The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი II

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი II


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები)
თარიღი: 2019
აღწერა: სერია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმები. 7 ტომად. ტომი II; 1919 წლის 30 მაისი - 25 ივლისი. იდეის ავტორი და შემდგენელი – ირაკლი იაკობაშვილი, წიგნის რედაქტორი და საძიებლის შემდგენელი – მზია ხოსიტაშვილი. წინათქმა ემზარ ჯგერენაიასი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა. 2019 წელი. 481 გვერდი. ISBN 978-9941-9652-8-9 (ყველა ტომის) ISBN 978-9941-9620-6-6 (მეორე ტომის) UDC(უაკ)328(479.22)+94(479.22) ს-323 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ 7-ტომეულში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პლენარული სხდომის ოქმები. სხდომის ოქმები წიგნის სახით პირ­ველად ქვეყნდება. გამოცემა დაეხმარება საქართველოს უახლესი ისტორიის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მკვლევრებს. „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკებში.

2 მეოცდაერთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 . მაისის 30. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დილის 12 საათსა და 30 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ.

მდივანი. დამდუძნებელ კრებას მოუვიდა მრავალი დეპეშები დღესასწაულის გამო. ზოგიერთ მათგანს მოგახსენებთ (კითხულობს) აზერბაიჯანის პარლამენტისა და აზერბაიჯანის პარლამენტის სოციალისტურ ფრაქციის მილოცვის დეპეშებს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან წლის თავის შესრულების გამო.

პრეზიდიუმს მოუვიდა განცხადება კრების წევრის კიკნაძისა, რომელიც თხოულობს ერთი თვით განთავისუფლებას ავადმყოფობის გამო.

თავმჯდომარე. უკაცრავად. ეს შეცდომით არის შემოტანილი. გთხოვთ, წაიკითხოთ დღიური წესრიგი,

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

მდივანი. სანამ დღიურ წესრიგს მოგახსენებდეთ, ნება მომეცით წავიკითხო კომისებში გადასაცემ კანონ-პროექტთა სია:

1. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი საშუალო სასწავლებელთათვის არსბულ ავანსის 150 მანეთიდან 1000 მან. გადიდების შესახებ. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

2. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა ახალციხე-ახალქალაქ-არტაანისა და სოხუმ-ახალსენაკის გზატკეცილების შესაკეთებლად 800,000 მან. გადადების შესახებ. გადაეცემა გზათა და საბიუჯეტო საფინანსო კომისიათ.

3. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი პირველდაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების მოწყობის შესახებ. გადაეცემა განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი. - რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტებისათვს ჯამაგირის მომატების კანონისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. საბოლოო ტექსტი - კანონისა სამოქალაქო კანონთა კრებულის მე-10 ტომ. 1 ნაწ. მე-9 მუხლისა და სისხლის სამართლის დებულების მე-1665 მუხლის გაუქმების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

3. საბოლოო ტექსტი - ბორჩალო-ახალქალაქის მაზრებში საერობო ყრილობათა ხმოსნების რიცხვის განსაზღვრის დეკრეტისა. მომხსენებელია გრიგოლ ნათაძე.

4. საბოლოო ტექსტი - ეპიდემიაში ბრძოლასთან დაღუპულ და შრომის უნარ დაკარგულ მოსამსახურეთა და მათი ოჯახების დახმარების კანონისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

5. პირველი განხილვა დეკრეტისა მთავრობის განკარგულებაში 20,000,000 მანეთის გადიდების შესახებ - ადგილობრივ საქონლის უცხოეთში გასატანად, დასამზადებლად და უცხოეთიდან საქონლის საქართველოში შემოსატანად. მომხსენებელია . თოფურიძე.

6. პირველი განხილვა კანონ-პროექტისა დაზარალებულ მეომართა ოჯახების დახმარების შესახებ. მომხსენებელია . გურული.

7. ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიის დადგენილება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი 1915-1917 წ.წ. საერობო ხარჯთ-აღრიცხვის 1919 წლისთვის განგრძობის შესახებ. მომხსენებელია გაბ. ცისკარიშვილი.

8. გაგრძელება მსჯელობისა სოც.-რევოლ. ფრაქციისა - შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა მიმართ შეკითხვის შესახებ. გაფიცვისთვის ქალაქის მოსამსახურეთა გადასახლებისა და დაპატიმრების გამო.

9. შეკითხვა სოც.-რევ. ფრაქციისა გზათა მინისტრისადმი - შავი ზღვის რკინის გზაზე სახაზინო ქონების დატაცების შესახებ.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. მაშასადამე წესრიგი მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნათაძეს.

საბოლოო ტექსტი.

გრ. ნათაძე. (სარედაქციო კომისიის სახელით კითხულობს დღიური წესრიგში აღნიშულ კანონების და დეკრეტის საბოლოო ტექსტს, რომელსაც დამფუძნებელი კრება ერთხმად ამტკიცებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ თოფურიძეს. (ხმები: თოფურიძე არ არის) შემდეგი კითხვა:

პირველი განხილვა კანონ-პროექტისა დაზარალებულ მეომართა ოჯახების დახმარების შესახებ.

მომხსენებელი ზ. გურული.

ზაქარია გურული. მდგომარე წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ სომხებთან ბრძოლა გვქონდა, როდესაც ყოველ დღე ათობით ახალგაზრდობა იხოცებოდა და, კიდევ მეტი, სახიჩრდებოდა ყოველ დღე, ყოველ დღეს ემატებოდა ობლები და უპატრონოდ დარჩენილი ოჯახები, მწვავედ დაისვა კითხვა მათი უზრუნველყოფის შესახებ. მაგრამ მაშინ ვერ სცნობდნენ მოსახერხებლად ესე საჩქაროდ მიეღოთ კანონი პენსიების შესახებ. ამიტომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთავრობის მიერ წარმოდგენილი დროებითი წესი - ომში დაზარალებულთა უზრუნველყოფის შესახებ. ეს დროებითი წესები ძალაში იქნება მანამ, სანამ დამუშავდება საერთო წესი პენსიების შესახებ. არსებული დროებითი წესები უზრუნველყოფს დახმარებითი სახით ოფიცრებს, ან გარდაცვალებულ ოჯახებს მათი ჯამაგირების ორი მესამედით, ხოლო ჯარის კაცებს ან გვარდიელებს - მოხალისეებს - მათი ოჯახების - ჯამაგირების ორი მესამედი, იმ ჯამაგირებისა, რომელსაც ისინი ღებულობდნენ მანამ ჯარში წავიდოდნენ. მაგრამ ეს დროებითი წესები, პარლამენტის მიერ მიღებული, 1991 წლის 31 იანვარს, შეეხებოდა მხოლოდ სომხებთან ომში დაზარალებულთა. პირველ მუხლში, ამ დროებითი წესების პირველ მუხლში პირდაპირ სწერია: (კითხულობს)

მაშასადამე, ეს დროებითი წესი არ შეეხება ყველა იმას, ვინც დაზარალდა დანარჩენ ფრონტზე, ან ვინც დაზარალდება შემდეგ ჩვენი ტერიტორიის დასაცავად. ამან კი თავისთავად შექმნა უხერხულობა. სხვა ფრონტებზე დაზარალებულნი, ანდა გარდაცვალებულების ოჯახები მოდიოდნენ ერთი მხრით სამხედრო სამინისტროში და მეორე მხრით გვარდიის შტაბში და ეს დაწესებულებანი მათ თხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ, ვინაიდან დროებითი წესები არ გულისხმობდა მათ. აი ამის გამო სამხედრო მინისტრის თანაშემწემ, თანახმად მთავრობის დადგენილებისა, წარმოგიდგინათ თქვენ დროებითი წესები, რომელიც შეიცავდა არა მარტო სომხებთან ომში დაზარალებულთ, არამედ ყველა ფრონტებზე, სადაც კი ასეთი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკას. სამხედრო კომისიამ განიხილა წარმოდგენილი დროებითი წესები და ნახა, რომ იქ შეცვლილი იყო მხოლოდ პირველი მუხლი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ 31 იანვრის დროებით წესებში, რომელიც შესდგება 16 მუხლიდან, ყველა დანარჩენი მუხლები ისეთივე იყო დატოვებული, როგორც იყო მიღებული პარლამენტის მიერ. ამიტომ სამხედრო კომისიამ უფრო შესაძლოდ სცნო, საქმის გაიოლებისათვის, გამოცემულიყო არა დროებითი წესის გამეორება, არამედ კანონი, რომლის ძალით გამოცემული, უკვე არსებული დროებითი წესი გავრცელდება ყველა ფრონტზე დაზარალებულთა და მათ ოჯახებზე. სამხედრო კომისიაში ამ კითხვის გადაწყვეტის დროს, რასაკვირველია, იყვნენ წარმომადგენლები სამხედრო უწყების და ისინიც ამას იზიარდნენ. და ეს თქვენს წინაშე განსახილველად წარმოდგენილი კანონი შესდგება სულ სამი მუხლიდან. მე ნებას მივცემ ჩემს თავს წავიკითხო ეს კანონი: (კითხულობს). აი ეს მთელი კანონი, რომლის ძალითაც, მაშასადამე, არსებული წესები, გამოცემული საქართველოს პარლამენტის მიერ, გავრცელებული იქნება ყველაზე, ვინც დაზარალდა 1918 წლის იანვრის პირველ დღიდან, ან ვინც დაზარალდება აწიც. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ტექსტში, ალბად ყურადღებას მიაქცევდით, „შინაურ ან გარეშე მტერთან ბრძოლაში, ან თავის მოვალეობის ასრულების დროს“. ეს უკანასკნელი სიტყვები: „თავის მოვალეობის ასრულების დროს“, კომისიამ შეიტანა იმიტომ, რომ არ დარჩენილიყო დახმარების გარეშე და შემდეგ ცალკე კანონის გამოცემა არ დაგვჭირვებოდა იმ ჯარისკაცების ან გვარდიელების შესახებ, რომლებიც პირდაპირ ფრონტზე ომში ბრძოლის დროს არ მომკვდარან და არ დაზარალებულან, მაგრამ მოვალეობის ასრულების დროს, შემთხვევით. ასეთი მაგალითები არის. შემთხვევები ყოფილა, რომ სამხედრო საწყობთან დგომის დროს მოხდა თავდაცემა, როცა ის იცავდა ხაზინის ქონებას. მაშასადამე, თუ ხაზინის ქონების დაცვის დროს ის დაიჭრა ან მოკვდა. აი აქ ამ სიტყვის დამატებით კომისიას მიზნად ჰქონდა, რომ კანონში მოქცეულიყო ისიც და ცალკე კანონის გამოცემა მისთვის მერე არ დაგვჭირვებოდა. ეს კანონი არის წარმოდგენილი, რომელსაც გთხოვთ სამხედრო კომისია მიიღოთ დღეს.

თავმჯდომარე. კანონი რეგლამენტის ძალით განიხილება შემდეგ. შემდეგი - კომისია თხოულობს, რომ დეკრეტი, ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიის დადგენილება, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი 1815-1917 წ. საერობო ხარჯთ-აღრიცხვის 1918 წლისთვის განგრძობის შესახებ - მოხსნილი იქმნას. რადგანც კომისიას ამის უფლება აქვს, ეს დეკრეტი დროებით მოხსნილია.

სიტყვა ამ მე-17 საკითხის შესახებ ეკუთვნის მომხსენებელს ცისკარიშვილს.

გაბრ. ცისკარიშვილი. (ს.-დ.) ადგილობრივ თვითმმართველობის კომისიში შემოსული იყო კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროს 1915-1917 წელს ხარჯთ-აღრიცხვის გაგრძელების შესახებ 1919 წლისათვისაც, მაგრამ, ვინაიდან პირობები შეიცვალა და ძველი ხარჯები არ გამოდგება ამ დროისათვის, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუთანხმდა თვითმმართველობის კომისიას და ეს კანონი დროებით მოხსნა, ვინემ კომისია შეიმუშავებს ახალ პროექტს.

თავმჯდომარე. მოხსნილი გახლავთ. შემდეგი საკითხი.

გაგრძლება მსჯელობისა სოც.-რევ. ფრაქციის შინაგან და იუსტიციის მინისტრთა მიმართ შეკითხვა - შესახებ გაფიცვისთვის ქალაქის მოსამსახურეთა გადასახლების და დაპატიმრების გამო.

სიტყვა ეკუთვნის ბ. შინაგან საქმეთა მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვა

ნოე რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! სოციალ-რევოლუციონერთა ფრაქციის შეკითხვა მიმართულია ქალაქის თვითმმართველობისადმი, მაგრამ ვინაიდან ის პარტია, რომლის წარმომადგენელნიც აქ სხედან, ისეთი რევოლუციონური არის, - რომ რევოლუციონურმა დემოკრატიამ მას არც ერთი სახმოსნო ადგილი არ არგუნა თბილისის თვითმმართველობაში, ამიტომ ამ შეკითხვით გამოდიან აქ.

ის, რაც უნდა ეთქვათ უმთავრესად მდგომარეობს შემდეგში: ბ-ნნი ესერები აცხადებენ, რომ მმართველ პარტიის პოლიტიკა დაშორდა არა თუ სოციალიზმს, დემოკრატიზმსაც კი. უმთავრესი მათი საბუთი არის ის, რომ ამ ხნის განმავლობაში, როგორც ისინი ირწმუნებიან, ჩვენ ვადგივართ გზას თვითნებობისას, დაპატიმრებისას, გადასახლებისა და სხვა ადმინისტრატიულ ზომებისას. ამიტომ მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო აქ, თუ მართლა როგორ იქცევა რევოლუციონური მთავრობა ისეთ ხანებში, ისეთ მომენტში, რომელსაც განიცდის დღეს ჩვენი რესპუბლიკა. ეს შეიძლება საჭირო იყოს შემდეგისთვის, რომ ასეთი შეკითხვა იშვიათი იყოს და სხვა შეკითხვები მონახონ. აი ბ-ნებო არა ჩვენმა მთავრობამ, არამედ რევოლუციონურ კონვენტმა 1793 წ. გამოსცა დეკრეტი, რომლითაც რევოლუციონურ ტრიბუნალს მიანიჭა ძველი წყობილების მომხრეების რესპუბლიკის საზღვრებიდან გაძევების უფლება, ამასთან მოგახსენებთ იმასაც, რომ რევოლიუციონური ტრიბუნალი მოქმედებდა არა კანონის თანახმად, ბ-ნო სოციალისტ-რევოლიუციონერებო, არამედ თავისი შეხედულებისამებრ. იმავე წელს კონვენტმა გამოსცა დეკრეტი მოქალაქეთა საყოველთაო გაჩხრეკის შესხებ. როცა ჯარი გაიწვიეს საზღვრებზე რესპუბლიკის დასაცავად და მთავრობამ არ იცოდა, როგორ უნდა აელაგმა ძველი წყობილების მომხრენი, დადგენილ იქმნა, ემიგრანტების, ყოფილ აზნაურთა, მთავრობის მოწინააღმდეგეთა და მათი ნათესავების დატუსაღება, როგორც მძევლებისა. იმავე 1793 წ. კონვენტმა გამოსცა განსაკუთრებული დეკრეტი, რომლის თანახმათ უნდა დაეპატიმრებიათ „ყველა საეჭვო პირები, რომელნიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან და დღემდის თავისუფალნი არიან“, როგორც ნათქვამია დეკრეტში. დასასრულ ამ დეკრეტის მე-10 მუხლით მთავრობას უფლება ეძლეოდა საპატიმროში დაეტოვებინა ის პირნი, რომელთათვის შეუძლებელი იყო გარკვეულად რაიმე ბრალდების წამოყენება. აი ასე იქცეოდა რევოლიუციონური საფრანგეთი. მართალია იმ თვალსაზრის, რომლისაც ესერების ფრაქციაა, ამ თვალსაზრისის წარმომადგენელ12

ნიც იყვენენ საფრანგეთში, მაგრამ იცით ვინ იყვნენ ისინი? როიალისტები. და ჩვენ ვიცით, რომ აგრეთვე რევოლიუციონურ რუსეთშიაც იყვენენ ასეთი აზრის წარმომადგენელნი და იცით ვინ? კადეტები და სხვა ასეთები; ჩვენშიაც არიან, რასაკვირველია, მონათესავე ჯგუფები (ხმაურობა, რეპლიკები არ ისმის!)... მე სიამოვნებით მოვისმენ თქვენ განცხადებას, მე უნდა მოგახსენოდ, რომ ახლანდელი როიალისტები ჩვენი კადეტები არიან და აქ თუ თქვენ დაუკვირდებით, ჩვენში იყვნენ ასეთი რევოლიუციონურ ზომების წინააღმდეგ რუსეთის მოხელეები, სწორედ ის მოხელეები, რომელნიც სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის უმთავრეს ბურჯს წარმოადგენენ. მართალია, ეხლა ეს მოხელეები ბოლშევიკობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ბოლშევიზმი და დენიკინიზმი; ჩვენ ვიცით, რომ მათი სურვილი ერთი და იგივე არის - დამხობა ჩვენი რესპუბლიკისა და ამ მიზნით ისინი შეუერთდებიან, როგორც საბჭოთა რუსეთს, აგრეთვე დენიკინის რუსეთსაც. ჩვენ საერთოდ ხშირად გვისაყვედურებენ, რომ თქვენ მიმართავთ რესპრესიებს არა მარტო როიალისტები და იმათ მზგავს ელემენტების წინააღმდეგ, არამედ სოციალისტების წინააღმდეგაც. მე საჭიროდ მიმაჩნია მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ დიახ, ჩვენ ასეთ ზომებს მივმართავთ. კერძოდ, მივმართეთ ბოლშევიკების წინააღმდეგაც... (დენიკინთან ერთად!) თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ჩვენ სწორედ დენიკინის წინააღმდეგ ვიღებთ ამ ზომებს და თქვენ კი სწორედ იმ დროს, როცა დენიკინი ხმალს ლესავს ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ, მაშინ მიმართავთ ასეთ ზომებს, შემოგაქვთ ისეთი შეკითხვები, რომელიც არსებითად სასარგებლოა დენიკინისთვის, ხელს უხსნის დენიკინს და მის ლაშქარს. (მართალია! ხმა ესერებისგან: „ეს პროვოკაციაა“!) უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მართლა მივმართავთ ბოლშევიკების წინააღმდეგ რეპრესიებს და მივმართავთ ასეთ რესპრესიებს იმიტომ, რომ... (ხმაურობა. თავმჯდომარე: გთხოვთ, ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ).

ჩვენ ვიცით: - ისინი არიან წარმომადგენელნი ანარქიისა, ანარქია კი საუკეთესო ნიადაგია რეაქციის გასაძლიერებლად. მე მგონია, მართლაც მჭერმეტყველური სიტყვა აკაკი წერეთლისა უკვე გამართლდა, - რუსეთში ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლშევიკებს დარჩათ ის კარი, რომლითაც რუსეთს ეპატრონება შავი ძალა დენიკინისა. ამიტომ ნურას უკაცრავათ შემკითხველებთან, თუ ჩვენ მართლაც ისეთ ელემენტების წინააღმდეგ, რომელნიც ფაქტიურად აკეთებენ საქმეს არა რევოლიუციისას, არამედ რეაქციისას, თუ ჩვენ ასეთ ელემენტების წინააღმდეგ მივიღებთ იმ ზომებს, რომლებსაც მუდამ იღებდა ყოველი რევოლიუციონური მთავრობა.

მაგრამ ამბობენ, - ასეთ ზომებს მიმართავთ თქვენ სხვა ელემენტების წინააღმდეგაცო. ეს მართლია, მივმართავთ სწორედ იმიტომ, რომ მე, როგორც მოგახსენეთ იმ ელემენტების მეტამორფოზა, პარტიული მეტამორფოზა, ხდება ელვის სისწრაფით. ჩვენ გვახსოვს პატრიოტების საზოგადოება 1905 წელს, რომელიც გაბატონებული იყო იმ ხანებში და შემდეგ რეაქციის ხანაშიც, სადაც მოკალათებული იყვნენ რუს მუშათა დიდი ნაწილი, კერძოთ რკინის გზის სახელოსნოში. თქვენ იცით, რომ ეს ნაწილი მუშებისა ამ ჟამად ბოლშევიკობს, ან შეიძლება ზურაბოვის ჯგუფს ეკედლება და ხანდახან, რა13

საკვირველია, იმ ჯგუფსაც, რომლის წარმომადგენლები აქ სხედან და ასეთი შეკითხვები შემოაქვთ. მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ელემენტებს ერთი რამ ამოძრავებს. - ეს არის სურვილი ჩვენი რესპუბლიკის დამხობისა და რუსეთის აღდგენისა, სულერთია, იქნება ეს რუსეთი დენიკინისა თუ ლენინისა. და ეს მით უფრო, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ლენინის ბატონობა დროებითია, წარმავალია, რომ მას ასე თუ ისე ბოლო ეღება, ვინაიდან ანარქია საბოლოოდ ვერსად დამკვიდრდება.

აი ასეთი არის ჩვენი პოზიცია, პრინციპიალური პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვადგევართ და რომლიდანაც ჩვენ, სანამ დამფუძნებელი კრება თავის აზრს არ გამოიცვლის, ჩვენ არ გადავუხვევთ.

აქ შეკითხვის ავტორნი მეორე ნაირად, თუ ასე შეიძლება ითქვას, სტრატეგიულ შემოვლას აწარმოებენ. ისინი ლაპარაკობენ არა საერთო რეპრესიებზე. თუმცა ყოველთვის რეპრესიებზე ფართო საზომით ლაპარაკობდნენ - დღეს ამ შემთხვევაში ისინი ლაპარაკობენ ქალაქის მოსამსახურეების გაფიცვის გამო დაპატიმრების შესახებ. მე საჭიროდ მიმაჩნია გავნაცხადო, რომ გაფიცვისთვის, როგორც ასეთისთვის არავინ დაპატიმრებული არ არის და მათ წინააღმდეგ არავითარი რეპრესიული ზომები არ იყო მიღებული (ხმაურობა). გაფიცვის შესახებ, მე, როგორც წინად მოგახსენეთ პასუხს უნდა აგებდეს ქალაქის თვითმმართველობა, ბ-ნნო სოციალურ-რევოლიუციონერებო, არა აქ, არამედ იქ, ქალაქის თვითმმართველობაში. (შენგელაია: მეორე სახელმწიფოა?) მეორე სახელმწიფო კი არ არის, არამედ ის მეორე ორგანოა და ის ორგანო, სადაც თქვენ დემოკრატიამ არ გაგზავნათ... (შენგელაია: მეშჩანებმა!) რამდენად ამ გაფიცვისთვის სურდათ მიეცათ პოლიტიკური სარჩული და გამოეყენებინათ ეს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამის შესახებ, რასაკვირველია, აგებს აქ პასუხს მთავრობა და აგებს შემდეგნაირად: ქალაქის მოსამსახურეთა დელეგატთა კრებაზე წარმოთქმული იქნა შემდეგი სიტყვა: „თუ თქვენ სახელმწიფოს არ აქვს ფული დაიხუროს თქვენი სახელმწიფო“... ამ განცხადებას კრება მხურვალე ტაშისცემით შეხვდა. (ხმა: დამსწრენი?) დიახ ერთმა დამსწრემ განაცხადა და ყველა დამსწრენი მხურვალე ტაშით შეხვდა. აგრეთვე მოისმინეს მეორე განცხადება: „ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა შორის უნდა მოიშალოს ყოველივე საზღვარი და ამიერ-კავკასია უნდა შეუერთდეს რუსეთის საბჭოთა მთავრობას, მაშინ ფულიც გამოჩნდებაო“. ეს განცხადებაც კრებამ ტაშისცემით მიიღო. ფული მართლაც გამოჩნდა. ეს იყო ჩვეულებრივი ბნელი თანხა, რომლითაც დემოკრატიის მოწინააღმდეგენი, მუდამ დემოკრატიის ბატონობას ძირს უთხრიან. და რა სუნი უდის ამ ფულს, რომლის შესახებ თქვენც იცით, ეს მგონია საეჭვო არავისთვის არ უნდა იყოს. აგრეთვე აღსანიშნავია ერთი გარემოება. - ეს იყო გაფიცვის კომიტეტის დადგენილება: - ალბათ ესეც იყო დადგენილება ეკონომიური ხასიათისა, - რომ „საავადმყოფოებში მიღებული იქმნენ მხოლოდ ბოლშევიკები,“ და როცა ისეთმა დადგენილებამ სამართლიანი განცვიფრება გამოიწვია, მაშინ გაფიცვის კომიტეტმა დაადგინა: „მიღებულ იქმნენ აგრეთვე ლტოლვილებიცო, (ხმა: ლტოლვილები არიან იგივე ბოლშევიკები) ასეთი დადგენილება გასაგები იქნება ყველასთვის, თუ თქვენ სახეში იქონიებთ 14

იმ გარემოებას, თუ ვინ ცდილობდა გაფიცვის გამოყენებას. სხვათა შორის მე აქ უნდა გარკვეულად მოგახსენოთ, რომ გაფიცვის კომიტეტში თავმჯდომარეობდა ბოლშევიკი კაჩხოევი, მდივანი იყო აგრეთვე ბოლშევიკი ხვალისი, ხოლო საერთო კრებაზე თავმჯდომარეობდა მუდამ ბოლშევიკი ნუცუბიძე. დიახ, ნუცუბიძე, ბოლშევიკი, არსებობს ასეთი (სიცილი). მე მოგახსენებთ, რომ თქვენ ალბად დარწმუნდებით, უნდა ჰქონოდა პოლიტიკური ხასიათი ამ გაფიცვას და რომ ეს ასე იყო, მე მგონია ეს იცის ყველამ, გარდა იმ ფრაქციისა, რომელიც აქ იმყოფება. სხვათა შორის აი რას სწერდა ესერების ორგანო, მეორე ესერების ორგანო: «Въ начавшейся забастовкђ без сомнънîя есть не только «экономика», но и «политика»... будь передъ глазами служащихъ истинно демократическîй муниципалитетъ, работай они въ атмосферъ всеобщаго сочувствîя къ думъ со стороны городского населенîя, и нынъшнî »наемники» и «контреволюц.» едва ли бы ръшились на такой героическî шагъ, какъ забастовка... Начавшаяся забастовка - лишь первая ласточка въ рядъ предстоящихъ недоразумънîи конфликтовъ, питаемыхъ нынъшней внутренней и внъшней политикой с.-д. правительства». (Народное Знамя, № 54).

და თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ბ. ესერებმა კარგათ იციან, ყოველ შემთხვევაში ამ რევოლიუციონურ ხანაში თავისუფალ წერასაც აქვს ერთნაირი საზღვარი, მე მგონია თქვენ მიხვდებით თუ რაში იყო აქ საქმე. საერთოდ თუ თქვენ დაუკვირდებით იმას, რასაც აკეთებდნენ აი, ამ ხნის განმავლობაში მართლაც გაფიცვის მეთაურნი, თქვენ დარწმუნდებით, რომ მათი მიზანი, ერთად ერთი, იყო არა ბრძოლა ქალაქის თვითმმართველობის წინააღმდეგ, ეს იყო ერთნაირი საბაბი, ერთნაირი ხელჩასაკიდი საშუალება, მაგრამ უმთავრესად კი ისინი სცდილობდნენ გამოწვეული მოძრაობა აქ დაეკავშირებინათ ბაქოსთან, და მაშინ რასაკვირველია, თქვენთვის აშკარა იქნება ის გარემოება, რომ აქ ცხადდება ბ-ნი ილინი, წარმომადგენელი ბაქოს მუშათა კავშირისა და აცხადებს:

«Приветствую васъ, как часть россîйского пролетарîата, - ведующаго борьбу за право на существованîе ... Данная забастовка носитъ не только местный характер, - Тифлийскîй, но и закавказскîй, россиийскîй и международный. Сейчас весь мîр разделился на два лагеря, - труда и капитала, и наше место въ первом из нихъ». და სხვა და სხვა.

ესეც ალბად იმას მოწმობს, რომ ქალაქის მოსამსახურეები შიმშილით კვდებოდნენ, ამიტომ აიღეს ეს იარაღი ხელში, ამიტომ ეკვეთენ თბილისის ქალაქის დემოკრატიულ თვითმმართველობას? ასეთ პირობებში სრულიად აშკარა უნდა ყოფილიყო... (ხმა: კონიევის საბუთი!) მე კონიევის საბუთით არ მოგაწყენთ თავს, იმიტომ რომ კონიევის საბუთზე აქ იყო ნათქვამი. მე ვლაპარაკობ, როგორც წარმომადგენელი მთავრობისა და არა როგორც - ქალაქის თვითმმართველობისა. ასეთ პირობებში აუცილებელი იყო, მოქალაქენო დაფუძნებელ კრების წევრნო, ამ გაფიცვაში მთავრობის ჩარევა. არასოდეს არ შეიძლება გამართლებულ იქნეს ისეთი გაფიცვები, რომელთაც ასულდგმულებს, არა ეკონომიური მიზანი, არამედ პოლიტიკური, თუ ეს მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ. მე მგონი, ეს თქვენც უნდა იცოდეთ. დემოკრატია ვერ გაამართლებს, იმ ნაწილს ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეებისას, ვინც წინათ ხელ-ფეხს ულოკავდა სომხების პლუტოკრატიას და გაფიცვას მიმართა მხოლოდ მაშინ, როცა აქ ახალ სახელმწიფოს წყობილება განმტკიცდა და საჭირო იყო სწორედ ამ წყობილების ხელის შეწყობა.

მე უნდა მოგახსენოთ, ამ გაფიცვაში შეხმატკბილებულნი მოდიოდნენ როგორც ბოლშევიკები აგრეთვე ის დენიკინელები, რომელნიც მუდამ მზად არიან, ყოველ ძალას სადაც უნდა იყოს, რანაირი ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს, შეუერთდნენ, თუ ეს ძალა მიმართული ქნება საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ სოციალ-რევოლუციონერები შეშფოთდნენ, ვინაიდან ეს იყო იმ ძველ მოხელეების დამარცხება, რომელნიც ესერების უმთავრეს ძალას წარმოადგენენ, სულ ერთია დაყოფილია ეს პარტია ორ თუ სამ ბანაკათ. დღეს, როდესაც ბნელი ძალები, ბნელი გარეშე ძალები ემუქრებიან ჩვენ რესპუბლიკას, სწორედ ასეთ შეკითხვის შემოტანა ნიშნავს მხოლოდ ერთად ერთს, დენიკინის წახალისებას და მათი რაზმების წისქვილის აბრუნებას. საქართველოს დემოკრატია და მისი ნდობით აღჭურვილი მთავრობა ერთ წუთსაც არ გადაუხვევს იმ რევოლიუციონურ გზას, და ბნელ ძალის წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენ დემოკრატიას და თავისუფლებას ემუქრებიან. ის ამ ძალების წინააღმდეგ მიიღებს ყოველნაირ ზომებს, რომელიც არა ერთი გზით დადასტურებულია ყოველნაირ რევოლიუციონურ ხანაში. (ტაში).

თავმჯდომარე. ჩაწერილი აღარავინ გახლავთ. გთხოვთ, შემოიტანოთ წინადადება. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჩხიკვიშვილს.

ბენიამენ ჩხიკვიშვილი (ს.დ). ბატონებო! სოციალ-რევოლიუციონერების ფრაქციის მიერ შემოტანილ შეკითხვის შესახებ დამფუძნებელ კრებას სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მე მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

თავდაპირველად შეკითხვას შესახებ დამფუძნებელ კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მე მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

თავდაპირველად შეკითხვის სისწრაფეზე, რომელიც მიღებულია თქვენ მიერ, რადგანაც შემკითხველებმა მას მისცეს ასეთი ხასიათი უნდა მოგაგონოთ, რომ ეს ამბავი, რომელმაც მიიპყრო დღეს ამ ფრაქციის ყურადღება და ასეთ სასწრაფო საომარ საკითხად გაუხდიათ, მოხდა ამ ორი თვის წინედ. მოგხსენდათ იმათ ბაგით, რომ მშრომელი ხალხი, პროლეტარიატი გაფიცულან და ნაცვლად იმისა, რო დემოკრატიულ მთავრობას, დემოკრატიულ ორგანოებს გაეგოთ მათი გაჭირვება და მოხმარებოდენ, ციხეში ჩაამწყვდიეს, ყურადღებას არ აქცევდნენო. ძალიან სასურველი იყო ეთქვათ მათთვის ამ ჭეშმარიტ დამცველებს ვითომც დემოკრტიის ინტერესებისას, რატომ ორი თვის შემდეგ მოაგონდათ ასეთი ამბავი, თუ კი მართლა ასეთ უსამართლობას ჰქონდა ადგილი თბილისში? რატომ აქამდისინ არ გაიგეს? (შენგელაია: მოგახსენეთ მაგაზე!) ის რაც თქვენ მოიხსენიეთ ვერ არის იმის დამასაბუთებელი, რომ თქვენ სასწრაფოდ შეასრულეთ ის ვალი, რომელიც თქვენ გაწვათ კისერზე (ხმაურობა). რამდენადაც თქვენ შეასრულეთ თქვენი ვალი და შეასრულებთ მომავალში, ჩვენ კი ამაზე მოგახსენებთ.

ამას გარდა, საყურადღებოა შემდეგი მოსაზრება: აქ ლაპარაკობდნენ მუშების სახელით, სთქვეს, რომ მშიერნი საჭმელს თხოულობდნენ სამარ16

თლიანად, და თქვენ ისინი დაატუსაღეთ, ციხეში დაამწყვდიეთ, და სანამდის უნდა იყოს ეს თვითნებობაო? (ხმაურობა).

ბატონებო! უნდა იცოდეთ, რომ მუშები არამც თუ არ ხელმძღვანელობდნენ, არამც თუ არ იყვნენ სულის ჩამდგმელნი ამ გაფიცვისა, მათ მონაწილეობაც არ მიუღიათ მასში: ეს შეიძლება ამათ არ იცოდნენ, რადგანაც ზერელედ იცნობენ საკითხს.

ყველა ამ გვარი შეკითხვის დანიშნულება ისაა უმთავრესად, რომ თავიანთ ამომრჩევლებს ბ.ბ. ესერებმა მოაგონონ თავიანთი არსებობა ჩვენს სახელმწიფოში. (ხამაურობა). მე მესმის ტრაგიკული მდგომარეობა თქვენი, როდესაც სხვა არავითარი დადებითი, ნამდვილი პარლამენტარული, ნამდვილი დემოკრატიულ მუშაობისთვის არც ძალა შეგწევთ, არც უნარი. მე მესმის, რომ როგორმე უნდა მოაგონოთ თქვენი არსებობა ვისმეს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ დამფუძნებელ კრების წევრნი ხართ, და ყოველთვის, რომ უსაფუძვლო შეკითხვებით შეეცადოთ თქვენი არსებობის დამტკიცებას, მართალია დაამტკიცებთ უკიდურეს შემთხვევაში, რომ არსებობთ, მაგრამ არა იმ ადგილას, და არა იმ სახით, რომლითაც უნდა იარსებოთ (ტაში).

მთავრობის სახელით შინაგან საქმეთა მინისტრმა სთქვა, ეს შეკითხვა, თქვენ რომ გყოლოდათ თქვენი წარმომადგენელნი ქალაქის თვითმმართველობაში იქ უნდა გაგეკეთებინათო. მე დავამშვიდებ იმ მემერცხენეებს, რომ მაგათი წარმომადგენელნი მართალია იქ არ არის, მაგრამ არის ერთი კაცი იქაც შემთხვევით, რომელიც მათი მეგობარია რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. (შენგელაია: სირცხვილი!) შემოტანილი არის ასეთი შეკითხვა და კიდეც მიიღებს უსათუოდ პასუხს.

მინისტრმა მოგახსენათ, რომ დამტკიცებულად უნა ჩაითვალოს ამ გაფიცვის პოლიტიკური ხასიათი. ესე იგი უმთავრესი მისი მომენტები, რომ პოლიტკური ხასიათით იყო გაჟღენთილი და არა ეკონომიურით.

ჩვენთვის, სოციალ-დემოკრატებისათვის, ძალიან ადვილი გასაგები იყო და გაგებულიც გვაქვს, საზოგადოდ გაფიცვა, მისი ფსიხოლოგია, მშრომელ ხალხის ბრძოლა ამ იარაღის საშუალებით, რა მნიშვნელობა და რა ფასი აქვს მუშების ხელში საზოგადოდ გაფიცვას მათი ინტერესების დასაცავად. თქვენ მემმარცხენეები სულ მცირე წლოვანები ხართ. ჯერ არ მინახავს არც ერთი თქვენ მიერ მოწყობილი გაფიცვა ამიერ-კავკასიაში, ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენ გაფიცვას ხელმძღვანელობდით სადმე, მაშინაც კი, როდესაც მართლა საჭირო იყო ასეთი გაფიცვა მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, აშკარად ცარცვა-გლეჯის და ყვლეფის წინააღმდეგ, თქვენი უნარი ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვინახავს, ჩვენი კი თქვენც გინახავთ. (ხმაურობა) თქვენ დამიმტკიცეთ ფაქტებით და არა ხმაურობით (ხმაურობა).

თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ, ტრიბუნა თავისუფალია, მობრძანდით და გაეცით პასუხი. გთხოვთ განაგრძოთ.

. ჩხიკვიშვილი. რეპლიკებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია, როდესაც გამოსთქვამს თავის აზრს მკაფიოდ, მაგრამ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ მოლაპარაკეს, სრულიად უადგილო და დაუშვებელია.

მე შევეცდები კიდევ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს გაფიცვა სწორედ პოლიტიკური ხასიათისა იყო. პირველი დამამტკიცებელი საბუთი ამისა - ვინ აწარმოებდა ამ გაფიცვას. მაგათ შეიძლება არ იციან, მაგრამ სხვამ ყველამ იცის, ვინც აწარმოებდა ამ გაფიცვას? პროფესიონალური ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, როგორც არის კავშირი, კავშირთა-კავშირი და სეკრეტარიატი, უზენაესი ორგანო მშრომელი ხალხის და მის ინტერესების ყოველმხრივ დამცველი მუშათა დეპუტატთა საბჭო, ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი ამ ორგანიზაციათაგანი გაფიცვას არ ხელმძღვანელობდა. პირიქით როცა გაიგეს მათ მოსალოდნელი გაფიცვა, გაითვალისწინეს, რომ ეს გაფიცვა არსებითად მიმართული იყო რევოლიუციის მონაპოვართა და პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ, რომ სურთ ზურგიდან მახვილი ჩასცენ დემოკრატიულ წყობილებას, და მის ერთ უძლიერეს დემოკრატიულ ორგანოს, თბილისის თვითმმართველობას. იმავე წუთში ჩაერივნენ, უნდოდათ გაეხილათ თვალი მათთვის, ვინც მოტყუილებით მიჰყვებოდნენ იმ ხელმძღვანელებს, რომელთაც მიზნათ ჰქონდათ მხოლოდ რესპუბლიკისთვის და დემოკრატიულ მმართველობისთვის ზარალის მოტანა და ამით განადგურება, თუ კი ამას მოახერხებდნენ. იმავე წუთში ჩაერივნენ, და ამ მუშათა ორგანიზაციებმა მიიღეს ყოველგვარი ღონისძიება, ახსნეს, განმარტეს, თავინთი რეზოლიუციები გამოიტანეს, გამოვიდნენ პირად შუამდგომლობით, - არაფერმა არ გასჭრა, და ამ „პროლეტარიატმა“ (ფრჩხილებში) დაიწყო გაფიცვა. ეხლა მოგეხსენებათ, ქალაქს აქვს ბევრი საკუთარი წარმოება, როგორც არის სასაკლავო, წყალ-სადენი, ტრამვაი და სხვა და სხვა დარგები, ამ დარგებში 1500, 2000 მუშა არის. არც ერთ ამ დარგის მუშამ ამ გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღო. პირიქით მათი ხმა შეუერთდა ქალაქის საბჭოს დადგენილებას, მათი ხმა მუშათა ორგანიზაციის ხმას შეუერთდა, რომელიც ამ დეზორგანიზაციულ გამოსვლას გამოხატავდა გაკიცხვით. ხელმძღვანელობდა კი ამ გაფიცვას ვინ? ეს ის მოსამსახურეები, ჩინოვნიკები ქალაქის თვითმმართველობისა, რომლისთვის ამ უკანასკნელ გაფიცვის დღემდინ, ძალიან თბილ ალაგებს და საკუჭნაოებს წარმოადგენდა ქალაქის თვითმმართველობა, და მოიკალათეს იქ მაშინ, როდესაც დაშნაკელები იყვნენ მოკალათებულნი ამ ალაგებზე. გასაკვირველი არ არის, რომ მათ, ასე ადვილად გადადგეს ეს ნაბიჯი, ეს ბუნებრივი იყო მაშინ, რადგანაც ამ ჩინოვნიკების ინტერესები სწორედ ამას მოითხოვდა, რადგან მათ ბედნიერებას და იქ მოკალათებას ბოლო მოეღო. დემოკრატიული სახელმწიფო შენდება და დღითი დღე ის მაგრდება მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ არ სურთ. ხედავდნენ ადგილობრვ თვითმმართველობაში დემოკრატიის ნამდვილ ინტერესების გამომხატველნი იმარჯვებენ და ღებულობენ მმართველობის საქმეს თავის ხელში, ხედავდნენ დღითი დღე საქართველოს რესპუბლიკა როგორ მტკიცდებოდა, ადგილობრივი დემოკრატიული თვითმმართველობა შეიქმნა, და იქ ნამდვილი მშრომელი ხალხის ინტერესი გაბატონდა. ამას ხედავდნენ, და ამ სულის გაბატონება კი თვითმმართველობაში მათ დასამარებას მოასწავებდა.

სწორედ ეს მოითხოვდა, რომ იმათ გადაედგათ ეს ნაბიჯი გაბატონებულ პოლიტიკის წინააღმდეგ, და თუ შეიძლებოდა ამით ხელი შეეშალათ მის გამაგრებასა და ზრდისთვის. სწორედ ამიტომ იყო ეს ჟინიანობა გამოწვეული, ამით აიხსნება ის ჯიუტობა, მთელი გაფიცვის დროს, რომელიც გამოიჩინეს გაფიცულებმა და განსაკუთრებით მათ ხელმძღვანელებმა. არავითარი პროფესიონალური ორგანოების დარიგება, რჩევა, და გადაწყვეტილება, არც მუშათა საბჭოს აზრი, არც უმთავრეს ორგანოს სეკრეტარიატის აზრი, მათ მხედველობაში არ მიიღეს და გადადგეს ის ნაბიჯი, რომლისაც დამარცხება უნდა მოყოლოდა და მოყვა კიდეც. მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი შეუგნებელი მუშაკები დაიყოლიეს ამ ძველ ჩინოვნიკებმა მოტყუილებით და, მოტყუებით ამ გზას გაჰყვნენ. ქალაქის თვითმმართველობის წინააღმდეგ მიმართული არის შეკითხვა, და პასუხს იქ მისცემენ, მაგრამ ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ იმაზე, თუ როგორ შეხედა გაფიცვას იმ ორგანომ, როდესაც თავიდან უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი. ის დაადგა მორიგების ახნა, განმარტების გზას, რატომ გამოიწვია ეს გაფიცვა ჯამაგირების მიუცემლობამ. მან აღუთქვა მომავალში დაკმაყოფილება და შეეცადა, რომ ეს გაფიცვა არ მომხდარიყო, და თავიდანვე თვითმმართველობის გამგეობამ მიიღო ყოველგვარი ღონისძიება, რომ შეეგროვებინა ფული და საბუთი მოესპო ამგვარ გამოსვლისთვის. მაგრამ, ბატონებო, უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ ფინანსიური მდგომარეობა არა თუ მარტო ქალაქის თვითმმართველობაში, არამედ სახელმწიფოშიაც იმგვარია, რომ აქ მაინც და მაინც დიდი მოთხოვნილების მიღება და ისეთ სწორი გზით სიარული, როგორც მათ სურთ, ქაღალდის ფულზე ყოვლად შეუძლებელია. იმათ უხსნიდნენ, უმარტავდნენ, უმტკიცებდნენ, საშუალება მოგვეცით, რაც გვაქვს იმას გაძლევთ, როცა გვექნება მოგცემთ, ხვალ, ზეგ, შევეცდებით ახლო მომავალში გადავიხადოთო მთლათ ის ჯამაგირები, რომელიც ქალაქის თვითმმართველობას აწევსო, მაგრამ იმათ არავის რჩევას არ დაუჯერეს და გაფიცვა გამოაცხადეს, ვითომ და ეკონომიური.

ეკონომიურ გაფიცვას მიზანი უნდ ჰქონდეს თუ არა? დიახ, უნდა ჰქონდეს. გაფიცულები უნდა მოელოდნენ თავის მოთხოვნილებათა მოპოვებას. ისინი თხოულობდნენ რას? ჯამაგირების მიღებას. რატომ არ აძლევდნენ ჯამაგირებს? იმიტომ რომ არ ჰქონდათ ფული. მუშაობაზე ხელის აღებით, მუშაობის შეჩერებით, მისი მთავარი პირველი ნერვის განგმირვით გაძლიერდებოდა ქალაქის კასა? შემოსავალი იმატებდა? არა რასაკვირველია. ეს მათ იცოდნენ, ეს მათ აუხსენეს, მაგრამ ეს მათ არ ეპიტნავებოდათ. ეკონომიურ გაფიცვაში სხვა რამე ბატონობდა, სხვა ჰანგები იყო. ეს იყო სწორედ ის, რომ შეეჩერებინათ თვითმმართველობის მუშაობა, შეეტანათ ამ მუშაობაში დეზორგანიზაცია და გაებათ ძაფი ბოლშევიკურ ანარქიასთან. კიდევ არიან მოსურნენი დააბრუნონ და გააძლიერონ მონობა, და მონობის ტალღებში ჩაგვახრჩონ. ვინც თვალ-ყურს ადევნებდა ამ გაფიცვას, ერთი აშკარა იყო მასში: ეს მჭიდრო კავშირი, მჭიდრო ძაფი გაბმული ბაქოსთან; იქედან ხელმძღვანელობდნენ სულიერად იმათი წარმომადგენელნი. იგინი აშკარად მოიძახოდნენ, რომ რაკი ეს გაფიცვა მოაწყეს, ის გამოიწვევს ჩვენში სხვა გაფიცვებს, და შეჰქმნიან ისეთ ანარქიას, რომელიც მათ მისცემდა საშუალებას თავის თავის დროშის აფრიალებისას. ჩვენმა შემკითხველებმა კი არ იციან, არ უნდათ გაიგონ, არ უნდათ იცოდნენ ის ან და ოპოზიციაში ჩამდგარნი, ოპოზიციას აწარმოებენ იმ სახით, რომ ისიც კი არ უნდათ შეიგნონ ვის ინტერესებს ემსახურებიან ამით. სხვათაშორის ამ გაფიცვის ხელმძღვანელების აზრი ასეთი იყო, მათ Credo-ში გამოხატული. „ქალაქის თვითმმართველობა არ არის კერძო დაწესებულება და რომ პირველში დაქირავებულთა ინტერესებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს, ამისათვის აქ საარბიტრაჟო კომისიას და კოლექტიური ხელშეკრულობას მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე კერძო დაწესებულებებში“. ეს გამოაცხადეს თავის მოწოდებაში. ქალაქის თვითმმართველობა, თავიდანვე მოგახსენეთ, არ დაადგა ჟინიანობის გზას, როგორიც არის საქმის ვითარება მეორე მხრისგან. პირიქით, მან მიიღო ყოველგვარი ღონისძიება, რომ როგორმე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილება, მერე უფრო შეუმსუბუქა მათ პირობები, მისცა ყოველგვარი საშუალება, ვისაც კი სურდა დაბრუნება დაბრუნებულიყო, და კიდევაც 50%25 მიიღო უკან.

იმის შესახებ, თუ რა ზომები მიიღო მთავრობამ გაფიცვის წინააღმდეგ, მთავრობამ მოგახსენათ აქ. ჩვენ არ გვაქვს არავითარი საბუთი წინააღმდეგი ვიფიქროთ, პირიქით დარწმუნებული ვართ იმაში, რომ გაფიცვისთვის არცერთი მათგანი დაჭერილი არ ყოფილა (ხმა: თქვენ თითონ დაატუსაღეთ!) მე დავატუსაღე თავათ, მაგრამ გაფიცვისთვის კი არა, იმისთვის, რომ შემოგვიხტნენ ქალაქის თვითმმართველობაში, მუქარით და ძალით, ქისძაფის საშვალებით, მოსამსახურეების განდევნა უნდოდათ და რამდენიმე კიდეც გაგვირეკეს. მე მაგაზე უნდა მოგახსენოთ, დავატუსაღეთ კი არა, დიდი ნდობით ვეპყრობი ყველას, განსაკუთრებით დამფუძნებელ კრების წევრებს და იმათ იმუნიტეტს, მაგრამ თუ რომელიმე დამფუძნებელ კრების წევრი შემოგვიხტება ქალაქის თვითმმართველობაში, თუგინდ მემერცხენე, და მოინდომებს ჩვენ დაწესებულების განადგურებას, უნდა მოგახსენოთ, დავატუსაღებთ იმასაც თუნდაც უკანასკნელ მილიციონერის საშუალებით. სამი მოსამსახურე, რომლებმაც ეს დანაშაულობა ჩაიდინეს დაატუსაღეს ქ. მოურავის განკარგულებით გაფიცვის დასრულებამდე ე.ი. 4-5 დღით. ეს მათი უფლება იყო. იქ შეეკითხეთ და იქვე გიპასუხებთ ქალაქის თავი, მე ეს არ მინდოდა მეთქვა, რადგანაც მეგონა, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ელემენტარული რამ თქვენთვის გასაგები იყო, მაგრამ რაკი აქ შემოგაქვთ ასეთი შეკითხვა, ამისთვის გითხარით.

რაც შეეხება სხვა დატუსაღებულთ, რომლებიც თქვენ ასე გაწუხებთ, მაგალითად ცერცვაძე და სხვები, რომლებიც იყვენენ დატუსაღებულნი (შენგელაია: ძალიან გიყვარდათ ცერცვაძე და რა დააშავა?) ვის უყვარდა ცერცვაძე? მაგაზე დიდი ლპარაკი არ არის საჭირო, ეს აქ მოსატანი არ არის, შეიძლება თქვენ გიყვარდათ, შეიძლება სხვას უყვარდა, მაგის გამოკვლევა ნამეტანი ძნელია, მაგრამ რომ ცერცვაძემ თავის უკანასკნელ გამოსვლით სხვაზე უარესად და უფრო მახინჯად გამოაქვეყნა მათი პოლიტიკური მიზანი, სრულიად აშკარაა. ამის საბუთი ჩვენ გვაქვს, ის გამოდიოდა კრებაზე, აშკარად ლაპარაკობდა, რომ ეს გაფიცვა ეკონომიური და თვითმმართველობის წინაღმდეგ კი არ არის, ეს არის დაპირდაპირება საერთაშორისო ბურჟუაზიის წინააღმდეგ, გაგრძელება საერთაშორისო რევოლიუციისა; ჩვენ უნდა გავიკაფოთ ძაფი ბაქოს პროლეტარიატთან ერთდ, ტფილისი უკვე ამდგარია ფეხზე, თუმცა, ალბად, რომ მიიხედ-მოიხედავდა დარბაზში დაინახავდა მხოლოდ ხატისოვის შემდეგ დარჩენილ ჩინოვნიკებს, ძველ მოხელეებს გაფიცულთა რაზმში. ამრიგად გვაქვს დრო, რომ დავანგრიოთ თვითმმართველობა, რომელიც არ გამოხატავს ტფილისის დემოკრატიის ინტერესებსო, რომელსაც ის ძალით ეპატრონებაო. თქვენი თქმითაც ხომ მას ნდობა არა აქვს გამოცხადებული. აქ რეპლიკით უთხრეს მინისტრს, რომ ჩვენ მეშჩანებმა არ გამოგვიცხადეს ნდობაო. ბატონებო, როცა გირჩევენ თქვენ მაშინ ამომრჩევლები კარგი არიან, არ არიან მეშჩანები, როცა არ გირჩევენ, ყველა მეშჩანები არიან! როგორ შეიძლება ასეთი მსჯელობა? ქალაქის თვთმმართველობის საბჭო ამორჩეულია საუკეთესო ფორმულის თანახმად. ეს გამომხატველია მცხოვრებელთა უმრავლესობის ინტერესებისა. შეიძლება თქვენი ინტერესების გამომხატველი არ იყოს, მაგრამ მცხოვრებლების უმრავლეოსობის ინტერესს ხატავს. (ხმაურობა). თქვენ გინდათ ჩამომაშოროთ იმ ძაფს, რომელსაც მივდევ, მაგრამ ვერ შესძლებთ...

ბოლშევიკი ცერცვაძე, რომელსაც იღებთ თქვენ მფარველობის ქვეშ, ეს იყო იმ პირთაგანი, რომლებსაც უნდოდათ ასეთი გაფიცვა არა თუ გამოეყენებინათ, არამედ თავიდანვე ეს გაფიცვა გაეხადათ ქალაქის თვითმმართველობის და რეპუბლიკის განსაგმირავ იარაღათ. სწორედ ეს იყო მისი აზრი, მისი მიზანი, მის ლაპარაკი და მისი მოსაზრებაც ამას ამტკიცებს. თუ კი ისეთი პირები, როგორც ხუდადოვი, კაჩხოევი, ხვალისი, პოღოსოვი, და სხვები, რომელნიც გაფიცვისთვის მარტო კი არა, არამედ დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იერიშის მიტანაზე მთავრობამ დაატუსაღა, და ამ რიგად ის ზარალი, რომლის მოტანა მათ შეეძლოთ შემდეგში მოსპო, ამისთვის სწორედ მადლობის ღირსი არის მთავრობა და არა შეკითხვისა და უმადურობისა. თქვენ გაინტერესებდათ ალბად, როცა ეს შეკითხვა შემოგქონდათ ფორმალური იურიდიული მხარე, როგორ შეიძლება სახელმწიფოში ჰაბეოს ცორპუს. ყველა პიროვნების თვისუფებაზე წარმოდგენა გაქვთ წიგნებიდან ამოკითხული, როგორი უნდა იყოს ეს თავისუფლება შარავანდედით მოცული. ჩვენ გვაინტერესებს ეს თავისუფლება პიროვნებისა ეს ხელშეუხებლობა, ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, და მუდამ ამის დარაჯი ვიყავით და ვიქნებით, ეს არ ამტკიცებს თქვენს რევოლიუციონერობას. პიროვნების უფლება, ყველასადმი თავისუფლების მინიჭება, ამისთვის არც რევოლიუცია არის საჭირო, არც დიდი დემოკრატიზმი, რომ კაცმა ასეთი დასკვნა გამოიყვანოს.

ჩვენ სხვათა შორის ხშირად გვეუბნებიან, მაგალითად ძველ წესწყობილების წარმომადგენელნი, რასაკვირველია თქვენზე არ ვამბობ, აი თქვენ ხომ იჭერთ, თქვენ ხომ ატუსაღებთ, ჩვენც ამას ვშვრებოდით მეტს არაფერსო. თქვენ მაინც უნდა იცოდეთ, რომ ამის მზგავსი შეკითხვა არ უნდა შემოიტანოთ.

მაგაზე კი არ მინდა რამ ვსთქვა. თავის თავად დაჭერა, ციხეში ჩასმა კი არა, მეტს ვიტყვი, არც დახვრეტა, არც ჩამოხრჩობა, არც ციხეში მიყვანა, თავის თავად არაფერს წარმოადგენს. ამაში არ არის საქმე, თუ განყენებულად აიღებთ შეიძლება კაცი მოკლა სრულიად ბუნებრივად. როცა კაცი თავს გესხმით, რამდენიმე მკვლელი, ერთი კი არა მეტიც, მაშინ რას უზავთ? შეიძლება დაატუსაღოთ, მოჰკლათ, როცა მას უნდა, რომ ყველა მის ირგვლივ მცხოვრები პიროვნება დაატუსაღოს, ჩასვას სატუსაღოში რასაკვირველია თქვენ მათ მოასწრებთ და დაატუსაღებთ. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ასეთ გამოსვლებით, ასეთ ქომაგობით, ასეთ შეკითხვის შემოტანით, როგორც მოგახსენეს აქედან და ეს გულწრფელად იყო ნათქვამი, და მეც მინდა გულწრფელად ვსთქვა, - ხელს უწყობთ, სახელს უკეთებთ, საქმეს უადვილებთ სწორედ იმათ, მტრებს, რომლის წინააღმდეგ თქვენ დარაზმვა უფრო შეგფერით, ვინემ იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც თქვენზე უფრო უკეთ დაიცავს პიროვნების თავისუფლებას, სადაც და როცა ეს შესაძლებელი იქნება. ფეტიშათ არაფერი უნდა გაიხადოთ, არც პიროვნების თავისუფლება და არც... (ხმაურობა) დიახ, დიახ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის უმთავრესი საბუთი. თქვენს წინაშე დატუსაღებულნი არიან და მე მგონია მომავალშიაც იქნებიან მანამ, სანამ მტრობას ჩაიდენენ, მანამ სანამ რესპუბლიკას ზარალს, ზიანს მოუტანენ და მტრულ მუშაობის განგრძობას გაბედავენ. მთავრობა ყველგან არის მთავრობა და იმისთვის არის მთავრობა და სანამ იქნება დამფუძნებელი კრების სურვილის გამომხატველი და იმავე დროს საქართველოს დემოკრატიის სურვილის გამომხატველი, რომ ამგვარ პირებს, ამგვარ მოწინააღმდეგეებს და მტერს არ მისცემს გასავალს და პირველ მის მუშაობისას და გამოსვლისას შეჰკვეთავს იმას. დაპატიმრების სახით იქნება ეს თუ სხვა სახით, ეს სულ სხვა საკითხი არის. მთავრობას რომ არ გადაედგა შესაფერი ნაბიჯი, რომ არ ჩაედინა ეს სხვა არის. მაშინ სწორედ ეს იქნებოდა დანაშაული. მთავრობა მაშინ, როდესაც ხედავს მტერს დარაზმულს - შესაფერს ღონისძიებას ღებულობს და თქვენი შეკითხვა კი მიმართულია მთავრობისადმი. გარწმუნებთ თქვენ, ვითომ სოციალისტებო, ააშკარავებთ იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დღემდის შეიგნოთ ვის წისქვილზე ასხამთ წყალს, ვის საქმეს აკეთებთ, ვისთვის მოგაქვთ თქვენ სარგებლობა და ვისთვის ზიანი. დასასრულ ასეთ დასკვნას ვაკეთებ: ასეთი მოქმედებით დემოკრატიაში, დემოკრტიულ რესპუბლიკაში ასეთ დეზინფორმაციის შეტანით, ასეთ ხმაურობის ატეხით თქვენ გგონიათ სიკეთეს აკეთებთ. სინამდვილეში კი ვერც სახელმწიფოსთვის გააკეთებთ რასმეს და ვერც მას განამტკიცებთ.

თავმჯდომარე: კრების წევრი ილია ნუცუბიძე.

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენ შეკითხვას მეტად ღრმა და სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა და მე მეგონა, რომ მთავრობის წარმომადგენელი და აგრეთვე უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენელთა ამ ჩვენ შეკითხვას ასეთ მნიშვნელობას მისცემდნენ და სერიოზულ პასუხს გაგვცემდნენ. ჩვენ წინაღმდეგ გამოვიდნენ ჩვეულებრივი ლათაიებით, ჩვეულებრივი დემაგოგიით, ისეთ დემაგოგიით, რომელიც შეშვენის უპასუხისმგებლო პრაპაგანდისტებს ტყე-ქუჩებში და არა აქ დამფუძნებელ კრების ტრიბუნაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს შეკითხვა უაღრეს მნიშვნელობის შეკითხვა არის და ამ შეკითხვის პასუხში მთავრობის წარმომადგენელი მეტად ფრთხილი უნდა ყოფილიყო და მასთან მეტად ობიექტურიც; სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ბ-მა მინისტრმა ჩვენ საპასუხოთ მოიყვანა კონვენტის მოღვაწეობიდან მაგალითები; - გვიამბო, რომ მაშინაც აპატიმრებდნენ საეჭვო პირებს, ძველი წყობილების მომხრეებს და თუ კონვენტის მოღვაწეობაში ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რატომ ჩვენ მოღვაწეობაში არ შეიძლება ჰქონდესო. ეს ანალოგია აქ სრულიად მოსატანი არ არის, იმიტომ რომ კონვენტი იღებდა რესპრესიულ ზომებს საეჭვო პირების, ძველი წყობილების მომხრეთა წინააღმდეგ, და ის ხალხი კი, რომლის წინააღმდეგ აქ ქალაქში იქნა მიღებული რეპრესიული ზომები, არ არიან... (ხმაურობა) ძველი წყობილების მომხრენი! არ არიან ძველი წესწყობილების მომხრენი. ისინი არიან რევოლიუციონერები, შესაძლოა არა მენშევიკები, არა ესერები, მაგრამ მაინც რევოლიუციონერები და დემოკრატები (ხმა: ბოლშევიკები?) დიახ, ბოლშევიკებიც რევოლიუციონერები გახლავთ. ყოველ შემთხვევაში დენიკინელები არ არიან (ჩხიკვიშვილი ადგილიდან: პოღოსოვი?) ბ-ნო დამფუძნებელი კრების წევრო, პოღოსოვს მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთებს ვიცნობ ამ დაზარალებულთაგან, რომელნიც არიან ძველი რევოლიუციონერები, მაგალითად ცერცვაძე.

მე მინდა მოგახსენოთ, ბ-ბო, რომ ის ხალხი, რომლის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები იყო მიღებული, რეაქციონერები და ძველი წყობილების მომხრენი არ არიან. და ის ანალოგიაც, რომელიც ბატონმა მინისტრმა მოიყვანა სრულიად მოსატანი არ იყო. მართალია, ჩვენ, ესერები, თვითონ ვართ სასტიკნი, ჩვენ არა თუ უბრალო რეპრესიულ ზომების, ტერორის მომხრენიც ვიყავით როდესაც იყო საჭირო. საქმე იმაშია ვის წინააღმდეგაა მიმართული რეპრესიული ზომები. დემოკრატიულ წყობილების მომხრეთა წინააღმდეგ თუ, მისი მტრების წინააღმდეგ? ჩვენ კი ვიცით, რომ საუბედუროთ, ძველი წყობილების მომხრენი თავისუფლად დათარეშობენ და სამსახურშიაც არიან და იმათ წინააღმდეგ არავითარი ზომები რ არის მიღებული. ამავე დროს კი რევოლიუციონერები ციხეში ლპებიან (ხმურობაა). ჩვენ შეკითხვის წინააღმდეგ რამოდენიმე მოსაზრება წამოაყენეს. სხვათა შორის ის მოსაზრება, რომ გაფიცვა გამოაცხადეს მუშებმა კი არა ჩინოვნიკებმაო. ეს ნინიძემ ბძანა გუშინ. მე დემაგოგიას არ გამოუდგები. დემაგოგიას თავისთავად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე მხოლოდ ფაქტებით გიპასუხებთ. ჩინოვნიკები კი არ იყვნენ გაფიცულნი - გაფიცულნი იყვნენ მუშები; რა ჩინოვნიკებია, ხუთას-ექვსას მანეთს ღებულობენ, შიმშილით კვდებიან. 2200 კაცი იყო გაფიცული - საავადმყოფოების, ბარაკების მოსამსახურენი და სხვანი, (ხმაურობა) მოითმინეთ, ბატონებო, მომეცით საშუალება გამოვთქვა ჩემი აზრი, მერე გამობრძანდით და მიპასუხეთ, რომ გაფიცვა სამართლიანი იყო, ამას სხვათა შორის ამტკიცებს ის გარემოება, რომ მათ მხარი დაუჭირეს პროფესიონალურ კავშირებმა: მეტყავეთა კავშირმა, მრეცხავთა, ფარმაცევტთა, მბეჭდავთა, ქალაქის კავშირმა, მეტალისტებმა, ნემსის პროლეტართა და სხვა. (ხმაურობა). მე მოგახსენებთ, როდესაც ასეთი მუშები მეტალისტები და სხვანი უჭერენ გაფიცულებს მხარს - ეს ამტკიცებს იმას, რომ მათი ინტერესები ერთმანეთს ეთანხმებიან, ე.ი. ისინი სცნობენ მათ თავის მეგობრებათ, ამხანაგებათ. და ბ-მა ნინიძემ რომ არ იცნოს გაფიცულები მუშებათ, ეს არაფერს ნიშნავს. დაარღვიეთ, ბატონებო, ეს ფაქტი, დაამტკიცეთ, რომ ჩინოვნიკები გაიფიცნენ და არა მუშები. რომ გაფიცვას ეკონომიური ხასიათი ჰქონდა და არა პოლიტიკური, ეს მტკიცდება იმ ფაქტითაც, რომ გაფიცულებმა რამოდენჯერმე გადადვეს გაფიცვა ფულის მიღების მოლოდინში.

როდესაც 2 აპრილს ქალაქის თვითმმართველობამ გამოაკრა განცხადება, რომ ის მოსამსახურეებს ორი თვის ჯამაგირს ურიგებს, გაფიცულებმა დაადგინეს გაფიცვა მოეხსნათ და სამსახურს შედგომოდნენ, თუ გაფიცვისათვის არავინ დაისჯებოდა. ქალაქის თვითმმართველობამ ამაზე უარი განაცხადა. ყველას ვერ მივიღებთ, მივიღებთ ზოგიერთსო. ბევრი გაფიცულთაგანი დარჩა ქუჩაში, ზოგი გადაასახლეს, ზოგი დაატუსაღეს. ბ-მა მინისტრმა ბრძანა - ვიღამაც რაღაცა სთქვაო. განა შეიძლება ერთი პირის აზრი მოვახვიოთ თავს მთელ საზოგადოებას, მთელ კრებას, ისე რომ არავითარი ანგარიში არ გაუწიოთ ოფიციალურ დოკუმენტებს და რეზოლუციებს! რატომ უნდა მივცეთ ერთი პირის ნათქვამს მეტი მნიშვნელობა ვინემ კოლექტიურ გამოსვლას?! სად არის ლოღიკა, სად არის სამართლიანობა?! ეს გაფიცვა იყო ეკონომიური, არავითარი პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია, ეს აშკარაა იქედანაც, რომ გაფიცულთ სამი თვის ჯამაგირი არ მიუღიათ. განა შეგვიძლიან ჩვენ, დამფუძნებელ კრების წევრებს, ჯამაგირი არ მივიღოთ დაა ვიცხოვროთ მხოლოდ ჰაერით?! გაფიცულთ უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ ჯამაგირები. მომატებას ისინი არ თხოულობდნენ და თუ მათ წინააღმდეგ რეპრესიები მიიღეს, ჩვენ ვამბობთ, რომ დამნაშავენი არიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. ჩვენ გვეუბნებიან, ეს შეკითხვა შემოიტანეთ უდროვოთო. ჩვენ ვამტკიცებთ, შეკითხვა უდროვო არ იყო. ჩვენ არ ავჩქარდით, იმიტომ რომ ამ საქმეს მეტად სერიოზულად უყურებდით. ჩვენ გვინდოდა მოვლენა დასრულებულიყო, შედეგები გაგვეგო, და მერე შემოგვეტანა შეკითხვა. (თავმჯდომარე: უმორჩილესად გთხოვთ, აცალოთ ორატორს, ესე ლაპარაკი შეუძლებელია!) დიახ, ამ შეკითხვას ვაძლევდით ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას, და ამიტომ ჩვენ ეს შეკითხვა არ შემოვიტანეთ ნაჩქარევათ. როდესაც დამთავრდა მოვლენა, როდესაც მთელი ობიექტი ჩვენ წინაშე გადიშალა, - შეგვიძლია ეს მოვლენა შევაფასოთ, და ჩვენ ვამბობთ:

თქვენ მოქმედებას უარყოფითი შედეგები მოყვა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. თქვენმა მოქმედებამ ჩვენ დამოუკიდებლობას ზიანი მოუტანა. ჩვენი დამოუკიდებლობა განმტკიცდება მაშინ, როდესაც განმტკიცდება შინაური ცხოვრება, როდესაც დემოკრატიას ერთი ფრონტი ექნება. ეს აქსიომაა და ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენდა სამწუხაროთ, ეს ფრონტი გახეთქილია, ერთ მხარეზე დადგა პროფესიონალური კავშირების ერთი ნაწილი, მეორე მხარეს - მეორე ნაწილი. გაფიცულებს გამოეხმაურა, ბაქოს პროლეტარიატი; და თქვენ ვერ იტყვით, რომ ბაქოს პროლეტარიატი იყოს რეაქციონური და არა რევოლიუციონური. მე ხელთ მაქვს მთელი რიგი რეზოლიუციების, სადაც ისინი მხურვალე სალამს უძღვნიან გაფიცულებს და მათ როგორც მატერიალურ ისე ზნეობრივ დახმარებას ჰპირდებიან. (ლეო ნათაძე: ბაქოს პროლეტარიატი მოატყუეს!) ერთი კაცის მოტყუილება შეიძლება, ორის, მაგრამ ყველასი არა (ხმაურობა) (თავმჯდომარე: უკაცრავად ბ-ნო ორატორო, კეთილ ინებეთ, კერძოთ ნურავის მიმართავთ. უმორჩილესად გთხოვთ ორატორს ნუ უშლით!). დიახ, მე მაქვს მთელი რიგი რეზოლიუციებისა, სადაც ბაქოს პროლეტარიატი მხურვალედ ესალმება გაფიცულებს. ამ მოვლენის გამო ბ. მინისტრი და ბ. ჩხიკვიშვილი გაფიცვას პოლიტიკურ გაფიცვათ ნათლავენ. ეს შემცდარი აზრია, ყოვლად უსაფუძვლო. ბაქოს პროლეტარიატის გამოხმაურება თუ რამეს ამტკიცებს მხოლოთ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკის მესვეურნი არა მიზანშეწონილათ მოქმედებენ. ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენელნი, ვალდებული ვართ ამაზე ხაზგასმით ვილაპარაკოთ. თბილისში გაფიცულთ მხარს უჭერდენ შემდეგი კავშირები: მეტყავეთა, მრეცხავთა, მღებავთა, ფარმაცევტთა, ნემსის პროლეტართა, მბეჭდავთა, ქალაქის კავშირთა, სცენის მოღვაწეთა, მეტალისტების, ელექტრიკების. ამას გარდა გაფიცულებს მხარს უჭერენ ბაქოს მუშათა ორგანიზაციები. ასე რომ გაფიცულთა ბანაკში მუშათა სერიოზული ძალები იყო თავმოყრილი და ჩვენ მთავრობას უფრო ფრთხილი პოლიტიკა უნდა ეწარმეობინა მათ მიმართ, ვინემ დატუსაღება და გადასახლება. ჩვენი მენშევიკები ამბობენ, რომ ისინი დემოკრატიას ემსახურებიან, ფაქტიურათ კი მას დათვურ სამსახურს უწევენ. გაფიცულთა წინააღმდეგ მიღებული ზომები ერთი - მის დამამტკიცებელ საბუთთაგანია.

ლეო შენგელაია: (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო. ცხოვრებამ ჩვენებურ სოციალ-დემოკრატებს უმადური როლი დააკისრა: სოციალიზმის და დემოკრატიზმის სახელით ისინი ამტკიცებენ დღეს ბურჟუაზიულ წყობილებას (გვაზავა: სახელმწიფოს!). სოციალ-დემოკრატია თითონ აცხადებს, რომ ის დღეს სხვის საქმეს აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიას, მშრომელ ხალხს არ უნდა აკეთოს სხვისი საქმე. ჩვენ ვიცით, რომ არც ბურჟუაზიას სურს არა მკითხე ოპეკუნები.

ამ ძირითად წინააღმდეგობისაგან წარმოიშვა მთელი ტრაგიზმი, სოციალ-დემოკრატიისა, მთელი მისი პრაქტიკული უილაჯობა.

სოციალ-დემოკრატიის რევოლიუციონური შემოქმედება ამოიწურა, გამოიფიტა, ამას ვხედავთ ჩვენ სოც.-დემოკრატიის მუშაობაში, როგორც დამფუძნებელ კრებაში, ისე მის გარეშე პრაქტიკულ ცხოვრებაშიაც. სოციალ-დემოკრატიამ დაიკავა საზოგადოების ყველა ადგილები და ჩვენ ვხედავთ, რომ ოპორტუნიზმმა და ორჭოფულმა პოლიტიკამ ისინი გადააქცია ნამდვილ ბიუროკრატიათ. ყოველ ბიუროკრატიას, როგორც მოგეხსენებათ, აქვს თავისი ლოღიკა, მოქმედების საკუთარი გეგმა. ბიუროკრატია არ სცდილობს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება შეიტანოს, წარმართოს იგი ახალი გეზით, შთაბეროს მას ახალი შემოქმედებითი სული. მისი უმთავრესი საზრუნავი არის შეინარჩუნოს თავისი ბატონობა.

ამიტომაც არის, რომ დღეს სოციალ-დემოკრატიის მთელი მოღვაწეობა წარმოადგენს, როგორც რუსები იტყვიან, «военный бђгъ на мђстђ» სოც.-დემოკ. ერთი შეხედვით ძლიერ ფუსფუსებენ, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ არსებითად არაფერი გამოდის, ყველაფერი უცვლელად რჩება.

ამას ჩვენ ვხედავთ ყოველ დარგში. თუნდა ავიღოთ ჩვენი ადმინისტრაცია. რას წარმოადგენს ჩვენი ადმინისტრაცია? რატომ არის რომ მასში ჩვენ ვხედავთ ყველა ჯურის ხალხს, მეფის სტრაჟნიკებს, ბოქაულებს, ხოლო ნამდვილ ხალხის მეგობრებს ნაკლებად ვხედავთ?

ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებამ, განსაკუთრებით უკანასკნელ ხანებში, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ის, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ადმინისტრაციის გაუმჯობესებაზე, ადმინისტრაციის აპარატის განმტკიცებაზე, - ყველა ეს ზღაპარი გამოდგა.

თქვენს წინაშე იშლება სურათი საშუალო საუკუნოების - ძალმომრეობისა. განახლდა ტლანქი ინკვიზიციის ბრძოლის საშუალებანი. თქვენ მოისმინეთ პასუხი შეკითხვაზე, ბ. შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრისა. თავის პასუხში გაიმეორა ის, რაც ჩვენ არა ერთხელ მოგვისმენია. ამ პასუხიდან შეიძლება გამოვიყვანოთ მხოლოდ ერთად-ერთი დასკვნა და ეს დასკვნა იქნება შემდეგი: მას შემდეგ, რაც ჩვენში სამ-თავიანი მინისტრები გაჩნდენ ჩვენს მართვა-გამგეობაში არავითარი თავი არა სჩანს!

თქვენ, ბატონებო, ალბად წაიკითხავდით იმ გულშემზარავ ამბებს, რომელსაც მოგვითხრობს გაზეთები. რამდენიმე თვის წინად მოხდა ასეთი ბოროტმოქმედება: ხევსურეთში კონტრ-რევოლიუციონურმა ბანდამ ბარბაროსულად დახვრიტა 9 კომუნისტი. როდესაც მაზრის ადმინისტრაცია შეუდგა პოსტ-ფაქტუმ საქმის გამოძიებას, მას დახვდა ბანდის მეთაური მღვდელი და უთხრა სამაზრო ადმინისტრაციას: ვინ ხართ თქვენ, საიდან მოსულხართ, მე მგონია ბოლშევიკები უნდა იყოთ, მე კინაღამ ბრძანება გავეცი, რომ დაგხვრიტონო. შემდეგ უბრძანა ხალხს - ადმინისტრაციისთვის დახმარება არ გაეწია. კომისიამ აღმოაჩინა საშინელი სურათი. იქ აღმოჩნდა რამდენიმე დასახიჩრებული გვამი. (ხმა: რა კავშირი აქვს შეკითხვასთან?)

აი, ბატონებო, ფაქტი, აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელსაც კომენტარიები არ სჭირია, ეს ხდება იმ სამინისტროში, იმ უწყებაში, რომლის წარმომადგენელი აქ დიდის რიხით გამობრძანდა. თქვენ ალბად წაიკითხავდით შემდეგ ფაქტს: იყო ისეთი ცნობები, რომ ყაზბეგში ჩვენმა მთავრობამ დენიკინელებს გადასცა თერგის ოლქიდან გამოქცეული კომუნისტები.

(თავმჯდომარე. ბატონო ორატორო, უკაცრაცად, უმორჩილესად გთხოვთ დაუბრუნდეთ საგანს, დღევანდელ მსჯელობის საგანს).

მე ვეხები ჩვენ ადმინისტრაციის მოღვაწეობას, რადგანაც ეს შეკითხვა მიმართული არის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, აგრეთვე იუსტიციის მინისტრისადმი. ამიტომ მე მაქვს უფლება ვილაპარაკო ადმინისტრაციის უკანონო მოღვაწეობაზე.

(თავმჯდომარე. უკაცრავად, უმორჩილესად გთხოვთ ნუ შეედავებით თავმჯდომარეს და დაემორჩილეთ მას, დაუბრუნდით დღევანდელ მსჯელობის საგანს).

დღევანდელი სინამდვილე, ბატონებო, აუარებელ ფაქტებს გვაძლევს იმის დასამტკიცებლად თუ რამდენად მოშლილი და გახრწნილი არის ჩვენი ადმინისტრაცია. ჩვენ აქ გვქონდა უკვე ლაპარაკი იმ ინკვიზიციის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკრიბაში და თუ თქვენ აი, ამ ზოგიერთ ფაქტებს აღადგენთ თქვენ მეხსიერებაში, მიიღებთ მთლიან სურათს, თუ როგორია ჩვენი ადმინისტრაცია, როგორ ასრულებს ის თავის მოვალეობას; მოვალეობა კი მას დიდი აწევს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ამ ადმინისტრაციას ესმოდეს თავისი მოვალეობა.

როდესაც ჩვენ ასეთ ფაქტებს ვკითხულობდით, ამ ამბებზე ვმსჯელობდით, ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი ნუგეში, ჩვენ ვფიქრობდით ეს ხდებოდა ოკრიბაში, ეს ხდება ყაზბეგში და სხვაგან, ხდება იმ ადგილებში, რომლებიც შორს არიან, დაშორებული არიან ცენტრისაგან, სადაც მთავრობა ალბათ ვერ სწვდებაო. მაგრამ, როდესაც ჩვენ თვალწინ, დამფუძნებელ კრების თვალწინ და მთავრობის თვალწინ, რესპუბლიკის დედა ქალაქში იგივე გრძელდება, როდესაც იგივე ადმინისტრაცია უსაფუძვლოთ აპატიმრებს, სცემს, ასახლებს მოქალაქეებს, ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა კერძო მოვლენასთან, არა კერძო შემთხვევასთან, არამედ მთელს სისტემასთან. ბატონი მინისტრი აქ ბრძანებდა, რომ ის ხალხი, რომელიც გაიფიცა არის კონტრ-რევოლიუციონური, ესენი რეაქციონერები არიანო. თუ ეს მართლია, და ბ. მინისტრს აქვს ამის საბუთები, მაშინ მე მგონი, ბ. მინისტრი სულ სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. ეს საბუთები და მთელი საქმე უნდა გადაეცა მაშინვე სასამართლოში. ჩვენში არსებობს სასამართლო, თუმცა არა დამოუკიდებელი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ მაინც არსებობს ასეთი დაწესებულება. მე მგონი, განა სოციალისტისთვის და დემოკრატიისთვის უკეთესი არ იქნებოდა, თუ კი მას საბუთები ჰქონდა, ეს საბუთები და ეს საქმე გადაეცა მაშინვე სასამართლოსთვის, სასამართლო იქონიებდა მსჯელობას და დასდებდა თავის მსჯავრს დამნაშავეებს.

მაგრამ ეს ბ. მინისტრს არ უქნია. მე მეტს ვიტყვი, თუ მინისტრი წამოაყენებს ისეთ საბუთებს, ისეთ ფაქტებს, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მართლა ეს მოსამსახურეები დენიკინელები არიან, რომ ესენი არიან ნამდვილი კონტრ-რევოლიუციონერები, მაშინ ბ. მინისტრო, ჩვენ ბოდიშს მოვითხოვთ თქვენ წინაშე, და თქვენთან ერთად, მთელი ჩვენის არსებობით, ჩვენ ამოგიდგებით გვერდში, და თქვენთან ერთად ამ დენიკინელების წინააღმდეგ გავილაშქრებთ.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ ბ. მინისტრს არავითარი საბუთი არ წამოუყენებია. მან წამოაყენა მხოლოდ მშრალი ბრალდება, და ავიწყდება, რომ მძიმე ბრალდებას მძიმე საბუთი უნდა!

პირველ მაისს, როდესაც დემოკრატია დღესასწულობდა შრომის დღესასწაულს, თქვენ დაინახავდით მრავალ პლაკატებში ერთს, რომელზედაც ეწერა „ჩვენ მოვითხოვთ გაფიცვის თავისუფლებას“. ეს არის სამართლიანი და მრისხანე განაჩენი იმ ცილის წამებისათვის, რომლითაც სოციალ-დემოკრატია გაუმასპინძლდა მუშებს, ქალაქის მოსამსახურეებს? (ხმაურობა). მე არ მეგონა, რომ ამ ცილის წამებას გაიმეორებდნენ აქაც, ამიტომ იძულებული ვარ თქვენი ყურადღება შევაჩერო ზოგიერთ ბრალდებაზე. აქ ითქვა, რომ გაიფიცა ნაწილი და არა ყველა მუშებიო. ესეც, რომ იყოს, თუნდაც გაიფიცა ნაწილი მუშებისა, აქედან განა ის დასკვნა გამოდის, რომ ნაწილის წინააღმდეგ ყველა ზომა დასაშვებია? ჩვენ ვამბობთ კატეგორიულად, რომ გაიფიცა სწორედ ის, ვინც იძულებული იყო თავის აუტანელ ნივთიერ მდგომარეობის გამო. არ გაიფიცნენ ტრამვაის მუშები, რადგანაც ესენი ყოველთვის თავის ჯამაგირს დროზე ღებულობდნენ. სხვათა შორის უნდა მოგახსენოთ, რომ 23 მარტს, როცა მოხდა საერთო კრება მოსამსახურეებისა, იქ წამოყენებული იყო ერთი მოთხოვნილება, ეს მოთხოვნილება ამბობდა, - გათანასწორება მუშებისა, ჯამაგირების მიღების მხრივ, მაშასადამე იყვნენ პრივილეგიურ მდგომარეობაში ზოგიერთი მოსამსახურეები. ეს იყო არა ნორმალური მოვლენა, და ამ არა ნორმალურ მოვლენის წინააღმდეგ წამოყენებული იყო ეს მუხლი მოსამსახურეების მოთხოვნილებისა: აქ სთქვეს, გაფიცვა დემოკრატიამ დაგმოო. მოგახსენებთ, გაფიცვა დემოკრატიას არ დაუგმია, გაფიცვა დაგმო სოციალ-დემოკრატიამ. დემოკრატიას გაფიცვა არ დაუგმია. ჩვენ ვიცით, როგორ გმობდა იგივე დემოკრატია თქვენის ხელმძღვანელობით არა თუ გაფიცვას, არამედ უფრო დიდ პოლიტიკურ ღირებულებებსაც, ეს დემოკრატია თქვენის ხელმძღვანელობით ჯვარზე აკრავდა ყველას, ვინც გაბედავდა და იტყოდა სიტყვას „საქართველო“ და „სამშობლო“. მაგრამ იგივე დემოკრატია დღეს ზეიმობს თავის დამოუკიდებლობას.

ასე მითითება იმაზე, რომ დემოკრატიამ ესა სთქვაო, მაინც და მაინც დიდი საბუთი არ არის. უნდა მოგახსენოთ, რომ დემოკრატიამ მეორეცა სთქვა (ხმაურობა), დიახ, ბაქოს საბჭომ, თბილისის დემოკრატიულმა ნაწილმა, იმ ნაწილმა, რომელიც საკუთარ თავით აზროვნობს, იმან სთქვა, რაც უნდა ეთქვა, იმან მხარი დაუჭირა გაფიცვას. აქ ბრძანეს, პროფესიონალურმა საბჭომ მხარი არ დაუჭირაო, მაშასადამე ეს გაფიცვა უკანონო არისო. მოგეხსენებათ, პროფესიონალური საბჭო რა თქმა უნდა, ვალდებულია თვალ-ყური ადევნოს მუშათა პროფესიონალურ მოძრაობას, მას ხელმძღვანელობა გაუწიოს. მას აქვს სრული უფლება დირექტივები მისცეს მუშებს გაფიცვის დროს, მაგრამ მიუხედავად მისი შეხედულობისა, თუ სადმე გაფიცვა გამოცხადდა, ის ვალდებულია ჩაერიოს და ამ გაფიცვას ორგანიზაციული ხასიათი მისცეს. პროფესიონალურ მოძრაობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი მაგალითი, რომ პროფესიონალური საბჭო, მუშათა ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენელი - სეკრეტარიატი, გამოდიოდეს გაფიცულთა წინააღმდეგ.

აქ კი რასა ვხედავთ? პროფესიონალური საბჭო აქტიურად გამოდის ამ გაფიცვის წინააღმდეგ, ხელს უწყობს შტრეიკბრეხერობას, ხმას არ იღებს იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომლითაც გაუმასპინძლდა მთავრობა მოსამსახურეებს. მაშასადამე, თვით პროფესიონალური საბჭო, როგორც მუშათა ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია დაიცვას მუშათა ინტერესები, არ იდგა თავის დანიშნულების სიმაღლეზე. მაშასადამე, მის ავტორიტეტზე მითითება და ლაპარაკი ზედმეტია. ამბობენ აგრეთვე, რომ გაფიცვამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქის თვითმმართველობას, ქალაქის თვითმმართველობის ფინანსიური მდგომარეობა გააუარესაო. ეს მართალი არ არის, ეს არის ცილისწამება.

როდესაც მოსამსახურეებმა გაფიცვა გამოაცხადეს, დასტოვეს ადგილებზე როგორც მთავარი ბუხჰალტერი, ისე კასირი. ასე რომ თუ ვისმეს ჰქონდა შესატანი ფული, - შეტანა შეეძლო. (ხმაურობა, თავმჯდომარეს ზარი).

აქ სთქვეს, გაფიცვა კონტრ-რევოლიუციონური იყოო. მე არ ვიცი, თუ ეს გაფიცვა კონტრ-რევოლიუციონური იყო, მაშინ კონტრ-რევოლიუციონური იყო ყოველი ის ორგანიზაცია, რომელმაც გაფიცულებს ხელი შეუწყო, ეს გახლდათ თქვენი თვითმმართველობა, რომელმაც დიდი ინდიფერენტიზმი გამოიჩინა. მოსამსახურეებს არ უთქვამთ, ეხლავე ამოიღეთ ცარიელ კასიდან ფულიო. მათ სთქვეს, მიიღეთ სასწრაფო ზომები, ჩვენ დასაკმაყოფილებლადო, მან არ მიიღო ეს სასწრაფო ზომები, და მაშასადამე მოიქცა ისე, როგორც კონტრ-რევოლიუციონური ორგანო. გაფიცულ მოსამსახურეებმა ამოსწურეს ყოველი საშუალებანი, რომელიც მათ ხელში იყო. ეს ფაქტია. მათ სურდათ გაფიცვა გამოეცხადებინათ 3 მარტს, 3 მარტიდან გადასდეს 7 მარტს, 7 მარტიდან გადასდეს 18-ს, 18-დან 24 მარტისთვის. მხოლოდ ფაქტიურად გაფიცვა დაიწყო 24 მარტს.

ეს ფაქტი საკმარისია მის დასამტკიცებლად, რომ ამ გაფიცვას აბსოლუტურად პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდა. პოლიტიკას თავის აზრი აქვს, თავის ლოღიკა აქვს, პოლიტიკურ გაფიცვას აცხადებენ, როდესაც მომენტი მოითხოვს. განა შეიძლება, რომ გადაედოთ სამიდან შვიდს, შვიდიდან თვრამეტს, თვრამეტიდან ოცდა-ოთხს და ოცდა ოთხს გამოეცხადებინათ გაფიცვა? რომ ის პოლიტიკური ყოფილიყო ეს ხომ ულოღიკობა იქნებოდა? ამის გარდა მოსამსახურეებმა ამოსწურეს ყველა საშუალებანი, მათ მიმართეს თავის აღმასრულებელ კომიტეტს, მათ მიმართეს პროფესიონალურ საბჭოს, მიმართეს ქალაქის გამგეობას, მიმართეს შრომის სამინისტროს, ყველა ორგანიზაციას, და უნდოდათ კანონიერის გზით მიეღოთ დაკმაყოფილება, მაგრამ ვერ ეღირსათ არამც თუ დაკმაყოფილება, რიგიანი პასუხიც კი, მხოლოდ მაშინ მიმართეს გაფიცვას, როდესაც ამოსწურეს ყოველგვარი საშუალება, ამიტომ მათ ზნეობრივი უფლება ჰქონდათ, ეს გაფიცვა გამოაცხადებია, თუნდაც იმ მძიმე პირობებში, რომელშიაც ფინანსიურად იმყოფებოდა ქალაქის თვითმმართველობა.

აქ ბ. მინისტრმა, ბ. ნინიძემ და ბ. ქალაქის თავმა განაცხადეს, რომ თქვენ დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვითო, მაგრამ უფრო ადრე გაზეთ „ბორბაში“ ასეთი ბრალდება წამოაყენეს: შეუწყნარებელია დემოკრტიულ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაო. მე ბოდიშს ვიხდი „ბორბას“ რედაქტორების წინაშე, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ეს ლოღიკა ძლიერ მოგვაგონებს, ბუშმენების ლოღიკას. გამოდის, როდესაც დემოკრატიული ორგანიზაცია ქუჩაში ყრის მოსამსახურეებს, - ეს კარგია, ხოლო როდესაც ეს დემოკრატია ხმას იმაღლებს და იცავს თავისუფლებას, ეს ცუდია. მე მგონი სოციალისტი და დემოკრატი ესე არ უნდა მსჯელობდეს.

აქ გამობრძანდა ბ. ნინიძე, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქე დააპატიმროსო, (ხმურობა, სიცილი) იმას სრული უფლება აქვსო. დიახ ეს ბრძანა ბ. ნინიძემ. როგორც სჩანს, ბ. ნინიძეს პრიმიტიული წარმოდგენა ჰქონია ადმინისტრაციაზე და მის დანიშნულებაზე. ამ შემთხვევაში ბ. ნინიძე გვაგონებს იმ ადამიანს, რომელიც ამბობდა რომ ადამიანს თავი იმისთვის აბია, რომ ქუდი დაიხუროსო.

მე ვამბობ, ადმინისტრაცია მარტო იმისთვის კი არ არსებობს, რომ დააპატიმროს მოქალაქე, ადმინისტრაციის მოვალეობა არის დაიცვას წესიერება, დაიცვას მოქალაქე თვითნებობისაგან, და როდესაც ის ვერ ასრულებს ამ მოვალეობას, ჩვენ, ჩვენს მოვალეობათ მიგვაჩნია, ავიმაღლოთ ხმა ასეთ ადმინისტრაციის თვითნებობის წინააღმდეგ. ჩვენ ისეთი აზრი მოგვაწერეს, თითქოს ჩვენ რაღაც ტოლსტოის მიმდევრები ვყოფილიყავით, თითქოს ვამბობთ, რომ არას დროს არ შეიძლება არსად მივიღოთ რეპრესიული ზომები. ჩვენ ვართ რევოლიუციონერები და გვაქვს რევოლიუციონური ლოღიკა. ჩვენ არ ვართ მანილოვები და არ გვწამს მანილოვშჩინა. ჩვენ ვამბობთ, რეპრესიული და არა ჩვეულებრივი ზომები ჩვენ უნდა მივიღოთ რეაქციონერების და კონტრ-რევოლიუციონერების წინააღმდეგ და არა დემოკრატიის წინააღმდეგ. ამაშია ჩვენ შორის განსხვავება. ჩვენ გვწამს ბრძოლაში რევოლიუციონური მეტოდები. მაგრამ მე ვეკითხები ბ. მინისტრს, როდესაც საგანგებო რაზმის წარმომადგენელი, უბრალო მილიციონერი, ძველ რევოლიუციონერს მოხუც ცხაკაიას მაუზერს პირში უდებს და ფეხშიშველას ციხეში მიათრევს, - განა ეს არის რევოლიუციონური ბრძოლა? არ ეს არ არის რევოლიუციონური ბრძოლა, ეს არის რევოლიუციის დაკნინება და შიშველი ცინიზმი.

აქ ბრძანეს, მოსამსახურეები ჩინოვნიკები არიანო. ბატონებო, მოხელეც არის და მოხელეც. აქ ლაპარაკი არის დაბალ მოსამსახურეზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოვალეობა არის, ისე როგორც თქვენი მოვალეობაც, რომ დავიცვათ დაბალი მოსამსახურეების ინტერესები. ჩვენ გვაქვს ასეთი ფაქტი: რკინის გზის მოსამსახურეების ყრილობაზე ირაკლი წერეთელმა რკინის გზის მოსამსახურეებს უწოდა რევოლიუციის ავანგარდი. მე თქვენ გეკითხებით, თუ კი რკინის გზის მოსამსახურეები რევოლიუციის ავანგარდათ გამოდგნენ, ნუ თუ ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეები რევოლიუციის არიერგარდად არ გამოდგებიან?!

მაგრამ დავუშვათ, რომ იქ მარტო ჩინოვნიკები იყვნენ. როგორ გგონიათ, თუ კი იქ ჩინოვნიკები არიან, განა გვაძლევს ეს საშუალებას, რომ მათ წინააღმდეგ ყოველგვარი ზომები მივიღოთ? მე მგონია არა, ვინაიდან თავისუფალ რესპუბლიკაში, თავისუფალ ქვეყანაში, კანონის წინაშე არ არსებობს ჩინოვნიკი და არა ჩინოვნიკი. ეს ელემენტარული არის. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ჩამორჩენილები კანონს გარეშე არიან. შეიძლება, მაგრამ არა მგონია ეს ხელსაყრელი იყოს თქვენთვის, ვინაიდან თუ საქართველოში არის ჩინოვნიკების პარტია, ეს არის სოციალ-დემოკრატიული პარტია, სადაც თავს იყრის მთელი ჩინოვნიკობა მინისტრებიდან გოროდოვოიმდი! (სიცილი) რომ ასეთი ჩინოვნიკები არ ყოფილან იქ, არამედ იქ იყვნენ მოსამსახურეები, უმთავრესად დაბალი მოსამსახურეები, ამას ამტკიცებს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ორგანო გაზეთი „ბორბა“. აი იქ ამ წლის №51 სწერია: «Но с кем ведет борьбу организация городских служащих, считающая себя профессиональным союзом и даже входящая в совет проф. союзов, являющаяся следовательно, по преимуществу демократической организацией?» მაშასადამე, აქ იყო დემოკრატიული ორგანიზაცია და არა ჩინოვნიკები!

აქ ბ. მინისტრმა ბრძანა ესეთი შეკითხვით თქვენ დემოკრატიას ებრძვითო. ამაზე იტყვიან, - ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო! არავითარი საბუთი ამის დასამტკიცებლათ მინისტრს არ მოუყვანია. ბ. მინისტრი გვაგონებს რუსი მწერლის კანტემირის ერთ გმირს. ეს გმირი ამბობდა, აზნაურს საბუთი რათ უნდა, ვიტყვი და საბუთი არ იქნებაო. მე არ ვიცი აზნაური ბრძანდება თუ არა ბ. მინისტრი, მაგრამ რომ მას სავსებით შეუთვისებია აზნაურების ლოღიკა, ეს აშკარა არის. (ხმაურობა) საქართველოში არის ერთი ცნობილი მწერალი, რომელიც ამბობდა, რომ დემოკრატიის საშინელი მტერია სოციალ-დემოკრატია. ეს მწერალი არ გახლავთ არც ნაციონალ-დემოკრატი, არც სოციალ-ფედერალისტი, არც სოციალ-რევოლიუციონერი. თქვენ ალბათ მიხვდებით თუ ვინ არის. ეს გახლავთ სოც.-დემ. მეთური ბ. ჟორდანია. აი რას სწერს ბ. ჟორდანია თავის ბროშიურაში. იქ სწერია: „არც ერთი პარტია არ არის მუშათა პარტიის ისეთი მტერი, როგორც დემოკრატიაა“.

„სოციალ-დემოკრატიული მოღვაწეობა მოითხოვს ბურჟუაზიის პოლიტიკურ ბატონობასო“. „სოციალ-დემოკრატია იღწვის ბურჟუაზიულ წყობილების დასამყარებლად, ბურჟუაზიულ რევოლიუციის მოსახდენადო“. აქედან აშკარაა, სოციალ-დემოკრატია არ ყოფილა დიდი მეგობარი დემოკრატიისა“.

აშკარაა ის, ვინც დემოკრატიის ხელით აკეთებს ბურჟუაზიის საქმეს, არის საშინელი მტერი დემოკრატიისა. ამნაირად, არც ერთი ბრალდება, რომელიც იყო წამოყენებული, დასაბუთებული და სერიოზული არ არის.

ჩვენთვის ცხადია, რომ აქ ადგილი ჰქონდა საშინელ უსამართლობას, ჩვენთვის აშკარაა, რომ ის, რაც მოხდა ქალაქის თვითმმართველობაში, არის დაგვირგვინება თუ გნებავთ გაღრმავება იმ პოლიტიკისა, რომელსაც თავიდან ბ. შინაგან საქმეთა მინისტრი აწარმოებდა. ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვცა მრავალი შინაური ფრონტები, ამ პოლიტიკის მესვეურებმა ჩვენში შემოიღეს ნამდვილი პოლიციური მეტოდები.

როგორც სჩანს საქმეს ვერ უშველა ვერც დამფუძნებელმა კრებამ, ვერც სამინისტროების რეორგანიზაციამ.

ამ ნაირად, ბატონებო, გულახდილად და პირდაპირ უნდა ითქვას: რაც უფრო მეტი ნოეები შედის ჩვენს მთავრობაში, მით უფრო უარესდება ჩვენი მდგომარეობა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევს შალვა ნუცუბიძეს.

შალვა ნუცუბიძე. (ს.ფ.). ბატონებო! ჩვენ ვფიქრობდით, იმდენი დრო გავიდა ამ გაფიცვის შემდეგ, რომ შესაძლებელი იქნებოდა პირუთვნელად გაშუქება იმ გაფიცვისა, რომელზედაც აქ შემოიტანეს შეკითხვა.

მაგრამ სინამდვილემ ამაში არ დაგვარწმუნა. ამ შეკითხვას, რომელიც აქ წამოაყენეს უსათუოდ არა აქვს უშუალო, პირდაპირო კავშირი ამ გაფიცვასთან, არამედ ამ გაფიცვას დაემატნენ რეფლექსები იმ აზრებისა, რომელიც გაუჩნდნენ ერთ-ერთ ჯგუფს დამფუძნებელ კრებისა ამ გაფიცვის შესახებ.

მხოლოდ შემდეგ, როდესაც გაფიცვის შემდეგ დიდმა ხანმა გაიარა, ჩვენ ვისმენთ შეკითხვის ავტორების განმარტებას. და გაუგებარი ხდება ერთი რამ. რაშია საქმე ბოლოს და ბოლოს? ნუ თუ არ შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ გარჩეული ყოფილიყო ამ გაფიცვის ის მხარე, რომელიც აქ დავას იწვევს?

მთელს მსჯელობაში, რომელიც აქ გაფიცვის შესახებ მოხდა, ერთი რამ უეჭველად თავიდან ბოლომდის არის გატარებული და ამ დებულების შეკითხვისას არცერთი მხარე - არც ის, რომელსაც შეკითხვა შემოაქვს, არც ის, ვინც ამ შეკითხვას ანგარიშს უწევს, არ უარყოფენ, - ეს გახლავთ ის, რომ მასში ორი მხარეა გამოხატული, ერთის მხრივ, გაფიცვას აქვს ეკონომიური ბუნება, ეკონომიური მხარე, მეორეს მხრივ პოლიტიკური ბუნება, პოლიტიკური მხარე.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მთავრობა ერთ წუთსაც შეეჭვებული იყოს იმაში, რომ გაფიცვას ეკონომიური მხარე ჰქონდა. მე არც იმას ვფიქრობ, რომ შეკითხვის ავტორები შეეჭვებულნი იყვნენ იმაში, რომ გაფიცვას თან ახლდა პოლიტიკური მომენტი.

მაშ რაღაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ ორივე მხარე თავისებურად უდგება ამ მოვლენის გაგებას და მის საბოლოო დასკვნის გამოტანას.

ბატონებო, უეჭველია, თუ ჩვენ აქ აკადემიურ სჯა-ბაას დავიწყებთ გაფიცვაზე, უსათუოდ ამ საგანზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. მაშინ საჭირო იქნება ის ისტორიული ექსკურსებიც, რომელიც შეკითხვის ავტორებმა მოიყვანეს. მაგრამ ჩვენთვის დღევანდელ მომენტში ეს საკითხი ასე აკადემიურად არ სდგას. ჩვენ უნდა ავიღოთ მთელი მისი ნამდვილი ბუნება, რომელიც გადაიშალა ჩვენ თვალწინ ამ რამდენიმე თვის წინად. აქ უეჭველია ჩვენ გვაქვს საქმე სრულიად გარკვეულ სახის მქონე მოვლენასთან.

თავისთავად ცხადია, რომ გაფიცვას ეკონომიური მიზეზები ჰქონდა. თავისთავად ცხადია, რომ ის პირები, რომელნიც ბოლოს და ბოლოს ასეთ ენერგიით იცავდნენ თავის ინტერესებს და ყოველ საშუალებას მიმართავდნენ, რომ ეს პირები ეკონომიურ მოტივებით, ეკონომიურ მდგომარეობით იყვნენ იძულებულნი ამ საშუალებისთვის მიემართათ. ამას არავინ არ უარყოფს. ყველამ იცის ის ბეჩავი მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფებოდა ის ჯგუფი, რომელიც იძულებული იყო გაფიცვა გამოეცხადებინა. მაგრამ განა ამაზე არის დავა? სრულიად არა. აქედან რაიმე დასკვნის გამოტანა არ შეიძლება. დავა გახლავთ მხოლოდ ორის შუა და საინტერესო და სადავო საგნად ხდება ეს მოვლენა. მხოლოდ მის შემდეგ, რომ ამ ერთფეროვან სურათს თან დაერთვა ახალი ფერი, რომელმაც ასეთი ახალი მხარე უჩინა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ისეთ ხასიათს ღებულობს, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო იძულებულია მის წინააღმდეგ ზომები მიიღოს, მეორეს მხრივ ზოგიერთ ჯგუფს უჩნდება საბაბი ამ შეკითხვის მსჯელობის საგნად გადაქცევისათვის. უეჭველია აგრეთვე ისიც, რომ იმ ბეჩავი მდგომარეობით, რომელშიაც იმყოფებოდნენ ქალაქის მოსამსახურეები, რაც ყველა ჩვენგანისთვის ცხადია, ცხადია მთავრობისთვის, ცხადი იყო ქალაქის თვითმმართველობისთვის, ამ ბეჩავი მდგომარეობით სურდათ ესარგებლათ ისეთ ჯგუფებს, ისეთ პირებს, რომელთც არსებითად არავითარი კავშირი არ ჰქონდათ არც გაფიცვასთან და არც გაფიცულებთან. აქედან იწყება მთელი ეს სადავო არე, სადაც აზრთა სხვაობა უფრო გარკვეულ სახეს ღებულობს. აქ ვინმე რომ გამოდის შეკითხვით ამ საგანზე, მან უნდა დაამტკიცოს ერთი რამ: მან უნდა სთქვას, რომ თავიდან ბოლომდინ გაფიცვას არ ჰქონია ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება გახდეს პოლიტიკურ კვალიფიკაციის საგნად. მაგრამ ასეთი რამის დამტკიცება შეკითხვის ავტორებმა ვერ შესძლეს, საამისო საბუთები ვერ წამოაყენეს.

უკანასკნელ სიტყვაში შემკითხველი ლაპარაკობდა არა აბსოლიუტურ ცნობების შესახებ, მაშასადამე ამავე ლოღიკას, რომ დავემყაროთ, ეს არა აბსოლიუტური რჩება მაინც ისეთი, სადაც ეკონომიური ხასიათი გაფიცვისა თავდება და მას პოლიტიკური ხასიათი ერთვის. ეს უარყოფილი არ არის არავისაგან. ამის საწინააღმდეგო მმართლებული საბუთები მოყვანილი არ არის. ამნაირად სრულიად ისეთივე მდგომარეობაში არიან შემკითხველები, როგორშიაც, მათი წარმოდგენით არის მთავრობა. რადგანაც, თუ ლოღიკას მიჰყევით, მართლაც თუ შემკითხველებს ჰგონიათ, რომ მთავრობა ლოღიკურ შეცდომას შვრება, როდესაც ის ვიღაცის მიერ პოლიტიკურ დახასიათებას ამ გაფიცვისას ავრცელებს ყველა იმაზე, ვინც მხოლოდ იურიდიულ მოტივებით გამოდიან ამ გაფიცვაზე, მე არ ვფიქრობ, რომ ნაკლებ შეცდომას შვრებოდნენ თითონ შეკითხვის შემომტანნი, როდესაც ეკონომიურ ხასიათს გაფიცვისას პოლიტიკურ ნაწილზედაც ავრცელებენ. ეს შეცდომები, თუ ლოღიკურად ვილაპარაკეთ, ერთი და იმავე ხასიათისა არიან, და სწორედ ლოღიკურის თვალსაზრისით შემცდარი იქნება მთავრობა, რომ მთავრობამ პოლიტიკური მხარე გაავრცელოს მთელ შეკითხვაზე. შეცდება ის, ვინც ეკონომიურ საფუძველს ავრცელებს პოლიტიკურ მხარეზე და ის, ვისაც უნდა ეკონომიური მიზეზებით დაფაროს პოლიტიკური მხარე. მე ვფიქრობ, რომ თუ ლოღიკურ შეცდომაზე მიდგება საქმე, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე მდგომარეობა არის. ბატონებო, აქ სადაო ბევრი არაფერი არ არის. მდგომარეობა სრულიად გარკვეულია. (ხმაურობა). უკაცრავად, შეიძლება წეროვანი სიტყვებით გამოხატოთ თქვენი აზრი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დიდი სადაო არ არის, დიდ დავას არ იწევს იმისთვის, ვინც შესძლებს მის პირუთვნელად გარჩევას.

მას შემდეგ, რაც ჩვენ წინ სდგება ასეთი სურათი გაფიცვისა, რომ გაფიცულების საშინელი მდგომარეობით უნდა ესარგებლათ რაიმე სხვანაირ ძალას, ამის შემდეგ სრულიად სხვანაირი მდგომარეობაა, სხვანაირ ხასიათს ღებულობს ეს სურათი, - მთელი სიმძიმე და სისასტიკე ამ საკითხისა, მთელი მნიშვნელობა მისი სწორეთ ამ ფაქტთან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ გაფიცვის, რომელზედაც აქ არის ლაპარაკი, პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ძალიან ადვილი იყო. ეს დაამტკიცეს ჯერ იმ ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომელნიც ამ მხრივ მიუდგნენ ეკონომიურ გაფიცვას. მართლაც იმდენად ბეჩავი იყო ამ ხალხის მდგომარეობა, იმდენად ეკონომიურად და მატერიალურად უმწეო მდგომარეობაში იყვნენ, რომ ისინი მზად იყვნენ დაეჯერებინათ იმისთვის, რომელნიც მათ ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას შეჰპირდებოდნენ. ასეთ პირობებში სრულიად ბუნებრივი იყო რაც მოხდა, სრულიად ბუნებრივი, რომ რომელიმე გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს საშუალება მისცემოდა ამ გაფიცვით თავისი პოლიტიკურ მიზნისთვის მიხწევა. ეს სრულიად ბუნებრივია. ასეთი მდგომარეობა, ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო შექმნილი იმ პირებისთვის, რომელნიც ჩაემბენ გაფიცვაში, მაგრამ ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უტყუარი ფაქტები იმისა, რომ სამსახურის ასრულების დროს შიმშილით გული მისდიოდათ ზოგიერთ მოსამსახურეებს. ეს საბუთი არ არის. (ხმაურობა). ეს გახლავთ საბუთი, ბ. გობეჩია, თქვენი შეკითხვის დასამტკიცებლად, ეს არაფერს არ ამტკიცებს, ეს ამტკიცებს მხოლოდ იმას.... (ხმაურობა) (ხმა: „სახალხო“ რას სწერდა?) „სახალხოს“ მე ხშირად ვკითხულობ, და ასეთ რამეს რასაც თქვენ ამბობთ, მე იქ ვერ ვნახულობ, ეს უთუოდ იმით აიხსნება რომ „სახალხო საქმეს“ მე თავიდან ბოლომდის ვკითხულობ თქვენ კი ბოლოდან თავამდე (სიცილი).

ჩვენ, ბატონებო, ვცხოვრობთ პოლიტიკურ საზოგადოებაში. საზოგადოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი დრო ექსპრესიით, მომენტალურ განცხადებით ხასიათდება. პოლიტიკურ ვითარებაში გაჩნდა პოლიტიკური სპეკულაცია და მან დიდი ფართო ასპარეზი მოიპოვა. ის ვრცელდება ჩვენ ქალაქის მოსამსახურეებზედაც, იმ პირების წყალობით, რომელთაც უნდოდათ მათი ბეჩავი მდგომარეობა თავის მიზნებისთვის გამოეყენებინათ. პოლიტიკური სპეკულაციის დამახასიათებელი ნიშანი და თვისება უეჭველად თან ახლავს ამ მოვლენას, რადგანაც ის პირები, აქ შემოსულნი, გარეშე ძალის სახით, სცდილობდნენ პოლიტიკური ხასიათი მიეცათ ამ გაფიცვისათვის. მაშასადამე, თუ გნებავთ ბუნებრივი და გასაგები იყო პოლიტიკური მხარე ამ გაფიცვისა. მაგრამ როდესაც რამდენიმე ხანმა განვლო გაფიცვის შემდეგ და პირუთვნელი გარჩევა მოტივების შესაძლებელი შეიქმნა, უფრო ნათელ და კრისტალურ სახეს ღებულობს.

ეს პოლიტიკური სპეკულაცია ამ დამფუძნებელ კრების ერთად-ერთი ჯგუფის სახით ჩვენს ცხოვრებაშიც შემოვიდა. რომ შესაძლო ყოფილა, ბატონებო, ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეების გაფიცვის პოლიტიკურ სპეკულაციის საგნად გამოყენება ამას ესერების შეკითხვა ერთხელ და სამუდამოდ ნათელს ჰყოფს. (ხმაურობა). (თავმჯდომარე. ნუ ლაპარაკობთ ადგილიდან!).

თქვენი ანალიზი რომ მართალი იყოს... (ხმაურობა). (თავმჯდომარე. ბ-ო, უკაცრავად, უმორჩილესად გთხოვთ წესიერება დაიცვათ, თორემ იძულებული ვიქნები პირადად მივმართო იმ კრების წევრს, რომელიც არღვევს წესიერებას. გთხოვთ, განაგრძოთ!).

ჩვენ, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ბ-ბო, რომ თქვენ მართლა საკითხი გაინტერესებს, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ თქვენ მართლა ფაქტებს ემყარებით, ჩვენ რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ თქვენ მაღალი მოსაზრებანი, მაღალი იდეალები გასულდგმულებთ, როდესაც თქვენ ამ გაფიცვის შესახებ შეკითხვით შემოდიხართ ჩვენ, უფრო სხვანაირად შევეხებოდით ამ შეკითხვას. გაცილებით მეტი ყურადღებით შევხედავდით ამ შეკითხვას, ვინემ ეხლა, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ობიექტური მასალა, რომ მეტ ანგარიშით და მოკრძალებით მოვეპყრათ ამ თქვენ შეკითხვას. ჩვენ არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ ის პირები, ის პოლიტიკური ჯგუფი, ის ბატონები, რომელიც ხელმძღვანელობენ ამ გაფიცვას არ სცდილობდნენ ეს გამოსვლა თავის მიზნებისთვის გამოეყენებინათ, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ისინი ისეთი მიუდგომელი ხალხი იყო, რომ მათი ამ საქმეში ჩარევა შეიძლებოდეს დადებით მოვლენად მიჩნევა. და სწორედ იმით აიხსნება ის გარემოება, რომ ჩვენ სავსებით ვეწინააღმდეგებით იმ მხარეს, პოლიტიკურს მხარეს, რომლის შეტანა ჰსურდათ ამ გარეშე ძალებს. ჩვენ არც ერთ წუთს არ ვფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც უნდოდა ამ გაფიცვაში ჩარევა, მართლაც გულწრფელი განზრახვები და მოსაზრება ასულდგმულებდა. როგორც იმ შემთხვევაში, ისე ამ შემთხვევაში. ამ პოლიტიკურ სპეკულაციის არსებობის დროს უპირველესად ყოვლისა ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დღევანდელ გამოსვლას აკლია პოლიტიკური გულწრფელობა და რამდენადაც ეს ასეა, ნურას უკაცრავად, თუ ჩვენ ასეთი სწორი თვალსაზრისით მოვეპყრობით იმ მოხელეებს, რომელთაც აქ თქვენ წარმოადგენთ. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ ორ შემთხვევაში ჩვენ ერთ და იმავე მოვლენასთან არ გავქვს საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რაც მოხდა, არ შეიძლება აქ ჩვენ გამოვიყენოთ იმ მიზნისთვის, რომელიც ერთ რომელიმე ჯგუფს თავის ზრახვათა განსახორციელებლად შესაძლებლად მიაჩნია.

ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია აქ გამოსვლა და ამ ტრიბუნიდან იმის განცხადება, რომ გაფიცვას პოლიტიკური ხასიათი არა ჰქონდაო. ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია ამის მტკიცება. თქვენ ქმნით ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ეს გაფიცვა თქვენს ხელში თავის შედეგებით პოლიტიკურ ხასიათს ღებულობს. ის რაც არ მოხდა მაშინ, რომ არ მიიღოს საბოლოოდ პოლიტიკური ხასიათი ის სრულიად დღეს აქ, მოახდინეთ. ის რაც ვერ მოახერხა იმ არა გულწრფელმა ხალხმა, რომელმაც გამოიყენა მათი ბეჩავი მდგომარეობა გინდათ გამოიყენოთ აქ თქვენ, იმავე არა გულწრფელობით.

რა თქმა უნდა ამ მოვლენათა შორის ჩვენ უშუალო კავშირს ვხედავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მთელი გამოსვლით სწორეთ დაამტკიცეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც გინდოდათ დაგემტკიცებინად. ძირითადი დებულება, ძირითადი გეზი, რომელიც გინდოდათ გაგემტკიცებინათ იყო ის, - რომ გაფიცვას არ ჰქონდა და არ შეიძლებოდა ჰქონოდა პოლიტიკური ხასიათი. - თქვენი აქ გამოსვლით, დღევანდელ პოლიტიკური ატმოსფერაში განსაკუთრებულ ყურდაღების მიქცევით, ამ საკითხის ირგვლივ, თქვენ შექენით სწორედ ისეთი მდგომარეობა. რომ ის, რაც თქვენ შეუძლებლად მიგაჩნდათ, ის, რაც არ გამოდგა მაშინ, - ეს, დღეს შესაძლებელი გახდა თქვენ მიერ შემოტანილ შეკითხვით.

ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ პირობებში ჩვენი ეროვნულ ყოფა-არსებობისთვის - განსაკუთრებით მიუღებელი არის ასეთი გამოსვლა, რომელიც მოახდინეთ თქვენ. გულწრფელად თუ არა გულწრფელად, ამას რომ თავი დავანებოდ განსაკუთრებით შეუძლებელია ასეთი მოვლენები ჩვენ ცხოვრებაში, რომლებსაც არ ახლდა, თქვენი აზრით, პოლიტიკური მხარე, გავხადოთ პოლიტიკურ ყურადღების ცენტრად და ამით შევქმნათ ერთხელ კიდევ - ის, რასაც უკიჟინებთ შინაგან საქმეთა მინისტრს: ეგრეთ წოდებული, შინაგანი ფრონტი. შესაძლებელია თქვენ ამ სახით გაართულოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გარეგან სირთულესთან, ერთად ჩაგვაგდებს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდანაც, მე არა მგონია, თქვენი იმედით შეიძლებოდეს გამოსვლა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩხიკვიშვილს.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი. (ს.-დ.) რამდენიმე მოსაზრების წარმოდგენა, როდესაც ვლაპარაკობდი დამავიწყდა. ამ მოსაზრების გამოთქმისთვის არ შეგაწუხებდით აქ გამოსვლით, მაგრამ შემდეგ კიდე რამდენიმე საყურადღებო აზრი გამოითქვა აქ, და მოწინააღმდეგისთვის საჭირო არის, რომ ხაზი გაუსვან, და აუხსნან - თუ როგორ უნდა ესმოდეთ საკითხი.

საზოგადოდ ძალიან გვაყვედრიან, ერთმა მათგანმა დაგვაყვედრა ის, რომ თქვენ აქ გაბატონებულნი ხართ, სხვის საქმეს აკეთებთ, და ამ წინააღმდეგობიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომელსაც აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილიო. ჩვენ მართლა სხვის საქმეს ვაკეთებთ? წარმოიდგინეთ ერთი წუთით, ერთი წუთით დავიჯეროთ, რომ სხვის საქმეს ვაკეთებთ. მაგრამ თქვენ ვის საქმეს აკეთებთ? მე მგონია არც სხვისას, არც თქვენსას! (სიცილი და ტაში). მე უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთს გარემოებას. როცა თქვენ მოუწოდებდით ხალხს თქვენ იმას სიმდიდრეს პირდებოდით, და აძლევდით სხვა და სხვა დაპირებებს. ჩვენ კი გარდა იმისა რასაც ვაკეთებთ, მეტს არასფერს ვპირდებოდით.

ჩვენ ვლაპარაკობთ პიროვნების თავისუფლებაზე და ხელუხლებლობაზე. ამას თქვენ არც დაჰპირებულხართ, და ვერც იზამდით ამას. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის. თქვენ უკმაყოფილონი ხართ, თუ არა. ჩვენ გამოგვიცხადეს ნდობა, ჩვენ ჩაგვაბარეს საქმე ხელში (ხმა: მახინაციებით. რეპლიკა არ ისმის.). შეიძლება, მაგრამ დღემდის მაგის ნიშნები არა გაქვთ. ადმინისტრაციის მოქმედების შესახებ რასაკვირველია შეიძლება აზრის სხვა და სხვაობა. შეიძლება არც ჩვენ ვიყოთ მადლიერი, იდეალურად არც ჩვენ გვყავდეს ის წარმოდგენილი. მაგრამ იმის თქმა, რასაც ესენი ამბობენ, ეხლაც გაიმეორეს, და მომავალშიაც ილაპარაკებენ - უსაბუთო არის. ჟანდარმებით და სტრაჟნიკებით აგიმსიათო: (შენგელაია: პაჩულია და კედია!) პაჩულია და კედიასთანა, რომ ბევრი იყოს ამ ჩვენ ადმინისტრაციაში მე თამამად შემიძლია ვსთქვა, მე პირადათ ჩემის სახელით გარწმუნებთ, რომ ძალიან კარგი ადმინისტრაცია იქნებოდა, რომ იმათ მგზავსი ბევრი იყოს. მაგრამ, არც ჟანდარმებს, არც სტრაჟნიკებს არ მოუხდენიათ ასეთი განკარგულება, და პირიქით, ის დატუსაღება, რომელმაც თქვენ ასე აგაშფოთათ - მიზანშეწონილი იყო, ჩვენ ვეცადეთ ამის დამტკიცებას, რომ ეს მიზანშეწონილი იყო, იმიტომ რომ, როგორც ილაპარაკეს ბევრმა, სხვათა შორის უკანასკნელმა ორატორმა ძალიან მჭევრმეტყველურად დაამტკიცა ის, რომ გვერდიდან გამოსული ხალხი შეეცადა ესარგებლათ უმწეო მდგომარეობით. იმის წინააღმდეგი არავინ არის, რომ მოსამსახურეთ უჭირდათ. ამასვე იზიარებდა საბჭოც. მაგრამ საქმე იმაში არის, გაფიცვა გააძლიერებდა თუ არა ქალაქის კასას? გაფიცულებმა იცოდნენ, რომ გაფიცვა არაფერს მისცემდა ქალაქის კასას, მაგრამ ეს ცოდნა გამოიყენეს თავისებურათ, სხვა მიზნისთვის, პოლიტიკურ მიზნისთვის. აქ პოლიტიკური მომენტი სჭარბობს. პოლიტიკური მიზნისთვის გაიყოლიეს ხელმძღვანელებმა სწორედ ის წრეები, რომელნიც სხვაფრივ იყვნენ დაინტერესებულნი ამ გაფიცვაში. რა იყო მათი პოლიტიკური მისწრაფება? თუ თქვენთვის ეს დამტკიცებას მოითხოვს, თუ თქვენ ამბობთ მოიყვანეთ საბუთებიო, რომ ისინი დენიკინელები არიან, დაამტკიცეთ რომ შავრაზმელები არიან, რომ რევოლიუციონერები არ არიან, მართლა უნდა მოგახსენოდ, ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონიათ საგანზე. საქმე იმაში კი არ არის დენიკინის იარლიკი აკრავს თუ არა კაცს ზურგზე. როდესაც ისინი გამოდიან უსაბუთოდ, უნიადაგოდ, მიზანშეუწონლად, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისთავად ეხმარებიან ჩვენს მტრებს, და არც ჩვენ გამოგვადგებიან. ეს არის დენიკის სასარგებლო მოქმედება. ეს უნდა გაითვალისწინოდ და იცოდეთ, რომ ისინი ამგვარი მოქმედებით ხდიან თავიანთ თავს დენიკინელებათ. მაგრამ, მათ შორის ისედაც ბევრი დენიკინელი არის. მე შემიძლია გვარებიც დაგისახელოთ. შეიძლება თქვენ ბრძანოთ, რომ ისინი ესერები არიან, მე მეგონა რომ ესერები არ იყვნენ, მაგრამ თუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ესერები არიან, დაგვილოცნია თქვენთვის. მაგრამ მოქმედება მათი ყოველ შემთხვევაში არც თქვენთვის სასარგებლოა, არც დემოკრატიისთვის პირიქით იგი დემოკრატიის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, და ჩვენც ამას ხაზს უსვამთ.

ძალიან დიდი ყურადღება მიუქცევია დეპუტატისა ერთ დროშას პირველ მაისობას. მე ამაზე არ შევჩერდებოდი, რომ მართლა დიდი მნიშვნელობისა არ ყოფილიყო ის დროშაო. მაგრამ მისი შინაარსი დეპუტატს ვერ გაუგია. დროშაზე დიდი წითელი ჯვარი იყო დახატული, და ზედ ეწერა - „ვითხოვთ გაფიცვის თვისუფლებას“. ეს დროშა ეჭირათ ხელში არამიანცის საავადმყოფოს ყოფილ ქალაქის მოსამსახურეებს, მათ წინ მიუძღოდა თქვენი მეგობარი არშაკ ზურაბოვი. (შენგელაია: თქვენი მეგობარი იყო) სჯობია გლახა კაცი წარსულში იყოს მეგობარი ვიდრე აწმყოში. (სიცილი) ამ დროშას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე სრულებით არ მინდა ამას საოხუნჯო ხასიათი მივსცე. მე ძალიან სერიოზულათ მინდა შევხედო ამას, თუ რას ნიშნავს ეს დროშა საავადმყოფოს მოსამსახურეებისა, რომლებმაც საავადმყოფოში გაფიცვა გამოაცხადეს. მე მგონია დიდი ცოდნა და ჭკუა არ არის საჭირო, იმის გასაგებათ, რომ ავადმყოფისთვის წამლების და მოვლის მოკლება, და გაფიცვის გამოცხადება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ, ერთი სიტყვით... (არსენიძე: სიგიჟე დამყარდება!) ან გაგიჟდება, ან სხვა მეტი გამოსავალი არ აქვს კაცს, მაგრამ ასეთ გაფიცვას, გამოსვლას ადგილი ჰქონდა არამიანცის საავადმყოფოში. ქალაქის საავადმყოფოში (ხმაურობა, რეპლიკა არ ისმის!) ბრძანებთ შიმშლით გული მისდიოდათო. მოგახსენებთ, - შიმშილით მათ გული არ წაუვიდოდათ, რადგან საავადმყოფოს მოსამსახურეთ საჭმელი, სასმელი საკმარისად ჰქონდათ. თქვენ გეცოდინებათ, რომ იგინი თავის-თავზე უფრო მეტს იზრუნებდნენ, ვიდრე სხვებზე. საავადმყოფოში არის სამზარეულო - ჭამე, სვი და იყავი. მაგრამ გაიფიცნენ, რამდენიმე ასეული კაცი, (ხმა: მართლია!) დაბალი მოსამსახურენი - დროებით მიღებულნი, გაიფიცნენ და მათთან ერთად უფრო მაღალი მოსამსახურენიც: - ექიმებიც კი. როგორ უნდა დაამტკიცოთ, რომ ექიმები დაბალი მოსამსახურენი არიან? ვერც იმას დაამტკიცებთ, რომ მცირედი ჯამაგირი, სახელდობრ 500 მან. იყო მიზეზი გაფიცვისა, რადგან 500 მანეთს მათგანში არც ერთი არ ღებულობს. ღებულობენ სამჯერ ხუთასს და ოთხჯერ ხუთასს. გაცილებით მეტს ღებულობენ, ვინემ ჩვენი ბიუროკრატები, როგორც თქვენ უწოდებთ იმათ, მაგრამ იგინი მაინც გაიფიცნენ. ბ-ბო, მაშინ, როდესაც ეპიდემია მძვინვარებს, როდესაც ეს ეპიდემია უმეტეს ნაწილად ანადგურებს, და სამარისკენ ისტუმრებს სწორედ დაბალ წოდებიდან, უღატაკეს ოჯახებიდან ამ დროს, ექიმები გაჭირვების გამო კი არა, მარტო თანაგრძნობისთვის გაფიცვას აცხადებენ, და საავადმყოფოში მხოლოდ ბოლშევიკების და ლტოლვილების მიღებას აპირებენ. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პირდაპირი დანაშაულობა არის და ჩვენ იმათ უცქეროდით, როგორც დამნაშავეთ. მოსალოდნელია, მომავალში, როდესაც მასალა მოგაკლდებათ, შემოიტანთ ერთ შეკითხვას ექიმების შესახებ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენი სასამართლო სამართლიან ნაბიჯს გადასდგამს, - გაფიცულ ექიმებს ციხეში ჩასვამს, რადგანაც ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაში, რომ არა ერთი ათეული ავადმყოფი გაგზავნეს სამარეში მოვლა-პატრონობის და ექიმობის მოსპობით (ხმა: თქვენი წყალობით!). ჩვენი წყალობით ისინი გამაძღარნი იყვნენ. ისინი ამბობდნენ - ჩვენ მართალია ყველას არ ვიღებთ საავადმყოფოში, მაგრამ შიგნით კი მაინც უვლითო. და შიგნით მოვლა კი თურმე ასეთი იყო, მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვიტყვი და იმედია მოსამსახურენი არ იფიქრებენ, რომ ყველას ბრალი გვედებაო. რასაკვირველია, მათ შორისაც იქნებოდნენ ადამიანები, მაგრამ ზოგიერთნი ეგრე მოიქცნენ. - სიბინძურეში ჩამხრჩვალნი, ზოგიერთი ავადმყოფი ლოგინზე გაციებული - აი რა მდგომარეობაში მიიყვანეს მოსამსახურეებმა საავადმყოფო და თქვენ გინდათ ასეთ ადამიანების დამცველობა იკისროთ და დემოკრატიის სახელი ატაროთ (ხმაურობა. ხმები: სირცხვილია!) ეს სირცხვილი არის თქვენთვის! (ხმაურობა). ჩვენ არ მიგვიყვანია იგინი აქამდის. იმათ საჭმელ-სასმელი ჰქონდათ. ჯამაგირს დავპირდი პირველ შეძლებისამებრ. თქვენ ამას ანგარიშს არ უწევთ. ასეთი გაფიცვა იგემა თავდაპირველად დემოკრატიამ, ასეთი გამოსვლები დემოკრატიას ზარალს მოუტანს და ლახვარს დასცემს. ვინ იცის რამდენი ასეული გაიგზავნა სამარეში, ვინ იცის რამდენი ათეული. ეტყობა, როგორ უტიფრად ეპყრობიან საბუთებს: როდესაც მინისტრი ლაპარაკობდა და სთქვა, რომ ბოლშევიკებს და ლტოლვილებს ღებულობენ მარტო, აქედან შემოსძახეს დეპუტატებმა. ბ-ბო! ასეთ რამეს უსაბუთოდ არ ამბობენ. მე გაგაცნობთ დოკუმენტს, მათი ხელმძღვანელის ხვალისის ხელმოწერილს. აი ამაში სწერია, რომ გარდა „ბეჟენცებისა“ და წითელრაზმელებისა .. (ხმა: რუსულად წაიკითხეთ). (კითხულობს). (შენგელაია: ძალიან კარგია!) ძალიან კარგია, მშვენიერი თქვენთვის, მაგრამ ჩემის აზრით კი სირცხვილია და ჩვენ იგინი გამოვაცხადეთ დათხოვნილებათ, რადგანაც მუშაობაზე ხელი აიღეს. ისინი რომ წავიდნენ ჩვენ სხვები დავაყენეთ მათ ალაგას. მაგრამ თქვენ გინდათ, ყოველ შემთხვევაში, ყველა პასუხისგების გარეშე მდგომს საშუალება მისცეთ ილაპარაკონ ჩვენს წინააღმდეგ. გინდათ გაანთავისუფლოთ პოღოსოვი და ძმანი მისნი, რომ სანამ სასამართლო მათ საქმეს იძიებს და თავის ადგილს უჩვენებს, - სანამ ამ არეულობის დროს ოთხი-ხუთი აჯანყება მოგიწყონ.

ასეთი საქციელის მიზეზი მხოლოდ შეუგნებლობა არის. შეუგნებელი ვერ დაინახავს ასეთ გამოსვლის ბოროტებას სანამ ზარალს მეტს არ მოუტანს. შეიძლება გინდათ, რომ ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს და მოწინააღმდეგეს მომზადების და გამოსვლის საშუალება მისცეს. და როდესაც იარაღით ხელში გამოვა მოწინააღმდეგე, მაშინ შეებრძოლებით მას.

კარგი პოლიტიკოსი და ხელმძღვანელი ის მთავრობა არის, რომელიც დროზე მიიღებს ზომებს, რომელიც არ მიიყვანს საქმეს იქამდის, რომ სისხლის ღვრით და იარაღით არ გადასწყდეს საქმე. სისხლის ღვრა, რასაკვირველია, თუ საჭირო არის - შესაძლებელია, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში. და სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. კრების წევრმა ნუცუბიძემ ძალიან მკაფიოდ გამოსთქვა, რომ გაფიცვით ისარგებლა იმ ხალხმა, რომელსაც უნდოდა გამოეყენებინა ეს გაფიცვა თავის მიზნებისთვის. მათი მიზანი იყო სახელმწიფოსთვის ლახვარის ჩაცემა. შესძლეს ეს თუ არა? ვერ შესძლეს, იმიტომ რომ ცუდმა დამცველმა, ამათ მზგავსმა არამკითხე დამცველმა რა უნდა გააკეთოს, რომელ სახელმწიფოს უნდა დასცეს ლახვარი?

დიდი ყურადღება ჩვენმა მოწინააღმდეგმ მიაქცია იმას, თუ ვინ უჭერდა გაფიცულებს ხმას. დაასახელეს ბაქოს მუშები. რატომ მხოლოდ ბაქოზე ილაპარაკეს და პარიზი არ დაასახელეს? იქნება პარიზში ჩვენ გვიჭერდნენ მხარს მუშები! (ხმაურობა) საქმე ამაში არ არის. (ხმაურობა) უკაცრავათ, მე თქვენი აზრი უკვე გავიგე, მოგისმინეთ - ბაქოს პროლეტარიატი უჭერდა მხარსაო. ბაქოს პროფესიონალური კავშირი, მისი პრეზიდიუმი, პრეზიდიუმის თავმჯდომარის ამხანაგი, მდივანი... ჩამოთვლა, რომ გაეგრძელებინა, გაფიცვის მომხრეთა სია ესა, ესა და ესაო. ეს მე მესმის, შეიძლება მართალია რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ რატომ უნდა მისცეთ უპირატესობა იმათ, ვინც ცხრა მთას იქით არიან? შეიძლება მეშჩანები გგონიათ რკინის გზის დეპოს მუშები, მუშათა საბჭო, პროფესიონალური კავშირი? რატომ მეტალისტების კავშირი უსათუოდ მუშურია, რატომ კერძო ქალების კავშირი დიდი დემოკრატიაა, ნამდვილი პროლეტარიატია, დემოკრატიზმის და ჭეშმარიტების დამცველი და სხვა კი არა? დიდი უმრავლესობა პროლეტარიატისა, წინააღმდეგი იყო ამ გაფიცვისა და თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, წაგიკითხავთ ერთს დოკუმენტსაც (კითხულობს) (შენგელაია: თქვენი კარნახით!) თქვენც ასე გიკარნახებთ, ყმაწვილო, როგორც იმათ უკარნახებთ, მაგრამ რატომ თქვენ არ გესმით? (ტაში, სიცილი) ცხადზე უცხადესია დემოკრატიის მშრომელი მასსა, რომელმაც კარგად იცოდა საქმის მდგომარეობა, მისი ისტორია, მისი პროცესი მათი წინააღმდეგი იყო, და ჩვენი მომხრე.

აი, ბ-ბო, მათი მოწოდება, რომელშიაც ნათქვამია შემდეგი: (კითხულობს) არ ცოდნა იმისა თუ რა უბედურობა მოჰქონდა გაფიცვას, - არ შეიძლებოდა (ხმა: იძულებულნი იყო მდგომარეობით) ბ-ბო, გაფიცვას არ შეეძლო სარგებლობა მოეტანა მათთვის. მიზნის მიღწევა გაფიცვით არ შეიძლებოდა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჯამაგირების მიცემა გამგეობის სურვილზე არ იყო დამოკიდებული, არამედ შეუძლებლობის და ქალაქის კასის სიღარიბის შედეგი იყო. კასსა ისე კი არ გესმოდეთ, როგორც ყუთი. ამბობდნენ, კასირი იქ იყოვო. კასირი იყო, მაგრამ აპარატი უნდა მუშაობდეს, რომ ამ კასაში, ამ ყუთში მუდამ მოდიოდეს რამ. შემოსავალი, რომ შემოსულიყო და მდგომარეობა არ არეულიყო, უფრო მალე გაკეთდებოდა საქმე, და უფრო მალე მიიღებდნენ ჯამაგირს. არ შეიძლება რომ მათ ამისთვის ანგარიში არ გაეწიათ. მაგრამ, საქმე სხვაში იყო, უფრო მალე გაკეთდებოდა საქმე, და უფრო მალე მიიღებდნენ ჯამაგირს. არ შეიძლება რომ მათ ამისთვის ანგარიში არ გაეწიათ. მაგრამ, საქმე სხვაში იყო. ნაწილი ფიქრობდა გაეყოლა მშრომელი ხალხი, დაემხო დემოკრატიის ბატონობა. მეორე ნაწილი ჰფიქრობდა - ანარქიას შევიტანთ, და ამით გავანადგურებთ ქალაქსაო. ამის საბუთები ჩვენ გვაქვს. წაგიკითხავთ რამდენიმე ამონაწერს და სიტყვებს. თქვენის აზრით ეს არაფერს ნიშნავს, ტაშს უკრავენ და შესაფერ გადაწყვეტილებას ღებულობენ, ეს უკვე მოქმედების ერთგვარობა არის. არ ვიცი თქვენი მეგობარია თუ არა ხვალისი, მაგრამ როცა უთხრეს იმას, რომ ქალაქის მოსამსახურეთა გაფიცვა, დღევანდელს პირობებში ქალაქს გაანადგურებსო, - მაშინ იმან უპასუხა: „დრო სწორეთ ეხლა გვაქვსო, გახსოვდეთ, რომ ეხლა ტიფია. ტიფმა დააქცია მე-7 არმია, და თფილისსაც იგი დააქცევსო“.

გახსოვდეთ თქვენ, რომ როდესაც გამოდიხართ ასეთი შეკითხვებით, პასუხისგებასაც კისრულობთ იმათ მოქმედებაში და სიტყვებში, ვისაც შეკითხვით იცავთ. იმის მთქმელი და მომქმედი, რომ მაშინვე ციხეში არ ჩაესვათ, ვალდებულნი იყავით გეთქვათ - რატომ იმავე წუთს არ ჩასვითო? ჩვენ იმისთანა ადმინისტრატიული აპარატი არ გვაქვს, რომ წინდაწინ გავიგოთ მოსალოდნელი საფრთხე. მოწყობილი რომ იყოს ასეთი აპარატი, მაშინ საშუალებაც არ ექნებოდათ კრებებზე ასეთი სიტყვები ეთქვათ და თავის პოზიცია გაემაგრებინათ.

ოპოზიციონერებმა სთქვეს, რომ კირილე ნინიძემ სთქვაო - ადმინისტრაცია იმისთვის არის, რომ დაიჭიროს ხალხიო. შეიძლება ხვალისმა დაგიჯეროთ, მაგრამ ჩვენი დემოკრატია ამას რომ გაიგებს მხოლოდ გაიცინებს, იმიტომ, რომ ნინიძე იმ პარტიას, რომლის სახელით ლაპარაკობს ის, თქვენზე უფრო კარგად იცნობს. ამისთანა რამეს ვერც კირილე ნინიძე იტყვის და ვერც სხვა. მომსამსახურეები აი ამ დროშით გამოვიდნენ, გაფიცვის თავისუფლებას თხოულობენ და თქვენ ამის ნებას არ აძლევთო. იცით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რაც გითხარით, რაც მოხდა საავადმყოფოში - მე გაფიცული ვიქნები, გაფიცვის თავისუფლებას გავიყვან და ავადმყოფები ამოწყდნენო. სხვა დროს, რასაკვირველია, ის რაზედაც გელაპარაკეთ, საავადმყოფოში გაფიცვის შედეგები ყურადღების მიქცევის ღირსი იყო. მაგრამ, როგორც უარყოფითი მოვლენა ჩვენშიც ესეც აღსანიშნავია.

ეხლა შემეძლო კიდევ ჩამომეთვალა ძალიან ბევრი ორგანიზაციები... (ხმაურობა) მოგახსენეთ, რომ ბაქოს პროფესიონალური კავშირი ერთო ორი და ოთხი ჩამოთვალეს, ერთ-ერთ ორგანიზაციის სხვა და სხვა ნაწილები (ხმაურობა) მაგრამ ის აუარებელი დადგენილებები, რომლებიც მოსდის რედაქციებს და აგრეთვე ოცდაერთ მარტის სხდომაზე მიღებული რეზოლიუციები (ხმა: მენშევიკებისა!) თუნდაც მენშევიკებისა. მენშვიკები იყოს თუ გინდა. ასეთივე დადგენილება იყო ორთაჭალის მოსამსახურეების და მუშების კრებისა (კითხულობს).

ერთი სიტყვით თბილისში არავის უთქვამს, თბილისში არავისთვის უტყუარი არ არის, რომ თბილისის მუშების დიდ უმრავლესობას მოეწონა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იყო ქალაქის საბჭოს მიერ. ეს ნაბიჯი იყო მიმართული მარტო იქითკენ, რომ ვისაც მდგომარეობასთან შერიგება შეეძლო დაბრუნებულიყო უკან, ვინც კი მართლა მტერი იყო, და ვისაც თავისი მოქმედებით მახვილის ჩაცემა უნდოდა ზურგში - მოეშორებინა და კიდეც მოიშორა. რამდენიც უნდა ექომაგოთ იმათ, ქალაქის თვითმმართველობას სხვანაირი მოქცევა არ შეეძლო. და თქვენ დაწვრილებით პასუხს, რიცხვით რამდენი იყვნენ დათხოვნილნი, რამდენი იყო გაფიცვის მონაწილე, ვინ იყვენენ ისინი სხვა და სხვა მდგომარეობით, ეროვნებით, სოციალურ მდგომარეობით, განათლებით და სხვა უფრო დაწვრილებითი პასუხის მიიღებთ ქალაქის საბჭოში, თუ იქნებით მსმენელად. ამაზე შეკითხვა საბჭოშიაც არის შემოტანილი და პასუხსაც მივცემთ იქ. ეხლა კი კიდევ ერთი მოსაზრება მინდა მოვიყვანო. როდესაც უკანასკნელმა მოლაპარაკემ დაასრულა თავისი სიტყვა, მან სთქვა, რომ ბევრ ნოეებში ხეირი არ არისო. საქმე იმაშია, რომ თუ მათი მოქმედება თქვენ შეგიძლიანთ გააბათილოთ რაიმე ფაქტებით, უნახოთ მართლაც რაიმე უვარგისი მოქმედება შეიძლება ილაპარაკოთ, მაშინ ამას აქვს მნიშვნელობა, თორემ სანამ ეს არ დაგიმტკიცებიათ, ასეთი ზეპირი გამოსვლებით გინდათ მხოლოდ კბენა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ უსათუოდ შეუგნებლად მოქმედობთ, თორემ, მე მგონია, თქვენ განზრახ ეს არ უნდა გინდოდეთ. თქვენ გინდათ უკბინოთ და ამით გინდათ სახელი გაიკეთოთ, - სინამდვილე უნდა იცოდეთ, და თუ ხელს გვიშლიან საერთო საქმეში, ამით თქვენ მტერს და ჩვენ მტერსაც საქმეს უკეთებენ და აძლიერებენ. ამ ემთხევვაში უგუნური თქვენი მოქმედებით არ უწევთ ანგარიშს რა შედეგები მოჰყვება. იგავებით, რომ გვეთქვა, ჩვენ შეგვიძლიან ერთი იგავი მოგიყვანოთ; კრილოვის ერთი გმირი, გემრიელ რკოს სჭამდა; - რკოთი კმაყოფილი იყო და იმავე დროს მუხას ძირს უთხრიდა. აი ასეთი არის თქვენი საქმე. ჩვენის აზრით, მთავრობის მოქმედების წინააღმდეგ შეტანილი შეკითხვა არ არის სრულებით დამამტკიცებელი იმისა, რომ მთავრობას ის არ უქნია რაც უნდა ექმნა. პირიქით, მთავრობას შეგიძლიანთ ის უსაყვედუროთ, რომ ასეთ მოვლენას არ უნდა ჰქონოდა ადგილი, ასეთ კაცებს არ უნდა ჰქონოდათ საშუალება თარეშობისა და ფარფაშისა, და თავისუფალ მუშაობისა, შეიძლება ამ ჯგუფმა ეს უსაყვედუროს მთავრობას. მაგრამ ახსნა და განმარტება მას იმისა შეუძლიან, რომ ახალგაზრდა სახელმწიფოს ახალ ძალების მექონეს, ჯერ კიდევ განუვითარებელს, არ შეეძლო სახელმწიფოს ყოველი დარგის და ყოველი მხრის მოწყობა ესე კარგად, იდეალურად, სხვათა შორის ადმინისტრაციაც. მხოლოდ ამითი აიხსნება. ეს შეგვეძლო გვესაყვედურა მთავრობისთვის და არა ის, რომ ცოტა გვიან სასურველი ზომები მიიღო.

სოციალ-დემოკრატიული ფორმულა მორიგ საკითხზე გადასვლისა.

თავმჯდომარე. შემოტანილია ორი ფორმულა. ერთი ფორმულა გახლავთ სოციალ-დემოკრატებისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს): „მოისმინა რა მთავრობის პასუხი სოც.-რევ. შეკითხვაზე ქალაქის გაფიცულ მოსამსახურეთა დატუსაღების შესახებ, დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ მთავრობას ზომები მიუღია არა გაფიცულთა წინააღმდეგ, არამედ იმ გარეშე პოლიტიკურ ელემენტებისა, რომელნიც გაფიცვით სარგებლობდენ ჩვენი რესპუბლიკის დასამხობად; რომ ამ მიზნით მიღებული რეპრესიები გამოწვეული იყო დემოკრატიის ინტერესების დაცვით, დამფუძნებელ კრებას იმედი აქვს, რომ ანარქიის ჩასაქრობად მთავრობა შემდეგშიაც არ დაერიდება მიზან-შეწონილად რეპრესიული ზომების მიღებას დემოკრატიის და მუშათა კლასის აშკარა თუ ფარული მტრების წინააღმდეგ - სრულიად დაკმაყოფილებული მისი პასუხით, გადადის მორიგ საკითხზე“.

თავმჯდომარე. მეორე ფორმულა გახლავთ სოციალისტ-რევოლიუციონერებისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფორმულა

მდივანი (კითხულობს): მოისმინა რა შეკითხვა ქ. თბილისის გაფიცულ მოსამსახურეთა დაპატიმრებისა და გადასახლების შესახებ და მასზე მთავრობის განმარტება, დამფუძნებელი კრება ადგენს: 1) დაუყოვნებლივ განთავისუფლებულ იქნან გაფიცვის გამო დაპატიმრებულნი, ხოლო გადასახლებულებს მიეცეს უფლება უკან დაბრუნებისა; 2) მიღებულ იქნეს ყველა თავიანთ ადგილებზე, ვინც გაფიცვის გამო ქალაქის თვითმმართველობამ დაითხოვა, თუ ისინი ამას მოისურვებენ და 3) მოხდეს სასტიკი გამოძიება ადმინისტრაციის მოქმედებისა ამ საქმეში, რათა დამნაშავენი და ბოროტ-მოქმედნი დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ამ ფორმულის შესახებ? მსურველი არავინაა. მაშასადამე კენჭს უყრი ამ ფორმულებს იმ რიგზე, რა რიგზეც არის შემოტანილი. ვინ არის მომხრე პირველ ფორმულისა, ესე იგი სოციალ-დემოკრატების მიერ შემოტანილისა? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე მეორე ფორმულისა? ფორმულა უარყოფილი გახლავთ. შემდეგი საკითხი გახლავთ:

შეკითხვა სოციალ-რევოლიუციონერების ფრაქციისა გზათა მინისტრისადმი შავი ზღვის რკინის გზაზე სახაზინო ქონების გატაცების შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ ავტორებმა იმ დღეს შეკითხვის სისწრაფე მოხსნეს, ისე რომ სასწრაფოთ არ არის აღიარებული ეს შეკითხვა. თუ არავინ წინააღმდეგი არ არის ის იქნება განხილული დღესვე. გთხოთ მოისმინოთ ტექსტი (მდივანი კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო! ძველ ბიუროკრატიის ცხოვრებას სხვათა შორის ახასიათებდა ის, რომ მისი მესვეურები მეტად ტლანქად და უცერემონიოთ ეპყრობოდენ სახალხო ქონებას. სახალხო ქონება იყო მათი პირადი გამდიდრების და კეთილ-დღეობის წყარო.

ხალხის კეთილდღეობა და სამშობლოს გასაჭირი მათთვის ლიტონი სიტყვა იყო. მათთვის არ არსებობდა საზოგადოებრივი აზრი, მათ, როგორც იტყვიან, არც ღმერთისა ეშინოდათ, არც ადამიანისა რცხვენოდათ. ეს თავისი დუხჭირი ზნეობრივი ფიზიანომია ძველმა მოხელეებმა გამოხატეს ცნობილ წინადადებაში, რომელიც ამბობდა: «не пойманъ, не воръ».

ეს იყო აღმაშფოთებელი, მაგრამ იყო სავსებით გასაგები, რადგანაც მთელი ეს სისტემა იყო ყალბი, იყო აშენებული ჩაგვრასა და ძალადობაზე. დემოკრატიის და რევოლიუციის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ გვქონდა სრული იმედი გვეფიქრა, რომ რაკი ხალხის საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ხალხისავე შვილები, ხალხის ქონებას მოუვლიდენ ისე, როგორც ამას მოითხოვდა ხალხის ინტერესები. მით უმეტეს ეს საჭირო იყო ისეთ ღარიბ ერისათვის, როგორიც არის ჩვენი ერი. სამწუხაროდ ამის შეგნებას ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით, სახალხო ქონების განიავებამ და სისტემატიურ გატაცებამ ჩვენში ზღაპრული ხასიათი მიიღო. თითქმის არ არის არც ერთი დაწესებულება, სადაც არ იყო სისტემატიური გაფლანგვა.

ჩვენი შეკითხვა ეხება კონკრეტიულ შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს შავი ზღვის რკინის გზაზე. მაგრამ, რაც იქ ხდება არის გაგრძელება იმ ნივთიერ განიავების ეპიდემიისა, რომელიც მომდინარეობს ცენტრიდან, და რომელიც ნაცვლად ეკონომიური აღორძინებისა ჩვენ რესპუბლიკას უქადის საშინელ კატასტროფას. ფაქტები შემდეგი გახლავთ: სოფელ თეკლათში ამ მოკლე ხნის წინათ, რკინის გზის ადმინისტრაციამ აღმოაჩინა სხვა და სხვა სახაზინო მასალები, რომელიც იყვნენ გაქურდულნი და გატაცებული რკინის გზის საწყობიდან და კანტორიდან. ამის შესახებ იქმნა შეყენებული ოქმი. ოქმი გაეგზავნა გზის უფროსს, მაგრამ მას კანონიერი მსვლელობა არ მიეცა და ყველა დამნაშავენი დარჩნენ გარეთ თავისუფლად. შემდეგ სოფელ ირემეში ჰქონდა ადგილი ასეთ შემთხვევას: აქ გაიტანეს საწყობიდან რკინეულობა, შპალები, აუარებელი ნივთები, შეყენებულ იქმნა ოქმი, ეს ოქმი გადაეცა ჩვეულებრივ უფროსებს, მაგრამ მსველოლობა არ მიეცა და დამნაშავენი ისევ დარჩნენ თავისუფალნი. სოფელ თეკლათის მცხოვრებს ვიღაც ხუხუას უნახეს აგრეთვე სახაზინო ქონება, მასალები ბლომათ, შეაყენეს ოქმი, მაგრამ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და უყურადღებოთ დარჩა. მარტის შუა რიცხვებში სოფელ ხეთაში გაიტაცეს აუარებელი მასალა, რომელიც ეკუთვნის რკინის გზას. ეს აღმოაჩინა რკინის გზის ადმინისტრაციამ, შეაყენეს ოქმი, მაგრამ საქმეს ჩვეულებრივი მსვლელობა მიეცა. გზის ერთ ერთ კონტორაში მოიპარეს სხვა და სხვა ტანსაცმელი, და სხვა და სხვა მასალები, შეყენებული იქმნა ოქმი, მაგრამ დამნაშავენი თავისუფალნი არიან, მათთვის არავითარი პასუხი არ მოუთხოვიათ. მარტში ამ გზაზე გაქურდეს მეორე კონტორა, საიდანაც წაიღეს ტყავი და სხვა აუარებელი საქონელი, შეაყენეს აგრეთვე ოქმი, მაგრამ დამნაშავენი დღესაც დაპატიმრებულნი არ არიან. შემდეგ მოხდა დიდი ბოროტმოქმედება: გაიტაცეს აუარებელი საქონელი, რამდენიმე 10,000 მანეთის ღირებულებისა. ამის შესახებ იქმნენ შეპყრობილნი დამნაშავენი, მაგრამ გაანთავისუფლეს ისე, რომ არავითარი მსვლელობა საქმეს არ მისცეს და უყურადღებოდ დარჩნენ ესენიც. ეს ზარალი უდრის რამდენიმე 10,000 მანეთს. 30 აპრილს მოხდა ასეთი ფაქტი: სადგურს დაეცნენ დღისით, მოიტანეს ურმები, დააწყეს ურმებზე აუარებელი საქონელი და წაიღეს (ხმები: როდის იყო!) ეს იყო 30 აპრილს. (ხმები: რომელი სტილით!) ამ 30 აპრილს ახალი სტილით. აუარებელი საქონელი დაფასებული არის რამდენიმე 10,000 მანეთად.

მოგეხსენებათ, როდესაც ასეთი უკანონობა ხდება, როდესაც ასეთი გაქურდვა სწარმოებს, გატაცება სახაზინო ქონებისა, უბრალო ლოღიკა მოითხოვს, რომ გაძლიერდეს დაცვა, გამრავლდეს დარაჯები, მაგრამ ჩვენ სულ წინააღმდეგს ვხედავთ. მაგალითად ერთ კონტორას ჰყავდა ორი დარაჯი, ამ ორში ერთი იყო ჯანსაღი, ახალგაზრდა კაცი, მეორე იყო მოხუცი 60 წლისა. წარმოიდგინეთ უფროსმა ეს ახალგაზრდა ძალღონით აღსავსე დაითხოვა და დასტოვა ეს მოხუცი. იმავე ღამეს დაეცნენ ამ კონტორას და გაქურდეს. თუ რა მიდრეკილება ტრიალებს იქ და როგორი ტენდენცია, ამას მოწმობს თუნდაც ის განცხადება, რომელიც ზუგდიდის მაზრის ერობაში შეიტანა ხმოსანმა ლატარიამ. იქ პირდაპირ სწერია, რომ რკინის გზაზე ხდება აუწერელი უწესოება და მას ყურადღებას არ აქცევენ. ის მოითხოვს, რომ ამას ყურადღება მიაქციონ. ბ-ნი ხმოსანი სწერს: „მაქვს პატივი განგიცხადოთ, რომ აგერ მეორე თვეა, რაც მე წერილობითი განცხადება გადმოგეცით შავი ზღვის რკინის გზაზე უწესოების შესახებ. მე არ ვიცი ერობის გამგეობამ რა ზომები მიიღო მის შესახებ, ვიცი მხოლოდ ის, რომ მას შემდეგ ბოროტმოქმედება და უსაქმობა აღნიშნულ გზაზე გაძლიერდა“ და სხვა.

აქ ერთი შეცდომა არის მხოლოდ. ბ. ხმოსანს სოციალ-დემოკრატს ჰგონია, რომ ერობას შეუძლიან რამე გააკეთოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერობა მხოლოდ დახმარებას უწევს რკინის გზას, ნამდვილად, ფაქტიურად კი რკინის გზა არის სამინისტროს ხელში. ამ სამინისტროს გაჰყავს რკინის გზა. ვიცით აგრეთვე ესეთი ფაქტი: ერობამ სამინისტროს გამოუგზავნა დეპეშა, სადაც თხოულობს, რომ მიიღოს სასწრაფო ზომები. მაგრამ არავითარი ზომები ამ შეკითხვაზე არ ყოფილა მიღებული. რომ მდგომარეობა რკინის გზაზე არის მეტად დამაფიქრებელი, სერიოზული. ამას მოწმობს თუნდაც შემდეგი დოკუმენტი, შემდეგი საბუთი: იმავე გამგეობის სახელზე ვინმე გახარია, რომელიც არის ხელოსანი მეორე უბნის სადგურ ხეთაში, პირველ დისტანციის უფროსის შესახებ სწერს, რომ უფროსს სრულებით არ აინტერესებს რკინის გზა, მას სურს ცოტა ხნის შემდეგ გზა მიიხუროს და სალიკვიდაციო აიღოსო. დოკუმენტი რუსულად არის დაწერილი. იქ სწერია: «Когда г. Зельцман (უფროსია) увидел, что земство берется построить дорогу с одной стороны и что мы рабочие организуемся професионально и партиино - ему это не по душе и он старается прикрыть дорогу, получить ликвидационных и удрать от демократической республики»და სხვა. ასეთი არის ბატონებო, მდგომარეობა, ასეთი არის ფაქტები. ეხება ეს არა ასეულ მანეთებს, არამედ ათასეულ და ათი ათასეულ. და თუ ასე გაგრძელდა, თავის თვად ცხადია, დასკვნა იქნება ის, რომ მართლაც ეს გზა დაიხურება და ჩვენ რესპუბლიკას მოელის აუანაზღურებელი ზარალი. მე მინდა გავიგო: იცის თუ არა ჩვენმა მთავრობამ და თუ იცის, რა ზომები მიიღო. მე მოგახსენეთ მხოლოდ მშრალი ფაქტები, მოგახსენეთ ასე ვთქვათ Sine ira et studio.

მე არ მინდა ამ ფაქტებს რაიმე კომენტარიები გაუკეთო, არ მინდა იმიტომ, რომ ეს ფაქტები თავისთავად ღაღადებენ, არ მინდა იმიტომ აგრეთვე, რომ იმ მინისტრს, რომელიც ერთ სამინისტროს ვერ უვლიდა, ჩვენ ვერ მოვთხოვთ, რომ სამ სამინისტროს მოუაროს, სერიოზულად გაუძღვეს!..

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გზათა დეპარტამენტის უფროსს ბ. ჭიჭინაძეს.

გზათა დეპარტამენტის უფროსის ჭიჭინაძის განცხადება

ბატონებო! ვინაიდან ამ შეკითხვას უთუოდ აქვს მიზნად გააშუქოს ის, რაც ხდება შავი ზღვის რკინის გზაზე, მე მაქვს პატივი უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნო, თუ როგორ მოხდა იმ ორგანიზაციის მოწყობა, რომელიც მოქმედობს შავი ზღვის რკინის გზაზე.

გარდა ამისა უნდა აღვნიშნო, რომ თუმცა ამ შეკითხვას უწოდებენ შავი ზღვის რკინის გზის ქონების გატაცებას, მაგრამ შეკითხვა, უმთავრესად როგორც შევატყე, ეხება ახალ-სენაკ-ზუგდიდის რკინის გზის საქმეებს. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ რკინის გზის აშენების და დანარჩენ ნაწილების შავი ზღვის რკინის გზის ჩვენ ფარგლებში ლიკვიდაციის საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს პარლამენტის მიერ 28 ოქტომბერს 1918 წ. მას შემდეგ ყოფილმა გზათა მინისტრმა გამოსცა ბრძანება ამ გზის შესახებ, რომელშიაც ნათქვამია, რომ 205 ვერსიდან, ტუაპსედან რომ დავთვალოთ, 329 ვერსამდე რკინის გზის ნაწილი ჩაბარდება ხაზინის რკინის გზის ლიანდაგის უფროსს ინჟენერს ბ. კარპოვიჩს. მხოლოდ დანარჩენი ნაწილის შესახებ, როგორც ამბობს ეს ბრძანება (კითხულობს): «Об организации приемки III и IV участков дороги от 204-ой версты до 29-ой последует дополнительное распоряжение». ეს განკარგულება საუბედუროდ ძლიერ დაგვიანდა და საქმის გამოსასწორებლად დანიშნული იყო, ყოფილ მინისტრის ბრძანებით, ვინმე ინჟენერი ფიცხელაური, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობდა იქ. საუბედუროდ, შემდეგ ზოგიერთი სამწუხარო მოვლენა მოხდა მის მოღვაწეობაში და ამიტომ ეს კაცი მიცემული არის სამართალში. ეს ნაწილი ისევ გადაეცა იმავე ინჟენერს კარპოვს სალიკვიდაციოდ. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ რკინის გზის შენება ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, ის მეტად ძნელი ასაშენებელი რკინის გზა იყო. ძალიან ბევრი მასალა იყო დამზადებული, რომელიც დიდხანს, რამდენიმე წელს ეწყო იქ. ამიტომ უპირველეს ყოვლისა გზათა სამინისტრო ფიქრობდა იმას, თუ რა პრინციპზე უნდა დამდგარიყო, რომ მოეხდინა ლიკვიდაცია იმ ნაწილებისა, რომლის აშენებას ჩვენ ვერ შევძლებდით, და დამთავრება იმ ნაწილისა, რომელიც მაშინდელ შემადგენლობის გზათა სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნდა. იმ ბრძანებაში, რომელზედაც მე მოგახსენეთ, ნათქვამია ის, რომ შენება იწყობა ახალ-სენაკიდან ზუგდიდამდის, ხოლო დანარჩენ გზის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს და პრინციპი ლიკვიდაციისა იყო შემდეგი: უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გვყავდეს სრულიად ცოტა რიცხვი მოსამსახურეებისა, იქ უნდა გამოგვეყენებინა შეძლებისამებრ ის მასალა, რომელიც იყო იქ რკინის გზაზე. ის მასალა, რომელიც გაფანტული იყო ლიანდაგზე, ზოგ ადგილას საწყობში იყო ეს მასალა, ზოგ ადგილას ცის ქვეშ. ეს მასალები შეძლებისამებრ ადგილობრივ გაყიდული იყო, მათი გადმოტანა აქეთკენ მეტად ძნელი იქნებოდა. მაგრამ რადგანაც შესაძლებელი იყო, რომ გაჩაღებულიყო აქ დიდი სპეკულიაცია თუ ეს გადაეცემოდა კერძო პირებს და შემდეგ ისინი იმას გაჰყიდდნენ სოფლად, რასაკვირველია, სახელმძღვანელოდ ეხლანდელმა შემადგენლობამ გზათა სამინისტროსი მისცა ადმინისტრაციას შემდეგი პრინციპი: როდესაც რომელიმე მასალა იყიდება, ყოველთვის უპირატესობა მიეცეს ერობას და გადაეცეს ერობას, თუ ის მოისურვებს ასეთი მასალა შეიძინოს, არა ნაკლებ ფასებში ვიდრე შესაძლებელია გაიყიდოს, - ნაკლებ ფასებშიც, თუ ერობა ნაღდ ფულად ყიდის. და უნდა მოგახსენოთ, რომ ბევრი მასალა უკვე გადადის ერობაში. მაგალითად, ახლა 1000 ბოჩკა ცემენტი გადადის სენაკის ერობის განკარგულებაში. ამრიგად პრინციპი იყო ასეთი, რომ ადგილობრივ გაიყიდოს შეძლებისამებრ ეს მასალა, რომ არ მოგვხდენოდა გადმოტანა, რაც გამოიწვევს დიდ შტატებს და ხარჯს რესპუბლიკისთვის. სამინისტროს, რასაკვირველია, არ შეეძლო, რომ შეექმნა 300 ვერსის მანძილზე ისეთი დარაჯობა, რომ უწყებას ამ მასალიდან არა დაჰკარგოდა რა. დარაჯები ჰყავდა იმდენი, რამდენიც შეიძლებოდა, რომ ჰყავდეს რკინის გზის ადმინისტრაციას და დარაჯები იმ ადმინისტრატიულ აპარატისა შეძლებისამებრ ასრულებდნენ მოვალეობას. უკანასკნელ დროს ერობასაც უნდა გაეწიოს ეს დახმარება. ის ფული, რომელიც შესდგება გაყიდულ მასალისაგან, ეს ადგილობრივ ხაზინაში, სახელდობრ სოხუმში იქმნა შეტანილი, ეგრედ წოდებულ შავი ზღვის რკინის გზის ლიკვიდაციის დეპოზიტში და იქ იმყოფება. ასეთი იყო წესი ლიკვიდაციისა.

რაც შეეხება იმ სამწუხარო ცნობებს, რომელზედაც აქ მოგახსენეთ, მე კონკრეტიულად ამ შემთხვევას არ შევეხები, ვიტყვი საზოგადოდ, რომ ამის შესახებ გზათა სამინისტროს უკვე მარტის დასაწყისში, მარტის შუა რიცხვებში მოუვიდა პირველი ცნობები, რომლის შემდეგ ჩვენ შეუდექით განხილვას მოქმედებისა იმ ინჟენერ ფიცხელაურისა, რომელიც იყო იქ და რომელიც გადაყენებულ იქმნა. შემდეგ თანდათან გამოირკვა, რომ იქ აქვს ადგილი, როგორც დაცემას, აგრეთვე წაღებას ზოგიერთ მასალებისა. აგრეთვე ჰქონდა ადგილი იმასაც, რომ ერთი მოსამსახურე ვითომდა დაიკარგა, ეგონათ, რომ მოკლული იყო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ წაეღო 7,000 მანეთი და გაპარულიყო. ასეთი მოვლენები იყო, და უპირველეს ყოვლისა ამას მიაქცია ყურადღება ადგილობრივმა ადმინისტრაციამ.

მე უნდა მოგახსენოთ, რომ პირადად მე ვიცნობ იმ ხალხს, რომელიც არის დაყენებული იქ, ვიცნობ ინჟენერ კარპოვიჩს, რომელიც დიდიხანია მსახურობს რკინის გზაზე, და იმ ახალგაზრდა ინჟინერს, რომელის არის ამ ლიკვიდაციის სათავეში. ჩვენს უწყებას აქვს საუკეთესო შეხედულება იმაზე, და ვგონებ, ის საბუთები, რომელიც მე მოგახსენეთ, დაგარწმუნებთ, რომ ისინი ღებულობენ ყოველგვარ საშუალებას, რომ ეს როგორმე აიცდინონ თავიდან. 10 აპრილს ვრცელი მოხსენება წარმომიდგინა ინჟინერ კარპოვიჩმა, რა მოხდა რკინის გზაზე, როგორ გავრცელდა დაცემა. ეს მოვლენა საუბედუროდ ხშირი არის, რომ რკინის გზაზე უცემიათ მცხოვრებლები, საუბედუროდ ის რაიონი არ არის ისე უზრუნველყოფილი, როგორც სხვა რაიონები ჩვენი რესპუბლიკისა. წარმოდგენილი მოხსენება გვაცნობებს აგრეთვე, რომ ყოველ შემთხვევაში, როდესაც მოხდება ადგილობრივ ასეთი ამბები, ინჟინერი, რომელიც იქ არის, ატყობინებს ხოლმე ადგილობრივ ადმინისტრაციას. აი მაგალითად მე მაქვს ასეთი ტელეგრამა იმ შემთხვევის შესახებ, რომელსაც მე მგონია აქ შეეხნენ, თუმცა ვერ გავიგე კარგად იმას ეხებოდნენ თუ არა... (კითხულობს).

«Сухум. Чрезвычайному Комиссару. Копия агенту Фаину Тифлис,

17 апреля управляющий Джота Шервашидзе, Зугдидский житель Александр Акиртава самовольно свез семьсот обрезков бревен, принадлежащих казне, хранившихся на лесопильном заводе Шервашидзе, местности Сатондлее. Точно в таком же случае самоуправства Акиртава телеграфировал Вам 27 января и вслед выслал копию служебнаго дознания с просьбой о назначении следствия. Однако ходатайство мое осталось без движения неприятие быстрых энергичных мер дает Акиртаве и части населения впечатления полной безнаказанности пощряя в дальнейшем к самоуправству. Убедительно прошу энергичнаго содействия порученной мне охране казеннаго имущества»ю

ნამდვილად კი რასაკვირველია ის კომისარი, როგორც ჩვენ დავრწმუნდით ამაში, იღებს საჭირო ზომებს. ჩვენ გადავდგით სათანადო ნაბიჯები და შინაგან საქმეთა სამინისტოში გავიგეთ, რომ ყველა ზომები, რასაკვირველია, მიღებული იყო, მაგრამ ამ მიზეზების გამო, რომელიც, როგორც მოგახსენეთ ამ რაიონში არსებობს, შეუძლებელი შექმნეს ძირიანად მოსპობა ამ მოვლენისა. იყო რამოდენიმე შემთხვევა კიდევ, ისიც მოხსენებულია. გარდა, ადგილობრივ ორგანიზაციების, რომელიც თვითონ რკინის გზამ შეჰქმნა, გარდა იმ ორგანიზაციების, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ერობას აქვთ ხელთ, იქ არის სახელმწიფო კონტროლიორის წარმომადგენელი. რასაკვირველია იმას არ შეუძლიან არ მიაქციოს ყურადღება ამ სამწუხარო მოვლენებზედ, მანაც შეგვატყობინა თუმცა უფრო გვიან, ვიდრე რკინის გზის ადმინისტრაციამ, სახელმწიფოს კონტროლიორმა რამდენიმე შემთხვევა დაგვისახელა და მოითხოვდა ამისათვის ყურადღებას. ჩვენ ამას ყურადღება მივაქციეთ მაშინვე. გაგზავნილი იყო საჭირო ბრძანება იმ ინჟენერისადმი, რომელიც იქ იყო. ამ საკითხის შესახებ მან წარმოგვიდგინა დაწვრილებითი მოხსენება, - მე ხელთ მაქვს ეს მოხსენება, - ეს მოხსენება გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ინჟენერს გაუკეთებია რაც შესაძლებელი იყო და ისიც რაც შეუძლებელი იყო თითქმის; იმიტომ რომ ის კაცი დღე და ღამე მუშაობს. ესე რომ ხდებოდეს იმ რკინის გზაზე, რომელზედაც მოძრაობა არსებობს, ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა, რადგანაც აქ მასალას აქვს მიჩნეული ერთი დიდი შენობა, რომელშიაც ის ინახება მასზე. დარაჯობა, რასაკვირველია უფრო ადვილია, თუმცა სამწუხაროდ იქაც შეიძლება მოხდეს ასეთი მოვლენები და და იქ კი ასე არ არის, თუმცა ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ როდესაც ეს სამწუხარო ამბები ხდება, ღებულობენ ზომებს, ახდენენ გამოძიებას, აპატიმრებენ კიდევ თუ იმას შესძლებენ, და გადასცემენ ხოლმე ადგილობრივ კომისარს, შეატყობინებენ ყოველთვის ადგილობრივ ერობას, და ჩვენ დარწმუნებული ვიყავით ამაში და დავრწმუნდებით კიდევაც, რომ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო ამას. მაგრამ საერთოდ მეტად მძიმე მდგომარეობა არის და ამის შეფასება ყოვლად შეუძლებელია.

იმ ფაქტებიდან, რომელიც აქ წამოაყენეს, მე ვერ დავრწმუნდი ნათლად, რომელი საკითხი უფრო აინტერესებს შემკითხველებს: საკითხი ახალ-სენაკ-ზუგდიდის რკინის გზის შესახებ, თუ ზოგიერთი ბოროტმოქმედების შესახებ, რომელიც მოხდა სხვა ადგილას. მე მოგახსენეთ, რომ მეტად მძიმე მდგომარეობა არის იმ ადგილებშ, იმ რაიონებში, რომელიც ეხლა დაიკავა ჩვენმა ჯარმა. იყო შემთხვევა, რომ ფიროქსელინის საწყობიც კი აფეთქდა, მაგრამ ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო მოგვეთხოვა ამ განყოფილების უფროსისგან ყველა საჭირო ზომების მიღება იმ დროს, როდესაც იქ თითქმის წარმოებდა სამხედრო მოქმედება. აქ შეუძლებელია, რომ ყოველივე მოხდეს ისე, როგორც ჩვენს სახაზინო გზაზე ხდება, სადაც, როგორც წესია, მოძრაობს მატარებელი. მასალები გაფანტული არის სამას ვერსზე. არ შეიძლება ადვილად მისვლა-მოსვლა. ორთქლმავალი იქ არ არის. როდესაც მოხდება ბოროტმოქმედება, ორ-სამ კაცის გაფანტვა ადვილად შეუძლიან შეიარაღებულ ძალას. ყოფილა ასეთი შემთხვევები: დარაჯებს დასცემიან, აუყრიათ იარაღი და წაუღიათ მასალა. რასაკვირველია, მიუღიათ ზომები, მაგრამ დიდი მანძილის მოვლას მეტი დარაჯები დასჭირდება. ეს ადვილად ვერ მოხერხდა. მე უნდა გამოვტყდე დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ როდესაც მოვიდა დეპეშა, რომელშიაც იტყობინებოდნენ, რომ აფეთქდა ზემოხსენებული საწყობიო, მე უპირველეს ყოვლისა შევეკითხე ინჟენერ კარპოვიჩს: დაახლოვებით მითხარით რა ღირს მასალა ეხლანდელ ფასებში, იქნება სჯობია ჩვენ ეს მასალა დავკარგოთ, ვიდრე ჩვენ იქ აუარებელი დარაჯები დავაყენოთ. რასაკვირველია, სადაც არის ამისთანა საწყობები, როგორც არის გაგრაში ან სხვა ამისთანა ალაგებში, ჩვენ რამდენდაც შესაძლებელია ვიღებთ ზომებს, რომ ამისთანა შემთხვევა არ მოხდეს. ამისთანა ზომებს ღებულობს, როგორც სამინისტრო, აგრეთვე მე დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი თვითმმართველობაც. გარდა ამისა გაკვრით მოგახსენესთ თქვენ აქ, რომ თითქმის ახალსენაკ-ზუგდიდის რკინის გზის შენობაში განგებ უშლის ამ გზის შენებას ადმინისტრაცია. კონკრეტიულად დასახელებულ პირის შესახებ ვერაფერს ვერ მოგახსენებთ იმიტომ, რომ მე არ ვიცოდი ამ შემთხვევისა არაფერი, ეხლა გავიგე, რომ დისტანციის უფროსმა ზალცმანმა რაღაც სთქვა ამ რკინის გზის შენობის შესახებ, მაგრამ ზალცმანი ამ საკითხს არ სწყვეტს. ამ საკითხს სწყვეტს უწყება, მინისტრი. გადასწყვეტს დამფუძნებელი კრება.

უნდა მოგახსენოთ, რომ ის ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც შედგენილი არის ამ რკინის გზის აშენებისთვის, ითვლებოდა სამ მილიონად, ეხლა კი გამოდის ხუთჯერ მეტი. თუ ამის შესახებ გამორკვევას ახდენს ადმინისტრაცია, ახდენს არა იმიტომ, რომ რაიმე აწყენინოს ერობას, არამედ იმისთვის, რომ გამოარკვიოს თუ მართლა რამდენად დაჯდება ეს შენობა. არც ზალცმანს, არც ივანეს და პეტრეს არ შეუძლიან იქონიოს თავისი პირადი გავლენა ამ საკითხზე. მას აქვს დავალებული გამოარკვიოს ღირებულება, და ამ ღირებულების მიხედვით გადასწყდება ეს საკითხი.

აი ასეთია ნამდვილი მდგომარეობა. უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ დარწმუნდებით იმ მასალით, რომელიც მე ხელთა მაქვს, და თუ გნებავთ გადავცემ დამფუძნებელ კრებას, რომ ადმინისტრაციამ მიიღო ზომები, ან მეორე დღესვე, ან იმავე დღესვე. ადმინისტრაცია ამ პირობებში იძულებულია ხანდახან არსებული წესიც დაარღვიოს, რომ დაუყოვნებლივ დაპატიმრებული იყოს დამნაშავე და აღმოჩენილი იყოს დაკარგული მასალა. მაგრამ ასე თუ არ ხდებოდა ზოგიერთ შემთხვევაში - ეს იყო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

გაუმჯობესება ამ მდგომარეობისა შეიძლება მხოლოდ ჩქარა გაყიდვით ამ მასალისა, ან მისი გადმოზიდვით აქეთ, მაგრამ უკანასკნელს ხელს უშლის გემების უქონლობა, ვინაიდან ისინი უმთავრესად ჩვენი ჯარის და გვარდიის საჭიროებას ემსახურებიან.

მე მგონია, რომ შემკითხველები, რომელთაც აქ მეტი გავლენა ეტყობათ, ვიდრე სხვაგან, დარწმუნდებიან, რომ ამ რაიონში შეუძლებელი იყო მეტი ზომების მიღება, ადმინისტრაციის მიერ.

მე მგონია, ეს გარემოება მოისპობა მხოლოდ მაშინ ჩვენში, როდესაც ამ უწესოთ დაბნეულ მასალას ან ჩავაბარებთ ვისმეს, ან გავყიდით, ან გადავცემთ ერობას, მხოლოდ მაშინ მოისპობა ეს გარემოება, რომელიც ეხლანდელ პირობებში იწვევს ბოროტმოქმედებას.

ეს არის ის, რაც შემეძლო მომეხსენებინა თქვენთვის ამ შეკითხვის შესახებ.

თავმჯდომარეობს . მდივანი.

თავმჯდომარე. ჩაწერილი არავინ არის. მსურველი არავინ არის? მაშასადამე, კამათი მოსპობილია.

ფორმულა სოციალ-დემოკრატიის ფრაქციისა გთხოვთ წაიკითხოთ. (შარაშიძის ასული კითხულობს).

სურს ვისმეს სიტყვა ამ რეზოლიუციის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის ლეო შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ) ბ-ბო რეზოლიუციის შემოტანა შეიძლება მაშინ, თუ კი კამათი შეწყვეტილი არის. მე ჯერ კამათი არ გამიგონია.

თავმჯდომარე. უკაცრავათ, კამათი შეწყვეტილი არის. კამათის შეწყვეტის შესახებ მეტს სიტყვას არ გაძლევთ. მე სიტყვა მოგეცით რეზოლიუციის შესახებ. კამათი დასრულებული არის. მე წინადადებით მივმართე დამფუძნებელ კრებას, - სურს თუ არა ვისმეს სიტყვა, მსურველი არავინ იყო. კამათი დასრულებული არის და გთხოვთ ილაპარაკოთ რეზოლიუციის შესახებ.

თუ თქვენ ვერ მოასწრეთ დაწერა გთხოვთ დასწეროთ. გთხოვთ წაიკითხოთ რეზოლიუცია. (შარაშიძის ასული კითხულობს). ორი რეზოლიუცია არის: სოციალ-დემოკრატებისა და ესერებისა. კენჭს უყრი პირველ ფორმულას. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე მეორე რეზოლიუციისა? მაშასადამე მიღებულია პირველი რეზოლიუცია. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი შემდეგ სხდომისა.

მდივანი. (კითხულობს) დამფუძნებელი კრება წესრიგს ადასტურებს.

სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 საათზე.

3 ოცდამეორე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 . ივნისის 1. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 1 საათსა და 7 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ.

დღევანდელი სხდომა სასწრაფო სხდომაა დამფუძნებელი კრებისა. პრეზიდიუმმა ის დანიშნა იმისთვის, რომ დამფუძნებელმა კრებამ მოისმინოს განცხადება რესპუბლიკის მთავრობისა.

პირველი სიტყვა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრს ბ. გეგეჭკორს

საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის

.

მოქალაქენო! დენიკინის შავი ლაშქარი ჩვენს ქვეყანას ემუქრება, და მე მთავრობის დადგენილებით მინდა გაგაცნოთ თქვენ ფაკტიური მდგომარეობა ჩვენი რესპუბლიკისა.

თქვენ იცით, რომ მოხალისეთა ჯარმა დაიკავა პეტროვსკი და დერბენტი.

მთიელთა მთავრობამ და პარლამენტმა იარაღი დაჰყარა და ამნაირად თითქოს დღეს-დღეობით დენიკინი მმართველია მთიელთა რესპუბლიკისა; მაგრამ ნურავინ თქვენგანი ნუ იფიქრებს, რომ მართლაც იქ მოხდა გამარჯვება დენიკინის ძალებისა. ის, რასაც ადგილი ჰქონდა ამ უკანასკნელ დღეებში მთაში, ეს იყო შედეგი შავი ღალატისა. გენერალმა ხალილოვმა გასცა თავის ქვეყანა და ზურგში თავის ხალხს ლახვარი ჩასცა. ის მთავრობა, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ბედ-იღბალი მთისა მოღალატე გამოდგა, და ჩვენ გვაქვს სრული რწმენა, რომ თავისუფლების მოტრფიალე მთა კიდევ შესძლებს შეკრიბოს თავისი ძალები და შესაფერი პასუხი გასცეს შავი რეაქციის მატარებელს გენერალ დენიკინს. (ტაში).

დღეს უკვე დენიკინის შავი ლაშქარი აზერბეჯანის რესპუბლიკის საზღვარს მოადგა.

თქვენ იცით, მოქალაქენო, როგორია მდგომარეობა მეორე ფრონტზე, იმ ფრონტზე, სადაც ჩვენ პირის-პირ ვდგევართ დენიკინთან. ეს გახლავთ სოჭის ოლქი, იქ უკვე აშკარად სჩანს, რომ დენიკინის რაზმი მოქმედებას იწყებს და შესაძლებელია რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ გვექნეს საქმე უკვე მათთან შეტაკებასთან. (კედია: ვინ ავანგარდობს?)

ამავე დროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას აქვს უტყუარი ცნობები, რომ ბათუმში აპირებენ გენ.-გუბერ. რომანოვსკის დანიშვნას და მის განკარგულებაში იქნება მცირე რაზმი მოხალისეთა ჯარისა. ასეთია, მოქალაქენო, საერთო სურათი. თქვენ აქედან აშკარად დაინახავთ, რომ დენიკინი და რუსეთის რეაქცია ამიერ-კავკასიას და ჩვენ რესპუბლიკას რგოლივით გარს ერტყმის და მას დედამიწის ზურგიდან ალაგმვას უქადის.

მაგრამ, მე თქვენ წინაშე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ არავითარ შიშს ჩვენ შორის ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სულმოკლეობას გამოიჩენს ის, მეტს ვიტყვი, მოღალატეთ უნდა მოინათლოს ის, ვინც ამ საპასუხისმგებლო მომენტის დროს მისცემს თავის თავს ნებას, რომ პანიკა, ან სხვა რამე ასეთი, ჩვენ შორის გაავრცელოს, რადგანაც საქმის მდგომარეობა, ძალთა განწყობილება არავის არ აძლევს უფლებას სთქვას, რომ თუ ეს შეტაკება მოხდა გამარჯვება ჩვენ არ დაგვრჩება.

ჩვენ გვაქვს სრული იმედი ვთქვათ, რომ ამ შეტაკებიდან ქართველი ხალხი, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი რესპუბლიკა გამარჯვებული გამოვა (ტაში).

თქვენ მოქალაქენო, ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ თავს არავის არ ვესხმოდით, ჩვენი პოლიტიკა, მისი შინაარსი განიზომებოდა იმით, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ერი ყოველ ნაირ თავდასხმისაგან გადაგვერჩინა. მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს ჩვენი უფლების გადალახვას, ჩვენის ხალხის და ერის მოსპობას, უნდა იცოდეს მან, რომ ჩვენში შეხვდება სასტიკ წინააღმდეგობას.

ჩვენი ისტორიული ტრადიცია, ჩვენი დემოკრატიის განვლილი გზა გვაძლევს ჩვენ უფლებას თამამად ვთქვათ, რომ ხალილოვის შავ ღალატს და ხალილოვის მოქმედებას აქ ადგილი არ ექნება (ტაში).

ჩვენ გვინდოდა, რადგანაც, როგორც მე მოგახსენეთ, ჩვენ რუსეთის საქმეებში არ ვერევოდით, ეს სადავო საკითხი, რომელიც ჩვენ შორის იყო, მორიგებით დაგვეთავებინა. თქვენ იცით, თუ რა ნიადაგზე ვაპირებდით ჩვენ მორიგებას: ჩვენ დავიკავეთ ისტორიული ჩვენი საზღვრები და წინ წასვლას არ ვაპირებდით, არავის თავს არ ვესხმოდით, მაგრამ 29 მაისს დენიკინის წარმომადგენელთან მოლაპარაკებამ აშკარად დაგვიმტკიცა ჩვენ, თუ რა ასულდგმულებდა გენერალ დენიკინს, თუ რა აინტერესებდა და რისკენ იყო მიპყრობილი მისი თვალები. ჩვენ უკვე აშკარად დავრწმუნდით მაშინ, რომ აქ საქმე გვაქვს არა სოჭის ოლქზე, არა საზღვრის საკითხებზე, არამედ: დენიკინი ფიქრობს მოსპოს მუშათა რევოლიუცია, მოსპოს (კედია: დამოუკიდებლობა!) საქართველოს რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატია; რომ მას აინტერესებს თვით საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის ხმალს მხოლოდ მაშინ ჩააგებს, როდესაც ის თავის შავბნელ ძალებს შემოუსევს საქართველოს რესპუბლიკას.

აი კითხვა მოქალაქენო, ასე სდგას.

თავის თავად ცხადია, რომ ამის შემდეგ მოლაპარაკებით საქმის დამთავრებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე თავიდანვე მოგახსენეთ თქვენ, რომ ჩვენი მდგომარეობა, ძალთა განწყობილება გვაძლევს ჩვენ უფლებას ვთქვათ, რომ ჩვენ დამშვიდებით შეგვიძლია შევხვდეთ იმ ახალ დაბრკოლებას, რომელიც ჩვენ წინმსვლელობის გზაზე გადაგვეღობა.

რა მდგომარეობა არის ეს მდგომარეობა?

თქვენ გახსოვთ, მოქალაქენო, რომ ერთი წლის უკან, როდესაც ჩვენი ქვეყანა განსაცდელის წინ იდგა, როდესაც მას შემოესია ოსმალეთის ბრბოები, ის მაშინ დამარცხებული დარჩა. მაგრამ დღეს ჩვენი მდგომარეობა შედარებით იმასთან რაც იყო ერთი წლის უკან, გაცილებით უკეთესია. ჩვენი დემოკრატია ბრძოლაში გამოიწვრთნა, გაკაჟდა და ის დღეს უკვე უძლეველ გმირს წარმოადგენს. ჩვენი ხალხი დღეს უკვე შეგნებით იცავს თავის სახელმწიფოს და თავის რესპუბლიკას. თუ შარშან სამოქალაქო ომი შინ გვქონდა, დღეს უკვე ზურგი გამაგრებული გვაქვს. თუ შარშან ჩვენ მოწყვეტილ ვიყავით კულტურულ კაცობრიობას და საერთაშორისო დემოკრატიას, დღეს უკვე მასთან ძაფი გვაქვს. ის რაც დღეს აქ ხდება უკვე საქართველოს მთავრობამ აცნობა ჩვენ დელეგაციას პარიზში.

და ისმება საკითხი, - თუ საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკისა პიშონი უკანასკნელ თავის გამოსვლაში ამართლებდა თავის პოლიტიკას რუსეთის საკითხში, იმით, რომ დენიკინის არმია იბრძვის ბოლშევიზმის და ანარქიის წინააღმდეგ და ამით დიდ სამსახურს უწევს ცივილიზაციას და კულტურულ ხალხებს, - ჩვენ შეგვიძლია დღეს შევეკითხოთ საგარეო საქმეთა მინისტრს პიშონს: - ვის ებრძვის ამ შემთხვევაში დენიკინი და კლემანსოსა და ლოიდჯორჯის მიერ შეიარაღებული მისი არმია? თუ დეპუტატ ბორელს პიშონი უპასუხებს, რომ დენიკინის შეიარაღებით მოკავშირენი აიარაღებენ, იმ ძალას, რომელმაც უნდა დაამხოს ბოლშევიზმი, - ჩვენ არ ვიცით რა პასუხს გასცემს ბორელს პიშონი, როდესაც საზოგადოებრივი აზრი გაეცნობა იმ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკამ იქ წარგზავნა, როდესაც იქ გაიგებენ, რომ დღეს ლახვარი დენიკინისა მიმართული არის არა ანარქიის წინააღმდეგ, არა ბოლშევიზმის წინააღმდეგ, არამედ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა და საქართველოს ერის წინააღმდეგ.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მთელი საერთაშორისო დემოკრატია, მთელი მოწინავე საზოგადოებრივი აზრი ევროპისა ჩვენ მხარეზე იქნება და ის მხარს დაუჭერს საქართველოს რესპუბლიკას და ამიერ-კავკასიის ერებს, და აი ის ძალა, რომელსაც ჩვენ სხვათა შორის შეგვიძლიან დავეყრდნოთ.

მაგრამ უმთავრესი ძალა, მოქალაქენო, თავის თავად ცხადია, ჩვენ თვით ჩვენში უნდა ვეძიოთ. ჩვენ სრულიად ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი ხალხი როგორც ერთი კაცი იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის მტრის წინააღმდეგ. ჩვენ ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გლეხთა და მუშათა კლასი სასტიკათ შეებრძოლება დენიკინს, ვინაიდან დენიკინს მოაქვს აქ ჩვენში შავი რეაქცია, სოციალური და პოლიტიკური რეაქცია, ვინაიდან დენიკინის შემოსვლა უქადის ჩვენს ქვეყანას აოხრებას, და მოსპობას ბრძოლით მონაპოვარ თავისუფლებისას. მაგრამ იმავე დროს, ჩვენ შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ამ შებრძოლებაში განმარტოვებული არ სდგას. ჩვენ უკვე გვაქვს უტყუარი საბუთი იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთან ერთად არის. (ტაში) ესალმებინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენელს ჯაფაროვს). ჩვენი ცნობით უკვე წარიგზავნა საზღვარზე ჯარები, რომელნიც აზერბაიჯანის საზღვრებს მედგრად დაიცავენ (ტაში).

ამ გვარად, მოქალაქენო, მე უნდა ვსთქვა, რომ საშიშროება დენიკინში და მის ლაშქარში კი არ არის. თქვენ ყველამ კარგად უწყით, თუ რას წარმოადგენს ეს ლაშქარი, ის ბრბოები, რომელთაც არავითარი საერთო ლოზუნგი, არავითარი წმინდა საქმე არ აერთიანებს, არ ასულდგმულებს. თქვენ იცით, რომ ეს ბრბოები გარბიან პირველ შემთხვევისთანავე. თუ ისინი სასტიკ წინააღმდეგობას ხედავენ თავიანთ მსვლელობაში.

საშიშროება, მოქალაქენო, თვით ჩვენშია. თუ ისტორია განმეორდა, ჩვენდა საუბედუროდ, თუ კიდევ ექმნა ამიერ-კავკასიას ისტორიაში ადგილი იმ ფაკტს, რომელსაც, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი ერთი წლის წინეთ, თუ კიდევ ჩვენ შორის დაიწყო ლაპარაკი ნეიტრალობაზე და იმაზე, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვებრძვით საერთო მტერს - აი, მოქალაქენო, აქ არის ხიფათი, აქ არის საშიშროება... (მაჭავარიანი: ღალატია!).

მაგრამ, ჩვენ გვრწამს, მოქალაქენო, რომ მწარე გამოცდილება, რომელიც მოგვცა შარშანდელმა ისტორიამ, ჭკუას ასწავლის ყველას და თუ სიდიადე დღევანდელ მომენტის ვერ შეიგნო პასუხის მგებელმა ჯგუფმა ზოგიერთ ამიერ-კავკასიის ხალხისა, - დეე ისტორიის წინაშე მათ აგონ პასუხი, დეე ყველამ დაინახოს ვინ მოუწოდებს ამიერ-კავკასიის ერებს სოლიდარულ ბრძოლისაკენ და საერთო საქმის გაკეთებისაკენ.

ჩვენ მოქალაქენო, ჯერ კიდევ არ გვაქვს იმის საბუთები, რომ თქვენს წინაშე განვაცხადოთ, რომ ეს ერთიანობა ჩვენ შორის არ არის. ჩვენ მხოლოდ სამწუხარო დღევანდელ დროსთვის ეჭვს გამოვთქვავთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ეჭვი არ გამართლდება.

მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა განვაცხადო აქ, თქვენ წინაშე, რომ თუ ამ ბრძოლაში საქართველო და აზერბეიჯანი მარტოდ დარჩნენ, - მაინც გამარჯვება ჩვენსკენ არის! (ტაში).

რადგანაც ჩვენ ვიცავთ წმინდა საქმეს, რადგანაც ჩვენ ვემსახურებით დიად მიზანს, ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას პატარა ერებისა. თუ ყველა ჩვენგანი გაიმსჭვალება ამ აზრით, თუ ყველა ჩვენგანი შესძლებს თავის წვლილი შეიტანოს ამ დიადი საქმის სამსახურში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ გამარჯვება ამ უკანასკნელ შებრძოლებაში ჩვენ კარებზე იქნება. ამნაირად, მოქალაქენო, მე მინდა ჩემი მოკლე განცხადება დავამთავრო შემდეგით: თქვენ ხედავთ, რომ მომენტი მართლაც ფრიად საპასუხისმგებლოა, თქვენ ხედავთ, რომ რუსეთის რეაქცია ცდილობს ლახვარი ჩასცეს ამიერ-კავკასიას და კერძოთ საქართველოს.

თქვენ ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში განსაცდელი, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე სდგას თითქმის ბევრად უარესია იმ განსაცდელისა, რომელიც ჩვენ ერთი წლის უკან გამოვიარეთ.

თქვენ იცით, რომ დენიკინის აქ შემოსვლა ეს იქნებოდა მთელი ჩვენი ერის ფიზიკურად განადგურება (ხმა: მართალია!) თქვენ იცით, რომ დენიკინი აქ შემოდის არა როგორც დამპყრობელი ძალა, არამედ როგორც შურის მძიებელი და ის სასტიკ შურს იძიებს. მაგრამ, ჩვენი ხალხი, რაშიაც ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, სხვა ერებთან ერთად შემოკრებს თავის ძალას თავის ნაცადი დროშის ირგვლივ, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დენიკინი და მისი ლაშქარი ამიერ-კავკასიის საზღვრებს ვერ იხილავს და საქართველოს რესპუბლიკა მაღლა ააფრიალებს თავისუფლების და თავის სახელმწიფოებრივ დროშას! (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს.

სამხედრო მინისტრის ნოე ბ. რამიშვილის სიტყვა

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო!

დღეს, როცა ჩვენ სამშობლოს უახლოვდება შავი ღრუბლები შავი ჩრდილოეთიდან, - ჩვენ სრული იმედით შევყურებთ მომავალს. და ეს ჩვენი იმედი დაფუძნებულია ორ ურყეველ და ყველასთვის ცხად მოსაზრებაზედ.

უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხალხი, საქართველოს დემოკრატია გამოწრთობილია რევოლიუციონურ ბრძოლაში და მას თავისი წითელი დროშა არასოდეს, თვით შავბნელ რეაქციის ხანაში არ დაუხრია. თუ რომელიმე კუთხეს რუსეთის ყოფილ იმპერიისას აქვს სრული უფლება სთქვას, რომ ის იდგა მეფის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლთა პირველ ბანაკში, - ეს შეუძლია სთქვას საქართველოს დემოკრატიამ. და ამ დემოკრატიას, რომლის ისტორია, რევოლიუციონური ბრძოლის ისტორია ეხლა არ დაწყობილა, მას სულ ცოტა ოცი-ოცდა ხუთი წლის ისტორია აქვს, მას შეუძლია თამამად სთქვას, რომ ის თავისუფლებას არასოდეს არ დასთმობს. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, განვამტკიცეთ ბატონობა რევოლიუციონურ დემოკრატიისა და ეს იმ დროს, როცა იმ შავ ჩრდილოეთში, საიდანაც შავი ღრუბლები გამოჩნდა, გაბატონებულია შავი რეაქციის ბატონობა და აღვირ წახსნილი ანარქია, რომელიც უარყოფაა ყოველ ნაირ თავისუფლებისა. და ჩვენი დემოკრატია, იცის რა მან, რომ ამ შავ ჩრდილოეთს მოაქვს რეაქციის სუსხიანი დღეები, ის თავის პოზიციებს არასოდეს არ დასთმობს.

შემდეგი მოსაზრება, რასაც ჩვენ ვემყარებით მდგომარეობს შემდეგში:

ჩვენი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არავის ემუქრებოდა. ის თავის მეზობლების წინააღმდეგ არასოდეს არ აწარმოებდა აგრესიულ პოლიტიკას, მას არასოდეს არ სურდა სხვისთვის რისამე წართმევა. სამაგიეროთ როცა მის წინააღმდეგ ილაშქრებოდნენ, როცა სურდათ, ჩვენი სახლ-კარის აწიოკება, როცა ემუქრებოდნენ ჩვენ თავისუფლებას, ემუქრებოდნენ ჩვენ დამოუკიდებლობას, მაშინ მუდამ, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ გაერთიანებული შეკავშირებული ის გამოდიოდა ბრძოლის ველზე, მედგრად და გადაჭრით იცავდა თავის თავისუფლებას, და ამ თავის ტრადიციას, ტრადიციას არა მხოლოდ რევოლიუციონურ დემოკრატიისა, არამედ ტრადიციას ჩვენ მამა-პაპათა საქართველოს დემოკრატია არასოდეს არ უღლატებს.

მაგრამ თქვენ იცით ვინ გვემუქრება ჩვენ? ეს არის დენიკინის შავი ლაშქარი, და სწორედ ის, რითაც ძლიერი ვართ ჩვენ, სწორედ ამას სავსებით მოკლებულია ის ძალა, რომლის დროშაზე დაწერილია - გაერთიანებული რეაქციონური რუსეთი! იმ ლაშქრის წინააღმდეგ, იმ დროშის წინააღმდეგ, რომელსაც აფრიალებს ეს შავი ლაშარი, იმ დროშის წინააღმდეგ ილაშქრებს თვით ის ხალხი, რომელზედაც დღეს გაბატონებულია ეს გენერალი, და მისი შავი ლაშქარი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მოილტვის. და ეს არ არის ლიტონი ფრაზა. თქვენ გახსოვთ მოქალაქენო, ის დღეები, რომლებიც წინ უსწრებდნენ ჩვენ მიერ გაგრის ოლქის დაპყრობას. ჩვენ ვიცით, რომ სოჭის ოლქში, მან ისარგებლა იმ გარემოებით, რომ, ის ფრონტი თითქმის სავსებით გატიტვლებული იყო ჩვენ მიერ და ამიტომ მან შესძლო ამ ადგილების დაკავება. თქვენ იცით, რომ სოჭის ოლქში თვით ხალხი აჯანყდა დენიკინის წინააღმდეგ, და აჯანყდა სწორედ იმიტომ, რომ მას მოაქვს მოსპობა თავისუფლებისა, დაბრუნება რეაქციისა, შეჩერება რევოლიუციონურ შემოქმედებისა და ამას კი, ის ხალხი, რომელმაც იგემა რევოლიუციის ტკბილი დღეები, რასაკვირველია, არ შეურიგდება. ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ის, რაც მოხდა ერთ ადგილას, ეს ძალაუნებურად დღეს, თუ ხვალ - უნდა განმეორდეს იმ ადგილებში, რომელშიაც არა იმდენად ძალით, რამდენად მოტყუებით, და გაბატონებულ წრეების ღალატით დაიკავა დენიკინმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისუფალი მთაც, და მთიელები, რომ მათ მოინდომონ დენიკინთან შებრძოლება - ვერ შეურიგდებიან ამ შავ რეაქციას, რომელიც მოაქვს დენიკინის რაზმებს და ამიტომ ამ მოსაზრებით, მისი მდგომარეობა ყოველთვის მეტის მეტათ ძნელი იქნება. მეორეს მხრივ, თქვენ იცით, რომ ის რაზმი, რომელსაც მეთაურობს მეფის გენერალი, ეს რაზმი ემუქრება თავისუფალ ქვეყნებს. ის მუდამ მიზნად ისახავს მეზობლების აწიოკებას, მათ სახლ-კარის აოხრებას. თქვენ იცით, რომ მუდამ, და ეს არა დღეს, მუდამ ესე ყოფილა ისტორიაში, რომ ყველა ასეთ პირობებში მომხდური, გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობაში სდგება, ვინემ იმყოფება ის, ვინც იცავს თავის საზღვრებს, თავის სახლ-კარს, და თავის ქვეყნის თავისუფლებას. და თუ ასეთი არის დენიკინის მდგომარეობა - იბადება საკითხი - ვის ემყარება ეს თვალსაჩინო წარმომადგენელი რეაქციისა? ემყარება თუ არა მართლადაც იმ ძალას, რომლის შესახებ მას შეუძლიან სთქვას, რომ ის არის თავდები ადვილი გამარჯვებისა, თუ ის ემსახურება სხვა რამეს? და ყველა იმან, ვისაც ჰქონია საქმე დენიკინის ჯართან, და იმ ძალებთან, რომელიც მას თან ახლავს, - ყველა იმან იციან, რომ ემყარება არა ამ თავის ძალას, ვინაიდგან, ჯარი მოკლებულია შეგნებას, რომ ის იცავს საქმეს სამართლისას, იბრძვის თავისუფლებისთვის, - მას ვერასოდეს ვერ ექნება სრული იმედი გამარჯვებისა. ის ემყარება მხოლოდ ერთად-ერთ რამეს - ეს არის იმედი ჩვენი სულიერ გატეხისა. ის ფიქრობს, რომ იმ პირობებში, რომელშიაც იმყოფება ეს შავი წარმომადგენელი შავ-ბნელ რეაქციისა, მას გამარჯვებას მოუმზადებს, მხოლოდ ერთად-ერთი რამ: ეს არის, ჩვენ რესპუბლიკაში, ან ჩვენ მეზობელთა შორის ანარქიის გამოწვევა, შექმნა ისეთი პირობებისა, რითაც ჩვენ შორის დაირღვევა სულიერი მთლიანობა, შეიქნება ისეთი პირობები, როცა ერთი კუთხე დაეტაკება მეორეს, ან ერთი ჯგუფი მეორეს; და ასეთი ჯგუფი დენიკინს აქ ჰყავს, არა ერთი, და ორი. ის იმედოვნებს, ეს ჯგუფები აუმხედრდებიან ჩვენ მთავრობას. ისარგებლებენ ამ არევ-დარევით, სწორედ შიგნიდან გასტეხენ ამ ციხეს, თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს ციხეს, მაგრამ მე მგონია, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაშიაც მისი იმედი სრულიად უნიადაგოა, და ამ შემთხევაშიაც სავსებით სრული იმედით შევყუროთ ჩვენ მომავალს. და ეს იმიტომ, მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, რომ აქ დღეს ისმის საკითხი არა რომელიმე განაპირა კუთხის შესახებ, - არამედ დასმულია საკითხი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა მოსპობის შესახებ. თქვენ იცით, თქვენ მოისმინეთ აქ, მთავრობის წევრის განცხადება, რომ ის, რასაც მიზნად ისახავს დენიკინი, შემდეგ ორ სიტყვაში გამოიხატება: საქართველოს დამოუკიდებლობის და მის თავისუფლების სრულიად გაქარწყლება; ვინაიდან მისი წარმომადგენელი ჩვენთან მოლაპარაკების დროს პირდაპირ ამბობს თვქენ მიიღებთ თვითმმართველობას დენიკინის ხელიდანო. (მგელაძე: ვერ მოესწრობიან მაგას!)

მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ კითხვა სწორედ ესე არის დასმული. ამ შეტევის მიზანი არის ეს.

შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგენი არიან, ისინი ფიქრობენ: თქვენ თვითონ შეჰქმენით ეს მდგომარეობა, როცა განაპირა კუთხების გამო, უნდა მოახდინოთ დიდი შეტაკება, როგორც ისინი ფიქრობენ: თქვენ თვითონ შეჰქმენით ეს მდგომარეობა, როცა განაპირა კუთხების გამო, უნდა მოახდინოთ დიდი შეტაკება, როგორც ისინი ფიქრობენ - დიდი რუსეთის, და პატარა კავკასიის, პატარა ერთა შორის. ეს მტკნარი სიცრუე არის. კიდევ ვიმეორებ, ეს საკითხი ეხება არა განაპირა ოლქს, არა ამა თუ იმ სასაზღვრო კონფლიკტს, არამედ აქ დასმულია საკითხი, ჩვენი ყოფნა - არ ყოფნის შესახებ, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს შესახებ.

და როცა ასეთი არის მდგომარეობა, თავის თავად აშკარა იყო და თან ბუნებრივი, რომ ასე სწორედ შეჰხედეს საქმეს ჩვენმა მეზობლებმა. მიუხედავად იმისა, რომ მთიელთა მთავრობა დაეცა, თავისუფალი მთა დენიკინის ბატონობას არ შეურიგდება და როცა დადგება საკითხი ჩვენთან შეერთებისა, თავისუფალი მთა ჩვენთან ერთად იქნება და შეებრძოლება დენიკინის ლაშქრობას (ტაში).

თქვენ მოისმინეთ განცხადება მთავრობის წარმომადგენელისა, თუ რა გზას დაადგა ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა-აზერბეიჯანი.

(კედია: თქვენ სომხეთზე გვითხარით, მის დღევანდელ ვითარებაზე!)

თქვენ მოისმინეთ განცხადება აზერბეიჯანის შესახებ და, მე უნდა ვთქვა, რომ იმ პირობებში, რომელშიაც იმყოფება, როგორც საქართველო, აგრეთვე აზერბეიჯანი, სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი არის, ის გადაწყვეტილება, რომელსაც დაადგა აზერბეიჯანის პარლამენტი და მისი ნდობით აღჭურვილი მთავრობა. მათ მიიღეს ის საჭირო ზომები, რომელიც აუცილებელია თავის საზღვრების დასაცავად.

მრავალი უსაბუთო ხმა ვრცელდება. მე მოგახსენებთ, რომ ამ ხმების, ამ აგიტაციის მიზანი, არის ერთად ერთი რამ - ჩვენი სულიერი გატეხა, ჩვენი, რაზმების დაფუშვა, და მათი აქ თავის გამარჯვების გაადვილება. დენიკინის შავი ლაშქრების წახალისება, და მათთვის ხელის შეწყობა. მაგრამ, მე, მთავრობის სახელით ვაცხადებ, ჩვენ მიღებული გვაქვს ყველა ის ზომები, რომელიც აუცილებელი არის, ჩვენი საზღვრების უზრუნველსაყოფად, გარეშე მტრის შემოსევისაგან. ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ იმ პირობებში, რომელშიაც იმყოფება ჩვენი ქვეყანა, იმ საერთაშორისო მდგომარეობაში, რომელიც ამ ჟამად შექმნილი არის, ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი ხალხი, ჩვენი ხალხის შვილები, ჩვენი სახელოვანი ჯარი და ჩვენი სახელოვანი რევოლიუციონური გვარდია.

და მე სრული უფლებით ვაცხადებ, რომ ის სამხედრო ძალა, რომელიც მოწოდებული არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის დასაცავათ, ის შეასრულებს თავის მოვალეობას, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ, იმ მდგომარეობაში, რომელიც შეიქმნა, ჩვენ ძალა-უნებურად, აუცილებლად მოგვიხდება იმ ჩვენ მეზობელთან ერთად სვლა, რომლებიც დგანან ჩვენ თვალსაზრისზე, და რომ ეს მეზობელ რესპუბლიკის სამხედრო ძალა ერთ მიზნით გამსჭვალულნი არიან. ეს მიზანი არის - თავისუფლების, და დამოუკიდებლობის დაცვა. და ისინი სავსებით გაამართლებენ ხალხის იმედს, და კერძოდ ჩვენი სახელოვანი ჯარი, გამოცდილი მრავალ ბრძოლაში და ომში, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვიეს იმ მეზობლებმა, და იმ მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს ტერიტორიის ფარგლებში არევ-დარევის გამოწვევას, და აგრეთვე რევოლიუციონურ ბრძოლაში გამოწრთობილი, რევოლიუციონური გვარდია - ისინი შესძლებენ ჩვენი საზღვრების დაცვას, და დაცვას თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოსას, რომელიც ერთი წელია, რაც არსებობს, და რომელმაც, ამ ერთი წლის განმავლობაში, სავსებით დაამტკიცა, რომ ჩვენ ხალხს, და მის საკანონმდებლო კრებას, სრული უფლება აქვს სთქვას, რომ ისინი ღირსნი არიან ამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის. მე ვამბობ, სახელოვანი ჯარი და რევოლიუციონური გვარდია შეასრულებენ თავის მოვალეობას, დაიცავენ ჩვენს დამოუკიდებლობას, და უკუაქცევენ იმ შავ-ბნელ რეაქციის შავ წარმომადგენელს, თუ ისინი შეეცდებიან ჩვენს საზღვრების გადმოლახვას, და ჩვენ თავისუფლების წინააღმდეგ ხმალს აიღებენ. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შალვა მესხიშვილს.

შალვა ალექსი-მესხიშვილის სიტყვა.

(ს. ფ.)

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! კიდევ ერთი საფრთხე მოევლინა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ჩრდილოეთით გვემუქრება ისტორიული დაუძინებელი მტერი - რუსეთის შავ-ბნელი რეაქცია. ყველა ცოტად მაინც გამჭრიახ პოლიტიკურ მოღვაწისათვის ნათელია, რომ ეს საფრთხე ახალი არ არის!. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის რეაქციონური წრეები ვერასოდეს ვერ შეურიგდებიან პატარა ერების თავისუფლებას, განსაკუთრებით კი ქართველი ერისას, რომელმაც შექმნა თავის საზღვრებში წმინდა ხალხური, ნამდვილი დემოკრატიული რესპუბლიკა. ამით აიხსნება ის გამოლაშქრება, რომელსაც დენიკინი ლამობდა უკვე დიდი ხანია და რამდენჯერმე ჰქონდა სურვილი განეხორციელებინა ის, რითაც დღეს გვემუქრება. ვინც დაუკვირდება უკანასკნელ დროს მომხდარ დენიკინის წარმომადგენელის მთავრობასთან მოლაპარაკებას, აშკარად დაინახავს, რომ კითხვა არის არა მდინარე მეხადირის და იმ პატარა მიწის ნაჭრის შესახებ, რომელიც მართალია ჩვენს უდავო ტერიტორიას შეადგენს და რის შესახებაც მორიგება შეიძლებოდა. არა. დენიკინის მისწრაფება და სურვილია: მოსპოს დამოუკიდებელი საქართველო. მე მეტს ვიტყვი - გაანადგუროს ფიზიკურათ ქართველი ერი და შურისმაძიებლად დაბანაკდეს საქართველოს დედა ქალაქში. ეს არის მის მიზანი, რაც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგანაც იმ მიზნის გათვალისწინებაზე დამოკიდებულია ის ზომები, რომელიც უნდა მივიღოთ. რამდენათაც საკითხი ასე სდგას ჩემთვის როგორც ქართველისათვის, დემოკრატისთვის და სოციალისტისთვის ამისთანა მომენტში არ არსებობს ორი გზა, არის მხოლოდ ერთი: ან თავისუფლება ან სიკვდილი (მხურვალე ტაში) სწორედ ამ თავისუფლებისაკენ მოგვიწოდა დღეს მთავრობამ ამისათვის, ჩემის ღრმა რწმენით, მთელი ქართველი ერი განურჩევლად წოდებისა და პარტიის როგორც ერთი კაცი ფეხზედ უნდა დადგეს.

მოქალაქენო! დენიკინმა და მისმა დამქაშებმა ალბად კარგად იციან, რომ რეპუტაცია ჩვენში მაინც და მაინც მაღალ დონეზე არა სდგას და მათ მოინდომეს მოეტყუებინათ ქართველი ერი, შეცდომაში შეეყვანათ მთავრობა მხოლოდ იმითი, რომ თავის მოციქულად უცხო ქვეყნის მუნდირში გახვეული გენერალი გამოგზავნეს. მაგრამ ანგარიში შეეშალათ, პატარა ერები და განსაკუთრებით ქართველები კარგად იცნობენ დენიკინს. ვერავითარი ინგლისის მუნდირში გახვეული გენერალი რეაქციის შავბნელ ყორანს მშვიდობიანობის მტრედად ვერ აქცევს.

ასეთია მოქალაქენო მდგომარეობა. მე მგონია, რომ ზედმეტ სიტყვებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ფაქტი ყველასათვის აშკარაა. პოლიტიკური მდგომარეობა, მისი განმარტება ჩვენში სხვადასხვაობას არ იწვევს.

საკითხი მხლოდ იმაშია, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ. უპირველესად ყოვლისა საჭიროა გავაერთიანოთ შინაური ფრონტი. მთელი ქართველი ერი მიუხედავად წოდებისა და პარტიულ რწმენისა მზათ უნდა დახვდეს მტერს დამოუკიდებელ სამშობლოს დასაცავად. და მე მაქვს პატივი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სახელით გამოვაცხადო, რომ ჩვენი პარტია უკანასკნელ კაცამდის მხარში ამოუდგება დემოკრატიულ მთავრობას იმ ბრძოლაში, რომელიც მოელის სამშობლოს რეაქციის ძალებისაგან (მხურვალე ტაში).

მარტო ეს არა კმარა. როცა ვლაპარაკობთ მტრის ფრონტზედ დახვედრაზედ უნდა ვიცოდეთ, რომ ძნელია ფრონტზე ბრძოლა მაშინ, როცა ზურგი სუსტია. ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. მე მოვისმინე სამხედრო ინისტრის ბ-ნ რამიშვილის განცხადება, რომ მას მიღებული აქვს ფრონტზე დასახვედრად სათანადო ზომები. მე მოველოდი ბ-ნ რამიშვილისაგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისაგან ასეთივე განცხადებას - მიღებული აქვს თუ არა ზომები, რომ ჩვენი ზურგი უზრუნველყოფილი იყოს? მე ვამტკიცებ, რომ ასეთ გასაჭირის დროს, როცა დენიკინი ჩვენს საზღვრებს მოსდგომია და ომს გვიცხადებს, ჩვენ დედაქალაქში, ჩვენს გულში დენიკინის აგენტები დღესაც თავისუფლად დათარეშობენ. მე მაქვს ცნობები, რომ ზოგიერთი თვალსაჩინო დენიკინის მომხრენი მსახურებენ ჩვენს დაწესებულებაში იმისთანა ადგილებზედ (არ ისმის) (ხმა: არიან!) რომ მათ შეუძლიანთ მტრისათვის დიდი სამსახურის გაწევა. მე ვიცი, რომ თბილისში არის რამოდენიმე ცენტრი, მათ შორის ეკლესიები და საბორო, სადაც ყოველ დღე და ღამე აშკარა აგიტაციას ეწევიან და მომხრეებს რაზმავენ საქართველოს წინააღმდეგ (კედია: მართალია!) თუ ეს მოვლენანი ეხლავე არ იქნა მოსპობილი, უძლურია სამხედრო ფრონტი - ჩვენი სახელოვანი ჯარი და გმირული სახალხო გვარდია ვერას გახდებიან. ამისთანა მომენტში არავითარ სენტიმენტალიზმს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მე მოვითხოვ, რომ შესაფერი ზომები მკაცრად იყოს გატარებული ცხოვრებაში. თუ ბრძოლას გვიცხადებენ და განადგურებას გვიმზადებენ ზომებიც ლოღიკურად უნდა გამომდინარეობდეს მდგომარეობიდან.

მოქალაქენო! სამშობლოს განსაცდელისაგან დასახსნელად საჭიროა მტკიცე ნებისყოფა მთელი ერის გამარჯვებისათვის. ეს ჩვენა გვაქვს და მე ღრმათა ვარ დარწმუნებული რომ დენიკინის შავბნელი ყორნები ბრძოლაში აღზრდილ საქართველოს დემოკრატიას და დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას ვერაფერს დააკლებენ. (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგის პ. ჭიჭინაძის სიტყვა.

მოქალაქენო! აქ იყო განცხადებული ორატორისგან, რომ თითქოს მთავრობა არ ღებულობდეს ზომებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აქ თარეშობს, ესე იგი წინააღმდეგ დენიკინის აგენტებისა, რომელნიც აქ ჩვენ ერთნაირ საშიშროებას და საფრთხეს გვიმზადებენ. ამის შესახებ მე უნდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ეხლა, ისე წინად და შემდეგშიაც თვალყურს ადევნებს იმათაც და სხვებსაც და არასოდეს არ უშვებს ისეთ წუთს, რომ მათ მიეცეთ რაიმე საშუალება ჩვენ შიგნიდან გამოგვითხარონ ძირი და რაიმე ზიანი მოგვაყენონ. მაგრამ ამავე დროს უნდა მოგახსენოთ, არ უნდა ავყვეთ გულის კვეთებას, თითქოს ვისმესი შეგვეშინდა და მარჯვნივ და მარცხნივ ვტაცებთ ხელს ბრალიანს და უბრალოს, თითქოს ვიძიებთ შურს.

აქ მოსალოდნელია არა სასურველი შეცდომები, ამიტომაც ყველა შემთხვევაში უნდა ვიქონიოთ მარჯვედ თვალი და თვალყური უნდა ვადევნოთ, მაგრამ არ უნდა დავემგზავსოთ იმ შეშინებულ ადამიანს, რომელსაც ყოველმხრივ და სუყველგან რაღაცა საშიშროება ელანდება. ჩვენ აშკარად ვაცხადებთ აქ რომ ასეთ შემთხვევაში ვღებულობთ შესაფერ ზომებს. მაგალითად გუშინ იყო, რომ ორი გაზეთი, რომელთაც მოინდომეს რომ აქ დაებადათ ერთგვარი პანიკა - დავხურეთ, (კედია: აშხატოვორს დღესაც რკინის გზაზე ჰყიდიან) უკაცრავათ, მოითმინეთ, მე სომხური არ ვიცი და არ ვიცი იქ რას სწერენ. (გვაზავა ადგილიდან: უნდა იცოდეთ, რის მინისტრი ხართ, თუ არ იცით!).

აქ საზოგადოებაში გავრცელებულია ხმები, თითქოს აქ არის ეგრეთ წოდებული დასახიჩრებულთა მეომრების კავშირი რუსებისა, რომელშიაც არიან დენიკინის აგენტები. ჩვენ ამის შესახებ დავნიშნეთ სპეციალური რევიზია, ეს რევიზია დამთავრებულია უკვე, მე მაქვს ხელში სწორედ ამ გამომძიებელის მოხსენება. (მაჭავარიანი: რა დროს რევიზია-კომისიები არის!) ეს მოხდა, სანამ ეს ამბავი დაიწყებოდა. მე ამით ხაზი უნდა გაუსვა იმ მდგომარეობას, რომ ამ მხრივ სწარმოებს მუშაობა და სამინისტრო მუდამ დარაჯად უდგას სახელმწიფოს ინტერესს და ყოველ ღონეს ღებულობს მის დასაცავად.

მაგრამ ეს ხმები, რომელიც გაზეთებში გამოქვეყნებული იყო, არ გამართლდა, ჩვენ ყოველ მხრივ მოვახდინეთ ამ საქმის გამოძიება. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც აქაც და სხვაგანაც თვალი გვიჭირავს. მეორეს მხრივ უნდა ითქვას ის, რომ არ შეგვფერის ვატუსაღოთ და ხელი მოუსვათ ყველა მათ, ვინც რომ ეკლესიაში დაიარება, ან იმიტომ, რომ სადღაც რაღაცას ლაპარაკობენ: ეს არ შეიძლება. თქვენ დამშვიდებული უნდა იყოთ, ვინაიდან ამ მხრივ ზომები არის მიღებული და შემდეგშიც მიღებული იქნება. შესაძლებელია, ჩვენ ისეთი ფორმით მოწყობილი აგენტურა არ გვყავდეს, როგორც სხვაგან არის... (ხმა: რატომ არა?) როგორც იყო, მაგალითად წინად რუსეთში, მაგრამ ასეთ დროს, მოქალაქენო, ყველას ვალდებულობაა, თუ მართლაც ამჩნევთ რაიმეს - აცნობოთ მთავრობას. ჩვენ არასოდეს სიბრაზით არ მოვქცეულვართ და არც მოვიქცევით. მაგრამ ამის საბუთები ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. ამიტომაც გავიმსჭვალოთ ამ სერიოზულ მომენტით და ნურასოდეს ნუ დავემზგავსებით იმ ადამიანებს, რომელთაც შიში უკვე უგრძვნიათ და ყველას ისე უყურებენ, თითოს დიდი მტერი იყოს. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არ არის ამ მხრივ საშიშროება: ჩვენ ვღებულობთ ზომებს და კიდევაც მივიღებთ. ამიტომ დამფუძნებელ კრებამ და მთელმა საქართველომ ამ მხრივ დამშვიდებით უნდა შეჰყუროს მომავალს.

მხოლოდ ხალხი, რომელსაც იმედი აქვს თავის თავისა შეირჩენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ შიგნით არ მივსცემთ ნებას, ვინც უნდა იყოს ის რუსი, თუ სხვა, - მოახდინოს ამბოხება და დაგვცეს ლახვარი. სანამდის ისინი ამას მოახდენდნენ, მანამდი აქ მათი ნატამალიც არ იქნება.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩიას სიტყვა.

(ს. რ.)

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

თავისუფალ საქართველოს, მის რევოლიუციონურ დემოკრატიას კვლავ დასჩხავიან თავს შავი ყორნები. თავისუფლების მესაფლავენი ვერ შერიგებიან ჩვენს და ჩვენი მეზობლების დამოუკიდებლობას და ცეცხლითა და მახვილით ლამობენ ჩვენს დამორჩილებას, ჩვენს დამონავებას.

ამიერ-კავკასიის საზღვრებს უკვე მოუახლოვდა მოხალისეთა რეაქციონური ჯარი და ემუქრება ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა არსებობას. რა უფლებით მოიწევს ჩვენსკენ ბნელეთის მსახური, ყოფილი მეფის ძველი შავრაზმელი გენერალი? ვინ დაავალა? ვინ ჩააგონა მას თავისი ბინძური ფეხებით გასთელოს ჩვენი და ჩვენი მეზობელ სახელმწიფოთა თავისუფლება, რომელიც მოგვანიჭა ჩვენ რუსეთის დიდმა რევოლიუციამ? რუსეთის ხალხმა აუარებელი მსხვერპლო მიიტანა თავისუფლების სამსხვერპლოზე. მან ხანგრძლივი, განუწყვეტელი რევოლიუციონური ბრძოლით მოიპოვა თავისუფლება, მაგრამ ამ ბრძოლაში რუსეთის ხალხი მარტო არ იყო. ჩვენი მშრომელი ხალხი მუდამ პირველ რიგში იბრძოდა მასთან ერთად თავისუფლებისათვის და თავის მრავლათ დაღვრილ სისხლით მან მტკიცე საძირკველი ჩაუყარა ჩვენს დამოუკიდებლობას. რუსეთის რევოლიუციის დიად ლოზუნგთა შორის ერთი უდიდესი და უწმინდესი ლოზუნგი იყო - ერთა თვითგამორკვევის უფლება. ამ ლოზუნგის მიხედვით ჩვენმა ხალხმა ერთხმათ აღიარა თავის სუვერენული უფლებები თავის ტერიტორიაზე, მან საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას ამის უფლებაც ჰქონდა. ამ უფლების წყარო იყო რუსეთის რევოლიუცია, რომელიც მოახდინა რევოლიუციონურ ხალხმა და არა კონტრ-რევოლიუციონურ გენერლებმა, და თუ ეხლა ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებიან რეაქციონური გენერლები თავიანთ შავრაზმული ბანდებით, ისინი ამით თვით რუსეთის რევოლიუციას და რუსეთის ხალხს ებრძვიან. მაშასადამე კონტრ-რევოლიუცია იბრძვის რევოლიუციის წინააღმდეგ და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ვერასოდეს ვერ გამოვა ის მხარე, რომელიც მოწადინებულია მშრომელთა მასის მონობაზე ააგოს თავის ბედნიერება.

მართლაც, ვინ არიან ან და რას წარმოადგენს ის ძალა, რომელიც ამიერკავკასიის საზღვრებს მოაწყდა? ეს არის ერთი მუჭა ხალხი, რომელსაც დენიკინ-კოლჩაკის ბანდები ეწოდება, ისინი წინეთ ვერც გაბედავდნენ საბრძოლველად გამოსვლას და ვერასოდეს ვერ ამოძვრებოდნენ იმ სოროებიდან, სადაც რევოლიუციის პირველ ხანებში მათ მოუხდათ ბინადრობა, მაგრამ მას შემდეგ რაც ერთი მთლიანი რევოლიუციური ფრონტი დაირღვა, მას შემდეგ, რაც სოციალისტთა საკუთარ ბანაკში სამოქალაქო ომი დაიწყო, დენიკინ-კოლჩაკმაც თავი წამოყვეს და ზოგიერთ ეგრედ წოდებულ „განათლებულ და დემოკრატიულ“ ქვეყნებიდან დახმარებაც კი მიიღეს. ჩვენ ვიცით, რომ ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე არ მოიპოვება არც ერთი კუთხე, სადაც ხალხი, მასსა დენიკინს თანაუგრძნობდეს. დენიკინებს არსად რუსეთში ნიადაგი არა აქვს, მაგრამ მათთვის ამ ნიადაგს ხელოვნურათ ქმნიან სხვა ქვეყნის რეაქციონური ძალები. ევროპის სახელმწიფოთა მშრომელი დემოკრატიები გაიგებენ, თუ ვის ეხმარებიან რუსეთში მათი იმპერიალისტური მთავრობები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დაგმობენ თავიანთ მთავრობათა რუსეთის რეაქციასთან ძმურ კავშირს. ეს დრო, ეს დღე მოახლოებულია, ის ჩქარა დადგება და მაშინ დენიკინ-კოლჩაკები არამც თუ ბრძოლის გაგრძელებას შესძლებენ, არამედ სრულიად უკვალოთ გაქრებიან რუსეთის ცხოვრებიდან. მაგრამ, როგორც იტყვიან, სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გააძვრესო და ამიტომ ჩვენ მაინც მზათ უნდა ვიყოთ ბრძოლისათვის.

ჩვენ სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლა უნდა ვაწარმოვოთ დენიკინის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ჩვენთან იქნება ყველა ის, ვინც რევოლიუციის მხარეზეა, ვინც თავისუფლების მომხრეა, ვინც ებრძვის კონტრ-რევოლიუციას და რეაქციას. ამიტომ ეხლა ყველა ჭეშმარიტად რევოლიუციონურ ძალების მობილიზაცია აუცილებელია და, თუ გვსურს თავისუფლება შევინარჩუნოთ, რევოლიუციონური ფრონტი უნდა გაერთიანდეს. (კედია: სხვებმა რაღა ჰქნან!) ამ შემთხვევაში რევოლიუციონურ დემოკრატიას ყველა უნდა ამოუდგეს გვერდში და მასთან ერთად იბრძოლოს, რადგან ყველასათვის ერთნაირათ ძვირფასი უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა. მართალია, ჩვენ არ მიგვიღია უცხო ქვეყნიდან არც ტანკები, არც ზარბაზნები, არც ფული, დენიკინმა კი ეს ყველაფერი მიიღო, მაგრამ ჩვენ შეგვრჩა უძლიერესი იარაღი საბრძოლველათ: ეს არის თავისუფლებისადმი უსაზღვრო სიყვარული და მისდამი ერთგულება. ეს ის იარაღია, ის ძალაა, რომელიც ადვილად ჩააჩუმებს მტრის ზარბაზნებს და ტანკებს. ეს ის ძალაა, რომელსაც სრულიად მოკლებულია დენიკინი და მისი შავრაზმელი ბანდები. და თუ ჩვენი ხალხი სავსებით შეიგნებს ქვეყნის მდგომარეობას, თუ ის არ მოისურვებს თავის ნებით, საკუთარი ხელებით თავის მონობის ბორკილების გამოჭედვას, ის უსათუოდ სულერთიანათ გამოვა საბრძოლველათ. ერთსულოვანი გამოსვლა-კი მტრის წინააღმდეგ მომავალი გამარჯვების თავდები იქნება. დენიკინი ან უნდა დავამარცხოთ, ან და საქართველოდან სულერთიანად ავიყაროთ და სადმე შორს გადავსახლდეთ. დენიკინის გამარჯვება საქართველოში იქნება ჩვენი ხალხის ფიზიკური განადგურება. გამოსავალი არ არის: ან გამარჯვება და თავისუფალი სიცოცხლე, ან და დროებითი სამარცხვინო სიცოცხლე და ნელი სიკვდილი.

ჩვენ-კი სოციალისტ-რევოლიუციონერები, ამ შემთხვევაში ჩვენს რევოლიუციონურ მოვალეობას მაშინ შევასრულებთ, თუ ხალხს ბრძოლისაკენ მოვუწოდებთ, და ამიტომ ჩვენ ამ ტრიბუნიდან ხმა მაღლა შევსძახებთ საქართველოს დემოკრატიას: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძის სიტყვა

(ს.დ.).

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო!

ჩვენი დღევანდელი კრების საგანია დენიკინის შემოსევა. მაგრამ ეს ხომ ახალი ამბავი არ არის. დენიკინი გუშინ არ შემოსევია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დემოკრატიას, გუშინ არ დაწყებულა მისგან დაპყრობა, დაჩაგვრა, დამონება პატარა ერებისა, განაპირა ქვეყნებისა, რომლის უბედურებაზე სურს და ჰგონია, რომ ააგებს დიდ და ძველ რუსეთის ბედნიერებას, იმ რუსეთისას, რომელიც თვით რუსეთის ხალხმა და დემოკრატიამ პირქვე დაამხო, და რომელსაც თვით ეს დემოკრატია უსასტიკეს მტრად უდგა დღეს.

ეს ნაშთი ძველი რუსეთისა, ეს აშმორებული ნაშთი იმ დიდი გუბისა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დამშრალა თვით რუსეთის ვეებერთელა სივრცეზე, და ეხლა კავკასიონის ქედს მოადგა. ეს აშმორებული გუბე არ წარმოადგენს არც სახელმწიფოს, არც რაიმე ასეთ ორგანიულ ერთეულს, ეს არის მოხეტიალე ბრბო გამოყრილ და დაბნეულთა, ესაა ოფიცრებისა და გენერალთა ლაშქარი, რომელთაც ერთი მიზანი აქვთ: როგორც კალია, ისე მოედოს მხარეს, მოსტვლიპოს ყველაფერი, გასწმინდოს, გაანადგუროს და შემდეგ ახალ ნაპირებისაკენ გასწიოს. მათ არ შეუძლიათ არც დაპყრობა, არც სახელმწიფოს აგება, მათ შეუძიათ მხოლოდ ერთი რამ: - თავის ბოროტების გესლით დაანგრიონ, გაანადგურონ ყოველივე, სადაც კი მათი ფეხი მისწვდება. აი მხოლოდ ამ მხრივ არის სახიფათო და საშიში დენიკინის ლაშქარი, მხოლოდ ეს ერთად-ერთი შედეგია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მათ შემოსევას და ეს არის მხედველობაში მისაღები.

საქართველოს რესპუბლიკას დენიკინის ლაშქარი ვერ გააუქმებს, საქართველოს დემოკრატია იცოცხლებს და იარსებებს, საქართველოს დამოუკიდებლობა მომავალშიაც ისეთივე ხელშეუხებელი დარჩება, როგორც ამ წლის განმავლობაში, და ეს თეთრი გიორგი არც ეხლა განიცდის დამარცხებას. მაგრამ ჩვენ მოგველის ბრძოლა, ბრძოლა სასტიკი და ხანგრძლივი. ეს ბრძოლა დიდი ხნიდან დაიწყო და შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დღეს მხოლოდ ერთი მწვავე მომენტი არის ამ ბრძოლისა, თორემ თქვენ გეხსომებათ, მოქალაქენო, რომ ამ ერთი თვის წინად ჩვენ აქ ვამბობდით იმავ ბრძოლაზე დენიკინთან, ვამბობდით, რომ ეს ბრძოლა აუცილებელია. მის შემდეგ მხოლოდ ინტერვალი იყო ჯარის დასვენებისა ფრონტზე, და დღეს მოსალოდნელია განახლება სისხლის ღვრისა. ეს ბრძოლა იდუმალის სახით თუ აშკარად მუდამ სწარმოებდა, ვინაიდან ამბოხებულ ბრბოს მოხალისეთა რაზმისა არ შეუძლია ცხოვრება და არსებობა გარეშე სისხლის ღვრისა და სადაც ის სდგას, იქ არის ომი და სისხლის ღვრა. აი დღეს, როდესაც ამ ლაშქარს იმედი აქვსთ მოპოვებულ ფულისა და იარაღისა, იგი ფიქრობს არა რუსეთის აღდგენაზე, არამედ - იმის სახელით პატარა ქვეყნების დამორჩილებაზე. მას ჰგონია, რომ თუ ის ვერ გაუძლებს დიდი რუსეთის აუარებელ ხალხს, რომელსაც ეჯავრება დენიკინის სახელიც კი, სამაგიეროდ დაჩაგრავს მაინც პატარა საქართველოს. აი ერთად-ერთი აზრი და მიზანი მისი აქეთკენ გამოლაშქრებისა. მას იმედი აქვს, რომ აქ, ამიერ-კავკასიაში, საქართველოს შიგნით და მის მეზობელ სახელმწიფოებში იქმნება განხეთქილება, შინაური მტრობა და ნაციონალურ შუღლი, ისინი ამით ისარგებლებენ და ჩვენზე გაბატონდებიან. მაგრამ მე თამამად შემიძლია ვსთქვა ამ ტრიბუნიდან, მე მგონია დამერწმუნებით, რომ საქართველოს რესპუბლიკაში არ მოიძებნება ისეთი მოღალატე, რომელიც დენიკინს ხელს გაუწვდენს (ხმა. მართალია!), საქართველოში არ მოიძებნება არც ერთი ადამიანი, რომელმაც მის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში სისხლი არ დაღვაროს. მე ვამბობ სრული რწმენით და იმედით, რომ საქართველოს რესპუბლიკა, როგორც სალი კლდე, ისე დაუდგება თავის დამოუკიდებლობას, და იბრძოლებს უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დენიკინის რაზმის წინააღმდეგ. ჩვენ გარეშე გვყავს მეზობლები და როგორც გვითხრეს, პირველია ის რესპუბლიკა, რომელსაც დენიკინის რაზმისაგან ისეთივე საფრთხე მოელის, და არც გასაკვირველია, რომ ეს რესპუბლიკა პირველი დგება ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად აპირებს ამ ძალების მოგერებას. ადერბეიჯანის დემოკრატიას, იმ გლეხებს და მუშებს, რომელთაც სურთ და უყვართ თავისუფლება, მათ უძღვნათ სალამი და მათთან ერთად გავწიოთ წინ (ტაში).

დღეს თავის მთავრობის მიერ იმედ გაცრუებულნი მთიელნი, მე ღრმად მწამს, ქართველ ხალხთან ერთად გასწევენ დენიკინის წინააღმდეგ. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ბაქოს მუშათა კლასი, ის ხალხი, რომელიც შეიძლება ბევრ რამეში ჩვენ გვედავება, ედავება ჩვენ რესპუბლიკას, ისეთი მედგარი მებრძოლი იქნება დენიკინის წინააღმდეგ, როგორც საქართველოს სახელოვანი მოქალაქე. მე ვამბობ, საერთოთ ყველა ერის და ტომის გულწრფელი დემოკრატი, ვისაც სწამს თავისუფლება, ვისაც უყვარს ადამიანობა და მომავალი კაცობრიობა, ის დენიკინისთვის მახვილის ჩაცემას პირველი მოისურვებს, ის პირველი გადასდგამს ასეთ ნაბიჯს. (ღლონტი: ვაჭრების ქვეყანა რაღას იზამს?) მე მინდა მხოლოდ ერთი რამ მოგახსენოთ, ჩვენ გარეშე კიდევ არის ერთი ერი, სომხეთის ერი, რომლის შესახებ მე უნდა განვაცხადო, რომ დენიკინი თავის პრესაში, თავის აგენტების საშუალებით, აშკარად ღაღადებს: „ეს არის ჩვენი სათადარიგო ჯარიო“. მე მინდა მივმართო აქედან სომხეთის პასუხისმგებელ წრეებს და სომხეთის ხალხსაც - პირველებმა აშკარად უნდა სთქვან, მართლა მისი სათადარიგო ჯარი არის სომხეთი, როგორც აცხადებს დენიკინი, თუ სცრუობს სარდალი ჩრდილოეთიდან მოვლენილი? ეს არის მოვალეობა სომხეთის პასუხისმგებელ წრეებისა; მხოლოდ სომხეთის ხალხზე მე ვიტყოდი: დემოკრატია, რომელსაც დემოკრატიული სისხლი უდის ძარღვებში, ის მთავრობასთან ერთად, ან იმის წინააღმდეგ, მაინც იქნება ამიერ-კავკასიის დემოკრატიასთან ერთად დენიკინის წინააღმდეგ. (ტაში).

ჩვენ ველით, რომ ხალხი ასეთ საბედისწერო დროს, როდესაც ისმება საკითხი ყოფნა არ ყოფნისა, ფიზიკურ არსებობისა, გადალახავს ყოველგვარ დაბრკოლებას, გადალახავს ყოველგვარ მაცდურობას და თვით ძლიერი ბურჟუაზიის მოქნილი ენაც ვერ გაუშრობს იმ საღ ინსტინქტს, რომ გლეხი უნდა გაჰყვეს გლეხს, მუშა მუშას, როდესაც მუში და გლეხის მტერი მოდის ჩვენს წინააღმდეგ. ეს აზრი, ეს მარტივი იდეა, არ უნდა იყოს მიუღებელი, როგორც ქართველების და ადერბეიჯანის, ისე სომხეთის მშრომელ ხალხისთვისაც. და თუ ასეთია მისწრაფება იმ საერთო ძალების, რომელნიც გამოგვადგებიან ჩვენ დენიკინის რაზმების წინაღმდეგ, თუ ასეთია მათი სულიერი განწყობილება და ეს განწყობილება, მე მსურს, რომ აქედან მოედოს ყოველ კუთხეს ამიერ-კავკასიისა და საქართველოსი, დენიკინის ლაშქარი სრულიად უვნებელი იქნება საქართველოსთვის და საერთოთ ამიერ-კავკასიისთვის. მხოლოდ ამ სიძლიერეში ჩვენი დემოკრატიისა არის მთავარი ძარღვი, რომელიც მიანიჭებს გამარჯვებას იმ თეთრ დროშას, რომელსაც ჩვენი გვარდია ყოველ ბრძოლაში მიაფრიალებს. ეს ორივე დროშა არის მამა და შვილი, ეს არის ორი შეტყუპებული ძალა. ერთ წყაროდან აღმოცენებული და ისეთივე თავზარდამცემი იქნება დღეს მოვლენილ ოფიცერთა ხროვისთვის, როგორც იყო ყველა მეამბოხეებისთვის და აჯანყებულებისთვის. (ტაში).

და ბოლოს მე მოვუწოდებ ყველას, საზოგადოების ყველა წრეებს, - მიიღონ შესაფერი მონაწილეობა ამ ბრძოლაში. სადაც ხალხი იბრძვის, სადაც ხალხის სისხლი იღვრება, სადაც, ღრმად მწამს, ჩვენი სახელოვანი ჯარი უკან დახევას სირცხვილად მიიჩნევს, იქ საზოგადოების მოვალეობა დიდია. სახელოვან ჯარს უნდა ყავდეს სახელოვანი საზოგადოება, რომელიც მას უკან უდგას და ზურგს უმაგრებს. ამ საზოგადოებას მინდა მივმართო და ვსთქვა, ყოველივე მსხვერპლი, რომელიც კი საჭიროა, უნდა გაიღოს საზოგადოებამ: - მქონელმა თავის შეძლებით, უბრალო მოქალაქემ თავის მუშაობით, მოქმედებით, დახმარებით, მთელი საზოგადოების მოწყობით, დაკავშირებით, ვისაც ენა უჭრის - ენით, ვისაც ხმალი უჭრის - ხმლით, ვისაც ჯიბე - ჯიბით, ყველა ეს უნდა იყოს დადებული საქართველოს რესპუბლიკის სამსხვერპლოზე. როდესაც კითხვა მიდგა ჩვენ არსებობაზე, თავისუფლებაზე, მე მინდა მოვუწოდო მთელ საზოგადოებას, მის ყველა წრეებს, დაივიწყონ დღევანდელ დღეს ის, რაც ჩვენ გვანსხვავებდა. ასეთ მომენტში სხვა აზრი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის არსებობა. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ყველას შემოკრბენ სახელოვან მთავრობას, ჩვენი ერის ბელადების გარშემო; - ყველანი საბრძოლველად დენიკინის და მისი შავი ძალებს წინააღმდეგ! (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სპირიდონ კედიას.

სპირიდონ კედიას სიტყვა

(ერ. დემ.)

საქართველოს შვილნო! ჩვენი სამშობლოს უკვდავება და ბრწყინვალება ასეთის სიმტკიცით და მომხიბლაობით ამ დარბაზში არასოდეს არ ჩამოშვებულა, არასოდეს მისი სული აქა ასე არ აღრფთოვანებულა და არ აღუვსია ნეტარებით და ძლიერებით ჩვენი არსება.

დღევანდელი დღე ისტორიულია ამ მხრით. იგი ზეიმია სამშობლოს იდეის გამარჯვებისა საქართველოს ახლად დაბადების, მისი სულით და ხორცით აღდგენის დღეა.

ამ დღეს გვმართებს მოვიგონოთ, ვინც ყველაზე უფრო ღმად ჩასწვდა საქართველოს სულს, არსებას ტანჯვას და ლხინს, და ვინც ერის უცვალებო 65

სულის ფსკერზე ნაპოვნი მარგალიტები და განცდილი გრძნობა ჩამოგვისხა უჭკნობი მშვენიერების ფორმაში. ეს ვიმე - უკვდავი შოთაა, რომელიც გვიმღერის: „ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიანო“.

დიაღ! საქართელოს შვილნო: ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებია...

ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ძვირფასი და სულმდგმელი ვარდი: აღვადგინეთ სამშობლოს დამოუკიდებლობა, პირობა მისი უკვდავებისა, და ამ ვარდის მოსატაცებლად ჩვენს წინააღმდეგ მტერნი აღიძრნენ და მოიწევენ. ვინ არიან ეს მტრები? უკვე ითქვა, ვინც არიან. ეს დენიკინია. ითქვა ისიც, თუ ვინ შველის მას. ვიცით, რომ დენიკინი ფულსა და იარაღს ინგლისის სარდლობისაგან ღებულობს. დიაღ! ეს ამბავი ჩვენ ვიცით. ამ ფაკტს ქართველი ხალხი დღესაც სათანადოდ დააფასებს ამ საბედისწერო ჟამს და ხვალაც არ დაივიწყებს, უკვე სამშვიდობოს გასული. (მაჭავარიანი: სირცხვილი!) მაგრამ აქ განმარტებაა საჭირო. მე მწამს, რომ ლოიდ ჯორჯის მაღალი შუბლი და მისი მსოფლიო პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. ის ამ სათაკილო საქმეში არ ურევია. ჩვენის რწმენით არც ლონდონის კაბინეტის, არც პარიზის კაბინეტის და რაც, მით უმეტეს, მსოფლიო მოქალაქის ვილსონის პოლიტიკა ინტრიგებს და ომს არ დაუწყებს პატარა საქართველოს, იმისთვის, რომ მან თავისი დამოუკიდებლობა დაიბრუნა და დღეს ამ დამოუკიდებლობას მედგრად და ხარბად იცავს. ლოიდ ჯორჯის კაბინეტი სასახელოდ, ისე, როგორც მთელი ინგლისისა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი ეს აქ ითითხნება, რომ ყოველივე ეს ადგილობრივი სარდლობის საქმეა. ადგილობრივი სარდლობა, მსხვერპლი გაუგებრობის და ინსინუაციების, ხელს უწყობს დენიკინს ავაზაკურ მისწრაფებაში, რომ წაახრჩოს პატარა გმირი ხალხი და გაუთახსიროს ის ღვთიური და წმინდა გრძნობა, რომელიც სახელოვნად დაუცავს საუკუნეთა სიგრძეზე. მაგრამ ეს არ მოხდება (ტაში). სამართლის გამარჯვება გვაფრთოვანებს და იმედს გვიმტკიცებს.

ახლა ვიკითხოთ, ვინ დაუხვდება დენიკინს? ყველა, ვისთვისაც იგი თავის ხმალს ლესავს: მთა, საქართველო, აზერბაიჯანი და... მას უნდა დაუხვდეს სომხეთიც! ჩვენ ვიცნობთ მთას. მისი დროებითი დამარცხება დენიკინის მიერ - ნაყოფი მისივე მთავრობის მუხანათობის - მთაზე აზრს ვერ შეგვაცვლევინებს. საუკუნეებით ვიცნობთ თავისუფლების მოყვარულს გაუტეხელ მთას. ვიცით, რომ მთელ ნახევარ საუკუნეზე მეტი ებრძოდა იგი რუსეთის იმპერიას და მთელ მის ჯარს, ისე რომ დამარცხება არ უნახავს და სულით არ დაცემულა. მთა იქნება ჩვენი თანამებრძოლი დენიკინის წინააღმდეგ. ჩვენს მოწოდებაზე იგი იარაღით ხელში აღსდგება, სამშობლოს სიყვარულით განათებული.

მთავრობის წარმომადგენლისაგან ვცანით, რომ აზერბაიჯანი იარაღით შეეგება დენიკინს და ჩვენთან ერთად იომებს. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვიყავით დიდის ხნიდან. სინამდვილემ მოლოდინი გაგვიმართლა და ჩვენ ეს გვახარებს. აზერბაიჯანის ხალხი ღირსია დამოუკიდებლობის და პატივისცემის.

მაგრამ აქ ამავე დროს არაფერი თქმულა, თუ რა პოზიციაზე სდგას მესამე რესპუბლიკა, ამიერ-კავკასიის მესამე დამოუკიდებელი სახელმწიფო სომხეთი.

ადგილიდან შევეკითხე ბატონ სამხედრო მინისტრს, ეთქვა, თუ სომხეთი რა პოზიციაზე იდგა, რას აპირებდა. მინისტრმა გაიღიმა და პასუხი არ გამცა. მისი ჩაჩუმება და გაღიმება საუკეთესო პასუხია, მოქალაქენო, ჩემთვისაც და თქვენთვისაც. სჩანს, სომხეთი და მისი მთავრობა განზე სდგას! სჩანს, მას სასახელოდ მიაჩნია ერთ ბედში მყოფი მეზობლები ბრძოლის ველზე მარტო დასტოვოს. თუმცა კარგად იცის, რომ მათი დამარცხება, სომხეთის დამარცხება არის და მათი დამოუკიდებლობის მოსპობა სომხეთის დამოუკიდებლობის მოსპობაც. ეტყობა, სომხეთს ბრძოლა არ სურს დამოუკიდებლობისათვის; სჩანს, იგი თავის ღირსად არ მიაჩნიათ. მაგრამ თუ ბედმა იპრიანა და დამარცხებული დენიკინი უკუ ვაქციეთ, და ჩვენი დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ, სომხეთი მშვენივრად ისარგებლებს სხვისი სისხლით და მსხვერპლით განმტკიცებულის დამოუკიდებლობით და კიდევ შემოგვედავება ჩვენს საკუთარ ტერიტორიაში. თუ დღეს სომხეთს ასეთი ტაქტი სასახელოდ მიაჩნია, ვშიშობთ სასახელოდაც არ ჩათვალოს და მოხერხებულადაც არ იცნოს ზურგიდან მახვილი ჩაგვცეს, როდესაც მტერთან ხელჩართული ბრძოლა გვექნება! მთლად არ არის ამას უჩვეულო. ვალდებულად ვრაცხთ ჩვენ თავს გავაფრთხილოთ სომხობა ამაზე ხელი აიღოს, რაგინდ სასახელოდაც მიაჩნდეს იგი, თორემ საქართველო ისე არ ჩავა საფლავში, რომ მესაფლავე თან არ ჩაიყოლიოს (ტაში).

მესამე: დამხდურია საქართველო. საქართველო ტრადიციული ღირსებით შეხვდა ამ მომენტს. საქართველო მთელი კავკასიის გულია, მისი პოლიტიკური, კულტურული და ტოპოგრაფიული გული. ამ საქართველოს დღევანდელმა გარემოებამ ახალი მოვალეობა დააკისრა, ან უკეთ, ძველი როლი მოაგონა.

მე მრწამს, რომ კავკასიის ეს გული აძგერდება ძლიერის გრძნობით და მტკიცე გარდაწყვეტილებით და რომ იგი მოძრაობაში მოიყვანს კავკასიის ყველა ნაწილებს. საქართველოს საყვირი კავკასიას დასძრავს შემოიკრებს ყველა ერებს და მტერი შეიმუსრება!

მე მრწამს საქართველო მიერ სახელოვანი აღსრულება თავისი ისტორიული დანიშნულების.

საქართველოს სამმა მთავარმა ელემენტმა ეს მიზანი უნდა განახორციელოს, ეს საქმე უნდა გააკეთოს. ერთია მთავრობა, მეორე - თვით მხედრობა და მესამე დანარჩენი საქართველო, დიდიდან-პატარამდე. ქვეყნის მეთაური და მესაჭეა მთავრობა. მისი როლი და მოვალეობა უპირველესი მნიშვნელობისაა და მეტად პასუხსაგები. რწმენით ვამბობ, თუ მთავრობამ სწორედ გაიარა და ამაღლდა იმ გულისთქმაზედ, რომელიც დღემდე მისი მთავარი მამოძრავებელი იყო, საქართველო საარაკო ძალას მხნეობასა და თავდადებას გამოიჩენს. იგი გაიმარჯვებს.

ამ მხრივ უნდა მოგახსენოთ, მე არა ვარ კმაყოფილი მთავრობის დღევანდელი განცხადების. უკმაყოფილო ვარ მთავრობის აქცენტით, რადგან მასშია ჩაქსოვილი ძველი დამღუპველი მოტივები. და ეს მაშინებს. მთავრობას უნდა მოვაგონოთ ერთი რამ, რომელიც მას მუდამ ავიწყდება და რომელიც მისი მუდმივი სახელმძღვანელო მცნება კი უნდა იყოს: რომ იგი არ არის ერთი რომელიმე პარტიის, ან მეორე პარტიის მთავრობა; რომ იგი არც გლეხთა მთავრობაა და არც მუშათა; არამედ იგი არის საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა, ბატონებო, თავის მდგომარეობით, მემკვიდრეა ქართველთა თესლის ორი სამი ათასი წლის ცხოვრებისა. ანდერძად მიღებული, მან საქართველო უნდა გადასცეს მომავალ ქართველობას. პირადი ამაგით გამდიდრებული საქართველოს დღევანდელი მთავრობა, გადამცემი რგოლია, რომელშიც დაგროვილია ძალა ტრადიციისა და სიცოცხლე მომავლისა.

ეს ავიწყდება ჩვენს მთავრობას. ამაშია დღეს ჩვენი სისუსტე.

როდესაც საქმე შეეხება საქართველოს უკვდავების შენახვას და დაცვას, მთავრობა ერს არ უნდა ქსაქსავდეს და ერთმანეთის საწინააღმდეგოთ შურით და მტრობით კი არ უნდა რაზმავდეს, წოდებებსა და ჯგუფებს. მთავრობამ ყველა უნდა შეარიგოს და ყველანი შეირიგოს სამშობლოს სიყვარულში. მთავრობას მართებს ერთნაირად გაათბოს ყოველი მოქალაქე, საქართველოს ყოველი ცოცხალი ძალა. და როდესაც იგი მოიხსენებს, როგორც ეს დღეს ჩაიდინა და რაიც, ჩემის აზრით, სრულიად ზედმეტი იყო - ან გლეხს, ან მუშას, მოუხსენებლი და მოუწოდებელი არ უნდა დარჩეს არც ერთი სხვა წოდება, თუ ჯგუფი, თუ კლასი. სამშობლოს დაცვისა და სიყვარულის უფლებას მოქალაქეს ვერავითარი მთავრობა ვერ წაართმევს. პატრიოტიზმი ქართველის ბუნების სტიქიონია. და როდესაც საერთო გასაჭიროს დროს, საერთო მობილიზაცია და იარაღის ასხმა გვჭირია, მთავრობა მთელ წოდებებს და ჯგუფებს უგულვებელს სტოვებს, რაღაც ფარულის უნდობლობით! მთავრობა ამით ღალატობს ქვეყნის საქმეს და ისტორიულად საქართველოს მოდარაჯე წოდებებსაც და მომავლის კლასსაც ულახავს უძვირფასეს გრძნობას: - სამშობლოს დაცვა-სიყვარულისას! ეგაა საბედისწერო! ამ მხრივ მთავრობის დღევანდელი განცხადება არ მაკმაყოფილებს და მაფიქრიანებს.

მაგრამ მინდა ვიწამო, რომ დღევანდელის მზგავსს წუთებში ადამიანნი გარდაიქმნებიან; რომ გარდაიქნება ჩვენი მთავრობაც, რომ იგი ავა სათანადო სიმაღლეზე, მოსძებნის საჭირო აქცენტს, ნამდვილ ეროვნულ ლოზუნგს, შემოიკრებს გარს მთელს საქართველოს და მას გამარჯვებისაკენ წარუძღვება. - მინდა ვიწამო, მინდა ვიწამო!

მეორე ელემენტი ჩვენი გამარჯვებისა, საქართველოს მხედრობაა. ჩვენი მამაცი და თავდადებული ჯარი თავის წინაპრების ღირსეული მემკვიდრე იქნება. მეტი სიყვარული მივსცეთ ჩვენს ოფიცრობასა და ჯარისკაცობას, მეტი ნდობა ჩვენს ოფიცრობას და ისინი არ შეარცხვენენ საქართველოს სახელს, არ შეარცხვენენ საქართველოს ხმალს. ჯარია ჩვენი იმედი, ჩვენი ბჭე. ყველაფერი ჯარისთვის, რადგან დღეს ჯარი - საქართველოა.

მესამე ელემენტი ჩვენი გამარჯვებისა - ქართველობაა, ერის სიმრავლე, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ქართველ ხალხს ისტორიულად სჩვევია მსხვერპლის გაღება სამშობლოსათვის. ის თვის ისტორიის ცოცხალი გაგრძელებაა და ვისაც სწამს სამშობლო და ქართველი ხალხი, ის დარწუმნებული უნდა იყვეს, რომ ქართველი ერი არავითარი მსხვერპლის წინ არ შედრკება საქართველოს თავისუფლებისთვის - ოღონდ მიგნება და მიკვლევაა საჭირო იმ ჯადო-გრძნობისადმი, რომელიც საუკუნეებს ერთ დედა-ბუნებათ, მის დიკტატურად გადაუქცევია! ამ მხრივ მთავრობას კიდევ და კიდევ ვაფრთხილებ ძველი შეცდომებისაგან!..

ამ რიგად, ბატონებო! თუ იქნება სწორი თანამშრომლობა საქართველოს ყველა ცოცხალი ძალებისა - და ეს სავსებით მთავრობაზეა დამოკიდებული. - საქართველო არ შერცხვება!

დავივიწყოთ ყმაყოფილება და გულნატკენობა. დავსტოვოთ ამ ქვეყნიურ-ნივთიერი. დავსტოვოთ პარტიები და კლასები მათ-მათი ეგოისტური რეალურის ინტერესებით. დღეს ჩვენ ვემზადებით თვით სიცოცხლის შესაწირავად და რა მოსატანია აქ პარტიული გულისთქმა. კლასები და წოდებები ჰქრებიან; დღეს ერთნი არიან, ხვალ მეორენი და ზეგ შეიძლება არც ერთი იყოს და არც მეორე. ხოლო ჟამგარდაუვალი სამშობლო ჩვენი წოდებათა და კლასთა ზედა უწყვეტელად იმდინარებს. ავცურდით სამშობლოს უკვდავების გუმბათზედ და მჭიდრო იქნება მაშინ კავშირი ყოველთა ქართველთა და ტკბილ იქნება სიციცხლის განწირვა.

მოქალაქენო! იყავით საქართველოს შვილნი.

აღივსენით მამულის შეგნებით და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩება. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვალერიან ჯუღელს.

ვალერიან ჯუღელის სიტყვა. (ს.დ.)

(კრება მხურვალე ტაშის ცემით ხვდება ორატორს).

მოქალაქენო! მე მაგონდება ის ბედნიერი სანეტარო ღამე, რომელიც ჩვენ გავათენეთ 17 აპრილს შეტევის წინ. სწორედ იმ ღამეს, როდესაც გადაწყვეტილი იყო ჩვენი შეტევა დენიკინის შავ ჯარების წინააღმდეგ, ჩვენ მოვიწვიეთ ყველა ჩვენი სარდლები, ერთ პატარა ცივ ოთახში დავიბარეთ ჩვენი მოწინავე ამხანაგები, მეომარნი, და მოკლეთ უთხარით: დღეს წყდება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და დემოკრატიის ბედ-იღბალი. დღეს შეტევაზე გადავდივართ. და უნდა იცოდეთ ამხანაგებო, რომ დასახევი გზა თქვენ არ გაქვთ, ან უნდა გაიმარჯვოთ, ან დაიხოცოთ.

ამხანაგები სერიოზულად გვისმენდნენ და შემდეგ ყველას ღიმილი დაეტყო სახეზე; ერთმა სთქვა: - „დღეს ჩვენ გვითენდება აღდგომა“ და მართლაც, როდესაც ჩვენი ჯარი გადავიდა შეტევაზე აღფრთოვანებულნი ვიყავით, სახელი გამარჯვებულებისა ადვილად ვპოვეთ, და თითქმის არავინ დაგვიკარგავს.

და მე მწამს, ამაში ვარ დარწმუნებული ღრმად, რომ თუ მომავალშიაც ის სიტყვები, რომელიც აქ წარმოითქვა ერთის მხრით, და მეორეს მხრითაც, - „ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - დარჩება არა სიტყვად, არამედ თვითვეული ჩვენგანი ამას შეიგნებს და სავსებით იგრძნობს, მაშინ, რასაკვირველია, დენიკინის ჯარები მიუხედავად თავის სიშავისა, და სიძლიერისა, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ.

მაგრამ აქ მინდა ვსთქვა, რომ ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ მართლაც დენიკინის ძალა ისეთი სუსტია, რომ მისი აბუჩდ აგდება ჩვენს დემოკრატიას შეუძლიან. ნურავინ იტყვის, რომ ის არის ერთი ხროვა გზა დაკარგულ ოფიცრებისა, ხროვა რუსეთის რეაქციონერებისა, რომელიც მაშინვე გაიფანტება, თუ ჩვენ მედგრად დაუხვდებით მას. არა, მოქალაქენო, ბრძოლა, როდესაც ის დაიწყება, და ბრძოლა უკვე დაწყებული არის, იქნება მეტად სასტიკი, სისხლიანი და მეტად ძნელი. და ეს ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს. ამას ვამბობ მე დღეს, როდესაც ფრონტზე მივემგზავრები. და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ვინც ფრონტზე ვდგევართ, ამ ძალას მეტად სერიოზულათ უყურებთ. და გვინდა მთელი საზოგადოება, მთელი ჩვენი ხალხი, ჩვენი დემოკრატია ამ ძალას სერიოზულათ უყურებდეს. ამით მე, რასაკვირველია არ ვამბობ, რომ ეს ძალა იმდენად სერიოზულია, რომ ჩვენ ვერ შევებრძოლებით. არა, ამ ძალას, მიუხედავად მისი სიძლიერისა, ჩვენ შევებრძოლებით და კიდევაც დავამარცხებთ (ტაში) ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, და არა იმიტომ ვლაპარაკობ ამას, რომ მაგარი სიტყვები ვსთქვა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ღრმა რწმენა. მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ახლა ისეთია, რომ არც ზედმეტი პესიმიზმი, არც ზედმეტი ოპტიმიზმი ჩვენში არ უნდა იყოს გამეფებული. ჩვენ სერიოზულად, მეტად დინჯად უნდა შევხედოთ ჩვენ მდგომარეობას. და რაკი ესე შევხედავთ, რაკი გავეცნობით მას, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ კიდეც. მარტო შეგნება საკმარისი არ არის, აქ უნდა იყოს გრძნობა, გრძნობა რომელიც წარმოშობს აღფრთოვანებას, და ჩვენ ძალთა გაერთიანებას, და ეს გაერთიანება და აღფრთოვანება, უძლიერესი და გამარჯვებული იქნება.

მაგრამ, თქვენ, მე მგონია, გაინტერესებთ ჩვენი ფრონტის მდგომარეობა, და რადგანაც ამ ფრონტის ირგვლივ, და ჩვენ შეტევის გამო საზოგადოებაში ერთგვარი აზრთა ტრიალი არის, მე მინდა თქვენ გითხრათ, რა პირობებში გადავედით ჩვენ შეტავაზე და რა საერთო მდგომარეობა არის ჩვენს ფრონტზე.

თქვენ იცით, რომ სოჭში ქურდულად დამარცხებულს ჩვენს ჯარს, როდესაც ის, მოტყვილებით და ვერაგულათ დენიკინის გენერლებმა ხელში ჩაიგდეს, დროზე დახმარება ვერ გაუწიეთ, რადგანაც ჩვენ ბუნებამაც ხელი შეგვიშალა, დროზე ვერ გადავისროლეთ იმდენი ძალა, რომ გაგრის ოლქი მაინც დაგვეკავებინა. მხოლოდ მის შემდეგ გადავედით, როდესაც დენიკინის ჯარს, არა მარტო მდინარე ბზიბის მარჯვენა ნაპირი ეკავა, უკვე გამამაცებული იყო, და გადმოსული მარცხენა ნაპირას. აი სწორედ ამ დროს ჩავედით ჩვენ, და უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, შევეცადეთ ამ მარცხენა ნაპირის გაწმენდას და მის დაჭერას. ეს ძალიან ადვილად მოვახერხეთ, და რადგანაც ჩვენ გამარჯვებული ვიყავით, ჩვენ ძალებში დარწმუნებულნი ვაპირებდით მარჯვენა მხარეზე გადასვლას. ამ დროს ჩამოვიდა ინგლისის გენერალი უაიტი, და მან გვითხრა: „დადექით თქვენ ალაგას. მე ვარ გამოგზავნილი თქვენ მოსარიგებლად, და ჩემის საშუალებით თქვენ განახორციელებთ თქვენს მიზანსო“. ჩვენც დავუჯერეთ მის სიტყვას, და რამდენიმე კვირა უცადეთ. მის შემდეგ უაიტი გამოცვალეს და მის ადგილას დანიშნეს პოლკოვნიკი ფაიმსი. პოლკოვნიკი გვეუბნებოდა რომ „მე ვარ უბრალო სალდათი, მე ვასრულებ ჩემი უფროსების ბრძანებას - ეს ბრძანება ის არის, რომ მე ბრძოლა არ დავუშვა არც ერთის მხრივ, არც მეორეს მხრიდან, და ჩვენ მშვიდობიანად გადავწყვეტთ ამ სადაო საკითხსო.

ჩვენი მთავრობაც ამას გვეუბნებოდა, და ჩვენ ამ მშვიდობიანობის მოლოდინში ვიდექით ორი თვე. და ამ ორ თვის განმავლობაში გენერალ დენიკინმა არ მოისურვა დაეცალა საზღვრები. გადიოდა დრო, ჩვენ თანდათანობით ვაგროვებდით ძალებს. დენიკინიც აგროვებდა თავის ძალებს და მდგომარეობა გამოურკვეველი იყო. ბოლოს და ბოლოს, აშკარად შეიქმნა ჩვენთვის, რომ თავის ჩარევით მესამე ძალა ვერ მოგვარიგებდა. ამ მესამე ძალას, ნებით თუ უნებლიეთ უნდოდა დენიკინის ფრონტის გაძლიერება და დროებით ჩვენი შეტევის შეჩერებით დენიკინის ფრონტის გამაგრება. და რადგანაც ასეთი მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს გვასუსტებდა ჩვენ და ამაგრებდა დენიკინს, და რადგანაც აშკარა იყო ჩვენთვის, რომ დენიკინს ეჭირა ჩვენი რევოლიუციონური ტერიტორიის ნაწილი, - ჩვენ ერთ ადგილას დადგომა აღარ შეგვეძლო, და ჩვენ შევეკითხეთ მთავრობას, რათა ნება მოეცა გადავსულიყავით შეტევაზე.

ამ დროს ჩვენი მთავრობა დარწმუნდა, რომ მესამე ძალას აღარ შეუძლიან დენიკინის განდევნა, რომ დენიკინი, მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული ბრძანება ჰქონდა ინგლისელებისა, - თავის ნებით უკან არ წავიდოდა. და ჩვენ გადავედით ამ შეტევაზე.

გარდა ყველა დადებითი თვისებისა, რომელიც ჰქონდა ამ შეტევას, ერთი დიდი დადებითი თვისება ჰქონდა მას შემდეგი: დახლოვებით, დანამდვილებით, შეტევაში, ბრძოლაში გავეცანით დენიკინის ძალებს. ჩვენს წინააღმდეგ მაშინ იდგა ოფიცერთა პოლკი და კიდევ სხვა, თავის ზარბაზნებით და პულემიოტებით. და მართალი გითხრათ, თუმცა ხალისით გადავდიოდით შეტევაზე, მაინც თვითეული ჩვენგანი ფიქრობდა, - აი სწორედ ეხლა ჩვენ გვაქ საქმე გამოცდილ ჯართან, რომელსაც სათავეში უდგა საუკეთესო გენერლები, და ამიტომ თვითეული ჩვენგანი, თუმცა საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ ამ შეტევაში და ბრძოლაში ბევრი ჩვენგანი განუტევებდა სულს. და ჩვენ დიდის მზადებით, და სიფრთხილით გადავედით ამ შეტევაზე. მაგრამ აქ, მე სიხარულით და საბედნიეროდ უნდა აღვნიშნო, რომ თუ ჩვენ აქამდის გვქონდა ბრძოლა რომელიმე ბანდებთან, საიდანაც უნდა შემოგვსეოდნენ ისინი, ყველაზე უფრო დიდი, ძლიერი ბანდა ყოფილა დენიკინის ბანდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს უმთავრესად ოფიცრობა, რომ მას ყავს ოფიცერთა პოლკი. და ეს პოლკები არიან მოუწესრიგებელნი, ისინი არ არიან გამსჭვალულნი საერთო შრომის იდეით და ისინი ვერ უმაგრდებიან აშკარა შეტევას, და ამიტომ ძალიან ადვილად მარცხდებიან.

ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ დენიკინს საკმაო ძალა არ ჰყავს, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ დენიკინის ძალა არ არის ჩვენთვის საშიში მაშინაც კი, როდესაც ორ და სამჯერ ჩენზე მეტს ძალას წამოაყენებს; რაოდენობით იმას შუძლიან რასაკვირველია ჩვენზე მეტი ძალა წამოაყენოს, მაგრამ ხარისხით, აღფრთოვანებით, ბრძოლის სურვილით, ჩვენი ძალა ბევრად უფრო ძლიერი იქნება. ამაში ჩვენ სწორედ დავრწმუნდით 17 აპრილს, როდესაც ჩვენ ისე ადვილად გავიმარჯვეთ. და როდესაც ბრძოლის დროს მრავალი ჯარის კაცი და, მე ვიტყვი, მრავალი ოფიცერი სიხარულით გადმოდიოდა ჩვენს მხარეზე, როდესაც ჩვენ შეტევა დავიწყეთ და გადავდიოდით ხიდზე, აი სწორედ მაშინ მოვიდა ჩვენთან ინგლისელი კაპიტანი ნორმანი და იმან გვითხრა, „აქ არის ორი დენიკინის ოფიცერი, რომელნიც დარაჯობენ ამ ხიდს, და ამ ოფიცრებს უნდათ თქვენ მხარეზე გადმოსვლა“. თქვენ წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამან. ინგლისის ოფიცრობა აშკარად ხედავდა ჩვენ ბრძოლას და მე თამამად ვამბობ, აშკარად დარწმუნებულია, რომელ მხარეზე არის ბანდები. რომელი მხარე იცავს ანარქიას და რომელი მხარე იცავს წესიერებას. და აქ ისიც უნდა ვსთქვა, რომ სწორედ ამ შეტევაში, ამ ბრძოლაში, ამ ფრონტზე ჩვენმა ჯარმა დიდი გამოცდილება მიიღო. იმ დროს, როდესაც არავინ მოელოდა, რომ ჩვენი ჯარი გადავიდოდა მდინარე ბზიბზე, რადგანაც ხიდი გახსნილი იყო და ყველა დარწმუნებული იყო, რომ მარტო ხიდის საშუალებით შეიძლება გადასვლა მეორე მხარეზე, - ჩვენი გვარდია გადავიდა 20 ადგილას, - ზოგიერთი ცურვით, ზოგიერთი ნავით, ზოგიერთი მავთულით. (ტაში). და სწორედ მაშინ, როდესაც გენერალი ბრიგსი ჩვენ მთავრობასთნ მოლაპარაკების დროს ამბობს, რომ ჩვენ უდიერად ვეპყრობით დენიკინის ტყვეებს, რომ ისინი მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, - მე მოვითხოვ, რომ ინგლისის წარმომადგენელი თითონ წამოვიდეს ადგილას და დაეკითხოს იმ ტყვეებს - რამდენი მათგანი მოისურვებს დენიკინთან დაბრუნებას. მე ვამბობ, რომ ჩვენ 400-500 ტყვეებისგან, რომელნიც ჯარის კაცებისგან შესდგებიან, დენიკინს მარტო 20-40 თუ დაუბრუნდება, ორმოცი ოფიცრებისგან, რომელნიც ტყვედ გვყვანან 34 თხოვნა შემოიტანა ჩვენს სახელზე, - თუ იქნება ჩვენი დენიკინთან გაგზავნა - არასგზით არ გაგვგზავნოთ მასთანო.

ასეთია ჩვენი მდგომარეობა. და მე ვამბობ, ეს ოფიცრები და ეს ჯარის კაცები, რომელნიც ჩვენ ტყვეთ გვყვანან არიან კარგ მდგომარეობაში, რამდენადაც ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა და, რასაკვირველია, ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენი ტყვეები დენიკინის ხელში. და უმეტეს ნაწილად სრულიად არ არიან მოტრფიალენი, რომ კვლავ დენიკინს დაუბრუნდნენ, და თუ ინგლისის წარმომადგენლებს მართლა სიმართლე აინტერესებთ, - მოვიდნენ და გაარჩიონ ადგილობრივ ეს მდგომარეობა. მაგრამ, იცით, როდესაც ჩვენ ავიღეთ გაგრა და როდესაც დენიკინმა დაგვიტოვა საშინელი მემკვიდრეობა 400 ტიფით ავადმყოფი კაცი, ჩვენ ვთხოვეთ ინგლისის ერთ ოფიცერს, პოლკოვნიკს,: - მობრძანდით ჩვენთან ერთად და დაათვალიერეთ მათი საავადმყოფო, რომელიც საშინელ ჯოჯოხეთის მდგომარეობაში იყო. ინგლისის პოლკოვნიკმა გვითხრა: „მე ძალიან გულჩვილი ადამიანი ვარ, ვიცი, რა საშინელ მდგომარეობაში არის მათი საავადმყოფო, და ვერ წამოვალო“. მართლაც მათი საავადმყოფო ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ჩვენ ისედაც დაღატაკებულთ, გაჭირვებულთ, დიდი ფულის დახარჯვა დაგვჭირდა, რომ ეს საცოდავნი ჩაგვეყენებინა შესაფერ პირობებში, და დღეს ისინი მართლაც რიგიან პირობებში არიან ჩაყენებულნი.

აი ასე ვიბრძვით ჩვენ, ასე იბრძვის ჩვენი დემოკრატია და ჩვენ ვამბობთ, - ის დემოკრატია, რომელიც ასე იბრძვის, რომელიც დამარცხებულ მტერს ასე ეპყრობა, ყოველთვის გამარჯვებული იქნება.

ახლა მე მინდა გადვიდე უფრო პროზაულ და ჩვეულებრივ საგანზე. თუ მართლა ეს პროზა არ იქნება სავსებით შეთვისებული, თუ ეს პროზა ჩვენ არ შევქენით ჩვენს ცხოვრებაში, - არავითარი გამარჯვება არ იქნება ჩვენ ფრონტზე, თუ ჩვენ 10,000-20,000 კაცს გადვისვრით ჩვენ ფრონტზე და მერე ფრონტი მიგვავიწყდება, მაშინ, რასაკვირველია, ეს 10,000 კაცი გაწყდება და ჩვენ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ.

მე უკვირდები ჩვენს საზოგადოებას და სამწუხაროდ უნდა ვსთქვა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ჯერ-ჯერობით არ არის ის აღფრთოვანება, ის ერთსულოვნება, რომელიც უნდა ამაგრებდეს ჩვენს ფრონტს. ჩვენმა საზოგადოებამ თითქოს არც იცის ის საშინელი საფრთხე, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენ დემოკრატიას მოელის; საზოგადოებამ არ იცის რა საშინელი ღრუბელი დააწვა ჩვენს ქვეყანას, არ იცის, რომ ეს ღრუბელი ჩვენს ქვეყანას, მე ვიტყვი თქვენი სიტყვით, „მთელ ჩვენ ერს“ განადგურებას უქადის. საზოგადოებამ ეს არ იცის, საზოგადოებამ უნდა იგრძნოს ეს და როდესაც იგრძნობს, - უნდა მიიღოს ზომები, რომ მთავრობას დაეხმაროს ხალხის გამარჯვების საქმის ორგანიზაციაში.

მე მახსოვს ჩვენი ქალები, არა ის დედები, ჩვენი ქართველი ძველი დედები, რომელნიც დღეს თავის ანდერძით შველიან, არა, - ჩვენი ქართველი ქალები, რუსეთის რეაქციის დროს: მაშინ კომიტეტებს, საზოგადოებებს აარსებდნენ, ამზადებდნენ სხვა და სხვა ნივთებს და ფრონტს უყურებდნენ. და ნუ თუ მაშინ იმიტომ იყო ჩვენი საზოგადოება დაინტერესებული, რომ ვარანცოვ-დაშკოვებს, ან სხვა ვინმე დიდ რუსს ასიამოვნებდნენ? არა, სწორედ ეხლა, როდესაც ჩვენი ქალები, ჩვენი დედები სავსებით შეიგნებენ ჩვენი ქვეყნის საშინელ მდგომარეობას, მაშინ ისინი დიდის ენერგიით დაუკვირდებიან ფრონტს და შექმნიან იმ სითბოს, რომლითაც სულდგმულობს ფრონტი. ბოლოს და ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ ბრძოლას აწარმოებს ფრონტი, ის მაინც დიდი ბავშვი არის, მას ადვილად ეწყინება პატარა რამ, და პატარა რამ გაახარებს. მაგალითად, როდესაც აღდგომა დღეს ჩვენ არავითარი საჩუქარი არ მოგვივიდა, ჩვენი გვარდიელები, როგორც დიდი ბავშვები, ძალიან დაღონებულნი იყვნენ. რასაკვირველია იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, რომ მოგვივიდა წითელი კვერცხის და პასკის ნაჭერი, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ იმით იქნება გაბმული ერთგვარი ძაფი ფრონტსა და საზოგადოების შორის. მე მჯერა, რომ მომავალში ეს ერთგვარი სისუსტე ჩვენი საზოგადოებისა სრულიად მოისპობა, და მთელი ჩვენი საზოგადოება დადგება ფეხზე და გაამაგრებს და გააცოცხლებს თავის სითბოს.

გუშინ თბილისის დეპუტათა მუშათა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტმა ერთი მილიონი მანეთი გადასდო თავდაცვის ფონდის შესაქმნელად. (ტაში). აი სწორედ ეს ნაბიჯი ამტკიცებს, რომ მდგომარეობა სერიოზული არის, რომ მთელი ჩვენი ძალები უნდა დავრაზმოთ. თუ ეს თანხა პირველად გამოიღო სწორედ იმ ორგანიზაციამ, რომელიც თავიდანვე ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დემოკრატიის ბედნიერებას და სიძლიერეს, ეხლა შემდეგი სიტყვა ეკუთვნის საზოგადოების სხვა წრეებს, და მე დარწმუნებული ვარ, და თქვენ იცით, რა მნიშვნელობა აქვს ფულს ომის დროს.

აქ ერთმა ამხანაგმა სთქვა, რომ ერთსულოვნობისა და სიძლიერის შესაქმნელად საჭიროა სამი რამე: ერთი - გამოვიღოთ ჩვენი ქონება, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, მეორე - ჩვენი შრომა, და მესამე - უნდა ავამოძრაოთ ჩვენი შეიარაღებული მკლავიო. და თუ ყველა ამას შევძლებთ, თუ საზოგადოების და ფრონტის შორის ძაფი გაიბმება ქვეყნის თავდაცვისათვის, მაშინ, რასაკვირველია, ვერავითარი დენიკინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებს.

აქ უნდა გითხრათ შემდეგი: თქვენ იცით, რომ ჩვენი საზოგადოება შესდგება ბოლოს და ბოლოს მუშების, გლეხების, ბურჟუაზიის და თავად-აზნაურობისაგან. თქვენ იცით, რომ თავად-აზნაურობის თაყვანისმცემელი მე არასოდეს არა ვყოფილვარ, მაგრამ ამასთანავე მე თამამად და სიხარულით ვამბობ, ჩვენმა თავადაზნაურობამ გამოჰყო ისეთი წრეები მებრძოლთა, რომელიც შესანიშნავად იცავენ ქვეყანას. თქვენ იცით, რომ დენიკინის წინააღმდეგ სდგანან ბევრი ჩვენი ოფიცრები, რომელნიც, ძველი სიტყვით რომ ვსთქვთ, საუკეთესო ჩვენ გვარებისაგან არიან გამოსულნი. მე დღეს არ ვიცი, რომელი უფრო მეტი სიყოჩაღით, მეტის თავდადებით იბრძვის: ის ოფიცერი თავადიშვილი, 4-ჯერ რომ იყო დაჭრილი და ფრონტს არ შორდებოდა, თუ მეორე - მუშა, რომელიც ტყვიით დაჭრილია და მის გვერდით რჩება. აი, ბატონებო, მე ვამბობ, თუ ასეთი ერთსულოვნობა იქნება და ყველა საზოგადოება გამოყოფს მებრძოლეებს, - მტერმა ძალიანაც რომ მოინდომოს, რასაკვირველია, ჩვენ ვერ დაგავმარცხებს.

მაგრამ, აქვე უნდა ვსთქვა, ჩვენში არის ერთი წრე, ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც ყველაზე უფრო კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ყველაზე უფრო ნაკლებ მონაწილეობას იღებს ქვეყნის დაცვაში.

თქვენ იცით, რომ თავად-აზნაურობას ჩვენ ჩამოვართვით წოდება, თავადაზნაურობას ჩვენ ჩამოვართვით მიწები, მაგრამ მაინც ზოგიერთი საუკეთესო შვილები თავად-აზნაურობისა ხალხთან ერთად თავისუფლებას იცავენ. მხოლოდ არის ერთი წრე, რომელსაც საერთოდ ბურჟუაზია ჰქვიან და აი ამ ბურჟუაზიამ ყველაზე მეტი ჰპოვა ამ რევოლიუციაში. მაგრამ ბურჟუაზიას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ქვეყნის და ხალხის დაცვაში. აი ამიტომ, ჩვენი მთავრობის და დემოკრატიის ვალი არის, რომ ეს გამდიდრებული ბურჟუაზიაც მოიყვანოს ქვეყნის, ხალხის და დემოკრატიის საკურთხეველზე და გამოიღოს ის, რისი გამოღებაც მას შეუძლიან. ეს არის ფული და ჩვენ გვწამს, რომ ამ მოკლე დროს მთავრობა შემოიტანს შესაფერ კანონ-პროექტს, და დამფუძნებელი კრება ამ კანონ-პროექტს მიიღებს. და თუ ეს ასე მოხდა, თუ ეს ასე იქმნა მაშინ მე მწამს, რომ ვერავითარი გარეშე ძალა, ვერავითარი რეაქციონური ძალა ჩვენ ვერ დაგვამარცხებს.

მე ერთხელ კიდევ მინდა მივაქციო ჩვენი მთავრობის ყურადღება ერთ რამეზე. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ჩვენ ვდგევართ დენიკინის წინააღმდეგ, ჩვენ ვიცით, რომ დენიკინი თავის ძალის მობილიზაციას არასოდეს არ ახდენს, მას თავისი ჯარი მუდამ ირაღში ჰყავს, და მისთვის სულ ერთია, - სად გააჩერებს თავის ჯარს: - ტიხორეცკში, ეკატერინოდარში, თუ სოჭის ოლქში. ამ მხრივ ის სრულიად სიმძიმეს არ გრძნობს, რადგანაც ეს შეიარაღებული ძალა მას მუდამ ფეხზე ჰყავს. ჩვენ ქვეყანას ბრძოლის უნარი აქვს.

მაგრამ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბრძოლის უნარი აქვს, მაინც ბრძოლას არ ეტრფის, არ უნდა ბრძოლა და სანამ ამ ბრძოლას ჩვენ თავზე არ შემოგვახვევენ, ჩვენ იმას ხელს არ ვკიდებთ. და აი სწორედ ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი დრო, რომ ეს იარაღი თავისუფლად ხელიდან გავაგდოთ. მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ. და თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება, ძალიან შეგვასუსტებს როდესაც მრავალი ათასი შეიარაღებული ხალხის საუკეთესო შვილები ჩვენ ფრონტზე გვეყოლება. ამიტომ ეს საკითხი, დენიკინის საკითხი, რაც შეიძლება კატეგორიულად, რც შეიძლება ადრე უნდა გადაწყდეს.

ისეთი რყევის პოლიტიკა, რომელსაც ძალაუნებურად ვაწარმოებდით, როდესაც გარეშე ძალა ჩვენ ხელს გვიშლის, ასეთ რყევის პოლიტიკას თანდათანობით თავიდან უნდა ავცდეთ, თორემ მოხდება ის, რომ დენიკინი თანდათან, ნაწილ-ნაწილ დაიპყრობს, დაიქვემდებარებს იმ ძალებს, რომელნიც ჩვენ ირგვლივ არიან. იმან თითქმის სავსებით დაიკავა მთიულეთი, ეხლა ის გადადის ადერბეიჯანში და თუ ჩვენ მივეცით მას უფლება გადავიდეს ადერბეიჯანში, რასაკვირველია, მაშინ ჩვენი ძალები ძალიან შესუსტდებიან. ამიტომ, მე მგონია, მთავრობამ კატეგორიულად უნდა დასვას საკითხი, თუ დღეის შემდეგ დენიკინის ჯარმა ერთი ნაბიჯი კიდევ წინ წასდგა ან ადერბეიჯანისაკენ, ან მთიელებისაკენ, ეს იქნება ჩვენთვის ომის გამცხადება. და თუ ამ გზას დავადგებით, მე მგონია, ან შევაჩერებთ წინსვლას, ან-და დაატრიალებთ იმ ომს, რომელშიც ჩვენი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი გადაწყდება. თორემ ეხლა შეიძლება ასეთი პოლიტიკის წარმოებით შეგვაჩერონ ერთი თვე, შეგვაჩერონ ორი, სამი თვე, შეგვაჩერონ იქამდის, სანამ ჩვენ ხალხს არ დააუძლურებენ ეკონომიურად და სწორედ იმ დროს დაიწყებენ ჩვენს წინააღმდეგ შემოტევას, როდესაც ჩვენ სრულიად განმარტოებული ვიქნებით, როდესაც ადერბეიჯანი დაკავებული იქნება და სომხეთთან მათ ერთგვარი ძაფი ექნებათ გაბმული.

რომ ეს ასე არ შეიქმნას, ჩვენმა მთავრობამ ერთგვარი ნაბიჯი უნდა გადასდგას, კატეგორიულად უნდა სთქვას - თუ დენიკინის ჯარი ფეხს წარსდგავს ამიერ-კავკასიაში, მას ექნება საქმე არა მარტო ადერბეიჯანთან და სხვებთან, არამედ ექნება საქმე ჩვენ ქვეყანას ან, ჩვენ დემოკრატიასთან, ჩვენ მთავრობასთან. (ხმები: მართალია!) ეს მთავრობისთვის აუცილებელია. მე ვამბობ ამას, როგორც ერთ-ერთი ფრონტის წარმომადგენელი იმიტომ, რომ ვიცი თუ რა ძნელია ფრონტზე უმოქმედოთ ყოფნა.

აი ეხლაც გუშინ-წინ პატარა შეტაკება დაიწყეს ჩვენმა მტრებმა. მთის არტილერიამ რამდენჯერმე ზარბაზანი გვესროლა. გუშინ დილით პატარა იერიში მოიტანა, მაგრამ ჩვენმა ჯარმა ის უკუ აქცია. ჩვენ მოგვიკვდა ერთი კაცი და ერთიც დაგვეჭრა. სწორედ ამ პრაქტიკით მას შეუძლიან, რომ ჩვენ მუდამ ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს, რომ მთელი ჩვენი ძალებით მიპყრობილი ვიყოთ ფრონტზე და ამას იქამდის აწარმოებს, ვინემ ბოლოს და ბოლოს საზოგადოებას არ მოსწყინდება ფრონტისაკენ ყურება.

მე ვიცი, რომ ჩვენ ხალხს შეუძლიან ერთ წუთში აღფრთოვანდეს, მაგრამ მე ვიცი ისიც, რომ ეს აღფრთოვანება უცბათ გაქარწყლდება ხოლმე და მტერსაც ეს უნდა. დღეს თქვენ აღფრთოვანებულნი ხართ, ხვალ შესდგება ქალთა და სხვა და სხვა საზოგადოებები, ფულს შეაგროვებენ, ფრონტს მიხედავენ, მაგრამ ორი-სამი თვის შემდეგ ეს უკვე მოგწყინდებათ, ფრონტი მიგავიწყდებათ. აქ შეიქმნება მშვიდობიანი მდგომარეობა და სწორედ მაშინ ჩაგვცემს ჩვენ მტერი ზურგში ლახვარს. და რომ ეს არ მოხდეს მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა სრული ყურადღებით მოექცევა ამას და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენ ხალხს, ჩვენს დემოკრატიას, რომ მტერი ქურდულად ჩვენ თავს ვერ დაგვეცემა. და რადგანაც მე მიხდება ისევ ფრონტზე გამგზავრება, იმედი მაქვს, რომ სწორედ ჩვენი ხალხის, თქვენი და მთავრობის სურვილს გადავცემ იმ ჯარს, იმ გვარდიას, რომელიც ფრონტზე სდგას, რომ ჩვენ მზად ვართ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვებრძოლოთ იმ საშინელ შავ-ბნელ რეაქციას, რომელიც განადურებას უქადის მთელ ჩვენ დემოკრატიას და სამუდამოდ ყოველ მომავალს უსპობს ჩვენ განთავისუფლებულ ხალხს, რომ თვითეული ჩვენგანი გრძნობს იმ დიად ლოზუნგის იდეალებს, რომელიც არის ან სიკვდილი, ან გამარჯვება, და ის, როგორც ერთი კაცი თქვენთან ერთად, მთელი ხალხი, მთელი ქვეყანა ამ ბრძოლაში თუ გამარჯვებას ვერ ჰპოვებს, ის ჰპოვებს სახელოვან საფლავს. (ტაში).

თავმჯდომარე. ამ გვარად კამათი დასრულებული გახლავთ. სიტყვა ფორმულის განსაცხადებლად ეკუთვნის კრების წევრს გიორგი ფაღავას.

ფორმულა მორიგ საკითხზე გადასვლისა.

გ. ფაღავა. სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი ფორმულა (კითხულობს).

„მოისმინა რა მთავრობის მოხსენება მოხალისეთა ჯარების შემოსევის შესახებ, დამფუძნებელი კრება საქვეყნოდ აცხადებს, რომ ეს თავდასხმა გამოწვეულია ძველი რუსეთის მოტრფიალეთა იმპერიალისტურ ზრახვებით და სურვილით წვრილი ერების დამონებისა და დემოკრატიის განადგურებისა; დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია ღირსეულად შეხვდება მტერს და მთელ თავის ძალღონით დაიცავს საქართველოს რესპუბლიკის ღირსებას და ხელშეუხებლობას. დამფუძნებელი კრება მოუწოდებს მთელს დემოკრატიას, მთელს ერს, შემოკრბეს მთავრობის გარშემო. ზურგი გაუმაგროს ლაშქარს, როგორც მეომართ მიცემით, ისე ქონებრივი მსხვერპლის გაღებით და მორალური დახმარებით.

დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები და მათი დემოკრატია ამ საფრთხის წინაშე ერთხმად დადგებიან და მას საერთო ძალით ეკვეთებიან.

დამფუძნებელი კრება რწმენას გამოსთქვამს, რომ ევროპის სახელმწიფოები და პირველად ყოვლისა მუშათა დემოკრატია ხმას აღიმაღლებს ჩვენი ერისა და დემოკრატიის დასაცავად. დამფუძნებელი კრება მიმართავს პარიზის საზავო კონფერენციას და ევროპის ყველა პარლამენტებს პროტესტით წინააღმდეგ დენიკინის შემოსევისა და მისი შეიარაღებისა წვრილ ერთა დასათრგუნავად“.

თავმჯდომარე. სხვა ფორმულა, როგორც სჩანს, არ არის, პრეზიდიუმს არ აქვს სხვა ფორმულა. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა აიღოს? მსურველი არავის არის. მაშასადამე, კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? მაშასადამე, დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო ფორმულა. (მხურვალე ტაში). კრებას დახურულად ვაცხადებ.

კრება იხურება 3 ს. 10 წუთზე.

4 ოცდამესამე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. ივნისის 3. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრ. ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

კონსტანტინე ჯაფარიძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 35 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტების სია.

მდივანი. (კითხულობს).

1. ფინანსთა მინისტრის პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

გზათა მინისტრის კანონ-პროექტი რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგისა და ბარგ-საქონლის მისაცემ საფასურის გადიდების შესახებ. გადაეცემა გზათა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

3. გზათა მინისტრის კანონ-პროექტი - გზათა დეპარტამენტის დებულებისა, შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. გადაეცემა გზათა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.78

4. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი საზღვარ-გარეთ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნ ახალგაზრდათვის სასტიპენდიო თანხად ერთი მილიონი მანეთის გადადების შესახებ. გადაეცეს განათლებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო სკოლების მასწავლებელთათვის ხუთწლეულ დამატებათა დაწესების შესახებ.

2. დეკრეტი ახალციხე-ახალქალაქ-არტაანისა და სოხუმ-ახალსენაკის გზატკეცილების შესაკეთებლად.

თავმჯდომარე. ამტკიცებთ დღიურ წესრიგს, თუ არა?

წესრიგი დამტკიცებული გახლავთ.

მეორე განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო სკოლების მასწავლებლების ხუთწლეულ დამატებათა დაწესების შესახებ.

თავმჯდომარე. მეორე განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო სკოლების მასწავლებლების ხუთწლეულ დამატებათა დაწესების შესახებ. მომხსენებელნი ჭავჭანიძე და ქრისტინე შარაშიძის ასული. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე. (კითხულობს კანონპროექტის 1 მუხლს).

სოც. ფედერალისტების წინადადება.

თავმჯდომარე: შემოტანილი გახლავთ შესწორება სოციალ-ფედერალისტების ფრაქციის მიერ შემდეგი შინაარსისა: (კითხულობს) „ნაცვლად 5 წლეულების დამატებისა შემოღებულ იქმნას სამწლეულების დამატებანი“. შემოტანილი გახლავთ აგრეთვე შემდეგი შესწორება სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის სახელით: „კანონპროექტის პირველ მუხლში შეიცვალა ორას ორმოცი მანეთი ოთხას მანეთით“.

ვის სურს სიტყვა ამ შესწორებების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს შარაშიძის ასულს.

ქრისტინე შარაშიძის ასული. ხუთ წლეულ დამატების ნაცვლად, სამ წლეულების დამატების საწინააღმდეგო განათლების კომისიას არაფერი უნდა ჰქონდეს; მაგრამ საერთო სისტემა ხუთ წლეულ დამატებისა ყველა მასწავლებელთათვის, გარდა სახალხო სკოლების მასწავლებლებისა გატარებული გახლავთ კიდევაც საკანონმდებლო გზით. სახალხო სკოლების მასწავლებლებისთვის სამ წლეულ დამატების დაწესებით უნდა დაირღვეს ხუთ წლეულების საერთო სისტემა.

ერთის შეხედვით ჩვენ ამით თითქოს პრივილეგიას მივანიჭებთ სახალხო სკოლის მასწავლებლებს. სახალხო სკოლების მასწავლებლების მდგომარეობა იმდენად უნუგეშო არის, რომ მათთვის ეს პრივილეგია არ უნდა დაგვენანოს, მაგრამ სახელმძღვანელო პრინციპად ჩვენ აღიარებული უნდა გვქონდეს სახალხო მასწავლებლების ნივთიერი მდგომარეობის ძირითადი გაუმჯობესება არა ისეთი პალიატივით, როგორიც არის სამ წლეულების დაწესება ხუთ წლეულების ნაცვლად.

გარდა ამისა განსახილველი კანონ-პროექტის პირველი მუხლი გულისხმობს, რომ პირველი ხუთი წლეული მასწავლებლების ჯამაგირს ემეტება დღიდან სამსახურში შესვლისა, ასე რომ, ამისდამიხედვით, სამ წლეული დამატების დაწესებით ჩვენ არსებითად არ ვცვლით მასწავლებლის ნივთიერ მდგომარეობას. ამრიგად, ხუთ წლეული დამატების სისტემის მთლიანობის გულისთვის და იმ მოსაზრებით, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სახალხო მასწავლებლების ნივთიერ მდგომარეობის ძირითად გაუმჯობესებაზე, განათლების კომისია უარყოფს სოციალ-ფედერალისტების მიერ შემოტანილ შესწორებას.

თავმჯდომარე. პირველი მომხსენებელის დასკვნა.

ივან ჭავჭანიძე. მე ორივე შესწორების წინააღმდეგი ვარ.

საქმე იმაშია, რომ, რაც შეეხება 400 მანეთის დამატებას, როგორც მოგახსენეთ წარსულ კრებაზედაც, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ამის წინააღმდეგი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ არ დარღვეულიყო ეს წლეულ 5%25 სისტემა, რომელიც არსებობს საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლებისთვის. ისე კი თვით 400 მანეთის დამატებაც მასწავლებლების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს და მხოლოდ სისტემის დარღვევა იქნება მეტი არაფერი.

რაც შეეხება სამ წლეულების შემოღების ნაცვლად ხუთ წლეულებისა, როგორც მოგახსენათ ბ-ნ მომხსენებელმა, ეს იქნება აგრეთვე დარღვევა სისტემისა. უკვე მიღებული კანონით საშუალო და პირველ დაწყებითი უმაღლეს სკოლების მასწავლებელთათვის დაწესებულია ხუთი წლეულები და აქ სამ წლეულებს თუ შემოვიღებთ იქაც უნდა შემოვიღოთ. ეს ერთი. მეორე: - ხუთ წლეულების თუ სამ წლეულების დაწესებულება არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საშუალებად, რომელიც მისცემს მასწავლებლებს შეძლებას მათი მდგომარეობა გააუმჯობესონ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მიხწეული ყოფილიყოს ის მიზანი, რომელიც კანონ-პროექტის პირველ განხილვის დროს აქ მოგხსენდათ. ავტორს ამ შესწორებისას, რამდენადაც მე გავიგე მაშინ, ის მიზანი ჰქონდა, რომ ამ გზით სახალხო სკოლების მასწავლებლები შეენარჩუნებინა, რომ აღარ ეწყოთ გაქცევა და სხვა ალაგების ძებნა. მაგრამ მე ვფიქრობ, ამ მიზანს ამ გზით ვეღარ მივახწევთ, იქნება ხუთი წლეულების თუ სამი წლეულების დამატება სულერთია, როგორც მეორე მომხსენებლმა მოგახსენათ სახალხო მასწავლებლების მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება მარტო ძირითად ჯამაგირის გადიდებით.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი შესწორებებს, ვინ არის მომხრე პირველი შესწორების? უარყოფილია.

ვინ არის მომხრე მეორე შესწორების? ვინ არის წინააღმდეგი? მეორე შესწორება მიღებულია.

ივანე ჭავჭანიძე. (კითხულობს რიგ-რიგად 2, და 3, მუხლებს).

დამფუძნებელი კრება უცვლელად იღებს 2 და 3 მუხლს და ადგენს გადაეცეს სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. შემდეგი გახლავთ: პროექტი დეკრეტისა ახალციხე-ახალქალაქ-არტაანისა და სოხუმ-ახალ-სენაკის გზატკეცილების შესაკეთებლად 800.000 მ. გადადების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

პროექტი დეკრეტისა ახალციხე-ახალქალაქ-არტაანისა და სოხუმ-ახალსენაკის გზატკეცილების შესაკეთებლად 800.000 . გადადების შესახებ.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დიდი მნიშვნელობა მიეცა ჩვენს გზებს. გარდა რკინის გზებისა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიეცა გზა-ტკეცილებს. უწყებამ თავის დროზე მიაქცია ყურადღება ამ გზა-ტკეცილებს და დაინახა საჭიროდ მათი სათანადოდ შეკეთება. რათა შეგვძლებოდა მათი თავისუფლად სარგებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დღეს მიქცეული აქვს ორ გზა-ტკეცილს და მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად სამართლიანიც არის.

პირველი ახალციხე-ახალქალაქი-არტაანის გზა და მეორე ახალსენაკ-სოხუმის გზტკეცილი.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ორ გზას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ორივე მხარეს ფრონტი გვაქვს, პირველ ფრონტისკენ, სოხუმის ფრონტისკენ არის მეორე გზაც, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, თუ რამდენად შესაძლებელია ომის დროს ამ გზით, ზღვით სარგებლობა, მითუმეტეს რო ჩვენ არ გვყავს ფლოტი. ამ მხრივ ომის დროს ჩვენ გვრჩება ერთად ერთი გზა, რომლის საშუალებით ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჯარს, როგორც სამხედრო მასალა, ისე სურსათი. ეს გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. ალაგ-ალაგას იმდენად გაუვალი არის, რომ ამ გზით ჩვენ ვერ შევძლებთ თავის დროზე მივაწოდოთ ვერც სამხედრო მასალა და ვერც სურსათი ჩვენს ჯარს, რომელიც ფრონტზეა.

მეორე გზაც სწორედ ესევე გაფუჭებულია. ეს გახლავთ ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის გზატკეცილი. ისიც აოხრებულია. აქაც არის გაუვალი ადგილები. ამ გზასაც უნდა შეკეთება სასწრაფოდ.

უწყებას ამ ორი გზის შეკეთებისათვის საერთო საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვა შეტანილი აქვს. მაგრამ დღეს ამ გზების შეკეთება იმდენად სასწრაფო არის, რომ შეუძლებელია ჩვენ ამ ბიუჯეტის დამტკიცებას მოუცადოთ. საჭიროა ამ გზების შეკეთების დაწყება დაუყოვნებლივ.

ამიტომ უწყებამ გამოყო ერთგვარი თანხა ამ უკვე ნავარაუდევ თანხიდან, რომ ამ თანხით შეაკეთოს, რის შეკეთებაც აუცილებელი, საჭირო და სასწრაფო არის.

ამ გზებისთვის წინად ჰქონდათ გადადებული სათანადო თანხა, მაგრამ ამ ხარჯთ-აღრიცხვიდან, როგორც სჩანს განმარტების ფურცელიდან, რომელიც დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა, უმთავრესი თანხა დაიხარჯება დიდი ხიდების შეკეთებაზე. შეუკეთებელი დარჩებოდა პატარა ხიდები. აი სწორედ ასეთ ხიდების სასწრაფო შეკეთებაა საჭირო. დეპარტამენტი თხოულობს, რომ გადაიდოს 500.000 მანეთი ახალ-სენაკ-სოხუმის გზატკეცილის გასაკეთებლად, ხოლო ახალქალაქ-ახალციხის გასაკეთებლად - 350,000, იმ პირობით, რომ ის თანხა, რომელიც იქნება გაღებული გამოაკლდეს იმ თანხას, რომელიც შეტანილია ბიუჯეტის ხარჯთ-აღრიცხვაში.

ბიუჯეტში ნავარაუდევი იყო პირველი გზა-ტკეცილის შესაკეთებლად 1.442.204 მ. და 31 კ.

აქედან გადადებული არის 500.000 მან და დანარჩენი შევა ბიუჯეტში.

მეორე გზისთვის შეტანილია უფრო დიდი თანხა, - 2.665.250 მ., აქედან გადადებულია 300.000 მან., დანარჩენი შევა საერთო ხარჯთ-აღრიცხვაში.

ეს დეკრეტი განიხილეს გზათა და საბიუჯეტო კომისიებმა და მათ საჭიროდ დაინახეს ამ დეკრეტის მიღება, რათა საშუალება მიეცეს უწყებას ხსენებული გზები შეაკეთოს, რომ თუ საჭიროება გვექნება ამ გზებით ვისარგებლოთ, და რომ საჭიროება გვექნება ეს უკვე ფაქტია.

(მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე სიტყვიერ განმარტების შემდეგ კითხულობს დეკრეტის პროექტის 1-სა და მე-2-ე მუხლს).

დამფუძნებელი კრება ერთხმად და უცვლელად იღებს დეკრეტის პროექტის ორივე მუხლს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? არავის. მუხლი მიღებულია. მეორე მუხლის შესახებ?

სოც.-დემ. ფრაქციის დამატება

თავმჯდომარე. შემოსულია დამატება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ: „დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ“.

მომხსენებლი. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი დამატებისა? დეკრეტი დამატებით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. სხვა საკითხები აღარ გახლავთ. დღიური წესრიგი ამოწურულია. ეხლა მოგხსენდებათ მორიგი სხდომის დღის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს მორიგ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. სხდომას ვხურავ.

სხდომა იხურება დილის 11 საათსა და 55 წუთზე.82 83

5 ოცდამეოთხე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. ივნისის 6. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

ქრისტინე შარაშიძის ასული და

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 25 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

1. მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტი დებულებისა - რესპუბლიკის ცენტრალურ სასტატისტიკო ბიუროს დახმარების შესახებ.

გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ კომისიას.

2. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრთა პროექტი დეკრეტისა - მთავრობის განკარგულებაში ოცი მილიონი მან. გადადებისა ადგილობრივ საქონლის დასამზადებლად უცხოეთში გასატანად და უცხოელ საქონლის საქართველოში შემოსატანად.

გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

3. სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - რესპუბლიკის ჯარის ნაწილიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომებისა.

გადაეცეს სამხედრო და იურიდიულ კომისიას

4. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - მთავრობის განკარგულებაში 1919/20 წლის ბიუჯეტის პროექტში აღრიცხულ ჯამის 1/12 ნაწილის გადაღებისა.

გადაეცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

დღიური წესრიგი

1. საბოლოო ტექსტი სახალხო სკოლის მასწავლებელთათვის ხუთწლეულ დამატებათა დაწესების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის და სოხუმ-ახალ-სენაკის გზატკეცილების შესაკეთებლად 800.000 მ. გადადების დეკრეტისა.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა უქმე დღეების რიცხვის შემცირების შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საწონ-საზომი პალატის შესახებ.

6. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სასინჯაო სამმართველოს შესახებ.

თავმჯდომარე.

დამატებით გახლავთ შემოტანილი დეკრეტი. ქალ. თბილისისათვის 10 მილ. მან. სესხად მიცემისა. დეკრეტი ფრიად სასწრაფო გახლავთ. პრეზიდიუმმა შესაძლებლად დაინახა, რომ ეს დეკრეტი შევიდეს დღიურ წესრიგში. ფრაქციებს იგი უკვე დაურიგდათ.

სურს თუ არა ვისმეს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ? მაშასადამე დღიური წესრიგი მიღებულია.

თავმჯდომარის განცხადება.

სანამ საქმეს შეუდგებოდეთ, ნება მიბოძეთ, პრეზიდიუმის სახელით შემდეგი ცნობა მოგაწოდოთ.

საქმე ის გახლავთ, რომ დამფუძნებელ კრების ზოგიერთი წევრი დროზე არ მოდის ხოლმე სხდომაზე და ეს ძალიან უშლის ხელს დამფუძნებელ კრების მუშაობას. რეგლამენტის მიერ წინ დახედული არის ბრძოლა ასეთ აბსენტეიზმთან. რეგლამენტის 168 მუხლში სწერია შემდეგი: (კითხულობს) დამფუძნებელი კრების წევრს, რომელიც კრებას დააკლდება არა პატივ-სადებ მიზეზის გამო, უნდა გამოერიცხოს ყოველ გამოშვებულ სხდომისათვის ერთი მეოცდა-ათედი თვიური გასამრჯელოსი.

ხოლო პატივ-სადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი; ეს ჩამოთვლილი გახლავთ რეგლამენტის 166 მუხლში: (კითხულობს) სხდომაზე დაუსწრებლობის პატივსადებ მიზეზად ითვლება:

1. ავადმყოფობა დამფუძნებელ კრების წევრისა;

2. სიკვდილი, ან მძიმე ავადმყოფობა მისი ოჯახის წევრისა; 3. სამუშაო, რომელიც დამფუძნებელ კრების მოქმედებასთან არის დაკავშირებული და 4. ისეთი პირადი საქმეები, რომელთა გადადება არ შეიძლება.

თუ დღემდის პრეზიდიუმს არ მოჰყავდა სისრულეში ის მუხლები, რომელზედაც ეხლა მოგახსენეთ, იმიტომ, რომ იყო მთელი რიგი ასეთი მიზეზებისა, რომლის ძალით პრეზიდიუმი არ ადგებოდა ესეთ გზას. დღეს კი, უნდა მოგახსენოთ, პრეზიდიუმის სახელით, რომ ეხლა ეს მუხლები, რომლებზედაც მე მოგახსენეთ სასტიკად იქნებიან დაცული და უმორჩილესი თხოვნაა ფრაქციებისადმი, რომ მიიღონ ზომები, ვინაიდან, თუ დამფუძნებელი კრების წევრის მიმართ, რომელიც სხდომას დააკლდება და პატივსადები მიზეზთაგანი არ ექნება, (რომელიც იყო ჩამოთვლილი 166 მუხლში), გამოყენებული ქნება 168 მუხლი რეგლამენტისა.

პირველი საკითხი გახლავთ:

საბოლოო ტექსტი სახალხო სკოლის მასწავლებელთათვის ხუთწლეულ დამატებათა დაწესების კანონისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებლს ქ-ნ სოლაღაშვილისას.

. სოლაღაშვილის ასული. (განმარტავს რადა რა სარედაქციო შესწორებანი იქნა შემოტანილი დამფუძნებელ კრების მიერ მითითებულ ტექსტში).

თავმჯდომარე. შემდეგ გახლავთ:

საბოლოო ტექსტი ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის და სოხუმ-ახალ-სენაკის გზატკეცილების შესაკეთებლად 80.000 . გადადების დეკრეტისა.

მომხსენებელი გახლავთ ქ. სოლოღაშვილის ასული.

. სოლოღაშვილის ასული. (მოახსენებს რადა რა სარედაქციო ცვლილებები იქნა შეტანილი დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულ ტექსტში).

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ზაქარია გურულს.

მომხსენებელი. კანონ-პროექტი დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ. პირველი მუხლი (კითხულობს).

სოციალ-დემოკრ. ფრაქციის შესწორება.

თავმჯდომარე. ამ მუხლში ს. დ. ფრაქციას შემოაქვს შესწორება. ამოიშალოს სიტყვები: „იმაზე ვინც დაზარალდა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, - შინაურ ან გარეშე მტრებთან ბრძოლაში“ და სამაგიეროდ ჩაემატოს: „ყველა აღნიშნულ მეომრებსა და მათ ოჯახებზე, რომელნიც დაზარალდნენ შინაურ თუ გარეშე ბრძოლაში“. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. ვინაიდან არსებითად არაფერს არ სცვლის ეს შესწორება, ამიტომ მე წინააღმდეგი არ ვარ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორების? არავინ. მაშასადამე ეს შესწორება მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი პირველ მუხლისა? პირველი მუხლი მიღებული გახლავთ.

მომხსენებელი. (ცალცალკე კითხულობს კანონ-პროექტს 2 და 3 მუხლს. კანონ-პროექტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: -

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა უქმე დღეების რიცხვის შემცირების შესახებ.

ორი მომხსენებელი გახლავთ. ერთი შრომის კომისიის სახელით აკეთებს მოხსენებას, მეორე იურიდიულ კომისიის სახელით. პირველ მომხსენებელს ეკუთვნის სიტყვა. - ბ. გერასიმე მახარაძეს.

მომხსენებელი (გერ. მახარაძე). ჩვენს რესპუბლიკაში არსებულ კანონმდებლობით არის დაკანონებული კვირა დღეების გარდა 20 უქმე დღე. ამათ შორის საეკლესიო უქმეები არის 16 (კითხულობს)... შობა ქრისტესი, ნათლის ღება, მირქმა, ხარება, ვნების კვირის პარასკევი და შაბათი; აღდგომა, აღდგომის კვირის ორშაბათი და სამშაბათი, ამაღლება, სულისწმინდის მოფენის დღე, ფერისცვალება, მიძინება, შობა ღვთისმშობლისა, ჯვართ ამაღლება და ტაძრად მიყვანება.

და 4 სამოქალაქო (კითხულობს) ახალი წელიწადი - იანვრის პირველი, რუსეთის დიდი რევოლიუციის პირველი დღე - მარტის 12, ინტერნაციონალის დღესასწაული - მაისის პირველი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ამ უქმეებიდან, საეკლესიო უქმეებიდან, ჩვენ წინადადებას ვიძლევით, რომ ამორიცხული იქნეს 8 უქმე, ესე იგი შემდეგი უქმეები (კითხულობს) მირქმა უფლისა თებერვლის 15, დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სულისწმინდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა - აგვისტოს 19, მიძინება ღვთისმშობლისა - აგვისტოს 28, ჯვართ ამაღლება - სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება - დეკემბრის 4.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საეკლესიო უქმეების რიცხვი ძლიერ ბევრია და საჭიროებს შემოკლებას. საზოგადოდ ამ უქმეების სიმრავლე ძლიერ დიდია.

გარდა ამისა, ეკონომიური მდგომარეობა ჩვენი რესპუბლიკისა ეხლა ისეთ მდგომარეობაშია, ამ დიდი ომის შემდეგ და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ ხნის განმავლობაში მუდამ არა ნორმალურ პირობებში იმყოფებოდა. ეკონომიურად ჩვენი მხარე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის, და მცირე რამე, რომელიც შრომის ნაყოფიერებას მოუმატებს, ეს ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ.

ამ მხრივ ჩვენ უნდა გაუსწორდეთ იმ კულტურულ ქვეყნებს, სადაც უქმე დღეების რიცხვი ძლიერ მცირე არის. კულტურულ ქვეყნებს, თუკი შევადარებთ ჩვენ ქვეყანას, მართლაც ამ მხრივ, ჩვენ ძალიან ჩამორჩენილი ვიქნებით, მაგრამ კვირა დღეების გარდა დაკანონებული არის კულტურულ ქვეყნებში შემდეგი რიცხვი. ჰოლანდიაში არის 4 უქმე, ინგლისში - 6, გერმანიაში - 8, ბელგიაში - 13, იტალიაში - 15, საფრანგეთში - 11. ამნაირად ჩვენ უქმე დღეების რიცხვით ჩამორჩენილი ვართ თვით კლერიკალურ იტალიისაგანაც კი. ეს კი, ჩვენ გვგონია, სრულიად დროს შესაფერისი არ არის. განსაკუთრებით ჩვენს პირობებში, როგორც ვსთქვი მე, არც ერთი უქმე დღე არ უნდა იყოს ზედმეტი.

საკმარისი იქნება მოსპობა საეკლესიო უქმეებისა და გათანასწორება კულტურულ ქვეყნებთან. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით საჭიროდ ვსთვლით შევამოკლოთ, მხოლოდ 8 დღე საეკლესიო უქმეებიდან დავტოვოთ.

რომ ვიანგარიშოთ მუშა-მოსამსახურეთა რიცხვი 80,000 მთელ რესპუბლიკაში, როგორც მას ანგარიშობს შრომის სამინისტრო, გამოვა მთელ წლის გამავლობაში: 80.000, რომ 8-ზე გავამრავლოთ, - 640,000, და შემდეგ ეს რიცხვი გავამრავლეთ შრომის სამინისტროს ანგარიშით დღიური ხელფასზე, 35 მანეთზე - გამოვა დაახლოვებით 23 მილიონი.

ამ ფასის ერთი მესამედიც, რომ ვიანგარიშოთ გამოვა - 8 მილიონი, რომელიც ჩვენ რესპუბლიკის ფინანსიურ მდგომარეობისთვის მცირე არ არის და რომელიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული.

იმავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ის მუშები, რომელიც დღიურად მუშაობენ სრულიად უკმაყოფილონი არიან ამ უქმე დღეების სიმრავლით. ყველა ამ მოსაზრების გამო შრომის კომისია, რომელსაც ამ მხრივ შეეთანხმა იურიდიული კომისია, ადგენს შემდეგ კანონ-პროექტს: (კითხულობს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს კრების წევრს ბ. ფირცხალაიშვილს.

მომხსენებელი (ფირცხალაიშვილი). კანონ-პროექტი უქმე დღეების შესახებ, განხილულ იყო აგრეთვე იურიდიულ კომისიაში. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი სიმდიდრის საფუძველი არის შრომის ნაყოფიერება, შრომის ზრდა, და შემქმნელი ამ სიმდიდრისა არის მშრომელი კლასი. ამ ბოლო დროს, ჩვენ ვიცით, რომ შრომის ნაყოფიერება მეტად დაეცა. გამომწვევი მიზეზი ამ დაცემისა მრავალია: ომი, ცხოვრების სიძვირე, საერთო არევ-დარევა და სხვა. აგრეთვე უქმე დღეების სიმრავლეც. ჩვენ ახალი ცხოვრება დავიწყეთ, სხვათა შორის ახალი სტილიც მივიღეთ და დაგვრჩა ის უქმე დღეები, რომელიც იყო მიღებული რუსეთის ეკლესიის მიერ. ჩვენ, თქვენ გემახსოვრებათ, მივიღეთ ერთი დეკრეტი, ეს იყო 1917 წ. ნოემბრის 29-ს დეკრეტი, ამიერ-კავკასიის კომისარიატის მიერ მიღებული. მაგრამ თუ შევადარებთ ერთ-ერთ 88

უცხო სახელმწიფოს ჩვენ განცვიფრებაში მოვალთ. პირველმა მომხსენებლმა მოგახსენათ სიმცირე უქმე დღეების რიცხვისა სხვა სახელმწიფოებში. გარდა იმისა, რომ ამ უქმე დღეების სიმრავლეს აქვს გავლენა, როგორც შრომის ნაყოფიერებაზე და შრომის ზრდაზე, აგრეთვე მშრომელი ხალხის ეკონომიურ მდგომარეობაზეც, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ მუშებს, რომელნიც ღებულობენ ჯამაგირს დღიურ სამუშაოს ანგარიშით, აგრეთვე ჩვენში არ არსებობს არც ტრადიცია, არც ადათი იმ უქმე დღეებისა, რომელიც მიღებული იყო რუსეთის ეკლესიის მიერ. სამრეწველო შრომის წესდების 189 მუხლში ჩამოთვლილია ის უქმე დღეები, რომლებითაც ჩვენ ხელმძღვანელობდით და რომელნიც ჩვენ გვქონდა მიღებული. ჩვენ, ესე იგი იურიდიული კომისია, სავსებით ვიზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც წამოაყენა შრომის კომისიის წარმომადგენელმა. ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ერთშია: შრომის კომისიის აზრით უქმე დღეებიდან უნდა ამოიშალოს დიდი პარასკევი, ესე იგი წითელი პარასკევი. ჩვენი წინადადება არის, რომ ეს დღე დარჩეს უქმე დღეთ. რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლიან ყურადღება მივაქციოთ ყველა უქმე დღეებს. არის ზოგიერთი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, ზოგიერთი სოფელი, სადაც მიღებულია სხვა და სხვა დღეები დიდ უქმეთ, ფერისცვალება და სხვა, ამას ანგარიშს ვერ გაუწევთ. მაგრამ დიდი პარასკევი ჩვენ გვინდა ჩავთვალოთ უქმე დღეთ. ჩვენ ისეთი დღეები უნდა ვიუქმოთ, რომელნიც პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარდება. ჩვენის აზრით, რომ ეს დღე ამოვშალოთ უქმე დღეებიდან, ამას ჩვენ ცხოვრებაში ვერ გავატარებთ, ეს საძნელო შეიქმნება, რადგანაც ამ დღეს მშრომელი ხალხი, სამზადისში არის, ემზადება აღდგომისთვის. მრავალი მუშა-ხალხი არ სცხოვრობს ერთ ადგილს, ერთ რომელიმე ცენტრში, იმათ სხვა და სხვა ადგილებში თავიანთი ოჯახები ჰყავთ, იმათ უხდებათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღე ამოიშალოს უქმე დღეებიდან. ეს გამოიწვევს იმას, რომ მუშები ამა თუ იმ ქარხნიდან, ვსთქვათ ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც წავა სოფელში და ქარხნების მუშაობა ფაქტიურათ შეფერხდება. ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რომ უქმე დღეებიდან არ იყოს ამოშლილი წითელი პარასკევი და როდესაც მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ, შევიტანთ შესწორებას. არსებითად კი ვიზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც წამოყენებული იყო შრომის კომისიის მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის ალ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ეროვ. დემ.) ბატონებო! ყოველივე, რაც შესძლებს საქართველოში შრომის ნაყოფიერების გაძიერებას, ჩვენს განსაკუთრებულს ყურადღებას მოითხოვს. ამ მხრივ საჭიროა, რომ მრავალი ღონისძიება იქნეს მიღებული. სხვათა შორის, შეიძლება იმ ღონისძიებებსაც მივმართოთ, რომელთაც დეკრეტი ეხება. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს კანონ-პროექტი ამ ჟამად, ერთის მხრივ არის სრულიად უდროო და მეორეს მხრივ რაიმე მნიშველოვან ცვლილებას ვერ შეიტანს შრომის ნაყოფიერების გაძლიერებაში. უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო, რომ შრომის სამინისტროს მიეღო ზომები, რომ არა თუ შემცირებული იყოს ეს უქმეები, საუკუნეთა მსვლელობაში დაკანონებული ეკლესიისა და ხალხის ჩვეულების მიერ, არამედ, რომ ეს უქმეები ორჯერ არ იუქმონ საქართელოში, როგორც ამას მრავალჯერ ჰქონია ადგილი. შრომის სამინისტროს მრავალი ცნობა აქვს, რომ მუშებმა ისეთი საეკლესიო უქმეები ერთხელ კი არა, ორჯერ იუქმეს ახალი სტილის შემოღების შემდგომ. ეს მომხსენებლთა უთუოდ უწყის და მე, ცოტა არ იყოს მაკვირვებს მისი განცხადება - მუშები წინაღმდეგი არიან ამოდენი უქმეებისაო. მეორეს მხრივ ის, რაც საუკეუნეთა განმავლობაში დაკანონებული არის ეკლესიის მიერ და ხალხის მიერ შეთვისებული, მეტს პატივს უნდა იპყრობდეს, ხოლო, თუ უქმეების შემცირება გსურთ, საჭიროა, რომ ნაჩქარევად არ კანონდებოდეს ისეთი უქმეები, რომელნიც სრულიად არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენენ ხალხისთვის, როგორც უქმეები და რომელნიც, თუ აქ ევროპის მაგალითებზე არის ლაპარაკი, ევროპის ქვეყნებში სრულიად არ იუქმებიან.

შეიძლება მუშათა ინტერნაციონალის დიდი საპატივცემო დღე იყოს, მაგრამ ეს არის უქმე მარტო ერთი კლასისა. შეიძლება რომელიმე ჯგუფმა, რომელიმე კლასმა დააკანონოს ესა თუ ის მისთვის დიდი დღესასწაული და აღნიშნოს რომელიმე დღე, შეიძლება შესაძლებელი იყოს, რომ ამა თუ იმ წრემ აგრეთვე თავისთვის დააკანონოს რუსეთის რევოლიუციის პირველი დღე, როგორც უქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ორი უქმე, ერთის უმრავლესობისთვის არ არის მისაღები და მისთვის არავითარ ღირებულობას არ წარმოადგენს, ამიტომ როდესაც უქმების შემცირებაზე მიდგა ჯერი, მე მგონია, რომ ჯერ უნდა მოვსპოთ ის უქმეები, რომელნიც ასე ნაჩქარევად, ზევიდან იყო მიღებული. აქ შრომის კომისიის თავმჯდომარემ მოგახსენათ, რომ მისი ანგარიშით საქართველოში მოიპოვება 80.000 მუშა და მოსამსახურეები. უთუოდ მას მოეხსენება, რომ ამ 80.000 შორის დიდი უმრავლესობა სათანადო ღირებულებას აძლევს და სათანადო პატივით ეპყრობა ამ უქმეებს და მომხრე იქნება ამ უქმეების დატოვებისა და თუ მოიპოვება ამათ შორის სხვა შეხედულობის, ეს, საქართველოს ერთან შედარებით, სრულიად უმნიშვნელო ნაწილი იქნება. რომელი სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ერთი მცირე ჯგუფის სურვილი მთელ მას მოვახვიოთ თავზე! შრომის ნაყოფიერების გაძლიერება აქ არაფერ შუაშია. თქვენ მოგეხსენებათ, რვა დღეს კი არა და, მთელს კვირეებსა და თვეებს უქმობენ სხვა და სხვა სახით. ამას გარდა, როდესაც უქმეების შემცირებაზე მიდგება საქმე, ცოტა მეტი აწონ-დაწონვა და გაზომა არის საჭირო. ჩვენ აქ საეკლესიო უქმეებს ვამცირებთ. საეკლესიო უქმეების ასე არითმეტიკულად შემცირება შეუძლებელია. საჭირო არის, რომ ეკლესიას დავეკითხოთ, რომელი უქმეების შემცირება შეიძლება ისე, რომ საეკლესიო წესები არ დაირღვეს. ნუ თუ არ უნდა გავიგოთ, რომელია ისეთი უქმეები რომელთა მოსპობას საეკლესიო უწყება და ეკლესია არ დაეთანხმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის აზრს და სიტყვას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ღირებულობა ქართველი ერის დიდი უმრავლესობის თვალში. ყველა ამის გამო მე არ მიმაჩნია ამ ჟამად ეს კანონ-პროექტი მისაღებათ, და ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ერის დიდი უმრავლესობის სურვილს სრულიად არ შეეფერება. რაც შეეხება შრომის ნაყოფიერების ამაღლებას და გაძლიერებას, ეს დეკრეტი ამისთვის ფრიად უმნიშვნელო იქნება და ამისგან არაფერი არ გამოვა. შრომის ნაყოფიერების ამაღლებისათვის ჩვენ უფრო რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ.

კირილე ნინიძე. (ს. დ.) ბატონებო! უნდა მოგახსენოთ, რომ ბ. ასათიანის საბუთი, რომელიც მან მოიყვანა, არ მიმაჩნია შესაწყნარებლად.

აქ ორი საკითხი არის. ერთი ის, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს ჩვენი ხალხის შეხედულებას და მეორე ფორმალური, ესე იგი: ვის უნდა ეკითხოს ამის შესახებ, ეკლესიას უნდა შევეკითხოთ თუ არა. არსებითად, მე მგონია, საქმე ასე არის: ჩვენ რომ ვავიწროვებდეთ ვისმეს თავისუფლებას, თავის თავად ცხადია, უნდა შევეკითხოთ თვითონ ხალხს, რას იტყვის თითონ ხალხი. მაგრამ აქ საქმე ასე არ გახლავთ. ჯერ ერთი, ბევრი საეკლესიო უქმე არის ისეთი, რომელსაც ფაქტიურად ხალხი არ უქმობს. აი, თვით გლეხები ზოგიერთ მიღებულ 12 დღესასწაულში ბევრს არ ინახავენ, მუშაობა სოფლად ბევრგან ხდება. არის ბევრი ალაგები, სადაც კვირასაც არ უქმობენ. ასეთი არის ხალხის შეხედულება. ასე რომ, ეკლესია და ხალხი, თამამად შეიძლება ვსთქვათ, სრულიად დაშორდნენ ერთმანეთს. ფორმალურად რაც შეეხება ამ საკითხს, არ ვართ ვალდებულნი ვკითხოთ ეკლესიას. ეკლესიას უნდა ვკითხოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ის წარმომადგენელი იქნება ხალხისა. მაგრამ, ის არ შეიძლება დღეს ხალხის წარმომადგენლად ჩაითვალოს. (მგელაძე: ეკლესია გამოვყოთ და მერე ვილაპარაკოთ!) როცა გამოვყობთ ეს სხვა საკითხი იქნება, მაგრამ ფაქტიურად ეკლესია გამოყოფილი არის იმიტომ, რომ მას არა აქვს ფუნქციები სახელმწიფოებრივი. აქვს ისეთი ფუნქცია, როგორც მაგალითად, განქორწინება, რაც არხაულ ფუნქციას წარმოადგენს და ზოგიერთი საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია. ეს არის ძველი ველურობის ნაშთი. და დღიურ წესრიგში უნდა იყოს დასმული მათი მოსპობა და ჩქარა უნდა მოისპოს, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლიან დაუშვას, რომ არსებობდეს სხვა და სხვა სასამართლო, სხვა და სხვა ფუნქცია და სხვა და სხვა კომპეტენცია.

რაც შეეხება საეკლესიო უქმეებს, მუშათა კლასი იმდენათ განვითარებულია დღეს, რომ არ გაუწევს ანგარიშს იმ მოსაზრებას, რომელიც ბ-ნმა ასათიანმა წამოაყენა. ის დღეს ეკლესიის დემაგოგიას არ აჰყვება. ხოლო რაც შეეხება გლეხობას, გლეხებს ეს სრულიათ არ ეხება, რადგანაც გლეხებს შეუძლიანთ თავისუფლად იმოქმედონ და ეს იმათთვის სავალდებულო არ არის. ისე რომ, ეს უქმეები არ არის შეურაცყოფა სარწმუნოებისა, და არ შელახავს თავისუფლებას. და იმას ვისაც ეხება ეს, ის ამას შეურიგდება, და სათანადოთ შეაფასებს.

ეხლა ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ ჩვენ ის კითხვა, რომელიც შეეხება ინტერნაციონალის დღესასწაულს. ამ ინტერნაციონალის დღესასწაულს ჩვენ არ ვსთვლით სავალდებულოთ. მხოლოდ იმავე მოსაზრებით, რომელიც ასათიანმა წამოაყენა - პატივისცემა სარწმუნოების შეხედულობაზე, უნდა აიძულოს ბ-ნი ასათიანი ანგარიში გაუწიოს მუშების რწმენასაც და სთქვას: თუ კი დღეს მუშები თხოულობენ ამ ინტერნაციონალის დღესასწაულს, არ შეიძლება ავუკრძალოთ და უთხრათ - თუმცა შენ ამ ინტერნაციონალს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე მორწმუნე აღგომას, მაგრამ შენ უნდა მობრძანდე და იმუშაო. ეს იქნებოდა ორი საზომი, ერთი საზომი ეკლესიისთვის მეორე მუშა კლასისთვის. ერთი, რომელიც ბ-ნ ასათიანს სურს და უწევს ანგარიშს, მეორე - რომელიც ბ-ნ ასათიანს არ სურს და ანგარიშს არ უწევს. ორი საზომი აქ არ უნდა იყოს, და იმათი დაპირდაპირება აშკარაა, უნიადაგო და უსაფუძვლოა ის მოსაზრება, რომელიც აქ წამოაყენა. ისე რომ ცხადია, ეს ინტერნაციონალი ჩვენ არ გაგვიხდია სავალდებულო მთელ ქართველ ერისთვის. ჩვენ მხოლოდ დაუშვით, რომ თუ მუშებს არ უნდათ მუშაობა. შეიძლება იდღესასწაულოს ამ დღეს. შეიძლება, რასაკვირველია, შეხედონ ამ საკითხს, როგორც სურდათ, იმოქმედონ ისე, როგორც მიაჩნიათ სასურველად. მაგრამ კანონ-პროექტი უქმეების შესახებ სრულიად მისაღებია, და არავის სარწმუნოებას, ან შეხედულობას არ შეურაცხყოფს. პირიქით, ის ყველას აძლევს თავისუფლებას და ერთის მხრივ აძლევს საშუალებას მუშათა კლასს იმოქმედოს, და მეორე მხრივ ეს არის საჭირო მრეწველობისთვის, რომ არ იყოს აუარებელი უქმეები, რომელიც მრეწველობას აფერხებს.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. ჩაწერილი არავინ გახლავთ. აქ ორი კომისიის მომხსენებლი მოისმინეთ. მათ შორის განსხვავება არსებითი არ არის. პროექტი არსებითად ერთი არის. სურს თუ არა კრებას გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? მუხლობრივ განხილვა მიღებული გახლავს და სათანადო ვადის შემდეგ, განსახილველად დაუბრუნდება კრებას.

შემდეგი:

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საწონ-საზომ პალატის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.

ალ. ასათიანი. ვაჭრობა მრეწველობის სამინისტრო ადგენს შემდეგ კანონ-პროექტს: (კითხულობს). როგორც ხედავთ, აამ კანონ-პროექტს, ის საწონ-საზომი პალატა, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც რუსეთის სახელმწიფოებრივ ერთეულის ნაწილი, და რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დამყარების შემდეგ, ფაქტიურად, გადიქცა საქართველოს სახელმწიფოებრივ ნაწილად, - დღეიდან კანონმდებლობითი წესით, ხდება საქართველოს საწონ-საზომ პალატათ. ამიტომ უწყებას მოთხოვნილი აქვს სათანადო კრედიტი, რომელიც შეიცავს ერთის მხრივ, შტატების შესანახ თანხას, მეორეს მხრივ - იმ სალიკვიდაციო ხარკს, რომელიც გამოწვეული იქნება, შტატების გარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა დაკმაყოფილებით.

აი ეს არის ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანონ-პროექტი. კანონ-პროექტი საფინანსო - და საბიუჯეტო კომისიამ სავსებით მოიწონა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგად მსჯელობისთვის? არავის. მაშასადამე, უყრი კენჭს, არის თუ არა ვინმე წინააღმდეგ, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? მაშასადამე, სათანადო ვადის შემდეგ გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე. შემდეგი საკითხი:

ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - სასინჯაო სამმართველოს შესახებ

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ალექსანდრე ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ერ.-დემ.) ვაჭრობა-მრეწველოის სამინისტრო ადგენს შემდეგ კანონ-პროექტს: (კითხულობს) გაუქმებულ იქნეს საოლქო სასინჯაო... ეს კანონ-პროექტი აუქმებს რუსეთის მმართველობის იმ უწყებას, რომელიც არსებობდა აქ, და რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ითვლება საქართველოს სახელმწიფოებრივ ნაწილათ.

ამისთვის გამოანგარიშებულია სათანადო თანხა, რომელიც ორ ნაწილისაგან შესდგება. - ერთის მხრივ, შტატების შესანახავი თანხიდან, და მეორეს მხრივ სალიკვიდაციო ხარჯებიდან.

თავმჯდომარე. კრების წევრი ჭავჭანიძე.

ივ. ჭავჭანიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო, სოც. დემოკრატიული ფრაქციის სახელით უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ პრინციპიალურად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ნაცვლად წინანდელ დაწესებულებისა, დაწესდეს საქართველოს სასინჯაო დაწესებულება - საქართველოს ფარგლებში. მაგრამ, საქმე იმაში არის, რომ ამ კანონ-პროექტს არ ახლავს არავითარი განმარტება, ისე როგორც წინა კანონ-პროექტს, რომლის ზოგადი განხილვა მივიღეთ. რა არის ისეთი მასალა, რომლიდანაც შეიძლებოდეს გავიგოთ ჩვენ, როგორც იყო წინანდელი შტატები, რა ჯამაგირები იყო და სხვა.

სოც. დემოკრატიული ფრაქცია ამ კანონ-პროექტს იღებს, რასაკვირველია პრინციპიალურად, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს, რომ მუხლობრივ განხილვის დროს, უწყებამ წარმოადგინოს მასალა, რათა მოგვცეს საშუალება შევადაროთ ახალი შტატები ძველ შტატებს, ახალი ჯამაგირები ძველ ჯამაგირებს და ეს ახალი შტატები ისე მივიღოთ, და ამის და გვარად გამოვიტანოთ გადაწყვეტილება.

პირველ განხილვის დროს, რომ მივიღოთ კანონ-პროექტი, მუხლობრივ განხილვის დროს არ შეიძლება, რომ არ გვქონდეს ნათლად წარმოდგენილი რა მივიღეთ, და რა არ მივიღეთ. იქნებ შესაძლებელი იყოს სამმართველოს გაცილებით მეტი შემოკლება. ეს უნდა ვიცოდეთ. ვიმეორებ: სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია მოითხოვს, რომ მუხლობრივ განხილვის დროს უწყებამ წარმოადგინოს ძველი შტატები და ჯამაგირები.

თავმჯდომარე. მოხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. რასაკვირველია ეს, თუ საჭიროდ მიაჩნია საოც.-დემოკრატიულ ფრაქციას, სამართლიანი მოთხოვნილება არის, რომ, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაწვრილებითი ცნობები შესახებ წინად არსებული შტატებისა, რომ ეს ცნობები წარმოდგენილ იქნეს. მაშინ, რასაკვირველია, შეგვიძლიან უფრო კრიტიკით შევხედოთ იმას, თუ რამდენათ საჭირო არის ამ შტატების შემცირება, თუ დატოვება. ისე კი, თვით განხილვის დროს საფინანსო კომისიამ დაინახა, ვინაიდან ეს ერთგვარი მინიმუმი იყო, შტატების მინიმუმი, ამიტომ არ იყო საჭირო ეს ცნობები მოგვეთხოვნა.

აქ არის თითო უფროსი, და ორი თანაშემწე. ეს ჩვენ ერთგვარ მინიმუმათ ჩავთვალეთ, რადგანაც, რაც უნდა პატარა იყოს შტატები, შეუძლებელია თითო უფროსს ორი თანაშემწე არ ჰყავდეს. ამიტომ საფინანსო კომისიამ იმ ჟამად არ მოითხოვა ეს ცნობები.

მაგრამ რადგან სოც.-დემოკრ. ფრაქციას საჭიროდ მიაჩნია ეს, რასაკვირველია, კომისიაც არ არის წინაააღმდეგი.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი. სურს ვისმეს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგ მუხლობრივ განხილვისა? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. შემდეგი და უკანასკნელი საკითხი.

დეკრეტი ქალაქის თვითმმართელობისათვის ათი მილიონი მანეთის სესხად მიცემისა.

დიომიდე თოფურიძე. ბატონებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა შედეგი მოჰყვა ფინანსიურ გაჭირვებას, რომელშიაც იმყოფებოდა ჩვენი ქალაქის თვითმმართველობა.

სამი თვის წინად ფულის უქონლობის გამო, ქალაქის თვითმმართველობამ ვერ მოახერხა თავის დროზე დაეკმაყოფილებინა მოსამსახურენი, მოსამსახურენი აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მტერმა ისარგებლა ამ პირობით და გამოიწვია დიდი არევ-დარევა ქალაქის თვითმმართველობაში. ქალაქის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ქალაქი ისევ ფინანსიურ კრიზისს განიცდის. ეს - ცხადია და ამაზე ლაპარაკი, მე მგონი, არც არის საჭირო. ყველა ეს თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, და ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილი არის.

მაგრამ მე ვრაცხ ჩემს თავს ვალდებულად მოგახსენოთ, რომ თფილისი დღეს მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაშია ხოლო მისი გაჭირვება იგივე ჩვენი რესპუბლიკის გაჭივრებაა. მათი ინტერესების ერთმანეთიდან დაშორება შეიძლება თეორიულად, მექანიკურად, და არა სახელმწიფოებრივი შეხედულობით. როგორ მდგომარეობაში ქალაქია, ისეთივე მდგომარეობაში იქნება სახელმწიფოც. თუ თფილისი არ იქნება რიგიანათ მოწყობილი, არც სახელმწიფო იქნებ კარგ მდგომარეობაში. ქალაქის გამგეობამ, რასაკვირველია, უნდა მიიღოს ყოველგვარი ზომა, რომ გააუმჯობესოს თავისი ფინანსიური პირობები. ამ ზომებს ქალაქის გამგეობა ღებულობს, მაგრამ მოსალოდნელი არ არის დღეს, რომ ეს პირობები შესამჩნევად გაუმჯობესდეს.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თფილისი გამონაკლის არ შეადგენს. და ყველა ქალაქები ასეთივე გაჭივრებას განიცდიან. ამ ომის და რევოლიუციის ხანაში, ყველგან - როგორც რუსეთში ისე, საზღვარ გარედ და ჩვენშიაც. ქალაქებში ერთი და იგივე პირობებია: ქალაქის შემოსავალი ქალაქს არ ჰყოფნის, როგორც სახელმწიფოს არ ჰყოფნის მისი შემოსავალი. ქალაქიც და სახელმწიფოც დღეს იძულებულია ვალი აიღოს, და ნასესხი ფულით დააკმყოფილოს აუცილებელი საჭიროებები, და ამნაირათ მოაწყოს თავის საქმეები. ეს საკითხი იმდენად მარტივი, და აშკარა არის, რომ ამაზე ბევრი ლაპარაკი და მტკიცება იქნება მხოლოდ დროს წართმევა ჩვენთვის. ამიტომ მე პირდაპირ გადავალ სესხის საკითხზე. ქალაქის თვითმმართველობის საბჭოს დადგენილებით, მიმართა მთავრობას, მთავრობამ შეიწყნარა ეს თხოვნა, და დაეთანხმა, რომ ქალაქს უნდა მიეცეს ათი მილიონი მანეთი სესხი. მაგრამ ამ სესხის მიცემა ერთგვარ პირობებში უნდა მოხდეს. სახელმწიფომ სესხი არ შეიძლება ისე გასცეს, რომ არ იცოდეს - რისთვის მიდის ეს ფული, და რა წყაროებით, ან როგორ იქნება დაფარული ეს ვალი.

მთავრობამ ერთნაირი გზა აირჩია და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მას დაეთანხმა. ეს გზა ასეთია: მთავრობა იმ აზრისაა, რომ ათი მილიონი მინიმუმი არის, რომელიც დღევანდელ პირობებში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ქალაქისათვის. ჩვენი კომისია და მთავრობა სცნობს საჭიროთ, რომ ეს ათი მილიონი სესხი მიეცეს ათი წლის ვადით, 5 პროც. სარგებლით. და ერთი მილიონი თავნის ყოველ წლიურად გადახდით. ასეთია აზრი ჩვენი და თქვენ გთხოვთ, რომ ამნაირი აზრი შეიწყნაროთ. ეს სესხი იქნება ერთგვარად უზრუნველყოფილი, და ეს უზრუნველყოფა ამნაირად უნდა გამოიხატებოდეს: ქალაქს აქვს ქონება; ძველად დაფასებული იყო ეს ქონება 22 მილიონ მანეთად. რასაკვირველია, ეს 22 მილიონი იყო დაფასება შემცირებული, და ამ ქონების ღირებულობა მაშინაც აღემატებოდა 40-60 მილიონს, დღეს კი ეს ქონება ღირს, რასაკვირველია, რამდენიმე ასი მილიონი. ისე რომ ეს სესხი, სრულიად უზრუნველყოფილი იქნება. მგონია, რომ მაინც საჭირო არ არის რომ ასეთ პირობებში თფილისს მიეცეს სესხი, და მოეთხოვოს მას გირაო. მაგრამ არჩეული გზა სახელმწიფოსთვის უფრო ხელსაყრელია. წინადადება მთავრობისა მისაღები არის. დეკრეტი გამოიხატება შემდეგი ფორმით: (კითხულობს). ასეთი გახლავს წინადადება, და მე საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის სახელით ვსთხოვ კრებას ეს დეკრეტი დაამტკიცოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ეროვნ.-დემ.) მე სავსებით ვეთანხმები საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს, რომ თფილისის ქალაქის თვითმმართველობის დახმარების შესახებ აქ დავა არ უნდა იყოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყოველგვარი ასეთი დახმარება უნდა იყოს წინასწარ აწონილ-დაწონილი და სავსებით გამორკვეული. საქმე ეხება მილიონებს. უწინარეს ყოვლისა, მიუხედავათ იმისა, რომ ქალაქის თვითმმართველობა დიდს გასაჭირში არის, ეს დეკრეტი მოითხოვდა მეტს დამუშავებას და მეტის მასალის წარმოდგენას საკანონმდებლო ორგანოში.

ჩვენ ვიცით, რომ ქალაქის თვითმმართველობას დიდი ვალი აქვს, მისი ვალი რამდენადაც ვიცით, 3 მილიონზე მეტია, და ეხლა თუ ათ მილიონ ვალს აიღებს - იქნება 43 მილიონი ვალი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს დიდი ქონება აქვს, ეს მაინც დიდი ვალი არის ქალაქისთვის.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის მეურნეობა არ არის სათანადოდ მოწყობილი და ამ მეურნეობის ყველა დარგები მეტად არეულ დარეული და აწეწილ-დაწეწილი არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის ქუჩები, რომლის გაკეთებაზე მრავალი მილიონი დაიხარჯა ძველად, სათანადოდ მოვლილი არ არის, და ეს მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალაქის მცხოვრებლები ამით შევიწროვებული არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქის კაპიტალი, ქალაქის ქონება, რომელიც წარმოადგენს დიდს ღირებულებას, სათანადოდ მოვლილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ასეთსავე მდგომარეობაში არის ტრამვაი, ესევეა წყალსადენი და სხ. ეს დიდი ღირებულების სამეურნეო დარგები სათანადოდ შეკეთებას და მოვლას მოკლებული, იღუპებიან. შესაძლებელია ცოტა ხნის შემდეგ ისინი სრულიად უვარგისი შეიქმნენ და საჭირო გახდეს ახლად გაშენება ტრამვაისა, წყალსადენისა, ქუჩების და სხვა. თუ მათი შეკეთება ვერ მოგვიხერხებია, აბა ამას ვინ შესძლებს? რასაკვირველია, ეს ერთი მხრივ აიხსნება იმ ფინანსიურ გაჭირებით, რომელშიც ქალაქი იმყოფება, მაგრამ მეორე მხრივ ეს აიხსნება იმით, რომ საქალაქო მეურნეობა სწორ საფუძველზე არ არის დაყენებული. ჩვენ ვიცით, რომ ტრამვაის ვაგონების რიცხვი დიდად არის შემცირებული, მაგრამ არამც თუ იმოდენათვე არამედ სრულიად არ არის შემცირებული ტრამვაის მოსამსახურეთა შტატები. ასეთივე მდგომარეობა არის სხვა დარგებში, და როდესაც სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანო, წინად პარლამენტი, და ეხლა დამფუძნებელი კრება ყოველგვარ ღონისძიებას ღებულობს იმისათვის, რომ სახელმწიფოს აპარატი ყოველ დარგში შემცირებული, და შემოკლებული იყოს, ვინაიდან სახელმწიფოს არ ძალუძს ისეთი რთული აპარატის შენახვა, მე ვფიქრობ ქალაქის თვითმმართველობამ ასეთივე ზომები უნდა მიიჩნიოს სავალდებულო თავის გასავალ ბიუჯეტის შესამცირებლად. აქ საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ მოგახსენათ, რომ საფინანსო კომისიამ ყოველგვარი ზომები მიიღო, რომ ეს სესხი იყოს მართლაც და სესხი, რომ ის ხაზინას სავსებით დაუბრუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს სრულებით არ არის უზრუნველყოფილი. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ვალს, რომელიც ქალაქს აქვს, მე არ ვიცი, რა წყაროებით უნდა გადაიხადოს ქალაქმა ამ ახალ სესხში წლიურად თითო მილიონი. ამის პასუხს მომხსენებელი არ იძლევა. თუ დღევანდელი მდგომარეობა ამ მეურნეობისა ისე დარჩა, როგორც არის, თუ ეს ახალი თანხაც სულ მოხმარდა ქალაქის აუარებელი შტატების შენახვას, იმ შტატების, რომლის რთული მექანიზმი სრულიად არ შეეფერება ქალაქის დღევანდელ ფინანსიურს და ეკონომიურს მდგომარეობას, ჩვენ არ ვიცით, რა მანქანებით შეუძლიან ქალაქს თავისი ვალების დაფარვა. ვშიშობთ, რომ ის კიდევ ახალი თანხების თხოვნით მიადგება დამფუძნებელ კრებას. ვალის დაბრუნებას, რომ თავი დავანებოთ, ისიც არ არის უზრუნველყოფილი, რომ ათი მილიონის სესხის მიცემა ქალაქის თვითმმართველობისთვის სათანადოდ გააუმჯობესებს ქალაქის ფინანსიურ მდგომარეობას, და დააყენებს ისეთ ღონეზე, რომლის შემდეგ მას შეეძლება საკუთარი ძალებით არსებობა.

რასაკვირველია, არსებითად, პრინციპიალურად საწინააღმდეგო არა მაქვს ქალაქის დახმარებაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კანონ-პროექტი, რომელიც შეეხება ათი მილიონის დახმარებას, უსათუოდ მეტი მასალებით იყოს შევსებული. ჩვენ უნდა გაგვაცნონ ქალაქის საფინანსო გეგმებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ყოველ მხრივ შეეხოს საქმეს და თვითვე უკარნახოს ქალაქის თვითმმართველობას, რა ღონისძიება უნდა იხმაროს მან, რომ ეს დიდი სესხი გამართლებული იყოს, რომ ამ დახმარებამ არსებითად გააუმჯობესოს ქალაქის მდგომარეობა. ამიტომ ეს დეკრეტი უნდა დაუბრუნდეს ისევ საფინანსო კომისიას, რომელიც უფრო ვრცლად მოითხოვს მასალებს სამოქალაქო მეურნეობის შესახებ და უფრო ვრცლად განიხილავს პირობებს, რომლებიც საჭირო არის სესხის მიცემისთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. მე მინდა, ბატონებო, რამდენიმე სიტყვით გადმოგცეთ სოც.-დემ. ფრაქციის მოსაზრება ამ საკითხის შესახებ. ჩვენი ფრაქცია პრინციპიალურად წინააღმდეგია ამ გვარ სესხის გაღებისა, იმიტომ, რომ ასეთი სესხით შეუძლებელია თვითმმართველობის საქმეების მოწესრიგება. ჩვენი აზრით, ეს არის ერთგვარი პალიატივი, რომელიც გამოწვეულია ქალაქის ფინანსების კრიტიკულ მდგომარეობით. მიუხედავათ ასეთ პრინციპიალურ შეხედულებისა, ჩვენი ფრაქცია მაინც მხარს უჭერს ამ კანონ-პროექტს, რადგანაც იგი ანგარიშს უწევს ჩვენი დედა ქალაქის საშინელ გაჭირვებულ მდგომარეობას. აქ ნათქვამი იყო, რომ ამ კანონ-პროექტს უნდა ჰქონოდა მეტი დასაბუთება და მასალა. რასაკვირველია, ეს თავისთავად ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ საკითხის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა.

ჩვენ ვიცით, რომ თფილისის ქალაქის თვითმმართველობა კატასტროფის წინაშე იმყოფება, და ეს კატასტროფიული მდგომარეობა გამოწვეულია არა იმ პირების მოქმედებით, რომელნიც მის სათავეში იმყოფებიან, არამედ საერთაშორისო ეკონომიურ კრიზისით. თქვენ იცით, როგორ დაეცა ფულის კურსი. მაშინ, როდესაც წინედ ასი და ორასი მანეთი აკმაყოფილებდა მოხელეს, დღეს ათასი მანეთიც არ ჰყოფნის მას.

ნორმალურ პირობებში, რასაკვირველია, ქალაქის თვითმმართველობას შეეძლო მუნიციპალურ წარმოების გაჩაღებით ეშოვა ცხოვრების სახსარი, მაგრამ დღეს ჩვენ არა ნორმალურ პირობებში ვცხოვრობთ. ამიტომ ჩვენი ფრაქცია შედის ქალაქის თვითმმართველობის მდგომარეობაში და მხარს უჭერს ამ კანონ-პროექტს. ამასთანავე ს.დ. ფრაქცია გამოსთქვამს რწმენას, რომ ქალაქის თვითმმართველობა შეეცდება გააორკეცოს თავისი მუშაობა და მხნეობა. ჩვენი სატახტო ქალაქის თვითმმართველობა უნდა გახდეს სხვა ქალაქებისთვის მისაბაძ მაგალითად. ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ თფილისი დაუშრეტელი წყაროა სიმდიდრისა. ამ სიმდიდრეს უნდა დიდი ექსპლუატაცია და თუ ჩვენი ქალაქი გამოიჩენს ენერგიას მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის თვითმმართველობას აღარც დასჭირდება მომავალში ასეთი სესხი. ასეთია მოსაზრება და შეხედულება ს.დ. ფრაქციისა ამ საკითხის შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ღლონტს.

თევდორე ღლონტი. (ს.-ფ.) მოქალაქენო, ჩვენ ამ საკითხს უფრო სხვანაირად ვუყურებთ ვიდრე ე.-დ. და ს.-დ.

პატივცემულმა ბ. ონიაშვილმა აქ პრინციპიალური აზრი გამოსთქვა საზოგადოდ სახელმწიფო სესხის შესახებ ქალაქის თვითმმართველობას როცა აძლევს.

ჩვენი აზრი კი ის იყო, რომ ჩვენ ფრაქციას მიაჩნია ერთად-ერთ უმთავრეს საქმედ და მიზნად ის, რომ სახელმწიფოს ხაზინის საშუალებით როგორმე მოგვარდეს ქალაქის სამეურნეო ცხოვრება. ჩვენი აზრი ამის შესახებ უფრო გარკვეულია. ჩვენ მჭიდრო კავშირს, ორგანიულ კავშირს ვქმნით საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დაწესებულებათა შორის. მათ მუშაობას შეთანხმებულად ვცნობთ. ამნაირად, სრულიად არ გვეუცხოება ის აზრი, როდესაც სახელმწიფოს ხაზინა აძლევს სესხს ქალაქის თვითმმართველობას. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, სახელმწიფოს ხაზინამ უნდა მისცეს საკმაო თანხა, ყოველგვარ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, იქნება ეს სამოქალაქო დაწესებულება, თუ საერობო დაწესებულება, რომ ამით ფეხი მოიკიდოს იმ საწარმოო ძალამ, რომელიც სოფელში და ქალაქშიაც ხდება უმაღლეს ფუძეთ სახელმწიფოისა. ამ მოსაზრებით ეს საკითხი ჩვენ არ გვაკვირვებს. იგი ჩვენ მიგვაჩნია ნორმალურ მოვლენად, და ამიტომ მხარს დაუჭერთ, როდესაც სახელმწიფო დაეხმარება სხვა და სხვა საქალაქო და საერობო დაწესებულებებს. მაგრამ, როდესაც ეს საკითხი ასე იჭრება, როდესაც ჩვენ ესე უყურებთ ამ საკითხს, ამავე დროს მას აქვს თავისი კონკრეტიული ფორმა. ჩვენ ვაძლევთ დახმარებას სახელმწიფოს დაწესებულებებს, ვაძლევთ ყოველგვარ თანხას, იმიტომ, რომ განვითარდეს მეურნეობა და საზოგადოდ საწარმოო კულტურა. მე არ ვიცი ამ მხრივ ტფილ. ქლაქის თვითმმართველობის მოხსენება, იმიტომ, რომ დაწვრილებითი მოხსენება ს.-ფ. ფრაქციას არ მიუღია, ისიც ვიცით, რომ ძალიან ნაჩქარევად არის ეს დეკრეტი შემოტანილი, და არც მოხსენებიდან სჩანს რა საფუძველი უდევს ამ სესხს. თუმცა მომხსენებელმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაძლევთ ამ თანხას, მაგრამ ისიც გვაქვს წარმოდგენილი, რომ საჭიროა გარანტიები ასეთ თანხის გასაცემად, მაგრამ რაში გამოიხატება მიზანი ასეთ გარანტიისა უფრო დაწვრილებით არ არის გადმოცემული. არ არის გადმოცემული იმიტომ, რომ ამ საქმეს ესაჭიროება დაწვრილებითი, დეტალური მოხსენების წარმოდგენა და დეტალურ საქმის განხილვა. მაგრამ ეს დეტალიზაცია ამ საკითხისა დამფუძნებელ კრების წინაშე არ არის. და მე მგონი ეს კი აუცილებელი პირობები არის სესხის სერიოზულად გაღებისა და მისი კვლავ კარგად მოგვარებისა.

მე ვაცხადებ, როდესაც, 2 მილიონის თანხის საკითხი იდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე, ჩვენ მაშინ ვამბობდით, ქალაქის თვითმმართველობას ჰგონია, რომ ეს ორი მილიონი თანხა მისცემს იმ სახსარს, რომლის საშუალებით რამდენიმე ხნის განმავლობაში შეიძლება აღარ დასჭირდეს სახელმწიფოს სესხის თხოვნა. მაგრამ, როგორც ვიცით, დიდი ხანი არ გასულა და ხუთ იმდენივე თანხას თხოულობს ქალაქის თვითმმართველობა. რომ ეს იქნებოდეს ერთი ისეთი ძალა, რომელიც გააჯანსაღებდა ქალაქის თვითმმართველობის მეურნეობას, რომ ეს გამოიწვევდეს, იმას რაც აღნიშნა და სასურველად მიაჩნია ამხანაგ დავით ონიაშვილს, აქ ორი აზრის თქმა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა ამ დეკრეტის შესახებ. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ვინმე, რომელიმე სურვილს გამოსთქვამს, ეს უფრო დეტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი, ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ ამხანაგ ონიაშვილის პროგრამიდან. „უნდა საქმეები მოაგვაროს, ენერგია გამოიჩინოს, წესიერება და სხვა და სხვა“, - ეს არავითარ პროგრამას არ შეიცავს. თქვენ, რომ უთხრათ ქალაქის თვითმმართველობას უნდა იმუშაოთო, ქალაქს რომ მოსთხოვოთ იქ დიდიძალი სიმდიდრეა და უტილიზაცია არის საჭირო სიმდიდრისა, ეს ისეთის ზოგადის რამის გამოცხადებაა, ზოგადი რამის თქმაა, რომლის გამოცხადება არა მგონია საჭირო იყოს დამფუძნებელ კრების კათედრიდან მაინც.

ამიტომ ჩვენი უმთავრესი მოვალეობა არის უთხრათ ქალაქის თვითმმართველობას ამ ტრიბუნიდან, რა წესით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ასეთი სიმდიდრის საქმე ისე, რომ მართლაც ეს გახდეს წყარო საზოგადოებრივ საქმეთა მოსაწყობად. რა მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ქალაქის თვითმმართველობას 20-მილიონის ქონება აქვს, მაგას თავისთავად არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ საქმეს არა ქონების თვალსაზრისით, არამედ იმ ქონების შემოსავლის თვალსაზრისით. რას წარმოადგენს ამ ქონების შემოსავალი, რა ადგილი უჭირავს მის წარმოებას. თუ ქონებას ამ მხრივ შევხედავთ ეს ვერ გაამართლებს ქალაქის მეურნეობას. ჩვენ ეხლა მივცემთ 10 მილიონს, გაივლის რამდენიმე ხანი, ჩვენ კიდევ მივცემთ 10 მილიონს და როდესაც დაგირავებული მამულები, ეს საფუძველი ქალაქის თვითმმართველობის ნდობისა, გამოეცლება მაშინ ქალაქის თვითმმართველობა რაღას იტყვის? როდესაც ქალაქის თვითმმართველობა მიდის ბანკებთან, ეუბნებიან: თქვენ ფულს ვერ მოგცემთო, ადგილობრივ ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა იციან, რომ ქალაქს აქვს ქონება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ აძლევენ სესხს. მე დარწმუნებული ვარ, და ვიცი რატომ არ აძლევენ ქალაქის თვითმმართველობას სესხს ბურჟუაზიის წარმომადგენელნი: იმიტომ, რომ ქალაქს შეუძლიან 5-6%25 მისცეს და ჩვენი ბურჟუაზია კი დაინტერესებული არის საფინანსო სპეკულიაციით, მას უნდა არა 5-6%25-ტი არამედ 100-200-300%25. მაგრამ გარდა ამ ინტერესებისა, ბურჟუაზიას შეუძლიან მეორე ინტერესი წამოაყენოს, ისინი ხედავენ, რომ ასეთი სისტემა მმართველობისა არ ქმნის ისეთ წარმოებას, რომელიც %25 გაუმჯობესებს.

ნუ თუ სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს, როგორ იქნება ქალაქის მეურნეობა მოწყობილი, მართლაც შესძლებს თუ არა ქალაქისაგან სახელმწიფომ აინაზღუროს მისი სესხი. მე ამ შემთხვევაში დიდი ურწმუნო თომა ვარ, ვამბობ, რომ ვერ განახორციელებს ქალაქის თვითმმართველობა თავის დაპირებას, და ვერც სახელმწიფო შეასრულებს თავის მოთხოვნილებას. იგივე წმინდა აზრი, რომ სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობის შორის დიდი ურთიერთობა არის, რომ სახელმწიფო დაინტერესებული არის ქალაქის თვითმმართველობის კეთილ-დღეობით - ეს უმაღლესი ჩვენი პოლიტიკაა და სხვა მოსაზრებები კვლავ წარმოგიდგებათ, ერთი წლის შემდეგ მაშინ, როდესაც ქალაქის თვითმმართველობა ფულს ვერ შემოიტანს სახელმწიფოს ხაზინაში. ამ მოსაზრებით ჩვენ გადავდებთ იმ ვადებს, შეიძლება ვერ ავინაზღაუროთ, და ვერც ავიღოთ ეს თანხა. ასე, რომ მოხდეს სისტემატიურად და პერიოდულად, - ვერ მოხერხდება, ეს იქნება თავსატეხელი, როგორც თვითმმართველობისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, მე ვიტყვი დამფუძნებელ კრებისთვის და ამ დამფუძნებელ კრების შემდგომ დაწესებულებებისთვის, რომელიც იქნება ამ დამფუძნებელ კრების შემდეგ.

ყველა ამ მოსაზრების გამო, ჩვენ ვამბობთ, არავითარ დიდ რაიმე ცვლილების მოხდენა ამ თანხით ქალაქის თვითმმართველობას არ შეუძლიან, იმიტომ, რომ ქალაქის თვითმმართველობის სამეურნეო სისტემა არსებითად ყალბ ნიადაგზე სდგას. მას არ შეუძლიან ეხლანდელ მეურნეობის სისტემა, რომელი პიროვნებაც არ უნდა ჩასდგეს სათავეში ქალაქის თვითმმართველობისა, ენერგიული მუშაობა გააჩაღოს. მე პატივცემულ მომხსენებლისაგან და პატივცემულ ბ. ონიაშვილისაგან მოველოდი ამას, და აუცილებლად, საჭირო იყო, რომ ამ მხრით შეხებოდნენ საკითხს. მოქალაქენო, დათვურ სამსახურს უწევენ, როდესაც ილუზიას ქმნიან „შენ ოღონდ ენერგია გამოაჩინე და ამ სესხს გავიღებთო“. ჩვენ ამ ილუზიას, ამ უტოპიას არ უქმნით ქალაქის თვითმმართველობას და ვეუბნებით, - ეხლანდელ პოლიტიკურ პირობებში ვერაფრის გაკეთებას ვერ შესძლებთ, მაგრამ თქვენ დაჰკარგავთ ნდობას, უკვე დაკარგული გაქვთ ნდობა ჯერ სპეკულიანტებში, მაგრამ შეიძლება ნდობა დაკარგოთ სახელმწიფოს თვალშიაც, იმიტომ რომ ეს ქონება გადავა სხვის განკარგულებაში და შემდეგ საფუძველი, ე.ი. გარანტია რომ შემცირდება მილიონებს ვეღარ მიიღებთ. ამიტომ მე მგონი, ჩვენი მოსაზრება ერთად ერთი არის. მართალია ქალაქში სიმდიდრეა, როგორც ამხანაგმა, დამფუძნებელ კრების წევრმა ონიაშვილმა აღნიშნა, არის სიმდიდრე, მაგრამ ამ სიმდიდრეს დიდძალი მუშაობა ესაჭიროება, დიდძალ სარგებლობას აძლევს ადგილობრივ წრეებს, განსაკუთრებით ბურჟუაზიულ წრეებს. მე ვეკითხები ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ვინც ამ სესხს იცავს, რა აზრისა არიან ამ სესხის აღებაზე, რა აზრისა არიან იმ სიმდიდრის ამ მხრივ გამოყენებისა, რომ ეს მიდიოდეს არა კერძო ვაჭრების ჯიბეში, რომელიც ნდობის თვალით არ უყურებენ თვითმმართველობას და არ აძლევენ სესხს, თითონ ბურჟუაზია როგორ უყურებს ამ სიმდიდრის უტილიზაციას, როგორ ფიქრობს, რა წარმოებას ქმნიან ჩვენში, რომ მისმა შემოსავალმა დაფაროს ეს სესხი, ეხლა აღებული? ეს ჩვენ ძალიან გვესაჭიროება იმიტომ, რომ მართლაც ვიცოდეთ, ქალაქის თვითმმართველობა ილუზიით იკვებება, რომლითაც გაჟღენთილი არის ბ. ონიაშვილი, თუ მას სხვა მოსაზრებები აქვს. ქალაქის თვითმმართველობა მუნიციპალურ პროგრამაზე არაფერს მოგახსენებთ, იმიტომ რომ ასეთი მუნიციალური პროგრამა საზოგადოდ ევროპის ს.-დ. მიერ მიღებული, კარგა ხანია დავიწყებულია ადგილობრივ ს.-დ. მიერ. კარგა ხანია ჩვენ ს.-დ. მუნიციპალურ პროგრამას არავითარი კავშირი არა აქვს საზოგადოდ ევროპის მუნიციპალურ პროგრამასთან.

ამისთვის ს.-დ. აქვს აგრედ წოდებული ობიექტური მოსაზრებები, ასეთ ობიექტურ მოსაზრებებით ყველაფერს ამართლებს, ყველა პირობებს, ყველა მხარეს. ერთი წლის განმავლობაში ეს ობიექტური პირობები, არ შეიცვალენ? ეს ობიექტური პირობები შეცვლილი არის თუ არა, მე მგონი, რომ შეცვლილი უნდა იყოს ეს ობიექტური პირობები იმ მხრივ მაინც, რომ ს.-დ. მუნიციპალურ პროგრამას, პლატფორმას მაინც მიექცეს ყურადღება, და ოდნავ მაინც გადადგას ნაბიჯი. (ხმა: მაინც) დიახ მაინც, იმიტომ რომ ეხლანდელ პირობებში ნიადაგს წაართმევს და ისედაც ღარიბ სახელმწიფოს ხაზინას კიდევაც უფრო გააღარიბებს. თქვენ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს ხაზინისთვის 10 მილიონი, და განსხვავება იმაში კი არ არის ჩვენ და თქვენ შორის, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ფულს მთავრობას. არა, ჩვენ ვაძლევთ ფულს მთავრობას, მაგრამ ვეუბნებით, თქვენ ეს ფული გამოიყენეთ სწორედ ისე, რომ შემოსავალი, რომ წარმოება, მეურნეობა შეჰქმნა, რომ რაც შეიძლება მეტ მუშას მისცეთ საქმე და ეს შემოსავლი შევიდეს სახელმწიფოს სალაროში და არა ბურჟუაზიულ სალაროში; მეორე განსხვავება ჩვენ და თქვენ შორის, მარტო დღევანდელ დღეზეა. ჩვენ კი ვფიქრობთ, როგორც დღევანდელ დღეზე ისე მომავალზე. ჩვენ რასაც ეხლა ვამბობთ, ვამობდით 2 მილიონის მანეთის სესხზედ. ბ. ონიაშვილი იმ აზრზე არ იდგა, რაც აზრი გამოსთქვა ეხლა. მე ვეკითხები ბ. ონიაშვილს, რა აზრი აქვს მის სიტყვას, როდესაც დარწმუნებული არის იმაში, რომ მას აგრეთივე სიტყვა მოუნდება 4-5 თვის შემდეგ. ამიტომ კარგი იქნებოდა დამფუძნებელი კრება არ მიჰყვეს ასეთი უტოპიურ პლანებს, ილუზიას, ზოგიერთი დეპუტატის შექმნილს, და უფრო კონკრეტულად დააყენონ საქმე. მოვთხოვოთ ქალაქის თვითმმართველობას უფრო დეტალური პროგრამა, თუ როგორ სურს ქალაქის თვითმმართველობას ამ 10 მილიონის გამოყენება. თუ ეს 10 მილიონი წავა იმისთვის, რომ არ მოხდეს ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეთა შორის გაფიცვა, ან და ამ სესხს მიზნად აქვს დასახული - მილიციას ჯამაგირი მიეცეს, თუ მიზნად აქვს საადმინისტრაციო ინტერესები დაიცვას. მე არ ვამბობ, რომ საინტერესო არ იყოს ეს, ეს საინტერესოა, მაგრამ სესხი იმისთვის, რომ უმთავრესად ეს სესხი მოხმარდეს საადმინისტრაციო მექანიკას, მე ვამბობ ისეთივე მექანიკას გამოიწვევს როგორიც დღესაც არის. საერთოდ კი, როგორც ქალაქის თვითმმართველობას, ისე სახელმწიფოს მექანიკას დააზარალებს. მე არ შემიძლია არ ავღნუსხო, რომ როდესაც სოციალისტები არ ვისხედით პარლამენტში და დამფუძნებელ კრებებში, როდესაც რომელიმე ქალაქის თვითმმართველობა შემოიტანდა ასეთ კანონ-პროექტს, ჩვენ ერთი საკითხი გვქონდა: ყველა ქალაქების და მთავრობის მესვეურებისადმი, თქვენ ეს გინდათ ადმინისტრაციის აპარატისთვის მხოლოდ, ჩვენ კი ვამბობთ, ჩვენ გვინდა ეს ეკონომიურ განვითარებისთვის, ჩვენ გვინდა სამეურნეო წყაროების გაჯანსაღებისათვის. ეხლა ეს შეკითხვა, ჩვენთვის სავსებით ძალაში რჩება. ჩვენთვის მართლაც, ეს უმთავრეს, ინტერესებისთვის, ეს ადმინისტრაციის მექანიკისთვის არის საჭირო, თუ სამეურნეო მექანიზმის მოგვარებისთვის? მე ფრჩხილებს გავხსნი: როდესაც ონიაშვილი ეუბნებოდა ქალაქის თვითმმართველობას, რომ მას გამოეჩინა მხნეობა, მე უსურვებდი, რომ მას მხნეობა გამოეჩინა არა მარტო იმაში, რომ ადმინისტრატიული აპარატი ყველნაირდ მოეწყო, არამედ მხნეობა გამოეჩინა იმაში, რომ რაც შეეხება მის სამეურნეო აპარატს გაეფართოებინა.

ჩვენ კი ვიცით, რომ 2-3 წლის განმავლობაში ტფილისის ქალაქის თვითმმართველობას არაფერი გაუკეთებია თუ არ შეუმცირებია მისი სამეურნეო აპარატი, გინდაც, რომ ავიღოთ სურსათის მხრივ, სრული დამარცხებით დამთავრდა ქალაქის თვითმმართველობისთვის. არც ერთი დარგი მეურნეობისა ქალაქის თვითმმართველობამ არ გააფართოვა. (ხმა: სხვაგან!)

ჩვენი უბედობა სწორედ იმაშია, რომ ყველაფერი დახმარებით თავდება, და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელნი, იმაში ხედავენ ხსნას, რომ სხვაგან, როგორ მოგვარდა, მაგრამ განა ესე შეიძლება საკითხის დაყენება. თუ ეს არის გასამართლება, მაშინ მოგახსენებთ, ამის მიხედვით შეიძლება (ხმაურობა) (არ ისმის), მე სხვა რამეს გეტყვით, ინგლისში ლოიდ ჯორჯმა პირდაპირ გნაცხადა ჩვენ უნდა წავართვათ მტარვალთა შემოსავლის წყაროთ, მისი ქონება, მისი რკინის გზა და მიწა. ჩვენ ეს გავიგონეთ სოციალისტების წარმომადგენლების მხრივ საქართველოში. აი ასეთი პოლიტიკა თუ გინდათ ინგლისში (ხმაურობა, ხმა: მოვახდინოთ სოციალიზაცია!) მართლა ერთ რამეს გეტყვით. 1848 წელს ბურჟუაზიის ერთმა წარმომადგენელმა სთქვა, რიმ ჩვენ არც ისეთი, მშიშარეები ვართ, რომ სოციალიზმის დროს სავსებით გავერიყოთ ცხოვრებას და ვერაფერი ვერ გავაწყოთ, ვერაფერი გავაკეთოდ იმდენი მაინც, რამდენსაც აკეთებენ ჩვეულებრივ დროს. ნუ თუ თავის უძლურობის ძალით ისე არიან გამსჭვალულნი ბურჟუაზიის წარმომადგენელნი, ჩვენში, რომ მათ აშინებთ სოციალური წარმოდგენა, სოციალიზმის ხსენება. ჩვენ ვამბობთ სოციალიზმის ხსენება ან სოციალიზაცია არავითარი უბედურობა არ არის იმისთვის, ვისაც შეუძლიან შრომა და შრომის მიხედვით ცხოვრება, იმისთვის სოციალიზაცია არავითარ საშინელებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება დამფუძნებელ კრების წევრის ელიავას შეკითხვას, სხვაგან როგორ არისო, მე მოვაგონებ, თუ გინდ ვეიმარის დამფუძნებელ კრებას. აქ არის უმთავრესი გეგემონია შეიდემანისა, და შეიდამანი ისეთივე ხალხია, როგორც არის ჩვენი ს. დემოკრატია, აი, როგორც მენშევიკები, და არიან ოპორტუნისტები, მათ ისეთივე თვისება აქვთ როგორც აქ მენშევიკებს. (ხმაურობა).

თავმჯდომარე. უკაცრავად თუ შეიძლება მოუახლოვდეთ საკითხს. (ხმაურობა ზარი). გთხოვთ ნუ ლაპარაკობთ ადგილიდან.

ღლონტი. მე ვამბობ ამ სესხებზე, რომ ეს სესხები სისტემატიურად არ დარჩეს იქ, სახელმწიფომ მიმართა სოციალისტურ პოლიტიკას, სოციალისტურ მეურნეობას და დამფუძნებელ კრებამ გერმანიისა, აი ამ საქალაქო მეურნეობაში მიმართა სწორედ ასეთ პოლიტიკას. მე არ ვიცი ნაციონალ-დემოკრატები დასჯერდებიან ამას თუ არა, მაგრამ აქ უკვე განაცხადეს მიწის სოციალიზაცია? ასეთი ოფიციალური განცხადება მათი და შეიძლება, და თუ ასეთ რგოლივით შემოგვერტყა ასეთიცე სოციალისტური ზოლები, შეიძლება ასეთივე გზას ბოლოს მიმართოს სამი თვის შემდეგ ყველამ. მე კი ვამბობ, უმჯობესია პარალელურად ამ გზით ეხლავე ვიაროთ, ვიდრე მივაჩანჩალებდეთ ამ საქმეს... (ხმაურობა. ხმა: აფთიაქის სოციალიზაცია!).

თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ინებებთ ლაპარაკს ადგილიდან.

ღლონტი. თუ ქალაქის თვითმმართველობამ აფთიაქის სოციალიზაციები მოახდინა, მე გეტყვით, რომ საქმეში დიდ სარგებლობას ნახავს, იმიტომ, რომ ყოველ შემთხვევაში არ არის საეჭვო, რომ როგორც აფთიაქები, თუ გინდ სასტუმროების საქმეს მოგვარებაც ხელს არ შეუშლის იმას, რომ ქალაქის თვითმმართველობამ სარგებლობა ნახოს და დემოკრატიას მისცეს უფრო სუფთა და ჰიგიენური ბინები. ეს ყველაზე უფრო ადვილი მოსაგვარებელი საქმეა, მაგრამ რასაკვირველია, ჩვენ ქალაქის თვითმმართველობას ამ საქმისთვის არ სცალია და ის ამას ყურადღებას არ აქცევს. აი სწორედ ის, რომ ეს საკითხი წამოვაყენე, როდესაც დამფუძებელ კრების წევრნი ნინიძე მისვამს საკითხს რას აკეთებს ქალაქის თვითმმართველობაო? მე ვამბობ, როდესაც ქალაქის თვითმმართველობა სესხს თხოულობს, ქალაქის თვითმმართველობა რას აკეთებს. ჩვენ გვაინტერესებს მისი პროგრამა, გაგვაცნოს რას აკეთებს? ამ მხრივ პირველ მოთხოვნილების საქმეში რას აკეთებს, რას აკეთებს ვაჭრობის სამკურნალოების შესახებ, რას აკეთებს სასტუმროების შესახებ, რას აკეთებს სამოქალაქო მიწების შესახებ, რას აკეთებს საქალაქო სკოლების შესახებ, ჩვენ ეს საკითხი გვაინტერესებს. ჩვენ მოველით, რომ ქალაქის თვითმმართველობა გამოვა და თავის მუნიციპალურ სოციალისტურ პროგრამას გადაგვიშლის. ჩვენ კი მოვითხოვდით ამის ცხოვრებაში გატარებას, ჩვენი პარტიის პატარა ძალით, მხოლოდ თქვენ პარტიის დიდი ძალით ამ საქმეს ღირსეულად შესრულებას, და ამ საქმის მართლაც განხორციელებას, იმ აზრით, რომელიც ჩვენ მოგვაწოდა დამფუძნებელ კრების წევრმა ონიაშვილმა, მაგრამ, რომელმაც განხორციელების პროგრამაში ლამაზი სიტყვებით დამალა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი. უნდა მოგახსენოთ, რაც აქ ითქვა ჩემთვის ახალს არაფერს არ წარმოადგენს.

ამ კითხვის შესახებ მეც დამიწერია და მილაპარაკია, წამიკითხავს, ბევრი რამ, მაგრამ ყველა ამაზე ლაპარაკს ზოგიერთივით არ დავიწყებ. მე მიჩვეული ვარ, როდესაც კითხვა არის დამდგარი, კითხვაზე ვილაპარაკო, შევზღუდო ჩემი ენა და ენერგია იმით, რაც პირდაპირ საჭიროა და შეეხება საგანს.

მე არ მინდა დავემგზავსო ისეთ შეგირდს, რომელსაც გინაზიაში რაიმე თემას მისცემენ და ის ყველაფერზე ილაპარაკებს, გარდა იმისა, რაც შეეხება პირდაპირ თემას; ასეთი ჩვეულება გიმნაზიაშიაც არ მქონია და არც ამ ტრიბუნაზე გამოვიჩენ ასეთ ჩვეულებას. ამიტომ ბოდიშს ვიხდი, ბევრ საგანს თუ დავტოვებ უპასუხოდ, მაგრამ კითხვის ზოგიერთ მხარეზე, რომლის შესახებ აქ იყო ლაპარაკი, მეც ვილაპარაკებ. მე არ მეგონა, რომ საჭირო იყო ერთგვარი დაპირისპირება. სესხის საჭიროებისა და ქუჩის ცუდ მდგომარეობისა. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ქუჩა აქ კი არა, დედამიწის ზურგზე, სადაც კი ომი იყო, ქუჩების მოწყობაზე კაცობრიობას არ სცალოდა. ჩვენ სწორედ არც საშუალება გვაქვს და არც დრო, არც ხალხი გვყავს, რომ ქუჩებს რიგიანად მოუაროთ. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვეგონოს, რომ ქუჩების მოვლა საჭირო არაა.

მაგრამ რაზე გვითითებს, რას გვიწუნებს ბ. ღლონტი.

იგი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ სესხი უნდა ავიღოთ იმისთვის, რომ რაღაც უსათუოდ გავაუმჯობესოთ, რომ წარმოება დავაყენოთ ფეხზე და სხვა. ბ. ღლონტი უფრო სპეციალურად ეკონომიურ კითხვებზე სწერს ლაპარაკობს. მან უნდა მშვენივრად იცოდეს თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ქალაქისთვის კი არა, სახელმწიფოსთვისაც. დიდი წარმოების მოწყობა და დაყენება სათანადო დონეზედ დღეს შეუძლებელია, და საიდან იშოვის ბ. ღლონტი იმ თანხებს, იმ მცოდნე კაცებს, რომელნიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მრეწველობის მოსაწყობად. მან კარგად იცის, გაზეთებშიაც ამაზედ ხშირად სწერენ, მაგასაც წაუკითხია და კარგად იცის, რომ ყველა ეს ისეა, როგორც მოგახსენეთ, და მე არ ვიცი, რატომ წაგვართვა დრო უსარგებლო და უმიზნო ლაპარაკით.

თვით ქალაქის ქონება კი არა, შემოსავალი უნდა იყოს გარანტია სესხისაო. ეს ანბანური ჭეშმარტება არის, ეს ყველამ იცის და ამის განმეორება ზედმეტია, მაგრამ რამდენად ეს შეეხება ამ მომენტს, ეს ყოვლად უსაფუძლოა. თუ წარმოება არ გვაქვს, თუ მთელი სახელმწიფო მხოლოდ ვალებით საზრდოობს, თუ ქალაქი იძულებულია თითქმის მხოლოდ ვალით გაასწოროს თავისი ანგარიშები, რა საფუძვლით უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს რეალური გარანტია შეიძლება მივცეთ და მართლა დავამტკიცოთ, რომ ვალი დანიშნულ დროზე იქნება გადახდილი შემოსავლიდან. მხოლოდ პრინციპიალურად, რად უნდა იქნეს წარმოთქმული ერთი მოსაზრება: ქალაქმა უნდა განაცხდოს და ის აცხადებს კიდეც, რომ ის ვალს გადიხდის შემოსავლიდან. მაგრამ რამოდენადაც ის შესძლებს მომავალ წლებში გაამართლოს თავის ვალდებულება, ეს არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდეთ, როდესაც ჩვენ არ ვიცით კაცობრიობა და ჩვენი ცხოვრება, ჩვენი წარმოება როდის ჩადგება ნორმალურ პირობებში. ჩვენ შეგვეძლება გამოვიანგარიშოთ, გავითვალისწინოთ და თითონ ღლონტმა შეიძლება წარმოგვიდგინოს ცხრილები, როდის, როგორ ქალაქი გადაიხდის ვალს. აი ამ დროს ისეთ მდგომარეობაში ჩადგება ხალხი, რომ მას ექნება საშუალება თავისი ვალი შემოსავლიდან გადაიხადოს, მაგრამ ჯერ ასეთი ნიადაგი არ არის, ეს მასალა არ არსებობს და, მაშასადამე, ასეთ ალგებრაიულ მცნებას, ვერავინ გაარკვევს. მაშასადამე ამაზე ლაპარაკი მხოლოდ წყლის ნაყვა იქნება. აქ თქვეს გარანტია უსათუოდ შემოსავალი უნდა იყოსო. რასაკვირველია, საერთოთ ეს მართალია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თუ შემოსავალს არ მოგცემთ, ქონება გარანტიათ არ ჩაითვლება. აქ იყო ნათქვამი, - თუ ქონებას მივცემთ გარანტიათ, მაშინ გავკოტრდებით და ქალაქი დაჰკარგავს ნდობასო. ქონების დაგირავება არ ნიშნავს, რომ ამ ქონების მეორეჯერ დაგირავებით სესხს ვეღარ ავიღებთ. ქონების დაგირავება შეიძლება, რამდონიმეჯერ თუ ქონების ღირებულება ამისათვის საფუძველს გვაძლევს. თუ ბ. ღლონტს თითონ არ ესმის მისი ამხანაგები იურისტები ასწალიან, რომ ქალაქს არავითარი ის საშიშროება არ მოელის, რაც მან აქ სთქვა.

ვის უგირავებს ქალაქი? უგირავებს სახელმწიფოს, ესე იგი უგირავებს ნაწილი ერთეულს, და აქ შიშზე, გაკოტრებაზე ლაპარაკი ზედმეტი არის, და ასეთი ლაპარაკი მხოლოდ უშინაარსო ფრაზებია. რაც შეეხება ლოიდ-ჯორჯის სიტყვას ის ჭეშმარიტია და მშვენიერი, მხოლოდ ინგლისისთვის, სადაც დიდი წარმოებაა და წარმოებას შემოსავალი აქვს, იქ მართლაც შემოსავალზე ლაპარაკი შეიძლება. ჩვენში კი, სადაც ორი ქარხანაც არ არის, ლლოიდ-ჯორჯის აზრით სახელმძღვანელოთ წამოყენება უმიზნოთ სიტყვების წამოსროლაა, უნიადაგო და უსაფუძვლო ლაპარაკია. მაშასადანე, ლლოიდ-ჯორჯის სიტყვა მშვენიერი იყო ინგლისისთვის, მაგრამ აქ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ ფინანსთა მინისტრს ან ბ. ჟორდანიას, რომ გაემეორებინა იმისი აზრი, მაშინ (არ ისმის) მათი სიტყვები სრულიად უნიადაგო იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ არის თუ არა ქალაქის მიერ საჭირო მასალა წარმოდგენილი, ამის შესახებ მე უნდა მოგახსენოთ, როგორც ქალაქის საბჭოს წევრი და ეკონომიური მდგომარეობასთან ასე თუ ისე გაცნობილი, მე უნდა მოგახსენოთ, რომ ამის შესახებ მსჯელობა იყო, ყველაფერი ეს გათვალისწინებულია და მართლა წარმოდგენილი არის. მასალებში გათვალისწინებულია, რისთვის, როგორ და რა პირობებში იქნება სესხი მოხმარებული, აქ არის აღნიშნული და ნაჩვენები დაწვრილებით, რისთვის არის ეს სესხი. ყველა მის შემდეგ მე ისევე უბრუნდები ჩემს თხოვნას და ვთხოვ კრებას მიიღოს ეს დეკრეტი, რომლის დასაცავად მე აქ გამოვედი.

თავმჯდომარე. ამ რიგად, ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. გთხოვთ,წაიკითხოთ დეკრეტის სათაური.

მომხსენებელი. (კითხულობს სათაურს და შემდეგ პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. ს.-დ. ფრაქციის სახელით შემომაქვს შემდეგი შესწორება: პირველ მუხლში ამოიშალოს სიტყვები: „ამისთვის გაეხსნას მთავრობას შესაფერი კრედიტი“ და სამაგიეროდ დაემატოს მეორე მუხლად (კითხულობს). გაეხსნას მთავრობას 10 მილ. მანეთის კრედიტი პირველს მუხლში აღნიშნულ სესხის გასაცემად. დეკრეტის მეორე მუხლი გადაკეთდეს მესამე მუხლად.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. ს.-დ. ფრაქციის მიერ შემოტანილი შესწორება მე მისაღებად მიმაჩნია, რადგანაც ის აზრს არ სცვლის, უფრო მარტივად გამოსთქვამს იმავე აზრს.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ს.-დ. ფრაქციის შესწორებისა? შესწორება მიღებულია და მაშასადამე, პირველ მუხლიდან ამოიშალება სიტყვები (კითხულობს) და მეორე მუხლად ჩაემატება შემდეგი (კითხულობს), გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს. მუხლი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მთლიანად დეკრეტისა?

დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა საფინანსო კომისიას.

ახლა გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

სოც.-დემ. და .-. ფრაქციის განცხადებანი.

მდივანი. (კითხულობს) „სოც.-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა არჩეულ იქნეს აგრარულ კომისიაში ე. სირბილაძე და ს. ახმეტელაშვილი. ნაცვლად ლ. კიღურაძისა, რომელმაც უარი განაცხადა, და განსვენებულ რ. ჩიხლაძისა.

2. იმავე ფრაქციისა: „ფრაქცია წინადადებას იძლევა არჩეულ იქნეს თვითმმართველობის კომისიაში კ. პანიევი, ნაცვლად ი. ჭავჭანიძისა, რომელმაც უარი განაცხადა.

სოც.-დემ. ფრაქციის მდივანი გ. ფაღავა.

3. სოციალ-რევოლიუციონერთა: „დამფუძნებელ კრების სოც.-რევოლიუც. ფრაქციას აქვს პატივი გაცნობოთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში იგზავნება გრიგოლ ნათაძის ნაცვლად ილია ნუცუბიძე.

სოც.-რევოლიუც. ფრაქციის თავმჯდომარე ლ. შენგელაია.

მდივანი გ. ნათაძე“.

თავმჯდომარე. სხდომას ვხურავ.

სხდომა ნაშუადღევის 2 საათსა და 15 წუთზე იხურება.

6 ოცდამეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი. ივნისის 10. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ალექსანდრე ლომთათიძე და

კონსტანტინე ჯაფარიძე

სხდომა იწყება შუადღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

მდივანი. (კითხულობს). 1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - საქონლის ჭირთან საბრძოლველად 1.500,000 მან. გადადების შესახებ. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. ფინანსთა მინისტრის პროექტი დებულებისა - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი 1915-1917 წ.წ. საერობო ხარჯთ-აღრიცხვის გაგრძელებისა. გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობისა, მმართველობის და საბიუჯეტო-საფინ. კომისიათ.

4. ფინანსთა მინისტრის პროექტი სახელმწიფოს 1919-1920 წ.წ. შემოსავალ-გასავლის აღრიცხვისა. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - დაზარალებულ მეომართა და იმათ ოჯახების დახმარების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი - ტფილისის ქალაქის თვითმმართველობის 10 მილიონი მანეთის სესხის მიცემის დეკრეტისა.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საშუალო სასწავლებელთათვის არსებულ ავანსის გადიდების შესახებ.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა. პირველ-დაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების მოწყობის შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისის საგანგებო სასამართლოს შტატის დამტკიცების შესახებ.

6. დეკრეტის პროექტი საზღვარ-გარედ ვაჭრობის საქმის მოსაგვარებლად საჭირო ხარჯისათვის 2 მილ. მანეთის კრედიტის გახსნისა.

7. დეკრეტის პროექტი - მთავრობის განკარგულებაში 1919-1920 წლის ბიუჯეტის პროექტით აღრიცხულ ჯამის 1/2 ნაწილის გადადებისა.

8. დეკრეტის პროექტი მთავრობის განკარგულებაში ოცი მილიონი მანეთის გადადებისა - ადგილობრივი საქონლის დამზადებისათვის უცხოეთში გასატანად და უცხოეთიდან საქართველოში საქონლის შემოსატანად.

9. დეკრეტის პროექტი - დამფუძნებელი კრების წევრის გასამრჯელოს გადიდებისა.

წესრიგის დამტკიცება და საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა წესრიგის შესახებ? მსურველი არავინაა. მაშასდამე დღიური წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხი გახლავთ - საბოლოო ტექსტი დაზარალებულ მეომართა და იმათ ოჯახების დახმარების კანონებისა. მომხსენებელია ქ. სოლოღაშვილის ასული. გთხოვთ მობრძანდეთ.

ოლღა სოლოღაშვილისა (კითხულობს კანონის საბოლოო ტექსტს, რომელიც კრების მიერ იქნა დადასტურებული. ამავე ორატორის მოხსენებით დამტკიცებულ იქნა ტექსტი დღიურ წესრიგის მე-2 მუხლში აღნიშნულ დეკრეტისა).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი -

კანონ-პროექტი საშუალო სასწავლებელთათვის არსებული ავანსის გადიდების შესახებ

მომხსენებელია კრების წევრი ივ. ჭავჭანიძე.

ივ. ჭავჭანიძე (ს.-დ. მომხსენებელი). მოქალაქენო, კანონი, რომელსაც ეხლა მე მოგახსენებთ, შეეხება საშუალო სკოლის ავანსს, სამეურნეო ხარჯების დასაფარავად. ყველა სკოლებს ჰქონდა წინასწარი ავანსი სამეურნეო ხარჯებისათვის, რომელიც სკოლას ხშირად აქვს და ამ ხარჯების დაფარვა უნდა. და სწორედ იმისთვის, რომ ხაზინიდან მას ეძლეოდა 150.000 მანეთი, მაგრამ ასეთი ავანსი დღევანდელ პირობებში, მოგეხსენებათ წინასწარ ხარჯების გაღება არ შეიძლება, დღეს ეს თანხა ისეთი მცირე არის, რომ თუ არ გადიდდა, საშუალო სკოლის მდგომარეობა ძალიან ცუდი იქნება. სამინისტროს ამის გამო, ზოგიერთ სკოლების შუამდგომლობა მოუვიდა, განსაკუთრებით საოსტატო სემინარიისა, რომელსაც არავითარი სპეციალური საშუალება არა აქვს. აქ მოწაფენი სწავლის ქირას აღარ იხდიან, მაშასადამე სასწავლო ხარჯები ხაზინას ადევს, და ყველა ხარჯები, რომელიც აწევს, ყოველი კაპეიკი, ხაზინიდან უნდა იყოს გაღებული. ასეთ შემთხვევაში ამ სასწავლებელს უხდებოდა მიეღო 150 მანეთი, და რომ სასწავლებელი არ დარჩენილიყო ამ უკიდურეს მდგომარეობაში, რომელშიაც არის დღეს, განათლების სამინისტროს წინადადება შემოაქვს, რომ ეს ავანსი იქნეს გადიდებული 1.000 მანეთით და ამ კანონ-პროექტის შინაარსი ეხლა სწორეთ ის გახლავთ, რომ ეს არსებული 150 მანეთი გადიდებული იყოს 1000 მანეთათ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. მუხლობრივი განხილვა მიღებულია და შემდეგ სხდომაზე მოგეხსენებათ. შემდეგი კანონ-პროექტი - (ზოგადი) განხილვა

კანონ-პროექტისა პირველ დაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების მოწყობის შესახებ.

მომხსენებელი თევ. კიკვაძე და მეორე გრიგოლ ნათაძე. სიტყვა ეკუთვნის პირველ მომხსენებელს თევ. კიკვაძეს.

თევდორე კიკვაძე. (ს.-დ.) ბატონებო მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უნდა შემოვიღოთ პირველ დაწყებითი, სავალდებულო და უფასო სწავლება. საამისო გეგმა უკვე მზად აქვს სამინისტროს. სამინიტრო ფიქრობს, რომ მომავალი სასწავლო წლისათვის, ის საქმის ნაწილის განხორცილებას უნდ შეუდგეს. მაგრამ ამ ახალი სკოლებისათვის საჭიროა მასწავლებლები, ვინაიდან ჩვენ ძველ სკოლებშიაც საკმაო მასწავლებლები არა გვყავს, ამის გამო ზოგიერთი სკოლები დაკეტილი არის, და სწავლა არ სწარმოებს. ახალ სკოლებისთვის მასწავლებლების მოსამზადებლად საჭირო არის გაიხსნას კურსები. ეს კურსები იქნება ორთვიანი, და ორ თვის განმავლობაში უნდა მომზადდეს ახალგაზრდობა, რომელსაც შეეძლება სკოლაში სწავლება. რა თქმა უნდა, ორთვიანი კურსები ვერ მოამზადებს ისეთ მასწავლებლებს, რომელნიც სავსებით აკმაყოფილებენ სკოლის მოთხოვნილებას, მაგრამ, დღეს ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს და ჯერჯერობით ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს კურსები უნდა მოეწყოს სხვა და სხვა ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში და შეიძლება სხვაგანაც. კურსები გამოანგარიშებული არის 250 მსმენელთთვის. მსმენელები იქნებიან, როგორც ქართველები, ბერძნები, ისე მუსლიმანები, ვინაიდან ჩვენში არის ქართული, ბერძნული და მუსლიმანთა სკოლები. რა თქმა უნდა, მსმენელთა უმეტესი ნაწილი იქნება ქართველობა, რადგანაც ქართული სკოლა ყველაზე მეტია. კურსებზე ასწავლიან შემდეგ საგნებს: პედაგოგიკას, დიდაკტიკას.... (კითხულობს...) კურსების გასხნა მოითხოვს ხარჯებს: თვითევული მსმენელზე ნაანგარიშევია 600 მანეთი თვიურად. კურსებს ესაჭიროება ლექტორები, რომელთაც უნდა მივცეთ 600 მანეთი. თვიურად მთელი ხარჯები იქნება შემდეგი: მსმენელი 250. თითოეულს ორ თვეში 1200 მანეთი, სულ 300.000 მანეთი. მოულოდნელი ხარჯები ნაანგარიშევია 10.000 მანეთი. მაშასადამე მთელი ჯამი შეადგენს 334.000 მანეთს, რაც უნდა გავიღოთ ახლა, რომ კურსების გასხნა არ დაგვიანდეს. ამიტომ კომისია აძლევს წინადადებას დამფუძნებლ კრებას, რომ ეს ხარჯები იყოს გაღებული და კურსები მოწყობილი ამა ივნისის ათიდან.

თავმჯდომარე. მეორე მომხსენებელი.

გრიგოლ ნათაძე. (ს.რ.) საფინანსო და საბიუჯეტო კომისია სრულიად ეთანხმება იმ დადგენილებას, რომელიც გამოიტანა ამ კანონ-პროექტის შესახებ განათლების კომისიამ იმ სახით, რა სახითაც მოგხსენდათ, ვინაიდან ვიღებთ რა მხედველობაში იმას, რომ ეს კურსები, თუმცა ბევრს ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ მაინც საჭირო არის. - თუმცა ხარჯი დიდია, რადგანაც გადიდებულია კომისიის მიერ, იმასთან შედარებით, რომელიც წარმოადგინა სამინისტრომ, მაგრამ კომისია მაინც დაეთანხმა ამას, რადგანაც თითო მასწავლებელი 400 მანეთად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იცხოვრებს. ეს კანონ-პროექტი, კომისიაში შესვლამდის, განიხილა მთავრობამ და ასეთი შესწორება შეიტანა: თითო მასწავლებლისთვის გადაიდოს 400 მან. და ამ 400 მანეთიდან 200 მან. გაიღოს ხაზინამ და 200 მ. ერობამ. კომისიამ მიაქცია ამას ყურადღება და დაადგინა, რომ თითო მასწავლებელს უნდა მიეცეს 600 მანეთი, როგორც განათლების კომისიამაც გადასწყვიტა და არა 400-სი, მაგრამ მიიღო რა მხედველობაში, როგორც მთავრობის, ისე განათლების კომისიის მოსაზრებანი, საფინანსო კომისიამ ხარჯის განაწილება ასე განსაზღვრა: ერობას დაეკისროს ის, რაც განზრახული იყო მთავრობის პროექტით; ესე იგი 400 მანეთი გაიღოს ხაზინამ და 200 მანეთი დაეკისროს ერობას. მაგრამ ერობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერობა ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში არის და არამც თუ არ შეუძლიან გაღება ხარჯისა, პირიქით შეიძლება მთავრობას სთხოვოს დახმარება. ამიტომ საფინანსო კომისიამ გადასწყვიტა ეს თანხა ვალად დაედოს ერობას და როდესაც შესძლებს მაშინ გადაიხადოს; ჯერჯერობით კი ხაზინამ გაიღოს ეს ხარჯები. საფინანსო კომისია ამ პატარა ცვლილებით კანონ-პროექტისა თანახმა არის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ლევან ნათაძეს.

ლევან ნათაძე (ს.-დ.) ჩვენ ფრაქიას მიუღებლად მიაჩნია ის წინადადება, რომელიც საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ შემოიტანა. ჯერ ერთი რომ, სრულიად გამოურკვეველია, რომელ ერობას დაედება ვალად ის მესამედი ნაწილი, რომელზედაც აქ ლაპარაკია. კურსები მოწყობილი იქნება, უეჭველია, თბილისში და ქუთაისში. გამოდის, რომ უნდა დაედოს ვალად თბილისის ან ქუთაისის სამაზრო ერობას. რანაირად უნდა გამოვარკვიოთ ჩვენ, რომელმა ერობამ უნდა გადაიხადოს ეს ვალი. არც შეიძლება ასე ზოგადათ ვსთქვათ: ერობას დაედოს ეს ვალიო. ჩვენ 600 მანეთი არ მიგვაჩნია ისეთ დიდ თანხად, რომ ვაჭრობა დავიწყოთ. რომ შესაძლებელი იყოს გამოანგარიშება - რომელ ერობას რამდენ მასწავლებელს მოუმზადებთ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ეს გამოანგარიშება. მაგრამ, ეხლა ვამზადებთ საზოგადოდ მასწავლებლებს. შესაძლებელია, რომ ამ მასწავლებლების უმეტესი ნაწილი წავიდეს ძალიან ღარიბ და მოუწყობელ ერობებში, უეჭველია, ეს ასეც იქნება, ხომ იცით, რომ საყოველთაო განათლების შემოღების დროს, სწორედ იმ რაიონში გაიხსნება სასწავლებლები, სადაც დღეს ყველაზე უფრო ნაკლები სასწავლებლები არის. უეჭველია, გურიიდან არ დავიწყებთ საქმეს. დუშეთში, ლეჩხუმში, თიანეთში, სწორედ აი ამ მაზრებში გაიხსნება სკოლები პირველ რიგში და სწორედ ამ მაზრებში ერობები მოუწყობელია, სწორედ ამ ერობებს დასჭირდება ბევრი მასწავლებლები. და ყოვლად მიუღებელია, რომ თავიდანვე ასეთი დიდი ვალი დავადოთ იმ ერობებს, რომელნიც ყველაზე მოუწყობელია. ჩვენვე ამ ერობებს ვაწყობთ, და უცბად, ამ ერობებს ვადებთ ვალს კისერზედ თავიდანვე. 600 მან. ჩვენის აზრით (კომისიაშიც იყო ამაზე ლაპარაკი), არ არის ისეთი თანხა, რომ მასწავლებელს, რომელიც მოვა აქ, - ეყოს. მაგრამ, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ 600 მანეთზე მეტს სახელმწიფო ვერ გაიღებს და 600 მანეთის გაღება კი სახელმწიფომ უნდა იდვას თავზე. სახელმწიფო თავს იდებს საყოველთაო სწავლის შემოღებას, ამიტომ მასწავლებლის მომზადებაც აუცილებლად თვით სახელმწიფომვე უნდა ითავოს. ჩვენ ვიცით, რომ ამნაირად მომზადებული მასწავლებლები თავის მოვალეობის სიმაღლეზე ვერ იქნებიან. (ჩვენ ამას მაშინაც ვამბობდით, როცა შარშან კურსებს ვაარსებდით და კიდევ ვამბობთ). ამნაირად მოწყობილი კურსები კარგ მასწავლებლებს ვერ მოგვცემენ. იმ დროს, როცა საყოველთაო სწავლა-განათლების შემოღება არის საჭირო, იმ დროს, თითქმის ყველა ქვეყანაში მიუმართავთ ამნაირ საშუალებისთვის, ასე მოხდა ფინლიანდიაში, შვეიცარიაში, - მათაც დასაწყისში ასე საყველპუროდ მოუმზადებიათ მასწავლებლები. ჩვენი კურსებიც ვერ მოგვცემს კარგად მომზადებულ მასწავლებლებს. მაგრამ მაინც აუცილებელია ამნაირ კურსების დაარსება, რადგანაც უამისოდ განზრახულ სკოლებს ვერ გავაღებთ. მასწავლებლები მომავალ სამოსწავლო წლისთვის მზად უნდა იყვნენ. სახელმწიფომ უნდა ითავოს ამ მასწავლებლების მომზადება, ხარჯებიც სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე. (ს.-რ.) საბიუჯეტო და საფინანსო კომისია ვერ დაეთანხმება იმ შესწორებას, რომელიც შემოიტანა განათლების კომისიის თავმჯდომარემ. განათლების კომისიის თავმჯდომარემ თავისი შესწორება უმთავრესად იმ მოსაზრებით დაასაბუთა, რომ საერთო სწავლა-განათლების ხარჯსაც განსაკუთრებით ხაზინა შემოიღებსო. საპარლამენტო და მთავრობის წრეებში კი უკვე გამორკვეულია, რომ საერთო განათლებაში დიდი მონაწილეობა უნდა მიიღოს ერობამ ისე, რომ სწავლა-განათლებაზე გაწეულ ხარჯში უნდა ერობამაც მიიღოს მონაწილეობა, ეს პრინციპიალურად უკვე გადაწყვეტილი არის. მაშასადამე ეხლა, როდესაც პირველი პრაქტიკული ნაბიჯი უნდა გადავდგათ ამავე გზას უნდა დავადგეთ. ასეთია პრინციპიალური დაყენება საკითხისა და მისი პრაქტიკული მხარე. შეიძლება ერობამ ვერ გაიღოს ის თანხა, რომელიც ამ კანონ-პროექტით მას ეკისრება, შეიძლება მთავრობა დაეხმაროს ბოლოს კიდევ ერობას, მაგრამ მაინც საკითხი ასე უნდა დავაყენოთ. კანონში უნდა ნათლად იყოს აღნიშნული, რომ ერობა იღებს მონაწილეობას სწავლა-განათლების გაფართოვებაში თავისი თანხით. როგორც ერობათა დაწესებულებანი, ისე ხალხი მიჩვეულია მთავრობის დახმარებას და სულ მას შეჰყურებს ხელში, - მთავრობის დახმარების გარეშე უმწეობას გრძნობს. ეს ჰკლავს ხალხში ინიციატივას და შემოქმედების უნარს. ეხლა მხოლოდ საკითხი იმაშია, თუ რომელი ერობა გადიხდის იმ 100.000 მანეთს, რომელიც სწორედ ამ შემთხვევაში მას ეკისრება. კურსების გახსნა განზრახულია მხოლოდ ორ ქალაქში. ერობა კი ბევრია. როგორ უნდა განაწილდეს ეს ხარჯი? გარდა ამისა ერთ ან ორ ერობას არ შეუძლიან ამ ხარჯების გაღება, მაგრამ სრულიად ადვილია ეს ხარჯები განაწილდეს ყველა ერობათა შორის; როდესაც გათავდება ეს კურსები მუშაობა დასრულდება და მომზადდება კადრი მასწავლებლებისა, თუ რამდენი მასწავლებელი სად წავა, - სამინისტროს უნდა ჰქონდეს ზოგადად მაინც დასახული ეს გეგმა, რადგანაც ახლო მომავლისათვის საერთო განათლებისთვის ქსელი სკოლებისა უკვე მუშავდება. სამინისტრომ შეიძლება დაახლოვებით ეხლავე იცოდეს, სად გაიხსნება სკოლები, სად არის საჭირო უფრო სკოლების გახსნა. შემდეგში ეს საბოლოოდაც გამორკვეული იქნება და მანამდის კი დეკრეტი საშუალებას გვაძლევს, რომ ვადროვოთ ერობას. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ერობამაც ისე მოიმაგროს ზურგი, რომ ვალის გადახდა შესძლოს. აი რა მოსაზრებით დაინახა საფინანსო კომისიამ ხელსაყრელად საკითხის ესე დაყენება. თუ ამ ხნის განმავლობაში ვერ შესძლებს ერობა ამ თანხის გამოღებას, მაშინ სხვანაირად შეიძლება დაისვას საკითხი. ამ გვარად ყოველ მხრივ ესე საკითხის დასმა ხელსაყრელია, როგორც პრინციპიალურად, ისე პრაქტიკულად. ამიტომაც მე მხარს უჭერ იმ დამატებას, რომელიც შემოტანილია საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ.

განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისის დროებითი საგანგებო სასამართლოს შტატის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ფირცხალაიშვილს.

ილია ფირცხალაიშვილი. მოქალაქენო. საქართველოს პარლამენტმა 20 სექტემბერს 1918 წელს მიიღო დებულება რესპუბლიკის დროებით სასამართლოებისა. დროებითი სასამართლოები იქმნა გახსნილი თბილისს, ქუთაისს და სოხუმს. მე-33 მუხლის ძალით ამ დებულებისა, დროებით სასამრთლოები უნდა არსებობდეს სანამ იქნება შემოღებული ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტი. ეს სასამართლო იქნა გახსნილი ქუთაისში, მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალში, აპრილში, მაისში სასამართლოს წევრებს არ მიუღიათ ჯამაგირები, რადგანაც იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდა გახსნილი კრედიტი. ამ კანონ-პროექტით ჩვენ მოვითხოვთ, რომ იუსტიციის მინისტრს გაეხსნას 113.000 მან. კრედიტი, რომ დააკმაყოფილოს სასამართლოს წევრები და აგრეთვე დაკმაყოფილებული იქმნეს კანცელარიის ხარჯები. ეს არის შინაარსი ამ კანონ-პროექტისა, რომელიც წარმოდგენილია იურიდიულ კომისიის მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ საკითხის შესახებ? არავის. კანონ-პროექტის მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.

დეკრეტი საზღვარგარეთ ვაჭრობის მოსაგვარებლად 2 მილიონ მანეთის გადადებისა.

მომხსენებელი . ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. წარმოდგენილი დეკრეტი ეხება 2 მილიონი მანეთის გადადებას - საზღვარ-გარედ ვაჭრობის მოსაგვარებლად. საზღვარ-გარედ ვაჭრობის მოგვარება ჩვენი რესპუბლიკისთვის დღევანდელ სინამდვილეში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენ ეკონომიურ კრიზისს და ფინანსიურ შევიწროებას, რომელსაც ჩვენ განვიცდით. აი ასეთ პირობებში საგარეო ვაჭრობის მოწესრიგება ჩვენთვის აუცილებელი არის. საერთოდ დღევანდელი ჩვენი სპეკულიაცია იმიტომ გადაიქცა ასეთ ქრონიკულ მოვლენათ, რომ საქონელი გარედან არ შემოდის და ამ საქონლის შემოტანის მოწყობა-მოწესრიგება აუცილებელია. ყველა სახელმწიფო აწყობს ასეთ საგარეო ვაჭრობას და სანამ ჩვენ ამ ნორმალურ პირობებში ჩავარდებოდეთ, ასეთი დელეგაციის გაგზავნა აუცილებელია. ჩვეულებრივ პირობებში საკონსულოები აწყობენ საქონლის შემოტანა-გატანას და ამნაირად სწყდება ეს საკითხი ყველა სახელმწიფოებში. ეხლა სანამ ეს არ მოგვიწყვია, ჩვენთვის ასეთი დელეგაციის გაგზავნა საჭიროა. გარეშე ვაჭრობის მოწესრიგება, საერთოდ არსებულ ეკონომიურ პირობებში, ეკონომიურ სიდუხჭირეში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს და ამ სპეკულაციას, რომელიც სულს უხუთავს რესპუბლიკას, გაანელებს, თუ არ მოსპობს სრულიად მაინც. საქონლის გატანა-შემოტანის მოგვარება გამოაჯანსაღებს არამც თუ ეკონომიურად ჩვენს რესპუბლიკას, არამედ ფინანსიურადაც. ჩვენ ვიცით, რომ ერთგვარ ფინანსიურ კრიზისს განვიცდით, ფინანსიური კრიზისის წინაშე ვდგევართ; საჭირო არის, რომ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა გამოსწორდეს; საჭიროა ჩვენმა საგარეო და საშინაო ვაჭრობამ ნორმალური ხასიათი მიიღოს. აი ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფინანსიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, - ეს ფულის კურსის დაცემა, სხვათა შორის, დამახასიათებელია როგორც ბარომეტრი და საზომი, ჩვენი ეკონომიური სიდუხჭირისა. ფულის კურსის ასაწევად საჭიროა საგარეო და საშინაო ვაჭრობის მოწესრიგება. თუ ამგვარად ჩვენი ფინანსიური საქმეები მოვაგვარეთ, საგარეო ვაჭრობა მოვაწესრიგეთ, ჩვენ საშინაო მდგომარეობასაც გავაუმჯობესებთ, ჩვენი ფინანსების საქმეებიც წინ წავა და ცოტად თუ ბევრად ჩვენი ფულის კურსსაც ასწევს. ეს დელეგაცია ჩვენ საშუალებას მოგვცემს საზღვარ-გარეთ კრედიტი გამოგვიძებნოს, ნდობა მოიპოვოს და ამით ჩვენთვის აუცილებელი ვალუტის დაწესების საქმეში დაგვეხმაროს. ჩვენი დელეგაცია შეეცდება გამოგვიძებნოს ყველგან ის საქონელი, ის ფაბრიკატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება. ის კავშირს დაიჭერს ბანკებთან, კაპიტალისტებთან, სხვა და სხვა სავაჭრო დაწესებულებებთან, რომელთაც ასეთი საქონელი მოეძებნებათ. სამაგიეროდ ჩვენი დელეგაცია ეცდება ბაზარი მოუნახოს ჩვენს ნედლ და დამუშავებულ საქონელს, რომელიც მოგვეპოვება და ჩვენი ქვეყნიდან საქონლის გატანასაც ხელს შეუწყობს. განზრახულია დელეგაციის გაგზავნა იტალიაში უპირველესად ყოვლისა, მომავალში სხვა სახელმწიფოებშიაც. ეს დელეგაცია შემდგარი იქნება ექვსი კაცისგან და ის იზავნება მოკლე ვადით - 3 თვით; ეს არის ერთგვარი პირველი ნაბიჯი, პირველი ცდა იმ ნიადაგის შექმნისა და გამონახვისა, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა მოვაგვაროთ, რაც ცოტად თუ ბევრად შეღავათს მოგვცემს, ჩვენს ასეთ უმწეო მდგომარეობაში. ამისთანა პირობებში 2 მილიონის გადადება შედარებით მცირე თანხას შეადგენს, რომელის ამ საქმისთვის ერთგვარ მინიმუმს წარმოადგენს და აუცილებელ საჭირობად მიაჩნია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.) ბატონებო! ჩვენ ფრაქციას ამ დეკრეტის მიღება იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილია, შეუძლებლად მიაჩნია. შუძლებლად მიაჩნია იმიტომ, რომ ამ დელეგაციის მიზანი, რომელიც იგზავნება საზღვარგარეთ არ არის ცხადი და ნათელი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს დელეგაცია მოაწესრიგებს ვაჭრობას საზღვარგარეთო, მაგრამ რა სახით ჩამოყალიბდება, როგორ მოწესრიგდება, როგორი შინაარსი ექნება კონკრეტიულად მათ იქ წასვლას, ამის შესახებ არავითარ პასუხს არ იძლევიან არც განმარტებით ბარათში, არც იმ მოხსენებაში, რომელიც აქ მომხსენებელმა გაგვიკეთა. არ არის დასაბუთებული ის, თუ რა კონკრეტული მიზანი ექნება ამ დელეგაციას.

ასეთი ზოგადი ფრაზები, რომ „დელეგაცია მოაწესრიგებს ვაჭრობა-მრეწველობას“ - არაფერს გვეუბნებიან. ამ მხრივ არაფერს გვეუბნება არც ის, რომ „ჩვენ ეკონომიურ კრიზისს განვიცდით“.

ჩვენ, რომ განვიცდით ეკონომიურ კრიზისს ეს ცხადია, ამაზე საკმაოდ მიგვითითებს ის, რომ ჩვენი დეფიციტი წელს შეგვიძლიან ვივარაუდოთ 18 მილიონი, ესე იგი თითქმის მილიარდი დღევანდელი კურსით. აი, ეს დეფიციტი მაჩვენებლია იმისი, რომ ეკონომიურ კრიზისს განვიცდით. არა მხოლოდ ეკონომიურ კრიზისს, არამედ კატასტროფიულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, რომ საქმე გამოვაკეთოთ, ამისთვის საჭირო არის ერთნაირი გეგმის დასახვა, და ამ გეგმის მიხედვით მოქმედება. თორემ თუ ყოველ კერძო შემთხვევებში უგეგმოთ ვიმოქმედებთ და არ გვექნება გარკვეული გზა და გარკვეული გეგმა, მე მგონია ასეთ ქაოტიურ მოქმედებით ჩვენ ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევთ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ჩვენ ხელმძღვანელ წრეებს, - არავითარი გარკვეული ფინანსიური პოლიტიკა და არავითარი ეკონომიური სისტემა ჩვენს საფინანსო უწყებას არა აქვს. ჩვენ ბევრჯელ მიგვითითებია იმაზე. ჩვენ გვეუბნებიან მომავალში მოწესრიგდებაო, მაგრამ სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გააძრესო. თუ დაგვიანდა, მაშინ არც სისტემა გვიშველის და არც არაფერი. აუცილებლივ საჭირო არის, რომ ჩვენმა ხელმძღვანელ წრეებმა და საფინანსო უწყებამ აამუშავოს თეორეტიული აპარატი, წარმოგვიდგინოს ის გეგმა, და ჩვენ ამისდამიხედვით მოვიქცევით, თუ მოვიწონეთ შეიძლება მივცეთ ფული, მხოლოდ ასე ბრმად კი ჩვენი ფრაქცია ვერ მისცემს ხმას ისეთ დიდი თანხის მიცემას, როგორიც არის ორი მილიონი მანეთი.

კიდევ არის მეორე დეკრეტი, რომელიც თხოულობს თითქმის იმავე მიზნით 20 მილიონს, ერთი დეკრეტი - 2 მილიონი, მეორე დეკრეტი - 20 მილიონი.

მეორე დეკრეტი ლაპარაკობს, რომ დავამზადოთ საქონელი ადგილობრივ და აქედან გავიტანოთო. ერთი და იგივე მიზანი აქვს ორივე დეკრეტს. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ქაოტიური დეკრეტი მიზანს ვერ მიაღწევს. და ამიტომ ჩვენ ფრაქციას არ შეუძლიან მისცეს თავისი ხმა და წინაააღმდეგია ამის, მით უმეტეს, რომ არ ვიცით, რანაირი არის დელეგაციის შემადგენლობა. ამბობენ იგი 6 კაცისაგან შესდგებაო, მაგრამ, ვინ იქნება ეს 6 კაცი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ შედის ამ შემადგენლობაში... (ხმა: მიზანი!) მიზანიც საჭიროა, მაგრამ საქმე იმაშია, ვინ იქნება მიზნის გამახორციელებელი. ერთი კაცი უფრო კარგად განახორციელებს, მეორე გლახათ განახორციელებს ერთსა და იმავე მიზანს. ჩვენთვის საჭირო არის, რომ დელეგაციის შემადგენლობა ვიცოდეთ. ჩვენ კი არ ვიცით ვისგან შესდგება ეს დელეგაცია. მეორე კიდევ, რაც თვალსაჩინო არის ჩვენთვის და პრინციპიალური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ფრაქციისთვის, ეს ის, რომ როდესაც სახელმწიფო იღებს ფულებს, მაშინ როდესაც ვაჭრობა-მრეწველობა მოგვარდება სახელმწიფოს ფულით, ამას უნდა ჰქონდეს ერთნაირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს გასაღება ამ საქონლისა. როდესაც სახელმწიფო გაიღებს ორ მილიონს, ან ოც მილიონს - ვაჭრობა-მრეწველობას მოაგვარებს, მერე ამით ისარგებლებენ კერძო ვაჭრები თავის ჯიბეებს გაასუქებენ. ეს მაინც და მაინც, მე მგონი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ არის მისაღები, იმიტომ, რომ აქ სახელმწიფოს ფული იხარჯება და სახელმწიფომ უნდა მოაწყოს გასაღება ამ საქონლისა, გავრცელება მისი ხალხში.

ამ მხრივ მიუღებელი არის ეს კანონ-პროექტი, რადგანაც არ ვიცით ვინ მიიღებს ამ საქონელს, ვინ გაასაღებს მას, სახელმწიფოებრივ საზოგადოებრივ დანიშნულების მიხედვით, თუ კერძო ხასიათს მისცემენ ამ საქონლის გასაღებას.

ამ მხრივ ეს დეკრეტი ჩვენთვის მიუღებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. ბატონებო! მე მგონი, რომ ეს საკითხი არც ისეთი რთულია, როგორც გაართულა ესერების ორატორმა. აქ ითქვა, რომ ამ საქმისთვის საჭიროა სისტემა ანუ ერთვარი სავაჭრო პოლიტიკი შექმნა და ეს ორი მილიონი ამ მიზნისთვის არა კმარაო. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ყოვლად შეუძლებელია სისტემის შექმნა თუ ამ დარგში არ იქმნა მიღებული რაიმე ზომები.

მიზანი ამ კანონ-პროექტისა ის არის, რომ დელეგაცია წავა მთავრობის დავალებით საზღვარ-გარედ, გაეცნობა ადგილობრივ ბაზარს, გაიგებს ადგილობრივ საქონლის ფასებს, შემდეგ ჩამოვა აქ და შეუდგება სისტემის შემუშავებას. ყოვლად შეუძლებელია, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც არის ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა, ფაქტიურ ბლოკადას განიცდიდეს და არ ზრუნავდეს ამ ბლოკადის გარღვევას. დელეგაციის გაგზავნა ამ მხრივ პირველი ცდაა. სოც.-დემ. ფრაქციას საჭიროდ მიაჩნია ამ დელეგაციის გაგზავნა და ამიტომ მხარს უჭერს ამ კანონ-პროექტს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი მილიონი დღევანდელ პირობებში არც ისეთი დიდი გასავალი არის სახელმწიფოსთვის. ორი მილიონი ჩვენ შეგვიძიან გავიღოთ სახელმწიფოს ხაზინიდან ამ საქმისთვის იმ იმედით, რომ იგი სასურველ შედეგს მოუტანს ჩვენს პატარა სახელმწიფოს. თავისთავად იგულისხმება, რომ დელეგაცია არ იქნება შემდგარი პარტიულ ნიადაგზე. ამ შემთხვევაში მთავრობა ხელმძღვანელობს მხოლოდ საქმიანობის პრინციპით.

თავმჯდომარე. ვის ჰსურს კიდევ სიტყვა? არავის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი ირემაშვილი. სხვათა შორის, სოციალ-რევოლიუციონერების წარმომადგენელმა გეგმა მოითხოვა, ერთგვარი გარკვეული გეგმა ფინანსიური, ეკონომიური, რომლის მიხედვით უნდა იყოს წამოყენებული სხვა და სხვა ზომები. მე შევეკითხები ორატორს, შეუძლიან მას თუ არა წარმოადგინოს ამ ჟამად ერთგვარი გარკვეული ფინანსიური, ან ეკონომიური პოლიტიკა, რომლის განხორციელება შეიძლებოდეს. შექმნილ საერთაშორისო პირობებში საერთოდ, რომელშიაც ყოველი სახელმწიფო მოექცა, ამ ჟამად ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, რომ მათ არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ ამ შემთხევევაში გარკვეული ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა. და თუ გაარკვევენ ამას მომავალში, ისეც საჭიროა; მით უმეტეს ისეთ პატარა სახელმწიფოსთვის, რომელსაც ახლად ვაწყობთ ასეთი გარკვეული წინასწარ განსაზღვრული ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა, რომელშიაც მთელი რიგი ზომებისა იქნება ჩამოთვლილი, ამის ეხლავე გათვალისწინება ყოვლად შეუძლებელია იმ პირობებში, რომელშიაც ვცხოვრობთ. მაშასადამე ასეთი გეგმის მოთხოვნა შეუძლებელია და არა მთავრობას არ შეუძლიან წარმოადგინოს იგი. მხოლოდ როგორც ცხოვრება და საერთოდ პრაქტიკა გვიჩვენებს, იმის მიხედვით ვთხოულობთ ასეთ ზომებს და ვამბობთ ორი მილიონის გადადება და ასეთი დელეგაციის გაგზავნა, ასეთი პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ერთგვარ შეღავათს მოგვცემს და საქონლის სიმშილს გაანელებს, და იმ მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ განვიცდით გაგვიადვილებს. სხვათა შორის, აქ ითქვა, რომ სახელმწიფო არ ცდილობს ვაჭრობის და მრეწველობის მოგვარებასო. მე გარწმუნებთ, რომ სწორედ სახელმწიფო არის დაინტერესებული იმაში, რომ ვაჭრობა და მრეწველობა, როგორც საშინაო ისე საგარეო, მოწესრიგდეს და მოგვარდეს მთელ სახელმწიფოსთვის და მთელი მცხოვრებლებისთვის და არა ერთი და ორი კაცის ჯიბეების გასავსებად. ამ შემთხვევაში ეს დეკრეტი სრულიად მისაღებია და ასეთი პატარა თანხის გადადების შესახებ ამისთანა პრაქტიკულ მიზნისთვის, იმაზე კამათი ზედმეტად მიმაჩნია. (დეკრეტი მუხლობრივ კენჭისყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

პროექტი დეკრეტისა მთავრობის განკარგულებაში 1919 და 1920 წლის ბიუჯეტის პროექტით აღრიცხულ ჯამის ერთი მეთორმეტის ნაწილის გადადებისა.

მომხსენებლი გახლავთ კრების წევრი სიმონ მდივანი.

სიმონ მდივანი. (ს.-ფ. მომხსენებელი) დამფუძნებელი კრების წევრნო! დღეს თქვენ მოგახსენეთ, რომ საფინანსო სამინისტროს მიერ შედგენილი რესპუბლიკის ხარჯთ-აღრიცხვა გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

ამ პროექტის განხილვას, რასაკვირველია, დასჭირდება რამდენიმე თვე და მანამდის კი აუცილებელ საჭიროებას შეადგენს, რომ მთავრობის განკარგულებაში იყოს რამოდენიმე თანხა მიმდინარე ხარჯების, ან ხარჯთ-აღრიცხვის ნავარაუდევ ხარჯის დასაფარავად. 31 იანვრის კანონის ძალით, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო წელი იწყება 1-ლ ივნისიდან და თავდება 31 მაისს. იმავე კანონის ძალით გაუქმებულია ყოველი შეღავათიანი ვადები კრედიტების სარგებლობისა. შემდეგ იმისა, როდესაც ეს კრედიტები დაიხურება.

ამისდა მიხედვით იმავე კანონის ძალით, იყო გაღებული, დაკანონებული პარლამენტის მიერ 28 1/2 მილიონი მანეთი და თან კიდევ ზედმეტი კერძო, სეპარატიულად შემოტანილი, ხარჯთაღრიცხვები მთავრობის განკარგულებაში. მაგრამ ოცი მაისის კანონით ეს იყო მხოლოდ პირველ მაისამდის. მაისიდან ჩვენ მთავრობის განკარგულებაში არ იყო კრედიტი. ამისთვის დამფუძნებელმა კრებამ 20 მაისს მიიღო კანონი, რომლის ძალით გაგრძელდა მაისის პირველიდან 31-ის კრედიტები, რომელიც 31 იანვრის კანონის ძალით იყო დაკანონებული. დღეს ყველა ეს დასრულებულია. მაგრამ 31 იანვრის კანონის ძალით თებერვლის 15 უნდა შემოსულიყო ბიუჯეტი. მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო 15 თებერვალს არ დასრულდა ბიუჯეტი და დასრულდა მხოლოდ დღეს.

რადგანაც დღეს საჭიროა ეს კრედიტი გაეხსნას მთავრობას, ამისთვის სამინისტრომ განიზრახა დეკრეტის სახით გამოეთხოვა ფულები დამფუძნებელ კრებისგან 1919-20 წლის ბიუჯეტის 1/12 ნაწილი. ამ ბიუჯეტს, რასაკვირველია, თავისი ნომენკლატურა კრედიტებისა აქვს და ყოველ კრედიტის 1/12 ნაწილს ითხოვს. ამ სახით ეს დეკრეტი შემოვიდა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში, მაგრამ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ ვერ იცნო მიზანშეწონილად გადაიდოს 1/12 იმ ბიუჯეტისა, რომელსაც ჯერ საბიუჯეტო-საფინანსო კომისია არ არის გაცნობილი, არსებითად არ არის განხილული. მაშასადამე ვერც 1/12 ნაწილს გადასდებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია.

ამისთვის ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ეს წესი დაგვეტოვებინა, რომელიც იყო ნაგულისხმევი 31 იანვრის კანონის მიერ. ამ კანონში კი ეს იყო ნავარაუდევი. ყველა სახელმწიფოებრივი დაწესებულება რესპუბლიკისა იყო ჩამოთვლილი და ამ დაწესებულებისათვის იყო ნავარაუდევი განსაზღვრული თანხა და ამ თანხის ჯამი იყო შემდგარი და ამრიგად მიეცა 31 იანვრის მთავრობას უფლება ამ კრედიტების სარგებლობისა. აი ეს წესი მიიჩნია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უფრო მიზანშეწონილად და მიიღო უკანასკნელი ჯამი 65,827,720. და რასაკვირველია, როდესაც ასეთ ნუსხით ჩვენ ვაძლევთ კრედიტებს, არ შეგვიძლიან არსებითად განვსაჯოთ თუ როგორ განაწილდება ეს კრედიტები ყოველ დაწესებულების შორის, აძლევს ყოველი დაწესებულება თუ არა ამ თანხას, რომელიც არის ამ დაწესებულების შესანახად გადადებული. მაგრამ ეს არის საკითხი სამინისტროსი და სამინისტროს შეუძლიან გაანაწილოს ეს თანხა იმისდა მიხედვით თუ, როგორ არის ის ნავარაუდევი საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვაში. ამისთვის საბიუჯეტო-საფინანსი კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას მიიღოს ეს პროექტი დეკრეტისა, და ამ დეკრეტის ძალით გადასცეს მთავრობის განკარგულებაში 65 მილიონი მანეთი ყოველთვიურად. ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდება არა ნაკლებ სამი თვისა, ამისთვის ვადა არის ნავარაუდევი პირველი სექტემბერი, ესე იგი ყოველთვიურად 1 სექტემბრამდი. ივნისის, ივლისის და მარიამობისთვის განმავლობაში მთავრობას ექნება თავის განკარგულებაში 65,827,720 მანეთი.

თავმჯდომარე. ვის ჰსურს სიტყვა? არავის. გთხოვთ წაიკითხოთ. (მომხსენებელი კითხულობს).

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ დეკრეტის პროექტი მთავრობის განკარგულებაში ოცი მილიონი მანეთის გადადებისა, ადგილობრივი საქონლის დამზადებისათვის უცხოეთში გასატანად და უცხოეთიდან საქართველოში საქონლის შემოსატანად. მაგრამ შემოტანილი გახლავთ წინადადება - დეკრეტი მოიხსნას და გადაეცეს საბიუჯეტო კომისიას. ვის ჰსურს ამის წინააღმდეგ? სიტყვა არავის სურს. ეს დეკრეტი მოხსნილია და გაეგზავნება უკან საფინანსო კომისიას. შემდეგ გახლავთ პროექტი დეკრეტისა დამფუძნებელ კრების წევრების გასამრჯელოს გადიდებისა. მაგრამ შემოტანილი არის წინადადება სოც.-დემოკრ. ფრაქციის მიერ, რომ ეს დეკრეტი იყვეს დღიურ წესრიგიდან ამოღებული და გადაეცეს საბიუჯეტო კომისიას. აგრეთვე არის მოთხოვნილება საფინანსო კომისიის თავმჯდომარისა ბატონ თოფურიძისა. ვინ არის წინაააღმდეგი? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბატონ ასათიანს.

ალ. ასათიანი (ნ.-დ.). საქმე იმაშია, რომ როდესაც საფინანსო კომისია რომელიმე დეკრეტს, ან კანონ-პროექტს წარმოადგენს და ეს მოხსენდება მოსახსნელად დამფუძნებელ კრებას, ამის მოხსნა ორიოდე სიტყვით განმარტებულ უნდა იყოს. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა, როგორც პირველი, ისე მეორე დეკრეტი, პირველი დეკრეტი მან განიხილა ორჯერ, და რამდენიც უნდა დაუბრუნოთ, ისევ გამოგზავნის თუ რაიმე მიზეზს არ ეტყვით, თუ რატომ დაუბრუნეთ ეს კანონ-პროექტი კომისიას.

მე მგონია, რომ არსებითად უნდა განვიხილოთ და მიზეზი ამის დაბრუნებისა გამოირკვევა.

თავმჯდომარე. ვის ჰსურს სიტყვა საწინააღმდეგოდ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ არსენიძეს.

რაჟდ. არსენიძე. აქ ორი დეკრეტი მოიხსნა. პირველი დეკრეტის შესახებ არაფერი არ ითქვა. მეორე დეკრეტის შესახებ კი განაცხადეს, რომ მიზეზი გამოურკვეველია. მიზეზი ის გახლავთ, რომ როდესაც შეადგენენ რაიმე პროექტს, იგი უნდა იყოს დაკავშირებული დანარჩენ მუშაობასთან დამფუძნებელ კრებისა. ამ ჟამად საკითხი შეეხება მარტო დამფუძნებელ კრების წევრების გასამრჯელოს გადიდებას. მაგრამ არის ერთგვარი დამოკიდებულება დანარჩენ ბიუჯეტის საკითხთან, ვინიდან გასამრჯელოს ჯამაგირის მომატება იწვევს მომატებას ხარჯებისას ყველა დანარჩენ დარგებშიაც.

ყველა ეს კითხვები არ არიან გამორკვეულნი. ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მოსაზრება და არავითარი აზრი არც კომისიაში, არც მოხსენებაში და არც განმარტებით ბარათში არ არის აღნიშნული; ცხადია, ასე ზერელეთ მიღება ასეთი ნაწილობრივ კანონისა, ჩვენ მიგვაჩნია მიუღებლად, რადგანაც იგი შეიძლება შემდეგ თავს დაგვაწვეს ტვირთად. აი ამ მოსაზრების გამო ყოვლად შეუძლებელია ასე გადავწყვიტოთ.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ დეკრეტი დაუბრუნდეს საბიუჯეტო კომისიას? დეკრეტი მოხსნილი გახლავთ. ეხლა გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე კრებას დახურულად აცხადებს 3 საათსა და 15 წუთზე. 119

7 მეოცდაექვსე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, პარასკევი, ივნისის 13. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

ექვთიმე თაყაიშვილი,

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 35 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ, კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

მდივანი. დღიური წესრიგის მოხსენებამდე ნება მომეცით წავიკითხო კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტების ნუსხა.

1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწის კანცელარიასთან ქუთაისში არქივის დაარსებისა და შტატის შემოღებისა. გადაეცა ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - საზღვარგარედ ვაჭრობის მოსაგვარებლად საჭირო ხარჯისთვის ორი მილ. მან. გადადების დეკრეტისა.

მომხსენებელია ან. სოლოღაშვილის ასული.

2. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფოს დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.270 მან. გადადების დეკრეტისა.

მომხსენებელია ან. სოლოღაშვილის ასული.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა - უქმე დღეების რიცხვის შემცირების კანონ-პროექტისა.

მომხსენებლებია გერ. მახარაძე და ილ. ფირცხალაიშვილი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა - სასინჯაო სამმართველოს კანონ-პროექტისა.

მომხსენებელია ალ. ასათიანი.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა - საზომ-საწონთა პალატის კანონ-პროექტისა.

მომხსენებლია ალ. ასათიანი.

6. დეკრეტი - ჯართა ნაწილებიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომებისა. მომხსენებელია ზაქ. გურული.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა მთავარი საბაჟო სამმართველოს და ფოთის და სოხუმის საბაჟოების შტატების გადიდების შესახებ.

მომხსენებელია დავ. შარაშიძე.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? დღიური წესრიგი მიღებული გახლავთ.

საბოლოო ტექსტები

პირველი საკითხი გახლავთ:

საბოლოო ტექსტი საზღვარგარეთ ვაჭრობის მოსაგვარებლად საჭირო ხარჯისთვის ორი მილიონი მანეთის გადადების დეკრეტისა.

მომხსენებელი გახლავთ ანნა სოლოღაშვილის ასული.

(ანნა სოლოღაშვილის ასული. მომხსენებელი, კითხულობს საბოლოო ტექსტს. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის. იმავე ორატორის მოხსენებით აგრეთვე მიღებული იქმნა საბოლოო ტექსტი - სახელმწიფოს დაწესებულებათა შესანახად თვიურად 65.825.270 მანეთის გადადების დეკრეტისა.)

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი.

მეორე მუხლობრივი განხილვა უქმე დღეების რიცხვის შემცირების კანონ-პროექტისა.

მომხსენებლებია ბ. მახარაძე და ფირცხალაშვილი.

სიტყვა ეკუთვნის პირველ მომხენებელს, კრების წევრს ბ. მახარაძეს:

. მახარაძე. (კითხულობს დეკრეტს) აი ასეთი არის ეს კანონი, რომელსაც შრომის კომისიის სახელით ჩვენ ვუდგენთ დამფუძნებელ კრებას.

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოტანილი ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. თქვენ შესწორებისთვის გნებავთ სიტყვა? (ასათიანი ადგილიდან: დიახ!) სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. ასათიანს.

ალექს. ასათიანი. (ერ.-დემ.)

ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება პირველ მუხლში შემდეგი არის: პირველ მუხლში შემდგომ სიტყვებისა: „შემდეგი უქმეების“ სრულიად გამოტოვებულ იქნეს ბოლომდე, ხოლო ამის ნაცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი სიტყვები: „მუშათა ინტერნაციონალის და რუსეთის რევოლიუციის პირველი დღე“.

როგორც კანონ-პროექტის არსებითი განხილვის დროს მოგახსენეთ, ჩვენ პრინციპიალურად არაფერი არ გვაქვს საწინააღმდეგო, რომ უქმეები, როგორც საეკლესიო ისე სამოქალაქო, რაც შეიძლება შემცირდეს. ვინაიდან, რაც კი რესპუბლიკაში შრომის ნაყოფიერებას გააძლიერებს, ჩვენ ყოველთვის მხარს დაუჭერთ. მაგრამ, მე მგონია, ამ ჟამად მხოლოდ ორი უქმე შეიძლება იქნეს ამოშლილი უქმეების რიცხვიდან. ეს არის სამოქალაქო უქმები, რომელიც მეტად ნაჩქარევად დავაწესეთ და გავხადეთ სავალდებულოდ მთელი ქვეყნისთვის. როგორც დაწესება ამ უქმეეებისა ისევე იმათი ამოშლა არ გამოიწვევს დიდ უთანხმოებას ხალხში და არ გამოიწვევს ამაზე დიდ ლაპარაკს. (მგელაძე: არ გამოიწვევს ლაპარაკს, როცა ინტერნაციონალიზმზეა ლაპარაკი? ამას თქვენ ნახავთ!). (თავმჯდომარე: უკაცრავად, გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ!) მხოლოდ რაც შეეხება იმ უქმეებს, რომელნიც დაკანონებულნი არიან საუკუნეების განმავლობაში, რომელნიც შეთვისებულნი არიან ხალხის მიერ, ერის უმრავლესობის მიერ, ასე ნაჩქარევათ მათი ამოშლა სრულიად არ შეეფერება ჩვენ საკანონმდებლო მუშაობის სიდინჯეს და სიდარბაისლეს, რომელიც ჩვენ არასოდეს არ უნდა გვტოვებდეს. მოსალოდნელია ჩვენ მოვახდინოთ შემოკლება, მაგრამ არა იმ წესით, რომელიც არის განზრახული, არამედ სულ სხვა გზით. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ უწყებასთან, იმ ეკლესიასთან, რომელმაც ეს უქმეები დააკანონა თავის მრავალ საუკუნოვან მოღვაწეობის განმავლობაში. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ რამდენიმე ამ უქმეებიდან, საეკლესიო უქმეებიდან, მხოლოდ უკანასკნელ ხანებში იყო შემოღებული, უთუოდ საეკლესიო უწყება არ იქნება წინააღმდეგი, რომ რამდენიმე უქმე იყოს ამოშლილი, ამოღებული და მომავალში სავალდებულო არ იყოს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამორჩევა იმ უქმეებისა, რომელნიც არის ეკლესიისთვის აუცილებელი, რომ დარჩეს და რომლების მოსპობა შეუძლებელია, ეს მე მგონია, ჩვენ ასე ნაჩქარევად არ უნდა მოვახდინოთ და უნდა მივანდოთ იმ უწყებას, რომელიც კომპეტენტურია და რომლის აზრს დამფუძნებელმა კრებამ უთუოდ ანგარიში უნდა გაუწიოს, ვინაიდან ამ აზრს უწევს ანგარიშს ქართველი ხალხი, რომელიც ამ უქმეებს უქმობს. აქ ზოგიერთი ათ-თორმეტი დღესასწაულების გაუქმებას ჰფიქრობენ, მაგრამ ჩვენ, რომ ეს მივიღოთ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს მიღებული იქნება ხალხის მიერ. ჩვენ გარწმუნებთ, რომ ის მუშები და მოსამსახურეები, რომლის შესახებ აქ ამბობდენ, რომ იმათი სურვილია ეს უქმეები იყოს შემცირებულიო, დიდი ნაწილი ამ მუშებისა უთუოდ შეეცდებიან, რომ ძველებურად იუქმონ ეს უქმეები. რაც შეეხება სამოქალაქო უქმეებს - ინტერნაციონალიზმს და რევოლიუციის პირველ დღეს, რასაკვირველია, დემოკრატიულ წესწყობილებაში არავინ, არც ერთი მთავრობა არ მოახდენს ძალდატანებას, - ვისაც სურს ეს უქმეები იუქმოს. ასეთი ძალდატანება ჩვენ რესპუბლიკაში არ იქნება. მაგრამ სავალდებულოდ მათი მთელი ხალხისთვის მიჩნევა, არ არის დემოკრატიული ღონისძიება. ამიტომ ჩვენ ვთვლით ჩვენ მოვალეობათ, რომ შემცირება, მივიღებთ რა შემცირების პრინციპს, ამ ჟამად, ამ ნაჩქარევად მიღებულ უქმეების გაუქმებაში გამოიხატოს და შემდეგ ამისა მთავრობამ უნდა მოახდინოს საეკლესიო უწყებასთან შეთანხმება შესახებ საეკლესიო უქმეების შემცირებისა.

თავმჯდომარე. შემოტანილი გახლავთ შესწორება ეროვნ.-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. ტექსტი ამ შესწორებისა ასეთი გახლავთ: „პირველ მუხლში შემდგომ სიტყვებისა: „შემდეგი უქმეების“ სრულიად გამოტოვებულ იქნას ბოლომდე, ხოლო ამის ნაცვლად შეტანილ იქნას შემდეგი სიტყვები: „მუშათა ინტერნაციონალის და რუსეთის რევოლიუციის პირველი დღე». ამას გარდა კანონ-პროექტს დაერთოს კიდევ მეორე მუხლი შემდეგი რედაქციით: „2. დაევალოს მთავრობას საეკლესიო უწყებასთან შეთანხმებით შემუშავება კანონ-პროექტისა შესახებ საეკლესიო უქმეების რიცხვის შემცირებისა“.

ასეთი გახლავთ შესწორება, ზოგადი მსჯელობის დროს, იურიდიულ კომისიის სახელით რომ შემოიტანა კრების წევრმა ფირცხალაიშვილმა. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ფირცხალაიშვილს.

ილ. ფირცხალაიშვილი. შრომის კომისიას აზრად აქვს უქმე დღეებიდან ამოშალოს დიდი პარასკევი. იურიდიული კომისიის აზრია, რომ დიდი პარასკევი დარჩეს. როდესაც ჩვენ არსებითად ვიხილავთ ამ საკითხს, მე ამის მოსაზრება უკვე მოგახსენეთ. მე წინადადება შემომაქვს, რომ ამ კანონ-პროექტში იყოს ამოშლილი სიტყვა „დიდი პარასკევი“.

თავმჯდომარე. პირველ შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე. (ს.-რ.) ამ ერთის შეხედვით მცირე საკითხს, კანონ-პროექტის ვითომ პატარა შესწორებას დიდი პრინციპიალური ხასიათი აქვს. ეს მოგეხსენებათ თქვენც. მე მგონია, ზედმეტი ლაპარაკი ამაზე საჭირო არ იქნება, საქმე ის გახლავთ, რომ დღეს ისეთი გარემოება შეიქმნა ჩვენში, საქართველოში, რომ ორი მხარეა ჩვენი არსებობისა, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - საბედისწერო. ერთის მხრივ - სამშობლო და სამშობლოს დაცვის მიზანი, მეორეს მხრივ - დემოკრატია და დემოკრატიის დაცვის მიზანი. ეს ორი მხარე ჩენი სულისკვეთებისა მჭიდროდ არის დაკავშირებული ინტერნაციონალიზმთან და ისე არიან გადაჯაჭვული და ჩაქსოვილი ერთმანეთში, რომ ერთმანეთის დაშორება შეუძლებელია. ეს ერთი და იგივე ცნებაა, როდესაც გაისმის ბრძოლის ხმა საერთაშორისო მტრის წინააღმდეგ, მაშინ ძნელია გაირჩეს, რომლით რომელი მებრძოლი რით უფრო ხელმძღვანელობს. ჩვენთვის სამშობლო, დემოკრატიზმი, ინტერნაციონალიზმი ერთ მთლიან იდეალად გადაიქცა. ჩვენ ვართ სამშობლოს მოყვარულნი და იმავე დროს ჩვენ ვართ დემოკრატები და ინტერნაციონალისტები. ინტერნაციონალიზმი დაედვა სარჩულად ჩვენს სამშობლოსადმი სიყვარულს და ჩვენი დემოკრატიზმის გარეგანი ფორმა არის სამშობლოს სიყვარულის სახით ჩამოსხმული და ჩამოყალიბებული. როგორც აზრს და ხატებას ფორმას ვერ მოაშორებთ, რადგანაც ფორმა და შინაარსი ერთი და იგივეა, ისე ეს ჩვენი უახლოესი მიზანიც ვერ გაიკვეთება ისე, რომ ფორმა ცალკე იყოს და შინაარსი ცალკე, რასაკვირველია, ყველა მებრძოლს ერთი ფსიხიკა არა აქვს. ერთისათვის შეიძლება სამშობლო იყოს არსებითი მხარე მისი სულისკვეთებისა და მეორისათვის დემოკრატიზმი, მაგრამ დღეს-დღეობით იდეალია ერთი და ყველა ჩვენ განურჩევლად ჩვენი პირადი სულისკვეთებისა ერთი მიზნისათვის ვიბრძვით. ჭურჭელი თუ გატყდა მის შინაარსი დაიღუპება და ჭურჭლის შინაარსი თუ დაიღუპა ჭურჭელსაც ფასი არა აქვს. ასევე ვერ ვიტყვით რა უფრო ძვირფასია დღეს ჩვენთვის, ვინაიდგან ერთი უმეოროდ ვერ იარსებებს დღევანდელ პირობებში. ხოლო თუ ბრძოლის დროს მებრძოლმა მოისურვა იმის ჩხრეკა, თუ ვისთვის რა უფრო ძვირფასია: სამშობლოს სიყვარული თუ დემოკრატიზმი და დაიწყო გაჩაღებულ ბრძოლის დროს წუნიაობა: ეს არ მინდა, ეს მინდაო, - ეს დაქსაქსავს ძალას, დაღუპავს ჩვენ საქმეს.

ისტორიულადაც ასე ყოფილა ჩვენში: ნიადაგი ჩვენი ბრძოლისა ყოფილა დემოკრატიზმი, და, როდესაც ამ გზას ავცდენილვართ, კიდეც დავღუპულვართ. ეს ყველასთვის აშკარაა, იმისთვისაც, ვისაც არა აქვს შესწავლილი ჩვენი ისტორია, მაგრამ ცოტა რამე კი გაუგონია. დემოკრატიული მისწრაფებები და სწორედ მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილება არის საფუძველი ჩვენი კეთილდღეობისა. და დღეს ასეთ ისტორიულ წუთში, როდესაც ასეთი საბედისწერო წუთები გვადგა კარს, განსაკუთრებით ცხადია და აშკარა ეს ჩვენი მდგომარეობა. ასეთ ისტორიულ მომენტში ირკვევა და აშკარავდება ერის არსებობის უმთავრესი აზრი და მისი დანიშნულება. რაც აქამდის დაფარული იყო. დღეს ჩვენი სახე ირკვევა და, ვისაც ამის დანახვის უნარი არა აქვს, ის პოლიტიკურ მომენტს ალღოს ვერ აუღებს. თუ აქამდის ზოგიერთისთვის ცხადი არ იყო ეს, ეხლა ცხადია, რომ ჩვენი ნიადაგი, ჩვენი ციხე ბურჯი ინტერნაციონალიზმი და დემოკრატიზმია. ეს არის საშუალება, რითაც ჩვენ სიმპატიას ვიხვეჭთ უცხო ქვეყანაში, რითაც ჩვენ სულში და გულში ვიმაგრებთ უნარს ბრძოლისას, და იმათ ვინც ცდილობს ინტერნაციონალის დღესასწაულის მოსპობას, სურს გამოგვაცალოს ყოველივე უნარი ამ ბრძოლისა, მოგვისპოს სულიერი სიმაგრე იმ საშინელ ბრძოლაში, რომელიც ისტორიამ ჩვენ თავს დაგვატეხა, დაგვინგრიოს ციხე-ბურჯი ჩვენი მხნეობისა, ამას მე ვეძახი დიდ დანაშაულობას, მეტი რომ არა ვსთქვა. მართალია ყველა სოციალისტი არ არის და რა თქმა უნდა, ეს დანაშული არ არის, მაგრამ ამაში არ არის საქმე, საქმე ის გახლავთ, რომ გათვალისწინება მდგომარეობისა თავისებურად მაინც ყველას შეუძლიან, როდესაც გვეგონა, რომ ბრძოლამ შეგვაერთა საერთო ნიადაგზე. ჩვენ გვეგონა, ყველა ჰხედავდა, რომ შენდება რაღაც დიდი, რაღაც დიდებული. და, როდესაც ამგვარი აზრი შემოდის ამ დაწესებულებაში, როგორც ინტერნაციონალის დღესასწაულის მოსპობა, ფიქრობს თუ არა მისი ავტორი, რომ ამის ფეხიდან ნიადაგს აცლის მებრძოლს, სულის სიმტკიცეს უკარგავს, საით გინდათ მაშინ წაიყვანოთ ხალხი, თუ მას სახება დაეკარგება, როგორ გინდათ უპატრონოთ ქვეყანას? ჩვეულებრივი, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარე ქართველი კაცი, რომელიც არც ერთ პარტიას არ ემხრობა, რომელიც სოციალისტი არ არის, ხშირად მინახავს. ამისთანა ტიპი საზოგადოებრივ მოღვაწეებისა ჩვენში ძალიან ბევრია. მე შემიძლიან დავასახელო ბევრი ამგვარი თუ საჭირო იქნება. ისინი ამბობენ: მე სოციალიზმის მომხრე არ ვყოფილვარ თავის დღეში, მაგრამ დღეს სოციალიზმი, დემოკრატიზმი, ინტერნაციონალიზმი - ეროვნული მისწრაფება არის საქართველოსი, დეე იყოს, მე თავს ვიხრი ამის წინაშე, ვიღებ ამას და ბრძოლაში არც ერთ სოციალისტს არ ჩამოვრჩები, ვინაიდან ერი მწამს და სოციალიზმი დღეს ქართველი ერის ეროვნული იდეალია. აი ეს არის ნამდვილი პატიოსანი პატრიოტი სამშობლოსი, არის მოყვარე სამშობლოსი, რომელიც ქედს იხრის არა სხვისი იდეალის წინაშე, არამედ მხოლოდ ქართველი ერის წინაშე, რომელმაც სცნო საზოგადოდ სოციალიზმი; ამაზე ააშენა თავისი ძლიერება და ამით უნდა წარსდგეს ქვეყნიერების წინაშე. თუ ამ ნიადაგზე დავრჩებით, თქვენ დაინახავთ, რომ გამარჯვებული ვიქნებით. ყველა ამ მოსაზრებით მე წინააღმდეგი ვარ შემოტანილ შესწორებისა და სოციალ-რევოლიუციონერების ფრაქციის სახელით პროტესტს ვაცხადებ, რომ ამისთანა წინადადების შემოტანასაც კი ადგილი აქვს ისეთ დაწესებულებაში, როგორიც არის საქართველოს დამოუკიდებელი კრება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მგელაძეს.

ვლასა მგელაძე. (ს.-დ.) დამფუძნებელ კრების წევრნო, მოქალაქენო!

აღელვებული და მასთან დიდი სიამოვნებით ამოვდივარ ამ ტრიბუნაზე, რომელიც მორწყული არის ჩვენი სისხლით, მშრომელი ხალხის ძვლებზე აშენებულია და აქედან გვიჭვრეტს ის და გვეუბნება, როდესაც ვიცავთ ჩვენ აქედან რამე იდეას, - ღირსი ვართ ჩვენ აღგომისა თუ არა?

მე ვამბობ: დღეს აქ გამოსვლა ჩემი, ჩემთვის პირადად და მშრომელი ხალხისთვის მიმაჩნია ისტორიულ გამოსვლათ. აი რატომ: საქართველოს ხალხი და მისი უმრავლესობა, როდესაც ახალ იდეას ითვისებდა, როდესაც ბრძოლის ველზე გამოდიოდა იდეის დასაცავად, მან იცოდა პირდაპირობა, პატივისცემა მოწინააღმდეგისა და თუ მას დაამარცხებდა, მას შესწევდა უნარი საქვეყნოთ ეს ეთქვა უმაღლეს მის ტრიბუნიდან.

ჩვენ გვახსოვს საქართველოს ისტორია, მისი ზოგიერთი წლები. ზოგიერთი წუთები წითელ ძაფით გახლავთ გაბმული. და მე ვსარგებლობ აქ შემთხვევით, რომ ამ წითელ ხაზებს თვალი გავადევნო და დავანახო დამფუძნებელ კრებას და მთელ ქვეყანას თუ რა არის სიტყვა და რა არის საქმე. როდესაც დღეს აქ ბრძანეს, დიახ, როდესაც აქ მოვისმინე მე სიტყვა დამფუძნებელ კრების წევრისა, აქ გაისმა ხმა: „კარგათ ააშენებთ საქართველოს სახელმწიფოს“-ო. დიახ! როგორ ვაშენებთ საქართელოს სახელმწიფოს და როგორ უყურებენ ზოგიერთნი აქ მყოფნი, რა მიაჩნიათ მოვალეობად და რისთვის მიაჩნიათ საჭიროთ ეს აშენება, ამას შევეხები. ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს ვაშენებთ არა იმისთვის, რომ შიგ გაგვიბატონოს ძველი წესწყობილება. ჩვენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ არა იმისთვის, რომ სპეკულანტებმა, ხოშტარიამ დ მისმა დამქაშებმა შესძლონ ჩაუდვან თავისი შინაარსი, არამედ საქართველოს ერის ინტერესი უნდა იყოს ჩაყრილი, იმისთვის ვღვარეთ ჩვენ სისხლი, რომ აქ ინტერნაციონალისტურ ლოზუნგები იყოს გაბატონებული. ნუ თუ თქვენ ეს არ გწმათ? თქვენ აქ არ დარჩებით და ვერც ეს მთავრობა დარჩება იმ შემთხვევაში თუ ის არ იქნება დამცველი ამ ლოზუნგისა.

რისთვის ავიმაღლეთ ხმა, რისთვის შემოვიკრიბეთ ძალა დამფუძნებელ კრებაში და რკინის სალტესავით შემოვერტყით მას? იმისთვის კი არა, რომ თქვენი რეაქციონური ლოზუნგები აქ გაბატონდეს და ამისთვის მოისპოს ინტერნაციონალისტური დღესასწაული პირველი მაისი. მე თქვენ გეკითხებით: ამას ბედავთ აქ, ამის თქმას და შეგიძლიანთ აქ ჩვენ გვერდით იჯდეთ? ჩვენ სისხლი იმისთვის კი არ გვიღვრია, ჭაღარაც იმისთვის არ შეგვირევია ამ ბრძოლაში, რომ მერმე მოხვიდეთ აქ და გაბატონდეთ და გვითხრათ: „მოსპეთ უმთავრესი დღესასწაულიო“. მე ვამბობ: ვერც მთავრობა დარჩება და ვერც დამფუძნებელი კრება, თუ ამ გზას დაადგებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ისტორიულ სიტყვას ვიტყვი: თუ ასე იქნება და საქართველო ასეთ გზას დაადგა, თუ საქართველოს მოევლინა რაიმე საფრთხე, ჩვენ დავანგრევთ კაცობრიობას. ინტერნაციონალიზმი იმისთვის არის სადიდებელი და საღმერთებელი, რომ ის ამსხვრევს ერთ ღმერთს, სჭედავს ახალს და მიდის წინ. თუ გნებავთ დღეს ყველგან და ჩვენშიც ეროვნული მისწრაფებაა, ერის ინტერესი არის წინ წამოყენებული. და ჩვენც ვიბრძვით ამისთვის. ბევრი ჩვენგანი მივეცით ბრძოლის ქარცეცხლს, როგორც ყოველთვის, დღეს ჩვენ ვიბრძვით თავგამოდებით, მაგრამ როგორ ბედავთ იმის თქმას, რომ ინტერნაციონალიზმი არ უნდა იყოსო და ეპოტინებით კიდევ საერთაშორისო ხმას? თქვენ იცით, მოქალაქენო, რა არის ეს დღესასწაული? მე ვყოფილვრ პარიზში, მიმიღია მონაწილეობა, ბასტილიის დღეობაში. ეს არ არის უბრალო დღესასწაულის დღე. ამ დღეს არის საგანგებო მატარებლები დანიშნული, რომ მოვიდეს საფრანგეთის ხალხი პროვინციიდან და იხილოს დიდებული დღესასწაული. თქვენ შეგიძლიათ სთქვათ აი რა გამოსჭედა ფრანგმა, რა ემბლემა, რა იდეა ააშენა. მე გეკითხებით, განა საფრანგეთში რეაქციონერები არ იყვნენ? ჩვენ ვიცით რა დღესასწაული არის ეს დღესასწაული, რა აღფრთოვანება არის, როდესაც მოხუცი ახალგაზრდას ეხვევა და ეუბნება: „ბასტილია დღეის შემდეგ აღარ იქნებაო“. ყველა გაბრწყინებული სახით მონაწილეობას იღებდა ამ დღესასწაულში, ყველა განვითარებული წრეები და ამბობდენ: „დაინგრა ტახტი მზაკვრობისაო“. აი ასეთი არის ეს დღესასწაული და თქვენ კი გამოდიხართ დ ბედავთ და გვეუბნებით, რომ ეს დღესასწაული არ უნდა დარჩეს, რომ ეს უბრალო დღესასწაული არისო. მე არ დავრჩები არც ერთ წუთს დამფუძნებელ კრებაში, არ მივცემ ჩემ თავს ნებას. იმის შემდეგ, რაც ასეთი ლაპარაკი გავიგონე. ჩვენ საქართველოს ვაშენებთ ხალხისთვის: ჩვენ გვაქვს დიდებული დღესასწაულები, ჩვენ მას შინაარსი მივეცით. ჩვენ სისხლი დავღვარეთ და თუ ეროვნულ-დემოკრატებს, სპეკულიანტ ხოშტარიას და სხვებს უნდათ სხვა შინაარსი ჩაგვიდონ, ჩვენ ეუბნებით: ჩვენ ამ დამფუძნებელ კრებას გავრეკავთ. იცით თუ არა ეს? ჩვენ პატივისცემა გვესმის, ჩვენ ძალით არაფერს არ მოგახვევთ. ის დროშა, რომელიც აქ აღიმართა, ხშირად იყო დავიწყებული. მაგრამ ხომ იცით საიდან მოდიოდა ეს დროშა, ხომ იცით ისტორიული ხანა, რომ პირველად ჩვენი ქართული ანბანი გავიგონეთ ფარნაოზის ხანაში. ხომ იცით აღმართული წმინდა ნინოს ჯვარი, რომლითაც მან დაამხო კერპები და მემატიანე სწერს: თითქო ძილისაგან გაგვაღვიძესო. ხომ იცით ღვთისმეტყველება მე-5-6-7 საუკუნეებში? ხომ იცით შემოსევა ლანგთემურის, მურვან ყრუსი? თქვენ იცით ისტორიული გზა, იცით სასტიკი შავი დღეები საქართველოს აოხრებისა? მაგრამ ქართველი ხალხი მუდამ ატარებდა თავის გულში წმინდა ეროვნულ დროშას, არა იმ მოშხამულ სახით, რომელზედაც ამბობდა ჟორესი: მე არ ვადგივარ ველურ საფეხურს სამშობლოს დაცვაშიო. ეს სადავო იყო. ჩვენ არ ვდგევართ ამ ველურ საფეხურზედ, ჩვენ სამშობლოს სიყვარული გვაქვს, იმისთვის ვიბრძვით. ასეთ დროშით გამოვედით, ეს დროშა ქართველ ერმა მოგვცა. დიდ საუკუნოებიდან, მე-10-12 საუკუნოებიდან დღემდის ქართველმა ხალხმა შეგინახათ თქვენ მშვენიერი მუსიკა, აღგიზარდათ მშვენიერი შვილები და როდესაც ქართველი ხალხი გადურჩა ამ ქარ-ცეცხლს, მიუხედავად იმ შავ-ბნელ რეაქციისა, რომელიც აზიაში იყო, როდესაც მე-14 საუკუნეში ჩვენ მოვწყდით ევროპას და დარდანელის შემდეგ მთელი აღმოსავლეთის საქრისტიანო სათარეშო გახდა, ქართველ ხალხმა მოახდინა სასწაული. როდესაც ქვეყანა ანარქიას მოუცავს, ქვეყანა ინგრევა, ის თავის ინტერნაციონალურ დროშით ევროპის წინაშე წარსდგა და დაანახა ის დროშა, რომელზედაც დაწერილი არის: ძმობა, ერთობა და სიყვარული.

ეს არის ჩვენი დღესასწაული, რომელიც არის გაერთიანებული ინტერნაციონალის დღესასწაული, რომელიც მე ვიხილე პარიზში. ბასტილიის აღების დღესასწაულის დროს, როდესაც მთელი მთავრობა მხარს უჭერს მას, მატარებლებს ნიშნავს, რათა საფრანგეთის შვილებმა გაიხაროს ბასტილიის აღების დღესასწაულით. ეს არის ძმობა, ერთობა, ერთობის განმტკიცება და აქ კი ამ ტრიბუნაზე გამოდიან და ეროვნულ-დემოკრატიის სახელით ამბობენ: მოსპეთ თქვენი ინტერნაციონალური დღესასწაულიო. იცით თქვენ, რომ მანამდე მოსპობთ თქვენ ინტერნაციონალიზმს, მოისპობა თვით დამფუძნებელი კრება, სანამ ჩვენ ამ ნებას მივცემთ. ჩვენმა დამფუძნებლმა კრებამ, ჩვენმა მთავრობამ უნდა დაუჭიროს მხარი მშრომელ ხალხს თუ ჩვენ დაგვჭირდება ახალი დროშის, ახალი ისტორიის შექმნა, ჩვენ არ ვიქნებით ისეთი მოწამლული და მოშხამული, როგორ სხვები. ქართველმა ხალხმა მთელ ქვეყანას, ინტერნაციონალს დაუმტკიცა, რომ ერი, რომელმაც გამოიჩინა პირველ საუკუნიდან უკანასკნელ საუკუნემდე თავისი განათლება, თავისი კულტურა და უკანასკნელ დრომდე მოიტანა ის თავისი ელფერი, - საკაცობრიო ისტორიაში შევა, მხოლოდ იმ დროს ეროვნულ-დემოკრატები აქ არ იქნებიან, იმიტომ რომ აქ სპეკულიანტები და ვაჭრები არა ვართ. თუ ეროვნულ-დემოკრატები ამას დაიწყებენ, მაშინ ჩვენი მთავრობა იძულებული იქნება გადადგეს და ჩვენ ჩავაბარებთ პორტფელებს. მაშინ სწორედ აგვიშენებთ ისეთ საქართველოს, ისეთ მართვა-გამგეობას, როგორც თქვენ გინდათ. გლახათ აშენებთ საქართველოს, თქვენ გვითხარით. ჩვენ ვიცით, როგორც აშენებენ ეროვნულ-დემოკრატები, ჩვენ არ გვეშინიან დენიკინის, ჩვენ არ გვეშინიან ინგლისისა, რომელიც აქ მოსული არის, ჩვენ გვეშინიან ინტერნაციონალისა, საერთო დროშისა, და უნდა მოვკვდეთ ისე, როგორც შეეფერება სახელოვან დემოკრატიას. ის გაბედვა, რომელიც აქ იყო, დარწმუნებული ვარ, იქნება პირველი და უკანასკნელი, იმიტომ, რომ ინტერნაციონალური დროშა წაშალა. მაჩვენეთ მთელ ევროპაში, რომელმა კლასმა მოგვცა ძმობა, ერთობა და სიყვარული, ბურჟუაზიამ მოგვცა? ბურჟუაზიამ მოჰკლა სახელოვანი ჟორესი. ბურჟუაზია დღეს ჰხუთავს ყოველივეს. ბავშვები ქუჩაში ყრიან და შიმშილით კვდებიან, და ამ დროს კი ბურჟუაზიას შეუძლია დასტკბეს და იქეიფოს. ჩვენ კი არ შეგვიძლიან, ჩვენ ბრძოლას ვაწარმოებთ, თქვენ კი ამბობთ კოალიციაზე. გამოდიხართ და ამბობთ: რადგანაც კოალიცია გვინდა, თქვენთან ერთად სიარული გვინდა, წაშალეთ ინტერნაციონალური დღესასწაული. მე ფრაქციაში წინააღმდეგი ვიყავი, პატივცემულ ამხანაგს ვებრძოდი ამ კითხვაში. მე ვეუბნებოდი: კაცო, სახელმწიფო გავყავით, ეკლესია და სახელმწიფო. დედა მყავს მოხუცი, დიდ პატივს ვცემ, განა მე უშლი, როდესაც ის ნაწილებს იღებს, ლოცულობს, ხატებს ემთხვევა? ეს მას აქვს სულში, გულში, წავიდეს და ილოცოს (ხმაურობა, სიცილი) მე არ უშლი, არც ის მიშლის. აქ როდესაც მეუბნებიან კოალიციაზედ, ეგ არ იყოს, მე წავშლი აქედგან. ამ იდეას ვებრძვი. მე ადამიანი ვარ: ღმერთები რომ ავაშენე დავამსხვრევ და ახლებს შევქმნი. მე არ მეშინიან. მეხი რომ გავარდება, პირჯვარს იწერენ, ღმერთი არისო. არაფერი არ არის, არის ბრძოლა. არის და იქნება. მე ფრაქციაში პრინციპიალურად წინააღმდეგი ვიყავი. მე ვამბობდი, რომ ეკლესია გამოვყავით, ვისაც უნდა ილოცოს, წაბრძანდეს და სადაც უნდა ილოცოს. ეს რწმენის საკითხი არის. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გავიდა, ფრაქციის მის უმრავლესობამ დამახრჩო. იმდენს ვშფოთავდი, რომ ხანდახან ვერ ვეტევი ხოლმე სკამზე. პატივცემულმა თავმჯდომარემ ბრძანა: გაჩერდით თორემ ქუჩაში გაგაგდებთო. თუ ქუჩაში გამაგდებს იქ ვიქნები და იქ ვებრძვი. (ხმაურობა, სიცილი). იქიდან ხომ ვერ გამაგდებს პატივცემული თავმჯდომარე. (ხმაურობა). ამ ტრიბუნას არ დავანებებ და ვიბრძვი. ბიჭო, ჩემი ამხანაგები დაიხოცნენ, ეს ტრიბუნა დაგვიტოვეს და მეუბნებიან: წაშალე პრინციპი ინტერნაციონალიზმისაო. აბა ბიჭო,რა მაქვს შენთან საერთო, ციმბირში სამშობლოდან გამაგდეს, ერთი თავადიშვილი შემხვდა, რომელიც ამბობდა: სამშობლოდან გამაგდესო. მე მეგონა, ის მიწაზე და ტერიტორიაზე ლაპარაკობდა. ის კი ამბობდა: თეატრში ვეღარ ვივლი, ზურნაზედაც ვეღარ ვიქეიფებ. მე კი თეატრში არ ვყოფილვარ მის დღეში, მაშინ ამის საშუალება არ მქონდა. ვსთქვი, მართლაც, რომ დაუკარგავს ამას სამშობლო, იმიტომ რომ ამას ყველაფერი ჰქონდა და მე კი არაფერი მქონდა. სამშობლო მაშინ ვიგრძენ. დიახ, აღარ დავანებებ არც თავადს, არც ხოშტარიას, არც სხვა ვისმეს. სამშობლო მიყვარს ვიბრძვი იმისთვის. დედა მყავს აქ, დაიც, მხოლოდ ამ დღესასწაულს არ დავანებებ. (ხმაურობა). ჩვენ გვაქვს უდიდესი, უმაღლესი საგანი, ეკლესია უნდა გავყოთ სახელმწიფოსაგან. მე ვიცავდი ამას ფრაქციაში, მაგრამ გავიდა უმრავლესობა რასაც იცავდა. მაგრამ მე ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, თუ ჩვენ ასეთ სიტყვებს გაგვიბედავენ... (ხმურობა, არ ისმის). ჩვენ დავარღვევთ ყველაფერს; ჩვენ გვეუბნებიან სამშობლოზედ, ჩვენ გვაშინებენ დენიკინით; ჩვენ დენიკინისა არ გვეშინიან. იცით, რომ არის კალოუბნის დღესასწაული? თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ დედები თავის ძუძებით კალოს ევლებოდნენ, იმიტომ რომ ბავშვებს ლეწავდნენ. თუ ეს არ იცით, ისტორია შეისწავლეთ და გეცოდინებათ. ეს დროშა, საერთაშორისო დროშა, წაშალეთო და მოიპოვეთ სხვაო! ჩვენ ვერ წავშლით იმ დროშას, რომელიც მოვიტანეთ ფარნაოზის დროიდან. აქამდისინ მოაქვთ ეს დროშა. აუარებელი ხალხი ვართ ამ დროშის გარშემო, რომელიც მივიდა პარიზში, მივიდა ინტერნაციონალში, და ეხლა მეუბნებიან, რომ ნუ იდღესასწაულებთ ინტერნაციონალსაო. ქართველ ხალხს დახვევია ვიღაც სპეკულიანტები, სპეკულიანტები ხომ არ მოუვლიან ამ სამშობლოს. ამბობენ ბოლშევიკები მოვლენო, ხალხს ეტყვიან წადით სახლები ჩამოართვით მდიდრებსაო, გლეხები მიემხრობიან. ბოლშევიკები კი არ არის საშიში, ჩვენ ვართ გლახები და ეს არის საშიში, საშისი ის არის, რომ რატომ ყრია ქუჩაში ბავშვები. სახლები უნდა ჩამოერთვათ და ბავშვები მოვათავსოთ შიგ. ვერავითარი კაცი ვერ მოვა ვერავითარი ბოლშევიკი ვერ მოვა. მაგრამ თუ არავითარ შინაარს არ ჩადებთ აქ, მაშინ როგორც მარქსი ამბობდა დამფუძნებელი კრება კრეტინათ გადიქცევა და გავრეკავთ თქვენ პარლამენტს, თუ ითქვა ამისთანა სიტყვები.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.

ალექსანდრე ასათიანი. (ერ.-დემ.) განცხადება დამფუძნებელ კრების წევრისა - ბატონ მგელაძისა ალბად გაუგებრობაზე არის აშენებული. მას რომ გაეგო ის, რაც აქ იყო თქმული, მაშინ ადგილი არ ექნებოდა მის ასეთს მღელვარებას (მგელაძე: არ მაღელვებს ის, ვისაც არ უყვარს!) და აი რატომ: ჩვენ სრულებით არ ვცდილობთ ინტერნაციონალურ დღესასწაულის მოსპობას. როგორც უდღესასწაულნიათ აქამომდე, ისე მომავალშიაც იდღესასწაულებენ, ამას არავინ არ დაუშლის მათ როგორც ევროპაში, ისე აქაც ჩვენს დემოკრატიულ საქართველოში. ამის წინააღმდეგ არაფერი არ გვითქვამს. ჩვენ მხოლოდ ვამბობთ: სახელმწიფოს უქმეები, სახელმწიფოს დღესასწაული, სახელმწიფოს დროშა - ეს ერთი არის და ინტერნაციონალური, კლასიური უქმე და დროშა - მეორე არის. დამფუძნებელ კრებაში ამის გარჩევა ყველასათვის სავალდებულო უნდა იყოს. არავინ არ მოითხოვს, რომ ინტერნაციონალი არ იდღესასწაულოს ვისაც ეს სურს, მაგრამ ნურავინ ნუ მოითხოვს, რომ კლასიური უქმე იდღესასწაულოს მთელმა ქართველმა ხალხმა. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სწამდეს და უქმად მიაჩნდეს ინტერნაციონალის თუ რუსეთის რევოლიუციის პირველი დღე. თქვენ ვერ იტყვით, რომ ამ ხალხს ეს ინტერნაციონალი უფრო სწამდეს ვინემ ის უქმეები, რომელნიც მას შეუთვისებია მრავალ საუკუნის განმავლობაში, რომელიც დღეს არის მისი ზნე, მისი ჩვეულება. ამიტომ სამოქალაქო უქმეებად უნდა დარჩენ მხოლოდ ახალი წელი და საქართველოს განთავისუფლების, მისი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, როგორც უდიდესი ეროვნული დღე. საეკლესიო უქმეების შემცირების შესახებ კი საჭიროა ეკლესიის დაკითხვა და მასთან შეთანხმება. რაც შეეხება იმ მუქარებს, რომელიც აქ გაისმა და მტკიცება, რომ ამას აქ ვერავინ გაბედავს დღეიდანო, უნდა მოგახსენოთ, რომ რაც სათქმელია, რაც საჭიროა, რომ ითქვას ამას გავბედავთ და ვიტყვით მომავალშიაც, როგორც ეხლა ვბედავთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს.-ფ.) ორი წინადადება არის, პირველი ის, რომ რაც შეეხება საეკლესიო უქმეების დღეებს ეს ვითომ შეთანხმებით უნდა მოხდეს ამ უწყებასთან.

ბატონ ასათიანს დაავიწყდა, რომ დამფუძნებელი კრება არის კანონმდებლობითი კრება, რომელსაც აქვს ხელში უზენაესი უფლება. ნუ თუ ეს ადვილი კითხვა არ არის, რომ ჩვენ აქ ვწყვეტთ სწორეთ ამ საკითხს, რა მივიღოთ, რა დავაწესოთ და რა კანონი შემოვიღოთ. ამისთვის განა საჭირო არის, რომ ვინმეს ვკითხოთ, ეს ხომ შეთანხმება არ არის. (კედია: საკუთარ ჭკუას უნდა ჰკითხოთ) ეს ხომ შემცირება არის იმ უფლებისა, რომლითაც აღჭურვილი არის დამფუძნებელი კრება. დამფუძნებელი კრება ხომ არის გამომხატველი ხალხის სურვილისა და ნებისა, მაშასადამე, რანაირი შემცდარი აზრი არის, სრულიად დაუფიქრებელი აზრი, რომ ამ შემთხევევაში რაიმე უწყებასთან მოვახდინოთ შეთანხმება. ჩვენ არსებითად უნდა შევეხოთ, და ასათიანი არსებითად კი არ შეეხება ამ საკითხს, ის ასე სწყვეტს მ საკითხს: ეკლესიამ ეს საკითხი გადასწყვიტა, ეკლესიას ეს საკითხი ჰსურს მაშასადამე, ბრმად ჩვენ უნდა მივიღოთ და თითქმის ის დასკვნა გამოიტანა, რომ დამფუძნებელ კრებას არ შეუძლიან შეეხოს ამ საკითხს.

მე მგონია რომ ის შემცდარი არის.

ჩემის აზრით ის არის აღმოცენებული შეუძლებლობაზე (გვაზავა: არა მართლა თუ ღმერთი გწამს?).

მეორე საკითხი, მეორე კითხვა ის არის, რომ ვითომ ის უქმეები დამტკიცებულია საუკუნოებით, მაგრამ რაც გუშინ ჩვენ მიგვაჩნდა უქმეთ შეიძლება დღეს ეს აღარ იყოს უქმე და შესაძლებელია, რომ ხალხმა მოითხოვოს სხვა დღესასწაული, და სწორედ დღეს ეს მოთხოვნილება არის, რომ ეს უქმეები ჩვენ არ მივიღოთ. ამისდა მიხედვით მე მგონია, რომ ეს მეორე აზრი მოკლებულია იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენთვის საჭირო არის.

მეორე სიტყვა ბ. ასათიანმა დაამთავრა იმით, რომ სამართლიანობა მოითხოვსო, რომ ამოშლილი იყოს „პირველი დღე რევოლიუციისა, და პირველი დღე ინტერნაციონალისაო“, ვითომ ეს არის სურვილი ხალხისა. საიდან, რა წყარო და საბუთი აქვს ამისი ბატონ ასათიანს, რომ ასე მსჯელობს? პირველი დღე რევოლიუციისა, ვთქვათ, კერძოთ ჩვენთვის, რომ ავიღოთ, ნუთუ იმას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ნუ თუ მართლა უდიდესი დღე არ არის? ბატონ ასათიანმა მიჩვენოს იმითანა უდიდესი დღე, როგორც არის პირველი დღე რევოლიუციისა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ თავისუფლება, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ დამოუკიდებლობა, განა ბ. ასათიანი დამოუკიდებლობას არ სცემს პატივს? სცემს და თუ სცემს, იგი მოვალეა, რომ რევოლიუციის პირველ დღესაც პატივი სცეს, მოვალეობა არის ჩვენთვის, რომ ეს დღე სავალდებულო იყოს, რომ ქართველ ხალხმა ეს შეიგნოს და შეგნებულად მიისწრაფოდეს იმ დღესასწაულისადმი. მისი შრომის შედეგი არის ეს დღე, და ნუ თუ ამ დღეს თითონვე პატივი არ უნდა სცეს, ნუ თუ ეს დღე მისთვის წმინდათა წმინდა არ უნდა იყოს. ნუ თუ არ უნდა გამოაცხადოს, რომ ეს დღე საზეიმო არის, ზეიმით უნდა გატარდეს ეს დღე?! ნუ თუ ეს სავალდებულოა ჩემთვის და სავალდებულო არ არის ბატონ ასათიანისთვის (გვაზავა: 26 მაისს?)

თქვენ გავიწყდებათ ბატონო გვაზავა, რომ ეს 26 მაისი და 12 მარტი დაკავშირებული არის. თუ 12 მარტი არ იქნებოდა, თუ 12 მარტი არ ყოფილიყო, 26 მაისიც არ იქნებოდა. (ტაში).

ნუ თუ თქვენ თხოულობთ, რომ ასეთი მარტივი საკითხი აგიხსნათ? ეხლა მოგვივიდა ცნობა, რომ საზღვარ-გარედ, მარტო ბერნში და ამსტერდამში იცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინ იცნო? (კედია. დიდი რეალობა გგონიათ?).

ბატონო ასათიანო, სწორედ იმ დემოკრატიის წარმომადგენლებმა, სწორედ იმ ხალხმა, რომლებსაც სწამთ ეს დღე, რომელნიც არიან ინტერნაციონალის მომხრენი და ინტერნაციონალისტები არიან და თქვენ ხომ მოგეხსენებათ რა განსხვავება არის დღეს პარიზის და ბერნის შორის. პარიზში სხვები სხედან, იმპერიალისტების წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერჯერობით ჩვენი დამოუკიდებლობა არ იცნეს, მაშასადამე, თქვენ ამ ინტერნაციონალს არ უნდა სცეთ პატივი? (გვაზავა: რატომ გაგზავნეთ?) სწორედ რომ პირველ მაისის დღე არის დღე მშრომელ ხალხისა და საქართველო ეკუთვნის სწორედ ამ მშრომელ ხალხს და სწორედ ამისთვის ჩვენ ვსცნობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და გამოვხატავთ ერის ნება-სურვილს, რომ საქართველო იყოს ერთი ნაწილი იმ საერთაშორისო ხალხისა; ხალხმა გადასდგა ეს ნაბიჯი. ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს და ნუ თუ პირდაპირ წარმოსადგენი არ არის, რომ ეს ინტერნაციონალი იმისთვის არის ძვირფასი, რომ ის არის დაკავშირებული იმ რევოლიუციასთან, რომელიც სწორედ შემოქმედებითი ძალა იყო, და ეს შემოქმედებითი ძალა ჩვენ გავაშუქეთ და ჩვენ გვგონია, რომ ეს ინტერნაციონალი, რომელსაც ქვს დიდი მომავალი, რომელიც არის საფუძველი ჩვენი მომავლისა, რომელმაც უნდა განამტკიცოს ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება. თქვენ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ამისთანა დღე ჩვენ არ უნდა ვიდღესასწაულოთო. მე მგონია, რომ სწორედ გაუგებარი არის. რა ნიადაგზე არის აღმოცენებული ეს თქვენი წინადადება?

მე არ მეგონა, რომ შესაძლებელი იქნებოდა აქ ამისთანა წინადადების შემოტანა. მე ვერ გაუკეთებ ვერავითარ დასკვნას ამ ფსიხოლოგიურ სულისკვეთებას ეროვნულ-დემოკრატებისას, რომ სწორეთ ეს უქმე დღე იყოს მოსპობილი.

არ ვიცი, მე მგონია, რომ ნაციონალ-დემოკრატებმა ამ შემთხვევაში, არ შეიგნეს სიდიადე ამ დღესასწაულისა, მე მგონია, რომ საფრთხობი არის სიტყვა რევოლიუცია, სიტყვა რევოლიუცია მათ აშინებთ, აი ამაზე არის აშენებული მათი გამოსვლა.

მე მგონია, რომ აქ დიდი სიტყვა, ბევრი კამათი არ არის საჭირო, ეს არის მშრომელ ხალხის დღესასწაული, საქართველო ეყრდნობა ამ შრომას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს დაფუძნებული ამ შრომაზე, ჩვენ უნდა შევქმნათ შრომის სახელმწიფო, ამ შრომის სახელმწიფოს ჩვენვე უნდა ვემსახუროთ.

მე მგონია, ეს უნდა იყოს საფუძველი მომავალ სახელმწიფოსი, რომელსაც სწორედ ეს ორი დღე უნდა დაედოს საფუძვლად - დღე ინტერნაციონალისა და რევოლიუციისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მახარაძე. დამფუძნებელ კრების წევრნო, მე არ მეგონა, რომ აქ ამ კანონის წინააღმდეგ გამოილაშქრებდნენ სწორეთ იმ აზრით, რა აზრით გამოილაშქრა აქ დამფუძნებელ კრების წევრმა ბატონმა ასათიანმა. მე მგონია, რომ შესწორებას ექნებოდა კერძო ხასიათი, იქნება წინადადება გამოკლებისა ამა თუ იმ მუხლისა და არ იქნებოდა დაყენებული იმ ნიადაგზე, რომელზედაც დააყენა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა. მეორე მხრივ მე უნდა ვსთქვა, წინააღმდეგ იმ ჩემ ამხანაგისა, რომელმაც აქ გამოაცხადა, რომ ყოვლად შეუძლებელია ასეთი რამ წარმოითქვას ამ ტრიბუნიდანო, მე უნდა ვსთქვა, რომ რაც გულწრფელად და პირდაპირ წარმოითქმება ის, რაც ვისაც გულში აქვს, ეს ჩვენთვის უფრო უკეთესია. არავის იმისი არ ეშინიან თუ რას გამოსთქვამს აქ ესა თუ ის დამფუძნებელ კრების წევრი. ჩვენთვის არის საჭირო მხოლოდ დამფუძნებელ კრების დადგენილება, იმ უმრავლესობის სულისკვეთება, რომელიც გამოხატავს დამფუძნებელ კრებას, როგორც ხალხის წარმომადგენელს. და ჩვენ მუდამ მზათ ვართ მოვისმინოთ აქ ესა თუ ის აზრი, და მე დარწმუნებული ვარ რომ ის დადგენილება, რომელსაც მიიღებს დამფუძნებელი კრება, ის უმრავლესობა, მისი სოციალისტური შემადგენლობა, ის ნამდვილ გამოძახილს ჰპოვებს ქართველ ხალხში და მის მასაში. დამფუძნებელ კრებას და მშრომელ ხალხს არ ეშინიათ იმისა, თუ რას იტყვის მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელი. აი სწორედ ამაში არის ქართველი ხალხის ძალა, ქართველ მშრომელ ხალხის ძალა, რომ რაც უნდა ითქვას ამ ტრიბუნიდან, თუ მეორე ტრიბუნიდან მას არ აშინებს, მასში ბევრი არის საღი ძალები, რომელსაც არ ეშინიან და რომელიც წინ აღუდგება ამა თუ იმ ნორმალურ მოვლენას. დაპირდაპირება კი საეკლესიო და სამოქალაქო უფლების აქ ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია. მე მგონია, რომ ზოგიერთი ძველ წარმოდგენას თუნდაც სარწმუნოების წარმოდგენას აქვს ნიადაგი იმ ფორმაში რა ფორმაშიაც ის მიუღებელი არის ხალხის ისეთი ნაწილისთვის, რომელიც კულტურულ წინსვლაში ძლიერ ჩამორჩენილი არის. მე გავიგებდი, რომ კიდევ ამ ნიადაგზე დაეყენებინათ ეს საკითხი, რომ ზოგიერთი ნაწილი ჩვენი ხალხისა მიუხედავათ იმისა, რომ მიზანეწონილება არის იმაში, რომ შემოკლდეს უქმეების რიცხვები, ვერ გაიგებს განსაკუთრებით ფანატიკური ნაწილები თუ დარჩა ჩვენში, ვერ გაიგებს და მისცემს ჩვენში ისეთ ელფერს, რომელიც ზიანს მოუტანს ჩვენს მშრომელ ხალხს, ჩვენ დემოკრატიას. მე მესმის, რომ თუ მართლა არის ასეთი ნაწილი ჩვენი ხალხისა, რომელიც ვერ გაიგებს, და თუ იმას დაემატება დემაგოგია ცუდ ხარისხისა, მაშინ რასაკვირელია ერთნაირ გართულებას ჩვენ ცხოვრებაში გამოიწვევს, მაგრამ როდესაც ჩვენ ასეთი კანონ-პროექტი შემოგვქონდა, ჩვენ სრულიად არ ვეხებოდით არც ხალხის რწმენას, არც ხალხის ადათს. ჩვენ კანონ-პროექტსა აქვს მხოლოდ მიზანი წარმოებისთვის შემოკლებული იქმნეს დღესასწაულთა რიცხვი და გადიდებული იქნეს სამუშაო დღეების რიცხვი. აი ეს მიზანი აქვს ჩვენ კანონ-პროექტს, და რომ საჭირო არის ეს შემოკლება ამ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ეხლა ვარსებობთ, რომ ეს საჭირო არის მე ეს განვმარტე იმ მოხსენებაში, რომლითაც წარმოვადგინე ეს კანონ-პროექტი. ჩვენ ვიცით, ჩვენ განვიცდიდით დიდ ომს, და ეხლა ჩვენი რევოლიუციის შემდეგ, ომის ქარცეცხლში ვიმყოფებით, და თუ, რომ ეს მივიღეთ ასეთი შვიდი თუ რვა დღე უქმეების გამოკლება, მართლა ტრადიციულ შეხედულების თვალსახედვითაც, რომ ავიღოთ, ხალხში უკმაყოფილებას არ გამოიწვევს. არა თუ ეს, არამედ უფრო დიდი ზომები, რომ მივიღოთ, ეს გასაკვირველი არ იქნებოდა. გასაკვირველი არ იქნებოდა იმისთვის, ვისაც სახეში აქვს განმტკიცება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ეკონომიურ ცხოვრების გაჯანსაღება. ვისაც მარტო ეს აქვს მიღებული მხედველობაში და არა აქვს მარტო სახეში, რომ ეს ტრადიციები გაამაგრებენ ამა თუ იმ მიმართულებას, - ვისაც ეს აქვს სახეში, ის გაიგებს ჩვენ წინადადებას.

კანონ-პროექტში ჩვენ ვამბობთ, რომ უქმეები შემცირდეს. ვიმეორებ, რომ უქმეების შემცირება სრულიად არ ეხება რწმენას; ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს ამას. თუ ვინმეს უნდა იდღესასწაულოს ესა თუ ის დღე - სახელმწიფოს ხარჯზე არ მოხდება ეს, სახელმწიფო დიდი ხარჯს არ გასწევს იმისთვის, რომ ესა თუ ის უქმეები არსებობდეს. ამ ჟამად ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ სახელმწიფოს ეკონომიური მდგომარეობა ნორმალურ პირობებში ჩავაყენოთ. ეს არის მხოლოდ პალიატივი, ეს არ არის სრული გაჯანსაღება და ამ პალიატივს ვშოვობთ, როდესაც საჭიროა. რაც შეეხება ტრადიციების დაცვას, ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო განუვითარებელი არის ხალხი, მით უფრო იცავს ის ტრადიციებს (კედია: როგორც ინგლისი, მაგალითად!) ჩვენ კი გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს ხალხი დღეს დამდგარი არის კულტურულ ნიადაგზე. დრო არის, რომ გაუსწორდეს ეს მოწინავე ქვეყნებს (გვაზავა: ინგლისი!) ინგლისი ჩამორჩენილი ქვეყანა არ არის, მაგრამ მე მოგახსენეთ აქ თქვენ მაშინ ციფრები, რომ ინგლისში არსებობს დღეს ექვსი უქმე, კვირა დღეებს გარდა, და ჩვენ დავტოვეთ გარდა კვირისა 13-14 უქმე. მაშასადამე, თუ თქვენ გნებავთ გაუსწორდეთ ინგლისს ამ მხრივ, ჩვენ უნდა მოვაკლოთ რამოდენიმე უქმე დღე. მხოლოდ ამ მოსაზრებით ვფიქრობ, რომ არავითარ წინააღმდეგობას იმ მხრივ, რა მხრივათაც ამბობდნენ, ჩვენ არ მოველოდით და უნდა ვთქვა, რომ რაც უფრო განუვითარებელი, რაც უფრო კულტურულად დაბალი არის ხალხი, მით უფრო აფასებს ხოლმე სარწმუნოების ჩვეულებას. არა რწმენას. რწმენას ჩვენ არ ვეხებით, ვისაც უნდა, რამდენი დღეც უნდა წელიწადში იდღესასწაულოს.

ჩვენი სახელმწიფო დღეიდან კი არ ადგება ამ გზას, რომ შემოკლებული იქნეს უქმე დღეები. სწორედ ის დეკრეტი, რომელიც გატარებული არის ჩვენში 20 ნოემბერს, ამ დეკრეტის მიხედვით, ამოშლილი იყოს ის უქმეები, რომელსაც უქმობდენ და რომელიც საეკლესიო დიდ უქმეებათ ითვლებოდა. ამ გზას დავადეგით ჩვენ მაშინ და თქვენ იცით კარგად, რომ ამ დღეს არ ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ სახელმწიფოში არევ-დარევა შემოეტანა, შეელახა რწმენა ჩვენი ხალხისა. თქვენ არ შეგიძლიანთ დაასახელოთ ფაქტები, რომ საეკლესიო უქმეების ამორიცხვამ რაიმე აღელვება გამოიწვია ჩვენში. შეიძლება აღელვება გამოიწვია რომელიმე ეროვნულ-დემოკრატების წრეებში, მაგრამ მათი აღელვება ჩვენ ხალხში არ ახდენს არავითარ გავლენას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის აღელვება, რომელიც შეიძლება ერთ ჯგუფში გამოიწვიოს ამ კანონ-პროექტმა, არავითარ აღელვებას არ გამოიწვევს ჩვენი ხალხის დიდ უმრავლესობაში და ჩვენ ამ ხალხის უმრავლესობის შეხედულებაზე ვდგევართ.

აქ იძლევიან წინადადებას, რომ გაუქმებულ იქნას საეკლესიო უქმეები არა ჩვენი დადგენილებით, არამედ ეგრედ წოდებულ საეკლესიო ბიუროკრატიულ წრეების დადგენილებით. მე არ მესმის საკითხის ასე დაყენება. ეკლესია ჩვენ გვესმის, როგორც მორწმუნეთ შემადგენლობა. ამნაირად საქართველოს ხალხი, ხალხის წარმომადგენლობა არის, როგორც ერთი ეკლესია. საქართველოს ხალხის წარმომადგენელნი არიან აქ, და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მიმართეთ საეკლესიო უწყებას, ერთი წრის წარმომადგენლებს ხალხისასო, - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კანონმდებლობაში მივიღოთ ისეთი მეთოდი, რომ არც ერთი უქმე არ გამოვტოვოთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ამ გზას დავადექით არც ერთ უქმის ამოშლის ნებას არ მოგვცემს ის წრე, რომელზედაც აქ ლაპარაკობთ. დამფუძნებელ კრების მთელი მუშაობა ამით შებორკილი იქნება. გნებავთ ეს თუ არა? შეიძლება გნებავთ ეს, და თუ გნებავთ ყალბ ნიადაგს ადგეხართ და ამ ყალბ ნიადაგს, რასაკვირველია, ჩვენი დამფუძნებელი კრება არ გაიზიარებს.

რაც შეეხება სამოქალაქო უწყების მოსპობას, ეს დამფუძნებელ კრებამ, რომელიც სდგას რევოლიუციისა და ინტერნაციონალის ნიადაგზე და რომელიც იბრძვის ინტერნაციონალური და რევოლიუციონური დროშის ქვეშ, უკვე მიიღო. იმის თქმა, რომ მოსპობილი იყოს დღესასწაული, რომელიც ამ მნიშვნელობაზე, ამ ნიადაგზე სდგას - ყოვლად მიუღებელი არის. და ისინი, ვინც წინააღმდეგს ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ რეაქციონური სურვილით, - ეს არის დენიკინიზმი, როდესაც მობრძანდება დენიკინი, სწორედ მაშინ განახორციელებენ... (გვაზავა: დემაგოგიაა, არ იქნება ესე ლაპარაკი, Что это такое?!) როდესაც თქვენ გვეუბნებით ინტერნაციონალის მოსპობაზე და როდესაც თქვენი ლაპარაკის ლოგიკურ შედეგეს გეუბნებით, თქვენ ეს გაშფოთებთ და გაღელვებთ. მე გამომყავს თქვენი ლოღიკის შედეგები (გვაზავა: ეს თქვენი ლოღიკა გახლავთ!) თუ არ გინდათ, რომ ასეთი ლოღიკური შედეგი გამოვიყვანოთ, მაშინ ნუ იტყვით იმას, რასაც ბრძანებთ.

ამნაირად მე წინადადებას ვაძლევ დამფუძნებელ კრებას მთლიანად და უცვლელად მიიღოს ჩვენი კანონ-პროექტი. რაც შეეხება შესწორებას, იურიდიულ კომისიის მიერ წარმოდეგნილს, „დიდი პარასკევის შესახებ, რასაკვირველია, ეს ისეთი კითხვა არ არის, რომ ნათლად შეიძლებოდეს დამტკიცება: - უსათუოდ დიდი პარასკევი ისეთი დღე არის, რომ უნდა ამოვშალოთო. წინააღმდეგ, ან სასარგებლოდ ამ წინადადებისა, რასაკვირველია, ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ერთი ან ორი დღე აღდგომის წინ უნდა რჩებოდეს; ჩვენ თანახმა ვართ, ჩვენ გვწამს, რომ ეს დღესასწაული დიდი ნაწილისთვის საჭირო არის, მომზადება არის საჭირო, მაგრამ ერთი დღეც ამისათვის სრულიად საკმარისი არის. წინადადება იყო ჩვენ კომისიის, რომ ეს დღეც, შაბათიც, ამოშლილი იქნეს. რა თქმა უნდა ამას თავის თავად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ კომპრომისიული წინადადება მივიღეთ: შაბათი დავტოვეთ და პარასკევი ამოვშალეთ.

მე ვფიქრობ, რომ დიდი საფუძველი იმისთვის, რომ პარასკევი დარჩეს აღდგომისთვის მოსამზადებლად, ამას დიდი საფუძველი არა აქვს. ერთი დღე თუ არა, ორი მაინც დარჩენილი არის. კომისიაში ლაპარაკი იყო სკოლების შესახებ. იქ თავისი წესი არის. რასაკვირველია, მოწაფეები იქმნებიან დათხოვნილნი პარასკევს, ხოლო მუშაობა ქარხნებში და დაწესებულებებში უნდა სწარმოებდეს, თავი და თავი მნიშვნელობა აქვს ამას.

თავმჯდომარის განცხადება

თავმჯდომარე. ორი შესწორება გახლავთ შემოტანილი: იურიდიულ კომისიისა და ეროვნულ დემოკრატებისა, ორივე შესწორება უარყოფილი გახლავს. პირველი მუხლი მიღებულია. დამატებას მუხლისას მე მგონია კენჭი არ უნდა უყაროთ, ვინაიდან გამომდინარეობს პირველ შესწორებიდან, რომელიც უარყოფილია.

კანონ-პროექტი საერთოდ მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. მე ჩემს თავს ნებას ვაძლევ ცოტაოდენი განმარტება მოგახსენოთ. აქ კრების წევრმა მგელაძემ ბრძანა თითქმის თავმჯდომარე დამუქრებოდეს მას კრებიდან გაგდებას. რასაკვირველია, ამის მგზავსი არაფერი არ ყოფილა, მაგრამ მე თანახმად რეგლამენტისა, როგორც თავმჯდომარე, ვალდებული ვიყავი როდესაც შეშფოთება ასტყდა მიმეთითებინა დეპუტატისთვის, რომ შესაფერი წესრიგი დაეცვა.

მეორე. აქ დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ტრიბუნიდან ასეთი აზრები არამც და არამც არ გაჰბედოთ და არ გამოსთქვათ. მე თქვენ წინაშე მინდა განვაცხადო, ბატონებო, რომ მანამ მე თავმჯდომარის სავარძელში ვარ, არ მივცემ ნებას ჩემ თავს აუკრძალო ვისმეს ამ ტრიბუნაზე გამოსვლა თავისუფლად გამოთქმა თავის აზრისა და შეხედულობისა. მე ესე მესმის თავმჯდომარის მოვალეობა და მე მგონია დიდი უმეტესობა დამფუძნებელ კრებისა ამას იზიარებს. (ხმები. სუყველას ესე ესმის!) აი ეს ორი განმარტება.

შემდეგ გახლავთ მუხლობრივი განხილვა საზომ-საწონთა პალატის კანონ-პროექტისა. მომხსენებლი გახლავთ ბატონი ასათიანი.

ალექ. ასათიანი. (კითხულობს საზომ-საწონ პალატის კანონ-პროექტს. კანონ-პროექტი მიღებული და დამტკიცებული იქნა თავის შტატით. მიღებულ იქმნა აგრეთვე იმავე ორატორის მოხსენებით მუხლობრივ განხილვის შემდეგ კანონ-პროექტი - სასინჯაო სამმართველოს შესახებ და დამტკიცებული იქმნა უცვლელად პროექტთან დართული შტატი).

დეკრეტის მოხსნა წესრიგიდან.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: დეკრეტი ჯართა ნაწილებიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომებისა. პრეზიდიუმს მოუვიდა იურიდიულ კომისიის ქაღალდი, სადაც ნათქვამია, რომ განხილვა ვერ მოასწრეს და თხოულობენ, თუ შეიძლება, დროებით გადიდოს ეს კანონ-პროექტი. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? წინააღმდეგი თუ არავინ არის, მაშასადამე, დეკრეტი დროებით მოხსნილი გახლავს.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

პირველი განხილვა კანონ-პროექტისა მთავარი საბაჟო სამმართველოს და ფოთის და სოხუმის საბაჟოების გადიდების შესახებ

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი დავით შარაშიძე.

დავით შარაშიძე. (ს.-დ.) როდესაც გასულ წელს პარლამენტში საბაჟოების შტატები შემოვიდა განსახილველად, ეს შტატები დიდი ეკონომიით იყო ნავარაუდევი. მაშინ, როგორც მოგეხსენებათ, ტერიტორია ჩვენი უფრო მცირე იყო, ამის გარდა სავაჭრო გაცვლა-გამოცვლა ნაკლები იყო, ვიდე ეხლა. ამ უკანასკნელ თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ამ წლის განმავლობაში, ისე გაიზარდა საბაჟო მუშაობა, რომ მრავალი მეორე და მესამე ხარისხოვანი საბაჟოები ვერ უწვდებიან თავის საქმეს, და ამიტომ მთავარი საბაჟო იძულებულია ძალიან ხშირად მიახმაროს თავის განყოფილებებს ადგილობრივი ძალები თფილისიდან, რაც, აფერხებს თვით მთავარ საბაჟოს მუშაობას, რადგანაც თქვენ მოგეხსენებათ მთავარი სამუშაო, ბაჟისაგან გაწმენდის მუშაობა ხდება მთავარ საბაჟოში. რაც დიდია საქონელი, რაც ვაგონებით საქონელი მოდის, როგორც ბათუმის მხარედან, ასე სხვა, - ასე იწმინდება ბაჟისაგან თფილისში. ამნაირად განსაკუთრებით გაიზარდა ოპერაციები საბაჟოში. აგრეთვე სანაინში სომხებისაკენ, შემდეგ ყაზბეგში და ნატანებში, უწყებას აზრათ ჰქონდა სამი მათგანი, მესამე ხარისხის საბაჟოები, სადაც სულ სამი მოსამსახურე არის, ეს მესამე ხარისხის საბაჟოები გაეხადა მეორე ხარისხის საბაჟოებად, ამისთვის სათანადო კანონ-პროექტი უნდა შემოეტანა დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ კონტროლიორი ამას არ დაეთანხმა და სცნო უფრო მიზანშეწონილად, რომ მესამე ხარისხის საბაჟოების გადაქმნის ადგილას - გადიდებული იქმნეს შტატები, რომ ასეთ მთავარ საბაჟოს შეძლება ჰქონდეს, რომ წარგზავნოს ადგილობრივი ძალები, რათა დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ საბაჟოებს. ამიტომ ეს პროექტი მოხსნა და ხელახლად შემოიტანა უწყებამ კანონ-პროექტი, რომლის ძალით ემატება რამდენიმე ახალი თანამდებობა. ამგვარად დიდდება შტატები უმთავრესად მთავარ საბაჟოში და უნდა ვიგულისხმოთ, რომ მომატებული იქნება ზედმეტი მოსამსახურეები, რომელიც იქნებიან არა მარტო თფილისის საბაჟოში, არამედ გაიგზავნებიან ადგილობრივად, როგორც ყაზბეგში, სანაინში, აგრეთვე მომატებული იქნება ზოგიერთი ახალი თანამდებობა ფოთის და სოხუმის საბაჟოებში, სადაც განსაკუთრებით გაიზარდა მუშაობა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთოდ კანონ-პროექტის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? მაშასადამე, სათანადო ვადის შემდეგ დაუბრუნდებით მეორე მუხლობრივ განხილვას.

_ შემდეგ საკითხი გახლავთ

დეკრეტი მილიონ ნახევარ მანეთის გადადებისა საქონლის ჭირის ასაცრელ შრატის დამმზადებელ სადგურის გასაფართოვებლად ქუთაისში.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი (ს.-დ.) ბატონებო! დეკრეტი შეეხება მილიონ ნახევარ მანეთის გადადებას საქონლის ჭირის ასაცრელ შრატის დამზადებისთვის. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქონლის ჭირი გავრცელებულია, როგორც ქუთისის, ისე თბილისის გუბერნიაში. ამნაირად მთელი რესპუბლიკა მოდებულია ასეთ საქონლის ჭირით. აუარებელი მუშა-საქონელი ეცლება გლეხკაცს ხელიდან. ამით, რასაკვირველია, სოფლის მეურნეობა დიდ ზარალს განიცდის და მთელ ეროვნულ სიმდიდრეს მილიარდები აკლდება. სახელმწიფომ, რასაკვირველია, ამაზე უნდა იზრუნოს და ყოველივე ღონისძიება მიიღოს, რომ საქონლის ჭირი შემცირებულ იქმნეს, თუ არა მოსპობილი.

ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთად-ერთი სადგური ქუთაისის გუბერნიაში, შრატის ამცრელი სადგური, რომელიც ამზადებს ამ შრატს. არსებობს აგრეთვე ზურნაბატის ასეთი განყოფილება ამ სადგურისა, მაგრამ ეს სადგური ამ ჟამად გაუქმებულია და გაუქმებულიც, რომ არ იყოს, ეს ადერბეიჯანის ტერიტორიაზე არსებობს და მისით სარგებლობა არ შეგვიძლიან.

მაშასადამე, რესპუბლიკაში ამ ჟამად მოგვეპოვება ერთად-ერთი შრატის დამმზადებელი სადგური და ჩვენი მოვალეობაა ამ სადგურს ყოველნაირი საშუალება მივცეთ, რომ გაფართოვდეს და გაუმჯობესდეს.

ამასთან, ეს სადგური მეტად შევიწროებულ პირობებში არის. არ არის საკმარისი საქონელი, რომლის სისხლიდან ამზადებენ ამ შრატს. ამ საქონლის ყიდვისთვის, საზრდოსთვის, მოვლა-პატრონობისთვის ბევრი რამ არის საჭირო. 16 იანვარს მიმდინარე წელს მთავრობის სხდომაზე მოხსენება გაუკეთებია საექიმო-სასანიტარო გამგეს და მთავრობამ მხედველობაში მიიღო მისი მოხსენება და გადადვა ერთი მილიონი მანეთი 10 მილიონიან ფონდიდან. მაგრამ შინაგან სქმეთა სამინისტრო ადგენს მილიონ ნახევარ მანეთს იმიტომ, რომ 16 იანვრიდან დღეს-დღეობამდე თითქმის ნახევარი წელიწადი არის გასული და ამ ხნის განმავლობაში, ერთის მხრივ, მუშა-საქონლის და მათი გამოკვების ფასი გაიზარდა და მეორეს მხრივ, მიიღეს მხედველობაში ჩვენი ბონების ცოტა არ იყოს დაცემაც.

ამნაირად მილიონ ნახევარს მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და ეს თანხა მინიმუმად აღიარა. არამც თუ მილიონ ნახევარი, ამ საქმისთვის უნდა გადაიდოს უფრო მეტიცო.

კომისიის აზრით, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეწყოს ეს შრატის დამმზადებელი სადგური, ამისთვის მეტი დახმარება უნდა აღმოეჩინოს მას, მაგრამ რადგანაც ამ ჟამად შევიწროვებულია ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა და საკმარისი ფული არ მოგვეძებნება, ამისთვის ძველ თანხას უმატებს ნახევარ მილიონს და შემოაქვს წინადადება, რომ ეს დეკრეტი იყოს მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს ეს სიტყვა? მსურველი არავინ არის. წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე ეს დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს დღის წესრიგს, რის შემდეგაც თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს).

სხდომა თავდება 1 საათსა და 45 წუთზე.

8 ოცდამეშვიდე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, ივნისის 17. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

გრიგოლ ნათაძე.

სიმონ მდივანი და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტები.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტების სიას).

1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა ნახევარი მილიონი მან. გადადების შესახებ - ანარქიასთან საბრძოლველათ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი დეკრეტისა 1917 წ. მარტის 20-ს კანონის (კოოპერატიულ ამხანაგობათა და კავშირების რეგისტრაციის ვადისა) განგრძობის შესახებ. გადაეცეს იურიდიულ კომისიას.

3. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი - ქალაქ თბილისში ერთდროულ სანიტარულ გადასახადის დაწესების შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფნანსო და ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიათ. დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას ადასტურებს.

გერმანელთა ახალშენების მიმართვა.

კრების მდივანი მოახსენებს კრებას ამიერ-კავკასიის გერმანელთა ახალშენის ასი წლის შესრულების დღესასწაულის გამო დამფუძნებელ კრებისადმი მიმართვას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - უქმე დღეების რიცხვის შემცირების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი - სასინჯაო სამმართველოს კანონისა.

3. საბოლოო ტექსტი - საზომ-საწონთა პალატის კანონისა.

4. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა, 1.500,000 მან. გადადების შესახებ - საქონლის ჭირის ასაცრელ შრატის დამმზადებელ სადგურის გასაფართოვებლათ ქუთაისში.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საშუალო სასწავლებელთათვის ავანსის გადიდების შესახებ.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა პირველ დაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლათ საზაფხულო კურსების მოწყობის შესახებ.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისის დროებითი საგანგებო სასამართლოს შტატის დამტკიცების შესახებ.

8. შეკითხვა სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციისა მთავრობისადმი - გენერალ ნათიშვილის მიერ დენიკინის დასახმარებლათ „ამიერ-კავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შედგენის შესახებ.

9. დეკრეტი - ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მცხოვრებთა დასახმარებლათ ერთი მილიონი მან. გადადებისა.

10. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების წევრის გასამრჯელოს გადიდებისა.

11. დეკრეტი - მთავრობის განკარგულებაში 20 მილ. მან. გადადების შესახებ - გასატან საქონლის დასამზადებლათ და უცხოეთიდან საქონლის საქართველოში შემოსატანათ.

თავმჯდომარე. როგორც ხედავთ, დღიურ წესრიგში გახლავთ ახალი საკითხი, დეკრეტი, რომელსაც თანახმად უწყების მეთაურის განცხადებისა, ფრიად საჩქარო ხასიათი ჰქონდა და პრეზიდიუმმა შესაძლებლად დაინახა, რომ შემოეტანა დღიურ წესრიგში და თუ პლენუმს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მაშინ დღესვე იქნება განხილული. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე (ს.-დ.). სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით შემომაქვს წინადადება, რომ ის ორი დეკრეტი, რომლებიც უკან არის დაყენებული გადმოტანილი იქნეს პირველ რიგში, რომ პირველ საკითხად იყოს დაყენებული დეკრეტი ახალქალაქის და ახალციხის მაზრების მცხოვრებთა დასახმარებლად ერთ მილ. მან. გადადების შესახებ და მეორე დეკრეტი დამფუძნებელ კრების წევრთა დიეტის გადიდების შესახებ.

თავმჯდომარე. საკითხების გადასმა-გადმოსმა, რასაკვირველია, შეიძლება. წინადადება ასეთი გახლავთ, რომ დეკრეტი ახალქალაქის და ახალციხის მაზრების მცხოვრებელთა დასახმარებლად ერთი მილ. მან. გადადებისა და დეკრეტი დამფუძნებელ კრების დიეტის გადიდების დასმული იყოს პირველ საკითხად. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? არავის. მე ვერ გავიგე, თქვენ საბოლოო ტექსტის შემდეგ გნებავთ თუ შეკითხვის წინ? (ჭავჭანიძე: საბოლოო ტექსტის შემდეგ). მაშასადამე საბოლოო ტექსტის შემდეგ პირველად წავა დეკრეტი ახალციხე-ახალქალაქის მცხოვრებელთა დახმარების შესახებ და შემდეგ დიეტის საკითხი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სოლოღაშვილის ასულს.

საბოლოო ტექსტები.

(ანნა სოლოღაშვილის ასული კითხულობს საბოლოო ტექსტს უქმე დღეების რიცხვის შემცირების კანონისას, რომელიც კრების მიერ მტკიცდება. იგივე ორატორი მოახსენებს კრებას სასინჯაო სამმართველოს კანონის და საზომ-საწონთა პალატის კანონის საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება ადასტურებს. მიღებულ იქმნა აგრეთვე საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მილიონ ნახევარი მანეთის გადადების შესახებ საქონლის ჭირის ასაცრელ შრატის დამმზადებელ სადგურის გასაფართოვებლად ქუთაისში).

თავმჯდომარე. მიღებულია, ეხლა განიხილება: -

დეკრეტი ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მცხოვრებთა დასახმარებლად ერთი მილ. მან. გადადების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის ანჯაფარიძეს.

. ანჯაფარიძე. (მომხსენებელი). ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ, მესხეთ-ჯავახეთს, ამ ორი წლის განმავლობაში, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ კიდევ ოსმალეთის შემოსევის დროს მრავალი ქრისტიანი გადმოიხვეწა იქიდან და იმის გამო მიწები დაუმუშავებელი დარჩა. ამას თან დაერთო ამ ბოლოს დროს მომხდარი სერვერ-ბეგის ავანტიურა და ჩვენი სამხედრო ოპერაციები და აგრეთვე ლტოლვილების უკან დაბრუნება. ასეთმა გარემოებამ შექმნა ისეთი სასურსათო კრიზისი, რომ მთავრობას, დამფუძნებელ კრების წევრებს და კერძო პირებს მოგვდის ცნობები, რომ ზოგიერთ ადგილებში მცხოვრებლები იძულებულნი არიან ბალახი მოკრიფონ და იმით ირჩინონ თავი. რასაკვირველია, ასეთი მდგომარეობა უეჭველად წარმოშობს მრავალ ეპიდემიურ ავადმყოფობებს, თუ კი ეხლავე არ იქნება ფართო ზომები მიღებული. ისიც აშკარაა, რომ ხალხის ასეთი მდგომარეობით ისარგებლებენ არა სახელმწიფოებრივი ელემენტები, რომლებიც შეემზადებიან მოასწრონ ათასგვარი ავანტიურისტული გამოსვლები. აი ყველა ამის გამო მთავრობა ითხოვს დამფუძნებელი კრებისაგან, რომ მან გადასდოს ერთი მილიონი მანეთი, იმისთვის რომ ფიცხელი დახმარება იყოს აღმოჩენილი მცხოვრებლებისთვის. ის ორი მილიონი მანეთი, რომელიც გადადებული იყო ამ საქმისთვის, უკვე ამოწურული არის. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ის მთავრობის დადგენილება, გაითვალისწინა რა ის მდგომარეობა, რომელშიაც მესხეთ-ჯავახეთი იმყოფება - დაადგინა, რომ ერთი მილიონი მანეთი სრულიად საკმარისი არ არის. საჭიროა იქნეს გადადებული ორი მილიონი მან. მართალია ეს ორი მილიონიც ვერ უშველის საქმეს. საჭიროა უფრო რადიკალური დახმარება, როგორც ფულით, ისე სურსათის მიწვდენით. საჭიროა მივაწვდინოთ სათესლე მასალა, მაგალითად ბოსტნეული და სხვა, რომლის მოყვანა ჯერ კიდე შეიძლებოდა, რომლის დათესვა არ არის დაგვიანებული. გარდა ამისა, საჭიროა დახმარება სამეურნეო იარაღის მიწვდენით და სხვ. მაგრამ რადგანაც ჯერ ჩვენ ხელთ არ არის ცნობები რა და რა არის საჭირო, არ არის დამუშავებელი მოხსენება, შესაფერისი კანონ-პროექტი, - ამისთვის ჩვენ ვიძლევით წინადადებას დღეს-დღეობით ეს ორი მილიონი იქნეს გადადებული. მასთან ერთად საბიუჯეტო კომისია გამოსთქვამს სურვილს, რომ მთავრობამ ახლო მომავალში შემოიტანოს კანონ-პროექტი და მესხეთ-ჯავახეთის დახმარებისთვის უფრო რადიკალური ზომები იქნება მიღებული.

თავმჯდომარე. გაათავეთ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.

. ასათიანი (ერ.-დ.) ამ საკითხის შესახებ საბიუჯეტო კომისიაში ჩემ მიერ იყო შეტანილი განსაკუთრებული აზრი და წინადადება, რომელიც თანახმად რეგლამენტისა, 31 მუხ., მომხსენებელის მიერ უნდა ყოფილიყო აქ წაკითხული, ვინაიდან ეს არ მოხდა, მე ვსარგებლობ სიტყვით, რათა ეს წინადადება გავაცნო დამფუძნებელ კრებას.

მე ვფიქრობ, რომ ეს დახმარება, რომელსაც ჩვენ ეხლა უჩენთ მესხეთ-ჯავახეთს, შესამჩნევლად ვერ შესცვლის მდგომარეობას და იმ გასაჭირს, რომელსაც განიცდის ეხლა ის კუთხე, ვერ გაანელებს. როდესაც ჩვენ ამავე საჭიროებისათვის გადავდეთ ორი მილიონი მანეთი, მაშინ ჩვენ გვქონდა ლაპარაკი სხვა ღონისძიებაზე და სხვა დახმარებაზე. ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ აუცილებლად საჭიროა, რომ ამ კუთხეებს მიეწოდოს სურსათი, სათესლე მასალა, მრავალ გვარი სამეურნეო იარაღი და სხვა. სამწუხაროდ ჩვენ ამ სახით დახმარება ვერ გაუწიეთ და ის ორი მილიონი, რომელიც ჩვენ გადავდეთ, იყო მხოლოდ წვეთი გაჭირვების ზღვაში. იმავე დროს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა, და ჩვენ საზოგადოების ორგანოების წარმომადგენლებს, გაცილებით მეტ დახმარებას უწევენ ამ კუთხეების მცხოვრებლებს უცხო სახელმწიფოების წარმომადგენელნი. რასაკვირველია, ეს ფრიად სასიამოვნო არის, რომ გაჭირვების დროს ხალხს დახმარება აღმოუჩნდეს, და ბოლოს და ბოლოს ვისგანაც არ უნდა იყოს ეს დახმარება, თუ კი ის ამ გაჭირვების განელებისთვის არი მიტანილი - ეს ხალხისათვის ფრიად სასარგებლო არის. მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რა მიზანი და რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას, და ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარანტია, რომ ასეთი ხელით დახმარება არ ემსახურება ისეთ საქმეს, რომელსაც შესაძლოა მოუმზადებს ამ კუთხეებს, ახალს, გაცილებით მეტს უბედურებას. ამიტომ ყოველივე ამას ანგარიში უნდა გაუწიოს ჩვენმა მთავრობამ და მეტი ყურადღება მოაქციოს ამ კუთხეების გასაჭირს.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ფულით დახმარება არსებითად მდგომარეობას ბევრად ვერ გამოსცვლის, განსაკუთრებით ის მცირე დახმარება, რომელიც ამ ჟამად ჩვენ შეგვიძლია გავიღოთ. საჭირო არის რეალური და რადიკალური დახმარება და ის, რაც ჩვენ მაშინ აღვნიშნეთ საჭიროა ეხლა მაინც განხორციელდეს. დეკლარატიული განცხადებები და დაპირებები ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევს. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ დამფუძნებელმა კრებამ ამ საკითხის შესახებ მიიღოს შემდეგი დადგენილება: (კითხულობს). ყოველივე ის დახმარება, ღონისძიება, რომელიც აქ არის აღნიშნული, არის კრედიტის საკითხი, ამისთვის საჭირო არის, რომ დამფუძნებელმა კრებამ ეს კრედიტი მთავრობას მისცეს. ისე კი მთავრობა იძულებული იქნება თავის მოქმედება შეზღუდოს მხოლოდ იმ თანხით, რომელსაც თქვენ ეხლა დააკანონებთ. მაშასადამე, ფულის გარდა თუ რამესი გაღება შეუძლიან მთავრობას სახელმწიფო საწყობებიდან, ამასაც, რასაკვირველია, სჭირია დასტური დამფუძნებელი კრებისა, ვინაიდან ესეც კრედიტია. ამიტომ საჭიროდ ვცნობ, რომ ფულის გარდა მთავრობამ დახმარება გაუწიოს ამ მაზრებს იმ მასალით, რომელიც სახელმწიფოს განკარგულებაში არის და რომელიც მთავრობას შეუძლია მიაწოდოს მცხოვრებლებს. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ დარჩა ჩვენ საწყობებში ისეთი მასალები, რომლებიც ჩვენთვის მოუხმარებელი არის, იღუპება, იტაცება, იკარგება და რომელიც იქ, ადგილობრივ, გასაჭირის დროს სასარგებლო იქნება. ეს გადასაზიდი საშუალებანი პოვოსკები, საამშენებლო მასალა; სურსათით, რასაკვირველია, მდიდარი არ ვართ, მაგრამ შეიძლება ცოტაოდენი ამგვარი სურსათი, ხორბლეულის გვარი სურსათი მოგვეპოვებოდეს. საჭიროა, რომ ასეთი დახმარება ეხლავე, დაუყოვნებლივ მთავრობამ თავის საწყობებიდან ამ მაზრებს გაუგზავნოს. ამის გარდა, რადგანაც პირველი დრო, თესვის დრო წასულია, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა გავწიოთ, რომ ამ კუთხეებში ხორბლეულობის თესვის დრო დაკარგული არის, სხვა საკვებით, რაის დათესვა შეიძლება დავეხმაროთ იქაურ მცხოვრებლებს. აი. მაგალითად ბოსტნეულობა. რადგანაც ხალხი დამშეულია, ხალხს პური არა აქვს, სხვა რამ მასალა უნდა უშოვოთ. ჩვენ არ გვაქვს, რასაკვირველია, ისეთ სურსათის კრიზისის დროს, რომელსაც განვიცდით ჩვენ, არ გვაქვს საშუალება, რომ ამ ხორბლეულობის მხრივ დიდი დახმარება გაუწიოთ ამ კუთხეების მცხოვრებლებს, მაგრამ ადგილობრივ უნდა ვეცადოთ, უნდა დავათესინოთ ეხლა ისეთი რამ თესლები, რომლის დათესვის დრო არ არის გასული, მივსცეთ გადასაზიდავი, საამშენებლო მასალა, დავუარსოთ სამკურნალო და სხ. ამას გარდა მთავრობამ უნდა მიაწოდოს ამ მაზრებს ისეთი სათესი მასალები - საბოსტნე თუ ხორბლის, რომლის დათესა კიდევ შეიძლება. ხორბლის დათესვის დრო დავკარგეთ, მაგრამ ზოგი რამ საკვები კიდევ დაითესება. ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ამიტომ წინადადებას ვიძლევი ფულადი დახმარება გადიდებულ იქმნას სამს მილიონამდე და დაემატოს დეკრეტს ის დახმარებები, რომელზედაც მე მოგახსენეთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კიკვაძეს.

თევდორე კიკვაძე (ს.-დ.). მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ვინც კარგად იცნობს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მდგომარეობას, იმას ნათლად შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა გასაჭირი ადგია ხალხს იქ. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ შარშან, ასკერების შემოსევის დროს, ეს ორი მაზრა საშინლად დაზიანდა. შემდეგ სერვერ-ბეგის ბანდების შემოსევის დროს საშინლად დაზიანდა, როგორც ახალქალაქის, ისე ახალციხის მაზრა. მაგრამ გასაჭირი იმდენად დიდი არის, რომ დღეს ჩვენ ამ ორი მილიონით ვერ ამოვწურავთ და ვერ გავანელებთ ხალხის სატკივრებს. საქმე ის გახლავთ, რომ ახალციხის მაზრა შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვინემ ახალქალაქის. ახალციხის მაზრაში მართალია ბევრი სოფლები განადგურებული არის, მაგრამ არის ისეთი სოფლებიც, რომლებიც გადარჩნენ განადგურებას, დაზარალებას. ახალციხის მაზრაში ნათესების რაოდენობა საკმაო არის. მოსავალსაც კარგი პირი უჩანს, ასე, რომ 1 თვის შემდეგ ახალციხის მაზრას ექნება თავისი საკუთარი პური, რომელიც არა თუ გამოკვებავს მაზრას, არამედ კიდევაც გადარჩება და შესაძლებელი იქნება აქედან გაუნაწილოს ახალქალაქის მაზრას. ახალქალაქის მაზრა კი სულ სხვა მდგომარეობაში არის. აქ ნათესები ძლიერ ცოტაა, ხალხი დამშეულია და იძულებული არის ბალახი სძოვოს, რადგანაც ნათესები არ არის; მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, იქ შიმშილობა იქნეს მომავალ წელშიაც. ამიტომ საჭირო არის სწრაფი დახმარების გაგზავნა, როგორც ერთს, ისე მეორე მაზრაში, იმ განსხვავებით, რომ მეტი ყურადღება მიქცეული უნდა იყოს ახალქალაქის მაზრისაკენ. ჩვენ თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ახალქალაქის მაზრა უფრო აჭრელებულია, სხვა და სხვა ელემენტებით არის დასახლებული და აგრეთვე იმ გარემოებას, რომ იქ მეზობელ სახელმწიფოს აქვს გაჩაღებული მუშაობა, მე დავასახელებ პირდაპირ ყოფილ წევრს ჩვენი პარლამენტისას, ცნობილ დაშნაკელს ზორიანს. ზორიანი იქ დახმარებას უჩენს მცხოვრებლებს: ერევნის მთავრობის სახელით მათ ფულს ურიგებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დამშეულ მასას, შემწეობის აღმომჩენელი, რა თქმა უნდა, ასე თუ ისე გამოაცვლევინებს თავის შეხედულობას. და თუ ჩვენ ამდენხანს ვერ შევძელით იქ საგრძნობელი დახმარების აღმოჩენა, რაც შეგვეძლო ვაძლევდით, მაგრამ საგრძნობლად ვერ მივაწოდეთ დახმარება, ეს ალბად აიხსნება ომიანობის მიზეზით. სადაც ომი სწარმოებს, იქ უბედურებაა, უბედურობის ლიკვიდაცია კი არც ისეთი ადვილი საქმე არის, რომ ორ-სამ თვეს მოაწყოს მთავრობამ. დღეს კი დრო არის და აუცილებლობაც მოითხოვს, რომ მოვახდინოთ ლიკვიდაცია იმ გასაჭირისა, რომელზედაც მიუთითა მომხსენებელმა. დამფუძნებელი კრების წევრი ასათიანი ამბობს, რომ საჭირო არის ორი მილ. მან. გადიდებული იყოს სამ მილიონამდის. მთავრობამ მოითხოვა ერთი მილიონი, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ გაადიდა ეს თანხა ორ მილიონამდე, ეროვნულ-დემოკრა-ტიული ფრაქცია მოითხოვს გადიდდეს სამ მილიონამდის. მე უნდა განვაცხადო ჩემი ფრაქციის სახელით, რომ არც ორი და არც სამი მილიონი საკმარისი არ არის, რომ დააკმაყოფილოს ორი მაზრის მოთხოვნილება. ამიტომ ჩვენ დღეს გავჩერდეთ ორ მილიონზე, ხოლო როცა ამ ორ მილიონს მივცემთ, ერთბაშათ ხომ არ დაიხარჯება. მდგომარეობა უფრო გაირკვევა და მაშინ კიდევ დაგვჭირდება დეკრეტის, ან კანონ-პროექტის აქ შემოტანა, რომელშიაც არა სამი მილიონის არამედ შესაძლებელია ხუთი მილიონის შეტანაც იყოს საჭირო. თუ კი ეს საჭირო იქნება, რა თქმა უნდა მივცემთ მათ კიდეც. დღეს კი თუ შეიძლება დახმარება სურსათით, სამუშაო იარაღით, რასაკვირველია, უნდა გაიგზავნოს. ფულის გაგზავნას პურის გაგზავნა სჯობია, იმიტომ, რომ ადგილობრივ პური გასაყიდათ არ იშოვება. მთავრობამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საქმეს. მან ამ მაზრების მცხოვრებლებს სურსათი, რაც შეიძლება დროზე უნდა მიაწოდოს. ვინაიდან ხალხის პსიხოლოგია ცვალებადობას განიცდის: თავის მსხნელად ხალხს ის მიაჩნია, ვინც პურს მიაწოდებს. თვით ქრისტესაც, რომელიც მაღალ იდეალებს ქადაგებდა, უხდებოდა ხანდისხან დახმარება აღმოეჩინა ხალხისთვის პურის მიწოდებით. ცხადია, ხალხს ვინც გააძღებს, ვინც დროზე ძმურად ხელს გაუწვდის, ვინც ტკბილ სიტყვას ეტყვის, მის გულს მოიგებს. ჩვენ თუმცა დავაგვიანეთ დახმარება, მაგრამ ამის მიზეზი საპატიო იყო, დღეს კი უნდა გავასწოროთ ეს და მივცეთ ის, რაც კი შეგვიძლია. ჯერ-ჯერობით უნდა გადავდოთ ორი მილიონი მანეთი და დავავალოთ მთავრობას რაც შეიძლება მეტი სურსათი მიაწოდოს, განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრას. ამნაირად ჩვენ ამ ხალხს დაუმტკიცებთ, რომ ჩვენ მუდამ ვზრუნავდით მისთვის და თუ ჩვენ დღემდის ვერ შევიძელით საგრძნობელ დახმარების მიწოდება - ეს ჩვენი ბრალი არ არის, არამედ ეს გარეშე მიზეზების გამო მოხდა, რომ ყოველივე ეს შექმნილი მდგომარეობის ბრალია, და რომ დღეიდან ჩვენ ამას დიდ ყურადღებას მივაქცევთ და დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისას. დასასრულ, მე წინადადებას ვიძლევი, რომ დარჩეს ეს ორი მილიონი და არა სამი მილიონი, რადგანაც, როგორც მოგახსენეთ, ეს სამი მილიონი არ ამოსწურავს მთელ საჭიროებას და როცა გამოირკვევა მდგომარეობა, მაშინ ჩვენ კიდევ გადავდებთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ანჯაფარიძე. (მომხსენებელი) მე უნდა აღვნიშნო აქ, რომ საფინანსო კომისიაში, პრინციპიალური განსხვავება კომისიის წევრის ასათიანის და დანარჩენ წევრების შორის არ ყოფილა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყველა წევრი ეთანხმებოდა ბ-ნ. ასათიანს და სხვებმაც გამოსთქვა აზრი, რომ ეს ორი მილიონი მანეთი საკმირისი არ არის იმისთვის, რომ ყველა საჭიროება იყოს დაკმაყოფილებული, რომ გარდა ფულისა საჭიროა სურსათის, სამეურნეო იარაღის გაგზავნა და სხვა და სხვა. მაგრამ ეს განსხვავება მხოლოდ იმის შესახებ იყო, რომ კომისიის წევრი ასათიანი ამტკიცებდა, რომ ყველა ზემორე მოყვანილი ზომები ეხლავე უნდა იყოს მიღებული, დანარჩენი წევრები კი ამის წინააღმდეგი იყვნენ. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ მაზრებს; იქ გაგზავნილი არის სპეციალური რწმუნებული, ერთი ჩვენი წევრთაგანი, რომელმაც უნდა გაიცნოს ადგილობრივ ყველა პირობები. მან მოიწერა, რომ ისეთი საჭიროებისათვის, რომელიც დღესვე უნდა იყოს დაკმაყოფილებული, აუცილებელია ამ ფულის გაგზავნა. მაგრამ ფართე დახმარების გაწევისთვის და უფრო რადიკალურად ამ საკითხის გადაწყვეტისთვის საჭიროა უფრო ვრცელი მოხსენება, განსაკუთრებული კანონ-პროექტი. როგორც მოგახსენეთ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში გამოითქვა სურვილი, რომ მთავრობამ ახლო მომავალში დაიმუშაოს ასეთი კანონ-პროექტი და მაშინ ეს საკითხი უფრო დასაბუთებით იქნება გადაწყვეტილი. აი ამიტომ საბიუჯეტო-სიფინანსო კომისია სთხოვს დამფუძნებელ კრებას, რომ დღეს-დღეობით იქნეს გადადებული ორი მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე, გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. დეკრეტი ახალციხის და ახალქალაქის მაზრების მცხოვრებელთა დასახმარებლად ერთ მილიონ მანეთის გადადებისა. (კითხულობს).

თავმჯდომარე. შემდეგი შესწორება გახლავთ შემოტანილი. შესწორება ასეთი გახლავთ: სოციალ-დემოკრ. ფრაქცია სათაურში (კითხულობს). მაშინ ესე უნდა გამოვიდეს (კითხულობს). შესწორება მიღებული გახლავთ. უკაცრავად, სათაურში არის შესწორება, როგორც მოისმინეთ თქვენ კომისიის აზრი, არის ორი მილიონი, მაგრამ არის წინადადება ბ-ნ ასათიანისა სამი მილ. წინადადებას კენჭს უყრი. ხმის უმრავლესობით მიღებული გახლავთ ორი მილიონი მან. შემდეგი შესწორება გახლავთ: ჩაემატოს სიტყვა (კითხულობს). მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი. მე მგონია არსებითად ეს არ სცვლის აზრს, მაგრამ საწინააღმდეგო არა მაქვს რა.

თავმჯდომარე. შესწორება არის მიღებული. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

ანჯაფარიძე. მეორე მუხლი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ეხლა შესწორება, რომელიც ბ-ნ ასათიანმა შემოიტანა. უარყოფილია. შემდეგ კიდევ გახლავთ შესწორება ასეთი (კითხულობს). მე კენჭს უყრი ამ შესწორებასაც. მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გთხოვთ მომცეთ საშუალება გამოვარკვიო, ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი. გთხოვთ დათვალოთ. მაშასადამე, შესწორება მიღებულია. შესწორება, რომელიც ეხლა მიიღეთ, ეს იქნება მესამე მუხლად დეკრეტში ჩართული.

ეხლა უნდა მოგახსენოთ შემდეგი: უწყებათა მეთაური სთხოვს პლენუმს, ვინაიდან საჩქარო არის ეს დეკრეტი, კეთილ ინებოთ და ეხლავე მიიღოთ საბოლოო ტექსტი. რეგლამენტის ძალით ეს შესაძლებელია და თუ პლენუმი არ არის წინააღმდეგი მე ჩემ თავს მივცემ ნებას ეს მიღებულად ჩავთვალო.

შემდეგი გახლავთ:

დეკრეტი დამფუძნებელ კრების წევრების გასამრჯელოს გადიდებისა.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე. მოქალაქენო! საკითხი დამფუძნებელ კრების წევრების გასამრჯელოს გადიდებისა ცოტა არ იყოს უხერხულობას იწვევს: დამფუძნებელ კრების წევრებს თვითონვე უხდებათ დააწესონ იგი.

მეორე მხრივ ამ საკითხს ძალიან ფართედ გამოიყენებენ დემაგოგები, რომლებიც შეეცდებიან ერთ ნაწილში ჩვენი საზოგადოებისა ერთგვარი უკმაყოფილება გამოიწვიონ. საქმე იმაში არის, რომ ეს დიეტა, რომელიც აქ წარმოდგენილი არის, ეს შეადგენს ისეთ მინიმუმს, რომლის ნაკლები პირდაპირ შეუძლებელი იქნება დღევანდელ პირობებში დეპუტატისთვის. მხედველობაში არის მისაღები ის გარემოება, რომ დეპუტატი მიღებულ ჯილდოთი ვერ შესძლებს, რომ სრულიად ეს ჯილდო მან მოახმაროს თავის პირად მოთხოვნილებებს. მას, გარდა პირადი მოთხოვნილებებისა, აქვს მოვალეობა, რომელსაც მას აკისრებს დამფუძნებელი კრების წევრობა. ყურადღების მისაქცევია ის გარემოება, რომ დეპუტატი დრო-გამოშვებით უნდა მივიდეს თავის ამომრჩევლებთან, ჩამოიაროს საარჩევნო ოლქი, გაეცნოს მათ მდგომარეობას, გააცნოს მათ აქაური მდგომარეობა. ეს კი ხარჯებს მოითხოვს. საჭიროა აგრეთვე, რომ დეპუტატი თვალ-ყურს ადევნებდეს სულ ყველა იმ საკითხებს, რომლებზედაც გარკვევის დროს მას მოუხდება თავისი აზრის გამოთქმა დამფუძნებელ კრების კომისიებში.

რა თქმა უნდა, ამ მიზნით მან თვალ-ყური უნდა ადევნოს ლიტერატურას, პერიოდიულ გამოცემებს, უნდა ეძიებდეს წიგნებს და ამისთვის იმას უნდა ხარჯის გაღება.

არის კიდევ სხვა ხარჯები, რომლებსაც სწორედ ეს მოვალეობა აკისრებს.

პროვინციალური დეპუტატს განსაკუთრებით ხშირად მოსდის დეპეშა, რომელზედაც დეპეშით უნდა გასცეს პასუხი ან წერილობითი. ესეც ხარჯს მოითხოვს. ისე რომ, დეპუტატი იმ დეიტის, რომელსაც იღებს, თითქმის ნახევარს ახმარებს მაინც, სწორედ იმ ვალდებულებას, რომელსაც მას აკისრებს სწორედ დეპუტატის მოვალეობა.

თუ ყველა ამას მხედველობაში მივიღებთ, აშკარაა, რომ იგი ვერ იცხოვრებს ამ დეიტით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ წარმოდგენილი, დიეტა - ისეთი დიდი არ არის, რომ ამაზე ლაპარაკი ღირდეს. დღევანდელ პირობებში ეს მინიმუმია და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წინადადება შემოაქვს, რომ ნაცვლად 1500 მანეთისა, რომელიც უკვე დაწესებული იყო დამფუძნებელ კრების მიერ დამფუძნებელ კრების წევრებისთვის, იქნეს დაწესებული 3000 მანეთი.

აი მოკლედ ის, რაც მინდოდა მომეხსენებინა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სახელით.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობაზე? მსურველი არავინ არ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

(მომხსენებელი კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. აქ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ არის შემოტანილი შემდეგი შესწორება. პირველ მუხლში შეტანილია ასეთი შესწორება:

„3000 მანეთი შესწორებული იყოს 2500 მანეთად». (სიცილი, ხმაურობა) სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? არავის. მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი. მე მოგახსენეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის აზრი - 3000 მანეთი ეს არის მინიმუმი, რომლის შემოკლება შეუძლებელი არის.

თავმჯდომარე. აქაც შესწორება არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ (კითხულობს).

ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებლის აზრი.

მომხსენებელი. ეს შესწორება გამომდინარეობს პირველ შესწორებიდან. (შესწორება და მუხლი კენჭის ყრით მიღებულნი არიან).

თავმჯდომარე. ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგ? არავინ. დეკრეტი მიღებული არის. წინადადება არის, რომ დეკრეტი გადაეცეს სარედაქციო კომისიას იმ თხოვნით, რომ დღესვე წარმოდგენილი იყოს საბოლოო ტექსტი, თუ არავინ არ არის წინააღმდეგი მაშინ მე განკარგულებას მოვახდენ, რომ ეს დეკრეტი გადაეცეს ეხლავე სარედაქციო კომისიას და საბოლოო ტექსტი მოგხსენდეთ ეხლავე.

თავმჯდომარე. შემდეგ, მეორეჯერ მუხლობრივ განხილულ უნდა იქმნეს:

მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა საშუალო სასწავლებელთათვის ავანსის გადიდების შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი ჭავჭანიძე.

(კანონ-პროექტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის).

შემდეგი საკითხი გახლავთ:

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა პირველ დაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების მოწყობის შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი კიკვაძე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი. მომხსენებელი . კიკვაძე. ამ მუხლის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ეს პრეზიდიუმში იყო წარმოდგენილი, კომისიამ საჭიროდ დაინახა ხელმეორედ გაესინჯა ეს, ვინაიდან 10 ივნისი უკვე გავიდა და კომისიამ დაადგინა, რომ ამ მუხლში ამოიშალოს 10 ივნისი და სამაგიეროდ ჩაემატოს 25 ივნისი, ვინაიდან კურსების მოწყობა 10 ივნისს არ მოხდა, გავიდა კიდეც 10 ივნისი და 25 ივნისს კი - ეს შესაძლებელი იქნება. გარდა ამისა აქ არის აღნიშნული ქუთაისი და თბილისი. რომ სამინისტროს, შესაძლებლობა მივცეთ თავისუფლად მოიქცეს, ეს კურსები გახსნას იქ, სადაც მისი შეხედულობით ეს უფრო საჭირო იქნება, ამიტომ კომისიამ საჭიროდ დაინახა ეს ორი სიტყვა სრულიად ამოიშალოს პირველ მუხლიდან. (ხმაურობა).

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. შესწორება გახლავთ ასეთი შემოტანილი. ამოიშალოს სიტყვები - „ქუთაისში და თბილისში“. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? შესწორების შესახებ თქვენი აზრი, ბ-ნო მომხსენებელო.

მომხსენებელი. მე თანახმა ვარ, რომ ეს სიტყვები ამოიშალოს.

(შესწორება, პირველი მუხლი, მეორე მუხლი, მესამე მუხლი კენჭის ყრით მიღებული არის).

მომხსენებელი. შემდეგ აქ გახლავთ შენიშვნა. ამ შენიშვნის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ კომისიამ დაადგინა ის სრულიად ამოიშალოს აქედან, რადგანაც ერობებს არა აქვთ ეხლა ბიუჯეტი, ფეხ-მომაგრებული არ არიან და ვერავითარ ხარჯს ჯერ-ჯერობით ვერ იკისრებენ.

თავმჯდომარე. კომისიის აზრი მოგხსენდათ. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? ვინ არის მომხრე, რომ შენიშვნა ამოიშალოს? მაშასადამე, შენიშვნა ამოშლილი გახლავთ.

მომხსენებელი. და ბოლოს კომისიამ დაადგინა შემოტანილი იყვეს ახალი მუხლი. შემდეგი მუხლი: „კანონი ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ“ (ახლად შემოტანილი მუხლი და კანონ-პროექტი კენჭის ყრით მიღებული არის და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგ გახლავთ:

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისის დროებითი საგანგებო სასამართლოს შტატის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი ი. ფირცხალაიშვილი.

მომხსენებელი ილია ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) იურიდიული კომისიის სახელით ვითხოვ, რომ ეს კანონ-პროექტი დაგვიბრუნდეს ჩვენ უკან ახალ ცნობების მოსაკრებად და ხელ-ახლად გასარჩევად.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ იუსტიციის სამინისტრომ ეს კანონ-პროექტი წარმოგვიდგინა, - მაგალითად მთავარ საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარეს ქონდა ჯამაგირი დანიშნული აღნიშნული სახით 1200 მანეთი. ჩვენ იმავე დროს ვიცოდით, რომ საგანგებო სასამართლოს ზოგიერთი წევრები იმავე დროს იყვნენ ოლქის სასამართლოს წევრებად. ჩვენ გვაინტერესებდა გაგვეგო სასამართლოს წევრები იქაც ღებულობდნენ ჯამაგირს თუ არა. ამისთვის ჩვენ ქუთაისის საგანგებო სასამართლოს წევრებს გაუგზავნეთ დეპეშა, რომელზედაც პასუხი მივიღე დღეს დილით. დეპეშა არის შემდეგი შინაარსისა (კითხულობს) ამ დეპეშიდან გამოდის, რომ საოლქო სასამართლოს წევრები, როგორც მომუშავენი საგანგებო სასამართლოში გასამრჯელოს ღებულობენ დღიურად. ამ წარმოდგენილ კანონ-პროექტში კი არის თვიურად, მაგალითად, თავმჯდომარე ღებულობს თვიურად 1300 მანეთს და ხუთი თვის გამოანგარიშებით 6500 მანეთს. ასე რომ, ეს ცნობები ერთმანეთს არ შეესაბამება. ჩვენ არ გვქონდა საშვალება ეს დამატებითი ცნობები მიგვეღო სამინისტროსაგან.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ დეკრეტი დაგვიბრუნდეს, რომ დამატებითი ცნობები მოვკრიფოთ და შემდეგში წარმოვადგინოთ.

თავმჯდომარე. თქვენ მოისმინეთ კომისიის განცხადება. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ კანონ-პროექტი დაუბრუნდეს კომისიას?

შემდეგ გახლავთ:

სოციალ-ფედერალისტების შეკითხვა მთავრობისადმი ღენერალ ნათიშვილის მიერ დენიკინის დასახმარებლად კავკასიის მკვიდრთა კორპუსის შედგენის შესახებ.

გთხოვთ ტექსტი მოახსენოთ. (მდივანი კითხულობს)

თავმჯდომარე. უპირველეს ყოვლისა როგორც სჩანს შეკითხვა სასწრაფო გახლავთ. თუ ვისმეს სურს წინააღმდეგ გამოვიდეს სისწრაფისა, მაშინ სისწრაფის დამცველს მივცემ სიტყვას. თუ არავინ არის წინააღმდეგი ნება მიბოძეთ პირდაპირ დასაბუთებას შეუდგე. არავინ არის წინააღმდეგი სისწრაფისა. გთხოვთ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მდივანს.

სიმ. მდივანი (ს.-ფ.). საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრნო! შეკითხვა, რომელიც შემოტანილი არის დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტების ფრაქციის მიერ, მოითხოვს ჩემგან, კიდევ ერთხელ შევეხო საკითხს, რომელიც დასაბამია და, მე მგონია, იქნება დასასრული ჩვენი აუტანელ მდგომარეობისა. იმ მდგომარეობიდან წარმოიშვება ყოველივე ცვალებადობა, რომელსაც საზოგადოდ ჩვენი ცხოვრება განიცდის და აგრეთვე ის საკითხი, რომელიც შეეხება ბათომს და ბათომის ოლქს. მე არ დამჭირდება იმის დასაბუთება, რომ საქართველოს არ შეუძლიან დასთმოს ბათომის ოლქი და ქალაქი, ბათომი, ვინაიდან ეს არის ნაწილი საქართველოს მთლიან ტერიტორიისა, ეს არის ცენტრი სამაჰმადიანო საქართველოსი, ეს არის ის ძველი აკვანი, სადაც მძლავრი იყო საქართველოს კულტურა. ვინაიდან ჩვენ სხეულს ჩამოშორებული აქვს ეს ნაწილი, ჩვენი სხეული დაავადებული, დასუსტებული არის, და სანამ ის არ შემოუერთდება საქართველოს, ჩვენ ჯანმრთელობაზე ლაპარაკს ვერ დავიწყებთ.

ამიტომ კიდევ ერთხელ ნებას ვაძლევ ჩემს თავს შევეხო იმ პირთ და იმ ძალის წარმომადგენლებს, რომელნიც ასეთ განწყობილებას ამყარებენ ჩვენში. როდესც ჩვენ გვაქვს ლაპარაკი მოკავშირეთა სარდლობაზე, ჩვენ რასაკვირველია, მოკავშირეთა დემოკრატია, მოკავშირეთა სახელმწიფოები მხედველობაში არ გვყავს. პირიქით ჩვენ გვაქვს უტყუარი ცნობები, რომ მოკავშირეთა დემოკრატია ჩვენი დამოუკიდებლობის მომხრეა. მისი მომხრეობა, ეს მისი სურვილი ჩვენი დამოუკიდებლობის გამტკიცებისა მან საქვეყნოდ აღიარა ბერნის და ამსტერდამის კონფერენციაზე. ყველა ამ სახელმწიფოების დემოკრატიამ ხელი მოაწერა ჩვენ დამოუკიდებლობას და დაადასტურა იგი. მაგრამ თუ დღეს მათ სამხედრო წარმომადგენლებზე ვლაპარაკობ, მიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ძალა გვაყენებს წარმოუდგენელ პირობებში. ამას წინად ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის წინ წარსდგენ რკინის გზის მუშათა ორგანიზაციის წარმომადგენელნი და სთხოვეს შესულიყო მთავრობა მათ მდგომარეობაში. მათ განაცხადეს: ჩვენ მზად ვართ ყოველივე გაჭირვება გადავიტანოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი მოთხოვნილების შემცირება-შემოკლებით ხელი შეუწყოთ საქართველოს რესპუბლიკის განმტკიცებას. ჩვენ ზომებს ვღებულობთ და ეს საკითხი დღიურ საკითხად გადაქცეული გვაქვს, რომ შრომის ნაყოფიერება გავაძლიეროთ. მაგრამ ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია და მან აიწია ფარაჯა, რომელშიაც იყო გამოხვეული და ამ ფარაჯის ქვეშ მას თეთრეული არ ჰქონდა. იმათ არ აქვთ საშუალება შეიძინონ ეს, ადამიანისთვის აუცილებელი სამოსელი. და ეს იმ დროს, როდესაც ბათომის საწყობები სავსეა ამგვარ მანუფაქტურით. საქართველოსთვის კი ვერც ერთი ნაჭერი ვერ წამოგვიღია, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი ბრალი არაა. ყოველი ზომა არის მიღებული ჩვენ მიერ.

მძლავრნი თავის ფილოსოფიას გვახვევენ, - ეს ფილოსოფია კი მარტივი არის, - შენ ხარ დამნაშავე იმიტომ, რომ სუსტი ხარ. მაგრამ ერთში სცდებიან. შეიძლება ჩვენ სუსტი ვიყვნეთ, შეიძლება ჩვენი დამარცხება შესაძლებელი იყვეს, მაგრამ ჩვენი დანგრევა და მოსპობა შეუძლებელია (ტაში). ისეთი ადამიანი, რომელიც გადიტანს ასეთ პირობებს, ისეთი ადამიანი, რომელიც სამოსელს მოკლებულია, მაინც თავის იდეას და თავის დამოუკიდებლობას, თავის თავისუფლებას ემსახურება - ვერავითარი გენერალი ვერ სძლევს, ეს ყველას უნდა მოეხსენებოდეს. სანამ ეს პირობები არ შეიცვლება, კილო ჩვენი ლაპარაკისა არ შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან კილო იქმნება იმ მდგომარეობით, რომელშიაც აყენებს ადამიანს ესა თუ ის ძალა. ჩვენი ხმა ისმოდა რუსეთის ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ვიდრე ის არ დაემხო, ჩვენ კილო არ შეგვიცვლია. ჩვენი კილო იქნება იმგვარივე, როგორც დღეს გვქონდა, სანამ ჩვენ მიმართ ასეთი ზომები არ მოისპობა, რომლითაც ჰსურთ ჩვენ გაგვზომონ და ამ ზომით ცხოვრება მოაწყონ, - ეს კი ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. მართალია, მოკავშირეთა ვაჭრები იყვნენ აქ, მათ თითქოს არ მოეწონათ ის მდგომარეობა, რომელიც აქ არის შექმნილი მოკავშირეთა სარდლობის მიერ. მათ სულ სხვა ჰანგებზე დაგვიწყეს ლაპარაკი. მოგვაწოდეს საქონელი და როგორც ვიცით, ამგვარი ნაბიჯი კიდევაც იყო გადადგმული, ერთნაირი შეთანხმებაც მოხდა. მეორეს მხრივ მე მაქვს ცნობები, რომ ის აუარებელი საქონელი, რომელიც არის მოტანილი ბათომში, ეს საქონელი დნება თანდათან. მაშინ, როდესაც ჩვენს წარმომადგენლებს არ შეუძლიანთ ეს საქონელი შეიძინონ, ათას ჯურის სპეკულიანტები იძენენ ამ საქონელს და ეს საქონელი ტფილისის ცხვირის წინ გადის სხვა ადგილას და სად არის, არავინ იცის. შეიძლება ნაწილი ამ საქონლისა აქ რჩება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ხალხისთვის შეუძლებელ ფასებში, და ამას, ვბედავ თამამად ვსთქვა, მფარველობას უწევს მოკავშირეთა სარდლობა. როგორც ვიცი, ეს იგზავნება სარდლობის მისამართით და ეს იმიტომ ხდება, რომ ხელი არავინ ახლოს ამ საქონელს. სარდლობას შეუძლიან მოსპოს ეს პირობები, რომ მათ შეუძლიანთ მოსპონ ეს ბლოკადა, ამაში ყველა თქვენგანი დარწმუნებული არის. ის ინგლისელი ვაჭრები, ის ბანკირები, რომელნიც ჩამოვიდნენ გაკვირვებულნი იყვნენ იმ ზრდით, რომელსაც განიცდის მათი ვალიუტა და აგრეთვე იმით, რომ ჩვენი მანეთი ეცემა. ამას წინად, მოგეხსენებათ, ეს ვალიუტა ღირდა 250 მან. და დღეს უკვე 400 მან. იმავე დროს მე მაქვს ცნობა, რომ ინგლისის ბანკი, რომლის განყოფილება უნდა გაიხსნას ბათომში, ბევრად ნაკლებად აძლევს ამ ვალიუტას. ტფილისში ისეთი სპეკულიაციაა, რომ ბაზარში 400 მან. ღირს, და ამას ქმნის ძალით მფარველობა აქაურ სპეკულიაციისა. იმავე დროს ინგლისის ბანკმა შესაძლოდ სცნო, მიეცა ვალიუტა 250 მან.

მე მგონია, ასეთი ტაქტიკა არც მათთვის იქნება სახეირო. არ შეიძლება მოკავშირეთა სარდლობა დაადგეს იმ აზრს, რომ მუდმივ გვიყოლიოს მოწინააღმდეგედ.

უკვე ცნობილია, რომ არის შედგენილი სია იმ ერებისა, რომელნიც ითვლებიან მოკავშირეთა მოკავშირედ. მათ ყოველივე სანოვაგეს, სურსათს და საჭირო საქონელს აწვდიან სესხის სახით, არც ფულს სთხოვენ, არც ოქროს. ჩვენ კი ვართ გადაყვანილი მეორე ბანაკში. თუ ოქროს მიუტან, მოგცემენ; ამასთანავე თქვენ ხედავთ, რომ ამ ოქროს ფასი ხელოვნურად ეცემა, რომ წარმოუდგენელია ამდენი ოქროს შეძენა და ამ საფასურის ქაღალდის ფულის ქონება. სანამ ამგვარი საქციელი არ მოისპობა, სანამ ჩვენ არ მოგვეპყრობიან ისე, როგორც ხალხს, რომელმაც მთელი ომის განმავლობაში თავისი ნეიტრალობა დაიცვა, თავისი ლოიალობა გამოამჟღავნა, რომელსაც არასოდეს არ უღალატნია არც წარსულში, არც მომავალში უღალატებს ვისმე, - იქამდე, ვიმეორებ, შეუძლებელია, რომ ჩვენ შორის სასურველი განწყობილება დამყარდეს. მათი სიტყვა სხვაა, საქმე სხვა.

ერთხელ კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმ საშინელ აგიტაციას, რომელსაც. „ტაიმსის“ კორესპონდენტი აწარმოებს, დრო-გამოშვებით, ორ თვეში ერთხელ მაინც. ახალ-ახალ კორესპონდენციას სთხზავს და გზავნის ლონდონში. აზრი ერთი და იგივე არის: საქართველოს და ადერბეიჯანს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად არსებობა. საჭიროა დროზე ზომები იყოს მიღებული. რუსეთს, (უეჭველია დენიკინის რუსეთზე ლაპარაკობენ, რადგან მათი რუსეთი სხვა არის და ის კი, რომელზედაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენა სხვა) დენიკინს უნდა შეუერთდეთო.

ასეთი კორესპონდენტები ჰქმნიან ილიუზიებს. ეს ილიუზიები უპირველეს ყოვლისა, არის საკუთრება იმ სარდლობისა, რომელსაც ჰგონია, რომ გენერალი, ადმირალი, თუ გინდ იყოს აღჭურვილი ნდობით ამ სარდლობისა, თუ გინდ აღჭურვილი იყოს ყოველგვარ იარაღით, ტანკებიდან დაწყებული ჰაეროპლანამდე, - ისინი შესძლებენ ამ საკითხის გადაჭრას ისე, როგორც მართ სურთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში, დღეს თუ არის ვინმე რუსეთის იდეის მატარებელი, ეს არიან ბოლშევიკები. შეგიძლიანთ არ დაეთანხმოთ ბოლშევიკებს, მაგრამ რუსეთის ხალხის წარმომადგენელნი ჯერ-ჯერობით არიან ბოლშევიკებ. ის სარდლობა, რომელსაც ჰგონია, რომ დენიკინი და კოლჩაკი აღადგენენ რუსეთს, იმათ არ უნდათ ანგარიში გაუწიონ რუსეთს, რომლის გაბედნიერებას ლამობს მოკავშირეთა სარდლობა. პირველი ადგილი, სადაც მოხალისეთა ჯარმა მოქმედება დაიწყო, იყო როგორც იცით, ყუბანის და დონის ოლქი, და თქვენ იცით კარგად, რომ ამ ყუბანის და დონის ოლქში საშინელება ტრიალებს. ის ხლხი, რომელიც ვითომდა იხსნა მოხალისეთა ლაშქარმა დრტვინავს იმ საშინელ უღელის ქვეშ, რომელიც დაადვა თავს მოხალისეთა ლაშქარმა. თქვენ ვერ ნახავთ, ლაპარაკობენ იქიდან ჩამოსულნი, - ოჯახს, რომელიც არ იყოს აოხრებული, მისი წევრნი არ იყვნენ აცრემლებულნი. აქ არა წარსულისთვის, არა მომავალ იდეისთვის აღფრთოვანებულ ხალხს ნახავთ თქვენ, არამედ ხალხს დაჩაგრულს, გაღატაკებულს და შევიწროებულს, იმდენად შევიწროებულ და გაძარცვულთ მოხალისეთა მიერ, რომ არამც თუ ბოლშევიკური, არამედ ჯოჯოხეთის ძალაც ენატრებათ, ოღონდ კი მოხალისენი მოიშორონ, ვინაიდან იგი ისეთი ელემენტებისაგან შესდგება, რომელნიც თავის პირად შუღლზე აგებენ ყველა თავის მოქმედებას. ასეთი მოხალისეთა ლაშქარი არ კმაყოფილდება იმით, რომ რუსეთი აღადგინოს. ის ლამობს აქ დამკვიდრდეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის ამ ხალხმა, აქ არის მოკავშირეთა ძალა.

მაგრამ მთელ ამიერ კავკასიაში არის ერთი კუთხე, ეს კუთხე, გახლავთ ბათომის მხარე, სადაც მთელი ეს დაბნეული და გამოქცეული ხალხი არა თავს აფარებს, არამედ ამ კუნძულზე ჰფიქრობს შექმნას დიდი რუსეთის სახელმწიფო. ჯერ ამისი გარეგნული ნიშნებია; თქვენ გახსოვთ ინგლისის მთავრობა, რომ ბათომში ჩამოვიდა. მაშინ მათ აირჩიეს ბათომის საბჭო და საბჭოში უმეტეს ნაწილად რუსები მოხვდნენ. სარდლობა დარწმუნდა, რომ ეს საბჭო ყოვლად მავნებელ პირებისაგან შესდგებოდა და ისინი განდევნა და თავის ხელში აიღო ძალა. მაგრამ ნატანებსა და ქობულეთ შორის, ჭოროხის საზღვარზედაც დარჩა ყოფილ რუსეთის ბიუროკრატია. იმ საზღვარს იცავს რაზმი, რუსებისაგან შემდგარი, და იმავე დროს აქ არის დანიშნული წარმომადგენელი ვითომდა ინგლისის მთავრობისა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს წარმომადგენელნი არიან ბეგების და აღლარების ერთი გურულის დახმარებით, რომლის გვარი ყველამ იცით და რომელიც ცნობილია 1906 წლიდან. ეს გახლავთ დიმიტრი მგელაძე, ამასთან ერთად ეს საუცხოვო კომპანია ჰქმნის ორგანიზაციას, ჰქმნის ერთგვარ მოჩვენებას, თითქოს აქ რუსეთი არსებობს.

ამავე დროს ჩვენ გვაქვს მეორე მაგალითი, როდესაც ეს მოკავშირეთა სარდლობა შემოვიდა ამიერ-კავკასიაში, მან გამოაცხადა: მოვალეობაა შემოვიდეთ აქ და განვსწმინდოთ ამიერ-კავკასია ოსმალოთა და გერმანელებისაგან. ის რაც მათ ჰქონდათ დაჭერილი, ჩვენ უნდა დავიჭიროთო და მართლაც ასე მოხდა მაგრამ სულ სხვა და სხვანაირი იყო მეთოდი დაჭერის. ბათომისა და ყარსის ოლქში დაარსეს სამხრეთ-დასავლეთ ამიერ-კავკასიის მთავრობა. თქვენ იცით, რომ იქ თებერვალში ლიკვიდაცია მოახდინეს მთავრობისა, თითონ, დაიკავეს მაგრამ ყარსის ოლქი უკვე სომხებს გადასცეს. რაც შეეხება ბათომის ოლქს, ისინი არ აპირებენ გადმოგვცენ, როგორც კანონიერ მემკვიდრეს ამ ოლქისას, რომელიც ძალად წაგვლიჯეს. ყარსის ოლქი სომხებისა არასოდეს არ ყოფილა. ძველად ვერ შეხვდებოდით სომხის მოღვაწეს, რომელიც გაბედავდა და იტყოდა: ყარსის ოლქი ჩვენიაო ისე, როგორც სხვა ნაჭერი, როგორც მაგალითად ბათომის ნაწილი და არტაანის შეადგენს საქართველოს ნაწილს. ყარსის ოლქი ეს იყო ერთგვარი საჩუქარი, ერთგვარი ხილი, რომელსაც თუ მიაწოდებდნენ ძალიან... (ხმა: დესერტი) დიახ, დესერტს ეძახიან ფრანგულად, რაც შეეხება ბათომის ოლქს, იქ ძალიან კარგად იცოდნენ გეოგრაფიიდან მაინც იცოდნენ, რომ ბათომის მხარე არის განუყრელი მხარე საქართველოსი, აშკარად იყო განცხადებული, რომ ბათომის ოლქი არის საქართველოს განუყრელი ნაწილი. მაგრამ მიუხედავად იმისა, არამც თუ გვიბრუნებენ, პირიქით ჰქმნიან ასეთ პირობებს, რომ იგი გახდა ბუდე ბოლშევიკების მიერ დევნილ უსაქმო ადამიანებისა და კონტრ-რევოლიუციონერებისა. მათ ფული ტომრით მოაქვთ და ისე შეუძლიან იცხოვრონ, არ ჩაერიონ არავითარ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რასაკვირველია როდესაც ისეთ ხალხს მოუყარეს თავი, ყოველივე ფანტაზიას აქვს ადგილი. ერთი ასეთი ფანტაზიორი გაჩნდა - ვიღაც ნათიშვილი. იგი ნათიევი გახლავთ და არა ნათიშვილი, ვინაიდან დღეიდან არ იქნება ნათიშვილი ეს ვაჟბატონი. სურვილი არა მაქვს შევადარო იგი იუდას, ვინაიდან იუდამ ვერცხლის ფული აიღო მას კი მხოლოდ ბონებს მისცემენ. იგი არც ჰეროსტრატს ჰგავს, ვინაიდან ჰეროსტრატმა ტაძარი დაწვა ხოლო იგი ვერ ეღირსება სამშობლოს ტაძრის დაწვას. ნუ თუ ფანტაზიორი არ არის იგი? მთელი რუსეთიდან მოკრეფილ ხალხისაგან მან შეჰქმნა კორპუსი და ამ კორპუსს სახელათ უწოდა ამიერ-კავკასიის მკვიდრთა კორპუსი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს იცის სარდლობამ, (თუ არ იცოდა მან თვალით დაინახა 26 მაისს). რომ ხალხის ფართო მასაში განმტკიცებულია და იგი გამსჭვალული არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეით. 26 მაისის დიადი მონიფესტაცია ხომ მის თვალწინ გადიშალა?

ბ-ნო! ნათიევის გამო მე აქ უნდა განვაცხადო კიდევ ის, რაც განაცხადა ვალიკო ჯუღელმა წარსულ კრებაზე: ფრონტზე ჩვენი ოფიცრობა თავდადებულ სიყვარულით, შეგნებით იბრძვის და იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას.

იგივე უნდა განვაცხადო იმ ოფიცრების შესახებ, რომლებიც აქ მუშაობენ. მათთან ერთ წელზე მეტია, რაც დაახლოვებული ვარ და შეგიძლიან თამამად ვსთქვა, დიდი უმრავლესობა, ცხრა მეათედი ისეთი ოფიცრები გვყავს, რომელნიც ამ ვაჟბატონს არ ჰგვანან და არც მის ძახილზე წავლენ. მაგრამ ნათიევს ჰყავს ბათომში თავისი ელემენტები - ესენი გახლავან ბეგები და აღები და მათგან გაბრიყვებული ზოგიერთი აჭარლები. არიან იქ რუსის ოფიცრებიც, რომელთა მთელი ნაწილი რასაკვირველია არ ღებულობს მონაწილეობას, მაგრამ დამშეული ხალხი ბლომად არის. და ბოლოს რა შეუშლით ხელს, როგორც შიდა რუსეთში, აქაც ჩინელები მოიყვანონ, გაავსონ კორპუსი და დაარქვან სახელად ამიერ-კავკასიის მკვიდრთა კორპუსი? არ ვიცი ეს კორპუსი წავა ზღვით დენიკინთან, თუ უმჯობესად მიიჩნევს ხმელეთით აქეთ წამოსვლას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ფაქტი და შესაფერისი ზომებიც მივიღოთ. აღსანიშნავია ერთი გარემოება. მეთოდი ამ კორპუსის შედგენისა იგივეა, რაც იყო მთიელთა რესპუბლიკაში. სანამ ბატონი დენიკინი შესძლებდა გამოსვლას იერიშით და მოსპობდა მთიელთა რესპუბლიკას, იმან შეუყარა გროზნაში თავი რამოდენიმე ოფიცერს და რამოდენიმე მოხალისეს, შეადგინა რაღაც „ყრილობა“, რომელმაც დაადგინა, ჩვენ ვართ წარმომადგენელნი ხალხისა და ვაცხადებთ, რომ უერთდებით მოხალისეთა ლაშქარს, დამოუკიდებლობაზე უარს ვაცხადებთ. ეს დადგენილება წარუდგინა დენიკინმა მოკავშირეთა სარდლობას და ამით შემთხვევა და საშუალება მიეცა წასულიყო და მართლა მოესპო მთიელთა დამოუკიდებლობა და მთიელი ხალხის მთავრობა, რომლის წევრებს დღეს ცალ-ცალკე ატუსაღებს. შეიძლება ეს მეთოდი იყოს აქაც? ნახავენ ერთ ორ კაცს, ნათიევ-მგელაძეს, მეორეს, მესამეს ნახავენ და ამიერ-კავკასიის კორპუსის სახელით განაცხადებენ პარიზის კონგრესის წინაშე, რომ დენიკინს ახალი მოკავშირე გაუჩნდა და ეს მოკავშირე არის საქართველოს რესპუბლიკის მკვიდრნი, მაგრამ ძლიერ შესცდნენ: ხალილოვებს აქ ისინი ვერ ნახავენ, მათი ცდა ამაოდ ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ექსპერიმენტებისთვის აქ არა გვცალიან. ჩვენი სურვილი სულ სხვა არის, ჩვენ გვინდა ჩვენი ცხოვრება მოვაწყოთ, ჩვენ გვინდა ჩვენ მეზობლებთან კეთილი განწყობილება გვქონდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ ტერიტორიაზე შემოიჭრებიან ასეთი ძალები, იმათ წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის გავილაშქრებთ.

მეორე ნაწილს ამ საკითხისას აქვს უაღრესი მნიშვნელობა ჩვენთვის. ჩვენ ვიცით, რომ ბრესტ-ლიტოვსკის დადგენილების ძალით ბათომის ოლქი გადავიდა ოსმალეთის ხელში. ჩვენ დავთანხმდით, დავთანხმდით ძალის წინაშე. დღეს ინგლისი თავის თავს აცხადებს მემკვიდრედ ოსმალეთისა. ეს მემკვიდრე ჯერ არ გარდაცვლილა, არ წასულა ბათომის ოლქიდან და იმავე დროს ჰქმნის მეორე მემკვიდრეს - ეს არის მოხალისეთა ლაშქრობა. თუ მემკვიდრეობაზე წავა საქმე, მემკვიდრენი ჩვენ ვართ და სხვა არავინ. თუ მათ არ შეუძლიანთ ბათომის ოლქის მართვა-გამგეობა, ეს გამგეობა ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში. ჩვენ დღესვე უნდა შევუდგეთ ამ საქმის მოწყობას, თუ სხვაფრივ არის საქმე დაყენებული, მით უმეტეს ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა მივიღოთ ზომები.

გარდა იმ ხალხისა, რომელიც თავში დავასახელეთ, არის მეორე ნაწილი რუსეთის საზოგადოებისა ბათომში, - ეს არის მუშათა კლასი. სამწუხაროდ განწყობილება დღევანდელი იქ მყოფი მუშათა კლასისა არ არის ისეთი, როგორც რევოლიუციონურ კლასს შეეფერება. ჯერ ოსმალეთის და მერე მასლოვების ბატონობამ ბათომს საუკეთესო მუშები მოაშორა, რადგან მათ ვერ გაუძლეს იქ გამეფებულ რეჟიმს. ეხლა კი რას ვხედავთ?

ლენინმა პეტროგრადში განაცხადა, ჩვენდა სამწუხაროდ ზოგიერთი კომუნისტი, რომ გადაფხიკო - რუსის შოვინისტი აღმოჩნდებაო. ეს გადაფხეკა პეტროგრადშია საჭირო. ყუბანის სოციალისტებს კი გადაფხეკა აღარ სჭირიათ, იქ ლებედევმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რითაც მხარს უჭერს დენიკინს. თქვენ იცით, რომ ლებედევი იყო „დიდი“ და „დიდი“ მემარცხენე (ხმა ესერების სკამებიდან: მემარჯვენე იყო!) ეხლა მემარჯვენე კი არა რეაქციონერი არის, მაგრამ მე წარსულზე მოგახსენებთ (ხმაურობა ესერების სკამებზე) მე არ მესმის რა გინდათ თქვენ? თქვენსკენ არც კი გამომიხედნია და რათ იღებთ თქვენს თავზე? თქვენ იცით როგორ უარყოფდა ლებედევი ჩვენ დამოუკიდებლობას პროლეტარიატის და სოციალიზმის სახელით, მაგრამ საკმარისი იყო წასულიყო ეკატერინოდარში, მისი სოციალიზმი და რევოლიუციონური ფრაზა გაჰქრა როგორც სიზმარი ღამისა, გაშიშვლებული შავრაზმელი დაგვრჩა ხელში.

ჩვენდა საუბედუროდ, ბათომში, როდესაც პროფესიონალურ კავშირში დაისვა დენიკინის შემოსევის საკითხი, გადასწყვიტეს ერთის მხრით, დენიკინს შევებრძოლებითო, მაგრამ ერთმა მათგანმა დასვა საკითხი: ქართველები, რომ შემოვიდნენ, რა ვქნათო. ეს საკითხი მათთვის კიდევ გადაუწყვეტელი ყოფილა! დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოსი მისაღებია ბათობის მუშებისათვის თუ არა? ჩვენ თავზე, ბაქოს პროლეტარიატს დეპეშა გაუგზავნეს, დენიკინი მოდის და თქვენ რას ჰფიქრობთო. მე მგონია მუშათა კლასის ინტერესი მოითხოვდა ფრონტის გაერთიანებას, აქაური ფრონტი უნდა გაერთიანდეს, ფრონტი საქართველოს დემოკრატიისა, ვინაიდან საქართველოს მუშათა კლასი არის ბატონ-პატრონი ამ ადგილებისა და ყველა ასეთი გამოსვლები, რომელნიც ჩვენ არც ანგარიშს გაგვიწევენ, აბუჩად გვიგდებენ, ეჭვს გვიბადებს.

ბნელი ელემენტები ნიადაგს ეძებენ აჭარაშიაც. რუსის ბოლშევიკების მიერ დევნილნი ბათომში აფარებენ თავს და აქედან სცდილობენ გვავნონ. ამას, რომ თავი დავანებოთ, სანამ ბათომი ჩვენს ხელთ არ იქნება, ტყუილად თავს ნუ მოვიტყუილებთ, რომ ზღვის პირას ვართ. ბათომი არის ერთად-ერთი ისეთი ნავთსადგური, საიდანაც შეიძლება მართლა ზღვით სარგებლობა. ბათომი არის ისეთი მხარე, ისეთი კარი, საიდანაც შეგვიძლიან ყოველივე ეკონომიური და კულტურული დამოკიდებულება ვიქონიოთ დასავლეთ ევროპასთან. სანამ ეს ნაწილი ჩვენგან დაშორებულია, ჩვენ რაც უნდა ბევრი კარგი განწყობილება შევქმნათ, მაგალითად იტალიელებსა თუ საფრანგეთთან, თუ ჩვენს განკარგულებაში არ იქნება ბათომი, ვერავინ ვერაფრით ვერ დაგვაკმაყოფილებს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით დღესვე დაგვესვა საკითხი და გვეკითხა მთავრობისათვის: რა ზომებს იღებს იგი დაუყოვნებლივ მისთვის, რომ სამაჰმადიანო საქართველოს შემოერთების საქმე დღიურ საკითხად მიიჩნიონ? რა ზომები იქნება მიღებული იმის გამო, თუ ვინმე მემკვიდრე ებადება ამ მხარეს? ისტორიულად მემკვიდრე არსებობს და მისი არის ბათომი. ეს არის საქართველო.

ჩვენ ვიცით აგრეთვე, რომ აუარებელი ხალხი გამოდის ბათომიდან. ვინ არის ეს ხალხი? რასაკვირველია არის ნაწილი, არევ-დარევას თავს, რომ არიდებს და ეძებს მყურო ადგილს, ეს ნაწილი მოილტვის ტფილისში, რომ აქ კარგი სასტუმროებით დასტკბეს და დაისვენოს, მაგრამ არის მეორე ნაწილი ოფიცრობისა, რომელნიც შემოდიან, როგორც აგენტები. დანამდვილებით შემიძლიან ვსთქვა, იმათი რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პირველი ჯურის ხალხისა. მოდიან ყუბანიდან, ნოვოროსიიდან, ეკატერინოდარიდან, ნაწილი რჩება ტფილისში და ამზადებს ერთგვარ ნიადაგს, თანდათან ლაგდება აქ. ზოგიერთი ბაქოში მიდის, ზოგიერთი პირდაპირ ფრონტზე გადადის. აი ამასთან ბრძოლაა საჭირო და მთავრობამ გადაჭრით უნდა გვითხრას, რომ ამის წინააღმდეგ სასტიკ ზომებს მიმართავს. თუ სასტიკად არ იქნება დაცული ჩვენი საზღვრები, მალე მტრები გაავსებენ ჩვენს ქვეყანას. ყურადღება უნდა მიექცეს დუშეთის სამხედრო გზას, რაჭის და სხვა საზღვრებს. ყოველ შემთხვევაში თუ ეხლავე ეს ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ არ შეგვეძლება ვსთქვათ, რომ გვაქვს დამოუკიდებელი საქართველო, ვინაიდან თანდათან გვიჭრიან იმ ტერიტორიას, რომელიც ჩვენ უდავო ტერიტორიად მიგვაჩნია.

თუ გნებავთ აიღეთ უკანასკნელი წერილი ინგლისელთა გენ. კორისა ადერბეიჯანის სახელზე, რასაკვირველია, ეს ჩვენ შეგვიძლიან მივიღოთ, როგორც ჩვენ მთავრობასთან მომართულიც. მეხადირიდან გადადით, ბზიბზე გაჩერდით და როდესაც გადახვალთ, მაშინ მიიღებს დენიკინი ბრძანებას, რომ გაჩერდესო. სხვა საკითხია, დენიკინი ამას შეასრულებს თუ არა. ხომ იყო ბრძანება სოჭის ოლქი დაეცალა, მაგრამ დენიკინმა ოლქი არამც თუ არ დასცალა, პირიქით იერიშით წამოვიდა და სადაოდ გაგვიხადა უდავო ტერიტორია. დღეს ინგლისის სარდლობა ეთანხმება დენიკინს: თქვენი საზღვარი არის მდ. ბზიბიო. მან უკვე ჩამოგვაჭრა ტერიტორია, რომელიც ამას წინად უდაო იყო. იგივე მოხდა არტაანის მხარეს, თითონ სთქვეს დაიკავეთ არტაანის, ფოცხოვის რაიონიო და სხვა ასეთი. დღეს ჩვენ ბრძანების წინაშე ვსდგევართ: არტაანი უნდა დასცალოთო. ფაქტიურად შეიქმნა ასეთი მდგომარეობა: ძველი არტაანი ჯერ-ჯერობით ჩვენ ხელშია და ახალი არტაანი სომხების ან და ინგლისის ხელშია. მაგრამ ყოვლად წარმოუდგენელია, რომ წყალი ჰყოფდეს ქალაქს, მეორე ის, რომ ახალქალაქ-ახალციხის შოსე ჩვენ ხელთ არ იყოს. ისე, რომ თუ გვინდა წავიდეთ არტაანიდან ახალციხეს, საქართველოდან საქართველოში უნდა შემოვიაროთ ინგლისი თუ სომხეთი - არ ვიცით. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბათომის ოლქშიაც ასე არ მოხდება.

ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოთ იქნეს გამორკვეული, ამიტომ მე ფრაქციამ დამავალა წარმომედგინა ყოველივე ეს მოსაზრებები და მეთხოვა მთავრობისთვის, რომ გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვის შესახებ. ორი საკითხია, თვით შეკითხვაში. ერთია: საზღვრების დაცვა. მეორე: (თუმცა ბათომში რომ ადგენენ იმ კორპუსს სახელათ ჰქვიან კავკასიის მკვიდრთა კორპუსი, მაგრამ ჩინელებისგან, რომ კორპუსი შედგეს და წამოვიდეს, სულ ერთია შედეგი ერთი იქნება) ბათომი არ უნდა გადაიქცეს ბაზად მტრისათვის. მესამე არის სამაჰმადიანო საქართველოს საკითხი. ამ საკითხს ჩვენთვის უაღრესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ პასუხს მოველით. რასაკვირველია ჩვენ ამითი არ გვინდა აგრესიული პასუხი მოვთხოვოთ მთავრობას, მაგრამ ერთი კი გულ-ახდილათ ვსთქვათ: ის მთავრობა, რომელიც არ მიიღებს ყოველივე ზომებს, ის მთავრობა თავის ადგილზე ვერ დარჩება, ის დამფუძნებელი კრება, რომელიც დაჰკარგავს ბათომს, არ იქნება დამფუძნებელი კრება, ის იქნება ისტორიის წინაშე დამნაშავე და ის დამფუძნებელი კრება, ვლასა მგელაძისა არ იყოს ძალით და მათრახით გასარეკი იქნება (მაჭავარიანი ადგილიდან: აქამდისაც ბევრი იყო ბათომის დაკარგვისთვის).

გიორგი გვაზავა. (ერ.-დ.) ბატონებო! შემოტანილი შეკითხვა მე აგრე მესმის: საკითხი შეეხება ბათომს და ბათომის ბედს. ყველასთვის ჩვენთვის ეჭვს გარეშეა, რომ ეს ბათომის ბედი უნდა იყოს გადაწყვეტილი, როგორც მოითხოვს საქართველოს ინტრესი, რომ ეს ბედი აუცილებლად დაკავშირებულია თითონ საქართველოსთან. აქ დიდი სტატისტიკის მოყვანა და ისტორიული ან ეკონომიური მოსაზრება სრულიად საჭირო არ არის; ყველამ, ვისაც კი უნდა გაიგოს საქართველოს მდგომარეობა და მნიშვნელობა, საკმარისია დახედოს რუქას და დაინახავს, რომ ბათომი არამც თუ არის დაკავშირებული, ის არის გადაჯაჭვული საქართველოსთან. რკინის გზა - სწორედ ეს არის გამოხატვა ამ გადაჯაჭვისა. არ არის არც ერთი შტო ამ რკინის გზისა, რომელიც აკავშირებდეს სხვა რომელიმე კუთხეს ბათუმთან. თუ ამას დაუმატებთ ეთნოგრაფიულ შემადგენლობას მცხოვრებლებისას, ეჭვი არ არის, რომ ბათუმი არის მოუჭრელი ნაწილი საქართველოისა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნაწილი ეხლა სხვის ხელში არის. ასეთი წინააღმდეგობა სიმართლისა და რეალობისა ყოვლად გაუგებარია ჩემთვის, მართალია, ძნელია მთავრობის მდგომარეობა, მაგრამ, ბ-ბო, შეიძლება მთავრობაც შემცდარი იყოს. ყოველთვის ტაშის დაკვრა არ არის კარგი. მე მგონია ამ მხრივ მთავრობას მიუძღვის, ცოტა არ იყოს, დანაშაული. (ხმაურობა. ხმა: ვინ გეხვეწებათ...) უნდა დამფუძნებელი კრების ყურადღება მივაქციო იმ შეცდომებს, რომელიც არის, რომელიც სჩანს. ყოველი თქვენგანი ვალდებული არის სინიდისის ქვეშ დააფასოს ის პრინციპი, რომელიც იყო ჩვენ საგარეო პოლიტიკაში და თავისებური დირექტივები მისცეთ მთავრობას ამ მხრივ. (ხმაურობა). უკაცრავად. პირველი მომენტი გახლავთ იურიდიული. ის ორატორი რომელმაც ჩემს წინ ილაპარაკა, უკვე ამას შეეხო, მაგრამ არ განუვითარებია ეს. ეს არის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ ხელშეკრულებისა, რომლის ძალით ბათუმის მხარე ჩამოერთვა მთელს საქართველოს, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამისთვის ომიც გამოვუცხადეთ ოსმალეთს. მიუხედავად ამისა... (ხმაურობა) ბატონებო, თვითონ ანტანტის სახელმწიფოები: საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა და იტალია უარსჰყოფენ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას. მოჰყავთ მრავალი მოსაზრება, ამბობენ, რომ ეს არღვევს ყოველგვარ უფლებას, როგორც რუსეთისას, ისე კერძო ეროვნებისასო. თუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ სად გადადის ხაზი ჩვენი სახელმწიფოსი ბათომის მხრივ - ჭოლოკის ხაზი - თქვენ დაინახავთ, რომ იგი ყოვლად მიუღებელია. იგი სჭრის შუა ჩვენ ეროვნულ ორგანიზმს და საერთაშორისო კონფერენციაზე იგი უნდა წაიშალოს. როგორ შეუძლიან ინგლისს ისარგებლოს იმ ხაზით, რომელიც გაყვანილია ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ძალით. ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე თქვენ გეკითხებით, ისარგებლა ამით მთავრობამ? მიჩვენეთ ერთი ნოტა, სადაც ეს აზრი გატარებული იყოს. (ხმაურობა) მოიყვანეთ ერთი ნოტა მაინც. მერე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ ხელშეკრულება გვქონდა ოსმალეთთან. ეს მართალია, მაგრამ ამ ხელშეკრულობამ არ მიიღო დამტკიცება სტამბოლში. როგორც მოგეხსენებათ ვადა გაუვიდა, მაშასადამე ეს ხელშეკრულება არ არსებობს.

აქედან ხედავთ, თუ როგორი საკითხი უნდა დავაყენოთ პარიზის კონფერენციაზე და იქ ეჭვი არ არის, ეს საკითხი უნდა გადასწყდეს ჩვენს სასარგებლოდ. ყველა დაინახავს, რომ ბათომი არის მოუწყვეტელი ნაწილი საქართველოსი. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხაზზე ლაპარაკი არ არის. ბატონი მდივანი გაკვირვებულია: ბერნის და ამსტერდამის კონფერენციამ იცნო ჩვენი დამოუკიდებლობაო, (დიახ, დიახ!) დიახ, დიახ! ჩვენ ვართ ნეიტრალებიო, - და რად გვეპყრობიან ასე უსამართლოდაო? ეს ორივე აზრი შემცდარი არის და სწორედ აქ უნდა შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა (ხმა: ე. ი.?) მოითმინეთ ბატონებო, როდესაც ჩვენ გავგზავნეთ დელეგაცია, ის აზრი იყო, რომ დელეგატები იგზავნებოდნენ, როგორც წარმომადგენლები საქართველოისა. ისინი მიდიოდნენ პარიზში, უნდა ელაპარაკნათ „შეთანხმების“, სახელმწიფოებთან და უნდა დაეცვათ საქართველოს ინტერესები. ამის მაგიერ, ისინი მიდიან სხვაგან და სხვაგან ეძებენ შემწეობას.

ჩვენ წარმომადგენლებს ნება არ ჰქონდათ, წასულიყვნენ და დასწრებოდნენ ბერნის და ამსტერდამის კონფერენციას. რატომ? თქვენთვის, ყველასთვის, აშკარაა, რომ მთელი მსოფლიო არის გაფხრეწილი ორ ნაწილათ. ერთის მხრით არის პარიზის კონფერენცია, მეორეს მხრივ - მოწინააღმდეგე მიმდინარეობა, რომლის გამოხატულობა არის ბერნის კონფერენცია. თქვენ გზავნით დელეგაციას იმიტომ, რომ გამოითხოვოს ცნობა საქართველოს დამოუკიდებლობისა. მაშასადამე ამ საკითხის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ ამ ცენტრში, პარიზში. აქ უნდა მოვთხოვოთ ცნობა ჩვენი უფლებისა, ჩვენ იმისთვის ვგზავნით წარმომადგენლებს და იმავე დროს ზოგიერთი მათგანი მიდიან იქიდან ბერნის და ამსტერდამის კონფერენციაზე. რა არის ეს? არის პოლიტიკა, აქ არის პოლიტიკური გამჭრიახობა? (ხმა: დიახ!). მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გადახვიდეთ მოწინააღმდეგე ბანაკში მაშინ, როდესაც დაინტერესებულნი ხართ, - რომ პარიზის კონფერენციამ აღიაროს თქვენი სახელმწიფო. როგორ შეხედავთ თქვენ ისეთ პირებს, რომელნიც ვთქვათ გამოგზავნილი არიან აქ საქართველოში, და იმის მაგივრათ, რომ მთავრობასთან ჰქონდეთ მოლაპარაკება, დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთის საბჭოსთან? (ხმა: ნაციონ-დემოკრატებთან?) თუ გინდათ ნაციონ-დემოკრიტებთან. ნაციონალ-დემოკრატები თქვენი მოწინააღმდეგენი არ არიან, მაგრამ ნაციონალ-დემოკრატებს უნდათ, რომ თქვენ აიღოთ ნამდვილი ალღო, ნამდვილ ხაზს მიმართოთ, რომ უზრუნველჰყოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ მიგითითებთ შეცდომებზე, რომ გაასწოროთ, თუ არ გაასწორეთ თქვენ ხალხის წინაშე დამნაშავენი ხართ და პასუხისმგებელნი ისტორიის წინაშე. მე ვერ წარმომიდგენია: თუ პარიზში არის მოქცეული საქართველოს ინტერესები, როგორ შეიძლება იმავე დროს გადავდივართ მოწინააღმდეგე ბანაკში და იქიდან რევოლიუციით ვემუქრებით იმ სახელმწიფოებს, რომელთა ხელშია გადაწყვეტა ჩვენი ბედისა? ეს პოლიტიკა არ არის მისაღები ეხლანდელ დროში, ეს ყოვლად შეუძლებელია. სწორეთ ამიტომ ვთქვით ეს სიტყვა, რომელიც უნდა თქმულიყო. აქ ამბობენ კიდევ ნეიტრალობაზე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებლობის აქტში ნეიტრალობა მოხსენებულია, მაგრამ ნეიტრალობა ჩვენთვის არის იდეალი და არა დღევანდელი პოლიტიკის საფუძველი. დღეს-დღეობით, როდესაც მთელი კაცობრიობა გაფხრეწილი არის ორ ნაწილად, ნეიტრალობა ნიშნავს გამოთიშვას, მარტოობას. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს ან ერთ მხარეს უნდა დავეყრდნოთ ან მეორე მხარეს. ნეიტრალობით არაფერი არ გამოვა. საქართველო აქამდის იყო გამოთიშული. (ხმა: დენიკინის ბანაკში... ხმაურობა). თქვენ იქ მიბრძანდით. სწორეთ ამიტომ გეუბნებოდით, რომ უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თუ თქვენ ეს საკითხი ისე გესმით, როგორც დენიკინის შემოსევა, ეს თქვენი ლოღიკის და თქვენი გონების საქმეა. ჩვენ კი მკაფიოთ, გარკვეულად ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა. და თუ ბატონ ნათაძეს ჰგონია, რომ ეს არის დენიკანის შემოსვლა, - ეს მისი საქმეა. (ხმა: რა გზით?) ჩვენ უნდა ვაწარმოვოთ ერთად ერთი პოლიტიკა, - პოლიტიკა დემოკრატიული. (ხმა: ო!) დიახ დემოკრატიული პოლიტიკა, ის პოლიტიკა, რომელიც მიღებულია პარიზის კონფერენციაზე (სიცილი, ხმაურობა) თქვენ კარგათ არ გესმით რა არის დემოკრატიული პრინციპი. დემოკრატიული პრინციპი გახლავთ თვისუფლება და თანასწორობა ყოველივე მოქალაქისა. (ხმა: რომელსაც პარიზში იცავენ არა?) დაცვა მისი პიროვნების პოლიტიკურ და ქონებრივ უფლებისა. (ხმა: ქონებრივ უფლებისა?) დიახ ქონებრივი უფლებისა და სწორეთ თქვენ ამის წინააღმდეგ მიდიხართ, ე. ი. თქვენი პოლიტიკა არ არის პოლიტიკა დემოკრატიული. თქვენი პოლიტიკა გადახრილია უფრო მარცხნივ, არის სარევოლიუციო პოლიტიკა და რევოლიუცია კი გათავდა, საქართველოში გათავდა მაინც 26 მაისს (სიცილი და ხმაურობა). ამას ჩაუკვირდით ეს სასაცილო არ არის.

ეხლა თქვენ ამბობთ, რატომ არ გვაძლევენ ბათომს? ამისთვის საჭიროა, რომ შეიცვალოს თქვენი პოლიტიკა, საერთაშორისო და შინაური. საჭიროა, რომ ჩვენ დროშის ქვეშ მოგროვდეს მთელი საქართველო, ყოველი მოქალაქე, ყოველი მოსახლე საქართველოისა. აქ უნდა იყოს გამოსწორებული ერთი დემოკრატიული ფრონტი. სანამ ამას არ მიაღწევთ, სანამ ერთი ნაწილი საქართველოს შვილებისა გულდაჩაგრული გულხელ-დაკრეფილი სხედან და ვერ იმუშავებენ იმიტომ, რომ თქვენ არ აძლევთ ამის საშუალებას. ეს არის დამღუპველი და სახიფათო საქართველოსთვის (ხმა: დაასახელეთ). მე უფრო გაღრმავება არ მინდა ამ საკითხისა, მე მინდა მხოლოდ თქვენი ყურადღება მივაქციო შინაურ საქმეებზე და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაზე. მე დიდად შეწუხებული ვიქნები თუ ვინმე ისე გაიგებს ჩემს სიტყვას, რომ მე მინდა შევანჯღრიო მთავრობის მდგომარეობა, რომ მე მინდა შევიტანო რაიმე ეჭვი ქართველ ხალხში. პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი, საქართველოს შვილები გრძნობენ, რომ დღევანდელი დღე არის დიდი ისტორიული მომენტი, ხედავენ, რომ თანდათან უახლოვდებიან უმაღლეს უღელტეხილს, რომლის იქით მომავალი საბედნიეროთ გადაშლილი იქნება და საქართველოს ბედი უზრუნველყოფილი იქნება. ამას უნდა გრძნობდეს ყველა. ყოველნაირ გაჭირვებაში ვართ, მაგრამ ეს გაჭირვება დროებითია. შეიძლება მოგვშივდეს, შეიძლება ყოველნაირი გაჭირვება განვიცადოთ, მაგრამ უნდა სახეში ვიქონიოთ, რომ ეს უღელტეხილი ახლო არის, ერთი თვე, ორი თვე, ერთი წელიწადი გავა, მაგრამ დამყარდება მშვიდობიანობა და თავისუფლება საქართველოში. როდესაც ასეთი აზრი ტრიალებს ჩვენს თავში, ეჭვი არ არის, დარწმუნებული ვარ, ყველა მამულიშვილი იქნება მამულიშვილი და ჩვენ საზოგადო ინტერესებს ის არ უღალატებს. მე მოგახსენებთ ერთ სამაგალითო მომენტს - სარდალი ფოშის მოღვაწეობიდან. 9 სექტემბერს 1914 წ. მისწერა მან შემდეგი ტელეგრამა ჟოფრს: „ჩემი მარცხენა ჯარი გარბის, ჩემი შუაგული ჩალეწილია, მდგომარეობა მშვენიერია, გადავდივარ შეტევაზეო“. აგრე უნდა მოვიცეთ ჩვენც: არასოდეს არ უნდა გავტყდეთ ზნეობრივად. ჩვენი ხალხის მთელი ძვირფასი და მშვენიერი მომავალი უზრუნველყოფილი იქნება, მხოლოდ ამისთვის სჭიროა ყურადღება მიაქციოს მთავრობამ იმ საზოგადო კითხვებზე, რომლებზედაც მე მივაქციე თქვენი ყურადღება. (ხმა: კლემანსო...).

საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის სიტყვა.

მოქალაქენო! ამ შეკითხვას იმდენად სერიოზული ხასიათი აქვს, რომ მთავრობა ფიქრობდა დღეს თქვენს წინაშე წამოეყენებინა მხოლოდ ფაქტიური მხარე ამ საკითხისა, აღენიშნა, თუ რა გააკეთა მთავრობამ ამ მხრივ და აგრეთვე ეჩვენებინა თქვენთვის ის ხაზი, რომლითაც ის ივლის ამ კითხვაში. არავითარ პოლემიკას, გამწვავებულ შეხლა-შემოხლას, ჩვენ გვეგონა, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვიყავით, დღეს აქ ალაგი არ უნდა ჰქონოდა. და ამიტომ უკანასკნელი ორატორის გამოსვლა ჩემთვის პირადათ სრულიად მოულოდნელი გახლავთ, მით უმეტეს, რომ მე შემიძლიან თქვენს წინაშე განვაცხადო, რომ არავითარი საბუთი ასეთ გამოსვლას არ აქვს, გარდა, რასაკვირველია, ერთი საბუთისა: ეს გახლავთ პროცესი გამოსვლისა, პროცესი ლაპარაკისა (გვაზავა: შეკითხვა იყო, ბატონო!) როდესაც რომელიმე ორატორი ასეთი სურვილით აღიჭურვება, რასაკვირველია, ყოველნაირი საფუძველი მაშინ უნდა მოიშალოს და თქვენს წინაშე მხოლოდ სტიქია სდგას, სტიქია ორატორობის. აი სწორედ ასეთ სტიქიით არის შეპყრობილი ბატონი გვაზავა, როდესაც ის თქვენს წინაშე მთავრობას სწამებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინაო და ეს რომ ასე გახლავთ ეს თვით მოქალაქე გვაზავამ მშვენივრად იცის.

პირველი მისი დებულება გახლავთ შემდეგი: მთავრობას ეს კითხვა არ დაუყენებია ისე, როგორც უნდა დაეყენებინა, ე. ი. მთავრობა არ დამდგარა ამ კითხვაში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის საფუძველზე და არ აღუნიშნავს მოკავშირეთა წინაშე ის, რაც უნდა აღენიშნაო. მართალია თუ არა ამ შემთხვევაში ბატონი გვაზავა? მე ვამტკიცებ თქვენს წინაშე, რომ არ არის მართალი. კიდევ 18 იანვარს, როდესაც ბათომში პირველად ფეხი შემოდგეს მოკავშირეებმა, საქართველოს მთავრობამ, მისმა წარმომადგენელმა ნოტა წარუდგინა ინგლისის მისიას, სადაც ეს კითხვა სწორედ ისე იყო დაყენებული, როგორც იქ ბატონი გვაზავა ლაპარაკობს. ჩვენი განცხადება იყო შემდეგი: ბათომის მხარე - ეს განუყრელი ნაწილია საქართველოისა. საქართველოს მთავრობას ვერ წარმოუდგენია საქართველო უბათომოდ და ბათომი უსაქართველოდ. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის შემდეგ მას მოუხდა შებრძოლება ოსმალეთთან ბათომის ნიადაგზე, რომ მან შეძლების დაგვარად დაიცვა ეს მხარე და მაშინ კიდევ, როდესაც გერმანიის კოალიცია თავის გამარჯვების უმაღლეს ზენიტზედ იდგა, - საქართველო არ შეუშინდა იმ უსამართლობას, რომელსაც აპირებდენ მისთვის თავზედ მოეხვიათ. ის შეებრძოლა სათათრეთის და გერმანიის კოალიციას და პირველი სამართლიანი ნაბიჯი, რომელიც ამ მხრივ უნდა გადადგან მოკავშირეებმა, - ეს უნდა იყვეს აღდგენა საქართველოს საზღვრებისა, ჩვენი ხალხის სათათრეთთან ომის წინ. ეს გახლდათ განცხადებული კიდევ 18 იანვარს, მოქალაქე გვაზავა! (გვაზავა: კონფერენციაზე რა ქენით, შეიძლება ვიკითხოთ?).

მეორე ნოტა იყო წარდგენილი 15 თებერვალს და ყველა ეს ნოტები, უნდა მოგახსენოთ და აღვნიშნო თქვენს წინაშე, ხელთ ჰქონდა ბატონ გვაზავას, ვინაიდან ბატონ გვაზავას ყოველთვის ჰქონდა საშუალება და უფლება, და ამ საშუალებით და უფლებით ის სარგებლობდა, რომ ჩვენი არქივი გადაეთვალიერებინა და ყველა ნოტას გასცნობოდა (გვაზავა: მე კონფერენციაზე მოგახსენებთ და აგრე გადასხვაფერება შეუძლებელია!) უკაცრავად, თქვენი სტენოგრამა წაიკითხეთ, და თუ იცით კითხვა თქვენ ნახავთ, რა სწერია და რას ლაპარაკობდით. (გვაზავა: რა სწერია?) ამ ნოტაში ჩვენ ვსწერდით, რომ საქართველოს ხალხი და მთავრობა მოელის, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნილებანი დაკმაყოფილებული იქმნებიან. მოკავშირეთა სარდლობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შემდეგ იმისა, რაც ბათომში ჩვენი ჯარები დამარცხდნენ, და ეს ორგანიული ნაწილი ჩვენი საერთო სხეულისა ჩამოგლეჯილი იქმნა, მთელი ქართველი მოსახლეობა ამ ოლქისა და ქალაქისა განსაკუთრებით, ლტოლვილთა არმიათ გადაიქცა და საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში თავი შეიფარა. პირველი ნაბიჯი, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომელიც უნდა გადასდგას ამ მხრივ სარდლობამ, ეს იქნება ის, რომ უნდა მისცეს საშუალება და უფლება ამ ლტოლვილებს დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში და დაუბრუნდნენ თავიანთ კერას, თვით ბათომში. მეორე - ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ძალით ბათომის ოლქი ჩამოაგლიჯეს საქართველოს და ეს აქტი - ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობა კი იყო მიმართული მოკავშირეთა წინააღმდეგ და მათ შორის ჩვენ წინააღმდეგაც, და ამ შეთხვევაში სცდება მოქალაქე მდივანი, როდესაც ის ჩვენ ნეიტრალობაზე ლაპარაკობს, ვინაიდან ჩვენ ნეიტრალობა კი არ დაგვიჭერია, პირიქით სასტიკი შებრძოლება გაუწიეთ მოკავშირეთა მტრებს, როდესაც ბათომის მიდამოებში და ანარიის მაღლობებზე ვიბრძოდით (ხმაურობა. ზარი.) დიახ, დიახ, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ბათომი და ბათომის ოლქი ჩაბარდეს იმათ, ვისაც ჩამოაგლიჯა ეს კუთხე ოსმალეთმა. აი, როგორ იყო დაყენებული ეს საკითხი. ეხლა მოქალაქე გვაზავა გვეკითხება, კონფერენციაზე რა გააკეთეთო, როგორია ჩვენი პოზიციაო? მე ვამბობ, ჩვენი პოზიცია კონფერენციაზე ასეთი არის, - მართალია ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონია საშუალება წარვდგენილიყავით კონფერენციაზე და მათთვის გამოგვეცხადებინა. (გვაზავა: რითი აიხსნება ეს?) ალბად ეს აიხსნება იმითვე, რითაც მოქალაქე გვაზავა ხსნიდა ერთ დროს, გახსოვთ თქვენ, დამფუძნებელი კრების წევრნო, იმ გარემოებას, რომ ჩვენი დელგაცია სტამბოლში დარჩა და იქიდან ვერ გაემგზავრა იმიტომ, რომ დელეგაციის მეთაურები, სოციალისტები იყვნენო. დიახ, მაგრამ გახსოვთ, მე არ ვიცი შერცხვა თუ არა მოქალაქე გვაზავას, ხოლო პირადად მე იმის მაგივრად შემრცხვა, როდესაც პირველ რიგში, პარიზში გაემგზავრნენ ამ დელეგაციის მეთაურები - ჩხეიძე და კაკი წერეთელი. აი, ასეთივე სამართლიანობით ბრძანებს ეხლა მოქალაქე გვაზავა, როდესაც ჩვენ გვიმტკიცებს, თითქოს მთელი ის გარემოება, რომ დღეს-დღეობით ბათომის საკითხი და საერთოთ საკითხი ჩვენი დამოუკიდებლობისა არ არის გადაჭრილი, - ეს მხოლოდ მას იმით აუხსნია, რომ საქართველოს მეთაურად გამოდიან სოციალისტები და კერძოთ სოციალ-დემოკრატები. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქე გვაზავას ალაპარაკებს არა საერთო ინტერესი, არა ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალი... (გვაზავა: რა აინტერესებს?) არამედ პარტიული ინტერესი. ვინაიდან საქმის ობიექტიური ვითარება და გარემოება სრულიად არ გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ისეთი დასკვნა, რომელსაც აკეთებს ბატონი გვაზავა. და საერთოდ უნდა მოგახსენოთ მოქალაქენო, რომ ასეთ გამოსვლას, როგორიც მან დღეს გააკეთა, აქ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, რომ მას ერთნაირი კვალიფიკაცია გაუკეთოთ.

ეს გამოსვლა ჩემის აზრით, რაღაც გლახა სულით იყო მოცული (გვაზავა: დენიკინის სიმპატიით, არა?) დენიკინის სიმპატიით არა, მაგრამ არა ჩვენი ხალხის და რესპუბლიკის სიმპატიით (გვაზავა: უკაცრავად!), ვინაიდან, რასაც თქვენ აქ ამტკიცებთ, რომ იმაში ბრალი ჩვენ გვიდევს, ერთის მხრივ სამართლიანობას ღალატობს და მეორეს მხრივ, რასაკვირველია, თვით ხალხის ინტერესებს ღალატობს. ამას აშკარად ვაცხადებ, ვინაიდან თქვენ კარგათ იცით, რომ თუ ბათუმი ჩვენ ხელთ არ არის, ამაში ჩვენ არავითარი ბრალი არ გვიდევს. (მაჭავარიანი: ბევრი ბრალი მიგიძღვით, ამას ყოველთვის ვიტყვი) (ანჯაფარიძე: გაბაშვილის ბრალია. ზარი) მე საბუთებს წამოგიყენებთ სადაც არის აშკარად და მკაფიოდ დაყენებული, რომ მთავრობამ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა. მთავრობამ დასაბუთებული წარდგენა უკვე გაუკეთა აქაც და პარიზშიაც იმათ, ვისაც ჯერ არს და ჩვენ უცდით და დაიმედოვნებული ვართ, რომ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნილება ბოლოს და ბოლოს დაკმაყოფილებული იქნება. რაც შეეხება საერთო დანაშაულობას, ამაზე მე მგონია ლაპარაკი არ უნდა გავაგრძელოთ. მე არავის არ მინდა ბრალი დავსდო არც წარსულში, არც ეხლა მომავალში. მაგრამ ერთი კიდევ უნდა მოვახსენო მაჭავარიანს, როდესაც ის მდივანს რეპლიკას აძლევდა ადგილიდან. მაშინ როდესაც ბათუმისთვის ვიბრძოდით და სისხლს ვღვრიდით, -გვახსოვს ზოგიერთი საზოგადოებრივი წრეები, რომელნიც სულ სხვანაირად ლაპარაკობდნენ და სწერდნენ და თუ ბრალი ვისმეს ედება, ეს ბრალი ედება სწორეთ ამათ... (ხმა: მანდ იყვნენ თქვენი სოციალისტები!) უკაცრავად.

რაც შეეხება კითხვის არსებით მხარეს, უნდა მოგახსენოთ, რომ კიდევ უკანასკნელ გამოსვლის დროს, მე განვაცხადე, რომ ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ გენერალი რომანოვსკი ინიშნება გენერალ-გუბერნატორად ბათომში, რომ ჩვენ წინააღმდეგ მზადდება ახალი ფრონტი, და მთავრობა მიიღებს შესაფერ ზომებს. და ზომები მიღებული იქნება იმ დღესვე. პირველ დღესვე, მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაგზავნა ნოტა ადგილობრივ სარდლობის სახელზე, რომ თუ რომანოვსკი დაინიშნა გენერალ-გუბერნატორად, და საზოგადოდ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რომელსაც დღემდე ინგლისის სარდლობა აწარმოებდა ბათუმში და ბათუმის ოლქში, ეს იქნება მტრული განწყობილება საქართველოსადმი. ამაზედ ჩვენ 4 ივლისს შემდეგი პასუხი მივიღეთ, რომელსაც აქ თქვენ წინაშე წავიკითხავ (კითხულობს):

გარეშე საქმეთა მინისტრს.

თქვენო აღმატებულებავ!

მაქვს პატივი გაუწყოთ თქვენი ბარათის მიღება, პირველი ივნისის თარიღით 3856. მე რასაკვირველია, არ ვიცი თუ რა წყაროებიდან გაქვთ ცნობები გენერალ რომანოვსკი-რომანკოს ბათომის გენერალ-გუბერნატორად დანიშვნის შესახებ, მაგრამ მე გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში, რომ ცხადია, შეცდომა მოხდა ზემოხსენებულის გენერალის გენერალ დენიკინის წარმომადგენლად დანიშვნის გამო ნოვოროსიასთან დამოკიდებულებისათვის.

გენერალი კუკ-კოლისი რჩება სამხედრო გუბერნატორად ბათომისა და მთელს ოლქისა და ლაპარაკიც-კი ზედმეტია იმაზე რომ, არავის აქვს ნება ჩაერიოს იქაურ საქმეში ან და ბათომი ბაზად გამოიყენოს გარდა ბრიტანეთის ლაშქარისა.

გრატამ-ბელლიუ

ასეთი იყო, მოქალაქენო, პასუხი ჩვენს შეკითხვაზე, მაგრამ თავის-თავად ცხადია, რომ ასეთი პასუხით საქართველოს მთავრობა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგანაც მდგომარეობა, მართლაც, ისეთს ხასიათს ღებულობს, რომელზედაც აქ ბატონ მდივანმა ბრძანა. ყოველ შემთხვევაში მე დავალება მაქვს განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა ყოველნაირ ზომებს მიიღებს, რომ არ მოხდეს ის უსამართლობა, რომელიც მზადდება ბათომის ოლქში და ბათომში. საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ ის არ იქნება არც თქვენი და არც ხალხის ნდობის ღირსი, თუ კი მართლაც ის მთელ თავის ენერგიას, მთელ თავის შრომას, მთელ თავის უნარს არ მოახმარებს იმ მიზნის მისაღწევად, რომლითაც საქართველოზე ჩამონაგლეჯი მხარე საქართველოსვე უკან დაუბრუნდეს და რესპუბლიკის ფარგლებში შემოვიდეს. ეს შეადგენს უმთავრეს ღერძს მთავრობის პოლიტიკისას და ამ ხაზიდან მთავრობა იმ დრომდე, სანამ სარგებლობს თქვენის ნდობით, არ გადავა.

ჩვენ გვაქვს ამავე დროს ცნობები, რომ მართლადაც ბათუმში მზადდება ისეთი მოქმედება, რომელმაც შესაძლო არის ერთნაირი, ჩვენთვის არა სასარგებლო, ფაქტი შექმნას ამ ოლქში და ქალაქში. ჩვენ ამის წინააღმდეგ მივიღეთ ზომები, თუმცა ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს ინგლისი, ინგლისის სარდლობა დარწმუნდება იმაში, რომ ეს ოლქი, როგორც ისტორიულად, ისე ეთნოგრაფიულად და ეკონომიურად არის განუყრელი ნაწილი საქართველოსი და მიიღებს ზომებს, რომ ეს ნაწილი უკანვე დაგვიბრუნდეს.

ჩვენ მოქალაქენო, დღემდისინ შემდეგ პოლიტიკას ვადექით, რადგანაც ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნილება იქ -ევროპაში, ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებდა. ამისთვის ჩვენ ვკმაყოფილდებოდით დიპლომატიურ გზით, მოლაპარაკებით და არავითარი აგრესიული ნაბიჯი ინგლისის პოლიტიკის წინააღმდეგ შეგნებულად, არ გადაგვიდგამს, და ამ ნიადაგზე ვდგევართ დღესაც.

მაგრამ, მე ვაცხადებ თქვენ წინაშე, თუ დენიკინი ან სხვა ვინმე ამ ოლქს თავის ბაზად გახდის, თავის-თავად ცხადია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ვალდებული იქნება, ამ შემთხვევაში, იმ ახლად შექმნილ მდგომარეობას და კონიუქტურას შესაფერისი ანგარიში გაუწიოს, და შესაბამი დასკვნა გააკეთოს.

ამით მე მინდა გავათაო ახსნა ამ შეკითხვის შესახებ, რომელიც აქ იყო დასმული.

მე არ ავასრულებდი აღებულ მოვალეობას, თუ კი ორიოდე სიტყვით მაინც არ უპასუხებდი დასასრულ ბატონ გვაზავას. მან ჩვენ დელეგაციას ბრალი დასდო იმაში, რომ პარიზში გაგზავნილ დელეგაციის ერთი წევრი, კაკი წერეთელი ამსტერდამის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ბ. გვაზავამ ამ ფაქტში დაინახა რაღაც დანაშაულობა, რომელიც თითქოს ჩაიდინა კაკი წერეთელმა. მე უნდა ვსთქვა, რომ ამ შემთხვევაში ბატონი გვაზავა სცდება ისე, როგორც ხშირად (ხმა მარცხნიდან: როგორც ყოველთვის!) (თქვენ, რომ ერთობ მართალი ხართ!) ვინაიდან კაკი წერეთელმა და ჩვენმა დელეგაციამ ამ მხრივ მხოლოდ თავიანთ წმინდა მოვალეობა შეასრულეს და სხვანაირი მოქმედება ამ დელეგაციას არ შეეძლო.

თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნილება, ჩვენი სამართლიანი მისწრაფება-გამტკიცება ჩვენი რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობისა არის დამყარებული იმ საერთო სიმპატიაზე, რომელიც უნდა დამყარდეს ჩვენს რესპუბლიკის მიმართ საერთო დემოკრატიის და საერთო კაცობრიობის თვალში. ეს არის რეალური გზა, რეალური ბაზა, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკაში ჩვენ ვადგევართ. ამ შემთხვევაში დიდი განსხვავება არის ჩვენ და ბატონ გვაზავას შორის. მართალია მან თავის პოლიტიკას დემოკრატიული პოლიტიკა უწოდა, მაგრამ მე უნდა განვაცხადო, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც გვიკარნახებს ბატონი გვაზავა, არავითარი კავშირი დემოკრატიასთან და დემოკრატიის შორის არ აქვს და არც ექნება (გვაზავა: კარგად არ გესმით თქვენ დემოკრატიზმი!) აქ ადამიანი, რომელიც ბრალს სდებს ჩვენს დელეგაციას იმაში, რომ მოუპოვა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საერთაშორისო კონფერენციის სიმპატია და აღიარება, მე მგონია, რომ ამ ორატორს არა აქვს ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი რესპუბლიკის პოლიტიკის შინაარსის ნამდვილი წარმოდგენა. დემოკრატიული პოლიტიკა სწორედ იმაში სწარმოებს, რომ ჩვენ უნდა გავაბათ მჭიდრო კავშირი ჩვენ დემოკრატიის და საერთაშორისო დემოკრატიის შორის (გვაზავა: ინტერნაციონალი, არა?) დიახ, ეს გზა გახლავთ ინტერნაციონალი. დიახ! ისიც უნდა განვაცხადო, სხვათა შორის, რომ... (გვაზავა: რომელი ინტერნაციონალი, მესამე თუ მეოთხე?) ამ შემთხვევაში არავითარი დაპირდაპირება პარიზის კონფერენციის ბერნის და ამსტერდამის დადგენილებათა შორის არ შეიძლება, რადგანაც, რამდენადაც ჩვენ ვიცით, პარიზის კონფერენცია და მისი ლიდერი ვილსონი თავის დეკლარაციის ერთ ქვაკუთხედად სთვლიდა ერთა თვითგამორკვევის პრინციპს და როგორ შეიძლება საქმის წარმოდგენა ისე, როგორც წარმოდგენილი აქვს ბატონ გვაზავას. ის ფიქრობს, რომ თუ ჩვენ მივმართავთ ამსტერდამის ინტერნაციონალს ამით ჩვენ გავაბრაზებთ პარიზის კონფერენციას და ვილსონს. (გვაზავა: დიახ!) მე მგონია ეს ასე არ არის, და თუ ეს ასეა, ეს ფრიად სამწუხარო გახლავთ.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობა ავაშენოთ მკვიდრ საფუძველზე.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი გავხადოთ ღირსეულ წევრად საერთაშორისო ოჯახისა.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი დემოკრატია ვაზიაროთ საერთაშორისო კულტურას და ცივილიზაციას და, მე მგონია, რომ ჩვენ მივდივართ სწორე გზით.

სანამ ეს მთავრობა თავის ალაგას ზის, დემოკრატიასთან ერთად დემოკრატიის პრინციპს თავის დღეში არ უღალატებს და გვაზავას კარნახს და მის რჩევას: - რომ ზურგი ვუქციოთ საერთაშორისო დემოკრატიას, - ასეთ გზას, რასაკვირველია, არ მიიღებს. (ტაში)

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ივანე გომართელს.

ივანე გომართელი (ს.-დ.). დამფუძნებელ კრების წევრნო! თუმცა შეკითხვის შინაარსი, საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვის შემდეგ, მთლიანად ამოწურული გახლავთ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღეს იმდენად სერიოზული არის და ამ შეკითხვას ჩვენ მდგომარეობასთან იმდენად მჭიდრო კავშირი აქვს, რომ მე ნებას მივცემ ჩემს თავს თქვენი ყურადღება, მცირე ხანს, შევაჩერო კიდევ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რევოლიუციის ქარცეცხლში და თავისუფლების ბრძოლის გზაზე, ჩვენ არა ერთი და ორი საფრთხე, მძიმე, საშიშარი საფრთხე დაგვეჯახა. მაგრამ ჩვენი ერის საღი უმრავლესობის შეგნების წყალობით, ჩვენი დემოკრატიის სიმწიფით, ჩვენი - ჯარის და გვარდიის თავგანწირულ ბრძოლით ყველა ამ საფრთხიდან გამარჯვებული გამოველით და ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი კეთილდღეობა მოვიტანეთ ამ მდგომარეობამდინ. დღეს ჩვენი არსებობის, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ აღიმართა ერთი მეტად სერიოზული, მეტად დიდი საფრთხე, რომლის ამართვასაც ყველა ჩვენგანი მოელოდა მას შემდეგ, რაც რუსეთში ბოლშევიზმმა გაიმარჯვა. ეს საფრთხე გახლავთ შავი რეაქციის, შავი ლაშქარი დენიკინის მეთაურობით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველ რუსეთში, მეფის რუსეთში გენერლებისთვის დიდი ჭკუა არ იყო მაინცა და მაინც სავალდებულო. შესაძლებელია, არც დენიკინი იყოს დიდი ჭკუის პატრონი, მაგრამ თუ აქ მოდის საქართველოს წინააღმდეგ, იმის მოქმედებაში უსათუოდ არის დიდი აზრი. რუსეთის რეაქციონერებისათვის ბოლშევიკური ანარქია დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, არ წარმოადგენს იმისთვის, რომ ანარქიას არც ერთ სახელმწიფოში დიდხანს არ უარსებნია და, რუსეთი, დიდი რუსეთი, რომელსაც აქვს თავის კულტურა, წარსული და მომავალი, ამ ანარქიით დიდხანს ვერ იცხოვრებს; და ანარქია რაც უნდა დიდი იყოს და ძლიერი, ადრე თუ გვიან ჩაქრება. ანარქიულ ბოლშევიზმს მომავალი არ აქვს, მაგრამ რევოლიუციამ გვასწავლა, რევოლიუცია ყველას ასწავლის, რომ დემოკრატიულ წყობილებას, დემოკრატიულ რესპუბლიკას, თუნდაც იყოს პატარა საქართველოს საზღვრებში, აქვს დიდი მომავალი, და შავ-რაზმელებს, რუსეთის რეაქციონერებს იმდენად არ აშინებს ბოლშევიკური ანარქია, რადგანაც ის დროებითია. მათ იციან ეს, - მათ აშინებს დემოკრატიული რესპუბლიკა, - თუ დემოკრატიული რესპუბლიკა მტკიცე იქნება, ისინი თავის განზრახვას ვერ განახორციელებენ. ამიტომაც რეაქციონერების მიზანი ერთია: სანამ ბოლშევიზმს გასრესავდენ რუსეთში, მათ უეჭველად უნდა გასრისონ დემოკრატიული წყობილება, სადაც უნდა იყოს - ყოფილ რუსეთის იმპერიის საზღვრებში. დემოკრატიული წყობილება დღეს-დღეობით, ასე თუ ისე გამარჯვებული არის საქართველოში. დენიკინმა - თუ კი მას ძალა შესწევს - უსათუოდ უნდა გამოილაშქროს საქართველოს წინააღმდეგ, და ამ გამოლაშქრებას უსათუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი პოლიტიკური აზრი. დაუმატეთ ამ გარემოებას ისიც, რომ პოლიტიკურ მიზნის გარეშე, მოხალისეთა რაზმს ერეკება ჩვენსკენ შურისძიება. ახლა თუ მიიღებთ მხედველობაში და გაითვალისწინებთ იმას, თუ რა მოგველის ჩვენ, თუ ამ ბრძოლაში დავმარცხდით, თქვენთვის ცხადი იქნება, რომ მარტო თავისუფლებას და დამოუკიდებლობას კი არ უნდა გამოვეთხოვოთ, მე გარწმუნებთ, ჩვენ დემოკრატიას ფიზიკური განადგურება მოელის, და ისეთი ძლიერი განადგურება, რომ ქართველ ერს არა ერთი და ორი ათეული წელიწადი დასჭირდება, რომ წელში გამაგრდეს და ფეხზე დადგეს.

რადგანაც ჩვენ ასეთ განსაკუთრებულ პირობებში ვცხოვრობთ, განსაკუთრებულ საფრთხის წინაშე ვართ, ჩვენთვის არის საჭირო, რომ განსაკუთრებულ ზომებს მივმართოთ. და მე მინდა ამას მივაქციო მთავრობის ყურადღება, - მთავრობისა, - რომელიც დარაჯათ უდგას ჩვენ რესპუბლიკას, ჩვენ თავისუფლებას; ჩვენი მთავრობის ყურადღება აქითკენ არის მიქცეული, მე დარწმუნებული ვარ, მთელი 24 საათი. მაგრამ მე მინდა, რომ დღე-და-ღამეში 48 საათი იყოს მთავრობის ყურადღება მიქცეული ამ საკითხისაკენ, გაცილებით მეტი ყურადღება უნდა იყოს მიქცეული იმაზე, რაც აუცილებლად საჭირო არის. მთავრობას ამ მხრივ ჩემ მიერ გზის ჩვენება არ სჭირია, მაგრამ მე მინდა, რომ დღევანდელ პირობებში მთავრობის ყურადღება მუდამ აქით იყოს მიპყრობილი.

თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ტფილისში დიდი უმრავლესობა საქართველოს ქვეშევრდომი არ არის. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ ამ არა ქართველ ქვეშევრდომთა შორის, დიდი უმრავლესობა ჩვენი მტრები არიან. ეს მტრები ფარულად თუ აშკარად მოქმედებენ ჩვენ რესპუბლიკის წინააღმდეგ. ამ დღეებში თქვენ მოგეხსენებათ, თავაშვებული მტერი იქამდინაც კი მივიდა, რომ ეკლესია, სახარება და ჯვარიც კი გამოიყენა თავის შავ მიზნისათვის და ქადაგება დაიწყო. ეკლესიაში სისხლის ღვრის გასაჩერებლად, მთავრობა ჩაერია და უნდა ჩარეულიყო კიდეც. მაგრამ, მთავრობა სასტიკად უნდა ჩაერიოს ყველგან, სადაც მზადდება ღალატი და, რომ ეს ღალატი მზადდება თქვენ კარგათ იცით. რასაკვირველია, ჩვენ ამ ღაღატისა არ გვეშინიან. ჩვენი მთავრობა, დემოკრატიული ჯარი და გვარდია დღეს საკმაოდ ფხიზელია და ღალატი წვრილმან კაცუნებისა არ გვაშინებს. მაგრამ, მაინც მას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ, რომ გარეშე მტერმა თუ მოახერხა შინ ღალატი მოგვიწყოს, ეს უკვე ნახევრათ მისი გამარჯვებაა. ეხლა გავიხედოთ, დამფუძნებელი კრების წევრნო, ბათუმისკენ. დამფუძნებელ კრების წევრმა მდივანმა მოგახსენათ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დოკუმენტალურად დაგვიმტკიცა, რომ მარტო სურვილით არ მივესწრაფებით ბათუმისკენ, - ჩვენი მთელი აზროვნება, ჩვენი დიპლომატიური მუშაობა იქითკენ არის მიქცეული, რომ ბათუმი როგორმე შემოუერთოთ საქართველოს. იმიტომ, რომ საქართველოს რესპუბლიკას, საქართველოს დემოკრატიას არსებობა და ფრთების გაშლა არ შეუძლია, თუ ბათუმი და სამაჰმადიანო საქართველო შეკავშირებული, შეერთებული არ იქნა საქართველოსთან. მაგრამ თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა დიპლომატიურ გზისა, და თუ ვინმე გვირჩევს, რომ ჩვენ სხვა გზას დავადგეთ, ეს რჩევა იქნება არა მიზანშეწონილი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი პოლიტიკა, დიპლომატიური გზა, ამ გზივ ყოველივე კეთდება. მაგრამ სანამდის ამას განვახორციელებთ, სანამ ჩვენი მიზანი ფრთას შეისხამდეს, - აი ამ ბათუმში რა ხდება? ღალატი იქაც მზადდება, ბათუმში მზადდება ფრონტი, და სამწუხაროთ, ამ მოღალატეთა შორის არიან ჩვენი ქვეშევრდომები, რომლებიც არა მარტო გვარს ატარებენ ქართველებისას, - ქართველები არიან. აი ამ მოღალატეების წინააღმდეგ მთელი თავის სისასტიკით უნდა შეიარაღდეს ჩვენი მთავრობა. განსაკუთრებულ ჟამს ვცხოვრობთ, განსაკუთრებული სიფრთხილე და სისასტიკე გვმართებს: ისტორიამ ჩვენ ჩაგვაბარა მთელი მომავალი ჩვენი ერისა და ისტორიის წინაშე ჩვენ ვაგებთ პასუხს, თუ ჩვენი გაუფრთხილებლობით წახდა რამ, თუ ვერ მივიღეთ დროზე შესაფერი ზომები, რომელიც აუცილებლად საჭირო არის რესპუბლიკის გადასარჩენათ. თქვენ გაიხსენეთ რევოლიუციის დროები - როგორ ებრძოდა ხალხი, დემოკრატია თავის მტრებს, მოღალატეებს სასტიკად. მე ვერ წარმომიდგენია დღეს ისეთი სასტიკი და მკაცრი ზომა, რომლისთვისაც ჩვენმა საკუთარმა სინდისმა, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ისტორიამ გაგვამტყუნოს, თუ კი ამ ზომებით ჩვენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დავიცავთ და ერს გადავარჩენთ. სომხებთან ომის დროს, ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი მოღალატეების წინააღმდეგ: - ეს იყო მოღალატეების ქონების სრული კონფისკაცია. ეს კანონი დამფუძნებელმა კრებამ უნდა აღადგინოს დღეიდან ყველა იმ მოღალატის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ რესპუბლიკის დასაღუპავათ მოქმედებს, ვინც უნდა იყოს ის, ყველა იმ მოღალატის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეშევრდომათ ითვლება, - აი იმათ წინააღმდეგ მთელ თავისი სისასტიკით უნდა იყოს გატარებული აღნიშნული კანონი.

მოქალაქენო, რადგანაც გარედან საფრთხე მოგველის, თავისთავად ცხადია, რომ შინაური უთანხმოება უნდა ჩაქრეს, და მე მგონია, რომ ჩვენ მთავრობას არავისთვის არ მიუცია საბაბი, რომ ამ უთანხმოებას ბრძოლის დროს ხელს უწყობდეს. მე ამას იმისთვის მოგახსენებთ, რომ ბატონმა გვაზავამ სთქვა: - თქვენ ისეთი პირობები შეჰქმენით, - რომ გაყავით ჯარი, და არის ერთი ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ სამშობლოს ემსახუროს, მაგრამ, თქვენ შეჰქმენით ისეთი პირობები, რომ ვერ ემსახურებიანო. ბატონმა გვაზავამ გაიხსენია ვალიკო ჯუღელის სიტყვა. და მეც მინდა გავიხსენიო მისი სიტყვა. ჯუღელმა სთქვა - ფრონტზე იბრძვიან არისტოკრატიის, ყოფილ თავადების საუკეთესო წარმომადგენლობა და საუკეთესოდ იბრძვისო. მე ვეკითხები დამფუძნებელ კრების წევრს გვაზავას: თუ ყოფილი თავადების და აზნაურების ერთი ნაწილი იბრძვის ფრონტზე დამოუკიდებლობის დასაცავად, ვინ უშლის ყოფილ არისტოკრატიის მეორე ნაწილს, მივიდეს და იბრძოლოს სამშობლოს დასაცავად? (გვაზავა: თქვენ უშლით!) ჩვენ უშლით? რატომ არ უშლით იმათ, რომელზედაც ჯუღელი მოგახსენებდათ და რომელნიც მტკიცეთ, გულით იბრძვიან დენიკინის წინააღმდეგ? ჩვენ კი არ უშლით, იმათ უშლით ის გარემოება, რომ განახლებულ, დემოკრატიულ საქართველოს ვერ შერიგებიან. ვინც შეურიგდა დემოკრატიულ საქართველოს ის ფრონტზე იბრძვის, და არც არავის უთქვამს იმისთვის - შენ თავადი ხარო. ჯუღელი გამოვიდა და სთქვა: მე თამამად შემიძლიან ვსთქვა, რომ არც ერთი გვარდიელზე ნაკლებათ არ იბრძვიან ისინი, და ზოგიერთი კი უკეთაცო. ჩვენ ვაფასებთ მათ ღვაწლს, - ვინც ჩვენთან არის. ყველა ის, ვინც შეურიგდა დემოკრატიულ საქართველოს, მთელ ჩვენ ჯართან, და გვარდიასთან ერთათ იბრძვის, მაგრამ არ იბრძვის - ვიმეორებ-ის, ვისაც დემოკრატიული საქართველო კი არ უნდა, უნდა (გვაზავა: რუსეთის ბატონობა?) რუსეთის ბატონობა თუ არა ყოველ შემთხვევაში, მათ უნდათ ძველი საქართველო ისეთი წყობილებით, როგორც იყო რუსეთში. ისეთი წყობილება, როგორც იყო რუსეთში ჩვენ დავანგრიეთ და აქ, რომ გვქონდეს, გარწმუნებთ, აქაც დავანგრევთ. და თუ ვისმეს უნდა გულწრფელად დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძოლოს, და გულწრფელად უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა - იმ საქართველოსი, რომელიც დღეს არსებობს დემოკრატიის მაჯით გამოჭედილი, - მოვიდეს და იბრძოლოს ისე, როგორც იბრძვის იშვიათი მათგანი, რომელიც შეურიგდა დღევანდელ საქართველოს - დემოკრატიის საქართველოს და თავგამოდებით იბრძვის მისი დამოუკიდებლობის დასაცავად.

რაც შეეხება იმას, თითქოს ჩვენი ხსნისათვის საჭიროა შეცვლა იმ გზისა, რომლითაც დღემდე მივდიოდით ჩვენ და ჩვენი მთავრობა, და დაადგეს მეორე გზას ბ. გვაზავას მიერ ნაჩვენებს, უნდა მოგახსენოთ შემდეგი: მე მგონია, ჩვენი დემოკრატია და მთავრობა დემოკრატიულ გზით მიდის; თუმცა ბევრჯელ უკიჟინებიათ სხვა და სხვა დროს: გვღუპავთ, ვიღუპებითო და სხვა, მაგრამ ამ გზით არაფერი დაღუპულა, და ქვეყანა მოვიტანეთ ასეთ მდგომარეობამდე. (მაჭავარიანი: უბათუმოთ, უბორჩალოთ?) მე იმედი მაქვს, რომ ეს გზა აწიც გამოგვიყვანს გაჭირვებიდან და მოგვცემს საშუალებას, ბათომიც დავიბრუნოთ და ბორჩალოც. ბატონი გვაზავა ბრძანებს - დემოკრატიულ გზას უნდა დაადგეთო და კლემანსოს დემოკრატიზმზე გვითითებს. (გვაზავა: ვილსონისა!) თუ დემოკრატიული გზა არის თქვენთვის კლემანსოს გზა, თუ კლემანსოს დემოკრატიზმი დემოკრატიზმია - მაშინ უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ და ბატონ გვაზავას დემოკრატიზმი სხვა და სხვანაირად გვესმის და ჩვენ ერთმანეთს ვერაფერს ვერ შევაგონებთ, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კონფერენციაზე გავგზავნეთ ჩვენი წარმომადგენლები და ამიტომ კონფერენციისათვის გუნდრუკი უნდა გვეკმია და მხოლოდ ამით დავკმაყოფილებულიყავით, ევროპის დემოკრატიისთვის კი შეგვექცია ზურგი, - მე თქვენ გარწმუნებთ, ბატონო გვაზავა, ასე, რომ მოვქცეულიყავით, მართლაც ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევდით. და თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ მოვიპოვებთ მთელი ევროპის დემოკრატიის ყურადღებას, მთელ ევროპის დემოკრატიის სიმპატიას და თანაგრძნობას. მე გარწმუნებთ კონფერენციაზედ მხოლოდ იმდენათ მოვიპოვებთ მომხრეებს, რამდენადაც მაღლა გაისმის დემოკრატიის, ევროპის დემოკრატიის ხმა. მთელ ჩვენ იმედებს ვამყარებთ ამ ევროპის დემოკრატიის გამარჯვებაზე და თუ ევროპის დემოკრატია დამარცხდა, თუ ევროპის დემოკრატიამ ჩვენ მხარი არ დაგვიჭირა და ჩვენ სასარგებლოთ, ჩვენი დამოუკიდებლობის საცნობათ მისი ხმა არ გაისმა მქუხარეთ, მაშინ ვეჭვობ, რომ კლემანსოს დემოკრატიზმმა ბევრი რამ მოგვცეს. ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ, ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა დემოკრატიამ უნდა განაგრძოს სვლა იმ გზით, რომლითაც დღემდე მივდიოდით და მივდივართ. ეს არის სიარული სწორი, პირდაპირ დემოკრატიული გზით, ამ გზით სიარული უნდა განვაგრძოთ ბოლომდე. სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს, სხვა ხსნა ჩვენთვის არ არის.

თავმჯდომარე. კრების წევრი გვაზავა.

გვაზავა. ბატონებო, მე მომეწონა ერთი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრისა. იმან სთქვა - ჩვენ ნეიტრალურ გზას არ ვადგევართო, ნეიტრალები არ ვიყავითო. ეს განცხადება სამართლიანია. მაშასადამე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის სისხლი, რომელიც დაღვარა საქართველომ გერმანიის საზღვრებზე, ის სისხლი, რომელიც დაღვარა მან ბათომში, გატანილი იქნება კონფერენციაზე და დადებული საერთაშორისო სასწორზე, ყველა ჩვენი არგუმენტები უნდა გავიტანოთ აი ამ საერთაშორისო სასწორზე. (ხმა: სად არის ეს?) სად არის ეს? ეს არის პარიზის კონფერენციაზე. (ხმა: კლემანსოს პორტფელში?) იქ სწყვეტენ ამ საკითხს, და იქ უნდა გარდიტანოთ ეს არგუმენტები. ჩვენ ეს საკითხი მივანდეთ ჩვენ დელეგატებს. მართალია, მე წინააღმდეგი ვიყავი სოციალისტების გაგზავნისა კონფერენციაზე, მაგრამ ვინც უნდა იყოს ჩვენი დელეგატი ის თავდაპირველად დელეგატია საქართველოსი და არა პარტიის წარმომადგენელი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ კ. წერეთელი იქნება თუ ჩხეიძე, ის მხოლოდ იქნები წარმომადგენელი საქართველოსი, და არა სოციალიზმისა. აი ჩემი აზრი რაშია. ბატონი გეგეჭკორი ამბობს, რომ თუ ბერნში დაესწრო, ან ამსტერდამში იყო კაკი წერეთელი, ეს დიდი სამსახურიაო. აქ სწორეთ არ გეთანხმებით, დელეგატებს აქვთ თავისი დანიშნულება, აქვთ მინდობილი ჩვენ მიერ პარიზის კონფერენციაზე ილაპარაკონ საქართველოს სახელით და დაიცვან მისი ინტერესები. ეხლა ბატონი გეგეჭკორი ამ კონფერენციას უპირდაპირებს ამსტერდამის და ბერნის კონფერენციას, და ამბობს, - დემოკრატია იქ არისო. უკაცრავათ, იქ შეიკრიფნენ სოციალისტები. დემოკრატები ჩვენ ვართ და თქვენ ხართ სოციალისტები (სიცილი, ხმაურობა). პირდაპირ ვილაპარაკოთ. ბერნი და ამსტერდამი ომს უცხადებს ეგრეთწოდებულ კაპიტალიზმს, მაშასადამე ეს არის სულ სხვა ბანაკი, ბანაკი მოწინააღმდეგეებისა, ეს არის პარტიული კონფერენცია და განა შეიძლება ჩვენ მიერ გაგზავნილმა კაცმა, რომელიც ვალდებულია ჩვენი სისხლი და მისი წონა წაიღოს, ააწონინოს და ამის მიხედვით, გამოგლიჯოს, ესე ვთქვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, მიატოვოს თავის პოზიცია და გადავიდეს მოწინააღმდეგე ბანაკში. იქ ლაპარაკს და სოციალიზმის აღიარებას რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის თავისუფალი რეკლამა პარტიისა და არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს. ბერნის ყრილობა არის სოციალისტური ყრილობა; სოციალიზმს არავითარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია არა აქვს. თქვენ კარგათ იცით რა ძალას წარმოადგენს ეს სოციალიზმი საფრანგეთში, ინგლისში თუ გინდ ჩრდილო-ამერიკაში. არავითარ ძალას არ წარმოადგენს, უმცირესობა არის. (ხმაურობა) ჩვენთვის შეუძლებელია ჩვენი ერის მომავალი დავამყაროთ ფანტაზიაზე, იმ იმედზე, რომ იქ მოხდება რევოლიუცია, დაინგრევა კაპიტალიზმი და ამით რაღაცა ჩვენ შეგვემატება. ეს პირდაპირ ბავშვური ოცნებაა. თუ გინდ რევოლიუცია მოხდეს იქ, ჩვენ რას მივიღებთ და რას მოვიპოვებთ? იქაური წეს-წყობილება ასე ადვილად არ დაინგრევა. თქვენ გეხსომებათ კომუნა 1871 წ. პარიზში. მაშინ საფრანგეთი დამარცხებული იყო, როგორც რუსეთი არის ეხლა, - რით გათავდა იქაური კომუნა? სწორეთ ხალხმა საფრანგეთისამ, სწორეთ დემოკრატიამ გამოიჩინა იმდენი ძალა და შეგნება, რომ 32.000 კომუნარი დახვრიტა, და არ დაუნანებია, რომ დანგრეული სახელმწიფო (ხმაურობა) ეხლაც გარწმუნებთ, ინგლისი იქნება თუ საფრანგეთი, ის კიდევ დახვრიტავს 32 ათასს კაცს, მაგრამ რევოლიუციას არ მოახდენს. იქ უფრო განვითარებული ხალხი არის და ისეთი დიდი გონების პირები, როგორც არის ლოიდ-ჯორჯი: ის წინ და წინ ახდენს დემოკრატიულ რეფორმებს, დროზე აკმაყოფილებენ ხალხის სურვილს და იმიტომ იქ არავითარი რევოლიუცია არ მოხდება.

განა ჩვენ პატარა ხალხს შეგვიძლიან ჩვენი მომავალი ამ ფანტაზიაზე დავამყაროთ? თქვენ თითონ არ ემყარებით ამ ფანტაზიას, თუ ამ ფანტაზიას ემყარებოდით, რატომ გაგზავნეთ დელეგაცია კონფერენციაზე. აშკარაა მაშ, ეს კონფერენცია წარმოადგენს ისეთ ძალას, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ, რომელზედაც უნდა დავეყრდნოთ ასე თუ ისე. მე იმას კი არ მოგახსენებთ უსათოვოდ მივიღოთ ის, რასაც ლოიდ-ჯორჯი და კლემანსო გვეტყვიან. ჩვენ ვიცავთ ჩვენ დამოუკიდებლობას, მოვკვდებით უმალ, ვიდრე ამ დამოუკიდებლობას, ამ პოზიციას დავთმობთ, მაგრამ იმავე დროს სწორი პოლიტიკა, სწორე ალღო უნდა ავიღოთ და ისე ვაწარმოვოთ ჩვენი პოლიტიკა. (ხმაურობა).

(თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ სიჩუმე).

მე გეგეჭკორმა სამასხაროთ ამიგდო - „დემოკრატიზმი არ ესმისო“. ეს ესე არ არის. ის აზრები, რომელსაც ქადაგობენ ეროვნულ-დემოკრატები თან და თან ხორციელდებიან. თქვენ არა ერთხელ მიგიტოვებიათ თქვენი პოზიცია და თან და თან გადმოდიხართ იმ პოზიციაზე, რომელზედაც ჩვენ ვდგევართ. გუშინდლამდის არ გინდოდათ ლაპარაკი ადერბეიჯანთან, მაგრამ გუშინ კი სულ სხვა მოხდა. ადრე გელაპარაკებოდით, რომ შეთანხმება არის საჭირო ადერბეიჯანთან, და თქვენ კი ამბობდით, როგორ შეიძლება, ეს ბეგების ქვეყანა არისო! (ხმაურობა). (ხმა: ეს უდროო ლაპარაკია!) როდისმე უნდა ვსთქვა თუ არა ეხლანდელ პოლიტიკაზე? ჩვენ ისედაც გამოუშვით ბევრი მომენტები, ყველაფერს თავის დრო აქვს და თავის მომენტი, ეხლა შეიძლება, ვერაფერიც მოახერხოთ იმიტომ, რომ ბევრი მომენტი გამოუშვით. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის, ისე როგორც შინაური პოლიტიკა გამოსასწორებელია, გამოსწორება არის საჭირო იმისთვის, რომ მართლა უზრუნველეყოთ ჩვენი დამოუკიდებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის სიტყვა.

მე სიტყვა ავიღე იმისთვის, რომ განვაცხადო კატეგორიულად: ის, რაც მომაწერა მოქალაქე გვაზავამ არსად ჩემ მიერ არასოდეს არ თქმულა. (გვაზავა: ეს მართალია!) როდესაც თქვენ ლაპარაკობთ - ყოველივე სიტყვის გამო პასუხს აგებთ. ისიც იცით, რომ ყველა ის აზრი, რომელსაც თქვენ მთავრობის წევრს აწერთ, იქნება განზომილი, ერთნაირად დაფასებული და მე მგონია, ყოველ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ და ისე ილაპარაკოთ (ხმები: მართალია!) ყოველ შემთხვევაში თქვენ სიტყვაში არავითარი ეჭვი, არავითარი გაუგებრობა არ უნდა არსებობდეს. ასე უნდა წარმოთქვათ აქედან სიტყვა.

ეხლა არსებითად უნდა მოგახსენოთ. რადგანაც, მართლაც, ამაზედ მიდგა საკითხი თუ ვისი პოლიტიკა უკეთესია, - ჩვენი თუ მისი, მე მინდა რამდენიმე შტრიხებით დაგიხატოთ თუ რა არის ბატონ გვაზავას პოლიტიკა, რა იყო იგი წარსულში და როგორი იყო ჩვენი... (გვაზავა: მე მთავრობა არა ვარ!) უკაცრავად. (თავმჯდომარის ზარი) მოქალაქე გვაზავა გვირჩევს, რომ ჩვენ ნეიტრალობაზე ხელი ავიღოთ. მე განვაცხადე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდის, საქართველოს ხალხს, რომელიც არსებობდა, როგორც ერთეული, მიუხედავად იმისა, რომ მას სახელმწიფოებრივი ფიზიონომია არ ჰქონდა, მას ნეიტრალობა არ გამოუჩენია. პირიქით მან, იცით, დიდი მსხვერპლი გაიღო და არა ერთი და ორი ათასი საუკეთესო თავის შვილები შესწირა იმ საშინელ ომს, რომელსაც ორი კოალიცია აწარმოებდა ოთხი წლის განმავლობაში. და ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, საქართველოს ხალხი და ეხლა კი მისი სახელმწიფო მოითხოვს, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნილება მოკავშირეებმა დააკმაყოფილონ. ამ გზას ადგა ის და ამ გზით ივლის და სწორედ ამისთვის გაგზავნა მან კონფერენციაზე თავისი წარმომადგენელნი. ყველგან, სადაც ჩვენი ხმა მისწვდება, ეს ხმამაღლა გაისმის და ბოლოს და ბოლოს ის უსათუოდ თავისას გაიყვანს.

ასეთი არ ყოფილა პოლიტიკა ბატონ გვაზავასი. ბატონი გვაზავა არ გვირჩევდა ნეიტრალობას გერმანიის კოალიციის გამარჯვების დროს, მაშინაც წინააღმდეგი იყო ნეიტრალობის, მხოლოდ ამ კოალიციის სასარგებლოდ. ჩემის აზრით, მართლაც, რომ ჩვენ ხალხს ეს პოლიტიკა აეღო თავის მოქმედების ხაზად, მე ვარწმუნებ დამფუძნებელ კრებას... (გვაზავა: მაშინ სხვა იყო!) მე ვფქრობ, რომ საქართველოს რესპუბლიკას და მის ხალხს სამარე გაეთხრებოდა (მაჭავარიანი: მაშინ სხვა იყო და ეხლა სხვა არის!) დიახ, ბატონ მაჭავარიანის აზრს, რომ გავყოლოდით, რომელიც ისეთ რაღაცას გვირჩევდა, (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი) რომელიც წარუშლელ ლაქას მოსცხებდა ჩვენს დემოკრატიას და ხალხს. მაგრამ საბედნიეროდ, ნამდვილმა გულმა ჩვენი ხალხისამ, მისმა დემოკრატიამ, ეს გზა არ აირჩია, ამ გზით არ იარა და დღეს სდგას იმ პოზიციაზე, რომ მას თავის წარსულისა არ შერცხვება, პირიქით მას შეუძლიან იამაყოს ამით. (გვაზავა: მაშინ ხომ თქვენ გადაგაგდეთ სამინისტროდან!) (თავმჯდომარე: ბატონო გვაზავა, გთხოვთ ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ, ნუ უშლით ორატორს, თორემ იძულებული ვიქნები, რომ შენიშვნა მოგცეთ. ორატორს: გთხოვთ განაგრძოთ).

თუ ბატონი გვაზავა ფიქრობს, რომ ეს მე რაიმე შეურაცხყოფად მიმაჩნია, ძალიან შემცდარია, რადგანაც მე არა ერთხელ და ორჯელ ჩემ წარსულ მოღვაწეობაში მის ამხანაგებისაგან, არა ქართველ ამხანაგებისაგან, ბევრი უარესი მსმენია, მაგრამ ამას ჩემი ღირსება სრულებით არ შეულახავს. მე ვიღებ თქვენ მიერ წამოსროლილ სიტყვას: მე კი არ „გამომაგდეს“, - მე თითონ წაველი მაშინ, როდესაც ბათომი დაეცა, ვინაიდან ჩემი პოლიტიკა არ იზიარებდა იმას, რომ ხელი მომეწერა იმ ხელშეკრულობაზე, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ (გვაზავა: დემოკრატიაზე მოგახსენებთ!) და ეს ჩემ დანაშაულობად კი არა - ჩემ ღირსებად მიმაჩნია (ხმები: მართალია!) (გვაზავა: დემოკრატიაზე მოგახსენებთ!).

მეორე შტრიხი ბატონ გვაზავასი, მისი ამხანაგებისა და მათი პოლიტიკისა, პარტიის პოლიტიკისა - ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობაა, რომელზედაც ის ეხლა ძლიერ თამამად, რომ არ ვსთქვა უფრო მკაცრად, ლაპარაკობს. გახსოვთ თქვენ, მოქალაქენო, თუ არა, რომ ის გვაზავა, რომელიც დღეს ამ ტრიბუნიდნ ასე ლაპარაკობს, ბოძზე აკრავდა მთელ ჩვენს პარტიას და ხალხს მხოლოდ იმისთვის, რომ ბრესტ-ლიტოვსკში წარმომადგენლები არ გავგზავნეთ და ეს უმთავრეს დანაშაულობათ მიაჩნდა მთელ ჩვენ მოღვაწეობაში. (მოძრაობა. გვაზავა: მართალია!) დიახ, რამდენიც უნდა მოისურვოთ მაინც ვერ დამალავთ ამას. ეხლა მე თქვენ გეკითხებით: ერთიც ვნახოთ, ავცდენოდით, არ ვიტყვი ჭკუას, სწორე გზას და დაგვეჯერებინა თქვენთვის, ბატონო გვაზავა, როგორ ფიქრობთ, საქართველოს რესპუბლიკა, მისი ხალხი, მშრომელი მასა ამით მოიგებდა? მე ვფიქრობ, რომ ის წააგებდა და ძალიანაც წააგებდა. ეს უკვე დამტკიცებული ფაქტი არის (გვაზავა: თქვენთვის კი, ჩვენთვის არა!).

შემდეგ, მე უნდა მოგახსენოთ მესამე შტრიხი მათი პოლიტიკისა (გვაზავა: წარსულზე საჭირო არ არის, ეხლანდელ პოლიტიკაზე ილაპარაკეთ!). (საერთო სიცილი, ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი. ხმები: ეხლანდელ პოლიტიკაზე ილაპარაკეთ, წარსულზე მას ლაპარაკი არ სურს.) (გვაზავა: საჭირო არ არის წარსულზე ლაპარაკი) ეხლანდელ პოლიტიკაზე მოგახსენებთ. ეხლანდელი პოლიტიკა ჩვენი ასეთი გახლავთ, გაუგებრობის თავიდან ასაცდენათ, ვინაიდან თქვენ, ბატონო გვაზავა, დიდი დანაშაულობა ჩაიდინეთ თქვენ ხალხის წინაშე, (გვაზავა: არა!) ვინაიდან თქვენ შეჰქმენით ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მართლაც ჩვენს მოქმედებაში, ჩვენს მოღვაწეობაში იყოს ისეთი რამ, რაც აძლევდეს მოკავშირეთა სარდლობას უფლებას აწარმოვოს ის პოლიტიკა, რომელსაც იგი დღეს აწარმოებს (მოძრაობა. გვაზავა: მე ვალდებული ვიყავი ეს მეთქვა!) მე კი ვამტკიცებ, რომ ასეთი რამ ჩვენ მოღვაწეობაში, ჩვენ მოქმედებაში არ არის. (გვაზავა: არის! ხმაურობა). ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ჩვენ მოქმედებაში ასეთი რამ არ ყოფილა. (გვაზავა: ეს თქვენი თავის დაფასება არის!) არც ერთი ისეთი ფაქტი, არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც ღაღადებს, რომ ჩვენ მართლაც შევცვალეთ ჩვენი პოზიცია ლოიალობისა მოკავშირესადმი. ჩვენი პოზიცია, ჩვენი სურვილი არის, რომ მათ მხარე დაუჭიროთ და მუშაობაში ხელი შეუწყოთ. გახსოვთ თუ არა ჩვენი პროგრამა ასეთი იყო? დამისახელეთ ერთი ფაქტი ჩვენი მოქმედებისა ისეთი რამ, რომ ამ ლოიალობას მოკავშირესადმი ღალატობდნენ. ასეთ პოლიტიკას ასეთ მოქმედებას თქვენ ვერ დაასახელებთ. პირიქით თუ რამეში დამნაშავე არის ჩვენი მთავრობა, მე თამამად შემიძლიან ვსთქვა, იმაში, რომ ხშირად დათმობის პოლიტიკას აწარმოებდა, იქ სადაც შესაძლოა, რომ ეს პოლიტიკა უარყოფილი იქნას. სად არის ეს ღალატი ამ ნეიტრალობისა, კეთილ-განწყობილებისა, კეთილ სინდისიერებისა, პატიოსნობისა, (გვაზავა: ვინ ამბობს ამას?) თუ ამას არ ამბობთ, მაშ რაში ჩავიდინეთ ჩვენ დანაშაულობა, რა მოვიმოქმედეთ ჩვენ მოკავშირეთა წინაშე, რაც აძლევდათ მათ უფლებას: ერთის მხრით - მთელ საქართველოს ბლოკადის სარტყელი შემოარტყას და მეორე მხრივ - ბათუმში ისეთი პოლიტიკა აწარმოვოს, რომელსაც იგი აწარმოებს. (გვაზავა: ვერ იპოვნეთ ერთი ენა!) მე არ ვიცი რემდენათ შესძლებდა ბატონი გვაზავა, რომელსაც არ უნდა თავის წარსულზე ლაპარაკი, რამდენად შესძლებდა ბატონი გვაზავა საერთო ენის გამოძებნას (ხმაურობა. ზარი).

თქვენ ლაპარაკობთ საერთო ენაზე, იცით თუ არა, რომ თქვენი წყალობით, მთელი ენერგია ჩვენი მთავრობისა საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში, უმთავრესად დახარჯა იმისთვის, რომ შებრძოლებოდა ერთ საშინელ ინსინუაციას. გახსოვთ, როდესაც მტრული განწყობილების პრესა - ევროპიული სწერდა, რომ თითონ საქართველომ 1914 წ. შეჰკრა კავშირი ოსმალეთთან (გვაზავა: მერე რა!) - აი, სწორეთ ამას შევალიეთ მთელი ჩვენი ენერგია, და იცით თუ არა თქვენ, საიდან წარმოდგება ეს? სწორედ იმ წრეებიდან, რომელსაც თქვენ ეკუთვნით (ხმაურობა.) (ხმა: ეგ ტყუილი არის!) თავმჯდომარის ზარი. (გვაზავა: ეს ჯგუფი ჩამოშორებულია) (ხმა: ეს ხუთი კაცი! ზარი) ეხლა, რასაკვირველია, ჩამოშორებულია... (ხმაურობა). (თავმჯდომარე: გთხოვთ, ბატონო გვაზავა, ადგილიდან ნუ ლაპარაკობთ. გვაზავა: მარტო მე ხომ არ ვლაპარაკობ ყველანი ლაპარაკობენ!).

მე მინდა განვაცხადო, რომ პერსონალურად არც ბატონ გვაზავას, არც მის ამხანაგებს, რომლებიც აქ სხედან, მე არ ვეხები სრულიად, მხოლოდ მინდა ვაღიარო ის, რაც უკვე აღიარებულია, დამტკიცებულია, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ამ შემთხვევაში ასეთ უპასუხისმგებლო ხუთი კაცისაგან შესდგებოდა, მუშაობდა და მოქმედობდა, ამ ჯგუფმა დიდი ზიანი მოუტანა მთელ ჩვენ პოლიტიკას და მდგომარეობას. მე კიდე მეტს ვიტყვი. იცით თუ არა ეხლა ევროპაში ვის ვებრძვით ჩვენ? „კლდის“ წერილს, სადაც ამ ხუთი კაცის ნაწარმოები იყო გამოქვეყნებული. იცით თუ არა ერთ გავლენიან ინგლისის გაზეთში ყოველ დღე მეორდება ამონაწერი ამ გაზეთისა (ხმაურობა) „კლდე» კი ერთი ფრთა არის თქვენი პარტიისა (გვაზავა: ბოლშევიკები კი თქვენი ფრთა არის). ერთი მიბრძანეთ გულდამშვიდებით, აუღელვებით, მიუდგომელათ - თქვენ გზას, რომ ავყოლოდით, რომ გაგვეზიარებინა თქვენი პოლიტიკა, თქვენი მეთოდი მოქმედებისა, შინაარსი ამ მოღვაწეობისა, მითხარით თქვენ, შეგვეძლო თუ არა დღეს თამამად თვალი თვალში შეგვეხედა იმათთვის, ვინც დღეს-დღეობით, ჩვენ და საუბედუროდ, ჩვენს წინაშე მოქმედობს. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელი და აშკარა არის. ჩვენ პარიზის კონფერენციას, არ ვიცი ვის ებრძვის ბატონი გვაზავა, აბუჩად კი არ ვიგდებთ, პირიქით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პარიზის კონფერენციამ უნდა დაადასტუროს ჩვენი ისტორიული სამართლიანი მოთხოვნილება, თუ კი ის სდგას იმ პრინციპზე, რომელსაც თქვენ კითხულობთ ვილსონის დეკლარაციაში, ეს არის... (ხმაურობა თავმჯდომარის ზარი) დიახ, და ამ მხრივ ჩვენ ვმუშაობთ. მართალია დღეს-დღეობით ეს საკითხი არ არის დასმული, მაგრამ ნუ თუ ბატონი გვაზავა იმდენად არის გამსჭვალული სიძულვილით ჩვენდამი, რომ როდესაც კიდევ გერმანიასთან ზავი არ არის შეკრული, არც ერთი ერის უფლება ჯერ ცნობილი არ არის - ამ დროს მოგვთხოვოს ისეთი ერის, როგორც არის ჩვენი პატარა ერი, როდესაც ომის ქარცეცხლი არ არის ჩამქრალი, როდესაც ევროპის საერთო ცხოვრების ზღვის ტალღები ბობოქრობენ, - ნუ თუ ამ დროს ჩვენი პატარა რესპუბლიკის მთავრობას დავდებთ ბრალს იმაში, რომ ჩვენი კითხვა იქ ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი საბოლოოდ? რასაკვირველია, ამაში ჩვენ ბრალს არავინ დაგვდებს, მაგრამ ჩვენი დელეგაცია, ჩვენ ამის საბუთი გვაქვს, ამის საბუთი აქვს ბატონ გვაზავას, მუშაობს, საზოგადოებრივ აზრს ამ შემთხვევაში ამუშავებს, და ჩვენ თამამად შეგვიძლიან ვთქვათ, იქ კეთდება ის, რაც უნდა კეთდებოდეს.

რაც შეეხება ბერნის კონფერენციას და ამსტერდამის კონფერენციაზე წერეთლის დაასწრებას, მე თქვენ გეკითხებით, რა მოჰყვა შედეგათ მის დასწრებას? წერეთელი გამოდიოდა დამცველად ჩვენი დამოუკიდებლობისა კონფერენციაზე, მას მიაღებინა კონფერენციას ასეთი რეზოლიუცია, ბერნის კონფერენციაზედაც იგივე მოხდა. ეს დანაშაულობაა მოქალაქენო? მე მგონი, რომ ეს არის დიდი სამსახური ჩვენ დამოუკიდებლობისადმი (ხმები: მართალია!) (გვაზავა: ვის მიაღებინა?) ვის მიაღებინა? დიახ, რასაკვირველია, ბატონ გვაზავას ამსტერდამის კონფერენცია, სადაც მონაწილეობას ღებულობდა, სხვათა შორის, ვანდერველდე, ეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, გენდერსონი, - ლლოიდ ჯორჯის კაბინეთის წევრი, ალბერტ-ტომა, ეს ერთი გამოჩენილი მოღვაწე... (გვაზავა ყოფილი მინისტრი) დიახ, ყოფილი მინისტრი, მაგრამ მე მირჩევნიან ვიყო ყოფილ კაბინეთის, წევრი - ალბერტ-ტომა, ვიდრე აწმყო სხვა ვინმე (ხმები: ვიდრე გვაზავა. სიცილი. ზარი) მოქალაქე დიახ, მოქალაქე გვაზავა, - ყოფილ კაბინეთის წევრი, მაგრამ ალბერტ-ტომა ალბერტ-ტომათ დარჩა. ჟორესი არასოდეს არ ყოფილა კაბინეთის წევრი, მაგრამ ჟორესის ღირსება, მისი გავლენა და ავტორიტეტი, მე არ მგონია, რომ თვით გვაზავას, მიუხედავათ იმისა, რომ ის სოციალისტი იყო, ეჭვს ქვეშა ჰქონდეს (გვაზავა: ეს არ არის პასუხი!) დიახ, პასუხი გახლავთ: თუ კი ასეთი პირნი და მთელი ამსტერდამის კონფერენცია, მთელი ინტერნაციონალი იცნობს ჩვენ დამოუკიდებლობას, ამ შემთხვევაში ის ჩვენ მხარს დაგვიჭერს, და მე მგონი, სრულიად სამართლიან საქმისთვის ბრძოლას უზრუნველჰყობს, ე.ი. ჩვენს მდგომარეობას. ეხლა თქვენ კი არა, მე ვიცი უმრავლესობა, რომ არის, რა მიმართულებისა არის ქართველი ხალხი და ვლაპარაკობ. მას შემდეგ როცა ასეთი წყლის გაყოფა დააჩნდა თავიდანვე ჩვენ პოლიტიკას და გვაზავას პოლიტიკას შორის, ქართველმა ხალხმა ერთხელ კიდევ უნდა სთქვას ვისი პოლიტიკა სჯობიან, ჩვენი, თუ მათი. მე დარწმუნებული ვარ, თუ ქართველი დემოკრატია დარჩა იმ ნიადაგზე, რომელზედაც დღემდის იდგა, იმ ერთად ერთ დემოკრატიულ ნიადაგზე, მე მგონი ეს ყოველთვის ჩვენ გზას აირჩევს (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. მოქალაქენო! მე სრულიად არ მოველოდი, რომ ის შეკითხვა, რომელიც სოც.-ფედერ. ფრაქციამ შემოიტანა, გამოიწვევდა ასეთი ხასიათის კამათს, მაგრამ, როგორც სჩანს და ეს ბ. გვაზავამ ტრიბუნიდანაც განაცხადა, თუ ვისმეს ოდესმე რამე სათქმელი ჰქონდა და რაც ამ შეკითხვის განხილვის დროს არ უნდა თქმულიყო, ეს ყველაფერი მაინც ითქვა. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმათ გადასწყვიტა სასტიკი ბრძოლა აწარმოვოს მოხალისეთა ჯარის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი საზღვრები. მაშინ დამფუძნებელმა კრებამ შესაფერი რეზოლიუცია გამოიტანა და მთავრობას დაავალა ყოველი ზომის მიღება, რომელიც საჭირო იქნებოდა დამფუძნებელ კრების დადგენილების სისრულეში მოსაყვანათ. მას შემდეგ ისეთი არაფერი მომხდარა, - რაც ჩვენთვის მოულოდნელი ყოფილიყო და რაც მთავრობისგან განსაკუთრებულ ზომების მიღებას მოითხოვდეს. თუ მთავრობა დამფუძნებელ კრების დადგენილების თანახმათ რესპუბლიკის საზღვრების დასაცავათ შესაფერ ზომებს არ იღებს და რომელიმე ფრაქციამ იცის რამე ამის შესახებ, შეკითხვის შემოტანა, რასაკვირელია, აუცილებელია, მაგრამ, თუ ასეთი მასალა სოც. ფედ. ფრაქციის განკარგულებაში არ მოიპოვება, მაშინ სრულიად ზედმეტია შეკითხვის შემოტანა იმის შესახებ, რაზედაც უკვე იყო ლაპარაკი დამფუძნებელ კრებაში ერთი-ორი კვირის წინეთ. ბ. სიმონ მდივნის მიერ ამ შეკითხვის დასაბუთებიდან გამოირკვა, რომ ფედერალისტების ფრაქციას თურმე სურდა ბათუმის საკითხი დაესვა დამფუძნებელ კრებაში და დაემტკიცებია, რომ ბათუმი და მთელი ბათუმის ოლქი არის განუყრელი ნაწილი საქართველოსი და უნდა დარჩეს საქართველოს ფარგლებში, რადგანაც ბათუმის ოლქი დასახლებულია მაჰმადიან ქართველებით და რადგანაც ბათომის ოლქში ბლომათ დაღვრილია ქართველების სისხლი.

ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ამას არავითარი ლოღიკური კავშირი არა აქვს იმ შეკითხვასთან, რომელიც სოც.-ფედერ. ფრაქციამ შემოიტანა. თუ ფედერალისტების ფრაქციას ბათუმის ოლქის მომავალ ბედის საკითხზე სურდა ლაპარაკი, შესაფერი შეკითხვა უნდა შემოეტანა. ამ შეკითხვის დედა-აზრი კი სულ სხვა არის: აქ ფედერალისტები მთავრობას ეკითხებიან, თუ რა (ზომებს ღებულობს ის საზღვრების დასაცავად, რადგანაც ბათუმში გამოჩენილია ვიღაც გენერალი „ნათიშვილი“, რომელიც კორპუს ადგენს დენიკინის დასახმარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ერთ დროს „ნათიშვილები“ საქართველოს დედა-ქალაქშიც ადგენდენ სამხედრო რაზმებს -დენიკინის დასახმარებლად, მაგრამ ფედერალისტებს მაშინ ამის შესახებ არავითარი შეკითხვა არ შემოუტანიათ საქართველოს პარლამენტში. დენიკინი და მისი რეაქციონური ჯარი მუდამ საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენთვის და ყოველი დახმარება, რომელსაც წინეთ მას უჩენდენ ჩვენ ტერიტორიაზე სხვა და სხვა სახით სხვა და სხვა პირები, იყო მიმართული ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მაგრამ ამას ჩვენ მაშინ ადვილათ ვინელებდით, რადგან ჩვენ მმართველ წრეებს, პოლიტიკურ სიბეცის გამო, ვერ ჰქონდათ კარგათ შეგნებული, რომ რუსის რეაქციონური გენერლები ალექსეევ-დენიკინები, თუ ისინი რუსეთში ფეხს მოიკიდებდენ, რევოლიუციის ყოველ მონაპოვარს ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე გააუქმებდენ და საქართველოს დამოუკიდებლობასაც მოსპობით დაემუქრებოდენ. ეს ეხლა ჩვენმა მმართველმა წრეებმაც შეიგნეს, მართალია ცოტათი დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეიგნეს (ხმაურობა) და დენიკინის წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღებასაც დაგვპირდენ. (ხმა: თქვენი ლებედევი, რატომ არის დენიკინთან?) მართალია სიმონ მდივანმა ლებედევიც ახსენა თავის სიტყვაში და ის სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის - ამიერ-კავკასიის ორგანიზაციათა უკიდურეს მემარცხენე ფრთის წარმომადგენლათაც მონათლა, მაგრამ მე ეს არ მაკვირებს, რადგანაც იმ პარტიის წევრს, რომელიც თავის „სოციალისტურ“ გაზეთში ნიკოლოზის სურათს ათავსებდა, ლებედევები, მართლაც, უკიდურეს მემარცხენეთ მოეჩვენება. მაგრამ მე კატეგორიულათ ვაცხადებ, რომ ლებედევი ამიერკავკასიის ორგანიზაციაში მუდამ უკიდურეს მემარჯვენეთ ითვლებოდა, მას პარტიაში გავლენა არ ჰქონდა და არც პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული პარტიულ ამხანაგებში. პირიქით მისი პარტიიდან განდევნის საკითხი არა ერთხელ დასმულა პარტიულ წრეებში. ასე იყო წინეთ, მას შემდეგ-კი, რაც ჩვენ საქართველოს სოც.-რევოლიუციონერთა პარტია დავაარსეთ, მას ჩვენს პარტიასთან არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონია.

მოქალაქენო! რუსეთის ხალხი ან და რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არ ებრძვის არც საქართველოს, არც ადერბეიჯანს და არც ამიერ-კავკასიას საერთოდ. საქართველოს ებრძვიან მხოლოდ დენიკინის ბანდები. დენიკინი არ არის რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენელი. ის არის მხოლოდ რუსეთის შავრაზმელთა შემაერთებელი და ხელმძღვანელი, მისი სურვილია მთელი რუსეთის ხალხს ძალით მოახვიოს თავს ძველი რეჟიმის წესები. ასე, რომ დენიკინი და საერთოდ მოხალისეთა ჯარი რუსეთის რეაქციის განსახიერებაა. ის რუსეთის ყოველ კუთხეში ებრძვის რევოლიუციას და ხალხის თავისუფლებას. ჩვენ ვიცით, რომ რეაქცია ისე, როგორც რევოლიუცია ინტერნაციონალურია და ამიტომ დენიკინის ე.ი. ძველი თვითმპყრობელური წესწყობილების მომხრე ჩვენშიაც ბევრი მოიძებნება ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართველი შავრაზმელი გენერალი ნათიშვილი საქართველოშიც ეძებს დენიკინის მომხრეებს და მის დასახმარებლად ამიერ-კავკასიის რეაქციონერთა კორპუსის შედგენასაც აპირებს. ეს სრულიად ბუნებრივია და გასაკვირველი ის იქნებოდა, რომ ეს ასე არ მომხდარიყო და ნათიშვილები ამიერ-კავკასიის ფარგლებში არ გამოჩენილიყვნენ. ფედერალისტები ეკითხებიან მთავრობას, იცის თუ არა მან გენერალ ნათიშვილის ზრახვები და თუ იცის, რა ზომებს ღებულობს საქართველოს საზღვრების დასაცავად? მე გიპასუხებთ, რომ ეს ყველაფერი წინდაწინ უნდა ცოდნოდა მთავრობას და ამიტომაც იყო, რომ ორი კვირის წინეთ დამფუძნებელმა კრებამ დააკისრა მას საზღვრების დასაცავად ზომების მიღება და რა ზომებია კონკრეტიულად უკვე მიღებყელი ან და რა ზომების მიღებას აპირებს მთავრობა, ამის შესახებ თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვიან ამ ტრიბუნიდან, რადგანაც ეს ჯერ-ჯერობით ერთგვარ სამხედრო საიდუმლოებას შეადგენს. ფედერალისტებს აგრეთვე აინტერესებს, თუ რა ზომებს ღებულობს მთავრობა, რომ ბათუმი არ გადაიქცეს ბაზად დენიკინის ჯარისათვის საქართველოსაკენ გამოსალაშქრებლად. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, სანამ ბათუმში ინგლისის ჯარია, სანამ ბათუმის ოლქის მკვიდრთ არ ექნებათ საშუალება თავისუფლად გამოსთქვან თავისი სურვილი, თუ ვის ემხრობიან იგინი, ბათუმი, შესაძლებელია, ყოველთვის გახდეს დენიკინის ჯარისათვის ბაზად, რადგანაც ინგლისის სარდლობა ამიერ-კავკასიაში მას უწევს აშკარა დახმარებას. ეს რომ ისე არ ყოფილიყო, მთიელთა რესპუბლიკა დღეს დენიკინის ხელში არ იქნებოდა. აგრეთვე ჩვენ კარგათ ვიცით, რომ დენიკინის და საერთოდ მოხალისეთა ჯარის გაჩენა-არსებობაში დაინტერესებული იყვენ უცხო სახელმწიფოთა რეაქციონური ძალები და ამ უკანასკნელთ, რომ დიდი ნივთიერი დახმარება არ ამოეჩინათ დენიკინისთვის, მოხალისეთა ჯარი ერთ თვესაც ვერ იარსებებდა რუსეთში.

უკეთუ ჩვენ ყველა ამას გავითვალისწინებთ და ხალხს სიმართლეს არ დაუკარგავთ, გულწრფელად უნდა განვაცხადოთ ის, რასაც ვხედავთ, ვგრძნობთ და რაც სინამდვილე-ჭეშმარიტებას შეადგენს. ჩვენ უნდა შევატყობინოთ ჩვენ ამომრჩეველთ, რომ ინგლისის სარდლობა ამიერ-კავკასიაში ეხმარება მოხალისეთა ჯარს და ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზათ უნდა ვიყოთ დავიცვათ საქართველოს საზღვრები იმ შემთხვევაშიც, თუ ბათუმი გადაიქცა ბაზად დენიკინის ჯარისათვის. ასე გვესმოდა ჩვენ დამფუძნებელ კრების მიერ ერთხმად გამოტანილი დადგენილება დენიკინის წინააღმდეგ ომის წარმოების შესახებ. დამფუძნებელ კრებისთვის მაშინ აშკარა იყო ის შესაძლებლობა, რომ ბათუმი დენიკინის ჯარისთვის ბაზად გადაიქცეოდა და ამიტომ ჩვენთვის ცხადზე-უცხადესი იყო ის, რომ შავი საფრთხის ასაცდენად, ზომების მიღების დროს მთავრობის უდიდეს ყურადღებას მიიპყრობდა სწორედ ბათუმის ოლქი და ბათუმის მომავალი ფრონტი. ასე, რომ მთავრობას უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული ყოველი ზომა, ბათუმის მხრიდან, მტრის შემოტევის ასაცდენად და მტრის დასამარცხებლად, თუ ეს შემოტევა მოხდა. ჩვენი მდგომარეობა მეტად რთული და სერიოზულია. საქართველომ, შესაძლებელია, ვერ შესძლოს დენიკინის დამარცხება, თუ დენიკინს მომავალშიც რეალური დახმარება გაუწია და მხარი დაუმშვენა ინგლისის სარდლობამ, მაგრამ ის მაინც უნდა გაიგოს მთელმა ქვეყნიერებამ, რომ საქართველოს ჰქონდა თავის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სურვილი და ის ამისთვის კიდევაც იბრძოდა. ინგლისის ფართო მასამ არ იცის, თუ როგორი პოლიტიკას აწარმოებენ საქართველოში ინგლისის გენერლები, თორემ ყოვლად შეუძლებელია, რომ მან არ დაგმოს ინგლისის სარდლობის პოლიტიკა ჩვენში. წარმოუდგენელია, რომ ინგლისის დემოკრატიამ საქართველოში თავისუფლების განმტკიცებას რეაქციის გაბატონება ამჯობინოს. მე მწამს, რომ თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში - ჩვენთან ერთად იქნება ყველა ქვეყნის დემოკრატია, მხოლოდ საჭიროა მას მისწვდეს უშუამავლოთ ჩვენი ხმა, და ამიტომ ჩვენი დელეგაციის მოღვაწეობა ევროპაში, რომლითაც არ არის კმაყოფილი ბ. გვაზავა, ჩვენთვის სავსებით მისაღებია. ჩვენი თავისუფლების გულწრფელ მომხრეთ ევროპაში შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ საერთაშორისო მშრომელი დემოკრატია და, თუ ჩვენმა დელეგატებმა მიიღეს მონაწილეობა ამსტერდამის სოციალისტურ კონფერენციის მუშაობაში და ამ კონფერენციის მთელ შემადგენლობას ერთხმად აცნობეს საქართველოს დამოუკიდებლობა, იმათ ჩვენის აზრით დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს.

როგორც მოგეხსენებათ სოციალისტები იცავენ მშრომელთა ინტერესებს, ე. ი. ყოველ სახელმწიფოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ინტერესებს და, თუ ამსტერდამის საერთაშორისო სოციალისტურმა კონგრესმა იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს იმის მომასწავებელია, რომ ევროპის სახელმწიფოების მოქალაქეთა დიდი უმრავლესობაც იცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას. პარიზის კონფერენცია იძულებული შეიქმნება დიდი ანგარიში გაუწიოს ამსტერდამის კონგრესის დადგენილებას საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში. ამსტერდამის კონფერენციის დადგენილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლიან უფრო გაბედულათ მოვთხოვოთ პარიზის კონფერენციას, რომ მან იცნოს საქართველოს დამოუკიდებლობა. და უკეთუ ევროპის იმპერიალისტურ მმართველ წრეებმა პარიზში არ იცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენ მოგვიხდება სხვაგვარი ბრძოლის დაწყება და ამ ბრძოლაში ჩვენი ერთგული და ძლიერი მოკავშირე და მეგობარი იქნება საერთაშორისო მშრომელი დემოკრატია, რომლის ინტერესებს იცავენ მხოლოდ სოციალისტები და რომლის მომავალ გამარჯვების გეგმებს იმუშავებენ სოციალისტურ კონგრესებზე.

ჩემი სიტყვის დასასრულ მე უნდა განვაცხადო ის, რაც მოგახსენეთ წინეთ, როცა დენიკინის საფრთხის საკითხს ვიხილავდით, - ის, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ყოველგვარი ზომა მივიღოთ, რათა ყოველ მომავალ დაბრკოლებას შევებრძოლოთ. ჩვენ ყველაფერს უნდა მოველოდეთ: შესაძლებელია ყოველ მხრიდან ფრონტი გვექნეს, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, თუ ჩვენს მხარეზე იქნება საერთაშორისო მშრომელი დემოკრატია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთნის კრების წევრს იოსებ მაჭავარიანს.

იოსებ მაჭავარიანი. დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენ ისეთ საფრთხის წინაშე ვდგევართ, რომ მთელმა ერმა უნდა მოიკრიფოს მთელი თავისი ენერგია, დასჭიმოს მთელი თავისი ძარღვები, მოახდინოს მობილიზაცია მთელ თავის სულიერ, ქონებრივ და გონებრივი ძალებისა და ამრიგად დარაზმული თავისუფლების და ეროვნულ ღირსების დასაცავად მთავრობას მხარში უნდა ამოუდგეს. ასეთ მომენტში ცივ გონებას და ანთებულ პატრიოტიზმით გამოწვეულ ენტუზიაზმს უნდა ჰქონდეს ადგილი. ზედმეტი აღელვება მხოლოდ ჩრდილს აყენებს გონებას და დამარცხების უფსკრულისკენ იზიდავს მებრძოლს. და არც საჭირო იყო დღეს აქ ისეთი აღევლება, რომლის მოწმენიც ჩვენ გავხდით. მეტად ვწუხვარ, რომ ამ დიდმნიშვნელოვანმა საკითხმა და მთავრობის პოლიტიკის კრიტიკამ ასეთი პარტიული უადგილო კინკლაობა გამოიწვია. ახლა დრო არ არის პარტიულ ანგარიშებისა. მე არ გამოვიდოდი დღეს (ხმა: გვაზავა, რომ არ გამოსულიყო!), რომ მთავრობის წარმომადგენელს არ ენება და თავის სიტყვაში ესოდენ უსაფუძლოდ ორჯელ არ მომწვდენოდა პირადათ მე. მე ხომ არც გამილაშქრია არც მთავრობის, არც რომელიმე პარტიის წინააღმდეგ? მხოლოდ თუ ჩემმა რეპლიკამ ასე აამხედრა მთავრობის წარმომადგენელი ჩემ წინააღმდეგ, თუ ზევსი ესოდენ ჯავრობს, სჩანს ის მტყუანია, ყოველ შემთხვევაში პარნასზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. რა ვსთქვი ბოლოს და ბოლოს ჩემს რეპლიკაში? ვსთქვი, ბათომის დაკარგვისათვის ბევრს უნდა ეგო პასუხი აქამდის და ბევრია გასარეკი. გაბაშვილი იქნებოდა ეს, თუ „შვიდთა საბჭო“, მდივანი თუ მთავრობა, სულ ერთია: დამნაშავეს სასტიკი პასუხი უნდა ეგო და დამნაშავენი, რომ ვართ ბათომის დაკარგვაში, ეს ცხადათ სჩანს თვით ჩხენკელის მოხსენებიდან, რომელიც მან წარუდგინა ეროვნულ საბჭოს ტრაპიზონიდან დაბრუნებისთანავე. ჩხენკელმა სთქვა მაშინ: „ჩვენ, რომ დამოუკიდებლობა დროზე გამოგვეცხადებინა ჭკუით, რომ ვყოფილიყავით, იმდენი, რომ გვემუშავა საქართველოსათვის, რამდენიც სომხებისათვის, ბათომს არ დავკარგავდითო“. ეს ჩხენკელის სიტყვებია. ვიღაცამ, ბ-ნო საგარეო საქმეთა მინისტრო, უნდა აგოს პასუხი ამ დაკარგვისათვის ერის წინაშე? მიუდგომელი ისტორია გაგვასამართლებს და გამოუტანს დამნაშავეს თავის მსჯავრს. ეხლა კი არ არის დრო, რომ ამაზე მეტი ვილაპარაკოთ და ანგარიშები მოვსთხოვოთ ერთმანეთს. რაც შეეხება ბ-ნ გეგეჭკორის განცხადებას, რომ მაჭავარიანმა ისეთი რამ გვირჩია, ყველაფერი დაგვეღუპებოდა იმისთვის რომ დაგეჯერებინაო. უნდა მოგახსენოთ, მაჭავარიანისთვის, რომ დაგეჯერებინათ, ჩხენკელის სიტყვის არ იყოს, ბათომს არ დავკარგავდით. ეს მეორედ მესმის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, მაჭავარიანმა რაღაცა სთქვაო. რა? არ ვიცით, რაზედ ლაპარაკობს ბ-ნი მინისტრი, ხოლო კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მე არც არასოდეს მითქვამს, არც დამიწერია არაფერი ისეთი, რაც ჩვენს ერს არ გამოადგებოდა.

თუ ბ-ნი გეგეჭკორი გულისხმობს იმ ჯგუფს, რომელიც მუშაობდა ვითომდა სტამბოლში (ხმა: ვითომდაც?), მე უნდა განვაცხადო, რომ ამის შესახებ ჩვენმა პარტიამ იმდენი იცის, რამდენიც თქვენ. ბ-ნ გვაზავას განცხადება ადგილიდან ეს ჯგუფი ჩამოგვშორდაო, სტამბოლის ჯგუფს არ გულისხმობდა. ეს იქნებოდა შეცდომა და სიმართლის დამახინჯება. იმ ჯგუფს, რომელიც მოქმედებდა, სტამბოლში სრულებით არავითარი კავშირი ჩვენ პარტიასთან არასოდეს არ ჰქონია. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორდა მხოლოდ ის ჯგუფი, „კლდის» სახელით, რომ მოინათლა. ამ „კლდემ» მხოლოდ შემდეგ შეითვისა ერთი წარმომადგენელი სტამბოლის ჯგუფის და დაწერა უცნაური წერილი. მაგრამ ეს ფრთა, გარწმუნებთ, იმდენად შორს არის ჩვენთან, რამდენათაც ლენინია თქვენზე დაშორებული. ეს კარგად იცის გარეშე საქმეთა მინისტრმა, მაგრამ მთავრობის წარმომადგენელი მაინც ცდილობს, რომ მოგვახვიოს ჩვენ თავს ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაღუპავდა ქართველ ერს, ეს ტყუილი ცდა არის. ბ-ნი გეგეჭკორი ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს ბრესტზე. ის კი ავიწყდება, თუ ბრესტში მონაწილეობას იღებდა ან პოლონეთი, ან ფინლიანდია, ამით არც ერთს მათგანს არაფერი დაშავებია. ბრესტის ზავში მონაწილეობის მიღებისთვის ვერც ამერიკა, ვერც ინგლისი თავისუფლებას ვერ მოაკლებს ვერც პოლონეთს, ვერც ფინლიანდიას. ბ. შინაგან საქმეთა მინისტრს ეს უნდა ესმოდეს, მაგრამ თქვენ გსურთ თავიც გაიმართლოთ და თქვენი მოპირდაპირე პარტიაც ვიღაცის თვალში დაამციროთ. მაგრამ ამაოდ. სიმართლე მაინც თავისას ღაღადებს, იმ მომენტში, როდესაც ძლევამოსილი გერმანია შემოდიოდა ამიერ-კავკასიაში, ქართველ ერისთვის არ არსებობდა არავითარი სხვა გზა. ოსმალეთი გვიქადდა წალეკვას. და იმ პარტიის პოლიტიკა, რომელმაც მოიყვანა ფონ-კრესი და გერმანიის ჯარი გამოიყენა ფარად საქართველოსათვის ოსმალეთის წინააღმდეგ, მხოლოდ მადლობის ღირსი უნდა იყოს, ვინაიდან იმით გადავარჩინეთ ქართველი ერი ოსმალებთა წარღვნისა და განადგურებისაგან. ინგლისის ხმალი მაშინ შორს იყო, გერმანელების ფოლადი აქ. და განა უფლება აქვს ან ინგლისს, ან ამერიკას ან საფრანგეთს უსაყვედუროს ქართველ ერს იმისთვის, რომ მან მიიღო საჭირო ზომები თავის ფიზიკურ არსებობის დასაცავად? რასაკვირველია არა.

ერის სიცოცხლის წართმევის უფლება არავის აქვს, და ჩვენ უნდა მიგვეღო სწორეთ ის ზომები, რომელთა საშუალებით გადავარჩენდით ჩვენს ქვეყანას აკლებისაგან და მოვაწესრიგებდით ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. რაც შეეხება იმას, თუ რომელ პარტიის პოლიტიკა უფრო გამოდგა, უნდა მოგახსენოთ, რომ სოციალ-დემოკრატია ხშირად მოქმედობს ჩვენი პროგრამის მიხედვით, და, თუ რამე კარგი კეთდება, კეთდება მაშინ, როდესაც მესვეური პარტია მიდის იმ გზით, რომელიც ჩვენ ადრე გვიჩვენებია. აქედან ცხადია, ვისი პოლიტიკაა საღი და სწორი. ჩვენი შეცდომების ჩამოთვლას მე დღეს არ შეუდგები, მაგრამ არ შემიძლია დღევანდელ დღეს არ გავიხსენო ერთი მომენტი პარლამენტის ცხოვრებიდან. იმ დროს, როდესაც აქედან ლაპარაკობდა დაშნაკელის წარმომადგენელი, ზორიანი თუ დავითხანიანცი, კარგად არ მახსოვს: „როდესაც დენიკინი საქართველოს წინააღნდეგ გამოილაშქრებს, ჩვენ სომხები ჩვენი მკერდით დავიცავთ საქართველოს დენიკინისაგანაო, და თქვენ კი ეროვნულ-დემოკრატები დენიკინს მხარს დაუჭერთო“. როდესაც მან ეს ცინიკური ცილისწამება გვესროლა ჩვენ ამ ტრიბუნიდან, თქვენ და მთავრობამ, თანხმობის ნიშნად, მხურვალე ტაშის-ცემით დააჯილდოვეთ ეს სომეხი ორატორი. თქვენ გჯეროდათ მისი. თქვენ იმ ტაშით გინდოდათ ხალხი დაგერწმუნებინათ, რომ ჩვენ ეროვნულ-დემოკრატები სამშობლოს ვუღალატებდით, სომხები კი საქართველოს დაიცავდნენ დენიკინისაგან თავის დაშნაკური მკერდით. ეს იყო და ასეთია თქვენი პოლიტიკა. დიდი ანგარიშები გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ ეხლა დრო არ არის. დღეს მე მოვითხოვ, რომ დამფუძნებელი კრება შეხვდეს აღძრულ საკითხს ისე, როგორც შეეფერება კრების უდიდებულესობას და როგორც მოითხოვს ამას სახელმწიფოს საჭიროება, დამშვიდებით. აუღელვებლად უნდა მივიღოთ თავდაცვის ჩაკირული ზომები. შეერთებული ძალებით უნდა დავხვდეთ საქართველოზე მოსეულ მტერს და გავსცეთ ისეთი პასუხი, როგორსაც მოითხოვს საქართველოს ერის სასიცოცხლო ინტერესი. საჭიროა, რომ გაიგონ ჩვენმა შინაურმა და გარეშე მტრებმა, რომ ქართველი ერი გაერთიანებულია თავის მასაში, როგორც ერთი კაცი. ის დგას თავის მთავრობის გვერდში და თავისუფლებიდან ერთი იოტის ოდენა მანძილსაც ცოცხალი არ დაუთმობს არავითარ ძალას, რა სახითაც არ უნდა მოგვევლინოს იგი, - საქართველო ვერ დაუთმობს ვერავის თავის სამაჰმადიანო ნაწილს. ბათომში, სოჭის და სხვა ფრონტებზე ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მტერთა ბოროტი განზრახვანი და შევაჩეროთ მათი მოქმედება. შემოხიზნულ მტრებისაგან უნდა გავსწმინდოთ დაუყოვნებლივ საქართველო და უპირვლეს ყოვლისა ჩვენი დედა ქალაქი. ამ დიად საქმეში, ბ-ნო მთავრობის წარმომადგენელო, მთელი ქართველი ერი, გასალკდევებული და ერთი მისწრაფებით შედუღებული თქვენთან იქნება. არა ერთხელ დაგვიმტკიცებია და დაგიმტკიცებთ კიდევაც, რომ არასოდეს არ ვცდებოდით ჩვენს პოლიტიკაში, და თუ თქვენ გაწევთ კისერზე ესა თუ ის შეცდომანი, ეს მხოლოდ თქვენი პოლიტიკის ბრალია და არა ჩვენი, პარტიის პოლიტიკისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვლასა მგელაძეს

ვლასა მგელაძე. (ს.-დ.) დამფუძნებელ კრების წევრნო, მოქალაქენო! მართლა, რომ სასიამოვნო იყო დღეს პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. აქ გვითხრეს, რომ დადგა დრო, ან და იძულებული ვართ, რომ მივმართოთ დავიწყებულ მოძმეებს, გადავხედოთ იმ ალაგებს, რომელიც აკვანი იყო ჩვენი კულტურისა, ჩვენი თავისუფლებისა და წარსულისა.

ასეთ დიად მომენტის დროს, როგორც უკანასკნელმა, ჩვენ წინ მოლაპარაკე, ორატორმა სთქვა, არ უნდა ჰქონებოდა ადგილი ჩვენში, სადავო საქმეებს და ანგარიშების გასწორებას. დიახ! მეც ეგრე მეგონა, მაგრამ უკაცრავათ, სწორედ აქედან იყო ნასროლი სიტყვები, რომელთაც არ მოველოდი. ჩვენ სულით და გულით, პირადად მე, სულით და გულით ვიზიარებ მთავრობის მიერ აქ განცხადებულ აზრს, რომ გადადგმულ იქნება დადებითი ნაბიჯი ამ შემთხვევაში, რადგანაც შეიძლება არ გასჭრას დიპლომატიურმა მოლაპარაკებამ.

მე მწამს მთელი საქართველოს ხალხი, როგორც ერთი კაცი შეერთებული იქნება ამ კითხვაში, თუ მართლა აქ გულწრფელად იყო ნათქვამი, რასაკვირელია, ქართველურად ვიბრძოლებთო, - აი აქ მაშინ გამოჩნდება როგორ ვინ იბრძოლებს.

მაშ როგორ უნდა შევეხოთ ამ საკითხს? მე სულით და გულით ვეგებები და იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ კითხვაში გამოვა უფრო სასტიკად და უფრო მკაცრად. თუ ამ საკითხში დავმარცხდით, ჩვენ ისტორიის, ქვეყნის წინაშე ვიტყვით, რომ ჩვენ ვიბრძოდით, და თუ სიკვდილი მოგველის, რა უყოთ სიკვდილს ვერავინ დაიჭერს, მის წინააღმდეგ არაფერი შეგვიძლიან.

მე ამ ტრიბუნაზე არ დავიწყებდი ლაპარაკს, რომ აქედან არ მსმენოდა ერთი აზრი. აქ სთქვეს, რომ დელეგაციის წარმომადგენელმა თავის პოსტი დასტოვაო. როდესაც პოსტის დატოვებაზე ლაპარაკობენ, შეიძლება დამფუძნებელ კრების წევრმა იცოდეს ის ამბავი, რომ იქ კონსტანტინოპოლში, როდესაც საჭირო იყო მტერ-მოყვარის გაცნობა, იმ მომენტში როდესაც ინგლისი შემოვიდა სტამბოლში, როდესაც დაშნაკცაკანების 5-6 გაზეთი გამოდიოდა და ლაპარაკობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ხომ არ იცის ისეთი გაგზავნილი კაცი ბატონმა გვაზავამ, რომელმაც იქ პოსტი დატოვა და, სანამ ინგლისი შემოვიდოდა, ქუდ მოგლეჯილი შემოიჭრა სამშობლოში. როდესაც ეს დელეგაცია, აღჭურვილი ხალხის ნდობით, სტამბოლში მივიდა, როდესაც ჩვენმა დელეგატებმა ჩხეიძე-წერეთელმა ლაპარაკი გამართეს სამშობლოში მოსულ ინგლისელების წარმომადგენლებთან, მათ უთხრეს, თქვენ ლაპარაკობთ დამნაშავენი არ ვართო, და თუ ასეა მაშინ აქედან რად გარბოდითო. შეიძლება იცოდეს ვინმემ აქედან, ვინ იყოს ეს?

აქ ამბობენ რომ კაკი წერეთელმა და სხვა აღჭურვილმა სამშობლოს ნდობით დელეგაციის წარმომადგენელებმა თავისი პოსტი დატოვესო და წავიდნენ ინტერნაციონალთანაო. აი რამ გამოიწვია კამათი. აქედან ეს სიტყვები იყო წამოსროლილი და ჩემს გულს მოხვდა, დიახ ეს სიტყვები, რომ არ თქმულიყო, აქ არ უნდა ყოფილიყო დღეს კამათი ამ საკითხის გარშემო. 1907 წ. გვქონდა არჩევნები. ამორჩეულთა ჯგუფში იყო ერთი არა ჩვენი ამომრჩეველი სასახელო ჯაბადარი. იმან განაცხადა, აღნიშნა მთელი კრების წინაშე ოფიციალურად, რომ ხმას ვაძლევ სოციალ-დემოკრატიის წევრსო, რადგანაც მათ პროგრამაში არის ერთი მუხლი, რომელშიაც ნათქვამია ინტერნაციონალიო. მაშინ ერთ აქ მყოფ გვაზავას ჰქონდა ბედნიერება იქ მუშაობისა, იგი გვეუბნებოდა პროლეტარიატმა ბევრი გააკეთაო, მაგრამ პარლამენტი რა იმათი საქმეაო. ისინი უნდა წავიდნენ და იბრძოლონო. ეს სიტყვა დაბეჭდილია „ატჩოტებში“. მაშინ ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ხალხი, პროლეტარიატი იმისთვის არის გაჩენილი, რომ იბრძოლოს. პარლამენტში კი, როდესაც მიბრძანდებით ის დიპლომატიებისაგან შესდგება და თქვენ მოგატყუილებენო. ჩვენ ახალი ხალხი გავგზავნეთ და ვნახავთ ჩვენ დიპლომატებს მოატყუებენ თუ არა. აი ასე, რომ უყურებთ საქმეს, აქედან გამოდის თქვენი შეცდომები, თქვენ გინდათ თქვენი შინაარსი ჩასდოთ და ჩვენ გვიკარნახებთ თქვენ, და თქვენ გონიათ, რომ შერიგება შეიძლება შეურიგებელისა. ამის შერიგება ბატონებო არ იქნება ადვილი. მე, რომ ამ ტრიბუნიდან გავჯავრდი იმ დღეს იმიტომ, რომ თქვენ სთქვით, რომ არ უნდა იყოს ინტერნაციონალის დოესასწაულიო, ინტერნაციონალი უნდა მოისპოსო. დღეს გვეუბნებით, რომ თქვენი დეპუტატი ამსტერდამში რად მივიდაო? აბა სად მივიდოდა ჩვენი დეპუტატი? აბა სად მივიდოდა კაკი წერეთელი?

იურისტი არ გახლავართ, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან. ბატონებო, ინგლისი გიცნობთ თუ არა, თქვენ ცარიელა სატყვით, თქვენი ბურჟუა ტანისამოსით, რომ მიხვიდეთ? იმან კარგად იცის, კარგად უწევს ანგარიშს სად ხართ, ვინ ხართ. კაკი წერეთლის კონგრესზედ მისვლის ნაყოფი უკვე გახლავთ. თქვენ იცით გაზეთებიდან და რეზოლიუცია იყო მიღებული ამსტერდამში. თვით ვილსონის პროგრამაში გახლავთ ერთი პუნქტი, ეს არის თვითგამორკვევის პრინციპი. ეს პრინციპივე მიიღეს ამ კონგრესზე. პარიზში უწევენ თუ არა ამას ანგარიშს? თქვენ ესენი დაუპირდაპირეთ ერთმანეთს და მე გეტყვით თქვენ ეს არ უნდა გექნათ, ეს არ უნდა თქმულიყო. იმიტომ იყო, რომ წარსულ კრებაზე გავჯავრდი, მაგრამ მალე დავმშვიდდი, თუმცა კიდევ მინდოდა ერთი გაჯავრება.

ჩვენ მუდამ სულით და გულით ვიცავდით საქართველოს დამოუკიდებლობას. მე, პირადად, ომის დროს, როდესაც მე შვეიცარიაში ვიყავი და გავიგე მიხაკო წერეთლისაგან, რომ 5 კაცი სწყვეტდა საქართველოს საკითხს და ხელს აწერდა მოთხოვნილებებს, სწრაფად სტამბოლში გამოვიჭერ, რადგანაც გვინდოდა ეს არ მომხდარიყო. აქ, როგორც შევიტყე დავით ღამბაშიძისაგან, რომელიც ეხლა ლონდონში არის, ისეთ კაცებს მოეწერათ ხელი, რომ მათი წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როდესაც ჩვენ პროტესტს ვაცხადებდით, რომ არ შეიძლება საქართველოს ერის გულის ტკივილი გადაწყვეტილი იქნეს იქიდან გამოსულ 5-6 კაცის მიერ - ჩვენ იმავე დროს მიხაკო წერეთელს ხუთჯერ ვსთხოვეთ ჩამოსულიყო მაგრამ არ ჩამოვიდა.

თქვენ, როგორ შეგიძლიანთ სთქვათ, რომ თქვენი წარმომადგენელი დარბისო. აი ამიტომ გაუგებრობა იქნება მუდამ ჩვენ შორის და თქვენ შუა. ჩვენი შეერთება შეუძლებელია. ჩვენ სამშობლოს ერთ შინაარს ჩაუდებთ, და თქვენ ვერ ჩუდებთ ამ შინაარს და იმიტომ ვამბობ: ერთ გზით ვერ ვივლით, ერთად ვერ ვიქნებით პარლამენტში. მე ვამბობ რომ იმ ჯგუფს ჩაუდენია იმდენი უარყოფითი ფაქტები, იმდენი წერილები დაუბეჭდია, რომ ეხლა მთელი ჩვენი ძალა იმაზე არის მიმართული, რომ ეს ინფორმაცია იქნეს გამოსწორებული.

ეხლა როდესაც პოსტების დატოვებაზე ლაპარაკობთ, მე გეკითხებით, მაშინ იყო თუ არა პოსტი დატოვებული, როდესაც მთელი ინფორმაცია ჩვენ სამშობლოზე დაშნაკცაკანებს დაუტოვეთ? ინფორმაცია მათ ხელში ჩავარდა და ჩვენი კბილებით და ფრჩხილებით გასახსნელი გახდა? ამიტომ ამ ტრიბუნიდან ნუ იქნება ნათქვამი ასეთი სიტყვები. რას ნიშნავს პოსტის დატოვება? დღეს სხვა საქმე გვაქვს და მათ შუა უდევს დიდი მზღვარი. როდესაც გამოდიხართ და პოსტის დატოვებაზე ლაპარაკობთ, მაშინ ეს უნდა იცოდეთ. (გვაზავა: მე პოსტი არა მქონია!).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მდივანს.

სიმონ მდივანი. (ს.-ფ.) მე უნდა აღვნიშნო, რომ იერიშების ლიკვიდაცია უკვე დაიწყო იმ პირისაგან, რომელმაც პირველი იერიში მოიტანა ეს გახლდათ ბატონი გვაზავა, რომელმაც მუდარით სთხოვა ბატონ ევგენი გეგეჭკორს თავი დავანებოთ წარსულს, წარსულზე ნუ ვილაპარაკებთო. ეს უკვე იყო ლიკვიდაციის დაწყება, მასი დასრულება კი მაჭავარიანმა იკისრა. ამის შემდეგ, მე მგონია, ბევრი სიტყვის გაგრძელება აღარ ღირს.

მხოლოდ საჭიროა მოგახსენოთ რამდენიმე საბუთი იმ აზრის განსავითარებლად, რომელიც ვლასა მგელაძემ მოიყვანა. საქმე იმაშია, რომ აქ საყვედური იყო გამოთქმული, შესახებ იმისა, რომ დელეგაცია, რომელიც გაგზავნილი იყო პარიზში სავსებით არ ჩავიდა. უნდა განვაცხადოთ, რომ იმაში ბრალი არ უდევს, არც მთავრობას, არც დამფუძნებელ კრებას, არც ჩვენ ხალხს. ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა აირჩია დელეგაცია, და ყოველივე მიმდინარეობას მისცა იქ ადგილი. მაგრამ სწორედ იმ დემოკრატმა, რომელსაც ეხლა ბატონი გვაზავა თაყვანს სცემს, დემოკრატმა კლემანსომ არ გაუშვა ის ნაწილი ჩვენი დელეგაციისა, რომელიც მისთვის ასე საჭირო არის. ჩვენ მთავრობაზე ბრალის დადება, რომ ჩვენ ზომებს არ ვღებულობთ - ეს ყოვლად მიუღებელია და ყოვლად შეუწყნარებელია. პირიქით ყოველ დღე დემოკრატი კლემანსო და სხვა ამ გვარი დემოკრატები გვპირდებოდნენ ნიკოლაძეს გაუშვებთ დღეს და ხვალ. მაგრამ დღემდის არავითარი ნებართვა არ მიგვიღია ნიკოლაძისთვის, ნებართვა დღემდის არ მიგვიღია, თორემ ნიკოლაძეს აქ არავინ არ აკავებს, წავა, და თუ რამეს გააკეთებს - ამასაც ვნახავთ.

რაც შეეხება იმ ნაწილს დელეგაციისას, რომელიც მოხდა პარიზში, მის მოქმედების კრიტიკას, ესეც სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ ის ხალხი, სწორეთ იმ მეთოდით მუშაობს, რა მეთოდითაც ლლოიდ ჯორჯი. თქვენ კარგად იცით, რომ ერთ დროს ლლოიდ ჯორჯი ორი საათი პარიზში იყო და დანარჩენი დრო იყო ლონდონში. რა გახლდათ, ბატონებო, მასთან შედარებით მიუნხჰაუზენი. ისე ჩქარა მიდი-მოდიოდა. რატომ? მიტომ, რომ ლლოიდ ჯორჯი ფიქრობდა: ჯერ-ჯერობით თუ მუშებთან საქმე არ მოვარიგე, მუშათა კლასთან ერთგვარი ზავი არ ჩამოვაგდე, მუშათა კლასი არ დავამშვიდე ჩემი იქ ყოფნა ყოვლად შეუძლებელიაო (გვაზავა: ის თავის მუშებს...) დიახ! კაკი წერეთელიც თავის მუშებს ეყრდნობა, და ინგლისის მუშებთან აქვს კავშირი, ბელგიის მუშებთან, საფრანგეთის მუშებთან, პროლეტარიის და მუშათა კლასის სხვა ამგვარ დაწესებულებებთან (ტაში) და განა ბატონმა გვაზავამ არ იცის, რომ თვით ვილსონმა ბერნის მუშათა კონფერენციას მოუსმინა, იმითი აზრი მიიღო სახელმძღვანელო აზრად. თქვენ კი ეხლა ლაპარაკობთ და უკიჟინებთ სწორედ იმ მოქმედებას, რომელიც ჩვენ დელეგიციას შესისხლხორცებული და შეთვისებული აქვს და მიაჩნია, რომ სწორედ ამ გზით, პარიზის კონფერენციაზე მიიღებს დამოუკიდებლობას, რომლის გულისათვის მისი ხალხი იბრძვის. თქვენ თუ ამას დანაშაულათ ჩაუთვლით, ეს ყოვლად შეუწყნარებელია და შეუწყნარებელია განსაკუთრებით დღეს.

უნდა მოგახსენოთ, რომ მე, სრულიად წარმოდგენილი არ მქონდა, თუ ასეთ გამოსვლას ექნებოდა ადგილი. მაშინ, როდესაც ბათუმის საკითხმა ყველა ჩვენგანი უნდა შეგვაერთოს, ყველა ჩვენგანი ერთნაირად უნდა გვააზროვნოს, იმისდა მიუხედავად, რომელ ბანაკს ვეკუთვნით: კლემანსოს, ალბერ-ტომას, ვან-დერ-ველდეს თუ ლლოიდ ჯორჯის დემოკრატიას, მით უმეტეს, რომ, ბოლოს და ბოლოს, თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ სამშობლოს დავიცავთო. თუ დავიცავთ კეთილი და პატიოსანი, ყველა დამცველს პატივს ვცემთ. ამის მაგალითი, ამის საბუთი არა ერთხელ მოგვცეს, იმედია კიდევ ბევრს მოგვცემენ, მაშასადამე ამაზედ დღეს ლაპარაკი კი იყო ზედმეტი.

რაც შეეხება აქედან საყვედურს მე მინდა გულახდილათ ვთქვა შემდეგი:

როდესაც ვლაპარაკობდი ლებედევზე, თავდაპირველად არავითარი აზრი, არავითარი სურვილი არ მქონდა, რომ ეს ლებედევი დამეკავშირებინა დღევანდელ ესერებთან. ეს სრულიად უნებლიეთ მოხდა, თითონ იმათ მომცეს საბაბი, თვითონ მათ მაიძულეს მეთქვა, მაგრამ სრულებითაც თქვენ არ მყავდით მხედველობაში. ხოლო როდესაც ვაჟბატონი გობეჩია გამოვიდა მაშინ კი დავრწმუნდი, რომ იგი ამართლებდა ქართულ ანდაზას: ყოველ ქურდს ქუდი ეწვის თავზედ. აი სწორედ, რომ ეს დღეს გობეჩიამ დაამტკიცა. ეს დაამტკიცა ჯერ ერთი იმით, რომ სახალხო ფურცლის დამატებაში ინახულა ნიკოლოზის სურათი. (ხმაურობა. სიცილი. ზარი). (ხმა სოც.-რევოლიუციონერთა მხრიდან: თქვენ წინააღმდეგი არ იყავით...)“

არა ბატონებო, ჩვენ რასაკვირელია წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ამის გახსენებას მე ურჩევდი ბ. გობეჩიას გაეხსენებინა ის მომენტი, როდესაც აჭარლების პროცესი იყო, როდესაც ღალატი მოახვიეს აჭარელ ხალხს, ისევ, როგორც დღეს ახვევენ, და როდესაც ეს ხალხი მოიყვანეს რუსეთის სასამართლოს წინაშე. აი მაშინ თქვენი ლებედევი იყო, თუმცა მარჯვნივ იჯდა, რომელიც მოღალატეეებს ეძახდა აჭარლებს. მაშინ რატომ არ გეეცით პასუხი? ჩვენ კი ამ პასუხში მუდამ გადავამეტებდით ხოლმე. თქვენ კი გქონდათ ერთგვარი ტრაფარეტი, რომ ვითომც ჩვენ მემარჯვენენი ვართ, არა ვართ სოციალისტები და აი თქვენი სოციალისტი ლებედევი დღეს დენიკინთან არის. როდესაც მე დღეს მოვისმინე გობეჩიას ნიკოლოზის სურათზე საუბარი, მინდოდა, რომ შეგენანიებინათ თქვენი წარსული, თქვენ დღეს შენანიების მაგივრად გამოამჟღავნეთ ის, რომ ის ჩვენი იყო მაგრამ მარჯვნივ იჯდაო. (ხმაურობა. ზარი) რაც შეეხება ნიკოლოზის სურათს, საკვირველია, რომ ყველა გიჟი გამოდის და ამ პორტრეტზედ ლაპარაკობს. ეს ალბად იმას ნიშნავს, რომ მეტი საბუთი თქვენ არ გაქვთ ჩვენ წინააღმდეგ, და ასეთ ხატით და სურათით გულზე დასვენებული დადიხართ. დედამიწის ზურგზე თქვენ არავინ არ დაგიჯერებთ, რომ სიმონ მდივანი პატივს სცემს ნიკოლოზს ან და რომელიმე მისი ამხანაგი, ამას არავინ არ დაგიჯერებთ.

თქვენ დღესაც კი არ ხართ გამორკვეული, თქვენ, რომ გამორკვეული ყოფილიყავით, განა შემოიტანდით ისეთ შეკითხვას, როგორც ამას წინად შემოიტანეთ? თქვენ კარგად იცოდით, რომ ეკონომიურ ნიადაგზე გაფიცვის გამო არავინ იყო დაკავებული, მაგრამ თქვენ მაინც შემოიტანეთ შეკითხვა, რადგან „რუსკოე ზნამია“ ამას გიკარნახებდათ (ხმა სოც. რევ. მხრიდან: ჩვენ დიდი ხანია მათ ჩამოვშორდით!) მე მწამს, რომ შორდებით, რომ საუკეთესო წევრები სამუდამოდ დაშორდნენ, მაგრამ ზოგიერთს თვალი იქითკენ გიჭერიათ. გაეცანით დღეს რას სჩადიან თქვენი ამხანაგები სოხუმსა და ფოთში და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მათ მოქმედებას გაეცნობით, ამ კათედრაზე მათ წინააღმდეგ გამოხვალთ. თქვენი პარტია არ არის გაწმენდილი იმ ელემენტებისაგან, რომელნიც მოდებულნი არიან მთელ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. (ხმაურობა. ზარი. ხმა: რას შვრებიან?) აი რას შვრებიან: რუსიფიკაციის პოლიტიკას აწარმოებენ აქ სხვა და სხვა გადმოხვეწილნი, დაბნეულნი, ე. წ. რუსეთის ესერების თანდასწრებით და ხელმძღვანელობით.

ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი, როდესაც ბათუმის საკითხი დაისვა, ეს საბუთი არ უნდა წამოყენებულიყო იმიტომ, რომ ეს საკითხი ბათუმის კითხვას სრულიად არ შეეხება. ჩვენ შეიძლება გლახები ვიყვნეთ წარსულში, ჩვენ მიჩვეულნი ვართ ერთგვარ გინებას ჩვენ წარსულისას, ეს არის ჩვენი უბედური ტრადიცია. მაგრამ დღეს აქ საჭირო იყო ერთსულოვნობა, დღეს საჭირო იყო ეს, რათა მთავრობას შესძლებოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მომავალში ერთგვარ საშიშრობას, ხიფათს თავიდან აგვაცდენდა. როგორ ფიქრობთ თქვენ, თქვენი გამოსვლა გაამაგრებს მთავრობის გამბედაობას? შესაძლოა მთავრობამ იფიქროს: ვაი თუ ხალხის ზოგიერთმა ნაწილმა არ გაგვიზიაროსო. მაგრამ მე ღრმად მწამს ამ მთავრობის შემადგენლობა ამ საკითხში ვერავინ ვერ გადაახვევინებს ვერც თქვენ, ვერც ისინი. იმ გზას, რომელიც მთავრობას უკვე აღებული აქვს, ის ამ გზით წავა, ამ მხრივ მას მხარს დაუჭერს მთელი ხალხი, მიუხედავათ იმ გამოსვლისა, რომელსაც აქ ჰქონდათ ადგილი.

რაც შეეხება იმ საშუალებას, რომელზედაც აქ ამბობდა ბატონი გვაზავა, რასაკვირველია მე არ მეგონა, რომ ეს სერიოზულად იყო ნათქვამი. მან სთქვა, რომ, უნდა გადახვიდეთ ან ბოლშევიკების, ან და კლემანსოს მხარეზეო. ჩვენთვის მიუღებელია ერთიც და მეორეც, ჩვენთვის არის მესამე გზა დემოკრატიული გზა. ეს გახლავთ ის კონფერენცია, რომელზედაც ასე ემყარებოდა ბატონი გვაზავა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია ვერაფერს ვერ გააკეთებს სანამ მისი დემოკრატიზაცია არ მოხდება, სანამ იმ ხალხის მაგივრად, რომელნიც დღეს არიან კონფერენციაში, არ შევა სხვა ხალხი, რომელსაც უფრო მეტი ძალა აქვს, მეტი გავლენა. ოთხთა საბჭო ერთობ მცირე დაწესებულებაა ვინემ მთელი მსოფლიო, იმათ არ შეუძლიანთ სოციალისტური წყობილების დამყარება და არც ისეთი რამ, როგორიც არის ტოპოგრაფიული რუქის შექმნა. ისინი მხოლოდ, ულაზათოთ, ულამაზოთ ხაზებს ავლებენ, მაგრამ დღეს გავლილი ხაზი ხვალვე იშლება ხოლმე. ასეთია მათი დღევანდელი მოქმედება, ხან ბზიბა, ხან მეხადირი, ხან ჭოროხი, ხან ყარსი, ხან მტკვარი და სხვა, და ერთი ჩამოყალიბებული აზრი მათ არ აქვთ.

ამისთვის მე, დავალებით ჩემის ფრაქციისა, უნდა განვაცხადო, რომ ის რაც აქ გამოაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, გარეშე საქმეთა მინისტრმა ჩვენ მიგვაჩნია დასაკმაყოფილებლად, და მე მგონი, რომ მთავრობა მიიღებს ზომებს, და, თავის მოვალეობას შეასრულებს. მცირე მოვლენები, როგორიც არის დროშის აღმართვა ჩვენს საზღვრებზედ, დარაჯათ დაყენება რუსების მიერ შემდგარ ჯარისა, ამ წვრილმან საქმეებს ძალიან ადრე მოსპობს.

მხოლოდ საპირადო საკითხად მინდა მოვახსენო ბატონ გვაზავას შემდეგი:

როდესაც მე ნეიტრალობაზე ვლაპარაკობდი, რასაკვირველია, (მე, რომ საშუალება მქონდეს სტენოგრაფიიდან აღვადგინო - აღვადგენდი, მაგრამ ამ საშუალებას მოკლებული ვარ.) მე ვლაპარაკობდი, სწორედ იმ ნეიტრალობაზე, რომელიც თქვენ ასეთ მჭერმეტყველურად დაუმტკიცეთ ბატონ გვაზავას.

მე იმით დავამთავრებ, რომ იმ საბუთის გარდა, რომელიც თქვენ აქ მოიყვანეთ მე ერთ საბუთს დაუმატებ.

ყოველივე რედაქტორი გაზეთისა, საზღვარ გარედ, რომელთანაც თქვენ მიხვალთ და მიმართავთ, რომ ორიოდე სიტყვა სთქვას საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ყუთს გააღებს გამოსწევს და გაზეთის ნომერის წვერს გიჩვენებთ: - აი დოკუმენტი, რომ ომის დროს არავითარი ნეიტრალობა არ დაგიცავთ, და ისევე დაკეტავს ამ დოკუმენტს. მათ ჰგონიათ, რომ ეს ისეთი დოკუმენტია, რომ ამის უარყოფა ყოვლად შეუძლებელია. ამ დოკუმენტში სწორეთ მოყვანილია ის ტრაქტატი, რომელიც დაწერილი იყო 4 ქართველის მიერ ოსმალეთის მთავრობასთან, თუ ოსმალეთის მთავრობის წარმომადგენელთან არ ვიცი კარგად, არ ვიცი ვისთან გააკეთეს ეს კავშირი.

მე ვლაპარაკობ, რომ ამ დროს ჩვენ ნეიტრალობას ვიცავდით და ვიბრძოდით რუსეთის ლაშქართან, როგორც ერთ ფრონტზე, ისე მეორე ფრონტზე და აუარებელი მსხვერპლი მოუტანეთ. აი ამ ნეიტრალობაზე ვლაპარაკობდი და არა იმ დროს ნეიტრალობაზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიის დაცვის საკითხი იყო, ვანაიდან ამ საკითხში ნეიტრალობა არ ვიცით: იქნება მტერი მძლავრი, თუ სუსტი, ვალერიან ჯუღელის თქმისა არ იყოს, ყველას შევებრძოლებით.

არც ისეთ ნეიტრალობაზე მქონდა ლაპარაკი, რომელზედაც გვიკიჟინა ბატონ გვაზავამ. მას ჰგონია, რომ მე ნეიტრალობას ვქადაგებ. როდესაც სოციალისტური ბრძოლა სწარმოებს, ამ საკითხში ჩვენი პოზიცია გამორკვეულია. ჩვენ ვართ იმ მხარეზე, რომელიც იცავს, ამყარებს ახალ წყობილებას და სპობს ძველ წყობილებას. ჩვენი შეცდომა, ჩვენი აზრით, გამომდინარეობს ამ გადაჭრილ პოზიციიდან. ჩვენ მივდევთ ვილსონს იმდენად, რამდენათაც მთელ მსოფლიოს მოსატყუარად არ არის ნათქვამი მის 14 მუხლში: ყოველ ეროვნებას მიენიჭება დამოუკიდებლობა. მაშასადამე, თუ ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვად არ არის მოყვანილი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ვილსონმა განახორციელოს ეს იმდენად, რამდენადაც ის მომხრე არის ამისა.

შემდეგ ამისა, რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ, რომ რომელიმე ეროვნება დაიჩაგროს. ეს მოხდება სანამ, მანამ სათავეში სდგას ოთხთა საბჭო. ამათ ჩვენ, მაინც და მაინც, ბევრს რამეს ვერ მოვთხოვთ (გვაზავა: აბა მაშ ჩამოვაგდოთ?) იმას ჩამოაგდებენ თავის დროზე, მე და თქვენი ძალა არ არის საჭირო.

სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის სახელით მაქვს პატივი შემოვიტანო შემდეგი რეზოლიუცია: (კითხულობს).

სოც. ფედერალისტების ფრაქციის ფორმულა:

მოისმინა რა მთავრობის განმარტება სოც. ფედ. შეკითხვის გამო დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა:

1. ვინაიდან ბათომის ოლქისა და ქალაქ ბათომის დღევანდელი გამოურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობა, გარდა იმისა, რომ აშორებს სამუსლიმანო საქართველოს საერთო სამშობლოს, ამავე დროს ხელს უწყობს შავ რეაქციის მსახურთ ჩვენი რესპუბლიკის საწინაღმდეგო მოქმედების ბაზად გადააქციონ ეს მხარე და ვინაიდან ბათომს უარესი მნიშვნელობა აქვს რესპუბლიკის არსებობისათვის, ამიტომ მთავრობამ ყოველი ღონე იღონოს ბათუმის ქალაქისა და ოლქის საქართველოსთან შეერთების დასაჩქარებლად.

2. სასტიკი ზომები მიიღოს აგრეთვე საერთოდ ჩვენი საზღვრების დასაცავად, რათა შავი რეაქციის მსახურთა და აგენტებს საშუალება მოესპოთ ადვილად რესპუბლიკაში შემოსვლისა და აგრეთვე ზურგის გასაწმენდათ ჩვენი თავდაცვის საქმისთვის მავნე და საეჭვო ელემენტებისაგან და გადადის მორიგ საკითხზე.

თავმჯდომარე. შემოტანილი გახლავთ წინადადება, რომ კამათი მოისპოს, არის ჩაწერილი მხოლოდ ერთი ორატორი: ილია ნუცუბიძე. ვინ არის მომხრე რომ კამათი მოისპოს? (უმრავლესობა მომხრეა) მაშასადამე კამათი მოსპობილია.

შემოტანილი გახლავთ ორი რეზოლიუცია - ერთი რომელიც მოგხსენდათ სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის სახელით და მეორე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის რეზოლიუცია.

სოც.-დემოკრატ. ფრაქციის ფორმულა.

მდივანი: (კითხულობს).

„მოისმინა რა მთავრობის განმარტება სოც.-ფედერალისტთა შეკითხვის გამო, დამფუძნებელი კრება სავსებით იზიარებს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სამუსლიმანო საქართველოს ჩვენს რესპუბლიკასთან შეერთებისაკენ და სრულიად დარწმუნებული, რომ იგი ყოველ ღონისძიებას მიიღებს, რათა ბათომი არ გადაიქცეს დენიკინის ჯარების ბაზათ, საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოთ, გადადის მორიგ საკითხზე“.

თავმჯდომარე. უყრი კენჭს პირველ შემოსულ რეზოლიუციას, ე. ი. სოციალისტ-ფედერალისტების რეზოლიუციას. ვინ არის წინააღმდეგი? უარყოფილია.

კენჭს უყრი მეორე რეზოლიუციას. ვან არის მომხრე?

მიღებულია.

ეხლა უნდა გადავიდეთ დეკრეტზე: მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონ მანეთის გადადების შესახებ. ვინაიდან ეხლა გვიან არის წინადადება შემოტანილი, ეს გადიდოს შემდეგ კრებისთვის, მხოლოდ საბოლოო ტექსტი თქვენს დადგენილების მიხედვით უნდა იყოს მოხსენებული. მომხსენებელი გახლავთ სოლოღაშვილის ასული.

საბოლოო ტექსტი.

სოლოღაშვილის ასული. (მოახსენებს კრებას საბოლოო ტექსტს - ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მცხოვრებთა დასახმარებლად 2 მილიონი მანეთის გადადების დეკრეტისას და საბოლოო ტექსტს დამფ. კრებ. წევრთა გასამმრჯელოს გადიდების დეკრეტისას).

კრება საბოლოო ტექსტებს უცვლელად ამტკიცებს.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღის წესრიგი. გთხოვთ წაიკითხოთ. მდივანი (კითხულობს შემდეგ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. კრებას ვხურავ.

სხდომა 3 საათსა და 50 წუთ. თავდება.189

9 ოცდამერვე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, ივნისის 20. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

კონსტანტინე ჯაფარიძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 35 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტები.

მდივანი. (კითხულობს).

1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა მიხელის საავადმყოფოს და ოლღას საბებიო ინსტიტუტის შესანახად 2.342.200 მან. გადადების შესახებ. გადაეცემა ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო საფინანსო კომისიას.

2. მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკათა მთავრობათა შორის დადებული შეთანხმების აქტი. გადაეცემა გარეშე საქმეთა და იურიდიულ კომისიებს.

3. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი - წმინდა მოგების საპროცენტო გადასახადისა და თანხის გადასახადის გადიდების შესახებ. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

(დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას ადასტურებს).

თავმჯდომარის განცხადება

თავმჯდომარე. ამ საკითხთა შორის არის ერთი: ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მთავრობამ დასდო ადერბეიჯანის რესპუბლიკასთან. ეს ხელშეკრულება წარმოდგენილი არის დამფუძნებელ კრების წინაშე სარატიფიკაციოდ. პრეზიდიუმმა იქონია მსჯელობა და, თანახმად მთავრობის განცხადებისა, ამ საკითხისთვის უნდა გაიმართოს საგანგებო სხდომა დამფუძნებელ კრებისა. ჩემის აზრით ეს სხდომა უნდა გაიმართოს კვირას, დილის 12 საათზე. თუ საწინააღმდეგო არაფერი არა გაქვთ, მაშასადამე შესაფერი ზომები იქნება მიღებული. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. მაშასადამე, წინადადება მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

დღიური წესრიგი

მდივანი. (კითხულობს).

1. საბოლოო ტექსტი - საშუალო სასწავლებელთათვის ავანსის გადადების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი - პირველ დაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების მოწყობის კანონისა.

3. დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონ მანეთის გადადებისა - უცხოეთში გასატან საქონლის დასამზადებლად და უცხოეთიდან საქონლის საქართველოში შემოსატანად.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მთავარი სამუშაო სამმართველოს და ფოთისა და სოხუმის საბაჟოების შტატების გადიდების შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო ხაზინიდან 2. 501.777 მან და 20 კაპ. გადადების შესახებ საქართველოს საკათალიკოსოსთვის დასახმარებლად.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგისა და ბარგ-საქონლის მისაცემ ფასის გადიდების შესახებ.

7. დეკრეტის პროექტი ჯარის ნაწილებიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომების შესახებ.

თავმჯდომარე. ამ საკითხთა შორის პრეზიდიუმმა, თანახმად კომისიების განცხადებისა ამოიღო დღიურ წესრიგიდან ორი საკითხი. ეს გახლავთ მეექვსე საკითხი. - პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფოს ხაზინიდან 2.501.777 მან და 20. კ გადადების შესახებ საქართველოს საკათალიკოსოსათვის დასახმარებლად; და აგრეთვე მერვე საკითხი - დეკრეტის პროექტის ჯარის ნაწილებიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომების შესახებ.

პირველის შესახებ განცხადება გახლავთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა, რომლითაც ის თხოულობს უკანვე დაუბრუნდეს მას პროექტი გადასაშინჯათ. მეორე არის სამხედრო კომისიის განცხადება, სადაც იგივე შუამდგომლობა არის პრეზიდიუმის წინაშე. ასე რომ, ეს ორი საკითხი მოხსნილი არის დღევანდელ დღიურ წესრიგიდან.

დანარჩენ საკითხების შესახებ ხომ არავის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის, მაშასადამე დღიური წესრიგი მიღებულია.

საბოლოო ტექსტები.

პირველი საკითხი - საბოლოო ტექსტი საშუალო სასწავლებელთათვის ავანსის გადადების კანონისა. მომხსენებელია ანნა სოლოღაშვილის ასული. მეორე - საბოლოო ტექსტი პირველ დაწყებითი სკოლებისათვის მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების მოწყობის კანონისა. მომხსენებელია ანნა სოლოღაშვილის ასული. (საბოლოო ტექსტები მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულნი არიან).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონ მანეთის გადადებისა უცხოეთში გასატან საქონლის დასამზადებლად და უცხოეთიდან საქონლის შემოსატანად.

მომხენებელია დ. თოფურიძე

. თოფურიძე. მე მგონი საჭირო არ არის ამის დამტკიცება, რომ ჩვენ ეკონომიურად დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ძლიერ საჭირო არის ეს პირობები გავაუმჯობესოთ, რომ გაადვილდეს საქონლის შემოტანა. ამისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ საქონლის შემოსატანი საღსარი გვქონდეს ჩვენ. როგორც მოგეხსენებათ ვალიუტა ჩვენ არა გვაქვს და ამიტომ უფრო ძნელდება საზღვარ-გარეთიდან საქონლის შემოტანა. დღეს ერთად-ერთი საღსარი, რომ ვალიუტის მხრივ ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, არის ადგილობრივი საქონლის შიგნით დაგროვება, მისი შეძენა მთავრობის მიერ და შემდეგ ამ საქონლის გატანის საშუალებით უცხოეთიდან საჭირო საქონლის შემოტანა. მაგრამ როდესაც მთავრობის წინ ასეთი საჭიროება დგება, როდესაც მას ეძლევა საშუალება, რომ შიგნით საქონელი შეიძინოს, მას არა აქვს საჭირო თანხა, ამიტომ მთავრობამ ბევრჯელ დაკარგა მომენტი, როდესაც მას შეეძლო ამ საქონლის შესყიდვა უფრო იაფ ფასებში. ეხლა საჭიროდ ვიცანით, რომ მივცეთ მთავრობას ეს საშუალება, მივცეთ განსაზღვრული მცირე თანხა მაინც, რომ, როცა მდგომარეობა მოითხოვს, მთავრობას შეეძლოს საქონლის შეძენა და დროზე მისი გაცვლა საზღვარ-გარედან შემოტანილ საქონელზედ. ამისთვის, რასაკვირველია, საჭიროა დიდი თანხა, ასეული მილიონები, მაგრამ ასეთი საშუალება ჯერ არა გვაქვს და ერთდროულათ არც არის საჭირო ასეთი დიდი თანხა. ამიტომ ჩვენი წინადადებაა ჯერ-ჯერობით მივცეთ მთავრობას 20 მილიონი, და შემდეგ, როგორც გარემოება და დრო გვიჩვენებს და ამ თანხას თან და თან გავადიდებთ. აი ამ მოსაზრებით მთავრობას შემოაქვს დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 2 მილიონი მანეთის გადადებისა.

ალ. ასათიანი. (ერ.-დ) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! დეკრეტს, რომელიც მოითხოვს მთავრობისთვის 20 მილიონის გადაცემას საქონლის გაცვლის მოსაგვარებლად, უცნაური ბედი აქვს. არაჩვეულებრივი იყო ამ დეკრეტის წარმოშობის ისტორია. ეს ერთადერთი საკანონმდებლო წინადადება არის, რომელიც გამომდინარეობს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიიდან, ამ კომისიის ინიციატივით უნდა აღინიშნოს, რომ თვით ამ დეკრეტის შემუშავების ფორმა და წესი არ შეეფერება სრულიად იმ მნიშვნელობას, რომელიც აქვს ამ დეკრეტით აღძრულ საგანს. და საზოგადოთ, ის არ შეეფერება საკანონმდებლო მუშაობის წესს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რასაკვირველია უდიდესი საკითხები აქვს გადასაჭრელი, თითქმის ყველა საკითხი, რომელიც კი დამფუძნებელ კრებაში გადის, ამ კომისიაში უნდა იქნეს განხილული. ამიტომ ის ფრიად დატვირთული არის მუშაობით და საკუთარი ინიციატივისთვის, საკუთარი საკანონმდებლო ცდისათვის მას ძალიან ცოტა დრო აქვს, მაგრამ თუ კი მას მიენიჭა საშუალება, რომ საკუთარი რამ წინადადება შემოიტანოს დამფუძნებელ კრებაში, საჭიროა, რომ ეს წინადადება უფრო კარგად იყოს შემუშავებული და აი ამ სახით არ ხდებოდეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ეს დეკრეტი ექსპრომტათ წარმოიშვა, ასე ვსთქვათ ბლოკნოტზე დაიწერა. სხდომა იმას არ უსწრობდა, კომისიაში წინასწარ აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ იყო, არც ამ საკითხის დაყენება. ერთს სხდომაზე დეკრეტი კიდეც დაიწერა და კიდეც მიღებულ იქმნა. შემდეგ ეს დეკრეტი პირდაპირ შემოვიდა აქ, დღიურ წესრიგში. აქ გამოირკვა, რომ ის ფრაქციებს არ განუხილავთ. ამიტომ მართველ ფრაქციამ მოითხოვა, რომ ეს დეკრეტი მოეხსნათ დღიურ წესრიგიდან. შემდეგ ფრაქციებში გადავიდა. აქ უკვე აღმოჩნდა, რომ არამც თუ არ მოხსენებიათ, არამედ, თვით მთავრობას ამის შესახებ არაფერი არ სცოდნია. დამფუძნებელი კრება მოწვეული იყო ამ დეკრეტით, რომ მას მიეცა მთავრობისათვის 20 მილიონი მანეთი. მთავრობამ არ იცოდა, რისთვის აძლევდა მას დამფუძნებელი კრება 20 მილიონ მანეთს და დამფუძნებელმა კრებამ, რასაკვირველია, არ იცოდა თანახმა იყო თუ არა მთავრობა ამ 20 მილიონი მანეთის მიღებისა. მეორედ მოიხსნა ეს დეკრეტი სწორედ იმ მიზეზით, რომ მთავრობას განეხილა და მიეღო ან და უარი ეთქვა. ეხლა, უკვე მესამედ, ჩვენ დღიურ წესრიგში ვხედავთ ამ დეკრეტს, და ბოლოს, როგორც არის, შეუდგებით ამ კანონ-პროექტის არსებითად განხილვას. მე ვფიქრობ, ბატონებო, ასეთი წესი მუშაობისა, სრულიად არ შეეფერება საკანონმდებლო დაწესებულების მუშაობის ხასიათს და მომავალში მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ჩვენ უთუოდ მოგვიხდება მომავალში შექმნა სპეციალური კომისიისა, რომელიც საერთო ხასიათის მთავარ-ეკონომიურ საკითხებს შეეხება: სახელმწიფოს მეურნეობას, სახელმწიფო ქონების ეკსპლოატაციას, და სახალხო მეურნეობის სხვა და სხვა კითხვებს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც არის საშინაო და საგარეო ვაჭრობისა, და სასურსათო პოლიტიკა და სხვ. ასეთი კომისიის დაარსების შესახებ მე შემომაქვს წინადადება დამფუძნებელ კრებაში და თუ ის მიღებული იქმნა, რესპუბლიკის ეკონომიურ ცხოვრების მნიშვნელოვან კითხვების განსახილველად უფრო შესაფერი პირობები იქნება შექმნილი. მაშინ, მე ვფიქრობ არ იქნება ასე ნაჩქარევათ შემუშავება ფრიად მნიშვნელოვან ეკონომიურ საკითხებისა. აი ამის შემდეგ მე მოკლედ შევეხები ამ დეკრეტს.

უნდა მოგახსენოთ, რომ დეკრეტი ფრიად მნიშვნელოვან საკითხს ეხება და თუ მთავრობა კისრულობს აი ამ საკითხის მოგვარებას, 20 მილიონი მანეთი მიუხედავად ჩვენი ფინანსიურ გასაჭირისა, ჩვენ უნდა გავიღოთ.

საგარეო ვაჭრობის მოგვარებას უაღრესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საერთო ეკონომიურ მდგომარეობის გამოსწორებისათვის და თვით ჩვენი ფულის საშინელი კრიზისის განელებისათვის.

თუ წინად, ნორმალურ პირობებში, როდესაც ჩვეულებრივი კანონები მოქმედობდნენ, საერთაშორისო ვაჭრობაში და ეკონომიურ ვითარებაში, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას ფრიად დიდ მნიშვნელობა ჰქონდა, კიდევ უფრო დიდი არის ამ საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის მნიშვნელობა. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო ომის დროს ყველა ქვეყნის გარშემო აღიმართა ერთგვარი კედლები, რომელნიც ხელს უშლიან მათ შორის სწორე და ნორმალურ აღებ-მიცემობას და საქონლის გაცვლას. ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ ომის დროს, ყველა სახელმწიფო ერთგვარ კუნძულს წარმოადგენდა და ყველა სცდილობდა თავის ფარგლებში თითონვე დაეკმაყოფილებინა ყოველივე საჭიროება, ეკონომიურ ხასიათისა, და ყველა საგნები და ყოველგვარი საქონელი, რაც აუცილებელი იყო ამ ქვეყნისთვის, თვით თავის სახელმწიფოს ფარგლებში წარმოეშვა და მით, რაც შეიძლება შეემცირებინა თავის ქვეყნის უცხო სახელმწიფოებისაგან დამოკიდებულება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომი თითქმის გათავდა, ყოველ შემთხვევაში მიუახლოვდა თავის დასასრულს, ასეთი მდგომარეობა მაინც გაგრძელდება. ჩვენ ეხლაც თითქმის სავსებით მოწყვეტილი ვართ საერთაშორისო ბაზარს და არ გვაქვს საშუალება წესიერი გაცვლა-გამოცვლა ვაწარმოვოთ, ჩვენი ღირებულება გავიტანოთ და შემოვიტანოთ იმის სამაგიერო ჩვენთვის საჭირო უცხო ქვეყნების ნაწარმოები. ამიტომ უაღრესი მნიშვნელობა აქვს საგარეო ვაჭრობაში დღევანდელ მდგომარეობის შესაფერისი პოლიტიკის შემუშავებას.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევქმენით ერთგავრი სისტემა საგარეო ვაჭრობისა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან გაიტანენ რეალური ღირებულების საქონელს, სამაგიეროთ რეალური ღირებულების უცხოელის საქონლის შემოტანას მოვითხოვთ. ამ საფუძველზე შენდება საქონლის გაცვლის პოლიტიკა ჩვენში. ამისთვის სპეციალური ორგანიზაცია იყო შექმნილი საქონლის გაცვლის კომიტეტი. ეს ორგანიზაცია იყო ამ საქონლის გაცვლის რეგულიატორი, ერთგვარი საკოტროლო ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის სტატისტიკური ცნობები გვარწმუნებენ, რომ ამ ორგანიზაციისთვის დასახული მიზანი მიღწეულია. გასული წლის მეორე ნახევარში ჩვენ გვქონდა გატანილი 87,5 მილ. მანეთის საქონელი და შემოტანილი კი 140,9 მილ მანეთის. მაშასადამე ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სავაჭრო

ბალანსი უაღრესად პასიური იყო და 53 მილიონი ზედმეტად შემოზიდული საქონელი ჩვენ დავფარეთ ჩვენი ბონებით, და იმ რუსულ ფულით, რომელიც იყო აქ დარჩენილი. ასეთი გარემოება, რასაკვირველია ხელს უწყობს უცხო ვალიუტისა და მათ შორის რუსული ფულის საოცრად გაძვირებას; მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ფულს, რომელსაც ბოლშევიკები გაცილებით ჩვენზე უფრო უზომოდ უშვებენ, ჩვენს ფულზე მეტი რეალური ღირებულება არ აქვს.

საგარეო ვაჭრობის პირობები მოითხოვს, რომ საქონლის გაცვლის პოლიტიკა შეცვლილი იქმნას უკეთ, რომ ვსთქვათ, შევსებული.

სრულებით არ არის საკმარისი, რომ გაზიდულ საქონელში ჩვენ მივიღოთ რეალური ღირებულება. უაღრესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ფასში, რა პირობებში მიდის ჩვენგან ეს ღირებულება საქონლისა და რა ფასში მოდის უცხოეთიდან საქონელი, არის თუ არა მათ შორის დაცული ერთგვარი სისწორე. საჭიროა, რომ შემოტანილი საქონელი იყოს დაახლოვეობით იმავე რეალური ღირეულებისა, რომელიც აქვს ჩემგან გატანილ საქონელს.

ამას უნდა მიექცეს მთავრობის ყურადღება და ამ პრინციპზე უნდა იყოს აშენებული მომავალში ჩვენი სავაჭრო პოლიტა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ის ნაწარმოები, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება უცხოეთში გასატანად, მაგალითად მარგანეცი, თამბაქო, მატყლი და სხ. ყველა ეს საქონელი ჩვენში მეტად ფასდაცემულია. ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მათთვის ბაზარი დახშული იყო და უცხოეთში არ გაიტანებოდა, ცხადია, როდესაც საქონელი უცხო ბაზრისთვის მზადდება და უცხოეთში არ იზიდება, მისი ფასი ეცემა.

ჩვენი საგარეო ბაზრობის უდიდეს ობიექტს წარმოადგენს თამბაქო, რომელიც ჩვენ თითქმის მილიონი ფუთი გვაქვს, აი ამ თამბაქოს ფასი ოქროზე ომის წინ იყო საშუალოდ 20 მან. ფუთზე (ზოგი სორტი ფასობდა მეტს, ზოგი ნაკლებს). ეხლა რომ აიღოთ მისი ფასი რეალური ღირებულებით, სამჯერ ოთხჯერ ამაზე ნაკლებია. მაშასადამე უცხოელს საშუალება ეძლევა ჩვენი ეს საქონელი უაღრესად დაცემულ ფასებში, მესამედ ფასად შეიძინოს. სამაგიეროთ საქონელს ვღებულობთ უცხოეთიდან, ამ საქონლის ფასები ასევე ოთხჯერ და ხუთჯერ არის გადიდებული, ოქროს ღირებულებით, რომ ვიანგარიშოთ. თუ ასეთი სისტემით გაგრძელდა საგარეო ვაჭრობის წარმოება, თუ ჩვენს საქონელს გავიტანთ დაახლოვებით ადგილობრივ ფასების მიხედვით და უცხო საქონელს შემოვიტანთ აქაურს ფასებში, ეს იმას მოასწავებს, რომ ჩვენი სიმდიდრე უცხო სახელმწიფოების ხელში გადავა სრულიად მუქთად. ეს მოასწავებს ჩვენი ქვეყნის რეალურ ღირებულების და სიმდიდრის გაცარცვას, და ჩვენი ქვეყნის გაღატაკებას, მაშასადამე, არ არის საკმარისი ის წესი, რომელიც აქამდის იყო. საჭიროა ამ სისტემის შევსება, ისე, რომ რამოდენიმეთ მაინც უზრუნველყოფილი იყოს შემოზიდულ და გაზიდულ საქონლის ფასების თანასწორობა. არ უნდა იყოს ისე, რომ ჩვენი საქონელი დაცემულ ფასებში იცვლებოდეს და სხვისი კი უაღრესად სპეკულიანტურ ფასად შემოდიოდეს. ამ შემთხვევაში მისაღები და საშუალო პრინციპი იქნება, რომ ჩვენ უცხოეთის საქონელს მივიღებთ ძველ ფასებში და ჩვენს საქონელსაც მივცემთ ძველს ფასებში.

რასაკვირველია, უფრო იდეალური იქნება, რომ ჩვენი საქონელი თავისუფლად გავიტანოთ უცხო ბაზარზე, გავყიდოთ იქაურ ფასებში, იქ ვიყიდოთ იქაური საქონელი იქაურ ფასებში და შემოვიტანოთ. ეს ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნება. მაშინ ჩვენ საქონელს ვყიდით აწეულ ფასებში და სამაგიეროთ იქ საქონელს ვყიდულობთ იქ არსებულს ფასებში. ასეთი გაცვლა ისევე არის ჩვენთვის სასარგებლო, როგორც საზიანოა მეორე უკიდურესობა, როდესაც უცხოელებს ჩვენში შემოაქვთ თავისი საქონელი; მას ფრიად მაღალს ფასებში გვაძლევენ და სამაგიეროთ ჩვენგან იძენენ ჩვენს საქონელს ფრიად დაცემულ ფასებში. ყოველს შემთხვევაში უნდა შევეცადოთ, რომ საშუალო ხაზი მაინც დავიცვათ.

ამისთვის მთავრობამ გასაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ ვიყოთ ისე გარემოცულნი ყოველ მხრივ, არ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იძულებული ვიქნებით ყოველ-გვარ ფასში მივცეთ ჩვენი საქონელი უცხოელებს.

მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომ შეძლების-დაგვარად გადალახოს ჩვენი ბაზრისთვის ის სიძნელე, რომელიც მის წინ არის აღმართული. რასაკვირველია აქ არის პოლიტიკური ხასიათის სიძნელენი, მაგრამ არის აგრეთვე სხვა გვარიც.

ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენვე გავიტანოთ უცხო ბაზარზე ჩვენი საქონელი. ზღვა გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს გადასატანი საშუალება, არა გვაქვს სავაჭრო გემები, რომლითაც ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი საქონელი გავიტანოთ, და თუ გაგრძელდა ჩვენი ასეთი დამოკიდებულება უცხო ტონაჟზე, რასაკვირველია, ჩვენ სრულიად შებოჭილი დავრჩებით და ვერავითარ თავისუფალს საგარეო პოლიტკას ვერ ვაწარმოებთ.

მთავრობას შესწევს ძალა და თუ სათანადო მეცადინეობას არ დააკლებს, რამდენიმე ხომალდის შეძენას მოახერხებს. ჩვენ აუცილებლივ უნდა გავიჩინოთ ერთგვარი მინიმუმი გადასაზიდ საშუალებისა და როდესაც ჩვენ არ ვიქნებით უცხო ბაზარზე სრულიად მოწყვეტილი და გვექნება საშუალება მას რამოდენიმედ მაინც დაუახლოვდეთ, დღევანდელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის ფრიად სახიფათო და ჩვენთვის საზიანო პირობები საგრძნობლივ განელდება.

ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენ უნდა მივიღოთ მთავრობის წინადადება და მის განკარგულებაში საჭირო თანხა გადავდოთ, მხოლოდ საჭირო არის ამ ფულის მიღებასთან ერთად შემუშავებული იყოს სათანადო გეგმა, სათანადო სისტემა ამ საქონლის გაცვლა-გამოცვლის მოხდენისა. მიღებულ უნდა იქნას მხედველობაში ყველა ის პირობები, რომელიც ახასიათებს დღევანდელს ჩვენს ეკონომიურს მდგომარეობას.

როდესაც მსოფლიო ვაჭრობა ასე არის არეულ-დარეული და ის ძაფები, ის შემაკავშირებელი ჯაჭვები, რომელიც გამბული იყო ხალხთა შორის დაწყვეტილია. რასაკვირველია, ჩვენი სუსტი ვაჭარ-მრეწველთა კლასი მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ შესძლებს ამ სიძნელეთა დაძლევას და ქვეყნისთვის სასარგებლო სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას. აქ აუცილებელია მთავრობის არსებითი დახმარება.

ამიტომ სავსებით ვემხრობით, რომ მთავრობის განკარგულებაში გადაიდოს განსაკუთრებული თანხა, ამ საგარეო ვაჭრობის მოსაგვარებლად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს და შეეცდება მის მოწესრიგებას. ჩვენ უნდა მივაქციოთ მთავრობის ყურადღება იმ გარემოებას, რომელსაც ამ შემთხვევაში, ამ საგარეო ვაჭრობის მოწყობის დროს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. დიდი ანგარიში უნდა გაეწიოს ჩვენი ქვეყნის მრეწველობას, წარმოებათა სხვა და სხვა დარგის საჭიროებებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი ჭიათურის ნაწარმოები და მეთამბაქოების ნაწარმოები წესიერ ფასებში გასაღდეს და არა დღევანდელ დაცემულ ფასებში. ის ფასი, რომელიც არის თამბაქოზე სრულებით არ გამოხატავს თამბაქოს რეალურ ღირებულებას. როდესაც თვითეულ ფუთ თამბაქოში წინად 17-18 ფუთი პურის ღირებულება ეძლეოდა მწარმოებელს, ეხლა ერთი ფუთი თამბაქო გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ერთი ფუთი პური.

რასაკვირველია, თუ თამბაქო ასეთ პიროებში გასაღდა, ამით, რასაკვირველია, მომავალში შემცირდება თამბაქოს კულტურა. ეს იქნება უაღრესი ეკონომიური ზარალი, და ზიანი ჩვენ ქვეყნისთვის. ამიტომ მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს მდგომარეობას და მწარმოებელთ დახმარება აღმოუჩინოს მათ ნაწარმოების შესაფერ ფასების გასაღებაში. ისეთს საქონლის შესახებ, როგორც არის მარგანეცი, თამბაქო, მატყლი და სხ. მთავრობა თითონვე უნდა სცდილობდეს უცხო ქვეყნებთან ფასებში შერიგებას. მან შეიძლება თვითონ ვერ შესძლოს ამ საქონლის გატანა, ხოლო მან დახმარება უნდა აღმოუჩინოს ჩვენს მწარმოებლებს, რომ ისინი მათ ბაზარს მიწვდენ და დაუახლოვდენ.

დეკრეტი ამბობს, რომ ეს 20 მილ. თანხის გამოყენების დროს, მთავრობას აქვს უფლება შეკრას პირობები, როგორც საზოგადოებრივ დაწესებულებებთან, ისე კერძო პირებთან. ეს მისაღები არის, და მთავრობა, რასაკვირველია ამ საქმეში უნდა შეურიგდეს სათანადო ორგანიზაციებს - ვაჭარ-მრეწველთა ორგანიზაციებს, და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მაგრამ შემდეგ დეკრეტი ამბობს, რომ ხელშეკრულობის შემუშავების დროს მთავრობა უნდა შეუთანხმდეს საფინანსო კომისიას. საფინანსო კომისია აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამ ხელშეკრულობის შეკვრაში, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ჩემი აზრით, სრულიად არ შეეფერება საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას და სრულიად არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მუხლი უნდა იქმნეს ამოშლილი. ეს სავსებით უნდა ეკისრებოდეს მთავრობას. რასაკვირველია დამფუძნებელ კრებას, როგორც უმაღლეს ორგანოს უფლება აქვს, რომ ჩაერიოს მთავრობის ყველა მოქმედებაში. მაგრამ, ამ საშუალებას, დამფუძნებელ კრების საფინანსო კომისია ასეც არის მოკლებული. თუ ის საჭიროდ დაინახავს, მთავრობას თავის რჩევას მისცემს. მაგრამ, შეუძლებელია, რომ საფინანსო კომისია იხილავდეს სხვა და სხვა ხელშეკრულობებს, შეუძლებელია იმიტომ, რომ ამისთვის საჭირო არის მუშაობა, სულ სხვა წესი და სულ სხვაგვარი პასუხისმგებლობა. საკანონმდებლო მუშაობით დატვირთულმა კომისიამ, რომ ხელშეკრულობის შემუშავება დაიწყოს, მრავალი შეცდომები და სიურპრიზები არის მოსალოდნელი. და მე არ ვფიქრობ საფინანსო კომისიის ყველა წევრებმა იკისრონ ასეთ პასუხისმგებლობა. ამიტომ ეს მუხლი უნდა ამოიშალოს და ხელშეკრულობები იხილებოდეს ისე, როგორც ეს ყოველგან მიღებულია.

ილია ნუცუბიძე. (სოც.-რ.) ბატონებო, ჩვენ ფინანსიურ მდგომარეობაში დამკვიდრდა ორი ფრიად დამახასიათებელი ტენდენცია: ერთის მხრივ საზღაპრო სისწრაფით ეცემა ჩვენი ბინების ფასი (ჩვენი მანეთი საზღვარ-გარედ კაპეიკიც აღარ ღირს), მეორე მხრივ უანგარიშო გაცემა ამ ბონებისა. ორი მილიონი, ოთხი მილიონი, ოცი მილიონი და ასე დაუსრულებლივ ვიძლევით ამ ბონებს. ასეთი მდგომარეობა ჩვენ მიგვაქანებს განადგურებისაკენ. რომ სახალხო მეურნეობის აყვავებას უაღრესათ დიდი მნიშვნელობა აქვს ვალიუტის შექმნისა და განმტკიცებისათვის - ამაში, ვგონებ, ეჭვი არავის დაებადება, ეს საანბანო ჭეშმარიტებაა და, რომ ეს ეკონომიური ფაქტორი თითქმის გადამჭრელ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში და პოლიტიკურ მომენტს, ამა თუ იმ ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს ქაღალდის ფულისა და მისი კურსის აწევის თუ დაწევის საქმეში - ამის საილიუსტრაციოდ ნებას მივცემ ჩემ თავს მოვიყვანო ისტორიიდან ერთი მაგალითი. 1810 წელს რუსეთის ასიგნაციების კურსი დაცემული იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მაშინ მტკიცე საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა ჰქონდა, მოკავშირე იყო საფრანგეთის და შვეციასთან ომი მოიგო. 1812 წ. კი, როდესაც ნაპოლეონი შევიდა მოსკოვში და ევროპა დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი თავის პოლიტიკურ არსებობას დაკარგავდა, რუსეთის ასიგნაციების კურსმა ინგლისში აიწია.

რატომ მოხდა ეს? ეს მოხდა, იმიტომ, რომ სავაჭრო ბალანსი ხელსაყრელი იყო რუსეთისათვის: ამ ხანებში აუარებელი საქონელი გაიზიდა რუსეთიდან ინგლისში (სელი, ქონი და სხვა). შემოჰქონდათ კი ნაკლებად. ამგვარათ ინგლისი შეიქნა ერთნაირათ ვალდებული რუსეთისა. აი ამ ეკონომიურმა ფაქტორმა, რუსეთისათვის ამ ხელსაყრელმა სავაჭრო ბალანსმა ასწია რუსეთის ასიგნაციების ფასი ინგლისში. და მე ვამბობ, თუ ჩვენ შევქენით ასეთი ხელსაყრელი პირობები ჩვენი საგარეო ვაჭრობისათვის, ე.ი. გავზიდავთ უფრო მეტს ვინემ შემოვიტანთ, რასაკვირველია, ჩვენ შევქმნით მტკიცე ვალიუტას და ფულის ტრიალიც ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. ეს საანბანო ჭეშმარიტებაა, როგორც მოგახსენეთ და ამაზე დიდხანს შეჩერება ზედმეტად მიმაჩნია. მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა, საქმე მეთოდშია, იმ მეთოდში, რომელიც მიზნის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ წარმოგვიდგინეს დეკრეტი ოცი მილიონის გადადების შესახებ, ამ დეკრეტს არაფერი მისდევს, არც სქემა, არც განმარტება იმისა, თუ რა საქონელი უნდა გავზიდოთ, არც ის, თუ რამდენათაა ნავარაუდევი ჩვენი საქონლის ფასები უცხო ბაზარზე, არც ის რა საქონელი უნდა შემოვზიდოთ ჩვენში საზღვარგარეთიდან. ასე ქაოტიურათ მოქმედება ყოვლად შეუწყნარებელია. დამფუძნებელმა კრებამ რამოდენიმეთ მაინც უნდა გაითვალისწინოს ის გეგმა, რომლითაც მთავრობას სურს საგარეო ვაჭრობის მოწყობა. ასე ბრმათ, წინდაუხედავათ არამც თუ ოც მილიონს, ერთ კაპიკსაც ვერ გავიღებთ. წარმოიდგინეთ, ბატონებო, განმარტებითი წერილი ორი პწკარია, მომხსენებელი ლაპარაკობს ორ წამს და ასეთ პირობებში თქვენ გადადევით ოცი მილიონი!! ჩვენის აზრით, უნდა დაარსდეს განსაკუთრებული კომისია, სახალხო მეურნეობის კომისია. ეს კომისია შეიმუშავებს დაწვრილებით გეგმას - თუ როგორ უნდა აყვავდეს ჩვენი სახალხო მეურნეობა, თუ როგორ უნდა მოეწყოს ჩვენი საშინაო და საგარეო ვაჭრობა და ამისდა მიხედვით ჩვენ გადავდგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს. ჩვენ თანხის გადადების წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ ამ თანხას უნდა ჰქონდეს მიზანშეწონილი დანიშნულება. გარდა ამისა თვით დეკრეტი შეუფერებლათ არის შედგენილი. პირველ მუხლში სწერია: „გადაიდოს თანხა საქონლის შემოზიდვისათვის, ან უცხო ვალიუტის შესაძენათ“... „ან, ან, ან“... კანონები ასე არ იწერება. მეორე მუხლში აღნიშნული არის, რომ მთავრობას უფლება ეძლევა კერძო პირებს მიანდოს აღნიშნულ საქმის მოგვარება. ეს ყოვლად მიუღებელია. როდესაც ორი მილიონის შესახებ მოგახსენებდით, მაშინაც განვაცხადე, რომ, როდესაც სახელმწიფო ხაზინიდან გადის ფული სავაჭრო, სამეურნეო ან სხვა ასეთი საქმეების მოსაგვარებლად, მთავრობა ვალდებულია კოლექტიური გზით, საზოგადოებრივ, ან სახელმწიფო დაწესებულებათა საშვალებით მოაგვაროს ეს საქმე. როდესაც კერძო პირებს გადასცემთ ფულს, რა გარანტიაა, რომ ისინი უპირველეს ყოვლისა თავის ინტერესებისათვის არ იზრუნებენ? თქვენ გვეტყვით პირობით შევეკვრებით მათ და მაშინ ბოროტებას მათ მხრივ ადგილი აღარ ექნებაო. უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, დღეს სპეკულიაცია საზღაპრო სისწრაფით იზრდება. შესაძლოა კერძო პირი შეგეკრეს თქვენ პირობით და ბეც მოგცესთ 50%25 მოგებისა გარეშე დადებულ ხელშეკრულებისა, ის თქვენ ხელშეკრულებას უკუაგდებს და ისე მოიქცევა, როგორც მას მისი პირადი ჩარჩული ინტერესები უკარნახებს.

გარდა ამისა შესაძლოა, რომ სახელმწიფოს, როგორც ასეთს, ესაჭიროებოდეს განსაზღვრული დარგი საქონლისა, კერძო ვაჭრის ინტერესი კი მოითხოვს სხვას. ასე, რომ სოც.-რევ. ფრაქციის აზრით შეუძლებელია, რომ კერძო პირთა ხელში გადავიდეს სახელმწიფოს ფული. მხოლოდ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დაწესებულებათა საშვალებით უნდა მოაგვაროთ ის საქმე, რომლისათვისაც აღნიშნული თანხის გადადებაა განზრახული. რაღა გვაკლია ბატონებო, ფული ხაზინიდან იღება. ინიციატივაა საჭირო და ეს ინციატივაც უნდა გამოვიჩინოთ.

და ბოლოს კიდევ უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ სოც.-რევ. ფრაქცია წინააღმდეგი არაა საჭირო საქმისათვის ფული გადაიდოს ხაზინიდან, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ყოველ ასეთ შემთხვევაში დაწვრილებით გეგმას - თუ როგორ იქნება მოგვარებული განზრახული საქმე. დღეს ასეთ გეგმას ვერ ვხედავთ, ბრმად კი ჩვენ ფულს ვერ გავიღებთ. ამიტომ წინააღმდეგი ვართ წარმოდგენილი დეკრეტისა.

თავმჯდომარე. კრების წევრი ღლონტი.

ღლონტი. (ს.-ფ.) მოქალაქენო, მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრებისთვის სრულიად მიუღებელი იქნება ერთი წინადადება ს.-რ. ფრაქციისა, რომ ეს კანონ-პროექტი, დეკრეტი გადაეცეს ისეთ შესაქმნელ კომისიას, რომელიც განიხილავს ამ საკითხს. მე მგონია, რომ ამ აზრის შერიგება შეუძლებელია იმისთვის, რომ სურსათის მხრივ, ჩვენს ხალხში არის ძალიან დიდი გასაჭირი და მაშინ, როდესაც ჩვენ მთავრობის განკარგულებაში არ არის სათანადო თანხა, როდესაც მთავრობა გვეუბნება, რომ საჭირო არის სურსათის შესაძენათ სათანადო თანხის ძალიან სასწრაფად გამოღება სათანადო ფონდის შესაქმნელად. ვერც ერთი დემოკრატი ვერ იტყვის, რომ ამ თანხის გამოღება საჭირო არ არის.

ბატონმა ნუცუბიძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ კომისიის შექმნა, შემდეგ კომისიაში ამ საქმის დეტალური შესწავლა, მერე საკანონმდებლო გზით გატარება, განხორციელება, - ძალიან შორს წაგვიყვანდა. მაშინ, არ ვიცი, სასურსათო კრიზისს ავიცდენდით თავიდან თუ არა.

მე მგონია, დამფუძნებელ კრებაში შეიძლება თვითონ ესერები არ დაეთანხმენ თავის წევრს ნუცუბიძეს.

მაგრამ მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაძლევ ბატონ ასათიანის სიტყვას. ის ცდილობდა ახალი რამ შტრიხი შეეტანა ჩვენს სასურსათო მდგომარეობაში. ბევრი ლაპარაკის შემდეგ აღსანუსხავია მხოლოდ სამი მთავარი დებულება, რომელიც გამომდინარეობს მისი სიტყვიდან. პირველი დებულება გახლავთ ის, რომ საჭირო არის საქონლის გაცვლა-გამოცვლის მოგვარება. შემდეგ, ამ გაცვლა-გამოცვლის მოგვარებისთვის საჭირო არის ერთგვარი სისტემის შემუშავება, შემდეგ კი, - რომ საფინანსო კომისია არ ჩაერიოს ამ საქმეში და სხვა.

პირველი - მთავრობას პირდაპირ გადაჭრით შეუძლია სთქვას, რომ ჩვენ ამას განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ. მეორე - ჩვენ ამისთვის უწყება გვაქვს, კომისია. გაცვლა-გამოცვლის კომიტეტი. ამ საქმეს განსაკუთრებით ვხედავთ, განსაკუთრებით ვისწავლით. კომისიამ უნდა შეიმუშაოს ყველა ეს სისტემა. და მე არ ვიცი ბატონი ასათიანი რაღაზე ლაპარაკობს. ამის შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს მის ამ პროექტს, სისტემას, ზოგადად ლაპარაკს?

მაგრამ, ბატონი ასათიანი სთვლის, რომ საკმაო არის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტი, და მის სერიოზულ მუშაობას ანგარიშს უწევს. ამისთვის მთავრობას ხელთ აქვს ორგანო, ამ ორგანოში ყველა უწყების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, და აშკარა არის, რომ მთავრობის პოლიტიკა და სისტემა სავსებით აკმაყოფილებს თქვენ სისტემასაც. მე არ ვიცი, როდესაც სასურსათო საქმის შესახებ არის ლაპარაკი, რატომ განსაკუთრებით 20 მილიონს აქცევთ ყურადღებას და არ აქცევენ ყურადღებას შექმნილ ანარქიას, რომელშიაც იმყოფება სასურსათი საქმე ჩვენში. თქვენ არ შეგიძლიანთ მიაქციოთ ყურადღება ანარქიას, რომელიც არსებობს ჩვენ სასურსათო პოლიტიკაში. შეუძლებელია, რომ ასეთი ქაოტიურ მდგომარეობაში, ასეთ ანარქიულ პირობებში ჩაყენებულმა სასურსათო პოლიტიკამ რაიმე ნაყოფი გამოიღოს. აი, ბატონებო, რაში გამოიხატება სასურსათო ანარქია.

ბატონ ასათიანს აკვირვებს - როგორ შეიძლება საფინანსო კომისია ჩაერიოს ხელშეკრულობის საქმეებშიო. ეს ჩვენთვის სრულიად გასაკვირველი არ არის, იმიტომ, რომ ვხედავთ, საქართველოში სასურსათო პოლიტიკა არ არის. კომისია ხედავს, ხალხი არ არის მზად, და ამ მოუმზადებლობის გამო, ამ უსისტემობის გამო, იცის, რომ ყველა ამ უფლებებს ისაკუთრებს. ამ დეზორგანიზაციის ხანაში მხოლოდ ობიექტურ პირობებს აქვს მნიშვნელობა. თქვენ არ ხედავთ, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კერძო ვაჭრებს და მდიდრებს. ჭიათურის დახმარების აღმოჩენა იმას მოასწავებს, რომ მთავრობას არ აქვს მტკიცე სასურსათო სისტემა და ორგანიზაცია თორემ ეს სისტემა, რომ იყოს, ორგანიზაცია, რომ იყოს რკინის სალტივით, რომ შემორტყმული იყოს ჩვენი ქვეყანა სასურსათო ორგანიზაციებით, - მაშინ, - რასაკვირველია, არც კერძო პირები იქნებიან საჭირონი არც საფინანსო კომისიას მოუვიდოდა აზრათ, რომ ჩარეულიყო ასეთ არა მის პირდაპირ საქმეში. ეს არ არის საფინანსო კომისიის საქმე. ეს არის მისი ფუნქციები. კომისიას აქვს აუარებელი საქმე, საკანონმდებლო მუშაობა, და მას არ აქვს დრო, რომ საადმინისტრაციო ფუნქციებშიაც ჩაერიოს. ამისთანა საქმეებში, რომ ჩაერიოს, მე შემიძლია ვსთქვა, რომ ვერ განახორცეილებს იმას, რაც მას პირდაპირ დანიშნულებათ მიაჩნია. იმისთვის, რომ ამ კომისიამ ნაყოფი გამოიღოს, ჩვენ ერთი რამ უნდა ვსთქვათ - ამ კომისიამ თავი უნდა მიანებოს ამგვარ საქმეებს, და მიანდოს ჩვენს მთავრობას, მხოლოდ მთავრობას უნდა გაუწიოს კონტროლი.

აი ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე, მთელ დამფუძნებელ კრების მოქმედება.

რაში გამოიხატება ეს უსისტემობა მთავრობის პოლიტიკისა? გამოიხატება იმაში, რომ ასეთი დიდი იმედები გვაქვს კერძო პირებისა. აი, იტალიაში გასაგზავნათ ბატონებო, გადავდეთ ორი მილიონი, ეხლა 20 მილიონი. ეს ამ სასურსათო საკითხით და კრიზისით არის გამოწვეული. ამის გამო არის, რომ ეს გასაჭირი უნდა შევამციროთ როგორმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე სამინისტრო შეიცვალა, რამდენიმე რამ სცადეს, მაგრამ მდგომარეობა ამ ჟამად უფრო უარესია. ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენში არსებობს ცენტრალური სასურსათო საბჭო, გაცვლა-გამოცვლის კომიტეტი, - დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაზე უფრო ნაკლები საქონელი არის, სასურსათო უწყებას და ყველაზე უფრო ნაკლები საქონელი აქვს სასურსათო უწყებას და არა სასურსათო სამინისტროს, როგორც არის დღეს. იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ამ ომის ხანაში ყველაფერი გაძვირდა, და საქონელი ნაკლებია. ამ ორი თვის განმავლობაში იმდენი საქონელი ტრიალებს, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენში საქონლის შემოზიდვა ვერ მოხერხდა. ამას აქვს საპატიო მიზეზები - ობექტიური და სუბექტიური მიზეზები. უწყებები გვაქვს ჩვენ, ცენტრალური საბჭო, გაცვლა-გამოცვლის კომიტეტი, რომელშიაც ყველა უწყების წარმოადგენელი შედის. მიუხედავათ ამისა ამ დაწესებულების გარეშე საქმე მაინც არ კეთდება. რაღაც 80 ათასი ფუთი სიმინდი შეიძინეს, სხვა არაფერი შეუძენიათ. ამას არავითარი დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საბჭოს არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ეს საბჭო არის რაღაც მოუხეშავი, დიდი ორგანიზაცია და არავითარი სიფხიზლე მას არ გამოუჩენია, არავითარი ელასტიობა მას არ ემჩნევა, მას არც საქართველოში, არც საქართველოს გარედ გაუტანია, არც საქართველოს გარედან შემოუტანია რამე. ვერაფერს ახერხებს გარედ, ვერაფერს ახერხებს შიგნით. როგორც ეტყობა, ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ არც მთავრობას აქვს ამ სასურსათო საბჭოს იმედი. მე ვამბობ, რომ საჭიროა ამ სასურსათო საბჭოს დაშლა, მისი რეორგანიზაცია, მე არ მესმის, როდესაც საფინანსო კომისია არკვევს ამ საქმეს, ასეთს საკითხს, რისთვის მდგომარეობას არ ჩაუკვირდება? რატომ არ იტყვის, რომ ამ სასურსათო პოლიტიკისთვის, შეღავათიან პირობების შექმნისთვის არის საჭირო გეგმა. რატომ არ წარმოადგენს ამ გეგმას, თუ მართლაც ამ გეგმით არის დაინტერესებული? რისთვის არის, რომ სასურსათო საბჭოს პერსპეკტივა აკლია, უნარის გამოჩენა ვერ მოუხერხებია? იმისთვის, რომ ამ საბჭოს კარლიკური უფლებები აქვს, მას არ შეუძლიან ამ კომიტეტის შეუკითხავათ, რაიმე მოლაპარკების გარეშე თავისი პოლიტიკა აწარმოვოს. მას არავითარი პოლიტიკის წარმოება არ შეუძლიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: რასაკვირველია, როცა ასეთი მდგომარეობა არის, სასურსათო საბჭო ვერც ელასტიური იქნება და ვერც გაბედული. და თავის მოქმედებაში მიზანს ვერ მიახწევს. მე კი ვამბობ, რომ სასურსათო პოლიტიკა ყოვლად შეუძლებელია უპერსპექტივოთ, თუ არ იქნება მთლიანი მიზანი უწყების მოქმედებაში. მაგრამ, თქვენ მეტყვით, რომ დამფუძნებელი კრება მიაქცევს ყურადღებას, რომ ჩვენ გვაქვს ორი ორგანო, გაცვლა-გამოცვლის კომიტეტი, რომელსაც დიდი უფლება აქვს, რომელმაც უნდა შეუკავშიროს მთელ ქვეყანას საქართველო. მაგრამ, ხომ ხედავთ, რომ ჩვენ თითქმის სეპარატიულად ვდგევართ. მართლია, ზოგიერთი ორგანიზაცია არსებობს, ეს დადებითი მოვლენა არის, მაგრამ, გარეშე პოლიტიკის, ვაჭრობის მოგვარება, საქონლის გაცვლა-გამოცვლა - ამ მხრივ ყოვლად შეუძლებელი არის, თუ საგარეო ბაზარი არ დაუკავშირდა მჭიდრო საშინაო ვაჭრობის ბაზარს, და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა არ დაუკავშირდა საშინაო ვაჭრობის პოლიტიკას. და მე უნდა ვსთქვა, რომ გაცვლა-გამოცვლის კომიტეტს არაფრის გაკეთება არ შეუძლიან, თუ მჭიდროთ არ არის შეკავშირებული მეორე ჩვენ აპარატთან - სასურსათო საბჭოს მოქმედებასთან. ევროპიდან საქონელი, რომ შემოვიდა, ჩვენ გვეუბნებოდენ - ჩვენ ფული არ გვინდა, ჩვენ გვინდა საქონელი. ეს საქონელი აქვს სასურსათო საბჭოს, მაგრამ მას აკლია რეგულიატორი. ორი პირი, ორი ნების ყოფა საბჭოსა და კომიტეტისა არის აქ დაინტერესებული. ბოლოს და ბოლოს მათ შორის წინააღმდეგობა ვითარდება.

ამისთვის ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი სეპარატიული, ერთი მეორეს დაშორებული ორგანიზაციის არსებობა, ყოვლად შეუძლებელია, და მათ შორის შეიძლება მხოლოდ ერთი ურთიერთობის არსებობა, ერთნაირი ურთიერთობა, რომელიც წაართმევს ორგანიზაციას სისტემის ხასიათს და მის ელასტიობასაც დაჰკარგავს, ამიტომ ჩვენი მთავრობის და დამფუძნებელ კრების გავლენიანმა ჯგუფმა უნდა დასვას საკითხი სასურსათო სამინისტროს ორგანიზაციის შესახებ. მგონი, არამც თუ საჭირო არის, თუ საშური არის ამ საკითხის მოგვარება, ამ საქმისთვის სერიოზული ნაბიჯის გადაგმა საჭირო არის, რომ უმნიშვნელო ორგანიზაციები გაუქმდნენ, ვინაიდან დღემდის მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. რომ შეიქმნას სასურსათო სამინისტრო მე შემიძლიან ვსთქვა, რომ თითონ უმრავლესობის პარტიას შეუძლიან ასეთ უფლების შექმნა, რომ თავის წარმომადგენელი დასვას ასეთ საქმეში და ეს საქმე ჩააბაროს მას. მე შემიძლიან ვსთქვა, რომ ამ უფლების საშუალებით მართლაც ის მოახდენს ჩვენი საქონლის მობილიზაციას. ამ საშვალებით შეჰქმნის საქონლის ვალიუტას, მეტს საქონელს მოგვცემს და გაამტკიცებს ფულის ვალიუტის შექმნას. ამ საქონლის ვალიუტის შექმნით შეიძლება შეიქმნას სხვა ვალიუტაც. ამისთვის საჭიროა საგანგებო სასურსათო სამინისტროს შექმნა, ერთიანი მთლიანი სასურსათო სამინისტროსი. მაშინ იმ ანარქიულ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი სხვა და სხვა უწყებებით, ადგილი აღარ ექნება, მას თავისუფალი პერსპექტივები ექნება, დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, და ეს პოლიტიკა იქნება მთავრობის პოლიტიკა და არა ერთ უწყებასთან, ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებული. ეს ოცი მილიონის თანხა არის წვეთი ზღვაში. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენი ფულის მაზანდა ძალიან დაცემულია, ამ ფულის მიღებით სერიოზულათ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენი აზრით არის, მე არ ვიცი, რანაირი სახელმწიფოებრივი მოსაზრება არის საერთოდ საფინანსო მდგომარეობის მხრით, რომ როგორმე ეს თანხა აწეული იყოს, რომ მართლაც ეს გამხდარიყო ისეთ საშუალებათ, რომლის გამოყენება შეღავათიან პირობებს შექმნის ჩვენ რესპუბლიკაში. პირველად, რომ ეს ფულის მაზანდა ავწიოთ, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საქონლის გაყიდვის საქმეს, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საქონლის შემოტანას. საქონლით ჩვენი ქვეყანა დამშეული არის, ერთად ერთი ხსნა იხატება იმაში, რომ როგორმე საქონელი შემოვიტანოთ ჩვენ რესპუბლიკაში, რომ საქონელი გავამრავლოთ ჩვენ რესპუბლიკაში. მაგრამ ეს უნდა დარჩეს, როგორც იდეალი. არის მეორე იდეალი - არის საქონლის გამრავლების მიზანი, რომ ჩვენი თვით საქონელი იყოს გამრავლებული მრეწველობის მხრით, მაგრამ ეს იდეალი ისე შორეულია და საოცნებო, რომ ამაზე არ მოგახსენებთ. როდესაც საქონლის შემოტანაზე ვლაპარაკობთ, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რომ რამდენიც ჩვენში გემი მოვა დატვირთული სხვა და სხვა საქონლით, იმ დღესვე დაეცემა ხოლმე ჩვენი ფულის მაზანდა.

აქ იყო ნათქვამი, რომ თითქმის ჩვენი ფული ეცემა წმინდა ხელოვნურად, რომ რომელიმე ბანკი, ან რომელიმე სახელმწიფო ახდენს ასეთ გავლენას ჩვენ ბონებზე, მას სურს დაგვცეს ჩვენ ფინანსიურად და ეკონომიურად. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ფულის ღირებულება, ჩვენი ბონების ფასი ეცემა, შეიძლება ამასაც ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა და გავლენა, მაგრამ არსებითად აქვს მნიშვნელობა საქონელს აქ შემოტანილს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბათომში საკმაოდ არის შემოტანილი საქონელი, დიდ ღირებულების საქონელია: შაქარი, მანუფაკტურა, ტყავეულობა და სხვა. ეს ბლომად არის შემოტანილი, ამ ბოლო დროს ბლომად შემოიტანეს ეს. მე ვამბობ, რამდენიც ეს საქონელი შემოდის, თითო გემის შემოსვლის შემდეგ მოხდება ხოლმე ჩვენი ბონების რამოდენიმედ დაცემა. რუსეთის ას მანეთში წინათ ვაძლევდით ას თხუთმეტ მანეთს, ეხლა ვაძლევთ ოთხას მანეთს, და ახლო მომავალში, ნამდვილი ფასი, ას მანეთის ფასში მივცემთ ოთხას ორმოცდა ათ მანეთს.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ რუსული ფულით და არა რუსული ბონით შეუძლიანთ უცხოელებს ყოველივე შეიძინონ და პასუხი აგებინონ რუსეთის სახელმწიფოს, რომელსაც აქვს საშუალება და ღირებულება, რომ პასუხი აგოს. ჩვენ ბონებს იმიტომ არ იღებენ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს. ჩვენში შემოაქვთ ბევრი საქონელი იმიტომ, რომ საუკეთესო ბაზარი შავის ზღვისა არის ბათომი, თუ აქ არ შემოვა აღელვებულ რუსეთს ვერც ერთი კაპიტალისტი ვერ მიუდგება, ოდესაც ამ მხრივ უმნიშვნელოდ არის დატოვებული, ნოვოროსიისკში არ შემოდის საქონელი, რჩება ერთად-ერთი გზა ბათომი; ტრაპეზონს არ მიუდგება გემი, ოსმალეთი არ არის საყურადღებო იმიტომ, რომ ჯერ ერთი ტრაპეზონიდან მისვლა-მოსვლა არ არის გაჩაღებული, მდგომარეობა გამორკვეული არ არის, და თითონ ოსმალეთი დიდ ძალ საქონლის ბაზარს წარმოადგენს გასატან საქონლისა. შავ ზღავაზე განსაკუთრებულ პირობებეში არის ბაზარი ბათომისა, იმიტომ არის, რომ ბათომში მოდიან, შეიძლება არ უნდათ, რომ მოიტანონ საქონელი. იქ ჩვენი ფულის მაზანდა არ არის, იქ უკრაინის ფულით საღდება. ამ მხრივ არავითარი ყურადღება არ მიუქცევია არც მთავრობას, არც ჩვენ ელჩს, რომელიც იქ არის; ამიტომ რუსულ ფულზე, ყოველთვის რუსულ ფულზე და სხვა და სხვა სახელმწიფოების ფულზე გაიზარდა მოთხოვნილება. ჩვენი ფულის ღირებულება დაეცა და ჩვენი მთავრობა ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ჩვენი ფულები და ბონები, ბოლოს და ბოლოს, სხვა და სხვა ფინანსიურ საკითხებში მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩვენ სასურსათო მდგომარეობასთან და საქონლის შემოტანის მოწყობასთან. ჩვენ მთავრობამ, რომ გადაიტანოს დიდ-ძალი საქონელი რაც კი შეიძლება, მარგანეცის ნაწარმოები, აბრეშუმის პარკი, მატყლი, სიმინდი და სხვა, მაინც არ შეიძლება ჩვენმა ბონებმა განსაზღვრული დიდი მნიშვნელობა მოიპოვონ, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელსაც დიდი წილი უდევს ჩვენ ბონებში, რომელსაც ჩვეულებრივ დროსაც არც ერთი საქონელი არ გაუტანია გარდა საბრალო მარილისა და ბამბისა. 1918 წელში გაიტანა 15 მილ. საქონელი, მხოლოდ მილიონამდე იყო საკუთარი სომხეთის საქონელი. რასაკვირველია, როდესაც ასეთი რესპუბლიკა არის მოსაზღვრე, რომელიც ბონებს პირდაპირ ნთქავს, უეჭველია, ჩვენ ვერ გავიჯანსაღებთ ჩვენ ბონებს. მაგრამ შეიძლება ჩვენ აზერბაიჯანის მთავრობასთან ერთად საგანგებო ფინანსიურ ბონების მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციოთ საქონლის აქედან გაზიდვას. მართლია, ეს იქნება დავიწროვება შინაურ მომხმარებელთა, მაგრამ ეხლ ისეთი დრო არის, რომ შინაურ მომხმარებლის დაკმაყოფილება არ შეგვიძლიან, ეხლ ისეთი მდგომარეობა არის, რომ უნდა ავიტანოთ ყოველივე გაჭირვება ფინანსიური და სურსათისა. მაგრამ ამისთვის აუცილებლად საჭირო არის თვით შინაურ საქონლის საზღვარ-გარეთ გატანა.

მე მესმის, როდესაც მომხმარებელმა აქ სთქვა, - ჩვენ მთავრობას მიზანი აქვს როგორმე დააგროვოს საქონელი და უცხოეთში გაიტანოსო. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო, რომ ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლიან მკვიდრი საფუძველი ჩაუყაროთ სასურსათო ეკონომიურ პოლიტიკას. საინტერესო და საყურადღებო არის უკანასკნელი მუხლი ამ კანონ-პროექტისა, რომელიც შეეხება დახმარებას და შესაძლებლობას კერძო პირების ამ საქმეების ჩარევის შესახებ.

ბ-ნ ასათიანმა გაკვრით სთქვა, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს მეთამბაქოებს, ღვინის პატრონებს, დაეხმაროს შავი ქვის მწარმოებლებს და სხვა ასეთებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ დროს, როდესაც საქონლის ცირკულიაცია ნორმალურ პირობებში იყო ჩაყენებული, შეიძლება ჩვეულებრივ დროს ამ ზომებზე არ იყო საჭირო ლაპარაკი, რომ ჩვენ მიგვექცია განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ დღეს ჩვეულებრივი პირობები არ არის, ასეთი მდგომარეობა არის, რომ ძვირი საქონელი არის მონოპოლიური, ჩვენ შეგვიძლიან გავიტანოთ საქართველოდან რამოდენიმე ჩვენი დარგის ნაწარმოები, გავიტანოთ აბრეშუმის პარკი, თამბაქო, მატყლი, შავი ქვის ნაწარმოები და სხვა რამოდენიმე დარგი ჩვენ ეკონომიურ კულტურისა. ეს ისეთი ხასიათის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია აუცილებლად წარმოვიდგინოთ, როგორც მთლიანი, ეს საგანი, უეჭველად იყოს მთავრობის განკარგულებაში, რომ მხოლოდ მთავრობის საშუალებით ეს კეთდებოდეს, რომ ეს საქმე მოახერხოს, რომ აწარმოვოს ეკონომიური პოლიტიკა დამოუკიდებლად ამ კერძო მოვაჭრეებთან. დამოუკიდებლად იმიტომ ვამბობ, რომ რომ საჭირო არის სასურსათო სამინისტროს ორგანიზაციას მიეცეს თავის უფლება. ისიც არ არის საინტერესო, რომ როგორმე ეს ჩვენი საქონელი რაც შეიძლება მეტად გაიყიდოს, იმიტომ, რომ, მაშინ როდესაც ჩვენ მეტად ვყიდით და კიდევ მოვითხოვთ სხვა და სხვა ფულებს, უეჭველია სხვა და სხვა საქონელი, რომელიც შემოდის უფრო საინტერესოა, უფრო მაღლი ფასებით სარგებლობენ და ამბობენ, ჩვენ მოგცემთ იმდენს, რამდენიც გნებავთ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ისინი დაინტერესებული არიან, იციან, რომ მათ ხელში არის ღირებულება საქონლის სახით, რომელშიაც ისინი იღებენ გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლიან დავაფასოთ ჩვენი საქონელი. ამ ფასების აწევას მხოლოდ ერთი ნაყოფი მოაქვს, რომ ბონებს სცემენ, და ჩვენ ოც მილიონს არაფერი მნიშვნელობა არ ექნება. პირიქით, ჩვენ ვიტყვით, რომ რაც შეიძლება ჩვენი საქონელი იაფ ფასებში გაიყიდოს და ამ ფასების მიხედვით შემოიტანონ უცხო საქონელი.

ამით მოვახდენთ გავლენას იმ მხრივ, რომ ჩვენ მომხმარებელს მივცემთ შეღავათიან ფასებში საჭირო საქონელს, რაც უფრო ნაკლებათ დავაფასებთ, მით უფრო შეიძლება მეტი საქონლის ყიდვა, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი ბონები, ჩვენი მანეთი ეცემა. და ჩვენი ბონები უნდა დაუახლოვოთ ფულს, არსებთად კი ჩვენ ვაშორებთ ბონებს ფულს. იმიტომ კი არ უნდა გამოიცეს ბონები, რომ დავაშოროთ ჩვენ ფულს, არამედ როგორც გარდამავალი ზონა, უნდა დავუახლოვოთ ფულს. ჩვენი ფულის ინტერესი სრულიად არ გვაქვს. ეხლა, რომ ბონები სრულიად მოისპოს, დაიკარგოს, მე არ მგონია, რომ ვინმემ ინანოს, მე მგონი ბოლოს და ბოლოს სანანურად არავის არ დარჩება. აი, ასეთი არის კატასტროფიული მდგომარეობა. ასეთ ფინანსიურ პოლიტიკის წარმოება სახელმწიფოს სახელს გაუტეხს და საზოგადოს კეთილდღეობას სავსებით მოსპობს. თუ ყველაფერს მნიშვნელობას დაუკარგავთ, თუ არ ვიტყვით სიძვირე არის, სპეკულიაცია არის, პურის სიძვირე არის, ფულების უმნიშვნელობა არსებობს, მაგრამ რა უყოთ, ჩვენ ხომ მაინც ვართ ცოცხალნი, ასეთი მსჯელობა ხშირად არის ხოლმე. გამოდიან და ტრიბუნაზე ლაპარაკობენ და, რასაკვირველია, თუ ასე შევხედავთ საკითხს, მაშინ შეიძლება არავითარ მოსაზრებას, არავითარ დებულებას ყურადღება არ მივაქციოთ და სრულიად უპასუხისმგებლოთ მოვიქცეთ ყოველგვარ საკითხში. მაგრამ თუ ფულის დაცემა ასეთი მძიმეა ჩვენთვის, და ჯერ ვერ მოუხერხებიათ ორას ორმოცდა ათ მანეთიან ღირებულების ქაღალდის ფულის დაბეჭდვა, შეუძლებელია მილიარდების ბეჭდვა და გავრცელება, შეუძლებელია ჯამაგირების აწევა ოთხი ათას მანეთამდე.

ყველა ამისთვის მართლაც საჭირო არის, მივიღოთ სერიოზული ღონისძიება, რომ სასურსათო პოლიტიკა, ეკონომიური პოლიტიკა, როგორმე, ბოლოს, მოგვარდეს.

ამნაირად უმთავრესი აზრი, რომელიც შეიძლება მთავრობას ჰქონდეს და დამფუძნებელ კრებამ უნდა გაავრცელოს გავლენიან წრეში, მთავრობის და საზოგადოების წრეში, ის არის, რომ ის რამოდენიმე უწყება, რომელსაც აქვს სასურსათო საქმე მინდობილი, ეს რამოდენიმე უწყება შეიცვალოს ერთ მთლიან გავლენიან უწყებით. სასურსათო უწყება დაარსდეს. დაარსებისთვის ჩვენ ხალხი გვყავს, და სასურსათოს მხრივ ის მიაქცევს თავის ყურადღებას, როგორც საგარეო ბაზარს, ისე საშინაო ბაზარს. მისი პოლიტიკია იქნება მთლიანი, გარკვეული სახელმწიფოებრივი, მაშინ უეჭველია არ დაიბადება ისეთი აზრი საფინანსო კომისიაში, რომ ის არის ერთად ერთი ძალა, რომელიც ყურადღებას უნდა აქცევდეს, მართავდეს კიდეც ამ საქმეს. მეორე - სრული უარყოფა კერძო პირების ამ საქმეში ჩარევისა. კერძო პირებს შეუძლიან თავის საქმეები გააკეთონ და ამ მხრივ ერთგვარი თავისუფლება ჰქონდეთ, მაგრამ როცა მთავარი საგანი არის, სამონოპოლიურო საგანი, სამონოპოლიო პროდუქტი უეჭველად უნდა გასაღდეს მთავრობის საშუალებით.

ხმები დადის საზოგადოებაში, პრესაშიაც გაიელვა ხმამ, რომ შაქარი, აბრეშუმის პარკი და სხვა და სხვა საქონელი, რომელიც შეეხება ჩვენს სამონოპოლიო საქმეს, გადაეცეს კერძო კაპიტალისტებს. მე მგონია, რომ საზოგადოებისთვის, სასურველი აზრი იქნება, რომ ასეთის სამონოპოლიო საგნები არავითარ შემთხვევაში არ ჩუვარდეს კერძო პირებს ხელში იმიტომ, რომ კერძო პირები, ნორმალურ პირობებში, რომ ჩააყენო, უეჭველად აიღებენ ზედმეტ პროცენტს სარგებელს, რომლის მიღწევა სახელმწიფოს ადვილად შეუძლიან. აბრეშუმის პარკი შეიძლება იყოს ათი ათასი ფუთი, ასეთი ძვირფასი საქონელი, რომლის რაოდენობა მცირე არ არის, - ასეთ საქონლის ჩაგდება კერძო პირების ხელში სახელმწიფოებრივი ღალატი იქნებოდა. იმიტომ, რომ აბრეშუმის პარკს ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის რომ საკმაოდ შეგვიძლიან ამ საქონლით უცხოელი საქონელი შევიძინოთ, რომელიც ბათომში და სტამბოლში არის. ეს საქონელი ჩვენ შეგვიძლია კერძო პირებისგან გამოვიყიდოთ, მთავრობას შეუძლიან დროებით ჩამოართვას კერძო პირებს, და გასცვალოს სრულიად უვნებლათ სახელმწიფოს და კერძო პირებისა. სრულიად ვეწინააღმდეგები ასათიანის პროექტს და კომისიის პროექტს. სრულიად შეუძლებელია დახმარება მეთამბაქოებისთვის, დახმარება აბრეშუმის პარკების მესაკუთრეებისთვის, დახმარება ჭიათურის წარმოებლებისთვის. შეუძლებელია, რომ მათ მივსცეთ ეს დახმარება, რომ მათ ატრიალონ ეს საქონელი ისე, როგორც ეს მათ სურთ. ჩემის აზრით ეს უნდა იყოს მთავრობის სრულ განკარგულებაში, მთავრობა უნდა იყოს მყიდველი და გამყიდველი ამ საქონლისა, მხოლოდ მთავრობას შეუძლიან გააუმჯობესოს მდგომარეობა, და ასწიოს და აღადგინოს დაცემული ფული და პრესტიჟი.

რაც შეეხება იმას, რომ საფინანსო კომისიამ მიაქციოს ყურადღება, როცა დასდებენ ხელშეკრულობას, ერთი დებულება გვაქვს ყველა კომისიებისთვის მიღებული. ყველა კომისია მოვალე არის თავის უწყების მიხედვით ანგარიში გაუწიოს, ყურადღბა მიაქციოს ყოველგვარ მუშაობას, რომელიც სახელმწიფოში არსებობს. ასეთი მუშაობა სწარმოებს და ამ მხრივ დიდი ასპარეზი აქვს საფინანსო-საიუჯეტო კომისიას. მაგრამ საგანგებოდ ამ მუხლის შეტანა, მე მგონი სულ სხვა მიზნით არის ნაკარნახევი, სულ სხვა მიზანი აქვს. მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი ორგანო, რომ სრული თავის პასუხისმგებლობით, სრული თავის სახელმწიფოებრივის შეგნებით უნდა ყოველგვარი ხელშეკრულება დასდოს და ყურადღება მიაქციოს, თუ რამდენად ეს ხელშეკრულება შეეფერება იმ კანონებს, რომელიც ხელშეკრულებებისთვის არსებობს ჩვენ კანონმდებლობაში. მხოლოდ ამ მხრივ შეგვიძლიან გავლენა მოვახდინოთ. მხოლოდ ასეთ ჩარევით საქმე სრულიად არ მოგვარდება.

მე არ შემიძლიან ორიოდე სიტყვა არ მოგახსენოთ იმ საზოგადოებრივ ძალაზე, რომელიც ასეთ პირობებში ჩავარდება, სასურსათო ანარქიის პირობების გამო. ეხლა ჩვეულებრივ ხმად არის გადაქცეული, რომ ყოველგვარი კოოპერატივი წარმოადგენს სპეკულიაციის ბუდეს. ეს ტრუიზმად არის გადაქცეული. მე უნდა ვსთქვა, კოოპერაცია არაფერ შუაში არ არის, პირიქით, მე გეტყვით, თუ სასურსათო უწყება, თითონ ჩვენი მთავრობა, ყოველგვარი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენეთ და ეს სასურსათო ანარქია სავსებით არ მოისპო, - ეს ბადებს სპეკულიაციის ქსელს, ჰქმნის სასურსათო პოლიტიკის ანარქიას, უსისტემობას, სასურსათო პოლიტიკის ანარქიას ერობაში, სახალხო დემოკრატიულ ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში.

მე უნდა ვსთქვა, რომ ერობა ისეთ მდგომარეობაში არის ჩაყენებული ამ ანარქიულ მდგომარეობის გამო, რომ ყოველგვარ სპეკულიაციას აჭარბებს. ერობამ იყიდა თფილისში ნავთი 25 მანეთად, იმავე ერობამ გაყიდა ეს ნავთი თავის რაიონში 60 მანეთად. ყოვლად შეუძლებელია ასეთ საშინელ პროცენტის მოგება მცირე ხნის განმავლობაში. მეორე ერობამ იყიდა შაქარი, წაიღო თავის ალაგს, ერობამ ერთი მანეთი დაადო, მხოლოდ კოოპერატივმა გადიტანა და დაადო 27 მან. ამას მე იმისთვის კი არ ვამბობ, რომ ერობამ საზოგადოდ ხელი აიღოს სურსათის პოლიტიკაზე, შევბღალო იგი, მე იმიტომ ვამბობ, რომ თუ გვინდა სიწმინდე კოოპერაციისა დავიცვად, რომ კოოპერატივმა ნაყოფი გამოიღოს, ამისთვის საჭიროა მტკიცე ორგანიზაციის შექმნა, საჭიროა ერთგვარი დისციპლინა.

როდესაც სასურსათო უწყებაში არსებობს დისციპლინა, ვერც საერთოდ საერობო, ვერც კოოპერაციის კულტურა ზიანს ვერ მოუტანს და ასეთ დემოკრატიულ იდეის გაკოტრებას ვერ მიუძღვნის ხალხს.

რომ ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ, რომ არც ერობის, არც კოოპერატივის იდეია არ გავაკოტროთ, ამისთვის უნდა მოვაწყოთ მთლიანი სასურსათო პოლიტიკა, მთელი სასურსათო სამინისტრო.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ელიავას.

. ელიავა. (ს.-დ.) მე მგონია ბატონებო, რომ წინანდელი ორატორები უფრო მეტს მნიშვნელობას აძლევენ ამ კანონ-პროექტს, ვიდრე ამასა აქვს ნამდვილათ. ჩვენ ვუყურებთ ამ კანონ-პროექტს, როგორც პირველ ცდას მთავრობისას, თითონ ჩაერიოს სავაჭრო სამრეწველო საქმეში და მით დაგვანახოს რას შესძლებს ის, ან რას შესძლებს საზოგადოდ ამ შემთხვევაში მთავრობის ჩარევა. ამიტომ მე მგონია ამ საკითხის დაყენება იმ ფორმით, როგორც აქ იყო, ორატორების მთელი ერუდიციის გამოსაჩენად არ იყო საჭირო დღეს. მთავრობა კისრულობს რესპუბლიკის სამეურნეო საქმეში ჩარევას და მის მოწესრიგების დაწყებას. ასეთი მნიშვნელობა აქვს ჩვენის აზრით ამ კანონ-პროექტს. ყველა დაიტერესებული ვართ - დამფუძნებელი კრებაც, საზოგადოებაც, რომ ეს დიდი საქმე მოეწყოს, - და ჩვენთვის სრულიად გაუგებარია პირველი ორატორის, კრების წევრის ასათიანის შენიშვნა და დავა იმის შესახებ, თუ ვის უნდა გამოეჩინა ინიციატივა, და ვინ უნდა ყოფილიყო საქმის ინიციატორი. რა იქნებოდა მიუღებელი, რომ რომელიმე დიდი მწვავე საკითხის დაყენება, კომისიის ინიციატივით მომხდარიყო. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს წინაშე მთავრობის კანონ-პროექტი არის, მთავრობის კანონ-პროექტზე ვმსჯელობთ. აქედან ერთი დასკვნა შეიძლება: მთავრობა შემოდის განსაზღვრული წინადადებით, და ამ თავის კანონ-პროექტის ცხოვრებაში გატარებას და პასუხის მგებლობას იგი კისრულობს. დღეს, რომ ისე მდგარიყო კითხვა ჩვენს წინაშე, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომისიას შემოქონდეს ასეთი წინადადება მთავრობის სურვილის წინააღმდეგ, მაშინ, რასაკვირველია, თქვენს გამოსვლას საფუძველი ექნებოდა. მაშინ გვეტყოდით: ჩვენ ვავალებთ მთავრობას ისეთ რამეს რაც არ უნდა, ან რაც არ შეუძლიან გაატაროს ცხოვრებაში.

რა მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმას, თუ რა ფორმატის ქაღალდზე დაიწერა ეს კანონ-პროექტი, ბლოკნოტისა თუ ფართო ქაღალდზე, ამაზე ყურადღების შეჩერება მხოლოდ ზედმეტი იყო და არც მე გავაგრძელებ ამაზე სიტყვას. არსებითად მთელი განმარტება, კრების წევრის ასათიანის, შეიცავდა მხოლოდ ერთ დებულებს: კარგი სავაჭრო ბალანსი საჭიროა და სასარგებლო. ეს ყველამ იცის. ეს ისეთი ტრუიზმი არის, ისეთი საანბანო ჭეშმარიტებაა, რომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ აქ ამ კრებაზე, ამის შესახებ ლაპარაკი იყოს საჭირო. რასაკვირველია, ისეთი რესპუბლიკა, ისეთი სახელმწიფო, ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ნაკლები გააქვს და მეტი შემოაქვს და ამით ვალი ედება, არ არის კარგ მდგომარეობაში. ასეთი მდგომარეობა არ არის ხელსაყრელი. ეს აშკარაა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი, ამაზე მითითება მთავრობისთვის, მე მგონია, ანბანის გამეორებაა, და ეს გამეორება სრულიად არ არის საჭირო. როდესაც აქ გამოდიან და ლაპარაკობენ მთავრობის კანონ-პროექტზე და ეუბნებიან, სისტემა უნდა გამონახოთო, საჭიროა თვითონ გვითხრან თუ რ სისტემაა საჭირო. ავიღოთ მაგალითად იგივე სასურსათო საბჭო, რომელიც ზოგი ორატორების სიტყვით, უმნიშვნელო და საზარალო გამოდგა რესპუბლიკისთვის. ბ. ასათიანის სიტყვაში არ იყო მოხსენებული, თუ როგორი სისტემა უნდა გვქონდეს, ან რა ცვლილება უნდა მოახდინონ ამ საქმეში რესპუბლიკის სასარგებლოდ. მე მგონია, ყოველი დამფუძნებელი კრების წევრი მარჯვენა მხრიდან ვალდებულია, როცა ასეთი კითხვის შესახებ გამობრძანდება აქ, რამე პრაქტიკული წინადადება მოგვცეს და არა ისეთი ზოგადი ფრაზები, როგორიც მათ გამოაქვთ ამ ტრიბუნაზე. ისინი ყოველთვის, ბრძანებენ იმას, რომ ჩვენი კრების უმრავლესობა, მით უმეტეს ხელმძღვანელი ფრაქცია, არ ვართ სახელმწიფო საქმიანობის ფრაქცია. ისინი ბრძანებენ, რომ ჩვენ ვაჭრობა-მრეწველობაში არავითარი გამოცდილება არა გვაქვს, და სხვა. აი, როცა ესენი გამოდიან, ვალდებული არიან თავისი გამოცდილება გამოიტანონ, და გვითხრან, რა ვაკეთოთ. მაგრამ მათ არ გამოაქვთ იგი ალბად იმიტომ, რომ ეს გამოცდილება მათაც ნაკლები აქვთ; ან და საზოგადოდ ობიექტური პირობები ისეთია, რომ ეს მათი გამოცდილება აღარ ვარგა. საზოგადოდ ფრაზები კი სავაჭრო და სამრეწველო საქმეში არავის არაფერს მისცემს. კრების წევრი ასათიანი, ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ჩვენ საქონელი საზღვარ გარეთ ისეთი მაღალ ფასებში არ გადის, როგორც საზღვარ გარეთიდამ შემოტანილი საქონელი. მართალია მას აქ ფაქტები არ მოუყვანია, მაგრამ მე ვენდობი და ვცნობ, რომ ეს დებულება მართალია. თქმა იმისი, რომ ეს მთავრობის ბრალიაო, ან დამფუძნებელი კრებისა ან კიდევ უსისტემობისა, შეუძლებელია. არც ერთის ბრალი არ არის. ეს თითონ ბ. ასათიანმაც უნდა მიიღოს, თუ მოიგონებს იმ საანბანო ჭეშმარიტებას, რომელიც მან აქ წამოაყენა.

საქონლის ფასი განისაზღვრება სხვა პირობების გარდა, საქონლის ხმარებითი ღირებულებით. ხმარებითი ღირებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხევაში, როცა საქონელი ნაკლებია ბაზარზე, როცა იგი ძნელი შემოსატანია, როცა იგი ხდება იშვიათ ნივთად, ისეთი ხმარებითი ღირებულება ფასის გადამწყვეტია. თუ ჩვენში შემოდის ისეთი საქონელი, ურომლისოდ ცხოვრება არ შეგვიძლიან, ჩვენ კი ვაწოდებთ ისეთ საქონელს, რომელიც მათთვის იმდენად საჭირო არ არის, - რასაკვირველია ფასების აწევ-დაწევის სისწორე არ იქნება დაცული. აბა, გვიჩვენეთ ისეთი საქონელი, რომელიც ჩვენთვისაც და იმათთვისაც ერთნაირად საჭირო იყოს, და ფასების განწყობილება კი სხვა გვარი იყოს. უნდა შემოვიტანოთ საზღვარ გარეთიდან ან ნაქსოვი ან წამლები, რომელიც ჩვენთვის აუცილებელი საჭიროა, - რასაკვირველია იმათი ფასები აიწევს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ბლოკადას, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოტანილი, და ყველამ იცის, ვისთვისაც მოაქვთ მათ საქონელი. სხვათა შორის, აქ გუშინ წინ იყო მომხსენებელი, რომ ბათომში და სტამბოლში გროვდება საქონელი და შემდეგ ეს საქონელი სპეკულიანტების ხელში გადადის და არა სახელმწიფოსი. ვის შეუძლიან ამ მდგომარეობის შეცვლა? მხოლოდ საზოგადო დაწესებულებებს და სახელმწიფოს საქმეში ჩარევას. მხოლოდ ეს გააუმჯობესებს მდგომარეობას. მაგრამ რა არის ოცი მილიონი მანეთი ამისთანა დიდი საქმისათვის? ამიტომ მოგახსენებდით, რომ საკითხის გაფართოვება არ იყო საჭირო, და არც იმ ზოგადის ფრაზების და რჩევის მიცემა, რომელსაც აქ ჰქონდა ადგილი. მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ უბრალოდ უყურებთ ამ საკითხს, აუცილებელია და ჩვენმა მთავრობამაც უნდა იცნოს, რომ საჭიროა მისი სამეურნეო ცხოვრებაში ჩარევა. ამ საქმის მოწესრიგებისათვის შრომის გაწევა. მთავრობის ასეთს ცდას ვხედავთ ჩვენ იმ კანონ-პროექტში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. და ამიტომ ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, ამ გზაზე და ამ ხარჯის გაწევის მომხრენი ვართ. უნდა გვახსოვდეს კი, რომ ეს ხარჯი არ არის ჩვეულებრივი ხარჯი, როგორიც დღემდის გატარებულა დამფუძნებელ კრებაში, როდესაც ფულს მივცემთ ხოლმე მთავრობას და შემდეგ იგი არ დაბრუნდება უკან, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში მაინც არ ბრუნდება. ჩვეულებრივი, რეალური ღირებულებით ეს 20 მილიონი მანეთი კი გადადის მთავრობის განკარგულებაში, როგორც საბრუნებელი თანხა. მან ან საქონელი უნდა შეიძინოს, ან ვალიუტა. ეს არის პირველ ცდა, და თუ კი ეს პირველი ცდა მთავრობისა გამოდგება ნაყოფიერი, მე დარწმუნებული ვარ, დამფუძნებელი კრება შემდეგში მოუმატებს ამ ხასიათის კრედიტებს, და მთავრობას მეტს საშუალებას მისცემს რომ ამ სფეროში გააფართოვოს თავისი მოქმედება. აქ დიდი ყურადღებას აქცევენ 2 და 3 პუნქტებს. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მუხლებზედ ბევრი ლაპარაკი გაუგებრობითაა გამოწვეული; ალბათ არ იციან დამფუძნებელ კრების წევრებმა, რომ ჩვენი ფრაქციის მიერ უკვე შემოტანილია შესწორება, რომელიც მოითხოვს, მეორე და მესამე მუხლების ამოშლას. ჩვენ მოვითხოვთ ამას შემდეგი მოსაზრებით: მთავრობას შემოაქვს განსაზღვრული წინადადება, და უცხადებს დამფუძნებელ კრებას, რომ ის კისრულობს ამ საქმის წარმოებას. ეს საკმარისია და ლაპარაკი იმაზე თუ ვისი დახმარებით, ან ვის შემწეობით აწარმოებს იგი საქმეს, ჩვენ მიგვაჩნია მეტად. მით უმეტესათ მეტი არის ის დებულება, რომელიც ამბობს, აი ამასთან და ამასთან დავიჭირე საქმეო. თუ მთავრობას უფლებას მისცემთ ეს საქმე აწარმოვოს, მასვე უნდა მიეცეს უფლება საქმე იმასთან დაიჭიროს, ვისთანაც თითონ დაინახავს საჭიროთ. ეს დეკრეტიც ასეა დაწერილი, აქ არავითარი შეზღუდვა არ არის. ჩვენ ფრაქციამ ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას და მეორე პუნქტი მეტად მიაჩნია, და როდესაც მუხლობრივი განხილვა იქნება, იგი თავის მოსაზრებას წარმოადგენს.

მეორე დებულება, რომელიც სადავოთ მიაჩნია, გახლავთ საფინანსო კომისიის მონაწილეობა. პრინციპიალურად ეს აზრი უარსაყოფი არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვაჩნია საჭიროდ ესეთი თანამშრომლობა. მართლაც ეს ისეთი ცოცხალი საქმე არის, რომ შეიძლება ეს ოცი მილიონი გადასაცვლელი გახდეს ან საქონელზედ ან ფულზე ან სხვა რამ ღირებულებაზე. და ეს შეიძლება ისე საჩქაროთ მოხდეს, რომ საფინანსო კომისიამ ვერც მოახერხოს შეკრება. რაკი მთავრობამ იკისრა ეს საქმე, ჩვენ განსაზღვრული თანხა მივცეთ და უთხრათ, რომ, მან მეტი ყურადღება მიაქციოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათ მისცეს უპირატესობა, მაგრამ თუ ისეთი მდგომარეობა იქნა, რომ კერძო ინიციატივა უფრო ხელსაყრელი და მისაღები იქნება მთავრობისთვის, ნურც ამას აუკრძალავთ, თუმცა ჩვენიცა და დამფუძნებელ კრების უმრავლესობის, სურვილია, რომ თავის მოღვაწეობაში მთავრობამ კერძო ინიციატივას არ მისცეს უპირატესობა. ამიტომ ამ დებულების შეტანა მეტად მიმაჩნია, რადგანაც, შესაძლებელია დღევანდელ პირობებში ეს კერძო ინიციატივაც გამოადგეს მთავრობას. ამიტომ, ჩვენ სრულიად ვხსნით იმ პირობებს, რომელიც ზღუდავს მთავრობას. ეს თანხა უნდა მიეცეს მთავრობას, სრული მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, და აწარმოოს საქმე ისე, როგორც დაინახავს საჭიროთ.

ამ მომენტში მეტად მიმაჩნია ლაპარაკი სასურსათო ორგნიზაციებზე, რომელზედაც აქ ლაპარაკობდენ, ნუ შეუდგებით იმაზე ლაპარაკს, თუ რანაირად მოღვაწეობს სასურსათო საბჭო, რანაირად მოღვაწეობდა სასურსათო სამინისტრო, რომელიც გვყვანდა. (გობეჩია: საინტერესოა!) საინტერესო გახლავთ ალბად, და ამიტომ შეიძლება ხვალ ამაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ამ მომენტში სრულიად არ არის საჭირო. თუ ხვალ დავაყენებთ საკითხს სასურსათო სამინისტროზე, თუ როგორ უნდა მოეწყოს იგი, ჩვენ აზრს მაშინ მოგახსენებთ, გამოცდილება უკვე გვაქვს: სასურსათო სამინისტრომაც არაფერი მოგვცა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელ პირობებში სასურსათო საქმეც და საზოგადოთ ვაჭრობა-მრეწველობის საქმეც უნდა წარმოებდეს იმ კურსით, რომელიც ცხოვრების გამოცდილებამ მისცა არა მარტო პატარა საქართველოს, არამედ მთელ განათლებულ ქვეყნებს, რომელნიც ჩათრეული იყვნენ ომში. მე მოგაგონებთ, რომ თვით ინგლისი, რომელიც ყველაზე მეტად მოტრფიალე იყო კერძო ინიციატივისა, ისიც იძულებული შეიქმნა ომის დროს ამ ინიციატივისთვის ისეთი ადგილი არ დაეთმო, როგორც წინეთ ჰქონდა. დღეს ყველა სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები იძულებული არიან თითონ მოჰკიდონ ხელი ამ საქმესა. მათ გვერდში უნდა უდგენ უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა მეტია და ამით ვათავებ. ჩვენი ფრაქციის სახელით მოგახსენებთ, რომ ეს ხარჯი, მას მისაღებათ მიაჩნია: მთავრობას კრედიტი უნდა გაეხსნას და დანარჩენი ყველა პირობები უნდა მოიხსნას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრს.

ფინანსთა მინისტრი . კანდელაკი. ბატონებო, ეკონომიური ვითარება დღეს არამც თუ ასეთ ნორჩს სახელმწიფოსი, როგორც საქართველოა, არამედ თამამად შეიძლება ითქვას, ძველ - და ძრიელ სახელმწიფოებშიც, მთელ მსოფლიოში, ისეთი არის, რომ სულ ადვილია ამ ეკონომიური მდგომარეობის კრიტიკა; და ეს კრიტიკა შეიძლება იმდენად მკაცრი იყოს, რამდენად კონკრეტიული პირობებს ცოტად თუ ბევრად მაინც ანგარიშს არ გაუწევთ, თუ ასე ვსთქვათ პრინციპიალურ, ტეორეტიულ მსჯელობის სფეროში გადავალთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არც ერთი დარგი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა ისე მჭიდროდ გადანასკული არ არის საერთაშორისო მდგომარეობასთან, როგორც ეკონომიური პოლიტიკა საზოგადოთ, და კერძოთ ფინანსიური პოლიტიკა. საერთაშორისო ეკონომური მდგომარეობა იმდენად ცვალებადია, რამდენადაც ცვალებადია პოლიტიკური პირობები; ამიტომ არსებულ პირობებში ძნელი და შეუძლებელი არის პრაქტიკული ნაბიჯებისთვის ერთი გარკვეული გეგმის შემუშავება. მე არ შევეხები იმ სხვა და სხვა, მართლაც, საჭირბოროტო და მწვავე საკითხებს, რომლის შესახებ აქ ილაპარაკეს, და რომელსაც მჭიდრო კავშირი არ ჰქონდა იმ საკითხთან, რომელიც აქ იყო დასმული. მე მხოლოთ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო არსებობს თუ არა რაიმე გეგმა საგარეო ვაჭრობაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ უკანასკნელ დღემდე ჩვენ ფაქტიურ ბლოკადას განვიცდიდით. რამდენიმე თვის განმავლობაში, ფოთში არც ერთი გემი არ შემოსულა; მაშასადამე, შეგვეძლო საგარეო ვაჭრობა გვეწარმეობია მხოლოდ მახლობელ სახელმწიფოებთან, რომლიდანაც მხოლოდ ერთს შეუძლიან მოგვცეს სამაგიერო საქონელი. და თუ ციფრებს დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოსთან საქონლის გაცვლა-გამოცვლაც გვქონია, და შედარებით, საქონლის ტრიალი თვალსაჩინოც ყოფილა; ეს ერთი. გარდა ამისა, როდესაც სახელმწიფო თვით გამოდის, როგორც ფაქტიური მწარმოებელი საქონლის გაცვლა-გამოცვლისა, აუცილებლად საჭიროა, მას რომელიმე მეორე სახელმწიფო ჰყავდეს კონტრ-აგენტად, ან ასეთ სახელმწიფოსთან სავაჭრო ხელშეკრულებები მაინც იყოს დადებული. სამწუხაროთ, დღეს ეს ადვილი საქმე არ არის და, პირიქით, საერთაშორისო მდგომარეობა, როგორც თქვენც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, მეტათ ცვალებადია. იყო მომენტი, როდესაც ჩვენ, სამწუხაროთ, არ შეგვეძლო არამც თუ საქონლის გაგზავნა უცხოეთში, არამედ ხშირად გვიჭირდა თქვენ მიერ არჩეული პირების და უბრალო შიკრიკების გაგზავნაც კი ისეთი სისწრაფით, როგორც საჭირო იყო. ასეთ პირობებში, შეუძლებელი იყო თვითონ სახელმწიფო შესდგომოდა საქონლის დამზადებას განსაზღვრულ გეგმით; საქონლის დამზადებას სავაჭროთ თან დართული აქვს ერთნაირი ხიფათი, ერთნაირი რისკი, რუსები, რომ იტყვიან ხოლმე. სახელმწიფოს, რომ მხედველობაში აეღო ერთი კურსი, მხედველობაში ჰქონოდა ერთი სახელმწიფო, ერთი კუთხე და ერთი საქონელი იმის მიხედვით დაემზადებია, შეიძლებოდა დიდი ზარალი ენახა, თუ გარემოება შეიცვლებოდა. ამიტომ არა პრინციპის მიხედვით, არამედ იმ ფაქტიურ პირობების მიხედვით, რომელიც არსებობდა, ჩვენ იძულებული ვიყავით, საქონლის გაცვლა-გამოცვლა კერძო პირებისთვის დაგვეთმო. საქონლის გაზიდვის უფლება მათთვის მიგვეცა იმ პირობით, რომ მისი სამაგიეროო საქონელი სხვა და სხვა ხაზით იქნებოდა მოტანილი. მაგრამ ესეც არის აღსანიშნავი, რომ ეს წესი სავსებით მიზანს ვერ აღწევდა, ვერ აღწევდა იმისთვის, როგორც შემოტანილი საქონლის ბატონი, ასე გატანილ საქონლის ბატონ-პატრონი კერძო პირნი არიან, რომელნიც თითონ აწესებენ ფასებს; მათ შეუძლიათ გაზიდულ საქონელში თანაბარი საქონელი შემოიტანონ, მაგრამ საქონლის გადანაწილებაში საკუთარი შეხედულებით და თავისუფალ ფასებით იხელმძღვანელონ. ახლა თუ შესაძლებელია თითონ სახელმწიფომ შეიძინოს ეს საქონელი და მიაწოდოს უცხოეთს, აუცილებელია თითონ სახელმწიფომ აიღოს ეს საქმე. აი აზრი კანონ-პროექტის. აქ ჩვენ გვითხრეს: როდესაც ოცი მილიონი მანეთის კანონ-პროექტით შემოდიხართ, აუცილებელი საჭირო არის, რომ დიდი განმარტებითი ბარათი, დიდი წინასიტყვაობა იყოსო წარმოდგენილი. ეს მართალია, მაგრამ ჩვენ სრულიად სადავოთ არ მიგვაჩნია ის სამიოდე მუხლი კანონ-პროექტისა, რომელშიაც აღნიშნულია, რა დანიშნულებით ითხოვს მთავრობა ამ ფულს, რომ კანონ-პროექტი თავის-თავად არ ნათელჰყოფდეს ამ საქმეს. ვსთქვათ, რომ აქვე გვეთქვა - აი ამა თუ იმ საქონლის გაზიდვას ვაპირებთ თქო, კონკრეტიულად თამბაქოს გაზიდვას; ჩვენ, ჩვენი სიტყვა გვაიძულებს, რომ შევასრულოთ ეს პირობა, მაგრამ მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია თამბაქოს მაგივრათ შავი ქვის გაზიდვა დაგვჭირდეს, ამიტომ მე დასახელება დანამდვილებით, რა საქონელს გავგზავნით, რა საქონელს ჩვენ ადგილობრივ დავამზადებთ, მოუხერხებელია. ერთ და იმავე მიზანს ემსახურება - უცხო ვალიუტას შევიძენთ თუ სხვა და სხვა საქონელს დავამზადებთ, რადგანაც ზოგიერთი დარგი საქონლისა ახლა იგივე ვალიუტა არის ჩვენთვის.

დღევანდელი პირობები მეტად ცვალებადი პირობებია და ციფრებით დასაბუთება და ყველაფრის გათვალისწინება ყოვლად შეუძლებელია იმისთვის, რომ თვით ჩვენი კონტრ-არგუმენტები სარგებლობენ ჩვენი გარემოებით და თვით სცვლიან ხოლმე პირობებს. გარდა ამისა თვით ოცი მილიონი, სამწუხაროთ, დღევანდელ კურსის მიხედვით, დღევანდელ საქონლის ფასების მიხედვით, არ არის ძალიან დიდი. ეს ერთი გემის საქონლის საფასურია. თქვენ მოგახსენეთ, რომ ერთი გემი უკვე მოვიდა, რომელიც ჩვენმა წარმომადგენელმა ლონდონიდან გამოგზავნა, და რომელიც ნაწილად დაიტვირთა და ნაწილად უკვე იტვირთება, გამოგზავნილ საქონლის მაგივრათ ჩვენებურ საქონლის გასაგზავნათ. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლები უკვე არიან წასულნი ბათომში და საქონელს ვღებულობთ. ერთი გემიც, ჩვენი ცნობებით, კიდევ მოდის ჩვენი წარმომადგენლისაგან გამოგზავნილი. ამნაირათ, 20 მილიონი, საქონლის ფასებთან შედარებით, ისეთი მცირე თანხა არის, რომ ჩვენ კონკრეტულ მოთხოვნილებებსაც ვერ დავაკმაყოფილებთ, რომელიც დღესდღეობით ჩვენა გვაქვს. დიდი პოლიტიკის წარმოება საგარეო ვაჭრობის მოწყობაში იმ პრინციპით, რომელსაც შეეხო ნიკო ელიავა, თავის თავად იგულისხმება, რომ 20 მილიონით ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ ეს არის ერთი ნაბიჯი შესავსებლად იმ ნაკლისა, რომელიც საგარეო ვაჭრობაში, გაცვლა-გამოცვლაში, ჩვენში დღემდის არსებობდა; ამისთვის ჩვენ ვთხოვთ დამფუძნებელ კრებას ეს მცირედი თანხა, იმ დიდ მოთხოვნილებასთან შედარებით, რომელიც არსებობს, დღესვე იქნეს მიღებული. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, იმ მუხლებს, რომლის შესახებ აქ იყო ლაპარაკი პირადად მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, თუ ეს შესწორებები შემოტანილი იქნება. მაგრამ ის მოსაზრება, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით კანონ-პროექტის შედგენის დროს იყო მაინც საფუძვლიანი. იმისთვის, რომ დღევანდელ პირობებში ყოვლად შეუძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვჭირდეს გამოყენება არა მარტო საზოგადოებრივი, არამედ კერძო აპარატისაც. სანამ არსებობს დღევანდელი წყობილება, სანამ სხვა პრინციპზედ არ გადავსულვართ, არ შეგვიძლია კერძო აპარატს სულ გვერდი ავარიდოთ, რადგან ტეხნიკა კეძო და საზოგადო დაწესებულებებისა ჯერ-ჯერობით უფრო მოწყობილია, ვიდრე ახალი ჩვენი დაწესებულებების. ეს სრულიად იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეუთანხმდებით იმას, რაც კონკრეტულ პირობებში არ იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი და მისაღები. შეუძლებელია ეხლა მსჯელობა იმაზედ რა პირობებით ჩვენ შევეკვრებით სხვა და სხვა დაწესებულებებს, მაგრამ პრინციპიალურად უარყოფა იმისა, რომ დღევანდელ პირობებში უარი უნდა ვსთქვათ კერძო დაწესებულებების გამოყენებაზე, ჩვენის ფიქრით მიუღებელი არის. ამ მოსაზრებით ჩვენ შეგვქონდა შესაფერი მუხლი კანონ-პროექტში, ხოლო თუ რა პირობებში მივცემდით, - თავის ფასებით გაჰყიდიდნენ საქონელს, თუ იმ ფასებში, რასაც მთავრობა დაადგენდა, - ეს გამოირკვევოდა იმ ხელშეკრულებებში, რომელსაც ჩვენ დაუდებდით. ჩემთვის ხშირად უთქვამთ უცხოელ წარმომადგენლებს: კერძო დაწესებულებათა შორის უფრო სასურველათ მიგვაჩნია ხელშეკრულების დადება; დაგვისახელეთ ბანკების კონსორციუმი, ჩვენც დავასახელებთ იქაურ კონსორციუმს და ისინი ადვილად აწარმოებენ ურთიერთ შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლასო. რასაკვირველია, შესაძლებელია იქაური კონსორციუმები სპეკულაციით ხელმძღვანელობდენ, შეიძლება იქაურიც არ იქმნეს ამის წინააღმდეგი, მაგრამ შეუძლებელია ამისთვის პრინციპიალურად უარვყოთ ის, რომ ასეთ დაწესებულებებს შეუძლია ჯერ-ჯერობით დიდი სარგებლობის მოტანა ამ საქმეში. რასაკვირველია, დიდი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული კერძო აპარატი, ყოველივე უნდა იყოს გამორკვეული, მაგრამ ეს გამორკვევა მაშინ მოხდება, როდესაც კონკრეტიული ხელშეკრულებები დაიდება. ასეთია ჩვენი შეხედულება, მგრამ, როგორც მოგახსენეთ, პრინციპიალურად, მე პირადათ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ეს ორი მუხლი იყოს გამოტოვებული, თუ ასეთია თქვენი სურვილი.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? მომხსენებლის დასკვნა.

თოფურიძე. (ს.-დ.) ერთობ ძნელია კალეიდოსკოპურათ წარმოდეგნილ ფრაზებზე პასუხის გაცემა. მე სწორედ ამას ვერ ვიკისრებ. ბევრი რამ ითქვა, რაც არ ეხებოდა შორეულათაც საქმეს და რაზედაც დღეს დღეობით ლაპარაკი ზედმეტია. მე უპირველესად ყოვლისა შევეხები ფაქტიურ მხარეს. აქ ბ-ნ ასათიანს, რომელიც თითონ წევრია საბიუჯეტო-საფინანსო კომისიისა და სჭირია ისეთ აზრების წარმოთქმა, რომლების წინასწარ გაცნობა შეეძლო მას და იმნაირად შეეძლო, რომ მას თქვენთვის დრო არ დაეკარგვინებინა. ეს დეკრეტი აქ თქვენს წინაშე არ არის წამოყენებული საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისაგან, როგორც ამას ამტკიცებდა ის ორატორი, რომელიც აქ ლაპარაკობდა. ეს დეკრეტი არის მთავრობისა და მისგან არის აქ წარმოდგენილი. ეს დეკრეტი არის მიღებული საბიუჯეტო-საფინანსო კომისიისაგან. მინისტრს სურდა ამ დეკრეტის რაც შეიძლება სწრაფათ გატარება და ამ მიზნის მიღწევის გზა ასეთია: საფინასო-საბიუჯეტო კომისიას აქვს უფლება ინიციატივის და ამიტომ პირველად მინისტრმა კომისიასთან შეთანხმებით ამ გზას დაადგა, როგორც ასეთი მაგალითს არა ერთჯერ ჰქონია ადგილი მინისტრთან შეთანხმებით, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ იკისრა კანონ-პროექტის თავის სახელით წარმოდგენა დამფუძნებელ კრებაში, ეს დეკრეტი პირველად მოხსნილ იქმნა აქ და დღეს კი ეს დეკრეტი არის შემოტანილი მთავრობისაგან. ამნაირად ეს კანონ-პროექტი არის სამინისტროში შედგენილი, მთავრობისგან და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისაგან მიღებული. ეს უნდა ცოდნოდა და ამ ფაქტის გაცნობა მაინც შეეძლო ბ-ნ ასათიანს, ვიდრე აქ გამობრძანდებოდა, რადგანაც ის არის წევრი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა. ყველა ეს, თუ არ ვსცდები, იცის ბ-ნმა ასათიანმა, რომელიც გუშინ დაესწრო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომას, სადაც ამაზე იყო კონკრეტიულად ლაპარაკი და ამნაირად ის, რაც აქ ილაპარაკა, მე მგონია, რომ ეს უბრალო დროის დაკარგვა იყო და სამწუხაროთ ბ-ნმა ასათიანმა კრებას ძვირფასი დრო დააკარგვია. ამნაირად კითხვის ეს მხარე აშკარაა და მარტივია და ამაზედ ლაპარაკი მეტია.

აქ იყო ლაპარაკი საქონლის გაცვლა-გამოცვლის შესახებ. უკვირს ბ-ნ ასათიანს, რატომ ღებულობს თავის თავზე საბიუჯეტო-საფინანსო კომისია ასეთ კანონ-პროექტის შემოტანას, როდესაც არსებობს მთელი რიგი უწყება და არსებობს ისეთი კომიტეტი, როგორიც არის საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტი. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ შეასრულა მხოლოდ თავისი ნამდვილი მოვალეობა და მას ზედმეტი დრო არ დაუკარგავს. ესეც მე მგონია ადვილი გასაგებია და ასათიანმა ეს იცის, და ამაზედ მე მგონია ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ აქ ერთი ძალიან მაკვირვებს: რათ შეუკავშირა ორატორმა ამ კანონს ჭიათურის მრეწველობა? ჭიათურის მრეწველობა, რაც უნდა საინტერესო იყოს ბ-ნი ასათიანისთვის და დამფუძნებელი კრებისათვის, აქ ის მოსატანი მაინც არ იყო, რადგანაც მას კავშირი არა აქვს კანონ-პროექტთან. შემდეგ სოც. რევოლიუციონერთა ფრაქციის წარმომადგენელმა ბევრი ისეთი რამ წარმოსთქვა, რომლის ერთი მეორესთან შეთანხმება ერთობ ძნელია. რა წინააღმდეგობაა ბონების ფასის დაცემის და ამ დეკრეტის შორის, რომლის ძალით ჩვენ გვსურს მთავრობას მივცეთ ოცი მილიონი. მე არ მახსოვს აგრეთვე როდის მივცეთ მთავრობას ორმოცი მილიონი. პირველად არის, რომ მთავრობას 20 მილიონს ვაძლევთ საქონელის შესაძენათ განსაზღვრულ პირობებით. მან უნდა მოაწყოს საქონლის შესყიდვის საქმე და რაც მეტს საქონელს გავზიდავთ ჩვენთვის უკეთესია. ეს ჩვენი ბონების კურსს ასწევს და სხვა და სხვა. სამწუხაროთ რაც გვაქვს ის რიგიან პირობებში უნდა შევიძინოთ და მოვაგროვოთ. გასაზიდავი საქონელი ბევრი არ მოგვეპოვება.

აი სწორედ ეს, რომ მოეწყოს, ასე თუ ისე მოწესრიგდეს, საჭიროა მივცეთ მთავრობას ოცი მილიონი მანეთი, რომელიც უდრის ძველი დროის რამოდენიმე ას ათას მანეთს. შემდეგ აქ ესერების წარმომადგენელმა ბრძანა, - ვაი თუ მთავრობამ კერძო პირებთან ისეთივე ცუდი პირობები შეკრას, როგორც ეს ადრე ხდებოდა და ამან გამოიწვიოს სპეკულაციაო. აი ამაზე რას მოგახსენებთ. ეს რასაკვირველია შეასძლებელია. ბოროტ-მოქმედება ყოველთვის მოსალოდნელია. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ალაგი და ჩვენ გვქონია ხშირად ამ მოქმედებებზე ლაპარაკი. ბევრი ხელშეკრულება ცუდათ იყო შედგენილი ჩვენის აზრით, ზოგიერთ მათგანს, ბოროტ-მოქმედებითი ხასიათი ჰქონდა. ეს იყო წარსულში, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთს საქმეს, ასეთ ხელშეკრულებას ადგილი არ ექნება მომავალში. მაშინ ჩვენ კრიტიკის თვალით ვუყურებდით იმ უწყების მოქმედებას, სადაც ასეთი ცუდი ხელშეკრულებები იწერებოდა. დღეს თქვენი ფრაქცია ალბად თვალყურს ადევნებს მთავრობის ნაბიჯებს და საზიანო ნაბიჯს თქვენი ფრაქცია მიაქცევს ყურადღებას. შემდეგ აქ იყო წარმოდგენილი ბ-ნ ღლონტისაგან ერთი მოსაზრება: - იმან სთქვა აღვადგინოთ ისევე სასურსათო სამინისტრო და მაშინ ვალიუტაც გვექნება და სურსათიცო. მე ასეთ მნიშვნელობას ვერ მივსცემ ამ სამინისტროს აღდგენას.

აი როდესაც ის ფრაქცია, რომლის წარმომადგენელმა წარმოადგინა ასეთი აზრი, დაასაბუთებს ამ აზრს და დაამტკიცებს ჯადოსნურ მნიშვნელობას სამინისტროს დაარსებისას, მაშინ ამ კითხვაზე გვექნება მსჯელობა, ჯერ ჯერობით ეს არ არის დასაბუთებული. მაგრამ ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ სანამ დაარსდებოდეს ასეთი სამინისტრო, ჩვენ რაღაც სხვა ზომები უნდა მივიღოთ: ჩვენ არ შეგვიძლია ცდა სანამ სამინისტრო დაარსდებოდეს, რომელზედაც ბრძანა ბ-ნ ღლონტმა, ჩვენ ვერ დაუცდით, ეხლავე უნდა შეუდგეთ ჩვენს საქმეს. მე მგონია, რომ მაინც და მაინც არსებითად არაფერი წინააღმდეგობა არ გამოუწვევია ამ დეკრეტს, თუმცა ბ-ნ ასათიანმა ბევრი დრო მოანდომა, რომ დაემტკიცებინა, ვითომ ეს დეკრეტი აქ შეუსაბამო გზით შემოვიდა, მაინც საბოლოოთ იმანაც სცნო, რომ ეს დეკრეტი მისაღები არის. რადგანაც არავის არსებითად წინააღმდეგობა არ გაუწევია და წინააღმდეგ სერიოზული მოტივები არ წარმოუდგენიათ, მე დავუბრუნდები ისევ ჩვენ წინადადებას და ნებას მივსცემ ჩემს თავს გთხოვოთ, ის თქვენ დაადასტუროთ.

თავმჯდომარე: არის ვინმე თუ არა წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

თოფურიძე: (კითხულობს)

თავმჯდომარე: პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

თოფურიძე. (კითხულობს).

თავმჯდომარე. წინადადებაა სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ - ეს მუხლი ამოიშალოს. სიტყვა ეკუთვნის ჭავჭანიძეს.

ჭავჭანიძე. სოც.-დემ. ფრაქციის აზრით ეს მუხლი სრულიად მეტია ვინაიდან იგი უფრო არის პოლიტიკის საკითხი და არა კანონმდებლობის. როგორც მთავრობა საუკეთესოდ დაინახავს ისე მოაწყობს, თუ მისი აზრით საზოგადოება, ერობა სჯობია - იმას მიანდობს, თუ კერძო პირები სჯობია, კერძო პირებს მიანდობს, თუ საჭირო იქნება თითონ აიღებს და ამასთანავე პასუხისმგებელი თითონ იქნება დამფუძნებელ კრების წინაშე ისე, როგორც სხვა თავის ნაბიჯებში. აი ამ მუხლის შესახებ, ფრაქცია ფიქრობს, რომ უნდა იყოს ამოშლილი ეს მუხლი. ამასვე ფიქრობს მესამე...

თავმჯდომარე. უკაცრავად, მარტო მეორეზე ვლაპარაკობ. მომხსენებლის დასკვნა ამ მუხლის შესახებ.

მომხსენებელი. რადგანაც არსებითად არაფერს სცვლის მე წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ ეს მუხლი ამოშლილი იყოს? ეს მუხლი ამოშლილი გახლავთ, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხი გახლავთ:

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მთავარი საბაჟოს სამმართველოს და ფოთისა და სუხუმის საბაჟოების გადიდების შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი დ. შარაშიძე, ვთხოვ მომხსენებელს (ხმები: არ არის) მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, უმორჩილესად ვთხოვ კომისიებს, როდესაც დაავალებს ვისმეს მოხსენების გაკეთებას, წინდაწინ გააფრთხილოს და მიიღოს ზომები, რომ ასეთ მდგომარეობაში არ ჩააყენოს პრეზიდიუმი. შემდეგი საკითხი გახლავთ:

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგისა და ბარგ-საქონლის მისაცემ ფასის გადიდების შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი ჭავჭანიძე

ჭავჭანიძე. (ს.-დ.) მოქლაქენო! მოგეხსენებათ, რომ მგზავრები, დაკარგულ, გამოგზავნილ რკინის გზით, ბარგებში, თუ ეს ბარგი დაიკარგა, აიღებს ერთგვარ ანაზღაურებას ამ დაკარგულ ბარგიდან. რაოდენობა ამ ანაზღურებისა იყო განსაზღვრული იმისდამიხედვით, თუ რომელი კლასით მიემგზავრებოდა მგზავრი. თუ პირველ კლასით მიემგზავრებოდა, დაკარგულ ბაგაჟში ის მიიღებდა სამ მანეთს გირვანქაში, მეორე კლასით - 2 მანეთს, მესამე კლასით ერთ გირვანქაში ერთ მანეთს. დღეს ეს თანხა ანაზღაურებისა ძალიან მცირედია, რადგანაც ძნელი მოსანახია ისეთი საქონელი, რომლის ღირებულება გირვანქისა ერთ მანეთად განისაზღვრებოდეს. ასეთ პირობებში თვით იმასაც კი, ვინც მიყვება ვაგონს, თუ ის, მაინცა და მაინც კეთილსინდიიერი კაცი არ არის, შეუძლიან თითონ წაიღოს ეს საქონელი, მიისაკუთროს და შემდეგ ერთი მანეთი გადაიხადოს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მთელი მთავრობა ან სასამართლო შესძლებს იმის დამტკიცებას, რომ ეს ბარგი დაიკარგა იმის მიზეზით. თუ ეს არ მოხდა, თავის თავად ცხადია, ვაგონის მხლებელი სრულიად თავისუფალია ყოველგვარ პასუხისმგებლობისაგან ამ მხრივ.

ამიტომ მგზავრს ეშინია მისცეს თავისი ბაგაჟი რკინის გზის სადგურს, მგზავრები ძალიან ფრთხილათ არიან და არ გზავნიან თავის ბარგს, როგორც ბაგაჟს, რადგანაც ძალიან ხშირად დაკარგულა ეს ბარგი და კიდევაც კარგავენ, სწორეთ ამით შეიძლება აიხსნას, რომ სამგზავრო ვაგონი წარმოადგენს საბარგო ვაგონს. წარმოიდგინეთ, მიდის მგზავრი და თავისი ბარგ-ბარხანა თან მიაქვს და ვაგონში დასაჯდომი ადგილი არ მოიპოვება. რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ პასუხისმგებლობა გაიზარდოს იმისა, ვინც ამ საბარგო ვაგონს მიყვება, რომ ეშინოდეს ამ საქონლის დაკაგვისა, რომ ეს მის დაუდევრობით ჩაითვალოს და უფრო დიდი პასუხისმებლობა დაედოს, ამიტომ რკინის გზის უწყებამ საჭიროდ დაინახა, რომ ასანაზღაურებელი თანხა გადიდებული იყოს. ამისდამიხედვით საფინანს-საბიუჯეტო და გზათა კომისია დაინეტრესებულნი არიან იმ საშუალებით, რომელიც წარმოდგენილია, როგორც დროებითი ზომა და წინადადებას იძლევიან, რომ მიღებულ იქნეს ეს კანონ-პროექტი გზათა უწყების მიერ შემოტანილი.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ, მაშასადამე, კანონ-პროექტი სათანადო ვადის შემდეგ დაუბრუნდება მეორე განხილვას.

მეტი არაფერი არ არის დღიურ წესრიგში. ეხლა მოისმინეთ დღიური წესრიგი შემდეგი სხდომისა.

მდივანი: (კითხულობს).

თავმჯდომარე. ამას დაემატება კანონ-პროექტი, რომელიც მომხსენებლის არ მოსვლის გამო გადაიდო. საგანგებო სხდომა დანიშნულია კვირას 12 საათზე. კრებას ვხურავ.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 1 საათსა და 45 წუთზე. 217

10 ოცდა მეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

კვირა. ივნისის, 22. 1919 წელი. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 1 საათსა და 7 წუთზე.

თავმჯდომარე. საგანგებო სხდომა გახსნილი არის. როგორც მოგეხსენებათ დღევანდელ სხდომაზე დამფუძნებელ კრებას საბოლო განსახილველად აქვს პროექტი იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო აზერბეიჯანის რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შორის.

მომხსენებლი გახლავთ კრების წევრი სიმონ მდივანი

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებლს.

სიმონ მდივნის სიტყვა

(მომხსენებელი)

დამფუძნებელ კრების წევრნო! გარეშე საქმეთა კომისიის და იურიდიულ კომისიის დავალებით, უნდა მოგახსენოთ ის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს მთავრობის და აზერბეიჯანის მთავრობის მიერ. ეს ხელშეკრულება არის პირველი ნაბიჯი, გადადგმული იმ მიზნებისკენ, რომელსაც ემსახურება საქართველოს რესპუბლიკა დღიდან მისი დაარსებისა. თქვენ კარგად გეხსომებათ ის სიტყვები, რომლითაც მიმართა საქართველოს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ პირველ თავის სიტყვაში ეროვნულ საბჭოში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია კეთილგანწყობილება მეზობელ ერებთან. ჩვენი ცდა ის იქნება, რომ არავითარ მილიტარისტულ ავანტიურაში ჩვენ არ ჩავაგდოთ ჩვენი ქვეყანა. შევქმნათ დემოკრატიული კავშირი ყველა იმ ერებთან, რომელნიც ჩვენ გვერდით მოსახლეობენ და რომლებთანაც ჩვენ ისტორიულად და მომავალშიაც ერთ გზით სვლა დაგვჭირდება. აი ეს იყო ძირითადი პრინციპი, რომლითაც ჩვენი მთავრობა ხელმძღვანელობდა და ამ პრინციპის განხორციელება მუდმივი საზრუნავი იყო. თქვენ იცით კარგად, რომ ნაბიჯი ამ აზრის განსახორციელებლად გადადგმული იყო ჯერ კიდევ ენკენისთვეში: მთავრობამ მიჰმართა მოწოდებით მეზობელ ერებს და მოუწოდა მათ კონფერენციისთვის. მაგრამ ეს კონფერენცია მაშინ არ შესდგა. ყოველ შემთხვევაში ამის დამაბრკოლებელი მიზეზი საქართველოს რესპუბლიკის გარეშე იყო. შემდეგ, მიუხედავად ამ მოწოდებისა, მიუხედავად ასეთ გულწრფელ სურვილისა, ჩვენ განვიცადეთ ომი სომხებთან, ამ ომმა ნათელი ჰყო ყველასათვის, რომ ერთად-ერთი გზა ცხოვრების მოწყობისა, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა არის ის გზა, რომლისკენ ისე დაჟინებით მოუწოდებდა მეზობლებს საქართველოს რესპუბლიკა. ხსენებული კონფერენცია შესდგა კიდეც აპრილში და აქ გამოცხადდნენ ამიერ-კავკასიის ფარგლებში მცხოვრები ყველა ერები, აგრეთვე წარმომადგენელნი ჩრდილოეთ-კავკასიის რესპუბლიკისა. მაგრამ ჯერ კიდევ დაუსრულებელია მუშაობა ამ კონფერენციისა, ჯერ კიდევ არის საკითხები გამოურკვეველი, ჯერ კიდევ მთელი რიგი საკითხებისა ეკონომიური და სხვა იმგვარი, დაუმთავრებელია. მაგრამ ამ დროს წამოიჭრა ჩრდილოეთის საფრთხე და ამ ჩრდილოეთის რეაქციამ და საფრთხემ დააჩქარა ის აქტი, რომელიც ისედაც უნდა მომხდარიყო. ეს იყო ერთგვარი საბაბი იმ მოვლენისა, რომელსაც საფუძველი წარსულში აქვს და ამ საფუძველმა მოგვცა საშუალება, რომ ეს ხელშეკრულება დადებული ყოფილიყო. და ამ ხელშეკრულების პრინციპია ძალთა გაერთიანება, სუვერენობის შენარჩუნება, უფლებების დაცვა - ერთი მთლიანი კავშირის შექმნა. ამ კავშირს აქვს, რასაკვირველია, ერთი ნაკლი და ეს ნაკლიც ჩვენ ძალთა გარეშე არის: ხელშეკრულობაში არ იღებს მონაწილეობას მესამე რესპუბლიკა ამიერ-კავკასიისა - სომხეთი. ჩვენი ცდა მუდმივ ის არის, რომ პოლიტიკურად სომხეთი მიდიოდეს იმ გზით, რა გზითაც მიდიოდა ყოველთვის საქართველოს დემოკრატია. საქართველოს დემოკრატიის მიზანი იყო უწინარეს ყოვლისა, დამყარება თავის საკუთარ ძალაზე და შემდეგ გაერთიანებულ ძალაზე, შეკავშირება მეზობელ დემოკრატიასთან.

მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, უნდა აღვიაროთ, რომ სომხეთის ხალხის ხელმძღვანელები სულ სხვა გეზს, პოლიტიკას აწარმოებენ. უწინარეს ყოვლისა მათ იმედი აქვთ გარეშე ძალისა. ამ პოლიტიკიდან გამომდინარეობს ყოველი დამოკიდებულება, როგორც მეზობელ ისე სხვა ერებთან. ეს პოლიტიკური გეზი ჩვენთვის მიუღებელია. ვისაც შეთვისებული აქვს საქართველოს დემოკრატიის მიერ აღიარებული პოლიტიკა, ისინი უკვე არიან აქ, ამ ხელშეკრულობაში. მაგრამ სომხეთის ხელმძღვანელები ჯერ კიდევ ჩვენთან არ არიან. მე არ მინდა ამით ვსთქვა, რომ სომხეთის დემოკრატია მუდმივ ამ ნიადაგზე დარჩება. აშკარაა ყველასათვის, რომ თუ დღეს არა, ახლო მომავალში მაინც გაიგებს სომხეთის ხალხი, რომ მისი ხელმძღვანელები არ არიან გამომხატველნი საერთაშორისო დემოკრატიის იდეალებისა, და როდესაც ამას მიხვდება თვით ხალხი - საკითხი სხვანაირად გადაიჭრება და გვექნება ის კავშირი, რომლისთვისაც ამ ხელშეკრულებაში აქვს დატოვებული ადგილი. დღეს კი თუ ეს ადგილი ცარიელია, მომავალში მაინც იგი შეივსება და აქ ვიხილავთ სომხეთის რესპუბლიკის ხელმოწერას.

ჩვენთვის ამ ხელშეკრულებას ერთი მნიშვნელობაც აქვს. ყოველდღე შავი ყორნები თავს დაგვტრიალებენ და დაგვჩხავიან - არც საქართველოს, არც აზერბეიჯანს დამოუკიდებლად არ შეუძლიან ცხოვრებაო. ეს არის ლეიტ-მოტივი ბურჟუაზიულ გაზეთებისა საზღვარ-გარედან: - ჩვენ არ გვაქვს უნარი შინაური ცხოვრება მოვაწყოთ, არ გვაქვს საშუალება და შეძლება კეთილი ურთიერთობა ერთმანეთთან დავამყაროთ და თუ ბატონ-პატრონი არ გაგვიჩნდა დროზე, ამიერ-კავკასია იქნება მეორე ბალკანეთი, რომლის ცეცხლი შეიძლება კიდევ ხელმეორედ მოედოს ევროპასო. მაგრამ ეს საბუთი, ეს ხელშეკრულება უტყუარი მოწმეა არის იმის, რომ ჩვენ დემოკრატიას და აზერბეიჯანის დემოკრატიას შეუძლიანთ მოწესრიგება თავის საქმეების სხვის დაუკითხავად, სხვის დაუხმარებლივ. ამ ხელშეკრულებით ჩვენ ვაიძულებთ ყველას ვინც კი აქამდე ჩვენდამი მტრულად არის განწყობილი, სთქვას - ერთი წელია რაც თავისუფალი რესპუბლიკები დაარსდა და უკვე ფაქტია ის შეთანხმება, რაიც ჩვენი სიმწიფის მაჩვენებელია. თვით ხალხმა აიღო ძალა-უფლება ხელში და ამ ხალხმა იგრძნო თავისი თავი და იხილა თავისი სახე.

ამ ხელშეკრულებას აქვს შემდეგ ის მნიშვნელობაც, რომ ის არ წააგავს არც ერთ ხელშეკრულებას, რომელიც დღევანდლამდე ყოფილა დადებული: თქვენ კარგად იცით, ყოველ ხელშეკრულებას, ყოველ კავშირს შეთანხმებისას ძველად ჰქონდა საფუძვლად აგრესიული მიზნები, არა თავდაცვა, არა ტერიტორიული ხელუხლებლობა, არამედ თავდასხმა იყო მათი მიზანი. ეს ხელშეკრულება კი უწინარეს ყოვლისა თვის მიზნად ისახავს დაცვას დამოუკიდებლობისს, ხელუხლებლობას თავის ტერიტორიისას. მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ხელშეკრულებაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგავვიწყდეს, რომ იგი არ ჰგულისხმობს ტერიტორიალურ კონფლიქტებს, რომელიც მოსალოდნელია მოხდეს ამიერკავკასიის სხვა და სხვა სახელმწიფოს შორის, ვინაიდან ჯერ ტერიტორიალური გადამიჯვნა ამიერ-კავკასიაში არ მომხდარა, მაგრამ კერძოდ საქართველოს და აზერბეიჯანის რესპუბლიკათა შორის ეს საკითხი უკვე გადაჭრილია, და ეს არის კიდევ ერთი უაღრესი მნიშვნელობა ამ ხელშეკრულობისა. აქ არის აღნიშნული, რომ ტერიტორიალური დავა, რომელიც ამ ორ სახელმწიფოთა შორის შეიძლება ასტყდეს, უნდა გადაწყდეს შეთანხმებით; თუ ეს შეთანხმება არ მოხდა - მაშინ არის არბიტაჟი და ამ არბიტაჟის დადგენილება სავალდებულოა ორივე რესპუბლიკისათვის. ამით ერთი ნაბიჯი გადადგმულია გაერთიანებისაკენ და ერთი ეკონომიურ კავშირის შექმნისაკენ.

დღეს ყველას მოპყრობილი აქვს თვალი პარიზის კონფერენციაზე. ნაწილი საზოგადოებისა მოელის, რომ პარიზის კონფერენცია მისცემს ყველა საკითხზე გადაჭრილ პასუხს. თუ ეს მართლია, თუ ამ მცირე ნაწილის მოლოდინი გამართლდება, ამ შემთხვევისთვისაც გვაქვს ამ ხელშეკრულებაში მუხლი, რომელიც ავალებს როგორც ერთ რესპუბლიკის დიპლომატიას, ისე მეორე რესპუბლიკის დიპლომატიას - საერთო გამოსვლას, საერთო მოქმედებას და საერთო ძალით დაცვას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიალურ ხელშეუხებლობისა და თუ მოხდა პარიზის კონფერენციის მიერ რაიმე საკითხების გადაწყვეტა, არ მგონა პარიზის კონფერენციამ ამას ანგარიში არ გაუწიოს და ორ მეზობელ ხალხის სურვილი არ მიიღოს საკითხის გადაჭრის დროს აუცილებელ მოტივად.

მაგრამ გარდა პარიზის კონფერენციისა ჩვენ გვაქვს საქმე აგრედვე ევროპის დემოკრატიასთან, იმ დემოკრატიასთან, რომელიც ჯერჯერობით კორეკტივია პარიზის კონფერენციისა, მომავალი კი ამ დემოკრატიისა და ამ დემოკრატიასაც ეს ხელშეკრულება ექნება უმნიშვნელოვანეს აქტად, რომელიც მიიყვანს მასთან, ევროპის დემოკრატიასთან საქართველოს და აზერბეიჯანის დემოკრატიას.

ამ შეთანხმებას აქვს ვადა და და ამ ვადის განმავლობაში, რომ მოხდეს თავდასხმა მესამე სახელმწიფოსი, იმ დროს როდესაც ორი შეთანხმებული სახელმწიფო თავს იცავს, იცავს დამოუკდებლობას და ტერიტორიალურ ხელშეუხებლობას. ამ ხელშეკრულების ძალით, ის სახელმწიფო, როელიც ასეთ პირობებში თავს დაესხმის ერთ-ერთ მოკავშირე სახელმწიფოს, - იგი იქნება მიჩნეული საერთო მტრად და მასთან სეპარატიული ზავის შეკვრა შეუძლებელი იქნება. შეუძლებებლი იქნება ამ ხელშეკრულების ძალით აგრედვე რაიმე სამხედრო კონვენციის შექმნა მესამე, გარეშე სახელმწიფოსთან, თუ წინასწარ შეთანხმება არ მოხდა აზერბეიჯანსა და საქართველოს შორის.

ჩვენი მთავრობა არ შეასრულებდა თავის მისიას, რომ ამ ხელშეკრულებაში არ ეგულისხმებინა, თუმცა ძნელად დღევანდელ პირობებში განსახორციელებელი, მაგრამ მაინც დიდი აზრი ხალხთა ლიგის შექმნისა, და როდესაც ამ შეთანხმების სახელმწიფო შევა ხალხთა ლიგაში, გადაიქცევა მის წევრად და მიაღწევს იმ მიზანს, ხალხთა ლიგას, რომ აქვს დასახული, ესე იგი დაცვა ყოველ ერის, ყველა ერის დამოუკიდებლობისა - მაშინ ეს ხელშეკრულება თავის თავად ისპობა, ვინაიდან უფრო დიდი მფარველი და პატრონი წვრილ ერებისა ნაგულისხმევია თვით ხალხთა ლიგის მიერ.

ამ რიგად მთელი რიგი მთავარ საკითხების უკვე გადაწყვეტილია. მომავალში დაისმება მეორე და მესამე რიგის საკითხები, როგორიც არის ეკონომიური და ფინანსიური. და ეს იქნება შინაარსი მომავალი ხელშეკრულებებისა.

როგორც თავში მოგახსენეთ, არის ერთი მუხლი, რომელიც შეეხება სომხების რესპუბლიკას. ჩვენ ვიცით ის სამწუხარო ნაბიჯი, რომელიც გადადგა სომხეთის დელეგაციამ ამიერ-კავკასიის კონფერენციაზე. როდესაც საფრთხე ჩრდილოეთის რეაქციისა წინ წამოიჭრა და მოითხოვდა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებისაგან გადაჭრილ პასუხს მოითხოვდა, რომ თვითეულ ერს გამოემჟღავნებინა თავისი ნება და თვისი დაჟინებითი სურვილი: დაიცვას თვისი თავი და არავის მისცეს ნება ძალით ჩაერიოს მის საქმეში, - ამ დროს სომხეთის დელეგაციის წევრებმა უარი გამოაცხადეს ამგვარ გამოსვლაზე. მაგრამ, როგორც თავში მოგახსენეთ, საქართველოს მთავრობას დღესაც სწამს, რომ სომხეთის ხალხი ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობას მიიღებს ადრე თუ გვიან, და რომ ეს უფლება სომხის ერს ჰქონდეს, ამისთვის ამ ხელშეკრულებაში სათანადო მუხლია შეტანილი. ამ მუხლით იდება ვადა, ორი კვირის ვადა და მათ ეძლევათ საშუალება მიიღონ ეს ხელშეკრულება ასასრულებლად.

ამნაირად დაიდო ეს ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებას არავითარი საიდუმლოების ბეჭედი არ აზის. ეს არის გულახდილი, მეგობრული, ძმური და დემოკრატიული შეთანხმება ორი ერისა. და თუ მესამე ერიც შეურთდება ამ ხელშეკრულებას, მიღწეული იქნება ის იდეალი, რომლისთვისაც მთელი დემოკრატია იბრძვის, რასაკვირველია, ამ ხელშეკრულებას არავითარი ძალდატანება, სიმპატია ან ანტიპატია არ ახასიათებს, არავითარი სხვა ორიენტაცია ამას საფუძვლად არ უდევს. საქართველოს დემოკრატიისთვის და აზერბეიჯანის დემოკრატიისთვის საჭირო არის მხოლოდ ერთი რამ: მისი დამოუკიდებლობის დაცვა და მისი ტერიტორიის ხელშეუხებლობა. და თუ ამ მიზანს ორივე დემოკრატია მიახწევს - ეს იქნება მისი გამარჯვება და აქ ადგილი არ ექნება არავითარ ორიენტაციას, მესამე ძალაზე იმედების დამყარებას. ეს ხელშეკრულება განხილული იყო გარეშე საქმეთა და იურიდიულ კომისიის მიერ. ჩვენ განვიხილეთ აგრეთვე რწმუნებულის ქაღალდები და ვცანით ისინი სწორად. ამის და მიხედვით ეს ხელშეკრულება გარეშე საქმეთა კომისიამ განიხილა და წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას დამტკიცებული იქნეს ეს ხელშეკრულება.

თვით ტექსტი ამ ხელშეკრულობისა ასეთი არის. (კითხულობს).

საქართველოს და აზერბეიჯანის შორის დადებულ ხელშეკრულების ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ერთის მხრით, წარმოდგენილი გარეშე საქმეთა მინისტრის გეგეჭკორის, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრის რამიშვილის, სამხედრო მინისტრის ამხანაგის გენერალ გედევანიშვილის სამხედრო საბჭოს წევრის გენერალ ოდიშელიძისაგან.

და აზერბეიჯანის რესპუბლიკის მთავრობა მეორე მხრით, წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჯაფაროვის, სამხედრო მინისტრის მეხმანდაროვის, და გენერალურ შტაბის უფროსის გენერალ სულკევიჩისაგან,

გაეცნენ რა რწმუნებულებას და სცნეს იგი სათანადო ფორმით და სახით შედგენილად,

იმ სერიოზულ საფრთხის გამო, რომელიც მოელის ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას, დასდვეს შეთანხმება ესე შემდეგ საფუძველზე:

1. ამ შეთანხმების დამდები სახელმწიფონი ვალდებულნი არიან ერთად გამოვიდნენ ყველა თავის შეიარაღებულ ძალებით და სამხედრო საშუალებით ყოველგვარ თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც ემუქრება შეთანხმების მონაწილე ერთს ან ორთავე რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას ან ტერიტორიულ ხელშეუხებლობას.

შენიშვნა: პარაგრაფი ესე არ ვრცელდება კონფლიქტებზე, რომელიც შესაძლოა ასტყდეს საზღვრების გამო ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ გადამიჯვნის ნიადაგზე.

2. უკეთუ რომელიმე მეზობელ სახელმწიფო, უკვე დაწყებულ, პირველ პარაგრაფით ნაგულისხმევ, სამხედრო მოქმედების დროს თავს დაესხმის ერთს ან ორივე მოკავშირეს საზღვრის გამო დავის იარაღით გადაჭრის მიზნით, ასეთი სახელმწიფო მეომარ მხარეთ ჩაითვლება.

3. ამ შეთანხმებას აქვს მარტოოდენ თავდაცვითი ხასიათი და უკეთუ ერთი მხარეთაგანი თავის ინიციატივით - წინასწარ შეუთანხმებლად, ომს გამოაცხადებს ან სამხედრო მოქმედებას დაიწყებს, ამ შეთანხმების დამდები მეორე მხარე ვალდებული არ არის მონაწილეობა მიიღოს ამ სამხედრო მოქმედებაში.

4. ამ შეთანხმების დამდები მხარენი ვალდებულნი არიან ყოველი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა ჩამოვარდეს მათ შორის საზღვრების გამო, შეთანხმებით ან არბიტრაჟის საშუალებით, გადასწყვიტონ და ეს გადაწყვეტილება უნდა მიჩნეულ იქნეს საბოლოოდ და სავალდებულოდ ორივე მხარისათვის.

5. შეთანხმება ესე დადებული სამი წლის ვადით, ერთი წლის წინ, ამ ვადის გასვლამდე, თვითეულ შეთანხმების დამდებ მხარეს უფლება ენიჭება განაცხადოს თავისი სურვილი შეთანხმების განგრძობისა ახალი ვადით ან შეთანხმებაზე უარის თქმისა; უკანასკნელ შემთხვევაში შეთანხმება კარგავს ძალას მხოლოდ დადებულ ვადის გასვლისას.

6. შეთანხმების დამდები მხარენი ვალდებულნი არიან სოლიდარულად გამოვიდნენ და აწარმოონ დიპლომატიური მოლაპარაკება, მიმართული ორივე სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენულ უფლებათა დაცვისათვის.

7. უკეთუ პირველსა და მეორე პარაგრაფში აღნიშნული პირობები შეიქმნა, შეთანხმების დამდები სახელმწიფონი ვალდებული არიან სეპარატიული ზავი არ შეჰკრან.

8. შეთანხმების დამდები მხარენი ვალდებული არიან სხვა სახელმწიფოსთან სამხედრო კონვენციები არ შეჰკრან მოკავშირესთან წინაწარ შეუთანხმებლად.

9. უკეთუ მეხუთე პარაგრაფში აღნიშნულ ვადის გასვლამდე დაარსდა ხალხთა ლიგა, რომელიმე უზრუნველჰყოფს ყველა მის მონაწილე სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას და საზღვრების ხელშეუხებლობას, იმ მომენტიდან, როდესაც ამ შეთანხმების დამდები რესპუბლიკები შევლენ ხალხთა ლიგაში, ეს შეთანხმება ჰკარგავს ძალას.

10. ამიერ-კავკასიის მესამე რესპუბლიკას, სომხეთს, უფლება ენიჭება, ორი კვირის განმავლობაში, ამ შეთანხმების ოფიციალურად შეტყობინების დღიდან განაცხადოს, რომ თანახმაა ამ შეთანხმებას შემოუერთდეს.

11. რატიფიკაციათა გაცვლა უნდა მოხდეს ქალაქ ბაქოში დღიდან ხელის მოწერისა.

12. ეს შეთანხმება შედგენილია ორი დედნით.

საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრი . . გეგეჭკორი.

აზერბეიჯანის გარეშე საქმეთა მინისტრი .. ჯაფაროვი.

სამხედრო მინისტრი . რამიშვილი.

სამხედრო მინისტრი გენერალი მეხმანდაროვი,

სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალ-მაიორი - გედევანიშვილი.

გენერალი - ოდიშელიძე.

გენერალურ შტაბის უფროსი გენერალი სულკევიჩი.

ქ. თფილისი.

ათას ცხრაას ცხრამეტი წელი

ივნისი მეთექვსმეტე დღე.

რუსულ დედანთან სწორეა.

საქართველოს დამფუძნებელ კრების იურიდიულ კომისიის თავმჯდომარე არსენიძე.

მდივანი. დედანი რუსულად არის დაწერილი და მოგახსენებთ ეხლა: (კითხულობს).

Правительство Республики Грузии с одной стороны, представленное Министром Иностранных Дел Гегечкори, Министром Военным и Внутренных Дел Рамишвили, Помощником Военнаго Министра Генералом Гедевановым и Членом Военнаго Совета Генералом Одишелидзе - и Правительство Азербейджанской Республики с другой стороны, представленное Министром Иностранных Дел Джафаровым, Военным Министром Генералом Мехмандаровым и Начальником Генерального штаба Генералом Сулькевичем.

которые ознакомились с полномочиями и нашли их в должной форме и надлежащем виде, заключили, в виду серьёзной угрозы независимости закавказских Республик, настоящее соглашение на следующих основаниях:

1. Договаривающаяся государства обязуются выступать совместно всеми вооруженными силами и военными средствами против всякого нападения, угрожающаго незавмсимости или территориальной неприкосновенности одной или обеих договаривающихся Республик.

Примечание: Параграф этот не распространяется на пограничные конфликты, могущие возникнуть на почве еще не закончившагося территориальнаго размежевания Закавказских Республик.

2. Если какое либо соседнее государство, во время уже открывшихся согласно § 1-го военных действий нападёт на одного или обоих союзников с целью разрешения силою оружия пограничных споров, то таковое государство признается воюющей стороной.

3. Настоящее соглашение носит строго оборонительный характер, и если одна из сторон, по собственной инициативе, без предварительнаго соглашения, объявляет войну или открывает военные действия, то другая договаривающаяся сторона не обязяна участвовать в этих военных действиях.

4. Договаривающиеся стороны обязуются все могущие возникнуть между ними споры о границах разрешать путем соглашения или арбитража, решения котораго признаются окончательными и обязательными для обеих сторон.

5. Настоящее соглашение заключается сроком на 3 года. За год до истечения этого срока каждой из договаривающихся сторон предоставляется право заявить о своем желании продлить его на новый срок, или об отказе от соглашения; в последнем случае соглашение теряет силу лишь по истечении назначеннаго срока.

6. Договаривающияся стороны обязуются солидарно выступать и вести допломатические переговоры, направленные к охране независимости и суверенных прав обоих государств.

7. При наступлении условий, указанных в § 1 и 2-м, договаривающияся государства обязуются не заключать сепаратнаго мира.

8. Договаривающияся стороны обязуются не заключать военных конвенций с другими государствами без предварительнаго согласия союзника.

9. Если до истечения срока, указаннаго в § 5-м, создастся лига Народов, гарантирующая независимость и неприкосновенность границ всем государствам, входящим в её состав, то с момента вступления договаривающихся Республик в Лигу Народов настоящее соглашение утрачивает силу.

10. Третьей Закавказской Республике - Армении предоставляется право в 2-х недельный срок со дня оффициальнаго сообщения настояшаго договора заявить о своем согласии присоединится к этому соглашению.

11. Обмен ратификациями производится в гор. Баку, в двухнедельный срок со дня подписания.

12. Настоящее соглашение составлено в двух подлинниках.

Министр Иностранных Дел Грузии Гегечкори

Министр Иностранных Дел Азербейджанской Республики М. Ю. Джафаров.

Военный Министр Н. Рамишвили.

Военный Министр Мехмандаров.

Помощник Военнаго Министра Генер.-Майор Гедеванов.

Начальник генеральнаго штаба Генерал Одишелидзе.

Генерал-Лейтенант Сулькавич.

Город Тифлис.

Тысяча девятьсот девятнадцатаго года

Июня шестнадцатаго дня.

საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის სიტყვა.

მოქალაქენო! საზოგადოდ, ადამიანი დაფასდება არა იმით, რასაც ის ლაპარაკობს, არამედ იმით, თუ რას აკეთებს ის.

სწორედ ჩვენც მოვითხოვთ, რომ, როგორც თქვენ, ისე ყველამ აი ამ საზომით მოგვმართონ და ამ საზომით განსაჯონ ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

ამ ტრიბუნიდან არა ერთხელ თქმულა მთავრობის სახელით, რომ უმთავრესი გეზი, არამც თუ საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში, არამედ მთელ ჩვენ მოღვაწეობაში, რომლის ირგვლივ ტრიალებდა მთელი ჩვენი პოლიტიკური და ადმინისტრატიული ენერგია, ეს გახლავთ კეთილ-მეზობლური განწყობილება ამიერ-კავკასიაში მობინადრე ერებთან, სოლიდარული კავშირის მათთან დამყარება და ხელი-ხელ ჩაკიდებული, საერთო ძალით, საერთო შრომით სამსახური - სახელმწიფოს ფარგლებში, რასაკვირველია, ამა თუ იმ ერის სასარგებლოთ, - და საერთო ასპარეზზე კი - მთელი ამიერ-კავკასიის ერების ბედნიერება და კეთილდღეობა.

აი, ის უმთავრესი ხაზი, რომელიც საქართველოს მთავრობას თავის მოქმედებაში ჰქონდა აღებული და ამ ხაზით ის მიდიოდა.

თავის თავად ცხადია, რომ არ კმარა აი ასეთ, თუნდაც ძლიერ ლამაზ, ძლიერ სასიამოვნო ლოზუნგის წამოსროლა, - პირიქით, თუ კი ეს ლოზუნგი ჰაერში რჩება, და ის, ვინც მას აყენებს, არ სცდილობს, ყოველნაირ საშუალებას არ ხმარობს, რომ ის ცხოვრებაში გაატაროს, - ასეთი მოღვაწე, ანუ მთავრობა სწორედ დაიმსახურებს, რომ ყველამ უწოდოს ცბიერი პოლიტიკის მწარმოებელი მთავრობა.

მე მინდა დღეს ნათლად დაგანახოთ არა თქვენ, ვინაიდან, თქვენ კარგად იცით ჩვენი მუშაობა და ეჭვი არ შეგაქვთ ყველა იმაში, რასაც მოგახსენებთ, არამედ მე მინდა ამ ტრიბუნიდან, რამდენადაც ჩვენი ხმა მისწვდება ყველას, ერთხელ კიდევ აშკარად დავამტკიცო, რომ ჩვენი ლოზუნგი ერთა სოლიდარობისა არ ყოფილა ფარატინა ქაღალდზე დაწერილი ფრაზა, არამედ ეს იყო ის რეალური ღირებულება, რომელსაც ჩვენ მუდამ მაღლა ვაყენებთ და მის ცხოვრებაში გატარებას ვხედავთ ამიერ-კავკასიის ერების, და კერძოთ ქართველ ხალხისა და ჩვენ დემოკრატიზმის კეთილდღეობას.

საგარეო კომისიის მომხსენებელმა, მოქალაქე მდივანმა, ზოგიერთი მომენტი ჩვენი მოღვაწეობისა, ამ მხრივ, უკვე აღნიშნა. მე მინდა მხოლოდ დაუმატო, რომ მართლადაც, საქართველოს მთავრობას ბედმა არგუნა ამ შემთხვევაში ყოფილიყო ინიციატორი ამ ჩვენ სოლიდურ მუშაობის შენობის აგებისა.

და კიდევ შარშან, სექტემბერში, ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენ მეზობლებს, რომ ამ მუშაობისთვის ისინიც გამოსულიყვნენ. თქვენ გახსოვთ რა მოხდა ამ ჩვენ მოწოდების შემდეგ, საერთო მდგომარეობამ ხელი შეუშალა ჩვენ კეთილშობილურ განზრახვას, და იყო დრო, როდესაც არა ერთი და 2 პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ ამიერ-კავკასიის ერთა შორის სალიდარობის საქმე დიდი ხნით დასამარდა.

მაგრამ, ჩვენი ცხოვრების ქარტეხილის ღრუბლები კვლავ გაიფანტა, და ჩვენ მოგვეცა საშუალება ეს მოწოდება ცხოვრებაში გაგვეტარებინა.

და თქვენ იცით, რომ ჩვენის ინიციატივით ჩვენის დაჟინებით, 26 აპრილს, თავი მოიყარეს კავკასიის კონფერენციაზე 4 ერის წარმომადგენლობამ.

პირველი ჩვენი შეხვედრა იმედის მომცემი იყო. ყველა აქ წარმოთქმული სიტყვა იყო საბუთი იმისა, რომ პასუხისმგებელნი ჯგუფნი კავკასიაში მობინადრე ერთა - გრძნობენ იმას, რომ ცხოვრება დაჟინებით გვიკარნახებდა: საერთო ენის გამონახვას. ასეთი იყო ჩვენი ოფიციალური გამოსვლა, ასეთი იყო ჩვენი დეკლარაცია საერთოდ.

მაგრამ, უნდა აღვნიშნო თქვენ წინაშე, რომ ის, რაც მე თავიდანვე მოგახსენეთ, ე. ი. ყოველივე სიტყვა, დეკლარაცია დაფასდება იმდენად, რამდენათაც ავტორი ამ სიტყვისა, მოინდომებს მის ცხოვრებაში გატარებას. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჭეშმარიტება ყველას ერთნაირად, ჯერ-ჯერობით ვერ შეუთვისებია, საქართველოს მთავრობის პროგრამა კონფერენციაზე გახლდათ შემდეგი: გამონახვა საერთო ნიადაგისა, რომელზედაც უნდა დამყარებულიყო ეს ჩვენი სოლიდარული მუშაობა, ჩვენი სოლიდარული გამოსვლები, როგორც აქ, შიგ, ამიერ-კავკასიის ფარგლებში, ისე ევროპის წინაშე.

ვინაიდან მოქალაქენო, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ თუ ამიერ-კავკასიაში მობინადრე ერები შეიგნებენ ჭეშმარიტად თავიანთ ხალხის ეროვნულ, კულტურულ და პოლიტიკურ ინტერესებს, მათთვის აშკარა უნდა იყოს, რომ მიუხედავად იმ სხვა და სხვა საკითხისა, რომლის ირგვლივ დღეს-დღეობით ტრიალებს ჩვენ შორის უთანხმოება და არევ-დარევა. არის ერთი რამ, რომელიც ჩვენ მჭიდროდ უნდა გვაკავშირებდეს: ეს საერთო ძალით ამიერ-კავკასიის ფარგლებში ჩვენი დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის დაცვა და ჩვენი ხალხების ცხოვრების იმ ნიადაგზე დაყენება, რომელიც უზრუნველჰყოფს მის კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას.

აი ის საერთო ნიადაგი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს ჩვენ და რომელიც უნდა ქმნიდეს ამ მეზობელ ერებიდან ერთეულს.

აი ასეთი იყო ჩვენი პროგრამა, მოქალაქენო, მაგრამ მიუხედავად ჩვენი ცდისა, საუბედუროდ, უნდა განვაცხადო თქვენ წინაშე, რომ ვერც ერთი ასეთი საკითხი, რომელიც მართლაც შეადგენდა გაუყრელ ელემენტებს ამ საერთო ხაზისა, საერთო პროგრამისა, ვერც ერთი ისეთი საკითხი დღეს-დღეობით ამიერ-კავკასიის კონფერენციას არ გადაუჭრია, ვერ გადაჭრა.

მე არ შეუდგები ეხლა თქვენ წინაშე იმის მტკიცებას, თუ ვის უდევს ამაში ბრალი, პირუთვნელი ისტორია ბოლოს და ბოლოს იტყვის თუ ვინ იყო ნამდვილი მჭიდავებელი, და მოსურნე ცხოვრებაში გატარებისა ამიერ-კავკასიის ერთა სოლიდარობისა და ვინ ნებსით და უნებლიეთ ხელს უშლიდა ამ ჩვენს საერთო საკეთილდღეო საკითხის გადაჭრას.

მხოლოდ მე აღვნიშნავ თქვენ წინაშე იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობას არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, და ამ საბუთების ოქმების თქვენ წინაშე გადაშლით შეიძლება დამტკიცდეს.

მოქალაქენო! ამ კონფერენციაზე პირის-პირ შეხვდნენ ურთიერთს ორი მოპირდაპირე მსოფლიო მხედველობა, ორი პოლიტიკა, ორი შინაარსი ამ პოლიტიკისა. მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ღრმა რწმენით ვეძიებთ კლიტეს, რომლითაც უნდა გაიღოს კარი ფართოდ, ორი ჩვენი კეთილ მეზობლობის თვით ჩვენში და მთელ იმედებს უმთავრესად ვამყარებდით თვით ჩვენ ერების თვითმოქმედებაზე, სხვებს სამწუხაროდ, სულ სხვაგან გადაჰქონდათ სიმძიმის ცენტრი და სულ სხვაგან ეძიებდნენ ხსნას იმ საშინელ მდგომარეობიდან, რომელშიაც, დღეს არა ჩვენი მიზეზით, არამედ საერთაშორისო კონიუქტიურის მიზეზით ვართ ჩავარდნილი და როდესაც ეს, ორი ერთი მეორეს მოწინააღმდეგე მსოფლ მხედველობა ერთმანეთს შეხვდნენ, მათმა შებრძოლებამ ისეთი მკაცრი ხასიათი მიიღო, რომ ბოლოს და ბოლოს ამ დიდ საკითხში ჩვენ ვერ შევთანხმდით.

მაგრამ, იყო ისეთი საკითხებიც, რომლებიც არც არსებითად და არც ფორმალურად მაინცა და მაინც ჩვენ შორის არ იწვევდნენ დიდ დავას. იყო ასეთი საკითხები და რამდენიმე მათგანი, ჩვენმა კომისიებმა დაიმუშავეს და ჩვენ შორის ამ საკითხების ირგვლივ შეთანხმება მოხდა, მაგრამ საუბედუროდ, აი ამ შეთანხმებაზედაც დღეს დღეობით ხელი არა აქვთ მოწერილი. ეხლა საქართველოს მთავრობა მოითხოვს წარმოდგენილ ხელშეკრულების დადასტურებას.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აქ შეერთდა საერთო მტრის წინააღმდეგ მხოლოდ ორი ხალხი. როდესაც გესმის, რომ ამიერ-კავკასიაში არის ორი კატეგორია ხალხთა: ერთი, რომელსაც უნდა ჰქონდეს უპირატესობა, და მეორე კატეგორია კი, ამას მოკლებული. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამიერ-კავკასიაში არსებობს ევროპიული თვალსაზრისით, საკითხი ერთი ერისა და არ უნდა იყოს, არ არის ჯერ-ჯერობით საკითხი სხვა ერებისა, - მოქალაქენო, უნდა ვსთქვათ, რომ ამით იქმნება ისეთი ატმოსფერა, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს ჩვენი კეთილმეზობლობის განმტკიცებას.

სამწუხარო არის ეს, მაგრამ მდგომარეობა დღეს დღეობით ასეთია.

თქვენ ძალიან კარგათ იცნობთ შინაარს ამ ხელშეკრულებისა, თქვენ იცით, რომ ეს ხელშეკრულება არის მიმართული მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც მოისურვებს ამიერ-კავკასიის, აი ამ ორ რესპუბლიკათა და მათ დემოკრატიის განადგურებას. ეს ხელშეკრულება არის მიმართული ამ ძალის წინააღმდეგ, რომელიც მოისურვებს თავის ნება სურვილი ჩვენ ხალხს მოახვიოს. არავითარი აგრესიული ხასიათი ამ ხელშეკრულებას არ აქვს. ეს არის თავდაცვითი აქტი და ეს ნათელ ზოლით თავიდან ბოლომდის გასატარებელი არის ჩვენ ხელშეკრულობაში. მე ვფიქრობ, მოქალაქენო, რომ ეს გვაძლევს ჩვენ მორალურ და პოლიტიკურ უფლებას პირნათლად გამოვიდეთ, როგორც ჩვენი ხალხის წინაშე, ისე მთელი კაცობრიობის წინაშე.

სანამ მოწინავე კაცობრიობამ, მოწინავე დემოკრატიამ ჩვენ არ მოგვცა რეალური გარანტია იმისა, რომ ჩვენ ამ მხრივ უზრუნველყოფილნი ვიქნებით, მოქალაქენო, სახელმწიფოებრივი ეგოიზმი, ინსტინქტი თავდაცვისა მოითხოვს, რომ ყოველმა ერმა ეძიოს თავისი მოკავშირე (კედია: მართალია). ამ შემთხვევაში ამ ორ ხალხთა ინტერესები ერთმანეთს შეხვდნენ და ამ რეალურმა ნიადაგმა წარმოშვა ეს ხელშეკრულება. (კედია: ჭეშმარიტებაა). მხოლოდ ეს არის შინაარსი ამ ხელშეკრულებისა, არავითარ ჩვენ ოჯახურ კონფლიქტებს, არავითარ ჩვენ ოჯახურ საკითხებს, თავის თავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ისეთი გარემოება, რომელსაც შეუძლიან ამ კავშირის ცხოვრებაში გატარება.

ეს კავშირი არის მიმართული გარეშე ძალების წინააღმდეგ, რომელნიც მოისურვებენ ჩვენი რესპუბლიკის დამხობას და რასაკვირველია, ერთი მუხლი, სადაც არის ნათქვამი მესამე, მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე ჩვენი მეზობელი, რაც მე არ მინდა დაუშვა, მოინდომებს გამოიყენოს ეს ჩვენი საერთო მდგომარეობის გართულება თავის მიზნების განსახორციელებლად და შინაურ საქმეების გადასაწყვეტად, - თავის თავად ცხადია, მოქალაქენო, რომ ამ შემთხევევაში ჩვენ გვქონდა ზნეობრივი, მე ამას თამამად ვაცახდებ, პოლიტიკური არამც თუ უფლება, ეს იყო ჩვენი მოვალეობაც, რომ ამ შემთხვევაშ ჩვენ გვეთქვა, რომ აქ ჩვენ გვაქვს საქმე, საუბედუროდ, მტრულ განწყობილებასთან. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ჩვენ უნდა ისე მოვიმოქმედოთ, როგორც ამას ჩვენი ინტერესი და დემოკრატიის ინტერესი გვავალებს.

აი, ამაზე არის აგებული ეს ხელშეკრულება თავის შინაარსით. მე თამამად ხელმეორედ ვაცხადებ, სწორედ წმინდა დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული.

და მე გამოვთქვამ თქვენ წინაშე იმედს, რომ თუ კი თქვენ, რასაკვირველია, ამ ხელშეკრულებას დაადასტურებთ, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ ხელშკრულებას მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ინტერესი, ააცდინოს ხალხს ყოველნაირი საშიშროება, საიდანაც არ უნდა მოევლინებოდეს ეს მას. (საერთო ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ლასხიშვილს.

გიორგი ლასხიშვილის სიტყვა

(ს.-ფ.)

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენ წინაშე წარმოდგენილია დიდის მნიშვნელობის ისტორიული აქტი და 16 ივნისის დღე, როცა ეს ხელშეკრულება შეიკრა, ბრწყინვალე დღეთ დარჩება ჩვენი ქვეყნის და საერთოდ კავკასიის ერთა ახალ პოლიტიკურს ისტორიაში.

თვით ეს ისტორიული დოკუმენტი მრავალმხრით შესანიშნავია. პირველად ყოვლისა აღსანიშავია, რომ ეს აქტი საიდუმლო საიდუმლო დიპლომატიის ნაწარმოები არაა. იგი საჯაროდ, ახდილად, საქვეყნოდ შეიკრა დემოკრატიულ სახელმწიფოთა დემოკრატიულ მთავრობების მიერ; შიგ არ არის ორჭოფა, ორაზროვანი და ფარული აზრები; მისი მიზნები აშკარად, პირდაპირ და მარტივად არის გამოთქმული, როგორც შეჰფერის ნამდვილ დემოკრატიას. მას არა აქვს არავითარი აგრესიული მიზნები, თავდასხმის განზრახვები, არამედ და მხოლოდ მოგერიებითი და თავდაცვითი ხასიათი აქვს; მისი მიზანია ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ჩვენის თავისუფლების, ჩვენი რევოლიუციის მონაპოვართა დაცვა შეერთებულის ძალებით უცხო მტრისაგან.

შემდეგ, ამ დოკუმენტის მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ იგი იზოლიაციას არ უკეთებს, განმარტოებით არ სტოვებს იმ მეზობელ რესპუბლიკას, რომელიც ჯერ არ შეთანხმებულა ჩვენთან. პირიქით ფართოდ სტოვებს კარებს ღიად, რათა სწორუფლებიან ამხანაგად მიიღოს მესამე რესპუბლიკაც თანხმობისა და კავშირის დიად საქმეში. სამწუხაროა, რასაკვირველია, რომ ეს ერთ დროს არ მოხერხდა, მაგრამ ამისი ბრალი ჩვენს მთავრობას არ ედება. იმ მესამე ერის დღევანდელი ხელმძღვანელნი დღესაც არ გამორკვეულან; დღესაც ვიღაცა სხვისი და არა თავისთავისა და თავის მეზობლების იმედი აქვსთ.

და ბოლოს აღსანიშნავია კიდევ ერთი შესანიშნავი მომენტი ამ აქტისა, სახელდობრ ის, რომ ხელშეკრულობა არ ეხება ჩვენს ადგილობრივ უთანხმოებათ და დავას საზღვრებისა და გამიჯვნის შესახებ. ამ მხრით ხელშეკრულობა საჭიროდ აღიარებს შეთანხმებასა და არბიტრაჟს.

ასეთი თვისებები უაღრესად დემოკრატიულ აქტად ქმნიან ამ ხელშეკრულებას და იგი კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენს პოლიტიკურს სიმწიფეს, ჩვენის დემოკრატიის უნარს დამოუკიდებლად ცხოვრებისას და თავისუფალ განვითარებისას.

მაგრამ ჩვენთვის, კავკასიელ ერებისთვის, ამ ხელშეკრულობას აქვს კიდევ დიდი განსაკუთრებული მნიშვნელობა. იმ დროს, როცა რუსეთის საომარი ფრონტი დაირღვა, როცა საერთო რევოლუციონური ფრონტი დაირღვა, და კავკასია იძულებული გახდა, რუსეთს ჩამოშორებოდა, ჩვენ შევეცადენით შეგვექმნა ახალი სახელმწიფოებრივობა, მთლიანი უნიტარული ამიერ-კავკასიის ერების სრული გაერთიანება პოლიტიკურს, სოციალურს და კულტურულს ნიადაგზე, როცა ისინი განვითარების სხვა და სხვა საფეხურზე დგანან, როცა მათ თავიანთი საკუთარი ვინაობა არა ჰქონდათ ჩამოყალიბებული თავის საკუთარ ფორმებში, შეუძლებელი იყო, რომ ასეთ ცდას უნაყოფოდ უნდა ჩაეარა, რომ ასეთი ხელოვნური, ზევიდან ნაჩქარევად შეკოწიწებული ერთიანობა ხანგრძლივი არ იქნებოდა და პირველსავე განსაცდელის დროს დაირღვეოდა. და მართლაც, ამიერ-კავკასიის სახელმწიფოებრივობა მალე დაირღვა. ეს იმას არ ნიშნავდა, რასაკვირველია, რომ ამიერ-კავკასიის ერთა დემოკრატიას საერთო საქმეები და მიზნები არა აქვთ. პირიქით, საერთო ბევრი რამა გვაქვს, მაგრამ გზა და ფორმა შეთანხმებისა არ იყო მიზნათ შესაფერისად არჩეული. იმ დღეს, როცა ჩვენმა სეიმმა თავისი თავი დაშლილად გამოაცხადა, მეც და ფრაქციების სხვა წარმომადგენლებმაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი განშორება არ იქნება სამუდამო და ხანგრძლივი, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ, კავკასიის ერები, ტანჯვით და განსაცდელით გამოცდილნი გამოვძებნით ახალსა და ნამდვილ ფორმებს ჩვენის შეთანხმებისას, ერთობისას და კავშირისას. მას შემდეგ ჩვენ შევუდექით ცალ-ცალკე ჩვენის სახელმწიფოების შექმნას; ერთი წლის განმავლობაში ბევრი ჭირი და ვაება განვიცადეთ და, ბოლოს, დავინახეთ საჭიროდ საერთო მიზნებისა და საქმეებისათვის კონფერენციაზე მისვლა და შეთანხმების მოხდენა. იქნებ ამ პირველმა ცდამ უნაყოფოდ ჩაიაროს, იქნებ პატარა ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ ცხადია, რომ ისტორიის ლოღიკა, სინამდვილე შეგვაგნებინებს იმ ურყეველ ფაქტს, რომ კავკასიის ერთა სოლიდარობა ერთად-ერთი გზაა ჩვენის არსებობისათვის და მომავალში თავისუფლად განვითარებისათვის...

და რომ ეს დრო მოახლოვებულია, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვსძებნით ფორმებს ჩვენის შეთანხმებისა და კავშირისთვის, ამას ნათლად მოწმობს ის პირველი რეალური ნაბიჯი, რომელიც ჩვენ დღეს გადავდგით, საქართველოს და ადერბეიჯანის დღევანდელ შეკავშირების სახით.

თქვენ გახსოვთ, მოქალაქენო, რომ ამას წინად ერთმა უცხოელმა გენერალმა ჩვენს წარმომადგენლებს უწინასწარმეტყველა, როცა ჩვენ აქედან წავალთ თქვენ, კავკასიის ერები ერთმანეთს ყელს გამოსჭრითო. თქვენ გახსოვთ აგრეთვე, რომ გავლენიანი „ტაიმსი“ ამასვე იმეორებდა და ამით ამტკიცებდა - საქართველოს და ადერბეიჯენს არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრებაო. ისიც გახსოვთ, რომ, როცა დენიკინის შავი რეაქციის საშიშროება მოგვევლინა, მისი აგენტები და პროვოკატორები სცდილობდნენ ჩვენსა და ადერბეიჯანს შორის შუღლის და უთანხმოების ჩამოდგებას. და აი, ამის საპასუხოდ, ჩვენ მივართმევთ უცხო სარდლებსაც, გაზეთებსაც და რეაქციის აგენტებსაც ამ ჩვენს ხელშეკრულებას და ვეტყვით, რომ შეგვიძლია საერთო ხიფათის შეგნება და ჩვენი ძალების კოორდინაცია ყოველგვარ თავდასხმისაგან თავდასაცველად! კიდევ მეტიც შეგვიძლია ვუთხრათ: ჩვენ შეგვიძლიან ვუთხრათ, რომ ეს ხელშეკრულება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რომ მას მოჰყვება სხვა ხელშეკრულებანიც, რომელნიც ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს უფრო მჭიდრო შეთანხმების და შეკავშირების ფორმებს გამოუძებნიან.

აი ასეთი განსაკუთრებული და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, კავკასიის ერებისათვის, ამ ხელშეკრულებას.

საერთაშორისო ომის ტრაგედიამ და შემდეგ დიდმა რევოლიუციამ წინ წამოაყენეს, როგორც სადღეისო პროგრამა, როგორც დღიური წესრიგი, სხვა და სხვა პოლიტიკური და სოციალური ლოზუნგები; მათ შორის დიადი ლოზუნგები ერთა თვითგამორკვევის უფლებისა და ერთა სოლიდარობისა. ისტორიის ლოგიკის კარნახი ამ მხრით იმდენად დაჟინებითია და მძლავრი, რომ თვით იმპერიალისტურმა მთავრობებმა წაავლეს მათ ხელი და თავის საკუთარ ლოზუნგებად გამოაცხადეს. მაგრამ, მე ვეჭვობ, რომ მათი ცდა ამ ლოზუნგების ცხოვრებაში გატარებისათვის გულწრფელი იყოს. პირიქით, არის იმის ნიშნები, რომ ეხლაც უპირებენ დიდ ლოზუნგებს ფალსიფიკაცია მოუხდინონ ისე, როგორც არა ერთხელ მოუხდენია ბურჟუაზიას რევოლიუციის ლოზუნგების ფალსიფიკაცია.

მაგრამ ერთ რასმეს ივიწყებენ, ან ვერც ამჩნევენ იმას, რომ დღეს აქტიურ ძალად გამოვიდა და პოლიტიკურ ასპარეზს დაეპატრონა საერთაშორისო დემოკრატია, რომელიც აღარავის მისცემს ნებას ფალსიფიკაციების მოხდენისას. ამიერიდან რევოლიუციის დიდი ლოზუნგების განხორციელება უზრუნველყოფილია, ვინაიდან ცხოვრების სადავეს ხელში იჭერს თვით მშრომელი ხალხი, თვით სოციალისტური დემოკრატია.

ჩვენი პატარა ერების ცდაც იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ამ დემოკრატიასთან მჭიდროთ ვიყოთ შეკავშირებულნი და რამდენადაც ძალა შეგვწევს, აქ ადგილობრივ ვაკეთოთ დემოკრატიის დიადი საქმე ძველის ქვეყნის გარდაქმნისა. დღევანდელი ჩვენი საზრუნავი საქმეა აგრეთვე დავიცვათ ჩვენი არსებობა და ჩვენი თავისუფლება განადგურებისაგან, სანამ საერთო საკითხი დღეს-დღეობით დასმული საერთაშორისო დემოკრატიის მიერ არ იქნება განხორციელებული. და აი სწორედ ამ ჩვენი არსებობისა და დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში დიდ სამსახურს გაგვიწევს ის ხელშეკრულება, რომლის ერთსულოვნად დამტკიცებისაკენ ჩვენი ფრაქცია მოუწოდებს დღეს დამფუძნებელ კრებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სპირიდონ კედიას.

სპირიდონ კედიას სიტყვა

(ერ.-დემ.)

ბატონებო! ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დამფუძნებელი კრება რატიფიკაციას უშვრება სახელმწიფო ხელშეკრულებას და მე კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ის აქტი, რომელსაც დღეს დამფუძნებელი კრება დაადასტურებს არ გაგვაწითლებს და სირცხვილს არ გვაჭმევს. ამა აქტში უკვე მოსჩანს ერთნაირი სახელმწიფოებრივი სიმწიფე, შედეგი მთელი წლის ზიგზაგით და შეცდომით სიარულისა, შედეგი განვლილი წლის გამოცდილებისა.

ის სიტყვები, რომელიც თქვენ აქ ჩემამდის მოისმინეთ, მოწმობენ ამას და მორცხვათ სცნობენ და აღიარებენ წარსულის ამ შეცდომებს, სინამდვილის სწორად ვერ ამოკითხვას. ამ მხრივ ეს სიტყვები ჩემში სიამოვნებას იწვევს და კმაყოფილებით აღმანიშვნინებენ, რომ ჩვენ ბოლოს მაინც დავადექით სწორ სახელმწიფოებრივ გზას.

16 ივნისის თარიღით შეკრულია აქტი, დადებულია ხელშკრულობა საქართველო-აზერბაიჯანს შორის, რომლის მიზანია მხოლოდ თავდაცვა და თვითეული მათგანის დამოუკიდებელი თვით არსებობისა და თავისუფლებისთვის საერთო საშუალებით ბრძოლა და მოქმედება. მიზანია უაღრესად სახელმწიფოებრივი. მეთოდიც წმინდა სახელმწიფოებრივია. ეს ხელშეკრულება მოწმობს, რომ ჩვენმა პასუხის მგებელმა მესვეურებმა თავიდანვე მოიშორეს ის პარტიული პრინციპები, რომელიც დღემდე ხელს უშლიდა საქართველო-აზერბაიჯანის კავშირს. ვიმეორებ, ეს გარემოება მეტათ სასიხარულოა და თან იმას მოწმობს, რომ ჩვენ თანდათან მიუახლოვდით ნამდვილ სახელმწიფოებრივი კონცეპციის შეთვისების მომენტს. ამ მხრივ დატა ამ ხელშეკრულების დადებისა, დატაა ჩვენი სახელმწიფოებრივი გეზისა და ხაზის გამოსწორების.

ბატონებო! შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველობა ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვის გამოდიოდა საერთო შემოკრებისა და გაერთიანების წინადადებით. ჩვენი ამ გვარი მისია განსაზღვრულია ჩვენი ერის ისტორიის შინაარსით, და ამ შინაარსის ძალით ისე, როგორც მისი აწინდელი პოლიტიკურის და კულტურულის ვითარებით. ჩვენი ამგვარი როლი განსაზღვრულია იმ ცენტრალურის პოზიციით მთელს კავკასიაში, რომელიც ისტორიულად ეჭირა საქართველოს თუ სახელმწიფოებრივი ტრადიციის, თუ კულტურის, თუ ტოპოგრაფიის ძალით.

ამ ჩვენი როლის გამსაზღვრელ მოქმედ ფაქტორთა შორის, უნდა მოვიხსენიო ერთი ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის აბსტრაქციას უშვრებიან, მაგრამ რომელსაც ერის სულში ღრმად აქვს ფესვები ჩაშვებული და დღესაც ჩვენს ცხოვრებაში აკტუალურ ძალას წარმოადგეს. ეს არის საქართველოს სარწმუნოებრივი სახე. სარწმუნოებად საქართველო დაყოფილია ორ თითქმის თანაბარ ნაწილად: ერთია მუსლიმანური საქართველო, მშვენიერი და დიდებული ჯავახეთი, მესხეთი, არტაანი, ოლთისი, ჭანეთი და სხვა. ეს საქართველო თავისი სულიერი და სარწმუნოებრივი კულტურით უერთდება ჯერ კავკასიის და მერე მთელი ქვეყნის მუსულმანთა სულიერ კულტურას. ეს მდგომარეობა თავის თავად გვაერთებს და გვაკავშირებს აზერბაიჯანის მუსლიმანურ სახელმწიფოსთან და მის ხალხთან. თუ გვინდა ვიყვეთ ერის სულიერ ცხოვრების მთელი სირთულის გამომსახველი, ეს გარემოება უნდა გვახსოვდეს და უნდა გვეადვილებოდეს კავშირი იმ მეზობელ ხალხთან, რომელნიც ამავე სულიერ-რელიგიური კულტურით იკვებებიან. მეორეა საქრისტიანო საქართველო, რომელიც თავისი სულიერი კულტურის თვისებით უკავშირდება კავკასიის ფარგლებში სომხის ერს და მის გარეშე მთელი საქართველოს ქვეყნების კულტურას. ამგვარათ, ქართველი ერი, საქართველოს სახით იერთებს ორ დიდი მსოფლიო კულტურას და ბუნებრივად უახლოვდება ამ კულტურის მატარებელ მეზობლებს. აზერბაიჯანთან ამ საერთო ნათესაობის ნიადაგმაც გაგვიადვილა შეგნება ჩვენი საერთო რეალური ინტერესებისა, და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის ხელშეკრულება დაიდვა.

მაგრამ დღევანდელ დღეს აკლია ერთი რამ, ეს ის, რომ დღეს ჩვენთან აქ საქართველო-აზერბაიჯან შორის დადებულ თავდაცვის ხელშეკრულებასთან ერთად არ ვადასტურებთ მეორე ხელშეკრულობას, დადებულს სომხეთთან. ამაში ბრალი ჩვენ არ გვიდევს.

თქვენ კარგად იცით, ყველა იმ მიმდინარეობის შორის, რომელიც აქ არის წარმოდეგნილი, ყველაზე უფრო სკეპტიკურად ჩვენ ვუყურებდით სომხებს, და უფრო მკაცრად ვებრძოდით მათ ჩვენი კანონიერი უფლებისა და ტერიტორიის დასაცავად. უნდა ვსთქვა ამ ტრიბუნიდან, რომ ეს ჩვენი შეხედულება უფრო სწორი გამოდგა, ვიდრე სხვებისა. აღვნიშნავთ ამას არა სიხარულით, არამედ მწუხარებით. მაგრამ ამისდა მიუხედავად ჩვენ გვეგონა, რომ დღეს მაინც სომხის ხალხი და მის მეთაურები, როგორც პრაქტიკული გონებისა და ჭკუის ხალხი, ჩვენთან მოვიდოდა და თავდაცვის საერთო ხელშეკრულებას დადებდა საერთო მტრის წინაღმდეგ. მაგრამ ეს არ მოხდა. თქვენ იცით, რომ კავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციის ცდამაც ამ მხრი უშედეგოთ ჩაიარა. ეს ნაკლი აქვს დღევანდელ დღეს და საერთო მიზანს. ამით კი ფრონტი კავკასიისა გაწყვეტილია და დარღვეული. შუაგულ ადგილას დარჩენილია ერთნაირი ხარვეზი ცარიელი სივრცე; ეს ადგილი უნდა იქნეს შევსებული. ჩვენ უცდით. სომხის ერს მართებს დაფიქრება; იცოდეს კარგათ, რომ იზოლაციაში განმარტოებით და ყველას წინააღმდეგ მას კავკასიაში არსებობა არ შეეძლება. ჩვენ გვინდა ვიწამოთ, რომ ის მდგომარეობას შეიგნებს და მოღალატეობას არ დაადგება. უკეთუ ეს არ მოხდა, ჩვენ ჩვენი გზა და ჩვენი მოვალეობა გვეცოდინება. ჩვენ უცდით.

თვით ხელშკრულება სავსებით მისაღებია. არც ერთი მუხლის წინააღმდეგ ჩვენ არაფერი არ გვეთქმის; არ გვეთქმის იმიტომ, რომ ყოველი მათგანი საერთო თავდაცვის და საერთო მოქმედების ფორმას არკვევს და მიზნად თითოეულ მხარეს დამოუკიდებლობას და ტერიტორიის მთლიანობის დაცვას ისახავს ხელშეკრულება, რომელიც ამას იცავს, დიახაც, რომ ერთსულოვნებით და გატაცებით იქნება დადასტურებული.

ეხლა საჭიროა ეს ხელშეკრულება და მისი მნიშვნელობა უფრო ფართო მასსაში იქნას გავრცელებული; ამ მხრივ, როგორც საქართველოს, აგრეთვე აზერბაიჯანის მოწინავე საზოგადოებებსა და პოლიტიკურ წრეებს მართებს მუშაობა და პროპაგანდის გაწევა, რომ მოხდეს თვით ქართველი ხალხისა და აზერბაიჯანის ხალხის მეტი დაახლოვება საერთო ინტერესების დასაცავად. მწამს, ამ მუშაობას ღირსეულად გაუძღვებიან ამ ორი ხალხის წარმომადგენლები.

ბატონებო! დღეს მოხდა დიდ მნიშვნელოვანი აქტი: საქართველოს და აზერბაიჯანის ერთმანეთთან შეკავშირება. ქართველი ხალხის ტრადიციაა თავდები, რომ იგი ერთგულად დაიცავს დადებულ პირობას, მიცემულ სიტყვას.

იგი დაიცავს მას სისხლით და ხმლით; ერთიც არ გამოგვაჩნდება ისეთი, რომელიც მოკავშირეს წინაშე პირშავად დაგვსვამდეს და თავის დამოუკიდებლობას ზურგს შეაქცევდეს.

მე მწამს, რომ მეორე მხრივ, აზერბაიჯანის ხალხიც, ეს პატიოსანი და მშრომელი და თავის ფიცის ერთგული ხალხიც, ღირსეული აღმასრულებელი იქნება ამ საერთო ხელშეკრულებისა, და ყოველი მსხვერპლის საფასურით დაიცავს თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას; გაუმარჯოს ამ ორ ხალხის კავშირს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების (ტაში).

დღეს, საქართელოს დამფუძნებელი კრება მიუძღვნის მხურვალე სალამს თავის ახალ მოკავშირეს. ამ ხელშეკრულებით საქ. დამფუძნებელი კრება ფიცის ქაღალდს უგზავნის აზერბაიჯანის პარლამენტს და ხალხს, რომ მასთან ერთად იომებს საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენ გვწამს, რომ აზერბაიჯანის ხალხი ჩვენთან ერთად იტყვის: „ან გამარჯვება, ან სიკვდილიო!“ (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძის სიტყვა

(ს.-დ.)

მოქალაქენო! დამფუძნებელი კრების წევრნო! ხელშეკრულება, რომელიც თქვენ დღეს აქ უნდა დაამოწმოთ, დიდმნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი, პირველი აქტია იმ დიდ გზის, რომლითაც ჩვენ დიდი ხანია მივდივართ და რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გადაუხვევთ. ჩვენ, როგორც სოციალისტებს, როგორც დემოკრატებს და მუშათა კლასის წარმომადგენლებს, მუდამ გვაქვს ჩვენ მთავარ დევიზათ ერთი რამ: სოლიდარობა ხალხთა შორის და განმტკიცება ურთიერთ შორის ძმობის და ამხანაგობის: ეს იდეალი, როელსაც მუშათა კლასი, უპირველეს ყოვლისა, ატარებს, როგორც თავის ბაირაღს, თავის დროშას, - ისე ადვილად, ისე მარტივად, ისე იოლად, არ ტარდება ცხოვრებაში, არ ხდება კონკრეტიულ მოვლენად, როგორც ეს შეიძლება ჩვენ გვსურდეს. მხოლოდ ხანგრძლივ ბრძოლით, მიხვევ-მოხვევით, მრავალ პირობებთან შეგუების და მრავალ დაბრკოლების გადალახვის შემდეგ შევძლებთ ჩვენ ასე თუ ისე მტკიცეთ და საბოლოოდ გადადგმულ ნაბიჯით მოვიპოვოთ ესა თუ ის პოზიციები ამ ნიადაგზე. ამ მხრივ, აი ამ გზით ჩვენი იდეალი იყო, არის დღესაც და იქნება მომავალშიაც, განმტკიცება სოლიდარობისა ყველა ერთა შორის. უპირველეს ყოვლისა ეს იდეა უნდა იყოს ჩამოსხმული კონკრეტიულ ფორმაში მახლობელ მეზობელთან. ყოველი ჩვენი ცდა, რომელსაც დღემდის ხშირად ერის ღალატად გვითვლიდნენ, როდესაც ჩვენ გვსურდა და ვიბრძოდით ყველა ერების სოლიდარობისთვის კავკასიაში და ამიერ-კავკასიაში, ყველა ეს ბრძოლა ხშირად შეიძლება გვეთვლებოდა ნაკლად ზოგიერთ მიმდინარეობისაგან. მაგრამ მე ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ხელახლად შეუდექით სოლიდრობის იდეის აღდგენას და მის რეალურ ფაქტად გადაქცევას, ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ დღეს უკვე არ იქნება ისეთი მიმდინარეობა, რომელსაც შეეძლოს სთქვას, ეს გზა არ არის სწორე, არ არის მისაღები, არ არის დემოკრატიულიო. მე მგონია, რომ ჩვენ გადავლახეთ, დავძლიეთ დიდი ისტორიული მსვლელობა, რომლიდანაც ჩვენ დღემდის უკან ვიხევდით. ეს აშკარად უნდა ვსთქვათ.

დიდი რევოლიუციის შემდეგ ჩვენი მოქმედების ფარგლები, ის მუშაობა, რომელშიაც ჩვენ გვინდოდა გაგვეშალა ფრთა, საზღვრები ამ მუშაობისა თანდათან მცირდებოდა და პატარავდებოდა თავის გარემოს და თავის სივრცის რაოდენობით. და ეს უკან დახევა ჩვენ არც მაშინ მიგვაჩნდა საბოლოო დამარცხებად იმ იდეისა, რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით.

მე მახსოვს აქ, ამ ტრიბუნიდან წარმოთქმული მქუხარე სიტყვა, რომელიც ამბობდა, რომ თავგანწირულად ვიბრძოლებთ და ხმალს არ დავაგდებთ. სანამ უკანასკნელი პოზიცია მაინც არის ჩვენს ხელთო. ჩვენ შეგვიძლიან დღეს ვსთქვათ, რომ ამ უკანასკნელ პოზიციებიდან გვაქვს საშუალება ისევ წინ წავიწიოთ, სოლიდარობის იდეის დროშით მეგობრები გავიჩინოთ და ერთა შორის მტრობის მაგივრად სოლიდარობა, ძმობა და მეგობრობა გავაჩაღოთ. ამ მხრით ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი - ესაა ჩვენსა და ადერბეიჯანს შორის დადებული შეთანხმება, - მესამე რესპუბლიკისთვის კი მუდამ არის კარი ღია და ამით აშკარად ვეუბნებით ჩვენ სომხის დემოკრატიას: კმარა ის, რაც განცალკევებული ვიყავით. დროა არის თანდათნ გაიბას ძაფი მეზობლიდან მეზობლამდე, ერიდან ერამდე, რომ ის საშინელი ანარქიის ცეცხლი, რომელიც დასტრიალებს თავს ჩვენს ქვეყანას, ამიერ-კავკასიის დემოკრატიას, ჩაქრობილ იქნეს ერთა სოლიდარობის დროშის გამარჯვებით.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი დაშლის პროცესი წინანდელ ხანაში იყო შედეგი არა იმდენათ შინაური ურთიერთობისა, რამდენათაც გარეშე ძალდატანებისა, ყველამ იცით, რომ სეიმი დაინგრა ოსმალეთის ხიშტების ქვეშ, ყველამ იცის, რომ ამიერ-კავკასია მოწყდა რუსეთს იმ ვეებერთელა ანარქიის გამო, რომელსაც კომუნისტური მოძრაობა ჰქვიან და იმ დიდ ისტორიულ შეცდომის წყალობით, რომელსაც ბრესტის ხელშეკრულება ეწოდება. ჩვენ ვიცით, რომ გარეშე ძალები ანგრევდენ, ამსხვრევდენ იმ მთლიანობას, რომელიც იყო ყოველთვის მთავარი სიძლიერის წყარო, ჩვენ დემოკრატიისთვის, და დღეს, როდესაც ანარქიის ტალღების ტრიალში დააყენა საბოლოოთ ქართველი ერის სამკვდრო სასიცოცხლო საკითხი, საკითხი ჩვენი უკანასკნელი პოზიციების ყოფნა არ ყოფნისა, მე ვხედავ ამ ახალ აქტში ჩვენი მთავრობის ღირსეულ მუშაობას. ჩვენმა მთავრობამ ნაბიჯი გადასდგა, გაბედული ნაბიჯით გასწია წინ და გააფართოვა ძალა ხალხისა და დემოკრატიის. და აი ამ ხელშეკრულებას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ჰყავს კიდევ ერთი უტყუარი დამცველი, ერთი მთავარი რეალური ძალა, რომელსაც არასოდეს არც უღალატნია და ვერც უღალატებს, - ეს გახლავთ დემოკრატია საქართველოსი და დემოკრატია აზერბაიჯანისა. ეს გახლავთ ის ელემენტები, რომელნიც თავიდანვე მხოლოდ ერთგვარ ძალდატანების გამო ჩამოშორდენ ერთი მეორეს და რომელიც ყოველივე წუთს, ყოველ ჟამს მზათ იყვნენ ერთი მეორისთვის ხელი გაეწოდებიათ. დენიკინის საფრთხეს და რუსეთის საშიშროების გამო ჩვენ დღეს ვართ უკვე არა დანგრევის და დარღვევის პროცესში, არამედ სოლიდარობის და ურთიერთობის განმტკიცების პროცესში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავლახეთ ბევრი დაბრკოლებანი, და შეგვიძლიან დავიწყოთ ჩვენი შემოქმედებითი მუშაობა, შეგვიძლიან შეუდგეთ რეალურ დემოკრატიულ პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ ვდგევართ სოლიდარობის დროშის ქვეშ და მასზე, როგორც მოქმედი საყოველდღეო ლოზუნგი, დავაწერეთ ლოზუნგი ერთა სოლიდარობისა.

რასაკვირველია, დემოკრატია ვერ იქნება სავსებით დაკმაყოფილებული იმით, რაც დღეს მოგვიხერხებია. მე ვამბობ, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ჩვენთვის კი საჭირო არის არა მარტო პირველი ნაბიჯი, არამედ ყველა ნაბიჯები უკანასკნელამდე. ესე იგი, მანამდის, სანამ სრულიად უზრუნველყოფილი არ იქნება ყველა ერთა დემოკრატიის არსებობა და განვითარება. და თუ ჩვენ დღეს გვინდა შემოვფარგლოთ კონკრეტიულათ სამოქმედო ასპარეზი, ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ მორიგ საკითხად დაისმის ამიერ-კავკასიის ერთა დემოკრატიის შეერთება, დაკავშირება. თუ მთავრობის ხმამ მესამე მთავრობამდე ვერ მიაღწია, თუ ამ მესამე მთავრობის ყურს არ ესმის ამოძახილი ხალხის გულის, რომელიც გაერთიანებისკენ მიისწრაფის, - ჩვენ, როგორც სოციალისტებმა, როგორც დემოკრატებმა პირდაპირ უნდა ამ ტრიბუნიდან მივმართოთ სხვა ამიერ-კავკასიის ერთა დემოკრატიას და უთხრათ: - ჩვენ თქვენთან სოლიდარობა გვსურს და ვინც ამ სოლიდარობას უშლის ხელს, ის არის მტერი ჩვენიც და თქვენიც (ტაში).

არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ ამ სოლიდარობის გატარებას ხელს უშლის როგორც ზოგიერთი მთავრობის მრუდე და არა პირდაპირი პოლიტიკა, ისე ერთი მთავარი ძირითადი გეზი ზოგიერთი პოლიტიკოსებისა, - ეს გახლავთ პოლიტიკა უცხო ძალებზე დამყარების, ეს გახლავთ პოლიტიკა, რომელიც ამბობს, რომ დანარჩენთაგან გამოყოფის საშუალებით მივიღებთ ზედმეტს, ვინემ ჩვენი მეზობლები მიიღებენო. და სადაც ასეთი პოლიტიკა ტრიალებს, იქ დიდი გასავალი აქვს ყოველგვარ იმპერიალისტურ ზრახვებს. ძლიერი და შემძლე სახელმწიფოს იმპერიალიზმი ყოველთვის ამისთანა პოლიტიკის წიაღში ჰპოვებს ნიადაგს თავის იმპერიალიზმის განსამტკიცებლად, და ეს პოლიტიკა მავნეა ყველა ერებისთვის ერთნაირად, ვინაიდან დაყრდნობა გარეშე ძალაზე ნიშნავს ამ გარეშე ძალის მიერ დამორჩილებას, თავისი ხელით თავის კისერზე უღელის დადგმას, და თუ რომელიმე ერი ფიქრობს, უცხო ძალის საშუალებით სხვა ერების დაჩაგვრას, ის თითონ პირველი გახდება ამ უცხოელთა ძალმომრეობისაგან დაჩაგრული. ეს უნდა ესმოდეს მე მგონია დემოკრატიას, ამას გაიგებს სხვა სახელმწიფოთა დემოკრატია და ჩვენთან ერთად მთელ თავის ძალღონეს მოახმარს, რომ საერთოდ გასწიოს მუშაობა, შეებრძოლოს საერთო მტერს მთელ ამიერ-კავკასიის დემოკრატიასთან ერთად და ამით განამტკიცოს შინაური ძალა, შინაური ფრონტი, რომელიც, შეგვინარჩუნებს, ჩვენს დაოუკიდებლობას და შინაურ დემოკრატიულ წყობილებას, თავდამსხმელთ ძალადობისაგან და დაიხსნის არამც თუ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, არამედ ამ რესპუბლიკებში ნამდვილ დემოკრატიულ წყობილებას და თვიდან აიშორებს იმპერიალისტთა მონობას.

ამ იდეით მოუწოდებთ ჩვენ მთელ ხლხს და იმედი გვაქვს, რომ მთელი ამიერ-კავკასიის დემოკრატია, ეს ცხოველმყოფი ძალა შემოკრბება ერთათ, როგორც შემოკრბა საქართველოს და ადერბაიჯანის დემოკრატია, რომელიც დღეს ჩვენთან შემოერთებულია. (ტაში)

ლეო შენგელაიას სიტყვა

(ს. რ.)

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ერთი წლის წინად მოხდა ფაქტი, რომლისათვის არავინ ემზადებოდა; ერთი წლის წინად მოხდა სასწაული, რომელიც არავის სჯეროდა: ასი წლის ლეტარგიის შემდეგ მკვდრეთით აღსდგა ქართველი ერი, იშვა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. მსოფლიო ომის პროცესში განადგურდა მრავალი პატარა ერი, სისხლიდან დაიცალნენ თვით დიდი სახელმწიფოები, მაგრამ განადგურებულ პატარა ერებს ჰქონდათ იმედი აღდგომისა, ვინაიდან მათ ჰყავდათ მძლავრი მოკავშირენი, დიდ სახელმწიფოებს ჰქონდათ იმედი აღორძინებისა, ვინაიდან მათი პოტენციალური ძალა, მათი გონებრივი და ნივთიერი რესურსები იყო საკმაო გარანტია კრიზისის დაძლევისა. მხოლოდ საქართველოს დემოკრატია, მხოლოდ ქართველი ერი იდგა ბრძოლის ველზე განცალკევებული. მას ჰყავდა ერთად-ერთი მოკავშირე - სიმართლე. მას ასულდგმულებდა ერთად-ერთი იმედი - იმედი გამარჯვებისა. გავიდა წელიწადი, წელიწადი აღსავსე სიურპრიზებით და კატასტროფიული მომენტებით და მხოლოდ დღეს გვაქვს ჩვენ შემთხვევა ვუძღვნათ სალამი ჩვენს პირველ მოკავშირეს, ჩვენს ახალ მეგობარს ადერბაიჯანის ხალხს. (ტაში). დღეს ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში იწყება ახალი ხანა, დღეს ჩვენ ბრძოლის ველზე მარტოკანი აღარ ვართ, ჩვენ უკვე გვყავს მოკავშირე, გვყავს მეგობარი! ამნაირად წარმოდგენილი კონვენციით იწყება ლიკვიდაცია ჩვენის ერის იზოლაციისა და ეს არის დიდი ფაქტორი, წყარო ახალი იმედებისა, თავდები ახალი გამარჯვების! დადებული კონვენციის პირდაპირი საბაბი არის დენიკინის საფრთხე. დენიკინი, ეს პირმშო შვილი დიდმპყრობელ ნაციონალიზმისა და საერთაშორისო რეაქციისა არის დომოკლეს მახვილი, რომელიც აღიმართა ამიერ-კავკასიის ერების, რესპუბლიკების თავზე. და ვიდრე არსებობს ეს საფრთხე, ვიდრე არსებობს ეს მუქარა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი ვერ იქნება. მდგომარეობის ასე გაგებამ ჩვენ მოგვცა სწორედ ეს ხელშეკრულება, ეს კონვენცია. მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ეს მთავარი საკითხი, ეს საშინელი საფრთხე ჩრდილოეთისა, ეს ყველაზე უფრო საგრძნობელი, ყველაზე უფრო რეალური მუქარა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა იქნებოდა ხელშეკრულობის განსაკუთრებულ ყურადღების ობიექტი. გვეგონა, რომ ეს მომენტი იქნებოდა უფრო აშკარად, უფრო მკაფიოდ გამოხატული. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ჩვენის აზრით ეს არის უმთავრესი ნაკლი ხელშეკრულობისა. კონვენცია ამყარებს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვითი, მოგერიებითი კავშირს, - ეს არის დიდი პლიუსი შედარებით იმ იმპერიალისტურ კონვენციებთან, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ სხვა ქვეყნების ისტორიიდან. ეს არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ ჩვენ არ გვინდა სხვა ერების დაპყრობა, დაჩაგვრა და დამონება, ჩვენ გვინდა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვა. მაგრამ დენიკინი, დენიკინის ლაშქარი არის სულ სხვა კატეგორიის მოვლენა, დენიკინის მოქმედება არ არის ომი ამ სიტყვის ჩვეულებრივი შინაარსით. ჩვეულებრივად ომს აწარმოებს სახელმწიფო. აქ კი ჩვენ გვაქვს საქმე არა სახელმწიფოსთან, არამედ შეიარაღებულ რეაქციასთან, ამიტომ შეუძლებელია განვსაზღვროთ, - სად თავდება თავდაცვა და სად იწყება შეტევა. ჩვეულებრივად სახელმწიფო მაშინ აწარმოებს შეტევას, როდესაც ის თავის საზღვრებს გადალახავს. მაგრამ ჩვენ ვიცით დენიკინის საზღვრები არის რუსეთის 1914 წლის საზღვრები, მაშასადამე ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას დენიკინის თვალსაზრისით ყოველთვის ექნება თავდაცვის ხასიათი. მეორეს მხრით ჩვენი ჯარი დგას სოჭის ფრონტზე და რომ ჩვენ სტრატეგიული მოსაზრებით წინ წავიწიოთ, რა იქნება ეს ჩვენი ახალი მოკავშირესათვის - შეტევა თუ თავდაცვა? ერთი სიტყვით, როდესაც იბრძვის ორი ძალა რეაქცია და რევოლიუცია, მაშინ ძნელი არის განსაზღვრა იმისა, თუ სად არის შეტევა, სად არის თავდაცვა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია დავკმაყოფილდეთ ჩვეულებრივი კონვენციის ჩვეულებრივი მუხლებით.

კონვენცია ეხება საქართველოს და აზერბეიჯანს და არა ამიერ-კავკასიის სამ რესპუბლიკას, როგორც იყო სასურველი და მოსალოდნელი. არარატის რესპუბლიკას კონვენციის შესახებ თავის უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, ის სდუმს ჯერ-ჯერობით. აქ აშკარაა ჩვენ გვაქვს საქმე დაშნაკცაკანების ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიბეცესთან, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს საქმე იმპერიალიზმის იმ ცნობილ პოლიტიკასთან, რომელიც ამბობს: გაყავი და იბატონეო. ჩვენი მოვალეობაა ამ პოლიტიკას დაუპირდაპიროთ ჩვენი, დემოკრატიული, ხალხის სოლიდარობის პოლიტიკა. ჩვენი მოვალეობაა ვიხმაროთ ყოველგვარი ზომები, რომ ჩვენ გვერდში ამოგვიდგეს სომხის დემოკრატიაც. ურთიერთი სასიცოხლო ინტერესების სწორი გაგებით და დათმობით, ჩვენ გვწამს, ეს შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ შეუძლებელია მთელი ერი იყოს რეაქციონერი, შეუძლებელია, რომ მთელი ერი იყოს თავის მტერი და მოღალატე!

ახალი მოკავშირე, ახალი მეგობარი ჩვეულებრივ ქმნის ერთგვარ ილიუზიას, ბადებს გადაჭარბებულ იმედებს და ამიტომ ჩვენ ფრაქციას თავის მოვალეობად მიაჩნია გააფრთხილოს საქართველოს დემოკრატია. მართალია დადებული კონვენცია არის დიდი გამარჯვება დემოკრატიისა, მართალია, ჩვენი გამარჯვების შანსები მომავალში უფრო მეტია, ვიდრე აქამდის იყო, მაგრამ ჩვენ გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს არც ჩვენ ძალაზე, არც სხვის ძალაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს გათვალისწინებული ყოველგვარი შესაძლებლობა, ყოველგვარი სიურპრიზები, მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ მთავრობის სოციალური ბუნება და კლასობრივი ინტერესები ძლიერ ხშირად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ესა თუ ის ხელშკრულება, ესა თუ ის კავშირი. აქედან, ბატონებო, აშკარა არის ჩვენთვის საჭიროა არა მარტო მთავრობათა კავშირი, მთავრობათა კონვენციები, არამედ უპირველესად ყოვლისა საჭირო არის გაჯანსაღება მთელი ჩვენი შინაურ და საგარეო პოლიტიკისა, საჭირო არის, რომ ჩვენი პირველი მოკავშირე აზერბეიჯანი იქნეს მხოლოდ პირველი მერცხალი ჩვენი ახალი მოკავშირეების მთელი რიგისა. თუ ეს ასე მოხდა, თუ ამ საქმეში მთავრობა გამოიჩენს საჭირო უნარს, ჩვენ ღრმად გვწამს, საქართველოს დემოკრატია თავის ახალ მოკავშირეებთან ერთად დასძლევს ყველა დაბრკოლებებს და მოკლე ხანში სავსებით წელში გამართული და გამაგრებული უამბობს თავის მეგობრებს სასიხარულო ამბავს: დემოკრატია თავისუფალია, რესპუბლიკა დამოუკიდებელი, ჩვენ გავიმარჯვეთო! (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებლს.

სიმონ მდივანის სიტყვა.

(მომხსენებელი).

ჩემი უკანასკნელი სიტყვა იმ გამოსვლების შემდეგ, რომელსაც ჰქონდათ ადგილი, - სულ მოკლე იქნება. ამ სიტყვით მე მინდა გამოვსთქვა ის აზრი, რომ ეს ფაქტი იმდენათ საჭირო, იმდენად დაახლოვებულია საქართველოს დემოკრატიასთან, რომ ყველა ფრაქციებმა, რომელნიც აქ სხვა და სხვა აზრს ატარებენ და სხვა და სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მთავრობასთან, დღეს აქ გამოსვლაში გამონახეს საერთო ენა და საერთო ენით დაადასტურეს და მოიწონეს ეს პირველი გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს დემოკრატიას მიუხედავათ იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში, იმ პოლიტიკის წარმოების ხანაში, რომლითაც ის ფიქრობს შეინარჩუნოს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, - ჰქონდა, რასაკვირველია, შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არა ისეთია, რომლებიც ხელს უშლიდეს მეზობელ ერებთან საერთო ნიადაგის გამონახვას. პირიქით, მთელი შემოქმედება საქართველოს დემოკრატიისა, მთელი მისი მუშაობა, მხნეობა გამჭრიახობა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა მიმართული იყო იმისკენ, რომ ამგვარი აქტი ბოლოს და ბოლოს ყოფილიყო დადებული ორ მეზობელთა შორის.

სწორეთ ის ხაზი, რომლიდანაც სახელმწიფო იწყობა და ეს ხაზი უწინარესად ყოვლისა დადებული იყო საქართველოს დემოკრატიის მიერ, სწორეთ აქ, ამ ხაზიდან მოდის ჩვენი მეზობელი ერის დემოკრატია. მესამე ერის დემოკრატიაც ამ გზით მოვა როდესაც ის მოიშორებს დღევანდელ თავის ხელმძღვანელებს. მაშინ, რასაკვირველია, დაიწყება ის საერთო მუშაობა, რომელიც ააყვავებს და შექმნის მშვენიერ ამიერ-კავკასიას.

ჩვენი იდეალია ვიქონიოთ ჩვენს მეზობლებში ის სურათი, დიდებული სურათი, რომელიც არის ჟენევაში, სადაც დახატულია სამი ფიგურა, რომელიც გამოხატავს შვეიცარიას: იტალიელი, გერმანელი და ფრანგი, ხელი-ხელ ჩაკიდებული. ისინი ანსახიერებენ ამ იდეალს შვეიცარიისას (გვაზავა: ეგ რა შუაშია!) და რომელსაც ასეთს იდეალს, ასეთს სურათს ჩვენ განვახორციელებთ ამიერ-კავკასიაში (მაჭავარიანი: თქვენ სოციალ-ფედერალისტების კლუბში წაიღეთ ეს სურათი და იქ შეინახეთ) მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატიამ შეასრულა ის ისტორიული მისია, რომელზედაც ლაპარაკობდა სპირიდონ კედია, და შექმნა მომავალი მშვენიერი ამიერ-კავკასიის ცხოვრებისა.

მე გარეშე საქმეთა და იურიდიულ კომისიის სახელით შემომაქვს შემდეგი წინადადება (კითხულობს):

„საქართველოს რესპუბლიკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობათა შორის ქალაქ თფილისში ამა ათას ცხრაას ცხრამეტი წლის ივნისის თექვსმეტს დადებული შეთანხმების აქტი დამტკიცებულ იქმნეს“.

თავმჯდომარე. ერთათ ერთი წინადადება გახლავთ შემოტანილი. კენჭს უყრი მას. იგი მოგხსენდათ მომხსენებელის მიერ. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა?

დამფუძნებელი კრება ერთხმად ადასტურებს დადებულ შეთანხმებას (ტაში). აქ ლოჟაში იმყოფებიან ინგუშეთის წარმომადგენლები. ნება მომეცით თქვენი სახელით მივესალმო მათ (ტაში), დეპუტატები ფეხზე ადგომით ესალმებიან).

გთხოვთ დაბრძანდეთ. ორიოდე საკითხი გახლავთ საჩქაროდ კომისიებში გადასაცემად.

მდივანი. (კითხულობს) წინასწარ განსახილველად კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტების ნუსხას.

დამფუძნებელი კრება ნუსხას ადასტურებს.

სხდომა იხურება 2 საათსა და 45 წუთს.

11 ოცდამეათე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

სამშაბათი, 1919 წელი, ივნისის 24. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე და
ექვთიმე თაყაიშვილი

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის:

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 50 წუთზე.

თავმჯდომარე. (ზარი) კრება გახსნილი არის. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს)

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტები

შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - დაბა ონის ქალაქად დამტკიცების შესახებ.

გადაეცემა ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის და იურიდიულ კომისიათ.

დღიური წესრიგი

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონ მანეთის გადადების შესახებ - უცხოეთში გასატან საქონლის დასამზადებლად და უცხოეთიდან საქონლის შემოსატანად.242

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მთავარ საბაჟოს სამმართველოს და ფოთის და სოხუმის საბაჟოების შტატების გადიდების შესახებ.

3. დეკრეტი - სავაჭრო-სამრეწველო და სახელოსნო დაწესებულებათა დაქირავებულ ბინიდან გაძევების შეჩერების შესახებ.

4. დეკრეტი - ჯარის ნაწილებიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომების შესახებ.

5. დეკრეტი - სახელმწიფო ხაზინიდან ნახევარი მილიონი მან. გადადებისა - ანარქიასთან საბრძოლველად.

6. დეკრეტი - ყოფილ ამიერკავკასიის 1915-1917 წ. საერთო კრედიტების 1919 წ. გავრცელებისა.

თავმჯდომარე. ამტკიცებთ დღიურ წესრიგს თუ არა? დღიური წესრიგი დამტკიცებულია.

განსახილველია:

საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონი მან. გადადების შესახებ - უცხოეთში გასატან საქონლის დასამზადებლად და უცხოეთიდან საქონელის შემოსატანად.

მომხსენებელია ქ.-ნი სოლოღაშვილის ასული.

-ნი სოლოღაშვილის ასული. (აღნიშნავს კომისიის მიერ დეკრეტის ტექსტში შეტანილ სარედაქციო ხასიათის შესწორებათ და შემდეგ მუხლობრივ კითხულობს დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უცვლელად იღებს. თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მთავარ საბაჟოს სამმართველოსა და ფოთისა და სოხუმის საბაჟოების შტატების გადიდებისა.

მომხსენებელია საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი ალ. ასათიანი.

ალ. ასათიანი. (კითხულობს კანონ-პროექტს მუხლობრივ. დამფუძნებელი კრება თვითეულ მუხლს უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მთლიანად კანონ-პროექტისა? არავინ. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი გახლავთ.

დეკრეტი კანონ-პროექტისა - სავაჭრო-სამრეწველო და სახელოსნო დაწესებულებათა დაქირავებულ ბინიდან გაძევების შეჩერების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებლ სერგი ჯაფარიძეს.

სერგ ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ამ დეკრეტის პროექტით, რომელთაც აქ მოგახსენებთ, შეჩერდება სავაჭრო, სამრეწველო და სახელოსნო დაწესებულებათა დაქირავებულ ბინიდან გაძევება. როგორც მოგეხსენებათ, ამ ჟამად არსებობს კანონი; ეს კანონი არის რუსეთის დროებით მთავრობის მიერ გამოცემული 5 აგვისტოს 1917 წელს და ეს კანონი ეხება საცხოვრებელ ბინებს. ამ კანონის ძალით, სახლის პატრონს უფლება არა აქვს გააგდოს ბინიდან მისი დამქირავებელი, თუნდაც ვადა გასული ჰქონდეს, თუ კი ის, დამქირავებელი, თავის დროზე იხდის ფულს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავის პირად საჭიროებისთვის უნდა ბინა, სახლის პატრონს შეუძლიან მიმართოს სასამართლოს და გააგდოს ბინიდან ის, ვისაც ვადა უკვე გაუთავდა. მხოლოდ არც ეს კანონი, არც სხვა რომელიმე იურიდიული ნორმა არ ეხება იმ ბინებს, რომელსაც ქირაობენ სავაჭრო, სამრეწველო წარმოებისთვის. ამის გამო სახლის პატრონების თვითნებობა გამეფებული არის დღეს. ხდება ის, რომ ვისაც კი ვადა გაუვიდა, გადადებული ექსპლუატაციის ხასიათის მქონე პირობებს უდებენ, და თუ ეს პირობები დამქირავებელმა არ მიიღო, იმას ქუჩაზე აგდებენ. აქედან დაიბადა ისეთი მდგომარეობა, რომ ვაჭრობის და უმთავრესად წვრილი ვაჭრები და ხელოსნები იძულებულნი არიან თავის საქმე დაკეტონ და ქუჩაზე გავიდნენ, რადგანაც სამაგიერო ბინას ვერ შოულობენ. მსხვილი ვაჭრები, ვინც განსაკუთრებით სპეკულიაციას ეწევა, ისინი იღებენ ყოველგვარ პირობებს სახლის პატრონებისაგან, რასაკვირველია, იმ აზრით და განზრახვით, რომ მერე ეს მომატებული ქირა დაადონ თავის საქონელს, და ორად და სამად გადაახდევინონ მყიდველ ხალხს. ამ ექსპლოატაციამ სახლის პატრონებისაგან ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ზოგიერთ ალაგებში ადგილობრივი თვითმმართველობა ჩარეულა საქმეში, მაგალითად, ქუთაისში მოხდა, და ხშირად ეხლაც ხდება: როდესაც სასამართლოს ბოქაული მაღაზიის პატრონს აგდებს მაღაზიიდან, თვითმმართველობა ერთ საათში უკან აბრუნებს თავის მილიციის შემწეობით, ამნაირად მკვიდრდება ანარქია სახელმწიფოს ორგანოების მოქმედებაში. ქუთაისის თვითმმართველობამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, რომ რაიმე ზომები მიეღო სასამართლოს განაჩენების შეჩერებისათვის, მაგრამ რადგანაც სათანადო კანონი უფლებას არ აძლევდა, ამიტომ სამინისტრო უძლური იყო რაიმე ზომა მიეღო. საქართველოს სავაჭრო პალატამ მიმართა სათანადო დაწესებულებას თხოვნით, რომ რაიმე ზომები იყოს მიღებული. აი ყველა ამის გამო თვითმმართველობის და მმართველობის კომისიამ აღძრა საკითხი და მიმართა იურიდიულ კომისიას წინადადებით, რომ რაიმე ზომები იქნეს ამის წინააღმდეგ მიღებული. იურიდიულ კომისიამ გაიზიარა აუცილებლობა ასეთ ზომისა, და შემოვიდა დროებითი ხასიათის დეკრეტით. ამ დეკრეტს მე ვამბობ, დროებითი ხასიათი ექნება, რადგანაც იმ საბინაო კანონს, რომელიც ამ ჟამად მოქმედობს და შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ვადა გაუვა ამ წლის პირველ აგვისტოს, ამისთვის სამაგიეროთ კანონი არის საჭირო. დამუშავებული იქნება სამაგიერო ახალი კანონ-პროექტი და კომისია ახლო მომავალში შემოვა დამფუძნებელ კრებაში. ის ახალი პროექტი, რომელიც შემოვა, ეხება ბინებს, როგორც საცხოვრებლებს, ისე ისეთ ბინებსაც, სადაც იქნება მოთავსებული სავაჭრო წარმოება. სანამ ეს ახალი კანონი იქნება მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ, მანამდი იურიდიული კომისია საჭიროდ სცნობს სთხოვოს დამფუძნებელ კრებას მიიღოს ეს დეკრეტი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისთვის? მსურველი არ გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

(ჯაფარიძე. კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. მე-4 საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ჯარის ნაწილებიდან გაქცევის საწინააღმდეგო ზომების შესახებ.

აქ დღიურ წესრიგში აღნიშნულია, რომ მომხსენებელნი არიან ბატონი გურული და ჯაფარიძე, მაგრამ განცხადება გახლავთ სამხედრო კომისიის თავმჯდომარისა, საიდანაც სჩანს, რომ მომხსენებელი იქნება მარტო კრების წევრი ჯაფარიძე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

სერგ. ჯაფარიძე. (ს.დ.) მოქალაქენო! ჯარის ორგანიზაციის სასურველ სიმაღლეზე დაყენებისთვის ბევრი პირობები არის საჭირო. ერთის მხრივ ხალხში განვითარებული შეგნება უმთავრეს მოვალეობას ასრულებს სამშობლოს წინაშე, მეორეს მხრივ მთელი რიგი იმ ზომებისა, რომელიც უნდა მიიღოს სახელმწიფომ იმათ წინააღმდეგ ვინც ასეთ მოვალეობას გაურბის. იმ ზომებთა რიცხვში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრატიულ აპარატს, მოწყობილ აპარატს, რომელიც თავისუფლად არ გააჭაჭანებს არც სოფელში და არც ქალაქში იმათ, ვინც სამხედრო სამსახურს გაურბის. მეორეს მხრივ საჭირო არის დადება ასეთი სასჯელის, რომლითაც უსათუოდ უნდა დაისაჯოს ესა თუ ის პირი სამხედრო სამსახურიდან გაქცევისათვის, და ის ვინც ემალება ამ მოვალეობის ასრულებას. ეს დეკრეტი, რომელსაც მე თქვენ მოგახსენებთ, შეეხება მხოლოდ ერთ ზომას, ესე იგი სასჯელის განსაზღვრას იმის წინააღმდეგ, ვინც სამხედრო სამსახურს ემალება. არსებულ კანონებში ეს სასჯელი განსაზღვრული არის ორ კატეგორიად: ერთი გახლავთ სასჯელთა სამხედრო წესდება - ამ წესდების ძალით სასჯელს უდებს სამხედრო სასამართლო, მხოლოდ მერე კანონების რიგი, ანუ კატეგორია, გახლავთ სისხლის სასამართლოს საერთო დებულების კანონი, რომელიც სჯის იმათ, ვინც თავიდანვე არ გამოცხადდება, ან ვინც წააქეზებს ვისმეს, რომ თავისი სამსახური არ აასრულოს, ან დაფარავს, ან ხელს უწყობს გაქცევას და სამხედრო სამსახურის აუსრულებლობას. ეს დეკრეტი ეხება მხოლოდ კანონთა პირველ კატეგორიას, ესე იგი იმ კანონს, რომელშიაც აღნიშნული არის სასჯელი სამხედრო წესებისა. რაც შეეხება მეორე კატეგორიის კანონებს, ამის შესახებ რამოდენიმე ცვლილება იქნება შემოტანილი ამ ახლო მომავალში დამფუძნებელ კრების განსახილველად. რამ გამოიწვია ახალი დეკრეტი, თუ კი მართლა არსებობს ისეთი კანონები, რომელიც უეჭველია სჯის, - ვინაიდან რუსეთი ძალიან სჯიდა იმათ, ვინც ემალებოდა სამხედრო სამსახურს? - რამ გამოიწვია ასეთი დეკრეტის შემოტანა აქ, თუ კი ასეთი კანონი უკვე გვაქვს? საქმე იმაში არის, რომ იმ კანონით, რომელიც ეხლა მოქმედებს, განსაზღვრულია მცნება გაქცევისა სამხედრო სამსახურიდან ისე, რომ დანაშაულის დასჯა უმრავლეს შემთხვევაში ყოვლად შეუძლებელია. აქ არის ნათქვამი, სამსახურიდან ნება დაურთველად წასვლად ან გაქცევად ჩაითვლება, თუ ვინმე თავის სამხედრო ნაწილს, ან სამსახურის ადგილს მიატოვებს, იმ განზრახვით, რომ დაემალოს თავის სამხედრო ბეგარის ასრულებას. - ესე იგი აქ არის შეტანილი ისეთი სუბიექტური მომენტი, როდესაც დამტკიცება დანაშაულისა სასამართლოსთვის შეუძლებელია. მაგალითად, ვინმე წავიდა ფრონტიდან, ან სამხედრო სამსახურიდან, როგორ დაამტკიცებთ, რომ ის წავიდა იმ მიზნით, რომ ფრონტზე მოქმედებაში არ მიიღოს მონაწილეობა, ან და სამსახური აიცილოს თავიდან, და არა იმისთვის, რომ ცოლ-შვილი, მშობლები ნახოს, ყანა დამკოს და სხვა. აი უმთავრესი მოტივი, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებლად ქმნის დამნაშავის დასჯას სასამართლო წესით, და სწორედ ამ დეკრეტში არის შეტანილი ის ცვლილება, რომ ეს სუბიექტიური მომენტი ამოღებულია კანონიდან და დატოვებული არის მხოლოდ ერთი ფორმალური ნიშანი: ვინც მოკლე ვადით წავიდა სამხედრო სამსახურიდან, არა უმეტეს 6-7 დღისა მშვიდობიანობის დროს, და არა უმეტეს ერთი დღისა და ღამისა ომიანობის დროს, წავიდა და უკან დაბრუნდა, ის ჩაითვლება ნება დაურთველად წასულად, ხოლო ვინც მეტი ვადით წავიდა მშვიდობიანობის დროს 6 დღის მეტით და ომიანობის დროს დღე და ღამით მეტით, ის ჩაითვლება გაქცეულად, რუსები, რომ იტყვიან „побег“, „дезертирство“. ამისდამიხედვით სასჯელიც განსხვავდება: ვინც დიდი ვადით წავიდა და მეტად დაიგვიანა, ის ისჯება უფრო მეტი სასჯელით, ვიდრე ის, ვინც მოკლე ვადით წავიდა და მერე დაბრუნდა. რაც შეეხება სხვა პირთა დასჯას, ის ვინც მალავს გაქცეულს, ან ხელს უწყობს, ან აქეზებს - ამის შესახებ ახლო მომავალში შემოვა ახალი დეკრეტი და ამას განვიხილავთ. ეხლა კი უმთავრესი მიზანი ამ დეკრეტისა არის ის, რომ სასჯელი გავხადოთ აუცილებელი, რომ დაისაჯოს ის, ვინც თავის უმთავრეს მოვალეობას არ ასრულებს. ეს საჭირო არის. მე არ მიმაჩნია ეხლა შესაძლებლად ციფრები მოვიყვანო, გასაგებ მოსაზრების გამო, თუ რამდენი არის ეხლა ჯარში, რამდენი არ გამოცხადდა, რამდენი არის გაქცეული, - ვიტყვი მხოლოდ, რომ მეტად საგრძნობი ნაწილი იმ კატეგორიისა, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყო სამხედრო სმსახურში, არ გამოცხადდენ თავიდან, და დიდი ნაწილი გამოცხადებულთაგან გაქცეულია და ემალება ეხლა სამსახურს, აი ამ მიზეზების გამო სამხედრო კომისიამ და აგრეთვე იურიდიულ კომისიამ დაიმუშავეს ის დეკრეტი, რომელსაც მოგახსენებთ თუ გადავალთ მუხლობრივ განხილვაზედ.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

. შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! დიდი რევოლიუციის გაზაფხულზე გამოიცა ერთი უდიდესი და უკეთილშობილესი აქტი. ეს იყო მაშინ, როდესაც თებერვლის რევოლიუციის შემდეგ, პოლიტიკურად გამარჯვებულმა მშრომელმა ხალხმა იგრძნო აგრეთვე ზნეობრივი განახლება, იგრძნო სულიერი გადახალისება, ეს დიადი სულიერი გადატეხა ფართო მასებისა გამოიხატა იმ ისტორიულ აქტში, რომელმაც გააუქმა ეს სამარცხვინო ინსტიტუტი სიკვდილით დასჯისა. როგორც ვიცით, რუსეთის დროებითი მთავრობამ, სასიქადულოდ რუსეთის დემოკრატიისა და სასიხარულოდ მოაზროვნე და თავისუფალ კაცობრიობისა, საგანგებო აქტით გააუქმა ეს სამარცხვინო ინსტიტუტი, ეს იყო სიმბოლო რევოლიუციის მორალურ ჯანმრთელობისა. ამ აქტში გამოიხატა სულიერ ძლიერება თავისუფალი და გამარჯვებული დემოკრატიისა. თქვენ იცით, ძველი თვითმპყრობელური ტირანია, ძველი ბიუროკრატიული რეჟიმი და სახრჩობელა. ერთი მეორესთან მჭიდროდ და ორგანიულად დაკავშირებულნი იყვნენ. თქვენ იცით, რომ ტახტი და სახრჩობელა ერთი მეორეს გულისხმობდა, ერთი მეორეს იცავდა, იმიტომ მოხდა, რომ რევოლიუციამ დაამსხვრია ერთიც და მეორეც. რევოლიუციის ტალღებმა წალეკენ, როგორც ტახტი, ისე სახრჩობელა, დემოკრატიამ დაამსხვრია, როგორც მეფე, ისე ჯალათი. ამნაირად თავისუფალმა დემოკრატიამ შეასრულა თავისი უდიდესი პოლიტიკური და მორალური მისია: დათურგნა თავისუფლებით სიკვდილი! აქ წარმოდგენილი დეკრეტი არის ტლანქი და სრული რესტავრაცია, იმ ინსტიტუტისა, რომელსაც ებრძოდა მთელი მოწინავე დემოკრატია, და რომელიც რევოლიუციის გაზაფხულზე უკვე გააუქმა მშრომელმა ხალხმა. უმთავრესი გამართლება ამ დეკრეტისა, მისი ავტორების აზრით არის ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მართლაც და დღეს ჩვენი მდგომარეობა იშვიათი არის, დღეს საქართველოს დემოკრატია და მისი რესპუბლიკა წარმოადგენს ალყა შემორტყმულ ციხეს: ჩვენს მართალ საქმეს, ჩვენს სამართლიან მოთხოვნილებას აუარებელი მტრები ჰყავს. მათი ლოზუნგი არის: ან დღეს ან არასოდეს, ვინაიდან კარგად იციან, რომ ჩვენ დღეს განვიცდით გარდამავალ ხანას, იციან, რომ ის ერი, ის დემოკრატია, რომელიც დღვანდელ პირობებში კრიზისს გადაიტანს, რომელიც გაუმკლავდება გამარჯვებული იმპერიალიზმისა და თავაშვებულ რეაქციის ტალღებს, მომავალში უზრუნველყოფილი იქნება კატასტროფისაგან. იმიტომ არის, რომ ჩვენ წინააღმდეგ გაშმაგებული იერიშები მოაქვთ, იმიტომაც არის, რომ ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულება დღითი-დღე იზრდება. ასეთ პირობებში ბ. სამხედრო მინისტრი საშინელ ამბავს მოგვითხრობს, თვით განმარტების ბარათში, ის სწერს რომ ჩვენმა დეზერტირობამ მასიური ხასიათი მიიღო, რომ ჯარის კაცები გამორბიან არა მარტო ფრონტიდან, არამედ ზურგის ნაწილებიდანაცო. როგორც ვხედავთ მდგომარეობა ფრიად დამაფიქრებელი არის. მთავრობა მას სავსებით გრძნობს და სურს ამ სამარცხვინო მოვლენას შეებრძოლოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამონახა ნამდვილი რეცეპტი, სიკვდილით დასჯა! მოქალაქენო თქვენ გეხსომებათ, რომ ჩვენმა ფრაქციამ თავის დეკლარაციაში შემდეგი მოთხოვნილება წამოაყენა. ძველი საუკუნოების სამარცხვინო მემკვიდრეობა ჯალათი და სახრჩობელა თავისუფალი და ხალხურ საქართველოში არ უნდა იქნეს. ფრაქცია მოითხოვს სიკვდილით დასჯის გაუქმებასო. ჩვენ გვეგონა, რომ ამ დასკვნამდე მივიდოდა უმრავლესობის ფრაქციაც. ჩვენ გვეგონა, რომ უმრავლესობის პარტია, ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებოდა ასეთ რეფორმის საჭიროებაში, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ამას ამტკიცებს წარმოდგენილი დეკრეტი. ეს დეკრეტი არამც თუ არ მოითხოვს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, ეს დეკრეტი მოითხოვს ამ კანონის გაფართოებას, ამ ინსტიტუტის უფრო მკაცრს, უფრო სასტიკ ფორმაში ჩამოსხმას. ჩვენი მოვალეობა არის, ვიდრე განვიხილავდეთ ამ დეკრეტს, დავსვათ კითხვა, გაამართლა თუ არა ცხოვრებამ ეს ინსტიტუტი, მიახწია თუ არა მან მიზანს. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გარეშე ყოველგვარ სანტიმენტალიზმისა, გარეშე ყოველივე გრძნობისა, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გავცეთ იმისდამიხედვით, თუ რას გვეუბნება ჩვენი რევოლიუციონური გამოცდილება, თუ რას გვასწავლის წარსულის გაკვეთილები.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ რევოლიუციის სინამდვილემ ჩვენ მოგვცა მრავალი მეტამორფოზები, და მრავალი სიურპრიზები, და ამ სიურპრიზების შორის იყო ასეთიც: იმ ხელმა, რომელმაც რუსეთში გააუქმა სიკვდილით დასჯა, ისევ შემოიღო ეს ინსტიტუტი. ამაში იყო ტრაღედია რუსეთის დემოკრატიისა, ფიქრობდნენ, რომ ამ ინსტიტუტის შემოღებით იხსნიდნენ ფრონტს დაშლისაგან, ხოლო ზურგს ანარქიისაგან. მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, მოლოდინი არ გამართლდა, ფრონტი დაიშალა, ხოლო რევოლიუციის სტიქიამ წალეკა თვით დროებითი მთავრობა, ამნაირად სიკვდილით დასჯამ ვერ იხსნა ვერც დროებითი მთავრობა, და ვერც ფრონტი. რუსეთში უფრო ადრე ამ ინსტიტუტით უხვად სარგებლობდა ბიუროკრატია, ეშაფოტითა და საშინელი რეპრესიებით მას სურდა დაეტუქსა მთელი რევოლიუციონური მოძრაობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საშინლად დამარცხდა ბიუროკრატია, ხოლო მშრომელმა ხალხმა კი ბრწყინვალედ გაიმარჯვა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ვითომდა დასატუქსავად, კონტრ-რევოლიუციისა, ბოლშევიკებმა გაამეფეს საშინელი ტერორი. ისინი ხვრეტდნენ ბრალიანსა და უბრალოს. მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთში კონტრ-რევოლიუცია ათჯერ უფრო ძლიერი არის, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს ინსტიტუტი გააუქმეს. ამნაირად ისტორიული ფაქტები გვეუბნება, რომ ეს ისტორიული ფაქტები გვეუბნება, რომ ეს ინსტიტუტი მიზანს ვერ ახწევს, ის არის უაზრო და უმიზნო და როგორც ასეთი უნდა უარვყოთ. მოქალაქენო, მთავარი მოსაზრება, რომლითაც ამართლებდნენ და დღესაც ამართლებენ ამ ინსტიტუტის შემოღებას არის შემდეგი: ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა ეს არის ტერორისტული ბრძოლა, როდესაც სახელმწიფო მიმართავს შინაურ და გარეშე ანარქიის დროს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ანალოგია რევოლიუციონურ ტერორისა და სიკვდილით დასჯის შორის სრულიად უადგილოა, უსაფუძვლო და უაზრო. უნდა მოგახსენოთ, რევოლიუციონურ ტერორს მიმართავდენ სულ სხვა მიზანებისათვის და სულ სხვა პირობებში ვიდრე სიკვდილით დასჯას. ტერორი იყო თავდაცვის საშუალება. ამ საშუალებას მიმართავდენ მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლიუციონერებს თავიანთ რევოლიუციონურ ღირსების და დემოკრატიის სასიცოცხლო ინეტრესების დასაფარავად სხვა საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ აშკარა არის, სახელმწიფოს არ შეუძლიან ამ მოტივებით გაამართლოს სიკვდილით დასჯა, სახელმწიფოს არ შეუძლიან სთქვას, ვინიდან სხვა საშუალება არ მაქვს, ამიტომ დამნაშავე უნდა დავხვრიტო, ვინაიდან ის სახელმწიფოც რომელსაც სახრჩობელის მეტი არაფერი არა აქვს, სახელმწიფო აღარ არის! რევოლიუციონური ტერორი იყო სააგიტაციო საშუალება, ტერორისტულ აქტებით ჩვენ ვასწავლიდით ხალხს ბრძოლას, ჩვენ ვეუბნებოდით მას, თუ გინდა დაამარცხო მტერი და გაიმარჯვო, შენ უნდა შეიარაღდე და იარაღით ხელში შეებრძოლო მტერს. აშკარაა, ყოვლად შეუძლებელია ვინმემ სთქვას, რომ სიკვდილით დასჯას სააგიტაციო მნიშვნელობა აქვს. (ხმაურობა) ჩვენ ვებრძოდით ტერორით ჩვენ მტრებს, იმიტომ, რომ ჩვენი მტრები პრივილეგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, იმათ ყოველგვარი საშუალება ჰქონდათ, ჩვენ კი არავითარი უფლება და არავითარი საშუალება არ გვქონდა. არც ამ მხრივ შეიძლება ეს ინსტიტუტი გავამართლოთ, ვინაიდან, შეუძლებელია, როცა ერთ მხარეზე სდგას სახელმწიფო და მეორე მხარეზე სდას დამნაშავე, შეუძლებელია სახელმწიფომ სთქვას, რომ დამნაშავე, რომელიც უნდა დახვრიტონ პრივილეგიურ მდგომარეობაში, არის, უპირატესობა აქვს. ვინაიდან თუ ვისმეს აქვს უპირატესობა, ეს არის ისევ სახელმწიფო, რომელსაც ხელთ უპყვრია მთელი აღმასრულებელი ძალა, მთელი მექანიზმი მართვა-გამგეობისა, მთელი იძულებითი აპარატი ასე, რომ რევოლიუციონურ ტერორსა და სიკვდილით დასჯას შორის არავითარი ანალოგია არ არის.

როდესაც სახელმწიფოს შემოაქვს სიკვდილით დასჯა, მას შეიძლება ჰქონდეს ორი მოსაზრება: ან მას ეშინია, რომ ამა თუ იმ პირმა, ბოროტმოქმედმა არ დააქციოს სახელმწიფო, ან მას სურს ამ ინსტიტუტით შეაშინოს, დააფრთხოს დამნაშავენი, რათა მათ ხელი ააღებინოს ბოროტ-მოქმედებაზე. მაგრამ აშკარაა, არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში სიკვდილით დასჯა მიზანს ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ თუ კი სახელმწიფო იმდენად სუსტია, რომ მას დაამხობს ერთი და ორი პირი, სულ ერთია ასეთი სახელმწიფო მაინც დაიქცევა და მას ვერ უშველის სიკვდილით დასჯა. ხოლო თუ სახელმწიფოს სურს სიკვდილით დასჯის შემოღებით შეაშინოს ვინმე, ხელი ააღებინოს ბოროტმოქმედეაზე, ჩვენ უნდა გავყვეთ ამ ლოღიკას ბოლომდის, მაშინ უნდა შემოიღონ სივდილით დასჯა საჯაროდ, მაშინ სახელმწიფომ უნდა შემოიღოს წამება, მაშინ სახელმწიფომ უნდა შემოიღოს როზგებით დასჯა. თქვენ ხედავთ, რომ ეს გზა და ასეთი ლოღიკა მიგვაქანებს უფსკრულამდე. თუ რამდენად უაზრო და უმიზნო არის ეს დასჯა, ჩვენთვის აშკარა იქნება, თუ განვიხილავთ დამნაშავეთა სხვა და სხვა კატეგორიებს. ყველა ის, ვისაც ეხება სიკვდილით დასჯა, ჩვენ შეგვიძლიან დავყოთ სამ ჯგუფათ: ერთი ჯგუფი არის ის, ვისაც ამოძრავებს რაიმე რწმენა, რაიმე პოლიტიკური ან სოციალური იდეალი, მეორე ჯგუფში იქნებიან ავადმყოფები, პატოლოგიური ტიპები, მესამეში იქნება დიდი უმრავლესობა, ის პირები, რომელთაც ობიექტური პირობები, დუხჭირი ცხოვრება აიძულებენ დანაშულობა ჩაიდინონ.

ავიღოთ პირველი კატეგორია, აქ მაშასადამე, არის ის ხალხი, რომელსაც ამოძრავებს რაიმე იდეალი. ცხადია, რომ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ამოძრავებს რაიმე რწმენა, რაიმე იდეალი, რომელიც სიკვდილის წინაშე თავის კერპს ეუბნებოდა: morituri te salutant, - ჩვენ კვლავ მოვალთ გავიმარჯვებთო. ამ პირების სიკვდილით დასჯა მიზანს ვერ მიაღწევს, ვინაიდან ასეთი ზომა ვერ აღწევდა მიზანს მთელი საუკუნეების განმავლობაში. ავიღოთ მეორე კატეგორია, აქ არიან, მაშასადამე, ავადმყოფები, პატოლოგიური ტიპები. არამც თუ ჩვენი თვალსაზრისით, არამედ თვით ბურჟუაზიის იურისპრუდენციის თვალსაზრისითაც ეს ხალხი, პატოლოგიური ტიპები უპასუხისმგებლო არიან, невминяемие, აქედან ცხადია, რომ იმ ხალხს, რომელიც ავადმყოფია ვერ მოვთხოვთ ვერაფერს და ვერც დავსჯით სიკვდილით. მაშასადამე დარჩა მესამე კატეგორია, აქ არის დამნაშავეთა დიდი ნაწილი, ის ხალხი რომელიც დუხჭირმა ცხოვრებამ, ობიექტურმა პირობებმა აიძულა აიძლა ჩაედინა ესა თუ ის დანაშაული. (არსენიძე: დეზერტირობა?) აქ ისმება საკითხი, მართლა ჩვენ გვაქვს უფლება ზნეობრივი და იურიდიული, რომ ფიზიკურად გავანადგუროდ ეს ხალხი? (ხმა: ტოლსტოის მიმდევარი ბრძანდებით?) უკაცრავად აქ ტოლსტოის ტეორია არ არის . ჩვენ ურჩევთ პირდაპირ ბრძოლას, თუ სახელმწიფოს წინაღმდეგ ვინმე იარაღით გამოდის, სახელმწიფოს აქვს უფლება იარაღითვე დახვდეს და პირდაპირ ბრძოლაში გაანადგუროს თავისი მტერი, მაგრამ თუ ბრძოლა გათავდა, მოწინააღმდეგე დამარცხებული და იარაღ აყრილია, თუ სახელმწიფო აქ მიმართავს სიკვდილით დასჯას, ეს არის შურისძიება და არა ბრძოლა. დიახ, შურისძიება არის იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეუძლიან სიკვდილით დასჯა ვისმესი, როდესაც ის შეიპყრობს ამ დამნაშავეს, როდესაც დამნაშავე არის მის ხელში, ესე იგი იარაღად აყრილი და დამარცხებული, დამარცხებულის დასჯა კი, ეს არის შურის-ძიება დამარცხებულზე.

მაშასადამე, რომ ავიღოთ მესამე კატეგორია ხალხისა უნდა დავსვათ საკითხი, - გვაქვს თუ არა ზნეობრივი უფლება ეს ხალხი ფიზიკურათ გავანადგუროთ, (ხმა: სოციალ-დემოკრატების სკამებიდან: რომელი ნაძირალები?) ის ხალხი, რომელთაც ობიექტური პირობები აიძულებს დანაშაულობა ჩაიდინოს, სხვათა-შორის ნაძირალებიც. ჩვენ გვახსოვს ერთი მოძღვრება, რომელიც ამბობს პიროვნება სოციალურ საზოგადოებრივ წრის პირმშო შვილი არის. ეს მოძღვრება გახლავთ მარქსიზმი (საყვარელიძე ადგილიდან: მარქსსაც გაგება უნდა!), მარქსი გვასწავლიდა, რომ ადამიანი არ იბადება არც კეთილი, არც ბოროტი, თუ ადამიანმა ბოროტება ჩაიდინა ეს არის უმთავრესად შედეგი ცხოვრების ნორმალური პირობებისა. (ხმაურობა) თუ ეს ასეა, მაშინ დანაშაულს ეკარგება ვიწრო, პერსონალური ხასიათი, პიროვნობას ჩვენ შეგვიძლიან მოვთხოვოთ პასუხი და მას პასუხი ვაგებინოთ, მაგრამ არა იმდენად, რომ ფიზიკურად გავანადგურთ. (ხმაურობა).

თავმჯდომარე. უკაცრავად, გთხოვთ, ნუ უშლით ორატორს.

შენგელაია. თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ობიექტურ პირობებს ამა თუ იმ დანაშაულობაზე, მის ზრდაზე, განვითარებაზე, ამაზე მოგვითხრობს თუ გნებავთ სისხლის სასამართლოს სტატისტიკა. ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ დანაშაულის ზრდაზე და განვითარებაზე გავლენა აქვს არამც თუ ისეთ დიდ ფაქტებს, როგორიც არის სოციალური პირობები, პროფესია, განათლება, არამედ ისეთ უბრალო ფაქტორებსაც, როგორიც არის ასაკი, სქესი, ეროვნება და სხვა. სამწუხაროდ მომხსენებელი სრულიად ანგარიშს არ უწევს ამ ობიექტურ პირობებს, (ხმა სოციალ-დემოკრატიულ მხრიდან: აგიტაცია!) სრულიად არ უწევს ანგარიშს, არც კი სვამს კითხვას რათ ხდება, რითია გამოწვეული ეს, და რა ხასიათისაა ეს მოვლენა. ამ მხრივ გაცილებით უფრო მაღლა სდგას სამხედრო მინისტრი, რომელიც თავის განმარტების ბარათში სწერს, რომ დეზერტირებს ხელს უწყობენ მათი მშობლები, მეგობრები და მთავრობის აგენტებიო, რომ ჯარის კაცები გამორბიან არამც თუ ფრონტიდან, არამედ ზურგის ნაწილებიდანაც, სადაც შედარებით უკეთეს პირობებში არიან. როგორც ხედავთ, ბატონებო, აქ დანაშულობას, დეზერტირობას მიუღია მასიური ხასიათი და თუ თქვენ გნებავთ დეზერტირობისთვის დახვრიტოთ ხალხი მაშინ უნდა გაჰყვეთ ამ ლოღიკას ბოლომდის, უნდა მოიქცეთ ისე როგორც მოიქცა სამხედრო მინისტრი, რომელიც პირველ დეკრეტში მოითხოვდა როგორც დეზერტირებს ისე მათი მშობლების და მეგობრების დასჯას. დღევანდელ დეკრეტში კი ეს მოხსნილია. დიახ, აქ მაშასადამე დანაშაულობას არა აქვს პირადი ხასიათი, მას აქვს საზოგადოებრივი ხასიათი, - და თუ დავსჯით ჩვენ დეზერტირებს, უნდა დავსაჯოთ მათი მშობლებიც, მათი მეგობრები, მთავრობის აგენტებიც ესე იგი ჩვენ უნდა დავსაჯოთ, დიახ მთელი საქართველო!

თავმჯდომარე. უკაცრავად, ნუ უშლით ორატორს.

შენგელაია. მე ვიცი, აქ გამოვლენ და იტყვიან, მაშ როგორ უნდა მოვექცეთ დეზერტირებს, მოღალატებსო, მაშ მათ ჩვენ არ უნდა შევებრძოლოთო? დიახ დეზერტირებს უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ რომ ეს ბრძოლა ნაყოფიერი გამოდგეს, უნდა გავიგოთ რა იწვევს დანაშაულობას, დეზერტირობას. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს დეზერტირობა არის შედეგი ჩვენი ცხოვრების, ანორმალური პირობებისა, უპირველესად ყოვლისა ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ჯარის კაცების და ოფიცრების ნივთიერ მდგომარეობას. ჩვენ რაც უნდა დეკრეტი მივიღოთ, უნაყოფო იქნება თუ ჯარისკაცების და ოფიცრების ნივთიერი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. გარდ ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ დეზერტირობას მჭიდრო კავშირი აქვს იმ ყალბ პოლიტიკასთან, რომელსაც მთავრობა აწარმოებს ყოველ დარგში. ამ პოლიტიკით არავინ არ არის კმაყოფილი, და თუ ჩვენ გვინდა, რომ მთელმა ერმა, მთელმა საქართველომ დაიცვას სამშობლოს დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა გავხადოთ ეს სამშობლო, ეს დამოუკიდებლობა სოციალურად მიმზიდველი, ეს გახლავთ conditio sine qua non ურომლისოდაც ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენ სამშობლოს. ჩვენ არ შეგვიძლიან დავიცავთ ჩვენი სამშობლო მარტო დახვრეტით და ჩამოხრჩობით. სიკვდილით დასჯას, ბატონებო, ყველგან ჰყავდა დამცველები, მათ შორის იყვნენ ისეთი მსხვილი მოღვაწეებიც, როგორც იყო გეგელი, რუსო და სხვები, მაგრამ ასეთი უსუსური დამცველები, როგორც ჩვენში არის, სიკვდილით დასჯას არსად ჰყოლია. რომ ეს ესე არის ამას ამტკიცებს სოციალ-დემოკრატიული პრესა. სოციალ-დემოკრატიულ პრესამ უძღვნა ამ საკითხს რამოდენიმე წერილი შარშან, როდესაც ეროვნულ საბჭომ დააკანონა სიკვდილით დასჯა, მართლია ეს სიკვდილით დასჯა დროებითი იყო, მაგრამ ეს დროებითი აქამდის არის. აი მაშინ ამას გამოეხმაურა სოციალ-დემოკრატიული პრესა. აი სხვათა შორის რას სწერდა გაზეთი „ბორბა“ წარსული წლის №111: შინაურ ომის დროს, ამბობდა ეს გაზეთი, ჩვენ უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომელსაც მიმართავს სახელმწიფო გარეშე ომის დროს. მაშასადამე, დაასკვნის გაზეთი „ბორბა“: „ჩვენ უნდა შემოვიღოთ სიკვდილით დასჯა“. უნდა მოგახსენოთ, რომ სოციალ-დემოკრატებს ჩვეულებრივ ავიწყდებათ ერთი პატარა ფაქტი, სახელდობ ის, რომ არც ერთ კულტურულ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც ჩვენ გვაძლევდეს უფლებას დავხვრიტოთ იარაღ აყრილი შეპყრობილი მტერი, რადგანაც ეს იქნებოდა შურის-ძიება, მეტი არაფერი. როდესაც სახელმწიფო დამნაშავეს შეიპყრობს, ციხეში ჩასვამს, მისი სიკვდილით დასჯა სწორედ, რომ დამარცხებულებზე შურის-ძიებაა. გაზეთი „ბორბა“ უფრო შორს წავიდა, წარსული წლის ¹107 ნომერში „ბორბა“ შემდეგსა სწერდა: „სახელმწიფოს ორგანიზმს დაუყოვნებლივ უნდა მოვსჭრათ ანარქიული ელემენტები, მაგრამ როგორ? სახელმწიფოს სისუსტე სხვათა შორის იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს ნამდვილი სატუსაღოები, სადაც შეიძლებოდა მოგვემწყვდია საზოგადოების დამრღვევი ელემენტები, არ არის არავითარი კატორღები, სადაც შეგვეძლო გაგვეგზავნა ისინი, რომ სახელმწიფოს მოვაშოროთ მათი გამანადგურებელი მუშაობაო“. აი, მოქალაქენო, დამნაშავენი უნდა დავხვრიტოთო, რადგან ციხეები და კატორღები არა გვაქვსო. აქ ბატონებო, კომენტარიები ზედეტი არის, ვინაიდან ასეთ ცინიზმამდე არ მისულა არც ერთი თვითმპყრობელი. ეს ხდება იმიტომ, რომ სოციალისტურ თვალსაზრისით სიკვდილით დასჯის გამართლება და დასაბუთება შეუძლებელია! (ხმა: ჩერნოვი და კერენსკი!) ჩერნოვი მომხრე არასოდეს არ ყოფილა; კერენსკი, რომ მომხრე იყო იმიტომ იყო, რომ გაიმარჯვა (ხმა: ხომ ძალიან გაიმარჯვეთ!). რომ ამნაირი ზომებით არ შეიძლება გავამაგროთ ფრონტი დ შევქმნათ მტკიცე დისციპლინა, ამას კარგად გრძნობდა სოციალ-დემოკრატია. ჩვენ ვიცით ასეთი ფაქტები, როდესაც დროებითმა მთავრობამ შემოიღო სიკვდილით დასჯა, მაშინ სოციალ-დემოკრატებმა გამოიტანეს აუარებელი რეზოლიუციები, ამ რეზოლიუციებში მოითხოვდნენ დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯის გაუქმებას, და იცით ვინ აწერდა ამ რეზოლიუციებს ხელს? ხელს აწერდნენ სოციალ-დემოკრატები. ჩვენ მეტიც ვიცით, როდესაც თფილისის ქალაქის თვითმმართველობაში დაისვა ოფიციალურად ეს საკითხი, იქ სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის სახელით გამოვიდა ორატორი, რომელიც სიტყვა სიტყვით ამბობდა: „ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ სიკვდილით დასჯას არ შეუძლია აღადგინოს დისციპლინა, ის თავს მოგვახვია დროებითმა მთავრობამო“. ეს სიტყვები, ბატონებო, ეკუთვნის ქალაქის თვითმმართველობის სოც.-დემ. ფრაქციის ოფიციალურ ორატორს და დღევანდელ ჩვენი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს ბ. ლომთათიძეს. იმ სხდომაზე, სადაც ეს საკითხი დაისვა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ, რომელიც მოხრე არის სიკვდილით დასჯისა, შემოიტანა შემდეგი რეზოლიუცია: „იღებს რა მხედველობაში, რომ ფრონტზე სიკვდილით დასჯა შემოღებული იყო დრ. მთავრობის მიერ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სარდლობის ზეგავლენით, რომელსაც სურდა ის გამოეყენებია, როგორც ძლიერი იარაღი ჯარის დემოკრატიზაციასთან ბრძოლაში, ეს ზომა რევ. დისციპლინის შესაქმნელად და გასამტკიცებლად კი გადაჭრით უარყოფილ უნდა იქნეს; სცნობს რა, რომ ზემო მოყვანილი მოსაზრებათა გამო სიკვდილით დასჯის შემოღება ფრონტზე არის ზომა რეაქციონური, თბილ. ქალ. საბჭო მოითხოვს ფრონტზე მის გაუქმებას“. (ხმაურობა) აი, ბატონებო, ეს გახლავთ თქვენი რეზოლიუცია და ამაში აშკარად ნათქვამი არის, რომ ეს ყოვლად მიუღებელი ზომა არის, რომ ეს რეაქციონური ზომაა, ამით დისციპლინას ვერ განამტკიცებთ და სხვა. და დღეს კი იგივე ფრაქცია, იგივე მოღვაწეები სულ წინააღმდეგს მოითხოვენ. ამაზე იტყვიან: O tempora! O mores! ამნაირად არ არის არავითარი სერიოზული მოსაზრებები, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო გაგვემართლებინა სიკვდილით დასჯა. სწორედ ეს გვაიძულებს ამ დეკრეტის წინააღმდეგ მივცეთ ხმა, აი ამ მოსაზრებისა გამო ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგი არის წარმოდგენილ დეკრეტისა. ეს დეკრეტი, ბატონებო, ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ უმრავლესობის პარტიამ, ხელმძღვანელმა პარტიამ დაკარგა არამც თუ სოციალისტური და დემოკრატიული სახე, არამედ ის კარგავს კულტურულ სახესაც კი, დიახ, კულტურულ სახესაც, მაგრამ ამის შესახებ ვრცლად ჩვენ ალბათ, გვექნება საშუალება ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც თქვენ როზგებს შემოიღებთ!..

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს.

სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ბატონ ესერების სოციალიზმსა და დემოკრატიზმზე მე მქონდაა ლაპარაკი ერთ-ერთ მათი შეკითხვის გამო. (ხმა ესერებისაგან: როდესაც საშინლად დამარცხდით!) ამ შეკითხვის დროს ჩვენ დავინახეთ, რომ ესერების პარტია წინააღმდეგი ყოფილა ყოველი რევოლიუციონური ზომისა (შენგელაია ადგილიდან: ტყუილია!) რასაც მიმართავს ყოველი რევოლიუციონური მთავრობა. (შენგელაია ადგილიდან: ჟირონდისტები) ვისია ეს ზომა იმასაც გაიგებთ და თქვენ დაინახავთ, რომ სწორედ რევოლიუციონური საფრანგეთის კონვენტი, ეს უმაღლესი ორგანო რევოლიუციისა, გადაჭრით მომხრე იყო იმ ზომებისა, რომელსაც მუდამ მიმართვდა და ახლაც მიმართავს ჩვენი მთავრობა, მაგრამ, როგორც სჩანს ის გაკვეთილი, რომელიც მაშინ ესერებმა მიიღეს ეს საკმარისი არ ყოფილა. მე არც ვფიქრობდი, რომ დღეს შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი კითხვის გამო (ხმა: სიკვდილით დასჯა არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?) რომელიც ეხება ბრძოლას დეზერტირობასთან, შესაძლებელი იქნებოდა პრინციპიალური კამათი სიკვდილით დასჯის ბრძოლის შესახებ. მაგრამ როგორც სჩანს, ამ გაკვეთილმა უქმად ჩაიარა და აი აქ უნდა მოგახსენოთ, ბატონო ესერებო, ვინ იყო ყოველ რევოლიუციონურ ხანაში წინააღმდეგი იმ ზომების, რომელზედაც აქ ლაპარაკობენ, კერძო სიკვდილით დასჯისა. მე გადაჭრით ვამტკიცებ, მუდამ წინააღმდეგი იყო ამ ზომებისა ზომიერი კონსტიტუციონური პარტიები. „ისტორიის მცოდნე“ ბატონი შენგელაია ლაპარაკობს - ჟირონდისტებიო. ალბათ თქვენ იცით ისტორიიდან, როცა დასაჯეს ლუი მე-16-ტე, ეს ალბად ჩაიდინეს კონტრ-რევოლიუციონერებმა. მე უნდა მოვახსენო ბ. შენგელაიას, რომ სწორედ ის ჟირონდისტები, რომელზედაც ის ლაპარაკობს, ისინი იყვნენ წინააღმდეგები მეფის სიკვდილით დასჯისა. ეს არის ისტორიული ფაქტი და სწორედ ეს ისტორიული ფაქტი ამბობს იმას, რომ მუდამ რევოლიუციონური დემოკრატია მიმართვდა იმ ზომებს, რამდენადაც ეს ზომები იქნებოდა მიმართული რეაქციის წინააღმდეგ. (შენგელაია: დიახ, რეაქციის წინააღმდეგ!) დიახ, რეაქციის წინააღმდეგ, და თქვენ დაინახავთ, რომ დეზერტირობა ეს არის მოვლება რეაქციონური: - მეტს ვიტყვი, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც ხელს უწყობს ორ ჩვენ ისტორიულ მტერს, რომელიც ერთი ჩრდილოეთიდან არის, და მეორე ხან შიგნიდან ხან გარედან გვებრძვის, ან სამხრეთიდან ან შეიძლება სხვა მხრიდან გვიქადის - შემოსევას. აი, ბატონებო, ეს არის საკითხი, ამაში არის საქმე. ყოველთვის რევოლიუციონური დემოკრატია იძულებული არის შინაური ბრძოლის დროს, რომელიც არღვევს ფრონტს, მიმართოს იმ ზომებს, რა ზომებსაც მივმართავთ არა მარტო ჩვენ, და არა მხოლოდ დღეს, არამედ მუდამ მიმართავს რევოლიუციონური დემოკრატია. თქვენ ვერც ერთ რევოლიუციას ვერ დამისახელებთ, იქნება ის დიდი რევოლიუცია ინგლისისა, საფრანგეთისა, გარდა იმ ზომიერ პარტიებისა, რომელიც მუდამ ცდილობენ, და ფიქრობენ ცხოვრების შეჩერებას და რევოლიუციის დამარცხებას, არც ერთი წმინდა რევოლიუციონური პარტია არ იყო ასეთი ზომების წინააღმდეგ. (სიცილი ესერების სკამებზე) მართლაც სასაცილოა, რომ სატირალი არ იყოს იმ პარტიის საქციელი, რომელსაც მუდამ თავი მოაქვს თავისი რევოლიუციონერობით, რომ მუდამ გამოდის რევოლიუციონურ ზომათა წინააღმდეგ. (ხმაურობა).

თავმჯდომარე. დაწყნარდით, კეთილ ინებეთ ნუ უშლით ორატორს.

რამიშვილი. აქ მოიგონეს რუსეთის ისტორია, ფრიად საყურადღებო არის. აქ ლაპარაკობენ, რომ აი ბოლშევიკები სწორედ ამ გზას მისდევენო, რომელსაც ამ შემთხვევაში თქვენც მხარს უჭერთო. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ესერები, ის ფრაქცია, რომელიც ახლა ამ ზომათა წინააღმდეგ ილაშქრებს, გამოსულიყო იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ჩვენი დამოუკიდებლობის დასამარებას. პირიქით ყველა უმთავრეს ზომებს, რომლებიც ჩვენ დემოკრატიის წინააღმდეგ იყო მიმართული, მხარს უჭერს, როგორც ეს იყო გასულ წელს და ეხლაც ისინი მხარს უჭერენ უმთავრეს შემთხვევებში. (ხმა: მართალია!) ჩვენ ერთი უნდა ვსთქვათ მართლა წინააღმდეგი ვართ იმ გზისა, რომელსაც ისინი მისდევენ და იცით რატომ? არა იმიტომ, ჩვენ წინააღმდეგი ვიყოთ საერთოდ რევოლიუციონურ ზომებისა, როგორც არის სიკვდილით დასჯა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ რევოლუციონურ ზომებისა მაშინ, როცა ის მიმართულია უმცირესობის დასაცავად. დემოკრატია, მუდამ ასეთ კითხვას სვამს; ვის ინტერესებს ემსახურებს ესა თუ ის ზომა. მართლა ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ დღესაც ისეთი ზომებისა, რომელსაც რეაქცია გამოიყენებს წინააღმდეგ რევოლიუციონურ ხალხისა, წინააღმდეგ დიდი უმრავლესობისა. მაგრამ პირიქით თუ კი ის ზომა ხელს უწყობს ჩვენი რესპუბლიკის განმტკიცებას, მაშინ ასეთი ზომები სავსებით დემოკრატიულია. აი ბატონებო, რაშია საქმე. ჩვენ ეხლა სწორედ ამ უმთავრეს თვალთახედვიდან ვდგევართ იმ საკითხზე, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და რომელსაც სულ არ შეეხო ბ. შენგელაია, როგორც ესერების წარმომადგენელი. - მისთვის ეს სულ ერთია, განა საქმე ამ დეკრეტშია? ეს ლექცია მას დამზადებული ჰქონდა სულ სხვა შემთხვევისთვის, მაგრამ რადგანაც სხვა შემთხვევა ვერ იპოვნა აი ეხლა აქ გამოვიდა. რა შემთხევაზე არის აქ ლაპარაკი? სიკვდილით დასჯა უნდა დაკანონდეს, როცა ომიანობისა ან სამხედრო მოქმედების დროს ოფიცერი ან ჯარისკაცი მიატოვებენ სამსახურს, ან როცა გადავა ის მტრის მხარეზე. „მტრის მხარეზე... (კითხულობს..“) (ესერების სკამებიდან: მეგობრები და მშობლები?) უკაცრავად მშობლებზე ცალკე გვექნება ლაპარაკი. გავარჩიოთ ეს ორივე შემთხვევა: ავიღოთ ასეთი შემთხვევა: გენერალი ნათიშვილი გადავიდა მტრის მხარეზე, ის არის დენიკინის მომხრე, (ხმა: ბუნებრივი არის!) ჩვენდა სამწუხაროდ არის იმისთანა ხალხი, რომლისთვისაც ეს ბუნებრივია, მე ვამბობ, აი ამათ წინააღმდეგ არის ეს ზომები, ასეთი პირის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ზომები. იმათ მოელით როგორც დახვრეტა, აგრეთვე მთელი ქონების კონფისკაცია. ავიღოთ მეორე შემთხვევა. გადადიან არა დენიკინის მხარეზე, არამედ შიგნით აჩაღებენ ფრონტს. მე მაქვს უფლება დღეს განვაცხადო, რომ არიან ზოგიერთი ჯგუფები ან პარტიები, რომლებიც, მე მგონია, ემზადებიან გამოსვლისთვის. და წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა, რომ რომელიმე პირი, რომელიც ვალდებულია ჩვენში მოიხადოს სამხედრო ბეგარა, ამ დროს სხვაგან, სხვა სახელმწიფოში მიემართება (შენგელაია ადგილიდან: დაიჭირეთ!), - ემზადება ჩვენი რესპუბლიკა დაამხოს. როგორ გვიბრძანებს ბ. შენგელაია, (შენგელაია ადგილიდან: იმათ შეებრძოლებით) (საყვარელიძე: დავაჯილდოვოთ!) დავაჯილდოვოთ თუ მივიღოთ ზომები გამოსვლის წინააღმდეგ? აქ პირდაპირ საკითხი ასე სდგას: ან სიკვდილი ან გამარჯვება? ან დემოკრატიის გამარჯვება ან მისი დასამარება. და როგორ გვიბრძანებთ, არ უნდა მივიღოთ ასეთო ზომები ამ მოღალატეებს წინააღმდეგ? თუ მივიღეთ ასეთი ზომები თქვენ იტყვით, - შეიძლება მათ წინააღმდეგ სხვა სასტიკი ზომების მიღებაო. - მაგალითად ავიღოთ უვადო კატორღაში გაგზავნა.

მე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენში მოქმედობენ ისეთი ჯგუფები, რომელნიც აცნობენ ჩვენს სამხედრო ვითარებას. მათ კარგად იციან, როცა გათავდება ბრძოლა, ეს უვადო კატორღა რასაკვირველია გაბათილდება. თუ ეს არ იცის შენგელაიამ, ეს კარგად იციან დენიკინელებმა და ჩვენმა შინაურმა მტრებმა. ამისთანა ხალხს აუცილებლად აშინებს ასეთი სასჯელი. დენიკინელთ იდეაზე ლაპარაკი სრულიად წარმოუდგენელია. (შენგელაია ადგილიდან: თქვენ ვერ გაიგეთ.) რასაკვირველია, თქვენ ისე ლაპარაკობთ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ეს მართალია, ვინაიდან ეს ლექცია, რომელიც დამზადებული იყო ერთი წლის წინათ, დღეს წარმოსთქვით, მაგრამ ერთი კი აშკარა არის, რომ ის დენიკინელები, ის დეზერტირები, რომელნიც გარბიან, რომელნიც ხელს უწყობენ ჩვენ დემოკრატიის დასამარებას, იმათ რასაკვირველია არავითარი იდეოლოგია არა აქვთ, არ აქვთ ისეთი იდეოლოგია, რომლის წინაშე მართლა მუხლი უნდა მოიდრიკოს რევოლიუციონურმა დემოკრატიამ. და მე ვამბობ ყოველთვის ასე იქცეოდა რევოლიუციონური დემოკრატია, როდესაც საქმე ეხებოდა თავდაცვას, შენარჩუნებას რევოლიუციონურ მონაპოვრისას. ამ შემთხვევაში ის არავითარი ზომების წინაშე არ შეჩერდება, როგორც არ შეჩერდა ლუი მე-16 სიკვდილით დასჯის წინაშე. მაშინაც იყვნენ, რასაკვირველია, თქვენისთანა აზრების მატარებელნი, კონსტიტუციონალისტები მაგრამ უმცირესობაში დარჩნენ და გამოტანილი იყო საწინააღმდეგო დადგენილება. აი ბატონებო, არის მეორე შემთხვევაც - სამხედრო მოქმედების დროს ფრონტის მიტოვება. აქ ნათქვამია, ასეთი პირნი დასჯილნი იქნებიან კატორღით ოთხი წლიდან 20 წლამდე, ან უვადოთ ან დახვრეტით. რატომ არის ეს? ბატონებო, მე მგონია, რომ ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, რატომ არის ნაჩვენები სხვა და სხვა საფეხური სასჯელისა. შეიძლება მოხდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან გაქცევა მართლაც უდიდესი დანაშაულობა იქნება და მათ სიკვდილით დასჯიან. არის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა საქმე იღებს მასიურ ხასიათს, როდესაც მაგ. მთელი გუნდი მიატოვებს ფრონტს. როგორ გვიბრძანებთ, რევოლიუციონურ დემოკრატიას გადასარჩენად არ უნდა მიიღოთ უსასტიკესი ზომები, თუ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ყოველთვის ზომიერი კონსტიტუციონალური პარტია, უნდა შევხედოთ გულგრილად როცა ჩვენი მტერი რომელიმე დეზერტირების ჯგუფის დახმარებით მოისურვებს რევოლიუციონურ დემოკრატიის დასამარებას (ხმაურობა ესერების სკამებიდან. ხმა: მაშინ დახვრიტეთ!), როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ? (ხმაურობა ესერების სკამებზე: მაშინ ხალხი თვით გაასამართლებს). თვით გასამართლება თქვენთვის დაგვილოცნია. მაგრამ ერთი კი უნდა ვსთქვა: თუ თვით გასამართლების ზომას, არ მივმართავთ, უნდა მივმართოთ მეორე უსასტიკეს ზომას, სამსჯავროს მეოხებით დახვრეტას. თქვენ მომხრე ხართ თვით გასამართლების, ე.ი. ანარქიული გამოსვლის, ხოლო წინააღმდეგი სამსაჯავროს მიერ სიკვდილით დასჯის. ამას ეწოდება კადეტობა. არის არის საკითხი კიდევ პიროვნებაზე. რა მნიშვნელობა აქვს პიროვნების დახვრეტას, როცა მუდამ ამბობთ ყველაფერს თავისი გასამართლებელი მიზეზი აქვსო? თქვენ დაგვიწყებიათ კარლ მარქსის დებულება, თუმცა მას იხსენიებთ. ყოველივე საზოგადოებრივ მოვლენას აქვს თავისი მიზეზი, მაგრამ პიროვნებაც ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. აქ კი ეს ზომა მიმართულია არა მხოლოთ კერძო პიროვნებათა წინააღმდეგ, არამედ ამას ჩვენ ვაძლევთ ფართო საზოგადოებრივ მნიშვნელობას: - ჩვენ გვსურს, მივიღოთ ზომები ზოგიერთ კერძო პირთა წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამ ზომებს აქვს საერთო მნიშვნელობა, ის ახდენს გავლენას საზოგადოებაზე, ქმნის ისეთს საზოგადოებრივ ატმოსფეროს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი დემოკრატიის განმტკიცებას. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ შევქმენით ეს უსასტიკესი ზომები? (ესერების სკამებიდან: ბიუროკრატიამ შექმნა) სწორედ მილიუკოვები და სხვა კადეტები წინააღმდეგი არიან ამ ზომებისა, ისინი სწერენ ამ ზომების წინააღმდეგ, არა იცით ვინ მოითხოვს ამას? ეს არის თვით რევოლიუციონური ხალხი, ეს არის მუშათა წრეები და გლეხობა. ყველგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ თავისი ძალა გამოიჩინოსო და ამას ამბობენ არა მარტო მთავრობის, არამედ დამფუძნებელი კრების მიმართ. ასეთ გადაწყვეტილებას მათ უკარნახებს რევოლიუციონური ინსტიქტი. და სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს უმთავრესად ამ ზომას, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ დეზერტირობას ხელს უწყობს არა თითო-ოროლა არამზადის სურვილი დემოკრატიის სამსახურს გაექცეს, არამედ ის საზოგადოებრივი ატმოსფერო, რომელიც ამ საკითხის გარშემო შეიქმნა, ის დაფარვა, რომლითაც სარგებლობენ დეზერტირები. ასეთ პირობებში, რომ დეზერტირობას მოესპოს ნიადაგი, საჭიროა უსასტიკესი ზომები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დამფუძნებელი კრება, რომელიც არის დარაჯი რევოლიუციისა, ამ ზომებს დაადასტურებს.

ზაქარია გურული. (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! თქვენ პირველად არ მოგისმენიათ, ალბად, დღიდან საქართველოს რესპუბლიკის არსებობისა ის სიტყვა, რომელიც აქ ითქვა აი ამ ხალხისგან, რომელნიც პასუხისგებას არსად არ გრძნობენ და სიცილით უნდა გამოვიდნენ იოლად. ეს ის ხალხი გახლავთ, რომლის პარტიული არსებობა მხოლოდ მკვლელობისაკენ იყო მიმართული. მთელი მათი პარტიული მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ მკვლელობის მოღვაწეობისგან შესდგებოდა (ხმა მარცხენიდან: ეს ახალი ფილოსოფია არის!) ახალი ფილოსოფია კი არა ძველი ფილოსოფია არის. ის ხალხი, რომელიც რევოლიუციის მოხდენასაც და სოცილიზმის დაარსებასაც მხოლოდ იმით სცდილობენ, რომ მკვლელობა მოეხდინათ პიროვნებისა, აი, ეს ხალხი დღიდან ჩვენი რესპუბლიკის არსებობისა, არა ერთხელ და არა მარტო ამ კრებაში გამოდის ასეთი იოლი სიტყვებით, მაგრამ თქვენ იცით, ალბათ ისიც, რომ თითონ ამ წრიდან გამოვიდა ჯგუფი, რომელსაც პირველი მოუხდა ამ დიდ რევოლიუციის პროცესში, ამ, მათგან ყბათ აღებულ, სიკვდილით დასჯის შემოღება. აქ ჩვენში, თქვენ იცით, რომ ახალი არაფერი არ შემოუღიათ. აქ მხოლოდ გამოდიან იმით, რაც ესერებმა თვითონ შემოიღეს რუსეთში. ისინი ამბობენ: მართალია, ეს რევოლიუციონურ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ სადაც რევოლიუციონურ პარტიას სხვა საშუალება არა აქვს ბრძოლისა, უპირატესობა ამასა აქვსო. აი ჩვენ ვახდენდით წინათ მკვლელობას და არა სიკვდილით დასჯას.. მკვლელობას ე.ი. თვით-გასამართლებას, და ამას იმიტომ ვახდენდით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი უპირატესობით იყვნენ აღჭურვილნი, ჩვენ სხვა საშუალება არ გვქონდა და ამიტომ ვკლავდითო.

მაგრამ, აი ეხლა ჩვენ უპირატესობა გვაქვს, - თუ კი თქვენ უპირატესობით ხართ აღჭურვილნი, აპარატი ხელში გაქვთ, დაიჭირეთ ციხეში ჩასვით, იარაღი აჰყარეთ და გყავდეთ იქ, რაღათ გინდათ მოკლათო. მაგრამ მე გავახსენებ სოციალ-რევოლიუციონერებს, იყო ერთი კაცი საქართველოში ძველ დროს: იმან ჩაიდინა ბევრი მკვლელობა, იმდენი დანაშაულობა ჩაიდინა, რომ თითონ რუსეთის ბიუროკრატიამ, რომელიც მაინც და მაინც ძალიან არ ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობაზე, რომ ბოროტ-მომქმედნი მოეცილებინა, იმასაც კი კატორღში გაუგზავნია. მაგრამ ამ კატორღიდან გამოსულმა, საქართველოს რესპუბლიკაში კვლავ ჩაიდინა მკვლელობა. ამ კაცს ალბად სოციალ-რევოლიუციონერები იცნობენ. ერთი მათი საუკეთესო ლიდერის მკვლელი გახლავთ. თუ ეს ხდება ისტორიის მსვლელობაში და ხალხში იყო ეს ბოროტ-მოქმედება, რომ კაცს კატორღაში გზავნიან და იქიდან ჩამოსულს კიდევ შეუძლიან მკვლელობა მოახდინოს, - მითუმეტეს დღეს შეუძლებელია მიიღოს ის ზომა, რომელსაც თქვენ გვირჩევთ, - აჰყარეთ იარაღი და ციხეში ჩააგდეთო. მაგრამ განა არ იცით, რომ ყველა, ვინც ციხეში და კატორღში მიდის, ყველა, ვისაც ჩვენ ვგულისხმობთ, და გულისხმობდნენ ისინი, ვინც შემოიღეს ეს სასჯელი, ყოველ დღე ელიან იმას, ვის მოსვლასაც ხელს უწყობს თქვენი ასეთი გამოსვლა, - და ფიქრობენ: წავალთ ციხეში, მაგრამ მალე გამოვალთო. ესენი კი არ ფიქრობენ, ლაპარაკობენ, ადიდგულებენ და ამხნევებენ იმას, ვისაც დანაშაულობის ჩადენა უნდა. და ამიტომ ყოველი გულწრფელი რევოლიუციონერი, ვისაც კი უნდა რევოლიუციის მონაპოვარის განმტკიცება და დარჩენა, ყოველთვის იტყვის: არიან ისეთი დამნაშავენი, რომელთაც დღეს სასაცილოთ აქვთ აგდებული ციხეც, კატორღაც, დაჭრაც, იარაღის წართმევაც, მათ საფლავიც ვერ გაასწორებს. (ხმა: როზგები უნდათ!).

დიახ, მაგრამ იცით რა მოგახსენოთ? თუმცა თქვენი ლოღიკა, ისეთი ლოღიკა არის, თითქოს სიკვდილით სასჯელის მიღება როზგამდის მიგვიყვანდეს, მაგრამ მოგახსენებთ, თქვენ, რომ იყოთ რესპუბლიკის სათავეში და სიკვდილით სასჯელის მაგივრად, მართალია, შეიძლება უფრო ადვილად, შემოიღოთ როზგები, ვინაიდგან თქვენ ამბობთ: სიკვდილის მაგივრად შემოიღეთ როზგებიო. რევოლიუციონურ თვალსაზრისით ის თურმე შეიძლება დავტოვოთ, ვინაიდან არც როზგები არის სიკვდილით სასაჯელი. თქვენი ლოღიკით გამოდის, რომ როზგებითაც შეიძლება დასჯა, მაგრამ როზგებით შეიძლება მხოლოდ ბალღები დაგეშინებინათ, ისინი კი, ვიზედაც ეს სასჯელი არის მიმართული, როზგების შემდეგაც მოახდენენ დანაშაულობას. მაშასადამე, ლაპარაკი იმაზე, რომ დავტოვოთ ციხეები, კატორღა, და სიკვდილით დასჯა მოვსპოთ, შეუძლიანთ მხოლოდ იმათ, ვინც ამ სიტყვებში არავითარ პასუხს არ აგებს, ვინც პასუხისმგებლობას არ გრძნობს რევოლიუციის წინაშე, დემოკრატიის წინაშე.

ყველა რაც აუცილებელია ჩვენ ცხოვრებისთვის, რაც აუცილებელია რევოლიუციის დასაცავად, რევოლიუციის მონაპოვართა განსამტკიცებლად, ყველა ეს ზომა რევოლიუციის ხელში, რევოლიუციონურ თვალსაზრისით არ შეიძლება უარვყოთ, მანამ, სანამ ამას რევოლიუცია არ უარყოფს, ამას თხოულობს, და უნდა მოვახსენო ბ. სოციალ-რევოლიუციონერებს, სოციალ-დემოკრატების სახელით, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მათ იმედები გაუცრუვდათ, რომ ისინი თავის დეკლარაციის შემდეგ, პირიქით ელოდნენ, რომ მთავრობა შემოიტანდა კანონ-პროექტს საქართველოს რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის მოსპობის შესახებ და სოციალ-დემოკრატია ამას დაამტკიცებდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს იმედი მათ კიდევ ბევრჯელ გაუცრუვდებათ, და არც დამფუძნებელ კრების მიერ არჩეული მთავრობა, სანამ ის თავის ადგილზე არის, და არც მითუმეტეს უმრავლესობის პარტია, პასუხისმგებელი ფრაქცია, არასოდეს არ წარმოადგენს ასეთ კანონ-პროექტს, და თუ ვინმემ სხვამ აიღო ამის ინიციატივა, არ მიიღებს მანამ, სანამ დაწყებული რევოლიუცია არ გათავდება, სანამ რევოლიუციის მონაპოვარი არ განმტკიცდება, სანამ არ შექმნილა არა მარტო ჩვენ საქართველოს რესპუბლიკაში, არამედ ჩვენს გარეშეც, ისეთი წესწყობილება, მკვიდრი წესწყობილება, რომელიც იქნება შედეგი და სურვილი რევოლიუციისა, - მანამდის ეს სიკვდილით დასჯა დარჩება, და ამ სიკვდილით დასჯით ჩვენ ვისარგებლებთ და დავსჯით იმათ, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, ვინც ამ პროცესს შეებრძოლება. (შენგელაია: მოგვილოცნია!) სრულიათ ვღებულობთ. ბატონმა შენგელაიამ ბრძანა, სიკვდილით დასჯის კანონი ვიზედაც არის მიმართული, ისინი სამ კატეგორიად დაჰყო მან და სთქვა: დიდი უმრავლესობა ამ ხალხისა არის ისეთი, რომელთაც დუხჭირი პირობები აიძულებენ ასეთ დანაშაულის ჩადენას. გადვიდა ეს დეზერტირებზედ, რომლებიც, სხვათა შორის, იყვნენ და სთქვა: აი დეზერტირები მიდიან, თითონ მინისტრი ამბობს, რომ ეს ძალიან გავრცელდა, მერე დეზერტირებს ხელს უწყობენ, ნათესავები, ნაცნობები, არ ებრძვიან მთავრობის აგენტები და თუ წავედით ლოგიკურად, ჩვენ მთელი საქართველოს დახვრეტა მოგვინდებაო. სამხედრო მინისტრმა განაცხადა, რომ არ არის არავითარ საფუძველზედ დაფუძვნული ეს სიტყვები, რომ სიკვდილით დასჯა მიმართულია განსაკუთრებულ შემთხვევებში. რაც შეეხება დანარჩენ დანაშაულებს, არის ჩამოთვლილი ამ კანონში, სოციალ-რევოლიუციონერების მოწონებული ციხე, კატორღა, გაუპტვახტთა და სხვა, მხოლოდ, ვინც ჯარის კაცი არ არის, არამედ მისი ნათესავი, ან მთავრობის მოხელეები და ამას ხელს უწყობენ, ეს არ შედის სამხედრო სასჯელის კანონში და ამიტომ ცალკე კანონს წარმოადგენს იურიდიული კომისია.

ჩვენ ვამბობთ, ისინიც, ვინც ასე თუ ისე მოხდება ამ სიკვდილით დასჯის კანონის ქვეშ, ტყულად წარმოუდგენია ბ. შენგელაიას, რომ ისინი ყველა, დიდი უმრავლესობა, დანაშაულობას სჩადის მხოლოდ და მხოლოდ დუხჭირი პირობების, ობიექტიურ პირობების გამო. აქ დუხჭირი პირობები არაფერი შუაში არ არის. (ხმაურობა).

მომითმინეთ, სხვათა შორის, შენგელაიამ განაცხადა, რომ მომხსენებელმა არ დაასახელა დეზერტირობის მიზეზი და საზოგადოდ ყველა ამ დანაშაულობის შესახებ არაფერი არა სთქვაო, და დაუმატა, რომ ამ დეზერტირობას აქვს თავისი გასამართლებელი მიზეზიო. როდესაც ის ლაპარაკობდა დუხჭირ პირობებზე, სწორედ უკეთესი იყო იმ თავის სიტყვებს დაჰკვირვებოდა და ეს არ ეთქვა: მომხსენებელმა მიზეზები არ დაასახელაო. მომხსენებლმა მიზეზები დაასახელა, და სხვათა შორის, რომ გაეგო ბ. შენგელაიას, მომხსენებლმა სთქვა ეს სიტყვები: ერთი მიზეზთაგანი, როდესაც მიზეზები ჩამოთვალა დეზერტირობის გამრავლებისა, ზოგიერთ ულტრა სოციალისტები არისო. დიახ, არიან ისეთი ულტრა სოციალისტები, რომელნიც სწორედ ურჩევენ დეზერტირობას. როგორ ფიქრობთ თქვენ, დუხჭირმა პირობებმა, ობიექტურ პირობებმა აიძულა ეს ულტრა სოციალისტები, რომ ერჩიათ ამ დეზერტირებისთვის წადით, გაიქეცითო, ამ გაჭირვების დროს, როდესაც რევოლიუციონურ დემოკრატიის მიერ ამ დაარსებულ რესპუბლიკას გარედან მის მომსპობელი ძალები ემუქრებიან? მაშინ დუხჭირი, ობიექტური პირობები უკარნახებს იმას, უბრძანებენ? არა, დუხჭირი, პირობები კი არა, თავის შემცდარი ფანტაზია, ხშირად კი პირადი გაბოროტება.

ამ ნიადაგზე აღმოცენებული არსებობენ და სჩადიან დანაშულობას, - როგორ მოვექცეთ ჩვენ მას, ჩავსვათ ციხეში და უყუროთ, როდესაც მოვა კიდევ მეორე ამისთანა და მოემატება მას? როგორ ფიქრობთ თქვენ? ჩვენ წინ არის ფაქტი, თქვენ ალბათ წაიკითხეთ ვინმე ნიკიტას ისტორია. ადამიანი გადარჩა სიკვდილს საქართველოს რესპუბლიკის წყალობით. არამც თუ გადარჩა სიკვდილს, მშვენივრად ცხოვრობდა და იმ დროს, როდესაც რესპუბლიკას შავი საფრთხე ელის, იღებს მთელ ცნობებს, სარგებლობს სტუმართ-მოყვარეობით და ამ ცნობებით მიდის იქითკენ, სადაც ამ მის მწყალობელ რესპუბლიკას საფრთხე მოელის. როგორ მოვიქცეთ? ჩავსვათ ის ციხეში? ვასვათ, ვაჭამოთ, ვარჩინოთ, რომ იმედი გავუღვიძოთ იმათ, ვინც გარეშე დარჩა, რომ მოვა რაღაცა ძალა, რომელიც მას დააჯილდოვებს და გამოუშვებს და რომელიც გაამხნევებს გარეშე დარჩენილს ჩაიდინოს ის, რაც მან ჩაიდინა?

უპირველესად ყოვლისა, თქვენ გვითხარით, ამ სიკვდილით სასჯელის შემოღებამ გაამართლა თუ არა მოლოდინიო. მე მოგახსენებთ, გაამართლა და კიდევ უფრო უშედეგოდ მიახწევდა დასახულ მიზანს, რომ ეს სწორედ ისე ეწარმოებიათ ცხოვრებაში, ისე გამოეყენებიათ ჩვენ რესპუბლიკის სათავეში მდგომთ, როგორც ამას ჩვენი ხალხი მოითხოვდა, როგორც ამას ბ. შენგელაიას კარნახი კი არა, ცხოვრების ფაქტების კარნახი მოითხოვს, როგორც ხალხი ამას ამა თუ იმ მიტინგებზე, ამა თუ იმ კრებებზე ამბობდა თავის რეზოლიუციებში, ესე იგი, ისე მკაცრად გაატარებენ ცხოვრებაში. და თუ ჩვენ მთავრობას რამე უნდა უსაყვედუროთ, მხოლოდ ის რომ ამ კანონს, რომელიც მისცა ხელში საქართველოს დემოკრატიამ და უთხრა, რომ რევოლიუციის დასაცავად, არ მორიდებოდა არავითარ ზომებს და არც სიკვდილით დასჯას, რომ ეს მას სასტიკად გაეტარებინა ცხოვრებაში, და თუ სავსებით ვერ მიაღწია მიზანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კანონები სასტიკად ვერ გაატარა ცხოვრებაში.

აქ სთქვეს: თქვენ წინათ მკაცრად არამც თუ არ იცავდით, ამ სიკვდილით სასჯელს, პირიქით წინააღმდეგი იყავით მისი (შენგელია: დიახ!) ჯერ ერთი ბ. შენგელაიას ავიწყდება, რომ ის ზომა, რომელზედაც აი დღეს თქვენ წინაშეა წამოყენებული სულ სხვა და სხვა გარემოებით არის გამოწვეული. (შენგელაია: ერთი და იგივეა!) არავითარი ერთი და იგივეობა არ არის. მე ვაცხადებ, რომ ის ზომა იყო მიმართული რუსეთის 10 მილიონიან არმიის წინააღმდეგ, რომელიც ბევრმა შენგელაიებმა დაარწმუნეს, რომ ისინი რევოლიუციას გაკეთებდნენ, თუ ეს 10 მილიონი არმია ერთად მოიხსნებოდა ფრონტიდან, სახლში წავიდოდა და ფრონტს დაუტოვებდა გერმანიის რეაქციას, ეს ზომა კი მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც თითო-ოროლა პირნი, დაინტერესებული ჯგუფი დღეს ისეთივე რჩევას აძლევს, ისეთსავე დანაშაულობას სჩადიან, მაგალითად მას მთელი ხალხი, მთელი ჯარი აუყოლებია, პირობები დაუბრიყვებია და დაუბნევია გზა. თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ ისეთ ფაქტის წინაშე ვყოფილიყავით, რომ მთელი ჯარი წამოსულიყო მართლაც გატაცებული, თუნდაც გაბრიყვებული რაიმე გასამართლებელ იდეით, და თითქოს რევოლიუციას აკეთებენ, - ლპარაკი ზედმეტი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ვართ იმ ფაქტის წინაშე, რომლის წინააღმდეგ არის თითონ ეს ჯარი, და ჩვენ ხელში გვაქვს არა ერთი წერილი, არა ერთი რეზოლიუცია ჯარის ნაწილებისა, რომელიც ამბობს: თუ სამსახურია, სამსახური იყოს, თუ რევოლიუციის დაცვა არის, რევოლიუციის დაცვა იყოს, დეე იმსახუროს ყველამ, დეე ნუ აქვს უფლება ყველა გარეწარს, უფლება, - მოდიოდეს, არევ დარევა შეჰქონდეს ჯარის ნაწილებში, აკეთებდეს იმას, რაც დააქცევს ჩვენ რამოდენიმე წლების ნაკეთებს. მაშასადამე, ეს ჯარის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ იმის წინააღმდეგ, ვინც ჯარს ხელს უშლის თავის მოვალეობა შეასრულოს, და ჯარი თითონ თხოულობს ამას. (შენგელაია: ფაქტები და რეზოლიუციები?) თქვენ გინდათ ფაქტები და რეზოლიუციები, ჩვენ არ ამოვსულვართ ამ ტრიბუნაზედ (ხმა მარჯვნიდან: კარგი იქნებოდა ჯარს, რომ რეზოლიუციები გამოეტანა) იმისთვის, რომ წინასწარ მკითხაობა დავიწყოთ, მივხვდეთ იმას, რომ უბრალო ჭეშმარიტების წინააღმდეგაც კი გამოვიდნენ და ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ ერთხელ გაზეპირებული ფრაზები გამოისროლონ, და შემდეგ ამ თავის ნათქვამის წინააღმდეგ მოითხოვონ მთელი იღლია ქაღალდი. თუ თქვენ გნებავთ ჭეშმარიტების გაგება, შეგეძლოთ იქვე, საცა მთელი კვირა გიძებნიათ და ამოგიწერიათ ეგ საბუთები. იმ გაზეთებში თქვენ სწორედ ნახავდით იმ რეზოლიუციებს, წერილებს სადაც ნახავდით მათ მოთხოვნილებას მთავრობის მიმართ, და თვითონ თქვენ მიმართ, როგორც დამფუძნებელ კრების წევრების.

აი ყველა ამისთვის, ყველა ამ მოსაზრების გამო ჩვენ, სოციალ-დემოკრატებს, უდავოთ მიგვაჩნია ის, რაც ამ დეკრეტში არის აღიარებული, ვინაიდგან ეს არის, ვიმეორებ და თამამად ვაცხადებ, ეს არის შედეგი თვით ხალხის, რევოლიუციონურ დემოკრატიისა, როგორც მუშებისა ისე თვით ჯარის კაცების მოთხოვნილებისა. ეს არის მათი მოსაზრება, მათი გამოთქმული მოსაზრების შედეგი, ჩვენ ეს მიგვაჩნია უდავო ჭეშმარიტებათ და მოვთხოვთ დამფუძნებელ კრებას, რომ დააკანონოს ეს და მთავრობას მოსთხოვოს, დაუდოს პირობათ, რომ ეს და ამ გვარი კანონები სიმკაცრით გაატაროს ცხოვრებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ი. ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს.-ფ.) ნება მომეცით ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ არა ჩემი აზრი, არამედ ჩვენი ფრაქციისა. დღევანდელი კანონები ფართოდ უყურებენ ამ საკითხს. საგანს უკვირდებიან არსებითად და მხედველობაში აქვთ მიზანი მოქმედებისა. რა მიზნით დასტოვა ჯარისკაცმა ჯარის ნაწილი, ბრძოლის ველზე? სასამართლოს უფლება აქვს, საქმეს არსებითად შეეხოს და შემდეგ გამოიტანოს თავისი მსჯავრი; გამოსარკვევია - დროებით დასტოვა, წავიდა ნებადაურთველად, თუ გაიქცა, თავიდან აიშორა თავის მოვალეობა, გაექცა საქმეს, აი, აწინდელი კანონი და ეს ისე შეუცვლელად უნდა იქნას დატოვებული. გარდა ამისა, ეს საქმეები ექვემდებარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ შევზღუდავთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მის ბუნებრივ უფლებებს, ვერ უკარნახებთ მას, რომ იმოქმედოს ვიწრო ფარგლებში და მარტო ფორმალურ მხარეს მიაქციონ ყურადღება.

ის კანონი სწარმოებდა თვითმპყრობელობის დროს, როცა არსებობდა სასტიკი დისციპლინა და ამ კანონს არ შეურყევია დისციპლინა. ჩვენთვის ესეც საკმარისია. თუ ჯეროვნად მოვიხმარეთ, საქმეს არ ავნებს, საქმე კანონის მოხმარებაშია. დღეს გვაწვდიან სულ სხვა პრინციპს; განსახილველ კანონ-პროექტში მარტოკა ფორმალურ მხარეს აქცევენ ყურადღებას. თუ ვინმე წავა 6 დღეზედ მეტი, ის უკვე არის დეზერტირი. ეს უკვე გაექცა საქმეს, ის თითქოს მოღალატეა, და მართლაც სასამართლომ უნდა მოახდინოს რეგისტრაცია იმისი რაც მოხდა. აი ჩვენ ამ რეგისტრაციის, ფორმალიზმის წინააღმდეგნი ვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით საქმეს ვავნებთ.

მეორე ჩვენი მოსაზრება, თუ რისთვის უყურებთ ასე საქმეს - მდგომარეობს იმაში, რომ თუ წაიკითხავთ, მაგ., „ა“ პირველი მუხლისას, - რა სასჯელია? ჯარის კაცი - გაქცევისათვის ისჯება ოთხი თვით. მე მგონია, თუ კანონს აქვს მიზნათ დააშინოს, აჩვენოს, მაგალითით დააფრთხოს, რომ სხვამ არ ჩაიდინოს, ეს ისეთი პატარა სასაჯელია, რომ სწორედ მიზანს ვერ მიაღწევს. კიდევ უნდა დაუმატო. გათანასწორებულნი უნდა იქნენ, როგორც ჯარის კაცნი ისე ოფიცრები. ჩვენ გვგონია სასჯელი უნდა იყოს ოთხი წლიდან ექვს წლამდე.

მესამე მოსაზრება, თუ განმეორებით ჩაიდინა დანაშაული, ამ შემთხვევაში საზოგადო კანონი არის, აღნიშნული სისხ. სამ. სასჯელთა დებულებაში, სასამართლოს უფლება აქვს თუ მეორეთ ჩაიდინა დანაშაული, სასჯელი მოუმატოს. ცხადია, რაიმე ცვლილების შეტანა ზედმეტია. დაგვრჩა უმთავრესი საკითხი, კითხვა, რომელმაც გამოიწვია აქ დიდი კამათი.

მე პოლემიკას აქ ვრცლად არ გამოუდგები. ჩემის აზრით, სიკვდილით დასჯა, ეს რწმენის საკითხია. თუ არ სწამს ადამიანს სიკვდილით დასჯა, ვერავითარი სოფისტიკით, ვერავითარი მოსაზრებით ვერ დაუმტკიცებთ, რომ სიკცდილით დასჯა უნდა შემოღებული იქნას (არსენიძე: მართალია!) სწორედ, რომ მართალს ვამბობ. გარდა ამისა საკითხი სიკვდილით დასჯისა, რთულია და მწვავე. ამის გარშემო კაცობრიობას ბევრჯელ უმსხვრევია თავი. არსებობს სხვა და სხვა თეორიები, შეხედულებანი და მოსაზრებანი, სხვა და სხვა გარემოება არის. და აი ჩვენი ფრაქცია ამ საკითხს უყურებს სულ სხვანაირად.

მოქალაქენო, ჩვენ განვიცდით დიდ გაჭირვებას, ჩვენს წინაშე არის ნორჩი სახელმწიფო. ყველამ აღიარა აქედგან, რომ გარს გვეხვევიან მტრები, გამაგრება უნდა ამ ჩვენ დემოკრატიულ რესუბლიკას, გამაგრება უნდა სწორედ დემოკრატიულ ფრონტს. დეზერტირობამ ისეთი სახე მიიღო, რომ წარმოადგენს საშიშროებას, უთხრის ძირს ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას და რევოლიუციის მონაპოვართა განმტკიცებას. იმისთანა საშიშარი სახე მიიღო დეზერტირობამ, რომ სწორედ შესაძლებელია დაამხოს სისხლით მოპოვებული თავისუფლება. სოციალ-რევოლიუციონერები ამას არ უწევენ ანგარიშს. რასაკვირველია, ვინ გამოვა თქვენგანი აქ და იტყვის პირდაპირ, რომ მომხრე არის პრინციპიალურად სიკვდილით დასჯისა? ამისთანა ადამიანს თქვენ ამ კრებულში ვერ იპოვნით. ნუთუ ჰგონიათ სოციალ-რევოლიუციონერებს, რომ ჩვენში იმისთანა მოიპოვებიან, მაგრამ ჩვენი ფრაქცია აცხადებს სამწუხაროდ, რომ გამონაკლისი უნდა იყოს. ჩვენ მდგომარეობას უნდა გაუწიოთ ანგარიში, ავწონ-დავწონოთ ჩვენი არსების საკითხი და ამისდამიხედვით შემოვიღოთ ის კანონი, რომელიც მიზანშეწონილი იქნება. და აი სწორედ ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა, ჩვენ ვგრძნობთ ამას, მიზანშეწონილი იქნება. ეს იძულებითი მოვლენაა, და იძულებას მივდევთ. ბ. მინისტრმა აქ მოგახსენათ, და მოიყვანა მაგალითები მაგ. აი გენერალი ნათიშვილი. როგორ გგონიათ, ის ჩვენი ერის, თავისუფლების და ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არ მოქმედობს? რა უნდა უყოთ მას, თუკი ეს ჩვენი მტერი ჩვენ ხელში ჩაგვივარდა?

ერთი სიტყვა არის, ერთი განკიცხვა - სიკვდილით დასჯა (ხმა: მართალია!) მაშასადამე, თუ ეს ასე არის, თუ საკითხი ასე ისმება, თუ თითონ მდგომარეობა ამას გვიკარნახებს, მაშასადამე ამას სათანადო გზა უნდა მივცეთ, სათანადო კანონი უნდა იყოს, რომელიც ჩვენს საშიშარ მტრებს გაუსწორდება. ჩვენ ამ კანონ-პროექტს ორად ვანაწილებთ, ჩვენ ვანსხვავებთ ბრძოლის ხაზს, ფრონტს და ზურგს. ჩვენი ფრაქციის აზრით, როდესაც ომის დროს, ბრძოლის ხაზს მიატოვებენ, ფრონტიდან გამოიქცევიან, ისინი ღირსნი არიან სიკვდილით დასჯისა.

უნდა მოგახსენოთ: ომის დროს ფრონტიდან გამოქცეული კაცი არღვევს იმ ფრონტს, აძლევს მტერს საშუალებას თავს დაგვესხას, გაგვანადგუროს, წაგვლეკოს. მაშასადამე, ეს კანონი არის ჩვენის აზრით თვით-დაცვის კანონი.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერთი ცხვარი აფუჭებს მთელ ფარას, - ფრონტიდან გამოქცეულ ჯარისკაცს შეაქვს რყევა, ხრწნის მთელ ჯარს, შლის მთელ ფრონტს. როგორ გინდათ, რომ ამისთანა ადამიანი არ დაისაჯოს, რომ მისი დანაშაული დაუსჯელი დავტოვოთ? ეს ხომ არის გამოუსყიდელი ღალატი, უსაზღვრო ბოროტმოქმედება. მარტო კატორღა არ გამოასწორებს საქმეს; ჩვენ დიდი ანგარიშს უწევთ სახიფათო გარემოებას, ომი ერის ცხოვრებაში იშვიათია და იშვიათ ზომას მივმართავთ. სინამდვილემ და ცხოვრებამ ბევრი რამ გვიჩვენა. კერენსკის მთავრობამ შემოიღო სიკვდილით დასჯა - რისთვის? ეს იყო უბრალო სურვილი თუ მართლა მწარე სინამდვილემ უკარნახა. ერთად-ერთი გამოსავალი იყო და და აი ამ გამოსავალს ჩასჭიდეს ხელი. ეს იყო ერთად-ერთი საშუალება და აი ამ საშუალებას მიმართეს. ასეთმა მაგალითმა იჩინა თავი და უნდა დაუკვირდეთ, გვერდს ვერ აუხვევთ. ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რაც უბრალო სურვილი კი არ იყო. არამედ იყო საშუალება, ხსნის საშუალება. ჩვენც იმისთანა მდგომარეობაში ვართ, რომ არ ვიცით ხვალ რა მოგველის. ჩვენ ვიცით, რომ იქიდან, ჩრდილოეთიდან, საშიშროება მოგველის, ჩვენ უნდა გავმაგრდეთ, უნდა შემოვიღოთ ისეთი კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მოქმედებას, ჩვენ დამოუკიდებლობას. რა საშუალება არის? საშუალება არის სასჯელი. რა სასჯელი? უკიდურეს შემთხევევაში სიკვდილით დასჯა.

ამ მოქმედებას ფაქტები ამართლებენ. ეს რევოლიუციონური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს დამყარებული მოითხოვს ამ სასჯელს. ჩვენი ნების, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ, ჩვენ ამას ვაცხადებთ. ეს სამწუხარო მოვლენა არის, დიდად სამწუხარო, მაგრამ ასეთი მოვლენა არის აუცილებელი, და ამ აუცილებლობას ჩვენ მივსდევთ. - აი, რისთვის შემოვიღეთ, დამფუძნებელ კრების წევრნო, ეს კანონი, გარწმუნებთ მე კერძოთ, სულ მუდამ წინააღმდეგი ვიყავი სიკვდილით დასჯისა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვდივარ, რომ დავიცვა ჩვენი ფრაქციის აზრი, ნაკარნახევი აუცილებელი პირობებით, იშვიათი შემთხვევით. (კედია: ეს კარგია!) სულ სხვაა ზურგი: აი მაგალითად, ომი სწარმოებს ბათომში, და თბილისში მყოფ ჯარის კაცმა დასტოვა თავის ნაწილი; ამ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა შეუძლებელია შემოვიღოთ. სიკვდილით დასჯა არც რამეს გაასწორებს არც მიზანშეწონილი იქნება. არ მგონია, რომ დემოკრატიულმა მთავრობამ მიჰმართოს ამ სასტიკს ზომებს, არ განახორციელებს ფაქტიურად და როცა ფაქტიურად არ განხორციელდება, რა ჭკუა აქვს ქაღალდზე შემოღებას ამ შემთხვევაში. უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო წესებით. რაც შეეხება ზურგს, თუ დატოვებენ თავიანთ ნაწილს, დამნაშავე დასჯილ იქნება კატორღით ვადიან ან უვადოთ.

მესამე საკითხი არის ღალატი ომის წარმოების დროს, ჯარის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ღალატი დიდი დანაშაულობაა და მაშინ, როცა გარს გვეხვევა უამრავი მტერი, და ცდილობენ ნორჩს სახელმწიფოს მოუსპონ სიციცხლე, ამის დაშვება შეუძლებელია. ლმობიერება უნდა დავივიწყოთ და ვინც მოისურვებს ჩვენს სიკვდილს, იმავე საშუალებით უნდა გავცეთ პასუხი.

ამისდა მიხედვით, ჩვენ ამ პროექტს უჭერთ მხარს იმ შესწორებებით და გამონაკლისით, რომელზედაც მე მოგახსენეთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სურგულაძეს.

პეტრე სურგულაძე. (ე.-დ.) ყველასთვის ცხადი არის, რომ ჩვენ დღეს არაჩვეულებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით. და ეს არა ჩვეულებრივი მდგომარეობა იმდენათ რთული არის, იმდენათ, მრავალი ცდილობს ჩვენ დამოუკიდებლობის დამხობას, რომ თუ არა ჩვეულებრივ ზომებს არ მივმართავთ, ადვილად შესაძლებელი არის ჩვენ დავმარცხდეთ, და ეს დამაცხება გახდეს საბედისწერო მთელი ერისთვის. მთელ ხალხისთვის. სწორედ ისეთ ზომების დამუშავება, და მტკიცედ ცხოვრებაში გატარება, რომელნიც უზრუნველყოფენ, - ამ შემთხვევაში აუცილებელი არის, და რომ არ შევიმუშაოთ ასეთი ზომები, ჩვენ დამნაშავენი ვიქნებით ჩვენი ქვეყნის წინაშე. ძალიან ხშირად წინასწარი ზომები დიდ უბედურებას - კაცს, ხალხს, სახელმწიფოს თავიდან ააცდენენ. ძალიან ხშირად წინასწარი მიღებული განსაზღვრული ზომები დიდ არეულობას, აჯანყებას, დიდ იერიშს თავიდან აგვაცდენს. მე შემიძლია ერთი - დუშეთის მაგალითი მოგახსენოთ: წინდაწინ, რომ მიღებული ყოფილიყო განსაზღვრული ზომები იმ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელნიც იქ თავისუფლად მუშაობდნენ, შესაძლებელი არის, თავიდან ავიცდენდით, როგორც იმ სისხლის ღვრას, ისე იმ ზედმეტ ზარალს, რომელიც ყოველთვის ომიანობას დასდევს.

ამიტომ ეროვნულ დემოკრატიული ფრაქცია სავსებით მხარს უჭერს ამ ზომას... (შენგელაია: გასაგები არის!) ჩვენი მოქმედება ისედაც გასაგები არის, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, მიუხედავათ ამა თუ იმ მიმართულებისა, ის ქართველი, რომელიც ცდილობს თავის სამშობლოს დაქცევას, ის არც ქართველის სახელის ღირსია, არც ადამიანისა. (ხმები: მართალია! ტაში) მე იმ აზრისა ვარ, რომ როდესაც ჩვენ შიგნით პრინციპიალური განცხადება გვაქვს, შეგვიძლიან ერთმანეთში ვებრძოლოთ, მაგრამ, როდესაც ერის არსებობა მოითხოვს ყველას გაერთიანებას, როდესაც ჩვენ ერს საშიშროება მოელის, ამ დროს განზე გადგომა (გვაზავა: ღალატი არის!) მტრობაზე უაღრესი... (ხმაურობა მარცხნივ). ეხლა უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების განმტკიცება ერთ რამეს მოითხოვს მთავრობისაგან, რომელიც მოვალეა წესიერება და სიმტკიცე სოციალურ ცხოვრებისა დაამკვიდროს; ის უნდა იყოს ერთნაირად სამართლიანი ყველასთვის. თუ გარჩევა არის საზოგადოებაში - ერთს მეტი მოვალეობა აწევს მეორეს ნაკლები, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ წესწყობილების განმტკიცება მეტად ძნელი არის. სწორედ ეხლა ვხედავთ ამ მოვლენას. ის ადამიანი, რომელიც უფრო შეგნებული, თავდადებული არის სამშობლოსათვის ის დიდათ ისჯება, იმიტომ, რომ ვინც უნამუსო არის, ვისაც შეგნება ნაკლები აქვს, ის ემალება სახელმწიფოს და არ ასრულებს მოვალეობას, რომელიც ყველასათვის სავალდებულო არის.

სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო არის, შეგნებული კაცი სამხედრო სამახურში მიდის, ის კი რომელიც წინააღმდეგი არის, იმალება. ამ შემთხვევაში ისჯება ის, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. დარჩება დაუსჯელი ის, ვინც არის პირდაპირ ამ წესწყობილების მოღალატე რომელშიაც ეხლა ჩვენ ვართ. ამიტომ აუცილებლათ საჭიროა, რომ ვინც გაურბის მოვალეობის ასრულებას, ის დასჯილი იყოს. ამიტომ, უსათუოდ ეს ზომები სიმტკიცით და სიმაგრით უნდა გატარდეს ცხოვრებაში, თუ გვსურს ჩვენ სახელმწიფოებრივ წესწყობილების განმტკიცება. ყველასთვის აშკარა არის ბა-ბო, რომ ისეთ ცხოვრების პირობებში ვართ, რომ სამხედრო ძალა უსათუოდ უნდა მოვაწყოთ და დამფუძნებელი კრება მოვალე არის ყოველი ღონე მიიღოს, რომ სამხედრო ძალა განამტკიცოს, მაქსიმუმამდე მიიყვანოს ჩვენი სამხედრო შესაძლებლობა. - ერთი საშუალებათაგანი ამ სამხედრო განმტკიცებისა არის ზომების მიღება იმ პირთა წინააღმდეგ, რომელნიც ამა თუ იმ მოსაზრებით სამხედრო ბეგარის ასრულებას გაურბიან, აგრეთვე იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სამშობლოს ღალატობენ. ეს ყველა საშუალებები მოგვცემს განმტკიცებულ ჯარს, განმტკიცებულ ჩვენ სამხედრო ძალას.

ამიტომ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია სავსებით მხარს უჭერს იმ დეკრეტს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი.

თავმჯდომარე. კრების წევრი არსენიძე.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო დამფუძნებელ კრების წევრნო! ის საკითხი, რომელიც დღეს დეკრეტის სახით არის შემოტანილი, მეტად მნიშვნელოვანი, და ღირსშესანიშნავია - ესაა - აშენება, განმტკიცება და გამაგრება ჩვენ სამხედრო ძალისა. მაგრამ, მოგეხსენებათ, აშენება და გამაგრება ძნელია, დანგრევა კი ადვილი. და მიუხედავად ამისა, რომ სრულიად მცირერიცხოვანმა და ფრიად უმნიშვნელო ჯგუფმა გამოილაშქრა წინააღმდეგ ამ დეკრეტისა, რომელსაც მიზნათ ჩვენი ჯარის განმტკიცება და გამაგრება აქვს, - მე მაინც საჭიროდ დავინახე აქ გამოვსულიყავი და ეს საკითხი საბოლოოდ გამერკვია.

ჯერ ერთი, რომ თავისთავად, სიკვდილით დასჯა ისეთი საგანია, რომლის გარეშემო ყოველგვარი დემაგოგია და აგიტაცია ადვილი საწარმოებელია. ასე, რომ დანგრევის საქმისთვის ეს მეტათ მტკივნეული, და გამოსადეგი პუნქტი გახლავთ. და როდესაც ესა თუ ის ჯგუფი სცდილობს ამ მტკივნეულ ადგილას ჩასჭიდოს ხელი, სცდილობს გამოიყენოს იგი ჩვენი დაღუპვისთვის, - ყველა რევოლიუციონერის მოვალეობაა მით უფრო მეტის სიმტკიცით დაადგეს თავის საქმის გამაგრებას ყოველმხრივ ხელი შეუწყოს. მართლაც, რას შეიცავს ეს დებულება? ვის მოელის სიკვდილით დასჯა? რა მიზნებს ემსახურება იგი? - ჩვენი დემოკრატიის გამაგრებას, ჩვენი ქვეყნის და რევოლიუციონურ ფრონტის განმტკიცებას. ეს კანონი ეხმარება და წელს უმაგრებს იმათ, ვინც ფრონტზე სდგას, ვინც სიცოცხლეს სწირავს ჩვენი თავისუფლებისთვის.

ჩვენ გვეუბნებიან: როდესაც ეს რესპუბლიკის ერთგულნი სიცოცხლეს არ ზოგავენ, ჩვენ უნდა დავზოგოთ იმის სიცოცხლე, ვინც მათ ზურგში მახვილს ჩასცემს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის იდეების ღალატი, და უკულტურობა არის დასჯა იმ ლაჩრებისა, რომელნიც ამ რევოლიუციონერებს გამოეთიშებიან, და უკანიდან ტყვიას დაუშენენ, აი ამას გვეუბნებიან ჩვენ.

არის ისეთი ხალხი, რომელიც ომის დროს, ომის ხანაში გამოექცევა ჯარს, გამოექცევა თავის ამხანაგებს, თავის მოვალეობას, და გადადის მტრის მხარეზე, და ჩვენ გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია მათ წინააღმდეგ სხვა ზომების მიღება და არა სიკვდილით დასჯა. ალბად ბ. შენგელაიას მოეხსენება, როგორი რთული დამუშავებული აპარატი არის საჭირო, რომ მათი იზოლიაცია მოხდეს. როდესაც ეს ელემენტები, სოციალისტურ ქურქში გახვეულნი, ამ ტრიბუნით სარგებლობენ, და ამბობენ - დეზერტირობის მიზეზი არის ობიექტური პირობების სიდუხჭირეო, მე ვამბობ, განა არ უჭირს ცხოვრება იმ მუშას, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, ფრონტზე სდგას თავის მკერდით, თავის ნებისყოფაზე დამყარებული, და ცდილობს დაიცვას ჩვენი ქვეყანა? განა ის კი დალხინებულ მდგომრეობაში არის? რატომ არ გამორბის? იმიტომ არ გამორბის, რომ მას რევოლიუციონური გული აქვს, რევოლუციონური შეგნება აქვს. ამ რიგით ფრონტზე რჩება ის, ვინც რევოლიუციისთვის იბრძვის, ხოლო გამორბის ის, ვისაც ეს არ ესმის. მხოლოდ ლაჩარი და მოღალატე სტოვებს ფრონტს ასეთ პირობებში და გამორბის.

დაცვა ამ პიროვნების ხელშეუხებლობისა არავითარ რევოლიუციონურ მოსაზრებით არ შეიძლება.

მართალია მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ სიკვდილით დასჯით არ შეიძლება გაასწოროთ ადამიანი ან საზოგადოება, ეს მართალია, მაგრამ ვინ ფიქრობს მის გასწორებაზე? აქ ბრძოლა არის და საქმე გასწორებაში კი არ არის, არამედ მტრის, მოწინააღმდეგის დამარცხებაში გახლავთ. არა გასწორებაში და მოჭკვიანებაშია საქმე, არამედ შინაგან და გარეშე მტერთან გამკლავებაში. და აი სწორედ ეს არის საკითხი: დამარცხება მტრისა და მისი განადგურება.

დამფუძ. კრების წევრმა შენგელაიამ იცის, რომ, - ამ ჩვენ დღევანდელ ომებს ნამდვილი სამოქალაქო ომის ხასიათი აქვთ. არც ერთი ჩვენ გარეშე ომი არ ყოფილა სხვა ხასიათისა, არა სამოქალაქო ომის ხასიათისა და მე ვეკითხები მას, როცა ასეთი ხასიათი აქვს ომს, თუ ის ამბობს, რომ სამოქალაქო ომში შეიძლება დასჯა, მაგრამ ჩვენ ომში ეს არ შეიძლებაო, თუ ის ამას ამბობს, სადღა არის ლოღიკა? ეს ლოღიკა დიდი ხანი ჩამარხულია დემაგოგიის წიაღში.

სწორედ იმიტომ, რომ განსაკუთრებული ხასიათი აქვს ჩვენ დღევანდელ ბრძოლას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას, ყოველი მოღალატე ფიქრობს: - გადატრიალდება რევოლიუციის ტალღები, და მე გამოვიქცევი ციხიდან, ან გამანთავისუფლებენ. აი, სწორედ ამისთვის არის თავაშვებული, ამაში არის ფსიხოლოგიური, სოციალური საფუძველი და ათას გვარი სხვა საფუძველი იმისა, რომ ასეთი დასჯა არავითარ დასჯათ არ მიმაჩნია, დამნაშავეს პირიქით, სასაცილოდაც არ ყოფნის და თავის დანაშაულობას კიდევ უფრო უარესი სახით იმეორებს. და სწორედ იმისთვის, რომ ასეთ გაუსწორებლობის წინააღმდეგ, ამ რევოლიუციის სასტიკ ხანაში ერთად ერთი, თუ გნებავთ, შემაჩერებელი მომენტი, ძალა, რომელიც მათ დააფიქრებს, და ბოროტების გზაზე შეაფერხებს, - ეს არის სიკვდილით დასჯა.

დიახ, ეს იყო თქმული იმ რეზოლუციაშიც, რომლის ერთი ნაჭერი წაიკითხა, ბ-მა შენგელაიამ. მაგრამ, ესერებს ჩვეულებათ აქვთ ყველა ნაწერებიდან ამოგლიჯონ ერთი ნაწილი, რომ აზრი დაუკარგონ სხვის ნათქვამს, და როცა ეუბნებით, ბოლომდის წაიკითხეთ თქო, რცხვენიათ, ვეღარ კითხულობენ. იქ თვითმმართველობის სხდომაზე გამოტანილ რეზოლიუციაში კი ასე ეწერა, სიკვდილის დასჯის შესახებ: სიკვდილით დასჯა არის სწორედ ისეთი ხასიათის ზომა, ისეთ ხასიათის საშუალება, რომელსაც ერთგვარი შემაჩერებელი მნიშვნელობა აქვს, კონტრ-რევოლიუციისა, და რეაქციისათვის. აი სწორედ ასეთი ხასიათის რეზოლიუცია იყო მიღებული თვითმმართველობაში, ასეთი ხასიათის ზომაა ამ დეკრეტშიაც; აქ არ სწერია, - ყველა დაისჯება სიკვდილითო ვინც რამეს დააშავებს. არა, აქ პირდაპირ სწერია: დაისჯება ის, ვინც მტრის მხრეზე გადავა, ესე იგი ვინც ამ სასტიკ ბრძოლაში დაუჭერს მხარს კონტრ-რევოლიუციას, სწორეთ იმ დროს, როდესაც კონტრ-რევოლიუცია ეჯახება რევოლიუციას, ის ეკედლება პირველს და აშკარად გადადის მის მხარეზე, აშკარად უწყობს ხელს ამ კონტრ-რევოლიუციას.

შეიძლება ზოგიერთ მათგანს სხვა მოტივებიც ქონდეს, შეუგნებლად მოქმედობდეს, მაგრამ ასეთებისთვის არის სხვა სასჯელი მიღებული იმავე მუხლში და ამას გარჩევა უნდა. სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ეს გაარჩიოს. ამ მუხლში არის ნაჩვენები სასჯელათ: კატორღა - ვადიანი და უვადო, ან სიკვდილით დასჯა. ცხადია, ვინც იურისტი არის და ცოტა ოდენი ცოდნა აქვს ამ მეცნიერებაში, უნდა გაიგოს, რომ როცა ორი-სამი სასჯელი არის აღნიშნული, ყველა მოსამართლეს შეუძლიან განსაჯოს და ესა თუ ის სასჯელი მისცეს დამნაშავეს, ეს იმის საქმეა და როდესაც აქ საქმე ეხება, განზრახ მძიმე დანაშაულობების ჩადენას, მაშინ მოსამართლე მიმართავს უსასტიკეს სასჯელს, როცა საქმე ეხება იმავე დანაშაულის ჩადენას, მაგრამ მოტივები, სულიერი განწყობილება დამნაშავისა სულ სხვა არის, - ცხადია მაშინ უფრო ნაკლები სასჯელი ექნება მისჯილი. მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს სასჯელი, როგორც დამოკლეს ხმალი უნდა დადებული ჰქონდეს კისერზე ყველას, ვინც ასეთ დანაშაულში ჩადგამს ფეხს. ყველა ასეთებისთვის სიკვდილით დასჯის ხმალი აუცილებელია, როგორც ერთად-ერთი შემაჩერებელი ძალა ამ ლაჩრებისა, დეზერტირებისა და მათ - წამქეზებლისათვის, რომელნიც ზურგიდან ურჩევენ უქადაგებენ მას ამ გვარ საქციელი ჩაიდინოს ჩვენ დემოკრატიის წინააღმდეგ. მხოლოდ ამით შეიძლება შეჩერება დღეს ამგვარ გამოსვლებით (ხმა: ეს გაახშირებს ისეთ პიროვნებებს) შეიძლება თქვენ გახსოვთ მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, ის, რომ ასეთ აგიტაციას ქონდა ადგილი ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკის წინანდელ, საბედისწერო ბრძოლის წუთებში. თუნდაც ზუგდიდის და სენაკის მაზრებში, სადაც მათი (ესერების) თანამოაზრენი დაძრწოდენ და ქადაგობდენ. ეს იყო იმ დროს, როდესაც ჩვენ ბათომის ფრონტზე ვიბრძოდით. სწორედ მაშინ ჰქონდა ადგილი ასეთ აგიტაციას. და თუ დღეს ყველა ფრაქციამ, რომელიც წინად ჩვენ გვებრძოდა, შეიგნო, რომ სიკვდილით დასჯა აუცილებელია დღევანდელ პირობებში, ხოლო ესერები ვერ გამოსწორდნენ და დღესაც თავისას იმეორებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითონ უდგიათ ამ დანაშაულში ფეხი.

მე სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ სოციალ-ფედერალისტების ფრაქციას, რომელიც დიდხანს ებრძოდა სიკვდილით დასჯის შემოღებას, ეს დასჯა სასტიკ და უმიზნო ზომად მიაჩნდა, და ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციას, რომელნიც ამის წინააღმდეგი გამოდიოდა წინეთ, ამ ერთი წლის მუშაობამ, დაანახვა აუცილებლობა ამ ზომის შემოღებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა მეტის-მეტად ზომიერად სარგებლობდა ამ ღონისძიებით. და ის ორატორი, რომელიც მაშინ მეცნიერულ მოსაზრებით, სამართლიანობის სახელით გვეუბნებოდა - სიკვდილით დასჯა არ შეიძლებაო - დღეს ჩვენ ხელი მოგვიწერა ამ დეკრეტზე. მე სიამოვნებით ვეგებები ამას. დღეს ყველამ გაიგო სისწორე ჩვენი მიღებული ზომისა, მემარჯვენემაც და მემარცხენემაც. ვერ გაიგეს მხოლოდ ესერებმა, ეს, იმათ, ვისაც არ უნდა ხელი აიღონ თავის უარყოფით და დასაგმობ მუშაობაზე. ეს უნდა ითქვას დღეს აშკარად, იმიტომ, რომ ჯარისკაცი სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია ჩვენთვის. (შენგელაია: ეროვნულ-დემოკრატებს შეუერთდით!) ჩვენ უნდა მოვახსენოთ ბ-ნ შენგელაიას, რომ ქვეყნის და დემოკრატიის დასაცავად შეგვიძლიან შეუერთდეთ ყველა იმ ადამიანს და ჯგუფს, მიმდინარეობას, რომელთაც თავდაცვის ინსტინქტი მაინც აქვთ განვითარებული, მაგრამ არ შეგვიძლიან ვიმუშაოთ იმათთან, ვისაც ეს ინსტინქტიც არ შერჩენია, ვინც ვერ გრძნობს სწორედ იმ საშიშროებას, რომელიც მოელის ჩვენ რესპუბლიკას, ვერ გრძნობს, იმიტომ რომ საშინელ დემაგოგიის მორევში დასცურავს. ასეთებს არ შეუძლიანთ ამაღლდნენ თავის ფრაქციის ვიწრო ინტერესების ზევით, არ შეუძლიანთ მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცა სოციალ-ფედერალისტების ორატორი, რომელმაც განაცხადა, რომ თავის რწმენის წინააღმდეგ - აძლევს ხმას ამ დეკრეტს.

აი ეს არის ამაღლება ფრაქციულ ჟინიანობის ზევით. მაგრამ ასევე ვერ მაღლდება ის, ვისაც მძიმე ლოდი აძევს ფეხებზე თავის წარსულისა. მე იმიტომ ვამბობ ამას, რომ საბოლოოდ იყოს ეს აზრი განათებული, თქვენ გგონიათ, რომ ეს სასჯელი ჩვენი მოგონილი არის კაბინეტში? ძალიან სცდებით. მე მქონდა მოლაპარაკება ჩვენ გვარდიის და ჯარის საუკეთესო ხელმძღვანელებთან, და ისინი ერთ ხმად ამბობენ: ჯარის კაცები - ლაპარაკობენ - ჩვენ იმისთვის კი არ ვიბრძვით, რომ ჩვენი მოძმენი გაგვექცენ, და უკანიდან გვესხმოდეს თავს. და როდესაც ჩვენ ვიბრძვით ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამგვარ დანაშაულობისთვის მათ მოელის უსასტიკესი სასჯელი. მათ მოელის დახვრეტა. და თუ ერთს არ შეაჩერებს ეს, მეორესთვის მაინც დასანახი და შესაშინებელი იქნება ეს ზომა.

აი ამას მოითხოვს მასიური ინსტინქტი, და ეს იმიტომ, რომ ჩვენი მასის ინსტინქტში რევოლიუციონური შეგნება და რევოლიუციონური მოვალეობის გრძნობა ბევრი უფრო მეტია, ვინემ მთელ ს.-რ. ფილოსოფიაში და რომელიც აქ გადმოგვიშალეს.

თავმჯდომარე. კამათი მოსპობილი გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი ს. ჯაფარიძე. (ს.-დ.) უნდა მოგახსენოთ, მე სრულიად ვერ გავიგე გამოსვლა კრების წევრის შენგელაიასი. რა მოხდა, რამ ააღელვა? საქმე იმაში არის, რომ ჩვენ იოტიდაც არ ვცვლით არსებულ კანონს. იმან ამოგლიჯა დეკრეტის ერთი ადგილი, სადაც ნათქვამი არის სიკვდილით დასჯის შესახებ, და სთქვა - სოციალ-დემოკრატები ადგენენ ისეთ დეკრეტს, სადაც სიკვდილით დასჯა არისო. და მერე მოჰყვა საერთო მსჯელობას ამ საკითხის შესახებ, მე კი უპასუხებ, რომ ჩვენ ამაში არაფერი არ შეგვიცვლია. სიკვდილით დასჯა შემოღებულია ბევრ შემთხვევაში, ჩვენ კი ახლა ვლაპარაკობთ ორ შემთხვევაზე. მაშასადამე თუ თქვენ სიკვდილით დასჯა გაღელვებთ, და საერთოდ არ მიგაჩნიათ შესაძლებლად, მაშინ თქვენ უნდა მთლიანი კანონი შემოიტანოთ და სთქვათ, რომ საზოგადოთ სიკვდილით დასჯა უნდა მოსპობილ იყოს. თორემ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სწორედ და საჭირო არის თქვენ გამოდიხართ და უადგილოდ სიკვდილით დასჯას უარყოფთ. რა თქმა უნდა, ფილოსოფიის მაღალ ფარდებში, რომ გადავიდეთ, და გადავხედოთ სწრაფ თვალით, ვნახავთ, რომ ბევრი არის წინააღმდეგი სიკვდილით დასჯისა, ბევრი არის მომხრე. არ ვიცი საბოლოოდ აწონდაწონის შემდეგ, ვისი სასწორი გადახრის, მაგრამ, უნდა ვსთქვათ, არც ერთ ქვეყანაში ასეთ ფილოსოფიას სიკვდილით დასჯის მოსპობა არ განუხორციელებია. და სწორედ ისტორიული მაგალითები ჩვენ გვიჩვენებს და გვიმტკიცებს, რომ ის პირნი, რომელნიც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ არიან ერთგვარ პირობებში, ისინი მომხრენი არიან ამისი სხვა გარემოებაში. აქ მოიხსენიეს და მეც გავიმეორებ, რომ როდესაც სიკვდილით დასჯა აღდგინა დროებითმა მთავრობამ და მათ შორის კერენსკიმ და სხვებმა, მაშინ დიდი მიტინგები გაიმართა. სადაც ბევრი ბოლშევიკები გამოჩნდნენ და სადაც განგაში ასტეხეს ამ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. და სწორდ ის ბოლშევიკები, ვისაც ხშირათ, ნებით თუ უნებლიეთ ეს - ერები მხარს უჭერენ. როცა სახელმწიფოს სათავეში ჩადგენ, ყველას სისხლს ღვრიან, იმ მუშებისასაც კი ვინც ბედავს იმათ საწინააღმდეგო მიტინგებზე გამოსვლას. ასეთ მაგალითების მოყვანა, როგორც სამხედრო მინისტრმა მოგახსენათ კონვენტის ისტორიიდან, ბევრი შეიძლება და, სხვა ამ გვარი ისტორიული ფაქტების, რომელიც დაგვიმტკიცებს ამას. მაგრამ განყენებული მსჯელობა არ არის აქ მოსატანი. მე კიდევ მეტს ვიტყვი; - არიან მეცნიერები, რომელიც ფიქრობენ, რომ საზოგადოთ ყოველი სასჯელი შეუსაბამო არის, - იქნება ეს ციხეში უბრალო დატუსაღება, დაჯარიმება თუ სხვა. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ბოროტ-მოქმედება - ქურდობა, ცარცვა-გლეჯა და სხვა, - ყოველთვის არის შედეგი სოციალურ სიდუხჭირისა. და თუ გინდათ ბოროტ-მოქმედება მოსპოთ, თქვენ უნდა სოციალური პირობები შესცვალოთო; დამნაშავე კი არ უნდა დასაჯოთ, უნდა გამოვნახოთ ისეთი დაწესებულება, სადაც იქნება იგი გასწორებული, სადაც მას უნდა ასვან-აჭამონ, უექიმონ და სხვა. მაშასადამე, თუ თქვენ გინდა ლოღიკას ბოლომდის მივყვეთ, არამც თუ სიკვდილით დასჯა არ უნდა დასტოვოთ, არამედ უნდა სთქვათ, რომ ყოველივე დასჯა შეუსაბამოა, და უნდა მიიღოთ ის ქადაგება, რომელსაც მისდევს ტოლსტოი. თქვენ ვერ დაინახავთ ადამიანს, რომელიც იტყვის სიკვდილი სასიამოვნო არისო. არა, სიკვდილით დასჯას უყურებენ, როგორც ბოროტებას. მაგრამ გაცილებით უფრო მცირედს, ვიდრე ის ბოროტებაა, რომელიც იქნებოდა, რომ ეს სასჯელი არ ყოფილიყო. აი, მაგალითად, ავიღოთ ჩვენი მდგომარეობა. როდესაც თქვენ იწუნებთ ამ რეცეპტს, სამაგიერო რეცეპტს არ იძლევით. იმის თქმა, რომ საჭიროა გაუმჯობესდეს ოფიცრების ნივთიერი მდგომარეობა, არაფერს ნიშნავს. ეს არ არის ნამდვილი რეცეპტი. რაც უნდა ჯამაგირი დაუნიშნოთ ოფიცერს, თუ ის ლაჩარია, თუ ის თავის პიროვნებას უფრო მაღლა ეყენებს ვიდრე თავის სამშობლოს, ის ყოველთვის ეცდება, რომ გული არ მიუშვიროს ტყვიას. ჩვენ მდგომარეობაში ფრონტიდან თუ ზურგიდან გაიქცევა, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შემოვიდეს მტერი, ისეთი, როგორიც არის დენიკინი, რომელიც ყოველივე დემოკრატს ათასობით დახვრეტს, და მათ შორის დახვრეტს ესერებსაც. მე ვამბობ, რომ ათას კაცის დახვრეტას სჯობია დაიხვრიტოს ათი ან ასი კაცი დეზერტირი, რომელნიც ბოროტმოქმედნი არიან. აი, მაშასადამე, ასეთი ბრძოლა არის აუცილებელი ბოროტება, მაგრამ გაცილებით უფრო მცირე იმ ბოროტებასთან შედარებით, რომელიც შესაძლებელი იქნება თუ ეს ზომა მიღებული არ იქნა. ამიტომ სიკვდილით დასჯას ჩვენ ვღებულობთ განსაკუთრებული მდგომარეობის მიხედვით რომელშიაც ჩვენ ვართ, იმ უდიდეს უბედურების თავიდან ასაცილებლად, რომლისაც ჩვენ გვეშინიან. ბევრი იმ მოსაზრებათგანი, რომელიც წამოაყენა შენგელაიამ (არ ისმის) მაგრამ მე გამოსვლა შენგელაიასი ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმაჩნია უადგილოთ და პასუხსაც არ მივცემ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? სამი წინააღმდეგია დანარჩენი მომხრე. თუ შეიძლება კერძო ლაპარაკს თავი დაანებეთ. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური. (მომხსენებელი კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. პირველ მუხლში სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციას შემოაქვს შესწორება: „ერთი დღე ღამის“ მაგივრად იქნეს „ორ დღე ღამეზე მეტი“. ეს ალბად შეეხება პირველ აბზაცის ბოლოს.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბარათაშვილს.

ბარათაშვილი. ჩვენ ამას ასე ვასაბუთებთ: წარმოიდგინეთ, რომ წავიდა სოფელში ერთი დღით, მაგრამ დახვდა ავადმყოფი დედა, მამა და ვერ მოასწრო, რომ სწორედ 24 საათის განმავლობაში ჩამოსულიყო თბილისში. (ხმაურობა) მაინც ერთი დღისთვის სასჯელი ეკუთვნის? უნდოდა დაბრუნება, მაგრამ სხვა და სხვა მოსაზრებამ შეუშალა ხელი. ამისთვის ჩვენ ვიღებთ ამ შესწორებას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. დეკრეტში მიღებული არის - „ერთი დღე და ღამე“, როგორც ვადა ომიანობის დროს. თუ ამ ვადას გადაამეტა, ეს იქნება სამსახურიდან გაქცევა და დეზერტირობა.

როდესაც ასეთი მოკლე ვადით ვსაზღვრავდით დროს, ჩვენ მხედველობაში გვქონდა სივრცე, პატარა სივრცე ჩვენი ქვეყნისა. როდესაც სამხედრო მოქმედება სწარმოებს, მაშინ სახლში წასვლა შეუძლებელია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ფრონტი მაგარი გვქონდეს, უსათუოდ ეს ვადა უნდა დავტოვოთ. ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

თავმჯდომარე. უყრი კენჭს ამ შესწორებას. ვინ არის მომხრე? შესწორება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის მომხრე პირველი მუხლისა? პირველი მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი. (მომხსენებელი კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში შესწორება არის შეტანილი სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის მიერ. შესწორება შემდეგი გახლავთ: პუნქტი ა) „მშვიდობიანობის დროს ოფიცრები, სამხედრო მოხელენი და ჯარისკაცნი ოთხიდან ექვს წლამდე გამასწორებელ რაზმში მიცემით და სათანადო უფლებათა აყრით“. პუნქტი ბ) „ომიანობის, ან სამხედრო მოქმედების დროს, რომელიც სწარმოებს გარეშე მტრის, ან შინაურ შეიარაღებულ აჯანყების დროს - ყოველი სამხედრო პირი ფრონტიდან გამოქცეული - კატორღით, ან დახვრეტით. ზურგში მყოფ ჯარიდან - კატორღით ოთხიდან ექვს წლამდე, ან უვადო კატორღით“. ვის სურ სიტყვა? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. მე წინააღმდეგი გახლავართ ამისთანა შესწორების და აი რატომ. აქ არაფერი შესწორება არ შემოგვაქვს, მხოლოდ განსხვავება არის შემოტანილი ოფიცერთა და ჯარისკაცთა შორის. იმიტომ, რომ სამხედრო სამსახურს ასრულებენ ჯარისკაცები და ოფიცრები ერთნაირად, ერთნაირად პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანობის დროს. როდესაც ასეთი საფრთხე მოელის სამშობლოს, მაშინ, რასაკვირველია, დანაშაულობა უბრალო ჯარსკაცისა, რომელიც რაღაც მოსაზრების გამო სრულიად მოშორდა სამსახურს, უფრო შესაწყნარებელია, ვიდრე ოფიცრისა, სამხედრო მოხელისა, რომელსაც მეტი მოეთხოვება. რაც შეეხება განსხვავებას, რომ ის, ვინც ფრონტიდან გაიქცა, უნდა დაისაჯოს მეტად, ვიდრე ის, ვინც ზურგიდან გაიქცა, - უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში ასეთი განსხვავების გატარება ძალიან ძნელია. აი, აიღეთ, მაგალითად, ბორჩალო: ბორჩალოში სწარმოებს სამხედრო მოქმედება. თბილისი რა არის, - ზურგი თუ ფრონტი? როდესაც ყოველი ჯარისკაცი ფეხზე უნდა იდგეს, მზად უნდა იყვეს, რომ დღეს თუ ხვალ იმას გაგზავნიან ფრონტზე, მაშინ ერთნაირად პასუხისმგებელნი არიან, როგორც ზურგში მყოფნი ჯარისკაცნი, ისე ფრონტზე მყოფნი. აი ამ ტერიტორიის სივრცის პატარაობის გამო ჩვენ ვამბობთ, რომ აქ განსხვავება ფრონტის და ზურგის შორის მეტი არის და ამას კანონში ნუ აღნიშნავთ. (თავმჯდომარე: დასკვნა?) ამიტომ მე მოგახსენეთ, რომ წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? შესწორება უარყოფილი გახლავთ. (მეორე, მესამე მუხლი და დეკრეტი მთლიანად კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას). შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი სახელმწიფო ხაზინიდან ნახევარი მილიონი მანეთის გადადებისა ანარქიასთან საბრძოლველად.

მომხსენებელია ჭავჭანიძე.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ.) ბატონებო! აგრე რევოლიუციამ მესამე წელში გადადგა ფეხი, და არავის თქვენგანს არ შეუძლიან სთქვას, რომ ანარქიის ხანამ განვლო და ჩვენ თითქოს სოციალური მშენებლობის ჩვეულებრივ პირობებში გადავსულიყავით. მართალია, ანარქიული გამოსვლები იმისთანა მასშტაბით, როგორც შარშან იყო აღარ არის, მაგრამ პატარ-პატარა გამოსვლები ეხლაც არის. აი თუნდაც ეხლაც ქისტები შემოესივნენ დუშეთის მაზრას და იქაც ჩვენ მთავრობას ბრძოლა უხდება ამ ანარქიულ გამოსვლის წინააღმდეგ. ჩვენი მთავრობა ყოველთვის დარაჯათ უდგია ჩვენ რესპუბლიკას და დღეს ის თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. დღეს გამოჩნდება თუ არა ანარქიული გამოსვლა შესაფერ ზომებს ღებულობს, რომ თავის დროზე იყოს ჩაქრობილი და არ მისცეს საშუალება განვითარდეს, გაიზარდოს, რადგანაც მერმე მისი ჩაქრობა უფრო მძიმე საქმე არის. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ამ ანარქიის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისეთი ადვილი საქმეა და დიდს ხარჯსაც მოითხოვს. ჩვენ მთავრობას ჰქონდა გადადებული განსაკუთრებული თანხა ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ, როგორც იმ მასალებიდან სჩანს, რომელიც დღეს ჩვენ მიერ მოხსენებულ დეკრეტს თან ახლავს, ეს თანხა უკვე სავსებით ამოწურული არის. დღეს მთავრობა წინადადებით შემოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში გადადებული იყოს ნახევარი მილიონი მანეთი ამ ანარქიასთან საბრძოლველად.

მოგეხსენებათ, რომ ყოველ ანარქიულ გამოსვლას, ყოველ ცდას ანარქიულ გამოსვლისა ძირშივე უნდა ჩაქრობა, რომ არ გაიზარდოს. საფინანსო კომისიამ მიიღო რა მხედველობაში, ის, რომ ჩვენ დღეს კიდევ შავი რეაქციის საფრთხე დაგვტრიალებს თავს და გარეშე მტრები პირ-დაღებული გვიცქერიან გადასაყლაპავად, - ამ დროს სათანადო ყურადღება უნდა იყოს ამ მხრივ მიქცეული და ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ შინ ანარქია არ იყოს. ვინაიდან ანარქია ამ დროს, როდესაც გარეშე მტერი შემოგვყურებს და მოელის დროს, როდესაც შესძლებს თავს დაგვესხას და გაანადგუროს ჩვენი დამოუკიდებლობა, ამ დროს შინაური ანარქია ეს იქნება რაღაც საშინელება ჩვენ მდგომარეობაში. საფინანსო კომისია წინადადებას იძლევა მიღებულ იქნეს მთავრობის დადგენილება და ნახევარი მილიონი მანეთი გადაიდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.

ალექსანდრე ასათიანი. (ერ.-დემ.) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, ბ.ბ. დამფუძნებელ კრების წევრნო, არსებობდა კიდევ მეორე აზრი შესახებ მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეკრეტისა, რომელსაც მე თქვენ მოგახსენებთ.

მთავრობა თხოულობდა დამფუძნებელ კრებისაგან განახლებას იმ კრედიტისა, რომელიც მას მიენიჭა წარსულ წელში - ანარქიასთან საბრძოლველად. ეს კრედიტი შეიცავდა ორ მილიონ მანეთს. წარმოდგენილ მოხსენებას თან ახლდა სახელმწიფო კონტროლიორის დასკვნა. კონტროლიორის აზრით უწყებას არ გაუმართლებია ეს კრედიტი იმ წესით, როგორც ეს საზოგადოდ მიღებულია ყველგან. კიდევ მეტი, კონტროლიორის აზრით შეუძლებელია დანამდვილებით გამორკვევა იმისა, დაფარული არის თუ არა, ამოწურული არის თუ არა სავსებით ეს კრედიტი. უწყებას არ წარმოუდგენია ამ კრედიტის დასაფარავად გაწეული ხარჯების არავითარი საბუთები. კონტროლიორის აზრით ეს კრედიტი ჯერ არ უნდა იყოს სავსებით დახარჯული, რომ ის თანხები, რომელიც გადაიდო ამ 2 მილიონ მ. ჯერ-ჯერობით შესაძლოა სავსებით დახარჯული არ იყოს, და ყოველ შემთხვევაში არ არის არავითარი ცნობები იმის შესახებ, რომ ეს კრედიტი სავსებით დაფარული იყოს. ამის შემდეგ საფინანსო კომისიამ მოსთხოვა უწყებას განმარტება ამ კრედიტის შესახებ. უწყებამ ვერავითარი ახალი ცნობა, გარდა იმისა რასაც მოგვითხრობს კონტროლიორის მოხსენება, ვერ წარმოგვიდგინა. საფინანსო კომისიამ ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმ გარემოებას, რომ იმ სიაში გაწეულ ხარჯებისა, რომელიც წარმოადგინა უწყებამ, და რომელიც არ ჩაითვლება, რასაკვირველია, ამ კრედიტის გასამართლებელ საბუთად, ჩამოთვლილ ხარჯების დიდი ნაწილი სრულიად არ შეეფერება იმ დანიშნულებას, რომლისთვისაც იყო გადადებული ორი მილიონი მანეთი.

აქ მოიპოვება ყოველგვარი ხარჯები. მთელი თანხის ნახევარი იყო გადადებული ქუთაისის გუბერნიის კომისრის განკრგულებაში. (ხმაურობა). დიახ, ნახევარი თანხა, ეს ერთი მილიონი მანეთი გადადებული იყო ქუთაისის გუბერნიის კომისრის განკარგულებაში ანარქიასთან საბრძოლველად. არავინ იცის დაიხარჯა თუ არა ეს თანხა და როგორ დაიხარჯა. ის შეიძლება სავსებით ამ დანიშნულებას მოხმარდა, მაგრამ ამის შესახებ თვით უწყებამ ვერავითარი ცნობა ვერ წარმოუდგინა საფინანსო კომისიას. 400.000 მანეთი აგრეთვე გადადებული ყოფილა თბილისის გუბერნიის კომისრის განკარგულებაში და რამდენად ეს კრედიტი დაფარული იყო ამის შესახებ უწყებამ ცნობა ვერ მოგვცა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ნაწილი ამ ხარჯებისა უკვე გამართლებულია საბუთებით. ყოველ შემთხვევაში, როგორც ქუთაისის გუბერნიის კომისრის განკარგულებაში გაცემული ხარჯები, ისე თბილისის გუბერნიის კომისრის განკარგულებაში გაცემული ხარჯები არ ყოფილა თვით უწყებაში გამართლებული საბუთებით. უდავო საბიუჯეტო წესია, რომ სანამ ეს კრედიტი არ იქნება გამართლებული სახელმწიფო კონტროლის წინაშე, მანამდე მისი აღდგენა და განახლება არ შეიძლება. ამის გარდა არის მრავალი წვრილმანი ხარჯები, რომელნიც არ შეეფერებიან ამ თანხის დანიშნულებას. სხვათა შორის, აქ არის სახელმწიფო სტამბის გამგეობის მუშებისთვის დიდი თანხა ჯამაგირებით გაცემული, არის სხვა და სხვა მოხელეების განსაკურნებლად გაცემული ხარჯები და მრავალი სხვა სესხად თუ სხვა სახით გაცემული თანხები. საფინანსო კომისიის ზოგიერთმა წევრებმა ამ გარემოებას ყურადღება მიაქციეს და მოითხოვდნენ ამ კრედიტის სავსებით უარყოფას. მაგრამ ამ საკითხში საყურადღებოა აგრეთვე მეორე მხარეც. უწყება კრედიტის განახლებას მოითხოვდა და ამ კრედიტის გამართლება კი არავითარი არ იყო წარმოდგენილი. არც კონტროლში და არც საფინანსო კომისიაში. უწყების წარმომადგენელმა თვითონ აღიარა, რომ ეს უკანონოა და საბიუჯეტო წესებთან შეუსაბამო. ასეთი მოვლენა უწყებამ იმ გარემოებით ახსნა, რომ მათ ეს ხარჯები გასწიეს, აი ნახევარი ამ თანხისა ქუთაისის გუბერნიის კომისრის განკარგულებაში გადასცეს და ეხლა არ იციან, როგორ დაიხარჯა ეს ფულები და მათ არც კი აქვთ უფლება ანგარიშის მოთხოვნისა, ეს კონტროლის საქმეაო, კონტროლს კი, როგორც მოგახსენეთ, ეს ანგარიშები სრულიად არ მიუღია. მე ვფიქრობ, რომ დამფუძნებელ კრებაში არ შეიძლება იყოს დავა იმის შესახებ, რომ ამ სახით, ამ წესით კრედიტი განახლება და აღდგენა შესაძლებელი იყოს.

როდესაც რაიმე საქმისთვის, რომელიმე უწყებას კრედიტი ეხსნება, რასაკვირველია საჭიროა, რომ ამ საქმეს მოხმარდეს. მაგრამ შეიძლება ეხლანდელ, მართლა, ფრიად არეულ დროს სავსებით განხორციელება ამისა არ იყოს შესაძლებელი. მაგრამ აუცილებელია, რომ უწყებამ, ყოველს შემთხვევავში, ეს კრედიტი გაამართლოს კონტროლის წინაშე. თუ ეს არ მოესწრო კონტროლში, საბუთები უნდა წარმოდგენილი ყოფილიყო საბიუდჟეტო კომისიაში ცნობისთვის. აი, ამიტომ დამფუძნებელ კრებას არ შეუძლიან შექმნას ისეთი პრეცენდენტი, რომ უწყებას აღედგინოს და განეახლოს ისეთი კრედიტი, რომელიც მას გამართლებული არ აქვს. მაგრამ არის გარემოება, რომელსაც არ შეგვიძლიან ყურადღება არ მივაქციოთ, სახელდობრ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უხდება ჩვენ ცხოვრებაში განსაკუთრებული მუშაობის გაწევა წესრიგის აღსადგენათ. ახერხებს თუ არა წესიერად ამ წესრიგის აღდგენის საქმის წარმოებას, ეს სხვა საკითხია, ხოლო ყოველ შემთხვევაში ის ამ წესრიგის აღდგენას ემსახურება. ამიტომ ამ უწყების ყოველგვარ სახსარის მოკლებას ანარქიასთან საბრძოლველად ჩვენ ვერ ვიკისრებთ. ამ უწყებას უნდა ჰქონდეს ერთგვარი თანხა სასწრაფო ხარჯებისთვის. თუმცა მან ძველი თანხა ჯერ კიდევ ვერ გაამართლა, მაგრამ ჩვენ მას სრულიად უსახსროთ ვერ დავტოვებთ და სხვა გზით ეს თანხა უნდა მივცეთ. ამიტომ საფინანსო კომისიის წევრების ერთი ნაწილის აზრი იყო, რომ ეს კრედიტი უარგვეყო, კრედიტის განახლებაზე უწყებისთვის უარი გვეთქვა, ხოლო სასწრაფო, მოულოდნელი ხარჯებისთვის მიგვეცა ის თანხა, რომელსაც ის თხოულობს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთად-ერთი გზა, ის გზა, რომლითაც ჩვენ მუშობაში არ შევქმნით ძლიერ მავნე პრეცენდენტს და ამასთანავე არ მოუსპობთ უწყებას საშუალებას, რომ მან თავისი მუშაობა განაგრძოს. ამიტომ ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით, მე მოვითხოვ, რომ დამფუძნებელმა კრებამ ეს უწყების დეკრეტი უარყოს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება უპირველეს ყოვლისა საზოგადოდ მიღებულ წესს ხარჯების გაღებისა ხაზინიდან და უწყებას მიეცეს სასწრაფო მოულოდნელ ხარჯებისთვის ნახევარი მილიონი მანეთი. ამ კრედიტის განახლებაზე კი ჩვენ გვექნება მსჯელობა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კრედიტი ან სავსებით, ან ნაწილობრივ იქნება გამართლებული.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი. ეჭვს გარეშეა, რომ დახარჯვა ამ თანხისა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, თუ სახეში მივიღებთ საბიუჯეტო წესს უკანასკნელს არ შეესაბამება. საბიუჯეტო წესი, ყოველ შემთხევაში, დარღვეულია. ეს ჩვენ განვაცხადეთ მთავრობის სხდომაზე. ეს აღნიშნა სახელმწიფო კონტროლიორმა და საფინანსო უწყებამ. საერთოდ ეს დავას არ იწვევს. მაგრამ აქ ჩვენს წინაშე მეორე საკითხი ისმება. ჯერ ერთი, მართლაც უმთავრეს შემთხვევაში ეს მოხმარდა თავის დანიშნულებას თუ არა, და მეორე, თუ იყო რაიმე გადახვევა, რით იყო ეს გამოწვეული. ჩვენ ეს თანხა მივიღეთ მთავრობის დადგენილებით 9 ივლისს 1919 წ. 10 მილიონ ფონდიდან. 16 ივლისს სხდომაზე მთავრობამ მიიღო ჩვენი წინადადება საგანგებო რაზმის დაარსების შესახებ სპეკულაციასთან საბრძოლველად. ამ კრებაზე იქნა დადგენილი: მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ისარგებლოს რაზმის შესადგენათ მის განკარგულებაში გადადებულ თანხიდან სპეკულიაციასა და კონტრ-რევოლიუციასთან საბრძოლველ თანხიდან. და მართლაც ჩვენ ვისარგებლეთ ამ დადგენილებით და 250,000 მ. ამ საგანს მოხმარდა. შემდეგ ქუთაისის გუბერნიის კომისარს მიეცა არა მილიონი მანეთი, როგორც აქ იყო ნათქამი, არამედ მილიონ 50, 000 (ხმა: კიდევ უარესი!) არ ვიცი მე რისთვის არის უარესი, მე მგონია საქმისთვის ეს არ იყო უარესი იმიტომ, რომ გასულ წელს უმთავრესად ანარქია მძვინვარებდა ქუთაისის გუბერნიაში. (ხმა: ხომ გათავდა?) მე მგონია გათავდა, თუ ზოგიერთი პარტიები არ შეუწყობენ ხელს მის განახლებას. შემდეგ მოგეხსენებათ თბილისის კომისარმა მიიღო 400 ათასი მანეთი (ხმა: მაღლაკელიძე), დიახ მაღლაკელიძემ, მაშინ მაღლაკელიძე მომხრე იყო. სულ 2 მილიონი მანეთიდან არა პირდაპირ დანიშნულებაზე დახარჯა 200 ათასი მანეთი. ეს თანხა შესდგება შემდეგ ციფრებიდან. სტამბის გამგეს მიეცა სალიკვიდაციო ფული, მართალია, ეს არის პირდაპირი დანიშნულება, - მაგრამ ეს მოხდა აი რა პირობებში: როცა ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა საქართველოში, გამოდიოდა გაზეთი „კავკაზ“. დაიბადა საკითხი უნდა არსებობდეს ეს გაზეთი თუ არა; ყველასთვის იყო აშკარა, რომ გაზეთის არსებობა სრულიად ზედმეტი არის. მხოლოდ არავითარი თანხა არ არსებობდა; მაშინ ჩვენ სესხის სახით მივეცით 20 ათასი მანეთი. შემდეგ ეს სესხი ვერ დავიბრუნეთ ჩვენ, იმიტომ, რომ გაზეთმა ვერ მიიღო შესაფერი ზომა დროზედ დაემტკიცებინა თავისი შტატები. შემდეგ მიეცა „საქართველოს რესპუბლიკას“ 10,000 მანეთი. უნდა მოგახსენოთ, რომ როცა გაზეთი „კავკაზი“ დავხურეთ, მაშინ გამოვეცით „საქართველოს რესპუბლიკა“. ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენილი ცნობები იმის შესახებ თუ, როგორ დახარჯულია ქუთაისის გუბერნიის კომისრის მიერ 1 მილიონი მანეთი და სრული ცნობა არ წარმოუდგენია ჯერ არც თბილისის გუბერნიის კომისარს მაღლაკელიძეს იმ 400 ათასი მანეთისა, რომელიც მას გადაეცა. ამ მხრივ მე ვაცხადებ, რომ, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ წარმოვადგინოთ ეს. ყოველგვარი ზომები მიღებული არის და მე მგონია, რომ ჩვენ ახლო მომავალში როცა დადგება საკითხი მთელ თანხის განაღდებაზე, რასაკვირველია, ჩვენ ამას წარუდგენთ, როგორც სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს.

კომისიაში, რომელსაც მე არ დავესწარი, მაგრამ დაესწრო ჩვენი წარმომადგენელი, დიდი გაუგებრობა გამოიწვია ერთმა გარემოებამ, რომ იქ იყო სხვა ხარჯები; აი, მაგალითად მიეცა მთავრობის სტამბის გამგეს სალიკვიდაციო ფულის მისაცემად 20 ათასი მანეთი. მე მოგახსენებთ ამაზე, რომ შესაფერი თანხა არ იყო. არ იყო არავითარი შტატები დამტკიცებულნი. შტატები დამტკიცებული იყო 1919 წელს იანვარში. მაშინ მივიღეთ ჩვენ 90 ათასი მანეთი ამ მიზნისთვის, მაგრამ ეს სრულიად არ ფარავდა იმ ხარჯს, რომელიც იყო გაწეული. შედეგ აქ იყო განცხადებული, რომ 20 ათასი მანეთი მიეცა ბონების დამზადების ექსპედიციას. ეს მოხდა გაფიცვის დროს. მის შემდეგ ჩვენ ხშირად მივმართვდით ფინანსთა მინისტრს, მაგრამ ამ სესხის დაბრუნებას ვერ ვეღირსეთ. დასასრულ უნდა მოგახსენოთ, დაახლოებით 20 ათასი მანეთი დაიხარჯა 4 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეების დასაკმაყოფილებლად. შტატები არ იყო დამტკიცებული, არ იყო დამტკიცებული აგვისტოს, ენკენისთვეს, ოქტომბერს, ნოემბერს და დეკემბერს. მე უნდა განვმარტო, რომ რასაკვირველია, სახელმწიფო კონტროლიორის დებულების თანახმად, ეს არ არის დახარჯული დანიშნულებისამებრ. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, სხვანაირი გამოსავალი არ იყო. (შენგელაია: ჩვეულებრივ!) დიახ! (შენგელაია: ყოველთვის ასეა!) მე არ ვიცი რატომ არის ეს ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტიულ შემთხვევაზე, სისტემა, რომ ყოფილიყო მაშინ, რასაკვირველია, თქვენ მართალი იქნებოდით. ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ გარემოებაზე: არ იყო არავითარი ბიუჯეტი. აშკარა არის, რომ დღიდან ბიუჯეტის მიღებისა, ამ გასესხებას და ერთი თანხიდან მეორეში გადატანას ადგილი არ ექნება არცერთ უწყებაში. რაც შეეხება იმ თანხას, რომლის საბუთები ჩვენ აქ არ წარმოგვიდგენია, მოგახსენეთ, არ წარმოუდგენია საბუთი ყოფილ თფილისის გუბერნიის კომისარს და ყოფილ გუბერნიის კომისარს ქუთაისისა. ეს საბუთები წარმოდგენილი იქნება ახლო მომავალში და მაშინ ბ. შენგელაია დარწმუნდება ალბად, რომ - მართლია დაგვიგვიანდა - მაგრამ ამ დაგვიანებას არავითარი ზარალი სახელმწიფოსთვის არ მოუტანია. (ხმა: მართალია!) მე უნდა დავათავო იმით, რომ ჩვენთვის, რასაკვირველია, სულ ერთი იქნება მიიღებს ასეთ წინადადებას, რომელიც შემოიტანა საფინანსო კომისიის წევრმა ბ. ასათიანმა, თუ მეორე წინადადებს - ამას მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ ერთი არის არსებითი, აშკარა არის რომ ასეთ თანხის გადადება ანარქიასთნ საბრძოლველად საჭირო იქნება. ანარქიასთან ბრძოლა საჭირო იქნება სხვა და სხვა კუთხეებში. მე ამ კუთხეებს არ დაგისახელებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის არსებობა აუცილებლად საჭირო არის იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, და რასაკვირველია, ეს თანხა უნდა იყოს ამა თუ იმ სახით განაღდებული. მაგრამ, ვინაიდან არსებობს ეს თანხა, ჩვენ უნდა მივიღოთიმ სახით, როგორც საბიუჯეტო კომისიამ დაინახა შესაძლებლათ. ხოლო შესაფერ ცნობებს დამფუძნებელი კრება მიიღებს შემდეგში, როცა საჭირო ცნობები სავსებით მიღებული ექნება სამინისტროს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი (ს.-დ.) ამ დეკრეტის შესახებ ნება მიბოძეთ, ბატონებო, სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის სახელით მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა. მართალი იყო სრულიად კრების წევრი ასათიანი, რომელმაც განაცხადა, რომ საბიუჯეტო კომისიაში ამ დეკრეტის გარშემო გამოითქვა ორი აზრი და ორი მიმართულება. მაგრამ ამის თქმა ამ საათში, კატეგორიულად იმის მტკიცება, როგორც განაცხადა კრების წევრმა ალექსანდრე ასათიანმა, რომ ის თანხა არ დახარჯულა დანიშნულებისამებრ, არ მოხმარდა იმ მიზანს, რომლისთვისაც ეს იყო გაღებული სახელწიფოსაგან, - ამის კონკრეტიულად მტკიცება მე მგონია, რომ გადაჭარბებული არის, იმიტომ, რომ დიდი უმრავლესობა ამ თანხისა, როგორც ეხლა მოგახსენათ შინაგან საქმეთა მინისტრმა, - მოხმარდა იმ მიზანს და იმ დანიშნულებას, - მე არ შემიძლიან ეხლა ამ მასალების გარჩევა, რომელზედაც ასე დაწვრილებით მოგახსენათ ბატონ მინისტრმა.

უეჭველია, რომ ამის შესახებ მომხსენებელიც გეტყვით კიდევ რამეს, მე მხოლოდ გეტყვით საერთოდ, რომ დიდი უმეტესობა ამ თანხისა, დაახლოვებით 1 მილიონი 200,000 მან. მოხმარდა სწორედ ანარქიასთან ბრძოლას. ეს ფაქტი არის, რომელიც თქვენ შეგიძლიანთ ამოიკითხოთ აი, ამ მასალებიდან, რომელიც თან ახლავს ამ დეკრეტს. და როგორც გამონაკლისი, დაახლოვებით 200,000 მან. მართალია, არ დახარჯულა ისე, როგორც უნდა დახარჯულიყო, ესე იგი არ მოხმარდა იმ მიზანს, რომლისთვისაც იყო გადადებული ეს თანხა. მინისტრმა მოგახსენათ ამ საათში, თუ რისთვის იყო გადადებული ეს თანხა. ეს მოხმარდა სხვა და სხვა სესხის სახით სხვა და სხვა დაწესებულებებს, როგორც იყო „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქცია და სხვა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ამას აქვს თავის გასამართლებელი საბუთი.

მართალია, თუ მარტო ფორმალურ მოსაზრებით ვიხელმძღვანელებთ, ამის გამართლება ყოვლად შეუძლებელი არის. ამას ჩვენც ვამბობთ, მაგრამ თუ არსებითად ჩაუკვირდებით საგანს, არის ბატონებო, ხანდისხან ისეთი მდგომარეობა, რომ ყოვლად შეუძლებელია კანონიერად, - მე კანონს არ უარვყოფ, - ყველა წესი ისე შესრულდეს, როგორც ამას მოითხოვს კანონი. მაშინ, როდესაც ეს თანხა გაცემული იყო სესხის სახით კრედიტები არ ჰქონდა ბევრ უწყებას გახსნილი, ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრი იძულებული იყო სესხის სახით გაეცა ეს თანხა. იმ პირობებით, რომ ის დაუბრუნდება ისევ მის განკარგულებაში. ვიმეორებ, რომ ეს არ არის გამონაკლისი, რომელსაც, შეიძლება, ადგილი არ უნდა ჰქონოდა, რომ მართლაც ჩვენ ცხოვრებაში ნორმალური წყობილება დამყარებული ყოფილიყო. ვიმეორებ, რადგანაც ჯერჯერობით ჩვენ ვცხოვრობთ არა-ნორმალურ ხანაში, ამიტომ ასეთი გამონაკლისები, ბატონებო, მოსალოდნელია.

ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს და იმედს ფრაქციის სახელით, რომ მომავალში არ ექნება ადგილი ამ უწესოებას. არავინ არ იტყვის, რომ მოხდა კანონის დარღვევა, ეს არ არის უკანონობა, ეს მცირე უწესობაა, რომელიც, შესაძლებელია, გამოსწორდეს. ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის დღეს. თუ საეჭვო იყო ეს საკითხი კომისიაში, დღეს, როცა უწყების წარმომადგენელი გამოდის და აცხადებს საჯაროდ - ჩვენ მიერ მიღებული იქნება ყოველნაირი ზომები და ვალდებულნი ვართ, რომ სესხის სახით გაცემული ფულები დაუბრუნოთო, - მე მგონია ამის შემდეგ, როცა ამას ამბობს პასუხისმგებელი მთავრობის წარმომადგენელი, ამის შემდეგ რაიმე ეჭვს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რასაკვირველია, ჩვენ დავადგებოდით სწორედ იმ საშუალებას, რომელზედაც მიგვითითებს კრების წევრი ასათიანი, მაგრამ მთელი საკითხის ტრაგედია იმაში არის, რომ სხვა გამოსავალი არ არის. თქვენ ამბობთ, რომ სხვა გზა უნდა მოვნახოთო, მაგრამ, ბატონო, ეს სხვა გზა არ მიგვითითეთ. ფულის შოვნა რომ ისე ადვილი იყოს, იქნება მინისტრი დამფუძნებელ კრებას არ შეაწუხებდა, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომელსაც უნდა დაადგეს დამფუძნებელი კრება, ესე იგი დეკრეტი მიიღოს.

ეხლა წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა დამფუძნებელმა კრებამ დაუჯერა ესერებს, და უარი უთხრა ამ დეკრეტს, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა დაიბადება სახელმწიფოში. უნდა შეჩერდეს მთელი მექანიზმი თუ არა, ერთი უდიდესი ნაწილი მაინც ამ აპარატისა;

ყველა ამის შემდეგ, რაც ბრძანეთ თქვენ დღეს, მე მგონია თქვენი მიზანი არის, ამიტომ ჩვენ თვის დღეში ვერ დავადგებით ამ გზას, ვერ დავადგებით იმიტომ რომ სახელმწიფო არის მუდმივი მოვლენა, და არა ისეთი, რომელიც დღეს არსებობს, არსებობს დამოუკიდებელი საქართველო და უნდა იარსებოს მუდამ. ამიტომ შესაძლებელი არის, რომ ის გამონაკლისი, რომელსაც აქ ადგილი ჰქონდა, შეიძლება ხანდისხან მივიღოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამნაირათ მართლა მხედველობაში მივიღებთ ჩვენ სახელმწიფოს უზენაეს ინტერესს. სახელმწიფოს აპარატს არ შეუძლიან გაჩერდეს, და ეხლა, რომ სახელმწიფოს აპარატი გაჩერდეს მავნებელი იქნება ჩვენ მომავლისთვის; თქვენ იცით, რომ ჯერჯერობით სიმშვიდე არის, - მაგრამ შესაძლებელია, რომელიმე კუთხეში იფეთქოს ანარქიამ. ამას მოჰყვება გამოძახილი სხვა კუთხეებში და აირევა ქვეყნიერება, და, რომ ეს ანარქია არ გაჩნდეს, საჭირო არის ამას შევებრძოლოთ და ამიტომ გადაჭრით ვაცხადებ, - აუცილებელი არის, რომ ხელ-ფეხი არ შეუბორკოთ უწყებას, და დავაკმაყოფილოთ მისი თხოვნა.

მხოლოდ ამასთან გამოვსთქვამ სურვილს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი ასეთ გამონაკლისებს, და ფრაქციის სახელით ვაძლევთ წინადადებას დამფუძნებელ კრებას ამ შემთხვევაში მიიღოს ეს დეკრეტი რა სახითაც ეს წარმომადგენელი არის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ილია ნუცუბიძეს.

ნუცუბიძე. (სოც.-რევ.) ბატონებო, აქ სადავო არაფერი არის, აშკარაა, რომ ნაწილი იმ თანხისა, რომელიც გადადებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში არ დაიხარჯა წესიერად, ესე იგი არ დახარჯულა დანიშნულებისამებრ. ეს აღიარა ბ. მინისტრმა, ესევე აღიარა სახელმწიფო კონტროლმა, ამის შესახებ ერთი აზრი იყო საფინანსო კომისიაში. ნაწილი თანხისა კი, რომელიც ანარქიასთან საბრძოლველად მიუციათ არ არის გამართლებული, რადგან არავითარი საამისო დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. ჩვენ, რასაკვირველია, ვცნობთ აუცილებელ საჭიროებათ ანარქიასთან აქტიურ ბრძოლას, ანარქია ჩანასახშივე უნდა იქნას ჩაკლული. ამისათვის განსკუთრებული თანხაა საჭირო. მაგრამ დახარჯულ ფულს გასამართლებელი დოკუმენტი უნდა. ჩვენ მოვითხოვთ ასეთ დოკუმენტებს და ეს ჩვენი მოვალეობაა. სანამ ასეთ დოკუმენტებს არ წარმოგვიდგენენ, ჩვენ ვერ მივსცემთ ხმას ამ დეკრეტს. ჩვენ სავსებით შეგნებული გვაქვს, რომ განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობისთვის განსაკუთრებული ზომებია საჭირო. მაგრამ ისიც ვიცით, რომ დახარჯულ ფულს ანგარიში და დოკუმენტები ესაჭიროება. (ხმაურობა). დიახ, და სწორედ ამ დოკუმენტებს ჩვენ მოვითხოვთ. და სწორედ ეს ვერ შეუგნიათ ზოგიერთ წევრებს დამფუძნებელ კრებისას. მე არ მეგონა თუ დამფუძნებელი კრების წინაშე ასე უსაბუთოდ წარდგებოდნენ. მაგრამ, როგორც ვხედავ, ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. ჩვენ გვეუბნებიან, დეკრეტი მიიღეთ, დოკუმენტებს შემდეგ წარმოგიდგენთო; უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ ამ შემთხვევაში ბრმა ნდობაზე ვერ გავყვებით. სახელმწიფო კასა დაცარიელებულია და ამავე დროს ჩვენგან ფულს მოითხოვენ უანგარიშოთ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი საგანგებო თანხა გადავცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანარქიასთან საბრძოლველად, მაგრამ უწინარეს ყოვლისა საჭიროა წარმოადგინონ გასამართლებელი საბუთები წინანდელი თანხისა, რომელიც დაიხარჯა (ლ. ნათაძე: მანამდის არ მისცემთ?) ბატონებო, რატომ გვაყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოსავალი აღარ არის, აქ დამნაშავეა უწყების მესვეური, - რომელიც ვალდებული იყო თავის დროზე ეზრუნა და წარმოედგინა, ჩვენთვის გასამართლებელი საბუთები. პასუხი უნდა მოეთხოვოს უწყებას, რომ ასეთი მდგომარეობა შეგვიქმნა. ჩვენ, რასაკვირველია, ვალდებულნი ვართ დარაჯათ უდგეთ რევოლიუციას, ჩვენ ვალდებული ვართ ჩავაქროთ ანარქია, მაგრამ უწყება ნუ ჩაგვაგდებს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდანაც გამოსვლა ძნელი იქნება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ დეკრეტისა მანამ წარმოდგენილი არ იქნება ყველა საბუთი იმ ფულებისა, რომელიც უკვე დახარჯულია და შემდეგ, რასაკვირველია, თუ საჭირო იქნება არამც თუ ნახევარ მილიონს, 2 მილიონსაც გადავდებთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს.

სამხედრო მინისტრი. მოქალაქენო! ჩვენ სწორედ დაჟინებით მოვითხოვდით, რომ ეს საკითხი აქ დასმულიყო, და მეც ამას მოვითხოვ. იმიტომ, რომ გაგვეფანტა ის ეჭვები, რომლებსაც აქ ადგილი აქვს. ჩვენ კატეგორიულად ვამტკიცებთ, რომ არცერთი კაპიკი არ არის სხვა რამეზე დახარჯული; არის ყველაფერი დახარჯული სახელმწიფოსთვის. თუმცა არ არის მილიონი მანეთის შესახებ დაცული საბიუჯეტო წესი. აქ იყო ლაპარაკი იმის შესახებ თუ არ ვიცით რაზედ დახარჯეს ეს გუბერნიის კომისრებმა. მე უნდა განვაცხადო აქ, რომ გუბერნიის კომისრებს არ შეუძლიათ სხვა რამეზე დახარჯონ, ვინაიდან მათ ჰქონდათ განკარგულებაში კრედიტები, - ვინაიდან საერთო კომისარიატი არსებობდა წინად, დროებითი მთავრობის დროს; და მოქმედებდა წინანდელ კრედიტების თანახმად, და ამიტომ ეს თანხა, განსაკუთრებული თანხა, რომელიც მათ გადაეცათ, მათ უნდა მოეხმარათ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ მოიხმარეს სწორედ იმ დანიშნულების თანახამად, ანარქიასთან საბრძოლველად. მაშასადამე ამ მხრივ არავითარ გაუგებრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მათ ვერ წარმოადგინეს დღემდის ამის საბუთები. მე უნდა მოგახსენოთ ამ მხრივ, რომ სამწუხაროდ, არა თუ მარტო გუბერნიის კომისრები და სხვა თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობებიც კი ხშირად ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას. - ისინი ვერ ადგენენ შესაფერ საბუთებს, ამას ვერ მიეჩვივნენ, მაგრამ თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს დაგვიანება ვისმეს პასუხისგებიდან გაანთავისუფლებს - ეს ასე არ არის. არც უწყება და არც ვინმე სხვა თანამდებობის პირი ვერ იფიქრებს, რომ თუ დღეს არ წარმოადგინა, ამით საქმე გათავებულია. ისინი წარმოადგენენ, გათავდა და მორჩა. (ასათიანი: მაშინ წაიღეთ!) დიახ, ჩვენ ეს შეგვეძლო გვეთქვა იმ შემთხვევაში, რომ შეგვძლებოდა მოცდა; ამათ დიდი ხანია უნდა წარმოედგინათ, მაგრამ დღემდის ვერ წარმოადგინეს. (კედია: უნდა ებრძოლოთ!) ეხლა განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ, რომ წარმოადგინონ; მაგრამ თუ კი თქვენ გაქვთ საშუალება მოითმინოთ მანამ წარმოადგენენ, ბრძანეთ, რომ სახელმწიფოს შეუძლიან მართლა არ მიაქციოს ყურადღება... (კედია: სხვა სახით!). რა სხვა სახით, ჩვენ თუ შეგვეძლო ეს წესი მიგვეღო, განა არ მივიღებდით? არ, ჩვენ დასამალი არა გვაქვს რა. აქ არავითარ ბოროტმოქმედებას ადგილი არ აქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ კი სწორედ არ მიგვაჩნია შესაძლოდ, რო არ გამოგვეცხადებინა იმიტომ, მაშინ როცა ვიცით, რომ დაიხარჯა თავის დანიშნულებისამებრ გარდა 200.000 მანეთისა, რომელიც მოხმარდა არა იმ საქმეს, რომელზედაც ის დანიშნული იყო, მაგრა მოხმარდა საქართველოს რესპუბლიკის საჭიროებას. ჩვენ შეგვეძლო ბატონებო, დაგვეცადა სანამდის დამტკიცდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ არ გვექნებოდა გაზეთი „საქართვ. რესპუბლიკა“. დიახ, უნდა მოგახსენოთ, რომ სანამ არ არსებობს ბიუჯეტი, ყოველთვის თქვენ ყველა უწყებაში ძალაუნაბურად ასეთ რამეს წააწყდებით. უნდა იცოდეთ ეს წინდაწინ, უნდა იცოდეთ, მაგალითად, არის ისეთი სამხედრო ფონდი, რომელსაც ამა თუ იმ სესხის სახით მთავრობა ახმარს მეორე სახელმწიფოებრივ საქმეს. მაგრამ ეს სრულიად არავის არ აძლევს ნებას, სთქვას, რომ ის არ მოხმარდა საქმეს. დიახ, ჩვენ მოვიხმარეთ სახელმწიფო საქმეზე, თუმცა ყველა არ მოხმარდა იმ დანიშნულებას, რისთვისაც გაღებული იყო ეს თანხა. რაც შეეხება იმ თანხას, რომელზედაც არ არის გასამართლებელი საბუთები - ეს გასამართლებელი საბუთები წარმოდგენილი იქნება ამ ორ კომისრის მიერ. სხვა რაიმეზე არ შეიძლება დახარჯულიყო, ვინაიდან ჰქონდათ კრედიტები და განსაკუთრებულ მიზნისთვის მათ არ შეეძლოთ მიეცათ ეს თანხა.

თავმჯდომარე. კამათი დამთავრებული გახლავთ, შემოტანილია წინადადება და გთხოვთ წაიკითხოთ. (მდივანი კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. (მომხსენებელი) შინაგან საქმეთა მინისტრის და ამხანაგ ონიაშვილის სიტყვების შემდეგ მე მგონია ბევრი სათქმელი არაფერი გახლავთ. მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას. კრების წევრმა ნუცუბიძემ განაცხადა: ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ეს თანხა მიეცეს მთავრობას, მაგრამ ანგარიში უნდა მოეთხოვოს მთავრობასო. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი დამფუძნებელი კრების წევრი წინააღმდეგი არ იქნება, რომ მთავრობას ანგარიში მოეთხოვოს, მით უმეტეს, რომ თითონ წევრი მთავრობისა გვპირდება, - როცა უნდა იყოს ასეთ ანგარიშს წარმოვადგენთო. მაგრამ ის განცხადება, რომ თითქოს ისინი არ არინ წინააღმდეგნი ამ თანხის გადადებისა, საეჭვო ხდება მის შემდეგ, რაც ბ. ნუცუბიძე აცხადებს: სანამ ანგარიშს არ წარმოადგენთ, მანამდის 1/2 მილიონს ნუ გადავდებთ. აქ საკითხი იბადება ასეთი, - რა ქნას მთავრობამ მაშინ, როდესაც ანარქიული გამოსვლები იჩენენ აქა იქ თავს? თუ მას ფული არ ექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ანარქიას არ შეებრძოლოს. (ხმაურობა) თქვენ შეგიძლიანთ იძახოთ „კი“ და „უიც“. მაგრამ გასაკვირველი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ თქვენი ორიოდე ხმები შეკრებილია მაშინ, როდესაც ანარქიული ქარ-ცეცხლი იყო მოდებული. თუ გინდათ, რომ ანარქიამ არ გაიდგას ფესვები, როდესაც გარეშე მტერი გვადგას, არცერთ დამფუძნებელი კრების წევრს ენა არ უნდა მოუბრუნდეს იმის თქმისთვის, რომ მთავრობას ფული არ უნდა მივცეთ - ანარქიასთან საბრძოლველად. მე ვიმეორებ, და უწყების წარმომადგენელმა ტრიბუნიდან საქვეყნოდ განაცხადა, რომ უწყებამ ვერ შეკრიფა ცნობები და ვერ წარმოადგინა ანგარიშები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშუალება უნდა მოუსპოთ მას განაგრძოს ბრძოლა ანარქიის წინააღმდეგ.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახით უნდა იყოს მიცემული ეს ნახევარი მილიონი მანეთი, დეკრეტით, როგორც აქ არის წარმოდგენილი, თუ რაიმე სხვა სახით, რომელიც კრების წევრმა ასათიანმა წარმოადგინა, პრაქტიკულად ეს საქმისთვის შეიძლება სულ ერთი იყოს. მაგრამ ფულის მიცემის წესი ერთი არის. არსებობს რესპუბლიკაში კანონმდებლობა. თუ მივცემთ იმ დეკრეტით, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, ეს, მე მგონია, უფრო მისაღებია. აქ ხაზი გაუსვეს იმას, რომ წესი, საერთოდ ყველა წესი ფულის დახარჯვისა, არ იყო დაცული. მაგრამ ისეთ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, რომ ყოველი წესები იყოს დაცული, ამას ვერ მოვთხოვთ. საფინანსო კომისიის სხდომაზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა: «Мы держим в руках кишку, которою тушим пожар»... ეს სიტყვები მომყავს რუსულად, რადგანაც რუსულად იყო ნათქვამი. მართალია, ჩვენ მთავრობას და შინაგან საქმეთ სამინისტროს უხდება მუდმივ ფხიზლათ ადევნოს თვალყური ანარქიულ გამოსვლებს, რომელნიც აქა იქ იჩენენ თავს და აქრობს ანარქიულ ცეცხლს. და ასეთ დროს, როდესაც ხშირად არა აქვს საშუალება, დაფიქრდნენ თუ როგორ ჩააქრონ ეს ანარქია, მაშინ თუ მოვთხოვოთ მთავრობას, რომ ყოველი წესი იყოს დაცული, - ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი შეუშალოთ ანარქიის წინააღმდეგ ნაყოფიერად ბრძოლაში. მე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით, წინადადება შემომაქვს ეს დეკრეტი, რომელიც არის შემოტანილი, მიიღოს იმ სახით, როგორც არის წარმოდგენილი.

თავმჯდომარე. წინადადება არის შემოტანილი ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ დეკრეტის შესახებ შემდეგი შინაარსისა, რომ ა) „დეკრეტის შესახებ ნახევარ მილიონისა უარყოფილი იქნეს. ბ) გადაიდვას 1/2 მილიონი მანეთი შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში სასწრაფო და მოულოდნელ ხარჯებისთვის“. კენჭს უყრი ამ წინადადებას, ვინ არის მომხრე? წინადადება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ. არავინ. გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. (დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი (მდივანი კითხულობს..) ამტკიცებთ თუ არა შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს? დღიური წესრიგი დამტკიცებული გახლავთ.

კრებას ვხურავ. სხდომა თავდება ნაშუადღევის 3 საათსა და 15 წუთზე.

12 მეოცდათერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, პარასკევი, ივნისის 27. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმცროსი ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დილის 12 საათზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

დღიური წესრიგი

მდივანი (კითხულობს)

1. საბოლოო ტექსტი - ჯარიდან გაქცევისა და ნებადაურთველად წასვლისათვის დასჯის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო ხაზინიდან ნახევარი მილიონი მანეთის გაღების დეკრეტისა - ანარქიასთან საბრძოლველად.

3. საბოლოო ტექტი - სავაჭრო სამრეწველო და სახელოსნო დაწესებულებათა დაქირავებულ ბინიდან გაძევების შეჩერების შესახებ.

საბოლოო ტექსტი - სავაჭრო-სარეწველო და სახელოსნო დაწესებულებათა დაქირავებულ ბინიდან გაძევების შეჩერების შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი - მთავარ საბაჟოს სამმართველოს და ფოთისა და სოხუმის საბაჟოების შტატის გადიდების კანონისა.

5. დეკრეტი ყოფილ ამიერ-კავკასიის 1915-1917 წლების საერობო კრედიტების ერთი მესამედის 1919 წლისათვის გავრცელებისა.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგისა და ბარგ-საქონლის მისაცემ ფასის გადიდების შესახებ.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა უძრავ ქონების იძულებით ჩამორთმევისა, დროებით დაჭერისა და მის სარგებლობაში მონაწილეობის უფლების დაწესების შესახებ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ საჭიროებისათვის.

8. პირველი - (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საზღვარ გარეთ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნ ახალგაზრდათათვის სასტიპენდიო თანხად ერთი მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

9. დეკრეტი 1919 წლის მაისის 27 კანონის - სახელმწიფო ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთ ზომების მიღების კანონი დამატებისა.

თავმჯდომარე. ამტკიცებთ თუ არა დღიურ წესრიგს? წესრიგი მიღებულია.

საბოლოო ტექსტები.

(კრების წევრის ოლღა სოლოღაშვილის მოხსენებით დამტკიცებულ და მიღებულ იქნა დღიურ წესრიგის 1, 2, 3, და 4 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტი).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი: დეკრეტი ყოფილ ამიერ-კავკასიის 1915-17 წლების საერობო კრედიტების ერთი მესამედის 1919 წლისათვის გავრცელებისა. მომხსენებელია ონიაშვილი.

დავით ონიაშვილი. (ს.-დ.) საბიუჯეტო კომისიის სახელით ვთხოვ დამფუძნებელ კრებას ეს დეკრეტი მოხსნილი იქნას დღიურ წესრიგიდან და შემდეგ წარმოვადგენთ.

თავმჯდომარე. წინააღმდეგი ამისა არავინ არის? მაშასადამე მოხსნილი გახლავთ. შემდეგი კანონ-პროექტი. მომხსენებელია ირემაშვილი.

ირემაშვილი. კანონ-პროექტი შეეხება რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგს და ბარგ-საქონლის მისაცემ ფასის გადიდებას. ფასის გადიდების შესახებ რკინის გზაზე წესდებით 17 მუხლის ძალით, მგზავრთა დაკარგულ ბარგის ასანაზღაურების წესით ეძლევათ (კითხულობს). მაგრამ ამ ჟამად ჩვენი ფულის კურსი დაცემულია და საბიუჯეტო კომისიამ საჭიროდ სცნო მიემატებინა შემდეგნაირად: (კითხულობს). აი ასეთი გადიდება შეიტანა საბიუჯეტო კომისიამ.

თავმჯდომარე. შემდეგ გახლავთ შემოტანილი შესწორება სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ: კითხულობს), პირველ მუხლში „ა“-ში „ოთხი მანეთი“, შეიცვალოს „ექვს მანეთად“. „ბ“-ში „ექვსი მანეთი“ - „რვა მანეთად“ და „გ“-ში 8 მანეთი“ - ათ მანეთად“.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს წულაძეს.

წულაძე: (ს.-დ.) წარსულ დამფუძებელ კრების სხდომაზე, როდესაც ჩვენ პირველად განვიხილეთ ეს კანონ-პროექტი, მომხენებელის მთავარი აზრი იყო ის, რომ დღეს კურსი ჩვენი ფულისა ძლიერ დაეცა, ამიტომ სასარგებლოდ ვნახეთ მაშინდელს სხდომაზე ეს 4 მანეთი გაგვედიდებინა. დღეს მომხსენებელმა თქვენ მოგახსენათ, რომ ერთის მაგივრად იყოს 4 მანეთი, ორ მანეთის მაგივრად იყოს 6 მანეთი, და სამის მაგივრად იყოს 8 მანეთი. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ამის შესახებ ჰქონდა მსჯელობა და პრინციპიალურად, რასაკვირველია, ეთანხმება ამ ფასის გადიდებას, მხოლოდ ეს გადიდება მიაჩნია მცირედ და ამიტომ შემოაქვს ეს შესწორება, ესე იგი იქ, სადაც არის 4 მანეთი - 6 მანეთი იქნას, სადაც 6-8 მანეთი და 8 მანეთის მაგიერ 10 მანეთი. ამიტომ ჩვენი ფრაქციის სახელით მოგახსენებთ და გთხოვთ მიიღოთ.

ირემაშვილი. გზათა უწყების სახელით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ვეთანხმები სრულებით შესწორებას, ვინაიდან ფასმა მართლაც საგრძნობლად აიწია. ეს შესწორება ცოტად დაგვიანებულ კანონ-პროექტის ცხოვრებაში გატარებას შეავსებს. ამ მხრივ ჩვენ შესწორებას ვეთანხმებით.

თავმჯდომარე. შესწორება მიღებულია. პირველი მუხლი მიღებულია.

ირემაშვილი. მეორე მუხლი: (კითხულობს).

თავმჯდომარე. ამ მეორე მუხლის შესახებ შესწორება შემოტანილი გახლავთ 4 მანეთის მაგივრად გახდეს 6 მანეთი.

წულაძე. იმავე მოსაზრებით სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით ვთხოულობ, ეს მეორე შესწორებაც იქნეს მიღებული, ესე იგი 4 მანეთი შეიცვალოს 6 მანეთად.

თავმჯდომარე. შესწორება მიღებულია. მეორე პარაგრაფი შესწორებით მიღებულია.

ირემაშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქაც შესწორება გახლავთ შემოტანილი, რომ 4 მანეთის მაგივრად იყოს შეტანილი 6 მანეთი. შესწორება მიღებულია. მესამე მუხლიც მიღებულია. საერთოდ კანონ-პროექტი მიღებულია. შემდეგ: -

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა უძრავ ქონების იძულებით ჩამორთმევისა, დროებით დაჭერისა და მის სარგებლობაში მონაწილეობის უფლების დაწესების შესახებ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ საჭიროებისათვის.

სიტყვა ეკუთვნის კ. წ. საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ეს საკითხი ეხება უძრავ ქონების იძულებით ჩამორთევას, დროებით დაჭერას და სარგებლობაში მონაწილეობის უფლების დაწესებას სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ საჭიროებისათვის. ეს საკითხი ძალიან რთულია, როგორც სოციალური, ეკონომიური შინაარსით ისე იურიდიულ და სახელმწიფოებრივ მოსაზრებითაც. აი ამიტომ ასეთი ვრცელი საკითხი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციამ ვერ მოასწრო განხილვა სავსებით და ამიტომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქცია ითხოვს, რომ ის მოხსნილი იქნეს დღევანდელ სხდომიდან.

თავმჯდომარე. ეს საკითხი მოხსნილი გახლავთ დღიურ წესრიგიდან. შემდეგი კანონ-პროექტი:

პირველი განხილვა კანონ-პროექტისა საზღვარ-გარედ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნად ახალგაზრდათათვის სასტიპენდიო თანხად 1 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

მომხსენებელია სოლოღაშვილის ასული.

სოლოღაშვილის ასული. წარმოდგენილი კანონ-პროექტი ეხება საზღვარ-გარედ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნ ახალგაზრდებისათვის სასტიპენდიო თანხის 1 მილიონ მანეთის გადადებას. მოგეხსენებათ თუ რა პირობებში გვიხდება ჩვენი სახელმწიფოებრივ აღმაშენებლობითი მუშაობის წარმოება. ისტორიამ მეტად მძიმე და რთული მოვალეობა დაგვაკისრა: ეს არის ახალი სახელმწიფოს ახალ ნიადაგზე აშენება. ამისთვის, რასაკვირველია, საჭირო არის ჩვენთვის შესაფერი ძალების ყოლა, რომელნიც ცხოვრების ყოველ დარგში გაუძღვებიან საქმეს ისე, როგორც ამას მოითხოვს საჭიროება.

საჭირონი არიან მრავალ მხრივ ცოდნით აღჭურვილნი პირნი, ენერგიულნი და გამოცდილნი, მაგრა ჩვენდა-საუბედუროდ, ისეთი პირები მეტად ნაკლებად მოგვეპოვება, საჭიროება და მოთხოვნილება კი ძლიერ დიდია. მიზეზი ამ ნაკლისა მრავალგვარია, მაგრამ ერთი უმთავრესი მიზეზთგანი გახლავთ ის, რომ ძველმა ბიუროკრატიულმა მმართველობამ თავის ბრუდე პოლიტიკით საშუალება მოგვისპო, რომ ჩვენში განვითარებულიყო ეკონომიური, კულტურული, და საზოგადოდ ყველა სასიცოცხლო ძალები. ჩვენ ახალგაზრდობას არ ჰქონდა გასაქანი, მათ ხელ-ფეხი ჰქონდათ შებორკილი, და ისინი იძულებულნი იყვნენ სამშობლოს მოშორებულნი, სადმე სხვაგან ემუშავნათ და ეშრომათ.

აი ეს უკარგავდა მათ ყოველგვარ უნარს, სურვილს მეცადინეობისას. მიუხედავად ბევრგვარი ცდისა, მიუხედავად ბევრგვარი მეცადინეობისა აქ ჩვენ მხარეში, ერთი უმაღლესი სასწავლებლის დაწესებაც კი ვერ მოხერხდა, რომ შექმნილიყო კულტურული ცენტრი და მის გარეშე შემოკრებილიყვნენ ჩვენი სამეცნიერო ძალები, რომელიც დღეს ჩვენ მოგვეპოვება - გაფანტულნი იყვნენ და მუშაობდნენ სულ სხვა მხარეში. ჩვენში კი გვიგზავნიდნენ ისეთ პირებს, რომელნიც ჩვენთან ორგანიულად დაკავშირებულნი არ იყვნენ, არ იცნობდნენ ჩვენ ბუნებას, ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის თვისებას და, რასაკვირველია, ასეთი პირნი ვერ იქნებოდნენ ჩვენი ქვეყნის აყვავების მოსურვენი. აი ასეთი იყო მდგომარეობა.

მაგრამ რუსეთის დიდ რევოლიუციამ ძირიან ფესვიანად შესცვალა ეს მდგომარეობა და ჩვენი ხალხის ბედი ჩვენ ხელშივე გადმოგვცა. ეხლა მთელ თავის სიძლიერით, მთელ თავის სიგრძე-სიგანით წარმოსდგა საკითხი - სათანადო დარგებისთვის სპეციალისტების მომზადება და მათი სწავლა-განათლების გამოყენებისა. საქართველო წარმოადგენს განსაკუთრებულ მხარეს. ეს იშვიათი ქვეყანაა თავისი ბუნებრივი სიმდიდრით. მისი ზედა პირი დაფარულია მრავალგვარ ტყეებით, დედამიწის წიაღში დაფარულია მადნეულობა და სამკურნალო წყლები და სხვა; მაგრამ ყველა ეს თითქმის პირველყოფილ მდგომარეობაშია, დაუმუშავებელია და ჩვენ ვერ ვსარგებლობთ, ვერ ვიღებთ ყველა იმ სარგებლობას, რომელიც შეგვეძლო მიგვეღო, საჭირო არის მისი პატრონობა და მოვლა. ამას კი შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როცა გვეყოლება სათანადოდ მომზადებული პირები. რომელი დარგიც არ უნდა ავიღოთ ჩვენი ცხოვრებისა იქნება ეს ფინანსიური, სამეურნეო, ტეხნიკური თუ სხვა, ყველგან ვგრძნობთ, რომ გვაკლია შესაფერი ძალები. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყანა სამეურნეო ქვეყანაა, მაგრამ აქაც კი არ მოგვეპოვებიან სათანადოთ მომზადებულნი პირნი. და თუ მოგვეპოვებიან ყველანი უცხო ტომისანი არიან, რომელნიც როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად არიან ჩვენთან დაკავშირებულნი და პირველ შემთხვევაშივე დაგვანებებენ თავს და წავლენ. ისე, რომ საკუთარი ძალებით უნდა დავფაროთ, ჩვენი მოთხოვნილება და საკუთარი ძალები განვავითაროთ.

ამ გარემოებას, რასაკვირველია, მთავრობა მიაქცევდა ყურადღებას, და მიაქცია კიდეც, და აი განათლების სამინისტრომ შემოიტანა კანონ-პროექტი, რომლითაც იღებს ზომებს ამ საკითხის მოსაგვარებლად. ერთი ამ ზომთაგანი არის, ეს დეკრეტი; - დეკრეტის აზრით საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს სპეციალურ ცოდნის შესაძენად ახალგაზრდობა და ამისთვის სამინისტრო თხოულობს, რომ დამფუძნებელმა კრებამ გადასდოს 1 მილიონი მანეთი სპეციალურ სასტიპენდიო თანხად; - ამ თანხის განაწილება მოხდება საუწყებათშორისო კომისიის მიერ, განათლების მინისტრის თავმჯდომარეობით.

კანონ-პროექტი გადმოვიდა განათლების კომისიაში, რომელმაც განიხილა იგი და მიიღო. შეიტანა მხოლოდ ცოტაოდენი ცვლილება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონ-პროექტში იყო, რომ გაიგზავნება ახალგაზრდობა, ჩვენ კი ვიხმარეთ ზოგადი ტერმინი „გაიგზავნებიან პირნი“, იმიტომ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ისეთი პირის გაგზავნა, რომლის ჩარიცხვა ახალგაზრდათა რიცხვში ძნელია, მაგრამ მისი გაგზავნა კი მიზანშეწონილი და საჭირო იქნება.

არის კიდევ ერთი პატარა ცვლილება, ის, რომ „საზღვარგარეთ გაიგზავნება სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად“; ასე იყო განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონ-პროექტში, მაგრამ ჩვენ ცოტა გავაფართოვეთ ეს და შევცვალეთ ასე: „სპეციალურ ცოდნისათვის, ანდა სწავლა-განათლების მისაღებად“. განათლების კომისია მოუწოდებს დამფუძნებელ კრებას მიიღოს ეს კანონ-პროექტი, რათა ამით ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის აყვავებას, გაძლიერებას და წინსვლას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ანჯაფარიძეს.

გ. ანჯაფარიძე (ს.-დ.) საბიუჯეტო კომისიის დასკვნა შეეხება მხოლოდ ამ საკითხის ფინანსიურ მხარეს. განათლების სამინისტროს აქვს განზრახული დაახლოვებით 43 ახალგაზრდა პირი გაიგზავნოს საზღვარგარეთ. ამ საჭიროებისთვის სამინისტრო ითხოვს თქვენგან 1 მილიონ მანეთს. საბიუჯეტო კომისიას ეს თანხა ძალიან ცოტად მიაჩნია, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენი ბონების კურსი ეხლანდელ პირობებში ძლიერ ეცემა. ჩვენ ვიცით კარგად, რომ ერთი ფრანკი უდრის 15 მანეთს. აი ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ერთ მილიონი მანეთი განსაკუთრებით 1,000 მანეთი თვითეულ ახალგაზრდაზე ძალიან ცოტა იქნება. დაახლოვებით ეს იქნება თვეში 30 ფრანკი. საფინანსო კომისია ფიქრობს, რომ თუ კი საჭირო არის სპეციალურ ცოდნის მისაღებად ახალგაზრდობის გაგზავნა საზღვარგარედ, რასაკვირველია, ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებულნი ისეთ პიროებებში, რომ მატერიალურად, ცოტად თუ ბევრად უზრუნველყოფილნი იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მეცადინეობა არ შეეძლებათ და ის 1 მილიონი მანეთი, რომელსაც თქვენ გაიღებთ - დაკარგული იქნება. ამიტომ საფინანსო კომისია ფიქრობს, რომ 3,000 მანეთი მაინც მიეცეს თვიურად იმ ახალგაზრდას, რომელიც იქნება ჩვენ მიერ გაგზავნილი სპეციალურ განათლების მისაღებად. ასეთი ახალგაზრდობა უნდა იყოს გაგზავნილი რიცხვით სამოცამდე. დაახლოვებით, და თანხა კი, რომელიც თქვენ უნდა გაიღოთ უნდა უდრიდეს არა ნაკლებ ორ მილიონ მანეთს. საფინანსო კომისია პრინციპიალურად ემხრობა ამ კანონ-პროექტს, მაგრამ შემოაქვს შესწორება გადადებული იქნეს 1 მილიონის მაგივრად 2 მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. ეხლა არის დამატება დეკრეტისა. უნდა მოგახსენოთ, რომ ვინაიდან 1918 წელს 27 მაისს კანონი არის მიღებული დამატების შემოტანა დეკრეტის სახით არ შეესაბამება, რომ ამ კანონს დეკრეტის სახით დამატება მიეცეს. დღეს იყოს ზოგადი განხილვა თუ შემდეგ, როდესაც ვადა გავა და (არ ისმის) წინააღმდეგ არის ვინმე, რომ ეს ზოგადი განხილვა იყოს მხოლოდ ამ (არ ისმის) დამატების. მომხსენებელია ონიაშვილი.

დავით ონიაშვილი. (ს.-დ.) ბატონებო! დამფუძნებელ კრების 27 მაისის კანონით 200%25 გადიდებული იქმნა ძირითადი გადასახადი ყველა სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებებზე. ამ კანონის დედა აზრი იმაში მდგომარეობს, რომ გადიდებული იყოს ხაზინის შემოსავალი, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს ამ მიზნის შესრულებას. ეს მდგომარეობს შემდეგში: რუსეთის დროებითი მთავრობამ 1917 წელში 18 ოქტომბერს დაადგინა, რომ იმ სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებებს, რომელნიც არ არიან ვალდებულნი გამოაქვეყნონ თავიანთი ანგარიშები, საპროცენტო გადასახადში ჩაერიცხება მთელი რაოდენობა ძირითად სამრეწველო გადასახადების; ხოლო იმ სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებებს, რომელნიც ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ თავისი ანგარიშები, სათანხო გადასახადებში ჩაერიცხება მთელი რაოდენობა ძირითად გადასახადებისა. მაშასადამე, თუ ჩვენ, ასეთ მდგომარეობას დავტოვებთ, შეუძლებელი გახდება მიხწეული იქნეს ის მიზანი, რომელიც დასახული აქვს 27 მაისის კანონს.

ამიტომ უნდა გაუქმდეს დროებითი მთავრობის კანონი, რომელიც ამცირებს ხაზინის შემოსავალს. ამ ახალი კანონის მიღებით, ძირითადი სასარეწაო გადასახადი დარჩება ხაზინის შემოსავლის დამოუკიდებელ წყაროდ, ამასთანავე იარსებებს დამატებითი საპროცენტო გადასახადი.

თავმჯდომარე. მუხლობრივი განხილვა გადადებულია შემდეგ სხდომისთვის. მდივანი კითხულობს შემდეგ სხდომის დღიურ წესრიგს. სხდომას ვხურავ. სხდომა იხურება ნაშუადღევის 2 საათსა და 15 წუთზე.

13 მეოცდათორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პარასკევი, 1919 წელი, ივლისის 1. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან

სვიმონ მდივანი,

ქრისტინე შარაშიძის ასული,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 საათსა და 5 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტების ნუსხის წაკითხვის შემდეგ კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი.

1). საბოლოო ტექსტი - რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგისა და ბარგ-საქონლის მისაცემ ფასის გადიდების კანონისა.

2). დეკრეტი საქართველოს საერობო დაწესებულებათა შესანახად 7.069.126 მან. გადადებისა.

3). პირველი განხილვა კანონ-პროექტისა უძრავ ქონების იძულებითი ჩამორთმევისა, დროებით დაჭერისა და მისი სარგებლობაში მონაწილეობის უფლების დაწესების შესახებ სახელმწიფო, ან საზოგადო საჭიროებისათვის.

4). დეკრეტი - სახელმწიფო ხაზინიდან 66.000 მან. გადადების მდინარე ცხენის-წყლის ნაპირების გამაგრებისათვის.

5). დეკრეტი - სახელმწიფო ხაზინიდან 166.444 მან გადადებისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ ნაწილის საჭიროებისათვის.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ? მსურველი არვინაა. დღიური წესრიგი მიღებულია. პირველი საკითხი - საბოლოო ტექსტი რკინის გზის მიერ დაკარგულ ბარგისა და ბარგ-სქონლის მისაცემ ფასის გადიდების კანონისა. მომხსენებელია ქ. სოლოღაშვილის ასული.

ან. სოლოღაშვილი. (კითხულობს საბოლოო ტექსტს, რომელიც კრების მიერ მიღებული იქნა).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი.

დეკრეტი საქართველოს საერობო დაწესებულებათა შესანახად 7.069.126 მან. გადადებისა.

მომხსენებელია კრების წევრი ონიაშვილი.

დავით ონიაშვილი (ს.-დ.) დეკრეტი საქართველოს საერობო დაწესებულებების შესანახავად 7.069.126. მან. გაღებისა. ძველ წესწყობილების დროს ამიერკავკასიაში არსებობდა რამოდენიმე დაწესებულებანი, რომელსაც მთავრობა საერობო ხარჯებით ინახავდა, ნაწილი აი ამ დაწესებულებებისა უკვე დღეს გადაეცა ერობებს. დიდი უმრავლესობა ამ დაწესებულებებისა ჯერ-ჯერობით ისევ მთავრობის განკარგულებაში არის და, მაშასადამე, ისინი უნდა შეინახოს მთავრობამ, ამ დაწესებულებების შესანახავად ძველად სამ წელიწადში ერთხელ დგებოდა ხარჯთ-აღრიცხვა, და აი ამ ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით მთავრობა ინახავდა ამ დაწესებულებებს.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ყოველ წლიურად მთელ ამიერ-კავკასიას ამ საერობო დაწესებულებების შესანახად უხდებოდა 7.069.126. მან. აი სწორედ ის ჯამი, რომელიც აღნიშნულია დღევანდელ დეკრეტის სათაურში. ფული განაწილებული იყო შემდეგნაირად (კითხულობს) აი ეს ყველაფერი შეადგენს 7.069.126 მან.

ვიმეორებ, რომ მიუხედავად ამისა ნაწილი ამ დაწესებულებების და, მაშასადამე, ზოგიერთი პარაგრაფი გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ერობებს გადაეცა. დიდი ნაწილი ამ დაწესებულებებისა ჯერ-ჯერობით მთავრობის ხელშა და მაშასადამე მთავრობამ უნდა იზრუნოს მათ შენახვაზე.

ცნობისთვის მოგახსენებთ, თუ რომელი დაწესებულება დარჩა, რომელია ჯერ-ჯერობით მთავრობის ხელში. ეს დაწესებულებები გახლავთ შემდეგი: (კითხულობს) აი, ამნაირად ეს დაწესებულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე ჯერ-ჯერობით ისევ მთავრობის განკარგულებაში არის და მთავრობა შემოდის შუამდგომლობით, რომ აუცილებლად გაღებულ იქნეს ის თანხა, რომელიც აღნიშნული არის ამ დეკრეტში.

შეიძლება ზოგიერთებს გაუკვირდეთ, რომ ეს თანხა წინად გადადებული იყო მთელ ამიერკავკასიის დაწესებულებების შესანახად და დღეს კი მთავრობა თხოულობს მარტო საქართველოსთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი ცხოვრების პირობები იმდენად განსხვავდებიან ერთი მეორისაგან, რომ აი ეს შვიდი მილიონი, რომელზედაც აქ არის ლაპარაკი და რომელიც შემოტანილია დეკრეტში, თქვენ წარმოიდგინეთ, არამც თუ მთელი საერობო დაწესებულებებისთვის, არამედ მხოლოდ მიხეილის საავადმყოფოსთვის და საბეითლოსთვის არ არის საკმარისი. ასე რომ, ეს არის მინიმუმი, რომლის გაღება აუცილებელია. ამაზე ნაკლები თანხის გაღება ყოვლად შეუძლებელია. აი ამ დეკრეტში არის ერთი მუხლი, სადაც არის ნათქვამი, რომ მთავრობას დაევალოს, თუ საჭირო იქნება, მომავალში მიმართოს შუამდგომლობით კიდევ ფულის გაღებისთვის საჭირო დაწესებულებების შესანახად.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, იმაში, რომ მთავრობას ეს ფული დასჭირდება, ამიტომ მთავრობამ უნდა საერთო ხარჯთ-აღრიცხვის წესით გაატაროს ეს ხარჯი და მერე შემოვიდეს სათანადო შუამდგომლობით დამფუძნებელ კრებაში. აი მოკლედ ის, რაც მე უნდა მომეხსენებინა ამ კანონ-პროექტის შესახებ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ, გთხოვთ წაიკითხოთ.

ონიაშვილი. (კითხულობს მუხლობრივ; დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია).

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგში გახლავთ საკითხი:

კანონ-პროექტი უძრავ ქონების იძულებითი ჩამორთმევისა.

მომხსენებელია იურიდიული კომისიის წევრი ბატონი ჯაფარიძე.

მომხსენებელი სერგეი ჯაფარიძე. ბატონებო! იმ კანონის პროექტს, რომელსაც მოგახსენებთ, მიზნად აქვს განსაზღვროს ის წესები, ის პირობები, რომლებშიაც შეიძლება კერძო მესაკუთრეებს ჩამოერთვას მათი საკუთრება, უძრავი ქონება, სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ საჭიროებისათვის. (თავმჯდომარე: გთხოვთ ხამამღლა ილაპარაკოთ). ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიურ აღორძინებისთვის და უბრალო მიმოსვლის საუკეთესო მოწყობისთვის საჭიროა და სასურველი, რომ ჩვენი ტერიტორია მომავალში მოფენილი იქნეს რკინის გზების ქსელით და შარა-გზებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს, შემოვიღეთ სავალდებულო სწავლა-განათლება პირველ-დაწყებითი, ამისთვის საჭირო იქნება, რასაკვირველია, სათანადო შენობები, ბინების მოპოვება და შეძენა, აგრეთვე საავადმყოფოები და ბევრი რამ, რასაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთი საქმეების მოწყობა შეუძლებელია, თუ ჩვენ არ მივიღეთ წესი იძულებითი ჩამორთმევისა უძრავ ქონებისა, იმიტომ, რომ, როდესაც, მაგალითად, გზა გაგყავთ და, როდესაც ამ გზამ უნდა გაიაროს მთელი რიგი სხვა და სხვა ადგილებისა, ყველასთან შეთანხმება არამც თუ ძნელია, ხშირად შეუძლებელიც არის. ყველა სახელმწიფოში და, სხვათა-შორის, რუსეთშიაც ძველად არსებობდა ინსტიტუტი იძულებით ჩამორთმევისა. ეს წესი, რასაკვირველია, არსებობს ეხლაც, ჩვენშიაც, იმ მომქმედ კანონის ძალით, რომელიც იყო წინად რუსეთის კანონმდებლობაში. მხოლოდ ის წესი ისეთი რთული იყო, ისეთი ბიუროკრატიული, რომ სანამ იმ წესის მიხედვით რაიმე საქმეს ცხოვრებაში გაატარებდით, გავიდოდა ხშირად 20, 30, ან 40 წელიწადი. იჩაგრებოდა, ფერხდებოდა საზოგადოებრივი საქმეც და იჩაგრებოდა ის კერძო პირიც, რომელსაც ართმევდნენ იძულებით საკუთარ ქონებას და საფასურს აძლევდნენ ხშირად 30 წლის შემდეგ. ეხლაც ბევრი არის ასეთი შემთხვევები, მაგალითად, ამიერ-კავკასიის რკინის გზებისთვის ჩამორთმეულია ადგილები და ამ ადგილების პატრონს დღემდისაც ფული არ აქვს მიღებული. საკმაოა, მაგალითად, გავიხსენოთ ის გზა, რომელიც უნდა გაევლოს იმ წესით დაწყებულ საქმეს რუსეთის კანონმდებლობის ძალით: ვისაც უნდოდა სადმე რკინის გზის გაყვანა, - ვინც უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ის საზოგადოებრივი დაწესებულება თუ კერძო კომპანია - სულ ერთია, იმას უნდა მიემართა სამინისტროსთვის, სამინისტროში შეიქნებოდა ერთი დავიდარაბა, სჯა-ბაასი, მერე გაგზავნიდნენ გუბერნატორთან, გუბერნატორს მოსთხოვდნენ დასკვნას, შემდეგ დაბრუნდებოდა პეტროგრადში - სამინისტროში, ეს გადასცემდა სახელმწიფო საბჭოს, სახელმწიფო საბჭო განიხილავდა, შემდეგ ეს გადასცემდა მეფეს, მეფე მიიღებდა შუამდგომლობას, ის მიმართვდა უმართებულეს სენატს, „უქაზით“, სადაც იყო ნათქვამი, ჩამოერთვას ესა თუ ის ადგილი, ვთქვათ, რკინის გზის გასაყვანად.

ეს იყო პირველი აქტი. შემდეგ ეს მოდიოდა პეტროგრადიდან მეფის მოადგილესთან, აქედან გენერალ-გუბერნატორთან, გუბერნატორი გზავნიდა მაზრის უფროსთან, მაზრის უფროსი უგზავნიდა ადგილობრივ ბოქაულს, რომელიც ასწერდა ადგილს; ეს აწერილობა მიდიოდა მაზრის უფროსთან, მაზრის უფროსისაგან - გუბერნატორთან, გუბერნატორი შემდეგ გადასცემდა ეგრეთწოდებულ, დამფასებელ კომისიას, სადაც იყო მარშალი და სხვა და სხვა თანამდებობის პირნი, რომელთაც არავითარი ჯილდო არ ქონდათ დანიშნული და ამიტომ აჭიანურებდნენ რამდენიმე ათ წელიწადობით. მერე მიდიოდა გუბერნატორთან, გუბერნატორი თავის დასკვნით უგზავნიდა მეფის მოადგილეს, აქედან - სათანადო მინისტრს, მინისტრი სახელმწიფო საბჭოს და ასე გაუთავებლად მიდიოდა მეფესთან და იქ სწყდებოდა, საბოლოოთ, რა ადგილი უნდა ჩამოერთვას და რამდენი საფასური უნდა მიეცეს პატრონს. ამის შემდეგ ფული შეჰქონდათ ხაზინაში საგუბერნიო მმართველობის დეპოზიტად, და თუ წინანდელი ქონების პატრონი არ წარმოადგენდა რაიმე დასაბუთებულ საბუთებს, რომ მისი იყო, ფულის მიღებაც ერთი გასაჭირი რამ იყო. აი ამ წესების ნაცვლად, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, გამოწვეულ იყო, ერთის მხრით იმით, რომ ბიუროკრატიული წესი იყო, და მეორეს მხრივ იმით, რომ კერძო საკუთრება ერთგვარ კერპს შეადგენდა, რომლის შეზღუდვა დიდ უკმაყოფილებას დაბადავდა. აი ამ წესების ნაცვლად ამ კანონ-პროექტს განზრახული აქვს, შემოიღოს ისეთი წესი, რომელიც უფრო შეეგუება საზოგადოებრივ მოთხოვნილებას. წინად იშვიათათ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩამოერთვათ ვისთვისმე ადგილი, თუ ეს საჭირო არ იყო რკინის გზისთვის... (არ ისმის). დანარჩენ შემთხვევებში ერობას, ან ქალაქს ჩამოერთვას, ეს პრაქტიკულად სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რუსეთმა არ იცოდა. აი ამ მხრივ, და ამის ნაცვლად, ამ კანონ-პროექტს აქვს მიზნად შემოიღოს ისეთი წესი, რომ ჩამორთმევა უძრავ ქონებისა, როდესაც ამას მოითხოვს ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი საქმე, ეს ჩამორთმევა გააადვილოს და თან ისეთი წესი, რომელიც განსაზღვრავს სამართლიან საფასურს, რომელიც მიეცემა ქონების პატრონს და თან მიეცემა თავის დროზე. სწორედ ამ მიზნით მთავრობამ წარუდგინა დამფუძნებელ კრებას თავის პროექტი; ეს პროექტი დამყარებული იყო ორ პრინციპზე. ჩამორთმევის უფლება ეძლევა მხოლოდ მთავრობას, და რაც შეეხება საფასურის განსაზღვრას, ეს საკითხი გადაეცემა საერთო წესით სასამართლოს. სასამართლო, როგორც ყველა სამოქალაქო საქმეში, გამოიკვლევს, თუ რა ღირს ჩამორთმეული ქონება, თუ რა ზარალი მოუვიდა პატრონს. გამოიკვლევს ექსპერტების საშუალებით, ადგილობრივ პირობების გამოკვლევით, მოწმეების საშუალებით და სხვა და ამის მიხედვით გადასწყვეტს, თუ რამდენი ფული უნდა მიეცეს ჩამორთმეულ ქონებაში სახელმწიფოსაგან, ერობისაგან და კერძო კომპანიისაგან, რომელსაც მიეცემა ჩამორთმეული ადგილი.

როდესაც ეს კანონ-პროექტი გადაეცა იურიდიულ კომისიას, ამ კომისიამ თავისი მხრით საჭიროდ დაინახა განეხილა ეს კანონ-პროექტი ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიასთან ერთდ. ამ ორ კომისიამ საჭიროდ სცნეს შეეტანათ იმ წესში, რომელიც განზრახულია მთავრობის მიერ, ზოგიერთი სხვა ახალი პრინციპი. ეს პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: უფლება იძულებით ჩამორთმევის ეძლევა ამ კანონ-პროექტით საერობო და საქალაქო თვითმმართველობასაც, თუ მაგალითად, ერობას ან ქალაქის თვითმმართველობას დასჭირდება იმ მოვალეობის ასასრულებლად, როგორც მას აწევს კანონით, მაგალითად, სახალხო საჭიროებისათვის - სკოლების გასამართავად, საავადმყოფოების გასამართავად და სხვა ამისთანა, მას უფლება აქვს, ესა თუ ის შენობა იძულებით ჩამოართვას პატრონს.

რაც შეეხება საფასურის განსაზღვრას სასამართლოს წესით, კომისიის აზრით, ეს უნდა დარჩეს - მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ქონება ჩამორთმეული უნდა იქნეს ან კერძო პირებისთვის, ან კერძო კომპანიისთვის, რომელსაც განზრახვა აქვს მოაგვაროს და მოაწყოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მნიშვნელოვანის საქმე, მაგალითად, რკინის გზა. თქვენ იცით ზოგი რკინის გზები გაყვანილი არის რუსეთშიაც და ჩვენშიაც კერძო კომპანიების მიერ. ასეთ შემთხვევებში კომისია სტოვებს სასამართლო წესს. რაც შეეხება იმას, როცა უძრავი ქონება უნდა ჩამოერთვას ერობის ან ქალაქის თვითმმართველობის საჭიროებისთვის, ამ შემთხვევაში უფრო მარტივ პრინციპს იღებენ. პრინციპი ამნაირია: იღებენ უკანასკნელ შეფასებას, რომელიც მოხდა საქალაქო და საერობო გადასახადების გადასაწერად და ამის მიხედვით საზღვრავენ საფასურს. თუ, მაგალითად, რომელიმე შენობაა თბილისში, რომელიც უნდა ჩამოვართვათ, დაფასებული არის 20.000 მან. და ნამდვილად კი დღევანდელ პირობების მიხედვით, ღირს, ვსთქვათ, ერთი მილ. მან., მაშინ მაინც ამ უკანასკნელ დაფასებით განისაზღვრება რაოდენობა მისაცემი საფასურისა. აქ არის მხოლოდ შემოტანილი კოლექტივი, რომ არ მოხდეს დიდი უსამართლობა. ამ შემთხვევაში, უფლება აქვს კერძო მესაკუთრეს, სახლის თუ ადგილის პატრონს, უფლება აქვს მოსთხოვოს ადგილობრივ თითმმართველობას, რომ მან მისი ქონება ხელახლად შეაფასოს; იმას შეაფასებს ერობა, თუ იქნება ქალაქის თვითმმართველობა, თავის აგენტების შემწეობით, თუ რა ფასი გამოირკვევა, მისცემენ იმდენ საფასურს. რასაკვირველია, ეს უფლება ეძლევა კერძო მესაკუთრეს მხოლოდ შემდეგ მორიგ დაფასებამდე. დღევანდელი დაფასება მეტად მცირედი იყო, ეს იყო იმიტომ, რომ მემამულეები, რომელთა ხელში იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, სცდილობდა რაც შეიძლება ნაკლენად დაეფასებინა თავისი უძრავი ქონება. მაშასადამე აქ საფუძვლად იქნება აღებული დაფასება მოხდენილი საერობო და სამოქალაქო დაწესებულებების მიერ. მაგრამ აქ შეიძლება იქნეს ისეთი შემთხვევა, რომ სასამართლოს ჩარევა მაინც საჭირო იქნეს, მაგალითად, კერძო პატრონს ართმევენ არა მთელ ქონებას, რომელიც მას აქვს და რომელიც არის შეფასებული, არამედ შეიძლება ჩამოართვან ნაწილი. მაგალითად ქუჩა არის გასაყვანი და იმას ჩამოერთმევა რამდენიმე საჟენი, მაშინ შესაძლებელია მოხდეს, რომ ის ნაწილი, რომელიც დარჩება პატრონს, შესაძლებელია იმ ნაწილმა სრულიად დაკარგოს ფასი ან დიდი ზარალი მოუვიდეს ამის გამო პატრონს. რადგანაც შესაძლებელია მოხდეს ის, რომ ქალაქმა, ერობამ დააფასოს და განსაზღვროს ის ზარალი, რომელიც პატრონს მოუვიდა, ცალმხრივად, ამიტომ ასეთ შემთხვევაში კომისიამ მიიღო ის წესი, რომ თუ უკმაყოფილოდ დარჩა ქონების პატრონი, უფლება აქვს გადასცეს სასამართლოს და სასამართლო განსაზღვრავს ზარალს. აი უმთავრესი პრინციპები, რომელზედაც აშენებულია ეს კანონ-პროექტი. ეს გახლავთ კვინტესენცია ამ კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) ბატონებო! ჩვენ დიდი სიამოვნებით ვეგებებით კანონ-პროექტს, რადგანაც კანონ-პროექტს მიზნად აქვს ბოლო მოუღოს ყოველგვარ თვითნებობას კერძო საკუთრების სფეროში. კერძო საკუთრება, როგორც მოგეხსენებათ, არის საფუძველი პიროვნულ თავისუფლებისა (ხმა: ვისი?) თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არის განმტკიცებული კერძო საკუთრება. ჯერ-ჯერობით მაინც ისტორიამ არ იცის, რომ ყოფილიყოს სადმე თავისუფლება, სადაც კერძო საკუთრება არ არის (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი. არ ისმის). მაშინ, როდესაც ხალხი ველური იყო, მაშინ, შესაძლებელია კერძო საკუთრებაც არ იყო, მაგრამ თვითონ კულტურაც არ იყო. ყოველ კონსტიტუციამ, ყოველმა დემოკრატიულმა კონსტიტუციამ პრინციპი კერძო საკუთრებისა აღიარა, როგორც უმთავრესი საფუძველი საზოგადოებრივ ცხოვრებისა.

რასაკვირველია, სახელმწიფოებრივ ცხოვრებისთვის ხშირ და საჭირო არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს უფლება ჩამოართვას ესა თუ ის უძრავი ქონება, მაგრამ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესი. ამიტომ, რომ არ მოხდეს ამ სფეროში რაიმე თვითნებობა, აქაც საჭირო არის, რომ ეს გამონაკლისი საზოგადო პრინციპიდან კარგად იყოს ჩამოყალიბებული. რომ, როგორც სთქვა მომხსენებლმა, ფორმა და პირობები ქონების იძულებითი ჩამორთმევისა რაც შეიძლება განსაზღვრული და კარგად გატარებული იყოს კანონში. ეს აუცილებელი არის. უამისოდ ისევ იქნება თვითნებობა.

ამნაირად, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვეგებებით კანონ-პროექტს, მაგრამ არ ვეთანხმებით სწორედ ამ ფორმის და პირობების განსაზღვრაში. თავდაპირველად ვის უნდა მიენდოს გარდაწყვეტა თვით საკითხის: არის თუ არა ამა თუ იმ შემთხვევაში საზოგადოებრივი ან სახელმწიოებრივი ინტერესი? მომხსენებელი ამბობს, რომ ეს უფლება ეძლევა მთავრობას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობას. მე ვერ ვეთანხმები სავსებით ვერც პირველ პრინციპს, ვერც მეორეს. თუ მარტო მთავრობას ექნება უფლება მამულების ჩამორთმევისა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ეძლევა უფლება გადასწყვიტოს - არის თუ არა სახელმწიფოებრივი, ან საზოგადოებრივი ინტერესი.

თუ პრინციპი კერძო საკუთრებისა არის საკონსტიტუციო დებულება, მე მგონია, შეცვლა ან შესწორება ამ დებულებისა უნდა შეეხებოდეს ისევ ისეთ ორგანოს, რომელიც აღჭურვილია საკანონმდელო ფუნქციებით, ე.ი. ისევ დამფუძნებელ კრებას ან პარლამენტს. თუ კერძო საკუთრების პრინციპი საკონსტიტუციო პრინციპი არის, შეუძლებელია მარტო მთავრობას მივცეთ უფლება ამ პრინციპის გადალახვისა. აქ მარტო მთავრობის შეხედულებით წარმოება საქმისა შეუძლებელია. ამიტომ ყველა ამისთანა საკითხი გამორკვეული უნდა იყოს ყოველ მხრივ და შემდეგ დასმული კანონმდებელი ორგანოს წინაშე. მთავრობას, რასაკვირველია, ინიციატივის უფლება აქვს, უფლება აქცს შემოიტანოს კანონ-პროექტი, ან დეკრეტი, მაგრამ განხილვა თვით საკითხისა, რამდენად ამას მოითხოვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესი, უნდა მიეკუთვნოს დამფუძნებელ კრებას ან პარლამენტს.

მე ახალი, რასაკვირველია, არაფერი არ შემომაქვს, ყველგან აგრეა ეს საქმე მოწყობილი, თვით რუსეთში ამ საკითხს სწყვეტდა კანონმდებლობითი ძალა, ბოლოს და ბოლოს მეფე. (ხმა: ნიკოლოზი?) მეფე, - ნიკოლოზი თუ პეტრე სულ ერთი არის?! სხვაგან ყველგან, - საფრანგეთში, ინგლისში, - საჭირო არის დეკრეტი კანონმდებლობითი. (ხმა: ყველა შემთხევვაში?) არის გამონაკლისები. თუ სხვაგან ეს არის მიღებული, ჩვენ რისთვის უნდა აუხვიოთ გვერდი? ამიტომ მე მგონია, როცა წინადდება ეხება ძირითად კონსტიტუციონურ კითხვას, სათანადო დასტური უნდა მისცეს კანონმდებლობითი ორგანომ. ესე იგი მთავრობა უნდა შემოვიდეს თავის წინადადებით და ჩვენგან მიიღოს დასტური და ნდობა.

ეს ერთი.

მეორე. - რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, თვით კანონ-პროექტში ნათქვამი არის: ეს ჩამორთმევა უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, და იმ მოვალეობის ასრულებისთვის, რომელიც დაკისრებული აქვს თვითმმართველობებს. მაშასადამე, საკითხი დგება წმინდა იურიდიულად: კანონიერი არის ეს გადაწყვეტილება თუ არა კანონიერი? გადასცილდა ადგილობრივი თვითმმართველობა ხაზს, რომელიც დადგენილია კანონით თუ არა? ამ მხრივ მარტო თვითმმართველობას, რომ მივანდოთ ეს საქმე, მე მგონია ეს არ იქნება მიზანშეწონილი. ამ მხრივ ცენტრალურ მთავრობას უნდა ჰქონდეს ერთნაირი კონტროლის უფლება, მაგალითად, შეიძლება ცენტრალურ მთავრობას მისცეთ უფლება შეაჩეროს ესა თუ ის დადგენილება ადგილობრივ თვითმმართველობისა თუ ის გადასცილდა კანონს, ან არ შეეფერება საზოგადოებრივ მიზანს, სახელმწიფოებრივ ხასიათს. ეს არის თავისებური კონტროლი არა მიზანშეწონილობის შესახებ, არამედ, კანონიერობის შესახებ. ეს იურიდიულად სრულიად მისაღებია, და ყველგან მიღებული არის. რასაკვირველია, ცენტრალურ მთავრობას უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ჩვენ ძალიან გავაფართოვეთ ადგილობრივ თვითმმართველობა, და გავაფართოვეთ ყველგან, ისე, რომ თითქმის სახელმწიფო აღარ არის, მაგრამ ბევრია პატარ-პატარა სახელმწიფოები, ეს მიღებულია. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი ცენტრალური ორგანო, ცენტრალური მთავრობა, რომელიც თვალყურს ადევნებს კანონის ასრულებას და თუ ადგილობრივი თვითმმართველობა და ქალაქი, ან ერობა გადასცდა კანონს, და მისი მოქმედება ან დადგენილება არ არის მისაღები საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით, რასაკვირველია ცენტრალურ მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს წინაშე, ნება უნდა ჰქონდეს თვალყური ადევნოს ამისთანა მოქმედებას და ჩააყენოს ეს მოქმედება კანონიერ კალაპოტში.

აი ორი მოსაზრება, ორი შესწორება, რომელიც მე მიმაჩნია საჭიროდ, რომ შევიტანოთ ამ კანონ-პროექტში. ერთი ისააა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ საკითხის შესახებ თვალყურს ადევნებს ჩვენი ცენტრალური მთავრობა, მთავრობას ნება ეძლევა, როცა დაინახავს, რომ ესა თუ ის მოქმედება, ესა თუ ის დადგენილება უკანონოა და არ არის მისაღები სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მაშინ შეაყენოს დადგენილების სისრულეში მოყვანა. ეს აუცილებლად საჭიროა. მეორე ის, რომ თვითონ მთავრობას, უფლება კი არ ეძლევა მამულების ჩამორთმევისა, ეს უფლება ეძლევა მაშინ, როდესაც მიიღებს პარლამენტისაგან, დამფუძნებელ კრებისაგან დასტურს.

გარდა ამისა დიდი ნაკლი აქვს ამ კანონ-პროექტს ერთის მხრივ: არაფერი არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ არის თუ არა საჭირო წინასწარი გამოკვლევა? შესახებ ამისა კანონ-პროექტში არაფერი არის ნათქვამი. საჭიროა, რომ ითქვას კანონში, რომ აუცილებლად საჭიროა წინასწარი ყოველმხრივი საკითხის გამოკვლევა. თორემ თქვენ კარგად იცით, რომ ბევრი საკითხი მხოლოდ ხელის აწევით სწყდება ხოლმე, ამიტომ საჭირო არის თვით კანონში იყოს ნათქვამი, რომ გამგეობისთვის და მთავრობისთვის სავალდებულოა, რომ წინასწარი გამოკვლევა იყოს. ამ მხრივ მიგითითებთ იმაზედ, რომ საფრანგეთში, მაგალითად, ჰხდება ეს გამოკვლევა წინასწარ გამოძიებით, მოწმეების დაკითხვით, ექსპერტების დასკვნით, ადგილობრივ მცხოვრებლების მონაწილეობით და სხვ. მერე ეს ნამუშევარი მიდის მინისტრთან, მინისტრი მერე იმუშავებს მოხსენებას და მოხსენება შეაქვს პარალამენტში. ისე, რომ წინასწარი მუშაობა აქაც უნდა იყოს, ადგილობრივ, და იქაც, ცენტრში. ეს უეჭველად აღნიშნული უნდა იყოს კანონში. მეხუთე თუ მეექვსე მუხლით ეს უფლება ეძლევა კერძო პირებს მაშინ, როდესაც კერძო პირი თხოულობს კონცესიას. მაგრამ ეს მიუღებელი არის. კერძო პირი დაინტერესებული არის თავის საქმეში, თუ ის რამე გამოკვლევას მოახდენს. მოახდენს იმისთანა გამოკვლევას, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება, საქმეს ისე გამოიკლევს, ისე გააშუქებს, როგორც მისთვის იქნება საჭირო. ამისთანა გამოკვლევით დაინტერესებული კერძო პირი უფრო შეცდომაში შეიყვანს მთავრობას, არა კერძო პირს, არამედ თითონ სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას და მთავრობას უნდა ევალებოდეს ამისთანა საკითხის წინასწარი გამოკვლევა და ეს მუხლი უნდა იყოს შეტანილი კანონში. რაც შეეხება დაფასებას, რასაკვირველია, პრინციპს ჩვენ ვიზიარებთ და ეს აუცილებლად მისაღებია ყოველი სახელმწიფოსთვის. ზარალი უნდა ანაზღაურდეს, ღირებულება ან საფასური ჩამორთმეული მამულებისა უნდა გადაეცეს მის პატრონს. ეს, რასაკვირველია, ეჭვს გარეშე არის.

მოსაწონი არის ამ მხრივ ის, რომ სასამართლოს დიდი ადგილი უჭირავს ამ კანონ-პროექტში, აქამდინ რუსეთში სასამართლო სულ არ ღებულობდა მონაწილეობას. სასამართლო არის დაწესებულება, სადაც ყველას შეუძლიან დაამტკიცოს სამართლიანი ღირებულება, თავის ქონებისა და მოითხოვოს სრული დაკმაყოფილება. თვითნებობას ადგილი არ ექნება. მხოლოდ არ არის მოსაწონი, რომ აქაც ორად არის გაყოფილი საკითხი. ერთის მხრივ არის მიღებულ სახეში მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ეძლევა განსაკუთრებული უფლება და უპირატესობა და როდესაც კერძო პირი არის დაინტერესებული, მაშინ სხვანაირი წესი არის მიღებული. მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ნება ეძლევა გადაიხადონ, როგორც საფასური ის დაფასება, რომელიც არის უკანასკნელი გადასახადის გასაწევათ ნაჩვენები, მხოლოდ კერძო პირს ეძლევა, თუ კმაყოფილი არ არის, სასამართლოს მიმართოს. მე მგონია ეს არ არის მისაღები, მე მგონია უნდა მივიღოთ ერთი პრინციპი ყველასთვის. ეს პრინციპი არის, სასამართლოს წესით გადაწყვეტა იმ ფულის რაოდენობისა, რომელიც ერგება კერძო პირს. ეს ყველასთვის მისაღებია, ეს უფრო აძლიერებს სამართლიანობის შეგნებას და მთავრობისათვის საზარალო აქ არაფერი არ არის. მე მგონია განსაკუთრებულ პირობებში რომ ჩავაყენოთ ადგილობრივი თვითმმართველობა და მთავრობა კარგი არ არის, ამას საჭიროება არ მოითხოვს და ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს.

მართალია კანონი არ არის, როგორც გამონაკლისი, რომ ორი ან სამი თვის განმავლობაში მოქალაქეს აქვს უფლება, რომ ხელახლად დაფასება მოითხოვს, მაგრამ ეს ისეთი ზიგზაგებია, რომელიც არ არის საჭირო. სახელმწიფომ არ უნდა მიმართოს ამისთანა ხერხებს. ეს კერძო პირების კინკლაობა კი არ არის, ეს არის კანონდებლობა, რომლის წინაშე, თანასწორი უნდა იყოს ყველა, მხოლოდ მაშინ როდესაც ან კერძო პირს, ან ამხანაგობას, ან კომპანიას უნდა რაიმე კონცესია და ამისთვის საჭირო არის ჩამორთმევა მამულისა, მხოლოდ მაშინ საქმე თავიდანვე გადადის სასამართლოში. ეს მართლა ძალიან კარგია, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი და დააფასოს ქონება; მხოლოდ ეს შეეხება კომპანიას და კერძო პირს, რაც შეეხება მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას, იმათ უფლება ეძლევათ პირდაპირ დაიჭირონ უძრავი ქონება და გადაწყვიტონ საფასურის რაოდენობა. მესაკუთრეს კი უფლება ეძლევა მიმართოს სასამართლოს, თუ კმაყოფლი არ არის. აქ პრინციპი თანასწორობისა არ არის ბოლომდის გატარებული, ყველას ეჭვი ებადება, რომ თითქო მთავრობას სახეში აქვს ვიღაცა საქმეში ჩაიჭიროს და მუქთად ქონება ჩამოართვას. რათ უნდა მივცეთ საბუთი ვალაპარაკოთ ჩვენი მტრები? თუ ერთხელ დავადექით მშვიდობიან კანონიერ გზას, წესიერების დამყარებისთვის საჭიროა სასამართლოს გადავცეთ ყოველი სადაო საკითხის გადაწყვეტა. ეს უნდა მივიღოთ და გავატაროთ ბოლომდის. აი ის საზოგადო მოსაზრებანი, რომლისთვისაც მე მინდოდა მიმექცია თქვენი ყურადღება.

ივანე გობეჩია. (სოც.-რევ.) როდესაც ეროვნულ-დემოკრატების წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა ამ ტრიბუნიდან: „დიდი სიხარულით ვეგებები იმ პრინციპს, რომელიც მიღებულია კანონ-პროექტშიო“, მე მეგონა, რომ მართლა შეაქებდა კანონ-პროექტს და წინააღმდეგობას არ გამოსთქვამდა. შემდეგ, როგორც გამოჩნდა არც ერთი მუხლი არ ყოფილა მისაღები და ყოველი მუხლის შეცვლა სურს. მან განაცხადა, რომ კერძო საკუთრება სინონიმია თავისუფლებისაო. (გვაზავა: საფუძველი!) უმთავრესი საფუძველია თავისუფლებისაო და სხვა. ჩვენ გვგონია, რომ კერძო საკუთრება არის სინონიმი მონობისა, ჩაგვრისა. ეს კერძო საკუთრება უნდა მოისპოს და მაშინ იქნება განმტკიცება ძმობისა, ერთობისა და თავისუფლებისა, რომელსაც ვითომდა ემსახურება ეროვნული დემოკრატია, როგორც ამ ტრიბუნიდან აცხადებენ ხოლმე (გვაზავა: სად არის ეგ, რომელ ქვეყანაში, რომელ სახელმწიფოში?) მაგრამ მე მაინც მეგონა, რომ ბატონი გვაზავა მიიღებდა მხედველობაში იმას, რომ რუსეთის რევოლიუციამ ამ სფეროში დიდად შეარყია ხალხის პსიხოლოგია, - ის, რაც მოულოდნელი იქნებოდა ძველ წესწყობილების დროს, ეხლა რევოლიუციამ გადააქცია სინამდვილეთ. როდესაც მიწას ართმევდნენ კერძო მესაკუთრეთ, ბატონი გვაზავა აცხადებდა, რომ ის მხარს უჭერს ამ რეფორმას, მიწის ჩამორთმევას, მაგრამ თუ ბ. გვაზავას წინადაც ჰქონდა შეგნებული და შეთვისებული, რომ კერძო საკუთრება არის საფუძველი თავისუფლებისა, რატომ არ იცავდა ის მაშინ კერძო მესაკუთრეებს. კერძო მესაკუთრეს ჰქონდა უფლება წინათ არა თუ 7 დესეტინის შეძენისა, არამედ იმდენისა, რამდენიც მათ სურდათ. ეხლა ეს უფლება შეეკვეცათ. (ხმა მარჯვენიდან: საზღვარი უნდა ჰქონდეს!) ეს რევოლიუციამ შესცვალა, რევოლიუციამ კერძო საკუთრების პრინციპს დიდი ლახვარი ჩასცა, თუ გნებავთ ჩვენ საქართველოში, ისე, რომ ამ მონაპოვრით ვსარგებლობთ ჩვენ და ვისარგებლებთ კიდეც, და მე მგონია, რომ ქალაქებისათვის და სოფლებისათვის ეს უფლება უნდა დავაკანონოთ.

თუ კერძო პირებისაგან საჭირო იყო, რომ ჩამოგვერთმია მიწები ეხლა ხალხის სასარგებლოდ უნდა გადავცეთ ეს მიწები.

წარმოიდგინეთ, როდესაც სახელმწიფოს თავისი საჭიროება აქვს, რომელიმე თვითმმართველობას, ქალაქს ან ერობას, ნუთუ სახელმწიფო საჭიროებისთვის არ უნდა გაიღოს ეს მსხვერპლი რომელიმე მესაკუთრემ? შესაძლებელია ეს არ სურდეს რომელიმე კერძო პირს, მესაკუთრეს ეს არ სურდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გააღებინოს და ამის უფლება მისცა დემოკრატიას, რესპუბლიკას, რევოლიუციამ. (ხმა მარჯვნიდან: რევოლიუცია ჩვენგან იყო!) ამ მხრივ შესაძლებელია, რომ კერძო მესაკუთრის ინტერესი იჩაგრებოდეს, მაგრამ აქ იგებს სახელმწიფო, იგებს საზოგადოება და მე მგონია, რომ ყველამ უნდა დაუთმოს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესებს.

ამ თვალსაზრისით ის პრინციპი, რომელიც აღიარებულია ამ კანონ-პროექტში სავსებით მისაღებია.

შემდეგ აქ განაცხადეს, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტა საკითხისა, თუ ვის უნდა ჩამოერთვას კერძო საკუთრება, უძრავი ქონება, უნდა მივანდოთ ჩვენ საკანონმდებლო დაწესებულებას, პარლამენტს ან დამფუძნებელ კრებასო. სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლიან პარლამენტს, ან დამფუძნებელ კრებას. ამიტომაც შემოვიდა აქ ეს კანონ-პროექტი, მაგრამ დამფუძნებელ კრებას შეუძლიან ამ უფლების განხორციელება მიანდოს მის მიერ არჩეულ მთავრობას, ან და დემოკრატიულ თვითმმართველობას, როგორიც არიან ერობები და ქალაქის თვითმმართველობები.

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქებში ისეთი წესით ირჩევენ საბჭოებს და მაზრების ერობებს, ისეთივე 4 ფორმულიან წესით, როგორც ირჩევენ ჩვენ დაწესებულებას, - დამფუძნებელ კრებას და პარლამენტს. მე მგონია, ზედმეტია ლაპარაკი, რომ ნდობის ღირსი არის ის დაწესებულება, თუ გინდ სენაკის მაზრის ერობა, საიდანავ ბ. გვაზავა არის, რადგანაც იქ მთელი სენაკის მაზრის მოქალაქეებმა აირჩიეს ის ორგანო, ყველას საშუალება ჰქონდა თავისი ნება-სურვილი გამოეხატათ იმ არჩევნებში, რომელიც მოხდა და ჩვენ არ შეგვიძლიან ამას ანგარიში არ გაუწიოთ და ნდობის თვალით არ შევხედოთ ამ დაწესებულებებს, ერობებს. თუ კი სენაკის მაზრის არჩეულ დეპუტატს შეუძლიან გადაწყვიტონ აქ შეადგენს თუ არა სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ საჭიროებას ამა თუ იმ მამულის ჩამორთმევა, ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ სენაკის სამაზრო ერობასაც შეუძლიან დააფასოს ამა თუ იმ შემთხვევაში, - შეადგენს თუ არა ეს უძრავი ქონება სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ საჭიროების საგანს, ან და მოითხოვს თუ არა სენაკის მაზრის საზოგადოებრივი ინტერესი ამა თუ იმ უძრავ ქონების ჩამორთმევას, ან დროებით დაკავებას.

და ეს უფლება ჩვენ უნდა მივანიჭოთ იმას, და ეს უფლება უნდა იქნას აღიარებული პრინციპად დამფუძნებელ კრებაში.

ესე არის სწორედ დეკრეტშიაც.

რაც შეეხება საფასურს, ამ შემთხვევაშიაც არ არის მართლი ბ. გვაზავა, იმიტომ რომ, თუ კერძო რომელიმე მრეწველი, ან ვაჭარი, კაპიტალისტი, თუ ის საზოგადოებრივ მნიშვნელობის საქმის წარმოებას შეუდგება, რასაკვირველია, საზოგადოებისათვის მას სარგებლობა მოაქვს. მაგრამ, მე მგონია, თავის ჯიბესაც დიდ სარგებლობას მოუტანს, რადგანაც ჩემის ფიქრით, ის ემსახურება თავის თავს, და სამართლიანობა მოითხოვს, რომ თავისუფალი შეთანხმება მოხდეს უძრავ ქონების მესაკუთრეთა შორის. და იმ პირთა შორის, რომელთათვის გსურთ ჩამოართვათ ეს ქონება. ეს სამართლიანი პრინციპი არის. მაგრამ, რაც შეეხება სახელმწიფოს ან საზოგადოებას, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ამ პრინციპით ვერ ვიხელმძღვანელებთ, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ თუ სახელმწიფო სცნობს, რომ ეს უძრავი ქონება საჭირო არის მთელ სახელმწიფოსთვის, ისეთ საქმისთვის, რომელსაც სარგებლობა მოაქვს მთელ სახელმწიფოსთვის, აგრეთვე, თუ რომელიმე ერობა ან ქალაქის თვითმმართველობა გადასწყვეტს, რომ ეს უძრავი ქონება უნდა ჩამოერთვას, საზოგადოებრივ საჭიროებისთვის, მაშინ სამართლიანობა მოითხოვს სულ სხვა პრინციპის მიღებას.

ჩემის აზრით, კერძო მესაკუთრეს ჩვენ ვერ ჩავაყენებთ სახელმწიფოსთან თანაბარ პირობებში, რადაგანაც კერძო მესაკუთრეს ექნება დამოკიდებულება კერძო პირთან უძრავ ქონების ჩამორთმევის დროს, და არა სახელმწიფოსთან. მე მგონია, ჩვენ ისე ვერ ვიმსჯელებთ, როგორც ამ შემთხვევაში ბ-ნი გვაზავა მსჯელობს, თორემ იმ მიწის პატრონებს, რომლებსაც მიწა ნორმის ზემოთ ჩამოვართვით ეხლა მაზრებში, იმათაც უნდა მივცეთ სასყიდელი. მაგრამ ასე არ ინება ხალხმა. შესაძლებელია თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ, (ხმა: ინება!) დია, დიახ, ასე ინება ხალხმა, რომ მემამულეებს უფასოთ ჩამოვართვათ მიწა და ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოვთხოვოთ ერთგვარი მსხვერპლი იმათ, ვისაც თავის ოფლით შეძენილი არა აქვს უძრავი ქონება.

დიდ-დიდი სახლები მშრომელის ხალხის მიერ არის აგებული, არის შედეგი მთელ ხალხის შრომისა. და თუ ჩვენ ეს მამულები უსასყიდლოთ ჩამოვართვით, ამით ხალხის ინტერესი იჩაგრება თუ არა? მე მგონია არ იჩაგრება. და ის გამონაკლისი, რომელზედაც მოგახსენათ მომხსენებელმა, ამ კანონში არის. თუ კი ვისმეს არ მოსწონს, რომ მიეცეს ესა თუ ის საფასური, მაშინ უნდა გამოაცხადოს, მოითხოვოს სამართლიანი შეფასება, და თქვენ მისცემთ იმ ფასს, რომლის მიხედვით ის ვალდებული იქნება გადიხადოს სახელმწიფო, ან ქალაქის, ან საერობო გადასახადი.

თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა, რომ 20-30 წლის განმავლობაში რომელიმე მოქალაქე იხდის გადასახადს, არა იმისდამიხედვით, რაც ღირს ქონება, არამედ იმისდამიხედვით, თუ რამდენიც მას სურს. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში ვინ ისჯება? ისჯება სახელმწიფო, ისჯება ქალაქი, მაზრა.

აი მე მგონია ის, ვინც მართლა ემსახურებს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ის მოითხოვს, რომ მოქალაქემ აჩვენოს ნამდვილი ფასი თავის უძრავ ქონებისა, რომ მან მართლაც შეაფასოს, რამდენად ღირს მისი მამული. შიში, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ყველა ქალაქის თვითმმართველობა, ერობა შეუდგება ყველა კარგი მამულის ჩამორთმევას სრულიათ უსაფუძვლოა. მე მგონია, რომ ამის საშუალება არც ექნებათ ერობებს და ასეთს რამეს არც ჩაიდენენ დემოკრატიული თვითმმართველობანი. ჩვენი ფრაქციის აზრით, ეს კანონ-პროექტი მცირეოდენ შესწორებებით უნდა იქნეს მიღებული.

თავმჯდომარე. კრების წევრი რუსია.

მელიტონ რუსია. (ს.-დ.) ბატონებო! მე მოკლედ მოგახსენებთ. რამდენადაც ჩვენ ამ კანონს ვეცნობით, უკვირდებით იმ დებულებას, რომელზედაც ის არის აშენებული და რომელიც მას საფუძვლად უდევს, - ძნელია ამ დებულების წინააღმდეგ რამის თქმა. მე ვერ მოუსწარი პირველ ნახევარს ბ. გვაზავას სიტყვას, მაგრამ, მე მგონია, ისიც არ არის წინააღმდეგი იმ დებულებისა, რომელიც ამ კანონს უძევს საფუძლად. (გვაზავა: არა!) პირველი დებულება - შეიძლება თუ არა კერძო საკუთრებას შევეხოთ? ამას თვითმპყრობელობაც ეხებოდა, როცა ამას მოითხოვდა სახელმწიფოს, ან საზოგადო ინტერესი. თვითმპყრობელობა მაშინაც ართმევდა კერძო საკუთრებას, რასაკვირველია, საფასურით. ამის წინააღმდეგ არავის არაფრის თქმა არ შუძლიან, არც მემარჯვენეებს.

მეორე დებულება - ვის აქვს უფლება ჩამორთმევისა? მე მგონია, რომ ის აზრი, რომელიც კანონში გატარებულია, რომ ეს უფლება აქვს მთავრობას, ერობას, ქალაქის თვითმმართველობას, - ეს აზრები მისაღები არის. მთავრობას უფლება ჩამორთმევისა ყოველ სახელმწიფოში ყოველთვის ჰქონდა. მაშინ, შეიძლება, ლაპარაკი არის იმაზე მივანიჭოთ თუ არა ჩვენ კანონმდებლობითი გზით ასეთი უფლება თვითმმართველობას, ესე იგი ერობას, ყრილობას და ქალაქის საბჭოებს? მე გონია, რომ ასეთი უფლების მიცემა, ასეთი უფლების მინიჭება ყრილობისთვის მიზანშეწონილი და სამართლიანი არის ეს მეორე დებულება.

მესამე - რა მიზნისთვის შეიძლება ჩამორთმევა? მთავრობას, კანონის ძალით, ყოველთვის შეუძლიან ჩამორთმევა, როდესაც ამას მოითხოვს საზოგადოებრივი, ან სახელმწიფოებრივი ინტერესი. თუ საჭიროება არის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი, - მთავრობას უფლება აქვს იძულებით ჩამოართვას უძრავი ქონება, მაგრამ, რაც შეეხება თვითმმართველობას, ამას ხაზს უსვამ, ამ შემთხვევაში ერობას და ქალაქის თვითმმართველობას აქვს უფლება იძულებით ჩამოართვას მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უძრავი ქონება წარმოადგენს საჭიროებას იმ საქმისთვის, რომელიც ამ კანონმა დაავალა. ესეთი შეზღუდვა მთავრობას არა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის საქმე, რომელსაც ანხორციელებს თვითმმართველობა, არ არის კანონის ძალით დავალებული იმ თვითმმართველობაზე, - ესე იგი სთხოვს მთავრობას, რომ ეს უძრავი ქონება ამ საქმისთვის ჩამოერთვას. და თუ ეს საქმე შეადგენს იმ მოვალეობას, რომელსაც კანონი აიძულებს, სამოქალაქო ან საერობო დაწესებულება, მაშინ აქვს უფლება, რომ ჩამოართვას. აი მესამე დებულება.

მე მგონია, ამის წინაამდეგ ლაპარაკი არ შეიძლება. დარჩა მარტო მეოთხე დებულება, რომელზედაც აქ ლაპარაკი არის. ეს გახლავთ საფასური.

მე მგონია, რომ შედარება ამ ორ შემთხვევისა, - როდესაც უძრავი ქონება საჭიროა რომელიმე კონცესიონერისთვის, თუნდაც საერთო საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს ამას, და როდესაც ეს უძრავი ქონება საჭირო არის სახელმწიფოსთვის, ასეთ შედარებას არც ჩვენი მემარჯვენეები გაატარებენ. (გვაზავა: დაფასება?) დიახ, დაფასება. როდესაც ბატონებო, უძრავი ქონება წარმოადგენს საჭიროებას სახელმწიფოსთვის, და ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ თვითმმართველობა იგივე სახელმწიფოებრივი ორგანო არის, და მისი ინტერესი იგივე სახელმწიფო ინტერესი არის, ამ შემთხევევაში მთავრობას, თუ თვითმმართველობას სრული უფლება აქვს ჩამოართვას, და საფასური კი განსაზღვროს სასამართლოს დაწესებულებამ. მაგრამ, იმ შემთხევევაში, როდესაც უძრავი ქონება არის საჭირო თუნდაც საზოგადოებრივ მნიშვნელობის საქმისთვის, მაგრამ ამ საქმეს სათავეში უდგა კერძო პირი, მაშინ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ შემთხევევაში იყოს განსხვავება. და ამ მეორე შემთხვევის დროს ჩვენ ამ კანონ-პროექტის ძალით ვაგზავნით საქმეს სასამართლოში. დეე, სასამართლომ, თავის ექსპერტების და მცოდნე პირების საშუალებით, დააფასოს სულ რა ღირს ესა თუ ის ქონება.

რასაკვირველია, ეს კონცესიონერები თავის ჯიბისათვისაც მოიგებენ, ამიტომ იქნება უსამართლობა, რომ ერთ კერძო მესაკუთრეს ჩამოვართვათ ადგილი და მეორე კერძო მესაკუთრე გავამდიდროთ. ეს უასამართლობა იქნებოდა და ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში განსხვავებას ვტოვებთ და კანონ-პროექტი სწორედ ამას ადგია.

ამიტომ, მე მგონია, ბ. გვაზავას აზრი, რომ - თუ საჭიროება არის მაშინ სასამართლოში წადიო, - ეს ყოვლად მიუღებელია. (გვაზავა: სამართლიანი არის!) არც მიზანშეწონილი არის და არც სამართლიანობა მოითხოვს ამას.

გარდა ამისა, სახელმწიფოს ძალიან ხშირად ისეთი მიზანი აქვს, რომ იმან თუ უცადა, როდის გაარჩევს საქმეს სხვა და სხვა ინსტანცია, - ეს პრაქტიკულად ყოვლად მიუღებელი იქნება. ამისთვის არის, რომ სახელმწიფო საჭიროებისთვის, როდესაც მთელი სახელმწიფო, რესპუბლიკა დაინტერესებული არის, შეიძლება მთავრობამ ესეთი შეფასებით ჩამოართვას.

აქ ამბობენ, უსამართლობა იქნება, რომ უკანასკნელ შეფასების მიხედვით ჩამოვართვათ ჩვენ უძრავი ქონებაო. ბატონებო, თუ თქვენ მესაკუთრე ბრძანდებით, გაქვთ მამული, აფასებთ ისე, რომ ნამდვილ ფასს მალავთ გადახდის დროს, თქვენი მამული ღირს 100.000 მანეთი და თქვენ ეუბნებით მთავრობას 10.000 მანეთს, - აი, თუ სახელმწიფოს, თვითმმართველობას, მთავრობას ამას უმალავთ, აი ეს არის სწორედ ჭეშმარიტების, სამართლიანობის დარღვევა. თქვენ უნდა დააფასოთ მამულის ნამდვილი ღირებულება. თუ ის 100.000 მანეთი ღირს, რატომ ამბობთ, რომ ღირს 10.000 მანეთი და ამაზე ითვლით გადასახადს? აი ეს არის დარღვევა სამართლიანობისა და არა ის, როდესაც სახელმწიფო ღებულობს, რომ უკანასკნელ შეფასებით უნდა იყოს ჩამორთმეული უძრავი ქონება. მაგრამ ჩვენ, რომ მარტო ასე გვესმის უსამართლობა, აი სწორედ ამიტომ ჩვენ კანონ-პროექტში არის ნათქვამი, რომ ყველა მესაკუთრეს შეუძლიან მოითხოვოს ვადა, განსაზღვრული ვადა, რასაკვირველია. უვადოდ არ შეიძლება. არ შეგვიძლიან უცადოთ წლობით, სანამდის მესაკუთრე ინებებს და იტყვის ნამდვილ ფასს თავის ქონებისას. კანონ-პროექტის ძალით, განსაზღვრულ ვადაში ყველა მესაკუთრეს შეუძლიან სთქვას, რომ მისი ქონება ღირს არა 10.000 არამედ 100.000 მანეთი და მოითხოვს ახალ ახალ შეფასებას. ამაზე მეტი მოთხოვნა მე არ მესმის. და თუ კიდევ მაინც უმალავს სახელმწიფოს, უმალავს თვითმმართველობას თავის ქონების ნამდვილ ღირებულებას და ამით ამცირებს გადასახადს, რომელიც უნდა იყოს შეტანილი ხაზინაში და თვითმმართველობის კასაში, მაშინ ნურას უკაცრავად, თითონ ყოფილა დამნაშავე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს 4 დებულება კანონისა სრულიად მისაღებია, რადგანაც არის მიზანშეწონილი და დამყარებული ჭეშმარიტებაზე და სამართლიანობაზე. ამიტომ ეს კანონი მისაღები არის და იურიდიული კომისია სთხოვს დამფუძნებელ კრებას მიიღოს ეს კანონ-პროექტი.

როდესაც გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე, ჩვენ შეგვიძლიან ესა თუ ის მუხლი შევცვალოთ. თუ, მაგალითად, ბატონ გვაზავას ვადა ორი თვისა ეცოტავება, შეიძლება ეს ვადა განვაგრძოთ, ვსთქვათ ერთი წლის ვადით. შეიძლება ყველა მესაკუთრეს მიეცეს უფლება მოითხოვოს სახელმწიფოს და თვითმმართველობის წინაშე მისი მამულის ხელახლად შეფასება. მაშინ ხომ არ იქნება ის უსამართლობა, რომელსაც უკიჟინებენ ამ კანონ-პროექტს. თუ ეს კაცი შეაფასებს თავის ქონებას ახლად და იმის მამულს მთავრობა ჩამოართმევს, - იქნება ეს უსამართლობა თუ არა?

თედო ღლონტი (ს.-ფ.) მოქალაქენო! ეს საკითხი მჭიდროს არის დაკავშირებული იმ მთავარ ძირითად აგრარულ საკითხთან, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტში მივიღეთ (კედია, ადგილიდან: სრულიად არ არის დაკავშირებული!) უნდა მოგახსენოთ. აქ სავსებით არ არის დაცული იმ საკუთრების პრინციპი, რომელზედაც აქ ბატონ გვაზავას მიერ უკვე მოვისმინეთ. ეს არის კერძო მესაკუთრეების, განსაკუთრებით წვრილი კერძო მესაკუთრეების ინტერესების დაცვა, ხელშეუხებლობა. ეს პრინციპი მაშინ იყო დაცული, ეს პრინციპი ამ ჟამადაც არის დაცული. როდესაც მთავარი ძირითადი მიწის კანონი იქნა შემუშავებული, მაშინ ჩვენი ფრაქცია ამბობდა, რომ ჩვენს წინაშე არის ობიექტად საქართველოს სამეურნეო ტერიტორია. ამ სამეურნეო ტერიტორიაზე უნდა იქნეს აგებული ახალი მეურნეობა სრულიად განსხვავებული წინად არსებულ კერძო საკუთრებისაგან. ჩვენ მაშინ წარმოვადგინეთ ძირითადი დებულება, სოციალიზაციის კანონი. ეს კანონი მაშინ არ გავიდა, მაგრამ მეურნეობის მობილიზაცია, მეურნეობის სიტემის შეცვლა ჩვენ მაინც მოვახდინეთ ამ კანონის გატარებით. ამ კანონის შემდეგ საქართველოს წინაშე არის წვრილი სამეურნეო ერთეულები, თუ იყო წინად და დარჩა მსხვილი მიწადმფლობელობის მეურნეობა, ამ ჟამად ასეთი კერძო პირების მსხვილი მეურნეობა აღარ არსებობს. დღეს ჩვენ წინაშე არის წვრილი სამეურნეო ერთეულები, რომლებსაც აქვთ ერთგვარი კულტურული ხასიათი. მაშასადამე, ამ ეკონომიურ ცვლილების შემდეგ დამოკიდებულება ყოველგვარ პოლიტიკურ ჯგუფებისა ამ ახალ სამეურნეო ერთეულებისადმი უეჭველად იქნება შეცვლილი. ჩვენ არ შეგვიძლიან იმავე საზომით მიუდგეთ მსხვილ ფეოდალურ მიწის მფლობელობას, ვიდრე მიუდგებით წვრილ სამეურნეო ერთეულების საგანს. ჩვენ მაშინვე ვიცავდით, რომ სოციალისტურ გარდამავალ ხანაში, რევოლიუციის პერტურბაციის პროცესში, ყოვლად შეუძლებელია ერთბაშად გაქრეს წვრილი სამეურნეო ერთეული, რომ ეს წვრილი სამეურნეო ერთეული რევოლიუციის პროცესში დარჩება და ბუნებრივად ეს ჩვენ დაუკავშირეთ ამ ერთი მეორეს (ხმაურობა. სახლები ჩამოვართვათ...) მოგახსენებთ, უეჭველად ამაზედაც გვექნება ლაპარაკი, - ან სავსებით დაუკავშირებთ ერთმანეთს, ან და მოხდება ის მობილიზაცია, რომელიც შეეგუება ამ სოციალისტურ მეურნეობისაგან გარდამავალ ხანას (ხმაურობა) აი, რა კავშირი აქვს ეხლა ამ საკითხის ასეთ დაყენებას ამ კანონ-პროექტში.

კავშირი ისეთია თუ მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ყოვლად შეუძლებელია დავიცვათ გამოსყიდვის პრინციპი, ამ პატარა მეურნეობის მიმართ, ჩვენ ვიცავთ მათ ქონების ანაზღაურების პრინციპს (ხმაურობა). სრულიად ძველი ამბავია ის, რომ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაწესებულებისათვის კერძო პირებს ჩამოერთმევათ მამულები და სხვა და სხვა უძრავი ქონება. ეს პრინციპი უკვე ძველი რეჟიმის დროს იყო გატარებული და ამ მხრივ ჩვენ სრულიად ახალი არაფერი არ შეგვაქვს; მაგრამ მთავარი განსხვავება მაშინდელ და ეხლანდელ მდგომარეობის შორის ის გახლავთ, რომ მაშინ უსასყიდლოდ ლატიფუნდიის პატრონებს ჩამოერთვათ მათი ქონება და ჩვენი ლატიფუნდიები მოვსპეთ უსასყიდლოთ. დარჩენილი გვაქვს მხოლოდ წვრილი სამეურნეო ერთეულები; ამ ჟამად ჩვენ ვაძლევთ სასყიდელს ამ პატარა ერთეულებში და ჩვენი პარტია მხარს უჭერს იმას, რომ ამ წვრილმანი მეურნეობის პატრონები დაკმაყოფილებულნი იყვნენ ამ წვრილმანი მამულის ჩამორთმევის დროს.

არსად არ არის ნათქვამი თუ რა წესით მოხდეს ამ ერთეულების დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებას გაჰყავს რკინის გზა და რკინის გზის გაყვანის დროს ჩვენ ვართმევთ ჩვენ მიერ შექმნილ წვრილ მესაკუთრეს 7 დესეტინიდან, რომ აქვს, ვართმევთ იმ ნაჭერს, რომელიც უკარგავს ღირებულებას დანარჩენ ნაჭერს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გამოკვლევა იმ შეფასების მიხედვით, რომელიც მოხდა უკანასკნელად, თუ რა გადასახადი არის ამ მამულისა, როგორც მოხდა შეფასება. ამ შეფასების მიხედვით ხაზინაც გამოიკვლევს ამ მამულს და აუნაზღაურებს ზარალს ამ მიწათმფლობელს. მე მგონია, ეს არ იქნება დამაკმაყოფილებელი არც საზოგადო მეურნეობისთვის, არც იმ მესაკუთრეებისთვის, რომელთა მოსპობა არ უნდა შეადგენდეს ჩვენ მიზანს. თუ ჩვენ ვემყარებით წვრილ მეურნეობას და გვინდა, რომ ამ წვრილ მეურნეობის დამყარებით განმტკიცდეს სახელმწიფოს მდგომარეობა, მაშინ ნუთუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს შეფასება, რომელიც მოახდინეს ამ უკანასკნელ დროს, მართალია მე ასეთი წვრილი მაგალითი მომყავს, ვთქვათ შეფასებულ იქმნა ეს შვიდი დესეტინა მამული 15.000 მან. დღევანდელ ფულის ღირებულებით, ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ 15.000 მანეთი, რომ მისცეთ მესაკუთრეს ეს არ იქნება განადგურებული?

ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩამოვართვით წვრილ კერძო მესაკუთრეებს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საჭიროებისთვის მამული, ამ შემთხვევაში ჩვენ აგვენაზღურებინა ამ მემამულისთვის მისი ზარალი უფრო ნატურით მასალის ინვენტარის მიცემით, ტყის მიცემით და სხვა ასეთი სასარგებლო რამის, რომლიდანაც განადგურებული იქნა მამული სახელმწიფოს ხელში გადასვლის დროს. დაცვა მეურნეობის ინტერესისა, დაცვა ამ პატარა, მაგრამ კულტურულ მეურნეობისა, მე მგონია, ამ შემთხვევაში უფრო იქნება მიღწეული ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენი შეფასებით სრულიად შეუმუშავებელ და სრულიად შემთხვევითი შეფასებით გავისტუმრებთ ამ წვრილ მეურნეებს.

ეხლა თუ სახელმწიფო დაადგება წვრილ მეურნეობის განმტკიცების პოლიტიკას, ეს პოლიტიკა უეჭველად უნდა იწვევდეს ასეთ რეაქციას, რომ ასეთ ერთეულებისთვის მიცემული იქნეს მიწა, მიწის ფონდიდან და ანაზღურებული იქნეს სხვა დანაკლისი მატერიალურ ღირებულებით და არა ფულით, რომელსაც დღეს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ეს - რაც შეეხება წვრილ სამეურნეო ერთეულებს.

მაგრამ ამ კანონ-პროექტში არის ერთი საკითხი, რომელიც ეხება უძრავ ქონებას, რომელიც აღემატება 100.000 მანეთს. სოფლად ჩვენ გვაქვს უეჭველად საქმე ისეთ სამეურნეო ერთეულებთან, რომელთა ზომა განისაზღვრება 7-15 დესეტ. სხვა უფრო დიდი კატეგორიები არა გვაქვს სოფლად. მაგრამ აქ ლაპარაკი არის ასი ათასზე მეტი ქონების ღირებულების ქონებაზე; - აშკარაა ეს ეხება ქალაქს. სახელმწიფოს, ან რომელიმე საზოგადოებრივ ხასიათის დაწესებულებას სკოლა დასჭირდება, საავადმყოფოსთვის ბინა, სახლი, ასეთ შემთხვევაში ასეთ მიზნისთვის სახელმწიფოს უფლება აქვს ჩამოართვას ეს სახელმწიფოებრივ და საზოაგდოებრივ საჭიროებისათვის. ეს აქტი ეხება მსხვილ მამულებს, მსხვილ ქონებას.

როგორ არის დამოკიდებულება ეხლა ამ საქმისადმი ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფოსი? ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავავლოთ სადემაკაციონო ხაზი ამ კანონ-პროექტის და ჩვენი დამოუკიდებლობის შორის. ჩვენ როგორღაც ვერ შეურიგდით იმ აზრს, რომ სოფელს და ქალაქს შორის რაიმე განსხვავება აღმოჩნდეს. ეს განსხვავება უნდა ხდებოდეს ყოველთვის სოფლის სასარგებლოდ. მოგეხსენებათ, რომ სოფელში არც რენტას აქვს ისეთი ხასიათი, როგორც ქალაქში, სოფლის შემოსავალი უფრო ნორმალურია ვიდრე ქალაქში. მე არ მესმის, რისთვის სახელმწიფო ამ უფრო ნაკლებ სამართლიან შემოსავალს უფრო ლმობიერათ უყურებს ქალაქში და უფრო ნაკლებ ლმობიერებით უყურებს ნორმალურ შემოსავალს სოფელში. ეს ჩემთვის გაუგებარია და ვერასოდეს ვერც ერთი წარმომადგენელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა ვერც სიტყვით, ვერც დოკუმენტით ამას ვერ დაამტკიცებს. ჩვენთვის აშკარაა, რომ ქალაქში ყოველგვარ უზურპაციას მეტი ადგილი აქვს, მიუხედავათ ამისა ამ უზურპაციას ქალაქში, როგორც სახელმწიფო და მთავრობა, ისე გავლენიანი ჯგუფები უფრო ლმობიერებით უყურებენ ვიდრე სოფელში. მე არ ვიცი რა არის ასეთი პოლიტიკის აზრი, ასეთი შემოქმედების პოლიტიკის აზრი, ეს აზრი მე არ მესმის. ეს საკითხი ჩემთვის გამოურკვეველია. ამ საკითხის გამორკვევისთვის წარმოადგინეთ აზრი და დაამტკიცეთ. თუ კი დაამტკიცებთ, რომ ქალაქში, სახლებში აღებული რენტა უფრო ნორმალურია ვიდრე სოფელში, თუ დაამტკიცებს ბატონი არსენიძე, - მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ თქვენ ამას ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ. ჩვენ 100.000 მან. ქონებას უყავით რეკვიზიცია სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ სასარგებლოთ. მე მოგახსენებთ მაგალითს რეკვიზიციისა იმ მემამულეებისას, რომელთაც ჰქონდა ნახევარი მილიონი მანეთის ღირებული მამული და ჩვენ მათ დაუტოვეთ მხოლოდ 7 დესეტინა. ასეთი მიწათმფლობელობა ჩვენ დაუტოვეთ სოფლად. მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენ ისეთი შემთხვევა, რომ თბილისში ან სხვა რომელიმე ქალაქში ერთ და იმავე პატრონს აქვს ათი დიდი სახლი. რისთვის არ უნდა ჩამოვართვთ ეს სახლები სწორედ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საჭიროებისათვის? (არსენიძე: შემოიტანეთ ასეთი დეკრეტი და მაშინ იქნება ლაპარაკი!). ჩვენ, რომ დეკრეტი შემოვიტანოთ, უეჭველია, ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება (ხმა: პრინციპიალური?) მაგრამ თუ სოციალ-დემოკრატები ასეთ სამართლიან დეკრეტს შემოიტანენ ამას ექნება უეჭველათ პრაქტიკული მნიშვნელობა. ჩვენ ამას მხარს დაუჭერთ. მაგრამ, მაშინ იქნება თუ არა პრინციპიალურად რაიმე განსხვავება იმის შორის, რაც ჩვენ მოვახდინეთ სოფლად და ქალაქში? არავითარი პრინციპიალურ განსხვავებას ადგილი არ ექნება. განსხვავება იქნება ამ აქტში, რომ ჩვენ მოვახდინეთ სოფლად, რადგანაც ეს უკვე მოვახდინეთ სოფლად, რისთვის არ ახდენთ ქალაქში? მე ვამბობ, როგორც ხალხის, ისე ყოველგვარ წარმოების, ყოველგვარ მიწის შემოსავალი უფრო სპეკულიაციურია ქალაქში, ვიდრე ლატიფუნდიების შემოსავალი. ეს უფრო სამართლიანი წყაროა, აშკარაა, რომ მაშინ უფრო მეტი საბუთებით უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. ამიტომ მე ვამბობ, რომ ამ აზრს არ გაიზიარებს დამფუძნებელი კრება ხელმეორედ.

მე ვფიქრობ, რომ ეს კანონ-პროექტი გვაძლევს იმის ნიშანს, რომ ამ მხრივ არის მავნე ტენდენცია. ჩვენ ძირითადი აგრარული კანონი რომ მივიღეთ, ჩვენ იქ ვსთქვით, რომ 7 დესეტინა იქნება ხელუხლებელი. ეს იყო ჩვენი ერთნაირი დოგმატიკა, დოგმატიკა, რომელიც კერძო საკუთრების პრინციპიდან გამომდინარეობდა. ჩვენ საზოგადოთ მაშინ გასაზოგადოების პრინციპი, საზოგადო ჩამორთმევის პრინციპი დავტოვეთ თუ კი სოფელი დაადგენდა, რომ ეს მიწა ჩვენ გვინდა საზოგადო მფლობელობაში - აქ იყო გატარებული ასეთი პრინციპი. მაგრამ ამ ჟამად თქვენ ხედავთ, რომ ეს საჭიროება კერძო მესაკუთრეების შებღალვისა - გაიზარდა. ჩვენ ვაძლევთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ქალაქებს, ერობებს ამ შებღალვის უფლებას. აი ამ მხრივ, მე მგონია, ეს ახალი ტენდენცია არის ლოღიკული განვითარება იმ მოთხოვნებისა, რომელიც მაშინ წამოაყენეს, როდესაც სწყდებოდა ძირითადი აგრარული საკითხი. თუ კი ასეთ ტენდენციას მივმართავთ, ჩვენ მივესალმებით ამ ტენდენციას და ვამბობთ - საჭიროა ამის უფრო აჩქარება და გაფართოება, იმიტომ, რომ ამ ტენდენციის გაფართოვება ჩვენ მიგვაჩნია ფინანსიურად და ეკონომიურად ღარიბ სახელმწიფოსთვის, ეკონომიურად და ფინანსიურად გამღონიერებელ ფაქტორად, ჩვენ მიგვაჩნია იმავე დროს რევოლიუციის მონაპოვრის განხორციელებათ. თუ ჩვენ ამას ასე არ მივიჩნევთ, უნდა ვსთქვათ რას ვიღებთ. კადეტებს და ოქტომბრისტებს ასეთი პრინციპი თავის პროგრამაში აქვთ და როდესაც ისინი თავიანთ პროექტს ადგენენ, ხალხს და საზოგადოებას ეუბნებიან: ჩვენ თუ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესისთვის ასეთ აქტს ჩავიდენთ - ჩამოვართმევთ კერძო საკუთრებას წვრილს და მსხვილს, მაგრამ მათ სასყიდელს მივცემთ. ეს პრინციპი ლიბერალიზმის პრინციპი არის, ეკონომიურ-პოლიტიკური ლიბერალიზმის პრინციპი, და როდესაც ჩვენ რევოლიუციის შემდეგ ამ პრინციპს სავსებით ვანხორციელებთ, უნდა ვთქვა, რომ აქ ჩვენ სავსებით დავიწყებული გვაქვს რევოლიუციის უფლება და რევოლიუციონური მონაპოვარი.

მე მგონია, რომ უბრალო ტრუიზმი ქნება იმის განმეორება, რომ ჩვენი სახელმწიფო ვერ იარსებებს, როგორც ბურჟუაზიული სახელმწიფო. ეს ჩვეულებრივი დებულებაა, მე მხოლოდ ეკონომიური ფარგალში გადმოვიტაე თქვენგან ხშირად ნათქვამი. პოლიტიკურად ჩვენი სახელმწიფო თუ იარსებებს, იარსებებს მხოლოდ როგორც დემოკრატიული, სოციალისტური ეკონომიური ორგანიზაცია. მაშასადამე ჩვენ ნიადაგი გამოვაცალეთ იმ ფეოდალურ და ბურჟუაზიულ პოლიტიკას, რომელსაც ეყრდნობოდა ძველი რუსეთის კლასები. (ხმაურობა) თუ ჩვენთვის საჭირო იყო მიწის ფონდის შექმნა და ჩვენ შევქმენით ის რევოლიუციის საშუალებით, მე თქვენ გეტყვით, რომ ჩვენთვის საჭირო არის სახლების ფონდის შექმნა და ეს უნდა გავაკეთოთ რევოლიუციონურ პოლიტიკურ საშუალებით. ჩვენ შეგვიძლიან დავიცვათ წვრილ მეპატრონეების უფლება სახლების მფლობელობის საქმეში. მაგრამ მსხვილი სახლების მეპატრონეები აქ ვერ იქნებიან ჩვენი მზრუნველობის ობიექტად.

ამიტომ ჩვენ მიწის ფონდზე ისე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც ვლაპარაკობდით სახლების ფონდზეც, საზოგადოთ ეს ფონდის საკითხი უნდა სერიოზულად დაისვას და სერიოზულად გადასწყდეს (ხმა: კანონ-პროექტში?).

ამ კანონ-პროექტში კი ჩვენი ფრაქცია იცავს ამ ტენდენციას და ხედავს ამ ტენდენციას, რომ საზოგადოებრივ ერთეულებს ერობებს, ქალაქებს გადაეცეს სახელმწიფოსაგან თანდათან მეტი ადგილი, რომელზედაც შეიქმნება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მეურნეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საზოგადოებრივი მეურნეობა არის ის მკვიდრი ნიადაგი, რომელზედაც აგებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობა. ჩვენ პოლიტიკაში და პარლამენტარიზმში, მუნიციპალურ კომუნიზმში უკვე გადავდგით ასეთი ნაბიჯი, ეკონომიურადაც უნდა გადავდგათ ასეთი ნაბიჯი და რამდენადაც უფრო სწრაფად, რამდენადაც უფრო ღრმად და ფართოდ გავატარებთ და შეუთანხმებთ ჩვენ მოქმედებას ეკონომიურად და პოლიტიკურად, იმდენად ეს ეკონომიური და პოლიტიკური მოქმედება შეჰქმნის ისეთ ერთეულს, იმ სახელმწიფოს, რომლის მოსურნე არის ჩვენი ფრაქცია და რომლის მოსურნე არის საქართველოს დემოკრატიაც.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინაიდან სხვა მსურველი არავინ არის, უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

სერგეი ჯაფარიძე. (ს.-დ.) კანონ-პროექტის პირველი წაკითხვის დროს, საერთო მსჯელობას პრაქტიკული აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც მისი მიზანი არის - უარჰყოს შემოტანილი კანონ-პროექტი, ან და დაუბრუნოს კომისიას ხელახლად გადასასინჯავად ახალ პრინციპის მიხედვით. არც ბატონ გვაზავას, არც ბატონ ღლონტს ასეთი მოთხოვნილებები არ წარმოუდგენიათ, ესე იგი, რომ უარყონ, ან და დაუბრუნონ კომისიას ხელახლად გადასასინჯავად. მაშასადამე, ყველა ის, რაც სთქვეს ბ. გვაზავამ და ბ. ღლონტმა, შეიცავს არსებითად შესწორებებს, რომლის განხილვა უფრო აზრიანი იქნებოდა კანონ-პროექტის მუხლობრივ განხილვის დროს, მაგრამ რაკი ზოგიერთი დებულება წამოაყენეს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, მე მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა. ბატონ გვაზავამ აქ გამოიტანა საერთო თეორია, თუ რა მნიშვნელობა აქვს კერძო საკუთრებას: ეს არის სიმბოლო თავისუფლებისაო; თავისუფლების სიმბოლოა თუ სოციალურ ავაზაკობისა, - ასე ფართო თემაზე მსჯელობა ეს არის დროს დაკარგვა და ასეთ სფეროში, სადაც ბატონი გვაზავა გვეპატიჟება, ვერ გადავიტანთ მსჯელობას.

პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ ერთ დებულებას. იმან სთქვა, რომ ამის განსაზღვრა, თუ რომელ საქმეს აქვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ეს უნდა გადასწყვიტოს საკანონმდებლო ორგანომ და არა მთავრობამ და ადგილობრივ თვითმმართველობამ.

მე უნდა ვთქვა, რომ პრინციპიალურად ამის წინააღმდეგ არავის არაფერი ექნებოდა, მაგრამ, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ყოველივე საკითხის განხილვა, ყოველივე კერძო შემთხვევის განხილვა საკანონმდებლო დაწესებულების მიერ შეაფერხებს, დააგვიანებს საზოგადოებრივ საქმის ცხოვრებაში გატარებას, - მხოლოდ ამ მოსაზრებით ჩვენ უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ეს უფლება უნდა მიენიჭოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას. რასაკვირველია, თუ ვაჭარმა პეტრიაშვილმა ითხოვა, მე მინდა ვაჭრობა გავმართო და გთხოვთ, ეს ადგილი ჩამოართვათ კერძო პირს და მომცეთ მეო, - რასაკვირველია, არ მოინახება ისეთი მთავრობა, რომ კერძო ინტერესებისთვის ჩამოართვას ასეთი მამული. მაგრამ თუ კერძო პირი, საზოგადოება, ან ამხანაგობა იტყვის, რკინის გზა უნდა გავიყვანოთო - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებისთვის, ეკონომიურ ცხოვრების მოწყობისთვის, მაშასადამე ეს არც ისეთი სადავო არის და იმის შიში, რომ შესაძლებელია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მივსცეთ ისეთ საქმეს, რომელსაც მარტოკა კერძო ინტერესების მნიშვნელობა აქვს, ეს შიში მე სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ამიტომ მხოლოდ დროს ეკონომიისთვის საჭირო არის, რომ ასეთ კერძო შემთხვევებში ყველა საქმის გადაწყვეტაში არ გადავიდეთ საზღვარგარეთის მაგალითებზე. საზღვარგარეთ, ეკონომიური ცხოვრება სდუღს და გადადუღს. ჩვენი ცხოვრება კი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური ეხლა დავიწყეთ. ამიტომ ასეთი რთული გზის შექმნა მეტად საზიანოა.

შემდეგ მე ვერ გავიგე კარგათ, თუ რა უნდა ეთქვა ბატონ გვაზავას, როდესაც ის ლაპარაკობდა, რომ კერძო პირს არ უნდა მივცეთ წინასწარ გამოკვლევის უფლება. აი ავიღოთ, მაგალითად, ბატონ ხოშტარიას საქმე, რომელსაც მივეცით კონცესიის უფლება, რომლის ძალით ალპანაში მდინარე რიონზე უნდა გამართოს სადგური და გამოიმუშაოს ელექტრონის ენერგია, გაანათოს ქუთაისის მხარე და იმავე დროს გადასცეს ჭიათურას და სხვა ადგილებს, რომ ქარხნები და ზავოდები აამუშაოს. ამას დასჭირდება ის ადგილები, სადაც სადგური უნდა გააკეთოს, დასჭირდება ისეთი ადგილები, სადაც ბოძებს დაასვამს, რომ მავთულები გააბას და ელექტრონის ენერგია გადასცეს. მაგრამ სად უნდა დაასვას ბოძები, რა ხაზით უნდა გაიყვანოს, ასეთი ცნობები უნდა დააგროვოს ინჟენერმა და გამოიკვლიოს, მაშასადამე წინასწარი გამოკვლევა იმას გულისხმობს, თუ რა ხაზით და ან რა ფარგლებში უნდა მოეწყოს ეს შენობა, ეს ბოძი, მავთული და სხვა. ამისთვის რუსეთის კანონმდებლობაში არ იყო არავითარი ნორმა. მაგრამ ასე თუ ისე უამისოდ იკვლევდნენ საქმეს, თუმცა შეიძლება ცალკე შემთხვევებში დაბრკოლება ხდებოდა. მაგალითად, თქვენ გინდათ განსაზღვროთ ის ხაზი, რა ხაზით უნდა გაიყვანოთ რკინის გზის ლიანდაგი, ბოძები დაასვათ, ამისთვის სჭირიათ ვენახში შესვლა და პატრონმა კი არ შეუშვას (არ ისმის). რომ ეს არ მოხდეს, რომ დაბრკოლება არ აღმოუჩნდეს კერძო მესაკუთრის მხრივ, ჩვენ უნდა დავაკანონოთ, რომ კერძო მესაკუთრემ შეუშვას თავის მამულში კერძო ცნობების მისაღებად, - ამა თუ იმ ცნობებს მიიღებს წარმოების პატრონი ან სახელმწიფოს აგენტი. რომელსაც ჩვენ ვამბობთ წინასწარ გამოკვლევაზე, ჩვენ ვგულისხმობთ წინასწარ გამოკვლევას, როცა ეს საჭირო იქნება. მაგალითად, თქვენ გინდათ სკოლა გამართოთ სხვის სახლში, თქვენ უნდა შეხვიდეთ და დაათვალიეროთ ეს სახლი, მაგრამ მე არ მესმის ის წინასწარი გამოკვლევა, რომელზედაც აქ ლაპარაკობდა ბატონი გვაზავა. ის ლაპარაკი ალბათ იმ წინასწარ გამოკვლევაზეა, რომელმაც უნდა გაამართლოს საზოგადოთ ჩამორთმევა. საზოგადოთ იმას გონია: აი შეიკრიბა ერობა, შეიკრიბა საქალაქო საბჭო, სადაც ან მთავრობაში ვიღამაც სთქვა, ჩამოვართვათ, და ჩამოერთვა. ეს ასე არ ხდება, პრაქტიკაში არის ერთგვარი წესი. დაინტერესებული პირი, კომპანია, თუ სახელმწიფო დაწესებულება აღძრავს სათანადო დაწესებულებაში შუამდგომლობას, ის წარმოადგენს დასაბუთებულ და დამუშავებულ მასალებს და რომლებითაც დაასაბუთებს ჩამორთმევის საჭიროებას: ყველა ეს საბუთები განხილული იქნება, და თუ სავსე არ იქნა, დამატებით ცნობებს მოსთხოვენ.

რაც შეეხება ბატონ ღლონტის სიტყვას, მე უნდა ვსთქვა, რომ მან სიხარული გამოსთქვა იმის შესახებ, რომ ეს კანონ-პროექტი მოასწავებს იმას, რომ მათი პოლიტიკური მოძღვრება გაიზიარა სოციალ-დემოკრატიამ და აღიარებს იმას, რაც აგრარულ კანონის გამოცემის დროს სოციალ-დემოკრატიამ უარყო. მე უნდა ვსთქვა, რომ არავითარი კავშირი ამ კანონ-პროექტს აგრარულ რეფორმასთან არა აქვს. აგრარული რეფორმის პრინციპი იყო ჩამოერთვას იმას, ვისაც მეტი აქვს, ვინც თავისი შრომით არ ამუშავებს, ჩამოერთმევა უფასოდ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვადგივართ ძველ პრინციპს: იძულებითი ჩამორთმევა საფასურის მიცემით ხდება, ჩამორთმევა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, მოითხოვს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი.

მაგრამ არავითარი კავშირი არ არის ამ ორ კანონ შორის, და არც სიმწუხარეს და არც სიხარულს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

უკანასკნელად უნდა ვსთქვა ერთ დებულებაზე. ბ. ღლონტმა ილაპარაკა იმაზე, რომ როდესაც ჩვენ საზოგადოებრივ საქმეს ვახორციელებთ, მაზრაში ნამეტნავად, უნდა დავიცვათ კერძო მეურნეების, როგორც ეკონომიურ ერთეულის, ინტერესი. ამიტომ სამაგიერო ადგილით უნდა განისაზღვროს ის ჯილდო, რომელიც მათ უნდა მიეცეს, და არა ფულით, რომელსაც ფასი დაეკარგაო. მე არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილი არის ასეთი ლაპარაკი ფულზე ტრიბუნიდან. მაგრამ უნდა ვსთქვა, რომ ეს კანონი მარტო ხვალისთვის კი არ არის გამოცემული, ან ზეგისთვის, - კანონით აქ იგულისხმება დიდი პერიოდი, დიდი დრო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა მომავალში ისეთი არ იქნება, როგორც არის ეხლა. მეორეს მხრით, იმის თქმა, რომ ფულის მაგივრად მივცეთ რაიმე ეკვივალენტად სამაგიერო ადგილი, უძრავი ქონება, ინვენტარი (არ ისმის) ამის თქმა რასაკვირველია ადვილია. ასე იყო რუსეთის კანონმდებლობაში, რომლის თანახმად შეიძლებოდა მიეცათ უძრავი ქონება, მაგრამ (არ ისმის) ეს სიტყვა სიტყვათ დარჩა, და საქმით კი არსადგან განხორციელებულა. და მერე ჩვენ კიდევ არ ვიცით, იქნება თუ არა სახელმწიფოს ფონდი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ადგილის მიცემა (არ ისმის). საზოგადოდ ეს ისეთ მდგომარეობას შექმნის, რომ ასეთ წესის განსაზღვრა კანონით შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღებთ ერთგვარ ქონებას ფულზე შეფასებით და ამ ფულს ვაძლევთ პატრონს მერე მესაკუთრეს. საქმეა - სად შეიძენს სამაგიერო ადგილს და სასარგებლო საქმეს.

თავმჯდომარე. ამგვარად კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ შესაფერ ვადის შემდეგ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს დეკრეტი წინად შემოვიდა დამფუძნებელ კრებაში კანონის სახით. პრეზიდიუმი წინააღმდეგი არ არის, რომ დეკრეტის სახით იყოს შემოტანილი, თუ საბჭო მიიღებს ამას. თქვენზე არის დამოკიდებული. ეს კანონის სახით იყო, ეხლა თხოულობენ დეკრეტის სახით შემოვიტანოთო და, მართლაც, შინაარსი უფრო დეკრეტისაა. როგორ ინებებთ? ვინ არის წინააღმდეგი, რომ ეს იყოს განხილული დეკრეტის სახით? მაშასადამე დეკრეტის სახით განიხილება. ვთხოვ მომხსენებელს.

გიორგი ანჯაფარიძე (ს.-დ.) იმ საკითხს, რომლის შესახებ აქ არის წარმოდგენილი დეკრეტი, აქვს თავისი ისტორია. 1915 წელს წყალდიდობის დროს მდინარე ცხენის წყალმა გაარღვია თავისი საზღვრები, აჰყარა მცხოვრებლები, წალეკა მრავალი კულტურულად დამუშავებული ჭალები და რამდენიმე დღის განმავლობაში შესწყვიტა შემოსვლა რკინის გზაზე ფოთსა და სამტრედიას შორის. ადგილობრივ იყო მიღებული ზოგიერთი საჩქარო ზომები, მაგრამ ისეთი ხასიათი ჰქონდა ამ ზომებს, რომ რადიკალურად მდგომარეობას ვერ გაასწორებდა. შემდგომ ამისა, თითქმის ყოველ წლივ, წყალდიდობა მრავალ ზარალს აყენებდა მცხოვრებლებს.

როგორც ეს გამოარკვია სპეციალურმა კომისიამ, ამ მდინარესთან რადიკალურ ბრძოლისათვის რამდენიმე მილიონი არის საჭირო. იმ ხარჯთ-აღრიცხვის თანახმად, რომელიც იყო შედგენილი ჯერ კიდევ 1917 წელს, საჭიროა 2.800.000 მანეთი. რასაკვირველია, ეხლანდელ დროს ეს თანხა გახდა რამდენიმე ათეულ მილიონად, რადგანაც დღეს-დღეობით ჩვენ ხაზინას ერთდროულად ასეთ თანხის გაღება არ შეუძლიან. ამიტომ საწყლო სამმართველო უფრო მიზანშეწონილად სთვლის ამ შეუპოვარ მდინარესთან თანდათანობითი ბრძოლას. ამისათვის საჭირო თანხა გადაიდება ხარჯთ-აღრიცხვის წესით. მაგრამ მდინარე ცხენის წყალის ნაპირები დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ თუ ეხლავე არ იქნა ზომები მიღებული, პირველივე წყალდიდობის დროს საშინელი უბედურება დაატყდება იქაურ მცხოვრებლებს. საჭირო არის იქ ჯებირის გაკეთება და სხვა. ამისთვის, როგორც გამოანგარიშებული არის, იქნება საჭირო 100.000 მანეთი.

როგორც ადგილობრივ მოწვეულმა კომისიამ ეს დაადგინა და დაინტერესებულ უწყების წარმომადგენელიც დაეთანხმა, ეს თანხა უნდა განაწილდეს ამნაირად: ერთი მესამედი უნდა გაიღონ ადგილობრივ მცხოვრებლებმა სენაკის მაზრის ერობის სახით და დანარჩენი ორი მესამედი სახელმწიფო ხაზინიდან უნდა იყოს გაღებული - ნახევარი მიწად-მოქმედების სამინისტროდან და მეორე ნახევარი რკინის გზის სამინისტროდან. ეს ორი მესამედი შეადგენს იმ 66 ათას მანეთს, რომლის შესახებ არის წარმოდგენილი დეკრეტი.

თავმჯდომარე. დეკრეტი კენჭის ყრით მუხლობრივ მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი დამატებითი დეკრეტი. მომხსენებელია ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. ამ დეკრეტის განხილვა საბიუჯეტო კომისიამ ვერ მოასწრო, რადგანაც შესაფერი მასალა არ ჰქონდა, და სთხოვს დამფუძნებელ კრებას, რომ დღეს მოხსნილი იქნეს და შემდეგ წესრიგში იქნეს შეტანილი.

თავმჯდომარე. დეკრეტი მოხსნილია.

კრება დახურულია.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 1 საათსა და 55 წ.

14 ოცდამეცამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პარასკევი, 1919 წელი, ივლისის 4. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმცროსი ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის:

ექვთიმე თაყაიშვილი

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 50 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს) კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტების სიას, რის შემდეგ მოახსენებს კრებას სოც.-რევ. ფრაქციის განცხადებას.

სოც.-რევ. ფრაქციის განცხადება.

„დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, სოც.-რევ. ფრაქციას აქვს პატივი გაუწყთ, რომ გზათა კომისიაში იგზავნება ივანე გობეჩია. თავმჯდომარე. მდივანი“.

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო ხაზინიდან 66,000 მან. გადადების დეკრეტისა მდინარე ცხენის წყალის ნაპირების გასამაგრებლად.

2. საბოლოო ტექსტი - საქართველოს საერობო დაწესებულებათა შესანახად 8,069, 123 მან. გაღების დეკრეტისა.

3. დეკრეტი გადამდებ სენთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ ნაწილის საჭიროებისათვის დამატებით 166,444 მან. გაღებისა.310

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საზღვარგარეთ სპეციალურ სწავლა განათლების მისაღებად გასაგზავნ ახალგაზრდებისათვის სასტიპენდიო თანხად ერთი მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა 1919 წ. მაისის 27 კანონის (ხაზინის შემოსავალის გასაძლიერებლად ზოგიერთ ღონის ძიებათა მიღებისა) დამატების შესახებ.

6. დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემისა.

7. დეკრეტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისაგან გადმოცემულ 60 მილ. მან. ამიერკავკასიის ბონის პასუხისმგებლობის მიღებისა.

8. დეკრეტი ქ. ფოთში მდინარე რიონის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 1.500.000 მან. გაღებისა.

9. შეკითხვა ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - სოხუმის ოლქის მდგომარეობისა და ამბების შესახებ.

თავმჯდომარე. ვის ნებავს სიტყვა დღიურ წესრიგის შეახებ? სიტყვა ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ევგენი პ. გეგეჭკორს.

ევგენი . გეგეჭკორი. მე მინდა დამფუძნებელ კრებას შემდეგი განცხადებით მივმართო: ის შეკითხვა, რომელიც არის შემოტანილი ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციის მიერ, შეეხება ფრიად მძიმე და მასთან საინტერესო საქმეს. მე უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობა თითონ გრძნობს, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ეხლა არის ჩვენ და აფხაზეთის სახალხო კომისარიატის შორის არ არის ნორმალური, მაგრამ მთავრობა თავის თავს მოვალედ რაცხს, გთხოვოთ თქვენ - ეს შეკითხვა შემდეგისთვის გადიდოს. ერთ კვირაში, ან უფრო მალე მთავრობა დასაბუთებულ პასუხს გასცემს შეკითხვაზე.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კედიას.

სპირიდონ კედია (ნ.-დ.) რადგანაც შეკითხვის მიზნად დასახული გვაქვს, რომ საერთო ძალ-ღონით გაგვეცა პასუხი იმ მდგომარეობისთვის, რომელიც შეიქმნა აფხაზეთში, ამიტომ მთავრობის განცხადება მე მიმაჩნია მისაღებად და ვიდრე მთავრობა საბუთებს არ შეაგროვებს, ჩვენ თანახმა ვართ, რომ გადიდოს.

თავმჯდომარე. შეკითხვა გადადებულია. სიტყვა ეკუთვნის ლეო შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (სოც.-რევ.) ბატონებო! მე საერთოდ დღიურ წესრიგის წინააღმდეგ არა ვარ, მაგრამ დღიურ წესრიგში არის ერთი დეკრეტი, რომელიც ჩვენის აზრით უნდა გადადებულ იქნეს. ეს არის დეკრეტი, რომელიც ეხება ფრიად მნიშვნელოვან საკითხს და რომელსაც ღრამდ აწონ-დაწონა უნდა. ამიტომ მოვითხოვ, რომ იყოს დღიური წესრიგიდან მოხსნილი დეკრეტი - სქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემისა.

თავმჯდომარე. წინადადება არის სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მიერ შემოტანილი, - მოხსნილი იყოს დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემისა. ვინ არის წინააღმდეგ გადადებისა? დეკრეტის განხილვა კენჭის ყრით გადადებული არის. შემდეგ გახლავთ -

დეკრეტი გადამდებ სენთან საბრძოლველად - შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ ნაწილის საჭიროებისათვის დამატებით 166.444 მანეთის გადადებისა.

მომხსენებელია ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. (ს.-დ.) დეკრეტი შეეხება გადამდებ სენთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ ნაწილის საჭიროებისთვის დამატებით 166.444 მანეთის გადადებას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას და ზამთარში გადამდები სენი იყო გავრცელებული ჩვენ რესპუბლიკაში, რომელმაც აუარებელი მსხვერპლი შეიწირა; და აი ამ დროს მთავრობამ გადასდო ერთი მილიონი მანეთი ამ გადამდებ სენთან საბრძოლველად. ეს ერთი მილიონი მანეთი გადადებული იყო, ეგრეთწოდებულ, განსაკუთრებულ რწმუნებულის განკარგულებაში; განსაკუთრებულ რწმუნებულად დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ექიმი გოპაძე, რომელმაც მოახდინა ექიმთა მობილიზაცია. მოაწყო საავადმყოფოები ისეთ ადგილებში, სადაც პარტახიანი ტიფი მძვინვარებდა და შეუდგა ამ საქმის მოწესრიგებას. სამაზრო ერობები ამ დროს არ არსებობდნენ და სამაზრო ერობებს არ ჰქონდათ სანიტარული საქმე მოწესრიგებული და მოწყობილი ამ დროს; მთელი სიმძიმე ამ სანიტარულ ბრძოლაში ამ განსაკუთრებულ რწმუნებულს აწვა. როდესაც საგრძნობელი ნაწილი ამ მილიონისა დაიხარჯა და დანარჩენი ფული მიმდინარე ხარჯებს აღარ ყოფნიდა, რომელიც მოსალოდნელი იყო, აი ამ დროს განსაკუთრებულმა რწმუნებულმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დამატებით კიდევ მიეცათ მისთვის ფული. მისი შუამდგომლობა შეიცავს შემდეგს: ის მოითხოვს, რომ მის განკარგულებაში გადაცემული კიდევ ყოფილიყოს 774.024 მ. 57 კაპ. აი ეს ხარჯი და მისი ანგარიშები წინასწარ მან წარუდგინა კონტროლიორს, მაგრამ ეს შუამდგომლობა კონტროლიორმა არ შეიწყნარა, იმიტომ, რომ მოთხოვნილ თანხას თან გასამართლებელი საბუთები არ აღმოაჩნდენ. გასამართლებული საბუთები წარუდგინეს კონტროლიორს მხოლოდ 166.444 მანეთისა და 25 კაპ. აი რადგანაც ამ თანხის გასამართლებელი საბუთი იყო წარმოდგენილი თავის დროზე, ამიტომ კონტროლიორმა ამ ზედემტი ხარჯის ნება დართო მხოლოდ. რაც შეეხება 607,580 მ. 32 კაპ. რადგანაც ამ თანხის გასამართლებელი საბუთი არ იყო წარმოდგენილი, კონტროლიორმა ამის ნება არ დართო. მთავრობა დაეთანხმა კონტროლიორს. ეს თანხა განსაკუთრებულ რწმუნებულს გადაუცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საექიმო სასანიტარო განყოფილებაში და ამ განყოფილებამ, როდესაც სამაზრო ერობები მოეწყო, გადასცა სამაზრო ერობებს (თითო ერობას დაახლოვებით 20.000 მანეთი დაურიგდათ). ამ სამაზრო ერობების სანიტარულ განყოფილებებს ჯერ არ წარმოუდგენიათ ანგარიში ამ განსაკუთრებულ რწმუნებულისთვის და განსაკუთრებულ რწმუნებულს კონტროლიორისთვის, და ამის გამო მთავრობამ 3 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა ეს კონტროლიორის დასკვნა და ნება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შუამდგომლობა აღეძრა მხოლოდ ამ დეკრეტში აღნიშნულ 166.444 მან. 24 კაპეიკის შესახებ.

ამ ჟამად ეს 1 მილიონი მანეთი თითქმის სრულიად დახარჯული არის, რაღაც ათეული მანეთი არის დარჩენილი, მეტი არაფერი. მაგრამ იმ მაზრებში, სადაც ერობები ჯერ არ არის მოწყობილი, ასეთი სენი მაინც მძვინვარებს და ბრძოლა მასთან აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. გარდა ამისა ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ მოსალოდნელია ხოლერის და სხვა ეპიდემიების გავრცელება. ამისთანა სენთან ბრძოლა ასეთ მაზრებში, სადაც ასეთი ერობები არ არის მოწყობილი, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. აი ამ დეკრეტით მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ აღნიშნული თანხა დეკრეტში გადადებული იქნეს. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ იქონია მსჯელობა ამ დეკრეტის შესახებ და დაადგინა: რადგანაც ამ ჟამად მართლაც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, იმ ადგილებში, სადაც ერობები არის მოწყობილი, გადაიდის ეს თანხა თანახმად შუალმდგომლობისა; მაგრამ იმავე დროს წინადადება მიეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აი, ასეთი ხასიათის დეკრეტი. როგორც ეს არის, არ იქნეს ხოლმე წარმოდგენილი, რადგანაც აი ასეთი არაჩვეულებრივი კრედიტი ერთგვარ არევ-დარევას იწვევს მთელ ბიუჯეტის შედგენაში. - ამიტომ საბიუჯეტო-საფინანსო კომისია წინადადებას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს, რომ წინასწარ იქნეს ხოლმე გათვალისწინებული, შედგენილი და ნავარაუდევი იყოს ყოველივე ეს მოსალოდნელი ხარჯები, რამდენადაც ეს მოსახერხებელი არის. რასაკვირველია, მოულოდნელ ხარჯებს მომავალშიაც თავიდან ვერ ავიცდენთ, მაგრამ შეძლების დაგვარად ერთხელვე შემუშავებულ უნდა იქნეს ასეთი ხარჯთ-აღრიცხვა, და ეს ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში, რომ ამით ერთგვარი მთლიანობა და მოწესრიგება იქმნეს ბიუჯეტში. აი საერთო აზრი საფინანსო კომისიისა და დეკრეტის შესახებ.

თავმჯდომარე. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ირემაშვილი (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. შემოტანილი არის შესწორება სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ. პირველ მუხლში სიტყვა (კითხულობს) სათაურში - დამატებით 166,444 მან. 25 კაპ. შეიცვალოს: ერთდროულად „200.000 მან.“ ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, ეს მუხლი მიღებულია ამ შესწორებით.

. ირემაშვილი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. მეორე მუხლი მიღებულია. დეკრეტი საერთოდ მიღებულია. შემდეგ...

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საზღვარგარედ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნ ახალგაზრდებისათვის სასტიპენდიო თანხად ერთი მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

მომხსენებელნი არიან ანნა სოლოღაშვილის ასული და გ. ანჯაფარიძე.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ანჯაფარიძეს.

ანჯაფარიძე. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საზღვარგარედ სპეციალურ სწავლა განათლების მისაღებად გასაგზავნ ახალგაზრდებისათვის სასტიპენდიო თანხად ერთი მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

თავმჯდომარე. პირველ მუხლში არის შემოტანილი შესწორება სახალხო განათლების კომისიის მიერ. (კითხულობს) „ცოდნის და ან“ და სიტყვა „ახალგაზრდათა“ შეიცვალოს სიტყვით: „პირთათვის“ მომხსენებლის დასკვნა.

ანჯაფარიძე. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, ვინაიდან არაფერი განსხვავება არ არის.

თავმჯდომარე. მუხლი შესწორებებით მიღებულია.

ანჯაფარიძე. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. შემოტანილია შესწორება ს.-დ. ფრაქციისა: „სიტყვა საუწყებათაშორისო კომისიას“ შემდეგ ჩაემატოს „რომელშიაც მიწვეული იქნება დამფ. კრების კომისიათა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელნი“.

თავმჯდომარე. მეორე მუხლი მიღებულია. დეკრეტი საერთოდ მიღებულია.

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა 1919 წლის მაისის 27 კანონის (ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთი ღონისძიების მიღებისა) დამატების შესახებ.

მომხსენებელია ონიაშვილი.

. ონიაშვილი. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა 1919 წელს მაისის 27 კანონის დამატების შესახებ. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. მუხლი მიღებულია.

. ონიაშვილი. (კითხულოს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. (მეორე მუხლი მიღებულია. შემდეგ, -314

დეკრეტი ადერბეიჯანის რესპუბლიკის მთავრობისაგან გადმოცემულ 60 მილიონ მანეთის ამიერ-კავკასიის ბონის პასუხისმგებლობის მიღებისა.

მომხსენებელია ონიაშვილი.

. ონიაშვილი. საქმე შემდეგში არის: უკანასკნელი ემისიის დროს, ამიერ-კავკასიის ბონებისა 60 მილიონი მანეთი გადაეცა ადერბეიჯანს და ეს ფული ინახებოდა მათ განკარგულებაში, მაგრამ ადერბეიჯანის მთავრობამ არ ისარგებლა ამ ფულით. თანახმად 4 ივნისის ხელშეკრულობისა, რომელიც დასდო საქართველოს მთვრობამ ადერბეიჯანთან, ეს ფული დღეიდან გადადის ჩვენი მთავრობის განკარგულებაში და ამისათვის საჭირო არის, რომ პასუხისმგებლობაც აიღოს საქართველოს მთავრობამ თავის თავზე. აი მოკლედ ასეთი არის კანონის დედა-აზრი.

(მუხლობრივ წაკითხვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია. შემდეგი დეკრეტი.

ქალაქ ფოთში მდინარე რიონის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 1.500.000 მანეთის გაღებისა.

მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

დავით ონიაშვილი (ს.-დ.) ბატონებო! ბათომის დროებით დაკარგვის შემდეგ ქალაქ ფოთის მნიშვნელობა, მოგეხსენებათ, ერთობ გაიზარდა. ეს ერთადერთი ქალაქი არის ჩვენი რესპუბლიკისა, რომელიც აერთიანებს და აკავშირებს საქართველოს დასავლეთ ევროპასთან, ამისთვის ყოველი საკითხი, რომელიც ასე თუ ისე ეხება ქალაქ ფოთს იმავე დროს ეხება მთელი რესპუბლიკის ინტერესებს, ამისთვის ეს კანონ-პროექტი, რომელიც დღეს დამფუძნებელ კრებაში არის შემოტანილი, უაღრეს მნიშვნელობის დეკრეტი არის, და მე მგონია, გაორკეცებულ ყურადღებას მიაპყრობს მას დამფუძნებელი კრება.

დეკრეტის სათაური ასეთი არის: დეკრეტი ქალაქ ფოთში მდინარე რიონის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 1.500.000 მანეთის გაღებისა. ეს ხიდი მდებარეობს მდინარე რიონის ჩრდილო შტოზე, როგორც მოხსენებული არის ამ დეკრეტში, და აერთიანებს პორტის ტერიტორიას ქალაქის ფოთთან.

ძველად ეს ხიდი არსებობდა და აერთიანებდა ამ ტერიტორიას ქალაქთან, მაგრამ 1917 წელს 27 თებერვალს, სწორედ იმ დროს, როდესაც დაემხო ძველი წყობილება, სწორედ მაშინ დაიქცა ფოთის ხიდიც, მაშასადამე დარჩა მთელი ქალაქი მოწყვეტილი პორტის ტერიტორიას. ამ ხიდი აშენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ ფოთისთვის, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რესპუბლიკისთვის. ჯერ კიდევ ძველი წესწყობილების დროს, ძველი მთავრობის დროს რამდენჯერმე მოსულან სპეციალურად დანიშნული კომისიები ფოთში, მოუხდენიათ გამოძიება და არის დასკვნები ამ კომისიებისა, სადაც ნათქვამი არის, რომ მართლაც აი ამ ხიდს აქვს მნიშვნელობა სტრატეგიული და სახელმწიფოებრივ საქმეებისთვისაც. მასალებში, რომელიც დართული აქვს ამ კანონ-პროექტს, სხვათა შორის, მოყვანილია აზრი კავკასიის ფრონტის მთავარ სარდლის შტაბის უფროსისა, სადაც გამოხატული არის იგივე აზრი, რომ მართლა ეს ხიდი აერთიანებს ქალაქ ფოთს და ზღვას ოზურგეთის მაზრასთან. აუარებელი საქონელი, აუარებელი სურსათი მოდის ოზურგეთის მაზრიდან და აი ამ ხიდით უნდა გაიაროს. ამით აიხსნება ეს დიდი თანაგრძნობა, რომლითაც საქართველოს მთავრობა თავიდანვე შეხვდა ამ ხიდის აშენების საქმეს. ცნობისთვის უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ხიდის აშენების საკითხი გარჩეული იყო ამიერ-კავკასიის სეიმის დროსაც, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ, და საბიუჯეტო კომისია ერთხმად დაეთანხმა მთავრობის მოთხოვნილებას. მან სცნო ეს ხიდი უაღრესად სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის ხიდათ და შემდეგ გადავიდა ამიერ-კავკასიის პლენუმზე გასარჩევად, მაგრამ სწორედ ამ დროს დაირღვა, დაიშალა ამიერ-კავკასიის სეიმი და ხიდის საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა დღემდის.

დღეს, ვიმეორებ, ეს საკითხი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით წამოიჭრა ჩვენი მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წინ. მთავრობა დიდი თანაგრძნობით შეხვდა და დაადასტურა ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რომელიც მართლა აქვს ამ ხიდს სტრატეგიული მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ნებას მომცემთ მე წავიკითხავ მის დადგენილების ერთ ადგილს. (კითხულობს).

აი ასეთი იყო, ბატონებო, დადგენილება ჩვენი მთავრობისა 18 წარსულ სექტემბერს. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველი ის წესი, რომელიც აქ მოხსენებული იყო პირველ მუხლში შესახებ სატეხნიკო თათბირის დასკვნისა, ყოველი ეს მუხლი შესრულებული იქნა მართლაც. იმ მასალებიდან, რომელიც თან ახლავს კანონ-პროექტს არის ტეხნიკური თათბირის აზრი და დასკვნა იმ ინჟინერებისა, რომელნიც სპეციალურად გაგზავნილი იყვნენ ქალაქ ფოთში. ამ სპეციალურ დასკვნაში არის ნათქვამი, რომ ამ ხიდის აშენების ტეხნიკური შესაძლებლობა არის და მოსახერხებელიცაა. ამის შესახებ არის დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსი: (კითხულობს)...

აი, ბატონებო, დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ამ დასკვნის თანახმად წარმოდგენილი იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში დეკრეტი მთავრობისა, სამინისტროსი, სადაც აღირებული იყო, რომ ეს ფული, ეს თანხა, რომელიც ეხლა მე აქ წავიკითხე, თანხა ამ პროექტის ხარჯთ-აღრიცხვისა, რომელიც არის ამ საქმეში, უნდა გადაეცეს ამ ხარჯთ-აღრიცხვიდან ქალაქ ფოთის თვითმმართველობის განკარგულებაში, უპროცენტო სესხის სახით. ამის შეხაებ საბიუჯეტო კომისიამ გამართა მსჯელობა და ხმის უმრავლესობით დაადგინა შემდეგი. ჯერ ერთი თანხის შესახებ. ეს თანხა არის ნავარაუდევი 6 თვის წინად წარსულ წლის დეკემბერში. წარმოდგენილი თანხა ყოვლად მიუღებელი და შეუფერებელია დღევანდელ ცხოვრების პირობებში. უნდა მოგახსენოთ, ეს საქმე კიდევ განიხილა საბიუჯეტო კომისიამ, რომ ამ ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით, სხვათაშორის, ნავარაუდევია ყოველდღიურ მუშის ხელფასისთვის 30 მანეთი, მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ დღეს ამ ფასით ყოვლად შეუძლებელია მუშის დაჭერა. შემდეგ აქ აღებული რკინის ფასად 30 მანეთი, ნამდვილად კი დღეს შექმნილია სულ სხვა პირობები, და კომისიას გადაწყვეტილი აქვს, რომ რადგანაც ამ ხიდს აქვს მნიშვნელობა არა მარტო ქალაქისთვის, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც, და ეს ფაქტიურად დადასტურებული არის ჩვენ მთავრობის მიერ, ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ნახევარი ხარჯების გაღება დაევალოს მთავრობას და ნახევარი ქალაქის თვითმმართველობას.

აი ამ პრინციპის მიხედვით, ამ აზრების მიხედვით შემუშავდა ეს კანონ-პროექტი და ეს კანონ-პროექტი მოგხსენდებათ მაშინ, როდესაც ჩვენ გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა. სიტყვა არავის არ სურს. აქ გახლავთ ერთი წინადადება მთავრობისა, მეორე საფინანსო კომისიისა. მე კენჭს უყრი საფინანსო კომისიის წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი, რომ საფინანსო კომისიის წინადადება მიღებული იქნეს? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, გადავდივართ მუხლობრივ საკითხზე იმ დეკრეტისა, რომელიც წარმოადგინა საფინანსო კომისიამ. გთხოვთ, წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. პირველ მუხლში შესწორებაა შემოტანილი სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ: ჩაემატოს „სახელმწიფო ხაზინიდან“ შემდეგ - „მთავრობის განკარგულებაში“. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? წინააღმდეგი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა ამ შესწორებით? გთხოვთ წაიკითხოთ მუხლი მეორე.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მეორე მუხლშიაც შემოტანილია სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემდეგი შესწორება: პირველ მუხლში აღნიშნული „თანხის“ შემდეგ ჩაემატოს: „ერთი ნახევარი ეძლევა ფოთის თვითმმართველობას, როგორც დახმარება“. კენჭს უყრი ამ წინადადებას. მომხსენებლის აზრი.

მომხსენებელი. რადგანაც ეს შესწორება არ ეწინააღმდეგება ამ დიდ დედა აზრს, რომელიც უდევს საფუძვლად ამ დეკრეტს, ამიტომ მე წინააღმდეგი არა ვარ აგრეთვე მეორე შესწორებისა.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე, ეს მუხლი მიღებულია თავის შესწორებით. ვინ არის საერთოდ წინააღმდეგი დეკრეტისა? არავინ. მაშასადამე, დეკრეტი მიღებული არის და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დღიური წესრიგი ამოწურულია.

გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი.

მდივანი (კითხულობს). ეხლა სხდომას ვხურავ.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 2 საათზე და 20 წუთზე.317

15 მეოცდათოთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, სამშაბათი, ივლისის 8. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

კონსტანტინე ჯაფარიძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ მოახსენოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს ცნობებს კომისიაში გადასაცემს და დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - საზღვარ-გარეთ სწავლა-განათლების, ან სპეციალური ცოდნის შესაძენად გასაგზავნ პირთათვის ორი მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი - 1919 წ. მაისის 27 კანონის დამატებისა ხაზინის შემოსავლის გასაძლიერებლად ზოგიერთ ღონისძიებათა მიღებისათვის.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გადამდებ სენთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ ნაწილისათვის ერთდროულად 20.000 მან. გაღების შესახებ.318

4. საბოლოო ტექსტი - აზერბაიჯანის მთავრობისაგან გადმოცემულ 60 მილიონი მანეთის ამიერ-კავკასიის ბონების პასუხისმგებლობის შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქალაქ ფოთში მდინარე რიონის ჩრდილოეთის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად მილიონ ნახევარ მან. გაღების შესახებ.

6. დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემისა.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - უძრავი ქონების იძულებით ჩამორთმევის, დროებით დაჭერის და მისი სარგებლობაში მონაწილეობის დაწესების შესახებ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.

8. დამფუძნებელი კრების წევრის ა. ასათიანის წინადადება - სახალხო მეურნეობის მუდმივი კომისიის დაარსების შესახებ.

9. დეკრეტი - 1917 წლის მარტის 20 კანონის მოქმედების განგრძობისა.

თავმჯდომარე. არის ვინმე წინააღმდეგი ამ დღიურ წესრიგისა? არავინ. მაშასადამე, დღიური წესრიგი დამტკიცებულია.

პირველი საკითხი გახლავთ საბოლო ტექსტები. მომხსენებელი გახლავთ სოლოღაშვილის ასული. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

სოლოღაშვილის ასული. კითხულობს დღიურ წესრიგს 1, 2, 3, 4, და მე-5 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება ერთხმად ამტკიცებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

დავით ონიაშვილი. (ს.-დ.) ბატონებო! დღეს დამფუძნებელ კრებამ უნდა გადაწყვიტოს ფრიად დიდი და მნიშვნელოვანი საკითხი: ქართული ბონების გამოცემა. ამ საკითხს ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი შეეხება ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრების ეკონომიურ მხარეს.

თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ომმა მთლიანად დაანგრია ძველი ეკონომიური ურთიერთობა და სრულიად მოსპო არსებული ფინანსიური სისტემა. ფინანსიურ კრიზისს განიცდის არა მარტო ჩვენი პატარა რესპუბლიკა, არამედ დიდი ევროპაც. აი ამ ფინანსიურ და ეკონომიურ კრიზისზე, რომელსაც თან დაერთო ვალიუტის კრიზისიც, აღორძინდა ანუ აღმოცენდა ფულის ნიშნების სუროგატის გამოცემის აუცილებლობა. ერთი ამ სუროგატთგანი იყო აგრედწოდებული ამიერ-კავკასიის ბონა. თქვენ იცით, რომ ამ ბონების გამოცემის აუცილებლობაში სხვათაშორის შეთანხმდა სამი სახელმწიფო, სამი რესპუბლიკის მთავრობა. ეს რესპუბლიკები არიან ადერბეიჯანი, სომხეთი და საქართველო.

დღეს ეს შეთანხმება აღარ არის და მაშასადამე, ბუნებრივად იბადება საკითხი ახალ ფულის ნიშნების გამოცემისა. ამ შეთანხმების, ამ კავშირის ერთ წევრს აქვს თავის საკუთარი ფულის ნიშნები და აღარ უნდა აიღოს თავის თავზე ამიერ-კავკასიის ბონების პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ამა წლის 30 იანვარს საქართველოს პარლამენტმა დაადგინა ჩვენ მთავრობისთვის მიეცა უფლება ქართულ ბონების გამოცემისა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ დღევანდლამდის არ ისარგებლა ამ უფლებით.

მთავრობას მშვენივრად ჰქონდა გათვალისწინებული და შეგნებული, რომ დღევანდელ პიროებებში ახალი ფულის ნიშნების ბეჭდვა სცემს ისედაც დაცემულს ფულის ფასს, და მთელ სახელმწიფოს აყენებს საშინელ ფინანსიურ კატასტროფის წინაშე. დღეს ჩვენმა მთავრობამ გადასდგა ეს ნაბიჯი ბევრი რყევის, საქმის აწონ-დაწონის და მოფიქრების შემდეგ.

ბატონებო! თქვენ მშვენივრად იცით, რომ ქართულ ბონის გამოცემა, როგორც ბევრი რამ ჩვენ ცხოვრებაში, არ არის შედეგი ამა თუ იმ პირის სურვილისა, არამედ არის შედეგი აუცილებლობისა, ლოღიკურ აუცილებლობისა. საბიუჯეტო საფინანსო კომისიამ სწორედ ამ მხრივ შეხედა ქართულ ბონის გამოცემის საკითხს და მიიღო ეს დეკრეტი ხანგრძლივ კამათის შემდეგ. საფინანსო კომისიის წევრები გრძნობენ, რასაკვირველია, რომ ქართულ ბონებს აქვთ დიდი ნაკლი, მაგრამ ეს ნაკლი არის თან დაყოლილი თვისება ყველა ბონებისა, არც მეტი და არც ნაკლები. რა თქმა უნდა, რომ ბონებს ნამდვილი ფული სჯობია, მაგრამ ნამდვილი ფულის გამოცემა დღევანდელ პირობებში ყოვლად შეუძლებელია; - ამას წინ უნდა უძღოდეს, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ვალიუტის საკითხის გადაჭრა. ამნაირად, ჯერჯერობით, ისევ ქართულ ბონებზედ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება.

მთავრობის აზრით, საქართველოს ბონი გამოცემული უნდა იქნეს 300 მილიონ მანეთისა, თუ მივიღებთ მხედველობაში, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო დაწესებულების საჭიროებას. ფულის ნიშანი უკვე მიღებულია და მოწონებული მთავრობის მიერ და როგორც შემდეგში დაინახავთ აღნიშნულია სხვათაშორის ღერბი და შემდეგ არის ხელის მოწერა მთავრობის თავმჯდომარისა, ფინანსთა მინისტრისა და ამ ფულის ნიშანზე არის აგრეთვე ამოღებული კანონიდან ორი მუხლი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხალხი სრულიად შეგნებით დაუხვდება მთავრობის გადაწყვეტილებას.

ჩვენ ზევით ვსთქვით, რომ საერთოდ ბონების გამოცემას დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს ხალხის, სახელმწიფოს ეკონომიურ ცხოვრებაში. და აქ უნდა დაუმატოთ, რომ ამ ეკონომიურ ცხოვრებასაც თავის მხრივ სახელმწიფოებრივ და ეკონომიურ ცხოვრებას აქვს არა ნაკლები მნიშვნელობა და გავლენა თვით ფულის გამოცემაზედ. თუ ამ მხრივ შევხედავთ საქმეს, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ქართული ბონები არც ისეთ ცუდ პირობებში გამოდის, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. ქართული ბონების თავდებია მთელი საქართველო თავის დაუმუშავებელ ბუნებრივ სიმდიდრით, რომლის ღირებულება უდრის რამდენიმე მილიარდ მანეთს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ ხალხი გამოიჩენს ამ შემთხვევაშიაც ერთსულოვნებას და პოლიტიკურ შეგნებას და ჩვენი მთავრობა შესძლებს საღ ეკონომიურ წარმოებას, ეს ქართული ბონი შეასრულებს მშვენივრად თავის როლს და ნიადაგს მოუმზადებს მომავალში ქართულ ფულის სისტემის შექმნას.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობის შესახებ სიტყვა ეკუთვნის შენგელაიას.

ლეო შენგელაია (სოც.-რევ.) მოქალაქენო! დამფუძნებელ კრების წევრნო! მთავარი მოსაზრება, მთავარი საბუთი, რომლითაც მმართველი პარტია ასაბუთებს და ამართლებს სხვა და სხვა კანონების და ზომების მიღებას არის ასეთი:

ყოველთვის, როცა საჭირო არის რაიმე კანონის, რაიმე ზომის მიღება ჩვენ გვეუბნებიან: ჩვენი მდგომარეობა კატასტროფიული არის, მეტი გამოსავალი არ გვაქვს, თუ ეს კანონი, ეს ზომა არ მივიღეთ, ქვეყანა დაიქცევაო და სხვ. ასეთი არის მათი ტრაფარეტი, რომლითაც ისინი გვიმასპინძლდებიან. ჩვენ, რასაკვირველია, ქვეყნის დაქცევა არ გვინდა, და ამიტომ არის, რომ თითქმის ყოველ სხდომაზედ ვღებულობთ დეკრეტებს და ვარიგებთ მარჯვნივ და მარცხნივ მილიონებს, ვარიგებთ არა ასობით და ათასობით, არამედ მილიონობით. 5, 10, 20 მილიონი - აი, ჩვეულებრივი ციფრები ჩვენი დეკრეტისა.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გასაგები არის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ხაზინა ცარიელი რჩება, თუ კი ჩვენი მთავრობა იძულებული არის ორი თვის განმავლობაში მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს ახალ საემისიო უფლებისათვის. ამას უნდა დაუმატოთ შემდეგი:

ჩვენი დეფიციტი დღიდან დღე იზრდება, ბონების კურსი საშინლად დაეცა. ასეთ პირობებში საჭირო არის არაჩვეულებრივი ზომები, საჭირო არის განსაკუთრებულ ღონისძიების მიღება, რათა ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა ოდნავადაც მაინც გამოკეთდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ჩვენი მთავრობა ისევე ძველი გზით მიდის ფინანსიურ კრიზისის საწინააღმდეგო ბრძოლაში. დარჩა ერთი საშუალება, ეს არის მბეჭდავი მანქანა. თქვენ მოგეხსენებათ, როცა ეს მანქანა უფრო მეტს მუშაობს, უფრო უარესდება და უფრო გვიახლოვდება ფინანსიური კატასტროფა,

ამიტომ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წარმოდეგენილი დეკრეტი არის ახალი უბედურება და როგორც ასეთი ეს უნდა უარვყოთ.

წარმოდგენილ დეკრეტში არის ორი არსებითი მხარე: ერთის მხრივ მოითხოვენ ახალ ბონების 300 მილიონის მანეთის გამოცემას, მეორე მხრივ მოითხოვენ ქართულ ბონების გამოცემას. რაც შეეხება მეორე საკითხს - ეს ყველასთვის მისაღებია უფრო პოლიტიკურ თვალსაზრისით და არა ფინანსიურ თვალსაზრისით, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულებრივად ყოველ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს თავისი ფული, საკუთარი ნიშნები; ასე რომ ფულის ნიშნები არის ერთგვარი ატრიბუტი დამოუკიდებლობისა, დამოუკიდებელ არსებობისა. რადგანაც ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა სავსებით არ არის გამორკვეული, ქართულ ბონების გამოცემას აქვს ერთი დადებითი პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ ფინანსიურ თვალსაზრისით სრულიად მიუღებელია, ვინაიდან ამ დეკრეტის მიღების შემდეგ ჩვენ ბაზარში იქნება ნიკოლოზის, კერენსკის, ამიერ-კავკასიის და შემდეგ ქართული ბონაც. ყველა ეს აუცილებლად ხელს შეუწყობს საერთოდ მანეთის კურსის დაცემას. ეს საანბანო ჭეშმარიტება არის. იმავე დროს, რადგანაც ჩვენში არის არა ერთი ფირმის ფულები, არამედ სხვა და სხვა ფორმისა, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო დაეცემა იმ ფირმის ფული, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი, რომლის ტრიალის ასპარეზი უფრო ვიწრო არის. ისეთი მდგომარეობა არის ჩვენი ფირმისა, ესე იგი ქართულ ბონების მდგომარეობა, რადგანაც მისი ტრიალის ასპარეზი სამწუხაროდ უფრო ნაკლებად ცნობილია, უფრო ვიწროა შედარებით რუსეთისა და ამიერ-კავკასიის ბონებთან, და ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ახალი ზომა დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.

დეკრეტს აქვს მეორე არსებითი მხარე, საერთოდ ახალი ბონების გამოცემა საჭირო არის, მართალია ჩვენ გვაქვს მრავალი დაწესებულებანი, მართალია სახელმწიფოს ყოველდღიურ საჭიროების დასაკმაყოფილებლად საჭიროა განსაზღვრული თანხა. ამის უარყოფა არავის არ შეუძლიან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველ დღიურ საჭიროების დასაკმაყოფილებლად ამ თვალსაზრისით არ შეგვიძლიან ვიხელმძღვანელოთ, რადგანაც ბონების გამოცემა ჩვენში პირველი არ არის. ჩვენი ბაზარი უკვე გავსებულია ბონებით და ყოველივე ემისია გააძლიერებს ხრონიკულ ავადმყოფობას, რომელსაც ფინანსიური კრიზისი ეწოდება. ამ მხრივ ერთგვარი მაგალითი უნდა მოგახსენოთ: ჩვენ სახელმწიფოს ფინანსიური არსებობა მიაგვანებს იმ ზღაპრულ არსებობას, რომელიც ყელამდის წყალში იჯდა და წყალს ვერ სწვდებოდა.

ჩვენი ბონების რიცხვი აუარებელია, მაგრამ ხაზინას მაინც ფული არა აქვს. მაშასადამე, თუ ჩვენ კიდევ გამოვცემთ ახალ ბონებს, არამც თუ არ გაანიავებს ფინანსიურ კრიზისს, არამედ ხელს შეუწყობს ამ კრიზისს, ამიტომ ეს მიუღებელია. ჩვენ გვჭირია ფინანსიური მდგომარეობის გაუმჯობესება არა ახალ ბონების გამოცემით, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, რომ ეს აუარებელი ბონები, რომელიც უკვე გამოცემულია, დაუბრუნდეს უკან ხაზინას. მე მგონი, მთელი სიბრძნე იმაში არის, რომ როგორ შეიძლება ამას ჩვენ მივაღწიოთ. აი ამ სახელმწიფოს ფინანსიურ პოლიტიკის ერთ მთავარ დებულებათ ჩემის აზრით, უნდა გახდეს შემდეგი პრინციპი: მაქსიმუმი შემოსავალი და მინიმუმი გასავალი. თუ ეს ესე არ იქნება, ჩვენ კატასტროფას ვერ ავცდებით. სამწუხაროდ ჩვენში ასე კი არ არის, პირიქით, ჩვენში სულ საწინააღმდეგო არის. ჩვენ ცხოვრებაში არის გატარებული პრინციპი მინიმუმი შემოსავალი და მაქსიმუმი გასავალი.

მართალია, ჩვენ ვატარებთ აგრედწოდებულ პროგრესიულ გადასახადების სისტემას, მაგრამ სამწუხაროდ ეს სისტემა მთელი თავის სიმძიმით აწვება მუშათა და მშრომელთა კლასს. მხოლოდ რაც შეეხება სპეკულიანტებს, ისინი ამ კანონის გარეშე რჩებიან. უნდა დაუმატო, რომ თვით აკრეფის სისტემა და ტეხნიკა ჩვენში მოწესრიგებული არ არის. ასეთი მდგომარება იქმნება: წარმოიდგინეთ, ის, ვისაც ფული აქვს, იმათ არ უნდათ შემოიტანონ ხაზინაში და მხოლოდ ვისაც არა აქვთ უნდათ, მაგრამ არ შეუძლიანთ შემოიტანონ და ამიტომ ხაზინა რჩება უფულოდო. (ხმა: რატომ არ შემოიტანეთ შესწორება?) თქვენ კარგად იცით რატომ არ შემოვიტანეთ. მაშასადამე, რაკი ამნაირად არაჩვეულებრივი პირობები არის და რაკი არავითარი ტეხნიკური აპარატი აკრეფისა და პროგრესიულ გადასახადების სისტემა ამ ჟამად არ გვაქვს, ერთი სასწრაფო და რადიკალური ზომა ამ ჟამად, როდესაც ფული საჭიროა, და ამ საჭიროებას არავინ არ გვიტყობს, იქნებოდა შემდეგი: ჩვენ უსათუოდ უნდა დავბეგროთ შეძლებული კლასი, უნდა დავბეგროთ ბურჟუაზია, და ეს დაბეგვრა უნდა მოხდეს რაც შეიძლება საჩქაროდ და საგრძნობლად. ეს იქნება ერთად ერთი რადიკალური ზომა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლიან მივმართოთ, და რომლის გატარება შესაძლებელია. რამდენადაც გეხსომებათ, იყო ასეთი პროექტი, მგონი საფინანსო კომისიაში, რომლითაც უნდა დაებეგრათ ბურჟუაზია, მაგრამ ჯერ ჯერობით ეს პროექტი არსად არ სჩანს. სასურველია, რომ პროექტი, თუ ეს არსებობს სადმე, წარმოდგენილი იქნეს დამფუძნებელ კრებაში. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ საშინელ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, იმ ზღაპრულ ზრდას, რომელსაც განიცდის ჩვენი დეფიციტი, საშინლად ხელს უწყობს სახალხო ქონების, ფულების განიავების ეპიდემია, რომლითაც დაავადებულია ყოველი ჩვენი დაწესებულებანი - დაწყებილი სამინისტროდან და გათავებული შეშის უბრალო საწყობით. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო ყველა ჩვენი დაწესებულებანი, უმაღლესიდან უმდაბლესამდე, პირდაპირ გადაიქცნენ დღეს სახალხო ქონების, საერთო სახალხო ფულების ცარცვა-გლეჯის და გაფლანგვის ნამდვილ ბუდეთ, ჩვენში, რომ არსებობდეს ნამდვილი კონტროლი, ჩვენ თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ყველა დაწესებულებაში აღმოვაჩენთ ამ ბუნაგების მთელ რიგს. სამწუხაროდ ჩვენში არ არსებობს არავითრი კონტროლი. კონტროლი არის ქაღალდზე, არის უფრო ფიქტიური ვიდრე ფაქტიური, რადგანაც სავსებით უმწეო არის დღევანდელი პირობები. მას არ შეუძლიან სავსებით ემსახუროს იმ მიზანს, რომელიც დაკისრებული აქვს, შეასრულოს ის მოვალეობა, რომელიც მას მინდობილი აქვს.

ამნაირად, უმწეო არის, რომ მას შეუძლიან შეიპყროს პატარა ქურდები და პასუხისმგებლობაში მისცეს, მაგრამ რაც შეეხება დიდ ქურდებს, ის ვერ გაბედავს. ჩვენის აზრით ვიდრე ეს მდგომარეობა არსებობს, ვიდრე გრძელდება ეს გაბნევა სახალხო ქონებისა, ჩვენი ბონების გამოცემა ვერაფერს ვერ გვიშველის. მაშასადამე ამას უნდა მიექცეს ყურადღება და არა იმას, რომ მაინც და მაინც ახალი ბონები გამოვცეთ.

გარდა ამისა ჩვენი ქვეყანა ცნობილია, როგორც ეკონომიურად ჩამორჩენილი ქვეყანა, თუნდაც, რომ ახალი ფული გამოვცეთ, არა გვაქვს არავითარი რეალური ღირებულება, არა გვაქვს ეკვივალენტი. ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მთავრობა და მმართველი პარტია ამას ანგარიშს არ უწევს.

ძველად ებრაელები ამბობდნენ, - მესია მოვაო, მაგრამ მესია აღარ იქმნა, აღარ მოვიდა, ისე ემართებათ სოციალ-დემოკრატებს, ისინი ფიქრობენ, ბურჟუაზია მოვაო, ის ჩადგება ეკონომიურ ცხოვრების სათავეში, გაანვითარებს წარმოების ძალებს, დააგროვებს ეროვნულ სიმდიდრეს და როდესაც ის შეჰქმნის, ამას დაეპატრონება პროლეტარიატიო. სინამდვილეში ასე არ ხდება. ჯერ კიდევ ბურჟუაზია არ მოდის, და თუ მოდის ბურჟუაზია არ არის დაინტერესებული დღევანდელ პირობებში - გააჩაღოს ეკონომიური ცხოვრება. ჩვენ უნდა მივყოთ ხელი კოლექტიურ სახალხო წარმოებას: - სახელმწიფოს, მთავრობის დემოკრატიულ ორგანიზაციები, როგორც არის თვითმმართველობა, ერობები, რომ ჩაერიონ აქტიურად ეკონომიურ ცხოვრებაში, და წარმართონ სახელმწიფოებრივი ცხოვრება ახალ გეზით, ახალ მიმართულებით.

ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის ერთად-ერთი საღი გზა, ამის გარეშე ხსნა არ არის და თუ კი ეს გზა შევიგნეთ, ამ გზას დავადექით, მაშინ ჩვენ არამც თუ არ დაგვჭირდება ახალ ბონების გამოცემა, პირიქით, ავიცდენთ იმ საშინელ კრიზისს, რომელიც თავს დაგვატყდა.

ამ მოსაზრების გამო ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ ბონის გამოცემისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ღლონტს.

. ღლონტი. (ს.-ფ.) მოქალაქენო! მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჩვენ თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ერთ დიდ საკითხის, აგრარულ საკითხის გადაჭრის დროს, მას პარალელურად დაუკავშირდა დიდი საკითხი. ჩვენ საშინაო ცხოვრების მოგვარებისთვის უეჭველად უნდა იყოს შექმნილი ფინანსიურ პოლიტიკის საკითხიც. ასე სერიოზულად, ასე არსებითად ფინანსიური საკითხი და ბონების და ფულის გამოცემის საკითხი ჩვენს წინაშე ჯერ არ დამდგარა.

მომხსენებელმა, თავის მოკლე განმარტების დროს, ერთი ფრიად საპასუხისმგებლო დებულება წამოაყენა, რომელიც გამოცხადებულია ამ დეკრეტის ერთ-ერთ მუხლად. ეს მუხლი შეიცავს შემდეგ დებულებას: „საქართველოს რესპუბლიკის ბონები უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მთელი ქონებით“. თუ თქვენ ყურადღებას მიაქცევთ ამ დებულების მთელ სიმძიმეს და სირთულეს, თქვენთვის აშკარა იქნება, რომ დღემდის ჩვენ არ გამოგვიცია ასეთი დიდი დეკრეტი, ან კანონი, რომელსაც ასეთი დიდი გარანტია, - მთელი საქართველოს ქონება, - ჰქონოდა საფუძვლად დადებული.

ამნაირად, ამ მხრივ ეს საკითხი მეტად დიდი მნიშვნელობისაა, მაგრამ გარდა ამისა, ის როლი, რომლის თამაში შეუძლიან ბონას საზოგადოდ და ფულს კერძოდ, ეს როლი უფრო დიდია, ვიდრე ეს პასუხისმგებლობა.

მე მინდა ორიოდე აზრი გამოვსთქვა ამ ბონის ახლანდელ მდგომარეობაზედ და მის მომავალზედ, აგრეთვე გამოვსთქვა სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის პრინციპიალური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო შემდეგი: გასულ წელს, როდესაც ამიერ-კავკასიის ბონები გამოვეცით, იმ დროს ჩვენი ფრაქცია იზიარებდა აზრს, რომ მაშინ გამოგვეცა ქართული ბონა. ჩვენ ვითვალისწინებდით იმ მართალ კონკრეტიულ პირობებს, რომელშიაც ჩვენ და ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებიც იმყოფებოდნენ, და იმ ობიექტიურ კონკრეტიულ პირობების მიხედვით ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნდა ქართულ ბონების გამოცემა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი აზრი ამ საკითხის შესახებ მხოლოდ იმ მხრივ შეიცვალა, რომ საჭიროება ქართული ბონებისა შევცვალეთ საჭიროებით ქართული ფულისა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თუ ჩვენ მივცემთ ბონას იმ დიდ გარანტიას, რომელიც არის აღნიშნული მესამე მუხლში: „საქართველოს რესპუბლიკის ბონა უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მთელ ქონებით“, თუ ჩვენ ამ გარანტიას დაუდებთ საფუძვლად, და გავითვალისწინებთ ამ დებულების იურიდიულ და ფორმალურ მნიშვნელობას, მაშინ უნდა დაგვეთანხმოთ იმაში, რომ დრო არის ვიზრუნოთ არა ბონის გამოცემისთვის, არამედ ქართულ ფულის გამოცემისთვის. მაგრამ მე მაინც ორიოდე მოსაზრებას გამოვსთქვამ თვით ბონების შესახებ.

დარწმუნებით შემიძლიან ვსთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რაც ჩვენ ვაცხადებთ ქართულ ბონის აუცილებლობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სოციალ-დემოკრატია აღარ იქნება არც ქართულ ფულის წინააღმდეგი. რასაკვირველია, ჩვენ არავის ბრალს არ ვდებთ, რომ რომელიმე ჯგუფი დამფუძნებელ კრებისა, იყოს წინააღმდეგი ქართული ფულისა, მაგრამ საკითხი სდგას უფრო პრაქტიკულად. ყველა დამფუძნებელ კრების წევრს, რომელიც ჩვენ ზოგად და მარტივ დებულებას არ გაიზიარებს, შეუძლიან გვითხრას, რომ ქართული ფულის დიდი მომხრენი ვართ, მხოლოდ დღეს პრაქტიკულად რესპუბლიკას არსებობა არ შეუძლიან თუ ფული და ფულის სუროგატები არ იშოვა. აგრეთვე ორგანიზაციის შექმნის დრო აღარ არის. ჩვენი გარდამავალი ხანა მოითხოვს, რომ დღეს უთუოდ გვქონდეს ფული. თითონ საკითხის ასე დაყენება უეჭველია, ამას არა მარტო ფრაქციის წევრები განაცხადებენ, შეიძლება სამინისტროს რომელიმე წევრმაც განაცხადოს. ამის შესახებ უნდა ვსთქვათ, შეუძლებელია ყოველთვის ასე ანაზდეულად თითო ფაქტის წინაშე დამფუძნებელ კრების დაყენება. აქ განმარტებებში არის ერთი დებულება, რომელიც ამბობს, რომ სანამ ამ საკითხს აქ შემოიტანდნენ, მას უძღოდა დიდი ხნის წინასწარი მუშაობა. აზრთა გაცვლა-გამოცვლა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა მოითხოვს ჩვენგან, რომ ეს ემისიის საკითხი დაბოლოვებულათ ჩავთვალოთ. ჩვენ გვინდა შეთანხმება ნაწილობრივი განსაზღვრული; ეს ნაწილობრივი ჩვენ დავიცვით, გავანაღდეთ, მხოლოდ არის საზღვარი, რომლის შემდეგ ამ ემისიის მონაწილეობას ჩვენ ვერ მივიღებთ.

აზერბაიჯანს აქვს თავისი პოლიტიკა, თავისი მიზნები, ნაბიჯები, იმ პოლიტიკურ მიზნებს არ შევეხები, მაგრამ მას აქვს აგრეთვე ფინანსიური ეკონომიურ ხასიათის საფუძველი, ეს ნაბიჯები იმავე დროს ისეთივე საფუძვლიანი არის ჩვენ რესპუბლიკისთვის, როგორც საფუძვლიანი იყო აზერბაიჯანის მთავრობისთვის. აზერბაიჯანის მთავრობა ამბობს, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია მაგ., სომხეთს მივცეთ ბონა, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო არავითარ ასეთ რეალურ ღირებულებას არ წარმოადგენს, რომლის მიხედვით ჩვენ შეგვიძლიან ერთი მესამედი, თუ გინდა მცირე ნაწილი ვიდრე ერთი მესამედი ვაძლიოთო. საერთოდ ამ დებულების დროს უეჭველად ჩვენ, და კერძოდ მე, ამ შემთხვევაში სავსებით უნდა გავიზიაროთ აზერბაიჯანის ფინანსიური და ეკონომიური მოსაზრება.

ჩვენ შეგვიძლიან ვთქვათ, სომხეთის ფინანსიური კომბინაციების დაშვება, ეს არის პირდაპირ იმ ბონების უმნიშვნელო დაცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რეალური საფუძველი, რომელიც აქვს საქართველოს და აზერბაიჯანს ცხოვრებაში ამიერ-კავკასიის ბონი, ეს რეალური სფუძველი შეუმცირდება ბონას, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს თქვენ ხედავთ, რომ ამიერ-კავკასიის ბონის ფასი იმისდამიხედვით ტრიალებს, იწევა მაღლა თუ ქვეით, თუ როგორ ხდება საქონლის გატან-გამოტანა. მაშინ, როდესაც ხელშეკრულობა დავდეთ ინგლისთან ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის პროდუქტებზე, მაშინ ჩვენი ბონის ფასი შეიცვალა უკეთესად. მაშინვე უკვე ვგრძნობდით, რომ ამიერ-კავკასიის ბონის კურსში რაღაც ცვლილება მოხდა. ისიც გავიგეთ, რომ ამიერ-კავკასიის ბონას იმდენს აღარ მოითხოვენ რუსულ ფულებზე გადახურდავებას, როგორც წინათ მოითხოვდნენ. უბრალო ხელშეკრულობა ახდენს გავლენას ამ ბონის ღირებულობაზედ. მარტო ის ფაქტი იმას გვარწმუნებს, რომ ფასი ამ ბონებისა იმდენად მძლავრია, იმდენად მაღალია მაშინ, რამდენად ჩვენი სერიოზულ სავაჭრო კომბინაციებს ვაწარმოებთ, რამდენად ჩვენი პოლიტიკური ძალა შეგვწევს.

ჩვენ გვაქვს საკმარისი ცნობები იმისა, რომ საქართველოს შეუძლიან, ნორმალურ პირობების დროს, აქტიური სავაჭრო ბალანსის შექმნა, აქტიურ სავაჭრო პოლიტიკის წარმოება. და არ შეუძლიან ისეთივე სავაჭრო პოლიტიკის წარმოება სომხეთს. რამდენადაც ვამაგრებთ და ვაღონიერებთ ამიერ-კავკასიის ბონებს, იმდენად ვასუსტებთ სომხეთს, რომ ამ ფულით ვაძლევთ, აქედან ამ დებულებიდან შემდეგი მოსაზრება უნდა იქნეს ლოღიკურად გამოტანილი. მადლობა ღმერთს, რომ ასეთ არა სასურველ კომბინაციებს თავს ვანებებთ და ვიწყებთ ქართულ ბონის გამოცემას.

ჩვენ საქართველოს ბონების ინტერესის თვალსაზრისით უნდა შევეხოთ უეჭველათ ამ ბონის მდგომარეობას, რადგანაც მოხსენებელის უმთავრესი მოტივი ის არის, რომ თუ ამას მივიღებთ სავსებით, - სამაგიეროთ, მიღებული არის სხვა დებულებები ამ დეკრეტისა და განსაკუთრებით ერთი, - მეოთხე მუხლი, რომლის აზრიდაც ჩვენ ქართულ ბონს მთელი ჩვენი ქონებით უზრუნველვყობთ, მაგრამ პარალელურად იმ დროს, ამ ჩვენ ფულთან ერთად გასავალი ექნება, როგორც ამიერ-კავკასიის ბონებს, ისე რუსულ ფულის ნიშნებს. ყოველ მოვაჭრის ინტერესი იქნება მას ჰქონდეს ისეთი ფული, რომელსაც გასავალი ექნება არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, ადერბეიჯანში, რუსეთის იმპერიის ყოველ ნაწილში და სხვა. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს უცხოელ ვაჭარს, ან და თუ გინდათ, საქართველოს რომელიმე ვაჭარს, შეიძინოს ქართული ბონა მაშინ, როდესაც შეუძლიან შეიძინოს მთელ რუსეთის ტერიტორიის ფარგლებში გასავალი ნიშანი. უკეთესი იქნება ყოველ ადამიანისთვის, ყოველ ვაჭრისთვის მან დაიჭიროს ხელში ნიკოლოზის, ან კერენსკის ფული, ვინაიდან ის ყველგან წავა, მას არ დასჭირდება ბანკში ეს ფული დაახურდაოს. რუსეთის ფულს გასავალი აქვს ყველგან. ჩვენ გვინდა შევქმნათ პასუხისმგებლობა მთელი ქონებით ჩვენი ბონის წინაშე და ამავე დროს მას ვაყენებთ ისეთ არა პრივილეგიურ მდგომარეობაში, რომ გასავალს ვაძლევთ სხვა ქვეყნის ფულს მაშინ, როდესაც ჩვენ ფულს სხვა ქვეყნებში, თვით ამ ნიშნების ქვეყნებში არავითარი გასავალი არა აქვს. ექნება თუ არა სამაგიეროთ გასავალი ქართულ ფულს რუსეთში, მაშინ, როდესაც რუსეთის ყველა ნაწილის ფულს გასავალი ექნება ჩვენში. მე შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი ბონების კატასტროფიულ მდგომარეობაში ჩაყენება. უპირატესობის მდგომარეობაშია ჩაყენებული არა მარტო რუსეთის ნიშნები, ისეთივე უპირატესობის მდგომარეობაში არის ჩაყენებული ადერბეიჯანის, ამიერ-კავკასიის ბონები, ისეთივე მდგომარეობაში არის ჩაყენებული უცხოეთის ყველა ფული. მხოლოდ იმიტომ აღვნუსხავ ამ დებულებას, რომ არ არის დედამიწის ზურგზე არც ერთი დიდი, ან პატარა სახელმწიფო, რომლის ბონას ჩვენ არ ვღებულობთ, მაგრამ რომელიც ჩვენ ბონებს ისეთივე მასპინძლობას უწევდეს. ასეთი არა ნორმალური, ასეთი უთანასწორო მდგომარეობის შექმნა ჩვენ ბონებისთვის, - ჩვენ მიგვაჩნია პირდაპირ დამღუპველად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოქმედება ფინანსიურ დარგში უნდა ამოიწუროს იმავე ფაქტებით, იმავე მაგალითებით, რომელმაც აღძრა ამიერ-კავკასიის ბონის შემოქმედება, და თუ კი ჩვენ დავახასიათებთ ან სამინისტროს პოლიტიკას, მარტო ამიერ-კავკასიის ბონების მუშაობის თვალსაზრისით, მაშინ დავინახავთ, რომ ჩვენ ბონებსაც ისეთივე გასავალი დარჩება, ისეთივე ბედი მოეწევა, როგორიც ეწვია ამ ბონებს.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ, მაგალითად, ჩვენთვის საჭირო ბაზარზე, სტამბოლში, ამიერ-კავკასიის ბონებს არავითარი გასვალი არა აქვს, არ ქონდა გასავალი იმავე დროს სხვა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებში.

არ შეგვიძლიან კიდევ არ მივაქციოთ თქვენი ყურადღება ამ ბონების უზრუნველყოფის საკითხზე. უეჭველია, ბატონი ფინანსთა მინისტრი აქ მოგვიყვანს მაგალითებს, რომ სხვა სახელმწიფოებში ისეთივე გარანტიებს აძლევენ თავის ახალ ნიშნებს, მაგრამ, მე მგონი, რომ ასეთი გარანტია, - სახელმწიფოს მთელი ქონების გარანტია, - აქვს მხოლოდ ფულს, და არავითარ შემთხვევაში, ბონას. ამნაირად, რამდენადაც სახელმწიფოს ფინანსები ეკონომიურად უზრუნველყოფილი არ იქნება, იმდენად სახელმწიფო თავის ნიშნებს, რომლებსაც ამ პროცესში გამოსცემს, ის ყოველთვის აშორებს ასეთ ნიშნებს უზრუნველყოფას. ჩვენ კი, როდესაც ხელში გვიჭირავს ამიერ-კავკასიის ბონა, რომელიც ძალიან დაცემულია, ვცემთ დღეს კიდევ ახალ ბონას და ამ ბონას კი ვაძლევთ დიდ გარანტიას, ფულის უდიდეს გარანტიას - სახელმწიფოს „მთელ ქონებით“. ეს იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის ოქროს რაოდენობა სახელმწიფოში განსაზღვრული არის და ამ პროპორციით არის ქაღალდის ფული, და როდესაც თქვენ ახალ ქაღალდის ფულს სცემთ, მას სცემთ ოქროს რაოდენობის მიხედვით. ოქროს მიხედვით უნდა დაფასდეს მთელი ჩვენი ქონება. ოც მანეთიან ბონას და ორმოც მანეთიანს, არ აწერია, არ ეწერა ის მაშინ, როდესაც ჩვენ ამიერ-კავკასიის ბონები გამოვეცით; ამას დიდი ეკონომიური და ფინანსიურ აზრი აქვს. როცა გამოვეცით არ ეწერა არც ოქრო, არც სახელმწიფოს ქონება; ეს, მართლა ბონი არის, ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობით. მაშინ, როდესაც ჩვენ დაცემულ ფულს ის აძლევს ასეთ დიდ გარანტიას და იღებს დიდ ვალდებულებას, ჩვენ იმის წინააღმდეგ არ ვართ, რომ ბონას მივცეთ დიდი გარანტია, რომ ჩვენ მივცეთ გარანტია ფულს, როცა გამოვცემთ; მხოლოდ ერთი რამ უნდა ვთქვა. როდესაც ეს ჩვენი ფულის ბონის საკითხი დაეცემა, - და, რომ დაეცემა წინასწარ დებულება ჩვენ გვაქვს, - ყოველთვის უცხო სახელმწიფო გვეტყვის: მთელი თქვენი ქონება უნდა დავაფასოთ, აი ხე-ტყე იქნება, ძვირფასი მამულები იქნება, თუ რკინის გზა, იმდენად, რამდენადაც ღირს ჩვენი ბონი და ასეთ დროს, ასეთ პირობებში ბონის გამოცემა და ბონების პასუხისმგებლობის მიცემა, ეს პირდაპირ საზარალოა. ამგვარად არის ყველგან, და კარგი იქნება, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვანახოს ისეთი ფული, რომელზედაც იქნება ასეთი წარწერა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვანახოს, რა არის ჩვენი პრაქტიკული აზრი; როდესაც აქ ესერების წარმომადგენლები ლაპარაკობდა, მაშინ ადგილიდან გაისმა ხმა „თქვენი აზრი გამოთქვითო. ჩვენც უეჭველათ ამას გვეტყვით, და ჩვენც გვაქვს საკუთარი აზრი, და თუ გამოვცემთ ბონას, რომელსაც ასეთი პასუხისმგებლობა ექნება საფუძვლად დადებული - მაშინ ჩვენი მოთხოვნილება არის, რომ პირველადვე ლიკვიდაცის უყოთ ყველა იმ ნიშნებს, რომელიც ჩვენ მიერ არ არის გამოცემული. ჩვენ უნდა უყოთ ლიკვიდაცია ამიერ-კავკასიის ბონებს, ამიერ-კავკასიის ბონებს ლიკვიდაცის შეიძლება უყოთ, იმიტომ, რომ როდესაც ამიერ-კავკასიის ბონებს ჩვენ ვცემდით, ჩვენ ერთი დებულება გვქონდა გატარებული, ამ ბონების გამოცემის დროს ამდენი და ამდენი ბონების პასუხისმგებლობა გვექნება და დანარჩენ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ვიკისრებთ. - ეკონომიური აზრი ის იყო, რომ თუ ვინიცობაა დადგება მომენტი, რომ რომელიმე თანხის პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება - და ეხლა დადგა ასეთი მომენტი, - რომ ასეთი ემისიის გამოცემა ჩვენთვის საჭირო არ არის, უეჭველად ჩვენ ეხლა ამიერ-კავკასიის ბონი უნდა გავაუქმოთ, რეალური ღირებულება საქონლისა, ან ბონების უპირატესობა საქართველოში უნდა ჰქონდეს სავსებით ქართულ ბონს. ხოლო ვიდრე ნორმალური მდგომარეობა არ შეგვიქმნია, ვიდრე ჩვენ ის ცოცხალი ძალები, რომელიც მოიპოება ჩვენში, არ შეგვიმუშავებია, მანამდისინ ჩვენ ვერ მივიღებთ საკუთარ ფულს. მხოლოდ მაშინ შეიძლება საკუთარი ფულის გამოცემა ისე, რომ ამ ფულის გამოტანა შეიძლებოდეს საყოველთო ბირჟაზე, მანამდისინ გამოცემა და პასუხისმგებლობა მთელ ქვეყნის ბონებით არ შეგვიძლიან.

მაშასადამე, ჩვენ უეჭველად გვმართებს, რომელიმე დიდ ფინანსიურ ევროპიულ სახელმწიფოსთან რაიმე კონტაქტი დავიჭიროთ, რომ მივცეთ გარანტია, სწორედ ნაწილი იმ გარანტიისა, რომელსაც თქვენ აძლევთ საქართველოს ბონების გამოცემით, რომ უცხო ფინანსიური ძალის დახმარებით ჩვენ შევქმნათ რომელიმე დარგის მუშაობა და ეკონომიურ ცხოვრების განვითარება. რადგანაც ჩვენ საკითხს ასე ვაყენებთ, ჩვენ გვეტყვინ: თქვენ პოლიტიკაზე ლაპარაკობთ, დიდ პოლიტიკისთვის ჩვენ არ გვცალიან, ჩვენ წინაშე არის ანარქია, ომი, ათასგვარი უბედურება. ეს ხომ დეკრეტი არის და არა კანონ-პროექტი, რომელიც მოითხოვს სერიოზულ დამუშავებას; ჩვენ გვჭირია ფული და ამ დეკრეტის მიხედვით ჩვენ შეგვიძლიან გამოვცეთ ნიშნები, როგორც სხვა და სხვა სახელმწიფოები სცემენ. დღეს არის წარმოდგენილი დეკრეტი, როცა კანონი იქნება წარმოდგენილი, თქვენ შეგიძლიანთ ილაპარაკოთ მაგაზე; როდესაც არის ლაპარაკი პროგრამაზე, ეკონომიურ პოლიტიკაზე; მე კი მგონია, ჩვენ შეგვეძლო უფრო ადრე გვეფიქრნა ამ საკითხზე, ვიდრე ეხლა. და ჩვენ დავინახეთ დამფუძნებელ კრებაში ნიმუშები (ხმა: ნიშნები!) ეს არის ნიშნები, რასაკვირველია, ეს ესე არ არის პატივცემულო მოქალაქე არსენიძე, იმისთვის, რომ, როდესაც ეს საკითხი სწყდება, საჭირო არის უფრო ადრე ფიქრი, საჭირო არის უფრო ადრე პრაქტიკული ზომების მიღება. იქნება არსებითი დიდი განსხვავება, არავითარი არსებითი განსხვავება არ არის ბონების და ფულის შორის, მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა არსებობს. მაშინ არავითარი განსხვავება არ არის, და მაშინ ზედმეტათ მიგვაჩნია ახალი გამოცემა ბონებისა; ჩვენ უნდა გამოვცეთ ქართული ფული. ქართულ ფულის გამოცემის დროს ჩვენ უნდა მოვახდინოთ დევალვაცია, ყველა იმ ნიშნებისა, რომელიც გამოცემული იყო და არც ერთ ფულს გასავალი არ ექნება ჩვენში მანამ, სანამ არ ექნება სხვა ფულისთანა გასავალი ჩვენ ფულსაც ესე იგი არ ექნება ეკვივალენტი, პრინციპი თანასწორობისა. აქ იტყვიან, რომ ფულს სცემთ, მაგრამ მას თან ახლავს ლითონიო. მე იმ აზრისა ვარ, რომ შეგვიძლიან საქონლის ვალიუტის შექმნა და ეს იქნება ლითონზე უფრო მეტი გარანტია, ეს იქნება ბრჭყვიალა ლითონზე მეტი გარანტია, ჩვენ არავითარ კავშირს არ ვსდებთ ფულის და ლითონის შორის, ჩვენ უკავშირებთ ქაღალდის ფულს საქონლის ვალიუტას, რომლის შექმნა ჩვენ შეგვიძლიან. აი, დღეს, თუ გაითვალისწინებთ ჩვენ წინაშე მდგომ უცხო სახელმწიფოების ინეტრესებს და მათ მოთხოვნილებას, ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საქონლისა, რომელიც საინტერესოა ამ უცხო სახელმწიფოებისათვის, რომელთაც შეუძლია თავიანთი ვალიუტა გადმოგვცეს. იტალიას ძალიან სჭირია, დამშეულია ხე-ტყის მასალის უქონლობის გამო. ეს ერთად-ერთი ნაწარმოები არ არის, რომლის დათმობა ჩვენ შეგვიძლიან და, რომლითაც შეიძლება განვამტკიცოთ ჩვენი საქონლის ვალიუტა. ავიღოთ თუნდა პარკი. ჩვენ გვაქვს ხმელი პარკი, რომელსაც ბადალი არა აქვს უცხოეთში. უეჭველია, დღეს ამ ეკონომიურ დაცემის დროს არ მოგვეპოვება იმდენი, მაგრამ, მოგვეპოვება 7-8 ათასი ახალი, მაშასადამე, ძველიანათ, 20 ათასი ფუთი შეიძლება მოგვეპოვოს ეს პარკი. გარდა ამისა გავზიდავდით სხვა სახელმწიფოებისთვის ყოველ წლიურად 150, 200 ათას ფუთ მატყლს, მართალია, ამ ჟამად არ მოგვეპოვება იმდენი საქონელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მატყლი მოგვეპოვება ჩვენ რესპუბლიკაში დაახლოვებით 40-50 ათას ფუთამდის.

მაგრამ, მე მგონია 40-50 ათასი ფუთი ძველის და ახალ მატყლის მოგროვება შეუძლიან ჩვენს რესპუბლიკას. მე არ მოგახსენებთ მთელ რიგ სიმდიდრეზედ, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება, რომელსაც ხელს არ ვახლებთ ჩვეულებრივ, რომელიც გამოუყენებელი არის: ჩვენი მთები, ჩვენი მადნები, მე არ ვლაპარაკობ ჭიათურაზე, არ ვლაპარაკობ ტყიბულზე, რომელიც ჩვენთვის დიდ მნიშვნელოვანი არის, ჩვენ არ ვლაპარაკობთ წყლებზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ღვინოზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ თამბაქოზედ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ღვინის პროდუქტებზედ, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ის პროდუქტებია, რომელიც ძვირფასია ევროპისთვის, და ჩვენ ნორმალურ პირობებში შეგვიძლიან აქტიურ სავაჭრო ბალანსის წარმოება. ეს ბალანსი, ანდა სავაჭრო ვალიუტის შექმნა, წარმოადგენს იმ ბაზას, რომლის მიხედვით შეუძლიან იარსებოს ჩვენ ფულს და ბონას. ეხლა მხოლოდ ჩვენ, რომ გამოვცეთ ქართული ფული, მთავრობა დაგვიტრიალებს იმას, რაც აკლია ეკონომიურ შემოქმედებას ამ დანაკლისთან და კიდევ მეორე დანაკლისის შესწორება დაგვჭირდება. ამ ორი ხარჯისთვის ამ სესხს უნდა მივმართოთ და ეს უნდა იყოს ის საფუძველი, რომელიც შესწევს ჩვენ ბონის სიმძლავრეს. ამნაირად, რომ დავსკვნათ ჩვენი მოსაზრება ამ ფულების გამოცემის შესახებ, ჩვენ მოვითხოვთ ამ პასუხისმგებლობის დროს, უეჭველად ქართული ფულის გამოცემას და პაუხისმგებლობა აქ უეჭველად იქნეს დაცული, უეჭველად გაუქმდეს მეოთხე მუხლი, რომელიც იმავე უფლებას აძლევს, როგორც ამიერ-კავკასიის ბონას, როგორც რუსულ ფულს, იმავე უფლებას აძლევს, რომელიც აქვს ჩვენ ფულის სუროგატს, ქართულ დროებით ფულს.

მესამე მუხლის მოშლასთან ერთად უნდა ამოიშალოს მეოთხე მუხლიც. თუ კი ჩვენ გვინდა ქართული ბონის გამოცემა, თუ კი ჩვენ უფრო სერიოზულ ზომას მივიღებთ, ფინანსიურ რეფორმას გავატარებთ, ის უნდა დაუკავშიროთ ჩვენ ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, ან საშინაო პოლიტიკის შეცვლას დემოკრატიზმის და სოციალიზმის სასარგებლოდ. იმავე დროს უნდა გაიმართოს მოლაპარაკება უცხო სახელმწიფოებთან სესხების და საზოგადოდ საექსპლოატაციო მუშაობის გასაძლიერებლად. რაც შეეხება რაიმე ლაპარაკს, გინდ ბონებზედ, გინდ ფულზედ, მაშინ თუ კი ჩვენ ერთგვარ კატეგორიულ ზომას არ მივიღებთ მუშაობის გასაძლიერებლად, არც ერთ დარგში, ჩვენ შეგვიძლიან თამამად ვსთქვათ, რომ არც ერთ დარგში მუშაობა იმ ტემპით არ იწარმოებს, როგორც უნდა სწარმოებდეს ჩვეულებრივ დროს. ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, ყველანი პოლიტიკოსობენ და ყოვლად შეუძლებელია, რომ 4-5 წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა იყოს მარტო ქვეყანა პოლიტიკოსებისა. და ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი უეჭველად გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას. ძალიან სასტიკი ზომები, რომ მივიღოთ ჩვენ ყოველგვარ დარგში, - მე სასიხარულოდ დამრჩებოდა, რომ ჩვენ მინისტრებს უსასტიკესი ზომები მიეღოთ, რომ დაზგასთან მუშაობის დროს აუკრძალონ ეს ზედმეტი ლაპარაკი პოლიტიკაზედ და სოციალიზმზედ, იმიტომ, რომ ჩვენში ამ ჟამად საჭირო არის უეჭველად დაზგასთან ან თოხთან ყოფნის დროს საქმის კეთება და რაც შეიძლება ნაკლები ლაპარაკი პოლიტიკაზე და... (თევზაძე: რა შუაშია!) ის შუაშია, რომ ეს ეროვნული სიმდიდრეა, რომელსაც ასე ადვილად არიგებს პატივცემული დამფუძნებელი კრების წევრი ბ. თევზაძე, რომ ეს სიმდიდრე უნდა გავამრავლოთ და არა გავანიავოთ, რაც ჩვენ ხელში მოიპოვება. თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ, თუ განსაკუთრებული ღონისძიება არ მივიღეთ, მაშინ ჩვენ ეროვნულ სიმდიდრეს ვერ შევქმნით.

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი შრომის ნაყოფიერება და საქართველოს სიძლიერე პროპორციონალურ დამოკიდებულებაში არიან ერთი მეორესაგან. ჩვენ გავაძლიერებთ შრომის ნაყოფიერებას, გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკას და გავაძლიერებთ ჩვენს ფინანსებსაც. ეს არის ანბანი, როგორც ეკონომიურ მეცნიერებაში, ისე პოლიტიკურ მეცნიერებაში. ამ ანბანს სავსებით ვეყრდნობით, იმიტომ, რომ მისი დავიწყება არავისთვის მოსაწონი არ უნდა იყოს. ამნაირად ჩვენ გადავდივართ ქართულ ბონების მოსაზრებიდან, ქართულ ფულის მოსაზრებაზედ, ქართული ფულის გამოცემის აზრზე იმ ობიექტიურ ცვლილების დროს, რომელსაც ჩვენ აქ მოვითხოვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს დებულება, ჩვენ მიერ წარმოდეგნილი, რამდენადმე მოახერხებს დაცვას ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟისას, ჩვენი ფულების პრესტიჟისას. ის კანონპროექტი კი ქართული ფულის საკითხს შორეულ ყუთში გადასდებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრს.

ფინანსთა მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის სიტყვა.

ბატონებო, მე არ ვიცი რამდენად ხელს შეუწყობს ზოგიერთი აქ წარმოთქმული უსამართლო შეხედულებანი იმ ბონების ღირებულებაზე, რომლის შესახებ აქ გამოსული ორატორნი თითქოს ძლიერ ზრუნავენ, - ამიტომ მე იძულებული ვარ მათ ნათქვამს პასუხი გავცე. უპირველეს ყოვლისა, ორივე ორატორმა, განსაკუთრებით კი პირველმა, ხაზ გასმით აღნიშნეს, ჩვენ ასეთ დიდ საკითხის გამო ფაქტის წინაშე დაგვაყენესო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საკითხი ფულის ნიშნის შესახებ დაიწყო ჯერ კიდევ შარშან, თითქმის 27 მაისიდანვე; მაშინ იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ შეგვიძლიან გამოვცეთ საკუთარი ფულიო, საკუთარი ბონი საქართველოსი, მაგრამ მაშინ დიდი კამათის შემდეგ გავჩერდით ამიერ-კავკასიის ბონებზედ. შემდეგ, თითქოს ყოველთვის, როდესაც ჩვენ ახალ ემისიის საკითხი გვიდგებოდა, ეს საკითხი დასმოდა ხოლმე, მაგრამ ყოველთვის იმ დასკვნამდის მივსულვართ, რომ სხვა უკეთესი გამოსავალი არ იყო.

ხოლო როდესაც ერთი მონაწილე ამ საერთო ამიერ-კავკასიის ბონისა არ გახდა თანახმა იმის, რომ გაგრძელებულიყო საერთო ემისია, ეს საკითხი გავარჩიეთ, როგორც აქ, - მაშინ არსებობდა პარლამენტი, - ისე საფინანსო კომისიაში და დიდი მოფიქრების შემდეგ კანონიც იყო ამის შესახებ მიღებული; მაგრამ მთავრობა მაინც ხელმძღვანელობდა იმ ძირითად მოსაზრებით, რომლითაც ხელმძღვანელობდა იგი დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ამ საგნის შესახებ, ესე იგი, თუ მოსახერხებელი იქნებოდა, სანამ ჩვენი საკუთარი ფული არ გვაქვს, დარჩენილიყო ამიერ-კავკასიის ბონი. საქონლის ტრიალისთვის, აღებ-მიცემობის გაადვილებისთვის, ეკონომიურ და ფინანსიურ დაახლოებისათვის აუცილებლად საჭიროდ მიაჩნდა მთავრობას, რომ ჩვენ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს, რომელნიც საზოგადოებრივობით, პოლიტიკურათ და ეკონომიურათ დაახლოვებით ერთნაირ პირობებში ვიმყოფებით, - გვქონოდა შეძლება, რომ ის ერთობა, რომელიც ფულის ტრიალის სფეროში იყო, ყოველ შემთხვევაში დარჩენილიყო მანამდის, სანამ ჩვენი მდგომარეობა უფრო არ გამოირკვეოდა, სანამ არ შეიქნებოდა ისეთი პირობები, როდესაც ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა ნამდვილი ვალიუტა და საკუთარი ფული. ამიტომ მთავრობას პარლამენტის დადგენილებით დღემდის არ უსარგებლნია; ახლა კი აღარა გვაქვს იმედი შეთანხმებისა ახლო მომავალში, უფულოთ დარჩენა კი არ შეიძლება და ერთხელ უკვე მიღებული კანონი კვლავ თქვენ წარმოგიდგინეთ.

ბატონმა შენგელაიამ ისარგებლა სიტყვით, რომ საზოგადოდ შეხებოდა ჩვენ ეკონომიურ და ფინანსიურ პოლიტიკას, ჩვენ ბიუჯეტს, და ისე დააყენა საკითხი, რომ დამფუძნებელ კრებამ არ უნდა მოგვცეს ემისიის უფლება, რადგან საზოგადოდ, ფულის ნიშნები ბლომად არის გამოცემული. მართალია, რომ ჩვენი ბიუჯეტი ძალიან დიდი არის, მართალია ისიც, რომ ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ბიუჯეტს განვიხილავთ, რასაკვირველია, ამის შესახებ მაშინაც გვექნება ლაპარაკი. თუ საზოგადოდ იმ პირობებს, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, რომელშიაც ჩვენ სახელმწიფოს უხდება მოქმედება, უნდა გაეწიოს ანგარიში და ამასთანავე გადავხედავთ ჩვენზედ უფრო მომწიფებულ და ღონიერ სახელმწიფოებსაც, დავინახავთ, რომ მათ ასეთსავე პირობებში უხდებოდათ გაცილებით ზედმეტ ემისიით სარგებლობა; ყოველ სახელმწიფოს ისტორიულ მსვლელობაში შეხვედრიათ ისეთ პირობებში ცხოვრება, როდესაც გარემოების, ობიექტურ პირობების მიხედვით, არ შესძლებია შექმნა საკმარის ღირებულებისა, და მიუმართვს იმ საბეჭდავ მანქანისათვის, რომელსაც ჩვენც იძულებული ვართ მივმართოთ.

ბევრჯელ თქმულა და ახლაც გვეუბნებიან, რომ გადასახადები უფრო უნდა გავადიდოთ და ისე გავაძლიეროთ აპარატი, რომ გადასახადები ბლომად შემოიტანოსო. მართალია, ჭეშმარიტებაა; თუ სახელმწიფო თავის შემოსავლით ვერ ფარავს თავის გასავალს, მაშინ იგი უმწეო მდგომარეობაშია; მაგრამ ლაპარაკი მარტო იმაზედ, რომ თითოს ჩვენ შეგვეძლოს დავადოთ ახალი გადასახადი ბურჟუაზიას და მხოლოდ ამით დავფაროთ ჩვენი ხარჯი, შეუწყნარებელია, იმიტომ, რომ ეს წრე, ეგრედწოდებული ბურჟუაზია, წრე შეძლებულთა კლასისა, ჩვენში არ არის ამდენად დიდი; ჩვენი ქვეყანა მიწად-მფლობელობის ქვეყანაა და, სამწუხაროდ, ჩვენი გადასახადების სისტემა არ შეიძლება ბურჟუაზიაზედ დავამყაროთ. რადგან ხშირად იმეორებენ ბურჟუაზიის დაბეგვრას, რასაც თითქოს ჩვენ ვერიდებოდეთ. მე მინდა ვისარგებლო ერთი ცნობით, რომელიც ხელთ მაქვს და იმის მიხედვით გავარკვიო, შეგვიძლიან თუ არა მართლა გავადიდოთ ის გადასახადი, რომელიც დღეს არსებობს. მე მოგაგონებთ, რომ არსებული გადასახადი ჩვენ უკვე გავადიდეთ და პირდაპირი გადასახადი ჩვენ ავწიეთ, რამდენადაც შეიძლებოდა; მაგრამ მაშინ მე აქ არ გამიგონია ლაპარაკი, რომ ეს ცოტა არის, კიდევ ავწიოთო; პირიქით მაშინ წინააღმდეგი ლაპარაკიც ისმოდა: დიდი გადასახადებით ჩვენ შეგვიძლიან ჩავკლათ მრეწველობაო. მართლაც, რამდენს ვახდევინებთ ეხლა ვაჭრობა-მრეწველობაზე? თუ ავიღებთ ისეთ დარგს, როგორიც არის, მაგალითად, სასტუმროები, ჩვენ დავინახავთ შემდეგს: (კითხულობს) აი ერთი ტფილისის სასტუმრო, რომელსაც მილიონ ორას ათას მან. წარმოება ჰქონია შარშან და მოგება 420.000 მან., იხდის ცხრა სხვა და სხვა გვარ გადასახადს (ძირითადი სარეწავო, დამატებითი, შემოსავლის კვალობაზე, ქალაქის, ზედმეტ მოგების და სხვ.) სულ 254,554 მან., ესე იგი მოგების 60,6%25. ავიღოთ ერთი კინემატოგრაფი: წარმოება ჰქონია შარშან 357.300 მან., წმინდა მოგება 167.280 მან., გადასახადი უწევს 81,248 მან., ე.ი. 49 პროც. ერთი პურის სავაჭროც ავიღოთ: წარმოება ჰქონია შარშან 650 ათასი მან., მოგება 97.500 მან., უნდა გადაიხადოს 38467 მან., ე.ი. 39,36 პროც. გეკითხებით, ეს არის მცირე გადასახადი?

რასაკვირველია, ჩვენ გადასახადების სისტემას გაურბის მრავალი, რომელიც ვერ იქნება დაჭერილი, როგორც ობიექტი გადასახადებისა. ეს არის აუარებელი სპეკულიანტები, რომელთაც შეუძლიანთ აჩვენონ შემოსავლის მინიმუმი, ხოლო არა ლეგალურად გაცილებით მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე აღრიცხული არის კანონის მიხედვით. დღევანდელ პიროებებში, როდესაც იგი არ არის ერთ ადგილზე დაბინადრებული, როდესაც არ ეწევა ერთი სახის ვაჭრობას, ყოვლად შეუძლებელია სპეკულიანტის შემოსავლის აღრიცხვა და ამ გარემოების მოსპობა. რასაკვირველია, ამით ჩვენ არ გვინდა თქმა იმისა, რომ ის თითქოს არ უნდა დავბეგროთ. პირიქით ჩვენ ყოველ ღონისძიებას ვღებულობთ, რომ რაც შიძლება უფრო გამოვძებნოთ მათი შემოსავალიც, მაგრამ თვით მოქმედება სპეკულიანტების ისეთი არის, რომ ისინი ადვილათ გაურბიან გადასახადს, მათ შეძლება აქვთ აიცილონ თავიდან გადასახადი, რომელიც გულიხმობს კანონიერ და ჩვეულებრივ წესით ვაჭრობას. რასაკვირველია, საჭიროა მივიღოთ ყოველი ზომა გადასახადების გასადიდებლად, მაგრამ ვაჭრობა-მრეწველობაზე გადასახადების გასადიდებლად საჭიროა, რომ ჩვენს ვაჭრობა-მრეწველობას ჰქონდეს სახე ლეგალურ ვაჭრობა-მრეწველობისა და არა სპეკულიაციის, ქურდულად ვაჭრობის. დღეს კიდევ არსებობს ჩვენში ნასახი ლეგალურ ვაჭრობისა და იმასაც თუ გადასახადების კიდევ მომატებით სულ წავართვით მოგების საშუალება, ისინიც არა ლეგალურ ვაჭრობის საშუალებას მიმართავენ და მაშინ იმ გადასახადებსაც ავცილდებით, რასაც ახლა ვიღებთ. ხარჯები იზრდება, ასეთია ობიექტური პირობები; ამ პირობებს არამც თუ მთავრობა იძულებულია გაუწიოს ანგარიში, მე შემიძლიან მოვიყვანო მთელი რიგი კანონ-დებულებით გაყვანილ პროექტებისა, როდესაც მთავრობას შეხედულობა და გადაწყვეტილება ხარჯის შესახებ დამფუძნებელ კრებას უფრო გაუდიდებია, ალბად იმიტომ, რომ თითონ ხედავდა ამ საჭიროების აუცილებლობას.

ეხლა მე მსურს არსებითად შევეხო იმ კითხვას, რომელიც შეეხება ქართულ ბონების გამოცემის საქმეს.

უპირველეს ყოვლისა, აქ იყო ნათქვამი, რომ თუ ჩვენ დასახელებულ პირობებს შევიტანთ ბონების გამოცემის საქმეში, ის იქნება იგივე ქართული ფული, და თუ ასეა, რისთვის არ შეუდგებით ეხლავე ქართული ფულის გამოცემასო. „მე მეტყვიან“, - ამბობს ბ. ღლონტი, - „იმისთვის არ ვფიქრობთ ეხლა ფულის გამოცემაზედ, რომ ფული აუცილებლად ბრჭყვიალა ოქროზედ უნდა ეყრდნობოდეს“-ო. არა, მე ამას არ მოგახსენებთ, არ მოგახსენებთ იმიტომ, რომ დღეს-დღეობით, სამწუხაროდ, ფულის ნიშნები ოქროზედ საზოგადოდ არ ხურდავდება; არ არის სახელმწიფო, რომლის ფული ეხლა ეყრდნობოდეს ოქროს, გარდა ერთი-ორი გამონაკლისისა. მაგრამ, როდესაც ბ. ღლონტი მიყენებს ამასთანავე ახალ თეორიას და შესაძლებლად სცნობს ამ თეორიის მიხედვით ჩვენი საკუთარი ფულის გამოშვებას, თუ მარქსისტულ შეხედულებით არ ვიხელმძღვანელებთ ამ საკითხში, უნდა მოვახსენო შემდეგი: დღეს, როდესაც მთელი დედამიწის ფინანსისტები ფიქრობენ ვალიუტის საკითხზე, როცა არ არის დიდ ფინანსისტებშიაც გარკვეული აზრი, ნუ თუ შესაძლებლად მიაჩნია, მართლა, პირველი ექსპერიმენტების დაშვება ჩვენში და ისეთ თეორიებით ხელმძღვანელობა, რომელიც სხვებს არ გამოუცდია და ეს მაშინ, როცა იგივე ბ. ღლონტი სხვა, შედარებით უფრო პატარა, კითხვის გამო მაგალითებსა და საბუთებს მთხოვს. იგი მეუბნება უჩვენო, მაგალითად, მას ისეთი ფული, სადაც ისეთი წარწერა იქნება პასუხისმგებლობის შესახებ აღნიშნული, როგორც ჩვენს ფულზე.

ვალიუტის საკითხი თქვენ კარგად მოგეხსენებათ. დღეს მეტად რთული საკითხია. მე მჯერა, შეიძლება ოქროდან და საქონლიდან გადავიდეთ სხვა პრინციპზედ ფულის საფუძვლად, მაგრამ ის სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო ცნობაც არა აქვს, ამ საკითხს ვერ გადასწყვეტს.

ფულის საკითხი, ვალიუტის საკითხი, მეტად მწვავე საკითხია ჩვენზე გაცილებით უფრო დიდ სახელმწიფოებისთვის და ასეთი საკითხი ექსპრომტით ვერ გადასწყდება.

არის საქონელი, - მთელი რიგი საქონლისა დაგვისახელა ბ.-მა ღლონტმა, - რომელიც შეიძლება დაუდვათ საფუძვლად ფულის ნიშნებს. ჩვენ ამ საქონლის გარანტიით ბანკნოტს გამოვცემთ. მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც ასე დიდდება ბიუჯეტი, ობიექტურ პირობების მიხედვით, (შეიძლება არა ფინანსთა მინისტრის სურვილით). ბანკნოტს რა მნიშვნელობა აქვს? როდესაც ხარჯები შეუფერებლად იზრდება ამ ბანკნოტსაც ხომ ფასი დაეკარგება. შესაძლებელია მას დღეს ნამდვილი ღირებულება ექნეს, ხვალ კი იგი ასეთ ღირებულებას სრულიად დაკარგავს. და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, ამ გარდამავალ ხანაში, როცა სახელმწიფო ხარჯების გამო ფულს თავისი დანიშნულება და ფასი ეკარგება, სჯობს ბონი გამოვსცეთ, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს და რომელიც კანონით მოისპობა საქართველოს ნამდვილი ფულის გამოცემის შემდეგ. ის ფული, რომელსაც ბ. ღლონტი უკავშირებს დევალვაციას, სწორედ იმ დროს უნდა გამოვიდეს, როდესაც მოსახერხებელია ასეთი ზომის გაყვანა. ბ. ღლონტი კი გვასწავლის, რომ დევალვაცია უნდა მოხდეს ისეთ ფინანსიურ და პოლიტიკურ მდგომარეობის დროს, ისეთ ბიუჯეტის დროს, რომელშიაც დღეს იმყოფება ჩვენი სახელმწიფო! ჩვენ კი ვფიქრობთ წინააღმდეგს: ნამდვილი ქართული ფულის გამოცემა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა ცოტად თუ ბევრად გამაგრებული იქნება, როდესაც ჩვენ შეგვეძლება აუარებელ ბონების, რომელიც გამოცემული არის, ერთნაირი ანგარიშით ნამდვილი ჩვენი ფულის ღირებულებასთან შედარება და იმით დაფასება და იმის საშუალებით ბონის ხელსაყრელად გამოსყიდვაც. დღევანდელ პირობებში კი ეს შეუძლებელია.

ბ. ღლონტმა დაასახელა აქ ზომა და იკითხა, რატომ არ გატარეთ ასეთი ზომებიო, რატომ არ იზრუნეთ სესხის შესახებო. სხვათა-შორის მან ილაპარაკა ერთ ხელშეკრულობის შესახებაც, რომლითაც სესხი უნდა მიგვეღო ერთი უცხო სახელმწიფოსგან და ამბობს: ასეთი ნაბიჯი შეგეძლოთ ახლაც გადაგედგათო.

ბ. ღლონტმა იცის თუ რამდენად ხელსაყრელი იყო ის სესხი ჩვენთვის. იცის ისიც, შესაძლებელია თუ არა დღევანდელ პირობებში ასეთი სესხის აღება ისე, რომ იგი ხელსაყრელი იქნეს ჩვენთვის, მაგრამ მაინც ლაპარაკობს ამის შესახებ. შემდეგი უნდა მოვახსენო ბ. ღლონტს: ყოველი სესხი, ყოველი ხელშეკრულობა გულისხმობს არა მარტო ჩვენ სურვილს, არა მარტო ჩვენ მისწრაფებას, არამედ მისწრაფებას და სურვილს მეორე მხარისას, რომელსაც უნდა სურდეს ჩვენ ამ საქმეში დახმარება გაგვიწიოს. და მაშინ, როდესაც ფინანსთა უწყებას არ ჰქონდა საშუალება დაეარსებინა რაიმე კურსი - ლეგალური, ოფიციალური იმ უცხო ფულის, რომელმაც ერთნაირი დეზორგანიზაცია შეჰქმნა ჩვენი ფულის ბაზარზე, როდესაც ამ უბრალო საქმის შესახებაც კი ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, როგორ შეგვეძლო, უფრო დიდი საკითხი, უფრო მძლავრი საკითხი ჩვენ სასარგებლოთ გადაგვეწყვიტა? ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი ილაპარაკოს, მაგრამ თუ გაითვალისწინებენ იმ პირობებს, რომელშიც ვმოქმედებთ, თავის ნალაპარაკევის გასამართლებელ ფაქტებს ვერ მოიყვანენ. ბ. ღლონტმა დიდი ყურადღება მიაქცია და ბევრი ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ჩვენ კანონში შეტანილი არის მუხლი, რომლის ძალით ბონები უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მთელი ქონებით. იგი წინააღმდეგია ამის. ჩვენ ვცემთ ფულის ნიშნებს, რომელიც გამომხატველია ერთნაირ ღირებულებისა: შრომის ან საქონლის. თუ პასუხი არ ვაგეთ ამ ფულის წინაშე, ამ ბონებში, იგი უბრალო ქაღალდი ყოფილა, მეტი არაფერი. და სწორედ კანონით ხაზს უსვამთ იმ გარემოებას, რომ რაღაც ნიშანს იმიტომ კი არ ვსცემთ, რომ ჩვენ არ გვინდოდეს პაუხისმგებლობა იმისა მივიღოთ, პირიქით სწორედ ჩვენი ბონების ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ იმის პასუხისმგებელნი ვართ. ბ. ღლონტმა მოგვთხოვა დასახელება, სად იყო ისეთი მაგალითიო. სამწუხაროდ მე აქ სურათი არა მაქვს ფულის ნიშნების, მაგრამ ალბად ბ. ღლონტს მოეხსენება ის მდგომარეობა, როდესაც საფრანგეთში იყო გამოცემული ეგრედწოდებული ასიგნატები; განა ამ ასიგნატებს მთელი საფრანგეთის ქონება არ ედო საფუძვლად? ბ. ღლონტს უფრო მახლობელ მაგალითს მოვახსენებთ, სახელდობრ: როდესაც ამიერ-კავკასიის ბონები გამოვეცით, პირველად ჩვენის ემისიით, მაშინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ პასუხისმგებლობას ამ ბონებისას ვიღებთ. რას ნიშნავს პასუხისმგებლობის მიღება სახელმწიფოს მიერ? რითი აგებს იგი პასუხს თუ არა თავისი ქონებით? გარდა ამისა პასუხისმგებლობის მიღება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბონს მართლა უყურებთ, როგორც ფულს, იმაზე პასუხისმგებლობას ვღებულობთ და ბონის სახით ვაძლევთ არა ცარიელ ნიშანს, რომ რაიმე იდუმალი სურვილი გვქონდეს არამედ ნამდვილად ვალდებულების ნიშანს. არა, ბატონებო, მე ვერ დავეთანხმები ბ. ღლონტს, თითქოს სჯობდეს და შეიძლებოდეს ბონისთვის ფულის ნიშნის მინიჭება უპასუხისმგებლოდ. (ხმა ადგილიდან: არ უნდა დააწეროთ) ახლა იგი ამბობს, ამას ბონზე ნუ დააწერთო. ნუ თუ ის ხელშეკრულება, პირობა, ვალდებულია, რომელიც კანონმდებლობის წესით იქნება მიღებული, თუ არ წავაწერთ ბონზე, მაშინ კარგავს ვალდებულების ძალას? ბონზე არის ამონაწერი კანონისა, თუ ამიერ-კავკასიის ბონებზე ეს არ აწერია, - ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენს ბონაზე ეს ეწერება და ჩვენ ვფიქრობთ, ვისაც არ შეუძლიან მთელი ღირებულება ჩვენი ფულისა გაითვალისწინოს, იმისთვის სწორედ უკეთესია ეს მუხლი, ეს ამონაწერი კანონისა ბონზე იყოს, ამით მის თვალში ბონის ღირებულება მატულობს. მე ვფიქრობ, და მე მგონია ფიქრობს ყოველივე თქვენგანი და ფიქრობს თვით ბ. ღლონტიც, რომ ბონი წარმოადგენს ერთნაირ ვალდებულებას სახელმწიფოსთვის და არა ისეთი ნიშანი, რომლის პასუხისმგებლობას სახელმწიფო არ იღებს; - მაგრამ რადგან სახელმწიფოს არ შეუძლიან რამდენიმე ფუთი ვერცხლით, ოქროთი ან სხვა რაიმე საქონლით უზრუნველყოს ეგ ვალდებულება, უზრუნველყოფს იმას მთელი თავისი ქონებით. რასაკვირველია ფინანსისტი იტყვის: უზრუნველყოფილია შავი ქვით თუ უზრუნველყოფილია მთელის ქონებით, სულ ერთია, რადგან თუ თვითეულ ნაწილს შავი ქვისას, ან პარკისას, ან თუ გინდ ოქროსას, ვერ მიიღებს ყოველ მოთხოვნილებისთანავე ფულის ერთეულში, სულ ერთია ასეთი უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დიდ გარანტიას ქაღალდის ფულისთვისო; მაგრამ მე არ ვიცი ისეთი ფინანსისტი, ვინც შესაძლებლას სცნობდეს ფულის ნიშნის უგარანტიოთ გამოშვებას.

ბ. ღლონტმა მოიყვანა მაგალითები, რომ 250 კერენსკის მანეთიანს არ ეწერა, რომ ოქროდ უზრუნველყოფილია, ხოლო 20 და 40 მანეთზე არც ის აწერია, რაც 250 მანეთზე ეწერაო. ამით ბ. ღლონტს იმის თქმა სურს, თითქოს კერენსკის მთავრობა ამ ფულის ნიშნების უზრუნველყოფას ერიდებოდა. რამდენად მე მახსოვს ახალი კანონი ვალიუტის შესახებ, დროებით მთავრობას არ გამოუცია; მან შესცვალა მხოლოდ გარეგნობა საკრედიტო ბილეთის, და გამოსცა ახალი ნიშანი, ხოლო პასუხისმგებლობა საკრედიტო ბილეთისთვის და ვალიუტის შესახებ იგივე დარჩა, რაც წინათ იყო რუსეთის კანონებით. ბ. ღლონტის აზრი, რომ მართალი იყოს, უნდა ყოფილიყო მერე დადგენილება დროებითი მთავრობის, რომ ახალი ფულის ნიშნების დახურდავებაში ან უზრუნველყოფაში იგი პასუხს არ აგებდა. ასეთი დადგენილება დროებითი მთავრობისა მე არ ვიცი და თუ ბ. ღლონტმა იცოდა უნდა ეთქვა. რუსეთში დარჩა კერენსკის დროსაც ძველი კანონი, რომ მანეთი უდრის ამა თუ იმ ნაწილს, ამდენ თუ იმდენ მისხალს ოქროსას და სახელმწიფო - დახურდავებისთვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო, ახალი მანეთი ძველის თანაბარი აღარ იქნებოდა. ის რაც მოიყვანა ბ. ღლონტმა არის უბრალო გარეგანი გამოხატულება კერენსკის ფულის ნიშანის და ამ გარეგნობით საგნის არსებითად გარჩევა, შეუწყნარებელია. თქვენ იცით, რომ ვერცხლის მანეთიანს რუსეთში სრულებით არაფერი ეწერა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებული იყო, როცა 25 მანეთზე მეტს მიიტანდით ვერცხლს, ოქროზე დაეხურდავებიათ, რადგან რუსეთში კანონით არსებობდა ოქროს ვალიუტა, თუმცა ამის შესახებ არც მანეთიანზე, არც ათშაურიანზე, არც აბაზიანზე არაფერი ეწერა.

ბ. ღლონტმა ვერ დაასახელა კანონი, და მე ვამტკიცებ აქ, რომ ყოფილი დებულება კერენსკის მთავრობას არ შეუცვლია და, მაშასადამე, მოყვანა მარტო ფულის ნიშნის ფორმის, და მის მიხედვით ფულის საკითხის, გადაჭრა, როგორც აქ ბ. ღლონტმა მოისურვა, შეუწყნარებელია.

ჩვენ ბონას დავაწერთ, რომ იმას აქვს თანაბარი მსვლელობა რუსეთის ფულის ნიშნებთან და, როგორც კანონში სწერია, ამიერ-კავკასიის ბონებთანაც; თუ ჩვენ დავადექით ამ გზას, ეს იმიტომ, რომ ეს არის ბონი და არა ქაღალდის ფული. ხოლო ქაღალდის ფულისა და ბონის შორის რომ განსხვავება არსებობს, ეს ალბად ბ. ღლონტსაც მოეხსენება. ქაღალდის ფული არ გახლავთ საკრედიტო ბილეთი ანუ ბანკნოტი, მაგრამ საკრედიტო ბილეთი გადაიქცევა ქაღალდის ფულად თუ იგი ოქროზე აღარ ხურდავდება, თუნდაც მას საკრედიტო ბილეთის სახეც დარჩეს. - ამნაირად ფულის ნიშანი შეიძლება იყოს თავიდან საკრედიტო ბილეთი, რომელიც ოქროზედ ხურდავდება, შემდეგ კი გახდეს ქაღალდის ფულათ. მაგალითად, რუსეთის 100 მანეთიანი და 50 მანეთიანი გახლავთ საკრედიტო ბილეთი; მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ გამოსცა - ამ ბილეთების შესახებ საგანგებო დადგენილება, რომლის შემდეგ იგი ოქროზედ აღარ ხურდავდებოდ, ის გადაიქცა ქაღალდის ფულად. ბონა არ გახლავთ ფული, ეს არის ვალდებულება, ეს არის პირობა, ეს არის ერთნაირი თამასუქი, რომლის დახურდავება შეიძლება ოქროზედ, შეიძლება საკრედიტო ბილეთზედ, შეიძლება ფულზედ, შეიძლება ბანკნოტზედაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგი უნდა გულისხმობდეს, რომელიმე ფულის ერთეულს. საკრედიტო ბილეთი კი, როგორც ფული, როგორც ფულის ქაღალდის ნიშანი გულისხმობს თავის ერთეულს (მაგალითად მანეთს), საკუთარ ფულის სისტემას. მე ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთ საგანზედ მიხდება აქ ლაპარაკი, მაგრამ ბ. ღლონტმა საკითხი ასე დააყენა.

რასაკვირველია, ჩვენ საკუთარ ფულს ბონის სახით ვერ გამოვცემთ. ფული გულისხმობს ერთეულს და გულისხმობს საკუთარ ვალიუტას. თუ დავადექით იმ აზრს, რომ უნდა შევქმნათ ნამდვილი ფული, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი ერთეულიც და ვალიუტაც უნდა გავიჩინოთ. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩვენთვის. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, როდესაც ანგარიშს გაუწევთ არა მარტო ჩვენს სურვილს, არამედ ჩვენს მდგომარეობას და საერთაშორისო მდგომარეობასაც, თქვენ დარწმუნდებით, შეიძლება თუა არა ასეთი ექსპერიმენტები, რომელსაც გვირჩევს ბ. ღლონტი, სახელდობრ, რომ დავტოვოთ, ეგრეთწოდებული, საქონლის თეორია ფულის საკითხში და უცებ დავადგეთ მის მიერ ნაჩვენებ თეორიას. განა ეს ასე ადვილი საქმეა? ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ ჩვენი მომავალი ფულისთვის სჯობს დღეს-დღეობით გამოვსცეთ ერთნაირი ვალდებულება ბონების სახით და მხოლოდ მაშინ გადავიდეთ საკუთარ ფულზედ, როდესაც ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა და საერთაშორისო მდგომარეობაც ხელს შეგვიწყობს საკუთარ ფულის გამოცემისთვის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი ფულის შესახებ არ მოგვიხდეს ისეთი ლაპარაკი, როგორიც ისმის ბონების შესახებ (დევალვაციაო და სხვა).

არც ბ. ღლონტი უარყოფს, რომ ერთეული უნდა დარჩეს ძველი. ჩვენ ვართ ჩამოცილებული რუსეთიდან, აღარა გვაქვს მასთან დამოკიდებულება, მაგრამ არ შეგვეძლო ერთხანს ამ სფეროში, ფულის საქმეში, ძველი სისტემა არ დაგვეტოვებია. ბატონებო! ისტორიული მსვლელობა, ისტორიული დამოკიდებულება და ნაშთი ისტორიული ერთის დაკვრით არ მოსპობილა, მთელი ხელშეკრულებები, რომელიც დღემდის ხდებოდა აქ რუსეთის მანეთის საფუძველზე, მთელი აღებ-მიცემობა, რომელიც წარმოებდა დღემდის და დღესაც სწარმოებს, მთელი ფული შემოსული საქართველოში სახელმწიფო და კერძო ბანკებსა და ხაზინებში სწარმოებდა მანეთზე. ჩვენ შეგვიძლიან ეს მანეთი გავაბათილოთ მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვცემთ საკუთარ ნამდვილ ფულს (ვსთქვათ, მარჩილს), ნამდვილ ღირებულების გამომხატველს. ნამდვილი ღირებულება ჩვენი მარჩილისა შეიძლება უდრიდეს რუსის ფულის 5-10 მანეთს, და სახელმწიფოც ამის მისედვით გაუსწორდება რუსის ფულის პატრონებს. მაგრამ ჩვენი ფულის ღირებულებას დეკრეტით კი ვერ შევქმნით, იმას ჰქმნის თავისუფალი ბაზარი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზედ იმ ორ ფულის ნიშანს, რომელსაც „კერენკას“ და „ნიკოლოვკას“ ეძახიან, გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვინემ ამიერ-კავკასიის ბონებს, თუმცა ის ფულის ნიშნები გაცილებით მეტი დაიბეჭდა, ვიდრე ჩვენი პატარა ტერიტორიის ფულის ნიშნები. ეს განსხვავება ხდება არა შინაგან ღირებულების მიხედვით, არამედ სხვა და სხვა გარეშე მიზეზებით, კერძოთ სპეკულიაციის გამო. ბაზარმა შეჰქმნა ლაჟი, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე შეეფერება ნამდვილ ღირებულებას.

მიუხედავათ იმისა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ როგორც ბანკებთან დადებული ხელშეკრულებანი, ისე ყოველივე კერძო ხელშეკრულებანი ხდება ოფიციალურად იმ თანაბრობით, რომელიც თავიდანვე არსებობდა. თუ ჩვენ არ დავუკავშირებთ ფულის ნიშანს, რომელსაც ისეთივე ერთეული დაურჩება საფუძვლად, იმ ფულს, რომელზედაც დადებული არის მრავალი ხელშეკრულებანი და რომელზედაც სწარმოებდა დღემდის ოპერაციები, - მაშინ იმ ლაჟს, იმ ურთიერთობას, რომელიც ეხლა არსებობს ქუჩაში, ჩვენ დავაკანონებთ. პირიქით, როდესაც კანონის სახით ჩვენ ისინი გავათანაბრეთ, ჩვენ შევეძლება მივცეთ პასუხისმგებლობაში ისინი, რომელნიც ამ კანონს გვერდს უვლიან და ბონებს რუსეთის ბონებზე თავათ აფასებენ. იყო კიდეც შემთხვევები, როდესაც ჩვენ ამ ზომებს მივმართეთ.

ამ მოსაზრებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად საჭირო არის სანამ ჩვენ გვექნება საკუთარი ფულის ნიშნები, ნამდვილი ფულის სისტემა, - მივიღოთ კანონი, რომ საქართველოს ბონები რუსეთის საკრედიტო ბილეთების თანაბრად უნდა მიიღებოდეს. შესაძლებელია, ჩვენი მანეთი გაცილებით უფრო იაფი დარჩეს ვიდრე რუსეთისა; ჩვენ გვინდა, რომ კანონიერი უფლება წავართვათ იმათ, ვინც ამ ორ ფულის ნიშნის ნამდვილ ღირებულებას ანგარიშს არ უწევს, და კანონად არ გადავაქციოთ ის, რაც სპეკულიაციის სახით ტარდება დღეს ცხოვრებაში.

აი, ასეთი მოსაზრებანი უძღოდა საქართველოს ბონების გამოცემას. და რომ მარტო ჩვენ არ შეგვიხედნია ამ მოსაზრებით ამ საკითხისთვის, - ამას ამოწმებს ის გარემოებაც, რომ ჩვენმა ახლო მეზობელმა სახელმწიფომ, ადერბეიჯანმა, რომელმაც გამოსცა ახალი ფულის ნიშნები, სწორედ ასეთივე საფუძველი დაუდვა იმას.

რასაკვირველია, თავის თავად იგულისხმება, ბონები არის დროებითი ფულის ნიშნები, როდესაც შემოვიღებთ საკუთარ ფულს, და საკუთარ ფულის სისტემას შევქმნით, თავის თავად იგულისხმება, მაშინ ამიერ-კავკასიის ბონებთან ერთად ჩვენი ბონებიც შეუსწორდება იმ ნამდვილ ღირებულებას, რომლის გამომხატველი იქნება ჩვენი ფული და რომელსაც ახალი ფულის ერთეული უნდა დაედვას საფუძვლად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს დ. თოფირიძეს.

. თოფურიძე. ბატონებო, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს გზას. სახელმწიფოს ცხოვრების შეჩერება შეუძლებელია, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მუდმივი სახსარი, რომ მან გააკეთოს ეს საქმე, რომლის გაკეთება აუცილებელია. აი ასეთი დებულებაა, და აქედან გამოვდიოდით ჩვენ, როდესაც დეკრეტის პროექტი აქ შემოვიტანეთ. რაზე ილაპარაკეს აქ ესერების ფრაქციის წარმომადგენლებმა, და შემდეგ ფედერალისტების ფრაქციის წარმომადგენლებმა? იმათ ილაპარაკეს საერთო ჩვენ ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობაზედ, ილაპარაკეს იმაზე, - რომ საჭიროა ჩვენი ფინანსი რიგიანად მოეწყოს, ეკონომიური პირობები გაუმჯობესდეს, აი ჩვენ გვაქვს ათასნაირი სიმდიდრე, ეს სიმდიდრე უნდა იყოს ამოძრავებული, და უნდა დადგეს ისეთი პირობები, როდესაც სახელმწიფოს ექნება საშუალება, მას შეეძლება თავისი ფულის სისტემა შეჰქმნას. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ამ კითხვაზე აქ ხშირად ყოფილა დავა და ლაპარაკი, ბევრიც დაიწერა გაზეთებში ამ თითქმის ანბანური ჭეშმარიტებაზე, რომელზედაც ლაპარაკობს ბ. ღლოტი და რომელსაც თითონ უწოდებს ანბანურ ჭეშმარიტებას. ეს არის ანბანი, და ვინც იცის ეს ანბანი მან უნდა იცოდეს ისიც, რომ ამ ანბანურ ჭეშმარიტების აღიარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიეცეს საშუალება, რომ მან მოიპოვოს ის, რაც მისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ის გზა, რომელზედაც ის გვითითებს - არის ნამდვილი გზა, და ამ გზით რასაკვირველია, ივლის სახელწმიფო, მაგრამ სამწუხაროდ ამ გზით, დიდი მიზნის მიღწევისთვის არის დიდი დრო საჭირო, ეს ალბათ მოგესენებათ კარგად. ამ გზით ჩვენი საქმე არ გაკეთდება არც ერთი თვის და არც ერთი წლის განმავლობაში, და ჩვენთვის კი ამ ბონის ქონა საჭირო ხდება არა ერთი წლის შემდეგ, არამედ, ხვალ, დღეს, ზეგ ერთი კვირის განმავლობაში. - ეს აშკარა არის, ეს ანბანური ჭეშმარიტება არის და თუ ეს ანბანური ჭეშმარიტება გაეგებათ და ესმით მათ, ვინც ჩვენ გვედავებიან, მაშინ გვიჩვენონ, შესაფერი გზა. რაც აქ მათ მიერ ითქვა, იყო მხოლოდ დეკლარაცია, საერთო ანბანური ჭეშმარიტება, რომელსაც ამ საკითხის გადაწყვეტაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ბონების საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, ახალი არ არის.

აი, სწორედ ერთი თვის წინეთ, უფრო ადრეც მგონი, იყო ამაზე ლაპარაკი, იყო დავა, ეს იყო, თუ არ ვსცდები - მაისში, - გამოვცეთ თუ არა ჩვენი ფული, ქართული ფული. მაგრამ, მაშინაც მრავალი ფინანსიური, და ეკონომიურ მოსაზრებამ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ფულის გამოცემა. ეს იქნებოდა ჩვენი ფინანსიური დაღუპვა, საერთოდ ჩვენი ეკონომიური დაღუპვა. ეს კარგად მოეხსენებათ მათ, და აი სწორედ, თუ არ ვსცდები, ეს იყო იანვარს, ან დეკემბერს. პარლამენტის დადგენილებით მიეცა ნება მთავრობას, რომ საფინანსო და საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმებით გამოეცა თუ ამას მოითხოვდა პირობები, ჩვენი ქართული ბონი. როგორც მოგეხსენებათ მხოლოდ ეხლა დადგა ის ხანა, როდესაც ეს დადგენილება უნდა მოვიყვანოთ სისრულეში. მაგრამ მაშინ პირობები იყო დაყენებული - თუ მოხერხდა შეთანხმება აზერბაიჯანთან და სომხეთთან, უსათუოდ გამოცემული იქნეს ისევე ამიერ-კავკასიის ბონები. ერთგვარი შეთანხმება მოხდა მაშინ მათთან და თავიდან ავიცდინეთ ქართულ ბონების გამოცემა. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ასეთ შეთანხმებას, სამწუხაროდ, ადგილი არა აქვს. როდესაც ეს შეთანხმება არ მოხდა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ - საჭიროება და აუცილებლობა არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი საკუთარი ფულის ნიშნები, რა გზა არის, რა გამოსავალი გვაქვს? მხოლოდ ერთი, - თქვენ თავისი საკუთარი ნიშნები უნდა გამოსცეთ. რაც შეეხება ქართული ფულის გამოცემას, აი სწორედ არ დამდგარა ისეთი პირობები, როდესაც ჩვენ შეგვიძლიან ჩვენი ფულის გამოცემა. მაშასადამე, ამ მხრივ პირობები არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ არ მოხდა შეთანხმება აზერბაიჯანთან, მაშასადამე ერთი გზა და გამოსავალი გვაქვს. ეს გზა - უნდა გამოვცეთ ქართული ბონები და არა ქართული ფულები.

ბ. ღლონტმა აღნიშნა, რომ ჩვენმა კურსმა აიწია. აიღნიშნა, რომ ზოგიერთ ხელშეკრულებას ჰქონდა ალაგი, და ამ ხელშეკრულებამ ასწია ჩვენი კურსიო. და სწორედ მეც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ გადავედით იმ ხანაში, როდესაც ერთგვარი გაუმჯობესობა ეტყობა ჩვენ ურთიერთობას, როდესაც ჩვენ რაღაც ხელშეკრულობებს ვქმნით, ერთგვარი ეკონომიური შეკავშირება ხდება სხვა ქვეყნებთან. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. კიდევ დავეთანხმები ბ. ღლონტს: მართალია, ჩვენდა საბედნიეროდ, ისეთი მძიმე საკითხის გადაჭრა, როგორიც არის ქართული ბონის გამოცემა, ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა ერთნაირად გაუმჯობესდა და ამით გაადვილდა იმ მძიმე საქმის გადაჭრა, რომელიც ჩვენ წინაშე არის. რაც შეეხება გარანტიას ამ ბონებისას, ამაზე ბ. მინისტრმა საკმარისად ილაპარაკა და ამაზედ არ შევჩერდები, და მხოლოდ მოგახსენებთ, რომ, რასაკვირველია, როდესაც ბონებს გამოვცემთ, ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ამ ბონებს გასავალი ჰქონდეს, რომ ამ ბონების ღირსება მაღალი იყოს და მისი კურსი არ დაეცეს. ეს სწორედ ანბანური ჭეშმარიტება არის და ის ზომები, რომელიც მიმართული არის ამ ბონების ღირსების დასცავად, ეს ბონები უსათუოდ მიღებული უნდა იყოს, - და ეს გარანტია სრულიად სამართლიანი და მისაღებია, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ. აშკარაა, რომ გზა ერთი არის - ეს გზა ქართული ბონების გამოცემაა, ამიტომ ჩვენ უსათუოდ უნდა მივიღოთ ეს დეკრეტი. ამასთანავე უნდა დამეთანხმოთ, რომ ის შეგნებული მოქალაქე და დამფუძნებელი კრების წევრი, ვინემ ასეთ ზერეულ კრიტიკით მოგვმართავდეს, ვალდებული იყო უფრო ღრმად, - ეკონომიურად, ფინანსიურად, პოლიტიკურად, ყოველ მხრივ, - გაეთვალისწინებინა ეს საკითხი და ისე გამოსულიყო ამ ტრიბუაზე და არა ასეთი უსაფუძვლო და მავნებელ კრიტიკით. მათ ახალი არაფერი არ გამოსთქვეს, გზა არ გვიჩვენეს და ზიანი, - თუ მათ სიტყვას გავლენა აქვს, - ზიანი კი შეძლება მოუტანონ სახელმწიფოს ქართული ბონების წინდაუხედავ კრიტიკით.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი. დ. ონიაშვილი. ჩემი პასუხი ძალიან მცირე იქნება. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ორატორები, რომელნიც წინააღმდეგნი იყვენენ ამ დეკრეტის გამოცემისა, არ შეეხნენ საკითხს არსებითად. ისინი ლაპარაკობენ უფრო ბონების უვარგის მხარეზე და რამდენადაც ეს ორი ორატორი ეხებოდა ამ ბონების უვარგის მხარეს, მე მგონია ორივენი ღია კარებს აწვებოდნენ. მოხსენებაში მე უკვე აღვნიშნე ბონების უვარგისი მხარე, და კატეგორიულადაც გამოვაცხადე ეს. ეს არის საერთო თვისება ბონებისა, რადგანაც ბონა არის ფულის სუროგატი და არა ფული. და ეს თვისება ექნება, რასაკვირველია, ქართულ ბონებსაც. აქ უმთავრესი იყო გამოსავლის პოვნა. და სწორედ ამ გამოსავალზედ, როგორც აქ აღნიშნა წინა ორატორმა, ამ გამოსავალზე არ მიგვითითეს არც ერთმა მოწინააღმდეგე ორატორმა. სხვათა შორის შენგელაიამ, როდესაც ლაპარაკობდა ბონების უვარგისობაზე, პირდაპირ სთქვა, რომ ერთადერთი რადიკალური ზომათაგანი, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენ ფინანსიურ მდგომარეობას, ეს არის ბურჟუაზიის დაბეგვრაო. ამ საცოდავ ბურჟუაზიის დაბეგვრაზე (შენგელაია: გეცოდებათ?) ბევრჯელ თქმულა ამ ტრიბუნიდან ხაზგასმით, სწორედ ამ ფრაქციისაგან, მაგრამ, მე ვეკითხები შენგელაიას, როდესაც ამ სიტყვას ამბობს ტრიბუნიდან, რა ჰგონია, სად არის - მანჩესტერში თუ საქართველოში? (რეპლიკა არ ისმის). მე ღრმად მწამს, რომ დარწმუნებული იყოთ, რომ საქართველოში ხართ - ამ სიტყვას თავის დღეში არ გაიმეორებდით. რასაკვირველია, ჩვენი ბურჟუაზიის დაბეგვრა შეიძლება, მაგრამ როდესაც ფულის სისტემაზე არის ლაპარაკი და ბონების გამოცემაზედ, სრულიად უსაფუძვლოა ამ ბურჟუაზიაზე ლაპარაკი.

იმავე შენგელაიამ დაახასიათა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ცნობილი ისე, როგორც ეკონომიურად ჩამორჩენილი ქვეყანა. თქვენ ბძანეთ, რომ ერთის 340

მხრივ ჩვენ გვყავს დიდძალი ბურჟუაზია, რომელიც უნდა დავბეგროთ, და, მეორეს მხრივ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ცნობილი, როგორც ეკონომიურად ჩამორჩენილი ქვეყანა. ერთი სიტყვით, შენგელაია აქ ვარდება საშინელ წინააღმდეგობაში და და მე არ ვიცი რა გამოსავალი აქვს.

ის ზომები, რომელზედაც ლაპარაკობს დამფუძნებელი კრების წევრი შენგელაია, შეეხება მომავალ ქვეყნის ეკონომიურ გაუმჯობესებას, და სრულებითაც პასუხს არ იძლევა იმ მწვავე კითხვაზე, რომელიც ჩვენ ცხოვრებამ ამ ჟამად დაგვიყენა.

რაც შეეხება დამფუძნებელ კრების წევრს ღლონტის მოსაზრებებს, უნდა მოგახსენოთ, რომ აქაც იყო რამდენიმე შეცდომები. კრების წევრი თედო ღლონტი რიხიანად ამტკიცებდა ამ ტრიბუნიდან, რომ საჭირო არის ეხლავე ქართული ფულის გამოცემა. რასაკვირველია, არც ერთი ჩვენთაგანი, წინააღმდეგი არ არის ქართული ფულის გამოცემისა, იმიტომ, რომ რაკი ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფო, უნდა გვქონდეს ადრე თუ გვიან საკუთარი ფულიც. მაგრამ, იმის მტკიცება, რომ ეხლავე შესაძლებელია ქართული ფულის გამოცემა, მე მგონია, სერიოზულად არ შიძლება, რადგანაც ამ ქართულ ფულის გამოცემას უნდა წინ უძღოდეს ვალიუტის შექმნა. ეს თქვენ წინად გაიმორედ რამდენჯერმე, ამას სწერდნენ ყველა გაზეთებში. ვიდრე ეს ვალიუტის საკითხი არ არის მოგვარებული, ვიდრე ეს საკითხი არ არის სისტემაში და ცნობაში მოყვანილი, თქვენ არ შეგიძლიანთ სერიოზულად იმის მტკიცება, რომ ეხლავე უნდა შეჰქმნათ საკუთრი ფული.

აქ არის ერთი არგუმენტი, თედო ღლონტისაგან წამოყენებული, რომ ბონებს, ზედ ეწერება, რომ ბონები უზრუნველყოფილია მთელ საქართველოს ქონებითაო. მე არ ვიცი, ბ. მინისტრმა მოგახსენათ, რომ არის ბონები, მაგალითად ამიერ-კავკასიის ბონები, ისინიც უზრუნველყოფილნი იყვნენ. თქვენ ბრძანებთ, - სად არის, რომ აწერიაო? წარმოიდგინეთ, რომ ხელშეკრულება ვისთანმე გაქვთ, ხლშეკრულება შუბლზე კი არ უნდა დაიკრათ, შეიძლება სადმე შეინახოთ, მაგრამ მაინც პასუხისმგებელი ბრძანდებით იმ პირის წინაშე, რომელთანაც შეჰკარით პირობა. (ხმა: აბსურდია!) აბსურდი არ გახლავთ, ბატონებო. ამიერ-კავკასიის ბონებს თუმცა არ ეწერა - ესა თუ ის სახელმწიფო ვალდებულია პასუხი აგოსო, - მაგრამ, იყო კანონი, დეკრეტი, სადაც ერთი პუნქტი ავალებდა პასუხისგებას; - ეს იგივე არის. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მუხლი დეკრეტიდან გადატანილი არის ფულის ნიშანზედ. შემდეგ, მე არ ვიცი, შეიძლება სწორედ უკუღმად ესმის ეს უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობა დამფუძნებელ კრების წევრს, თუ მაგალითად, ბ. ღლონტს ჰგონია, წარმოიდგინეთ, ქართული ფულის ნიშანი 100-200 მანეთიანი: ზედ აწერია, რო ბონები უზრუნველყოფილი არის საქართველოს მთელი ქონებით - ამიტომ იქნება ბ. ღლონტს ჰგონია, თუ ხელში უჭირავს ამნაირი ბონები, პასუხს აგებს სახელმწიფო? ერთი სიტყვით, იმას შეუძლიან მიიღოს მთელი სახელმწიფოს უძრავ-მოძრავი ქონება? მაგალითად, ჭიათურისა და სხვა? ეს ესე არ არის. პასუხისმგებლობა იმიტომ აწერია ბონს, რომ სახელმწიფომ უნდა ასწიოს პრესტიჟი, ღირებულება ბონისა. და სწორედ არ არის გაგებული ასეთი პასუხისგება, როგორც ესმის ბ. ღლონტს. მაშასადამე, ის მოსაზრება, რომელიც წამოყენებული არის ღლონტისა და შენგელაიას მიერ, არსებითად ამ მოსაზრებას, ამ ჟამად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ვერც ერთი მოსაზრება პასუხს ვერ სცემს იმ მარტივ საკითხს, რომელიც აქ წამოყენებული არის, რომ რომ ისინი გამოსავალს გვაჩვენებდნენ, რასაკვირველია, ყოველი ჩვენგანი დაეთანხმებოდა, მაგრამ გამოსავალი არ არსებობს, და თქვენ სხვა გამოსავალი არ გამოგინახავთ.

ამიტომ საბიუჯეტო და საფინანსო კომისიის სახელით ვაძლევ წინადადებას დამფუძნებელ კრებას მიიღოს ეს დეკრეტი.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკიხოთ პირველი მუხლი.

. ონიაშვილი. (კითხულობს დეკრეტის თვითეულ მუხლს, რომელნიც სათითაოდ მიღებულ იქმნა დამფუძნებელ კრების მიერ. დეკრეტი გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხია -

მეორე (მუხლობრივი) განხილვა უძრავ ქონების ჩამორთმევის შესახებ.

მომხსენებელია კრების წევრი ჯაფარიძე.

სერგეი ჯაფარიძე (ს.-დ.) (კითხულობს პირველ მუხლს)

თავმჯდომარე. ამ მუხლში შესწორება გახლავთ შემოტანილი ეროვნულ-დემოკრეტიულ ფრაქციის მიერ. (კითხულობს): „პირველ მუხლს პირველი ორი სიტყვის შემდეგ ჩაემატოს „პარლამენტის დასტური“. (კენჭის ყრით შესწორება უარყოფილია).

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. შესწორება არის სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის მიერ. გაუგებარი გახლავთ ეს შესწორება. შესწორების შესახებ ვის სურს სიტყვა? კეთილ ინებეთ და დაიცავით თქვენი შესწორება.

. ღლონტი. (კითხულობს). მე-2 მუხლში უნდა დარჩეს მხოლოდ შემდეგი: პირველ მუხლში აღნიშნული უფლება ეკუთვნის აგრეთვე ქალაქთა და ერობათა თვითმმართველობებს, თავიანთ მოქმედების ტერიტორიის ფარგლებში კუთვნილებისამებრ. აქ არის, მაშასადამაე, განსაზღვრული, როდესაც უფლება აქვს ქალაქს და უფლება აქვს ერობას, ეს განსაზღვრული არის - „იმ მოვალეობის განხორციელებით...“ ჩვენ ამ შემთხვევაში ვაფართოებთ ერობისა და ქალაქის უფლებებს, განსაზღვრულია, როდესაც თავის თავად დაინახავს საჭიროდ ერობა თუ ქალაქი - იმას ჩამორთმევის უფლება ჰქონდეს. ამ გამონაკლისით კი ამ გაფართოებას ადგილი არა აქვს.

თავმჯდომარე. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. თვითმმართველობის, ქალაქის თუ ერობის, კომპეტენციას სწორედ აქვს ორი კატეგორია - ერთი შეადგენს პირდაპირ მოვალეობას, მეორე კი უფლებას. ამ ორ მუხლს კანონისას მიზნად აქვს სწორედ შეზღუდვა თვითმმართველობისა ქონების ჩამორთმევის შესახებ და შეეხება მარტო და მხოლოდ ამ მიზნით, რომლითაც თვითმმართველობა ახორციელებს თავის მოვალეობას და არა იმას, რაც უფლებას შეადგენს და არა მოვალეობას. უძრავი ქონების ჩამორთმევა კერძო მესაკუთრისაგან, ეს ისეთი აქტი, ისეთი მოქმედება არის, რომელიც ცოტად თუ ბევრად, არღვევს ჩვეულებრივ ცხოვრებას საზოგადოდ და ამიტომ ერთნაირი შეზღუდვა საჭირო არის დარჩეს თვითმმართველობისთვის (არ ისმის) ზოგიერთ შემთხვევაში.

ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეზღუდვა, რომელიც გამოსახული არის ამ მუხლის მეორე ნახევარში უნდა დარჩეს.

(კენჭის ყრით სოციალ-ფედერალისტთა შესწორება უარყოფილია).

მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. მესამე მუხლის შესახებ არის წინადადება ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ ამოიშალოს სრულიად.

მომხსენებელი. ეროვნულ-დემოკრატები თხოულობენ, რომ ეს მუხლი სრულიად ამოიშალოს კანონიდან. მაშინ დარჩება ცარიელი ადგილი, ესე იგი ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, როდესაც ჩვენ არ გვექნება წესი, რომლის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ. შესაძლებელია კონფლიქტი ქალაქის თვითმმართველობის და მესაკუთრის შორის, ამან შეიძლება შეაფერხოს (არ ისმის) ის, რაც შესაძლებელია მოხდეს. და ამიტომ ეს მუხლი საჭიროა დარჩეს. (კენჭის ყრით შესწორება უარყოფილია).

მომხსენებელი. (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოტანილი ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ - მეოთხე მუხლში ჩაემატოს პირველ სამი სიტყვის შემდეგ: „რომელიც უნდა მოხსენდეს პარლამენტს დასადასტურებლად“. ამავე მუხლში დაემატოს ბოლოში „ქონების პატრონს უფლება აქვს ორი კვირის განმავლობაში მთავრობაში გაასაჩივროს თვითმმართველობის დადგენილება. ორი კვირის ვადაში დღიდან ამ საჩივრის მიღებისა, მთავრობას შეუძლიან გააუქმოს დადგენილება, უკეთუ იგი კანონს არ ეთანხმება?“

ეს ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის. შემდეგი შესწორება სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციისა: მეოთხე მუხლს უნდა გამოეკლოს შემდეგი დებულება: (კითხულობს) „რომელსაც ხმოსანთა საერთო რიცხვის ნახევარზე არა ნაკლები დაესწრება“.

შემდეგი შესწორება გახლავთ...

უკაცრავად, მეოთხე მუხლს არავითარი შენიშვნა არ აქვს. შეიძლება გაუგებრობა არის? ვის სურს სიტყვა?

კრების წევრი ფაღავა. გაუგებრობა არის. სიტყვა „შეიცვალოს“ მაგივრად უნდა იყოს „დაემატოს“. ასე, რომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება გახლავთ, „დაემატოს - შენიშვნა“. ეს ახალი შენიშვნა იქნება.

მომხსენებელი. იურიდიულ კომისია წინაღმდეგი არ არის, რომ მიღებული იყოს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქცის წინადადება დამატების შესახებ. მხოლოდ თუ ამ შენიშვნას მივიღებთ ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებას აზრი და ნიადაგი ეკარგება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ შენიშვნას სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისას უფრო ფართო ხასიათი აქვს. გასაჩივრებული იქნება თუ არ იქნება გასაჩივრებული სულ ერთი არის ყველა დადგენილება თვითმმართველობისა, თავის განმარტებით უნდა ეცნობოს მთავრობას, და მთავრობას შეუძლიან არა თუ კანონიერების მხრივ, არამედ სხვა მოსაზრებით, არ გაიზიაროს თვითმმართველობის მოსაზრება და არ დაადასტუროს, და შეატყობინოს, რომ არ არის თანახმა, რომ ესა თუ ის ქონება ჩამოერთვას. ვინმეს ნაციონალ-დემოკრატების შესწორება შეიცავს სხვათაშორის იმ დებულებას, რომ მთავრობა, რომლისაგანაც გაასაჩივრებს დაინტერესებული პირი, ამ დადგენილებას, უფლება აქვს მხოლოდ კანონიერების მხრივ ერთგვარი კონტროლი გაუწიოს და გააუქმოს ეს დადგენილება მაშინ, თუ კანონს არ ეთანხმება. ნამდვილად კი კანონიერების მხრივ დადგენილებას მთავრობისა, იქნება ეს ერობისა თუ ქალაქისა სულ ერთია, კონტროლს უწევს სასამართლო, თუ უკანონო დადგენილებას მიიღებს თვითმმართველობა, მაშინ გასინჯავს სასამართლო და სასამართლო დაარღვევს და, მაშასადამე, ამ მხრივ კონტროლი მართლაც საჭირო არ არის. ამიტომ ნაციონალ-დემოკრატების შესწორება მისაღები არ არის.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ შესწორებას. რაც შეეხება ბოლოს დამატებას, ამას ცალკე უყრი კენჭს. ვინ არის მომხრე ნაციონალ-დემოკრატების შესწორებისა, ესე იგი პირველ სამ სიტყვის შემდეგ ჩაემატოს: „პარლამენტის დადასტურებით“. ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? შესწორება უარყოფილი გახლავთ.

შემდეგ სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება, რომ მეოთხე მუხლს გამოაკლდეს ბოლო წინადადება. (კითხულობს). ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? წინადადება უარყოფილი გახლავთ.

ეხლა დამატება. ბოლოს ორი დამატება არის, ერთი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით. (კითხულობს). მეორე - ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა. (კითხულობს). ვინ არის მომხრე ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის დამატებისა? დამატება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის მომხრე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებისა, შენიშვნის სახით? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მეოთხე მუხლისა? მეოთხე მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მეხუთე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეხუთე მუხლს).

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოტანილი ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. (კითხულობს). მე-5 მუხლის პირველი წინადადება შეიცვალოს ასე: „როგორც მთავრობას, ისე თვითმმართველობას ევალება განზრახულ საქმის წინასწარ გამოკვლევა და სათანადო ცნობების შეკრება“. სხვა დამატება ან შესწორება მეხუთე მუხლში არ გახლავთ. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. დამატება ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ უსათუოდ უნდა იყოს წინასწარი გამოკვლევა, მხოლოდ უაზროა და უმიზნოა. ეს ყოველთვის საჭირო არ იქნება, ამიტომ დამატება არ უნდა იყოს. მხოლოდ, როდესაც ეს საჭირო იქნება, თავის-თავად ნაგულისხმევია, მაშინ მთავრობა და ერობები ამას მოახდენენ. საჭირო არ არის წინასწარ გამოკვლევა მოხდეს, ამიტომ ეროვნულ-დეოკრატების შესწორება მისაღები არ არის.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე შესწორებისა? შესწორება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მეხუთე მუხლისა? მეხუთე მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მეექვსე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეექვსე მუხლს).

თავმჯდომარე. აქ შემოტანილი გახლავთ სოციალ-ფედერალისტების ფრაქციის მიერ შესწორება შემდეგი შინაარსისა: (კითხულობს). მეექვსე მუხლი შეცვლილი იქნეს შემდეგნაირად: „ჩამორთმეული დროებით დაჭერილ და სარგებლობაში მონაწილეობის უფლების დაწესებით, შეზღუდულ უძრავ ქონების პატრონს ეძლევა საფასური სოფლად წვრილ მესაკუთრეს, ე.ი. რომლის მამულის ფასი არ აღემატება 30 ათას მანეთს; ხოლო ქალაქად უძრავ ქონების პატრონებს საფასური მიეცემათ იმ შემთხვევაში, თუ ქონების ღირებულება არ აღემატება 50 ათას მან. მეტათ ღირებულ ქონებაში პატრონს საფასური მიეცემა, მაგრამ არა უმეტეს 50 ათას მანეთისა“. სხვა შესწორება არ გახლავთ. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. ამ შესწორების შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს შესწორება აკანონებს ერთგვარ წესს, როდესაც კერძო მესაკუთრისაგან საჭიროება მოითხოვს, რომ ჩამოვართვათ ქონება ისე, რომ იმას მთელი ღირებულება ამ ქონებისა არ მიეცეს, ესე იგი რამდენიც უნდა ღირდეს მისი ქონება, თუნდაც ორი მილიონი, მაინც ქალაქში არ უნდა მიეცეს 50 მანეთზედ მეტი და სოფლად 30 მანეთზედ მეტი. მაშინ ეს ზომა საერთო უნდა იყოს ყველასთვის, ესე იგი ის ზომა, რომელსაც ვღებულობთ ყველას წინააღმდეგ, მაშინ ერთგვარი სამართლიანობა იქნება დაცული, მაგრამ ჩვენ ისეთი უსამართლობა არ გვესმის, მხოლოდ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მისაღები რომელიმე შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს და ერობის საჭიროება მოითხოვს ჩამოვართოთ მთელი უძრავი წონება, - არავითარი სოციალისტური სამართლიანობა ასეთ მოქმედებას და ზომას არ გაამართლებს. ამიტომ ჩემის აზრით უნდა დარჩეს ის ნორმა, ის დებულება, რომელიც არის გამოსახული ამ კანონ-პროექტის მეექვსე მუხლში.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? წინადადება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მეექვსე მუხლისა? მეექვსე მუხლი მიღებული გახლავთ.

ეხლა წინადადება გახლავთ, რომ მეექვსე მუხლის შემდეგ ჩაემატოს ახალი მუხლი მეექვსე პრიმა. წინადადება გახლავთ სოციალ-რევოლიუციონერების ფრაქციისა. წინდადების შინაარსი ასეთი გახლავთ: „ჩაემატოს ცალკე მუხლად შემდეგი: სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიწის იძულებითი ჩამორთმევის დროს, საფასური მიეცემათ მესაკუთრეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამოსართმევი ბინა საშრომო ნორმაში შედის“. ვის სურს სიტყვს წინადადების შესახებ? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. სოციალ-რევოლიუციონერის შესწორებაზე ლაკაპარკი მე მგონია ზედმეტი არის. ის, რაც ითქვა შესწორების შესახებ ეს კიდევ მეტად იქნება ამაზე. ჯერ ერთი, რომ საშუალო ნორმა ეხისტანცე მინიმუმ-ი არამც თუ იურიდიულ მეცნიერებაში არის მიღებული, როგორც განსაზღვრული ნორმა, არამედ ეკონომიურ მეცნიერებაშიაც სადაო არის. ჯერ-ჯერობით ჩვენ არა გვაქვს მცნება იურიდიული და იმისთანა ოპერაციები ჩვენ არ შეგვიძლიან მოვახდინოთ მაშინ, როდესაც ლაპარაკი არის კერძო მესაკუთრის მამულის ჩამორთმევის შესახებ.

ეს ერთი.

მეორე - როგორც მოგახსენეთ ამას წინათ ასეთი საერთო საკითხი იყო წამოყენებული, როგორც გადაწყვეტილი არის საერთო სოციალისტური რამე ზომის მიღება, ყველასთვის სავალდებულო, მაშინ ამაზე სჯა-ბაასი შესაძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კერძო შემთხვევაში, მე მგონია, რომ არც ლოღიკური თანდათანობა მოითხოვს, არც სოციალისტური სამართლიანობა.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ ჩაემატოს მეექვსე მუხლში პრიმა? წინადადება უარყოფილი გახლავთ. გთხოვთ, წაიკითხოთ მეშვიდე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეშვიდე მუხლს...)

თავმჯდომარე. აქ შემოტანილი გახლავთ შემდეგი წინადადება. ჯერ ერთი რადიკალური; მეშვიდე მუხლი ამოიშალოს. მერე: „შენიშვნა ამოიშალოს მეშვიდე მუხლისა“ - ეროვნულ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ შემოტანილი. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. როცა ნაციონალ-დემოკრატები თხოულობენ, რომ ეს მუხლი ამოიშალოს, ამასთან ერთად არ ამბობენ რა წესი უნდა დარჩეს ამის მაგივრად, ალბად ისინი გულისხმობენ, რომ სასამართლოს წესით გადასწყდება საფასური იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება უნდა ჩამოერთვას სახელმწიფოს, ერობის, ან ქალაქის თვითმმართველობის საჭიროებისთვის.

როგორც მოგახსენეთ წინა სხდომაზე, ამ კანონ-პროექტის განხილვის დროს ორი პრინციპი იყო მიღწეული, თუ სახელმწიფოს, ან საზოგადოებრივ მნიშვნელობის საქმეს ანხორციელებს კერძო პირი, კომპანია ან ამხანაგობა, მაშინ საფასურის რაოდენობას განსაზღვრავს სასამართლო საზოგადო წესით. მხოლოდ თუ ასეთ საქმეს ანხორციელებს ან ერობა, ან ქალაქის თვითმმართველობა, მაშინ ვიღებთ მეორე პრინციპს. და საქმის დროზე გადაწყვეტისთვის ვიღებთ უკანასკნელ შეფასებას ამ ქონებისა, და ამ შეფასების რაოდენობით განისაზღვრება იმ საფასურის რაოდენობა, რომელიც უნდა მიეცეს ამ ქონების პატრონს.

რადგანაც ამ კატეგორიის შორის, ესე იგი ერობის და ქალაქის თვითმმართველობის და მეორე კერძო პირის, კომპანიის და საზოგადოებრივ ამხანაგობის შორის არის იმგვარი განსხვავება, ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე შემთხევევაში, როდესაც ან სახელმწიფო, ან ერობა, ან ქალაქის თვითმმართველობა ანხორციელებს, მაშინ შეიძლება ერთგვარი მსხვერპლი დასდოს კერძო მესაკუთრემ, იმიტომ, რომ უკანასკნელი შეფასება იქნება საფუძვლად. მაგრამ ამის ნაცვლად აქ არის შემოტანილი კორექტივი. ეს კორექტივი გამოიხატება შენიშვნაში. ეს შენიშვნა ამბობს, რომ კერძო ქონების პატრონს ქალაქში, თუ სოფლად, თუ იმას მიაჩნია თავისი მამული მცირედ შეფასებული, შეუძლია მოსთხოვოს ქალაქის თვითმმართველობას, ან ერობას, ხელახლად შეაფასონ და მაშინ ეს ახალი შეფასება იქნება მიღებული საფუძვლად საფასურის განსაზღვრის დროს. თუ ეს არ ქნა პატრონმა, რომ ვინიცობაა ხელახალმა შეფასებამ არ მოუმატოს გადასახადი თუ ამას დამალავს, მაშინ თვით ის იქნება დამნაშავე, მაშინ თუ სახელმწიფოსთვის საჭირო იქნება, ეს მამული ჩამოერთმევა. იმ მოსაზრების გარდა, რომელზედაც მე მოგახსენებთ, ამ კანონს საფუძვლად უდევს კიდევ მეორე პრინციპი, რომ ვაიძულოთ კერძო მესაკუთრენი ქალაქად და სოფლად თითონ ასწიონ შეფასება თავის ქონებისა და შეფასების მომატებასთან ერთად ხაზინის შემოსავალიც გაადიდონ.

იმიტომ ამ მუხლის ამოშლა, მე მგონია, არ იქნება სასარგებლო სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით.

რაც შეეხება მეორე შესწორებას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამოიშალოს უკანასკნელი ორი სტრიქონი, მე ვერ გამიგია ამის მაგივრად რას ამბობენ შესწორების ავტორები იმიტომ, რომ როდესაც ხდება ქონების ჩამორთმევა სამი წლის ვადით, უსათუოდ რამე მიეცეს, მაგრამ რა უნდა მიეცეს, ამას შესწორების ავტორები არ ამბობენ. წინანდელ კანონდებულობაში იყო ისე, რომ იმას ეძლეოდა ერთნაირი ჯილდო, როდესაც ეს ადგილი იყო დაჭერილი სახელმწიფოს საქმის განხორციელებისთვის მაგალითად რკინის გზის კომპანიას და სხვას. მაგრამ რატომ უნდა მოიშალოს ეს ამ შემთხვევაში, მე არ ვიცი. ამიტომ ჩემის აზრით ესეთი შესწორება უარყოფილი უნდა იყოს.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის მომხრე პირველი შესწორებისა? შესწორება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის მომხრე მეორე შესწორებისა? ეს შესწორებაც უარყოფილი გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მეშვიდე მუხლისა? მე-7 მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მე-8 მუხლს).

მომხსენებელი. (კითხულობს მე-8 მუხლს).

თავმჯდომარე. მე-8 მუხლის შესახებ წინადადებაა, რომ დარჩეს მხოლოდ პირველი დებულება და დანარჩენი ამოიშალოს. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადებაა. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის, მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორება არ არის მისაღები იმიტომ, რომ, ეს უკანასკნელი აბზაცი, რომ ამოვშლოთ მაშინ არ გვეცოდინება, როგორ უნდა მოხდეს, რომ სამი წლის შემდეგ ქონება არ დაუბრუნდა პატრონს, მაგალითად, სახელმწიფოს გაჰყავს რკინის გზა. ამ რკინის გზის გაყვანისთვის დასჭირდა ეს ადგილი, ან მასალების დასაწყობად, ან ქვიშის, ან ქვის სასარგებლოდ ან სხვა საჭიროებისთვის. ეს გრძელდება სამ წელზე მეტი, თუ დიდი გზა არის. როგორ უნდა მოხდეს? დაუბრუნდეს? თუ არ დაუბრუნდეს, - საფასური მიეცეს? თუ მიეცეს, როგორ, რა წესით? რომ არ მოხდეს ასეთი არევ-დარევა და გაუგებრობა, ამიტომ საჭირო არის, რომ დარჩეს, რომ თუ სამი წელიწადი გავიდა და ქონება არ დაუბრუნდა პატრობს, პატრონს უფლება აქვს ამ სამი წლის საფასური მოსთხოვოს წარმოების პატრონს, ან და სულ ჩამოერთვას და მთელი ქონების საფასური მისცეს. ამიტომ საჭირო არის ეს დებულება დარჩეს კანონ-პროექტში. (თავმჯდომარე: დაასრულეთ?) დიახ.

თავმჯდომარე: საქმე ის გახლავთ, რომ აქ წინადადება არის ერთი მუხლის ამოშლისა და მეორე მუხლის ადგილას გადატანისა. თუ გაიზიარებთ იმ წინადადებას, რომ მე-8 მუხლი გადატანილი იქნეს 24 მუხლის ადგილას, მაშინ მე ვთხოვ მომხსენებელს მე-24 მუხლი წაიკითხოს. (მომხსენებელი კითხულობს მე-24 მუხლს).

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ, რომ მე-24 მუხლი ამოიშალოს სავსებით: (ხმაურობა) მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მე ხელთ მაქვს ეს შესწორება, ფრაქციის მდივანი ხელს აწერს და აქ სწერია: მე-8 მუხლი გადატანილი იქნება მე-24 მუხლის ადგილას. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. იურიდიული კომისია არ არის მომხრე, რომ ამოიშალოს, რადგანაც საჭიროა, რომ მე-24 მუხლი დარჩეს.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე რომ მე-24 მუხლი ამოიშალოს? მუხლი ამოშლილი გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მე-8 მუხლი გადატანილი იქნეს მე-24 მუხლის ადგილას? ეს წინადადებაც მიღებული არის. ისე, რომ მე-8 მუხლი დაიჭერს მე-24 მუხლის ადგილას? ეს წინადადებაც მიღებული არის. ისე, რომ მე-8 მუხლი დაიჭერს მე-24 მუხლის ადგილას. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მე-9 მუხლი, რომელიც მე-8 მუხლის ადგილს დაიჭერს.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-9 მუხლს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება გახლავთ, რომ მე-9 მუხლის მე-2 ნაწილს ჩაემატოს: დროებით დაჭერა (კითხულობს). ეს ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორება გახლავს. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. მომხსენებლის აზრი.

მომხსენებელი. ჩამატება ზედმეტია, იმიტომ არის მეტი, რომ ზარალი - ამ ფასის დაკარგვა შესაძლებელია მაშინ, თუ სრულიად ჩამოერთვა ქონება პატრონს, ან ქონების ნაწილი, ან და ნაწილობითი სარგებლობა დაწესდა მის ქონებაზე. ხოლო რაც შეეხება დროებით დაჭერას, როდესაც გრძელდება ვადით არა უმთავრეს სამი წლისა, ამას ზარალთან კავშირი არა აქვს და ამიტომ ეს შესწორება უნდა უარყოფილი იყოს.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ ჩაემატოს ეს სიტყვები? წინადადება უარყოფილი გახლავთ. ვინ არის მომხრე, რომ სიტყვა „დანაკლისი“ შეიცვალოს სიტყვით „საფასური“? ეს შესწორებაც უარყოფილი გახლავთ. გთხოვთ, მე-10 მუხლი წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-10 მუხლს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება არაფერი არის შემოტანილი. ვინ არის წინააღმდეგი მე-10 მუხლისა? მე-10 მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მე-11 მუხლი თავისი შენიშვნით.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-11 მუხლს და შენიშვნას).

თავმჯდომარე. შემოტანილი არის შესწორება სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის მიერ, რომ შენიშვნა ამოიშალოს სრულიად და მეორე წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილი. შენიშვნა შეიცვალოს ამნაირად: (კითხულობს) „იმ შემთხევევაში, როცა სახელმწიფო თვით ანხორციელებს, რომლისთვისაც უძრავი ქონების ჩამორთმევა, ან მის სარგებლობაში მონაწილეობის უფლების დაწესება მოხდა და ქონების საფასურთან ზარალის ასანაზღაურებელი თანხა ასიათას მანეთს აღემატება, ასიათასი მანეთი მიეცემა პატრონს ქონების ჩამორთმევამდინ; ხოლო დანარჩენი არა უგვიანეს ერთი წლისა, ქონების ჩამორთმევის დღიდან. ყოველწლიურად თანასწორ ნაწილებად მე-11 მუხლში აღნიშნულ სარგებლის დამატებით. თუ საქმეს ანხორციელებს ქალაქი, ან ერობა და ქონების საფასური, ან ზარალის ასანაზღაურებელი თანხა აღემატება: ტფილისში 75 ათას მან., ქუთაისში, ფოთში და სოხუმში 50 ათას მან., ხოლო დანარჩენ ქალაქებში და მაზრებში 25 ათას მან., ამ შემთხვევაში ქონების პატრონს მიეცემა ქონების ჩამორთმევამდე: თბილისში 75 ათასი მან., ქუთაისში, ფოთში და სოხუმში 25 ათასი მან. დანარჩენი ფული მიეცემა პატრონს 6 წლის განმავლობაში დღიდან ქონების ჩამორთმევისა, ყოველწლიურ თანასწორ ნაწილებათ მე-11 მუხლში აღნიშნული სარგებლით.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. მე-11 მუხლი და შენიშვნა საზღვრავს იმ ვადას, რომელშიაც ქონების პატრონს უნდა მიეცეს საფასური. მაშასადამე, ეს მუხლი რომ ამოვიღოთ, როგორც ამას მოითხოვს სოციალ-ფედერალისტების ფრაქცია, გამოვა, რომ ჩვენ არ გვეცოდინება, როდის უნდა მისცეს ქონების პატრონს საფასური სახელმწიფომ. მაშასადამე, ეს შესწორება მიუღებელია.

რაც შეეხება მეორე შესწორებას სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა, ეს ქმნის ისეთ პირობებს, რომელშიაც ქალაქს და ერობებს უფრო შეღავათიან პირობებში შეუძლიანთ განახორციელონ თავისი საქმე, ესე იგი მისცენ საფასური რამდენიმე ხნის განმავლობაში ნაწილ-ნაწილად, რომ ქალაქი და ერობები მოკლებულნი არ იქნებიან შეძლებას საზოგადოებრივი საქმე გააკეთონ. ამ მხრივ შესწორებ მისაღები არის, იურიდიული კომისიის აზრით.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ ამოიშალოს შენიშვნა მე-11 მუხლისა? შესწორება უარყოფილი გახლავთ. მაშასადამე შენიშვნა რჩება.

ეხლა წინადადებაა შემოტანილი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ, რომ შენიშვნა შეიცვალოს შემდეგნაირად: (კითხულობს). შესწორება მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მე-11 მუხლისა? მე-11 მუხლი მიღებული არის.

მომხსენებელი. (კითხულობს მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებს, რომელნიც კენჭის ყრით მიღებულნი არიან).

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ ეს მე-19 მუხლი სრულებით ამოიშალოს. ეს გახლავთ ფედერალისტთა წინადადება. მომხსენებლის აზრი.

მომხსენებელი. ეს დებულება საჭირო არის. კანონში უნდა იყოს, თუ ეს ამოვიღეთ, მაშინ შესაძლებელია განსაზღვრა მარტო საფასურისა. აიღეთ ქონება, და საფასური განსაზღვრეთ. რაც შეეხება ზარალს და წინდაწინ რაიმე ხარჯის გაწევას, მაშინ ექნება უფლება, რომ უფრო სამართლიანი ფასი გადასწყვიტოს. ამიტომ ეს შესწორება არ არის მისაღები. (შესწორება კენჭის ყრით უარყოფილია).

მომხსენებელი. კითხულობს მე-26 მუხლს.

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, ყოფილა შემოტანილი შესწორება მე-4 მუხლისა, მაგრამ ეს შესწორება შემოტანილი იყო ცალკე მუხლად. (არ ისმის) ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, უნდა მოგახსენოთ, რომ თვით შესწორება ასეთი გახლავთ (კითხულობს) მე-4 მუხლის უკანასკნელი წინადადება შეიცვალოს შემდეგი სიტყვებით: „საერთო რიცხვის ორ მესამედზე“. ასეთი გახლავთ მე-4 მუხლის შესწორება, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილი. სიტყვის მსურველი არავინ არის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. ეს შესწორება მისაღები არის, იმიტომ, რომ ეს განსაზღვრავს კვალიფიციურ უმრავლესობას. საერთო რიცხვი უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო აწონილ-დაწონილი იქნება საქმე, და უფრო მიზანშეწონილად გადაწყდება ის. ამიტომ იურიდიული კომისია არ არის წინააღმდეგი, რომ ეს შესწორება მიღებული იყოს. (კენჭის ყრით მიღებულია. კანონი საერთოდ მიღებულია).

თავმჯდომარე. გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს შემდეგ დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. აქ რასაკვირველია დაემატება ორი საკითხი, რომელიც დღეს არ განიხილა, პირველად დაისმება კრების წევრის ასათიანის წინადადება.

კრება დახურული გახლავთ. სხდომა თავდება 3 საათსა და 7 წუთზე.

16 მეოცდათხუთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, პარასკევი, ივლისის 11. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ მოახსენოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - საქართველოს რესპუბლიკის ბონის გამოცემის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი კანონპროექტისა - უძრავ ქონების იძულებით ჩამორთმევის, დროებით დაჭერის და მის სარგებლობაში მონაწილეობის დაწესების შესახებ - სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.

3. დეკრეტი - 1917 წ. მარტის 20 კანონის მოქმედების განგრძობისა.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შეირაღებულ ძალთა მოწყობის შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მმართველობის მოწყობის შესახებ.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო პირთა ხარისხების დებულების შეცვლის შესახებ.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცრების, სამხედრო მოხელეების და სამღვდელოების შესახებ.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შესახებ.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მფრინავთა დამატებითი ჯამაგირის შესახებ ჰაერში ფრენისთვის.

10. გარეშე საქმეთა კომისიის წინადადება - ამ კომისიის მუდმივად გადაქცევის შესახებ.

11. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - სოხუმის ოლქის მდგომარეობის და ამბების შესახებ.

12. დეკრეტი - სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილიონი მანეთის გადადებისა.

13. დეკრეტი - 1919 წ. იანვრის 1-მდე სამხედრო სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების დასაფარავად ხუთი მილ. მანეთის გადადებისა.

14. სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგის არჩევა.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგი მიღებულია. პირველი საკითხი გახლავთ საბოლოო ტექსტი საქართველოს რესპუბლიკის ბონის გამოცემის დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს).

თავმჯდომარე. კანონ-პროექტი მიღებულია. შემდეგი საკითხი არის.

დეკრეტი 1917 წლის მარტის 20 კანონის მოქმედების გაგრძელებისა.

მომხსენებელია ფირცხალაიშვილი.

ილია ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) დროებითი მთავრობამ 20 მარტს 1917 წ. გამოსცა კოოპერატივების კანონი, რომლის ძალით კოოპერატივების ამხანაგობის და მათი კავშირის რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო 2 წლის განმავლობაში დღიდან კანონის გამოცემისა.

კანონი იყო გამოცემული 1917 წ. 1 მაისს და მისი ვადა გავიდა 1919 წ. 1 მაისს. თქვენ იცით, რომ რუსეთის კანონები ჩვენში ძალაში არის, თუ ესა თუ ის კანონი საგანგებო კანონით არ არის გაუქმებული. ეს კანონიც ჩვენში ძალაშია. დღეს ორი წელიწადი გავიდა და ჩვენში, ჩვენს ტერიტორიაში, მრავალი კოოპერატივები დარჩა, რომლის რეგისტრაცია არ მოხდა და რომ კოოპერატივთა ამხანაგეობა და მათი კავშირი კანონის გარეშე არ დარჩენილიყვნენ ამიერ-კავკასიის კოოპერატივის კავშირი და ვაჭრობა-მრეწველობის და ფინანსთა სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა, რომ ამ კანონის ვადა გაგრძელებული იყოს პირველს მაისს 1920 წლამდე. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ შეიმუშავა დეკრეტი, წარუდგინა იურიდიულ კომისიას და იურიდიულ კომისიამ მისაღებად სცნო ეს დეკრეტი. და ეს არის ის დეკრეტი, რომელიც თქვენ იურიდიული კომისია გიდგენთ დასამტკიცებლად.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ.

ფირცხალაიშვილი. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. დეკრეტი მიღებულია. შემდეგი კანონ-პროექტის პირველი (ზოგადი) განხილვა შეიარაღებულ ძალთა მოწყობის შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს განცხადების დროს არ იყო შემოტანილი, მგრამ მე იძულებული ვარ მოგახსენოთ: უმორჩილესად გთხოვთ, რომ სათანადო მუხლი რეგლამენტისა იყოს დაცული. განცხადება არის ასეთი: დღევანდელ წესრიგში (არ ისმის) აღნიშნული კანონ-პროექტი იმდენად მნიშვნელოვანი არის, (არ ისმის) რომ მისი განხილვა შეუძლებლად მიაჩნია საბიუდჯეტო კომისიას, ამიტომ წინადადება შემოაქვს სამხედრო კანონ-პროექტი მოხსნილი იქნეს. სიტყვა ეკუთვნის ჭავჭანიძეს.

. ჭავჭანიძე. მოქალაქენო, ამ კანონ-პროექტს თან ახლავს შტატები, ამ შტატების განხილვა ისეთი ადვილი საქმე არ არის, რომ მათი განხილვა შეიძლებოდეს 2-3 დღის განმავლობაში, ყველა ეს შტატები უნდა იყოს განხილული საბიუჯეტო კომისიის მიერ, და რადგანაც სასწრაფოდ არ შეუძლიან ამ შტატების განხილვა, - საბიუჯეტო კომისია მოითხოვს ეს კანონ-პროექტი მოიხსნას დღევანდელ წესრიგიდან, და გადიდოს მისი განხილვა, სანამ საბიუჯეტო კომისია მოასწრობს ყველა ამ კანონ-პროექტებთან დართული შტატების განხილვას და მიღებას, თავის მხრივ კომისია ჰპირდება, რომ რაც შეიძლება დაჩქარებით განიხილავს და წარმოუდგენს დამფუძნებელ კრებას.

თავმჯდომარე. უკაცრავად, თქვენი წინადადება არის ყველა კანონ-პროექტი მოიხსნას? გთხოვთ დაასახელოთ.

ჭავჭანიძე. (კითხულობს: მე-4, 5, 6, 7, 8, 9. სულ 6 კანონ-პროექტი).

თავმჯდომარე. მაშასადამე, კანონ-პროექტები მოხსნილი არის. შემდეგი საკითხი გახლავთ გარეშე საქმეთა კომისიის წინადადება - ამ კომისიის მუდმივ კომისიათ დაარსების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მდივანს.

სვიმონ მდივანი. დამფუძნებელ კრებამ განიხილა წინადადება ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა, იმის შესახებ, რომ დაარსებულიყოს მუდმივი გარეშე საქმეთა კომისია. სოციალ-დემოკრატიულ ფრქაციის სახელით შემოტანილი იყო შესწორება ამ წინადადებაში. ფრაქცია იძლეოდა წინადადებას, დაარსებულიყო არა მუდმივი კომისიები, ჩვეულებრივ, როგორც არსებობენ სხვა კომისიები, არამედ მხოლოდ დროებითი და დროებითი ხარჯთ-აღრიცხვა ეძლეოდა კომისიას, იმიტომ რომ მაშინ მუშაობდა ამიერ-კავკასიის კონფერენცია, და ის დროებითი კომისია გარეშე საქმეს დაუპირდაპირეს ამიერ-კავკასიის - კონფერენციის მუშაობას; და ეს წინადადება ლაპარაკობდა იმას, რომ ეს კომისია იარსებებს, სანამ იმუშავებს ამიერ-კავკასიის კონფერენცია. შემდეგ კი თუ დავინახეთ, რომ ეს კომისია საჭირო იქნება, ჩვენ ამ კომისიას გადავაქცევთ მუდმივად.

დღეს, მართალია ამ კომისიის მუშაობა არ არის დამთავრებული, შეწყვეტილია დროებით, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ამ კომისიის მუშაობა შესწყდება ამ მოკლე ხანში, დაამთავრებენ თუ არა ამ საკითხს. მაგრამ, იმავე დროს, გამოირკვა ერთი რამ: რომ ამ კომისიის არსებობა ისე, როგორც ის დღეს არსებობს, ყოვლად შეუძლებელი არის. ამგვარ კომისიის არსებობას არ მოითხოვს საქმის გარემოება, ეს კომისია უნდა თავისთავად მოისპოს, როდესაც ოფიციალურად დაიხურება ამიერ-კავკასიის კონფერენცია, მაგრამ თვით კომისიის აზრი არის შემდეგი: ამ კომისიის არსებობა მუდმივად საჭირო არის, საჭიროა თვალ-ყური ვადევნოთ და ჩავერიოთ საგარეო სამინისტროს ცხოვრებაში, ისე, როგორც შესაფერი კომისიები ერევიან ამა თუ იმ უწყების მდგომარეობაში. ჩვენს წინაშე წამოიჭრა მრავალი საკითხი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესპუბლიკისათვის, ისე, როგორც სხვა სამინისტროში საქმეს. თვით სამინისტროს ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს განხილული ამ მოკლე ხანში. ჩვენ არ გვაქვს სათანადო კომისია, რომელსაც უნდა გადაეცეს ხარჯთ-აღრიცხვა გარეშე საქმეთა სამინისტროს მიერ.

კიდევ მოგახსენებთ სხვა საკითხებზედ, რომლებიც ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი არიან, რომლის გადაწყვეტა ასე თუ ისე საჭიროა მოხდეს მინისტრის და კომისიის შეთანხმებით და გარდა იმისა საჭირო არის, რომ გარეშე საქმეთა სამინისტროს კავშირი ჰქონდეს ყოველ ფრაქციასთან და თავის დროზე ფრაქციებს ცნობა ჰქონდეს დღევანდელ გარეშე პოლიტიკის მდგომარეობაზედ. ამიტომ წინადადებას იძლევა გარეშე საქმეთა კომისია, რომ ეს კომისია გადაქცეული იქმნეს მუდმივ კომისიათ იმავე კონსტიტუციით, რა კონსტიტუციითაც არსებობს დანარჩენ კომისიებში.

თავმჯდომარე. წინადადებაა საგარეო კომისიის მიერ შემოტანილი: (კითხულობს) ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, წინადადება მიღებულია. შემდეგი გახლავთ შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა მთავრობისადმი სოხუმის ოლქის მდგომრეობის და ამბების შესახებ. კეთილ ინებეთ, წაიკითხეთ ტექსტი. (მდივანი კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

სპირიდონ კედია. (ნ.-დ.) თქვენ გახსოვთ, ბატონებო, რომ იმ შეკითხვაში, რომელიც ამ ერთი კვირის წინ აქ შემოვიტანეთ, აღძრული იყო საკითხი აფხაზეთის მდგომარეობის შესახებ. მაშინ, მთავრობის წარმომადგენელმა, აღნიშნა, - ამ შეკითხვის ფრიადი სირთულე, მისი დიდი მნიშვნელობა, ამასთანავე ის გარემოება, რომ მას ხელთ არ ჰქონდა საკმაო საბუთი პასუხის გასაცემად და მდგმარეობის ფართედ გასაშუქებლად და სთხოვა დამფუძნებელ კრებას ეს შეკითხვა ერთი კვირით გადაგვედო. თქვენ იცით, რომ შემკითხველმა ამას მხარი დაუჭირა. ამ ერთი კვირის განმავლობაში საქმის ახლო გაცნობამ კიდევ უფრო დაარწმუნა ჩვენი მთავრობა, რომ მდგომარეობა იშვიათად რთული იყო. მთავრობის აზრით მიმდინარე პირობებში ამ მდგომარეობის შესახებ, საერთო კამათისა და მსჯელობის გაშლა არც თუ სასურველია; დღეს მთავრობა კიდევ ახალ ვადას საჭიროებს, რომ მეტის გულდასმით და მეტის სერიოზულობით გაეცნოს და დააფასოს ის ფაქტები, რომელიც ამ საკითხს ეხება. ჩვენ ანგარიშს უწევთ მთავრობის ამ განცხადებას, რადაგანაც ჩვენი მიზანი, როგორც ეს აღვნიშნე შეკითხვის შეტანის დღესვე, იყო, არის და იქნება ის, რომ აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა მეტად რთული და, ვიტყვი ჩვენ რესპუბლიკისთვის სახიფათო, იყოს საერთო ძალღონით გამორკვეული და წესრიგში მოყვანილი, რომ საერთო ძალღონით აცილებულ იქნას ის ხიფათი, რომელიც ჩვენ მოგველის. ეხლა ამ მოსაზრებით მთავრობის მდგომარეობას და განცხადებას ანგარიშს ვუწევთ, როგორც წარსულში, არც ეხლა ჩვენ არ შემოგვიტანია არც ერთი განცხადება სხვა მიზნით, თუ არა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესით. ამას ვლაპარაკობთ არა იმისთვის, რომ ვინმე დავაჯეროთ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ აქ იყოს ამ განცხადების აქტი. ამგვარად, მთავრობის სურვილს ვაკმაყოფილებთ და სხვა დროისთვის გადავდებთ ამ შეკითხვას, იმ დროისთვის, სანამ მთავრობას და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელთ ექნება ყოველი საჭირო საბუთი, რომ რაც შეიძლება რაციონალურად და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მიზანშეწონილად გადაიჭრას აფხაზეთის საკითხი, ეგზომ მწვავე, ეგზომ სახიფათო.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მთავრობის წარმომადგენელს.

პეტრე გელეიშვილი. მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მოგახსენებთ, რომ დღევანდელი განხილვა ამ შეკითხვისა უნდა იყოს გადადებული, რადგანაც სოხუმიდან საჭირო მასალა არ არის მიღებული, ამიტომ გთხოვთ გადასდოთ ეს შეკითხვა.

თავმჯდომარე. შეკითხვა გადადებულია. შემდეგი საკითხია - დამფუძნებელ კრების წევრის ალ. ასათიანის წინადადება სახალხო-სამეურნეო კომისიის არჩევის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ეროვნ.-დემ.) ბატონებო! მე წინადადება შემოვიტანე დამფუძნებელ კრებაში, რომ არჩეული იქმნას მუდმივის სახალხო მეურნეობის კომისია. ამ წინადადების შემოტანის დროს მე ხელვმძღვანელობდი შემდეგი მოსაზრებით: ჩვენი მუშაობა, - სანამ ჩვენ არ დაგვიმკვიდრებია უფლებრივი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, - არა-ნორმალურ პირობებში ვითარდება. მე ვფიქრობ, რომ ის საკანონმდებლო მუშაობა, როელსაც ჩვენ აქ ვაწარმოებთ, სავსებით არ ჰფარავს იმ საჭიროებებს, რომლებსაც უყენებს ცხოვრება და სახელმწიფოებრივ ცხოვრების აღმშენებლობის ინტერესები. დამფუძნებელს კრებაში, ჩვენ გვაქვს მრავალი კომისიები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფოებრივ ცხოვრების ამა თუ იმ დარგში. ეკონომიურ საკითხში გასარკვევად, ჩვენ გვაქვს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, გვაქვს გზათა კომისია, შრომის კომისია, აგრარული კომისია და სხვა. და ყოველივე ეს კომისიები მუშაობენ ამა თუ იმ უწყების სფეროში და საკანონმდებლო მუშაობას აწარმოებენ ამა თუ იმ სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონ-პროექტის განხილვით თუ საკუთარი ინიციატივით იმავე საკითხების აღძვრით. მაგრამ მე ვფიქრობ, იმისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში სისტემა გვქონდეს და იყოს მთლიანი გეგმა ეკონომიური კითხვების გადასაჭრელად და მოსაგვარებლად, საჭირო არის დამფუძნებელ კრებაში იყოს ისეთი კომისია, რომელშიაც ეს საერთო გეგმა და საერთო გეზი შემუშავდება გარკვეული ეკონომიური პოლიტიკის საწარმოებლად.

არსებობა კომისიის, რომელიც ყველა მთავარ საკითხებს გამოარკვევს საერთო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და არა რომელიმე უწყების თვალსაზრისით, დიდ საჭიროებას წარმოადგენს კიდევ იმისთვის, რომ ყველა უწყებამ იმუშაოს უკვე განსაკუთრებულ მათთვის მიჩნეულ კალაპოტში და რომ ყველა უწყებას გარკვეული ჰქონდეს სფერო თავისი მუშაობისა. დამოუკიდებლობის არსებობის პირველი წლის განმავლობაში, ჩვენ უწყებებს მრავალჯერ ჰქონდა შემთხვევა, რომ ამა თუ იმ საკითხის შესახენ მათ შორის დავა და უთანხმოება ატეხილიყოს იმის შესახებ, თუ რომელ უწყებას უნდა ეკუთვნოდეს ესა თუ ის ნაწილი სახელმწიფო მმართველობისა, ვის გამგებლობაში უნდა დარჩეს ის და სხ. იყო მაგალითად დავა იმის შესახებ, თუ რომელ უწყებაში უნდა ყოფილიყო, ვსთქვათ, ნავთსადგურები, ტყიბულის მაღაროები, მომარაგების კომიტეტი და სხვა. და ეს საკითხები არ სწყდებოდა საერთო გეგმის მიხედვით, საერთო ეკონომიურ მიზნის გათვალისწინებით, არამედ ხშირად იმისდა მიხედვით, თუ რომელი უწყება უფრო დამთმობი იყო და რომელ უწყებას მეტი სურვილი ჰქონდა ამ საქმეების მითვისებისა. ასეთი კომისიის ხელმძღვანელობით გამომუშავდება ისეთი წესი, რომლის შემწეობით ყველა უწყების მუშაობა თავის კალაპოტში ჩადგება და, რასაკვირველია, ასეთი დავა და უთანხმოება უფრო ნაკლები იქნება.

მაგრამ ასეთი კომისიას კიდევ უფრო რთული დანიშნულება აქვს. მან უნდა განიხილოს და გაარკვიოს ყველა რთული ეკონომიურ-ფინანსიური საკითხები, რომელიც დამფუძნებელ კრებაში აღიძვრება. სახელმწიფო ქონების ექსპლუატაცია, მისი გამოყენება, კონცესიების წესის შემუშავება და გაცემა და სხ.; სავაჭრო ხელშეკრულებების დადება, საშინაო და საგარეო სავაჭრო პოლიტიკის წარმოება და საზოგადოთ ყველა სახალხო და სახელმწიფო მეურნეობის კითხვები ამ კომისიის კომპეტენციას უნდა შეადგენდეს. სახელმწიფო აპარატს სათანადო ძალა არ მოეპოვება, აღძრული არის მრავალი საკითხის შესახებ, აი ამ საკითხების საერთო სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით განხილვა, შესწავლა და აწონ-დაწონვა, მე ვფიქრობ, უაღრეს საჭიროებას წარმოადგენს დამფუძნებელი კრებისთვის, და ვინაიდან ჩვენ არ მოგვეპოვება არც ერთი კომისია, რომელსაც დაკისრებული ჰქონდეს საერთო ხასიათის ეკონომიური - კითხვების მოგვარება, ამიტომ მე წინადადებას ვიძლევი, რომ დაარსდეს განსაკუთრებული, - ეკონომიური კომისია, - რომელსაც დაეკისრება ასეთი მუშაობა.

ამ ჟამად ყველა ამ მორიგ საკითხების განხილვას საბიუჯეტო კომისია კისრულობს, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ერთი კომისია, საბიუჯეტო კომისია, ძლივს თუ მოერევა სპეციალურად საბიუჯეტო მუშაობას, მოგეხსენებათ, რომ ყოველივე თქვენ მიერ შემუშავებული დეკრეტი, თუ კანონი, გადადის საბიუჯეტო კომისიაში მათი ბიუჯეტის თვალსაზრისით განსახილველად. ეს მორიგი საკითხები, რომლებიც პირდაპირ ჩვენ ბიუჯეტს შეეხება, ისე ვრცელი და დიდია, რომ საბიუჯეტო კომისიას, რასაკვირველია, არ ექნება საშვალება ამას გარდა აწარმოვოს კიდევ მეტად საფუძვლიანი, მეტად მძიმე მუშაობა, ისეთ სფეროში, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტს კი არ შეეხება, არამედ საერთოდ ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას. ამიტომ არის, რომ ყველა პარლამენტებში საბიუჯეტო კომისიისთვის სპეციალური კომისია არსდება და სხვა ეკონომიურ საკითხებისთვის კი განსაკუთრებული ფინანსიური, ეკონომიური კომისია. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ასეთი კომისია დამფუძნებელ კრებაშიც დაარსდეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის თოფურიძეს.

დიომიდე თოფურიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ისეთი კომისიები უნდა დაარსდეს, რომლის დაარსება წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას, როგორც ბრძანა მომხსენებელმა, მისი აზრით, ახალი კომისია უნდა დაარსდეს, იმიტომ, რომ უნდა შევისწავლოთ ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, შევისწავლოთ ის წინადადებები, რომლებსაც წამოაყენებს ცხოვრება და ამ სფეროში ამნაირათ გაუადვილოთ მუშაობა, როგორც პარლამენტს ისე მთავრობას. მომხსენებლის აზრით ეს ცალკე კომისიის დაარსება იმისთვის არის საჭირო, რომ საბიუჯეტო კომისიას აწევს დიდი შრომა და დრო არ დარჩება, რომ მოერიოს ამ დიდ საკითხებსაც. მე მგონია, რომ ეს ესე არ არის. მართლა, ვსთქვათ, დაარსდა ცალკე კომისია, სამეურნეო, ამ კომისიამ შეისწავლა ესა თუ ის საკითხი, რომელსაც ალბად ექნება დიდი ეკონომიური მნიშვნელობა; რომ ის, რასაც დიდი სახელმწიფოებრივი, ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, მას იმავ დროს აქვს დიდი ფინანსიური მნიშვნელობაც. ეკონომიური მდგომარეობა არის ბაზისი ჩვენი ფინანსების კეთილ მოწყობისა. მაშასადამე, ყოველგვარი ასეთი წინადადება, ასეთი გამოკვლევა უნდა გადავიდეს საბიუჯეტო კომისიაში, ეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს და საბიუჯეტო კომისიამ ხელახლად ეს უნდა შეისწავლოს, გაითვალისწინოს და შემდეგ უნდა გადავიდეს დამფუძნებელ კრებაში. რა ხდება ამნაირად? ხდება ის, რაც ხდება ზოგიერთ კომისიის შიგნით. აქ სდგება მცირე კომისიები, ან და იყოფა კომისიები რამდენიმე ნაწილად კიდევ; შემდეგ შეისწავლიან სხვა და სხვა მხრივ, შემდეგ შეგროვდებიან ერთად, ითვალისწინებენ ამ საკითხს ყოველმხრივ და საერთო დასკვნა გამოაქვთ. თუ ეს ესე არის, - და ეს არის ასე, - რასაკვირველია, მაშასადამე, ცალკე დაარსება ისეთ კომისიის, როგორიც სურს მომხსენებელს, კი არ გააადვილებს შრომას, უფრო გაართულებს, მეტ ხალხს მოინდომებს, მეტი წევრები დაგვჭირდება, მეტი დრო დაგვეკარგება და საბოლოოდ ის ისევ მივა საბიუჯეტო კომისიაში. ეს ერთი: მეორე, აქვს თუ არა საშუალება და დრო საბიუჯეტო კომისიას ასეთი საკითხის შემუშავებისა. პირველ დებულებიდან სჩანს, რომ საბიუჯეტო კომისია ვალდებულია სამეურნეო საკითხები შეისწავლოს, მაშასადამე, აქვს თუ არა აქვს დრო - მაინც უნდა შეისწავლოს. მეორე მხრივ საბიუჯეტო კომისიას, მართალია დღეს დიდი შრომა აწევს, მაგრამ ისიც უნდა მოგახსენოთ, ასეთი შრომა იმიტომ აწევს, რომ ჯერ-ჯერობით ბიუჯეტი არ არის შემუშავებული, ჯერ-ჯერობით არ არის ისეთი კანონ-პროექტი ფინანსიურად დამუშავებული, რომელიც უნდა გატარდეს ამ მოკლე ხანში; მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტი უკვე წარმოდგენილია სამინისტროსაგან. აი, სწორედ ამ ორ-სამ თვის განმავლობაში ეს ბიუჯეტი უნდა იქნეს შემუშავებული და თქვენს წინაშე წარმოდგენილი. როდესაც ბიუჯეტის განხილვა დამთავრდება, მაშინ რა მდგომარეობაში იქნება საბიუჯეტო კომისია, უსათუოდ მას ექნება ბევრი თავისუფალი დრო. ასეთ პირობებში მე მიმაჩნია სავსებით უმიზნოდ და უსაბუთოდ ასეთი კითხვის დასმა და ახალი კომისიის დაარსება. დღემდის საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მხოლოდ ფაქტიურად აყენებდა და არჩევდა ეკონომიურ კითხვებს; ხოლო კი მე მიმაჩნია საჭიროდ დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ასეთი კითხვების გარჩევა, და კომისიამ გამოჰყოს თუ ეს საჭირო იქნება, მცირე კომისია, რომელიც ასეთ კითხვებს უფრო გულდასმით განიხილავს, და უფრო ვალდებული იქნება ასეთ კითხვების შესწავლისა. მე მგონი ამნაირად მოწყობილი კომისია უფრო მიზანშეწონილი იქნება, ამნაირად მოწყობილი კომისია უფრო ორგანიულად წარმოადგენს ერთ ისეთ მთლიანს, რომელიც ერთ და იმავე დროს გაითვალისწინებს, როგორც ეკონომიურ მხარეს საკითხებისა, ისე მათ ფინანსიურ მნიშვნელობას, და ამით, რასაკვირველია, საქმე უფრო რიგიანად გამოირკვევა და ის მიზანი, რომელსაც ეხლა გვიყენებს ბ. ასათიანი უფრო საფუძვლიანად და სავსებით იქნება მიხწეული. ამიტომ ჩვენი წინადადება არის, წინადადება ბ. ასათიანის იქნეს უარყოფილი და ასეთი კითხვები, როგორც დღემდის იყო ფაქტიურად, ისე მომავალში მუშავდებოდეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში და ეს გახდეს მის მოვალეობათ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვის კრების წევრს ასათიანს.

ალექსანდრე ასათიანი. (ნ.-დ.) დამფუძნებელ კრების წევრი თოფურიძე ფიქრობს, რომ ვინაიდან თითქმის ყველა საკითხები, რომელიც ახალს სამეურნეო კომისიაში გაირჩევა, უკეთუ ის დავაარსეთ, საბოლოოდ საბიუჯეტო კომისიაში უნდა გადავიდეს, ვინაიდან თითქმის ყოველივე ასეთს საკითხს საბიუჯეტო მნიშვნელობა ექნება. ასეთი კომისიის დაარსება საჭირო არ არის. ასე რომ გავსაჯოთ საკითხი, მაშინ აღარ იქნება საჭირო, რომ არსებობდეს გზათა კომისია, განათლების კომისია და სხ. ყველა ასეთი კომისიები თავის სპეციალურ სფეროში საკითხებს სწყვეტენ და იმდენად რამდენად მათ ექნებათ საბიუჯეტო მნიშვნელობა და ხასიათი, ეს საკითხები გადადის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ უნდა თავის დასკვნა მისცეს ამ საკითხებს. განა აქედან შეიძლება ასეთი დასკვნის გამოტანა, რომ ვინაიდან ეს საკითხები გადადის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში და ბიუჯეტის თვალსაზრისით იხილება, არ უნდა არსებობდეს მათთვის სპეციალური კომისია?

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ბიუჯეტს დავამუშავებთ და ბევრი დრო გვექნება ასეთი საკითხები სპეციალურად შევისწავლოთო, მე ვფიქრობ, რომ საბიუჯეტო საკითხები ისე ვრცელი და რთულია, რომ ერთმა კომისიამ მომავალში ის დასძლიოს ისე, რომ ბევრი დრო დარჩეს სხვა რთულ საკითხების გადასაჭრელად. ამ ჟამად კი, თუ ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამ საბიუჯეტო მორიგ საკითხებს, ამათანავე ჩვენს წინაშე დგება უდიდესი მორიგი საკითხი ეკონომიური ხასიათისა - შესახებ სავაჭრო, სასურსათო პოლიტიკისა, შესახებ სახელმწიფო ქონების ექსპლოატაციისა და სხვა. ჩვენ არ შეგვიძლიან უცადოთ იმ დროს, როდესაც საფინანსო კომისია განთავისუფლდება თავის მუშაობისაგან, რაც ჩემის აზრით არ შეიძლეაბ მოხდეს არასოდეს, ვინაიდან მას მუდამ დიდი სამუშაო ექნება. არ შეგვიძლიან უცადოთ იმ დროს, როდესაც ეს კომისია ისე განთავისუფლდება, რომ ეს დიდი საკითხი მან დასძლიოს, და თავის მცირე კომისიაში გაარკვიოს, ასე, რომ აქ არ არის წარმოდგენილი არც ერთი საბუთი ჩემი წინადადების წინააღმდეგ.

რაც შეეხება ბ. თოფურიძის განცხადებას, მე პირადად გაკვირვება უნდა გამოვსთქვა, იმიტომ, რომ მე აქამდის ვფიქრობდი, რომ ეს აზრი შესახებ ასეთი კომისიის დაარსებისა არა მარტო ჩემი აზრია, არამედ ბ. თოფურიძისაც. ჯერ რამოდენიმე თვის წინეთ გაუზიარე მას ჩემი აზრი და მან განმიცხადა, - მე მიხარიან, რომ თქვენც ასეთი აზრის ყოფილხართ. მე ამის შესახებ უკვე მაქვს შემუშავებული სათანადო წინადადებაო. ამის შემდგომ მე დღემდის ველოდი მის წინადადებას და მის მოლოდინში ასეთი წინადადება არ შემომქონდა. (ხმა: ეს ფრაქციის აზრია!) ბ. თოფურიძეს არ გამოუცხადებია, რომ ეს ფრაქციის აზრია, ასეთი კომისიის საჭიროება, აღნიშნულა სხვა და სხვა კომისიებში. აგრეთვე ჩვენ საბიუჯეტო კომისიის ზოგიერთი წევრები ამ აზრისა არიან, და ისინი არ არიან ასეთ ოპტიმიზმით გამსჭვალულნი, რომ მათ შეუძლიანთ დასძლიონ აუარებელი საბიუჯეტო მუშაობა და შესძლონ აგრეთვე ასეთი უდიდესი საკითხების გარკვევა და შესწავლა თავის პატარა კომისიებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ, დამფუძნებელ კრების წევრებში არავის არ გამოუთქვამს, არავის არ დაუმტკიცებია, რომ ასეთ უდიდეს საკითხებს ამ ჟამად ჰყავთ თავის პატრონი, ისეთი პატრონი, რომელიც სპეციალურად ამაზედ ფიქრობს, ამაზე ზრუნავს, რომელსაც აქვს ამისთვის პასუხისმგებლობა. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში იყო ერთი ისეთი მაგალითი, როდესაც მან აღძრა ერთი დიდი საკითხი ეკონომიური ხასიათისა - შესახებ საგარეო ვაჭრობის პოლიტიკისა. თქვენ გახსოვთ რამდენად დამუშავებული იყო ეს საკითხი, და დამფუძნებელ კრებას დასჭირდა 3-4-ჯერ მისი მოხსნა. ასეთ უდიდეს საკითხის, სხვათაშორის, გადაწყვეტა და გადაჭრა, მე ვფიქრობ, ძალიან სამძიმო და სახიფათო იქნება დამფუძნებელ კრებისთვის და საზოგადოდ ჩვენი რესპუბლიკისთვის, აუცილებლად საჭიროა, რომ არსებობდეს სპეციალური კომისია.

თავმჯდომარე. გახლავთ ორი წინადადება შემოტანილი: ერთი ბ. ასათიანის მიერ, რომ დაარსდეს მუდმივი კომისია ეკონომიური, და მეორე - სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა, რომ უარყოფილი იქნეს ეს წინადადება. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, წინადადება ბ. ასათიანისა უარყოფილია. შემდეგი საკითხი გახლავთ დეკრეტი - სამხედრო საჭიროებისთვის 15 მილიონ მანეთის გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი გიორგი ანჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო, როგორც მოგეხსენებათ სამხედრო უწყებას მრავალი ხარჯები სჭირია ხარჯთ-აღრიცხვის გარეშე. სხვათაშორის თქვენ გეხსომებათ, როდესაც სომხებთან ომი სწარმოებდა, მაშინ პარლამენტმა გადასწყვიტა გაეხსნა სამხედრო უწყებისთვის 25 მილიონის კრედიტი. ამ ჟამად ეს კრედიტი სრულიად ამოწურული არის, და საჭიროება კი, რასაკვირველია, არ მოსპობილა, განსაკუთრებით თუ მიიღებთ მხედველობაში ამ გარემოებას, რომელმაც ჩვენ გვაიძულა დაგვედო ხელშეკრულება ადერბეიჯანთან. აი, ამ მოსაზრების გამო სამხედრო სამინისტრო ითხოვს, რომ გახსნილი იქნეს კრედიტი 15 მილიონ მანეთისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისთვის სიტყვა არავის არ სურს? ვინ არის წინააღმდეგი, რომ შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.360

ანჯაფარიძე. (კითხულობს. დამფუძნებელი კრება დეკრეტს ღებულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. მუხლობრივ კენჭის ყრით დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი გახლავთ - დეკრეტი 1915 წლის იანვრის პირველამდე სამხედრო სამინისტროს მიერ გაწეულ ხარჯების დასაფარავად 5 მილიონი მანეთის გადადებისა. მომხსენებელი გახლავთ ანჯაფარიძე,

გიორგი ანჯაფარიძე. ვინაიდან ჯერჯერობით არ არის წარმოდეგნილი სახელმწიფო კონტროლის დასკვნა ამ დეკრეტის შესახებ, ამიტომ საბიუჯეტო კომისია ითხოვს, რომ ეს დეკრეტი იქნეს მოხსნილი დღევანდელ წესრიგიდან.

თავმჯდომარე. თქვენ ამას ბრძანებთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აქ საფინანსო კომისიის მიერ ეს დეკრეტი არის წარმოდგენილი და ხელი მოწერილი საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მიერ. მე ვთხოვ კომისიას ერთხელ და სამუდამოდ, შემოიტანოს კანონი ამ დეკრეტის, მხოლოდ მაშინ, როდესაც საბოლოო დასკვნა აქვს მას მიღებული.

გახლავთ წინადადება შემოტანილი, რადგანაც სახელმწიფო კონტროლიორის დასკვნა არა აქვს დეკრეტს, ამიტომ საფინანსო კომისია თხოულობს მოიხსნას ეს საკითხი. კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე გადადებისა? მიღებულია უკანასკნელი საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, უნდა მოხდეს ფარული კენჭის ყრით. გთხოვთ, გამოარკვიოთ არის თუ არა ქვორუმი. უნდა მოგახსენოთ, რომ შემდეგი განცხადება არის სახელმწიფო კონტროლიორისა: თანახმად... (კითხულობს). არის თუ არა ქვორუმი? ქვორუმი არის. მაშასადამე, ერთად-ერთი კონტროლიორის ამხანაგად არის დასახელებული. სახელმწიფო კონტროლიორი ასახელებს კონსტანტინე ანდრონიკაშვილს. გთხოვთ, დაურიგოთ ბარათები. (ბარათები დარიგებულია. ფარული კენჭის ყრა ხდება.) გთხოვთ დათვალოთ. (მდივნები სთვლიან ბარათებს. გთხოვთ მოისმინოთ. მომხრე არის 41, წინააღმდეგი 2, თავი შეიკავა 2-მა, და 2 ცარიელი არის. ერთში სხვა კანდიდატი არის დასახელებული. ამგვარად ანდრონიკაშვილი გახლავთ ამორჩეული. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს დღიურ წესრიგს).

სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 საათსა და 25 წ.361

17 მეოცდათექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

სამშაბათი, 1919 წელი, ივლისის 15. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

კრება იწყება 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - კოოპერატიულ ამხანაგობათა და კავშირთა რეგისტრაციის ვადის 1917 წ. მარტის 20 კანონის მოქმედების განგრძობის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი - სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კაონ-პროექტისა - ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების შესახებ.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სააქციზო და საპატენტო გადასახადის გადიდების შესახებ.

5. დეკრეტი - დაბა ონის ქალაქად დამტკიცებისა.

6. დეკრეტი - საქართველოს ქალაქების და სამაზრო ერობათა სასარგებლოთ - ერთდროული სასანიტარო გადასახადის შემოღებისა.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მმართველობის მოწყობის შესახებ.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შეიარაღებულ ძალთა მოწყობის შესახებ.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო ბეგარის და შეიარაღებულ ძალთა შევსების შესახებ.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო პირთა ხარისხების დებულების შეცვლის შესახებ.

11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცრების, სამხედრო მოხელეების და სამღვდელოებისათვის ახალი ჯამაგირების შესახებ.

12. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარის კაცთა ტანისამოსის ფორმის შესახებ.

13. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მფრინავთა დამატებითი ჯამაგირის შესახებ, ჰაერში ფრენისათვის.

14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შეიარაღებულ ძალთა რეორგანიზაციის შესახებ.

ამ წესრიგის თანახმად საფინანსო კომისიის თავმჯდომარის განცხადებისა დღეს უნდა მოისხნას მეოთხე საკითხი კანონ-პროექტი სააქციზო-საპატენტო გადასახადის გადიდების შესახებ. მისი განხილვა არ დაუმთავრებია კომისიას და ამიტომ გთხოვთ მოიხსნას.

დანარჩენის შესახებ სურს ვისმეს თუ არა სიტყვა? დღიური წესრიგი მიღებული გახლავთ. პირველი საკითხის შესახებ მომხსენებელია სოლოღაშვილის ასული.

. ანნა სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს დღიურ წესრიგის 1 და 2 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს. საბოლოო ტექსტები მუხლობრივ განხილვის შემდეგ კრების მიერ დამტკიცებულ იქნენ).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ.

კანონ-პროექტი ცენტრალურ სტატისტიკურ კომიტეტის დაარსების შესახებ.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ფირცხალაიშვილი.

ილია ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) მოქალაქენო! როგორც კერძო პირისთვის საჭიროა, იცოდეს თუ რა ხდება მის გარშემო და რას შეუძლია ესა თუ ის გავლენა იქონიოს მის არსებობაზე, ისე საზოგადოებრივ დაწესებულებისთვის და მით უფრო სახელმწიფოსთვის თავისი მდგომარეობით საჭიროა, რომ მას ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა საზოგადოებრივ ცხოვრების სხვა და სხვა მხარეებზედ. ერობამ და ქალაქის თვითმმართველობამ არ შეიძლება არ იცოდეს ქალაქში და მაზრაში რიცხვი სასწავლებელში მისაღებ ახალ თაობისა, თუ ეს მათ არ იციან, მათ არ შეუძლიანთ, დააკამყოფილონ ხალხის საჭიროება სწავლა-განათლების მხრივ. ერობამ და ქალაქის თვითმმართველობამ არ შეიძლება არ იცოდეს საერთო რიცხვი მცხოვრებთა და დაბადებულთა ამა თუ იმ წელში. და თუ ეს საჭიროა საზოგადოებრივ დაწესებულებისთვის, მით უფრო ეს საჭიროა სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოს, მაგალითად, არ შეუძლიან არ იცოდეს საერთო რიცხვი იმ პირთა, რომლებსაც მოსახდელი აქვს სამხედრო ბეგარა; ბევრი ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება და ყველა ასეთი ცნობების მიღება შეიძლება მხოლოდ სტატისტიკურ ორგანიზაციის საშუალებით. ყოველ საკითხს: სასურსათო, ფინანსიურ, სწავლა-განათლების მჭიდრო კავშირი აქვს სტატისტიკასთან. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი სტატისტიკა იმყოფება პირველყოფითი მდგომარეობაში. სახელმწიფოს ხშირად ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა უხდება ვარაუდით, ვინაიდან მის განკარგულებაში არ იმყოფება საჭირო სტატისტიკური მასალა. ყველა ეს დამამტკიცებელია იმისა, რომ ჩვენთვის, ჩვენ სახელმწიფოსთვის დიდად საჭირო არაა სტატისტიკური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის სასურველ ნიადაგზე დაყენება. არ არის არც ერთი უწყება, რომელი არ იყოს დაინტერესებული სტატისტიკური ორგანიზაციის რიგიანად მოწყობაში, მაგალითად, მიწად-მოქმედების სამინისტრო დაინტერესებულია, რომ დაამთავროს აგრარული რეფორმა და ამ რეფორმით განახლებულ მეურნეობას უხელმძღვანელოს. ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო, რომელსაც დასამუშავებელი აქვს გეგმა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრის და საწარმოვო ძალების ნაყოფიერად გამოყენებისა, არ მოეპოვება სწორი აღწერა ვაჭრობა-მრეწველობის დაწესებულებებისა. შრომის სამინისტრო, რომელსაც არ შეუძლიან არც ერთი სოციალური რეფორმა გაატაროს ცხოვრებაში, თუ მის განკარგულებაში არ იმყოფება სტატისტიკური მასალა, საფინანსო სამინისტროს, რომელსაც არ შეუძლიან არც ერთი თავისი ნაბიჯი და თავისი მიზანი მოიყვანოს სისრულეში, თუ მის განკარგულებაში არ არის სტატისტიკური ცნობები. სწავლა-განათლების სამინისტროს არ შეუძლიან გაატაროს ცხოვრებაში პროგრამა საყოველთაო სწავლისა, თუ მის განკარგულებაში არ იმყოფება საერთო რიცხვი სასწავლებელში მისაღებ ახალგაზრდობისა. გზათა სამინისტროსთვის დიდად საჭირო არის იცოდეს რა მდგომარეობაშია მცხოვრებთ გადასვლა-გადმოსვლის და საქონლის გატან-გამოტანის საქმე ამა თუ იმ კუთხეში. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდად საჭიროა იცოდეს მცხოვრებთა საერთო რიცხვი, რიცხვი დაბადებულთა ამა თუ იმ წელში და სხვა. სასურსათო სამინისტროსათვის საჭიროა, რომ იცოდეს რა მდგომარეობაშია სასურსათო საქმე. სამხედრო სამინისტროსთვის, საჭიროა იცოდეს რიცხვი იმ პირთა, რომელთაც მოსახდელი აქვთ სამხედრო ბეგარა.

ყველა ეს დამამტკიცებელია იმისა, რომ არ არის არც ერთი უწყება, რომელიც დაინტერესებული არ იყოს ამ ორგანოს შექმნაში. გარდა იმისა, რომ თვით სახელმწიფოც არის დაინტერესებული ამ ორგანიზაციის შექმნაში, ქალაქის თვითმმართველობები და ერობებიც აგრეთვე დაინტერესებულნი არიან ამ ორგანიზაციის შექმნაში. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდა ერობებს დღეს არა აქვთ საშუალება სტატისტიკის საქმე დააყენონ სასურველ ნიადაგზე თუ მათ სახელმწიფოებრივი აპარატი არ დაეხმარა. დღეს, ცოტად თუ ბევრად, თითქმის ყოველი უწყება აგროვებს სტატისტიკურ მასალას, და ხშირად ხდება, რომ სხვა და სხვა უწყება ერთ და იგივე მასალას ჰკრეფს სხვა და სხვა გზით, სხვა და სხვა საშუალებით, რაც იწვევს ზედმეტ ხარჯს. და თუ ეს საქმე თავმოყრილი იქნება ერთ ორგანოს ხელში, მაშინ, რასაკვირველია, გასაღები ხარჯიც იქნება შემოკლებული. წარმოდგენილ კანონ-პროექტს აქვს მიზნად დააარსოს საუწყებათაშორისო ორგანო, რომელიც იქნება უმაღლესი ხელმძღვანელი სტატისტიკურ საქმისა საქართველოში, რომელიც იმავე დროს გაუწევს ერთგვარ კონტროლს სტატისტიკურ დაწესებულებებს სხვა და სხვა სახელმწიფოს უწყებებში და თვითმმართველობებში. დღემდის, სწორედ რომ ვსთქვათ, რევოლუციამდის რუსეთში სტატისტიკური საქმე დაახლოვებით ასე იყო მოწყობილი: რუსეთში ცენტრალური სტატისტიკური ორგანიზაცია არ იყო; ყოველ უწყებას, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფინანსო სამინისტროს ჰქონდათ საკუთარი სტატისტიკური ორგანო და ყოველი უწყება ცალ-ცალკე აწარმოებდა ამ სამუშაოს. მართალია, სტოლიპინის დროს იყო განზრახული, რომ ამ საქმეში ცენტრალიზაცია მომხდარიყო, მაგრამ ეს ცენტრალიზაცია არ მოხდა და როგორც უკვე ვსთქვი ამ საქმეს ყოველი უწყება ცალ-ცალკე აწარმოებდა. დღეს კი, თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ევროპის სახელმწიფოებს, დავინახავთ იქ, რომ ასეთი ცენტრალური ორგანიზაცია კარგად მოწყობილი არსებობს გერმანიაში, ამერიკაში და სხვა სახელმწიფოებში. ერთი სიტყვით, კანონ-პროექტს განზრახული აქვს შექმნას ერთი ცენტრალური ორგანიზაცია; ასეთი აპარატი, ცოტად თუ ბევრად მოწყობილი, ჩვენ უკვე გვაქვს. შარშან პარლამენტმა ნოემბრის 15-ს მიიღო კანონი, რომლის ძალით მიწად-მოქმედების სამინისტროსთან დაარსდა დროებითი ბიურო, რომლის განკარგულებაში გაღებული იყო განსაზღვრული თანხა. ამ ბიუროს ჰქონდა მიზნად გაეტარებინა ცხოვრებაში აგრარული რეფორმა. ეს მომზადებული ხალხი დღეს იმყოფება მიწათ-მოქმედების სამინისტროს განკარგულებაში, რომელსაც არ დაუმთავრებია პარლამენტის მიერ დაკისრებული დავალება. და ის თანხა, რომელიც გადაცემული იყო ამ სტატისტიკური ორგანოს შესანახად, უკვე დაილია. ამ კანონ-პროექტის პირველ მუხლის ძალით ასეთი სტატისტიკური ორგანო უნდა დაარსდეს რესპუბლიკის მთავრობასთან. მოსაზრება, რომ იგი დაარსდეს რესპუბლიკის მთავრობასთან და არა რომელიმე უწყებასთან, არის შემდეგი: ეს დიდად მნიშვნელოვანი საქმე უნდა იყოს მთავრობასთან და არა რომელიმე ერთ უწყებასთან, ვინაიდან ყოველი უწყება, თვის ფარგლებში შევა ზემო აღნიშნული ორგანო, უმთავრესად თავის საჭიროებისათვის გამოიყენებს ამ ორგანიზაციას.

და ამიტომ იურიდიული და თვითმმართველობის კომისიის აზრით ასეთი ორგანო უნდა იქნეს დაარსებული რესპუბლიკის მთავრობასთან და არა რომელიმე სამინისტროსთან. ამ სტატისტიკურ კომიტეტის სათავეში უნდა იდგეს თავმჯდომარე, რომელსაც დანიშნავს რესპუბლიკის თავმჯდომარე. სტატისტიკური კომიტეტი უნდა შესდგეს ოთხი განყოფილებისაგან: ა) საადგილ-მამულო სასოფლო-სამეურნეო და ერობის სტატისტიკა, ბ) შრომის და ვაჭრობა-მრეწველობის სტატისტიკა, გ) სატრანსპორტო და სასურსათო და დ) მცხოვრებთა (დემოგრაფიის) და ქალაქთა სტატისტიკა. ყველა ამ განყოფილებების სათავეში უნდა ედგენ გამგენი, რომლებსაც დანიშნავს მთავრობის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენით. კომიტეტის თავმჯდომარე და 4 გამგე იქნება ის აპარატი, რომელიც შეასრულებს ყოველ მუშაობას ამ სტატისტიკურ ორგანიზაციაში. ეს იქნება მომუშავე ორგანიზაცია. მაგრამ ამ ორგანიზაციისთვის საჭიროა შეიქმნას ისეთი უმაღლესი დაწესებულება, ისეთი ორგანო, რომელიც იქნება საერთო ხელმძღვანელი მუშაობის და ასეთ ხელმძღვანელად პროექტის აზრით უნდა იქნეს სასტატისტიკო საბჭო, რომელიც შესდგება თავმჯდომარისაგან და რომელსაც დანიშნავს მთავრობის თავმჯდომარე; ამ საბჭოში შევლენ ქალაქთა კავშირის, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის, სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვანი, დაახლოვებით ეს არის შინაარსი იმ კანონ-პროექტისა, რომელიც წარმოდგენილი არის თქვენ წინაშე მისაღებად. საჭიროება ასეთ ორგანიზაციის, ჩემის აზრით, არ გამოიწვევს არავითარ დავას, შეიძლება სადავო გახდეს საკითხი, რომელ უწყებასთან მოეწყობა იგი. მოსალოდნელია ამ საკითხმა გამოიწვიოს რამე ლაპარაკი. მაგრამ, ორი კომისიის აზრით ეს ორგანიზაცია უნდა იქნეს მთავრობასთან დაკავშირებული და არა რომელიმე სამინისტროსთან. იგი შეასრულებს თავის დიდი მოვალეობას, რომელსაც აკისრებს კანონ-პროექტი. ამ კანონ-პროექტთან დართული არის შტატები, რომლის შესახებ მე თქვენ არაფერს არ მოგახსენებთ, რადგანაც შტატების შესახებ არის მომხსენებლად დანიშნული ფინანსიური კომისიის წარმოამდგენელი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს კრების წევრს ბ. ირემაშვილს.

იოსებ ირემაშვილი. (ს.-დ.) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა აღნიშნული პროექტი დებულებისა - რესპუბლიკაში სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების შესახებ და პრინციპიალურად დაეთანხმა იურიდიულ და თვითმმართველობის კომისიებს ასეთ სასტატისტიკო კომიტეტის დაარსებაში. ასეთი სასტატისტიკო კომიტეტის დაარსება მან აუცილებლად აღიარა. პირველად ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შეგნებული, მიზანშეწონილი, ეკონომიური, ფინანსიურ პოლიტიკის წარმოება მთავრობას არ შეუძლიან გარეშე ასეთ ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტისა. ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტს შეუძლიან მისცეს სწორი უტყუარი ცნობები ჩვენ ეკონომიურ ცხოვრების მდგომარეობის შესახებ. ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი თავს მოუყრის ჩვენი ეკონომიური ცხოვრების ყოველ ცნობებს, რომელიც აღნიშნულია საერთოდ ამა თუ იმ დარგში ამ ტენდენციის. აი, ამ შეფარდებულ, მიზანშეწონილ ეკონომიურ პოლიტიკის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიან ჩვენ მთავრობას, როდესაც აი, ასეთი მეცნიერულად გამოკვლეული სტატისტიკური ცნობები მას ხელში ექნება. ეს ცნობები სრული სარკე იქნება ჩვენი ეკონომიური სიმდიდრისა, ჩვენი ეკონომიური ვითარებისა.

აი, ამ სტატისტიკურ ცნობების, რომლების ენაც სწორ-უტყუარ-ჭეშმარიტ საფუძველზე, ფაქტებზე, რაოდენობაზე არის დამყრებული, აი, სწორედ ამ პირობეებში შეუძლიან მთავრობას, ვიმეორებ, თავისი სწორ-უტყუარ მიზანშეწონილ და საქმის მდგომარეობასთან შეფარდებულ, ეკონომიურ სწორ ფინანსიურ პოლიტიკის წარმოება.

რა დარგებია ის დარგები, რომლებისთვისაც აუცილებელია ასეთი სტატისტიკური გამოკვლევა? ეს დარგები არის ის დარგები, რომელიც მოყვანილი არიან ამ დებულებაში. მაგალითად, საადგილ-მამულო დარგისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ვიქონიოთ უტყუარი ცნობები მიწა-წყლის საერთო რაოდენობისა, რომელიც მოიპოვება ყველა ჩვენ რესპუბლიკის კუთხეში. აი, აქ საადგილ-მამულო რეფორმის გატარების დროს ცნობა იმისა, თუ სად არის სიმცირე მიწისა და სად უფრო მეტია ეს მიწა, საითკენ შეიძლება ცოტად თუ ბევრად გადასახლება ზედმეტი მცხოვრებლებისა, რომელ ადგილში შეიძლება გადასახლება, რათა სამეურნეო ერთეულები გამრავლდნენ და ამ სამეურნეო ერთეულების გამრავლებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიური სიმდიდრე გაძლიერდეს. და აი მხოლოდ ასეთი მეცნიერულად დამუშავებული სტატისტიკური ცნობებით შეუძლიან მთავრობას იხელმძღვანელოს და მიზანშეწონილად საადგილ-მამულო რეფორმა გაატაროს.

შემდეგ, სასოფლო დარგისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, სხვათა შორის, ამ მამულების, ამ მიწა-წყლის რაოდენობის ცნობაში მოყვანა, თუ რომელი ეკუთვნის ამა თუ იმ სოფელს. სოფლის რაოდენობის აღნიშვნა და საერთოდ მცხოვრებლების რაოდენობის აღნიშვნა, სამეურნეო დარგში საჭიროა ვიცოდეთ წვრილ, საშუალო და მსხვილ ერთეულთა შორის რა დამოკიდებულება არის. ეს ერთი. მეორე: საჭიროა ვიცოდეთ, - რესპუბლიკის რომელ კუთხეში, რომელი სამეურნეო დარგი არის განვითარებული, სად მისდევენ მეთამბაქოეობას, მეაბრეშუმეობას და სხვას. სამეურნეო დარგში საჭიროა ყველა ეს ჩვენ ვიცოდეთ, რათა შეგნებული, თვალხილული, ეკონომიური პოლიტიკა აწარმოოს მთავრობამ. ერობის სტატისტიკის შესახებ ლაპარაკი ზედმეტია. თვითეული ერობა წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს, ერთგვარ საფუძველს ჩვენი რესპუბლიკისა. და აქ სტატისტიკურ ცნობების მეცნიერულად დამუშავება, სტატისტიკურ ცნობების ქონა მისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. შრომის მრავალ დარგში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ვიცოდეთ ჩვენ რაოდენობა იმ მუშებისა, რომელნიც ჩაბმულნი არიან სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებაში. საჭიროა, ვიცოდეთ მამა კაცის და დედა კაცის რაოდენობა, ბავშვების რაოდენობა ამ სავაჭრო-სამრეწველო დარგში და მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან.

და ეს ჩვენ მოგვცემს სურათს ჩვენი ქვეყნის ვაჭრობა-მრეწველობის ზრდისა და განვითარების.

შემდეგ თვით ვაჭრობა-მრეწველობის პოლიტიკის წარმოება შეუძლებელია ასეთ სტატისტიკურ, მეცნიერულად დამუშავებულ ცნობების გარეშე.

თუ არ იქნება ყველაფერი ეს, მთავრობისთვის შეუძლებელია, მაგალითად საშინაო-საგარეო ვაჭრობის გონივრულად მოწყობა. განსაკუთრებით, აი ამ სავაჭრო-სამრეწველო დარგისთვის ასეთი სტატისტიკური ცნობები აუცილებელია. ჩვენი საერთო სავაჭრო ბალანსი, - რომელი საქონელი გადის რესპუბლიკიდან და რომელი შემოდის შიგნით, რომელი საქონელი საერთოდ უფრო მეტს ფასობს გარეშე ბაზარში, და რომელ საქონელს უნდა შეუწყოთ შიგნით ხელი, - ყველა ასეთი ცნობები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ, რომ ვაჭრობა-მრეწველობა მართლა შესაფერ ნიადაგზე იყოს დაყენებული.

შემდეგ სატრანსპორტო განყოფილებისათვის სტატისტიკა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ცოდნა იმისა თუ ჩვენი რესპუბლიკის რკინის გზებზედ, შარა გზებზე, რომელ კუთხიდან რომელი საქონელი სად მიდის, რომელი კუთხე რომელ საქონელს აწვდენს. შემდეგ საჭიროა ვიცოდეთ ტრანზიტი ჩვენი რესპუბლიკის რკინის გზებისა: რა და რა საქონელი გადის საზღვარ გარეთ და სხვა და სხვა რესპუბლიკის საზღვრებში.

ყველა ასეთი ცნობები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ჩვენ ეკონომიურ მდგომარეობის გამოსარკვევად. სასურსათო დარგშიაც, აშკარაა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საერთო რაოდენობა მოსავლისა, იმ ხორბლეულობისა, რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მცხოვრებლების დასაკმაყოფილებლად და სხვა. შემდეგ მცხოვრებლების რაოდენობის აღწერა, ან ხალხის შემოკლების აღწერა უნდა იცოდეს საზოგადოდ მთავრობამ და უნდა იცოდეს, სხვათაშორის, დაბადებულთა რიცხვი და საერთოდ დახოცილთა დამოკიდებულება ერთი მეორესთან. შემდეგ მან, აშკარაა, უნდა იცოდეს, - მრავლდება თუ კლებულობს რიცხვი საერთოდ რესპუბლიკის მცხოვრებლებისა, რაც მაჩვენებელია საერთოდ რესპუბლიკის კეთილდღეობისა.

თუ რესპუბლიკა განიცდის ეკონომიურ კეთილდღეობას აშკარაა მცხოვრებლების რიცხვი გამრავლდებულია, მხოლოდ თუ სიდუხჭირეს განიცდის, ერთგვარ შევიწროებას და ერთგვარ დაბეჩავებას, მაშინ მცხოვრებელების რიცხვი საერთოდ ნაკლებია და ყველა ასეთი ცნობები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მთავრობის გონივრულ ეკონომიურ პოლიტიკურ წარმოებისთვის. და იმავე დროს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია სრულიად დაეთანხმა იურიდიულ და თვითმმართველობის კომისიებს ასეთი სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების შესახებ.

რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა ექვემდებარებოდეს ეს ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტი, ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომისიამაც იგივე მოსაზრება გაიზიარა, რომ ეს ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტი უნდა არსებობდეს მთავრობასთან უმთავრესად, რადანაც მთავრობისთვის, როგორც მთელ საერთო კოლეგიისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ყველა დარგში ასეთი ცნობები, რომელნიც თავმოყრილნი იქნება და მეცნიერულად გადამუშავებული ამ ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტში, რომ ამ ცნობებს უმთავრესად მთავრობამ უხელმძღვანელოს. თვითეული სამინისტრო, თვითეული უწყება ცდილობს, რომ უმთავრესად თავის სასარგებლოდ, თავის დარგის გამოკვლევა სტატისტიკურ კომიტეტში უფრო კარგად დაადგინოს, - ვიდრეს სხვის. მთავრობა კი დაინტერესებულია უმთავრესად იმაში, რომ ყოველ უწყებაში, ყოველ დარგში თანასწორად დამუშავებულ იქნეს ეს სტატისტიკური ცნობები.

გარდა ამისა მთავრობამ, როგორც მთლიანმა კოლეგიამ, უნდა უხელმძღვანელოს ყველა ამ დარგში სტატისტიკურ გამკვლევას. ამიტომ აი ამ მოსაზრებით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ აუცილებლად სცნო ამ კომიტეტის დაარსება, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს მთავრობას.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? სათანადო ვადის შემდეგ მეორე განხილვას შეუდგებით.

შემდეგ გახლავთ:

დეკრეტი დაბა ონის ქალაქად დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი მელიტონ რუსია.

მელიტონ რუსია. (ს.-დ.) როგორც მოგეხსენებათ, დაბა ონი მთელი რაჭის მაზრისთვის წარმოადგენს ადმინისტრატიულ, კულტურულ ცენტრს. მიიღო რა მხედველობაში ეს, დაბა ონის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღძრა შუამდგომლობა, რომ დაბა ონი სოფელ მოედანით იქნეს გამოცხადებული ქალაქათ. ამ ჟამად ეს შუამდგომლობა წარუდგინა დასკვნისთვის რაჭის მაზრის ერობის გამგეობას. მან სრულიად დაეთანხმა ამას და თითონაც შეუერთდა ამ შუამდგომლობას. თვითმმართველობის კომისიამ და იურიდიულმა კომისიამ განიხილეს ეს კანონ-პროექტი და წარმოუდგინეს მისაღებად დამფუძნებელ კრებას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობის შესახებ? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

(მომხსენებელი კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი - საქართველოს ქალაქებისა და სამაზრო ერობათა სასარგებლოთ ერთდროულ სასანიტარო გადასახადის შემოღებით.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ჭავჭანიძე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ). მოქალაქენო! ჩვენი ქვეყნის სანიტარული მდგომარეობა დიდად სანუგეშო არასოდეს არ ყოფილა. რუსეთში ომამდეც კი ხშირად იჩენდა ხოლმე თავს ესა თუ ის ეპიდემიური ავადმყოფობა. მით უმეტეს დღეს, როდესაც ომმა ყველაფერი დაარღვია და დაანგრია, ეპიდემიურ ავადმყოფობას ხელსაყრელი ნიადაგი აქვს. განსაკუთრებული ყურადღება უდა მიექცეს ჩვენი ქვეყნის ახლანდელ სანიტარულ მდგომარეობას და თავის დროზე უნდა იქნეს მიღებული საჭირო ზომები, რომ მუდმივ სტუმრად გადაქცეულმა ტიფმა და ხოლერამ მუსრი არ გაავლოს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეგ საქმე დიდ თანხას მოითხოვს და ჩვენს ქალაქებსა და ერობებს დაუხმარებლად არ შეუძლიანთ ამ დიდი საქმის მოწყობა, მით უმეტეს, თუ ჩვენ მივიღებთ მხედველობაში იმ ფინანსიურ მდგომარეობას, რომელშიაც დღეს იმყოფებიან ჩვენი ერობები და ქალაქები. ამ გარემოებამ თფილისის ქალაქის გამგეობას აფიქრებინა თვით საზოგადოება მოეშველებია ამ საქმეში და განიზარახა აღეძრა შუამდგომლობა, ნება დაერთოთ ქალაქისათვის ერთდროულად სპეციალური გადასახადი, რომლის დანიშნულება იქნებოდა ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებათა გაძლიერება. შემდეგ ამ კანონ-პროექტმა უფრო ფართო ხასიათი მიიღო, და იქმნა შემუშავებული დეკრეტი, რომელიც საშუალებას აძლევს არა მარტო ქალაქ ტფილისს, არამედ ყველა საქალაქო და საერობო თვითმმართველობებს შემოიღონ ერთდროული გადასახადი და ამ გზით შეგროვილი ფული მოახმარონ ხალხის გაჯანსაღებას და სანიტარულ მდგომარეობის გაუმჯობესებას. წარმოდგენილ კანონ-პროექტის მიზანიც სწორედ ეგ არის. კანონ-პროექტში გატარებულია შემოსავლის კვალობაზე გადასახადის პრინციპი. ყველა გადამხდელები გაყოფილი არიან ორ ჯგუფად: - ერთ ჯგუფში არიან მოქცეული ისინი, რომლებიც ჯამაგირს იღებენ. ჩვენ ვიცით, თუ ვინ რა ჯამაგირს იღებს. მეორე ჯგუფს შეადგენენ ვაჭარ-მრეწველები და თავისუფალ პროფესიის ხალხი. იმაზზედ, ვინც ჯამაგირებს იღებენ დაწესებულია პროცენტული გადასახადი; დანარჩენები იყოფიან ჯგუფებათ. თვითეულ პროფესიის ჯგუფისათვის ქალაქის თუ ერობის გამგეობა აწესებს განსაზღვრულ თანხას, რის შემდეგ თვით გადამხდელთა ჯგუფი ირჩევს კომისიას, და ეს კომისია ანაწილებს გადამხდელებს შორის იმ განსაზღვრულ თანხას, რომელიც მაზე იყო გაწერილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფი უარს განაცხადებს მაზე გაწერილ თანხის განაწილებაზე, მაზრაში ერობის ხმოსანთა ყრილობა, და ქალაქში კი ხმოსანთა საბჭო თვით გააწერს გადასახადს და კიდეც გაატარებს ცხოვრებაში.

ჯამაგირიან ხალხისთვის დაწესებულია მინიმუმი, რომელიც თავისუფალია ამ გადასახადიდან. ეგ მინიმუმი თბილისისთვის უდრის 1000 მანეთი; ქუთაისი, სუხუმი და ფოთისთვის 900 მან. ხოლო დანარჩენ ქალაქებსა და დაბა სოფლებისთვის 800 მან.

გადასახადი პროგრესიულია: ვინც მეტს იღებს, იმას პროცენტიულათ მეტი გადახდება.

ასეთია დედა აზრი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. ვის სურს ზოგადი მსჯელობისთვის სიტყვა? გსურთ თუ არა შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი და სათაური.

მომხსენებელი. (კითხულობს, პირველი მუხლი კენჭის ყრით მიღებულია).

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს.)

თავმჯდომარე. მეორე მუხლში შესწორება შემოაქვს სოც.-დემ ფრაქციას, ამ შინაარსისა: მეორე მუხლის მესამე სტრიქონიდან ამოიშალოს სიტყვა „ამ“ და მის მაგივრად ჩაემატოს „მთელი“. მაშასადამე თუ გაიზიარებთ, ამნაირია შესწორება. სიტყვა არავის სურს. მომხსენებლის აზრი.

მომხსენებელი. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. (კენჭის ყრით მეორე მუხლი შესწორებით მიღებულია)

მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს. კენჭის ყრით მიღებულია).

მომხსენებელი. კითხულობს მეოთხე მუხლს.

თავმჯდომარე. შემოტანილი გახლავთ შესწორება ეროვნ.-დემ. ფრაქციისა მეოთხე მუხლის პირველ ნაწილში: მეოთხე მუხლის ლიტ. 1. ნუსხის შემდეგ სიტყვები „1,200 მანეთზე მეტს შემოსავალს უნდა გადახდეს 3.600 მან. დამატებით 25%25 თვითეულ 1000 მანეთზე“ - ამოიშალოს სრულიად. ამის გარდა ნუსხის უკანასკნელი სტრიქონი 10.001-12.000 - 30%25, 3.000-3.6000“ შეიცვალოს ასე: „10.001 და მეტს 30%25, ასეთივე შესწორება უნდა იქნეს შეტანილი მეოთხე მუხლის ლიტ. 2 და მე-3 ლიტ.“ ასეთია შესწორება ერ.-დემ. ფრაქციისა.

მომხსენებელი. წინააღმდეგი არა ვარ. (მუხლები: - 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 - კენჭის ყრით მიღებულია. დეკრეტი მთლად მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. ეხლა, ბატონებო, სანამ შემდეგ საკითხის განხილვას შეუდგებოდეთ, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ ეს კითხვა უნდა გარჩეული იყოს დახურულ კრებაში. უმორჩილესად ვსთხოვ ყველას არა წევრს, დასტოვოს დარბაზი. შემდეგი საკითხი:

განხილვა კანონ-პროექტისა სამხედრო მმართველობის შესახებ

მომხსენებელია ბატონი მდივანი (შემდეგი კანონ-პროექტი ირჩევა დახურულ კარებში). ბ. მდივანის მოხსენების შემდეგ სიტყვა ეძლევ სამხედრო მინისტრს ნ. რამიშვილს.

თავმჯდომარე. დარჩა კიდევ 6 კანონ-პროექტი, მაგრამ შემოსულია წინადადება, რომ გადიდოს შემდეგ სხდომისთვის. ჯერ სამი საათი არ არის, თუ ზოგად განხილვას ინებებთ... ვინ არის მომხრე, რომ გადავდოთ კრება? ვინ არის წინააღმდეგი? კრება გადადებული არის. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

სხდომა თავდება ნაშუადღევის 2 ს. და 30 წუთზე. 371

18 ოცდამეჩვიდმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პარასკევი, 1919 წელი, ივლისის 18. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან: ექვთიმე თაყაიშვილი,

სვიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 55 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. სხდომა გახსნილი გახლავთ. (მდივანს გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტების ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს).

საკანონმდებლო აქტების ნუსხა.

1. ფინანსთა მინისტრის კანონ-პროექტი - პაპიროსის გილზზე და ქაღალდზე აქციზის დადებისა, გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. ფინანსთა მინისტრის კანონ-პროექტი - ღვინოზე აქციზის დადებისა, გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

(დამფუძნებელი კრება ადასტურებს ამ ნუსხას).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დაბა ონის სოფელ მოედნითურთ ქალაქ ონად გამოცხადების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს ქალაქებისა და მაზრის ერობათა სასარგებლოდ ადგილობრივ მცხოვრებთაგან ერთდროულ სანიტარულ გადასახადის აკრეფის შესახებ.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო ბეგრის და შეიარაღებულ ძალთა შევსების შესახებ.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო პირთა ხარისხების დებულების შეცვლის შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცრების სამხედრო მოხელეების და სამღვდელოებისათვის ახალი ჯამაგირების შესახებ.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შესახებ.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მფრინავთა დამატებითი ჯამაგირის შესახებ, ჰაერში ფრენისათვის.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შეიარაღებულ ძალთა რეორგანიზაციის შესახებ.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სააქციზო და საპატენტო გადასახადის გადიდებისა.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სენატის დაარსების შესახებ.

11. დეკრეტი სახელმწიფო ხაზინიდან 120.160 მან. გადიდებისა საქართველოს საისტორიო - საეტნოგრაფიო საზოგადოების დასახმარებლად.

თავმჯდომარე. სურს ვისმეს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? არავის. დღიური წესრიგი მიღებულია.

(თავმჯდომარის წინადადებით მომხსენებელნი კითხულობენ დღიურ წესრიგში აღნიშნულ სათანადო კანონ-პროექტთა საბოლოო ტექსტებს რომელთა მიღების შემდეგ კრება იწყება სამხედრო კანონ-პროექტების განხილვის დახურულ კარებში).

სერგი ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო, სიტყვა სენატს სხვა და სხვა ქვეყანაში სხვა და სხვა შინაარსი აქვს. მაგ. საფრანგეთში და ამერიკაში სენატი ნიშნავს ხალხის წარმომადგენლობის ორგანოს, - ზედა პალატას. სხვა ადგილებში სხვა ქვეყებში, მაგ. რუსეთში, სენატი წარმოადგენს სასამართლოს ერთ-ერთ ორგანოს. რადგანაც ამ სიტყვამ ერთგვარი მოქალაქეობრივი მოქალაქეობრივი უფლება მოიპოვა, იმას ჩვენ შევეჩვიეთ, ამიტომ ეს ტერმინი ჩვენც დავტოვეთ. ამ კანონ-პროექტს, რომელიც წარმოდგენილია იურიდიულ კომისიის სახელით, აქვს თავისი საკამათო გრძელი ისტორია, თქვენ გახსოვთ, რომ იმ დროიდან, როდესაც რუსეთში გაბატონდა ბოლშევიზმი, ე.ი. 25 ოქტომბრიდან, მას აქეთ ჩვენი ქვეყანა მოსწყდა რუსეთს და კერძოდ მოსწყდ ჩვენი სასამართლო რუსეთის სენატს, რომელსაც ექვემდებარებოდა. მას აქეთ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჩვენ საზრუნავ საგნათ შეიქმნა ჩვენში, საქართველოში, სენატის შემოღება. ამის მუშაობას შეუდექით კიდევ შარშან. იყო შედგენილი რამდენჯერმე კომისია, ამ კომისიაში იღებდნენ მონაწილეობას ყველა ადგილობრივი ძალები, და აქ შემუშავდა ეს კანონ-პროექტი. შემდეგ ეს გადავიდა იურიდიულ კომისიაში, და მიიღო ის სახე, რომლითაც თქვენ უნდა განიხილოთ ეხლა. მოგეხსენებათ, რომ სენატი იქნება, ამ კანონ-პროექტის მიხედვით, სასამართლოს ერთ-ერთი, და მასთან უმაღლესი, უზენაესი ორგანო. მე საჭიროდ არ მიმაჩნია ბევრი ლაპარაკი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოთ სასამართლოს. ვიტყვი მხოლოდ, რომ სასამართლო - ეს არის სახელმწიფოს მართვა - გამგეობის ისეთი აპარატი, ისეთი დარგი, რომელიც მუშაობს ჩუმად, უხმაუროდ, წყნარად, მაგრამ ურომლისოდაც სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. აიღებთ უხუცესთა სასამართლოს თემების დროს, მდივან ბეგების სასამართლოს ძველ საქართველოში, ბოლშევიკების ჩრეზვიჩაიკას, თუ ევროპიულ სასამართლო სულ ერთია, სასამართლო ყოველთვის და ყველგან არის.

თქვენ იცით, რომ იქ სადაც სასამართლო სუსტობს, არც სახელმწიფოებრივი ინტერესი არის დაცული. არც მოქალაქის პირადი ღირსება, ფიზიკური ხელშეუხებლობა. და ქონებრივი უფლება არის უზრუნველყოფილი. ჩვენ ახლო წარსულიდან ვიცით, რომ როდესაც მასიური მოძრაობა ხდება, მაშინ ყველაფერს ხელახლად აფასებენ; სუსტდება მაშინ სახელმწიფოებრივი აპარატიც და საზოგადოდ აღელვებულ გზის პირზე ატივტივდებიან ხოლმე ისეთი ნაძირალები, რომელიც თავზარს სცემენ მშვიდობიან ხალხს, საზოგადოთ, იქ, სადაც სასამართლო არ არის, ის კანონი ცხოვრებაში არ მოქმედობს. სასამართლო არის კანონიერი ორგანო, იმ კანონების, რომლითაც უნდა დაიცვას მოქალაქის ქონება, და მისი ფიზიკური ცხოვრება და აგრეთვე სახელმწიფოს ინტერესი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს, მე არ ვამბობ ანარქისტებზე, რომელნიც უარყოფენ როგორც სასამართლოს ისე სახელმწიფოს, დემოკრატიულ წრეებში სიმპატიით არ უყურებენ. ეს ადვილი ასახსნელიც არის, რადგან სასამართლო ემსახურებოდა არა მთელ ხალხს, არამედ ერთ მუჭას მდიდრებს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს დღეს დღეობით მართალიც არის, სასამართლო განსხვავდება სხვა ორგანოებისაგან იმით, რომ ის არსებულ კანონების მიხედვით მოქმედობს. თუ კანონი ვინმემ დაარღვია, სასამართლო ამ კანონის ძალას აღადგენს. მაშასადამე, როგორიც არის კანონი, ისეთი იქნება სასამართლოც, და რადგანაც დღეს ყველა ქვეყნებში კანონები, მატერიალური პროცესუალური იყო იმათ მიერ გამოცემული, და იმათ ინტერესების დამცველი, ვინც გაბატონებული იყო. წინათ ფეოდალების მიერ და მერე ბურჟუაზიის მიერ. რა თქმა უნდა, სასამართლო ემსახურებოდა იმათ ვისიც ხელში იყო კანონი. ტოლსტოის ერთ თხუზელებაში, რომელსაც ჰქვია „აღდგომა“, ნეხლუდოვი ეუბნება თავის სიძეს: სასამართლო ეს იმ წესწყობილების დამცველი იარაღია, რომელიც ჩვენთვის არის საარგებლო. აი ეხლაც შემიძლიან გიჩვენოთ მუხლი სასჯელთა დებულებისა, რომელიც ამბობს, რომ თუ ნაყმევი შეურაცყოფდა მებატონეს, ის უნდა გაეგზავნათ პატიმართა გასასწორებელ რაზმში, მაგრამ თუ ბატონმა შეურაცყოფდა ნაყმევს, მაშინ ის ჩვეულებრივ დაისჯებოდა, ვსთქვათ, ჯარიმით ან რამდენიმე დღით დაკავებით, მცირე არესტით. ერთი სიტყვით, იქ, სადაც კანონმდებლობას აქვს კლასობრივი ხასიათი უეჭველია ექნება. მაგრამ იქ, სადაც, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, კანონები იქნება გამოცემული თვით ხალხის წარმომადგენლობის მიერ და იქნება გამოცემული ისეთი კანონები, რომელნიც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერეს, რა საკვირველია ასეთი კანონების დაცვა, სასამართლოს საშუალებით ხალხისთვის საინტერესოა. ისეთ პიროებებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, კანონმდებლობა ემსახურება ხალხის ინტერეს, აქ, რასაკვირველია, სასამართლო ხალხი მიეპყროს და თუ სიმპატიით, არამედ ყოველ ღონეს იღონებს, რომ თავის დანიშნულება ცხოვრებაში პირნათლად შეასრულოს. ეს იქნება ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი ინტერესის და მოქალაქის დამცველი სასამართლო და ერთ-ერთი მისი ორგანო, რომელსაც ჰქვია სენატი. სენატი, როგორც მოგახსენეთ, ეს იქნება უმაღლესი ორგანო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს ორგანოები იმყოფება რამოდენიმე შტოთ, მომრიგებელი მოსამსართლე ხალხთან დაახლოებულია მის გვერდში მდგომი, და იმის საჭიროების მოსამსახურე, ამ მომრიგებელ მოსამსახურეს ჰყავს მეორე საფეხური. მომრიგებელთა მოსამსართლეთა ყრილობა.

ეს არის ერთი შტო. მეორე შტო არის საოლქო სასამართლოები, იქ, სადაც არჩევენ უფრო მძიმე საქმეებს, როდესაც მძიმე დანაშაულება არის ჩადენილი, ან დიდ ღირებულების საჩივარს აღძრავს ვინმე საოლქო სასამართლოში. ამ საოლქო სასამართლოს ჰყავს თავისი მეორე საფეხური, ეს არის სამოსამართლო პალატა. ეს მეორე შტოა. მესამე შტო სამხედრო სასამართლო, რომელიც იხილავს სამხედრო პირთა საქმეებს, ვინც ჩაიდინა რაიმე სამხედრო დანაშაულობა. აი ყველა ეს სამი შტო თავს იყრის სენატში. საქმე რომელიმე სასამართლოში უკანონო იქნა გადაწყვეტილი, დაინტერესებულს შეუძლიან საქმე მეორე საფეხურში გადაიტანოს და ამ მეორე საფეხურიდან სენატში. ისე რომ მომრიგებელ სასამართლოდან საქმეს გადიტანენ მომრიგებელთა ყრილობაზე, საოლქო სასამართლოდან სამოსამართლო პალატაში, ხოლო ამ უკანასკნელ ორგანოები და აგრეთვე სამხედრო სასამართლოდან - სენატში. თუ სენატი დაინახავს უსამართლობას, აღდგენს სამართალს. ამ სენატს, როგორც ერთ სათავეს, ერთ წყაროს, ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის არის უმთავრესი ორგანო, რომელიც განუმარტავს ყოველ სასამართლოს, რომელიც მოქმედებს ჩვენ ტერიტორიაზე, კანონის ნამდვილ აზრს, ჩვენ ვთვლით, რომ კანონი, რომელიც დღეს იწერება, იწერება დიდი ხნით ათი წლით, ოცი წლით, ასი წლითაც. და შემდეგში რასაკვირველია, ძალიან გაჭირდება ნამდვილ აზრის გაგება იმ კანონისა, რომელსაც დღეს გამოვცემთ. ამიტომ ისტორიულ მასალის აწონ-დაწონით, ლოღიკურ მოსაზრებით ტეხნიკურ საშუალებით, სენატი როგორც სათავეში მდგომი, განუმარტავს ყველა მოსამართლეს, და იტყვის ეს კანონი ესე უნდა განიმარტოს, ეს კანონი ასეთ ნაირად არ შეგიძლიან გაატარო ცხოვრებაშიო.

მაგრამ გარდა კერძო ინტერესთა დარგისა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საქმეებს, გარდა სახელმწიფო ინტერესისა, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ სისხლის სამართლის საშუალებით, აგრეთვე არის ერთგვარი დაპირისპირება, როგორც მოგეხსენებათ, მოქალაქის უფლებისა და სახელმწიფო აგენტების, მოხელეების მოქმედებისა. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად ხდება ცხოვრებაში, რომ მოქალაქის უფლება იჩაგრება ამა თუ იმ აგენტების, მოხელეების მოქმედებისა. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად ხდება ცხოვრებაში, რომ მოქალაქის უფლება იჩაგრება ამა თუ იმ აგენტების უკანონო მოქმედების გამო. ამას ებრძოდა ლიბერალიზმი, და კიდევ უფრო ებრძვის დემოკრატიზმი, და ამბობს, - ვინც უნდა იყოს, იქნება ის მთავრობა ცალკე სამინისტრო, თუ წარმოდგენილი აღმასრულებელ ძალისა, სულ ერთია, - ყველამ უნდა სისწორით აასრულოს კანონი და თუ თვითნებობა ჩაიდინა კანონს გადააბიჯა, გადალახა, მაშინ სასამართლო უნდა აღდგენილი იყოს, და თავის კანონიერ კალაპოტში ჩადგეს: ამ ნაირად სენატის დანიშნულება იქნება თვალ ყური ადევნოს იმასაც, რომ მთავრობამ, ან აღმასრულებელ ძალის ორგანოებმა კანონიერ კალაპოტში იმოქმედონ, და კერძო მოქალაქის უფლება არ შელახონ, და ამავე დროს არ შელახონ, და არ ავნონ სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ამ დანიშნულების მოკლე აღწერილობიდან თქვენ დაინახავთ, რომ დიდი ავტორიტეტი, დიდი ადგილი უნდა ეჭიროს სენატს.

სენატის კომპეტენციაზე დაწვრილებით შემდეგში, როდესაც იქნება მუხლობრივი განხილვა, მოგეხსენებათ, ახლა კი მხოლოდ მოგახსენებთ, რომ ორგანიზაცია ისეთი უნდა იყოს, რომ თავის დიდ დანიშნულებას ემსახუროს. ორგანიზაცია სენატისა - მოგახსენებთ მხოლოდ პრინციპზე - არის შემდეგი: სენატი შესდგება ორ დეპარტამენტისაგან, ერთი სამოქალაქო, მეორე სისხლის სამართლის დეპარტამენტი.

სისხლის სამართლის დეპარტამენტის მიერ გაირჩევა ის საქმეები, რომლის მიზანი და საგანი არის დასჯა დამნაშავისა, განიხილება ეს საქმეები თავდაპირველათ მომრიგებელ სასამართლოს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუ სამხედრო სასამართლოს მიერ, ეს სულ ერთია. ამ საფეხურებიდან თანდათან საქმე გადადის სენატში, სისხლის სამართლის დეპარტამენტში. სამოქალაქო დეპარტამენტი, როგორც მოგეხსენებათ, განიხილავს სამოქალაქო საქმეებს, ე.ი. იმ საჩივრებს, რომელიც შევა მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის განაჩენზე თუ სასამართლო პალატის განაჩენზე. მაგრამ, გარდა ამ ორ დარგისა, იქნება კიდევ ერთი დარგი, ეგრედ წოდებული ადმინისტრატიული ინსტანცია, - სწორედ ის, რომელზედაც მოგახსენებთ, რომ სენატი თვალყურს ადევნებს მთავრობის აგენტების აღმასრულებელ ძალის წარმომადგენლებს, და იქ სამოქალაქო დეპარტამენტში არსებობს ერთი განყოფილება, რომელსაც გადაეცემა განხილვა სწორედ ასეთი საქმეებისა. მაგალითად, თუ მინისტრმა გამოსცა უკანონო ინსტრუქცია, ცირკულიარის ზოგად ხასიათის განკარგულება ან განმარტება, მაშინ სენატს, არამც თუ სხვის განსაჩივრებით, არამედ თავის ინიციატივით შეუძლიან, თუ დაინახავს, რომ რაიმე კანონი არის დარღვეული, გააუქმოს ეს განკარგულება სრულად ან ნაწილობრივ, და მთავრობის აგენტებს აჩვენოს თავის საზღვრებში მოქმედება. აგრეთვე თქვენ იცით, ჩვენ შემოვიღეთ საერობო თვითმმართველობების ორგანოები. იქ ბევრი რამ გადაიქცა, ბევრი ფუნქციები აქვს, შეიძლება მოხდეს ხშირად, რომ კანონი გადალახონ, გადააბიჯონ თავის მოქმედებით და შეიძლება იქაც იყოს ეს მოქმედება განსაჩივრებული, და ეს უკანონო გადაწყვეტილება ამ ორგანოსი, გადადის სენატის იმ განყოფილებაში, რომელსაც სამოქალაქო დეპარტამენტი ჰქვიან.

ასეთი არის მოკლეთ და მარტივად ორგანიზაცია სენატისა. კომპეტენციის შესახებ, მოგახსენეთ, განმარტება არ არის საჭირო.

მოგახსენებთ კიდევ რამდენიმე სიტყვას იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ სენატორი, რომ მან თავისი მაღალი დანიშნულება აასრულოს, ე.ი. ქონებრივ როგორ უნდა უზრუნველვყოთ. ჩვენ მოგეხსენებათ გვქონდა რუსეთის სასამართლო, ბევრი ნაკლი ჰქონდა რუსეთის სასამართლოს, მაგრამ ერთი რამ ღირსებაც ჰქონდა, - ის, რომ ძალიან იშვიათად გაიგონებდით, რომ მოსამართლეს ქრთამი აეღო. იყო იქ ის, რომ სასამართლო, განსაკუთრებულად პოლიტიკურ საქმეების გადამწყვეტი, სადაც სასამართლო იარაღი იყო მთავრობისა, სადაც გადაწყვეტილება ხდებოდა, ხანდისხან მთავრობის ზეგავლენით. მაგრამ, სამოქალაქო საქმეების სფეროში, სადაც უმაღლესი მთავრობა პოლიტიკურად არ იყო დაინტერესებული, იქ მართლაც კარგათ სწარმოებდა, და უნდა ვთქვათ თუ სადმე მექრთამე გამოჩნდებოდა, ეს იშვიათი მოვლენა, გამონაკლისი იყო. როდესაც ჩვენ სასამართლოს ვაწყობთ, - იქნება ეს მომრიგებელი მოსამართლე, სასამართლოს წევრი თუ სენატორი, - ქონებრივად ისე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ის ცხოვრებამ არ აიძულოს გარეშე წყარო ეძიოს, და ისიც ისეთი წყარო, როგორც არის მექრთამეობა. სამწუხაროთ, თქვენ ამას გაიგონებდით და თუ ეს აქა-იქ ხდება, ეს ხდება იმიტომ, რომ მოსასამრთლენი არ არიან უზრუნველყოფილნი.

რომ ასეთი მდგომარეობა არ იქნეს სენატშიაც, ჩვენი სენატორები უნდა უზრუნველყოფინი იყვნენ იმდენათ, რომ შესძლონ ნორმალური ცხოვრება, როგორც შეჩვეულნი არიან, როგორც შეჩვეული არის ყველა განათლება-მიღებული პირი. ისეთი წყარო არსებობისა მაინც უნდა მივცეთ, რომ ქონდეს პური, საჭმელი, ტანსაცმელი.

ისეთი წყარო არსებულობისა მაინც უნდა მივცეთ, რომ ქონდეს პური, საჭმელი, ტანსაცმელი.

ამ მხრივ რაც პროექტში არის აღნიშნული არ შეიძლება ითქვას და მაინც ჯამაგირი დიდი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შედარებით უფრო მოზრდილი ციფრები არის მოყვანილი, თუმცა იურიდიულ კომისიას თავის თავად არ მიაჩნია საკმარისად.

რაც შეეხება პირად შემადგენლობას სენატისას, განსაზღვრულია ასე: იქნება თავმჯდომარე სენატისა; იმის განკარგულებაში იქნება ერთი დეპარტამენტი, იმას ეყოლება ამხანაგი, რომელიც განაგებს მეორე დეპატამენტს; სისხლის სასამართლოსთვის განსაზღვრული არის ხუთი სენატორი.

თქვენ თუ მიიღებთ მხედველობაში, რომ აქ გაირჩევა მომრიგებელ მოსამართლეების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსი და სამხედრო სასამართლო საქმეები, თქვენ დამეთანხმებით, რომ ხუთი სენატორი ამდენ საქმეებისათვის ბევრი არ არის. სამოქალაქო დეპარტამენტში განსაზღვრული არის რვა სენატორი, ამ რვა სენატორში სამი იქნება საადმინისტრაციო საქმის გადამწყვეტი, და ხუთი მაშასადამე, დარჩება სამოქალაქო საქმეების გადასაწყვეტად, ასე რომ საერთო სულ იქნება 13 სენატორი. ეს მინიმუმად მიაჩნია იურიდიულ კომისიას.

აი მოკლე შტრიხები კანონ პროექტისა, და იმის მნიშვნელობა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) მე მინდა გაუკეთო რამდენიმე შენიშვნა ამ კანონ-პროექტს, რომელსაც, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, აქვს უაღრესი მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. მე ამაზე ლაპარაკს არ გავაგრძელებ, იმიტომ, რომ მე მგონია ეს ყველამ იცით, არ ყოფილა ისეთი სახელმწიფო, რომ უფლებრივ მხრივ სახელმწიფო კარგათ დაყენებული არ იყოს, კარგად აშენებული და კარგათ მოწყობილი. უფლებრივი მომენტი არის უმთავრესი მოთხოვნილება რომელიც შეიძლება წარუდგინოთ ამა თუ იმ სახელმწიფოს. ამ მხრივ, სენატის დაარსებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის უმაღლესი დაწესებულება რომელიც ახსნის და ანვითარებს კანონს. ჩვენ კანონს ვიმუშავებთ აქ, მაგრამ შემოქმედება კანონისა ამით საბოლოოდ კი არ თავდება, ის მიმდინარეობს, და ეს მიმდინარეობა იხატება სენატის მუშაობაშიდ. სენატი თვალ-ყურს ადევნებს ყოველივე მომენტს, სადაც იბადება უფლებრივი საკითხი. ყოველივე განწყობილება ერობის, ერობის და მთავრობის შორის, მთავრობის დაწესებულებათა ან მოქალაქეთა შორის, - სავსეა უფლებრივი საკითხებით. ერთი სიტყვით, ეხლანდელ ცხოვრებაში ყოველივე ნაბიჯზე იბადება უფლებრივი საკითხი, მაშასადამე უნდა ჩაერიოს ისეთი ძალა, რომელიც ჰხსნის კანონიერ ნამდვილ აზრს და აღადგენს დარღვეულ კანონს.

ასეთი ძალა არის სენატი. აქედან ვხედავთ, როგორც მომხსენებელმა წარმოსთქვა, რომ სასამართლო უნდა იყოს თავდაპირველად დამოუკიდებელი ადმინისტრაციისაგან, და თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ შემოტანილ კანონ-პროექტს, დავინახავთ, რომ სწორედ ეს პრინციპი დამოუკიდებლობისა არ არის თავიდანვე დაცული. ერთ მუხლში ნათქვამი არის, რომ სენატორი ირჩევა ორი წლის ვადით ჯერ-ჯერობით, მერე კი ოთხი წლის ვადით. თუ ორი წლის ვადით ვირჩევთ, - მაშასადამე შეუძლებელია ლაპარაკი იმაზე, რომ სენატორი არის გადაუყენებელი, ხელშეუხებელი მთავრობისაგან, თუ ორი წლის ვადით ვირჩევთ, აშკარაა, სენატორი არ არის დამოუკიდებელი. ის ყოველთვის შიშის ქვეშ არის, რომ ხელახლა იმას არ აირჩევენ, თუ მთავრობასთან არ ექნება კარგი დამოკიდებულება. ამიტომ მის შემდეგ, რაც სენატორი არჩეული არის, მის გამოცვლა შეუძლებელი უნდა იყოს. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს; გადაყენება, გამოცვლა, დათხოვნა, რასაკვირველია, სულ ეს არის დარღვევა იმ პრინციპისა, რომელზედაც აგებული უნდა იყოს ისეთი დაწესებულება, როგორიც არის სენატი. კანონში არის მიღებული ორი წლის ვადა; მაშასადამე ორი წლის შემდეგ შეიძლება მისი გადაყენება. არავითარი გარანტია არ ექნება სენატორს რომ მას აირჩევენ კვლავ, და მხოლოდ იმედი ექნება მას არჩევისა მაშინ, როდესაც მთავრობის კარნახს აასრულებს. მაშასადამე ის სენატი კი არ იქნება არამედ უბრალო დაწესებულება დამოკიდებული მთავრობისაგან. ჩემის აზრით, უნდა ავირჩიოთ სენატორი მუდმივად, სანამ რაიმე დანაშაულს არ ჩაიდენს და სასამართლოს წესით არ იქნება გადაყენებული. თუ მომზადებული პირია და თავის მოვალეობას ასრულებს, მართლაც რად უნდა გადავაყენოთ? თუ კანონი დაურღვევია, და დანაშაულობა ჩაიდინა, მაშინ - კი. ამიტომ ის პრინციპი რომელზედაც აშენებულია კანონპროექტი ყოვლად მიუღებელი არის; ერთი შენიშვნა ეს არის. მეორე შენიშვნა შეეხება დადებულ ცენზს. აქ მოთხოვნილი არის რომ სენატორს განათლება უნდა ჰქონდეს იურიდიული და სხვა არაფერი. ბატონებო, სენატორისთვის მარტო იურიდიული განათლება არ არის საკმარისი. თქვენ დამერწმუნებით, რომ მხოლოდ უნივერსიტეტი დასრულებული იურისტი, რომელსაც არა აქვს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ უფლებრივ სფეროში, ხშირად უბრალო თხოვნასაც ვერ დაგიწერთ და სენატის მოღვაწეობა კი სულ სხვა არის. ბატონებო, იგი თითქმის კანონმდებელი არის, ამას უნდა დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება არის საჭირო. თუ გნებავთ დაამყაროთ წესიერება საჭირო არის დაინიშნოს მართლაც გამოცდილი პირი, არა მარტო იურიდიულად განათლებული არა მარტო იურისტი, რომელსაც ოთხი წელიწადი გაუტარებია უნივერსიტეტში და დიპლომი მიუღია, არამედ აგრეთვე ხანგრძლივი მუშაობით ამ სფეროში დახელოვნებულია. მარტოოდენ იურისტმა ბევრი არაფერი არ იცის, დამერწმუნეთ, არაფერი იცის და ვერავითარ საქმეს ვერ გადასწყვეტს, (რუსია: მინიმუმი) მინიმუმი, ცოტაა, მეტი უნდა იყონ. თანაშემწემ რომ მიიღოს ნაფიც ვექილობა ხუთი წელიწადი უნდა იმუშაოს, თქვენ გინდათ ისეთი კაცი დანიშნოთ პირდაპირ სენატორათ. სენატორმა უნდა გადაწყვიტოს უფლებრივი საკითხები, ძალიან რთული საკითხები. თუ არ გინდათ არიოთ საქმე, სრულიათ, ჩემის აზრით სენატორი განათლებული უნდა იყოს იურიდიულათ, მაგრამ ამას უნდა დაერთოს თან კიდევ უკანასკნელი ხუთი წელიწადი მუშაობა სასამართლოში, უკანასკნელი ხუთი წელიწადი თუ არა მეტი.

მაშინ შეიძლება ნამდვილი სენატორი იყოს. ჩვენ გვყავს ბევრი მომზადებული იურისტები, მოსამართლეები, რომელსაც ხუთი წელიწადი კი არა ოცი წელიწადიც გაუტარებიათ ამ საქმეში. უმაღლესი განათლება მიიღეს და მართლაც დახელოვნებული არიან. თუ ეს არ გინდათ, სჩანს თქვენ აირჩევთ მხოლოდ ამხანაგებს, შეიძლება ძალიან კარგ ამხანაგებს მაგრამ, ნამდვილ სენატორებს კი ვერა. (კიკვაძე: ნაფიც ვექილები შეიძება ავირჩიოთ) ნაფიც ვექილები შეიძლება თუ უკანასკნელად უმუშავნიათ ამ სფეროში, და ყველა ნაფიც ვექილი ვალდებულია ხუთი წელიწადი მაინც გაატაროს თანაშემწედ. იმას აქვს ხუთი წელიწადის გამოცდილება, ხუთი წელიწადის მუშაობა, და ამ ხუთ წელიწადის განმავლობაში საქმეს სწავლობდა, სისხლის სამართლის და სამოქალაქო უფლებრივ პროცესს და სხვა. ამისთანა საკითხებს თუ იურისტი სწავლობს პრაქტიკულად ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ საჭირო არის - თუ გინდათ სენატი მართლა სენატი იყოს - ყველა ისინი დაეთანხმებით (ხმაურობა). თქვენ არ ვიცი იურისტი ხართ თუ არა, მაგრამ ყველა იურისტი დამეთანხმება, რომ ეს სრულიად სამართლიანი აზრი არის. როგორც მოგეხსენებათ სენატში იკრიფება ყოველივე საქმე, აუარებელი დადგენილებები მომრიგებელ მოსამართლესი, ოლქის სასამართლოსა, პალატის, სამხედრო სასამართლოსი, საადმინისტრაციო კითხვები, ყოველივე ამის გადაწყვეტა, ბატონებო, ადვილი არ არის, როგორც გონიათ ეს დიდი სამუშაოა, თუ არა? აიღეთ თუ გინდათ რუსეთის სენატი, აიღეთ და გადაათვალიერეთ მისი დადგენილებანი «Решение Сената». თქვენ დაინახავთ რამდენი შრომა და გონებრივი ძალა არის იქ დახარჯული. დიდი მომზადება და დიდი ცოდნა უნდა. ასე უბრალოთ და იოლათ ამ საკითხს ნუ გადასწყვეტთ. მე კიდევ ერთი შენიშვნა მინდა გავაკეთო. მე კიდევ ერთი შენიშვნა მინდა გავაკეთო, გამომძიებელ მოსამართლის შესახებ. გამომძიებელის დანიშვნა მთავრობის მიერ მე მგონია მიუღებელი არის. გამომძიებელი არის მოსამართლე მხოლოდ პირველ საფეხურში, მისი ფუნქციები ნამდვილ მოსამართლეს ფუნქციები არის, ის არ არის ნაწილი პროკურატისა, ამიტომ იგი უნდა ექვემდებარებოდს სენატს და არა მთავრობას; რომ ეს ესე არის ამის დამტკიცება ადვილი არის, მოწინავე ქვეყნებში მიღებულია, რომ რწმუნებულს ან ვექილს ნება აქვს საქმე აწარმოოს გამომძიებელთან, იმიტომ, რომ აქ მართლა საჭირო არის დაცვა უფლებრივ ინტერესისა. მაშასადამე, გამომძიებელი არის ერთნაირად მოსამართლე და თუ ის მოსამართლე არის, ის არ უნდა იყოს დანიშნული მთვრობის მიერ. აი ეს ზოგადი შენიშვნები რომელიც მე მინდოდა შემომეტანა. დანარჩენში ვეთანხმები ამ კანონ-პროექტს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) ბატონებო, სენატის დამოუკიდებლობა, რასაკვირველია აუცილებლათ საჭიროება არის, მაგრამ არ უნდა გავიგოთ ეს დამოუკიდებლობა ისე, რომ ვთქვათ: „აი არის სენატი, არის მისი ერთი შემადგენლობა, და ეს შემადგენლობა რაც უნდა უვარგისი და უვიცი გამოჩნდეს, სანამ შემადგენლობა არ დაეხოცება, ამას არ შეიძლება ხელი ვახლოთ“. ასეთი დამოუკიდებელი ორგანო დემოკრატიულ ქვეყნებში სადაც არჩევნები არის, და ეს პრინციპი, ყველგან გატარებული არის. პრინციპი დამოუკიდებლობისა ჩვენ ისე გვესმის, რომ რაკი არჩეულია სენატის ერთი შემადგენლობა, სანამ მეორე არჩევნების ვადა არ მოვა, ვერავინ გადააყენებს ერთ დეპარტამენტიდან მეორე დეპარტამენტში, მის სურვილის წინააღმდეგ და ვერც ვერავინ დაითხოვს სენატორს, თუ მან რაიმე დანაშაულობა არ ჩაიდინა. ამრიგად ეს სრულებით დამოუკიდებელი არის. ამგვარათ სავსებით უზრუნველყოფილი არის სენატის დამოუკიდებლობა. თუ თქვენ საკითხს ისე დააყენებთ, რომ ვინმეს თუკი ამოვარჩევთ - ის სამუდამოდ ხელშეუხებელი არის, ეს ყოვლად შეუძლებელი არის, ეს იქნება მართლაც ერთგვარი, ისეთი კასტა, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ უფლებით იქნება აღჭურვილი. აი ამგვარად ამ კანონ-პროექტში ეს აზრი არის გატარებული, და ეს აზრი არის ნამდვილად შესაფერისი დემოკრატიული წესწყობილების; სანამ ვადა არ მოუვა არჩევნებს, მანამ ისინი დამოუკიდებელი არიან. მაგრამ როდესაც არჩევნების ვადა დადგება, მაშინ უზენაესი ორგანო ამ შემთხვევაში დამფუძნებელი კრება იქნება ეს თუ პარლამენტი, მოახდენს ახალ არჩევნებს (გვაზავა: სასასამრთლო!) სასამართლოც ამ პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული, რადგანაც ასეთი სისტემა უზრუნველჰყოფს ნამდვილ კანონიერებას, უზრუნველჰყოფს ნამდვილ სამართლიანობას.

ეხლა უნდა მოგახსენოთ სტაჟის შესახებ. ამ სტაჟის შესახებ, რომელზედაც იურიდიულ კომისიაშიც იყო ლაპარაკი, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ საჭირო არის სტაჟი, მაგალითათ იურიდიული განათლება, საჭიროა 8-10 წელიწადი ვექილად იყოს ან სადმე იმსახუროს. მე დაგისახელებთ ბევრ მაგალითებს, - უმაღლესი განათლება მიიღო, მსახურობდა ბევრს, შრომობს, მაგრამ სენატორად ვერ აირჩევთ იმიტომ, რომ არა აქვს არსებითი თვისება და არც სენატორად გამოდგება. ამ შემთხვევაში საკანონმდებლო დაწესებულება არ უნდა იყოს იმ საშუალებას მოკლებული, რომ თუ არის ისეთი მაგალითი, რომ თუ არის ისეთი მაგალითი, რომ კაცს იურიდიული განათლება არ მიუღია, მაგრამ შეუძლია თავის გამოცდილებით და პრაქტიკით შეასრულოს სენატორის მოვალეობა, არჩეული იყოს სენატორად. ასეთი შემთხევევა არის მაგალითად, იურიდიული განათლება როცა აქვს მიღებული ახალგაზრდას, რომელსაც აქვს უნარი, ეტყობა, რომ ის ამ საქმეს მოერევა, შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ არ მოვთხოვოთ იმას სტაჟი. როდესაც ასეთი ფართო ფარგალი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლიან შესაფერისი პირნი ამოვარჩიოთ. აი რაშია საქმე. როდესაც არჩევნებზე მიდგება საქმე, რასაკვირველია, დამფუძნებელი კრება მიიღებს მხედველობაში, თუ ვის რამდენი უმსახურნია, სად უმსახურნია. ხშირად დიდი ხნის სამსახური არაფერს არ იძლევა. მე არ ვამბობ, რომ პრაქტიკას არ ჰქონდეს მნიშნელობა, მაგრამ ხშირად სენატორისათვის საჭირო ცოდნას არ იძლევა, ვისაც სტაჟი არა აქვს, შეიძლება უყვარდეს ეს საქმე, შეიძლება ჰქონდეს ამის უნარი და თუ ჩვენ სტაჟს მივიღებთ, შევიბოჭავთ თავს. რაც შეეხება გამომძიებელს, უნდა მოგახსენოთ, სანამ დღევანდელი სისტემა გვაქვს, - გამომძიებელი დღეს ემორჩილება პროკურატურას, მანამ უნდა დარჩეს ისე, როგორც ამ კანონ-პროექტში არის. მაგრამ, როდესაც ეს სისტემა შეიცვლება და შემოვიღებთ სხვა სისტემას, გამოძიების დროს მხარეების დაშვება, მაშინ რასაკვირველია, თქვენი წინადადება მიიღება გამომძიებლის სენატისადმი დამორჩილება. დღევანდელ პირობებში კი როდესაც გამომძიებელი ემორჩილება პროკურატურას, უნდა დარჩეს ისე, როგორც არის ამ კანონ-პროექტში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. მე ძალიან ცოტა დამრჩა სათქმელი, რადგანაც ვემხრობი ძირითად დებულებას ამ კანონ პროექტისას და თითქმის, ის ითქვა, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ორიოდე სიტყვას მაინც მოგახსენებთ. სენატი, რასაკვირველია, ისეთი დაწესებულება არის, რომელმაც უნდა დაიცვას კანონები. თვალყური ადევნოს, რომ ეს კანონები სწორედ აღსრულებული იქნეს. მესამე მოვალეობა სენატისა არის საკასაციო ინსტანცია. ამ შემთხვევაში ის უზენაესი დაწესებულება უზენაესი სასამართლოა, რომელსაც უნდა მოვეპყრათ დიდ ნდობით, სენატს დიდი საქმე აბარია და იმისდამიხედვით, რომ ჩვენში ახალი სახელმწიფო შენდება სენატსაც აუარებელი საქმე ექნება გასარჩევი. ჩვენი პარლამენტი ნორჩი პარლამენტი არის. ჩვენ გვაქვს ნაკლები გამოცდილება. შესაძლებელია, რომ ჩვენ შევქმნათ აქ და გამოვცეთ დღეს კანონები, მაგრამ შესაძლებელია, ეს კანონები ცოტად თუ ბევრად შინაარსით ეწინააღმდეგებოდენ იმ კანონებს, რომელნიც უკვე ჩვენ მიერ იყვნენ მიღებული. ამ შემთხევევაში სენატს აქვს უფლება რომ განმარტება გამოსცეს... (რუსია: ეს უდავო არის) შეადაროს.

აქ ბრძანებენ, რომ ეს უდავო არისო მაგრამ, მე მგონია, უდავო საკითხებზედაც შეიძლება ამ ტრიბუნიდან ორიოდე სიტყვა ითქვას. (ხმა: იმას უპასუხეთ) მე იმაზე მოგახსენებთ, რომ ეს საკითხი უდავო არის მაშასადამე სენატს ამისთვის დიდი საქმე აქვს და მართლაც, რომ უნდა დიდი მოქმედებითი ნიჭი.

შემდეგ ჩვენი საკითხი ის არის, რომ მართლაც ყოველი სასამართლოს წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, მის სინდისი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს. არავის მასზედ გავლენა არ უნდა ჰქონდეს. საზოგადოდ ყოველ კანონში ეს არის მიღებული და ჩემის აზრით ამ ძირითად დებულებას ეს კანონპროექტი უარს არ ყოფს. ჩვენ გვგონია, რომ არც ჩვენ დამფუძნებელ კრებაში ვინმე არის ამის წინააღმდეგი, არა ჩვენ სულ სხვანაირად ვსვამთ საკითხს. აი მაგალითად ბატონებო მე-29 მუხლი ამბობს... (კითხულობს) მაშასადამე, ის დამოუკიდებელი არის. მაგრამ აქ ბრძანებენ თუ ვირჩევთო, მაშ ის არის დამოკიდებულიო, არა, ეს შემცდარი აზრია. გადაყენება მისი თუ არ შეგვიძლიან ჩვენ, მაშინ იმას თავის თავად თავისუფლება აქვს. არჩევნები ერთი არის და როცა მთავრობა წინად გადააყენებდა ხოლმე ეს კიდევ სხვა მცნება არის.

მესამე მოსაზრება ის გახლავთ, რომ დამფუძნებელი კრება ეს დემოკრატიული დაწესებულებაა. იმისთანა დამფუძნებელი კრება, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს სულ ახალი მოვლენა არის: ის არის ბატონ-პატრონი სახელმწიფოსი, ის არის ამ სახელმწიფოს ნება-სურვილის გამომხატველი და იმის ბრძანებელი. და ნუთუ თქვენ ამ ბრძანებელს, ამ ბატონ-პატრონს არ ანდობთ იმისთანა საქმეს, რომ ამოირჩიოს სენატორი. (ხმაურობა) აი რაშია საქმე. აი როგორ ვაყენებთ ჩვენ საკითხს. (ხმურობა) მართლაც უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახალ მოვლენას კი არ ვქმნით, ჩვენ ისტორიაც გვაქვს, ბ. გვაზავას მოეხსენება, რომ ფედერალურ სასამართლოს წევრს ირჩევს სენატი და ნაციონალური საბჭო, კრება ნაციონალისტური შეერთებული. მაშასადამე, ისინი არჩევენ აუარებელ საკითხებს, არჩევენ ურთიერთობას სახელმწიფოთ შორის, საკასაციო საქმეებს და სხვა, მაშასადამე, თუ ეს დემოკრატიულ სახელმწიფოებში მიღებული არის და რამდენიმე წლით ირჩევენ, ისე კი არა, როგორც აქ არის, ირჩევენ 4 წლით. მაშასადამე, ეს საკითხი პირველად არ არის ჩვენს წინაშე, ისტორიაში არის, ასეთი მაგალითები. ეს შვეიცარიაშიც არის. (გვაზავა: სად არის?) სამწუხაროდ არ ვიცოდი, რომ ამისთანა აზრებს გამოსთქვამდით დღეს, მოგიტანდით წიგნებს, რომ წაგეკითხათ და დღეს საღამოზედ გადმოგეცათ.

ახალს არაფერს არ ვაარსებთ, ჩვენ ვაარსებთ საკასაციო ინსტანციას და ზედამხედველ სენატს, ამ შემთხვევაში ეს ისტორიამ გვიკარნახა და ცხოვრებამ გვიჩვენა და ჩვენ ვამბობთ, რომ სენატი არ არის დამოკიდებული, ის სულ სხვა წესით არის არჩეული.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი მომრიგებელი მოსამართლე, რუსეთში მომრიგებელ მოსამართლეს ვინ ირჩევდა? ირჩევდა საზოგადოება, სამი წლით ირჩევდა. აქედან რა გამოდინარეობს, რომ მოსამართლე ცუდათ ასრულებდა თავის მოვალეობას, ისინი არ იყვნენ არჩეულნი ხალხის მიერ? იყვნენ არჩეული. მაშასადამე, გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, რომ ეს წესი მისაღებია და საქმეს არ უშლის. ეხლა ჩვენ გვაქვს თვითმმართველობები, როგორც ქალაქში ისე ერობები, თვითმმართველობები ირჩევენ მომრიგებელ მოსამართლეს. მაშასადამე ეს დაწესებულება, რომ მიიღო, მე მგონია, რომ სწორედ ასეთი დაწესებულება ეთვისება დემოკრატიულ წესწყობილებას და მოთხოვნილებას. ამისდამიხედვით ჩვენ გამომდინარეობით, ამ უფლებით ვხელმძღვანელობთ, რომლითაც აღჭურვილია დამფუძნებელი კრება.

მეორე საკითხი ეს არის ცენზი. კანონში პირდაპირ არის ნათქვამი ასე... (კითხულობს) მაშასადამე, იურიდიული განათლება სენატორს უნდა ჰქონდეს, ეს პირველი დებულება არის. ეხლა ბ. გვაზავას და სხვებს ჰგონიათ, რომ გვერდს აუხვევს დამფუძნებელი კრება და არა იურისტს აარჩევს. ჩვენ ასე არ ვსაზრობთ, ჩვენ გვგონია, რომ დამფუძნებელი კრება აარჩევს სათანადო პირს. დამფუძნებელი კრება ასწონ-დასწონის და ამოარჩევს იმისთანა პირს, რომელიც სათანადოდ აასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ გამონაკლისი უნდა იყოს. შეიძლება არამც თუ სხვაგან, აქაც იყვნენ, ბ. გვაზავამ ეს უნდა იცოდეს, არა იურისტები მაგრამ მცოდნენი. არის პირები, რომელთაც არ უმსახურია, ისინი იურისტები არიან, პრაქტიკა გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ მე მგონია სენატში მუშაობა შეუძლიანთ, ესმით რა არის უფლება და შეუძლიანთ სისწორით გადაწყვიტონ ესა თუ ის საკითხი. ამისდამიხედვით გამონაკლისი შეიძლება. მშვენიერი გამოჩენილი იურისტი იყო ჩერმისოვი. ბ. გვაზავას კარგად ეცოდინება, მაგრამ არ იყო იურისტი, იურიდიული ფაკულტეტი არ დაუმთავრებია, თუმცა ყველა ჩვენ ვცემდით პატივს როგორც იურისტს. მე მგონია არჩევაზე თუ მიდგებოდა საქმე ჩერმისოვს ავირჩევდით სენატორად. სწორედ ასეთ გამონაკლისზედ ჩვენ ვლაპარაკობთ, და ასეთ გამონაკლისს ვიღებთ.

რაც შეეხება მესამე შესწორებას გამომძიებელის შესახებ, ჩვენ თანახმანი ვართ, რომ მთავრობამ დანიშნოს გამომძიებელი, მაგრამ გამომძიებელი და პროკურორი სულ ერთია დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც სხვები. ჩვენ წინაღმდეგი არ ვიქნებით, რომ მთავრობამ თავის მიხედვით გადააყენოს ან გამოსცვალოს ის. (ხმაურობა) (ხმა; პროკურორი?) დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ იმ აზრისა ვართ, რომ დანიშნოს ერთი გამომძიებელი, გამოსცვალოს მეორე. ის საერთოდ პასუხისმგებელი არის და გარდა ამ პირების მივიღეთ, რომ მოსამართლე ოლქის სასამართლოსი, ან პალატისა ამ შემთხვევაში შეუცვლელი არის. მე მგონია, რომ ისეთივე უნდა იყოს, იმავე უფლებით უნდა იყოს აღჭურვილი როგორც გამომძიებელი, ისე პროკურორი, იმისდამიხედვით თუ რამდენათ შესაძლებელია მთავრობის მიერ ერთგვარი თვითნებობა მე მაგალითს მოგახსენებთ. შეიძლება მთავრობა არ დაეთანხმოს ამა თუ იმ პროკურორს, გამომძიებელს და ეს საკითხი გადასწყვიტოს სხვა დაწესებულებაში, როგორც ოლქის სასამართლომ, ან სენატმა. ეს იქნება წვრილმანი შესწორებები, რომლებსაც ჩვენ შემოვიტანთ, ამაზე ჩვენ არ ვმართავთ კამათს. მაგრამ ამ შემთხევევაში მოსამართლე საზოგადოდ დამოუკიდებელი უნდა იყოს, მე მგონია, გამომძიებელი და პროკურატურის ნაწილი დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამ შემთხევევაში ისინი შეუცვლელნი უნდა იყვნენ. რაც შეეხება თვით კანონს, ვსთქვათ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორს, ამ შემთხევვაში სწყვეტს საკითხს ოლქის სასამართლო. ის ამბობს დარჩება ასე თუ, ისე. ეს წვრილმანი შესწორება არის, რომლებსაც ჩვენ შემოვიტანთ თავის დროზე. ნოეს ძირითად დებულებას ჩვენ ვიღებთ და მე მგონია, დამფუძნებელი კრებაც მას მიიღებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს ბ. გეგეჭკორს.

ევგენი . გეგეჭკორი. მოქალაქენო, ამ დაწესებულების მნიშვნელობა, რომელიც ამ კანონ-პროექტით შემოგვაქვს და რომლის ორგანიზაციას ჩვენ ვაპირებთ თქვენს წინაშე, მომხსენებელმა კარგად აღნიშნა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ჩვენს აღმაშენებლობითი მუშაობაში, ის კანონ-პროექტი, რომელიც ეხლა თქვენ წარმოგიდგათ ეს ერთი დიდი ნაბიჯი გახლავთ იმ მხრივ, რომ მართლაც ჩვენში, ჩვენ რესპუბლიკაში დაწესდეს უფლებრივი ცხოვრება და უფლებრივი ურთიერთობა საზოგადოებრივ ცხოვრებისა, დღემდის როგორც იცით, სწორედ ასეთ ორგანოს უქონლობა დიდ ზიანს წარმოადგენდა ჩვენს მუშაობაში, რადგანაც როგორც აქ ითქვა, მართლა არ კმარა კანონის დაწერა, კარგ კანონის დაწერა, უმთავრესი და უმნიშვნელესი როლი და მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ როგორ გაიგებს ამ კანონს და როგორ გაატარებს ცხოვრებაში. რადგანაც ამ კანონებს სხვა და სხვა დაწესებულებები ატარებენ, თავის თავად ცხადია, ბუნებრივია, რომ ამ დაწესებულებებს, ამ ორგანოებს თავისებურად ესმით ეს კანონი და თავისებურ შინაარსს სდებენ ამ კანონში. ეს იწვევს ერთგვარ არევ-დარევას, ეს ბადებს ისეთ ურთიერთობას, რომელიც ამ აღმშენებლობითი მუშობას ხელს უშლის. ამ მხრივ, მე მგონია, რომ თუ ჩვენ, ჩვენ მუშაობას დავაგვირგვინებთ, სენატს მივიღებთ და ის შეუდგება ამ მუშაობას იმ დროიდან, რომელიც რომელიც აღნიშნული არის სხვათაშორის დამატებითი კანონში, პირველ სექტემბრიდან, - მე მგონია, რომ ჩვენი რესპუბლიკის საქმის მოგვარება და მისი კონსტიტუციის უფლებრივ ჩარჩოებში ჩაყენება ამითი დიდ ნაბიჯს წარსდგამს.

მე უნდა მოგახსენოთ მთავრობის სახელით, რომ მთავრობა სრულიად იზიარებს იმ დებულებას, იმ პრინციპს, რომელზედაც აშენებული არის ეს კანონ-პროექტი. ის მოსაზრება, რომელიც აქ მოიყვანა მოქალაქე გვაზავამ, ჩვენ არ შეგვიძლიან მივიღოთ. ეს ისეთი მოსაზრება არ არის, რომელიც გვაძლევდეს საშუალებას შევცვალოთ ჩვენი შეხედულება ამ საგანზედ. და მართლაც ის მეტოდი ამ სენატის ორგანიზაციისა, რომელიც უნდა შეიტანოს ბ. გვაზავამ მთელი საუკუნოებით დაასამარებს ამ ორგანოს. სწორედ სამართლიანად შენიშნა აქ მოქალაქე გიორგაძემ, რომ თუ ჩვენ მართლაც დავადგებით ამ გზას, რომ თვით ფაქტი ერთხელ არჩევისა ავალებს ადამიანს იყოს სენატორად სიკვდილამდის, - ეს ფაქტი მე მგონია დაუკარგავს ამ ორგანიზაციას ყოველნაირ თავის მნიშვნელობას და გადაიქცევა სწორედ სამარეთ. (გვაზავა: „რატომ სხვაგან არ გადაიქცა“?) მე უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ ასეთი შემთხვევა გახლდათ მარტო რუსეთში. (გვაზავა: ინგლისში, ამერიკაში არ გახლდათ?) ამერიკაში არ გახლავთ, ამერიკაში ირჩევენ, მაგრამ სამუდამოთ არ ირჩევენ. აქ გამოდიან რამოდენიმე ერთი მესამედი. (გვაზავა: Судебный Сенат вы путаете). (ზარი თავმჯდომარისა) მე ვაცხადებ - არსად ასეთი დაწესებულება, გარდა რუსეთის ბიუროკრატიულ სენატისა, არ არსებობდა... და ცხოვრებამ, პრაქტიკულმა ცხოვრებამ ამ შემთხვევაში აიძულა რუსეთის ბიუროკრატია, რომ ასეთი მდგომარეობა შეეცვალა. მართლაც განსაჯეთ, ვთქვათ, ამნაირად აირჩიეთ თქვენ ერთი კაცი, რომ სენატორად გამოდგება, მაგრამ ცხოვრებამ და მისმა მუშაობამ დაამტკიცა, რომ ის სენატორად ან კანონმდებლად არ ვარგა. მაშინ რა გამოსავალს ხედავს ბ. გვაზავა? აქ არ არის არავითარი გამოსავალი. უნდა უცადოთ იმ ბედნიერ წუთს, რომელსაც ის ცხოვრებას გამოესალმება და თავს დაგვიკარგავს. ეს ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის დასაშვები მდგომარეობა არის? მე ვეკითხები ბ. გვაზავას. მე ვლაპარკობ, რომ ყოვლად დაუშვებელია მართლაც ისეთი შემთხვევა და დამყარება სახელმწიფოერივ ცხოვრებისა, რომ ეს არა სასურველი სენატორი უცბათ მოკვდეს. მე მგონია, რომ ასეთ მდგომარეობაზე ჩვენ ვერ შევჩერდებით და ამაზე სახელმწიფოს ვერ დავიმყარებთ. მაშინ როდესაც ის პრინციპი, რომელიც უდევს საფუძვლად ამ პროექტს სრულიად არ არღვევს იმ პრინციპს, რომლის დარღვევა ასე აშინებს ბ. გვაზავას.

იქნება თუ არა დამოუკიდებელი ის სენატორი, რომელსაც ჩვენ ეხლა დამფუძნებელ კრების არსებობის დროს ორი წლით ვირჩევთ? შემდეგ, როდესაც მუდმივი პარლამენტი გვექნება, ამ პარლამანეტში შემოვიტანთ ჩვენ კანონს, - 4 წლით. მე ვამტკიცებ თქვენს წინაშე, რომ დამოუკიდებლობის პრინციპი ამით სრულიად არ ირღვევა, რადგანაც იმ ხნის განმავლობაში, რა ხნითაც ამორჩეულია სენატორი, არავის არა აქვს უფლება არც მთავრობას, არც იუსტიციის მინისტრს გადააყენოს ესა თუ ის მოსამართლე, ან ესა თუ ის სენატორი თავის ადგილიდან. ამნაირად ეს პრინციპი სრულიად დაცული არის და იმავე დროს სენატის ორგანიზაციაში ჩვენ გვაქვს საშუალება ახალი ძალები შემოვიყვანოთ. და ამნაირად ავაცდინოთ სენატს ის საშინელი მდგომარეობა, რომლსაც ის მიღებს უეჭველად, თუ კი ჩვენ ერთხელ და სამუდამოთ ამოვირჩიეთ სენატორები ის დახავსდება და სამარეთ გადაიქცევა.

ჩემის აზრით, ჩემი ღრმა რწმენით ეს ხორცმეტად იქნება ჩვენ ცხოვრებაში.

რაც შეეხება საკითხს ცენზის შესახებ, მე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ შემთხევაში ბ. გვაზავას მოსაზრება სრულიად მოკლებული არის, როგორც მეცნიერულ ნიადაგს, რომელზედაც ის ხშირად აქედან და საზოგადოთ პრესის ფურცლიდან გაჰკივის. ის ლაპარაკობს, რომ კანონი ისთე უნდა შევარდგინოთ, რომ იყოს უნდა ნათქვამი, განსაზღვრული, რომ აი თუ 7, ან 8 წელიწადი მოსამართლეთ არ ხარ, ან ამ სფეროში არ გიმუშავნიათ, ასეთი სტაჟი არ მიგიღიაო, თქვენ სკანონმდებლო დაწესებულებას, დამფუძნებელ კრებას და პარლამენტს სხვა ვინმე ამის გარდა აირჩიოთ. მე ვლაპარაკობ, რომ ასეთი საკითხის დაყენება ეს არის განყენებული მსჯელობა, რომ ჩვენ მართლაც ამ კანონ-პროექტს იმნაირად ვაშენებდეთ, რომ სენატორად ირჩეოდეს მხოლოდ ის, ვისაც იურიდიული ფაკულტეტი დაუმთავრებია, ან იურიდიული განათლება მიუღია და სხვა არაფერი, მაშინ თავის თავად ცხადია თქვენ მართალი იქნებოდით, მაგრამ, ჩვენ სრულიად ამას არ ვლაპარაკობთ. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ სენატორს მოეთხოვება იურიდიული ფაკულტეტი, ამით სრულიად არ უარვყოფთ იმას, რასაც თქვენ ბრძანებთ. პირიქით ჩვენ გვგონია, რომ დამფუძნებელ კრებას და პარლამენტს ეძლევა საშუალება ამ ფართო ასპარეზზე იმოქმედოს და უფრო ფართო წრიდან ამოარჩიოს სათანადო პირები. ჩვენი რედაქციით და იურიდიულ კომისიის რედაქციით, უფრო ფართო წრიდან ამოარჩევენ სენატორებს, ხოლო ბ. გვაზავას რედაქცია საზღვრავს მოქმედებას კანონმდებელ დაწესებულებისა. აი, ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თუ სტაჟი აქვს მხოლოდ ის კაცი შეგიძლიანთ ამოარჩიოთ და გახადოთ სენატორად. თვით ბ. გვაზავა დამეთანხება, როგორც სრულიად სამართლიანად ბრძანა ბ. გიორგაძემ, რომ არიან ისეთი სამოსამართლო მოღვაწენი, რომელთაც დიდი ხნის სტაჟი აქვთ, მაგრამ სენატორად ისინი ვერ გამოდგებიან, ასეთი შემთხვევა იქნება იყოს და არის.

მეორეს მხრივ ისეთი შემთხვევა და სხვათაშორის მე ერთ პირს დაგისახელებთ, ეს არის გამოჩენილი მოღვაწე, რომელიც 18 წლისა, რომ იყო, ალბად ბ. გვაზავას ეს კარგად მოეხსენება, გამოჩენილი კაცი იყო იურისპრუდენციის სფეროში. აი ვსთქვათ გამოჩნდა ასეთი პირი. თქვენი რედაქციით, - აქვს თუ არა პარლამენტს და დამფუძნებელ კრებას საშუალება ასეთი პირი ამოარჩიოს სენატორად? მე ვფიქრობ, რომ ასეთი საშუალება არ გვაქვს. მაშინ როდესაც ჩვენი რედაქციით სრული საშუალება გვაქვს. თუ გამოგვადგება ის, ვისაც სტაჟი აქვს, ჩვენ მას ამოვირჩევთ. თუ კი ის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ეხლახან დაამთავრა კურსი, ჩვენი შეხედულებით, პარლამენტის შეხედულებით, არის რომელიც სენატორად გამოდგება მაშინ, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლიან ისიც დავასახელოთ და ისიც კი ამოვარჩიოთ სენატორად. მე მგონია, რომ ჩვენი შეხედულება უფრო მიზანშეწონილად უწევს ცხოვრებას ანგარიშს და სწორედ ეს პრინციპი უნდა დაუდვათ საფუძვლად ჩვენს კანონ-პროექტს.

გამომძიებლის დანიშვნა შეუძლებელია, ბრძანა ბ. გვაზავამ. მე მგონია, რომ საკითხის ასე დაყენება ესეც ცოტა განყენებული მსჯელობა არის. თუ კი ჩვენ პროკურატურას ვნიშნავთ, და ის უნდა დავნიშნოთ იმიტომ, რომ სასამართლოს სფეროში, ამ წრეებში, ამ სფეროში თუ მთავრობას თავისი ორგანიზაცია, რომელიც დაამზადებს მასალას, რომელსაც უნდა გასინჯოს, გადასწყვიტოს და თავისი დადგენილება გამოიტანოს. მაშინ, რასაკვირველია, მე ვერ წარმომიდგენია ისეთი ორგანიზაცია სასამართლოსი, ეს წარმოდგენილია. თვით სასამართლოს ხომ ვერ მივცემთ ჩვენ მთელ ამ საქმეებს, რადგანაც მაშინ სასამართლო უნდა მოიწყოს სხვაგვარად. მაშინ ჩვენ ადმინისტრაცია უნდა გადავსცეთ სასამართლოს და სხვა. მაშასადმე, თუ ჩვენ პროკურატურას მთავრობას უტოვებთ, მე მგონია, რომ ამ პროკურატურას უნდა ჰყავდეს ისეთი ორგანო, რომელსაც ეს უნდა ეყრდნობოდეს, მის მუშაობას უძღოდეს, აძლევდეს ერთნაირ კარნახს და ყოველ შემთხვევაში ემსახურებოდეს ჭეშმარიტებას, თუ კი თქვენ გამომძიებელს პროკურორს ჩამოართმევთ ხელიდან, თუ მის აგენტათ არ გახდით, მე თქვენ გეკითხებით, რომელ კანონით შეგიძლიანთ აამუშავოთ ეს აპარატი. ვერავითარ საშუალებით თქვენ ამ აპარატს ვერ აამუშავებთ.

ამ გზით, ჩემის აზრით, სასამართლოს და სახელმწიფოს დიდ ზიანს მივაყენებთ. ამიტომ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს მხარეც უნდა დატოვოთ ისე, როგორც არის. ესე იგი გამომძიებელიც და პროკურორიც უნდა ინიშნებოდეს მთავრობის მიერ.

დასასრულ, მე უნდა მოგახსენოთ, რომ მართალია, ყოველად წარმოუდგენელია ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც თავშივე, დღიდან მისი დაარსებისა დეფექტები არ ჰქონდეს, ეს ორგანიზაცია იქნებოდა იდეალი და რადგანაც ცხოვრებაში ჩვენ იდეალს ვერ ვხედავთ, ამ კანონ-პროექტსაც ვერ მოვთხოვ ამას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისდამიხედვით, თუ რას მოითხოვს მეცნიერება, თუ რას მოითხოვს პრაქტიკა, თუ რას მოითხოვს ხალხის ინტერესი, სახელმწიფო და მისი აღმშენებლობითი მიზნები, - აი ამისდამიხედვით ჩემის აზრით ის პროექტი, რომელიც თქვენ წინაშე არის წარმოდგენილი თავის დანიშნულებას უპასუხებს და მიზანშეწონილია. და მე მგონია, რომ დამფუძნებელმა კრებამ სწორედ უნდა მიიღოს ის საფუძველი, რა საფუძველზეც ეს კანონ-პროექტი არის აშენებული. რაც შეეხება ზოგიერთ მუხლებს ამ კანონ-პროექტის, მე უნდა მოგახსეოთ, რომ მთავრობას ექნება ზოგიერთი შესწორება არა პრინციპიალური არამედ წვრილმანი ხასიათისა. მაგრამ ამის საშუალება ჩვენ გვექნება როდესაც შეუდგებით ამ კანონ-პროექტის მუხლობრივ განხილვას. ეს შესწორებები, რასაკვირველია თქვენ დასადასტურებლად, თქვენ მისაღებად ან უარსაყოფად წარმოდგენილი იქნება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) რიგიანად მოწყობილი სასამართლო აუცილებელი პირობაა ყოველი უფლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის. მაგრამ რიგიანათ სასამართლო მაშინ იქნება მოწყობილი, როდესაც ყველა სასამართლო დაწესებულებათა ზედამხედველი ორგანო, მათი გვირგვინი უზენაესი სასამართლო თვით იქნება რიგიანათ მოწყობილი. წარმოდგენილ კნონ-პროექტით უზენაეს სასამართლოთ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში სენატია აღიარებული, რომელსაც მეტათ რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობანი აქვს დაკისრებული და ამასთან ერთად დიდი უფლებებიც აქვს მინიჭებული. სენატორებს ირჩევს საკანონმდებლო დაწესებულება და ეს სრული გარანტიაა იმის, რომ სასამართლოს ბედი სანდო პირთა ხელში იქნება. მთელი ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილ პირთ არჩევანი - თვით ამ მხრივ წარმოდგენილი კანონ-პროექტი უდეფექტოდ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ის აკმაყოფილებს დემოკრატიულ სახელმწიფოს მართლ-მსაჯულობის უთავრეს მოთხოვნილებებს. საერთოდ კანონ-პროექტი ჩვენი ფრაქციის აზრით მისაღებია, მხოლოდ ზოგიერთი მუხლი უნდა შეიცვალოს, მაგალითად, მეოცე მუხლის ძალით სენატორის არჩევა შეიძლება მხოლოდ ისეთ პირთაგან, რომელთაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიუღიათ ანდა მოსამართლედ მაინც უმსახურნიათ არანაკლებ რვა წლისა. ასეთი ცენზის დაწესება სრულიათ უსამართლოდ შებორკავს საკანონმდებლო დაწესებულებას სენატორთა არჩევის დროს და, შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში ცენზის დაწესებამ დიდი ზიანიც მოუტანოს სწორ და მართლმსაჯულების საქმეს. შესაძლებელია რომელიმე მოქალაქეს არ ჰქონდეს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება და არც მოსამართლის რვა წლის სტაჟი გაევლოს მაგრამ სენატორათ არჩევის ღირსი მაინც იყოს. სენატორათ უნდა იქნეს არჩეული ისეთი პირი, რომელიც აღნიშნულია კანონ-პროექტში, ამისათვის სრულიად არ არის საჭირო რომ ასარჩევ პირს ჰქონდეს დიპლომი ანდა მოსამართლეთ ემსახურნოს. ხშირად კაცს უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს მიღებული, პირველი ხარისხის დიპლომითაც არის დაჯილდოვებული, მაგრამ იურიდიულათ სრულიათ ვერ აზროვნებს და ასეთი პირის სენატორათ არჩევა სასამართლოს უბედურების და ზიანის მეტს ვერაფერს ვერ შემატებს. მეორე მხრივ არიან ისეთი პირებიც, რომელთაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ უფლება თეორეტიულათ, უნივერსიტეტის გარეშე, შეუსწავლიათ პრაქტიკულათ. კანონების ცოდნაში პატენტიან იურისტებს არ ჩამოუვარდებიან და იურიდიულადაც საღათ და სწორეთ მსეჯელობენ და აზროვნობენ.

ამ შემთხვევაში ჩვენ სენატორთა არჩევის დროს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მეორე კატეგორიის ხალხს და არა უსათუოდ იმათ, ვინც უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო. შესაძლებელია აგრეთვე რომელიმე პირი უბრალო მოსამართლეთ არამც თუ რვა წელი იყოს, არამედ ხუთჯერ რვა წელი, მაგრამ სენატორათ მაინც ვერ გამოდგეს. მაშასადამე, მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღება ანდა მოსამართლედ ყოფნა თავისთავად ვერ ჩაითვლეაბ ისეთ საზომათ, რომელითაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ სენატორთა არჩევის დროს. აქ საჭიროა სულ სხვაგვარი საზომის გამონახვა და ასეთ საზომათ უნდა ჩაითვალოს უფლების, კანონების ცოდნა, იურიდიულათ აზროვნების უნარი და არა ის, მიღებული აქვს სასენატორო პირს უმაღლესი იურიდიული განათლება თუ არა. საკანონმდებლო დაწესებულებას სრული საშვალება აქვს შეუცდომლად გამოარკვიოს, თუ რომელი მოქალაქეს აქვს მეტი ცოდნა უფლების და კანონების, ე.ი. რომელი მოქალაქე უფრო გამოდგება სენატორათ. ამიტომ სრულიათ არ იქნება მიზანშეწონილი უზენაეს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინდაწინ შებოჭვა სენატორთა არჩევის დროს ისეთი ცენზის დაარსებით, რომელიც აღნიშნულია კანონ-პროექტში. შესაძლებელია, რომ რომელიმე მოქალაქე დიდ მცოდნე იყოს კანონების, მასთან მეტად ნიჭიერი და, უმაღლეს იურიდიული განათლების გარდა სამი ფაკულტეტი ჰქონდეს დამთავრებული, მაგრამ ზნეობრივად ისე დაბლა იდგეს, რომ მისი არჩევა სენატორად ყოვლად შეუძლებელია (კედია: ზნეობის ცენზიც საჭირო ყოფილა!) დიახ, ზნეობის ცენზი მუდამ იგულისხმება მშრომელ დემოკრატიის მიერ, მაგრამ ბურჟუებისათვის და მათ მოსარჩლე იდეოლოგ-მეცნიერთათვის ზნეობის ცენზი სავალდებული არ არის. მაშასადამე, როგორც ზნეობის, აგრეთვე კანონების, უფლების ცოდნის ცენზი სენატორათ ასარჩევ პირთათვის თავის-თავად იგულისხმება, ამის გაგება კიდევაც ძალუძს ხალხის ნება-სურვილების უმაღლეს გამომხატველს, დამფუძნებელ კრებას და ამიტომ ამის კანონში აღნიშვნა სრულიად ზედმეტია.

მეათე მუხლში აგრეთვე სრულიად უსაფუძვლოა ერთი მოთხოვნილობა, ის რომ სისხლის სამართლის დეპარტამენტის სენატორთა რიცხვში ერთი უნდა იყოს სამხედრო იურისტი. ასეთი სპეციალური, რაღაც კასტური ცენზის დაარსებას არ მოითხოვს არც დემოკრატიზმი და არც თვით მომავალ სენატის შემადგენლობის ღირსება. ერთი, რომ სამხედრო კანონს, უბრალო და არა პაგონებიანი იურისტიც გაიგებს და განმარტავს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ეხლა მაინც არ მოგვეპოვება საქართველოში სამხედრო იურიდიული აკადემია, რომელიც სამხედრო იურიდილ ცოდნას ავრცელებდეს ხალხში და ამზადებდეს სამხედრო სენატორებს, მეორე და უმთავრესი კი ის არის, რომ, ეხლა თუ ვერ მოვახერხეთ, ჩვენ მომავალში მაინც უნდა გავაუქმოთ ისეთი განსაკუთრებული სასამართლოები, როგორიც არის სამხედრო, საგანგებო და სხვა სასამართლოები და ამიტომ სამხედრო იურისტების შეყვანა სენატში, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამხედრო აკადემია გაუთავებიათ, გაუგებარი და შეუწყნარებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი სერგეი ჯაფარიძე. უნდა მოგახსენოთ, რომ ის, რაც თქვენ ბ. გვაზავამ და გობეჩიამ, მუხლობრივ განხილვის დროს რომ ეთქვათ, უფრო მიზან შეწონილი იქნებოდა, იმიტომ, რომ თვითოეულ საკითხის დაკავშირება თვითოეულ ცალკე მუხლთან, აი მაშინ, უფრო ადვილი იქნებოდა. ბ. გვაზავა ამბობს, რომ პრინციპიალურად ვადით არჩევას ეწინააღმდეგება მოსამართლეს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა, ეს ესე არ არის, რადგანაც, როდესაც ამბობენ რომ მოსამართლე უნდა იყოს ხელუხლებელი და გადაუყენებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვადის განმავლობაში, როდესაც მას კანონით უფლება აქვს იმსახუროს, მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება, გადააყენოს, ასე ვსთქვათ, თავის ნებით. თვით ბ. გვაზავამ მოიყვანა ისეთი აშკარა ფაქტი (?) როგორც არის მომრიგებელი მოსამართლე, რომელსაც ვირჩევთ სამი წლის ვადით. ასეთი მაგალითები არის შვეიცარიაში, სადაც საკანონმდებლო ორგანო ირჩევს უმაღლეს სასამართლოს წევრებს ვადით ასევე რამოდენიმედ ამერიკაში. ამერიკის პრეზიდენტი და სენატი შეთანხმებით ირჩევენ ასეთ უზენაეს სასამართლოს წევრებს, იქ არის ნათქვამი: რომ ის იმსახურებს მანამ, სანამ ის კარგად ასრულებს საქმეს, и пока хорошо исполняет свое дело: გამოდის, რომ თუ პრეზიდენტი და სენატი დაინახავს, რომ კარგად არ ასრულებს საქმეს, შეიძლება გადააყენოს ასე რომ, ამ მხრივ არც ისტორიული, არც სხვა რაიმე გამართლება არა აქვს გვაზავას დებულებას. ეს არის მოსაზრება თუნდაც პოლიტიკური, სენატი, როგორც მოგეხსენებათ განმარტავს კანონებს, ეს კი ძალიან მძიმე საქმე არის, და ბევრი რამ ხიფათი შეიძლება მოჰყვეს ამ განმარტებას, ეს უბრალო საქმე არ არის. „მექოთნე ქოთანს ყურს სადაც უნდა იქით გამოაბამს“ «Закон - что дышло, куда повернешь туда и вышло». ესე იგი, როგორც გინდა, ისე განმარტებ კანონს, ამიტომ ერთგვარი პოლიტიკური ხასიათი აქვს კანონის განმარტებას. თვით კანონი არის იურიდიული გამოხატვა იმ პოლიტიკურ და სოციალისტურ ურთიერთობისა, რომელიც სუფევდა იმ დროს, როდესაც კანონი გამოდიოდა, ესე იგი გამომხატველი იმ პოლიტიკისა, პოლიტიკურ ურთიერთობისა, როდესაც კანონი გამოცემული იყო; და რაკი კანონს პოლიტიკურ ხასიათი აქვს, თავის თავად იგულისხმება, ერთგვარი პოლიტიკური ელფერი აქვს, ჩვენ ვცდილობთ ბოლოს და ბოლოს, რომ სასამართლო დავაშოროთ პოლიტიკას. მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამ არის, კარიდან რომ გავდევნოთ ფანჯრიდან შემოვა. აქედან ის დასკვნა გამოდის, რომ სენატი, სენატის მოწყობა ისეთი უნდა იყოს, რომ განმარტოს კანონი ისე როგორც ეს შეეფერება ახალ წესწყობილებას, შესაძლებელია, მაგალითად, მოხდეს ამნაირად, რომ ჩვენ ავირჩევთ სენატორებს, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფართო წრეები, რომ ჩვენთვის სასარგებლო პირები ავირჩიოთ, უსათუოდ უნდა ავირჩიოთ ისეთი პირები, რომლებზედაც მტკიცე რწმენა არ გვაქვს, მაშინ მოხდება ის, რომ შეიძლება ჩავარდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ავირჩევთ ვინმე უვარგისს და იმის გადაყენება აღარ შეგვეძლება. ბ. გვაზავას ეხსომება, რომ მსახურებდა ერთი მოსამართლე, რომელსაც არც თვალი უჭრიდა, არც ყური, ამასაც ვერ გადავაყენებდით. მექრთმეობა რომ შევამჩნიოთ, იმასაც ვერ გადავაყენებთ. აი ეს რომ არ მოხდეს, თუ ჩვენდა უნებურად სენატში მოხვდა ისეთი ხალხი, რომელიც ახალ წყობილებას არ შეეფერება, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს ისინი შევცვალოთ და ახალი ხალხი ავირჩიოთო. იმის თქმა, რომ თუკი დარწმუნებული ვიქნებით, რომ „აღარ ამოირჩევენ, რათ ვიმსახურებო“. ეს მოსაზრება არამც თუ არ ამართლებს თქვენ დებულებას პირიქით არღვევს, იმიტომ რომ ის მოსამართლე, რომელმაც იცის რომ ვადით არის არჩეული, პირიქით უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ეს მოსამართლე რომელიც სიკვდილამდე იქნება არჩეული, მეტადრე ხანში შესული, ყოველივე ხალისს დაკარგავს საქმისადმი. აი ამიტომ ვადით არჩევა ეს მეტად სასარგებლო ნიადაგს ქმნის მუშაობისთვის. რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ასარჩევი კანდიდატი, კანონ-პროექტში ასე არის: სენატორად არჩევა შეიძლება იმ პირისა, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს მიღებული უმაღლესი, ანდა, თუნდაც ასეთი არა აქვს მიღებული, მაგრამ პრაქტიკული მომზადება აქვს; 8 წლის განმავლობაში მოსამსართლეთ მსახურობდა. ამ მხრივ ბ. გვაზავას აზრით, საჭირო არის იურიდიული ცენზიც პრაქტიკული ცენზიც, ესეიგი იურისტიც იყო და პრაქტიკული ცენზიც ჰქონდეს. მეორე მხრივ ბ. გობეჩია უარყოფდა ცენზის საჭიროებას (კედია: სიმართლე სად უფროა). მე პირველი. ბ. გვაზავას აზრი, უფრო სამართლიანად მიმაჩნია. კანონის განმარტებას, სასამართლოს წარმოებას ამას ერთგვარი ტეხნიკა უნდა. ტეხნიკა და სამართალის ქმნა ეს მეცნიერული დარგი არის; რომ სენატორი სასარგებლო იყოს, იმას შესწავლილი უნდა ჰქონდეს ეს დარგი და პრაკტიკული განათლებული უნდა იყოს, ჩვენ რომ მივანდოთ ყველას კანონის განმარტება ეს იქნება მეჩექმეებს მივანდოთ პურის გამოცხობდა და მეპურეს ჩექმების შეკერვა. ამიტომ მე ვამბობ, აქ უსათუოდ საჭიროა ერთგვარი პირობები, და სხვათაშორის უნდა დაუდვათ ის, რომ მომზადება უნდა ჰქონდეს ან იურიდიული ან პრაკტიკული მაინც. იურიდიულ კომისიაში დიდი ბრძოლა იყო ამ საკითხის გარშემო. იყო ერთი მძლავრი მიმდინარეობა, თუმცა უმცირესობა რომელიც ამბობდა რომ იურიდიულ განათლებასთან ერთად საჭირო არის პრაქტიკული სტაჟიც. დღეს მომქმედ კანონით, პალატის წევრის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ იმას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, და ამასთან 12 წლის პრაკტიკა აქვს. მაგრამ ჩვენ შევზღუდეთ ეს წრე პირობებისა იმ მოსაზრებით, რომ რაკი მთავრობა კი არ ნიშნავს, ან მინისტრი, რომელმაც შეიძლება უფრო ადვილად ჩაიდინოს რაიმე შეცდომა, არამედ ირჩევს დამფუძნებელი კრება, სადაც ყველა ეს პირობები ყოველ მხრივ აწონილ დაწონილი იქნება, ყველა ასეთ პირობებით ვერ შევზღუდავთ დამფუძნებელ კრებას მითუმეტეს, რომ დღეს ჩვენ ბევრი არ გვყავს ისეთი პირები, რომელნიც აკმაყოფილებდენ ამ ორ მოთხოვნილებას იურიდიულ განათლებს და პრაქტიკულ სტაჟს, ამიტომ მე არ მიმაჩნია საფუძვლიანად არც ბ. გვაზავას აზრი, და მითუფრო ნაკლებად ბ. გობეჩიას აზრი. რაც შეეხება გამომძიებლის საკითხს, გამომძიებელი, კანონ-პროექტით, ინიშნება მთავრობის მიერ. წინათ ინიშნებოდა მინისტრის წარდგენით მეფის მიერ. არ არის მთლად საფუძვლიანი ის აზრი, ვითომ გამომძიებელი მოსამართლე იყოს, ასე რომ ვთქვათ მოსამართლე არის პროკურორიც იმიტომ, რომ როგორც ერთი, ისე მეორე თავის სინიდისის ქვეშ, კანონიერ ფარგლებში, მოქმედებს: არავის აქვს ნება ძალა დაატანოს პროკურორს „შენ შენი სინდისის წინააღმედ იმოქმედეო“, მით ნაკლებად შეუძლიან მისი თქმა. გამომძიებლისთვის ორივენი, როგორც სინიდისით ისე იურიდიულად თავისუფლად მოქმედობენ. მთავრობის მხრივ გავლენას ნიადაგი აქვს მოსპობილი, იმიტომ რომ შემდეგ სასამართლოს წევრს და პალატის წევრს ნიშნავს სენატი და არა მთავრობა. თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ მთავრობამ მოინდომოს ამა თუ იმ საქმეს ესა თუ ის მიმართულება მისცეს, გამომძიებელს შეუძლიან თავის სინდისის ქვეშ სთქვას „აგრე არ ვიზამ“, იმიტომ რომ მისი კარიერა არ ისპობა, და თუ წინად წინ წაწევა მთავრობისაგან იყო დამოკიდებული, ეხლა ასე აღარ იქნება თუ გამომძიებელი იჩენს უნარს შრომისას, ცოდნისას, სენატი იმას აირჩევს. ასე რომ მთავრობის გავლენის შესაძლებლობას იმ მხრივ ყოველივე ნიადაგი ეკარგება, ამიტომ მე ვამბობ, არაფერი წახდება საზოგადოებრივ ინტერესის მხრივ, რომ მთელი საგამომძიებლო და საპროკურატორო აპარატი იქნეს მთავრობის ხელში, ესე იგი გამომძიებლის დანიშვნაც.

თავმჯდომარე. ამ რიგად კამათი შესრულებულია. მუხლობრივი განხილვა კენჭის ყრით მიღებულია. კრება დახურულია.

(სხდომა იხურება დღის 3 ს. და 45 წ.)

19 მეოცდათვრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

სამშაბათი, 1919 წელი, ივლისის 22. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 45 წუთზე.

თავმჯდომარე. (ზარი) სხდომა გახსნილი გახლავთ. (მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს).

მდივანი. (კითხულობს).

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტები.

1. საბიბლიოთეკო კომისიის პროექტი დეკრეტისა - საქართველოს რესპუბლიკაში გამოცემულ ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოებთა მთავრობისადმი ათი ცალის უფასოდ წარდგენის შესახებ - გადაეცეს განათლების და იურიდიულ კომისიას.

2. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი - ქალაქ ჭიათურისთვის ერთი მილიონი მან. სესხად მიცემის შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი - ქალაქ ჭიათურის სასარგებლოდ შავ ქვაზე დაწესებულ საფუთო გადასახადის გადიდების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

4. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტფილისის სატეხნიკო სასწავლებლის საშუალო საპოლიტეხნიკო სასწავლებლად გადაკეთების შესახებ - გადაეცეს განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

დმფუძნებელი კრება ადასტურებს ამ ნუსხას.

დღიური წესრიგი.

1. დეკრეტი - სახელმწიფო ხაზინიდან 120.160 მან. გაღებისა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დასახმარებლად.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მმართველობის მოწყობის შესახებ.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შეიარაღებულ ძალთა მოწყობის შესახებ.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - გზათა დეპარტამენტის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვისა.

6. დეკრეტი - ტფილისის და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების წესდების შეცვლისა.

7. დეკრეტი - სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისათვის და ამ დანაშაულის დაფარვისა და წაქეზებისათვის დასჯისა.

8. დეკრეტი - სოხუმ-ახალსენაკისა და გუდაუთ-პილენკოვის გზატკეცილების ხიდების 1919 . ასაგებად და შესაკეთებლად 857.996 მან. გადადებისა.

9. დეკრეტი - შავი ქვის საფუთო გადასახადის გადიდებისა.

10. დეკრეტი - ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის ნახევარი მილიონი მან. სესხად მიცემისა:

11. დეკრეტი - სახლემწიფო უნივერსიტეეტის ახალი შტატისა.

12. დეკრეტი - 150.000 მან. გაღებისა ინგლისის მისიის დასაკმაყოფილებლად. ნატანებ-ბათომის რკინის გზის საექსპლოატაციოთ გადმოცემისათვის.

13. დეკრეტი - შინა გადასახლების საქმის მოსაწყობად ხუთი მილიონი მან. გადიდებისა.

14. დეკრეტი - საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოების სასარგებლოდ რკინის გზის ბილეთების დაბეგვრისა.

15. დეკრეტი - 100.000 მან. გადადებისა სოხუმის ოლქში ეპიდემიასთან საბრძოლველად.

16. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საოსტატო სემინარიის დამატებითი შტატის შესახებ.

თავმჯდომარე. წესრიგის შესახებ სიტყვა ეკუთვნის . ფაღავას.

გიორგი ფაღავა. სოციალ-დემოკრატების ფრაქციას წინადადება შემოაქვს რომ უკანასკნელი მუხლი წესრიგისა, ესე იგი, პირველი განხილვა კანონ-პროექტისა საოსტატო სემინარიის დამატებითი შტატის შესახებ იქნეს გადატანილი მეექვსე მუხლად, შემდეგ გზათა დეპარტამენტის შტატებისა და ხარჯთ-აღრიცხვისა.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ამ წინადადების შესახებ სიტყვა? თუ არავინ არის წინააღმდეგი, მაშასადამე, წინადადება მიღებულია. ამ გვარად უკანასკნელი მუხლი იქნება მეხუთე მუხლის ადგილის შემდეგ. პირველი საკითხი გახლავთ დეკრეტი სახელმწიფო ხაზინიდან 120.160 მანეთის გაღებისა საქართველოს საისტორიო და საეტნოგრაფიო საზოგადოების დასახმარებლად. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ. შარაშიძის ასულს.

ქრისტინე შარაშიძის ასული. დამფუძნებელ კრებისათვის დასადასტურებლად წარმოდგენილი გახლავთ დეკრეტი საქართველოს საისტორიო საეტნოგრაფიო საზოგადოების საჭიროებისათვის ხაზინიდან 120.160 მან. გაღებისა.

ამ 12 წლის წინად საისტორიო საეტნოგრაფიო საზოგადოება ბუნებრივად აღმოცენდა ჩვენი კულტურული წყურვილისა და ძიების განვითარების პროცესში, როგორც თვითნებობისა და თვით შესწავლისაკენ მძლავრ მიდრეკილების გამომხატველი.

ამ 12 წლის განმავლობაში საზოგადოების დაუღალავი საქმიანობა ორი მიმართულებით ვითარდებოდა; ერთის მხრივ ის თავს უყრიდა და ინახავდა საისტორიო, საარქეოლოგიო, საეტნოგრაფო ნივთებს, ხელთნაწერებს, სურათებს სიგელ-გუჯრებს, ფრესკების ასლებს - ყოველივეს, რაც კი ჩვენი ერის სულიერის და ნივთიერი კულტურის ფასდაუდებელ განძს წარმოადგენდა.

ამ გვარად შეჰქმნა საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ეროვნული მუზეუმი.

მეორე მხრივ საზოგადოება ჩვენი წარსულის კვლევა-ძიების წმინდა მეცნიერულ ნიადაგზე დაფუძნებას უწყობდა ხელს თავისი საუცხოვო გამოცემებით: მაგ: „საქართველოს სიძველენი“, „ძველი საქართველო“, „სახალხო პოეზიადა სხვა მრავალი.

ამ 12 წლის განმავლობაში, საისტორიო - საეტნოგრაფიო საზოგადოებისადმი ინტერესი და პატივის ცემა ჩვენ ხალხის წლიდან-წლობით იზრდებოდა. სუყველა, ვისთვისაც ხელ-მისაწვდენი და საყვარელი იყო ქართული წიგნი და ქართული კულტურა, დიდის თუ პატარისა, მდიდარი თუ ღარიბი, მუშა თუ ინტელიგენტი, განურჩევლად გამოხატავდა ამ საზოგადოებისადმი ნდობას რაიმე იშვიათი ყურადღებას ღირს და სიძველის, ხელთნაწერისა თუ სხვაგვარი საისტორიო საეტნოგრაფიო საზოგადოებამ ჩვენი კულტურის წინაშე. მან გზა მისცა გაღვიძებულ შეგნებას. ჩვენ ახლო წარსულში როცა ჩვენი კულტურა მონობისა და დაბეჩავების ბეჭედს ატარებდა, საისტორიო-საეტნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნთ-საცავი ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანი იყო საცა ჩვენი კულტურული წარსულის ბრწყინვალება დაუჩრდილავათ სჩანდა. იქ ჩვენ თამამად შეგვეძლო შეგვეყვანა მოყვარე თუ მტერი, თავისიანი თუ უცხო ყოველი ნივთი, მოსიყვარულე, მზრუნველი ხელით მოვლილი და ნაპატიები იყო, რაიც მოწმობდა არა მხოლოდ წარსულის კულტურას, აწინდელი ქართველი ხალხის კულტურულ მისწრაფებასაც.

ეს საზოგადოება, კერძო ინტერნაციონალით აღმოცენებული, - თავისი მოღვაწეობით სახელმწიფოს, მთელ ერს ემსახურება. მისი საჭიროებისათვის გასაღები თანხა 120.160 . აწინდელი ფულის კურსის კვალობაზე მეტის მეტად მცირედათ უნდა ჩაითვალოს. ეტყობა თვითეული გროში აწონ-დაწონილია და მთლად ხარჯთ-აღრიცხვა დიდის დაზოგვით არის შედგენილი. საერთოდ ეს თანხა ერთი ხეირიანი გამოცემისთვისაც ცოტა არის დღეს, ვიცით, რომ მუზეუმს ჰყავს მოსამსახურეთა შტატი, საზოგადოებას მრავალი ხარჯი აქვს. სჩანს აღნიშნული თანხა გამოთვლილია მოუცილებელ საჭიროებათ დასაკამაყოფილებლად.

განათლების კომისია დარწმუნებულია, რომ დამფუძნებელი კრება დაუბრკოლებლივ დაადასტურებს წარმოდგენილ დეკრეტს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ქიქოძეს.

გერონტი ქიქოძე. საბიუჯეტო და საფინანსო კომისია შესაძლებლად და საჭიროდ სთვლის ამ 120.160 მანეთის გადადებისა და საზოგადო მოთხოვნლების დასაკმაყოფილებლად.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობის შესახებ სიტყვა არავის სურს? ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი შარაშიძის ასული. (კითულობს მუხლობრივ. დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. მეორე საკითხი გახლავთ მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სამხედრო მმართველობის მოწყობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას ვთხოვ დასტოვოს დარბაზი, ვინაიდან დახურულ კარებში უნდა გაირჩეს ეს კანონ-პროექტი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი სიმონ მდივანი. (კითხულობს კანონ-პროექტს. დახურულ კარებში ირჩევა საკითხი სამხედრო სამმართველოს მოწყობის შესახებ და კანონ-პროექტი შეიარაღებულ ძალთა მოწყობის შესახებ).

თავმჯდომარე. როგორ ინებებთ, სამ საათს ხუთი წუთი აკლია. სხდომა გადიდოს თუ არა. მაშასადამე, სხდომა გაგრძელებულია. შედეგი საკითხი გახლავთ მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტის დაარსებისა.

სიტყვა ეკუთვნის . ფირცხალაიშვილს.

ილია ფირცხალაიშვილი. (კითხულობს დებულებას).

თავმჯდომარე. პირველ მუხლში გახლავთ შემოტანილი ასეთი შესწორება: სიტყვებირესპუბლიკის მთავრობასთანშეიცვალოს სიტყვებად - რესპუბლიკის მიწად-მოქმედების სამინისტროსთან“. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სპირიდონ კედიას.

სპირიდონ კედია. (ერ.-დემ.) ეს წინადადება, რომ სასტატისტიკო ბიურო დაარსდეს მიწად-მოქმედების სამინისტროსთან. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა ნაირად არის დატვირთული საქმეებით მიწად-მოქმედების სამინისტრო. არც ერთი დარგი, არც ერთი სამინისტროს თავის შინაარსით, სირთულით, და ღირებულობით ამ სამინისტროს ვერ შეედარება. ამავე დროს ამ სამინისტროს ხელმძღვანელობის ფარგლებში ხანდახან სხვა საქმეები შედის და დღეს იგივე პიროვნება, განაგებს სხვა დარგებსაც. და საზოგადოდ ეს აკკუმილიაცია, ეს ტენდენცია სხვა და სხვა ფუნქციების აკკუმილიაციისა, ძალიან სახიფათო სახეს ღებულობს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროში ეს მიმართულება, ეს აკკუმილიაცია ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. უმთავრესი დანიშნულება ამ ბიუროსი ის არის, რომ საზოგადოდ ჩვენ ქვეყნის საზოგადო მდგომარეობის შესახებ მიაწოდოს ყველას ვისაც ეს ესაჭიროება, მეცნიერულად დამუშავებული მასალა. ამ სტატისტიკურ ბიუროს სათავეში, მაშასადამე უნდა იდგეს ისეთი ორგანო, რომელიც თანაბრად ემსახურება იმ პრინციპს. მხოლოდ თუ მიწად-მოქმედების სამინისტრო დაექვემდებარება ამ ბიუროს, მაშინ ცხადია, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო ამ ბიუროს პირდაპირ თავის საქმისთვის, თავის მიზნებისთვის ამუშავებს და ისეთ ნაირი დირექტივებს მისცემს, ისეთ მიმართულებას, რომელიც სპეციალურად მის მიზანს, მის საჭიროებას ემსახურება. ასე, რომ ქვეყნის საერთო საჭიროებაზე სათანადო პასუხი არ ექნება გაცემული. ეს მოსაზრება იყო უთავრესი, რომელმაც კომისიაში გაიტანა ბოლოს, და მიწად-მოქმედების სამინისტროს ჩამოართვა ამ სტატისტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესწორება რომელიც შემოტანილი არის უნდა უარყოფილი იყოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ცისკარაშვილს.

გრიგოლ ცისკარაშვილი. (.-.) მოქალაქენო, ბატონ კედიას მოსაზრება გახლავთ, რომ თუ სტატისტიკური ბიურო დაარსდა მიწად-მოქმედების სამინისტროსთან, ერთგვარი ქიშპობა შეიქნება მინისტრთა შორისო, გამოდის ვითომ მიწად-მოქმედების სამინისტროს შელახავს სხვა სამინისტროების ინტერესებს. მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა საპარლამენტო სახელმწიფოებში, ყველა სოლიდარული კაბინეთი იმას ნიშნავს, რომ ყოველი წევრი თავის მოქმედებას უქვემდებარებს საერთო მთავრობის ხაზს. მაშასადამე, არ შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რასაც გულისხმობს სპირიდონ კედია.

მეორე საბუთი, თუ რათ უნდა შევიდეს ეს ბიურო მიწად-მოქმედების სამინისტროში, შეიძლება მოვიყვანოთ ეს პრაქტიკა, რომელიც დასავლეთ ევროპაში არის, და საზოგადოდ განათლებულ ქვეყნებში, ჩვენ ვიცით, რომ, მაგალითად, შვეიცარიაში და სამხრეთ ამერიკაში ეს სტატისტიკური კომიტეტი არსებობს ცალკე სამინისტროსთან შრომის სამინისტროსთან, ზოგიერთ შემთხვევაში შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან, მე მგონია და ნამდვიალდ კი შემიძლიან მოგახსენოთ, შრომის სამინისტროსთან. ჩვენ შეგვიძლიან ეს ჩვენ საქართველოს ცხოვრების პიროებებში, იმიტომ, რომ კარგათ მოგეხსენებათ, რაგვარი მნიშვნელობა აქვს ამ სტატისტიკურ ბიუროს საზოგადოთ და კერძოთ მიწად-მოქმედების სამინისტროს აგრარულ რეფორმების გატარებისთვის, რომელიც დამყარებულია, და რომელიც საჭიროებს სწორედ ამ სტატისტიკურ ცოდნას. ვინაიდან აქნამდინაც ეს კომიტეტი არსებობს სწორედ ამ სამინისტროში და ვინაიდან ტეხნიკური აპარატი უკვე მოწყობილი გახლათ, მაშასადამე სრულიად ზედმეტი გახლავთ ცალკე აპარატის გამოყოფა და მისი ცალკე დაარსება. ის მთავარი აგრარული რეფორმა რომელსაც ესაჭიროება სტატისტიკური ცნობები და შემდეგში ჩვენ დავინახავთ საჭიროდ, ეს ბიურო დაექვემდებარება მთავრობას და სხვა რაიმე სამინისტროს.

თავმჯდომარე. მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი ფირცხალაიშვილი. იმ კომისიების აზრით, რომლის სახელით მე ვაკეთებ მოხსენებას, სტატისტიკური კომიტეტი უნდა არსებობდეს მთავრობასთან და არა რომელიმე უწყებასთან. სახელმწიფო სტატისტიკა - დიდ მნიშვნელობის საქმეა, და იმის მუშაობა, რომ ნაყოფიერი იქნეს, ის არ უნდა მიეკუთვნოს ერთ რომელიმე უწყებას, არამედ უნდა იყოს მთელი მთავრობის განკარგულებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში სტატისტიკური კომიტეტი ნაყოფიერად შეასრულებს თვის დავალებას. ეს არის სამი კომისიის აზრი.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას. შესწორება მიღებულია.

მომხსენებელი. (მეორე მუხლს კითხულობს).

თავმჯდომარე. მეორე მუხლი მიღებულია.

მომხსენებელი. (მესამე მუხლს კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება გახლავთ შემოტანილიმთავრობის თავმჯდომარის მაგივრათიქნეს სიტყვამთავრობა“.

მომხსენებელი. ამის წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია. მუხლი შესწორებით მიღებულია. (მე-3 მუხლი მიღებულია).

მომხსენებელი. (კითხულობს მე-5 მუხლს.)

თავმჯდომარე. წინადადება ასეთი გახლავთ: მე-5 მუხლში შეიცვალოს სიტყვებიმთავრობის თავმჯდომარე შეიცვალოს სიტყვებით მიწად-მოქმედების მინისტრი“, მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი. მე წინააღმდეგი ვარ იმავე მოსაზრებით, რომელიც წინად მოვიყვანე.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა. შესწორება მიღებულია.

(მე-7-8 მუხლი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შტატების შესახებ სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ირემაშვილს, როგორც მომხსენებელს.

ირემაშვილი. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა შტატები, და ისინი გაადიდა. ვისაც ათასი მანეთი ჰქონდა იმას მოუმატეს 50%25, ვისაც ათას მანეთზე მეტი ჰქონდა იმას მოუმატეს 40%25, (კითხულობს).

თავმჯდომარე. ხარჯთააღრიცხვა მიღებულია. დებულება საერთოდ მიღებული გახლავთ. კანონპროექტი ცენტრალურ სტატისტიკურ კომიტეტის დაარსების მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. გთხოვთ მოისმინოთ წინადადება ასეთი. რადგანაც 3 საათზე მეტი გახლავთ გადაიდოს სხდომა შემდეგისთვის. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. დღევანდელ წესრიგში ორ საკითხის ზოგადი განხილვა გახლავს ძალიან საჭირო იქნებოდა, რომ დღესვე ზოგადი მსჯელობა გვექონია ამ საკითხების შესახებ. მხოლოდ ორ კანონპროექტის ზოგადის განხილვა გვაქვს.

თავმჯდომარე. ასე, რომ წინააღმდეგი ბრძანდებით. ვინ არის წინააღმდეგი, რომ სხდომა გაგრძელდეს. სხდომა გრძელდება. შემდეგი საკითხი განხილვა გზათა დეპარტამეტის შტატების ხარჯთა-აღრიცხვის შესახებ.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! უწყებამ წარმოადგინა ახალი შტატები, ეს შტატები, არის შემოკლებული წინანდელთან შედარებით, წინად მთელი სამმართველო, რომელიც განაგებდა რკინის გზას, შეიცავდა ძალიან დიდ შტატებს, სახელდობრ ას ორმოცდა თხუთმეტ კაცს. ახალი შტატები ცოტა არის, შეიცავს სულ 145 კაცს ერთი ცენტრალური ორგანო მმართველობისა, რომელიც შესდგება ერთ დეპარტამენტის დირექტორიდან და ერთ ინსპექტორიდან. და შემდეგ დანარჩენები. მეორე, არის ახლა გასაყვანი რკინის გზის განყოფილება, და ეს განყოფილება შეიცავს (კითხულობს), ასეთი არის შტატები. მთელი ხარჯთ-აღრიცხვა ამ შტატებისა მოითხოვს 52800 მანეთს. ეს არის სულ შტატები კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა არავის არ სურს. მსჯელობა დასრულებულია. მუხლობრივი განხილვა მიღებულია სათანადო ვადის შემდეგ. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ქრისტინე შარაშიძის ასულს.

მომხსენებელი შარაშიძის ასული. მიმდინარე წლის, იანვრის 28- პარლამენტმა მიიღო საოსტატო სემინარიის დროებითი დებულება და დააწესა ახალი შტატი.

დროებითი დებულებისა და შტატის დაკანონების შემდეგ გამოირკვა, რამდენიმე დეფექტი ამ შტატისა, რომელიც აუცილებლათ შესწორებას მოითხოვს. საჭიროა დაკანონება დამატებითი შტატისა სემინარიებისათვის. დამატებითი შტატში აღინიშნება მეხუთე შტატის მასწავლებელი და აგრეთვე ხელგარჯილობის მასწავლებელი, ვინაიდან სემინარიის კურსი ხელგარჯილობას, როგორც სახალხო მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანეს საგანს, საპატიო ადგილი უნდა ეჭიროს. საოსტატო სემინარიის მკვიდრ საფუძველს შეადგენს სამაგალითო სკოლა, სადაც მომავალი სახალხო მასწავლებელი პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენს. სანიმუშო სკოლის მასწავლებელს განსაკუთრებით პასუხსაგები და მძიმე მოვალეობა აწევს. იმან ცოცხალი მაგალითის საშუალებით უნდა შეათვისებინოს სემინარიის მოსწავლეთ, როგორ უნდა სწავლება, უნდა უჩვენოს მათ საუკეთესო გაკვეთილების ნიმუშები, პრაქტიული და, ზოგჯერ, თეორიული ხელმღვანელობა უნდა გაუწიოს გაკვეთილების კონსპექტების შედგენისა და ტეხნიკურათ დამუშავების საქმეში.

ცხადია, სანიმუშო სკოლის მასწავლებელი საშუალო სკოლის მასწავლებელზე მაღლა უნდა იდგეს, როგორც მომზადებით, აგრეთვე ნიჭით. აქ საუკეთესო ძალები უნდა იყრიდნენ თავს. ამის გამო, საქმის ინტერესი და სამართლიანობაც მოითხოვს, რომ სანიმუშო სკოლის მასწავლებლის ნივთიერი მდგომარების გაუმჯობესობის მიზნითვე აღნიშნულია წარმოდგენილ კანონ-პროექტში, რომ სანიმუშო სკოლის მასწავლებელს მიეცემა 1800 მანეთი წლიურად კლასის დამრიგებლობისთვის. კანონ-პროექტთან დართული შტატის პირველი და მეორე შენიშვნა თამარ მეფის სახელობის ქალთა სემინარიას შეეხება. ეს სასწავლებელი დანარჩენ სემინარიებში განსხვავებულია. გასული წლის ივლისამდე ის კერძო საზოგადოების მეოხებით არსებობდა. თავისი კონსტრუქციით და ტიპით, ის თავისებურია. პროგრამა ამ სასწავლებლისა უფრო ვრცელია. ამის და მიხედვით დამატებითი შტატში შეტანილია ორი შენიშვნა, რომელთა ძალითაც საგნების მასწავლებელი ერთით მეტი ეყოლება ამ სემინარიას. გარდა ამისა, როგორც ქალთა სემინარიას, ერთი ხელსაქმის მასწავლებელიც უნდა ჰყავდეს. ასეთი გახლავთ საერთო შინაარსი წარმოდგენილი კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. მუხლობრივი განხილვა თავის დროზე მოგეხსენებათ.

წინადადება გახლავთ, რომ შემდეგი სხდომა დაინიშნოს ხვალ 11 საათზე. ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, სხდომა დანიშნულია ხვალ, 11 საათზე. კრება დახურული გახლავთ.

სხდომა თავდება 3 . 45 წუთზე.399

20 ოცდამეცხრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, სამშაბათი, ივლისის 23. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სიმონ მდივანი

გრიგოლ ნათაძე.

კრება იწყება 12 საათზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი

1. დეკრეტი - ტფილისის და ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკების წესდების შეცვლისა.

2. დეკრეტი - სოხუმ-ახალსენაკისა და გუდაუთ-პილენკოვის გზა-ტკეცილების, ხიდების 1919 . ასაგებად და შესაკეთებლად დამატებით 857.996 მან გადადებისა.

3. დეკრეტი - შავი ქვის საფუთო გადასახადის გადიდების შესახებ.

4. დეკრეტი - ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის ნახევარი მილიონი მანეთის მიცმისა.

5. დეკრეტი - სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ შტატებისა.

6. დეკრეტი - 150,000 მან. გაღებისა ინგლისის მისიის დასაკმაყოფილებლად ნატანებ-ბათომის რკინის გზის უბნის საექსპლოატაციო გადმოცემისათვის.400

7. დეკრეტი - შინა გადასახლების საქმის მოსაწყობად ხუთი მილიონი მანეთის გადადებისა.

8. დეკრეტი - საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოების სასარგებლოდ რკინის გზის ბილეთების დაბეგვრისა.

9. დეკრეტი - 100.000 მან. გადადებისა, სოხუმის ოლქში ეპიდემიასთან საბრძოლველად.

10. დეკრეტი - სოც-დემ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლის მიერ ჭიათურის მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრის ხარატიშვილის სასჯელის გადაწყვეტის შესახებ.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის სიმონ მდივანს.

სიმონ მდივანი. (.-.) ქუთაისის და თბილისის ბანკები, როგორც მოგეხსენებათ, იყო წოდებრივი, მაგრამ მათ ჰქონდათ დანიშნულება აგრეთვე საზოგადოებრივი. ეს ბანკები იყო დაარსებული, როგორც თქვენ იცით, ქუთაისის და თბილისის თავადაზნაურობის მიერ ბატონყმობისაგან განთავისუფლების შემდეგ, მათ ჰქონდათ შემოსავალი და ამ შემოსავლიდან იყო თანხა გადადებული. შემდეგ, როდესაც წოდება გაუქმდა, მათი მოქმედება დღემდის არ იყო გამორკვეული, ვინაიდან ნახევარი ამ ბანკის წევრებისა იყვნენ თავადაზნაურობის წარმომადგენლები, ნახევარი კი მსესხელები. და როდესაც ეს წოდება გაუქმდა ნახევარი პატრონი ამ ბანკისა აღარ იყო. ასეთი უფლებრივი მდგომარეობა ამ ბანკისა გაგრძელდა ამ ბოლო ხანამდის; ამ ბოლო ხანს მთავრობამ მიანიჭა გამგეობას და ზედამხედველ კომიტეტს უფლება საზოგადო ყრილობისა. როდესაც ასეთი მდგომარეობა შეიქმნა, მაშინ საშუალება მიეცა ბანკის მდგომარეობისთვის მიექციათ ყურადღება. თქვენ იცით, რომ ჯამაგირები მეტად გადიდებულია, მაგრამ შემოსავალი ბანკისა ისეთია, როგორც იყო ომის დაწყებამდე. სარგებელი ამნაირად, რაოდენობა სხვა და სხვა გადასახლებისა იმდენია, რამდენიც წინად იყო, ხარკი ერთი-ათად გაიზარდა, და თუ ესე გაგრძელდება მდგომარეობა, ეს ბანკები ისე გაქრება, რომ შეიძლება მერმე მათი გამობრუნებას ვერაფერმა მილიონებმა ვერ უშველონ. ამიტომ მთავრობა დაეთანხმა გამგეობას და ზედამხედველ კომიტეტს, რომ სხვა და სხვა ჯურის გადასახადები მომატებული იყოს. მაგალითად, ის დაქირავებული მამულები, რომელზედაც პატრონი თავის ვადაზე არ შემოიტანენ სარგებელს, და თანხის ნაწილზე არ შემოიტანდა სავაჭრო გადასახადს; - კანონის ძალით ამაზე წინად ახდევინებდნენ თუმანს, მაგრამ ეს გადასახადი ჯდება უფრო მეტი ვინემ თუმანი არის; მაშასადამე, ბანკი ამ ხარჯს სწევს თავის სალაროდან. წინად თუმანი ყოფნიდა და კიდევაც რჩებოდა ბანკს, ერთგვარი გადასახადი 3/4 %25-, რომელიც შემოსავალიდან ნაწილი ბანკის სათადარიგო თანხაში შედიოდა, ნაწილი სხვა და სხვა საზოგადოებრივ საქმეზე, ეხლა ეს 3/4 %25, რასაკვირველია, არ ყოფნის არც სათადარიგო თანხის შესაქმნელად არც არავითარ სხვა დანიშნულებისთვის. მთელი რიგი ამგვარ გადასახადის ისე შემცირებული არის, რომ მთავრობას მიაჩნია საჭიროდ, ეს გადასახადი გადიდებული იქნეს იმდენად, რამდენად შეეფერება დღევანდელ ყველა შემთხვევას. ასეთია შინაარსი ამ დეკრეტისა, რასაკვირველია, შესაფერი მუხლები ამ წესდებისა, რომელიც არსებობს ამ ბანკში უნდა შეიცვალოს ამისდამიხედვით. (კენჭის ყრით მუხლობრივი განხილვა მიღებულია).

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მდივანი. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულია).

თავმჯდომარე. მთლად დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. ეხლა უნდა იყოს - მერვე საკითხი, მაგრამ განცხადება არის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ ეს ამოშლილი იქნეს დღიურ წესრიგიდან. თუ წინააღმდეგი არავინ არის ამოშლილად ჩაითვლება. შემდეგი საკითხი, მომხსენებელია კალაძე.

კალაძე. (.-.) გზატკეცილის ოლქის სამმართველოს მიერ გზების საფუძვლიან შეკეთებას უწყებით (§10 მუხლი 1,) გამოთხოვილ 1919 წლის ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი იყო სოხუმ-ახალსენაკის გზატკეცილის შესაკეთებლად და დასამთავრებლად სულ 1.441.004 მანეთი. მაგრამ 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვის შედგენის დროიდან, ვიდრე დღევანდლამდე ბევრი ახალი სამუშაო აღმოცენდა, რომელიც ვერ იყო წინასწარ გათვალისწინებული, ხარჯთ-აღრიცხვის შედგენისას. ამ ცოტა ხანში აუცილებლად შესაკეთებელია აგრეთვე გზატკეცილი გუდაუთიდან სოფ. პილენკოვამდე და იმაზე გასაწევი ხარჯი არ არის გათვალისწინებული 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვაში, ვინაიდან გუდაუთიდან სოფ. პილენკოვამდე გზატკეცილი იმ დროს არ შედიოდა გზატკეცილების სამმართველოს გამგებლობაში; ამგვარ და სხვა გაუთვალისწინებელ გარემოებას, თუ დაუმატებთ მუშა-ხელის და სამუშაო მასალის, თითქმის ყოველ დღით გაძვირებას, მაშინ ნათელი წარმოსადგენი იქნება, თუ 1919 წლის ხარჯთ-აღრიცხვის შედგენის დროს, რატომ არ იყო გათვალისწინებული და გამოთხოვილი ყველა აღნიშნულ სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო თანხა.

ყველა ამ სამუშაოთა სისრულეში მოსაყვანად, და გზატკეცილების ისე მოსაწესრიგებლად, რომ შესაძლებელი შეიქნეს, როგორც ჯარის გადაყვან-გადმოყვანა და აგრეთვე სურსათის მიმოტანა, საჭიროა უკვე გამოთხოვილ 1.442.000 მანეთისა კიდევ 857.996 მანეთი.

აღნიშნული გზატკეცილების დაუყოვნებლივ შეკეთება აუცილებელია, მათი ფრიად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ამიტომ, გთხოვთ, სათანადო დადგენილებას, რათა გზათა სამინისტროს განკარგულებაში გადაიდვას სოხუმ-ახალსენაკ-გუდაუთ-პილენკოვის გზატკეცილების შესაკეთებლად დამატებით უკვე გამოთხოვილ 1.442.004 მანეთისა - კიდევ 857.996 მანეთი და ეს უკანასკნელი თანხა საქმის ინტერესების გამო უნდა გატარდეს დეკრეტის სახით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის . ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო იმ სახით, როგორც არის წარმოდგენილი გზათა კომისიის მიერ.

თავმჯდომარე. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

კალაძე. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. აქ გახლავთ წარმოდგენილი ნუსხა. თუ, რომ უნდა განიხილოთ 1918 . ნუსხა, თუ ინებებთ ხელახლად წავიკითხოთ. ამტკიცებთ თუ არა ამ ნუსხას? წინააღმდეგი არავინ არის. ნუსხა დამტკიცებული არის. დეკრეტი დამტკიცებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი, - მომხსენებელია ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. (.-.) დეკრეტი შეეხება შავი ქვის საფუთო გადასახადის გადიდებას. საერთოდ შავი ქვის წარმოებას ძველად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. შავი ქვის მრეწველთა საბჭოს დიდი ღვაწლი მიუძღვის, როგორც ადგილობრივ კულტურულ-განმანათლებელ საქმეებში; შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ადგილობრივ მოაწყო მრავალი სკოლები, გაიყვანა წყალსადენი, ელექტრონით განათება, საავადმყოფოები, გზები და სხვა ასეთი მრავალი კულტურული საქმეები. აგრეთვე ეს მრეწველთა საბჭო ეხმარებოდა ჩვენ ეროვნულ-კულტურულ დაწესებულებებს, განმანათლებელ დაწესებულებებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, თეატრს, ჰქონდა დანიშნული სტიპენდიები, რომლითაც ხელმოკლე ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა და სხვა. ამნაირად ჯერ კიდეც წარსულში ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის შავი ქვის წარმოებას საერთოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ომის დაწყების დღიდან შავი ქვის წარმოება შეჩერდა და ის შემოსავლის წყაროც, რომლითაც მრეწველთა საბჭო ინახავდა უმთავრესად ყველა ამ კულტურულ დაწესებულებას და თავის ტეხნიკურ აპარატს. ეს შემოსავალი მას დაეკარგა. ეს გადასახადი გახლავთ საფუთო გადასახადი, რომელიც სამი კაპეიკი იყო ომამდის. ასეთმა გასაჭირმა საერთოდ დაავალიანა საბჭო. მართალია ნაწილი კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებების, რომელთაც ის ინახავდა ადგილობრივად, ამ ჟამად გადაეცა ერობას და ჭიათურის ქალაქის თვითმმართველობას, მაგრამ მის განკარგულებაში დარჩა მრავალი დაწესებულებები, რომელნიც შენახვას მოითხოვენ. გარდა ამისა, მას მოწყობილი აქვს ტეხნიკური აპარატი, რომელიც ხარჯებს თხოულობს. მიმდინარე წელს მათი ხარჯი უდრის 160.000 მანეთს. მისი დავალიანება კი 4 1/2 მილიონზე მეტი არის, ასეთმა მდგომარეობამ მრეწველთა საბჭო აიძულა შუამდგომლობით მიემართა მთავრობისთვის და ეთხოვნა, რომ მომავალში, როდესაც შავი ქვის წარმოება დაიწყება, საფუთო გადასახადი მრეწველთა საბჭოს სასარგებლოდ გადიდებული იყოს სამი კაპ. დაახლოვებით 20 კაპეიკამდე. ამის თაობაზე მან დასაბუთებული და ვრცელი მოხსენება წარუდგინა მთავრობას, რომელშიაც სხვათაშორის საბჭო გამოსთქვამს იმ აზრს, რომ ასეთი გადიდება მისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ეს სამი კაპეიკი, რომელიც აქამდე იყო შავ ქვაზე, ეს თითქმის ვალებს მოუნდება და მაშასადამე მის განკარგულებაში არავითარი შემოსავალი აღარ იქნება. ის ტეხნიკური და კულტურული დაწესებულებანი, რომელნიც მათ განკარგულებაში არიან, სრულიად უსახსროდ დარჩება. გარდა ამისა მრეწველთა საბჭოს განზრახული აქვს საერთოდ ტეხნიკური გაუმჯობესობა მოახდინოს წარმოებაში და გადაზიდვა უკეთესად მოაწყოს. ყველა ამას წინასწარი მუშაობა უნდა, ყველა ამას საერთოდ უნდა ფული, ამისთვის ყველაფერი ამ ხარჯის დასაფარავად საფუთო გადასახადის მომატებაა საჭირო. ჩვენი ჭიათურის მრეწველობა ტეხნიკურ გაუმჯობესების მხრივ შედარებით ბრაზილიის და ინდოეთის შავი ქვის წარმოებასთან დაქვეითებული არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შავი ქვა გაცილებით უფრო მაღლა სდგას ღირსებით, ვიდრე ბრაზილიის და ინდოეთის შავი ქვა; ჩვენი შავი ქვა კონკურენციას ვერ უწევს ბრაზილის და ინდოეთის შავ ქვას. ბრაზილიის და ინდოეთის წარმოებას უკეთესი აპარატი აქვს მოწყობილი გადაზიდვისა მაღაროებიდან ზღვამდე და ამით დიდ კონკურენციას უწევენ ჩვენი შავი ქვის წარმოებას. ჩვენი შავი ქვის ტეხნიკა, გადაზიდვის, ისე დაბლა სდგას შედარებით იმათთან, რომ კონკურენციას ვერ უწევს. გარდა ამისა, ამ ჟამად წყაროები ჭიათურის რაიონში ბევრგან დაშრა, მცხოვრებლები უწყლოთ არიან, და ისინი რასაკვირველია, მოითხოვენ საბჭოსაგან, რომ წყალსადენი იქნეს გაყვანილი. მადნებში შავი ქვის გასარეცხავადაც წყალსადენის გაყვანა არის საჭირო. რომ წყალსადენი გაიყვანონ, ამისათვის ჩვენი ბონებით არის საჭირო 10 მილიონი მანეთი. მდინარე ყვირილა ტალახიანდება ამ შავ ქვის წარმოების გამო, და მის გაწმენდა არის საჭირო, ამისათვის ტეხნიკური საშუალებები მოითხოვენ მის გასაწმენდათ 9 მილიონს. აი ყველა უმთავრესი მოსაზრებანი და დებულებანი, რომელზედაც ისინი ამყარებენ თავის მოთხოვნილებას. მრეწველები მოითხოვენ მთავრობისაგან, რომ მთავრობამ ნება დაურთოს მათ სამი კაპეიკი გადიდებული იქნეს 20 კაპეიკამდე. მთავრობამ განიხილა ეს შუამდგომლობა საერთოდ და მრეწველთა საბჭოს დაეთანხმა, რომ ეს 3 კაპეიკი გადიდებული იქნეს შაურამდე. კონტროლიორის მოსაზრება უმთავრესად ეყრდნობოდა იმას, რომ ზედმეტი ღირებულება, ზედმეტი შემოსავალი, რომელიც შავი ქვის წარმოებიდან შემოვა ეს სახელმწიფოს განკარგულებაში უნდა გადვიდეს. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს საქმე დაწვრილებით და, სხვათაშორის, დაეთანხმა ფინანსთა მინისტრს.

ფინანსთა მინისტრის აზრი იყო ის, რომ მართლაც ყველა ეს ტეხნიკური გაუმჯობესება საჭირო არის და შესაძლოდ დაინახა, რომ 20 კაპეიკამდე გადიდებული იყოს საფუთო გადასახადი. საბიუჯეტო კომისია, სხვათაშორის, ფიქრობს, რომ გაუმჯობესობა წარმოებისა, ეს სახელმწიფოებრივ ინტერესს წარმოადგენს, და რამდენადაც საერთოდ წარმოება უკეთესად იქნება დაყენებული, რამდენადაც მეტი შავი ქვა დამზადდება და გაიგზავნება საზღვარ-გარედ, იმდენად სახელმწიფოს მეტი შემოსავლის წყარო ექნება, და მაშასადამე სახელმწიფო და მთავრობა დაინტერესებულნი არიან ამ წარმოების გაუმჯობესობაში, მის უკეთეს პირობებში ჩაყენებაში. ამიტომაც საბიუჯეტო კომისიამ გამოსთქვა აზრი, რომ მიეცეს ნება ფინანსთა მინისტრს საფუთო გადასახადი ასწიოს 20 კაპეიკამდე, ხოლო არა უმეტეს 20 კაპ. მაგრამ როდესაც საჭიროება მოითხოვს, საჭირო იქნება, მას შეუძლიან 20 . საერთოდ დასწიოს. ეს მინიმუმია, რომელსაც საქმე მოითხოვს. ამისათვის კომისია შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ასეთი საფუთო გადასახადის გადიდების შესახებ, ნება მიეცეს მრეწველთა საბჭოს, რომ 20 კაპეიკამდე აწეული იყოს საფუთო გადასახადი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. (.-.) მოქალაქენო! მოგეხსენებათ, რომ დიდ ფინანსიურ კრიზისს განიცდის ჩვენი რესპუბლიკა, მოგეხსენებათ აგრეთვე ისიც, რომ რადიკალური საშუალება, რომ ამ კრიზისს თავი დავახწიოთ, არის ჩვენი სავაჭრო ბალანსის გამოსწორება. ამ მიზნით ჩვენი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ საქონელს, რომლებსაც სავალიუტო ხასიათი აქვთ. მათ შორის პირველი ადგილი უჭირავს ჭიათურის შავ ქვას. ამიტომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის თუ რა მდგომარეობაში იქნება შავი ქვა და განსაკუთრებით, მისი გაზიდვის საქმე. მთავრობამ ამ უკანასკნელ ხანებში ამ მარგანეცის გაზიდვის მონოპოლიაზე დაიწყო ლაპარაკი. და მე მგონია კიდეც დაადგინა მარგანეცის გაზიდვაზე მონოპოლიის გამოცხადება. მაშასადამე, მთავრობა და ჩვენც დაინტერესებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ უცხოეთში დიდი გასავალი ჰქონდეს მარგანეცს. მის უცხოეთში გატანა და ბაზარზე დიდ გასავალის ქონება დამოკიდებულია საერთოდ იმაზე, თუ რა ეღირება აქ ჩვენი მარგანეცი. იმ მოხსენებაში, რომელიც საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომაზე გააკეთა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს წარმომადგენელმა . ჟურულმა, ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, სახელდობრ იმას, რომ წინად ჭიათურის შავი ქვა ადვილად უწევდა მეტოქეობას ინდოეთის და ბრაზილიის შავ ქვას. პირველი იმისთვის, რომ ღირსებით ჭიათურის შავი ქვა გაცილებით უკეთესია, ვინემ ინდოეთის და ბრაზილიის შავი ქვა. მეორე იმისთვის, რომ ინდოეთის და ბრაზილიის შავი ქვის მაღაროები ძალიან დიდი მანძილით არიან დაშორებული ზღვის ნაპირებიდან და ამის გამო ზღვამდე მისატანი ფრახტიც უფრო მეტი დაჯდება. ჭიათურის მარგანეცის გაზიდვა კი გაცილებით უფრო იაფი ჯდებოდა. ეს იყო მთავარი მიზანი, რომ ჭიათურის მარგანეცი ადვილად უწევდა კონკურენციას და მეტოქეობას ინდოეთის და ბრაზილიის შავი ქვას მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ამ ბოლო დროს ტეხნიკა შავი ქვის დამუშავებისა ძალიან გაუმჯობესდა, როგორც ინდოეთში ისე ბრაზიალიაში. ის დანაკლისი, რომელსაც ისინი ნახულობენ მანძილის სიშორის გამო, იქნება ანაზღაურებული ამ ტეხნიკურ გაუმჯობესობით. აშკარაა, რომ ამ პირობებში ჩვენი მარგანეცი, ჩვენი შავი ქვა, მიუხედავად იმისა, რომ ღირსებით უფრო უკეთესი არის, ვინემ ბრაზილიის და ინდოეთის შავი ქვა, მას მაინც გაუჭირდება მეტოქეობა გაუწიოს ინდოეთსა და ბრაზილიას. აშკარა არის, რომ ამ გარემოებას შეუძლიან იქონიოს ძალიან დიდი გავლენა ჩვენ მარგანეცზედ. თუ ჩვენი მარგანეცის ფასი შედარებით მაღალი იქნება, მაშინ ეჭვი არ არის, რომ ჩვენ მარგანეცის გატანას არავინ მოინდომებს. რადგანაც მას მსოფლიო ბაზარზე მაღალი ფასების გამო გასავალი არ ექნება. მარგანეცის მრეწველობა შემცირდება, რადგანაც მუშტარი და გამზიდველი აღარ ეყოლება. თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ შავი ქვის დაბეგვრა არ იყოს ისეთი დიდი, რომ მარგანეცის გატანას და გავრცელებას ხელი შეუშალოს. მეორე გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: მე მოგახსენეთ, რომ მთავრობამ დაადგინა მონოპოლია გამოაცხადოს შავი ქვის გადაზიდვაზე. აქ არ არის მონოპოლია საერთო წარმოებაზე. აქ არის მონოპოლია მხოლოდ გაზიდვაზე. აშკარა არის, რომ მთავრობა იმ მარგანეცზე, რომელაც აქ მიიღებს მწარმოებლიდან, უნდა გადაიხადოს მარგანეცზე გაწეული ხარჯები და მისცეს ცოტაოდენი მოგებაც, უამისოდ არც ერთი მწარმოებელი ხელს არ მოჰკიდებს მუშაობას და არ შეუდგება წარმოებას.

თუ ჩვენ მივიღებთ 20 კაპეიკიან საფუთო გადასახადს, რომელიც საფინანსო კომისიის მიერ არის წარმოდგენილი, აშკარაა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს 20 . ფუთზე უნდა გადაიხადოს სწორედ ჩვენმა რესპუბლიკამ, რადგანაც მას გააქვს ეს მარგანეცი უცხოეთში. იმ ცნობებით, რომელიც ჩვენ ხელთ არის, ჭიათურაში ახლა არის დამზადებული 58 მილიონი ფუთი მარგანეცი. მაშასადამე მთავრობა გადაიხდის 58 მილიონჯერ 20 კაპეიკს ზედმეტს, რაც შეადგენს 11.600.000 მანეთს. უკეთ რომ ვსთქვათ, მთავრობას ეგ მარგანეცი დაუჯდება 11.600.000 მანეთით მეტი, ვინემ უამისოთ დაუჯდებოდა, თუ ამ ბეგარას არ დავადებდით მას. მაგრამ არც ის შეიძლება, რომ მრეწველთა საბჭო სრულიად უსახსროდ დავტოვოდ, რადგან მას მნიშვნელობა აქვს მრეწველობის განვითარებისათვის. ჩემის აზრით ამ საბჭოს უსაჭიროესი ხარჯების დასაფარავად საკმარისი იქნება ფუთზე 8 კაპეიკის დადება, ამაზე მეტი კი შეუძლებელია ზემო მოყვანილი მოსაზრების თანახმათ.

მე სოც.-დემოკრატიული ფრაქციის სახელით წინადადება შემომაქვს, უარყოფილ იქნას საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წინადადება 20 კაპეიკიან საფუთო გადასახადის დაკანონების შესახებ და მის მაგივრად დაწესებულ იქნეს 8 კაპეიკიანი საფუთო გადასახადი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე? გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შესწორება: „20 კაპ.“ მაგივრად იყოს „8 კაპეიკი“.

(შესწორება, პირველი მუხლი და მთლად დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის.)

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ დეკრეტი ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის ნახევარი მილიონის მანეთის სესხად მიცემისა, მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. ამ დეკრეტს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში საერთოდ დიდი დავა არ გამოუწვევია, იმისთვის, რომ მან მიიღო რა მხედველობაში და გაითვალისწინა, რომ ამ ჟამად საბჭო მეტის მეტ შევიწროებულ და გაჭირვებულ მდგომარეობაშია, მიიღო სახეში სხვათა შორის ის, რომ ყოველთვის სხვა და სხვა სახელმწიფოებში მთავრობა უმთავრესად მრეწველობის განვითარებისთვის, მრეწველობის განმტკიცებისთვის საჭირო სუბსიდიებს აძლევს, ეხმარება ყოველნაირად იმიტომ, რომ ეს მის სასიცოცხლო ინტერესსს წარმოადგენს, მით უმეტეს ჩვენი შავი ქვის მრეწველობას ჩვენ სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს და ამისთვის თითქმის უკამათოდ ერთხმად დაადგინა და მიიღო, რომ მიეცეს ერთი მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: დეკრეტი - სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შტატისა. მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ლეო ნათაძე.

ლეო ნათაძე. (.-.) უნივერსიტეტის ახალი შტატები ფაქტიურად უკვე გატარებული არის, გატარებული არის იმით, რომ ჩვენ კრედიტები გაუხსენით სამი თვის განმავლობაში. მაშასადამე, თუმცა წინად უნივერსიტეტის პროფესორები ღებულობენ... (თავმჯდომარე: უკაცრავად, ცოტა ხმა მაღლა) უნივერსიტეტის პროფესორები, რომელნიც წინად ღებულობდნენ 900 მანეთს, ივლისიდან უკვე ღებულობენ 1800 მანეთს ჯამაგირს. ამ წინამდებარე დეკრეტის მიზანი არის, რომ ეს დეკრეტი წინა დროზე გავრცელდეს .. იანვრიდან დაწყობილი 900 მანეთი ჰქონდათ დანიშნული პროფესორებს. უკვე შარშან, არსებობდა ნაციონალური საბჭო, ეროვნული საბჭო, მას აქეთ სრულიად არაფერი არ მომატებიათ და იმ დროს, როდესაც საშუალო სკოლების მასწავლებელნი მეტს ღებულობდნენ, იმავე დროს პროფესორები მხოლოდ 900 მანეთს ღებულობდნენ ჯამაგირს. ეს მეტის მეტად მცირე ჯამაგირი არის და ამიტომ უნივერსიტეტის პროფესორთა კორპორაცია იძულებული იყო თავის სახსრიდან ზოგიერთ პროფესორებისთვის მიემატებინა და დაეხარჯა ის თანხა, რომელიც ჰქონდა უნივერსიტეტს თავის განკარგულებვაში. უნივერსიტეტს, როგორც ავტონომიურ ორგანიზაციას ამის უფლება აქვს. ასეთ თავისუფალ თანხიდან, რომელიც მას ჰქონდა, ცოტაოდენი დაეხარჯა. ამ დეკრეტის მიზანი არის, მაშასადამე, რომ ეს უკვე დახარჯული თანხა სახელმწიფომ აუნაზღუროს. ამრიგად იმ პროფესორებს მიეცემათ, რომლებსაც ამ სპეციალურ თანხიდან არ მიუღია დამატების სახით. თვით კანონ-პროექტის ტექსტი ამნაირია: (კითხულობს) განათლების კომისიამ დაადგინა, რომ დამატების სახით მეორე და მესამე მუხლის შუა ჩაემატოს შემდეგი მუხლი: „გავრცელდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირად შემადგენლობაზე“. ამ დამატების დანიშნულებაც შემდეგია. 1800 მანეთი ეხლა ამ პირობებში, რომელიც შეიქმნა, ჩვენ დროს, მეტის მეტად მცირეა და აღიძრა ისეთი აზრი, რომ საჭირო არის ამ ჯამაგირების მომატება, რადგანაც ყოველ დაწესებულებაში ნელ-ნელა დიდდება ჯამაგირი და თუ იანვრის დროს შეეფერებოდა (900 მანეთი) პროფესორებს, ამ ჟამად ეს ძალიან მცირეა. რადგანაც ხარჯთ-აღრიცხვის წესით ამ კანონის გატარება მეტად ძნელი იქნება და რადგანაც ჩვენ საზოგადოდ ხარჯთ-არღიცხვის განხილვის დროს ამ საკითხის წინაშე გავჩერდებით და უეჭველად ჩვენ მოუმატებთ პროფესორებს, იმისთვის, რომ ეხლავე მოუმატოთ ეს ჯამაგირები. ამიტომ ჩვენ გვინდა პროფესორებზე ეხლავე გავავრცელოთ ის კანონი, რომელიც 50%25- უმატებს, კატეგორიებზე არის დაყოფილი. ზოგიერთი სახელმწიფო მოსამსახურეს მეტი მოემატა, ზოგიერთს 50%25 უფრო ნაკლები. პროფესორებს უფრო ნაკლები მოემატებათ. იმათ მოემატებათ მხოლოდ 400 მანეთამდე. ისე, რომ მაისიდან ისინი თვიურად იღებენ 1800 მანეთის ადგილას 2200 მანეთს. მათი ჯამაგირი, მაშასადამე, იქნება ეხლა 2200 მანეთი. განზრახული არის მომავალში, რომ საკითხი ისე იქნება დაყენებული, რომ იმათი ჯამაგირი გადიდებული იქნეს 3000 მანეთამდი. მაგრამ ამ კანონ-პროექტის მიღებამდის, ჯერ-ჯერობით კარგი იქნება, რომ პროფესორებმა 2200 მანეთი მიიღინ თვეში. განათლების კომისიის სახელით გთხოვთ, რომ ეს დამატებით შეტანილ იყოს ამ კანონ-პროექტში მესამე მუხლად. მაშასადამე, ამ დეკრეტში სულ ოთხი მუხლი იქნება. ეს მუხლი ასეთიადეკრეტი შედის ძალაში დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ“. ეს იქნება მეოთხე მუხლი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს კრების წევრს ბატონ ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო ისე, როგორც წარმოადგინა განათლების კომისიის მომხსენებელმა.

თავმჯდომარე. აქ დართული გახლავთ შტატები.

მომხსენებელი. ეს მოხსენება, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის პირად შემადგენლობისთვის უნდა იყოს გაღებული, ეს, მე მგონია, სწყვეტს საკითხს იმ სიის მიხედვით, რომელიც შეტანილია საერთოდ ხარჯთ-აღრიცხვაში პირად შემადგენლობისა, რაც არის ამისდა მიხედვით.

თავმჯდომარე. მაშასადამე, ეს აღარ იქნება, ეს პირად შემადგენლობაზე გავრცელდება.

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ დეკრეტი 150.000 მანეთის გაღებისა - ინგლისის მისიის დასაკმაყოფილებლად, ნატანებ-ბათუმის რკინის გზის უბნის საექსპლოატაციო გადმოცემისთვის. მომხსენებლი გახლავთ კრების წევრი ბატონი ჭავჭანიძე.

ჭავჭანიძე. მიმდინარე წლის 6 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის და ინგლისის სარდლობის შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშკრულობის ძალით რკინის გზის ლიანდაგი დაწყობილი ნატანებიდან ბათუმამდის გადმოვიდა საექსპლოატაციოთ ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ხელში. აი სწორედ ამ საექსპლოტაციო გადმოცემულ გზისთვის, ნახსენებ ხელშეკრულობის მეშვიდე მუხლის ძალით, ყოველ თვიურად ინგლისის სარდლობას უნდა ეძლიოს 100.000 მანეთი. სადგური ბათუმი ჯერ კიდევ ინგლისის სარდლობის განკარგულებაშია. ამიტომ სადგურის შეკეთება და სხვა ხარჯები გარდა პირად შემადგენლობისა, ინგლისის სარდლობას ეკისრება. ამ ხარჯების ასანაზღაურებლათ ჩვენ უნდა ვაძლიოთ ინგლისის სარდლობას ყოველ თვიურად 100.000 მანეთი. ეს გზა გადმოვიდა ჩვენს ხელში 15 აპრილიდან. გზათა უწყება თხოულობს, რომ მას გაეხსნას 150.000 მან. კრედიტი, რათა მას შეეძლოს დააკამყოფილოს ინგლისის სარდლობა 1 ივლისამდე. დანარჩენი თვეების ხარჯი, მოგეხსენებათ, გაღებული ქნება საერთოდ ხარჯთ-აღრიცხვის წესით. ეს ხარჯი პირველ ივლისიდან ხარჯთ-აღრიცხვაში უკვე არის შეტანილი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგ, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის).

შემდეგი საკითხი გახლავთ, დეკრეტი შინა გადასახლების საქმის მოსაწყობად 5 მილიონი მანეთის გადადებისა. მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ირემაშვილი.

ირემაშვილი. შინა გადასახადების მოსაწესრიგებლად საჭირო არის 5 მილიონი მანეთის გადადება, მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეფორმა გატარდა, მიწის სიმშილს ჩვენი ქვეყანა მაინც განიცდის ისეთ ადგილებში, სადაც მცხოვრებლები მჭიდროთ არიან დასახლებულნი. ასეთ ადგილებს წარმოადგენს მაგალითდ რაჭა, შორაპნის მაზრა, ქუთაისის მაზრა, საერთოდ დასავლეთი საქართველო, შემდეგ გორის მთა-გორიანი ადგილები, მთიულეთი, ხევსურეთი, დუშეთის მაზრის ჩრდილოეთი ნაწილი, თელავის მაზრის ნაწილი და სხვა. ამ ადგილებიდან ჯერ ძველათვე იყრებოდნენ უმიწაწყლოთ დარჩენილი გლეხ-კაცები და ეძიებდნენ მიწას უცხო ქვეყანაში. რაჭიდან ძველად რამდენიმე 100 კომლი გადასახლდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ალაგირში. დღიდან რევოლიუციის დაწყობისა, ასეთი ადგილებიდან ზედმეტი მცხოვრებლები, უმიწაწყლოთ დარჩენილნი, იყრებიან თავის ადგილებიდან და მიდიან ისეთ ადგილებში, სადაც თავისუფალი მიწა მოიპოვება. იქ სჩეხენ ტყეებს და ადგილობრივ მკვიდრ მცხოვრებლების მხრივ უკმაყოფილებას იწვევენ. აი ასეთ უსისტემო და უწესრიგო გადასახლებას ყურადღება მიაქცია მიწად-მოქმედების სამინისტრომ და დააარსა გადასახლების ნაწილი, რომელიც ხელმძღვანელობას უწევს ამ გადასახლების საქმეს. შარშან სამინისტროს მიმართა 300-400 კომლამდე გადასახლების მსურველმა, რომლებიც მოითხოვდნენ საერთოდ მიწის გამოძებნას და დასახლებას. მაგრამ მიწად-მოქმედების სამინისტრომ შესძლო მხოლოდ 120 კომლი დაესახლებინა ლაგოდეხის და ყარაიაზის რაიონში. წელსაც გრძელდება ასეთი მუშაობა. იმ ადგილებში, სადაც თავისუფალი მიწა მოიპოვება, გაგზავნილნი არიან მიწის მზომელები და ისინი განსაზღვრულ ნორმით უნაწილებენ ამ მიწას გადასახლებულთ. მაგრამ ამისთვის სამინისტროს არა აქვს ფული, არ მოეპოვება ამისთვის საშუალება; ის ფული, რომელიც მთავრობამ გადასდო ალაგირიდან გადმოსახლებულ ქართველთა დასახლებისათვის, - ეს იყო... მანეთი, - მას უკვე დაეხარჯა და ამნაირად ჩვენ ვდგევართ ისეთ პირობების წინაშე, როდესაც სამინისტრო სრულიად უძლურია, რომ რაიმე საერთო წესი შეიტანოს ამ საქმეში. ამ ჟამად სამინისტროში შემოდის მრავალი თხოვნა გადასახლების შესახებ და თხოულობენ თავისუფალ მიწა-წყალს გადასახლებისთვის, მაგრამ სამინისტროს არ ძალუძს საერთოდ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნილება. 3000 ოჯახი არის საერთოდ მსურველი, რომელიც მოითხოვს ასეთ გადასახლებას. თავისუფალი მიწა მოიძებნება ახალციხის და ახალქალაქის მაზრაში, ლაგოდეხის და ყარაიაზის რაიონებში და სხვაგან. ამიტომ ამ საქმის მოსაწესრიგებლად სამინისტრომ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა, რომ 10 მილიონი მანეთი გადადებული იყოს ამ საქმის მოსაწესრიგებლად. მთავრობამ ეს თანხა გაანახევრა და გადასდო მხოლოდ 5 მილიონი მანეთი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა საერთოდ ეს დეკრეტი და გამოსთქვა შემდეგი მოსაზრება: საერთოდ შინა გადასახლების საქმეს აქვს დიდი ეკონომიური და იმავე დროს პოლიტიკური მნიშვნელობა. ეკონომიური მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ რამდენადაც ზედმეტი მცხოვრები, სადაც მჭიდროდ არიან დასახლებულნი, გადასახლდებიან სხვა ადგილებში, დაიკავებენ თავისუფალ ადგილებს და იქ დააარსებენ მეტ სამეურნეო ერთეულებს და ამით რამდენადაც სამეურნეო ერთეულები გამრავლდება ჩვენ რესპუბლიკაში, მით იმატებს საერთო სახალხო სიმდიდრე და ეს სახელმწიფო ინტერესისთვის, რასაკვირველია, უკეთესია. გარდა ამისა, ამ გადასახლების საქმეს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თავისუფალ ადგილების დაჭერა, განაპირა ადგილების დასახლება და ამით მათი გამაგრება, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ მიზნებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. ამიტომ მან წარმოსთვა ისეთი მოსაზრება, რომ მთავრობას დაევალოს ახლო მომავალში შეადგინოს ერთგვარი გეგმა ამ გადასახლებისა.

ლეო შენგელაია. (.-.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ამას წინედ ჩვენ მივიღეთ კანონი 300 მილიონი ბონების გამოცემის შესახებ. ექსპედიციას ეს ბონები ჯერ არ დაუმზადებია, მაგრამ ეს თანხა თითქმის ამოწურულა. ყოველ სამინისტროს, ყოველ უწყებას თავის მოვალეობათ მიაჩნია ამ თანხის ნაწილს ხელი დაადვას, ამა თუ იმ დეკრეტის საშუალებით დაიბეოს იგი და აი, ჩვენც ვხედავთ თოვლივით სცვივა ეს დეკრეტები, ბითუმად ღებულობს მათ დამფუძნებელი კრება. ხშირად უწყებებს არც კი მიაჩნია საჭიროდ შეასრულონ ელემენტარული მოვალეობა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე: წარადგინონ გაწეული ხარჯების გასამართლებელი საბუთები, დეკრეტებს ხშირად მეტად სიმპატიური და მიმზიდველი სახელი ჰქვია: ანარქიასთან ბრძოლა, ბრძოლა სპეკულიაციასთან, ეპიდემიასთან ბრძოლა, დახმარება ამა და ამ კუთხეს და სხვა. ასეთი არის დეკრეტების ჩვეულებრივი დანიშნულება. ერთის შეხედვით როგორ უნდა იყოს ადამიანი ასეთი დანიშნულებისათვის თანხის გადადების წინააღმდეგ? განა ჩვენი მოვალეობა არ არის შევებრძოლოთ ანარქიას, ეპიდემიას?! მაგრამ, მაგარი ის არის, რომ ლამაზი სათაურები ერთია, ხოლო საქმე სულ სხვაა, მათ შორის არის დიდი ზღვარი, როგორც იტყვიან ეს თანხები არ ხმარდება თავის პირდაპირ დანიშნულებას, არამედ იფლანგება უკონტროლოდ. ყოველ მოხელეს თვალები იქითკენ უჭირავს, რომ სახელმწიფოს რამე წააგლიჯოს, ხაზინა გაქურდოს. ასეთ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად ფრთხილად, როდესაც რომელიმე სამინისტროს, უწყებას ფულებს ვაძლევთ, ამ შემთხევაში არ კმარა, რომ დეკრეტს ლამაზი სათაური ჰქონდეს. საჭიროა გარანტია იმისა, რომ ლამაზ სათაურს ლამაზი საქმე მოყვება. გვაქვს კი ეს ამ შემთხვევაში?!

. მიწად-მოქმედების მინისტრი შინა გადასახლებისთვის 5 მილიონს მოითხოვს, როგორც სჩანს, ის ახალ საქმეს იწყებს. აშკარააა, ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვიკითხოთ, როგორ მოაგვარა მან ის საქმეები, რომლებიც მას ჩაბარებული ჰქონდა? რა გააკეთა მიწად-მოქმედების სამინისტრომ?!

არის თუ არა იმედი, რომ ფული კიდევაც, რომ გავიღოთ ის ახალ საქმეს მოაგვარებს და იმედებს გაამართლებს?!

მიწის რეფორმის პირველი საფეხური, როგორც მოგეხსენებათ, არის მიწების კონფისკაცია. მათი მიღება ყველამ იცის, რომ ჩვენში ჩამოსართმევი მიწები შედარებით ცოტაა და, წარმოიდგინეთ, მიწად-მოქმედების სამინისტრო იმდენათ უილაჯო გამოდგა, რომ მიწის მიმღებ კომისიებს დღემდის არ დაუმთავრებიათ მიწების მიღება. თითქმის არც ერთ მაზრაში მიწების მიღება გათავებული არ არის. 28 იანვარს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ძალით სახნავ-სათესი მიწები უნდა გაიყიდოს. მაშინ ჩვენ დიდის რიხით გვიმტკიცებდენ: მიწებს გავყიდით, დიდძალი ფული შემოგვივა, ის გააუმჯობესებს ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობასო. გვეუბნებოდნენ: აღებული ფულით გავაშრობთ ტბებს, გავიყვანთ არხებს, მოვაგვარებთ მელიორაციის საქმესო და სხვა. ყოველივე ეს ზღაპარი გამოდგა და ამ წყაროდან ერთი კაპეიკიც არ შემოსულა. ამნაირად, მიწების მიღება არ გათავებულა. გაყიდვა არ დაწყებულა. ჩვენ არ ვიცით ფონდში რამდენი მიწა დაგვრჩება და ასეთ პირობებში გადასახლებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს 2 მილიონი დესეტინა ტყე, ეს უდიდესი სიმდიდრეა, მის ექსპლუატაცია, რომ იყოს რაციონალურად დაყენებული, ეს ტყე იქნებოდა ჩვენი სახელმწიფო შემოსავლის უდიდესი წყარო, ახლა კი ამ ტყეებიდან იმდენიც არ შემოდის, რომ დარაჯთა რიცხვი გაამრავლონ და ტყე განადგურებას გადაარჩინონ!

ჩვენი კულტურული მამულები და სამაგალითო მეურნეობანი სრულიად განადგურებულია. ყველამ იცის ბორჯომისა და კოჯრის მამულების ბედი: იმ მრავალ ხელშეკრულებებში, რომლებიც სამინისტროს აქვს დადებული სხვა და სხვა პირებთან, დაწესებულებებთან - . მინისტრი ვერ დაასახელებს ერთსაც, რომელიც რესპუბლიკისათვის სავსებით მისაღები იყოს, არ იყოს საზარალო.

მეტსაც ვიტყვი, ჩვენში, რომ არსებობდეს პირუთვნელი სასამართლო, ან ნამდვილი კონტროლი, ის მინისტრი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო მამულები სპეკულიანტებს ჩაუგდო ხელში, უნდა იჯდეს დამნაშავის სკამზე და არა მინისტრის სავარძელზე! ამნაირად თქვენ ხედავთ, ბატონებო, რომ ეს არის არა მიწად-მოქმედების სამინისტრო, არამედ თუ გნებავთ ის არის მიწის დამქცევი სამინისტრო. ასეთ სამინისტროს არამც თუ 5 მილიონს, ჩვენ 5 კაპეიკსაც ვერ მივცემთ!

თედო ღლონტი. (.-.) მოქალაქენო!, არც ერთი საკითხის შესახებ, როგორც პრესაში, ისე საზოგადოებაში, აგრეთვე დამფუძნებელ კრებაში ასეთი მცირე სჯა ბაასი არ გამოუწვევია და არ იწვევს, როგორც შინ და გარეთ გადასახლების საკითხს. მე კი ვფიქრობ, რომ ყველასთვის უდავო ჭეშმარიტებას უნდა შეადგენდეს გადაწყვეტა საკითხისა, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებული არის საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიურ სიცოცხლესთან. თუ რამდენად ამ საკითხის განხილვაში, წარმოდგენაში, საქართველოში... (არ ისმის) დამახასიათებლად შეიძლება ჩავთვალოთ პატივცემული ლეო შენგელაიას სიტყვა.

დამფუძნებელი კრების წევრმა შენგელაიამ ეს დიდი საკითხი გამოიყენა, როგორც კრიტიკა მიწად-მოქმედების სამინისტროსი და შინაგან საქმეთა უწყებისა, მაგრამ თავის თავად თუ რას წარმოადგენს ეს საკითხი, როგორ უნდა შეხედოს პოლიტიკურმა მოღვაწემ, საქართველოს პოლიტიკურ მიზნისთვის რა მნიშვნელობა ექნება ამ საკითხს, როგორ უნდა დაამზადოს ნიადაგი, რომ ეს რეფორმა გაატაროს რა სამინისტროსაც ევალება ამ ნიადაგის დამზადება, ამის შესახებ . შენგელაიას კრინტიც არ დაუძრავს. მაშასადამე, ვერც ერთი პოლიტიკური მოღვაწე ამ სიტყვით ვერ ისარგებლებს და დადებითად ვერ იხელმძღვანელებს. მაგრამ მე თუ ვამბობ ორიოდე ჩემ მოსაზრებას ამ საკითხის შესახებ, იმიტომ, რომ სარჩულად ამას უდევს წმინდა ეროვნული პოლიტიკური მოტივი. ჩვენთვის გასაგები არის, რომ ამ საკითხის მოგვარებას ხელს ჰკიდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რუსეთში, სადაც ამ საკითხს დიდ სახელი ჰქონდა და აუარებელი, მრავალი მილიონი ხარჯები. ეს საქმე ებარა მიწად-მოქმედების მინისტრს, მის ხელის უფალს კრივოშეინს, მაგრამ არასოდეს თავისი ყურადღება არ მოუკლია სტოლიპინს. სტოლიპინი უმთავრესი ხელმძღვანელი იყო, ისე, რომ მთელი მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიწად-მოქმედების სამინისტრო ერთსულოვნად მოქმედებდნენ და საერთო საქმეს ასრულებდნენ ამ საკითხში. გვაქვს თუ არა ასეთივე საერთო ეროვნული მიზანი და გეგმა ამ საკითხის გარჩევაში, განსაკუთრებულ დროს? მე ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს, აიღეთ, მაგალითად, ჩვენი კუთხეები საქართველოს პერიფერიებისა. უნდა ვსთქვათ, რომ საქართველოს დღევანდელი კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენში ხშირად ხდება, ჩვენ პერიფერიებზე მჭიდროდ დამოკიდებული და დაკავშირებული არის იმ დასახლებულ პირებთან. რუსეთმა შესძლო ჩვენი პერიფერიების უმთავრესი ადგილები დაესახლებინა თავის მოდგმის ხალხებით. მე-18 და მე-19 საუკუნის პირველ პერიოდში, რუსეთმა დაასახლა განაპირა ადგილები უმთავრესად სომხებით, შემდეგ სხვა და სხვა ჯურის რუსებით, გერმანელებით და სხვებით. რუსეთის მთავრობა განაპირა ადგილებს ასახლებდა ისეთ ელემენტებით, რომელიც რუსეთის მესვეურების შეხედულებით, წარმოადგენდნენ ერთგვარ სახელმწიფოებრივ სიმტკიცის ფაქტორებს. თქვენ მოგეხსენებათ 100 წლის განმავლობაში რუსეთის ნამუშავარმა რა პირობებში ჩაგვაგდო: აიღეთ თუ გნებავთ სოხუმის ოლქი, აიღეთ ბორჩალოს მაზრა, ყველა ეს სხვა და სხვა გამოსვლები, სხვათაშორის, სწორედ ნაყოფი არის იმ ბიუროკრატიულ მთავრობის შემოქმედებისა, რომელმაც ამ ჩვენ განაპირა ადგილებში დაასახლა ისეთი ელემენტები, რომლებსაც არც ეროვნული რამ ესმით და არც ესმით რით უნდა იყოს დაცული სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესები.

აი, ასეთ ელემენტებით იყო დასახლებული საქართველოს განაპირა ადგილები. (შენგელაია: რას უშვრებით მერე მათ?) ის რაც ბიუროკრატიამ თავისი მიზნისთვის შეასრულა, ეს მიზანი საქართველოს რესპუბლიკამ უნდა აღმოფხვრას, ჩაფლას, ეს არის უმთავრესი დებულება. თუ გვინდა ეროვნულ-დემოკრატიული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, (შენგელაია: საშუალება!) შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ეროვნულ იმპერიალიზმის განსახიერება, მაგრამ, მე უნდა გითხრათ ეროვნული იმპერიალიზმი იქნება ეს თუ ეროვნული სოციალიზმი, - ჩვენ გვესმის ეროვნული სახელმწიფოს კონსტიტუცია, მთლიანი ეროვნული ორგანიზაციის შექმნა და მაშინ, როდესაც ჩვენ ვიქნებით ამ პროცესში, როდესც ჩვენ გვინდა შევქმნათ ეროვნული სახელმწიფო, მაშინ მე არ ვიცი, სად იწყება იმპერიალიზმი და სად თავდება დემოკრატიზმი. იმპერიალიზმი, ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობით, მაშინ იქნება, როდესაც დიდი ეროვნული სახელმწიფო შეიქმნება და თითონ დაიწყებს სხვისი ტერიტორიის აჭრელებას და თავდასხმით პოლიტიკას აწარმოებს სხვა სახელმწიფოთა მიმართ. და როდესაც ჩვენ გვინდა წავშალოთ ეთნოგრაფიული რუქა ხელოვნურად მოწყვეტილი, ხელოვნურად დაშორებული ადგილები დედა ერს და თავის დედა სახელმწიფოს შეუერთოდ ამ პროცესში, ეროვნულ ევოლუციონურ პროცესში, მცნება იმპერიალიზმი შეიძლება მხოლოდ წარმოიშვას გულუბრყვილო კოსმოპოლიტის თავში და არა საღ სახელმწიფოებრივ ეროვნულ მოღვაწის აზროვნებაში.

ამიტომ ჩვენ ვმბობთ, თუ ჩვენ გვინდა არსებობდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ მუდმივ ჯარიდან მილიციის სისტემაზე, ესე იგი, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიის ატრიბუტები გავამაგროთ, ჩვენ სახელმწიფოში უნდა შევქმნათ ასეთი ობიექტური ელემენტები ამ მიზნის განსამტკიცებლად. მაგრამ მე თქვენ გითხარით და ვიმეორებ, რომ ბორჩალოს მაზრაში იქნება, თუ იქნება ეს სოჭის ოლქში, თუ სხვაგან, - ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასეთ განაპირა ადგილებზე ასეთი დროებითი მოსახლეები იქნებიან, რომელნიც დაინტერესებულნი არიან სახელმწიფოებრივ დარღვევაში, ასეთი მდგომარეობა იარსებებს, ვიდრე ამ მდგომარეობას ჩვენ არ მოვსპობთ, ამიტომ ვამბობ - ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პოლიტიკა გადასახლებისა, რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე ეთნოგრაფიულ მთლიანობას შექმნის, და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს აზრი არა მარტო დამფუძნებელ კრების მიერ იყოს გაზიარებული, ეს აზრი იყოს ქართული პრესის, ქართულ საზოგადოებისა და შეიქმნას საზოგადო ეს აზრი იმისთვის, რომ ჩვენ გვინდა პერიფერიებზე ქართულ პროვინციებში ნაციონალიზაცია გავატაროთ, და არა მარტო დაწესებულებებში. ჩვენ გვინდა მთელი მხრის ნაციონალიზაცია, რომ ეს მხრის ნაციონალიზაცია უტყუარი საბუთია ჩვენი დამოუკიდებლობისა, მაშინ მხოლოდ როცა ამ აზრს მიეცემა ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მაშინ გაიგებს საზოგადოება და მთავრობაც, რომ ამ პოლიტიკას მხოლოდ ესე უნდა გადაჭრა. მაშინ მე დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 მილიონს ბევრად არ მიიჩნევდა და თანხას არ გაანახევრებდა.

მე კი მიმაჩნია სამართლიანად, რომ ამ უწყების განკარგულებაში მიცემული თანხა ამ დიდი საქმის მოგვარებისთვის არ იყოს განახევრებული. რასაკვირველია, თუ ამ საკითხს ესე ფართოთ შევხედავთ, ეს 10 მილიონიანი ფონდი მცირე არის, ჩვენ უნდა შევქმნათ სქართველოს ეროვნული სახელმწიფო, საქართველოს მთლიანობა ჩვენ ტერიტორიაზე, რაც არ უნდა გვიღირდეს ეს, ვინაიდან ჩვენი სიმტკიცე არის არა მარტო ტფილისში და ქუთაისში, ჩვენი სახელმწიფოებრივი სიმტკიცე განიზომება პერიფერიებზე. კარგი იქნება ის ორატორი, რომელსაც ეს აზრი მიაჩნია სახელმწიფოს დამამრღვეველ აზრად, ვინაიდან ლეო შენგელაიას სიტყვა ყოველი სახელმწიფოს აღმშენებლობის მოსაზრებას იღებს საფუძვლად, - კარგი იქნება, რომ მოგვიყვანდეს ისეთ სახელმწიფოებრივ პრაქტიკას, დემოკრატიული იქნება ის თუ არა დემოკრატიული, რომელიც ასე არ წყვეტდეს სახელმწიფოებრივ საკითხებს, რომელიც თავის ტერიტორიაზე სხვანაირად აზროვნობდეს. ბატონებო, განსხვავება ჩვენს შორის და სხვა სახელმწოფოებთა შორის ის არის, რომ ისინი სხვის მთლიან სახელმწიფოს აჭრელებდნენ და ართულებდნენ, ჩვენ კი არც ვართულებთ და არც ვაჭრელებთ, ჩვენ ვქმნით საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოს, უერთებთ ისტორიულ ტერიტორიას პერიფერიებთან. რუსეთმა ააჭრელა პერიფერიები, გერმანიამ ააჭრელა თავის პერიფერიები, დაჰყო პოლონეთი, მაგრამ ჩვენ ასეთ პოლიტიკას არ ვაწარმოებთ, ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ჩვენი ისტორიული კულტურა იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის უდავო ქართული ტერიტორია, ამაში გვინდა გატარება ნაციონალიზაციის პრინციპისა, ეს არის გაქართველება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული პოლიტიკური განზრახვა, და მე მესმის, როდესაც ჩვენი პოლიტიკური მესვეურნი სცდილობენ ამ საქმეს ხელი ჩასჭიდონ. როდესაც ჩვენი პოლიტიკური მესვეურნი ამ საქმეს მტკიცეთ ხელს ჩასჭიდებენ, მტკიცედ გაატარებენ ამ მუშაობას, ჩვენი პარტია ხელს შეუწყობს, რომ ეს აზრი ფართო მასაში იყოს გასაგები და პოპულარული. (გვაზავა: ვეშაპელი ყოფილა!).

გრიგოლ გიორგაძე. (.-.) აქ ცოტა გაუგებრობა იყო. ზოგი ლაპარაკობს, რომ ეს ფული უნდა გადაეცეს შინაგან-საქმეთა სამინისტროს. ეს ფული უნდა გადაეცეს მიწად-მოქმედების სამინისტროს, იმიტომ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ იცის სად რა მდგომარეობა არის ამ მხრივ, სად არის უფრო შევიწროვებული ხალხი მიწით, ამიტომ მიწად-მოქმედების სამინისტროს ხელში არის ყოველი ეს ცნობები და იმის პროცესში, თუ რამოდენად ეს ცნობები ირკვევა, თუ რამოდენი ფონდი სადა აქვს მიწად-მოქმედების სამინისტროს ამის დამიხედვით ანხორციელებს შინა გადასახლების ერთგვარ გეგმას. ბატონებო, რა გაქვთ თქვენ საწინააღმდეგო ამ აზრისა, გამობრძანდით და სთქვით? რა გაქვთ საწინააღმდეგო, რომ იქ სადაც ხალხი შევიწროვებულია, იქ სადაც მეორე მაზრაში ადგილები თავისუფალია, სადაც შესაძლებელი არის ეკონომიური ცხოვრების უფრო განვითარება, რა გაქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს იმას, რომ ამ სივიწროვეს უშველოს და მეორე ადგილას გადაასახლოს, სადაც ეკონომიურად უფრო განვითარდება, ამის წინააღმდეგ ვის რა აქვს?

თქვენ კერძოთ დააყენეთ საკითხი, კერძოდ მიწად-მოქმედების სამინისტრო თურმე ყველაფერს აქცევს, იქ ათასგვარი ბოროტება ხდება, ამიტომ როგორ შეიძლება იმას მივცეთ ფულიო. ბატონებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გვყავს სახელმწიფოს კონტროლიორი, თქვენ მიერ არჩეული, სახელმწიფოს კონტროლიორს ჰყავს ორგანოები, თქვენ ფაქტიურად იცით, რომ სახელმწიფოს კონტროლორი ახდენს სხვა და სხვა რევიზიას, სხვა და სხვა კონტროლს. (შენგელაია: არაფერი გამოდის!) სანამ დამფუძნებელ კრებისთვის სახელმწიფო კონტროლიორს არ მოუხსენებია, რომ ამ და იმ დაწესებულებაში ბოროტ-მოქმედება ხდება (შენგელაია: ვერ გაბედავს!) მანამ, სანამ თქვენ ფაქტს არ უჩვენებთ, - სად რა ბოროტ-მოქმედება არის და არა ქუჩაში მოკრებილ ჭორებს აქ გამოიტანთ, ეს თქვენი სიტყვები ჰაერში ჰკიდია, რაც არ არის საკადრისი. თუ რაიმე ბოროტ-მოქმედება არის ჩადენილი, ბრძანეთ, მოგვიყვანეთ მაგალითი კონკრეტიულად რა ბოროტ-მოქმედება ჩაიდინა? (შენგელაია: ხელშეკრულებები ნახეთ!) ბატონებო, ეს ხელშეკრულებები სამინისტროში არის; მიბრძანდით სამინისტროში და გადახედეთ ამ ხელშეკრულებებს, გაიცანით არსებობს მართლა ბოროტ-მოქმედება თუ არა, მერმე თქვენი აზრი წარმოსთქვით აქ, თორემ ასე ზერელედ ლაპარაკი პირადად თქვენ პრესტიჟს სცემს, პრესტიჟს სცემს იმ ფრაქციისა, რომელი ესე ზერელედ სიტყვებს ლაპარაკობს, რაც არ შეესაბამება დამფუძნებელი კრების წევრის ღირსებას და თქვენ მდგომარეობას. გულახდილათ უნდა მოგახსენოთ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ დაიწყო მართლაც დიდი რეფორმის ცხოვრებაში გატარება, და არც ერთ სამინისტროს არ აუმხედრებია ზოგიერთები ისე, როგორც მიწად-მოქმედების სამინისტროს. მიწის რეფორმა დიდი რეფორმა არის, ასეთ პირობებში, როდესაც შეუდგებით რაიმე დიდ გეგმის განხორციელებას ნურავის ნუ ეგონება, რომ ეს შესაძლებელი იყოს 2-3 თვის განმავლობაში ასეთი დიდი რეფორმის განხორციელება. ამ დიდ რეფორმას დიდი საშუალებანი, დიდი შესაძლებლობა უნდა. თქვენ ბრძანეთ, მიწები რატომ არ გაიყიდაო, ეს მიწების გაყიდვა მარტო ზღპარი არისო. არა, ბატონებო, ეს ზღაპარი არ არის.

იმ ბიუჯეტში, რომელიც წარმოდგენილი არის, პირველ ფურცელზე სწერია, რომ სამინისტრო ვარაუდობს, მიწების გაყიდვიდგან შემოსავალს რამდენიმე ათეულ მილიონს. თქვენ, რომ ბრძანეთ რატომ 2-3 თვის განმავლობაში ეს არ მოუხდენიათ, თქვენ, რომ იყოთ ამგვარ მდგომარეობაში, მე დარწმუნებული ვარ ვერც თქვენ შესძლებდით 2-3 თვეში ამ რეფორმის ცხოვრებაში გატარებას. ძალიან ადვილი არის ზერელე კრიტიკით გამოსვლა. ყოველივე ის, რაც აქ ბატონმა შენგელაიამ ბრძანა, ეს არის ქუჩაში შეკრებილი ხმები. აი, თუ კი რაიმე ასეთი ცნობები აქვს შენგელაიას ბოროტ-მოქმედების შესახებ, ის ვალდებული არის სთქვას აქ, მაგრამ მას ფაქტები არ აქვს, ჭორებით გამოდის ტრიბუნაზე, რაც დაუშვებელია.

ალ. ასათიანი. (ერ.-დემ.) შინაური კოლონიზაციის საკითხი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ქვეყნისათვის, და მიწა-მოქმედების სამინისტროს მუშაობა ამ მხრივ დიდი ყურადღების ღირსია. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად მომზადებული იქნება მიწად-მოქმედების სამინისტრო და რამდენად გარკვეული გეგმით და წინასწარ შემუშავებული სისტემით აწარმოებს ამ საქმეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შინაურ კოლონიზაციის საკითხს, ვინაიდან ჩვენი პერიფერიები ძალიან აჭრელებული არის. განსაკუთრებით, უკანასკნელ საუკუნეში მეტად შემცირდა, ხელოვნურ საშუალებით, ქართული მოსახლეობა ჩვენ სანაპირო ადგილებში. და ის რაც ხელოვნურად, ძალდატანებით მოხდა, ჩვენ შეგვიძლიან არა ძალდატანებით, არამედ ნორმალური წესით და სახელმწიფოებრივი საშუალებით გამოვასწოროთ. ბუნებრივი გზით უნდა გავამაგროთ ქართული მოსახლეობა იქ, სადაც ქართული კულტურა, ქართული სახელმწიფოებრიობა ყვაოდა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში. (შენგელაია: ღლონტმაც სთქვა!) დიახ, ღლონტმა სთქვა და არა მარტო ღლონტმა, არამედ ყველამ ეს უნდა ვსთქვათ. მიწად-მოქმედების სამინისტრო სახელმწიფოს ყოველ ნაწილში დახმარებას უნდა პოულობდეს იმდენად, რამდენად მუშაობა მისი იქნება მტკიცე და გარკვეული. საზოგადოთ ეს საქმე სახელმწიფოს არასოდეს არ უნდა ავიწყდებოდეს - და ამ აგრარულ რეფორმის მოხდენის დროს ჩვენ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. სამწუხაროდ, როცა აგრარული რეფორმა ისახებოდა, არ იყო გათვალისწინებული თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ საქმის გატარებას. თუ დღეს მიწად-მოქმედების სამინისტრო ხელს ჰკიდებს კოლონიზაციის საქმეს, კარგი იქნებოდა, რომ მას თავიდან აეცილებინა ის უარყოფითი შედეგები, რომელნიც მოჰყვებოდნენ ამ რეფორმას. ზოგიერთს განაპირა კუთხეებში ეს შედეგები შეიძლება ფრიად სახიფათო შეიქნეს ჩვენი ერისთვის, ავიღოთ ბორჩალო, ჯავახეთი, აფხაზეთი, - იქ საქართველოს სახელმწიფოებრივი კულტურა მტკიცეთ იდგა მრავალს საუკუნეთა განმავლობაში. მაგრამ თქვენ იცით, რომ წარსულ საუკუნის განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა იქ ფრიად შესუსტდა და ჩვენ თითქმის სავსებით დავკარგეთ ეს კუთხეები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძალა ეთნიური და კულტურული ძლიერ შესუსტდა, ქონებრივად, ეკონომიურად ჯერ-ჯერობით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი პოზიციები. ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის დიდი ნაწილი დღემდე ქართველი ერის კუთვნილებას შეადგენს. მაგალითად, ჯავახეთში, სადაც სუსტი არის ეთნიურად ქართველების მოსახლეობა, 168,000 დესეტინა მეურნეობისთვის გამოსადეგი მიწა-ტყე არის. აქედან 90,000 დესეტინა არის სახელმწიფო მიწა. ძველ მთავრობის მიერ სახელმწიფოს მიწად, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი იყო ის მიწები, რომელნიც ეკუთვნოდა ქართულ ეკლესიას და ჩვენ ძველს მეფის სახლობას, მეფის ოჯახობას.

ეს მიწები შეადგენს თითქმის 55%25, ახალ ქალაქის მაზრაში. ამას უნდა მიემატოს ქართველ თავად-აზნაურობის მიწები, დაახლოვებით 10.000 დეს. და საერთოდ ყოველი ეს მიწა შეადგენს 60%25-ტს. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ეთნიურად ჩვენ აქ ძლიერ შესუსტებულნი ვართ, ეკონომიურად ეს მაზრა ქართველის ერის სრულ კუთვნილებას შეადგენს. როდესაც ამ მაზრების შესახებ, ჩვენ გვიხდება ვისმესთან დავა, ეს გარემოება ჩვენთვის დიდი საბუთია. სამწუხაროდ, ჩვენი სოციალისტური მთავრობა ასეთს ჩვენს უფლებას, მიწაზე საკუთრებიდან გამომდინარეს, ჯეროვან მნიშვნელობას არ ანიჭებს, თორემ თუ ჩვენ საკუთრებას და სიმდიდრეს მივანიჭებთ იმ მნიშვნელობას, იმ ინტერეს, რომელიც მას აქვს ყოველ სახელმწიფოში, და ყოველ ხალხში, მაშინ ჩვენ, ამ მხრივ, დიდი საბუთები და უძლიერესი საბუთები გვექნებოდა. ეს მაზრები არა მარტო ჩვენი კულტურული აკვანი არის, და ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, არამედ ის ეკონომიური კუთვნილება არის ქართველი ერისა, ასევე ბორჩალოს მაზრაც. ბორჩალოს მაზრაში სახელმწიფო მიწა, ესე იგი ჩვენი ეკლესიის მიწა და ქართულ დინასტიის მიწა და აგრეთვე ქართველ თავად-აზნაურობის მიწა შეადგენს 75%25 ყველა გამოსადეგ მიწებისა, მაშასადამე ამ მაზრის 75%25 ჩვენი უდავო საკუთრებაა. ამას მიუმატეთ ამ მაზრის ჩვენთან კულტურული და ეკონომიური დაკავშირება და დაინახავთ, თუ რამდენათ ურყეველია ჩვენი უფლება ამ მაზრაზე. მაგრამ ჩვენ ისეთი კანონები არასოდეს არ უნდა მივიღოთ, ისეთი პოლიტიკა არ უნდა ვაწარმოვოთ, რომელიც ამ უფლებას და ამ ინტერესს დაგვიკარგავს ან შეგვიმცირებს. უკეთუ ერთგვარი შესწორებები და ცვლილებები არ შევიტანეთ ჩვენს აგრარულს კანონმდებლობაში, ჩვენ შეგვიძლიან მთლად დავკარგოთ ის უფლებები, რომელნიც შეგვრჩენია ამ განაპირა კუთხეებში მრავალ ომისა, დარბევისა და მთელი საუკუნის ხელოვნური პოლიტიკის გამო, და აი რატომ: ჩვენი კანონი ამბობს, რომ ყველა ყოფილი სახელმწიფო მიწა და ნორმის ზევით კერძო მფლობელობის მიწა გადავიდეს სახელმწიფოს მიწის ფონდში და ამის შემდგომ, ყოველი მცხოვრებელი ერთნაირ უფლებებით არის აღჭურვილი ამ მიწების შესახებ. თუ ჩვენ ასეთნაირი პოლიტიკა ვაწარმოეთ, შეიძლება ის მიწა ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრაში, რომელიც წმინდა ქართული კუთვნილება არის, რამდენიმე წლის განმავლობაში, სულ ადვილად გადავიდეს იმ ელემენტების ხელში, რომელნიც ხელოვნურად და ძალადობით არიან დასახლებულნი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვითხოვთ, რომ მიღებული იქმნეს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მიუღებელი ძალდატანებითი ზომები, რომ განდევნილი იქნეს ის ხალხნი, რომელნიც ხელოვნურად გადმოსახლებულნი არიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვწევს ძალა, რომ ბუნებრივ გზით, ნორმალური მეტოქეობის საშუალებით დავიბრუნოთ ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვეკავა და ამიტომ ამ ძალდატანებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. მაგრამ ჩვენ ამასთანავე საჭიროდ ვსთვლით, რომ რაც ჩვენ შევინარჩუნეთ, ასე სუმბუქი ხელით არ უნდა გადავცეთ უცხო ელემენტებს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესე ადვილად მოხდება უკეთუ ისე თავისუფლად გაიყიდა ის მიწა, როგორც ეს განზრახული აქვს ჩვენ კანონს. თუ ეს მიწები თავისუფლად, განურჩევლად, გაიყიდა, ამ მიწის მოსახლეები არიან უცხოელები, და ისინივე გახდებიან მისი სრული მეპატრონენი. ამის შემდეგ ამ კუთხის მოსახლენი იქნებიან უცხოელები და მიწის საკუთრებაც მათი იქნება. შეიქმნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ამ კუთხეებში ჩვენი ძალაუფლება კიდევ უფრო შესუსტებული და შემცირებული იქნება. და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არის საჭირო, რომ სამინისტრომ ჩაიბარა რა ის დიდი მამულები, წმინდა ქართული მიწები, სახელმწიფო და კერძო მესაკუთრეებისა, ისე გამოიყენოს, ისეთი პოლიტიკა აწარმოვოს, რომ ეს, ამ ჟამად, წმინდა ქართული მიწები და საკუთრება არ დაკარგოს და უცხო ელემენტების ხელში არ ჩააგდოს. ამიტომ საჭირო არის საკოლონიზაციო გეგმის შემუშავება. მე ვამბობ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ აქაც თუ ორგინალობა დაიწყო, და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც არსად არ არის გამოცდილი, ჩვენ ამ მიწებს ადვილად დავკარგავთ. მე გამოვსთქვამ სურვილს და იმედს, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო ამ საკითხში მაინც გაუწევს ანგარიშს სხვა ქვეყნების მაგალითებს; - ამ შემთხვევაში ევროპის მაგალითი, თუ გნებავთ გერმანიისა, თუ სხვა სახელმწიფოს მაგალითები, ძლიერი და საყურადღებო არის. და ამ წესით და ამ სისტემით აწარმოებს საკოლონიზაციო პოლიტიკას, როგორც ამას აწარმოებდენ სხვა დაწინაურებულს ქვეყნებში.

ასეთივე მდგომარეობა არის, შეიძლება ითქვას, აფხაზეთში, სადაც თითქმის მთელი საკუთრება ეკუთვნის აფხაზობას, რომელიც საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენს. მაგრამ თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკას ვაწარმოებთ, ისეთ სუმბუქ და... (არ ისმის) შეიძლება ეს საკუთრება გადვიდეს ოსმალეთიდან გადმოხვეწილ სომხების და სხვა ხალხის ხელში. ამიტომ აქაც საჭირო არის, რომ ის საკუთრება, რომელსაც ჩვენ ვთვლით ჩვენ სახელმწიფოებრივ ერთეულების საკუთრებათ, რომ ეს საკუთრება არ დაგვეკარგოს და არ გადავიდეს უცხოელების ხელში და იმ რეფორმამ, რომელსაც ასეთი იმედით შევყურებთ, სარგებლობის მაგივრად ზიანი არ მოუტანოს ჩვენ სახელმწიფოებრივ არსებობას. მე ვამტკიცებ, რომ კრედიტი ამ შემთხვევაში არ უნდა დაუხუროთ, ხელი არ უნდა შეუშალოთ და დახმარება გაუწიოთ. მაგრამ ამასთანავე უნა გავაფრთხილოდ მიწად-მოქმედების სამინისტრო, რომ ასეთი უდიდესი ეროვნულ მნიშვნელობის საკითხში არავითარი თავის ვიწრო პარტიული პოლიტიკას არ აწარმოებდეს და ანგარიში გაუწიოს იმ მდიდარ მაგალითებს, რომლებსაც გვაძლევენ ევროპიული სახელმწიფოები.

თავმჯდომარე. ჰსურს კიდევ ვისმე სიტყვა თუ არა? მსურველი არავინ არის. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. ეს საკითხი ისეთი ნათელი და აშკარა არის, რომ ამის შესახებ დავა სოციალ-რვოლიუციონერის წარმომადგენელისა ზედმეტი იყო. გადასახლების მსურველი არის 400 გლეხ-კაცი თავისი ცოლ-შვილით, რომელნიც მიისწრაფებიან თავისუფალ ადგილებისაკენ. იმავე დროს . შენგელაია გამოდის და ეუბნება, გაჩერდით, სახელმწიფოებრივ სოციალისტური ინტერესი მოითხოვს იმას, რომ უმიწაწყლოდ დარჩეს. ასეთი მდგომარეობის და ასეთი აზრის დაცვა სრულიად არ ნიშნავს არავითარ სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას და ამრჩევლებსაც არ დაუვალებიათ ეს . შენგელაიასათვის, იმ გლეხ-კაცებს, რომელნიც იძიებენ დასახლების ადგილებს. კანონ-პროექტი აშკარა და ნათელი არის. მიწა თავისუფალია, მსურველები გადასახლებისა არიან და იმათ გზა უნდა მიეცეს. სახელმწიფო მოვალე არის გზა მისცეს ამისთანა გადასახლებულებს. სულ რაღაც 5 მილიონი, რომელიც 1 წვეთს წარმოადგენს. - ამის წინააღმდეგ გამოლაშქრება სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. (დეკრეტი მუხლობრივ კენჭი ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: დეკრეტი - საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოების სასარგებლოდ რკინის გზის ბილეთების დაბეგვრისა. მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ჭავჭანიძე.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! წინად აქ მოქმედობდა რუსეთის წითელი ჯვარი. მის შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საჭირო შეიქმნა საკუთარი წითელ ჯვრის დაარსება. ის კიდეც გაჩნდა, დაარსდა საქართველოს წითელი ჯვარი. ამ წითელ ჯვრის საზოგადოებას გადაეცა ის ქონება, რომელიც ჰქონდა ყოფილ რუსეთის წითელ ჯვრის საზოგადოებას. საზოგადოება შეუდგა თავის მოვალეობის ასრულებას. იმან გახსნა ბევრ ადგილებში ლაზარეთები, საავადმყოფოები. მაგრამ ამ საქმეებისთვის საჭირო იყო თანხა. პირველ ხანებში ამ საზოგადოებას დაეხმარა მთავრობა, მაგრამ ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, რომ მით შეუძლებელი იყო საქმის წარმოება. საზოგადოებამ დაადგინა, ის ქონება, რომელიც მას დარჩა და რომელიც მისთვის ზედმეტად მიაჩნდა გაეყიდნა და ამით დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნილება, ამ აღებულ ფულით დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნილება. მაგრამ ამ გაყიდვას საზღვარი უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია ყველაფერი გაეყიდოს და შეიძლება გასაყიდიც არაფერი დარჩეს. შეუძლებელია გაყიდვა ისეთ საჭირო მასალებისა, რომელიც დღეს არ იშოვება და წითელ ჯვრისთვის კი საჭიროებას წარმოადგენს. ასეთი მასალები ძალიან საჭირო მისთვის აღარ იქნება. საჭირო იყო, რომ წითელი ჯვრის საზოგადოება შესდგომოდა დროზე საშუალების გამოძებნას. ასეთ საშუალებათ წითელ ჯვრის საზოგადოებას მიაჩნია დაბეგვრა რკინის გზის სამგზავრო ბილეთებისა წითელ ჯვრის სასარგებლოდ. სათანადო კანონ-პროექტი შუადგომლობასთან ერთად ამ საზოგადოებამ წარმოუდგინა მთავრობას. ეს კანონ-პროექტი განხილული იქნა ფინანსიურ სამინისტროს მიერ, აგრეთვე კონტროლიორის მიერ, შემდეგ განიხილა მთავრობამ, მთავრობა დაეთანხმა წითელ ჯვრის საზოგადოებას და დაადგინა, რომ წითელ ჯვრის სასარგებლოდ დაბეგვრილი ყოფილიყო ბილეთები შემდეგ ნაირად: პირველ კლასის ბილეთებს დაედება წითელ ჯვრის სასარგებლოდ 1 მანეთი და 50 კაპ. მეორე კლასის ბილეთებს 75 კაპ. მესამე კლასის 25 კაპ. ეს კანონ-პროექტი ბოლოს და ბოლოს წარმოდგენილი იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მოისმინა რა მოსაზრება, როგორც მთავრობისა ისე წითელ ჯვრის წარმომადგენლისა, დაეთანხმა მას და მიიღო ეს დეკრეტი. (დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის.)

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. დეკრეტი შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში 100.000 მან კრედიტის გაღებას სოხუმის ოლქში გადამდებ ავათმყოფობასთან საბრძოლველად. როდესაც სოხუმის ოლქი ჩვენმა ჯარმა და გვარდიამ გასწმინდა დენიკინის ბანდებისაგან, იქ დარჩა საავადმყოფო, სადაც 400 მეტი ავადმყოფი პარტახიან ტიფით იყო ავათ. აქედან პარტახიანი ტიფი მოედო მთელ სოხუმის ოლქს, აფხაზეთს და ხალხი საფრთხეში ჩავარდა. მაშინ ეგრეთწოდებულმა აფხაზეთის სახალხო ჯანმრთელობის კომისარმა ექ. ლორთქიფანიძემ დეპეშით მიმართა განსაკუთრებულ რწმუნებულს თბილისში ექიმ გოპაძეს და დაუყოვნებლივ მოითხოვა 200.000 მან. გაეგზავნა ეპიდემიასთან საბრძოლველად. მაგრამ განსაკუთრებულ რწმუნებულს გოპაძეს ამ დროს არ აღმოუჩნდა საშუალება, მას არ შეეძლო დაეკმაყოფილებია ეს მოთხოვნილება და შინაგან-საქმეთა სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე 200.000 მან. გადადებისა. მთავრობამ ეს გაანახევრა და ნება დართო მხოლოდ 100.000 მან. კრედიტის გახსნისა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს პროექტი, სხვათაშორის, და საჭიროთ დაინახა მან, რომ ეს აღნიშნული 100.000 მან. გადადებულიყო იმისთვის, რომ მართლაც იქ ისეთი პირობები არის ამ ჟამად, რომ ერობა ახლად არის მოწყობილი, ერობას საკუთარი სახსარი არ გააჩნია სასანიტარო ნაწილის მოწყობისთვის და მთავრობა უნდა დაეხმაროს პარტახიან სენთან საბრძოლველად. ამიტომ კომისიამ საჭიროდ დაინახა, რომ შუამდგომლობა მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. გთხოვთ, წაიკითხოთ მუხლობრივ.

ირემაშვილი. (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

სოც. დემ. ფრაქციის მიერ გახლავთ შემოტანილი შეკითხვა მთავრობისადმი. გთხოვთ შეკითხვის ტექსტი წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. შეკითხვის შესახებ წინადადება გახლავთ შემოტანილი, შეკითხვა მოიხსნას და მოითხოვს მთელი საქმის წარმოება სასამართლოში. ხელს აწერს კრების წევრი ბარათაშვილი. მეორე წინადადება არის, ვინაიდან კრებაში არ არის, (კედია: კვორუმი დიდი ხანია არ არი!) გთხოვთ გამოარკვიოს არის კვორუმი თუ არა. კვორუმი გახლავს. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს.

იუსტიციის მინისტრი . . გეგეჭკორი. მოქალაქენო! შეკითხვა შეეხება ისეთ საგანს, რომელსაც დამფუძნებელი კრება მეტად ფაქიზად უნდა მოეპყრას. კითხვა სდგას მეტად სერიოზულად და ამისთვის მე არ მაქვს უფლება დღეს, როდესაც საქმეს არსებითად არ ვიცნობ, რაიმე ჩემი განმარტება წარმოვადგინო. მე ამის საშუალება არ მაქვს. ამისთვის მე მოვითხოვ, რომ ეს კითხვა დღეს მოხსნილი იქნეს. მე უკვე გამოვიწვიე თვით მოსამართლე და საქმეს არსებითად გავიცნობ და შემდეგ მხოლოდ მექნება საშუალება ასეთი თუ ისეთი განმარტება მოვახსენო დამფუძნებელ კრებას. ამიტომ მოვითხოვ ეს შეკითხვა მოხსნილი იყოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (.-.) მე ძალიან გამაკვირვა . მინისტრის განცხადებამ. სჩანს, რომ იმ შეკითხვამ, რომელიც არის შემოტანილი, რომლის საგანი არის ჩვენი ყურადღების მიქცევა, უკვე მიახწია თავის მიზანს. მე გაკვირვებული ვარ . მინისტრის განცხადებით, იმიტომ, რომ ამ შეკითხვას აქვს ერთი მიზანი, რომელიც სჩანს თითონ შეკითხვიდან, რომ ჩაითრიოს მთავრობა ისეთ სფეროში, სადაც მთავრობას არ აქვს უფლება ჩაერიოს, - სასამართლოს სფეროში. ეს არის საკონსტიტუციო საკითხი. თუ ჩვენ ვამზადებთ კონსტიტუციას, თუ ჩვენ ვაარსებთ სახელმწიფოს, და ეს უბრალო პრინციპი სავალდებულოა ყველგან და ყოველთვის, რაკი არის დამოუკიდებელი სასამართლო, თუ ეს ყველაფერი მართალია, რასაკვირველია, მე გაკვირვებული ვარ, რომ მინისტრმა ასეთი განცხადება გააკეთა. მე გამოვიწვიე, მოვითხოვე საქმეო. რაშია საქმე, რა ნება ჰქონდა მინისტრს, როდესაც საქმე სასამართლოში არის, სასამართლო არჩევს, გარჩეულია მხოლოდ პირველ ინსტანციაში, მეორეშე უნდა გადავიდეს, მეორეთ უნდა განიხილოს, მერე საკასაციო ინსტანცია არის? მიუხედავად ამისა მინისტრი ბრძანებას აძლევს საქმე წარმოადგინონ. რა არის ეს? ცხადია, ეს არის ჩარევა მთავრობის სასამართლოს საქმეში. ჯერ ერთი თავდაპირველად ეროვნულ პროტესტს ვაცხადებ ამისთანა მოქმედების წინააღმდეგ, მთავრობის მოქმედების წინააღმდეგ, ეს ყოვლად მიუღებელია. რაც შეეხება თითონ შეკითხვას, რასაკვირველია ესეც ყოვლად მიუღებელია. მე მაკვირვებს, რომ უმრავლესობის პარტიას, რომელიც არის გამგე, რომლის ხელში არის მართვა-გამგეობა ჩვენ სახელმწიფოსი, ასეთი შეკითხვა შემოაქვს. აქ ნათქვამი არის, აქ პირდაპირ არის ისეთი ფრაზა, ავიღოთ ეს ფრაზა: იცის თუ არა მთავრობამ? ბატონებო, ვინ გითხრათ, რომ მთავრობა ვალდებულია იცოდეს ყველა საქმე, რომელსაც არჩევს სასამართლო. საიდან ამოიკითხეთ ეს, სად ნახეთ? საქართველოს სასამართლოში გაირჩევა არა ნაკლებ ნახევარი მილიონის საქმე, მილიონის საქმე, ჩემის აზრით ვამბობ, იმიტომ, რომ ვიცი, მაგალითად მესამე განყოფილების მოსამართლეს 25,000 საქმე აქვს. ეს ერთ მომრიგებელ მოსამართლეს. ამისდამიხედვით ვიანგარიშებთ, ნახევარ მილიონს საქმე მაინც იქნება. განა მინისტრი ვალდებულია იცოდეს ყველა საქმე, რომელიც გაარჩია მომრიგებელ მოსამართლემ. ვინ გითხრათ ეს? მაშასადამე, შეკითხვის პირველ ხაზათ ყოვლად მიუღებელია - იყოსიცის თუ არა მთავრობამ“. მე მეგონა . გეგეჭკორი გამოვიდოდა და გამოაცხადებდა, არაფერი არ ვიცი და არც ვალდებული ვარ, რომ ვიცოდე ყველაფერიო. - ეს საკმარისი იქნებოდა. მინისტრს ვეკითხებით მაშინ, როცა დარღვეული არის ძირითადი კანონი, ადმინისტრაცია ჩაერია, უკანონობა მოახდინეს, უკანონოთ დაიჭირეს ვინმე, მაგრამ თითონ საქმის წარმოებაში სასამართლოს სფეროში ყოვლად მიუღებელია, რომ ჩაერიოს მთავრობა. მაშინ, როგორ გინდათ სასამართლო, სად არის ეს სასამართლო თუ . მინისტრი დაიბარებს საქმეს, დაიბარებს მოსამართლეს, ეტყვის, დაემუქრება გაგაგდებო, სად იქნება სამართალი. ეს ყოვლად მიუღებელია. წარმოუდგენელია ამისთანა წესი.

შემდეგ, იქვე შეკითხვაში არის - რას აპირებს მთავრობა, რა ღონისძიება უნდა მიიღოს. მაშასადამე, თქვენ ამბობთ, უმრავლესობის პარტია, რა გგონიათ თქვენ, თქვენ პირდაპირ ეძახით მთავრობას ჩაერიოს სასამართლოს სფეროში. განა ეს შესაძლებელია? რასაკვირველია, თქვენ ხართ ბატონ-პატრონი, თქვენ ხართ უმრავლესობა, თქვენ შეგიძლიანთ ყველაფერი დაადგინოთ, მაგრამ ნუ დაარღვევთ ისეთ პრინციპს, რომელიც ანაბანაა ყველასთვის, ყოველ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. (გიორგაძე: მოგახსენებთ, მოგახსენებთ ამაზე!) თქვენ რა უნდა მომახსენოთ, როდესაც უკვე დაწვრილებით არის შეტანილი ყველა თქვენი დებულებანი, თქვენ გაანვითარებთ იმას, რაც აქ არის, ახალს ვერაფერს ვერ იტყვით. აქ მოყვანილია ასეთი საკითხი, რომ, ვიღაცას, გვარი არ მახსოვს...

თავმჯდომარე. უკაცრავად, მე კითხვა უნდა დავსვა ფორმალურად. აქ არის შემოტანილი შეკითხვა, მთავრობამ განაცხადა, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის. ნება აქვს, რომ შემდეგ ამას პასუხი გასცეს, ამისთვის მე ვკითხავ შემკითხველებს. იცავენ ისინი სისწრაფეს თუ არა. ეს არ იქნება, - ფორმალურად შეკითხვა მოხსნილი იქნება. კიდევ დავეკითხები მხოლოდ იმას, - სასწრაფო არის ეს შეკითხვა თუ არა? მთავრობა გასცემს პასუხს შემდეგ და იმ კანონით, რომელიც ეკუთვნის მთავრობას, მთავრობას ნება აქვს შემდეგში გასცეს პასუხი. ჯერ ეს უნდა გადასწყდეს.

გვაზავა. მაშინ არსებითად არ შევეხები.

თავმჯდომარე. გთხოვთ იმის შესახებ - მიღებული იქნება თუ გადადებული.

გვაზავა. ჩემის აზრით არ არის მისაღები ეს შეკითხვა.

თავმჯდომარე. შემკითხველების აზრი როგორი იქნება, სასწრაფო არის ეს შეკითხვა თუ არა?

. ჯაფარიძე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას არაფერი საწინააღმდეგო არა აქვს, რომ შეკითხვის განხილვა გადიდოს მანამ, სანამ იუსტიციის მინისტრს შეძლება ექნება მასალები და ცნობები დააგროვოს ამ საქმის შესახებ და შემდეგ თავის განმარტება მოახსენოს დამფუძნებელ კრებას. (გვაზავა: როგორ დააგროვებს?) რაც შეეხება გვაზავას განცხადებას, - იუსტიციის მინისტრს უფლება არა აქვს გამოითხოვოსო - ეს უსაფუძვლო არის.

თავმჯდომარე. ეს არსებითად არის. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს.

იუსტიციის მინისტრი გეგეჭკორი. უნდა მოგახსენოთ, რომ . გვაზავა უკვე შეეხო, არსებითად, შეკითხვას და თითქმის ყველა ის, რაც მას სათქმელი ჰქონდა სთქვა, (გვაზავა: არა, ბატონო, მე ბევრი მაქვს სათქმელი!) მე ამას სრულიად არ მოველოდი, რადგანაც ეს არის თქვენი ნაკაზის დარღვევა, და ყოველნაირ შემეცნების დარღვევა, რადგანაც წინასწარ საკითხი იდგა და სანამ ამას თვით გვაზავა და დამფუძნებელი კრება მისივე მონაწილეობით არ გადასწყვეტდა, იქამდისინ არსებითად არ უნდა შეხებოდა. რაც შეეხება ჩემ უფლებას და იმ პროტესტს, რომელიც ამ ჩემ ნაბიჯის მიმართ იყო გამოცხადებული . გვაზავას მიერ, მე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემ უფლებას არ გადავცილებულვარ სრულიად. მე მაქვს, როგორც იუსტიციის მინისტრს უფლება საერთო ზედამხედველობისა ამ სფეროში. ამ დღევანდელ პირობებში სრულიად არ ვიცი, თუ რა მოხდა ჭიათურაში ამ საქმის ირგვლივ, შეიძლება აქ მოხდა სწორედ ის, რამაც ასე აღაშფოთა . გვაზავა, ესე იგი ადმინისტრაციის, ან სხვა რომელიმე ორგანოს ჩარევა სასამართლოს სფეროში. შესაძლებელია, როდესაც საქმის ვითარებას მე გავიცნობ, მასთან ერთად აღვშფოთდები და ასეთი ჩემი აღშფოთებით თქვენ წინაშე წარვსდგები, შესაძლებელია სხვა რამეს ჰქონდეს ადგილი, მე პირადად, არსებითად უნდა გავეცნო იმ მასალას, რომელიც წარმოდგენილია და აღნიშნული შეკითხვაში. მე არაფერს არ ვიცნობ, არაფერი არ ვიცი, თავის-თავად ცხადია, ასეთ მდგომარეობაში მე არ მივცემდი ჩემ თავს უფლებას გამოვსულიყავი და არსებითად შეკითხვაზე პასუხი მიმეცა. ეს იქნებოდა თავდაპირველად დამფუძნებელ კრების დამდაბლება, და აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს და მის წარმომადგენელის ღირსების დამდაბლება. არც ერთი და არც მეორე ჩემ მოვალეობას არ შეადგენს, მე ეს არ მიქნია, რის წინააღმდეგ აცხადებს . გვაზავა ასეთ პროტესტს. (გვაზავა: ამისთანა შეკითხვისა!) ჩემი უფლება სრულიად კანონიერია, ეს შეკითხვა ჯერ-ჯერობით არსებითად არ დამდგარა, როდესაც მოვა ჯერი მაშინ ვნახავთ, როგორი იქნება ჩემი შეხედულობა და როგორი იქნება თქვენი შეხედულება. ყოველ შემთხევაში, ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მე მაქვს ეს უფლება, რადგანაც მე ვქენი ის, რისიც მე კანონით მაქვს უფლება, აგრეთვე რასაც მოითხოვს, და უფლება აქვს მოითხოვოს ჩემგან დაფუძნებულ კრებამ და ამ შემკითხველებმა. ჩემ უფლებას არ გადავცილებულვარ. ნება მიბოძეთ ის პროტესტი, რომელიც გამოაცხადა . გვაზავამ უკვე დაუბრუნო.

თავმჯდომარე. ეს შეკითხვა მოხსნილი გახლავთ. ვინაიდგან დღის წესრიგი ამოწურულია კრებას ვხურავ.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 2 საათსა და 48 .

21 მეორმოცე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, პარასკევი, ივლისის 25. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი

სიმონ მდივანი და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 12 საათსა და 20 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტთა ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს.)

საკანონმდებლო აქტთა ნუსხა

1. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი - გეოლოგიური გამოკვლევათა მოსაწყობათ 200.000 მან გადადებისა. დამფუძნებელი კრება ადგენს: პროექტი დეკრეტისა გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. შინაგან საქმეთ მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტფილისს, სიღნაღ-თელავის შორის ტელეფონის გასაყვანათ კრედიტის გახსნის შესახებ.

გადაეცემა ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართვ. და საბიუჯეტო საფინანსო კომისიათ.

დღიური წესრიგი

1. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო ხაზინიდან 120.160 მან. გადადების დეკრეტისა - საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების დასახმარებლად.

2. საბოლოო ტექსტი - ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების კანონისა.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საქართველოს სენატის დაარსების კანონ-პროექტისა.

4. მეორე (მუხლობრივი განხილვა) სააქციზო და საპატენტო გადასახადის გადიდების კანონ-პროექტისა.

5. მეორე (მუხლობრივი განხილვა) - სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების კანონ-პროექტისა.

6. მეორე (მუხლობრივი განხილვა) - სამხედრო პირთა ხარისხების დებულების შეცვლის კანონ-პროექტისა.

7. მეორე (მუხლობრივი განხილვა) ოფიცერთა, სამხედრო მოხელეთა, ჯარისკაცთა და სამღვდელოებისათვის ახალი ჯამაგირის კანონ-პროექტისა.

8. მეორე (მუხლობრივი განხილვა) - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის კანონ-პროექტისა.

9. მეორე (მუხლობრივი განხილვა) კანონ-პროექტისა - სამხედრო მფრინავთა დამატებითი ჯამაგირისა - ჰაერში ფრენისათვის.

10. მეორე (მუხლობრივი განხილვა) - შეიარაღებულ ძალთა რეორგანიზაციის კანონ-პროექტისა.

11. დეკრეტი - ადგილობრივ თვითმმართველობათა სასარგებლოთ დაწესებულ საფუთო გადასახადის შესახებ მომქმედ კანონდებულებათა შეცვლისა და შევსებისა.

12. დეკრეტი - ტფილისის საოსტატო ინსტიტუტის გაუქმებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისა.

13. დეკრეტი - სახელმწიფო ხაზინიდან 290.089 მან და 25 კ. გადადებისა რკინის გზაზე პარტახიან ტიფთან ბრძოლის გაწეულ ხარჯების დასაფარავად.

14. დეკრეტი - გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ საჭიროებისათვის 87.650. მან. გადადებისა.

15. დეკრეტი - ტფილისის სატეხნიკო სასწავლებლის საშუალო საპოლიტეხნიკო სასწავლებლათ გადაკეთებისა.

16. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიასთან სტამბის დაარსებისა.

17. დეკრეტი - 1919 წ. აგვისტოს 5-ს დადგენილების მოქმედების განგრძობისა - ბინებზე და სხვა სადგომებზე უმაღლესი ფასების განსაზღვრის შესახებ.

ეროვ.-დემოკრ. ფრაქციის წინადადება - ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წინადადება - დღიურ წესრიგს დაემატოს ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციას წინადადება - ლეჩხუმის მაზრაში დამფუძნებელ კრების ყველა ფრაქციის წარმომადგენელთაგან შემდგარ კომისიის გაგზავნის შესახებ.

თავმჯდომარე. გახლავთ წინადადება ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა (კითხულობს ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? თანახმა რეგლამენტისა შეიძლება, რასაკვირველია, მაშინვე წარმოდგენილი იყოს პლენუმის წინაშე, რაც შეასრულა პრეზიდიუმმა. ზემოსვანეთში გაიგზავნოს დამფუძნებელი კრების წევრებისაგან კომისია, სხვა და სხვა ფრაქციების მიერ წარმოდგენილი, რომ იქ გამოარკვიოს მდგომარეობა და სათანადო ზომები მიიღოს. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის ბატონ კედიას.

სპირიდონ კედია. (ნ.დ.) ამ წინადადებას თქვენ დაინახეთ კიდეც, აქვს ერთგვარი სასწრაფო ხასიათი, იმიტომ რომ ის დაკავშირებულია სვანეთში დამფუძნებელ კრების არჩევნების მიმდინარეობასთან.

არა ერთხელ მოგვსვლია ასეთი ცნობები შესახებ ლეჩხუმისა და სვანეთისა. ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ მართლაც მოხდა მკვლელობა, სამწუხარო მკვლელობა, რამდენჯერმე, ხან პირად ნიადაგზე, და არავითარი ისეთი ზომები არ არის მიღებული მაზრაში, რომ ბოროტ-მომქმედთ ეშინოდეს. ასეთ სინამდვილის წინაშე მე მგონია დამფუძნებელი კრება საჭიროდ დაინახავს აუცილებლად შეადგინოს კომისია და გაგზავნოს იმის გამოსაკვლევად, მართლა თუ რა ხდება ლეჩხუმში და სვანეთში.

თავმჯდომარე. უკაცრავათ, ბატონო ორატორო, თქვენ წინაშე საკითხი ესე არა სდგას. საკითხი სდგას - გნებავთ თუ არა ეხლავე დღიურ წესრიგში შევიტანოთ ეს წინადადება?

. კედია. კი ბატონო, ამის გამოისობით ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წინადადება, რომ ეს საკითხი დღიურ წესრიგში შეტანილ იქნეს და განხილულ იქნეს დღევანდელ სხდომაზე.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი? წინადადება მიღებული გახლავთ და შეტანილი იქნება დღიურ წესრიგში. პირველი საკითხი არის 120.160 ათასი მანეთის გადადებისა საისტორიო საეტნოგრაფიო საზოგადოების დასახმარებლად. მომხსენებელი გახლავთ სოლოღაშვილის ასული.

(დეკრეტი მიღებულია კენჭის ყრით).

შემდეგი მეორე საკითხი ტექსტი დეკრეტისა ცენტრალურ სასტატისტიკო კომიტეტის დაარსება. მომხსენებლი გახლავთ სოლოღაშვილის ასული (საბოლოო ტექსტი კენჭის ყრით მიღებულია).

შემდეგი საკითხი გახლავთ მუხლობრივი განხილვა პროექტისა საქართველოში სენატის დაარსების შესახებ. მომხსენებელი გახლავთ ჯაფარიძე.

. ჯაფარიძე. (კითხულობს მუხლობრივ. 1-20 მუხლამდინ მიღებულია კენჭის ყრით და შესწორებებით)

თავმჯდომარე. მე-20 მუხლში შესწორება არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის მიერ, რომ მე-20 მუხლიდან გამოირიცხოს შემდეგი სიტყვები (კითხულობს).

მე-20 მუხლიდან გამოირიცხოს შემდეგი სიტყვები: „მოსამართლეთ მაინც უმსახურნიათ არა ნაკლები 8 წლისა“. ამის მაგიერ უნდა იქნეს: „ან ვისაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს სასამართლოს სფეროში“.

ამავე მუხლიდან გამოირიცხოს შემდეგი სიტყვები: სისხლის სამართლის დეპარტამენტის სენატორთა რიცხვში ერთი უნდა იყოს სამხედრო იურისტი“.

ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წიადადება: მე-20 მუხლში ამოიშალოს სიტყვები „ორი წლის ვადით“ და „ოთხი წლის ვადით“.

ამავე მუხლის მეორე ნახევარი შეიცვალოს ამ სახით: „რომელთაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიუღიათ და არა ნაკლებ 5 წლისა უმუშავნიათ სასამართლოს ან საადმინისტრაციო ასპარეზზე, ან თუ ასეთი განათლება არა აქვთ მიღებული, „მოსამართლეთ მაინც უმსახურნიათ არა ნაკლებ რვა წლისა“.

სოც.-დემ. ფრაქციას შემოაქვს წინადადება: მე-20 მუხლში ამოიშალოს სიტყვები: „ისეთ პირთაგან, რომელთაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიუღიათ ან, თუ ისეთი განათლება არა აქვთ მიღებული, მოსამართლეთ მაინც უმსახურნიათ არა ნაკლებ რვა წლისა. სისხლის სამართლის რიცხვში ერთი უნდა იქნეს სამხედრო იურისტი“.

შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბატონ გვაზავას.

გიორგი გვაზავა. ბატონებო, წინა სხდომაზე მოგახსენეთ. აქ ყველამ სთქვა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სენატს. სენატი არის მესამე ელემენტი სახელწიფოებრივ უფლებისა. იმას აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა როგორც კანონმდებლობას და მის ორგანიზაციას, როგორც მთავრობას და მის ორგანიზაციას ასეთი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს, სენატს და მის მოწყობას. სენატი არის თავი სასამართლოსი, მაშასადამე, ყოველი საკითხი, რომელიც შეეხება სენატს და მის მოწყობას დიდი მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ეროვნულ დემოკრატებმა შემოვიტანეთ შემდეგი შესწორება (კითხულობს). ეს შესწორება აუცილებლად მოითხოვს, რომ სენატორი იყოს განათლებული პირი, მცოდნე პირი საზოგადოებრივ უფლებისა, ე.ი. იურისტი. მე ვამბობ ეს აუცილებელი მოთხოვნილებაა. მე მგონია, ამას დამტკიცება არ უნდა. შეუძლებელია, მაგალითად, რომ ექიმის ადგილზე დაინიშნოს სხვა ვინმე უბრალო კაცი, ვაჭარი ან მუშა. სწორედ ამნაირად შეუძლებელია, რომ სენატორად იყოს ისეთი პირი, რომელსაც არ მიუღია შესაფერი განათლება და მომზადება. მე მგონია ეს ეჭვს გარეშეა. თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას პირველს და მეორე მუხლს, იმ წესდებისას რომელიც თქვენ უკვე მიიღეთ, დაინახავთ რომ სენატი ხელმძღვანელია საერთო ყოველ უფლებრივ სფეროში. იგი ხსნის კანონებს, განმარტავს აზრებს, განმარტებას აძლევს, აწესრიგებს ცხოვრებას, ერთი სიტყვით ამას აწევს დიდი მოვალეობა და ამ მოვალეობის ასრულება ყოვლად შეუძლებელია თუ ადამიანი მოუმზადებელია.

ბატონებო, ეს ისეთი აზრია, რომ ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ეს ყველასთვის გასაგები არის. ამიტომ პირველ პროექტში ნათქვამი არის, რომ საჭიროა იურიდიული მომზადებაო, მარტო ეს იყო თქმული, მე მაშინ მოგახსენებთ, რომ მარტო იურიდიული მომზადება, მარტო დიპლომი იურიდიულ ფაკულტეტისა საკმარისი არ არის. რადგანაც მეც და ბევრმა ამხანაგმა იურისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ მარტო იურიდიულ ფაკულტეტის გათავება არ არის საკმარისი, აგრეთვე ვისაც დიპლომი მიუღია და გამოცდილება კი არა აქვს, რასაკვირველია სენატორის მოვალეობას ვერ აასრულებს. ყველას მოგეხსენებათ უბრალო ადვოკატად რომ ყოფილიყავით, ნაფიც ვექილათ, საჭირო იყო 5 წლის მუშაობა როგორც თანაშემწისა. თუ ადვოკატებისთვის 5 წლის მუშაობა სავალდებულო იყო, ნუ თუ სენატორობას თქვენ მისცემთ ისეთ პირს, რომელსაც ესეთი სტაჟი არ გაუვლია? ნუ თუ სენატორობა უფრო ადვილი საქმეა ვიდრე უბრალო ადვოკატობა. ამიტომ მე შევიტანე ეს შესწორება რომ ამ იურიდიულ განათლებას იმავე დროს დამატებული ჰქონდეს კიდევ ხუთი წლის მუშაობა მაინც სადმე ან სასამართლოში, ან ადმინისტრაციაში. მაშინ როდესაც ადამიანს ექნება იურიდიული განათლება, როგორც თეორეტიული, და იმავე დროს ეს ადამიანი იმუშავებს 5 წელიწადს, მე დავინახე, რომ ეს ამ შემთხვევაში არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია სენატორისთვის. ამიტომ მე ვითამ იმ შესწორებას, რომელიც შემოვიტანე, მხოლოდ მიუღებელია ის შესწორება, რომელიც შემოიტანა სოც. დემ. ფრ. აქ ცენზი სრულია წაშლილი არის. მაშასადამე შესაძლებელია დაინიშნოს ისეთი პირი, რომელსაც არა აქვს იურიდიული განათლება, არა აქვს არავითარი მომზადება საზოგადო გამოცდილება. აგრე გამარტივება ბატონებო ამ საკითხისა ყოვლად მიუღებელია. დამერწმუნეთ ასე საკითხის დაყენება არცხვენს ჩვენს სახელმწიფოებრივ შეგნებას თუ ჩვენ სახელმწიფოს სათავეში ვდგევართ, თუ ჩვენ დამფუძნებელი კრება ვართ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოთხოვნილება სახელმწიფოებრივ ცხოვრებისა და თუ გაგვეგება სახელმწიფოებრივი მოთხოვნილება ყოვლად შეუძლებელია, რომ სენატორათ იქნეს უბრალო არჩეული ვაჭარი, უბრალო მუშა, უბრალო მეურნე, ვინც გინდა იყოს. ეს ყოვლად მიუღებელია. მართალია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თვით ვირჩევთ და ჩვენ ამოვირჩევთ კარგ კაცსო, მაგრამ ეს ცოტა არის. კანონმდებელმა, ჩვენმა კრებულმა, დამფუძნებელმა კრებამ თითონ უნდა დაიდოს რაიმე კანონი, თავისთვის სავალდებულო. ამ მხრივ ღია კარები არ უნდა იყოს. დღეს თქვენ ხართ დამფუძნებელი კრება, მაგრამ გავა დრო, ერთი წელიწადი, და იქნება სხვა იმიტომ უნდა იყოს რაიმე კანონი და ეს კანონი უნდა იქნეს სავალდებულოთ მიღებული. სავალდებულო მოთხოვნილება არის რომ სენატორს ჰქონდეს შესაფერი განათლება. თუ ამ აზრს არ მიიღებთ, არ გაატარებთ, მაშინ დამერწმუნეთ, არამც თუ ეს შეაფერხებს ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, არამედ არევ დარევს და შეაფერხებს ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებასაც.

დამერწმუნეთ, რომ ეხლანდელ მომენტში ჩვენი მდგომარეობა ძალიან რთულია და ყოველივე ნაბიჯზე უნდა ყურადღება მივაქციოთ თუ საითკენ ვიხრებით. ჩვენ ვიცავთ დამოუკიდებლობას, ვიცავთ იმ პრინციპს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ და გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობის აქტში თუ არა? ე.ი. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ პრინციპს თუ არა. ამას უყურებენ და თუ დაინახავენ სხვა სახელმწიფოები, მაგალითად, ინგლისი, რომ ჩვენ ვიხრებით უფრო მარცხნივ, ჩვენ დემოკრატიზმს თითქმის უარყოფთ და პირველ ადგილზე გამოგვაქვს შეიძლება უკვე ითქვას, მოუმზადებლობა და უმეცროება, ეს ყოვლად შეუძლებელია. (გობეჩია: ეს ხომ მუქარა არის). ეს მუქარა კი არ არის ეს მართალია, ფრიად სახიფათო არის ეს ნაბიჯი და თუ სახელმწიფოები დაინახავენ, რომ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომლითაც მიდიან მოსკოვში, ეს სახიფათოა ჩვენთვის. შეიძლება ეს ბატონ გობეჩიასთვის სასურველი იყოს და იდეალიც იყოს, მაგრამ ჩვენთვის, გარწმუნებთ, ეს დიდათ სახიფათოა. თუ დენიკინი შემოვიდა და დაინახა, რომ საქართველოში ასეთი მიმართულებაა, მაშინ დაიღუპებიან, და დამარცხდებიან სწორედ ეს პირები, აი სწორედ სოც. დემოკრატები, თუ გნებავთ და სამწუხაროდ, თავდაპირველად სწორედ ნოე ჟორდანია იქნება ჩამოხრჩობილი (ხმაურობა: თავდაპირველად სწორედ გაანადგურებენ იმ მუშებს, რომელთაც ამისთანა შესწორება შემოაქვთ (ხმაურობა) თუ დენიკინი შემოვიდა და სწორედ ეს მუშები იქნებიან ჩამოხრჩობილნი. თუ გინდათ, რომ ის არ შემოვიდეს, ნუ უღალატეთ იმ დემოკრატიას, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომელსაც აქვს მნიშვნელობა და რომელიც არის სავალდებულო ჩვენთვის. ჩვენს კონსტიტუციაში არის ნათქვამი დემოკრატიული წესწყობილება. დემოკრატიული წესწყობილება უმეცროობას კი არ ამეფებს, არამედ აწესრიგებს ჩვენს ცხოვრებას და თუ სენატს ჰქმნით, ჰქმნით მხოლოდ იმისთვის, რომ უმაღლესი ორგანო იქნეს უფლებრივ ცხოვრებაში, ან მოაწესრიგოს ცხოვრება უფლებრივ თვალსაზრისით. როდესაც ამას სთვლით თქვენ ამბობთ: არც იურიდიული განათლება არის საჭირო, არც იურიდიული მომზადება არის საჭირო და არც ამისთანა სენატის შექმნა არის საჭიროდ. მე მგონია ამისთანა აზრი ყოვლად მიუღებელია. სოც. დემ. ბევრი შესწორება შემოიტანეს, მაგრამ ყველა ისინი არიან ისთე გადაბმული ერთი მეორესთან, რომ ნება მიბოძეთ ეხლავე განვმარტო, რომ მეორე ჯერ არ გავიმეორო.

თავმჯდომარე. უკაცრავათ, შესწორება შეეხება მე-20 მუხლს.

გვაზავა. მე გთხოვთ, რომ უარყოფილი იქნეს წინადადება სოც.-დემოკრატებისა. ის, რომელიც იყო ადრე დარჩეს, მხოლოთ ისეთი დამატებით, რომელიც შევიტანეთ ჩვენ. ეს დამატება არის მინიმუმი ხუთი წლის, სტაჟი, რომ ვინმე გახდეს სენატორი და რომ სიკეთე გააკეთოს და წესრიგი შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში. აი ბატონებო ეს მინიმუმია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამას მიიღებ. დიდათ შეცვლილი არ არის თქვენი პირველი კანონ-პროექტი და რაც შეეხება თქვენ შესწორებას, ის როგორც მოგახსენეთ, ყოვლად მიუღებელი არის.

თავმჯდომარე. ყოველგვარ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მე ამ მაღალ ტრიბუნიდან უნდა განვაცხადო, რომ საქართველოს დემოკრატია და მისი დამფუძნებელი კრება, რასაკვირველია, მიდის საკუთარი გზით და არა მოსკოვის, თუ სხვა რამ ქალაქის გზით (ხმები: მართალია) მაშასადამე, ეს ადგილი სიტყვისა, რომელსაც ხაზი გაუსვა ბატონმა ორატორმა, მიუღებელია ჩვენთვის. საჭიროდ ვრაცხ ჩემს თავს, რომ მეორე მხრივაც გაუსვა მას ხაზი და ითქვას, ერთხელ კიდევ, რომ ეს არის საკუთარი, დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობისა ხაზი და გეზი. (გვაზავა: ეს დღეს დამტკიცდება).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. იურიდიულ კომისიაში მიიღო მონაწილეობა ყველა პარტიის წარმომადგენელმა და სცნეს მისაღებათ ის პირველი ტეზისი, რომ სენატორებს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეთ მიღებული. მე ამ დებულებას ვიცავ შემდეგი მოსაზრებით: ჩვენი აზრი გამომდინარეობს იმ მნიშვნელობიდან და ღირებულებიდან, რა მნიშვნელობა და რა ღირებულება აქვს სენატს. ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. სენატი არის უპირველეს ყოვლისა საკასაციო დაწესებულება, საკასაციო ინსტანცია, ამას მე ხაზს ვუსვამ, მართლაც, რომ სენატორებმა ზედ მიწევნით, როგორც სპეციალისტებმა, უნდა იცოდნენ კანონები და შესწავლილი ჰქონდეთ ეს დარგი. სენატორები მომზადებულნი უნდა იყვნენ როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად. ჩვენ გვჭირია, რომ ყოველ დარგში გვყავდეს სპეციალისტები. თუ ჩვენ პროგრესის მომხრენი ვართ, შეუძლებელია პროგრესი, თუ ჩვენ სათავეში არ დგანან სპეციალურად მომზადებულნი პირნი. ის, - სენატორმა უნდა განმარტოს ახსნას კანონი, თვალ-ყური ადევნოს კანონმდებლობას, განსაკუთრებით ამ პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კანონის მსვლელობას. გაარჩიოს მუდმივი და კერძო ხასიათის მოვლენანი. შესაძლებელია დამფუძნებელმა კრებამ ან პარლამენტმა აღნიშნოს ცხოვრების მოთხოვნილებათა და კანონთა შორის. სენატს უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი დამფუძნებელი კრება ანუ პარლამენტი მიაქცევს ყურადღებას სენატის მუშაობას და შეასწორებს წინააღმდეგობას. ჩვენ, რომ მივაქციოთ ყურადღება რუსეთის სენატის პრაქტიკას, დავინახავთ, რომ შეიქმნა აუარებელი სახელმძღვანელო მასალა. სენატორები არ იყვნენ მოკლებული ცოდნას, გამოცდილებას და შემოქმედებითი ნიჭს. ერთი საკითხი იყოს, ეს პოლიტიკური საკითხები. ისინი აქ სდუმდნენ. გარეშე - ამისა საუცხოვოთ მართავდნენ კანონებს და მათ ღირებულებას. მოქალაქენო სენატორობა რთული მოვალეობაა. თქვენ გონიათ, რომ ჩვენ სპეციალისტები არ გვჭირიან. იქნება თქვენ ფიქრობთ, უმაღლესი იურიდიული განათლება მეტი ბარგია სენატორიისათვის? თქვენ ბრძანებთ, რომ ამოვირჩევთ ისეთ პირებს, რომელნიც სათანადოდ იქნებიან მომხსენებელნი, მაგრამ ამას კანონში არ აღვნიშნავთო, რატომ? თუ კანონი არ იგულისხმებს იურიდიულ განათლებას მაშინ კარი ღიად რჩება. შესაძლებელი ხდება არჩევა უცენზო, პიროვნებისა, სურვილისამებრ. თორემ სხვა გვარ ახსნას მე ვერ ვპოვებ. წინადაც და ეხლაც მოგეხსენებათ, რომ გამონაკლისი უნდა იყვეს. შეიძლება უმაღლესი განათლება არ მიიღოს, მაგრამ შესძლოს სენატორობა. ამ შემთხვევაში საჭიროა და აუცილებელია სასამართლოს სფეროში ჰქონდეს გამოცდილება, ბუნებრივმა ნიჭმა და გამოცდილებამ უნდა დაჰფაროს ნაკლი, რომ მას არ მიუღია უმაღლესი განათლება, ჩვენი ფრაქცია ამ შესწორებას უჭერს მხარს, ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ ისეთი პირები, რომელნიც მომზადებულნი არიან, რომელთაც სპეციალურად იციან ეს საგანი, სენატის დაარსება ამას მოითხოვს, ჩვენ ვირჩევთ სულ 15 კაცს, ნუ თუ ჩვენ შორის, საქართველოში 15 კაცს ვერ ვიპოვნით, რომ უმაღლესი ურიდიული განათლება მიეღოს და გამოცდილებაც ჰქონდეს - გარდა ამისა ჩვენი რწმენით ჩვენ მიერ დასახულნი სენატორები გაამაგრებენ და განამტკიცებენ დემოკრატიულ რესპუბლიკის კანონმდებლობას. ჩვენ აზრების სააწინააღმდეგოდარ არ არის მოყვანილი საბუთები ის შესწორება რომელიც აქ არის შემოტანილი ს.-დ. ფრაქციის მიერ, არ ეთვისება ნამდვილ მოთხოვნილებას და არ შეეფერება სენატის ღირსებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ გურულს.

ზაქარია გურული. (ს.დ.) ბატონმა იურისტმა გვაზავამ დღეს ახირებული აზრი გაავრცელა ამ ტრიბუნიდან. ეს ის გახლავთ რომ ცენზის უარყოფა ამა თუ იმ საქმეში თურმე ნიშნავს დემოკრატიზმის უარყოფას. (გვაზავა: ცოდნის განათლების უარყოფას!) მე ჩაწერილი მაქვს ბატონ გვაზავას სიტყვები, რომ ინგლისმა დაინახოს რომ ჩვენ დემოკრატიზმს გადაუხვიეთ მოსკოვისკენ, - დემოკრატიული წყობილება აღარ არის თურმე, ან ჩვენ რაიმე დაწესებულებების ცენზი უარვყავით. ამით საზოგადო მოქალაქეობას ან ცოდნას ვდევნით (ხმა: რა ცენზი!) ჩვენ ლაპარაკი გვქონდა ცოდნის ცენზზე. კანონში შეტანილია თუ უარყოფილია ცენზი, ამაზე შემდეგ მოგახსენებთ. მე ვამბობ ცენზის უარყოფა ან წერა, აკრძალვა კანონის, არ ნიშნავს დემოკრატიზმის უარყოფას. ეს არ არის დემოკრატიზმის გადახვევა, არ ნიშნავს დემოკრატიულ წყობილების უარყოფას, მაგრამ გადავიდეთ კითხვაზე არსებითად, როგორც წინა ისე მეორე მოლაპარაკე გვეუბნებოდნენ კარებს ღიას ნუ დასტოვებთო. ხომ ჩვენ ვირჩევთ ამ სენატის წევრებს, წინასწარ დავკეტოთ კარი, წინასწარ გადავსწყვიტოთ ეს კაცი ავირჩიოთ ან ეს არ ავირჩიოთ. ხომ ჩვენ ვარჩევთ აი 15 კაცს. ნუ თუ ვერ მოვძებნით იურისტს ან მცოდნე გამოცდილ კაცს საქართველოშიო. რაღათ გინდა რომ მაინც და მაინც ღია იყოს კარიო. მე გეკითხებით ეროვნულ-დემოკრატებს: ვისთვის უნდა ჰქონდეს წინასწარ დაკეტილი კარები? ნუ თუ დამფუძნებელ კრებას ან საქართველოს პარლამენტს არჩეულს იმ დემოკრატიულ საარჩევნო კანონით, რომელიც ჩვენ გვაქვს, უნდა ეშინოდეს თავისთავის თუ წინასწარ კარები დავკეტე ხელები არ შევიკარით, შეიძლება გლახა რამ ჩავიდინოთო? ეს არის თავის თავის უნდობლობა, იმ ფრაქციისა რომელიც ამას აყენებს, ეს არის უარყოფა თავის იმედებისა, რომ საქართველოს მოქალაქეთა შორის არჩეული დეპუტატი ვერ მოიქცევა იმდღეს, როცა არჩევნები იქნება, ისე როგორც დამფუძნებელ კრების წევრს შეჰშვენის და, თუ ეს არ იქნება წინასწარ განსაზღვრული კანონით. შეიძლება გლახა კაცი ავირჩიოთ სენატის წევრათ. (ხმა: სულ არ უნდა მაშინ კანონი). არა ჩვენ გვაქვს კანონი დებულება სენატისა, როგორ უნდა აირჩეს ის. ჩვენ დებულების მე-20 მუხლში რომ იყოს ნათქვამი, რომ ირჩევს დამფუძნებელი კრება და პარლამენტი კი არა, ირჩევს ერთი პირი. ვსთქვათ გიორგი გვაზავა, მაშინ თავისთავად ცხადია უნდა იყოს აღნიშნული თუ როგორ, რა სფეროდან, რა კორპორაციიდან უნდა ამოირჩიოს მან ეს კაცი. მაგრამ ვინაიდგან ჩვენ ვწერთ კანონს, რომ დამფუძნებელი კრება ირჩევს, შემდეგ ირჩევს პარლამენტი, ასეთივე წესით არჩეული როგორც არის არჩეული ჩვენი დამფუძნებელი კრება, მაშინ არ არის საჭირო წინასწარ კანონში იმის თქმა, რომ უთუოდ ამოირჩიეთ ის კაცი, რომელმაც გაათავა იურიდიული ფაკულტეტი და რომელსაც უმსახურნია 8 წელიწადი სასამართლოში. (გვაზავა: ცოდნა არის საჭირო) ჩვენ ვამბობთ ცოდნა არის საჭირო, თქვენ ამბობთ რომ ექიმათ არ შეიძლება დაინიშნოს ის, რომელსაც არ გაუთავებია საექიმო ნაწილი, მე კი ვამბობ, რომ ექიმად შეიძლება მოიწვიოს ისიც ვისაც იურიდილი ფაკულტეტი არ გაუთავებია. (სიცილი ხმაურობა). განა თქვენ არ იცით ისეთი ექიმები, მე ვიცი ასეთი ფაქტი საქართველოში, რომ ექიმს არ გაუთავებია იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ მშვენივრად ექიმობს, (სიცილი) (გვაზავა: ექიმბაში) მე არ მოგახსენებთ ექიმბაშზე, მე მოგახსენებთ ექიმზე.

დავანებოთ თავი საქართველოს და გადავიდეთ ისტორიაზე. განა ბატონ გვაზავამ არ იცის მაგალითი ისტორიიდან? (გვაზავა: არ ვიცი!) რომ არ გაუთავებია იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ ცნობილი იურისტი იყო, როგორც საქმის მცოდნე? გაიხსენეთ აბრამ ლინკოლნი. განა ბატონ გვაზავამ არ იცის რომ ლინკოლნს იურიდიული ფაკულტეტი არ გაუთავებია მაგრამ ის იყო მშვენიერი იურისტი, სახლში მომზადებული. (გვაზავა: გამონაკლისი არის) ჩვენ დაფუძნებელ კრებას და არც პარლამენტს ხელი არ უნდა შეუკრათ თუ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა აბრამ ლინკოლნი ან ლასალი, არ უნდა ჰქონდეს ხელი შეკრული არც დამფუძნებელ კრებას და არც პარლამენტს, რომ ისინი ამოირჩიონ სენატორებათ. და თუ თქვენ კანონი და თქვენი ფორმულა მივიღეთ მაშინ ჩვენ არ გვექნება უფლება, ვიმეორებ, გენიოსიც რომ წარმოიშვას ჩვენ ხალხში, ეს გენიოსი ამოირჩიოს. ჩვენ კი არ ვუკრავთ ხელს და ვამბობთ ეხლა: თუ ჩვენში დაიბადა, წარმოიშვა ასეთი გენიოსი მაშინ... ჩვენ კი არ ვიკრავთ ხელებს, ჩვენ ვამბობთ, თუ ჩვენში დაიბადა გენიოსი მიუხედავად იმისა რომ იურიდიული ფაკულტეტი არ გაუთავებია, ჩვენ ავირჩევთ.

თავმჯდომარე. ბატონო ორატორო, ბატონო ორატორო, თუ შეიძლება ყურადღება მიაქციეთ ჩემ სიტყვას, უმორჩილესად გთხოვთ მიმართოთ კრებას და კერძო წევრებს ყოვლად შეუძლებელია წარმოება ესე სხდომისა.

გურული. ვინაიდან მომავალში ჩვენი სენატი იხელმძღვანელებს უფრო აწი შექმნილ კანონმდებლობით, ვინაიდან უნდა იხელმძღვანელოს ამ რევოლიუციონურ, ხალხის მიერ არჩეულ დაწესებულებაში შემუშავებულ წესით, აქ შესაძლებელია რომ თვით ამ პროცესში წარმოიშვას ხალხი მაგრამ არც ეს შეგვაქვს ჩვენ კანონში, ჩვენ ვამბობთ, კარი ღია უნდა გვქონდეს, ხელი უნდა გვქონდეს გახსნილი დამფუძნებელ კრებას და პარლამენტს უფლება უნდა ჰქონდეს, საქართველოს მოქალაქეებისგან ამოირჩიოს სენატორები, განურჩევლად ვინ იქნება ის (კედია: ჭკვიანი თუ უჭკუო) რასაკვირველია, მცოდნე და გამოცდილი, მიუხედავად იმისა იურიდიული ფაკულტეტი აქვს გათავებული თუ არა, თვითმყრობლობის სტაჟი გავლილი აქვს თუ არა.

შალვა მესხიშვილი. (ს. ფ.) მოქალაქენო, ძალიან დამახასიათებელია, რომ სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ თავის შესწორების დასაცავად იურისტი არ გამოგზავნა, თუმცა ფრაქციას იურისტი საკმავოდ მოეპოვება. (გვაზავა: ვინ იკადრებდა ამას) მე ამას იმითი ვხსნი, რომ ვერც ერთი იურისტი სერიოზულად ამ კათედრიდან ვერ დაიცავს იმ შესწორებას, რომელიც შეტანილია სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ. უკვე მოყვანილ საბუთებს აღარ გავიმეორებ. მხოლოდ საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გაუსვა, რომ სენატს ძალიან დიდი მოვალეობა და დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ცხოვრებაში. თქვენ უკვე მიიღეთ რამოდენიმე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სენატის კომპეტენციას და მის ფუნქციებს. აქედან ნათელი უნდა იყოს როგორი დიდი სახელმწიფოებრივი და შემოქმედებითი მნიშვნელობა აქვს სენატს ჩვენ ნორჩ სახელმწიფოს კანონმდებლობაში. ასეთ პირობებში სოციალ-დემოკრატების შესწორება ადასტურებს, რომ შეიძლება სენატორად ავირჩიოთ ყველანი, და არავითარი ცენზი საჭირო არ არისო, ბ. გურული ბრძანებს საჭირო არ არის წინასწარი ხელის შეკვრა, როდესაც უმისოდაც ისეთ პირობებს აირჩევენ, რომელთაც ცოდნა უნდა ჰქონდეთო. ბ. გურულმა ხუთჯერ დაამსხვრია ის დებულება, რომელიც თითონ წამოაყენა. მაშასადამე აუცილებლად საჭირო ყოფილა ცოდნა, ცოდნის ცენზი აუცილებელი პირობა არის და რატომ არ გინდათ ეს კანონში შეიტანოთ, და ფიქრობთ, რომ ეს დამფუძნებელ კრების ხელის შეზღუდვა იქნება - რა საჭირო არის მაშინ კანონების წერა? რაც მოგვეპრიანება ის გავაკეთოთ. როდესაც ჩვენ უფლებრივ სახელმწიფოს ვქმნით, როდესაც ჩვენ გვინდა წესიერება დავამყაროთ, - საჭიროა გავითვალისწინოთ ის, რაც საჭიროა სათანადოთ. მე ვამტკიცებ, რომ ძალიან დიდი მოვალეობა აწევს სენატორს და დიდი შემზადება უნდა ჰქონდეს მას. მოწინააღმდეგეთ, ალბათ ვერ წარმოუდგენიათ, რა ხასიათის მუშაობა აქვს სენატს. მე საუბედუროდ არ წამომიღია თვითპყრობელობის დროს ყოფილ სენატის განმარტებანი, უბრალო საკითხის განმარტებებს, რომ მოვკიდოთ ხელი, თქვენ დაინახავთ, რომ ამ ხალხს დიდად უმუშავნიათ და დიდი ცოდნის პატრონებიც უნდა ყოფილიყვნენ. დიდი გამოცდილება, დიდი დაკვირვება, დიდი ნიჭი და ცოდნა არის საჭირო, რომ გადასრულ საკითხს იმისთანა პასუხი მისცეთ, რომელიც შეეფერება კანონს და დღევანდელ ახალ მოთხოვნილებებს, მითუმეტეს, რომ განმარტება, მარტო ერთ საქმისთვის კი არ არის სავალდებულო, არამედ ყველა იმისთანავე საქმეებისათვის. ყოველ ამისთანა განმარტებას კი მოუმზადებელი იურისტი ვერ დაწერს. თქვენ შეგიძლიანთ დაგვისახელოთ გამოჩენილი მოღვაწე, რომელსაც შეუძლიან მთელ სახელმწიფოს სათავეში დგომა, ამის პოლიტიკური ნიჭი აქვს, მაგრამ დიდებული პოლიტიკური მოღვაწე მე უბრალო იურიდიულ კითხვაზე პასუხს ვერ მომცემს, უბრალო საკასაციო თხოვნას ვერ გაარჩევს. შეიძლება დიდი გონების პატრონი და დიდი მოღვაწე იყოს, მაგრამ კანონის სათანადო განმარტებას, მით უმეტეს მაშინ, როცა ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს სპეციალური ცოდნა საჭიროა და იურიდიული განათლება აუცილებელია ბატონებო. ერთგვარი სიმართლეა, როცა ბ. გურულმა ბრძანა, ცხოვრებამ იცის მაგალითები, როდესაც სპეციალურ მომზადება არ მიუღიათ, მაგრამ გამოჩენილი იურისტები იყვნენო. ჩვენ, იურისტებმა ვიცით შემთხვევა, როდესაც იურიდიული განათლება არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ გამოჩენილი იურისტები იყვნენ. ეს არგუმენტია იმისთვის, რომ არ მოვაკლოთ დამფუძნებელ კრებას საშუალება ამისთანა პირთაგან ამოვირჩიოთ სენატორი. ჩვენ ვლაპარაკობთ, თუ იურიდიული განათლება არა აქვს, უსათუოდ გამოცდილება უნდა ჰქონდეს სასამართლოს სფეროში. მაგრამ შეუძლებელია ცხოვრებამ ისეთი მაგალითები წამოგვიყენოს, რომ ადამიანს იურიდიული განათლება არ ჰქონდეს, სასამართლო სფეროში არ ემუშავნოს და გამოცდილება კი ჰქონდეს. ამისთანა თეორეტიკოსები ცხოვრებამ არ იცის.

კიდევ ერთი მოსაზრება, თუ კი თქვენ, ბ-ნო სოციალ-დემოკრატებო როცა მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი შემოვიღეთ, მოსამართლისათვის ცენზი აუცილებლად მიგაჩნდათ და მივიღეთ კიდეც ცენზი, რა დაემართა თქვენს ლოღიკას ეხლა? მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამის შემდეგ რაც აქ ითქვა, შესწორება მაინც შეტანილი იქნება კანონში. მაგრამ მოვალედ ვრაცხ ჩემ თავს, რადგანაც ძალიან პასუხისმგებელ მომენტში ვცხოვრობთ და დიდ ინსტიტუტს ვქმნით, ჩემი აზრი მკაფიოდ წარმოგიდგინოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. (ს. დ.) ის აზრი, რომელიც გამოთქმული არის სოც-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებით, ისეთი საღი აზრი არის და მისაღები, რომ ამისთვის შესაძლებელი იყო, რომ მოგვესმინა არა იურისტი და ეს აზრი აგვეწონ-დაგვეწონა. მაგრამ სიტყვა ავიღე იმისთვის, რომ უპასუხო აი ამ ჩემ ამხანაგებს პროფესიით. ჩვენი შესწორება მიიყვანეს, მართლაც აფსურდამდე. თქვენ იმდენად გადახარეთ ჯოხი, რომ ამბობთ კანონმდებლობა რა საჭირო არისო. მე მგონია ეს ისეთი ლაპსუí á, ისეთი აბსურდი არის, როგორც წარმოყენებულია სიტყვა გვაზავასი. შესწორება არის შემოტანილი, ამ შესწორებიდან თქვენ დასკვნით, რომ კანონმდებლობა საჭირო არ არის. (კედის: ეს რეპლიკა გახლდათ ბ. გურულის სიბრძნეზე). ამ შესწორებას არავინ არ ამტკიცებს, და არავინ არის იმ აზრისა, რომ სენატორისთვის არ იყოს საჭირო ცოდნა და შესაფერი გამოცდილება; წინააღმდეგ, ჩვენ იმ აზრისა ვართ, რომ აუცილებლად საჭირო არის განათლება, და გამოცდილება იურიდიულ კომისიაში. სადაც იურისტები ისხდნენ იქაც დაიბადა ეს აზრი. იქ წარმოითქვა აზრი, რომ დამფუძნებელ კრებას უნდა მისცეთ ისეთი უფლება, რომ თითონ აირჩიოს ღირსეული სენატორები. ნუ დაუდებთ მას საზღვარს, ფარგლებს ჩარჩოებში ნუ ჩავაყენებთ, რომ დამფუძნებელ კრებამ და მერე პარლამენტმა თვით შესძლოს უარყოს უვარგისი პირები. მაგრამ, იურიდიულმა კომისიამ ხმის უმრავლესობით სულ სხვა დებულება შეიმუშავა. ისე რომ ეს არც ისეთი აზრი არის, რომელიც იურისტს არ მოუვიდოდა თავში. მართლაც, არსებითად რომ შევხედოთ, განა შეიძლება რომ დამფუძნებელ კრებამ და პარლამენტმა ამოირჩიოს ისეთი კაცი, რომელსაც არავითარი ცოდნა არა აქვს და არ მიუღია შესაფერი გამოცდილება. ეს ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მართლა არ შეგვიძლიან შევბოჭოთ საკანონმდებლო ორგანო, დამფუძნებელი კრება და პარლამენტი ამ თავისუფლებას მოიხმარს ისე, როგორც შეეფერება სენატის ღირსებას, როგორც შეეფერება დამფუძნებელ კრების და პარლამენტის ღირსებას. აი ამაში არის აზრი, თორემ, თქვენ რომ ბრძანეთ, რომ იურიდიული განათლება საჭირო არის, ამას არავინ უარყოფს, ფრაქცია ამის წინააღმდეგი არ არის. (გვაზავა: მაშ დაუმატეთ კანონს ეს), ფრაქცია სცნობს რომ ცოდნა გამოცდილება საჭირო არის, მაგრამ ამას გარდა საჭირო არის ბევრი რამ სხვა თვისება კიდევ, რომელიც აუცილებელია დღეს ყველა მოღვაწისთვის. გენიოსიც რომ იყვეს დენიკინელს აზრით, ჩვენ ვერ დავაჯენთ სენატში, და არც სხვა დაწესებულებაშიაც დავაჯენთ. მაშასადამე, არის ისეთი თვისება რომელიც აუცილებლათ ყველასათვის: არის ის საზოგადო მოღვაწე, სენატორი, მუნიციპალური მოღვაწე, ვინც უნდა იყოს; დღევანდელი პირობები ამას მოითხოვს, უკარნახებს. ამიტომ, ჩვენ არ გვინდა შევბოჭოთ საკანონმდებლო დაწესებულება, აი მთელი აზრი ამ დებულებისა.

არ შეიძლება ეს შესწორება კაცმა ისე გამოიყენოს, ვითომ და სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია არის წინააღმდეგი ყოველ ცოდნისა გამოცდილებისა. უნდა ვიღაც ქუჩაში მოკრიბოს და დააჯინოს სენატში. ჩემის აზრით, თუ ჩვენ ამ შესწორებას არ შევიტანთ, მაშინ ჩვენ ვბოჭავთ დამფუძნებელ კრებას, არჩევნების დროს საზღვარს უდებთ. ყველა იმ თვისებას, რომელზედაც მე მოგახსენეთ, რომ საჭირო არის დღევანდელ პირობებში. თქვენ ყურადღებას არ აქცევთ ისე, როგორც ჩვენი ფრაქცია აქცევს. საჭირო არის, ყველა პოლიტიკური მოღვაწისთვის, გარდა ცოდნისა, გარდა გამოცდილებისა, არის საჭირო სხვა თვისება ისეთი, რომელსაც მოითხოვს დღევანდელი პოლიტიკური პირობები, რომელსაც მოითხოვს სახელმწიფოს მდგომარეობა. აი ასეთი არის ნამდვილი აზრი, და ამიტომ ეს შესწორება არ უნდა გამოიყენოთ ისე, როგორც ზოგიერთებს ნებავს. ჩვენ იმ სენატორების არჩევით რომელთაც ავირჩევთ ამ მოკლე დროში, დაუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ არ ვდგევართ, არ ვართ სრულიად იმ შეხედულებისა, რომ ამოვირჩიოთ ისინი ვინც ჩვენ გვინდა. არა, დამფუძნებელი კრება ამას დაამტკიცებს, და კარგად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი შესწორება არის მიმართული მისკენ, რომ ავირჩიოთ მხოლოდ იმისთანა სენატორები, რომელნიც ემსახურებიან დღევანდელ წესწყობილებას, დღევანდელ პირობებს, რომელიც ხელს შეუწყობენ დამფუძნებელ კრებას. გაჰყვებიან დამფუძნებელ კრებას ფეხი ფეხ, დაიცავენ იმ კანონს, რომელსაც დამფუძნებელი კრება გამოსცემს, და გაატარებენ მას ცხოვრებაში.

აი ეს არის მთელი აზრი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორებისა და არა ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, მე გავიმეორე რამდენჯერმე ეს აზრი, იმიტომ რომ საჭიროა მთელ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ გვინდა სასამართლო მომავალი სენატი იმიტომ, რომ მან განამტკიცოს დღევანდელი წესწყობილება, ფეხი ფეხ გაჰყვეს დამფუძნებელ კრებას, კანონი ცხოვრებაში გაატაროს და დარაჯათ იქნეს ამ წესწყობილებისა. მაგრამ თუ შევზღუდავთ დამფუძნებელ კრებას, შესაძლოა ისეთი ორგანო შევქმნათ, რომელიც არ იქნება ამ კანონმდებლობის დამცველი. არ იქნება დამცველი დღევანდელ წესწყობილებისა, არ იქნება ჩვენი აზრის ცხოვრებაში გამტარებელი. ეს აზრი მისაღები არის როგორც იურისტისთვის, ისე არა იურისტისთვის და საღი არი, ვინაიდან ჩვენ დოგმატიურად არ ვმსჯელობთ, ჩვენ ვცხოვრობთ განსაზღვრულ პირობებში და განსაზღვრულ პირობების თანახმად ვიქცევით.

თავმჯდომარე. ამგვარად კამათი შესრულებული გახლავთ. მომხსენებელის აზრი.

მომხსენებელი . ჯაფარიძე. იმ შესწორებათა რიცხვში, რომელიც წარმოადგინა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ, მისაღებად მიმაჩნია ერთი - სახელდობრ ის, რომ ამოიშალოს ეს დებულება: „სისხლის სამართლის დეპარტამენტის სენატორათ უნდა იქნეს სამხედრო იურისტი“. ეს მისაღებია იმიტომ, რომ შესაძლებელი იქნება ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ არ გვეყოლება შესაფერი კანდიდატი, სამხედრო იურისტი. და ამის გამო შეუძლებელი გახდება ამ აზრის განხორციელება მაშინ, როდესაც ამას კანონი მოითხოვს.

მიუღებელი არის ეროვნულ-დემოკრატების შესწორება, რომ ამოიშალოს ის დებულება, რომ სენატორი ირჩევა პირველი ორი წლის ვადით, და შემდეგ პარლამენტის მიერ 4 წლის ვადით. ესე იგი, იმათ აზრით, სენატორი უნდა იყოს ამორჩეული უვადოთ, ისე, როგორც აქამდის მოსამართლე. საზოგადოდ განხილვის დროს ჩვენ უკვე გვქონდა ამის შესახებ აზრის გაცვლა-გამოცვლა და მაშინაც მოგახსენეთ, რომ ვადით სენატორის არჩევა საქმეს არ ავნებს. პირიქით, დაბადავს ერთგვარ ხალისს, მუშაობის უნარს. ამიტომ, შესაძლო არის, თუ ვინიცობაა სენატში შეიპარა ისეთი პირი, რომელიც შესაფერი არ არის, განსაზღვრულ ვადის შემდეგ გამოვცვალოთ, და შევიყვანოთ სხვა. უნდა ვსთქვა, რომ სენატი მარტო სასამართლო არ არის. მას ამასთანავე, ერთგვარი პოლიტიკური ფუნქციებიცა აქვს. წინადაც მოგახსენეთ, რომ პოლიტიკა ისეთი რამ არის, თუ კარები დაუკეტეთ, ფანჯარაში შემოვა. თვით კანონმდელობის განმარტება, საქმის გადაწყვეტა ისეთი რამ სფერო არის, რომ შეიძლება თავის პოლიტიკის აზრით იხელმძღვანელოს და ეს პოლიტიკა გაატაროს. ამიტომ თუ ვინიცობაა, იმისდამიხედვით, რომ ჩვენ ახალწყობილებაში ვიმყოფებით, და სენატში შევიდა ისეთი, რომელიც ვერ შეეგუა ახალ წყობილებას. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ვადის შემდეგ გადავაყენოთ და ავირჩიოთ შესაფერი პირი. გარდა ამ მოსაზრებისა, რომელიც მოვიყვანეთ, შესაძლებელია ასეთი შემთხვევა, რომ დიდად მოხუცებული მოსამართლენი, რომელთაც აღარც თვალი უჭრის, აღარც ყური, სანამ არ დაიხოცებიან ამ საქმეზე, ან სახლში, მაინც მოსამართლეთ იქნებიან. ასეთი მდგომარეობა უნდა მოისპოს. ამიტომ ეს შესწორება მისაღები არის. მე შევჩერდები მხოლოდ იმ შესწორებაზე, რომელიც შეეხება იმ პირობების საკითხს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სასენატორო კანდიდატები. მე, როგორც იურიდიულ კომისიის წარმომადგენელს, მოვალეობათ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ეს შესწორება მიუღებლად მიმაჩნია. უმთავრესი, განსაკუთრებული დანიშნულება სენატორისა არის კანონის აზრის გაგება და განმარტება. კანონის აზრს აგებინებს ყველა სასამართლოებს ქვეყნისას. ყველა შემთხვევაში სწყვეტს ის საქმეს - ვსთქვათ მიწის შესახებ, მემკვიდრეობის შესახებ და სხვა. კანონის აზრს აგებინებს სხვას. სწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს: ესა თუ ის დანაშაული, რა კანონით უნდა დაისაჯოს, და სხვა ამისთანები. მაშინ, როდესაც ის თვალყურს ადევნებს ზოგად ხასიათის ცირკულიარებს, და, ვინიცობაა, ეს კანონს არ ეთანხმება, სენატმა ან უნდა გააუქმოს ეს, ან უნდა შეაჩეროს. მაშასადამე, ეს არის ერთი სპეციალური დარგი მუშაობისა, სპეციალური, ვამბობ, იმიტომ, რომ, უფრო ადვილი არის ექიმობა არა ექიმისაგან, რკინის გზის შენება არა ინჟინერისაგან, ვიდრე კანონის აზრის გაგება არა იურისტისაგან. ბევრსა ჰგონია, ჩვენ კანონმდებლები ვართ, კანონს მივიღებთ, და განა ჩვენ მიღებულ კანონს ჩვენვე ვერ გავიგებთ? კანონი იწერება არა ათი, არა ოცი, შეიძლება ასი წლით. ეხლაც მოქმედობს კანონი, რომელიც 17 საუკუნეში გამოცემული არის დიდ მთავარ ალექსეის დროს. ეხლაც შემიძლიან ბევრი ისეთი კანონი გიჩვენოთ, ჩვენ მიერ გამოცემული, და თუ შევეკითხები ჩვენს ამხანაგებს, ბევრი მათგანი ვერ გაიგებს, რა აზრი აქვა ამა თუ იმ კანონს. ეს ადვილი არ არის. ეს ძნელი რამ არის. აი მე 22 წელიწადი ვმუშაობ ამ სფეროში, და ეხლაც ჩემ პრაქტიკაში არის ხშირად შემთხვევები, რომ კანონს ვერ გავიგებ ხოლმე. უნდა ავწონ-დავწონო, უნდა კომენტარიები წავიკითხო, გავიგო რა აზრით, რა მიზეზით გამოწვეულია ამ კანონის გამოცემა, რა მიზანი ჰქონდა სახეში კანონმდებელს. ყველა ეს უნდა ავწონ-დავწონო, ვეძებო, და დიდ დავიდარაბის შემდეგ გავიგო განსაზღვრული აზრი. აქედან დასკვნა: შეუძლებელია, რომ ყოველი კერძო შემთხვევა ცხოვრებაში წამოყენებული, კანონმდებელმა წინასწარ გაითვალისწინოს. ეს შეუძლებელია. ძალიან ხშირად ხდება, რომ არის შემთხვევები გადასაჭრელი, მაგრამ თქვენ სათანადო კანონს ვერ ნახავთ. მაშინ კანონი გავალებთ თქვენ ეძიოთ საერთო მიზანი მთელ კანომდებლობისა. უნდა ეძიოთ სხვა კანონები ანალოგიური, შერეული, დაახლოვებული. უნდა ეძიოთ надо найти общий дух законодательства. აი ასეთი მნიშვნელობა აქვს კანონის აზრის განმარტებას და ძნელი არის ასეთ დარგში იმუშაოს არა სპეციალისტმა. მაშასადამე, არის საჭირო სპეციალური მომზადება არა მარტო ტეხნიკური, არამედ მეცნიერულიც, რისთვისაც შესწავლა და ცოდნა არის საჭირო. რასაკვირველია, ის დებულება, რომ სენატორებს აირჩევს თვით დამფუძნებელი კრება, არის ერთნაირი გარანტია იმისა, რომ სენატში შევა ღირსეული პირი, ამიტომ უკვე ფართო საზოგადოებაში ატეხილი ლაპარაკი, და აურზაური იმის შესახებ, რომ სოციალ-დემოკრატებმა უნდა გაიყვანოს სენატში ისეთი კაცები, რომელთაც არავითარი ცოდნა არა აქვთ, - ეს მხოლოდ ჭორიკანობა არის. მაგრამ მე ვამბობ, რომ არც ისე უნდა დავტოვოთ, როგორც შესწორება მოითხოვს.

ეს არის ერთგვარი საკონსტიტუციო აქტი, ჩვენ გვაქვს ლაპარაკი იმაზე, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სასენატორო კანდიდატი. ეს საკითხი არის დასმული, და უნდა იყოს გადაჭრილი. ეხლა უნდა ვსთქვათ, რომ ნურავის ამ მხრივ ნუ შეუკრავთ ხელფეხსო, ორი თვის, თუ სამი თვის შემდეგ, როცა არჩევანზე მიდგება საქმე, მაშინ შეიძლება სხვა აზრი დატრიალდეს, და სხვა კანდიდატები წარმოზდგეს. რადგანაც ჩვენ წინდაწინ გვექნება პირობები განსაზღვრული, ჩვენ იძულებული ვიქნებით ეს ფარგლები არ გადავლახოთ, თორემ თუ ჩვენ ცოტა შევაღეთ კარი კაი კაცებთან ერთად შეიძლება ჩვენ შეგვეპაროს იმისთანა კაცებიც, რომელნიც ამ ადგილისთვის შესაფერნი არ იქნებიან. ამიტომ იურიდიულ კომისიის სახელით ვაცხადებ, რომ უნდა დარჩეს ის ტექსტი, რომელიც არის მოყვანილი ამ მუხლში.

თავმჯდომარე. უყრი კენჭს შესწორებას, მუხლი მიღებულია.

(20-29) მუხლამდის კანონი მიღებულია კენჭის ყრით).

თავმჯდომარე. მე-29 მუხლში შესწორება არის შეტანილი: წაიშალოს სიტყვები: „იმ პირთაგან, რომელნიც აღნიშნულნი არიან ამ დებულების მეოცე მუხლში“, ვის ჰსურს სიტყვა შესწორების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბატონ გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) მცირეოდენი შენიშვნა ბატონებო, როდესაც აქ ლაპარაკი იყო სენატორებზე, სხვათაშორის ის აზრი იყო გატარებული ორი თქვენი ორატორის მიერ, რომ სენატორებს არჩევს პარლამენტი. მაშასადამე, არის თავისი გარანტია, რომ კარგი პირები იქნება არჩეული. ეს მოსაზრება ყოვლად მიუღებელია პროკურორების შესახებ. თუ თქვენი შესწორება მიღებული იქნება ამ მხრივ, რომ უკანასკნელი სიტყვები წაშლილი ქნება, მაშინ დარჩება: პროკურორს ნიშნავს მთავრობა. თუ პროკურორს უნდა ჰქონდეს რაიმე ცენზი რაიმე ცოდნა, რაიმე გარანტია, რაიმე მოზადება ამაზე არაფერი არ არის კანონში ნათქვამი. ამიტომ აგრე მიღება კანონისა ყოვლად შეუძლებელია. პირველ ნომერში ამ პროექტისა იყო: დამფუძნებელი კრება ირჩევს ან პარლამენტი ირჩევს ამ სენატორებს. მაგრამ აქ ამ მოსაზრებას სრულიად ადგილი არ აქვს იმიტომ, რომ პროკურორს ირჩევს მთავრობა. თუ ესე არის, აქ უნდა შეიტანოთ, რომ ამ პირებს უნდა ჰქონდეთ მომზადება და უნდა იყვნენ იურისტები, უნდა ჰქონდეს გამოცდილება. თქვენი წინადადებიდან გამოდის, რომ არაფერი ეს არ უნდა ჰქონდეს, მაშასადამე, თუ პროკურორს წერა-კითხვა არ ეცოდინება, როგორ უნდა დასწეროს პროტესტი, რა უნდა გაააკეთოს, როგორ უნდა ილაპარაკოს? მე ვერ წარმომიდგენია ეს და ამაზედ უნდა მიმექცია თქვენი ყურადღება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (ს.-ფ.) ეს შესწორება მისაღები გახლავთ, იმიტომ, რომ რაკი მე-20 მუხლში გამოტოვეთ თქვენ რაც აუცილებლად საჭირო იყო, ამაში რომ დასტოვოთ, რომ იმ პირთაგან ირჩევენ, რომელნიც არიან მე-20 მუხლში ჩამოთვლილნი, - ეს მე-20 მუხლი აღარ არსებობს. მეორე მხრივ როცა ამორიცხეთ ეს სიტყვები დარჩა შემდეგი: „პროკურორს და მის ამხანაგებს ნიშნავს მთავრობა“. იმავე კანონში არის ნათქვამი, რომ ძალაში რჩება ყოველი ძველი დებულება, რომელიც ამ კანონით არ არის გაუქმებული და ძველს დებულებაში არის ნათქვამი, რომ პროკურორად ინიშნება ისეთი კაცი, ვისაც უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს მიღებული. ამიტომ ამის შეტანა არ არის საჭირო, რაკი არის შეტანილი, რომ პროკურორს ნიშნავს მთავრობა.

თავმჯდომარე. სიტყვა აღარავის ჰსურს. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. თავისთავად ცხადია, რომ რაკი შეიცვალა რედაქცია მეოცე მუხლისა, უნდა შეიცვალოს მე-20 მუხლიც, ამიტომ მე წინააღმდეგი არა ვარ ამ შესწორებისა.

(29 და 35 მუხლი მიღებულია შესწორებებით).

თავმჯდომარე. 35 მუხლში არის შეტანილი რამდენიმე შესწორება (კითხულობს). სიტყვა არავის არ ჰსურს მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. მე წინააღმდეგი არა ვარ ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი, მაგრამ რაც შეეხება ნაციონალ-დემოკრატების შესწორებას, რომ გამომძიებელი და მოსამართლე ინიშნებოდნენ სენატის მიერ, როგორც წინა კრებაზე მოგახსენეთ საჭირო არ არის. როგორც საპროკურორო ნაწილი, ისე საგამომძიებლო აპარატი უნდა იყვეს უსათუოდ მთავრობის ხელში, რომ შესძლება ჰქონდეს მთავრობას თვალ ყური ადევნოს და იურისტების მიერ არჩეულ აპარატს, ამიტომ ეს შესწორება მისაღები არ არის.

(კენჭის ყრით ეროვნულ-დემკრატების შესწორება უარყოფილია, სოც.-დემ. შესწორება მიღებულია. მუხლი 35 მიღებულია. 35-54 მუხლები და თან დართული შტატები კენჭის ყრით მიღებულნი არიან შესწორებით).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ მთელ კანონ-პროექტისა? ვინ არის მომხრე? კანონ-პროექტი მიღებულია. შემდეგი საკითხი.

მუხლობრივი განხილვა დებულებისა საპატენტო და სააქციზო გადასახადების გადიდების შესახებ.

მომხსენებელია ჭავჭანიძე.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ.) (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. პირველ მუხლში შემოტანილი არის შესწორებანი სოციალ-დემოკრ. და ნაც.-დემოკრ. ფრაქ. მიერ. (კითხულობს) მუხლი 1. პუნქტ.

2-რეს დაერთოს შენიშვნა „აქციზი“-დან თავისუფალია სოფლად ოჯახური წესით გამოხდილი არაყი; თუ იგი გამოხდილია არა გასაყიდათ, არამედ თავისათვის სახმარად, რომლის წესის გამორკვევა მიენდოს ფინ. მინისტრს ადგილობრივ თვითმმართველობათა ორგანოებთან შეთანხმებით“.

მუხლი 1. მე-5 პუნქტის ლილ. „გ“ შემდეგ დაემატოს: „შენიშვნა ღვინოზე აქციზის აკრეფა ხდება ამ კანონთან დართულ წესებით“, ხოლო შენიშვნა, რომელიც დართულ აქვს ამ მუხლს, დარჩება მეორე შენიშვნით.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ ჩაემატოს: „შენიშვნა პაპიროზის გილზზე და ქაღალდზე აქციზის აკრეფა ხდება ამ კანონთან დართულ წესებით.

ჭავჭანიძე. მე ამ შესწორების წინააღმდეგ არაფერი არა მაქვს, რადგანაც კანონ-პროექტს დართული აქვს წესები აქციზისა. რაც შეეხება შესწორებას, რომელიც პირველ მუხლშია შეტანილი, ე.ი. ის შესწორება, რომელიც ლაპარაკობს ისეთ არაყზედ, რომელიც იქნება გამოხდილი პირად მოთხოვნილებისათვის არ იქნება მასზე აქციზით. მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ძნელი გამოსარკვევია - რომელი არაყი გამოხდილია თავის პირად მოთხოვნილებისათვის და რომელი გასასყიდათ. ამიტომ ეს შესწორება უარყოფილი უნდა იყოს, მით უმეტეს რომ არაყი არ არის ისეთ მოთხოვნილების საგანი, რომელიც დიდ საჭიროებას შეადგენდეს ყველასთვის, პირიქით რაც უფრო ნაკლებს დალევენ ის უკეთესია.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგ შესწორებისა? შესწორება მიღებულია.

(კანონპროექტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის).

თავმჯდომარე. წინადადება არის სოც.-დემოკრ. ფრაქციისა, რომ გაგრძელდეს კრება ერთი საათით. ვინ არის წინააღმდეგი? სხდომა გრძელდება.

შემდეგი საკითხი დახურულ დარბაზში უნდა განიხილოს.

კერძო პირთ ვთხოვ დატოვოს დარბაზი. მეორე მუხლობრივი განხილვა სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების კანონპროექტისა. მომხსენებელია სიმონ მდივანი.

(სხდომა სწარმოებს დახურულ კარებში. დახურულ სხდომაზე განხილულ იქნა დღიურ წესრიგში აღნიშნული სამხედრო კანონპროექტები რის შემდეგ 3 საათსა და 45 წუთზე სხდომა დახურულ იქნა.

22 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


22.1

▲ზევით დაბრუნება


ალექსეევი მიხეილ ვასილის ძე - (რუსი მხედართმთავარი, ინფანტერიის გენერალ-ადიუტანტი, უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი (1915-1917), „დობროარმიის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხედართმთავარი) 176

ალექსეი - დიდი მთავარი ალექსეი I (1645-1675) 435

ალექსი-მესხიშვილი (მესხიშვილი) შალვა ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 56, 57, 431, 437

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის (ემანუელის) ძე - სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა იმავე ფაკულტეტის კიევის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე)), 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წლის თებერვლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით)

ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე - იურისტი, ადვოკატი, 1905 წლიდან რსდმპ-ს წევრი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრია, 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო კრების საბიუჯეტო საფინანსო კომისიის წევრი; 1920 წელს არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქისთავად; მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში 141, 145, 146, 162, 285, 308, 313, 359, 360

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი.მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის» რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი 36, 61, 62, 116, 223, 233, 249, 261, 264, 303

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - იურისტი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 88, 90, 91, 92, 94, 116, 120, 121, 128, 129, 130, 131, 134, 142, 144, 145, 146, 192, 199, 203, 205, 207, 208, 213, 214, 242, 271, 275, 276, 278, 279, 318, 349, 355, 358, 359, 414

ახმეტელაშვილი სიმონ (სიკო) გიორგის ძე (ახმეტელი) - ოფიცერი, სამხედრო ექიმი. დაამთავრა დერპტის (დორპტი) უნივერსიტეტის სავეტერინარო ფაკულტეტი. I მსოფლიო ომის დროს იყო ოფიცერი, სამხედრო ექიმი. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემორატიული მუშათა პარტიიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 104

22.2

▲ზევით დაბრუნება


ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართელოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია» შემუშავების პროცესში 129, 260, 269, 380, 418, 428

ბორელი - ფრანგი დეპუტატი 51

ბრიგსი ჩარლზ ჯეიმს - ბრიტანელი გენერალი, ანგლო-ბურებისა მეორე და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე 71

22.3

▲ზევით დაბრუნება


გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. (ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი), 1902 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლა ბელგიაში, ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, (არ დაუსრულებია). 1907 ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. თუმცა სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გაირიცხა. 1911 წ-დან ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1912 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდეს“ (1912-15 წწ.), 1915 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთ „საქართველოს“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თავადაზნაურთა საკრებულოსა და მისი „მიწათმოქმედების კომისიის“, „სათავადაზნაურო ბანკი“-ს წევრი. სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. შექმნა რამდენიმე კოოპერაციული გაერთიანება - სიღნაღის მაზრის მეთამაბქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა „მწყემსი“, „დიდი ლილოს მერძევეობა“ და სხვა. 1917 წ-ის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან ედპ-ს სიით, არჩეული იყო საბჭოს გზათა კომისიის შემადგენლობაში. იყო პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვოტით 162, 179

გახარია - ხელოსანი 43

გეგელი (ჰეგელი) გეორგ ვიჰელმ ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი 250

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 49, 160, 170, 171, 179, 180, 183, 221, 223, 224, 310, 419, 420

გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე - გენერალი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1888 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, პავლეს სახელობის I სამხედრო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემია (მე-2 თანრიგით). იყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე; 1918 წ-ის დასაწყისში იყო ბათუმის კომენდანტი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგი (მოადგილე), 1918-1919 წწ. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი-მაიორი. 1918 წელს საქართველო-სომხეთის ომების დროს მთავარსარდლის პოსტი ეკავა. 1921 წ-ის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა წითელ ჯარში 221, 223, 419

გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე - სოციალ-დემოკრატი, მთავრობის წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. თანამშრომლობდა პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ორგანოებში: „ნოვოე სლოვო», „ნაჩალო», „ჟიზნ“, სადაც ამიერკავკასიის განყოფილებას განაგებდა. 1903-05 წწ.-ში იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი. 1918 წელს გახდა ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლიდან საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებისა და თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 355

გენდერსონი არტურ (Henderson) - ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იყო ჰერბერტ ჰენრი ასკვიტისა და დეივიდ ლოიდ ჟორჯის მთავრობის წევრი, იყო „საბოლოო გამარჯვებამდე ომის“ მომხრე 174

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 24, 59, 129, 130, 132, 133, 157, 160, 161, 162, 164, 165, 168, 169, 171, 172, 173, 174, 175, 178, 179, 182, 183, 184, 186, 187, 239, 263, 292, 296, 297, 298, 299, 300, 305, 306, 377, 379, 381, 382, 383, 384, 385, 388, 389, 413, 428, 429, 430, 431, 433, 436

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს (კიმოთეს) ძე - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909- 1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა სამხედრო მინისტრად, დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 379, 383, 385, 396, 413, 420, 432, 433

გობეჩია ივანე პავლეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი.მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 32, 59, 60, 175, 184, 185, 209, 296, 309

გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის» წევრი, „ალიონელი»). მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 165

გოპაძე (ექიმი) - განსაკუთრებული რწმუნებული თბილისში 311, 418

გურული ზაქარია დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 8, 9, 85, 120, 244, 256, 429, 431, 432, 433

22.4

▲ზევით დაბრუნება


დავითხანიანცი (დავითხანიანი) დავით გრიგოლის ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა ტფილისის კომერციული სასწავლებლის კურსი, 1914 წელს კი ლაიფციგის კომერციული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის ფაკულტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში; იყო „დაშნაკცუტიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსნად. 1918 წლის მანძილზე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი დაშნაკცუთიუნის პარტიის სახელით, 1919 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წლის 7 ნოემბერს უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. იყო სომხეთის რესპუბლიკის სურსათისა და მომარაგების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, დატოვა საქართველო 180

დაშკოვი (ვორონცოვ-დაშკოვი) ილარიონ ივანეს ძე - გრაფი, გენერალ- ადიუტანტი, კავკასიის მეფისნაცვალი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ნავთობმოსაპოვებელი მრეწველობის ორგანიზატორი ბალახანში 72

დენიკინი ანტონ ივანეს ძე - რუსი გენერალი, მხედართმთავარი, თეთრი მოძრაობის ლიდერი.1917 აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ - დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სარდალი. ი. 1918 შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე. დენიკინი იცავდა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მათ შორის საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხ. ქონებაზე, რომელიც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. მისი სამხრეთის დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე.წ. „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა 12, 13, 22, 25, 26, 35, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 68, 69, 70, 71, 73, 74, 75, 127, 128, 133, 140, 150, 152, 154, 155, 156, 159, 162, 163, 164, 166, 168, 176, 177, 178, 180, 185, 188, 229, 235, 236, 237, 254, 269, 418, 428, 433

დამოკლე - სირაკუზელი მეფე დიონისოს (ძვ.წ. IVს.) მეგობარი 266

22.5

▲ზევით დაბრუნება


ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე - იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი. ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. თბილისის განყოფილების წევრი 101, 206, 212

22.6

▲ზევით დაბრუნება


ვანდერველდე ემილ - (ვან-დერ-ველდე) ბელგიის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. ბელგიის სამეფოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სახალხო ჯანდაცვის მინისტრი, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი 174

ვარანცოვი - (იხ. დაშკოვი) 72

ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციია შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1917-1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს არჩეულ იქნა პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე (1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტის», ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „მიწის“ რედაქტორი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 413

ვილსონი თომას ვუდრო - პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების 28-ე პრეზიდენტი (1913-- 21 წწ), ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი (1919) 65, 165, 169, 174, 182, 184, 187

22.7

▲ზევით დაბრუნება


ზალცმანი - გზის მონაკვეთის, დისტანციის უფროსი 47

ზევსი - ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა 179

ზორიანი . - დამფუძნებელი კრების წევრი, ცნობილი დაშნაკელი 144, 180

ზურაბოვი არშაკ - სეიმის დეპუტატი. სოციალ-დემოკრატი, ქალაქ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენელი რუსეთის II სახელმწიფო დუმაში, 1917 წ-ის 11 ივნისის რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI ყრილობაზე არჩეულ იქნა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საოლქო კომიტეტის წევრად 12, 36

22.8

▲ზევით დაბრუნება


თამარ მეფე - გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, საქართველოს მონარქი 1184 წლიდან 397

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 7, 49, 77, 83, 105, 119, 189, 217, 241, 281, 309, 317, 351,361, 371, 391, 423

თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე - განათლება ოჯახში მიიღო. 1904 წლიდან შედის რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, 1917 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1924 წლის აჯანყების მონაწილე. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია 329

თეთრი გიორგი - წმინდა გიორგი, შუა საუკუნეების საქართველოში ყველაზე პოპულარული წმინდანი 62

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 8, 9, 93, 116, 191, 213, 214, 215, 337, 357, 358, 359

თომა ურწმუნო - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი 98

22.9

▲ზევით დაბრუნება


ილინი - ბაქოს მუშათა კავშირის წარმომადგენელი 14

ირემაშვილი იოსებ გიორგის ძე (პართენაშვილი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, 1898 წლიდან იყო რსდმ პარტიის წევრი. დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ასწავლიდა გორის სასულიერო სემინარიაში. 1911 წ-ს ი. ირემაშვილი იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით გაგზავნა კიევში სასწავლებლად, სადაც დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი, მისი მოთხრობები იბეჭდებოდა: „ხომლში“, „ნაპერწკალში“, „ახალ აზრში“, „ჩვენ გაზეთში“ და სხვა გამოცემებში. 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიიდან), იყო დუშეთის კომისარი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1922 წ-ს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყნიდან გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა წიგნი „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებდა თავის ყოფილ მეგობარსა და თანამოაზრეს ი. სტალინს 111, 114, 136, 282, 283, 308, 311, 312, 365, 396, 402, 405, 407, 408, 418

იუდა - იუდა ისკარიოტელი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი 153, 154

22.10

▲ზევით დაბრუნება


კალაძე ერმალოზ თედორეს ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სოფლის სასწავლებელში მიიღო. 1905 წლიდან იყო რსდმპ-ს მენშევიკების ფრაქციის წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1917-1921 წლებში იყო სახალხო გვარდიის შორაპნის შტაბის წევრი 401, 402

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 210, 329

კანტემირი - რუსი მწერალი 29

კარპოვიჩი - ხაზინის რკინის გზის ლიანდაგის უფროსი 44, 45, 47

კაჩხოევი - ბოლშევიკი 14, 20

კედია სპირიდონ მალხაზის ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 35, 50, 51, 56, 58, 59, 61, 64, 129, 130, 132, 227, 230, 231, 239, 262, 278, 300, 310, 354, 387, 389, 394, 395, 418, 425, 431

კერენსკი ალექსანდრე თედორეს ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური, უსტიციის მინისტრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე 251, 262, 268, 320, 325, 334, 335

კიკვაძე თედორე (თევდორე) გაბრიელის ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატი. დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. აქტიურად წერდა ჟურნალ „კვალში», იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი (1912 წლიდან); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, სამხედრო კოოპერატივში, ლექციებს კითხულობდა ქართულ ენაში სამხატვრო აკადემიაში, რუსულ ენას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში 107, 143, 144, 148, 378

კიღურაძე ლავრენტი (ლავროსი) პავლეს ძე - ფიზიკა-მათემატიკოსი, განათლება იურიევის უნივერსიტეტში მიიღო. იყო რსდმპ-ს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ქალაქ სოხუმში. 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო ქალაქ ფოთის საბჭოს ხმოსნად და საბჭოს თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 104

კლემანსო ჟორჟ ბენჟამინ - გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ჟურნალისტი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 51, 160, 169, 170, 183, 184, 186

კოლჩაკი ალექსანდრე ვასილის ძე - საერთაშორისო ანტიბოლშევიკური არმიის გენერალი, რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და პოლარული მკვლევარი, ოკეანოგრაფი, რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. რუსეთის უმაღლესი მმართველი და რუსული არმიის მთავარსარდალი (1918 წლის ნოემბერი 1920 წლის იანვარი). რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე წმ. გიორგის კავალერი, ადმირალი (1918) 60, 61, 152

კონიევი . . - ქალაქის მოურავის ამხანაგი 14

კორი - ინგლისელი გენერალი 156

კრეს ფონ კრესენშტეინი ფრიდრიხ (გერმ. Friedrich Siegmund Georg Freiherr Kres von Kressenstein) - გერმანიის სამხედრო მოღვაწე, გენერალი. გერმანული მისიის ხელმძღვანელი. პირველი მსოფლიო ომის დროს შედიოდა გერმენელი გენერლებისა და ოფიცრების ჯგუფში, რომლებიც მეთაურობდნენ ოსმანეთის იმპერიის არმიას 180

კრივოშეინი . . - რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედებისა და მიწათმოწყობის მინისტრი (მმართველი) 411

კრილოვი ივანე ანდრიას ძე - რუსი მეიგავე 40

კუკ-კოლისი ჯეიმს ნორმანი - ინგლისელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი 71, 163

22.11

▲ზევით დაბრუნება


ლანგთემური, თემურ ლენგი - გათურქებული მონღოლი შუა აზიიდან, სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი, ემირი 126

ლასალი ფერდინანდ - გერმანელი ფილოსოფოსი, იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე 431

ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტთა ხალხოსნური ორგანიზაციის წევრობისთვის გარიცხეს. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ მიმდინარეობას, 1900-დან იყო პარტიული გაზეთის „ცნობის ფურცლის“ და სხვა ორგანოების ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი რედაქტორი. პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო პრეზიდიუმის წევრი, შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს ე.წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, ეკავა განათლების მინისტრის პოსტი. მისი რეფორმებით მოხდა ქართული სკოლის ნაციონალიზაცია - „გაეროვნება“, მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა ქართულ ენაზე სწავლებისათვის და სხვ. 1919 წელს აირჩიეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან; შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 228

ლატარია - ხმოსანი 42

ლებედევი - სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის წარმომადგენელი 155, 176, 184, 185

ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 13, 155, 180

ლინკოლნი აბრაამ - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 431

ლოიდ ჯორჯი დევიდ - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916- 1922). უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი 51, 65, 100, 103, 170, 174, 184

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 49, 77, 83, 105, 119, 139, 189, 217, 241, 251, 287, 317, 351, 361, 371, 391, 399, 423

ლორთქიფანიძე ექ. - ე.წ. აფხაზეთის სახალხო ჯანმრთელობის კომისარი 418

ლუი მე-16 - საფრანგეთის მეფე 1774-1791 და ნავარის მეფე 1774-1789 წლებში. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი 252, 254

22.12

▲ზევით დაბრუნება


მანილოვი - ნ. ვ. გოგოლის „მკვდარი სულები“-ის ერთ-ერთი გმირი 28

მარქსი კარლ ჰაინრიხ - გერმ. Karl Marx; გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა 128, 249, 255, 332

მასლოვი . - კადეტი, ინგლისელების მიერ შექმნილი სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურის, ბათუმის ოლქის მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, გამოირჩეოდა მკვეთრი ანტიქართული ხასიათით 155

მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე - პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. თბილისის იუნკერთა სასწავლებელი და მიენიჭა რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის წოდება. I მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მოგვიანებით, დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1917 წლის რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ახალციხის გარნიზონის სამხედრო პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ამიერკავკასიის კომისარიატმა დანიშნა სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიან რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებში. მისი გონივრული მოქმედების შედეგად, ქართულმა სახელმწიფომ მოახერხა ამ ძირძველი ისტორიული მხარის შენარჩუნება. სხვადასხვა დროს (1919-1921) მსახურობდა ახალციხის, თბილისისა და აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად. 1934 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, იყო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არაერთი ემიგრანტული ორგანიზაციისა, მათ შორის „თეთრი გიორგისა“. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გერმანიის მხარდაჭერით. II მსოფლიო ომის პერიოდში იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩეველი, ბერლინში მოქმედი ქართული ეროვნული კომიტეტისა და ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრი. იყო ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური, მინიჭებული ჰქონდა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. მისი თაოსნობით დაღუპვას გადაურჩა ათასობით ქართველი სამხედრო ტყვე, საბჭოთა არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურენი 274

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში». 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი 52, 59, 65, 157, 162, 163, 169, 172, 178, 179, 183, 239

მახარაძე გერასიმე თომას ძე - პოლიტიკოსი, დიპლომატი, მიიღო საშუალო განათლება, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ამასთან ერთად იყო თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მის მიერ პარლამენტში რამდენიმე კანონ-პროექტი იქნა შეტანილი. 1919 წლის ივლისში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლად, 1920 წელს კი - საქართველოს ელჩად საბჭოთა რუსეთში 86, 120, 121, 131

მგელაძე დიმიტრი - ამიერკავკასიის ანტიქართული ქმედებებით გამორჩეული ე.წ. „ტუზემნი კორპუსის“ წარმომადგენელი გურიიდან 153, 154

მგელაძე ვლასა დარისპანის ძე (პარტიული მეტსახელიტრია) - პოლიტიკური მოღვაწე, კარლო ჩხეიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის სოც. დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. ჩაბმული იყო „მესამე დასის“ საქმიანობაში. 1907 წ-ის სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე, მან მუშების სახელით წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა. 1908 წელს ევროპაში ყოფნის დროს, ურთიერთობდა რუსეთის სოც.დემ. მოძრაობის ლიდერებთან: პლეხანოვთან, აქსელროდთან და სხვ. მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში. 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო კომისარი 55, 90, 121, 124, 128, 134, 157, 181, 183

მდივანი სვიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1905 წელა დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს თავისუფლება მიულოცა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 48, 49, 77, 115, 119, 139, 150, 158, 162, 167, 176, 179, 183, 189, 217, 225, 238, 281, 287, 309, 317, 351, 353, 361, 370, 371, 394, 399, 400, 423, 438

მესია - ებრაულად „მაშიახ“, ქრისტე ანუ ცხებული 322

მესხიშვილი შალვა (იხ. ალექსი-მესხიშვილი) - 56, 57, 431, 437

მეხმანდაროვი სამედბეკ - აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელი, სამხედრო მინისტრი არტილერიის გენერალი. 1914 წლის დეკემბერში დაინიშნა მე-11 კავკასიური საარმიო კორპუსის მეთაურად 221, 223

მილიუკოვი პავლე ნიკოლოზის ძე - რუსეთის იმპერიის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, რუსეთის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი 1917 წელს. სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. დენიკინის წარმომადგენელი პარიზში. კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის, სახალხო თავისუფლების პარტიის, კადეტთა პარტიის ლიდერი 255

მიუნხჰაუზენი - რუდოლფ ერიხ რასპეს ცნობილი ლიტერატურული გმირი „ბარონი მიუნხჰაუზენი“ 184.

მურვან ყრუ (მურვან II) - მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი, ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა 126

22.13

▲ზევით დაბრუნება


ნათაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი, (სოც. რევოლუციონერული პარტია, ფრაქციის მდივანი). იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე 7, 8, 9, 49, 77, 83, 104, 105, 107, 108, 109,119, 122, 139, 159, 189, 217, 281, 287, 317, 351, 361, 371, 399

ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე. - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. «Борьба»-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „ერთობის“ რედაქტორი. კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. საქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 23, 108, 277, 406

ნათიშვილი (ნათიევი) ალექსანდრე - გენერალ-მაიორი, 1918 წელს გადავიდა დენიკინის მოხალისეთა არმიაში, სადაც ნათიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მოხალისეთა არმიის ფორმირებების ინსპექტორად დანიშნეს. ალექსანდრე ნათიშვილი 1919 წლის გაზაფხულზე ბათუმში მიავლინეს - „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მოსამზადებლად 140. 150, 153, 154, 176, 177, 254, 261

ნაპოლეონ ბონაპარტე - საფრანგეთის იმპერატორი 1804-1814 და 1815 წლებში 197

ნეხლუდოვი დიმიტრი ივანეს ძე - თავადი, ლ. ნ. ტოლსტოის უკანასკნელი რომანის, „აღდგომა“ პერსონაჟი 373

ნიკიტა (სავარაუდოდ დეზერტირი) - 258

ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ «Новое обозрение»-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“ 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში ბათუმში ქართველი დელეგატების გერმანიის დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, რაშიც თვალსაჩინო წვლილი ნ. ნიკოლაძეს მიუძღვის. აქვე შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა.1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში.სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 184

ნიკოლოზი, ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში). პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა 176, 185, 293, 320, 325

ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს წევრი, მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით ოპოზიციურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი», ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 22, 28, 39, 90, 101

ნოე - აქ იგულისხმება ნოე რამიშვილი 328

ნოეები - იგულისხმება ნ. ჟორდანია და ნ. რამიშვილი 39

ნორმანი - ინგლისელი კაპიტანი 71

ნუცუბიძე ილია დავითის ძე - დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში.1918 წელს შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში 14, 21, 104, 112, 187, 197, 199, 277, 279

ნუცუბიძე (შალვა) ვარლამ ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916- 1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 30, 37

22.14

▲ზევით დაბრუნება


ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე - გენერალი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, სამხედრო საბჭოს წევრი, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1891-1894 წ-ში სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში.1914-1916 წლებში 1-ლი არმიის შტაბის უფროსია, 1917 წელს 2/X დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარსარდლად. 1920.13.12.-1921.16.02. წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი; დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაციის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 221, 223

ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 95, 96, 97, 98, 99, 100, 102, 104, 113, 275, 279, 282, 286, 288, 289, 313, 314, 318, 339, 341

22.15

▲ზევით დაბრუნება


პანიევი (ფანიანცი) კონსტანტინე აბგერის ძე - სოციალ-დემოკრატი. რსდმ პარტიის წევრი 1905 წ-დან. თავდაპირველად ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო. 1918 აირჩიეს სოხუმის ქალაქის საბჭოში. 1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. შედიოდა კრების თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი. ქალაქის თვითმართველობის სასურსათო განყოფოფილების გამგე. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 104

პიშონი სტეფან ჟან მარი - კლემანსოს დროს საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. აქტიურად მონაწილეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში 1919 წელს. „ათთა საბჭოს“ წევრი, საფრანგეთის სახელით ხელი მოაწერა ვერსალის შეთანხმებას. ღია მტრულ პოზიციას გამოხატავდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერი მოლაპარაკების წინააღმდეგი იყო 51

პეტრე - პეტრე I დიდი - რუსეთის უკანასკნელი მეფე (1682 წლიდან) და სრულიად რუსეთის პირველი იმპერატორი (1721 წლიდან) 293

პოღოსოვი - ბოლშევიკი 20, 22, 37

22.16

▲ზევით დაბრუნება


ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის» დაფუძნებაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს

ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლბა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია 29, 103, 428

ჟორესი ჟან - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1902 წელს სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1905 წლიდან გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 126, 127, 175

ჟოფრი ჟოზეფ ჟაკ სეზერ - საფრანგეთის ჯარის მთავარსარდალი, გენერალისიმუსი 160

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი; დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და იმავე წელს გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზის სამთო ინსტიტუტში აგრონომიის შესასწავლად. შემდეგ დაასრულა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1893 წელს. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. იყო გაზეთ „ივერიის» თანამშრომელი (შედიოდა „ახალგაზრდა ივერიელებად“ წოდებულ ჯგუფში). 1897-1903 წწ-ში იყო ცენზორი კავკასიის საცენზურო კომიტეტში, არჩეული იყო ქართული სასკოლო კომიტეტისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად, ასევე დრამატული საზოგადოების გამგეობაში. 1905-1906 წწში ი. ჭავჭავაძესა და ნ. ნიკოლაძესთან ერთად შედიოდა პეტერბურგში წარგზავნილ დელეგაციაში, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსაგან ამიერკავკასიისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა. 1910-1913 წლწბში იყო ბათუმის ქალაქის თავი; თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, გამგეობის წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი; პირველი რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე 404

22.17

▲ზევით დაბრუნება


რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 11, 53, 58, 221, 223, 252, 253, 273, 370

რომანოვსკი-რომანკო ბორის სტეფანეს ძე - კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი (21.09.1900), გენერალ-მაიორი, ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე 1906-1909 წწ. და სამხედრო გუბერნატორი 1909 - 1916 ან 1917 წწ.; 1912 წელს ქობულეთის სასოფლო ოლქში შექმნილ რუსულ ახალშენს, სადაც კომლი ცხოვრობდა. (72 სული) რომანოვკა მის პატივსაცემად უწოდეს 50, 163

რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. - 298, 368, 378, 380.

რუსო ჟან-ჟაკ (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau) - ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას და ნაციონალიზმის გავრცელებას 250

22.18

▲ზევით დაბრუნება


საყვარელიძე პავლე დავითის ძე (ნ. საქარელი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. სოციალ-დემოკრატიული მუშაღთა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი; პარტიული ფსევდონიმი - „დიდი პავლე»; სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“); ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი; იყო დამფუძნებელი კრების სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური კომისიების წევრი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მან უარყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი 249, 254, 283

სერვერ-ბეგი (სერვერბეგ ათაბეგოვ პრინც ქობლიანსკი) - წარმოშობით ქართველი, იყვნენ გვარად ჯაყელი. სერვერბეგ ათაბეგის მამა იყო ახალციხის ფაშა. რუსეთმა გადმოიბირა ეს ფაშა, და მისცა ტიტული - პრინც ქობლიანსკი ადიგენსკი და დაარქვეს გვარი ათაბეგოვ. თურქულად ათა - მამაა. ე. ი. მამა ბეგებისა 141, 144

სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე (მეტსახელი: ემილ) - პედაგოგი. თავდაპირველად სასწავლებლად თელავის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. პედაგოგიურ მოღვაწეობა დაიწყო დუშეთის მაზრაში, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიიდან. იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. 1919 წლიდან ხდება საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი 104

სულკევიჩი მაჰომედ სულეიმანის ძე - გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. პირველ მსოფლიო ომში მუსლიმური ცხენოსანი კორპუსის მეთაური იყო. (აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელი, გენერალურ შტაბის უფროსი, გენერალი) 1918 წლის ივნის-ნოემბერში ყირიმის სამხარეო მთავრობის პრემიერ-მინისტრია 221, 223

სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარი, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წ-ს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 85, 106, 120, 141, 188, 191, 242, 282, 284, 288, 313, 318, 352, 362, 425

სტოლიპინი პეტრე არკადის ძე - რუსეთის იმპერიის მთავრობის თავმჯდომარე XX საუკუნის დასაწყისში. რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, ორატორი. სხვადასხვა დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის მეთაური. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის ჩახშობაში 364, 411

სურგულაძე პეტრე როსტომის ძე - ჟურნალისტი, საქართველოს თავისუფლებისათვის აქტიური მებრძოლი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1894 დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტი. პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა ქუთაისის პროგიმნაზიაში გამგე-მასწავლებლად, ხოლო შემდეგ მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად. 1909 პ. სურგულაძის რედაქტორობით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ყოველკვირეული ჟურნალი „ერი“, რომელიც თერგდალეულთა ჟურნალისტურ ტრადიციებს განაგრძობდა და მთელ ძალისხმევას ეროვნული ინტერესების დაცვას ახმარდა. იგი იყო დამფუძნებელი კრების წევრი, სამხედრო კომისიის წევრი. შედიოდა დამფუძნებელი კრების დროებით კომისიაში, რომელმაც 1919 წლის მარტში ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში სერვერ-ბეგის ხელმძღვანელობით მოწყობილი აჯანყების მიზეზები, შედეგები და რეგიონში არსებული ვითარება შეისწავლა. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ედპ-ს მთავარ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში» სახელმწიფოებრივი და სამხედრო აღმშენებლობის აქტუალურ საკითხებზე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თურქეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს იყო ედპ-ს საზღვარგარეთული ცენტრალური ბიუროს წევრი 263

22.19

▲ზევით დაბრუნება


ტოლსტოი ლევ ნიკოლოზის ძე - რუსი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, რომანისტი, პედაგოგი, საბავშვო მწერალი, ესეისტი 28, 249, 268. 373

ტომა ალბერტ - ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სოციალისტი, I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღების მინისტრი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დამაარსებელი და თავმჯდომარე, ვერსალის საზავო კონფერენციის მონაწილე 174, 175

22.20

▲ზევით დაბრუნება


უაიტი - ინგლისის გენერალი 69

22.21

▲ზევით დაბრუნება


ფაიმსი - ინგლისის პოლკოვნიკი 69

ფარნაოზი (ფარნავაზ I) - საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებელი, ანბანის გამავრცელებელი, ქართული მწიგნობრობის ფუძემდებელი, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი 126, 128

ფაღავა გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე - რსდმპ პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი 1913 წლიდან; სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების საზეიმოდ გახსნის სხდომაზე. გ. ფაღავა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ასრულებდა მდივნის მოვალეობას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხშირად მოგზაურობდა რეგიონებში პროპაგანდისტული საქმიანობის გასაწევად. მონაწილეობდა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ადმინისტრციის კრიზისის შემსწავლელ დელეგაციაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუდმივი წევრი 75, 104, 342, 392

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალ-დემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი - დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 87, 110, 120, 122, 149, 352, 353, 362, 394, 396

ფიცხელაური - რკინიგზის ინჟინერი 44, 45

ფოში ფერდინანდ - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი პირველ მსოფლიო ომში. ერთადერთი ადამიანი საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა, პოლონეთის მარშალი გახდა 160

22.22

▲ზევით დაბრუნება


ქიქოძე გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე - პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1903 წ-დან სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912. თავდაპირველად მიემხრო სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას და იზიარებდა მისი ბიოლშევიკური ფრთის იდეოლოგიას. მსოფლმხედველობა - კოსმოპოლიტურიდან ეროვნულ საფუძველზე შეიცვალა პ. სურგულაძის ხელმძღვანელობით ჟენევაში შექმნილი „თავისუფალი საქართველოს ჯგუფის“ იდეოლოგიის გაზიარების შემდეგ. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო საკონსტიტუციო, საბიუჯეტო და საფინანსო კომისიების წევრი. რედაქტორობდა ედპ-ის გაზეთ „საქართველოს“ (1918-1919). 1919 წ-ის თებერვალში ედპ-ის სიით გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი. 1919 წ-ის მაისში ედპ-დან გავიდა, მაგრამ დამფუძნებელ კრებაში დარჩა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 1921 წ-ის მარტში საქართველოს რევკომმა იგი რამდენიმე მოღვაწესთან ერთად გაგზავნა ბათუმში, რათა ნ. ჟორდანია სამშობლოში დარჩენაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921-1922 წწ-ში იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ლიტერატურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე გადაინაცვლა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 394

ქრისტე იესო ნაზარეველი - იესო ნაზარეველი (ბერძნ. Ίησους მირონცხებული), ებრ. עשוהי [იეჰოშუა] „გადარჩენა“, იგივე „მესია“ ებრაულადქრისტიანული ეკლესიის დამფუძნებელი 86, 145

22.23

▲ზევით დაბრუნება


ღამბაშიძე დავით (დათიკო) დავითის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მეცენატი. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, რუსეთის იმპერიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი და ანტანტის სახელმწიფოთა პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი პიროვნება იყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში უშუალო კავშირი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტთან. საქართველოს დამოუკიდებლობით ინგლისის პოლიტიკური წრეების დაინტერესებას აქტიურად ცდილობდა. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ინგლისელი დიპლომატები მას „პრობრიტანული ორიენტაციის პოლიტიკოსად“ მოიხსენიებდნენ 183

ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 63, 96, 101, 102, 103, 198, 214, 300, 305, 307, 323, 332, 333, 334, 335, 336, 338, 340, 341, 410, 414.

22.24

▲ზევით დაბრუნება


შარაშიძე დავით გიორგის ძე - გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა ბახვის სოფლის სკოლაში, შემდეგ ქუთაისში და ბოლოს ოდესის რეალურ სასწავლებელში. 1905 წ-ის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატიმრეს, გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. ამიტომ გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც უმაღლესი განათლება ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ «Борьба»-ს რედაქტორი; „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, „დამოუკიდებელი საქართველოს» თანარედაქტორი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 120, 135, 215

შარაშიძე ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო 7, 48, 49, 77, 78, 83, 119, 139, 189, 217, 241, 281, 287, 317, 351, 361, 371, 391, 393, 394, 397, 399, 423

შეიდემანი ფილიპ ჰენრიხ - გერმანელი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს შედიოდა სახალხო რწმუნებულთა 3 სოციალ-დემოკრატისაგან შემდგარ საბჭოში (ებერტი, ფ. შეიდემანი, ო. ლანდსბერგი). 1918 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა გერმანიის რესპუბლიკა. 1919 წლის თებერვალ-ივნისში ვაიმარის რესპუბლიკის ხელისუფლების მეთაური, (პირველი პრემიერ-მინისტრი). ანტისაბჭოთა პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი 101

შენგელაია (შენგელია) ლეო ანდრიას ძე - იურისტი, სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის» რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 13, 15, 16, 19, 24, 35, 36, 37, 38, 41, 48, 104, 236, 245, 246, 249, 250, 252, 253, 254, 257, 258, 259, 263, 265, 267, 269, 275, 310, 319, 320, 330, 339, 340, 341, 409, 410, 411, 412, 413, 414, 417

22.25

▲ზევით დაბრუნება


ჩერმისოვი - იმ პერიოდისთვის ცნობილი იურისტი 382

ჩერნოვი ვიქტორ მიხეილის ძე - ესერთა პარტიის ლიდერი, რუსეთის დროებითი მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი, ხშირად „გლეხურ მინისტრსაც» უწოდებდნენ. იყო მიწის სოციალიზაციის პროგრამის ავტორი (სახელმწიფოსა და მემამულეთა მიწების საზოგადოებრიც საკუთრებად გადაქცევა მათი შემდგომი თანაბარი განაწილება), პოლიტიკურ სფეროში ითხოვდა „მთელი სახელმწიფოსა და იურიდიული წყობის დემოკრატიზაციას თავისუფლებისა და თანასწორობის საწყისებზე“ 251

ჩიხლაძე რაფიელ ალექსანდრეს ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური მოღვაწე, 1918 წელს შედიოდა საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, მუშაობდა საკონტროლო კომისიაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და ერევნის განყოფილების წევრი 1914 წლიდან და ამავე ორგანიზაციის თბილისის განყოფილების წევრი 1917 წლიდან 104

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე - სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 თანამოაზრეებთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაცია „მესამე დასს». 1907-1912 და 1912-1917 წწ.-ში იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც 1912 წლამდე თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. 1918 წლის აპრილში იგი გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა. თავმჯდომარეობდა 1918 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნ დელეგაციას. ხელმძღვანელობდა ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე ქართული დელეგაციას; 1919 წლის 12 მარტს დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 162, 170, 182, 218

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. დაამთავრა ხონის სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს (1893). 1896-1901 წწ-ში რუსეთშია, კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში, სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა. 1902-1904 წწ-ში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1907 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1912 წელს სოც. დემკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს და ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილით დასჯას. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრია. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრდ, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის და ერთ ლიგაში მიშ გაწევრიანებისთვის. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 179

ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში,(არ დაუსრულებია) დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 15, 16, 22, 23, 34.

22.26

▲ზევით დაბრუნება


ცერცვაძე - ბოლშევიკი 19, 20, 22

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე (ზოგან ცისკარაშვილი გრიგოლ) - სოციალ-დემოკრატი. საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1914 წლიდან რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციას შეუერთდა, 1917 წ-დან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ მაზრაში ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 8, 10, 395

ცხაკაია მიხა - პოლიტიკური ლიდერი, რევოლუციონერი, 1892-1893 წლებში იყო საქართველოში პირველი მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წლის მაისიდან იგი იყო მუშათა და გლეხთა დეპუტატების კავკასიის სამხარეო საბჭოს წევრი, ოქტომბრიდან - რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი და შემდეგ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906-1907 წლებში მონაწილეობდა თბილისის პროფკავშირების ცენტრის შექმნასა და მის მუშაობაში. 1907-1917 წლებში ემიგრაციაში ყოფნისას მჭიდრო კავშირი და მიმოწერა ჰქონდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციებთან. მონაწილეობდა რსდმპ VII (აპრილის) კონფერენციის მუშაობაში. გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩის“ საქმიანობაში, ფილიპე მახარაძესთან ერთად რედაქტორობდა გაზეთ „ბრძოლას“. 1917-1920 წლებში რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ მთავრობაში, 1919 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ იგი დააპატიმრა. 1920 წელს მისი გათავისუფლების შემდეგ შევიდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს შემადგენლობაში. 1921-1922 წლებში იგი იყო საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ მთავრობაში 29

22.27

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედლით დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი; 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური, რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. დროებითი მთავრობის დამხობის შემდედ ჩამოვიდა საქართველოში, იყო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქციისა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმში, შემდეგ - საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. იყო საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა 29, 162, 164, 170, 174, 182, 184

წერეთელი მიხაკო - მეცნიერი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. 1898 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და კიევის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საიდანაც 1899 აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით. 1914 მ. წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. 1918-1919 წწ.-ში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი სკანდინავიის ქვეყნებში - შვედეთსა და ნორვეგიაში. იყო თსუ-პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში 183.

წმინდა ნინო - ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში 126

წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე - სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა სოფლის სკოლაში და ბათუმის გიმნაზიაში. მონაწილეობდა გურიის 1905 წლის მოვლენებში. 1906 წლიდან რსდმპ-ს წევრი, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მუშაობდა, თბილისის განყოფილევაში. იყო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 282, 283

22.28

▲ზევით დაბრუნება


ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისწევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 78, 79, 80, 81, 92, 104, 106, 140, 141, 146, 148, 215, 270, 279, 353, 368, 396, 401, 403, 407, 417, 437, 438

ჭიჭინაძე - გზათა დეპარტამენტის უფროსი 43

ჭიჭინაძე ნიკოლოზ (პარმენ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 58

22.29

▲ზევით დაბრუნება


ხალილოვი მიქაელ (მიქალილ) მაჰომედის ძე - რუსეთის იმპერიის მხედართმთავარი (გენერალ-მაიორი), ეროვნებით ლაკი, ემიგრაციაში თეთრი მოძრაობის აქტიური წევრი (გენერალი) დაღესტნის გუბრნატორი, (1918- 1920 წწ), დაღესტნის სამხედრო მმართველი 50, 154

ხარატიშვილი ის. - ჭიათურის მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრი 400

ხატისოვი ალექსანდრე ივანეს ძე (ხატისიანი) - სომხეთის რესპუბლიკის მთვრობის წარმომადგენელი - ტფილისის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი 1905 წელს, 1908-1910 წწ. - თბილისის თავის მოადგილე. დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდგომ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინი ფაკულტეტზე, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში შეისწავლა ჰიგიენა, საზოგადოებრივი, სამართალდამცავი და მუნიციპალური საქმე. 1910 წლიდან არჩეულ იქნა ქალაქის თავად. პირველი მსოფლიო ომის დროს ხატისოვი თავმჯდომარეობდა ქალაქების ალიანსის კავკასიის კომიტეტს. ხატისოვი იყო სომხეთის მოხალისეთა რაზმების და სომეხი ლტოლვილების დახმარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1916 წელს აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ სომხეთიდან დევნილების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში. 1915-1917 წლებში არჩეულ იქნა სომხეთის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ (ტფილისი). 1917 წელს გადადგა ქალაქის თავის თანამდებობიდან და შეუერთდა დაშნაკცუთიუნის პარტიას (ოფიციალურად სოხეთის რევოლუციური ფედერაცია, შემოკლებით დაშნაკი). მეთურობდა სომხეთის ეროვნულ ბიუროს, თავმჯდომარეობდა სომხეთის პოლიტიკური პარტიების კრებას. მონაწილეობდა სომხეთის ეროვნული საბჭოს შექმნაში. 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დაინიშნა ფინანსთა და სურსათის მინისტრად, აგრეთვე ამიერკავკასიის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების მინისტრად. იყო სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი საქალაქო კომისიის თავმჯდომარე 19

ხვალისი - ბოლშევიკი 14, 20, 37, 38, 39

ხოშტარია - კერძო პირი, რომელსაც უნდა აეშენებინა რიონზე ელექტროსადგური 125, 126, 127, 306

ხუდადოვი - ბოლშევიკი 20

ხუხუა - სოფელ თეკლათის მცხოვრები 42

22.30

▲ზევით დაბრუნება


ჯაბადარი - სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ამომრჩეველი 1907 წლის არჩევნებზე 182

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. კ. ჯაფარიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთ გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 7, 49, 77, 83, 105, 139, 189, 217, 241, 281, 287, 309, 317, 351, 361, 371, 391, 399, 423

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - იურისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გაბედულად აკრიტიკებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 243, 244, 267, 289, 305, 341, 372, 388, 420, 425, 434

ჯაფაროვი მამედ-იუსუფი - ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. საგარეო საქმეთა მინისტრი, ამიერკავკასიის კომისარიატის წევრი. 1918 წელს იყო აზერბაიჯანის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი 52, 221, 223

ჯუღელი ვალერიან (ვარლამ) ანთიმოსის (ანთიმოზის) ძე - ქართველი პოლიტიკოსი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია) და სამხედრო პირი. დაამთავრა სოხუმის გიმნაზია, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 68, 154, 168, 187

ჰეროსტრატე - უღირსი საქციელით განთქმული ბერძენი Hērostratos, ქალაქ ეფესოს ახალგაზრდა მცხოვრები, რომელმაც სახელის უკვდავყოფის მიზნით 356 წ. (ძვ. წელთაღრ.) დაწვა ხის ნაგებობა, რომლის ადგილზეც შემდეგ ააშენეს არტემიდა ეფესელის შესანიშნავი ტაძარი - ერთ-ერთი მსოფლიოს შვიდ საოცრებათგან 154

22.31 А

▲ზევით დაბრუნება


Акиртава Александр - Зугдидский житель - ზუგდიდის მცხოვრები 45

22.32 Ф

▲ზევით დაბრუნება


Фаина - (агент в Тбилиси) - [ფაინა] - აგენტი თბილისში 45

22.33 Ш

▲ზევით დაბრუნება


Шервашидзе Джота управляющий - [შერვაშიძე ჯოტო ლევანის ძე] - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 45

23 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აზერბაიჯანი/ადერბეიჯანი 7, 52, 63, 65, 74, 136, 152, 156, 171, 176, 189, 190, 203, 229, 231, 232, 233, 234, 235, 237, 239, 310, 314, 318, 324, 325, 337, 338, 359

აზია 126

ალაგირი 408

ალპანა 306

ამერიკა 158. 180, 364, 372, 383, 388

ამიერ-კავკასია 13, 16, 50, 51, 52, 53, 55, 60, 62, 63, 64, 65, 74, 75, 87, 140, 153, 154, 176, 177, 180, 218, 219, 220, 221, 222, 225, 226, 227, 229, 230. 234, 235, 236, 237, 239, 282, 288, 290, 310, 314, 315, 318, 319, 320, 321, 323, 324, 325, 326, 327, 328, 330, 334, 335, 336, 337, 338, 340, 352, 353, 354

ამსტერდამი 130, 150, 158, 164, 165, 165, 170, 174, 175, 178, 182

ანარიის მაღლობები 162

არამიანცის საავადმყოფო 3

არარატის რესპუბლიკა 237

არტაანი/ართაანი (ახალი, ძველი) 8, 78, 80, 84, 85, 153, 156, 157, 231

აფხაზეთი 310, 354, 355, 414, 416, 418

აღმოსავლეთის საქრისტიანო 126, 232

ახალსენაკ-ზუგდიდის რკინის გზა 47

ახალქალაქის მაზრა 8, 78, 80, 81, 84, 85, 140, 141, 144, 145, 146, 157, 188, 408, 415

ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის გზატკეცილი 8, 78, 80, 84, 85

ახალციხის მაზრა 140, 141, 144, 146, 188, 157, 408

ბათომი/ბათუმი 150, 151, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 161, 162, 163, 164, 169, 172, 175, 179, 181, 187, 188, 202, 203, 205, 208, 212, 262, 266, 314. 50,135, 157, 158, 162, 163, 164, 167, 169, 173, 175, 176, 177, 184, 185, 187, 407

ბალკანეთი 219

ბასტილია 125, 126

ბაქო 14, 18, 19, 23, 24, 27, 37, 39, 63, 155, 156, 222

ბელგია 87, 174, 184

ბერნი 130, 150, 158, 165, 170, 174, 184

ბზიბი მდინარე 69, 71, 156, 186

ბრაზილია 403, 404

ბრესტი 180, 234

ბრესტ-ლიტოვსკი 155, 158, 161, 162, 172

ბორჩალო/ბორჩალოს მაზრა 8, 169, 270, 411, 412, 414, 415

ბორჩალო-ახალქალაქი 8

ბორჯომი 410

გაგრა 47, 54, 69, 71

გერმანელთა ახალშენი 140

გერმანია 87, 101, 161, 169, 172, 174, 180, 259, 364, 412, 416

გორი 408

გროზნა 154

გუდაუთა 401

გუდაუთა-პილენკოვის გზატკეცილი 392, 399, 401

გურია 109

დარდანელი 126

დასავლეთ ევროპა 156, 314, 395

დასავლეთი საქართველო 408

დერბენტი 49

დონის ოლქი 152

დუშეთი 109, 156, 263, 270, 408

დუშეთის მაზრა 270, 408

ევროპა 51, 61, 75, 89, 99, 126, 127, 128, 156, 164, 174, 178, 197, 219, 314, 318, 395

ევროპის სახელმწიფოები 178, 364, 61, 75

ეკატერინოდარი 73, 155, 156

ვეიმარი 101

ზემო სვანეთი 425

ზუგდიდი 42, 43, 44, 46, 47, 266

ზურნაბატი 136

თბილისი 11, 14, 17, 27, 39, 40, 72, 84, 108, 136, 148, 270, 272, 274, 365, 369, 400

თეკლათი 42

თელავის მაზრა 408, 423

თერგის ოლქი 25

თიანეთი 109

თფილისი/ტფილისი 7, 19, 20, 38, 49, 77, 83, 93, 94, 96, 100, 105, 106, 119, 135, 139, 151, 156, 167, 189, 206, 217, 223, 239, 241, 251, 275, 281, 287, 309, 317, 331, 348, 351, 361, 368, 369, 371, 391, 392, 399

ინგლისი 57, 65, 69, 70, 71, 87, 100, 103, 127, 132, 151, 153, 155, 156, 157, 158, 161, 163, 164, 170, 174, 177, 180, 182, 184, 197, 210, 253, 293, 324, 383, 392, 399, 407, 427, 430

ინგუშეთი 239

ინდოეთი 403, 404

ირემე 42

იტალია 87, 112, 156, 158, 200, 239, 328

კავკასია 55, 65, 66, 150, 157, 225, 228, 229, 230, 231, 232, 234, 315

კავკასიონის ქედი 62

კონსტანტინოპოლი 182

კოჯორი 410

ლაგოდეხი 408

ლეჩხუმი 109, 424, 425

ლონდონი 65, 152, 183, 184, 211

მანჩესტერი 339

მესხეთი 231

მესხეთ-ჯავახეთი 141, 142

მეხადირი/მახადირი 57, 156, 186,

მთიელთა რესპუბლიკა 49, 55, 154, 177

მთიულეთი 74, 408

მიხეილის საავადმყოფო 289

მოედანი 368, 372

მოსკოვი 197, 427, 428, 430

მტკვარი 186

ნატანები 135, 153

ნატანებ-ბათომის რკინის გზა 392, 399, 407

ნოვოროსია 156, 163

ნოვოროსიისკი 202

ოდესა 202

ოზურგეთი 315

ოკრიბა 25

ოლთისი 231

ოლღას საბებიო ინსტიტუტი 189

ონი 368, 372

ორთაჭალა 39

ოსმალეთი 51, 141, 155, 158, 161, 162, 173, 180, 186, 202, 234, 416

პარიზი 37, 51, 65, 75, 125, 126, 128, 130, 154, 158, 159, 162, 163, 164, 165, 169, 170, 174, 178, 182, 183, 184, 219, 220

პარნასი 179

პეტროგრადი 155, 290

პეტროვსკი 49

პილენკოვი 401

პოლონეთი 180, 412

ჟენევა 239

ჟირონდი 252

რიონი 306, 310, 314, 318

რაჭა 156, 358, 408

რუსეთი 12, 13, 50, 51, 53, 54, 55, 57, 59, 60, 61, 62, 65, 69. 72, 75, 86, 87, 88, 89, 92, 93, 121, 122, 128, 151, 152, 153, 154, 155, 158, 159, 166, 168, 170, 176, 177, 185, 187, 197, 202, 229, 234, 235, 243, 245, 246, 247, 253, 256, 259, 284, 286, 289, 290, 291, 293, 295, 296, 304, 306, 307, 321, 325, 335, 336, 337, 352, 364, 368, 372, 376, 378, 381, 383, 411, 412, 417, 429

სათათრეთი 161

სამაჰმადიანო საქართველო 150, 156, 157, 181

სამხრეთ ამერიკა 395

სამტრედია 308

სანაინი 135

საფრანგეთი 11, 12, 51, 87, 125, 126, 156, 158, 170, 180, 184, 197, 252, 253, 293, 294, 334, 372

საქართველო/საქართველოს რესპუბლიკა 9, 15, 17, 51, 52, 53, 58, 62, 63, 64, 75, 150, 154, 164, 167, 172, 217, 218, 221, 239, 256, 257, 258, 274, 276, 310, 318, 323, 351, 352, 363, 386, 391, 407, 411, 424

საქრისტიანო საქართველო 232

სენაკი 44, 266, 297, 308

სვანეთი 425

სიღნაღ-თელავი 423

სომხეთი 56, 63, 65, 66, 74, 157, 203, 218, 219, 220, 221, 222, 232, 318, 324, 325, 338

სოჭი 50, 51, 54, 69, 73, 156, 181, 237, 412

სოჭის ოლქი 50, 2156

სოხუმ-ახალსენაკი 8, 78, 80, 84, 85, 392, 399, 401

სოხუმ-ახალსენაკ-გუდაუთ-პილენკოვის გზატკეცილები 392, 399, 401

სოხუმი 45, 110, 120, 135, 185, 190, 242, 281, 310, 348, 352, 354, 355, 392, 400, 411, 418

სტამბოლი 158, 162, 179, 182, 183, 205, 208, 326

ტიხორეცკი 73

ტუაპსე 44

ტრაპიზონი/ტრაპეზონი 179, 202

ტყიბული 328, 356

უკრაინა 203

ფინლიანდია/ფინეთი 109, 180

ფოთი

ფოცხოვის რაიონი 156

ქობულეთი 153

ქუთაისი 106, 107, 108, 110, 119, 136, 140, 141, 148, 149, 243, 272, 273, 274, 275, 306, 348, 369, 392, 399, 400, 408, 412,

ქუთაისის მაზრა 408

ყაზბეგი 25, 135

ყარაიაზის რაიონი 408

ყარსი 186

ყარსის ოლქი 153

ყვირილა 403

ყუბანი 156

შავი ზღვის რკინის გზა 41, 43, 45

შვეიცარია 109, 183, 239, 381, 388, 395

შვეცია 197

შორაპნის მაზრა 408

ჩრდილო-ამერიკა 170

ჩრდილოეთ კავკასია 218

ჩრდილოეთ-კავკასიის რესპუბლიკა 218

ციმბირი 127

ცხენის-წყალი 287, 308, 309

ჭანეთი 231

ჭიათურა 196, 199, 205, 213, 306, 324, 328, 340, 391, 392, 399, 400, 402, 403, 404, 405, 421

ჭოლოკი/ჩოლოქი 158

ჭოროხი 153, 186

ხევსურეთი 25, 408

ხეთა 42, 43

ჯავახეთი 231, 414, 415

ჰოლანდია 87

С

Сатондле 45

24 II ტომის პირთა საძიებლებისთვის გამოყენებული წყაროები:

▲ზევით დაბრუნება


1. http://batumi.ge/ge/?page=show&sec=2

2. საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება https://www.tsu.ge/data/image_db_innova/saqartvelo da azerbaijani.pdf

3. https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_7558_1.pdf

კუკულაძე გუგული. საქართველოს პარლამენტის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში 1918-1920 წწ. (სამხრეთ-დასავლეთ საქართველო) ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია

4. http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965

5. library.iliauni.edu.ge/ebooks/zhan-zhak-ruso

6. http://www.peoples.ru/state/politics/filipp_sheydeman/

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=37024