიკავებენ და არ გაერევიან, იმდენად ინგლისელთა სარდლობაც მას არავითარ პასუხისგებაში არ მისცემს და იმდენად ისინი საფრთხეს არსაიდან არ უნდა ელოდნენ. მათი საკუთრება და თავისუფლება სრულიად ხელ-უხლებელი დარჩება. მაგრამ თუ თავის მოვალეობას გადაუხვია, მაშინ სამხედრო დროის აუცილებლობა გვაიძულებს მივმართოთ ძალიან მძიმე სასჯელს. ამისათვის ვაცხადებ:

ვინც მოკავშირეთა წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ან დააპირებს, ან მტერს რაიმე საშუალებით დაეხმარება (ან რკინის გზის გაფუჭებით, ან ხიდების აფეთქებით, სამხედრო საწყობების დანგრევით და ან სხვა გვარად) მიეცემა სამხედრო სასამართლოს, ან სიკვდილით და ან შესაფერ სასჯელით, დაისჯება.

კავკასიაში მომქმედ ინგლისის ჯარების მთავარ-სარდალი გენ. გ. მილნი“.

როგორც ხედავთ, ეს არის დაწერილი მარტში, მაგრამ ამის შესახებ საკითხი წამოაყენეს მხოლოდ ეხლა, აპრილის დამლევს. რა სწერია აქ? თითქმის იმავე დროს, როდესაც ჩვენთან სდებდნენ ხელშეკრულებას, რომ ჩვენს შინაურ საქმეებში არ ჩაერევიან ეს პროკლამაცია დაწერილი ყოფილა. დამეთანხმებით, რომ პროკლამაციაში დადასტურებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი, რომ ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევა აუცილებელია. ჩვენ გვაძლევდნენ ქაღალდს, გვარწმუნებდნენ, რომ თქვენ შინაურ საქმეში არ ჩავერევითო, და ამავე დროს ასეთ პროკლამაციას ამზადებდნენ და იგი გამოაცხადეს მხოლოდ ეხლა. რა ჰსურთ მათ? თუ უნდათ ისეთი წესი დაამყარონ, როგორიც იყო აწ უკვე გარდაცვალებულ ოსმალეთში, სადაც ყველა სახელმწიფოს ჰქონდა თავისი უფლება, სხვა და სხვანაირი, ეს სხვა საქმეა. პირდაპირ სთქვან, რომ ჩვენ გვიყურებენ ისე, როგორც ძველად ოსმალეთს. თუ სურთ, რომ თავის კანონებით დასაჯონ ყოველივე დამნაშავე - ეს სხვა საქმეა, მაგრამ უნდა გვითხრან და ჩვენ გვეცოდინება, როგორი პასუხი უნდა გავსცეთ. მაგრამ ნუ გვეუბნებიან, რომ ჩვენ შინაურ საქმეში არ ჩაერევიან და ამავე დროს ნუ სწერენ პროკლამაციას, გულში ნუ ატარებენ აზრს, რომ ჩვენ შინაურ საქმეში ჩასარევად განმზადებულნი არიან.

ასეთი ორმაგია ამათი მოქმედება. მაგრამ მათ ჰყავთ თავისი ინტერპრეტატორები, მაგალითად „ტაიმსის“ კორესპონდენტი, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოდ მთელ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს არ შეუძლიანთ სახელმწიფო მოაწყონ, ვერავითარი უნარი, ვერავითარი ნიჭი ვერ გამოიჩინეს ადმინისტრატიულ აპარატის შექმნაში და არა აქვთ საშუალება მოაწყონ ცხოვრება, ასცდნენ იმას, რომ ერთი-მეორე არ შესჭამონ. თუ ამაში დარწმუნებული არიან, მაშინ ჩვენი მდგომარეობა სულ სხვანაირია. საქართველომ ძველად ბევრი რამ ნახა. საქართველო ჩვენდა საუბედუროდ იყო გზა, სადაც ყოველი ძალა, რომელიც მოინდომებდა - გაივლიდა. მე მგონია, ეს ისტორიული ტრადიცია მეორდება. მოძრაობაში არის მოსული მთელი კაცობრიობა და თანდათანობით მოდის და მოდის ახალ-ახალი ძალა. ჩვენ არ ვიცით, რომელი იქნება უკანასკნელი ძალა, და ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ხვალ ახალ ძალასთან არ გვექნება საქმე. მე მინდა ვსთქვა იმ ებრაელის სიტყვა, რომელიც გამიგონია ოდესაში. როდესაც ალექსანდრე მე-3-ე გარდაიცვალა, ებრაელმა სთქვა: „ალექსანდრე მე-3-ეს ჰსურდა, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ოდესაში, მაგრამ ალექსანდრე მე-3-ე გარდაიცვალა - ჩვენ კი ისევ ოდესაში დავრჩითო“. მე მგონია, ყველა ძალა, რომელიც აქ შემოიჭრება და არავითარ ანგარიშს არ გაგვიწევს, რომელიც მოისურვებს გაგვათახსიროს, გაგვაკოტროს და პოლიტიკურად გაკოტრებული ხალხი ხელში ჩაიგდოს - ასეთი ძალა აქ ვერ იხეირებს. საქართველოს დემოკრატია მას შესაფერის პასუხს გასცემს.

მე არავის არ ვემუქრები. მე ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი ჩვენი დემოკრატიის ძალა. მე არ ვლაპარაკობ იმ ზომაზე, რომელსაც მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ ეს კი უნდა იცოდეს ყველამ, რომ წინააღმდეგობა ჩვენის მხრით უეჭველად იქნება.

დასასრულ, ერთი რამ უნდა მოვთხოვოთ ჩვენ მთავრობას: ნაკლები მერყეობა, მეტი სისასტიკე თავისუფლების დაცვაში. და ამ დროს არამც თუ ის რიცხვით სუსტი ფრაქცია, რომელსაც მე ვეკუთვნი, არამედ მთლად საქართველო, მთელი საქართველოს დემოკრატია მხარში ამოუდგება ყოველთვის ამგვარ გამოსვლებში. მთავრობას სრული იმედი უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოს დემოკრატია, როგორც წინად, ისე დღესაც პასუხს გასცემს ყველა იმ მოძალადეს, რომლებსაც აქ უნდათ შემოიჭრან და თავისი ბატონობა დაამყარონ ჩვენი თავისუფლების ნანგრევებზე (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გრიგოლ გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძის სიტყვა.

(ს.-დ.)

დამფუძნებელ კრების წევრნო!

მძიმე მომენტს, მძიმე წუთს განვიცდით, მაგრამ ასეთი მძიმე წუთი, ასეთი მძიმე მომენტი საქართველოს არა ერთხელ განუცდია; ასეთი მძიმე მდგომარეობიდან საქართველო გამოსულა ისე, როგორც ეს შეეფერება დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს.

მოიგონეთ ბოლშევიზმის ტალღები, რომელიც საქართველოს კედლებს ეხეთქებოდნენ; მოიგონეთ ოსმალეთის გაშიშვლებული ხმალი, რომელიც ჩვენს თავზე აღმართული იყო; მოიგონეთ ის გამოურკვეველი მდგომარეობა, როდესაც გერმანიის ჯარმა ჩვენში შემოსდგა ფეხი და ჩვენი დამოკიდებულება გერმანიასთან უნდა ჩამოყალიბებულიყო; მოიგონეთ ის მომენტი, როდესაც მოკავშირეთა ჯარი ჩვენ ტერიტორიაზე შემოვიდა და ჩვენ იმ წუთში მოკავშირესთვის უნდა გვეთქვა ერთგვარი ჩვენი გარკვეული დებულებანი; მოიგონეთ გარეშე მტრებთან სავალალო შეტაკებანი, მოიგონეთ დროს რაზმები ჩვენს ტერიტორიაში შემოსეულნი, ოსმალეთის აგენტები ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილნი, დენიკინის ამხედრება ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ეს ყველა მძიმე და სერიოზული მომენტები იყო, მაგრამ ასეთი მდგომარეობიდან ჩვენ გამარჯვებულნი გამოვსულვართ. და ეს იმიტომ, რომ ყველა ამ მძიმე პირობებში ყოველთვის ჩვენ გარკვეული ხაზი აგვიღია, ხალხისთვის და მათთვის, ვისთანაც ჩვენ საქმე გვქონია. ყოველთვის გარკვეული დებულება წამოგვიყენებია და თვით ხალხისთვის გარკვეული ლოზუნგები მიგვიწოდებია. ეს გარკვეულობა წითელი ხაზით მით უფრო აღიბეჭდება, რაც მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ასეთი დებულება, გარკვეული ხაზი, გარკვეული დევიზი, რომელიც ჩვენ ხალხში გადვისროლეთ, დევიზი რომელსაც ჩვენ ამ ტრიბუნიდან ვამცნებდით და დღესაც ვამცნობთ ყველა ქვეყნის შრომელ მასსას, ყველა ერს, ყველა სახელმწიფოს, ეს იყო შემდეგი: რომ 26 მაისის აქტი, აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა, - არ არის მარტო ქაღალდზე დაწერილი აქტი, არამედ ეს არის ფაქტი, რომელიც აუცილებლად საჭიროა ჩვენი განვითარებისთვის და რევოლიუციის მონაპოვართა შენარჩუნებისთვის, - აი ეს იყო ჩვენი უმთავრესი დებულება, ეს იყო უმთავრესი ხაზი ჩვენ მიერ აღებული.

იმავე დროს ჩვენ აშკარათ და გადაჭრით ვამბობდით და დღესაც ამას ვამბობთ, რომ ჩვენ გვსურს ღირსეული კავშირი ყველა იმ კულტურულ ერებთან, ვისაც ასეთი კავშირი სურს, კავშირი, რომელიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს და შეეფარდება ინტერესებს ჩვენი მოკავშირეებისას, კავშირი, რომელიც შეეფერება, როგორც ჩვენ ღირსებას, ისე სხვა და სხვა დიდ სახელმწიფოების ღირსებას.

მოქალაქენო, ეს დებულება, ეს გარკვეული ხაზი დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიმევოროთ და ყოველივე ზომები უნდა მივიღოთ, რომ ეს ლოზუნგები ცხოვრებაში გავატაროთ. - მართლაც, როცა მოკავშირეთა ჯარმა ჩვენ ქვეყანაში ფეხი შემოდგა, ჩვენ ამ მოვლენას დადებითად შევხედეთ და ჩვენ ხალხში ამ გარემოებამ გამოიწვია კმაყოფილება. რატომ? მიტომ რომ, როგორც აქ, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომის გახსნის დროს, ჩვენმა უხუცესმა დეპუტატმა სილიბისტრო ჯიბლაძემ აღნიშნა, იმიტომ რომ ინგლისი - ეს არის აკვანი თავისუფლებისა, საფრანგეთი - ეს არის სამშობლო რევოლიუციისა, ამერიკა - ეს არის დემოკრატიის და წვრილი ერების დამცველი და, რასაკვირველია, ასეთ სახელმწიფოებრთან კავშირს ჩვენი დემოკრატიას არ შეეძლო არ შეხვედროდა დადებითად.

ამავე დროს ჩვენ კარგათ გვქონდა წარმოდგენილი, და დღესაც ეს დებულება რჩება ძალაში, რომ ყოველი კავშირი ამა თუ იმ სახელმწიფოსთან არ შეიძლება იყოს აგებული მარტო ერთგვარ პლატონიურ საფუძველზე; ამ კავშირს უნდა ჰქონდეს რაიმე რეალური ინტერესები.

ჩვენ გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, იმედი სრულიად არ დაგვიკარგავს, რომ მოკავშირეებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ და აქვთ რეალური ინტერესები.

ჩვენი ქვეყანა მდიდარი ქვეყანა არის. საწარმოო ძალები მასში სუსტად არის განვითარებული, ამ ძალებს ამუშავება უნდათ, ეს ამუშავება უნდა მოხდეს ისე, რომ ადგილობრივ საწარმოო ძალთა განვითარებას თავის მიმდინარეობა შერჩეს. აი ჩვენ გვეგონა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, სადაც საწარმოო ძალები უნდა განვითარდეს, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის ხიდი ინდოეთთან და ხიდი აღმოსავლეთ დასავლეთ შორის, - ინგლისელებს და სხვა მოკავშირეებს ჰქონდა და დღესაც აქვთ რეალური ინტერესები.

ჩვენ ისიც გვესმოდა: რომ განხორციელდეს და ხორცი შეისხას ამ რეალურმა ინტერესებმა, რომ მასზედ დამყარებული იქნეს რაიმე კავშირი მოკავშირეებთან, ამისთვის საჭირო არის ეს საწარმოო ძალები ჩაყენებული იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლოს განვითარება, ამისთვის კი უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო და არის სახელმწიფოში წესიერების დამყარება, შემოღება ისეთ პირობების, რომ ეს ინტერესი უზრუნველყოფილი იყოს. და აი მთელი ყურადღება ქართველი ხალხისა, მთელი ყურადღება საქართველოს მთავრობისა, მთელი მისი ძალ-ღონე იყო მიქცეული აი ამ საგნისადმი, რომ ერთის მხრივ დაეცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და მეორეს მხრივ მას საქართველოში დაემყარებინა ისეთი წესრიგი, რომელიც საშუალებას მისცემდა ქართველ ერს ეთქვა, რომ მას საქართველოში აქვს რეალური ინტერესები, და ამ ინტერესებზე შესაძლებელია რეალურ კავშირის შეკვრა.

თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ საქართველომ თავის არსებობის დროს განიცადა უსაშინლესი შემთხვევა, ყოველ მხირდან. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ თვეს, ვერც ერთ კვირას, როდესაც საქართველო დასვენებული სცხოვრობდა და მთავრობას შეძლება ჰქონოდა მთელი თავისი ყურადღება მიექცია შინაურ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობისთვის. ჩვენ ომში ვიყავით გაბმული, დაიღვარა სისხლი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს ჩვენში შექმნილია ისეთი პირობები, რომ დღეს საქართველო არის ისეთი ერთეული, რომელიც თავშესაფარია ყველა დევნილისთვის. საქართველო, ეს უკვე შემოვიდა ხმარებაში, ერთად-ერთი ოაზისია მთელ ძველ რუსეთის ტერიტორიაზე. დღესაც, ამ ომიანობის დროს, საქართველო განმტკიცებულია: სისხლი, რომელიც დაიღვარა დამოუკიდებლობისთვის, ეს უბრალოდ დაღვრილი სისხლი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ომიანობამ სხვა სახელმწიფონი დაანგრია და ბევრს დღესაც ანგრევს, მაგრამ აქ ასეთმა მდგომარეობამ, ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობა განამტკიცა; სისხლი, რომელიც დაღვრილია, საფუძველი არის, რომელზედაც დამოუკიდებლობა ბოლომდის იქნება დაცული.

მოქალაქენო, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ კათედრიდან, მოკლეთ მაინც, აღვნიშნოთ ის, ვიტყვი პირდაპირ, ინსინუაციები, რომლებსაც საზღვარგარეთის პრესაში ჩვენი მტრები ავრცელებენ: ვითომ საქართველო მოკლებული არის ყოველგვარ უნარს არსებობისას, სახელმწიფოებრივ მოქმედებისას. მთელ თავის არსებობის დროს 26 მაისიდან იყო ყოველმხრივ შემოსევის და ბრძოლის ხანა, მაგრამ, იმავე დროს, უნდა იცოდეს ყველამ და ეს კარგად იციან იმათ, ვინც სწერენ ამ წერილებს, რომელნიც მოთავსებულნი არიან სხვა და სხვა გაზეთებში, მაგრამ მას მალავენ, რომ ქართველმა ხალხმა შესძლო გაეტარებინა ცხოვრებაში დიდი რეფორმები, რომ საქართველომ, მხოლოდ ერთმა სახელმწიფოებრივმა ერთეულმა შესძლო მოეწვია დამფუძნებელი კრება, საქართველომ შესძლო გაეტარებინა ცხოვრებაში დიდი აგრარული რეფორმა, რომელიც მან ბოლომდის უნდა მიიყვანოს; საქართველომ შესძლო დაეყენებინა მუშათა საკითხი, და ეს საკითხი ისე გადაეჭრა, როგორც ეს დემოკრატიას შეჰფერის. აუტანელ პირობებში, იმ ბლოკადაში, რომელსაც საქართველო განიცდის, ქართველმა ხალხმა მაინც ჰპოვა ძალა, რომ ჩვენში არ გამეორებულიყო ის ექსცესები, რომლებსაც ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე ვხედავთ. ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ შესძლო ამ მძიმე პირობებში მოეხდინა ლიკვიდაცია მთელგვარ დაწესებულებებისა და იმ რუს მოხელეებს, რომელნიც ჩვენში მსახურობდენ და რომლის შესახებ საზღვარგარეთ გაზეთებში სწერდნენ, რომ ვითომც ისინი საქართველოში იდევნებიან, 100 მილიონ მანეთამდის დასახმარებლად საქართველომ თავის ხაზინიდან გამოიღო. ამ მძიმე პირობებში მან შეჰქმნა შეიარაღებული ძალა, რომელიც იცავს საქართველოს საზღვრებს, თუ არ მიიღებთ მხედველობაში იმ მუხანათურ შემოსევას, რომელიც ალაგ-ალაგ ჩვენმა ჯარმა და გვარ დიამ განიცადა; ასეთ ძნელ პირობებში ქართველმა ხალხმა შეჰქმნა ადმინისტრატიული აპარატი და სასამართლო, სასამართლო ისეთი, რომელსაც აქვს თავისი მიუდგომელი აზრი, რომელსაც გამოაქვს თავისი მიუდგომელი მსჯავრი და რომელიც, დიახ, არ ემორჩილება იმ წინადადებას, რომელიც სხვა და სხვა მხრიდან მას მოსდის, როგორც აქ აღნიშნა წინა მოლაპარაკე ორატორმა. რასაკვირველია, ამ აპარატს, შექმნილს ასეთს ძნელს პირობებში, მოქალაქენო, თან ახლავს თავისი ნაკლულევანებანი; ჩვენ არ ვფარავთ, რომ ყველა ამ აპარატს აქვს ნაკლულოვანება, მაგრამ დამისახელონ იმ ვაჟბატონებმა, რომელნიც ამ წერილებს ათავსებენ საზღვარგარეთის პრესაში, დაასახელონ ერი, დაასახელონ სახელმწიფო, რომელიც ასეთ პირობებში ქმნიდა თავის სახელმწიფოს ცხოვრებას ერთი ხელით, მეორე ხელში კი მას ხმალი ჰქონდა და თავის დამოუკიდებლობას იცავდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ერთეულს, ასეთ თავგანწირულ მოღვაწეობას, რომელიმე ხალხისას ისინი ვერ დაასახელებენ. ჩვენ ეს შევძელით და აი, მოქალაქენო, ჩვენდა სავალალოდ, ჩვენ დედაქალაში მოჰკლეს ინგლისის ექიმი. ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც ერთგვარად აღელვებს, აწუხებს და აღშფოთებას იწვევს ყველაში. ჩვენ ხალხში ვერ ნახავთ თქვენ ვერც მუშას, ვერც ჯარისკაცს, ვერც გვარდიელს, ვერც ინტელიგენტს, ვერც სხვა რაიმე მდგომარეობის პიროვნებას, რომ ეს გარემოება აღშფოთებას არ იწვევდეს მასში. მე შემთხვევა მქონდა პროვინციაში ვყოფილიყავი და იქ მდაბიო ხალხთან მქონდა ლაპარაკი და ვერ წარმოიდგენთ თუ როგორი აღშფოთება გამოიწვია ამ ფაქტმა. და მერე თუ კი თვით ხალხი ამგვარ აღშფოთებით ეგებება აი ასეთ, დიახაც აღმაშფოთებელ მოვლენებს, ნუ თუ ამ გარემოების მიხედვით უნდა დაისვას ძირითადი კითხვა ამა თუ იმ ჩვენი მდგომარეობისა? მოქალაქენო! ყველაფერი შესაძლებელი არის დღეს. ყველა დასაშვები არის და როდესაც ამ გარემოებას, ამ ფაქტს, ამ სამწუხარო მოვლენას ჩაუკვირდებით, ძალაუნებურად იფიქრებთ, რომ ჩვენ, გარშემორტყმული იმდენი მტრებით, რომელნიც საზღვარ გარეთაც კი მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, ძალაუნებურად იფიქრებთ: ხომ არ არის აქ რამე ისეთი, რაც რომელიმე ბნელი ძალებით გაკეთებულია? ხომ არ არის აქ ისეთი რამ, რაც ჩადენილია მიტომ, რომ ვიღამაც ხელზედ დაიხვიონ და საბუთად გაიხადონ?

აი მოქალაქენო, მე ამ სურათზე ჩვენი მოღვაწეობისა მტრის შემოსევაზე და, მეორეს მხრივ, ჩვენ მთავრობის და ქართველი ხალხის შინაურ მოღვაწეობაზე და რეალურ ინტერესებზე, რომელიც საქართველოში აქვს მოკავშირეებს მიტომ შევჩერდი, რომ დავსვა საკითხი: ვისი ინტერესი არის, რომ ეს სიწყნარე, ეს წესიერება, ეს ნორმალური მიმდინარეობა ჩვენი ცხოვრებისა, - ვის სურს შებღალოს, არევ-დარევა შემოიტანოს, ანარქიის მორევში გადაისროლოს მოწყობილი საქართველო?

ვის სურს, რომ ეს თვითმმართველობები და ერობები, რომელნიც აი ეხლა ფეხზე დგებიან, სადაც ჩვენმა მოღვაწეებმა თავიანთი ნიჭი და უნარი უნდა გამოიჩინონ?

ვის სურს, რომ აქ ანარქია გაჩნდეს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დიდი გაუგებრობას და, შეიძლება ითქვას, დიდი ბრძოლას ჩვენ ხალხში გამოიწვევს?

არა მგონია მოქალაქენო, რომ ეს იყოს ინტერესი მოკავშირეებისა. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოკავშირეებს ნათლად გათვალისწინებული აქვთ ყველა ეს მდგომარეობა, თუ კი მოკავშირეების მიზანი ის არის, რომ დაიცვას პატარა ერების ინტერესები, ბოლო მოუღოს ყოველ ანარქიას?

რა აზრით და ინტერესით ამ მოწყობილ ქვეყანაში, უნდა გააჩაღოს ანარქია?

მე მგონია, რომ ის განცხადება, ის პროკლამაცია, როგორც მას ეძახიან, რომელიც აქ დეპუტატმა მდივანმა წაიკითხა, ის დარჩება მარტო ისეთ ფორმალურ აქტათ, რომელიც გამოკრული იქნება საქართველოს ტერიტორიის გარეშე, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მას ადგილი არ ექნება (ტაში).

მე იმედს გამოვსთქვამ იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ყველა ამის შემდეგ მოკავშირეები გაითვალისწინებენ, - აქ მოქმედობენ ბნელი ძალები, რომლებსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავთ მოკავშირეები. მათ ანგარიში უნდა გაუწიონ შექმნილ მდგომარეობას და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოკავშირეები მაშინ, როდესაც რაღაც ბნელი ძალები ალაგ-ალაგ კუთხე-კუთხე ჩვენ მუშებში დადიან და რაღაც ბნელ საშუალებით იქ სურდათ კიდევ ანარქიული მიდრეკილება გამოეწვიათ, ამ ანარქიას მხარს არ დაუჭერენ და საქართველოს ანარქიაში არ გადაისროლებენ. აი ბატონებო, ის შეხედულება, რომლითაც დღეს უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ის, ვინც ფეხს შემოდგამს ჩვენ ქვეყანაში და ვისაც სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წესრიგი, შეიძლება მოგვცეს ის სახელმწიფოებრივი მუშაობა, რომელიც დაწყებული არის, ჩვენ ბოლომდისინ მივიყვანოთ. და აი ამ სახელმწიფოებრივ მუშაობის დროს, არის ერთი უდიდესი უფლება, რომელიც ეკუთვნის ყოველ ადამიანს, ყოველ ცხოველს, მცენარესაც ეს, - არის უფლება თვითდაცვისა, როდესაც თავს დაგვესხმიან. საკითხი გაგრის, საკითხი არტაანის და ფოცხოვის შესახებ, ეს არის საკითხი აი ამ გვარი, - აქვს თუ არა უფლება ქართველ ხალხს, საქართველოს დაიცვას თავი, როდესაც მას თავს ესხმიან? და თუ ჩვენ გვეტყვიან, რომ ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს, რომ ყველას შეუძლიან გაგვთელოს, ფიზიკურათაც მოგვსპოს, დიახ, მაგრამ, ამას ვერავინ იტყვის; ეს იქნება შელახვა უწმინდესისა არა თუ ერისა, არა თუ ხალხისა, კერძო პიროვნებისა, და ვიტყვი მეტსაც, ყოველ ცხოველისა.

და აი აიღეთ გაგრის საკითხი, აიღეთ არტაანის ფოცხვერის საკითხი. გაგრის და სოჭის ოლქი ჩვენმა ჯარმა და ჩვენმა გვარდიამ გასწმინდეს ჯერ იმ ელემენტებისაგან, რომელნიც იქ ანარქიას იწვევდნენ, - ბოლშევიკებისაგან, რომელნიც იქ იწვევდნენ ყოველ გვარ უწესოებას, მშრომელ ხალხს ერთ მეორეზე ამხედრებდნენ; ჩვენ მოსაზღვრე სოჭის ოლქში ანარქია ეწყობოდა, რომელსაც შეეძლო ჩვენი კედლები შემოენგრია. ჩვენ ეს ოლქი გავსწმინდეთ და ამის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ წინადადება მისცა მოკავშირეებს, რომ სოჭის ოლქი მათ დაეკავებინათ, მანამ, სანამ ეს საკითხი საბოლოოთ გადასწყდებოდა. მაგრამ მთავრობა დაარწმუნეს, რომ უკეთესია ჯარი იქ დარჩეს, რომ დენიკინი სოჭის ოლქში არ შემოიჭრება. სრულიად დაიმედებული ჩვენი აქ დარჩენილი რაზმი შემცირდა, რადგან ბრძოლას არ მოელოდა და საუბედუროდ, მოხალისეებმა მოღალატურათ ეს რაზმები გაანადგურეს, ტყვეთ იგ დეს, გადმოლახეს კარი ჩვენი ქვეყნისა, - გაგრის უღელტეხილი, და მდინარე ბზიბას მიადგნენ. ამ გვარად მოხალისეები დენიკინის მეთაურობით შემოიჭრნენ ჩვენ საზღვრებში.

მერე რა ვქენით ჩვენ?

ჩავიდინეთ ისეთი რამ, რაც არ იცოდნენ მოკავშირეებმა?

არა. ჩვენმა მთავრობამ მათ განუცხადა, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვენ მას, რომ ჩვენ დავიჭიროთ ეს ხაზი, რომელიც ჩვენთვის აუცილებლად საჭიროა სტრატეგიულის მხრივ, რომელიც ჩვენი არის ისტორიის მხრივ და რომლის შესახებ აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ დაადგინა, რომ ეს ხაზი არის აფხაზეთის საზღვარი, რომელიც შედის საქართველოში, როგორც ავტონომიური ერთეული. აი თურმე იმიტომ, რომ ჩვენ დავიჭირეთ ეს ხაზი, რომელიც ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებს შეადგენს, იმიტომ რომ ჩვენ თავს ვიცავდით შემოსევისაგან, რომელიც დენიკინმა დაიწყო და მდინარე ბზიბამდის მოვიდა, აი იმიტომ, რომ ეს ჩვენი წმინდა უფლება ჩვენ განვახორციელეთ, უფლება, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და რომელსაც თუ ჩვენ უღალატეთ, მაშინ ვღალატობთ მთელს ხალხს, როდესაც მთავრობამ ეს უფლება თავისი განახორციელა, ამის შესახებ ჩვენ მთავრობას სთხოვენ განმარტებას. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ამ ნაბიჯის გადადგმა, განა ჩვენ მართალნი არ ვიყავით, და განა ის მოწოდება, რომელიც ეხლა სოჭის ოლქში გავრცელებულია, სადაც მართლა გამოსჭვივის ის აზრი, რომ სხვა ერები, რომელნიც სოჭის ოლქში სცხოვრობენ, ჩაერიონ იმ დამოკიდებულებაში, რომელიც ერთის მხრივ დენიკინის და მეორეს მხრივ ქართველების შორის დაიბადა. ეს ნიშნავს დადასტურებას იმისას, რომ ქართველი მცხოვრებნი, რომელნიც სოჭის ოლქში სცხოვრობენ, დენიკინს შეუძლია თავისუფლად ჟლიტოს და შეავიწროვოს. განა ასეთ განცხადების შემდეგ ჩვენ სრულიად მართალი არ ვიყავით, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვენ დავიჭიროთ ის ხაზი, რომელიც აუცილებლად ჩვენთვის საჭირო არის, რომელიც დაგვიფარავს შავ და ბნელ რეაქციის შემოსევისაგან და რომელიც უზრუნველგვყოფს ჩვენ ანარქიისაგან? ამ შემთხვევაში ჩვენ თავდაცვის პრინციპზე ვდგევართ. ვერც ერთი მემატიანე ჩვენი ცხოვრებისა ვერ მოძებნის ვერც ერთ ისეთ ფაქტს, როდესაც ჩვენ თავს ვესხმოდეთ ვისმეს, ჩვენ მუდამ თავს ვიცავდით. დენიკინის შემოსვლა ჩვენ საზღვრებში, დენიკინის მოპყრობამ გაგრის და სოჭის ოლქსი მცხოვრებლებისადმი - აჯანყება გამოიწვია მოხალისეების ჯარების წინააღმდეგ. ამ აჯანყებას საქართველოს აბრალებენ, მაგრამ რაკი ჩვენ ფაქტი გვაქვს იმისა, რომ დენიკინი საშინლად ავიწროებდა, საშინლად ჟლეტდა, მუსრს ავლებდა მცხოვრებლებს, მცხოვრებლები გაგრის და სოჭის ოლქისა მათი მოქმედებით მოთმინებიდან გამოსულნი, მოხალისეთა წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოვიდნენ. ეს საკმარისი საბუთი არის იმისთვის, რომ ყოველი გაუგებრობა, ამ შემთხვევაში, გაფანტული იყოს. ჩვენ გარკვეულად ვამბობთ იმას, რაც გვსურს და უგულწრფელობასაც ჩვენ ვერავინ დაგვწამებს. ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ ის განმარტება გაგრის საკითხის შესახებ, რომელიც მთავრობამ მოკავშირეებს მიაწოდა, ამოსწურავს ამ საკითხს და ამ მხრივ არავითარ გაუგებარ ნაბიჯის გადადგმას მოკავშირეების მხრივ არ ექნება ადგილი.

ჩვენ იმედს არ ვკარგავთ იმიტომ, რომ უნდა მოკავშირეებმა შეიგნონ ჩვენი მდგომარეობა, შეიგნონ რომ ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვას, და არავის თავს არ ვესხმოდით. განა ასეთივე არ არის არტაანის და ფოცხვერის მდგომარეობა?

ჩვენ შევედით ახალციხის და ახალქალაქის მაზრაში, რომელნიც სავსებით განადგურებულნი იყვნენ ოსმალეთის ჯარებისაგან. ჩვენ დავიწყეთ იქ სახელმწიფოებრივი მუშაობა და როდესაც დამფუძნებელ კრების არჩევნები კარზე გვადგა, ოსმალეთის აგენტებმა, იმ ყარსის მთავრობამ რომელიც სულდგმულობდა ოსმალეთის დირექტივებით, იქ საშინელი აჯანყება დაგვიწყო. ჩვენ იძულებულნი ვიყავით მუხანათურ თავდასხმისაგან, რომელიც იქ ოსმალეთის აგენტებმა მოაწყეს, თავი დაგვეცვა და ჩვენ ეს უმთავრესი უფლება განვახორციელეთ, ეს მაზრები ჩვენ გავწმინდეთ, მაგრამ ფოცხვერში ჩვენ მიტომ გადავედით, და თვით მოკავშირეთა მთავრობამ, კერძოთ ინგლისმა ამ შემთხვევაში ჩვენ დასტური ფოცხვერში გადასვლისა დაგვრთო, რომ იქ იყო ბუდე იმათი ვისაც უწესოება, ანარქია, აჯანყება ცხოვრებაში შემოჰქონდა. „ხანიორის პერევალი“ ჩვენმა ჯარმა იმიტომ გადაიარა დიდი სიმძიმით, რომ ის სდევნიდა მტერს, რომელსაც ანარქია ცხოვრებაში შემოჰქონდა, და არდაგანი მიტომ დავიკავეთ, რომ სამუდამოდ მოგვეკლა ბუდე ანარქიისა და ოსმალეთის აგენტებისა, რომელიც იქიდან ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ყველა ეს მოხდა არა ფარულად, როგორც ეს ზოგიერთს სჩვევია, არამედ აშკარად, - ეს იცოდა მოკავშირემ, ეს იცოდა ინგლისის სარდლობამ.

მაშ რაშია საქმე?

განა არ შეგვეძლო, რომ ის ადგილები, რომელიც ჩვენი არსებობისთვის სასიცოცხლო არიან, ჩვენ დაგვეკავებია და თავდასხმა კვლავ თავიდან აგვეცილებინა? განა არ გვეკუთვნის ეს? რას ამბობდნენ მაშინ ისინი, ვინც დღეს ასეთ წინადადებას იძლევიან მაშინ, როდესაც ჩვენ ახალციხე, ახალქალაქი დავკარგეთ, როდესაც ჩვენ აწყურიდან წამოვედით? რას ამბობდნენ მაშინ? რატომ ასეთი წინადადებით არ მიმართეს იმ ყარსის მთავრობას, რომელსაც მაშინ სცნობდნენ?

მაშინ ისინი გაჩუმებულნი იყვნენ, მხოლოდ დღეს, როდესაც ჩვენ თავდაცვის ფარგლებიდან არ გამოვსულვართ, ისინი მოგვმართავენ, რომ ჩვენ არტაანი, ფოცხოვის საზღვრები და მიდამოები დავტოვოთ. მოქალაქენო, რა არის არსებითად, ბოლოს და ბოლოს არტაან-ფოცხოვის საკითხი?

ეს არის ის, რომ ჩვენ მეზობლად მდებარე სტრატეგიული ადგილები დაკავებული ჰქონდეს ოსმალეთს და მის აგენტებს. და განა ეს დასაშვები არის მოკავშირეებისთვის? მოითხოვს მათი ინტერესები, რომ ეს მნიშვნელოვანი ადგილები სტრატეგიულ მხრივ, იყოს ოსმალეთის და ოსმალეთის აგენტების ხელში?

განა ეს ნიშნავს ჩვენში წესიერების დამყარებას?

განა ეს ნიშნავს ხელშეკრულებას თავდაცვის უფლებისას?

რასაკვირველია არა, მოქლაქენო!

მე სრული იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიაც მოკავშირენი გამოსძებნიან ჩვენ მთავრობასთან ერთად, გამოსძებნიან ისეთ საშუალებას, რომ აქ დაცული იქნეს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ მოკავშირეებმა ამ ადგილებში გააბატონონ ოსმალეთი, ან ოსმალეთის რომელიმე მარჯვენა ხელი, - ეს დაუშვებელი არის!

ყოველგვარ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვსთქვათ, რომ მთელი ჩვენი არსებობის დროს, ჩვენ არ გადაგვიდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ გვეღალატნოს აი ამ პრინციპისთვის, თავდაცვის პრინციპისთვის. მოიგონეთ, რომელიც გნებავთ შემოსევა ჩვენს ქვეყანაში, მოიგონეთ ჩვენს წინააღმდეგ გამოლაშქრება, როდესაც ამოწურული იყო ყველა საშუალებანი და როდესაც ჩვენ თავს გვესხმოდნენ, მხოლოდ მაშინ ხმალი ავიღეთ და თავი დავიცავით. და თუ გადაიდგა ნაბიჯი მოკავშირეთა მხრივ, ან რომელიმე ძალის მხრივ, რომელიც შებღალავს ჩვენს დამოუკიდებლობას, შებღალავს ჩვენს სუვერენობას, ჩვენ ამ პრინციპს საბოლოოდ განვახორციელებთ. ჩვენ ვერც მაშინ, როდესაც რომელიმე ძალა ან გარედან, ან შიგნიდან დაგვეცემა, ჩვენ ამ პრინციპს ვერ უღალატებთ. და არავითარ შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს ნაბიჯი გადადგმული, ვისგანაც არ უნდა იყოს, ჩვენ უფლება გვაქვს ყოველთვის თავი დავიცვათ. ქართველი ხალხი, უმთავრესად საქართველოს დემოკრატია, გაიგებს სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის სულის კვეთებას, გაიგებს, რომ ის მუდამ და დღესაც თუ კი რომელიმე ნაბიჯი იქნება გადადგმული დემოკრატიის და ჩვენი სუვერენობის წინააღმდეგ, ჩვენ თავს დავიცავთ, და ამ თავის დაცვის საქმეში მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან იქნება მთელი ქართველი დემოკრატია, ჩვენთან იქნება მთელი ქართველი ხალხი, განურჩევლად მდგომარეობისა, განურჩევლად მიმართულებისა. და არასოდეს, მოქალაქენო, ჩვენი მთავრობა ისე არ საჭიროებდა სრულ ჩვენ ნდობას თავის მოქალაქეობისა, როგორც დღევანდელ პირობებში. ამ კათედრიდან გადაჭრით უნდა ითქვას, და გადაჭრით მიემართოს ქართველ ერს, ქართველ დემოკრატიას, მიემართოს ყველა მას, ვისთვისაც ძვირფასი არის რევოლიუციის მონაპოვართა შენარჩუნება: თუ ჩვენი ყველა იმედები გაცრუვდება, დამფუძნებელი კრება, მასთან ერთად მისი მთავრობა და დემოკრატია თავდაცვას აწარმოებს საქართველოს დამოუკიდებლობის და რევოლიუციონურ მონაპოვართა დასაცავათ (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სპ. კედიას.

სპირიდონ კედიას სიტყვა.

(ერ.-დემ.)

ბატონებო! თქვენ მოისმინეთ მთავრობის სიტყვა, მოისმინეთ სხვა და სხვა ფრაქციების ორატორების სიტყვებიც. ყველა ამ სიტყვებიდან დაინახავდით, რომ დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა განსაკუთრებით მწვავე არის და, შეიძლება, ხიფათითაც სავსე. სწორედ ბუნებრივად არის დამფუძნებელ კრების და მთელი ქართველ ხალხის აზრი და გონება ამ გარემოებით მოცული და ჩაფიქრებული. ეს მომენტი უცბად და ერთბაშად არ ჩამოშვებულა ზეციდან, იგი ხანგრძლივად იკვანძებოდა ერთის მხრივ ჩვენი მთავრობის პოლიტიკის მიმართულებით, და მეორეს მხრივ, საერთაშორისო მიმდინარეობით. ამ ორ ძალის შეწყობა თუ შეუწყობლობა, ბოლოს ჰქმნის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. ამიტომაც, თუ ჩვენ გვსურს მდგომარეობის შეგნება, მდგომარეობის გაგება და სამერმისოდ სწორი გზის აღება, რომ დღევანდელი ვითარება კვლავ არ განმეორდეს, ჩვენ გვმართებს, გარეშე რევოლიუციურ ფრაზებისა, და მეტ შემთხვევაში, არა საჭირო მუქარისა, - უფრო ჩაფიქრებული და სწორი ანალიზი შინაურ და გარემომცველ მოვლენებისა. მე ვფიქრობ, მიუდგომელი ანალიზი ჩვენი მდგომარეობისა, ჩვენი საკუთარი ძალისა, ჩვენი საკუთარი პოლიტიკისა ერთის მხირვ, და მეორეს მხრით გაგება იმ ხალხთა და სახელმწიფოთა ნამდვილი სულისკვეთებისა და პოლიტიკისა, რომლებიც დღეს თითქმის მთელ ქვეყნიერებას განაგებენ, მოგვცემდა იმის შეგნებას, თუ რას უნდა ვშვრებოდეთ და რას არა. და ეს ორი მხარე ჩვენი დღევანდელი მომენტის შემქმნელი, არ არის თქვენ მიერ წესიერად აწონილი. დამოუკიდებლობას დაცვა რომ უნდა, ეს უდავო არის ყველა ქართველისათვის და აქ, ამ ტრიბუნიდან საამისო დეკლარაცია არც არის საჭირო. ვერავინ ვერ ამოშლის სამშობლოს იმ ღრმა განცდასა და შეგნებას, რომელიც ჩვენს არსებაშია ჩანივთებული. მაგრამ, დამოუკიდებლობის დაცვას უნდა შეხამებული მეთოდი; საქართველო განმარტოვებულ კუნძულზედ არ არის, რომ ანგარიში არავის გაუწიოს. საქართველოს მდგომარეობა, დღეს უკვე ეს ცხადი უნდა იყოს ჩვენთვის, იმ ძალების შეფერხებისგან წარმოსდგება, რომელნიც დიდ სახელწიფოების ცხოვრებას განაგებენ. და რადგან ეს ასეა, ნუ თუ ბატონებო, ჩვენ არ გვმართებს გავითვალისწინოთ და გავიგოთ სწორედ, თუ რა ძალებია ეს ძალები და რომელ სახელმწიფოზეა დამოკიდებული ჩვენი მდგომარეობის საბოლოო გადაწყვეტა და ის, თუ რანაირი სოციალ-პოლიტიკური მოტივები ახასიათებს დღეს ამ სახელმწიფოებს. ჩვენ გვგონია, რომ ამის სწორედ გაგება, მეტად აუცილებელია და ჩვენ უნდა გავიგოთ კიდეც. საქართველო წარმოიშვა, ვიცით რა პირობებში, - რევოლიუცია და ომი იყო მშობელი ჩვენი დამოუკიდებლობისა. და დღიდან ამ რევოლიუციისა ევროპა და ამერიკა ორ დიდ ბანაკად დაიყო. ერთის მხრივ, რევოლიუცია მისი მეთოდით - ნგრევისა და განადგურების, ხოლო მეორეს მხრივ, ძველ წესიერების გარდამქმნელი ძალა, რომელიც ევოლიუციურად სცდილობს გააუმჯობესოს, განავითაროს, როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად, ქვეყნის მდგომარეობა. ესაა ორი სხვა და სხვა მსოფლმხედველობა, ორი სრულიად სხვა და სხვა ქვეყანა. ეს ორი ძალა, ეს ორი მიმდინარეობა ერთი-მეორეს ეხეთქება და ამ შემთხვევაში საქართველომ უნდა საბოლოოდ გამოარკვიოს, თუ ვისი მხარე უჭირავს და ვისი სიმპატიები აქვს. საქართველოს თავის საკუთარის ძალით, რომელიც არ ჰყავდა და ჯერაც არა ჰყავს მოწყობილი, არ შეუძლიან მარტოდ-მარტო ამ ორ ტრიალში თვითგანმტკიცება. მას ესაჭიროება მეგობრის ხელი და თანაგრძნობა იმ დიდ სახელმწიფოთა, რომელნიც დღეს მოვლენებს სარდლობენ. ასეთები გვყვანან კიდეც. ეს ანტანტის სახელმწიფოებია და ნუ თუ ასეთ შემთხვევაში, არ უნდა ვსცდილობდეთ გავიგოთ მეგობარი და სამეგობრო ხალხებისა და სახელმწიფოების სულისკვეთება, რომ შესაძლებელი იყოს ნამდვილი კავშირის დამყარება ჩვენს შორის? ამათ გარდა, თუ არა ბოლშევიკური უწესოება, სხვა გზა და სხვა არჩევანი ჩვენთვის არ არსებობს. და ამიტომაც ჩვე ნი შინაგანი პოლიტიკა, მთელი ჩვენი საერთო ეროვნული პოლიტიკა, უნდა იყოს შეთანხმებული იმ მთავარ ძირითად პოლიტიკასთან, რომლის, როგორც ღერძის გარშემო, ტრიალებენ გამარჯვებული სახელმწიფოები; - ან საქართველო თვით უნდა იყოს ძალიან ძლიერი თავის შეიარაღებული ძალებით, რომ თავიც დაიცვას და თავისი რევოლიუციური პოლიტიკა სხვა სახელმწიფოებსაც მიაღებინოს, ან და, რადგან ასეთი მასშტაბით ძალა საქართველოს არა აქვს, ხოლო მეორეს მხრით, მას გამარჯვებული სახელმწიფოს თანაგრძნობა და დახმარება ესაჭიროება, - საქართველომ თავის შინაურ პოლიტიკას უნდა მისცეს ზომიერი ლიბერალური ხასიათი, როგორც ევროპა-ამერიკის დემოკრატიულ ქვეყნებშია და გადაჭრით უკუაგდოს ბოლშევიკურ რევოლიუციის ქაოსში გახვეული რუსეთის პრინციპი და მეთოდი.

შინაურ პოლიტიკაში ყველა ძალთა შემაერთებელი კომპრომისი, ყველა ცოცხალ ეროვნულ ძალთა ჰარმონიის შექმნა და საღი ეკონომიური რეფორმების წარმოება უძარცვა-გლეჯოდ, აი რა გაგვამტკიცებდა შინ და გარეთ.

საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამგვარი შინაური პოლიტიკის ემანაცია იქნებოდა, თავის ბუნებით შეეწყობოდა დიდ სახელმწიფოების საერთო ხაზს და სრულიად მისაღები იქნებოდა იმ ერებისათვის, რომელნიც საქართველოში შემოდიან. ხოლო ჩვენ ისეთი გეზი ავიღეთ, რომ რაც წინ მივდივართ, ჩვენსა და მათ შორის წინააღმდეგობას ვაღრმავებთ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს შექმნილი განსხვავებაა ის მიზეზი, რომელმაც მრავალჯერ შეგვიქმნა დღევანდელის მზგავსი კრიტიკული მომენტი და რომელიც მომავალშიაც კიდევ ბევრჯელ შეგვიქმნის.

დიახ, ბატონებო! ძირითადი მიზეზი ამ კრიტიკული მომენტებისა მდგომარეობს იმაში, რომ იმ ძალებს, რომელნიც დღეს ბატონები არიან, ალღო ვერ ავართვით და ანგარიშს არ უწევთ. არ უწევთ ანგარიშს მათ მოტივებს, მათ მოქმედებას, მათ პოლიტიკას.

მაშ, ეხლა რა უნდა ვაკეთოთ?

მიუცილებელი საჭიროება არის ჩვენი პოლიტიკის გადახედვა და მისი იმგვარად წაყვანა, რომ არ იყოს არც პრინციპიული კონფლიქტები და არც მეთოდიური კონფლიქტები, ჩვენსა და იმ სახელმწიფოთა შორის, რომელნიც, ვიმეორებ, მდგომარეობის ეს არის ერთად-ერთი სწორი ხაზი და ერთად-ერთი შემომქმედი პოლიტიკა საქართველოს განმტკიცებისთვის. სხვა გამოსასვლელი ჩვენ არა გვაქვს. ვნახოთ დაიჯერებს ამას მთავრობა თუ არა? ბატონები არიან.

ეხლა საგანს კონკრეტიულად შევეხოთ და ვნახოთ მოკავშირეთა მოქმედება თვით საქართველოში.

საქართველოში შემოსულმა მოკავშირემ, რომ ქართველი ხალხის ეროვნული უფლების შეგნება და სუვერენობა შელახა, ეს ცხადია; შელახა არა დეკლარატიულად, არა სიტყვიერად, პირიქით, სიტყვიერად და დეკლარატიულად იგი აცხადებს პრინციპს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ხელუხლებელია. მაგრამ ფაქტიურად, მთელ რიგ მოქმედებით ჩვენი ტერიტორიის ფარგლებში, მოკავშირეთა წარმომადგენლობამ მოგვცა აუარებელი საბუთი, რომ ის არ სცემს თავის სიტყვას პატივს და სტეხს მას ძალიან ხშირადაც. თქვენ აქ უკვე მოისმინეთ წინა ორატორებისაგან ფაქტები, ამას რომ მეტყველობენ. მოკავშირეთა პირველი შემოსვლა საქართველოში იმით აღინიშნა, რომ საქართველო იძულებული გახდა ხელი მოეწერა ისეთ ხეშეკრულებაზედ სომხებთან, ომის დამთავრებისას, რომელიც მიუღებელია ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებისთვის. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა მაშინ ინგლისის ჩარევით და ძალდატანებით, - რასაკვირველია საქართველოს მთლიანობისა და მის სუვერენობის შემკვეცელი ფაქტია. მეორე ფაქტი, რომელიც აქ დასახელებული იყო, შმაგაილოვისა და კომპანიის, - აგრეთვე იმას გვიმტკიცებს, რომ შემოსული ინგლისის წარმომადგენლობა პატივს არ სცემს დამოუკიდებელ ქვეყანას და მის სასამართლოს. კიდევ მეტი. ამ პროცესიდან და ნაბიჯებიდან, რომლებიც ამ პროცესში ინგლისის ოფიციალურმა პირმა გადადგა, მტკიცდება, რომ ინგლისი მონაწილე იყო ამ ძეგვის ხიდის აფეთქებაში. ინგლისის ოფიციალური პირი საქართველოში აცხადებს: ვინც ძეგვის ხიდის აფეთქება მოაწყო, ჩვენი აგენტები არიანო! შემდეგ, ამავე რიგის ფაქტია არტაანის ფაქტი.

ინგლისის მისიის თანხმობით და ნებართვით შევედით არტაანში, აუარებელი მსხვერპლი გავიღეთ, და დღეს იგივე მისია გვეუბნება - ეს მხარე უნდა დასტოვოთო. აქ არის სხვისი მსხვერპლის აბუჩად აგდება, სხვისი ინტერესისა და თავმოყვარეობის გათელვა. ამას მოურიდებლად სჩადის ინგლისის მისია. ისეთივე არის მოთხოვნილება ინგლისელების შესახებ იმ მკვლელობისა, რომელიც აქ უკვე დაგვისახელეს.

აი ფაქტები, აი ინგლისელების მოქმედებანი, რომელნიც ჩვენს სუვერენობას ეხებიან.

ჩვენის მხრით დაუშავეთ რამე? შეულახეთ, ან თავმოყვარეობა, ან ღირსება? არავითარი ამის მგზავსი არ მომხდარა. ინგლისის წინააღმდეგ არ მოგვიმოქმედებია ისეთი რამ, რაიცა შემლახველი ყოფილიყოს მისი თავმოყვარეობისა. ასეთი პირობებში, სრულიად ინგლისის მისსიის ნაბიჯები და მოქმედებანი კანონიერად აჯანყებს და ამხედრებს მთელ ქართველ ხალხს. ნამეტურ მძიმეა ქართველი კაცისთვის ტერიტორიის სფეროში მისი კანონიერი უფლების შეკვეცა. საქართველოს ტერიტორია, ეს განსაკუთრებული რაღაცაა ქართველი კაცისთვის. მე არ მეგულება მეორე ტომის ადამიანი, რომელსაც თავის მიწა-წყალი ისეთ სიმტკიცით და სიძლიერით უყვარდეს, როგორც ეს ქართველს უყვარს. ეს მოვლენა და გარემოება შემთხვევითი არ არის. ჩვენ არ ვცხოვრობთ ოკეანეთა გარშემორტყმით დაცულ კუნძულზე.

ჩვენი სამშობლო გზა და ხიდი იყო და არის ორ დიდ ქვეყანას შორის. ამ ხიდზე სწარმოებდა მუდმივი შეხლა-შემოხლა სხვა და სხვა ხალხს შორის. ჩვენს ქვეყანაში კენჭი არ არის, რომელიც ათასჯერ არ გადატრიალ-გადმოტრიალებულიყოს და ისე არ ეპოვოს თვისი ეხლანდელი ეკილიბრი. საუკუნეთა ბრძოლით და მუშაობით არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და საზღვარი დადგენილი და როდესაც უცებ შემოსული ჩვენს ტერიტორიას ესე ადვილად მოეპყრობა და ჩვენთვის გაუგებარის ხალვათობით მას აქეთ-იქით გაბოძებას დაუწყებს, - ცხადია, ქართველი ხალხი მღელვარებასა და აჯანყებაში მოვა.

ასეთია ეს ფაქტიური მხარე, რომელიც საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ აქ მოსული ინგლისის წარმომადგენლობა მაინც და მაინც ჩვენ მეგო ბრულად არ გვეპყრობა, და იქცევა ისე, როგორც ეს არ შეშვენის ვითომდა წესიერების დასაცავად მოსულ სახელმწიფოს.

მინდა კიდევ ერთ რამეზე მიგითითოთ. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ ჩვენ დღესაც ომი გვაქვს ჩრდილოეთში დენიკინთან. ჩვენთან ერთად მთელი მთაც ომობს დენიკინთან, დენიკინი თავის ძალებით ილაშქრებს საქართველოსა და მთიელთა და სხვა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკების წინააღმდეგ. ამავე დროს წარმომადგენლობა ამიერ-კავკასიის ერთ-ერთ სახელმწიფოდან გენერალ დენიკინს თექვსმეტ ვაგონს უგზავნის სხვა და სხვა ამუნიციას: თოფს, ზარბაზანს და სხვას. ხომ შეიძლება გენერალმა დენიკინმა ჩვენივე თოფ-ზარბაზნით ჩვენვე გაგვანადგუროს! მას შეუძლიან ეს ზარბაზნები ჩვენ დაგვიშინოს, ისე როგორც ბოლშევიკებსაც. მხოლოდ დროისა და საჭიროების საკითხია ეს მისთვის. ინგლისის მისიის ასეთი მოქმედება ბუნებრივად ბადებს ჩვენში ეჭვს და გაუგებრობას. აქ აშკარად წინააღმდეგობაა ინგლისის სიტყვის და საქმეს შორის. ასეთი ორჭოფული მდგომარეობაა. მთელ თვეების განმავლობაში, მას აქეთ, რაც ინგლისელები საქართველოში ჩამოვიდნენ; ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ინგლისის პოლიტიკა სინათლეზე გამოტანილიყო, სათანადო დიპლომატიური ხაზი და გეზი ვერ ავიღეთ, ესეც - მინუსია ჩვენის დიპლომატიის ხერხიანობის.

ეხლა ვიკითხოთ, ნუ თუ მართლა შეხლა-შემოხლისა და კონფლიქტის მეტი საერთო და სათანახმო არაფერია ჩვენსა და ინგლისის შორის?

ჩვენის რწმენით, ჩვენი ინტერესები ძირითად რამეში ერთმანეთს ურიგდებიან. ამიერ-კავკასია და მისი პოლიტიკური და ტოპოგრაფიული გული - საქართველო პლაცდარმია ინდოეთისკენ მისაშვერ ზარბაზნებისათვის. ეს პლაცდარმი დიდი მუქარა იყო რუსეთის ხელში ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ. ეს პლაცდარმი რუსეთს ხელიდან გაუვარდა. როგორც ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩვენს დამოუკიდებლობაში ისე ინგლისიც დაინტერესებული უნდა იყოს, ეს პლაცდარმი დარჩეს თავისუფალი, დამოუკიდებელი და მისთვის უვნებელი.

ამ მხრივ, საქართველო-ინგლისის ერთნაირი დაკავშირება, საერთო მიზნების შესაწყობად, modus Vivendi-ის გამოსანახავად, ორივე ქვეყნის ძირითადი ინტერესების ბრძანებაა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ modus Vivendi-ს გამოძებნაში უნდა გამოითქვას დღეს ჩვენ მთავრობისა და დამფუძნებელ კრების პოლიტიკა. მაგრამ ამ შეთანხმებას და დაკავშირებას, ვიმეორებ, ერთი მიუცილებელი პირობა უნდა ედვას საძირკვლად: საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ პირობით საქართველო-ინგლისის შორის საერთო ენის გამოძებნა, და საერთო მიზნების შეხამება, საერთო მუშაობისა და საქმიანობისთვის, შესაძლებელია და მისაღწევი. - აი რა არის დღეს გასაკეთებელი, და რა მხრივ უნდა იყოს მიმართული ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ის საერთო ენა ერთ დღეს გამოიძებნება. მანამდე კი ჩვენ გვმართებს დინჯი, აუჩქარებელი მუშაობა, და მოვლენების სწორი შეფასება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ვინიცობაა, მიუხედავათ ყოველგვარ მოლოდინის, ჩვენ დამოუკიდებლობას ხელი შეახეს, და მას, რაც ქართველს ხალხს უძვირფასეს სამკაულად და განძად მი აჩნია, ხელი წამოავლეს, - მაშინ ღირსება და თავისუფლება უნდა დავიცვათ და აქ კილოს აუწევლად უნდა დაიდვას პატიოსანი სიტყვა მოქალაქისა, რომ ამ გვარ წუთს ღირსეულად შევხვდებით.

მაგრამ ეს არის უკიდურესი საშუალება და ზომა, რომლის შედეგები ძნელად გასათვალისწინებელია და ამიტომ, ვიდრე ეს უკიდურესობა ნახმარი იქნებოდეს, უნდა ამოწურული იყოს ყველა მეთოდი და ღონისძიება საერთო ენის გამოძებნის და საერთო ძირითადი ინტერესების მისაგნებად.

დღევანდელი მდგომარეობა გვიკარნახებს, რომ გეზი გამარჯვებულ მოკავშირეთა საერთო პოლიტიკას შეუხამოთ. ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი სახელმწიფოებრივი აღმშენებელობის პროგრამა, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიმართულება უნდა იყოს პრინციპიულად მისაღები, რომ მათთან მუდმივ პრინციპიულ კონფლიქტში არ ვიმყოფებოდეთ. ვიმეორებ, თუ ძველი გზა და პოლიტიკა განვაგრძეთ, ჩვენ ვერც ამ მომენტს განვლით სამშვიდოთ და თუ ეს განვლეთ, უფრო რთულსა და საბედისწეროს წავაწყდებით. დავაგდოთ გზა მერყეობის და ქანაობის, დავტოვოთ მეთოდი ბოლშევიკურ რევოლუციონარიზმთან „შაიკობისა“ და ამის ნაცვლათ ავიღოთ გზა, მტკიცე და განცდილი გზა რეფორმული, მშვიდობიანი განვითარებისა და საღი ევოლუციური დემოკრატიისა. ამ გზით უფრო იმედიანათ მივიტანთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო სიმტკიცეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩიას სიტყვა.

მოქალაქენო! ჩვენ თავს ვერ მოვიტყუილებთ იმ ილუზიებით, რომლებიც აკმაყოფილებს ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ წრეებს. ჩვენის აზრით, შეუძლებელია, რომ მოხდეს შეთანხმება ისეთ მოწინააღმდეგე ბანაკთა შორის, როგორიც არის იმპერიალისტური ქვეყნის სარდლობა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. ჩვენ თავიდანვე უნდა გვცოდნოდა, რომ ინგლისის სარდლობის პოლიტიკა ჩვენში იქნებოდა ორჭოფული, რომ ინგლისის სარდლობა თავის დაპირებებს არ შეასრულებდა.

ჩვენ თავიდანვე უნდა გვცოდნოდა, რომ ინგლისის სარდლობის გულს საქართველოს სოციალისტები ვერ მოიგებდნენ და მასთან კეთილგანწყობილებას ვერ დაამყარებდნენ.

საუბედუროთ, ჩვენს მთავრობას ეს მხოლოდ ეხლა შეუგნია. ის მხოლოდ დღეს აცხადებს, რომ ჩვენს და ინგლისის სარდლობის შორის არ არსებობს კეთილი განწყობილება და ამის მიზეზი თურმე ყოფილა ის, რომ ჩვენმა ჯარმა დაიკავა ფოცხოვის რაიონი, არტაანის და გაგრის ოლქი, და ქალაქ თბილისში ბოროტ-გამზრახველებმა მოკლეს ერთი ინგლისელი ექიმი.

როგორც მთავრობის მოხსენებიდან სჩანს, ინგლისის სარდლობასთან ჩვენს მთავრობას წინასწარი მოლაპარაკება ჰქონია ფოცხოვის რაიონის და არტაანის ოლქის შესახებ და ინგლისელებს თანხმობა განუცხადებიათ, რომ ჩვენს ჯარებს დაეკავებია ეს ადგილები. ეხლა, როდესაც ინგლისის სარდლობის თანხმობით და ლოცვა-კურთხევით ჩვენმა ჯარებმა მართლაც დაიკავა ფოცხოვი და არტაანი, იგივე ინგლისის სარდლობა უკმაყოფილოა ამ მოვლენით. მაშასადამე, ინგლისის სარდლობამ ჯერ წააქეზა ჩვენი მთავრობა, რომ მას არტაანი და ფოცხოვი დაეკავებია, ეხლა-კი უკმაყოფილოა ამ ადგილების ჩვენ მიერ დაკავებით.

რა სახელი უნდა ვუწოდოთ ინგლისის სარდლობის ასეთ საქციელს?

მე მგონია, რომ ამას ეწოდება პროვოკაცია.

ეხლა გავიგოთ, რა მოხდა გაგრის ოლქში და რატომ არის ინგლისის სარდლობა უკმაყოფილო ჩვენი ჯარის მიერ გაგრის ოლქის დაკავებით. როდესაც პირველად დაისვა საკითხი სოჭის ოლქის დაცვის შესახებ, როდესაც ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, რომ მას მხოლოდ დროებით უკავია სოჭის ოლქი თვით სოჭის ოლქის მცხოვრებთა თხოვნით და რომ საქართველოს მთავრობას არა აქვს სურვილი სამუდამოთ დაირჩინოს ეს ოლქი, ინგლისის სარდლობამ მაშინ განუცხადა ჩვენს მთავრობას, რომ საქართველოს ჯარები უნდა დარჩნენ სოჭის ოლქში მანამ, სანამ სადაო ოლქების საკითხი არ გადასწყდება პარიზის კონფერენციაზე. ასე რომ სოჭის ოლქი ეჭირა ჩვენს ჯარს ინგლისელების თანხმობითაც. შემდეგ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჩვენ ჯარებს ვერაგულათ თავს დაესხა დენიკინის ჯარი, - სოჭის ოლქი ჩვენებს დააცლევინა და გაგრის ოლქში შემოიჭრა. როგორც მოგეხსენებათ ინგლისის სარდლობა მაშინ არ იყო კმაყოფილი გაგრაში დენიკინის ჯარის შემოჭრით და ჩვენს მთავრობას განუცხადა, რომ ის ყოველ ზომას მიიღებს, რომ გაგრის ოლქი დენიკინს დააცლევინოს და საქართველოს ჩააბაროს.

ეხლა რა მოხდა ისეთი, რაც ინგლისის სარდლობის სურვილებს ეწინააღმდეგებოდეს? მართალია, ჩვენმა ჯარმა გაგრის ოლქი დაიკავა, მაგრამ ეს ხომ წინეთ ინგლისის სარდლობამ თვით დაპირდა ჩვენს მთავრობას. და თუ ეხლა ინგლისის სარდლობა იმის წინააღმდეგია, რაც წინეთ თვით აღუთქვა ჩვენს მთავრობას, მე თქვენ გეკითხებით, რა უნდა ვუწოდოთ ჩვენ ინგლისის სარდლობის ასეთ საქციელს და ჩვენში მის მოღვაწეობას? აქვს თუ არა ადგილი ამ შემთხვევაშიც მათ მორიგ პროვოკაციას, და არის თუ არა მათი გულისწყრომა შედეგი იმ ორჭოფული პოლიტიკისა, რომელსაც ისინი ჩვენში აწარმოებენ?

ინგლისის სარდლობა ჩვენს და მათ შორის არა სასურველ განწყობილების დამყარების ერთ-ერთ მიზეზათ სთვლის აგრეთვე ინგლისელ ექიმის მოკვლას. ჩვენში, რომ არავის ჰკლავდენ და ინგლისელ ექიმის მოკვლა, რომ ერთად-ერთი სანიმუშო შემთხვევა ყოფილიყო ქალაქ თბილისში, მაშინ შეიძლებოდა ინგლისის სარდლობას ეფიქრებია, რომ ინგლისელების წინააღმდეგ რაღაც შეთქმულება არსებობსო. მაგრამ არავისთვის დასამალავი არ არის, რომ ეხლა ხშირია მკვლელობა, როგორც ჩვენში, აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც და თვით ინგლისშიც. ჩვენი რესპუბლიკის მთავრობა ებრძვის ისეთ საშინელ მოვლენებს, როგორიც არის მკვლელობა, ძარცვა-გლეჯა და სხვა, და დამნაშავე პირთ სასტიკათ სჯის. მაგრამ მე მაინც ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა სარგებლობდეს ინგლისელი ექიმი მეტი პრივილეგიური მდგომარეობით საქართველოში, ვიდრე საქართველოს ყოველი მოქალაქე? საქართველოში ყოველი მოქალაქე, განურჩევლად ქვეშევრდომობისა, თანაბრათ სარგებლობს პიროვნების ხელშეუხებლობის არსებულ გარანტიებით და ინგლისელ ექიმის მკვლელობა არის შედეგი უბრალო სამწუხარო შემთხვევისა, და აქ, შესაძლებელია, ინგლისელ ექიმის მაგივრად ყოფილიყო ქართველი ან სხვა ტომის ექიმი. მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენ შევხედოთ ამ სამწუხარო მოვლენას და ასე უნდა გაეგო ეს ინგლისის სარდლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინგლისის სარდლობა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ჩვენ მთავრობას ან ჩვენს ადმინისტრაციას რაიმე დანაშაული მიუძღვის ინგლისელ ექიმის მკვლელობაში. ამას ინგლისის სარდლობა ვერ დაამტკიცებს, რადგანაც ჩვენს მთავრობას ინგლისელ ექიმის მოკვლაში იმდენი დანაშაული მიუძღვის, რამდენი თვით ინგლისის სარდლობასაც, ამიტომ, ჩვენის აზრით, ექიმის მოკვლა აქ უბრალო მომიზეზებაა, თორემ ყოვლად შეუძლებელია ასეთი შემთხვევითი და უბრალო, თუმცა სამწუხარო, მოვლენა გამხდარიყო ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზათ ჩვენ და აქ მყოფ ინგლისელთა შორის დამოკიდებულების გამწვავებისა.

მე მგონია, რომ ინგლისის სარდლობას სურს ყოველი კავშირი გასწყვიტოს ჩვენს მთავრობასთან და ისე იმოქმედოს ჩვენში, როგორც ამას მოითხოვს რუსეთის რეაქციონერების და იმპერიალისტების ინტერესი.

ყველა ამას ჩვენ უნდა მოველოდეთ, რადგანაც ყოვლად შეუძლებელია ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ გულწრფელად ფიქრობდენ ჩვენთან კეთილგანწყობილების დამყარებას ისეთი მთავრობათა წარმომადგენლები, რომლებიც ეყრდნობიან დენიკინის შავრაზმულ ძალებს და სურთ დენიკინის ჯარის საშუალებით გაამეფონ რეაქცია მთელ ყოფილ რუსეთის იმპერიაში და კერძოდ, ჩემის აზრით, საქართველოშიც. განა შესაძლებელია, ინგლისის დემოკრატიამ გაამეფოს დენიკინის რეჟიმი, დენიკინის რეაქციონური ძალა თვით ინგლისში? არა, თავისთვის არ მოისურვებენ ამას ინგლისელები, მაგრამ ინგლისის სარდლობა, რომელსაც საქართველო ალბათ მიაჩნია ისეთ ველურ ქვეყანად, როგორიც არის ზოგიერთი ინგლისის კოლონია, ჩვენში დენიკინებსაც კი გამოგზავნის „წესიერების“ დასამყარებლად.

ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვალდებული ვართ საბოლოოდ გამოვარკვიოთ და თვით ინგლისის სარდლობის უმაღლეს წარმომადგენლიდან მოვისმინოთ, თუ რისთვის არიან ინგლისის ჯარები ჩამოსული საქართველოში და უწევენ თუ არა სერიოზულ ანგარიშს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ არსებობის ფაქტს.

ყოვლად შეუძლებელია ჩვენ მათ დავუთმოთ ფოცხოვ-არტაან-გაგრის საკითხში, რადგანაც ჩვენ უზრუნველყოფილი არ ვიქნებით, რომ მომავალში ინგლისის სარდლობა მეტ მოთხოვნლებებს არ წამოგვიყენებს და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სრულიად არ მოსპობს.

აგრეთვე ჩვენ ინგლისის სარდლობას უნდა შევაგნებიოთ, რომ ჩვენ ვერც ერთ მის სიტყვას ვერ დავუჯერებთ და პატივისცემით ვერ მოვეპყრობით, თუ ის თავის დაპირებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაარღვევს და თავის ოფიციალურ განცხადებას, რომ ის ჩვენ შინაურ საქმეებში არ ჩაერევა, თვითონვე უარყოფს.

თქვენ დღეს მოისმინეთ განცხადება, რომ ინგლისის სარდლობას ბათუმში გამოუშვია მოწოდება, სადაც ნათქვამია, რომ ინგლისელებმა ოკუპაცია უყვეს მთელ ამიერ-კავკასიას, ე.ი. საქართველოსაც, რომ ისინი წესიერებას ამყარებენ იქ, რომ ყოველი მოქალაქე, რომელიც რაიმე ბოროტ-მოქმედებას ჩაიდენს ამიერ-კავკასიის ტერიტორიაზე, სიკვდილით დაისჯება ინგლისელ სარდლობის მიერო.

არის თუ არა ეს მოწოდება ჩვენ შინაურ საქმეებში ჩარევა?.. არის. თუმცა ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯერ ასეთი მოწოდება არ არის ქუჩებში გამოკრული, მაგრამ ბათუმის ქუჩებში კი არის და ინგლისის სარდლობის წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი. ჩვენში ინგლისელ ჯარების შემოსვლისთანავე, ინგლისის სარდლობამ ოფიციალურად აცნობა ჩვენს მთავრობას, რომ ის საქართველოს რესპუბლიკის შინაურ საქმეებში არ ჩაერევა, მაგრამ მან დღეს ეს თავის დაპირება დაარღვია და ამის შემდეგ მათ გულწრფელობაზე ლაპარაკი ზედმეტია და, ჩემის აზრით, მომავალში საქართველოს რესპუბლიკის მდგომარეობა გაუარესდება, თუ ჩვენ საერთო ენა ვერ გამოვნახეთ ისეთ ძალებთან, რომლებსაც აერთებს ჩვენს დემოკრატიასთან საერთო მიზანი და საერთო მისწრაფებანი.

ასეთ ძალებათ, ყოველ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლებიან ინგლისის იმპერიალისტები. - ეს ძალა არის რევოლიუციონური დემოკრატია, და თუ მასთან ვერ გამოვნახეთ საერთო ენა, გარწმუნებთ, რომ შმაგაილოვის განთავისუფლების ისტორია ჩვენში ხშირად განმეორდება და, შეიძლება, ბოლოს ვინანოთ ჩვენ, რომ თავში გადამეტებულის ნდობით ვეპყრობოდით ინგლისის სარდლობის დაპირებებს და მის ოფიციალურ წერილობით განცხადებებს, რომ ისინი შინაურ საქმეებში არ ჩაერევიან.

მაშასადამე, როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი მთავრობა? მე იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენი მთავრობა ამის შემდეგ მაინც უფრო გარკვეულ გზას დაადგება, რომ ჩვენი მთავრობა მიმართავს ინგლისის სარდლობას შეკითხვით, - ერევა ის თუ არა ჩვენ შინაურ საქმეებში და თუ არ ერევა, რით აიხსნება ის მოწოდებები, რომელიც გაკრულია ბათუმის ქუჩებში, რით აიხსნება შმაგაილოვის განთავისუფლების ისტორია, რით აიხსნება ფოცხოვის, არტაანის და გაგრის ოლქებში ჩვენი ჯარის შესვლით გამოწვეული მათი უკმაყოფილება და სხვა.

თუ ინგლისის სარდლობამ განაცხადა, რომ ის ჩვენ შინაურ საქმეებში ერევა და არ სცნობს თავის ოფიციალურ წერილობით დაპირებებს, მაშინ დეე ჩვენმა რევოლიუციონურმა დემოკრატიამ თვით გადასწყვიტოს საკითხი, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დემოკრატია ბრძნულ დადგენილებას გამოიტანს ამ შემთხვევაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძის სიტყვა.

(ს.-დ.)

. არსენიძე. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

მთავარი საკითხი, რომელიც დღეს აღელვებს თქვენს აზრს და გონებას, საკითხი, რომელმაც აუარებელი ხალხი შეაგროვა დამფუძნებელ კრების დარბაზში და მის გარშემოთაც, ეს არის საკითხი ჩვენი დამოუკიდებლობი სა, და არა იმ კერძო ფაქტებისა და კერძო მოვლენებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ სახით.

აქ არ არის კითხვა თავის თავად არც ფოცხოვისა და არტაანისა, არც მეხადირის მდინარისა, არც მოკლულ ექიმისა.

აქ არის კითხვა არსებითი, კითხვა საქართველოს თვითარსებობისა, აქ არის მთავარი ძირითადი საკითხი იმისა, უნდა იარსებოს დემოკრატიულ საქართველომ თუ ეს უნდა გახდეს უბრალო კოლონიათ რომელიმე დიდი სამეფოსი?

აი, თუ ამ თვალსაზრისით გავსინჯავთ ჩვენ ყოველივე იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება დღეს, მე მგონია, უიმედობის ბეჭედი არ უნდა დაესვას ჩვენ შუბლს.

მე მგონია, რომ ყველა ამ ფაქტებს, რომლებსაც შეუძლიან თავის თავად, მტკივნეულობის გრძნობა გამოიწვიოს ჩვენს გულში, და რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე ილახებოდეს ჩვენი ერის და რესპუბლიკის თავმოყვარეობა, - ყველა ამ ფაქტებს არ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომ ღრღნიდეს და სჭრიდეს მთავარ ღერძს, რაზედაც დაყრდნობილია ჩვენი სახელმწიფო. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ არც არტაანი ყოფილა ჩვენს ხელში მაშინ, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობის საძირკველი ჩაიყარა, და არც მეხადირის მდინარე გვქონდა ჩვენ მაშინ საზღვრათ. ეს არ არის მთავარი, მიუხედავათ იმისა, რომ ეს ორი ადგილი დიდი სტრატეგიულ მნიშვნელობისა არიან ჩვენ რესპუბლიკისთვის.

მე ვამბობ, თუ კითხვა დადგა იარაღზე და ძალაზე, თუ კითხვა დადგა საზღვრების გამაგრებაზე, რომ მტერი არ შემოუშვათ შინ ამ დიდ, ვეება სახელმწიფოს სახით, რომლის ინტერესი გადახლართულია საქართველოს არსებობასთან, და საქართველოს თვით არსების ინტერესებთან, რასაკვირველია, ჩვენი ხმალი ვერაფერს გააწყობს, ვერაფერი სიმაგრე, ვერავითარი სიმაღლეები, ვერც გარდუვალი მთები დაგვიფარავენ ამ შემოსეულ ძალებისაგან. მაგრამ არსებითად საკითხი არ სწყდება იმ სტრატეგიულ მდგომარეობით, არ სწყდება არც მეხადირის მდინარით, არც არტაანის ქედებით.

საკითხი ჩვენი დამოუკიდებლობისა გადასწყდება და უნდა გადასწყდეს ჩვენშივე, ჩვენი თვით არსებობის უნარით იმ ენერგიით, იმ ძალით, იმ პოლიტიკურ გამჭრიახობით, რომელსაც გამოიჩენს ჩვენი ხალხი თავის საქმის მოწყობაში. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ასეთ მდგომარეობას მაშინ, როდესაც გვაქვს საქმე ასეთ სახელმწიფოსთან, როგორც ინგლისი. მთელი პოლიტიკა ინგლისელებისა არის არა პოლიტიკა ხელშეკრულობისა და იურიდიულ ფორმალობისა, არამედ უბრალო პოლიტიკა, ფაქტიურ მდგომარეობის შექმნისა. დიახ, ეს არის მთავარი ღერძი იმ სახელმწიფოსი, რომელიც მოსულია დღეს ჩვენში. თუ გერმანიის შემოსვლის დროს ჩვენ შეგვეძლო დაგვედო რაიმე ხელშეკრულება, ერთგვარი პირობები, რომელიც მეთოდიური სისწორით, რაინდულად უნდა შეესრულებინა ერთსა და მეორე მხარეს, ამის თქმა შეუძლებელია ინგლისის მიმართ. აქ უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ფაქტიურ მდგომარეობას, იმ შემოქმედებითი ნიჭს და ენერგიას, რომელსაც დაინახავს ინგლისის სარდლობა და ინგლისის მთავ რობა აქ, და იმ ინტერესებს, რომლის გამო ინგლისის სარდლობა აქ არის ჩამოსული. ამ ორ ძალთა შორის უნდა გამოინახოს ის საშუალება, ხაზი, რომელიც მისაღებია ჩვენთვისაც და იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომელნიც აქ მოსულნი არიან. მხოლოდ ამ ხაზის სწორედ გაგებით, ასეთ ალღოს აღებით ჩვენ შეგვიძლიან, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სხვა ყოველივე გზა ამ შემთხვევაში უნაყოფოა და უშედეგო. ხმლის ძალას ადგილი არა აქვს, ეს არ არის მთავარი ძალა; მთავარი არის მოწყობა ჩვენი სახელმწიფოსი. ამ მხრივ თუ შევხედავთ ჩვენ მდგომარეობას, მიუხედავათ მისი მრავალ ნაკლისა, ჩვენ არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ უნუგეშო მდგომარეობაში ვიყოთ. მართლაც თუ წარმოგიდგენიათ რომელიმე სახელმწიფო, არარაობისაგან წარმოშობილი, რომელსაც ჯერ წლის თავიც არ შესრულებია, მაგრამ რომელსაც აქვს ისეთი სუვერენული გამომხატველი თავის ნებისა და სურვილისა, როგორიც არის დამფუძნებელი კრება, თვით ფაქტი ამ კრების არსებობისა, მოწმობს დიდ სახელმწიფოებრივ შემოქმედებას იმ ერისა, იმ ხალხისა, იმ დემოკრატიისა, რომელმაც შესძლო ასეთი დიდი უფლებები და რევოლიუციონური ლოზუნგები განეხორციელებინა, ფაქტად ექცია.

ამიტომ მე ვამბობ, როგორიც უნდა იყოს ხაზი, სურვილი, მიმართულება და მისწრაფება სხვა და სხვა სახელმწიფოებისა კავკასიაში და კერძო საქართველოსი, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს იმ ფაქტიურ მდგომარეობას, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენში. თუ თქვენ გნებავთ, არის ამის მაგალითები დღესაც. ეს მაგალითები იგივე მოქმედებანია, რომელთაც აქ დიდი კრიტიკით და გაკიცხვით იხსენიებენ. აი, თუნდაც ისტორია ცნობილ განცხადებისა, რომელიც ბათუმში და ბაქოში გამოკრულია, ბორჩალოშიაც, ნეიტრალურ სარტყელში, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე კი არსად; მან მოიარა ჩვენს გარშემო ირგვლივ და სრულიად ხელუხლებელი დასტოვა სწორედ ის ტერიტორია, რომელიც ჩვენი სუვენერობის ქვეშ იმყოფება. ეს მოხდა იმიტომ, რომ აქ არ იყო ისეთი მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ჰქონდა ადგილი ერთში, მეორეში და მესამეშიაც.

აი ეს არის მთავარი, და არა ის, რომ ჩვენ რამეში მოვანაწყენეთ ინგლისი, ან ინგლისმა ჩვენ.

შეიძლება მომავალში, არა ერთხელ წარმოიშვას აგრედწოდებული კონფლიქტი. ამ ნიადაგზე ჩვენ მათ შორის, ერთგვარი ფაქტიური მდგომარეობის დასამყარებლად; მაგრამ ჩვენ გვწამს ერთი რამ: ის, რომ საქართველოს დემოკრატიამ, თავის რევოლიუციონურ ბრძოლაში, თავის უმწვერვალეს ქარცეცხლში, იმ საშინელ წუთებში, როდესაც წარღვნას მოველოდით ოსმალეთის მხრიდან და მხოლოდ სისხლის ღვრის მოლოდინი გვქონდა, სწორეთ ამ წუთებში წარმოიშვა დამოუკიდებლობის თვითარსებობა, და რომ სახელმწიფოს საჭე დღემდის ხელში უპყრია მარჯვედ, შეუპოვრად, მედგრად და ერთხელაც დაბლა არ დაუშვია ეს დროშა, და ჩვენ დემოკრატიის ენერგიის და ნიჭის იმედით შეგვიძლიან დღეს აქ ვსთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველო უზრუნველყოფილია. (ტაში).

მაშასადამე, აქ მარტო კრიტიკა იმისა, თუ რას წარმოადგენს ინგლისი, ან სხვა რომელიმე სახელმწიფო, ჩვენთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ვიცით, თუ რას წარმოადგენს საერთოდ პოლიტიკა ყველა ბურჟუაზიულ სახელმწიფოსი, ყველა კაპიტალისტურ ქვეყნისა, როგორი არის მთავარი ხაზი მათი დიპლომატიისა, მათი მოქმედებისა.

და ჩვენი რესპუბლიკა არსებითად განსხვავდება მათგან. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეიცავდეს საიდუმლოებას, ჩვენ არ გვაქვს, თუ გნებავთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც გაანსხვავებს სიტყვას და საქმეს ერთი მეორისაგან. ჩვენი მთავარი საფუძველი არის დემოკრატიული პოლიტიკა - მჭრელი ხმალი, - პირდაპირი სიტყვა და სიტყვის სისწორით ასრულება. ჩვენს დიპლომატიას, ისე როგორც ჩვენს დემოკრატიას არა აქვს ისეთი ენა, რომელიც ჭრელია, არამედ აქვს ისეთი ენა, რომელიც მჭრელია, ბასრია მხოლოდ იმით, რომ ეყრდნობა ხალხის სამართლიან არსებით ინტერესებს; ეს არის რასაკვირველია ენა პირდაპირი, გაბედული, სწორი, და ამიტომ ყველასთვის მისაღები აუცილებლად.

მე მგონია, რომ რამდენიც უნდა მოგვთხოვონ ჩვენ სხვა პოლიტიკის წარმოება, - აქ მოხვევა, იქ მოხვევა, რამდენიც უნდა მოგვთხოვონ ხმლის აჟღარუნება დიდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენ ამას ვერ მივიღებთ; ჩვენთვის სრულიად მიუღებელია დაღვრა თუნდაც ერთი წვეთი სისხლისა იქ, სადაც იმედი არ არის გამარჯვებისა. ჩვენ ვერასოდეს ჩვენ ხალხს, მის საღ ინსტიქტს ვერ მოვთხოვთ და ვერ გამოვიყვანთ იქ სამოქმედოთ, სადაც მას არა აქვს იმედი, რომ მისი მომავალი ნათლით მოსილია. უიმედო თავგანწირვა არ სჩვევია საქართველოს დემოკრატიას და მას არ შეუძლიან უიმედო ბრძოლა. აღფრთოვანებული ბრძოლა, ბრწყინვალე იდეალები დიდი რევოლიუციისა, მისი პირველი და მთავარი ლოზუნგები და ამ ლოზუნგების განხორციელება, - ყველა ამაში ჩასახულია მისი საგარეო მოქმედების მთავარი ღერძი. მისი პირდაპირობა და მისი გულახდილობა. ამ პოლიტიკით ჩვენ არა ერთ დიდ სახელმწიფოსთან გვქონია საქმე და მოგვიგია მათი გული, და გაგვიხორციელებია ჩვენი ინტერესები. მე მახოვს, მაშინ, როდესაც აქ იყო არა ინგლისი, დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელი, არამედ კაიზერის გერმანიის იმპერია, ნახევრად აბსოლიუტური, ეს ჩვენი მკაფიო და პირდაპირი პოლიტიკა ისეთ შედეგებს გვაძლევდა, რომელიც საჭირო იყო ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. თქვენ კარგად გეხსომებათ, რომ მაშინაც გვეუბნებოდნენ, უნდა გამონახოთ ის ხაზი, რომელიც მისაღებია ჩვენთვის და გერმანიის მეფისთვის. ჩვენ ის ხაზი ვერ გამოვნახეთ, რომელიც შეგვაერთებდა გერმანიის მეფესთან. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხაზი, ჩვენი სურვილი, ჩვენი დემოკრატული მისწრაფებანი.

და ეს პირდაპირი პოლიტიკა, აშკარად მიცემული სიტყვა და ენერგიული დაცვა თავის სიტყვისა, გახდა საფუძვლად იმისა, რომ მთელი თავისი აქ ყოფნის დროს გერმანიის სახელმწიფოებრივი ძალა არ გამხდარა სამარედ ჩვენი დამოუკიდებლობისა. და ჩვენ გვგონია, რომ დღეს იმ სახელმწიფოს წინაშე, რომლის ინტერესები ჩვენ ინტერესებთან არის გადახლართული, ისეთივე პირდაპირი, ისეთივე ნათელი პოლიტიკის წარმოება მოგვიტანს ასეთივე შედეგებს. მათი შემოსვლა და მათი არსებობა არ გადაიქცევა ჩვენ სამარედ, არამედ წყაროდ და იმედად მომავალში ჩვენი დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განმტკიცებისა. ამის თავდები არის ჩვენი წარული, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა და უმთავრესი თავმდებია დემოკრატია საქართველოსი. (ტაში).

თავმჯდომარე. მსჯელობა დასრულებული გახლავთ. შემოსული გახლავთ მხოლოდ ერთი ფორმულა სოც-დემოკრატიულ ფრაქციის წარმოდგენილი. გთხოვთ წაიკითხოთ.

ფორმულა მორიგ საკითხზე გადასვლისა.

მდივანი (კითხულობს): „მოისმინა რა მთავრობის მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ - დამფუძნებელი კრება სავსებით იზიარებს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენული უფლების და მისი არსებითი, სასიცოცხლო ინტერესების დაცვისაკენ.

დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ ეს ინტერესები ჩვენის რესპუბლიკისა არ ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ომის შემდეგ შემოსულ შეთანხმებას სახელმწიფოებისა და, უპირველეს ყოვლისა, ინგლისის არსებით ინტერესებს. იგი დაიმედებულია, რომ ამ ნიადაგზე შესაძლებელია განხორციელება ჩვენი ახალ-აღორძინებული დემოკრატიის თანამშრომლობისა მსოფლიოს უძველეს დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

დამფუძნებელ კრებას სწამს, რომ ჩვენი მთავრობის ზრუნვა ამ მხრივ მიმართული, შეხვდება სრულ თანაგრძნობას აქ ჩამოსულ უცხო ძალის მხრივ, რომელიც საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის განუყოფელი ნაწილი უნდა შეიქნეს სამუსლიმანო საქართველო, სურს და შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა და რომ მხოლოდ ამ პრინციპის ცნობით შეიძლება საქართველოს დემოკრატიის მეგობრული განწყობილების მოპოება; დამფუძნებელი კრება მთელი ერის სახელით აღიარებს, რომ ქართველი ხალხი მთელი თავის ძალ-ღონით დაუჭერს მხარს მთავრობას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაცვაში, რომლის უფლებები საქართველოს დემოკრატიის ბრძოლით და სისხლით არის მოპოებული და გადადის მორიგ საკითხზე“.

თავმჯდომარე. ასეთი გახლავთ ფორმულა. შეიძლება კიდევ იყოს სხვა? არ არის. (გვაზავა: სხვა არ არის!) გსურთ სიტყვა? არის ვინმე მსურველი რაიმე შესწორება, ან დამატება შემოიტანოს? არავინ არის. მე კენჭს უყრი.

ვინ არის მომხრე გთხოვთ ასწიოთ ხელი? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? ერთმა შეიკავა თავი. დანარჩენი მომხრენი არიან ამ ფორმულისა. (ტაში).

ეხლა შემოტანილი გახლავთ წინადადება კრების შეწყვეტის შესახებ. წინააღმდეგი არავინ გახლავთ. შემდეგი სხდომა სამშაბათს გახლავთ.

სხდომა იხურება 10 ს. 25 წუთ.

2.6.2.8 მეთექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 . მაისის 13. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრ. ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

კონსტანტინე ჯაფარიძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

კრება იხსნება ნაშუადღევის 12 ს. და 35 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები.

მდივანი. (კითხულობს) ს. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი სახალხო სკოლის მასწავლებელთათვის ხუთ წლეულ დამატებათა დაწესების შესახებ.

გადაეცემა განათლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. გაგრძელება მსჯელობისა (პირველი განხილვა) მოქალაქეობის კანონ-პროექტის შესახებ.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთი ზომების შესახებ.

3. გაგრძელება მსჯელობისა სოც.-რევოლ. ფრაქციის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეკითხვის გამო ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების შესახებ.

4. კანონ-პროექტი სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

5. კანონ-პროექტი რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ, აგენტების ჯამაგირების მომატებისა.

6. დადგენილება რკინის გზების საწყობებში საქონლის შენახვის ვადის შემცირებისა.

7. კანონ-პროექტი საუკეთესო სახელმძღვანელოთა ავტორებისათვის პრემიების მისაცემად 100,000 მან. გადადებისა.

8. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარის მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ.

9. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - ძეგვის ხიდის ამფეთქებელთათვის სიკვდილით დასჯის 12 წლის კატორღით შეცვლის შესახებ.

10. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა და სხვათა დასჯისაგან სრულიად განთავისუფლების შესახებ.

11. დეკრეტი საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 31 კანონის (სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახი და კრედიტის გახსნისა) განგრძობის შესახებ.

თავმჯდომარის განცხადება.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს დღიურ წესრიგის შესახებ სიტყვა? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ წესრიგი ასე იყოს განხილული, როგორც არის შემოტანილი? წინააღმდეგ არავინ არის.

ეხლა პრეზიდიუმის სახელით უნდა მოგახსენოთ ორი რამ: ერთი სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის განცხადება: პრეზიდიუმში შემოვიდა წინადადება, რომ პლენუმის კრებები 12 საათის მაგივრად იწყებოდეს დილით 11 საათზე და თავდებოდეს 3 საათზე.

პრეზიდიუმი იზიარებს ამ წინადადებას და სთხოვს პლენუმს ამის შესახებ გამოსთქვას თავისი აზრი, მაგრამ იმავე დროს პრეზიდიუმი დასძენს და სთხოვს, და სთხოვს ყველა ფრაქციებს, თუ ვინიცობა და პრეზიდიუმის წინადადებას გაიზიარებენ, - მიიღოს ყოველი ღონისძიება, რომ სხდომა სრულს 11 საათზე იწყობოდეს.

მაშასადამე ასეთი წინადადება გახლავთ. სურს თუ არა ამის შესახებ ვისმეს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის.

მაშასადამე ვაწესებთ იმას, რომ პლენუმის სხდომები სამშაბათს და პარასკევს იწყებოდეს 11 საათზე - და თავდებოდეს 3 საათზე.

ეს წინადადება მიღებულია.

მაშასადამე შემდეგი სხდომა პარასკევს გაიხსნება სრულ 11 საათზე.

მეორე. პრეზიდიუმის სახელზე შემოვიდა კრების წევრის ელიგულიშვილის თხოვნა შესახებ იმისა, რომ მას, ელიგულიშვილს ნება მიეცეს სამი თვის ვადით წავიდეს საზღვარ გარედ, ევროპაში სახელმწიფოებრივ საქმის გამო.

რეგლამენტით 1 თვეზე მეტი ვადით დათხოვნა დამოკიდებული არის პლენუმზე. ამიტომ მოგახსენებთ და თუ არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, - დამფუძნებელ კრების წევრს ელიგულიშვილს მიეცემა 3 თვის ვადა, დათხოვნილი იქნება საზღვარ გარედ წასასვლელად. ვინ არის ამის წინააღმდეგ? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

პირველი საკითხი გახლავთ გაგრძელება მსჯელობისა მოქალაქეობის კანონის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

გაგრძელება მსჯელობისა მოქალაქეობის კანონის შესახებ.

შალვა მესხიშვილი (ს.-ფ.). მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ამ კანონზე მე პირადად ლაპარაკს არ ვაპირებდი, რადგანაც ჩვენი ფრაქცია სავსებით ეთანხმება იმ საფუძველს, რომელზედაც აშენებულია ეს კანონ-პროექტი, მაგრამ დამფუძნებელ კრების წევრის ი. გობეჩიას სიტყვამ მაიძულა რამდენიმე მოსაზრება გამოვსთქვა.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არც ერთ კანონს, მიღებულს საქართველოს პარლამენტის მიერ, არ გამოუწვევია ისეთი აურ-ზაური იმ საზოგადოებრივ წრეებში, რომელნიც არსებითად ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყვნენ, როგორც კანონ-პროექტის ქვეშევრდომობის შესახებ. ეს ძალიან ადვილად ასახსნელია, რადგანაც სწორედ კანონ-პროექტი ქვეშევრდომობისა, რომელიც საზღვრავდა იმას, ვინ არის ჩვენი ქვეშევრდომი, ვისა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, განზე სტოვებდა იმ პირთ, რომელნიც სცხოვრობენ ჩვენში, ჩვენ ხალხთან დაკავშირებულნი არ არიან და სრულიად უცაბედად მოხვდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. სწორედ ეს საზოგადო წრეები ძალიან აღელდნენ და თქვენ კარგად გახსოვთ პრესაში, იმათ პრესაში - მე ამას ხაზს ვუსვამ - ერთი განგაში იყო ატეხილი, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სამართლიანობას მოკლებული არის, და რომელიც ძალიან აღშფოთებს ზოგიერთ პოლიტიკურ წრეებს, ართმევს მათ პოლიტიკურ უფლებათ. და ამგვარად საქართველოს სურს თავისი დამოუკიდებლობის საქმე მოაწყოსო. ასეთი არგუმენტი, რომელიც მესმოდა ამ მხრიდან, ჩემთვის გასაგები იყო, იმიტომ რომ ის პირნი არსებითად ვერ შეეგუებიან ჩვენს ორიენტაციას, იმათ თავიანთი ორიენტაცია აქვთ, ზოგს ჩრდილოეთისკენ, ზოგს სხვაგან. იმათ არ სურდათ, რომ საქართველოს პოლიტიკური ორგანიზმი დამოუკიდებლობათ ჩამოყალიბებულიყო. სწორედ ისინი აწარმოებდნენ ბრძოლას, როგორც ჩვენს და უცხოელ პრესაში, აგრეთვე ქალაქის თვითმართველობაში და ყოველგან, სადაც კი შეეძლოთ. მაგრამ მე საშინლად გამაოცა, როდესაც თითქმის ამათთანავე აზრს შევხვდი დამფუძნებელ კრებაში.

რას უკიჟინებენ ამ კანონ-პროექტს? მხოლოდ იმას, რომ ეს კანონ-პროექტი ნებას არ აძლევს ყველას, ვინც ამ კანონ-პროექტის მიღებამდე, სცხოვრობდა საქართველოში, რომ იმათ ისარგებლონ ყოველივე პოლიტიკურ უფლებებით. ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც სურს სახელმწიფოს აშენება, ვინც სერიოზულად ფიქრობს ამაზედ, საკითხს ასე ვერასოდეს ვერ დააყენებს. აქ უკვე იყო ნათქვამი და კიდევ უნდა გავიმეორო, რომ სახელმწიფოებრივ აღშენებაში მონაწილოების მიღება შეუძლიან იმას, ვისაც არსებითი კავშირი აქვს იმ ტერიტორიასთან, სახელმწიფოსთან, რომელიც უნდა იყოს აშენებული, და არა იმ პირთ, ვინც სრულიად უცაბედად, სრულიად შემთხვევით არიან გადმოვარდნილი, ან შემოკედლილნი ჩვენს ტერიტორიაზე, არაფრით არ არიან ჩვენთან დაკავშირებულნი და ვისაც არსებითად არ სურთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სად არის ლოღიკური საფუძველი, რომ ამისთანა პირებს მიეცეს ჩვენი ქვეშევრდომობა?

ბ. გობეჩიას უკვირს, რათ არის აღებული 19 ივნის 1914 წ. დატაო? სწორედ იმიტომ, რომ ამ დღიდან საერთაშორისო ომის გამო აუარებელი ხალხი მოაწყდა ჩვენს ტერიტორიას. ყველა ეს შემოხიზნული ხალხი დარჩა აქ, ჩვენ ტერიტორიაზე და ყველა ეს არსებითი ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არიან, და ყველა ვისაც სურს ამ ხალხს ჩვენი მოქალაქეობის უფლება მიეცეს, ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის. ეს ისეთი ნათელი და ჭეშმარიტი აზრი არის, რომ ამასთან ბრძოლა მე ვერ წარმომიდგენია. ამიტომ ყოველივე სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც სურს მკვიდრ ნიადაგზე დააყენოს საქართველოს აღშენების საქმე, ძალიან დიდ სიფრთხილით მოეკიდება ქვეშევრდომობის კანონს.

უნდა მოგახსენოთ, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს კანონი არ არის დემოკრატიული - სამართლიანი არ არის. ეს კანონ-პროექტი ძალიან ფართოთ აძლევს შეძლებას, ვისაც რაიმე დამოკიდებულება აქვს ჩვენ ტერიტორიასთან, რომ ის გამოცხადებული იყოს ჩვენ ქვეშევრდომათ. თუ თქვენ დააკვირდებით დიდ სახელმწიფოების პრაქტიკას და პატარა ერების კანონებს ქვეშევრდომობის შესახებ, თქვენ ნათლათ დაინახავთ, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფო მით უფრო ნაკლებ ეშინია ქვეშევრდომობის კანონის გაფართოებისა, იმიტომ, რომ დიდი სახელმწიფო ადვილად მოინელებს შემოსულ ელემენტებს. რაც უფრო პატარაა სახელმწიფო, უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს ამ ქვეშევრდომობის კანონს, იმიტომ, რომ ქვეშევრდომობის კანონის მოვალეობასთან ერთად, იმ უცხოელებისთვის, რომელნიც ქვეშევრდომობაში შემოდიან, - ძალიან ბევრი უფლებაც აქვს.

მაგალითად, თუგინდ აგრარული საკითხი აიღეთ. მე ვეკითხები ბ. გობეჩიას, თუ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ კანონით, რომელიც სოც.-რევ. შემოიტანეს, ესე იგი კანონის გამოცემამდე, ვინც კი სცხოვრობენ საქართველოში, და მოინდომებს საქართველოს ქვეშევრდომობას, ყველა იმას რომ მიეცეს ეს უფლება, მე გეკითხებით თქვენ - რა მდგომარეობაში იქნება, თუგინდ აგრარულ საკითხში, როდესაც მიწა იმდენად მცირე არის, რომ არ ყოფნის თვით მკვიდრ ქვეშევრდომებს, რომელნიც აქ სცხოვრობენ. არ ვიცი ბ. გობეჩია რა აზრისა არის, მე კი მწამს, რომ დემოკრატულ რესპუბლიკის ქვეშევრდომობის კანონი, ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა ქვეშევრდომი თანასწორი უნდა იყოს და უნდა სარგებლობდეს ყველა უფლებით თანაბრად.

ამიტომ მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს კანონ-პროექტი შედგენილი არის მართლაც დემოკრატიულად, მართლაც სოციალისტურად, თუკი შეიძლება ქვეშევრდომობის კანონი გობეჩიას თერმინოლოგიით სოციალისტურად იყოს შედგენილი. ამით ვათავებ ჩემს მოკლე შენიშვნებს და ვიმეორებ რომ, რომელიც, ბ. გობეჩიამ სთქვა - არ უნდა თქმულიყო, ვინაიდან იგი მოკლებული არის პრინციპიალურ საფუძველს და მხოლოდ გამოიწვევს განგაშს ჩვენ მტრის ბანაკში, იმ წრეებში, რომელსაც რასაკვირველია ჩვენი აღმშენებლობა კი არ უნდათ, არამედ ჩვენი დანგრევა და დაქცევა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისთვის? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. მოქალაქენო! ბ-ნ მესხიშვილის სიტყვამ ძლიერ ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მან სრულიათ უსაფუძვლოთ, საშინელი ბრალდება წამოაყენა ჩემს წინააღმდეგ. მისი სიტყვით თურმე მე საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს ვუთხრი, რადგანაც მოვითხოვ მოქალაქეობის კანონის გაფართოვებას. ჩემის აზრით-კი საქართველოს დამოუკიდებელ არსებობას ძირს უთხრიან ისინი, ვინც სრულიად მოუფიქრებლათ და უსაბუთოდ, როგორც ამას სჩადის ბ-ნი მესხიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებათ აცხადებს ყველა იმათ, ვინც საქართველოში სცხოვრობს 1914 წლიდან. მე წინეთ ვამბობდი და ეხლაც ვიმეორებ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც გაბატონებული არიან სოციალისტები, არ უნდა არსებობდეს პრივილეგიები რომელიმე ერთი ერისათვის. წარმოდგენილი კანონ-პროექტის მეხუთე მუხლი-კი აწესებს ასეთ პრივილეგიებს. აი სწორეთ ამიტომ მე მოვითხოვე, რომ ის უფლება, რომლითაც, მეხუთე მუხლის ძალით, სარგებლობს ყოველი ქართველი, გავრცელებულიყო საქართველოში მოსახლე სხვა ერთა შვილებზეც. სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციის მიერ წარმოდგენილი შესწორება გულისხმობს სწორეთ იმ სამართლიანობას, რომლისათვის მუდამ იბრძოდენ და იბრძვიან ინტერნაციონალურ სოციალიზმის მიმდევრები ყველა ქვეყნებში. მოქალაქეობის საკითხში ჩვენი ფრაქციის პოზიცია არის ინტერნაციონალური, სოციალისტური და, რასაკვირველია, ის სრულიათ გაუგებარია ისეთ ნაციონალისტებისათვის, როგორიც იყვენ და არიან ჩვენი ფედერალისტები. ისინი საქართველოდან მუდამ ერეკებოდენ სხვა ერის შვილებს და ამ საკითხშიც იმათ არ უღალატნიათ თავიანთ ნაციონალისტურ ბუნებისათვის. ფედერალისტებს ეცოდინებათ, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებულ იქნა მხოლოდ 1918 წლის 26 მაისს. მანამდი-კი საქართველოს მცხოვრებლები, განურჩევლად ეროვნების, ითვლებოდნენ ჯერ რუსეთის, შემდეგ-კი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მოქალაქეებათ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ყოფილ რუსეთის იმპერიის ყოველ ქვეშევრდომს, რომელიც იმ ჟამად სცხოვრობდა საქართველოში, სრული უფლება ჰქონდა თავის თავი ჩაეთვალა მოქალაქეთ ახლად დაარსებულ საქართველოს რესპუბლიკისა (ხმა: მაშ ყველა ლტოლვილებსაც?) თუ გნებავთ ლტოლვილებსაც. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი შიში უსაფუძვლო გადაჭარბებულია, რადგანაც ლტოლვილებს თავის სამშობლო აქვთ, ბევრი იმათგანი უკვე შინ დაბრუნდა და დანარჩენიც პირველ შეძლებისთანავე საქართველოდან გავა. მაგრამ მე თქვენ გეკითხებით, შეუძლია თუ არა დამფუძნებელ კრების სოციალისტურ უმრავლესობას უარი უთხრას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ლტოლვითა იმ ნაწილს, რომელსაც ჰსურს საქართველოში დარჩეს და რომელიც სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩემის აზრით სოციალისტებს და რევოლიუციონერებს ამის უფლება არა აქვთ, თუ ისინი თავიანთ პრინციპებს და ტრადიციებს არ უღალატებენ. ჩვენ წინეთ მოგახსენეთ და ეხლაც გავიმეორებ, რომ ისტორიას ახსოვს მაგალითები, როდესაც უცხოელებს რევოლიუციის დროს ანიჭებდენ მოქალაქეობას და სრულ პოლიტიკურ უფლებებს. საფრანგეთის რევოლიუციის დროს უცხოელები საფრანგეთის დამფუძნებელ კრებაშიც-კი გავიდენ და ჩვენი სოციალისტები მოქალაქეობის საკითხში უნდა ბაძავდენ საფრანგეთის რევოლიუციონერებს მაინც.

ჩვენი ფრაქცია ყოველ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს ვერც ფედერალისტების და ვერც სხვა პარტიების ნაციონალისტურ თვალსაზრისს მოქალაქეობის საკითხში. 1918 წლის 26 მაისის აქტის გამოცხადებისთანავე ეროვნულ საბჭოს უნდა მიეღო მოქალაქეობის ისეთი კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭებოდა ყველა იმ პირს, ვინც სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს და ვინც მოქალაქეობაზე უარს არ განაცხადებდა. ეს რომ ასე მომხდარიყო, ეროვნული საბჭო დიდ სამსახურს გაუწევდა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეს და თავიდან აიცდენდა იმ უკმაყოფილებას, რომელიც გამოიწვია მის მიერ მიღებულ მოქალაქეობის კანონმა საქართველოს სხვა და სხვა საზოგადოებრივ წრეებში. ეროვნულ საბჭოს მოქალაქეობის კანონი იმდენად უვარგისი გამოდგა, რომ მისი გაუქმება და ახალის გამოცემა აუცილებელი გახდა. წარმოდგენილ კანონ-პროექტში ეს ნათლად არის გამოხატული. მართალია, დამფუძნებელი კრების არჩევნები მოხდა ძველი მოქალაქეობის კანონის მიხედვით, მაგრამ დამფუძნებელ კრებაში დიდ უმრავლესობას მაინც სოციალისტები შეადგენენ და ამიტომ ეხლა დრო არის დამფუძნებელმა კრებამ სავსებით გაასწოროს ის შეცდომები, რომლებიც მოქალაქეობის კანონში ეროვნულმა საბჭომ დაუშვა. დამფუძნებელმა კრებამ ამ შემთხვევაში არ უნდა გაიზიაროს ის შემცდარი მოსაზრება, რომელიც ბ. მესხიშვილმა წამოაყენა კანონ-პროექტის უცვლელად მიღების სასარგებლოდ და ჩვენი ფრაქციის შესწორების საწინააღმდეგოდ. უნდა მოგახსენოთ, რომ ბ. მესხიშვილმა ჩვენი შესწორების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ვითომდა სერიოზული მოსაზრება მოიყვანა, დანარჩენი მისი მოსაზრება იყო ცალიერი სიტყვათა ბრახა-ბრუხი. ბ. მესხიშვილმა განაცხადა, მოქალაქეობის უფლება, რომ მიეცეს ყველა იმას, ვინც სცხოვრობს საქართველოში, რა მდგომარეობაში იქნება აგრარული საკითხი, როდესაც მიწა არ ყოფნის მკვიდრ ქვეშევრდომებსო. ასეთი მოსაზრების მოყვანა შეუძლია, მხოლოდ უკიდურეს ნაციონალისტებს და ჩვენ ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ნაციონალისტები და იმპერიალისტები ხშირად ასეთი მოსაზრებებითაც ასაბუთებენ თავიანთ ნაციონალისტურ-შოვინისტურ პოლიტიკას. მაგრამ ყოვლად შეუწყნარებელია, რომ ასეთი მოსაზრებით ასაბუთებდეს სოციალისტი მოქალაქეობის კანონის გაფართოების შეუძლებლობას. ყველა ამას, რომ თავი დავანებოთ, თვით მიწის სოციალიზაციაზეც ვერ ჰქონია ბ. მესხიშვილს სწორი წარმოდგენა. საქართველოს მიწა-წყლის სოციალიზაციის განხორციელების შესახებ ბ. მესხიშვილს შეეძლო ბევრი რამ სასარგებლო ამოეკითხა მიწის ჩვენს კანონ-პროექტში (მესხიშვილი ადგილიდან: თქვენი არ გახლავთ). დიახ, საკუთარი ჩვენი სოციალისტ-რევოლიუციონერების კანონ-პროექტში, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საქართველოს პარლამენტში, ბევრს ისეთ ცნობებს ამოკრეფავდით, რომ თქვენთვისაც აშკარა გახდებოდა ის, რომ საქართველოში მიწის სოციალიზაციის გატარებას სრულიად არ შეუშლიდა ხელს, დამფუძნებელ კრების მიერ მოქალაქეობის კანონში ესერების ფრაქციის შესწორებების მიღება. ჩვენს მიწის კანონ-პროექტში ნათქვამია, რომ მიწით ისარგებლებს ის, ვინც თვით მას დაამუშავებს, და ამ პრინციპის მიხედვით საქართველოში შემოხიზნულ პირთა რიცხვი, რომლებსაც ბ. მესხიშვილი არ სწყალობს, კიდევაც რომ ასჯერ იმაზე მეტი იყვეს, რაც ეხლაა, საქართველოს მიწა-წყალი მაინც მშრომელთათვის საყოფნი იქნებოდა. მიწის სოციალიზაციის დროს მიწას ყველას კი არ დაურიგებენ, არამედ იმათ, ვინც თვითონ მიწის დამუშავებას შესძლებს და მოისურვებს. ამის გარდა სხვა გზებიც არის იმისთვის, რომ მიწა ყველას ეყოს: ცარიელ ადგილებზე უმიწაწყლოთა გადასახლება და მოწყობა, მიწის განოყიერება და ბევრი სხვა. ასე, რომ მიწის სოციალიზაცია აქ არაფერი მოსატანი იყო, ბ. მესხიშვილო!

დასასრულ უნდა განვაცხადო ერთი რამ. ჩვენ, სოციალისტ-რევოლიუციონერებს, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმე გვესმის, სხვათა შორის, როგორც საქართველოში მოსახლე ერთა შორის სოლიდარობის დამყარება. ჩვენ მიერ შემოტანილი შესწორებები, თუ ისინი მიღებული იქნენ, სწორედ მტკიცე ნიადაგს მოუმზადებენ ჩვენში მოსახლე ერთა სოლიდარობას და ამისათვის იყო, რომ მე დამავალა სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციამ შემეტანა წარმოდგენილ კანონ-პროექტში ის შესწორებები, რომლებიც თქვენ უკვე მოგხსენდათ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) ამ მოქალაქეობის გამო დავა შეიქმნა სულ სხვა პრინციპზე: თუ როგორ უნდა იყოს რევოლიუციონური კანონი, როგორი კანონი დააკმაყოფილებს რევოლიუციონურ ხალხის არსებით ინტერესებს და რევოლიუციონურ შეგნებას.

მე მგონია ბ. გობეჩია აქ სასტიკად სცდება. ჯერ ერთი, ვინ იტყვის, რომ ყველა ერისაგან შემდგარი სახელმწიფო არის დემოკრატიული, ხოლო ერთი ერისაგან შემდგარი სახელმწიფო არის ანტიდემოკრატიულიო? პირიქით, ინტერნაციონალისაგან მხოლოდ ერთი რამ გაგვიგონია: - ერთი ერი - ერთი სახელმწიფო. და როცა სახელმწიფოს და ერის ფარგლები ერთი და იგივეა, ამით ნაციონალურ შეზღუდვასაც რამოდენიმეთ მაინც ბოლო ეღება. აი ეს არის ერთი მთავარი ღირსება დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს დაარსებისა. მაგრამ, თუ ეროვნული სახელმწიფო დაარსდება, რასაკვირველია, იქ ერთი ერი იქნება უმთავრესად გაბატონებულიც და გობეჩიას მიერ „ნაციონალისტობა“ და ყველა ის საშინელება, რომელიც თურმე შებღალავენ სოციალიზმის სახელს, - მე მგონია ყურით არის მოთრეული. ამ საკითხთან ნაციონალისტობას, არავითარი კავშირი არა აქვს, ვინაიდან, სოციალისტები არ დაუჭერდნენ მხარს ნაციონალისტურ სახელმწიფოს არსებობას, თუ ეს არ შედიოდეს მათ პროგრამაში, თუ ასეთი სახელმწიფოს არსებობა ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიის ინტერესებსა და სოციალიზმის არსებით ინტერესებს. აქ ამბობენ, რომ როდესაც 71 წელს კომუნისტები, და სხვა რევოლიუციონერები იღებდნენ თავიანთ წრეში უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, და თავის მოქალაქეთ აცხადებდნენ, ამით თითქოს აღიარებდნენ ზოგად პრინციპს, რომ ყველა კაცს, რომელიც კი შემოვა სახელმწიფოში - აქვს უფლება ამ სახელმწიფოს მოქალაქეობისა. უნდა მოგახსენოთ, რომ არცერთ რევოლიუციონურ წრეში არ იღებდნენ სხვა ქვეყნების რეაქციონერებს, თუნდა იმ ქვეყნიდან, საიდანაც მოსული იყო რევოლიუცია. მაგრამ, თუ თქვენ გინდათ სპეციალური განსაკუთრებული სახელმწიფო დააარსოთ, მხოლოდ რევოლიუციონერებისაგან, მაშინ უნდა დააარსოთ სპეციალური სახელმწიფო მარტო ესერებისთვისაც. ხოლო თუ კი გსურდათ წმინდა, მარტო ესერების სახელმწიფოს დაარსება, მე მაკვირვებს, რატომ გამოეყავით რუსეთის ესერებს, და ჩადექით სხვა ფარგლებში?

პრინციპი მოქალაქეობის ის კი არ არის, რომ ყველა, ვინც კი შემოვა ჩვენ სახელმწიფოში გახდეს ჩვენ მოქალაქეთ, არა. აქ არის ერთი პრინციპი მიზანშეწონილობისა. რევოლიუციონურ ხანაში, რევოლიუციონურ ბრძოლაში ვინც კი გაგვიწევს არსებით დახმარებას, შეგვიძლიან დაუყონებლივ მივიღოთ მოქალაქეთ, და დიდის პატივისცემით აღვჭურვოთ. ამის მუხლი ამ კანონ-პროექტშიაც არის. იქ სწერია: „ყოველი უცხო ქვეშევრდომი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე თავისი მეცნიერული შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივ მოღვაწეობით თუ სხვა მხრივ, შეიძლება ამ ვადის მოუთხოვნელადაც იქმნეს მიღებული საქართველოს მოქალაქედ“. (გობეჩია: ეს მომავალში!) გუშინ, ხვალ, მომავალში სულ ერთია ვინაიდან, სამსახური ფასდება არა იმით, რომ ის მოხდა დღეს, ან მოხდება ხვალ, არამედ იმით, თუ რა სარგებლობა მოუტანა სახელმწიფოს. და ჩვენ გვგონია, რომ არ გამოჩნდება არც ერთი წევრი დამფუძნებელ კრებისა, რომელიც იტყვის რომ, - თუ ვინმემ გაუწია საქართველოს ნამდვილი, რეალური დახმარება 1911 წელს, გინდ 1915 წელს, ის არ შეიძლება გამოცხადდეს მოქალაქეთო, თუნდაც დიდ სარგებლობის მომტანი იყოს საქართველოსთვის. იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც ჩვენ ვაარსებთ. მაგრამ ეს გობეჩიას ვერ გაუგია. აქ მან შემოიტანა მუხლი, რომელშიაც სწერია, რომ უნდა მივიღოთ მოქალაქეთ ყველა, თუ კი ის მოისურვებს ჩვენ მოქალაქეობას. ჩვენ კი პირიქით, გვინდა მივცეთ ასეთი უფლება იმას, ვინც რაიმე დახმარებას აღმოუჩენს ჩვენ სახელმწიფოს. ყველა ასეთი პირები სავსებით დაშვებული და მიღებული უნდა იყვნენ.

ამგვარად, კრების წევრმა გობეჩიამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც რევოლიუციის სახელს მოიტანს აქ ამ ტრიბუნაზე ცოტაოდენი ცოდნაც უნდა გამოიჩინოს რევოლიუციონურ პრაქტიკისა, ასე ზერელე ლაპარაკი კი ამ ტრიბუნას არ ეკადრება.

საჭიროა არსებითი, მართლა არსებითი განხილვა ყოველ მოვლენისა, და გათვალისწინება იმის, მართლა რევოლიუციონურია ეს მოვლენა თუ არა.

მე ვამბობ, რომ ამ კანონით ეძლევათ ჩვენი მოქალაქეობის უფლება ყველა იმას ვინც კი ხალხს, მუშათა კლასს, დემოკრატიას მოუტანს გამარჯვებას, განთავისუფლებას, თუნდაც უცხო ერის რევოლიუციონერი იყოს ის, მაგრამ იგი თავიდან იშორებს ჩვენი რესპუბლიკის მოწინააღმდეგე რეაქციონერებს. ვაცხადებ აშკარად, რომ ეს კანონი იყო მიმართული სწორედ იმ ელემენტების წინააღმდეგ, რომელთაც სურდათ დამხობა ჩვენ დამოუკიდებელ რესპუბლიკისა.

ვერც ერთი მოქალაქე ვერ იტყვის, რომ ამ კანონ-პროექტს შეუძლიან გამოიწვიოს შეტაკება ჩვენი და უცხო დემოკრატიისა, მაგრამ კი სდევნის ყველა იმ ელემენტებს, რომელთაც ეხარბებათ დემოკრატიის გაბატონება ჩვენში და დამოუკიდებლობის გამოტაცვა უნდათ ჩვენი ხელიდან. აი ამიტომ არის ეს კანონი დამხმარე და სასარგებლო რევოლიუციური დემოკრატიისთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შალვა მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი (ს.-ფ.) მე მგონია მოქალაქენო, რომ ისტორიის მაგალითებით სარგებლობა უნდა იცოდეს კაცმა და შემდეგ უნდა წამოაყენოს თქვენ წინაშე.

დიდ რევოლიუციონერს ბატონ გობეჩიას წაუკითხავს საფრანგეთის რევოლიუციის ისტორიაში, რომ იქ მოქალაქეობა და საკანონმდებლო კრებულის წევრობა მინიჭებული ჰქონდათ ზოგიერთ უცხოელს, დიახ, მეც ვიცი ეს მაგალითი.

თქვენ, ბ-ნო გობეჩია, როგორც რევოლიუციონერმა, უნდა იცოდეთ, რომ ყველა რევოლიუციისთვის არსებობს ერთი საზომი, ყველა რევოლიუციონერი ისე უნდა ფიქრობდეს, რომ ხელსაყრელია ის, რაც რევოლიუციას სარგებლობას მოუტანს და მიუღებელია ის, რაც რევოლიუციას დაამხობს. ასევე მსჯელობდნენ ისინი, ვინც საფრანგეთის რევოლიუციას სათავეში ედგნენ. იმათ მისცეს მოქალაქეობრივი უფლება იმ უცხოელებს, რომელნიც ამოუდგნენ გვერდში საფრანგეთის მებრძოლ ხალხს და იცავდნენ საფრანგეთის თავისუფლებას ყველა მტრებისაგან. და თქვენ კი დიდო რევოლიუციონერო ბატონო გობეჩია, თქვენის პროექტით გსურთ მისცეთ მოქალაქეობის უფლება ყველა იმათ, ვინც გვერდში კი არ ამოგვიდგება, არამედ დასცემს ზურგში ლახვარს რევოლიუციას, დემოკრატიას და ჩვენს დამოუკიდებლობას.

იურისტი გობეჩია გვეუბნება, რომ ძველი კანონი ქვეშევრდომობისა არ ვარგა, რაც იქიდანა სჩანს, რომ ახალ კანონის ბოლოში არის მოთავსებული საშინელი მუხლი, რომელიც ამ კანონის მიღებიდან აუქმებს ძველ კანონსო.

შესაძლებელია ამისთანა არგუმენტაცია იურისტის მიერ?

ძველი კანონი მთლიანად მოყვანილია ახალ კანონის პირველ მუხლში. როდესაც ჩვენ ახალ კანონს მივიღებთ და ამავე საკითხზედ ძველი კანონიც არსებობს, ყოველი ახალი კანონი გააუქმებს ხოლმე ძველ კანონს არა იმიტომ, რომ ძველი კანონი ვარგოდა თუ არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ გამოცემულია ამავე საკითხზედ ახალი კანონი. ერთი კითხვა უნდა დაუსვა ბ-ნ გობეჩიას: იმ ქვეშევრდომობის კანონით, რომელიც თქვენ გსურთ შემოიტანოთ, ვის აძლევთ ქვეშევრდომობის უფლებას? გავხსნათ ფრჩხილები.

იმ კანონის ძალით, რომელიც კომისიამ შეიმუშავა, ჩვენ ვაძლევთ ქვეშევრდომობის უფლებას ყველა იმას, ვინც იყო მიწერილი რომელიმე ადმინისტრატიულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე, ყველა იმას, ვისაც ჩვენში რაიმე ქონება აქვს, ყველა იმას, ვინც ჩვენში თავის საქირაო შრომით სცხოვრობს. ამგვარად მუშათა კლასის ინტერესი, პროლეტარიატის ინტერესი, რომელნიც არსებითად რევოლიუციონერები არიან, დაცულია ამ კანონით. ვიღა დარჩა იმ კატეგორიათა გარეშე, რომელთა ინტერესი ამ კანონით დაცულია? დარჩებიან ლტოლვილნი, სპეკულიანტები და დენიკინის მომხრეები. სადაური რევოლიუციონერობაა ბ-ნო გობეჩია, უეჭველად ასე გააფართოვოთ ქვეშევრდომობის კანონი, რომ ქვეშევრდომობის უფლება დენიკინელებს მიეცეს, რომელნიც უცდიან მხოლოდ შესაფერ მომენტს, რომ დაასამარონ საქართველოს დამოუკიდებლობა?

ამიტომ ბ-ნ გობეჩიას რევოლიუციონური ფრაზეოლოგია დარჩება მარტო ფრაზეოლოგიათ და არსებითად მისი შეხედულობა ამ კანონ-პროექტზე რეაქციონურია, რადგანაც მხარს უჭერს რევოლიუციის და ჩვენი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს. რამდენიც უნდა იყვიროთ, რომ ეს კანონ-პროექტი არის ნაციონალისტური, ეს კანონ-პროექტი არის არსებითად დემოკრატიული იმიტომ, რომ აძლევს საშუალებას ჩვენ ქვეშევრდომობისას ყველას, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ჩვენ ტერიტორიასთან. ეხლა თქვენ თითონ განსაჯეთ, ვინ არის რევოლიუციონერი და ვინ არის რეაქციონერი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

პავლე საყვარელიძე (მომხსენებელი). ბატონებო, ამ მოხსენების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ფრაქცია გამოვიდა, ფრაქცია ს.-რ.-ებისა.

ქართული ანდაზა არის: ჩიტი ბდღვნად არა ღირდა, დევნა მეტი იყოო. ზედმეტი და ნამეტანი მჭლე იყო სწორედ ბ-ნ გობეჩიას გამოსვლა. მაგრამ, რადგანაც ფრაქციის სახელით იყო მისი გამოსვლა, ჩვენ ვალდებულნი ვართ ამას ანგარიში გაუწიოთ.

ბევრს არ ვილაპარაკებ, აქ სამართლიანად იყო გაკრიტიკებული ეს ოპოზიცია, მაგრამ მე მაინც რამდენიმე შენიშვნას გავაკეთებ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აქ ის, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ვითომც ყველას უნდა შეეძლოს მოქალაქეობა ვისაც სურს, ვისაც ვთქვათ, მოეწონება ჩვენი ქვეყანა. კარგია თქვენმა მზემ, მაგალითად მოვიდნენ ლტოლვილები, ომმა გადმორეკა უცხო ტომის ხალხი, უცხო ელემენტები, აი წარმოიდგინეთ, რომ მათ მოეწონათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი რესპუბლიკა.

ბ-ნი გობეჩია იმდენად გულკეთილია, რომ ყველას ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობას, რადგანაც ჩვენი საქართველო მოეწონათ. ეს არც იურიდიულია, არც სოციალისტურია. მე მიკვირს, რატომ ასე ხშირად ხმარობს ამ სიტყვას ბ. გობეჩია, თითქოს ეჭვი ეპარება, რომ სოციალისტი არის, მუდამ იმეორებს სოციალისტი ვარო, სოციალისტი ვარო. ჩვენ არ ვყვირით, არ ვლაპარაკობთ, ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, თუ რანი ვართ. ვინც უნდა მოვიდეს აქ, სოციალისტები რომ მოვიდნენ, ლტოლვილები უცხო ქვეყნისა, ამერიკისა და სხვ. მოხდა, რომ მოისურვეს მათ აქ დარჩენა. ჩვენ მათ, თქვენი შეხედულებით და თქვენი კანონით, ვერ გამოუცხადებთ, რომ არ არიან ჩვენი ქვეშევრდომნი. ვფიქრობთ ისინი არც მოინდომებენ ამას იმიტომ, რომ მათ კარგად იციან რა არის ერი, რა არის რესპუბლიკა და სახელმწიფო და რა არის მოქალაქეობის უფლება. ამიტომ ჩვენ მაგ კანონ-პროექტს, წამოყენებულს ბ. გობეჩიას მიერ, არავითარი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

ის აცხადებს: კანონის გამოცხადების დროს ვინც იქნება, ის ჩათვლილი უნდა იყოს მოქალაქეთო. ის შეიძლება იყოს მოქალაქე ინგლისისა, შეიძლება იტალიელები გადიქცენ ჩვენ მოქალაქეთ - შეიძლება ყველანი, ერთი სიტყვით ყველა ჯურის, ყველა პარტიის და სახელმწიფოს კაცი მოხვდება ჩვენ მოქალაქეთ. ეს შეუძლებელია, ეს ანტი-სახელმწიფოებრივი მოვლენა იქნება. კიდევ ერთი კრიტიკა წამოაყენა ბ. გობეჩიამ: თითქოს ჩვენ აქ უპირატესობას ვაძლევთ ვიღაცას ამ კანონ-პროექტით.

მე მგონია, არსებითად აქ არ არის უპირატესობა. აქ არის ერთი უპირატესობა ქართველების შესახებ, ის ამბობს: ჩვენი სახელმწიფო ტერიტორიალურია და მართლაც მეცნიერული შეხედულობით სახელმწიფო დღეს მხოლოდ ტერიტორიალურია. ამნაირად ტერიტორიალურია ჩვენი რესპუბლიკაც. ცხადია, ყოველ მოქალაქეს, განურჩევლად გვარტომობისა აქვს უფლება ჩვენი მოქალაქეობისა და ეს ასეც არის, ამას ამტკიცებს ჩვენი დამფუძნებელი კრება. მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას აშკარად, რაც ჩვენთვის აუცილებელია. ჩვენი რესპუბლიკა უმთავრესად ქართველებზე ემყარება, ეს დასამალავი არ არის. (ხმა: ეს ხომ ფაქტია!). ეს ფაქტია და აშკარაა ისიც, რომ ჩვენ ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ენა. ცხადია. ჩვენ ამით ვამტკიცებთ, რომ მართლაც, ჩვენ ყველა ერებს პატივსა ვცემთ, თანასწორობაა ყველა ამ მცხოვრებლებში განურჩევლად გვარტომობისა, მათ ერთნაირად ვეპყრობით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ქართველი ერია და ჩვენი რესპუბლიკაც ქართველებს ემყარება. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ქართველებში შეიძლება 1%25 არ აღმოჩნდეს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, უცხოელებში კი შეიძლება ბევრი აღმოჩნდეს. ამიტომ არის ყველა ქართველი ნაგულისხმევი ჩვენ მიერ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქედ, თუ ის მოისურვებს თავის სამშობლოს მოქალაქეობას. ეს უბრალო ამბავია და რატომ არ გაიგო ეს ამდენხანს ბ. გობეჩიამ. იმას არ მოსწონს თქმა ყოფილი რუსეთის, რატომ მარტო ყოფილი რუსეთიო. ბატონებო, საფრანგეთში ჩვენ არ ვცხოვრობდით, არც ინგლისში, არც ოსმალეთში. ჩვენ დავკარგეთ ერთი საუკუნის წინ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიყავით ამ ხნის განმავლობაში მიკრული დიდ რუსეთთან, რომელიც ამ რევოლიუციის დროს დაიშალა. ჩვენ მას გამოვეყავით, ამიტომ ჩვენ ვგულისხმობთ და ვლაპარაკობთ ყოფილ რუსეთის ქვეშევრდომებზე.

არის სახელმწიფოები, ოსმალეთი, სპარსეთი, სადაც არიან ქართველები, ამ ქართველებს ჩვენ არ ვეხებით. ეს ამ სახელმწიფოს მიმართ არა ეთიური მოპყრობა იქნებოდა. არსებითად რომ, იგივე გვეთქვა, რაც ყოფილ რუსეთზე. ისინი არ დარღვეულან ისე, როგორც რუსეთი, რუსეთი კი სრულიად დაიშალა. ამაშია განსხვავება, ეს ადვილად გასაგები არის.

მეორე აქ საინტერესოა ერთი რამ. ერთი გაუგებრობაა, უბრალო გაუგებრობა. რომ დაჰკვირვებოდა ოპოზიციის წარმომადგენელი ამ კანონ-პროექტს მიხვდებოდა, რომ აქ ერთი პრინციპია. ის ამბობდა: მეორე ნაწილს კანონ-პროექტისას მხარს დაუჭერთ, მხოლოდ პირველს კი არაო. გამოდის, ვითომ მეორეში არის სოციალისტური და დემოკრატიული პრინციპი და პირველში კი არა, ნამდვილად კი ერთი პრინციპია ორივეგან. აიღეთ, მაგალითად ნატურალიზაციის პრინციპი. აქაც საჭირო არის სტაჟი. თქვენისთანა სოციალისტებიც, რომ მოვიდნენ უცხოეთიდან და ერთი წელიწადი აქ დაჰყონ, მოქალაქეებად არ გახდებიან, თუ განსაკუთრებული ღვაწლი არ მიუძღვით მათ ჩვენს წინაშე. კანონ-პროექტი ამბობს პირდაპირ: თვალსაჩინო ღვაწლი ვისაც მიუძღვის, იმას არავითარი ვადა არ ესაჭიროება, ჩვენი რესპუბლიკა მათ მიიღებს ქვეშევრდომათ. ამის გარდა კიდევ არის ერთი საინტერესო რამ. გამოდის რომ ბატონი გობეჩია იცავს ქალებს, ქალთა უფლებას, ჩვენ კი არა. ჩვენ სოციალისტები ვართ და ვართ მომხრენი ქალების უფლებების, მათი განთავისუფლების. ჩვენ ამ საკითხს ვეპყრობით ისე, როგორც მოითხოვს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი და იურიდიული მეცნიერება (ხმა: თქვენ ვერ გაგიგიათ!) ჩვენ არ შეგვიძლიან ფრაზას დავემყაროთ. (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი).

თქვენ ვერ გაგიგიათ, სამწუხაროდ ჩვენდა, ვერ გაგიგიათ და ვერც ეხლა იგებთ, რომ სადაო აქ არაფერი არის.

რატომ უკარგავთ ადამიანობას ქალსაო, კითხულობს გობეჩია. ქალი გათხოვდა უცხოელზე, იგი იმდენად გატაცებულია თავისი ქმრით, რომ მიყვება სხვა სახელმწიფოში, ამით ის სულაც არ კარგავს ადამიანობას, როგორც ამას ბ. გობეჩია ფიქრობს. ამ კანონ-პროექტით ადამიანობას კი არ ჰკარგავს ქალი, კარგავს პირვანდელ მოქალაქეობას. მიყვება ქმარს, მიდის, ეთვისება სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესწყობილებას. ქალი დაკავშირებულია მემკვიდრეობის უფლებით და საოჯახო უფლებით, მთელი სამოქალაქო უფლებით უცხოეთის მოქალაქე ქმართან. აი, ამიტომ საერთო მოვლენაა, რომ ქალი ღებულობს ქმრის მოქალაქეობას. ეს საერთო მოვლენა ამიტომ, რომ როდესაც უცხოელი ქალი შემოდის, აი აქ ჩვენ მოქალაქეს მოსთხოვდება ის უკავშირდება მთელი თავისი ცხოვრებით, ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრებით ქმარს, ამიტომ აქ მოქალაქეობის სვლა ბუნებრივი მოვლენა არის. ეს მოვლენა იურიდიული ფაქტია, და ამისთვის უნდა გამოვნახოთ იურიდიული მცნება. ჩვენ ჩვენი მოქალაქეობის უფლებას ვანიჭებთ იმ ქალს, რომელიც აქ შემოდის, როგორც ცოლი ჩვენი მოქალაქისა. უცხოელზე მითხოვილ ჩვენ მოქალაქე ქალს ჩვენ უტოვებთ ერთ გამოსავალს. აქ სწერია: (კითხულობს).

„უცხოეთში გათხოვილი საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელიც დაქვრივების, ან განქორწინების შემდეგ განაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქლაქეობა, ხოლო უწლოვანო შვილები ასეთი ქვრივისა, ან განქორწინებულისა, უკეთუ ისინი ერთი წლის განმავლობაში და სრულ წლოვანობის შემდეგ არ განაცხადებენ, რომ სურთ მამის მოქალაქეობაში დარჩენა“.

თუ ქალი არ განაცხადებს სურვილს, მაშინ დაკარგავს ჩვენს მოქალაქეობას. ორი მოქალაქეობა აკრძალულია. სახელმწიფო თხოულობს ერთ მოქალაქეობას. რას იზამთ მაშინ? აი, მაგალითად საფრანგეთს, შვეიცარიას, ამერიკის სახელმწიფოებს რას უზამთ? ვთქვათ, გაყვა უცხოელს ჩვენი ქალი. იქ, უცხოეთში ის არ იცვნეს საქართველოს მოქალაქედ?

თქვენი პროექტით იბადება დიდი წინააღმდეგობა და თქვენ გინდათ ფრაზით, რაღაც გაუგებარი ფრაზით, გინდათ მოსპოთ ეს წინააღმდეგობა. როდესაც მიშა არსენიძე ლაპარაკობდა (ხმაურობა. ზარი. რაჟდენ) რაჟდენ არსენიძემ სიტყვა სთქვა (ხმაურობა. სიცილი. ზარი) ბ. გობეჩია გააკრიტიკა, ბ. გობეჩიამ წამოიძახა: ვინ იყო მსაჯულათო. გამოდის რომ ჩვენ, ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ დამფუძნებელ კრებას, ჩვენ პარლამენტს, ჩვენ დამოუკიდებელ რესპუბლიკას, არ შეეძლო თურმე გამოეცხადებია ჩვენ მტრებად ისინი, ვინც მართლაც იბრძოდნენ იარაღით ხელში ჩვენს წინააღმდეგ. ბ. გობეჩია, მე მგონია თქვენი არგუმენტაციით თქვენ გსურთ, უნებურად, რასაკვირველია, გსურთ გავაძლიეროთ შმაგაილოვის მაგალითები, რომ შმაგაილოვშჩინა რაც შეიძლება მეტი იყოს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. მე ვამბობ, მსაჯული იყო ერი, ხალხი, საქართველოს დემოკრატია, საქართველოს ხალხი, ის ხალხი ვინც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თქვენ მოგცათ და ჩვენც მოგვცა უფლება და საშვალება აქ ვისხდეთ და ვიკანონმდებლოთ. ის იყო მსაჯული. თქვენ ეჭვი გებადებათ. ფიქრობთ, რომ ისინი, ჩვენი მტრები, არიან რევოლიუციონერები. ჩვენ კი - კონტრ-რევოლიუციონერები. ეს სხვა აზრია. ჩვენ ვიცით, ვინ არიან რევოლიუციონერები, და ვინ არიან კონტრ-რევოლიუციონერები. ისიც ვიცით, თუ როგორ ეპყრობოდნენ ჩვენს უფლებებს ეს პირები, რომელთაც ასე უხამუშოდ იცავთ. მე მგონია ისინი არიან კონტრ-რევოლიუციონერები, ვისაც თქვენ იცავთ. ისინი არიან მებრძოლნი ერის თვით გამორკვევის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან. კარგათ იცით თქვენ, რომ ყველა ფრონტზე იყვნენ ისინი, ყოველგან იბრძოდნენ. აი იმათ ჩვენ არ მივცემთ ნებას, რაც უნდა მოეწონოთ ჩვენი სამშობლო საქართველო, (ვიცით, რომ მოსწონთ), ვერ მივცემთ ნებას, რომ იყვნენ ჩვენი მოქალაქენი. ყოველ შემთხვევაში, უნდა მივიღოთ ისეთი სტაჟი, ისეთი პირობები, ისეთი ცხრილი, რომელიც აუცილებელი იქნება მათი ჩვენ მოქალაქეებათ მიღებისათვის. ეს არის მოკლედ ჩვენი პასუხი. საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ კრიტიკა სერიოზული არ იყო. ჩვენ ამას საერთო პრინციპიალურ მოსაზრებით მოგახსენებთ. რაც შეეხება კერძო მეორე საკითხს, რომ შესაძლებელია მართლაც რაიმე ჩაუმატოთ ამა თუ იმ მუხლში, ან გამოვაკლოთ წვრილმანი რამ, ეს იქნება შემდეგ. დღეს კი ის ჩვენი შეხედვით აუცილებლად მისაღებია, აუცილებლად რესპუბლიკისა და დემოკრატიისთვის. ანტი-სახელმწიფოებრივი შეხედულობა ვისაც უნდა დაიცვას, ვისაც არ უნდა საქართველო, საქართველოს დემოკრატია, - აი იმან უნდა მისცეს ხმა ბატონ გობეჩიას მიერ შემოტანილ კანონ-პროექტს.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. მაშასადამე ეს კანონ-პროექტი გადაიდება შემდეგ სხდომისთვის, რომელზედაც შემთხვევა გვექნება განვიხილოთ ეს კანონ-პროექტი მუხლობრივ.

შემდეგი საკითხი: განხილვა კანონ-პროექტისა ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთი ზომების მიღებისა. მომხსენებელს ვთხოვ წაიკითხოს.

მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა ხაზინის გასაძლიერებლად ზომების მიღებისა.

. ონიაშვილი (მომხსენებელი) კითხულობს 1 მუხლს.

დამფუძნებელი კრება მუხლს უცვლელად იღებს. უცვლელად მიღებულია აგრეთვე მეორე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს მესამე მუხლს)

თავმჯდომარე. მესამე მუხლში ასეთი შესწორება გახლავთ შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. დაემატოს მესამე მუხლს „სასოფლო კრების“ შემდეგ „ან წვრილი საერობო ხმოსნების ყრილობა“.

მესამე მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გურულს.

. გურული. (ს.-დ.) ისეთი წესი, რომ სასოფლო კრების მიერ იქნეს ეს საკითხი განხილული, შეიძლება იქ, სადაც წვრილი ერთეულები ჯერ არ მოწყობილან, მაგრამ, სადაც ერობის წვრილი ერთეული მოწყობილია, იქ ყველა ის საკითხი გადადის ამ წვრილ ერთეულის ხმოსანთა ყრილობის კომპეტენციაში.

ამიტომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა სიტყვებს „სასოფლო კრების შემდეგ“, ჩაემატოს სიტყვები: „ან წვრილ საერობო ხმოსნების ყრილობა“.

შეიძლებოდა პირველის სულ წაშლა და დამატებით დაკმაყოფილება, მაგრამ რადგანაც წვრილი ერთეული, თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, ჯერ ყველგან არ არის ამორჩეული, და სოფლად ასეთ კითხვის პრაქტიკულად დადგენა შეუძლებელია, ჩვენ წინადადებას ვიძლევით დარჩეს „სასოფლო კრება“ და ჩაემატოს „წვრილი საერობო ხმოსნების ყრილობა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. ეს შესწორება არსებითი არ არის, უბრალო დამატებაა და სრულიად არ სცვლის მესამე მუხლის შინაარსს. ამიტომ მე ვიღებ ამ შესწორებას.

თავმჯდომარე. სხვა შესწორება შემოტანილი არ გახლავთ, ამიტომ მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებული გახლავთ.

კენჭის ყრით მიღებული იქნა 4, 5, 6, 7 მუხლები.

მომხსენებელი. (კითხულობს მერვე მუხლს).

თავმჯდომარე. მერვე მუხლში შესწორება არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. შესწორება მოითხოვს, რომ მუხლიდან ამოიშალოს სიტყვები „ყველა ძველი გადასახადები სასოფლო მამულებზე გამორიცხული სახაზინო ანგარიშებიდან“.

ამ შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გურულს.

. გურული (ს.-დ.). საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთი ნაწილი გადასახადებისა, რომელიც აქამდი უნდა გადაეხადათ გლეხებს, არის გადახდილი და მეორე ნაწილი კი არ არის. ესე იგი გადაიხადა ერთმა ნაწილმა, მეორემ არა. ეხლა დღეს, რომ ეს, ეგრედ წოდებული, „ნედოიმკები“ გავაუქმოთ, გამოდის, რომ დაისჯება ის, ვინც გადაიხადა გადასახადი, ვინც უფრო პატიოსნად მოიქცა, ვინც თავის დროზე შეიტანა გადასახადი ხაზინაში. მხოლოდ ისინი, ვინც ამა თუ იმ სახით, ამა თუ იმ გზით, დღემდის აიცდინეს გადასახადების შეტანა, იმათ მოიგეს. ეს შემდეგისთვისაც გლახა აღმზრდელობით შთაბეჭდილებას დასტოვებს. თუ ისე დავაკანონებთ, რომ ერთგვარ ვადის შემდეგ „ნედოიმკები“ გაუქმდება ხოლმე, ბევრი მივა იმ დასკვნამდე, რომ უნდა დაიცადოს ერთი-ორი წელიწადი, უნდა გაექცეს ხარჯთ-ამკრეფლებს და მერე მთავრობა გამოაცხადებს, რომ ეს ნაპატივებია. ეს კი დაბადებს იმას, რომ ბევრი იმათგანი, ვინც აქამდისინ იხდიდა პატიოსნურად გადასახადებს, აწი შეეცდება, რომ მეზობელს მიჰბაძოს. ძველ დროს იყვნენ ერთი რიგის გადამხდელები, რომელნიც უყურებდნენ, რომ მეფეს დაებადება ვაჟი და მანიფესტით ყველა გადასახდებს გვაპატიებს და უნდა მოვიცადოთო. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მოცილება შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთ ნაწილებს. ძველად, მაგალითად, ამას ახერხებდნენ უფრო მემამულეები, ვინაიდან ხარჯთ-ამკრეფნი და ბოქაულები უფრო კარგ განწყობილებაში იყვნენ მათთან. გლეხებს კი არბევდნენ, კიდევაც რომ არ გადაეხადათ ქვაბებს წაართმევდნენ და იძულებულნი იყვნენ გადაეხადათ. ჩვენ ვფიქრობთ: საფინანსო კომისიას რომ გავყვეთ, არა დადებითი აღმზრდელობითი ელემენტს შევიტანთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ დამატებისა. უნდა დარჩეს ისე, როგორც იყო საფინანსო სამინისტროს მიერ შემოტანილი და უნდა ამოიშალოს ამ მუხლიდან ეს სიტყვები (კითხულობს): „ყველა ძველი გადასახადები სასოფლო მამულებზე გამორიცხულია სახაზინო ანგარიშებიდან“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. მე ამ შესწორების წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? შესწორება მიღებული გახლავთ. უყრი კენჭს მერვე მუხლს მთლიანად. ვინ არის წინააღმდეგი? მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეცხრე და მეათე მუხლებს, რომელიც კრების მიერ იქნა მიღებული).

თავმჯდომარე. მეთერთმეტე მუხლში შემოტანილია შესწორება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. ამ შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბატონ გურულს.

. გურული. როგორც კანონ-პროექტიდან ხედავთ, იბეგრება ძირითადი თანხა, ამიტომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას 400%25 ბევრად მიაჩნია. ეს გადასახადი ძალიან შეაფერხებს ძირითად თანხას და ხელის შეწყობის მაგივრად ხელს შეუშლის მის განვითარებას. ამიტომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა, რომ 400%25 მაგივრად ავიღოთ 200%25.

თავმჯდომარე. აგრეთვე უნდა მოგახსენოთ შემდეგი განცხადება ფინანსთა მინისტრისა (კითხულობს ფინანსთა მინისტრის განცხადებას. ფინანსთა მინისტრი ეთანხმება ს.-დ. შესწორებას). ვის სურს სიტყვა? არავის.

. ონიაშვილი. ამ პროცენტების შესახებ იყო საფინანსო კომისიაში ლაპარაკი და იქაც ხმები გაიყო. ერთნი იყვნენ მომხრენი 200 პროცენტისა, მეორენი 400 პროც-სა.

რადგანაც აქ თანხაზე არის ლაპარაკი და არა მოგებაზე, 400 პროც. ცოტა მძიმე უნდა იყოს.

მე, ჩემის მხრივ წინააღმდეგი არა ვარ იმ შესწორებისა, რომელიც შემოტანილია სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? შესწორება მიღებული გახლავთ.

უყრი კენჭს მუხლს მთლიანად. ვინ არის წინააღმდეგი? მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

მომხსენებელი. (კითხულობს 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 და 21 მუხლს, რომელნიც კენჭის ყრით მიღებულ იქმნენ).

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ ბოლო მუხლად დაემატოს შემდეგი: „კანონი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ“. ვთხოვ დამატების შესახებ მომხსენებელს.

მომხსენებელი. მე წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი დამატებისა? არავინ.

გთხოვთ ცხრილები წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს ცხრილებს ნაწილობრივ).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? ეს რიცხვი მიღებულია. კანონ-პროექტისა მთლიანად ვინ არის წინააღმდეგი? კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი გახლავთ გაგრძელება მსჯელობისა ესერების ფრაქციის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეკითხვის გამო, ადეიშვილის მოქმედების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ღლონტს.

გაგრძელება მსჯელობისა სოც.-რევ. ფრაქც. შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეკითხვის გამო, ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების შესახებ.

თევდორე ღლონტი. (ს.-ფ.) ფრაქციის დავალებით უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ, პირველად ოკრიბის სამწუხარო ამბების შემდეგ, ვრცელი ანგარიში იყო მოთავსებული „სახალხო საქმეში“. მაშინვე დამფუძნებელ კრების წევრებმა და სხვა ამხანაგებმა სთხოვეს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ ზომები ყოფილიყო მიღებული. ესეც მოხდა. საზოგადოებამ გაიგო, რომ მეორე დღესვე, დაუყონებლივ, მთავრობის წარმომადგენელმა დანიშნა საგანგებო კომისია. ეს კომისია გაგზავნილი იყო ოკრიბის საზოგადოებაში, და თითონ შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენების და განმარტების შემდეგ თქვენ დაინახეთ, რაც იყო აღნიშნული და რაც შეადგენდა შინაარსს ესერების შეკითხვაში აღნიშნულ საკითხის შესახებ, ყოველი ბრალდება მართალი იყო. თითონ მინისტრის განმარტებიდან ვიცით, რომ გაცილებით მეტიც მოხდა, რომ გაცილებით მეტი ყოფილა სამწუხარო შემთხვევა, რომელიც იყო მოყვანილი შეკითხვის განმარტების დროს. გაცილებით მეტი იყო იმაზე, რაც გაზეთებში აღნიშნული იყო. აი, ეხლა ჩვენ კიდევ შევკრიბეთ მთელი რიგი ფაქტებისა, რომელიც ერთნაირ ატმოსფერას ქმნიან ამ საქმის გარშემო. მაგრამ, როდესაც ეს ფაქტები უარყოფილი არ არის, ზედმეტია ამაზე ლაპარაკი.

მხოლოდ უნდა ვსთქვათ შემდეგი: დამფუძნებელ კრებისაგან ამორჩეულმა მთავრობამ ერთი პასუხი გასცა ამ ამბებზე. ის თითონ აღშფოთებული არის ამ ამბების გამო, და ისეთი ზომები მიიღო, რომელიც ამ საკითხს, ამ ფაქტს შეეფერება. რასაკვირველია ამ ფაქტმა საზოგადო წრეებშიაც გამოიწვია აღშფოთება. ასეთივე აღშფოთება გამოიწვია დამფუძნებელ კრებაში, მთავრობის წრეებში, სადაც ასეთი საშუალებით რისიმე გარიგება დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეუძლებლად არის მიჩნეული. ეს არის აზრი, როგორც დამფუძნებელ კრებისა ისე მთავრობისა. ასეთი ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკრიბაში, იყო სისტემა ძველ დროისა. ბევრი გვეტყვის, რომ ახალ რესპუბლიკამ ვერ შესძლო ადმინისტრატიული აპარატის მოწყობა, რომ აი ამისთანა ფაქტებს ჩვენში ადგილი აქვს, აქვს გასავალი და ნიადაგი. წინათ, როდესაც სხვა სისტემა იყო მმართველობისა, ეს იყო არა მმართველობა შემთხვევითი, არამედ ეს იყო სისტემა მთავრობისა. არავის არ გაჰკვირვებია რომ გურიაში, იმერეთში ადგილი ჰქონდა ასეთ ძალადობას, არავის არ უკვირდა მთავრობის მოქმედება, იმიტომ, რომ ასეთი ძალადობა, ასეთი პოლიტიკა იყო საფუძველი ძველ რეჟიმისა. ეხლა აღშფოთებული არის სინიდისი საზოგადოებისა, იმიტომ რომ ეს არის მართლა სამწუხარო შემთხვევა, და არ არის მიჩნეული, როგორც სისტემა საადმინისტრაციო მექანიზმისა. და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საზოგადოებრივი მოთხოვნილება, როგორც დამფუძნებელ კრებისა ისე საზოგადოებისა, უნდა დაედვას საფუძვლად ჩვენ ადმინისტრაციის გაუმჯობესებას. ჩვენ გარდამავალ ხანაში, ჩვენ ადმინისტრაციის ან სრულიად განწმენდაზე, ან რეორგანიზაციაზე - ლაპარაკი ძნელია. რამდენადაც ლაპარაკი ადვილია, იმდენად შესრულება ძნელია. ეს ყველას ესმის, განსაკუთრებით იმ ოპოზიციის ხალხს, რომელსაც ეწოდება პასუხის მგებელი ოპოზიცია. არა საბრძოლველად ჩვენ ვაცხადებთ, რომ ისეთი შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკრიბაში, შეიძლება მოხდეს სხვა ადგილებშიაც, და ხდება კიდეც. „სახალხო გაზეთს“ მოსდის მთელი რიგი წერილებისა ასეთ მოქმედების შესახებ. ჩვენ რასაკვირველია, ასეთ ამბებს ვერ გამოვიყენებთ, და არც გამოვიყენებთ შეკითხვის საგანათ, რადგანაც დარწმუნებული ვართ, რომ მთავრობა თითონ იბრძვის ამის წინააღმდეგ, და თითონ აღშფოთებული არის ასეთი შემთხვევებით. ჩვენ ასეთი შეხედულება გვაქს ამის შესახებ. მთავრობას ვსთხოვთ, რომ ისეთ შემთხვევებში, მიიღოს დაუყონებლივ ზომები, რომ ასეთი ადმინისტრატორები არ იყვნენ სათავეში ჩაყენებული, რომ საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ გახდეს სისტემად. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ადეიშვილი არის სამსახურიდან გადაყენებული, და დაჭერილიც. ჩვენ თითონ გვქონდა შემთხვევა უმაღლეს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მოქმედების დუშეთის მაზრაში, ერთი უკანონო გამოსვლის შესახებ მე მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, და მან პირადად მე მითხრა, რომ იქაც იქნება ისეთივე ზომები მიღებული, და მართლაც გაზეთებში ვკითხულობ, რომ მეორე დღესვე გამოძიება იყო დანიშნული. მხოლოდ, მეორე დღესვე გავიგეთ, რომ იქ ერთი პოლკოვნიკი, რომელსაც ედებოდა ბრალი ერთ მოქმედებაში, ისიც გადაყენებული იყო. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ფაქტები იმისა, რომ ასეთი უკანონო უპასუხისმგებლო გამოსვლებს, ჩვენ რესპუბლიკაში გასავალი არ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადო, ორგანიზაციის პრინციპებს, რაციონალურ პრინციპის მიხედვით მოწყობას, საფუძველი აქვს ჩაყრილი. და ერობები რომლის ხელშიაც გადადის ადმინისტრაციის მოწყობა, მთავრობის პოლიტიკას და სურვილს გასავალი ექნება ადგილობრივ ერობების მუშაობის მეოხებით. ჩვენთვის ეს საკითხი სადაო, და საპოლიტიკო არ არის.

ჩვენ მხოლოდ იმ აზრს ვაცხადებთ, რომ ყველა ფრაქციას, რომელიც ამისთანა ფაქტებს აღნიშნავს, ჩვენ მხარს დავუჭერთ, რომ ამისთანა შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს ჩვენ ცხოვრებაში და ისეთი პირები, როგორიც არის ადეიშვილი უნდა იყვნენ დასჯილნი. მხოლოდ ხალხი, რადგანაც დაზარალებულია ქონებრივ, უეჭველად უნდა იყოს დაკმაყოფილებული ქონებითვე. იმიტომ, რომ მთავრობას არავითარი განზრახვა არ ჰქონდა ასეთ ექსპედიციის გაგზავნა.

ვიმეორებ, ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც ასეთი ექსპედიცია მოაწყო, უეჭველად დასჯილი უნდა იყოს, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, ხალხი უნდა იყოს ანაზღაურებული იმ ზარალისგან, რომელიც ამ ექსპედიციამ მიაყენა. საზოგადოდ ადმინისტრაციის შესახებ უნდა ვთქვა - მძიმეა რასაკვირველია ხალხისთვის, რომელიც სისხლს ღვრის ფრონტზე, მძიმეა ხალხისთვის, როდესაც ადმინისტრატორი, თითონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის წარმომადგენელი უპასუხისმგებლო მოქმედებას ეწევა. სოფლისთვის ეს მძიმეა, აუტანელი. მაგრამ ეს აიხსნება იმით, რომ თითონ ის, ადმინისტრაცია ჩვენში შესდგება ისეთ ელემენტებისაგან, რომელნიც არ არიან იმ გრძნობით გამსჭვალულნი, რომ ისინი გრძნობდნენ, რომ განაგებენ საქართველოს საქმეს. ჩვენ გვინდა, რომ ადმინისტრაციის უმაღლესმა ორგანომ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება იმას, რომ ამ ინკვიზიციას, ამ ცემა-ტყეპას, ისეთ ფაქტებს, როგორიც ოკრიბაში იყო, არ ჰქონდეს ადგილი სხვაგან. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ თითონ ტფლისში გამიგონია თვით მილიციის უფროსისაგან, რომ ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ ძველი გზა, მხოლოდ ეს ძველი გზა არის აუცილებელი გზა ჩვენი მოქმედებისა, ჩვენი სახელმწიფოებრივ აპარატის გასამაგრებლადო. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი გზა არ არის ის გზა, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას და ადმინისტრატიულ აპარატს გაამაგრებს. პირიქით, ძალადობის პოლიტიკა გამოიწვევს შიშს, უნდობლობას, პროსტრაციას. ამიტომ ძალადობის გზით ვერ ვივლით; თუ ასეთ პოლიტიკას მართლა ექნება ადგილი, უეჭველად ასეთი ბოროტმომქმედნი უნდა იყვნენ დასჯილნი დაუყოვნებლივ.

გარდა ამისა თითონ მილიციაში მოსამსახურეს თუ არ მოვეპყარით, როგორც მოქალაქეს, ყოვლად შეუძლებელია მათი დამოკიდებულება მცხოვრებთან იყოს მოქალაქეობრივი. არავითარი აღზრდა, არავითარი გამოცდილება მილიციის მოსამსახურეებს არა აქვთ. ძველი ადმინისტრატორები უარყოფილია, ახლები არ ვარგანან. ჯერ არის მხოლოდ ენერგია. მაგრამ ეს ენერგია უნდა მოვაქციოთ სისტემაში, მილიციის ხალხი უნდა აღიზარდოს გონებრივად, ზნეობრივად, რომ ხალხს ისეთი წარმოდგენა არ ჰქონდეს მილიციის მოხელეებზე, როგორც პოლიციელებზე. თუ ჩვენ მაშასადამე, ადმინისტრაციის მოხელეებს დავაყენებთ გონებრივად, ზნეობრივად და ყოველ მხრივ მაღლა, ეს იმ ობიექტიურ მდგომარეობას შექმნის, რომ ამისთანა ავანტიურისტულ გამოსვლებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი ოკრიბაში, - შემდეგში ადგილი არ ექნება.

ჩვენი ფრაქციის მოთხოვნილებაა, რომ ამ მხრივ, დამფუძნებელ კრებამ და მთავრობამ ყველა ამას ყურადღება მიაქციოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მაჭავარიანს.

იოსებ მაჭავარიანი (ერ.-დემ.) ბატონებო, ოკრიბის დარბევა - რა არის ეს შედარებით საქართველოს დარბევასთან? ის, რაც გადაურჩა საქართველოსაგან რუსეთის მტარვალ მთავრობას და შემდეგ რუსეთის რევოლიუციის ქარცეცხლს, - ამ ცოტა რამედანაც, არა რომელიმე პარტიამ, არა რომელიმე მთავრობამ, არამედ ქართველი ერის ძლიერმა შემოქმედებითმა ძალამ შეჰქმნა ეს პატარა, უფლებრივ სახელმწიფოს მგზავსი, დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოსი, საითკენაც დანგრეულ რუსეთის თითქმის ყველა კუთხიდან და ოსმალეთიდან ილტვოდა და ილტვიან მრავალნი გადმოხვეწილნი, რათა თავი შეაფარონ აქ და სული მოითქვან. მაგრამ, როდესაც ჩვენს მიწა წყალზე გამოძღებიან, - ყველაზე არ ვლაპარაკობ, სახეში მყავს დიდი უმრავლესობა მათი, როდესაც თავის გარეცხილ შუბლს განიგრილებენ და სულს მოიბრუნებენ, უმადურის სიბრაზით ეს გადმოხვეწილნი ჩვენვე გვემუქრებიან, ჩვენვე გვებრძვიან. ეხლაც მრავალი მტერი შემოგვსევია. დამშეულ ტურებივით შემოგვცქერიან და მონატრის სულისკვეთებით ელიან ჩვენს არსებობის მოსპობას.

ასეთ პირობებში მყოფს ყოველ შეგნებულ ქართველს მეტად უძნელდება თავისივე მთავრობის წინააღმდეგ გალაშქრება. მაგრამ, როდესაც დღიდან დღე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე შენის თვალით უყურებ, რომ ხელმძღვანელების მეოხებით ჩვენი სამშობლოს თავისუფლება დაავადებულია, როდესაც ხედავ, რომ მთავრობის შეცდომები კი არ აჩერებენ ამ ავადმყოფობის პროცესს, არამედ ართულებენ, აჩქარებენ მას და ქმნიან თითქმის სიკვდილის საშიშროებას, - უნდა ითქვას ის, რაც სათქმელია, დასაფარავი არაფერი რჩება. რჩება მხოლოდ ერთი იმედი: შეცოდებათა მხელით, შეცდომათა დროზე შეგნებით, ყოველ მძლავრ ადამიანს, ყოველ მძლავრ მთავრობას შეუძლია საქმის კიდევ გამოსწორება და არა სასურველ მოვლენათა თავიდან აცდენა.

შეკითხვამ, ოკრიბის დარბევის შესახებ, ახადა ფარდა და დაგვანახვა მხოლოდ ნაწილი იმ უწესოების მორევისა, რომელშიაც ჩვენი ადმინისტრაცია ესოდენ ხშირად ახრჩობს სახელმწიფოებრივ წესიერებას. ის, რაც მოხდა ოკრიბაში, ხდება თითქმის ყოველდღე, ამა თუ იმ სახით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაწყებული ბორჩალოს მაზრიდან შავი ზღვის ნაპირებამდე.

მილიციაში გამეფებული უწესოება, უდიერობა, ცარცვა, ქურდობა, მექრთამეობა, ისეთი აღვირახსნილობა, რომ უბრალო მილიციონერი ბედავს და ჩვენის ნდობით აღჭურვილ მინისტრსაც კი არ ერიდება. განა ეს ყველასათვის ცხადი არ არის, განა ამას მტკიცება უნდა? მერე რად ხდება ეს? იმისთვის, რომ ეროვნულ ღირსებას, ეროვნულ თავმოყვარეობას, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმის კულტს ჩვენში ქურუმნი არ უვარგიან.

მარტო მილიცია არ არის დამნაშავე. დამნაშავეა ყოველი ის სახელმწიფო მანქანის ნაწილი, რომლის მოშლილობა და უვარგისობა ანარეკლად გადადის მილიციაზე. დამნაშავეა ყველა ის, ვინც ხელს უწყობს და ჰქმნის ისეთ ნიადაგს, რომელზედაც შესაძლებელი ხდება ასეთ უწესოების აღმოცენება. როდესაც მილიციის კადრის შექმნის დროს ხელმძღვანელობენ პარტიულ თვალსაზრისით, როდესაც ამავე მიზნით არსებობს და განაგებს საქმეს პროფესიონალური კავშირი, როდესაც მოსპობილია პრინციპი უმცროს-უფროსობისა, როდესაც ყოველი მილიციონერი დარწმუნებულია, რომ ის პასუხს არ აგებს, ან, ყოველ შემთხვევაში, ძნელად დაისჯება, თუ გაბატონებულ პარტიას თავი შეაფარა, - მაშინ წესიერების დამყარება ყოვლად შეუძლებელია. არამც თუ სამინისტროების, არამედ ყველა დაწესებულებების მოწყობა-მოწესრიგების დროს, განა პარტიული ელემენტი დღემდე გადამწყვეტ როლს არ თამაშობს? განა თფილისის მილიციის უფროსის შეტაკებამ პროფესიონალურ კავშირთან ცოტა ზიანი მიაყენა, როგორც მილიციას, ისე ქვეყანას? განა პრინციპი უმცროს-უფროსობის დაცული არის მილიციაში? ან იქნება მითხრან, რომ რომელიმე მილიციონერს ეშინიან პასუხისგებისა. ისეთ სახელმწიფოში, სადაც ძეგვის ხიდის ამფეთქებლებიც კი პასუხს არ აგებენ, ძნელად თუ ვისმეს შეეშინდება პასუხისგების, მით უმეტეს მილიციას.

გაიხსენეთ სამხედრო მინისტრის მოხსენება, რომელიც მან წარმოუდგინა ამ ტრიბუნიდან პარლამენტს სომხებთან ომის დროს. თურმე სამი თუ ოთხი თვის განმავლობაში ომის დაწყებამდე, სანამ მტერი ესოდენ მოულოდნელად და ვერაგულად თავს დაგვესხმებოდა, სომხები ბორჩალოში უკვე აშენებდნენ მთელ საველე ციხე-სიმაგრეებს; აკეთებდნენ თხრილებს, სწვრთნიდნენ ჯარისკაცებს და მოხალისეთა რაზმებს. და ყოველი ეს ხდებოდა ჩვენი ადმინისტრაციის თვალწინ. სად იყო მაშინ ბორჩალოს კომისარი? რას უყურებდა ბორჩალოს მილიცია, ან და თბილისის გუბერნიის კომისარი? თუ ისინიც არხეინად ისხდნენ თავიანთ სავარძლებში და ელოდნენ, - გაზეთის ფურცლები როდის მოგვაწვდიან ცნობებსაო? შესაძლებელია განა უფლებრივ სახელმწიფოში, რომ ასეთი დაუდევრობა მილიციისა, ასეთი ბოროტმოქმედება კომისარისა სისხლის სამართლის წესით დაუსჯელი დარჩეს? მე კი ჯერ არ მსმენია, რომ რომელიმე კომისარი, ან მილიციონერი ასეთ აღმაშფოთებელ ბოროტმოქმედებისათვის პასუხისგებაში იყოს მიცემული. მოიგონეთ მეორე მაგალითი. დამფუძნებელ კრების არჩევნების დროს, თიანეთის მაზრის კომისარმა სრულიად უკანონოთ, უსაფუძვლოთ დააპატიმრა ორი უდანაშაულო პირი - გელოვანი და ბურდული, ეროვნულ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენელნი (ნინიძე: ყაჩაღები იყვნენ). დიდის ცდის, მრავალ თხოვნის შემდეგ თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა თანახმად სასამართლოს წევრის კობიაშვილის მოხსენებისა, რომელსაც ჰქონდა მინდობილი სასტიკი გამოძიება ამის შესახებ, გაანთავისუფლა გელოვანი და ბურდულიც. მერწმუნეთ, არ გაანთავისუფლებდენ მათ, რომ ისინი ყაჩაღები ყოფილიყვნენ. მე არ შევეხები იმას, თუ რით ხელმძღვანელობდა თიანეთის კომისარი. უნდოდა იმას, რომ არჩევნების დროს თავიდან მოეშორებინა მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენელნი, როგორც გავლენიანი პირნი ამ მაზრაში, თუ სხვა რამ პირადი განზრახვა ჰქონდა. აღვნიშნავ მხოლოდ ფაქტს: თიანეთის კომისარმა თავისუფალ რესპუბლიკის მოქალაქეს აჰყარა მისი უაღრესი უფლება და, როგორც ავაზაკი, ჩააგდო ციხეში. მერე ასეთის საქციელისათვის - მოქალაქის თავისუფლების ასე უდიერად და უკანონოდ მოსპობისათვის, თითონ კომისარი პასუხისგებაში არის მიცემული? არა, და თქვენ გნებავთ, რომ მილიციონერებს ეშინოდეთ პასუხისგებისა? მათ რომ ეს შიში ჰქონოდათ, განა ქალაქ ფოთში მოქალაქეები ჩავარდებოდნენ იმ მდგომარეობაში, რომელზედაც ამას წინად მოგვითხრობდნენ გაზეთებში? განა თფილისში ჩვენ შევქმნიდით ისეთ მდგომარეობას, რომელიც სულს გვიხუთავს და, როგორც გარეშე საქმეთა მინისტრმა განაცხადა გუშინ აქ, გადაგვკიდა ინგლისელებს, ვინაიდან სიკვდილით დასჯილნი ავაზაკნი ერთი სახლიდან მეორე სახლში ვერ მიგვიყვანია? მათ რომ შიში ჰქონოდათ პასუხისმგებლობისა, განა ჩვენ გასადევნი და დასაპატიმრებელი გაგვიხდებოდა თითქმის მთელი სისხლის სამართლის მილიცია? აქამდის ვერ ხედავდენ, რომ ეს მილიცია ბუდე ყოფილა ბოროტების და არა წესიერებისა? განა ის გუშინ დაიბადა? სად იყვნენ აქამდის? მილიციას რომ შიში ჰქონდეს პასუხისგების, ადეიშვილი და მისი რაზმი განა გაბედავდენ იმის ჩადენას, რაც ჩაიდინეს ოკრიბაში? რასაკვირველია არა.

და როდესაც ამ შეკითხვის საპასუხოდ გამობრძანდა აქ შინაგან საქმეთა მინისტრი, მე მგონია, ის ობიექტიურად გააშუქებდა ნამდვილს მიზეზს ოკრიბის დარბევისას. მაგრამ ბატონ მინისტრის პასუხი, მოულოდნელად და სამწუხაროდ, ყოვლად უმწეო იყო. უმწეო იყო იმის თავის მართლება იმაში, რომ 7 აპრილიდან 27 აპრილამდე მას შეძლებაც არ ჰქონდა რაიმე ზომები მიეღო, ვინაიდან „სახალხო გაზეთმა“ მხოლოდ 26 აპრილს ინება ამ ამბების გამოქვეყნება თავის ფურცლებზე.

სჩანს, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონია სხვა წყარო, გაზეთის ცნობების გარდა, სხვა საშუალება იმის გასაგებად, თუ რა ხდება მის საბრძანებელში. უმწეო იყო აგრეთვე მინისტრის ახსნა იმ მიზეზებისა, რომელმაც გამოიწვია ოკრიბის დარბევა. თურმე, ნუ იტყვით, დამნაშავე ყოფილა ოკრიბის აზნაურობა. როდესაც ადეიშვილი თავის რაზმით მივიდა ოკრიბაშიო, ბრძანა ბატონმა მინისტრმა, ამ რაზმს შეუერთდა რამდენიმე წარმომადგენელი ადგილობრივ პრივილეგიურ წოდების, ე.ი. აზნაურები და იმათ ზეგავლენით მოხდა ეს ბოროტმოქმედებაო.

ჩვენ, რომ მივიღოთ ასეთი სისტემა არა სასურველ მოვლენების ახსნაში, გამოდის რომ, მაგალითად, ჩვენმა მთავრობამ, ღმერთმა დაიფაროს იგი, - და რამე ბოროტმოქმედება ჩაიდინოს ერის წინაშე, ჩვენ მაშინ უნდა ვსთქვათ, რომ მთავრობამ ეს ბოროტება ჩაიდინა იმისთვის, რომ ყველა ჩვენ მინისტრებში და მათ თანაშემწეებში, ორი თუ სამი კაცის გარდა, სუყველა აზნაურიშვილები არიან. რა შუაშია აქ აზნაურობა? მერე ისიც - ოკრიბის თავად-აზნაურობა, აბა ვის გაუგია? ოკრიბის აზნაური, ჯერ რევოლიუციამდე, თითქმის არ განირჩეოდა გლეხისაგან და წარმოიდგინეთ, რა იქნება ეხლა ოკრიბის აზნაურობა? მაგრამ ეს ხომ დრომოჭმული ჩვეულება არის, ძველი ხერხი ჩვენი სოციალ-დემოკრატებისა. ცრუმორწმუნე ადამიანს რამე უბედურება რომ დაატყდება თავზე, ის ყოველთვის აბრალებს ამას ეშმაკს ან ფათერაკს, ჩვენი სოციალ-დემოკრატები კი ყოველივე უბედურებას ჩვენში აბრალებენ თავად-აზნაურობას. თუ ეს საჭირო იყო რევოლიუციის პირველ დღეებში, - ისიც პარტიისათვის და არა ქვეყნისთვის, დღეს პრივილეგიურ წოდებაზე ლაპარაკი სრულებით ზედმეტი არის. სად, ან რომელ ოკრიბაში ნახა ბ. მინისტრმა ისეთი თავადობა, ისეთი აზნაურობა, რომელთაც აქვთ „სასახლეები“, „აივანები“. ისეთი შთაბეჭდილება დასტოვა ბ-ნ მინისტრის მოხსენებამ, რომ აზნაურები გამომდგარან ოკრიბაში თავიანთ აივნებზე წვიმიან დღეში, ზევიდან დასცქერიან გლეხთა ყრილობას და ეუბნებიან: ნუ აგვირჩევთ თქვენ წარმომადგენლებათ, ე.ი. ნუ გვცემთ ასეთ პატივსო. მითხარით სად, რომელ საქართველოს კუთხეში გინახავთ თქვენ, რომ ამ რევოლიუციის ხანაში გლეხები კალთას აგლეჯდენ აზნაურებს, თქვენი ჭირიმეთ, უსათუოდ ჩვენს წარმომადგენლებად თქვენ უნდა აგირჩიოთო. ეს, დაგვეთანხმებით, დასაჯერებელი არ არის. (ხმა: ვერ გაგიგიათ). მე მშვენივრად გავიგე, და კარგი იქნება, რომ თქვენც გაიგებდეთ რამეს. თუ ოკრიბის აზნაურობამ მოაწყო ეს საქმე, რით აიხსნება ის, რომ ადეიშვილის რაზმმა პირველ რიგში ჩააყენა 71 წლის მოხუცი ვინმე კახიძე და, როგორც ბ-ნმა მინისტრმა დაგვისურათა, ჩამოჰკიდა ხეზე და გაამათრახა. კახიძე ხომ აზნაური არის. (ხმა: არ ვიცოდით ეს). მხოლოდ უცოდინარობას შეუძლია წარმოშვას მოვლენათა ასეთი ახსნა. ბ. მინისტრის სიტყვით გამოდის, რომ ოკრიბის აზნაურებმა იმ რიგად მოაწყეს საქმე თავიანთ აივნებზე, რომ უპირველეს ყოვლისა თავისივე აზნაური გააშოლტინეს. გოგოლის ერთი გმირი კი ამბობს, რომ უნტერ ოფიცერის ცოლმა თავის თავი თვითონ გაწკეპლაო. მაგრამ, თუ ასეთი საბუთით ჩვენ აქ მოგვინდომებდენ დარწმუნებას, ეს სწორედ არ მეგონა.

ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ასეთი მეთოდით, ასეთი ხერხით ამყარებთ წესიერებას? არა, თქვენ აღრმავებთ უწესოებას, იმიტომ რომ ასეთის ახსნით, ასეთის თქვენი ცოდვის სხვაზე გადატანით აძლევთ მასალას ყოველ თქვენ პროპაგანდისტს და ყოველ მილიციონერს, რომ სთქვათ: ჩვენ მშვენივრები ვართ, ჩვენში ყველაფერი კარგად არის მოწყობილი, მაგრამ თუ რაიმე უწესოება ხდება, ამაში დამნაშავე არის ან ოკრიბის აზნაურობა, ანდა, ვსთქვთ, მოხისის თავადობაო.

მაგრამ დავუჯეროთ ბ. მინისტრის მოხსენებას. წარმოვიდგინოთ, რომ ოკრიბის აზნაურობამ ისეთი გავლენა იქონია მთავრობის მილიციაზე, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ აიძულა ეს მილიცია, რათა მას ჩაედინა ასეთი აღმაშფოთებელი ბოროტმოქმედება. აქედან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? მხოლოდ ერთის, რომ ჩვენს მთავრობას არ ჰქონია მოწყობილი ადმინისტრატიული აპარატი, არ ჰყოლია ისეთი მილიცია, რომელსაც შეეძლოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ინტერესების ღირსეულად დაცვა იმ უმნიშვნელო ძალის ბოროტგანზრახვისაგანაც კი, როგორიც არის ოკრიბის აზნაურობა. მით უარესი მთავრობისათვის.

ასეთ მოსაზრებით, ასეთ საბუთებით გამოსვლა დამფუძნებელ კრების წინაშე, ბ-ნო მინისტრო, არც სახელმწიფო ინტერესებს, არც თქვენ მზეობას არ ეკადრება.

მთავრობა, რომელსაც მთელი თავის გონების გამჭრიახობით გათვალისწინებული აქვს ნათლად მაცოცხლებელი საჭიროებანი თავის ერისა, მთავრობა, რომელსაც მთელი თავის გრძნობით სწყურია და მთელი თავის ენერგიით მოწადინებული არის დაამყაროს წესრიგი და განამტკიცოს თავისუფალი ცხოვრება თავის ერის, არასოდეს არ შედრკება არავითარ ფაქტის წინაშე, და კიდევაც დამნაშავე თუ არის მთავრობა, თავის ცოდვებს ოკრიბის აზნაურობას კი არ გადააბრალებს, არამედ გულახდილად აღიარებს ერის წინაშე თავის დანაშაულს. იმიტომ, რომ ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესი. იმიტომ, რომ ასეთი გულახდილობა, ასეთი შეგნება თავის შეცდომისა არის უპირველესი და უმტკიცესი საწინდარი იმის, რომ მთავრობა შემდეგში მაინც გამოასწორებს რაც გამოსასწორებელია და ააცილებს თავიდან ერს იმ არა სასურველ მოვლენებს, რომელნიც შავ აჩრდილებად დღემდის დასტრიალებდენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის თავისუფლებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრის . . რამიშვილის განცხადება.

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ის სამწუხარო ამბავი, რომელიც დატრიალდა ოკრიბის მხარეში, მე არ მეგონა რომ გახდებოდა საგნად, მთავრობის წინააღმდეგ ასეთი გამოლაშქრებისა.

მართალია, ჩვენ ვიცოდით, რომ დამფუძნებელ კრებაში არიან პარტიები, რომელნიც უკმაყოფილოები არიან მთავრობის საერთო ხაზით, მაგრამ ერთში ვიყავი დარწმუნებული, რომ ყოველივე კრიტიკა, მიმართული მთავრობის წინააღმდეგ, - მე მქონდა ამის საბუთი მეფიქრნა, რომ ყოველივე კრიტიკა, მიმართული მთავრობის წინააღმდეგ იქნებოდა აგებული ფაქტებზე, და მე უნდა გადაჭრით განვაცხადო, რომ უმთავრესი დებულება, რომელიც იყო წამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ, სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს. ჯერ აქ გადაჭრით განაცხადეს, რომ ყველგან, ყველა მოქმედებაში მთავრობისა, თქვენ ხედავთ პარტიულ ელემენტს. მე უნდა ვსთქვა, რომ ამის დასამტკიცებლათ აქ ვერ წამოაყენეს ვერც ერთი საბუთი. (ხმაურობა) და ამის საბუთს ვერც ბ. მაჭავარიანი, ვერც მისი პარტია, და მე ვიტყვი, ვერც ერთი წევრი დამფუძნებელ კრებისა, ვერ წამოაყენებს. ვინაიდან ამა თუ იმ თანამდებობის დანიშვნის დროს, ჩვენ, მანამ, სანამ ადმინისტრატიულ პირების დანიშვნა იყო ჩვენ ხელთ, და არა ერობის, არასოდეს არ ვხელმძღვანელობდით პარტიულ მოსაზრებით. რომ ეს ასე არის, მე მგონია ეს იცის ყველამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბ. მაჭავარიანი, ან იმის პარტია ინებებდა ერთ საწინააღმდეგო ფაქტის მოყვანას. (კედია: ბევრს!) თუ მოიყვანთ მაშინ მოგახსენებთ.

მართლაც, ერთად ერთი საბუთი, რომელიც იყო მოყვანილი ეს, შეეხო შემდეგ გარემოებას, - მართლაც ფრიად დაიტერესებული იყო ეროვნულ-დემოკრატიის პარტია იმ ამბებით, რომელიც დატრიალდა თიანეთის მაზრაში. ეს უნდა განვაცხადო აქ, რომ სიხარული, ამ პარტიისა ყოველ შემთხვევაში, ნაადრევი იყო. მართლაც, თიანეთის მაზრაში დაატუსაღეს გელოვანი და ბურდული, რომელნიც შემდეგ, როცა ეს საქმე გადაეცა გამომძიებელს და მან ვერ დაინახა მათი მოქმედებაში ვერავითარი ბოროტ-მოქმედება, - გაანთავისუფლა. მიუხედავად ამისა, მე აქ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ერთი და მეორე პირიც დამნაშავე არიან თიანეთის კომისარიატზე თავდასხმაში. ეს მოხდა იმ დროს, როცა ჩვენ ვაწარმოებდით ბრძოლას დუშეთის აჯანყებულების წინააღმდეგ. (ხმა: რატომ პასუხისგებაში არ მიეცით?) მოგახსენებთ ამის შესახებ. მე მგონი რომ აჩქარება საჭირო არ არის, ეს საქმე გადაეცა გამომძიებელს, თუ გამომძებელმა ვერ მონახა, ჩვენ შეგვიძლიან ამის შესახებ კითხვა დავსვათ დღეს თუ არა ხვალ მაინც, და ამ საქმეს კანონიერი მსვლელობა მიეცემა. მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ მართლა ეს მოხდა, მართლა ისინი დამნაშავე არიან, და ამის წინააღმდეგ რამდენადაც მე ვიცი, არც ბ. გვაზავა არის, რომელიც ჩვენთან მოდიოდა და აცხადებდა, (ხმა: რატომ გაუშვით?) (ხმაურობა).

თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ლაპარაკობთ ადგილიდან, ნუ უშლით.

. . რამიშვილი. როცა რომელიმე პირის მოქმედება გადაეცემა გამომძიებელს და ის ანთავისუფლებს, მე როგორც მინისტრს არ მაქვს, თუ რაიმე განსაკუთრებული პირობები არ არის, არ მაქვს არც საშუალება, არც რაიმე უფლება მის წინააღმდეგ მივიღო ადმინისტრატიული ზომები. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამ პირების წინააღმდეგ საქმე გათავებული არ არის და პირუთვნელი სამსჯავრო თავის მსჯავრს გამოიტანს ასე თუ ისე. მე მეგონა, რომ ამ შეკითხვის შესახებ ჩვენ მოვისმენდით ერთ განცხადებას: - რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას ამ სამწუხარო მოქმედების, თანამდებობის პირთა მიერ დაუშვებელ მოქმედების წინააღმდეგ. აი ერთად-ერთი ნორმალური მსვლელობა ამ საკითხისა. მე უნდა განვაცხადო, თუ მართლაც ამ მხრივ საქმეს მიუდგებოდით, აშკარა არის, რომ მთავრობამ გააკეთა ის, რის გაკეთებაც მას შეეძლო. მართლაც მან მიიღო, მიმართა ადმინისტრატიულ ზომებს, ვინაიდან ყველა ეს დამნაშავე პირები, ყველა დატუსაღებული არიან ადმინისტრატიულ წესით, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ რომ, ჩვენდა საუბედუროდ, საერთოდ ჩვენ ჯერ ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ სასამართლოს აპარატი არ არის იმდენად მოქნილი, რომ შეეძლოს ყველა იმ საქმეებს მისცეს წესიერი მსვლელობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადმინისტრაცია და მილიცია გადაეცა ერობას, ეს მისი მოწყობა ერობათა საქმეა. მე აქ არ შეუდგები იმის განხილვას, თუ რა გაკეთდა ამ მხრივ საერობო თვითმმართველობის მიერ. მაგრამ მთავრობა ვალდებულია, რაც მიიღო პარლამენტმა - აასრულოს. ჩვენ, რასაკვირველია, არავითარი უფლება არ გვქონდა, რომ ამ ადგილობრივ თვითმმართველობის უფლებაში ჩავრეოდით. ჩვენ გვქონდა ერთად-ერთი უფლება კონტროლისა და შემდეგ, ამა თუ იმ დამნაშავის წინააღმდეგ ზომების მიღებისა და ჩვენ ეს მივიღეთ, და მე ვამბობ, ამ მხრივ ჩვენი ვალი სავსებით მოხდილი არის. მაგრამ აქ საერთო საკითხს მისცეს უფრო ფართო ხასიათი, რასაკვირველია ყველა პარტიას აქვს ისეთი უფლება, ყოველი კერძო შემთხვევა მან წარმოიდგინოს როგორც სისტემა მართვა-გამგეობისა, მაგრამ თუ კი თქვენ მართლაც ამ ნიადაგზე დადგებით, აუცილებელი შესაფერი საბუთებიც უნდა წარმოადგინოთ. ეს საბუთები, მე მართალი უნდა ვსთქვა, ვერ ვიხილე, გარდა იმისა, რომ ხშირად ამა თუ იმ მილიციონერთა წინააღმდეგ ჩვენ ვიღებთ შესაფერ ზომებს, მაგ. ტფილისში, ეს ამტკიცებს იმას, რომ მართალაც არის მიღებული ზომები ტფილისის მილიციის გასაჯანსაღებლად. ეს კი თქვენ გამოიყენეთ მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. მე თქვენ გეკითხებით: რა უფლებით? (ხმა: რატომ აქამდისინ არ იყო მიღებული ზომები?) უკაცრავად, თქვენ იცით ალბად, რომ მილიცია იყო სავსებით ქალაქ ტფილისის თვითმმართველობის განკარგულებაში. ეს კანონი, რომელზედაც მე მოგახსენეთ, რომლითაც ჩვენ ხელში გადმოვიდა მეთვალყურეობა და ზოგიერთი ზომების მიღება. ეს მხოლოდ ორი თვე არის და აი, ამ ხნის განმავლობაში, რომ მართლა ჩვენ გვქონოდა საქმე კეთილსინიდისიერ მოწინააღმდეგესთან, ის შემოიტანდა შეკითხვას, - თუ რა ზომები მიიღო ქალაქის თვითმმართველობამ ამ მილიციის წინააღმდეგ. ეს მე მესმის, ამას ექნებოდა მნიშვნელობა, ამას ექნებოდა მართლა ხასიათი კეთილსინიდისიერად დაყენებულ საკითხისა. მაგრამ მე ვამბობ, ეს თქვენ, რასაკვირველია, არ მოიმოქმედეთ. მაგრამ ეხლა, როცა მართლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მილიციის გაჯანსაღებისთვის მიღებულია სერიოზული ზომები, რომ მართლაც ის ელემენტები, რომელიც შხამავდნენ არა მარტო ადგილობრივ ატმოსფერას, არამედ ხელს უშლიდნენ ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრების ნორმალურ მსვლელობას, მათ წინააღმდეგ მართლა არის მიღებული ზომები, ისინი დატუსაღებულნი არიან. და თქვენ ასეთი ფაქტი, ადგილობრივ თვითმმართველობის და რამოდენიმე მთავრობის მოქმედებისა გამოგაქვთ, როგორც საბუთი მთავრობის საწინააღმდეგოთ. მე თქვენ გეკითხებით: - რა საბუთით, რა უფლების ძალით?

ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ მართლაც თქვენ გქონდეთ უტყუარი საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ რაც ხდება, რომელიმე დაწესებულება, არის ის უმაღლესი მთავრობა თუ ადგილობრივი ორგანოები, ხელს აფარებენ. მე კი უნდა მოგახსენოთ, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ჩვენ არ მიგვეღო უსასტიკესი ზომები. მართალია, შეიძლება ეს სერიოზული საბუთი იყოს ჩვენი აზრით, რომ ეს რაზმი გაიგზავნა 7 აპრილს, ჩვენ კი ზომები მივიღეთ 27 აპრილს. მაგრამ თქვენ იცით, რომ ადგილობრივ ოკრიბის სამწუხარო ამბების შესახებ, ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზომები 17 აპრილს. შეიძლება მართალია, რომ არ არის ჩვენი აპარატი მოქნილი, მე მესმის, რომ ამის შესახებ კიდევ შეიძლება მსჯელობა, მაგრამ იმის მტკიცება, თითქოს მექრთამეობა გამეფებული არის, როგორც სისტემა, როგორც აქ იყო წამოსროლილი, მე მგონი ამის თქმა არ შეუძლიან დამფუძნებელ კრების არც ერთ წევრს. თითქოს გამეფებული არის ისეთი მდგომარეობა, როცა ბოროტმოქმედება დაუსჯელი რჩება; მე მგონი ამის დასამტკიცებლად თქვენ ვერც ერთ საბუთს ვერ მოიყვანთ, ვინაიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევაც, რომ რაიმე ბოროტმოქმედება გამომჟღავნებულიყო და ჩვენ არ მიგვეღო შესაფერი ზომები. ეს ხდება არა მარტო აქ, თბილისში, არამედ ეს ხდება მთელ ჩვენს რესპუბლიკის ფარგლებში.

ამიტომ მე აქ უნდა ვსთქვა: მთავრობის მოვალეობა ამ საქმეში მხოლოდ ერთად ერთია; თუ კი ჩვენ არ გვინდა, არ გვსურს დავარღვიოთ ის კანონი, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ, ჩვენ მოვალეობას შეადგენდა უმაღლესი მეთვალყურეობა; როცა რომელიმე ბოროტმოქმედება ჩადენილი არის, ამის წინააღმდეგ მივიღოთ ზომები, და ეს ზომები უკვე მიღებულია. თუ ჩვენ, მთავრობას შეგვეძლო მიგვეღო სხვა წინასწარი ზომები, ეს მე მესმის. აქ ლაპარაკობდა ფედერალისტების წარმომადგენელი. დიახ, ამას აქვს მნიშვნელობა, ასეთ ზომების მიღებას, მაგრამ აქედან იმ დასკვნის გამოტანა, რაც თქვენ აქ ილაპარაკეთ, ამ დასკვნის გამოტანა, რომ ჩვენ ვინაიდან ვერ შევძელით ბოროტმოქმედების თავიდან აცილება, ბოროტმოქმედებისა, რომელიც ჩაიდინა ამა თუ იმ მოხელემ, - არ ავასრულეთ თვისი მოვალეობა, სრულიად უნიადაგოა.

თავმჯდომარე. მსჯელობა დასრულებული გახლავთ. შემოტანილია ბარათი კრების წევრის ნუცუბიძესი. იგი ითხოვს მეორე სიტყვას იმ საგანზე, რომელზედაც ლაპარაკი იყო. რეგლამენტში გახლავთ მუხლი, სადაც შემდეგი სწერია: (კითხულობს) ყოველ ორატორს გარდა მომხსენებელისა ერთსა და იმავე საგანზე შეუძლიან ილაპარაკოს მხოლოდ ერთხელ.

ამ მუხლის ძალით, როდესაც მე მივიღე ბატონ ნუცუბიძის განცხადება, მე მას ვაცნობე, რომ მას საკითხზე ლაპარაკი არ შეუძლია და სიტყვა გადასცეს ვისმეს თავის ფრაქციის ორატორს. (ხმაურობა).

რეგლამენტის დარღვევის შესახებ თუ გნებავთ - მობრძანდით.

ილია ნუცუბიძე (ს.-რ.) რეგლამენტის მესამე ნაწილი მსჯელობის წესში მართლაც სწერია: (კითხულობს) ყოველ ორატორს გარდა მომხსენებელისა, ერთსა და იმავე საგანზე შეუძლიან ილაპარაკოს მხოლოდ ერთხელ.

მაგრამ აქ კორექტიული შეცდომა უნდა იყოს. რეგლამენტში იყო ერთი მუხლი, რომ შემკითხველს შეუძლიან ლაპარაკი ორჯერ, ეს მივიღეთ ჩვენ რეგლამენტში.

ამას გარდა, როგორც მოგეხსენებათ არის მუხლი, რომლის თანახმად, მთავრობის განცხადების შემდეგ ორატორს შეუძლიან ხელახლად აიღოს სიტყვა.

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ შეიძლება მართლაც შეცდომა იყოს, არ ვიცი, მაგრამ მე ხელთ მაქვს ის ტექსტი, რომელიც დაბეჭდილი იყო. ადვილი შესაძლებელია, რომ შეცდომა იყოს. მე არ ვიცი ნება მიბოძეთ, რაკი ეს გარკვეული არ არის მივცე სიტყვა ბატონ ნუცუბიძეს. მობრძანდით.

სიტყვა ეკუთვნის ნუცუბიძეს,

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

ჩვენ შეკითხვას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი კონკრეტიული და მეორე უფრო ფართო - პოლიტიკური. პირველი - გადაგვეშალა დამფუძნებელი კრებისა და საზოგადოების წინაშე ის ბარბაროსობა, რომელიც ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ადეიშვილმა ოკრიბის მხარეში ჩაიდინა, რომ მთავრობას შესაფერისი ზომები მიეღო ბოროტმომქმედთა წინააღმდეგ.

მეორე - გაგვეხადა დამფუძნებელ კრების მსჯელობის ობიექტად ადმინისტრაციის მოუწყობლობა. შეკითხვის ორივე მიზანი სავსებით მიღწეულია, ასე რომ შეკითხვა ამოწურულათ უნდა ჩაითვალოს, ამიტომ მე სიტყვას არ გავაგრძელებ. უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, ბევრი არ დამრჩა სალაპარაკო განსაკუთრებით იმიტომ, რომ არავინ საწინააღმდეგოს არ ამტკიცებს. იმ საბუთებს, რომელიც მე ხელთ მაქვს, კიდევ დაუმატა ბ. მინისტრმა ახალი საბუთები, რომლითაც ცხადყო, რომ მართლაც დიდ ბარბაროსობას ქონდა ადგილი ოკრიბის მხარეში. და როდესაც მე ბატონ მინისტრს მოვახსენე, რომ 27 აპრილამდი არავითარი ზომები არ ყოფილა მიღებული ბოროტმოქმედთა წინააღმდეგთქო, პასუხათ მივიღე შემდეგი: ადმინისტრაცია არ არის მოქნილი და ამიტომ 20 დღეს განმავლობაში არ გვქონდა შეძლება ზომები მიგვეღოვო. ასე რომ აქაც ბ. მინისტრმა თავის სიუძლურე აღიარა და ამ შემთხვევაში ჩვენ საკამათო არაფერი გვაქვს. მე მინდა მხოლოდ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ საერთოდ ადმინისტრაციის მოუწყობლობის შესახებ. ეს საკითხი მეტად სერიოზული საკითხია. ამ საკითხს მე აქ არ დავაწვრილმანებ ისე, როგორც ეს ოპოზიციის წარმომადგენელმა მარჯვნიდან ქნა. მე უფრო ძირითადათ მინდა საკითხი დავაყენო. ჩვენის აზრით ეს ადმინისტრაციის მოუწყობლობა უმთავრესად გამომდინარეობს იქიდან, რომ საერთოდ არეულია ჩვენი ცხოვრება, არეულია სახალხო მეურნეობა. მე ხაზს უსვამ, ბატონებო, იმ გარემოებას, რომ ცხოვრების ხანგრძლივმა რყევამ, საერთო არევდარევამ შექმნა განსაკუთრებული პატოლოგიური ტიპები. ამ ტიპების დამახასიათებელი თვისებები შემდეგია: მათთვის არავითარი ღირებულება არ არსებობს, თვით სიცოცხლე მათთვის არარაა. ესენი განუსაზღვრელი ენერგიით, მაგრამ მასთან უმიზნოთ, აქეთ-იქით ეხეთქებიან. მათ არ აქვთ დასაყრდნობი წერტილი, სულის ნავთსაყუდელი. და აი ეს ელემენტები სჩადიან ისეთ ბოროტებას, როგორსაც ნორმალური ადამიანი ვერ ჩაიდენს. თუნდაც ის ბოროტმოქმედება, რომელსაც ოკრიბაში ჰქონდა ადგილი, აშკარათ არ მოწმობს, რომ მისი ჩამდენნი სულით დაავადებულნი იყვნენ?! ასეთ პატოლოგიური ელემენტები ბევრნი არიან დღეს, საერთო არევ-დარევის ხანაში. მაგრამ რა ეშველება მდგომარეობას, თუ ასე სერიოზულია ის, თუ ასე ღრმა მიზეზი ჩვენს წინაშე წამოჭრილ ანორმალ მოვლენისა? ასეთ შემთხვევებში ზერელე ზომები საქმეს ვერ უშველის. საჭიროა თვით სათავის გაჯანსაღება, რომ იქედან ღვრია და ბაცილებიანმა წყალმა არ იდინოს.

ჩვენი სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების სათავე მეტად მოწამლულია და თვით ჩვენი მთავრობის საერთო ხაზი ხელს უწყობს ამ ანორმალ მდგომარეობის გაუარესებას. ჩვენს მთავრობას ახასიათებს ორჭოფი პოლიტიკა. ჩვენი მთავრობა ორ სკამზე ზის: მას სურს დემოკრატიას ემსახუროს და ბურჟუაზიის ინტერესებიც დაიცვას. ეს შეუსაბამობაა. ამ შეუსაბამობიდან შეუსაბამო პოლიტიკაც გამოდის. შეუსაბამო პოლიტიკა კი ამეფებს ცხოვრებაში შეუსაბამო მდგომარეობას. მართლაც, განა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატია იყოს პოლიტიკურად ბატონი და ეკონომიურად მონა? წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ჩვენში ფაქტია და ამ შეუსაბამობას ცხოვრების ლოღიკა სასწრაფოთ გაასწორებს: ან დემოკრატია პოლიტიკურად ბატონი ეკონომიურადაც გაბატონდება, ან დაუთმობს თავის ალაგს უფრო ძლიერ კლასს. სხვა გამოსავალი არ არის. (ხმა: შეკითხვასთან რა კავშირი აქვს?) მე მოგახსენეთ, ბატონებო, რომ ადმინისტრაციის მოუწყობლობა და სხვა ასეთი ანორმალობა გამომდინარეობს ძირითადი მიზეზიდან - მთავრობის პოლიტიკის საერთო ხაზიდან, ეს ხაზი კი თავის მხრივ აშენებულია დემოკრატიის როლის ყალბ გაგება-დაფასებაზე და აი, სწორედ ამიტომ მოგახსენებთ მე მთავრობის საერთო პოლიტიკაზე, რომელსაც პირდაპირ პოლიტიკურ და ეკონომიურ განადგურებისაკენ მივყევართ.

საჭიროა ამ ჭაობის ამოშრობა, თორემ ბაცილები მუდამ იქნება და ჩვენი ცხოვრებაც მოშხამული და დაავადებული. მთავრობის ეხლანდელი პოლიტიკა მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ყალბ დებულებიდან გამომდინარეობს. ამ გარემოებისათვის ჩვენ ბევრჯერ გაგვისვამს ხაზი და ეხლაც უსვამთ, რადგან არსებული მდგომარეობა უფსკრულისაკენ მიგვაქანებს. და მომავალი დაგვანახებს მართალი იყო თუ არა ჩვენი შეხედულება.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხსნა სახალხო მეურნეობის აყვავებაშია, მაგრამ ეს აყვავება ძველი სეპარატიული გზით შეუძლებელია, უმრავლესობის პარტია კი ასეთ გზას ადგია, ბურჟუაზიის განმტკიცების გზას. (ხმაურობა. არ ისმის ორატორი) ბურჟუაზია კი ხალხისათვის არაფერს ქმნის, ჩვენ ხალხი უნდა გავამტკიცოთ და არა ბურჟუაზია. უნდა უქნათ მობილიზაცია ხალხის ენერგიას და ის კოლექტიურ შემოქმედებისაკენ მივმართოთ. რაც შეეხება ბურჟუაზიის განმტკიცების გზას, რომელსაც სოციალ-დემოკრატია ადგია, ეს გზა შემცდარი და მავნებელია. სად და როდის გაგონილა, რომ რომელიმე კლასს თვისი მოპირდაპირე კლასის ინტერესების სასარგებლოდ შეგნებულად და აქტიურად ემოქმედოს?! ეს ცხოვრების კანონებს ეწინააღმდეგება. და ეს არც ჩვენში გახდება შესაძლებელი. ამიტომ გაბატონებულმა პარტიამ უნდა შესცვალოს თავისი პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აუცილებელი დამარცხება მოელის. ყოველივე ამასთან უნდა მოვიგონოთ, რომ ბურჟუაზიის სიმდიდრე ერის სიმდიდრე არ არის, რომ ბურჟუაზია ერის მტერია. მოიგონეთ - რევოლიუციის შემდეგ ჩვენი მემამულეები რაღაც კავშირებს აბამდენ ოსმალოს მთავრობასთან (ხმაურობა, ხმა: სიცრუეა! არ ისმის ორატორი). მოიგონეთ საფრანგეთის დიდი რევოლიუცია, მემამულე ემიგრანტების შეთქმულობა მის წინააღმდეგ, მოიგონეთ დენიკინ-მილიუკოვები, რომლებიც სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის იმპერიალისტებს იწვევენ (გვაზავა ადგილიდან: ეგ ფანტაზიაა!) ფანტაზია კი არა, ფაქტია, ბატონებო! ფაქტია, ბატონებო, ისიც, რომ ბურჟუაზიის და ერის ინტერესები ერთი და იგივე არაა. პირიქით ბურჟუაზიის სიმდიდრე ერის სიღატაკეა და რადგანაც ეს ასეა, თუ სოც.-დემ. ბურჟუაზიის სამსახურზე ხელი არ აიღო, მას გარიყავს და სოციალ-დემოკრატული მთავრობა ვერც ადმინისტრაციას მოაწყობს და ვერც ცხოვრებას მოაგვარებს.

ვიმეორებთ, საჭიროა ჩვენი ცხოვრების ძირითადი გადახალისება, მით უმეტეს დღეს, როდესაც მთელი ევროპა ამ გადახალისების გზას ადგია. თუ აქეთკენ არ იქნა მიმართული მთავრობის პოლიტიკა, კიდევ ვიმეორებთ, ის, უეჭველია, განწირულია.

თავმჯდომარის განცხადება.

თავმჯდომარე. ეხლა 3 საათზე მეტი გახლავთ. წინადადება არის ერთი საათით გაგრძელდეს სხდომა, ესე იგი 4 საათამდე. კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი? წინადადება მიღებულია.

გთხოვთ შემოსული ფორმულები წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს):

სოც-დემოკრატ. ფორმულა.

„მოისმინა რა შეკითხვა ოკრიბაში საიდუმლო მილიციის უფროსის ადეიშვილის უკანონო მოქმედების შესახებ და მთავრობის განმარტება, დამფუძნებელი კრება აცხადებს, რომ იგი დაკმაყოფილებულია დამნაშავეთა წინააღმდეგ მთავრობის მიერ კანონიერი ზომების მიღებით და დარწმუნებულია, რომ მთავრობა ყოველ კანონიერ საშვალებას იხმარს, რომ ადმინისტრაციის მოხელეთა თვითნებობას და ბოროტ-მოქმედებას მომავალში ადგილი არა ქონდეს, გადადის მორიგ საკითხზე“.

სოც.-რევოლიუც. ფორმულა.

„მოისმინა რა მთავრობისადმი შეკითხვა ადეიშვილის რაზმის მოქმედების შესახებ და მთავრობის გამმარტება მასზე, დამფუძნებელი კრება ადგენს:

1) მოხდეს სასწრაფო გამოძიება ადეიშვილის რაზმის მოქმედების შესახებ ოკრიბის რაიონში ბოროტ-მომქმედთა აღმოსაჩენად და მათ პასუხის გებაში მისაცემად,

2) დაკმაყოფილებულ იქნეს ადეიშვილის რაზმის მოქმედებით ნივთიერად დაზარალებულნი მთავრობის 10 მილ. ფონდიდან, და

3) დაუყონებლივ განთავისუფლებული იქნეს ის პირები, რომელნიც უსამართლოდ დაპატიმრებულნი არიან ადეიშვილის რაზმის მიერ.

თავმჯდომარე. მე ამ ფორმულებს კენჭს უყრი იმ რიგით, რა რიგითაც შემოსული არის. ვის სურს სიტყვა ფორმულების შესახებ? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი სოც.-დემოკრატების ფორმულისა? ვინ არის მომხრე? თავი ვინ შეიკავა? მიღებულია ს.-დ. ფორმულა.

შემდეგ გახლავთ კანონ-პროექტი სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ჭავჭანიძეს.

კანონ-პროექტი სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო, ეს კანონ-პროექტი შეეხება რკინის გზის მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატებას.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელი მომატება რკინის გზის მოსამსახურეთა ჯამაგირებისა იყო 31 იანვარს; მას შემდეგ 4 1/2 თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ფასები სურსათის და სხვა პირველ მოთხოვნილების საქონლის. აღნიშნულ მომატებას თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მომატება მინიმალური იყო, ეხლანდელ ცხოვრებისთვის ძალიან მცირეთ უნდა ჩაითვალოს, და აი იმ მოსაზრებით, რომ ამ ჯამაგირებით ცხოვრება პირდაპირ შეუძლებელი გახდა, ამ უწყებამ შემოიტანა ახალი კანონ-პროექტი რკინის გზებზე მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გადიდებისა. საერთოდ ის წესი ჯამაგირების მომატებისა, რომელიც დღემდე არის მიღებული, სამინისტროს მიაჩნია უხერხულად და ურიგოთ; ამ შეხედულების არის საბიუჯეტო კომისიაც. წინანდელ სისტემით კვალიფიციური მუშები თითქმის არაფრით არ განისაზღვრებიან შავ მუშებისაგან, და ეს საერთოდ დიდ ზიანს აყენებს საქმის რიგიანათ წაყვანას. როგორც სპეციალური ცოდნის მუშები, ისე კვალიფიციური მუშები სცდილობენ სხვაგან ეძიონ სამუშაო და ამ გზით გაიუმჯობესონ ნივთიერი მდგომარეობა. ჩვენ მეზობელ ადერბეიჯანის რესპუბლიკის რკინის გზაზე ჯამაგირები გაცილებით უფრო მეტი არის, ვინემ ჩვენში. ამით აიხსნება ის, რომ მუშები, რომელნიც ჩვენთვის აუცილებელი საჭირო არიან, სტოვებენ ჩვენს გზებს და გადადიან აზერბაიჯანის ან სომხის რკინის გზებზედ. რომ ეს გარემოება როგორმე ყოფილიყო თავიდან აცილებული, უწყებამ გამოიმუშავა მინიმალური მომატებები ჯამაგირებისა, რომ ჩვენი გზის მოსამსახურეების ჯამაგირები დაახლოვებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის რკინის გზის მოსამსახურეების ჯამაგირებს. განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული სწორედ კვალიფიციურ მუშებს; ამ კანონ-პროექტით ამათი ჯამაგირებით უახლოვდებიან ადერბაიჯანის გზებზე მოსამსახურე კვალიფიციურ მუშების ჯამაგირებს. ჯამაგირების მომატება გამომუშავებულია შემდეგი სისტემით: ყველა მოსამსახურენი გაყოფილი არიან ორ ნაწილათ: პირველი ნაწილი, ეს დაბალი მოსამსახურენი, დაყოფილი არიან 14 კატეგორიათ; და მეორე ნაწილი, ეს უფრო მაღალი მოსამსახურენი, ამ კანონ-პროექტით იყოფებიან 14 ხარისხათ. დაბალ მოსამსახურეების კატეგორიებათ დაყოფა მიღებული იყო პარლამენტის მიერ, ხოლო მაღალ ხარისხის მოსამსახურეების 14 ხარისხათ დაყოფის პროექტი თან ახლავს ამ ახალ კანონ-პროექტს.

ჯამაგირების მომატება მოხდა შემდეგის წესით: აღებულია ძირითადი ჯამაგირები და ეს უკანასკნელი არის პროცენტიულად გადიდებული. პირველი კატეგორიის მოსამსახურე, რომლის ძირითადი ჯამაგირი უდრიდა 183 მან. და 75 კაპ. ის მომატებით მიიღებს სულ 694 მან. და 67 კაპ. ან და პროცენტიულად რომ ვსთქვათ 178 %25 მიმატებული; მე-7 კატეგორია, რომელსაც ძირითადი ჯამაგირი ჰქონდა 341 მ. მომატებულია 665 მან. და 44 კ., სულ მიიღებს 1006 მან. და 69 კ., %25 რომ ავიღოთ 195%25 შეადგენს. უკანასკნელი კატეგორია მუშებისა, რომელთა ძირითადი ჯამაგირი 495 მან. უდრის, მომატებით მიიღებს სულ 1287 მან. რაც შეადგენს 160%25-ის მომატებას. მომატება იმ მოსამსახურეების, რომელნიც კატეგორიის გარეშე არიან და რომელნიც სამინისტროს 14 ხარისხად დაუყვია, ასეთი არის: პირველ ხარისხის მოსამსახურის ძირითადი ჯამაგირი იყო 550 მან, მათ მოემატებათ 770 მან. სულ მიიღებს 1320 მან. უკანასკნელ ხარისხში მეორე ნაწილისა შედის მხოლოდ გზათა დეპარტამენტის უმფროსი, მისი ჯამაგირის მომატებით შეადგენს სულ 2790 მან. ამ კანონ-პროექტს თან ახლავს ნუსხა, ხარისხებათ დაყოფისა, პირველ ხარისხში შედიან (კითხულობს):

1 ხარისხში:

სალიანდაგო და შენობათა ნაწილის დარგში - ჩამორთმეულ ქონების საქმეთა გამგე აგენტი, სადგურ ბათუმისა და ფოთის უფროსები, შუა ცეხების უმცირეს ჯამაგირიანი გამგეები, ტიპო-ლიტოგრაფიის გამგის თანაშემწე.

2 ხარისხში:

სადგურ ტფილისის უფროსი, მოძრაობის რევიზორი, საკომერციო ნაწილის რევიზორ-ინსტრუქტორი, სალიანდაგო და შენობათა ნაწილის ტეხნიკურ განყოფილების ინჟენერი, ქსენონის ექიმები, სამმართველოს იურისკონსულტის უმცროსი თანაშემწეები.

3 ხარისხში:

სალიანდაგო და შენობათა ნაწილის ბუხჰალტერი, საექსპლოატაციო ნაწილის ბუხჰალტერი, შუა ცეხების უდიდეს ჯამაგირიანი გამგე, მთავარ ბუხჰალტერის უმცროსი თანაშემწე.

4 ხარისხში:

დიდი ცეხების გამგენი, სასანიტარო ექიმი, საავადმყოფოს ექიმი, უბნის ექიმი, ტიპო-ლიტოგრაფიის უფროსი, საშემოსავლო ნაწილის აღმრიცხველ-საანგარიშო განყოფილების უფროსი.

5 ხარისხში:

სამექანიკო და სალიანდაგო ნაწილების უბანთა უმცირეს ჯამაგირიანი უფროსები, სალიანდაგო ნაწილის ტეხნიკურ განყოფილების უფროსი ინჟენერი, სატელეგრაფო ქსელის გამგე.

6 ხარისხში:

სალიანდაგო და შენობათა და სამექანიკო ნაწილების საშუალო ჯამაგირიანი უფროსები, მოძრაობის უფროსი რევიზორი, სამასალო ნაწილის უფროსი რევიზორი, მთავარ ბუხჰალტერის უფროსი თანაშემწე, იურისკონსულტის უფროსი თანაშემწე, სადოსტაქრო საავადმყოფოს გამგე პროზექტორი.

7 ხარისხში:

სალიანდაგო და შენობათა და სამექანიკო ნაწილების უბანთა უდიდეს ჯამაგირიანი უფროსები, კანცელარიის მმართველი, საელოქტრონო ნაწილის გამგე, სამექანიკო ნაწილის ტეხნიკურ განყოფილების უფროსი, საექსპლოატაციო ნაწილის ტეხნიკურ განმკარგულებელ განყოფილების გამგე, სანავთსადენო ნაწილის უფროსის თანაშემწე, საშემოსავლო ნაწილის უფროსის თანაშემწე.

8 ხარისხში:

მთავარ სახელოსნოების უფროსი თანაშემწე, ტფილისის საავადმყოფოს გამგე.

9 ხარისხში:

სალიანდაგო და შენობათა ნაწილის ტეხნიკურ განყოფილების უფროსი, ვაგონთა განყოფილების უფროსი.

10 ხარისხში:

გზათა უფროსთან საგანგებო მინდობილებათა ინჟენერი, სალიანდაგო და შენობათა ნაწილის უფროსის თანაშემწე, ექსპლოატაციის მოძრაობის ნაწილის უფროსის თანაშემწე, ექსპლოატაციის საკომერციო ნაწილის უფროსის თანაშემწე, ორთქლმავალთა განყოფილების უფროსი, სამასალო განყოფილების უფროსი.

11 ხარისხში:

მთავარ სახელოსნოების უფროსი, მთავარი ბუხჰალტერი, საშემოსავლო ნაწილის უფროსი, იურისკონსულტი, ნავთსადენის ნაწილის უფროსი, სამკურნალო ნაწილის უფროსი.

12 ხარისხში:

სალიანდაგო და შენობათა ნაწილის უფროსი, საექსპლოატაციო და სამექანიკო ნაწილების უფროსები.

13 ხარისხში:

გზათა უფროსის თანაშემწე.

14 ხარისხში:

გზათა უფროსი.

აი, ასეთნაირად არიან დანაწილებული უფროსი მოსამსახურეები. ამ კანონ-პროექტით მომატება სულ შეადგენს 20226735 მან. სამინისტროს აქვს დაახლოვებით გამორკვეული შემოსავალი რკინის გზისა და მისი ხარჯები. ამ ანგარიშის მიხედვით რკინის გზა დაახლოვებით მოგვცემს 13 მილიონს დეფიციტს. კანონ-პროექტზე თანდართულ განმარტებითი ფურცელში სამინისტროს აქვს ჩამოთვლილი ზომები, რომლებიც საშუალებას მისცემენ გზათა უწყებას საგრძნობლად შეამციროს ეგ დეფიციტი. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ გზათა უწყებას აზრად აქვს გამოიმუშავოს ნორმა იმისა, თუ რამდენი სათბობი მასალა უნდება ორთქლმავალს, რამდენს დასწვავს ნორმალურ პირობებში - ნორმალურ მუშაობის დროს. ეხლანდელ დროში ჩვენი რკინის გზა ძალიან ბევრ ნავთს იხარჯავს, დაახლოვებით 600,000 ფუთს თვეში. ნორმალურ პირობებში კი 300,000 ფ. იქნება საკმარისი. მიიღეს რა მხედველობაში ზემოხსენებული საბიუჯეტო და გზათა კომისიებმა, ამ კანონ-პროექტის მიღება შესაძლებლად სცნეს.

გზათა დეპარტამენტის დირექტორის . ჭიჭინაძის მოხსენება.

გზათა მინისტრის მინდობილობით პატივი მაქვს მოვახსენო დამფუძნებელ კრებას ზოგიერთი განმარტებანი კანონ-პროექტის შესახებ. ამას საჭიროდ ვსცნობთ ჩვენ იმიტომ, რომ საქართველოს რკინის გზების შესახებ გავრცელებულია საზოგადოებაში არა სწორი ცნობები და ეს ერთგვარ გაკვირვებას იწვევს.

ძირითადი მიზეზი ამ მომატებისა მოგახსენათ ეხლა დამფუძნებელ კრების წევრმა, ამიტომ დაწვრილებით ამაზე არ მოგახსენებთ, მხოლოდ ვიტყვი, რომ ამ მომატების მაგივრად გზათა უწყება მოწადინებული იყო სხვა ზომები ეხმარა და მისი იმედები იყო დამყარებული იმ პურზე, რომელსაც დაგვპირდენ უცხოელები; მათ უნდა მიეცათ რკინის გზისთვის 30 ვაგონი თვიურად. ეს რაოდენობა, რასაკვირველია, შეამცირებდა იმ კრიზისს, რომელიც არის ეხლა სიძვირის გამო. უკამათოა, რომ ეს სიძვირე საგრძნობლად გაიზარდა უკანასკნელ 4 თვის განმავლობაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იმედები არ გამართლდა, უცხოელებმა უარი სთქვეს ამდენ რაოდენობაზე და გვაძლევენ მხოლოდ 9 ვაგონს, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ რკინის გზის მოსამსახურეები სახაზინო გზაზე შეადგენენ 13,000 კაცს, მათი ოჯახები თითქმის 60,000 ახწევენ, ეს რაოდენობა 1/5 გირვანქა პურს პურს მისცემდა თითოს და ეს, რასაკვირველია, ვერ გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვიყავით მართლაც მიგვემართა იმ აუცილებელ და სამწუხარო საშუალებისთვის, რომელიც გამოიხატება ჯამაგირების მომატებაში. გარდა ამ მიზეზისა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ განრიგება ჯამაგირებისა, რომელიც არსებობს რკინის გზაზე, ეწინააღმდეგება იმ ტეხნიკურ მოთხოვნილებებს, რომლებსაც გვიყენებს ჩვენ საზოგადოდ ყოველგვარი ტეხნიკური წარმოება. ეს განრიგება კატეგორიებათ, 14 კატეგორიათ დაყოფა მოხდა იმ დროს, როდესაც ყოვლად შეუძლებელი იყო ამ საკითხის ისე გამორკვევა, როგორც საჭირო იყო, და არც გამოცდილება იყო ამაში. ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ეშელონები მიდიოდნენ აქედან და ამიტომ, რასაკვირველია, დაჩქარებით იყო გატარებული ეს განრიგება, რომ ერთგვარი წესრიგი ყოფილიყო შემოღებული რკინის გზაზე. უმთავრესი ნაკლი ამ განრიგებისა არის ის, რომ მასში არ არის ჯეროვანი შეფასება იმ კვალიფიციურ მუშებისა, რომელნიც მოწყვეტილნი არიან სოფელს და ამრიგად საჭიროებენ მეტ საზოგადოებას, ვიდრე დაბალ კატეგორიის მუშები, რომელნიც ლიანდაგზედ მუშაობენ და ამრიგად სოფელთან არიან დაკავშირებულნი. კვალიფიციური მუშები, რომელნიც 10 წლობით მუშაობდნენ ხოლმე, იძულებულნი არიან დაანებონ თავი სამსახურს, მიდიან, როგორც მოგეხსენებათ თქვენ, მეზობელ აზერბაიჯანის რკინის გზაზე, სადაც უფრო ძნელი პირობების გამო, ჯამაგირი უფრო იყო მომატებული. უკანასკნელ დროს, ამ წასვლამ ნამეტანი მასიური ხასიათი მიიღო. ჩვენ უკვე დავკარგეთ მრავალი კვალიფიციური მუშა სახელოსნოში და ეს, რასაკვირველია, დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ რკინის გზას თუ ამის წინააღმდეგ არ იქნება მიღებული ზომები. ძირითადი დებულება ჯამაგირების ახალ მომატებისა მდგომარეობს იმაში, რომ ამ კლასიფიციურ მუშებს და აგრეთვე მოსამსახურეებს, რადგანაც ასეთივე მდგომარეობაში არის ერთი ნაწილი უფროსი მოსამსახურეებისაც, ეგრედწოდებული სპეციალისტები, რომელნიც მუშაობენ უმთავრესად სახელოსნოს ცეხებში, ან გამგეობაში, და რომელნიც აგრეთვე მოწყვეტილნი არიან სოფელს და ამიტომ მათი მდგომარეობა შედარებით უარესია, ვიდრე იმათი, ვინც ლიანდაგზე მსახურობენ - იმათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ჯამაგირები დაუახლოვდეს ადერბეიჯანის რკინის გზის ჯამაგირებს, რასაკვირველია, იმ შესწორებით, რომ ადერბეიჯანის პირობები ჩვენ პირობებთან შედარებით გაცილებით უარესი არიან. ეს მტკიცდება იმით, რომ იქ უფრო დიდ ჯამაგირზედაც არ მიდიან ჩვენი მოსამსახურეები. ამიტომ ასეთი შესწორება შემოვიტანეთ ჩვენ იმ კატეგორიის პირებისთვის, რომლებზედაც აქ უკვე მოახსენეს დამფუძნებელ კრებას, რომ სადაც იწყობა კლასიფიციური მუშები, ესე იგი მეშვიდე კატეგორიიდან და ეს ჯამაგირები უახლოვდება ადერბაიჯანის ჯამაგირებს. ასე მიდის 14 კატეგორიამდი და პირველი ხარისხიდან მეოთხემდი, ხოლო უმაღლესი მოსამსახურეები ისევ უფრო ნაკლებ ჯამაგირებს ღებულობენ, ვიდრე ადერბაიჯანის რკინის გზაზე. მაგალითად, შემიძლიან ვსთქვა, რომ მუშა პირველ კატეგორიისა იღებს ჩვენი პროექტით 694 მან., აზერბაიჯანში კი 830 მან. პირველ და მეორე კატეგორიას, უმთავრესად ლიანდაგის მუშები შეადგენენ. მაგალითად მეორე კატეგორიაში ირიცხება 3331 კაცი. მათ შორის 2300 კაცი, ეგრედწოდებული რემონტის მუშები. ესე იგი ლიანდაგზე მომუშავარნი და ისინი, როგორც მოგახსენეთ ცხოვრობენ სოფლების სიახლოვეს, ზოგიერთი საკუთარი სახლის სიახლოვეს. ამათ, მაგალითად, მეორე კატეგორიით, ერგებოდათ ადერბაიჯანის გზის წესით, ერგებათ გაცილებით მეტი ვიდრე ჩვენი კანონ-პროექტით. ეს განსხვავება იმიტომ არის, რომ შეუდარებელია პირობები სამსახურისა, მაგალითად ევლახის რაიონში და სურამის გადასავალზე, ან თუნდაც იმერეთში, ან აქ გორის მაზრაში. რაც შეეხება კვალიფიციურ მუშებს აქ განსხვავება ნაკლებია. ავიღოთ მეათე კატეგორია, აქ არის წარმოდგენილი თვიურად 750 მან. ადერბაიჯანის რკინის გზაზე იმავე კატეგორიისთვის არის 892 მანეთი, 14 კატეგორიისთვის აქ არის 1287 მანეთი, ადერბაიჯანის რკინის გზაზე არის 1327 მანეთი. აქ დაახლოვებით 5 თუმნამდე არის განსხვავება. რაც შეეხება უმაღლეს აგენტებს, აქ განსხვავება იზრდება, ავიღოთ მაგალითად მე 14-ხარისხი, გზების უფროს აზერბაიჯანში აქვს 3240 მან. აქ არის განზრახული 2790 მან. ამ რიგად ზემოხსენებულ პრინციპზე არის აშენებული ეს მომატება ჯამაგირებისა. როგორც მოგეხსენებათ, კატეგორიის გარეშე მყოფი მოსამსახურეები მხოლოდ ეხლა ნაწილდებიან კატეგორიებათ და მომატება ამდენს ეძლევათ იმავე პრინციპით, როგორც კატეგორიაში მყოფ მოსამსახურეებს, ძირითადი ჯამაგირი ისევე, როგორც იყო შემოღებული კატეგორიაში მყოფ მოსამსახურეებისთვის. კანონში არის აღებული საფუძვლად და ამისგან დროებითი მომატება წარმოსდგება როგორც პროცენტი. პირველ კატეგორიისთვის მომატება არის 14 პროცენტი, მე-14-ტე კატეგორიისთვის 55 პროც., ხოლო ძირითადი ჯამაგირი მე-14-ტე კატეგორიისთვის არის 1800 მან., პირველისთვის კი - 550 მანეთი.

როდესაც ეს კანონ-პროექტი მუშავდებოდა გზათა უწყებაში შრომის სამინისტროსთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, გავჩერდით იმ საკითხზე, რომ ეს კატეგორიებათ დაყოფვა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, რადგანაც ერთ და იმავე კატეგორიაში იმყოფებიან ისეთი მომუშავენი, რომელთა შედარება მუშაობის მხრივ ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ, ამ საკითხის გადაწყვეტა ეხლა, როდესაც სიძვირის გამო მართლაც ძვირი შეიქნა ცხოვრება, და არსებულ ჯამაგირების მოუმატებლად დატოვება ამ გადაწყვეტამდი ყოვლად შეუძლებელია. ამისთვის საჭირო არის დიდი მუშაობა, რომელიც ეხლა სწარმოებს და საჭირო არის, რომ ეს საკითხი განხილული იქნეს, როგორც ადმინისტრაციისაგან, აგრეთვე აწონ-დაწონილი იქნეს იმათგანაც, რომელთაც ეხებოდა ასეთი კატეგორიებათ დაყოფვა. ეხლა არსებული დაყოფვა მოხდა ამისთანა თანამშრომლობით, უამისოდ ძნელია ცხოვრებაში გატარება და დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგანაც ჩვენ თუ დაჩქარებით ვიმუშავეთ, ვერ შევძლებთ მის ასრულებას ჯეროვანად. როგორც მოგახსენეთ, ეს მუშაობა წარმოებს ეხლა.

როდესაც ჩვენ მომატების ვარიანტებს ვათვალიერებდით, ჩვენ რასაკვირველია ხელვმძღვანელობდით გარდა იმ მოსაზრებათა, რომლებზედაც მოგახსენეთ, იმითაც, შეგვიძლია თუ არა ჩვენ მომატება ისეთი, რომ რკინის გზა მთლიანად არ დაიღუპოს და მომატებამ არ გამოიწვიოს იმდენი ხარჯები, რომელთა დაფარვის არავითარი იმედი გვექნება. რასაკვირველია, ამისათვის არის ადვილი ზომა, ეს არის ტარიფის მომატება, მაგრამ ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა, როდესაც ყოველი სხვა საშუალება - ზომა ამოწურული იქნება. ჩვენ ვარჩიეთ და ამოვირჩიეთ ის ვარიანტი მომატებისა, რომელიც ერთ მხრივ შეუმსუბუქებს სიძვირეს ცხოვრებისას, მაგრამ, გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ როგორმე ეს ხარჯები თვითონ გასწიოს რკინის გზამ და არ გამოიწვიოს ხელახალი ბეჭდვა ფულისა. ვარიანტი, რომელზედაც ჩვენ გავჩერდით, იწვევს ზედმეტ ხარჯს 43 1/2 მილიონ მანეთს დამატებითი იმისა, რაც არის. უნდა მოგახსენოთ, რომ მთელი ხარჯთ-აღრიცხვა სახაზინო რკინის გზებისა, სანამდი 31 იანვრის კანონით გავადიდებდით ჯამაგირებს, შეიცავდა მთლიანად 181 მილიონ მანეთს. ამას უნდა დაუმატოთ ზოგიერთი ის ხარჯები, რომელიც არ იყო შეტანილი აქ, რადგანაც აპირებდნენ ზოგიერთი ნაწილის სხვა სამინისტროებისთვის გადაცემას. ეს არის რკინის გზის მილიცია, რომლის ხარჯებს ეხლაც ისტუმრებს რკინის გზა, სამოსწავლო ნაწილი და სხვა, ესე იგი ხარჯები, რომელნიც შეადგენენ დაახლოვებით 3 მილიონ მანეთს. 31 იანვრის კანონის ძალით ამას მოემატა 20 მილიონი მანეთი. ამის შემდეგ, როდესაც ეს კანონი იქნება მიღებული, და მასში შესწორება არაფერი იქნება, ჩვენ გვექნება სულ რკინის გზის გასავალი 244 მანეთი დაახლოვებით. როდესაც გასავალზე ვლაპარაკობთ ყოველთვის საჭიროა ვიცოდეთ ის, რაც შემოგვაქვს და ამას ვითვალისწინებდით ჩვენ, როდესაც ამ ვარიანტზე ვჩერდებოდით. შემოსავალი იმ ცნობებით, რომელიც წინასწარ ჩვენ გვაქვს. მე უნდა ავხსნა, რატომ ვხმარობთ სიტყვას „წინასწარი“, იმიტომ, რომ უწინდელი წესით ამ შემოსავლის ანგარიში შეუძლებელია. უწინდელ დროში ხმარობდნენ სტატისტიკას სამი ოთხი წლის განმავლობაში და ამისდა გვარად იანგარიშებდნენ ხოლმე შემოსავალს. ეხლა კი იძულებული ვართ, დღევანდელი ცხოვრებით ვიხელმძღვანელოთ, რადგანაც მდგომარეობა უმჯობესდება და იზრდება შემოსავალი. ჩვენ არ შეგვიძლიან ვიხელვმძღვანელოთ შარშანდელი სტატისტიკით, ჩვენ უნდა ვიხელვმძღვანელოთ იმით, რასაც ვხედავთ დღეს. ის ციფრები, რომელთაც მოგახსენებთ არიან დამყარებული იმ სტატისტიკურ ცნობებზე, რომელნიც მოხდენილია ამ ბოლო თვეებში. ჩვენ იმედი გვაქვს თუ არ გაუმჯობესდება უარესად საქმე არ იქნება და ეს ციფრები გამართლდებიან. შემოსავალი მგზავრებისაგან მივიღეთ 68.400.000 მანეთი. ბარგისაგან და დიდ სიჩქარის საქონლისაგან 9.600.000 მან. საქონლის გადაზიდვაში, იქვე შედის სამხედრო გადაზიდვაც, 104.500.000 მანეთი, დამატებითი შემოსავალი, სადგურის გადასახადები 21.630.000 მანეთი, სხვა და სხვა შემოსავალი 1.870.000 მან. სულ 206 მილიონი მანეთი არის. მაგრამ ამის გარდა არსებობს დროებითი სამხედრო გადასახადი რკინის გზაზე, რომელიც მგზავრების გადაზიდვაში იძლევა 19.500.000 მანეთს, და ტვირთის გადაზიდვაში 5.500.000 მანეთს, ამრიგად მთელი შემოსავალი რკინის გზაზე არის 231 მილ. მან. ესე იგი დეფიციტი არსებულ პირობებში, რომელიც გვაქვს ეხლა არის 13 მილიონი მანეთი. ამ დეფიციტის დაფარვის შესახებ, რასაკვირველია, მიღებული გვაქვს ზოგიერთი ზომები და ვიმედოვნებთ, რომ დაფარული იქნება ეს დეფიციტი. რასაკვირველია უნდა მივმართოთ შტატების შემცირებას იმიტომ, რომ, თავისთავად ცხადია, რომ 13.000 კაცი მოსამსახურე რკინის გზაზე, რომელიც შეიცავს 720 ვერსს, არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ მოვლენათ. მაგრამ არც ის შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს შემოკლება შეიძლება მოხდეს 2-3 დღეში. თანდათან მუშაობის გაუმჯობესება მოგვცემს ამას; სხვა და სხვა ზომების მიღება, ნაყოფიერებასაც ასწევს და უსათუოდ მუშების რიცხვი შემცირდება. გარდა ამისა უნდა შეიცვალოს პსიხოლოგია იმ რკინის გზისა, რომელიც გადავიდა საქართველოს მთავრობის ხელში. პსიხოლოგია ეს იყო სახაზინო რკინის გზის პსიხოლოგია, სადაც ყველანი იყვნენ მიჩვეულნი, რომ 20-ში მიიღებენ ჯამაგირს და არც უმცროსი და არც უმფროსი არ სცდილობდა, რომ რკინის გზა ყოფილიყო შემოსავლიანი. ნამეტნავად იმიტომ, რომ მაინც მაშინ იყო დიდი შემოსავალი, ვინაიდან გადაზიდვა იყო ნავთისა და შავი ქვისა.

ამრიგად, შეიძლება შემცირება მოხდეს თანდათან. იმედი გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, როდესაც ამ რკინის გზას ჩავაყენებთ ნორმალურ კალაპოტში და ეს მოხერხდება თუ ჩვენგან დამოუკიდებელ პირობებმა ხელი არ შეგვიშალეს, მაშინ 8.000 მუშა-მოსამსახურე უნდა იყოს. ნარდად მუშაობის შემოღების შესახებ მე არ გავაგრძელებ სიტყვას, მოგახსენებთ მხოლოდ, რომ ეს მუშაობა სწარმოებს ზოგიერთ დარგში. ეს უკვე შემოღებულია და არ იწვევს წინააღმდეგობას, არამედ თითონ ეს მომუშავენი ხედავენ, რომ ეს საჭიროა რკინის გზისთვის და ეს სისტემა გატარებული იქნება ცხოვრებაში. ყველაზე უფრო დიდ ნაყოფს მივიღებთ ჩვენ სათბობ მასალის ნაკლებ ხარჯისაგან. უნდა მოგახსენოთ, რომ ამაზე იხარჯება წლიურად დაახლოვებით 70 მილ. მანეთი. ეს ფული მიდის უმთავრესად აზერბაიჯანში, რადგანაც იქიდან მოგვდის ჩვენ ნავთი, ეს არის პირდაპირ სავალდებულო გადასახადი ჩვენი რესპუბლიკისა აზერბაიჯანისადმი. რაც უფრო შევამცირებთ ამ ხარჯვას, ამით მივახწევთ არა მარტო ეკონომიას რკინის გზაზე, არამედ, საზოგადოდ, ფინანსიურის მხრივაც ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. და უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ნავთის ხარჯვა ორთქლმავლებზე ხდება მეტად უწესოდ. ორთქლმავალის ბრიგადები არ არიან დაინტერესებულნი ქონებრივად იმაში, რომ ეს ნავთი ნაკლებად ხარჯონ. და შეუძლებელია, რომ ეკონომია დავამყაროთ მხოლოდ იმაზე, რომ კაცი გრძნობს მე ვარ რესპუბლიკის მოქალაქე და ამიტომ ნაკლები უნდა ვხარჯოვო. თუ არ მივეცით რაიმე იმპულსი ყოვლად შეუძლებელია, რომ ეს საქმე მოწესრიგდეს. უწინდელ დროს დიდ ხარჯისთვის ჯარიმა ედებოდა მოსამსახურეებს, ჩვენ ამ ზომას ვერ მივმართავთ, რადგან არავითარ ნაყოფს არ მივიღებთ. ჩვენ ვაძლევთ იმ მინიმუმს ჯამაგირისას, რომელიც უნდა ყველას და ამ მინიმუმის შემცირება ყოვლად შეუძლებელია, - ამას ვერც მოვახერხებთ. მოსამსახურე, ადმინისტრატიულ წესით უნდა იყოს ან დასჯილი, ან განდევნილი სამსახურიდან იმიტომ, რომ არ ვარგა სამსახურისთვის, თუ ნორმის ასრულებას ვერ შესძლებს. ერთად-ერთი ზომა, რომელიც ეკონომიას მოახდენს, არის ამ ეკონომიის ნაწილის მოსამსახურესათვის ჯილდოთ მიცემა. თუ 10%25-ით შემოკლდა ხარჯვა ნავთისა, 600.000 მანეთი იქნება ეკონომია თვეში. ამრიგად ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

უნდა აღვნიშნოთ, სანამ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ადერბაიჯანთან, სანამ ჩვენ მოგვაქვს იქიდან ნავთი და შინაური წყაროები არა გვაქვს, შეგვიძლიან მხოლოდ როგორმე შევამოკლოთ ეს დეფიციტი. მაგრამ შემოსავლიანობა ჩვენ რკინის გზაზე დამყარებულია იმაზე, რომ ჯერ ერთი, გადიდებული იქნეს გადაზიდვა, მაგალითად, თუ გვექნა საშუალება, რომ გავიტანოთ შავი ქვა, რომელიც უკანასკნელად 1913 წელს იყო გატანილი 60 მილ. ფუთი, ეხლა კი ჩვენ გავიტანეთ ჯერ-ჯერობით 100,000 ფუთი. გარდა ამისა, უნდა გავხსნათ საშუალება გასანათ ნავთის გადაქაჩვისა, ეს მოგვიტანს დიდ შემოსავალს, 25 მილიონი ფუთი იყო წელიწადში. მაგრამ არც ეს გვაძლევს დიდ შემოსავალს თუ შინაური წყაროები სათბობი მასალისა არ გვექნება. ძნელია დღეს ელექტროფიკაციაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ამისთვის მომზადებული უნდა ვიყვეთ, ჩვენში გზათა უწყებამ უნდა მიიღოს ყოველგვარი ზომები და პირველ დღესვე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ეს მოხერხდეს, ჩვენ დამზადებულნი უნდა შევხვდეთ ელექტროფიკაციის შემოღებას რკინის გზაზე, რადგანაც უამისოდ ჩვენი რკინის გზის დამოუკიდებელი ცხოვრება ძალიან ძნელი იქნება, ყოველთვის უპირატესობა ექნება ადერბაიჯანის რკინის გზას, რომელსაც თავის საკუთარი წყაროები აქვს. ეხლა ძნელია ამაზე ლაპარაკი, რადგანაც ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამ ელექტროფიკაციას. მაგრამ ჩვენ შევიმუშავებთ ამ საკითხს და პირველ დღესვე როგორც კი შესაძლებელი იქნება, ამ საკითხის არც ისე ძნელია განხორციელება, ჩვენ ამას შემოვიღებთ აქ და ამით შევამცირებთ ხარჯს რკინის გზისას და მართლაც შევქმნით რკინის გზისაგან შემოსავლის წყაროს ჩვენი რესპუბლიკისათვის.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს.

ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? მუხლობრივი განხილვა იქნება შემდეგ სხდომაზე.

გთხოვთ მოისმინოთ შემდეგ სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს შემდეგ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. კრებას ვხურავ.

კრება იხურება ნაშუადღევის 3 საათსა და 55 წუთზე.

2.6.2.9 მეჩვიდმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 . მაისის 16. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობენ დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

და სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

კონსტანტინე ჯაფარიძე,

და გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დილის 11 ს. და 35 წუთზე ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. კიდევ ერთხელ მოისმინეთ დღიური წესრიგი.

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტი.

მდივანი. სანამ დღიურ წესრიგზე გადავიდოდეთ მოგახსენებთ კანონ-პროექტს, რომელიც შემოტანილია სათანადო კომისიაში გადასაცემად. (კითხულობს).

იუსტიციის მინისტრის კანონ-პროექტი ქუთაისის დროებით საგანგებო სასამართლოს შტატის დამტკიცების შესახებ.

გადაეცეს იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. განხილვა დეკრეტის პროექტისა საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 31 კანონის (სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნისა) განგრძობის შესახებ.

2. განხილვა (პირველი) კანონ-პროექტისა რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტების ჯამაგირების მომატების შესახებ.

3. განხილვა დადგენილებისა რკინის გზების საწყობებში საქონლის შენახვის ვადის შემცირების შესახებ.

4. განხილვა (პირველი) კანონ-პროექტისა საუკეთესო სახელმძღვანელოთა ავტორებისათვის პრემიების მისაცემად 100,000 მან. გადადების შესახებ.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ოჯახური მდგომარეობით ჯარში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მიწების მიმღებ კომისიებში მომუშავეთათვის სარგოს გადიდების შესახებ.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლისათვის 4.075.581 მან. 16 კ. გადადების შესახებ - თანახმად საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 28 კანონისა.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამოქალაქო კანონთა კრებულის მე-10 ტომის 1 ნაწილის მე-9 მუხლისა და სისხლის სამართლის სასჯელთა დებულების მე-1165 მუხლის გაუქმების შესახებ.

9. შეკითხვა ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - სასამართლოს პალატის უფროსის მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ.

10. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა - ძეგვის ხიდის ამფეთქებელთათვის სიკვდილით დასჯის 12 წლის კატორღით შეცვლის შესახებ.

11. შეკითხვა ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა და სხვათა სასჯელისაგან სრულიად განთავისუფლების შესახებ.

12. განხილვა დეკრეტისა - სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.

13. განხილვა დეკრეტისა - ფოსტა ტელეგრაფის დაწესებულებათა მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.

14. განხილვა დეკრეტისა 500.000 მ. გადადების შესახებ ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად რესპუბლიკის სამინისტროების მოსათავსებლად.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვინმეს სიტყვა საკითხების რიგის შეცვლის შესახებ? მსურველი არავინ არის.

მაშასადამე პირველი საკითხი იქნება: განხილვა დეკრეტის პროექტისა საქართველოს პარლამენტის 1919 წლის იანვრის 31-ს კანონის (სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნისა) გაგრძელების შესახებ.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ბატონი ონიაშვილი. მომხსენებელი არ არის.

შემდეგი საკითხი - განხილვა კანონ-პროექტისა რკინის გზის, - კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტების ჯამაგირების მომატების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, კრების წევრს ჭავჭანიძეს.

კანონ-პროექტი რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტების ჯამაგირების მომატების შესახებ.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! ეს კანონ-პროექტი, ასე ვთქვათ, დამატებითი კანონ-პროექტი არის ჯერ კიდევ 24 იანვარს მიღებულ კანონისა. ამ კანონ-პროექტით რკინის გზის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც კატეგორიაში არიან შეტანილნი მოემატათ ჯამაგირები, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელნიც კატეგორიის გარეშე არიან, დარჩნენ. ისინი ამ კანონ-პროექტში არ შედიოდნენ და მომატება არ ჰქონდათ. ამის გამო გასულ 4 თვის განმავლობაში კატეგორიის გარეშე მყოფ მოსამსახურეებს ჯამაგირების მომატება არ ჰქონიათ. ამან შექმნა ისეთი არანორმალური მდგომარეობა, რომ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც თანაშემწენი იღებდნენ თავის უფროსებზე მეტ ჯამაგირს. რომ სწორედ ეს არანორმალური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული, უწყებამ შემოიტანა ეს დამატებითი კანონ-პროექტი. ამ კანონ-პროექტის მიზანია, რომ ცოტათი მაინც გამოასწოროს ის შეუსაბამობა, რომ თანაშემწე არ იღებდეს უფროსზე მეტს. კატეგორიის გარეშე დარჩენილი მოსამსახურეები უწყებამ დაჰყო ცამეტ ხარისხად. მომატება ასეთნაირად ნაწილდება: ის ვინც იღებდა 850 მან., მას ემატება 28 პროც., შემდეგ პროცენტები აკლდება თანდათანობით, უკანასკნელ მეცამეტე ხარისხის მოხელეს ემატება მხოლოდ 11 პროც. როგორც მოგახსენეთ, ამ კანონ-პროექტის მიზანი იყო მხოლოდ შეუსაბამობის გამოსწორება, რომ უფროსი არ იღებდეს თავის უმცროსზე, ან თავის თანაშემწეზე უფრო ნაკლებს. ამ კანონ-პროექტით გამოთხოვილი არის მომატება 5 თვით. 5 თვისთვის მოითხოვენ სულ 192.000 მანეთს. მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინა სხდომაზე ერთი კანონ-პროექტი, რომელიც ძალაში შედის 1 მაისიდან; ამ კანონ-პროექტში შედიან ის მოსამსახურეებიც, რომელნიც აქ არიან. ასე რომ, ჩვენის აზრით, ეხლა ამ კანონ-პროექტით უნდა იქნეს გაღებული არა 5 თვის მომატება, არამედ მარტო 4 თვისთვის, ეს კი შეადგენს სულ 87360 მან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? მსურველი არავინ არ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? მაშასადამე, პირველი განხილვა დამთავრებული არის. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.

შემდეგი საკითხი: განხილვა დეკრეტისა საქართველოს პარლამენტის 1919 წლის იანვრის 31 კანონის (სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნისა) გაგრძელების შესახებ. მომხსენებელია კრების წევრი დავით შარაშიძე.

განხილვა დეკრეტის პროექტისა საქართ. პარლამენტის 1919 . იანვრის 31 კანონის განგრძობის შესახებ.

დავით შარაშიძე. მოქალაქენო! დამფუძნებელი კრების არჩევნების მოხდენის წინ საქართველოს პარლამენტმა შესწყვიტა თავისი საკანონმდებლო მოღვაწეობა და ვინაიდან მაშინ ბიუჯეტი შემუშავებული არ იყო, რომ მთავრობისთვის შეძლება მიეცა იმ დროს განმავლობაში, როდესაც საკანონმდებლო დაწესებულება არ იქნებოდა, მთავრობას შეენახა სახელმწიფოებრივი დაწესებულებანი, ამიტომ საქართველოს პარლამენტმა 31 იანვარს მიიღო სპეციალური კანონი, რომლის ძალითაც ის ნებას აძლევდა მთავრობას ყოველ თვიურად 1 მაისამდე გაეღო განსაკუთრებული თანხა სახელმწიფო დაწესებულებების შესანახად. ეს თანხა იყო ნავარაუდევი 28 1/2 მილ. თვიურად. ვადა მაშასადამე ამ კანონის მოქმედებისა გავიდა 30 აპრილს. 1 მაისს მთავრობას აღარ აქვს ნება ამ კრედიტით ისარგებლოს ისე, როგორც სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა. ამ დეკრეტის სახით მოითხოვს მთავრობა, რომ ამ კანონის მოქმედება გაგრძელებული იყოს კიდევ ერთი თვით.

ამის გარდა, ამ სამი თვის განმავლობაში მთავრობა სარგებლობდა არა მარტო ამ ყოველ თვიურ ნავარაუდევ კრედიტით, 28 1/2 მილიონით, არამედ აგრეთვე იმ კრედიტებით, რომელიც მას გაეხსნა იანვრის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და კანონებით და რომლებიც 28 1/2 მილიონში ნავარაუდევი არ იყო.

აი ამ კანონის მოქმედების გაგრძელებას მოითხოვს მთავრობა მაისის განმავლობაში.

ამაში მდგომარეობს ამ კანონის შინაარსი.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობის შესახებ ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ. მომხსენებელი კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი: განხილვა რკინის გზების საწყობებში საქონლის შენახვის ვადის შემცირების შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი ივანე ჭავჭანიძე.

განხილვა დადგენილებისა რკინის გზების საწყობებში საქონლის შენახვის ვადის შემცირების შესახებ.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო, არსებული წესებით რკინის გზების საწყობებს ძალიან დიდი ხნით უხდებოდა ხოლმე მოსულ საქონლის შენახვა. დღევანდელ პირობებში საქონელი სწრაფად იცვლის პატრონს. საქონელი მოვა რკინის გზით, მას დააწყობენ საწყობში და პატრონი არც კი ფიქრობს წაიღოს თავის დროზე; ხშირად რკინის გზის საწყობში მოთავსებული საქონელი სამ ოთხ პატრონს იცვლის, და ეს საქონელი საწყობებში რჩება, სანამ უკანასკნელად არ მოვა მყიდველი ამ საქონლისა. ეს გარემოება ძალიან ცუდ პირობებში აყენებს რკინის გზის ადმინისტრაციას, რადგანაც ხშირად არა აქვთ საშუალება მოსულ საქონლისთვის ბინა იშოვოს; ეს გარემოება იწვევს იმას, რომ ხშირად მთელი კვირაობით და თვეობითაც საქონელი გადმოუტვირთველი რჩება ვაგონებიდან, რაც დაუშობელია ვაგონების სიმცირის გამო. უდიდესი ვადა ისეთ საქონლისთვის, რომელიც ფუჭდება და რომლის შენახვა დიდი ხნობით არ შეიძლება, 15 დღეა; სამინისტროს წინადადებით შენახვის ვადები უნდა შემოკლდეს. რკინის გზის წესდების მე-84 მუხლში აღნიშნული საქონლის შენახვა უნდა შემცირდეს 5 დღემდე. იმავე წესდების მე-90 მუხლში აღნიშნული ვადა 15 დღემდე და იმავე წესდების 90 მუხლით დაწესებული ოთხი თვის მაგივრად დაწესებული იქნას ერთი თვე. დღემდე არსებულ დიდ ვადას მნიშვნელობა ქონდა მაშინ, როდესაც დიდ, ვრცელ რუსეთს უერთდებოდა ჩვენი რკინის გზა. ხშირად როდესაც საქონელი უნდა ჩამოსულიყო ან ციმბირიდან, ან შორეულ ჩრდილოეთიდან, მაშინ მეტი დრო უნდა ჰქონოდათ საქონლის მიმღებლებს, რომ ამ ხნის განმავლობაში რკინის გზის საბუთი მოსვლოდათ. ეხლა კი ჩვენი რკინის გზა პატარა ტერიტორიით განისაზღვრება და ცნობის მიღება, ან საბუთის მიღება, რომ საქონელი გამოგზავნილი არის, ნაკლებ დროს მოითხოვს. საჭირო არ არის ისეთი დიდი ვადა დავტოვოთ როგორც არის მაგალითად ოთხი თვე. ეს ხელსაყრელია მხოლოდ სპეკულიანტებისთვის. ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ თავის საწყობები ქონდეთ, არამედ უცდიან საქონელზე ფასების აწევას, რომ საქონელი ძვირად გაყიდონ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქონელი რკ. გზის საწყობში აწყვია, ამით ისინი შეგნებულათ თავიდან იცილებენ საქონლის სადგურიდან წაღების ხარჯებს. ეს წესი კი რკინის გზას დიდ ზარალს აძლევს და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წესით.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? არავის.

ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ. არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს პირველ, მეორე მესამე მუხლს).

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის)

შემდეგი საკითხი: განხილვა (პირველი) კანონ-პროექტისა საუკეთესო სახელმძღვანელოთა ავტორებისათვის პრემიების მისაცემათ 100.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია იმნაიშვილი.

კანონ-პროექტი საუკეთესო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის პრემიების მისაცემად 100.000 მან. გადადების შესახებ.

. იმნაიშვილი. (ს.დ.) თუმცა ეს კანონ-პროექტის სახით იყო შემოტანილი უწყების მიერ, მაგრამ განათლების კომისია სთხოვს დამფუძნებელ კრებას ეს განიხილოს დეკრეტის სახით, ვინაიდან მას არსებითად დეკრეტის ხასიათი აქვს.

ამ დეკრეტს ექნება მიზნათ პრემიების დაარსებით ხელი შეუწყოს ჩვენი სკოლებისთვის საუკეთესო სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. ჩვენი სკოლა ეროვნულ საფუძველზე ეწყობა და ამ მხრივ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდეც ფართო მუშაობა იყო, მაგრამ ამ დიდ მუშაობას წინ გადაეღობა ბევრნაირი დაბრკოლება და ისინი დღემდისაც დაძლეული არაა. ეხლა როდესაც ჩვენ საკუთარ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას ვეწევით, როდესაც თვით სახელმწიფო პატრონობს სკოლას, იმედია რომ სკოლების გაეროვნების საქმე უფრო მკვიდრ საფუძველზე დადგება და ყველა დაბრკოლებები გადალახული იქნება. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ჩვენი სკოლებისთვის შესაფერი სახელმძღვანელოების უქონლობა. მართალია, რევოლიუციის შემდეგ, ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი სახელმძღვანელო დაიწერა ქართულ ენაზე და გამოიცა. მაგრამ უმრავლესობა, მათგანი ნაკლები ღირსებისაა და ამ მხრით სრულიად მიუღებელი არიან ჩვენს სკოლებში სახმარებლად. არც ენის, არც შინაარსის და მასალების მხრივ ბევრი მათგანი დამაკმაყოფილებელი არ არის. ჩვენ არ მოგვეპოვება არც კარგი ნათარგმნი სახელმძღვანელოები, ვინაიდან ამ მხრივ არ ყოფილა თითქმის მუშაობა. უფრო ორიგინალურ შრომების შედგენის საჭიროებას სთვლიდნენ. მაგრამ საუბედუროდ ამ შრომებში ეს ორიგინალობაც არ იყო დაცული, ვინაიდან უმრავლესი მათგანი უფრო რუსულიდანაა გადმოღებული. ამისთვის ჯერ კიდევ ეროვნულ საბჭოს დროს განათლების უწყებას ევალებოდა, რომ სახელმძღვანელოების შედგენის და გამოცემის საქმისთვის შესაფერი ყურადღება მიექცია, მაგრამ, სამწუხაროდ დღემდე ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულა. დღეს კი განათლების სამინისტროსთან არსდება ერთგვარი სამეცნიერო კომიტეტი, რომელსაც დაევალება განხილვა უკვე გამოსულ, ან ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოების და განსჯა: - დასაშვები იქნებიან ისინი ჩვენ სკოლებში სახმარებლად თუ არა. ჩვენ ვფიქრობთ ამ კომიტეტის მუშაობა უფრო შეეხება ჯერ არ გამოქვეყნებულ შრომებს. კომიტეტს მიენდობა აგრეთვე განხილვა და დაფასება იმ საპრემიო სახელმძღვანელოებისა, რომელსაც გულისხმობს ეს დეკრეტი. ჩვენის აზრით, დაჯილდოება ღირსეულ სახელმძღვანელოების ავტორებისა აუცილებლად ერთნაირ წახალისებას გამოიწვევს სპეციალისტებში და აღუძრავს მათ სურვილს უფრო ენერგიულ და სერიოზულ მუშაობისას. ჩვენი აზრით, დაჯილდოება აწევს ამასთანავე ავტორიტეტს და ღირსებას თვით სახელმძღვანელოებისას მოწაფეთა თვალში.

ასე და ამნაირად ამ დეკრეტით პრემიების დაწესება ხელს შეუწყობს ამ საუკეთესო სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. ამ დეკრეტის ძალით ეს 100.000 მან. უნდა გადაიდოს როგორც ორიგინალურ ისე ნათარგმნ თხზულებების ავტორებისთვის პრემიის მისაცემად. თავის თავად ცხადია, პირველ რიგში იქნება ორიგინალური სახელმძღვანელოები, მაგრამ აქვე ნაგულისხმევია, რომ პრემია მიეცემა ნათარგმნ სახელმძღვანელოებისათვისაც. არის მთელი რიგი ცნობილ და გამოჩენილ სახელმძღვანელოებისა, დაწერილი უცხო ენებზე, რომელთა მაგივრობა ჯერ-ჯერობით არც ერთ ორიგინალურ თხზულებას არ შეეძლება გასწიოს. აი ამიტომ, ვინაიდან ამ თხზულებების თარგმნა დიდ სიძნელეს წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ შემუშავებული სამეცნიერო ტერმინოლოგია არა გვაქვს და ასეთი გადათარგმნა ხელ-ახალ შედგენას უდრის, კომისიის აზრით პრემია უნდა მიეცეს ასეთ კარგ თარგმნისთვისაც. თავის თავად ცხადია, პრემია მიეცემა მთარგმნელს. თვითონ წესი, თუ როგორ მიეცემა ეს პრემია ავტორებს ორიგინალურ და ნათარგმნ თხზულებებისას, შემუშავდება სამინისტროში და განხილვა ღირსებისა ამა თუ იმ შრომისა დაევალება იმ სამეცნიერო კომიტეტს, რომელიც სდგება, როგორც მოგახსენეთ, განათლების უწყებასთან.

თავმჯდომარე. მაშასადამე ეს გახლავთ დეკრეტი, თანახმად ამ განცხადებისა. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი (კითხულობს 1, 2 და 3 მუხლს).

დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი: მე-2 (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ოჯახური მდგომარეობით ჯარში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ. მომხსენებელია კრების წევრი ზაქარია გურული. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი . გურული. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მუხლში შესწორების შეტანა სურთ.

პირველი გახლავთ წინადადება ეროვნულ-დემოკრატებისა, ხელს აწერს ბატონი სურგულაძე. მუხლი პირველი უნდა დაიწეროს ამნაირად. (კითხულობს) „ოჯახურ მდგომარეობის გამო სამხედრო ბეგრის მოხდაში წესდება ყოველწლიური შეღავათი: გაზაფხულზე სამი თვე - აპრილი, მაისი და თიბათვე, შემოდგომაზე 2 თვე: ენკენისთვე და მწიფობისთვე“.

იმავე მუხლში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას სურს შეიტანოს ასეთი შესწორება: 1) ამოიღოს პირველ მუხლიდან: „მარტოხელა მამა მცირეწლოვანის შვილისა“ და 2) სრულიად ამოიშალოს შენიშვნა მუხლისა).

შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გერასიმე მახარაძეს.

გერასიმე მახარაძე. (ს.-დ.) სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს ასეთი შესწორება, რომ ამოიშალოს ის ალაგი, სადაც ნათქვამია: „მარტოხელა მამა მცირე წლოვან შვილისა“.

ჩვენის აზრით შეუძლებელი არის, რომ მარტო ხელი მამა მცირეწლოვან შვილისა განთავისუფლებული იყოს სამხედრო ბეგარისაგან და აი რა მოსაზრებით: საზოგადოთ, როდესაც ასეთი ლგოტა იყო სამხედრო ბეგარისაგან განთავისუფლებისა, ბევრ გაუგებრობას და ბოროტმოქმედებას ჰქონდა ადგილი როდესაც სწყდებოდა ამა თუ იმ ლგოტის მიცემა რომელიმე პირისთვის.

მაგრამ ჩემის აზრით, ყოველნაირი ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ ლგოტა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელშიაც ეს გამოწვეული არის მართლა საჭიროებით.

ის აზრი, რომ მარტოხელა მამა მცირეწლოვან შვილისა გათავისუფლებული იყოს, - შეუძლებელია მივიღოთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი გაუგებრობა.

შეიძლება, რომ მცირე წლოვანი შვილი მარტოხელა მამისა იყოს უზრუნველყოფილი მატერიალურად.

აგრეთვე შეიძლება ბოროტმოქმედება ამ ნიადაგზე, რადგან ასე ბევრს შეუძლიან თავი გაინთავისუფლოს და ამ ნაირად სახელმწიფოს არ მისცეს ის კატეგორია სამხედრო მოსამსახურეებისა, რომელიც საჭირო არის, ამ გვარად, მრავალი მოსაზრება ჩვენი ის არის, რომ ყოველ შემთხვევაში, თუ კი რაიმე გამოსავალი აქვს ოჯახს, თუ კი მას შეუძლია მისცეს სახელმწიფოს თავისი წევრი - ასეთი ოჯახი არ უნდა იყოს განთავისუფლებული.

აგრეთვე ჩვენი წინადადება არის, რომ ამოიშალოს შენიშვნა ამ მუხლისა: „იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი საკმაოდ უზრუნველყოფილი არის, - ვაჟი სამსახურიდან არ უნდა განთავისუფლდეს“. ეს მუხლი, ეს შენიშვნა აგრეთვე ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს, მაშინ, როდესაც კითხვა იქნება დაყენებული, თუ ვინ არის უზრუნველყოფილი და ვინ არა. თუმცა ისეა გადაწყვეტილი კითხვა, რომ ადგილობრივ თვითმართველობიდან იქნება მოწმობა მიცემული, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისინი, რომელნიც მართლა უზრუნველყოფილნი არიან, ხშირად პოულობენ საშუალებას იმოქმედონ ისე, რომ გაინთავისუფლონ თავი, სწორედ იმიტომ, რომ ისინი მატერიალურად ძალიან უზრუნველყოფილი არიან. ამ კითხვის გადაწყვეტა, - ვინ მატერიალურად უზრუნველყოფილია და ვინ არ არის, როდესაც არ არის ერთი ნამდვილი კრიტერიუმი მოყვანილი, ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს და რომ ეს თავიდან ავიცილოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შენიშვნა ზედმეტი არის კანონში და ამიტომ წინადადებას ვიძლევით ეს შენიშვნა ამოიშალოს კანონიდან.

თავმჯდომარე. სიტყვა არავის სურს? მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი . გურული. პირველი ნაწილის შესახებ, ე.ი. პროექტიდან „მარტოხელა მამა მცირეწლოვან შვილისა“ ამოშლის შესახებ სამხედრო კომისიაშიც იყო ლაპარაკი. იყვნენ იქაც მომხრენი, რომ ეს ნაწილი არ შეტანილიყო, მაგრამ იყვნენ იმის მომხრენიც, რომ შეტანილი ყოფილიყო არამც თუ სიტყვები „მამა მცირეწლოვან შვილისა“, არამედ „ქმარი ცოლისა“ მაშინ, როდესაც სულ არა ჰყავს შვილი. პირველი ნაწილი არ გავიდა, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც შეტანილი არის, გავიდა. უმთავრესი საბუთი იმისა, თუ რისთვის არ უნდა იყოს, არც ის, რომელიც არ იყო შეტანილი კანონ-პროექტში, და არც ის ნაწილი, რომელიც შეტანილი იყო, - უმთავრესი საბუთი ის არის, რომ თუ ეს მივიღეთ, მაშინ ობლები, რომლებსაც არაფერი ყავსთ თავისთავის მეტი, გარეშე ნათესავების, შორეულ ნათესავების რჩევით - ნამეტნავად ადრე დაქორწინდებიან, რომ ეყოლოთ შვილები და ამით გადარჩნენ სალდათობას და ეს სისტემა კი მიგვიყვანს იქამდის, ამბობენ მომხრენი ამ ნაწილის შეუტანლობისა, რომ ძალიან ბავშვებს დავაქორწინებთ და შემდეგში, როცა გაიზრდებიან შეიძლება თვითონვე გახდნენ უმადურნი ამ კანონისა, ვინაიდან შეიძლება ბავშვობის დროს დაქორწინება მათ შემდეგ დაურჩეთ სანანებლად. აი უმთავრესი საბუთი და უმთავრესი მიზანი ეს იყო მოწინააღმდეგეებისა და რამდენადაც მახსოვს, მე მგონი ფრაქციებმაც ეს აღნიშნეს. მაგრამ მიუხედავად ამისა სამხედრო კომისიის უმრავლესობამ მაინც დაადგინა, რომ ეს პირველი ნაწილი, როგორც მოგახსენეთ, მეუღლის გამო განთავისუფლებული არ იყოს, მაგრამ ეს ნაწილი დასტოვეს, რადგანაც კომისია ფიქრობს, რომ შესაძლებელია მოხდეს ფაქტი, რომ ბავშვი დარჩეს და ყოვლად შეუძლებელია, რომ ბავშვი დავტოვოთ უპატრონოდ და ჯარში წავიყვანოთ მამა. რაც შეეხება მეორე ნაწილის შენიშვნის ამოღებას ამ კანონ-პროექტიდან, კომისიამ (სამინისტროს პროექტში, რომელიც ამ სამინისტრომ წარმოადგინა, არ იყო ეს შენიშვნა) შეიტანა ეს შენიშვნა იმიტომ, რომ თვითონ ეს მუხლი არის აგებული იმ საფუძველზე, რომ ჯარში გაწვევისგან თავისუფლდებოდეს იმიტომ კი არა, რომ დედის ერთაა, ან სხვა რამ ასეთი, არამედ იმიტომ, რომ ის მარჩენელი არის ოჯახისა და ეს შენიშვნა მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რაც გატარებული არის ამ მცნებაში, სიტყვა “მარჩენელი“. და მართლა, თუ ჩვენ ჯარში არ წავიყვანეთ, გავანთავისუფლეთ მდიდრის შვილიც, ესე იგი ისეთი მამის შვილი, რომლის არც მამა შრომობს, არც შვილი, მათ აქვთ ქონება, შემოსავალი და ამ შემოსავლით სცხოვრობენ, თუ ამასაც არ წავიყვანთ, გავანთავისუფლებთ, მაშინ სიტყვას „მრჩენელს“, „ერთადერთ მრჩენელს“ ეკარგება მნიშვნელობა. რომ ეს არ იყოს, შეგვეძლო დაგვეწერა, რომ დედის-ერთას არ წავიყვანთ, მაგრამ კანონ-პროექტს მიზნათ არ აქვს დედის-ერთას განთავისუფლება. დედის-ერთა იქნება თუ არა, თუ მამა ჯერ მოხუცებული არ არის, განსაზღვრულ წელს არ გადასცილებია, შრომის უნარი აქვს, ის ჯარში მიდის, არ თავისუფლდება. თავისუფლდება ის, თუ მარჩენელი არის ოჯახისა.

აი ეს არის საფუძველი, ძირითადი საფუძველი და ამ შენიშვნით მხოლოდ ხაზი გასმულია.

კომისია იცავდა ამ აზრს და მე პირადად, განსაკუთრებით, მოვითხოვ, რომ ეს შენიშვნა დარჩეს, ვინაიდან ეს არის ხაზის გასმა მთელ საფუძვლისა, რაზედაც არის პირველი მუხლი აშენებული და სამართალიც მოითხოვს ამას, - მდიდრის შვილი, თუ კი ის არ მუშაობს და მარჩენელი არ არის, რისთვის უნდა განთავისუფლდეს?

თავმჯდომარე. უკაცრავად, მეორე შესწორების შესახებ რას ბრძანებთ?

მომხსენებელი. კომისიის სახელით ვიცავ, რომ ეს ნაწილი დარჩეს ისე, როგორც არის.

თავმჯდომარე. უკაცრავად, აქ გახლდათ შემოტანილი ორი შესწორება სოციალ-დემოკრატებისა და ნაციონალ-დემოკრატებისა. პირველი შესწორების შესახებ მე გავიგე.

რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატების შესწორებას, თქვენ მის შესახებ არა გითქვამთ რა.

გთხოვთ გამოსთქვათ თქვენი აზრი ეროვნულ-დემოკრატების შესწორების შესახებ.

მომხსენებელი. მე მეგონა, რომ ამ შესწორებას ჯერ დაიცავდნენ და მერე მოგახსენებდით, მაგრამ რადგანაც დამცველი არავინ არის, მოგახსენებთ შემდეგს: ეს შესწორება, მაშასადამე, მოითხოვს ერთად-ერთი მარჩენალი გავანთავისუფლოდ, მაგრამ მხოლოდ ალოს დროს, როდესაც მუშაობა არის, დანარჩენ დროს ჯარში უნდა იყოს, მაგრამ ეს არ იქნება ფაქტიურად დახმარება. რას ნიშნავს განთავისუფლება ერთი თვით. თითქოს ერთი თვით განისაზღვრებოდეს მისი მუშაობა ოჯახში. ჩვენ ამ კანონ-პროექტში მხედველობაში გვქონდა მიღებული ერთი უმთავრესი მიზანი, - მხედველობაში გვქონდა მიღებული სოფლის მეურნეობა, რომ სოფლის მეურნეობა არ განადგურდეს, როდესაც ერთი მუშა არის, ამ ერთად-ერთი მუშის ჯარში წაყვანით. ტყუილად გონიათ ნაციონალ-დემოკრატებს, რომ სოფლის მეურნეობის დასაცავად შეიძლება ერთი-ორი თვით წავიდეს სახლში სამუშაოდ, და დანარჩენ დროს კი მოსცილდეს სახლს. ეს ესე არ არის. მართალია უმთავრესი მუშაობა არის ალოს დროს, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მაგრამ სოფლის მეურნეობას უნდა ხელის შეწყობა სავსებით, ზამთარშიაც არის თავისებური მუშაობა და ამის გარეთ მეურნეობა ზაფხულშიაც ვერ შესძლებს მუშაობას. მუშა ხელი ზამთარშიაც არის საჭირო. ავიღოთ თუნდა პირუტყვები, ზამთარში თუ არ იქნება მოვლილი, ზაფხულში სამუშაო იარაღი არ ექნება. ამის გარდა შეიძლება ის მეურნეობით ვერ ირჩენდეს თავს, ბევრი არის ისეთი, რომ ჯერ სახლში მუშაობს და მერე მიდის ზამთარში ქალაქში, ქირაზე, რომ იქიდან მიუმატოს და ოჯახი არჩინოს ზედმეტი ქირით. თუ საფუძვლად მივიღებთ, - „ერთ-ერთი მარჩენელი“ უნდა იყოს განთავისუფლებული, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ის განთავისუფლდეს ერთი-ორი თვით და არა მეტით. ამიტომ მე ვიცავ ისე, როგორც არის ამ შენიშვნის ამოუღებლად. ამ მოსაზრებებით მე წინააღმდეგი ვარ იმ შესწორებისა, რომელიც შემოიტანეს ეროვნულ-დემოკრატებმა.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. კენჭს ვუყრი. ვინ არის წინააღმდეგი იმ შესწორების, რომელიც შემოტანილია ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით? პეტრე სურგულაძის მიერ შემოტანილი შესწორება უარყოფილი გახლავთ.

კენჭს ვუყრი მეორე შესწორებას, შემოტანილს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-2 მუხლს).

თავმჯდომარე. მეორე მუხლს კრების წევრის სურგულაძის აზრით, უნდა დაემატოს შემდეგი (კითხულობს) „მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს დაწვრილებით შეღავათის მაძიებელ პირის ოჯახის ნივთიერი მდგომარეობა და აგრეთვე, არის თუ არა ეს პირი ოჯახის იმ წევრის ნამდვილი მარჩენალი, რომლის გამო მას შეღავათი უნდა მიენიჭოს“.

ერთად ერთი შესწორება, რომელიც გახლავთ შემოტანილი, ეს გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ გიორგაძეს.

. გიორგაძე. ამ შესწორებას ერთგვარი ინსტრუქციული ხასიათი აქვს, მაგრამ ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცდენად, თუ როგორ უნდა იყოს შინაარსი მოწმობისა, რომელიც უნდა წარმოადგინოს იმ პირმა, რომელიც შეღავათს თხოულობს, ჩვენ არავითარი საწინააღმდეგო არა გვაქვს, რომ ეს შესწორება იყოს მიღებული.

თავმჯდომარე. მომხსენებელი.

გურული. ეს შესწორება ზედმეტად მიმაჩნია, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა მოწმობაში უნდა იყოს აღნიშნული ქონებრივი მდგომარეობა ოჯახისა. ჩვენ პირველ მუხლიდან ამოვიღეთ შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა ოჯახის უზრუნველყოფას. რაკი ეს შენიშვნა ამოვიღეთ, ეხლა მიზანი ეკარგება მოწმობაში ოჯახურ მდგომარეობის აღნიშვნას. რაც შეეხება, რომ ჩამოთვლილი იყოს ბევრი რამ, ეს ზოგიერთი ქვემოდ არის. ერთგვარი ინსტრუქციის ნაირი მუხლები აქვს ამ კანონ-პროექტს, რომელიც ალბათ წაკითხული გაქვთ ყველას.

ამიტომ ამ მუხლში აღნიშვნა ამისა ზედმეტია. ეს ქვეით არის და ეს აკმაყოფილებს ამ შესწორების მიზანს.

თავმჯდომარე. გაათავეთ? ვინ არის წინააღმდეგი, რომ მიღებულ იქნას, ის შესწორება, რომელიც შემოტანილა ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციის სახელით? შესწორება მიღებულია. შემდეგი. მომხსენებელი (კითხულობს 3, 4-5 და 6 მუხ.) კრება კენჭის ყრით უცვლელად იღებს 3-6 მუხლს.

გურული. (კითხულობს მე-7 მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლის შესახებ შემოტანილი არის შესწორება. შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის გიორგაძეს:

გრიგოლ გიორგაძე: (ს.-დ.) სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით მე შესწორება შემომაქვს, რომ შევათანხმოდ ერთმანეთში ეს მუხლი და შენიშვნა. ისე რომ მე-7 მუხლი მივიღოთ ასეთ შესწორებით: (კითხულობს) ის პირნი, რომელთაც ოჯახური მდგომარეობა სამხედრო ბეგარის მოხდაში შეღავათის უფლებას ანიჭებს, ჰკარგავენ ამ უფლებას თუ ადგილობრივ თვითმართველობის დასკვნით ისინი არ არიან ოჯახის ნამდვილი მარჩენელნი. ჩვენის აზრით, საჭიროა, რომ მშობლების განცხადებას ადასტურებდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ეს იმიტომ, რომ მშობლებმა რაიმე კაპრიზით არ განაცხადონ, რომ ეს ჩვენი შვილი არ გვაცხოვრებსო. ასე რომ ჩვენი შესწორება იქნება სარედაქციო ხასიათის შესწორება, მაგრამ...

თავმჯდომარე. უკაცრავათ, ბატონო ორატორი, ნება მიბოძეთ. მხოლოდ ამ შესწორებაზე იყო ლაპარაკი და არა რედაქციაზე; რედაქცია როგორი იქნება ამაზე გვექნება ლაპარაკი მაშინ, როდესაც ეს კომისიას გადაეცემა და იქიდან შემოვა. მაშასადამე თქვენ, თუ მე გავიგე, შესწორებას იზიარებთ. ვის სურს სიტყვა? მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. წინა ორატორის შესწორება მაინც არაფერს არ დაუშლის. მაგრამ ამ მხრივ მიღება, როგორც ის არის შემოტანილი, რომ ეს სრულიად ამოვშალოთ, სხვა რედაქცია მივიღოთ, სხვას მივანდოთ, იმის განსაზღვრა - არის მარჩენელი თუ არა, - ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ აქ მიღებული არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც სამხედრო სამსახურში გასაწვევის ოჯახს, მეტი მარჩენელი არ ჰყავს ოჯახს. მაგრამ ნამდვილად კი არ არჩენს. არის ასეთი შემთხვევები სოფელში, შეიძლება ქალაქათაც იყოს, რომ ოჯახის წევრები გაჭირვებაში არიან, სამადლოთ არიან, მათხოვრობენ, შვილი გლახა გამოუვიდათ, დადის და ეშმაკობს სადღაც და არ არჩენს დედ-მამას. ასეთ შვილს კანონმა არ უნდა მიანიჭოს თავისუფლება, თითქოს ის მარჩენელი იყოს, და ნამდვილად კი არავის არ არჩენს. თუ კი დედ-მამა არ განაცხადებს - ის არ უნდა იყოს განთავისუფლებული.

აქ იხმარეს სიტყვა, რომ შეიძლება ვინმემ ჯიუტობით, კაპრიზით განაცხადოს, რომ შვილი არ მარჩენსო. ყოვლად შეუძლებელია, რომ შვილზე დედ-მამამ განაცხადონ არ გვარჩენსო. ყოვლად შეუძლებელია ასეთ კაპრიზის შიში. თუ კი მართლა არჩენს - შიში ყოვლად შეუძლებელია. მაშასადამე ამ მხრივ იქნება პირიქით, შესაძლებელია მეორე მოვლენა, შეიძლება შვილი არ არჩენდეს, მაგრამ არ განაცხადონ, რომ მათ შვილი არ არჩენთ. აი ეს მოვლენა კი იქნება. იმის შიშით, რომ მარჩენელ შვილზე დედამ ან მამამ სთქვას, რომ არ მარჩენსო, - ყოვლად შეუძლებელია, ეს მოულოდნელი არის, არ მოხდება. ამიტომ ამ შესწორების მიღება ზედმეტი არის.

რაც შეეხება იმას, რომ თვითმმართველობას მიენდოს მოწმობა ქონების მხრივ, - აქ არის მიღებული სხვა მუხლები, მხოლოდ აქ არის, რომ ეს შვილი ასრულებს თუ არა შვილის მოვალეობას და დედ-მამაზე უკეთ ეს არავინ იცის.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორების? შესწორება მიღებულია.

მომხსენებელი (კითხულობს 8 და 9 მუხლს) მუხლები კენჭის ყრით მიღებულია.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-10 მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში შესწორება არის შემოტანილი პეტრე სურგულაძის მიერ.

. სურგულაძე. მე-10 მუხლში ეს შესწორება ლოღიკური შესწორება არის, ამას დაცვა არ უნდა. ამ მუხლში სწერია: „ერთ, ან ორი წლის ვადით“. აქ პირდაპირ უცოდინარობა არის ენისა, ანდა ლოღიკური შეცდომა. უნდა იყოს ერთი წლიდან ორ წლამდე. ესე იგი იქნება 1 წელიწადი, 1 1/2, 9 თვე. ისე, რომ ამ შესწორებას დაცვა არ უნდა.

მხოლოდ მე მინდოდა თქვენი ყურადღება მიმექცია, რომ შემდეგი დამატება არის.

თავმჯდომარე. უკაცრავად, მხოლოდ მე-10 მუხლზე ილაპარაკეთ.

. სურგულაძე. ძალიან კარგი.

თავმჯდომარე. ბატონო მომხსენებელო, თქვენი დასკვნა.

მომხსენებელი. ამას მე მგონია გაასწორებს სარედაქციო კომისია. ამის გარდა საჭიროა სხვა გრამატიკული შესწორებაც და ამას სარედაქციო კომისია გაასწორებს.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორების? შესწორება მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მუხლის შესწორებით? მიღებულია.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-11 მუხლს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სურგულაძეს.

პეტრე სურგულაძე (ერ.-დემ.), მე-11 მუხლში უნდა იყოს აღნიშნული ის სასჯელი, რომელიც მოელის ცრუ მოწმობის მიმცემ პირს. აი ჩემი წინადადება ეს არის.

თავმჯდომარე. ბოდიშს ვიხდი, თქვენ აქ წინადადებას იძლევით მე-11 მუხლს დაემატოს? როგორ გავიგოთ? ეს მუხლი შეიცვალოს ისე, როგორც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი, თუ ამ მუხლს დაემატება?

. სურგულაძე. არა, მე-10 მუხლი სჯის იმ პირთ, რომელთაც სურთ განთავისუფლდნენ სამხედრო სამსახურიდან, და მე-11 მუხლი უნდა სჯიდეს იმ პირთ, რომელნიც ანთავისუფლებენ უკანონოდ სამხედრო ბეგრისაგან სხვა და სხვა პირთ. აი, ბატონებო მე-10 მუხლში აღნიშნული არის ის სასჯელი, რომელიც მოელის ცრუ მოწმობის წარმომდგენ პირთ, იმ პირთ, რომლებსაც სურთ სამხედრო ბეგარას გაექცნენ. მაგრამ ჩემის აზრით ის დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს რაიმე მოვალეობას დაემალოს, მისთვის მძიმე მოვალეობას, - შესაძლებელია ის დასჯილი არ იყოს ისე, როგორც ის პირი, რომლის მოწმობით ის დაინტერესებული პირი სარგებლობს. ამიტომ კანონში უსათუოდ უნდა იყოს აღნიშნული სასჯელი იმ თანამდებობის პირისთვის, რომელიც ცრუ, ყალბ, მოწმობას მისცემს ამა თუ იმ პირთ, რომელნიც სამხედრო ბეგარას უნდა გაექცნენ. ამიტომ ჩვენი წინადადება იყო ამნაირი, რომ მე-11 მუხლად ამ კანონში შევიდეს შემდეგი სიტყვები: „სამხედრო ბეგარაში შეღავათის მოპოებისათვის ცრუ მოწმობის მიმცემი თანამდებობის პირი ისჯება ციხეში დაპატიმრებით ექვსი თვიდან ორ წლამდე“.

თავმჯდომარე. უკაცრავად, თქვენ გნებავთ, რომ ეს დარჩეს, - თუ ეს მე-11 მუხლი შეიცვალოს?

. სურგულაძე. არა, მე-11 მუხლად უნდა დარჩეს ჩემი წინადადება. მაშინ კანონის მე-11 მუხლი იქნება მე-12 მუხლად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი. უპირველეს ყოვლისა, საყვედური უნდა ვსთქვა სამხედრო კომისიის იმ პირების მიმართ, რომელნიც ხშირად კრებებს არ ესწრებიან და აქ ახალ-ახალი მუხლები შემოაქვთ. (სურგულაძე: მე გახლდით!)

თავმჯდომარე. უკაცრავად ბ. მომხსენებელო, ილაპარაკეთ საგანზე და ნურავის საყვედურს ნუ უცხადებთ, იმიტომ, რომ ეს თქვენ კომპეტენციას არ შეადგენს.

მომხსენებელი. ახალი მუხლის შეტანა არ ვიცი რამდენად საჭიროა. აქ ამ კანონის მე-10 მუხლში არის სასჯელი იმ პირთათვის, რომელნიც ჯარში გასაწვევი არიან და ჯარში გაწვევას თავს არიდებენ. მათ, იმ მოხელეების გარდა, რომლის შესახებ შემოტანილი არის ახალი მუხლი, შეიძლება დაეხმარონ ბევრი სხვები, არა მოხელეები, შეიძლება უბრალო მოქალაქეც იყოს დამხმარე, დაუსჯელნი არც ისინი დარჩებიან. მაგრამ აქ ყველას ვერ აღვნიშნავთ. ჩვენ გვაქვს საერთო კანონმდებლობა, საერთო კანონი სასჯელის შესახებ, და ჩემის აზრით, ისინი დაექვემდებარებიან იმ კანონს. ამიტომ, მე მგონია, ზედმეტია, რომ შევიტანოთ კიდევ ახალი მუხლი.

თავმჯდომარე. არის ასეთი წინადადება, რომ მე-11 მუხლად შემოტანილი იყოს შემდეგი: (კითხულობს სურგულაძის წინადადებას). ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. მაშასადამე მე-11 მუხლი იქნება მე-12-ტეთ. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

მომხსენებელი (კითხულობს მე-13 მუხლს).

თავმჯდომარე. თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით ამ მუხლისა? (სურგულაძე: დიახ!) მობრძანდით.

პეტრე სურგულაძე (ე.-დ.) ამ კანონის გავრცელება იმ ჯარის კაცებზე, ამ დროს, როდესაც ჩვენი მდგომარეობა მეტად რთული და გამოურკვეველია - საოცარ არევ-დარევას გამოიწვევს. ჩვენში უკვე არევ-დარევა დაიწყო. მთელი ქვეყანა სცდილობს, რომ გაინთავისუფლოს თავი. როდესაც 1-2 სოფლის მცხოვრებლებს გაანთავსუფლებენ - მე-3-4 საღერღელი აეშლება, მასაც მოუნდება სოფელში გაქცევა. მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან დამფუძნებელი კრება დაინტერესებულია, როგორც ჩვენს დამოუკიდებლობის დაცვაში, ისე შინაგან ცხოვრების განმტკიცებაში, - ყოველ ღონეს უნდა იღებდეს ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად.

ამ მოკლე დროში, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა სავსებით არ გამორკვეულა, ჩემის წინადადებით, 6 თვის განმავლობაში მაინც, ამ კანონით არ უნდა ისარგებლონ იმ პირთ, რომელნიც ეხლა ჯარში არიან.

თავმჯდომარე. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი . გურული. აქ იგივე უნდა გავიმევორო, რაც ვილაპარაკე საერთო კანონის შესახებ, პირველ განხილვის დროს; ეს ისეთი მდგომარეობა არის, როდესაც ერთად ერთი მარჩენელი, ერთად ერთი მუშა ოჯახისა წაყვანილი არის ჯარში, მის განთავისუფლებას სცდილობს თითონ საზოგადოება. ამას უსამართლოდ სთვლის თითონ ჯარი და ეს მდგომარეობა იმდენად მწვავე იყო, რომ ყველა ჯარის ნაწილის უფროსები და თითონ ჯარის უმაღლესი ხელმძღვანელი სამხედრო მინისტრი იძულებულნი იყვნენ ესარგებლათ დროებით დათხოვნის უფლებით და ის ჯარის კაცები, ძალიან ბევრი მათგანი დათხოვნილნი არიან დროებით 1, 1 1/2 თვით მაინც, რომ დაუთესავად არ დარჩეს ყანები. ჩვენ რომ ეხლა ეს წინადადება მივიღოთ, მაშინ ისევ ვტოვებთ არევ-დარევას, ამ კითხვას ისე ვტოვებთ უფროსების განკარგულებაში. ისინი ისევ იძულებულნი იქნებიან, რომ ამ თავის უფლებით ისარგებლონ და დაითხოვონ ხოლმე 2 კვირით - 1 თვით ჯარის კაცები. ფაქტიურად, მოგახსენებთ და ვიმეორებ, ის კანონი, რომელიც 1 წლის წინათ მიიღო პარლამენტმა და რომელსაც არავითარი შეღავათი არ ეძლევა არ გასულა ცხოვრებაში. შეღავათი გაჩდა აი ამ სახით, რომ დროებით ითხოვდნენ ხოლმე უფროსები. სხვა გამოსავალი ვერ ნახეს. ამიტომ წინააღმდეგი ვარ, რომ ეს მდგომარეობა დარჩეს და კომისიის სახელით წინადადებას ვიძლევი, რომ კანონი დღესვე იყოს მიღებული და ძალაში შევიდეს.

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ ბ. სურგულაძის შესწორებას კენჭს ვერ უყრი, რადგანაც შესწორება დროზე არ იყო შემოტანილი ისე, როგორც რეგლამენტი ამას მოითხოვს, და რეგლამენტს მე ვერ დავარღვევ. კენჭს ვუყრი მე-13-ე მუხლს. ვინ არის წინააღმდეგი? მეცამეტე მუხლი მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი თანახმად კანონ-პროექტისა?

კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი - პირველი განხილვა კანონ-პროექტისა მიწების მიმღებ კომის. მომუშავეთ დღიურ სარგოს გადიდების შესახებ.

შემდეგ საკითხის მომხსენებელია კრების წევრი ანჯაფარიძე.

კანონ-პროექტი მიწების მიმღებ კომის. მომუშავეთ. დღიურ ხარჯის გადიდების შესახებ.

გიორგი ანჯაფარიძე. მიწების მიმღები კომისიები დღესაც ხელმძღვანელობენ იმ ხარჯთ-აღრიცხვით, რომელიც იყო დამტკიცებული 1918 წ. მარტის 22. ის ჯამაგირები და დღიური სარჩო, რომელიც მათ ეძლევათ, ძალიან მცირეა, თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს, მიწის მზომელებს ეძლევათ დღიური სარჩო 15 მანეთი, თვეში კი 450 მან. თავმჯდომარის არსებული ჯამაგირია 500 მან. და დანარჩენ წევრებს კი ის ჯამაგირი აქვთ, რომელიც მათ დაწესებული აქვთ თავიანთ თანამდებობაზე. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ კომისიის წევრებს მუდამ უხდებათ მოგზაურობა თავის სამსახურის აღსასრულებლად, და ამიტომ თითქმის ორ ოჯახათ ცხოვრობენ, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ჯამაგირი ძალიან ცოტა არის. ადგილობრივ აგრარულ რეფორმათა გამტარებელ განყოფილებას ყოველ დღე მოსდის შუამდგომლობა, რომ როგორმე დღიური სარჩო მაინც იქნეს გადიდებული. აგრარულ რეფორმათა განყოფილებამ აღძრა სათანადო შუამდგომლობა, მაგრამ ცენტრალურ საადგილ-მამულო კომისიამ ამ საკითხის გადაწყვეტა დაუკავშირა საერთო შტატების გადიდებას, და რადგანაც ეს შტატები ჯერ არ არის შემოტანილი, ამიტომ მოხდა ერთგვარი საქმის არევ-დარევა, რადგანაც საუკეთესო მუშაკები, ვინაიდან ისინი გაცილებით ნაკლებს იღებენ ვიდრე სხვა დაწესებულებებში, გარბიან საადგილ-მამულო დაწესებულებებიდან და მიმღებელ კომისიებიდან, და ამით, რასაკვირველია, საქმე ფერხდება. ამიტომ მიწად მოქმედების სამინისტროს შემოაქვს ეს კანონ-პროექტი და ითხოვს რომ თავმჯდომარეს კომისიისას, მის წევრებს და მიწის მზომელებს გაედიდოს დღიური სარჩო 15 დან 25-თ მანეთამდე.

(ანჯაფარიძის მოხსენების დროს თავმჯდომარის ალაგს იჭერს სიმონ მდივანი).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მაშასადამე პირველი განხილვა დამთავრებული არის. შემდეგი კანონ-პროექტი. მომხსენებელია იმნაიშვილი.

კანონ-პროექტი საშუალო და უმაღლეს დაწყებით სკოლისათვის 4.075,581 . 16 . გადადებისა თან. საქ. პარლ. 1919 . იანვრის 28 კანონისა.

. იმნაიშვილი. როგორც მოგხსენდათ, ეს კანონ-პროექტი მიღებული არის პარლამენტის მიერ უკვე იანვარში, მაგრამ, ვინაიდან დართული არ ქონდა თან ხარჯთ-აღრიცხვა, ამისთვის საამისო კრედიტი გახსნილი არ იყო. ეხლა ეს ხარჯთ-აღრიცხვა წარმოდგენილია. მაგრამ, ვინაიდან, ეს არის კანონ-პროექტის სახით, ამიტომ ამ კრედიტის გახსნის საქმე კიდევ უფრო დაგვიანდება. ამიტომ განათლების კომისია ითხოვს, რომ ეს მიღებული იყოს დეკრეტის სახით, რომ ამით დაჩქარდეს ამ კრედიტის გახსნის საქმე.

თავმჯდომარე. კენჭს ვუყრი. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? მაშასადამე უნდა იყოს განხილული. შემოტანილი არის წინადადება სოციალ-დემოკრატიის ფრაქციისა, რომ ეს განვიხილოთ არა როგორც კანონ-პროექტი, არამედ როგორც დეკრეტი. ვინ არის მომხრე, რომ დეკრეტათ იქნეს ეს განხილული? მაშასადამე, ეს განხილული იქნება როგორც დეკრეტი. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს 1, 2, 3 მუხლს).

დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია.

დეკრეტი გადაეცა სარედაქციო კომისიას.

კანონ-პროექტი სამოქალაქო კანონთა კრებ. მე-10- ტომ. 1-ელ ნაწილ. მე-9- მუხლ. და სისხლის სამართლის სასჯ. დებულ. მე-1665 მუხ. გაუქმების შესახებ.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა სამოქალაქო კანონთა კრებულის მე-10 ტომის პირველ ნაწილის მე-9 მუხლისა და სისხლის სამართლის სასჯელთა დებულების მე-1665 მუხ. გაუქმების შესახებ. მომხსენებელია კრების წევრი მაჭავარიანი.

იოსებ მაჭავარიანი. რუსეთის კანონთა კრებულში მოთავსებულია რამდენიმე მუხლი. რომელიც შეეხება ქორწინების უფლების შეზღუდვას.

ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს იყო გამოცემული ისეთი კანონი, რომელიც ზღუდავდა ამ უფლებას სამხედრო პირებისათვის. შემდეგ იყო ეს უფლება შეზღუდული აგრეთვე სამოქალაქო პირებისათვის. სამოქალაქო კანონთა მე-10-ე ტომ. 1 ნაწილის მე-9-ე მუხლში ნათქვამია, რომ: (კითხულობს). ხოლო სისხლის სამართლის სასჯელთა დებულების მე-1665 მუხლში ნათქვამია შემდეგი: (კითხულობს).

უმთავრესი მიზანი ქორწინების უფლების შეზღუდვისა იყო, რასაკვირველია, წოდებრივი ინტერესი და მერე პირადი თავისუფლების შეზღუდვა. ეს კანონი, როგორც ხედავთ, დრო-მოჭმულია ეხლა, ამიტომ სამინისტრომ შემოიტანა კანონ-პროექტი, რომლითაც უნდა გაუქმდეს დღემდი არსებული ძველი დებულება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. მაშასადამე მუხლობრივ განხილვა მოხდება სათანადო ხნის გასვლის შემდეგ.

შემდეგი საკითხი:

შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარის მღვდლიშვილის დათხოვნის შესახებ.

გთხოვთ წაიკითხოთ ტექსტი.

მდივანი (კითხულობს შეკითხვის ტექსტს).

თავმჯდომარე. ამ შეკითხვის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გიორგი გვაზავას.

გიორგი გვაზავა (ერ.-დემ.). მე ვთხოულობ ცოტა შეჩერდეს შეკითხვის განხილვა იმიტომ, რომ ველი იუსტიციის მინისტრს და მის განცხადებას. თუ ასეთი განცხადება იქნება, იმისდა მიხედვით, შეიძლება ეს შეკითხვა მოიხსნას.

მე არ მინდა კერძო ლაპარაკი დავიწყო.

თავმჯდომარე. რეგლამენტის ძალით, შემკითხველმა სიტყვით მაინც უნდა ისარგებლოს. რასაკვირველია მთავრობის წარმომადგენელი გიახლებათ და პასუხს გაგცემთ. მაგრამ ვიმეორებ, შეკითხვის ავტორმა სიტყვით უნდა ისარგებლოს.

გიორგი გვაზავა. მე არ მინდოდა ამეტეხა ეხლა დავა იმიტომ, რომ კერძო ლაპარაკიდან ვიცი, რომ ბ. ჯაფარიძე გადაყენებული არის. მაშასადამე მთავრობამ იცნო, რომ უკანონო იყო ზოგიერთი მისი განკარგულება. ამით შეიძლება ჩვენი ფრაქცია დაკმაყოფილდეს მხოლოდ მაშინ, როცა მთავრობა ამას განაცხადებს და დაადასტურებს. ამიტომ არ მგონია, რომ საჭირო იყოს არსებითად შეუდგე ამ საკითხის მოხსენებას და განხილვას. თუ მაინცა და მაინც გნებავთ, მოკლედ მოგახსენებთ რაშია საქმე (ხმა: არ გვინდა!).

სამ მაისს პალატის უფროს თავმჯდომარეს ჩაბარდა განკარგულება იუსტიციის მინისტრის ამხანაგისა, რომ იგი გადაყენებულია და აგრეთვე მისი კანცელარია გაუქმებული. იუსტიციის მინისტრის ამხანაგი ასაბუთებდა თავის განკარგულებას იმით, რომ 5 ივნისს გამოვიდა კანონი შტატების შემცირების შესახებ. თუ წაიკითხავთ ამ კანონს, თქვენ დაინახავთ, რომ ეს კანონი არავითარ უფლებას არ აძლევდა მინისტრის ამხანაგს გამოეცა ასეთი განკარგულება. გამოდის ისე, რომ თითქოს 5 ივნისის კანონი ასრულებული არ ყოფილა. მაშინ იუსტიციის მინისტრად იყო მესხიშვილი. ჩვენ შეგვიძლიან მივიღოთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქო მესხიშვილს არაფერი არ გაუკეთებია, თუმცა კანონი გამოვიდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და შესახებ შტატების შემცირებისა არაფერი არ მოუხდენია, ეს კი ასე არ არის. ჩვენ ვიცით, თუ რა მიზანი ჰქონდა ამ კანონს. ეს კანონი განხორციელებული და ასრულებული იყო მინისტრის მიერ. კანონი, როგორც სათაურიდან სჩანს, შეეხება შტატების შემცირებას. მაშინ სასამართლოს პალატა იყო პალატა მთელ კავკასიისა, მაშინ ეს იყო დიდი უშველებელი დაწესებულება, რომელიც აწესრიგებდა სასამართლოს საქმეებს ამ დიდ ტერიტორიაზე. როცა საქართველო გამოიყო, გამოაცხადა თავის დამოუკიდებლობა, მისი ტერიტორია შემცირდა, ასეთი უშველებელი პალატა საჭირო აღარ იყო. მინისტრმა მოახდინა ეს შემცირება, რომელზედაც კანონი ლაპარაკობს. მაშინ იყო 6 დეპარტამენტი, 4 სამოქალაქო, ორი დეპარტამენტი სისხლის სასამართლოსი. მაშინდელ მინისტრმა შეამცირა ეს რიცხვი, დარჩა მხოლოდ ორი დეპარტამენტი: ერთი სამოქალაქო და მეორე სისხლის სასამართლოსი. მაშასადამე შემცირება, ის შემცირება, რომელზედაც ლაპარაკობს 5 ივნისის კანონი, უკვე მომხდარი ფაქტი იყო. გადაყენებული იყო სამსახურიდან 4 თავმჯდომარე ამ დეპარტამენტებიდან, მათი მდივნები და 20-25 წევრი ამ დეპარტამენტებისა.

თითონ კანონში არის ნათქვამი: „დაუყონებლივი შემცირება.“ ეს სიტყვა „დაუყონებლივი“ ნახმარი არის, მაშასადამე, ამ კანონს ჰქონდა დროებითი ხასიათი, მიზანი ამ კანონისა წინასწარ განსაზღვრული იყო და ბრძანება კანონისა შესრულებული იყო დაუყოვნებლივ.

მეორე, როდესაც გავიდა 7-6 თვე, მინისტრის ამხანაგი სარგებლობს სწორედ ამ კანონით და ამბობს, შტატები უნდა შევამციროთო. თქვენ ხედავთ აქედან, რომ ამ განკარგულებას არავითარი ლოღიკური საფუძველი არა აქვს. იქ ლაპარაკია შტატების შემცირებაზე, აქ კი გადაყენებული უფროსი თავმჯდომარე პალატისა. რომ თავმჯდომარე რამდენიმე პირისაგან შესდგებოდეს, კიდევ შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ახსნა. მაგრამ უფროსი თავმჯდომარე მხოლოდ ერთია და მისი შემცირება ყოვლად შეუძლებელია, აგრეთვე მისი კანცელარიის, შტატის შემცირება სხვაა და კანცელარიის გაუქმება სულ სხვაა.

ბოლოს და ბოლოს გამოდის, რომ ეს განკარგულება კანონიერი კი არ არის, კანონს კი არ ემყარება, არამედ ეს გახლავთ მაგალითი ნამდვილ თვითნებობისა. აქ მხოლოდ თვითნებობა არის მინისტრის ამხანაგისა, მას უნდოდა გადაყენება უფროსი თავმჯდომარისა და გადააყენა კიდეც. თითონ მინისტრის ამხანაგი ამბობს, რომ უფროსი თავმჯდომარის მოვალეობას ვანდობ ამა და ამ პირსო. მაშასადამე, ეს თანამდებობა კი არ ყოფილა გაუქმებული, ეს არის ფორმალური მხარე საკითხისა.

მე მოველი ახსნას მინისტრისა და მაშინ უფრო დაწვრილებით მოგიყვანთ ფაქტებს, თუ რამ მიიყვანა ბ. მინისტრის ამხანაგი ამ ზომამდე, ამ კანონის დარღვევამდე.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს ბ. გეგეჭკორს.

იუსტიციის მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. მოქალაქენო, მე მგონია, რომ ყოველივე შეკითხვა უნდა იყოს აშენებული რაიმე ფაქტზე. შეკითხვის ავტორს, რასაკვირველია უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ მოხდა რომელიმე აქტი, რომლის შინაარსი, ან ფორმალური მხარე მას მიაჩნია მიუღებლად, და აი სწორედ ამ ნიადაგზე შენდება შეკითხვა.

მე უნდა განვაცხადო თქვენ წინაშე, რომ ის ფაქტი, რომელზედაც იყო აშენებული ეს შეკითხვა, ის განკარგულება, რომელიც მოახდინა იუსტიციის მინისტრის ყოფილმა ამხანაგმა, სერგო ჯაფარიძემ, ეს განკარგულება მე უკვე გავაუქმე, ისე რომ აღდგენილი არის სტატუს ქუო. ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ყოველნაირი ნიადაგი იმ ლაპარაკს, რომელიც თქვენ აქ მოისმინეთ, ესპობა, და მე სწორედ ვფიქრობდი, რომ ეს შეკითხვა უკანვე იქნებოდა წაღებული.

არ დავმალავ თქვენს წინაშე, რომ მე წინასწარ შეკითხვის ავტორი გავაფრთხილე. მან ძალიან კარგათ იცის, რომ ეს განკარგულება უკვე არ არსებობს. მაშასადამე თფილისის პალატის უფროსი ბ. მღვდლიშვილი თავის ადგილზეა, და მე ვფიქრობ ეხლა ლაპარაკი ამ შეკითხვაზე და ამ შეკითხვის ირგვლივ ყოვლად უნიადაგოა და მხოლოდ დროს წაართმევს დამფუძნებელ კრებას.

აი ასეთი არის საქმის მდგომარეობა. მეტი განმარტება მე ზედმეტად მიმაჩნია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სერგი ჯაფარიძეს.

სერგი ჯაფარიძე. (ს. დ.) თუმცა ასეთი მიმართულება მიიღო საკითხმა, მაგრამ მე მაინც უნდა მოგახსენოთ შემდეგი. (გვაზავა: აკი მოგახსენეთ, რომ მოვხსნი. თავმჯდომარე: უკაცრავად, გთხოვთ დაბრძანდეთ). კანონში ნათქვამია პირდაპირ ესე (კითხულობს). ან, მეორე მუხლი (კითხულობს).

ეს კანონი უკვე გამოქვეყნდა და იუსტიციის მინისტრმა მესხიშვილმა ისარგებლა იმით და შეამცირა შტატები, როგორც ამაზე მოგახსენათ შეკითხვის ავტორმა. მაშასადამე, ერთი საკითხი იყო გადასაჭრელი. ამ კანონის გამოყენებას დაეკარგა ძალა თუ არა? 22 წელიწადი იურისპრუდენციასთან მაქვს საქმე, კანონის განმარტებას ვახდენ და ჩემს წინაშე ასეთი პასუხი დაისვა: ის კანონი, რომელშიაც არ არის აღნიშნული ვადა იმის მოქმედებისა, ან რომელშიაც არ არის განსაზღვრული, რომ ამ კანონით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ ერთხელ, ერთ აქტის მოხდენით, ეს კანონი, ჩემის აზრით, ყოველთვის ძალაში რჩება.

ამ ჩემმა განმარტებამ, როგორც მე ჩემი რწმენით მესმის, გამოიწვია დავა და ამ დავის ნიადაგზე მე გადავდექი, რადგანაც იუსტიციის მინისტრი, როგორც შემდეგ გამოირკვა ამაში არ დამეთანხმა. ამიტომ მე გადავდექი და ის დარჩა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. იმ განცხადებით, რომელიც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და მისმა ყოფილმა ამხანაგმა, ჩვენი ფრაქცია დაკმაყოფილებული არის.

ჩვენ ვხედავთ, მაშასადამე, რომ მთავრობა იზიარებს ჩვენ აზრს, რომ უკანონობა და უსამართლობა მოხდა, და იმედს გამოვსთქვამთ, რომ ამისთანა მოქმედებას, რასაკვირველია, ადგილი აღარ ექნება.

ამ მოსაზრებით ჩვენ დაკმაყოფილებულნი ვართ და ვხსნით ჩვენ შეკითხვას.

თავმჯდომარე. მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ განცხადების შემდეგ, რომელიც ავტორმა შემოიტანა, მე ერთად ერთ შესაძლებლად მიმაჩნია დავსვა საკითხი ამის შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ რაკი მოხსნილი არის შეკითხვა, (მართლა გითხრათ, რეგლამენტში არავითარი სახელმძღვანელო არ გვაქვს) პირადად ესე მიმაჩნია: - აშკარაა, უნდა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. სხვანაირი გამოსავალი არ არის.

ნება მიბოძეთ საკითხი ამოწურულად ჩავთვალო. ავტორმა ეს საკითხი ამოწურულად ჩათვალა და ამა თუ იმ საბუთით, ამა თუ იმ მოსაზრებით ხსნის შეკითხვას.

ნება მიბოძეთ გადავიდე შემდეგ საკითხზე, შემდეგი საკითხი გახლავთ

შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა სიკვდილით დასჯის 12 . კატორღით შეცვლის გამო.

გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი. (კითხულობს ერ.-დემ. ფრ. შეკითხვის ტექსტს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გვაზავას.

გიორგი გვაზავა. ბატონებო, ამ საკითხს აქვს კონსტიტუციონური ხასიათი და ეხლა შეიძლება ეს მოიხსნას სხვა და სხვა მოსაზრების გამო.

შემდეგი შეკითხვა არის კიდევ მათი განთავისუფლების შესახებ. ამ შეკითხვაზე უნდა გავჩერდეთ.

ამ საკითხს კი, რომელიც არის საკონსტიტუციო საკითხი: თუ ვის აქვს შეწყნარების უფლება, - მე ეხლა ამ ჟამად, არ მინდა ვილაპარაკო. ამიტომ ეს შეკითხვა მე უნდა მოვხსნა.

თავმჯდომარე. მაშინ ნება მიბოძეთ განცხადებით დავკმაყოფილდეთ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.

შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი ძეგვის ხიდის ამფეთქ. და სხვათა სასჯელის სრულიად განთავისუფლების გამო.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი. (კითხულობს შეკითხვის ტექსტს).

გიორგი გვაზავა (ერ.-დემ.). აი ბატონებო, ეს უკანასკნელი საკითხი, რომელიც თქვენ მოისმინეთ, - იმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

სასამართლოს მიერ ეს პირები ცნობილი იყვნენ დამნაშავედ, მათ გადაუწყვიტეს სასჯელი. შემდეგ იმათ შეუმცირეს სასჯელი (ესეც მივიღოთ მხედველობაში), მაგრამ მაინც ყოვლად გაუგებარი არის, თუ როგორ მოხდა, რომ ეს პირები სრულიად განთავისუფლდნენ სასჯელისაგან, ჩვენ არ ვიცით ნამდვილად რა მოხდა, რა იყო ის ძალა, რომელმაც აქ იჩინა თავი? მე წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი განთავისუფლება მას აქეთ, რაც ეს პირები დაპატიმრებულნი იყვნენ და სასჯელი უნდა ყოფილიყო ასრულებაში მოყვანილი. როგორ მოხდა, რომ იმათ მიანიჭეს სრული თავისუფლება? ეს არის ნამდვილი წაშლა სასამართლოს განაჩენისა, ეს არის უარყოფა სასამართლოსი. ამას დამტკიცება და განმარტება არ უნდა. სასამართლო იმიტომ არის სასამართლო, რომ იმის დადგენილება არის კანონი, რომელიც უნდა ასრულდეს; ის, ვინც არ აასრულებს, ან ვინც ხელს შეუწყობს იმის არ ასრულებას, ის თითონ არის დიდი დამნაშავე სახელმწიფოს წინაშე. თუ ჩვენ აღმოუჩინეთ რაიმე საშუალება დამნაშავეს, რომელსაც განსაკუთრებული სასჯელი აქვს მისჯილი, სასჯელის ასაცილებლად, ჩვენც ისეთივე დამნაშავენი ვართ, ისეთივე პასუხისმგებელნი, და შეიძლება ისეთივე სასჯელის ღირსნი, როგორიც ჰქონდა გადაწყვეტილი თითონ განთავისუფლებულ დამნაშავეს. აი ამიტომ შემოვიტანეთ შეკითხვა. რა მოხდა, რა იყო ისეთი ძალა, რომელმაც ამოიჩინა თავი და აიძულა მთავრობა, რომ ამ პირთ მისცემოდათ თავისუფლება?

ჩვენ ვიცავთ ჩვენ სუვერენობას, მაგრამ თუ სასამართლოს სფეროში იგი დაცული არ არის, ლაპარაკი სუვერენობაზე ზედმეტია. შეიძლება სუვერენობა ასე თუ ისე შეილახოს ტერიტორიის დაჭერით, უცხო ძალის შემოსვლით, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამას, ამ უცხო ძალის შემოსვლას არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც სასამართლოს შელახვას. თუ აქ სხვა ძალა ერევა და სპობს სასამართლოს, დამერწმუნეთ, რომ ყოვლად შეუძლებელია აქ სუვერენობაზე ლაპარაკი. და თუ ის მომენტი დადგა, რომ მთავრობა იძულებული იყო ანგარიში გაეწია, მე მგონია მთავრობა ვალდებული იყო ჩვენთვის მოეხსენებინა ეს გარემოება, აქ, დამფუძნებელ კრების წინაშე, და ჩვენ ერთნაირ მსჯავრს გამოვიტანდით, ერთნაირ სულიერ განწყობილებას შევქმნიდით ხალხში. მართლა ჩვენი სასამართლო ისეთი ხომ არ არის, როგორც ველურ ხალხებისა, ზულუსებისა, კაფრებისა.

მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, და ყველამ იცის, რომ ჩვენი სასამართლო არაფრით ჩამოუვარდება ევროპის სასამართლოს. ჩვენი სასამართლო აგებული არის იმავე პრინციპზე, რა პრინციპზე აგებული არის იგი საფრანგეთში, ან შვეიცარიაში. ჩვენი წესი საქმის გამოძიებისა, საქმის წარმოება სასამართლოში, დამნაშავის ინტერესების დაცვა და სხვა სულ სიტყვა-სიტყვით არის გადმოთარგმნილი, იმ უკანასკნელ მაგალითებისაგან, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ საფრანგეთში და სხვა განათლებულ სახელმწიფოებში. მაშასადამე, ჩვენი სასამართლო მართლაც ისე მაღლა სდგას, რომ ყოვლად შეუძლებელია ამ სასამართლოს ანგარიში არ გაუწიონ, და ჩვენ ისე მოგვეპყრონ, როგორც ეპყრობიან კაფრებს ან ზულუსებს.

აი ამიტომ მე ვითხოვ განმარტებას იმისა, თუ როგორ მოხდა ეს და რა ძალამ აიძულა ჩვენი მთავრობა, რომ იმან დაარღვია კანონი? აქ ისეთი დარღვევაა კანონისა, რომ სხვაგან თვითონ მთავრობას გადააყენებენ ხოლმე, და პასუხის გებაში აძლევენ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს.

იუსტიციის მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. ეს საკითხი, რომ, აი სწორედ ისე იყო დაყენებული, როგორც აქ კრების წევრი გვაზავა განმარტებას იძლეოდა, თავის თავად ცხადია, ყოველივე ის მოსაზრებანი, რომელიც მან მოიყვანა ანგარიშ გასაწევი არის.

პირადად მე სრულიად არ მინდა თქვენ წინაშე დავმალო, რომ საზოგადოდ შმაგაილოვის დანაშაულობა და მთელი ეს ისტორია თავიდანვე არა ნორმალურ პირობებში იყო გახვეული. ყველა თქვენგანს კარგად მოეხსენება, რომ ამ საკითხისადმი მეტად მწვავე და დიდი ინტერესი გამოიჩინა ინგლისის სარდლობამ, ისიც მოგეხსენებათ თქვენ, თუ რაზე იყო აგებული ეს ინტერესი. ინგლისის სარდლობამ თავიდანვე განაცხადა, რომ შმაგაილოვი - ეს მისი აგენტი არის და ის რაც მან მოიმოქმედა, ეს იყო მიმართული არა საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, არამედ მისი მტრის, გერმანიის და გერმანიის კოალიციის წინააღმდეგ.

მე არ შეუდგები სრულიად იმის განმარტებას თუ რამდენად დასაბუთებული იყო ის მოტივები, მხოლოდ აღვნიშნავ თქვენს წინაშე იმ ფაქტს, რომელიც ყველა თქვენგანს კარგად მოეხსენება.

არც ეს მინდა მე უარვყო, რომ მართლაც, როგორც საკითხი სასამართლოსი, მისი პრესტიჟის დაცვისა, ეს საკითხი, თავის თავად ცხადია, არ იყო ჩატარებული ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვდა, მაგრამ ასეთი მსჯელობა იქნება მსჯელობა განყენებული, რეალურ პირობებს აცდენილი და აი სწორედ ამ რეალურ პირობების ანგარიშის არ გაწევა.

მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს გახდა საერთაშორისო საკითხად. როდესაც საქართველოს მთავრობა დარწმუნდა ამაში და მიიღო იმის დასამტკიცებელი საბუთები, რომ მართლა შმაგაილოვი ინგლისის აგენტია, რომ ის თავის მოქმედებაში ხელმძღვანელობდა იმ მოტივებით, რომელზედაც თავიდანვე მიგვითითა ჩვენ ინგლისის სარდლობამ, ჩვენც არ შეგვეძლო ამისთვის ანგარიში არ გაგვეწია და სწორედ მაშინ, როდესაც ეს გახდა საერთაშორისო საკითხად, - ჩვენ, მთავრობამ, დავინახეთ საჭიროდ გადაგვედგა ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგით.

შესაძლებელი არის, რომ დამფუძნებელმა კრებამ გაიზიაროს ის, რაც აქ ბრძანა ბ. გვაზავამ, რომ ჩვენ წინასწარ ამ შემთხვევაში უნდა ეს საკითხი გაგვეხადა საგნად თქვენი მსჯელობისა და გადაწყვეტისა. მე არ ვიცი, ფორმალური საბუთი აქ არ იყო, პირიქით ის დადგენილება, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ გამოიტანა, ჩვენ გვაძლევდა უფლებას გვეფიქრნა, რომ პატიების უფლება ეს არის უფლება მთავრობისა, და რამდენადაც მახსოვს, წინააღმდეგ აზრს სწორედ ბ. გვაზავა იცავდა. ის და მისი პარტია, ამ შემთხვევაში, განცალკევებული დარჩა. (ხმაურობა) თუ არ ვსცდები სოციალ-რევოლიუციონერებიც. (ხმაურობა. ხმა: პარლამენტს ეკუთვნის ეს უფლება!).

ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობა არც არსებითად, არც ფორმალურად ასეთ აზრს არ იზიარებდა. მაშასადამე, კონსტიტუციის დარღვევას აქ, რასაკვირველია, ადგილი არა აქვს, რადგანაც ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც სრულიად ეთანხმებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას.

მეორე საკითხი სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. ეს ის, რომ იყო თუ არა ჩვენი სუვერენობისთვის, ჩვენ სახელმწიფოს და დამფუძნებელი კრების პრესტიჟის დასაცავად საჭირო, ჩვენ მიერ ამ საკითხის აქ თქვენს წინაშე დასმა. მე ვფიქრობ, ვინც ამ საკითხს ღრმად ჩასწვდება და ყოველნაირ პირობებს ანგარიშს გაუწევს, მე დანამდვილებით შემიძლიან ვსთქვა, რომ თუ ეს ნაბიჯი, ჩვენთვის კიდევ სათუოთ არის, თუ ეს ნაბიჯი მართლაც ვისმეს პრესტიჟს ამცირებს, - ჩვენ არ გვქონდა ამ შემთხვევაში უფლება, რომ ეს საკითხი გაგვეხადა თქვენი მსჯელობის, გადაწყვეტილების და მოქმედების საგნად. რათა და როგორ? ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. თქვენ ადვილად მიხვდებით და გაიგებთ.

აი ჩვენი განმარტება. აქ დავა იმაზეა, რომ სასამართლოს ღირსება ჩვენ ვერ დავიცავით და ჩვენ ვერ შევასრულეთ ის, რაც საჭირო იყო, ჩვენის აზრით, აქ ზედმეტია. ალბად ამაზე კიდევ უფრო მაგარი, უფრო ლამაზი სიტყვები ითქმოდა. ამ საკითხში ალბად, ჩვენც არ ჩამოვრჩებოდით ბ. გვაზავას. ჩვენ შეიძლება უფრო ფართოდაც დაგვესვა ეს საკითხი, მხოლოდ მე უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გახდა საერთაშორისო საკითხად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრწმუნდით, რომ შმაგაილოვი იყო მართლადაც აგენტი ინგლისისა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ინგლისს არ ძალუძს მოითმინოს, რადგანაც ხედავს, რომ მისი აგენტი არ ხელმძღვანელობდა იმ ვიწრო მოსაზრებით, რომელზედაც იყო გამოტანილი განაჩენი საქართველოს სასამართლოსი, არამედ მას ჰქონდა უფრო ფართო მოტივები და ფართო გეგმა, და ინგლისს არ ძალუძს, რომ მან არ დაიცვას თავისი ღირსება და ის მოსთხოვს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, რომ მან გაანთავისუფლოს მისი აგენტი, - ჩვენ მართლადაც გაუწიეთ ანგარიში და შმაგაილოვი სრულიად გავანთავისუფლეთ. მე ვაღიარებ თქვენს წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი უფლებით, პატიების უფლებით ვისარგებლეთ და შმაგაილოვი არამც თუ საქართველოს საზღვრებიდან, არამედ ამიერ-კავკასიის საზღვრებიდან გავაძევეთ.

ასეთია, ბატონებო, საქმის მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ სხვა და სხვა მოსაზრებებით, უნდა დავრჩეთ რეალურ ნიადაგზე.

აი ამით ხელმძღვანელობდა მთავრობა თავის მოქმედებაში, და მე მგონია, რომ მთავრობის ასეთ მოქმედებაში ისეთ დიდ დანაშაულს, როგორც ფიქრობს და ეძიებს ბ. გვაზავა, მიუდგომლად ვერავინ ვერ ნახავს.

მთავრობა აცხადებს, რომ სწორედ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, და გადავდგით კიდეც.

ეხლა, რასაკვირველია, დამფუძნებელმა კრებამ უნდა სთქვას თავისი სიტყვა, და მართლაც, თუ დამფუძნებელი კრება დაინახავს, რომ აქ მთავრობამ, ან მისმა ერთმა წევრმა, იუსტიციის მინისტრმა, ეს დანაშაულობა ჩაიდინა, მაშინ, რასაკვირველია, იუსტიციის მინისტრი შესაფერ დასკვნას გამოიტანს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრ. გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) ბატონებო, დაყენებულ შეკითხვაში და იმ განმარტებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ შეკითხვის ავტორისგან, საკითხები ერთი მეორეში არის არეული.

აქ ლაპარაკობდნენ, რომ სასამართლოს დადგენილება გაუქმებულია, რომ რაღაც ძალა ჩაერია სასამართლოს საქმეებში და ამით სასამართლოს უფლებები შეკვეცილია, შერყვნილია სასამართლო. მე მგონია, ეს ესე არ არის. სასამართლოში ჯერ გამოძიება იყო ამ საკითხის შესახებ, სასამართლომ ეს საქმე გაარჩია, თავისი განაჩენი გამოიტანა. აქ არავითარი გარეშე ძალა, არავითარი გავლენა სასამართლოზე არ ყოფილა, - მაშინ ეს განაჩენმა დაგვანახვა ჩვენ, როდესაც ეს საქმე ირჩეოდა და ჩვენმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ის არის სრულიად დამოუკიდებელი. ამით გათავდა სასამართლოს ფუნქციები.

მერე იწყობა მეორე მხარე, მხარე პრაქტიკული და პოლიტიკური, და როგორც აქ იყო აღნიშნული - საერთაშორისოც. ამის შემდეგ მთავრობის წინაშე დაისვა ეს საკითხი, და მთავრობამ მიიღო რა მხედველობაში ყველა პირობები, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი და სხვა პირობები, მან გამოიტანა ერთგვარი დადგენილება და ესა თუ ის პიროვნება მან შეიწყალა, ან და ამა თუ იმ პიროვნებას სასჯელი შეუცვალა. ეს დადგენილება მთავრობისა იყო მიზან შეწონილი, ესე იყო დაკავშირებული სხვა და სხვა პირობებთან, რომელნიც ჩვენ გარშემო არსებობენ.

აი ეხლა ისმის საკითხი - ასეთ პირობებში, როდესაც მთავრობა აწარმოებს ერთგვარ პოლიტიკას, გამოაქვს ესა თუ ის დადგენილება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენი სუვერენიტეტი ილახება თუ არა, რომელიმე დადგენილების გამოტანით? სუვერენობა, ბატონებო, მაშინ შეილახება, როდესაც რომელიმე სხვა ძალა თვითონ გააუქმებს სასამართლოს დადგენილებას, ან ვინმეს ციხიდან გამოუშვებს, მაგრამ როდესაც მთავრობა თვით ხედავს, რომ პირობების მიხედვით, რომელიც არსებობს, მისთვის აუცილებელი არის ესა თუ ის ნაბიჯი გადასდგას, იმიტომ, რომ დაიცვას ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვენერობა, ის ამ შემთხვევაში თავისუფლად მოქმედობს, - ამაში არავითარი დარღვევა სუვერენიტეტისა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ნაბიჯი მთავრობისა, ყოველივე მისი დადგენილებაში, რომელიც გამომდინარეობს ამა თუ იმ პრაქტიკულ მოსაზრებიდან, ამა თუ იმ ძალთა განწყობილებიდან, დაინახოთ სუვერენობის შელახვა. აი ამიტომ, სასამართლო ამ შემთხვევაში ხელუხლებელი არის. მთავრობამ გადასდგა ეს ნაბიჯი, გადასწყვიტა ეს საკითხი, როგორც ამას მოითხოვს შექმნილი პირობები, და ამ შემთხვევაში ჩვენი სუვერენობა ხელუხლებელი არის.

იმ პირობებში და პრაქტიკაში, რომელიც დღეს არსებობს, მთავრობას ჰქონდა უფლება, როგორც განაჩენის შეცვლის, ისე ვისიმე შეწყალების. მაშასადამე, მან განახორციელა თავისი უფლება, რომელიც ჰქონდა, სანამ დამფუძნებელი კრება სხვას, სხვა დადგენილებას არ გამოიტანს ამ კონსტიტუციონურ საკითხის შესახებ. მთავრობა განაცხადებს თავის უფლებას ისე, როგორც ამას მოითხოვს ადგილობრივად შექმნილი პირობები, და მისგან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენის აზრით, ამ შემთხვევაში, არის როგორც კანონიერი, ისე მიზანშეწონილი.

სპ. კედია. ბატონებო, შმაგაილოვის საკითხი ერთობ სერიოზული საკითხია, მას აქვს დიდი პრინციპიალური სახელმწიფოებრივი ხასიათი. იგი სამართლიანად აღელვებს საზოგადოებრივ სინდისს. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ჩვენს მთავრობას თავის თავად, თავის ინიციატივით და გარეშე ძალის ჩაურევლად სახელმწიფო დამნაშავე შმაგაილოვი ციხიდან გამოეშვა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა პირობებში გაირჩია შმაგაილოვის საქმე. მოგეხსენებათ, თუ რა გარემოებები იყო, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სომხები გალაშქრებას აპირობდნენ.

ამას წინად მიუძღოდა აგრეთვე ოკტომბრის შუა რიცხვებში სომეხთა ჯარის საქართველოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედება; თქვენ ისიც კარგად იცით, რომ სომხები მაშინ სხვებსაც უკავშირდებოდენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩრდილოეთიდან სომხეთის დასახმარებლად რუსის ძალებიც მოდიოდა. ამ დროს საჭირო იყო შიგ საქართველოში შინაურ აჯანყებისა და ამბოხების მოწყობა. საქართველომ ეს რომ იგრძნო, ფეხზე დადგა და ძალთა მობილიზაციას შეუდგა. სწორედ ამ დროს ბ. შმაგაილოვი აფეთქებს ძეგვის ხიდს, რომ ამით შეუძლებელი გამხდარიყო საქართველოს ყველა ნაწილებიდან მეომარ ძალთა შემოკრება. გასაგებია ის ღრმა აღშფოთება, რომელსაც იწვევს ეს გარემოება მთელს საქართველოში; და აი ამ ხალხის საქმე, შმაგაილოვისა და კომპანიისა, გაარჩია კიდეც სასამართლომ, რომელმაც მათ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. მთელი ქართველი ხალხი მოელოდა ამ კანონიერ სასჯელის აღსრულებაში მოყვანას. ასეთი იყო ის სულიერი განწყობილება და ფსიხოლოგიური ატომოსფერა, რომელშიაც იმყოფებოდა მთელი საქართველო. ხალხი მოელოდა რომ საქართველოს სიტყვა და განაჩენი პატივის ცემაში დარჩებოდა, ასეთ დამნაშავეთ ღირსეული სასჯელი გარდახდებოდათ. მაგრამ ვიცით, რომ შმაგაილოვი დღეს თავისუფალია და არხეინად დასეირნობს. ირკვევა, რომ მთავრობა თვის ნების პატრონი არ იყო ამ საქმეში, ბ. მინისტრმა თვის სიტყვაში, კიდევაც აღნიშნა, აქ საერთაშორისო ხასიათის პოლიტიკური მომენტია ჩარეული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაშიაც მთავრობას დიდი დანაშაული ჩაუდენია, რადგან მან აშკარად შებღალა საქართველოს სახელი და პრესტიჟი, და ჩვენი მართლმსაჯულობა; და ეს მოხდა ისე, რომ დამფუძნებელ კრებას ამის შესახებ არაფერი მოხსენებია. თქმა იმისა აქ, თითქოს მთავრობას ჰქონდა ამის უფლება და რომ აქ არავითარი პრესტიჟი არ არის შელახული, საფუძველს მოკლებულია. როდესაც გარეშე ძალა მოდის იერიშით ჩვენს სასამართლოს ღირსების წინააღმდეგ და მის დადგენილებას აბათილებს, როდესაც გარეშე ძალა საქმეში ერევა და სახელმწიფო დამნაშავის განთავისუფლებას მოითხოვს, მთავრობა ვალდებული იყო მთელის თავის სიმტკიცით ამართულიყო თავის სასამართლოს დასაცავად, თუნდაც კრიზისი შექმნილიყო ამის გარშემო, იმიტომ, რომ ეს საკითხი ძირითადი საკითხია ეროვნულ ღირსებისა, თავმოყვარეობისა, მართლმსაჯულობისა და სუვენერობისა. ჩვენ მთავრობას ეს აზრად არ მოსვლია, და მიისაკუთრა უფლება ეს საკითხი თავის კაბინეტში გადაეჭრა. ასეთი ძირითადი საკითხი, რომლის გარშემო მთელი ერის გული და გონებაა მოკრეფილი და რომელიც მის ძირითადი ღირსების საკითხს შეადგენს, მთავრობის კაბინეტში ვერ გადაწყდება. დამფუძნებელი კრება ამ შემთხვევაში მთავრობას მიეშველებოდა. როდესაც მთავრობა ხედავს, რომ მას აიძულებენ თავის ქვეყნის სუვენერობა საკუთარი ხელით შეალახვიონ, მან უნდა მოუწოდოს ქვეყანას, ყოველ ცოცხალ ძალას, უწინარეს ყოვლისა პარლამენტს. მთავრობის ხელში მძლავრ დამხმარედ ამ შემთხვევაში იყო დამფუძნებელი კრება. მთავრობამ ეს ვერ გამოიყენა, თავისა და თავის ქვეყნის ღირსების დასაცავად. და აი სწორეთ ეს არის სამწუხარო მოვლენა და ამაშია მისი დანაშაულიც. დღეს ტრიბუნაზე ეს საკითხი იმიტომ გამოვიტანეთ, რომ შემდეგ მაინც ისეთი საკითხი, რომელიც ეხება ერის ძირითად ღირსებას, მართლმსაჯულობას და სუვერენობას, შინაურულად არ გადასწყდეს ხოლმე; მთავრობამ უნდა გამოიყენოს ყველა ის ძალა, რომელიც მის ხელში არის, და არა დასთმოს-რა იმ საკითხში, რომელიც ეხება ჩვენ ხალხის, ჩვენ ქვეყნის სუვერენობას. მართალია, ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მთავრობისაგან, შეიცავს მოტივებს სინანულისას რომ ეს ესე მოხდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გამოვსთქვამთ იმედს, რომ შემდეგში მაინც ასეთნაირი საკითხი არ გადაწყდება მთავრობის წრეში. ჩვენ ამ საკითხის გარშემო არ გვინდოდა შეგვექმნა დიდი შეხლა შემოხლა. მაგრამ რაც ითქვა, ის უნდა თქმულიყო, რომ შემდეგში მაინც მეტის სიფრთხილით და მოკრძალებით მოეპყრას საქართველოს მთავრობა საქართველოს ღირსებას.

თავმჯდომარე. ვის ჰსურს კიდევ სიტყვა? მსურველი არავინ გახლავთ. მაშასადამე კამათი დასრულებულია.

მე მაქვს აქ ორი რეზოლიუცია, ერთი დამფუძნებელ კრების ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის ფორმულა.

მდივანი (კითხულობს): „დამფუძნებელი კრება, მოისმინა რა მთავრობის განმარტება შესახებ სასამართლოს განაჩენით დასჯილთა შმაგაილოვისა და კუჩარიანცის განთავისუფლებისა, დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს მთავრობა მომავალში შესძლებს საქართველოს სუვერენობის დაცვას სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყოველ სფეროში, - მორიგ საკითხზე გადადის“.

თავმჯდომარე. გახლავთ მეორე რეზოლიუცია სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

სოც. დემ. ფრაქციის ფორმულა.

მდივანი (კითხულობს): „მოისმინა რა შეკითხვა ძეგვის ხიდის ამფეთქებელთა სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ და მთავრობის განმარტება ამ საკითხზე, დამფუძნებელი კრება აღიარებს, რომ შექმნილ საერთაშორისო პირობებში მთავრობის მოქმედება მიზანშეწონილი გამოსავალი გზა იყო და გადადის მორიგ საკითხზე“.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი პირველ რეზოლიუციას. ვინ არის წინააღმდეგი? (უმრავლესობა წინააღმდეგია). ვინ არის მომხრე? (მომხრენი არიან ეროვნულ-დემოკრატები). ვინ შეიკავა თავი? (თავი შეიკავეს ფედერალისტებმა. მაშასადამე რეზოლიუცია უარყოფილია. ვინ არის მომხრე მე-2-ე რეზოლიუციისა? მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი? (წინააღმდეგნი არიან ერ.-დემოკრატები). თავი ვინ შეიკავა? (სოც.-ფედ. თავს იკავებენ).

შემდეგი კანონ-პროექტი სახელმწიფოს მოსამსახურეების ჯამაგირების მომატებისა. მომხსენებელია ჭავჭანიძე.

პროექტი დეკრეტისა სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატებისა.

ივანე ჭავჭანიძე (მომხსენებელი). მოქალაქენო, ეს კანონ-პროექტი შეეხება იმ მოსამსახურეების ჯამაგირების მომატებას, რომელნიც მსახურობენ სამოქალაქო უწყებებში.

ზოგიერთ მოსამსახურეებს, როგორც მაგალითად, რკინის გზის მოსამსახურეებს ჩვენ უკვე მოუმატეთ ჯამაგირი. რაც შეეხება სამხედრო უწყების მოსამსახურეების ჯამაგირის მომატებას, სათანადო უწყების მიერ ცალკე იქნება შემოტანილი კანონ-პროექტი.

მთავრობის აზრით, იმ ჯამაგირების დატოვება მოსამსახურეებისათვის, რომელსაც ისინი დღეს იღებენ, ყოვლად შეუძლებელია. იმდენად გაძვირდა ყველაფერი მას შემდეგ, რაც უკანასკნელი მომატება მიიღეს, რომ დღევანდელ პირობებისთვის ჯამაგირების არსებული ოდენობა ძალიან მცირეა. მთავრობა შემოდის წინადადებით, რომ ამ მოსამსახურეებს ჯამაგირი გაუდიდოთ.

აქ წარმოდგენილ კანონ-პროექტში შემდეგი პრინციპი არის მიღებული: ყველა მოსამსახურეები დაყოფილი არიან 3 კატეგორიათ: პირველ კატეგორიაში შედიან ის მოსამსახურეები, რომელიც იღებდნენ არა უმეტეს 450 მანეთისა, შემდეგ ის მოსამსახურეები, რომელნიც 450 მ.-დან 1000 მანეთამდე შიგ ჩართვით და მესამე კატეგორიაში - ისინი, რომელნიც 1000 მანეთზე მეტს იღებენ. თან აღნიშნული არის, რომ ეს კანონ-პროექტი არ ვრცელდება რკინის გზის მოსამსახურეებზე და აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებზე. საბიუჯეტო კომისიამ ამ კანონ-პროექტის განხილვის დროს გამოჰყო ამ კანონ-პროექტიდან ფოსტა-ტელეგრაფის უწყების მოსამსახურეებიც, რადგანაც იმ მასალების მიხედვით, რომელიც მას ჰქონდა, ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურენი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. იმ ციფრების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ფოსტა-ტელეგრაფის დაბალი მოსამსახურენი იღებენ დღეს ყველგან 580 მანეთს, ამ კანონ-პროექტის ძალით კი ისინი მიიღებენ 450 მანეთს თუ ისინი მსახურობენ სადმე პროვინციაში, მხოლოდ ტფილისში მოსამსახურე მიიღებს 600 მანეთს. ამნაირად ვინც ტფილისში მსახურობს მას მოემატება მხოლოდ 20 მანეთი, პროვინციაში კი დააკლდება, რადგანაც ნაცვლად 580 მანეთისა, რომელსაც ეხლა იღებს, მიიღებს 450 მანეთს.

აი, სწორედ ამ მოსაზრებით ამ კანონ-პროექტიდან კომისიამ გამოჰყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყების მოსამსახურეები, ამას დაეთანხმა უწყების წარმომადგენელი, რომელიც საბიუჯეტო კომისიის სხდომას დაესწრო და აგრეთვე შრომის მინისტრიც. ამნაირად ფოსტა-ტელეგრაფის უწყებებში მოსამსახურეთათვის შედგენილი იქნა ცალკე დეკრეტი.

როგორც მოგახსენეთ, ამ გამოყოფას მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეების ჯამაგირების მომატებამ კურიოზულ შედეგამდის არ მიგვიყვანოს და ნაცვლად მომატებისა, დაკლება არ გამოვიდეს. საერთოდ ჯამაგირების განზრახული მიმატება იწვევს დამატებითი ხარჯს, რომელიც უწყებათა შორის განაწილებულია ამ დეკრეტზე დართულ ნუსხის მიხედვით. ნუსხა შემდეგია (კითხულობს ნუსხას). ეს კანონ-პროექტი არის წარმოდგენილი დეკრეტის სახით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია წინადადებას იძლევა ეგ დეკრეტი იქნეს მიღებული და შევიდეს ძალაში დღიდან მიღებისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მე ავიღე სიტყვა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნო ზოგიერთი უხერხულობა, რომელსაც ქმნის კანონ-პროექტის გამოურკვევლობა და შემდეგ კიდევ მისი გადამუშავება კომისიის მიერ.

ერთგან და მეორეგანაც ადგილი ჰქონია ისეთ დეფექტებს, რომლის გამოსწორება, ჩემის აზრით, აუცილებელი იქნება. როცა უწყება ადგენს პროექტს ჯამაგირების მომატებისას, მან თითონ უნდა მიიღოს ყოველივე ზომა, რომ ამას მართლა მოქონდეს მომატება ჯამაგირებისა და არა დაკლება, რომ მომატების სახით არ გამოვიდეს დაკლება ჯამაგირებისა ზოგიერთ დარგების მოსამსახურეებისათვის. მე მგონია, რომ ეს არ არის ძნელი სამინისტროსთვის, თუ ის აიღებს ძველ შტატებს და ამ შტატების მიხედვით მოუმატებს ჯამაგირებს. ეს ძალიან მარტივი საქმეა და ამიტომ რასაკვირველია, რომ ეს პროექტი ასეთ სახით წარმოადგინეს. მაგრამ ასეთივე საქმე დაემართა საბიუჯეტო კომისიასაც. მას აუღია ერთი დეკრეტი და ორ დეკრეტათ გაუყვია, ხოლო კრედიტი კი ერთი დაუტოვებია. ჩვენ გვაქვს ამრიგათ ორი დეკრეტი ჯამაგირების მომატების შესახებ; ერთ დეკრეტისთვის გვაქვს კრედიტიც, ხოლო მეორესთვის კი არა, რადგანაც კრედიტი არ გაუყვიათ. ცხადია, როცა გაჰყვეს დეკრეტი, ცალკე უნდა გამოეყოთ ის თანხაც, რომელიც გამოყოფილ დეკრეტის ასრულებას მოუნდება. ახლა კი მოხდა ის, რომ კრედიტი ერთ დეკრეტისთვის გვაქვს და მეორესთვის არა. მე მგონია, რომ ყველა ამის გამო, ჩვენ დაგვჭირდება არსებითად ამ ორ დეკრეტის ერთი მეორესთან შეერთება და ერთ დეკრეტათ მიღება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ გამეორდეს ის, რაც იანვარში დაემართა განათლების სამინისტროს. მაშინ ჩვენ მივიღეთ კანონ-პროექტი მასწავლებლების ჯამაგირების მომატების შესახებ, კრედიტი კი გაუხსნელი დარჩა. უკანასკნელ დრომდე კრედიტის გახსნა ვერ მოვასწარით და მასწავლებლებმა ვერ მიიღეს დროზე მომატება ჯამაგირებისა, რის გამო უკიდურეს მდგომარეობას განიცდიან. დღევანდელ შემთხვევაშიც შესაძლებელია იგივე განმეორდეს.

საერთოდ ეს დეკრეტი უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩემი აღნიშნული მხარე საჭიროა კომისიამ და უწყებამ მხედველობაში მიიღონ, რომ შემდეგ მაინც არ განმეორდეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებელის დასკვნა.

ივანე ჭავჭანიძე. მე როგორც წინად მოგახსენეთ, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას ერთად-ერთი მიზანი ჰქონდა, სახელდობრ ის, რომ კურიოზული მდგომარეობა არ შექმნილიყო ამ კანონ-პროექტის მიღებით, რომ მომატების მაგივრად დაკლება არ გამოსულიყო.

რაც შეეხება იმას, რომ ამ დეკრეტში შეტანილი უნდა იქნას შესაფერისი მუხლი, რათა დაცული იქმნეს ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეების ინტერესი, - ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წინადადების წინააღმდეგ არ ვიქნებით.

თავმჯდომარე. მაშასადამე წინადადება არის, რომ ეს ორი დეკრეტი, ერთი ის, რომელიც მომხსენებელისაგან უკვე მოისმინეთ, და მეორე, რომელსაც მე-13 ადგილი უჭირავს, შეერთებულიყვნენ. მე წერილობითი წინადადება არ მაქვს, რადგანაც ესე გავიგე ეს წინადადება, ესე ვუყრი კენჭს. მაგრამ თუ ავტორს არ უნდა, რომ კენჭი უყარო, კენჭს არ უყრი. ვინ არის წინააღმდეგი, რომ შეუდგეთ დეკრეტის განხილვას მუხლობრივ? გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს პირველ მუხლს ორივე ნაწილით).

თავმჯდომარე. ამ მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. ჩვენ გვინდა, რომ მესამე მუხლიდან ამოიშალოს სიტყვები: „და ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებათა მოსამსახურეებზე“. ასე რომ ეს მუხლი მთლიანად შეიცვალოს და გამოვიდეს ახალი რედაქციით. „ზემოაღნიშნული მომატება არ ვრცელდება რესპუბლიკის რკინის გზისა და დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეებზე“.

ამ ჩვენ შესწორებასთან დაკავშირებული არის შემდეგი შესწორება, რომელიც ჩვენ გვინდა შევიტანოთ, და ეხლავე განვაცხადებ, რომ აზრი ამ შესწორებისა ნათელი იყოს დამფუძნებელი კრებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურენი აგრეთვე ამ დეკრეტში იყვნენ მოხსენებულნი, ვინაიდან კრედიტი ამ დეკრეტით არის გახსნილი. ამიტომ ამ მუხლს უნდა დაემატოს ახალი მუხლი, ჩაერთოს ახალი შინაარსი აი, ასეთი (კითხულობს): „ზემოაღნიშნული მომატება არ ვრცელდება აგრეთვე ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეებზე, რომელთათვის უნდა დაწესებულ იქნეს შემდეგი ჯამაგირები: ა) ყველა იმ მოსამსახურეთ, რომელნიც იღებენ თვიურ ჯამაგირად არა უმეტეს ათასი (1000) მანეთისა, მიემატოთ ორმოცდა ათი (50) პროცენტი. ბ) ყველა იმ მოსამსახურეთ, რომელნიც იღებენ თვიურად ათას (1000) მანეთზე მეტს, მიემატოთ ოთხასი (400) მან. თვეში.

თუ ასეთ მომატებას მიიღებთ ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეების შესახებ და ამ მესამე მუხლის შემდეგ კიდევ მუხლს, მაშინ ეს კრედიტი, რომელიც გაეხსნება შინაგან საქმეთა უწყებას, სავსებით დაჰფარავს ამ ორ ხარჯს. სხვა მოსამსახურეების და ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეებს სავსებით დააკმაყოფილებს და აღარც დაყოფა დასჭირდება. ამიტომ მესამე მუხლში ასეთი შესწორება უნდა შევიტანოთ და აგრეთვე დაუმატოთ მეოთხე მუხლი ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეების ჯამაგირის მომატების შესახებ, რომელიც ამ პროცენტით განსაზღვრული იქნება.

თავმჯდომარე. მაშასადამე, თქვენი შესწორება ასეთია, მაგრამ აქ გამოდის პუნქტი და არა მუხლი. (არსენიძე ადგილიდან: არა, მუხლი!) მაშასადამე ეს იქნება მეორე მუხლი და არა მეოთხე. (არსენიძე: მეორე იქნება, თუ მეოთხე ოღონდ კი ჩაემატოს და!) ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. მე მგონია აქ ცოტა გაუგებრობა მოხდა. ის შესწორება, რომელიც აქ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით იქნა შემოტანილი, ეხება მესამე მუხლს, მე კი ჯერ მეორე მუხლიც არ წამიკითხავს. მე წავიკითხე მხოლოდ პირველი მუხლი. პირველი მუხლი არის გაყოფილი სამ ნაწილად, ასე რომ, ჯერჯერობით ეს შესწორება ნაადრევია:

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე.

მომხსენებელი (კითხულობს მეორე მუხლს. მუხლი კენჭის ყრით მიღებულია).

მომხსენებელი (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. აქ გახლავთ ის შესწორება შემოტანილი; რომელზედაც მოგახსენათ კრების წევრმა არსენიძემ. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. რადგანაც მუხლის შეტანა აქ გაამარტივებს საკითხს და საერთოდ ის მიზანი, რომელიც ფინანსიურ კომისიას ჰქონდა, სავსებით დაცული იქნება, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ეს შესწორება იქნეს შეტანილი.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ვინ არის წინააღმდეგი, რომ მიღებულ იქნას მუხლი იმ შესწორებით, რომელიც წარმოადგინა სოც. დემ. ფრაქციამ?

ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. არის წინადადება იმავე ფრაქციის, რომ მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი (კითხულობს) ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. შემდეგი.

მომხსენებელი. (კითხულობს შემდეგ 5-8 მუხ. მუხლები კენჭის ყრით მიღებულია) ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ მოსამსახურეებს, თუ დამატება პირველ აპრილიდან შევა ძალაში, ამ მომატებით ბევრს 300 მანეთი არც კი მოემატა, მიემატათ 200 ან ნაკლები. ხოლო უფრო მაღალ მოსამსახურეებს 300 მანეთი დარჩებათ, ამ მხრივ დასჯილი იქნებიან მხოლოდ დაბალი მოსამსახურენი. და რომ ეს ასე არ მოხდეს, საფინანსო უწყება შემოდის წინადადებით, რომ ეს დამატება შევიდეს ძალაში პირველ მაისიდან და არა პირველ აპრილიდან.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. ნუსხა ბრძანეთ.

მომხსენებელი. (კითხულობს სამოქალაქო უწყებების სახელმწიფო მოსამსახურეთა 1919 წლის მაისის 1-დან ყოველ თვიურ დამატებითი ჯამაგირებით დასაკმაყოფილებლად გადასადებ თანხის ნუსხას).

ნუსხა და საერთო ჯამი კენჭის ყრით მიღებულია.

თავმჯდომარე. შემდეგი გახლავთ ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულების მოსამსახურეთა ჯამაგირების მომატების დეკრეტი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივ. ჭავჭინიძე. ეს დეკრეტი შეეხება ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებებში მოსამსახურე მოხელეთ.

დღეს თქვენ მიიღეთ დეკრეტი ყველა მოხელეთათვის ჯამაგირების გადიდების შესახებ. რადგან ამ მიღებულ დეკრეტში შეტანილ იქმნა სოც.-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება, რომელიც სავსებით ფარავს დეკრეტს ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეთა ჯამაგირების გადიდებას და აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას, ჩემის აზრით ეგ დეკრეტი მოხსნილი უნდა იქნეს.

თავმჯდომარე. ისე რომ თქვენის აზრით, ეს უკვე შევიდა დეკრეტში (ჭავჭანიძე: დიახ, შევიდა!).

ახლა წინადადება გახლავთ, რომ რაკი ეს დეკრეტი ზედმეტია, ამიტომ უარყოფილი უნდა იყოს. კენჭს ვუყრი. ვინ არის წინააღმდეგი? წინადადება მიღებულია. ეს დეკრეტი, როგორც დეკრეტი, უარყოფილია. შემდეგი და უკანასკნელი გახლავთ (კითხულობს)

პროექტი დეკრეტისა 500000 . გადადების შესახებ ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად რესპუბლიკის სამინისტროების მოსათავსებლად.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ანჯაფარიძეს.

. ანჯაფარიძე. მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ რესპუბლიკის ყველა სამინისტროები მოთავსდეს ერთ შენობაში. ასეთ გადაწყვეტილებას შემდეგი მოსაზრება აქვს; ერთის მხრივ, სამინისტროების ერთ შენობაში მოთავსება გაადვილებს მათი ერთმანეთთან დამოკიდებულებას, რაც რასაკვირველია, საქმის წარმოებას ხელს შეუწყობს მეტად. თუ ეხლა ზოგჯერ რამდენიმე კვირა იხარჯება იმისთვის, რომ ერთი ქაღალდი ერთ სამინისტროდან მეორე სამინისტროში გადავიდეს, მაშინ რასაკვირველია, შეიძლება, ასეთ ქაღალდების გაგზავნა არ იყოს საჭირო, რადგანაც, ამა თუ იმ დაწესებულებების უფროსებს, ამა თუ იმ კითხვის შესახებ, შეიძლება, პირადად მოილაპარაკონ, ან ტელეფონით. აქვე იქნება მოთავსებული თავმჯდომარის მმართველობა, მისი კანცელარია, და თვით მისი კაბინეტი. ამას რასაკვირველია, თავის მხრივ დიდი მნიშვნელობა ექნება სამინისტროების ნაყოფიერი მუშაობისათვის. მეორე მხრივ, სამინისტროების ერთ ბინაზე მოთავსება შესამჩნევად შეამცირებს ხარჯებს. არ იქნება მაშინ საჭირო ისეთი დიდი კანცელარიები, რადგანაც სამუშაო ნაკლები იქნება. საჭირო არ იქნება ზოგჯერ ბუხჰალტერიაც, შეიძლება იყოს საერთო ბუხჰალტერი, საერთო კასა და სხვა. გარდა ამისა, რასაკვირველია, ხარჯი შემცირდება, იმიტომაც, რომ განთავისუფლდებიან ბინები, სადაც ეხლა სამინისტროები იმყოფებიან და ამას კი, ეხლანდელ სიძვირის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ეს სამინისტროები მოთავსებულნი იქმნენ ყოფილ კადეტთა შენობაში. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შენობა სათანადოთ იყოს მოგვარებული, საჭირო არის მისი გადაკეთება, და ეს გადაკეთება ჯდება დაახლოვებით 500000 მან. ხარჯთ-აღრიცხვა ამისი შემოტანილია, რომელიც, რასაკვირველია, ზოგადი არის, მაგრამ უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ წინასწარ არ შეიძლება გამოანგარიშება ყველა ხარჯებისა, რადგანაც ეს ხარჯები დღითი დღე იზრდება, საფასური ყველაფერზე გადიდებული არის, გადიდებული არის მასალის ფასიც, და ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაო შესრულებული უნდა იყოს სამეურნეო წესით. შესრულება მუშაობისა დავალებული აქვს შრომის სამინისტროს, და ხელმძღვანელობა კი სატეხნიკო კომისიას, რომელიც არსებობს შრომის სამინისტროსთან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისთვის? ვინ არის წინააღმდეგი გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? გთხოვთ წაიკითხოთ ეს დეკრეტი. უკაცრავად, აქ სწერია დეკრეტი და არა კანონ-პროექტი.

მომხსენებელი. კანონ-პროექტი გახლავთ.

თავმჯდომარე. ეს დეკრეტი გახლავთ.

მომხსენებელი. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ პირველ მუხლში სიტყვები „შრომის სამინისტროს“, შეიცვალოს სიტყვით „მთავრობას“. ვის სურს ამის შესახებ სიტყვა?

კრების წევრი არსენიძე.

. არსენიძე. (ს.-დ.) მე მგონია, რომ ეს კრედიტი უნდა მიეცეს მთავრობას და არა შრომის სამინისტროს, ვინაიდან არავითარ კონსტიტუციით არ შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ, რომ სამინისტროების მოსათავსებელ ბინის შექმნა, გინდ აშენება, იყოს მოვალეობა შრომის სამინისტროსი.

შრომის სამინისტროს მოვალეობა არის მუშების ინტერესების დაცვა, შრომის ინტერესების დაცვა და არა სხვა რაიმე.

გაკეთება რემონტისა, მართალია, როგორც გავიგეთ მოხსენებიდან, მას ევალება, მაგრამ ამის დავალება შეიძლება რომელიმე ინჟენერებისთვის, მოიჯარადრეებისთვის ან რომელიმე დეპარტამენტის განყოფილებისთვის, რომელსაც ჩვენ ვავალებთ შენობების რემონტებს. ჩვენ ვაძლევთ კრედიტს მთავრობას, ვინაიდან ეს არის შენობა მთავრობის დაწესებულებებისთვის. ყველა სამინისტროები უნდა მოთავსდნენ ამ შენობაში და არა კერძო რამ ერთი დაწესებულება. ამიტომ კრედიტი უნდა მიეცეს საერთოდ მთავრობას და არა ერთ სამინისტროს.

მთავრობამ უნდა გადასცეს ეს ვინმე მოიჯარადრეს, გინდ რომელიმე აღმასრულებელ ტეხნიკურ ძალას, რომელსაც მიენდობა ეს საქმე. ამიტომ ჩვენი წინადადება არის - სიტყვები „შრომის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვით „მთავრობა“.

თავმჯდომარე. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. კომისიას არაფერი არ აქვს ამ შესწორების საწინააღმდეგო.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. წინადადება გახლავთ მეორე მუხლიდან ამოიშალოს სიტყვა „ნაღდი“. თუ სიტყვა არავის სურს, კენჭს უყრი შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მთლიანად დეკრეტისა? მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დღევანდელი სხდომა გათავებული გახლავთ. ეხლა მდივანი მოგახსენებთ მომავალი სხდომის დღიურ წესრიგს.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს წესრიგის შესახებ სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი დღიური წესრიგისა? წესრიგი მიღებული გახლავთ. სხდომა დახურულია.

თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს ნაშუადღევის 5 ს. და 45 წ.

2.6.2.10 მეთვრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

სამშაბათი, 1919 . მაისის 20. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობენ დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

და სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

გრიგოლ ნათაძე.

და ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 ს. და 40 წუთზე ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

კომისიაში გადასაცემი პროექტების სია:

1. ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი - საქონლის გამცვლელ კომიტეტის ორგანიზაციისა.

გადაეცეს იურიდიულსა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

2. ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი - ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციონერო საზოგადოებისათვის ხუთი მილიონი (5,000.000) მან. სესხის მიცემის შესახებ.

გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი - დეკრეტისა - ბორჩალო-ახალქალაქის მაზრებში საერობო ყრილობათა ხმოსნების რიცხვის განსაზღვრის შესახებ.

გადაეცეს ადგილობრივ მმართველობისა და თვითმართველობის კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქართველოს პარლამენტის 1919 წ. იანვრის 31 კანონის (სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნის) განგრძობის შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი - დადგენილებისა - რკინის გზის საწყობებში საქონლის შესანახ ვადის შემცირების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა - საუკეთესო სახელმძღვანელოთა ავტორთათვის პრემიების მისაცემად 100.000 მან. გადადების შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი - კანონისა - ოჯახური მდგომარეობით ჯარში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა - სახელმწიფო საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლისათვის 4,085121 მან. 16 კაპ. და არა სახაზინო უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის სუბსიდის მისაცემად 250.000 მან. გადადების შესახებ.

6. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა - სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.

7. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა - 500.000 მან. გადადების შესახებ - ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობის გადაკეთებისათვის რესპუბლიკის სამინისტროების მოსათავსებლად.

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მოქალაქეობის შესახებ.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ეპიდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ და შრომის უნარ დაკარგულ მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების შესახებ.

10. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.

დამფუძნებელი კრება უცვლელად ამტკიცებს აღნიშნულ დღის წესრიგს.

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქართ. პარლამენტის 1919 . 31 იანვრის კანონის განგრძობის შესახებ.

თავმჯდომარე. პირველი საკითხი, მაშასადამე, გახლავთ საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქართველოს პარლამენტის 1919 წ. 31 იანვრის კანონის განგრძობის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ანნა სოლოღაშვილის ასულს.

ანნა სოლოღაშვილის ასული (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ დეკრეტში შეტანილ ცვლილებებს).

თავმჯდომარე. მე-2 მუხლის შესახებ წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ სიტყვა „იხსნება“ შეიცვალოს სიტყვით „გახსნილია“. შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გ. ფაღავას.

. ფაღავა. აქ სიტყვა „იხსნება“ უნდა შეიცვალოს სიტყვით „გახსნილია“, ვინაიდან უფრო გარკვეული იქნება: „იხსნება“ თუ „გახსნილი“ არის. „იხსნება“ რომ დავტოვოთ არ არის გარკვეული მოხსნილია ეს კრედიტები თუ გახსნილია. ამიტომ უნდა შეიცვალოს სიტყვა „იხსნება“ სიტყვით „გახსნილია“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი. საწინააღმდეგო არა მაქვს რა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? შესწორება მიღებულია.

საბოლოო ტექსტი დადგენილებისა - რკინის გზის საწყობებში საქონლის შესანახ ვადის შემცირების შესახებ.

მომხსენებელი. (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს). დამფუძნებელი კრება ერთხმად და უცვლელად ამტკიცებს სარედაქციო კომისიის მიერ შესწორებულ ტექსტს დადგენილებისას.

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საუკეთესო სახელმძღვანელოს ავტორთათვის პრემიის მისაცემად 100.000 . გადადების შესახებ.

მომხსენებელი. (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ დეკრეტში შეტანილ ცვლილებებს). დამფუძნებელი კრება ამტკიცებს სარედაქციო კომისიის მიერ შესწორებულ ტექსტს დეკრეტისას.

საბოლოო ტექსტი კანონისა - ოჯახური მდგომარეობით

ჯარში გაწვევისაგან განთავისუფლებისა.

მომხსენებელი. (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ კანონში შეტანილ შესწორებებს).

საბოლოო ტექსტის განხილვის დროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შეაქვს შემდეგი შესწორებანი:

ა) მე-2 მუხლში - სიტყვა „მოწმობას“ შემდეგი სიტყვა „იძლევა“ შეცვლილ იქნეს სიტყვით - „მისცემს“.

ბ) მე-3 მუხლში - ლიტ. „ბ“-სიტყვა „მხოლოდ“ შეიცვალოს სიტყვით - „უკეთუ“. ამავე ლიტეში - სიტყვები - „უნდა იყოს“ შეიცვალოს სიტყვით „არის“. 504

გ) მე-4 მუხლში - სიტყვები „მამათა სქესისა“ შეიცვალოს სიტყვებით „მამრობითი სქესისა“.

დ) მე-5 მუხ. შენიშვნაში ბოლო სიტყვები „ნიშნავს ან მაზრის ან უბნის ექიმი“ უნდა იყოს: „დანიშნავს ან მაზრის ან უბნის ექიმი“.

ე) მე-7 მუხლში - სიტყვა „ბეგრის“ შემდეგ ჩაემატოს „მოხდაში“.

ვ) მე-8 მუხლ. შენიშვნაში - სიტყვა „ნამდვილ სამსახურიდან“ შემდეგ ჩაემატოს „მარქაფა ლაშქარში“.

ზ) მე-10 მუხლში - სიტყვები - „დანაშაულობის მიხედვით“ გადატანილი იქნეს წინ შემდეგ სიტყვისა: „დაისჯება“.

დამფუძნებელი კრება ადგენს: დამტკიცებულ იქნეს საბოლოო ტექსტი კანონისა, თანახმად აღნიშნულ შესწორებისა.

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის 4.085.121 მ. 16 კ. და არა სახაზინო უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის სუბსიდიის მისაცემად 250.000 მანეთის გადადების შესახებ.

მომხსენებელი (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ დეკრეტში შეტანილ შესწორებებს).

დამფუძნებელი კრება ამტკიცებს სარედაქციო კომისიის მიერ შესწორებულ ტექსტს დეკრეტისას.

საბოლოო ტექსტი დეკრეტის - სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.

მომხსენებელი. (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ დეკრეტში შეტანილ შესწორებებს).

დამფუძნებელი კრება ერთხმად და უკამათოდ ამტკიცებს სარედაქციო კომისიის მიერ შესწორებულ ტექსტს დეკრეტისას.

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - 500.000 მანეთის გადადების შესახებ ყოფილ კადეტის შენობის გადაკეთებისათვის რესპუბლიკის სამინისტროებისათვის მოსათავსებლად

მომხსენებელი. (მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ დეკრეტში შეტანილ ცვლილებებს.

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას მეორე მუხლში შემოაქვს შემდეგი შესწორება: ამოიშალოს სიტყვა „უნდა“. 505

მეორე განხილვა კანონ-პროექტისა მოქალაქეობის შესახებ.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი: მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა მოქალაქეობის შესახებ.

უნდა მოგახსენოთ, რომ მომხსენებლად დასახელებული გახლავთ საყვარელიძე, მაგრამ პრეზიდიუმს მოუვიდა ოფიციალური ქაღალდი, სადაც ნათქვამია, რომ მომხსენებლად იქნება საყვარელიძის მაგივრად არსენიძე.

მომხსენებელი. (არსენიძე) კანონ-პროექტი მოქალაქეობის შესახებ. პირველი მუხლი. (კითხულობს)

თავმჯდომარე. პირველი მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია (სოც.-რევ.). ბატონებო! ქვეშევრდომობის საკითხი ბუნებრივად იწვევს აზრთა შეხლა-შემოხლას, უთანხმოებას. სამი აუცილებელი ელემენტი, რომლისაგანაც შესდგება ყოველი სახელმწიფო: ერი, ტერიტორია, და კანონები, დღეს ჩვენში განიცდის ჩამოყალიბების, საბოლოო გამორკვევის პროცესს. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი ჩატარდეს უმტკივნეულოდ ჩვენი დემოკრატიის საკეთილდღეოთ. ამიტომ წამოყენებულ კანონ-პროექტს და მის ყოველ მუხლს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს კანონი მაშინ მიახწევს თავის მიზანს, თუკი ის სავსებით შეინარჩუნებს ინტერნაციონალურ სულს, თუ კი ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ ჩვენ თავისუფალ საქართველოში არ არის ელინი და იუდეველი, არამედ ყველა თანასწორი არის. ჩვენის აზრით, ქვეშევრდომობის კანონს უნდა დაედვას საფუძვლად ორი უდავო მოსაზრება. ჩვენ არ შეგვიძლიან ძალით ვისმეს თავს მოვახვიოთ ჩვენი ქვეშევრდომობა, ჩვენ არ შეგვიძლიან უთხრათ ვისმეს გინდა თუ არ გინდა - იყავი ჩვენი ქვეშევრდომი. მეორეს მხრივ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ხელოვნურად ისეთი პირობები, რომ ვისმეს ძალით ხელი ავაღებინოთ ჩვენ ქვეშევრდომობაზე. სამწუხაროდ, წარმოდგენილი კანონ-პროექტი და მისი პირველი მუხლი ამ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. პროექტში არის წამოყენებული ორი პირობა, ერთი - განსაზღვრული ვადა, თარიღით 14 წლისა, მეორე - მიწერა ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ერთეულზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც ერთი ეს პირობა აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. დავიწყოთ თუნდაც ამ თარიღიდან. მე არ მომისმენია, სამწუხაროდ, ბ. საყვარელიძის მეორე მოხსენება, მაგრამ მოვისმინე პირველი მოხსენება. იქ ბ. საყვარელიძე ასე ასაბუთებდა ამ თარიღს. ის ამბობდა, რომ 14 წელიწადი არის დიდი წელიწადი, მაშინ მოხდა დიდი ამბებიო. მე არ ვიცი, რას ეძახის ბ. საყვარელიძე დიდ ამბებს. მართალია ამ წელს დაიწყო ევროპიული ომი, კაცობრიობას თავს დაატყდა საშინელი უბედურობა, მაგრამ, ვერ გავიგე, რატომ, მაინცა და მაინც ჩვენი მოქალაქეობის ერა უნდა დავიწყოთ ამ უბედურ დღიდან. სოციალისტურ თვალსაზრისით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს 1917 წელს, მაშინ მოხდა დიდი რევოლიუცია, რომელიც პირველ მსოფლიოს ედება. თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ეროვნულ თვალსაზრისით, მაშინ გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე 14 და 17 წელს, აქვს 1918 წელს, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ესე იგი, როდესაც ჩვენი ერი აღზდგა პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად. შეიძლება ჩვენ გვითხრან, რომ ამ წლიდან დაიწყო ომი და მაშასადამე აქ იყო ფრონტი და აგრეთვე მრავალი დაწესებულება, რომელთაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ომთან. მაგრამ დღეს ეს მოსაზრება უსაფუძლო იქნება იმიტომ, რომ ეს ფრონტი აღარ არის, დაიშალა, აგრეთვე მოხდა სრული ლიკვიდაცია იმ დაწესებულებებისა, რომელთაც ჰქონდათ კავშირი ამ ომთან, ასე რომ, არც ერთი რუსის ჯარის კაცი ამ ფრონტზე აღარ არის. ეს თარიღი ჩვენთვის არის უბრალო ანაქრონიზმი და ამიტომ მიუღებელი არის. მეორე მოსაზრება არის ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ერთეულზე მიწერა. ამ პირობის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ვინც ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ერთეულზე მიწერილნი არიან, გაცილებით უფრო დაინტერესებულნი არიან ჩვენ რესპუბლიკის განმტკიცებაში, ვიდრე ისინი, ვინც ადმინისტრატიულ ერთეულის გარეშე დარჩნენ. მაგრამ ამას ვერავინ ვერ დაამტკიცებს. აქ ეს მუხლი ორათ ჰყოფს საქართველოს მოქალაქეებს, მკვიდრნი და არა მკვიდრნი, ესე იგი ჩვენ და ისინი. ჩვენთვის ეს სრულიად მიუღებელია. თითონ ტერმინი „ადმინისტრატიული ერთეული“ გამოურკვეველი არის. რომ ეს გამოურკვეველი არის ამას თვით მთავრობამ მიაქცია ყურადღება და გაუკეთა თავისი განმარტება. ამ განმარტების ძალით ადმინისტრატიულ ერთეულად ითვლება სხვა და სხვა წოდება, თავად-აზნაურების წოდება, გლეხთა, მეშჩანთა, ვექილთა კორპორაცია, ესე იგი, ისეთი წოდებანი, რომელშიაც ჩაწერილნი უნდა იყვნენ მხოლოდ ქართველები. მაგალითად, თავად-აზნაურობის წოდებაში შედიან მხოლოდ ქართველი თავად-აზნაურები, გლეხ-კაცებში არიან მხოლოდ ქართველი გლეხ-კაცები. რაც შეეხება სხვა ერების დემოკრატიულ ელემენტებს, ისინი არ ირიცხებიან არც თავად-აზნაურების წოდებაში, არც ვექილთა კორპორაციაში, არც გლეხთა. ეს არის მიმართული სხვა ერების დემოკრატიულ ელემენტების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენის აზრით, ის მიუღებელია. საერთოდ მთელ კანონ-პროექტის, როგორც ვიცით ენ ბლოე მომხრე არიან როგორც სოციალ-დემოკრატები, ისე ფედერალისტები, მათ შორის არის სრული allianse-ი, ეს სავსებით გასაგებია. ჩვენ ვიცით, იყო დრო, როდესაც სოციალ-დემოკრატები ცნობილი იყვნენ თავისი ეროვნული ნიღილიზმით მაგრამ, თან და თან, მათ გადალახეს რუბიკონი და ჩვენ ვიცით, რომ მათ აღიარეს არა მარტო ეროვნული ავტონომია, არამედ აღიარეს თვით დამოუკიდებლობა.

თუ რამდენად დაშორდა სოციალ-დემოკრატია თავის პირველ პოზიციას, ეს აშკარად სჩანს შემდეგ ფაქტიდან. ჩვენ ვიცით, რომ ამიერ-კავკასიის გლეხთა ყრილობაზე ბ. ნოე ჟორდანიამ წაიკითხა ვრცელი მოხსენება ეროვნულ საკითხის შესახებ. ბ. ჟორდანია თავის მოხსენებაში ამბობდა, რომ ეროვნული სახელმწიფოს შექმნა და გაძღოლა ბურჟუაზიის საქმე არისო. ასეთ პოლიტიკას დღეს თვითონ სოციალ-დემოკრატია აწარმოებს. ასე მოხდა უდიდესი მეტამორფოზა, ესე იგი სოციალ-დემოკრატია განაციონალისტდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ კანონს, ასე თავგამოდებით იცავს სოციალ-დემოკრატების პარტია. ის პარტია, რომლის ცენტრალური ორგანო რამდენიმე ხნის წინათ, სწერდა: „სომხის ლტოლვილები დაუყონებლივ განდევნილ უნდა იქნენ საქართველოს საზღვრებიდან, ხოლო ის პირები, რომლებიც არ არიან საქ. მოქალაქენი, განდევნილ უნდა იყვნენ ჩვენი სოფლებისა და ქალაქებიდან, განსაკუთრებით სომხები“.

შემდეგ „სახალხო საქმე“ განაგრძობს: „აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ჩვენი ქვეყანა შხამიან პარაზიტებისაგან. ჩვენ უნდა მოვიცილოთ თავიდან ის ტვირთი, რომელიც ჩვენ გვაწვება ფინანსიურადაც - ესენი არიან სომხის ლტოლვილები“. აი ამას ჰქვია ზოოლოგიური ნაციონალიზმი. (ხმაურობა). თუ გინდათ, რომ ჩვენმა კანონმა თავის მიზანს მიაღწიოს, რომ შეასრულოს თავისი დანიშნულება, ესე იგი ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება, - მთელი ჩვენი არსებით უნდა შევებრძოლოთ ამ ნაციონალიზმს.

თავმჯდომარე. სოციალ-რევოლიუციონერების ფრაქციის მიერ არის შემოტანილი შესწორება:

„I. სრულიად ამოიშალოს კანონ-პროექტის მთელი პირველი ნაწილი (მუხლები: 1, 2, 3, 4 და 5) და მის ნაცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი ორი მუხლი:

1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთ ჩაითვლება ყოველი პირი, რომელიც სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის გამოქვეყნებამდე, თუ ის სამი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე.

2) პირველ მუხლში აღნიშნული განცხადება წარედგინება ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელთ აღნიშნავს განსაკუთრებულ წიგნში“.

II. გარდა ამისა, კანონ-პროექტის მეორე ნაწილის მე-7 მუხლის პირველ შენიშვნიდან ამოიშალოს სიტყვები: „თავისი მეცნიერული შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივ მოღვაწეობით თუ სხვა მხრივ“; აგრეთვე ამოიშალოს სრულიად იმავე მე-7 მუხლის შენიშვნა მეორე: „აგრეთვე ვადის მოუთხოვნელად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეთ ყოველი უცხო ქვეშევრდომი ქართველი“.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე (ს.-დ.). ბატონებო, ყველა ნათქვამის, ან დაწერილის სარგებლობა უნდა მოხდეს იმგვარად, რა გვარადაც ის იყო ნათქვამი და როგორადაც ამას აყენებს ესა თუ ის ავტორი. და როდესაც რომელიმე ავტორმა, ან ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ბურჟუაზიას სახელმწიფოს შექმნაში და როგორ მიილტვოდა ის, ეს კიდევ იმას სრულიად არ ნიშნავს, რომ ვინმე დღეს იდგეს ამ ნიადაგზე, ან დღევანდელ მომენტში ასრულებდეს ისტორიულ მოვალეობას.

ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს: (ხმა: ბურჟუაზიულს!) და აი ამ თვალთახედვისაგან გამოვდივართ. თქვენ ანგრევთ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარეობს თქვენი შეხედულება (ხმა: დემაგოგია!) მე უნდა მოგახსენოთ, რომ თუ დემაგოგიაზე იტყვით, მთელი ის სიტყვა, რომელიც აქ წარმოითქვა, ნამდვილი დემაგოგიაა. და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ყველას, მიუხედავად რაიმე ობიექტიურ ნიშნობლივ თვისებისა, მიეცეს ერთგვარი უფლება სახელმწიფოში, ეს არ არის სახელმწიფოს აშენება. (ხმაურობა, ზარი თავმჯდომარისა).

დატას, რომელიც აქ არის წამოყენებული, დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ განაცხადეთ, რომ არ მოგისმენიათ ბ. საყვარელიძის მეორე სიტყვა, თუ რას ნიშნავს ეს დატა, - მსოფლიო ომის დაწყება, მაგრამ, თქვენ კარგად იცით, რომ ეს არის ის ისტორიული დატა, როდესაც მოხდა დიდი ხალხთა გადაჯგუფება ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ყოფილ რუსეთის სახელმწიფოში. ეს იყო ის ფრონტი, რომელსაც ეს ს. რ. ეყრდნობოდენ, და რომლის მეოხებით ყოყოჩობდენ ერთ დროს ჩვენი ს. რ. დაბა ქალაქებში, სადაც ეს ფრონტი თავმოყრილი იყო. ამ გვარად, სახელმწიფოს შექმნა და აშენება ყოვლად შეუძლებელია. ის, ვისაც აქვს რაიმე ინტერესი სახელმწიფოში, ისინი, ვინც დაინტერესებულნი არიან მის აშენებაში, წარმატებაში, და შექმნაში, - აი ასეთი პირები საქართველოს მოქალაქეებია. საქართველოში და სხვა ადგილებში მთელ რუსეთის ტერიტორიისა ისეთმა პირებმა მოიყარეს თავი სრულიად შემთხვევით, ომის მიზეზით, რომლებსაც არავითარი ინტერესი ამა თუ იმ ტერიტორიასთან არა აქვთ. მაგრამ ისინი, ვინც ცხოვრობენ აი ამ დრომდის ადგილობრივ, ისინი ვინც მიწერილ იყვნენ ამა თუ იმ ტერიტორიის ერთეულზე, აშკარაა, მათ ჰქონდათ ინტერესი, მათ აინტერესებდათ ადგილობრივი მდგომარეობა და პირობები, აინტერესებდათ ადგილობრივი სახელმწიფოებრივობის ორგანიზმის შექმნა. აი, აქედან გამოვდივართ ჩვენ, და ამ დებულებაზე არის დამყარებული ეს მუხლი. თქვენი წინადადება კი ისეთია, რომ სრულიად ამოიშალოს ეს მუხლი და ყველა ვისაც ეს კი სურს, გახდეს საქართველოს მოქალაქეო. ეს ხომ ნამდვილად არ იქნება არც ჩვენი დემოკრატიის ინტერესის დაცვა, და შეიძლება, არც იმ პირთა დაცვა, ვისაც თქვენ ასეთ უფლებას ანიჭებთ. ეს იქნება ერთგვარი კარის გახსნა და სარგებლობა დროებით იმით, რაც მათთვის დღევანდელ პირობებში ხელსაყრელია. თქვენ ნუ დაივიწყებთ იმას, რომ მოქალაქე სახელმწიფომ ყველგან უნდა დაიცვას, საქართველოს მოქალაქე თუ სხვა სახელმწიფოში მიდის, - იქაც უნდა დავიცვათ ეს მოქალაქე, მისი ინტერესები. იქ, უცხოეთში უნდა შეიქმნას მთელი ორგანიზაცია, რომელიც მათ, მოქალაქეთა ინტერესებს დაიცავს. წარმოიდგინეთ ისეთი მდგომარეობა, რომ აუარებელი ხალხი არის, ამ აუარებელმა ხალხმა გამოაცხადა სურვილი, ე.ი. არ შემოიტანა განცხადება ჩვენი მოქალაქეობის წინააღმდეგ, - არ უარყო თქვენი წინადადება, რომ მე არ მსურს თქვენი მოქალაქეობაო. მაშასადამე, ის საქართველოს მოქალაქეთ დარჩება, და ერთი ან ორი თვის შემდეგ ეს ხალხი აქედან დაიძრა, წავიდა. ჩვენი სახელმწიფოც ვალდებულია მათი ინტერესები დაიცვას, როდესაც ისინი წავლენ სხვა სახელმწიფოში, ისე რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქეობა უბრალო სიტყვა კი არ არის, ეს მდგომარეობა ბევრ მოვალეობას აკისრებს სახელმწიფოს. ამრიგად, ჩვენთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივ წეს-წყობილებისათვის და იმ რევოლიუციის მონაპოვართა შესანარჩუნებლათ - ეს ხელსაყრელი არ არის. გარდა ამისა, დიდ მოვალეობას აკისრებს თვით სახელმწიფოს, - რომ ის მიიღოთ, ვინც სურვილს განაცხადებს ის კი არა, ვინც უარს არ იტყვის, - ყველა იმას თუ წარმოიდგენთ, მაშინ ნამდვილათ მიხვდებით, ნამდვილათ აღიარებთ იმას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში დემოკრატიულ ნიადაგზე ვდგევართ, დემოკრატიულ ხაზს ვაწარმოებთ; ეს ერთი და მეორე, თქვენი შეხედულება დემოკრატიული კი არაა, ნამდვილი ანარქისტულია. იმიტომ თქვენი წინადადება უარყოფილი უნდა იყოს და პირველი მუხლი უცვლელად უნდა დარჩეს.

თავმჯდომარე. კრების წევრი გობეჩია.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) მოქალაქენო! წინა სხდომაზე, როდესაც მოქალაქეობის კანონ-პროექტის შესახებ საერთო მსჯელობა სწარმოებდა, ჩვენმა ფრაქციამ ამ კანონ-პროექტში ზოგიერთი შესწორება შეიტანა. მე მაშინ დაწვრილებით შევეხე კანონ-პროექტს და აღვნიშნე ის გარემოება, რომ ამ უკანაკნელს დიდი პროგრესი ემჩნევა შედარებით მოქალაქეობის იმ კანონთან, რომელიც ეროვნულ საბჭოს მიერ იყო მიღებული. მაგრამ კანონ-პროექტის ღირსების აღნიშვნასთან ერთად მე შევეხე აგრეთვე მის უარყოფით მხარეებსაც, მე ვამტკიცებდი და ეხლაც ვიმეორებ, რომ სოციალისტურ და ინტერნაციონალური თვალსაზრისით ყოვლად მიუღებელია მეხუთე მუხლის არსებობა კანონ-პროექტში იმ შინაარსით, რომლითაც ის არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ. მე მოვითხოვდი, რომ დამფუძნებელ კრებას თავის საკანონმდებლო მოღვაწეობაში თავიდან აეცდინა ისეთი ტენდენცია, რომელიც მიმართულია მხოლოდ ერთი ეროვნების პრივილეგიური მდგომარეობის შექმნისაკენ. მე ეს ჩემი მოთხოვნა მაშინ საკმაოდ დავასაბუთე და განმეორება იმის, რაც ყოველ ინტერნაციონალისტ-სოციალისტისთვის უდაო უნდა იყოს, ზედმეტათ მიმაჩნია. მე მესმის ამ საკითხებში ფედერალისტების პოზიცია, რომლებიც საქართველოში მუდამ ჰქადაგებდნენ და ავრცელებდნენ ზოოლოგიურ ნაციონალიზმის იდეებს. ჩემთვის გაუგებარი იყო მხოლოდ სოციალ-დემოკრატების პოზიცია, რომლებიც დღესაც იჩემებენ ინტერნაციონალისტობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე მოვისმინე მიშა არსენიძის და საყვარელიძის სიტყვა, ღრმათ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენმა სოციალ-დემოკრატიამ დაივიწყა თავისი სოციალისტური პროგრამა და წარსული ინტერნაციონალისტური მოღვაწეობა საქართველოში, სავსებით დაჰკარგა თავისი სოციალისტური სახე და გადაიქცა დაკარგულ სოციალიზმის პარტიათ. საუბედუროთ, კანონ-პროექტის ზოგად განხილვის დროს, რეგლამენტი საშვალებას არ მაძლევდა პასუხი გამეცა იმ ორი ორატორისათვის, რომელთა გამოლაშქრება ჩემს წინააღმდეგ იმ სახით, რომლითაც ეს იმათ იკადრეს, მხოლოდ მათ სრულ უსუსურობას ამტკიცებდა. ეს ორატორები იყვენ ბ.ბ. მესხიშვილი და არსენიძე. ბ-ნი მესხიშვილი დაცინვით მე დიდი რევოლიუციონერს მიწოდებდა და ეს მან თავის სიტყვაში ასჯერ მაინც გაიმეორა. ეს სიტყვა - „დიდო რევოლიუციონერო“ იყო ერთად ერთი და მასთან უმთავრესი არგუმენტი, რომელიც მან დიდი რიხით ჩვენი ფრაქციის შესწორების წინააღმდეგ მოიყვანა. რაც შეეხება დანარჩენ მოსაზრებებს, რომლებიც ბ. მესხიშვილმა ჩვენი შესწორების წინააღმდეგ მოიყვანა, ისინი სრულიად უადგილოთ იყო თქმული და არ გამომდინარეობდა იმ ახსნა-განმარტებიდან, რომლითაც მე დავასაბუთე ჩვენი ფრაქციის მიერ შეტანილი შესწორებები მოქალაქეობის კანონ-პროექტში. მართალია, მე დიდი რევოლიუციონერი არა ვარ და ამას არც ვჩემულობ, მაგრამ ბ. მესხიშვილს თავის თავი დიდი რევოლიუციონერათ მოაქვს. მხოლოდ ამაზე ამ ტრიბუნიდან თვით ბ. მესხიშვილის მიერ ყვირილი ზედმეტი იყო. ნამდვილი რევოლიუციონერს რეკლამა არ სჭირდება, რადგანაც ნამდვილი რევოლიუციონერის საქმეები თვით ღაღადებენ მის რევოლიუციონერობაზე. ახლა ავიღოთ და გავშინჯოთ „ჭეშმარიტ რევოლიუციონერ“ მესხიშვილის საგმირო რევოლიუციონური საქმეები. ამ რამოდენიმე წლის წინეთ ბ. მესხიშვილმა თფილისის ქალაქის ცენზიან საბჭოში წარმოსთქვა თვისი „ისტორიული“ სიტყვა, რომელშიც ის გუნდრუკს უკმევდა რუსეთის რეაქციონურ მთავრობას და ქართველი ხალხის სისხლით და მკერდით რუსეთის ბიუროკრატიას დაცვას აღუთქვამდა. ბ-ნ მესხიშვილის აზრებს სავსებით იზიარებდა მისი პარტია, რომელიც რევოლიუციის დაწყებამდე რამოდენიმე თვის წინეთ რუსეთის ბიუროკრატიას გაყინულ გულის მოლბობას ლამობდა და გვირგვინოსან ნიკოლოზის სურათს თავის სოციალისტურ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ ათავსებდა. ყველა ამის შემდეგ ბ. მესხიშვილის მიერ სხვის რევოლიუციონერობაზე ხმამაღლა ლაპარაკი, მართლა რომ სასაცილოა.

ბ-ნმა მესხიშვილმა განაცხადა, რომ მე მსურს ჩემის პროექტით მივსცე მოქალაქეობის უფლება ყველა იმათ, ვინც დასცემს ზურგში ლახვარს რევოლიუციას და დემოკრატიას, ვინც უჭერს მხარს რევოლიუციის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს, დენიკინელებს და სპეკულიანტებს. წარმოსთქვა ეს საშინელი სიტყვები მესხიშვილმა და გაათავა. საიდან გამოიყვანა ბ-მა მესხიშვილმა ეს დასკვნა ალაჰმა უწყის, მაგრამ, ალბათ, მას სხვანაირათ ესმის ლოღიკის კანონები და ამიტომ ბევრი არ მოეთხოვება. და ეს ყველაფერი მომაწერა მე მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს პატეთიურათ გაეთავებია თავისი სიტყვა: „ეხლა თქვენ თითონ განსაჯეთ, ვინ არის ჩვენ ორში რევოლიუციონერი“-ო. ბ-ნ მესხიშვილს ჰგონია, რომ რევოლიუციონერობისათვის საკმარისია ყოველი სიტყვა, რომელიც მას პირს მოადგება. მესხიშვილს ჰგონია, რომ ყველა ის, ვინც მოწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე 1914 წლის ივნისის 19-ამდე, უსათუოდ რევოლიუციის, დემოკრატიის, საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეა და დენიკინის და სპეკულიანტების მტერია. არა, ბ-ნო მესხიშვილო, ბევრი იმათგანი, ვინც მიწერილია რესპუბლიკის რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე, კონტრ-რევოლიუციონერიც არის, დენიკინის მომხრეც და მასთან სპეკულიანტიც და, თქვენი ლოღიკით რომ ვიმსჯელოთ, რადგანაც თქვენ კანონ-პროექტის პირველ მუხლს უცვლელად იღებთ, თქვენ კონტრ-რევოლიუციონერების და სპეკულიანტების დამცველი ყოფილხართ, მაგრამ მე, ბ-ნო მესხიშვილო, ამას თქვენ არ დაგწამებთ, მხოლოდ მომავლისათვის ერთ რამეს მოგთხოვთ: როდესაც ჩემს წინააღმდეგ რაიმე ბრალდების წამოყენებას მოისურვებთ, ცოტათი მაინც მოიფიქრეთ და უბრალო ლოღიკას მცირეოდენი ანგარიში გაუწიეთ. ბ-ნ მესხიშვილს არც ჩემი იურისტობა მოსწონს, რადგანაც მე განმიცხადებია, რომ ძველი კანონი ქვეშევრდომობისა არ ვარგა და ეს იქიდანაც სჩანს, რომ წარმოდგენილ კანონ-პროექტის ბოლო მუხლი ძველ კანონს აუქმებსო. მესხიშვილი ამბობს: როდესაც ახალ კანონს ვიღებთ და ამავე საკითხზე ძველი კანონიც არსებობს, ყოველი ახალი კანონი გააუქმებს ძველ კანონს არა იმიტომ, რომ ძველი კანონი არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ გამოცემულია ამავე საკითხზე ახალი კანონი. ბ-ნ მესხიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ მოქალაქეობის ძველი კანონის უვარგისობა ერთხმათ აღიარა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დამატებითი კანონ-პროექტის განმარტებაში სიტყვა-სიტყვით შემდეგს სწერდა: „საქართველოს ეროვნულ საბჭოს 1918 წ. 16 ივლისის კანონმა საქართველოს მოქალაქეთა გარეშე დასტოვა ჩვენი ქვეყნის დიდძალი მცხოვრებნი, როგორც ქართველნი, ისე უცხოელნი, რომელნიც მიწერილნი არ არიან არც ერთ ადმინისტრატიულ ერთეულზე და რომელთა პოლიტიკური და სამოქალაქო მდგომარეობა დღემდე გამოურკვეველია. ასეთი აუტანელი მდგომარეობის მოსასპობათ საჭიროა დამატებითი კანონი და სხვა“. ასე რომ მარტო მე არ ვყოფილვარ ძველი კანონის „მშვენიერების“ უარმყოფი, ბ-ნო მესხიშვილო. „ძველი კანონი მთლიანად მოყვანილია ახალ კანონის პირველ მუხლშიო“, განაცხადა მესხიშვილმა და ამიტომ ახალმა კანონმა თავის თავად უნდა გააუქმოს ძველი კანონიო. საქმეც იმაშია, რომ ძველი კანონის მეოთხე მუხლის ძალით ცალკე ახალი მოქალაქეობის კანონით განსაზღვრული უნდა ყოფილიყო მხოლოდ პირობა უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომის მიღებისა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა, წარმოდგენილი კანონ-პროექტი-კი, წინააღმდეგ ძველი კანონის მეოთხე მუხლისა, საქართველოს მოქალაქეებათ აცხადებს სხვა და სხვა პირთ, რომლებიც ადმინისტრატიულ ერთეულზე სრულიათ არ იყო მიწერილი, ე.ი. ახალი კანონი არღვევს ძველი კანონის მოთხოვნილებას და მით უკანასკნელის უვარგისობასაც აღიარებს, რაც გამოსახულია ახალი კანონის ბოლო მუხლში. ბ-ნი მესხიშვილი მეკითხებოდა, შესაძლებელია ამისთანა არგუმენტაცია იურისტის მიერო? ნათქვამიდან აშკარაა, რომ არამც თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია, თუ იურისტი მესხიშვილი იურისტიულათ იაზროვნებს და მოქალაქეობის ძველს და ახალ კანონს კარგათ ჩაუკვირდება.

მეორე ორატორმა ბ-ნ არსენიძემ ჩემ მიერ წამოყენებულ დებულების წინააღმდეგ განაცხადა: „ბ. გობეჩიამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც რევოლიუციის სახელს გამოიტანს ამ ტრიბუნაზე, ცოტაოდენი ცოდნაც უნდა გამოიჩინოს რევოლიუციონური პრაქტიკისაო“. მართალია მე არ მომისმენია ბ-ნ არსენიძის მიერ კემბრიჯის და ბერლინის უნივერსიტეტებში წაკითხული ლექციები სხვა და სხვა ქვეყნის რევოლიუციებზე და ამიტომ, შესაძლებელია, ამ ტრიბუნაზე ვერ გამოვდიოდე რევოლიუციონური პრაქტიკის ცოდნის შესაფერისი „ბაგაჟით“, მაგრამ ის ლექცია, რომელიც მან ჩვენ ერთი კვირის წინეთ ამ ტრიბუნიდან წაგვიკითხა ინტერნაციონალის შესახებ, ჩემის აზრით ვერ მოწმობს პატივცემულ ლექტორის ცოდნის დიდ ბაგაჟზე. არსენიძემ გვითხრა: „ინტერნაციონალისაგან მხოლოდ ერთი რამ გაგვიგონია: ერთი ერი - ერთი სახელმწიფო“. არსენიძის აზრით, რომელსაც თურმე სოციალისტური ინტერნაციონალიც იზიარებს, კლასთა ბრძოლა და მუშათა კლასის ინტერესების დაცვა ისეთ სახელმწიფოში შეიძლება, სადაც ერთი ერი ბინადრობს და თურმე თუ ისე მოეწყო სახელმწიფო, რომ უკანასკნელი ერთი ერის ფარგლებმა შთანთქა, მაშინ ბოლო მოეღება სხვა და სხვა ერთა შორის შუღლსა და ბრძოლას, ე.ი. ამ ჩვენი ცოდვილ დედამიწის ზურგზე დამყარდება თითქმის ყოველი ბედნიერება. ჩვენ რომ ვიმსჯელოთ არსენიძისებურად, მაშინ საქართველოდან უნდა განვდევნოთ ყველა ერთა შვილები გარდა ქართველი ერისა, რადგანაც მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა მოწყობილი თანახმად იმ ინტერნაციონალის ფორმულისა, რომელიც სადღაც ამოუკითხავს ბ-ნ არსენიძეს, მაგრამ წაკითხულის აზრი ალბად ვერ გაუგია. სოციალისტურ ინტერნაციონალისაგან ყოველ სოციალისტს მხოლოდ ერთი რამ გაუგონია, ბ-ნო არსენიძე: ის რომ ყოველ სხვა და სხვა ერებით დასახლებულ სახელმწიფოში უმრავლესობის ერის სოციალისტებმა თანაბრად უნდა დაიცვან თავიანთ და უცხო ერთა მშრომელთა ინტერესები. ბ-ნი არსენიძე კი აცხადებს: თუ ეროვნული სახელმწიფო დაარსდება, რასაკვირველია, იქ ერთი ერი იქნება გაბატონებულიო. საქართველოში ქართველი ერის გაბატონება ისე ესმის ბ-ნ არსენიძეს, როგორც გაბატონება ქართველი რევოლიუციონერების და ქართველი რეაქციონერებისაც, თორემ ყოვლად შეუძლებელია კანონ-პროექტის მეხუთე მუხლის თავგამოდებით დაცვის შემდეგ ვინმემ, როგორც ამას სჩადის არსენიძე, განაცხადოს, რომ ამ კანონით ჩვენ ვიცავთ მუშათა კლასს, დემოკრატიას და მუშათა კლასის მტრებს ლახვარსა ვსცემთო. მე მესმის, როდესაც ერთი ერის გაბატონებას სახელმწიფოში მხარს უჭერს ბურჟუაზიულ პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში. ბურჟუაზიას ამის დასაბუთებაც შეუძლია მეცნიერულად, რადგანაც მის მიერ აღზრდილი და მოსყიდული მეცნიერები ბევრს სწერენ ამაზე იმ მიზნით, რომ ასიამოვნონ თავიანთ მწყალობელთ. მაგრამ სრულიად გაუგებარია, როდესაც იმავე წყაროდან ჰკრეფენ პროლეტარულ პარტიის წარმომადგენელნი მასალას, რომ გაამართლონ იმავე საკითხზე თავისი შემცდარი არა სოციალისტური და არა ინტერნაციონალისტური აზრი. ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენი მშრომელი ხალხი თვით შეიგნებს ჩვენი ფრაქციის სიმართლეს მოქალაქეობის საკითხში და მაშინ ის იტყვის, ვინ იცავდა მშრომელთა ინტერესს და ვინ იდგა ნამდვილ სოციალისტურ პოზიციაზე - ჩვენ, თუ ის პარტია, რომელსაც ამიერიდან უნდა ეწოდოს - პარტია დაკარგული სოციალიზმისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი (ს.-ფ.). როგორც ეტყობა სოციალისტ-რევოლიუციონერები ემზადებოდნენ მთელი 7 დღე იმისათვის, რაც დღეს თქვენ აქ მოისმინეთ (გობეჩია: მაშინ არ მომცეს მესამედ სიტყვა). თქვენ თუ არ მოგცემდნენ სხვა თქვენ ამხანაგებს მისცემდნენ, შენგელაიას არ ულაპარაკნია, ის ილაპარაკებდა. ამ მომზადების დროს თქვენ არ ხელმძღვანელობდით საღი აზრით. თქვენ სიტყვაში მარტო ის ვპოვე, რომ გაიძახით - სოციალისტურ თვალსაზრისით ეს კანონი არ მიიღებაო. (ხმა: ეს არ მოგწონს?) მე არ მომწონს იმისთვის, რომ ამ სიტყვას ამ შემთხვევაში არავითარი შინაარსი არა აქვს (ხმა: არც ექნება თქვენთვის!) არც თქვენთვის ჰქონია და არც მომავალში ექნება. ეს ადვილი დასამტკიცებელი არის.

ბ. შენგელაია ბრძანებს, რომ სახელმწიფოს შეადგენს ერი, ტერიტორია და კანონი. (კედია: და ფედერალისტები!) თუ ფედერალისტებიდან არ შესდგება ბ. გვაზავა საბედნიეროდ არც ნაციონალ-დემოკრატებისაგან შესდგება. თქვენ გგონიათ, რომ სახელმწიფოს თქვენ ააშენებთ. (სიცილი. გვაზავა: მე რა შუაში ვარ?) არ ვიცი რომელი იყო თქვენგანი, მაგრამ მე ესე გავიგე. (თავმჯდომარე: კერძო ლაპარაკს თავი დაანებეთ!) თუ ის მცნება მართალი არის, რომ უნდა იყოს ტერიტორია, კანონი და ერი, აქედან მოქალაქე შენგელაიას უნდა გამოეყვანა შესაფერი დასკვნა, მაგრამ მთელი მისი სიტყვა სწორედ ამ მესამე დებულების წინააღმდეგ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ვქმნით სახელმწიფოს, სოციალისტ-რევოლიუციონერები თანახმანი არიან, რომ უნდა შევქმნათ სახელმწიფო და სახელმწიფო სწორედ ამ სამ ელემენტს უნდა ეყრდნობოდეს. მაშ რაშია საქმე? თურმე იმაში, რომ როცა ამ სახელმწიფოს ვაშენებთ, უნდა მივიღოთ კანონი, რომლის ძალით ყველანი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებნი განურჩევლად უნდა აღიარებული იქნან ქვეშევრდომად. თუ უსუსურობაზე არის ლაპარაკი - ეს სხვაა; - სწორედ ეს წარმოადგენს უსუსურობას. სოც.-რევოლიუციონერების აზრით ყველანი უნდა გვეღიარებინა ქვეშევრდომად ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე. მაშ ყველას უნდა მოვახვიო მოქალაქეობა, განა ეს სოციალისტური თვალსაზრისი არის? (ხმა: თუ მოისურვებენ!) აქედან გაიძახიან „თუ მოისურვებენო“, თუ არ მოისურვეს? საქმე თურმე სურვილზე ყოფილა. ასე სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. სახელმწიფო ეყრდნობა ერს, ერი შესდგება მოქალაქეებისაგან, რომელნიც იღჭურვებიან უფლებებით, ვალდებულებით და მოვალეობით, - ამ ელემენტებიდან იქმნება მცნება ქვეშევრდომობისა.

ქვეშევრდომობა სახელმწიფოსთვის აუცილებელი მოთხოვნილება არის. ეს არის საფუძველი, ცოცხალი ძალა, რომელიც შეადგენს სახელმწიფოს შემადგენლობას, ეს შესაგნებელია, მაგრამ განზრახ არ უნდათ, რომ შეიგნონ. ჩვენს წინაშე არის ასეთი მაგალითი: როცა ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს, დავინახეთ, მრავალი ელემენტები ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ და ესერები ეყრდნობოდნენ ამისთანა ელემენტებს. ესენი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდნენ (შენგელაია: ტყუილია!) თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ეს ისტორიით დამტკიცებულია და გარწმუნებთ, რომ ყველა სახელმწიფოებრივ დაწესებულებაში შემოდიოდით იმ ელემენტების მეოხებით. ესენი საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ იყვნენ. (მაჭავარიანი: რაც მართალია - მართალია!) (ხმა: ტყუილია!).

თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ლაპარაკობთ!

ბარათაშვილი. თქვენ ამბობთ, მართალი არ არის, მაგრამ გადახედეთ თქვენ ფრაქციას და წინანდელ ფრაქციას, და დაინახავთ, რა ელემენტებით იყო სავსე. ხო დაინახეთ რა მოხდა თქვენ შორის. მოხთა გათიშვა, - სწორედ იმ ნიადაგზე, რომ თქვენი თანამოაზრენი - ამხანაგები წინააღმდეგ იყვნენ „საქართველოს დამოუკიდებლობისა“. თქვენ ეს გავიწყდებათ, სწორედ კანონი თქვენ მიერ შემოტანილი აღმართულია საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. თქვენი პროექტები უნდა გაამრავლოთ იმ ელემენტებით, რომელნიც სამუდამოდ დაანგრევენ ამ დამოუკიდებლობას. (მაჭავარიანი: ღმერთმა ნუ მოგვასწროს) მეც არ მგონია და ვერც მოასწრობენ ასეთ მოვლენას. ჩვენ ვამბობთ რომ სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს იმისთანა ქვეშევრდომს, რომელიც დაკავშირებულია ისტორიულად, ეკონომიურად, რომელიც დაკავშირებულა სულიერად. თუკი იმისთანა კანონს მივიღებთ, რომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების, ყველას ვაღიარებთ ჩვენ ქვეშევრდომებათ, ჩვენთვის საზიანო არის, ესერების აზრი სოციალისტური თვალსაზრისი კი არ არის, არამედ სოციალიზმს ეწინააღმდეგება, დღევანდელ ჩვენ პირობებს უნდა გაუწიოთ ანგარიში, თუ ეს შესწორება გატარდა მოიტანს არევ დარევას, შეარყევს სახელმწიფოებრივ წესწყობილებას, და აურდაურევს ეკონომიურ მდგომარეობას. (მაჭავარიანი ჭეშმარიტია)! ესერები კეთილ სურვილებაზე ლაპარაკობენ, აღმოცენებულ სრულ გაუგებრობაზე.

ჩვენ ვიცით, რომ აწ არსებულნი სახელმწიფოები დიდ ყურადღებას აქცევენ ქვეშევრდომობის საკითხს. სახელმწიფო გახლავთ მოქალაქეთა იმისთანა ორგანიზაცია, რომელიც იქმნება ძალით. შეუძლებელია, რომ წარმოვიდგინოთ დღეს ჩვენ იმისთანა სახელმწიფო, რომელიც იძულებითი არ იყოს შექმნილი, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია დღევანდელ დღეს იმისთანა სახელმწიფო, რომელიც შექმნილი იყოს სრულიად თავისუფლად, საცა განსაზღვრული არ არის მოქალაქეთა ვალდებულება და მოვალეობა. ამისთანა განსაზღვრა ხდება კანონით, რომელშიც ჩართულია ძალადობა.

ქვეშევრდომობის კანონს დიდი მნიშვნელობა აქვს, და ბევრს იგი არ მოსწონს, რადგან უშლის მოქალაქეთა ერთგვარ თვითნებობას. რასაკვირველია უნდა მოიწვიოთ იმისთანა ელემენტები, რომელნიც საქართველოს ქვეშევრდომობას და სახელმწიფოს თანაუგრძნობენ. რაც „სახალხო“ გაზეთში ეწერა, წაკითხვა უნდა და შემდეგ მოფიქრებაც. დღეს ჩვენს მოწინააღმდეგეებს ეს ვერ შევატყეთ.

მე მოგახსენეთ თქვენ, რომ წაკითხულს გაგება უნდა. „სახალ. ფურცელი“ იმას ამცნობდა, რომ სახელმწიფოში უნდა იყვნენ იმისთანა ქვეშევრდომნი, რომელნიც თანაუგრძნობენ ამ სახელმწიფოს მისწრაფებას, სახელმწიფოს განმტკიცებას. ის პირნი, რომელნიც ჩვენ გვემტერებიან, ჩვენი ნორჩი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედობენ, განდევნილი უნდა იქნენ საქართველოს ტერიტორიიდან. ბ. შენგელაიას ისე ჰგონია, რომ ეს ზოოლოგიური მისწრაფებაა. ზოგს თავისებურად ესმის ზოოლოგია, ყველა თავის არშინით ზომავს. რა თვალსაზრისით უყურებდა გაზეთი ამ საკითხს, ადვილად გასაგები იყო. ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ და ვაცხადებდით, რომ უმთავრესად ჩვენ ვეყრდნობით ქართველ ერს, ქართველ მშრომელ ხალხს. მწარე გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ ვიყავით მართალნი. ჩვენი სახელმწიფო იქმნება ჩვენი საკუთარი ძალებით. ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენ თვითონ გამოვჭედეთ. ჩვენ უარს არა ვყოფდით, რომ სხვა ერების წარმომადგენელნიც, იმდენად, რამდენად დაკავშირებულნი არიან ამ სახელმწიფოსთან, მხარს დაგვიჭერდნენ, მაგრამ ბევრი ვნახეთ, ბევრი ვიწვნიეთ, ბევრი გამოვცადეთ. არა სანდო პირებს მოუყრიათ ჩვენში თავი, ბევრი სხვა ნაციის წარმომადგენელნი გამოჩნდნენ, რომელნიც ებრძოდნენ ამ დამოუკიდებლობას და ჩვენ გვეშინიან, რომ სწორედ ამათ არ მოვახვიოთ თავს მოქალაქეობა. ჩვენი კანონი ნათელია, ცხადია, ყოველმხრივ გათვალისწინებულია - საკითხი არის გათვალისწინებული უფლებრივად, ტერიტორიულად, ნაციონალურად. ვინც დაკავშირებულნი არიან ჩვენს სახელმწიფოსთან და აღმოუჩენს დახმარებას, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის, ვინც ადმინისტრატიულად მიწერილია, ბოლოს და ბოლოს ვინც მოისურვებს ჩვენ ქვეშევრდომობას, ხდებიან საქართველოს ქვეშევრდომებად. განა ამით ჩვენ ვდევნით ვისმეს? ამით არა ქართველს ვეუბნებით წავიდნენ აქედან? განა მათ კეთილ მისწრაფებათ გზას უჭრით, განა არ ვაძლევთ ყველას საშუალებას იცხოვროს ჩვენში? ქართველ ხალხის წარმომადგენლებს ცილს ვერ დასწამებენ. აბა გვიჩვენეთ ვისა ვდევნით? მაშ რა არის აქ საწინააღმდეგო?! განა ეწინააღმდეგება ყოველი ჩვენი ნათქვამი სოციალისტურ თვალსაზრისს? ცარიელი სიტყვებით ფონს ვერ გავლენ. გამოლაშქრება მესხიშვილის წინააღმდეგ მოკლებულია სიმართლეს. მართალი იყო იგი, როცა ამბობდა, რომ თავი იმისთვისა გვაქვს, რომ უნდა მართლაც რომ ვერიდოთ წარამარა ლაპარაკს. დემაგოგიურ გამოსვლებს არავითარი საფუძველი არა აქვს.

ეს კანონ-პროექტი, რომელიც ჩვენ მიერ უნდა იყოს მიღებული, იცავს სახელმწიფოს, იცავს მშრომელ ხალხის ინტერესებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. მე წინააღმდეგი ვარ შემოტანილ შესწორებისა და აი, რა მოსაზრებით; ამ კანონ-პროექტს, ყველა სახელმწიფოს მოქალაქეობას, საფუძვლად აქვს ორი პრინციპი, ობიექტიური და სუბიექტიური. ობიექტიური არის ის, რომელიც თვალით დაინახება, რომლის ხელის შეხება შეიძლება, რომელიც ნების და სურვილის გამოთქმის გარეშე გამოხატავს ამა თუ იმ ადამიანის მდგომარეობას; სუბიექტიური - არის თავის ნების პირადი გამოხატვა თავის სიტყვით, თავის ენით. ჩვენ პროექტის პირველ მუხლში უპირატესობა აქვს მიცემული ობიექტიურ ნიშანს, ობიექტიური ნიშნების თვისება არის, თუ ვინ არის საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება ესერების მიერ წამოყენებულ 1 მუხლს, აქ უპირატესობა აქვს მიცემული სუბიექტიურ პრინციპს. აქ სწერია: (კითხულობს. ხმაურობა.) მე ვამბობ უპირატესობაზე, ობიექტიური ნიშნებიც არის აქ აღნიშნული, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ მაზე ლაპარაკიც არა ღირს.

აქ სწერია: (კითხულობს) და აი, მე ვამბობ, - აქ ობიექტიური ნიშნები სავსებით გაქარწყლებულია, ეს სიტყვის მასალათ არის მოყვანილი, და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აქ სწერია: „კანონის გამოქვეყნებამდის ვინც კი სცხოვრობდა“, ამით მთელი ის ფრონტი, რომელიც დაიძრა ყარსისა და ერზერუმიდან და გაიარა საქართველოს ტერიტორიაზე, ყველანი ამ გამოქვეყნებამდის სცხოვრობდნენ აქ, და შემდეგ წავიდნენ რუსეთში, არც ერთ მათგანს საშუალება არ ექნება სამი თვის განმავლობაში გამოაცხადოს, რომ არ სურს ჩვენი მოქალაქეობა, და ამ კანონის მიხედვით, ყველა ისინი უნდა ვაღიაროთ ჩვენს მოქალაქეებათ. ვინაიდან სამი თვის განმავლობაში იმათ ვერაფერი გამოაცხადეს, მთელი რიგი ასეთ შემთხვევით განვლილ პირებისა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდი ცხოვრობდა ჩვენ ტერიტორიაზე იქნებიან ჩვენგან გამოცხადებული საქართველოს მოქალაქეებათ. თუ არის სადმე ანტიდემოკრატიული, გაუგებარი, უმიზნო, მიზანშეუწონელი პროექტი, არის ესერების პირველი მუხლი სუბიექტიურ მოტივებით, ყოველგვარ ობიექტიურ ნიშნების უარყოფით. მათ ალბათ ეგონათ, რომ ის, რაც დაწერეს, არის ნამდვილი ობიექტიური ნიშანი: მაგრამ ეს არის ნიშანი იმდენად შემთხვევითი ხასიათისა, იმდენად ზოგადის ხასიათისა, რომ არავითარ კონკრეტიულ საშუალებას არ გვაძლევს, ნამდვილ მოქალაქეთა კონტიგენტი გამოვარკვიოთ.

კომისიის პროექტში კი ჩვენ გვაქვს პრინციპი ობიექტიური, სწორი და მტკიცე. ეს ობიექტიური პრინციპი არის ადმინისტრატიულ ერთეულზე მიწერა. ესე იგი ადამიანი, რომელსაც სურს გამოვაცხადოთ ჩვენს მოქალაქეთ, არა თუ გაუვლია შემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე, არა თუ დროებით ცხოვრობდა, აქ სანამ სურდა, და როცა მოისურვა, წავიდა, აქედან არამედ ერთგვარად მიღებული გახთა კიდევაც ამ ტერიტორიაზე, აქაურ ადმინისტრატიულ ერთეულზე მიეწერა, ესე იგი მაზრის, გუბერნიის, ან სოფლის საზოგადოებრივი მცხოვრებელი გახდა. ამით თავისი ნების ყოფა გამოხატა, ამით მან სთქვა, მე დღეს ვარ მიჯაჭული იმ მიწა-წყალზე, რომელსაც საქართველო ეწოდება. ცხადია, როდესაც საქართველო ბედს იცვლის, აცხადებს დამოუკიდებლობას და სხვა მისი მცხოვრებლებიც იზიარებენ მის ბედს.

აი, ეს პრინციპი გახლავთ მიღებული კომისიის მიერ. როდესაც ჩვენ 26 მაისს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, ამით გამოცხადნენ დამოუკიდებლად ყველა ისინი, ვინც ამ ტერიტორიის უდავო მცხოვრებლები არიან. დანარჩენის შესახებ ჩვენ ცალკე მუხლები გვაქვს, და მაშინ მოგახსენებთ, როგორ გადავჭერით იმათი ბედი, ვინც ასე უდავო მოქალაქეთ ვერ ჩაითვლება. ჩვენ, რომ მიგვეღო პრინციპი, რომელიც აქ წამოაყენეს ესერებმა ე.ი. ვინც არ განაცხადებს უარს სამი თვის განმავლობაში, ყველა ის ჩაგვეწერა საქართველოს მოქალაქეთ, აქ დაირღვევოდა მეორე მთავარი პრინციპი, ის, რომ სახელმწიფო თითონ კი არ იღებს მოქალაქეს, არამედ საქართველოს მოქალაქეთ შემოდის ის, ვისაც ეს სურს. სახელმწიფო კი არა, არამედ უბრალო საზოგადოებაც რომ ავიღოთ, რომელსაც თავის მიზნები აქვს და რაიმე საგანს ემსახურება, ისიც ყველა მსურველს არ მიიღებს. თქვენ გსურთ, რომ იყოთ ჩვენი წევრი, მაგრამ ეხლა ჩვენ გეკითხებით, გვსურს თუ არა, რომ თქვენ იყოთ ჩვენი საზოგადოების წევრი. მე მგონი ასე კითხვის დაყენება სავსებით სამართლიანია. თქვენ გსურთ ჩვენი მოქალაქეობა, მაგრამ ჩვენ კი არ გვსურს, რომ თქვენ იყოთ ჩვენი მოქალაქე. (ხმა: დღეს!) დღესაც ისე, როგორც მომავალში. მე ვამბობ ამიტომ, დამფუძნებელ კრების მოწვევამდის, მანამ, სანამ შესდგებოდა ნამდვილი კონტიგენტი მოქალაქეობისა, ჩვენ შეგვეძლო გამოგვეცხადებინა მხოლოდ ისეთი კანონი, როგორიც არის 16 ივლისის დებულება. მაშინ არც დავა, არც ლაპარაკი არ შეიძლებოდა ამის წინააღმდეგ, მიუხედავათ ამისა, იყვნენ ეს მოქალაქენი მომხრე თუ მოწინააღმდეგე იმ ნაბიჯისა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იქნებოდენ ეს რეაქციონერები, თუ რევოლიუციონერები, თუ ისინი, ვისაც თავის თავი რევოლიუციონერები ეგონათ, რეაქციონერები კი იყვნენ. ყველა ის ხალხი, რომელთაც ამ ტერიტორიასთან ჰქონდა დაკავშირებული თავის ბედი და სცხოვრობდა აქ, არ შეიძლებოდა არ გამოგვეცხადებია ჩვენს მოქალაქეთ. და ისინი ჩვენ გამოვაცხადეთ უდავო მოქალაქეებათ. შემდგომ კანონმდებლობას აქვს საქმე ამ უდავო მოქალაქეებთან. დამფუძნებელი კრება ამ პირველ მუხლის საფუძველზე შეიკრიბა, მართალია 109 სოციალ-დემოკრატი მოგვცა, ხოლო სოციალ-რევოლიუციონერები ცოტა არ იყოს შეავიწროვა, მაგრამ ყველა ამისთვის ხომ ამ ძირითად კანონს ვერ გავაუქმებთ. ეს არის პირველი მუხლი ამოღებული 16 ივლისის დებულებიდან. ეს გახლავთ საფუძველი, რომელზედაც აშენდა ჩვენი დამფუძნებელი კრება - ეს სიმტკიცე ჩვენი დამოუკიდებლობისა.

მე ვამბობ, რომ როდესაც გამოდის ამ ტრიბუნაზე დეპუტატი და ამბობს ეს მუხლი ამოშლილი უნდა იყოსო - ეს ამბობს, მოვჭრათ ის საფუძველი, რომელზედაც ჩვენ ვზივართ. თუ კი საფუძველს მოშლით, რომელზედაც სახელმწიფო აშენებს მთელ ცხოვრებას, მაშინ ხომ უნდა გააუქმოთ თვით დამფუძნებელი კრება, თუ ლოღიკას დავიცავთ, და ახლად მოვიწვიოთ იგი, ახალ ქვეშევრდომობის კანონის მიხედვით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გეცოდინებათ ვინ აგვირჩია, ჩვენმა მოქალაქეებმა თუ სხვისმა. თუ ეს კანონი გავაუქმეთ, ჩვენ ვამბობთ, სამმა თვემ უნდა განვლოს და მხოლოდ მაშინ გავიგებთ, ვართ ჩვენ მოქალაქენი თუ არა. მანამდე კი ჩვენ ეჭვის ქვეშ ვიქნებით და არ გვეცოდინება, ვართ მოქალაქე თუ არა, გვაქვს უფლება დამფუძნებელ კრების წევრობისა თუ არა. რომ გავიგოთ, მოქალაქე ვართ საქართველოსი თუ არა, (ხმა: გობეჩია იტალიელია!) უნდა უცადოთ 3 თვე; იქნება ამ ხნის განმავლობაში ვინმემ განაცხადოს კიდეც, რომ არ სურს აქ ცხოვრება, ან არ სურს გახდეს დამფუძნებელ კრების წევრი. ყველა ამ მოსაზრებით ამ მუხლის მიღება ყოვლად შეუძლებელია.

აქ იყო სხვა საბუთი წამოყენებული: ეს კანონ-პროექტი თურმე არ არის სოციალისტური. მე აქ გამახსენდა შემდეგი დებულება: ყველა ის ვერ შევა სასუფეველში, ვინც იძახის „უფალო, უფალოო“. ჩვენც ესე ვფიქრობთ, ყველა ის, ვინც იძახის: „სოციალიზაცია, სოციალიზაციაო“, კიდევ არ არის ნამდვილი სოციალისტი (გობეჩია: თქვენ აძლევთ პატენტს?). მუდამ ამ სიტყვის გამეორება მე მარწმუნებს წინააღმდეგში, მუდამ ამ ზოგად პრინციპების ერთი-მეორეზე წამოყენება და მისი კონკრეტიზაციის მოუხერხებლობა, მარწმუნებს შემდეგში: რომ ზოგიერთებმა ზოგადი პრინციპი ამოიკითხეს, მაგრამ მისი ცხოვრებასთან შეგუება და ცხოვრების ყოველ მოვლენისთვის გამოყენება ვერ მოახერხეს. სოციალიზმის მნიშვნელობა დღეს იმაში მდგომარეობს, რომ ეს პრინციპი ცხოვრების იმ კონკრეტულ მოვლენას შევუგუოთ, რომელიც წინ გვიდგას. ჩვენ სოციალისტებმა უნდა გამოვიყენოთ ეს პრინციპი იმგვარად, რომ იგი გახდეს სასარგებლო იმ კლასისთვის, რომელიც უმთავრესი მატარებელია სოციალისტურ იდეის, ე.ი მუშათა კლასისთვის, მშრომელ ელემენტებისთვის. ამ მხრივ თუ შევხედავთ იმ კლასს, რომელმაც მოგვცა ჩვენი დამოუკიდებლობა, უნდა, რომ ჩვენ სწორედ ეს კანონი უნდა გამოგვეცა და არა ის, რომელზედაც აქ ესერები გვეუბნებიან. ამ კანონის საშუალებით ჩვენ გამოვაცალეთ სახელმწიფოს მთელი რიგი ისეთ ელემენტებისა, რომელიც ამ დემოკრატიას, ამ ხალხს უშლიდა ხელს თავის შემოქმედებითი მუშაობაში. თუ ამ ფაქტს უარყოფს ვინმე, მაშინ ვიტყვი, რომ ეს დებულება ყალბად მიგვიღია, მაგრამ თუ ეს ფაქტი მართალია, თუ ეს სწორი, ისტორიული მოვლენაა, მაშინ ეს მუხლი ყოფილა რევოლიუციონური იმათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენ ნამუშავარს და ჩვენ ნამოღვაწევს დანგრევას უპირებდა. რევოლიუცია ტრიბუნაზე ფასების თქმას კი არ შეიცავს, რევოლიუცია იმაში გამოიხატება, რომ დემოკრატიის მტრებს ლახვრად მოხვდეს. და აი მე ვამბობ, ამ კანონით ჩვენი დემოკრატიის მტრებს ძალიან გავუძნელეთ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა და მუშაობა. რაკი ეს ასე მოხდა, ცხადია, ეს კანონი იყო სასარგებლო დემოკრატიისა და მაშასადამე თავის არსებითი მნიშვნელობით რევოლიუციონური. (ხმა: ნაციონალისტებისთვის!) ნაციონალისტებისთვისაც იყო სასარგებლო, იმიტომ რომ დემოკრატიულ წყობილების დროს უფრო მეტი თავისუფლება აქვს ყოველ ჯგუფს და მიმდინარეობას, ვინემ სხვა რომელიმე წყობილებაში. ცხადია, რომ დემოკრატიის ფრთის ქვეშ ნაციონალისტები წინანდელზე უკეთ ცხოვრობენ, თუმცა წინააღმდეგი არიან მისი, მე მგონია, სოციალიზმის დროს კიდევ უფრო უკეთ იცხოვრებენ, როცა განხორციელდება მუშათა კლასის იდეალი, მაშინ ეს ნაციონალისტები თითონ კმაყოფილებით იტყვიან, აი, რა ბედნიერი ვართ მუშათა კლასის ხელშიო. მაგრამ ეს არ გვაძლევს საბუთს იმისას, რომ სოციალისტები ნაციონალისტებად გამოვაცხადოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალისტები (ხმაურობა) სიამოვნებით შეუერთდენ ამ მაღალ საზოგადოებას. (გვაზავა: სამოთხე იქნება!) ვინ შემოუერთდებოდეს ამ კანონ-პროექტს ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი არის ის, რაც გაკეთდება, რაც ობიექტიურად მოყვება ამ კანონს. ხოლო ივანე გაიღიმებს, პეტრეს ეწყინება, თუ რა მოხდება, ეს ფამუსოვის პრინციპია და არა სოციალისტების. შემდეგ ისიც გვითხრეს, რომ ეს კანონ-პროექტი თურმე სოციალისტურ პრინციპის წინააღმდეგ ყოფილა, იმიტომ რომ სოციალისტებს არასოდეს არ უთქვამთ ეროვნულ სახელმწიფოს დაარსება კარგიაო. მე უნდა ხელახლად გავიმეორო ის, რაც ერთი კვირის განმავლობაში შეეძლო ჩემ წინ მოლაპარაკე ორატორს გამოერკვია, სახელდობრ, რომ ინტერნაციონალიზმი და სოციალიზმი ქადაგებს სწორედ ასეთ პრინციპს: „ერთი ერი, - ერთი სახელმწიფო“. ეს არის პრინციპი, მაგრამ რომ მათ უკუღმართად არ გაიგონ, ისე როგორც მათ გაიგეს ციტატები ჟორდანიას ციტატებიდან, მე უნდა განვაცხადო, რომ ეს დებულება არ არის აბსოლიუტური მცნება. ერთი ერი, - ერთი სახელმწიფო ყველა პირობებში, ყველა ერისთვის, შეიძლება არ გახდეს საუკეთესოდ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ საჭიროდ და აუცილებლად დაინახავთ, რომ ერთი ერი გადაიქცეს ერთ სახელმწიფოდ, თქვენ თქვენ სრული უფლება გაქვთ ეს იარაღად გამოიყენოთ მუშა ხალხის, მშრომელ ხალხის სასარგებლოდ, მათ გასაძლიერებლად. აი ეს პინციპი, ასეთი შეზღუდვით მუდამ მიღებული იყო სოციალ-დემოკრატების მიერ. შეიძლება ისტორიიდან დაგისახელოთ ერთი ფაქტი. 1903 წელს სამზღვარ გარედ გამოვიდა ერთი წიგნაკი - „ქართველი ნაციონალისტები“, სადაც ეწერა, რომ ჩვენ შეგვიძლიან დამოუკიდებლობაც მივიღოთ ერისა. ეს იყო 1903-4 წელს. იმ დღიდან მოყოლებული დღემდი საქართველოს სოციალ-დემოკრატებს საერთოდ არასოდეს ასეთ პრინციპისთვის არ გადაუხვევიათ.

ერთი ერი - ერთი სახელმწიფო; რა არის ეს პრინციპი? ამ პრინციპზე არის აშენებული ერთი მუხლი ყველა სოციალ-დემოკრატების პროგრამისა, - ერთა თვით გამორკვევა, და ეს მარტო სოციალ-დემოკრატიულ პროგრამაში კი არ გახლავთ, არამედ ყოველ სოციალისტურ პროგრამაში არის, და როცა სოციალისტი პროგრამაში იცავს რაიმე მუხლს, უნდა იცოდეს ის ძირითადი პრინციპი, რომლიდანაც ეს მუხლი გამომდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება თითონ თავის პარტიის წინაშე. ჩვენ აქ გვითხრეს ბაგაჟზე, და მე უნდა განვმარტო, რომ არც მე მსურდა მომეტანა ჩემადნები და მთელი ხროვა წიგნებისა, მე ვგულისხმობდი ქონებრივ ბაგაჟს, ცოდნას ან წიგნებით ან ცხოვრებაში შეძენილს, და არა წიგნებს და სხვა რაიმე ასეთ ნივთიერ საგნებს. და თუ ის ასეთ საოხუნჯოთ გამოიყენეს, რომ მე ვერ მოვიტანე წიგნებიო, ეს მხოლოდ თავის თავის გაოხუნჯება არის, და არა აზრისა, რომელიც აქ იყო წამოყენებული. ყველა ამ აზრების გამო, მე მგონი შემიძლია დავსკვნა შემდეგი, ის პირველი მუხლი, რომელიც წამოყენებულია პროექტში, არის ნამდვილი გამომხატველი, კონკრეტიულად დღევანდელ პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ინტერესებისა, რომელიც უნდა დაიცვას ჩვენმა დემოკრატიამ. ის პრინციპი კი, რომელიც არის წამოყენებული ესერების მიერ, შემოტანილი შესწორების სახით, არის სრულიად გამოუსადეგარი ჩვენი დემოკრატიისთვის, და როგორც ასეთი, გამოიწვევს ჩვენში მხოლოდ უაზრობობას, არევს დარევს ჩვენს ცხოვრებას, და სწორედ ამ მოსაზრებით უნდა უარყოფილ იქნეს.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. კენჭს უყრი იმ შესწორებას, რომელიც შემოტანილია სოც.-რევ. მიერ. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილია. საერთოდ უყრი კენჭს პირველ მუხლს. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში სოციალ-დემოკრატების ფრაქციას შემოაქვს ასეთი შესწორება, ამოიშალოს: (კითხულობს) „მაგრამ 1914 წ. ივნისის 19-დე (ძველი სტილით) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრობდა საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე“ ამის მაგივრად ჩაიწეროს: „მაგრამ 1914 წ. იანვრის 1-დან განუწყვეტლივ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე“.

ამ შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) მეორე მუხლს კომისიის რედაქციით უწინ მხარს უჭერდნენ სოციალ-დემოკრატები საკონსტიტუციო კომისიაში, მაგრამ ეხლა შემოაქვთ შესწორება და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლივობას მოქალაქეობის მოსაპოებლათ ამოკლებენ ორი წლით, მოქალაქეობის მოსაპოებლათ ეხლაც დიდი სტაჟია დაწესებული - თითქმის ხუთ ნახევარი წელიწადი.

კანონ-პროექტის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წაკითხვა რომ იყოს დაწესებული რეგლამენტის ძალით, მაშინ სოციალ-დემოკრატები, ალბათ, სრულიათ უარყოფენ ყოველგვარ სტაჟს მოქალაქეობის უფლების მოსაპოებლათ, რადგანაც მათი აზრი მოქალაქეობის საკითხში, როგორც ეს ეხლა გამოირკვა, განიცდის თანდათანობითი ევოლიუციას. ჩვენი ფრაქციის აზრით, როდესაც ახალი სახელმწიფო არსდება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ყოველ პირს, რომელიც ცხოვრობს ამ უკანასკნელზე, უფლება უნდა ჰქონდეს თავის თავი ჩათვალოს ამ ახლად დაარსებულ სახელმწიფოს მოქალაქედ და სულ სხვანაირად უნდა დაისვას საკითხი მხოლოდ იმათ შესახებ, ვინც სახელმწიფოს დაარსების შემდეგ შემოიხიზნება სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამათ უნდა მოიპოვონ მოქალაქეობა ნატურალიზაციით და ამისათვის უნდა არსებობდეს ერთგვარი წესი. თითქმის ყველა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს სცხოვრობდა საქართველოში, იყო რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქე და თანაბრათ სარგებლობდა რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებებით მიუხედავათ იმისა, თუ რომელ ერს ეკუთვნოდა ესა თუ ის პირი. როდესაც საქართველოს, როგორც განსაზღვრულ ტერიტორიის დამოუკიდებლობა გამოცხადებულ იქნა, მაშინ ხელოვნურათ საქართველოში მცხოვრებთა შორის უთანასწორობა გაჩნდა. ნაციონალისტური თვალსაზრისით ამის დასაბუთება შეიძლება. ნაციონალისტი ამბობს: მე ქართველი ვარ, საქართველოს ტერიტორია ჩემი მამა პაპის სისხლით არის მორწყული და ამიტომ სხვა ერთა შვილებს საქართველოს ტერიტორიაზე მივანიჭებ მოქალაქეობის უფლებას მაშინ, როდესაც ამას მე დავინახავ საჭიროთ და იმ სახით, რომლითაც ეს მე მსურს. მაგრამ ინტერნაციონალისტი ისე ვერ იმსჯელებს, მით უმეტეს სოციალისტი, და ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ შემთხვევაში ცხოვრების ხანგრძლივობის ყოველგვარი სტაჟის დაწესებისა იმათთვის, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს სცხოვრობდა საქართველოში.

მომხსენებელი რაჟდენ არსენიძე. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ორატორები, რომელნიც აქ გამობრძანდენ, ჩემს წინააღმდეგ, საგანზე არ ილაპარაკებდენ, და მართლაც ასე ჩაიდინეს.

აქ ერთი პრინციპი არის აღიარებული ერთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ისინი კი სულ სხვებზე გველაპარაკებიან, რომლებზედაც ჩვენ გვაქვს სხვა მუხლში ლაპარაკი - სახელდობრ მუშებზე. და სხვა ასეთგვარ აქ დაბინავებულ ხალხზე. შეიძლებოდა ეხლავე არ გაგვეცა ამაზე პასუხი, მაგრამ მაინც მინდა წავუკითხო და გავაგებინო მათ, რომ იმათთვის, ვინც მუშები არიან, გვაქვს სხვა წინადადება მესამე მუხლში. ამ მუხლში აი, რა სწერია (კითხულობს).

ცხადია, იმის თქმა, რომ მუშებს ორი წელიწადი აჩუქესო, თუ ორი წელიწადი აპატიესო, - ეს იყო სიტყვის მასალათ მოტანილი, ან და გაუგებრობით, ამაზე ამიტომ აღარ შევჩერდები.

ამ მუხლის შესახებ არსებითად არ მოგახსენებთ, თითქოს მეორე მუხლით იბღალვებოდეს სხვა ერების უფლებები, თითქოს ამ მუხლით ვანიჭებდეთ რაღაცა უპირატესობას ქართველებს და ვართმევდეთ უპირატესობას სხვა ერის ხალხს. აქ სწერია: „ყოფილი რუსეთის ქვეშევრდომი“. ცხადია აქედან შეიძლება ერთი დასკვნა გამოიტანოთ, იმ უცხოელებს, რომელნიც გერმანიის, ავსტრიის, ინგლისის და სხვა სახელმწიფოს ქვეშევრდომები არიან, ეს მუხლი არ ეხებათ. მართლაც ეს მუხლი მხოლოდ რუსეთის ქვეშევრდომებს ეხებათ: ყოველივე რუსეთის ქვეშევრდომს, ვინც კი იყო წინათ რუსეთში, იყო ის რუსი, ქართველი, სომეხი, თუ მუსულმანი, ეს ეხება ყველას განურჩევლად.

მაშასადამე ეს მუხლი არის ინტერნაციონალური, და თუ ვიხმარე ტერმინოლოგია გობეჩიასი, ეს იქნება სოციალისტური, ვინაიდან ბრძანებს, რაკი ინტერნაციონალურია უეჭველად სოციალისტური არისო.

მე ვამბობ, ეს აუცილებლად ინტერნაციონალური გახლავთ სწორედ იმიტომ, რომ ყველა ნაციისთვის ერთი და იგივე მუხლი არის მიღებული. (ხმაურობა). მაგრამ სწორედ ამიტომ არ გვინდა დავარქვათ სოციალისტური, რომ „ინტერნაციონალური“ ბევრი არა სოციალისტიც გვინახავს, ბურჟუაც და რეაქციონერიც, - ინტერნაციონალური თუ რევოლიუციონური ფრაზით. მე ვამბობ, რომ ეს მუხლი ინტერნაციონალურია იმით, რომ იგი თანასწორად ეხება ყველა ერებს, ვისაც რაიმე კავშირი და დამოკიდებულება აქვს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენ დავაარსეთ. ამიტომ ეს მუხლი თანასწორად აწესებს შეღავათს იმ პირთათვის, რომელნიც აქ სცხოვრობდნენ რამოდენიმე ხნის განმავლობაში მაინც, ესე იგი შემთხვევით კი არ არიან აქ, არამედ რამოდენიმე ხანი მაინც უცხოვრიათ ჩვენ ტერიტორიაზე, და ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ რამოდენიმედ მაინც არიან დაინტერესებულნი, რამოდენიმედ მაინც არიან დაკავშირებულნი ჩვენ ხალხთან განსაზღვრულ დროს. (ხმა: ვინ მოგცათ ამის უფლება? ხმაურობა. ზარი.)

თავმჯდომარე. ბატონებო, უმორჩილესად გთხოვთ, კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ, ყოვლად შეუძლებელია ესე კრების წარმოება. კეთილ ინებეთ, ნუ უშლით ორატორს!

რაჟდენ არსენიძე. აქ გვეკითხებიან, ვინ მოგცათ უფლებაო? მე უნდა განვაცხადო, რომ დამფუძნებელი კრების წევრისთვის ასეთი შეკითხვა სამარცხვინოა! (ტაში).

ჩვენ ეს ნება მოგვცა ხალხმა. (ნელი ტაში) (კედია: უფრო გაბედულად დაუკარით!).

ამიტომ ჩვენ ვკანონმდებლობთ იმ ხალხის სახელით, რომელმაც გამოგვგზავნა და იმ პირებისთვის, რომელნიც პირველ მუხლის ძალით არ მოხვდენ ჩვენს ქვეშევრდომებათ, ჩვენ უნდა შევქმნათ ერთგვარი შეღავათი იმისდა მიხედვით, თუ რამოდენად არიან ისინი შეკავშირებულნი ჩვენ ქვეყანასთან, და ამ შეკავშირების ნიშნად ჩვენ ავიღეთ მათი ხანგრძლივი ცხოვრება ჩვენს ტერიტორიაზე.

კომისიის მიერ იყო მიღებული 1914 წ. 19 ივნისი და იმის წინ კიდევ 3 წ. ცხოვრება ამ ტერიტორიაზე და ეს იმ მოსაზრებით, რომ შესაძლებელია მრავალ მათგანს ომში გაწვევის გამო დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, და ეს იძულებითი წასვლა ამ ტერიტორიიდან ნაკლად გვინდა ჩავუთვალოთ და ამ იძულებითი წასვლის გამო არ უნდა წაგვერთმია მათთვის მოქალაქეთა მიღების უფლება. და სწორედ ამიტომ შევიტანეთ, რომ 3 წელიწადი ვინც სცხოვრობდა ჩვენში, იმათ მივცეთ უფლება მოქალაქეობა მოითხოვონ და დაუყონებლივ მიიღონ კიდეც-თქო. რასაკვირველია, რომ დიდ ომიანობას არ ჰქონოდა ამ ჩვენ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდინ ადგილი, ჩვენ მაშინ ვიტყოდით, ვინც აქ სამი წელიწადი სცხოვრობდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ აუარებელი პირები, რომელსაც კავშირი აქვს ჩვენს ხალხთან, არ იყო აქ ომის გამო, ის წასული იყო სხვაგან სადმე შორეულ ფრონტზე 1914 წლიდან, და სამი წლის წინად კი უეჭველად იყო აქ, ვინაიდან სხვა რაიმე მოსაზრება აქედან არ მოითხოვდა მის წასვლას. ეს ერთი.

მეორეც, ომი იყო და ომის განმავლობაში აქ იყო შემთხვევით ომის გამო ჩამოსული აუარებელი ხალხი, რომელთაც არ უნდოდათ საქართველოში ცხოვრება. ცხადია ასეთ ხალხს რომ მივადგეთ და შევთავაზოთ ჩვენი მოქალაქეობის უფლება, ეს ჩვენ სახელმწიფოებრიობას არც ღირსებას შეჰმატებს და არც სარგებლობას მოუტანს. ამიტომ მივიღეთ ჩვენ პირველი სამი მუხლი და არ გავყევით იმ ცარიელ ფრაზეოლოგიას, რომელიც ამბობს, რომ ვისაც სურს, ის უნდა მიიღოთ.

აქ კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ ამ მუხლის მიღებას, როდესაც ზოგიერთი არა ქართველი რეაქციონერი ქუჩაში დადის და ზოგიერთი ქართველი რევოლიუციონერი კი ციხეში ზისო. მე უნდა განვაცხადო, რომ ამას არავითარი კავშირი, არავითარი დამოკიდებულება არა აქვს მოქალაქეობასთან. ცხადია, ვინც ციხეში სხედან რაიმე დანაშაულობის გამო სხედან და ვინც რაიმე დანაშაულობას ჩაიდენს, იგი უეჭველად ციხეში მოხდება, ისიც, ვინც რევოლიუციონერს უწოდებს თავის თავს, ციხეში მოხდება, თუ დანაშაული ჩაიდინა. აქ მოქალაქეობა ვერ იხსნის მას ვერც ციხიდან, ვერც სხვა სასჯელისაგან, სწორედ ამიტომ მე მგონია, რომ საბუთი აქ მოსატანი არ არის. დემოკრატიულ რესპუბლიკაში არ იჭერენ ქუჩაში ამა თუ იმ კაცს იმისთვის, რომ მას რეაქციონერი ჰქვიან, და არა რევოლიუციონერი ან სოციალისტი. რომ არ იჭერენ ეს არ ჩაითვლება ბოროტებათ დემოკრატიულ რესპუბლიკისთვის, ვინაიდან ჩვენში არსებობს თავისუფლება პიროვნებისა, და ამას ვახორციელებთ. პირიქით, რომ ვსთქვათ, რატომ იჭერთ მოქალაქესო, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა? მაგრამ იმის თქმა, რომ მოქალაქეს ზოგს იჭერთ და ზოგი ისე დადიანო, ეს რაღაც გაუგებრობაა, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვს იმას ჩვენ გასაბჭობ საგანთან.

სწორედ ამიტომ ვამბობ, უნდა ილაპარაკოთ მუხლის გამო, და არა სხვა საგანზე, რომელიც სრულიად არ შეეხება ამ მუხლს. ესეც გვითხრეს, თქვენ ალბად შეზღუდვა იმიტომ შეიტანეთ ამ მუხლში, რომ ვიღაცის გეშინიათო. ჩვენ, რომ გვეშინოდეს, გავიქცეოდით. ჩვენ კი არ გვეშინიან, ჩვენ ვიბრძვით, და რადგან ვიბრძვით, ამისთვის ვქმნით ისეთ კანონს, რომელიც ბრძოლაში გამოგვადგება. თქვენ კი გგონიათ, რომ როცა კანონის დაწერითა და კანონის ცხოვრებაში გატარებით ვაწარმოებთ ბრძოლას - ეს შიში არისო. თუ კანონით ბრძოლა შიშია, მაშინ ხელი უნდა აიღოთ კანონდებლობაზე, ვინაიდან შიში შეფერის თქვენისთანა რევოლიუციონერს!

თავმჯდომარე. კენჭს უყრი იმ შესწორებას, რომელიც შემოტანილია სოც.-დემ. ფრაქციის მიერ და რომელიც უკვე მოგხსენდათ. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლის შესწორების? მეორე მუხლი მიღებულია. შემდეგი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მესამე მუხლი მიღებულია.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-4 მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში გახლავთ შემოტანილი ორი შესწორება. ერთი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, (კითხულობს). „ამ მუხლის ძალით მიღებული დადგენილება მომრიგ. მოსამართლემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს სათანადო პროკურორს. უკანასკნელს უფლება ეძლევა დღიდან ასლის მიღებისა ორი კვირის ვადაში გაასაჩივროს ასეთი დადგენილება“.

მეორე ესერების ფრაქციისა. (კითხულობს): „პირველ მუხლში აღნიშნული განცხადება წარედგინება ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც აღნიშნავს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელთა განსაკუთრებულ წიგნში“.

ეს ორი შესწორება გახლავთ შემოტანილი. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი რაჟდენ არსენიძე. ესერების შესწორება მიუღებელია უკვე იმიტომ, რომ მათი პირველი მუხლი, რომელსაც ის ეკუთვნის, უარყოფილია. ამიტომ თავისთავად ცხადია, ეს შესწორება უარყოფილი უნდა იყოს, უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ უაზრობას შეიტანს კანონში და ეს დამფუძნებელ კრების ღირსებას არ შეეფერება.

არის მეორე შესწორება, რომელიც სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის სახელით არის შემოტანილი. ეს შესწორება შეიცავს ერთგვარ გარანტიას იმისას, რომ მოსამართლე არ იყოს უკონტროლო, რომ მას ჰქონდეს კონტროლი სახელმწიფოსი, თუნდაც პროკურორის სახით. მე პირადად ამის წინააღმდეგ არაფერი არ მექნება, თუმცა ეს მიღებული არ იყო კომისიაში, კომისიის აზრით მოსამართლეც საკმარის გარანტიას წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებისთვის.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი სოც.-რევ. ფრაქციის წინადადების? ვინ არის მომხრე? (სოც.-რევოლიუც.). სოციალ-რევოლიუციონერების შესწორება უარყოფილია.

მე-4 მუხლი შესწორებით მიღებულია.

მომხსენებელი (კითხულობს მე-5 მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მეხუთე მუხლი მიღებულია.

მომხსენებელი (კითხულობს მე-6 მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლის ლიტერა ა-ში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს ასეთი ცვლილება (კითხულობს): ლიტ. ა. შიცვალოს შემდეგ რედაქციით: „შვილი საქართველოს მოქალაქისა, დაბადებული საქართველოს ტერიტორიაზე, ან მის გარეთ“.

მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი არსენიძე. ეს სარედაქციო ხასიათის შესწორება არის. იგი აზრს არსებითად არ სცვლის, ამიტომ წინააღმდეგი არ ვართ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორების? შესწორება მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მუხლის შესწორებით? მუხლი მიღებულია. შემდეგი.

მომხსენებელი (კითხულობს მე-7 მუხლს).

თავმჯდომარე. არის შესწორება სოციალ-რევოლიუციონერებისა, პირველი გახლავთ ასეთი (კითხულობს): ამოიშალოს პირველ შენიშვნიდან სიტყვები: „თავისი მეცნიერული შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივ მოღვაწეობით თუ სხვა მხრივ“.

მეორე შესწორება არის აგრეთვე ამოიშალოს სრულიად შენიშვნა მე-2-ე: „აგრეთვე ვადის მოუთხოვნელად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეთ ყოველი უცხო ქვეშევრდომი ქართველი“.

მომხსენებელი არსენიძე. პირველი შენიშვნიდან ამოიშალოს (კითხულობს): „თავისი მეცნიერული შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივ მოღვაწეობით თუ სხვა მხრივ“.

მე ზედმეტად მიმაჩნია ამის ამოშლა და აი რატომ: აქ არის ერთის ნიშანი მიღებული, „თვალსაჩინო ღვაწლი“, მხოლოდ რაში გამოიხატება ეს ზოგადი მცნება, გამოურკვეველია. ასეთ პირობებში კანონმდებელი მიმართავს ხოლმე რამოდენიმე მაგალითის ჩამოთვლას, რომლითაც აღნიშნავს მიმართულებას კანონმდებელის აზრისა. აქაც კანონმდებელი აღნიშნავს, როგორ მდგომარეობას ეწოდება თვალსაჩინო ღვაწლი. აი, მაგალითად აღნიშნულია მეცნიერული სამხედრო ან სხვა რამ ამისდაგვარი საზოგადოებრივი სარგებლობა, ეს არის დიდი ღვაწლი მთელი ხალხისთვის, მთელი ერთეულისთვის და არა ის, რაც რომელიმე კერძო პირს, პარტიის წევრს მიაჩნია დიდ ღვაწლად, მაგრამ არსებითად კი არ შეადგენს ღვაწლს. იმისთვის, რომ თვალსაჩინო ღვაწლი არ იყოს განხილული ყოველივე პირის, ინდივიდის პირადი შეხედულების მიხედვით, არის ჩამოთვლილი ზოგიერთი დიდი ღვაწლი, რომელთან შედარებით ჩვენ შეგვიძლია სხვა ღვაწლიც დავაფასოთ. აი, ამ აზრით არის ჩამოთვლილი აქ მაგალითები და კომისიის აზრით ეს უნდა დარჩეს.

რაც შეეხება მეორე შენიშვნის ამოშლას, მე ეს სრულიად მიუღებლად მიმაჩნია და აი რატომ: ამ შენიშვნით შეღავათი ეძლევა უცხო ქვეშევრდომ ქართველს. ამ შესწორების ავტორნი წინააღმდეგნი არიან, რომ ამას ნაციონალიზმათ სთვლით და სხვა, მაგრამ არაფერი ასეთი აქ არ გახლავთ. ნაციონალიზმი არის, როდესაც თავის ხალხის სასარგებლოდ სხვა ერს რამე ზიანს მოუტან. ჩვენ რომ გვსურდეს საქართველოს და ქართველების სარგებლობის მოსატანათ, ზიანი მივსცეთ სხვა ერს, სხვა ერი დავჩაგროთ, დავიმორჩილოთ, რამე ხარჯები, ბეგარები გადავახდევინოთ და სხვა, - ეს იქნებოდა ნაციონალიზმი, ზოოლოგიური ნაციონალიზმი, კაცი-ჭამიობა. ხოლო ჩვენ რომ ჩვენ ტერიტორიაზე ყოველი ქართველი იოლად და ადვილათ მივიღოთ და გამოვაცხადოთ ქართველ მოქალაქეთ, ამით მე მგონია არც ერთის ინტერესებს არ ვბღალავთ, არც ერთ ერს ჩვენ არ ვჩაგრავთ. პირიქით, ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ, რომ მოხდეს კონსოლიდაცია ერებისა, რომ ერის გაფანტვას ხელი შევუშალოთ, რადგან ამით ერი ადვილად იჩაგრება. ამ შენიშვნის მიღებით ჩვენ ხელს შევუწყობთ მხოლოდ ეროვნულ ჩაგვრის შემცირებას და შესუსტებას. ამიტომ ის მიღებული უნდა იქნეს.

თავმჯდომარე. კენჭს ვუყრი პირველსა და მეორე შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? (უმრავლესობა). პირველი და მეორე შესწორება უარყოფილია. მაშასადამე მუხლი მიღებულია.

მომხსენებელი . არსენიძე. (კითხულობს მე-8 და მე-9 მუხლს) მუხლები კენჭის ყრით მიღებულია.

მომხსენებელი . არსენიძე. (კითხულობს მე-10 მუხლს).

თავმჯდომარე. აქ გახლავთ შესწორება შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა. პირველი ასეთი გახლავთ (კითხულობს) ლიტ. „ბ-დან ამოიშალოს სიტყვები „სამსახურში შევა“ და ჩაემატოს ნაცვლად უკანასკნელისა: „სამხედრო, ან სამოქალაქო თანამდებობას მიიღებს“. მაშასადამე, თუ ინებებთ და მიიღებთ, გამოვა ესე (კითხულობს). მეორე შესწორება გახლავთ ასეთი „პარაგრაფი „გ“ სრულიად გამორიცხულ იქნეს“.

მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი არსენიძე: ლიტერა „ბ“ შესახებ შესწორება არის ისეთი, რომ იგი შეცვლილ იქნეს შემდეგ ნაირად: „სამხედრო ან სამოქალაქო თანამდებობას მიიღებს.“

შესწორების წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს. ლიტერა „ბ“-ში შემოტანილი შესწორება აზრს არ სცვლის და არ ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ლიტერა „გ“ შესწორებას, რომ იგი სრულიად ამოშალოს, კომისიის სახელით მე წინააღმდეგი ვარ ამის, იმისთვის, რომ მისცემოდათ საშუალება ზოგიერთ მოქალაქეთ განეცხადებინათ და წასულიყვნენ იქ, სადაც მოქალაქეობა სურთ და სადაც მოღვაწეობენ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი იმ შესწორების, რომელიც შემოტანილია სოციალ-დემოკრატ. ფრაქციის მიერ? პირველი და მეორე შესწორება მიღებულია.

მე-10 მუხლი შესწორებით მიღებულია.

რაჟ. არსენიძე. კითხულობს (მე-11 მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მე-11 მუხლი მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მთლიანად კანონ-პროექტისა? კანონ-პროექტი მთლიანად მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი კანონ-პროექტის მომხსენებელი ანჯაფარიძე.

პირველი განხილვა კანონ-პროექტისა - ეპიდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ და უნარ დაკარგულ მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების შესახებ.

გიორგი ანჯაფარიძე. თქვენ იცით ბატონებო, რომ ჩვენ რესპუბლიკაში გავრცელებული არის სხვა და სხვა ეპიდემიური ავადმყოფობანი, რომლებმაც მთავრობის წინაშე მეტად რთული საკითხები დააყენა ამ ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების გამოძებნისა. ზოგადათ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. უკვე დაარსებულია თანამდებობა განსაკუთრებული რწმუნებულისა, გაღებულია სათანადო კრედიტი, შემუშავებულია შტატები, მაგრამ ყველა ამ ღონისძიებათა ცხოვრებაში გატარების დროს აღმოჩნდა ზოგიერთი ნაკლულოვანები. ეპიდემიასთან ნაყოფიერად ბრძოლისათვის საჭირო არის სათანადო შტატები ექიმებისა, ფერშლებისა, სათნოების დებისა და სხვა, საჭიროა, რომ ეს პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს ჯამაგირებით. გარდა ამისა, უნდა იქნეს ერთგვარი გარანტია, რომ თუ ამ ბრძოლის დროს საექიმო პერსონალს რაიმე ხიფათი მოუვიდა, მათი ოჯახები არ დარჩება ულუკმაპუროდ. იმისთვის, რომ ისინი, ვინც დაზიანდებიან ბრძოლის დროს სათანადოდ უზრუნველყოფილი იყვნენ - სამინისტროს შემოაქვს ეს კანონ-პროექტი. ეს კანონ-პროექტი მთელ პერსონალს, რომელიც ღებულობს მონაწილეობას ამ ბრძოლაში ყოფს 3 კატეგორიათ. პირველ კატეგორიაში არის ექიმები, ისინი, ვინც მსახურებენ სახელმწიფო სამსახურში და საზოგადო დაწესებულებებში, და ისინიც, ვინც კერძო პრაქტიკას ეწევიან, თუ კი მათ მთავრობა დაავალებს ბრძოლას ეპიდემიასთან. მეორე კატეგორიას შეადგენენ ფერშლები, სათნოების დები და დეზინფექტორები. მესამე და უკანაკნელ კატეგორიას შეადგენენ სანიტრები. მთავრობას აქვს განზრახვა ამ კანონ-პროექტის ძალით პირველ კატეგორიას მისცეს ერთდროული დახმარება 30,000 მანეთი. მეორეს - 20,000 და მესამე კატეგორიას - 15,000 მანეთი. აღნიშნული ერთდროული დახმარება მიეცემა იმათ, ვინც სრულიად დაკარგავენ შრომის უნარს, და აგრეთვე იმათ ოჯახებს, ვინც ბრძოლის დროს გარდაიცვლება.

(გ. ანჯაფარიძის სიტყვის დროს თავმჯდომარის ალაგს იჭერს სიმონ მდივანი).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. მაშასადამე, მუხლობრივი განხილვა მოხდება შემდეგ კრებაზე.

შემდეგი საკითხი: (კითხულობს)

მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატების შესახებ.

მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე. (რიგ-რიგად კითხულობს კანონ-პროექტის 1-ს, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლს). მუხლობრივი განხილვის დროს კანონ-პროექტი მსჯელობას არ იწვევს.

კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

ცვლილება იურიდიულ კომისიაში.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოახსენოთ კრებას სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება.

მდივანი (კითხულობს): იურიდიულ კომისიაში სოც.-დემოკრატ. ფრაქციიდან ნაცვლად . ნოდიასი და . ონიაშვილისა არჩეულ იქნენ სერგი ჯაფარიძე და გრიგოლ გიორგაძე.

მორიგ სხდომის დღიური წესრიგი.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოახსენოთ კრებას მორიგ სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ამტკიცებთ ბატონო, მორიგ სხდომის წესრიგს? წინააღმდეგი არავინ არის, წესრიგი დამტკიცებულია.

სხდომას ვხურავ.

თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს ნაშუადღევის 2 ს. და 30 წ.

2.6.2.11 მეოცე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 . მაისის 27. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

კონსტანტინე ჯაფარიძე

და ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 ს. და 15 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ, სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ განცხადებანი და დღიური წესრიგი.

ესტონელთა ეროვნულ საბჭოს დეპეშა.

მდივანი (კითხულობს) ესტონელთა ეროვნულ საბჭოსაგან გამოგზავნილ მოლოცვის დეპეშას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შესრულების გამო.

ცვლილებანი საფინანსო-საბიუჯეტო და შრომის კომისიაში.

მდივანი. კითხულობს სოც.-დემოკ. ფრაქციის წინადადებას, რათა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში ნაცვლად ი. ელიგულაშვილისა, რომელმაც უარი განაცხადა, არჩეულ იქნეს იოსებ ირემაშვილი და შრომის კომისიაში ნაცვლად ი. ელიგულაშვილისა, რომელმაც უარი განაცხადა არჩეულ იქნეს პ. ბერიშვილი.

გერონტი ქიქოძის განცხადება.

მდივანი. კითხულობს გერონტი ქიქოძის განცხადებას, რომ იგი აღარ ითვლება ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციაში.

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები.

სახალხო განათლების მინისტრის კანონ-პროექტი - საოსტატო სემინარიის დამატებითი შტატის შესახებ.

გადაეცემა განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

შრომის მინისტრის კანონ-პროექტი - უქმე დღეების რიცხვის შემცირების შესახებ.

გადაეცემა იურიდიულ და შრომის კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთი ღონისძიების მიღების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების კანონისა.

3. საბოლოო ტექსტი მოქალაქეობის კანონისა.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტებისათვის ჯამაგირის მომატებისათვის.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა მიწების მიმღებ კომისიებში მომუშავეთათვის დღიური სარგოს გადიდების შესახებ.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სამოქალაქო კანონთა კრებულის მე-10 ტომისა, 1 ნაწ. მე-9-ე მუხ. და სისხლის სამართლის დებულების 1665 მუხ. გაუქმების შესახებ.

7. განხილვა დეკრეტისა ბორჩალო ახალქალაქის მაზრებში საერობო ყრილობათა ხმოსნების რიცხვის განსაზღვრის შესახებ.

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ეპიდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ და შრომის უნარ დაკარგულ მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების შესახებ.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახალხო სკოლის მასწავლებელთათვის 5 წლეულ დამატების შესახებ.

10. შეკითხვა სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციისა - შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა მიმართ - გაფიცვისათვის ქალაქის მოსამსახურეთა გადასახლების და დაპატიმრების შესახებ.

11. შეკითხვა სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციისა - გზათა მინისტრისადმი შავი ზღვის რკინის გზაზე სახაზინო ქონების დატაცების შესახებ.

თავმჯდომარე. დღიური წეს-რიგის შესახებ სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? მსურველი არავინ არის. დღიური წეს-რიგი მიღებული გახლავთ.

პირველი საკითხი გახლავთ:

საბოლოო ტექსტი ხაზინის შემოსავლის გასაძიერებლად ზოგიერთ ღონისძიების მიღების კანონისა.

მომხსენებელია კრების წევრი ბ-ნი არსენიძე. (დარბაზში წევრი არ აღმოჩნდება).

თავმჯდომარე. მომხსენებლი არ გახლავთ.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

საბოლოო ტექსტი სახაზინო რკინის გზების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების კანონისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ქ-ნი სოლოღაშვილის ასული.

-ნი სოლოღაშვილის ასული მოახსენებს კრებას სარედაქციო კომისიის მიერ კანონში შეტანილ ცვლილებას.

კრება ცვლილებებს ადასტურებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

საბოლოო ტექსტი მოქალაქეობის კანონისა.

-ნი სოლოღაშვილის ასული მოახსენებს კრებას კომისიის მიერ შეტანილ ცვლილებებს. კრება მათ ადასტურებს.

თავმჯდომარე. შემდეგი:

მეორე განხილვა კანონ-პროექტისა რესპუბლიკის რკინის გზის კატეგორიების გარეშე მყოფ აგენტებისათვის ჯამაგირების მომატების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ივანე ჭავჭანიძეს.

მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე (კითხულობს პირველ და მეორე მუხლს). პირველი და მეორე მუხლი კენჭის ყრით მიღებულია.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს ორი წინადადება. პირველი: ამოიშალოს მესამე მუხლიდან: პირველ ივნისამდე, ჩაემატოს: „პირველ მაისამდე“. მეორე გახლავთ აგრეთვე ამავ მუხლში „რიცხვი 109.200 მ. შეიცვალოს 87.360 მანეთი“.

ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? მსურველი არავინ არ არის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე. დამფუძნებელ კრებას უკვე მიეღო ერთი კანონი, რომელიც შეეხებოდა საერთო ჯამაგირების მომატებას და ეს საერთო მომატება მიღებულია პირველ მაისიდან. ასე რომ, მართალია საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას არ ჰქონია მსჯელობა და თავისი დასკვნა არ გამოუტანია, მაგრამ, მე მგონია, მისი აზრიც ასეთი იქნებოდა და ამ შესწორებას მიიღებდა და ზედმეტ კრედიტს ერთი თვისთვის არ დაადასტურებდა.

ასე რომ, ამ შესწორებას მე ვიღებ.

თავმჯდომარე. დიახ! მაშასადამე თქვენ მომხრე ბრძანდებით სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორების. კენჭს ვუყრი, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მესამე მუხლის შესწორების? არავინ. მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მხოლოდ კანონ-პროექტისა? კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი გახლავთ: (კითხულობს).

მეორე განხილვა კანონ-პროექტისა მიწების მიმღებ კომისიებში მომუშავეთათვის დღიური ხარჯის გადიდების შესახებ.

თავმჯდომარე. მე მივიღე განცხადება მიწათ-მოქმედების მინისტრის ამხანაგისა, რომელიც თხოულობს, რომ კანონ-პროექტი დაუბრუნდეს ამ უწყებას, ასე რომ, ეს კანონ-პროექტი დაუბრუნდება უკან. შემდეგი:

მეორე განხილვა კანონ-პროექტისა სამოქალაქო კრებულის მე-10- ტომის 1 ნაწ. მე-9- მუხლისა და სისხლის სამართლის დებულების მე-1665 მუხლ. გაუქმების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ მაჭავარიანს.

იოსებ მაჭავარიანი. მოახსენებს კრებას იმ ცვლილებებს, რომელიც შეტანილია კანონ-პროექტში სარედაქციო კომისიის მიერ. ცვლილებებს კრება ადასტურებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის განხილვა:

განხილვა დეკრეტისა საერობო ბორჩალო-ახალქალაქის მაზრებში საერობო ყრილობათა ხმოსნების რიცხვის განსაზღვრის შესახებ.

მომხსენებლი გახლავთ კრების წევრი ცისკარიშვილი. (მომხსენებელი დარბაზში არ აღმოჩნდება). მომხსენებელი არ გახლავთ.

შემდეგი საკითხი:

მეორე განხილვა კანონ-პროექტისა ეპიდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ და შრომის უნარ-დაკარგულ მოსამსახურეთა ოჯახების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ანჯაფარიძეს.

მომხსენებელი. კითხულობს კანონ-პროექტს (პირველი მუხლს).

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი შესწორება პირველ მუხლში (კითხულობს): „ყოველ ექიმს, რომელიც გაგზავნილი იქნება მთავრობის მიერ ეპიდემიასთან საბრძოლველად და შრომის უნარს სრულიად დაჰკარგავს თვისი მოვალეობის ასრულების გამო ეპიდემიასთან ბრძოლის დროს ან აგრეთვე ექიმთა ოჯახობას, თუ ოჯახის მარჩენელი დაიღუპა, მიეცეს ერთდროული დახმარება 15.000 მანეთი“.

ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი . ჭიჭინაძე.

დამფუძნებელი კრების წევრნო, მე მსურს სამინისტროს სახელით განვაცხადო რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეცვლილი არის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ ის კანონ-პროექტი, რომელიც აქ წარმოგიდგინეთ მთავრობის სახელით.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა, საზოგადოდ ყველგან, და ნამეტნავად ჩვენში, სადაც ექიმების რიცხვი ცოტა არის, მეტად გაძნელებული არის.

ამას უნდა დაურთოდ ის გარემოებაც, რომ ეს შავი სახადი კიდევ სხვა პირობებში მიმდინარეობს და თუ სხვა სახადის წინააღმდეგ ასე თუ ისე არის უკვე გამოგონილი შრატი, რომელიც შეიძლება შეიშხაპუნოს კაცმა და ამითი თავი დაიცვას, ამ სახადის წინააღმდეგ არავითარი ზომა არ არის მიღებული, ამიტომ ვინც ებრძვის ამ სენს და ნახადი არ არის ამ ავათმყოფობისა განსაკუთრებულ ცუდ და მძიმე პირობებში არის ჩაყენებული. საზოგადოდ უნდა ვაღიაროდ, რომ ხუთი წლის შემდეგ ვინც ხდება ავათ, რიცხვი, რაოდენობა, მსხვერპლი ამ ავადმყოფობისა ძალიან დიდია. რასაკვირველია, ამ მხრივ არც ექიმების სხვა პერსონალს არ ზოგავს. რუსეთშიაც და ჩვენშიც ბევრი დაიღუპა და ბევრი შეიქმნა ამის მსხვერპლად. ჩვენ, როგორც მოგეხსენებად, იძულებული ვიყავით ძალათი მოგვეხდინა ექიმების მობილიზაცია და გაგვეგზავნა საბრძოლველად. მაგრამ იმავე დროს, ჩვენ კარგათ ვიცოდით, რომ როცა ისინი მიდიოდნენ ამ საქმეზე, ჩვენ ვაძლევდით იმათ სიტყვას, რომ ისინი იქნებოდენ უზრუნველყოფილნი, თუ ვინიცობაა შრომის უნარს დაჰკარგავდენ, და თუ ისინი შეიქნებოდენ მსხვერპლად, ამ შემთხვევაში - მათი ოჯახები. ასეთი დაპირება გვავალებდა, რომ ის ჩვენ გაგვეხორციელებინა. დღეს ვინც დაიღუპა, მხოლოდ ცოტაოდენი დახმარება მიეცით მათ ოჯახებს, ამიტომ განვიძრახეთ შემოგვეტანა ისეთი კანონ-პროექტი, რომ თამამად შეგვეძლო მოგვეთხოვა ექიმებისთვის წასულიყვნენ და ებრძოლათ იმათ ამ სენის წინააღმდეგ.

თქვენს შესწორებაში მე ვხედავ, რომ ციფრა განახევრებული არის, 30.000 მაგივრად მიღებული არის 15.000 მანეთი, ჩვენ ვიანგარიშეთ როგორც მინიმალური ეს ციფრა; თქვენ თითონ წარმოიდგინეთ ამნაირი ანგარიში. ვთქვათ, ექიმს ეძლევა 1500 მან. თვეში, მაშასადამე ის წლიურად ღებულობს 18.000 მანეთს, და თუ მივიღებთ იმ ზომას, რომელიც საზოგადოდ დაზღვევის დროს არის მიღებული, მუშებს ეძლევათ, თუ არა ვცდები, ათი წლის რაოდენობა, მაშასადამე, ეს გამოვა 180.000 მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ ასე დიდ ციფრას ვერ ავიღებდით და ავიღეთ მინიმალური ციფრა და ეს ციფრა გახლავთ სწორეთ -1/6 იმისა, რაც მისაღებია სხვა შემთხვევაში.

მაგრამ ამ შესწორებით ეს ციფრა უკვე შემცირებულია ძლიერ, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო სამართლიანი იქნება ეს მინიმალური ციფრა დარჩეს, - ჩვენ გვეძლევა მაშინ საშუალება იმათ მოვთხოვოთ, რომ წავიდნენ. ჩვენ გვაქვს გასამართლებელი საბუთი, რომ თუ ვინიცობაა ისინი დაიღუპნენ, ცოტაოდენი დახმარება მაინც მიეცემა იმათ ოჯახებს.

ეს ერთი.

მეორე მოსაზრება ის არის, რომ დღეს-დღეობით 15.000 მანეთი რას წარმოადგენს? 15.000 მანეთი ძალიან ნაკლები რამ არის, ნამეტნავად თუ მივიღეთ მხედველობაში მანეთის დღევანდელ ღირებულობას და ასეთი მცირედი რამეს მიცემა ჩვენ მიგვაჩნია უხერხულად და უსამართლოდ.

განსაკუთრებული შრომა სჭირია ექიმს, განსაკუთრებული გაწვრთნა, რომ გამომუშავდეს რიგიანი ექიმი ეპიდემიასთან საბრძოლველად, ყველა ექიმი ამისთვის არ გამოდგება. ისინი წინდაწინ გრძნობენ, რომ მსხვერპლად ეწირებიან სამშობლოს, ამიტომ ჩვენ ამ გარემოებას უნდა შევხედოთ სხვანაირად. თუ ექიმების შესახებ მივიღებთ ჩვენ მხედველობაში ასეთ საბუთებს, მაშინ თავისთავად ცხადია, ეს გადავა ფერშლებზე, სანიტრებზე და მოწყალების დებზე. ამიტომ ერთნაირი საზომით უნდა მოვექცეთ, როგორც მუშებს, ისე იმათაც და არ უნდა იყვნენ ისინი დაჩაგრულნი და ამიტომ შესწორების წინააღმდეგი ვარ.

სასურველია, რომ დარჩეს იგივე ზომა, იგივე ჯამი, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი. თუ თქვენ ამას მიიღებთ, ჩვენ გვექნება საშუალება უფრო მედგრად მოვთხოვოთ თავის მოვალეობის შესრულება. დღეს-დღეობით ეს ექიმები ძალიან წინააღმდეგი არიან წასვლისა, ამიტომ არის მიღებული იძულებითი ზომა, ეს იძულებითი ზომა გავრცელებულია ჯერ-ჯერობით ქუთაისის გუბერნიაში და ჩვენ იძულებული ვიქნებით გავავრცელოთ ტფილისის გუბერნიაში, მით უმეტეს, რომ მოკლე ხანში ერთი ეპიდემია კიდევ მოგველის - ხოლერა. შესაძლებელია სულ ვეღარ ვიშოვოთ ექიმები თუ ასეთი პატარა საზომით გაუსწორდებით იმათ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ თევზაძეს.

. თევზაძე (ს.-დ.). სამინისტროსაგან წარმოდგენილ საერთო მოსაზრებას, რასაკვირველია, ჩვენ ვიზიარებთ და სამართლიანიც არის, მაგრამ რაც შეეხება იმ ციფრის დატოვებას, რომელიც იყო სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ე.ი. რომ ექიმებს ერთდროულ დახმარებად მიეცეს 30.000 მან. ამის წინააღმდეგი ვართ და აი რატომ:

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ზომა შეეხება სახელმწიფო საერთო ზომას, ე.ი. სახელმწიფო სადაც გაგზავნის ექიმებს, იმათზე გავრცელდება ეს დახმარება. მაგრამ ეს რომ მივიღოთ ჩვენ ერთ დიდ არევ-დარევას და გაუგებრობას გამოიწვევს, მე მეტს ვიტყვი, შეიძლება ავადმყოფობა უფრო გავრცელდეს, იმიტომ, რომ ბევრი ექიმები დაანებებენ თავს იმ ალაგებს, სადაც პრაქტიკაზე არიან და სადაც დახმარებას იღებენ. მაგალითად, ქალაქის თვითმართველობა ერთდროულ დახმარებას აძლევს 15.000 მანეთს. მე მგონია დღეს-დღეობით, რასაკვირველია, ქალაქის თვითმართველობა არ არის სავალდებულო სახელმწიფოსთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს დიდ არევ-დარევას და დიდ გაუგებრობას გამოიწვევს, ამიტომ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ჩვენი ფრაქცია, როცა შემოჰქონდა ასეთი შესწორება, რადგანაც მიღებული არის ასეთი სისტემა. ეს სისტემა შეიძლება ერობებშიაც არის მიღებული. ასეთი დახმარება რომ შემოვიღოთ და გავადიდოთ ეს დახმარება, თავისთავად ცხადია, ის ექიმები ან უნდა გაგვეფიცნენ და გვითხრან 30.000 მან. დახმარება მოგვეცით ან და უნდა დაანებონ თავი სამსახურს და გადავიდნენ იქ, სადაც უფრო ხელსაყრელი იქნება. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ჩვენი ფრაქცია, როცა შემოჰქონდა ასეთი შესწორება. მე მგონია, დამფუძნებელი კრება ამას მიიღებს. ჩვენი წინადადება არის ექიმებს მიეცეს იმ ზომის დახმარება, რა ზომითაც აძლევს ქალაქის თვითმართველობა დახმარებას - 15.000 მანეთს.

შემდეგ აქ არის კატეგორიები. რასაკვირველია, თუ ერთი შეიცვალა, მეორეც უნდა შეიცვალოს. კატეგორიები აქ არის შემდეგი. ჩვენ გვექნება გაყოფილი მთელი ნაწილი მოსამსახურეებისა ორ კატეგორიათ. პირველში შედიან ექიმები, მეორეში ფერშლები, მოწყალების დები, სანიტრები და მედეზინფექტორები. პირველ კატეგორიას მიეცემა 15.000 მ. იმ მოსაზრებით, რომელზედაც მე მოგახსენებთ. მეორე კატეგორიას მიეცემა 10.000 მანეთი ერთ-დროული დახმარება, მე მგონია, ეს დამაკმაყოფილებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფულის კურსი დაეცა და სხვა. ყოველ შემთხვევაში, ეს უფრო სამართლიანი არის და უფრო არ არევ-დარევს ისედაც არეულ-დარეულ ზოგიერთ ნაწილებს ამ დარგისას. ჩვენი ფრაქცია ამას იცავს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? მსურველი არავინ არ არის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი ანჯაფარიძე. კომისიის სახელით წინააღმდეგი ვარ შესწორებისა, რომელიც აქ იყო შეტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ.

მთავარი მოსაზრება ის არის, რომ ასეთი დახმარება აქვს მიღებული ქალაქის თვითმართველობას და სახელმწიფომ რომ ეს დახმარება გაადიდოს, ამ შემთხვევაში ქალაქის თვითმართველობაც იძულებული იქნება, რომ ასევე მოიქცეს. მე მგონია, ეს მოსაზრება მართალი არ არის. მე მგონია სახელმწიფო თავის დღეში არ მიიღებს სახელმძღვანელოდ იმ დადგენილებას, რომელიც ქალაქის თვითმართველობას აქვს მიღებული. მით უმეტეს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა, თუ მივიღებთ მხედველობაში მის სივრცეს, ეხლა გადადის უმთავრესად სახელმწიფოს ხელში.

მთავრობის წარმომადგენელმა აქ მოგახსენათ, თუ რა პირობებში ხდება ეს ბრძოლა, თუ რა პირობებში ხდება დაქირავება შტატებისა. მე მგონია, თუ კი ჩვენ დაქირავებულ პირებს ცოტაოდენი გარანტია არ მივეცით იმის, რომ თუ გარდაიცვლებიან, მათი ოჯახები არ დარჩებიან ულუკმა-პუროდ, - ჩვენ ამით საქმეს გავაფუჭებთ. მე დარწმუნებული ვარ, ქალაქის თვითმართველობა იძულებული შეიქმნება, რომ ეს თავისი დადგენილება გამოსცვალოს. ეს აშკარაა ჩემთვის, კიდევაც რომ მივიღოთ ჩვენ ის დახმარება, რომელიც ქალაქმა მიიღო. მაგრამ ქალაქისთვის თავის დადგენილების გამოცვლა უფრო ადვილი არის, იმიტომ რომ შედარებით უფრო მარტივი აპარატი აქვს, სახელმწიფოს კი უფრო რთული აპარატი აქვს.

ამიტომ, ვამბობ, რომ ეს ცოტა არ იყოს ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის და სამართლიანობა მოითხოვს რომ დავტოვოთ 30.000 მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე იმ შესწორებისა, რომ 30.000 მანეთის მაგიერ იყოს 15.000 მანეთი? ვინ არის წინააღმდეგი? უმცირესობა. (წინააღმდეგ ხმები მისცეს სოც. რევ. სოც. ფედერალისტ. და ნაციონალ დემოკრატებმა) შესწორება მიღებული გახლავთ.

ვინ არის წინააღმდეგი მთლიანად მუხლისა? პირველი მუხლი მიღებული გახლავთ.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. მეორე მუხლში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი წინადადება: „20.000 მანეთი შეიცვალოს 10.000 მანეთით“. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. რაც შეეხება დახმარების შემოღებას, რასაკვირველია, წინააღმდეგი ვარ იმ მოსაზრებით, რომელიც მე გამოვთქვი პირველ მუხლის შესახებ. მაგრამ აქ ერთი შესწორება არის შეტანილი. თქვენ იცით კარგათ, რომ მთავრობამ სამ კატეგორიათ დაჰყო პერსონალი, რომელსაც დახმარება სჭირია. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის აზრით საჭირო არის სამი კატეგორიის მაგივრად ორი კატეგორია. და აი სწორეთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქცია ფერშლებს უთანასწორებს სანიტრებს. მე არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ სპეციალური მედეზინფექტორები გადავიტანოთ მესამე კატეგორიაში, მაგრამ გათანასწორება ფერშლებისა და სანიტრებისა ეს, ჩემის აზრით, ყოვლად შეუძლებელია, რადგანაც უბრალო მუშაობის და ავაკაციურ მუშაობის შორის უნდა იყოს რაიმე განსხვავება. აი, ამ მოსაზრებით მე წინააღმდეგი ვარ შესწორებისა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი იმ შესწორებების, რომელიც შემოიტანა ს.-დემოკრატიულმა ფრაქციამ? (შესწორებანი სოც.-დემოკრატიული ხმებით მიღებულია) შესწორებანი მიღებულია.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. აქ არის შესწორება, რომ ამოიშალოს სრულიად მესამე მუხლი. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? მსურველი არავინ არის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. მე წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა იმ მოსაზრებით, რომელიც მე მოგახსენეთ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ ამოიშალოს მესამე მუხლი? (წინააღმდეგნი არიან სოც.-რევ. სოც.-ფედ. ერ.-დემოკრ.)

მუხლი ამოშლილი გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ კანონ-პროექტი მთლიანად მიღებული იყოს? (წინააღმდეგნი არიან სოც-რევ. სოც.-ფედ. და ერ.-დემ.).

კანონ-პროექტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი:

დეკრეტი ბორჩალო-ახალქალაქის მაზრებში საერობო ყრილობათა ხმოსნების რიცხვის განსაზღვრისა.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ცისკარიშვილს.

მომხსენებელი ცისკარიშვილი. დამფუძნებელ კრების წევრნო! ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიის სახელით პატივი მაქვს მოგახსენოთ პროექტი დეკრეტისა შემდეგი სათაურით: ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებში საერობო ყრილობათა ხმოსნების რიცხვის განსაზღვრისა.

ეს პროექტი წარმოდგენილია კომისიაში მთავრობის მიერ, და კომისია იზიარებს და ადასტურებს იმ მოსაზრებებს, რომელსაც მთავრობა ემყარებოდა.

ამ დეკრეტის საჭიროება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დროებითი საერობო დებულებაში, რომელიც დამოკიდებულია ამიერ-კავკასიის კომისარიატის მიერ, სრულიად არაფერი არის ნათქვამი ამ ორ მაზრის შესახებ. მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ, როდესაც ეს დებულება მუშავდებოდა (ეს გახლდათ, როგორც მოგეხსენებათ, 1918 წლის იანვრის 25-ს) სწორედ მაშინ არ იყო გამორკვეული და გადაჭრილი ბედი და მდგომარეობა ამ ორ მაზრისა, ბორჩალოსი და ახალქალაქისა. კარგად მოგეხსენებათ, რომ წინა წელს, 1917 წ. დეკემბრის დამლევს შესდგა ეგრედ წოდებული, ინტერპარტიული და ინტერ-ეროვნული კომისია. მაგრამ კომისიამ თავისი მუშაობა ვერ დაამთავრა. უკანასკნელი სხდომები მისი დეკემბრის 8-სა, 12-ს, 18-ს და 23-ს არ შესდგა და მუშაობა დარჩა დაუმთავრებელი. დღეს თქვენ იცით, რა მდგომარეობაშია ამ მაზრების საქმე. სომხეთ და საქართველოს ომს შედეგად მოყვა ის, რომ ბორჩალოს მაზრის ერთი ნაწილი არის ფაქტიურად საქართველოს რესპუბლიკის საზღვარში და ორი ნაწილი ამ მაზრისა არის ინგლისის გავლენის ქვეშ, ე.ი. სადავო ზონაში. ახალქალაქის მაზრაში კი ბოლო დროს ისეთი მდგომარეობა შეიქნა, რომ ფაქტიურად ჩვენ საზღვრებში მაზრა მთლიანად შემოდის. დღეს საჭიროა ერობა შემოვიღოთ ამ ორ მაზრაში. რატომ არის ეს საჭირო ყველას კარგათ მოგეხსენებათ და სრულიად ზედმეტი არის ამაზე ლაპარაკი. მხოლოდ საჭირო არის გამოვარკვიოთ რა რიცხვი ხმოსნებისა უნდა ეყოლოს ერთ მაზრას და მეორე მაზრას, რადგანაც საერობო დებულების 51 მუხლის დამატებით განსაზღვრული არის ყოველ მაზრისთვის სათანადო რიცხვი ხმოსნებისა. ამ მაზრებისთვის, მაშასადამე, საჭირო არის გამორკვევა რამდენი ხმოსანი უნდა ყავდეს ბორჩალოს მაზრას და რამდენი უნდა ყავდეს ახალქალაქის მაზრას. დღეს ბორჩალოს ყოფილ მაზრიდან შემოდის საქართველოს ტერიტორიაში სამი ნაწილი. ეს გახლავთ თვით ბორჩალოს რაიონი, თრიალეთის რაიონი და ეკატერინენფელდის რაიონი. სულ მცხოვრებთა რიცხვი ამ სამ რაიონში შეადგენს 111,862 კაცს. ბორჩალოს რაიონზე აქედან მოდის 28,840 კაცი, ეკატერინენფელდის რაიონზე - 28,562 კაცი და თრიალეთის რაიონზე - 54,460 კაცი. ხმოსანთა როდენობის გამორკვევის დროს, მთავრობა, საერობო დებულების შედგენის დროს, ხელმძღვანელობდა შემდეგი სისტემით: საერთოდ იყო აღებული სამი ციფრა: მინიმუმი, საშუალო და მაქსიმუმი. მინიმალური გახლავთ 25, საშუალო 35, მაქსიმალური 45. მაზრის ხმოსანთა რიცხვის განსაზღვრის დროს, საჭირო არის შემდეგი წესი მივიღოთ: უნდა ავიღოთ მთელი გუბერნიის ტერიტორია, და გამოვარკვიოთ (ვიცით, რასაკვირველია), რამდენ მაზრას შეიცავს გუბერნია. შემდეგ საშუალო ციფრი უნდა გავამრავლოთ მაზრის რაოდენობის ციფრზე. მაგალითად: ავიღოთ თბილისის გუბერნია: შედგება 9 მაზრისაგან, საშუალო ციფირი გახლავთ 35, 35 რომ გავამრავლოთ 9 ჯერ, მივიღებთ 315. ეს არის იმ ხმოსნების რიცხვი, რომელიც მოდის მთელ თბილისის გუბერნიაზე. შემდეგ ჩვენ უნდა გამოვიანგარიშოთ მეტრი, საარჩევნო მეტრი. ამიტომ საჭიროა მთელი გუბერნიის მცხოვრებთა რაოდენობა გავყოთ 315-ზე, რომ გავიგოთ თვით ხმოსანს რამდენი მცხოვრები აგზავნის. მთელ თბილისის გუბერნიაში სცხოვრობს 1.126,542 კაცი (გარდა ქალაქ თბილისისა). ეს რიცხვი უნდა გავყოთ 315-ზე და მივიღებთ 3576 კაცს; აი ეს ციფირი გახლავთ საარჩევნო მეტრი. სხვათა შორის აქ აღებულია ამომრჩეველი კი არა, არამედ მცხოვრები. მაგრამ ეს გარემოებას არ სცვლის. პროპორცია რჩება იგივე. საარჩევნო მეტრი, რომ ავიღოთ, და მასზე გავყოთ ყოველი მაზრის მცხოვრებლების რაოდენობა, მივიღებთ იმ ციფრს, რომელსაც ვეძებთ.

როგორც მოგახსენეთ წეღან, ბორჩალოს მაზრის უდავო რაიონებში სცხოვრობს 111.862 კ. ჩვენ ეს ციფირი რომ გავყოთ 35-ზე მივიღებთ ბორჩალოს მაზრისთვის ხმოსნებს. მაშასადამე, ბორჩალოს მაზრას უნდა ჰყავდეს საერობო კრებულის ხმოსნების რიცხვი - 31 ხმ.

ამავე რიგად უნდა მოვიქცეთ, როცა ახალქალაქის მაზრის ხმოსნების რიცხვის გამორკვევა დაგვჭირდება; ახალქალაქის მაზრაში მცხოვრებლების რიცხვი, იმ ცნობების მიხედვით, რომელიც დღეს მოგვეპოვება, შეადგენს 106.307 სულს; რომ გავყოთ 35-ზე, მივიღებთ 29 ხმოსანს. ამიტომ არის რომ ბორჩალოს მაზრაში უნდა იყოს 31 ხმოსანი, ახალქალაქის მაზრაში 29 ხმოსანი. მთავრობა შემოვიდა თვითმმართველობის კომისიაში ამ წინადადებით და სთხოვს დამფუძნებელ კრებას დაამტკიცოს შემდეგი დეკრეტი (კითხულობს): პროექტი დეკრეტისა ბორჩალოს მაზრაში...

თავმჯდომარე. უკაცრაოდ. ეს ზოგად მსჯელობის შემდეგ. ვის სურს სიტყვა? არავის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს პირველ მუხლს. კენჭის ყრით მუხლი მიღებულია).

მომხსენებელი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. მეორე მუხლში გახლავთ შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭიაბრიშვილს.

ანდრია ჭიაბრიშვილი. იმ ციფირების თანახმად, რომლებიც აქ მომხსენებელმა გაგვაცნო, თითო არჩეულზე ამომრჩეველი არის 3576 კაცი. რადგანაც ქალაქებიც შედიან საერობო ორგანიზაციებში და მათაც უნდა ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები და ახალქალაქში კი სცხოვრობს დაახლოვებით 6526 კაცი, ამიტომ მათ მოუწევთ 2 წარმომადგენელი, და საჭირო არის ჩვენი ფრაქციის აზრით, რომ უეჭველად იყოს ეს გარემოება ნახსენები, რომ ახალციხის მაზრაში მცხოვრებლებმა აირჩიონ 2 წარმომადგენელი ამ ერობაში.

აი ამ მოსაზრებით არის შემოტანილი ეს შესწორება.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი სხვა არავინ არის. მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი ცისკარაშვილი. ეს შესწორება, რასაკვირველია, საჭირო არის და მხოლოდ შემთხვევით იყო გამოშვებული იმ დეკრეტიდან, რომელიც წარმოდგენილია.

საქმე იმაში არის, საერობო დებულების მე-131 მუხლში განსაზღვრული გახლავთ, რომ ხმოსნები უნდა იყვნენ მაზრიდან ცალკე და ქალაქიდან ცალკე. როცა კომისია იხილავდა ამ დეკრეტს, გულისხმობდა, რომ სწორედ ასე დაიყოფოდა: რომ ქალაქს ერგებოდა ამდენი და მაზრას კიდევ ამდენი. საერობო დებულებაში ეს არის განსაზღვრული და ამიტომ შეიძლება მივიღოთ.

რადგანაც ახალქალაქში სწორედ იმდენი მცხოვრებია, როგორც მოგახსენათ ჭიაბრიშვილმა, და თითო ამორჩეულისათვის საჭიროა 3576 კაცის ხმა - ახალქალაქს ერგება ორი კაცი.

ამიტომ შესწორება მისაღებია.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? წინააღმდეგი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლის შესწორებით? მიღებულია.

მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. მესამე მუხლი მიღებულია. პროექტი მთლად მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი:

ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო სკოლის მასწავლებელთათვის ხუთ წლეულს დამატების დაწესების შესახებ.

მომხსენებლები გახლავან კრების წევრი ჭავჭანიძე და შარაშიძის ასული.

სიტყვა ეკუთვნის პირველ მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო!

ყველას კარგად მოგეხსენებათ სახალხო სკოლის მასწავლებელთა ნივთიერი მდგომარეობა. როგორც წინათ, ისე ეხლაც სახალხო სკოლის მასწავლებლის ნივთიერი მდგომარეობა, შედარებით სხვა დარგის მოსამსახურეებთან ძალიან მძიმეა. ჩვენ ერთ-ერთ უკანაკნელ სხდომაზე მივიღეთ ახალი კანონი, რომლის ძალით, არაკვალიფიციურ მოსამსახურეს, რომელსაც, შესაძლებელია წერა-კითხვაც კი არ იცოდეს, ენიშნება 600 მანეთი თვიურად, სოფლის მასწავლებლების ძირითადი ჯამაგირი კი, ამავე დროს არის 400 მანეთი.

იცით, აგრეთვე, თუ რა დიდ და მეტად სამძიმო მოვალეობას ეწევა სახალხო სოფლის მასწავლებელი და რა ცუდ პირობებში უხდება ასრულება თავის მძიმე და დიდ მოვალეობისა. თითქმის ყველა თქვენგანს უსწავლია სოფლის სკოლაში და კარგად გეცნობებათ ის სურათი, რომელსაც წარმოადგენს სახალხო სკოლა. ბინებიც კი, სადაც მეცადინეობა წარმოებს, მეტად სამწუხარო სურათს წარმოადგენს: ხშირად პირდაღებულ კედლებში ზამთრის სუსხიანი ქარი, თავისუფლათ დანავარდობს და მასწავლებელი, ნაბადში გახვეული, ან გახუნებულ პალტოში, ზის და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. მიუხედავათ ამ მძიმე მდგომარეობისა სახალხო სკოლის მასწავლებელი მოთმინებით იტანს ამ თავის გაჭირვებას, და მის უკმაყოფილო ხმას იშვიათად გაიგონებს ადამიანი.

რუსეთში საშუალო და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლების მასწავლებლებისათვის შემოღებული იყო ხუთ წლეულები ხანგრძლივი სამსახურისათვის, ხოლო სახალხო სკოლის მასწავლებლები კი, გამოტოვებული იყვნენ და მათთვის არ იყო ხუთ წლეულიანი ჯილდო. ყოველი ხუთი წლის სამსახურისთვის იყო დაწესებული ხუთ წლეული. მაგალითად, საშუალო სკოლის მასწავლებელი, თუ ის 5 წ. იმსახურებდა, მიიღებდა ხუთ წლეულ დამატებას; შემდეგი ხუთი წლის სამსახურისათვის მიიღებდა მეორე ხუთ წლეულს, შემდეგ მესამისა და მეოთხეს. ისე რომ, რუსეთში წინათ ოთხი ხუთწლეული დამატება იყო. საქართველოში პირველი ხუთწლეული მასწავლებლებს სამსახურის დაწყებისთანავე ეძლეოდათ. ასე იყო იმისთვის, რომ ამიერ კავკასია პრივილეგიურ მხარეთ ითვლებოდა. მოხელის რუსეთიდან ამიერ-კავკასიაში და ზოგი სხვა განაპირა ქვეყნებში გაგზავნა სასჯელად ითვლებოდა. და რომ ეს „სასჯელი“ გამოესყიდნათ, პირველ ხუთ წლეულს თავიდანვე აძლევდნენ. ეგ კანონი არ ვრცელდება სახალხო სკოლის მასწავლებლებზე, მათთვის არ იყო შემოღებული ხუთწლეული დამატებები; რუსეთის ბიუროკრატიას საჭიროდ არ მიაჩნდა სახალხო სკოლის მასწავლებლის შრომის დაფასება და წახალისება. დემოკრატიულ საქართველოში არ შეიძლება გავიმეოროთ ის, რაც მაშინ ხდებოდა.

ამ მოსაზრებით ჩვენმა სახალხო განათლების სამინისტრომ, რომ ეს უსამართლობა იყოს გამოსწორებული, შემოიტანა კანონ-პროექტი, რომლითაც სახალხო სკოლის მასწავლებელთ უნდა დაენიშნოთ ხუთწლეული დამატებები. პირველი ხუთწლეული დაენიშნებათ დღიდან სამსახურის დაწყებისა ისე, როგორც საშუალო და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლების მასწავლებლებს. მართალია ხუთწლეულის ოდენობა მცირეა - სამინისტროს წინადადებით და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადასტურებით თვითვეული ხუთწლეული დამატება 240 მანეთით განისაზღვრება, - მაგრამ ჩვენის აზრით მარტო ხუთწლეულებით არ შეიძლება სახ. სკოლის მასწავლებლის ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისთვის საჭიროა სხვა ზომები - ძირითადი ჯამაგირის გადიდება და სხვა. ხოლო ხუთწლეული ერთგვარ დაჯილდოებას შეადგენს იმისთვის, ვისაც უმსახურია მთელი რიგი წლებისა.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისია სამართლიანად სთვლის სახალხო განათლების სამინისტროს წინადადებას, რომ, როგორც საშუალო და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისთვის, ისე სახალხო სკოლის მასწავლებლებისთვისაც დაწესდეს ხუთწლეული დამატება. სულ, სამინისტროს ცნობებით, ჩვენ გვყვავს 2905 სახალხო სკოლის მასწავლებელი. მათემატიკური სისწორით გამოანგარიშება იმ თანხისა, რომლის გაღება იქნება საჭირო რესპუბლიკის ხაზინიდან იმ დამატების განსახორციელებლად, რომლებზედაც მოგახსენეთ, აქ შეუძლებელია, რადგან ეგ თანხა უეჭველად მერყევი იქნება. დაახლოვებით ნავარაუდევია ყოველ წლიურად 1,045,800 მანეთი. საერთოდ კი ყოველ წლისათვის ცალკე უნდა იქნეს გამოანგარიშებული ხუთწლეულების მიერ გამოწვეულ ხარჯების დასაფარავი თანხა და საერთო ხარჯთ-აღრიცხვის წესით გაღებული. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას წინადადება შემოაქვს ეს კანონ-პროექტი მიღებულ იქმნეს და შევიდეს ძალაში 1919 წლის 1 იანვრიდან.

თავმჯდომარე. მეორე მომხსენებელი შარაშიძის ასული.

ქრისტინე შარაშიძის ასული. სახალხო განათლების კომისია არ იზიარებს იმ აზრს, რომელიც მიიღო საბიუჯეტო და საფინანსო კომისიამ სახალხო მასწავლებლებისათვის 5-წლეულ დამატების დაწესების შესახებ. სახალხო განათლების კომისიას უფრო სამართლიანად მიაჩნია დაწესდეს არა 250 მანეთი, არამედ 400 მანეთი და აი, რა მოსაზრებით. საბიუჯეტო და საფინანსო კომისიას ძირითად ჯამაგირად მიაჩნია ის ჯამაგირი, რომელსაც იღებდა მასწავლებელი 50 პროც. დამატებამდე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სხვა დაწესებულებებში ძირითად ჯამაგირად ითვლება ის ჯამაგირი, რომელიც შესდგა მას აქეთ, რაც ეს 50 პროც. დამატება გატარდა. თუ ძირითად ჯამაგირად ჩავთვლით 600 მანეთს თვიურ ჯამაგირს, რომელსაც მიიღებენ ამ დამატების გატარების ძალით სახალხო მასწავლებლები, მაშინ რაოდენობა 5-წლეულ დამატებისა ამის მიხედვით, უნდა გადიდებულ იქნეს: თუ ავიღებთ 5 პროც., როგორც დაწესებულია 5 წ. დამატება საშუალო და პირველ-დაწყებით უმაღლეს სასწავლებლებისთვის, მაშინ სახალხო სკოლის მასწავლებელმა უნდა მიიღოს თვიურად არა 240 მან. როგორც დაადგინა საბიუჯეტო კომისიამ, არამედ 360 მანეთი. სახალხო განათლების კომისიამ, რომლის აზრსაც ამ შემთხვევაში ალბად სახალხო განათლების სამინისტროც გაიზიარებს და დაეთანხმება, საჭიროდ დაინახავს, რომ ეს თანხა გამრგვალებული იყოს, და სასურველად მიიჩნია დაწესდეს ნაცვლად 240 მ. 400 მანეთი 5-წლეული დამატება სახალხო მასწავლებლებისთვის.

საფინანსო კომისიამ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს სახალხო სკოლის მასწავლებლებს იმ მძიმე მოვალეობის შესრულებისთვის, რომელიც მას კისრად აწევს მართლაც მძიმე სახალხო სკოლის მასწავლებლის ტვირთი. მგონი არ არის არც ერთი დაწესებულება, არც ერთი დარგი ცხორებისა, სადაც ასეთ პირობებში უხდებოდეთ მოსამსახურეებს მუშაობა, როგორც სახალხო მასწავლებელს. თუ ისინი უდრტვინველად იტანდნენ დღემდის ამ მდგომარეობას, თუ იმათი ხმა ასე ნაკლებად ისმოდა, მე მგონია ეს გარემოება გვავალებს მეტის ყურადღებით მოვეპყრათ იმათ და განსაკუთრებული პატივისცემით აღვნიშნოთ ეს ჩვენი ყურადღება სახალხო მასწავლებლისადმი. დღეს თუ არა - ხვალ გატარებული იქნება საყოველთავო განათლების პროექტი ჩვენში და სახალხო სკოლის მასწავლებელი ბევრი დაგვჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ამ ასპარეზს გაურბოდნენ უნიჭიერესი, და უფრო მეტი უნარით დაჯილდოვებული პირები. გაურბოდნენ ამ საქმეს იმიტომ, რომ ნივთიერი მდგომარეობა მასწავლებლებისა მეტის მეტათ შევიწროებულია. ასეთ მდგომარეობაში კულტურული ცხოვრებაც კი შეუძლებელი იყო. ავიღოთ თუ გნებავთ ის 5 წლეულები, რომლებსაც ვაწესებთ ჩვენ სოფლის მასწავლებლებისთვის. აქ აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის მფლობელობის დროს არსებობდა ისეთი 5 წლეულები, იმ დროსაც იყო შეგნება რომ ტვირთი სახალხო მასწავლებლისა განსაკუთრებით მძიმეა, რომ ეს საქმე მოითხოვს მის აღმსრულებლისაგან განსაკუთრებით დიდ ძალღონეს. ამიტომ იყო, რომ მასწავლებლისთვის დაწესებული იყო ეს 5 წელი. ამ ხუთწლეული დამატებით ჩვენ გვინდა სახალხო სკოლის მასწავლებელი წავახალისოთ. გვინდა მოვიზიდოთ ამ ასპარეზზე საუკეთესო ძალები და შევქნათ ნამდვილი სახალხო სკოლა, და არა იმის აჩრდილი და ლანდი, როგორც დღემდის იყო, მაგრამ ამ დამატებით, რომელიც განსაზღვრულია საფინანსო კომისიის მიერ, სახალხო მასწავლებელი მე მგონია ერთ გაზეთსაც ვერ იყიდის დღეში, რომ გაიგოს რა ხდება ქვეყანაზე. მეტის მეტად მცირეა ეს დამატება, და სრულებით სამართლიანი იქნება, რომ ჩვენ დავაწესოთ 400 მანეთი ნაცვლათ 240 მანეთისა. საფინანსო კომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 5 წლეულების რაოდენობის განსაზღვრის საკითხი არ უნდა დაუკავშიროს დღევანდელ სიძვირეს, რომ არ უნდა მივიღოთ მხედველობაში ის პირობები, რომელნიც დღეს სულს გვიხუთავენ, ვინაიდგან ეს 5 წლეულები წესდება არა სამი ან ორი წლით, არამედ უფრო ხანგრძლივ დროისათვის. ამასთანავე დასძენს, რომ დღევანდელ პირობების შესამსუბუქებლად სახელმწიფომ სხვა გვარ დამატებით უნდა უშველოს მასწავლებელთო. მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ეს „სხვაგვარი დამატება“ ჯერ-ჯერობით მასწავლებლებისთვის არ არის. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ისიც კი, რაც იყო კანონმდებლობითი გზით გატარებული მასწავლებლების შესახებ, ისიც არ მიუღიათ მასწავლებელთ. და რომ ისინი ხმას არ იღებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კმაყოფილნი არიან. ჩვენ არ ვაძლევთ მათ არავითარ შეღავათს სხვაგვარ დამატების სახით და ამ ხუთ-წლეულ დამატებასაც მეტის-მეტად ვუკვეცავთ. მე მგონია, რომ ამ 5-წლეულ დამატებას დიდი ზნეობრივი მნიშვნელობაც ექნება. ეს, როგორც აღვნიშნე კიდევაც, წაახალისებს მასწავლებელთ. გარდა ამისა ხალხის თვალშიაც მეტი პატივისცემა ექნებათ იმათ, ვისაც სახელმწიფო უფრო ღირსეულად დააფასებს. და თუ ჩვენ, კანონმდებლობითი დაწესებულება, ვერ მოვეპყრობით მასწავლებელს ჯეროვანად, ისინი დამცირდებიან თავიანთ თვალშიაც და იმ ხალხის თვალშიაც, რომლის შვილების აღმზრდელათ მოწოდებულნი არიან. ამიტომ, სახალხო განათლების კომისია შუამდგომლობს, რომ სახალხო მასწავლებლებისათვის დაწესდეს ხუთ-წლეული არა 240, არამედ 400 მანეთი. დანარჩენში სახალხო განათლების კომისია იზიარებს საფინანსო კომისიის აზრს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ლასხიშვილს.

გიორგი ლასხიშვილი (ს.-ფ.). მოქალაქენო! ამ კათედრიდან, რასაკვირველია ზედმეტი არის ლაპარაკი სახალხო სკოლის მნიშვნელობაზე და სახალხო მასწავლებლების დანიშნულებაზე.

ჩვენს რესპუბლიკაში შეიძლება არ იყო უდიდესი და უწმინდაესი საქმე, ვიდრე სახალხო განათლების გავრცელება. ჩვენ ამას კარგად ვგრძნობთ და ამისთვის სამინისტროში მუშავდება დიდი პროექტი, საყოველთაო სახალხო სწავლა-განათლების შემოღებისთვის. ამისთანა დიდი საქმისთვის დიდი მზადება არის საჭირო.

უნდა ვსთქვათ, რომ დღეს სახალხო სკოლის მდგომარეობა მოშლილია და დაქსაქსული. საქმე იმაშია, რომ ის ჯამაგირი, რომელიც ჰქონდათ სახალხო მასწავლებლებს, ისეთი მცირე იყო, ისეთ უნუგეშო მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო სკოლის მასწავლებლები, რომ ბევრი კარგი მასწავლებელი ჩამოშორდა სოფელს, წავიდა და სხვა საქმეს ეწევა. ეხლა ასეთი საქმე ბევრი არის. ჩვენ რომ ახალი სკოლის გახსნა გვინდოდა, იმისთვის დაბრკოლება იყო იმაში, რომ სახალხო მასწავლებელს ვერსად ვშოულობდით. ახლა დიდ რეფორმის გატარებისთვის აუცილებლად საჭირო იქნება დიდი კადრი მასწავლებლებისა და კარგი მასწავლებლები, გაქცეულები უნდა დავაბრუნოთ, მოვიზიდოთ სოფელში. და ახალი კადრის შექმნისთვის საჭირო არის ეკსტრაორდინალური ზომა, საშუალება. მე ვფიქრობ, რომ ეს საშუალება არის სწორედ ის დამატება, რომელიც არ ჰქონდათ წინად სახალხო მასწავლებლებს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 5-წლეული დამატება არ არის ის ეკსტრაორდინალური და მიზანშეწონილი ზომა, რომელიც დიდ საქმისათვის საჭირო არის, და როდესაც ჩვენ გვქონდა წინად სამინისტროში მუშაობა, ბევრი მოწვეული პირები იმ აზრისა იყვნენ, რომ ჩვენთვის ეხლა, ამ მომენტში, ამ საქმის გამოსწორებისთვის, საჭირო არის სხვა ზომებს მივმართოთ, - დავაწესოთ არა ხუთწლეული, არამედ 3-წლეული დამატება. ეს დამატებები, სამ-წლეული და ზოგან ორ-წლეულიც, არსებობს ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყნებში. თუ სამ-წლიანი დამატების წესი მიღებული იქნება, შეიძლება სთქვან, რომ ეს სხვაგვარი წესი არის, რადგან საშუალო სასწავლებლებში 5-წლეულები არის, აქ კი ერთგვარი გამოყოფა იქნება, ერთგვარი პრივილეგია შეიქნება სახალხო სკოლისთვის. ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ სახალხო სკოლას დღეს არ აწყენს ასეთი პრივილეგია. თუ არა და რატომ არ შეიძლება საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვისაც დაწესდეს სამ-წლიანი დამატება? ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე მოსაზრებით 3-წლიანი დამატება არ იქნება მიღებული, - მაშინ რასაკვირველია, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ შესწორებას, რომელიც გამოსთქვა სახალხო განათლების კომისიამ. აქ მეტი ემატება. მაგრამ მე კი ვფიქრობ, რომ ეს საქმე უკეთესად გადაწყდეს იმ დროში, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, - უმჯობესი იქნება 3-წლეულის დამატების შემოღება. და თუ ამას გაიზიარებთ, მოვითხოვ, რომ ეს კანონ-პროექტი დაუბრუნდეს ისევ სასკოლო კომისიას. მან განიხილოს ორივე შესაძლებლობა: ან სამ-წლიანი დამატება, ან მომატების ჯამის გადიდება და ამნაირად გადამუშავებული პროექტი წარმოადგინოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! მე უნდა მოგახსენოთ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის აზრი ამის შესახებ. ეს საკითხი ირჩეოდა საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში, და იქაც იყო წინადადება განათლების კომისიისა, რომ დაწესებული ყოფილიყო არა 240 მან. ხუთწლეული დამატება, არამედ 400 მანეთიანი. დამფუძნებელ კრების წევრმა შარაშიძემ აღნიშნა, რომ აქ ერთგვარი პროცენტიული ნორმა არის აღებული. საშუალოს და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლების მასწავლებლებისთვის ხუთწლეული დამატებათ ნაანგარიშევია 5 პროც. ძირითად ჯამაგირისა; სწორედ ასეთივე წესი იყო გამოანგარიშებული სახალხო სკოლების მასწავლებელთათვისაც ხუთწლეული დამატება. მაგრამ აქ მეორე კითხვა იყო აღძრული განათლების კომისიის მომხსენებლის მიერ. ეს ის, რომ საბიუჯეტო საფინანსო კომისიამ ძირითად ჯამაგირად ჩათვალა 400 მანეთი, ესე იგი წინანდელი ჯამაგირი. ამ უკანასკნელათ ჩვენ ეგ ძირითადი ჯამაგირი გავადიდეთ 50%25-ით, ე.ი. 600 მანეთად გავხადეთ. ქ-ნი შარაშიძე მოითხოვს, რომ ეგ უკანასკნელი 600 მ. იქნეს მიღებული ძირითად ჯამაგირათ. ამ ციფრის 5%25 შეადგენს 360 მან., ხოლო განათლების კომისია კი 400 მანეთიან ხუთწლეულების შემოღებას მოითხოვს.

მაგრამ, ჩვენ რომ ამ გზას დავადგეთ და ძირითად ჯამაგირად ჩავთვალოთ 50%25-ით გადიდებული ჯამაგირები, მაშინ ამისდამიხედვით უნდა ხუთწლეული დამატებები საშუალო და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლების მასწავლებლებსაც, ესე იგი უნდა შევცვალოთ ის კანონ-პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინათ იქმნა მიღებული ჩვენს მიერ. მე მოგახსენეთ ჩემ მოხსენებაში, რომ შეუძლებელია ვებრძოლოთ დღევანდელ სოფლის მასწავლებლების აუტანელ ნივთიერ მდგომარეობას ხუთწლეული დამატებით. თუ კი ჩვენ ვგრძნობთ, რომ იმდენად მძიმე და აუტანელია სახ. სკოლის მასწავლებლის ნივთიერი მდგომარეობა, რომ არსებულ ჯამაგირებით მათ არ შეუძლიანთ ცხოვრება, რატომ არ შეიძლება შემოვიღოთ სიძვირის მიერ გამოწვეული დამატება? ხოლო ხუთწლეულების სიძვირესთან დაკავშირება არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ხუთწლეულების კანონი იწერება არა მარტო სიძვირის დროისათვის; მისი მოქმედება გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნება, ვინემ სიძვირე. მე ეჭვი არ მეპარება დამფ. კრების წევრის ამხ. შარაშიძის განცხადებაში, რომ განათლების სამინისტროც არ არის მომხრე ხუთწლეულების 400 მანეთამდე გადიდების, მაგრამ განათლების სამინისტრო წარმოდგენილ კანონ-პროექტში 240 მანეთიანი ხუთწლეულების შემოღების წინადადებას იძლევა და არა 400 მანეთიანის. ჩვენ არ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ზეპირი განცხადებით, როდესაც ჩვენ ხელთ არის წერილობითი საბუთი.

რაც შეეხება დამფუძნებელ კრების წევრის მოქალაქე ლასხიშვილის წინადადებას, რომ შემოღებულ იქნეს არა ხუთ წლეული დამატება, არამედ სამ წლეული, ამის შესახებ შემდეგი უნდა მოგახსენოთ: იმ მასალებიდან, რომელიც თან ახლდა ამ კანონ-პროექტს, სჩანს, რომ წინათ ყოფილა ლაპარაკი სამ წლეულ დამატებაზე. მაგრამ ამის წინააღმდეგ წასულან სახელმწიფო კონტროლიორი და ფინანსთა მინისტრიც; ერთიც და მეორეც ემხრობიან ხუთ წლეულ დამატებას და არა სამ წლეულს. მოსაზრება მათი უფრო ფორმალური ხასიათისაა, - ეს გულახდილად უნდა ვაღიარო. მათის განმარტებით სამ წლეული დამატება არსად არ არსებობს, და რისთვის მაინც და მაინც ჩვენ უნდა შემოვიღოთო. პრინციპიალურად მე არ ვარ წინააღმდეგი სამ წლეულ დამატების შემოღებისა, მაგრამ პრაქტიკულათ მისი განხორციელება დიდ უხერხულობას გამოიწვევს: სახელდობრ, თუ სახალხო სკოლების მასწავლებელთათვის შემოვიღებთ სამ წლეულ დამატებას, მაშინ საშუალო და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისთვის უნდა შემოვიღოთ სამ წლიური დამატება, ნაცვლად ხუთ წლეულისა, ეს კი ნიშნავს არსებულ სისტემის გარდაქმნას, რაც დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ამან შეიძლება არევ-დარევაც შეიტანოს. შეიძლება ამითაც ხელმძღვანელობდენ ფინანსთა მინისტრი და სახელმწიფო კონტროლიორი, რომელნიც არ ეთანხმებიან სამ წლეულ დამატებას და იცავდენ ხუთ წლეულს. ამის გარდა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც დამფუძნებელ კრების წევრმა ლასხიშვილმა დაგვიხატა, ვერც სამ წლეული დამატება იქნება საკმარისი, მოქალ. ლასხიშვილის აზრით. სახალხო სკოლის მასწავლებლები, თუ მათ სამ წლეულ დამატებებს დაუწესებთ, პედაგოგიურ მოღვაწეობას არ გაექცევიან და სხვა უფრო დიდ ჯამაგირებიანი ადგილების ძებნას არ დაუწყებენ; ამ ნაირათ ჩვენ სკოლაში შერჩება გამოცდილი და საქმის კარგათ მცოდნე მასწავლებლები. მე მგონია, რომ ჩვენ ამ ზომით ვერც გაქცეულს დავაბრუნებთ, ვერც გაქცევის მსურველთ დავიკავებთ.

ჩემის აზრით ამისთვის საჭირო არის უფრო რადიკალური ზომა: გადიდება ძირითად ჯამაგირისა. მე ვფიქრობ ამას სათანადო ყურადღებას მიაქცევს განათლების სამინისტრო და შესაფერ კანონ-პროექტს თავის დროზე შემოიტანს. როგორც მოგეხსენებათ ამ მოკლე დროში უნდა შემოვიღოთ საყოველთაო უფასო სწავლება, ამას დასჭირდება დიდი რიცხვი მასწავლებლებისა, რომ მასწავლებელთა საკმაო რიცხვი გვეყოლოს, საჭიროა ისეთი ძირითადი ჯამაგირის დაწესება, რომელიც უზრუნველყოფდა მასწავლებელს. რაც უნდა ძლიერი ჰქონდეს კაცს პედაგოგიური მოწოდება, იგი მასწავლებლობას მაინც არ ირჩევს, თუ ეგ მას სიმშილს და მუდამ გაჭირვებულ ნივთიერ მდგომარეობას უქადის. ყველა ზემო მოყვანილ მოსაზრებების გამო მე წინააღმდეგი ვარ შევსცვალოთ უკვე არსებული სისტემა ხუთ წლეულებისა სამ წლეულების ახალი სისტემაზე. მე ვიცავ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილებას: დაწესდეს ხუთ წლეული დამატებები; თვითეული დამატება განისაზღვროს 240 მანეთით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებლს შარაშიძის ასულს.

ქრისტინე შარაშიძის ასული. (ს.-დ.) სრულიად სამართლიანად აღნიშნავს ბ-ნი ჭავჭანიძე, რომ საკმარისი არ არის ხუთიწლიურის რაოდენობაში გადიდება სახალხო მასწავლებლების მდგომარეობის ძირითად გაუმჯობესობისათვის. მაგრამ, რაც უნდა იყოს, მე მგონი ცოტაოდენად მაინც უკეთესი იქნება მდგომარეობა ამ მასწავლებლებისა თუ ნაცვლად 240 მანეთისა ისინი მიიღებენ 400 მან. ხუთიწლეულ დამატებათ. მართალია, დღევანდელ სიძვირეში ამას თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ 400 მან. თითქმის ორჯელ მეტია 240 მანეთზე. ბ. ჭავჭანიძის ამ საბუთით ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა რომ 240 მანეთს არა აქვს მნიშვნელობა და სრულიად ზედმეტია, ხუთი წლეულ დამატების შემოღება სახალხო მასწავლებლებისათვის.

რაც შეეხება ხუთ პროცენტულ მომატებას, როცა სასკოლო კომისიამ დაადგინა 400 მანეთი ნაცვლად 240 მან. მაშინ სხვათა შორის ეს პრინციპი 5%25 დამატებისა უარყოფილ იქნა, ხუთი პროცენტი მეტის მეტად ცვალებადი რიცხვი გამოვა დღევანდელ მდგომარეობაში. დღეს რომ ძირითადი ჯამაგირი არის 400 მანეთი თვიურად, ხვალ შეიძლება 600 გახდეს, ან კიდევ მეტად გაიზარდოს. მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ რაოდენობა ხუთწლეულისა. თუ სასურველია, რომ ხუთწლეული დამატება უფრო ხანგრძლივი დროისთვის იყოს დაწესებული, მაშინ უნდა ავიღოთ არა პროცენტი, არამედ უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, რომ ხუთწლეული დამატება უნდა იყოს ამდენი და ამდენი მანეთი. მაშინ უფრო ხანგრძლივი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს ამ დამატებას. რაც შეეხება იმას, რომ საყოველთაო განათლების შემოღებისათვის საჭირო ზომები იქნება მიღებული მომავალში და მასწავლებლის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ასეთი გადაჭრა საკითხისა დიდი უსამართლობა იქნება მასწავლებლების მიმართ. მიტომ რომ ის, რაც მომავალში მოხდება, დღეს მასწავლებლებს ვერ უშველის. ჩვენ დღეს უფრო მეტსა და მეტს ვთხოვთ მასწავლებლებს და გვინდა გვქონდეს უფლება ამ მოთხოვნისა. როდესაც ასეთი ნაკლები პატივისცემით მოვეპყრობით მასწავლებლობას, ვუმატებთ სხვა დაწესებულებებს მეტს, ამათ ნაკლებს ვაძლევთ, რადგანაც მეტის მეტს მცირე ჯამაგირს იღებენ და ხუთწლეებსაც ასეთის დაზოგვიდ ვაძლევთ, უფლება არა გვაქვს მოვსთხოვოთ მათ ის, რაც მართლაც მოეთხოვებათ. სახალხო განათლების სამინისტროს თვალსაზრისი სწორედ ისეთივე უნდა იყოს და ამ მხრივ წინააღმდეგობა კომისიისა და უწყების აზრს შუა სრულიად არ არის მოსალოდნელი. მე კვლავ ვშუამდგომლობ, რომ დაწესებულ იქნას 400 მან. ხუთ-წლეული დამატება და არა 240 მ.

თავმჯდომარე. ამგვარად პირველი განხილვა დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე მიღებულია და მუხლობრივი განხილვა იქნება შემდეგ სხდომაზე.

შემდეგი საკითხი გახლავთ: შეკითხვა სოციალ-რევოლიუციონერებისა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა მიმართ გაფიცვისთვის ქალაქის მოსამსახურეთა გადასახლების და დაპატიმრების შესახებ.

მდივანი (კითხულობს შეკითხვის ტექსტს).

თავმჯდომარე. როგორც მოგხსენდათ, ეს შეკითხვა სასწრაფოა. სისწრაფის დასაცავად სიტყვას მივცემ დამფუძნებელ კრების წევრს შენგელაიას. თქვენ განკარგულებაში გახლავთ მხოლოდ ათი წუთი.

შეკითხვა სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა შინაგან და იუსტიციის მინისტრთა მიმართ გაფიცვისათვის ქალაქის მოსამსახურეთა გადასახლების და დაპატიმრების შესახებ.

ლეო შენგელაია (ს.-რ.). ბატონებო! ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენ მიერ შემოტანილი შეკითხვა დამფუძნებელ კრებამ განიხილოს სასწრაფოდ. ჩვენ ამ შეკითხვის შემოტანა უფრო ადრე გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ანგარიშს უწევდით ორ გარემოებას, ერთის მხრივ ჩვენ არ გვინდოდა შინაურ ფრონტზე ბრძოლა გაგვეჩაღებინა მაშინ, როდესაც გარეშე ძალა ულტიმატუმებს გვიყენებდა, მეორეს მხრივ ჩვენ ველოდით მთავრობის ნაბიჯებს. ჩვენ გვეგონა, რომ მთავრობა გამონახავდა შექმნილ მდგომარეობიდან რაციონალურ გამოსავალს, გვეგონა მთავრობა ამ საქმეს ისე მოაგვარებდა, როგორც შეეფერება სოციალისტურ დამფუძნებელ კრებას და მის მიერ დაყენებულ მთავრობას, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეები საშინელ მდგომარეობას განიცდიან, ადმინისტრაციის უკანონო ზომების გამო ნაწილი გადასახლებულია და ნაწილი მათი ქუჩაში არის გამოყრილი. ჩვენ გვგონია, რომ დამფუძნებელი კრება ამის შესახებ დაუყოვნებლივ იქონიებს მსჯელობას.

თავმჯდომარე. ბატონო, ნინიძე, თქვენ წინააღმდეგ გსურთ?

ნინიძე (ადგილიდან): ჩვენი ფრაქცია თანახმა არის!

თავმჯდომარე. წინააღმდეგ სიტყვა, აშკარა არის, არავის არ სურს. მაშასადამე შეკითხვა სასწრაფოდ არის მიღებული.

ლეო შენგელაიას სიტყვა.

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

მას შემდეგ რაც საქართველოს სოციალ-დემოკრატია შეუდგა სამინისტროების კონცენტრაციას, ეს კი მოხდა ალბად მაშინ, როცა სოციალ-დემოკრატია დარწმუნდა, რომ ჩვენში გლეხურ საქართველოში არ ხდება მიწის კონცენტრაცია, დიახ, მას შემდეგ ბევრს გულუბრყვილოს ეგონა, რომ ჩვენში მართლაც მოხდებოდა მმართვა-გამგეობის გამარტივება, და მასთან ერთად შეიცვლებოდა ეს გეზი, ეს ხაზი მმართველ პარტიის პოლიტიკისა, რომელიც დაშორდა არამც თუ სოციალზმს, დაშორდა უბრალო დემოკრატიზმსაც კი.

ახალმა მთავრობამ თავის დეკლარაციაში აღუთქვა საქ. დემოკრატიას რევოლიუციის მონაპოვართა, რა თქმა უნდა, არა გაღრმავება, ვინაიდან ეს ტერმინი სოციალ-დემოკრატებისთვის მეტად რევოლიუციონური არის. აღუთქვა რევოლიუციის მონაპოვართა დაცვა და გაფართოვება, გვეგონა დამფუძნებელ კრების მოწვევის შემდეგ მაინც, ჩვენში ელემენტარული დემოკრატიული თავისუფლებანი, როგორც არის თავისუფლება სიტყვისა, ბეჭდვისა, კრებებისა და გაფიცვების, პიროვნების და ბინის ხელუხლებლობა, დაცული და ცხოვრებაში გატარებული იქნებოდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ არც ერთს მთავრობას თავის დეკლარაცია ცხოვრებაში არ გაუტარებია. ჩვენ ვიცოდით, რომ არც ერთ მთავრობას თავისი დაპირება სავსებით არ შეუსრულებია, მაგრამ არ გვეგონა, არ გვჯეროდა, რომ სოციალისტური მთავრობა ჟორდანიასი იქამდისინ მივიდოდა, რომ დამშეულ ქალაქის მუშებს ციხეში უკრავდა თავს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი გაიფიცნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მათ ჯამაგირის მომატება მოითხოვეს (ხმაურობა). (ხმა: ეს ნამდვილი დემაგოგია არის!) იმ მთავრობამ, რომელმაც ამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ იგი ივლის დამფუძნებელ კრების კარნახით, რომ იმუშავებს რევოლიუციის დასაგვირგვინებლად და რევოლიუციის მონაპოვართა გასამტკიცებლად, ისიც კი ვერ შესძლო, რომ თავის დეკლარაციის ყველაზე უფრო ელემენტარული მუხლები ცხოვრებაში გაეტარებინა. და აი, შედეგებიც რევოლიუციის გაფართოების ნაცვლად ჩვენ გვაქვს გაფართოება რეპრესიებისა. დემოკრატიის მონაპოვართა განმტკიცების მაგივრად ჩვენ გვაქვს განმტკიცება ადმინისტრატიულ თვითნებობისა.

ამას წინედ, სოციალ-დემოკრატიული გაზეთი „ბორბა“, თავის მკთხველებს უმტკიცებდა, რომ ჩვენში ყველაზე უფრო რევოლიუციონური და მემარცხენე პარტია სოციალ-დემოკრატია არისო. წარმოიდგინეთ ეს მემარცხენე პარტია ისე გამარცხენდა, რომ თვით უზომიერეს ნაციონალ-დემოკრატებზე მარჯვნით გადიხარა და დღეს მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენი მთავრობა ისეთივე საშუალებით ებრძვის გაფიცვებს, რა საშუალებითაც ებრძოდა გაფიცვებს წინათ ძველი მთავრობა, როდესაც ამ გაფიცვებს ხელმძღვანელობდა თითონ სოციალ-დემოკრატია. სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენ აქ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არა ერთხელ გვითქვამს. დღეს სოციალ-დემოკრატიის მოღვაწეობაში არ არის რა სოციალისტური, არც რევოლიუციონური და არც დემოკრატიული. პირდაპირ უნდა ითქვას, დღეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არის ფრაქცია ნაციონალ-დემოკრატების, ერთი მრავალ რიცხოვანი, მეორე მცირე რიცხოვანი. სხვა განსხვავება მათ შორის არსებითი არ არის. ვინაიდან აშკარა არის, რომ ის სოციალ-დემოკრატია, რომელიც დღეს ებღაუჭება ისტორიულ საზღვრებს, რომელმაც დააკანონა მუდმივი რეგულიარული ჯარი მონარქიული წესდებით, ის სოციალ-დემოკრატია, რომელმაც მიწა, ხალხის ავლა-დიდება აუქციონში გაყიდა, - არაფრით განირჩევა ნაციონალ-დემოკრატებისაგან. გასაკვირველი არ არის, თუ სოციალ-დემოკრატია თავის ადმინისტრატიულ პრაქტიკაშიც ბაძავს ნაციონალ-დემოკრატიას და მასთან ერთად გაფიცვებს ებრძვის. ეს სრული ალიანსი სოციალ დემოკრატებისა და ნაციონალ-დემოკრატებისა ჩვენ დავინახეთ სხვათა შორის ქალაქის თვითმართველობაში. იქ ბ. გოთუამ სრული კმაყოფილება გამოსთქვა იმ ზომების გამო, რომელიც მიიღო სოციალ-დემოკრატიამ თვითმართველობის მოსამსახურეების გაფიცვის წინააღმდეგ. სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციას თავის რევოლიუციონურ მოვალეობად მიაჩნია დამფუძნებელ კრების მაღალი ყურადღება ვრცლად შეაჩეროს იმ საშინელ უსამართლობაზე და უკანონობაზე, რომელიც ჩაიდინა ერთის მხრივ ქალაქის თვითმმართველობამ და მეორეს მხრით ჩვენმა ადმინისტრაციამ, ქალაქის გაფიცულ მოსამსახურეების მიმართ. საქმის ფაქტიური ვითარება ალბად ბევრ თქვენგანს ეცოდინება, ეს ვითარება მდგომარეობს შემდეგში: (ხმაურობა).

თავმჯდომარე. გთხოვთ დაიცვათ სიჩუმე!

შენგელაია. მოგეხსენებათ დაახლოვებით იანვრიდან ქალაქის მოსამსახურეების, სხვა და სხვა სექციებში თავი იჩინა, აშკარა უკმაყოფილობამ. ეს უკმაყოფილება გამოწვეულ იყო იმ მძიმე ნივთიერ მდგომარეობით, რომელშიაც იმყოფებოდნენ ქალაქის მოსამსახურეები. საქმე იმაშია, რომ ქალაქის მოსამსახურეები 2-3 თვის განმავლობაში ვერ ღებულობდნენ სისტემატიურად ჯამაგირს. ეს ხდებოდა როგორც შარშან, ისე ამ წელსაც. ბოლოს და ბოლოს როდესაც მოსამსახურეებმა მოთმინება დაკარგეს, მათ მიმართეს თავიანთ აღმასრულებელ კომიტეტს, და სთხოვეს რომ მას მიეღო სასწრაფო ზომები. აღმასრულებელმა კომიტეტმა ადგილობრივ გამოირკვია მდგომარეობა, და გაეცნო მოსამსახურეების მდგომარეობას, და როდესაც დარწმუნდა, რომ მოსამსახურეების მდგომარეობა მართლაც აუტანელი იყო, მისცა წინადადება ქალაქის თვითმმართველობას, მოეხდინა შეერთებული სხდომა. ეს შეერთებული სხდომა ქალაქის გამგეობისა და აღმასრულებელ კომიტეტისა მოხდა პირველ მარტს. ამ სხდომაზე აღმასრულებელმა კომიტეტმა წამოაყენა მთელი რიგი ზომებისა. ის მოითხოვდა რომ გამგეობას მიეღო სასწრაფო ზომები, სხვათა შორის აღმასრულებელმა კომიტეტმა მოითხოვა, რომ ამ საქმეში ჩარეოდა მთავრობა, და მომხდარიყო თანაბარი განაწილება ხარჯების ქალაქის საბჭოს და მთავრობის შორის. ქალაქის გამგეობამ ყველა ეს ზომები უარყო და თავის მხრივ დაუმატა, ყველა ეს ბელეტრისტიკა არის და საქმეს ვერ უშველისო. 2 მარტს, მოხდა დელეგატთა ყრილობა, რომელმაც მოისმინა სხვა და სხვა სექციების მიერ გამოტანილი რეზოლიუციები, მოისმინა აგრეთვე მოხსენება ქალაქის გამგეობისა და აღმასრულებელ კომიტეტისა შორის მომხდარ მოლაპარაკების შესახებ და შემდეგ დაადგინა, რომ მოეხდინა მშვიდობიანი გაფიცვა. 8 მარტს ეს დადგენილება განიხილა პროფესიონალურმა საბჭომ და დაადატურა. მოსამსახურეთა მძიმე მდგომარეობა, ვიდრე ეს სხდომა მოხდებოდა, აღმასრულებელ კომიტეტმა ვრცელი მოხსენება წარმოუდგინა პროფესიონალურ საბჭოს, რის შემდეგ მან დაადასტურა აუტანელი ნივთიერი მდგომარეობა მოსამსახურეებისა და აღიარა, რომ საჭიროა ზომების მიღება. 18 მარტს მოხდა ოფიციალური სხდომა პროფესიონალურ საბჭოში, მან დაგმო მოსამსახურეების გაფიცვა, მან უწოდა დეზორგანიზატორული და მიუწოდა მოსამსახურეებს წესიერებისთვის, თავის მხრივ აღმასრულებელ კომიტეტს დაავალა მოწვევა სასწრაფო სხდომისა მოსამსახურეებისა. 23 მარტს მოხდა ეს სასწრაფო სხდომა მოსამსახურეებისა. ამ კრებას დაესწრო 1200 მოსამსახურეზე მეტი, დაესწრენ შრომის სამინისტროს, ქალაქის გამგეობის და პროფესიონალურ საბჭოს წარმომადგენელნი. ამ სხდომაზე ქალაქის გამგეობის პასუხი იყო შემდეგი: ქალაქის გამგეობა უმტკიცებდა, რომ მას ფული არა აქვს და ვერც იშოვის ახლო მომავალში ფულს; შემდეგ უმტკიცებდა, რომ ეს გაფიცვა უაზროა და უფრო გაართულებს მდგომარეობას. როდესაც ეს პასუხი მოისმინა კრებამ, თითქმის ერთხმად დაადგინა გამოეცხადებინა მშვიდობიანი ეკონომიური გაფიცვა. ამის პასუხად ქალაქის საბჭომ 25 მარტს გამოიტანა თავის ისტორიული დადგენილება, სადაც სწერია: ვინაიდან ქალაქის თვითმართველობის მოსამსახურეთა ნაწილის მიერ გამოცხადებული გაფიცვა მიმართულია დემოკრ. თვითმართველობის წინააღმდეგ და არ არის მიზანშეწონილი. საბჭო ადგენს: 1) მიეცეს წინადადება გაფიცულთ შეუდგნენ მუშაობას 27 მარტს დილის 9 საათიდან, 2) ვინც არ გამოცხადდება, თავის ნებით სამსახურიდან გასულად ჩაითვლება და 3) საავადმყოფოს გაფიცულები მიეცეს პასუხის გებაში.

26-27 მარტს მოხდა დელეგატთა ყრილობა, იქმნა მსჯელობა ქალაქის საბჭოს რეზოლიუციაზე და დაადგინა მოითხოვოს, 25 მარტის საბჭოს დადგენილების გაუქმება და ნიშნად პროტესტისა, - გააძლიეროს გაფიცვა. 28 მარტს, როგორც მოგეხსენებათ, მოხდა მუშათა პარლამენტის სხდომა. მუშათა საბჭომ სოციალ-დემოკრატების გავლენით, დაგმო მოსამსახურეების გაფიცვა, ვითარცა ანტიდემოკრატიული. (ხმაურობა) (დიახ, დიახ! სოციალ-დემოკრატების ხმები).

თავმჯდომარე. გთხოვთ დაიცვათ სიჩუმე!

. შენგელაია. სწორედ ამ დღიდან იწყება სასტიკი რეპრესიები გაფიცულ მოსამსახურეების წინააღმდეგ: 28 მარტს საღამოს დაპატიმრებულ იქმნენ რამდენიმე პირი. 28 მარტიდან 6 აპრილამდი დაპატიმრებულ იქნენ შემდეგი პირები ქალაქის მოსამსახურეებიდან (კითხულობს): ცერცვაძე, ხვალისი, კულიკოვი, მელიქოვისა, მიტელი, კიკალიშვილი, ჯორბენაძე, კარეცი, ხუდადოვი და სხვ. 30 მარტს ქალაქის გამგეობამ განაცხადა: „ვინაიდან ქალაქის მოსამსახურეები თანახმად 25 მარტის დადგენილებისა დათხოვნილი არიან, მსურველებს შეუძლიანთ დაუბრუნდნენ მუშაობას და ამისთვის შემოიტანონ სამ აპრილამდი თხოვნა. მიღება მოხდება საერთო წესით,“ ხოლო 2 აპრილს გამგეობამ გამოაკრა რიგები ჯამაგირების მიღების შესახებ. 2 აპრილს მოხდა სასწრაფო სხდომა დელეგატთა ყრილობისა, რომელმაც იქონია მსჯელობა შექმნილ მდგომარეობის შესახებ და დაადგინა, ვინაიდან გამგეობამ უკვე დაიწყო ჯამაგირების დარიგება, გაფიცვის მიზანი შეიძლება მიხწეულად ჩაითვალოს და შეიძლება გაფიცვა მოხსნან. მხოლოდ მოითხოვეს, რომ ყველა დაპატიმრებული განთავისუფლებული ყოფილიყვნენ. 3 აპრილს დელეგატთა ყრილობაზე გამოცხადდა ქალაქის თავი და მან განაცხადა, რომ კოლექტიურად მოსამსახურეების უკან მიღება შეუძლებელია, მან განმარტა, რომ ზოგიერთი პირი არის დაპატიმრებული მის პირად განკარგულებით. რაც შეეხება 25 მარტის დადგენილებას, ქალაქის თავმა განაცხადა, რომ მოვალედ სთვლის თავის თავს, რომ ეს დადგენილება ცხოვრებაში გაატაროს. მიუხედავად ასეთ კატეგორიულ განცხადებისა, დელეგატთა ყრილობამ დაადგინა, მოიხსნას გაფიცვა, კოლექტიურად დაუბრუნდნენ მუშაობას და მოითხოვეს დაპატიმრებულთა განთავისუფლება და გარანტია იმისა, რომ გაფიცვისათვის არავინ დასჯილი არ იქნება. ამის საპასუხოდ ქალაქის გამგეობამ გამოიტანა დადგენილება, სადაც აცხადებდა, რომ დელეგატთა ყრილობის რეზოლიუციაში მოყვანილი მოტივები მართალი არ არის. ჯამაგირებს იმიტომ კი არ არიგებენ, რომ გაფიცვის შეეშინდათ, რომ კოლექტიური მიღება მოსამსახურეებისა ეწინააღმდეგება ქალაქის საბჭოს დადგენილებასო და სხვა.

ამნაირად მოსამსახურეების წინაშე ყველა გზები დაკეტილი შეიქმნა, ქალაქის გამგეობა ირწმუნებოდა, რომ ფული აღარ გვაქვსო, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, 2 აპრილს ქალაქის გამგეობა უკვე შეუდგა ჯამაგირის დარიგებას. ეკონომიურ გაფიცვას ყოველგვარი მნიშვნელობა და აზრი დაეკარგა და მაშინ დაადგინეს მოეთხოვათ მოსამსახურეები მიეღოთ, მაგრამ გამგეობა უარზე იყო, ფულებს კი არიგებდა, მაშასადამე ეს მოტივიც მოიხსნა. და რაკი მოჯადოებულ წრეში მოექცნენ მოსამსახურეები, მათ მიმართეს უკანასკნელ საშუალებას პროფესიონალურ საბჭოს და სთხოვეს, რომ ის ჩარეულიყო ამ საქმეში და მიეღო თავისთავზე გაფიცვის ლიკვიდაციის ინიციატივა. პროფესიონალურ საბჭომ იქონია მსჯელობა ამის შესახებ და მიიღო დადგენილება, რომ მას არ შეუძლიან თავისთავზე აიღოს ლიკვიდაციის ინიციატივა. მხოლოდ თუ მოსამსახურენი აღიარებენ, რომ მათი პოზიცია შემცდარი იყო და თითონ გაფიცვა უაზრო იყო, იმ შემთხვევაში ჩავერევით და მივიღებთ სათანადო ზომებსო. რა თქმა უნდა, ასეთი არა-დემოკრატიული, არა-ამხანაგური პოზიცია მოსამსახურეებს ვერ დააკმაყოფილებდა. დელეგატთა ყრილობამ იქონია ამაზე მსჯელობა და დაადგინა თითქმის ერთხმად - მოხსნას გაფიცვა და კოლექტიურად სამსახურს თავი დაანებონ. ეს დელეგატთა ყრილობის დადგენილება დაადასტურა საერთო კრებამ 7 აპრილს. ასეთია მოკლე ისტორია გაფიცვისა. აქ თავისთავად იბადება კითხვა: რამ გამოიწვია ეს გაფიცვა, რა იყო მისი მიზანი? უმთავრესი მოსაზრება, რომლითაც ამართლებდნენ და ამართლებენ გაფიცვის წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ ზომებს გახლავთ ის, რომ თითქოს გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა (ხმაურობა. თავმჯდომარე: უკაცრავად, ნუ უშლით ორატორს). ჩვენ გადავათვალიერეთ მთელი მასალა, რომელიც მოიპოვება ამ გაფიცვის შესახებ, გადავათვალიერეთ ყველა რეზოლიუციები, სხვა და სხვა სხდომების ანგარიშები, კრებების ოქმები და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია. ჩვენ ამაში დავრწმუნდებით, თუ განვიხილავთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც მოჰყავთ იმის დასამტკიცებლად, რომ თითქო გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. ამ მხრივ საინტერესოა გაზეთ „ბორბას“ პოზიცია. გაზეთ „ბორბას“ 68 ნომერში სწერია: „Ясно для всякаго должно быть и то, что эта забастовка, какъ форма экономической борьбы не имѣетъ никакого смысла. Остается такимъ образомъ допустить, что забастовка городскихъ служащихъ преслѣдуетъ не экономическიя, а политическიя цѣли“.

ეს დებულება, ეს მოსაზრება ბორბისა არ არის დასაბუთებული არც ლოღიკურად, არც ფაქტიურად, „ბორბა“ თავის შეხედულობაში სარგებლობს გეომეტრიულ მეთოდით ეგრეთ წოდებული доказательствомъ отъ противнаго. მას უდაოთ მიაჩნია, რომ ეს გაფიცვა უაზრო არის როგორც ეკონომიური, მაშასადამე, ეს პოლიტიკური არისო. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ „ბორბას“ მსჯელობაში არავითარი ლოღიკური კავშირი არ არის. ამ ლოღიკით რომ ვიმსჯელოთ, ყველაფრის დამტკიცება შეგვიძლიან. შეგვიძლიან ვსთქვათ დღეს, რაკი სოციალ-დემოკრატები არ ამყარებენ სოციალისტურ წესწყობილებას, მაშასადამე სოც.-დემ. ანარქისტები არიანო. საქმე იმაში კი არ არის, როგორ უყურებს „ბორბა“ ამ გაფიცვას, საქმე იმაში არის, როგორ უყურებენ ამ გაფიცვას მოსამსახურენი, ჰქონდა თუ არა მათ თვალში გაფიცვას აზრი. ამ მხრივ ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ მათ თვალში ამ გაფიცვას სრული აზრი ჰქონდა. ისინი ამბობდნენ: „მართალია, ქალაქს ფული არა აქვს, ვიცით რომ კასაში არაფერი არის და ჩვენ არც ვიბრძვით ცარიელ კასის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით იმ ინდიფერენტიზმის წინააღმდეგ, რომელსაც იჩენს ქალაქის თვითმმართველობის გამგეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ ქალაქის საბჭომ მოინდომა მას შეუძლიან მიიღოს სათანადო ზომები“. სხვათა შორის ასახელებდნენ რომ მთავრობას შეეძლო ჩარევოდა ამ საქმეში, დახმარება გაეწია; მით უფრო რომ ქალაქმა გაიღო ისეთი ხარჯები, რომელშიაც სახელმწიფო არსებითად დაინტერესეული არის, და რომელიც მარტო ქალაქის საქმე არ არის - მაგ. ბრძოლა ეპიდემიასთან - ეს ხომ მარტო ქალაქის საქმე არ არის, ამის ხარჯები მარტო ქალაქს არ უნდა დააწვეს. ასე რომ ეს მოსაზრება სრულებით დასაბუთებული არ არის. სხვათა შორის საინტერესო საბუთი, - თუ შეიძლება მას საბუთი უწოდოთ, - მოიყვანა კონიაშვილმა 28 მაისს მუშათა საბჭოს სხდომაზე. მან მოიყვანა შემდეგი მოსაზრება: 1) იმის დამამტკიცებელი, რომ გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, კონიაშვილმა მოიყვანა ასეთი საბუთი: მუშა რებრუხმა განაცხადა, რომ გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდაო. ეს არის ერთი მოსაზრება. 2 მოსაზრება გახლავთ ის, რომ ბაქოს პროლეტარიატის წარმომადგენელმა თბილისის მუშებს უწოდა „ნაწილი რუსეთის პროლეტარიატისა“, მაშასადამე, გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი აქვსო. 3 მოტივი არის, ის შენიშვნა, რომელიც იყო მოთავსებული გაზეთ „Трудовое Знамя“-ში სადაც ეწერა, რომ ქალაქის თვითმმართველობა, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი დემოკრატიის გამომხატველი ყოფილიყო, მაშინ მის წინააღმდეგ ეს გაფიცვა არ მოხდებოდაო.

აი ეს სამი მოსაზრება იყო მოყვანილი იმის დასამტკიცებლად, რომ გაფიცვას ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი. გავარჩიოთ ესენი. ავიღოთ პირველი მოსაზრება; პირველი მოსაზრება არის ის, რომ ვიღაც რებრუხმა განაცხადა, რომ პოლიტიკური არის გაფიცვაო - მაშასადამე, დასკვნის ბ. კონიაშვილი, ეს გაფიცვა პოლიტიკური არისო. მე მგონია პოლიტიკურ მოღვაწემ ესე არ უნდა იმსჯელოს (ნინიძე: რებრუხი ხელმძღვანელი იყო), ის არ იყო ხელმძღვანელი, ის არ მსახურობდა თვითმმართველობაში, ის არის მეტალისტი. დიახ, ყოვლად შეუძლებელია, რომ ესე ვიმსჯელოთ, ვიღაცამ რაღაცა სთქვა, - და მაშასადამე პოლიტიკური გაფიცვა არისო. საქმე იმაში კი არ არის, თუ ვინ როგორ უყურებს ამ გაფიცვას, საქმე იმაში არის თუ თითონ მოსამსახურენი, როგორ უყურებენ ამ გაფიცვას. რაც შეეხება მეორე განცხადებას რომ ბაქოს წარმომადგენელმა თფილისის მუშებს რუსეთის პროლეტარიატის ნაწილი უწოდა, მაშასადამე გაფიცვა პოლიტიკური არისო, - ეს ისეთი ულოღიკო მსჯელობა არის, რომ მასზე შეჩერება არ ღირს. ბაქოს პროლეტარიატის წარმომადგენელს შეუძლიან არამც თუ თფილისის მუშებს უწოდოს რუსეთის პროლეტარიატის ნაწილი, მას შეეძლო თავის თავისათვის ისპანიის მეფე ეწოდა, მაგრამ ამით ის არ გადაიქცევა ისპანიის მეფედ და არც საქართველო ესპანიად. აქ არავითარი ლოღიკა არ არის. რაც შეეხება იმ შენიშვნას, რომელიც „Трудовое Знамя“-ში არის მოთავსებული, ეს შენიშვნა თუ რამეს ამტკიცებს - ამტკიცებს მხოლოდ ერთ რამეს, სახელდობრ იმას, რომ ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მთავრობის, თუ ხელმძღვანელ პარტიის შეცდომები, და მისცეს ისეთი განმარტება, რომელიც ამა თუ იმ ჯგუფისათვის ხელსაყრელია. რაც შეეხება შინაარს შენიშვნისას, რომელიც „Трудовое Знамя“-ში დაბეჭდილი არის, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს შენიშვნა არის ლოღიკური დასკვნა იმ პოზიციისა, რომელიც გაზეთმა „ბორბამ დაიკავა“. „ბორბამ“ დასწერა, ყოვლად შეუძლებელია დემოკრატიულ თვითმმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაო. „Трудовое Знамя“ ღებულობს ამ დებულებას და ამბობს. დიახ, მართალია. ყოვლად შეუძლებელია დემოკრატიული ორგანოს წინააღმდეგ ბრძოლა, და თუ დემოკრატიულ თვითმმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან, მაშასადამე ალბათ თქვენი დემოკრატიული თვითმმართველობა დემოკრატიული არ არისო.

ჩვენ გვაქვს სხვა ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდა. მაგალითად, ჩვენ ვიცით რომ გაფიცვის შესახებ მოხდა არა ერთი კრება, გამოტანილია არა ერთი რეზოლიუცია. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კრებას, ვერც ერთ რეზოლიუციას, სადაც წამოყენებული ყოფილიყო რაიმე პოლიტიკური მოთხოვნილება. მაგალითად, 23 აპრილს, როდესაც მოხდა საერთო კრება ქალაქის მოსამსახურეებისა, მათ წარმომადგენელმა კულიკოვმა შემდეგი მოთხოვნილება წამოაყენა: ჯამაგირის, როგორც ძველის ისე მომავალ ჯამაგირის თავის დროზე მიღება. მეორე, კოლექტიური ხელშეკრულება და მათი გათანასწორება სხვა მოსამსახურეებთან ამ ჯამაგირების მიღებაში და საარბიტრაჟო კომისია მოსამსახურეებისა. აი ეს მთავარი მოთხოვნილებანი წამოაყენეს მათ და ეს მოთხოვნილებანი განმეორებული იქმნა მუშათა საბჭოს სხდომაზე. შემდეგ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი რეზოლიუციებისა სხვა და სხვა კავშირების მიერ გამოტანილი და არსად არ არის ნათქვამი, რომ ეს გაფიცვა არის პოლიტიკურ ხასიათისა. (ხმა: არც იტყვიან) (ხმა: მთავრობის მოქმედებაზე ილაპარაკეთ!) (თავმჯდომარე: კეთილ ინებეთ, ნუ ხმაურობთ!). მაგალითად არის რეზოლიუცია გამოტანილი ქალაქის კავშირის მოსამსახურეების მიერ. ამ რეზოლიუციაში ნათქვამი არის, რომ გაფიცვა არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ეკონომიური. მოსამსახურენი ამბობენ თავის რეზოლიუციაში, რომ გაფიცვას აქვს მხოლოდ ეკონომიური და იძულებითი ხასიათი. გაფიცვის კომიტეტი თავის მოწოდებაში ამბობს, რომ გაფიცვას იძულებითი და მშვიდობიანი ხასიათი აქვს (ხმა: რამ აიძულათ?) შიმშილმა, ბატონებო, დიახ თქვენ შეიძლება არ გრძნობდეთ, მაგრამ ისინი გრძნობენ შიმშილს. გაფიცვას, რომ არ ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი ამას ადასტურებს და ამოწმებს ის მოწოდებაც, რომელიც გამოსცა გაფიცვის კომიტეტმა, იქ სწერია: „Товарищи! Забастовка, объявленная гор. служащими и носящая исключительно экономическо-правовой характеръ, несмотря на всѣ старанიя нашихъ противниковъ, продолжаетъ протекать мирно и преслѣдовать экономическიя цѣли. Она остается такой, какой была и мы не выйдемъ изъ рамокъ профессიональнаго движенიя“.

მაშასადამე, აშკარა არის, რომ გაფიცვა პოლიტიკური არ იყო. მაგრამ ვსთქვათ, ბატონებო, რომ გაფიცვას ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი. მერე? ჩვენ არ ვიცით არც ერთი სოციალისტური პარტია, რომელიც უარყოფდეს პოლიტიკურ გაფიცვის თავისუფლებას. მაშასადამე, თუნდაც, რომ გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონოდა, ჩვენ არ გვქონდა, ქალაქის თვითმმართველობას არ ჰქონდა არავითარი უფლება მიგვეღო ის რეპრესიული ზომები, რომელიც იყო მიღებული. ყველა სოციალისტური პარტია მოითხოვს გაფიცვის უფლებას. აი თვით სოც.-დემ. პროგრამაში სწერია: „С.-демократия требуетъ: „неограниченную свободу совѣсти, слова, печати, собрании, стачекъ и союзовъ“. (ხმა: ვიცით, ბატონო!) იცით, ბატონებო, დიახ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ერთი გიწერიათ პროგრამაში და მეორეს აკეთებთ ცხოვრებაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გაფიცვას არ ჰქონია პოლიტიკური ხასიათი, მიზეზი იყო აუტანელი ნივთიერი მდგომარეობა მოსამსახურეებისა, მიზანი კი ამ მოსამსახურეების უფლებრივ და ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესობა. მოსამსახურეების მდგომარეობა იყო აუტანელი, ისინი სისტემატიურად ჯამაგირს ვერ ღებულობდნენ, შიმშილის ნიადაგზე მათ შორის ვრცელდებოდა გადამდები სენი. ყოფილა მაგალითები, რომ მუშაობის დროს მოსამსახურენი ფეხზე ვერ დგებოდნენ, იქცეოდნენ. მაგალითად, ერთმა ინჟინერმა განაცხადა: „მე არ შემიძლიან მუშაობის გაგრძელება, იმიტომ რომ მუშები ფეხზე ვერ დგებიან, იქცევიანო. ამის შესახებ როდესაც კონიევს მოახსენეს, ბ. კონიევმა სიტყვა-სიტყვით, როგორც გადმომცეს, სთქვა: «Неполученიе жалованიя столь же мало влიяетъ на увеличенიе заболѣваемости, какъ свѣерный полюсъ на климатъ Тифлиса.»

აი ბატონებო, რა პასუხს აძლევს მოსამსახურეებს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დემოკრატიის წარმომადგენელი თვითმმართველობა. რომ გაფიცვას ჰქონდა მხოლოდ ეკონომიური ხასიათი ეს მტკიცდება აუარებელ ფაქტებით. ავიღოთ იგივე „ბორბა“, ან და მოწოდება, რომელიც გამოსცა გაფიცვის კომიტეტმა. იმ მოწოდებაში, რომელიც გამოსცა გაფიცვის კომიტეტმა, პირდაპირ სწერია: «Стоны и вопли нашихъ голодныхъ матерей женъ и дѣтей заставляютъ насъ, измученныхъ нуждой и голодомъ, за неимѣнიемъ физическихъ силъ, оставить работу... Пока можно было терпѣть, пока намъ довѣряли въ кредитъ, пока имѣли хоть что нибудь, мы продавали послѣднюю рубаху и терпѣли»...

აი, ბატონებო, გაფიცვის მიზეზი. ამის შესახებ თვით გაფიცვის კომიტეტი აი რასა სწერს:

«Причины забастовки различно освѣщались различными группами, но причина ея одна - это не выплата жалованიя служащимъ за 2 мѣс. Это голод и нищета на которые обрекло своихъ работниковъ гор. Самоуправленიе. Это шагъ, продиктованный отчаянიемъ изголодавшихся людей» და სხვ. (ხმა: ყველაფერი ეს წაკითხული გვაქვს!)

წაკითხული გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ დასკვნა ვერ გამოიყვანეთ, ის დასკვნა რომელიც უნდა გამოეყვანა დემოკრატიას. „ბორბაში“ პირდაპირ სწერია: «Да не подумаетъ кто нибудь, что мы закрываем глаза набѣдственное положенიе служащихъ гор. самоуправ. Мы сознаемъ, конечно, весь ужасъ людей, неполучающихъ жалования по 2-3 мѣсяца и обреченныхъ на голодное существованიе». (Борьба №51) რომ მათი მდგომარეობა აუტანელი იყო, რომ აუტანელ ნივთიერ მდგომარეობამ ისინი აიძულა გამოეცხადებინათ გაფიცვა, ამას ამტკიცებს თუნდაც ის პასუხი, რომელიც ერაძემ გასცა დელეგაციას, რომელიც გაგზავნილი იყო შრომის მინისტრთან მოსამსახურეებისაგან. ერაძემ უთხრა, ეს არის მოთავსებული ბორბის №59. „Вопросъ по которому говоритъ делегацიя, имѣетъ двѣ стороны 1) положенიе служащихъ и средство достиженიя цѣли. Что касается первой стороны, положенიя служ. то даже враги не могутъ сказать, что служащიе въ своихъ требов. не правы и не должны быть неудовлетворены“. აი ბატონებო, თქვენ ხედავთ, რომ მათი მდგომარეობა მართლაც აუწერელი იყო, ამას ადასტურებს ისეთი ოფიციალური ორგანო, როგორიც გაზეთი „ბორბა“, ამას ადასტურებენ ისეთი პირნი, როგორც არიან თქვენი წარმომადგენელნი სამინისტროში ერაძე და სხვა. მათი მდგომარეობა აუტანელი იყო. მაშასადამე, გაფიცვის მიზეზი იყო ეკონომიური მდგომარეობა, ისინი მოითხოვდნენ თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, თავის დროზე ჯამაგირების მიღებას და კოლექტიურ ხელშეკრულების დადებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველ დარგში არსებობს მოსამსახურეთა და დამქირავებელთა შორის ერთგვარი ხელშეკრულება, არსებობს კოლექტიური ხელშეკრულება. ეს არის კერძო დაწესებულებებში, და მით უფრო უნდა იყოს საზოგადო დაწესებულებაში, როგორც არის თვითმმართველობა, რადგანაც მათ მოსამსახურეების და თვითმმართველობის შორის ხდებოდა ხშირად კონფლიქტები, და რომ ამ კონფლიქტებს მოეღოს ბოლო, რომ მუდამ არ იყოს დავა, საჭიროა ერთგვარი გარანტია, ერთგვარი კოდექსი. ეს კი შეიძლება მხოლოდ კოლექტიურ ხელშეკრულობის დადებით. უნდა მოგახსენოთ, რომ დელეგატთა ყრილობაზე, კოლექტიური ხელშეკრულება უნდა დაედოთ 31 მარტს, ხოლო საარბიტრაჟო კომისიას უნდა დაეწყო მუშაობა 15 აპრილიდან მაგრამ, ქალაქის გამგეობამ ეს არ შეასრულა. მიზეზად მოიყვანა ის, რომ მაშინ თფილისში არ იყო ჩამოსული ახლად არჩეული ქალაქის თავი. წარმოიდგინეთ, ბატონებო, რომ ამოდენა ხალხის ბედ-იღბალი დამოკიდებული არის იმაზე თუ, როდის ჩამობრძანდება ესა თუ ის ქალაქის თავი. ეს ყოვლად შეუძლებელი არის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ერთად ერთი ლოღიკა, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ ამ ისტორიას, თვითმმართველობის მოქმედებას არის ის ლოღიკა, რომელიც ამბობს „შენი შეჭმვა რომ მსურს, მიზეზად ისიც კმარაო“. აქ არის აშკარა, რომ რაღაც მიზეზის გამო უნდოდათ წინანდელ მოსამსახურეების დათხოვნა, და მხოლოდ ეს იყო და ეს.

როდესაც გამგეობა შეუდგა ჯამაგირების დარიგებას, მოსამსახურებმა მაშინვე მოხსნეს გაფიცვა და განა ეს საკმარისი არ იყო? მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისად, ალბად სხვა მიზნები ჰქონდათ. ასეთ პირობებში როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა, სოციალისტური, დემოკრატიული მთავრობა? სოციალისტური მთავრობა უნდა ჩარეულიყო საქმეში, მას საკმაო ყურადღება უნდა მიექცია მოსამსახურეთა მდგომარეობისთვის, ის ვალდებული იყო დაეცვა მოსამსახურეთა ინტერესები. ამის მაგივრად ჩვენ სულ წინააღმდეგს ვხედავთ. ადმინისტრაცია სასტიკ ზომებს ღებულობს გაფიცულთა წინააღმდეგ: ზოგი დაპატიმრებულია, ზოგი გადასახლებული, ზოგი დღემდის ციხეში არის და მათ წინააღმდეგ არავითარი კონკრეტიული ბრალდება არ ყოფილა წარდგენილი. თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმ უაზრო ფრაზას, რომელიც იყო მოყვანილი საგანგებო რაზმის ორდერებში, ესა და ეს პირი დაჭერილი არის за организацიонное выступленიе. რა არის ეს «организацიонное выступленიе» არავინ არ იცის. ადმინისტრაცია მოიქცა სასტიკად, იმდენად სასტიკად, რომ ძველი თვითმპყრობელი ბიუროკრატია მეტს ვერაფერს იზავდა. ეს არის, რა თქმა უნდა, შედეგი იმ გახრწნისა, იმ მოშლილობისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თვით ადმინისტრაციაში. რამდენადაც გახრწნილია ადმინისტრაცია, რამდენად მოშლილია ადმინისტრატიული აპარატი. ამას ადასტურებს თუნდაც ის ხმები, რომელიც ასე დაჟინებით გავრცელებულია და რომელიც ამბობს, რომ ამას წინად საგანგებო რაზმმა გაჩხრიკა დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი დეპუტატი. ამბობენ, რომ ეს დეპუტატი გახლდათ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წევრი. ჩვენ არ ვიცით რამდენად მართალია ეს ხმები, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ არიან საგანგებო რაზმში და ვიცით, რომ მათგან ყველაფერი მოსალოდნელი არის. ისინი ყველაფერს გააკეთებენ. რასაკვირველია, სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს ყოველი ზომები, რომ ეს ფაქტი არ გახმაურებულიყო, ეს გასაგებიც არის, ვინაიდან ცხადია, როდესაც ეს საგანგებო რაზმი, რომელიც მოწოდებული არის ებრძოლოს კონტრ-რევოლიუციას, ჩხრეკს დამფუძნებელი კრების წევრს სოციალ დემოკ. დეპუტატს. განა ეს ს.-დ. მინისტრისთვის „სკანდალი“ არ არის? ამის შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენ არავითარი გარანტია არა გვაქვს, რომ იგივე საგანგებო რაზმი არ მივა სხვა დეპუტატთან არა მარტო გასაჩხრეკად, არამედ დასაპატიმრებლად. მაშინ, მე ვეკითხები ბ. მინისტრს, რა იქნება ეს, ბრძოლა კონტრ-რევოლიუციის წინააღმდეგ თუ ნამდვილი კონტრ-რევოლიუცია?! (არსენიძე ადგილიდან: რაც იქნება, მაშინ გაიგეთ!). ეს საგანგებო რაზმი გადაიქცა ნამდვილ კონტრ-რევოლიუციონერთა ბუდეთ; მათი მეთაურები გახლავთ კედია, პანჩულიები. ეს ის ხალხია, რომელთაც არა ერთი სოციალისტი გამოუსალმებია წუთისოფელს და რომლის გამო არა ერთმა სოციალისტმა სული დალია რუსეთის ცივ ტუნდრებში. აი ვინ არიან ბ. მინისტრის თანამშრომელნი და აი ვინ ამტკიცებს ჩვენში დემოკრატიულ რეჟიმს. აი ამ ხალხის სათარეშოდ გადაიქცა მთელი ჩვენი რესპუბლიკა. ბატონებო, რუბიკონი გადალახულია, ჩვენი ადმინისტრაცია აპატიმრებს, ჩხრეკს, სცემს და ასახლებს ჩვეულებრივ მოქალაქეებს, იგივე ადმინისტრაცია ჩხრეკს დეპუტატებს, მალე ალბად, ჯერი მინისტრებზედაც მივა! ყველა ამ მოვლენების შემდეგ, ჩვენ გვაქვს, ბატონებო, სრული უფლება ჩვენი ადმინისტრაციის უფროსსა და უმცროს ხელმძღვანელთ უთხრათ: quousque tandem abutere pacientia postra!

კირილე ნინიძე. (ს.დ.) ბატონებო! ჩემის ფიქრით, დამფუძნებელ კრების წევრს ბ. შენგელაიას, რომ მართლა ჰქონდეს ისეთი სერიოზული საბუთი, როგორიც არის დამფუძნებელი კრების წევრის გაჩხრეკა, ის თუ მართლაც იცავს დემოკრატიის ინტერესს, ვალდებული იყო ეს შეკითხვა შემოეტანა პირველად, ვინემ ის შემოიტანდა იმ შეკითხვას, რომელიც დღეს მოვისმინეთ ჩვენ.

მაგრამ მე მგონია, რომ ფრაქციას, რომელიც აქ გამოვიდა ამ შეკითხვით, არა აქვს საშუალება, არა აქვს სურვილიც კი იმისა, რომ მართლა ემსახუროს დემოკრატიულ ინტერესს და დემოკრატიულ წყობილების განმტკიცებას. ამას, ჩვენის ფიქრით, ამტკიცებს მხოლოდ ის შეკითხვა, რომელიც დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ. მე რასაკვირველია, არ ვილაპარაკებ იმ კონკრეტიულ ბრალდებაზე, რომელიც მიმართულია მთავრობის წინააღმდეგ. კონკრეტიულად მთავრობას, ალბათ ბრალდება ის, რომ მის თანხმობით დაპატიმრებულნი იყვნენ ისეთი პირებიც, რომლებსაც არავითარი დანაშაულობა არ ჩაუდენიათ. სანამ არ მოგვისმენია განმარტება მთავრობისა, მანამ რასაკვირველია არაფრის თქმა ჩვენ არ შეგვიძლიან, მხოლოდ სადავო არის ის დებულება, ის ფორმალური დებულება, რომელიც ბ. შენგელაიამ წამოაყენა. დებულება იმის შესახებ, ვითომ საკანონდებლო კოდექსებში არ სწერია ადმინისტრატიული დაპატიმრება (ხმაურობა) ორგანიზაციული. (ხმაურობა)... როგორი ორგანიზაცია იყო, არ ვიცით, ამაზე მოგახსენებთ შემდეგ, როდესაც მთავრობა განმარტებას მოგვცემს, მაშინ გავიგებთ მართლა ორგანიზაციული იყო თუ არა.

ეს შეეხება საქმის არსებით მხარეს.

მაგრამ დებულება სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა, ვითომ არ იყო დასაშვები ადმინისტრატიული დატუსაღება, ეს დებულება ამოღებულია იმ არხივიდან, იმ პარტიის არხივიდან, რომლის მოღვაწეობას ჩვენ კარგად ვართ გაცნობილი. ეს არხივი გახლავთ ეგრედ წოდებული რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიის თბილისის, კავკასიის საოლქო კომიტეტის და აგრეთვე სოციალ-რევოლიუციონერების „ზნამია ნაროდას“, რომელიც გახლავთ იმის არსენალიდან (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი. ხმა: შეურიგდნენ!)

გარდა ამისა, თითონ ეს ფორმალური მხარეც კოჭლობს უცოდინარობით. ფორმალურად პარლამენტისგან დადასტურებული გვაქვს, რომ მთავრობას ნება აქვს მიიღოს ადმინისტრატიული ზომები და მანამ, სანამ ეს არ გაუქმებულა, ეს უფლება, რომელიც ჩვენ მთავრობას მივანიჭეთ, ესერების ფრაქციას არა აქვს უფლება წამოაყენოს ბრალდება სწორედ ამ ფორმალურ მოსაზრებით. (ხმა: უკანონობაა!) კანონად ჩვენ მიგვაჩნია ის, რაც მიღებულია და დადასტურებულია ჩვენს მიერ, და არა ის, რაც ხდება თქვენ სხდომებზე. ასეთია კანონი და სანამ ეს კანონი ამავე მგზავს კანონით არ გაგვიუქმებია, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საბუთი უსაყვედუროთ მთავრობას, რატომ ისარგებლე ამა თუ იმ კანონითო. პირიქით, იმას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის ბედით, უნდა შემოეტანა შეკითხვა, თუ მან დაინახა, რომ მთავრობა არ სარგებლობს და არღვევს იმ კანონს, რომლითაც ვალდებულია ისარგებლოს. მაგრამ, როგორც ვხედავ, ესერების ფრაქცია ამას გვერდს უხვევს და მოსთხოვს მთავრობას სწორედ იმ კანონის დარღვევას, რომელიც არსებობს.

ამიტომ მე ვიმეორებ, არსებითად ბ. შენგელაიას არ უპასუხებ მანამ, სანამ მთავრობის განმარტებას არ მოვისმენთ. კონკრეტიულად ჰქონდა თუ არა საბუთი, ჰქონდა თუ არა უფლება დაეპატიმრებინა ესა თუ ის პირი, გაეძევებინა ჩვენი ტერიტორიის საზღვრებიდან; - ამ საკითხს ჩვენ არ ვეხებით, რადგანაც ამის შესახებ არ მოგვისმენია მთავრობის განმარტება, მაგრამ რაც შეეხება ფორმალურ ბრალდებას, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არის. არსებითად მე მგონია, რომ შეკითხვა შენგელაიასი მიმართულია არა მთავრობის წინააღმდეგ, არამედ მიმართულია დემოკრატიის და თვით მუშათა კლასის წინააღმდეგ და რომ ეს ასეა ამის საბუთი ჩვენ მოგვცა თითონ ბ. შენგელაიამ, როდესაც მოგვითხრობდა ამ საკითხის ისტორიას. რა სთქვა მან? მან სთქვა და ამასთან წამოყენებულმა ფაქტმა ჩვენ გვითხრა, რომ ქალაქის თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება, ფიზიკური საშუალება დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნილებები, რომელიც მოსამსახურეებმა წარუდგინეს ქალაქის თვითმმართველობას. არ მოეპოვებოდა კასაში საჭირო ფული, რომ დაეკმაყოფილებინა ისინი ჯამაგირებით, ერთი თუ ორი კვირის განმავლობაში, დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნილებანი, რომელსაც უდებდნენ ულტიმატუმის სახით ეს მოსამსახურენი, და რომ ეს ასე იყო, ეს დაადასტურა თვით მუშათა კლასის კონპეტენტურმა ორგანომ, - პროფესიონალურმა კავშირმა. პროფესიონალურ კავშირის საბჭომ არ მოიწონა ის ნაბიჯი, რომელიც ამ მოსამსახურეებმა გადასდგეს და უთხრა, რომ ამ პირობებში ასეთი გაფიცვის გამოცხადება - ეს იქნება უგუნურობა; - რომ ეს ასე არის, სხვათა შორის სჩანს იქიდანაც, რომ ამ გაფიცვას, რომელიც არსებითად დაწყებული იყო „ჩინოვნიკებისაგან“ და სხვა მოხელეებისაგან, კანცელარიის მოსამსახურეებისაგან, ამათ არ მიემხრნენ თვით ქალაქის მოსამსახურეების ის ნაწილი, რომელიც უფრო ახლო არის მუშათა კლასთან და მეტს გაჭირვებას, მეტს შიმშილს განიცდის, ვიდრე „ჩინოვნიკები“. ეს გახლავან წყლის სადენის მუშები, ტრამვაის მუშები და სხვები. ბ. შენგელაიას კარგად უნდა მოეხსენებოდეს ის, რომ სწორედ მუშათა კლასმა, რომელიც იმავე დროს იყვნენ ამ ქალაქის მოსამსახურეებად, არ მოიწონა ის გაფიცვა და თითონ ამ უმაღლესმა ორგანომ, რომელიც მუშებს აქვთ პროფესიონალურ კავშირის სახით, ამ ორგანომ ეს გაფიცვა დაგმო.

და როდესაც ბ-ნი შენგელაია კითხულობს, რა ზომები მიიღო მთავრობამ, ალბათ ბ-ნი შენგელაია ფიქრობს, რომ მთავრობა უნდა წასულიყო და დაეშალა ქალაქის თვითმმართველობა, რომელიც არ აჰყვა „ჩინოვნიკების“ მოთხოვნილებას, და გაერეკა პროფესიონალური საბჭო, რომელსაც ეს არ მოეწონა.

როდესაც ასეთს ახირებულ პრეტენზიებს გვიყენებს ბ-ნი შენგელაია, მას გონია, რომ ეს არის რევოლიუციის და სოციალიზმის გაღრმავება. მე მგონია, რომ ეს გაღრმავება კი არ არის, ვულგარული თქმისა არ იყოს, ძირ გავარდნილი რევოლიუცია არის და სოციალ-რევოლიუციონერების რევოლიუცია ძირ გავარდნილია. (ხმაურობა. ზარი. ხმა: თქვენი რევოლიუცია?) ჩვენი რევოლიუცია ბ-ნო, ემყარება მუშათა კლასს და არა იმ ჯგუფს, რომელიც გამოდის „ჩინოვნიკების“ სახელით და ემყარება „ზნამია სოციალიზმის“ გვერდით, რომლებმაც აქ მოინდომეს სხოლასტიური გამართლება და რაღაც ლოღიკური მსჯელობით გინდოდათ გაგემართლებინად. რაკი არ იყო „ზნამია სოციალიზმის“ პოლიტიკა დაცული, არ შეიძლება ისეთი დასკვნის გამოყვანა, რომ ეს მოქმედება არ იყო პოლიტიკური.

მე მგონია, ბ-ნ შენგელაიამ იცის, რომ სიტყვაზე მეტი მნიშვნელობა აქვს საქმეს და ის საქმე, რომელიც ჩაიდინა ნაწილმა ქალაქის მოსამსახურეების, რომლებმაც არ გაუწიეს არავითარი ანგარიში არც თვითმმართველობის მდგომარეობას, არც იმის კასის მდგომარეობას, არც მუშათა პროფესიონალურ საბჭოს დადგენილებას, არც მუშათა ქალაქის მოსამსახურეების დემოკრატიულ და მართლაც პროლეტარულ ნაწილის დამოკიდებულებას ამ საქმესთან, - მე მგონია, ცხადია აქ ბ-ნი შენგელაია იბრძვის დაჩლუნგებულ იარაღით უფრო მუშათა კლასის და დემოკრატიის წინააღმდეგ, მე ვამბობ ქალაქის თვთმმართველობაზედ, რომელზედაც აქ იყო ლაპარაკი, და არსებითად ეს შეკითხვა უნდა ყოფილიყო შეტანილი საბჭოში, რადგან ეს დაადგინა საბჭომ, რომელიც არის არჩეული დემოკრატიული წესით. და ეს საბჭო თუ არ დაეყრდნო ბ-ნ ზურაბოვის მოთხოვნილებას, რომელიც იქ ბრძანდებოდა, ვერ დაეყრდნო მათი დამცველების ბ-ნ შენგელაიას და მისი ჯგუფის მოთხოვნილებას (ხმაურობა). (ზარი).

თავის თავად ცხადია, აქ არ არის არავითარი დარღვევა არც სოციალიზმის, არც დემოკრატიზმის. მე მგონია, რომ ბ-ნ შენგელაიას ასეთი შეკითხვა უნდა წარმოედგინა მუშათა კლასისთვის და უნდა ეთქვა: რატომ თქვენ მხარს არ უჭერთ ჩვენ გამოფიტულ სოციალიზმს და რატომ ფრაზის რახუნი უფრო მნიშვნელოვანათ არ მიგაჩნიათ, ვიდრე ნამდვილი დემოკრატიული მუშაობა. და ასეთი შეკითხვაზე, მუშათა კლასი თითონ მისცემდა პასუხს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი . ჭიჭინაძე.

რადგანაც ზოგიერთი ფაქტიური ცნობები ეხლა ჩვენ ხელთ არ არის, ამიტომ პასუხი ოფიციალურად იქნება გაცემული სამი დღის შემდეგ, ე.ი. შემდეგ სხდომაზე.

თავმჯდომარე. თანახმად რეგლამენტისა, უწყების წარმომადგენელს უფლება აქვს სამი დღის ვადით ისარგებლოს. მაშასადამე შეკითხვა გადადებული იქნება შემდეგ სხდომისთვის. ე.ი. პარასკევისთვის.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

შეკითხვა სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა გზათა მინისტრისადმი შავი ზღვის რკინის გზაზე სახაზინო ქონების დატაცების შესახებ.

მდივანი (კითხულობს შეკითხვის ტექსტს).

არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი სისწრაფისა? მაშასადამე, ნება მიბოძეთ ჯერ სისწრაფის დამცველს მივცე სიტყვა. სიტყვა ეკუთვნის სისწრაფის დასაცველად ბ-ნ შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.) ბატონებო ჩვენ, განვაცხადეთ, რომ სასწრაფოთ უნდა იყოს განხილული ეს შეკითხვა, მაგრამ, ვინაიდან აქ ორი შეკითხვა არის და ორივე სასწრაფო არის...

თავმჯდომარე. უკაცრავად, გთხოვთ ცოტა ხმა მაღლა ბრძანოთ. არ ისმის!

. შენგელაია. ჩვენ შემოვიტანეთ ორი შეკითხვა და როგორც მოისმინეთ პირველზედაც პასუხი არ მიგვიღია ჯერ. მართალია, ესეც სასწრაფო არის, მაგრამ ჯერ რადგანაც პირველ სასწრაფოთ შეკითხვაზე პასუხი არ მოგვისმენია, ამიტომ ამ შეკითხვის სისწრაფეს ვხსნი.

თავმჯდომარე. მაშასადამე, სისწრაფე მოხსნილი არის. შეკითხვა იქნება განხილული ჩვეულებრივის წესით. აქ რჩება უკანასკნელი საკითხი.

საბოლოო ტექსტი კანონისა ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთ ზომების მიღებისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ბ-ნი არსენიძე.

. არსენიძე. ბ-ბო, ის კანონი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად, მეტად დიდ მნიშვნელოვანი კანონია. მან უნდა გააუმჯობესოს და წარმოაყენოს ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა და სწორედ ამიტომ მე ძალიან განცვიფრებული დავრჩი, როდესაც სარედაქციო კომისიაში ამ კანონ-პროექტისა ვერც თავი გავიგეთ და ვერც ბოლო.

სამწუხაროდ, ეს ჩვენი ჩვეულება არის. კანონ-პროექტების შედგენა ისეთი ნაუცბათევი და ისეთი ნაფუსფუსები არის, რომ მისი აზრი შეიძლება მხოლოდ განმარტებიდან გავიგოთ. ასეთი განმარტება იქნება ხოლმე კომისიაში, და შემდეგ, ამ განმარტების მიხედვით, სარედაქციო კომისია მის ახალ ტექსტს ადგენს. სარედაქციო კომისიას სწორედ ასეთი სამუშაო დაატყდა თავს. ის იძულებული გახდა, დაწყებული პირველ მუხლიდან უკანასკნელ მუხლამდის ყველა მუხლები შეეცვალა სიტყვა სიტყვით, ხელახლად შეედგინა, შეემუშავებინა და ისე წარმოედგინა თქვენს წინაშე.

მე იმედი მაქვს, რომ მომავალში მაინც ასეთ გარემოებას ადგილი არ ექნება და კანონ-პროექტი უფრო შემუშავებული და თავის ტექსტით უფრო სისწორით გამოხატულ აზრს და შინაარს წარმოადგენს და არა ისეთს, რომელსაც აქ ადგილი ჰქონდა.

აი, ამ იმედით შეუდგები ამ კანონ-პროექტის განხილვას (საბოლოო ტექსტი კანონისა მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი შემდეგ სხდომისა.

მდივანი (კითხულობს - შემდეგ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. კრებას ვხურავ.

კრება იხურება ნაშუადღევის 2 საათსა და 50 წუთზე.

2.6.2.11.1 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


2.6.2.11.1.1

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე ამბროსი მიხეილის-ძე - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 346

აბაშიძე ჰაიდარ (ჰაიდარბეგ) ალიბეგის ძე (ს. დ.) - სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 სწავლობდა ოსმალეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარისწ მდგომარეობის შესახებ, ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით გაიხსნა აჭარაში ქართული სკოლები. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალციხის კონფლიქტის მოგვარებასა და ბათუმის ოლქის საკითხის დარეგულირებაში. 1918-1920 წწ. „სამუსლიმანო საქართველოს“ განმათავისუფლებელი კომიტეტის აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას 106, 154

ადეიშვილი - ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი, საიდუმლო მილიციის უფროსი 310, 345, 346, 347, 348, 349, 350, 351, 352, 359, 399, 432, 446, 447, 448, 451, 452, 456, 459

ათაბეგოვი სერვერ-ბეგი - გენერალი, წარმოშობით ქართველი, იყვნენ გვარად ჯაყელი. სერვერბეგ ათაბეგის მამა იყო ახალციხის ფაშა. რუსეთმა გადმოიბირა ეს ფაშა, და მისცა ტიტული - პრინც ქობლიანსკი ადიგენსკი და დაარქვეს გვარი ათაბეგოვ. ე.ი. მამა ბეგებისა, თურქულად ათა - მამაა. 164, 180, 304

ალაჰი - ღმერთის სახელი ისლამში 510

ალექსანდრე III - რუსეთის იმპერატორი 1881-1894 წლებში, რომანოვების დინასტიიდან. ალექსანდრე II-ის შვილი 409

ალექსი-მესხიშვილი (მესხიშვილი) შალვა ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 38, 59, 77, 79, 80, 109, 156, 305, 306, 353, 433, 435, 436, 437, 439, 485, 486, 509, 510, 511, 515

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის (ემანუელის) ძე - სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა იმავე ფაკულტეტის კიევის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე)), 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წლის თებერვლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით) 61, 106, 155, 363

ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე - იურისტი, ადვოკატი, 1905 წლიდან რსდმპ-ს წევრი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრია, 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო კრების საბიუჯეტო საფინანსო კომისიის წევრი; 1920 წელს არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქისთავად; მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში 51, 65, 107, 163, 182, 184, 354, 367, 369, 482, 483, 498, 525, 526, 531, 533

ართმელაძე დავით ადამის ძე - გენერალი, დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1920-1921 წლებში სარდლობდა ქართული არმიის პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილ მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლ შენაერთებს. 1921 წლის მარტში ბათუმიდან გენერალ მაზნიაშვილთან ერთად განდევნა ქემალისტები 304, 305

არისტოტელე - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, ენციკლოპედისტი, პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი 18

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი.მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი 27, 28, 33, 34, 38, 41, 51, 55, 58, 60, 61, 67, 68, 77, 97, 114, 117, 118, 134, 139, 140, 143, 145, 155, 157, 188, 195, 199, 200, 212, 218, 221. 226, 235, 237, 238, 241, 249, 256, 261, 268, 270, 273, 280, 285, 286, 311, 312, 320, 323, 326, 327, 328, 330, 331, 342, 355, 359, 360, 362, 379, 380, 382, 384, 394, 397, 398, 425, 437, 443, 495, 496, 497, 499, 505, 509, 511, 512, 515, 520, 521, 522, 524, 525, 529, 554, 558

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - (ეროვნულ.-დემ.) იურისტი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 52, 61, 108, 110, 112, 156, 200, 207, 210, 211, 221, 223, 224, 247, 248, 249

აუშტროვი რუბენ გიორგის ძე - (სოციალ-დემოკრატი), მუშათა აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთვარი შტაბის მდივანი, ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი 107, 155

ახვლედიანები - ჯარისკაცები 350

ახვლედიანი - ლეჩხუმის მაზრის მცხოვრები 350

ახმეტელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე (ახმეტელი) - დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 106

ახმეტელაშვილი სიკო (სიმონ) გიორგის ძე (ახმეტელი) - ოფიცერი, სამხედრო ექიმი, ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემორატიული მუშათა პარტიიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 108, 155562

2.6.2.11.1.2

▲ზევით დაბრუნება


ბადრიძე ილია გიორგის ძე - 1902 წ. რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე. 1905 წელს მონაწილეოდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით 107, 154

ბაკურაძე ვასილ ზურაბის ძე - რსდმ პარტიის მენშევიკური ფრაქციის წევრი, 1919 წ. თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად 108

ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე. (სოც. ფედ.) - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართელოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია“ შემუშავების პროცესში 50, 60, 61, 66, 70, 71, 109, 112, 123, 124, 125, 127, 128, 129, 133, 134, 143, 150, 154, 185, 186, 193, 194, 195, 198, 211, 216, 220, 230, 233, 235, 259, 263, 264, 265, 267, 268, 318, 320, 321, 322, 323, 324, 325, 326

ბერიშვილი პავლე აბრამის ძე - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, პროფკავშირების საბჭოს წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი 108, 527

ბიული პავლე იაკობის ძე - სოციალ-დემოკრატი (მენშევიკური ფრაქცია), პედაგოგი. განათლება მიიღო სპეციალიზებულ გერმანულ სასწავლებელში ბესარაბიის გუბერნიაში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოში არსებულ გერმანულ კოლონიებში, მათ შორის დაბა ელისავეტალში (სოფ. ასურეთი). დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად მოღვაწეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობაში. 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. იყო კრების აგრარული და სახალხო განათლების კომისიების წევრი 108, 154, 200

ბოლქვაძე (ნაკაშიძე) ელისაბედ იოსების ასული - პარტიული მეტსახელები: „თამარა“ „მისკო“, ხვარამზე“. პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. განათლება ტფილისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1904 წ-დან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. იყო გურიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე (1905) და სდპ გურიის კომიტეტის წევრი (1907). 1907-1917 წწ-ში რევოლუციონერობისთვის გასახლებული იყო კავკასიიდან. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ. (1919-1921) იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, შედიოდა კრების შრომისა და მომარაგების კომისიებში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დარჩა სამშობლოში და შეუერთდა ანტისაბჭოთა მოძრაობას 108, 154

ბრუნევიჩი - გენერალი, დენიკინის წარმომადგენელი 281

ბურდული - ეროვნულ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენელი 450, 453

2.6.2.11.1.3

▲ზევით დაბრუნება


გაგლოევი გიორგი ალექსის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გორის სასულიერი სემინარიაში და გერმანიაში საინჟინრო სასწავლებელში. 1903 წლიდან და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მოგვიანებით გაერთიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციაში. პუბლიკაციებს აქვეყნებდა როგოც რუსულ, ასევე ქართულ პრესაშიც. ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ არმავირში, დააარსა „შრომის ბირჟა“. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გ. გაგლოევი ხდება არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. ამავე წელს იგი გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით და არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრებაში 107

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს-ძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 72, 73, 106, 271, 279, 286, 390, 486, 489

გედევანიშვილი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე - სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი-მაიორი) რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. ქართული საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელძღვანელი; 1918 წელს საქართველო-სომხეთის ომების დროს მთავარსარდლის პოსტი ეკავა. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წლის მარტიდან დამფუძნებელი კრების წევრი. 1918-1921 წწ-ში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლიდან ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. რუსეთ საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტში ი. გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა 109, 170, 200, 240

გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე - სოციალ-დემოკრატი, მთავრობის წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. თანამშრომლობდა პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ორგანოებში: „ნოვოე სლოვო“, „ნაჩალო“, „ჟიზნ“, სადაც ამიერკავკასიის განყოფილებას განაგებდა. 1903-05 წწ.-ში იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი. 1918 წელს გახდა ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლიდან საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებისა და თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 107

გელოვანი - ეროვნულ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენელი 450, 453

გერნშტეინი (ბერნშტეინი) ერიკ ადოლფის ძე - მასწავლებელი, 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პატრიის სიით. კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებაში 106

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 33, 36, 37, 40, 41, 51, 52, 59, 60, 61, 67, 68, 70, 71, 78, 79, 108, 128, 133, 134, 137, 138, 139, 142, 152, 153, 154, 155, 172, 179, 182, 215, 217, 220, 221, 222, 233, 254, 261, 262, 263, 264, 265, 266, 269, 270, 283, 326, 329, 342, 345, 351, 355, 359, 361, 379, 385, 429, 454, 458, 484, 485, 486, 487, 488, 489, 490, 511, 518

გვარამაძე თავაზ-ყადირ მამაც-გული ოღლი (გვარამაძე ოსმან შავყი) - ქართველი მაჰმადიანი, სოციალ-დემოკრატი, რსდმპ-ის მენშევიკური ფრთისწევრი. 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატთა საბჭოს წევრი, ახალციხის საკითხთან დაკავშირებით იკავებდა ცალსახად პროქართულ ორიენტაციას. 1919 წელს რედაქტორობდა გაზეთ „განახლებულ მესხეთს“ 108, 307, 308

გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე - ექიმი, დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1918-1921 წწ.-ში. უმაღლესი განათლება შვეიცარიაში მიიღო, სწავლობდა მედიცინას, საზოგადოებრივ მეცნიერებასა და ფილოსოფიას. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1921-1924 წწ.-ში იყო კონსტანტინოპოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი; 1920-30-იან წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში, როგორც ქართული სექციის წარმომადგენელი 106

გვეტაძე არქიპო დავითის-ძე - ოკრიბის მცხოვრები 347

გვეტაძე ბაგრატი გიორგის-ძე - ოკრიბის მცხოვრები 346

გიორგაძე ანდრია მეთოდეს-ძე - ოკრიბის მცხოვრები 347

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე (კიმოთეს ძე) - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909-1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა სამხედრო მინისტრად, დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 106, 155, 280, 301, 354, 410, 478, 479, 491, 507, 526

გიორგაძე მაქსიმე ნიკოს-ძე - ოკრიბის მცხოვრები 347

გიორგობიანი - ყაჩაღი 349

გობეჩია ივანე პავლეს ძე. (. .) - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი.მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 36, 37, 42, 52, 59, 60, 61, 68, 103, 109, 131, 136, 157, 200, 266, 278, 279, 280, 282, 283, 286, 287, 328, 345, 378, 379, 385, 386, 395, 396, 422, 433, 434, 435, 437, 438, 439, 440, 441, 442, 443, 509, 511, 512, 517, 519, 520

გობეჩია იოსებ პავლეს ძე. - საქართველოს სოციალისტ-რევოლუციური პარტიის (ესერების) ერთ-ერთი მეთური, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი ესერთა პარტიიდან. სოციალისტ-რევოლუციონერთ საპალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი 109, 156

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეციერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიკის განყოფილება ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით (1901). 1905-1906 წწ.-ში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“, სხვადასხვა დროს იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი (1903-1913 წწ.), სრულიად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში (1914-1916), კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე (1917-1918). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ანუ მინისტრი (1918-1920 წწ.-ში), თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეროვნული კრებისა და დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 42, 362, 370, 371

გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (რუს. Николай Васильевич Гоголь) - უკრაინელი-რუსი მწერალი, თანამედროვე რუსული რეალიზმის მამა 452

გოთუა - ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელი 546

გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“). მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 61, 108, 155

გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან. 1923 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. - 107.

გოქაძე ანდრია - სოფელ ოკრიბის მცხოვრები 347

გოქაძე გიორგი - სოფელ ოკრიბის მცხოვრები 347

გოქაძე ვასილი ანდრიას ძე - სოფელ ოკრიბის მცხოვრები 347

გურული ზაქარია დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდეეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 107, 155, 363, 368, 444, 445, 475, 476, 478, 479, 482

გურჯუა ვასილ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1902 წლიდან ჩაერთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში აფხაზეთში, გუდაუთაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დელეგირებული იყო აფხაზეთში ავტონომიური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. იყო სეიმის დეპუტატი, აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 107

2.6.2.11.1.4

▲ზევით დაბრუნება


დავარაშვილი მოსე რახამის ძე - დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), რაბინი. პროფესიით მასწავლებელი იყო. მოღვაწეობდა ქუთაისში. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ კრებაში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას; იყო 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრადსხვა ებრაელ დეპუტატებთან ერთად, მხარს უჭერდა იმ კანონების მიღებას, რომელიც იცავდა ებრაელთა ეროვნულ ინტერესებს. დაწყებით სასწავლებლებში „თორას“ სწავლებასთან ერთად, ეწეოდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაელთა შორის 107, 154, 155

დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე - მუშა, 1919 წელს შედგენილი ანკეტის განათლების გრაფაში მითითებული აქვს: - შინაური, დაბალი განათლება; 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი; არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად; უშუალოდ მონაწილეობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციებში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წელს დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან), იყო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ჯარის ორგანიზებისა და განმტკიცებისათვის გაწეულ ღონისძიებებში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის და თბილისის განყოფილებების წევრი 106, 155

დენიკინი ანტონ ივანეს ძე - რუსი გენერალი, მხედართმთავარი, თეთრი მოძრაობის ლიდერი.1917 აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ - დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სარდალი. ი. 1918 შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე. დენიკინი იცავდა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მათ შორის საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხ. ქონებაზე, რომელიც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. მისი სამხრეთის დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე.წ. „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა 67, 173, 180, 271, 275, 276, 277, 278, 279, 280, 281, 282, 284, 285, 286, 288, 305, 388, 392, 393, 407, 410, 414, 415, 421, 423, 424, 440, 458, 510

დიდბარიძე მაქსიმე სოფრომის ძე - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 347

დონ კიხოტი - მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნაწარმოების „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის“ გმირი 282

2.6.2.11.1.5

▲ზევით დაბრუნება


ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე - იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი. ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. თბილისის განყოფილების წევრი 50, 51, 61, 65, 106, 131, 154, 174

ელიგულაშვილი იოსებ აარონის ძე - დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს დრ-ის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმომადგენლად პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. გასაბჭოების შემდეგ ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922). იყო ემიგრანტ ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944წწ.) გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში 61, 108, 154, 433, 527

ელინი - მითოლოგიის თანახმად, ელინთა მითიური წინაპარი. ელადას ეპონიმი 106, 505

ემუხვარი არზაყან (დიმიტრი) კონსტანტინეს ძე - სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და დაუახლოვდა ქართველ ნაციონალისტებს და მესამედასელებს. „სოხუმის რესპუბლიკის“ ლიდერი (1905). აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის მთავრობისა და სახალხო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს დამძფუძნებელი კრების წევრი (1919-1921 წწ.). იგი პროქართული ორიენტაციის აფხაზი ლიდერი იყო და მისი ძალისხმევის შედეგად მიიღო 1919 წლის 20 მარტს არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ დადგენილება ავტონომიური სტატუსით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ 108

ენო ემილ - I მსოფლიო ომის მონაწილე რუმინეთის ფრონტზე, საფრანგეთის არმიის კაპიტანი, ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საიდუმლო სამსახურს უკრაინაში. ფრანგი ვიცე-კონსული კიევში განსაკუთრებული უფლებამოსილებით და კონსული ოდესაში. 1918-1919 წწ. რუსოფილი. თეთრდვარდიელთა მომხრე. იასის (რუმინეთი) თათბირის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი 403

ერაძე გიორგი პავლეს ძე - რსდმპ-ს ბათუმისა და თბილისის კომიტეტების წევრი, იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წელს - დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), 1918-1919 წწ. იყო შრომის მინისტრის მოადგილე, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად და დაევალა სასურსათო კრიზისის დაძლევისთვის მუშაობა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 106, 204, 553

2.6.2.11.1.6

▲ზევით დაბრუნება


ვადაჭკორია სოლომონ ივანეს ძე - პოლიტიკოსი, მუშაობდა ასოთამწყობად ტიპოგრაფიებში. 1898 წელს შეუერთდა „მესამე დასს“. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი, 1901 წ-დან 1908 წლამდე იყო რსდმპ-ის თბილისის კომიტეტის წევრი. არალეგალურ გაზეთ „დილას“ პასუხისმგებელი რედაქტორი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა (1918 წ.) და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიით 1919 წლის მაისიდან.) თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. დემოკრატიული რესპუბლიკის მთვრობის ტოპოგრაფიის გამგე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 358

ვარდოიანცი მიკიჩ კარაპეტის ძე - განათლება თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო. რსდმპ-ს წევრი 1898 წლიდან, 1905 წლიდან მენშევიკი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია). წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი; სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 106

ვილსონი თომას ვუდრო - პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების 28-ე პრეზიდენტი (1913--21 წწ), ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი (1919) 405

2.6.2.11.1.7

▲ზევით დაბრუნება


ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე - იურისტი, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ის ასევე ირიცხებოდა მოსკოვის სასამართლო პალატაში მოსკოვის ოლქის ნაფიც ვექილთა სიაში. 1910 წ-დან ვექილად დაიწყო მუშაობა სოხუმში, შემდეგ კი სოხუმის ოლქის კომისარი გახდა. 1919 წელს არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით 108

ზურაბოვი არშაკ - სეიმის დეპუტატი. სოციალ-დემოკრატი, ქალაქ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენელი რუსეთის II სახელმწიფო დუმაში, 1917 წ-ის 11 ივნისის რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI ყრილობაზე არჩეულ იქნა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საოლქო კომიტეტის წევრად 557

ზურაბოვი ნერსეს - ჯარისკაცი, 1918 წელს მივლინებული იყო მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების კომიტეტში 557

2.6.2.11.1.8

▲ზევით დაბრუნება


თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 15, 59, 63, 79, 108, 117, 153, 154, 156, 159, 187, 200, 201, 239, 251, 283, 291, 431, 469, 501, 527

თევზაია ბიქტორ ვასილის ძე - იურისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, (ფსევდონიმი „ბ. თეკლათელი“). დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტში, როგორც პრივატ-დოცენტი, პოლიტიკურ ეკონომიაში ლექციებს კითხულობდა. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოთსა და სამეგრელოში. 1917 აირჩიეს სოც. დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დამფუძნებელ კრებაში მუშაობდა შრომის კომისიაში. 1918-1920 წწ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში 106

თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე - განათლება ოჯახში მიიღო. 1904 წლიდან შედის რუსეთის სდპ (სოციალ-დემოკრატიული პარტია), 1917 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1924 წლის აჯანყების მონაწილე. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია 108, 154, 200, 232, 532

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 61, 107, 345, 362

2.6.2.11.1.9

▲ზევით დაბრუნება


იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1904 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, 1918 წლიდან ეროვნული საბჭოსა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნის ინიციატორი, 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიული, შიდა ოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. 1921 წ-ის თებერვალში ჯგუფი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი 60, 108, 154, 200, 473, 483

ირემაშვილი იოსებ გიორგის ძე - პედაგოგი, პოლიტიკოსი, 1898 წლიდან იყო რსდმ პარტიის წევრი. დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ასწავლიდა გორის სასულიერო სემინარიაში. 1911 წ-ს ი. ირემაშვილი იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით გაგზავნა კიევში სასწავლებლად, სადაც დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი, მისი მოთხრობები იბეჭდებოდა: „ხომლში“, „ნაპერწკალში“, „ახალ აზრში“, „ჩვენ გაზეთში“ და სხვა გამოცემებში. 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიიდან), იყო დუშეთის კომისარი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1922 წ-ს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყნიდან გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა წიგნი „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებდა თავის ყოფილ მეგობარსა და თანამოაზრეს ი. სტალინს 358, 527

2.6.2.11.1.10

▲ზევით დაბრუნება


კაიზერი - (გერმ. Kaiser, laT. caesar) - იმპერატორთა სახელწოდება, გერმანულ ენაში კაიზერი არის იმპერატორის სინონიმი. უმრავლეს სხვა ენებში კი კაიზერი უფრო ხშირად იხმარება გაერთიანებული გერმანიის იმპერიის (1871 - 1918) („მეორე რაიხი“) იმპერატორების მისამართით 428

კალაძე ერმალოზ თედორეს ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სოფლის სასწავლებელში მიიღო. 1905 წლიდან იყო რსდმპ-ს მენშევიკების ფრაქციის წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1917-1921 წლებში იყო სახალხო გვარდიის შორაპნის შტაბის წევრი 108, 155

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 14, 73, 107, 338

კარეცი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 546

კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1899 წლიდან. საშუალო განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, 1907 წელს მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის ლონდონის ყრილობაში, 1907 წელს არჩეულ იქნა თბილისის გუბერნიიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მდივნად. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მოიპოვა წევრის მანდატი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, თუმცა კრების გახსნამდე მოულოდნელად გარდაიცვალა 108

კახიძე - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 452

კახიძე - ყაჩაღი 350, 351

კედია სპირიდონ მალხაზის ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 61, 76, 77, 86, 108, 142, 156, 212, 244, 352, 382, 417, 453, 492, 512, 521, 554

კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე - 1904 წლიდან რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის წევრი, დაწყებითი განათლება წალენჯიხის სოფლის სკოლაში მიიღო. 1905 წელს რევოლუციისას პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა სოხუმში; 1917 წელს პარტიული საქმიანობა განაგრძო წალენჯიხაში, ხელმძღვანელობდა წითელ რაზმებს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრაიული მუშათა პარტიის სიით 108

კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე (ნამდვილი გვარი ჩიქოვანი) - გენერალი, დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის ომის მონაწილე. მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-9 პოლკში. კაპიტანი (1905). 1910 1-ლი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია. გაგზავნილ იქნა მე-16 გრენადერთა პოლკში. 1911 კავკასიის სამხედრო ოლქის დავალებათა ობეროფიცერია. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1915). 1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). 1918 წელს დაინიშნა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და მინისტრის თანაშემწედ. მალევე გადადგა და გახდა სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსი. 1919 სამხედრო შენაერთებმა მისი მეთაურობით დაამარცხეს ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში მებრძოლი სეპარატისტები. იბრძოდა ე.წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. გაათავისუფლა ძველი ქართული მხარე არტაანი. 1920 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. იმავე წლის 8 სექტემბერს დატოვა თანამდებობა. 1921 წლის 16 თებერვალს მესამედ დაინიშნა ქართული არმიის მთავარსარდლად. 18 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით ქართული შეიარაღებული ძალები მისი სარდლობით იცავდნენ დედაქალაქს. იყო ქართული სამხედრო სკოლის დამაარსებელი და პირველი უფროსი 170, 171

კიკალიშვილი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე. - 548.

კიკვაძე თევდორე (თედორე) გაბრიელის ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატი, დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. აქტიურად წერდა ჟურნალ „კვალში“, იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი (1912 წლიდან); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი; საქართველოს გასაბჭობის შემდეგ, 1921 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, სამხედრო კოოპერატივში, ლექციებს კითხულობდა ქართულ ენაში სამხატვრო აკადემიაში, რუსულ ენას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში 52, 108, 154

კიღურაძე ლავრენტი (ლავროსი) პავლეს ძე - ფიზიკა-მათემატიკოსი, განათლება იურიევის უნივერსიტეტში მიიღო. იყო რსდმპ-ს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ქალაქ სოხუმში. 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო ქალაქ ფოთის საბჭოს ხმოსნად და საბჭოს თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 108, 154, 155

კობიაშვილი - სასამართლოს წევრი 450

კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე - რსდმპ-ის წევრი, 1917 წლიდან თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით 106

კოლჩაკი ალექსანდრე ვასილის ძე - საერთაშორისო ანტიბოლშევიკური არმიის გენერალი, რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და პოლარული მკვლევარი, ოკეანოგრაფი, რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. რუსეთის უმაღლესი მმართველი და რუსული არმიის მთავარსარდალი (1918 წლის ნოემბერი 1920 წლის იანვარი). რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე წმ. გიორგის კავალერი, ადმირალი (1918) 284

კონიაშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე - ქართველი გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, სწავლობდა ჯერ ტფილისის I კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ - ტფილისის კადეტთა სასწავლებელში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს დაინიშნა სოჭის ოლქისა და შავიზღვისპირეთში დისლოცირებული ქართული შენაერთების სარდლად. 1919 წელს დამარცხდა დენიკინის არმიასთან ბრძოლაში. იყო თბილისის მილიციის უფროსი. 1920 წელს მონაწილეობდა ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების ჩახშობაში ცხინვალის რეგიონში. 1921 წელს მეთაურობდა სახალხო გვარდიის ბატალიონებს 550

კონიევი . . - ქალაქის მოურავის ამხანაგი 552

კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე - დაამთავრა პირველადი სასწავლებელი. 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი, რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი, პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი (1903 წ.). 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა შრომის, აგრარული და თვითმმართველობის მიმართულებით. სოც. დემოკ. პარტიის შიდაოპოზოციური გაზეთის „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. ჯგუფის წევრებთან ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107, 154, 200

კულიკოვი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 548, 551

კუჩარიანცი - აგენტი 406, 407, 493

2.6.2.11.1.11

▲ზევით დაბრუნება


ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტთა ხალხოსნური ორგანიზაციის წევრობისთვის გარიცხეს. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ მიმდინარეობას, 1900-დან იყო პარტიული გაზეთის „ცნობის ფურცლის“ და სხვა ორგანოების ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი რედაქტორი. პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო პრეზიდიუმის წევრი, შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს ე.წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, ეკავა განათლების მინისტრის პოსტი. მისი რეფორმებით მოხდა ქართული სკოლის ნაციონალიზაცია - „გაეროვნება“, მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა ქართულ ენაზე სწავლებისათვის და სხვ. 1919 წელს აირჩიეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან; შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 61, 109, 541, 542, 543

ლვოვი გიორგი ევგენის ძე - თავადი, დენიკინის წარმომადგენელი პარიზში 284

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 21, 24, 25, 26, 27, 57, 63, 79, 106, 117, 159, 187, 201, 239, 251, 291, 307, 357, 372, 399, 431, 469, 501, 527

ლომთაძე - ყაჩაღი 350

ლომინაძე - ყაჩაღი 349

ლორია ფილიპე გლახუნის (გლახუნას) ძე - 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მენშევიკი. განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაშიმონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციებში თბილისსა და ოზურგეთის მაზრაში. 1917 წლიდან იყო მუშათ და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1918 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებეი კრების წევრად. იყო გზათა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 108, 154, 155

ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა კრების შრომის კომისიაში 106, 154

2.6.2.11.1.12

▲ზევით დაბრუნება


მავოელი - ინგლისელი ექიმი 392

მამედოვი გუსეინ გული-მამედ ოღლი, მამედოვი ჰუსეინ ყული-მამედ ოღლი (მამედოვი, მამედ ოღლი) - 1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წლიდან იყო მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ჰუმმეტის“ (ენერგია) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. აქტიურად მუშაობდა საქართველოს მუსლიმების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად ჩამოყალიბებულ სხვადასხვა კომისიაში. არჩეული იყო იორმუღანლოს თემის თავმჯდომარედ 51, 107

მარკ ტვენი (სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი) (Samuel Langhorne Clemens) - ამერიკელი მწერალი 219

მაყაშვილი აბელ (ბალო) გაბრიელის ძე - სამხედრო მოსამსახურე. დაამთავრა ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. რუსეთის არმიის გენერალი, საქართველოს ეროვნული არმიის ერთერთი მშენებელი, გენერალ-მაიორი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 წელს სომხეთთან ომის დროს იყო ახალქალაქ-ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი და ახალქალაქის ფრონტის სარდალი, თბილისის კომენდანტი. 1919 წ. მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში. 1920 წელს დაინიშნა განჯის სამხედრო სკოლის უფროსად 165

მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი 1898 წლიდან, 1905 წელს მიემხრო რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1919 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. კრებაში საქმიანობდა აგრარულ კომისიაში 61, 108, 154

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი 61, 108, 156, 346, 351, 352, 363, 395, 449, 453, 484, 513, 514, 530

მახარაძე გერასიმე თომას ძე - პოლიტიკოსი, დიპლომატი, მიიღო საშუალო განათლება, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან), ამასთან ერთად იყო თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მის მიერ პარლამენტში რამდენიმე კანონ-პროექტი იქნა შეტანილი. 1919 წლის ივლისში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლად, 1920 წელს კი - საქართველოს ელჩად საბჭოთა რუსეთში 106, 154, 345, 475

მახვილაძე ელეონორა მიხეილის ასული ტერ-ფარსეგოვა - პედაგოგი, პოლიტიკოსი, სწავლობდა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსებზე. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჯგუფმა 1905 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელში ჩაიგდო სოხუმის მმართველობა, ჩამოაყალიბა სახალხო მილიცია და აიძულა ხმოსნები გადამდგარიყვნენ და დაიწყო საყოველთაო არჩევნებით ახალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107, 154, 155

მგელაძე ვლასა დარისპანის ძე - მგელაძე ვლასა დარისპანის ძე (პარტიული მეტსახელიტრია“) - პოლიტიკური მოღვაწე, კარლო ჩხეიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის სოც. დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. ჩაბმული იყო „მესამე დასის“ საქმიანობაში. 1907 წ-ის სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე, მან მუშების სახელით წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა. 1908 წელს ევროპაში ყოფნის დროს, ურთიერთობდა რუსეთის სოც.დემ. მოძრაობის ლიდერებთან: პლეხანოვთან, აქსელროდთან და სხვ. მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში. 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო კომისარი 107

მდივანი სვიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თვმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს თავისუფლება მიულოცა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 59, 63, 79, 109, 117, 148, 156, 159, 186, 187, 201, 239, 291, 307, 345, 348, 357, 399, 400, 414, 431, 469, 483, 501, 526

მელიქოვი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 548

მესხი - ოკრიბას მცხოვრები 352

მითაიშვილი ალექსანდრე - ლეჩხუმის ერობის თავმჯდომარე 351

მილიუკოვი პავლე ნიკოლოზის ძე - რუსეთის იმპერიის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, რუსეთის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი 1917 წელს. სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. დენიკინის წარმომადგენელი პარიზში. კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის, სახალხო თავისუფლების პატრიის, კადეტთა პარტიის ლიდერი 284, 458

მილნი ჯორჯ ფრენსისი - ბარონი (სალონიკისა და რუბისლავის, აბერდინის საგრაფო), ბრიტანელი მხედართმთავარი, ფელდმარშალი, ინგლისის ჯარების სარდალი ბალკანებსა და შავ ზღვაზე. სტამბოლის სარდალი 271, 281, 409

მიტელი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 548

მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი - ქართველი მუსულმანი, უმაღლესი განათლება მიიღო სტამბოლის უნივერსიტეტში. 1919 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. უმაღლესი განათლება მიიღო სტამბოლის უნივერსიტეტში. 1919 წლის სექტემბრიდან აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო „სამუსლიმანო საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ წევრი. ახალციხეში გამომავალი გაზეთის „მესხეთის“ რედაქტორი 107, 179

მიქელაძე - მილიციელი 346, 347

მონომახი კონსტანტინე - ბიზანტიის იმპერატორი 1042 წლის 11 ივნისიდან 1055 წლის 11 იანვრამდე 18

მორჩაძე - ყაჩაღი 346, 349, 350, 351

მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე - პედაგოგი, განათლება ფოთში მიიღო, სამოქალაქო სასწავლებელში. 1902 წლიდან გაერთიანდა რსდმპ-ში, „მენშევიკების“ ფრაქციაში; 1905 წელს იყო რსდმპ გურიის კომიტეტის სუფსის რაიონული კომიტეტის წარმომადგენელი; 1906 წელს მოღვაწეობდა ბაქოში, 1907 წელს სამუდამოდ გადასახლებულ იქნა ციმბირში, სადაც აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ბაიკალისპირა რკინიგზის კომისრად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წელს, გახდა ოზურგეთის ქალაქისთავი. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით 107

მღვდლიშვილი მიხეილ - სასამართლო პალატის თავმჯდომარე 310, 359, 360, 362, 400, 432, 470, 484, 486

2.6.2.11.1.13

▲ზევით დაბრუნება


ნათაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი, (სოც. რევოლუციონერული პარტია, ფრაქციის მდივანი). იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე 52, 59, 61, 63, 68, 79, 109, 117, 156, 159, 201, 239, 251, 253, 255, 291, 292, 307, 357, 431, 469, 501, 527

ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. „Борьба“-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის “ერთობის“ რედაქტორი. კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. საქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 60, 61, 107, 124, 128, 129, 133, 140, 150, 154, 155, 232, 304

ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Новое обозрение“-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“ 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში ბათუმში ქართველი დელეგატების გერმანიის დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, რაშიც თვალსაჩინო წვლილი ნ. ნიკოლაძეს მიუძღვის. აქვე შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა. 1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში.სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 108, 156

ნიკოლოზი - ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში). პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა 510

ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს წევრი, მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით ოპოზიციურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 70, 106, 154, 155, 184, 194, 195, 205, 210, 220, 223, 262, 268, 311, 330, 450, 545, 550, 554

ნოდია ვასილ გიორგის ძე - მუშა, სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი და პუბლიცისტი. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად 107, 154, 155, 526

ნუცუბიძე (შალვა) ვარლამ ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 36, 42, 51, 109, 156, 200

ნუცუბიძე ილია დავითის ძე - დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1918 წელს შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში 60, 61, 108, 194, 200, 231, 232, 233, 310, 345, 349, 350, 351, 352, 456

2.6.2.11.1.14

▲ზევით დაბრუნება


ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 8, 61, 106, 118, 145, 148, 149, 150, 151, 152, 154, 155, 255, 256, 257, 268, 270, 331, 332, 341, 444, 445, 470, 526

2.6.2.11.1.15

▲ზევით დაბრუნება


პაიჭაძე - ინგლისელი ექიმის - მავოელის მკვლელობაში ბრალდებული 394

პანიევი (ფანიანცი) კონსტანტინე აბგერის ძე - სოციალ-დემოკრატი. რსდმ პარტიის წევრი 1905 წ-დან. თავდაპირველად ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო. 1918 აირჩიეს სოხუმის ქალაქის საბჭოში. 1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. შედიოდა კრების თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი. ქალაქის თვითმართველობის სასურსათო განყოფ. გამგე. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 61, 107

პანჩულიები (იგულისხმება ფაჩულიები) - საგანგებო რაზმის ხელმძღვანელები 554

პაშალიდი (ფაშალიდისი) ივანე (იონის) გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი, საბერძნეთის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის რუსულ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად ჯერ ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტური მოძრაობის წევრობისთვის გარიცხეს, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში მოიპოვა ექიმის 317 დიპლომი. 1903 წ-დან რსდმპ-ს წევრი. ექიმად მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმში, აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1917 წ-დან შეუერთდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. იყო დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი. თანამშრომლობდა ქართულ და საქართველოში გამომავალ ბერძნულ გაზეთებთან. - 107.

პეპინოვი, ახმედ პეპინაშვილი - ომარ ფაიკის დისშვილი, გადაიქცა ქართველი მოქალაქიდან აზერბაიჯანელ მოქალაქედ, (სეიმის წევრი) სოციალისტური ფრაქციის ლიდერი გახდა აზერბაიჯანის პარლამენტში. პეპინოვის შემოყვანილია პირველი მატარებელი წითლებით ყოველგვარი ბრძოლის გარეშე ბაქოში 164

პეტლიურა სიმონ ვასილის ძე - უკრაინელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორიის მეთაური (1919-1920), ფლოტის არმიის მთავარი სარდალი 388

პეტრე I დიდი - სრულიად რუსეთის უკანასკნელი მეფე (1682 წლიდან) და სრულიად რუსეთის პირველი იმპერატორი 1721 წლიდან) 484

პლატონი - ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი 411

2.6.2.11.1.16

▲ზევით დაბრუნება


ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლბა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია 7, 18, 28, 37, 41, 42, 58, 71, 72, 73, 80, 106, 129, 153, 266, 281, 506, 507, 518, 546

ჟორესი ჟან - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1902 წელს სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1905 წლიდან გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 260, 265, 269

ჟორჟოლაძე ერისტო - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 347

ჟორჟოლაძე - სტუდენტი 352

ჟღენტი ვიქტორ (ლეონტი) ალმასხანის ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ბათუმის სახე - ლოსნო სასწავლებელში მიიღო, პროფესიით ფეიქარი იყო. 1918 წლიდან გახდა ეროვნული საბჭოს და შემდეგ 1919 წელს დამფუძნებელი კრების წევრი. მუშაობდა ცხინვალში საგანგებო რწმუნებულად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსესა და თბილისის განყოფილებათა წევრი 108, 155

2.6.2.11.1.17

▲ზევით დაბრუნება


რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე - პოლიტიკოსი, ცნობილი პედაგოგი და განმანათლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1906 მონაწილეობდა რსდმპ-ს სტოკჰოლმის კონფერენციაში თბილისი ორგანიზაციის მანდატით. 1906 წ-ს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. 1907 მონაწილეობდა რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1913-1917 წწ-ში გადასახლებული იყო სამარის გუბერნიაში. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატების სიით აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ამავე წელს - რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს ოსმალეთის არმიის შემოტევისას ნატანების ფრონტზე აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა გენერალ მაზნიაშვილს. 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. დემოკრატიული რესუბლიკის დროს იყო ხელისუფლების წარმომადგენელი სოხუმის ოლქში. დამოუკიდებლობის პერიოდში პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით მოგზაურობდა რეგიონებში და აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა როგორც პარტიის წევრებში, ასევე მოქალაქეებში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 106

რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 73, 106, 181, 304, 348, 349, 366, 453, 454

რებრუხი - მუშა 550

რეიტერი პოლ - ინგლისში1849 წელს ერთ-ერთი უდიდესი საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ დამაარსებელი 394, 395, 408

რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 61, 107, 154, 155, 169, 355

რუხაძე ლევან პორფილეს ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება მიიღო საოსტატო სასწავლებელში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რსდმ პარტიას. 1917 წ-ის დეკემბერში აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წითელი გვარდიის შექმნაში. იყო საქველმოქმედო საზოგადოებების წევრი, მისი თაოსნობით აღდგა ობოლთა თავშესაფარი და სხვა დაწესებულებები ახალციხეში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, სახალხო გვარდიის ყრილობაზე აირჩიეს მთავარი შტაბის წევრად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. 1922 გადაასახლეს საქართველოდან 108, 200

რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე - პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ, 1902 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკ-ტი. მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დაარსებაში, 1909 წელს შეადგინა პარტიის პროგრამა. 1919 წლის მარტიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია), დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაციის წევრი. შედიოდა „საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ შემადგენლობაში. იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების აქტიური მონაწილე და შედიოდა უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების გამგეობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში აირჩიეს დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტური ფრაქციის თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების ნამდვილი წევრი 109, 156, 354

2.6.2.11.1.18

▲ზევით დაბრუნება


საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის (ბეჟუკის) ძე - დიპლომატი. გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1905 წლის მოსკოვის შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო ვერ დაასრულა. მოგვიანებით, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც იურიდიული მეცნიერების შესწავლა განაგრძო და უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა. 1917 წლის თებრვლის რევოლუციის შემდეგ დაბინავდა ფოთში, სადაც რევოლუციურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდიდან კ. საბახტარაშვილი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის ქალაქის თავი. იყო ეროვნული საბჭოს წევრი მცირე ხნით, ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტია). ეკავა საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილე, წარგზავნილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის ელჩად იტალიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107

სავინკოვი ბორის - დენიკინის წარმომადგენელი პარიზში 284

საზონოვი - დენიკინის წარმომადგენელი პარიზში 284

სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 106, 154, 345, 354

სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე (ჟუჟისპირელი) - სოციალ-დემოკრატი, მუშაობდა სოციალ-დემოკრატიის თბილისის ორგანიზაციაში, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. წერდა მოთხრობებს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა. 1924 წ-ის აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს და ყირიმში გადაასახლეს 107, 155, 200

საყვარელიძე პავლე დავითის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“); ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი; დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მან უარყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი 37, 38, 40, 60, 61, 107, 155, 232, 233, 292, 299, 302, 303, 311, 371, 383, 440, 505, 507, 509

სერვედბეგ-ათაბეგოვი (სერვერბედ-ათებეგოვი) სერვეთ-ბეგ-ათებეგოვი - სეიმის წევრი, წარმოშობით ქართველი, იყვნენ გვარად ჯაყელი. სერვერბეგ ათაბეგის მამა იყო ახალციხის ფაშა. რუსეთმა გადმოიბირა ეს ფაშა, და მისცა ტიტული - პრინც ქობლიანსკი ადიგენსკი და დაარქვეს გვარი ათაბეგოვ. ე.ი. მამა ბეგებისა, თურქულად ათა - მამაა 164, 166, 167, 168, 169, 170, 171, 393

სიმეონი - სიმეონ ღვთისმეტყველი 28

სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე (მეტსახელი ემილ) - პედაგოგი, თავდაპირველად სასწავლებლად თელავის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. პედაგოგიურ მოღვაწეობა დაიწყო დუშეთის მაზრაში, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიიდან. 1919 წლიდან ხდება საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი 358

სირბილაძე ვასილი ლუკას-ძე - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 347

სირბილაძე - ყაჩაღი 349

სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარი, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წ-ს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 61, 161, 162, 163, 188, 189, 192, 200, 202, 242, 243, 244, 249, 288, 289, 290, 362, 502, 503, 529

სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წელს დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში (ფრაქციის ლიდერი - გრიგოლ გიორგაძე), ფრაქციის სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან გამოყოფის მთავარ მიზეზად „სხიელები“ ასახელებდნენ პარტიის ლიდერების ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვას,შიდაპარტიული დემოკრატიის შესუსტებას, წარუმატებელ პოლიტიკურ კურსს 107

სულთანოვი - ექიმი, ეწეოდა პანთურქისტულ აგიტაციას 164

სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე - სოციალ-დემოკრატი, რსდრპ-ს წევრი, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი 107

სურგულაძე პეტრე როსტომის ძე - ჟურნალისტი, საქართველოს თავისუფლებისათვის აქტიური მებრძოლი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1894 დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტი. პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა ქუთაისის პროგიმნაზიაში გამგე-მასწავლებლად, ხოლო შემდეგ მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად. 1909 პ. სურგულაძის რედაქტორობით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ყოველკვირეული ჟურნალი „ერი“, რომელიც თერგდალეულთა ჟურნალისტურ ტრადიციებს განაგრძობდა და მთელ ძალისხმევას ეროვნული ინტერესების დაცვას ახმარდა. იგი იყო დამფუძნებელი კრების წევრი, სამხედრო კომისიის წევრი. შედიოდა დამფუძნებელი კრების დროებით კომისიაში, რომელმაც 1919 წლის მარტში ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში სერვერ-ბეგის ხელმძღვანელობით მოწყობილი აჯანყების მიზეზები, შედეგები და რეგიონში არსებული ვითარება შეისწავლა. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ედპ-ს მთავარ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფოებრივი და სამხედრო აღმშენებლობის აქტუალურ საკითხებზე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თურქეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს იყო ედპ-ს საზღვარგარეთული ცენტრალური ბიუროს წევრი 51, 108, 156, 364, 366, 367, 368, 369, 370, 475, 478, 480, 481, 482

2.6.2.11.1.19

▲ზევით დაბრუნება


ტატიშვილი ივანე (გიორგი) ალექსის ძე (მეტსახელი: გიორგი) - განათლება ოჯახში მიიღო, ბავშვობიდანვე მუშაობდა მოჯამაგირედ.1905 წლიდან რსდმპ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა რსდმპ თბილისის კომიტეტის პარტიულ ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას 108, 154

ტომსონი სერ უილიამ მონტგომერი - გენერალ-მაიორი, ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის სარდალი სპარსეთში, შემდეგ სამხრეთ კავკასიაში. ბრიტანეთის არმიის გენერლების მსგავსად არ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი 393, 405

ტოროშელიძე (ორჯონიკიძე) მინადორა ეფრემის ასული - პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, მედიცინის დოქტორი, სოციალ-დემოკრატი. ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (1901), სადაც დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს, აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში; იქვე იქორწინა მალაქია ტოროშელიძეზე. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციაში, მიემხრო მენშევიკთა ფრაქციას, მისი მეუღლე კი ბოლშევიკებს. 1905 წელს ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური „მენშევიკი“. 1906 კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად. საიდანაც 1914 წელს ევაკუაციის წესით დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. მუშაობდა თბილისის ქალთა კავშირში. იყო თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1917 წ-ის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდგომ კი, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. წითელი არმიის შემოჭრისას იყო ფრონტის ხაზზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107, 154, 155

2.6.2.11.1.20

▲ზევით დაბრუნება


უგრეხელიძე - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 352

ურატაძე გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე - სახალხო მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ბათუმში კი სამასწავლებლო კურსები გაიარა. მუშაობდა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია. პეტერბურგში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სკოლაში გაგზავნა. სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1915 წლიდან ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა, ხელმძღვანელონდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამანდატო კომისიი წევრი, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად 52, 63, 105, 109, 114, 154, 157

2.6.2.11.1.21

▲ზევით დაბრუნება


ფაიყი ომარ - თურქეთის აგენტი, ეწეოდა პან-ისლამურ აგიტაციას. მუსულმანურ-თურქულ ლიტერატურაში ცნობილი მწერალი 164, 165, 167

ფამუსოვი პაველ აფანასიევიჩი - ალექსანდრე გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ პერსონაჟი 518

ფარნიევი, (ტექსტში ფანიევი) ალექსანდრე ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი, დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მიწათმოქმედების სამინისტროსა და გლეხთა ცენტრის რწმუნებული; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; მკაცრად ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 106

ფაღავა გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე - რსდმპ პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი 1913 წლიდან; სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების საზეიმოდ გახსნის სხდომაზე. გ. ფაღავა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ასრულებდა მდივნის მოვალეობას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხშირად მოგზაურობდა რეგიონებში პროპაგანდისტული საქმიანობის გასაწევად. მონაწილეობდა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ადმინისტრციის კრიზისის შემსწავლელ დელეგაციაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუდმივი წევრი 17, 61, 108, 193, 351, 503

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - იურისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. 1902-1910 წწ-ში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. რედაქტორობდა სოც-ფედერალისტთ პარტიის ორგანოებს: „გლეხი“ (1906), „მიწა“ (1906-1908). მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წწ-ის პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. 1919-21 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-1921წწ.-ში იყო სოც.ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზ. „სახალხო საქმის“ რედაქტორ. 1921 წელს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას 51, 61, 109, 156, 157

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალ-დემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი -დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 108, 155, 344

ფრუიძე - სოფელ ოკრიბას მცხოვრები, ექიმბაში 351

2.6.2.11.1.22

▲ზევით დაბრუნება


ქელბაქიანი - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 352

ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე - პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1903 წ-დან სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912. თავდაპირველად მიემხრო სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას და იზიარებდა მისი ბიოლშევიკური ფრთის იდეოლოგიას. მსოფლმხედველობა - კოსმოპოლიტურიდან ეროვნულ საფუძველზე შეიცვალა პ. სურგულაძის ხელმძღვანელობით ჟენევაში შექმნილი „თავისუფალი საქართველოს ჯგუფის“ იდეოლოგიის გაზიარების შემდეგ. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო საკონსტიტუციო, საბიუჯეტო და საფინანსო კომისიების წევრი. რედაქტორობდა ედპ-ის გაზეთ „საქართველოს“ (1918-1919). 1919 წ-ის თებერვალში ედპ-ის სიით გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი. 1919 წ-ის მაისში ედპ-დან გავიდა, მაგრამ დამფუძნებელ კრებაში დარჩა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 1921 წ-ის მარტში საქართველოს რევკომმა იგი რამდენიმე მოღვაწესთან ერთად გაგზავნა ბათუმში, რათა ნ. ჟორდანია სამშობლოში დარჩენაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921-1922 წწ-ში იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ლიტერატურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე გადაინაცვლა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 61, 108, 157, 311, 528

ქობლიანსკი - იხ. სერვედბეგ-ათაბეგოვი (სერვერბედ-ათებეგოვი) სერვეთ-ბეგ-ათებეგოვი 180

ქობულაძე - ლეჩხუმის აჯანყების მონაწილე. იგულისხმება 1918 წლის რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება მენშევიკთა ბატონობის წინააღმდეგ 350

ქუმსიშვილი (ქუმსიაშვილი) ნიკოლოზ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ახალი ცხოვრებისეული არჩევანი გააკეთა და დაასრულა თბილისის კონსერვატორია. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი, დრამატული ტენორი. 1924 წელს მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 107

2.6.2.11.1.23

▲ზევით დაბრუნება


ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 240, 275, 281, 334, 340, 341, 355, 446

2.6.2.11.1.24

▲ზევით დაბრუნება


ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე - სოციალ-დემოკრატი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ლაილაშის სასწავლებელში. მის პოეტურ ნაწარმოებებს და მოთხრობებს ბეჭდავდა: „მოგზაური“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „მათრახი და სალამური“ და სხვა ჟურნალი-გაზეთები. აქტიურად იყო ჩაბმული 1905 წ-ის რევოლუციაში, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის გამოსვლებს. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, იყო დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107, 351

2.6.2.11.1.25

▲ზევით დაბრუნება


შარაშიძე დავით გრიგოლის ძე - (ქრისტინე შარაშიძის ძმა), სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ „Борьба“-ს რედაქტორი; „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 61, 107, 246, 306, 471, 472

შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო 59, 61, 63, 79, 107, 117, 154, 159, 187, 201, 239, 251, 252, 291, 307, 357, 358, 397, 399, 431, 500, 501, 527, 537, 539, 542, 543

შარვაშიძე ყადირ თანბეგის ძე (შარვაშიძე ყადირ თუფან-ბეგის ძე), (შერვაშიძე) - ექიმი, სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა ბათუმისა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიებში. მოსწავლეობის პერიოდში მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ გამოსვლებში. 1909 წ-დან სწავლა გააგრძელა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. I მსოფლიო ომში მონაწილეობდა როგორც სამხედრო ექიმი, 1916 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაერთო „წითელი ჯვრის“ საქმიანობაში. 1917 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ბათუმში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. იყო „ქართველ მუსლიმთა“ კომიტეტის წევრი. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. ოსმალეთის მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ აქტიურ პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა ახალციხის, ფოცხოვის და ზემო აჭარის რაიონებში. 1919 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ახალციხის სამხედრო ოპერაციაში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად 107, 357, 358

შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე - რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა შრომის კომისიაში 108, 154

შენგელაია (ტაქსტში შენგელია) ლეო ანდრიას ძე - იურისტი, სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 108, 156

შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე (ძიკი) - ექიმი, სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში. იყო მარქსისტული ორგანიზაციის წევრი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. - 106, 155.

შმაგაილოვი - ინგლისის სარდლობის აგენტი 406, 407, 420, 425, 443, 489, 490, 492, 493

2.6.2.11.1.26

▲ზევით დაბრუნება


ჩიქავა ალექსანდრე ჩიტოს (ხიტუს) ძე - პედაგოგი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი. 1905 წლიდან რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის წევრი; 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი. ა. ჩიქავა წლების განმავლობაში იყო წკგს-ის ნამდვილი წევრი 8, 107, 148, 149, 150, 151, 154

ჩიხლაძე რაფიელ ალექსანდრეს ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური მოღვაწე, 1918 წელს შედიოდა საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, მუშაობდა საკონტროლო კომისიაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და ერევნის განყოფილების წევრი 1914 წლიდან და ამავე ორგანიზაციის თბილისის განყოფილების წევრი 1917 წლიდან 61, 107, 154, 200, 307

ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე - ფილოლოგი, ისტორიკოსი, პადაგოგი, პოლიტიკოსი. სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში. სწავლის პერიოდშივე ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში. 1906 რსდმპ-ს წევრი გახდა. 1911 შევიდა კიევის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად კიევში, სხვა ქართველებთან ერთად გამოსცემდა ჟურნალ „Заря“-ს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებლი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 108, 155

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე - სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 თანამოაზრეებთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაცია „მესამე დასს“. 1907-1912 და 1912-1917 წწ.-ში იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც 1912 წლამდე თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. 1918 წლის აპრილში იგი გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა. თავმჯდომარეობდა 1918 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნ დელეგაციას. ხელმძღვანელობდა ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე ქართული დელეგაციას; 1919 წლის 12 მარტს დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 21, 106, 408

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. დაამთავრა ხონის სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს (1893). 1896-1901 წწ-ში რუსეთშია, კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში, სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა. 1902-1904 წწ-ში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1907 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1912 წელს სოც. დემკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს და ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილით დასჯას. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრია. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრდ, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის და ერთ ლიგაში მიშ გაწევრიანებისთვის. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი - 106

ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, (არ დაუსრულებია) დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 106

2.6.2.11.1.27

▲ზევით დაბრუნება


ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1901 წელს იყო რეცოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად, თბილისის რსდმპ-ს თბილისის კომიტეტის წევრი; შედიოდა ბოლშევიკურ ფრაქციაში, შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107

ცერცვაძე - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 548

ცინცაძე გიორგი იოსების ძე - მასწავლებელი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან, გურიის 1905 წლის მოვლენების მონაწილე. 1917 წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი, შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107

ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე - პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკოსი, პოლიტიკური დ საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. დაამთავრა სასულიერო სემინარია და უმაღლესი განათლება მიიღო ფიზიკა-მათემატიკოსის სპეციალობით. სემინარიაში სწავლის პერიოდში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1918 წლი სექტემბრიდან იყო თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, 1919 წლის 5 აპრილიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. 1918 წლიდან პარლამენტის წევრია, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი. ნ. ცინცაძემ შეძლო რუსული სკოლების ქართულით შეცვლა, მოამარაგა სახელმძღვანელობით და ევროპაში უამრავი ახალგაზრდა გაგზავნა სასწავლებლად. ემიგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რადიო „თავისუფლების“ საქმიანობაში. მისი ინიციატივით მოხდა პარიზიდან ჰარვარდის ბიბლიოთეკაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნული მთავრობის არქივის გადატანა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 21, 51, 59, 60, 61, 107, 153, 154, 155, 160, 306, 354

ცინცაბაძე (ტექსტში ცინციბაძე) გრიგოლ დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი, ასოთამწყობი, 1917 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცკ-ს კომიტეტის წევრი, 1918 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, 1919 წელს არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად 108

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე - 1914 წლიდან რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციის წევრი, 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 52, 106, 530, 535

2.6.2.11.1.28

▲ზევით დაბრუნება


ძველაია ბარნაბ პავლეს ძე - სოციალ-დემოკრატი. იყო სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ლიდერი და ორგანიზატორი.1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. აქვეყნებდა წერილებს პარტიულ პრესაში.მონაწილეობა მიიღო 1905 რევოლუციაში ადგილობრივ დონეზე. სოციალ-დემოკრატი, დამოუკიდებლობის პერიოდში იყო სოც.-დემოკრატიული პარტიის სენაკის მაზრის კომიტეტის ლიდერი და სამაზრო ერობის ხმოსანი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სენაკის განყოფილებათა წევრი 107, 154

2.6.2.11.1.29

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე - იურისტი, პოლიტიკოსი - სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, უდიდესი ქართველი ტრიბუნი, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციის ლიდერი. ი. წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედლით დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1901 მიიღო მონაწილეობა სტუდენტთა მღელვარებაში და თავმჯდომარეობდა სტუდენტური ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს. დაწერა „ჩვენი მიზნები“, რომელიც სტუდენტთა მისწრაფებებს გამოხატავდა. ი. წერეთელი მოსკოველ სტუდენტთა მოძრაობის აღიარებული ლიდერი გახდა. 1907 მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და, საერთოდ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახდა. 1917 წელს გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური. საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვერსალის საზავო კონფერენციაზე. 1917 წლის მაისში გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქცის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 106, 408

წულაია პავლე ლუკას ძე (დეპო) - რსდმპ-ს მენშევიკურ ფრაქციის წევრი, 1919 წლიდან არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი 61, 108, 155

წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე - სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა სოფლის სკოლაში და ბათუმის გიმნაზიაში. მონაწილეობდა გურიის 1905 წლის მოვლენებში. 1906 წლიდან რსდმპ-ს წევრი, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მუშაობდა, თბილისის განყოფილევაში. იყო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 108, 200

2.6.2.11.1.30

▲ზევით დაბრუნება


ჭავჭანიძე ივანე თედორეს ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 52, 61, 107, 154, 200, 252, 253, 255, 256, 257, 325, 327, 330, 331, 459, 471, 472, 494, 496, 498, 526, 529, 530, 537, 542, 543

ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე - სოციალ-დემოკრატი. პროფესიით იყო ხარაზი. განათლება მიიღო ონის საზოგადოების სასოფლო სკოლაში. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში რაჭა-ლეჩხუმში. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 108

ჭიაბრიშვილი ანდრია (ანდრო) იაკობის ძე (ჭრელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი; დაამთავრა პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1917 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად, 1919 წლიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 61, 107, 143, 144, 202, 204, 205, 224, 226, 537

ჭიჭინაძე - გზათა დეპარტამენტის დირექტორი 463

ჭიჭინაძე ნიკოლოზ (პარმენ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 531, 559

2.6.2.11.1.31

▲ზევით დაბრუნება


ხალილ-ფაშა - თურქეთის გენერალი 166, 167

ხვალისი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე. ბოლშევიკი 548

ხიმშიევი (ხიმშიაშვილი) ჯამალ-ბეგი - სამაჰმადიანო საქართველოს (აჭარის) წარმომადგენელი, რუსეთის მხარეზე გადავიდა და მას პოლკოვნიკობა მისცეს 304

ხომერიკი ნოე გიორგის ძე - პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1903-1906წწ. აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომისა და გზათა მინისტრი; დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 73, 106, 336

ხოჭოლავა მუხრან-იონა მაქსიმეს ძე (მუხრან ოდიშელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“ 106, 155, 157, 200

ხუდადოვი - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 548

ხუციბერაძე სპირიდონ - სოფელ ოკრიბას მცხოვრები 346

2.6.2.11.1.32

▲ზევით დაბრუნება


ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან, 1918 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში,იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 28, 52, 57, 61, 63, 64, 71, 79, 107, 117, 154, 156, 159, 187, 201, 239, 291, 307, 345, 357, 399, 431, 469, 501, 527

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 61, 107, 157, 485, 486, 526

ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე (მეტსახელი: ლადო, პეტროვი) - 1897 წლიდან რსდრპ-ს წევრი. სწავლობდა კულაშის სკოლაში, შემდეგ სწავლა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში განაგრძო. აქტიურად იყო ჩართული 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში; მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნდა, იმავე წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი; 1918 წლის თებერვლიდან - ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 107, 155

ჯიბლაძე სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე - პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. რექტორ ჩუდეცკის ცემისთვის 1884 იგი სემინარიიდან გარიცხეს და ორი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. იყო „მესამე დასის“ დამფუძნებელი წევრი (ყვირილა, 1892). იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცკ-ს წევრი, ამიერკავკასიის სეიმის წევრი 1918 წლის თებერვლიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელ კრების წევრად. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, ს. ჯიბლაძემ გახსნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 17, 21, 106, 155, 411

ჯორბენაძე - გაფიცული, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურე 548

ჯუღელი ვალერიანი (ვარლამ) ანთიმოსის ძე (ვალერიან ანთიმოზის ძე) - ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია), თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი.) 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 106, 155

2.6.2.11.1.33 А

▲ზევით დაბრუნება


Агаевъ - [აგაევი ჰასან ბეგ მეშადი ჰუსეინ ოღლი] - ექიმი, ჟურნალისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1918 წლის 7 დეკემბრიდან აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 53

2.6.2.11.1.34 Г

▲ზევით დაბრუნება


Гаглоев Георгий - [გაგლოევი გიორგი] - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენციის თავმჯდომარე. რსდრ პარტიის წევრი 1900 წლიდან, ლონდონის კომპარტიის ყრილობის დელეგატი, პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების ორგანიზატორი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 251

2.6.2.11.1.35 З

▲ზევით დაბრუნება


Зурабовъ А. - [ზურაბოვი .] - საქართველოში სომეხთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე 54

2.6.2.11.1.36 К

▲ზევით დაბრუნება


Качеишвили - [ყაჭეიშვილი] - გლეხთა დეპუტატთა საბჭოს წარმომადგენელი, ახალქალაქის ოლქის ყველა თემისა და სოფლის წარმომადგენელი 241

2.6.2.11.1.37 М

▲ზევით დაბრუნება


Мейбомъ - [მეიბომი] - საქართველოში გერმანიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე 54

2.6.2.11.1.38 Н

▲ზევით დაბრუნება


Наримановъ А. - [ნარიმანოვი .] - მუსულმანთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში 54

2.6.2.11.1.39 С

▲ზევით დაბრუნება


Спилიоти - [სპილიოტი .] - ბერძენთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), შემდგომ თავმჯდომარე 64

2.6.2.11.1.40 Т

▲ზევით დაბრუნება


Темирхановъ - [ტემირხანოვი] - კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე 64

Тарновскიй Князь - [ტერნოვსკი] თავადი, სხდომაზე გამოვიდა კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნაცვლად 63

Тигранянъ - [ტიგრანიანი] - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 53

2.6.2.11.1.41 Х

▲ზევით დაბრუნება


Хатисовъ Александръ - [ხატისოვი ალექსანდრე ივანეს ძე (ხატისიანი)] - სომხეთის რესპუბლიკის მთვრობის წარმომადგენელი - ტფილისის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი 1905 წელს, 1908-1910 წწ. - თბილისის თავის მოადგილე. დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდგომ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინი ფაკულტეტზე, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში შეისწავლა ჰიგიენა, საზოგადოებრივი, სამართალდამცავი და მუნიციპალური საქმე. 1910 წლიდან არჩეულ იქნა ქალაქის თავად. პირველი მსოფლიო ომის დროს ხატისოვი თავმჯდომარეობდა ქალაქების ალიანსის კავკასიის კომიტეტს. ხატისოვი იყო სომხეთის მოხალისეთა რაზმების და სომეხი ლტოლვილების დახმარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1916 წელს აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ სომხეთიდან დევნილების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში. 1915-1917 წლებში არჩეულ იქნა სომხეთის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ (ტფილისი). 1917 წელს გადადგა ქალაქის თავის თანამდებობიდან და შეუერთდა დაშნაკცუთიუნის პარტიას (ოფიციალურად სოხეთის რევოლუციური ფედერაცია, შემოკლებით დაშნაკი). მეთურობდა სომხეთის ეროვნულ ბიუროს, თავმჯდომარეობდა სომხეთის პოლიტიკური პარტიების კრებას. მონაწილეობდა სომხეთის ეროვნული საბჭოს შექმნაში. 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დაინიშნა ფინანსთა და სურსათის მინისტრად, აგრეთვე ამიერკავკასიის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების მინისტრად. იყო სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი საქალაქო კომისიის თავმჯდომარე 53

Терхачатурянъ Грикоръ - [ტერხაჩატურიანი გრიქორ] - სომხეთის საბჭოს თავმჯდომარის წარმომადგებელი 53

2.6.2.11.1.42 Э

▲ზევით დაბრუნება


Емухвари (Эмухвари) - [ემუხვარი არზაყან (დიმიტრი) კონსტანტინეს ძე] - აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში (1896), სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და დაუახლოვდა ქართველ ნაციონალისტებს და მესამედასელებს. „სოხუმის რესპუბლიკის“ ლიდერი (1905). იყო აფხაზეთის მთავრობისა და სახალხო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1921) ა. ემუხვარი პროქართული ორიენტაციის აფხაზთა ლიდერი იყო და სწორედ მისი დიდი ძალისხმევის შედეგად, 1919 წ-ის 20 მარტს ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ თავის პირველივე სხდომაზე მიიღო დადგენილება ავტონომიური სტატუსით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ 64

2.6.2.11.2 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბასთუმანი 172, 178

ადერბაიჯანი, ადერბეიჯანი 12, 31, 52, 73, 88, 164, 173, 174, 176, 248, 253, 256, 388, 460, 464, 465, 467, 468

ადლერი 305

ავსტრალიის ფედერატიული რესპუბლიკა 120

ავსტრია 119, 520

აზერბეიჯანი 255, 290, 343, 372, 377, 460, 464, 465, 467

აზია 23

ალექსანდროპოლი - ალექსანდრუპოლისი (Alexandrupolis) 101

ამერიკა/ამერიკის შეერთებული შტატები 23, 41, 88, 98, 120, 219, 231, 343, 344, 382, 404, 411, 418, 419, 440, 442

ამიერკავკასია 14, 20, 24, 25, 176, 205, 211, 252, 253, 288, 396, 405

ანარია 394

არტაანი, არატაანი 172, 180, 304, 392, 393, 404, 406, 414, 416, 420, 422, 423, 424, 425, 426

არდაგანი 165, 416

ართვინი 172

არპაჩაი 404

აფხაზეთი 74, 86, 415

აღმოსავლეთ-სამხრეთ კავკასია 393

აღმოსავლეთი საქართველო 173

აწყური 169, 170, 416

აჭარა 180

ახალქალაქი 87, 164, 165, 166, 167, 168, 187, 240, 246, 252, 288, 304, 305, 393, 416, 502, 528, 530, 535, 536, 537

ახალციხე (მაზრა) 50, 51, 65, 67, 68, 69, 70, 71, 72, 74, 87, 160, 161, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171, 172, 173, 175, 176, 178, 180, 182, 183, 187, 188, 192, 193, 199, 240, 246, 252, 288, 304, 305, 308, 358, 393, 416, 537

ახტალა 109, 113, 114

ბათომი/ბათუმი 87, 164, 165, 169, 180, 285, 286, 394, 403, 405, 406, 407, 408, 424, 425, 427, 461

ბაქო 164, 173, 248, 279, 405, 408, 427, 550

ბელგია 119

ბერლინი 511

ბზიბი (ბზიფი) 271, 272, 274, 280, 305, 415

ბორჩალო 87, 88, 89, 308, 333, 408, 427, 449, 450, 502, 528, 530, 535, 536

ბორჯომი 45, 165

ბრაზილია 373

ბრესტი 394, 400, 401

გაგრა/გაგრის ოლქი 171, 271, 305, 392, 414, 415, 422, 423, 424, 425

განჯა 248

გერმანია 32, 54, 81, 98, 99, 100, 166, 372, 373, 374, 390, 391, 394, 400, 401, 402, 403, 410, 426, 428, 489, 520

გიუნდაში 304

გოლანდია/ჰოლანდია 18, 299

გორის მაზრა 464

გულგულა 104, 109, 113, 114

გურია 447

დანია 373

დასავლეთ ევროპა 98, 165, 269, 332, 340

დიდი ბრიტანეთი 23, 73

დონის რაიონი 275, 281

დორპატი (ტარტუ) 358

დუშეთი 83, 103, 222, 447, 454

ევლახის რაიონი 464

ევროპა 23, 30, 67, 74, 81, 82, 84, 88, 94, 97, 98, 279, 298, 318, 332, 391, 392, 418, 419, 433, 458, 488, 505

ეკატერინენფელდი 536

ერზრუმი/ერზერუმი 515

ვანდეა 126

ვარხანი 170

ზაქათლის ოლქი 87

ზესტაფონი 214

თბილისი 89, 110, 113, 114, 129, 137, 165, 214, 248, 333, 343, 348, 358, 388, 405, 406, 422, 423, 450, 455, 536, 550, 555

თელავი 104, 105, 109, 113

თიანეთი 222, 333, 450, 451, 453, 454

თრიალეთი 536

იმერეთი 447, 464

ინგლისი 32, 81, 98, 120, 233, 255, 271, 272, 278, 280, 281, 284, 305, 332, 344, 374, 385, 390, 391, 392, 393, 395, 403, 404, 405, 406, 407, 408, 409, 411, 413, 416, 420, 421, 422, 423, 424, 425, 426, 427, 428, 429, 441, 451, 489, 490, 520, 535

ინდოეთი 411, 421

ისპანია/ესპანია 18, 551

კავკასია 164, 165, 168, 173, 285, 343, 344, 393, 396, 403, 408, 409, 427, 485, 555

კავკასიონის ქედი 213

კახეთი 45, 111, 160, 240, 247, 249, 251, 288, 289

კემბრიჯი 511

კოლხიდა 305

კონსტანტინოპოლი 166, 406, 408

ლეჩხუმი 349, 350, 351

ლიტვა 18

ლონდონი 210, 406

ლორი/ლორე 101, 308

მალტა 405

მანდიკორი 346, 347, 350

მესხეთი 165, 166, 173, 180

მეტეხი 348

მექვენი 349, 351

მექსიკა 323

მეხადირი/მახადირი 271, 426

მთიელთა რესპუბლიკა 18, 63, 64, 73, 88, 421

მოსკოვი 88, 97, 101, 284, 406

მოხისი 452

მტკვარი 304

ნახიჩევანი 405

ნოვოროსია 275

ნორვეგია 18

ოდესა 403, 409

ოზურგეთი 393, 394

ოკრიბა 345, 347, 348, 349, 351, 353, 446, 447, 448, 449, 451, 452, 453, 455, 456, 457, 459

ოსმალეთი 29, 31, 83, 159, 163, 164, 165, 166, 168, 169, 171, 173, 179, 180, 183, 298, 300, 393, 394, 402, 403, 404, 408, 409, 410, 416, 417, 427, 441, 449

ოტრადნოე 305

პარიზი 88, 98, 271, 284, 374, 380, 391, 400, 401, 402, 423

პეტროგრადი 263, 408

პოლონეთი 18

რაჭა 104, 109, 112, 113, 114, 167

როსტოვი 387

რუსეთი 19, 20, 22, 23, 24, 28, 29, 30, 31, 32, 33, 43, 44, 46, 67, 74, 81, 83, 121, 163, 164, 166, 173, 174, 179, 180, 185, 224, 225, 261, 268, 279, 284, 285, 288, 295, 296, 298, 299, 300, 301, 315, 331, 372, 374, 375, 377, 379, 381, 382, 383, 387, 388, 395, 400, 401, 402, 403, 405, 407, 408, 412, 419, 421, 424, 435, 438, 441, 449, 473, 484, 508, 510, 515, 519, 520, 531, 538, 550, 551, 554, 555

საბერძნეთი (ელინი) 18

სამტრედია 210

სამუსლიმანო საქართველო 74, 180, 181, 308, 357, 358, 429

სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო 372, 373

სამხრეთ კავკასია 168, 393

სამხრეთ ოსეთი 251

საფრანგეთი 17, 23, 67, 68, 70, 71, 90, 98, 102, 118, 121, 126, 128, 135, 140, 230, 235, 259, 260, 284, 299, 322, 323, 343, 344, 352, 372, 373, 374, 377, 382, 389, 391, 403, 404, 407, 408, 411, 436, 439, 441, 442, 458, 488, 489

საქართველო 17, 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 28, 29, 31, 40, 41, 42, 43, 44, 46, 50, 54, 57, 58, 63, 65, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 92, 94, 95, 96, 97, 98, 101, 103, 110, 114, 117, 131, 137, 145, 147, 152, 159, 161, 163, 164, 165, 166, 167, 169, 170, 171, 172 173, 179, 180, 181, 182, 183, 185, 187, 188, 189, 190, 201, 202 თითქმის ყველა გვერდზე

სეიდი 304

სენაკი 210

სერბია 120

სიღნაღი 126, 214

სომხეთი 18, 30, 31, 53, 73, 88, 166, 167, 173, 290, 343, 377, 405, 460, 492, 535

სოჭი 183, 271, 272, 275, 276, 277, 280, 281, 287, 304, 307, 392, 406, 414, 415, 423

სოხუმი 87, 129, 183, 392

სპარსეთი 18, 377, 441

სტამბოლი 173, 271

სურამი 210, 464

ტამალი 304

ტფილისი/თფილისი 17, 24, 27, 42, 45, 46, 49, 57, 63, 79, 83, 117, 139, 187, 201, 239, 251, 291, 303, 307, 332, 338, 357, 393, 399, 431, 450, 451, 454, 455, 461, 462, 469, 486, 495, 501, 510, 527, 532, 550, 553

ტყიბული 31, 32

უკრაინა 18, 31, 403

ფოთი 136, 451, 461

ფოცხოვის რაიონი/ფოცხვერი 167, 169, 170, 171, 180, 183, 308, 392, 393, 404, 406, 414, 416, 422, 423, 424, 425, 426

ქუთაისი 45, 83, 137, 199, 201, 310, 337, 345, 349, 352, 359, 399, 432, 446, 456, 469, 532

ყარაჯალა 109, 113, 114

ყარსის ოლქი 164, 165, 180, 304, 305, 393, 403, 404, 416, 515

ყუბანი/კუბანი 274, 275, 281, 282

შვეიცარია 17, 23, 41, 119, 121, 129, 136, 140, 141, 233, 258, 262, 263, 264, 269, 324, 343, 372, 442, 488

შორეული ჩრდილოეთი 473

ჩილი 373

ჩოლოქი მდინარე 394

ჩრდილოეთ კავკასია 173, 343

ციმბირი 473

ძეგვი 359, 400, 420, 432, 450, 470, 487, 488, 492, 494, 310

ძირანურა 304

წყნეთი 105

ხანიორი 304, 416

ხაშური 104, 113, 214

ჯავახეთი 165, 166, 173

ჰოლანდია 18

С

Северный полюс - 552

Тифлис - 54, 552

2.6.2.11.3 I ტომის პირთა საძიებლებისთვის გამოყენებული წყაროები:

▲ზევით დაბრუნება


1. გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები: 1917 წელი. https://www.militarium.org/shalva-maglakelidzis-mogonebebi-5/

2. ვერულავა თ. ტფილისის თავი ალექსანდრე ხატისოვი https://burusi.wordpress.com/2011/01/12/aleksander-khatisov-2/

3. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka

4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.

5. საქართველოს პროსოპოგრაფია http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965

6. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=37024

7. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი (1879-1927 წწ.) http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/

8. Исторический словарь. https://dic.academic.ru/dic.nsf/hist_dic/10714

9. Электронная библиотека исторических документов. Ауербах В.А. http://docs.historyrussia.org/ru/nodes/225-