The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი VI

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი VI


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები)
თარიღი: 2019
აღწერა: 1920 წლის 19 მარტი – 6 ივლისი თბილისი 2019 UDC(უაკ)328(479.22)+94(479.22) ს-323 სერია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმები. 7 ტომად. ტომი VI; 1920 წლის 19 მარტი – 6 ივლისი. იდეის ავტორი და შემდგენელი – ირაკლი იაკობაშვილი, წიგნის რედაქტორი და საძიებლის შემდგენელი – მზია ხოსიტაშვილი. წინათქმა ემზარ ჯგერენაიასი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა. 2019 წელი. 664 გვერდი. ISBN 978-9941-9652-8-9 (ყველა ტომის) ISBN 978-9941-9620-9-7 (მეექვსე ტომის) © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ 7-ტომეულში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პლენარული სხდომის ოქმები. სხდომის ოქმები წიგნის სახით პირველად ქვეყნდება. გამოცემა დაეხმარება საქართველოს უახლესი ისტორიის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მკვლევრებს. „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკებში.

2 მეორე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(2)

1920 წელი. მარტის 19. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. სოც.-ფედ. ფრაქციის შეკითხვა ბათომის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხ.

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იხსნება 12 ს. და 20 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ და მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. შეკითხვა სოც.-ფედერ. ფრაქციისა მთავრობისადმი - ქალ. ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსთან შემოერთების საკითხის მდგომარეობის შესახებ.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მეორე ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.

3. დეკრეტი - საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კ. ღირებული მასალის მიცემის შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.

4. დეკრეტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯების დასაფარავად 4.034.304 მან. და 92 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

5. დეკრეტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლისა. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

6. დეკრეტი - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებულ ფასის გადიდებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

7. დეკრეტი - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

8. დეკრეტი - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისა. მომხსენებელია იმნაიშვილი.

9. დეკრეტი - ბათომის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებად 260.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

10. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.

11. დეკრეტი - ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

12. დეკრეტი - მიგდებულ ბავშვთა თავშესაფარის დაარსებისა და შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

13. დეკრეტი - საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელ სადგურისათვის სოფ. ტაბახმელაში მელიქიშვილის მამულის შესაძენად 1. 060. 000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

14. დეკრეტი - სახალხო სკოლის მასწავლებელთა ხუთწლეულებით დასაკმაყოფილებლად 4.193.333 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

17. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

18. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ. მომხსენებელია ი. ელიგულაშვილი.

19. დეკრეტი - ევროპაში კომერციული სააგენტოების დასაარსებლად და ეკონომიური მისიის გასაგზავნად 20.000.000 მ. გადადებისა. მომხსენებელია ი. ელიგულაშვილი.

20. დეკრეტი - პირველ-დაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის მოკლევადიან კურსების დაარსებისა და საამისოდ 240.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

21. დეკრეტი - სვანეთის სამკურნალოს დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე და მ. ტოროშელიძისა.

22. შეკითხვა დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

დამატება:

23. პროექტი საქართველოს და ადერბეიჯანის რესპუბლიკების მთავრობათა შორის დადებულ სატრანზიტო ხელშეკრულობის რატიფიკაციისა. მომხსენებელია. ნ. ელიავა.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემოსულია წინადადება ს.-დ. ბიუროსაგან, რომ მე-23-მე საკითხი გადატანილ იქნას დღიურ წესრიგის პირველ საკითხად და დღესვე იქნეს მიღებული. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის ბ. ელიავას.

(ნიკო ელიავას მიერ წაკითხულ იქმნა ხელშეკრულების პუნქტები, რომელნიც კრების მიერ მუხლობრივ და მთლიანად დამტკიცებულ იქმნა).

შეკითხვა სოც.-ფედ. ფრაქციისა მთავრობისადმი ქალაქ ბათუმის და მისი ოლქის საქართველოსთან შემოერთების საკითხის მდგომარეობის შესახებ.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი (კითხულობს):

„შეკითხვა სოციალ-ფედერალისტთა ფრაქ. მთავრობისადმი.

ეს ერთი ხანია, რაც დროებით და ძალადობით ჩამოგლეჯილ ბათომის და მისი ოლქის საქართველოსთან შემოერთებისათვის მთავრობამ ერთგვარი ზომები მიიღო და სათანადო განცხადებაც გამოაქვეყნა, მაგრამ დღემდის ამ საკითხის გადაჭრას არა ეშველა რა. რაც დრო გადის საქმე უფრო რთულდება და მით რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესებს ხიფათს უმზადებს.

იცის თუ არა მთავრობამ ყოველივე ეს და თუ იცის, როდის იქნება მიღებული უკანასკნელი ზომა, რომ საბოლოოდ გადაწყდეს ეს საკითხი ბათომის და მისი ოლქის საქართველოსთან შემოერთებისა.

გთხოვთ ჩვენი ფრაქციის მიერ შემოტანილი შეკითხვა ბათომის მდგომარეობის შესახებ მიიღოთ სასწრაფო განსახილველად“.

ფრაქციის თავმჯდომარის მაგ. . მდივანი.

თავმჯდომარე. სიტყვები ბ-ნ მდივანს ეკუთვნის.

სიმ. მდივანი (სოც.-ფედ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის დავალებით მე მინდა ერთხელ და, მგონია, საბოლოოდ დავსვა საკითხი ბათომის და მისი ოლქის კვლავ საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში დაბრუნებისა. ეს ოლქი წინააღმდეგ ისტორიისა, წინააღმდეგ კულტურისა, ეთნოგრაფიისა და სამართლიანობისა, ძალადობით ჩამოგლიჯეს საქართველოს, დღეს იგი უპატრონოთ არის მიტოვებული და ამ უპატრონობის გამო განიცდის საშინელ გაჭირვებას; და ეს გაჭირვება აღიბეჭდება მთელი საქართველოს სხეულზე და საფრთხეს უქადის მას და მის სუვერენობას; თუ ბათომი და მისი ოლქი არ დაგვიბრუნდა, საქართველოს გაუჭირდება ცხოვრება, გაუჭირდება თავისი სუვერენობის შერჩენა; და ამ პატარა ერმა აუარებელი ენერგია, მორალური ძალა უნდა დახარჯოს, რომ თავი დაახწიოს ამ უბედურებასა და განსაცდელს, რომელიც მას კარს მოსდგომია.

დღეს საქართველოში არ არის არც ერთი ცოტათ თუ ბევრათ შეგნებული მოქალაქე, რომელიც არ გრძნობდეს, რომ ერის სხეულს მოჰკვეთეს საუკეთესო ნაწილი, არ გრძნობდეს, რომ ამ სხეულის ნორმალურ განვითარების აუცილებელი პირობა არის - მისი გამთელება, ბათომის დაბრუნება. ჩვენ ბათომს მოვითხოვთ არა იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საერთო ფერხულში ჩავებით (მოგეხსენებათ დღეს ყველას ჩვეულებად გადაექცა დაეპატრონოს იმას, რაც გლახად დევს), არამედ ჩვენ გვაქვს მორალური, ისტორიული და ბუნებრივი უფლება, რომ ბათომი და მისი ოლქი უკან მოვითხოვოთ, დავიბრუნოთ; და ვინც ამ საკითხში დავას გაგვიწევს და ხელს შეგვიშლის, ის იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენი მტერი. (ტაში).

ეს იქნება მანამდის, სანამ თქვენ, დამფუძნებელ კრების წევრნო, და თქვენ მიერ არჩეული მთავრობა არ დაადგება სწორ გზას და არ მიიღებს ენერგიულ ზომებს. ჩვენ მოვითხოვთ ბათომს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ბათომი იყო ციხე, წინაციხე და იმავე დროს აქ იყო გაჩაღებული ეკონომიური და კულტურული ცხოვრება; ჩვენმა წინაპრებმა გაუძლეს იმ უამრავ მტერთ და ურდოებს, რომელნიც ლამობენ საქართველოს მოსპობასა და ისტორიის ასპარეზიდან უფსკრულში გადასროლას. ოსმალეთმა გაიმარჯვა ამ მხარეში, მაგრამ ამ გამარჯვებამ ეს ოსმალეთი იმავე დროს დაამარცხა. მართალია, ზოგჯერ ოსმალეთმა შესძლო გადაელახა აჭარის ქედი. მაგრამ ეს ქედი იყო ყოველთვის საშიშარი მისთვის, ვინაიდან აქ, ამ ქედის ძირში ყოველთვის სამარე გაეთხარა მის პოლიტიკას. დღეს, მოქალაქენო, ბათომის მხარეში შეგიძლიათ იხილოთ მრავალი ნაშთი, რომელიც ააშკარავებს ჩვენი წარსული კულტურის სიდიადეს და მრავალფეროვნებას. აი, ეს ნაშთები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ კუთხეში იყო დანთებული კერა ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისა. და აი, ამ ნაშთებსა და კულტურაში დღესაც მეტყველებს ჩვენი უფლება და მასში არის ჩვენი ძალა. ეს იყო ძველად, მაგრამ ახლო წარსულშიაც გვქონდა ჩვენ შემთხვევა უფრო ცხადათ ნათელგვეყო ყველასათვის ჩვენი უფლება ამ მხარეზე. ჩვენ უდიდესი მსხვერპლი გავსწირეთ ამ უფლების გამსამტკიცებლად. ქართველმა ხალხმა გაიღო ეს უდიდესი მსხვერპლი და გაიღო იგი დაუზარებლად, უყოყმანოდ. თქვენ იცით კარგად, მოქალაქენო, როგორ არის შეღებილი ჩოლოქის წყალი ქართველის სისხლით. აქ ერთგვარად დაიღვარა სისხლი კახელებისა, ქართლისა, გურია-სამეგრელოსი, იმერთა, ლეჩხუმისა და სვანეთისა, ერთი სიტყვით საქართველოს ყოველი კუთხისა. და ამ სისხლით დაუბრუნდა ეს კუთხე საქართველოს. თქვენ ისიც კარგად იცით, რომ დღევანდელმა უმაგალითო საერთაშორისო ომმა უბედურება და სრული განადგურება დაატეხა თავს აჭარას, ჩვენ თანამოძმეებს. და პირველად ეს საშინელება, ეს უბედურება იგრძნო საქართველომ, პირველად საქართველოს გულმა იგრძნო ეს საშინელი მოტყუება და გაშიშვლება მოძმეთა და პირველი იყო ქართველი ერის ხელი. და საქართველომ უთხრა სწორედ პირველი დამაიმედებელი და გამამხნევებელი სიტყვა თავის მოძმეთ.

თქვენ ისიც კარგად იცით, რომ თვით ქალაქი ბათომი არის აშენებული ქართველი ხალხის უნარითა და შრომით. იქ, ბათომში, არის ჩათესილი და ჩანერგილი ჩვენი ხალხის შრომა, დიდი ენერგია და უნარი ჩვენი ინტელიგენციის თვითმოქმედებისა და დაუზოგველი მუშაობისა. თქვენ იცით აგრეთვე, რომ პირველად საქართველოს დემოკრატიამ იქ აიდგა ფეხი, პირველად ბათომში დაღვარა სისხლი ქართველმა მუშამ. თუ ბათომი არის გაკეთებული და გამშვენიერებული საქართველოს რუსეთის ფარგლებში ყოფნის დროს და იგი არის პირველი ქალაქი ევროპიული მნიშვნელობისა ამიერ-კავკასიაში, ეს არის შედეგი ქართველი ხალხის მუყაითობისა და სიბეჯითისა. ბათომის მხარე ბათომთან ერთად წარმოადგენს მოზრდილ კულტურულ ცენტრს ამიერ-კავკასიაში. იგი ასაზრდოვებდა საქართველოს და საქართველო ასაზრდოვებდა მას. აქ იყო შედუღება საქართველოს უნარიანობისა და მოქმედებისა. მაგრამ, როდესაც დადგა რევოლუციის ჟამი და ჩვენ ყველას გვეგონა, რომ რევოლიუცია მოგვცემდა იმას, რაც გვიანდერძა ეტნოგრაფიამ, ჩვენ გვეგონა, რომ ეს კუთხე საბოლოოდ ჩვენი იქნებოდა და ჩვენ გავხდებოდით ბატონ-პატრონი ამ მხარისა. მაგრამ საშინელმა მოვლენამ გააბათილა ჩვენი იმედები და ჩამოგვაშორა ბათომის ოლქი. ეს იყო ბრესტ-ლიტოვის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბათომის, ყარსის და არტაანის ოლქები გადადიოდა ოსმალეთის ხელში. ოსმალეთი გათამამდა. მან დაიჭირა ბათომის ოლქი, ჩვენ დავკარგეთ ბათომი. მაგრამ ოსმალეთი დამარცხდა. საბჭოთა რუსეთმა ისარგებლა ამ შემთხვევით და თავის თავი განთავისუფლებულად იცნო ბრესტის ხელშეკრულობისაგან. ხელშეკრულება უკუგდებულ იქნა. რაღა უდგა წინ, რომ ბათომი და მისი ოლქი დაბრუნებოდა უკან მის ნამდვილ ჭირისუფალს? თვით მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი უარყოფენ ბრესტ-ლიტოვის ხელშეკრულებას. მაშასადამე ბათომი და მისი ოლქი უნდა დაბრუნებოდა მის ნამდვილ პატრონს. მაგრამ მოკავშირეთა სახელმწიფოებმა ეს არ ინებეს და საქართველოს მტკიცე სურვილის წინააღმდეგ ბათომის ოლქი დასტოვეს ჩვენს გარეშე.

სხვა ქვეყნიდან რომ არ მოვიყვანოთ მაგალითები ამის დასამტკიცებლათ, საკმარისია გავიხსენოთ ამიერ-კავკასია. აქ ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ მოკავშირეებმა უარჰყვეს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება. თქვენ იცით, რომ ყარსის ოლქი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გადადიოდა ოსმალეთის ხელში, მაგრამ უკანასკნელის დამარცხების შემდეგ მას ოკუპაცია უყო ინგლისის ჯარმა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის გაბათილების შემდეგ ინგლისის ჯარმა მიატოვა ეს ოლქი, თვით გადავიდა ბათომში, ოლქი კი გადასცა სომხეთის განკარგულებაში. ესევე არ მოხდა ბათომის შესახებ. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი; ეს მიზეზი არის ის, რომ ბათომი ყველასთვის საჭიროა და სწორედ უბედურებაც და ბედნიერებაც ბათომისა ისაა, რომ ის ყველასათვის საჭიროა. ბათომი არის ერთად-ერთი გზა, რომელიც აერთებს ევროპასა და აზიას, რომლითაც აზია უკავშირდება ევროპას. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების გაბათილების შემდეგაც იგი დასტოვეს უპატრონოდ. შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ამ ოლქს არა ჰყავს დღეს პატრონი და იმ ნიადაგზე აღმოცენდა მთელი რიგი ავანტიურისტებისა, რომელთაგანაც ყველა აცხადებს თავის თავს პატრონად ამ ოლქისა. მე დავიწყებ უბრალო მაგალითებით, კერძო პირებიდან; თქვენ იცით, რომ არის ახალციხიდან გაქცეული დევნილი ბეგი, რომელსაც არ უნდა შეურიგდეს იმას, რომ მას ჩამოართვეს რამდენიმე ათასი დესეტინა, რომელსაც არ სურდა ეს მიწები დაერიგებიათ თავის სამშობლოს გლეხებისთვის და ამისთვის გაიქცა - ეს არის სერვეტ-ბეგ ქობლიანსკი. ესეც კი პრეტენზიებს ატარებს ბათომის ოლქზე და ამბობს, რომ ბათომის ოლქიდან სხვა ოლქებთან ერთდ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამხრეთ-აღმოსავლეთის დამოუკიდებელი აჭარისტანის სახელმწიფო, რომლის მეთაურად ვიქნები მეო. ეს, მოქალაქენო, გვაგონებს იმ ძველ აზნაურიშვილობას, რომელნიც მიწების დაყორღვნის დროს ყოველთვის ჯგუფ-ჯგუფად დასდევდენ მიწის მზომელთ და ყოველ ნაჭერ მიწის შესახებ აცხადებდენ პრეტენზიებს, მითვისებას ჩემულობდენ, აი ასეთი კურიოზულ მოვლენებთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს. ამას აქვს მნიშვნელობა იმდენათ, რამდენათაც ის წარმოადგენს დამახასიათებელ მოვლენას სხვა გარემოებათა შორის. ამასთან უნდა დაურთოთ ის, რომ რუსეთის ძველი რეჟიმის მოხელენი სცდილობენ ბათომის მხარეში შეიტანონ არევ-დარევა. მათ არა აქვთ არავითარი კავშირი ადგილობრივ მცხოვრებლებთან, მაგრამ სცდილობენ გამოიყენონ ეს არევ-დარევა და შექმნან სამხრეთ-აღმოსავლეთის აჭარისტანის სახელმწიფო. ამათ ემატება ოსმალეთის აფიცრობა და იქიდანვე გადმოხვეწილი ავანტიურისტები, რომელთაც თავის სამშობლოში სახრჩობელა ელით. ეს შემოსული ხალხი ქმნის ანარქიას და ხელს უწყობს არევ-დარევას. არც ეს არის დიდი საშიშროება, უფრო სერიოზული მიზეზები რომ არ გვეღობებოდეს წინ.

ბათომის საკითხში ჩვენი მეზობლები ვერ იქცევიან მეზობლურად. მოქალაქენო, დღემდის თქვენ არ გაგიგონიათ მათგან გულახდილი განცხადება ბათომის შესახებ. დავიწყებ სომხეთით, ჯერ სომხურ პრესის შესახებ მინდა მოგახსენოთ. იგი იჩენს ერთგვარ ლოიალობას. ის აცხადებს, რომ ბათომი ეკუთვნის საქართველოს, მაგრამ იგი მოითხოვს ერთგვარ გარანტიას. იგი ამბობს, სომხეთსაც აქვს ეკონომიური ინტერესები ბათომში და მოითხოვს ამ ეკონომიურ ინტერესების უზრუნველყოფის გარანტიას. ეს არის პრესის აზრი. ამ აზრზე მე არ შევჩერდებოდი, ვინაიდან იგი არის მხოლოდ პრესის აზრი, სხვა კერძო ცნობები რომ არ მქონდეს ხელთ. ეს ცნობები კი სულ სხვა სურათს გვიშლის წინ. მე ძლიერ მოხარული ვიქნებოდი ეს კერძო ცნობები რომ არ გამართლდეს, მაგრამ დღეს ამ ცნობების მიხედვით მე მაქვს უფლება აქ საჯაროთ განვაცხადო, რომ პრესის აზრს იზიარებს თვით არარატის რესპუბლიკის მთავრობაც. მე მეტს ვიტყვი, ის უფრო შორს მიდის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ბათუმის საკითხი ისე იქნეს გადაწყვეტილი, რომ ჩვენც გვექნეს საშუალება ეკონომიური აღორძინებისა და გაძლიერებისაო. და მოითხოვენ რკინის გზის გაყვანას ბათომისაკენ. რასაკვირველია, ეს კარგი სურვილია. მით უმეტეს, ყველას სურს სხვისი გზით ისარგებლოს და სხვის მიწა-წყალზე რკინის გზა გაიყვანოს. მაგრამ ეს ისეთი სურვილია, რომელიც არაფრით არის დასაბუთებული, რომელსაც არავითარი ლოღიკა არა აქვს. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს დადებული განსაკუთრებული სატრანზიტო ხელშეკრულება, სადაც აშკარად არის აღნიშნული, რომ ის საქონელი, რომელსაც კი მიიღებს სომხეთი საქართველოს რკინის გზებით, განთავისუფლებული იქნება სატრანზიტო გადასახადისგან. მე მგონია ეს ისე გარკვევითა და აშკარად არის აღნიშნული ხელშეკრულებაში, რომ სომხეთისათვის არ იყო საჭირო განსაკუთრებულ გარანტიების მიცემაზე ჩამოეგდო ლაპარაკი. ასეთია პრეტენზიები სომხეთის რესპუბლიკისა, პრეტენზიები, რომელშიაც არაა არავითარი ლოღიკა, არავითარი დამაჯერებელი საბუთი.

მეორე ჩვენი მეზობელი ამ მხრივ გაცილებით შორს წავიდა, ის შემდეგს ლაპარაკობს. მე თავს ნებას მივცემ წავიკითხო ზოგიერთი ადგილები ინტერვიუდან, რომელიც გაუკეთეს ადერბეიჯანის გარეშე საქმეთა მინისტრს ბ-ნ ხან-ხოელს. უნდა განვაცხადო, რომ ჩემი პირადი დამოკიდებულება ინტერვიუსთან ასეთი იყო. როდესაც პირველად დაიბეჭდა გაზეთებში ინტერვიუ ბ-ნ ვექილოვთან, მე ვფიქრობდი: ვექილოვი ახალგაზრდა დიპლომატია, მან ვერ მოახერხა ყველაფრის დამალვა და ყველაფერი აშკარად სთქვა. მეგონა ამის შემდეგ მას დაიბარებდენ ბაქოში და იქ დასტოვებდენ, მაგრამ სულ სხვა მოხდა. რაც სთქვა ახალგაზრდა დიპლომატმა ვექილოვმა, იგი უფრო მკაფიოდ დაადასტურა მინისტრმა ხან-ხოელმა. საერთოდ ამ ორ დიპლომატთა შორის ის განსხვავებაა, რომ უკანასკნელი უფრო გამოცდილი იურისტია, ვინემ პირველი. (კითხულობს ინტერვიუს).

ამ ინტერვიუში არის მოთხოვნა იმისა, რომ ასეთი საკითხის დაყენება მოგვცემს საშუალებას, კონფედერაციას მიუახლოვდეთ. ერთი სიტყვით ამ ინტერვიუში არის ლაპარაკი ძმობასა და ერთობაზე. ეს არის სახელმწიფოებრივი დემოკრატიული ლოზუნგი; მაგრამ იქვე არის სხვა მხრით შემოვლა, ზურგიდან მახვილის დაკვრა. ეს არის პოლიტიკა არადემოკრატიული, და ასეთი მოკავშირე არ არის მოკავშირე - ეს არ არის მეზობლობა. მე ხელთა მაქვს ხელშეკრულება, სადაც არის ნათქვამი აშკარად, პირდაპირ, რომ ორი რესპუბლიკა - ადერბეიჯანი და საქართველო, ორი შეერთებული ძალა, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად - ერთად გამოდიან და იცავენ ყოველგან და ყოველთვის თავის სუვერენულ უფლებებს. თუ მოხდა რაიმე უთანხმოება, ეს უნდა გადაწყდეს ან არბიტრაჟით, ან მორიგებით. ასეთ პირობებში ადერბეიჯანის ამგვარ გამოსვლას ადგილი არ უნდა ჰქონოდა.

შეიძლება ეს იყოს ფანტაზია ხან-ხოელისა, რომ მას აქვს სერიოზული გარანტია სერიოზული პირებისა. მე მაქვს საბუთი ვიფიქრო პირ-იქით, რომ სერიოზული პირები დააფიქრებენ და არ ათქმევინებენ ხან-ხოელს იმას, რაც არ უნდა ეთქვა. ამნაირად ერთა სოლიდარობის იდეია ჩვენ მეზობლებში არ არის ჯეროვანად განმტკიცებული და ხშირად უნდათ გააკეთონ თავისი საქმეები კულისებში - მფარველობის შემწეობით. მოიგონეთ თუ გნებავთ აჯანყება ახალციხის და არტაანის ოლქში და ის ომი, რომელიც დაატეხა თავს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკამ. ამ გზით მიდიან ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები საშინელებისაკენ, რომელიც შეიძლება გათავდეს ისეთი არევ-დარევით, როგორიც დღეს გამეფებულა ზანგეზურსა და ყარაბახში, სადაც გამართულია ნეიტრალური ზონები და სწარმოებს შეუჩერებელი სისხლის ღვრა. ასეთ მომენტში ასეთი გამოსვლები, პრეტენზიების გაცხადება ბათომზე: საქონელი მაქვს და მომეცით გარანტია ბათომით ვისარგებლოვო, ისეთი არგუმენტი და ლოღიკაა, რომელსაც არ ჰქონია ამდენხანს ადგილი საერთაშორისო უფლებაში. მართალია ზოგან ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა მხოლოდ იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ ადერბეიჯანს და საქართველოს ამ გზით სიარული არ შეუძლიათ. გერმანიასაც კი არ უთქვამს ევროპისათვის, შავი ქვა შემომაქვს ჰოლანდიის ნავთსადგურიდან, ამიტომ უფლება მაქვს პრეტენზიები განვაცხადო ჰოლანდიის ნავთ-სადგურებზეო. ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას არ მიუცია საბუთი რომელიმე რესპუბლიკისათვის, რომ მას ეფიქრა, თითქოს მისი ინტერესები შელახული იქნებოდა საქართველოს მიერ. მეზობლების ინტერესების დაცვის გარეშე არ შეიძლება მოეწყოს ცხოვრება ამიერ-კავკ. რესპუბლიკათა. მიუხედავად ამისა, ადერბეიჯანი აცხადებს დაუსაბუთებელ პრეტენზიებს ბათომის ოლქზე. დიპოლომატიური წარმომადგენელი გავგზავნეთ, თითქოს შეთანხმებაც არის მომხდარი ჩვენ შორის, ადერბეიჯანი სიტყვით გაიძახის შევთანხმდითო, მაგრამ მე არ შემიძლია, სამწუხაროდ, ვირწმუნო ამ განცხადების გულწრფელობა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ადერბეიჯანი აუარებელ ფულს ხარჯავს ბათომის ოლქში და ჰსურს იქ არევ-დარევა შეიტანოს. ეს ხმები მე კიდევ არ მჯერა და მინდა ვიკითხო: სად არის ადერბეიჯანის მთავრობა, რომლის დიპლომატიური წარმომადგენელი და მისი გარეშე-საქმეთა მინისტრი მოკავშირეთა რესპუბლიკის, საქართველოს შესახებ ასეთ მოხსენებას აკეთებს და არავითარ განმარტებას არ იძლევა, არ აყენებს, არ უარყოფს ასეთ ხმებს? მე არ შემიძლია ვთქვა, რომ იქიდან ჩვენ არავითარი საფრთხე არ მოგველის.

მაგრამ არსებობდა მეორე მხარე ამ საკითხისა. ეს არის შინაური მხარე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ყოჩაღად მოვიქცევით ჩვენ: თუ მთავრობა და მმართველი წრეები საქართველოს ინტერესებს დარაჯად ედგომიან, ასეთ გამოსვლებს ადგილი არ ექნება. თუ კი მართლა ასეთ სერიოზულ გარანტიებს მოითხოვს ჩვენი მოკავშირე და ჩვენ არავითარ ზომებს არ ვღებულობთ, ეს არის დანაშაული მთავრობისა და მან უნდა მიიღოს იგი თავის თავზე. რამდენიმედ ეს დანაშაული ჩვენც მოგვხვდება, ჩვენც წილი გვიდევს მასში, მაგრამ უპირველესად ყოვლისა და უმთავრესად იგი უნდა გაიაზროს მთავრობამ. ამ მხრივ მას შეუძლია ჩვენი საქმე გამოასწოროს. მან თვალყური უნდა ადევნოს იმ დიპლომატიურ გზას, რომელსაც გვიჩვენებს ხან-ხოელი.

ადერბეიჯანისთანა მოკავშირეებს ჩვენმა მთავრობამ ჯეროვანი პასუხი უნდა გასცეს. ადერბეიჯანის დღევანდელ განცხადებას არ უნდა მიეცეს დიდი მნიშვნელობა.

საკითხავია: ვინ ათამამებს მას? ვინ არის მისი ამაღელვებელი ბათომის საკითხში? უპირველესად ყოვლისა მოკავშირენი. მოკავშირეთა შემოსვლას ამიერკავკასიასა და საქართველოში დასჩემდა ერთი ცუდი ჩვეულება. ამ ჩვეულებისაგან ისინი ადვილად ვერ განთავისუფლდებიან. ეს ჩვეულება ძველ რომაულ ანდაზით დახასიათდება: დივიდე ეტ იმპერა (დაანაწილე და იბატონეო). ამ ნიადაგზე შესდგა მოკავშირეთა პოლიტიკა ამიერ-კავკასიაში. ანარქიას ეს დიდს შეჰქმნის ჩვენში. როცა ინგლისელები შემოვიდნენ, მათ განაცხადეს, რომ ისინი შინაურ საქმეებში არ ჩაერევიან, მაგრამ არც ერთი საკითხი არ ყოფილა, რომ ისინი არ ჩარეულიყვნენ. და მე გეკითხებით, თქვენც მოიგონეთ, ხელთა გაქვთ ასეთი დაპირება და განა ისინი არ ერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში? ის, რაც ხდება ამიერ-კავკასიაში, არის ნაყოფი იმ პოლიტიკისა, მოკავშირენი რომ აწარმოებენ, თუ თვით მოკავშირეების არა, ყოველ შემთხვევაში კერძო გენერლების მოქმედებისა ბათომის ოლქში.

ბათომის ოლქში ჩვენთან შედარებით ზღაპრული სიძვირეა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი საქონელია. ეს ხდება იმიტომ, რომ იქ არის ინგლისი, კარი ღიაა, იქ არ არის სოციალისტური მთავრობა, რომელმაც ვინმეს რაიმე უნდა მოსტაცოს, როგორც ეს ზოგიერთ იმპერიალისტებს ჰგონია. ბათომში აუარებელი ხალხი დიდ გაჭირვებას განიცდის. სპეკულიაცია აყვანილია უმაღლეს წერტილამდე. ვის მიუძღვის ამაში დანაშაული? მე არ ვიტყვი, რომ სპეკულიაციას მისდევდნენ ბათომის გენერალ-გუბერნატორები, მაგრამ ფაქტია, რომ იქ სპეკულიაცია საშინელს სახეს ღებულობს. ბ-ნ კუკ-კოლისს ამ სპეკულიაციაში შეიძლება დანაშაული არ მიუძღოდეს, მაგრამ რას სჩადის იგი? მიიღო რა მან ბათომის ოლქი, ვითომ შეეცადა ამ მხარეში მართვა-გამგეობა მოეწყო? მოუყარა თავი ძველ მოხელეებს, რომელნიც რევოლიუციის მიერ უარყოფილნი და განდევნილნი იყვნენ და მათი საშუალებით განიზრახა ოლქის მართვა. ჩვენ ვიცით, რომ ნეტარ-ხსენებული ნიკოლოზის მოხელეებმა ძირი გამოუთხარეს რუსეთს და კიდევაც დაამხეს იგი. ასევე უქნეს მათ დენიკინს, რომელიც დიდი რუსეთის აღდგენის იდეით იყო შეპყრობილი და უქნეს იმიტომ, რომ ეს მოხელენი მხოლოდ და მხოლოდ ძარცვა-გლეჯის ინსტიქტით არიან შებოჭვილნი და აი ამ ხალხის საშუალებით ჰსურდა კუკ-კოლისს წესიერება და ნორმალური ცხოვრება აღედგინა ამ მხარეში. მიაღწია კი მიზანს? თუ ისეთმა საგრძნობელმა აპარატმა, როგორიც იყო თვითმპყრობელობის დროს, ვერ შესძლო მათი საშუალებით წესიერი ცხოვრების განმტკიცება, მით უმეტეს ამას ვერ შესძლებენ ბ-ნი გენერალ-გუბერნატორები. დღეს ბათომის ოლქში თავდასხმებია, ძარცვა-გლეჯაა. ამ დროს კი ბ-ნი კუკ-კოლისი ბათომში ეწევა ინტრიგებს იმათ წინააღმდეგ, ვისაც სერიოზულად გათვალისწინებული აქვს მოკავშირეთა ინტერესები. მე მაქვს ცნობები, რომ დანარჩენი მოკავშირენი აპირებენ დასცალონ ბათომი და გადავიდნენ ფოთის ნავთსადგურში. რაც ხდება ბათომში ცხად ჰყოფს, რომ მოკავშირეებს არ შეუძლიანთ მართვა-გამგეობა ამ ოლქისა და ის უნდა გადმოგვეცეს ჩვენ. ამას გვავალებს ის მდგომარეობა, რომელიც ბათომის ოლქში საშინელ ზიანს გვაყენებს. აღვნიშნავ ერთ გარემოებასაც: დამოუკიდებლობა, იანვრის 12 რომ იცნეს, რა შეიცვალა მას შემდეგ? ფაქტიურად ცნობილი ვართ. ეს ერთგვარი საფუძველი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ ჩვენი ფულის კურსი საზღვარ-გარედ თანდათან გაზრდილიყო. მაგრამ კურსი თანდათან ეცემა, საქონელი არ შემოდის ჩვენში და თუ შემოდის, ისეთ საშინელ ფასად ჰყიდიან, რომ არ შეუძლია ჩვენმა ხალხმა შეიძინოს. ეს კი გაგრძელდება მანამდის, სანამ ბათომი ასეთ მდგომარეობაში იქნება. ეს მოისპობა მაშინ, როცა ბათომი დაჰკარგავს მის დღევანდელ მართვა-გამგეობას და გადავა იმ ბუნებრივ მმართველობის ხელში, რომელსაც საქართველო წარმოადგენს.

თებერვლის 24 მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ ბათომი გამოაცხადა პორტო-ფრანკოდ. მაგრამ იქვეა დაწერილი, რომ ეს ეხება მხოლოდ ქალაქ ბათომს, ეხება ეკონომიურ მხარეს, რაიცა შეეხება ქალაქს, იქ იქნება ცალკე სახელმწიფო ხალხთა ლიგის ზედამხედველობის ქვეშ.

ეს იგივეა, რაც ინგლისის გენერლებმა აქ ჩაიდინეს, აქ რომ ჩამოვიდნენ და შექმნეს ახალი სახელმწიფოები. მე ვამბობ, რომ ბათომში სამოთხის კანონებიც რომ დაწესდეს, ცალკე სახელმწიფოს ვერ შექმნიან, ვინაიდან ეს იქნება მთელი სხეულიდან ბუნებრივი ნაწილის ხელოვნურად მოწყვეტა. მე მგონია ამას ბ. მინისტრებიც დაგვიდასტურებენ, აუარებელი ქაღალდი არის დაწერილი, რომ ბათომი უკან დაგვბრუნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკითხი გადაიჭრა ისე, როგორც არ უნდა ყოფილიყო გადაჭრილი. ამ პირობებში მოკავშირენი ჩვენ ნდობას, ჩვენ სიმპატიას ვერ დაიმსახურებენ. რასაკვირველია, შეიძლება მათთვის ეს ნდობა ძვირფასი არ იყოს, მაგრამ მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ ჩემი თავი, საქართველო. ამ გვარად საკითხის გადაწყვეტა არის საკითხის თავიდან მოშორება და მათ მოუხდებათ გაიმეორონ ის რყევითი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის მიმართ აწარმოებდნენ: ხან მოიყვანენ ჯარს, ხან უკან წაიყვანენ და გაჩნდება ის საქანელა, რომელიც მათ რუსეთში მოაწყეს; ისინი რუსეთის ფრონტზე იყვნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ, სანამ დენიკინი ზღვის პირს არ მოადგა, მაშინ კი ჩასხდნენ გემში და წავიდნენ.

ეხლა რა ვქნათ? რა უნდა ვსთქვათ? რა უნდა მოვსთხოვოთ მთავრობას? როცა ძველად ოსმალეთს წაართვეს ბათომი, მას არც კი უგვრძვნია ამის სიმწვავე, არ უგვრძვნია როგორი შესანიშნავი ნაწილი ჩამოართვეს; ბათომი მის ხელში იყო უბრალო სოფელი, რომლის მშვენიერ ნავთსადგურში იდგა მხოლოდ ერთი-ორი პატარა ნავი; როცა საქართველოს დაუბრუნდა, იგი მშვენიერი ქალაქი შეიქნა, ევროპიელი კულტურით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მთავრობა მაინცა და მაინც დიდ პრეტენზიებს ვერ განაცხადებს, ვერ იტყვის, რომ მას აქ დიდი რამე დაეხარჯოს; არც ერთი მათი გროში არ დახარჯულა; ისინი მხოლოდ მძარცველის თვალით უყურებდნენ ბათომს და თუ რამე გაკეთდა ამ ქალაქში, ეს მხოლოდ ისევ ბათომის მშვენიერი ბუნებისა და ქართველი ერის დაუშრეტელი ენერგიის წყალობით. ეხლა ბ. ბ. მინისტრებო, მთავრობის წარმომადგენელნო, რას ფიქრობთ ბათომის შესახებ? მე თქვენ არ გისაყვედურებთ, რომ ნოტები არ გიწერიათ; მე ვიცი ნოტები ბევრი დაიწერა და გაიგზავნა კიდეც, მაგრამ რა სარგებლობა მოიტანა ამ ნოტებმა? საქმე ამით არ გაკეთებულა, დღეს ხალხი მოითხოვს, არა მარტო დამფუძნებელი კრება, არამედ მთელი ხალხი, ვინაიდან ბათომის საკითხი, ბათომის საქმე მასისა და ხალხის საქმეა. ხალხი გაპატიებთ, ბატონებო, ცუდ მილიციასა და ცუდ ადმინისტრაციას, გაპატიებთ სხვა შინაურ ნაკლსაც, მაგრამ არ გაპატიებთ იმას, რომ მას თქვენ დღემდის ბათომი ვერ დაუბრუნეთ; რაც დღე გადის, მდგომარეობა ბათომის რთულდება. თქვენი დანაშაული ისაა, როდესაც გამოცხადდა ინგლისელები სტოებენ ბათომსო, როდესაც თქვენთან მოვიდნენ და გითხრეს ინგლისელები მიდიან, ბათომი თქვენ უნდა დაგეკავათ; მართალია არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ ინგლისის პატარა ნაწილი მაინც არ დარჩენილოყო ბათომში, რათა შერჩენოდათ საბუთი ეთქვათ წავედით და კიდეც არც წავსულვართო, მაგრამ ხსენებულ მომენტში შეიძლებოდა მეტი ენერგიის გამოჩენა; ჩვენ მაშინ უნდა შევსულიყავით ბათომში. თქვენც თითქოს სათანადო ზომები მიიღეთ: ჯარი გაგზავნეთ, საზღვარზე მიიყვანეთ, მაგრამ უკან დააბრუნეთ. ეს გარემოება აუტანელ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს; ჯერ ერთი, დიდი ხარჯი გავსწიეთ ამ ექსპედიციისათვის. მეორე ის რომ, ჯარი მისული საზღვარზე, თვალცრემლიანი უკან დაბრუნდა; მე მგონია, ასეთი ექსპედიცია კიდევ რომ განმეორდეს, ჩვენ ჯარი აღარ გვეყოლება. ჩვენი ორგანიზაცია კი სწორედ ამ ჯარში იხატება, მისი დაშლა არის ჩვენი სახელმწიფოს დაშლა. ამიტომ მთავრობა მას მეტი სიფხიზლით და ყურადღებით უნდა მოეპყრას. მე არ მოვითხოვ თქვენგან ინგლისს ომი გამოუცხადოთ. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემი სამშობლოს ძალას, ვიცი ისიც, რომ სამხრეთიდან მას მოსდგომია ურდოები, ჩრდილოეთიდან მას ემუქრება მრისხანე მტერი და სხვ., მაგრამ ვიცი ისიც, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ხანაში, როდესაც რაც შენი არ არის, რაც ხელში არ გაქვს, ის დაკარგულია; და ვაი მაშინ, თუ ბათომი დაიკარგა იმ მიზეზით, რომ იგი დროზე არ დავიკავეთ და დღეს ჩვენ ხელში არ არის; რას ეტყვით მაშინ ხალხს? მე გეუბნებით: ხალხი არ გაპატიებთ ბათომის დაკარგვას. და თუ თქვენ არ მიიღეთ ყოველგვარი, ენერგიული, შესაძლებელი ზომები, თუ გადაჭრით არ განაცხადეთ, რომ ბათომი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს თავის დედა-სამშობლოს, თქვენ, ბატონებო, ბათომს დაკარგავთ; ხოლო თუ ბათომი დაკარგეთ თქვენ აქედან უნდა წახვიდეთ (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გარეშე-საქმეთა მინისტრს.

გარეშე საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი. მოქალაქენო! სრულიად კანონიერი და ბუნებრივია ის აღელვება და ინტერესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება, პრესა და მისი ხალხი იჩენს ბათუმის საკითხის ირგვლივ. გადამეტებული არ იქნება, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს საკითხი ჩვენი რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხია. ასე ესმოდა და ასე ესმის მთავრობას ამ კითხვის მნიშვნელობა და ამიტომაც განსაკუთრებულის ყურადღებით ეკიდებოდა და ეკიდება მას. თუ მთავარ საფუძველს, მთელი ჩვენი მუშაობისა წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცება და აყვავება, თავის თავად ცხადია მთავრობას არ შეეძლო და არ შეუძლია მთელი თავის ენერგიით და ძალ ღონით დააყენოს ის, რაც შეადგენს აუცილებელ პირობას ჩვენი არსებობისა და მომავლისა. საქართველო უბათუმოდ და ბათუმი უსაქართველოდ ეს მწარე დაცინვა და გამასხარავებაა სახელმწიფოებრივი იდეის და ერთა თვითგამორკვევის პრინციპისა. ვინც მოისურვებს ამ სიტყვების მაგარ ფრაზებად მონათვლას, მას მოვთხოვოთ ანგარიში გაუწიოს სინამდვილეს და რეალურ ფაქტებს. რა გვიჩვენა სინამდვილემ. ორი წლის წინეთ ძლიერმა გარეშე ძალამ მოგლიჯა ბათუმი და მისი ოლქი, ეს ორგანული ნაწილი საქართველოსი თავის დედა სამშობლოს და ორივე ნაწილმა და მთელმა ერთნაირის სიმწვავით იგრძნო დამღუპველი შედეგები ულმობელი ვივისეკციისა, მოკლებული სასუნთქავ ორგანოს, საქართველოს სხეული დაუძლურდა, დაავათმყოფდა; ბათუმი კი ეს ბრწყინვალე და სიცოცხლით სავსე ქალაქი დასჭკნა, დაავადდა და სოფელს დაემგზავსა, რამოდენიმე თვე ოსმალთა ოკუპაციისა საკმარისია შეიქნა, რომ ბათომს დაბრუნებოდა ის სახე, რომელიც მას ჰქონდა წარსულში, როდესაც ის მოწყვეტილი საქართველოს ოსმალეთის პროვინციას წარმოადგენდა.

ბევრს იმათგანს, ვისაც აშკარად ვერ გაუთვალისწინებია, თუ რაში იყო მიზეზი ბათუმის ავადმყოფობისა, ეგონათ, რომ ეს აიხსნებოდა ბათუმის მაშინდელ ბატონ-პატრონთა უვარგისობით, მათი უნიჭობით ამ ძვირფას კუთხის ადმინისტრაციულად და მოქალაქეობრივად მოწყობის საქმეში.

ოსმალთა ოკუპაცია ანტანტის ოკუპაციამ შესცვალა. ქალაქის და ოლქის სათავეში მოექცა ინგლისის სამხედრო სარდლობა, მაგრამ თქვენ ყველამ იცით, მოქალაქენო, და ეს უკვე არავისთვის სადაო არ არის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება; საშინელი სასურსათო კრიზისი, ზღაპრულად ცხოვრების გაძვირება, აღვირ წახსნილი სპეკულიანტთა ვაკხანალია, ადმინისტრატიული აპარატის სრული დაცემა, აი რა ახასიათებს ბათომის და მისი ოლქის დღევანდელ ვითარებას.

მერე რად მოხდა ეს?

რად მოხდა ის, რომ ბათუმი შეიქნა ბაზად, სადაც თავს იყრის ჩეტნიკების და სხვა ანარქიულ ელემენტების სახით, შეიარაღებული ბრბოები საქართველოს და მთელ ამიერ-კავკასიას წალეკას უქადის? განა შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მსოფლიოს დღევანდელ მბრძანებელს არ შესწევს ძალა და ნიჭი გაუძღვეს და თავი გაართოს ისეთ პაწაწინა კუთხეს, როგორიც ბათომის ოლქია? ასეთი კითხვის დასმაც შეუძლებელია. მხოლოდ საჭიროა ხაზი გაუსვათ და აღვნიშნოთ, რომ დიდი ბრიტანეთიც ვერ შესძლებს შეუძლებელს. ისიც უნდა დაემორჩილოს ბუნების კანონებს. და როდესაც წინააღმდეგ ისტორიულ, ეტნოგრაფიული და ეკონომიური კანონებისა, მან მოისურვა ნაწილის მთელისაგან ჩამოგლეჯის დადასტურება, ბუნებამ თავისი მოითხოვა და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთმა განზრახვამ მიგვიყვანა იმ კატასტროფამდე, როლის წინაშე დგას არა მარტო ბათუმის მხარე, საქართველო და ამიერ-კავკასია, არამედ თვით ინგლისის პოლიტიკა მცირე აზიაში. მოქალაქენო! მე მოგახსენეთ უკვე, თუ რა მნიშვნელობას ვაძლევდით ბათუმის საკითხს საერთო მუშაობაში. ამიტომაც, როგორც კი ფეხი შემოდგა ანტანტამ ჩვენში, მათ წარუდგინეთ ნოტა, რომელშიაც მოვითხოვდით თანახმად სამართლიანობისა აღედგინათ status quo ante ოსმალეთთან ომისა, სწორედ ბათუმის ნიადაგზე. საქართველო არ დაემორჩილა ბრესტის ხელშეკრულებას; მან მიუხედავათ იმ საშინელი საფრთხისა, რომელიც მოელოდა მთელ ხალხს და უქადიდა მას ფიზიკურ განადგურებას, ხელში ხმალი აიღო და შეებრძოლა ბათუმში შემოსულს გარეშე ძალას. მოკლებული დახმარებას, მიტოვებული ყველასაგან ქართველი ერი იარაღით ხელში იცავდა თავის ქვეყანის ალაყაფის კარებს - ბათუმს და არა ერთი და ორი საუკეთესო მისი შვილები მსხვერპლად შეეწირა ამ თითქმის უიმედო, მაგრამ ამავე დროს წმინდა ბრძოლას. ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ფაქტიურად გამოდიოდა, როგორც მოკავშირე ანტანტისა და ეს უკანასკნელი ვალდებულია გააქარწყლოს უსამართლობა ბრესტის ხელშეკრულებისა. ამას მოითხოვს სამართლიანობა და თვით ღირსება მოკავშირე სახელმწიფოებისა. ჩვენ კარგად ვიცით, მოქალაქენო, დამფ. კრების წევრნო, რა ფასი აქვს ჩვენ დროში სამართლიანობის და სხვა ამ გვარ მაღალ პრინციპებს. ვიცით, რომ ყველა წყდება მშრალი ანგარიშების მიხედვით. ეს არის ერთად ერთი რეალური საფუძველი, რომელზედაც შენდება ადამიანთა და სახელმწიფოთა ურთიერთობა და სწორედ ეს გვაძლევს უფლებას, აშკარად ვსთქვათ საჯაროდ, რომ ხშირად გაგებული ინტერესები ანტანტისა და განსაკუთრებით ინგლისისა მოითხოვდა და მოითხოვს დღესაც ამ გართულებულ პირობებში, ბათუმის და სხვა საჭირ-ბოროტო საკითხების დაუყონებლივ გადაჭრას ისე, რომ გაძლიერდეს და განმტკიცდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი აპარატი და სამხედრო ორგანიზაცია. აშკარაა ბევრ მნიშვნელოვან მომენტებში ჩვენს შორის ბუნებრივია აზრთა და ინტერესთა სხვა და სხვაობა, შესაძლოა შეხლა-შემოხლა, ამას ჰქონდა ადგილი ახლო წარსულში, ალბად ექნება მომავალში, მაგრამ ამავე დროს მიუდგომელი ანალიზი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურის და პერსპექტივები იძლევიან ურყევ საბუთს ვაღიაროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა, მისი რეალურ ფაქტორად გახდომა ამას მოითხოვდა და მოითხოვს სასიცოცხლო ინტერესები მოკავშირეებისა. - 12 იანვრის ისტორიულმა აქტმა თითქოს მოგვცა ჩვენ საშუალება გვეფიქრნა, რომ მოკავშირეთა კოალიცია დაადგა ამ გზას, რომ მან სავსებით იგრძნო და შეითვისა სისწორე ასეთ შეხედულებისა, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაიდგა მხოლოდ ერთი ნაბიჯი. მას თან უნდა მოყოლოდა მთელი რიგი სხვა ნაბიჯისა და თავდაპირველად ბათუმის საკითხის სწორი და სამართლიანი გადაჭრა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ სულ წინააღმდეგს. - მოქალაქენო, სწორედ ამ ნიადაგზე იყო დაყენებული მთავრობის მუშაობა საერთოდ და კერძოდ ბათუმის შესახებ. ასე ვმუშაობდით აქ. ასეთივე დირექტივები ჰქონდა ჩვენს დელეგაციას ევროპაში. დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ მთავრობას არ გაუშვია არც ერთი შემთხვევა გაეშუქებინა ბათომის საკითხი ანტატის ყველა ავტორიტეტულ წარმომადგენელთა წინაშე. და ამის მოწმენი არიან ბევრი გავლენიანი წევრები თვით დამფ. კრებისა და სხვა და სხვა პოლიტიკ. ჯგუფისა. ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ შეასრულა თავისი ვალი მოკავშირეთა წინაშე, მან მისცა მათ სრული ინფორმაცია, მან დააყენა საკითხი სწორ და სამართლიან ნიადაგზე, მან მიიღო ყველა ზომები აეცილებინა უნებლიეთი შეცდომა და თუ ამ კითხვის გადაჭრას არ მიეცა სასურველი მიმართულება, თუ ეს გამოიწვევს სამწუხარო გართულებას, თავის თავად ცხადია ბრალი საქართველოს მთავრობას არ დაედება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ჩვენი აზრი საგანზე, ჩვენ შევძელით მიგვეწვდინა უშუამავლოთ თვით პირველ ხარისხოვან სახელმწიფო მოღვაწეთათვის ევროპაში, მაგრამ შესაძლოა საქ. მთავრობამ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა მეზობელთა მიმართ. ეგებ აქ ვერ გამოიჩინა მან სრული ლოიალობა და ცდილობდა ამ საქმის მოგვარებას მეზობელთა ზურგს უკან? თქვენ იცით, ასეთ ბრალდებებსაც ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი.

გადაჭრით შემიძლია განვაცხადო, რომ საქ. მთავრობას არასოდეს არ დაუმალავს თავისი აზრი და მისწრაფებანი ბათუმის შესახებ. თვით ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან, არა ერთხელ გაგვიცხადებია ის, რასაც დღეს მხოლოდ ვიმეორებთ. ყველგან და ყოველთვის ჩვენ ვაღიარებდით და დღესაც ვაღიარებთ, რომ თუმც ბათუმი და მისი ოლქი შეადგენს განუყრელ ნაწილს საქართველოისა, მაგრამ ჩვენ კარგათ გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის პორტს ამიერ-კავკასიისათვის. ქართველი ერი არასოდეს არ მოისურვებს ბოროტად ისარგებლოს ბათუმით, ჩაკეტოს ამიერ-კავკასიის სხვა რესპუბლიკები, არ მისცეს მათ გასავალი გზა და ხელი შეუშალოს ამ მხარეში საწარმოვო ძალების და აღებ-მიცემობის განვითარებას. განა ასეთი რამ შედის ჩვენ ანგარიშში? განა ვინმესათვის საეჭვოა, რომ თუ მთელი ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყო და არის კონფერენციისაკენ, ამის დამამტკიცებელი საბუთები კი მთელი ჩვენი მუშაობაა, რომ ჩვენ სხვა გზას ვერ დავადგებით? დეე, ნუ ერწმუნებიან ჩვენ სიტყვებს. დავსვათ საკითხი პრაქტიკულად, განა რომელიმე ჩვენს მეზობელს შეუძლია ისარგებლოს ბათომით, თუ კი ის არ გაივლის და გაატარებს საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე? მაშ რაშია საქმე? რად დაგვჭირდა გარეშე ძალების ამ საქმეში გარანტია და ჩარევა? განა ჩვენ შორის არ არის დადებული ხელშეკრულობა, რომლის ძალით ყველა სადავო საკითხები მორიგეობით და არბიტრაჟის საშუალებით უნდა გადაწყდეს? ჩვენ ვიცით, მოქალაქენო, სხვა ქვეყნების ისტორიიდან, თვით ჩვენი მწარე გამოცდილებით, თუ რა დამღუპველ შედეგებს იძლევა მცირე ერებისთვის ასეთი პოლიტიკა. სომხეთის ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო ასეთ პოლიტიკის მეოხებით და საქართველოს მთავრობა თავის მხრივ მიიღებს ზომებს ბათომის პორტით სარგებლობის საკითხი ამ ნიადაგზე დამთავრდეს. ადერბეიჯანის საგ.-საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ცნობა ამის იმედებს იძლევა.

ნება მობოძეთ, მოქალაქენი, შევაჩერო თქვენი ყურადღება ბათომში მომხდარ ამბებზე ამ ბოლო ხანებში. თებერვლის შუაში ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ინგლისელები აპირებენ ბათომის და მისი ოლქის ევაკუაციას. რამოდენიმე დღის შემდეგ ამის მაჩვენებელი ნიშნებიც დავინახეთ; გაიგზავნა ბათომიდან საგრძნობი ნაწილი მათი ჯარებისა და დაიტვირთა გემზე ბატარეაც; სამხედრო სამინისტრომ მიიღო ბათომის ინგლისელ სარდლობის წინადადება შეეძინა მისგან ჯორები.

მთავრობამ გადასწყვიტა დაეკავებია ბათომის ოლქი, როგორც კი ინგლისელები ევაკუაციას მოახდენდენ. მაგრამ 29 თებერვალს უორდროპისაგან მივიღეთ ცნობა, რომ ინგლისელები კიდევ რჩებიან ბათომში და თქვენს ჯარებს უფლება არ მისცეთ ბათომის საზღვრებს გადასცილდნენო. ასეთი ცნობა მივიღეთ 29 თებერვალს. 1 მარტს მივიღეთ ცნობა, რომ უმაღლესმა საბჭომ გადასწყვიტა დროებით გაგრძელდეს ბათომის ოკუპაცია, თვით ოლქის შესახებ ამ ცნობაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.

მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა შესულიყო ბათომის ოლქში და შესაფერისი განკარგულება და ბრძანება გაეცა. მაგრამ ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ასეთ ნაბიჯის გადადგმაში causus delli-ც კი დაინახა. ამ შემთხვევაში ცხადია, საქართველოს მთავრობას, რომლის პოლიტიკასაც შეადგენს ამ საქმის მშვიდობიანად დამთავრება, არ შეეძლო ანგარიში არ გაეწია ამ გარემოებისათვის, ვინაიდან ეს იქნებოდა ურჩობის გაწევა.

ამიტომ მან გასცა ბრძანება, ჯარების წინ წაწევა შეეჩერებიათ. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ბრძანება მიუვიდა ჯარებს იმ მიმართულებით, სადაც გვქონდა პირდაპირი სატელეფონო კავშირი, მიიღეს თუ არა, ბრძანება შეასრულეს. ეს იყო ნატანების მიმართულება. ხოლო, რაც შეეხება არდანუჯის და ... მიმართულებას, ჩვენ ჯარებს ასეთი ბრძანება მიუვიდათ მაშინ, როცა მათ ფაქტიურად ეს ადგილები დაიჭირეს, იქ ისინი მაშინ უკვე იმყოფებოდენ და საქართველოს დროშა ამ ბათომის ოლქში ფრიალებდა (ტაში). (დადიანი: ესეც შემთხვევით მოვლენაა!) ყოველივეს გაგება უნდა, მოქალაქე დადიანო! ყოველ შემთხვევაში, მე უნდა ვაღიარო, რომ ბ. მდივანს დაავიწყდა ეს გარემოება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმათთვის, ვინც ამ საკითხს სჭრის არა ჯგუფური, ან პარტიული თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ასე უნდა დააფასოთ ეს გარემოება, რომ ბათომის ოლქში ჩვენ გვიჭირავს ისეთი სტრატეგიული ადგილები, რომელნიც მთელ ოლქში პირველად ითვლება და საქართველო და მისი შეიარაღებული ძალა ბათომის ოლქში წარმოადგენს რეალურ ფაქტს, და ამის შემდეგ ზედმეტია იმის თქმა, თითქოს ბათომის ოლქში არ შევსულიყავით.

მე თავიდანვე მოგახსენეთ, რომ თქვენ უნდა გაუწიოთ ანგარიში იმ პირობებს, რომელიც გარს ახვევია ბათომის საკითხს. ცუდი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მთავრობის მოქმედებიდან გამოაცალკევებს ერთ რომელიმე საკითხს და იმისდა მიხედვით უნდა დააფასოს მთავრობის მოქმედების მთავარი ხაზი. ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს ვერაფერს ვერ დაუჯერებთ.

მე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მთავრობამ მიიღო ყოველგვარი ზომები, რომ გადადგმულია ნაბიჯი და იგი განაგრძობს კვლავ ასე სიარულს, რომ მიაღწიოს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ვისახავთ. მაგრამ, ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ გავუწევთ ანგარიშს იმ პირობებს, რომლებშიაც ვმოქმედებთ. და თუ ბატონი ორატორები, რომელნიც აქ ლაპარაკობდნენ, გვთხოვენ მხოლოდ ამას, მაშინ ჩვენსა და მათ შორის უთანხმოება არ უნდა იყოს. მე გთხოვთ, ყოველივე ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასოთ იმისდა მიხედვით, თუ რა პირობებში გვიხდება ამ ნაბიჯის გადადგმა. 2 მარტს, მოქალაქენო, კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ჯარი იდგა... ჩვენ მივიღეთ შემდეგი განცხადება გენ. კუკ-კოლისის, რომელსაც აქ ნებას მივსცემ ჩემ თავს თქვენ წაგიკითხოთ:

1. ბათომის ოლქში ნატანების, ახალციხის და არტაანის მხრით აშკარად სწარმოებს შეტევა საქართველოს ჯარისა.

2. ამ ჟამამდის ორი უკანასკნელი პუნქტის სამხედრო ძალებმა გადალახეს არსებული საზღვარი. არტანიის რაზმმა უკვე გადააყენა შავშეთში ადგილობრივი ადმინისტრაცია და მის ადგილზე თავისი დანიშნა. ამას გარდა სამი ქართველი ჯარის კაცი შევიდა ქალ. არდანუჭში. ნატანების რაზმი მზვერავებს უშვებს საზღვარზე.

3. ვინაიდან მე მაქვს მიღებული კატეგორიული ბრძანება მთავარსარდლის გენერალ სერ ჯორჯ მილნისაგან, რომ არავითარ სამხედრო ძალას არ მიეცეს საზღვრის გადალახვის საშუალება, და საქართველოს ჯარი კი ნებადაურთველად გადმოვიდა ბრიტანეთის გამგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, გთხოვთ მოითხოვოთ დაუყონებლივ გაყვანა საქართველოს ჯარის ყველა ნაწილების, რომელნიც ამ ჟამად ბათომის ოლქის ფარგლებში იმყოფებიან.

4. თუ არავითარი ამგვარი ბრძანება არ იქნა გაცემული, ამისათვის საჭირო დროს განმავლობაში, მე ვიტოვებ უფლებას მივიღო ისეთი ზომები, როგორსაც საჭიროდ ვცნობ, რომ საშუალება მექნეს მთავარსარდლის განკარგულება სისრულეში მოვიყვანო.

მე ძალიან მადლობელი ვიქნები თუ პასუხი გამომეგზავნება მაიორ დანის საშუალებით.

მიიღეთ და სხვ. კუკ-კოლისი“.

მიუხედავად ასეთი კატეგორიული მოთხოვნილებისა, მოქალაქენო, საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა ჯარების უკან დაბრუნების შესახებ და უნდა ვსთქვა, რომ ბევრი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ ერთნაირ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენი ჯარი დარჩა ბათომის ოლქში, ის იქ წარმოადგენს მოკავშირე ძალას და როგორც ასეთი, იმყოფება ბრიტანეთის უმაღლესი სარდლობის ქვეშ. ასეთია, მოქალაქენო, ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის არის დადებული 2 მარტს. ეს შეთანხმება ორმხრივი დოკუმენტია: ერთის მხრივ ეს გვავალებს ჩვენ დავემორჩილოთ ბრძანებას საერთაშორისო სარდლობისას და ამავე დროს ჩვენ გვაქვს უფლება მოვსთხოვოთ იმათ, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომ მან გამოიჩინოს ისეთი ლოიალობა, როგორც შეეფერება მოკავშირეს. სამწუხაროდ, მოქალაქენო, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სულ საწინააღმდეგო ფაქტსა ვხედავთ და პრესაშიაც იყო ის ცნობა, რომელიც ამას ადასტურებს. ამ ლოიალობას ჩვენ იქ ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, მოქალაქენო, და ეს სასიხარულოდ შემიძლიან განვაცხადო, რომ ბათომის მცხოვრებთა ცხრა მეათედი აღტაცებით მიეგება საქართველოს ჯარს (მხურვალე ტაში).

აქვე უნდა განგიცხადოთ, მოქალაქენო, რომ არავითარ გაუგებრობას და ინციდენტს ჩვენს ჯარსა და .... მთავრობას შორის ადგილი არა ჰქონია (ტაში).

ასეთია სულისკვეთება და ნებისყოფა აჭარისა და მთელი ბათომის ოლქის მცხოვრებთა და თავდაპირველად ამას უნდა გაუწიოს ანგარიში საქართველოს მთავრობამ.

ჩვენ ხელთა გვაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი და ნებას მივსცემ ჩემს თავს გამოვაქვეყნო ის ტელეგრამა, რომელიც მთავრობამ დღეს მიიღო, ასლი ამ ტელეგრამისა გაეგზავნა ყველა მისიებსა და შეფებს. (კითხულობს დეპეშებს).

ასეთია, მოქალაქენო, სინამდვილე, ასეთია აჭარის ხალხის სულისკვეთება. ჩვენ ხელთა გვაქვს შარშანდელი მეჯლისის დადგენილება. ჩვენ ხელთ გვაქვს, მიუხედავად მრავალგვარი ინტრიგებისა, ბათომის არჩევნებში საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება. იქაური მმართველები იქ ვერაფერს ვერ გახდებიან და ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა მოითხოვს აღდგენილ იქნეს და ბათომი და მისი ოლქი თავის დედა-სამშობლო საქართველოს დაუბრუნდეს. მე მინდა, მოქალაქენო, აქ თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ცნობებზე, რომელნიც ჩვენ მოგვივიდა უცხო სახელმწიფოთა მისიებისგან უმაღლესი საბჭოს დადგენილების შესახებ.

გვაქვს 4 ცნობა:

I. ბრიტანეთის უმაღლესი კომისარის, სადაც ის ლაპარაკობს ბათომის დროებით ოკუპაციაზე.

II. ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელის სტამბოლში, რცხილაძის, 5 მარტს მიღებული, სადაც ის ლაპარაკობს დროებით ოკუპაციაზე და ბათომის ბედის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ოსმალებთან ერთად.

III. 9 მარტს გაბასი, სადაც ის იტყობინება, რომ ბათომი ცხადდება, როგორც პორტო-ფრანკო.

IV. 16 მარტს საფრანგეთის მისიის მიერ, სადაც ეს ცნობა ლაპარაკობს დამოუკიდებელ სახელმწიფოზე თვით ბათომისა და პატარა ზონისა.

ყველა ამ ცნობებზე ერთი რამ შეიძლება ითქვას: st non e vere, e ben trovato. მთელი ის მუშაობა, რომელიც ბათომის და მის ოლქში სწარმოებს, ეს არის ცდა, ნიადაგი და საფუძველი მისცენ იმ პატარა სახელმწიფოს, რომელზედაც საფრანგეთის მისიის ცნობა ლაპარაკობს და რომელსაც სხვა და სხვა აგენტები დამოუკიდებელ აჭარისტანს ეძახიან.

სწორედ ამნაირ მდგომარეობაზე იტყვიან: შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა გიხაროდესო.

ვერავითარი ძალა და მილიონები ასეთ კურიოზულ პროტესტს ხორცს ვერ შეასხამს. განა არ იციან, რომ საკმარისია საქართველომ დაკეტოს თავის საზღვრები, აჭარისტანის სახელმწიფოდან მხოლოდ უსიამოვნო მახსოვრობა დარჩება. შესაძლოა ამას თან მოჰყვეს საქართველო და მთელი ამიერ-კავკასია და ვინ იცის როგორ დაშავდებიან ისინიც, ვინც ბედავს ეს ბოროტი საქმე ინგლისის სახელით აკეთოს. მერე რა დროს ხდება, მოქალაქენო, ყოველივე ეს? ჩრდილოეთის საფრთხე კარზეა მომდგარი, შავი ღრუბლები მოგროვილია ჰორიზონტზე და ჩვენ კი დიდ ძალას და ენერგიას ამაში ვხარჯავთ. ეს დიდი ისტორიული დანაშაულია საერთო საქმის წინაშე და გულდამშვიდებით შემიძლია განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობას ყოველივე ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ედება. საქართველოს მთავრობა ვერ შეურიგდება შექმნილ მდგომარეობას, ის თამამად განაგრძობს თავის მუშაობას, ის მიიღებს ყოველ ღონეს დაუბრუნდეს თავისი ორგანიული ნაწილი თავის სხეულს, აღადგინოს მთლიანობა ცოცხალი ორგანიზმისა, რათა ნორმალური ფუნქციები დაიწყოს ჩვენი სახელმწიფოს ყველა ორგანოებმა. შეეცდება გადალახოს ყველა დაბრკოლებები, ახსოვს რა, რომ ამ შემთხვევაში იგი აკეთებს მთელი ამიერ-კავკასიის საქმეს და ემსახურება კაცობრიობის უმაღლეს იდეალებს. (ტაში).

თავმჯდომარეობს ალექსანდრე ლომთათიძე, რომელიც აცხადებს, რომ ბათომის საკითხის გამო გამართულ სახალხო მიტინგის თავმჯდომარისაგან მან მიიღო მიტინგის შემდეგი დადგენილება:

„მუშათა და მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მიტინგი, თავმოყრილი ბათომის ოლქში შექმნილი მდგომარეობის გამოსარკვევად, ერთხმად აღიარებს, რომ 1918 წ. 1 აპრილს ოსმალეთის ჯარმა აიღო ქ. ბათომი საქართველოს მხედრობასთან ბრძოლის შემდეგ და მის ხელთ იგდო ბათომის ოლქი, რომელიც საბჭოთა მთავრობამ ბრესტის ზავის თანახმად ოსმალეთის იმპერიას გადასცა.

საქართველოს ხალხი მას შემდეგ, რაც ოსმალეთი მსოფლიო ომში დამარცხდა, მუდამ-დღე ელოდა ბათომის ოლქის შემოერთებას, რომელიც ეტნოგრაფიულად, კულტურულად და ისტორიულად უხსოვარ დროიდან საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

ბათომის ოლქის მცხოვრებლებმა თავის არჩეულ წარმომადგენელთა პირით, რომელთაც შექმნეს მეჯლისი, საყოველთაოდ აღიარეს, რომ სამაჰმადიანო საქართველოს შეურყეველი სურვილია დედა-საქართველოსთან ავტონომიურ საფუძველზე გაერთიანება.

ქ. ბათომის მცხოვრებლებმა საქალაქო არჩევნებში 29 თებერვალს 1920 წ. თუმც ის სწარმოებდა ქართველთათვის მეტად არა ხელსაყრელ პირობებში, მკაფიოდ და გადაჭრით გამოთქვეს თავისი აზრი, რომ ბათომი საქართველოა, ის ასეთი იყო ძველი რეჟიმის დროსაც, და მოითხოვეს ბათომის საქართველოს რესპუბლიკისათვის გადაცემა.

მიუხედავად ხალხის ნება-სურვილისა, რომელიც ეყრდნობა რევოლიუციისა და თავისუფლების დიდ პრინციპს - ერთა თვითგამორკვევის უფლებას - ბათომის საოკუპაციო მთავრობა განაგრძობს ძველ გზას - ქართველთა დევნას და მათი ინტერესების უდიერად ფეხქვეშ გათელვას და ამ მიზნით ის წინეთ ეყრდნობოდა გენ. დენიკინის მომხრეებს, ამ ჟამად კი პანთურქისტებისა და ანარქისტულ-ბოლშევიკური ელემენტების ბლოკს.

ქ. ბათუმისაგან კარიკატურული სახელმწიფოს შექმნა მოასწავებს საქართველოს დემოკრატიის ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და რესპუბლიკის ეკონომიურ-პოლიტიკური განვითარებისათვის კარების დახშობას. ეს ბათომის ოლქის მცხოვრებთა სპეკულიანტთა ხელში გადაცემა იქნება, რომლებიც ეხლა იქ დათარეშობენ და ამიერ-კავკასიის დემოკრატიას ყვლეფენ.

ბათომი უსაქართველოდ მკვდარია, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა უბათუმოდ ყოვლად შეუძლებელია.

იღებს რა ყველა ამას მხედველობაში, მიტინგი კატეგორიულად მოითხოვს დამფუძნებელი კრებისაგან და მთავრობისაგან გაბედულ ნაბიჯებს ბათომისა და ოლქის შემოსაერთებლად, ხოლო დიდ სახელმწიფოთა წარმომადგენელთაგან დაჩქარებით საქართველოს ინტერესების დაკმაყოფილებას.

მხოლოდ ამ გზით შესაძლებელია მეგობრული ურთიერთობის დამყარება საქართველოსი დიდ მოკავშირე სახელმწიფოებთან“.

დამფუძნებელი კრება ტაშით ეგებება ამ დადგენილებას.

ამის შემდეგ მდივანი კითხულობს ბათომიდან გამოგზავნილ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარის მამედ-ბეგ აბაშიძის შემდეგ დეპეშას:

„საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს.

გასული წლის 31 აგვისტოს მთელი ბათომის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენელთა ყრილობამ, რომელიც შეიკრიბა ქალაქ ბათომში ინგლისის ადგილობრივ სარდლობის ნებართვით, ღვთის და ქვეყნის წინაშე აღიარა, რომ ქალაქი ბათომი და ბათომის ოლქი განუყრელი და განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და მოითხოვა, რომ ხელოვნურად საქართველოსაგან მოწყვეტილი ოლქი ავტონომიურად გაერთიანებულ იქნას დედა-სამშობლო საქართველოსთან. ყრილობამ აირჩია მეჯლისის წევრნი, რომელთაც დაავალა ეზრუნათ ყრილობის ხსენებულ დადგენილების სისრულეში მისაყვანად. ეს გადაწყვეტილება ბათომის ოლქის მუსლიმან ქართველებისა, რომლებიც 95 პროც. შეადგენენ ოლქის მცხოვრებლებისას, მეჯლისმა აცნობა სპეციალური დელეგაციის საშუალებით როგორც საქართველოს მთავრობას და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში მისტერ უორდროპს, ისე სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებსაც. ამის შემდეგაც ბათომის ოლქის ქართველ მუსლიმანებს არა ერთჯელ და ორჯელ გამოუთქვამთ თავისი ნებისყოფა ოლქისა და ქალაქ ბათომის საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ.

მიუხედავად ოლქის მცხოვრებთა ასეთი ნება-სურვილისა, მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს გადაუწყვეტია, რომ ქალაქ ბათომისაგან მცირედი ზონითურთ გამოიჭრას „პატარა სახელმწიფო“. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის ნება-სურვილს, სასიკვდილო ლახვარს სცემს როგორც ჩვენს ოლქს, ისე დედა-სამშობლოს საქართველოს, რომლის განუყოფელი ნაწილია ქალაქი ბათომი და მისი ოლქი.

ბათომის ოლქის ქართველ მუსლიმანთა მეჯლისის და სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელ კომიტეტის სახელით ვაცხადებ რა უმაღლეს პროტესტს მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილების გამო, ვთხოვ ჩვენ ძმებს - ქრისტიან ქართველებს, საქართველოს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას არ დაგვტოვონ ასეთ უბედურ მდგომარეობაში, რაც თავს დაგვატეხა ქართველ მუსლიმანებს უმაღლეს საბჭოს დადგენილებამ; მოგვხედონ და დაგვეხმარონ ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად; მიიღონ ყოველგვარი ღონისძიება, რათა ბათომი და ბათომის ოლქი ავტონომიურად გაერთიანდეს დედა-სამშობლო საქართველოსთან.

ჩვენ კი, ქართველი მუსლიმანები მთელ ქართველ ერთან თითო-ოროლა ჩვენი მტრების მიერ მოსყიდულ პირთა გამოკლებით, ფიცსა ვდებთ ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დავიცავთ უმაღლეს საბჭოს მიერ ფეხქვეშ გათელილ ჩვენ უფლებებს.

ბათომი და ბათომის ოლქი, რაც უნდა გახდეს, რა დიდი მსხვერპლის გაღებაც არ უნდა დაგვჭირდეს ამისათვის, ავტონომიურად უნდა შეუერთდეს დედა-სამშობლო საქართველოს. უამისოდ წარმოუდგენელია საქართველოს დამოუკიდებლობა. უამისოდ შეუძლებელია ჩვენი ხალხის ნორმალური განვითარება.

ბათომის ოლქის მუსლიმან ქართველთა მეჯლისის და სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელ კომიტეტის თავმჯდომარე მამედ-ბეგ აბაშიძე“.

(დამფუძნებელი კრება ამ დეპეშას ტაშით ეგებება).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ჩხენკელს.

აკაკი ჩხენკელი. მოქალაქენო! ეს არის ჩვენ მოვისმინეთ დეპეშა ბათუმიდან მოსული სამუსლიმანო საქართველოს სახელით, მოვისმინეთ მისი სალამი, ერთგულება დედა-საქართველოსადმი და ჩვენ აღტაცებით ვეგეგებით ამ განცხადებას. მასზე წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადება ჩვენი თავმჯდომარის პირით გადმოცემული ჩვენ წინ მოზღვავებულ ხალხის, საქართველოს დემოკრატიის, ქართველი ერის; ეს მოზღვავებული ხალხი მარტო აქ, ჩვენ წინ კი არ არის, იგი არის ყველა ჩვენ დაბა ქალაქებში, პროვინციებში. რას მოასწავებს ეს, მოქალაქენო? იმას, რომ ერთხელ კიდევ ითქვა, რომ საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველო არის ორი ძმა ერთი მეორისაგან განუყრელი და ვერც გაყრის მათ რაიმე ძალა. სწორედ, გამოვდივარ რა, ამ ორ განცხადებიდან, მე ვერ ვილაპარაკებ იმ შეწუხებული კილოთი, რომლითაც ილაპარაკა შეკითხვის ავტორმა.

მე ვიტყოდი, ბატონებო, ბარჯგი დასმულია იქ, სადაც წყდება საქართველოს დაუნაწილებლობის, მთლიანობის საკითხი, იქ სადაც წყდება მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი, ეს არის ახალციხე-ხულოს ხაზი, არტაან-არდანუჭის ხაზი. მე ვიტყვი მხოლოდ, რომ საქართველოს მთლიანობა, საქართველოს დიდება იწყება არდანუჭში. ამას ჩვენ ძველი ისტორიაც მოგვითხრობს. მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი დატა - 29 თებერვალი. ეს არის ბათუმი, რომელიც ღაღადებს ჩვენ აწმყოზე და მომავალზე; რომელმაც საყოველთაო არჩევნებში თავისი ხმა დედა საქართველოს მისცა. - ბათომი, ამაზე მე უკვე მოგახსენეთ თავის დროზე, არის დასაბამი ჩვენი განმათავისუფლებელი მოძრაობა, ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის ძლევამოსილებისა, ჩვენი პოლიტიკური სიმწიფისა; ბათომი არის სათავე, რომელმაც დემოკრატია გახადა სრული სუვერენული, არა მარტო თავის სამშობლოში, რომელმაც იგივე დემოკრატია გახადა აგრეთვე მესვეურად დიდ რუსეთის რევოლიუციისა.

აი ამ ორ ადგილას თქმული სიტყვა უკვე საქმედ იქცა. მე არ შემიძლია აქ არ შევეხო იმ აუწერელ სიბნელეს, რომელიც შესაძლოა მოგვაგონებდეს ერთ სარდლის მიერ ალპების გადალახვას, და რომელიც სძლია ჩვენმა მამაცმა ჯარმა, როცა მან სუსხიან ზამთარში გადაიარა გაყინული მაღალი ქედები და დაიკავა არდანუჭი და ხულო. მე ამ გზას ვიცნობ, მივლია იქ ზაფხულში, ვიცნობ ამ ქედებსაც. ეს იყო ივლისში. მე ვიცი და მახსოვს დღევანდლამდე ის დაღლილობა, ის სიმწარე, რომელიც მე განვიცადე მაშინ, ე.ი. ზაფხულში. და ეს ქედები გადალახა ჩვენმა ჯარმა ზამთარში მთელი თავისი ბარგით, იარაღით, (ძლიერი ტაში ყველა სკამებზე). ამიტომ მე უნდა მოგახსენოთ, მოქალაქენო, რომ ჩვენა გვაქვს ნამდვილი ჯანსაღი სახელმწიფო. და ეს იქიდან სჩანს, პირველ ყოვლისა, რომ მას ჰყავს ასეთი შეგნებული მამაცი და მაღალი მოვალეობის გრძნობით გამსჭვალული ჯარი.

აქ იყო ნათქვამი, გარეშე-საქმეთა მინისტრის მიერ იმ საშინელებაზე, რომელიც შესაძლებელია, მოგველის ჩვენ ჩრდილოეთით. მე არა ვფიქრობ მაინც და მაინც, რომ აუცილებელია სისხლის ღვრა მოხდეს ბოლშევიკებთან, მე არა ვარ მომხრე სისხლის ღვრისა, მით უმეტეს მე არა ვარ მომხრე ომისა საქართველოსა და რუსეთს შორის, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია არის იქ გაბატონებული. მაგრამ მე ვარ მომხრე ქვეყნის დაცვისა, მე ვარ მომხრე საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და როცა ვითვალისწინებ იმ გმირობას, რომელიც გამოიჩინა ჩვენმა ჯარმა, მე ვამბობ, საქართველოს შეუძლია დამშვიდებული იყოს: მისი ნორჩი, მაგრამ სულით ძლიერი ჯარი თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს, ის მას დაიცავს. (ტაში).

მოგეხსენებათ, რომ საქართველო წარმოადგენს გეომეტრიულ სამკუთხედს, რომლის ცენტრალური კუთხე მიდის სამხრეთ დასავლეთით, თუ ჩვენ მაგრათ გვაქვს მიბჯენილი ჩვენი ზურგი ამ კუთხეზე, რაიცა წარმოადგენს ბუნებრივ სიმაგრეებს, მაღალ ქედებს, ჩვენი ხელები თავისუფალია სრულიად და შესძლებს გაუმკლავდეს ჩრდილოეთიდან მოსულ მტერს. და ამიტომ, რაც უნდა გაკეთებულიყო ბათომის მიმართ, ის გაკეთებულია - ბათომის ოლქი საქართველოს ხელშია, მე ეს მრწამს და ეს მარტო რწმენა კი არ არის, ეს უკვე რეალობაა, ფაქტია.

მაგრამ, ერთი საშინელება მაინც მოხდა, ჩვენ უკვე ოფიციალურად გადმოგვცეს აქ, რომ ბათომის საკითხი გადაჭრილიაო.

მე ვიცი ომის დამთავრების შემდეგ, როცა საზავო მოლაპარაკება იყო პარიზში და ვერსალში, იქ იყო შემოღებული ერთი ახალი მეთოდი, წესი, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მოისმენდენ დამარცხებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს და ისე დაადგენდენ განაჩენს. თქვენ იცით, რომ არ მოისმინეს წარმომადგენლები არც გერმანიის, არც ავსტრიის, უნგრეთის, ბულგარეთის და არც ოსმალეთისა და ისე გამოიტანეს გადაწყვეტილება მათ შესახებ. ეს მეთოდი შემოიღეს პარიზში და ვერსალში, მაგრამ იგი არ იცის ისტორიამ და საერთაშორისო უფლებამ ყოველ შემთხვევაში, ასე მოეპყრენ მოკავშირენი მტრებს. იბადება კითხვა, განა ჩვენ მტრები ვიყავით? განა ჩვენ ზურგს უკან, ჩვენდა დაუკითხავად უნდა გადაეწყვიტათ ეს ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხი?

ის, საკითხი, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფნა-არ ყოფნა? რასაკვირველია, ამის პასუხს მე ვერ მივიღებ, მისი ავტორები აქ არ არიან. მაგრამ ჩვენ ხომ მტრები არ ვიყავით! ჩვენ ვიყავით მოკავშირეები. ის სისხლი, რომელიც ჩვენი ძმების მიერ დაიღვარა ამ ომში, აღემატება, პროპორციულად თუ შევადარებთ, რუსეთში მცხოვრებთა სხვა ეროვნებათა მიერ დაქცეულ სისხლს. ვინ ვიყავით ჩვენ, ან რა ვიყავით? განა მოკავშირეებმა არ იცოდენ? განა მათი წარმომადგენელნი არ იყვნენ ყველა ფრონტებზე, განა ისინი არ გამოსთქვამდენ ჩვენს წინაშე პეტროგრადში თავის განცვიფრებას და აღტაცებას იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა ქართულმა მხედრობამ როგორც ოფიცრობამ, ისე ჯარისკაცობამ? განა მათ არ იცოდენ, ვიმეორებ, ეს? და მიუხედავათ ამისა ჩვენზე იგივე წესი, იგივე მეთოდი, რომელიც არ იცის ისტორიამ და საერთაშორისო უფლებამ, განახორციელეს ჩვენმა მოკავშირეებმა! მე ვამბობ ხაზგასმით - ჩვენმა მოკავშირეებმა. ჩვენი ჯარი რომ სდგას არდანუჯში და ხულოში არის მოკავშირე. ჩვენ ჩვენი თავი მიგვაჩნია მოკავშირედ. მე ვფიქრობ, ჩვენ არ გვხვდებოდა ეს, არ უნდა გაევრცელებიათ ჩვენზე ეს მეთოდი. მე ვფიქრობ, მოკავშირეებს არ უნდა დაეშვათ ერთ წუთსაც ჩვენს მიმართ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ეს კი სწორეთ ბრესტ-ლიტოვსკის განმეორებაა, როცა ჩვენ ამოგვთხარეს მარჯვენა თვალი - ბათომი ჩვენმა ისტორიულმა მტერმა ოსმალეთმა და მხდალმა ბალშევიკებმა. ბალშევიზმი, როგორც სოციალისტური მოძრაობა კი არ იყო საშიში, ამას ჩვენ გაუწევდით ანგარიშს. მაგრამ ბალშევიზმი, რომელიც იჩენს სიმხდალეს, მტრის წინაშე, იჩოქებს ვილჰელმის წინაშე, ღალატობს სამშობლოს, უარყოფს სახელმწიფოს - ამ ბალშევიზმს ჩვენ ვერ შეურიგდებით. ეს იყო მაშინ. და დღეს კი ჩვენი მოკავშირეები, რომლებთან ერთათ ჩვენ ვიბრძოდით და სისხლს ვღვრიდით, აი ეს მოკავშირეები ხელიდან გვაცლიან იმავე ბათომს.

რა მოხდა? ოსმალეთს ბათუმს არ დაუბრუნებენ, რა თქმა უნდა. არის დემაგოგიური ქადაგება სხვა და სხვა ჯგუფებისა, რომლებიც მართლაც ავრცელებენ ხმებს, ბათუმი ოსმალეთს დაუბრუნდებაო, რომ ოსმალეთი არის ხვალინდელი პატრონი ბათუმისაო. ეს არის სიყალბე. ნამდვილათ კი ოსმალეთი ომში დამარცხდა და ჩვენ არ გვგონია, რომ დამარცხებულ სახელმწიფოს იქით უმატებენ ტერიტორიას, ჩვენ ვიცით, რომ პირიქით ასეთ შემთხვევაში მათ ჩამოჭრიან.

ჩვენ ვიცით სტერეოტიპული მუხლი ვერსალის საზაო ხელშეკრულებისა, რომლის ძალით გერმანიამ, ავსტრიამ და ბულგარეთმა უკვე უარი სთქვეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე და აქედან გამომდინარე უფლებებზე და უკვე მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებას, ეხლა ჯერი მიდგა ოსმალეთზე, მანაც უნდა მოაწეროს ხელი ამ მუხლს. მაშასადამე აქ იხსნება საკითხი ოსმალეთისა, იგი არაფერ შუაშია, მაშ ვის მისცეს მოკავშირეებმა ბათომი? განა ის განუყრელ ნაწილს არ შეადგენდა საქართველოსას? განა ოდესმე ყოფილა ეს სადაო, რაც ჩვენ რუსეთის ფარგლებში ვიმყოფებოდით? რად უნდა ჩამოგვეჭრას ის, რაც ჩვენ სხეულზე მიზრდილი იყო ომის დაწყებამდე, რა დავაშავეთ, რად უნდა დავისაჯოთ?

ჩვეულებრივ წესი ასეთი უნდა ყოფილიყო: აღდგენილ უნდა იქნეს პირველ-ყოფილი მდგომარეობა ე.ი. ჩვენ ვიყავით მოკავშირე, ერთად დავღვარეთ სისხლი, ერთად გავიმარჯვეთ, მაშასადამე ჩვენი ტერიტორია ხელუხლებელი უნდა დარჩეს. ეს იმდენად სამართლიანი და ლოღიკური დებულებაა, რომლის წინააღმდეგ გალაშქრება და რაიმე დადგენილების გამოტანა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში პირდაპირ მიუწდომელი და გაუგებარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ შეგნებულნი, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ ვერას გზით და არც გვინდა ასეთი რამ გავიგოთ.

ჩვენ ბათომთან ერთად აღვსდგებით, ან მასთან ერთად დავეცემით. იქ სწყდება ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება. ჩვენ ეს საქმე ასე გვესმის.

განა მოკავშირეებმა არ უნდა გაუწიონ ანგარიში მეორე გარემოებას, უდიდეს გარემოებას, რომ რუსეთის ყველა ხალხთა შორის - ეს იყო ერთად-ერთი საქართველოს ხალხი, ქართველი ერი, რომელმაც სხვების დაუხმარებლად და პირიქით მიუხედავად აუარებელ გარეშე დაბრკოლებათა, შეჰქმნა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ევროპიული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ იტყვით, რათ აინტერესებს ევროპას, თუ როგორი სახელმწიფო დააარსა საქართველომ, მათთვის სულერთია. მართლაც ეს არ იქნებოდა მათთვის საინტერესო, თუ საკითხი ისე სდგას, როგორც ეს მოკავშირეებს ესმით დღეს. ნამდვილად კი დღეს ევროპაში სდგას ერთი სადავო საკითხი: რომელმა პრინციპმა უნდა გაიმარჯვოს, იმან, რომელსაც წარმოადგენს ბოლშევიზმი, თუ იმან, რომელიც არსებობს ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში და წამოვაყენეთ ჩვენ? რომელმა უნდა გაიმარჯვოს, დემოკრატიამ, თუ მონარქიამ? რევოლიუციამ, თუ კონტრ-რევოლიუციამ მთელი მისი შედეგებით? სახელმწიფომ, თუ ანარქიამ? განა ეს საკითხი ევროპას არ აინტერესებს? გარწმუნებთ, რომ ჩვენზე უფრო მეტად აინტერესებს, ევროპა თვით სდგას ხიფათის წინაშე. ჩვენ კი ეს ხიფათი თავიდან აცილებული გვაქვს, ჩვენ შევქმენით ასეთი წესწყობილება, იგი უკვე გაფოლადდა და შიგნიდან მას არავითარი საფრთხე არ მოელის, ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი, დასკვნა. იქ კი, ევროპაში, სადაც წარმოიშვა ამ ომის გამო სხვა და სხვა ძალები, კლასობრივმა მომენტმა მიიღო ერთობ მწვავე სახე, სადაც ერთის მხრივ გაბატონებული და მეორეს მხრივ დამონავებული კლასები უპირველესად დაპირისპირებული არიან, სოციალური საკითხები მთელის თავის სიმწვავით სდგას, აქედან თვით დემოკრატიული წყობილება დიდ ხიფათის წინ სდგას, იმ ხიფათის წინ, რომელმაც შთანთქა რუსეთის დიდი რევოლიუციის მონაპოვარნი, თვით სახელმწიფოც. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ახლა იქ არის მწვავე და მას ევროპა ანგარიშს უწევს.

მე ვიცი თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს, რომელიც სხვების დაუხმარებლად, წინააღმდეგ მრავალისაგან მრავალ დაბრკოლებათა, დააარსა ის, რის გამტკიცებასაც იქ ევროპაში ლამობენ. მე ვფიქრობ, რომ ამ ჯვარედინ გზას აზიასა და ევროპის შორის, ამიერ-კავკასიას, აქედან საქართველოს, რომელიც ხიდია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპისათვის, აქვს მისთვის დიდი მნიშვნელობა, დაინგრევა თუ დამკვიდრდება აქ ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო. ამ გარემოებას არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიონ ევროპაში, ვინაიდან, ვიმეორებ, აქ არის ჯვარედინი გზა, სადაც უპირდაპირდება ერთმანეთს ევროპისა და აზიის სახელმწიფოებრივობა, ან კიდევ ევროპიული დემოკრატია და რუსული ანარქია, დაკავშირებული ოსმალეთის პანისლამიზმთან.

ისმება მეორე საკითხი: განა ჩვენ მეზობლებისთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ყველა ამას?

განა ვინმე წარმოიდგენს, რომ იარსებებს აზერბაიჯანის და სომხების რესპუბლიკები, თუ არ იარსებებს საქართველოს რესპუბლიკა? განა სად იყო რევოლიუციის სამჭედლო, რომელმაც გამოსჭედა დემოკრატიული სახელმწიფო? განა ეს ტფილისი არ არის?! თქვენ გახსოვთ, რომ ეს იყო დრო, როცა ბაქო ბოლშევიკების ხელში იყო, მაგრამ საქართველო კი არსებობდა. თუ საქართველოს რესპუბლიკა არ იარსებებს, მე გადაჭრით ვამბობ, რომ ვერ იარსებებს ადერბეიჯანის და სომხეთის რესპუბლიკები. ამ წერტილიდან უნდა გამოდიოდნენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ჩვენ კიდევ არ გვაქვს იმედი დაკარგული, რომ ისინი შეიგნებენ თავის ინტერესებს. სახელმწიფოს დაარსების დროს აქვს მნიშვნელობა არა სიმპატიას და ანტიპატიას, არამედ - სასიცოცხლო ინტერესებს. განა ადერბეიჯანის და სომხეთის ინტერესი არ არის, რომ საქართველო არსებობდეს? განა მათ არ იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მჭიდროთ არის დაკავშირებული ბათომის საკითხთან?

ადერბეიჯანი ამბობს, ბათომი არის კარი ჩემი ნავთისთვისო. კეთილი და პატიოსანი. ეს არის საკითხის რეალურად დასმა. აზიას ასე რეალურად მსჯელობა არ ჩვევია. მაგრამ მე ვსვამ საკითხს, როცა ადერბეიჯანი ამბობს, რომ ბათომი არის ჩემი კარიო, რად ავიწყდება მას, რომ ევროპისათვის გასავალი კარი ბაქოა?! ჩვენთვის აქვს ბათომს მნიშვნელობა პირველ ყოვლისა, როგორც ევროპაში გასავალ კარს, მაგრამ რად ივიწყებს ადერბეიჯანი, რომ იგივე ბათომი ევროპისათვის აზიაში გასავალი კარია, მაშასადმე, ბაქოს გზით? სომხეთს თავის მხრით ავიწყდება, რომ ბათომიდან გზა ტფილისი, ალექსანდროპოლ-ჯულფით თავრიზში ანუ სპარსეთში გადის, აი სად არის ძაფების ნასკვი, ე.ი. ცენტრალური პუნქტი, სადაც უნდა გადაიჭრას სამივე რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის კითხვა, არის ტფილისი, ხოლო ტფილისი უბათუმოდ წარმოუდგენელია. ამ რიგად ბათომში გარეშე ძალთა, მსოფლიო იმპერიალისტთა გაბატონება ნიშნავს მათ გაბატონებას ტფილისზე, ბაქოზე და ალექსანდროპოლზე. აი, რა ავიწყდებათ ჩვენ მეზობლებს.

მე რეალი პოლიტიკის მომხრე ვარ, ადერბეიჯანს, რომ ქონდეს ინტერესი ბათომი ჩვენ წაგვერთვას, ეს რომ იყოს მისი სასიცოცხლო ინტერესი, კიდევ მესმის. იყო დრო, როდესაც ადერბეიჯანი ფიქრობდა ოსმალეთთან დიდი იმპერიის შექმნას, ეს იყო ტრაპეზუნდის ხანა. ის იყო ერთგვარი გატაცება, შეიძლება გასაგებიცაა. დღეს კი როცა ოსმალეთი ჩამოვიდა სცენიდან, სასაცილო იქნება ის პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ იგი ძველი სახით ისევ სცენაზე გამოვაო, მე ვკითხულობ რას იცავს ადერბეიჯანი? გადაჭრით უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერს იცავს, იგი ამ შემთხვევაში თავის დამოუკიდებლობის გარდა.

რაც შეეხება სომხეთს, ის უფრო მეტ ლოიალობას იჩენს. მან სთქვა თავის პრესსაში, ბათომი საქართველოსი უნდა იქნესო, თან დასძინა - ჩვენც ინტერესი გვაქვსო. რა თქმა უნდა, ინტერესი აქვთ ადერბეიჯანს და სომხეთს, მაგრამ ეს არის ჩვენი შეთანხმების საკითხი.

საქართველო თვით არის დაინტერესებული, რომ ბათუმი ღია იყოს მისი მეზობლებისათვის. მე ვამბობ, ჩვენ, რომ ერთი გარვანქა ნახშირი და შავი ქვა არ გვქონდეს, მარტო ეს გზა საკმარისია, რომ საქართველომ იარსებოს ეკონომიურად. ჩვენ ყელამდე დაინტერესებული ვართ, რომ ამ გზით ისარგებლონ ჩვენმა მეზობლებმა, ჩვენ გვინდა შუამავლობა გავსწიოთ ევროპასა და აზიას შორის. ეს იციან თვით მოკავშირეებმა და ეს იციან ჩვენმა მეზობლებმა.

მე გამოვსთქვამ ერთ სურვილს, რომ სომხის პრესის ლოიალობას აქ ეთანხმებოდეს მათი დელეგაციის მოქმედება პარიზში; ეს არის თავი და თავი - სიტყვა ერთია, საქმე მეორე; ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ საქმეს.

აქ აღნიშნა შემკითხველმა და საგარეო-საქმეთა მინისტრმაც, რომ ბათომის ოლქში რაღაც არანორმალური ამბები ხდება. ეს, ჩვენც ავღნიშნეთ წინად. ჩვენ მოვისმინეთ ბათომის შესახებ, რომ იქ არ არსებობს სახელმწიფოებრიობა, არ არის ადმინისტრაცია, არ არის მართლმსაჯულება, არ არის თვითმმართველობა - არის მხოლოდ გამეფებული ანარქია - ე.ი. იქ არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავდით ძველი რეჟიმის დროსაც კი. შესაძლებელია რუსეთში კანონი არ ვარგოდა, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ კანონს სრულიად ძალა არ ჰქონოდა; არის რაიმე კანონი ბათომში და ოლქში, ან კიდევ მისი ასრულება? არა, ის უპატრონოდ არის მიტოვებული.

ასჯერ მითქვამს, ბატონებო, „პოგრომი“ ბათომში 12 იანვარს - ეს ჩვენ გვაწითლებს, თუმცა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის; უნდა გამოსთქვათ იმედი, გაწითლდებიან, უნდა გაწითლდენ ისინი, ვისაც ამ საქმეში დანაშაული მიუძღვის.

განა ცოტა გაჭირვება განიცადა აჭარამ ამ მოკლე წარსულში, რომ კიდევ ახალი გაჭივრება თავზე არ დაატყდეს? ამ ომის დროს, როცა რუსეთმა მთელი აჭარა მოღალატეთ გამოაცხადა, განა ამ მხარეს ცოტა უბედურება დაატყდა თავზე? აქ ადგილი ჰქონდა ისეთ ეპოზოდებს, რომელთა შესახებ მე სახელმწიფო დუმაში ვლაპარაკობდი, და რომელიც ტანში ჟრუანტელს გვრიდა მსმენელთ. მთელი სოფლების დარბევა, გადაბუგვა, მცხოვრებთა მასსიური ჟლეტა, გადარეკვა მტრის ბანაკში და ბევრი სხვა საზიზღარი მოვლენანი სრულიად ჩვეულებრივი იყვნენ. დიდი ალაგი ამ საზიზღრობაში ეჭირა მანდილოსნების გაუპატიურებას, რომელსაც სჩადიოდენ ძველი რეჟიმის სამხედრო ძალები. იყო მაგ. ასეთი შემთხვევა: ერთი მოხუცი მამა გრძელ სკამზე დააკრეს, ხოლო მისი სულ ახალგაზრდა მზეთუნახავი ქალიშვილი მის თვალ წინ გააუპატიურეს. მამა, რა თქმა უნდა ჭკუაზე შეიშალა, ქალმა თავი დაიხრჩო. როგორც მოგეხსენებათ, ქალები ხშირად გამხეცებულ „კაზაკების“ დევნისაგან მთაში გარბოდენ და მშიერ მწყურვალნი იქვე იყინებოდნენ. ერთ ასეთ ნაირათ გაქცეულ ქალს, რომელსაც სიცივისაგან და შიმშილისაგან თავდაცვის უნარი დაკარგვოდა, შიმშილისაგან გამწარებულმა მისმა საკუთარმა ძაღლმა მკერდი ამოღადრა.

აი, ბატონებო, რა უნახავს აჭარას. ჩვენ ვიცით, რა საფრთხეს წინ იდგა საქართველო, რა ხიფათი მოელოდა მას, როცა მისი შვილნი გააფთრებულათ იბრძოდნენ აქ და რუსეთში მათი ღვიძლი ძმების - აჭარლების სახსნელათ. მათ ამისათვის მოღალატეობასაც კი სწამებდა ძველი მთავრობა, ბევრმა დიდი დევნაც კი განიცადა.

აი, ასეთი გაჭივრება უნახავს აჭარას, მაგრამ რას ვხედავთ დღეს იმავ აჭარაში და თვით ბათომში, სადაც ოკუპაცია არის გამოცხადებული? ხალხი დამშეულია, ტიტველი, უუფლებო, ძველი რეჟიმის მსუნაგი მოხელენი დასევია მას, რომელნიც ათასგვარ ძალმომრეობას ახდენს მასზე. არასოდეს რუსის „ჩინოვნიკებს“ არ დასდგომიათ ისეთი დღე, როგორც ახლა აქვთ მათ ოლქში და ქალაქში: სცარცვენ, არბევენ, სდევნიან, სჯიან სრულიად განუკითხავად ხალხს. იქ არ არსებობს არავითარი სამართალი, არც უბრალო ადამიანური მორალი მოხელეთათვის. და ეს მაშინ, როცა აქ დემოკრატიული წყობილება არის გაბატონებული, სადაც წესიერება, ადამიანის და მოქალაქის უფლება და თავისუფლება უზრუნველყოფილია. განა გაგონილა, რომ საქართველოს ერთ ნაწილში ხალხი სტკბებოდეს პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ თავისუფლებით, ხოლო მეორე ნაწილში, ბათომსა და მის ოლქში მოკლებული იყოს ყველა ამას? ვისი ბრალია ეს? ვინ დაუსია აჭარას ეს გამხეცებული რუსის მოხელენი, ვინ არის პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა ის, ვინც დღეს იქ ბატონობს, ვის ხელშიაც არის საოკუპაციო ძალა-უფლება. თქვენ იცით ბათომი დღეს ერთი ვეება საწყობია მანუფაქტურისა, სანოვაგისა, რომელიც ეყოფა მთელს კავკასიას, ხოლო იქ და ოლქში ცხოვრება აუტანელია ყოველ მხრივ. ყველა ეს სიმდიდრე სპეკულიანტების ხელშია, რომელნიც ნამდვილ მევახშეთ და წურბელად მოევლინენ მცხოვრებთ. პირდაპირ გაუგონარი სიძვირეა იქ, სამჯერ, ოთხჯერ მეტი, ვინემ აქ ტფილისში. ვინ არის ამის პასუხისმგებელი? იგივე საოკუპაციო ძალა, თავის-თავად ცხადია.

თქვენ იცით, მოქალაქენო, შარშან აგვისტოს აჭარა-ქობულეთის მეჯლისმა მთელი ოლქის წარმომადგენლობამ, საჯაროდ მოითხოვა დედა-საქართველოსთან გაერთიანება და შესაფერი დეკლარაცია გადასცა მოკავშირეთა მისიებს, თვით პარიზის კონფერენციას გაუგზავნა იგი, გადასცა ჩვენს მთავრობას. მაშასადამე, მცხოვრებთა ნებისყოფა თანახმად თვით-გამორკვევის პრინციპისა, ყველასათვის აშკარა იყო. მიაქცია თუ არა ამას ყურადღება საოკუპაციო მმართველობამ? არა. პირიქით, მისი აგენტები რუსის მოხელენი დაძრწიან პროვინციაში, რომ ხალხი დააშინონ, მოატყუონ და ამ გზით აამხედრონ ის ჩვენს, მისი ძმების წინააღმდეგ.

ისინი დამარცხდენ ბათომში, არჩევნებში, როგორც იცით, დიდი უმრავლესობა, აბსოლიუტური უმრავლესობა, ქართველებმა გაიყვანეს საბჭოს ხმოსნებად და ეს მაშინ, როცა იქ საქართველოს ძალა, მისი მთავრობა არ მოქმედებდა, როცა თავაშვებულად მუშაობდენ მისი მტრები: დენიკინელები, ბოლშევიკები და ვინ იცის კიდევ ვინ, როცა ადგილობრივი დემოკრატია აუტანელ სიძვირის გამო ჯერ ისევ ნახევრად იქ არ ცხოვრობს და გადმოხვეწილია აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე. საბჭო არჩეულია 29 თებერვლიდან, მაგრამ არ იწვევენ დღემდე. რატომ, რა მიზეზით?! იმიტომ, რომ ის არის მტკიცე მომხრე ბათომის და ოლქის საქართველოსთან შემოერთებისა.

ახლა ეპირებიან აღწერის მოხდენას ბათუმში, სადაც აუარებელი ლტოლვილებია რუსეთიდან, ტრაპეზუნიდან, - არა ქართველნი. უნდათ ისინიც შეიტანონ სიაში იმ განზრახვით, რომ აჩვენოს ქვეყანას თითქო ქართველები უმცირესობას შეადგენენ ბათომში! განა ეს სამართალია? განა ქართველები მუდამ არ იყვნენ უმრავლესობაში ბათომის საბჭოში კიდევ იმ დროიდან, როცა იქ პირველად შემოიღეს თვითმმართველობა, ე.ი. მე-80 წლებიდან? ვისა სურთ აუხვიონ თვალი? ვის უნდა დაუმტკიცონ, თითქო ბათომი საქართველოს ქალაქი არაა, ეს იცოდა ცარიზმმა, არ იცის მხოლოდ დიდ ბრიტანეთის გენერლობამ!

ამასაც რომ არ სჯერდებიან! ქალაქის საბჭოს არ იწვევენ, ხოლო პროვინციისთვის ფიქრობენ პარლამენტის მოწვევას, „აჭარისტანის“ პარლამენტის. როგორ იწვევენ მას? არის თუ არა საყოველთაო არჩევნები; არა, რა თქმა უნდა. სოფლის ყრილობებზე, ან კიდევ სრულიად დაუკითხავად სოფლისა, აცხადებენ ამა თუ იმ პირს, მათი ყმა და ერთგულს ამორჩეულად! ასე სჩადიოდენ ოსმალონი, როცა იქ „პლებისციტს“ ახდენდენ. სასირცხოა, დამამცირებელი მოკავშირეთა პრესტიჟისათვის ასეთი საშვალებანი. ჯერ ერთი სანამ საოკუპაციო მმართველობა განუკითხავი ბატონ-პატრონია მთელი ოლქის, მისგან მოწვეული „პარლამენტი“ მხოლოდ სათამაშო ბურთი იქნება მის ხელში; მეორეც, რატომ არ იწვევენ მეჯლისს, თუ მართლა ხალხის სურვილი უნდა გაიგონ? განა არ იციან, რომ მეჯლისი შესდგა კიდევ მაშინ, როცა ოლქში ერთი ქართველი ჯარის-კაცი არ ჭაჭანებდა? განა არ იციან, რომ ბათომის ოლქიდან ჩამოცილება ნიშნავს სხეულისაგან თავის მოცილებას? განა მათგან მოგონილი „დამოუკიდებელი აჭარისტანი“ შეურიგდება ბათუმის ჩამოჭრას, მის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ დაყენებას?

თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ ბათუმის ოლქში ირაზმებიან ჩეტნიკები, ისინი შემოდიან ლაზისტანიდან და დიდს საფრთხეს უმზადებენ რესპუბლიკას. ვინ რაზმავს ამ ჩეტნიკებს, ვინ აწარმოებს ოლქში ოსმალეთის ნაციონალისტების პოლიტიკას, ვინ ჰქმნის აუტანელ ანარქიას? მე ვკითხულობ ამას და მიუგებ სრულიად გადაჭრით: პასუხისმგებელი ისინი არიან, ვისაც მინდობილი აქვს ოლქის მოვლა. ჩვენ არ შეგვიძლია მოვითმინოთ არეულობა ოლქში, არ შეგვიძლია ხელმეორეთ ჩავაგდოთ ბათომი საშიშარ მდგომარეობაში, რომელსაც ელტვიან ერზერუმის ფაშები და რუსის ბოლშევიკები.

მე ვსვამ ერთ კარდინალურ კითხვას: ვინ ატარებს ლონდონის პოლიტიკას - ტფილისში მყოფი უმაღლესი კომისარი, თუ ბათომში მყოფი სამხედრო ძალა? საჭიროა მივიღოთ გადაჭრილი პასუხი ამ კითხვაზე. ჩვენ კი ვიტყვით საჯაროთ: ის, რაც ხდება ბათომში და ოლქში, ეწინააღმდეგება ინგლისის ინტერესებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვდგევართ ჩრდილოეთის ხიფათის წინ, როცა ბოლშევიკები და პან-ისლამისტები ლამობენ მთელი ამიერ-კავკასიის წალეკვას, აზიასა და ევროპის მთავარ გზა და ხიდის ჩაკეტვას, ბათომის სამხედრო ძალის პოლიტიკა პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ არ შეგვიძლია მტკიცედ დავიცვათ ჩვენი საზღვრები ჩრდილოეთით, მეტისმეტად გაგვიჭირდება ეს, როცა ზურგს უკან ბათომში და ოლქში ჩვენი ძმები ასეთ შევიწროებას განიცდიან, როცა იქ მზადდება ანარქია ბოლშევიკების და ჩეტნიკების გაერთიანებული ძალებისა. ნუ თუ ცხადი არაა ჩვენთვის, რომ ეს პოლიტიკა არ არის და არ უნდა იყოს ლონდონის პოლიტიკა?! ეს იქნებოდა უარყოფა თვით ინგლისის საარსებო ინტერესებისა.

ჩვენ გვწამს, რომ ინგლისი და მისი მოკავშირენი მხარს უჭერენ ჩვენს დამოუკიდებლობას, მათ იცვნეს იგი კიდეც, მაშასადამე, ის, რაც ამას ეწინააღმდეგება, რაც ასუსტებს ჩვენი თავდაცვის ძალას, არის იმავე დროს სახიფათო არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა იმათთვის, ვისაც სურს ამიერ-კავკასია დარჩეს ხელუხლებელი, არ იქნეს ამ გზით გადასროლილი ანარქიის ტალღები რუსეთიდან აზიაში.

ამიტომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ შემკითხველის აზრს, თითქო მოკავშირეების, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას სწორედ გამოხატავდეს ბათომის საოკუპაციო ძალა. ჩვენ ვფიქრობთ და გვჯერა სულ წინააღმდეგი. მოქალაქენო, დიპოლომატია კარგი საქმე არის, პოლიტიკაც კარგი საქმეა, მაგრამ ყველას ეჭივრება ხერხემალი. ძირი და საფუძველი უნდა ჰქონდეს მას მტკიცე.

და შემდეგ, მოქალაქენო, აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ობიექტური მდგომარეობაც ისეთია, რომ ბათომი ჩვენი უნდა იყვეს, ყოფილა წარსულში და იქნება მომავალში. და თვით მოკავშირეთა, და განსაკუთრებით ინგლისის ინტერესები მოითხოვს, რომ ბათომი ჩვენს ხელში იყვეს.

მე შემიძლია კიდევ ერთი დავძინო, მოქალაქენო. იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მე არ ვფიქრობ იქნეს საბოლოო, ის არის დროებითი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავხდით მას დროებითად, - იქ არის ნათქვამი, რომ ბათომი იქნება ხალხთა ლიგის კონტროლის ქვეშო. ჩვენ, მოქალაქენო, აქ ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის ცნობა 14 იანვარს, მაშინ აქ მთავრობის თავმჯდომარემ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ჩვენ შევდივართ ხალხთა ლიგაში, როგორც სწორუფლებიანი წევრი, მაგრამ არა კანტროლის ქვეშ, ვინაიდან ჩვენ საკანტროლო არაფერი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია დღესაც ეს გავიმეოროთ ბათომის შესახებ. მას საკანტროლო არაფერი აქვს. ჩვენ ამისათვის არ გვიბრძოლია, ეს არ იყო ჩვენი მიზანი. ეს მიზანი იყო სრული თავისუფლება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი მიზანი იყო საქართველოს გაერთიანება. ჩვენი მიზანი იყო ბათომით სარგებლობა ისე, როგორც ეს ჩვენთვის საჭირო იყო - ევროპასთან დასაახლოვებლად. მაშასადამე, ჩვენი მიზანი იყო ბათომი ყოფილიყო კარი აზიასა და ევროპას შორის. ეს იყო მიზანი და ვემსახურებოდით მას.

მე ვიტყვი, რომ ჩვენ არ დაგვივიწყნია ძველი ანდერძი, რომელიც ამბობს: საქართველომ არ უნდა დაკარგოს არდანუჭ-არტაანის ხაზი, თუ არ უნდა თავის მთლიანობის დაკარგვა. ჩვენ გვახსოვს მეორე ანდერძი, რომელიც დაიწერა ბათომში. ეს არის ის, რომ ჩვენ ჩვენს მომავალს უკავშირებთ დემოკრატიას, უკავშირებთ პროგრესს, წინსვლას. ამ ორ ანდერძში სავსებით გამოხატულია და გადაჯაჭვული ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. ამის დამადასტურებელია მოზღვავებული ხალხი გარედან და მრავალი დეპეშები ჩვენი მოძმე მაჰმადიანებისაგან ბათომიდან. ჩვენ სრული იმედი გვაქვს დამფუძნებელი კრება და მთავრობა თავიანთ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებენ და ეს იმიტომ, რომ ჩვენ წინაპრების ღირსეული შვილნი ვართ (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. შემოსულია ბ-ბო შემდეგი წინადადება ს.-დ. ბიუროსაგან: „აკაკი ჩხენკელის სიტყვის შემდეგ სხდომა შესწყდეს და სხდომის გაგრძელება დაინიშნოს საღამოს 7 საათზე“. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. მიღებულია. სხდომის გაგრძელება დანიშნულია საღამოს 7 საათზე. ეხლა კრებას ვხურავ.

სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 ს. და 40 წ.

საღამოს სხდომა

(სხდომა იწყება საღამოს 8 საათზე ბ-ნ ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით).

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გრძელდება კამათი ბათომის საკითხის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ. ლ. შენგელაიას.

ლ. შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! საქართველოს დემოკრატიის, ქართველი ერის მთელი გულის ყური დღეს მიპყრობილი არის ორი ადგილისაკენ. ეს ადგილები გახლდათ მისი ყურადღების ცენტრი და უპირველეს ზრუნვის საგანი. ორ ადგილას იგრძნო ქართველმა ერმა საშინელი ტკივილები. ეს ადგილები არის გორი და ბათომი; ყოველ ამბავს, ყოველ ცნობებს გულის ფანცქალით მოელის აქედან მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, ულმობელმა სტიქიამ დაანგრია, გაანადგურა ქართლის გული და ჩვენი ეროვნებისა და კულტურის ძველი დარაჯი გორი. ცბიერმა იმპერიალიზმმა ტლანქად და უცერემონიოდ დაიჭირა ჩვენი სახლის კარები, ჩაგვიკეტა ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ჩვენ ვიყურებოდით ევროპაში სინათლისა და ცივილიზაციისაკენ. მთელი საქართველოს დემოკრატია ერთსულოვნად გამოეხმაურა და გაიზიარა ქართლის ტრაგედია. ეს არის სრული გარანტია იმისა, რომ ჩვენს ერს თვით სტიქია ვერაფერს დააკლებს, რომ ჩვენ თვით სტიქიონის ჟინსაც გაუმკლავდებით! ასევე ერთსულოვანი უნდა იქნეს საქართველოს დემოკრატია ბათომის საკითხშიც. ჩვენ გვწამს, ის მიიღებს ყოველ ზომას, გადალახავს ყოველგვარ დაბრკოლებას, რათა ბათომის და მისი ოლქის საკითხი გადაწყდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს დემოკრატიისა და ბათომის მცხოვრებთა სასიცოცხლო ინტერესები. ყოველი მოსაზრებით, ყოველი თვალსაზრისით ეროვნულის, ეკონომიურის, კულტურულის და სტრატეგიულის ბათომი ეკუთვნის საქართველოს, ვინაიდან იგი არის თვით საქართველო. თუ ბათომი არის უკანასკნელი პუნქტი ბაქოს ნავთის მილისა, ის არის პირველი პუნქტი იმ ეკონომიური, კულტურული და პოლიტიკური მილისა, რომელიც საქართველოს ევროპასთან აერთებს. თუ ბათომი არის საჭირო ამიერკავკასიის ერებისათვის, იგი აუცილებელია და ყოველთვის იქნება ასეთი საქართველოსთვის. თავისუფალი ბათომი გარეშე თავისუფალი საქართველოსი - ყოველთვის იქნება უმაგალითო ეროვნული დამცირება და სრული ეკონომიური დაბეჩავება ქართველი ერისა, ჩვენი რესპუბლიკისა. გრძნობს რა ყოველივე ამას სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მთელი თავისი არსებით მხარს დაუჭერს ყოველ იმ ზომებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბათომისა და მისი ოლქის დედა სხეულთან - საქართველოსთან შემოერთებას. უნდა მოგახსენოთ აგრეთვე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავიზიაროთ ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა აწარმოებს დღემდე ბათუმის საკითხში, ჩვენ ვერ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას იმ მდგომარეობისათვის, რომელიც შექმნილია ყველა საზღვრებზე. ბატონებო, ამ მოკლე ხანში დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საგარე-საქმეთა სამინისტროს შტატები. გაღებულ იქნა არა ერთი მილიონი საგარეო საქმეების მოსაგვარებლად. საგარეო-საქმეთა მინისტრი ჩვენ გვარწმუნებდა, რომ საქმე კარგად არის, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ყოველივე ეს დავიჯერეთ და საგარეო საქმეების შესახებ ჩვენ კრინტიც არ დაგვიძრავს. მაგრამ დღეს, როდესაც წყდება სამუსლიმანო საქართველოს ბედი, არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ მთელი ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა საგარეო-საქმეთა სამინისტრო, სრულიად უნაყოფო და უვარგისი გამოდგა. რა აკლდა მთავრობას ბათუმის საკითხის მოსაგვარებლად? განა მთავრობას აკლდა თანაგრძნობა ერისა ამ საკითხში? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი ერი მუდამ მზათ იყო უდიდესი მსხვერპლი გაეღო ბათუმის დაბრუნებისათვის. იქნება თანხა აკლდა? არც ეს არის მართალი, ვინაიდან დამფუძნებელმა კრებამ გაიღო არამც თუ მინიმუმი, არამედ მაქსიმუმი, ათჯერ მეტი ვიდრე საჭირო იყო. ან იქნება ჩვენს ჯარსა და გვარდიას არ სურდეს ბრძოლა ბათუმისათვის? მაგრამ ამის თქმა ხომ უდიდესი ცილის-წამება იქნებოდა?!

მაშ, როგორ მოხდა, რომ ბათომის საკითხში ასეთი საშინელი დამარცხება განვიცადეთ? როგორ მოხდა, რომ ყარსი, რომელიც ისეთსავე პირობებში იყო, სომხეთის ხელში გადავიდა, ხოლო ბათომი კი თავისუფალ პორტად გამოცხადდა?! ბატონებო! ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყო პოლიტიკა ალალ-ბედისა, პოლიტიკა ბედნიერ შემთხვევისა. მასში არ ყოფილა რაიმე გარკვეული ხაზი. თვით ჩვენი რესპუბლიკის აღიარება დე ფაცტო მოხდა წინააღმდეგ ჩვენი მმართველი წრეების მოლოდინისა. ამაში თქვენ დარწმუნდებით, თუ გაიხსენებთ მთავრობის თავმჯდომარის უკანასკნელ მოხსენებას. ასეთივე ისტორია ეწვია ბათომის საკითხსაც. ბათომს ჰყავს მრავალი პრეტენდენტი, ბათომი გადაიქცა იმ ასპარეზად, სადაც თავს იყრიან ყოველგვარი ავანტიურისტული ჯგუფები და აწარმოებენ აგიტაციას ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ. ასეთ პირობებში ჩვენი მოძრაობა ბათომის დასაცავად იქნება მიმართული ეოიპსო ოსმალეთის, დენიკინელების, ბოლშევიკების და ანტანტის წინააღმდეგ. უპირველესი საკითხი, რომელიც უნდა დავსვათ, თუ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, არის შემდეგი: ვინ არის ჩვენი მოკავშირე?! მწუხარებით უნდა ავღნიშნო, რომ ამ მხრივ ჩვენი მდგომარეობა ტრაღიკული, უნუგეშოა. როგორც ამ ერთი წლის წინად ბრძოლის ველზე დავრჩით მარტონი, ისე ეხლაც ჩვენ არა გვყავს არც ერთი მოკავშირე. აი, შედეგი ჩვენი ბრძნული საგარეო პოლიტიკისა!..

ინგლისის პოლიტიკა ცნობილია. ის იყო ყოველთვის ინტრიგების, ის იყო ცბიერების, ერების ერთი-მეორეზე წასისიანების პოლიტიკა. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამ ალბიონის ცბიერ პოლიტიკას ჩვენმა მთავრობამ ვერ დაუპირდაპირა ახალი პოლიტიკა დემოკრატიისა, პოლიტიკა გაბედული და პირდაპირი, ამიერ-კავკასიის ერთა შეთანხმება და სოლიდარული გამოსვლა. პირველი სახელმწიფო, რომელმაც თითქოს ძმური ხელი გამოგვიწოდა იყო აზერბეიჯანი, რომელთანაც ხელშეკრულება დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა. და ჩვენ მას სალამი უძღვენით. მაგრამ ეს მოკავშირე არამც თუ არ არის ჩვენი მომხრე, ის ჩვენს წინააღმდეგი არის. თქვენ იცით, ადერბეიჯანის მთავრობის ოფიციოზში გაზეთ „აზერბეიჯანში“ გამოთქმული აზრი ბათომის შესახებ. იქ გატარებული იყო ის აზრი, რომელიც ძირიანად ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს. გაზეთი იცავს იმ პოზიციას, რომ ბათომი უნდა დარჩეს ნეიტრალურ ქალაქად. სოც.-დემოკრატიულმა პრესამ გამოსთქვა იმედი, რომ ეს არ იქნებოდა ადერბეიჯანის მთავრობის აზრი, მაგრამ მენშევიკების პროგნოზი, როგორც ყოველთვის, უნიადაგო და უსაფუძვლო გამოდგა. ჩვენ ვიცით, რომ ხან-ხოელმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, რაც ეწერა გაზეთ „აზერბეიჯანში»“და დაუმატა, რომ მას აქვს ერთნაირი გარანტიები იმისი, რომ ბათომის საკითხი გადაწყდება ისე, რომ მოხდება მისი ნეიტრალიზაციაო. ჩვენ ვხედავთ, რომ მას მართლაც ჰქონია ასეთი გარანტიები და რწმუნებანი გავლენიანი წრეებისა.

აქ ითქვა ის აზრი, თითქოს სომხეთის პოლიტიკა არ განირჩეოდეს ადერბეიჯანის პოლიტიკისაგან. ეს მართალი არ არის. სომხები ამბობენ, რომ ბათომი და მისი ოლქი უნდა დარჩეს საქართველოს ხელში, ხოლო უნდა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი სასიცოცხლო ეკონომიური ინტერესებიო. და მე მგონია, რომ ეს ფორმულა მისაღებია; ის სავსებით სდგას ჩვენი სუვერენობის აღიარების ნიადაგზე. მიუხედავად ამისა თუ დღეს სომხეთი ჩვენთან არ არის, ეს ალბად ჩვენი მთავრობის ბრალია.

ბათომის საკითხში ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან დენიკინელები და ბოლშევიკები. მათთვის სულ ერთია, ვის ხელში იქნება ბათომი, მათი სურვილია მხოლოდ, რომ ბათომი და მისი ოლქი საქართველოს ჩამოშორდეს. ორი მოპირდაპირე მხარე გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის. მათი მიზანი ამ შემთხვევაში ერთია, მაგრამ ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება მათდამი სულ სხვა და სხვაა. ჩვენი მთავრობა მეორე წელიწადია ცდილობს რაიმე კონტრაქტი დაიჭიროს დენიკინთან. დამფუძნებელმა კრებამ სამი მილიონი მანეთი გადასდო დელეგაციის გასაგზავნად დენიკინთან. მთავრობას სწამდა, რომ დენიკინი გაიმარჯვებდა და ის იქნებოდა ბატონ-პატრონი რუსეთში, რომ ის იცნობდა ჩვენს დამოუკიდებლობას, მაგრამ ისტორიის ჩარხი მოტრიალდა და თქვენ იცით, რომ დენიკინი განადგურებულია და ქუდ-მოგლეჯილი გარბის. მიუხედავად ამისა ჩვენი მთავრობა დღესაც აწარმოებს მოლაპარაკებას დენიკინთან, იღებს მის დელეგატებს. ეს მაშინ, როდესაც არც კი იცის კაცმა არიან ესენი მართლა დელეგატები, თუ უბრალო „ბეჟენცები“. სულ სხვანაირი არის დამოკიდებულება ბოლშევიკებთან. ბოლშევიკები შეიძლება თქვენ გძულდეთ ჭირივით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლშევიკური რუსეთი არის სახელმწიფო და ამიტომ ვალდებული ხართ ასე თუ ისე გარკვეული დამოკიდებულება გქონდესთ მასთან, ასე თუ ისე კონტაქტი დაიჭიროთ მასთან. ჩვენი მთავრობა არც კი ცდილა რაიმე შეთანხმება კავშირი დაეჭირა ბოლშევიკურ რუსეთთან, მაშინ, როდესაც, თვით ანტანტა ცდილობს მოლაპარაკება აწარმოვოს ბოლშევიკებთან (ხმაურობა). მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თუ ოსმალეთის რეაქციონერებმა გამონახეს ბოლშევიკებთან საერთო ენა, ნუ თუ ჩვენმა სოციალისტურმა და დემოკრატიულმა მთავრობამ ვერაფერი გააწყო?! (ადგილიდან: სული სულს იცნობს!) მაშ, როგორ მოხდა, რომ თქვენ საერთო სალაპარაკო ენა გამონახეთ ანტანტის სახელმწიფოსთან, აქაც ალბათ სული სულს იცნობს?! ასეთი გამოურკვეველი და ორჭოფული არის მთავრობის პოლიტიკა სხვა საზღვრებზედაც, ასეთივე მდგომარეობა არის დაღესტანში, სოჭაში... მართალია აქ ჩვენ საქმე გვაქვს „მწვანე ჯართა“-ნ, მაგრამ მე მინდა ვიცოდე: აქვს თუ არა მთავრობას გარანტია იმისა, რომ ეს მწვანე ჯარი არ გაწითლდება, რა თქმა უნდა არა სირცხვილისაგან, და მაშინ როგორ ფიქრობს მთავრობა, უფრო ადვილი თუ უფრო ძნელი იქნება ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა? ერთი სიტყვით ჩვენი მდგომარეობა მეტად სერიოზულია. საჭიროა გარკვეული პოლიტიკა, გაბედული ნაბიჯები, რათა ახალი პრეტენდენტები არ გაუჩნდეს ბათომს და მის ოლქს. ბათომის საკითხში მთავრობამ დაუშვა დიდი შეცდომები, მაგრამ ქართველი ერი ამ შეცდომებს გამოასწორებს. ჩვენმა მთავრობამ ბათომი დაჰკარგა, მაგრამ ჩვენ გვწამს, ქართველი ერი მას ისევ დაიბრუნებს!

გერონტი ქიქოძე. ბატონებო! ისეთი საკითხი, როგორიცაა ბათომის საკითხი, არ სწყდება პარლამენტის ტრიბუნაზე. არ ვიტყვი, რომ ეს საკითხი უსათუოდ სისხლით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს ეკუთვნის საკითხების ისეთ კატეგორიას, რომელნიც იარაღით წყდება. არა თუ პარლამენტის ტრიბუნაზე, ეს საკითხი ვერ გადაწყდა თვით პარიზის კონფერენციაზე. ასეთ საკითხების გადაჭრაში ნათლად გამოჩნდა სისუსტე პარიზის კონფერენციისა, როგორც ამას წინასწარმეტყველობდენ სოციალისტები. საერთაშორისო კონფერენციამ ვერ გადასწყვიტა ვერც ფიუმეს, ვერც ზემო-სილეზიის და უნგრეთის, ვერც ოსმალეთის და რუსეთის და ვერც სხვა მრავალი საკითხები, რომელიც წამოყენებული იყო მის მიერ. არსებითად ეს საკითხები გადადებულ იქნა ისე, როგორც ბათომის პრობლემა და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ყოვლად შეუძლებელია, რომ თუ 4 კაცმა გადასწყვიტა მსოფლიო პრობლემები, განსაკუთრებით დღეს, საერთაშორისო რევოლიუციის დროს, როცა ომმა გამოიწვია სტიქიონური ძალები, რომელნიც ერთი-მეორეს ეჯახებიან, ბათომის ოლქში თავი იჩინა ინტერესთა მძაფრმა წინააღმდეგობამ. მე არ შევაჩერებ თქვენ ყურადღებას იმაზე, რომ ბათომი ჩვენთვის საჭიროა. ბათომი აუცილებლად საჭიროა ჩვენთვის სტრატეგიულად, რადგანაც ის ბუნებრივი საზღვარია, ჩოლოქი არ არის ისეთი საზღვარი. ბათომი საჭიროა ეკონომიურად, როგორც კარი და პორტი დასავლეთისაკენ წასასვლელი. საჭიროა იმპერიალიზმისათვისაც, როგორც ყელი, რომელიც საშუალებას აძლევს გავლენა იქონიოს კავკასიაზე და შემდეგ დაიჭიროს ის გზა, რომელიც მიდის შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე - შუა აზიაში. აქ, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ინტრიგებს, არამედ იმ ძირითად ინტერესებს, ტენდენციებს, რომელიც მრავალ პოლიტიკურ საკითხებს საზღვრავს. ბათომი საჭიროა ევროპის იმპერიალისტებისათვის, რადგანაც იქიდან მათ შეუძლიათ გაიტანონ თავისთვის საჭირო ნედლი მასალა და შემოიტანონ თავისი ნაწარმოები. მეორეს მხრივ ბათომი მათთვის საჭიროა, როგორც სამხედრო ბაზა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ბოლშევიზმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთ ევროპისათვის; საჭიროა, რომ ეს ბაზა, ბარიერი მათ ხელში იყოს. აქედან ცხადია, რომ ანტანტასა და საქართველოს შორის ინტერესთა ძირითადი წინააღმდეგობა არსებობს.

მაგრამ ამას გარდა არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი: ქართველი ხალხი სახელმწიფოს სულ სხვა საფუძველზე აშენებს, ვიდრე დასავლეთ ევროპის დემოკრატიამ ააშენა. ამით აიხსნება ის უნდობლობა, რომელსაც ისინი იჩენენ საქართველოს დემოკრატიისადმი. ეს უნდობლობა აიხსნება არა იმითი, რომ ჩვენ უნიჭონი ვიყოთ სახელმწიფოს შენების საქმეში. პირიქით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ გვაქვს ნიჭი სახელმწიფოს შენებისა და რევოლიუციონურ შემოქმედებისა. ეს მძაფრი წინააღმდეგობა რომელიც გამოდის იდეურ წინასწარ მოსაზრებიდან, გადადის პოლიტიკურ შემოქმედებაში. ეს უნდობლობა, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, ბატონებო, მათ გამოიჩინეს არა მარტო ამ საკითხში, ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის საკითხშიაც. მიუხედავად ჩვენი ენერგიული მოთხოვნისა, მათ დააგვიანეს ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა მხოლოდ მას შემდეგ გვიცნეს, როცა ბოლშევიკებმა აიღეს როსტოვი. ამით მე მინდა ვსთქვა, რომ რუსეთის რევოლიუციამ მოგვცა ეროვნული თავისუფლება და მისი აღიარება. (გვაზავა: ომმა მოგვცა ეს!) შეიძლება ომთანაც იყო დაკავშირებული.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადო მსვლელობა რევოლიუციისა თანდათანობით ლოღიკურ მსვლელობაში და განვითარებაში დაგვიახლოვებს იმას, რაც ჩვენ დროებით დავკარგეთ. მაგრამ მეორე მხრით, ევროპის მხრით არის ერთგვარი უეჭველი უნდობლობა საქართველოს სახელმწიფოებრივ შემოქმედებისადმი და ჩვენც, მე მგონია, გვაქვს ერთგვარი საბუთი უნდობლად მოვეპყრათ მათ, რომელნიც ხელმძღვანელობენ და მეთაურობენ საზავო კონფერენციას. მსოფლიო რევოლიუციის შიში ასაზრდოებს მათ უნდობლობას და ეს შიში იწვევს მათში რეაქციის გაძლიერებას. რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე ანტანტის კარნახით. ანტანტის შთაგონებით ბულგარიის ტერიტორია დაიჭირა რუმინიის ჯარებმა და მოხდა გადატრიალება. ანტანტას, ყოველ შემთხვევაში, ხელის შეწყობით მოხდა უნგრეთში გადატრიალება და იქ დღეს ბატონობს თეთრი ტერორი, რომელიც რუსეთის კომუნისტების ტერორზე უფრო საშინელია. უნგრეთში აწარმოებენ ეხლა ნადირობას არა მარტო კომუნისტებზე, არამედ სოციალ-დემოკრატებზე და ისეთ ადამიანებზე, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ რევოლიუციასთან. აწარმოებენ ნადირობას ხალხზე: ქალებზე, ბავშვებზე და ბოლოს მიდიან იქამდე, რომ როგორც საშუალო საუკუნეებში, სწვავენ წიგნებს, ბიბლიოთეკებს. მე მგონია, რომ ის კონტრ-რევოლიუციონური შეთქმულება, რომელმაც თავი იჩინა გერმანიაში და რომლის მიმართ ჯერჯერობით ნეიტრალურ პოზიციას იჭერს ანტანტა, შეიძლება დამთავრდეს ისეთივე სამწუხარო ტრაგედიით, როგორც დამთავრდა ჰუნგრეთის რევოლიუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანტანტას მოკავშირეებს რომ გაემარჯვათ რუსეთში, ჩვენ დავკარგავდით დამოუკიდებლობასაც და სამოქალაქო უფლებებსაც, რომელიც მოგვცა რუსეთის რევოლიუციამ. (გვაზავა: ომმა მოგვცა და არა რევოლიუციამ!) მე პირადად არა მაქვს ის შიში რუსეთის რევოლიუციისა და საზოგადოდ რევოლიუციისა, რომელიც დამფუძნებელ კრების წევრმა გვაზავამ სთქვა. მე ვიცი მაგალითები იმისა, რომ რუსეთის რევოლიუციონურმა მთავრობამ იცნო დამოუკიდებლობა პატარა სახელმწიფოებისა - ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და სხვების. მე მგონია, რომ იმედის წარკვეთა არ არის არც პოლიტიკურად სასურველი. თუ თქვენ გინდათ აწარმოვოთ მოლაპარაკება იმპერიალისტურ სახელმწიფოებთან, რომელთაც მხოლოდ უნდობლობა გამოიჩინეს ჩვენდამი და რომელთაც დაიჭირეს უმთავრესი ეკონომიური და სტრატეგიული პუნქტები და ეროვნულ ინტერესების თვალსაზრისით შემცდარი ვიქნებით თუ იმავ ურთიერთობას და დამოკიდებულებას დავიჭერთ როგორც დღემდე გვიჭირავს ევროპის იმპერიალისტური სახელმწიფოებისადმი. (გვაზავა: ევროპამ გვიცნო დეფაქტო!) გვიცნო მის შემდეგ, როდესაც რუსეთის ბოლშევიკებმა გადმოლახეს დონი, მათ გვიცნეს რუსეთის რევოლიუციის შიშით. მე ვამბობ, რომ ლოიალობა გამოვიჩინეთ იმპერიალისტებისადმი და ისინი კი ბეცი და გაუფრთხილებელი ნაბიჯებით უბიძგებენ ქართველ ხალხს თავის მოწინააღმდეგეთა ბანაკს. (გვაზავა: თქვენ გამოდიხართ როგორც ბოლშევიკი?!) მე გამოვდივარ როგორც საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და ისეთივე უფლება მაქვს საქართველოს სახელით ლაპარაკისა, როგორც თქვენ. მე ასე მესმის, თქვენ სხვანაირად. ჩვენ გამოვიჩინეთ დიდი ლოიალობა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისადმი და ყოველ წვრილმან საკითხებშიაც მათ უწევდით ანგარიშს, ისინი კი გაუფრთხილებელ ნაბიჯებით თავის ინტერესების წინააღმდეგ უბიძგებენ ქართველ ხალხს და მგონია, რომ აქედან შესაფერი დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა გარეშე-საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.

ევგ. გეგეჭკორი გარეშე-საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო! უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოთ ყოველნაირ ოპოზიციას პატივს ვცემ, ვინაიდან ჩვენი ღრმა რწმენით ცხოვრებაში და მით უმეტეს პოლიტიკურ სფეროში, ოპოზიცია აუცილებელ მოვლენას წარმოადგენს და მასთან, მოვლენას პროგრესიულს, ვინაიდან ის მოწოდებული არის უჩვენოს მომქმედ ჯგუფს, მმართველ აპარატს იმ შეცდომებზე, რომელთაც ნებით თუ უნებლიეთ ეს მმართველი აპარატი ჩაიდენს, და თავის თავად ცხადია, რომ შეცდომები, მით უმეტეს დღევანდელ ჩვენ პოლიტიკურ ვითარებაში ბუნებრივი და აუცილებელია.

მდგომარეობა მეტად რთულია და დიდი თავხედობა იქნებოდა, თუ რომელიმე ჩვენგანი გაბედავდა იმის თქმას, რომ ის უცოდველია. მაგრამ ამავე დროს ოპოზიციას ერთი აუცილებელი მოთხოვნილება უნდა წარუდგინოთ - ეს ობიექტივობა - მიუდგომლობა. თუ ის ამ მოთხოვნილებას ვერ ასრულებს, მაშინ ის, თავისთავად ცხადია, პირნათლად ვერ ემსახურება თავის დანიშნულებას.

ბ. შენგელაიამ დაიწუნა ჩვენი პოლიტიკა. მან სთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკაში არ გვქონდა სისტემა, აღებული სწორი ხაზი და აი, ამან რა შედეგები მოგვიტანაო. თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ახირებული დაფასება არის პოლიტიკისა, ვინაიდან პოლიტიკა დაფასდება არა იმ გართულების მიხედვით, რომელიც გვაქვს ამა თუ იმ მომენტში, არამედ მიხედვით იმისა, თუ რით არის გამოწვეული ეს გართულება და რამდენათ ამ გართულებაში მიუძღვის წილი მმართველ წრეს, მმართველ პარტიას. თქვენ ვერ შექმენით სოლიდარობა ამიერ-კავკასიის ერების შორისო, გვისაყვედურებს დამფუძნებელი კრების პატივცემული წევრი ბ. შენგელაია, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ სწორედ ამ მხრივ იყო მიმართული ჩვენი პოლიტიკა. თვით ბ. შენგელაიამ აღიარა, - რომ ის ხელშეკრულება, რომელიც იყო დადებული ჩვენს შორის, მე ვლაპარაკობ ადებეიჯანის და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულების შესახებ, საგულისხმო აქტია, - რომ მისმა ფრაქციამ ეს აღნიშნა და მიესალმა მას. მაშასადამე, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ხელშეკრულება დავდევით მეზობელ რესპუბლიკასთან და თუ ეს ხელშეკრულება ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ტარდება ცხოვრებაში და ამას არ ატარებს არა საქართველოს მთავრობა, არამედ მისი კონტრ-აგენტი; ნება მიბოძეთ, დამფუძნებელ კრების წევრო პატივცემულო ბ. შენგელაია, მოგახსენოთ, რომ ამაში ბრალი საქართველოს მთავრობას არ მიუძღვის. და თუ შეთანხმებას მივაღწევთ, განა ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის? განა ეს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს? თქვენ იტყვით, რომ ეს ფარატინა ქაღალდია, ეს ცხოვრებაში არ გატარდება. მე თქვენ გეკითხებით: თუ ჩვენი კონტრ-აგენტები არ ასრულებენ ამ ხელშეკრულებას, თქვენ საქართველოს მთავრობას უნდა დასდოთ ბრალი? ასეთი მეთოდი კრიტიკისა არის, ჩემის აზრი, შედეგი იმ ფსიქოლოგიური გაცნდისა, რომელშიაც, მე ნებას მივცემ ჩემ თავს ასე ვსთქვა, იმყოფება ესერების ფრაქცია. მე თვალყურს ვადევნებ მათ პრესას, იქ ხშირად ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა უილაჯო, უსუსური და უნიადაგოა და კიდევ ვინ იცის უფრო უარეს სწერენ საქართველოს მთავრობაზე. მაგრამ როდესაც იმავე დროს, იმ ტრიბუნაზე გამოდიან და წინააღმდეგს ლაპარაკობენ, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ რაც კი ხდება მთელ სამყაროში ყველა ამის მიზეზი გახლავთ საქართველოს მთავრობა, წარმოიდგინეთ, მოქალაქენო, რომ თუ ბათომის ოლქი ისე არ გადაწყდა, როგორც ყარსისა, ამ შემთხვევაშიაც ბრალი ყოფილა საქართველოს მთავრობისა. (გრ. ვეშაპელი: ცოტა ბრალი კი მიუძღვის!) იმპერიალისტების სასტიკ მტერს ბ. შენგელაიას დაავიწყდა ის, რომ ამ შემთხვევაში სწორედ იმპერიალისტური ტენდენცია გამოაშკარავდა, როდესაც გადასჭრა ამ ორ კუთხეს ბედი. დაავიწყდა ის, რომ ერთი ინტერესი ჰქონდათ იმპერიალისტებს ყარსში და მეორე, როგორც აქ ილაპარაკა მეორე ჩემზე წინ მოლაპარაკე ორატორმა, ინტერესი ჰქონდათ ბათომში, რომელიც შეადგენს მისთვის კარს. და მართლაც თუ პატარა საქართველოს მთავრობა, მისი პატარა ძალ-ღონით ვერ შეებრძოლა ამ ბუმბერაზ სტიქიას და ძალას, თუ ამაში ბრალს სდებს საქართველოს მთავრობას, მაშინ, ბ. ლეო შენგელაია, დიდი წარმოდგენისა საქართველოს მთავრობაზე არა ვყოფილვარ და არცა ვარ. მაგრამ ბ. ლეო შენგელაიას, რომელიც ჩვენ პოლიტიკას გვიწუნებს და ვერ ბედავს ვერავითარს შორსმჭვრეტელობას ჩვენს პოლიტიკაში, შევამჩნიე დიდი გულუბრყვილობა. წარმოიდგინეთ, რომ მან დაინახა დიდი სხვა და სხვაობა სომხეთსა და ადერბეიჯანის პოლიტიკის შორის ბათომის საკითში. (შენგელაია: პრესსა?) აი, ბატონო შენგელაია, თუ თქვენთვის რეალურ ღირებულებას წარმოადგენს ის, რაც იწერება პრესაში, თქვენ ცდებით. მართალი სთქვა პატივცემულმა აკაკი ჩხენკელმა, მხოლოთ მაშინ დავაფასებთ ჩვენ სომხეთის პრესის პოზიციას და მაშინ იქნება ეს პოზიცია გულწრფელი, როდესაც იმას, რასაც დასწერს „აშხატაორი“, ან „არაჩი“ ამას სომხეთის მთავრობა გაატარებს ცხოვრებაშიო... და ამით იხელმძღვანელებს სომხეთის მთავრობის დელეგაცია პარიზში. მე კი უნდა განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ მე როგორც საგარეო პოლიტიკის პასუხის მგებელი, ასეთს იმედს ვერ გამოვსთქვამ და ამისთანა ნდობას მათ პრესას ვერ გამოუცხადებ. მხოლოდ ამით მე, რასაკვირველია, ვერ ვიხელმძღვანელებ და როდესაც თქვენ იქნებით საგარეო მინისტრი, თქვენ მაშინ შეგიძლიანთ ამით იხელმძღვანელოთ (ხმაურობა).

რას გვიკარნახებს ბატონი შენგელაია სამოქმედოდ? ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი მისი კრიტიკა იყო უარყოფითი კრიტიკა. მე მგონია, რომ ასეთ დროს, ასეთ მომენტში ყოვლად შეუძლებელია ასეთი იარაღით გამოსვლა ამ ტრიბუნაზე, ვინაიდან თქვენ აგრეთვე უნდა აღნიშნოთ, თუ რა დადებითი მხარეს უნდა დავდგეთ ჩვენ. ერთად-ერთი, რაც მან გვითხრა, ეს ბოლშევიკებთან მოლაპარაკებაა. მე ვიცი, მოქალაქენო, რომ ბატონი ლეო შენგელაია, გარდა იმისა, რომ დამფუძნებელი კრების წევრია, ის ცნობილი პუბლიცისტია და ეს მას შემდეგს ავალებს: მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე ნოტა გაუგზავნეთ ბოლშევიკებს და აშკარად გამოვსთქვით სურვილი ბოლშევიკებთან საზავო მოლაპარაკებისა. ჩვენ მიმართვაში საბჭოთა რუსეთისადმი ბ-ნ შენგელაიას შეეძლო ნათლად დაენახა, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით მოსურნენი და გვინდოდა სულით და გულით, რომ ბოლშევიკებთან მოლაპარაკება დაგვეწყო და საერთო ენა გამოგვენახა.

ერთად-ერთი მოთხოვნა - ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა და ჩვენს შინაურ საქმეებში არ ჩარევა. ამ ნიადაგზე ჩვენ მზადა ვართ მოლაპარაკება ვაწარმოვოთ, მაგრამ ბოლშევიკებს ამის სურვილი არ გამოუთქვამთ და მთელი მათი მომართვა, როგორც ხედავთ, წარმოადგენს ლანძღვა-გინების პოლემიკას. ეს არ შეეფერება არც ჩვენს და არც რუსეთის ხალხის ინტერესებს. ბ-ნმა შენგელაიამ დაამთავრა იმით, რომ საქართველოს მთავრობამ დაკარგა ბათომი და ქართველი ხალხი მას დაიბრუნებსო. მე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს უკანასკნელი ფრაზა არაფერს არ ნიშნავს, რომ ეს საქმის ვითარებას არ შეეფერება. უნდა მოგახსენოთ, რომ ბათომი ჯერ არავის არ დაუკარგავს და ბათომს საქართველო არც დაკარგავს (ტაში). და თუ ეს არ გწამთ, ბატონო შენგელაიავ, თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ იმ სახელმწიფოს და იმ ერს, რომელსაც თქვენ ეკუთვნით. მე აქ განვაცხადე, რომ ჩვენ ბათომის ოლქში დღეს წარმოვადგენთ რეალურ ფაქტორს. მე აქ განვაცხადე, რომ მთელი ბათომის ოლქი მოითხოვს საქართველოსთან შეერთებას. ბატონებო, განა ეს ნიშნავს ბათომის დაკარგვას?

მართალია, ჩვენ, დიდს პატივს ვცემთ და დიდის ნდობით ვეპყრობით უმაღლეს საბჭოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც მე დღეს აქა ვსთქვი, მხოლოდ ერთს აქვს ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის, თუ როგორი და რა დამოკიდებულება არის ბათომის მკვიდრთა საქართველოსადმი. ბათომის ქალაქის არჩევნები, მეჯლისი, ყველა ის დამანუგეშებელი ცნობები, რომელიც იქიდან მოგვდის, აი ყველა ეს გადასწყვეტს ბათომის ბედს და მე იჭვიც არ შემდის იმაში, რომ გადასწყვეტს საქართველოს სასარგებლოდ. მართალია, ბათომი დავკარგეთ დროებით ორი წლის წინად, როდესაც საქართველო იბრძოდა და არა ერთი ორი საუკეთესო შვილი შესწირა ამ გაბედულ ბრძოლაში, მაგრამ იცის ბ. შენგელაიამ, რომ ამ შავბნელ დროს იყო ერთი პარტია, რომელიც უშლიდა ქართველ ხალხს ბრძოლაში და როდესაც მობილიზაცია იყო გამოცხადებული, სწორედ თქვენი პარტია მობილიზაციის წინააღმდეგ წავიდა და ამით ხელი შეუშალა ბათომის შენარჩუნებას (შენგელაია: ტყუილია!).

მე არას დროს თავს არ მივცემ უფლებას და ამ ტრიბუნას ისე არ დავამცირებ, რომ ვსთქვა ტყუილი. სწორედ მაშინ, როდესაც მე სამხედრო მინისტრად გახლდით, - მე მოვიყვან მაგალითს: - ქუთაისში მომიხდა წასვლა სწორედ მობილიზაციის გამო და თქვენ ამხანაგთან ივანე გობეჩიასთან, რომელიც სამწუხაროდ აქ არა ბრძანდება, ამის შესახებ შეტაკებაც კი მომიხდა (შენგელაია: მაშინ მობილიზაცია არ იყო გამოცხადებული, მსჯელობის პროცესში იყო!) სწორედ მსჯელობისათვის მთელი სამი თვე დაგვჭირდა, ვიდრე მობილიზაციის პროექტს მიიღებდა ეგრეთ-წოდებული „კრაევოი ცენტრი“, მაშინ წინააღმდეგი იყვენ თქვენი ამხანაგები და უნდა მოგახსენოთ, რომ თუ ბათომის დროებით დაკარგვას ვინმემ ხელი შეუწყო, ეს არის სწორედ ის პარტია, რომლის წარმომადგენელი ბ. შენგელაია ბრძანდება.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. გვაზავას ეკუთვნის.

გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) ბატონებო, საქართველომ დაკარგა ბათომიო, ნათქვამი იყო აქ. (შეგელაია: მთავრობამ დაკარგა!). ეს სრულიად შემცდარი აზრია. ბათომი დაკარგული არ არის, ბათომი არ დაუკარგავს არც მთავრობას, არც საქართველოს. ამ საკითხის გარშემო არის მღელვარება და მგონია, რომ არა გვაქვს საბუთი, რომ დიდი მღელვარება იყოს იმიტომ რომ საკითხი შეეხება ბათომს, რომელიც არის თვალსაჩინო ნაწილი საქართველოსი, მასთან ორგანიულად დაკავშირებული და განუყრელი. ბევრს ჰგონია, რომ ბათომი და ბათომის ოლქი საქართველოს ჩამოსჭრეს. და, რასაკვირველია, ეს იწვევს ტკივილებს და მწუხარებას. ამით ეს მოვლენა, ეს მოვალეობა სასიხარულო მოვლენა არის, მაგრამ ის გატაცება, რომელიც დღეს გამოიჩინა ხალხმა, მე მგონია, ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის.

ბატონებო, ჩვენ წინ სდგას საკითხი ბათომისა, საკითხი საზოგადოებრივი, საკითხი ეროვნული, თუმცა ბათომი ერთი კუთხეა საქართველოსი, მაგრამ ბათომის საკითხი არის საკითხი მთელი საქართველოსი, როგორც თავისუფალ სახელმწიფოსი, და ამასთანავე მთელი ევროპისა, ჯერ სჩანს, ეს საკითხი მთლიანათ ჩამოყალიბებული არ არის. თქვენ კარგათ იცით, რომ მსოფლიო ომი დაიწყო სულ სხვა სტიმულით, მაგრამ ის დამთავრდა რევოლიუციით, მერე დაიწყო რევოლიუცია. მაგრამ ის იდეა, რომელიც მიუძღოდა ომსა და რევოლიუციას, განზე დარჩა და ბოლოს ჩამოყალიბდა ეროვნული იდეა. თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ყველა ერმა ააფრიალა წითელი დროშა და ყოველი ერი ყვიროდა: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდითო“. მაგრამ ეხლა ყველა ეს პროლეტარები იცავენ თავიანთ სახელმწიფოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არის ისტორია და ისტორიული პროცესი მიდის იმ გზით, რომელიც არ ასცდება საქართველოსაც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტიული მიმართულებანი, შეიძლება ზოგიერთი მოღვაწენიც წინააღმდეგნი იყვნენ საქართველოს თავისუფლებისა, მაგრამ დროება გამოიცვალა, და გამოიცვალა აზრები და შეხედულებანი ამ საკითხის შესახებ. ევროპის ბევრი ერი ეხლა თავისუფალი სახელმწიფოები არიან და ის პრინციპი, რომელზედაც ამყარებს საერთაშორისო უფლებები, ეჭვი არ არის, აქაც დამყარდება და უზრუნველყოფილი იქნება აქ, საქართველოში. რა მოხდა ისეთი ბათომის შესახებ, რამაც უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული მდგომარეობა. მე ასეთ შეცდომას და ამგვარ რამეს არ ვხედავ. მართალია, უკანასკნელი ცნობებით ვიცით, რომ ბათომი უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა პორტო-ფრანკოთ და მოკავშირეების მფარველობის ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ ასეთი დადგენილება სრულიად არ ნიშნავს, რომ ბათომი უნდა ჩამოერთვას საქართველოს, ჩვენ კარგად ვიცით, რა არის პორტო-ფრანკო. ეს მუდმივი არასოდეს არ ყოფილა. ეს არის დროებითი მოვლენა. ამას სხვათა შორის, იწერება ბ-ნი გრ. რცხილაძე; ასეთივე იყო ცნობა გაზეთებისა. მაშასადამე, ეს მოვლენა დროებითია, ამიტომ ბათომის საკითხი არსად გადაწყვეტილი არ არის და უნდა გადაწყდეს, როგორც ამას მოითხოვს სამართლიანობა და მსოფლიო ინტერესი. და თუ ბათომი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდება, მაშინ ეს საკითხი გადაეცემა ერთა ლიგას. რა არის ერთა ლიგა? საზოგადოთ ეს არის უკანასკნელი დასკვნა იმ მიმართულებისა, რომელიც მიიღო მსოფლიო ამბებმა ამ ბოლო დროს. - ეს არის იდეა თვითგამორკვევისა და იმ იდეამ, რომ უნდა იქნეს დაარსებული ხალხთა ლიგა და ის უნდა აწესრიგებდეს ერთა შორის დამოკიდებულებას, - მიიღო ამ ბოლო დროს უფლებრივი ხასიათი. მაშასადამე უმთავრესი დანიშნულება ერთა ლიგისა არის სამართალი და მშვიდობიანობა. თუ ეს ასეა, ეჭვი არ არის, რომ ბათომი და ბათომის ოლქი და მთელი სამუსლიმანო საქართველო უნდა იყოს საქართველოსთან. თქვენ იცით რა არის სამართალი? სამუსლიმანო საქართველო იყო ქართველებისა. ეს იყო პირველი კულტურის სხივი საქართველოსი. მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო ეს მხარე, მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში გაწყდა ეს კავშირი, და ის ჩამოშორდა დანარჩენ საქართველოს. შეიქმნა ისეთი საერთაშორისო მდგომარეობა, რომ საქართველო წელში უნდა გაზნექილიყო. შემდეგ საქართველო შეუერთდა რუსეთს და დასდო მასთან ცნობილი ხელშეკრულება და პირობა. ჩვენ ვიცით, რომ იქ არის მუხლი, მეოთხე მუხლი, სადაც მოყვანილია რომ რუსეთი ვალდებულია საქართველოსთვის დაებრუნებინა ყველა ის ნაწილი, რომელიც საქართველომ დაკარგა: ეს იყო სამუსლიმანო საქართველო. ასეთი ხელშეკრულება იყო დადებული რუსეთთან. შემდეგ რუსეთმა დაიპყრო ბათომის ოლქი, მერე შეთანხმების ძალით ეს ქვეყნები უნდა გაერთიანებული ყოფილიყო საქართველოსთან, მაგრამ რუსეთი თავის მოვალეობას ასე არ უყურებდა. მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ რაც რუსეთმა დაიპყრო ეს ქვეყნები, ყოველივე უფლებრივი გარანტია გაუქმებული არის, მაგალითად ოსმალეთის პრეტენზიები. საქართველო არსებობდა, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სუბიექტი უფლებისა, მას ისეთი ხელშეკრულება ჰქონდა რუსეთთან, რომ მისი უფლება არ უნდა ყოფილიყო წაშლილი; ამას იზიარებს მთელი ევროპა, ამ აზრს იმეორებს ყველა ევროპის მეცნიერი. არავითარი განსაკუთრებული ცნობა ამ მხრივ არ უნდა. ის იყო სახელმწიფო საზოგადოდ, დარჩა სახელმწიფოდ და თუ ეს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული რუსეთთან და თუ ეს ხელშეკრულება დაარღვია რუსეთმა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ დაჰკარგა თავისი უფლებები.

თუ უფლებრივ თვალსაზრისით შევხედავთ ამ საკითხს, - მემკვიდრეს ამ მხარეთა წარმოადგენს საქართველო. ეჭვი არ არის, რომ ბათომი და ბათომის ოლქი საქართველოს ეკუთვნის. ამას მოითხოვს უბრალო სამართალი, უბრალო უფლებრივი შეგნება, მე არ მინდა გავართულო საკითხი, თუ როგორ სწყდება ევროპასა და აზიაში საკითხი თავისუფალ გარებისა. ეს თქვენც ძალიან კარგად იცით, მაგრამ მოგახსენებთ ერთს მაგალითს. ავიღოთ საბერძნეთი, მან დაიჭირა სმირნა, ფრაკია. მე გეკითხებით რა უფლებით? (ვეშაპელი: ჯარით! ჯარით!) არა! ჯარზედ არ არის ყველაფერი დამოკიდებული. რასაკვირველია, ჯარს დიდი მნიშვნელობა აქვს; - ჯარი, მაშინ არის საჭირო, როდესაც თქვენ ბრძოლის ველზედ გადიხართ, და ზარბაზნებს ისვრით. მაგრამ აქ მე უფლებრივ საკითხზედ მოგახსენებთ. უფლებრივი საკითხები ჯერ კაბინეთებში სწყდება, ასე რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ უფლებრივ საკითხს. რა უფლება ჰქონდა საბერძნეთს, რომ სმირნა დაიჭირა. ის უფლება, რომ ოთხი, თუ ხუთი საუკუნე იყო საბერძნეთის ნაწილი. მაგრამ განა ბათომი და ბათომის ოლქი მუდამ არ იყო საქართველოსთან მრავალ საუკუნეების განმავლობაში? თუ კი საბერძნეთს შეუძლიან გადალახოს და აზიაში დაიჭიროს ეს თუ ის კუთხე, თავის თავიდ ცხადია, რომ საქართველოს ეკუთვნის ის, რაც მას ეკუთვნოდა ყოველთვის და მას აქვს უფლება დაიჭიროს ის, რაც განუყრელია მასთან ტერიტორიალურად, ეროვნულად და ყოველ მხრივ. თქვენ შეგიძლიანთ სთქვათ, ეს შეიძლება ომის დროსო. ჩვენ ვიცით სხვა მაგალითი. ავიღოთ პოლონეთი, რომელიც დაჭრილი იყო მრავალ სახელმწიფოთაგან სამ ნაწილად; ეხლა იგი შედუღდა ერთ სახელმწიფოთ - დიდ პოლონეთად. თუ ეს შესაძლებელი არის, თუ ეს მისაღები არის ევროპის მოწინავე ხალხთათვის, ნუ თუ კაცობრიობა შესცვლის ამ პრინციპს საქართველოში, ეს ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენელია და მე მოგახსენებთ, რომ ბათომის საკითხი სრულიად გადაწყვეტილი არ არის და თუ გადაწყდა, გადასწყდება ჩვენს სასარგებლოდ. ამაში მე დარწმუნებული ვარ.

გარდა ამისა, ხალხთა ლიგამ უნდა დაამყაროს როგორც მოგახსენეთ, მშვიდობიანობა, ეს არის უმთავრესი მოთხოვნილება. მშვიდობიანობა, რასაკვირველია დაკავშირებულია სამართალთან და იქ, სადაც სამართალი არ არსებობს, მშვიდობიანობაც შეუძლებელია. არ შეიძლება ჩვენში მშვიდობიანობა იყოს, თუ ბათომი მართლაც განცალკევებული იქნება და ამით მდგომარეობა გართულებული იქნება. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოში ყოველი პიროვნება თვითონ არის თავისი მეფე, ამსრულებელი თავისი ბრძანებისა; თვითეული ადამიანი კი თავისუფალი და შეგნებულია. როდესაც ახდენენ ოპერაციას და ცოცხალ ორგანოს ჩამოსჭრიან ნაწილს, თავის თავად ცხადია, მაშინ ადამიანი სწუხს, მღელვარებას განიცდის. მაშინ ყოვლად შეუძლებელია ჩვენ დავიცვათ წონას-წორობა და რაიმე ნაბიჯები არ გადავდგათ. ერთა ლიგა, რასაკვირველია, ამ გარემოებას ჩაუკვირდება, დაიცავს მოთხოვნილებას სამართლისას და ინტერესს მშვიდობიანობისას, რომელნიც განუყრელნი არიან. თუ საქართველოში მშვიდობიანობა არ არის, ის არ არის მთელ კავკასიაში და, რასაკვირველია, მცირე აზიაშიც, არ იქნება ეს მშვიდობიანობა. ამ ნაირად პირდაპირი დანიშნულება ხალხთა ლიგისა არის, - არ დაარღვიოს საქართველოში ეს მშვიდობიანობა. და მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი ეროვნული, სასიცოცხლო ინტერესები. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ არ გვქონია საკმაო საბუთი, რომ რაიმე საყვედური გვეთქვა ინგლისის, ან და სხვის წინააღმდეგ. მე ამის საბუთს ვერ ვხედავ.

ბათომის ოლქი დიდი ხანია სხვას უჭირავს, მას შემდეგ, რაც დაიწერა ბრესტის ხელშეკრულება, რაც ოსმალეთმა ბათუმი დაიჭირა, ეს მდგომარეობა გრძელდება. მართალია, ეს ხალხისთვის მიუღებელია, ჩვენ ამას ომი გამოუცხადეთ, და ეს კი სწორედ იმის ნიშანია, რომ უბათუმოდ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება; ჩვენ იმედით უყურებდით მომავალს და თუ აქამდე ნაბიჯი არ გადავდგით, ეს იმიტომ, რომ (რამდენად მე ეს ვიცი და რამდენადაც დაახლოვებული ვარ მთავრობასთან) პატივს ვცემდით ინგლისს და დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი გადასწყვეტდნენ ბათომის საკითხს საქართველოს სასარგებლოდ. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, გვქონდა პატივისცემა ინგლისისა, რომლის ჯარების ხელში იყო ბათომი; დღეს მდგომარეობა არ შეცვლილა, დღეს ინგლისის ჯარებს იქ ემატება საფრანგეთის და იტალიის ჯარები; ჩვენი პატივისცემა დიდია საფრანგეთისა და იტალიისადმი და დარწმუნებული ვართ, როცა ისინი გაეცნობიან მდგომარეობას, ბათომის საკითხს გადასწყვეტენ ჩვენს სასარგებლოდ.

მართალია, თუ იტალიამ დაიჭირა ფიუმე და სამხრეთ ტიროლი, თავის თავად ცხადია, ეს იტალია ვერ იტყვის, რომ საქართველოს ბათომი არ უნდა ეკუთვნოდესო, მაშინ, როცა ბათომი საქართველოს ნაწილია და მხოლოდ დროებით იყო მას მოწყვეტილი. ამას აშკარად ღაღადებს და სწყვეტს წარსულის ისტორია: ბათომი გეოგრაფიულად განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოსი. და უეჭველია, ეს საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება და თუ გადაწყდა ჩვენი სურვილების წინააღმდეგ, - მაშინ უნდა გავილაშქროთ, მაგრამ მე მრწამს, რომ ეს მომენტი არ დადგება.

ჩემის რწმენით ჩვენ საფრთხე მოგველის არა დასავლეთიდან, როგორც ეს ახლახან სთქვა ჩვენმა მთავრობის თავმჯდომარემ, ვინაიდან, რაც უნდა იყოს იმპელისტებთან ლაპარაკი მაინც შეიძლება, მაშასადამე, შეიძლება საქმის დაჭერა და მოლაპარაკების წარმოებაც. ჩვენ საფრთხე უფრო ჩრდილოეთიდან გველის, რადგანაც ბალშევიკებთან ლაპარაკიც არ შეიძლება და როდესაც ადამიანთან ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ საქმის მოგვარებაც შეუძლებელია.

აქ შენგელაიამ აღნიშნა ჩრდილოეთის საფრთხე და სთქვა, რომ დაიწყეთ ლაპარაკი ჩრდილოეთთანაო. მე ვეკითხები ბ. შენგელაიას: ვინ უშლის ჩრდილოეთს ჩვენთან ლაპარაკს? - არავინ. ჩვენს მთავრობას ჰქონდა მიწერ-მოწერა ნოტებით რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობასთან და ვინც კი იცის კითხვა, ვინც შავს არჩევს თეთრისაგან, ის დაინახავდა, რომ ბოლშევიკებთან ლაპარაკი არ შეიძლება. ისინი არ სცნობენ ჩვენს დამოუკიდებულებას, არ სცნობენ იმიტომ, რომ რუსული ბოლშევიზმი - ეს რუსული იმპერიალიზმია, იმიტომ, რომ ბოლშევიზმი ლამობს აღადგინოს რუსეთი ძველ საზღვრებში, მათ სურთ გადალახონ ჩვენი საზღვრები და თუ გადალახეს, სახრჩობელასაც მოგვიმზადებენ. აი ჩვენ აქედან მოგველის საფრთხე და ამიტომ მთელი ჩვენი ძალ-ღონე, მთელი ჩვენი მილიტარული ენერგია აქეთკენ უნდა მივმართოთ.

შეიძლება ინგლის-საფრანგეთ-იტალიამ დაიჭირონ დროებით ბათომის ოლქი, მაგრამ მათ სტამბოლიც ხომ დაიჭირეს. და განა ეს იმას ნიშნავს, რომ სტამბოლი მათ საბოლოოდ დარჩებათ? ბათომი ისეთი გზაა, რომ დიდი საკითხია, - რა უფრო ხელსაყრელია საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცებისათვის - უცხო ჯარების ბათომიდან წასვლა, თუ იქ დარჩენა?

ბოლშევიკებს არ უნდათ ჩვენი დამოუკიდებლობა. ხომ წაიკითხეთ ბ. ჩიჩერინის ნოტა? ის ხომ საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ გუბერნიას ისე უყურებს? ამაში ხომ დარწმუნებული ხართ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ისინი, როგორც სოციალისტები, მიაქცევედნენ ყურადღებას თვითმპყრობელობის მიერ წართმეულ უფლებებს, მაგრამ არა, მათ დაივიწყეს ყოველგვარი უფლებრივი ნორმები. ისინი ისე გვიყურებენ, როგორც დამონებულ ხალხს. და აი, ეს ხალხი მოდის ჩვენსკენ. და თუ საქართველოს ხალხი შეგნებულია, თუ მოქალაქეს ესმის თავისი ინტერესები - ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივობა, რომელიც დაიცავს ჩვენს ერს, ხალხს, უჩვენებს მას განვითარების გზას. და თუ ეს შეიგნო ჩვენმა ხალხმა, - ეს დიდი ღირებულება იქნება.

საქართველომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს და დაიჭიროს კავკასიონის ფერმოპილები და დაიცვას ჩვენი ქვეყანა ჰუნების, მონგოლების შემოსევისაგან, რომლებიც ეხლა ჩვენს ქვეყანას წალეკვას უქადიან. აი საიდან გველის საფრთხე. მე ზედმეტი ლაპარაკით არ მოგაწყენთ თავს, ჩვენ დაკმაყოფილებული ვართ მთავრობის განცხადებით - უკვე ვდგევართ აჭარაში, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ამის გართულება სრულიად საჭირო არ არის. ეხლაა ისტორიული მომენტი, როცა იკვანძება წარსული და მომავალი, თუ ჩვენი ხელიდან გაუშვით სადავე, მაშინ დაიღუპება მთელი ერი. ეს მომენტი ჩვენ უნდა შევინახოთ და თუ შევინახეთ მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ საფრთხე არის ჩრდილოეთიდან და არა დასავლეთიდან.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაციონალისტი) ბატონებო, შეკითხვა უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ეს თუ ის ფრაქცია დამფუძნებელი კრების, პარლამენტის შეცდომებს ნახულობს მთავრობის მოქმედების ამა თუ იმ დარგში, ან პატარას, ან დიდს, ისეთ დიდს, რომ მოითხოვს ხოლმე, თუ რა საკვირველია, ძალთა განწყობილება ამას ხელს უწყობს, მთავრობის გადადგომას.

დღევანდელ შეკითხვას ყოველ შემთხვევაში იმ ფრაქციისათვის, რომელიც იყო ავტორი ამ შეკითხვისა, არ მისცემია ხასიათი მხოლოდ კრიტიკული, მას ქონდა მეორე მნიშვნელობა ის, რომ საერთოდ დამფუძნებელმა კრებამ გამოთქვა აზრი ბათომის საკითხის შესახებ და განსაკუთრებით მთავრობამ. მაგრამ ცხადია ფაქტი შეკითხვის შეტანისა მოწმობს იმას, რომ ავტორი, რასაკვირველია, არ არის კმაყოფილი მთავრობის ბათომის საკითხში. თავის თავად ცხადია რომ ამ შეცდომებს აღნუსხვა უნდა ჰქონდეს, როგორც განაცხადა საგარეო-საქმეთა მინისტრმა, ხასიათი არა აბსოლიუტური, არამედ შედარებით, და კერძოთ დღევანდელ მდგომარეობასთან შეფარდებული. ამ მხრივ შეცდომები იყო დაშვებული ორი გზით: ერთი - დიპლომატიური და მეორე, თუ გნებავთ, - სამხედრო. რაც შეეხება დიპლომატიურ საქმეს საგარეო-საქმეთა სამინისტროს, ცენტრს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ როდესაც საჭირო იყო, ან შესაძლებელი იყო მას ნაბიჯი არ გადაუდგამს ბათომის საკითხში. ამ მხრივ სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ამას ჩვენი დიპლომატიის ევროპაში წარმომადგენლებზე, ე.ი. ჩვენ ევროპის დელეგაციაზე, რომლის შესახებ თითქმის რამდენიმე თვე არის არაფერი ისმის და ერთგვარი კითხვა წარმოითქმება საერთოდ მუშაობაზე და კერძოდ მიზანშეწონილობაზე ამ ჩვენი დელეგაციის მუშაობისა ევროპაში, ჯერ პარიზში და შემდეგ, როგორც ეს საჭირო იყო, ლონდონში. უსათუოდ დიდი არანორმალური მოვლენა არის, რომ ჩვენ მხოლოდ ფრანგების, იტალიელების და ინგლისელების ტელეგრამებიდან ვიცით და მხოლოდ კონსტანტინოპოლის საელჩო გამოეხმაურა მას, ვიცით ბათომის საკითხის მდგომარეობა უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება ჩვენ დელეგაციას ევროპაში, მე არ ვიცი რატომ ვერ მოუხერხებია თავისი ცნობა, თავისი აზრი ამ საკითხის მოეწოდებია საქართველოსათვის, ამით გაეადვილებია მინისტრისათვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში დამფუძნებელი კრებისათვის, ქვეყნისთვის ამ ბათომის საკითხის გამორკვევა და კერძოდ გამორკვევა იმისი, რა გააკეთა დელეგაციამ ამ საკითხის გარშემო ევროპაში. ჩვენ ვიცით რომ, როდესაც ბათომის საკითხი პირველად წყდებოდა, ეს იყო ბრესტ-ლიტოვსკში, იქ ჩვენმა დიპოლომატიამ დააშავა ის, რომ როცა ეძახდნენ მონაწილეობის მისაღებათ კონფერენციაზე ის არ წავიდა. ეხლაც ბათომის პორტო-ფრანკოდ გამოცხადება ისევე ჩვენდასაუბედუროდ წყდება, რომ ჩვენ დელეგაციას არა აქვს საშვალება მიიღონ მონაწილეობა. და მე არ ვიცი რამდენად მიზან-შეწონილი იყო მოქმედება ჩვენი დელეგატებისა საზღვარ-გარეთ, რომ მათ არ გადადგეს გაბედული ნაბიჯი, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დაეცვათ, როცა ბრესტის შემდეგ მეორედ წყდება ბათომის საკითხი.

რაც შეეხება არა დიპლომატიურ საქმიანობას, სამხედრო საქმიანობას, ეს უკვე აღარ შეეხება გარეშე-საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ეს არ შეეხება მარტო სამხედრო სამინისტროს, არამედ მთავრობასაც - აქაც უსათუოდ არის შეცდომები, ვიმეორებ უნდა წარმოებდეს ეს პირობების მიხედვით. ბატონმა მინისტრმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ 15 თებერვალს მთავრობამ იცოდა, რომ ინგლისელები აპირებდენ ბათომის დაცლას. შემდეგ მოიყვანა ცნობები, 20 თებერვალს ჩვენი მთავრობისაგან გაიცა ბრძანება, რომ საქართველოს ჯარს დაეკავებია ბათომის ოლქი, მხოლოდ 22 თებერვალს მოსულა პირველი პროტესტი ინგლისის წარმომადგენელისაგან და ის გაგრძელდა პირველ მარტამდის, როდესაც ულტიმატუმის ხასიათი მიიღო იქაურ წარმომადგენლის მხრივ. აი, ამ 3 რიცხვის შესახებ: პირველი ის, რომ 15 თებერვალს იყო ასეთი მდგომარეობა; რომ თუ ეს არ სჩანდა მთლად, მე ვიცი როგორც საგარეო კომისიის წევრმა, მე შემიძლია ვსთქვა, რომ თითქმის ინგლისელები ეხვეწებოდენ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ წავალთ და თქვენ მზათ იყავით, ე.ი. ჩვენ წავალთ და ბათომი დარჩება იმას ვინც აქ შევაო. მე მგონია ასეთი იყო ჩვენი მდგომარეობა, ის მდგომარეობა, რომელიც იყო 5 (არ ისმის) მე ვამბობ ჩვენი მთავრობა, რომ მზად ყოფილიყო, ჩვენი სამხედრო ორგანიზაცია რომ ყოფილიყო მოწყობილი, როგორც ეს საჭირო იყო, მაშინ ჯერ ერთი, 20 თებერვლისათვის მოცდა არ დასჭირდებოდა, ჩვენ მთავრობას, რომ ბრძანება გაეცა მხოლოდ ხუთ დღის შემდეგ იმ ცნობის მიღებისა. (მაშინ არჩევნები იყო და ხელს შეუშლიდენ) - შემდეგ მე ვეთანხმები მთავრობას და გარეშე-საქმეთა სამინისტროს მეთაურთ და თქვენც, ბატონო გიორგი გვაზავა, რომ ბათომის საკითხი გადაწყდეს არა ლოიალურად ინგლისის მიმართ, ე.ი. ჩემი კრიტიკა ამ შემთხვევაში არ არის აშენებული არა დღეს საქართველოში ევროპის მომქმედ ძალების, რომლის წარმომადგენელი ანტანტა არის, არა ამ ძალების წინააღმდეგ, არამედ ამ ძალებთან შეთანხმებით მუშაობაზე და ნაბიჯზე ვლაპარაკობ მე. და ამაში ვპოულობ შეცდომებს. ის ანტრაქტი, რომელიც იყო ბათმში ინგლისელების დროებით წასვლის დროს, ეს არ იყო გამოყენებული ისე როგორც შეიძლებოდა გამოყენებულიყო და საკვირველია ინგლისი ამისთვის, (არ ისმის) არ გამოაცხადებდა. შემდეგ ავიღოთ მეორე მომენტი, უფრო მწვავე; მე მგონია, რომ რაღაც არა ნორმალური და საერთოდ საზიანო მოვლენის ბრალი უნდა იყვეს, რომ ჩვენმა ჯარმა, რასაკვირველია, მთავრობის ბრძანებით და საერთოდ პირობების ანგარიშით, ე.ი. ამ შემთხვევაში ინგლისელების პოლიტიკის ანგარიში, რომ ჩვენმა ჯარმა დაიკავა სტრატეგიული პუნქტები ბათომის ოლქისა, მხოლოდ ახალციხიდან - ხულომდე და არდაგან - ართვინამდე და ვერ დაიკავა ნატანებ - ქობულეთი - ციხის-ძირი. შეიძლება აქ მიზეზი იყოს იმაში, რომ ჩვენი სამხედრო აპარატი არ არის გაერთიანებული და ყოველი სამხედრო ნაწილი ისე ვერ ანხორციელებს ცენტრიდან მოსულ ინსტრუქციებს, როგორც შეეფერება სამხედრო ნაწილების ჯარს. სანამ ინგლისის პროტესტი მოვიდოდა, სანამ ინგლისი განაცხადებდა, რომ ის არ მიდის, სანამ ჩვენი ჯარი იყო ხულოში, რომ ის აგრეთვე ყოფილიყო ქობულეთში, ამაზე ინგლისი ომს არ გამოგვიცხადებდა, მხოლოდ ჩვენ მოგვემატებოდა მესამე სტრატეგიული პოზიციები ქობულეთ-ციხის-ძირამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ მთავარი სტრატეგიული პუნქტები ჩვენ ხელთ არის, დღეს კი უქობულეთოთ ძნელი არის იმის თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია უზრუნველ-ყოფილად ჩავთვალოთ ჩვენი თავი, როდესაც ჩვენ მარტო ხულოში ვართ. (ხმა ს.-დ. სკამებიდან: კარგი სტრატეგი ყოფილხართ!) დიდი სტრატეგი არ უნდა იყვეს კაცი იმისთვის, რომ გაებედოს კითხვა იმის შესახებ, რატომ შესძლო ჯარში მიუხედავად საშინელი დაბრკოლებისა, თითქმის ზღაპრული გადასვლა ახალ-ციხიდან-ხულომდე, არდაგანიდან - ართვინამდე და რატომ უფრო ადვილ პირობებში მოახდინა დაგვიანება იმის გამოყენებისა, რაც უნდა გამოყენებული ყოფილიყო სხვა ფრონტზე - ნატანების ფრონტზე. მე ვამბობ, რომ აქ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი სამხედრო აპარატი არ არის მთლიანი. მე მეტს არ ვლაპარაკობ იმისთვის, რომ ანგარიშს უწევ მდგომარეობას. მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც მთელი სამხედრო ძალა იქმნება ისე აშენებული, რომ იგი მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა მესამე ბრიგადა, რომელმაც სახელოვანი ფურცელი ჩასწერა საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ სთქვათ, რომ თქვენი სტრატეგია კარგი არის.

ამის შემდეგ, ბატონებო, მოვიდა ინგლისის პროტესტი, დაიწყო ინგლისის წარმომადგენლების საშუალებით მთავრობასთან მოლაპარაკება შეთანხმებაზე. ეს მოხდა. ინგლისმა, მიუხედავათ იმისა, რომ (არ ისმის) იყო ნახსენები, რასაკვირველია ომი არ გამოგვიცხადა იმისთვის, რომ ჩვენი ჯარები იყვნენ ხულო-ართვინში შესული. რასაკვირველია, ინგლისის წარმომადგენელმა მოინდომა თავისი ინტერესებისათვის იმის გამოყენება და ამის შემდეგ იყო ჩვენი მთავრობის და ინგლისის შეთანხმება. ასეთია შეთანხმება: მოკავშირეთა ძალა, რაც ყავს ბათომის ოლქში, უზრუნველყოფს ჩვენ ჯარს, როგორც სტრატეგიულად, ისე სურსათის გამოკვების მხრივ. მეორეს მხრივ ინგლისი უზრუნველყოფს იმას, რომ არის კონტაქტი სარდლობაში იმ ძალების იქ ყოფნის დროს. მოხდა ეს იმიტომ, რომ საერთოდ ინგლისის და საქართველოს შორის არ არის სხვადასხვაობა, რადგანაც ბათომის ოლქში მყოფი ქართველი ერის ჯარი, რომელიც ემსახურება საქართველოს რესპუბლიკას, ეს ჯარი ობიექტურად ემსახურება ანტანტის ინტერესებს.

ასე მოხდა სხვა ფრონტებზედაც. თავის თავად ცხადია, რომ სანამ არის პარლამენტარიზმი ინგლისს, ანტანტის და საქართველოს შორის, ბათუმი არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რომ ინგლისმა საქართველო გადაიმტეროს და თავის მოწინააღმდეგე ძალად ჩარიცხოს. იმ მდგომარეობაში, რომელიც აზიაში არის, სადაც ინგლისის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ყველა კოლონიები აჯანყების ალში არიან გახვეულნი, იმ მდგომარეობაში, როდესაც ინგლისს უხდება ახალი მობილიზაციების მოხდენა, რომ სტამბოლი დაიკავოს ოთხმოცი ათასი ჯარისკაცით, რაც დიდ ხარჯებს იწვევს, მიუმატებთ ამას კიდევ ბოლშევიკების ფრონტის მდგომარეობას ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც უახლოვდება ინგლისის ინტერესებს სპარსეთში და ინდოეთში, მიუმატეთ ამას კიდევ არა ნორმალური მოვლენები ევროპაში და აზიაში და დამერწმუნებით, რომ სანამ არის ერთიანობა ინტერესებისა შეთანხმება ჩვენი პოლიტიკისა ინგლისის და ანტანტას პოლიტიკასთან, ბათუმის საკითხი არასოდეს არ გახდება „კაზუს-ბელე“.

ასეთ მომენტში, ასეთ საქმეში ყოველ დღეს კი არა ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ ნაციონალისტური პარტია, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ, აუცილებლად სთვლის რომ განცხადებულ იყოს აქ, რომ ის ფრაზა ავტონომიის შესახებ, რომელიც გამოაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ და რომელიც მეორდება ყოველ დადგენილებაში და დეპეშაში ბათუმიდგან, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებელ პოლიტიკურ ფაქტად, ე.ი. როდესაც საქართველო მოახდენს ბათუმის საკითხის ლიკვიდაციას ნორმალური გზით და თუ ნორმალური გზები საბოლოოდ მოისპობა, თუმცა მე ეს არა მგონია მოხდეს, მაშინ შესაძლებელია ბათუმის საკითხი არა ნორმალური გზით გადაიჭრას ე.ი. სტიქიურად გადაიჭრას, როგორც ეს მოხდა იტალიაში დანუნციოს მეთაურობით, სულ ერთია როგორც უნდა გადაიჭრას, როდესაც ბათუმის საკითხი გადასწყდება, ჩვენ დამფუძნებელ კრებას ექნება საშუალება სთქვას გადამწყვეტი სიტყვა ბათუმის ოლქის შესახებ. თავის თავად ცხადია, რომ ის ავტონომია, რომელიც სთქვა მთავრობის თავმჯდომარემ და რომლის შესახებ ლაპარაკობს სამაჰმადიანო საქართველო, ეს ავტონომია უნდა განხორციელდეს უეჭველად (მთავრობის თავმჯდომარე: უეჭველად!) მაშინ ის აჭარისტანი, რომლის შესახებ მუშაობს არა ინგლისის მთავრობა, არამედ ინგლისის წარმომადგენლის დაინტერესებული შემთხვევითი აგენტები და ამიერკავკასიის ზოგიერთ რესპუბლიკების წარმომადგენლები, არ ვიტყვი მარტო აზერბეიჯანის, მაშინ ეს აჭარისტანი უკვე ფაქტიურად განხორციელებული იქნება. ის აჭარა, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა არა მარტო პარლამენტი, არამედ პირველი ეროვნული ყრილობაც და მისი ეროვნული საბჭო, ეს სამაჰმადიანო საქართველოს განა არ არის აჯარისტანი? მხოლოდ მე მგონია ეს სახელი აჯარისტანი ეხლა გამოიგონეს იმისთვის რომ მას ქართული სახელი არ ჰქონდეს. ეს ხელოვნური სახელია, მას სხვა სახელს ეძახდენ და ეძახიან დღესაც, ეს სახელი არის გურჯისტანი ე.ი. სამაჰმადიანო საქართველო, რომლის საზღვრები უფრო ფართოა და რომელშიაც შედის ოლთისის ოლქი და ლაზისტანი. როდესაც ეს გურჯისტანი გახდება უდიდეს ფუნქციათ ჩვენი პოლიტიკისა აზიაში, მაშინ ბათუმი იქნება ჩვენთვის კარები და ხიდი არა მარტო ევროპასთან დამაკავშირებელი, არამედ აზიასთან და იმ სამას მილიონ სამაჰმადიანო ქვეყნებთან, რომელნიც იყვნენ ისტორიული მეზობლები და რომელნიც კიდევ დარჩებიან მეზობლებად იმისდა მიუხედავად, თუ ვისი ჯარები იქნებიან სტამბოლში, თუ სხვაგან, კარგად მოწყობილ საქართველოსთან კონსტიტუციონურად შეგნებულ სამახმადიანო საქართველო საბოლოოდ უზრუნველჰყოფს ყველა გამაჰმადიანებულ საქართველოს ისტორიულ კუთხების დაბრუნებას და უზრუნველყოფს ჩვენ ნორმალურ ურთიერთობას სამაჰმადიანო საქართველოში. დასასრულ მოგახსენებთ, რომ ის შეცდომები, რომელიც მე აღვნიშნე, შეიძლება ევროპაში საკმაო იყოს, რომ მოხდეს მთავრობის რეორგანიზაცია, ან გადადგომა, რასაკვირველია ევროპის პარლამენტში სხვანაირი ძალთა განწყობილება არსებობს და სხვანაირი ადათი არსებობს. ჩვენში ასეთი შეცდომები არ არის მიჩნეული მთავრობის კრიზისის მიზეზად. ჩვენში არის ადათი, რომ არ შეიძლება მთავრობის, ან სამინისტროს პოლიტიკა დავარდეს მხოლოს იმით, რომ მან ჩაიდინა შეცდომები. აქ პოლიტიკა ფასდება მხოლოდ საერთო ხაზით, რომელსაც ატარებს და იცავს ამა თუ იმ სამინისტროს მეთაური, ან მთავრობა. თავის-თავად ცხადია, რომ ხაზი და მიმართულება ყველა ჩვენი მინისტრებისა და ჩვენი მთავრობისა ბათუმისაკენ არის მიმართული, მაგრამ არ იქნება ზედმეტი არა კრიზისისათვის, არამედ გაკვეთილისთვის, რომ განცხადება ხაზის და მიმართულების შესახებ, განცხადება, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროაო, არა კმარა. ევროპაში საკმარისია ერთი საათის შეცდომა, რომ მთავრობა, ან უწყების ესა თუ ის მეთაური გადადგეს. (ადგილიდან: თუ პარლამენტი სცნობს შეცდომას) ჩვენში, რასაკვირველია, არის შეცდომები, მაგრამ ამასთანავე არის საჭირო სხვა ნაირი ძალთა განწყობილება. როგორც მოგეხსენებათ არის საჭირო, რომ ერთი პარტია არ იყოს მთავრობაც, დამფუძნებელი კრებაც, რესპუბლიკაც და ყველაფერიც (საერთო სიცილი). ყოველ შემთხვევაში, მე აუცილებლად მიმაჩნია თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ უსათუოდ ერთგვარი ახალი პოლიტიკური ფსიქოლოგიის დამახასიათებელია ის სიტყვები, რომელიც წარმოსთქვეს ბ-ნ ლეო შენგელაიამ და გერონტი ქიქოძემ. ამ სიტყვების შემდეგ უნდა ითქვას განსაკუთრებით ნაციონალისტების მიერ, არც ბატონ შენგელაიას და არც თვით ბატონ ქიქოძეს არ შეუძლიათ დაუმტკიცონ დამფუძნებელ კრებას და ეროვნულად მოაზროვნე ინტელიგენციას საქართველოში, რომ მთელი ის დავიდარაბა, ომიანობა და ანარქია, რომელიც არის დღეს ევროპაში და აზიაში, იყოს მხოლოდ სოციალური ინსტიტუტების, სოციალური იდეების დაჯახების შედეგი.

ყოველთვის ისტორია ამტკიცებდა და ეხლაც ამტკიცებს იმას, რომ ეს სოციალისტური სახელები: ბოლშევიკები, კომუნისტები, სპარტაკელები, არის შექმნილი იმისთვის, რომ განგებ, ან უნებლიედ დამალონ ისტორიული ეროვნული ინტერესი (გვაზავა: მართალია!) ცხადია, არავის არ შეუძლიან სთქვას, რომ დღეს ბოლოს და ბოლოს ბოლშევიზმი არ არის წმინდა ველიკოროსული მოვლენა. დღეს არ აცხადებს თავს არამც თუ ველიკოროსიის, არამედ დიდი რუსეთის „როსიის“ აღმდგენელ ძალად. მე მგონია ქართველი ხალხი მხოლოდ წააგებს, თუ ის ანგარიშს გაუწევს ბოლშევიზმს, როგორც მსოფლიო მოვლენას, როგორც ახალ იდეებს. ბოლშევიზმი არის ჩვენთვის მხოლოდ რუსეთი და სხვა არაფერი. ამ მხრივ მე შემიძლიან ვსთქვა, რომ ყოველი ევროპიული ძალა საქართველოს რესპუბლიკისათვის არის სამეგობრო და საკავშირო, შედარებით რუსეთთან იმიტომ, რომ თქვენ იცით, რა იქნება მაშინ, თუ ბოლშევიკებმა ან ჩვენთან შეთანხმებით, ან ჩვენთან შეუთანხმებლად მაინც შეასრულეს თავისი წადილი და გადმოაბიჯეს კავკასიის ქედს.

ბატონებო, თქვენ იცით, რომ საქართველოს რესპუბლიკამ განიცადა, თუ გნებავთ, ოკუპაცია გერმანიის და ინგლისის ჯარების მიერ. ოკუპაცია გერმანიის ჯარების მიერ გამოწვეული ოსმალეთთან ომით, მართალია ის წინდაწინ იყო მიღებული, მისაღები და გასაგები იყო ჩვენი ხალხისათვის, მაგრამ თვით ინგლისის მოულოდნელმა, დაუპატიჟებელმა, თუ გნებავთ, სტრატეგიულმა ოკუპაციამ ჩვენ დაგვიმტკიცა, რომ ამ ევროპას, რომელიც მოდის ჩვენთან, რომელიც მოგვევლინა ჩვენ გერმანიის სახით, ხოლო მეორედ ინგლისის სახით, ამ ევროპას არ მოუსპია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი მთავრობა...

იმას კი ვერავინ ვერ იტყვის, რომ ბოლშევიკები, თუნდაც ერთი ეშელონი, რომ გადმოვიდეს, გადაუაროს საქართველოს, ამას ისევე გადაიტანს ჩვენი რესპუბლიკა, როგორც ჩვენ გადავიტანეთ ევროპის ჯარის ოკუპაცია. თავისთავად ცხადია, რომ თუ ბოლშევიკურ რუსეთს უნდა ჩვენთან მორიგება, როგორც თავის სწორთან, რომელიც გზას მისცემს გასაჩერებლად, რასაკვირველია, ის უნდა ლაპარაკობდეს სხვა ენაზედ, ისე, როგორც ელაპარაკება სხვა დანარჩენ რუსეთიდან გამოყოფილ სახელმწიფოებს, - ესტონეთს, ან ფინლანდიას. ის ფაქტი, რომ ჯერ არც ერთ სახელმწიფოსთან არ ულაპარაკნიათ ისე, როგორც ჩვენთან, იმას მოწმობს, რომ აქ ბოლშევიკების ინტერესები სხვა არის. და ეს ინტერესები მოითხოვს ისეთ გამოსვლებს, რომლებიც მოუხერხებელი არის თვითონ ბ. ჩიჩერინისათვის. და აი მოვითხოვ, რომ ამ რუსეთის საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იქნეს ყოველი ძალა. თავის-თავად ცხადია, პირველ რიგში უნდა იქნეს ევროპის პოზიცია. საზოგადოების, ეროვნულად, თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენციის აზრი, უნდა გამოყენებული იქნეს ყოველივე ძალა.

ამითი სამსახური ჩვენ ევროპამ გაგვიწია გერმანიის სახით და შეიძლება ასეთივე სამსახური გაგვიწიოს ევროპამ ინგლისის სახით, რადგანაც საქართველოს და ინგლისის ინტერესები აზიაში, რუსეთთან შეხების დროს ერთიანი არის. ბატონებო, დღეს დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა არა ერთი შეკითხვა. ერთი იყო ლეგალური, პარლამენტარული ს.-ფ. ფრაქციისა, მეორე შეკითხვა: კი იყო, არ ვიტყვი არა ლეგალური, ქუჩიდან შემოტანილი, არ ვიცი ვისი პირით, ან ვისი ინიციატივით აქ უკვე მოგახსენათ ბ. გვაზავამ, თუ როგორი ხასიათი მიიღო ქუჩამ და ვის ინტერესებზე გაისმა იქ ლაპარაკი, (ხმები: ფედერალისტები იყვნენ?...) იქ გაისმოდა სხვა და სხვა ლოზუნგები. (გელეიშვილი: რა ლოზუნგები?) რა და მაგალითად ძირს ინგლისი, რომელიც დღეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: - გაუმარჯოს ბოლშევიკურ რუსეთსო (ხმაურობა. ნინიძე: იქნება თქვენ იყავით?) უკაცრავად, ჩვენ ქუჩაში არ დავხეტიალობთ. (მხურვალე ტაში ნ.-დ. სკამებზედ. სიცილი. თავმჯდომარის ზარი) ჩვენ მომხრე ვართ პარლამენტარულ საშუალებით კანონმდებლობისა და არა ქუჩური საშუალებით. ეს თქვენი მეთოდი არის, მაგრამ მეშინიან, რომ წინააღმდეგ არ წავიდეს ეს მეთოდი და ზედ ფეხი არ წაიტეხოთ. (დადიანი: არც მაგათი მეთოდია ნუ გეშინიათ, ხმები ს.-დ. ფრაქციიდან: ეს დადიანის მეთოდია). აი, ბატონებო, მე ვამბობ, რომ დღეს ისეთი მომენტი დადგა, რომ შეიძლება დამფუძნებელი კრებისათვის მომწიფდეს არა შეკითხვა, თუ რა მდგომარეობა არის ბათომში, არამედ იმაზე, თუ რა მდგომარეობა არის ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვრებზედ. თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ შექმნილია ისეთი მდგომარეობა, რომ ბოლშევიკური რუსეთი, ველიკოროსები ჩვენ კარებთან არიან მოსული ძველი რუსეთის გენერლების მეთაურობით, და არა ახლა, არა თქვენ სოციალისტური რუსეთის. სოციალისტური სტრატეგია არ გამოდგა, რა ვქნათ. (სიცილი) მოსულნი არიან ეკატერინოდარში და მოდიან კავკასიაში. ასეთ დროს არ შეიძლება გადაყოლა იმ საკითხზე, რომელმაც შეიძლება სრულიად თვალი აუხვიოს ხალხს და სულ სხვა მხრისაკენ მიაპყრას ყურადღება. (ნინიძე: ეს თქვენი აღმოჩენა არ არის, ბატონო?). თუ ჩემი აღმოჩენა არ არის, მე არ მესმის მაშ რათ ხარჯავთ ფულს, თუნდაც „ბორბაზედ“. მე ვამბობ იმ გაზეთზედ, რომელიც დღეს ემსახურება ასეთ „ნასტროენიებს“ ბ-ნ მდივნის სახით, რომელიც ამავე დროს არის დამფუძნებელი კრების საგარეო კომისიის თავმჯდომარე, დიდის ხნის წინეთ იყო შემოტანილი ეს შეკითხვა, მაგრამ დღეს მას შეხვდა არ ვიცი რატომ, მეორე შეკითხვა სოც.-დ. მხრიდან: მართალიცა ხართ, საშიში არის!). ბატონებო, თუ ქუჩა თქვენ არ გაშინებთ, დარაჯები მოხსენით ქუჩაში. (სიცილი ყველა სკამებზე. ტაში მარჯვნივ. თავმჯდომარის ზარი). და აი, ბატონებო, დღეს ისეთი მდგომარეობა დადგა, რომ საკითხავი სულ სხვა გვაქვს, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან. ასეთ მდგომარეობაში დამფუძნებელი კრების ყოველი წევრი ვალდებული არის განაცხადოს, რომ ქართველი ხალხის მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიქცეული ჩრდილოეთისაკენ. მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს ჩვენ დამოკიდებულებას ბოლშევიკურ რუსეთთან.

მე არა ვარ ამ შემთხვევებში, პესიმისტი, მე მწამს, რომ ის სახელოვანი ჯარი, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა, თავისი პატარა პატრიოტიზმისა თუ ეგოიზმის კარნახით, რომ დღვანდელ პირობებში გერმანიის სახელოვანი კორპუსები არ აკეთებენ იმას, რაც გაკეთებული იყო აი, მაგალითად ერთ კვირაში, როდესაც მან გადალახა სწრაფათ ისეთი ქედები, როგორც იყო არტაანის ქედები და გადავიდა არტანუჯსა და ხულოში. აი, ასეთი ჯარი მე მგონია საწინდარი არის იმის, რომ თუ ის ბოლშევიკების ჯარს დახვდა, ის აჩვენებს მას, რომ სამოქალაქო ომი, გასაცარცვავად, ცარცვა-გლეჯისთვის ომი დამშეული ხალხის გასაძღომად და ჭამისათვის ომი და ომი ეროვნული, ერის უფლების დაცვისთვის სხვა და სხვა არიან და თუ ბოლშევიკების ტაქტიკაში გამოდგა რუსეთში, მე მგონია რომ ბალშევიკური რუსეთის ჯარები და ნახავენ და დარწმუნდებიან, რომ სამოქალაქო ომით გაბრუებული და გამარჯვებული ჯარი ყოველთვის დამარცხდება ეროვნულ ომში, თუნდაც მათ წინააღმდეგ იყვნენ ისეთ პატარა სახელმწიფოს ჯარები, როგორიც არის საქართველო.

ვინც უყურებს არა ფორმალურად, მთავარი საკითხი ეს არის და სანამ ასე იქნება, სანამ ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, ჩვენ ჯარში, ეროვნულ საკითხის მომწიფებაში მანამდე ასეთი საკითხი, როგორც არის ბათუმის საკითხი, იქნება ჩვენთვის მთავარი საკითხი. ჩვენი ჯარი სდგას ხულოსა და არტანუჯში. თავის-თავად ცხადია, რომ ეს საკითხი შესაძლებელია, თუ არა მორიგებით, ისევე იარაღით გადაწყდეს, ისევე როგორც არა ერთხელ გადაწყვეტილა ევროპაში, თუნდაც ვერსალის ზავის შემდეგ. როდესაც ერს თავის ეროვნული ინტერესები ვერ დაუკმაყოფილებია ლეგალურად და მოუნახავს სხვა გზა, რასაკვირველია არა ოფიციალური, არამედ ეროვნული. და ვიცით, რომ ყოველ შემთხვევაში ბოლოს გაუმარჯვია. მე ვაბობ იმ გზაზედ, რომელმაც დანუნციოს წყალობით მისცა იტალიას ფიუმე და რომელიც ფაქტიურად არის დღეს იტალიის ხელში და რომლის შესახებ დღეს დიდი დავიდარაბა აღარ არის. ბათუმის საკითხი ყოვლად შეუძლებელია ჩვენმა მთავრობამ გადასწყვიტოს არა ლეგალურად ინგლისის მიმართ, ეს არის აქსიომა. მე ვეთანხმები მთავრობას მხოლოდ ინგლისთან შეთანხმებაზედ. ეს არის ჩვენი საგარეო ინტერესები. თუმცა იყო ერთგვარი დაგვიანება, მაგრამ იყო ყველაფრის გამოყენება და რაც შეიძლება ლოიალობის გამოჩენა. ეს დღეს ჩვენთვის საჭიროა. (ხმა სოც.-ფედ. მხრივ: მოუწონეთ, მოუწონეთ ყველაფერი!)

თუ არ მეთანხმებით, - გამობრძანდით და ილაპარაკეთ.

თავმჯდომარე. სიტყვა მდივანს ეკუთვნის.

სიმონ მდივანი. (სოც.-ფედ.) მოქალაქენო, ჩვენ დღევანდელ დღეს ის მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რომ საკითხი, რომელსაც იხილავს დამფუძნებელი კრება აინტერესებს არა მარტო მას და მთავრობას, არამედ მთელ ერს, და ხალხს. ფართო მასა მას გამოეხმაურა ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არ შეიძლება ასე ყბად-აღებით იქნეს ამ ტრიბუნიდან აღიარებული, როგორც ამას გრ. ვეშაპელი სჩადის. ეს ქუჩა არის ძალა, რომელსაც მთელი საქართველო ემყარება. (ვეშაპელი: ამისთვის არჩევნები არის!) არჩევნებმა მისცა საქართველოს დამფუძნებელი კრება და თუ აქვს რაიმე შეცდომა ქუჩამ იქიდან უნდა უჩვენოს ეს დამფუძნებელ კრებას (გვაზავა: ქუჩამ? დანარჩენი არ ისმის) რასაკვირველია ქუჩამ! ქუჩა - მნიშვნელობით სიტყვა „ხალხის“ არ არის ნათქვამი და როცა თქვენი კონსტიტუცია დაიწერება... (კ. ნინიძე: მაგათი კონსტიტუცია არასოდეს არ დაიწერება!) ქუჩას მე ვხმარობ იმ აზრით, რომ მთელი საქართველო ღებულობს ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას (ხმაურობა) (ვეშაპელი: მარტო ქალაქში კი არ არის ქუჩები!) პრეზიდიუმი მოგახსენებთ დეპეშებს, რომელიც მოსული არის მთელ საქართველოს კუთხეებიდან. მართალია ბათომი დღევანდელ მდგომარეობის გამო, დაკარგული არ არის, აქ ეს არავის უთქვამს, მაგრამ ბათომი, რომ არ დაიკარგოს ხალხმა თავისი დადგენილება წარმოუდგინა უზენაეს ორგანოს.

სწორედ ბათომის დაკარგვის შიშმა აიძულა ხალხი მოსულიყო სასახლესთან და თავისი დღევანდელი გადაწყვეტილება წარედგინა დამფუძნებელ კრებისათვის, აი სწორედ ეს დადგენილება ჩვენ გვავალებს, რომ ყოველივე ნაბიჯი გადავდგით იმ მოვლენის წინააღმდეგ, რომელიც გვაშორებს ბათომს, ან არ გვაძლევს საშუალებას, რომ ბათომის საკითხი ჩვენ სასარგებლოდ გადავწყვიტოთ. აი, ამ მხრივ ამ გამოსვლას აქვს დიდი მნიშვნელობა. მე არ მგონია, რომ ეს გამოძახილი იყვეს ის, რაც ბრძანა ბატონმა მინისტრმა, აქ არავინ იძახოდა ხელაღებულად, რომ «ძირს მთავრობა», არამედ იქ იძახდენ, რომ ძირს ის მთავრობა, რომელიც დაკარგავს ბათომს. ეს ძახილი იყო თქმული აქედანაც. და აგრეთვე თვით მთავრობის წევრებისაგან, რომელმაც მიმართა ხალხს სიტყვით. მაშასადამე ეს არ არის შეურაცყოფა მთავრობისა და რასაკვირველია არც ის არის, რომ ის პირი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, რაიმე კაპიტალს იძენდეს. ბატონებო, ჩვენ ყველანი ერთში თანახმანი ვართ, რომ ჩვენ ბათომის საკითხი შეგვაერთებს, როდესაც ის მკვიდრ ნიადაგზე სდგას; მაგრამ დაგვაშორებს, როდესაც ეს საკითხი შედგება ცუდ მერყევ ნიადაგზე. უმთავრესად ჩვენ შეკითხვაში იყო აღნიშნული ერთი რამ, ბათომის დაბრუნების დროს ნუ გაუშვებთ. რაც დრო გავა მეტი ენერგია ძალა დაგვჭირდება, პასუხად გვითხრეს, რომ ბათომს არ დავკარგავთო. კარგი და პატიოსანი, ოღონდ მომენტს ნუ დავკარგავთ, მომენტი ბათომის დაკარგვის ნუ დაიკარგება. აქ გვითხრეს, რომ ბატონმა მინისტრმა სავსებით არ გააცნო ის მასალა, რომელიც მათ ხელთ აქვს და შეიძლება ერთგვარი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე, რომ აქ არავითარი მიწერ-მოწერა არ უწარმოებიათ, სათანადო ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული. მე პირიქით ვადასტურებ, როგორც სათანადო კომისიის თავმჯდომარე, რომ ცოტა ენერგია არის დახარჯული დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა ბათომის საკითხის გამოსარკვევათ, მაგრამ მე ვლაპარაკობ, რომ მიუხედავად ამისა იყო მომენტი, როდესაც შეიძლებოდა ჩვენი შესვლა ბათომში. ჩვენ საქმე გვაქვს მოკავშირეებთან სრული ორი წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში გვაქვს მაგალითები და ეს გვეუბნება, რომ რაც მეტ გამბედაობას გამოიჩენ, რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ შენი უფლების, შენი ტერიტორიის რესპუბლიკის სუვერენობის დასაცავად, უფრო მეტის პატივისცემით მოგეპყრობიან, უფრო მეტი შედეგები აქვს შენ მუშაობას. (კირ. ნინიძე: შუბლი რომ გაიტეხო!) შუბლთან თვალები იმიტომ გვაქვს, რომ დავინახოთ და არ გავიტეხოთ.

ჩვენ გვაქვს ასეთი მაგალითები, შარშან დენიკინის დელეგაციისა აქ. ეს დელეგაცია იყო წარმოდგენილი არა რუსეთის გენერლის მიერ, არამედ თვით ინგლისის გენერლის მიერ, რომელმაც ულტიმატუმი წარუდგინა მთავრობას, თუ დღესვე არ დაემორჩილებით დენიკინს, არ აღიარებთ იმას ისე, როგორც უმაღლეს წარმომადგენელს რუსეთის იმპერიისა, იცოდეთ, რომ დენიკინს თქვენ წინააღმდეგ აქვს „ტანკები“, „დრედნუტები“, ყუმბარები და საქართველოს მთლად გაანადგურებს. პირიქით, თუ თქვენ აღიარებთ მას, უეჭველად დენიკინი თქვენ მოგანიჭებთ ავტონომიას. დენიკინის მიერ გამოგზავნილი ელჩმა, ინგლისის გენერალმა ისიც გითხრათ, რომ ამ საქმეში მონაწილეობას იღებენ მოკავშირენი, და თუ არ დამორჩილდებით დენიკინს, იცოდეთ, რომ საქმე მოკავშირეებთან გექნებათ, ვიცით ის პასუხი, რომელიც მიიღო ამ გენერალმა მთავრობის თავმჯდომარისაგან და მთავრობისაგან; და ეს პასუხი გადაჭრილი, კატეგორიული, მკვეთრი იყო: ჩვენმა წარმომადგენლებმა უპასუხეს, ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკა გვაქვს, არავითარ ავტონომიას არ ვღებულობთ, და არავითარ ძალას არ შეუშინდებით. ჩვენ დემოკრატიას არა სურს ეს ვისმე დაუთმოს და ამ გზას ის არც ასცილდება, თქვენ თუ გნებავსთ აღჭურვეთ დენიკინი ტანკებით, ჩვენ გარდა იმისა, რომ სულ ყველა მზათ ვართ დავიხოცოთ, მივმართავთ ინგლისის იმ საზოგადოებრივ აზრს, რომელისაც თქვენ მართველებს ეშინიათ. მომენტი იყო სწორედ ისეთი, როგორც დღეს. კუკ-კოლისი ლაპარაკობს, თუ ბათომში გამოხვალთ ჩვენ წინააღმდეგ, გადალახავთ საზღვრებს, ჩვენ შეგებრძოლებით, ეს იქნება შეურაცყოფა ინგლისის დროშისა და თუ ეს ჩაიდინეთ, იცოდეთ, რომ საქმე გექნებათ ჩვენთან და სამხედრო მოქმედებით გიპასუხებთო (ევ. გეგეჭკორი: რა ანალოგია არის! გვაზავა: აქ სულ სხვა არის, აქ თავდასხმა არის. ხმაურობა). აი რა ანალოგია არის და საქმე რა არის, საქმე ის გახლავთ, რომ აქ მეთოდი ერთი და იგივეა. თქვენ გელაპარაკებათ გენერალი, რომელიც ბათომში ზის და რომელიც სრულიად ვერ განაგებს ბათომს, ბათომის ოლქს. თქვენ თუ გადალახეთ საზღვრები, რომელსაც იცავს ორიოდე დაქირავებული მოხელე ყოფილ რუსეთის, და ოფიცერი, თუ შეედავეთ ამ ძალას, ეს იქნება შეურაცყოფა. მე ვამტკიცებ, რომ აქ ერთი და იგივეობა არის. ინგლისის წარმომადგენელი მიჩვეულია ყოველთვის ამ ენით ლაპარაკს, ისე როგორც აფრიკელებთან. როდესაც ჩვენ ამას აღვნიშნავთ, თქვენ იძახით ბატონებო, რომ ჩვენ ვებრძვით ინგლისის მთავრობას. როდესაც მე ვლაპარაკობ, რომ ბათომი გადაიქცა, საერთაშორისო სპეკულიაციის ბაზრად, ამით მე იმას არ ვლაპარაკობ, რომ არავითარი კავშირი ევროპასთან არ გვინდა. ეს შემცდარი აზრია. ეს არ უნდა ითქვას აქედან და თუ ვლაპარაკობთ, რომ გენერლები მოკავშირეთა წარმომადგენლები არ იჭერენ თავს ისე, როგორც მოითხოვს მათი მდგომარეობა, ეს განა სიმართლეს არ შეესაბამება. განა ცოტა გენერლები შეცვალეს ამ ორი წლის განმავლობაში ამიერ-კავკასიაში. ეს ისევ ხდება, როგორც ხდებოდა წინად თვითმპყრობელ რუსეთში, როდესაც იმედ დაკარგული რუსეთის თვითმპყრობელი მინისტრად ხან ერთს დანიშნავდა, ხან მეორეს.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ ინგლისის დემოკრატიაზე, მთავრობაზე. ჩვენ ვაღიარებთ აშკარად, რომ აქ გენერლები ვერ გამოხატავენ ინგლისის ნამდვილ ინტერესებს. ნუ თუ მე შემიძლია არაფერი ვთქვა იმ გენერლის შესახებ, რომელიც ინგლისის წარმომადგენელი არის ბათომში, რომელიც სდევნის ყოველივე ქართულს? თქვენ იცით ისტორია ბათომის გიმნაზიისა. იმ დროს, როდესაც ბათომის გიმნაზია მან გაავსო დენიკინის ლტოლვილების ბავშვებით, ამ დროს 200 ქართველი ბავშვი დაიარება ქუჩაში. კ. კოლისს ვერ უშოვნია მათთვის ისეთი ბინა, რომ იმათ საშუალება მიეცეთ სწავლა-განათლება მიიღონ. და როდესაც ამის წინააღმდეგ გალაშქრებას ვაწარმოებთ, განა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვილაშქრებთ ევროპის წინააღმდეგ? როდესაც ვლაპარაკობ, მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთგვარი რისკი არის საჭირო (ნინიძე: ბანქოს თამაში ხომ არ არის, ბ. სიმონ?) განა რისკი არ იყო ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადება? მაგრამ ქართველი ხალხი არ შეჩერებულა იმის წინაშე, რომ გამოეცხადებია ეს დამოუკიდებლობა. ასეთივე რისკი იქნებოდა ის, რომ გადავსულიყავით ბათომში. რასაკვირველია, ჩვენ გარანტია არ გვაქვს, რომ ინგლისელების ფლოტილია არ დაუშენს ზარბაზნებს ბათომს და არ დაანგრევს ქართველ ხალხის მიერ აშენებულ ქალაქს, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ, განა დღეს გაკეთდება რამე, რის შესახებ შეიძლებოდეს წინასწარ სისწორით გამოანგარიშება? მაგრამ თქვენ ამის წინ არ ჩერდებით. ბათომი კი საქართველოსთვის უსაჭიროესი საგანი არის. (ტაში ს.-ფედ. სკამ.) მაშასადმე ამისთვის პატარა რისკი არ უნდა გავწიოთ? აი, განსხვავება თქვენსა და ჩვენს შორის ეს არის. (პ. საყვარელიძე: ეს ავანტიურიზმი არის!) თქვენ ავანტიურიზმს იმას დაუძახებთ, რომ ნაბიჯი გადაიდგას ბათომის დაბრუნებისათვის. მაგრამ ის რაღა იქნება, რომ თქვენი ნელი ნაბიჯის წყალობით ავანტიურისტთა რიცხვი ბათომში მრავლდება? (ე. გეგეჭკორი: ტყუილია! ხმაურობა). ბატონო ჩემო, დღემდის ადერბეიჯანი ისე გულახდით არ მოქცეულა ბათომის საკითხში, როგორც დღეს, ისე არ მოქმედებდენ მთელი რიგი ბოლშევიკებისა, რომელნიც დღეს იქ ასე გულახდით მოქმედებენ. ეს რაღა არის? განა ავანტიურისტთა რიცხვის გამრავლება არ არის? მე გეკითხებით თქვენ, მოკავშირეთა წარმომადგენელს რათ შეუყვარდა ბოლშევიკები? როდესაც ისეთ ამბავს ვამხელთ მთელ ქვეყანას კუკ-კოლისის მოქმედების შესახებ, რომელიც პირდაპირ ხელს აფარებს ასეთ მოვლენებს, მე გეკითხებით თქვენ, ეს არის ინგლისის წინააღმდეგ გალაშქრება და ომის გამოცხადება? ბატონ გვაზავას ჰგონია, რომ ყოველივე პატივისცემით და კადნიერებით მოხდება. არ ეკადრება ინგლისს, ან საფრანგეთს, რომ პოლონეთი, რომელიც სამჯერ გაჭრილია და შეერთებული, კვლავ არ გაჭრას. ამ ნიადაგზე თუ დავდექით ჩვენ და ვიფიქრეთ, რომ ჩვენ არაფერს არ გვაკადრებენ, რასაკვირველია, არაფერი არ გაკეთდება. როდესაც ამიერ-კავკასიაში მოდიოდა ანტანტის წარმომადგენელი, ისინი ფიქრობდენ იმას, რომ საქართველოს რესპუბლიკა მოესპოთ, მაგრამ სწორედ რისკი გავწიეთ და დიდი წინააღმდეგობა გაუწიეთ მათ. პოლიტიკა, რასაც ბათომში მყოფი ინგლისის წარმომადგენლობა ატარებს, არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ისინი დღემდის აწარმოებდენ.

კუკ-კოლისი აცხადებს, რომ მე მივდივარ ბათომიდან, თქვენ შემოდითო. მთელი რიგი ხარჯებისა იყო გაწეული. ამ დროს თემთა პალატაში ლოიდ-ჯორჯი აცხადებს, რომ ერთს ჯარის კაცს არ დავტოვებ რუსეთში! (ნინიძე: ისინი რისკით არ დადიან!) რისკით არ დადიან, მაგრამ როცა ამბობენ, რომ ჩვენ მივდივართ ბათომიდან, მაშინ თქვენ უნდა დაგეჭირათ იგი. ინგლისის პოლიტიკა ისეთია, როგორც ფრანგული ანბანი იწერება, რამოდენიმე ასო და ერთ ასოდ იკითხება. ბატონებო! შეცდით ერთხელ, ეს უნდა აღიაროთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს შეცდომა მომავალში არ უნდა გაიმეოროთ, ჩვენ დავკარგავთ ბათომს. (გვაზავა: ბოლშევიკებს რა უყოთ... აღარ ისმის შემდეგი სიტყვები). ბოლშევიკების შესახებ ჩვენ გადაჭრილი აზრის ვართ, ეს თქვენც კარგად იცით! რაც შეეხებ საქართველოს ინტერესების დაცვას, ამაში ჩვენ ბადალი არა გვაქვს. ეროვნულ საკითხის შესახებ თუ კი ვინმე არის ნაწამები საქართველოში, ეს არის სოციალისტ-ფედერალისტების პარტია. ასე რომ, ეს მეტად სუსტი ნიადაგია თქვენთვის, ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობდით საქართველოს თავისუფლების განმტკიცებისა და გამაგრებისათის. (ხმა - ეგ ტრაბახია!) ჩვენ არა ვართ ჩვეული ტრაბახობას. ტრაბახი თქვენი თვისებაა, კავკასიონის ქედიც კი თურმე თქვენი აშენებულია, როგორც აღნიშნა ეს ვეშაპელმა თავის კლასიკურ რეპლიკაში (ვეშაპელი: ფედერალიზმი?) რაც შეეხება ფედერალიზმს მე მგონია, რომ თქვენ ძალიან მოხარული იქნებით, რომ ინგლისს, ან საფრანგეთს ფედერატიულად შეუკავშირდეთ, რომ ბოლშევიკებისაგან თავი დავიფაროთ! (მაჭავარიანი: ეს არ იქნება ფედერაცია!) რასაკვირველია ვინც იცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, მასთან ყოველგვარ კავშირის დაჭერა შეიძლება. საქართველოს სუვერენობას უფლების დაცვის ნიადაგზე შეგვიძლია შეუკავშირდეთ... (ლ. ნათაძე: არეული გაქვთ!). მე არაფერი არ მაქვს არეული, ჩვენ სულ ამ გზაზე ვიდექით. თქვენ კი თავიდანვე მართლა არეული გაქვთ გზა. წინედ ერთ გზას ადექით. მერე ათჯერ გამოცვალეთ პოზიცია, ეხლა სულ სხვა გზაზედ ადგიხართ და ვინ იცის მომავალში რა გზას დაადგებით. შემდეგ ამისა, მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ჩვენ მეზობლებს. (ვეშაპელი: - სომხები არ დაგავიწყდეთ!) არასოდეს, მე ყოველ შემთხვევაში, სომხებზე იმედი სრულიად არ დამიკარგავს და... და (ხატისოვი?) და არ დამიკარგავს თუნდ იმ ხატისოვზედაც, რომელიც დღეს სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელია, რადგან თვით მდგომარეობა აიძულებს ხატისოვს ამის შეგნებას და მოაბრუნებს იმ მრუდე გზიდან, რომელზედაც სდგას. რომ ჩვენ შორის მეზობლური განწყობილება დამყარდეს, არა მარტო ის არის საჭირო, რასაც ბ. ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველოს არსებობა იმათთვის არის საჭირო, არამედ ის, რომ საქართველოც დაინტერესებულია ორივე რესპუბლიკის არსებობაში. რესპუბლიკათა არსებობა, აუცილებლობა და საჭიროება ყველაზე კარგათ საქართველოს რესპუბლიკას აქვს შეგნებული. მაგრამ ჩვენ მაინც ვერ მოვახერხებთ ამ ორ რესპუბლიკასთან ერთგვარი დამოკიდებულების დამყარებას, იმიტომ, რომ იმ დამოკიდებულებას მათთვის არ აქვს იმდენი ღირებულება, რამდენიც საქართველოსთვის აქვს, (ხმა: - ახალი ამბავია!) და სწორედ, როცა ასეთი მეზობლები გყავთ მით უფრო არის საჭირო მათ შეეკრათ ერთგვარ პირობით. საჭირო არის ჩვენმა მეზობლებმა გადაჭრით გვითხრან: რას წარმოადგენს მათთვის დამოუკიდებლობა? არის იგი დროებითი მოვლენა, აუტანელ პირობიდან თავის დასაღწევი? თუ ეს ასეა, მაშინ, რასაკვირველია, ათასი პირობა, რომ დაიდვას ჩვენს და მათ შორის, არავითარი ფასი არ ექნება. მაგრამ თუ სომხეთის და ადერბეიჯანის რესპუბლიკებმა ეს ვერ შეიგნეს, ამაში, ცხადია, მთავრობას ბრალს ვერ დავდებთ. ერთში კი მთავრობა უეჭველად დამნაშავეა. ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შეგნება არ არის ისე მტკიცედ ჩანერგილი ორ რესპუბლიკათა მთავრობაში, როგორც ეს არის საქართველოს რესპუბლიკაში. და როცა ასე დგას საკითხი, ჩვენ მათ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. ნუ თუ შეუძლიან სუვერენობის დაცვა იმ რესპუბლიკას, რომლის გარეშე-საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბათომის საკითხის გადაწყვეტაში უნდა გაერიოს მესამე პირი და მან უნდა უზრუნველყოს.

ბათომის საკითხი, დასძენს მინისტრი, არის აგრეთვე ეკონომიური და სატრანზიტო საკითხი. დღესაც დაამტკიცეთ თქვენ სატრანზიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საქონელი თავისუფლად შეიძლება იქმნეს შემოზიდული და გაზიდული ადერბეიჯანში. მაგრამ ამავე დროს ისინი ლაპარაკობენ, რომ თუ ჩვენ ვინმე თავმდები არ გვეყოლა, საქართველოსთან კავშირს ვერ დავიჭერთო. ეს არის საშინელება და სანამ ამ საშინელებას ისინი არ უარყოფენ, მინამ შეუძლებელია ნორმალურ მეზობლურ ურთიერთობის დამყარება. ჩვენ გვინდა, რომ მთავრობამ გამოსთქვეს ამის შესახებ აზრი და ეს საკითხი ნუ იქნება მომავლის საკითხი. ეს არის საკითხი დღეის, ხვალის, ერთი კვირის და არა შორეულ მომავლის. აქ არის საჭირო გულწრფელობა და არა ის, რომ აქ ზეპირ განცხადებებით შევთანხმდეთ და ამავე დროს კი მილიონობით ფული იგზავნებოდეს ბათომის ოლქში პარლამენტის შესაკრებად. ამით ვერ გადაწყდება საკითხი საბოლოოდ. ამით ვერ დავამყარებთ სასურველ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ჩვენ გვინდა, რომ მთავრობამ მიიღოს ერთგვარი ზომები ამ საკითხის ნათლად გამორკვევისთვის. საკმაო არ არის მარტო ქაღალდზე დაწერა. ადერბეიჯანის წარმომადგენელი ბათომში ისეთ თავაშვებულ აგიტაციას ეწევა ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომ თვით კონსული ეფენდიევი აღელდა და განაცხადა, რომ მას ასეთ პირობებში იქ აღარ შეუძლიან დარჩენა. ის მუშაობა, რომელსაც ადერბეიჯანის მთავრობა აწარმოებს, საზიზღარ ხასიათს იღებს და ასეთ პირობებში ყოვლად შეუძლებელი ხდება სოლიდარულ ურთიერთობის განმტკიცება. ჩვენმა მთავრობამ ახლო მომავალში უნდა გამოარკვიოს ეს გარემოება და აუკრძალოს ისეთი მოქმედება, რომელიც არღვევს ხელშეკრულებას და ხელს უშლის იმ შეკავშირებას, რომელიც აუცილებელია ორივე რესპუბლიკისათვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც დიდი საფრთხე გვადგია კარს.

ჩვენი შეკითხვის გარჩევა დაგვიანდა, მაგრამ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ულტიმატუმი გამოურკვეველ მდგომარეობას ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარი ოლქში მაინც დარჩა. ჩვენმა ჯარმა გადალახა ყოველგვარი დაბრკოლება, გადაიარა დიდი სიმაღლე, შეიჭრა ოლქში და აჭარისტანი დაიკავა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეუძლიან მხოლოდ თავ-განწირულ, გმირულ ჯარს. ამ ორი წლის განმავლობაში ბათომის ოლქი ღვთის ანაბარად იყო მიტოვებული. ეს დიდი შეცდომა იყო. დღეს კი ამ ნაკლს ვასწორებთ - ხულო და არტაანი დავიჭირეთ. მაგრამ თუ ბათომი არ დავიჭირეთ, დაგვეკარგება სამუდამოდ. მართალია, ჩვენ ჯარს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილები უჭირავს, მაგრამ მაინც საფრთხეს უნდა ველოდეთ.

ცოტაოდენი ხნის შემდეგ მთელი ბათომის ოლქი, უეჭველია, აივსება იმ აუარებელ ბრბოებით, რომლებიც ემზადებიან შემთხვევისთვის. მაგრამ, თუ ამას დავიკავებთ, ჩვენ უეჭველათ უნდა დავიკაოთ ბათომიც, რადგანაც ის ბათომის ოლქის ზურგი არის. ჩვენ ჯარს, რომელიც ახალციხის და არტაანის მხრივ იდგა, საკვები ადგილად არ ჰქონდა ბათომი და ამ ჯარს დღესაც დასჭირდება ამ ოლქში ყოფნა. აი ამ პირობების განხორციელებისათვის საჭირო იყო მიღება დაუყოვნებლივ ზომებისა. რომ ეს მოხდეს, ბატონებო, საკმარისი არ არის, რომ მარტო შტაბი ვიყოლიოთ ბათომში. ისიც არ ვიცი ბათომში მოგვცემენ თუ არა ნებას, რომ ვიყოლიოთ შტაბი, მაგრამ ჩვენ მთელი ჩვენი ძალა და ენერგია უნდა დავხარჯოთ, რომ ჩვენ მოვიპოვოთ უფლება ბათომში ჯარის ყოლისა, აი ეს არის უმთავრესი, რასაც მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება და უნდა მიიღოს დაუყონებლივ ზომები ამის შესასრულებლად. და მოხდება ეს მაშინ, როდესაც მთელი ბათომის ოლქი იქნება ჩვენს ხელში. რაც შეეხება იმას, რომ იქ იქნება გამოცხადებული პორტო-ფრანკო და იქნება სამი რაზმი იტალიის, ინგლისის და საფრანგეთისა, ამაზე ვიტყვით მხოლოდ, რომ ჩვენ კარგად ვიცით რა ემართება იმ ბავშვს, რომელსაც შვიდი ძმა ჰყავს. და სწორეთ ბათომსაც ეს დაემართება. მე თქვენ გეკითხებით ეხლა, რომ დავიჭიროთ ბათომი და ხვალვე მოვითხოვოთ, რომ იქ იყოს ჩვენი ჯარი, მაგრამ მართვა-გამგეობა... (ხმაურობა) ჩვენს ჯარს ზიანი არ მიუყენებია. რა ზიანი ექნება მოკავშირეებს ჩვენი ჯარის იქ ყოფნით? (რეპლიკები არ ისმის. ხმაურობა). მე არ ვამბობ, რომ თქვენ არ გაქვთ მოთხოვნილება, მე მხოლოდ ვამბობ, რომ ეს უნდა დაუყონებლივ განხორციელდეს. აი, აქ არის ჩვენს შორის განსხვავება და ამით მე მინდა დავასრულო ჩემი შეკითხვა და მაქვს პატივი სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის სახელით წარმოგიდგინოთ შემდეგი რეზოლიუცია (კითხულობს):

„დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის შეკითხვა და მთავრობის განმარტება ამ შეკითხვის გამო და მიიღო რა მხედველობაში, რომ მთავრობას დღემდის არ გადაუდგამს ენერგიული და გაბედული ნაბიჯი რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, დაადგინა: დაევალოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ყოველი ღონე ბათომისა და ბათომის ოლქის დაჭერის და მათი საქართველოსთან შემოერთების უზრუნველსაყოფად და გადადის მორიგ საქმეებზე“.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე. (ს. დ.) მოქალაქენო! შეკითხვის ავტორმა წამოაყენა ერთი ცენტრალური საკითხი, რომლის გარშემო მან უმთავრესი თავისი მოსაზრებანი გამოსთქვა. ეს არის საკითხი: თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა საგარეო საქმეთა სფეროში, და მან, როგორც თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა კომისიისა, თავისი აზრი გამოსთქვა და, უნდა მოგახსენოთ, რომ საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს არ აქვს გათვალისწინებული ყველა ის შედეგები, რომლებიც მოჰყვება ამა თუ იმ ნაბიჯს საგარეო პოლიტიკაში და წინადადებას აძლევს მთავრობას, რომ მან იმოქმედოს ყოველნაირ რისკით, და ამგვარად, დაადგეს ავანტიურის გზას. ასეთი პოლიტიკა მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მთავრობა ამ პოლიტიკას არ იზიარებს. დარწმუნებული ვართ, რომ ის ასეთ დიდ საკითხში ივლის ნაცადი გზით და ისე მოიქცევა, როგორც ეს თანამედროვე პირობებს შეეფერება. ბატონებო, რაშია საქმე? ჩვენს ჯარს უნდა დაეკავებინა ბათომი, ამბობს შემკითხველი, მიუხედავად იმისა იყო თუ არა განცხადება, რომ ეს იქნებოდა ის რისკი, რომელიც მთავრობას უნდა გაეწია.

როდესაც თქვენ ცუდ პურსა სჭამთ - ეს რისკი არის, როგორც მდივანმა მოგახსენათ. რასაკვირველია, ეს მართალია, მაგრამ ეს პირადი რისკი არის. ხოლო, როდესაც რისკი ეხება მთელ ერს, ჩვენს სახელმწიფო არსებობას და ჩვენს დამოკიდებულებას მოკავშირეებთან, აი ამ შემთხვევაში მხოლოდ გრძნობით გატაცებულ ადამიანს შეუძლიან სთქვას, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და არ უნდა გაუწიოთ ანგარიში არავითარ პირობებს. მე ვფიქრობ, რომ ამ გზას დაადგება მხოლოდ ის, ვინც სდგას პასუხისმგებლობის გარეშე. (შ. ნუცუბიძე: მდივანს ეს არ უთქვამს!).

მე მოვისმინე, ბატონებო, შეკითხვის ავტორი და მან მკაფიოდ განაცხადა ეს აქ. პურის მაგალითი გახსოვთ? ბატონ მდივანს შეუძლია სჭამოს შავი პური და რისკი გასწიოს, მაგრამ ქართველ ერს არ შეგიძლიათ მიაწოდოთ ისეთი საგანი, რომელიც შეიძლება ვერ მოინელოს. ამგვარად საკითხის დაყენება არის მხოლოდ ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოება. რადგან რისკი, რომელიც არ უწევს ანგარიშს არავითარ შექმნილ პირობებს, არის ნამდვილი ავანტიურა, ჩვენ ამ პოლიტიკას უარვყოფთ, როგორც მუდამ უარვყოფდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჯარს შექმნილი პირობების მიხედვით არ შეეძლო დაეჭირა იმ ხანებში ბათომი და მისი მიდამოები, მაინც შესაძლებელი გახდა, რომ მას დაეჭირა ბათომში მომავალი ორი დიდი გზა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად. ამგვარად ფაქტიურად ჩვენი რეალური ძალა ოლქში შევიდა, ამას მოითხოვდა თვით მოკავშირეების ინტერესები, რადგან ჩვენი ჯარის შესვლამ ოლქში ლაგამი ასდო ბანდიტებს, ავანტიურისტებს და იქ მოთარეშე ბოლშევიკებს. ბატონმა მდივანმა პირველ თავის სიტყვაში მოგახსენათ, რომ ნატანების ფრონტიდან ჯარი თვალცრემლიანი დაბრუნდაო. დიაღ, ჯარმა მიიღო ბრძანება და მან ის ყოვლად უყოყმანოდ შეასრულა. ის თვალცრემლიანი დაბრუნდა, ის გრძნობამ ვერ გაიტაცა; ჯარს სჯერა, რომ საქართველოს სათავეში მდგომი მარტო გრძნობებით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ უპირველესად გონებით და გონების ნაკარნახევი იყო, რომ ნატანების ფრონტი შეგვესუსტებია იმისათვის, რომ ჩრდილოეთის ფრონტი ბოლშევიკებისაგან თავდასაცავად გაგვეძლიერებია. და ეს ასეც მოხდა. ჯარი ყოველთვის მზად იქნება, როდესაც კი საქართველოს მტერი მოევლინება. შეებრძოლება ის მტერს და ლახვარს ჩასცემს. ის გრძნობა ჯარისა, რომელზედაც მდივანმა ილაპარაკა, იმის თავმდებია, რომ ჩვენს მომხდურ მტერს ისე დახვდება, როგორც ეს საჭირო არის. (ს. დადიანი: აი, სწორედ ამისთანა ძალა არ უნდა შეაცდინოთ!) მეც ამას მოგახსენებთ: ყოველი ავანტიურა შეცდომაა, ხალხის დაღუპვაა. თქვენ ამას გვირჩევთ, ჩვენ კი უარს ვყოფთ. თუ მდგომარეობა შეიცვალა, გადაწყვეტილებაც უნდა შეიცვალოს, ტაქტიკა შეიძლება 24 საათში ოცდაოთხჯერვე შეიცვალოს, ცოცხალი საქმე ასეთია და ცხოვრებაც ამას მოითხოვს, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, რომ ის ისეთივე წინდახედულად, ისეთივე ანგარიშის გაწევით შექმნილ მდგომარეობისა მოიქცეს, როგორც იქცეოდა აქამდე და ყოველი საკითხი მას უნდა გადაეჭრა ისე, რომ არ გაეთვალისწინებია ყოველი შექმნილი გარემოება. აი, ასეთი დიდი გარემოება, ასეთი დიდი ფაქტორი არის ის საშინელება, რომელიც ჩვენ მოგველის ჩრდილოეთიდან.

ბატონებო, დღევანდელ გამოსვლას ხალხისას კრებებზე და მიტინგებზე უნდა მიეცეს ის მნიშვნელობა, რომ დღეს იდგა საკითხი არა მარტო ბათომის შესახებ, როგორც საკითხი იყო აქ დაყენებული, არამედ მთელი საქართველოს დამოუკიდებლობისა. დამოუკიდებელ საქართველოს არსებობა უბათომოდ არ შეიძლება. ხალხი გრძნობდა ამას და არ შეუძლიან ეს გრძნობა დამალოს, ის ამბობს უბათომოდ საქართველოს არ შეუძლიან არსებობა (ხმები: მართალია, მართალია!) და აი სწორედ ხალხის და დამფუძნებელი კრების მთლიანი გამოსვლა მიმართულია, როგორც ჩრდილოეთიდან მომავალთა წინააღმდეგ, ისე იმ პირთა წინააღმდეგ, რომელნიც ბათომში მუშაობენ და იქ ჩვენს თანამოძმეებს შორის შუღლს სთესავენ. ამიტომ დღევანდელი ლოზუნგი იყო: ბათომი და დამოუკიდებელი საქართველო, ბათომი დამოუკიდებელ საქართველოში, შეერთება ორი განუყრელი ძმისა. და თუ ვინმემ სხვა ლოზუნგი წამოისროლა, ის იქნებოდა რომელიმე უპასუხისმგებლო პირი, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა. ჩვენი ხმა კი უნდა მისწვდეს მთელი ევროპის სახელმწიფოებს და მათ დემოკრატიას, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობა და მას უნდა ჰქონდეს ყველა ის ატრიბუტები და თვისებები, რომელიც აქვს სახელმწიფოს საერთოდ.

მოქალაქენო, რამდენიმე წუთით უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ერთ საკითხზე. ჩვენი ძმები, ქართველი მაჰმადიანები, ბათომის ოლქის და ქალაქის მცხოვრებნი არა ერთხელ განიცდიდენ ჭრილობებს. იყო დრო, როცა განიცდიდენ ჭრილობებს. იყო დრო, როცა განიცდიდენ ზნეობრივ ჭრილობას, ეს მაშინ, როცა მათ რუსეთის თვითმპყრობელობა ეუბნებოდა: თქვენ ქართველები არა ხართ, თქვენ თურქები ხართო. დღესაც აჭარლებს შორის დაძრწიან ბნელი პირები, რომლებსაც სურთ ფალსიფიკაცია უყონ მათ ნებისყოფას, ავრცელებენ ათასგვარ ჭორებს, მოუწოდებენ მათ ოსმალეთისკენ, ზოგნი კი ბალშევიკებისაკენ. სამწუხაროდ ამ ტრიბუნიდან ითქვა ისეთი რამ, რომელიც ერთგვარი ჭრილობაა ჩვენი ძმებისადმი და მე მინდა ეს ჭრილობა მოვბანო. აქ განაცხადეს, რომ იმ პოლიტიკის წყალობით, რომელსაც საქართველოს მმართველი წრეები აწარმოებდა, ის დღეს გარიყულია, მას მოკავშირე არა ყავსო და ამით ვითომდა ისინი, ჩვენი მოძმენი, უნუგეშო მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვაცხადებთ საჯაროთ, საქვეყნოთ, რომ საქართველოს ჰყავს მოკავშირეები, ესენი არიან: დასავლეთ ევროპის მოკავშირეები და მათი დემოკრატია. შეიძლება ჩვენ მართლაც იზოლაციაში ვიყოთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ ბალშევიკებთან. ჩვენ იმ საერთო ენას ვერ გაგიზიარებთ, რომელიც გამონახეს ოსმალეთის იმპერიალისტებმა და ბალშევიკებმა, ეს ენა ჩვენ ესერებისათვის დაგვილოცნია. აქ ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ ჩვენ ბათომი დავკარგეთ, ის არა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მართალი. ბათომის ოლქის მცხოვრებნი, ჩვენი ღვიძლი ძმები, ჩვენთან არიან. ყოველივე ინტრიგას აჯობა ნათესავობის ერთობის გრძნობამ და ჩვენ განუყრელი ვართ. თუ ეს ფაქტორი არ არსებობს, სადაც არ უნდა შეიყვანო ჯარი, ვერას გახდება, მაგრამ, როდესაც ასეთი ეროვნული მიდრეკილება მტკიცეთ, შეურყევლად არსებობს, მაშინ ბათომი არ დაგვიკარგავს და ვერც დავკარგავთ. აი, მე დღეს ხელთა მაქვს დღევანდელი ნომერი ბათომის ქართულ გაზეთ „სამუსლიმანო საქართველო“, რომელშიაც აუარებელი პეტიციებია მოთავსებული საქართველოს მთავრობისადმი. მე თავს არ შეგაწყენთ ყველას წაკითხვით, ეს არც საჭიროა, მე წავიკითხავ მხოლოდ ორ ადგილს. აი ერთი: (კითხულობს): „ართვინის წარმომადგენელთა ყრილობა სთხოვს საქართველოს მთავრობას იხსნას ისინი უბედურებისაგან და ყოველი ღონე იღონოს სამაჰმადიანო საქართველოს ავტონომიურ საფუძველზე საქართველოსათვის შესაერთებლად». ამასვე თხოულობს ბორჩხის მცხოვრებნი. (კითხულობს). აი, ეს არის ჩვენი უდიდესი გამარჯვება, ეს არის საბუთი მიმართული ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ადგილობრივ მცხოვრებთა შორის მოქმედობენ. და რომ ბათომის ოლქში ამგვარად მოქმედობენ მოკავშირეთა ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენ ეს კარგათ ვიცით ბალშევიკების და ოსმალეთის იმპერიალისტების დადგენილებიდან; ამიტომ საჭიროა ზომების მიღება, რათა ხალხის ეს უტყუარი სურვილი ევროპის წინაშე სხვანაირად არ გაასაღონ. აი ამ ჩვენ ძმებს, რომელნიც მოგვიწოდებენ, რომ ზომები მივიღოთ მათ შესაერთებლათ საქართველოს დამფუძნებელი კრება მიაწვდის თავის ხმას ამის შესახებ, რომ ბათომი და მისი ოლქი უნდა იყოს საქართველოს ნაწილი, ავტონომიურ საფუძველზე (ტაში). დამფუძნებელი კრება სალამს უძღვნის იმ ჯარს, რომელმაც გადალახა ზღაპრული დაბრკოლებანი, სტიქიონური პირობები, რომელიც მას წინ ეღობებოდა და შევიდა ბათომის ოლქში, დაიჭირა იქ ადგილები და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. დამფუძნებელი კრება და მთელი ერი სალამს უძღვნის იმ თანამოძმეებს, რომლებიც ილტვიან თავის ღვიძლ დედასთან - საქართველოსთან, სადაც შეიძლება მათი ნორმალური განვითარება.

და დღეს მთელ მოწინავე კაცობრიობას უნდა მისწვდეს ძახილი ქართველი ერისა, რომ ბათომი და მისი ოლქი დარჩეს საქართველოს ფარგლებში ავტონომიურ საფუძველზე, რომ ის განვითარდეს იქ, სადაც შესაძლებელია, რომ ეს ძარღვი საქართველოს სხეულისა არ შეიძლება მოჭრილ იქნეს, რომ ამ ძარღვის მოჭრით სისხლისაგან დაიცლება მთელი სხეული. აი, ეს ხმა უნდა გაისმას აქედან მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მეზობლებიც იზიარებენ იმ დებულებას, ბათომი და მისი ოლქი არ იქნეს ავანტიურისტების ხელში, რომ ბათომი უნდა დარჩეს საქართველოს ფარგლებში, ამას მოითხოვს ევროპის ინტერესიც. ჩვენ გვწამს რომ ეს ხმა მისწვდება ევროპას და ბათომის საკითხი სასურველად გადაწყდება. აი ამ იმედით ჩვენ მივმართავთ ქართველ ერს და გეტყვით: საიდანაც არ უნდა მოგვევლინოს საფრთხე, - დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან, ამას წინ აღუდგება ლოზუნგი: „საქართველო უნდა დარჩეს დამოუკიდებელი“. და აი, ამ დროს ქართველი ერი არ დაუშვებს ძირს თავის დროშას და მის დასაცავათ იბრძოლებს უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. (ტაში).

(ორატორი კითხულობს ს.-დ. ფრაქციის მიერ წარდგენილ რეზოლიუციას):

„მოისმინა რა სოც.-ფედ. ფრაქციის შეკითხვა და გარეშე-საქმეთა მინისტრის მოხსენება მოკავშირეთა მიერ ქალაქ ბათომის პორტო-ფრანკოთ გამოცხადებისა და ბათომის ირგვლივ დამოკიდებული ზონის დაწესების თაობაზე, დამფუძნებელი კრება საქვეყნოდ აცხადებს:

საქართველო მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო - შავი ზღვის პირად, ევროპასა და აზიას შუა - უხსოვარ დროიდან შექმნილი ევროპისათვის იმ კარად, რომლითაც აზიას უნდა მოჰფენოდა ევროპიული კულტურისა და ცივილიზაციის შუქი.

საქართველოც პირნათლად ასრულებდა ამ ისტორიულ მისიას და მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავის საუკეთესო შვილთა სისხლით იცავდა თავისუფლებასა და ევროპიულ კულტურას აზიური ბარბაროსობისაგან.

თავის არსებობისათვის ბრძოლით საქართველო იმავე დროს აჩერებდა აზიიდან ევროპისაკენ მიმავალ ურდოებს, რითაც ის ევროპას თავდაცვასა და თავისუფალი კულტურული აღორძინების საქმეს უადვილებდა.

მძიმე იყო ის მდგომარეობა და საქართველოს არა ერთი და ორი ბარბაროსული შემოსევა განუცდია; არა ერთხელ აოხრებულა მისი დაბა-ქალაქები და ხალხის წმიდათა-წმიდა არა ერთხელ შებღალულა.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში შესძლო თავისი კულტურული სახის შენარჩუნება.

მაგრამ მეთხუთმეტე საუკუნეში საქართველოს თავს დამტყდარმა უბედურებამ გასტეხა იგი წელში: თურქების მიერ ბიზანტიის დაპყრობამ გააძლიერა აზია და ოსმალეთმა მეჩვიდმეტე საუკუნეში უკვე შესძლო საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეულის დასახიჩრება: მოჰგლიჯა საქართველოს მისი საუკეთესო ნაწილი სამხრეთ-დასავლეთიდან - ახალციხე და არტაან-ბათომი, ეს გზა და ხიდი საქართველოსი ევროპასთან ურთიერთობისათვის.

რაკი დასავლეთით საქართველო მოსწყდა ევროპას, ამ უკანასკნელთან კავშირის გასაბამათ მეთვრამეტე საუკუნის გასულს ის თავისი ნებით შეუკავშირდა რუსეთს, რომელმაც მას მფარველობა აღუთქვა. მაგრამ რუსეთის თვითმპყრობელობამ ცბიერი ღალატით უპასუხა საქართველოს კთილშობილ მეგობრობას და სრულიად მოუსპო დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ამგვარად დანაწილებული, ის იმედს მაინც არ ჰკარგავდა და, მიუხედავად პოლიტიკური მონობისა, ას ჩვიდმეტი წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეროვნული კულტურა და პოლიტიკური თვითცნობიერება, ხოლო როცა დაირღვა ძველი რუსეთი, საქართველო მტკიცედ შეუდგა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას. საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში გაჰყიდა საქართველოს ხალხის სუვერენული უფლებანი - ბათომ-არტაან-ოლთისი ოსმალეთს გადასცა. ქართველი ხალხი ერთსულოვნად ამხედრდა ამ ისტორიული თვითნებობის წინააღმდეგ და ბათომის კარებთან საუკეთესო შვილთა სისხლი დაღვარა. მართალია, ბოლშევიკური ანარქიით დაუძლურებულმა საქართველომ მაშინ დაჰკარგა ბათომი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ უხეში ძალმომრეობის აქტი. სულიერად ბათომი მაინც დედა-საქართველოსთან იყო, ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია მასთან კავშირი. მიუხედავად ოსმალეთის ასეული წლების ბატონობისა, მიუხედავად ოკუპაციისა - ჯერ ოსმალეთის, ხოლო შემდეგში მოკავშირეთა ჯარების მიერ - და ოსმალეთის ჩეტნიკების თავაშვებული თარეშისა, ბათომის მხარეს ხელი არ აუღია დედა-საქართველოზე. ჯერ შარშან აგვისტოში მედგრად გაისმა მრავალტანჯული აჭარის ხმა, რომელიც საქართველოსთან დაბრუნებას ითხოვდა. ასეთივე ხმა გაისმა თებერვლის არჩევნების დროს ქალაქ ბათომში: ბათომის მცხოვრებლებმა საქვეყნოდ განაცხადეს საქალაქო არჩევნებში, რომ ბათომი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. რამდენად ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო ბათომის მცხოვრებთა ნება-სურვილი, რომ ეს უკანასკნელი თავისუფლად გამოთქმულიყო ოკუპაციის დროს, მაშინ, როცა ბათომის ქართველი მცხოვრებლები დაქსაქსული იყვნენ.

ბათომის ოლქის მცხოვრებთა სურვილი არ არის შემთხვევითი მოვლენა. ბათომის ოლქი შეკავშირებულია დანარჩენ საქართველოსთან ათას წლოვანი კულტურითა და ძმური ერთობით, მიუხედავად ისტორიული ბედის უკუღმართობისა, ბათომის ოლქში ქართველობა დღესაც მცხოვრებლების 95 პროცენტს შეადგენს. ამ ხალხისთვის აუტანელია ის რეჟიმი, რომელიც დღეს იქ ბატონობს და რომელსაც არაფერი აქვს საერთო მკვიდრ მცხოვრებლების ზნე-ჩვეულებასა და ყოფა-ცხოვრებასთან. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ბათომის ოლქში დღემდის საშინელი ანარქიაა გაბატონებული: ძარცვა-გლეჯასა და კაცის კვლას ძლიერი ფესვები გაედგა ამ მხარეში - და, რაც სრულიად უჩვეულო და უცხო იყო საქართველოსათვის, ბათომში არა ერთსა და ორს დარბევას ჰქონდა ადგილი ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა ბათომის მხარე, მოწყვეტილი დედა-საქართველოს ეკონომიურად, საშინელ სასურსათო კრიზისს განიცდის, რაც კიდევ უფრო აორკეცებს მცხოვრებთა აუტანელ მდგომარეობას.

საქართველოს და მის ორგანულ ნაწილს - ბათომს, მიუხედავად ზემოაღნიშნული უსამართლობისა და გაჭირვებისა, ერთხელაც არ დაუკარგავთ წონასწორობა, რადგანაც მოკავშირეთაგან მოელოდნენ გამოსარჩლებასა და საარსებო ინტერესების პატივისცემას.

საქართველოს ხალხის ეს კანონიერი მოლოდინი ჯერ ვერ განხორციელდა.

მაგრამ არის მეორე გარემოება, რომელიც ყურადსაღებია მოკავშირეთათვის: როგორც ძველად ებრძოდა საქართველო აღმოსავლეთის ბარბაროსებს, ისე დღეს იბრძვის ის ბოლშევიკური ანარქიის წინააღმდეგ, იმ ანარქიისა, რომელიც ოსმალეთის ფაშებს უწვდის ხელს და ამ გზით ჰპირდება გაბედნიერებას აზიის ხალხებს. და დამფუძნებელი კრება ჰფიქრობს, რომ კავკასიაში მშვიდობიანობის დასაცავად საჭიროა საქართველოს არ ჰქონდეს წართმეული საშუალება თავისი დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივობის დაცვისა. ხოლო უბათომოდ მას არ შეუძლია. საქართველოს უნდა შერჩეს მისი ბუნებრივი ნაწილი ბათომი, რომ ამ გზით შესძლოს ევროპასთან კულტურული ურთიერთობის დაჭერა. დამფუძნებელი კრება ვერ დაჰფარავს, რომ ის მუშაობა, რომელიც დღეს ბათომის ოლქში სწარმოებს, ფეხქვეშ სთელავს რა საქართველოს უფლებათ, იმავე დროს ძირს უთხრის ევროპის ინტერესებს და ხელს უწყობს ამიერ-კავკასიაში აღმოსავლეთის ბარბაროსობის დამკვიდრებას.

დამფუძნებელი კრება მიესალმება დედა-საქართველოს სახელით მის განუყრელსა და ავტონომიურ ნაწილს სამუსლიმანო საქართველოს, უთვლის ვაშას ბათომის ოლქში მდგომ შეიარაღებულ ძალებს და მთელ ჯარსა და სახალხო გვარდიას და ადგენს: 1. მიენდოს მთავრობას მტკიცე ნაბიჯი გადასდგას მოკავშირეთა მიმართ, რათა ბათომი და მისი ოლქი საქართველოს დაუბრუნდეს. 2. დაევალოს პრეზიდიუმს მიმართოს მოკავშირეთა პარლამენტებს, რათა მათ მხარი დაუჭირონ ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების განხორციელებას - ბათომის ოლქის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხში“.

თავმჯდომარე. ამგვარად წარმოდგენილია ორი რეზოლიუცია. კენჭს უყრი მათ. ვინ არის მომხრე პირველი რეზოლიუციისა? ვინ არის მეორეს მომხრე? მიღებულია ს.-დ. ფრაქციის რეზოლიუცია. (ტაში). გთხოვთ მოისმინოთ შემდგომი სხდომის წესრიგი. (მდივანი კითხულობს). სხდომა დახურულია.

სხდომა იხურება 11 1/2 საათზე.

3 მესამე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(3)

1920 წელი. მარტის 23 დილა. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. დეკრეტი - გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 500.000 მანეთის გადადებისა საგანგებო ხარჯების დასაფარავად.

2. დეკრეტი - ევროპაში კომერციულ სააგენტოს დაარსებისათვის და ეკონომიურ მისიის გასაგზავნად 20 მილ. მან. გადადებისა.

3. დეკრეტი - ფოსტა-ტელეგრაფის ნიხრის გადიდებისა.

4. კანონი - რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ადგილობრივ მმართველობის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

5. საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფრ. ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 ს. და 40 წუთ.

თავმჯდომარე. დაბრძანდით, სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.

2. დეკრეტი - საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კ. ღირებული მასალის მიცემის შესახებ.

3. დეკრეტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯის დასაფარავად 4.034.304 მან. და 92 კაპ. გადადებისა.

4. დეკრეტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლისა.

5. დეკრეტი - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებული ფასის გადიდებისა.

6. დეკრეტი - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა.

7. დეკრეტი - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისა.

8. დეკრეტი - ბათომის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებად 260.000 მან. გადადებისა.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

10. დეკრეტი - ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსების შესახებ.

11. დეკრეტი - მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის დაარსებისა და შტატის დამტკიცებისა.

12. დეკრეტი - საქონლოს ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელ სადგურისათვის ს. ტაბახმელაში მელიქიშვილის მამულის შესაძენად 1.060.000 მან. გადადების შესახებ.

13. დეკრეტი - სახალხო სკოლის მასწავლებელთა ხუთ-წლეულების დასაკმაყოფილებლად 4.193.333 მან. გადადებისა.

14. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების შესახებ.

16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის სამინისტროს და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

17. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის.

18. დეკრეტი - ევროპაში კომერციული სააგენტოების დასაარსებლად და ეკონომიური მისიის გასაგზავნად 20.000.000 მან. გადადებისა.

19. დეკრეტი - პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის მოკლევადიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240.000 მან. გადადებისა.69

20. დეკრეტი - სვანეთის სამკურნალო დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

21. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ პროექტისა - რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ადგილობრივ დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

22. დეკრეტი - გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 5.000.000 მ. გადადებისა საგანგებო ხარჯების დასაფარავად.

23. დეკრეტი - ფოსტა-ტელეგრაფის ნიხრის გადიდების შესახებ.

თავმჯდომარე. შემოსული გახლავთ წინადადება სოც.-დემ. ფრაქციის მიერ, პირველ საკითხად დაისვას მე-22 საკითხი, მეორედ - მე-18, მესამედ - მე-23, მეოთხედ - მე-21-ე, მე-3-ე საკითხი გადატანილ იქნას მე-13-ეთ. დანარჩენი საკითხები წავლენ უცვლელად. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? წინააღმდეგი არავინ არის. დღიური წესრიგი მიღებული გახლავთ. პირველ საკითხს მოგახსენებთ დამფ. კრების წევრი სალაყაია.

1. დეკრეტი გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 5. მილ. მან. გადადებისა საგანგებო ხარჯების დასაფარავად.

სალაყაია. (ს. დ.) გარეშე-საქმეთა მინისტრი შევიდა მთავრობაში მოხსენებით, რათა ბათომის ოლქში საგანგებო ხარჯების დასაფარავად გადადებულ იქნას მის განკარგულებაში 5 მილ. მანეთი. ეს პროექტი იქნა მიღებული მთავრობის მიერ, შემდეგ იქნა მიღებული კონტროლის და ფინანსთა მინისტრის მიერ და აგრეთვე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ, რომელიც დამფ. კრებას სთხოვს მის დადასტურებას.

თავმჯდომარე. სიტყვას ვინ ინებებს ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

სალაყაია (კითხულობს მუხლობრივ). დეკრეტი იქნა მიღებული ერთხმად და გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად.

თავმჯდომარე. შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ-ნი გომართელი.

2. დეკრეტი ევროპაში კომერციულ სააგენტოს დაარსების და ეკონომიურ მისიის გასაგზავნად 20 მილ. მან. გადადებისა.

გომართელი (ს.-დ.) დეკრეტი შეეხება ევროპაში ეკონომიურ მისიის გაგზავნას და ფინანსურ სააგენტოების დაარსებას. საკითხი ჩვენის აზრით მისაღებია, ვინაიდან თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უმთავრეს ღერძს შეადგენს ეკონომიური საკითხი. სხვა ზომებთა შორის ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა, რომ ჩვენმა რესპუბლიკამ დაიჭიროს მჭიდრო კავშირი ევროპის სახელმწიფოებთან. დღემდის ეს კავშირი არ გვქონდა, ხოლო მიზეზი ამისა იყო ერთი ის, რომ ჩვენი მდგომარეობა არ იყო განმტკიცებული, მეორე კი ის, რომ არ ვიყავით ცნობილი ევროპის მიერ და ეს დიდი დაბრკოლება იყო. დღეს მდგომარეობა უფრო მტკიცეა და ევროპამ ასე თუ ისე გვიცნო და ამიტომ დღევანდელ პირობებში ასეთი მისიის გაგზავნა მეტად მიზან-შეწონილი არის. ფინანსთა სამინისტროს უწყება მოითხოვს ამ მისიის გაგზავნას. მისიის ხარჯისათვის დაახლოვებით საჭირო იქნება 15 მილიონი. მისიის გაგზავნასთან ერთად ევროპის დიდ სახელმწიფოებში აუცილებელია დაარსდეს საკომერციო აგენტურებიც. რომ აგენტურებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ ესეც კარგად მოგეხსენებათ. დღეს უმთავრესი სავალუტო საქონელი არის მთავრობის ხელში. მთავრობამ ეს საქონელი უნდა გაიტანოს და სამაგიერო საქონელი შემოიტანოს. მეტად შეფერხდება საქმე იმ პირობებში თუ არ გვეცოდინება ევროპის ბაზარს რა საქონელი ესჭიროება, რა ფასებია იქ. ყოველივე ამის გაგება არის საჭირო. ასეთი სააგენტოები ჯერ-ჯერობით დაარსდება უმთავრეს სახელმწიფოებში: საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში და სკანდინავიაში, შემდეგ და შემდეგ საჭირო იქნება გაფართოვება ამ სააგენტოებისა. ამ სააგენტოების მოწყობას სჭირდება დაახლოვებით 5 მილ. მანეთი, ასე რომ სულ საჭიროა დეკრეტში აღნიშნული 20 მილ. მანეთი. თუ ეხლა მივიღებთ მხედველობაში ფულის კურსის დაცემას და იმ გარემოებას, რომ ამ მისიის გაგზავნას და სააგენტოს მოწყობას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მე მგონია ეს თანხა დიდი არ არის. კონტროლიორის აზრი ისეთია, რომ უნდა იქნას დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნილება. დეკრეტი შემოვიდა ფინანსთა უწყებისაგან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

გომართელი. (კითხულობს მუხლობრივად).

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოსული ამ დეკრეტის საბოლოო ტექსტი ეხლავე იქნას წაკითხული. წინააღმდეგ ხომ არავინ არის ამისა? არავინ.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ გამართელს.

3. დეკრეტი ფოსტა-ტელეგრაფის ნიხრის გადიდებისა.

ი. გომართელი. ეს დეკრეტი შეეხება ფოსტა-ტელ. კორესპოდენციის ნიხრის გადიდებას. ამ დეკრეტს აქვს დროებითი ხასიათი და გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემოსავალი გასავალს არ ფარავს. ასეთ პირობებში ისმება საკითხი, რომ ეს ნიხრი გადიდებულ იქნეს. უნდა მივიღოთ მხედველობაში ისიც, რომ განსხვავება შემოსავალს და გასავალს შორის აიხსნება იმ გარემოებითაც, რომ ჩვენ ვართ ჩამწყვდეული ჩვენ საზღვრებში, ჩვენი საზღვარს გარეთი არის ბათომი, ერევანი, ბაქო. ამას იქით ჩვენი კორესპოდენცია არ გადის. როდესაც ერთს ხანს ჩვენი კორესპოდენცია გადიოდა რუსეთში და ევროპაში, შემოსავალმა ერთი სამათ იმატა. ეს გარემოება გვიმტკიცება, რომ როდესაც პირობები შეიცვლება, გზები გაიხსნება, ჩვენი კორესპოდენცია გავა რუსეთში და საზღვარ გარეთ და ამისდა მიხედვით შემოსავალი იმატებს, შესაძლებელი იქნება ეს ნიხრიც იყოს შეცვლილი. ამიტომ ეს ნიხრი გახლავთ დროებითი. უნდა გადიდდეს ნიხრი ამგვარად (კითხულობს).

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ვინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (გომართელი კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. განზრახულია მე-4 მუხლში შემდეგი შესწორება: „უმცირესი 2 მანეთი“ შეიცვალოს: „უმცირესი 3 მანეთი“. შესწორების შესახებ სიტყვას ხომ არავინ ინებებს? ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? მუხლი მიღებულია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ სალაყაიას.

6. კანონი რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ადგილობრივ მმართველობის შტატების და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

სალაყაია. ამ კანონ-პროექტით უნდა გაუქმებულ იქნას ყველა ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულება, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ იყო დაწესებული. მე არ შევეხები საერთოდ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფოსტა-ტელეგრაფს და, ტელეგრაფს სახელმწიფო ცხოვრებაში, ვიტყვი მხოლოდ, რომ ყველა კულტურულ სახელმწიფოებში დაინტერესებულნი არიან რაც შეიძლება მეტი ტელეგრაფი და ტელეფონის ქსელი გაიყვანონ თავის სახელმწიფოში. ამას აქვს დიდი ეკონომიური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ამ მხრივ ჩვენი სახელმწიფო დაინტერესებულია რათა ქსელები გავრცელებული იყოს. უწყებამ ამ მხრივ დიდი ზომები მიიღო. ეს სჩანს იმ მოხსენებიდან, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, თუ რა ზომები იყო მიღებული და რა გააკეთა უწყებამ 1918 წლიდან გვიჩვენებს შემდეგი ციფრები. 1918 წ. ყოფილა სულ 19 დაწესებულება, დღეს არის 150 ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულება და 160 ტელეფონის. მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მოსამსახურენი, რომელიც მსახურობენ ტელეგრაფის და ტელეფონის დაწესებულებაში მეტად მცირე ჯამაგირს იღებენ, და ამიტომ იყო შემოტანილი პროექტი, რომ მათი ჯამაგირები გადიდებული ყოფილიყო და შტატი შეცვლილი, რომელიც იყო მიღებული ძველი მთავრობის მიერ. ეს შტატები და ხარჯთაღრიცხვა მიიღო საუწყებათაშორისო კომისიამ, შემდეგ განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, შეიტანა შიგ სულ მცირედი ცვლილება და შემდეგ იყო მიღებული და ითხოვს დამფუძნებელ კრებისაგან იქნას დადასტურებული.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს დადიანს.

სამ. დადიანი (სოც.-ფედ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენ ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგნი არა ვართ. პირიქით, სამწუხაროა, რომ ეს კანონ-პროექტი ძლიერ დაგვიანებით შემოვიდა და ამით შეიძლება ბევრი ზიანი მოუვიდეს, როგორც უწყებას, აგრეთვე რესპუბლიკას. ამდენი ხნის განმავლობაში თითქმის მხოლოდ ფოსტა-ტელეგრაფის უწყება დარჩა ისეთი, რომელსაც არც შტატი აქვს შემუშავებული და მოსამსახურეთაც ყველა სხვა დარგზე ნაკლები ჯამაგირები აქვთ. ეს უწყება რაღაც უკანონო შვილია რესპუბლიკისა. ამას წინედ მე შემთხვევა მქონდა მეთქვა, რომ ამ უწყებაში ყველაფერი რიგზე არ არის-მეთქი და აი დღეს მე ვეცდები გადავშალო თქვენს წინაშე მთელი ვითარება.

სახელმწიფო უფლების მეცნიერნი და მკვლევარნი უკანასკნელი დროისა, რომელნიც ანგარიშს უწევენ სახელმწიფოს ფორმების ევოლიუციას, აღნიშნავენ რა ხალხოსნური ტენდენციის გაძლიერებას, ამბობენ: საუკეთესო კრიტერიუმი იმისა, თუ რა ტიპის სახელმწიფოსთან გაქვთ საქმე, არის ის წესი, რომლის მიხედვით ხდება კონსტიტუციის განხილვა და ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვლა მისი. მე ვიტყოდი აგრედვე, რომ სახელმწიფოს ისიც ახასიათებს, თუ როგორი უფლებები აქვთ სახელმწიფოს და საზოგადო ორგანიზაციათა მოსამსახურეთა პროფესიონალურს კავშირებს. დემოკრატიული რესპუბლიკა უაღრესად იმით დახასიათდება, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს მუშათა ორგანიზაციებს შორის, ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი უფლებები მოსამსახურეთა პროფესიულს ორგანიზაციებს, - აი ეს არის მოთხოვნილება ხალხოსნური მართვა-გამგეობისა.

უფლებები მოსამსახურეთა მიღების, დათხოვნის, დასჯის საქმეში ჩარევისა; უფლება მოსამსახურისა, იცოდეს რისთვის სჯიან, ან ითხოვენ მას; უფლება გაფიცვებისა; უფლება ულტიმატუმისა და სხვ. ეს არის საადმინისტრაციო საკითხი მხოლოდ, ეს უნდა შეადგენდეს აგრეთვე კავშირის კომპეტენციას.

სადაც ეს უფლებები არ არის, იქ არის ბიუროკრატიული წეს-წყობილება და არა დემოკრატიული რესპუბლიკა. სამწუხაროდ, შინაგან-საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ექვემდებარება ეს უწყება, და თვით უწყების ადმინისტრაცია, სდგანან ნამდვილს ბიუროკრატიულ ნიადაგზე.

რასაკვირველია, მე არ მეუცხოება, არ მიკვირს, როდესაც გაბატონებული პარტია, სოც.-დემოკრატები, მისი მთავრობა და მისი ადმინისტრაცია, რომელიც გამტარებელია სამინისტროს გეზისა, იქ მოქმედებს ვიწრო პარტიული ინტერესების მიხედვით. ეს მარტო ჩვენში არ არის ასე. ამას წინად მოგახსენეთ და ახლაც ვიმეორებ, რომ ამერიკაში სულ უკანასკნელ დრომდე სრულიად აშკარად აცხადებდა ესა თუ ის გამარჯვებული პარტია: მე გავიმარჯვე, სახელმწიფო სამსახური და მთელი ადგილები ჩემი ნადავლია და გაუყოფ კიდეც იმათ, ვინც მე გამარჯვება მომანიჭაო და ანაწილებენ ადგილებს თავიანთი პარტიის წევრთა შორის. ასე ხდება ჩვენშიაც. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. გადაჭარბებული არაფერი ვარგა და ასეთი გადაჭარბებით თქვენ ზიანს მოუტანთ რესპუბლიკას.

ამას წინად ოლქის უფროსმა და მისმა ადმინისტრაციამ დაითხოვა მოსამსახურე. ფ-ტელ. მოსამსახურეთა პროფესიონალურმა კავშირმა მიიჩნია ეს უსამართლოდ და კავშირის გამგეობა მივიდა მინისტრთან სათხოვნელად, მაგრამ მინისტრის ამხანაგმა ბ. ჭიჭინაძემ მათ არც კი მოუსმინა და თითონ მინისტრი ბ. რამიშვილი კი კიდეც დაემუქრა: რესპუბლიკის საზღვრებს გადაგაცილებთო.

ამ მოლაპარაკების დროს ოლქის უფროსმა მგელაძემ თითონ მინისტრთან განაცხადა: მე ვერ შეურიგდები ისეთს ხალხს უწყებაში, რომელნიც მთავრობის გეზს არ იზიარებენო, - «Инаго мыслящихъ я на службѣ не допущу»-ო. ამაზე ბ. მინისტრმა შენიშვნაც მისცა მგელაძეს: არა, ეს არ შეიძლება; აი ჩემს სამინისტროში მე ყურადღებას არ ვაქცევ ვინ რა მრწამსისა არისო. მიუხედავად ასეთი შენიშვნისა, ბ. მინისტრო, თქვენი ადმინისტრატორი ისევ ისე განაგრძობს ამ „ინაგო მისლიაშჩების“ დევნას. მას ისე წარმოუდგენია მართლადაც, რომ ეს რესპუბლიკა მისი პარტიის ნადავლია და უყოფს იგი ამ ულუფას თავისიანებს. აი ის ყოვლად შეუწყნარებელი გეზი, რომელსაც ანხორციელებს ფ.-ტ. ადმინისტრაცია. ამის დასამტკიცებლად, რომ უწყებაში ადმინისტრაცია სდევნის ყველა არა სოციალ-დემოკრატს, წაგიკითხავთ ადგილებს იმ პროკლამაციისას, რომელიც გამოუშვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ბიურომ.

რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება საარჩევნო აგიტაციისა, მაგრამ აი ასეთი პროკლამაცია კანონითაც აღკრძალულია და ზნეობრივად მიუღებელი.

აი როგორ ამკობენ თავიანთ იდეურ მოწინააღმდეგეებს: „ფოსტა-ტელეგრაფის დემოკრატია საბედნიეროდ საკმაოდ შეგნებულია და... ის არ აყვება ზნეობრივად და პოლიტიკურად გათახსირებულს ვაჟბატონებს“... „ძირს ზნეობადაცემული ჭელიძე-ბერძენიშვილები! ძირს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მტრები, რომელნიც დენიკინის მოსვლას ნიადაგს უმზადებენ! გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის მებრძოლებს!“

მე არ ვიცი, ვინ არის ეს ჭელიძე. იგი მგონი სწორედ ის ჭელიძეა, რომელიც მრჩევლად ჰყავდა ერთს დროს ოლქის უფროსს და კავშირი კი ამას ებრძოდა. მაგრამ, რაც შეეხება ბერძენიშვილს, იგი სოციალისტ-ფედერალისტია და რაც არ უნდა ითქვას, მას იმას კი ვერავინ დამწამებს, რომ იგი ჩვენი რესპუბლიკის მტერი იყოს და დენიკინის მოსვლას ხელს უწყობდეს. ასეთი საზიზღარი ცილისწამება ხშირად გვსმენია, მაგრამ ცოტათი მაინც პატიოსანმა სოც.-დემოკრატმა უკვე ხელი აიღო ამ დემაგოგიაზე.

ოლქის უფროსი ვერ ეგუება მოწინააღმდეგე პარტიის მოხელეს და ებრძვის მათ. ოლქის უფროსი უყვირის და დიდი ინციდენტი უხდება პროფესიონ. კავშირის გამგეობის წევრთან დუმბაძესთან, რომელიც მასთან მივიდა კავშირის საქმეების გამო. იგი მას უყვირის და ბრაზობს, როცა არავითარი საბაბი ამისთვის დუმბაძეს არ მიუცია. ამის შესახებ კავშირის გამგეობას მსჯელობა აქვს ერთს სხდომაზე 1918 წლის ნოემბერის 17-ს ¹23 და სხვათა შორის სოციალ-დემოკრატი მებურიშვილი ამბობს: „მე ვიყავი კერძო მაყურებელი დუმბაძის და ოლქის უფროსის შორის ლაპარაკისა. დუმბაძე, როგორც ეხლა, მაშინაც ასე დამშვიდებულად ლაპარაკობდა“... როცა მარტო დავრჩითო, ამბობს ეს სოციალ-დემოკრატი, „მე მივმართე მგელაძეს და ვკითხე, თუ რისთვის ეპყრობა ამ რიგად დუმბაძეს, მან მიპასუხა: რისთვის სხვებს არ ვეპყრობი ასე, დუმბაძეს არსებითად ვერ შევეწყვეო“. მებურიშვილი ეხება ყველა იმ დაპირებებს, რომელიც აღუთქვა მგელაძემ გამგეობას მოსვლისთანავე და ამბობს, რომ უკანასკნელ დროს მისი ყოფაქცევა არ ამართლებს იმ დაპირებებს“.

ცხადია, ბ. მგელაძე ვერ შეეწყო „არსებითად“ დუმბაძეს იმიტომ, რომ იგი სოციალისტ-ფედერალისტია.

ეს ტენდენცია დევნის სჩანს აგრეთვე იმ ეგზამენების დანიშვნაში, რომელიც მგელაძემ მოიგონა და მინისტრს მიაღებინა. ეს ეგზამენები განზრახული იყო იმ მიზნით, რომ საშუალება მისცემოდათ გაეგდოთ მათთვის არა სასურველი ელემენტები. ეგზამენები დაუნიშნეს ექვსი წლობით ნამსახურს მოხელეებს და ასექვსი კაციდან თითქმის 95 სულ სოციალისტ-ფედერალისტები იყვნენ. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ეგზამენებისა. თითქმის ყველგან ევროპაში სავალდებულოც არის ეგზამენები ამა თუ იმ თანამდებობისათვის და ასეც უნდა იყოს. პირიქით, ჩვენ ეს საჭიროდ მიგვაჩნია განსაკუთრებით ჩვენში, რომ მოისპოს ნათლიმამობა და პარტიულობა. მაგრამ თუ იგი გამოწვეულია არა საქმის ინტერესით, არამედ პიროვნებათა ინტერესით, მაშინ შეიძლება ბევრი უსამართლობა მოხდეს; ასე რომ ეგზამენები გაუკეთოთ, მაშინ ხომ ბევრი თქვენგანი ვერ დარჩებოდა თავის ადგილას დაბლიდან მოყოლებული თვით მინისტრებამდე.

და რა მოგვიტანა ამ ეგზამენებმა? არაფერი, დამარცხდა ბ. მგელაძე, რადგანაც ვერც ერთი მოხელე ვერ დაითხოვეს, ყველა გამოსადეგი აღმოჩნდა. ხოლო რესპუბლიკამ ხარჯები ნახა: სამი დღე მუშაობდნენ ტექნიკოსები, გააბეს ნამბები, დასდგეს აპარატები და სხ.

საერთოდ ასე შინაურულად კეთდება საქმე ამ უწყებაში, იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციამ დაიმსახუროს პატივისცემა მოხელეებისა, თავისიანებს განსაკუთრებული ნდობით ეპყრობიან და მათი საშუალებით, ებრძვიან რა პროფესიონალურს კავშირს, თითონ ერევიან მის საქმეებში. ადინისტრაცია ცდილობს კავშირის პრესტიჟი დასცეს და ცდილობს დაანახოს მოხელეებს, რომ მისი ეკონომიური ინტერესების დაცვა კავშირს არ შეუძლია. თუ რაიმე სესხი იქნება, უპირველესად სოც.-დემ. კოლექტივის წევრებს აძლევენ. ათი ათასი მანეთი გადასცეს ერთს მოხელეს ბაბილოძეს დასარიგებლად და არავითარი კვიტანცია, ხელწერილი არ მოუთხოვიათ. მართალია, შეიძლება მას, როგორც სოციალ-დემოკრატს ცნობდნენ, მაგრამ ეს ხომ პარტიული თანხა არ იყო, ეს რესპუბლიკის თანხებია და ასე შინაურულად საქმის წარმოება არ შეიძლება.

ბ. მგელაძე ისე ფართოდ სარგებლობს გადაყენების, გადაყვანის, დასჯის უფლებებით, რომ ძველს დროსაც, ბიუროკრატიულ რეჟიმსაც არ ეპატიებოდა. თუ არ მოსწონს ვინმე, იგი ხსნის ერთი ადგილიდან, გადაყავს სხვაგან და ხშირად ისე შორსაც გადისვრის, როგორც სოხუმია და არ უწევს ანგარიშს არის ეს საჭირო საქმისათვის, ან ეგებ სხვა მოხელის გადაყვანა უფრო მოსახერხებელია.

ინციდენტები დღესაც ბევრი მოსდის ბ. მგელაძეს. იყო ასეთი შემთხვევა: ეს შემთხვევა უკვე იყო პრესაშიაც, როგორც ნიმუში იმისა, თუ როგორ სდევნის მგელაძე სოც.-ფედერალისტ მოხელეთ. ბ. მგელაძემ ცირკულიარით აუკრძალა კავშირს უფასო დეპეშების გაგზავნა და მიღება. ერთხელ მორიგედ სააპარატოში იყო მოხელე ბერძენიშვილი, რომელიც აქტიური დამცველია პროფესიონალური კავშირის უფლებებისა და ამიტომაც განსაკუთრებებით იდევნება ადმინისტრაციის მიერ. სააპარატოში შემოიტანა უფასოდ გადასაცემად დეპეშა ყაზბეგისთვის, მლეთი, გუდაუთი და სხვებისათვის კავშირის ცენტრალური გამგეობის წევრმა კაშიამ. შინაარსი ასეთი იყო: „შემატყობინეთ, რამდენი გამოგიგზავნო მოსამსახურეთათვის პურის ფქვილი“. ხელს აწერდა კაშია. ბერძენიშვილი, პასუხისგების თავიდან ასაცილებლად, დაეკითხა ცენტრ. გამგ. მისი ხომ არ იყო ეს დეპეშა. გამოირკვა, რომ ეს იყო ბ. მგელაძის განკარგულებით. კაშიამ მეორე ბარათიც შემოიტანა ასეთივე, მაშინ ბერძენიშვილმა უთხრა, ამისთანა შემთხვევებში ოლქის უფროსის წარწერა უნდა იყოსო და გადასცა მოხელეს გასაგზავნად.

ხუთი წუთიც არ გასულა, სააპარატოში შემოვიდა ოლქის უფროსი, დატუქსა ბერძენიშვილი: «Это вы совѣтовались относительно моих записокъ съ центральнымъ правленიемъ?» - მე მხოლოდ ვკითხე მათგან ხომ არ იყო ბარათი. გთხოვთ ნუ მიყვირით, წყნარად მელაპარაკეთ! უპასუხებს მოხელე. ამის შემდეგ ბერძენიშვილი ხან ფოსტაში გადაიყვანეს, ხან სასახლეში, ხან კიდევ სად - უთუოდ იმისთვის, რომ მას მობეზრებოდა და თითონ წასულიყო სამსახურიდან.

იმისი საბუთი, რომ ადმინისტრაცია სხვადასხვანაირად ეპყრობა მოხელეებს, გახლავთ ქუთაისის რაიონის კავშირისაგან გამოგზავნილი მოხსენება ცენტრალურს გამგეობაში. ბ. მგელაძეს შემოუღია ოთხ სისტემიანი სასჯელი ერთ და იმავე დანაშაულზე. მაგალითად დეპეშის დამახინჯებისათვის ისჯება ხალხი ამნაირად: „ჭიათურის ფ.-ტ. კანტორის მეხუთე ხარისხის მოხელე ჩუბინიძე ჩამოყენებული იქნა ფოსტალიონად. ქუთაისის ფ.-ტ. კონტორის 4 ხარისხის მოხელე ქალი ვერა ფხაკაძის ასული ბარამაძისა ჩამოყენებული იქნა 6 ხარისხზე, იმავე კონტორის 5 ხარისხის მოხელე მარიამ ტოღონიძე - 6 ხარისხზე“. მოხელე ჩუბინიძე და ვერა ბარამიძისა, თურმე სრულიად უდანაშაულონი აღმოჩნდნენ და გამოძიების შემდეგ ისევ აღამაღლეს.

მე წინააღმდეგი არა ვარ დანაშაულისათვის მოხელე დაისაჯოს, მაგრამ ყოვლად შეუწყნარებელია ერთ და იმავეზე სხვა და სხვა გვარად დასაჯოთ, რადგანაც აქ ადმინისტრაციას ეძლევა საშუალება სხვა პარტიის ხალხი სასტიკად დასაჯოს. (კ. ნინიძე ადგილიდან - ესენი სოც.-ფედერალისტები არიან?) არ ვიცი ბ. დეპუტატო, მე აქ ეს არ მაინტერესებს, - მე მაინტერესებს ეს თქვენი სისტემა, ეს თვითნებობა.

ამნაირ დანაშაულზე არსებობს თურმე სხვანაირი სასჯელიც: «ქუთაისის იურისტი დიდიმამიშვილის მოხელე ქალს და სხ. შენიშვნა მისცეს და ხელწერილი ჩამოართვეს, რომ თუ კიდევ შეცდებიან, სამსახურიდან დაითხოვენ. შემდეგ, მიხ. აპ. ბაკურაძე ამისთვისვე სოხუმში გადაიყვანეს და მეოთხე გვარი სასჯელი - შენიშვნა და დეპეშის ფასის გადახდა. წარმოიდგინეთ, ბატონებო, რა ნერვიული მდგომარეობა უნდა იყოს, როდესაც მოხელემ არ იცის, როგორ დაისჯება იგი, როგორ ინებებს მისი „უფროსი“ მის დასჯას!

ძველს ბიუროკრატიზმს და საერთოდ ბიუროკრატიულს წესებს უმთავრესად ის ახასიათებს, რომ მოხელე მიჩნეულია რაღაც პირად მოსამსახურედ და მის უფროსს, იერარქით მაღლა მდგომს მოხელეს უფლება აქვს სრულიად ანგარიში არ გაუწიოს მოხელის პიროვნებას და სთელოს მისი თავმოყვარეობა. ეს წესებიც უმწვერვალესობამდე ჰქონია აყვანილი ოლქის უფროსს.

ჯერ კიდევ 1918 წელს, ოლქის უფროსად მოვლინების უმალვე, ბ. მგელაძე სასტიკ ბატონად მოვლინებია მოსამსახურეებს. მისს ასეთ უდიერს და დამამცირებელს მოპყრობას იქამდე აუღელვებია მოსამსახურეები, რომ ეს საგანი გამხდარა კავშირის ცენტრ. გამგეობის განსახილველ საქმედ, ამას მოწმობს ცენტრ. გამგეობის ოქმი №19.

ამ სხდომაზე ისევ სოციალ.-დემოკრატი მებურიშვილი, ცენტრ. გამგეობის წევრი ამბობს: „ცხადია, რომ ოლქის უფროსი აჭარბებს თავის უფლებებს, ის ფეხის გადადგმაზე იჩენს სისასტიკეს“... და მოითხოვს რაიმე გამოსავლის გამოძებნას. ეს გამოსავალი გამოსძებნა მაშინ ცენტრ. გამგეობის თავმჯდომარემ და დღეს უკვე ოლქის უფროსის თანაშემწე შალიკიანმა. იგი ამბობს: „მე არა ერთხელ მქონია ოლქის უფროსთან ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მისი მოპყრობა მოსამსახურესადმი არ არის დასაშვები“. იგი მომხრეაო, ამბობს შალიკიანი „სასტიკი მოპყრობისა“, „მაგრამ მე რასაკვირველია, ვერ გავიზიარებდი მის ასეთს შეხედულებასო“ და იძლევა წინდადებას მიმართოს გამგეობამ ოლქის უფროსს დახურული წერილით და გააფრთხილოს იგი. ბ. შალიკიანს აქვე მოჰყავს მრავალი მაგალითი ასეთი მიუღებელი მოპყრობისა.

მართლაც მისწერეს ბ. მგელაძეს ასეთი წერილი და მოითხოვდენ ამას შეეცვალა თავისი მოპყრობა. ოლქის უფროსმა გამგეობას მოსთხოვა საბუთები და მაშინ გამგეობამ მას დაუსახელა კიდეც ის შემთხვევები, რომელიც აღნიშნულია ოქმში ნომერ ოცში. „ომანიძე იმდენად შეურაცყოფილი იყო, რომ უარი განაცხადა მოხსენების გაკეთებაზე და საქმეები მიუყარა საქმის მწარმოებელს; ლალიაშვილი რამდენჯერმე ტირილით შემოვიდა გამგეობაში და ითხოვდა დახმარებას, რომ როგორმე სამმართველოდან გადაეყვანათ: დავითაშვილი, რომელიც კარიდორში ბავშვივით სტიროდა და თავში ხელებს იცემდა, მეორე დღეს თხოვნა შემოიტანა და ითხოვდა ტელეგრაფში გადაყვანას; იაკოვლევისა, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა და უნდოდა თხოვნის შემოტანა, მაგრამ ვერ ბედავდა; შანიძე ძლივს დავამშვიდეთ გამგეობაში; ავადმყოფობისათვის ოლქის დარაჯის დათხოვნა; დეპეშა მლეთის მოხელეთადმი, სადაც წინადადება ეძლევათ ნაგავი სწმინდონ“ და სხვა და სხ. აი, ასე ჩამოუთვალეს ბ. ოლქის უფროსს თავისი საქციელი, მაგრამ მას ასეთი სისასტიკე და „დისციპლინის“ დამყარება აქამდისაც არ შეუწყვეტია. ასევე მოქცევია იგი ახლახან დევდარიანს, აბრამიშვილს და სხ. დიაღ, მე ვიცი, რომ სამსახურში უნდა იყოს დისციპლინა, უნდა იყოს ერთგვარი სუბორდინაცია, მარგამ ეს დისციპლინა უნდა იყოს დამყარებული არა ყაზარმულს წესებზე, არამედ უნდა იყოს თავისუფალი, შეგნებული, საქმის სიყვარულზე აშენებული. (ხმები სოც.-დემოკ. ადგილებიდან: რაში გამოიხატა უდიერი მოპყრობა?) ჰკითხეთ თქვენს ამხანაგს შალიკიანს და ის აგიხსნით, რადგან იგი თითონ შეუწყნარებლად სთვლიდა ამას, სანამ იგი კავშირის გამგეობაში იყო და ებრძოდა ამას.

შემდეგ, ბიუროკრატიულია ის წესი, როდესაც ადმინისტრაციას აქვს განუსაზღვრელი უფლება მოსამსახურეთა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასროლა. სოხუმის ოლქში მთელი ეს ორი-სამი წელიწადი არ ყოფილა რევიზია, აიწეწა თურმე საქმე და სოხუმიდან შეატყობინეს, რომ საჭიროა რევიზიაო. ბ. მგელაძე წავიდა, იქ აღმოაჩინა რამდენიმე ბოროტ-მოქმედება, მგონი ფულების გაფლანგვა და სხვა უწესოება და ზოგი სხვათა შორის გადააყენა სამსახურიდან, ზოგი ჩამოაქვეითა, ზოგს წარჩინება მისცა. ამ გადაყვანის უფლებით ხშირად ბოროტად სარგებლობს ბ. მგელაძე; მან მგონი წნორის წყალზე გაამწესა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ქალები, თუმცა მან იცოდა, რომ ეს უდრიდა მათს დათხოვნას, ვინაიდან ისინი იქ ვერ წავიდოდნენ.

და აი, როდესაც კავშირი მოითხოვს, დაგვეკითხეთ ჩვენც, ეგებ სხვაგან გადასვლა შეუძლია მეორე მოხელეს უმტკინველოდო, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია ანტი სახელმწიფოებრივი მოთხოვნად; ასეთი უფლება უნდა ჰქონდეს კავშირს, რომელიც იცნობს თავისი წევრის მდგომარეობას. (ხმაურობა).

ბატონო დეპუტატებო, აი თქვენ ღელავთ, მაგრამ ტრამვაის კონდუქტორი ბრძანდებით და გეკითხებით: განა ტრამვაიში კავშირის დაუკითხავად შეიძლება, ან ვისმეს დათხოვნა, ან მიღება? ამის უფლებას თქვენ არავის აძლევთ იქ და რაღა დააშავა ფოსტა-ტელეგრაფმა?

ეს უფლება აქვს აგრეთვე რკინის გზის მუშა-მოსამსახურეთა კავშირს. მაშ რაშია საქმე? უთუოდ საქმე ის არის, რომ სხვაგან ის „ინაკო მისლიაშჩები“ კი არ არიან უმრავლესობაში, არამედ თქვენივე ამხანაგები და მათს ვერ გაუბედავთ ასეთ მოქცევას.

საერთო ტენდენცია მთავრობისა ასეთია, რომ რაც შეიძლება შეზღუდონ პროფესიონალური კავშირები, მაგრამ ამას მუშებს ვეღარ უბედავენ და მოსამსახურეთა ორგანიზაციებს კი ბ. მგელაძეები ქედს ახრევინებენ.

ბ. მგელაძემ აღადგინა ძველი რეჟიმი, როდესაც, „კოლექტიური“ მიმართვას ბიუროკრატია „ბუნტს“, აჯანყებას უწოდებდა. იყო შემთხვევა, რომ კავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა ოლქის უფროსს უკანონოდ დასჯილი მოხელის შესახებ 1919 წელს, ივლისის 28 №16079. ადმინისტრაციამ კი ასეთი რეზოლიუცია დააწერა: „გიბრუნებთ რა ამ თხოვნებს, გაცნობებთ, რომ ყოველივე თითოეულ თხოვნა მთხოვნელების მხრივ აუცილებლივ მიმართული უნდა იყოს ოლქის უფროსის სახელზე... წინააღმდეგ შემთხვევაში თხოვნა უყურადღებოდ იქნება დატოვებულიო“. ასე რომ გამოდის, უსაფუძვლოდ ბ. მგელაძისაგან დასჯილმა მოხელემ თხოვნით მასვე უნდა მიმართოს. განა შეიძლება ასეთი მოპყრობა დემოკრატიულ რესპუბლიკაში?! აი მაგალითად ერთი ამონაწერი მოხელის თხოვნიდან... „თუ ჩემს აქედან გადაყვანას აქვს პარტიული მნიშვნელობა, გულახდილად აღვიარებ და მრავლათაც იციან, რომ მე არც ერთს პარტიას არ ვეკუთვნი, უპარტიოთა სიაშიაც არ ვწერივარ, მე არავისი წყენა არ მინდა“. და სხ. აი, ბატონებო, სადამდე მიჰყავთ მოქალაქე; ასე ამრავლებენ აკაკი აკაკიევიჩის ტიპის მოხელეებს, დემოკრატიულს რესპუბლიკაში კი უნდა შეგნებული, პირდაპირი, თავისი თავმოყვარეობის და რწმენის პატივის მცემელი მოქალაქე.

ახლა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო კიდევ იმ გარემოებას, რომ თითონ ადმინისტრაცია არღვევს მინისტრის ბრძანებას. როდესაც საერთო წესებს არღვევს სოციალ-დემოკრატი, ეს მას ჩაუვლის და ამავე საქციელისთვის სხვებს სამსახურიდან ითხოვენ.

იყო ბრძანება მინისტრისა, რომ კავშირის გამგეობას ჩამორთმეოდა უფლება კავშირის საჭიროებისთვის უფასო დეპეშების გზავნა სარაიონო კავშირებში. მე ეს უსამართლობად მიმაჩნია, კავშირს უნდა ჰქონდეს ამის უფლება. ამის უფლება აქვს რკინის გზის კავშირს. ბ. მინისტრის ინსტრუქციით კავშირს თუ უნდა დეპეშა გაგზავნოს, ყოველთვის მინისტრისაგან უნდა აიღოს ნებართვა. ასე რომ ერთგვარი ცენზურაა დანიშნული პროფესიონალურ კავშირზე. ასეთი სისტემა მე შეუწყნარებლად მიმაჩნია. (ლ. ნათაძე ადგილიდან - აკი სისტემა არა აქვთო!) დიაღ, ბ. ნათაძე, ეს სისტემაა, მაგრამ ყოვლად შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელი დემოკრატიული რესპუბლიკისა.

ასე თუ ისე, არსებობს მინისტრის განკარგულება. ერთს მშვენიერს დღეს მოხელე ბერმანს, კარეტინს, ვასაძეს დასწამეს ასეთი უფასო დეპეშის გაგზავნა და... სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ იძულებული შეიქნენ ისევ უკან დაებრუნებიათ. იცით რატომ, იმიტომ რომ კავშირმა დაიჭირა სოციალ-დემოკრატი მეფარეიშვილი, რომელმაც ფოთის სარაიონო კომიტეტს მოსწერა, რომ არ გამოეგზავნათ დელეგატი რაიონის წარმომადგენელთა ყრილობაზე. ფოთში რაიონის კომიტეტი სოციალ-დემოკრატების ხელშია. დაიჭირეს მეფარეიშვილი და რადგანაც ის ვეღარ გააგდეს სამსახურიდან, ის პირველნიც უკან მიიღეს. (ხმები - თქვენ ნახეთ ეს?) ბატონებო, მე ამერიკაც არ მინახავს, მაგრამ ვიცი, იქ რა ხდება და თქვენ თქვენს ცხვირს იქით ვერაფერს ხედავთ.

ახლა, ბატონებო, იმის მაგალითი, თუ თითონ ოლქის უფროსი როგორ არღვევს მინისტრის განკარგულებას და როგორ უფასო დეპეშებს გზავნის სრულიად კერძო საქმეზე. არის იმისი მაგალითიც, როდესაც ოლქის უფროსი თავისი პირადი საქმის გამო რამოდენიმე საათობით ლაპარაკობს პირდაპირი მავთულით და ამ დროს აჩერებს მთელს რიგს სადგურებს, მაგრამ რადგანაც არ მინდა იმის თქმა, რა საქმეზე ლაპარაკობდა ბ. მგელაძე, ამას აღარ დავასახელებ. აკეთის ფ.-ტ. განყოფილების გამგეს მიქაძეს უთხოვნია ოლქის უფროსისათვის თავის სოფელში გადაყვანა. ბ. მგელაძე დაპირებია, მაგრამ ვინმე მღვდელს შარაშიძეს უჩივლია, რომ მიქაძეს ჩემი ვალი ჰმართებსო და სანამ არ გადაიხდის, არ გადაიყვანოთო. იგი ნაცნობი ყოფილა ბ. მგელაძისა და მგელაძე უფასო დეპეშას სწერს: „წინადადებას გაძლევთ დაუყოვნებლივ მოიშოროთ ვალები და მერე დაგნიშნავთ სამიქაოში განყოფილების უფროსად, ჯერ კი ითვლებით გამგეთ“. აგრეთვე იგი სწერს მეორე დეპეშას მიქაძეს, ასლი მღვდელს შარაშიძეს და კომისარს: „უფასო ტელეგრამით მაცნობეთ, მოიშორა თუ არა კერძო ვალები ფოს.-ტელ. გამგემ მიქაძემ და ხომ არაფერი დამაბრკოლებელი მიზეზებია მის სხვა ადგილზე გადაყვანაზე“. მიქაძე უპასუხებს, რომ მას არავისი ვალი არა მართებს და მღვდელი ნაშუამავლო გასამრჯელოს მედავებაო. მღვდელი დეპეშით კიდევ ატყობინებს ბ. მგელაძეს, მიქაძემ არ დამაკმაყოფილაო.

კომისარი კი იმდენად შეგნებული გამოდგა, რომ სწერს: „შარაშიძესა და მიქაძეს შორის აღმოცენებული უთანხმოება სრულებით კერძო ხასიათისაა და მის სამსახურს არ შეეხება, იმ ინტრიგაში მიქაძის დანაშაულობას არ ვხედავ და თუ რამე ვალები აქვთ, ეს სასამართლოს საქმეა. ამ საქმეში არ იქნება თქვენი ჩარევა სამართლიანი ჩემი შეხედულობით. გადაყვანაზე დამაბრკოლებელი მიზეზი არავითარი არ არისო“. (ბ. ნოე რამიშვილი - ეს წვრილმანებია!) დიაღ, ბატონო მინისტრო, ეს წვრილმანებია, მაგრამ ამაში მოჩანს მთელი თქვენი სისტემა, როგორც ერთს წვეთს წყალში მთელი სამყარო, აი ამაებს ებრძვის, ამისთვის იბრძვის პროფესიონალური კავშირი და ის ჯგუფი მოხელეებისა, რომელთაც თქვენ სწამებთ თითქოს ისინი ძირს უთხრიდნენ რესპუბლიკას.

რადგან ცოტა დრო დამრჩა თავს დავანებებ სხვა მაგალითებს, შეიძლება კიდევ როდესმე ვისარგებლო ისინი და ახლა კი უკანასკნელს მომენტზე გადავალ. აი ბატონებო, იმიტომ, რომ ასე ექცევით მოხელეებს, ასე აღიზიანებთ მათ, ასე მანქანებად აქცევთ მათ და მათში არ აფასებთ ადამიანს და მოქალაქის პიროვნებას, ისინიც აღარ მოგითმენენ, როდესაც მათს საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებთ, გაიფიცებიან და განსაცდელში ჩააგდებენ რესპუბლიკას.

არც ჩვენ, დამფუძნებელი კრების წევრნი, არც მინისტრი არ არის კომპეტენტური იმ სპეციალურს და ტეხნიკურს საკითხში, როგორცაა ფ.-ტელ. და ამიტომ მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ მუშა-მოსამსახურეებს თაოსნობისა, წარმოების წინ წაწევისა. მაშინ ისინი თავის სულს და გულს ჩასდებენ მასში, ეს საქმეს გააუმჯობესებს, შემოსავალიც გადიდდება და აღარ დაგჭირდებათ მუდამ ტარიფების გადიდება დეფიციტის დასაფარავად და ჯამაგირებისთვის. (ხმები - ე.ი. იმათ უნდა გადაეცეს წარმოება?!) არა ბატონებო, ასე შორს ჯერ-ჯერობით არ მივდივართ. ის, რასაც მე მოგახსენებთ, არის უკანასკნელი და ახალი მიმდინარეობა სახელმწიფოს ხალხოსნურს ნიადაგზე დასაყენებლად და რაც ხდება ჩვენში, ეს კი ძველი ბიუროკრატიზმია. (ბ. გელეიშვილი - ნუ იმეორებთ, როგორ არა გრცხვენიათ?) თქვე დალოცვილო, თქვენ ქმნის არა გრცხვენიათ და მე თქმის უნდა მრცხვენოდეს?!

ბატონებო, როდესაც დღევანდელი თანაშემწე ოლქის უფროსისა იყო ცენტრ. გამგეობის თავმჯდომარე, იგი იმ ჯგუფთან ერთად და იმ პირებთან, რომელნიც თქვენ რესპუბლიკის მტრებად მიგაჩნიათ, თავგამოდებით იცავდა პროფ. კავშირის უფლებებს და ებრძოდა ბ. მგელაძეს. ბ. შალიკიანი 1918 წლის ენკენისთვის 20-ს სწერს ოლქის უფროსს: „17 ამ თვეს გამგეობამ თავის სხდომაზე იქონია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს დროს მოსამსახურეების მიღება და დათხოვნა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება გამგეობის დაუკითხავად და დაადგინა გაცნობოთ თქვენ, რომ მოსამსახურეთა მიღება უნდა ხდებოდეს გამგეობის რეკომენდაციით, დათხოვნა კი მისივე დასტურით“.

გაფიცვის საკითხიც იდგა გამგეობის წინაშე და იქ ბ. შალიკიანი, დავლიანიძე, მებურიშვილი და სხ. სოც.-დემოკრ. მომხრენი იყვნენ ულტიმატუმი წარედგინათ მთავრობისათვის, გაფიცულიყვნენ. „მეც იმ აზრისა ვარ, რომ დათმობა შეუძლებელიაო“ ამბობს ბ. შალიკიანი და აი ამ დროს სწორედ ისინი, ვისაც თქვენ ებრძვით აი რას ამბობდნენ; დუმბაძე სოციალისტ-ფედერალისტი ამბობდა: „გაფიცვა საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავწუროთ ჯერ ყველა საშუალებებიო“ და წინადადებას იძლევა დელეგაციამ დაწვრილებით გააცნოს მთავრობას მდგომარეობა, ეს აღნიშნულია გამგეობის ოქმში 14.

და ყოველივე ამას, როდესაც სოც.-დემოკრატი შალიკიანი და სხ. ამბობდნენ, ეს არ იყო ანტისახელმწიფოებრივი და თუ ამას იტყვიან სოც.-ფედერალისტები ეს რესპუბლიკის ძირის გამოთხრაა? სად არის აქ ლოღიკა?

ასეთი მოთხოვნილება მაშინ შალიკიანს არ მიაჩნდა ადმინისტრაციის საქმეებში ჩარევად, იგი ამბობს: „ძველი საოლქო კომიტეტი ასრულებდა წმინდა ადმინისტრატიულს ფუნქციებს... ეხლანდელი კავშირი სდგას წმინდა პროფესიონალურს ნიადაგზე, რომელმაც დაჰყარა ადმინისტრატიული იარაღი და გამოდის უფლებრივ-ეკონომიურ და კულტურულ მდგომარეობის დამცველადო“, ეს აღნიშნულია ოქმში №9.

ასე მსჯელობდა შალიკიანი, როცა ის კავშ. გამგ. თავმჯდომარე იყო, იგი იბრძოდა და იცავდა პროფ. კავშირის ინტერესებს, მაგრამ იგი მოხერხებულად გადააგდეს ადმინისტრაციაში და ახლა თითონ ებრძვის სოც.-დემოკრატიული კოლექტივის შემწეობით კავშირს და სურთ დასცენ მისი პრესტიჟი. გაფიცვა ხომ მოღალატეობად ეთვლება კავშირს და იმ „ინაგო მისლიაშჩებს“, მაგრამ ეს გაფიცვა, რომელიც გამოცხადდა 17 ამ თვეს და თუ მოთხოვნილებები არ დააკმაყოფილა მთავრობამ, ისევ დაიწყება აპრილის 1-ს, ეს გაფიცვა მოაწყეს თვით სოც.-დემ. კოლექტივებმა და ადმინისტრაციამ, რომ აჩვენონ მოსამსახურეებს, რომ კავშირის გარეშეც შეუძლიათ მათი ინტერესების დაცვა.

აი, აქა მაქვს დეპეშა ხელმოწერილი ოლქის უფროსის თანაშემწის შალიკიანისა და ტფილისის რაიონის გამგეობის, რომელიც სოც.-დემოკრატების ხელშია, თავმჯდომარის გაჩეჩილაძის მიერ. ისინი ატყობინებენ მოსამსახურეებს პროვინციაში ცირკულიარულად, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაკმაყოფილებული იქნებითო. აგრედვე გამოაკრეს კავშირის გარეშე მოწოდებები, რომ მოემზადონ გაფიცვისთვის. რა ამბავია ეს? რატომ ერევიან პროფეს. კავშირის საქმეში? იმიტომ, რომ თავიანთი პრესტიჟი აამაღლონ და მოხელენი გადიბირონ.

რამ მიიყვანა მოსამსახურენი აქამდე, რომ ადმინისტრაცია ცდილობს ინიციატივა თითონ აიღოს და შეანელოს უკმაყოფილება? ეს ხდება იმიტომ, რომ შტატები დღევანდლამდე ვერ შეიმუშავა ადმინისტრაციამ; ჯამაგირები მცირეა და ის 60 პროცენტი მომატება ყველამ მიიღო გარდა ფოსტა-ტელეგრაფისა. გვეტყვიან: საშუალება არა გვქონდაო. ეს საშუალება არც სხვა უწყებებში იყო, მაგრამ დროზე მიიღეთ ზომები და მოიძებნა, ფ.-ტელ. კი უკანონო შვილად მიგაჩნიათ.

თავმჯდომარე. ბატონო ორატორო, თქვენ ოთხი წუთი დაგრჩათ.

დადიანი. ამნაირად თქვენ არა თუ გაფიცვის უფლებას არ აძლევთ მოსამსახურეთა კავშირებს, გაზ. „ერთობაში“, რომლის უახლობელესი თანამშრომელია ბ. ნინიძე, ამას წინად ეწერა, რომ მოსამსახურეებს არა აქვთ უფლება მთავრობას მოთხოვნილება წარუდგინონ, არამედ უნდა თხოვნით, პეტიციით მიმართონო. ეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მავნებელია და კლასობრივი თვალსაზრისით მიუღებელიო. (კ. ნინიძე: ბატონო, არა ვარ „ერთობის“ თანამშრომელი!) მაშ თქვენ არ იზიარებთ გაზ. „ერთობის“ ამ შეხედულებას? ესეც კარგია. ბ-ნი შალიკიანი და სხ. სოციალ-დემოკრატები წინად არ იზიარებდნენ ამ აზრს „ერთობისას“. (კ. ნინიძე: ეს ზღაპრებია!) ბ. ნინიძე, არის ისეთი ზღაპრები, რომელნიც სასარგებლოა ისეთი პოლიტიკური ბალღებისათვის, როგორც თქვენა ხართ.

თავმჯდომარე. ბატონო ორატორო, (დადიანი განაგრძობს). უკაცრავად, ბ. ორატორო, მე ვლაპარაკობ და გთხოვთ მომისმინოთ. უნდა მოგახსენოთ, რომ აქ მსჯელობა არის ფოსტა-ტელეგრაფის შტატებზე და არა ნინიძეზე, არც შალიკიანზე და დეპეშეპზე. გთხოვთ საგანს დაუახლოვდეთ.

ს. დადიანი. მე შალიკიანზე იმიტომ მოგახსენებთ, რომ საინტერესოა, როგორ იცვლის კაცი აზრებს იმისდა მიხედვით, თუ სადა ზის, რომელ სკამზე.

ერთი დოკუმენტიც, ბატონებო! ადმინისტრაცია რომ თავის პირდაპირს დანიშნულებას ემსახურებოდეს უკეთესი იქნება საქმისათვის და ასეთი რამეებიც არ მოხდება. აი. მე მაქვს „ფოსტა-ტელეგრაფის ხმა“ ¹2, სადაც აღნიშნულია ის შემთხვევა, რომ თურმე მთელი ვაგონი ქურდულად დაუტვირთავთ ჩვენი მავთულებით და სხვა სატეხნიკო მასალებით და შემთხვევით მოხელეს დაუჭერია უკვე საზღვრამდე მიტანილი. მეტი ყურადღება რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და ყოველ შემთხვევაში დამნაშავე მაინც იქნებოდა აღმოჩენილი.

აგრედვე ერთი დიდი საწყობი ჩაუბარებიათ ერთი კაცისთვის სრულიად აუწერლად და მთელი წელიწადის განმავლობაშიაც არ აუწერიათ, ასე რომ, არ არის არავითარი გარანტია, გარდა კაცის უსაზღვრო პატიოსნებისა, რომ იქიდან ყველაფერს არ გაზიდავენ.

ჯერ-ჯერობით ამით გავათავებ ჩემს სიტყვას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს.

ნოე რამიშვილი (შინ.-საქმ. მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ის გარემოება, რომ ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი არსებითად არ შეეხო ამ უწყების მოღვაწეობას, ნათლად ამტკიცებს იმას, რომ ამის შესახებ ამ პარტიას სათქმელი არაფერი აქვს. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ამ პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი მხოლოდ წვრილმან რამეებს შეეხო. მე საჭიროდ მიმაჩნია წვრილმანი განზე გადავდვა, ამის შესახებ ჩემი მოხელე მოგახსენებთ და ეს საკითხი ავიყვანო იმ სიმაღლეზე, რომელიც აუცილებლად საჭიროა ამ დიდი კრების ღირსების დასაცავად. ყველა, ვინც არ არის პარტიული ჟინით შეპყრობილი, ერთ რამეში აუცილებლად დამეთანხმება: ამ უწყებამ გააკეთა ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომლისთვისაც მოწოდებული იყო.

რა მდგომარეობაში მივიღეთ ეს უწყება ჩვენ და რა მდგომარეობაში იმყოფება ის ამ ჟამად?

თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ რევოლიუციის შემდეგ არევ-დარევა განსაკუთრებით ფოსტა-ტელეგრაფის უწყებას დაეტყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ უწყების სათავეში განსაკუთრებული პოლიტიკური მიზნით ძველი თვითმპყრობელობის მიერ ჩაყენებული იყო ისეთი ადმინისტრაცია, რომელიც მთელი თავისი მოქმედებით ქმნიდენ ისეთ ატმოსფერას, როდესაც ნამდვილი საქმის გაკეთება ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. სწორედ ამ არევ-დარევის მოსასპობად, როცა რევოლიუცია დაიწყო, გაგზავნილ იქმნა განსაკუთრებული უფლებით აღჭურვილი პირი. ასეთი პირი იყო კომისარი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოქალაქენო, რომ რევოლიუციის პირველ ხანებში ყველა დარგებში შეიქმნა ადგილობრივი კომიტეტები, რომელნიც თვით ჩაუდგენ საქმეს სათავეში და ასეთ პირობებში ფოსტის უწყებაში შეიქმნა ასეთი მდგომარეობა: ერთის მხრით მთავრობა, თუნდაც ნომინალური უფლებით, მეორეს მხრით ადგილობრივი კომიტეტები და მესამე მხრით განსაკუთრებული უფლებით აღჭურვილი კომისარი და მე ვამბობ, ამ პირობებში - ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, როცა არსებობს სამი უფლების მატარებელი, მე ვამბობ ასეთ პირობებში ძნელი იყო ნორმალური მუშაობის წარმოება. და აი, მხოლოდ თანდათანობით ჩვენ მოგვეცა საშუალება იმ არევ-დარევისათვის, რომელიც იქ იყო გამეფებული, როცა განსაკუთრებით მოხდა ბოლშევიკთა გადატრიალება რუსეთში, როცა ჯერ ამიერკავკასიის რესპუბლიკა გამოცხადდა და შემდეგ საქართველო მოსწყდა რუსეთს, ამ არევ-დარევისათვის ბოლო მოგვეღო და დაგვემყარებინა ისეთი წესი, რომელიც შეეფერებოდა რევოლიუციონურ დემოკრატიას. და სწორედ რომ ამ უწყებაში - თავდაპირველად მრავალნი იყვნენ ისეთი პირნი, რომელნიც ამ წარმოების ინტერესებს აფერხებდენ და ხელს უშლიდენ მის საქმიანობას ნებსით თუ უნებლიეთ. და მე თქვენ მოგიყვანთ საამისოდ მრავალ ფაქტებს. სამსახურში მიღებულ იქმნა ხუთასამდე ახალი მოსამსახურე. და ეს მოხდა მაშინ, როცა ფაქტიურად სამუშაო შემცირდა, განსაკუთებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვწყდით რუსეთს.

მე არ შეუდგები იმის შეფასებას თუ რით იყო გამოწვეული ეს, მაგრამ მიღებული იყო დადგენილება, რომ მოსამსახურენი გადაყვანილ და შეჯგუფებულ იქნან თავიანთ სოფლებისა და ქალაქების დაწესებულებაში, რის გამო ბევრ ადგილას სამჯერ მეტი იყო მოსამსახურე, ვიდრე ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები, ზოგან კი საჭირო კონტინგენტის ნახევარიც არ მოიპოვებოდა.

პირველ ხანებში, როცა პოლიტიკურ პარტიებს დიდი გავლენა ჰქონდათ მართვა-გამგეობის საქმეებზე, ბევრი იყო შემთხვევები, როცა მთვარობის განკარგულება, დეპეშით გადაცემული, თუ რომელიმე პარტიისათვის არ იყო ხელსაყრელი ან იმათთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა პარტიული თვალსაზრისით, პირველად ხშირად ამ პარტიებს ეცნობოდათ ხოლმე. და ამით სარგებლობდენ მაშინ პარტიები. მაგალითად დაშნაკელები, ბოლშევიკები, მუსავატელები და სხვ. ამგვარი მაგალითები ბევრია, რომელიც მოწმობენ იმას, რომ საქმე მართლაც არეულ-დარეული იყო. ფაქტიურად მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენ შეუდექით ამ საქმის მოგვარებას და მე მოკლედ მოგახსენებთ თუ ამ ხნის განმავლობაში რა გაკეთებულა, რომელზედაც აქ არ ლაპარაკობდა და ვერც შემდეგ ილაპარაკებს დეპუტატი დადიანი და ვერც სხვა რომელიმე წარმომადგენელი სოც.-ფედერალისტთა პარტიისა. აი, ბატონებო! პირველ-ყოვლისა საჭირო იყო შტატის შემცირება. ამას გვიკარნახებდა ორი გარემოება: ჯერ ერთი, მაშინ იყო ზედმეტი ხალხი უწყებაში და მეორეც, ვინაიდან ჩვენ ჩამოვცილდით რუსეთს, საქმიანობა მეტად შემცირდა და ამიტომ საჭირო იყო შტატის შემცირება. ამავე დროს აუცილებელი შეიქნა ისეთ მოსამსახურეთა განდევნა, რომელნიც არ იდგენ ჩვენი დამოუკიდებლობის ნიადაგზე, პირიქით ებრძოდენ ჩვენ დამოუკიდებლობას. აქ არის ლაპარაკი მხოლოდ ისეთ პირებზე, რომელნიც იბრძოდენ ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ და ეს მართლაც შესრულებულ იქნა და ამ ხნის განმავლობაში განდევნილ და დათხოვნილ იქნა 994 მოხელე. მას შემდეგ, რაც შეიქნა ჩვენი რესპუბლიკა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტეხნიკური ძალებით ძლიერ ღარიბნი ვიყავით, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაეროვნება უეჭველად უნდა მომხდარიყო უწყებაში, თუნდაც თანდათანობით. და ეს შესრულდა. ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენ მოვახდინეთ ტელეფ. ნაციონალიზაცია, თუმცა ჯერ კიდევ ემჩნევა, რომ საჭიროა ბევრი დრო, რომ ეს საქმე კეთილად იქმნეს დამთავრებული. შემდეგ მე უნდა მოგახსენოთ, რომ მოსამსახურენი ძლიერ უსწორ-მასწოროდ იყვნენ განაწილებულნი სხვა და სხვა დაწესებულებათა შორის. იყო ისეთი დაწესებულება, სადაც ბევრად მეტი მოსამსახურენი იყვნენ, ვინემ ეს საჭირო იყო და პირიქით, ზოგან, განსაკუთრებით შტატის შემცირების შემდეგ, როცა მას ზედ დაერთო გაეროვნებაც, იყო ისეთი შემთხვევები, როცა ზოგიერთ დაწესებულებაში ძლიერ მცირე მოსამსახურენი ითვლებოდნენ. საჭირო იყო გადაჯგუფება, ახალ პირობებთან და ახალ შტატთან შეფარდებით. დღეს ეს საქმე მოგვარებულია და ამ ჟამად იგი სავსებით დამთავრებულია. შემდეგ თქვენ მოგეხსენებათ, მოქალაქენო, ეს უწყება - ტელეფონისა და ტელეგრაფის უწყება მეტის-მეტად სათუთსა და ნაზ აპარატს წარმოადგენს. ის ყოველ წელიწადში მოითხოვს მსუბუქ შეკეთებას და 3-4 წ. განმავლობაში კი აუცილებელია მისი რადიკალური შეკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მუშაობას ვერ განაგრძობს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ საქმეს, რესპუბლიკაში ერთ და იმავე დროს სამმართველო შეუდგა ქსელის რადიკალურად შეკეთებას და დაამთავრა ის ერთი წლის განმავლობაში და დღეს ის წესიერად მუშაობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი ტეხნიკური მასალის მიხედვით ჩვენ განვიცდიდით დიდ ნაკლებობას. შემდეგ, თანახმად საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა ჩვენ შეუდექით ტელეფონის და ფ.-ტელეგრაფის ქსელის გადიდებას და გაფართოებას. ამ მხრით საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო შემდეგი: ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებისას საქართველოში არსებობდა 99 ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულება, 2 საქალაქთაშორისო ტელეფონის პუნქტები და არც ერთი სასოფლო ტელეფონი. ტფილისის ტელეფონის ქსელზე ირიცხებოდა 1800 აბონენტი; საქალაქთაშორისო ტელეფონის და ტელეგრაფის ნამბთა საერთო სიგრძე ადიოდა 6500 ვერსამდე. დღეს არსებობს 153 ფოსტა-ტელეგრ. დაწესებულება, 19 საქალაქთაშორისო ტელეფონის პუნქტები, 200-ზე მეტი საერობო ტელეფონი, 25-მდე ცენტრალი საერობო ტელეფონის სადგურები, ტფილისის ტელეფონის ქსელზე არის 2300-დის აბონენტი, ქუთაისში და გორში ეწყობა ქალაქის სახაზინო ტელეფონის ქსელები; ტელეგრაფის და ტელეფონის ნამბთა საერთო სიგრძე ადის 10 ათას ვერსამდე. ამნაირად დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდგან გახსნილა 54 ახალი ფ.-ტ. დაწესებულება, 17 საქალაქთაშორისო პუნქტი, 23 სასოფლო (საერობო) ცენტრალური სადგური, 200 საერობო და 500 საქალაქო ტელეფონი და გაიბა 3500 ვერსამდე ახალი ნამბი.

შემდეგ მე საჭიროდ მიმაჩნია აქ განვაცხადო, რომ სამმართველოსთან არსებული პატარა სახელოსნო დღეს გადაკეთებულია ცენტრალურ სახელოსნოთ, რომელიც მიზნად ისახავს მომავალში ყველა საჭირო საგნების ახლად მომზადებას. შემდეგ იმ არევ-დარევის დროს, რომელიც შეიქნა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამიერ-კავკასია და საქართველო მოსწყდნენ რუსეთს, თქვენ კარგად იცით, რომ საერთოდ წესიერი გადაზიდვა ფოსტისა და დეპეშისა, თუ სავსებით არ მოისპო, საგრძნობლად მაინც შემცირდა და ამ მხრივ მე საჭიროდ მიმაჩნია მოგახსენოთ რა მდგომარეობაშია დღეს ეს საქმე. ყოველგვარი კორესპონდენციის საშუალო დღიური გაცვლა-გამოცვლა 1919 წ. იანვარში უდრიდა 27,288 ცალს, სულ მთელი წლის განმავლობაში გაცვლილა 17,578,488 ცალი, ხოლო საშუალოთ დღეში გაცვლილა 48,133. ხოლო თითო სულზე - 7-8 ცალი. და ეს იმ დროს, როცა 1913 წელს, როდესაც ყოველ მხრივ ნორმალური მდგომარეობა იყო, როცა ეკონომიური ცხოვრება მოწესრიგებული იყო და როცა არსებობდა, სხვათა შორის, გაცვლა-გამოცვლა არა ამიერ-კავკასიის ფარგლებში, როგორც დღეს, არამედ რუსეთთანაც და საზღვარ-გარეთაც, მაშინ გაცვლა-გამოცვლა აღწევდა შემდეგ ჯამს: მთელს ამიერ-კავკასიაში გაცვლა მთელ წელს 31,443,062. საშუალო დღეში 86,142, ხოლო სულზე 4-5 ცალი. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენი რესპუბლიკა კულტურულად უფრო მაღლა სდგას და თუ არ დაივიწყებთ იმას, რომ გაცვლა-გამოცვლა არსებობს მხოლოდ ბათუმსა და ბაქოს შორის, ამ მხრით სავსებით უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ გაცილებით უკეთეს პირობებში ვიმყოფებით დღეს, ვინემ ვიყავით ომის გამოცხადებამდე.

აი, ბატონებო, ის, რაც მე ამ მხრივ თქვენთვის უნდა მომეხსენებინა. მე არ მიკვირს მას შემდეგ, რაც მე გავეცანი სოც.-ფედერალისტების პარტიის გამოსვლებს ამ დიდ დაწესებულებაში, არ მიკვირს, რომ ამ უმთავრეს საგანზე არაფერს ამბობენ, არამედ გამოდიან წვრილმანებზე, რომელზედაც უფრო ვრცლად ჩემი მოხელე მოგახსენებთ, ლაპარაკობენ. (ბარათაშვილი: ამის უფლება არ აქვს მოხელეს?). თუ არ აქვს, რეგლამენტში მოიკითხეთ. მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ უმთავრესი, რაზედაც აქ იყო მიქცეული ყურადღება, იყო შემდეგი: არსებობს პარტიული დევნა, დევნა როგორც „ინაკომისლიაშჩების“, რომ ასეთი ბრალდება თქვენს წინაშე იყო წამოსროლილი ისეთ პარტიის წარმომადგენლის მიერ, რომელიც ხშირად გამოდის ასეთი ბრალდებებით და აგრეთვე არ იყოს ჩაბმული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, როგორც ფედერალისტთა ფრაქცია, თუნდაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ ხანებში, ეს სავსებით გასაგები იქნებოდა. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ მივიღეთ ფედერალისტებისაგან მემკვიდრეობა - ეს იყო სახალხო განათლების უწყება, უნდა მოგახსენოთ, რომ მე ერთხელაც არ განმიზრახავს იქ რაიმე ცვლილება მომეხდინა. თუმცა ის მოხელეები, რომელნიც არიან იქ პირველ დღეებში დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენ იქ მოვახდენდით რაიმე ცვლილებას. და იცით რაზე იყო აშენებული ეს აზრი?.. ისინი ფიქრობდენ, ჩვენც ისეთსავე პოლიტიკას ვაწარმოებთ, როგორსაც ზოგიერთი ს.-ფედერალისტები აწარმოებენ, ჩემი უწყების მოხელენი რა მიმართულების არიან მე არ გამიგია და ეს მე მიზნათ არასოდეს არ დამისახავს. (ღლონტი: ძალიან კარგათ იცით!). ღლონტს ჰგონია ყველა ღლონტურ ნაბიჯს გადადგამს - მე კი ვლაპარაკობ, როგორც შინაგან-საქმეთა მინისტრი. ორი უწყების წარმომადგენელი გახლავარ, სხვა რამდენიმე უწყებაშიაც ვიყავი, ვიყავი გარაშე-საქმეთა სამინისტროში, როდის იყო, რომ რაიმე პარტიული შეგვეტანა რომელიმე უწყებაში? ერთხელაც არ დამისახავს მიზნად გამეგო რა პარტიულ თვალსაზრისზე დგანან ის პირები, რომელნიც დაგვხვდა სახალხო განათლების სამინისტროში, თუმცა ბოროტი ენები ლაპარაკობენ იქ ყველა ფედერალისტები არიანო. იქ არც ერთი კაცი არ იყო დათხოვნილი. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე მიმექციოს ყურადღება ამ საქმისათვის, იმიტომ, რომ ეს სისტემა შეეფერება სამსონ დადიანს, შეეფერება ესერების პარტიას, რომელიც ჯერ გაღლონტების გზას დაადგა, ეხლა გადადიანების გზას ადგია, მაგრამ ეს ერთხელაც მიზნად არ დამისახავს. ამის შემდეგ თავის თავად აშკარაა, რა „ინაკომისლიაშჩებზე“ არის აქ ლაპარაკი. მე უნდა მოგახსენოთ, მთელ რიგ გამოსვლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა დადიანის მიერ, ერთად ერთი ფაქტი არის მართალი. ეს მართლაც იყო, როცა ჩემთან მოვიდნენ მოხელეთა წარმომადგენელნი, მოვიდნენ ისე, როგორც საერთოდ ვღებულობთ ყველა დელეგატებს. მე ვიღებ დელეგაციას დანიშნულ და არა დანიშნულ დროსაც, ხშირად სახლშიც. რაში გამოიხატა სხვანაირი მიღება? მე ვამბობ, მივიღეთ ისე, როგორც შეეფერება შინაგან-საქმეთა საინისტროს მდგომარეობას, როგორც ღირსნი არიან მოხელენი, როგორც მოდიან უფროსთან ამ მხრივ ვაქცევ ყურადღებას. მოქალაქენო, ამ დროს მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც სისწორით გადმოგცათ ბ-ნმა დადიანმა. ეს ერთად ერთი შეცდომა იყო სიმართლისაკენ მიმართული. (ნინიძე: შემთხვევით მოუვიდა!) იყვენ ერთის მხრივ ბ. მგელაძე, სურგულაძე, რომელთაც (ღლონტი აწყვეტინებს: მაგასაც სხვანაირად გამოიყენებ?) მე არ მჭირია ის, რაც სჭირდება თედო ღლონტს. (დადიანი: მაგ ჭკუა ხომ სჭირია ღლონტს?) ეგ მართალია, ღლონტს ჭკუა სჭირია და თქვენც გჭირიათ, ბ. დადიანო (საერთო სიცილი). რასაკვირველია, ძნელია ლაპარაკი ზოგი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელთან, განსაკუთრებით კამათი. უნდა მოგახსენოთ, ერთი „შეცდომა“ იყო მართლაც. იქ იმ დროს იმყოფებოდა ჩემი მოხელე ადმინისტრატორი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გამგეობის წარმომადგენელი. მაშინ მართლაც მგელაძემ სთქვა: «Дѣйствительно невозможно здѣсь держать инакомыслящихъ». მე უთხარი: „ჩვენ შორის საერთოდ „ინაკომისლიაშჩები“ არ არიან, ვინაიდან ვიცი, რომ ყველა ისინი დგანან სახელმწიფოებრივ თვალსაზრისზე, რაც შეეხება დანარჩენს, ყველა ეს ჩვენ არ გვეხება და უნდა მოგახსენოთ არასოდეს მოხელეებისათვის სხვა რამ არ მოგვითხოვია. შემდეგ განცხადება იყო, რომ შალიკიანი მოხერხებული კაცია და როცა უნდოდა, მუშათა პროფესიონალურ კავშირის დაცვის პოზიციაზე იდგა. მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ თუ შალიკიანი ადმინისტრატორად დაინიშნა, ეს მოხდა თანახმად ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეთა წინადადებით. ამის წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ ეს მოხდა, მას შემდეგ, როცა დავრწმუნდით, რომ ამ გზით მათლაც შეიძლება ზოგიერთი უსწორ-მასწორობის გამოსწორება.

ყველაფერი ის, რაც ამ უწყებაში დატრიალდა, არის გამოწვეული პარტიული ჟინიანობით, მაგრამ ამას მეთაურობს არა სამინისტრო, ან უწყება. დამფ. კრების წევრნი დღესაც დარწმუნებულნი არიან თუ რა ამოქმედებს ბ-ნ დადიანს.

ბ. დადიანის პოზიცია ერთი ჯგუფის მიერ არის გატარებული, რომელიც სამწუხაროდ დგება არა სახელმწიფოებრივ, არამედ პარტიულ ნიადაგზე. ამას ვებრძოდით და დღესაც ვებრძვით. მოწოდების შესახებ მე არ ვიცი, რომელი მოწოდება იყო ადრე გამოცემული (დადიანი: რომელიც მე წავიკითხე!) ეს წვრილმანი საქმეები თქვენ კარგათ გაქვთ შესწავლილი, რადგან თქვენ დიდი საქმეებისათვის არ გცალიათ. დეპუტატს აქვს დიდი საქმე და როდესაც ის აქ გამოდის, უმთავრეს საქმეებს უნდა აკეთებდეს. აი ბ-ნო ეს მოწოდება: ვინ იცავს მართლაც ინტერესებს? აი სწორედ დამფუძ. კრებას ექნება საშუალება გაეცნოს... ჩემთან გამოცხადდენ ახალგაზდები. მე მაინტერესებს ცალკე პიროვნება. მაგრამ იმ გამგეობას, რომელსაც იცავს დადიანი (დადიანი: მე ვიცავ პროფ. კავშირს!) თქვენ იცავთ არა თუ პროფესიონალურ კავშირს, ამ სიმაღლეზე ვერ ამაღლდებით, იცავთ როგორც ფედერალისტებს. თქვენ ვერ ნახავთ მათ შორის ისეთ პირებს, რომელთაც რაიმე მოღვაწეობა მიუძღოდეთ, ვერ ნახავთ ძველ რევოლიუციონერებს. აქ იმ ამხანაგებთა შორის, რომელთაც თქვენ უწოდებთ კარიერისტებს, შემიძლია მთელი რიგი დაგისახელოთ, რომელნიც გადასახლებულნი იყვნენ ჩემთან ერთად. მე არ მინდა, როდესაც კარიერაზე არის აქ ლაპარაკი... (მესხიშვილი: ყოველი კარიერა ეკუთვნის სოც.-დემ. პარტიის წევრს!) აი რას წერდა „კავშირის მთლიანობის ჯგუფი“ ანუ ს.-ფედერალისტთა პარტიის მომხრეთა ჯგუფი: „თქვენ მოგეხსენებათ, ამხანაგებო, მოღვაწეობა ჩვენს უწყებაში მოკალათებულ, აწ უკვე ისტორიულად ცნობილ 13 პირისო, რომელნიც თავის თავს, ჩვენი გულუბრყვილო ამხანაგების თვალის ასახვევად და შეცდომაში შესაყვანად, სოციალ-დემოკრატებს - მენშევიკებს უწოდებენ, ითვლებიან ფ. ტ. მენშევიკთა მეორე კოლექტივის წევრებად, ნამდვილად კი მათ სოციალისტობის არაფერი სცხიათ და არიან ჩინოვნიკ-კარიერისტები, ჩვენი პიროვნების და ადამიანური უფლებების შემლახველ-დამამცირებელთა ერთგული ლაქიები, მათი ჯაშუშ-აგენტები... მოსწრებია განა ვინმე ოდესმე, შავბნელ რეაქციის დროსაც კი, იმდენ უსამართლობას და მოსამსახურეთა დამცირებას, რამდენსაც დღეს აქვს ადგილი ჩვენს უწყებაში ამ ვაჟბატონთა წყალობით. მათ დამმონებელს ფრთები შეასხეს, ზურგი გაუმაგრეს და ისიც დათარეშობს ამაყად, ლაღად. პოხვისნევის მეფური განკარგულებები ზოგის ამაღლებისა და ზოგის დამცირების შესახებ, აჩრდილია მგელაძის თამამ უსამართლო განკარგულებებთან შედარებით...“ (ღლონტი: ნუ ღელავთ!) მე ღლონტი არა ვარ, რომ ავღელდე. აი ბატონებო, მე არ ვიცი ვინ დასწერა (ხმები: „სახალხო საქმის“ სტილია!) მე ვიმეორებ, რომ ეს გამოსვლა არ მომწონს და ვიღებთ ზომებს, რომ შემდეგში მართლაც მთელი უწყების ასეთ დამამცირებელს გამოსვლებს არც ერთი მხრიდან ადგილი არ ქონდეს. ერთის განცხადება, საჭიროდ მიმაჩნია: უწყება არასოდეს არ გამოდის პარტიულის თვალსაზრისით, ამას ამტკიცებს ის მუშაობა, რომელიც წინააღმდეგ თქვენი ცდისა, წელიწად ნახევარში შეასრულეს, მე ვამბობ წინააღმდეგ თქვენი ცდისა, ვინაიდან თქვენ უშლიდით ხელს.

ახლა ორიოდე სიტყვა პროფესიონალური კაშირის უფლებათა შესახებ. აქ ლაპარაკობდენ რეკომენდაციის უფლების შესახებ.

მე უნდა მოგახსენოთ, რომ არც მე ვარ რეკომენდაციის წინააღმდეგი. ამას ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, მაგრამ რეკომენდაცია არის თუ არა, მაგ. ის, რომ - აი თავმჯდომარე პროფესიონალურ კავშირისა ასეთ დეპეშას აძლევს ერთ პირს - შავგულიძეს, შეკითხვა ხობში იგზავნება: „ხობში. განყოფილების უფროსს, მაცნობეთ სურს თუ არა მოხელე ლიფანავას იქნეს დანიშნული განყოფილების უფროსად ლიხაურში“. გამგეობის თავმჯდომარე ფარცხალაძე. ასეთია ეს დეპეშა და ეს არის რეკომენდაცია?

შემდეგ მეორე დეპეშა იგზავნება ზუგდიდში: „ზუგდიდი. ფოსტის ათისთავს. შეეკითხეთ მოხელე წულაიას, სურს თუ არა დანიშნულ იქნეს განყოფილების უფროსად ლიხაურში. შედეგი მაცნობეთ დეპეშით“. გამგეობის თავმჯდომარე ფარცხალაძე. ალბათ ესეც რეკომენდაციაა. (დადიანი: მოგახსენებთ, ბატონო. მოგახსენებთ!) რასაკვირველია, თქვენ, ბატონო დადიანო, იმ მეორე საათს, რომელსაც ბარათაშვილი დაგითმობთ მოანდომებთ იმას, რომ ასეთი ფაქტები მოიყვანოთ. (დადიანი: დიახ, ვეცდები!) ერთ კრებაზე მე მქონდა საშუალება განმეცხადებია, რომ ამ ორგანიზაციის, „ფოსტა-ტელეგრაფის კავშირის განცხადებას აი რა მიზანი აქვს: (კითხულობს ჟურნალ „ფოსტა-ტელეგრაფის ხმიდან“ შემდეგ ადგილს):

„ამ მხრივ მეორე ყრილობას დიდი მნიშვნელობა აქვს და მან კიდევაც უნდა გაამართლოს იმედები. უპირველესი მისი მოვალეობაა: მოსპოს კავშირში პარტიული კინკლაობა, დაუდვას კავშირს საფუძვლად წესდება ისეთი, რომლის საშუალებით აღდგენილ იქნება მისი უფლებები, ე.ი. მუშა-მოსამსახურეთა მიღება, დათხოვნა, გადაყვანა, აღმატება თუ დამცირება უმთავრესად უნდა ეკითხებოდეს კავშირს, რასაკვირველია, ამაში მიიღებს მონაწილეობას სამმართველოს ადმინისტრაცია იმდენად, რამდენადაც ეს სამსახურის წესიერად დაყენებისათვის საჭიროა.

ამ მიზნით უნდა დაიდვას ადმინისტრაციასთან კოლექტიური ხელშეკრულება, სადაც მტკიცედ უნდა იყოს განსაზღვრული ადმინისტრაციის და ორგანიზაციის უფლებები. ყრილობამ კავშირს უნდა მიანიჭოს უფლება ადმინისტრაციის კონტროლისა, მასვე უნდა ჰქონდეს უფლება მოსთხოვოს ადმინისტრაციას უვარგის ადმინისტრატორთა გადაყენება“.

ერთი სიტყვით, მიზანი არის სწორედ ის, რასაც კომუნისტური რუსეთი აწარმოებს დღეს. იქ გადასცეს სხვა და სხვა წარმოება ამ დარგის მუშებს და მათ გაანადგურეს და არევ-დარევა შეიტანეს მთელ წარმოებაში. რკინის გზა არ არსებობს, ფოსტა-ტელეგრაფი მოისპო და მხოლოდ რადიოთი სარგებლობენ. რასაკვირველია, ბ. ღლონტი მუდამ ელოლიავებოდა ასეთ ანარქისტულ ელემენტებს და ეს ალერსიანობა ბ. ღლონტისა იზრდება განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი მოახლოებულნი არიან და უნდა განვაცხადო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ მტკიცედ ვდგევართ ჩვენ ნაცად პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჟღარუნი არა ჯარისა, არამედ ანარქიულ ტალღისა, რომელიც ჩრდილოეთიდან დაიძვრება, მოაწყდება კავკასიის ქედსა და იქ დალევს სულს, ხოლო ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა ისევე მტკიცედ და მაგრად იქნება, როგორც დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ანარქიული ტალღის მოახლოვება აქ პარტიულ კინკლაობისთვის გამოიყენეს. (ტაში).

თავმჯდომარე. მინისტრის დავალებით სიტყვა ეკუთვნის ბ. მგელაძეს, ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსს, მაგრამ დამფუძნებელი კრების წევრი ბ. ბარათაშვილი მიგვითითებს იმ გარემოებაზე, რომ თითქოს ჩვენ ვარღვევთ რეგლამენტს, ამიტომ რეგლამენტის დარღვევის შესახებ სიტყვა მას ეძლევა.

ი. ბარათაშვილი. (ს.-ფ.) ბ. მგელაძე გახლავთ მოხელე, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი; სიტყვა რეგლამენტის ძალით აქვს მთავრობის წევრს - ეს პირდაპირ არის ნათქვამი რეგლამენტში, სახელდობრ 37 მუხლში. საზოგადოდ რეგლამენტის 34 მუხლში არის აღნიშნული წესი სიტყვის მიცემისა. გარდა ამისა, პასუხის მგებელნი არიან მინისტრები და არა მოხელენი, ჩვენი კრიტიკა აქ შეეხება მხოლოდ მთავრობას, მხოლოდ მთავრობა არის ჩვენს წინაშე პასუხისმგებელი, მან უნდა იცოდეს დაწვრილებით საქმის ვითარება და ყოველი მოხელის მოქმედებისათვის მან უნდა აგოს პასუხი, და არა თვით მოხელემ. თუ თქვენ მოხელეს მისცემთ სიტყვას, არა თუ რეგლამენტს დაარღვევთ, არამედ კონსტიტუციის წესსაც. ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ პრეცედენტს, რომ ყოველი მოხელეს ჰქონდეს უფლება გამოვიდეს დამფუძნებელ კრებაში და ილაპარაკოს, როცა მის სიტყვას პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს. აქ, რომ გამოდის მთავრობის წარმომადგენელი, იგი საზოგადოდ ეხება დაყენებულ კითხვას, ის პასუხისმგებელია პოლიტიკურად, ხოლო მოხელის გამოსვლას ასეთი ხასიათი არა აქვს.

თავმჯდომარე. უკაცრავად ბ. ორატორო, თქვენ დაასახელეთ რეგლამენტის რომელი მუხლი დავარღვიეთ ჩვენ. განმარტება აქ ზედმეტი გახლავთ. თქვენ რეგლამენტის დარღვევისათვის აიღეთ სიტყვა - კეთილ ინებეთ და გვითხარით რომელი მუხლი არის დარღვეული.

ბარათაშვილი. ბ. თავმჯდომარე მოითხოვს და მე ვემორჩილები, მე მგონია 37 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა რიგს გარეშე მიეცემა მთავრობის წევრს და არა მოხელეს. შეუძლებელია ასეთი პრეცედენტი შევქმნათ. ასეთი შემთხვევა არის აქ, რომ დეპარტამენტის უფროსს ეძლევა სიტყვა და მოხელეს ეს უფლება არ ჰქონია. ჩემი აზრით ეს არის რეგლამენტის დარღვევა. მე არ ვარ წინააღმდეგი აქ ვინმემ სიტყვა წარმოსთქვას, მაგრამ წესებსა და კანონს ჩვენ ვერ დავარღვევთ.

თავმჯდომარე. პრეზიდიუმის სახელით მოგახსენებთ შემდეგ განმარტებას: ამ საკითხში, მიეცეს თუ არა სიტყვა რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსს, პრეზიდიუმში არავითარი აზრთა სხვა და სხვაობა არ იყო. მთელი პრეზიდიუმი იმ აზრის იყო, რომ სიტყვა მიეცეს. ჩვენ ასეთი საბუთი გვქონდა: როგორც იცით, დეპარტამენტის დირექტორზე რეგლამენტში არ არის ნათქვამი, რომ მას სიტყვის უფლება აქვს დამფუძნებელ კრებაში. ასეთი უფლებით კი, მოგეხსენებათ, იგი ფაქტიურად სარგებლობს; დეპარტამენტის დირექტორი მთავრობის წევრი არ არის. მას მთავრობის სხდომაზე გადამჭრელი ხმა არა აქვს, სათათბირო ხმით ესწრება მხოლოდ. რეგლამენტით დეპარტამენტის დირექტორს არა აქვს აკრძალული გამოვიდეს განმარტებით დამფ. კრებაში. მოგეხსენებათ, რომ ბ. ჭიჭინაძე როგორც დეპარტამენტის დირექტორი გამოსულა თქვენს წინაშე. ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი პრეზიდიუმის აზრით, ფაქტიურად იგივე დირექტორია, თუმცა ფორმალურად ასე არ არის, მეორე მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ბევრი ისეთი ფაქტები, თუმცა მათ წვრილი ფაქტები უწოდეს, იყო მოყვანილი აქ, რომელიც საერთო პოლიტიკური ხაზის გამშუქებელი არ არის, და მინისტრმა, რომელიც ამ ხაზის გამშუქებული არის, შეიძლება არ იცოდეს ეს ფაქტები. მაშინ როდესაც მთავარი პასაუხისმგებელია ადმინისტრატორი, - და არა ყოფილა მოხელე, როგორც ბ. ბარათაშვილი ბრძანებს, - ამ ფაქტებს მოგიყვანთ და გაგაცნობთ; ეს გახლავთ მეტად მიზანშეწონილი მდგომარეობის გამოსარკვევად და ეს ორი მოსაზრება ჰქონდა მხედველობაში პრეზიდიუმს, როდესაც გადაწყვიტა სიტყვა მიეცა ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსისათვის. ასეთი გახლავთ ჩვენი განმარტება. რეგლამენტის ძალით, ამის შემდეგ სიტყვა არავის მიეცემა და სიტყვა ეკუთვნის ბ. მგელაძეს.

მგელაძე (ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი). შინაგან-საქმეთა მინისტრის დავალებით პატივი მაქვს მოგახსენოთ მოკლედ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არის დღეს ფოსტა-ტელეგრაფის საქმე და აგრეთვე მოგახსენოთ იმ კითხვების და ბრალდებების შესახებ, რომელიც აქ წამოყენებული იყო ერთი დეპუტატის მიერ. ჩვენ რომ შეძლება მოგვეცეს ჭეშმარიტად დავაფასოთ მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება ფოსტა-ტელეგრაფის საქმე, საჭიროა სულ მოკლედ გავიხსენოთ ის წარსული, რომელიც ჰქონდა ამ დარგს ჩვენი რესპუბლიკისას. მოგახსენებთ, ბატონებო, რომ ნგრევის დროს უფრო მეტად ფუჭდება სათუთი დარგი, ვიდრე ძლიერი; ასეთ სათუთ დარგს წარმოადგენს ფოსტა-ტელეგრაფი და ტელეფონი. და არ არის გასაკვირალი, რომ რუსეთში და დასავლეთ ევროპაში ომის დროს ფოსტა-ტელეგრაფის საქმე სრულიად განადგურდა. მაგ. პარიზი ვერ ელაპარაკებოდა ვენას და მთელი კვირეებით იდებოდა ავსტრია-უნგრეთის საკითხი იმიტომ, რომ კავშირი ამ ორ სახელმწიფოთა შორის გაწყვეტილი იყო. ხოლო, რომ იქ უკეთ არის მოწყობილი ფოსტა-ტელეგრაფი, ვიდრე ჩვენში, ან რუსეთში ეს თავის-თავად ცხადია. როცა ჩვენი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შეიძლება ითქვას, რომ არც ფოსტა-ტელეგრაფი და არც ტელეფონი არ არსებობდა. (ღლონტი: ყველა ეს ჩვენ გავაკეთეთ?) რაც გავაკეთეთ იმას თქვენ დააფასებთ, მაგრამ არ მივიწერთ ჩვენ თავზე იმას, რაც არ გაგვიკეთებია, და დღემდე, მე მგონია, სირცხვილი არ გვიჭამია იქ, სადაც მოვალეობამ ესა თუ ის საქმე დაგვაკისრა. ფოსტის ზიდვა რუსეთის ტერიტორიაზე სრულებით არ არსებობდა. ყოველი ტრაქტი სდუმდა, რადგანაც უწყების განკარგულებისათვის არავითარი სახსარი და კრედიტი არ იყო გაცემული, როგორც ეს ბ-ნმა მინისტრმა მოგახსენათ. არავითარი წესი არ არსებობდა - ტელეფონი იყო მხოლოდ (კითხულობს ციფრს) და ისიც დღე და ღამის დაუზოგველი მუშაობის გამო დაზიანებული იყო ტელეფონის 80 პროც. აი ის რაც აქ იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს და ეს სრულიად განადგურებული, ფოსტა-ტელეგრაფი უნდა გამოსწორებულიყო; ამას უნდოდა მოწყობილობა და უნდა მიგვეღო ზომები, რომ არსებული ნაკლულევანება თავიდან მოგვეცილებია. ამასთან ერთად ჩვენ გვქონდა კუთხეები სოფლად, სადაც არ იყო ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება გახსნილი და საჭირო იყო ამ კუთხეების დედა-ქალაქთან დაკავშირება. ამაში ბევრი დაბრკოლება გვეღობებოდა წინ. ერთი პირობათაგანი იყო ის, რომ ჩვენ გვიხდებოდა მუშაობა ისეთ პირებთან, რომელნიც ჩვენთან არ იყვნენ კეთილ-მეზობლურად განწყობილნი და ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენ დამოუკიდებლობას. ასეთ პირებისაგან მაშინ ფოსტა-ტელეგრაფის უწყება სავსე იყო და ვინაიდან ისინი არ იდგნენ იმ ნიადაგზე, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა ჰქვია, აუცილებელი იყო მათი თავიდან მოშორება. ამისთვის კი საჭირო იყო დისციპლინა და ეს დისციპლინა მაშინ არ არსებობდა, ანარქია იყო გამეფებული. არსებობდა სამ-უფლებიანობა: კომისარი ნორმალური უფლებებით აღჭურვილი, ოლქის უფროსი და ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. აი ეს სამი პირი განაგებდა მაშინ საქმეს. იურიდიულად უფროსი პირი იყო ოლქის უფროსი, მაგრამ ის, როგორც ყრილობაზე ერთმა მოხელემ კიდევაც განაცხადა, ნამდვილად მაგიდის ქვეშ იყო ყოველთვის ჩამალული და როდესაც საჭირო იქნებოდა მისი ხელის მოწერა ამოიყვანდენ იქიდან და ისე მოაწერინებდენ ხელსაო. ეს მდგომარეობა კი არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და ამიტომ მივიღეთ ზომები ამ სამ-უფლებიანობის მოსასპობად. გარდა ამისა ერთი გარემოება არსებობდა კიდევ, რომელიც ძლიერ აბრკოლებდა საქმის სათანადო მოწყობას. ეს იყო ის გაუგებრობა, რომელიც სუფევდა კავშირსა და ადმინისტრაციის შორის. მთელი ძალა-უფლება რევოლიუციის დროს კავშირს ქონდა ხელში, და ამისთვის ფიქრობდა და დღესაც დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ძალა-უფლება ამ ჟამადაც მას უნდა ეკუთვნოდეს. და ტყუილათ კი არა სწერს ოფიციალური ორგანო კავშირსა: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა ის უფლებები, რომელიც საოლქო ცენტრალურ კომიტეტს ქონდაო“. როგორც მაგალითად ადმინისტრაციის წევრთა გადაყენება, კონტროლის უფლება, დანიშვნა და სხვა. ეს პრინციპიალური საკითხია და ამაზე მე აქ არაფერს მოგახსენებთ. უნდა განვაცხადო, რომ სწორეთ ამ საკითხმა გამოიწვია ის ინციდენტი, რომლის შესახებაც აქ მოგახსენებდათ ფრაქციის წარმომადგენელი. ის ბრალდება, რომელიც აქ იყო წამოყენებული დეპუტატ დადიანის მიერ, თავის დროზე წამოყენებული იყო ფოსტა-ტელეგრაფის ყრილობაზე, როცა იქ პროფესიონალურ კავშირის თავმჯდომარემ სთქვა ის, რაც აქ ბ-ნმა დეპუტატმა ინება. იქ მე მაშინ შესაფერი პასუხი გავეცი და როდესაც მას აქ ხელმეორეთ იმეორებენ, მე საჭიროდ მიმაჩნია მოგახსენოთ შემდეგი: პირველ-ყოვლისა მე უნდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ სოც.-ფედერალისტთა პრესაში დაიწყო ბეჭდვა წერილებისა ფოსტა-ტელეგრაფის უწყებისა და უწყების ადმინისტრაციის წევრთა წინააღმდეგ და ამას აწარმოებდა ბ-ნი ფარცხალაძე, რომელიც ახლა ჩვენ დაწესებულებაში აღარ მსახურობს. და მე მეგონა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს პირი უფრო მეტ საბუთებს მისცემდა ხელში იმ დეპუტატს, რომელიც აქ გამოვიდა. ყველას შეუძლია, ცხადია, კრიტიკის გაკეთება, მაგრამ თუ მოიყვანენ ისეთ ფაქტებს, რომელთაც სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს, ასეთი კრიტიკა დაუშვებელია. პირველყოვლისა აქ იყო წამოყენებული შემდეგი ბრალდება: თითქოს ამ უწყებაში პიროვნებას ამცირებენ, უწესობა არის გამეფებული, მუშაობა ფერხდება, ნერვიულობა არსებობს, პარტიულ ნიადაგზე დევნა არსებობსო და სხვა. მე უნდა მოგახსენოთ, რომ უფლება შეიძლება დარღვეული იქნეს იქ, სადაც მეორეს მხრით ირღვევა მოვალეობა. ეს კი ფოსტა-ტელეგრაფის უწყების ნაწილში არ ხდება. იქ იმ ნაწილში არ არის შეგნებული ასრულება იმ მოვალეობისა, რომელიც მათ ადევსთ და ამიტომ ხდება საჭირო მიღება იმ ზომებისა, რომელიც აიძულებს მათ შეიგნონ ეს მოვალეობა. ამით კი თუ ამ უწყებაში საქმე ფერხდება რა მოგახსენოთ, ეს არ არის მართალი, რადგანაც ცნობების მიხედვით, რომელიც თქვენ აქ მოგახსენათ ბ-ნმა მინისტრმა, თქვენ დაინახავდით, რომ საქმე კი არ ფერხდება, არამედ უკეთესდება (შენგელაია: მაშ სჩანს შეგნება თვისი მოვალეობისა ყოფილა მოხელეებში!) და საქმე, რომ ფერხდებოდეს, მაშინ ჩვენ ტერიტორიაზე ფოსტა-ტელეგრაფის მოვალეობა არა თუ გაუმჯობესებელი იქნება, არამედ შესწყდებოდა ის კავშირიც, რომელიც ჩვენ ამ უკანასკნელ დროს დავიჭირეთ სხვადასხვა კუთხეს შორის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს კავშირი ადერბეიჯანთან, ერივანთან, ბათომთან და ინგლისის სარდლობასთან, და უკანასკნელ დროს კავშირის აღდგენით მუშაობა დავიწყეთ ბათომის საშუალებით ევროპასთან. ჩვენ კორესპოდენციის გაცვლა-გამოცვლა გვაქვს. ასე რომ რაც შეიძლებოდა დღევანდელ პირობებში გაკეთებულიყო, გაკეთდა და ამ მხრივ არავითარი შეფერხება საქმის მუშაობაში არ მომხდარა. არც ნერვიულობა არის შექმნილი. ნერვიულობს მხოლოდ რამოდენიმე პირი, რომელნიც არა ობიექტურათ აცნობენ საქმის მდგომარეობას ზოგიერთებს, რომელნიც შემდეგ ამ ნერვიულობაზე ლაპარაკობენ. არავითარი დევნა პარტიულ ნიადაგზე არ ხდება და მე დღესაც არ ვიცი, თუ რა პარტიისა არიან ჩვენი მოხელენი, ეს მე სრულიადაც არ მაინტერესებს და მგონია ვინც მივიდა და უთხრა ბ-ნ დადიანს ეს, ისინიც კი ვერ იტყვიან იმას, თითქოს ამ ნიადაგზე უწყებაში ვინმე გადაყენებული ყოფილიყოს. და თუ კი ვინმე გადაიყვანეს ერთი ადგილიდან მეორეში და ის გამოდგა ფედერალისტთა პარტიის წევრი, განა ამაში დამნაშავეა უწყება ან ამ უწყების მოხელე? ეს ხდებოდა დანაშაულის მიხედვით და ჩვენ ასეც უნდა მოვქცეულიყავით, რადგან დანაშაულის ჩამდენი უეჭველად უნდა დაისაჯოს. ჩემის ღრმა რწმენით არავითარი პარტიული კინკლაობა არ უნდა იყოს პროფესიონალურ კავშირში. ეს იყო ჩემი სიტყვის დედა-აზრი მაშინაც, როცა ბათომის მოხელეებთან, მუშებთან მქონდა ამ საკითხის შესახებ ლაპარაკი. და ვერავინ ვერ დაგვწამებს, მას, რომ, ჩვენ საზოგადოთ გამგეობამ, ადმინისტრაციამ - ფოსტა-ტელეგრაფის უწყებისამ შევიტანეთ პარტიული კინკლაობა პროფეწსიონალურ კავშირში.

შემდეგი ბრალდება, რომელიც აქ იყო წამოსროლილი, ეხება ეგრეთ წოდებულ „ინაკომისლიაშჩებს“. ისტორია ამ სიტყვის შემდეგია. მართალია, პროფესიონალურმა კავშირმა გამოუშვა ისეთი საზიზღარი ფურცელი, ამგვარი ფურცელი კი ქმნიდა უწესოებას და უწყებაში მუშაობას აფერხებდა. მე ვსთხოვე ბ-ონ შინაგან-საქმეთა მინისტრს დაებარებინა მოხელენი, კავშირის წევრები და ერთნაირი დარიგება მიეცა მათთვის. ეს მოახდინა მინისტრმა. მან დაგვიბარა, როგორც ჩვენ, ისე პროფესიონალურ კავშირის წარმომადგენლები და უთხრა მათ: - თუ ასეთი რამ კიდევ გაგიმეორებიათ, მე თქვენ კატეგორიულად გიცხადებთ, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ იქნება დატოვებული სამსახურშიო. ჩემი „ინაკომისლიაშჩი“ იყო შემდეგი: რადგანაც იმ ფურცლის შინაარსი ეწინააღმდეგებოდა ამ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო და მისი ორგანიზაციის მოხელენი და მე ვსთქვი იქ, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებენ, არ უნდა ჰქონდეს ადგილი ამნაირ მოქმედებას. მე ვთქვი, ვინც სახელმწიფოებრივ სამსახურში ატარებს არა მთავრობის პოლიტიკას, არამედ ეწინააღმდეგება მას, ის არ უნდა დარჩეს სამსახურში და აქ ჩემ მიერ იყო დამატებული სიტყვები „ინაკომისლიაშჩი“ და „ინაკოდელაიუშჩის“. და ამის იმ გვარად გამოყენება, თითქოს ეს „ინაკომისლიაშჩის“ ვრცელდება იმათზე, ვინც ერთი პარტიისა და რწმენის არ არის, ეს მე მგონია გადაჭარბებული არის. ახლა შალიკიანის და ბერძენიშვილის შესახებ მოგახსენებთ.

შალიკიანი გახლავთ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე და ამ კავშირმა აირჩია ის ჩემ თანაშემწეთ; მაშინ ბერძენიშვილი მოვიდა ჩემთან და განმიცხადა: შალიკიანი ერთად-ერთი კაცია, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ თქვენ თანაშემწეთ და გთხოვთ დაუჭიროთ მის კანდიდატურას მხარი ბ-ნ მინისტრის წინაშეო. მე დადებითი პასუხი მივეცი, მან კი უნდობლობა გამოსთქვა: აქ სხვას ამბობთ მინისტრის კაბინეტში კი სხვას იტყვითო. მე უთხარი, რაც აქ ვსთქვი მინისტრსაც მასვე ვეტყვითქო. შალიკიანი პროფესიონალურ კავშირის მიერ იყო წარმოდგენილი ამ ადმინისტრაციულ პოსტზე. იგი ამ კავშირის სრული ნდობით იყო აღჭურვილი.

შემდეგ აქვე იყო თქმული, გამოცდები დანიშნეს და არც ერთი არ ჩაჭრილაო. მე მაქვს აქ ლენტი და თუ ამ ლენტს სპეციალისტი გადასინჯავს, დაინახავს, რომ 50 პროც. იყო ჩაჭრილი, მაგრამ ეს გამოცდები იმიტომ კი არ დაგვინიშნავს, რომ ვინმე ჩაგვეჭრა, გამოგვეგდო ფედერალისტი და გადაგვეყენებინა და სხვა. 1914 წლიდან ფოსტა-ტელეგრაფში მოხვდენ ისეთი პირები, რომელთაც ნაკლებ მომზადება ჰქონდათ ამ საქმისათვის, მაშინ ღებულობდენ ყველას, ქალს, კაცს, მიუხედავად იმისა სათანადო გამოცდილება, სათანადო სწავლა ქონდათ მათ თუ არა. ამ გამოცდებმა გამოაშკარავა, რომ ერთი ქალი იყო სამსახურში მხოლოდ, იმიტომ, რომ თხოვნა შემოიტანა და სათანადო გამოცდა კი არ ჩაუბარებია და ამ გვარად ძნელი იყო მუშაობა, და, რომ საქმე რიგიანად წაგვეყვანა, როგორც ამას სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს, უნდა გაგვეგო როგორი ელემენტებთან გვაქვს საქმე და სიმართლე უნდა მოგახსენოთ რა შედეგები მოგვცა ამ გამოცდებმა. მათ შორის რაც დავიწყებული ქონდათ მოიგონეს და რაც შესწავლილი არ ქონდათ შეისწავლეს. ამ გამოცდების შემდეგ დეპეშების დამახინჯება, უკანონოთ საქმის წარმოება ნაკლებათ არის, ვინემ წინეთ იყო. თქვეს გამოცდა დაუნიშნეს 6-7 წლის სამსახურში ხალხსაო. მართალია, გამოცდა დაუნიშნეთ მათაც ვინც 7-8 წელიწადი მსახურებს და აი რად. ამ უწყებაში როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით ჩამოშორებული რუსეთს, მაშინ გამოცდილი მოხელეები გვყავდა, როდესაც ჩამოვსცილდით რუსეთს, მაშინ გამოცდილი მოხელეები წავიდნენ სამსახურიდან. ჩვენ დავრჩით ჩვენი პატარა ძალებით და ამისთვის ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა იმნაირი მდგომარეობა, რომ შეგვძლებოდა ერთი განყოფილებიდან მეორეში გადმოყვანა მოხელის ისე, რომ საქმე არ გაფუჭებულიყო და ამისთვის გვინდოდა შეესწავლათ საქმე. ყველა მოხელემ უნდა იცოდეს როგორც ფოსტის საქმე ისე ტელეგრაფის. აქ იყო ლაპარაკი შემდეგ სესხზე. არავითარი სესხი არავისთვის არ მიმიცია. არც მივცემდი, ვინაიდან ამ საქმისთვის არავითარი თანხა არ მომეპოვება. რაც შეეხება ბერძენიშვილთან ინციდენტს, უნდა მოგახსენოთ შემდეგი: როცა მოხელეები განიცდიან გაჭირვებულ მდგომარეობას, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ რაიმე დახმარება გაუწიოთ, გაუგზავნოთ პური, ტანსაცმელი, და სხვა. ჩვენ მოგვეცა შემთხვევა სასურსათო საბჭოდან მიგვეღო ფქვილი. რადგან ტფილისის მოხელენი უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვინემ პროვინციის მოხელენი, ამიტომ ჩვენ განვიზრახეთ პროვინციისათვის ამ ფქვილის გაგზავნა და მართლაც დავეკითხეთ სადგურებს, რამდენი ფუთი სურს თითეულ სადგურს ეს ფქვილი.

მე მგონია ამის უფლება გვქონდა, რადგანაც ამისთანა შეკითხვით საქმე არ ფერხდება. ბ-ნმა ბერძენიშვილმა სთქვა: ეს სავსებით თქვენი საქმე არ არის, ეს კავშირის საქმე არისო და ეს დეპეშა არ გადასცა. მართლაც ეს დეპეშა არ იყო გადაცემული. და ბერძენიშვილის მიერ თქმული, თითქოს ჩვენ ფოსტა-ტელეგრაფის კავშირს გამოვგლიჯეთ პური და მივაწოდეთ მოხელეებსო, ეს სრულიად არ შეეფერება სიმართლეს, რადგანაც ეს ფქვილი იყო მიღებული გრიგოლ სოღოროვიდან და ამ სოღოროვს კავშირთან არავითარი კავშირი არ აქვს.

დეპეშების დამახინჯების გამო ხდება დასჯა. ეს უსათუოდ ასე უნდა იყოს. თუ ეს ასე არ იქნა, დეპეშები მართლაც ისე დამახინჯდება, როგორც ამას ძველად ჰქონდა ადგილი. მე მოგახსენებთ მაგალითს, რომლისათვისაც მოხელე დათხოვნილი იყო სამსახურიდან. პირველი დეპეშა მიმართული სუფსაში (კითხულობს). როდესაც შვილი მივიდა სახლში, სახლი გაყიდული დახვდა. ის შვილი მოვიდა ჩემთან და ითხოვდა იმ სახლის ქირის ანაზღაურებას. თავის-თავად ცხადია, ამგვარ მოხელეს ადგილი არ უნდა ჰქონდეს უწყებაში. თუმცა კავშირის გამგეობამ განაცხადა, ეს უსამართლობა არისო, ვინაიდან უნდა მიგვეცა სამჯერ შენიშვნა, ე.ი. უნდა მიგვეცა სამჯერ უფლება ასეთი შეცდომა ჩაედინა და შემდეგ დაგვეთხოვა. მეორე მაგალითი (კითხულობს). ეს დეპეშა ამნაირად მიუვიდა. თავის-თავად ცხადია, ვინც ამ დეპეშას მოჰკიდა ხელი, ყველა დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ეს ჩვენ ჩაგვითვალეს ცოდვად. ეს რომ ასე არ მოხდეს, დეპეშების დამახინჯებას არ მოეღება ბოლო, ყოველთვის ექნება ამგვარ დამახინჯებას ადგილი.

შემდეგ ჭიათურაში მოხელე მე-5 ხარისხიდან ჩამოყენებული იყო ფოსტალიონამდე. ეს მოხელე 1916 წელში წასულიყო ფოსტალიონად და დაბრუნდა მე-5-ე ხარისხის მოხელედ და ამ ხარისხით იყო მიღებული სამსახურში. ეს ხარისხი მას არ მიუღია და თავის-თავად ცხადია, დარჩა ჩამოქვეითებული იმ თანამდებობაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა. როდესაც გამოირკვა, რომ ის ამ შემთხვევაში დამნაშავე არ იყო, ის აღდგენილ იქმნა თავის უფლებებში. ამის დამალვა არ მინდა, შესაძლებელია იქმნეს დაშვებული შეცდომები, მაგრამ, როდესაც ეს გამოირკვევა მაშინვე გამოსწორდება. გადაჭარბებული იქნება თქმა იმისა, რომ შეცდომები არ დაუშვათ ან ბუნებრივად არ იყოს დაშვებული.

აქ იყო თქმული, რომ სოხუმში გადავისროლეთ იმ ადგილებში, სადაც შეუძლებელია მოხელეების სამსახური. ამ დეპეშების დამახინჯებისათვის ერთი მოხელე უნდა გაგვეგზავნა სოხუმში და როდესაც გვითხრეს, სოც.-დემ. ნუ გაგზავნითო, ის მაინც იქნა გაგზავნილი. როდესაც აქ პიროვნების შელახვაზე იყო ლაპარაკი, იყო დასახელებული ომანიძე და იაკოვლევა. უნდა მოგახსენოთ, რომ ომანიძემ და შალიკიანმა პრესის საშუალებით უარი განაცხადეს და თუ გნებავთ საქმე იყო შემდეგში. ასეთი ჩვეულებაა: მოხელეები არ უკვირდებიან და არ კითხულობენ იმას, რაც მოაქვთ ხელმოსაწერად. და იყო შემთხვევა, როდესაც ვარლამის მაგიერ ვარვარა იყო დაწერილი, ე.ი. გამოდიოდა იგივე, რაც კარბოჩკამ უქნა ჩიჩიკოვს - Елизавета-ს მაგიერ „Елизаветъ“. ამისთვის მართლაც შესაფერი შენიშვნა მიეცემათ. რაც შეეხება ლალიაშვილს, უკვე მას თვე-ნახევარში არ გაუშვია სამსახურიდან ის, ვინც თვე-ნახევრის წინ დათხოვნილი იყო, როგორც წამსვლელი ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიიდან. როდესაც მოვიდა ეს მოხელე და მოითხოვა ჯამაგირი თვე-ნახევრისა, მე უთხარი ლალიაშვილს - რისთვის არ იყო ის დათხოვნილი, როდესაც ეს საჭირო იყო და ვუთხარი შენ მიეცი ეს თვე-ნახევრის ჯამაგირი-მეთქი. შემდეგ საქმე გამოკეთდა. რაც შეეხება იაკოვლევას საქმეს, მე გავეცი განკარგულება, როდესაც მოხელეები მოდიოდენ 10-11 საათზე 8 საათის მაგიერ სამსახურში, თავის დროზე მოსულიყვნენ. მიუხედავად ამისა, იაკოვლევა არ მობრძანდა და ამიტომ იქმნა დათხოვნილი.

აქ ლაპარაკი იყო სოხუმის ოლქში მოხდენილ რევიზიაზე, რომ იქ იყო ჩადენილი ბოროტმოქმედება. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არავითარ ბოროტმოქმედებას ადგილი არ ჰქონია ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში. იყო იქ უბრალო ფორმალური შეცდომა, რომელიც 24 საათში იყო გამოსწორებული, როცა ფული მოვიდა. არავინ არ გადამიყენებია გარდა ერთი კაცისა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი ავტორიტეტი - შეუძლებელი იყო მისი სამსახურში დატოვება.

აქ იყო ლაპარაკი თუ რატომ უშლით მოხელეებს კოლექტიური თხოვნით მოგვმართონ. არ ვიცი რა თხოვნაა ეს კოლექტიური თხოვნა, მადლობელი ვიქნები თუ იგი წაკითხული იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ალბათ შეეხება სამსახურში დაბრუნებას. თუ ასეა - კანონი მოითხოვს მოხელეებმა ცალ-ცალკე შემოიტანონ თხოვნა, რადგანაც ხუთი-ექვსი კაცის მიღება ერთად შეუძლებლად ხდება, ვინაიდან ერთი კაცის თხოვნა ცალკე საქმეს შეადგენს. ამას მოითხოვს კონტროლი და ეს მოთხოვნა ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ.

აქ ნათქვამი იყო თითქო ფ.-ტელეგრაფის კავშირს რეკომენდაციის უფლება არ ეძლევაო. ეს უფლება, ჩვენ გადაჭრით ვამბობთ, ეძლეოდათ, ხოლო როცა შევნიშნეთ, რომ ამ რეკომენდაციის უფლებით კავშირი არ სარგებლობს ისე, როგორც საჭიროა, ჩვენ უფრო თავდაჭერილნი ვართ. აქ ბ. მინისტრმა დეპეშა წაიკითხა ხონში მიმართული; აქ სწერია - წადი დროებით და მერე დაგიბრუნებო; ამას სწერს გამგეობის თავმჯდომარე. ვსთქვათ ეს კაცი წავიდა - მერე მისწერს კავშირი უკან დაბრუნდიო: არის თუ არა ეს საღი რეკომენდაცია, - მე ვფიქრობ არა. მე მაქვს ფაქტი, არ მინდა დავასახელო, რადგან ალბათ იტყვიან ეს პარტიული ნიადაგზე არის აღმოცენებულიო.

ჩვენ დაუნიშნეთ გამოცდები მოხელეებს სახელმწიფო ენის ცოდნაში, ბევრმა გამოცდა დაიჭირა და სამსახურში დავტოვეთ, ბევრი კი იძულებული იყო წასულიყო და მათ ადგილას სხვა მოხელენი მივიღეთ. კავშირის გავლენით აქ ისეთი მოხელენი იყვნენ მიღებულნი, რომლებმაც ძალიან ნაკლებათ იცოდნენ სამსახურის საქმეები და ამასთანავე ერთი პარტიას ეკუთვნოდენ ყველანი. მე ამ მდგომარეობის გამოსწორება მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მატერიალურად მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდენ, გადავსწყვიტე დარჩენილიყვნენ, მოკლე ხანში საქმესაც შეისწავლიდნენ, და დარჩენ კიდეც სამსახურში. შემდეგ ცნობილია, რომ გამოცდილ ჭკვიან კაცს უნდა დაუჯეროს კაცმა, მაგრამ იმ პირს, რომელიც თვით არ არის სანდო, ვერ დაუჯერებთ. აქ ახსენეს ბერძენიშვილი, ეს გახლავთ ერთი ლიდერი ამ კავშირისა, და როგორც გავიგე, ს.-ფედერალისტი. მის რეკომენდაციას სავსებით უკრიტიკოთ ვერ დაუჯერებთ; ყველაზე უფრო გულმოდგინეთ ეს ბერძენიშვილი ავრცელებს ხმებს, რომ ოლქის უფროსი უდიერათ ეპყრობა მოხელეებს, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, როცა ეს იყო განყოფილების უფროსად, აი რა საქციელს სჩადიოდა: მაგ. გამოძიება იყო მისი მოქმედების შესახებ, როცა უფროსად იყო და გამოძიების შემდეგი დასკვნა არის ერთ ადგილას - (კითხულობს). ამას ადასტურებს შემდეგი: (კითხულობს). მერე, ბატონებო, ბერძენიშვილი თავის ახსნაში ამბობს, რომ თავის დღეში არ უყურებდა ჩინოვნიკებს როგორც კაცს, არამედ როგორც ჩინოვნიკს (კითხულობს) დასკვნისთვის ჩინოვნიკი თავის ახსნაში სწერდა შემდეგს: (კითხულობს) (პ. გელეიშვილი ადგილიდან: «Кто подписываетъ») ამაზე ხელს აწერს ბერძენიშვილი (ნინიძე ადგილიდან: მართლა ნახშირი უჭამია?) ის ამბობს როდესაც შეეკითხენ ამ ნაწერის შესახებ, რომ ის ცდილობდა ამ გზით, ამ გლახა ადგილიდან გადაეყვანა ქართველები და რუსები დაენიშნა მათ ადგილზე, მაგრამ ეს რაღას ნიშნავს (კითხულობს). არის კიდევ სხვა დოკუმენტები, მაგრამ ვფიქრობ, აქ კიდევ იქნება რამე თქმული და მაშინ შევეცდები მოგაწოდოთ. ამგვარად ნუ გაუკვირდება ნურავის, როდესაც კავშირში ასეთი პირები არიან. ფრთხილად მოვეპყრათ მათ რეკომენდაციას.

მე განვაცხადე, და ვიცი, რომ კოლექტიური მუშაობა საჭიროა, მაგრამ უნდა სწარმოებდეს ეს მუშაობა, როგორც სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს. აგრეთვე ვიცით, რომ იქ, სადაც ჩვენ ვართ, აუარებელი საქმეა გასაკეთებელი, ვიცით, რომ ბევრი გვაკლია: ფუჭდება ტელეფონი, ხდება წერილების და დეპეშების დაგვიანება. ჩვენ ყოველივე ღონისძიებას ვიხმართ ეს გამოვასწოროთ და შევქმნათ ის, რაც სახელმწიფოს ესაჭიროება, ე.ი. მჭიდრო კავშირი არა მარტო შიგნით, არამედ სხვა სახელმწიფოებთანაც. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, იმ მოხელეების დახმარებით, რომელთაც საქმე აინტერესებთ და არა სხვა რამე, მათი დახმარებით შევძლებთ გადავლახოთ სხვა და სხვა დაბრკოლებანი და თუ არ გაუსწარით, არ ჩამოვრჩეთ მაინც ჩვენ მეზობლებს.

თავმჯდომარე. ვინაიდან უკვე სამი საათია, თუ ინებებთ მივიღოთ საბოლოო ტექსტები, მოისმინეთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი და ამით გავათავოთ დღევანდელი სხდომა. ვინაიდან უკვე სამი საათია, თუ გნებავთ მივიღოთ საბოლოო ტექსტები, მოისმინეთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი და ამით გავათავოთ დღევანდელი სხდომა.

(ქ-ნ შარაშიძის ასულის მოხსენებით მიღებულ იქნა საბოლოო ტექსტები პირველი ორი დეკრეტისა).

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ სახელმწიფო კონტრ. განცხადება (კითხულობს): „მთავრობამ დაადგინა, საზღვარ-გარეთ გაგზავნოს ეკონომიური მისია, რომლის შემადგენლობაში მეც ვარ ჩარიცხული. ამიტომ მოვმართავ პრეზიდიუმს და ვთხოვ მაცნობოს, სცნობს იგი იმ დელეგაციაში ჩემს მონაწილეობას საჭიროდ და შესაძლებლად თუ არა - და უკეთუ სცნობს იმ შემთხვევაში ვშუამდგომლობ წასასვლელად ნებართვის მოცემისათვის“. სიტყვა ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

ს. ჯაფარიძე. ეს განცხადება გახლავთ პრეზიდიუმის სახელზე და ვინაიდან კონტროლს პირდაპირ ირჩევს დამფ. კრება საჭიროდ მიგვაჩნია მოგახსენოთ და თქვენ დაადასტუროთ. (ხმები: გადავდოთ შემდეგ სხდომაზე!)

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ, თქვენ გნებავთ ეს საკითხი დღიურ წესრიგში შევიტანოთ. წინადადების შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

გ. გიორგაძე. წინადადება ასეთი არის: გადაიდოს სხდომა ამ საღამოსთვის და ეს საკითხი შემდეგი სხდომის პირველ რიგში გაირჩეს. საერთოდ ვინაიდან ბევრი საკითხები დაგროვდა, საჭიროდ მიგვაჩნია დაინიშნოს არაჩვეულებრივი სხდომა (კრება ისმენს დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ სოც.-დემოკ. ფრაქციისა ამ საღამოს შესდგეს სასწრაფო სხდომა. (წინადადება მიღებულია). გახლავთ ერთი შუამდგომლობა - თქვენ ინებეთ საარჩევნო კომისიისათვის დამატებითი კრედიტის გაღება, თუ ნებას მოგვცემთ, ეს საკითხი შეტანილი იქნება დღიურ წესრიგში.

(ხმები: ინებეთ, ინებეთ!) სხდომას დახურულად აცხადებს თავმჯდომარე

4 მეოთხე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(4)

1920 წელი. მარტის 23. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1) დეკრეტი დამფუძნებელი კრების არჩევნების საჭიროებისათვის დამატებითი ნახევარი მილ. მან. გადადების შესახებ.

2) განგრძობა მსჯელობისა რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ადგილობრივ დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3) სახელმწიფო კოტროლიორისათვის საზღვარ-გარეთ წასვლისა უფლების მიცემის შესახებ.

4) საბოლოო ტექსტი დღიურ წესრიგის პირველ მუხლში აღნიშნულ კანონმდებლობითი აქტისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის ექვთიმე თაყაიშვილი.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.

2. დეკრეტი - საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კ. ღირებული მასალის მიცემის შესახებ. მომსხენებელია ივ. გომართელი.

3. დეკრეტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯის დასაფარავად 4.034.304 მან. და 92 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

4. დეკრეტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლისა. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

5. დეკრეტი - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებული ფასის გადიდებისა. მომხსენებელია ვას. ცაბაძე.

6. დეკრეტი მიწადმოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ვას. ცაბაძე.

7. დეკრეტი - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისა. მომხსენებელია იმნაიშვილი.

8. დეკრეტი - ბათომის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებად 260.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.

10. დეკრეტი - ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

11. დეკრეტი - მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის დაარსებისა და შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

12. დეკრეტი - საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელ სადგურისათვის სოფელ ტაბახმელაში მელიქიშვილის მამულის შესაძენად 1.060.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

13. დეკრეტი - სახალხო სკოლის მასწავლებელთა ხუთწლეულებით დასაკმაყოფილებლად 4.193.333 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

14. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროქტისა - სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების შესახებ. მომხსენებელის კ. ნინიძე.

16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. მომხსენებელია კ. ცაბაძე.99

17. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოს განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ. მომხსენებელია ი. ელიგულაშვილი.

18. დეკრეტი - ევროპაში კომერციული სააგენტოების დასაარსებლად და ეკონომიური მისიის გასაგზავნად 20.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია იოს. ელიგულაშვილი.

19. დეკრეტი - პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის მოკლევადიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240.000 გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

20. დეკრეტი - სვანეთის სამკურნალო დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

21. გაგრძელება მსჯელობისა რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის, ფოსტის, ტელეგრაფისა და ტელეფონის ადგილობრივი დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების კანონ-პროექტის შესახებ.

22. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების არჩევნების საჭიროებისათვის დამატებითი 500.000 მან. გადადების შესახებ.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ დეკრეტი ნახევარი მილიონი მანეთის გადადებისა არჩევნების დასამთავრებლად განხილულ იქნას პირველ რიგში დღესვე საბოლოო ტექსტის მიღებით. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. სიტყვა ეკუთვნის ქ. სოლოღაშვილის ასულს.

1. დეკრეტი დამფ. კრების არჩევნების საჭიროებისათვის დამატებითი 500.000 მან. გადადების შესახებ.

. სოლოღაშვილის ასული. (ს. დ.) წარმოდგენილი დეკრეტი ეხება დამფუძნებელ კრების საჭიროებისათვის 500.000 მანეთის გაღებას სახელმწიფო ხაზინიდან. როგორც მოგეხსენებათ, შარშან პარლამენტმა 4 მილიონი მანეთი გადასდო არჩევნების საწარმოებლად. ეს თანხა ნავარაუდევი იყო მაშინდელი ფულის მიხედვით და ამასთან ერთად მხედველობაში იყო მიღებული ის, რომ მოკლე ვადაში დამთავრდებოდა არჩევნები, რადგანაც ეს ერთ და იმავე დროს უნდა მომხდარიყო მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ შემდეგ ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო ეს განზრახავა ვერ განხორციელდა. ერთი წლის წინად ძირითადი არჩევნები მოხდა, მაგრამ ის არ დამთავრებულა. ამ დროის განმავლობაში ცხოვრების პირობები შეიცვალა, ფულის კურსი დაეცა და ნაწილობრივ არჩევნებმა გაცილებით მეტი ხარჯი გამოიწვია ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ამიტომ ეს თანხა საკმაო არ დარჩა არჩევნების დასამთავრებლად. ცენტრალური საარჩევნო კომისია შემოდის წინადადებით, რომ გადადებული იყოს 500.000 მანეთი ამ არჩევნების დასამთავრებლად.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

. იმნაიშვილი. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ ეს თანხა გადადებული იყოს არჩევნების დასამთავრებლად.100

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. (მომხსენებელს) გთხოვთ წაიკითხოთ.

. სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. კრება იღებს დეკრეტს უკამათოდ).

თავმჯდომარე. დეკრეტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

ჩაწერილი გახლავთ ბარათაშვილი და იგი თავის სიტყვას უთმობს დადიანს, მაგრამ დადიანი ეხლა ვერ ისარგებლებს დათმობით, ვინაიდან 106 მუხლი რეგლამენტებისა ამბობს, რომ წევრს შეუძლია დაუთმოს სიტყვა იმას, ვისაც არა აქვს აღებული.

დადიანი. მე სიტყვა მაქვს აღებული.

თავმჯდომარე. დიახ, თქვენ გექნებათ სიტყვა მეორე რიგში ამ ორატორის შემდეგ.

სიტყვა ბ. ნინიძეს ეკუთვნის.

2. განგრძობა მსჯელობისა რესპუბ. ფოსტა-ტელეგრაფის და ფოსტა-ტელეფონის ადგილობრივი დაწეს. შტ. და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

. ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო! დადიანს და საერთოდ ოპოზიციას ერთი ზნე დასჩემდა. ის ფიქრობს, რომ სიმართლის თქმა მარტო უმცირესობის ფრაქციას შეუძლია, რომ ის არის მარტო დამცველი დემოკრატიისა და ჭეშმარიტებისა, ეს დებულება ალბათ აშენებულია სხვა ქვეყნის მაგალითზე; განსაკუთრებით სახელმწიფო სათათბიროში ასე იყო, რომ უმცირესობის ფრაქციები, უმთავრესად სოც.-დემოკრ. ფრაქცია, აწარმოებდენ ნამდვილ ოპოზიციას. და აი ამიტომ გონიათ, რომ ჭეშმარიტება მარტო მათი პირიდან გამოდის. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მაშინ სულ სხვა მდგომარეობა იყო, ოპოზიცია, ფორმალურად უმცირესობაში მყოფი, წარმოადგენდა ხალხის უმრავლესობას და პირიქით, ის უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში იყო, იყო ხელოვნურად შექმნილი და ის სრულებით არ ეყრდნობოდა ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ სხვა მდგომარეობაა, მათ მაინც გონიათ, რომ რაკი უმცირესობაში ბრძანდებიან, ისინი უსათუოდ უნდა იყვნენ ოპოზიციონერები და ყოველ წვრილმან საკითხზე ასტეხონ დავა. (ლ. შენგელაია: რუსეთის დამფუძნებელ კრებაში რამდენი იყავით?) იმ საკითხის შესახებ, რომელიც დღეს არის, მისი ჩქარა გადაწყვეტა, თუნდაც იმ მოსაზრებით, რომელზედაც მოგახსენათ დადიანმა, როგორც ერთგულმა დამცველმა მოსამსახურეებისა, არ უნდა ყოფილიყო დიდი დავა, რადგანაც აქ არის უბრალო საკითხი. ეს შეეხება ერთნაირად ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ამ მოსამსახურეებისა. რაკი ეს დავა მაინც ასტეხეს, მე ვფიქრობ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, ამ პრინციპიალური საკითხის შესახებ, რომელიც აქ წამოაყენეს. მე იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ის მდგომარეობა, რომ ჩვენი ფრაქცია არის უმრავლესობის ფრაქცია, და როგორც ასეთი გაბატონებული სრულებით არ იწვევს, იმ შედეგს, ვითომც ჩვენ აღმასრულებელ ორგანოს ყოველგვარ მოქმედებას ვიწონებდეთ. შესაძლებელია წარმოიდგინოთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც უფრო დიდი უმრავლესობა ეყოლება ამა თუ იმ პარტიას პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი არ უნდა მოსთხოვდეს პასუხს იმ ორგანოს, რომელიც მან აირჩია. ჩვენ მუდამ ვსთხოვთ პასუხს, მხოლოდ ერთი განსხვავება არის? ჩვენ ვთხოულობთ იმას, რაც უნდა მოეთხოვოს, რაც უნდა გააკეთონ. ეს უმთავრესი არის. და ისე არ უნდა დავაწვრილმანოთ საკითხი, როგორც ამ შემთხვევაში ინება დადიანმა, რომელიც აეკვიატა ორ პიროვნებას, შალიკიანს და ბერძენიშვილს. რაკი შალიკიანი იყო გაბატონებული პარტიის წარმომადგენელი და ბერძენიშვილი სოც.-ფედ. პარტიის წარმომადგენელი, ის შეეცადა რაღაც შარავანდედით მოეცო მისი პიროვნება. ამ შემთხვევაში ის არ მოიქცა როგორც დეპუტატი, ხალხის წარმომადგენელი, არამედ ის გამოვიდა როგორც ბერძენიშვილის დამცველი. (დადიანი: ნათქვამს გაგება უნდა?) ნათქვამს კი არა, გაკეთებულს უნდა გაგება. როდესაც თქვენ, ბ-ნო დადიანო, შეეცადეთ აგეხსნათ ეს მობეზღარობა ბიუროკრატიის წინაშე, რომელზედაც მოგახსენათ დოკუმენტებით აქ ოლქის უფროსმა, როდესაც შეეცადეთ აგეხსნათ ეს მალიარიის გავლენით, თავის თავად ცხადია, როგორც დამცველი ძალიან სუსტი იყავით, (დადიანი ღელავს: პოდლოგებს დაგიმტკიცებთ?) მე მოგახსენებთ, რომ კიდევაც რომ ანგელოზი ბრძანდებოდეს თქვენი ბერძენიშვილი, არ შეგფერით ის, რომ თქვენ პარლამენტის ყურადღების ღირსად გახადოთ იგი. ჩვენ არაფერს ვამბობთ შალიკიანის პიროვნებაზე. მოგახსენებთ იმდენად, რამდენად თქვენ შეეხეთ იმას. მე მგონია, რომ პარლამენტის ტრიბუნა არ უნდა გადაიქცეს ასეთ ანაგარიშების გასასწორებელ ადგილად. (დადიანი: პოდლოგების ადგილად!) შეიძლება მე არ ვიცი, დუშეთში იყო თუ სადღაც პოდლოგები, ყოველ შემთხვევაში ვინც პოდლოგები ჩაიდინა, იმას სასამართლო გაარჩევს (დადიანი ხმაურობს: თქვენ დაგიმტკიცებთ პოდლოგებს სასამართლოში! დადიანი ღელავს და მოძრაობს). თავმჯდომარის ზარი.

თავმჯდომარე. დაწყნარდით, ბატონო დადიანო!

. ნინიძე. კეთილ ინებეთ ბ-ნო დადიანო! ნუ შეიყვანთ შეცდომაში ვისმეს, ეგონებათ, რომ მე გავაკეთე „პოდლოგი“, რაღაცნაირად იწევთ ჩემსკენ ხელს. მგონია, რომ ამ შემთხვევაში დადიანმა სრულებით უსაბუთოდ აიღო ხელი დეპუტატობაზე და იწყო დამცველობა. მაგრამ საშუალება, რომლითაც მან მოინდომა რეაბილიტაცია სხვა და სხვა პირებისა, სრულებით შეუსაბამო საშუალება გახლავთ. ეს დამახასიათებელია საზოგადოდ უძლურებისა. როდესაც ბ. დადიანი აქ ჩვენს ფრაქციას აბრალებს იმას, ვითომ ჩვენი მეოხებით ყველა დაწესებულებაში გაბატონებული იყო მოხელეების მიღების დროს ეს პარტიული მიზეზები, ეს მგონია არ არის მართლი. თუ ჩვენ ფსიქოლოგიურათ ავიღეთ, მგონია, რომ ეს მიკერძოება უფრო შეეფერება, და მოსალოდნელია იმ ფრაქციისაგან, რომელსაც არ აქვს ხალხში ძალა. და მართლაც ფედერალისტი, რომელიც ერთი წამით იგდებს ხელში ამ ძალა-უფლებას, მაშინ ის შეეცდება ხელოვნურად შეჰქმნას ის გავლენა, რომელიც არ აქვს.

სოციალ-დემოკრატია არ არის ამ შემთხვევაში ბუნებისაგან დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობით დაჩაგრული, რომ ის ეძებდეს მოხელეებში მიმდევრებს. ის ხალხში არის ძლიერი და არ საჭიროებს იმას, რომ კანცელარიებში იყოს ძლიერი. და რადგან თქვენ მიმდევრები გაკლიათ ხალხში, ამიტომ ცდილობთ, რომ ეს უმრავლესობა შექმნათ მოხელეებში და ბოროტი ენები ამბობენ, რომ როდესაც თქვენი ამხანაგები იყვნენ რომელიმე უწყების სათავეში, მოგახსენებენ, რომ ის სწორედ გადაიქცა პარტიულ ანგარიშსწორების გასასწორებელ ასპარეზად. კონკრეტიულად მოგახსენებენ, განათლების სამინისტროზე, სადაც ძალიან დიდი მფარველობა ჰქონდა აღმოჩენილი სოციალისტ-ფედერალისტებს (ს. დადიანი: ეს სიცრუეა?) აგრეთვე ჩვენ, ბატონო დადიანო, გვახსოვს სხვა დაწესებულება, სადაც თქვენ ბატონობდით ძველ წყობილების დროს, მე სტუდენტობის დროიდან მახსოვს, როდესაც თქვენი ამხანაგები ძალიან გრძელი ვადით ღებულობდენ სტიპენდიებს, მაგრამ საქმეს ნაკლებად აკეთებდენ (დადიანი: ჟორდანია იღებდა სტიპენდიას სარაჯიშვილასას. ნ. რამიშვილი: ჟორდანია ღირსი იყო ამისი!) მე ამით იმის თქმა არ მინდა, რაკი სოციალ-დემოკრატი არის, ის არის ანგელოზი, მე იმის თქმა მინდა, რომ თანასწორ პირობებში, ჩვენ თანასწორი ვართ ცოდვებში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც თქვენ ხალხში გავლენა არა გაქვთ, თქვენ უნდა მოიპოვოთ ეს გავლენა იქ, სადაც შეგიძლიანთ. ეს ასპარეზი არის ის კანცელარია, სადაც მოემწყვდით. მაგალითად ჩვენი უბნის კომისარი ეცდება, რომ მას ჰყავდეს ფედერალისტი მილიციონერები. (ს. დადიანი: ლათაიებია! მ. რუსია: ღელავს კირილე!) ეხლა ავიღოთ ის პრინციპიალური საკითხი, რომელიც დადიანმა წამოაყენა. მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს სახელმწიფო ორგანიზაციისა და პროფესიონალურ კავშირის შორის. ეს საკითხი მართლაც სერიოზული საკითხია, მაგრამ როგორ მიდის დადიანი ამ საკითხის გადასაჭრელად? სარგებლობს თუ არა მართლა სახელმწიფოებრივ დემოკრატიულ თვალსაზრისით, თუ მარტო პროფესიონალური კავშირი უნდა სარგებლობდეს თავისი უფლებით. ეს მე მგონია დღეს უბრალო განმეორებაა, შაბლონური მსჯელობაა. დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ისე, თუ თავისუფლება არ ექნება ყველა ჯგუფებს და მათში თავისუფლად ცხადია, არა თუ მუშათა კავშირებს, არამედ მოხელეების კავშირსაც უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება. ამას არამც თუ ვამბობთ, ეს განხორციელებული არის უკვე. მაგრამ აქ არის ბატონებო, მეორე მდგომარეობა. ჩვენ რევოლიუციამ გვიანდერძა იმ დაწესებულებაში ანარქია, რაზედაც სხვათა შორის უწყების წარმომადგენელმა თქვენ გითხრათ.

აი, მაგალითად, ტელეგრამის დამახინჯება, წერილების დაგვიანებით გაგზავნა და სხვა არის ნაყოფი ანარქიისა, რომელიც გამოიხატება შემდეგში: ეს დაწესებულება არის ცალკე რესპუბლიკა. ეს ბ. დადიანმა შემდეგი სახით დაახასიათა, მან ბრძანა, რომ რაკი ფ.-ტ. მოხელენი არიან ტეხნიკურად მცოდნენი ამ საქმისა, იმიტომ უნდა მათ ეკითხებოდეთ უმთავრესად მიღება-დათხოვნის საკითხი. ეს ლაპარაკის დროს შეაკეთა, შეამცირა და რეკომენდაცია დაარქვა, მაგრამ ეს იყო სიტყვის მასალა, რადგანაც წარმოუდგენელია იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე რეკომენდაციის წინააღმდეგი იყოს, მაგრამ როდესაც ასეთი ხაზით ატარებენ რეკომენდაციას, ამას ეძლევა სულ სხვა მნიშვნელობა. სავალდებულო რეკომენდაცია ეს არის ის, რაზედაც ლაპარაკობს ბ. დადიანი: კავშირის შეხედულებით მოხელე დაითხოვეს უკანონოთ, მაშასადამე შეიძლება მოითხოვონ, რომ ის დააბრუნონ სამსახურში. კარგი, მაგრამ ეს როგორი დემოკრატიზმია, როდესაც ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იქნება პასუხისმგებლად მოხელეების წინაშე, ბ-ნო დადიანო? ის პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. თუ ამ საქმეს ამ დარგში განაგებს პროფესიონალური კავშირი, ეს უაღრესი ბიუროკრატიზმია და გამოიხატება იმაში, რომ ბატონობს არა ხალხი, არამედ მოხელე. თუ თქვენ ეს დემოკრატიზმი გგონიათ, ჩვენ ამისთანა დემოკრატიზმის წინააღმდეგი ვართ. ეს არის მოხელეების ბატონობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უნდა მიეცეს თავისი. თუ მოხელე ასრულებს თავის პროფესიონალურ მოვალეობას იმდენად, რამდენად ის მოხელეა და აუმჯობესებს თავის მდგომარეობას, რასაკვირველია სრულიად თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ რამდენად ის ჩაერევა არა თავის საქმეში, მიითვისებს მართვა-გამგეობის საქმეს ეს არის უაღრესი ბიუროკრატიზმი იმ განსხვავებით, რომ ბ. დადიანის ლოცვა-კურთხევით და ენით ამას ჰქვია დემოკრატზმი. მაგრამ საქმე სახელებში არ არის. თუ თქვენ სახელებს თაყვანს სცემთ, მაშინ ჩვენ უნდა მივმართოთ საბჭოთა რუსეთს, რომელმაც სიტყვით სოციალიზმიც კი განახორციელა, მაგრამ ჩვენ შინაარსი გვინდა, არა სიტყვები. შინაარსი კი ამ თქვენი დემოკრატიზმისა ის არის, რომ უნდა გაბატონებული იქნეს მოხელე და რაც მოეპრიანება, ის უნდა ჩაიდინოს და თუ ეს დემოკრატიზმი არის, სწორედ ამან შეჰქმნა ის მდგომარეობა, რომელზედაც აქ ოლქის უფროსი ლაპარაკობდა. 1917 წ., როდესაც გადატრიალება მოხდა, უნდა დანგრეულიყო ეს ბიუროკრატიზმის ბუდე და დაანგრიეს კიდეც და რაკი სხვა ორგანიზაცია არ იყო, მოხელეები იძულებულნი იყვნენ თითონ ჩადგომოდნენ საქმეს სათავეში და თუ კი ეს პირველ ხანებში პროგრესიული მოვლენა იყო, შემდეგ, როდესაც მოვიწვიეთ და დავიწყეთ ერობები და თვითმართველობები და როდესაც პასუხისმგებელი მთავრობა გვყავს, თავისთავად ცხადია, ეს გადაიქცა თავის-თავის წინააღმდეგობად და იმ სარგებლობის მაგივრად, რომელიც მას მოჰქონდა, ზარალი მოაქვს. ქრონოლოგიურად რომ ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, ბ. დადიანი მართალი იყოს. იქნება 1917 წ. ეს მოხელეები იყვნენ ბატონები და რადგანაც მაშინ უმრავლესობას წარმოადგენდნენ ს. დ., მაშასადამე ბატონობდნენ ს. დ., მაგრამ ეხლა უმრავლესობა ფედერალისტებია, რატომ ისევ ასეთი წესი აღარ უნდა იყოსო. მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო, ეხლა რაკი მდგომარეობა შეიცვალა, შესაძლებელია მაშინ ბატონობდნენ ს. დ. და ანგრევდნენ, დეე ახლა ფედერალისტებმა დაანგრიონო. ვინც უნდა იყოს ფ.-ტ. მოხელე, თუ ის მის მაგივრად, რომ ხალხის ინტერესებს ემსახუროს, ემსახურება ვიწრო პროფესიონალურ ინტერესს, მთავრობას არ შეუძლიან მას არ შეებრძოლოს.

ბ. დადიანს ჰგონია, რომ ადამიანი, თუ ჯგუფი შეიძლება აბსოლიუტურად უანგარო იყოს და შესძლებს თავისი ჯგუფური ინტერესები დასთმოს უფრო, ვიდრე სახალხო ინტერესი. ეს გულუბრყვილობა არის. ჩვენ გვგონია, რომ კერძო კაცი შეიძლება გამოვიდეს საზღვრებიდან და ვერ გაარჩიოს რა არის კერძო და რა არის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი, მაგრამ მაინც კერძო ადამიანი უფრო ახლო არის და უფრო მალე შეიგნებს ამას, ვიდრე კერძო ჯგუფი. აი, თვითონ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ერთგვარი იძულებითი გავლენა მოახდინოს. ეს წმიდათა სამეფო არ არის, რაკი არსებობს ეს წინააღმდეგობა, ეს ეგოიზმი, უნდა იყოს ძალა, რომელიც კალპოტში ჩააყენებს ამ წინააღმდეგობას. ასეთ ძალათ მიგვაჩნია ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია, ცენტრალური ორგანო მისი არის მთავრობა და შემდეგ დანარჩენი ადგილობრივი ორგანოები. როგორ გინდათ მყვირალა დემოკრატიზმით დაფაროთ მოხელეების თვითნებობა. ეს ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ პარტიულ კაპიტალს არ ვეძებთ. ჩვენ რომ პარტიულ კაპიტალს ვეძებდეთ, მოხელეებს მოვეფერებოდით და ბევრი მოხელე ჩვენს მხარეზე იქნებოდა. და ამით აიხსნება, რომ ბურჟუაზიული ელემენტები და ინტელიგენცია, რომელიც კლასათ არ არის ჩამოყალიბებული, უფრო თანაგიგრძნობენ თქვენ. (ი. ბარათაშვილი: ვინც უფრო შეგნებულნი არიან!) მართალია, მაგრამ შეგნებულნი, რომელნიც არ სცილდებიან ჯგუფურ ინტერესებს. თქვენ იტყვით, რომ გლეხები და მუშათა კლასიც იცავს თავის ინტერესებსო. შეიძლება ეგ მართალია, მაგრამ ისინი არიან ხალხის უმრავლესობა და თქვენ კი ხართ ხალხის უმცირესობა. (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის).

მე წამიკითხავს ფედერალისტების ლიტერატურა, ჩვენ მიერაც პატივცემული არჩილ ჯორჯაძის ნაწერები, ის, როდესაც საზღვარ-გარეთ იყო, სადაც მას ძალას არავინ ატანდა ის სწერდა გაზ. „საქართველო“-ში, რომ მღვდელი, ეპისკოპოსი, თავად-აზნაური, ყველა ერთად უნდა იყოსო. (დადიანი: სიცრუეა!) ბ. დადიანო, თქვენ არ წაგიკითხავთ თქვენი მამა-მთავრის ნაწერები...(დადიანი: სიცრუეა!) ეს იყო მგონი „საქართველოს“ №4-ში. (დადიანი: გვიჩვენეთ?) ეხლა თან არ წამომიღია, დიდი სირცხვილი თქვენ, რომ თქვენი მამამთავრის ნაწერებს არ იცნობთ. ის ხომ... (დადიანი: თქვენ თითონ არ იცით!) მე რომ არ ვიცოდე არაფერია, მაგრამ სირცხვილი თქვენ, რომ არ იცით ის გზები, რომელიც მან გამოიარა! ერთხელ ანარქისტი იყო!.. ამიტომ გვგონია რომ ის საკითხი, რომელიც ბ. დადიანმა წამოაყენა, ვერ იქნა გადაწყვეტილი საფუძვლიანად. პირველი რომ არის პარტიული კინკლაობა, რომელიც ვითომ არსებობს იქ, მაგრამ იმ მაგალითიდან რომელიც დაასახელა ბ. დადიანმა ჩვენ წინააღმდეგ დავინახეთ. იმაში, რასაც ბ. ღლონტი ბრძანებს ჩვენ რა დავინახეთ? ერთის მხრივ, რომ ბ. დადიანი სცდილობს ხელი დააფაროს მათ და ცდილობს რეაბილიტაცია მოახდინოს იმათი, იმ პირებისა, რომელნიც ამის ღირსნი არ არიან და ამით დათვურ სამსახურს უწევს მათ. ძველი რეჟიმის დროს ბევრი უწევდა ასეთ სამსახურს რუს ბიუროკრატიას, განსაკუთრებით ბ. დადიანო, თქვენი გვარის წარმომადგენელნი. ისინი ყველაზე მეტად ყვიროდნენ და გაიძახოდნენ პატრიოტიზმზე, თუმცა ქართულ ენას ბიჭების ენათ თვლიდენ. (დადიანი: რა შუაშია?) იმ შუაშია, ბატონო, რომ როდესაც ბიუროკრატიის ბატონობის დროს განდგომილნი საქართველოს დაჩაგვრას ეცდებოდნენ, რუსეთის ბიუროკრატიის წინაშე სახელს მოიხვეჭდნენ! (დადიანი: ასეთი დემაგოგია მხოლოდ თქვენ შეგიძლიანთ, ბ. ნინიძე!) ერთი სიტყვით, ბ. დადიანი გამოდის და თავის სიტყვებით მხოლოდ დათვურ სამსახურს უწევს მათ, ვის დაფარვასაც ცდილობს. ის რაც შეეხება მეორეს, პარტიულ საქმიანობას, ბ. დადიანმა ფაქტიურად დაგვანახვა, რომ ოლქის უფროს მგელაძეს, რომელსაც შეიძლება აქვს შეცდომები, ვის არ მოსდის შეცდომა, ცდილობს შემოიღოს წესრიგი, რადგანაც იცის, რომ ფ.-ტ. არის სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო წარმოების ერთი დარგი. ამ შემთხვევაში ის ცდილობს ცოტა ამოსდოს ლაგამი თქვენებური დემოკრატიზმით გადადებულ პირებს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებენ ვიწრო ჯგუფურ ინტერესებს. ამ შემთხვევაში ის პირნი, რომელთაც თქვენ და თქვენი წარმომადგენელი პირები, განსაკუთრებით ის პირები, რომელნიც წარსულში, როგორც ბერძენიშვილი ბრძანებდა, არავითარი ღვაწლი მიუძღვით ხალხის წინაშე და ეხლა, დღეს ამ ორომ-ტრიალში ცდილობენ ამოეფარონ თქვენს დროშას, მაგრამ როდესაც იქ იბრძვის ბ. მგელაძე, ჩვენ შეგვიძლიან მხოლოდ გზა დაუცოთ მას და უთხრათ, რომ კეთილი იყოს თქვენი ბრძოლა მოხსენებული „დემოკრატიზმის“ წინააღმდეგო. რაც შეეხება იმ პრინციპიალურ საკითხს, რომ სახელმწიფო უფრო მაღლა უნდა იდგეს ჯგუფურ ინტერესებზე, ეს არ ეწინააღმდეგება პროფესიონალურ ინტერესებს, რადგანაც მუშებმა ძალიან კარგათ იციან რა არის სახელმწიფოს დამკვიდრება და რა არის პროფესიონალური ინტერესი. შეგნებულმა მუშებმა მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია და მუშები განცალკევებულნი ყოფილიყვნენ. ნუ იტყვით იმას, რომ ჩვენ რკინის გზისა გვეშინიან და მას უთმობთ და ფოსტა-ტელეგრაფისა არ გვეშინიან და ამიტომ არ უთმობთ მას. ეს ადლი, ეს საზომი ჩვენ არ შეგვეფერება. და შეიძლება კერძო უწყებას მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს და ხელი არ უნდა შეუშალოს პარტიულმა საქმიანობამ სახელმწიფო მუშაობას, მაგრამ როდესაც ბ. დადიანი ცდილობს სახელმწიფოს მუშაობას ხელი შეუშალოს, დემაგოგიას მიმართავს და ამით კავშირებს ურჩევს, რომ დადგნენ ძველ ანარქიის გზაზე, რომელიც ჩვენ უკვე განვლეთ, და თუ არ განვლეთ, ვცდილობთ, რომ განვლოთ, - ამ შემთხვევაში ბ. დადიანი ვერც სოციალისტურ საქმეს აკეთებს, თუ რასაკვირველია, სოციალიზმისაც ისე არ გავიგეთ, როგორც ბ. დადიანმა გაიგო დემოკრატიზმი. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. დადიანს.

. დადიანი. (ს.-ფ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ვინაიდან მე ამის მეტი ამ საკითხზე სიტყვა აღარ მომეცემა, იძულებული ვარ თავი დავანებო ახალ მაგალითების მოყვანას ფოსტა-ტელეგრაფის უწყების ცხოვრებიდან და გავარჩიო მუხლობრივ ბ. მინისტრის და ოლქის უფროსის პასუხი.

ბ. მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველივე ის, რაც მე მოგახსენეთ, წვრილმანებია და ამის შესახებ განმარტებას „ჩემი მოხელე“ მოგახსენებთო. რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრს არ შვენის ასეთი სიტყვები, „ჩემი მოხელე“, ასე ლაპარაკობდენ ძველი რუსეთის ბიუროკრატები, დღეს ჩვენს ყურს ეხამუშება ეს.

დღეს საქართველოს დემოკრატიულს რესპუბლიკაში მოხელენი და მოსამსახურენი მინისტრებს კი არა ხალხს ემსახურებიან, ხალხისა არიან.

ვერც ერთი პრინციპიალური მოსაზრება ჩემი ვერ დაარღვია ბ. მინისტრმა, მან კამათი ისეთ სფეროში გადაიტანა, სადაც ჩვენ არ ვდაობთ. ბევრი რამ გავაკეთეთ, ფოსტა-ტელეგრაფის საქმეები არარაობისაგან შევქმენითო. კაცმა, რომ სთქვას, არ არის დიდი დასაკვეხნი, რაც თქვენ გააკეთეთ, ვინაიდან ამას ეხლა გააკეთებდა, ეს მაშინაც გაკეთდებოდა, თუ უწყება სულ უპატრონოდ იქნებოდა მიგდებული.

გაეროვნების საქმე, შტატის შემცირება და ასეთი მართლადაც საჭირ-ბოროტო საკითხები, რაც მართლა გაკეთდა ამას ყოველ შემთხვევაში ბ. მგელაძე ვერ მიითვისებს, ვინაიდან ეს გაკეთდა ჯერ კიდევ მასალკინის დროს.

რაც უფრო საყურადღებოა, ყოველივე ამ რეფორმების სიმძიმე სწორედ მოსამსახურეებმა გადაიტანეს, მთავარი ძალა ამ საქმეში სწორედ მოხელეები იყვნენ და სწორედ ისინი, ვისაც თქვენ დღეს ხელის შემშლელ ელემენტებად გვიხატავთ.

სამწუხარო სწორედ ის არის, რომ უაღრესად პრინციპიალური და სახელმწიფოებრივი საქმეები თქვენ წვრილმან საკითხებად მიგაჩნიათ, რადგან თქვენ ერთობ დაგიწვრილმანებიათ სახელმწიფო საქმეები.

შევაფასოთ ბ. მინისტრის და „მისი მოხელის საბუთები“. ამას წინად ბ. მინისტრმა და დღეს ოლქის უფროსმა აქ ერთი დეპეშა წამიკითხეს ვინმე ვარლამის ხელმოწერილი, იმის დასამტკიცებლად, რომ ვითომ ცენტრ. კავშირის გამგეობის წევრი ვარლამ ჭრელაშვილი ერეოდა მოსამსახურეთა გადაყვანა-გადმოყვანაშიო, ე.ი. კავშირი ადმინისტრაციის საქმეებს ეპოტინებაო. შეიძლება ბ. მინისტრს არ სცოდნოდა ეს, მაგრამ შეუძლებელია ოლქის უფროსს არ სცოდნოდა, რომ ეს ვარლამი არ არის კავშირის წევრი, არამედ სრულიად კერძო პირია. ამ კერძო პირს უთხოვნია რომელიღაც ადმინისტრატორისთვის, შეიძლება თვით მგელაძესთვის, რომ ხონიდან ფოთში არ გადაეყვანათ ვინმე მოხელე მელაძე. უთუოდ ამის იმედი მიუციათ და იგიც სწერს მელაძეს: „მაქ არავინ დარჩება, შენ შესაძლებელია ფოთში გაიგზავნო, დაუცადე განკარგულებას, შემდეგ დაგაბრუნებო“. და მეორე დეპეშაც: „წადი ფოთში შემდეგ დაგაბრუნებ“. ამ დეპეშას ხელს აწერს ვარლამი, მაგრამ ბ. მგელაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ვარლამ ძიძიგურია, სრულიად კერძო პირი. ეს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ოლქის უფროსს, ვინაიდან ამ ვარლამ ძიძიგურს თავისი მისამართიც აღნიშნული აქვს დეპეშაზე, - განათლების სამინისტრო. (მ. რუსია: განათლების სამინისტროს მოსამსახურე ფოსტაშიაც მსახურებს?) ბ. რუსია, თქვენთვის სულ ფუჭად ჩაუვლია ამდენს ლაპარაკს, ვერაფერი გაგიგიათ. (მ. რუსია: ისე უნდა ვსთქვათ, რომ გავიგოთ!) კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

ამნაირად, ბატონებო, თქვენ ხედავთ, რომ აქ ოლქის უფროსმა ყალბი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ტყუილად დააბრალა პროფეს. კავშირს ადმინისტრაციის საქმეში ჩარევა.

ბატონმა მინისტრმა აქ ამას წინად წაგიკითხათ მოხელე ფარცხალაძის დეპეშები, სადაც იგი ეკითხება მოხელეს, გინდა თუ არა აქა და აქ გადაგიყვანოთო. ესეც უნდათ აქ იმის დასამტკიცებლად, რომ პროფეს. კავშირი ერევა მოხელეების გადაყვანაშიო, მაგრამ იმას კი არ გეუბნებიან, როდინდელი აბავია ეს. ეს, ბატონებო, იყო 1917 წელს, როდესაც კავშირი მართლადაც ერეოდა უმეშვეოდ ადმინისტრატიულს საქმეებში და არა თუ ერეოდა, იმ რევოლიუციის პირველს ხანებში ეს კავშირი იყო ერთად-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იქ მოქმედებდა.

მაშასადამე ესეც არ გამოგადგებათ და იმის დასამტკიცებლად, რომ ვითომ დღევანდელი პროფეს. კავშირი ცდილობდეს მთელი ადმინისტრაციის ფუნქციები მიისაკუთროს.

მაგრამ ყველაზე უფრო არა საკადრისი საქმე იკადრა ბ. ოლქის უფროსმა. შეიძლება იმიტომაც მიანდო ბ. მინისტრმა თავისი მაგივრობა „თავის მოხელეს“, რომ თითონ არ ეკადრება იმას, რაც „მისმა მოხელემ“ იკადრა.

მე აქ სრულიად არ მაინტერესებდა თითოელი პიროვნება და თუ ვისმეს ვასახელებდი, მხოლოდ ილუსტრაციისთვის, მე აზრადაც არა მქონია არც ბერძენიშვილის დაცვა... (ლ. ნათაძე: თქვენ დაღუპეთ იგი!) დიაღ, ეს კი მართალია, მე დავღუპე იგი, თქვენ მას დაითხოვთ დღეს თუ ხვალ. (ხმაურობა. ბ. რუსია: მართლა გასაწმენდი ყოფილა ეს უწყება!) ბ. რუსია, თქვენ წამოგცდათ ის, რაც გულში გედვათ.

დიაღ, მე ბერძენიშვილს არ ვიცავ, იგი ამას არ საჭიროებს, მაგრამ, როდესაც აქ მის წინააღმდეგ გამოდიან ყალბი დოკუმენტებით, მე არ შემიძლიან ეს არ ვამხილო. (ხმაურობა) ის მიწერ-მოწერა, რომელიც აქ ბ. მგელაძემ წაიკითხა ასლია, თითონ ადმინისტრაციის მიერ გადაწერილი. აბა, მოიტანეთ დედანი ამისა. დედანი თქვენ არა გაქვთ, ყოველ შემთხვევაში ისიც, რაც მგელაძემ წაიკითხა, წაიკითხა გადამახინჯებულად. (ბ. ნ. რამიშვილი ადგილიდან უჩვენებს ქაღალდს: აქ არის ორიგინალი!) მე ვიცი რაც ორიგინალია ეს. ბ. მგელძემ აქ გაიმეორა ის ხერხი, რომელსაც ჩვეულნი არიან ცნობილნი პუბლიცისტნი სოციალ-დემოკრატიისა. აქ ბ. ნინიძემ მოიგონა არჩილ ჯორჯაძე და აი სწორედ მრავალჯერ დაუჭერია მას პოლემიკის დროს თქვენები, როდესაც დოკუმენტიდან ამოგლეჯდენ ხოლმე ადგილს, შეკვეცავდნენ და დოკუმენტს იმას ათქმევინებდნენ, რაც მათ უნდოდათ.

ბ. მგელაძემ აქ წაიკითხა ვიღაც მოხელის წვერავას მოხსენება, ვითომ ბერძენიშვილმა, როდესაც იგი კანტორის უფროსი იყო, მოხელეს საწერელი სთხლიშა, ქიმიური მელანი თავზე გადაასხა და სხვა ასეთი საშინელებანი პათეთიურად განაცხადა: როგორ დაეჯერება რამე ასეთ კაცსო. აგრედვე მან პოლიტიკურ მაბეზღარადაც კი გამოიყვანა იგი, თითქოს ბერძენიშვილი თხოვდა უფროსებს ბელიასუარს და ასეთს ყრუ ადგილებში რუსები დაენიშნათ და ქართველებისაგან კი გაენთავისუფლებინათ იგი. მე ვაცხადებ, რომ ყოველივე ეს სიცრუეა. მე თქვენ გეკითხებით: რა სახარბიელო იყო ბელიასუარში და ასეთს ადგილებში გადასვლა, როდესაც იქ ისეთი ციებიანი ადგილია, რომ ვერც ერთი ქართველი ვერა სძლებდა და მალარიით ავადხდებოდა? მე თქვენ გეკითხებით, რატომ არ ნიშნავდა იქ ნიკოლოზის მთავრობა რუსებს, თუ ეს ასეთი სახარბიელო ადგილი იყო? (ხმები: ბერძენიშვილი ქართველებისთვის ზრუნავდა ვითომ?) ყვირილით არაფერი გამოვა, ბატონებო, მე გეკითხებით, რატომ არ ნიშნავდენ იქ რუსებს? ცხადია, იმიტომ, რომ იქ მძიმე პირობები იყო სამსახურისა. ეს ინტრიგები, რომელიც ამ შვიდი წლის წინად მოხდა პირადულ ნიადაგზე ბერძენიშვილსა და წვერავას შორის, უკვე დიდი ხანია პრესაში გამოაქვეყნა და განმარტა თითონ ბერძენიშვილმა და აი საქმე როგორ იყო, აი რასა სწერდა ბერძენიშვილი თავის მოხსენებაში... «Цверава служилъ честно, аккуратно, всестороне изучая службы, т.е. до тѣхъ поръ, пока я нѣсколько разъ не представлялъ его на повышенიе, пока ему не надоѣло ждать результата, а послѣднიй третიй годъ есть годъ его болѣзни и разочарованიя, что онъ «неудачник», что не дають повышенიя, что не переводятъ и что мои представденიя, какъ «не авторитетнаго начальника», не достигаютъ цѣли». დასკვნა ამ მოხსენებისა ასეთია: «покорнѣйше прошу для изчерпанიя всего этого вопроса чин. Цверава перевѣсти въ болѣе здоровое мѣсто, где онъ оправившись, может снова стать полезнымъ чиновникомъ».

წვერავა კარგი მოხელეა, პატიოსანი კაცია, მხოლოდ უკანასკნელ დროს ავად გახდა, გული გაუტყდა, გთხოვთ სხვაგან ჯანმრთელ ადგილას გადაიყვანოთ, რომ მორჩეს და ისევ კარგი მოხელე გახდესო, და ეს არის დაბეზღება?! აი რით აიხსნება ბერძენიშვილის შუამდგომლობა, რომ ქართველები იქიდან წამოეყვანთ და რუსები გამოეგზავნათ და განა სირცხვილი არ არის ამის დღეს გამოტანა, როგორც ბერძენიშვილის საწინააღმდეგო მასალისა?

ბ. მგელაძემ აქ ისე მოგაჩვენათ, თითქოს ბერძენიშვილი ებრძოდა კარიერისათვის ვიღაცის „შეერთებულს ძალას“. მან ასე წაიკითხა ეს ადგილი: «Цверава возбуждаетъ своих несознательныхъ коллегъ путьемъ пропаганды и, что объединенная сила можеть все»... აქ ბ. მგელაძემ წერტილი დასვა და ისეთი შთაბეჭდილება შეჰქმნა, თითქოს აქ მართლადაც პოლიტიკურს „დანოსთან“ გვქონდეს საქმე. აი აქ ითაღლითა ბ. მინისტრის „მოხელემ“. მან არ წაიკითხა შემდეგი ფრაზა: «и конечно свергнетъ ненавистнаго ему Бердзенишвили».

ცხადია ბერძენიშვილი აქ სწერს, რომ წვერავა მის წინააღმდეგ აწარმოებს აგიტაციას და იგი შეერთებული ძალით ცდილობს მის გადაგდებას... თქვენ კი... თქვენ აქ სიყალბეს ამბობთ, ყალბს დოკუმენტს კითხულობთ და კითხულობთ ყალბად. სირცხვილი თქვენ! (დიდი ხმაურობა). ბერძენიშვილი სწერს: «ихъ (ე.ი. ქართველები) какъ малярიйныхъ, переведите въ болѣе здоровое мѣсто, а ко мнѣ назначьте русскихъ». კაცი უფროსებს შესჩივის, ქართველებს ნუ ნიშნავთ აქ, ციებ-ცხელებით იხოცებიანო და ეს ქართველების დევნათ გინდათ გაასაღოთ?!

მე კიდევ მეტს გეტყვით. ბ. მგელაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბერძენიშვილის მოქმედებათა გამოსაძიებლათ დაინიშნა კომისია და შედეგი ის იყო, რომ იგი გაამართლა კომისიამ, აი ამ მოწერილობით აცნობეს კიდეც, რომ თქვენ გამართლებული ხართო:

«Въ возведенныхъ на Васъ обвиненიяхъ служащими конторы, въ якобы грубыхъ обращенიяхъ съ ними публикой, по даннымъ разслѣдованიямъ, Вы оказались правы.

Предлагаю объ этом объявитъ чинамъ конторы, съ предупрежденიемъ въпредь при возведенიи подобныхъ обвиненი относитсься осторожно».

და აი ამ დოკუმენტს ხელს აწერენ: ფოსტა-ტელეგრაფის კომისრის მაგიერ ოლქის მმართველი - მედნიკოვი და... რაც ყველაზე უფრო საგულისხმოა - ცენტრალური ბიუროს დროებით თავმჯდომარე შალიკიანი. აი სწორედ ის შალიკიანი, რომელიც დღეს ოლქის უფროსის თანაშემწეა. (სიცილი და ხმები: მერე რაო?) ბატონებო თქვენ, იცინოდით მაშინაც, როდესაც ბ. მგელაძე ლაპარაკობდა ამ სიყალბეს, იცინით ახლაც, მაგრამ ეს სიმწარის სიცილია, კუდზე ფეხი დაგადგით, სიცრუეში დაგიჭირეთ.

ძველი რომაელები ქრისტეს დაბადებამდე ამბობდნენ: „ნონ ბის ინ ეადემ რემ“, - ორჯერ ერთ და იმავე საქმეზე გასამართლება არ იქნებაო. თქვენ რომ ოცი საუკუნის წინადაც ყოფილიყავით, ვერ აწვდებოდით ამ დებულებას და როგორც დღეს მაშინაც უკან ჩამორჩებოდით რომაელებს.

ოლქის უფროსმა და თვით შალიკიანმაც რასაკვირველია იცოდნენ ამ საქმის მთელი ვითარება, იცოდნენ ბერძენიშვილის სიმართლე. როდესაც გაეროვნების საქმეზე მუშაობდა ეს ბერძენიშვილი და მისი ამხანაგი მაშინდელი კავშირის გამგეობის თავმჯდომარე შალიკიანთან ერთად, მაშინ მასალკინი (სოც.-დემოკრატი) და მისი თანაშემწე აჰარონიანი წინააღმდეგი იყვნენ ამისა და აჰარონიანმა წაუყენა ბერძენიშვილს ესევე ბრალდება, რომ იგი მოესპო, როგორც მებრძოლი, მაგრამ შალიკიანმა ხომ იცოდა, რომ ეს ცილისწამება და სისულელე იყო, არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ და მთელი წელიწადი ბერძენიშვილთან ერთად კონტაქტში მუშაობდნენ.

ბოლოს და ბოლოს რა სოციალისტ-ფედერალისტების ბრალია რაიმე შეცდომა რომ კიდეც ჩაედინოს 1913 წელში ბერძენიშვილს! იგი მაშინ სოციალ-დემოკრატი იყო! სჩანს გაგიჭირდათ, რომ ასეთს სამარცხვინო დოკუმენტებს დაუწყეთ ქექვა, როგორც გაკოტრებულმა ვაჭარმა ძველს თამასუქებს.

შემდეგ ოლქის უფროსმა მოიყვანა დეპეშის დამახინჯების ნიმუშები, მაგრამ აქაც წყალგამოღმა გინდათ გამოგვედავოთ. მე არ ვამბობ იმას, რომ ყურადღება არ მიექცეს შეცდომებს და დამნაშავე არ დაისაჯოს. ჩვენ ვამბობთ, რომ დეპეშის დამახინჯება ხშირად აუცილებელია იმიტომ, რომ რამოდენიმე საათი აპარატზე მუშაობა ნერვებს ჰღლის და გამოცდილს მომუშავესაც შეიძლება შეეშალოს.

ამას გარდა ხშირად ნამძები შეიძლება გადაიხლართოს და ამის გამო დაიკარგოს წერტილები, ხაზები, რაც შინაარს დაამახინჯებს. ყოველივე ამას გამორკვევა უნდა და მე თქვენ დაგისახელეთ მაგალითები, რომ განუკითხავად სჯიან მოსამსახურეებს, მერე ირკვევა მათი უდანაშაულობა და ისევ უკან აბრუნებენ. ასეთს წესს უწოდებ მე ბიუროკრატიულს თვითნებობას.

ბ. მინისტრმა ბრძანა, დელეგაცია მე კარგად მივიღეო. ბ. ჭიჭინაძემ არც კი მოუსმინა დელეგაციას: ვიცი რისთვის მოსულხართო და როდესაც დელეგაცია ბ. რამიშვილთან შევიდა, ახლა იქ გამოვიდა ბ. ჭიჭინაძე და იქაც გააფრთხილა ნ. რამიშვილი. თითონ მინისტრი კი „დაჰპირდა“ დელეგაციას: „თუ კიდევ ასე განაგრძობთ, რესპუბლიკის საზღვრებს გადაგაცილებთო“, - ჭეშმარიტად დემოკრატ მინისტრის სიტყვებია!

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ნუცუბიძეს ეკუთვნის.

ი. ნუცუბიძე (სოც.-რევ.) ბატონებო! ფოსტა-ტელეგრაფის უწყების გარშემო ცხარე კამათი გაიმართა. ეს კამათი, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვანი კამათია, რადგან ამ კამათმა დამფუძნებელ კრებას გადაუშალა ერთგვარი სურათი იმ წესებისა, რომელიც არის გამეფებული ამ უწყებაში. კამათიდან აშკარად გამოირკვა: ერთი ის, რომ მოხელეებისადმი მოპყრობა არ ყოფილა რიგიანი, მეორე - პროფესიონალურ კავშირის უფლებები შეზღუდული ყოფილა. ლაპარაკობენ აგრეთვე იმაზე, რომ უწყებაში ხდება ბოროტ-მოქმედება. ასეთ ბოროტ-მოქმედებათ ვთვლი მე ისეთ დეპეშების გაგზავნას უფასოდ, რომლებიც არ უნდა იქმნენ გაგზავნილი კანონის ძალით. ეს ფაქტები, რომლებიც მე დავასახელე, არ უარუყვია არც ბ. მინისტრს და არც მის მოხელეს. პროფესიონალურ კავშირის უფლების შესახებ ბ. მინისტრის მოხელემ განაცხადა, რომ კოლექტიურ თხოვნების მიღება ყოვლად შეუძლებელი არის. ასეთ აზრს იცავდენ ძველი დროის მოხელენი. ჩვენ დროს კი, დღეს, როცა ასე თუ ისე არის დამყარებული, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს - ლაპარაკობენ, რომ არის დემოკრატიული რესპუბლიკა, - ასეთ წეს-წყობილების დროს, ყოვლად შეუწყნარებელია, რომ მუშათა კავშირებს თავის ფარგლებში არ ჰქონდეს შესაფერი უფლებები. ყოვლად შეუწყნარებელია, რომ მუშათა კავშირებს აეკრძალოს მასიურად, კოლექტიურად პეტიციის წარმოდგენა. ეს ანბანი არის დემოკრატიულ წყობილების. რაც შეეხება უდიერ მოპყრობას, ეს იქამდეც კი მისულა, რომ ზოგიერთი მოხელე თვალცრემლიანი გამობრუნებულა. მე ვერ წარმომიდგენია მოხელე-მამაკაცი ცხარე ცრემლით. ალბათ მან წარმოიდგინა რევოლიუცია, დემოკრატიული წყობილება, რესპუბლიკა და ისეთი უდიერი მოპყრობა და ის უფაქიზესი პრინციპები და იდეალები, რომლისათვის ის იბრძოდა და რომელიც დღეს ფეხ-ქვეშ არის გათელილი. ალბათ ამან გამოიწვია ის ფსიქოლოგიური განცდა და ცრემლები. ეს არის უღრმესი ტრაღიზმი მოხელის სულისა და თქვენ, როგორც ხალხის წარმომადგენელი, მოვალენი ხართ ჩაუკვირდეთ ამ გარემოებას.

ბ. ნინიძემ, იმის მაგივრად, რომ უარყოს ფაქტები და სერიოზული პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს, დაიწყო ნოტაციები: ოპოზიცია რატომ არის ოპოზიცია, როდესაც სოციალ-დემოკრატია არის უმრავლესობა. ოპოზიციას ადგილი ჰქონდა რუსეთის სათათბიროში, სადაც უმრავლესობას მემარჯვენენი შეადგენდენ. საქმე იმაშია, ბატონებო, რომ მაშინდელი უმრავლესობა ხალხის სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ ხალხის საქმეს არ აკეთებდა. და ეხლაც, ხალხის სახელით ლაპარაკობს სოც.-დემ. უმრავლესობა და ხალხის საქმეს ნაკლებ აკეთებს. ამიტომ აქვს ადგილი დამფ. კრებაში მემარცხენე ოპოზიციას და მემარჯვენეებს კი ადგილი არ აქვთ. მემარჯვენენი თუ გამოვლენ მხოლოდ იმისთვის, რომ ტაში დაუკრან უმრავლესობის ფრაქციას. (ხმაურობა). მე თქვენ დროს მართმევთ, მომეცით საშუალება ლაპარაკისა, ფაქტები, რომლებიც აქ იქნა აღნიშნული, პირდაპირ გულშემზარავია. ამ ფაქტებზე ორნაირი აზრი არ შეიძლება იყოს. ყოველი საღი გონების ადამიანი მისგან მხოლოდ ერთ დასკვნას გამოიტანს.

რით აიხსნება, რომ სოციალ-დემოკრატია ასე მოქმედებს? მისი ბუნებით და მეორეც - პრაქტიკული მოსაზრებით. სოციალ-დემოკრატები არიან ეგნატე ლაიოლას მემკვიდრენი, როგორც თავის მოქმედებაში, ისე მოძღვრებაში და არსად და არასოდეს არ ზოგვენ არავითარ საშუალებას მიზნის მისაღწევად. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მოიგონეთ მთელი მათი მოღვაწეების ისტორია საქართველოში. როგორ ებრძოდნენ იდეურ მოწინააღმდეგეებს. არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში დედამიწის ზურგზე არ ყოფილა ისეთი მახინჯი დამოკიდებულება პარტიებს შორის, როგორც ჩვენ ვხედავთ საქართველოში. და ამის მიზეზი არის გაბატონებული პარტია, სოციალ-დემოკრატია, რომელმაც მოშხამა საზოგადოებრივი ატმოსფერა. მე მოგახსენებთ, რომ სოც.-დემ. ასეთი საქმიანობა აიხსნება - ერთი მათი ბუნებით და მეორე პრაქტიკული მოსაზრებით. რატომ იბრძვიან სოც.-დემ. ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში? იმიტომ, რომ ფედერალისტები უმრავლესობა არიან ამ უწყებაში. ფოსტა-ტელეგრაფს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახელმწიფოს ერთ რგოლს. გამოაცალეთ ეს რგოლი და სახელმწიფო დაიშლება. და რადგან მთავრობა მოღვაწეობს არა როგორც მთავრობა, არამედ როგორც სოციალ-დემოკრატები, როგორც პარტიული მოღვაწენი, ამიტომ ხდება, რომ ხშირად ეს მთავრობა გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. და იმ უწყებაში, სადაც პარტიულად სუსტი იქნება სოც.-დემ., შეიძლება გაფიცვა გამოცხადდეს, როდესაც მთავრობა ვიწრო პარტიულ გზას დაადგება და სოციალ-დემოკრატია სცდილობს, რომ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, ასეთ შემთხვევებისათვის თავისი პარტიული ამხანაგები იყოლიოს. ეს გახლავთ პრაქტიკული მოსაზრება.

ეხლა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება მუშათა ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის.

ბოლშევიკები და მენშევიკები ორი სხვა და სხვა ტოტია ერთი და იმავე ხის ტანის, ასე რომ თავის ბუნებით და ტაქტით ერთი და იგივე არიან, განსხვავება მხოლოდ მემარცხენე-მემარჯვენეობაშია. მენშევიკები იგივე ბოლშევიკებია, მხოლოდ მარჯვნიდან. როგორც ბოლშევიკები, ისე მენშევიკები არ ინდობენ არავითარ იდეურ მოწინააღმდეგეს. ბოლშევიკებმა რუსეთში მოსპეს სავსებით სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინიციატივა და გადასცეს პროფესიონალურ კავშირებს, მუშათა ორგანიზაციებს. ისინი გადავარდნენ უკიდურესობაში. სოციალ-დემოკრატებმა კი მოსპეს ეს პროფესიონალური ორგანიზაციები და მისი ფუნქციები გადასცეს სახელმწიფოს... (ნინიძე: რა მოვსპეთ, რას ამბობ?) მოგახსენებთ. მუშათა საბჭომ, სადაც სოციალ-დემოკრატები... (ხმაურობა).

თავმჯდომარე. გთხოვთ ნუ უშლით ორატორს, მიეცით საშუალება სიტყვის დამთავრებისა.

ი. ნუცუბიძე. მუშათა საბჭომ, სადაც სოციალ-დემოკრატები არიან გაბატონებულნი, თვით აიყარა ძალა-უფლება, რადგან ეგონა, რომ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა დაიცავდა მის ინტერესებს. მაგარამ იქ, სადაც სოციალ-დემოკრატები არიან გამეფებული, მუშები არ უთმობენ და თავის უფლებებზე უარს არ ამბობენ. ამაშია საქმე. მე მოგახსენებთ, რომ ეს მეორე უკიდურესობაა. როგორც მუშათა ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო ორგანოები უნდა ემსახურებოდნენ ერთ და იმავე მიზანს, მაგრამ უნდა ჰქონდეთ სხვა და სხვა ფუნქციები. მუშათა ორგანიზაციებმა რევოლიუციონურად უნდა გაწრთვნან მუშები, სახელმწიფომ კი თვისი საქმე უნდა გააკეთოს. ასეთი ურთიერთობა მუშათა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ორგანოებს შორის მოგვცემს მართლაც დემოკრატიულ წყობილებას და დემოკრატიულ რესპუბლიკას. რა მოჰყვება იმ წესებს, რომლებიც ჩვენშია გამეფებული? რა მოჰყვება პარტიულ დევნას ამა თუ იმ უწყებაში სოციალ-დემოკრატიულ მთავრობის მიერ? მოჰყვება ერთად-ერთი, პოლიტიკური ბრძოლა მიიღებს არა-სასურველ ხასიათს, პარტიული დამოკიდებულება მეტად მწვავე იქნება და აქედან ბუნებრივი შედეგი იქნება ის, რომ არ გვექნება ჭეშმარიტი დემოკრატიული წყობილება.

თავმჯდომარე. თქვენი დრო გავიდა.

ი. ნუცუბიძე. სამწუხაროდ დრო აღარ მაქვს. საერთოდ უნდა აღინიშნოს ბატონებო, რომ როდესაც კამათი შეეხება...

თავმჯდომარე. თქვენი დრო გათავდა. მეტის ლაპარაკი აღარ შეიძლება. სიტყვა ეკუთვნის ბ. მგელაძეს.

დ. მგელაძე. აქ ილაპარაკეს იმ დოკუმენტების სიყალბეზე, რომელიც ჩემ მიერ იყო მოყვანილი. მე ჩემ მიერ მოყვანილ საბუთებს ვადასტურებ იმ „პოდლინიკით“ - დედანით, რომელზედაც ხელი უწერია თვით ბ. ბერძენიშვილს. (კითხულობს). თქვენთვის, ბ. დადიანო, თქვენს ამხანაგებს ყალბი ცნობები მოუწოდებიათ, ამას ეხლავე დაგიმტკიცებთ. მიბრძანეთ, ბ. დადიანო, რომელ ინციდენტზე ლაპარაკობთ, რომელიც ველისციხეში მოუვიდა, თუ კულტუკში? ერთ საქმეში, მართალია, ის გამართლდა, მაგრამ იმ დოკუმენტით, რომელიც მე წამოვაყენე, ის არ გაუმართლებიათ. იმ კომისიაში, რომელიც ბერძენიშვილის საქმეს არჩევდა, თქვენც იღებდით, ბ. დეპუტატო, მონაწილეობას. (დადიანი: ის კომისია კი არ იყო, არამედ სამედიატორო სასამართლო!) მით უარესი თქვენთვის. (ს. დადიანი: ფრთხილად იყავით ბ. მგელაძე, თორემ მე კიდევ გამოვალ!).

თავმჯდომარე. ბ. დადიანო, ასეთ სიტყვებს ნუ იხმართ. (ხმაური) გთხოვთ დაწყნარდეთ.

დ. მგელაძე. მე მხოლოდ ვიტყვი იმაზე, რაზედაც თქვენ ილაპარაკეთ, რაკი თქვენ წამოაყენეთ ისეთი საბუთები და თუ კი ის დასაშვებია, მე შევეცდები პასუხი გაგცეთ. აი ერთი საბუთიც აქ სწერია: (კითხულობს). (დადიანი: თქვენ გამოქექეთ ძველი დოკუმენტები!) ამ ჩემს ნათქვამს არც ბ. ბერძენიშვილი უარყოფს, ის თითონ ადასტურებს ამას: (კითხულობს) ის თითონ თხოულობდა ამა და ამ მოხელის გამოგზავნას. (ი. ბარათაშვილი: Дѣло справедливое!) ეს მართალია, მაგრამ ხონი რა შუაშია? თუ ის იცავს ქართველი ერის ინტერესებს, თუ ის პატივს სცემს მთელ ერს, მაშინ განა შეიძლება მან სთქვას მთელ ქალაქზე, მთელ რაიონზე ის, რასაც ის აქ სწერს? (კითხულობს).

აქ შეეხენ გამოცდებს და სთქვეს, რომ ამაზე აუარებელი მასალები დაიხარჯა და არავითარი ნაყოფი არ მოუტანიაო. აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს დახარჯვაზე, რადგანაც ჩვენ გვაქვს სადგური 25 ათასი ცხენის ძალისა და არა თუ არ გვიხდება ამ ძალის სრულიად მოხმარა, პირიქით, ნაკლები გვყოფნის და ამიტომ გამოცდებით სახელმწიფოსათვის არავითარი ზარალი არ მიგვიყენებია. ეგზამენების შემდეგ არავინ არ დაგვითხოვია და არც ქონია ასეთი მიზნები გამოცდებს. გამოცდების მიზანი იყო ის, რომ მოსამსახურეებს საქმე შეესწავლა. გამოცდებს მართლაც კარგი ნაყოფი მოყვა. დამახინჯება ამის შემდეგ ისე არ ხდება, როგორც წინეთ.

აქ ახალი საკითხი წამოაყენეს, ეს არის 300 ათასი მანეთის შესახებ. ეს თანხა იყო გადმოცემული ადმინისტრაციისათვის, რომ მოსამსახურეებს მოეხმარათ ეს თახა სურსათ-სანოვაგის შესძენად. ამ საქმის მოსაგვარებლად ჩემ მიერ შედგენილი იყო კომიტეტი პარიტეტულ ნიადაგზე. ამ კომიტეტში შევიდენ: ჩემი თანაშემწე, ცენტრალური გამგეობის წევრი, ერთი ჩემი მოხელე, რომლის სინდისში დარწმუნებული ვიყავით და სხვ. მე მგონია, რომ აქ რაღაც გაუგებრობა არის, თორემ შეუძლებელია ვინმეს ეს ფულები მიეთვისებინოს. და თუ ვინმემ ეს ფულები მიითვისა, ეს პირნი აგებენ პასუხს.

აქ ლაპარაკი იყო კიდევ იმაზე, რომ ვითომ მე ერთი დავსაჯე დეპეშების გადამახინჯების შესახებ უფრო მცირე სასჯელით, მეორე კი იმავ დანაშაულისათვის უფრო მეტად. ამის შესახებ აქ საბუთი არ მოუყვანიათ და არც მე ვილაპარაკებ, მხოლოდ თუ ვინმეს სურს საქმის გამორკვევა და აინტერესებს ეს, მას შეუძლია მობრძანდეს სამმართველოში, იქ კარები ღიაა და შეუძლია გაეცნოს ვითარებას და თუ ვინმე იქ დაინახავს რაიმე სუბიექტურ ელემენტის შეტანის ნასახს, პასუხისმგებელი მე ვიქნები. რაც შეეხება გაეროვნებას, უნდა მოგახსენოთ, რომ ის აგვისტოში დაიწყო და არა მაშინ, როდესაც იყო პ. მასალკინი და ამ საქმის კეთებაში მეც ვიღებდი მონაწილეობას.

წინეთ „სახალხო საქმე“ სწერდა და დღეს კი ბ. დადიანმაც სთქვა, რომ მგელაძეს არაფერი გაეგება იმ საქმის, რომლის სათავეში ის არისო. მე ამ შემთხვევაში არ შემიძლია შევეჯიბრო ბ. დადიანს, მაგრამ უნდა ვსთქვა შემდეგი: საერთო წესების და პრაქტიკის თანახმად ფოსტალიონი 3 თვის შემდეგ იჭერს ტელეგრაფის მოხელის ადგილს. როგორც ხედავთ ეს არც ისე ძნელი საქმე ყოფილა. მე მგონია, რომ იმ პირს, რომელსაც დაუბრკოლებლივ გაუთავებია უმაღლესი სასწავლებელი, არ გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში შეეწავლა ის საქმე, რომლის სათავეში ის სდგას. აქ სთქვეს, რომ კერძო ლაპარაკისათვის გადაყენებულ იქნენ ვასაძე, ბერნამი და სხ., ხოლო მეფარიშვილი არ იყო გადაყენებული ამავე დანაშაულისათვისო. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბერმანი, ვასაძე და სხ. არ ყოფილან გადაყენებულნი ლაპარაკისათვის, არამედ ისინი დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან სულ სხვა საქმისათვის.

აქ ნათქვამი იყო აგრეთვე, რომ გადაყვან-გადმოყვანა ხდება პარტიულ ნიადაგზეო. მე ვამტკიცებ, რომ ეს სრულებით არ შეეფერება სიმართლეს. აი საბუთიც: ჩემს კანცელარიაში გამგეთ არის ვინმე ფულაშვილი ფედერალისტი, იქვე ჩემთან მსახურობს ცაგარეიშვილი, კიდევ სოც.-ფედერალისტი, შემდეგ მთელს რესპუბლიკაში ფოსტის ტარების საქმე აბარია კიდევ სოც.-ფედერალისტს. (ი. მაჭავარიანი: ამდენი სოციალისტები რომ შეგიყრიათ, იმიტომ არის საქმე რომ კარგად მიდის!) მაშ ვისზეა ლაპარაკი? ვის ვდევნით ჩვენ? თუ ვინმეს დანაშაული ჩაუდენია და დასასჯელი არის, ჩვენთვის სულ ერთია სოც.-დემოკრატი იქნება ის, თუ სოც.-ფედერალისტი - ყველას დავსჯით.

აქ სთქვეს კორესპოდენციების შესახებ, რომ წინეთ 20 ათასი იგზავნებოდა, ამ ჟამად კი მხოლოდ 5 ათასი იგზავნება და ეს არც ისე დიდიაო. ბ-ნ დადიანს უნდა მოეხსენებოდეს, რომ წინეთ ეს კორესპოდენციები იგზავნებოდა რუსეთში, ევროპაში, აზიაში, ეხლა ყაზბეგის და ბათუმის იქით არსად არ იგზავნება ფოსტით. მაგრამ მიუხედავად ამისა, შედარებით ეხლა სულზე გაგზავნილი კორესპოდენციის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინემ ეს იყო წინეთ.

აქ სთქვეს რაღაც ვაგონების დატვირთვაზე, მასალების გადაზიდვაზე და სხვა. მე ამის შესახებ არავითარი ცნობა არა მაქვს. და თუ ვინმემ რაიმე ბოროტმოქმედება ჩაიდინა, ის პასუხს აგებს და დასჯილი იქნება. მაგრამ განა იქნება პარტიული დევნა?

აქ ილაპარაკეს მიქაძის შესახებ. მე ამ სფეროში ვიყავი, სადაც მიქაძე იყო და მთხოვა, გადაყვანილ იყოს მის სამშობლოში. მე მას დავპირდი, რომ ეს უსათუოდ იქნებოდა, რადგანაც, როგორც სთქვა, არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა საქმეს, თუ ის თავის სამშობლოში არ იქნებოდა გადაყვანილი და მხოლოდ ამ იმედით შემიძლია შევირთო ცოლიო. მე უთხარი, რომ თქვენ სრული იმედი გქონდეთ, რომ გადაყვანილი იქნებით სამეგრელოში. მართლაც ისე მოხდა. ის ცხოვრობდა მღვდლის ოჯახში და იქ იქორწილა. ეს საინტერესო არ არის. მხოლოდ საქმე იმაშია, რომ რაც თქვენ მიერ იყო მოყვანილი დეპეშის შესახებ, გამორკვეული უნდა იყოს, რადგან ჩემი რჩევა იყო მხოლოდ, რომ ნუ წავა იმ ოჯახიდან, სადაც მან თითქმის ერთი წელი იცხოვრა. მე მას ერთნაირი დახმარება აღმოუჩინე და ამის უფლება მქონდა, როგორც უფროსს. ამ საქმეში ის მღვდელი უფრო დაინტერესებული იყო, ვიდრე მე. და სანამდე ეს საქმე სასამართლომდე არ მივიდა, ძნელი იყო მათი მორიგება, აქ კი მორიგდნენ. მე გარწმუნებთ ამაში და ამის საბუთებს როდესაც გნებავთ, მოგართმევთ.

რაც შეეხება კერძო ლაპარაკს - არის ამნაირი შემთხვევა. თქვენმა გამოჩენილმა პარტიულმა წევრმა მომმართა თხოვნით, რომ მიმეცა საშუალება, რომ მას თავისი ცოლი გამოეძახა ჭიათურიდან აპარატით. კერძო არის ეს, მაგრამ, რადგან მუშაობა არ იყო და ეს არ შეაფერხებდა ისე საქმეს, მას მივეცი ამის საშუალება, მით უმეტეს, რომ ეს კერძო ლაპარაკი იყო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თქვენი ამხანაგისათვის; თქვენი ფრაქციის წევრნი, დამფუძნებელ კრების წევრნი ხშირად სარგებლობენ აპარატით კერძო საქმისათვის. მართალია მე განკარგულება მაქვს და კატეგორიულად ბრძანებაც ბ. მინისტრისაგან, რომ არ მივცე ნება კერძო ლაპარაკისა არავის, მაგრამ როცა ამას აუცილებლობა მოითხოვს ვაძლევთ, და თქვენც რომ მობრძანდეთ მოგცემთ ლაპარაკის საშუალებას, მხოლოდ ერთი პირობით, რომ იქ საქმე არ შეფერხდეს.

ასე რომ ახალი აქ, გარდა მიქაძისა, არაფერი არ თქმულა და თუ კი იქნება ახალი სათქმელი, ჩემს მიერ იქნება წამოყენებული ახალი საბუთი და დოკუმენტი.

ერთი თხოვნა იქნება ჩემი პარტიული ამხანაგებისადმი, რომლებიც არიან ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში. ისინი აკეთებენ არა პარტიულ, არა პროფესიონალურ საქმეს. ისინი დაბნეულნი არიან. მე, სხვათა შორის, ვიყავი ამგვარი ლაპარაკის მოწმე - ეტყობოდა სოციალისტ-ფედერალისტები იყვნენ, ისინი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს: დამთავრდა პარტიული ყრილობა და გამოიტანეს რეზოლიუცია - სასტიკი ოპოზიცია მთავრობას და მის აგენტებსო და ეს, როგორც ეტყობა, ვერ შეუგნიათ ისე, როგორც თქვენ. სრულიად არ არიან მომზადებულნი ამ პროფესიონალურ მოძრაობისთვის. მე თქვენ დაგისახელებთ საბუთებს, თუ კი ეს საჭირო იქნება. მართლაც ამ პროფესიონალურ საქმეს მომზადება უნდა, ერთი 2-3 წიგნი მაინც უნდა ჰქონდეთ გადაკითხული ამ დარგში. ამას მე გულწრფელად მოგახსენებთ. ამისთვის ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება: იქ არავინ არავის სდევნის და არასოდეს არ ექნება ამას ადგილი, თუ აქ იქნება ერთი რამ დაცული - იქნება ინტერესი სამსახურისადმი. მაგალითად ბერძენიშვილი დღემდე მსახურობდა, ახლაც არ არის დასათხოვნი სამსახურიდან, თუ კი თვის ცოდნას და გამოცდილებას სამსახურის საქმეს მოანდომებს. ჩვენ სამსახურიდან არც ვითხოვთ და არც დავითხოვთ, მხოლოდ ერთ რამეს ვეუბნებით მათ: სამსახურის დროს შეასრულეთ ის, რაც სამსახურს ეკუთვნის. აქ არის ამ დარბაზში მოხელე, რომელიც დაგიდასტურებთ რაც ვთქვი იქ, ქუთაისში. მე ვთქვი, რომ ამ კედელში არავითარ პარტიობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, პარტიული მოღვაწენი თქვენ ქუჩაში ხართ. ეს იყო ჩემი სიტყვა იქ და მე დიდად სამწუხაროდ მიმაჩნია ის, რომ ითქვა აქ ის, რაც არ უნდა თქმულიყო და გვაიძულეს გავჩერებულიყავით იმაზე, რაზედაც არ უნდა შევჩერდეთ დამფუძნებელ კრებაში, რადგან ჩვენ სულ სხვა წარმოდგენისა ვართ მასზე.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგი ლასხიშვილს.

გიორგი ლასხიშვილი. (ს.-ფ.) ბატონებო! კამათი ამ საგანზე ძალიან გაგრძელდა. მე სიტყვა ავიღე არა იმისთვის, რომ კამათში ჩავერიო, არამედ მინდა ერთგვარი განცხადება და განმარტება გავაკეთო იმ სიტყვის ზოგიერთ ნაწილის შეახებ, რომელიც წარმოსთქვა შინაგან-საქმეთა მინისტრმა და რომელიც შემდეგ გაიმეორა ბ. ნინიძემ. ეს პირველი არ არის, რომ ამ კათედრიდან სახალხო განათლების სამინისტროსკენ ისვრიან ქვებს, როდესაც კი ეს დასჭირდებათ.

თავმჯდომარე. თქვენ ამ საკითხის შესახებ გნებავთ, თუ საპირადო განცხადებისათვის? გნებავთ, შემდეგ მოგეცემათ სიტყვა.

გ. ლასხიშვილი. მე მინდა განმარტება მოგახსენოთ ბ. მინისტრის განცხადების გამო.

თავმჯდომარე. მაგის შესახებ შემდეგ მოგეცემათ სიტყვა. ამ გვარად კამათი დასრულებული გახლავთ. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.

ი. სალაყაია. (მომხ.) ბ. დადიანი გამოვიდა აქ და ასე ეგონა, რომ სასამართლოშია და იცავს ბერძენიშვილს, ან რეპეტიციას აკეთებდა, რომ სასამართლოში წასულიყო და ბერძენიშვილი დაეცვა. სამწუხაროდ ასეთი როლი იკისრა დამფუძნებულ კრების წევრმა ბ. დადიანმა. მე კი ვფიქრობ, რომ დადიანის ლოღიკას, რომ გავყვეთ, მაშინ ის შტატები, რომლებიც წარმოდგენილია, არ უნდა მივიღოთ. მხოლოდ მე ვფიქრობ, რომ იმ უწყებას და მოხელეებს, რომელიც ამ უწყებას ემსახურებიან, ძალიან ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული და ამიტომ ვამტკიცებ ამ შტატებს და ჯამაგირების მომატებას. აქ მოგახსენეს, როგორც მინისტრმა, ისე უწყების მოხელემ, რომ 1918 წელს რესპუბლიკაში ყოფილა 90 ფოსტა ტელეგ. დაწესებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყებაში დიდი მუშაობა სწარმოებდა არა მარტო მოხელეების, არამედ ყველა მოსამსახურეების მიერ. მართალია იქნება გამონაკლისი 5 პროც. - 10 პროც., რაც ყველა დაწესებულებაში ხდება და საქმე, რომ შეფერებული ყოფილიყო, ეჭვს გარეშეა, არც ამდენი ფოსტა-ტელეგრაფი გაშენდებოდა და არც ამდენი ტელეფონი იქნებოდა. აქ ბ. დადიანი ბრძანებდა, რომ საერთოდ წინააღმდეგი არ არის გამოცდებისა, მაგრამ სთქვა რომ ამ ეგზამენებმა გამოიწვია დიდი ხარჯები, რომელიც პარტიულ მიზნებისთვის იყო შექმნილი. მე კი ვფიქრობ, აქ, რომ პარტიული მიზანი ყოფილიყო დასახული, ეჭვს გარეშეა 106 კაციდან, სადაც 80 არა სოციალ-დემოკრატი იყო, რამოდენიმე კაცი მაინც ჩაიჭრებოდა. რადგან რაც უნდა კარგი მომზადებული იყო, მაინც თუ კი ვისმეს უნდა ჩაჭრა, ჩაჭრის. ალბათ დადიანსაც ეგონა, რომ მომზადებული იყო, მაგრამ ჩაიჭრა. (ს. დადიანი: რაში, რაში?) აი იმაში, ლექსები, რომ მოიყვანეთ. (ს. დადიანი: თქვენ რაში ჩაიჭერით?) ეხლა თქვენზე არის ლაპარაკი და არა ჩემზე, როცა ჩემს შესახებ იქნება ლაპარაკი, მაშინ თქვით რაში ჩავიჭერი. საერთოდ ამ დაწესებულებას კარგად მიყავს საქმე. მე არ ვიტყვი, რომ ნაკლი არ იყოს, მაგრამ საერთოდ მდგომარეობა ისეთია, რომ შესაძლებელია სხვა უწყებაში არ იყოს გაკეთებული იმდენი საქმე, როგორც ამ უწყებაში. მთელი ევროპაში 2-3 სახელმწიფო თუ გვაჯობებს ფოსტა ტელეგ. და ტელ. ქსელთ სიუხვით და ამ მხრივ, მხოლოდ 6-8 თვე იქნება საჭირო, რომ ჩვენი მდგომარეობა ევროპის მდგომარეობაზე უკეთესი გახდეს. ეს მომატება სწორედ ღირსეული არის ამ მოსამსახურეთათვის. მე არ შევეხები იმ დემაგოგიას, რომელიც აქ იხმარეს და ვთხოვ დამფუძნებელ კრებას, რომ ეს წარმოდგენილი დეკრეტი მიიღოს.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. სანამ მუხლობრივ განხილვას შეუდგებოდეთ, საპირადო საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგი ლასხიშვილს.

გ. ლასხიშვილი. (ს.-ფ.) იმ ფრაქციიდან, რომელსაც ეკუთვნის ბ. ნინიძე და ნ. რამიშვილი, რამოდენიმეჯერ მოიყვანეს მაგალითად, რომ სოც.-ფედერალისტების მიერ ნაანდერძევი სამინისტრო სავსე იყო სოც.-ფედერალისტებითო. მე ვამბობ, ამის აქ გამოტანა არ იყო საჭირო, მე არ ვიცი რაზე ლაპარაკობს ბ. რამიშვილი, თუ ის სახალხო სკოლის მასწავლებლებზე ამბობს, მაშინ რა ჩემი ბრალია, რომ სოც.-ფედერალისტებში ბევრი პედაგოგები იყვნენ. და თუ სამინისტროს კანცელარიაზე მოგახსენებდათ ის, მაშინ უნდა განვაცხადო შემდეგი: ამის შესახებ გაზეთშიაც დაიბეჭდა და მე მოვითხოვე სათანადო ცნობები, რომლიდანაც გამოირკვა, რომ კანცელარიაში იყო სულ 5 სოც.-დემოკრატი და ამდენივე სოც.-ფედერალისტი მოსამსახურე და დანარჩენები კი ნაც.-დემოკრატები, ან უპარტიო აღმოჩნდენ. ასეთი არის ცნობა დაბალ მოხელეების შესახებ. რაც შეეხება მაღალ მოხელეებს, მე ბევრს მივმართე თხოვნით, მივმართე ლ. ნათაძესაც. მას უმთავრესი პოსტი არამც თუ შევსთავაზე სამინისტროში, არამედ თავი მოვაბეზრე 3 თვის განმავლობაში თხოვნით. მივმართე ნ. ცინცაძესაც, ექვ. თაყაიშვილსაც, მაგრამ ყველასაგან უარი მივიღე, შემდეგ მე იძულებული ვიყავი უკოლ ბერიძე დამენიშნა დირექტორათ. ამას ჩავდიოდი იმიტომ, რომ ჩემს პარტიულ ამხანაგს ძალას ვატანდი, ხოლო სხვებისათვის არ შემეძლო ძალის დატანება. ამიტომ მე მიკვირს რათ გადაიქცა ეს სალაპარაკოთ? ბ. რამიშვილს ასეთების თქმა არ ეკადრება. მან სთქვა, რომ არავინ არ გამომიცვლია სამინისტროშიო. ეს ჭეშმარიტებაა, ამას მეც ვადასტურებ. მართლაც ფიქრობდენ, რომ ახალი მინისტრი ცვლილებებს მოახდენსო, ეს თუ გნებავს დამახასიათებელი მოვლენაა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ტენდენცია დევნისა არსებობს. მე კი გადაჭრით ვაცხადებ, რომ არავისგან არ მომითხოვია პოლიტიკური პასპორტი, თქმა ჩემზე, რომ იქ ფედერალისტები გაამეფოს და აქ ბოროტი ენის ნალაპარაკევის გამოტანა არ ეკადრება ბ. მინისტრს.

თავმჯდომარე. საპირადო საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის კ. ნინიძეს.

კ. ნინიძე. მე ვადასტურებდი საერთო სისტემას და ბ. რამიშვილმაც დაადასტურა. ეს ხალხი მართლა მიჩვეული იყო ასეთ მოქმედებას. პირადათ ბ. ლასხიშვილს მე პატივს ვცემ და არც მგონია, რომ მან პირადათ ეს ქნა. და თუ პირადათ ბ. ლასხიშვილს რაიმე შეურაცყოფა მივაყენე, მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მე ვლაპარაკობ საერთო სისტემაზე და არა პირადათ ლასხიშვილზე.

თავმჯდომარე. საპირდაპირო საკითხისათვის სიტყვა ბ. რამიშვილს ეკუთვნის.

ნ. რამიშვილი. მე არ მინდოდა აქ თქვენს წინაშე გამოსვლა, მაგრამ იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც აქ სრულიად დაუმსახურებლათ წამოისროლა ბ. ლასხიშვილმა, ეს აუცილებელი ხდება. მე არ მითქვამს, რომ ბ. ლასხიშვილი პირადათ პარტიულ წევრებს აყენებდა მასწავლებლათ, ლაპარაკი იყო არა მასწავლებლების შესახებ, არამედ სამინისტროს შესახებ. მე მხოლოდ განვაცხადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს უწყება ფედერალისტების ხელში იყო და მოელოდნენ დათხოვნას, მე იქ არავითარი ცვლილება არ მომიხდენია, ბ. ლასხიშვილმა კარგათ იცის, რომ მე საერთოდ არა მაქვს და არც მექნება ასეთი სისტემა. (ბარათაშვილი: ეს ასე არ არის?) ნათქვამს გაგება უნდა. მესმის, როცა ბ. დადიანს და ღლონტს არ ესმის ეს. ისინი მუდამ პარტიული ჟინიანობით ხელმძღვანელობდენ და არასოდეს არ შეუძლიანთ ამაღლდენ სახელმწიფოებრივ სიმაღლეზე, მაგრამ ყოფილ მინისტრს ბ. ლასხიშვილს კი უნდა გაეგებოდეს ეს (ხმები: ეს მეორე პასუხია!) ბ. ლასხიშვილის გამოსვლა იწვევს ამას.

თავმჯდომარე. კამათი ამ რიგათ დასრულებული გახლავთ. სოც.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოსულია წინადადება კანონ-პროექტის დეკრეტის სახით განხილვის შესახებ. ვინ არის ამის წინააღმდეგი? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა მცირე შესწორებებით და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

3. სახელმწიფო კონტროლიორის საზღვარ გარეთ წასვლის უფლების მიცემის შესახებ.

თავმჯდომარე. აცხადებს, რომ, გადასაწყვეტია საკითხი სახელმწიფო კონტროლიორს ნება დაერთოს მიიღოს მონაწილეობა ევროპაში გასაგზავნ საეკონომიო დელეგაციაში. დამფუძნებელი კრება ერთხმად ადგენს: სახელმწიფო-კონტროლიორს ნება დაერთოს მიიღოს მონაწილეობა ევროპაში გასაგზავნ დელეგაციაში და ამ მიზნით იგი განთავისუფლებულ იქნას სამი ვადით.

მე-4 საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დამფ. კრებაში არჩევნების საჭიროებისათვის დამატებით 1/2 მილ. მან. გადადების შესახებ.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტ. დამფ. კრ. არჩევ. საჭიროებ. დამატ. ნახევარ მილ. მან. გადადების შესახებ, რასაც დამფ. კრება ამტკიცებს.)

მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს, რის შემდეგ თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს.

სხდომა იხურება ღამის 11 საათ. 10 წუთზე.

5 მეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(5)

1920 წელი. მარტის 26. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1) საბოლოო ტექსტების დამტკიცება.

2) დეკრეტი ტფილისის ფოსტა-ტელეგრ. ოლქის სამმარ. გაუქმებისა და საქარ. რესპუბ. ფ.-ტელეგ. და ტელეფონის სამმართ. დაარსების შესახებ.

3) დეკრეტი მიგდებულ ბავშვთა თავშესაფ. დაარსების და შტატის დამტკიცება.

4) დეკრეტი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადების ფასის გადიდებისა.

5) დეკრეტი ბათომის ქართულ გიმნაზიის ერთდროულ დახმარების 260.000 მანეთის გადადების შესახებ.

6) მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სასჯელის წესდებ. და სასჯელის დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.

7) მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა რესპ. საპყრობილეთა შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

8) ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მეორე ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.

9) დეკრეტი ფოსტის გადაზიდვის ხარჯების დასაფარავად 4.034.304 მან. და 92 კაპ. გადადებისა.

10) დეკრეტი გზათა უწყების მოსამს. დღ. სარგოს ნორმის შეცვლისა.

11) დეკრეტი მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღის და მასალების შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა.

12) დეკრეტი ქართულ ეროვნულ სამხატვრო გალერეის დაარსებისა.

13) მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

14) დეკრეტი საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამზადების სადგურის ტაბახმელაში მელიქიშვილის მამულის შესაძენად 1.060.000 მან. გადადების შესახებ.

15) დეკრეტი სახალხო სკოლების მასწავლ. 5 წლეულების დასკმაყოფილებლად 4.143.333 მან. გადადებისა.

16) მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

17) დეკრეტი საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.986.000 მან. გადადების და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და კაპ. ღირ. მასალის მიცემის შესახებ.

18) მუხლობ. განხილვა კანონ-პროექტისა სახაზ. რკ. გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ.

19) დეკრეტი პირ. დაწყებითი სკოლების მასწავლ. მოკლე ვადიან კურ. დაარსებისათვის 24.000 მან. გადადებისა.

20) დეკრეტი სვანეთში სამკ. დაწ. შტატის და ხარჯთ-აღრიც. დამტკ. შესახებ.

21) დეკრეტი მიწად-მოქ. მინ. განკარგ. 551.333 მან. გადადებისა. აჯამეთის სარწყავ არხის შესაკეთებლად.

22) ზოგ. გან. კან.-პრ. გზათა დეპ. ცენტრ. ორგ. შტ. გადიდების და ჯამაგირების მომატების შესახებ.

23) ზოგ. გან. კან.-პრ. შინ.-საქ. სამინისტ. ვეტერინალურ სანიტარ. გან. სავეტერინარო შრატის დამზ. სადგ. შტ. და ხარჯთ-აღრიც. დამტკ. შესახებ.

24) დეკრ. სამხ. სასამარ. და პროკურ. ზედამხ. დროებითი შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

25) დეკრეტი ქ. ოზურგეთის თვით. 300.000 მ. მოკლე ვადიან სესხის მიცემისა.

26) დეკრ. ტფილისის სახელ. უნივერსიტეტის დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

27) საბოლოო ტექსტების დამტკიცება.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის ექვთ. თაყაიშვილი.

სხდომა იხსნება შუადღის 12 ს. და 50 წთ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ და მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

დღის წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის, ფოსტის, ტელეგრაფის და ტელეფონის ადგილობრივ დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი ფოსტა-ტელეგრაფის ნიხრის გადიდების დეკრეტისა.

3. დეკრეტი - ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსების შესახებ.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.

5. დეკრეტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯის დასაფარავად 4.034.304 მან. და 9 კაპ. გადადებისა.

6. დეკრეტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლისა.

7. დეკრეტი - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებულ ფასის გადიდებისა.

8. დეკრეტი - მიწად-მოქმედების მინისტრის სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა.

9. დეკრეტი - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისა.

10. დეკრეტი - ბათომის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებად 260.000 მან. გადადებისა.

11. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

12. დეკრეტი - მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის დაარსებისა და შტატის დამტკიცებისა.

13. დეკრეტი - საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელ სადგურისათვის ს. ტაბახმელაში მელიქიშვილის მამულის შესაძენად 1.060.000 მან. გადადების შესახებ.

14. დეკრეტი - სახალხო სკოლის მასწავლებელთა ხუთწლეულებით დასაკმაყოფილებლად 4.193.333 მან. გადადებისა.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.

16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის შესახებ.

17. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის სამინისტროს შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

18. დეკრეტი - საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კ. ღირებული მასალის მიცემის შესახებ.

19. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახაზინო რკინისგზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ.

20. დეკრეტი - პირველ-დაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის მოკლევადიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240.000 მან. გადადებისა.

21. დეკრეტი - სვანეთის სამკურნალო დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

22. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - რესპუბლიკის საპყრობილეთა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

23. დეკრეტი - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში 551.333 მ. გადადებისა აჯამეთის სარწყავი არხის შესაკეთებლად.

24. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - გზათა დეპარტამენტის ცენტრალური ორგანოს შტატის გადიდებისა და ჯამაგირის ნაწილობრივ მომატების შესახებ.

25. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს ვეტერინარ-სასანიტარო განყოფილების, სავეტერინარო პერსონალის და შრატის დამმზადებელ სადგურის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

26. დეკრეტი - სამხედრო სასამართლოს და პროკურორის ზედამხედველობის დროებითი შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

27. დეკრეტი - ქალ. ოზურგეთის თვითმმართველობისათვის 300.000 მან. მოკლე-ვადიანი სესხის მიცემისა.

28. შეკითხვა დამფ. კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

29. დეკრეტი - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარე. შემოსულია ორი წინადადება დღიურ წესრიგის შეცვლის შესახებ, ერთი გრ. ვეშაპელის და მეორე სოც.-დემოკ. ფრაქციისაგან. პირველი მოითხოვს დღიურ წესრიგიდან მისი შეკითხვის ამოშლას, მეორე - საკითხების გადასმ-გადმოსმას. სახელდობრ: მე-4 საკითხად წავიდეს მე- 12 საკითხი, მე-5-ე საკითხად - მე-7 საკ., მე-6-ედ - მე-10, მე-7-ედ - მე-15, მე-8-ედ - მე-16, მე-9-ედ - მე-22 და მეორე - „ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფისა და ტელეფონის სამმართველოს დაარსების დეკრეტის“ საბოლოო ტექსტი დღესვე იქნეს მიღებული. სიტყვა ხომ არავის სურს? ვინ არის წინააღმდეგი შემოსულ წინადადებათა? არავინ. მიღებულია. პირველ საკითხს მოგახსენებთ ბატონი ივ. გომართელი.

1. საბოლოო ტექსტების დამტკიცება.

ივ. გომართელი (კითხულობს დღიურ წესრიგის პირველ და მეორე მუხლში აღნიშნულ კანონმდებლობითი აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც ამტკიცებს დამფ. კრება.)

2. დეკრეტი ტფილისის .-. სამმართველოს გაუქმებისა და საქართ. რესპუბლიკის .-. სამმართველოს დაარსების შესახებ.

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხ. სალაყაიას.

სალაყაია (მომხს.) ამას წინედ ჩვენ მივიღეთ შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა ფოსტა-ტელეგრაფის უწყებისა. წარმოდგენილი პროექტი კი შეეხება ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსებას. ეს სამმართველო შესდგება რამოდენიმე განყოფილებისაგან: 1) საერთო განყოფილება, 2) საანგარიშო განყოფილება, 3) საინსპექციო განყოფილება, 4) ტეხნიკური განყოფილება, 5) რეგისტრატურა და 6) ტელეფონზე მორიგეობა. წარმოდგენილი შტატების და ხარჯთ-აღრიცხვის შედგენის დროს მიღებული იყო მხედველობაში მხოლოდ მინიმალური მოთხოვნილებანი არსებულ პირობების მიხედვით. ეს დეკრეტი განხილული იყო საუწყებათაშორისო კომისიის მიერ, შემდეგ ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მიერ და აგრეთვე სახელმწიფო კონტროლიორის მიერ. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამაც განიხილა რა ეს დეკრეტი, შუამდგომლობს დამფ. კრების წინაშე იქნეს იგი დადასტურებული.

თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციის მიერ არის შემოტანილი შესწორება ჯამაგირების შესახებ და ეს შესწორება არის ასეთი: მეოთხე მუხლი ამოიშალოს სრულიად და მეოთხე მუხლად მიღებულ იქნას შემდეგი: „მეორე მუხლში აღნიშნულ შტატზე არ ვრცელდება დამფუძნებლი კრების მიერ ამ დეკრეტის მიღებამდე დაწესებული მომატებანი“. ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. თქვენი დასკვნა, ბატონო მომხსენებელო?

სალაყაია. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სახელით წინააღმდეგი ვარ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე შესწორებისა? შესწორება მიღებულია.

(დეკრეტის ყველა მუხლები მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით, გარდა მეოთხე მუხლისა, რომელიც წინააღმდეგ მომხსენებელ სალაყაიას აზრისა, სოც.-დემ. ფრაქციის წინადადების თანახმად ამოღებულ იქნა სრულიად და მიღებული მის მაგივრად ზემო მოყვანილი თავმჯდომარის მიერ წაკითხული ტექსტი).

შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხ. ივ. გომართელს.

3. დეკრეტი მიგდებულ ბავშვთა თავშესაფ. დაარსების და შტატის დამტკიცება.

ივ. გომართელი (მომხსენებელი). პროექტი დეკრეტისა წარმოდგენილი გახლავთ შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ და ეხება მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის მიღებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ მიგდებული ბავშვები წარმოადგენენ დღევანდელ უკუღმართ წესწყობილების პირდაპირ შედეგს. მათზე ზრუნვა და პატრონობა ყოველთვის სახელმწიფოს ხელში იყო. ტფილისშიაც იყო მიგდებული ბავშვთა თავშესაფარი ოლღას ინსტიტუტთან ერთად 40 წლის განმავლობაში. მაგრამ საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ის წესიერ ნიადაგზე ვერ იყო დაყენებული ამდენხანს. ამის შესახებ იყო ლაპარაკი ჩვენ საზოგადოებაში და აგრეთვე პრესაშიაც, სადაც გამოთქვამდენ ერთგვარ უკმაყოფილებას მის მოუწყობლობის გამო, რისი შედეგიც იყო ის, რომ დიდი ნაწილი ბავშვებისა იხოცებოდა. დღეს შინაგან-საქმეთა სამინისტროსაგან განზრახული არის გამოყოს და ცალკე დაარსოს ეს დაწესებულება, რომლის მიზანი იქნება მოვლა-პატრონობა მიგდებულ ბავშვებისა.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის ნებავს. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და მუხლები.

ივ. გომართელი (კითხულობს სათაურს და დეკრეტის მუხლებს, რომლებსაც დამფ. კრება იღებს ჩვეულებრივი წესით).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბატონ ცაბაძეს.

4. დეკრეტი გაზეთსაქართველოს რესპუბლიკისსავალდებულო განცხადების დაწესებულ ფასის გადიდების შესახებ.

. ცაბაძე (მომხსენებელი). ეს დეკრეტი წარმოდგენილი გახლავთ შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ და შეეხება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ სავალდებულო განცხადების დაბეჭდვისათვის ფასის შეცვლას. არსებული ფასი კარგა ხანია რაც დაწესებული არის. მას შემდეგ პირობები ძლიერ შეიცვალა. ფასი ყველაფერზე საგრძნობლად გადიდდა - გაზეთში კი ძველი ფასი არის დატოვებული. დღეს გაზეთს ყოველი სტრიქონის დაბეჭდვა უჯდება სამი მანეთი და ღებულობს კი მანეთ ნახევრიდან სამ მანეთამდე. თავის-თავად ცხადია რედაქციას დეფიციტი აქვს და ამიტომ ძველი ფასი უნდა შეიცვალოს შექმნილ პირობების თანახმად.

დეკრეტი თხოულობს ამ ფასის შეცვლას. შეცვლის უფლება კი უნდა გადაეცეს მთავრობას. მან უნდა დააწესოს ისეთი ფასები, რაც დროს და გარემოებას შეეფერება და თუ საჭირო იქნება მას შემდეგშიაც უნდა ჰქონდეს უფლება შესცვალოს ეს ფასები.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის ნებავს. გთხოვთ წაიკითხოთ დეკრეტი.

ცაბაძე (კითხულობს სათაურს და დეკრეტის მუხლებს, რომლებსაც დამფ. კრება იღებს ჩვეულებრივი წესით).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბატონ იმნაიშვილს.

5. დეკრეტი ბათომის ქართულ გიმნაზიის ერთდროულ დახმარების 260.000 მან. გადადებისა.

იმნაიშვილი. (მომხსენებელი). ბათომის გიმნაზია თხოულობს ერთდროულ დახმარების სახით 260 ათას მანეთს. როგორც მოგეხსენებათ ბათომის გიმნაზია ერთი წელიწადია რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ხაზინიდან გავიდა მის სასარგებლოდ რამოდენიმე მანეთი. ბათომის ცხოვრების პირობების გაუარესების გამო ბათომის გიმნაზიას დღეს აქვს დიდი დეფიციტი. და ამიტომ განათლების უწყება შემოდის შუამდგომლობით დამფ. კრების წინაშე ეს დეფიციტი დაფარულ იქნეს. საფინანსო კომისიამ მიიღო ეს დეკრეტი. მას აქვს აგრეთვე დასტური სახელმწიფო კონტროლიორისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (დეკრეტის ყველა მუხლები მიღებულ იქნა დამფუძნებელ კრების მიერ ჩვეულებრივი წესით).

6. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სასჯელის წესდების და სასჯელის დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.

. ნინიძე. (ს.-დ.) იურიდიული კომისიის მხრით კანონ-პროექტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე კითხულობს. დამფ. კრება კანონ-პროექტების სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე ღებულობს უცვლელად, რომელიც გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ - განხილვა კანონ-პროექტისა რესპუბლიკის საპყრობილეთა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

7. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა რესპუბლიკის საპყრობილეთა შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. გიორგაძე. (ს.-დ.) წარმოდგენილი გახლავთ განსახილველად და დასამტკიცებლად საპყრობილეთა შტატები და ამ შტატებით გამოწვეული ხარჯთ-აღრიცხვა; სულ მთელი წლის განმავლობაში უწყება თხოულობს, ისე როგორც ეს მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ (ასახელებს ციფრს), ხოლო ხუთი თვის განმავლობაში 1 იანვრიდან დეკრეტში აღნიშნულ თანხას, როცა ეს საკითხი ირჩეოდა საფინანსო კომისიაში, სხდომას დაესწრო უწყების წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრი, რომლის განკარგულებაში იმყოფება საპყრობილეთა საქმე; მან კომისიას გასცა პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც მას აინტერესებდა; და განმარტებითი ბარათიდანაც სჩანს, თუ როგორ სურს უწყებას მოაწყოს საპყრობილეები. ეს საქმე დიდი საკითხი არის და ყველა დაწინაურებულ ქვეყნებში მას ჯეროვანი ყურადღება ექცევა. სახელმწიფო ვალდებულია დამნაშავე შეიპყროს და დასაჯოს. ამავე დროს იგი ვალდებულია შეუქმნას დამნაშავე პირს ისეთი პირობები ფიზიკურ და ზნეობრივ არსებობისა, რომ როცა დამნაშავე სასჯელს მოიხდის, იგი დაუბრუნდეს საზოგადოებას და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ აღმშენებლობაში. ასეთია სახელმწიფოს მოვალეობა. სხვა და სხვა სახელმწიფო ამ მიზანს სხვა და სხვა გზით ანხორციელებს. საერთოდ ცნობილია, რომ ყოველი კულტურული სახელმწიფო ცდილობს შეპყრობილი პირი ცუდ დროს არ ატარებდეს, შრომას მიეჩვიოს და ცოდნა შეიძინოს; მაგრამ ეს შრომა სხვა და სხვა ნაირად შეიძლება გამოიყენონ და სხვა და სხვა სისტემა შეიძლება იყოს; წინად ასეთი აზრი იყო: დამნაშავე მარტოდ მარტო უნდა იყოს და იმუშაოს. არის სხვა სისტემაც, რომ ერთად იყვნენ, მუშაობდენ და ერთმანეთს ხმას არ სცემდენ, ჩუმად იყვნენ; ეს ორივე სისტემა უარყოფილი არის და აღებულია ინგლის-ირლანდიული სისტემა: დამნაშავენი იყოფა ჯგუფებათ; არის სხვა და სხვა საფეხურები, რომელიც მათ უნდა გაიარონ, რომ შრომას მიეჩვიონ და ცოდნა შეიძინონ და გარდა ამისა, როცა საპყრობილედან გამოვლენ და ადგილი არა აქვთ, თანხაც ჰქონდეთ, რომ დამოუკიდებელი არსებობა შეძლონ. ეს არის უკანასკნელი სისტემა, რომელიც მიღებულია ყველა კულტურულ ქვეყნებში და განსაკუთრებით ჩრდილო ამერიკაში და ინგლისში. წარმოდგენილი კანონ-პროექტიდან სჩანს, რომ მთავრობა სდგას სწორედ ამ ნიადაგზე; იგი სდგას არა მარტო იმ ნიადაგზე, რომ დაიჭიროს ის დამნაშავე, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ კერძო ინტერესების დამცველ წესებს, არამედ მიაქციოს ყურადღება, რომ დამნაშვენი ცუდათ დროს არ ატარებდენ, მოემზადოს და დაბრუნდეს როგორც საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს. დამნაშავეთა ფიზიკურ ან ნორმალურ პირობებში ჩაყენება - ამისთვის არის ცალკე თანხა, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის კიდევ განსაკუთრებული თანხაა და საერთოდ უნდა იქნეს მიღებული ზომები შეპყრობილთა ცხოვრების რიგიანად მოწყობისათვის; შენობები და კამერები, მაგ. უნდა იყოს გასუფთავებული - აქ ცალკე თანხა გახლავთ; რომ საპყრობილე წმინდათ იქნეს მოწყობილი ამისათვისაც განსაზღვრული თანხა არის, და აგრეთვე განსაკუთრებული თანხა არის დამნაშავეთათვის სამუშევარის შესაქმნელად. ასეთი სამუშევარის ნახვა ადვილი არ არის და ნელ-ნელა უნდა მოხერხდეს. რუსეთის ციხეები საამისოდ სრულებით არ იყო მოწყობილი და უწყება ამ გარემოებას დიდ ყურადღებას აქცევს. გარდა ამისა ტუსაღების შესანახავად უწყების მიერ გამოთხოვილია კაცზე 25 მან. კომისიამ დიდი სიძვირის გამო ეს გაადიდა 35 მანეთამდე. აგრეთვე საჭიროა ჩაცმა-დახურვაზე ზრუნვა; ავადმყოფ ტუსაღებისათვის სულზე ნაანგარიშევია 50 მან. მოსაწყობია საავადმყოფოები, დიდათ საჭიროა სატუსაღოებში განათებისა და გათბობის რიგიანად მოწყობა. გარდა ამისა მცირე წლოვანთა შენახვაც დიდი საქმე გახლავთ. მოგეხსენებათ ავჭალაში გვაქვს მცირე წლოვანთა კოლონია, რომელსაც დახმარება სჭირდება და ამისათვის თანხაა საჭირო. ამ გვარათ როგორც განმარტებითი ბარათიდან და აგრეთვე შტატებიდან სჩანს, უწყებას განზრახული აქვს საპყრობილეთა საქმე დააყენოს ისე, რომ სხვა ქვეყნებს არ ჩამორჩეს და გამოიყენოს ამ საქმისათვის ის გამოცდილება, რომელსაც მეცნიერება იძლევა. საფ.-საბიუჯეტო კომისიას არ შეუძლია სიამოვნებით არ შეეგებოს, როცა ასეთი გეგმა არის წარმოდგენილი და ამიტომ კომისია გთხოვთ ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა მიიღოთ ისე, როგორც იგი წარმოდგენილია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს და სათანადო ვადის გასვლისას კანონ-პროექტი წარმოდგენილი იქნება მუხლობრივ განხილვისათვის.

8. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მეორე ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.

სალაყაია (ს. დ.) როგორც მოგეხსენებათ ევროპიდან დიდძალი საქონელი შემოდის ქუთაისის გუბერნიაში; ამ საქონლის მისაღებად ვაჭრებს უხდებათ სიარული ფოთსა, ნატანებსა, ან ბათომში. ეს მოგზაურობა დიდ ხარჯს და დროის დაკარგვას იწვევს. ამიტომ ვაჭართა კავშირი შუამდგომლობს, რომ ქ. ქუთაისში საბაჟო დაარსდეს. სამინისტროს დღემდისაც უნდოდა ასეთი საბაჟო დაარსებულიყო, მაგრამ ვინაიდან მოსალოდნელი იყო, რომ ბათომი საქართველოს დაბრუნებოდა, ეს საკითხი გადაწყდა. რადგან ბათომის საკითხი დღესაც გამოურკვეველია, სამინისტრო შუამდგომლობს დაარსდეს ქუთაისში მეორე ხარისხის საბაჟო. იქ უკვე არსებობს დროებით საბაჟოს განყოფილება და როგორც მოხსენებიდან სჩანს, მოგება ეხლავე მოაქვს. საბჭოს იმედი აქვს, რომ ეს საბაჟო ყოველთვიურად არა ნაკლებ ორი მილიონის მოგებას მოგვცემს. ამ გვარად საბაჟო საგრძნობ მოგებას მისცემს ჩვენს ხაზინას. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ეს კანონ-პროექტი მიღებულია და კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე იგი დაადასტუროთ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის თუ ვინმე ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს და სათანადო ვადის გასვლისას კანონ-პროექტი წარმოდგენილი იქნება მუხლობრივ განხილვისათვის.

შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

9. დეკრეტი ფოსტის გადაზიდვის ხარჯების დასაფარავად 4.034.304 მან. და 92 კაპ. გადადებისა.

ივ. გომართელი (ს. დ.) თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რესპუბლიკაში არსებობს საფოსტო გზები და სწარმოებს მათზე ფოსტის გადაზიდ-გადმოზიდვა. გაღებული თანხა საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ საბიუჯეტო წლის განმავლობაში. იანვრიდან ფასმა იმატა. მაშინ გადადებული იყო ერთი ცხენის შენახვაზე სამი თუმანი. დღეს კი საუწყებათაშორისო კომისიას ჰქონდა სხდომა და იქ დაწვრილებით გამოანგარიშებულია, რომ ერთ ცხენზე 12 თუმანია საჭირო. ეს აუცილებლად საჭიროა და ამიტომ ასეთ პირობებში ძველი ნიხრის დატოვება ყოვლად შეუძლებელია. ამ ძველი ნიხრით საქმეს ვერ აწარმოებთ. მთავრობა სცნობს, რომ ეს საქმე ფერხდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ერთგვარი თანხა და ეს თანხა გამოანგარიშებული არის. ყველა საფოსტო გზებზე რესპუბლიკას ჰყავს (ასახელებს) ცხენი და რომ ვიანგარიშოთ დღიური ხარჯი თითო ცხენზე 12 თუმანი, მივიღებთ იმ თანხას, რომელიც არის გამოთხოვილი. ხოლო რადგან იანვარში იყო მიცემული (ასახელებს) მან. და ის დახარჯული არ არის, არის დარჩენილი (ასახელებს) მან. ეს რომ მივუმატოთ, რაც საბიუჯეტო წლის დამლევამდე საჭირო არის ამ ხარჯის დასაფარავად, მივიღებთ 4 მილ. მანეთს, რაც აუცილებლად საჭიროა, რომ საფოსტო გზებზე გადაზიდვა-გადმოზიდვა არ შეფერხდეს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ვინ ინებებს? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

გომართელი (კითხულობს მუხლობრივად, რის შემდეგაც დამფ. კრება იღებს დეკრეტს და გადასცემს სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ-ნი გაგლოევი.

10. დეკრეტი გზათა უწყების მოსამსახურ. დღ. სარგებელ. ნორმის შეცვლისა.

გაგლოევი (ს. დ.) დამფ. კრებამ მიიღო დეკრეტი სახელმწიფო მოსამსახურეთათვის დღიურების გადიდების შესახებ. დეკრეტში იყო ნახსენები, რომ რკინის გზის უწყებისათვის ცალკე იქმნება შემოტანილი დეკრეტიო. ეს დეკრეტი შემოიტანა რკინის გზის უწყებამ, საიდანაც სჩანს, რომ რკინის გზის უწყების იმ მოსამსახურეთ, რომელთაც უხდებათ მოგზაურობა სამსახურის გამო ეძლეოდათ ისე, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეებს ე.ი. რესპუბლიკის ფარგლებში 1/ 30 თვიური ჯამაგირისა დღეში და რესპუბლიკის გარეშე კი - 1/15 თვიური ჯამაგირისა. რაც შეეხება რკინის გზელებს მათ უნდა ეძლეოდეთ რკინის გზის ფარგლებში 1/50 თვიური ჯამაგირისა, უბნის გარეშე - 1/40 და რესპუბლიკის გარეშე 1/25. ბათომ-ნატანების რკინის გზის ლიანდაგზე მოსამსახურეთ, რომელნიც მუდმივ სამსახურს ეწევიან, ვინაიდან ოლქში განსაკუთრებული სიძვირეა, უნდა ეძლეოდეთ 1/40 ე.ი. იმდენი, რამდენიც ეძლევათ უბნის გარეშე მოგზაურობის დროს. გამონაკლისს ის მუშა-მოსამსახურენი შეადგენენ, რომელნიც აქსტაფის გზაზე არიან, მათ უნდა ეძლეოდეთ იმდენი, რამდენიც ეძლევათ მოგზაურობის დროს უბნის ფარგლებში ე.ი. 1 /50.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ვინ ინებებს? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

გაგლოევი (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივად, რის შემდეგ იგი მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ-ნ ცაბაძეს ეკუთვნის.

11. დეკრეტი მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღების და მასალების შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა.

. ცაბაძე (.-.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა ეს სასოფლო მეურნეობის ქვეყანა არის და თითქოს მთელი მასალა და სამეურნეო იარაღები, რომელიც ესაჭიროება ამ მეურნეობას საზღვარ-გარეთიდან მოდიოდა და მოდის დღესაც. საერთაშორისო ომის დაწყებამდე მასალის და იარაღის შემოტანა ადვილი იყო. მას შემდეგ, რაც ზღვის გზები შეიკრა, შეწყდა ამ იარაღების შემოტანაც. დღეს ეს შესაძლებელია, მაგრამ მეორეს მხრივ გაძნელებულია საზღვარ-გარეთის ვალიუტის უქონლობის გამო. რადგან სამიწათმოქმედო სამინისტროს ეს ვალიუტა არ ჰქონდა, ის იძულებული იყო გაემართა მოლაპარაკება ჩვენში ცნობილ ვაჭარ ფრიდონოვთან, რომელიც მუდამ ამ ოპერაციას აწარმოებდა ჩვენში. ფრიდონოვი შეუთანხმდა სამინისტროს. მან უკვე შეიძინა საქონელი. დაახლოებით გამოანგარიშებული არის, რომ ამ მიმდინარე წელს ჩვენი მეურნეობისათვის საჭირო მასალა და იარაღები დაახლოვებით 50 მილიონ მანეთის ღირებულებისა იქნება ჩვენი ბონებით. ამ მასალის დიდი ნაწილი ფრიდონოვს უკვე შეძენილი ჰქონია საზღგარ-გარეთ, მაგრამ საჭირო არის ამ ოპერაციის დასრულება და ამისათვის კი ფული არ ეყო და ამ დეკრეტით გამოთხოვილია 1 მილიონი მანეთი, რომელიც გადაეცემა ფრიდონოვს და ფრიდონოვი გამოიტანს ადგილობრივ ბანკებიდან ფასიან ქაღალდებს, იმას დააგროვებს საზღვარ-გარეთის ბანკებში და ამგვარად ვალიუტას შეიძენს და დაგროვილი თანხით დაამთავრებს ამ ოპერაციას. უნდა მოგახსენოთ, რომ ერთი ნაწილი ამ იარაღებისა მიღებულია და გადაცემულია საადგილ-მამულო საბჭოს ხელში. ეს იარაღი ნაწილდება ჩვენ რესპუბლიკაში და დანარჩენიც მიიღება. პირობები უსათუოდ კარგია. ამ პირობით 15%25-20%25 მიეცემა ფრიდონოვს იმ ღირებულებიდან, რაც დაუჯდება ეს საქონელი. ეს დეკრეტი გაირჩა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში და მან ეს დეკრეტი მიიღო.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ-ნი იმნაიშვილი.

12. დეკრეტი ქართულ ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისა.

იმნაიშვილი. (ს.-დ.) აქ ტფილისში განზრახული არის ეროვნულ სამხატვრო გალერეიის დაარსება და დაცვა საერთოდ მხატვრობის და ქანდაკებების ძველის და ახლის. ამ მხრივ უკვე გადადგმულია ნაბიჯი, გროვდება მხატვრული ნაწარმოები ე.წ. დიდების ტაძარში. განზრახულია აგრეთვე დაგროვება იმ ფრესკებისა, სურათებისა, რომლებიც წარმოადგენენ ძველ ხელოვნურ ნაშთს, ნიმუშებს და რომლებიც საუბედუროთ გაფანტულია სხვა და სხვა მუზეუმებში. დაახლოვებით ამ გალერეიას უნდა მიეცეს ისეთი ხასიათი, როგორც ტრედიაკოვის გალერეიაა მოსკოვში, ან ეროვნული გალერეია დრეზდენში, პარიზში, მიუნხენში და სხვაგან. რასაკვირველია ამ მიზნის სისრულეში მოყვანა შესაძლებელი დარჩება. აქ არის წარმოდგენილი დებულება და მის თანახმად ეს გალერეია დაექვემდებარა განათლების სამინისტროს. მისი პირდაპირი გამგე მისი საბჭოა და დირექტორი - საბჭოს თავმჯდომარე. ამ სახით შემოსულია ეს დეკრეტი განათლების უწყებისაგან. განხილულია ხელოვნების კომისიის მიერ და მიღებულია აგრეთვე სახალხო განათლების კომისიის მიერ. შემდეგ დართულ შტატისა და დებულების თანახმად შემუშავებულ ხარჯთ-აღრიცხვა დამტკიცებულია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ. ეს გახლავთ ამ დეკრეტის შინაარსი.

. იმნაიშვილი (კითხულობს დებულებას ეროვნულ სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ).

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? მსურველი არავინ არის. დებულება დამტკიცებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა.

. იმნაიშვილი (კითხულობს ხარჯთ-აღრიცხვას და შტატს).

ექ. თაყაიშვილი (ნ.-დ.) ბატონებო, ეს ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, განზრახულია 1 თებერვლიდან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ მუზეუმის სამზადისის მუშაობა დიდი ხანია რაც წარმოებდა. ის ხალხი, რომელიც მასზე მუშაობდა იყო იდეური ხალხი და თუ მუშაობდა, მათ აინტერესებდათ არა ის მცირე გასამრჯელო, რომელსაც იღებდენ, არამედ ისინი დაინტერესებულნი იყვნენ თვით მუზეუმის მოწყობის იდეით, და დიდი უსამართლობა იქნება თუ ეს შრომა არ იქნა დაფასებული. ის შრომა, რომელსაც ისინი ეწევიან ბევრად უფრო დასაფასებელია, ვინემ სხვისი. ამრიგად მე წინადადებას ვიძლევი ეს პროექტი შტატებისა მიღებულ იქნეს 1 იანვრიდან და არა 1 თებერვლიდან. განსხვავება მხოლოდ ერთი თვისაა. და გავრცელებულ იქნეს ჯამაგირების მომატება თუ ყველაზე არა, იმათზე მაინც, ვინც უკვე 5 წელია ამ საქმეზე მუშაობს და მთელი თავისი ენერგია და შრომა ამ საქმის გაუმჯობესებას მოანდომა. ეს იქნება სამართლიანი დაფასება მათი შრომისა და საქმიანობისა. ამასთან მხედველობაში მისაღებია ცხოვრების გაძვირებაც და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია მომატება ჯამაგირისა გავრცელებულ იქნეს მათზე 1-ლ იანვრიდან.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) ეს მოსაზრება ბ-ნ თაყაიშვილისა მისაღები იქნებოდა მხოლოდ მაშინ, რომ ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო განათლების სამინისტროს მიერ მიგვეღო უცვლელად. მაგრამ საბიუჯეტო-საფინანასო კომისიამ ასეთი პროექტის მიღება შეუძლებლად სცნო და საჭიროდ დაინახა სათანადო ცვლილებები შეეტანა შიგ. ამ რიგად საფინანსო კომისიამ ერთგვარი კომპენსაცია უკვე მოახდინა. ამის შემდეგ მიუღებელია, რომ ასეთი ახალი ვარიანტი კიდევ მისაღები იყოს საფინანსო კომისიისათვის და ეს კიდევ შეიცვალოს და დატად აღიარებულ იქმნას 1 იანვარი და არა 1 თებერვალი, როგორც ეს ამ პროექტით არის განზრახული.

თავმჯდომარე. კენჭს უყრის ბ-ნ თაყაიშვილის წინადადებას. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილია.

. იმნაიშვილი (განაგრძობს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის კითხვას, რომელიც მიღებულ იქნა დამფუძნებელ კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.

13. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელ. შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. სალაყაია (ს.-დ.) კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას შინაგან საქმეთა სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის კანონ-პროექტისას, რომელიც მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სიტყვას ეკუთვნის ბატონ იმნაიშვილს.

14. დეკრეტი საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამზადების სადგურის . ტაბახმელაში მელიქიშვილების მამულის შესაძენად 1.060.000 გადადების შესახებ.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) ბ-ბო! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებობს სავეტერინარო განყოფილება და ამ განყოფილებას ეკუთვნის ეგრედ-წოდებული საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელი სადგური. ეს სადგური უწინ იმყოფებოდა ქუთაისში, მაგრამ რაკი ამ სადგურისათვის საჭირო საქონლის არსებობა და პირობები ხელს არ უწყობდენ მას, ეს სადგური შარშან გადატანილ იქნა ბაკურიანთან ახლოს ციხის-ჯვარში, მაგრამ შინაგან-საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებლად, ვინაიდან იქ მისი დარჩენა ყოვლად შეუძლებელი იყო, ვინაიდან საამისოდ მას ხელს არ უწყობდა არც ჰავა სოფლისა და არც საერთო მდგომარეობა. შემდეგ ეს სადგური გადმოტანილ იქნა ტფილისის ახლოს სოფ. ტაბახმელაში (ტფილისიდან 10 ვერსზეა დაშორებული), რაც უფრო მნიშვნელოვანი არის სადგურისათვის ეს საძოვარი ადგილები, რომლებიც მოიპოვებიან ამ სოფელში და რომლის შეძენაც განზრახულია ამ სადგურისათვის. ეს მილიონი მანეთი სწორედ ამისათვის არის გამოთხოვილი. აქვე არის დართული 60 ათასი მანეთი, რომელიც საჭირო იქნება სხვა და სხვა სატეხნიკო მასალების შესაძენად და მასთან დაკავშირებულ საკითხების მოსაწესრიგებლად. ეს საკითხი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ განიხილა და მიიღო ის აუცილებლად იმ სახით, როგორადაც არის წარმოდგენილი. თუმცა კომისია დაინტერესდა იმ საკითხით, რომ რატომ არის ის, რომ როდესაც როდესაც აუარებელი მიწები შეიძინა მთავრობამ, კიდევ სჭირდება მას მიწების შეძენაო. მაგრამ ამ საკითხზე დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება მიიღო მან შინაგან-საქმეთა სამინისტროსგან. საფინანსო კომისიამ მიიღო ეს დეკრეტი და სთხოვს დამფუძნებელ კრებას მის დამტკიცებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ხომ არავის სურს? მსურველი არავინ არის. მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი ხომ არავინ არის? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი გადაეცა სარედაქციო კომისიას).

შემდეგ სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

15. დეკრეტი სახალხო სკოლების მასწავლ. დასაკმაყოფილ. 4. 193.333 მან. გადადებისა.

იმნაიშვილი (ს.-დ.) ეს დეკრეტი შეეხება სახალხო სკოლების მასწავლებელთა 5-წლეულების სახით დაკმაყოფილებას, რისთვისაც გაღებულ უნდა იქნას სახელმწიფო ხაზინიდან 4,193,333 მან. ზაფხულზე დამფუძნებელ კრების მიერ მიღებული იყო კანონ-პროექტი მასწავლებელთა 5-წლეულების შესახებ, მაგრამ მაშინ სათანადო კრედიტი ამისათვის არ გაუხსნიათ და ახლა უწყება ითხოვს იმ კანონ-პროექტის მიხედვით, რომელიც მიღებული იყო დამფუძნებელ კრების მიერ გახსნილ იქნას კრედიტი, რომელიც შეადგენს სულ 4,193,333 მან. ეს განაწილდება შემდეგნაირად: 1,480,000 მანეთი გაღებულ იქნება მასწავლებელთა ძირითად ჯამაგირად. უნდა მოგახსენოთ, რომ სულ არის 4 ხუთწლეული, რომელთანაც პირველი ხუთ-წლეული მასწავლებელთ ემატებათ ძირითად ჯამაგირად და ეძლევათ, როგორც ძირითადი ჯამაგირი. შემდეგ - მეორე ნაწილი 1,233,333 მოხმარდება ხუთ-წლეულებს 1 იანვრიდან 1 ივლისამდე. მესამე - 1,480,000 მანეთი ხუთ-წლეულებისათვის ამა 1919/20 სამოსწავლო წლის დასრულებამდე. აი, ეს თანხა შეადგენს სულ 4,193,333 მანეთს. ეს დეკრეტი მიიღო სახალხო განათლების კომისიამ და შემდეგ დაადასტურა იგი საფინანსო კომისიამაც.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.

იმნაიშვილი (კითხულობს დეკრეტს, რომელიც მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბატონ ცაბაძეს.

16. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს კანცელარიის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

ცაბაძე (ს.-დ.) (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ).

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის ნებავს. ვინ არის წინააღმდეგი კანონ-პროექტისა? წინააღმდეგი არავინაა. კანონ-პროექტი მიღებულია. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის გომართელს.

17. დეკრეტი საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.986.000 გადადების და ამავე საჭიროების 291,251 მან. და 40 . ღირებ. მასალის მიცემის შესახებ.

ივ. გომართელი (ს.-დ.) პროექტი დეკრეტისა გახლავთ წარმოდგენილი შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს დეკრეტი ეხება ტელეფონის ქსელის გაყვანას ჩვენს ქალაქებსა და დაბებში. ნაწილობრივ ეს უკვე არის განხორციელებული, მაგრამ არის კიდევ ბევრი ქალაქი და დაბა, რომლებიც არ არიან შეერთებული დედა ქალაქთან. განზრახულია მაგალითად ტფილისის შეერთება ტელეფონის საშუალებით შემდეგ ქალაქებთან (კითხულობს). ერთი სიტყვით უნდა იყვეს დაქსელილი მთელი ქალაქები და დაბები. ლაპარაკი იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიურად ისე კულტურულად, ზედმეტია.

ყველა ის ხარჯი, რაც დასჭირდება ამ დიდ საქმეს, გამოანგარიშებულია და უდრის 9.986.000 მან. კონტროლიორი არ არის წინააღმდეგი, მხოლოდ ფინანსთა მინისტრი ვერ აძლევს დადებით პასუხს ფინანსურ კრიზისის გამო. მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანამდე გაგრძელდება ეს კრიზისი. მე მგონია, რომ დიდხანს გასტანს. ამიტომ ჩვენ კულტურულ მუშაობას ვერ შევაჩერებთ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და დეკრეტის მუხლები.

ივ. გომართელი (კითხულობს. ყველა მუხლი მიღებული იქმნა ჩვეულებრივი წესით და დეკრეტი გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ი. ელიგულაშვილს.

18. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სახაზ. რკ. გზ. ჭიათ. შტ. განსაკ. ტარიფის მოსპობის შესახებ.

. ელიგულაშვილი (ს.-დ.) (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ).

კანონ-პროექტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით გარდა მესამე მუხლისა, რომელიც სრულიად ამოშლილ იქნა სოც.-დემოკ. ფრაქციის წინადადებით.

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. იმნაიშვილს.

19. დეკრეტი პირველ-დაწყებითი სკოლების მასწავლ. მოკ. ვადიან კურს. დაარს. და საამისოდ 24.000 მან. გადადების შესახებ.

იმნაიშვილი. (მომხსენებელი) პირველი და უმთავრეს საზრუნავ საგანს შეადგენს საყოველთაო სწავლის განხორციელება რესპუბლიკაში. ამ მიზნით გასულ წელს ჯერ კიდევ ოქტომბერში და სექტემბერში, ესე იგი ამ სამოსწავლო წლის დამდგომს გახსნილი იყო სულ 156 ახალი სკოლა. სახალხო განთლების სამინისტროს აზრათ აქვს კიდევ მომავალ წელში დაუმატოს ამ სკოლებს მეორე განყოფილებანი. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უნდა გაიხსნას კიდევ იმ შკოლებთან მეორე განყოფილებანი რიცხვით 156. დაახლოვებით თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ თითო განყოფილებას მოუნდება თითო მასწავლებელი ამ 156, მეორე განყოფილებისათვის დაგვჭირდება სულ დაახლოვებით 300 მასწავლებელი. ჩვენ შეგვიძლია ვიშოვნოთ ეს კადრი მასწავლებელთა, მაგრამ არა სრულიად. მათი მომზადება ეკისრება საოსტატო სემინარიებს... საერთოდ სულ ჩვენ რესპუბლიკაში არის 5 საოსტატო სემინარია. ამ სემინარიებს შეუძლიათ ყოველ წლიურად 150 მასწავლებლის მომზადება. თუ მივიღებთ მხედველობაში დღვანდელ ნაკლუვანებას მასწავლებელში და თუ ამას მიუმატებთ იმ რიცხვს, რომელიც საჭიროა მეორე განყოფილებისათვის - სულ დაგვჭირდება 600 მასწავლებელი. მაგრამ სამოსწავლო სემინარიებს შეუძლიათ დააკმაყოფილონ მხოლოდ ერთი მესამედი საჭირო მასწავლებელთა, ე.ი. დაახლოვებით შეუძლია მოგვცეს 200 მასწავლებელი. დანარჩენი რიცხვი მასწავლებელთა უნდა მოამზადოს განსაკუთრებული კურსების საშვალებით. აი, უწყებას აქვს განზრახვა მოამზადოს ეს რიცხვი მასწავლებელთა მომავალ წლისათვის. უწყებას აქვს განზრახვა გაგრძელდეს ეს კურსები 6 თვით. განზრახვაა ეს კურსები მოეწყოს რესპუბლიკის 10 სხვა და სხვა მაზრაში. (კითხულობს მაზრებს).

სხვათა შორის ტფილისში იქნება გახსნილი სპეციალური კურსები ბერძენთა და მუსულმანთა შკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლათ. თავის-თავად ცხადია თუ ამ კურსებს არ გავხსნით და არ მოვამზადებთ მასწავლებლებს მომავალ წელში არსებულ სასწავლებელთათვის და აგრეთვე იმ განყოფილებათათვის, რომლებიც უნდა გავხსნათ, ვერ დავაკმაყოფილებთ საჭიროებას. ამ სემინარიებს შეუძლია მოგვცეს მომზადებული მასწავლებლები 2-3 წლის შემდეგ - ვინაიდან გადაკეთებული გიმნაზიები, რომელსაც წარმოადგენენ საოსტატო სემინარიები, ამას მოკლე ხანში ვერ შესძლებს. განათლების უწყება შემოდის შუამდგომლობით, რათა მიღებულ იქნეს ეს დეკრეტი სრულიად.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა სრულიად ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ქ-ონ ტოროშელიძისას.

20. დეკრეტი სვანეთში სამკურნალო დაწესებ. შტატ. და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. ტოროშელიძისა. (მომხსენებელი) დეკრეტი და ხარჯთ-აღრიცხვა სვანეთში საექიმო და საფერშლო პუნქტების დაარსების შესახებ არის წარმოდგენილი შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ. სვანეთში სულ 30 ათასი მცხოვრები მოიპოვება. ამ ჟამად იქ მხოლოდ ერთი საექიმო და ორი საფერშლო პუნქტი არის. 30 ათას მცხოვრებთა შედარებით ეს ერთი წვეთი არის, და ამიტომ მედიკო სანიტარული კომისია ფიქრობს გახსნას იქ 8 საფერშლო პუნქტი და 3 საექიმო პუნქტები. ამ პუნქტების შესანახად არის გამოთხოვილი 218.900. მან. იქ შედარებით სხვა დაწესებულებათა ჯამაგირები არის თითქმის სამჯერ მეტი. ეს არის გამოწვეული იმით, რომ სვანეთი მოწყვეტილი არის ხოლმე დანარჩენ ნაწილებზე 7-8 თვის განმავლობაში, იქ პირობები შედარებით ცუდია და სანოვაგე ძალზე ძვირი. ეს მიიღო მხედველობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, ჯამაგირები გაადიდა სამჯერ ქალაქის მახლობელ პროვინციებში არსებულ პუნქტებთან შედარებით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ცაბაძეს.

ცაბაძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მიღებულია ეს დეკრეტი.

(დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივ წესით და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

21. დეკრეტი მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში 55.133.320 მან. გადადებისა აჯამეთის სარწყავ არხის შესაკეთებლად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ნინიძეს.

. ნინიძე. (ს.-დ.) აჯამეთის არხი გაკეთებულია 1910 წელს და მის შემდეგ წყალდიდობას წაულეკავს და საერთოდ ძალიან დაზიანებულია; საჭიროა ამ არხის შეკეთება. ირწყება რამდენიმე ათასი დესიატინა მიწა, რომელიც ფონდშია და გლეხობას უნდა მიეცეს; ასეთია შინაარსი დეკრეტისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. დეკრეტი მუხლობრივად და საერთოდ მიღებულია ერთხმად და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ცაბაძეს.

22. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტის გზათა დეპარ. ცენტრალურ ორგანოს შტატის გადიდების და ჯამაგირის მომატების შესახებ.

ცაბაძე. (ს.-დ.) გზათა დეპარტამენტის ცენტრალურ ორგანოს შტატები დამტკიცებულ იყო შარშან პირველ აგვისტოს; ამ კანონამდე ორგანოში ითვლებოდა 150 მოსამსახურე; ხოლო ამ კანონით მოსამსახურეთა რიცხვი შემცირდა 25 კაცამდე. ეს დიდი დაწესებულება გახლავთ; სამუშაო და საქმე ძლიერ ბევრია, მაშინ დეპარტამენტმა გამოითხოვა ზედმეტი ხარჯები იმ ვარაუდით, რომ ახლო მომავალში მოხდებოდა შტატების გადიდება. მთავრობამ ეს ზედმეტი ხარჯები შეამცირა იმდენათ, რომ ახალ მოსამსახურეთა მოწვევა შეუძლებელი იყო. ამიტომ მოიწვიეს მხოლოდ ოთხი მოსამსახურე: 1 - უმცროსი საქმის მწარმოებელი. ორი - მანქანაზე გადამწერი და ერთი - შიკრიკი. რაც შეეხება ჯამაგირების ნაწილობრივ მომატებას უნდა მოგახსენოთ: ამ დაწესეულებაში მოსამსახურე ძირითადი ჯამაგირით ჩამორჩენილია ამა თანამდებობის პირის ჯამაგირისაგან სხვა დაწესებულებებში. ეს იმიტომ არის, რომ შტატების და ხარჯთ-აღრიცხვის მიღება სხვა დაწესებულებათათვის მოხდა მას შემდეგ, რაც ცენტრალ. ორგანოს შტატები და ხარჯთაღრიცხვა უკვე მიღებული იყო. ამისათვის ნავარაუდევია ძირითადი ჯამაგირები ამ ორგანოში გადიდდეს და შეუთანხმდეს იმავე თანამდებობის პირის ჯამაგირებს სხვა დაწესებულებებში. გზათა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ეს კანონ-პროექტი უცვლელად არის მიღებული.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს და სათანადო ვადის გასვლისას წარმოდგენილი იქნება მუხლობრივ განხილვისათვის.

23. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტ. შინ.-საქ. სამინ. ვეტ. სასანიტ. განყ. სავეტ. პერს. და შრატის დამზად. სადგურის და შტ. ხარჯთ-აღრიცხვის დამტ. შესახებ.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) აქ გახლავთ წარმოდგენილი შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა შინაგან-საქმეთა სამინისტროს ვეტერინარ-სასანიტარო განყოფილებისა. ამ განყოფილებას ევალება მთავარი ხელმძღვანელობა იმ ბრძოლისა, რომელიც უნდა აწარმოვოს რესპუბლიკამ პირუტყვთა და ფრინველების გადამდებ სენის წინააღმდეგ. თვით შტატი შეიცავს სამ ნაწილს: პირველი - შტატი ცენტრალ მმართველობისა; მეორე - სადგურის შტატი. ამ სადგურების მოვალეობაა სამრეწველო საქონელზე დაწესებულ პროცენტული გადასახადის აკრეფა და და ჯანმრთელობის შემოწმება; და მესამე შეიცავს ამ სავეტერინარო განყოფილების მმართველობის ქვეშ მყოფ საშრატე სადგურის შტატს. ცენტრალ მმართველობის შტატი დარჩა ძველი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირე ცვლილებას, რომელიც შეტანილ იქნა ამ შტატებში. რაც შეეხება სადგურებს აქ კი საგრძნობი ცვლილება არის შემოკლების სახით; წინად რესპუბლიკაში იყო სულ 12 პუნქტი - სადგური, ეხლა კი 8 არის: ტფილისში არის ორი, ქუთაისში ერთი, სოხუმში ერთი, ახალციხეში ერთი, ფოთში ერთი, გურიაში ერთი და სხვ. ამას გარდა ასეთივე სახის პუნქტები დაარსებულია საზღვრებზე - ეგრედ წოდებული სადარაჯო პუნქტები. ამ სადარაჯო პუნქტების დანიშნულება არის მეზობელ სახელმწიფოდან გადამდებ სენის შემოსვლის საწინააღმდეგოთ ზომების მიღება, შემოწმება იმ საქონლისა, რომელიც ასეთ სახელმწიფოდან შემოდის. აქაც არის საგრძნობი ცვლილება; წინად არსებობდა ოთხი ასეთი სადარაჯო იმის მიხედვით, თუ როგორი საზღვრები ჰქონდა რუსეთის იმპერიას; ეხლა სხვა მდგომარეობაა და საზღვრების მიხედვით უნდა გავამრავლოთ ეს სადარაჯოები. ამიტომ უწყებამ შექმნა 6 ახალი სადარაჯო. სულ იქნება მაშასადამე 10. შემდეგ ამ შტატებში შედის შტატი იმ სადგურისა, რომლისთვისაც გაღებულია 1 მილიონი და სამასი ათასი მან., იმ სადგურისა, რომელიც მოწყობილია ტაბახმელაში. ეს გახლავთ კონსტრუქცია სამმართველოსი და მასთან დაწესებულ პუნქტებისა და სადარაჯოებისა. რაც შეეხება ხარჯებს უნდა მოგახსენოთ, რომ უმთავრესი ნაწილი დიდი ხარჯისა სჭირდება საოპერაციო-სამეურნეო ხარჯებს საშრატე სადგურისა, რაიც 4 მილიონს უდრის, დანარჩენი კი ცენტრალურ სამმართველოსა და სადარაჯო პუნქტებს. ეს სიდიდე ხარჯისა იმით აიხსნება, რომ ამ საშრატე სადგურს აქვს დიდი ხარჯები, რომელიც გამოწვეულია საოპერაციო და სამეურნეო მუშაობით; ე.ი. მან უნდა დაამზადოს შრატი და ამისათვის უნდა შეიძინოს საქონელი. მაშასადამე საჭიროა შენახვა, გამოკვება, მოვლა-პატრონობა ამ საქონლისა. მასვე ევალება სადგურების მოწყობა. განზრახულია 500 სული საქონლის შეძენა. მიღებულია ნომრად თვითეულ სულზე ფასი - 5.000 მან. და რადგან საქონლის ფასმა აიწია საეჭვოა, რომ ამ ფასით შესაძლებელი იქნეს მისი შეძენა. შემდეგ ამ საქონლის გამოსაკვებად 50.000 ფუთი თივის შეძენა ჯდება 250.000 მან. ე.ი. ფუთზე ნავარაუდევია 50 მან. ეს ცხადია ცოტაა და უსათუოდ მეტი დაჯდება. შემდეგ 1000 ფუთი ქერი, 1000 ფუთი ბზე, 5.000 ფუთი კიპტომი - ეს კი შეადგენს მოზრდილ თანხას. ყურადღებას იქცევს შეშა; შემდეგ საკანცელარიო-სამეურნეო ხარჯები. მაშასადამე უმთავრესი ნაწილი იმ ხარჯებისა, რომლის დამტკიცებას ითხოვს უწყება, მიდის საშრატე სადგურზე, დანარჩენი კი სადარაჯოებისა და პუნქტების შესანახად. ეს პროექტი განიხილა საფინანსო კომისიამ და რაკი დასაბუთებული მასალა არის წარმოდგენილი შესახებ ამ ფასებისა, ეს ხარჯთ-აღრიცხვა იცნო სამართლიანად და თითქმის უცვლელად მიიღო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს და კანონ-პროექტი წარედგინება დამფ. კრებას სათანადო ვადის გასვლისას მუხლობრივ განხილვისათვის.

შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

24. დეკრეტი სამხ. სასამ. და პროკურ. ზედამხ. დროებითი შტატ. და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკ.

გრ. გიორგაძე (ს.-დ.) წარმოდგენილი დეკრეტი სამხედრო სამინისტროს სასამართლოს შტატებს ეხება. როდესაც სამხედრო სამინისტროს შტატებს ვამტკიცებდით, ეს არ იყო შეტანილი დეკრეტში. ეს შტატები შეფარდებულია იმ შტატებთან, რომელიც საერთოდ არის იუსტიციის სამინისტროში, განხილულია საუწყებათაშორისო კომისიაში, განხილულია ფინანსიურ კომისიის მიერ და ამიტომ უნდა იქნას მიღებული.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ვინ ინებებს? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ-ნი იმნაიშვილი.

25. დეკრეტი ქალაქ ოზურგეთის თვითმართ. 300.000 მან. მოკლევადიან სესხის მიცემისა.

იმნაიშვილი (ს.-დ.) ქ. ოზურგეთის თვითმმართველობა შუამდგომლობს მთავრობის წინაშე და მაშასადამე დამფ. კრების წინაშეც, მიეცეს სესხად სამასი ათასი მანეთი, რომ მას შეძლება დარჩეს შეიძინოს საქალაქო გიმნაზიის შენობა. ეს პროექტი განხილულია საფინანსო კომისიის მიერ და არსებითად მიღებულია, მაგრამ ამ პროექტს, ამ სესხის გაღებას არ ეთანხმება სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ამბობს, თუ ოზურგეთის ქ. თვითმმართველობას სჭირდება თანხა ასეთ მიზნისათვის, მან უნდა მონახოს სხვა გზა, იშოვოს კერძო საკრედიტო დაწესებულებიდანო და გამოსთქვამს აზრს, რომ ხაზინა სრულიად ვალდებული არ არის ქალაქის თვითმართველობას ასეთი სპეციალური დანიშნულებისათვის რაიმე თანხა მისცეს, რადგანაც დღეს ხაზინა უკიდურეს გაჭირვებას განიცდისო.

ამ კონტროლის მოსაზრებას საფინანსო კომისია არ დაეთანხმა იმიტომ, რომ ოზურგეთი ამ მხრივ განსაკუთრებულ პირობებშია, ჯერ ერთი, რომ საერთოდ ნაკლებია შესაფერისი შენობები, მეორე კიდევ იმიტომ, რომ მას ამ მხრივ დაბრკოლება ჰქონდა, ოსმალეთის შემოსევით ქ. ოზურგეთი დაზიანდა, ქალაქის თვითმმართველობა ფინანსიური მხრივ შესუსტებულია, მისი მდგომარეობა აირ-დაირია, მესამე მოსაზრება ეს არის სესხის სახით მიცემა, რომელსაც ქალ. თვითმარ. გადიხდის ახლო მომავალში. ამისდა მიხედვით საფინანსო კომისიამ ვერ გაიზიარა სახელმწიფო კონტროლიორის მოსაზრება და დაადგინა იშუამდგომლოს დამფ. კრების წინაშე, რათა მიეცეს ქ. ოზურგეთის თვითმმართველობას ეს სესხი. საფინანსო კომისია ითხოვს დაამტკიცოთ ეს დეკრეტი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? არავის. დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ იმნაიშვილს.

26. დეკრეტი ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

იმნაიშვილი (ს.-დ.) ზაფხულში ჩვენ მივიღეთ შტატები სახელმწიფო უნივერსიტეტისა, მაგრამ ცხადია, რადგან უნივერსიტეტის მოქმედება ფართოვდება, მისი მუშაობა იზრდება, ჩვენ არ შეგვეძლო წინდაწინვე განგვესაზღვრა ის ხარჯები, რომელიც მუშაობასთან ერთად იზრდება. აი ეხლა სწორედ, სახალხო განათლების უწყებას შემოაქვს დეკრეტი, რომლის თანახმად ხაზინიდან გაღებული უნდა იქნას განსაზღვრული თანხა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი ხარჯების დასაფარავად ეს თანხა უნდა მოხმარდეს პირველ ყოვლისა უნივერსიტეტის პირად შემადგენლობას, ვინაიდან ეს შემადგენლობა ერთობ გაიზარდა. შემდეგ მეორე ნაწილი ამ ხარჯებისა ეხება უნივერსიტეტში დატოვებულთ რიცხვით 8 კაცს, რომელნიც საზღვარ-გარედ უნდა გაიგზავნონ სამეცნიერო განათლების დასასრულებლად და შემდეგ უნივერსიტეტში სამუშაოდ. მესამე ნაწილი ეხება უნივერსიტეტის გამომცემლობას და შემდეგ მეოთხე და მთავარი ნაწილი ეხება უნივერსიტეტის სხვა და სხვა დაწესებულების მოწყობას, საბუნებისმეტყველო და საექიმო ფაკულტეტზე კაბინეტების მოწყობას. შემდეგ არის სხვა და სხვა ხარჯები სამეურნეო ხასიათისა. პირველ მიზნისთვის განზრახულია ე.ი. პირად შემადგენლობისათვის ამ დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვით (ასახელებს) მან. ეს იმიტომ, რომ ზაფხულის შემდეგ უნივერსიტეტს საშუალება მიეცა მოეწვია შესაფერისი სამეცნიერო ძალები და ამ მხრივ შეხედა ამას საფინანსო კომისიამ, რომ უეჭველად უნდა მიეცეს საშუალება უნივერსიტეტს, რომ მან სამეცნიერო ძალები უზრუნველყოს. ეს ნაწილი ამ პროექტისა არავითარ დავას არ იწვევს. რაც შეეხება უნივერსიტეტში დატოვებულების გასაგზავნად გამოანგარიშებულია (ასახელებს) მან. ამ რიცხვში შედის გზის ფულიც. თუ მივიღებთ მხედველობაში დღევანდელ ფულის კურსს, ეს თანხაც არავითარ დავას არ იწვევს. შემდეგ - გამომცემლობა. ეს საქმე უნივერსიტეტისთვის გაძნელებულია, რადგან არ არის საკმაო ქაღალდი. ქაღალდის ფასი სასწრაფოდ იზრდება და ამისათვის გამოთხოვილია (ასახელებს) მან. ეს საფინანსო კომისიას უდავოდ მიაჩნდა, ვინაიდან დღეს ამ საქმის მოწყობას ხელს უშლის სიძვირე ქაღალდისა. მეოთხე ნაწილი ეხება იმ დაწესებულებებს, კაბინეტების და ლაბორატორიების მოწყობას მთლიანად და მედიკურ ფაკულტეტზე ნაწილობრივ. ესეც არ იწვევს არავითარ წინააღმდეგობას საფინანსო კომისიის მხრივ. ვინაიდან ეს მოწყობა ამ ლაბორატორიებისა უნდა შესყიდულ იქნას საზღვარ-გარეთ და ჩვენი ფულის კურსის მიხედვით ეს დიდ თანხას მოითხოვს, ამიტომ საფინანსო კომისია ამ ნაწილსაც დაეთანხმა.

საერთოდ თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ეს ხარჯთ-აღრიცხვა გათვალისწინებული ყოფილა ზაფხულში, მაშინ თავისთავად ბუნებრივია, ეს ხარჯი უნდა გაგვეღო. მაშასადამე, ფორმალურად მას არავითარი დაბრკოლება არ ეღობება წინ. აი ამიტომ რაკი ასე დასაბუთებულია და დაწვრილებით გამოანგარიშებულია ყოველი პარაგრაფი ამ ხარჯთ-აღრიცხვისა, ამიტომ საფინანსო კომისიამ ის მიიღო, მიიღო იგი განათლების კომისიამაც და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე მის დადასტურებას. აქ იყო ერთი გარემოება, რომელსაც ანგარიში უნდა გასწეოდა. მთავრობამ ეს დეკრეტი სხვანაირად მიიღო, რადგან დებულება უნივერსიტეტისა არ არის საბოლოოდ შედგენილი, ამიტომ მთავრობა საჭიროდ სთვლიდა ამ თანხიდან უნივერსიტეტისათვის ავანსად მიეცა 5 მილიონი მანეთი. მაგრამ სახალხო განათლების კომისია არ დაეთანხმა მთავრობას. რასაკვირველია, მთავრობის ეს მოთხოვნილება სამართლიანია, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს თავისი დებულება საბოლოოდ დამთავრებული, მაგრამ ამ საქმისათვის დღეს მხოლოდ 5 მილიონის ავანსად მიცემა შეუძლებელი არის, რადგან ეს თანხა უნივერსიტეტს ეხლა სჭირდება სწორედ. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დღეს აღმშენებლობითი ხანაშია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ფული ყოველ შემთხვევაში ეხლა არის აუცილებელი მისთვის და მისი მიუცემლობა ძლიერ შეაფერხებდა უნივერსიტეტის მუშაობას. ამიტომ სახალხო განათლების კომისიას არ შეეძლო დათანხმებოდა მთავრობის ამ ფორმალურ მოთხოვნილებას და ამიტომ იგი დაეთანხმა უნივერსიტეტის მოთხოვნას და საჭიროდ მიაჩნია ეს თანხა მიეცეს სავსებით ეხლავე უნივერსიტეტს, რათა მას შეძლება ექნეს დაწყებული საქმე დაუყოვნებლივ განაგრძოს და მუშაობა არ შეაჩეროს.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინ არის. მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის წინააღმდეგი ხომ არავინ არის? გთხოვთ წაიკითხოთ დეკრეტი და შტატები.

იმნაიშვილი (კითხულობს დეკრეტს, რომელიც მუხლობრივ განხილვის შემდეგ იქმნა დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

27. საბოლოო ტექსტი.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტი.

ი. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს ფოსტა-ტელეგრაფის უწყების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვისას, რომელიც მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ).

შემდეგი სხდომის დღიური წესრიგის წაკითხვის შემდეგ სხდომა იხურება ნაშუადღევს 3 საათზე და 20 წუთზე.

6 მეექვსე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(6)

1920 წელი. მარტის 30. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1) საბოლოო ტექსტები.

2) დეკრეტი მთავრობის სახლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3) დეკრეტი მესხეთ ჯავახეთში და არტაანის რაიონში სამომრიგებლო სასამართლოს ინსტიტუტის შემოღებისა.

4) დეკრეტი მესხეთსა და ჯავახეთში და არტაანის რაიონში საგამომძიებლო ინსტიტუტის შემოღებისა.

5) ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ფოთის საზღვაო სასწავლებლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

6) ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სამაზრო - სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალ შტატის შემოღების შესახებ.

7) დეკრეტი მიწად-მოქმედების სამინისტროს განკარგულებაში 15 მილ. მან. გადადების შესახებ სათანადო მასალების შესაძენად.

8) დეკრეტი სახელმწიფო მამულების ნათესების გასაფართოებლად 8.158.025 მან. გადადების შესახებ.

9) დეკრეტი სკოლის გარეშე სწავლის შემოღებისათვის 2 მილ. მან. გადადების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევს 12 ს. და 45 წუთ.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯის დასაფარავად 4.034.304 მან. და 92 კაპ. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლის დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი

3. საბოლოო ტექსტი - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებულ ფასის გადიდების დეკრეტისა. მომხსენებელი ი. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი

6. საბოლოო ტექსტი - ბათუმის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებად 260.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

7. საბოლოო ტექსტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების კანონისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

8. საბოლოო ტექსტი - მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის დაარსებისა და შტატის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

9. საბოლოო ტექსტი - საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელ სადგურისათვის უძრავი ქონების შესაძენად 1.060.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

10. საბოლოო ტექსტი - სახალხო სკოლების მასწავლებელთა ხუთწლეულებით დასაკმაყოფილებლათ 4.193.333 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

11. საბოლოო ტექსტი - სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების კანონისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

12. საბოლოო ტექსტი - შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების კანონისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

13. საბოლოო ტექსტი - საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კაპ. ღირებული ასლის მიცემის დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

14. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის კანონისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

15. საბოლოო ტექსტი - პირველ-დაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის მოკლე-ვადიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240.000 მან. გადიდების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

16. საბოლოო ტექსტი - სვანეთის სამკურნალო დაწესებულებათა შტატისა და ხარჯ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

17. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში 551.333 მან. გადადების შესახებ - აჯამეთის სარწყავი არხის შესაკეთებლად. მომხსენებელია ი. გომართელი.

18. საბოლოო ტექსტი - სამხედრო სასამართლოს და პროკურორის ზედამხედველობის დროებითი შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

19. საბოლოო ტექსტი - ქალ. ოზურგეთის თვითმმართველობისათვის 300.000 მან. მოკლე-ვადიანი სესხის მიცემის დეკრეტისა. მომხსენებელია

ი. გომართელი.

20. საბოლოო ტექსტი - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

21. დეკრეტი - მთავრობის სახლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

22. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა - ოფიცერთა და ჯარის-კაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია

ს. მდივანი.

23. დეკრეტი - მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში სამომრიგებლო სასამართლოს ინსტიტუტის შემოღებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

24. დეკრეტი - მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში საგამომძიებლო ინსტიტუტის შემოღებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

25. დეკრეტი - იარაღის შესაკეთებლად და პატრონების გასატენ სახელოსნოების მოსაწყობად სათანადო კრედიტის გახსნისა. მომხსენებელია

გრ. გიორგაძე.

26. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფოთის საზღვაო სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

27. დეკრეტი - მთავრობის სახლის დამწვარი ნაწილის შესაკეთებლად, ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილობის შესაძენად და სხვა სააღმშენებლო საჭიროებისათვის 1.686.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

28. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამაზრო და სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე. შემოტანილი გახლავთ განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა, რომ ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ დაუბრუნდეს მთავრობას, აგრეთვე დეკრეტი მთავრობის სახლის დამწვარი ნაწილის შესაკეთებლად, ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილების შესაძენად და სხვა სააღმშენებლო საჭიროებისათვის 1.686.000 მან. გადადებისა. მაშასადამე ეს ორი კანონ-პროექტი არ განიხილება და მოიხსნება დღიურ წესრიგიდან. არის წინადადება ს. დ. ფრაქციისა, რომ მე-25-ე საკითხი მე-28-ეთ იქნეს და 28-ე მე-25-ეთ იქნას გადატანილი. და დამატებიდან საბოლოო ტექსტი მომრიგებელ მოსამართლეთა ქვემდებარეობის გაფართოების კანონისა გადმოტანილი იქნას და დღიურ წესრიგის სხვა საბოლოო ტექსტებთან ერთად იქნას დამტკიცებული. ბატონებო, ამტკიცებთ დღიურ წესრიგს? წინააღმდეგი არავინ არის. დღიური წესრიგი დამტკიცებული გახლავთ. გადავდივართ დღიურ წესრიგის განხილვაზე. 1 საკითხის გამო სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

1. საბოლოო ტექსტები.

ივ. გომართელი (ს.-დ.) კითხულობს დღიურ წესრიგის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19 და მე-20 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომლებსაც მცირე შესწორებით დამფ. კრება ამტკიცებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი არის: დეკრეტი მთავრობის სახლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

2. დეკრეტი მთავრობის სახლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) წარმოდგენილი არის შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა მთავრობის სახლის, ყოფილ კადეტთა კორპუსის, სადაც ეხლა მოთავსებული არის მთავრობის საქმეთა სამმართველოსთან ერთად 6 სამინისტრო, სახელდობრ: მიწად-მოქმედების, შინაგან-საქმეთა, მომარაგების, შრომის, განათლების, სამხედრო სამინისტროს და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი. შტატებში იქ ნავარაუდევი არის 48 თანამდებობის პირი, რომელთა რიცხვში, თავის-თავად ცხადია არ შედის უკვე ცალ-ცალკე უწყებისათვის ნავარაუდევი რაოდენობა მოსამსახურეთა, სულ არის 59 მოსამსახურე. აქედან 43 შედის ცალ-ცალკე უწყების შტატებში, რაც უკვე დამტკიცებული და მიღებულია და დანარჩენი 16 კი არის მთავრობის საქმეთა მმართველობის უწყებისა, ამ ახლად წარმოდგენილ შტატებში.

რაც ეხება მეორე ნაწილს ამ ხარჯთ-აღრიცხვისა, ეს ეხება სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯებს. სულ გამოთხოვილია ამ დეკრეტით კრედიტი (კითხულობს ციფრს), აქ ამ თანხაში უუდიდესი ადგილი უკავიათ აი ამ სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯებს. დანარჩენი კი არის ნავარაუდევი აი ამ შტატებში. თვითონ ჯამაგირების ნორმები თანამდებობის პირებისა განხილული არის საუწყებათაშორისო კომისიის მიერ, სადაც წარმომადგენლები არის სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსთა უწყებისა. მიღებული არის იქ და შემდეგ მიღებული და უცვლელად დამტკიცებული არის საბ.-საფინანსო კომისიის მიერ. ასევე საფინანსო კომისიის მიერ მიღებული და უცვლელად დამტკიცებული არის სამეურნეო ნაწილი ამ ხარჯთ-აღრიცხვისა, რომელიც შესდგება:1. განათებისაგან და 2. გათბობისაგან.

საერთოდ არც ერთი პარაგრაფი დავას არ იწვევს საფინანსო კომისიაში და მის მიერ მიღებული და დამტკიცებული არის და კომისია შუამდგომლობს, რომ იგი მიღებულ იქმნას დამფუძნებელ კრების მიერაც.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

(მომხსენებელი კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ხარჯთ-აღრიცხვისა და შტატების შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მე-2 მუხლის განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ.

(მომხსენებელი კითხულობს მე-2-ე და შემდეგ მე-3-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი საზოგადოდ მთელი დეკრეტისა? არავინ. მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

ს. დ. ფრაქციიდან წინადადება არის შემოტანილი, რომელიც მოითხოვს, რომ დეკრეტი მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში სამომრიგებლო სასამართლო ინსტიტუტის შემოღებისა მოხსნილ იქნას დღიურ წესრიგიდან და იგი მივიღოთ, როგორც კანონ-პროექტი. სიტყვა ხომ არავისა სურს? ბრძანეთ. სიტყვა ბ. გიორგაძეს ეკუთვნის.

3. დეკრეტი მესხეთ-ჯავახეთში და არტაანის რაიონში სამომრიგებლო სასამართლოს ინსტიტუტის შემოღებისა.

. გიორგაძე. (ს.-დ.) შემოტანილი არის, როგორც დეკრეტი, მაგრამ საზოგადოდ ფრაქციის წინადადება ასეთია, რომ სიტყვა დეკრეტი შეიცვალოს კანონ-პროექტად. დღესვე მოვისმინოთ, როგორც კანონ-პროექტი ზოგადი მსჯელობით და მუხლობრივი განხილვა კი მოხდეს სათანადო დროს განვლის შემდეგ. ჩემი წინადადება ამაში მდგომარეობს.

თავმჯდომარე. ამ წინადადების შესახებ სურს თუ არა ვისმე სიტყვა? არავის. მაშასადამე ეს იქნება კანონ-პროექტის სახით განხილული, ზოგადი მსჯელობით. კანონ-პროექტი მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში სამომრიგებლო სასამართლო ინსტიტუტის შემოღებისა. მომხსენებელნი არიან ბ. რუსია და ბ. გიორგაძე. სიტყვა ბ. რუსიას ეკუთვნის.

. რუსია (ს.-დ.) 1918 წ. სექტემბრის კანონით ჩვენ შემოვიღეთ რესპუბლიკაში სამომრიგებლო ინსტიტუტი და მისი შტატი. მაშინ ეს კანონი და ის შტატი არ იყო გავრცელებული მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში, რადგანაც მაშინდელი მდგომარეობა ამის შეძლებას არ გვაძლევდა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შემოვიღოთ თავისი შტატებით, ეს აუცილებელი საჭიროების ინსტიტუტი. იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას, რომ მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში შემოღებული იქნეს სამომრიგებლო სასამართლოს და საგამომძიებლო ინსტიტუტი თავის შტატებით.

თავმჯდომარე. სიტყვა ბატონ გიორგაძეს ეკუთვნის.

. გიორგაძე (ს.-დ.) საფინანსო კომისიამ ეს შტატები, რომელიც წარმოდგენილი არის და აღიარა, რომ იგი სავსებით შეთანხმებული არის იმ ნორმალურ შტატებთან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არსებობს და ნორმებიც იმ ნორმებთან არის შეფარდებული, რომელიც ამას წინად დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა. ასე, რომ საფინანსო კომისიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ ეს კანონ-პროექტი განხილული იქნას და მიღებული.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ. სათანადო დროს გასვლის შემდეგ განხილული იქნება მუხლობრივად კანონ-პროექტი მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში საგამომძიებლო ინსტიტუტის შემოღებისა. ბ. რუსია.

4. დეკრეტი მესხეთსა და ჯავახეთში და არტაანის რაიონში საგამომომძიებლო ინსტიტუტის შემოღებისა.

. რუსია. (ს-დ.) საგამომძიებლო ინსტიტუტის შესახებ იგივე უნდა ითქვას, რაც სამომრიგებლო სასამართლოს ინსტიტუტის შესახებ. 1918 წ. სექტემბრის კანონით შემოღებული იქნა საგამომძიებლო ინსტიტუტი, მხოლოდ ამ რაიონებში მესხეთ-ჯავახეთისა და არტაანის რაიონში შემოღებული არ იყო იგი, და იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული კომისია შუამდგომლობს დამფუძნებული კრების წინაშე, რომ ეს იქნეს შემოღებული ამ რაიონებშიაც.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. გიორგაძეს ეკუთვნის.

. გიორგაძე (ს.-დ.) საფინანსო კომისიის დასკვნა ამ დეკრეტის შესახებ ისეთივეა, როგორიც წინა დეკრეტის შესახებ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ და სათანადო დროს განვლის შემდეგ განვიხილავთ მუხლობრივ. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა საზღვაო სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

5. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ფოთის საზღვაო სასწავ-ლებლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) ეს სასწავლებელი გასული წლის აქეთ არსებობს. შარშან ის არსებობდა, როგორც კურსები და ამ მიმდინარე წლის დასაწყისში კი საზღვაო სასწავლებლად გადაკეთდა. მას მიზნად აქვს მოამზადოს ქართველები საზღვაო ასპარეზზე სამუშაოდ.

ეს სასწავლებელი მხოლოდ წელს გადავიდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებაში. და აი ახლა სახალხო განათლების სამინისტრო შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა ამ სასწავლებლისა მიღებული და დამტკიცებული იქნეს. თვით სასწავლებელი შესდგება ორი განყოფილებისაგან. ორი შტატი არსებობს: სანაოსნო და სამექანიკო. იქ იღებენ პირველ დაწყებითი უმაღლეს სასწავლებელთა კურს დამთავრებულებს და იმას, ვისაც სახელოსნო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ეს სასწავლებელი თავის-თავად საშუალო ტიპის არის. რაც შეეხება თვით შტატებს, იგი შესდგება ოთხი თანამდებობის პირისაგან. ეს იმიტომ, რომ თითონ ხასიათი ამ სასწავლებელში მუშაობისა თხოულობდა იმას, რომ ზედმეტი ხარჯები არ ყოფილიყო გაღებული. საქმე იმაშია, რომ თეორიული სწავლა ექვს თვეს გრძელდება და დანარჩენი დრო უნდება პრაქტიკულ მუშაობას. ამიტომ ზოგად განათლების და სპეციალურ საგნების მასწავლებლები შტატში არ არიან შეტანილნი, რომ თავიდან ავიცილოთ ის ზედმეტი ხარჯი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა იმით, რომ წლის მეორე ნახევარში მათთვის გვეძლია ყოველთვიური ჯამაგირი. შტატები შესდგება 4 პირისაგან. მასწავლებელნი, რომელნიც ნებაყოფლობით დაქირავებულნი არიან, მიიღებენ ჯამაგირს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, როდესაც იმასწავლებლებენ, ე.ი. ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ ამ სასწავლებელს ერთი პარაგრაფი აქვს ხარჯთ-აღრიცხვაში, რომელიც ეხება სამეურნეო ნაწილს და გამოიხატება 60.000 მან. ეს თანხა საჭიროა ბინის ქირისათვის, გათბობა-განათებისათვის და სხვა სამეურნეო ხარჯებისათვის. 1-ლ მარტამდის მთავრობა იღებდა ამ სასწავლებლის შესანახად სათანადო ხარჯების ათ მილიონიან ფონდიდან, მაგრამ 1-ლი მარტიდან 1-ლ ივლისამდე, როდესაც შტატი იქნება მიღებული და ხარჯთ-აღრიცხვა დამტკიცებული, ეს მოხდება სამი თვის განმავლობაში, ამ საერთო ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით აღებული არის 64.000 მანეთი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ და სათანადო დროს გასვლის შემდეგ განხილული იქნება მუხლობრივ. შემდეგი საკითხი არის: პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამაზრო და სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მომხსენებელია ბ. ონიაშვილი.

6. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სამაზრო-სასოფლო მილი-ციისა და ადმინისტრაციის ახალ შტატის შემოღების შესახებ.

. ონიაშვილი (ს.-დ.) კანონ-პროექტი, რომელიც ეხლა დამფუძნებელმა კრებამ უნდა განიხილოს, შეეხება მილიციის შტატების რეორგანიზაციას. ამ კანონ-პროექტის მიზანი არის ერთი უდიდესი მიზანი - გაჯანსაღება ჩვენი მილიციისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მილიცია საერთოდ სახელმწიფოში ასრულებს დიდ და საპასუხისმგებლო მოვალეობას. მილიცია არის აღმასრულებელი ორგანო სახელმწიფო ძალა-უფლებისა. და მაშასადამე, როგორც მთავრობა, ისე სახელმწიფოს კანონმდებელი ორგანო, დამფუძნებელი კრება მოვალე არის შექმნას ისეთი პირობები სახელმწიფოში, რომ ამ მილიციას გაუადვილდეს თვისი დიდი მოვალეობის ასრულება. თუ მილიცია დღეს-დღეობით არ არის ნივთიერად უზრუნველყოფილი, კარგად ჩაცმული, თუ მილიციის შემადგენლობა არ არის თავის სიმაღლეზე, მაშინ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მილიციას არავითარი ნდობა და ავტორიტეტი არ ექნება ხალხში. მილიცია თავის მდგომარეობით, ყველაზე ახლოს არის დაკავშირებული ხალხთან, ის არის გამტარებელი მთავრობის დადგენილებებისა. მას ხალხთან აქვს საქმე და თუ ხალხმა ცუდი წარმოდგენა იქონია მილიციაზე, თუ იგი ნდობით არ უყურებს მილიციას, მაშინ ეს უარყოფითი შეხედულება გადააქვს მთავრობაზე, საერთოდ სახელმწიფოზე და მაშასადამე მთავრობას სახელი უტყდება ხალხის თვალში. მაშასადამე, მილიციის ავტორიტეტი და პრესტიჟის აწევა არის სახელმწიფოს პრესტიჟის აწევა. მილიციის და ადმინისტრაციის სახელის გატეხა არის იმავე დროს სახელმწიფოს სახელის გატეხა. ამიტომ, ვიმეორებ, ჩვენ მოვალენი ვართ შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც გააუმჯობესებს მილიციის ცხოვრებას და საშუალებას მისცემს მას კეთილ-სინდისიერად შეასრულოს თავისი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე.

რაც შეეხება მილიციის მოვალეობას, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მილიციის საქმე, როგორც საერთოდ ადმინისტრაციისა, როგორც ძველად, ისე ეხლა, არის წეს-რიგის დაცვა სახელმწიფოში. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თუ მოქალაქეს არ ექნება იმედი, მისი პიროვნება დაცული იქნება სახელმწიფოში, რომ მის პიროვნებას პატივს არავინ სცემს და რომ მისი ოჯახობა არ იქნება დაცული, ასეთ პირობებში ყოვლად შეუძლებელია სახელმწიფოში მოქალაქეობრივი ცხოვრება და სახელმწიფოს აშენება. ვის ხელში უნდა იყვეს, ვის უნდა ექვემდებარებოდეს მილიცია? თქვენ იცით, რომ ძველი წეს-წყობილების დროს რუსეთში პოლიციას განაგებდა ეგრეთ წოდებული პოლიციის დეპარტამენტი, რომლის შეფად ითვლებოდა შინაგან-საქმეთა მინისტრი. ეს პოლიციის დეპარტამენტები მართავდენ მთელ პოლიციას სახელმწიფოში გუბერნატორებისა და პოლიცმეისტერების საშუალებით. ეს იყო ცენტრალისტური მეთოდი მმართველობისა და უნდა ვთქვათ, რომ ასეთ წესს დიდი უარყოფითი მხარე ჰქონდა. პოლიცია ხალხთან არ იყო დაკავშირებული და საშინლად უტეხდა სახელს სახელმწიფოს ხალხის თვალში. პოლიცია ხალხის სასარგებლოდ კი არა, სამტროდ იყო და ხალხს საშინლად ეჯავრებოდა ასეთი პოლიცია. (შენგელაია: ეხლა როგორ არის? რაც შეეხება ეხლანდელ მდგომარეობას - განსხვავება არის და ამ განსხვავების შესახებ მოგახსენებთ, თუ მოთმინებას იქონიებთ, ბ. ლეო! დღევანდელ მილიციის სახელი არის გამოცვლილი, ფუნქციები კი პოლიციური არის. დღევანდელი მილიცია ექვემდებარება არა რაიმე პოლიციურ დეპარტამენტს, არამედ, როგოც მოგეხსენებათ, 1919 წლის 28 იანვრის კანონის ძალით - ერობებს.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის დიდი გადატრიალება მოხდა, თებერვლის რევოლიუციის დროს, პირველი მიმართვა დროებით მთავრობისა ხალხისადმი იყო იმის შესახებ, რომ ამიერიდან უქმდება პოლიცია და წესდება მილიცია. ეს დადგენილება დროებით მთავრობისა დაბეჭდილი იყო „მოამბეში“ 1917 წ.

28 იანვრის 1919 წ. კანონის ძალით, ჩვენში მილიცია გადაეცა სამაზრო ერობებს და ამით, რასაკვირველია, არ უნდა ვთქვათ, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროს საერთო აღარაფერი აქვს მილიციასთან. პირიქით, უმაღლესი მეთვალყურეობა, კონტროლის და რევიზიის უფლება დარჩა შინაგან-საქმეთა სამინისტროს ხელში. მხოლოდ, რაც შეეხება გამგებლების დანიშვნას, პირების მოწვევას, ეს გადაეცა ერობებს. აქ არის ერთი საკითხი: რომელმა ერობამ - სამაზრო, თუ დაბალ საფეხურზე მდგომმა ერობამ უნდა განაგოს ეს საქმე? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენში ორ სართულიანი ერობა არის - სათემო და სამაზრო. მოგეხსენებათ, რომ სათემო ერობა არ არის ადგილობრივ ცხოვრების გამგებელი, რადგან ჯერ ბევრგან სათემო არჩევნები არც კი დამთავრებულა და ამიტომ, დღევანდელ პირობებში, შეუძლებელია და სახელმწიფოსთვის საწინააღმდეგო და დამღუპველი იქნება, რომ მილიცია თემს დაექვემდებაროს. ამიტომ აუცილებელია და სახელმწიფო ინტერესი მოითხოვს, რომ მილიცია მაზრაში სამაზრო ერობას დაექვემდებაროს. სინამდვილეში ასეც არის. თქვენ იცით, რომ ასეთი წესი მილიციის მოწყობისა მარტო საქართველოში არ არის, ასევეა სხვა განათლებულ სახელმწიფოებში - ინგლისში, საფრანგეთში და სხვ. მილიცია ადგილობრივ თვითმმართველობას ექვემდებარება, თუმც აქ სახელი სხვანაირი არის, იქ პოლიცია ქვიან, მაგრამ ეს ფაქტიურად ასე არის - ქალაქში მუნიციპალიტეტები განაგებენ, პროვინციაში - სოფელში კი სამაზრო ერობები. რაც შეეხება სახელს - მილიცია, ეს მარტო შვეიცარიაში არის, დანარჩენ სახელმწიფოებში კი პოლიცია ქვია.

რა ცვლილება შემოგვაქვს ეხლა ამ შტატებში და მილიციის მოწყობაში ძველ შტატებთან შედარებით? თქვენ მოგეხსენებათ, რომ მილიციის უფროსი ახალი სახელი არის. დღეს-დღეობით მაზრებში კომისარის თანამდებობა კიდევ არის, მაგრამ ეს ქაღალდზე დარჩა. ფაქტიურად ყველა მაზრებში გაუქმებულია როგორც მაზრის, ისე რაიონის კომისარის თანამდებობა. რაც სამაზრო ერობები დაარსდა, მრავალი საკომისრო ფუნქციები, რომლებსაც წინად კომისრები განაგებდნენ, გადაეცა სამაზრო ერობებს და კერძოდ მის ადმინისტრატიულ განყოფილებას. მაშასადამე, მილიციის კომისარიატის ხელში დარჩა წმინდა პოლიციური ფუნქციები და ამით ისეთი პირები უნდა განაგებდნენ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან წმინდა პოლიციური ფუნქციებით. სახელი გამოიცვალა - გაუქმებული არის სამაზრო კომისარი და შემოღებული არის სამაზრო მილიციის უფროსის თანამდებობა. კომისარის კანცელარია გაუქმებული არის და ამის ნაცვლად იქმნება მილიციის უფროსის კანცელარია. რაც შეეხება რაიონებს, ამის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ წინეთ იყო ეს თანამდებობა, რაიონის კომისრისა, ეხლა კი დაწესებულია მილიციის უფროსის თანამდებობა. საქმე იმაშია, რომ თვითეული მაზრა გაყოფილი არის რაიონებად, რომელთა რიცხვი სხვა და სხვა ნაირია, იმის მიხედვით, თუ რამდენი მცხოვრები და ტერიტორია არის რაიონებში. რაც შეეხება ცნობებს, ცნობები წარდგენილი იყო სამინისტროში ერობების მიერ მაშინ, როცა გაიმართა ერობათა თათბირი. ამ თათბირზე შემუშავებული იყო ეს დებულება, რომელიც დაედვა საფუძვლად ამ კანონ-პროექტს. ამასთანავე, თქვენ მოგეხსენებათ, რომ უმთავრესი ცენტრი მილიციის მოქმედებისა მაზრაში არის და ეს შტატებიც იმნაირად არის შედგენილი, რომ უძლიერესი პოლიციური ასე ვთქვათ, მუშტი და ძალა დაგროვილი არის რაიონში და არა სასოფლო საზოგადოებაში.

შემდეგ გადავალთ იმაზე, თუ როგორ იქნება მოწყობილი მილიცია თვითეულ სოფლის საზოგადოებაში. ძველად იყო თანამდებობა სოფლის საზოგადოების კომისრისა და ამ კომისარის განკარგულებაში იმყოფებოდა ხუთი მილიციონერი. სამინისტროს აქ შეაქვს შემდეგნაირი შესწორება: 5 მილიციონერის ნაცვლად იყოს 2 მილიციონერი და სოფლის საზოგადოების კომისრის თანამდებობა კი სრულიად გააუქმეს. მოსაზრება უბრალოა. შეიძლება ვსთქვათ, რომ 2 მილიციონერი სოფლის საზოგადოებაში ცოტაა, ვერაფერს გახდებაო, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომელზედაც მე მოგახსენეთ, სახელდობრ ის, რომ სიმძიმის ცენტრი გადატანილი არის რაიონებში. და თუ გაჩაღდა ყაჩაღობა, ანარქია, ან სერიოზული მდგომარეობა შეიქმნა, მაშინ ამ მდგომარეობას ანგარიშს გაუწევს და ყაჩაღებს შეებრძოლება არა ეს 2 კაცი, არამედ ის დაგროვილი ძალა, რომელიც ამა თუ იმ რაიონშია.

რაც შეეხება იმ კითხვას, რაიონში რამდენი მილიციონერი უნდა იყოს, ამაზედ კანონ-პროექტში ვერაფერს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ რიცხვი მილიციონერებისა არ არის განსაზღვრული მაზრის თვითეული რაიონისათვის. ამათი განაწილება ამა თუ იმ რაიონში ეს არის შინაური საქმე სათანადო ერობისა. შეიძლება ერთ რაიონში იყვეს მეტი მილიციონერი, მეორეში ნაკლები და სხვ. რაც შეეხება მილიციონერების რიცხვს მაზრებში, ამის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ სხვა და სხვა ნაირი არის ეს რიცხვი, იმ მასალების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივ ერობების მიერ; შემდეგ, როდესაც შტატების განხილვაზე გადავალთ, თქვენ მიაქცევთ ყურადღებას ერთ მოვლენას, პირდაპირ თვალში გეცემათ ის, რომ ტფილისის მაზრაში, თუმცა ეს მაზრა შედარებით პატარა არის, მილიციონერთა რიცხვი შედარებით მეტია, სახელდობრ 166. ეს აიხსნება იმ განსაკუთებულ პირობებით, რომელშიაც იმყოფება ტფილისის მაზრა; ამ მაზრაში არის ყარაიაზის რაიონი, სადაც ისეთი პირობებია, ისეთი მდგომარეობა არის შექმნილი, რომ პირდაპირ სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვენ ამ რაიონში გაძლიერებულ იქმნას მილიციონერთა რაზმი. სწორედ განსაკუთრებით ამ რაიონისათვის შინაგან-საქმეთა სამინისტრომ შეიტანა ასეთი ცვლილება და მილიციონერთა რიცხვი იქ (ყარაიაზის რაიონში) გაადიდა 60 კაცამდის. ამ შემთხვევითი გარემოებით აიხსნა ის, რომ ტფილისის მაზრაში შედარებით მეტი რიცხვია მილიციონერებისა, ვიდრე სხვა მაზრაში. რაც შეეხება ჯამაგირებს, ამის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ჯამაგირები შედარებით, რასაკვირველია, გადიდებული არის ფაქტიურად. დღეს თქვენ იცით, რომ მილიცია საერთოდ არ კმაყოფილდება იმ კრედიტებით და არც შეიძლება, რომ დაკმაყოფილდეს, რომელსაც უხსნის მთავრობა; ამიტომ ყველა ერობა ამ კრედიტებს კიდევ უმატებს თავის საკუთარ კასიდან ფულს, ისე, რომ ფაქტიურად არ არის არც ერთი მაზრა, სადაც მილიციის უფროსი არ იღებდეს 5000-6000 მანეთს თვეში ამ სისტემით. ამიტომ მილიციის ჯამაგირები შედარებით გადიდებული არის. მაგალითისათვის მოგახსენებთ: მილიციის უფროსს უნდა მიეცეს ამ პროექტის მიხედვით 3500 მანეთი, მის თანაშემწეს 2000 მან; რაიონის მილიციის უფროსს 2000 მან; უფროს მილიციონერს - 1600 მან; უმცროს მილიციონერს - 1500 მან; და სულ უმცროს სოფლის მილიციონერს ეძლევა 1200 მანეთი. ამას ემატება კიდევ თებერვლის დამატება, ასე, რომ დაახლოვებით ისე გამოდის, როგორც მე მოგახსენეთ. მილიციის უფროსს 6000 მან. თვეში და სხვა. გარდა ამ ჯამაგირებისა, ამ კანონპროექტით ნაგულისხმევია აგრეთვე ერთდროული დახმარება უბედურ შემთხვევის დროს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს მილიცია ისეთ მდგომარეობაში არის ჩაყენებული, რომ ყაჩაღების დევნის დროს მათ უბედური შემთხვევები მოელით. მართლაც იყო დაჭრის, მოკვლის მაგალითები. და არამც თუ დღეს, ძველ წყობილების დროსაც მიღებული იყო, რომ მთავრობამ უნდა გაუწიოს რაიმე დახმარება მილიციას ასეთ შემთხვევებში. ამ მიზნისთვის გადადებული არის მთელ რესპუბლიკაში 100.000 მანეთი. რასაკვირველია ეს ცოტა არის, მაგრამ ამას დროებითი ხასიათი აქვს, რადგანაც უეჭველია დამფუძნებელი კრება ამ სპეციალურ მიზნისთვის შეიმუშავებს კანონ-პროექტს, სადაც მიღებული იქნება განსაზღვრული ნორმები არა მარტო მილიციისათვის, არამედ ყველა მოსამსახურეთათვის.

გარდა ამისა ნავარაუდევი არის აგრეთვე მოულოდნელი ხარჯები, სააგენტო ხარჯები. თვითეულ მაზრისათვის დაახლოვებით არის 120.000 მანეთი, მხოლოდ აფხაზეთისათვის, რადგანაც ის განსაკუთრებულ პირობებში არსებობს, ნავარაუდევი არის 500 ათასი მანეთი. დანიშნულება ამ ხარჯების ის არის, რომ ყაჩაღების დევნის დროს, ბოროტმოქმედების აღმოჩენის დროს აუცილებელი საჭიროება არის, რომ მილიციის უფროსის განკარგულებაში იყვნენ ისეთი პირები, რომელნიც გასცემენ ამ ყაჩაღებს, მიუთითებენ ბოროტმოქმედებაზე და შესაძლებელია შეიქმნას ისეთი პირობები რომ მართლა მილიციას დასჭირდეს ფულის გაღება ჯილდოს მისაცემად. ამიტომ ეს მოულოდნელი ხარჯები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ და ამისათვის საჭირო თანხა უნდა იყვეს მილიციის უფროსის განკარგულებაში.

აი, მაშასადამე თუ ეხლა მხედველობაში მივიღებთ ყველა ამ ხარჯებს, ჯამაგირებს, ერთდროულ დახმარებას და მოულოდნელ ხარჯებს, შევაერთებთ ყველას, წლიურად გამოდის 80 მილიონი მანეთი, ხოლო საბიუჯეტო წლის დამლევამდე, ე.ი. პირველ თებერვლიდან პირველ ივნისამდე ეს ჯამი უდრის 47 მილიონ მანეთს. შესაძლებელია, რომ ეს ჯამი სრულიად სწორი არ იყვეს, შეიძლება ეს ცოტა მეტი ან ნაკლები იყოს, იმიტომ რომ თვითეულ მაზრისათვის არის შედგენილი ნუსხები და ამას დათვლა უნდა; როცა დეკრეტს მუხლობრივ განვიხილავთ, მაშინ სწორ ჯამს მოგახსენებთ, რომ საჭირო არის 47 მილიონი მანეთის გაცემა.

ეს შტატები სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტით ძალაში შედის პირველ ნოემბრიდან გასული წლისა. ამ საქმეს თან ახლავს დასკვნა, როგორც სახელმწიფო კანტროლისა, აგრეთვე ფინანსთა უწყებისა; ისინი წინააღმდეგნი არიან იმისა, რომ შტატები ძალაში შევიდეს პირველ ნოემბრიდან. ამ ორ უწყებას ფორმალურის მხრივ უკანონოდ მიაჩნიათ ეს და ამიტომ მოითხოვენ, რომ შტატები შევიდეს ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

ეს ერთი შესწორება.

მეორე: როგორც კონტროლი, ისე ფინანსთა უწყება წინააღმდეგნი არიან იმისი, რომ გაწეულ იქნას ეს მოულოდნელი სააგენტო ხარჯები.

მაშასადამე ეს ორი დაწესებულება ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ჯამაგირებს და მეტ არაფერს. ეს კანონ-პროექტი განხილული იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში, რომლის სახელით მე მომხსენებლად გამოვალ. უნდა მოგახსენოთ, რომ საბიუჯეტო კომისიაში დიდი ლაპარაკი იყო ამ კანონ-პროექტის შესახებ და მოგეხსენებათ მე იმ კითხვებზე, რომლის გარშემო გაიმართა კამათი, - უპირველეს ყოვლისა იქ აღიძრა ერთი კითხვა: საიდან უნდა იყოს გაღებული ეს ფული, ხაზინამ უნდა გაიღოს, თუ ერობამ. შინაგან-საქმეთა სამინისტროს აზრი ისეთი არის, რომ ეს ფული უნდა გაიღოს ხაზინამ, რადგანაც ჯერ-ჯერობით ერობები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ სულ ერთია, კიდეც, რომ ერობებს დავაკისროთ ფულის გაღება, მაინც ისინი ვერ შესძლებენ ჯამაგირების მიცემას და ხარჯების გასწორებას. მაგრამ მთავრობის დადგენილების ძალით უდიდესი ნაწილი ამ ფულისა 75 პროც. გაღებულ უნდა იქნას სახელმწიფო ხაზინიდან, დანარჩენი 25 პროც. გაღება კი დაეკისროს ერობებს. აი, ეს საკითხი განიხილა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ და დაადგინა ხმის უმრავლესობით, თუმც უნდა მოგახსენოთ, რომ დიდი უმრავლესობა არ იყო, მხარი დაუჭიროს მთავრობის დადგენილებას, ე.ი. 75 პროც. ფულისა უნდა გაიღოს ხაზინამ, ხოლო 25 პროც. ერობებმა.

უმცირესობის აზრი ისეთი იყო, რომ კიდეც დავაკისროთ ფულის გაღება ისედაც სუსტ ერობებს, მეორე დღეს მოვლენ ერობები თხოვნით და მთავრობას საქმეს გაუჭირებენ სესხის შესახებ. მაგრამ უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს ფული ნაწილობრივ აუცილებლად უნდა გაიღოს ერობებმა.

ასე თუ ისეა, გადაწყდა ეს საკითხი და ეხლა, რასაკვირველია, ჩვენზედ, დამფუძნებელ კრებაზედ არის დამოკიდებული, მიიღებს ამ საბ.-საფ. კომისიის დადგენილებას თუ არა. მეორე საკითხი, რომელმაც გამოიწვია კამათი საბ.-საფ. კომისიაში ეს იყო მილიციონერთა რიცხვი სხვა და სხვა სოფლის საზოგადოებებში. მე უნდა მოგახსენოთ, რომ შინ.-საქმეთა სამინისტროს პროექტის ძალით, თვითეულ საზოგადოებაში უნდა იყვეს 2 მილიციონერი და აი საბ.-საფ. კომისიაში დაისვა საკითხი, საკმაო არის თუ არა ეს რიცხვი? იქ გამოითქვა ისეთი აზრი, რომ ორი ძალიან მცირე არის და საჭიროა ეს რიცხვი გადიდდეს სამამდის. მაგრამ არც ეს და არც პირველი წინადადება არ გავიდა. მიღებული იყო საშუალო კომპრომისული წინადადება. შესწორება იყო ისეთი, რომ თვითეულ ერობას მიეცეს უფლება ყოველ კერძო კონკრეტიულ შემთხვევაში აღძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, თუ ადგილობრივ საჭიროება მოითხოვს, რიცხვი მილიციონერებისა გადიდებულ იყოს ორიდან სამამდე. იმ მიზნისათვის, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს საშუალება დააკმაყოფილოს ასეთი მოთხოვნილება, გადაიდოს ეხლავე 500 ათასი მანეთი. თუ მეტი დასჭირდება, მაშინ ცალკე დეკრეტით შემოვა სამინისტრო დამფუძნებელ კრებაში.

გარდა ამისა, როგორც თვითმმართველობის კომისიამ, აგრეთვე საბ.-საფ. კომისიამ მიიღო ერთი შესწორება, რომელიც შეეხება თიანეთის და ტფილისის მაზრას. საქმე იმაშია, თიანეთის მაზრაში დღეს ფაქტიურად 5 რაიონი არის. შეცდომით თუ სხვა მიზეზით კანონ-პროექტში იყო შეტანილი 3 რაიონი, რაც სრულიად არ აკმაყოფილებს ამ მაზრას. ამიტომ 3 რაიონის მაგივრად თვითმმართველობის და საბ.-საფ. კომისიებმა მიიღეს 5 რაიონი.

ტფილისის მაზრის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა ეხლა არის 8 რაიონი, მაგრამ ესენი ისეთი დიდები არიან, მაგალითად აღბულაღის, მანგლისის რაიონები, რომ შეიძლება სულ მოკლე ხანში საჭირო იყვეს მათი რაიონებათ დაყოფა. და აი აქაც საბ.-საფ. კომისიამ და თვითმმართველობის კომისიამ მიიღო შესწორება 8 რაიონის მაგივრად იყოს 9. ასე, რომ თიანეთის მაზრაში იქნება 5, ტფილისის - 9.

ფურაჟის შესახებ: კანონ-პროექტში ცხენებისათვის წარმოდგენილი იყო 500 მანეთი თვიურად. საბ.-საფ. კომისიამ დაადგინა, რომ ეს ძალიან ცოტა არის და ამიტომ 500 მან. 1000 მანეთამდე გადიდდა. შემდეგ რაც შეეხება იმ კითხვას, როდის უნდა შევიდეს ეს შტატები ძალაში, საბ.-საფ. კომისიამ მიიღო დადგენილება, რომ შტატები უნდა შევიდეს ძალაში 1 თებერვლიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ იმ შტატების მოქმედება, რომელიც მიღებული იყო 2 აგვისტოს წარსული წლისა, რამდენიმე დეკრეტით გაგრძელებული იყო და უკანასკნელად რომ დეკრეტი მიიღეთ, იმ შტატებს ვადა უთავდება 1 თებერვალს. ისე, რომ 1 თებერვლიდან კრედიტები აღარ არის გახსნილი და ჩვენ რომ ეს დეკრეტი ძალაში შევიყვანოთ დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ, შეუძლებელი იქნება მილიციონერების ჯამაგირებით დაკმაყოფილება. ამიტომ საბ.-საფ. კომისიას კანონიერად მიაჩნია, რომ დეკრეტი ძალაში შევიდეს 1 თებერვლიდან. ამასთანავე, რასაკვირველია, საბ.- საფ. კომისია საჭიროდ სცნობს, რომ თებერვლის დამატება აუცილებლად გავრცელდეს მილიციაზე. მაშასადამე აი ის მასალა, რომელიც თან ახლავს კანონ-პროექტს.

შეიძლება მე რამე დამავიწყდა, მაგრამ თუ კამათი გაიმართება ამის შესახებ, მაშინ შევეცდები აღვადგინო ყველა, რაც გამომრჩა.

თავმდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივი განხილვა მოხდეს? არავინ. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის შემდეგ.

თავმდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.

7. დეკრეტი მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში 15 მილ. მან. გადადების შესაებ სათანადო მასალების შესაძენად.

. ნინიძე (ს. დ.) ჩვენ გაწეულ წელს მივიღეთ დეკრეტი, რომლის ძალითაც მიწად-მოქმედების სამინისტროს განკარგულებაში გადადებულ იქნა განსაზღვრული თანხა სათესლე მასალის შესაძენად. ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და მიწად-მოქმედების სამინისტრო შუამდგომლობს, რომ გადადებულ იქნეს მის განკარგულებაში 15 მილიონი მანეთი სათესლე მასალის შესაძენად. მართალია ხორბლეულობის თესვა უკვე დაგვიანებულია, მაგრამ სიმინდის და ქერის დათესისთვის დრო კვლავ დარჩა. ეს შესაძლებელია კიდევ ორი თვის განმავლობაში. ამ მხრივ განხილული იყო ეს დეკრეტი აგრარულ და საფინანსო კომისიებში და ორივეს მიერ მიღებულ იქნა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ნინიძე (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. შემდეგ.

. ნინიძე (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა საერთოდ? წინააღმდეგი არავინ არის, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. კ. ნინიძეს.

8. დეკრეტი საელმწიფო მამულების ნათესების გასაფართოებლად 8.158.025 მან. გადადებისა.

. ნინიძე. (ს.-დ.) საქმე შემდეგში მდგომარეობს: მიწათ-მოქმედების სამინისტროს განკარგულებაში იმყოფება სხვა და სხვა საცდელი მინდვრები, სამეურნეო სკოლები, სადაც არის თავისუფალი მიწები, რომელზედაც შეიძლება მეურნეობის წარმოება. ამას აქვს ის მნიშვნელობა, რომ შეიძლება ამ მოსავლით დაკმაყოფილებულ იქნეს ამ ადგილებში მოსამსახურეთა მოთხოვნილებები, და აგრეთვე საზოგადოდ შესუსტებულ იქნეს ის სასურსათო კრიზისი, რომელიც არსებობს. ამისათვის აპარატი რამდენიმედ მოწყობილია. ამ ადგილებში არის შტატი მოსამსახურეთა და ამიტომ შესაძლებელია ამ საქმის განხორციელება. უნდა მოგახსენოთ, რომ პროექტს თან ახლავს დასკვნა ფინანსთა მინისტრისა და სახელმწიფო კონტროლისა. ისინი პრინციპიალურად ეთანხმებიან ამ დეკრეტს, მაგრამ გამოსთქვამენ შიშს, რომ შესაძლებელია ამ წესით წარმოებამ ვერ მოიტანოს იმდენი სარგებლობა, როგორც იჯარით გაცემამო. კომისია ფიქრობს, რომ შეიძლება იჯარით გაცემამ მეტი სარგებლობა მოგვიტანოს, მაგრამ არ შეიძლება ამ სახით მეურნეობის წარმოება. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო მეურნეობა რაკი დაწყებულია, უნდა განვითარდეს იგი. შეიძლება ნაკლები იყოს რეალური სარგებლობა, მაგრამ ეს ვერ აგვაღებინებს ხელს, რადგან ამას აქვს სხვა მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა ცუდად წავიდეს საქმე, არ იქნება ისე, რომ ეს ხარჯები მაინც არ დაფაროს. და ამიტომ შუამდგომლობს თქვენს წინაშე საფინანსო კომისია, რომ ეს დეკრეტი დადასტურებულ იქნეს.

თავმდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ნინიძე. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

კ. ნინიძე. (კითულობს მეორე მულს).

თავმდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი ამ დეკრეტისა საერთოდ? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

9. დეკრეტი სკოლის გარეშე სწავლის შემოღებისათვის 2 მილ. მან. გადადების შესაებ.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ეს დეკრეტი ეხება ორი მილიონი მანეთის გადადებას სკოლის გარეშე სწავლის მოსაწყობად. სახალხო განათლების კომისიას და უწყებას სკოლის გარეშე განათლება მიაჩნია უდიდეს საშუალებად თვითცნობიერების და სწავლის გასავრცელებლად ხალხში, რომლის დიდმა ნაწილმა საუბედუროთ წერა-კითხვა არ იცის. ამ მხრივ დღემდის ბევრი არ გაკეთებულა, ადვილად გასაგები მიზეზების გამო, სადაც რაიმე გაკეთდა, ისიც სახალხო უნივერსიტეტების მეოხებით და ისიც კერძო ინიციატივით სახელმწიფოს დაუხმარებლად. ეხლა სახალხო კომისიას უწყებასთან ერთად სურს ამ მუშაობას მისცეს სახელმწიფოებრივი ხასიათი და ეს სკოლის გარეშე განათლების საქმე უნდა მოეწყოს ფართო მასშტაბით. ჩვენ ამ საქმის მოწყობა ასე გვაქვს წარმოდგენილი: სპეციალურ ორგანოებს ამ მიზნით ვერ შევქმნით, რადგან ეს დიდ ხარჯებს მოითხოვს, თითქმის იმდენ ხარჯებს, რაც უჯდება უწყებას სახალხო სკოლის შენახვა, თუმცა ეს იქნებოდა ადვილი, მაგრამ რაკი ეს უდიდეს ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ თავის თავად ცხადია, ხელი უნდა ავიღოთ ასეთ განზრახვაზე. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ ორგანოებით, რომელიც უკვე არსებობს, ე.ი. სახალხო სკოლებით და იმ ძალებით, რომელნიც თავმოყრილნი არიან სახალხო სკოლების გარშემო, ე.ი. მასწავლებლებით. თუ ჩვენ ვიანგარიშებთ მთელს რესპუბლიკაში 1500 სკოლას, ხოლო ამ მიზნისთვის ორ-ორ მასწავლებლებს ყოველ სკოლაში, მაშინ მთელ რესპუბლიკაში სკოლის გარეშე სწავლის მოსაწყობად დაგვჭირდება 3000 მასწავლებელი. თითო სახალხო სკოლასთან იქნება ეს კურსები, ანუ საკვირაო სკოლა და აი ამ ასპარეზზე სამუშაოდ გამოყენებულ იქნებიან ის მასწავლებლები, რომელნიც სათავეში უდგანან სახალხო სკოლებს ადგილობრივ. ასე გვაქვს წარმოდგენილი ამ მუშაობის გეგმა. თავის თავად ცხადია, საშუალება მოგვეცემა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის ეს ძალები და მაშინ გაგვიადვილდება ეს მუშაობა ფინანსიური მხრითაც.

თუ ამ მხრივ ვაწარმოეთ მუშაობა, მაშინ ჩვენ რესპუბლიკას გაცილებით ნაკლები დაუჯდება იმიტომ, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ადგილობრივად იქნებიან სკოლებში, ამ სკოლის გარეშე განათლებას მოანდომებს მხოლოდ რამდენიმე საათს. ჩვენ ნაგულისხმევი გვაქვს კვირაში 2 საათი. ამისთვის ისინი დამატებით ჯამაგირს მიიღებენ. თუ კვირაში 2 გაკვეთილი ექნებათ და თვეში 8, მაშინ დამატებით მიიღებენ 200 მანეთს. თავის-თავად ცხადია, რომ ეს 200 მან. იმდენი თანხა არ არის, რომ ვინმე დააინტერესოს, მაგრამ აქ არის საქმის იდეური მხარე და სახალხო განათლების კომისია ფიქრობს უწყებასთან ერთად, რომ თუ ამ საქმეს მაგარი და მტკიცე საძირკველი ჩაეყარა და წინ წავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს აქვს იდეური ხასიათი და ამიტომ ვფიქრობ, რომ იდეურ საქმით გატაცებული მასწავლებლები შეუდგებიან ამ საქმის მოწყობას. ეს ჯერ-ჯერობით ცდა იქნება და შემდეგ უფრო ფართოდ მოეწყობა. თუ თვითეულ სოფელში მოგვარდება ეს საქმე და თვითეულ მასწავლებელზე ვიანგარიშებთ 200 მანეთს, მაშინ გამოდის 3 მილიონი მანეთი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ მუშაობას ქალაქში აწარმოებს სახალხო უნივერსიტეტები. ამ სახალხო უნივერსიტეტებს თავისი თანხა არ აქვთ, რომ გაუძლონ ამ საქმეს და საჭიროა მთავრობის დახმარება. თუ ვიანგარიშებთ ამ დახმარებას, უწყებას ნავარაუდევი აქვს 3 მილიონი 200 ათასი მანეთი და სახალხო განათლების კომისიას ეთანხმება. მაგრამ ეს თანხა, როგორც ჰქონდა ნავარაუდევი კომისიას და უწყებას, სახელმწიფო კონტროლის მიერ არ იქმნა დადასტურებული და შემცირებულ იქმნა ერთ მილიონამდე. არც ფინანსიურმა უწყებამ მისცა დასკვნა, რადგან გეგმა არ იყო შემუშავებული. ამიტომ, შემდეგ, როდესაც მთავრობამ განიხილა ეს საკითხი, საშუალო თანხაზე გაჩერდა. მან არ მიიღო არც უწყების და არც სახელმწიფო კონტროლის დასკვნა და მიიღო 2 მილიონი მანეთის გადადება. თავის-თავად ცხადია, რომ ეს თანხა 2 მილიონი პირველ თვეში არ ეყოფა, მაგრამ ეს იქნება უწყების პირველი ცდა, დასაწყისი და ვფიქრობთ, რომ თუ საქმე გაფართოვდება და ყველა კულტურული ძალები, რომლებიც სოფელში მოიპოვებიან ამ საქმეს მოაგვარებენ, მაშინ დამატებითი თანხაც საჭირო იქნება და უწყების და განათლების კომისია ფიქრობს, რომ ამ დამატებითი თანხას დამატებით გამოვიღებთ. ამ რიგად, ამ 2 მილ. მანეთის გაღება საფინანსო კომისიის მიერაც იქმნა დადასტურებული. სხვათა შორის, ამაშია ის სუბსიდიაც, რომელიც მიეცემა სახალხო უნივერსიტეტებს ტფილისში, ქუთაისში და ჭიათურაში, რადგან ამგვარივე მიზანს ემსახურება უნივერსიტეტებიც. თავის-თავად ცხადია, რომ ამ დიდი საქმის, სახალხო განათლების სკოლის გარეშე მოწყობაში, უწყებას დიდი დაბრკოლება შეხვდება, რადგან მას სათანადო ორგანოები არ მოეპოვება და მაშასადამე არც ექნება საგრძნობელი ძალა, რომლითაც უნდა ისარგებლოს უწყებამ. მთავარი ხელმძღვანელი იქნება უწყება და ადგილობრივ თვითმმართველობის დახმარებით, ვფიქრობთ, რომ ეს დაბრკოლება გადალახულ იქნება, რადგან ჩვენ სოფლად, სახალხო მასწავლებლებს გარდა, სხვა კულტურული ძალებიც მოგვეპოება. იმ სოფლებში, სადაც სასწავლებელი არ არის, სხვა და სხვა დაწესებულება არის და თუ დაწესებულებანი არ არიან, მოიპოებიან ისეთი ინტელიგენტი მოღვაწენი, რომლებიც ამ საქმისათვის გამოსადეგნი არიან. სახალხო განათლების უწყება ფიქრობს, რომ პირველ რიგში დაეყრდნოს სოფლის მასწავლებლებს, მეორე რიგში კი დაეყრდნობა ყველა იმას, ვინც ამ საქმისთვის არ დაიშურებს ენერგიას, რადგან მას აქვს უდიდესი იდეური მხარე.

თავმდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

. იმნაიშვილი (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? არავინ. მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

. იმნაიშვილი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ განცხადებანი: გერონტი ქიქოძე აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს იმუშაოს საბიბლიოთეკო, სამხედრო და ხელოვნების კომისიაში. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? მაშასადამე ეს განცხადება მიღებულია. მეორე განცხადება არის სოც.-დემოკრატიულ ფრაქციისა: სამხედრო კომისიაში ნაცვლად ხოჭოლავასი და ჟღენტისა სოც.- დემ. ფრაქცია ასახელებს ნ. იმნაიშვილს და ე. კალაძეს. გთხოვთ მოისმინოთ შედეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).

თავმდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. შემდეგი კრების დღიური წესრიგი მიღებულია. კრება დახურული გახლავთ.

კრება იხურება 2 ს. 20 წ.

7 მეშვიდე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(7)

1920 წელი. აპრილის 2. ტფილისი. სასალე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - სამხედრო უწყებისათვის საჭირო 50.000 მან. გადადებისა.

3. დეკრეტი - ტფილისის ქალაქის თვითმმართველობისათვის 30.000.000 მან. სესხის მიცემისა.

4. დეკრეტი - ახალციხის მაზრის ერობისათვის 200.000 მან. მიცემისა.

5. დეკრეტი - მთავრობის სახლის დამწვარ ნაწილების შესაკეთებლად, ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილობის და სხვა სააღმშენებლო საჭიროებისათვის 1.686.000 მან. გადადების შესახებ.

6. დეკრეტი - პროპორციული სააქციზო გადასახადის დაწესებისა.

7. დეკრეტი - გზათა უწყებისათვის 1919 - 1920 წ. ხარჯთ-აღრიცხვის დამატებით 2.118.195 მან. გადადებისა.

8. დეკრეტი - კერძო სასწავლებელთა დასახმარებლად 500.000 მან.

9. საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ. ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის . აფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევს 12 1/2 საათ.

თავმდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - არსენალის თოფის და ტყვიისმფრქვეველის სახელოსნოს გაფართოების და ვაზნების აღსაჭურველ დროებითი სახელოსნოს მოწყობისათვის 7.689.400 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი - სკოლის გარეშე სწავლების მოსაწყობად 2.000.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო მამულებში ნათესების გასაფართოებლად 8.158.025 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში 15.000.000 მან. გადადების შესახებ სათესლე მასალის შესაძენად. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

5. საბოლოო ტექსტი - მთავრობის სახლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - რესპუბლიკის საპყრობილეთა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - გზათა დეპარტამენტის ცენტრალური ორგანოს შტატის გადიდებისა და ჯამაგირის მომატების შესახებ. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს ვეტერინარ-სასანიტარო განყოფილების, სავეტერინარო პერსონალის და შრატის დამმზადებელი სადგურის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

11. დეკრეტი - მთავრობის სახლის დამწვარი ნაწილის შესაკეთებლად, ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილობის შესაძენად და სხვა სააღმშენებლო საჭიროებისათვის 1.686.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

12. დეკრეტი - პროპორციულ სააქციზო გადასახადის დაწესებისა. მომხსენებელია ცაბაძე.

დამატება:

13. დეკრეტი - ტფილისის ქალაქის თვითმმართველობისათვის 30.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია მ. რუსია და ვ. ცაბაძე.

14. დეკრეტი - სამხედრო უწყების საჭიროებისათვის 50.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

15. დეკრეტი - ახალციხის მაზრის ერობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.

16. დეკრეტი - გზათა უწყების 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 2.118.195 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

17. დეკრეტი - კერძო სასწავლებელთათვის დასახმარებლად 500.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

თავმდომარე. სოც.-დემოკრ. ფრაქც. შემოსულია შემდეგი წინადადება: „დღიური წესრიგი შეიცვალოს შემდეგ ნაირად: საბოლოო ტექსტებს შემდეგ დაისვას მე-14 საკითხი - 1 საკითხად, მე-13 - მე-2-ედ, მე-15 - მე-3-ედ, და მათი საბოლოო ტექსტები დღესვე იქნეს მიღებული, აგრეთვე საპყრობილეთა ხარჯთ-აღრიცხვის საბოლოო ტექსტიც დღესვე იქნეს მიღებული“. ვინ არის წინააღმდეგი წინადადებისა? არავინ. წინადადება მიღებულია. გადავდივართ დღიურ წესრიგის განხილვაზე. საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ ქრ. შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული. (ს.-დ.) (კითხულობს დღიურ წესრიგს 1, 2, 3, 4 და 5 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელიც დამფუძნებელ კრების მიერ იქნა დამტკიცებული).

თავმდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ გიორგაძეს.

1. დეკრეტი სამედრო უწყების საჭიროებისათვის 50.000.000 მან. გადადებისა.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) დღევანდელ პირობებში ჩვენ კიდევ გვიხდება არაჩვეულებრივ მდგომარეობასთან გვქონდეს საქმე, და არა მოულოდნელი ხარჯებისათვის განსაკუთრებული თანხა გევიღოთ. ამას წინად სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში 40 მილ. მან. იყო გადადებული. როგორც წარმოდგენილ ხარჯებიდან სჩანს ეს 40 მილიონი მანეთი სამინისტროს უკვე დაუხარჯავს. წარმოდგენილ ხარჯები საფინანასო კომისიამ განიხილა და დაამტკიცა. ახლა ფონდი ამოწურულია, მდგომარეობა კი გართულებულია, ამიტომ სამხედრო სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა, რომ მისცემოდა მას 45 მილ. მანეთი. ეს იყო რამდენიმე ხნის წინად. სახელმწიფო კონტროლის აზრით საკმარისი იქნება მიეცეს 35 მილ. მან. სახელმწიფო კონტროლმა დააკლო ამ 45 მილ. მან. 10 მილ. იმიტომ, რომ იმ ჟამად 45 მილ. დახარჯული არ იყო. 4-5 მილ. მ. კიდევ ჰქონდა სამხედრო უწყებას თავის განკარგულებაში, მაგრამ ამის შემდეგ ეს თანხა დაიხარჯა და როცა მთავრობა არჩევდა ამ საკითხს, მთავრობამ დაადგინა სამხედრო მინისტრის განკარგულებაში გადადებულიყო მოულოდნელ ხარჯისათვის 50 მილ. მან. ეს საკითხი განიხილა ჯერ სამხედრო კომისიამ, რომელმაც თანამედროვე პირობების მიხედვით აწონ-დაწონა ეს საკითხი და დაადასტურა ეს ხარჯები; ეს დეკრეტი აგრეთვე განიხილა საფინანსო კომისიამ, რომელმაც აუცილებლად საჭიროდ სცნო, გადაიდოს ეს თანხა სამხედრო მინისტრის განკარგულებაში. აი ის, რაც უნდა მომეხსენებია ამ ხარჯების აუცილებლობის შესახებ.

თავმდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ვის ნებავს? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

გიორგაძე. (კითხულობს).

მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ და საბოლოო ტექსტისათვის სარედაქციო კომისიას გადაეცა.

თავმდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ რუსიას.

2. დეკრეტი ტფილისის ქალაქის თვითმმართველობისათვის 30.000.000 მან. სესის მიცემისა.

. რუსია (ს.-დ.) ტფილისის ქალაქის თვითმმართველობა შუამდგომლობით შემოდის დამფ. კრებაში, რომ მას მიეცეს გრძელვადიან სესხად 30 მილ. მანეთი. ეს შუამდგომლობა განიხილა მთავრობამ, დამფ. კრების კომისიებმა თვითმმართველობისა და საფინანსომ და მიიღო.

ის მდგომარეობა, რომელსაც დღეს განიცდის ქალ. ტფილისი, პირდაპირ აუტანელია.

დღეს-დღეობით ნავარაუდევია ქალაქის გასავალი 300 მილ. მანეთი, შემოსავალი კი, რასაკვირველია, შედარებით გასავალთან მცირეა. საბიუჯეტო უფლება, რომელიც ჰქონდათ ქალაქის თვითმმართველობებს ძველი რეჟიმის დროს, თითქმის შეუცვლელად დარჩა, მე ვამბობ „თითქმის“ იმიტომ, რომ დროებითი მთავრობის შესწორებანი ისე მცირე მნიშვნელოვანია, რომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ამგვარად შემოსავალი წყაროები ქალაქის თვითმმართველობათა დარჩა ძველი. ხარჯები კი, როგორც მოგეხსენებათ, გაიზარდა. მარტო 3 ნაწილს ავიღე იმ ხარჯებისას, რომელსაც ტფილისი ეწეოდა: მილიციის, განათლების და საექიმო-სასანიტარო ხარჯები უდრის 1919 წელს 50 მილ. მან. მე ვიღებ მარტო 3 დარგს. აქედან წარმოიდგენთ, რა დიდი ხარჯები აწევს ქალაქს. ამავე დროს ქალაქის ვალები შედარებით სხვა ქალაქებთან, როგორც გვაქვს ცნობები რუსეთის და ევროპის ქალაქებიდან, ძველად ძალიან ცოტა იყო. დღესდღეობით ტფილისს აქვს მარტო 26 მილ. მანეთი ვალი. მისი უძრავი ქონება კი დღევანდელი შეფასებით ღირს რამდენიმე მილიარდი მანეთი.

ამგვარად, თუ მივიღებთ მხედველობაში დღევანდელ ფულის კურს, 30 მილ. მანეთი, რომელსაც ქალაქი მოითხოვს დამფ. კრებისაგან გრძელვადიან სესხად, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ თამამათ.

მე არ შევჩერდები იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს ტფილისს. როდესაც მიდიხართ პროვინციაში, მაშინ აფასებთ ტფილისის მნიშვნელობას. ეს არის დედა-ქალაქი, რომელსაც დღეს ყველა ქალაქები და პროვინციები შეჰყურებს.

ამიტომ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ტფილისი ასეთი კატასტროფის წინაშე იდგეს. ეს კატასტროფა კი აუცილებლად დადგება, თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა. ამიტომ თვითმმართველობის კომისია წინადადებას აძლევს დამფ. კრებას, რომ ეს 30 მილ. მანეთი სესხად მიეცეს ქალაქ ტფილისის თვითმმართველობას. რაც შეეხება ფინანსიურ დასაბუთებას, ამას მოგახსენებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელი.

თავმდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ცაბაძეს.

ცაბაძე (ს.-დ.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქალაქის თვითმმართველობები თავის ხარჯებს თავისი შემოსავლით ვერასოდეს ვერ ფარავდენ. დეფიციტი ყოველთვის იყო. ეს იყო როგორც დასავლეთ ევროპის ქალაქებში, აგრეთვე რუსეთის ქალაქებშიაც. რასაკვირველია, ეს დეფიციტი ქალაქის თვითმმართველობის ხარჯებში შედარებით ნაკლები იყო მაშინ, როცა ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში იმყოფებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ომი დაიწყო, ამ დეფიციტმა თანდათან იმატა და ბოლოს უაღრეს წერტილამდე მიაღწია. თქვენ კარგად იცით, რომ ამ დეფიციტის ზრდას თავისი არაჩვეულებრივი მიზეზები ჰქონდა. ეს არაჩვეულებრივი მიზეზები გამოწვეული იყო ევროპაში და რუსეთში უმთავრესად საერთაშორისო ომით. რუსეთში საერთაშორისო ომს რევოლიუციაც ზედ დაერთო. მაგალითად, მე მოგახსენებთ ტფილისის ქალაქის თვითმმართველობის დეფიციტს. აი, ამ ციფრებიდან დაინახავთ, თუ როგორი გეომეტრიული პროპორციით იზრდება ეს დეფიციტი. მაგალითად 5 წლ. განმავლობაში შემოსავალი ჰქონია ტფილისს 10856970 მანეთი, გასავალი კი 11242392 მანეთი. აქ განსხვავება, როგორც ხედავთ, მცირეა, სულ ეს განსხვავება 5 წლის განმავლობაში შეადგენს 385922 მანეთს. ეს 300 ათასი მანეთი 5 წლის განმავლობაში თავის-თავად ცხადია, მცირეა. მაგრამ შემდეგ, თუ შევადარებთ ჩვენ ამ წლებს, აი ომის წლებს, შემდეგ რევოლიუციის ხანას, აქ ვნახავთ, რომ მართლა ეს დეფიციტის ზრდა განსაცვიფრებელ ციფრს აღწევს.

საერთოდ ომმა ქალაქის თვითმმართველობის ბიუჯეტში უსათუოდ შეიტანა ახალი ხარჯები. ამ ახალმა ხარჯებმა ომის ხანაში გაადიდეს დეფიციტი. ომის მოთავების შემდეგ რევოლიუციონურმა ხანამ საშინლად დასცა ფულის კურსი. თუ ომის ხანაში დეფიციტის ზრდა შედარებით მცირე იყო, ვინემ რევოლიუციის ხანაში, ეს უმთავრესად სხვათა შორის აიხსნება იმ მიზეზით, რომ ფულის კურსი საშინელი სისწრაფით ეცემა. მაგალითად 1918 წელს ქალაქის თვითმმართველობის დეფიციტს შეადგენდა 10 მილიონი 856 ათასი მანეთი, 1919 წელს კი 55 მილიონი 558 ათასი მანეთი. ამგვარად ერთი წლის განმავლობაში დეფიციტი გაიზარდა 10 მილ. 55 მილიონამდის. თუ ჩვენ სახეში მივიღეთ მიმდინარე წლის ხარჯ-აღრიცხვა, აქ მოსალოდნელია 200 მილიონი დეფიციტი. ნავარაუდევია გასავალი 300 მილიონი მან., შემოსავალი 100 მილ. მან. ამგვარად მოსალოდნელია 200 მილიონი მან. დეფიციტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო და სხვაგვარად შეუძლებელიც იყო. ქალაქის თვითმმართველობას აქვს თავისი წყალსადენი, ტრამვაი, სასაკლაო, ელექტრონის სადგური, ოთხი ათასი დესეტინა მიწა და სახლები. ეს ქონება 1913 წელში 24 მილიონად არის შეფასებული. მაგრამ თუ დღევანდელ კურსით ვიანგარიშებთ, მივიღებთ დაახლოვებით 3 მილიარდ მანეთს. ქალაქის ვალები დღესდღეობით არის მხოლოდ 26 მილიონი ჩვენი ბონებით. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ქალაქი, შედარებით იმ ვალებთან, რომელიც მას აქვს, მდიდარია. მას აქვს 3 მილიარდი მან. ქონება და 26 მილიონი ვალი. ცხოვრება ძვირდება, ფულის კურსი ეცემა. ყოვლად შეუძლებელი და მოუხერხებელი იყო ქალაქის თვითმმართველობისათვის ამ ცხოვრების გაძვირებას და ფულის კურსის დაცემას გაყოლოდა კვალდაკვალ და შემოსავლის წყაროები გაედიდებია. სხვა და სხვა პოლიტიკური და ეკონომიური მიზეზით ყოვლად შეუძლებელი იყო თვითმმართველობისათვის გაედიდებია შემოსავალი იმავე პროპორციით, მაგალითად წყლის, ტრამვაის, სახლის ქირა და სხ. ღირებულება, რა პროპორციითაც უჯდებოდა მას. ამას სჩადიან სპეკულიანტები და ამიტომაც არ აქვთ დეფიციტი, მაგრამ მუნიციპალური დაწესებულება ამას ვერ ჩაიდენს და ერთი უდიდესი მიზეზი დეფიციტისა ესეც არის. იზრდება ღირებულება მასალის, ჯამაგირი და სხ. აქედან მივიღეთ ჩვენ დეფიციტებიც. იყო 56 მილ. მან., წელს მოსალოდნელია 200 მილიონი. ასეთი დიდი ცვლილება სხვათა შორის აიხსნება ფულის კურსის დაცემითაც.

თუ ავიღებთ წინა წლების ჩვენი ბონების კურს და შევადარებთ სტერლინგის ფასს, ჩვენ დავინახავთ, რომ ბონების ფასი საშინლად დაეცა. გირვანქა სტერლინგი ღირდა შარშან 100 მანეთი, დღეს კი ღირს 1000 მან. აქედან თქვენ ხედავთ თუ რამდენათ დაეცა ჩვენი ბონის კურსი და თუ ამ დაცემის თანახმად შეადარებთ შარშანდელ დეფიციტს ქალაქისას 55 მილიონს და წლევანდელს მოსალოდნელ დეფიციტს, თქვენ დარწმუნდებით რომ ეს დეფიციტები დაახლოვებით ერთნაირია.

ამგვარად, განმარტებით ბარათში არის დაწვრილებით ცნობა, თუ ქალაქის თვითმმართველობამ როგორი ზომები მიიღო და შეამცირა ეს ხარჯები. მან გააუმჯობესა თავისი მეურნეობა, გააუმჯობესა როგორც ტრამვაის მეურნეობა, აგრეთვე სასაკლაო. ხარჯები შემცირებულია, დეფიციტი მაინც არის. ამიტომ გამოთხოვილი არის 30 მილ. მანეთი სესხის სახით.

ქალაქი რომ გადაიხდის ამ სესხს, ამის გარანტია არის ის, რომ მას აქვს 3 მილიარდი მანეთის ღირებული ქონება. ეს კი სრულ მატერიალურ გარანტიას შეადგენს სესხის ასაღებად. ესეც რომ არ იყვეს, მეორე მხრით სახეში უნდა მივიღოთ დღევანდელი ქალაქის თვითმმართველობა. იგი არ არის ის, რაც წინეთ იყო თვითმმართველობის დროს. თქვენ როგორც მოგახსენათ წინა ორატორმა, ბიუჯეტის უფლება არ შეცვლილა, ის ისეთია როგორიც იყო წინეთ, რევოლიუციონურ გადატრიალებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის უფლება უცვლელი დარჩა, თვით თვითმმართველობის ცხოვრება ძლიერ შეიცვალა. მას დაკისრებული აქვს აუარებელი სახელმწიფოებრივი ხასიათის ფუნქცია. სხვათა შორის ესეც არის მიზეზი დეფიციტისა. მთავრობამ გადასცა თვითმმართველობას ბევრი სახელმწიფოებრივი საქმეები და ფული კი არ მისცა. ერთი სიტყვით ამ მოკლე და მცირე ანალიზიდან თქვენ დაინახავთ, რომ ეს 30 მილიონი მანეთის ხაზინიდან სესხად აღება არ არის სახიფათო, არის სრული მატერიალური გარანტია, რომ ქალაქი მას გადაიხდის. მეორე მხრით სახელმწიფო მოვალეა, რომ აღმოუჩინოს თვითმმართველობებს დახმარება, იმიტომ რომ ეს თვითმმართველობები არიან ერთსა და იმავე დროს მმართველი ორგანოები. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შუამდგომლობს დამფ. კრების წინაშე დაადასტუროთ ხსენებული დეკრეტი.

თავმდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებთ სიტყვას? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე, გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

. რუსია. (კითხულობს მუხლობრივ. ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქნა დეკრეტის ყველა მუხლები უცვლელად).

თავმდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბატონ კოპალეიშვილს.

3. დეკრეტი - ალციის მაზრის ერობისათვის 2.000.000 მან. სესად მიცემისა.

კოპალეიშვილი. (მომხსენებელი). შინაგან-საქმეთა მინისტრის მიერ შემოტანილი გახლავთ დეკრეტი, რომლითაც იგი შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ გაღებულ იქნეს ახალციხის სამაზრო ერობის განკარგულებისათვის 2 მილიონი მანეთი სესხის სახით. ეს საჭიროება გამოწვეული გახლავთ განსაკუთრებულ პირობებით, რომელშიაც ახალციხის მაზრა იმყოფება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახალციხის მაზრა მდებარეობს ჩვენი მტრების საზღვარზე. საჭირო არის დამფ. კრებამ და მთავრობამ მიაქციოს ყურადღება ამ მაზრას. ოსმალეთის ურდოების შემოსევის დროს ეს მაზრა ყველაზე უფრო დაზარალდა, ადგილობრივი მცხოვრებლები დიდ გაჭირვებას განიცდიან. ამასთანავე გასულ ანარქიის დროს მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა და ამიტომ ნაკლები ჭირნახული დარჩა, რის გამოც მცხოვრები დაიმშა. სამაზრო ერობა მცირე ხანია რაც მუშაობს, მაგრამ უსახსრობის გამო იმ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ საქმეს, რომელიც მას დაკისრებული აქვს, იგი ვერ უძღვება სათანადოთ, მას აკლია სახსარი. და სწორედ ეს განსაკუთრებული პირობები იწვევს საჭიროებას გაღებულ იქნეს 2 მილ. მან. ახალციხის ერობის განკარგულებისათვის. ეს საკითხი დასმული იყო თვითმმართველობის კომისიაში და იქ ერთხმად იქნა მიღებული. კომისია შუამდგომლობს დამფ. კრების წინაშე დაადასტუროს ეს დეკრეტი.

თავმდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ სალაყაიას.

სალაყაია. (მომხსენებელი). საფინანსო-საბიუჯეტო კომისია თანახმაა მიეცეს ეს სესხი ახალციხის სამაზრო ერობას.

(ამ დროს დარბაზში შემოდის პოლონეთის წარმომადგენლობა, რომელსაც თავმჯდომარე მიმართავს შესაფერისი სიტყვით).

თავმდომარე. მოქალაქენო, დამფ. კრების წევრნო! ჩვენ შორის არის დღეს პოლონეთის წარმომადგენელი. თქვენ კარგათ უწყით ისტორია პოლონეთისა. პოლონეთმა განიცადა იგივე ხვედრი, რაც საქართველომ. მისი ისტორია განმეორებაა ჩვენი ისტორიისა. თითქმის ერთ დროს დავკარგეთ თავისუფლება და ერთ დროსვე დავიბრუნეთ ეს თავისუფლება. როგორც პოლონეთის ერი, ტერიტორია დანაწილებულ იყო სამ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა შორის, ისე ჩვენი ერიც, ჩვენი ტერიტორიაც უკუღმართი ბედის წყალობით დანაწილებული იყო ბოლოს და ბოლოს ოსმალეთსა და რუსეთის შორის. დღეს ერთმაც და მეორემაც თავისუფლება მიიღეს, მაგრამ პოლონეთი ჩვენზე უფრო ბედნიერი არის მით, რომ მთლიანათ დაიბრუნა თავისი ტერიტორია, ჩვენ კი ჩვენი ტერიტორიის უდაო ნაწილი სადაოთ გვაქვს და ჯერ-ჯერობით არ დაგვიბრუნებია. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ იმას დავიბრუნებთ. გაჭირვების დროშიაც, როდესაც ჩვენ და პოლონეთი ერთ და იმავე ტაფაში ვიწვოდით, ბუნებრივი მოკავშირენი ვიყავით. თვითმპყრობელობის დროსაც ჩვენსა და პოლონეთს შორის დამყარებული იყო მეგობრობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების დროს ეს მეგობრობა უფრო დამტკიცდება. თქვენი სახელით სალამს უძღვნი პოლონეთის სახელმწიფოს და სეიმს (ტაში).

(დეპუტატები ოვაციებს უმართავენ პოლონეთის წარმომადგენელს).

გთხოვთ წაიკითხოთ დეკრეტის პირველი მუხლი.

კოპალეიშვილი კითულობს. (დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძ. კრების მიერ ჩვეულებრივი წესით უცვლელად და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

შემდეგ დამფ. კრება უცვლელად იღებს მეორე მუხლობრივ განხილვის შემდეგ კანონ-პროექტებს:

1) რესპუბლიკის საპყრობილეთა შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2) ქუთაისის მეორე ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.

3) გზათა დეპარტამენტის ცენტრალურ ორგანოს შტატის დამტკიცებისა და ჯამაგირის მომატების შესახებ.

4) შინაგან-საქმეთა სამინისტროს ვეტერინალურ-სასანიტარო განყოფილების სავეტერინარო პერსონალის და შრატის დამმზადებელ სადგურის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

4. დეკრეტი მთავრობის სალის დამწვარ ნაწილის შესაკეთებლად, ცეცლის საწინააღმდეგო მოწყობისათვის და ვა სააღმშენებლო საჭიროებისათვის 1.686.000 მან. გადადების შესაებ.

თავმდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

იმნაიშვილი (ს.-დ.) მთავრობის სახლი, რომელშიაც ახლა თითქმის ყველა სამინისტროები არის მოთავსებული, მოგეხსენებათ, გადაკეთდა ზაფხულში. საამისო ხარჯები მაშინ დამტკიცებული იყო დამფუძნებელი კრების მიერ. მოგეხსენებათ ისიც, რომ შემოდგომის დამლევს იქ გაჩნდა ცეცხლი და ერთი ნაწილი ამ სახლისა დაიწვა. ამის გამო მთავრობამ დანიშნა სპეციალური კომისია სამხედრო სამინისტროსთან არსებულ სამხედრო სექციის მომუშავე სპეციალისტთაგან, რომლებმაც აღიარეს, რომ ამ სახლის გადაკეთების დროს მუშაობა დამთავრებული არ ყოფილაო. ცეცხლის შემდეგ ეს ნაკლი, რასაკვირველია, კიდევ გაიზარდა, დეფექტები გამრავლდა და სამხედრო სექციასთან არსებულ ტეხნიკურ კომისიას მთავრობამ მიანდო შეედგინა დაწვრილებითი ხარჯთ-აღრიცხვა იმისა, რომ გადაკეთებულ-გაუჯობესებული იქნას ეს სახლი.

აი, ამ კომისიას შეუმუშავებია დაწვრილებითი გეგმა ამ მუშაობისა, რომლის თანახმად გამოთხოვილი არის მთავრობის საქმის მმართველობისაგან სათანადო ხარჯი. ეს ხარჯი ნაწილდება შემდეგ ნაირად: პირველი ნაწილი უნდა მოხმარდეს დამწვარ ნაწილის აღდგენას. მეორე ნაწილი გადადებულია ცეცხლთან საბრძოლო მოწყობილობის შესაძენად. მესამე - აუცილებელი საჭიროებანი მუშაობის საწარმოებლად. მაგალითად სახელოსნოების მოწყობა, აუზი, ძველი ეკლესიის მოწყობა და მისი გამოყენება ამ უწყების საჭიროებისათვის და სხვ. შემდეგ ტეხნიკურ საჭიროებათათვისაც საჭიროა განსაზღვრული თანხა. არსებითად ეს თანხა საფინანსო კომისიისაგან მიღებულია და არც ერთი პარაგრაფი უარყოფილი არ არის. რასაკვირველია, თუ ცეცხლი გაჩნდა და შენობა დაზიანდა ამას აღდგენა სჭირდება, ეს თავის-თავად ცხადია. აუცილებელ საჭიროებათა დაკმაყოფილებაც კანონიერი და მიზანშეწონილია. მაგრამ, საფინანსო კომისიამ მიაქცია ყურადღება ერთ გარემოებას: როცა ზაფხულში მოხდა ამ სახლის შეკეთება, საფინანსო კომისიის აზრით, მაშინვე უნდა მომხდარიყო ეს ძირითადი, რადიკალური გადაკეთება და იმ ცნობებიდგან კი, რომელიც საფინანსო კომისიას ხელთ აქვს, სჩანს, რომ ნაწილი ამ მუშაობისა არ ყოფილა მტკიცეთ შესრულებული, ჯეროვანად გაკეთებული იმ თავითვე, რომ შესაძლო ყოფილიყო თავიდან აცდენა მაგალითად თუნდაც ამ ცეცხლის გაჩენისა. ამას მიაქცია ყურადღება საფინანსო კომისიამ და შესაფერი მიმართვა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარეს და სთხოვდა პასუხი მოეთხოვა მათთვის, ვინც პასუხსაგებ მუშაობას აწარმოებდა მაშინ. მთავრობის წარმომადგენელმა კომისიას განუცხადა, რომ მთავრობამ უკვე მიიღო შესაფერი ზომები, ეს პასუხისმგები პირნი უკვე პასუხისგებაში არიან მიცემულნიო. საფინანსო კომისია, თავის-თავად ცხადია, ასეთი განმარტებით დაკმაყოფილდა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შემდეგ მაინც ადგილი აღარ ჰქონდეს ასეთ მოვლენებს.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეს დეკრეტი არსებითად და ამ თანხის გაღება დადასტურებულია საფინანსო კომისიის მიერ. რაც შეეხება რაოდენობას, სახელმწიფო კონტროლი წინააღმდეგია ამ თანხის ამ ფორმით გაღებისა, ე.ი. მის რაოდენობისა. იგი მოითხოვს თანხის შემცირებას და ამ მიზნით წამოყენებულია სხვა და სხვა შენიშვნები, ზოგი ფორმალური, ზოგი არსებითი ხასიათისა. ფორმალური ხასიათის არის მაგალითად დასკვნა ღუმელების შეკეთების შესახებ. ეხლა ღუმელში ცეცხლი ანთია და ეს საქმე გაზაფხულის საქმეაო, ზაფხული კი მომავალ საბიუჯეტო წელს ეკუთვნის და მომავალ ხარჯთ-აღრიცხვაში შეიტანეთო. ამ შეხედულებას საფინანსო კომისია არ იზიარებს. ამას გარდა ამ თანხის შესამცირებლად სახელმწიფო კონტროლს აქვს არსებითი მოსაზრებანი, მაგრამ საფინანსო კომისია არ იზიარებს მათ და ასე მთლიანად ამტკიცებს ამ თანხის გაღებას.

თავმდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ვეშაპელს.

ვეშაპელი (ე.-პ.) მე ბატონებო, ამ ტრიბუნაზე გამოვედი იმიტომ, რომ მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას; წარმოდგენილ დეკრეტში ნათქვამია, რომ კრედიტი უნდა დამტკიცდეს თანახმად დართულ ხარჯთ-აღრიცხვისა, ხოლო თვით ხარჯთ-აღრიცხვა რუსულ ენაზე არის შედგენილი, ისე, როგორც ყველა დამატებითი ცნობები, რომელიც სჭირდება დეკრეტს. მე უნდა მივაქციო დამფუძნებელ კრების ყურადღება იმ გარემოებას, რომ საერთოდ საქმის წარმოება ჩვენ დეპარტამენტებში, სამინისტროებში და საერთოდ მთავრობის ორგანოებში, იმის მაგიერ, რომ ქართული ენაზე სწარმოებდეს, უფრო შორდება მას. ამის დამტკიცება ადვილია, მხოლოდ დღეს არ არის დრო ამის შესახებ ვრცელი ცნობები მოგაწოდოთ; მაგრამ რადგან ეს დეკრეტი არის წარმოდგენილი, არა ერთი უწყების მიერ, არამედ მთელი მთავრობის მიერ. მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას ამ გარემოებას, რა უნდა მოვსთხოვოთ, ბატონებო, რომელიმე პატარა უწყებას, ან თანამდებობის პირს, როდესაც თვით მთავრობის საქმეთა მმართველობა თავის საქმეს ატარებს დამფ. კრებაში და თვით დამფ. კრებაც ატარებს მას რუსული მოხსენებითა და რუსული ხარჯთ-აღრიცხვით. რა მაგალითია ეს სხვა უწყებისათვის, როდესაც ეს მმართველობა, ასე ეპყრობა სახელმწიფო ენის უფლებებს. მე პირადად, ეს არა ნორმალურ მოვლენად მიმაჩნია. შეიძლება სთქვათ თქვენ, რომ ზოგიერთი ნაწილი ამ მოხსენებისა და ცნობებისა გადათარგმნილია. მე არ ვიცი გადათარგმნილია წინად, თუ მთავრობამ გადაათარგმნინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფრის გადათარგმნა დამფუძნებელ კრებას არ შეუძლია. აქ არის 17 ფურცელი რუსულ ენაზე, თუმცა ხელს აწერს ქართულ გვარის მოხელენი, ინჟინრები და სხვა. მე სხვა დროს მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო ენა, უახლოვდებით ჩვენ სახელმწიფო ენის განხორციელებას თუ ვშორდებით მას. მხოლოდ ვიმეორებ, - როდესაც მთავრობის საქმეთა სამმართველო ვერ ახერხებს უბრალო დეკრეტის შემოტანას ისე, რომ 17 ფურცელი რუსულ ენაზე დაწერილი არ დაურთოს მას, ეს ფაქტი არის არა ნორმალური მდგომარეობა და მე მინდა ამას მიაქციოს ყურადღება დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობის საქმეთა მმართველობამ (შენგელაია ადგილიდან: იქ რუსულად ლაპარაკობენ!) ალბათ ესერების პარტიაში ჩაწერილან.

თავმდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. უკანასკნელი სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

იმნაიშვილი. (ს.-დ.) ის მართალია, რომ მასალა ამ გეგმის შესახებ და ხარჯთ-აღრიცხვა რუსულ ენაზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ საფინანსო კომისიამ ის მიიღო, როგორც მასალა, რაც შეეხება ხარჯთ-აღრიცხვას, საფინანსო კომისიას, ის ქართულ ენაზე არის წარმოდგენილი, სხვაფერ არ შეიძლებოდა შემოტანილიყო დამფ. კრებაში, ისე, რომ რაც მოგახსენათ ბ-ნმა ვეშაპელმა, სინამდვილეს არ შეეფერება. (ვეშაპელი: მე რუსულად მაქვს?) მე ქართულად. (ვეშაპელი: თქვენმა დეპუტატებმა არ იციან რუსული?). რაც შეეხება საკითხის ასე დასმას, როგორც დასვა ვეშაპელმა და განსაკუთრებით იმ რეპლიკას, უნდა მოგახსენოთ, რომ ის ხალხი, რომელიც ამ გეგმებს და ხარჯთ-აღრიცხვას სრულიად ადგენენ, უფრო მის წრეს ეკუთვნის, ვინემ იმ წრეს, რომლის მიმართ მან ეს რეპლიკა იხმარა. ამ მხრივ საყვედური ეთქმის ვეშაპელს, რომელიც ლაპარაკობს რუსულად მაშინაც, როდესაც ქართველს ელაპარაკება.

თავმდომარე. სიტყვა ხომ არავის სურს? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (დეკრეტი ჩვეულებრივ წესით მიღებულ იქნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა). სიტყვა ეკუთვნის ცაბაძეს.

5. დეკრეტი - პროპორციონალურ სააქციზო გადასაადის დაწესების შესაებ.

. ცაბაძე (ს.-დ.) ეს დეკრეტი წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროსაგან და შეეხება არსებულ სააქციზო გადასახადების სისტემის შეცვლას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყველგან და ყოველთვის სახელმწიფო ბიუჯეტში - შემოსავლის ბიუჯეტში უდიდესი ადგილი ეჭირა და დღესაც უჭირავს გადასახადს. დღეს, როცა ბიუჯეტი არამც თუ მარტო ჩვენში, არამედ ევროპაშიაც შერყეული არის, ამ ბიუჯეტის გაჯანსაღებას გადასახადის გადიდებით ფიქრობენ. თავის თავად ცხადია, რომ ეს დეკრეტი ასეთ ფართო მიზანს არ ისახავს, მაგრამ მას შემოაქვს თვალსაჩინო ცვლილება ჩვენი ხარჯების... (არ ისმის). არსებული სააქციზო გადასახადი დაწესებული იყო ერთხელ და მიუხედავად იმისა, რომ ღირებულება იმ საგნებისა, რომელთაც ეს გადასახადი შეეხებოდა, დღითიდღე იზრდებოდა, გადასახადი მაინც უცვლელი რჩებოდა. ნორმალურ პირობებში, ნორმალურ ეკონომიურ მდგომარეობაში ეს სისტემა გადასახადებისა მისაღები იყო, როგორც მაშინ ფასები - ღირებულება საქონლის ძალიან ნაკლებად და შეუმჩნევლად იცვლებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც ფასების ცვალებადობა საშინელი სისწრაფით სწარმოებს, ბაზარზე, დღეს ეს ძველი სისტემის გადასახადები სრულებით არ შეეფერება არსებულ მდგომარეობას. ამისათვის ფინანსთა მინისტრს შემოაქვს დეკრეტი და ამ დეკრეტით წესდება პროპორციული სააქციზო გადასახადი. პროპორციული სააქციზო გადასახადი მდგომარეობს იმაში, რომ რამდენად იცვლება საბაზრო ფასები, იმავე პროპორციით იზრდება ეს გადასახადები. ჩვენ შეგვიძლია დღეს დავაწესოთ ახალი გადასახადი და შევუფარდოთ არსებულ ფასებს არა პროპორციულად, ისე, როგორც იყო აქამდე, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ შეიძლება დაგვჭირდეს ახალი დეკრეტის შემოტანა და გადასახადების ხელ-ახლად გადასწორება.რომ ეს არ მოხდეს, ამიტომ ამ დეკრეტით არის შემოღებული პროპორციული სისტემა გადასახადებისა და ეს სისტემა სრულიად შეესაბამება და შეეთანხმება არსებულ არა-ნორმალურ ეკონომიურ მდგომარეობას.

ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქონლის ფასები დილით ერთია, შუადღისას მეორე და საღამოთი - მესამე. ამ პირობებში ყოვლად შეუძლებელია, რომ კანონმდებელი კვალ-კვალ გაჰყვეს ამ პროცესს და არ ჩამორჩეს, ხაზინამ არ იზარალოს. შეიძლება ზოგიერთს ეგონოს, რომ ჩვენ აქ გადასახადებს ვადიდებთ; ეს რასაკვირველია, მართალი არ იქნება, იმიტომ რომ აქ ფაქტიური გადიდება გადასახადების არ ხდება. მე მოგიყვანთ ციფრებს და თქვენ დაინახავთ, რომ ეს გადასახადები შედარებით იმ გადასახადებთან, რომელნიც იყო ომამდე, გაცილებით ნაკლებია. მაგალითად უცხოეთიდან შემოტანილ ჩაიზე - ომამდე იყო 35%25, ეს დეკრეტი აწესებს 10%25-ს. შაქარზე ომამდე იყო 25 პროც; დეკრეტი აწესებს 10 პროც. ასანთზე ომამდე იყო 50 პროც; დეკრეტი აწესებს 15 პროც. ყურძნის ღვინოზე, ომამდე იყო 25 პროც; ეს დეკრეტი აწესებს 20 პროც. ამნაირად, როგორც ხედავთ, ამ დეკრეტით საქონლის დაბეგვრის პროცენტები გაცილებით შემცირებულია იმაზე, რომელიც იყო საერთაშორისო ომის დაწყებამდე.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი ჩვეულებრივი წესით იქნა მიღებული და სარედაქციო კომისიას გადაეცა). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა გომართელს ეკუთვნის.

6. დეკრეტი - გზათა უწყების 1919 - 1920 . ხარჯთ-აღრიცხვის დამატებით 2.118.190 მან. გადადებისა.

გომართელი (ს.-დ.) ეს დეკრეტი გახლავთ შემოტანილი გზათა უწყებისაგან და ეხება სხვა და სხვა ხარჯს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს და კონტროლის მიერ მიღებული და დამტკიცებულია. ერთი დარგი ხარჯებისა ეხება მუშა-შეგირდების ჯამაგირების მომატებას. რესპუბლიკის რკინის გზაზე არიან მუშა-შეგირდები, რომლებიც სამ კატეგორიად არიან დაყოფილნი. ჯამაგირები ეძლევათ მეტად მცირე და შემოტანილია პროექტი, რომ მათ ჯამაგირები მოემატოთ. ეს პროექტი რომ მიიღოს დამფ. კრებამ, მაინც იმათ ჯამაგირები ბევრად ნაკლები ექნებათ, ვიდრე იმ შეგირდებს, რომლებიც კერძო სახელოსნოებში მუშაობენ.

მეორე დარგი გახლავთ სახელმწიფო რკინის გზების მოსამსახურეთა ჯამაგირების მომატება. ეს უკვე მიღებული გახლავთ მაისში სატარიფო პალატის მიერ, მაგრამ ეს მომატება ჯერ არ მიუღიათ და სრულიად კანონიერია ეს მომატება.

მესამე დარგი ხარჯებისა დანიშნულია გზატკეცილების სამმართველოსათვის შეშის შესაძენად. ამისათვის წინად იყო გადადებული თანხა, მაგრამ შეშის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ საჭიროა ახალი ხარჯის გაღება.

ფინანსთა მინისტრი და სახელმწიფო კონტროლი გამოთხოვილ თანხას ამტკიცებს. შემდეგ გზატკეცილების მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად გაღებული იყო განსაზღვრული თანხა. ეს მომატება მათ დღესაც არ მიუღიათ. სახელმწიფო კონტროლი ამასაც ადასტურებს, რადგანაც ეს კანონიერია. შემდეგ გახლავთ სამხედრო გზაზე საფარი მაიორშა, რომელსაც სახურავი არ აქვს და თუ არ შევაკეთეთ, ჩამოინგრევა და თუ ჩამოინგრა, მიმოსვლა შეწყდება. ფინანსთა სამინისტრო და კონტროლი ამ ხარჯსაც ადასტურებს და სულ ყველა ერთად რომ შეაერთოთ გამოვა 2.118.190 მან.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ბატონ ვეშაპელს ეკუთვნის.

ვეშაპელი. (ნაც.-პარტ.) ბატონებო! ამ დეკრეტის დიდი ნაწილი შეეხება გზატკეცილების უწყებას. კერძოთ აქ არის მოხსენებული საჭიროება საქართველოს სამხედრო გზატკეცილების შეკეთებისა. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივაქციო თქვენი ყურადღება იმას, რომ საერთოდ საქართველოს გზატკეცილების არსებობა არ არის სათანადოთ უზრუნველყოფილი, არ არის ისე შეკეთებული, რომ შეიძლებოდეს ნორმალური მისვლა-მოსვლის მოწყობა მათი საშვალებით. მაგრამ ვინაიდან ყველა გზატკეცილების შეკეთება არ შეიძლება, და უწყების დეპარტამენტმა მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გზატკეცილს, მე მინდა მიუთითო მას, რომ ამ გზატკეცილზე ნაკლები მნიშვნელობა არ აქვს არც ეკონომიური და არც სტრატეგიული თვალსაზრისით აფხაზეთის გზატკეცილს, რომელიც იწყება გაგრიდან და მიდის გუდაუთით, სოხუმში, ოჩამჩირეში და შემდეგ ზუგდიდში. ეს გზატკეცილი, რომელიც სჭრის სოხუმის ოლქს, საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, ყოველ შემთხვევაში უკეთეს მდგომარეობაში არ არის ვინემ სამხედრო გზა, რომლის შესაკეთებლად არის გამოთხოვილი ეს კრედიტი. იგი ასეთ მდგომარეობაშია, რომ აუცილებლად მოითხოვს შეკეთდეს, თორემ ჩვეულებრივ მნიშვნელობას რომ თავი გავანებოთ, აფხაზეთის განსაკუთრებული მდგომარეობა მოითხოვს მის შეკეთებას. საქართველოსთვის ამ გზატკეცილს ისეთი სამხედრო მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება ამ საკითხის მოუგვარებლობამ რამოდენიმე მილიონის ხარჯები გაგვაწევინოს სხვა დროს, ან შეიძლება ხარჯების გაწევა არ გვაკმაროს და საშინელი ზარალი მოგვაყენოს. დღეს მთელი აფხაზეთი, შეიძლება ითქვას, მოწყვეტილი არის საქართველოზე. ვინც მიდის აფხაზეთში, ის უნდა მივიდეს ფოთში, ჩაჯდეს გემში და უცადოს როდის გაცურდება იგი სოხუმისაკენ. მაგრამ რა დროს ჩავა აფხაზეთში, ან რომელ ქალაქში ამოყოფს თავს, ეს ღმერთმა უწყის. თითქოს იგი ზის რომელიმე კუნძულზე და ელის შემთხვევას, როდის გამოჩნდება გორიზონტი. ხშირად სამწუხაროდ გემიც არ არის. რაც არის ისიც სამხედრო უწყებას არ ყოფნის. ვერც სატრანზიტო საზოგადოებას აქვს მოწყობილი მიმოსვლის საქმე. ამიტომ აფხაზეთიც კუნძულს წარმოადგენს და იქ ჩასვლისათვის მგზავრს ხშირად მთელი ერთი კვირა ეკარგება. თავის თავად ცხადია თუ რა მნიშვნელობა ეძლევა ხმელეთის გზას. მე გამოვიარე ხმელეთით და უნდა მოგახსენოთ, რომ ისეთ მდგომარეობაში არის რომ ცხენით და ეტლით გავლა შეიძლება დიდი გაჭივრებით, ავტომობილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. თუ ასეთი მოძრაობა არ არის საჭირო რესპუბლიკის მცხოვრებთათვის, ის აუცილებელია ჯარისათვის. ჩვენი სამხედრო მდგომარეობა მოითხოვს ამ გზატკეცილის შეკეთებას. არავითარი ტეხნიკური მომზადება არ ეტყობა. არის ისეთი ნაწილი, სადაც შეუძლებელია ფეხით გავლაც, თუ არ გადავიდა ადამიანი მინდორში და განით არ იარა.მე მგონია, ისეთი გარემოება არის, რომ მთავრობას, დამფ. კრებას და სათანადო უწყებას უნდა აინტერესებდეს ასეთი ცნობები. ამას იმას დაუმატებ, რომ ამბობდენ აფხაზეთში და ფრონტზე, თითქოს ამ გზის შეკეთების შესახებ ერთგვარი ბიუროკრატიული მიწერ-მოწერა სწარმოებდა. მაშინაც ადგილი ქონდა ასეთ ბიუროკრატიულ ჩვეულებებს, რომელიც გამოიხატება იმაშიაც, რომ ერეოდენ ერთმანეთის კომპეტენციაში სხვა და სხვა უწყებები. ამის შესახებ რამდენიმე ინციდენტიც კი ყოფილა, სახელდობრ გზათა უწყებას აუკრძალავს იმ ზომების მიღება, რომელნიც საჭიროთ დაუნახავს ფრონტის გამგეობას გზატკეცილის შესაკეთებლად.

როდესაც ჩვენ გვაქვს დეკრეტი, რომლის დიდი ნაწილი ეხება გზატკეცილების უწყებას, მე მგონია ამის მოხსენება არ იყო ზედმეტი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ბ. ჭიჭინაძეს.

ჭიჭინაძე (გზათა უწყების დირექტორი). უნდა მოვახსენო დამფ. კრებას, რომ მდგომარეობა გზატკეცილებზე მართლაც ძნელი არის, მაგრამ იმ იმედის გამოთქმა, რომ გახსნილი იქნება კრედიტი და ამით შესწორდება მთელი ეს გზატკეცილები, ყოვლად შეუძლებელია. რომ მოვიყვანოთ გზატკეცილები არა იმ მდგომარეობაში როგორშიაც იყო სამხედრო გზატკეცილი ომამდე, არამედ ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოს ნორმალური მისვლა-მოსვლის დაწესება აუარებელი ფული დასჭირდება, რასაც ჩვენი ღარიბი ხაზინა დღესდღეობით ვერ გაიღებს. ამიტომ ამ გზას ვერ დავადგებით დღევანდელ მდგომარეობაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გახსნილი იყო მთელი წლით 10 მილიონი მანეთი. ეხლა გზათა უწყება, როგორც სხვა უწყებები, დამატებითი კრედიტით აპირებს შემოსვლას. მას განზრახული აქვს საჭირო კრედიტის გამოთხოვა ივნისამდე, რომ დავაბოლოვოთ ის მუშაობა, რომელიც დაწყებული არის უკვე. როდესაც შემოვედით 16 მილიონის ხარჯთ-აღრიცხვით, რასაკვირველია, ჩვენ არ გვეგონა, რომ ამ 16 მილიონ მანეთით ავაშენებდით და გავაკეთებდით იმ გზატკეცილებს, რომელნიც დაინგრენ ამ ექვსი წლის განმავლობაში და არ იყო შეკეთებული. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა მხოლოდ, რომ ის ადგილები, სადაც გზატკეცილები სრულიად დაინგრა და შეუძლებელი იყო გავლა, ან ხიდები ჩაიმტვრა, აი ესენი უნდა შეგვეკეთებინა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ გზატკეცილით, თუმცა დიდი სიძნელით, მაგრამ მაინც სარგებლობა. ჩვენ იძულებული ვიყავით ასეთი პოლიტიკა გვეწარმოებინა, როგორც სამხედრო გზაზე, ისე სოხუმის რაიონში. სოხუმის რაიონში ყველაზე უფრო ძნელი მდგომარეობა იყო. საერთოდ სამხედრო და ახალსენაკის გზატკეცილები ყოველთვის უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ სხვებთან შედარებით. სოხუმის გზატკეცილი კი ყოველთვის ყველა გზატკეცილებზე უარეს მდგომარეობაში იყო. იქ ისეთი ნიადაგი არის, რომ ის უფრო მალე ფუჭდება. ამ 5 წლის განმავლობაში ხომ სრულიად დაინგრა. გარდა ამისა თქვენ მოგეხსენებათ, რომ იყო ისეთი პერიოდი, როდესაც იქ შეუძლებელი იყო მუშაობა. ისეთი პირობები იყო იმ რაიონში, რომ ვერც ერთი ინჟინერი, ვერც ერთი ტეხნიკი და მუშა ვერ იმუშავებდა. ხელსაყრელი პირობები მუშაობისათვის იქ უფრო გვიან დამყარდა, ვიდრე სხვა რაიონებში, სადაც უკვე ვაწარმოებდით შესაფერ მუშაობას. ყოველ შემთხვევაში, როდესაც დავიწყეთ იქ მუშაობა, ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმას, რომლითაც ვხელმღვანელობდით სხვა რაიონებშიაც, მაგალითად ვასწორებდით ხიდებს, ვაკეთებდით ისე დანგრეულ ადგილებს. ასე რომ ბოლოს შესაძლებელი შეიქნა ამ გზით მიმოსვლის მოწყობა. რასაკვირველია, ეს შესწორება ისეთი ხასიათის იყო, რომ იგი კიდევ მოითხოვდა უფრო საფუძვლიან შესწორებას. კარდინალურად გადაჭრა ამ საკითხისა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მივმართავთ იმ ზომებს, რომელიც შემუშავებულია და წარედგინება დამფ. კრებას. ეს ზომა შეიცავს წინასწარ მუშაობას, შეთანხმებას ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ისე იგი უმთავრესად ერობებთან. ჩვენ ვისარგებლეთ ერთობათა წარმომადგენლების ყრილობით და შეთანხმებულად მათთან იყო გამომუშავებული ის გეგმა, რომელიც გვინდა განვახორციელოთ და რომლითაც გვინდა ვიხელმძღვანელოთ გზატკეცილების შეკეთების საქმეში. და თუ გამოვიჩენთ ენერგიას დარწმუნებული ვართ, რომ სავსებით გავაუმჯობესებთ გზატკეცილების საქმეს. ეს არის ნატურალური ბეგარის საშუალებით გზატკეცილების შეკეთება. ეს არის ერთად-ერთი საშუალება, რომელიც გამოასწორებს ჩვენს მდგომარეობას და რომელსაც მიმართავენ ხოლმე ყველა ქვეყნებში გზატკეცილების გასაკეთებლად. მაგრამ ეს კანონი მოითხოვს ჯეროვან განხილვას, მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას იმ ორგანიზაციებთან, რომელნიც ადგილობრივ გაატარებენ მას ცხოვრებაში. ამიტომ ეს კანონი წარედგინება დამფ. კრებას და თუ იქნება მიღებული, მაშინ იქნება გზატკეცილების შეკეთებაც. მანამდის კი სანამ კრედიტის საშუალებით ვაწარმოებთ ამ საქმეს, ერთად-ერთი გზა არის გავაკეთოთ ხიდები, რომ გადავიდეთ მდინარეებზე, შევაკეთოთ ორმოები, რომელნიც ნიაღვარით არის ამოთხრილი და ამ რიგად შესაძლებელი გავხადოთ მიმოსვლა. არ შემიძლია არ შევეხო იმ მხარეს, რომელსაც შეეხო აქ ბატონი ვეშაპელი, თითქოს ჩვენ უწყების და სამხედრო უწყების შორის იყო მიწერ-მოწერა და რაღაც უთანხმოება. შესაძლებელია, რომ უნცროს აგენტების შორის იყო ასეთი ინციდენტი, რასაკვირველია, ეს აუცილებელი იყო, შეუძლებელი იყო არ მომხდარიყო. სამხედრო უწყებას სჭირდებოდა გზა, მას კი ეს არ ჰქონდა. ჩვენ შორის მართლაც იყო მიწერ-მოწერა, მაგრამ იგი ეხებოდა შემდეგ დარგს: ჩვენ შევადგინეთ ხარჯთ-აღრიცხვა, მაგრამ სანამ ეს ხარჯთ-აღრიცხვა ყველა ინსტანციებს გაივლიდა, ჩვენ ვთხოვეთ სამხედრო უწყებას, რომ მას სამხედრო ფონდიდან განსაკუთრებული თანხა გადმოეცა ჩვენ განკარგულებაში, ვინაიდან ის მოხმარდებოდა ისევ სამხედრო საჭიროებას. მაგრამ ეს არ მოხერხდა, ვინაიდან სამხედრო უწყებასაც არ ჰქონდა თავისუფალი თანხა. ამის შესახებ გვქონდა მხოლოდ მიწერ-მოწერა, ასე რომ ახლა გვაქვს ის თანხა, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ სათანადო საკანონმდებლო აქტით. ასეთია დღეს მდგომარეობა რესპუბლიკის გზატკეცილებისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა სხვას არავის ნებავს? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფ. კრება ჩვეულებრივი წესით იღებს დეკრეტს, რომელიც გადაეცა სარედაქციო კომისიას).

7. დეკრეტი კერძო სასწავლებელთა დასახმარებლად 500.000 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) ეს თანხა, ხუთასი ათასი მანეთი, უწყების მიერ გამოთხოვილია კერძო მასწავლებელთა ერთდროულ დასახმარებლად. საერთოდ უწყება კერძო ინიციატივას სახალხო განათლებაში დიდ ყურადღებას აქცევს, და ამასთანავე მოითხოვს, რომ ეს კერძო ინიციატივით დაარსებული სასწავლებლები სათანადოთ იყოს მოწყობილი, როგორც ამას თხოულობს თანამედროვე პედაგოგიკა, და თუ ეს პედაგოგიური მხარეები სათანადოთ დაცული არ არის და ამ მხრივ სასწავლებლებს დეფექტი ემჩნევა, მაშინ ასეთ სასწავლებლებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და თუ საჭიროება მოითხოვს, ხურავს მათ. როდესაც გასულ წელს რევიზიას აკეთებდა უწყება, თუ ხედავდა, რომ ასეთი დეფექტები იყო და სასწავლებლები ვერ აკმაყოფილებდა პედაგოგიურ მოთხოვნილებებს, ასეთი სასწავლებლებს ხურავდა. და თუ სასწავლებელი მტკიცე პედაგოგიურ ნიადაგზე არის დამყარებული, მაშინ უწყება მას ხელს უწყობს და ეხმარება. გამოთხოვილი თანხა სწორედ ამ მნიშვნელობისათვის იქნება მოხმარებული. ისეთი სასწავლებლები, რომლებიც ცოტათ თუ ბევრად აკმაყოფილებენ პედაგოგიურ ხასიათის მოთხოვნილებებს ცოტაა ტფილისში და აგრეთვე შეიძლება რამდენიმე იყოს სხვა და სხვა ქალაქებშიაც, ამიტომ უწყება შემოდიოდა სახალხო განათლების კომისიაში შუამდგომლობით, გადიდვას ასეთი სასწავლებლების დასახმარებლად აღნიშნული თანხა. სახალხო განათლების კომისია დაეთანხმა არსებითად მათ წინადადებას და შუამდგომლობდა საფინანსო კომისიის წინაშე, რომ ეს თანხა კიდევ გადიდებულიყო. სახალხო განათლების კომისია ამას ასაბუთებდა იმით, რომ ეს თანხა არც ისე დიდია, ვინაიდან ასეთ სასწავლებელთა რიცხვი 6-7 აღემატებაო. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ გაითვალისწინა რა, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ფინანსიური მხრით, შესაძლოდ სცნო დაეკმაყოფილებია ეს შუამდგომლობა და მიიღო მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი 500.000 მანეთის გაღების შესახებ. ეს გახლავთ ამ დეკრეტის შინაარსი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფ. კრებამ ჩვეულებრივი წესით მიიღო დეკრეტი და სარედაქციო კომისიას გადაეცა. შემდეგ ქრ. შარაშიძის ასული კითხულობს დღიურ წესრიგში მოთავსებულ 1, 3, და 4 საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რასაც დამფუძნებელი კრება ამტკიცებს. დასასრულ მდივანი კითხულობს შემდეგი დღის წესრიგს და ნაშუადღევის 2 ს. და 55 წ. თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს.

8 მერვე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(8)

1920 წელი. აპრილის 6. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - აფხაზეთის კომისარიატისათვის ყოველთვიურად 1 მილ. მან. გადადებისა.

3. ზოგადი განხილვა კანო-პროექტისა - აფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ.

4. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - ფოთის საზღვაო სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

5. ზოგადი განხილვა კან.-პროექტისა - სამაზრო და სასოფლო მილიციის და ადმინისტრაციის ახალი შტატის დამტკიცების შესახებ.

6. დეკრეტი - ტფილისის უსინათლოთა სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

7. დეკრეტი - ტფილისის ობსერვატორიისათვის დამატებით 495.635 მან. გადადებისა.

8. დეკრეტი - სამხედრო სამინისტროს კულტურულ-განმანათლებელ სექციის შტატისა და ხარჯთ-აღ. დამტკიცებისა.

9. ზოგადი განხილვა კან.-პრ. - საქართველოს მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

10. ზოგადი განხილვა კან.-პროექტ. - ცენტ. სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ.

11. მუხლობრივი განხილვა კან.-პრ. - მესხეთ-ჯავახეთში და არტაანის რაიონში სამომრიგებლო ინსტიტუტის შემოღების შესახებ.

12. მუხლობრივი განხილვა კან.-პრ. - მესხეთ-ჯავახეთში და არტაანის რაიონში საგამომძიებლო ინსტიტუტის შემოღების შესახებ.

176

13. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის ქუთაისის სადგურის გაფართოებისათვის მამულის შესაძენად 1.570.000 მან. გადადებისა.

14. საბოლოო ტექსტი.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთ. თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იხსნება შუადღის 12 ს. და 45 წთ.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღის წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - გზათა დეპარტამენტის ცენტრალური ორგანოს შტატის გადიდებისა და ჯამაგირის მომატების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს ვეტერინარ-სასანიტარო განყოფილების, სავეტერინარო პერსონალის და შრატის დამმზადებელი სადგურის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მთავრობის სახლის დამწვარი ნაწილის შესაკეთებლად, ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილობის შესაძენად და სხვა სააღმშენებლო საჭიროებისათვის 1.686.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - პროპორციული სააქციზო გადასახადის დაწესების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გზათა უწყების 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 2.118.195 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - კერძო სასწავლებლებისათვის დასახმარებლად 500.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფოთის საზღვაო სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

10. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამაზრო და სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

11. დეკრეტი - ტფილისის უსინათლოთა სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

12. დეკრეტი - ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიისათვის დამატებით 495.635 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

13. დეკრეტი - სამხედრო სამინისტროს კულტურულ-განმანათლებელი სექციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია

ნ. იმნაიშვილი.

14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

15. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

16. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს დებულების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და გრ. გიორგაძე.

17. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში სამომრიგებლო სასამართლოს ინსტიტუტის შემოღების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და გრ. გიორგაძე.

18. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში საგამომძიებლო ინსტიტუტის შემოღების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.

დამატება:

19. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის ქუთაისის სადგურის გაფართოებისათვის მამულის შესაძენად 1.570.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გ. გაგლოევი და ი. სალაყაია.

20. დეკრეტი - აფხაზეთის კომისარიატისათვის ყოველთვიურად 1.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოტანილი მე-16 საკითხი დაუბრუნდეს კომისიას და მე-20 დაისვას 1-ლ საკითხად. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. სიტყვა ბ-ონ სალაყაიას ეკუთვნის.

1. დეკრეტი აფხაზეთის კომისარიატისათვის ყოველ თვიურად 1.000.000 მანეთის გადადებისა.

. სალაყაია. აფხაზეთის კომისარიატი შევიდა შუამდგომლობით, რათა ყოფილიყო განხილული და დამტკიცებული ხარჯთ-აღრიცხვა აფხაზეთის კომისარიატისა. ამ ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებამდე შინაგან-საქმეთა სამინისტრომ გადასწყვიტა მისცემოდა აფხაზეთის კომისარიატს სხვა და სხვა ხარჯის დასაფარავად 1 მილიონი მანეთი. ეს კანონ-პროექტი მოხსენებულია მთავრობაში და მიღებული; იგი განიხილა დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ და ზოგიერთი ცვლილების შემდეგ მიიღო და მოითხოვს მის დაკანონებას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

სიტყვა ბ-ონ მდივანს ეკუთვნის.

2. პირველი ზოგადი (განხილვა) კანონ-პროექტისა ოფიცერთა და ჯარის კაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ.

. მდივანი. დამფუძნებელ კრების წევრნო! არსებულ, დაკანონებულ 1919 წლის ივნისის 29 კანონის ძალით შემოღებული იყო ჩვენი ჯარისათვის ფორმა, მაგრამ ხმარების დროს აღმოჩნდა, რომ ეს ფორმა მიუღებელია სხვა და სხვა მიზეზის გამო. უმთავრესად იგი იყო დამყარებული ლენტებზე და ამის უხერხულობა გამოიხატებოდა, რომ არ შეიძლებოდა შეცვლა და მთელი რიგი გაუგებრობისა იყო ამით გამოწვეული. მეორე მხრით არ შეიძლებოდა დატოვება ძველი ფორმისა, რომელიც კანონით მოსპობილი იყო. სამხედრო სამინისტრომ შეადგინა კომისია ამ ფორმის გადასაშინჯავად, კომისიამ შეიმუშავა ახალი ფორმა, რომელიც შესდგება შემდეგში: ლენტები ისპობა. იმის მაგიერ შემოღებულია ნიშანი, რომელიც უმთავრესად საყელოზე არის გაკეთებული. შემდეგ არის ქუდი: წინედ იყო შემოღებული საფრანგეთის ფორმისა - კეპი, ახლა შეცვლილია - ინგლისის ქუდით. შეცვლილია აგრეთვე ზედა ტანისამოსი. წინანდელი ჰგავდა ძველ შინელს. ეს კი ჰგავს პალტოს ერთ გვერდიან საცმელს. ყოველსავე ამას დართული აქვს სხვა და სხვა ფერი. ქვეითა ჯარებისთვის მუქი; ტეხნიკურ ნაწილებისა და სახალხო გვარდიისათვის შავი, ცხენოსან რაზმისათვის ცისფერი. შტაბში მოსამსახურეთათვის და სამხედრო სამინისტროში ყვითელი, მუქი ცისფერი და მუქი ყვითელი სანაპირო ჯარს.

აი ეს ძველი ფორმა იყო განხილული სამხედრო კომისიაში, მოიწონა და ვინაიდან ძველი, ე ი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შემოღებული ძველი ფორმა არ იყო მისაღები და არც რუსეთის ძველი ფორმის დატოვება შეგვეძლო, ამიტომ ეს ახალი ფორმა, რომელიც კანონით არ იყო დამტკიცებული უკვე შემოღებულია ჯარში. გარდა ამისა კანონ-პროექტს არ აქვს მიზნად, რომ ამ ფორმის შეცვლის დროს ერთგვარი დახმარება აღმოუჩინონ ოფიცრებს. თქვენ იცით, რომ ფორმა არის უმთავრესად ოფიცრებისათვის და არა სხვა მოხელეებისათვის - ექიმებისა, ან ვექილებისათვის. წინედ, როდესაც ფორმა შემოვიღეთ, არავითარი შემწეობა არ აღმოგვიჩენია ოფიცერთათვის. ახლა, ვინაიდან მოკლე ვადაში მოხდა, ეს სამინისტროს განზრახული აქვს, ერთგვარი დახმარება აღმოუჩინოს ოფიცრებს, როგორც გვარდიაში აგრედვე ჯარში. ნავარაუდევია თითო ოფიცრისათვის ამ ფორმის გადასაკეთებლად 2.000 მან. რასაკვირველია მთელ ტანისამოსს ამ დახმარებით ვერ იყიდით, მაგრამ ერთგვარ შემწეობას აღმოუჩენთ. სულ ოფიცრები გვყავს ჯარში 906, გვარდიაში 312, ამისდამიხედვით არის ნავარაუდევი თანხაც. ეს კანონი იყო განხილული სამხედრო კომისიაში, შემდეგ საბიუჯეტო კომისიაში, უკანასკნელი დაეთანხმა სამხედრო კომისიას, მაგრამ აღნიშნა ის გარემოება, რომ ეს ფორმა გატარებულია უფრო ადრე, ვიდრე მიღებულია დამფუძნებელ კრების მიერ. აი ამით მოგმართავთ სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისია და გთხოვენ დააკმაყოფილოთ ეს შუამდგომლობა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა ვეშაპელს ეკუთვნის.

გრ. ვეშაპელი (ნ.-პ.) ბატონებო! მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა ამ ფორმის შესახებ. ჯერ ერთი ვერ იქნა და ვერ მოეწყო ჩვენს ჯარში ფორმის საქმე, რომ მართლაც შემუშავებულიყო ისეთი ფორმა, რომელიც შეეფერება საქართველოს ეროვნულ ჯარს, საქართველოს სამხედრო ძალას. თქვენ იცით რამდენი ცდა იყო ამ დარგში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ იმისდა მიხედვით თუ რომელი უცხო სამხედრო ძალა შემოდიოდა ჩვენში, ან იყო მეზობელად ჩვენთან, ამუშავებდა ფორმას ჩვენი სამხედრო კომისია და ბაძავდა ამ მორიგ მეზობლებს და სტუმრებს. ჩვენ განვიცადეთ ოსმალეთის პაგონების მიბაძვა, ინგლისისა და საფრანგეთის ქუდების, ბოლოს ამერიკასა და იტალიის მოტივებიც შევიდა ჩვენს სამხედრო ფორმაში.

შეიძლება ვსთქვათ, რომ ამით ამოიწურა ჩვენი მიბაძვის შესაძლოება და ბოლომდე მივედით. მაგრამ მე მგონია, ეს ბოლო არ არის საბოლოო იმ მხრივ, რომ იგი არ შეეფერება ქართველი ფორმის აზრს და იდეას. თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ საერთოდ და სამხედრო უწყება აქცევდეს ყურადღებას იმას კი არა, თუ როგორ აცვია ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ჯარს, არამედ იმას, რომელი უფრო მოსახერხებელი და გამოსაყენებელია ჩვენი ჯარისთვის და რაც უფრო ლამაზი არის ამ ფორმის გამორჩევის დროს. ამ შემთხვევაში, რომ მეტი ინიციატივა იყოს ამ უწყების სპეციალისტებში და რომ ისინი საერთოდ მეტ დროს ანდომებდნენ იმ საქმეს, რომელიც აბარიათ, მათ შეეძლოთ ბევრი რამ ესწავლათ ჩვენი ადგილობრივი ხალხისაგან განაპირა კუთხეებში როგორიც არის მთიულეთი, აჭარა, აფხაზეთი და სვანეთი. განსაკუთრებით იმ კუთხეებში, სადაც სამხედრო საქმიანობა ბეჭედს ასვამს ხალხის ჩაცმულობას. აქედან მოტივების გადმოღება საჭირო არის სამხედრო სექციებისათვის უფრო, ვიდრე ინგლისის, ამერიკის და სხვათა ფორმიდან. ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ არ ექცევა ყურადღება, თუმცა ამ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ იყო ნათქვამი: ხალხის აზროვნება თვალითა და ყურით არისო. ამ თვალთახედვას დიდი გავლენა აქვს ხალხის სულიერ მდგომარეობაზე, ხალხის ფსიქოლოგიაზე. შეუძლებელია ჯარმა შეხედოს თავის თავს, როგორც ნამდვილ სახელმწიფოებრივ-ეროვნულ ძალას, დამოუკიდებელს ყოველმხრივ სხვა სამხედრო ძალასთან, სანამ ჩვენს ჯარებს არ ექნებათ დამოუკიდებელი ქართული ეროვნული ფორმა. ეს ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული. ფორმის ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჯარში. საკმარისი არის გადახედოს ახლა კაცმა ჩვენს სამხედრო ნაწილებს, პარადზე ან სხვა დროს, რომ დარწმუნდეს, როგორ ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს მხედრებზე და მაყურებელ ხალხზე ის გარემოება, რომ ასე აჭრელებულათ აცვიათ ჩვენ სამხედრო ძალებს. ზოგს კახური ქუდი ახურავს, ზოგს რუსული ძველი ქუდი, ზოგს კიდევ უფრო სხვანაირათ შეცვლილი კეპი და სხვა ამისთანა. თითქმის ვერ ნახავთ ერთ ნაწილსაც კი, რომ ერთნაირათ ეცვას. არა მგონია იმისათვის ყოფილიყო კანონის გატარება და კრედიტების გაღება, რომ სამხედრო ნაწილების სპეციალისტებს - დაწყებული უფროსებიდან და გათავებული უნცროსებამდი, თუ ისინი მაქსიმალური სიყვარულით ეკიდებოდენ თავის საქმეს - ვერ მოეხერხებინათ ფორმის ერთიანობის განხორციელება თუ მთელ დივიზიებში არა, ყოველ შემთხვევაში, პატარა ნაწილებში მაინც. ისეთი მდგომარეობა კი უსათუოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც გარეშე ხალხზე, ისე იმათზედაც, ვინც არის ამ ფორმის მატარებელი.

ვიმეორებ, ის არა იდეალური ფორმაც, რომელიც აქამდი დაწესებული იყო, ისიც კი არ ტარდება ისე, რომ ერთიანობა დამყარდეს. თვით ეს კანონიც არ არის იდეალური და არ იცავს ამ მხრივ ჩვენს ინტერესებს. იმიტომ რომ ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ ერთის მხრივ შეეფერებოდეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ პირობებს, ჩვეულებებს, ტრადიციებს და ამავე დროს იყოს დამოუკიდებელი იმ მხრივ, რომ განირჩეოდეს ჩვენი ჯარი სხვა ჯარისაგან, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან. მე მგონია დამეთანხმებით თუ ვიტყვი, რომ, მაგალითად, ომის დროს ძალიან ძნელი იქნება საერთოდ გარჩევა რუსეთის სამხედრო ძალებისა - წითელი არმიისა და ჩვენი სამხედრო ძალებისა - რეგულიარული ჯარისა და მით უფრო გვარდიისა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ რეგულიარულ ჯარს აქვს ქართული კაკარდები და გვარდიას დაკერებული ნიშნები - ამის გარდა დიდი განსხვავება არ არსებობს ჩვენს სამხედრო ნაწილებსა და რუსეთის სამხედრო ნაწილებს შორის. თავის-თავად ცხადია, ეს გარემოება არანორმალურია ჩვეულებრივ დროს და მით უფრო ამ არაჩვეულებრივ დროს, როდესაც ეს ორი ნაწილი წითელი არმია და ჩვენი ჯარი შეიძლება ერთი-მეორეს დაუპირდაპირდეს. ჩვენ უკვე განვიცადეთ ერთხელ ასეთი უხერხული მდგომარეობა სომხეთთან ომის დროს. მხოლოდ კაკარდებით შეიძლებოდა გარჩევა ერთი-მეორისაგან ჩვენი და სომხეთის ჯარისა.

შეიძლება სთქვან, რომ საშუალება არა გვაქვს დიდი რეფორმა მოვახდინოთო. ჩვენ ბევრ რამეში არა გვაქვს შეძლება, მაგრამ იმ საქმეებში, რომელიც ჩვენთვის გამოსადეგია, ჩვენ დიდ ხარჯებს ვეწევით. და თუ ასე შესაძლებლობაზე ვილაპარაკებთ, მაშინ ჩვენ უნდა დავკეტოთ ჩვენი უნივერსიტეტი, სამხატვრო გალერეა, მუზეუმი და სხვ. მაგრამ ამას არ ვშვრებით. და მით უფრო საჭირო არის რეფორმა სამხედრო საქმეში. ამას კი ვერ ვხედავთ. სამხედრო უწყებაზე ვერავინ იტყვის, რომ ცოტა იხარჯებოდეს. მე გახლავარ მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი და ამ შემთხვევაში ეჭვებს ვერ შეიტანთ, რომ მე ასეთ საქმეებზე ხარჯების წინააღმდეგი ვიყო, წინააღმდეგი ვიყო იმის, რომ ფული დაიხარჯოს სამხედრო ძალის გაძლიერებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, რაც იხარჯება, მიზან-შეწონილად იხარჯება. მე არ შემიძლია, როგორც დეპუტატმა, არ აღვნიშნო, რომ ბევრი ხარჯები უსაბუთოდ იხარჯება. სხვას რომ თავი დავანებოთ, გამოჭრა, ძველი ტანისამოსის გადაკერება-გადაკეთება არ არის ისეთი ფანტასტიური საქმე, რომ ამის საშუალებით არ შეძლებულიყო ძველი ტანისამოსის გადაახლება. ამ მხრივ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საჭირო ინიციატივას. მე არ ვიცი რითი აიხსნება ეს. იმით აიხსნება, რომ მეთაურებს არ აქვთ საჭირო ინიციატივის გამოჩენის უნარი, თუ საქმის სიყვარული არ არის მათში გაღვივებული. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ საერთოდ ჯარის შემოსვაში - თუნდაც სამხედრო სამინისტრო - ნაკლებ უნარს იჩენენ და კერძოდ ფორმის საქმეში მათ არავითარი ინიციატივა არ გამოუჩენიათ.

რასაკვირველია, გვარდიის ნაწილები ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაში არის, იმიტომ, რომ მათ მეთაურებს უფრო მეტი სიფხიზლე აღმოაჩნდათ. მიუხედავად ამისა, ფორმის საქმეში არც მათ მმართველებს გამოუჩენიათ საჭირო ინიციატივა, რომ გვარდიის ფორმა იყოს წმინდა ეროვნული.

დაბოლოს მე მინდა აღვნიშნო ის, რომ, როდესაც ვლაპარაკობ ფორმაზე, რასაკვირველია, არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, რაც შეადგენს მის არსებითს. ეს კანონი არის, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ ჯარს არა თუ კარგი ფორმა არა აქვს, შესაფერისი ქართული ჩვეულებისა, - არამედ არავითარი ფორმა არ აქვს, არც ფეხს აცვია, არც ტანისამოსი აქვს. ამის თქმა აქ აუცილებელია იმისათვის, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ საქმეს განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ჯარს შესაძლოა თავის ძალების დაპირისპირება მოუხდება სხვა ჯარის ძალებთან და როდესაც ყოველი ნაკლი ამ საქმეში - აქ ლაპარაკი არ არის ფორმაზე, არამედ დახურვაზე და ჩაცმაზე - წარმოიდგინეთ, დიდ უკმაყოფილებას იწვევს თვით ჯარში და იწვევს იმ მოვლენას, რომელსაც ჩვენ „ბოლშევიზმს“ ვეძახით. ამ მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ჯარის დიდი ნაწილები, განსაკუთრებით განაპირა კუთხეების ნაწილები ვიდრე ტფილისისა, იმიტომ, რომ ტფილისში, დედა-ქალაქში, უფრო ადვილია მეთვალყურეობა, ვინემ განაპირა ადგილებში. განაპირა ადგილებში ნაკლი მეტია. ხშირად ნახავთ ფეხშიშველა ჯარისკაცს, არა ერთსა და ორს. და თქვენ ადვილად წარმოიდგენთ, როგორ უადვილდებათ ჩვენს ჯარში პროპაგანდა მათ, ვისაც უნდა ჩვენი ჯარის გაბოლშევიკება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გურულს.

. გურული. (ს.-დ.) ბ. ვეშაპელი, როგორც დაინახეთ, ეხებოდა უმთავრესათ სამხედრო სამინისტროს და იქ მყოფ სამხედრო სპეციალისტებს და მათ ამტყუნებდა სამხედრო ფორმის უქონლობაში. მე, რასაკვირველია, სრულებით არ ვფიქრობ მათ დაცვას და მათ მაგივრათ ლაპარაკს; მაგრამ მე, როგორც მდივანი სამხედრო კომისიისა, მინდა რამდენიმე ფაქტი აღვნიშნო.

საქმე ამაშია, რომ არაა მართალი ბ. ვეშაპელი, როცა ლაპარაკობს, თითქო ჩვენი სამხედრო ფორმის გამომუშავებაზე გავლენა ქონდა მხოლოდ იმ სამხედრო ძალებს, რომელიც ჩვენში იდგენ, ხან ერთსა და ხან მეორეს. უპირველესათ ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვქონდა გამომუშავებული მხოლოდ ერთი სამხედრო ფორმა, რომელიც სანამ განხორციელდებოდა, მანამ გამოიცვალა. და ის, რომელიც გამოიცვალა, იმასთან შედარებით, რომელიც ახლა არსებობს - უფრო საფუძველზე იყო აგებული, რომელსაც მოითხოვდა თავის სიტყვაში ბატ. ვეშაპელი. იქ იყო განსაკუთრებითი ცდა, ეს ტანისამოსი დაახლოებოდა ქართულ ჩვეულებას, ქართულ ეროვნულ სულს, იქ იყო სურვილი ეროვნული ფორმის შექმნისა. მაგრამ შემდეგ ბევრის აზრით იგი უვარგისი გამოდგა. და ეს სწორედ იმიტომ, რომ იქ იყო ცდა არა მარტო იმისა, რომ ეს ტანისამოსი დაახლოებდა ქართულ სტილს, არამედ იმასაც, რომ იგი ლამაზიც ყოფილიყო. მაგრამ როდესაც ეს ტანისამოსი შეიკერა - პირველათ ის სამხედრო სპეციალისტებმა და სამხედრო კომისიამ ქაღალდზე განიხილეს, სურათებით - არა მარტო პრაქტიკულათ, არამედ სილამაზითაც არ გამოდგა ისეთი, როგორსაც მოელოდენ. ამიტომ სანამ ეს ფორმა სინამდვილეში გატარდებოდა, მანამ სამხედრო საბჭომ მიიღო ეს მხედველობაში და ასეთი ფორმის ტანისამოსის შეკერვა შეაჩერა. ეს ფორმა გამოსცვალა და არავითარ გარეშე ძალის ზეგავლენას აქ ადგილი არ ქონია.

მით უმეტეს, თუ ასეთი რამ იყო, ორი სამხედრო ძალის ფორმა მაინც არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან პირველი გამომუშავებული იყო ივნისში, ხოლო მეორე - მარიამობისთვეში და როგორც ვეშაპელმაც იცის, არავითარი ცვლილება ივანობისთვიდან მარიამობისთვემდი არ მომხდარა. ჩვენში და ჩვენს მეზობლად მარიამობისთვეში იგივე ძალები იდგენ როგორიც ივანობისთვეში.

ბ. ვეშაპელი ამბობს, რომ ისიც ვერ გაატარეს ცხოვრებაში, რაც ქაღალდზე გამოიმუშავესო და ძალიან ჭრელია ჩვენი ჯარებიო. ჭრელი არის ჩვენი ჯარების ფორმა, იმიტომ კი არა რომ კომისიამ გამოიმუშავა ერთი და ატარებენ მეორეს, არამედ იმიტომ, რომ ახალი ფორმა სწორეთ ძველი ტანისამოსისაგან არის გადაკეთებული, და თავის თავად ცხადია, ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, როგორც ახალი.

ქუდების საქმეც ასე გახლავთ. და საზოგადოდ თქვენ ამბობთ შეუძლებლობაზე და უმატებთ, რომ თუ შეუძლებლობას მივიღებთ მხედველობაში, უნივერსიტეტიც უნდა დავკეტოთ. ეს შედარება სრულიად უადგილოა, უნივერსიტეტს ჩვენ ვერ დავკეტავთ, ხოლო ჯარის კაცს შეუძლია ძველ ქუდზე ახალი კაკარდა დააკეროს. აქედან გამომდინარეობს სიჭრელე ჩვენი ჯარისა, თუმცა ფული ბევრი იხარჯება აუცილებელ საქმეებზე როგორიც არის შენახვა, ჩაცმა-დახურვა, შეიარაღება. ბ. ვეშაპელი ამბობს, რომ ჩვენი ჯარი უნდა განსხვავდებოდეს რუსეთის და სომხეთის ჯარებისაგანო. და მე მგონია, რომ ასევე დაინტერესებულია სომხეთის მთავრობა იმ გარემოებით, რომ მათი ჯარი განსხვავდებოდეს ჩვენი და საერთოდ სხვისი ჯარებისაგან, მაგრამ სომხეთმაც ვერ მოახერხა თავისი სურვილის განხორციელება; ამავე დაუძლეველ გარემოების გამო, იმიტომ რომ იმას უნდა დიდ-ძალი ფული, საჭიროა არა მარტო ფორმის გამოცვლა, არამედ ახალი ტანისამოსის შეკერვაც. და მე მგონია, ბ. ვეშაპელს არ დასჭირდება იმის გამოანგარიშება, თუ რა დიდ-ძალი ფული იქნება საჭირო. იმ ჯამაგირით, რომელიც ოფიცრებს აქვთ, და იმ დახმარებით, რომლის შესახებ ეხლა საფინანსო კომისია გაძლევთ წინადადებას, რომ მიიღოთ, არაფერი გაკეთდება. ტანისამოსისთვის რომ მატერია იყიდონ, არც ჯამაგირი ეყოფათ და ვერც თქვენ მისცემთ ფულს და ვერც კომისია მოგცემთ წინადადებას ამდენი ფული გაიღოთ მათ დასახმარებლად. ამის გამო არის, რომ ნაკლები განსხვავება არის ჩვენ ჯარსა და სხვა ჯარს შორის, მაგრამ თუ შევძლებთ, და ჩვენი ოფიცრობა ახლო მომავალში შეიკერავს ახალ ტანისამოსს ახალ ფორმაზე, მაშინ ჩვენი ჯარი დიდად განსხვავებული იქნება სხვის ჯარებისაგან. ახლა იმის შესახებ, რატომ სწორედ ქართული ფორმა არ არისო.

როცა საქართველო არსებობდა წინად დამოუკიდებლად, რასაკვირველია, ჰქონდა თავისი სამხედრო ფორმაც, მაგრამ მას აქეთ როგორც ბ. ვეშაპელმაც იცის, 120 წელმა გაიარა; მაგრამ არ ვიცი, რომელმა სახელმწიფომ შეინარჩუნა ის სამხედრო ფორმა თავისი ჯარებისათვის, რომელიც ამ 120 წლის წინად ჰქონდა, არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს ასეთი ფორმა. და რომ საქართველოსაც ეარსებნა დამოუკიდებლად, მაინც ახალი ფორმა ექნებოდა მას, და არა ასეთი, როგორიც მას 120 წლის წინად ჰქონდა. და ეხლა, როდესაც 120 წლის შემდეგ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, ჩვენ, რომ აღგვედგინა ძველად არსებული ფორმა, მე მგონია, ყველა, ვინც ამ ფორმას შეხედავდა საცინრად არ ეყოფოდა. ამიტომ, თავის თავად ცხადია, არც სამხედრო სპეციალისტებს, ეს არც კომისიას არ უფიქრნიათ, რომ ეს ძველი ფორმა დაეტოვებინათ. ცდა იყო, რომ სამხედრო ფორმა რამდენიმედ დაეახლოვებიათ ეროვნულ ფორმასთან, მაგრამ ამას სავსებით ვერ მივაღწიეთ. იყო ერთგვარი ცდა, რომ ყოფილიყო ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ჯარებისაგან, რასაკვირველია, ბ-ონ ვეშაპელს სრული საბუთი აქვს სთქვას, რომ ეს საბოლოო მუშაობა არ არის. არც კომისია ფიქრობს, რომ ეს იყოს საბოლოო. პირიქით, მე მგონია, როგორც ერთი შინჯვის შემდეგ უკეთეს შედეგს მივაღწიეთ, ისე შემდეგშიაც სხვა და სხვა ნაკლი მოცილებული იქნება და ბოლოს გვექნება გამომუშავებული უკეთესი სამხედრო ფორმა, აქ გასაკვირველი არაფერი არ არის, არც უნდა გაგვიკვირდეს. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება გავაუმჯობესოთ ის, რაც არსებობს და გამოვიმუშაოთ უკეთესი ფორმა. ამ თვალსაზრისზე იდგა წინანდელი კომისია და ამავე თვალსაზრისით მუშაობს ჩვენი კომისია.

თავმჯდომარე. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

სიმონ მდივანი. (ს.-ფ.) მე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ იმ შენიშვნებზე, რომლებიც ბ-ონ ვეშაპელმა გააკეთა. საზოგადოთ ეს თვით ვეშაპელმაც აღნიშნა და უნდა დავემოწმო, რომ ამ ფორმის შემუშავებაში ღებულობდა მონაწილეობას ის, ვინც ხელმძღვანელობს ჩვენს ჯარს. მათ განკარგულებაში იყო ყოველივე და ჩვენი სურვილი იყო, რომ ფორმა ყოფილიყო რაც შეიძლება სადა, მარტივი და შესაფერი ჩვენი ეროვნული ტრადიციებისათვის. და მართლაც აქ არის ფონი, არის საფუძველი ჩვენი ეროვნული ფესვებისა. უმთავრესად არის ორი ფერი; ამ ორ ფერზე არის დამყარებული მთელი ფორმის ვითარება და შინაარსი. ამ მხრივ ამაზე შორს წასვლა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამას წინ ეღობებოდა მრავალი მიზეზი, რომელიც, რასაკვირველია საქართველოს სამხედრო სამინისტროს გარეშე სდგას. მხოლოდ აქ არის შეზავებული სამი ფორმა ინგლისის, იტალიის და საფრანგეთისა. და სამი ფორმის შეზავებით მივიღეთ საქართველოს ლაშქრის ფორმა. მაგრამ არ შემიძლიან ვსთქვა, რომ ეს ევოლიუცია აქ არ შეჩერდება და შემდეგ აღარ განვითარდება. ეს მომავლის საკითხი არის, მხოლო ერთი უნდა ვსთქვა, რომ რაც შეიძლება უნდა გამარტივდეს ის, რაც არის. მაგალითად საყელოზე ვერცხლით ამოქარგული ვარსკვლავები. ეს ალბათ ამოიშლება. რაც შეეხება განცხადებას ჩვენი ჯარის აჭრელების შესახებ, სწორედ ამის გამო არის შემოტანილი ეს კანონ-პროექტი. ეს აჭრელება უმთავრესად ოფიცრებს ეტყობათ და ეს იქიდან მიმდინარეობს, რომ მათი ჯამაგირი ძალიან მცირე არის. ისეთი სიძვირეა ტანისამოსისა, რომ 3.000 მანეთი თუ ეყოთ ტანისამოსის შესაკერავად ესეც კარგია. ჩვენ შემწეობა უნდა აღმოუჩინოთ, რომ შეიძინონ ეს ფორმა, რომელსაც ჩვენ ვაკანონებთ, რომ ავიცილოთ თავიდან ეს აჭრელება, ამისთვის უეჭველად შემწეობა უნდა აღმოუჩინოთ. აი უმთავრესი მიზანი ამ კანონ-პროექტისა, შემდეგ რაც შეეხება ჯარის შემოსვას - ჩვენი მდგომარეობა მძიმე არის ამ მხრივ. მე არ ვიტყვი, რომ ჩვენი ჯარის ხელმძღვანელები მაქსიმუმი სიყვარულით არ ეპყრობიან ამ საქმეს. პირიქით, ეს მაქსიმუმი მიღწეულა. მართალია, ნათქვამია: თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ქადა ვერ ცხვება. ამ ბოლო ხანებში ვეშაპელმა და მე ვინახულეთ ჯარი, რომელსაც ფეხსაცმელი არ ჰქონდა. მაგრამ როდესაც ჯარის კაცს ვეკითხებით როდის მისცეს მას ეს ფეხსაცმელები, ის გვიპასუხებს, რომ ერთი კვირაა რაც მივიღეთო. ეხლა არც ძაფი ვარგა, არც ტყავი, არ ძირი და იმიტომ ის იშლება და იგლიჯება ტალახში. (ვეშაპელი: პასუხის გებაში უნდა მისცეთ?). ამ მხრივაც ბევრი ზომები იყო მიღებული. თქვენ, რომ ბაზარზე იყიდოთ ძაფი - ის ძაფი აღარ არის, როგორც წინად იყო. ეხლა რომ ძაფი იყიდოთ, იგი სრულებით აღარ ვარგა და ამისთვის არ ვიცი ვის მისცემთ სამართალში.

უნდა მოგახსენოთ, რომ სამხედრო სამინისტრომ ზომები მიიღო, თავის დროზე შეუკვეთა საზღვარ-გარედ როგორც ტანისამოსი, ისე ფეხსაცმელები. ამისთვის დასდეს კიდევ ერთგვარი პირობები და წინდაწინვე მისცეს თამბაქო, მაგრამ ეს თამბაქო წაიღეს და არავითარი ტანისამოსი არ მოგვსვლია. სამხედრო სამინისტროს ჰქონდა დაპირება სხვა და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებთაგან, მაგრამ არავის არა მოუტანია რა. ადგილობრივ კი ისეთი ხარისხის არის, რომ გამოსადეგი არ არის. (ვეშაპელი: წუღები მაინც შეუკერეთ). წუღებს გვაძლევენ და ისეთივე გამოდის. მაგრამ თქმა იმისა, რომ ჩვენი ჯარის ხელმძღვანელებს მაქსიმუმი სიყვარული არა აქვთ ამ საქმისადმი, მართალი არ არის. აი ამ მოსაზრებათა გამო მე ხელახლა ვითხოვ, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქმნას და ის თანხა, რომელიც საჭიროა ოფიცრების დასახმარებლად, გაღებულ იქნას.

თავმჯდომარე. სხვა მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ.

მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

გადავდივართ შემდეგ საკითხზე. ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის სიტყვა.

3. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ფოთში საზღვაო სასწავლებლის შტატის და ხარჯთ-არღიცხვის დამტკიცების შესახებ.

(მომხსენებელი ნ. იმნაიშვილი კითხულობს კანონ-პროექტს, რომელსაც დამფ. კრება სრულიად იღებს და რომელიც შემდეგ სარედაქციო კომისიას გადაეცა).

4. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სამაზრო და სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის დამტკიცების შესახებ.

(მომხსენებელი დ. ონიაშვილი კითხულობს ცალ-ცალკე სათაურსა და პირველ მუხლს, რომელსაც დამფ. კრება უცვლელად იღებს. მეორე მუხლში შეტანილია შემდეგი შესწორება:

„პირველ მუხლში აღნიშნული შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის საჭიროებისათვის გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან შინაგან-საქმ. მინისტრის განკარგულებაში ამა წლის (1920 წ.) თებერვლის პირველიდან ივნისის 1-დე 30.749.200 მან. იმ პირობით, რომ 25 პროც. ამ ჯამისა უპროცენტო სესხად ჩაეთვალოს ყველა სამაზრო ერობებს სამი წლის ვადით, ხოლო მილიციის მოსამსახურეთათვის უბედურ შემთხვევის დროს დახმარების აღმოსაჩენად გადადებულ იქნას ყველა მაზრებისათვის შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 170.000 მანეთი“.

დამფ. კრება ამ შესწორებას უცვლელად იღებს. კანონ-პროექტის სხვა მუხლების წაკითხვის შემდეგ დამფ. კრ. მიიღო იგი და გადასცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. სიტყვა ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

5. დეკრეტი ტფილისის უსინათლოთა სასწავლებლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) სახალხო განათლების კომისიაში შემოვიდა კანონ-პროექტი ტფილისის უსინათლოთა სასწავლებლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. შტატი უცვლელად მიღებულია კომისიის მიერ. იგი გადაეცა საფინანსო კომისიას, რომელმაც შტატიც და ხარჯთ-აღრიცხვაც უცვლელად მიიღო. ახლა განათლების კომისია შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ ეს შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა მიღებული და დამტკიცებული იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ ეს კანონ-პროექტი მიღებულ იქნეს დეკრეტის სახით? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

(მომხსენებელი კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. მოითმინეთ, ეგ არ ეთანხმება შტატებს, რომელიც საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერილია?

. იმნაიშვილი. საბიუჯეტო კომისია შემოვიდა სახალხო განათლების უწყებაში პროექტით, სადაც ჯამაგირები არის ნაანგარიშევი წლიურად. შეიძლება ბ. თავმჯდომარეს აქვს ის ვარიანტი, სადაც ჯამაგირები გამოანგარიშებულია თვიურად, მაგრამ ჯამი ერთი და იგივეა და ეთანხმება დეკრეტის პროექტს. შეიძლება წლიური შეიცვალოს თვიურად.

თავმჯდომარე. მაგრამ აქ თვიურიც გახლავთ და წლიურიც...

. იმნაიშვილი. ჯამი ერთი და იგივეა. ნოემბრის1-დან ივნისის 1-მდე. გამსხვავება ის არის, რომ იქ არის თვიურად და აქ კი წლიურად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ შტატების შესახებ? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი 1-ლი მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. 1-ლი მუხლი მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მეორე მუხლის განხილვაზედ? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მეორე მუხლის განხილვაზე.

(მომხსენებელი კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. მეორე მუხლი მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მესამე მუხლის განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მესამე მუხლზე.

(მომხსენებელი კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი მესამე მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. მესამე მუხლი მიღებული გახლავთ. გადავდივართ შემდეგ მუხლის განხილვაზე.

(მომხსენებელი კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. მეოთხე მუხლი მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. გადავდივართ შემდეგ საკითხზედ. თქვენ ბრძანდებით მომხსენებელი? სიტყვა ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

6. დეკრეტი-ტფილისის ობსერვატორიისათვის დამატებით 495.635 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი. ეს გახლავთ დეკრეტი ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიისათვის დამატებით 495.635 მან. გადადებისა. დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვა შემოდის იმიტომ, რომ ჯერ ამ ობსერვატორიის შტატები ნორმალურად არ გატარებულა, ვინაიდან ამ ხარჯთ-აღრიცხვის და შტატების გატარება დაკავშირებულია ამ ობსერვატორიის ძირითად საკითხთან, იქნებოდა ის სახალხო განათლების უწყების განკარგულებაში, თუ იგი გადაეცემოდა სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს საკითხი გასულს წელს დაიბადა და სახალხო განათლების კომისიამ ამ მხრით მიაქცია ყურადღება ფიზიკურ ობსერვატორიის მუშაობას. შეისწავლა მისი მდგომარეობა, სხვა და სხვა განყოფილებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასე დატოვება ამ ობსერვატორიისა ყოვლად შეუძლებელია და შარშან დაადგინა: გაეტარებია პროექტი ამ ობსერვატორიის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემისა, მაგრამ სახალხო განათლების კომისიისაგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო დღემდე ვერ იქნა გატარებული ეს პროექტი. და დღესაც ამ შტატების დამტკიცება ნორმალური წესით დაბრკოლებული არის. შეიძლება შემდეგში გავატაროთ შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა და მაშინ თავის თავად ცხადია, თითონ შინაარსი ობსერვატორიის მუშაობისა და მისი მდგომარეობა უფრო დაწვრილებით მოხსენდება დამფუძნებელ კრებას. მოგეხსენებათ, რომ ფიზიკური ობსერვატორია თავის სხვა და სხვა განყოფილებებით ეყრდნობა ამ ძველ შტატებს. მიუხედავათ იმისა, რომ იგი ძველ შტატებს ეყრდნობა, მას მაინც არ ქონდა თავის განკარგულებაში ისეთი თავისუფალი თანხა, რომლითაც მას შეეძლოს ესარგებლნა თავის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. ეს საქმე კი საჩქარო და აუცილებელი არის. მაგალითად ფიზიკურ ობსერვატორიას უხდება სეისმოგრაფიულ გამოკვლევების მოხდენა. კერძოთ მიწის ძვრის გამოკვლევის დაბრკოლების მიზეზი ის იყო, რომ ობსერვატორიის ფოტოგრაფიული ქაღალდი, რომელსაც საზღვარ-გარეთ წინეთ იძენდა, არ ქონდა.

თავის თავად ცხადია ეს ქაღალდი ძვირი ღირს და ამის შეძენის შეძლება არ ქონდა, რომ სეისმური გამოკვლევის მხრივ ობსერვატორია თავის სიმაღლეზე ყოფილიყო - მაგნეტური ხასიათის გამოკვლევის სადგურების მუშაობაც დაბრკოლებული იყო. მაგნეტიური სადგური იმყოფება მცხეთის ახლო, 7 ვერსის სიშორეზე მთაში, ამ უსახსრობის გამო, მას საჭირო მასალა არა აქვს და ამიტომ იქაც ეს მუშაობა დაბრკოლებულია. საზოგადოთ ობსერვატორიას ეჭირვება სხვა და სხვა ხარჯები. შეკეთება სხვა და სხვა აპარატებისა, ძველი გაცვეთილი აპარატების აღდგენა, შეძენა ახლებისა. ეს ზედ-მეტი ხარჯები გამოითხოვა სახალხო განათლების კომისიამ და იგი დამფუძნებელმა კრებამ უნდა დაამტკიცოს. ეს ხარჯები ისეთი ხასიათისა არის, რომ იგი ერთ და იმავე დროს, ერთდროული არის და მუდმივიც. მაგალითად აპარატების, ქაღალდის შეძენა ერთდროულია, მაგრამ მუდმივი ხასიათი აქვს. სულ გამოთხოვილი არის 495.635 მან. სახალხო განათლების კომისიამ ამ ხარჯთ-აღრიცხვის გაღება აუცილებლად იციან, ვინაიდან თანხის უქონლობა ისედაც დაბრკოლებას ქმნიდა მის მუშაობაში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ იყო ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებული. საფინანსო კომისიამ ეს დაამტკიცა და ეთანხმება განათლების კომისიას. აქ არის შენიშვნა სახელმწიფო კონტროლისა, მაგრამ საბიუჯეტო კომისია ამას არ დაეთანხმა. ეს შენიშვნა მიმართული არის ამ ხარჯების შემცირებისაკენ. მე კი ვშუამდგომლობ ამ ორივე კომისიის სახით, რომ ეს ხარჯები მიღებული იყოს უცვლელად და სავსებით.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მომხსენებელი კითხულობს პირველ მუხლს).

ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. პირველი მუხლი მიღებული გახლავთ. წაიკითხეთ შემდეგი. (მომხსენებელი კითხულობს მეორე მუხლს).

ვის სურს სიტყვა მეორე მუხლის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. მეორე მუხლი მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი საზოგადოთ მთელი დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. გადავდივართ შემდეგ საკითხზე.

7. დეკრეტი სამხედრო-სამინისტროს კულტურულ-გამანათ-ლებელ სექციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარე. მომხსენებელი გახლავთ ბ-ნი იმნაიშვილი. ს.-დ. ფრაქციისაგან გახლავთ შემოტანილი წინადადება, რომ ეს დეკრეტი იქნეს გადადებული კანონ-პროექტის სახით და მაშასადამე ვსვამ საკითხს, რომ კენჭის ყრით გადავწყვიტოთ. გატარებულ იქნეს ეს დეკრეტის თუ კანონ-პროექტის სახით? ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვის არის წინააღმდეგი, რომ ეს იქნეს გატარებული კანონ-პროექტის სახით? წინააღმდეგი არავინ არის, მაშ გატარებული იქნება კანონ-პროექტის სახით. გთხოვთ მოახსენოთ.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა ეკუთვნის სამხედრო სამინისტროსთან არსებულ კულტურულ-განმანათლებელ სექციას. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ამ სექციის მუშაობის მთავარი მიზანი გახლავთ საერთოდ ჯარში შეგნებისა და ცოდნის შეტანა, ვინაიდან ეს უნდა დარჩეს საფუძვლად ჩვენ ნორჩ ჯარში დისციპლინის შეჰქმნისა და ჯარის ზნეობრივი და გონებრივი ამაღლებისა. საუბედუროდ დღემდე ამას ჰქონდა უფრო კერძო ინიციატივის ხასიათი. ეხლა უწყებასთან და სექციასთან შეთანხმებით სახალხო განათლების და საფინანსო კომისიას სურს მიეცეს ამას სახელმწიფო ხასიათი.

ამისათვის სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო ხარჯები. სექციას აქ აქვს წარმოდგენილი ფართო პროგრამმა, განხილული სახალხო განათლების კომისიის მიერ და თითქმის მთლიანათ მიღებული. მას ეს კულტურული მუშაობა ასე ჰქონდა წარმოდგენილი, უპირველეს ყოვლისა უნდა იქნეს წარმოდგენილი მუშაობა იმ მხრივ, რომ ავიცდინოთ თავიდან ის ნაკლი, რომელიც ჩვენ ჯარში არის მთავარი, მწვავე და მტკივნეულ ნაკლათ ითვლება, ე.ი. უნდა ვასწავლოთ ჯარს წერა-კითხვა, ვინაიდან ჯარში საუბედუროთ დიდი პროცენტი არის არა მცოდნე ამ წერა-კითხვისა. ჯარის კაცს გარდა ამისა უნდა ასწავლონ სხვა და სხვა ზოგად განათლების ხასიათის საგნები, მაგალითად: ისტორია მშობლიური, მოკლე მიმოხილვა მწერლობისა, საქართველოს გეოგრაფია დაკავშირებული საერთო გეოგრაფიასთან. საქართველოს ისტორია დაკავშირებული საერთო ისტორიასთან, შემდეგ ანგარიში და სხვა ასეთი ზოგადი განათლების საგნები. გარდა ამ ზოგადი განათლებისა სექციას ევალება ლექციების სახით, ბაასის სახით დააყენოს ჯარში მეცადინეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას ამ საჭირ-ბოროტო საკითხების გასათვალისწინებლათ, მაშასადამე ჩაახედოს ჩვენი ჯარის კაცი ჩვენი მთავარი პოლიტიკურ კითხვების ვითარებაში. ეს მეორე მუშაობა დაკავშირებული იქნება პირველ მუშაობასთან. გარდა ამისა სექციას მიზნად აქვს, რომ ამ ზოგად განათლებასთან ერთად და ამ პოლიტიკურ ცოდნის მიწოდებასთან ერთად მიაწოდოს მათ ცნობები კოოპერაციისა და აგრონომიის შესახებ და სხვა ამგვარი სამეურნეო ხასიათის ცოდნა, რომ როდესაც ჯარისკაცი სოფელში დაბრუნდება, ამ მეურნეობის ცოდნით ისარგებლოს სამეურნეო საქმეებში და საერთოდ ყოველ-დღიურ ცხოვრებაში. ამას გარდა სექციას აქვს მიზნად დაუკავშიროს ეს სამეურნეო ხასიათის ლექციები საკითხებს სამხედრო სამსახურის შესახებ, დისციპლინას, ჯარში ყოფა-ცხოვრებას და საზოგადოდ სამხედრო და სტრატეგიულ ხასიათის საკითხებს.

ამ პროგრამის შესახებ სახალხო განათლების კომისიას ჰქონდა მსჯელობა, გაარჩია დაწვრილებით, მოიწონა ის და მიზან-შეწონილად დაინახა და ფიქრობს, რომ ასეთი პროექტის განხორციელება შეიძლება და მიაღწევს კიდეც მიზანს. თავის-თავად ცხადია სახალხო განათლების კომისია ეთანხმება სექციის აზრს, რომ ეს მუშაობა უნდა დარჩეს პარტიულ ზეგავლენის გარეშე, რომ ეს პრინციპი, რომელიც კანონად გვაქვს მიღებული გატარებული იქნეს საერთოდ კულტურულ-განმანათლებელ მუშაობაში. ეხლა მოგახსენებთ, რომელმა ორგანომ უნდა გაატაროს ცხოვრებაში პროექტი. სექციას აქვს წარმოდგენილი ასე და სახალხო განათლების კომისიაც ეთანხმება მას, რომ უნდა დაარსდეს ჯარისკაცებისათვის უნივერსიტეტი ლექციებისა და მეცადინეობისათვის. გარდა ამისა უნდა დაარსდეს სამეცადინო ხასიათის სკოლები. ათასეულებში და უფრო წვრილ ერთეულებში უნდა იყოს საგუნდო სკოლები. მაშასადამე ეს საგუნდო სკოლები მთავარი ორგანოა, რომელიც უნდა გაუძღვეს ამ კულტურულ მუშაობას. ჩვენ მართლაც ეს მიზანწონილად მიგვაჩნია. აი ეს მუშაობა კულტურულ-განმანათლებელ სექციისა სწორედ ამ ორგანოებზედ არის დამყარებული. რაც შეეხება ათასეულებს - ეს მუშაობა უფრო ფართო ხასიათის იქნება. ეს უფრო შეეფერება ჯარისკაცთა უნივერსიტეტის ხასიათს. აგრეთვე ამ სექციების განკარგულებაში იქნება თეატრები, მოძრავი პროჟექტორები და სხვ. და სხვ.

ეხლა მოგახსენებთ, ვინ უნდა განახორციელოს ეს პერსონალურად. შტატებში თანამდებობის პირნი არიან ჩამოთვლილნი და სახალხო განათლების კომისია ამბობს, რომ აუცილებლად საჭიროა, რომ ეს შტატი, ეს პერსონალი, რომელიც სექციას აქვს წარმოდგენილი, დამტკიცებულ იქნეს. პირველად ყოვლისა იქნება მთავარი ხელმძღვანელი, მას ეყოლება თანაშემწეები, მაგრამ ჩვენ მთავარ ყურადღებას ვაქცევთ მთავარ ინსტრუქტორებს, რომლებიც ბრიგადებში იქნებიან. თითო ბრიგადას ეყოლება მთავარი ინსტრუქტორი, თითო ათასეულს ეყოლება მოწვეული თითო მასწავლებელი და თითო მასწავლებელი სამხედრო პირი - ოფიცერი. პირველმა უნდა მოაწესრიგოს ამ საქმის პედაგოგიური მხარე და მეორე, ოფიცერი კი დახმარებას გაუწევს სამხედრო ცოდნის მიცემით და მუშაობას ხელს შეუწყობს.

აი, ამიტომ იმ პერსონალური შტატების დამტკიცება, რომელიც წარმოდგენილი ყავს სექციას სახალხო განათლების კომისიას აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია. შტატებით გამოწვეული ხარჯთ-აღრიცხვა საერთოდ დადასტურებულია საფინანსო კომისიის მიერ. მხოლოდ სადაც უწყებას ჰქონდა მთელი წლიური ანგარიში, საფინანსო კომისიამ შეასწორა და გამოიანგარიშა იმ თვის, რომელ თვისთვისაც ეძლევათ და ამ მხრივ ზოგიერთი დროებითი ხარჯები, მაგ. უნივერსიტეტის, თეატრის მოწყობის და სხ. კომისიამ მიიღო, სამართლიანად იცნო და დაადასტურა. მოგახსენებთ ეხლა ამ ხარჯებს. აქ გახლავთ მაგალითად ხარჯები ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად. ეს აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი ჯარისათვის. არის კიდევ განსაკუთრებული თანხა ბროშურებისა და წიგნების გამოცემისათვის, თეატრისათვის, ამის მიღებაც საჭიროდ მიგვაჩნია. შემდეგ საჭიროა თანხა ტფილისის საგარნიზონო კლუბის მოსაწყობად. ერთდროული თანხები არის სულ 2 მილ. ეს დადასტურებული არის საფინანსო კომისიის მიერ და არავითარ დავას არ იწვევს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს) სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ნ. იმნაიშვილს.

8. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა საქართველოს მუზე-უმის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. იმნაიშვილი. საუბედუროდ დღემდე მუზეუმის შენობის დამთავრება ვერ მოხერხდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, შტატები მაინც არსებობს და მოსამსახურე პერსონალი მაინც არის. თავის თავად ცხადია, რომ ეს შტატები ერთნაირი განმეორება ან განახლება არის ძველისა, მაგრამ ხარჯთ-აღრიცხვა მაინც საჭიროა, რადგან თავისუფალი თანხები არ აქვთ. ეს აქამდე უნდა დადასტურებულიყო, დაგვიანდა კიდეც. ეს საკითხი დაკავშირებული არის მუზეუმის დამთავრებასთან, რადგან მუზეუმი საზოგადოებისათვის გამოსაყენებელ ფორმაში დღემდე ვერ მოეწყო. მისი ბიბლიოთეკა და სხვა ნაწილები - ბოტანიკური, მეტალურგიული, ზოოლოგიური და სხვა არის საზოგადოებისათვის მოუწყობელ ადგილას. და სანამ ეს შენობა არ დამთავრდება, ეს იშვიათი განძი მუზეუმისა ყოველთვის მოუწყობელი იქნება. ამ შენობის დამთავრების საკითხი დიდი ხანია სდგას და სათანადო ნაბიჯებიც მის დასახმარებლად უკვე გადადგმული არის. მიუხედავათ იმისა, რომ ეს მუზეუმი ჯერ-ჯერობით ვერ მოქმედებს, სახალხო განათლების კომისია მაინც ითხოვს, რომ ეს ხარჯები იქნეს მიღებული, რადგან შტატები არსებობს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინაარმდეგი? არავინ. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის ნ. იმნაიშვილს.

9. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ცენტრალურ სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ.

. იმნაიშვილი. მთავრობა დამფუძნებელ კრებაში შუამდგომლობით შემოვიდა: მოგვეყარა თავი ტფილისში ყველა იმ არქივებისა, რომელიც არსებობს რესპუბლიკის სხვა და სხვა ადგილებში, და შეგვექმნა ცენტრალური ორგანო, რომელიც ამ საქმეს გაუძღვებოდა. ამას დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, ეს არქივები უდიდეს მნიშვნელობის დოკუმენტებს წარმოადგენენ და მთავრობის აზრით ეს იდეა დაგროვებისა თავის თავად ძლიერ სიმპატიური არის და სახალხო განათლების კომისიამაც მიიღო იგი. მაგრამ მთავრობას განზრახვა ქონდა, რომ ამ დაგროვილ არქივის ორგანო ყოფილიყო დადასტურებული დეპარტამენტის სახით. ეს აზრი სახალხო განათლების კომისიამ არ მიიღო და ამას საფინანსო კომისიაც დაეთანხმა ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავის თავად არავითარ საჭიროებას და აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ამ ორგანოს - ქონდეს ასეთი დიდი დეპარტამენტის სახე, იმიტომ, რომ კომისიის აზრით, ეს დეპარტამენტი მაგ. რკინის გზის უწყების დეპარტამენტი, არის დიდი მართვა-გამგეობის სფერო და ეს ორგანო კი ასეთ დიდ ფარგლებში ვერ მოემწყვდევა, იგი ვიწროა. ამხრივ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მისი ცალკე დეპარტამენტად არსებობა.

მეორეც, თავის თავად, დეპარტამენტის სისტემა, როგორც ასეთი, ჯერ დაკანონებული არა გვაქვს და არ ვიცით როგორ გადაწყდება ეს საკითხი საბოლოოდ. ამიტომ ეს საკითხი კერძო შემთხვევის გამო წინასწარ არ გვინდოდა გადაგვეწყვიტა. საფინანსო კომისიამ უარყო ფინანსიური თვალსაზრისით. მაშინ თავის თავად ცხადია, რომ თანამდებობის პირნი დაჯილდოვებული უნდა ყოფილიყვნენ იმავე ჯამაგირებით, როგორც დეპარტამენტის მოსამსახურენი. მაგ. ამ ორგანოს მეთაური თავის ჯამაგირით უნდა გათანასწორებული ყოფილიყო დეპარტამენტის დირექტორთან. ეს კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევდა. ამ ფინანსიური მოსაზრებითაც სახალხო განათლების და საფინანსო კომისიებმა მიუღებლად სცნეს მთავრობის პროექტი, და მიიღეს ასე: ეს ორგანო დეპარტამენტის სახით არ იარსებებს და დაერქმევა „რესპუბლიკის ცენტრალური არქივი“. მართვა-გამგეობის სფეროში ის არ იქნება დამოუკიდებელი და დაექვემდებარება სახალხო განათლების სამინისტროს. ეს ცვლილება მიღებული იყო სახალხო განათლების და საფინანსო კომისიის მიერ. ამის მიხედვით, აქ წარმოდგენილ შტატს - თანამდებობის პირებს, საფინანსო კომისიამ ჯამაგირები შეუმცირა. ჩვენ ასე დავსვით საკითხი: ამ ცენტრალურ არქივს აქვს უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა და იგი უნდა გაუსწოროთ იმ დაწესებულებებს, რომლებიც ასეთივე სამეცნიერო მუშაობას აწარმოებენ, მაგ. პედაგოგიურ მუზეუმის სათავეში - დირექტორად სპეციალისტი მეცნიერი არის. და ამ მხრით ჩვენ ეს შემცირება ჯამაგირებისა მივიღეთ და გაუთანასწორეთ იმათ, ვინც აქ, ამ დაწესებულებაში სდგანან. ასე, რომ საფინანსო კომისიამ ხარჯთ-აღრიცხვა შესცვალა, და აქ წარმოდგენილი გახლავთ არა მთავრობის ვარიანტი, არამედ საფინანსო კომისიისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. მაშასადამე მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს), სიტყვა ეკუთვნის მ. რუსიას.

10. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა მესხეთ-ჯავახეთში და არტაანის რაიონში სამომრიგებლო ინსტიტუტის შემოღების შესახებ.

. რუსია (კითხულობს შტატს).

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

. რუსია (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

კრება უცვლელად იღებს აგრეთვე შემდეგ - 2, 3, 4 მუხლებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის რუსიას.

. რუსია (კითხულობს შტატს).

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლიც.

. რუსია (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

კრება უცვლელად იღებს აგრეთვე 2, 3, 4 მუხლებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის გაგლოევს.

11. დეკრეტი სახაზინო რკინის გზის ქუთაისის სადგურის გაფართოებისათვის მამულის შესაძენად 1.570.000 მან. გადადებისა.

. გაგლოევი (ს.-დ.) ეს დეკრეტი ეხება ქალაქ ქუთაისის რკინის გზის სადგურის გაფართოებას. საქმე იმაშია, რომ არც ერთი სადგური სახელმწიფო რკინის გზისა არ საჭიროებს თავისუფალ შენობებს ისე, როგორც ქუთაისის რკინის გზის სადგური. როგორც რკინის გზის საწყობების, ისე რკინის გზის პირველ კატეგორიის მოსამსახურეთათვის ბინების უქონლობამ აიძულა გზათა უწყება, რომ ასეთი დეკრეტით შემოსულიყო. თვით იმ სადგურის ახლო არის მამული ელიგულაშვილისა და თუმანიშვილისა და ამ მამულში არის შენობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქმნას როგორც საწყობების, ისე რკინის გზის მოსამსახურეთა ბინებისათვის. მამულის პატრონი აფასებს 2 მილიონ მანეთად, მაგრამ გზათა უწყებას ჰგონია, რომ ეს მამული შეიძლება შესყიდულ იქნეს 1 1/2 მილ. მანეთად და ეს 1 1/2 მილ. ისეთი სამართლიანი ფასია, რომელსაც მამულის პატრონები, რკინის გზის უწყების აზრით, დაეთანხმებიან. გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ რკინის გზამ არ შეიძლება არ შეიძინოს ეს მამული და ის შენობა, რომელიც ამ მამულზე არის, რადგანაც რკინის გზას ძლიერ დიდი ხარჯი მოუვა, რომ ახალი შენობა დადგას. რკინის გზის უწყებას ეს პირდაპირ შეუძლებლად მიაჩნია, რომ ეხლავე შეუდგნენ ახალი შენობის აგებას. სწორედ ამიტომ გზათა უწყების აზრით, თუ მამულის პატრონები არ დათანხმდებიან ამ მამულის მოყიდვას გზათა უწყებაზე, მაშინ ეს მამულები და ის შენობები, რომლებიც იქ არის, იძულებით უნდა ჩამოართვან. სწორედ ამიტომ, გზათა უწყება თხოულობს, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნეს.

ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ შემდგარი იყო კომისია გზათა უწყებისა, სახელმწიფო კონტროლიორის და საფინანსო კომისიის წარმომადგენელთაგან. მათ დაათვალიერეს ეს შენობა და მამული და აუცილებლად სცნეს რკინის გზის უწყებისათვის მისი შეძენა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

გაგლოევი (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

გაგლოევი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. აქ არის შემოსული წინადადება, რომ შემდეგი სხდომა დაინიშნოს ხუთშაბათს, 12 საათზე. გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტები.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტისა აფხაზეთის კომისარიატისათვის ყოველ თვიურად ერთი მილ. მანეთის გადადებისა).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. საბოლოო ტექსტი მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წეს-რიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. შემდეგი კრების დღიური წესრიგი მიღებულია. კრება დახურული გახლავთ.

კრება იხურება 3 ს. 20 წ.

9 მეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(9)

1920 წელი. აპრილის 8. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. დეკრეტი - სახალხო გვარდიისათვის 1919-1920 წწ. ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში 32.000.000 მან. გადადებისა.

2. დეკრეტი - მაზრაში გადაყვანილ მიწის მზომელთა ერთდროული დახმარების მიცემისა.

3. დეკრეტი - რესპუბლიკის უწყებისათვის საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯების დასაფარავად დამატებით 14.857.485 მან. გადადებისა.

4. დეკრეტი - საგიმნასტიკო საზოგადოების „შევარდენისათვის“ 150.000 მან. მიცემისა.

5. დეკრეტი - ქართველთა შორის წ.-კ. გამავრც. საზოგ. გამგეობისათვის 5.000.000 მან. სესხის მიცემისა.

6. დეკრეტი - კანონების გადამსინჯავ კომისიის დაარსებისა.

7. დეკრეტი - საერობო სამკურნალო დაწესებულებათა სამეურნეო ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

8. დეკრეტი - დამფ. კრების წევრების სახაზინო რკინის გზების მიმოსვლის უფლებისა.

9. მიწის ძვრის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებისა.

10. საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარეობს დამუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ. ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 2 საათ. და 25 წუთ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - ფოთის საზღვაო სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა სამაზრო და სასოფლო მილიციის და ადმინისტრაციის ახალი შტატის დამტკიცების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ტფილისის უსინათლოთა სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიის დამატებად 495.635 მან. გადადების შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი კანონისა - მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში სამომრიგებლო ინსტიტუტის შემოღების შესახებ.

6. საბოლოო ტექსტი კანონისა - მესხეთ-ჯავახეთის და არტაანის რაიონში საგამომძიებლო ინსტიტუტის შემოღების შესახებ.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის ქუთაისის სადგურის გაფართოებისათვის მამულის შესაძენად 1.570.000 მან. გადადების შესახებ.

8. დეკრეტი - სახალხო გვარდიისათვის 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში 32.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

9. დეკრეტი - მაზრებში გადაყვანილ მიწის მზომელთათვის ერთდროულ დახმარების მიცემისა. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

10. დეკრეტი - რესპუბლიკის უწყებათა საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯების დასაფარავად დამატებით 14.857.485 მან. გადადებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

11. დეკრეტი - საგიმნასტიკო საზოგადოების „შევარდენის“-ათვის 150.000 მან. მიცემისა. მომხსენებელია ივ. გომართელი და ნ. იმნაიშვილი.

12. დეკრეტი - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისათვის 5.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ე. თაყაიშვილი და ნ. იმნაიშვილი.

13. დეკრეტი - კანონთა გადამსინჯავი კომისიის დაარსებისა, მომხსენებელია მ. რუსია და გრ. გიორგაძე.

14. დეკრეტი - საერობო-სამკურნალო დაწესებულებათა სამეურნეო ხარჯებისათვის სათანადო თანხის გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

15. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების წევრთათვის სახაზინო რკინის გზით უფასოდ მიმოსვლის უფლების მიცემისა. მომხსენებელია ერ. კალაძე და ნ. იმნაიშვილი.

16. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულების შეცვლის შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და გრ. გიორგაძე.

თავმჯდომარე. წინადადებაა შემოსული, რომ დღევანდელ მიღებულ დეკრეტების საბოლოო ტექსტები დღესვე მოვისმინოთ. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ გიორგაძეს.

1. დეკრეტი სახალხო გვარდიისათვის 1919-1920 . ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში 32.000.000 მან. გადადებისა.

გრ. გიორგაძე. ეს გახლავთ დეკრეტი სახალხო გვარდიისათვის მიმდინარე წლის ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში 32 მილ. მან. გადადებისა. სახალხო გვარდიის შვიდი თვის განმავლობაში, თანახმად ხარჯთ-აღრიცხვისა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ერგება 32 მილ. მან. სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა და სამხედრო სამინისტრომ, აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რომ ეს 32 მილიონი მანეთი ე.ი. 2 თვის ანგარიში მიეცეს ახლავე მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. თანახმად ფინანსთა მინისტრის და სახელმწიფო კონტროლის დასკვნისა, მთავრობამ დაადგინა ეს 32 მილიონი მიეცეს სახალხო გვარდიის მიმდინარე საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. ეს საკითხი გარდა ამისა იყო გარჩეული საფინანსო და სამხედრო კომისიებში და ვინაიდან ეს შუამდგომლობა ეყრდნობოდა კანონს, ამიტომ დეკრეტი მიღებულ იქნა. ახლა მე ვშუამდგომლობ დამფუძნებელ კრების წინაშე რათა მანაც დაადასტუროს ეს მოთხოვნილება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ.

(ბ. გიორგაძე კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი საერთო წესით მიღებულია დამფუძ. კრების მიერ და იგი სარედაქციო კომისიას გადაეცა).

სიტყვა ეკუთვნის კ. ნინიძეს.

2. დეკრეტი მაზრაში გადაყვანილ მიწის მზომელთა ერთდროულ დახმარების მიცემისა.

. ნინიძე. (ს.-დ.) ტფილისის და ქუთაისის სამაზრო ერობათა არსებულ სამიჯნაო განყოფილებებში გადაიყვანეს მიწის მზომელები, ვინაიდან აქ სათანადო განყოფილებები მოაწყვეს, და ამათ გადაყვანის გამო სამინისტრო თხოულობს ანაზღაურებულ იქნეს ის ხარჯები, რომლებიც მათ მოუვიდოდათ გზებში, გადასვლაზე და სხვა. სახელმწიფო კონტროლის მიწად-მოქმედების და ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნაა. კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი, საჭიროდ სცნო მისი მიღება და თხოულობს, რომ დამფუძნებელ კრებამაც დაადასტუროს და მიიღოს იგი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ.

ბ. ნინიძე მუხლობრივ კითხულობს დეკრეტს, რომელიც მიიღო დამფუძნებელ კრებამ და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ცაბაძეს.

3. დეკრეტი რესპუბლიკის უწყებათათვის საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯების დასაფარავად დამატებით 14.857.485 მანეთის გადადებისა.

. ცაბაძე. დეკრეტი შეეხება დამატებითი 14.857.485 მან. გადადებას სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯების დასაფარავად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წარსულ წელს უწყებათა მოსამსახურეების ჯამაგირების მომატება რამოდენიმეჯერ მოხდა, მაგრამ სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები კი უცვლელად დარჩა. როგორც გზის ისე საჭირო ნივთების ფასი დღითი-დღე ზღაპრულად იზრდება. სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯებიც მატულობს, ამ ხარჯების დასაფარავად კი, კრედიტი თავის დროზედ გაღებული არ იყო და ამ დეკრეტით მოითხოვენ 14.857.485 მანეთს, რათა ეს აღნიშნული ხარჯები იქნეს დაფარული. ფინანსთა სამინისტრომ ეს დეკრეტი საბიუჯეტო კომისიაში წარმოადგინა, მისი ვარაუდით ეს ჯამი შეადგენდა 23 მილ. მანეთს, მაგრამ შემდეგში, როდესაც საბიუჯეტო კომისია გაეცნო იმ მასალას, რომელზედაც ეყრდნობოდა წარმოდგენილი დეკრეტი, ეს თანხა შეამცირა და სხვათა შორის ერთი მხრივ იმ მოსაზრებითაც ხელმძღვანელობდა, რომ საბიუჯეტო წლამდე ცოტა დრო დარჩა. მეორეს მხრივ ეს საკანცელარიო მასალა ერთდროულად უნდა იქნეს შეძენილი, ვინაიდან საბაზრო ფასი ყოველ დღე მატულობს და ხარჯების დაფარვა მეტად გაძნელდება.

ამიტომ საბიუჯეტო კომისიამ ეს დამატებითი ხარჯები შეამცირა 14.857.485 მანეთამდე. ეს დეკრეტი მიღებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ, სახელმწიფო კონტროლის მიერ და დადასტურებულია საფინანსო კომისიის მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფ. კრება იღებს დეკრეტს, რომელიც შემდეგ სარედაქციო კომისიას გადაეცა).

სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

4. დეკრეტი - საგიმნასტიკო საზოგადოების შევარდენი“-სათვის 150.000 მან. მიცემისა.

ივ. გომართელი. (ს.-დ.) ყველას კარგათ მოგეხსენებათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას არა მარტო კერძო პირის ცხოვრებაში, არამედ მთელი ერის ცხოვრებაში და ამ მიზნით ამის გასაძლიერებლად ახალგაზრდობის გასაჯანმრთელებლად სხვა და სხვა კულტურულ ქვეყნებში დაარსებულია სხვა და სხვა საზოგადოებანი. წინეთ რუსეთის რეჟიმის დროს ნაკლები ყურადღება ქონდა მიქცეული ამ მხარეს. და თუ დღეს ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ერი, ჩვენი მომავალი გავამტკიცოთ, ეს საკითხი შესაფერ ნიადაგზე უნდა დავაყენოთ. ეს მიმართულება თანდათან იკიდებს ფეხს ჩვენში და უკვე დაარსდა საზოგადოება „შევარდენი“, რომლის უპირველეს მიზანს შეადგენს ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამას გარდა თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენი იდეალი არის არა მუდმივი ჯარი, არამედ სახალხო მილიცია, ასეთ საზოგადოებას როგორიც არის „შევარდენი“, აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. მომავალმა თაობამ სხვა და სხვა ვარჯიშობასთან ერთად საჭიროა შეისწავლოს იარაღის ხმარებაც და „შევარდენის“ ერთ-ერთ მიზანსაც სწორედ ამ იარაღით ხმარების შესწავლა შეადგენს. ამ დიდი მიზნის განსახორციელებლად რასაკვირველია საჭიროა იარაღი, ბინა, შემოფარგლული ეზო და სხვა. ამისათვის კი საჭიროა დიდი თანხა. სხვათა შორის საჭიროა, ლექციების და კურსების მოწყობა. მაგრამ დიდ მასშტაბს რომ არ გავყვეთ, არიან ისეთი საჭიროებანი რომლებიც დაუყონებლივ დაკმაყოფილებას თხოულობენ. როგორც მოგეხსენებათ, შარშან მაისის 26 გაიმართა საზეიმო დღესასწაული, სადაც შევარდენმა დიდი მონაწილეობა მიიღო და კარგი შთაბეჭდილებაც დასტოვა საზოგადოებაზე. წელს განზრახულია მაისის 26 დღესასწაულის დიდი მასშტაბით მოწყობა. აქ რასაკვირველია, „შევარდენი“ დიდ მონაწილეობას მიიღებს, ამისათვის საჭიროა შესაფერი თანხა. ეს თანხა არ არის დიდი და განათლების სამინისტრო ამ მიზნისათვის თხოულობს 150.000 მანეთს.

ეს თანხა მე მგონია, მეტად მცირე თანხა არის, საჭიროება კი თხოულობს მის დაკმაყოფილებას და აუცილებლად საჭიროა მისი სავსებით მიღება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელს ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი. საფინანსო კომისია არ არის წინააღმდეგი, რომ ეს თანხა მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

5. დეკრეტი ქართ. შორ. წერა-. გამ. საზოგ. გამგეობ. 5.000.000 მან. სესხის მიცემისა.

იმნაიშვილი. (ს.-დ.) აქ გახლავთ წარმოდგენილი სახალხო განათლების კომისიის მიერ პროექტი დეკრეტისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მთავარ გამგეობისათვის ხუთ მილიონ მანეთის სესხის მიცემის შესახებ. ქართველთა შორის წ.-კ. გამ. საზ. ჩვენი ერის წინაშე ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში დიდი დამსახურება მიუძღვის. იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში დარაჯათ უდგა ქართულ კულტურას და ამის გამო საფინანსო კომისიის მიერ, განსაკუთრებით იმ საჭიროების გამო, რომელიც ეხლა აქვს ამ წ.-კ. გ. საზ. წიგნების გამოცემის საქმეში, ეს დეკრეტი მიიღო. ეს გახლავთ სესხი, რომელიც უნდა მიეცეს წ. კ. გ. საზოგადოებას სამი წლის ვადით. წ. კ. გ. საზოგადოებას მრავალ მილიონათ ღირებული ქონება აქვს, რომლითაც იგი შესძლებს ეს სესხი უზრუნველყოს. მაშასადამე ამ მხრივაც ეს თანხა დაცულია, და საკმაო გარანტიაა იმისა, რომ სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს ამ სესხს დაიბრუნებს ამა თუ იმ სახით. წ.-კ. გ. საზოგადოებისათვის კი ეს თანხა აუცილებელია, ვინაიდან საზოგადოებას დღეს თავისუფალი თანხა არ აქვს, რომ ამ მიზანს მოახმაროს. მას სურს სახელმძღვანელოების გამოცემა მკვიდრ ნიადაგზე დააყენოს, ეს დიდ როლს ითამაშებს სახალხო განათლების საქმეში, ჩვენს ცხოვრებაში, ვინაიდან დღეს სახალხო პირველ დაწყებითი სკოლებს სახელმძღვანელოები აკლიათ, და ამ მოსაზრებით საფინანსო კომისიამ შესაძლოთ დაინახა ამ სესხის გაღება, სახელმწიფო კონტროლიც თანახმაა, დაბრკოლება არ არის და იმედია დამფუძნებელი კრებაც დაადასტურებს მას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინაა. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი ჩვეულებრივ წესით მიღებულია დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

6. დეკრეტი - კანონების გადამსინჯავ კომისიის დაარსებისა.

. რუსია. (ს.-დ.) მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უფლებრივი ცხოვრება დამყარებულია ძველი რუსეთის კანონ-შემოქმედებაზე. ეს კანონმდებლობა არ შეეფერება იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრებაში. ამიტომ საჭიროა ამ ძველი კანონმდებლობის ძირითადი გადასინჯვა. ეს საქმე უნდა მოაწესრიგოს იმ კომისიამ, რომელიც იქნება დაარსებული იუსტიციის სამინისტროსთან. კომისიის შემადგენლობა იქნება დეკრეტთან ერთად წაკითხული.

თავმჯდომარე. სიტყვა ბატონ გიორგაძეს ეკუთვნის.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და ნახა ის შეფარდებული იმ შტატებთან, რომელიც არსებობს სამინიტროში. საფ. კომისიას ამ დეკრეტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

თავმჯდომარე. დეკრეტის შესახებ სიტყვას ვინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ინაიშვილს.

7. დეკრეტი - საერობო სამკურნალო დაწესებულებათა სამეურნეო ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) წარმოდგენილი გახლავსთ შუამდგომლობა შინაგან-საქმეთა სამინისტროსი, რომ დამფ. კრებამ. მიხეილის სახელობის საავადმყოფოს, ამ საავადმყოფოსთან არსებულ სულით ავადმყოფთა თავშესაფრის, ქუთაისის სულით ავადმყოფთა თავშესაფრის, ოლღას სახელობის ინსტიტუტის და ტფილისის დავრდომილთა თავშესაფრის სამეურნეო ხარჯების დასაფარავად გაიღოს სულ 7 მილიონი მანეთი.

ამას წინათ დამფ. კრებამ დაამტკიცა შტატები ამ დაწესებულებათა და ხარჯთ-აღრიცხვაც იმდენად, რამდენადაც ეს შეეფერებოდა შტატებს, ხოლო სამეურნეო ხარჯები არ დაუმტკიცებია, რადგანაც ასეთები არ ყოფილა მაშინ წარმოდგენილი. ახლა უწყება შუამდგომლობს, რომ სამეურნეო ხარჯების დასაფარავად იქნას გაღებული შესაფერისი თანხა და, ვინაიდან იქ კრიტიკული მდგომარეობაა, ეს დეკრეტი, რაც შეიძლება ჩქარა იქნეს დადასტურებული.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და საერთოდ მიიღო იგი, თუმცა პატარა შესწორებანი შეიტანა პარაგრაფებში იმდენად, რამდენადაც ეს შეეფერებოდა ზოგიერთ ხარჯების შემოკლებას. საერთოდ კი ეს დეკრეტი კომისიამ მიიღო, ვინაიდან ცალ-ცალკე პარაგრაფები ამ დეკრეტში არავითარ დავას არ იწვევს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას არავინ ინებებს. სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქნა დამფ. კრ. მიერ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა კალაძეს ეკუთვნის.

8. დეკრეტი - დამფ. კრების წევრების რესპ. სახაზ. რკინის გზებზე მიმოსვლის უფლების მიცემისა.

კალაძე. (ს.-დ.) ეს დეკრეტი გულისხმობს რომ დამფ. კრების წევრებს გაუადვილდეს მიმოსვლა, რომ ამით დამფ. კრების წევრები თავის ამომრჩევლებთან დაკავშირებულ იქმნენ. ეს არის მთავარი აზრი ამ დეკრეტისა. ეს დეკრეტი საგზაო კომისიისაგან საფინანსო კომისიაში იყო წარმოდგენილი. როდესაც ამ დეკრეტს იხილავდენ, მოწვეული იყო გზათა უწყების წარმომადგენელი. ის პრინციპიალურად მომხრე იყო ამ დეკრეტისა, ხოლო აქ ტეხნიკური მოსაზრებით გზათა უწყების წარმომადგენელი მოითხოვდა, რომ ბილეთები არ მისცემოდა დამფ. კრების ყველა წევრებს, არამედ დამფ. კრების პრეზიდიუმს გადასცემოდა 15-20 უსახელო ბილეთი, რომლებითაც ისარგებლებდნენ დეპუტატები. მაგრამ ეს საგზაო კომისიის მიერ არ იყო მიღებული. ამ დეკრეტის წინააღმდეგი არ არის არც სახელმწიფო კონტროლი. ამრიგად ეს დეკრეტი საგზაო კომისიის მიერ მიღებულია და ვშუამდგომლობ, რომ ის იქნეს დადასტურებული დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) საფინანსო კომისიაში აღძრული იყო ეს საკითხი, რომ დამფ. კრების ყველა წევრებს რესპუბლიკის ყველა რკინის გზით (მხედველობაში იყო მიღებული სახაზინო რკინის გზები) უფასოდ მიმოსვლის შეძლება ჰქონოდათ. ამას სარჩულად ედო ის მოსაზრება, რომ დეპუტატებს, განსაკუთრებით დამფ. კრების კომისიების წევრებს, უფრო კი დამფ. კრების მცირე კომისიების წევრებს უხდებათ ხანდახან (და ეს მოვლენა ამ ბოლო დროს ხშირია), თავისი მოვალეობის აღსასრულებლად ტფილისიდან წასვლა და დამფ. კრების ამა თუ იმ დავალების შესრულება. ეს საკითხი იდგა იმ ფარგლებში, რომ დამფ. კრების წევრებს, რომელნიც მცირე კომისიებში არიან არჩეულნი, ჰქონდათ ეს უფლება. მაგრამ, რადგანაც დამფ. კრების თითქმის ყველა დეპუტატებს აქვს ასე თუ ისე ეს უფლება ერთნაირი ზედამხედველობისა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, ამიტომ ეს საკითხი შემდეგ გავაფართოვეთ და საკითხი დამფ. კრების წევრების შესახებ დაისვა.

მაშასადამე ამას უპირველეს ყოვლისა ჰქონდა ეს პრაქტიკული ხასიათი, ვინაიდგან დამფ. კრების წევრებს შეხვდებათ ხშირად ამ თავისი მოვალეობის აღსრულება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ეს მოვალეობა აღასრულონ და ამ მხრივ ისინი მატერიალურ შევიწროებას არ განიცდიდენ. საფინანსო კომისიაში, მაშასადამე, ეს საკითხი დაისვა ამ პრაქტიკული მოსაზრებით, თუმცა ამას ჰქვია აგრეთვე ერთნაირი უფლებრივი ხასიათიც. არის ქვეყნები, სადაც პარლამენტის წევრებს აქვთ ეს უფლება რკინის გზით უფასოდ მიმოსვლისა. ეს უფლება აქვს იმიტომ, რომ იგი თავისი მოვალეობის აღსრულების დროს გამოიყენონ. ამნაირად, რადგანაც ამას პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და შემდეგ უფლებრივ სფეროშიც არის ამის გასამართლებელი საბუთი, ამიტომ საფინანსო კომისიამ საჭიროდ დაინახა ეს საკითხი აღეძრა დამფ. კრების პრეზიდიუმში. დამფუძ. კრების პრეზიდიუმს, როგორც კომისიის პრეზიდიუმმა მოახსენა კომისიას, ეს საკითხი მთავრობისათვის გადაეცა. მთავრობამ საერთოდ ამ აზრის შესახებ თანხმობა გამოაცხადა, მაგრამ ამ თანხმობას სულ სხვა ფორმა მისცა, ვიდრე ეს იყო წარმოდგენილი საფინანსო კომისიის მიერ. ამის გამო კომისიამ შეიმუშავა თავისი ვარიანტი, თავისი აზრი ამის შესახებ და ასე წარმოადგინა დამფუძნებელ კრებაში. აქ არის მხედველობაში მისაღები ორი მომენტი: ერთი ის, რომ დამფ. კრების წევრებს ყველას ეძლეოდეს უფასოდ მიმოსვლის უფლება და ეს იმიტომ, რომ ამას აქვს გასამართლებელი საბუთი - პრაქტიკული მოსაზრება, რომლის შესახებაც მე მოგახსენეთ და უფლებრივ სფეროშიც არის ამის გასამართლებელი საბუთი. მასასადამე საჭიროდ დავინახეთ უფასო მიმოსვლის უფლება არა მარტო დამფ. კრების მცირე კომისიის წევრებისათვის, არამედ ყველა დეპუტატებისათვის, რადგან აქ არის უფლებრივი ხასიათის საკითხი და ამ სფეროში დამფ. კრების ყველა წევრი თანასწორი არის.

მეორე ის, რომ ამ დეკრეტით დეპუტატებს ეძლევა საშუალება მიმოსვლისა, თუ კი ამ სფეროში წარმოსდგება რაიმე ტეხნიკური დაბრკოლება, თუ არა ისე არავითარი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს, ის ამ მხრივ შეზღუდული არ უნდა იყოს. კომისიამ ამ განზრახვით არ იხმარა სიტყვები: „უფასო ბილეთი“, ვინაიდან აქ შედის კიდევ სხვა და სხვა დამატებითი ხარჯები. ამ მხრივ ეს „უფასო მომოსვლა“ უფრო ფართოა და ფარგლავს იმ მცნებას, რომელიც კომისიას ჰქონდა მიღებული მხედველობაში ცხოვრებაში გასატარებლად. ახლა ამ სახით არის ეს დეკრეტი წარმოდგენილი და თუ რაიმე ტეხნიკური დაბრკოლება არ იქნება გატარებაში, უნდა იქნეს ის მიღებული. და მე დავალებული მაქვს ვიშუამდგომლო დამფ. კრების წინაშე, რომ ეს დეკრეტი იქნეს მიღებული იმ სახით, რა სახითაც ის არის წარმოდგენილი.

თავმჯდომარე. ზოგადი განხილვისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბატონ იუსტიციის მინისტრს არსენიძეს ეკუთვნის.

9. მიწის ძვრისაგან დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება.

. არსენიძე, იუსტიციის მინისტრი. მოქალაქენო! მალე მეორე თვე გადის მას შემდეგ, რაც გორში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. თქვენ გახსოვთ ის საჩქარო დახმარება, რომელიც მიიღო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და რომელმაც რესპუბლიკის გარეშე იპოვა გამოხმაურება. თქვენ მოგეხსენებათ ისეც, რომ მთავრობამ პირველ დღესვე შეადგინა გორში დაზარალებულთა დამხმარე კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც მე დამეკისრა. ამ ჟამად თავდაპირველი დახმარების აღმოჩენა, რომელიც აუცილებელი იყო, თითქმის დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში გვგონია, რომ ეს პირველი დახმარება დამთავრდა. მე მიზნათ მაქვს ამ ჟამად წარუდგინო ანგარიში დამფუძნებელ კრებას, რომელმაც პირველად ამოიღო ხმა და გორს პასუხი გასცა.

პირველად ყოვლისა უნდა მოგახსენოთ ის, თუ რა მიზანი დაისახა კომიტეტმა. უმთავრესი მიზანი იყო არა ქველმოქმედება, არამედ სულიერი და ზნეობრივი ამაღლება დაზარალებული ხალხისა, მათთვის ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დანგრეული სოფლები და ქალაქები ისევ აეშენებიათ. ამიტომ დახმარებას არ ჰქონდა ხასიათი ინდივიდუალურ ქველმოქმედებისა. არ ვეხმარებოდით კერძო პიროვნებას, ერთ კაცს, იმიტომ, რომ ეს არ იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ზნეობრივი დახმარება მიგვეწოდებია ხალხისთვის და იგი ისეთ მდგომარეობაში ჩაგვეყენებია, რომ მას შესძლებოდა მთელი ენერგიით და ძალღონით შედგომოდა დანგრეულ სახლების აშენებას. რა თქმა უნდა ჩვეულებრივ უბრალო ქველმოქმედებას, აქაც ქონდა ადგილი, მაგრამ ამას უფრო შემთხვევითი ხასიათი ქონდა. მთელი ჩვენი გეგმა მუშაობისა მდგომარეობდა დანგრეულ სოფლების აღდგენაში და მცხოვრებლების სულიერ ამაღლებაში. თავდაპირველად რაც უნდა მიგვეწოდებია ხალხისთვის ეს იყო რასაკვირველია სურსათ-სანოვაგე და თავის შესაფარი, და ჩვენი პირველი ზრუნვაც აქეთკენ იყო მიმართული. მეც აქედან უნდა დავიწყო მოხსენება და ამ საქმეს მივაქციო თქვენი ყურადღება.

პირველ დღესვე გაგზავნილი იყო ექიმები როგორც ქალაქად, ისე სოფლად. ავადმყოფები და დასახიჩრებულნი იგზავნებოდენ სხვა და სხვა ქალაქებში. შესაძლებელია არ იყოს საჭირო მოგახსენოთ სად ვინ გაიგზავნა, რომელ სოფლებიდან გაიგზავნა მეტი - ეს მოსაწყენი იქნება, - მაგრამ მოგახსენებთ ზოგიერთ მთავარ საგნებს, რომელიც ჩვენ დავარიგეთ, შეიძლება ამას ქველმოქმედებითი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო.

ჩვენ დავარიგეთ უფასოთ პური, შაქარი, თევზეულობა, კონსერვები, სათფურები, ტყაპუჭები და სხ. (კითხულობს). ამას გარდა რადგანაც სასურველი იყო გათბობა, ჩვენ რამოდენიმე ფეჩი გავგზავნეთ და დავარიგეთ. სადაც არ იყო შეშა იქ აქედან მივიტანეთ. ასეთმა ზომებმა ხალხი გადაარჩინა იმ ყინვებს და სტიქიურ უბედურებას, რომელიც მაშინ იქ დატრიალდა.

სადგურთან იყო გახსნილი ერთი სასადილო. ქალაქში და სოფლებში აგრეთვე 3-5 საკვები პუნქტი გავხსენით. აღსანიშნავია, რომ უმთავრესად პურის დახმარება ქალაქს დასჭირდა, სოფელმა კი მეორე დღესვე იშოვა სახსარი. ამოთხარა ორმოები და ჩამარხული ხორბალი ამოიღო, მაგრამ ავადმყოფობა უფრო სოფელში გავრცელდა და საექიმო დახმარებაც მას მეტი ეჭირვებოდა, ვინაიდან იქ მეტი იყო გაჭირვება. ეს აიხსნება მით, რომ ქალაქიდან ავადმყოფები წამოვიყვანეთ, სოფლებიდან კი ვერ მოვახერხეთ. გზები არ იყო, ზოგან თოვლი იყო, ზოგან ტალახი. ასე, რომ მარხილით გვიხდებოდა სიარული, ნახევრად კი ურმით უნდა გვეტარა. ასეთი გარემოება გვაიძულებდა ადგილობრივად აღმოგვეჩინა საექიმო დახმარება. ამისათვის ჩვენ გავხსენით იქ საავადმყოფოები საწოლებით. დღემდის სამი საავადმყოფო არის გახსნილი. ერთი 20 საწოლიანი გახსნილია ახალქალაქში, ერთი ქარელში თავის მოწყობილობით და თეთრეულობით. აქ არის ექიმი, წამლები და სხვა მედიკამენტები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეყოფათ. სურამში სამხედრო საავადმყოფო გაიხსნა 100 საწოლით. ეს აიხსნება მით, რომ იქ ბევრი ლტოლვილი არის.

ამას გარდა ამ ჟამად იხსნება და მოკლე დროში დაიწყება ავადმყოფების მიღება მეჯვრისხევში. ხაშურშიაც არის 20 საწოლიანი საავადმყოფო. ამათ მოსაწყობად გაგზავნილია მასალა და ადგილიც არჩეულია უკვე.

ეს იყო პირველი და უმთავრესი დახმარება, რომელიც აღმოვუჩინეთ ჩვენ ხალხს. რაკი ამ დახმარებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მოგახსენებთ იმ წრეებსა და ჯგუფებს, რომლებმაც ამ მხრივ დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს. იყო საექიმო რაზმი 60 კაცისაგან შემდგარი. ძალიან დიდი დახმარება აღმოგვიჩინა სტუდენტთა რაზმმა, რომელიც პირველ დღესვე გაემგზავრა გორში და უკანასკნელ დრომდე თავგანწირვით მუშაობდა იქ. ამათ დაარიგეს შაქარი, პური და ყველა შემოწირულობა, რომელიც კი შემოვიდა. დიდი თავდავიწყებით მუშაობდა ეს ჯგუფი, და სიცივეში და ყინვაში ასრულებდა ყველა დავალებას. სტუდენტების რაზმს ერთ წუთსაც არ დაუსვენია. ისხდენ გორში და 1/2 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობდენ. ბევრი მათგანი სამსახურში იყო სხვა და სხვა ადგილას, მიატოვეს თავისი ადგილები და ხშირად ბევრს მათგანს როგორც მე გავიგე, ამის გამო დიდი უკმაყოფილებაც კი შეხვედრია ადგილების დატოვების გამო, მაგრამ მე მგონია უწყებები ყურადღებას მიაქცევენ მათ საზოგადო მოღვაწეობას და იმ ამაგს, რომელიც დასდვეს მათ გორსა და მთელ მის რაიონს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დამხმარეთა შორის მოსწავლეთა ჯგუფი სადარაჯო რაზმის. ეს მოწაფენი ყველა ჯარში გამოვლილი იყო და მათ შორის შესისხლხორცებული ქონდათ ჯარის კაცის დისციპლინა. იგი მილიციასთან ერთად იცავდა ქალაქში წესრიგს. რომ ეს თავისუფალი ისეც ასეთი თავდადებით არ ყოფილიყო, ჩვენ არ შეგვეძლო გაგვეკეთებია მეოთხედიც იმისა რაც გავაკეთეთ. ლტოლვილთა გადაყვან-გადმოყვანაში დიდი დახმარება გაგვიწიეს ადგილობრივმა თემებმა ბეგარას მოწყობით, საერობო ბეგარასაც ხარჯები უნდოდა. ეს იწვევდა ჩვენი მხრით სულ მცირეოდენ ხარჯს. ჩვენ ვაძლევდით მხოლოდ პურის ფასს. შეიძლება ეს ფასი არც ყოფნიდა იმ გლეხებს, რომლებიც ჩვენ დახმარებას გვიწევდენ, მაგრამ ისინი მაინც ეხმარებოდენ დაღუპულ სოფლებს და გადაყვანდათ ლტოლვილნი ურმებით მახლობელ სოფლებში. ამას გარდა ვაგონებითაც დავაგზავნეთ: ბორჯომში, სურამში, ტფილისში და ქუთაისში. დაწვრილებითი ცნობები საჭირო არ არის, მაგრამ უმთავრეს ჯგუფი ლტოლვილებისა წავიყვანეთ ბორჯომში, ტფილისში, სურამში და შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში.

სულ მარტო ტფილისში გაგზავნილი იყო 147 ვაგონი ხალხი თავისი ბარგითა და ხაბაკით. ამ ხალხის მთელი ნახევარი თითქმის სულ ტფილისს მოაწყდა. აქ ბევრს სახლი ჰქონია, ბევრს კიდევ რაიმე კავშირი აქვს ტფილისთან. ძალიან ხშირად ცალკე ლიტერებსაც ვაძლევდით და ასე გადმოგვყავდა. ეს ხალხი სხვა და სხვა ადგილებში იყო გაგზავნილი.

ასეთი არის ჩვენი პირველი დახმარება, რომელიც ჩვენი აზრით აუცილებელი იყო; მარტის ოცამდე გორში პურს უფასოდ ვაძლევდით, შემდეგ ეს მუშაობა შეჩერდა, რადგან გაჩნდა პატარა დუქნები, რესტორნები და სხვა ასეთები და ხალხი თითონ შოულობდა პურს. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბევრი შემოწირულება მივიღეთ, უმთავრესად მთავრობის საწყობებიდან, აგრეთვე დიდძალი საქონელი მოგვივიდა გერმანელების კოლონიისაგან და მრავალი კონსერვი კოოპერატივებისაგან.

იყო კიდევ ტეხნიკური დახმარება - თავშესაფრების აშენება, სახლების გაკეთება და სხვ. პირველ დღეებში როგორც ტფილისის სამხედრო საწყობიდან ისე ადგილობრივ გვარდიიდან იყო გაგზავნილი მრავალი იურტები და კარვები. თითქმის 3.000 იყო გაგზავნილი - ნაწილი თითონ გორში, ნაწილიც სოფლებში. მაგრამ, რადგან დიდი სიცივეები იყო და აუტანელი შეიქნა ამ კარვებში ცხოვრება, აუცილებელი იყო ხის ბარაკების აშენება. ჩვენ მივიღეთ 40 ვაგონი დახერხილი ტყის მასალა ბორჯომიდან და ამ მასალით ავაშენოთ სახლები სხვა და სხვა დაწესებულებებისათვის. ზოგიერთმა დაწესებულებამ თითონ აიშენა სადგომი. ჩვენ, რასაკვირველია, ვეხმარებოდით მასალით. ერობამ თითონ გაიშენა დიდი ბარაკები. ამგვარად იქნა დაბინავებული ხალხი. სოფლებში მოეწყო ვრცელი და დიდი ბარაკები, იმ განზრახვით, რომ ხალხი ერთად იცხოვრებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოფლის ხალხს ერთად ცხოვრება არ სურს, არამედ ცალკე, თავის საკუთარ ბინაზე ურჩევნია. ჩვენც დავეხმარეთ სოფელს და პატარა ქოხებს უწყობთ. ადგილობრივი გლეხობაც ეხმარება მეზობლებს და ამგვარი პატარა საცხოვრებელი ბინები თანდათან კეთდება. ასე მოეწყო და ეხლაც ეწყობა თავშესაფრის საქმე.

შემდეგი მუშაობა, რომელიც უნდა წარმოებულიყო ქალაქად და სოფლად, ეს იყო უზრუნველყოფა ადამიანისა შემდეგი დაზარალებისაგან და უბედურებისაგან. ბევრი დაზიანებული სახლი და ქუჩები იყო გასაწმენდი. ამისათვის გაგზავნილი იყო კომისია, რომელსაც ტეხნიკური განყოფილება ხელმძღვანელობდა. ამ განყოფილებამ აწარმოვა ეს მუშაობა, ჩვენ კი საერთო ხელმძღვანელობა ვიკისრეთ. აი რა გაკეთდა გორში და მის ახლო-მახლო მდებარე სოფლებში. აქ იყო რაზმი, რომელსაც ახლდა საპიორები და ტეხნიკები უმაღლეს კურსების ზოგიერთი მოწაფე ტეხნიკოსი, რომლებიც ეხმარებოდენ სახლების დანგრევაში. სულ გორში 300 კედელი დაანგრიეს, ეს იმიტომ, რომ ისინი იმდენად იყვენ დაზიანებული, რომ დიდ საფრთხეს წარმოადგენდენ. შემდეგ შენობებიდან ნივთები იყო გამოსატანი. სულ 11 მილ. ღირებულობის სხვა და სხვა ნივთები იქნა გამოტანილი. ამას გარდა აწერილია მთელი ქალაქის შენობები. ყველა შენობები დაყოფილი იყო 4 კატეგორიად: პირველი, რომელიც გადარჩა დაუზიანებელი, მეორე - რომელსაც მცირე რემონტი სჭირდება, მესამე - რომელიც დიდ რემონტსა და შეკეთებას მოითხოვს და მეოთხე - რომელიც სულ დანგრეულია. ამათში პირველი კატეგორიის არ აღმოჩნდა და არც ერთი სახლი. მეორე კატეგორიის სახლები, რომელსაც მცირე შეკეთება სჭირდება - 3 პროცენტს შეადგენს. მესამე, რომელიც დიდ რემონტს მოითხოვს - 41 პროც. შეადგენს. შენობების ორი მესამედი სრულიად დანგრეულია, ეს ნანგრევები მხოლოდ ქვის მასალად გამოდგება. ზარალის რაოდენობა ნავარაუდევია, თუმცა მეტად ძნელია გამოანგარიშება, საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ გორის ზარალი 1/2 მილიარდ მან. აღემატება. ეხლა ასეთივე ცნობებს მოგახსენებთ მაზრის შესახებ. უმთავრესად სოფლები დაზარალდა, თუმცა ყველა სოფელი ერთნაირად არ დაზარალებულა. აუცილებელი შეიქნა ტეხნიკური დახმარება, ტეხნიკების მიყვანა. მე იმ სოფლებზე მოგახსენებთ, რომელიც ტეხიკოსების და ინჟინრების მიერ გამოკვლეულია. ასეთი სოფელი არის სულ 54. ამ სოფლებში საჭირო იყო ბარაკების აშენება და ტეხნიკურ გამოკვლევის მოხდენა. ამაში დანგრეულთა რიცხვს 14 პროც. შეადგენს. უნდა დაინგრეს 52 პროც., რადგან მათი შეკეთება მაინც არ შეიძლება. შეკეთება არ შეიძლება 33 პროცენტისა, ე.ი. შესაკეთებლად გამოდგება სახლების ერთი მესამედი. რომ შეკეთება არ სჭირდებოდეს ასეთი სახლი სრულიად არ არის. არის სოფლები, სადაც ყველა სახლები დანგრეულია, ზოგან კი ორი ან სამი წილი. 16 სოფელში ზეზე დარჩა მხოლოს 30 პროც. მათ ხელახლა აშენებას, დაახლოვებით რომ ვიანგარიშოთ, ნახევარი მილიარდი მან. დასჭირდება. და თუ სხვა ზარალიც მიუმატეთ, უნდა ვსთქვათ, რომ სოფელს არა ნაკლებ ერთი მილიარდის ზარალი მოუვიდა. საერთოდ სულ მცირე ორი მილიარდი ზარალი უნდა ვიანგარიშოთ.

ჩვენ მოვახდინეთ სტატისტიკური აღწერა მთელი რაიონისა, ეს გამორკვევა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა სტატისტიკურმა განყოფილებამ მოახდინა. არის საერთო რუქა მიწის ძვრის რაიონებისა, სადაც აღნიშნულია თუ სად როგორი ზარალი არის მიყენებული; აქ ამ რუქაზე (აჩვენებს რუქას) არის ნაჩვენები გორი და მისი მდებარე ახლო სოფლები: ზოგან ახლობელი სოფლები ნაკლებ დაზარალებულია შორეული კი სრულიად დანგრეულია. ამ გვარად სტატისტიკურმა გამოკვლევამ მოგვცა დაწვრილებითი ცნობები, სადაც აღნიშნულია თითო სოფელში რამდენი არის დანგრეული და სხ. ქ. გორის შესახებ სტატისტიკური ცნობების მოკრება ძნელი იყო, რადგანაც მცხოვრებლები მაშინვე გაიფანტნენ. რაც შეეხება სოფლებს, ეს ცნობები მეზობლების ჩვენებით მოგროვდა და ამიტომ იგი სულ სიმართლეს შეიძლება არ შეეფერება. ეს გახლავთ სრული სტატისტიკური ცნობა სოფლებისა. აქვე არის აღნიშნული რა დაკარგეს მცხოვრებლებმა, თუ რამდენი საქონელი იმსხვერპლა მიწის ძვრამ. თვითეული სახლის აღწერა სრულიად დაწვრილებით არის.

ამას გარდა ადგილობრივი ნიადაგის გამოსარკვევად ტეხნიკურ გეოლოგიური კომისია იყო გაგზავნილი. მის მოვალეობას შეადგენდა გამოერკვია, თუ რა ხასიათის იყო მიწის ძვრა, როგორი მსვლელობა ქონდა მას და სხ. ვინაიდან ამ კომისიის მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ მას დაწვრილებითი ცნობები არ წარმოუდგენია, მხოლოდ მე მოვითხოვე ზოგიერთი წინასწარი ცნობები და ზოგი რამ გამოირკვა, წინასწარი ცნობები თითქმის ყველა სოფლებში არის შეკრებილი. აქ არის დაწვრილებითი დასკვნა თუ როგორი ხასიათი ქონდა მიწის ძვრას თვითეულ სოფელში და როგორი სახლები დაინგრა და როგორი სახლები უნდა აშენდეს მომავალში. გეოლოგიურ კომისიის აზრით, ზოგიერთ სოფლებში ხის შენობები უნდა აშენდეს, ხოლო ზოგიერთ სოფლებში შესაძლოდ სცნობს ქვის შენობის აშენებას. თვით გორი დაყოფილია რაიონებად და ნაჩვენებია თუ როგორი იყო მიწის ძვრის ხასიათი. დაწვრილებით ამას არ ჩამოგითვლით, სხვათა შორის აქ არის ნაჩვენები, რომ ზოგიერთი სოფლები სრულიად უნდა იქნეს მოშლილი და შენობები მახლობელ ადგილას გადატანილი, როგორც მაგ. ოხერა, ხიდის თავი, ატენი, გორის ჯვარი. დანარჩენის შესახებ ნათქვამია, რომ შეიძლება მათ ძველ ადგილზე იქვე გაშენება, მაგრამ გეოლოგიური კომისიის აზრით სრულიად ახალი პლანით. ზოგიერთ სოფლებში შეიძლება უბრალო ტეხნიკოსებმა გააშენონ ეს სახლები, რადგანაც ერთნაირი გარანტია და უბრალო ტეხნიკოსების პლანიც გამოდგება. ზოგიერთ სოფლებში კი კომისია თხოულობს სახლების აშენებისათვის იყოს მოწვეული გეოლოგები, სპეციალისტები.

გეოლოგების აზრით, მიწის ძვრას ტევტონიური ხასიათი ქონდა. მე ამის სპეციალისტი არა ვარ და არაფერი მესმის ამ დარგში, ამბობენ რომ მიწის გულში ცარიელი ადგილებია და რადგანაც მიწა იწევს ზევით ან განზე, რომ ცარიელი ადგილები ამოავსოს, მიწა იძვრის. ამ სპეციალურ გამოკვლევას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის გარდა იმ ხასიათისა, რომელიც მიიღო ამ მიწის ძვრამ. არის ერთი ცენტრი ადგილი საიდანაც დაიწყო მიწის ძვრა, გორისა და რკინის ხიდის შუა, სადაც ერთვის მტკვარს ლიახვი. ამ ცენტრიდან გავრცელდა მიწის ძვრა სხვა ადგილებში. ამ სპეციალურ ქარტაზე არის ნაჩვენები მიმართულება ამ მიწის ძვრისა (აჩვენებს ქარტაზე). აი აქედან დაიწყო და გავრცელდა ამ რაიონებზე. მიმართულების ხაზი არის აღნიშნული და ამის დაგვარად არის მოცემული ქარტაზე, როგორი იყო ტალღა. ზოგიერთ ადგილებში მან ძლიერი გავლენა მოახდინა, ზოგიერთ ადგილებში კი სუსტი, ესეც არის აღნიშნული ცალ-ცალკე ყველა სოფლისათვის. გეოლოგიური მუშაობა ამ ჟამად დამთავრებული არ არის. საჭიროა რკინის გზის ლიანდაგის გამოკვლევა. საჭიროა გარკვევა რამდენად ჩაიწია თუ აიწია რკინის გზამ. ამის გამორკვევა შესაძლებელი ყოფილა და კომისია მალე შეუდგება მის გამორკვევასაც. ამასთანავე დადგმული იქნება რამდენიმე სეისმური სადგური, ვინაიდან მიწის ძვრა დღევანდლამდე გრძელდება. გორში მიწის ძვრა კიდევ მოხდა, კედლები კიდევ ჩამოინგრა, ცხადია, რომ ადგილობრივ უნდა დაიდგას აპარატები, რომელიც მას აღნიშნავენ. ჩვენ გვექნება საშუალება შევადგინოთ და გამოვაკვლიოთ მიმდინარეობა მიწის ძვრისა. ეს მუშაობა მახლობელ დროში იქნება დამთავრებული.

აი ყველაფერი, რაც გაკეთდა დღევანდლამდის. ხალხი წაყვანილ-წამოყვანილია და საჭიროა ვიზრუნოთ ეხლა მომავალ გეგმაზე. მომავალ მუშაობისათვის ჩვენ გვაქვს შემდეგი გეგმა: უნდა იქნეს შემუშავებული სპეციალური პლანები სოფლებისა და ქალაქის გასაშენებლად. ზოგიერთი ნაწილი გორისა სრულიად უნდა მოიშალოს და ახალი შემუშავდეს. შემდეგ მომავალ აღმშენებლობისათვის საჭიროა შემდეგი: ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოფლის მცხოვრებთ ინჟინრების და ტეხნიკოსების გაგზავნით. წინასწარი მუშაობისათვის საჭიროა ვიყოლიოთ სოფლებში საკმაო ინჟინრები, რომლებიც განიხილავენ სახლის პატრონების მიერ წარმოდგენილს გეგმებს და შესაფერ დასკვნას მისცემენ. ყველა ამისათვის განზრახული გვაქვს მოვაწყოთ საერთო მმართველობა 3 ტეხნიკოსით და 2 მხაზველი. ცენტრში, ქალაქში იქნება 1 ინჟინერი და 2 ტეხნიკოსი, მაზრაში კი სულ 15 ტეხნიკოსი. ვინაიდან სოფლებში თავისით გეგმას ვერ შეიმუშავებენ, ტეხნიკოსებმა უნდა აღმოუჩინონ მცხოვრებთ დახმარება, აღმშენებლობაში, ისე უნდა მოეწყოს საქმე, რომ შემოდგომამდე, დაზამთრებამდე, მცხოვრებლებმა მოახერხონ ბინებში თავის შეფარება.

სულიერი განწყობილება კარგია, უკვე შეუდგენ მიწის დამუშავებას, და როცა ამ მუშაობიდან თავისუფალი დრო ექნებათ, ისინი შეუდგებიან ბინების აგებას. ამას გარდა ჩვენ გვაქვს გეგმა დამუშავებული ქალაქთა კავშირის ტეხნიკური განყოფილების მიერ. ყველანი საერთო გეგმას იმუშავებენ, შემუშავებულია სავალდებულო დადგენილება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ დანგრევისა და აშენების დროს. ეს დადგენილება შემდეგ გამოქვეყნებული იქნება და ეს სავალდებულო დადგენილება გამოდგება არა მარტო დაზარალებულ ადგილებისათვის, არამედ მთელი სახელმწიფოსათვის, ვინაიდან მიწის ძვრა მთელ ამიერ-კავკასიაში არის მოსალოდნელი, ამიტომ ეს სავალდებულო დადგენილება ყველასათვის სასარგებლოა და ზედმეტი არ იქნება სეისმურ გამძლე შენობების აგება ყველასთვის. ამგვარად ხვალიდან იქნება გამოცხადებული კონკურსი სეისმურ გამძლე შენობების გეგმებზე. განსაკუთრებული ტიპის შენობები სჭირდება სოფლებს. შემდეგ ერთი ამ ტიპთაგანი იქნება გამოქვეყნებული სოფლად. შემდეგ თანახმად მიწად-მოქმედების სამინისტროსთან მოლაპარაკებისა, სოფლელებს მივაწოდებთ ტყის მასალას, ან მათ მივცემთ საშუალებას მასალის ტყიდან გამოტანისა. ჩვენ არ გვაქვს სურვილი აუარებელი ტყე დავხარჯოთ და ჩვენ ასეთი ამოცანა გავეცით, რომ მათ შეიმუშავონ ტიპი სახლისა, სადაც ხესთან ერთად გამოყენებული იქნება ქვაც, აგურიც. ამისდა მიხედვით ხარჯი შესუსტდება და შემცირდება. აქვე უნდა აღვნიშნო: გავრცელებულია ხმები აუარებელ შემოწირულობაზე. შემოწირულების მოგროვება დავალებული ქონდა საგანგებო კომისიას, რომელსაც თავმჯდომარეობს ივ. გომართელი. გარდა იმ თანხისა, რომელიც გადასდო დამფ. კრებამ, თითონ კომიტეტმა მიიღო 2 მილიონზე მეტი. ეს ხარჯები ამ თანხიდან არის გაწეული და აუარებელი ხარჯები აღუნუსხველია. თუ მივიღებთ მხედველობაში საქონელს, ტანისამოსს, რომელიც დავარიგეთ მცხოვრებთა შორის, საერთო ხარჯთ-აღრიცხვა უდრის 20-30 მილიონს, გარდა ამ თანხისა ნივთიერად მცხოვრებთ ჩვენ მეტი დახმარება აღმოუჩინეთ. მარტო პური არის დახარჯული (კითხულობს), შაქარი, მედიკამენტები, დაიხარჯა 1 მილიონის. საავადმყოფოების საჭირო მოწყობილება გამოტანილი გვაქვს წითელი ჯვრიდან და მომარაგების კომიტეტიდან. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ამ მუშაობისათვის არ ყოფილა შექმნილი საგანგებო, განსაკუთრებული აპარატი გარდა იმისა, რომ გვყავდა ექიმი ზანდუკელი და მასთან კანცელარიის მოხელე 2-3 კაცი. მთელი ეს მუშაობა ადგილობრივ ორგანიზაციების საშუალებით გატარდა. ერობათა კავშირი იყო მთავარი აპარატი, რომელიც საერთო გეგმის მიხედვით მუშაობდა. რასაკვირველია ამ დაწესებულებას მე მადლობას არ ვეუბნები, ვინაიდან ეს მათი მოვალეობა არის, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს მოვალეობა აღასრულეს სრული მოქალაქეობის პასუხისმგებლობის და ღირსების დაცვით.

თავმჯდომარე. თანახმად თქვენ მიერ მიღებულ წინადადებისა, საბოლოო ტექსტებს მოგახსენებენ ახლავე. სიტყვა ქრ. შარაშიძის ასულს ეკუთვნის.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს დღიურ წესრიგში მოთავსებულ და მიღებულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელსაც დამფუძნებელი კრება ამტკიცებს უკამათოდ.

შემდეგ მდივანი კითხულობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ამა წლის მარტის 9-ის საგანგებო სხდომის რეზოლუციას ყარსის ოლქსა და ერევნის გუბერნიაში სომეხ-თათართა შორის მომხდარ სისხლის ღვრის შესახებ.

ამ საკითხის შესახებ განმარტებას იძლევა თავმჯდომარე, რომ პრეზიდიუმს სასურველათ მიაჩნია ამ საკითხისათვის დანიშნული იქნეს სასწრაფო სხდომა სხდომების დაწყებამდეო. თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია ს.-დემ. წინადადება, რომ ამ საკითხის შესახებ დაინიშნოს სასწრაფო სხდომა დღეს საღამოსო. დამფუძ. კრება ამ წინდადებას უკამათოდ იღებს.

შემდეგ მდივანი კითხულობს სენატის თავმჯდომარის მონაწერს და მასთან დართულ სენატორების ქიქოძისა და ზურაბიშვილის განცხადებას სენატორის თანამდებობისაგან განთავისუფლების შესახებ. დამფუძ. კრება ადგენს სენატორთა ქიქოძისა და ზურაბიშვილის განცხადებანი მიღებულ იქნეს და გადაეცეს იურიდიულსა სარეკომენდაციო კომისიასო კანდიდატების დასასახელებლად.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია ს.-დემ. ფრაქციის წინადადება - შემდეგი სხდომა დაინიშნოს ამა აპრილის 20-სთვის. დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უცვლელად იღებს.

მდივანი კითხულობს აპრილის 20-ის მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 3 1/2 საათზე ხურავს.

10 მეათე საგანგებო სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(10)

1920 წელი. აპრილის 8 (საღამო). ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის 1920 წლის, მარტის 9-ის საგანგებო სხდომის რეზოლიუციის განხილვა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფრ. ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყებს საღამოს 9 ს. და 5 წუთ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. განსახილველია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის საგანგებო სხდომის მიერ მიღებული რეზოლიუცია. ტექსტს რეზოლიუციისას მდივანი მოგახსენებთ.

მდივანი (კითხულობს):

„მოვისმინეთ რა მთავრობის საბოლოო განმარტება იმ საკითხზე, რომელიც დაუსვეს პარლამენტის წევრებს ყარსის და ერევნის ოლქებში მომხდარ სისხლის ღვრის შესახებ; მივიღეთ რა მხედველობაში სომხეთის რესპუბლიკის აგრესიული მოქმედებანი, რომელნიც გამოიხატებიან მაჰმადიანთა უპატრონო მოსახლეობის გაწყვეტაში, რასაც შედეგად მოსდევს მაჰმადიანთა მრავალი ათასების მიწასთან გასწორება, და ვსთვლით რა საზღვრების და ტერიტორიის საკითხის ამნაირ გადაჭრას ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა შორის მავნეთ და დემოკრატიულ პრინციპების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე სახიფათოდ რევოლიუციის მონაპოვარის და ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებთა დამოუკიდებლობისა, გამოვსთქვამთ მსოფლიო დემოკრატიის წინაშე და მათ შორის კავკასიისაც, ენერგიულ პროტესტს სომხეთის მთავრობის მოქმედების წინააღმდეგ; უფლებით ვმოსავთ პარლამენტის პრეზიდიუმს მიმართოს პროტესტით ამ საკითხის თაობაზედ კულტურულ ხალხთა პარლამენტებს, რათა მოხდენილ იყოს სათანადო გავლენა ერევნის მთავრობაზე და მოვითხოვთ რა მთავრობისაგან გადამწყვეტ ზომებს სიცოცხლის, პიროვნების პატივის და დაზარალებულთა ქონების უზრუნველ-საყოფად, პარლამენტი გადადის მორიგ საქმეებზედ“.

თვმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს ბატონ ჩხენკელს.

აკაკი ჩხენკელი (ს.-დ.) მოქალაქენო! მე უნდა მოგახსენოთ, რომ ის, რაც ხდება ყარაბაღში, ეს ტრაღიკული მოვლენა, რა თქმა უნდა, ვერ მიეწერება სავსებით ამა თუ იმ პიროვნებას, ამა თუ იმ მთავრობას. ამის მიზეზები, სამწუხაროდ ჩვენდა, არის უფრო ღრმა და უფრო ძლიერი. როგორც თათრების, ისე სომხების ფსიქოლოგია მოწამლული, მოშხამული არის. ეს არის შედეგი დიდი ხნის ნაციონალისტურ, შოვინისტურ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. ეს პოლიტიკა გადმონერგილი არის ოსმალეთიდან. სწორედ ის აუტანელი მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფებოდენ ქრისტიანი ერები ოსმალეთში, ქმნიდა ისეთს ფსიქოლოგიას, რომლის დროსაც სასიცოცხლო საკითხები იჭრება ხმლით, იჭრება ძველი მეთოდით, აზიური მეთოდით და არა ევროპიული მეთოდით. და სწორედ ამიტომ იყო, რომ ეგრედ წოდებული წითელი სულთანი აბდულ ჰამიდი ამბობდა, რომ სომხეთის საკითხის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ და მარტო სომხის ერის მოსპობითო, რაც, საუბედუროდ, ოსმალეთის ბატონ-პატრონებმა თავიანთ საზღვრებში თითქმის განახორციელეს. რუსთის ძველმა რეჟიმმა სწორედ ეს მეთოდი გადმონერგა ჩვენში. თქვენ გახსოვთ სომეხ-თათართა ხოცვა-ჟლეტა პირველ რევოლიუციის დროს და მაშინ ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით, რომ მიზეზი ამისა არის რუსეთის ძველი რეჟიმი. ჩვენ ის გამოგვყავდა, როგორც დამნაშავე, მას ვსვამდით დამნაშავის სკამზე. და ამაში ჩვენ მხარს გვაძლევდა მთელი რუსეთის დემოკრატია. მაგრამ, სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენდა, თურმე ვცდებოდით, ვინაიდან ამის მიზეზი ყოფილა არა მარტო რუსეთის ძველი რეჟიმი, არამედ მიზეზი ყოფილა ის, რომ ეს სახელმწიფოები მაშინაც კი, როცა ისინი თავისუფალნი არიან, როცა ისინი თვითონ არიან თავის საზღვრებში პასუხისმგებელნი, მაშინაც კი ამ მეთოდით ხელმძღვანელობენ. მე არ შემიძლია ვრცლად შევეხო იმ უბედურებას, რომელიც ხდება ყარაბაღში - სისხლის ღვრას, ხოცვა-ჟლეტას. მე არ შემიძლიან ვრცლად შევჩერდე იმაზე, თუ რა ხდებოდა იქ. უნდა აღვნიშნო, რომ ლტოლვილი მუსულმანები ჩვენ ძალიან ბევრი გვყავდა ახალციხის მაზრაში და ჩვენ მათ ვაპურებდით ამ ჩვენი კრიზისის დროს. აქაც იგივე ჟლეტა და ხოცვა იყო, მაშასადამე მოვლენა ერთი და იგივე არის ხმარებული. ჩვენ არ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ერთი არის დამნაშავე და მეორე მართალი. მე მგონია, რომ, თუ ამ საქმეში შესაძლებელია დამნაშავის ძებნა - მე ვამბობ, რომ ისინი ორივენი არიან დამნაშავენი და ეს იმდენად, რამდენადაც ისინი მიმართავენ ამ მეთოდს. ეს მეტად სახიფათო არის, მეტად საშიში ორივე სახელმწიფოსათვის, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის ისეთი რამ, რომელსაც ჩვენ დიდი ანგარიში უნდა გაუწიოთ.

თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ერთ დროს მთლიანი სახელმწიფო, კონფედერაცია ამირ კავკასიისა. თქვენ გახსოვთ, რომ შემდეგ ეს სახელმწიფო დაინგრა. კონფედერაცია დაანგრია გარეშე ძალამ. გახსოვთ თქვენ ბათომის ხანა, როცა ერთს სახელმწიფოში ვერ მოთავსდნენ ეს ერები, როცა უთანხმოებით ისარგებლა ჩვენმა მტრებმა და მით მან შესძლო დანგრევა ამ სახელმწიფოსი. დღეს განა უკეთესი პირობები არის? მე ვამბობ, რომ დღეს უარესი პირობები არის. მაშინ ამიერ-კავკასიას ემუქრებოდა მტერი ერთის მხრიდან, ეხლა კი მას მტერი ორი მხრიდან ემუქრება. როგორც ოსმალეთი, ისე ჩრდილოეთის ბატონ-პატრონი ვერ ურიგდება მის დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას. და სწორეთ ამ დროს ამ ორ მეზობელს შესაძლებლად მიაჩნია, რომ ასეთი მეთოდით გადასჭრას სადაო საკითხები. თუ ისინი არ ითვალისწინებენ იმას, თუ რა მოელის ერთსაც და მეორესაც, თუ, მაგალითად სომხეთს არა აქვს გათვალისწინებული როგორც ერთი, ისე მეორე, რომ მის ზურგს უკან არის იგივე მტრები, რომელმაც დაანგრია ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა, თუ ადერბაიჯანს არა აქვს გათვალისწინებული, რომ მის ზურგს უკან არის მომდგარი ახალი ძალა, იმპერიალისტური ძალა, იმიტომ, რომ ბოლშევიზმი რომელიც გადმოდის ჩვენს საზღვრებზე, ეს არის მხოლოდ იმპერიალისტური ძალა, რადგან მასში ნატამალიც კი არ არის სოციალისტურ სახელმწიფოსი, თუ ყველა ეს ავიწყდებათ მათ, მე მაშინ არ მესმის, როგორ ფიქრობენ ისინი საზოგადოთ თავიანთი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამკვიდრებას, და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას. მე ვფიქრობ, რომ სომხეთს უნდა ახსოვდეს ის კავშირი, რომელიც არსებობს აზერბაიჯანის და მოსკოვს შორის. მე ვფიქრობ, სომხეთს უნდა ახსოვდეს, რომ ბოლშევიზმის ამიერ-კავკასიაში შემოსვლა მოასწავებს სომხეთის საკითხის ისე გადაჭრას, როგორც ეს გადასჭრეს ახალგაზრდა თურქებმა ოსმალეთში. ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ ადერბაიჯანს უნდა ახსოვდეს, რომ ბოლშევიზმი ბაქოში ეს არ არის მხოლოდ სოციალისტური ბოლშევიზმი, ვინაიდან მასში სოციალისტური ელემენტი უკვე გაქრა და ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკისთვის არის ხმარებული. მათში არის მხოლოდ ნაციონალისტური ელემენტი. მაშასადამე ეს იქნება იგივე ტაქტიკა ბოლშევიზმისა, რომელმაც ერთხელ მიწასთან გაასწორა ბაქო. მე ვფიქრობ და ეს მათ უნდა ახსოვდეთ და ყოველ შემთხვევაში არ უნდა ავიწყდებოდეთ რომ, ბოლშევიზმი თავის ქვეყანაში, როგორც ვიცით, სოციალისტურ მიმდინარეობას აღარ წარმოადგენს. მათი განცხადებიდან უკვე აშკარად სჩანს მათი ნაციონალისტური ზრახვა. მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ ნიკოლოზ მეორე ინიციატორი იყო ჰააგის საზავო კონფერენციისა. ასე არის, როცა ბოლშევიზმი თავის რევოლიუციონურ ფრაზეოლოგიაში უმასპინძლდება ჩამორჩენილ აზიის ქვეყნებს. ეს მოასწავებს იმას, რასაც მოასწავებდა ნიკოლოზ მეორის ინიციატივა ჰააგის საზავო კონფერენციაში. ჩვენი მეთოდი ნაციონალურ ტერიტორიალურ საკითხების გადაჭრისა არის უკვე ცნობილი. ჩვენ ვიყავით თავიდანვე იმ აზრისა, რომ ეს საკითხი უნდა გადიჭრას ურთი ერთ შორის შეთანხმებით, უნდა იყოს ცნობილი კულტურული ზომები. საცა შეთანხმება არ ხდება, ეს უნდა გადასჭრას მესამემ, ეს გადაიჭრება არბიტრაჟის საშუალებით. ეს არის ერთად ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან ხელი შეუწყოს როგორც ჩვენს დამოუკიდებლობას, აგრეთვე ჩვენს კეთილ მეზობლურ განწყობილების განმტკიცებას. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი და ეს ჩვენი მეთოდი იყო ხმარებული ჯერ კიდევ პირველ რევოლიუციის დროს. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჯერ კიდევ რუსეთის ფარგლებში ვიყავით, გახსოვთ თუ არა რა როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიამ სომეხ-თათართა ჟლეტის დროს აქ, ტფილისში. მან არ დაზოგა თავისი თავი, და ეს ბარბაროსული მოძრაობა ჩააქრო მსხვერპლის დაუზოგავათ. ეს როლი, ჩვენს დემოკრატიას მშვენივრად აქვს შეგნებული. წარსულ კვირას აქ იყო მიტინგები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა შეგნებული მუშათა კლასი ჩვენი დედა ქალაქისა. იქ იყო წარმოთქმული სიტყვები, იყო მიღებული რეზოლიუცია. მე ვფიქრობ არ არის საჭირო ამაზე სიტყვის გაგრძელება. ჩვენ ვიცით თუ რა აზრისა იყო და არის ამ ამბების შესახებ ჩვენი დემოკრატია, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დემოკრატია არ ღალატობს თავის კეთილ მეზობლურ ტრადიციებს, რომელსაც ჯერ კიდევ 1905 წ. ჩაუყარა საძირკველი. ჩვენ ვიცით ამ დემოკრატიის აზრი, რომელიც ამ მიტინგებზე გამოითქვა. ამაზე ახლა შეჩერება არ არის საჭირო. მე ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ტრადიცია უნდა გაიზიაროს როგორც ჩვენმა მთავრობამ, ისე დამფუძნებელმა კრებამ. მე ვთქვი, რომ საშინაო პოლიტიკა უნდა ეთანხმებოდეს საგარეო პოლიტიკას და სწორედ ასეთი იყო ჩვენი პოლიტიკა.

თუ როგორ იყო წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკა ეს თქვენ აქ ადგილობრივად ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ საზღვარ-გარედ ჩვენი დელეგაცია ყოველ ზომას ხმარობდა, რომ მოეწყო სოლიდარული გამოსვლები ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებისა. მას კარგად ჰქონდა შეგნებული თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სოლიდარობას ყველა რესპუბლიკისათვის. თქვენ დამეთანხმებით იმაში, რომ სამივე რესპუბლიკა, მისი წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ სოლიდარულად თავიანთ გამოსვლებში, ის საერთაშორისო საკითხი, რომელიც თქვენს წინაშე სდგას, უკვე გადაჭრილი იქნებოდა. სამივე რესპუბლიკა იქნებოდა ცნობილი არა მარტო ფაქტიურად, არამედ იურიდიულადაც. ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა მტკიცე იქნებოდა, ვინაიდან მაშინ დიდი სახელმწიფოები, რომელნიც სჭრიან ბედს პატარა სახელმწიფოებისას, დაინახავდენ, რომ ამიერ-კავკასიაში არსებობენ შესაფერი სახელმწიფოები, რომელნიც მუშაობენ შეთანხმებულად და გამოდიან, როგორც ერთი სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე, მათ სხვა გზა არ ექნებოდათ, რომ ეს არ დაედასტურებინათ. მე ვამბობ გადაჭრით, რომ ის სიძნელე, რომელიც თან ახლავს ბათომის საკითხის გადაჭრას, დღეს აღარ იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენი დელეგაცია ცდილობდა, არ ყოფილა არც ერთი ისეთი ყრილობა, სადაც არ მოეწვია სომხეთის და აზერბეიჯანის წარმომადგენლები. თქვენ იცით, რომ ჩვენი დელეგაცია გამოდიოდა ბალტიის მხარის დელეგაციასთან ერთად სხვა და სხვა საკითხებში. მაგალითად, როდესაც უმაღლესმა, ეგრედ წოდებულმა ხუთთა საბჭომ გაგზავნა დეპეშა კოლჩაკთან - მაშინ ვილსონი პარიზში იყო - და კოლჩაკის მთავრობა ცნობილი იყო, როგორც რუსეთის მთავრობა. აი ამის წინააღმდეგ საჭირო იყო პროტესტი. ამაში მონაწილეობა მიიღო რუსეთისაგან გამოყოფილმა ყველა რესპუბლიკის დელეგაციამ. მათ შორის ვერ დაინახავდით მხოლოდ სომხეთის დელეგაციას. არ ყოფილა არც ერთი საკითხი, სადაც დელეგაციები გამოდიოდენ, რომ იქ სომხეთის დელეგაცია ყოფილიყო. არ შეიძლება ითქვას, რომ აზერბეიჯანის დელეგაცია გამოდიოდა ჩვენთან ერთად.

ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ევროპისათვის ერთი ფიზიონომია. აი მაგალითად, როცა ჩვენი და აზერბეიჯანის დამოუკიდებლობა იყო ცნობილი, მაშინ არ ყოფილა ცნობილი სომხების დამოუკიდებლობა. მხოლოდ შემდეგ იცნეს. ჩვენ რომ გავიგეთ ფაქტი ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობისა უმაღლესი საბჭოს მიერ, სადაც იყო მიწვეული აზერბეიჯანის და საქართველოს დელეგაციები ამ უმაღლეს საბჭოში ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელმა დასვა საკითხი სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა. მან განაცხადა, რომ ჩვენ არა გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი დამოუკიდებლობა ისე, თუ არ იქნა ცნობილი სომხეთის დამოუკიდებლობაო.

ჩვენ ასე გვესმოდა ჩვენი მუშაობა მაშინაც კი, როდესაც ჩვენთან არ მუშაობდენ. ჩვენ გვინდოდა გამტკიცებულიყო დამოუკიდებლობა და თავისუფლება არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი მეზობლებისაც, ვინაიდგან ამას აქვს ჩვენი მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენ მეზობლები ვართ და მეზობელთა შორის უნდა იყოს კარგი განწყობილება. ასეთია მორალი განვითარებულ ხალხისა. ეს იმიტომ არის, მოქალაქენო, მნიშვნელოვანი, რომ ერთი-მეორეზე საჩივარი, ერთი-მეორის წინააღმდეგ გამოლაშქრება საერთაშორისო ასპარეზზე დიდ ხიფათს უმზადებს ამიერ-კავკასიას. ეს მოასწავებს ამიერ-კავკასიის ბალკანიზაციას. თუ ამიერ-კავკასია ჩადგება ისეთ პირობებში, როგორშიაც იყო ბალკანეთი, დაიჯერეთ, რომ მაშინ ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა დიდ ხიფათში ჩავარდება. უნდა უფრთხოდეთ ამას. ჩვენ საშინაო სადაო საქმეებში გარეშე ძალის ჩარევას უნდა ვერიდებოდეთ. ჩვენ საზოგადოდ ვიყავით წინააღმდეგი ჩარევისა აგრეთვე რუსეთის საქმეებში. მით უფრო უნდა ვიყვეთ წინააღმდეგი ჩვენს საქმეებში ჩარევისა, ვინაიდან, დაიჯერეთ, თუ ტფილისსა, ბაქოსა და ერევანში სიწყნარე არ არის, ამიერ-კავკასია ისეთი მნიშვნელოვანია ევროპისა და აზიისათვის - ეს წინადაც ესმოდათ - რომ შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩეს ეს, და თუ ყურადღება მიაქციეს, ეს მოასწავებს იმას, რომ ამის შედეგები იქნება მავნე მთელი ჩვენი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებისათვის. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს საკითხი ჩვენც გვეხება და დაჟინებით მოვითხოვთ, რომ იგი გადაიჭრას ისე, როგორც იყო განზრახული ნოემბრის შეთანხმებით. უეჭველად უნდა მოხდეს ურთიერთ შორის შეთანხმება. უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაჭრა არა აბდულ-ჰამიდის მეთოდით, არამედ წესიერ, ევროპიული დემოკრატიული მეთოდით. სწორედ იმ დემოკრატიული მეთოდით, რომელზედაც ლაპარაკობს მიმართვა. მე პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ კონფერენციები, რომელიც იყო მოწვეული ჩვენი მთავრობის მეთაურობით, ვერ გამოდგა ნაყოფიერი, მაგრამ მას ჰქონდა ასეთი თუ ისეთი შედეგი. ეს შედეგი იყო ნოემბრის შეთანხმება. აქ კიდევ უნდა მოხდეს კონფერენცია. უნდა დაისვას ეს საკითხი. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ამ კონფერენციას, ვინაიდან ვინც ამ კონფერენციას უნდა დაესწროს, ის არ მოვა აქ იმ შეგნებით და პოლიტიკით, რომელიც აქ არის ამ მიმართვაში გატარებული, ე.ი. გაატარებენ აღმოსავლეთის პოლიტიკას, დიპლომატიას. ჩვენთვის საჭირო არის - თუ ეს საზოგადოდ საჭიროა - ევროპიული დიპლომატია. საჭიროა, რომ ნათლად და აშკარად დაისვას საკითხი და გადაიჭრას ისე, როგორც სასარგებლოა ყველასათვის და განსაკუთრებით ამ ორი რესპუბლიკისათვის. როცა ეს ორი მთავრობა, ეს პარლამენტები ფიქრობენ სისხლის ღვრით, ხმლით გადაჭრას ნაციონალური საკითხისას, მე ეჭვი შემაქვს, არიან თუ არა ისინი მომხრენი თავისი დამოუკიდებლობისა? მაშინ მათ უნდა შეიგნონ, რომ ის, რაც დღეს იქ ხდება - ეს არის ფესვების გამოთხრა, როგორც დამოუკიდებლობის, ისე თავისუფლებისა. ჩვენმა პარლამენტმა, დამფუძნებელმა კრებამ უნდა ერთხმად აღიაროს, უნდა მოსთხოვოს მათ, რომ სადაო საკითხები გადასჭრან იმ მეთოდებით, რომელსაც ჩვენ მუდამ ვუკარნახებდით, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს არც მათთვის, არც ჩვენთვის. სანამ ამას არ შეიგნებენ, ასეთ მომართვით შეუძლებელია რამე გაკეთდეს. ერთი რამ შეიძლება მხოლოდ გაკეთდეს. ეს ის, რომ, როდესაც ერთ მომჩივანს გამოუტანთ მსჯავრს, გამოჩნდება მესამე პირი, რაც ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენვე ვიყოთ მჭედელი ჩვენი მომავლისა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი თავისუფლებისა. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ბატონ ვეშაპელს ეკუთვნის.

გრ. ვეშაპელი. (ნაც.-პ.) ბატონებო! ინტერესი საქართველოსი საზოგადოდ და საქართველოს დამფუძნებელ კრებისა კერძოდ იმ ამბებისადმი, რომლებიც ეხება ყარაბაღში, ზანგეზურში, ყარსის ოლქში და საერთოდ სომხების და თათრების საზღვარზე ხდება, არის იმდენად დიდი, რომ, კიდეც რომ არ მოემართა ჩვენთვის რომელიმე მხარეს, ჩვენ ამ ამბების შესახებ ჩვენი აზრი მაინც უნდა გვეთქვა. თავის თავად ცხადია, რომ ეხლანდელ პირობებში თათრების და სომხების ჩვეულებრივი უთანხმოება, სისხლის ღვრა იღებს ნამდვილ ომის ხასიათს. დღეს, როდესაც ერთის მხრივ რუსეთი, თავის საბაბსა და მიზეზს ეძებს, რომ კავკასიის ქედს აქეთ რუსეთის საქმეების კეთება დაიწყოს, თავის თავად ცხადია, რომ ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იქნება ერთი საუკეთესო საშუალებათაგანი იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახით რუსეთის მთავრობამ - დღეს ის უკვე აღარ არის უბრალო ბოლშევიკური მთავრობა, არამედ ნამდვილი რუსეთის იმპერიალისტური მთავრობაა - მიიღოს თავის თავზე მოვალეობა განაგრძოს თავისი ძველი კულტურული მისია და ჩაერიოს კავკასიის საქმეებში. თავის თავად ცხადია, რომ ჩვენი უბედურება ის კი არ იქნება, რომ დაიწერება საჩივარი სომხეთზე ან აზერბეიჯანზე, იმიტომ რომ მე არ ვეკუთვნი იმათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, თუ დამოუკიდებელი იქნება სომხეთი და ადერბეიჯანი, რომ უაზერბეიჯანოთ და უსომხეთოთ არსებობა არ შეგვიძლიან, მაგრამ უბედურება ის არის რომ ჩვენც წავაგებთ სომხეთის და აზერბეიჯანის საქმეებში ჩარევით, თუ სრულებით არ წავაგებთ, ყოველ შემთხვევაში დიდ რამეს მაინც დავკარგავთ. მეორე მიზეზი ჩვენი ინტერესისა ამ საქმისადმი არის ის, რომ ჩვენს სახელმწიფოში საერთოდ ბევრი მაჰმადიანი ცხოვრობს. თავის თავად ცხადია, რომ თუ აზერბეიჯანის და სომხეთის უთანხმოება მიიღებს ომის ხასიათს, ჩვენში ძალიან ძნელი იქნება ნორმალური პირობების დაცვა იმ მაზრებში და კუთხეებში მაინც, სადაც სომხები და მაჰმადიანები ერთად ცხოვრობდენ. და რადგანაც ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მაჰმადის სჯულს აღიარებს, თავის თავად ცხადია, რომ არ შეიძლება დიდი ყურადღება არ მიაქციოთ ამ ომს, რომელიც თითქმის რელიგიურ ომის ხასიათს იღებს. ბატონებო! ძალიან ძნელი არის იმის მტკიცება, თუ რომელი მხარე არის მართალი იმ ბრძოლაში, რომელიც ეხლა არის გამართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ყოველთვის ძნელი არის ამის მტკიცება საერთოდ და განსაკუთრებით ძნელი არის ეს, როდესაც საქმე სომხეთსა და აზერბეიჯანს ეხება. ის დეპეშები, რომლებიც მოსდის მთავრობისაგან, პარლამენტებისაგან, შემდეგ ქალაქებიდან და სოფლის წარმომადგენლებისაგან, თითქმის ერთნაირი ენით არის დაწერილი, როგორც აზერბეიჯანიდან, ისე სომხეთიდან ამა თუ იმ ამბის შესახებ. მხოლოდ ერთი კი უნდა ითქვას, რომ სომხეთი უფრო მომზადებული შეხვდა ამ ამბებს, ვიდრე აზერბეიჯანი. ჯერჯერობით სამხედრო, ეგრედ წოდებულ ოპერატიულ ცნობების მიხედვით, სომხეთს არა აქვს მაინც და მაინც მიზეზი, რომ შეაწუხოს მომართვით საქართველოს პარლამენტი ან დამფუძნებელი კრება. სომხეთის რეგულიარული ჯარები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე აზერბეიჯანისა და, სამწუხაროდ, ჩვენი... (არ ისმის. თავმჯდომარის ზარი) საერთოდ რასაკვირველია, მე რიცხვს არ ვაქცევ ყურადღებას.

სწორედ სომხეთის მთავრობის მთელი პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ გაეწრთვნა თავისი რეგულიარული ძალები. ამაში დახმარებას უწევდნენ სხვა და სხვა უცხო სახელმწიფოები და არსებული ცნობების მიხედვით ვიმეორებ, დღეს და საერთოდ უკანასკნელ უთანხმოების დროს სომხეთის რეგულიარული ჯარი წარმოადგენდა გაცილებით უფრო დიდ ძალას, ვიდრე აზერბაიჯანის ჯარი, ალბათ ამით აიხსნება, რომ თანახმად სომხეთის ცნობებისა იქ უკვე უქმობენ გამარჯვებას. ოპერაციები სომხეთის ჯარის მხრივუფრო ფართო ხასიათს იღებს, უფრო ბევრი მიმართულებით წარმოებს, ვიდრე ადერბეიჯანის მხრივ. რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გათავდება სომხეთის გამარჯვებით, თუ გაგრძელდა ბრძოლა. მე მინდა ვსთქვა, რომ სომხეთი უფრო კარგ მდგომარეობაში და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე აზერბეიჯანი და სამხედრო ტრადიციების მიხედვით, - ამ გარემოებას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ომის დაწყების მიზეზები ძველია. ამ მიზეზთა შორის არის ძველი ისტორიული დავა, ძველი წინააღმდეგობა, რომელიც იყო სომხეთსა და სათათრეთს შორის ამიერ-კავკასიაში. ჩვენ ვიცით დაახლოვებით რა წარმოადგენს ამ ურთიერთობათა ინტერესების მაქსიმუმს. ცხადია, რომ აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს აქვს თავისი მაქსიმუმი ამიერ-კავკასიაში. აზებაიჯანის ეროვნული ინტერესების მაქსიმუმი ის არის, რომ ასე თუ ისე პირდაპირი საზღვრები ჰქონდეს ოსმალეთთან. ეს არის ძირითადი მიზანი აზერბაიჯანის პოლიტიკის მიმართულებისა საერთოდ. მე არ ვგმობ ამით ამა თუ იმ მთავრობის, ამა თუ იმ პარლამენტის პოლიტიკას. ამ მხრივ, რასაკვირველია, სომხეთი როგორც ოსმალეთსა და აზერბაიჯანს შორის მყოფი დიდ საწინააღმდეგო ძალას წარმოადგენს. სწორეთ ამით შეიძლება იმის ახსნა, რომ აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების მაქსიმუმი ძალიან ძნელად ეგუება სომხეთის ეროვნულ პოლიტიკას. უკნასკნელს აქვს თავისი მაქსიმუმი და, რასაკვირველია, ჩვენ არ წავაგებთ თუ ისიც გვექნება გათვალისწინებული. რამდენად უფრო ფანტასტიური გამოდის გეგმა დიდი სომხეთის შეჰქმნისა ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე, თან და თან რამდენათ თვით დიდი სახელმწიფოები, რომელნიც ხელის შეწყობას შეპირდნენ სომხეთს, სხვა და სხვა დროს დიდ სომხეთის შექმნაზე ოცნებობდენ, რამდენათ ეს სახელმწიფოები, ინგლისი, ამერიკა ხელს იღებენ ამ დიდ სომხეთის შექმნაზე, რამდენად გერმანიაში, ლონდონში, ამერიკაში ან პარიზის კონფერენციაზე ამცირებენ ამ სომხეთის ფარგლებს, იმდენათ უფრო მწვავე ხასიათს იღებს ამიერკავკასიაში სომხეთის პოლიტიკა. მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიისაკუთროს. სულ ერთია, სომხეთის იქნება ეს ტერიტორია თუ აზერბაიჯანის, რადგანაც ვიმეორებ, იმედი თან და თან იკარგება, რომ იქ ოსმალეთის იმპერიაში რაიმე დიდი კომპენსაცია ხვდეს სომხეთს. ვიმეორებ რამდენად ეკარგება სომხეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს იმედი 7-6 ვილაიეტის მიღებისა ოსმალეთისაგან, იმდენათ ისინი გაფაციცებით ეძებენ კუთხეებს, სადაც რუსეთმა იმათ დაუსახლა სომხები და აყენებენ ამ სომხეთის ოაზისის საკითხს. უნდათ ერევანს შეუკავშირონ ეს ოაზისები. ბოლო დროს უსათუოდ გამწვავდა ყარაბახის საკითხი და უსათუოთ ხდება ის ისტორიული დაპყრობა, დამშვიდება ე.ი. ხოცვა-ჟლეტა იმ მაჰმადიანებისა, რომლებიც გაჩხირულნი არიან ერევნის და ახალციხის შორის.

არც ერთ ფრაქციას დამფუძნებელი კრებისას არა აქვს სურვილი, რომ დღევანდელი კრება და ან საერთოდ ჩვენი კრებული გახდეს საგნათ. (არ ისმის) მაგრამ რადგან კარაბახი უფრო შორს არის, ვიდრე ახალქალაქი, მე როგორც ნაციონალისტი მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს განვაცხადო ის, რაც ჩვენ გვეხება და რაც ჩვენ არ შეგვეხება; რომ რეზოლიუცია გამოვიტანოთ და დავპირდეთ კავკასიის ხალხებს, რომ საქართველო შეარიგებს სომხებსა და თათრებს, რომელნიც რუსეთმა, ინგლისმა და ამერიკამ ვერ შეარიგა, ეს რასაკვირველია, საქართველოს რესპუბლიკას გაუძნელდება. მე მხოლოდ მინდა ის ვთქვა, რომ რამდენად ეს ამბები საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს შეეხება, იმდენად ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ დარაჯათ ვუდგეთ ქართველ ერის ინტერესებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ თვალსაზრისით უყუროთ იმას, რაც ხდება ყარაბახში. იმასაც გავიმეორებ, რომ არ მინდა ვთქვა, თითქოს მარტო სომხეთის პოლიტიკის მაქსიმუმი იყოს საქართველოსათვის საწინააღმდეგო. აზერბეიჯანის ეროვნული პოლიტიკის მაქსიმუმიც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, იმიტომ, რომ იმდენად, რამდენადაც ის პრეტენზიებს აცხადებს ბათომზე და ეძებს გზას შავი ზღვით ევროპაში, იმდენად იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ ამასთან ერთად თქვენ ყოველთვის გახსოვთ, რომ სომხეთის ეროვნული პოლიტიკის მაქსიმუმი არის მიმართული ოაზისების გაერთიანებისაკენ ერევნის სომხეთთან. და ეს სურვილი გაეზარდათ მას შემდეგ, რაც სომხეთმა სრულიად დაკარგა იმედი ოსმალეთში დიდი სომხეთის შექმნისა. ეს საკითხი შეეხება არა მარტო აზერბეიჯანის სასიცოცხლო ინტერესს, არამედ მიმართული არის ჩვენი ინტერესებისაკენაც, და ეს იმდენად, რამდენადაც ყარსის ოლქის მაჰმადიანებს, რომელნიც მეტ ნაწილად ქართველური სისხლისანი არიან ასეთი პოლიტიკით დიდი საფრთხე მოელით. განსაკუთრებით ეს შეეხება არტაანის ოლქს. იმ არტაანის მაჰმადიანების მოსახლეობას, რომელნიც ჰყოფდნენ ერევნის სომხებს ახალქალაქის სომხებისაგან. რომ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობა ინტერესებისა არ არის შემთხვევითი, რომ ის არაფრით არ ჩამოუვარდება, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, აღემატება აზერბეიჯანის ეროვნული პოლიტიკის მაქსიმუმს, ამის თქმა შეიძლებოდა მაშინაც, როდესაც ბათომის საკითხი ირჩეოდა; რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი ამისი გარკვევისათვის, შემდეგი რამის დამატება შეიძლება, რომ დამფუძნებელ კრებას მთელი სურათი ჰქონდეს თვალწინ დასახული და საერთოდ ყველამ იცოდეს ყოველგვარი შესაძლებლობა. როდესაც ბათომის საკითხს სწყვეტდენ, მე ვიცი სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ხატისოვის აზრი, რომელიც ჩვენ მთავრობას უნდა გაეგო, როგორც ოფიციალური აზრი სომხეთის მთავრობისა, მას უთქვამს, რომ სომხეთს აქვს პირდაპირი ინტერესი ბათომის ოლქში, ჭოროხის ნაპირებზე და რომ ბათომის საკითხი არ უნდა დაისვას მხოლოდ საქართველოს ინიციატივით და საქართველოს ინტერესების თვალსაზრისითო, არამედ ის უნდა გადაწყდეს, როგორც საერთაშორისო საკითხი, სომხეთის ხალხთან კერძო შეთანხმებითო. ეს უკანასკნელი განცხადება დამყარებული არის იმაზედ, რომ სომხეთს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ოაზისების გაერთიანება უნდა, მას უნდა ახალქალაქის ოაზისი პირდაპირ დაუკავშიროს ერევანს. ამის გარდა მას უნდა გასავალი შავი ზღვისაკენ. მხოლოთ არა იმისათვის, რომ როგორც აზერბეიჯანი დაუკავშირდეს ოსმალეთს და მოიახლოვოს პირდაპირი პორტი გასავალი ზღვისაკენ. გარდა ამისა მათ აქვთ პროექტი რკინის გზის გაყვანისა ბათომსა და ყარსის შუა. ეს არის ყოველ შემთხვევაში სომხეთის იმპერიალისტების პროექტი.

ამ რკინის გზას, - რომელიც სომხეთის რკინის გზა იქნება, - ბათომ-ყარაბაღით - ხომ უნდა თავისი მიწა და სწორედ ამ მიწისთვის იბრძვიან. ამ პროექტზე ლაპარაკობდა ხატისოვი, როცა ის ამბობდა, რომ ბათომის საკითხს აქვს თავისი მნიშვნელობა და ის ისე ვერ გადაწყდება, როგორც საქართველოს საკითხი, არამედ ის უნდა გადიჭრას, როგორც საერთაშორისო საკითხიო, რომ სომხეთს აქვს თავისი ინტერესი ამ საქმეშიო და სხვ. ახლა მოგახსენებთ არტაანის ოლქზე, ის უმეტესად დასახლებულია სისხლით ქართველ მაჰმადიანებით. ამ მაჰმადიანობამ რამდენი ხანია, რაც საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ მან ის დაიხსნას ჟლეტისაგან. მთელი ყარსის ოლქის, კერძოდ ჩალდირის მაჰმადიანებმა პეტიციითაც კი მიჰმართეს საქართველოს მთავრობას - დაგვიხსენით ამ ჟლეტისაგანაო, სთხოვდენ საქართველოსთან შეერთებას და მის ქვეშევრდომებად მიღებას. ეს თხოვნა არ არის არაბუნებრივი, რომ მისთვის ყურადღება არ მიექცია ჩვენს მთავრობას, - ეს ჩალდირი არის ახალქალაქის გვერდზე ჩვენს საზღვრებზე, შემდეგ ის არის იმ გზატკეცილზე, რომელიც ახალქალაქ-არტაანისაკენ მოდის, არტაანი კი ჩვენს ხელშია. გარდა ამისა, ვიმეორებ, ეს მაჰმადიანები ქართული სისხლისანი არიან. გარდა ამისა ამ ოლქში სომხები სტატისტიკური ცნობების მიხედვით ძალიან მცირე რიცხვს შეადგენს, აი ეს ოლქი, მიუხედავად ასეთ მდგომარეობისა, ჩვენთვის გაუგებარ მოსაზრებისა, სრულიად მოულოდნელად გადაეცა სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ ყარსის და არტაანის ოლქებს ბოლომდე უნდა გაეაზრებინათ ის ბედი, რომელიც მათ ბრესტის ხელშეკრულებამ არგუნა. ყარსი და არტაანიც, ორივე ერთი და იმავე მოსაზრებით ინგლისის სარდლობას ეკავა, ეს იმიტომ, რომ ინგლისს არ უნდოდა ყარსი და ბათომი ოსმალეთს ჩავარდნოდა ხელში. მიუხედავად ამისა, ინგლისმა ბრესტის ხელშეკრულების ლიკვიდაცია გაყო ორ ნაწილად: ბათომი თვითონ დაიკავა, ყარსი კი სომხებს გადასცა. ამ რიგად სომხეთს ძალიან იოლად ჩაუვარდა ხელში ყარსის ოლქი. დღეს არტაანში და ახალციხეში სდგას ჩვენი ჯარი, ეს იმიტომ, რომ ჯავახეთი ჩვენი რესპუბლიკის პროვინცია არის და სომხები ცდილობენ, რომ რითაც არ უნდა დაუჯდეს დაიმორჩილონ მაჰმადიანები და ამით საშუალებას გვისპობენ, რომ ბათომ-არტაანის გასაღები ჩვენთვის იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენი მთავრობა ღირსია საყვედურისა, რომ მაჰმადიანების თხოვნამ მასთან ვერ გასჭრა და ისინი მსხვერპლად შეეწირენ დიდი სომხეთის შექმნის იდეას აქ, ამიერ-კავკასიაში, მას შემდეგ, რაც დიდი სომხეთის შექმნის იდეა უიმედო აღმოჩნდა ოსმალეთში. ჩვენს მთავრობას ამაზე შეუძლია განაცხადოს და თქვენც დაადასტუროთ ის, რომ მაჰმადიანების თხოვნა გამოწვეული იყო მით, რომ იქ არ დატრიალებულიყო ისეთი ამბები, როგორიც ახლა სომხეთ-აზერბაიჯანის შორის ტრიალებს. შეიძლება მიმდინარე პოლიტიკური პირობების მიხედვით ეს გამართლდეს, მაგრამ ეროვნული ინტერესის მიხედვით ამის გამართლება ისტორიულად ძნელია. ჩემი მიმართვა საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და მთავრობისადმი ის არის, რომ მთავრობა უფრო მეტის ენერგიით და ყურადღებით უდგას დარაჯად საქართველოს სამხრეთის საზღვრებს დაწყებული ბორჩალოს მაზრიდან, ვიდრე შავ ზღვამდე. ჩვენ დამრიგებლის როლი არ შეგვიძლია მივიღოთ, მაგრამ ჩვენი მთავრობა და ჩვენ ვალდებული ვართ, თუ ეს ომი არ გათავდა, მივიღოთ ზომები, რათა ამ ომმა ცუდი შედეგები არ მოუტანოს ჩვენს საკუთარ ქვეყანას, რომ მძიმე არ გახდეს ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს მაზრებში, რომელნიც სამხრეთს აკრავან და რომელშიაც სომეხ-მაჰმადიანები სცხოვრობენ. ასეთია მაზრები ბორჩალოსი, ახალქალაქის, ახალციხის და საერთოდ სამაჰმადიანო საქართველო. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი მთავრობა ამას დარაჯად დასდგომოდა და მე ვისურვებ, რომ არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ რამე წავაგოთ ეროვნული ინტერესის მიხედვით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ლეო შენგელაიას.

. შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ამ მოკლე ხანში ამიერ-კავკასიის ერების ცხოვრებაში მოხდა ორი უდიდესი მნიშვნელოვანი აქტი: ერთის მხრით ევროპამ იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, ხოლო მეორეს მხრით ამიერ-კავკასიის ერები შეუთანხმდენ ერთი მეორეს, რომ ჩვენ შორის არსებული სადაო საკითხები გადაწყვეტილ იქნენ შეთანხმებით და მშვიდობიანი გზით. თუ პირველი მათგანი იყო დაგვირგვინება ჩვენი ორი წლის ბრძოლისა, მეორე იყო გარანტია იმისა, რომ ამიერ-კავკასია არ გადაიქცეოდა მეორე ბალკანეთად, რომ ამიერ-კავკასიის ერები შესძლებდნენ ბოლოს და ბოლოს მოეწყოთ თავიანთი ცხოვრება ისე, რომ ყოველ მათგანს ეცხოვრა დამოუკიდებლად. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორი წლის დამოუკიდებელი არსებობა აღსავსე იყო სიურპრიზებით და ტრაღიკული მომენტებით. დღემდის ჩვენი ცხოვრება ისე მიმდინარეობდა, რომ თუ ერთ დღეს არხეინად ვგრძნობდით თავს, მეორე დღეს იარაღს ვისხამდით, ერთ დღეს თუ ვზეიმობდით, მეორე დღეს ვსტიროდით. დღეს სატირალია ის ამბავი, რომელზედაც მოგვითხრობს აზერბაიჯანის პარლამენტის რეზოლიუცია. ერთი ასეთი საბედისწერო და ტრაღიკული მომენტი არის ის ბრძოლა, რომელიც აზებაიჯანის და სომხეთის შორის სწარმოებს. და ეს ბრძოლა არ არის სომხეთისა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ან აზერბაიჯანისა სომხეთის წინააღმდეგ: იგი ამიერ-კავკასიის ერების რესპუბლიკების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ის შუღლი, რომელმაც ფრთები აიხსნა და რომელმაც მოგვცა თავისი სისხლიანი ნაყოფი აზერბაიჯანის და სომხეთის შეტაკების დროს, შეუძლებლად სთვლის არა მარტო აზერბაიჯანის და სომხეთის დამოუკიდებლობას, არამედ მთელი ამიერ-კავკასიის ერების ფიზიკურ არსებობას. და ჩვენი მოვალეობა არის გაუგზავნოთ სასტიკი პროტესტი იმათ, ვინც დირიჟორობს ამ შეტაკებას და არ ცდილობს, რომ სადაო საკითხები აზერბაიჯანის და სომხეთის შორის გადაწყდეს მშვიდობიანობის გზით. ამას ჩვენ გვიკარნახებს არა უბრალო სანტიმენტალიზმი და კაცთ-მოყვარეობა, მას გვიკარნახებს ამიერ-კავკასიის ყველა რესპუბლიკის სასიცოცხლიო ინტერესები.

თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ ამას წინად ევროპის იმპერიალისტებმა ჩვენს ერს ახალი სიურპრიზი შესთავაზეს. უმაღლესმა საბჭომ ბათომი პორტო-ფრანკოდ გამოაცხადა. რას ნიშნავს ეს? განა იმპერიალისტურმა ევროპამ არ იცის, რომ საქართველოს არ შეუძლიან ჯან-მრთელად არსებობა თუ მასთან არ იქნება სამაჰმადიანო საქართველო? თუ მის ხელში არ იქნება ბათომი?! და თუ მართლაც იმპერიალისტური ევროპა ამის მომხრეა, რომ ბათომი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმპერიალისტური ევროპა არ არის მომხრე ჩვენი ფაქტიური დამოუკიდებლობისა, არამედ ის მომხრეა ჩვენი ფიქტიური დამოუკიდებლობისა. თუ ჩვენ რესპუბლიკას ჩამოგლეჯენ საუკეთესო ნაწილებს, ურომლისოდ მას ცხოვრება არ შეუძლია, ეს იქნება არა ფაქტიური დამოუკიდებლობა. მაშასადამე ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია იმპერიალისტური საფრთხე.

ასევე უნდა ითქვას იმ საკითხის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის. ჩვენ არ გვაქვს სურვილი მათთან შეტაკებისა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი დამოკიდებულება, როგორი ურთი-ერთობა დამყარდება ჩვენსა და მათ შორის.

და ასეთ პირობებში ამიერ-კავკასიის ერებს მართებთ თავისი ძარღვების დაჭიმვა და მთელი თავისი ძალების მობილიზაცია, რათა წინააღუდგეს ყველა იმ ძალას, რომელიც ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ იქნება მომართული, იქნება ეს ევროპიულ იმპერიალიზმის მიერ წარმოებული, თუ აღმოსავლეთის ფანატიზმის მიერ.

აქ მთავარი საკითხი არ არის მარტო ყარაბახის საკითხი. ჩვენ წინ არის უფრო ფართო საკითხი. ეს არის ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი. და ფაქტად არ გადაიქცევა ყველა ის შეთანხმება, რომელიც დადებულა ან დაიდება ჩვენსა და აზერბაიჯანის შორის, ან აზერბაიჯანის და სომხეთის შორის, თუ საკითხი ტერიტორიის გამიჯვნისა საბოლოოდ არ გადაწყდა. ამიტომ ჩვენი მოვალეობა არის, ეს საკითხი დაისვას დღის წესრიგში და გადაწყდეს ისე, რომ არც ერთი არ შეიქნეს შეურაცხყოფილი, არავინ არ იქნას დაჩაგრული. ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტით რეალური საფუძველი ჩაეყრება იმ საკითხს, რომლის შედეგებს ვერ ვხედავთ ჯერ-ჯერობით სინამდვილეში.

იმ რეზოლიუციაში რომელიც არის გამოგზავნილი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ, აზერბაიჯანის პარლამენტი და მასთან ერთად ყველა ფრაქციები, რომელნიც ემხრობიან ამ რეზოლიუციას, იმ ამბების პასუხის მგებლობას, რომელიც დატრიალდა ყარაბაღში, აკისრებს სომხეთის მთავრობას. მე ვფიქრობ რომ ორი-სამი დღის შემდეგ უთუოდ ასეთსავე რეზოლიუციას გამოიტანს სომხეთის პარლამენტი და ისიც მთელ პასუხის-მგებლობას დააკისრებს აზერბაიჯანის მთავრობას.

რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შეუდგებით იმის გამორკვევას, თუ ვინ არის მტყუანი ან ვინ მართალი. მაგრამ ერთი რამ არის ჩვენთვის აშკარა: მტყუანი არის ის, ვინც გაურბის შეთანხმებას, მტყუანი იქნება ის, ვინც სადაო საკითხების გადასაწყვეტად იარაღს მიმართავს. ეს აშკარაა ჩვენთვის, აშკარაა ყველასათვის.

ბატონებო! აქ ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ყოველი ჩვენგანი გრძნობთ, თუ რამდენად დამღუპველია ის შეტაკება, რომელიც სწარმოებს აზერბაიჯანის და სომხეთის შორის. ყოველი ჩვენგანი გრძნობს, რომ ამ შეტაკებაში დაიწვება და დაიფერფლება არა მარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ მთელი ამიერკავკასია. ამიტომ ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის ჩვენს მეზობლებს შევსძახოთ: შესდექით! ამიერ-კავკასიის ბედ-იღბალი და მომავალი მოითხოვს, რომ ამიერ-კავკასიის ერებს შორის დამყარდეს მშვიდობიანი განწყობილება.

ნუ გაახარებთ თქვენს მტრებს და ნუ დააღონებთ თქვენს მეგობრებს! (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ბატონ გვაზავას ეკუთვნის.

. გვაზავა (ე.-დ.) ის შეხლა-შემოხლა, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არ არის ახალი. ეს აღმოცენებულია საერთოდ ტერიტორიის საკითხის ნიადაგზე. ეს საკითხი ვრცელია, ამ საკითხზე ბევრი მუშაობა გვქონდა. მასზე მეც ვმუშაობდი მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ იყო გამოცხადებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ყარაბახში, ზანგეზურში და სხვა ადგილებში ისეა გადახლართული აზერბაიჯანის და სომხეთის ინტერესები, რომ თითეული მათგანი ფიქრობს, რომ მას იმ ადგილების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სომხები ამბობენ, რომ ყარაბაღშია მათი სასიცოცხლო ინტერესები, ვინაიდან იქ ჩვენი მოსახლეობა ბევრიაო, აზერბაიჯანი ამბობს, რომ იქ მას დიდი ეკონომიური ინტერესი აქვს. და როდესაც თითოეული ამ სახელმწიფოთაგანი ასე უყურებს ყარაბაღს, ამ საკითხის ასე იოლად გადაწყვეტა, როგორც წარმოუდგენია ბ. აკ. ჩხენკელს, ძალიან ძნელია. რასაკვირველია ჩვენი სურვილია მათ შორის დავა შეთანხმებით გადაწყდეს, მაგრამ ეს მიზანს ვერ აღწევს და მხოლოდ სურვილად რჩება. ეს ჩვენ ბევრჯერ ვსცადეთ, მაგრამ არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ეს საზოგადო მოვლენა არის ერის ცხოვრებაში. ასეთი თავისებური ტრაგედია არის მსოფლიო მოვლენებში, ასეთი საკითხები ხშირად არ სწყდება ისე, როგორც ჩვენა გვგონია, ხშირად შეთანხმება არ ხდება და სისხლის ღვრა აუცილებელია. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს ეხლანდელ მდგომარეობას და იმ საფრთხეს, რომელიც ჩრდილოეთიდან არის, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ამა თუ იმ წინადადებით ორივე ერს. საქმე იმაშია, რომ ამიერ-კავკასიას საერთოდ და ყველა რესპუბლიკებს ცალკე დიდი საფრთხე მოელის ჩრდილოეთიდან. რაც უნდა იყოს, ჩვენი ცხოვრება ჯერ განმტკიცებული არ არის. ჩვენი სახელმწიფოები იურიდიულად ცნობილი არ არიან და ასეთ პირობებში შინაური ცხოვრების საკითხების გადაჭრისათვის არ უნდა იყოს დავა, თუნდაც შიგ ჩაქსოვილი იყოს სასიცოცხლო ინტერესები. ასეთი წინადადებით აუცილებლად უნდა მივმართოთ სომხეთს და აზერბეიჯანს. ამ შემთხვევაში ყველანი უნდა გამოვდიოდეთ იმ უმთავრესი დებულებიდან, რომელსაც სახელმწიფოებრივი იდეა ჰქვია. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჩვენ ამნაირად უყურებთ მეზობელ სახელმწიფოებსაც. დღეს ორ მეზობელს შორის შეტაკება ხდება. იბადება კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მესამე სახელმწიფო? ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო ნორმებს და მის თანახმად უნდა მოვიქცეთ. აქ გამოთქმული იყო აზრი, რომ მომრიგებლის როლს ვერ მივიღებთო. ჩემის აზრით ეს არ არის მართალი. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ მომრიგებლის როლში. ჩვენ ან ჩუმად უნდა ვიყვეთ და ნეიტრალიტეტი დავიცვათ, ან და გამოვიდეთ იმ ფორმებში, რა ფორმებშიაც გამოდის სხვა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში. ეს არის წინადადება მეგობრული შუამავლობისა. ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო უფლების მიერ. და მე არ ვიცი, რად უნდა აუქციოთ ჩვენ გვერდი ამ უფლებრივ ნორმებს. და არამც თუ გვერდს ვერ აუხვევთ იმ ნორმებს, რომელიც მიღებულია საერთაშორისო უფლებაში, არამედ ჩვენ მხოლოდ ეს-ღა დაგვრჩენია.

ჩვენ გვაქვს მომართვა აზერბეიჯანის პარლამენტისა და სხვა ფორმთ ჩვენი გამოსვლა მოუხერხებლად მიმაჩნია.

ერთი გამოსავალი გვაქვს ჩვენ: ეს - მივცეთ წინადადება მეგობრული შუამავლობისა. ეს იქნება ცდა, რომ როგორმე მოხდეს შეთანხმება, შერიგება, ან არბიტრაჟის საშუალებით გადაწყდეს სადავო საკითხი. მივაღწევთ თუ არა რაიმე შედეგს არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ვალი მოხდილი იქნება. ჩვენ უნდა ვიხმაროთ ყოველი ღონისძიება და თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, ჩვენი მთავრობა, რასაკვირველია, დარაჯად უნდა იდგეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

აქ ითქვა, ჩვენი მდგომარეობა ისეთია, რომ შეიძლება ამ შეტაკებამ, რომელიც სწარმოებს აზერბეიჯანსა და სომხეთს შორის შუა, გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, რადგანაც ჩვენს რესპუბლიკაში არიან როგორც სომხები, ისე მაჰმადიანებიო. ასეთ პირობებში მთავრობა, რასაკვირველია, ვალდებულია დარაჯად უდგეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ჩვენი წინადადება ასეთია, მთავრობა უნდა გამოვიდეს წინადადებით მეგობრული შუამავლობისა. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ ნაბიჯისა, რომელიც გადაუდგამს მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც მოიწვია უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი და სთხოვა, რომ მათ შეეჩერებინათ შეტაკება აზერბეიჯანსა და სომხეთს შორის. სწორედ ამაზე ბრძანებდა ბ-ნი ჩხენკელი, რომ შეუძლებელია ისე დავსვათ საკითხი, რომ უცხო სახელმწიფონი ჩავრიოთ ჩვენს შინაურ საქმეებშიო. და სწორედ ასეთი ნაბიჯი, რომელიც გადაუდგამს ჩვენი მთავრობის თავმჯდომარეს, არის შეცდომა და მგონია, უკეთესი იქნებოდა, ჩვენი მთავრობა გამოსულიყო მეგობრული შუამავლობის წინადადებით იმ შინაარსით, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო უფლებრივ ნორმებში. საზოგადოდ ასეთი ნაბიჯი მით უფრო ხელსაყრელი იქნება, რომ უფრო გახშირდება საქმიანი მოლაპარაკება ამ სახელმწიფოთა შორის და შეიქმნება ერთგვარი ფსიქოლოგია ხალხში, გაარკვევს ჩვენს შეგნებაში იმას, რომ აუცილებლად საჭიროა მართლაც თითქმის ყველა საკითხები მორიგეობით გათავდეს. უამისოდ ჩვენ გვეკარგება უფრო მეტი ღირებულება - ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ეს იდეები მაშინ უფრო იქნებიან გაშუქებულნი და ღრმად შევა ხალხის შეგნებაში. ეს სასურველი იქნება ყველა რესპუბლიკისათვის.

და ამიტომ მოკლედ კიდევ ვიმეორებ, რომ საჭიროა ჩვენმა მთავრობამ მისცეს წინადადება ამ ორ სახელმწიფოს მეგობრული შუამავლობისა. აი ეს გახლავთ ჩვენი წინადადება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ევგენი გეგეჭკორი საგარეო-საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო! მე, თავის თავად ცხადია, არ გავიმეორებ იმას, რაც აქ საკმაოდ იყო ნათქვამი. მხოლოდ არ შემიძლია თქვენი ყურადღება არ შევაჩერო ერთ გარემოებაზე: ჩვენთვის სრულებით არ არის, ან უკეთესი იქნება, რომ ვსთქვათ, იმდენათ საინტერესო საგანს არ წარმოადგენს მომენტი პასუხის-მგებლობისა. ჩვენ, რომ დავდგეთ იმ გზაზე, რომ შევიდეთ, - ამის უფლებაც, რომ გვქონდეს კიდეც - იმის გარჩევაში, თუ საიდან დაიწყო ის, რის მოწმენიც ჩვენ ვართ, ვინ არის ომის გამომწვეველი მიზეზი, ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს არც შეადგენს ჩვენს კომპეტენციას და არც მოგვიტანს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ სამწუხარო ფაქტიდან, რომლის წინაშეც ვდგევართ. ამიერ-კავკასიის მყუდროება დარღვეულია. ორი ერი ამ მხარისა ერთი-მეორეს ებრძვის, ბრძოლა ღებულობს მკაცრ ხასიათს და შესაძლებელია, თუ თან და თან გაიზარდა ეს სამწუხარო მოვლენა და მისი ლიკვიდაცია ვერ შევძელით, შესაძლებელია მან მიიღოს საერთო ხასიათი ამიერ-კავკასიაში, და, მაშინ, რასაკვირველია, დადგება საბედისწერო საკითხი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების არსებობისა თუ არ არსებობის. აი ასე სდგას საკითხი. მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას იმას, რომ ამიერ-კავკასია დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში განიცდის უაღრეს კრიზისს. ჩრდილოეთიდან საფრთხე უკვე მომდგარი არის და ასეთ დროს ამიერ-კავკასიაში დატრიალდა საშინელი ამბავი, რომლის წინაშე ჩვენ ვდგევართ. ყველასათვის აშკარა უნდა იყოს, რომ ეს გვიმზადებს ჩვენ დიდ განსაცდელს.

თუ მდგომარეობა ასეთია, მაშინ ყოვლად მიუღებელია ის პოზიცია, რომელსაც აქ იცავდა პატივცემული ბ. ვეშაპელი. მისი პოზიცია, მე უნდა განვაცხადო თქვენს წინაშე, დიდ ფუფუნებად მიმაჩნია. საქართველოს განდგომა და ნეიტრალიტეტის დაცვა იმ დროს, როდესაც ის ამბები რომელიც ხდება ყარაბახში, ზანგეზურში ან ყარსის ოლქში, არ არის სრულიად მარტო აზერბაიჯანის და სომხეთის საქმე, არამედ საერთოა, თვით საქართველოს საქმეც არის, ასეთ დროს განდგომა და ნეიტრალიტეტის დაცვა, ჩემის აზრით, ყოვლად მიღებულია. ასეთი პოზიცია, თავის თავად ცხადია, ჩვენი რესპუბლიკის ყოფნა არა ყოფნის საკითხს პირდაპირ დასვამდა.

და თუ ეს ასეა, მოქალაქენო, მთავრობა, რომელიც დარაჯათ უდგას რესპუბლიკის ინტერესებს, ვალდებულია მიიღოს ყოველ გვარი ზომები, რომ ეს საშინელი ხიფათი ჩვენს რესპუბლიკას თავიდან ააცილოს. და ამ შემთხვევაში, უნდა ვაღიარო მე, დადგომა განყენებულ პრინციპებზე, საერთაშორისო უფლების ღირებულებაზე, ჩვენის აზრით დიდი შეცდომა იქნებოდა, ვინაიდან საკითხი სწორედ ისე სდგას, როგორც მე მოგახსენეთ. თუ ყარაბაღის, ზანგეზურის და საერთოდ ამ შეტაკების სასწრაფო ლიკვიდაცია არ მოხდა, უნდა განვაცხადოთ თქვენს წინაშე, მაშინ შესაძლებელია მოხდეს ლიკვიდაცია საერთოდ ჩვენი რესპუბლიკებისა. აქ მხოლოდ შუამავლის როლის თამაში, ან მომართვა იმ საშუალებისათვის, რომელთაც შეუძლიანთ რეალური შედეგები არ მოგვიტანონ, დაუშვებლად მიმაჩნია. მე ყოველთვის ამას მოგახსენებთ იმიტომ, რომ ბ. გვაზავამ განაცხადა, რომ მთავრობის ნაბიჯი, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ მან მოიწვია ადგილობრივ მისიების წარმომადგენელნი და მიმართა მათ წინადადებით, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ საქმის ლიკვიდაციაში, იყო შეცდომაო. მე ვფიქრობ, რომ ბ. გვაზავა მართალი არ არის. ეს საქართველოს მთავრობის მოვალეობა იყო და ეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა, თუ უნდოდა თავიდან აეცდინა ეს ხიფათი. (გვაზავა. ჯერ წინადადება უნდა მიგეცათ მეგობრული შუამდგომლობის!) ამაზედ მოგახსენებთ, იყო თუ არა ეს წინადადება მიცემული. მე მოგახსენებთ, რომ საერთოდ საქართველოს მთავრობის პოზიცია აშკარა იყო იმ კონფლიქტში, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იყო. მე არ მინდა ზოგადი ფრაზებით ვილაპარაკო, დრო წაგართვათ და ვიმეორო ტრუიზმები, რომ სოლიდარობა დიდი საქმეა, რომ ეს აუცილებელია ჩვენი არსებობისათვის და განვითარებისათვის, ამის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. მე მხოლო მინდა თქვენს წინაშე აღვნიშნო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაუდგამს ყოველ ასეთ შემთხვევაში და კერძოდ იმ შემთხვევაში, რომელზედაც დღეს გვაქვს ბაასი. თქვენ გახსოვთ, მოქალაქენო, ოქტომბრის ისტორია, როდესაც ზანგეზურის მიდამოებში ცეცხლის ალი დატრიალდა. როგორც კი მიიღო ჩვენმა მთავრობამ ეს ცნობა 22 ოქტომბერს, დაუყონებლივ მიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობას, დაუყონებლივ ვიძახი, ვინაიდან 23 ოქტომბერს უკვე ნოტა იყო გაგზავნილი, სადაც იყო აღნიშნული საშინელი შედეგები ამ შეტაკებისა და მოვითხოვდით ორივე მთავრობისაგან, რომ სადაო საკითხი, ტერიტორიის საკითხი მორიგებით გადაწყვეტილიყო.

როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ჩვენი წინადადება ნიადაგს მოკლებული არ არის, ჩვენ ორი ნოტით მივმართეთ ორივე მთავრობას, სადაც ვარკვევდით, სადაც მოვითხოვდით... (გვაზავა: მოვითხოვთ და არ ვშუამდგომლობთ?!) ჩვენ არ ვიცით რას ეძახის შუამდგომლობას ბ. გვაზავა. (გვაზავა: ძალიან სამწუხაროა!) თუ შუამდგომლობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ მხოლოდ წინადადებას აძლევთ და თუ ეს იქნება მიღებული ხომ კარგი, და თუ არა, თქვენ თქვენს ადგილზე ჯდებით, ამას ჩვენი მთავრობა ვერ იკისრებდა და ვერც იკისრებს. ჩვენ მოვითხოვდით, რადგან ეს საკითხი არ არის მხოლოდ ზანგეზურის და ყარაბახის საკითხი, ეს ჩვენი საკითხიც არის, ჩვენი ხალხის საჭირ-ბოროტო საკითხი. (გვაზავა: ეს ნიშნავს შინაურ საქმეებში ჩარევას!). დავარწმუნებ ბ. გვაზავას, რომ არც ადერბეიჯანს და არც სომხეთს ამ ჩვენს ჩარევის გამო პროტესტი არ განუცხადებია და არც ერთს ამაში შინაურ საქმეში ჩარევა არ დაუნახავს. კიდევ მეტს ვიტყვი. თქვენ იცით, რომ ეს ჩვენი ენერგიული ჩარევა გამარჯვებით დაგვირგვინდა და 23 ნოემბერს ჩვენ მივიღეთ ხელშეკრულება, სადაც იყო ნათქვამი ის, რასაც ჩვენი ნოტით ვთხოულობდით. მე 4-ე მუხლი იმ ხელშეკრულობისა სწორედ ლაპარაკობდა იმაზე, რომ ყველა სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს ან მორიგებით, ან სავალდებულო არბიტრაჟით. რას სწუხს ასე ბ. გვაზავა, მე არ ვიცი. (გვაზავა: მე ვწუხვარ ჩვენს საერთო ინტერესებზე). ჩვენი ინტერესი მოითხოვს ომის ლიკვიდაციას...

მე ეს მოვიყვანე იმიტომ, რომ თქვენთვის დამენახვებინა, თუ რა პოზიციას ადგა მთავრობა, რა ზომებს ღებულობდა, რომ ჩვენში ამიერ-კავკასიის ერთა შორის უთანხმოებას ადგილი არა ჰქონოდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ მიუხედავათ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდვა 23 ნოემბერს 1919 წ. და რომლის მოწმებათ არიან აღნიშნული საქართვ. საგარეო მინისტრი და ამერიკის უმაღლესი კომისრის მოადგილე ამერიკის პოლკოვნიკი რეი, მიუხედავათ ასეთი ხელშეკრულებისა ჩვენ გვაქვს საქმე ამბების რეციდივთან. ჩვენი პოზიცია იგივე დარჩა, რაც იყო წინეთ და სწორეთ ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის ნაბიჯი გახლავთ გაგრძელება ჩვენი პოლიტიკისა. მან უპირველეს ყოვლისა, მიმართა წინადადებით მისიების შეფებს, რომ თავის მხრით მათაც მიეღოთ ზომები, (აქ არავითარი ჩარევა არ ყოფილა!) რომ ეს საქმე, ყარაბახის ისტორია მორიგებით გათავებულიყო. ეს იყო და ეს. აქ არავითარი შინაურ საქმეებში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და არც ექნება. რაც შეეხება თვით ამ საკითხის გადაწყვეტას, ამაზედ იყო მიღებული ზომები, რომ საზოგადოდ ამიერ-კავკასიის კონფერენცია შემდგარიყო და თქვენ იცით, რომ ეს კონფერენცია შესდგება ხვალ. მაგრამ საუბედუროთ, მე არა მაქვს არავითარი უფლება განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ ეს კონფერენცია სასურველ შედეგებს მიაღწევს და ამიერ-კავკასიაში მშვიდობიანობა დამყარდება. ამის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. მხოლოთ ერთს ვიტყვით, რომ საქართველოს მთავრობა ყოველ ზომებს მიიღებს, ყოველ ღონეს იხმარს, რომ ეს საშინელი უბედურება, მართლაც ტრაღედიად არ გადაიქცეს. ამ მხრივ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ. (ვეშაპელი: კონკრეტიულად?).

კონკრეტიულად ჩვენ შევიტანთ წინადადებას, რომ თანახმად ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებისა, ყველა სადავო საკითხები გადაწყდება მორიგებით ან არბიტრაჟით! (ვეშაპელი: ფრაზეოლოგია?)

როდესაც ასეთი ღირებულებანი ფრაზათ ხდება და ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდათ, თავისთავად ცხადია, რომ მაშინ მართლაც ჩვენ სკეპტიკები უნდა გავხდეთ და ამ კონფერენციის დადებითი, კარგი შედეგების იმედი არ უნდა გვქონდეს. ამაზე მოგახსენებთ: მოქალაქენო, შუამდგომლობის მეტი საშუალება ჩვენ არ გვაქვს. (ვეშაპელი: მეც მაგას ვამბობ!) ამ საშუალებას ჩვენ ვიხმართ. მე აქ გამოვდივარ, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, მე ვალდებულათ ვრაცხ ჩემს თავს დამფუძნებელ კრებას მოვახსენო, რომ მთავრობა ამოწურავს ყოველნაირ საშუალებას, რომ ეს საქმე მოაგვაროს. ის თავის ვალს შეასრულებს და თუ ამას შესაფერისი შედეგები არ მოჰყვება, რასაკვირველია, ჩვენ ამისათვის პასუხისგებაში ვერავინ მიგვცემს. შეცდა ვეშაპელი, როდესაც მან ბრძანა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღო შესაფერისი ზომები ჩალდირის ისტორიაშიო. მე უნდა აღვნიშნო თქვენს წინაშე, რო ეს ასე არ არის. მართლაც ჩვენ გვქონდა ცნობა და აგრეთვე გვქონდა საქმე რეალურ ფაქტებთან, რომელიც გვარწმუნებდა იმაში, რომ ჩალდირის რაიონში ხდება მცხოვრებთა ჟლეტა და აგრეთვე მათი განდევნა. არა ერთმა და ორმა ახალმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, შეეხიზნა საქართველოს საზღვრებს. მთავრობამ თავის წარმომადგენლის საშუალებით ერევანში წარუდგინა სომხეთის მთავრობას თავისი პროტესტი, სადაც ის აღნიშნავდა ასეთ მოქმედების დაუშვებლობას. (ვეშაპელი: გამოქვეყნებული არ ყოფილა!) მე თქვენ მოგახსენებთ ფაქტს, ხოლო ყველაფრის გამოქვეყნება, რაც ხდება, საჭირო არ არის. ის ზომები, რომელსაც ჩვენ მივმართეთ ყარსის ოლქში და ყარაბაღის ისტორიაში, ასეთივე ზომები მივიღეთ მეორე სახელმწიფოშიაც. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ისეთი იყო, რომელსაც მივყევართ ერთა შორის სოლიდარობისაკენ. ჩვენ მეტს ვერავინ მოგვთხოვს. ყოველივე ის, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ჩვენ გავაკეთეთ და თუ მართლაც ბოროტებამ იმდენად გაიდგა ფეხი ამიერკავკასიის ფარგლებში, რომ მისი ამოგლეჯა ვერ შევძელით, თავის თავად ცხადია, რომ აქ დანაშული საქართველოს მთავრობას არ მიუძღვის. ასეთია მოქალაქენო, ჩვენი აზრი და ვფიქრობ, რომ თვით-დაცვის ინსტიქტი აიძულებს როგორც აზერბეიჯანს ისე სომხეთის მთავრობას, დაუბრუნდენ სწორეთ იმ მეთოდს, რომელიც ხელშეკრულებაში არის აღნიშნული, ტერიტორიალურ საკითხების გადაჭრის შესახებ. ასეთ იმედს არ ვკარგავთ და მომავალში მუშაობა კონფერენციისა გვიჩვენებს თავის შედეგებს. ვიმეორებ, მთავრობა ყველა საჭირო ზომებს მიიღებს ამ ამბების სალიკვიდაციოთ. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ტერ-სტეფანიანცს ეკუთვნის.

. ტერ-სტეფანიანცი. (დაშნ.) მე, ბატონებო, როგორც ბოლო ორატორს ცოტა სიტყვა მრჩება. ყველაფერი ნათქვამი იყო, მაგრამ მოგახსენებთ იმ აზრს, იმ შეხედულებას რომელიც მე დღეს მივიღე, როდესაც მოვისმინე აზერბეიჯანის პარლამენტის საგანგებო სხდომის რეზოლიუცია, და აგრეთვე მისი პროტესტი. და უნდა მოგახსენოთ მე თქვენ, რომ როდესაც ის პროტესტი წავიკითხე, შევნიშნე, რომ ეს არის არა თუ რეზოლიუცია არამედ, ის არის საჩივარი. მე იმ აზრისა გახლავართ, რომ აზერბეიჯანის პარლამენტი ცდილობს, რომ აქ გვაჩვენოს თავის თავი, ისე თითქოს არაფერი ცოდვა არ ჰქონდეს. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენზე, რომ აზერბეიჯანს არაფერი დანაშაულობა არ ჰქონია. მას სურს ისე დაანახოს ყველას სურათი, რომ თითქოს სომხეთის მთავრობის განკარგულებით ყარსის ოლქში ყველაფერს ანადგურებენ და მთელ ხალხს ჟლეტენ. ეს მართალი არ არის. მართალი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ მივიღეთ პროტესტი, მაგრამ ყველა პროტესტი ხომ მართალი არ არის. მე მგონია, თქვენ კარგათ მოგეხსენებათ ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ხელთ გვქონდა. თქვენ გახსოვთ ის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აზერბეიჯანთან, მაგრამ იქ არაფერია დაწერილი იმის შესახებ, რომ აზერბეიჯანმა თავისი აგენტები გაგზავნოს ბათომში და იქ აჯანყება მოახდინოს. მე ვიცი და თქვენც კარგად იცით, რომ მთელი ყარსის ოლქი, არ ემორჩილება მთავრობას. და თუ მთავრობა იძულებული იყო ზომები მიეღო და ამისათვის აზერბეიჯანის მთავრობას კი ასეთი რეზოლიუცია გამოეტანა, მე ეს არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ, როცა ბ. ახვერდოვი მოდიოდა ერევანში, 5 მილიონი მიჰქონდა აჯანყების მოსაწყობათ. ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ ეს იყო აგიტაციის საწარმოებელი ფული. (ვეშაპელი: იმიტომ წაართვეს ალბათ!) მის მდივანს წაართვეს 1 1/2 მილ. მანეთი, სხვა და სხვა ინსტრუქციები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აზერბეიჯანის ძლიერი სურვილია იყოს ნაწილი დიდი ოსმალეთისა, ოსმალეთს კი უნდა იქ თავისი გეგემონიის დამყარება. ის ამბები, რომელიც ახლა ხდება არ არის სასიამოვნო, შეიძლება მას ცუდი შედეგები მოჰყვეს ამიერ-კავკასიისათვის, მაგრამ ზანგეზური, ნახიჩევანი და ყარაბაღი ის ხიდებია, რომლითაც აზერბეიჯანს სურს ოსმალეთს დაუახლოვდეს და შეუერთდეს. ამიტომაც არის მაგრად ებღაუჭება აზერბეიჯანი ამ ადგილებს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვართ მოწვეული იმისათვის, რომ ეს გავარჩიოთ, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს პროტესტები და რეზოლიუციები მხოლოდ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი, ჯერ ეს არა გვაქვს. ამიტომ სრულიად სამართლიანია ის წინადადება, რომელიც შემოიტანა აკ. ჩხენკელმა, რომ ხალხმა, დამფუძნებელმა კრებამ ყოველი ღონე უნდა იღონოს, რომ ეს სისხლის ღვრა შეწყდეს, რომ უფრო კარგათ ვებრძოლოთ იმ მტერს, რომელიც კარზე მომდგარია. (ტაში აქა-იქ.)

თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციის მიერ წინადადება არის შემოტანილი. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი კითხულობს:

„მოისმინა რა აზერბეიჯანის პარლამენტის რეზოლიუციის მიმართვა კულტურულ ხალხთა პარლამენტებისადმი ყარსის ოლქში და ერევნის გუბერნიაში მომხდარ ამბების გამო და იქონია რა მსჯელობა ამ საგანზე, დამფუძნებელი კრება აღნიშნავს, რომ

1) ხმლით გადაჭრა ნაციონალურ-ტერიტორიალური საკითხებისა საზოგადოთ დასაგმობი და გასაკიცხია. კერძოდ ამ შემთხვევაში თავის შედეგებით ის დამღუპველია უპირველეს ყოვლისა თვით აზერბეიჯანისა და სომხეთის ხალხებისათვის.

2) ამავე დროს ორ მოძმე ერთა შორის მტრობა და სისხლის ღვრა ხელსაყრელია მხოლოდ იმათთვის, ვინც ცდილობს ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკების დამხობას და დემოკრატიის ხანგრძლივი ბრძოლით მონაპოვარ თავისუფლების მოსპობას. დამფუძნებელი კრება ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს იმის გამო, რომ დარღვეულია 1919 წ. 23 ნოემბრის დადებული შეთანხმება აზერბეიჯანსა და სომხეთს შორის.

ამის გამო დამფუძნებელი კრება მოუწოდებს მოძმე რესპუბლიკებს ადერბეიჯანს და სომხეთს ენერგიული ზომები მიიღოს უბედურების შესაჩერებლად და სადაო საკითხების მორიგეობით დასათავებლად. ამასთანავე ავალებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც დიდი ხანია გადადგმული აქვს საჭირო ნაბიჯები ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა შორის სრული შეთახმებისა და სოლიდარობის დასამყარებლად, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაფერი ზომები“.

დამფუძნებელი კრება ავალებს პრეზიდიუმს ეს რეზოლიუცია აცნობოს აზერბეიჯანის და ერევნის პარლამენტებს.

თავმჯდომარე. სხვა პროექტი ხომ არავისა აქვს? ან სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის არ სურს. კენჭს ვუყრი. ვინ არის წინააღმდეგი წინადადებისა? წინააღმდეგი არავინ არის. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად. სხდომა დახურული გახლავთ.

11 მეთერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(11)

1920 წელი. აპრილის 20. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ.

3. ზოგადი განხილვა სადისციპლინო წესდებისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 ს. და 45 წუთ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

დღის წესრიგი:

1. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო სამინისტროს კულტურულ-განმანთლებელი სექციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

5. დეკრეტი - სახელმწიფო მიწებზე მადნის კვლევა-ძიებისა და დამუშავებისათვის მიცემულ მოწმობებისა, მიჩენის აქტებისა და ხელშეკრულობათა გაუქმებისა. მოხსენებელია კირ. ნინიძე.

6. დეკრეტი - ბინებისა, ოთახებისა, კუთხეებისა, სავაჭრო, სამრეწველო, სახელოსნო და სხვა სადგომის უდიდესი ქირის დაწესებისა. მომხსენებელია მ. რუსია.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულების შეცვლის შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და გრ. გიორგაძე.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო სანადელო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა სადისციპლინო წესდებისა. მომხსენებელია ზაქ. გურული.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემოსული გახლავთ შემდეგი წინადადებანი: პირველი - იურიდიული კომისია მოითხოვს დაებრუნოს მას უკან დეკრეტი სახელმწიფო მიწებზე მადანის აქტებისა და ხელშეკრულებათა გაუქმებისა. მეორე - შინაგან-საქმეთა სამინისტრო მთავრობის დავალებით შუამდგომლობს, რომ რადგან მთავრობას ჯერ არ განუხილავს დეკრეტი ბინებისა, ოთახებისა, კუთხეებისა, სავაჭრო, სამრეწველო, სახელოსნო და სხვა სადგომის ქირის დაწესებისა, ეს პროექტი მოიხსნას დღიური წესრიგიდან. მესამე - აგრარულ კომისიის წინადადება, რომ კანონ-პროექტი მკვიდრთაგან მიტოვებული ყოფილი სახაზინო სანადელო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ, დაებრუნოს მას გადასამუშავებლად.

ეს სამი საკითხი თანახმად რეგლამენტის ძალით მოხსნილი იქნება დღიურ წესრიგიდან. ამგვარად, დღიური წესრიგი დამტკიცებული გახლავთ. პირველ საკითხის შესახებ მოგახსენებთ ბატონი ს. მდივანი.

ს. მდივანი კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ:

1. კანონ-პროექტი ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლისა.

1. დამფუძნებელი კრების 1919 წლის ივლისის 29-ს კანონით დამტკიცებული ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის ნაცვლად (კან. და მთავ. განკარ. კრებ. 1919 წლ. ¹ 14 კანონი 129) შემოღებულ იქნეს რესპუბლიკის ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ახალი ფორმა, ამ კანონთან დართული აღწერილობის თანახმად.

2. რესპუბლიკის არმიის და გვარდიის ოფიცრებს ახალი ფორმის ტანსაცმელის შეძენისათვის მიეცეს დახმარების სახით ერთდროულად ორი ათასი (2.000) მანეთი თვითეულს.

3. ამ კანონის მეორე (2) მუხლში აღნიშნული საჭიროებისათვის გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან სამხედრო მინისტრის განკარგულებაში სამხედრო უწყების 1919/1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად ორი მილიონი ოთხას ოცდათექვსმეტი ათასი (2.436.000) მანეთი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი კანონ-პროექტისა? არავინ. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ აღწერა ფორმისა.

ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის აღწერა.

ჩვეულებრივი ფორმა ოფიცერთათვის:

1. ფრენჩი უკან ნაოჭებით, ჯიბეებით გვერდზე და გულზე, ყოშებით; ყოში უფოლაქოდ და უშესაკრავოდ, განით 2 1/2 გოჯი; ჯიბეები უნაკეცებოდ. ფრენჩზე სამხრეულები იმავე ქსოვილისაგან გარშემოკერილი ჯართა დარგის ფერ ყაითნით, განით ძირში 6 სანტიმ. და ზედაპირზე 3 სანტიმეტრი, სიგრძე მხრის მიხედვით. საყელო ამართული, დუგმებით შესაკრავი. საყელოზე ნაჭრები ქვემოდ ნაჩვენებ ნიმუშისა.

2. ქართული ხალათი სამხრეულეებით და ორი ჯიბეებით გულზე. რუხი, დამფარავი ფერი ქსოვილისა, საყელო. გულისპირი და ჯიბეები შავი ყაითნით შემოვლებული. სამხრეულები როგორც ფრენჩზე.

3. შალვარი რუხი დამფარავი ფერისა, მოკლე, შინდისფერის ყაითნით; ყოველგვარ ჯართათვის მწყობრ გარეშე ნებადართულია შალვარი რუხი, მოლურჯო ფერისა, როგორც მოკლე, აგრეთვე გადმოშვებული.

4. ქუდი: ა) ბოხოხი, რუხი სამი ვერშოკის სიმაღლისა (ცა - დამფარავი ფერისა); ბ) თუშური ქუდი (ომიანობის დროს დამფარავი ფერის ქსოვილისა); ძირი ბოხოხისა და თუშური ქუდისა გადაკერილია ჯვარედინათ თეთრი ბუზმენტით. ზაფხულის განმავლობაში ქუდი ინგლისური ნიმუშისაა. - დამფარავი ფერის ქსოვილისაა.

5. პალტო შემუშავებული ნიმუშისა რუხი დამფარავი ფერისა, ერთ გვერდიანი. იმავე მასალის სამხრეულებით შემოკერილი ყაითნით, ფერი ჯართა დარგის მიხედვით და საყელოზე ნაჭრებით, ქვემოთ ნაჩვენებ ნიმუშისა.

6. ფეხსაცმელი: ა) მაღალ ყელიანი ჩექმები; ბ) უყელო წაღები ტოლაღებით ან საცვეთებით და ვ) მწყობრს გარეშე ნებადართულია უყელო წაღა.

სადარაჯო ფორმა ოფიცრებისათვის:

ისეთივე, როგორც ჩვეულებრივი, მხოლოდ მაღალი ყელიანი ჩექმებით, ქამრით და ლივერით (ქამარი მოქნილი ტყავისა 1 1/4 გოჯის განისა, მწყობრს გარეშე ქართული ქამარი).

საველე ფორმა ოფიცერთათვის:

ისეთივე, როგორც სადარაჯო, მხოლოდ საველე ჩანთით რუქებისათვის და დურბინდით.

იარაღი:

მწყობრში, სადარაჯო ფორმაზედ და უფროსებთან გამოცხადებისას ყველას, ვისთვისაც დაწესებულია იარაღის ტარება, უნდა ჰქონდეს ხმალი; საველე ფორმაზედ ჯარის ყველა დარგში, ცხენოსან ჯარის გარდა, ხანჯალი, ამას გარდა მწყობრში ლაშქრობისა და სადარაჯო ფორმაზედ - რევოლვერი.

ჩვეულებრივი ფორმა ჯარისკაცთათვის:

1. ისეთივე ქართული ხალათი, როგორც ოფიცერთათვის.

2. მოკლე შალვარი იმავე ფერისა, როგორც ხალათი, მაგრამ უყაითნოთ.

3. ქუდი ისეთივე, როგორც ოფიცრებისა. რიგის ჯარისკაცებს და თავმდეგებს, უბუზმენტოთ ძირზე, ხოლო ნაცვლებსა და ზემდეგებს - ბუზმენტებით.

4. პალტო ისეთივე, როგორც ოფიცრებისა.

5. ფეხსაცმელი: ა) მაღალ ყელიანი ჩექმები, უყელო წაღები ტოლაღებით, საცვეთებით ან პაიჭებით.

6. ქამარი ისეთივე, როგორც ოფიცრებისა.

სადარაჯო ფორმა ჯარისკაცთათვის:

ისეთივე, როგორც ჩვეულებრივი, მხოლოდ ერთი ვეზნით.

საველე ფორმა ჯარისკაცთათვის:

ისეთივე, როგორც სადარაჯო, მხოლოდ თან ერთვის ორი ვეზნა, ჩანთა, ტარანტაში, სათადარიგო ჩანთა, სასანგრე იარაღი, საველე კარავი, მისი ნაწილები, პატარა ქვაბი და მათარა.

გასარჩევი ნიშნები ოფიცრებისა და ჯარისკაცებისათვის ჯარის დარგის მიხედვით სამხრეულებზე.

გასარჩევი ნიშნები ჯარის დარგის გამოსაცნობად ოფიცრებისა და ჯარისკაცებისათვის არის ლითონის ნიშანი (თითბრისა), რომელსაც ატარებენ სამხრეულზე.

ქვეითა ჯარში:

ორი გადაჯვარედინებული თოფი.

არტილერიაში:

ორი გადაჯვარედინებული ზარბაზანი და შუაში ალიანი ყუმბარა.

ცხენოსან ჯარში:

ორი გადაჯვარედინებული ხმალი.

საინჟენერო ჯარში:

საპიორთათვის - გადაჯვარედინებული წერაქვი და ნიჩაფი.

საავტომობილო ნაწილში - ავტომობილი.

საავიაციო ნაწილში - ჰაეროპლანი.

ტოპოგრაფთათვის - ფარგალი სამკუთხედით.

თანამდებობათა გასარჩევი ნიშნები:

ფერადი ნაჭრები (პეტლიცი) ხალათის, ფრენჩის და პალტოს საყელოებზე.

ლეიტენანტისათვის - კუთხე ერთი ვარსკვლავით.

უფროს ლეიტენანტისათვის - კუთხე ორი ვარსკვლავით.

კაპიტნისათვის - კუთხე სამი ვარსკვლავით.

მაიორისათვის - ორი კუთხე ორი ვარსკვლავით.

პოლკოვნიკისათვის - ორი კუთხე სამი ვარსკვლავით.

გენერლისათვის - კუთხე ზიგზაგებით და ერთი ვარსკვლავი.

გენერლისათვის - კუთხე ზიგზაგებით და ერთი ვარსკვლავი.

სამხედრო მინისტრის ამხანაგისთვის, ლაშქრის სარდლისათვის და სამხედრო საბჭოს წევრისათვის - კუთხე ზიგზაგებით და ორი ვარსკვლავით.

მიწა ნაჭრებისა (პეტლიცებისა) ჯარის დარგის მიხედვით,

1) ქვეითა ჯარისათვის და საყარაულო ათასეულისათვის - შინდის ფერი.

2) ცხენოსან ჯარისთვის,

3) არტილერიისა, საინჟენერო-სატეხნიკო ჯარებისა და გენერალურ შტაბის ოფიცრებისათვის - შავი.

4) სანაპირო ჯარისთვის - მწვანე.

5) სამხედრო სკოლისათვის - წითელი.

6) სამხედრო სამინისტროს განყოფილებისათვის - ჯართა დარგის მიხედვით.

შენიშვნა: კუთხეები ვერცხლისა, ვარსკვლავები - ოქროსი.

გასარჩევი ნიშნები ჯარისკაცთათვის:

1) თავმდეგს აქვს ერთი ლითონის ვარსკვლავი პალტოს და ხალათის საყელოზე.

2) უმცროს ნაცვალს - ორი ვარსკვლავი.

3) უფროს ნაცვალს - სამი ვარსკვლავი.

4) შემდეგს საყელოს შუა 1 გოჯის სიგრძის და ნახევარი სანტიმეტრის სიგანის, ზონარი, ფერი ჯარის დარგის მიხედვით, სამი ვარსკვლავით.

5) ზედმეტ-მსახურთათვის გარდა ამისა ემატება საყელოზე კუთხე წვეტით ქვეით, ფერი ჯარის დარგის მიხედვით.

კაკარდა:

ოფიცრებისა არსებული ნიმუშისა, მხოლოდ ამობურცული - შავი, თეთრი და შინდის ფერი, კონცენტრიული წრეებით; კაკარდის გარშემო კუწუბები.

ჯარისკაცებისათვის ისეთივე, მხოლოდ პრტყელი და უკუწუბებო.

აქსელბანტები:

ძაფეულის დამფარავი ფერისა.

შენიშვნა: დადგენილია იმ ოფიცრებისათვის, რომელიც აქვთ ადიუტანტის წოდება, აგრეთვე გენერალური შტაბის ოფიცრებისათვის.

დეზები:

დადგენილია იმათთვის, ვისაც ცხენი ეძლევა.

შესაკრავები:

ხალათზე - ყაითნისა, ფრენჩსა და პალტოზე - ძვლისა.

ნუმერაცია:

ქვეითა ჯარის ერთეულებისა და არტილერიის დივიზიონისათვის სამხრეულებზე ლითონის ყვითელი ფერისა ან ქსოვილი ნომრები.

ქვეითა ჯარისა და არტილერიის ერთეულები აღინიშნება არაბული ციფრებით. ბრიგადის ნომრები - რომაულად, ნომრები თავსდებიან გასარჩევ ნიშნის ქვემო.

ლიტერები სამხრეულებზე უნდა იყოს ყვითელი ფერის ლითონისა.

სამხედრო სკოლაში „სკ.“

საარმიო არტილერიის დივიზიონში „არმ.“

სადარაჯო ათასეულში „დ.“

სამხედრო სამინისტროს განყოფილებაში „სმმ.“

სანაპირო ჯარის სამმართველოში „სნპ.“

გენერალურ შტაბის ოფიცრებისათვის, როდესაც ისინი ასრულებენ იმ თანამდებობას, სადაც შტაბის მიხედვით უნდა იყოს გენერალური შტაბის ოფიცერი - სახელმწიფო გერბი.

ექიმთა და მოხელეთა ტანისამოსის ფორმა:

სამხედრო უწყების ექიმები და მოხელენი ატარებენ ისეთივე ფრენჩს და ხალათს, როგორც ოფიცრები, სამხრეულებით, მაგრამ თანამდებობის გასარჩევ ნიშნების გამოკლებით.

გასარჩევი ნიშნები:

მედიცინის ექიმებისათვის - მინანქრის წითელი ჯვარი, ბეითლებისათვის ლურჯი, დანარჩენი მოხელეთათვის ყვითელი ფერი ერთი ვარსკვლავი - ყელის სამხრეულებზე.

სამოქალაქო ტანისამოსის ტარება:

ოფიცრებს და გენერლებს ნება აქვს სამსახურის გარეშე სამოქალაქო ტანისამოსი ატარონ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. ფორმა მიღებულია.

მეორე საკითხის შესახებ მოგახსენებთ ბატონი იმნაიშვილი.

ნიკ. იმნაიშვილი. (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას - სამხედრო სამინისტროს კულტურულ განმანათლებელი სექციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. კანონ-პროექტები მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოგვახსენოთ მესამე საკითხი.

იმნაიშვილი. (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას საქართველოს მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. კანონ-პროექტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით).

თავმჯდომარე. გთხოვთ მოახსენოთ შემდეგი საკითხიც.

იმნაიშვილი. (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას - ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. კანონ-პროექტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და ცოტაოდენი შესწორებით ჯამაგირების გაწესრიგებაში. სოც.-დემ. ფრაქციის წინადადებით ამოიშალა მე-7 მუხლი).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს ბატონ მ. რუსიას.

. რუსია. (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულების შეცვლის შესახებ, რის შემდეგაც დამფ. კრება კანონ-პროექტს უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ზ. გურულს ეკუთვნის.

მეორე ზოგადი განხილვა სადისციპლინო წესდებისა.

. გურული (მომხსენებელი). დღემდე რესპუბლიკის ჯარში არ არის მიღებული, კანონით გატარებული, სადისციპლინო წესდება. ამ ნაკლს გრძნობდა ჯერ კიდევ პარლამენტის დროს, როგორც სამხედრო სამინისტრო, ისე პარლამენტთან დაარსებული სამხედრო კომისია და მათ ერთად შეიმუშავეს სადისციპლინო წესდება. მაგრამ ის წესდება, ვინაიდან პარლამენტი დაიხურა, სამხედრო კომისიამ დროის უქონლობის გამო ვერ გაატარა პარლამენტში. ის, მათი შემუშავებული წესდება სამხედრო სამინისტრომ შემოიტანა დამფ. კრებასთან დაარსებულ სამხედრო კომისიაში და იგი ხელმეორედ იქნა განხილული. სამხედრო კომისია შეეცადა ეს სადისციპლინო წესდება შეეგუებია იმ დემოკრატიულ სულთან, რაზედაც არის აგებული ჩვენი ჯარის და გვარდიის საორგანიზაციო კანონები. ამ მიზნით სამხედრო კომისიამ ბევრი რამ გამოაკლო ამ შემუშავებულ წესდებაში. პირველ ყოვლისა ამ წესდებიდან სრულიად ამოშლილია ერთი მთელი თავი, რომელიც შეეხება ეგრეთ წოდებულ სინიდისის სასამართლოს (суд чести), რაც, როგორც იცით, შეეხება უმთავრესად და მხოლოდ ოფიცრობას. ოფიცრობას უფლება ჰქონდა თავის სინიდისის სასამართლოს ქონებისა და უკანასკნელის დადგენილება სავალდებულო იყო ჯარში მოსამსახურე ოფიცერთათვის. ამ სასამართლოს დადგენილების ძალით, თუ ესა თუ ის ოფიცერი ან სამხედრო პირი დაარღვევდა ეთიკას, ის უნდა გასულიყო ჯარიდან და ამ დადგენილების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა თვით სამხედრო მინისტრიც კი. გაძევებულ ოფიცერს აღარ ღებულობენ შემდეგ სამხედრო წრეში. სამხედრო კომისიის აზრით ეს წესი კორპორატიულ სასამართლოსი არ შეეფერება იმ დემოკრატიულ სულს, რომელიც არის გაბატონებული როგორც რესპუბლიკაში, ისე კერძოდ ჯარში, ამიტომ ეს თავი ამოღებული უნდა ყოფილიყო. ამას დაეთანხმა მთავრობის წარმომადგენელი, რასაკვირველია, გარდა ოფიცრებისა.

ამის შემდეგ სამხედრო კომისიამ სადისციპლინო წესდება გადაამუშავა სხვა თავებში და მუხლებშიაც და თავის ინიციატივით შეიტანა დამფუძნებელ კრებაში დღიურ წესრიგში დასასმელად და გადუგზავნა მთავრობას და იურიდიულ კომისიას გასარჩევად. მთავრობამ შემოიტანა თავის მხრით რამდენიმე შესწორება, რაც სამხედრო კომისიამ მაშინვე გადასცა იურიდიულ კომისიას და მის დასკვნის შემდეგ გაირჩა ხელმეორედ ეს წესდება. და ახლა უკანასკნელი ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი დამფ. კრ. წინაშე არის შედეგი სამი დაწესებულების შეთანხმებისა. ამ წესდებაში გარკვევით არის ნათქვამი, თუ რა მოვალეობა ეკისრება სამხედრო პირს, როგორც ოფიცერს, ისე ჯარისკაცს. და მიზანი ამ წესდებისა პირველ მუხლში არის ნათქვამი. იქ სახელდობრ ნათქვამია: „სამხედრო დისციპლინა ავალებს სამხედრო პირს სამხედრო კანონებში აღნიშნულ წესდების მტკიცედ და სწორედ დაცვას, სამსახურის მოვალეობათა კეთილსინდისიერათ ასრულებას, უფროსთა ბრძანების სიმტკიცითა და სისწორით შესრულებას და უფროსების მიმართ შესაფერ პატივისცემას“.

წესდებაში გარკვევით არის ნათქვამი თუ როდის შეიძლება დისციპლინარული სასჯელის მინიჭება დამნაშავეთათვის. კომისია შეეცადა ამ წესდებაშივე შეეტანა ისეთი თავი, რომლის ძალით არც ერთ უფროსს არ ექნება შეძლება ბოროტად ისარგებლოს თავის ხელქვეითის მიმართ ზემოხსენებულ თავით. უპირველეს ყოვლისა დისციპლინარულ სასჯელის მინიჭების უფლება ეძლევა მხოლოდ ბრიგადის უფროსს. იმაზე უნცროს ოფიცერს ან ჯარისკაცს სასჯელის მინიჭების უფლება არ აქვს. მათ შეუძლიათ მხოლოდ მოახსენონ უფროსს დამნაშავის შესახებ და მისი განკარგულება შეასრულონ. აქ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ უფრო სამართლიანად მოხდეს სასჯელის მინიჭება. შემდეგ წესდების ძალით, უნდა შემოღებულ იქნეს ყველა ერთეულებში სასჯელის ჟურნალი, რომელშიაც სისწორით უნდა იქნეს ჩაწერილი ყოველი შემთხვევა დისციპლინალურ სასჯელის დადებისა. შემდეგ ათასეულის უფროსები ვალდებულნი არიან ეს ჟურნალები უსათუოდ გადაათვალიერონ და მაშასადამე გაიგონ სისწორით არის მისჯილი ესა თუ ის დანაშაული თუ არა? თუ არ არის სისწორით მისჯილი, მან უნდა მიიღოს ზომები, რათა ასეთი არ მოხდეს შემდეგში. მაგრამ კომისია არ დაენდო ასეთ შესაძლებელ სამართლიანობის დაცვას და წესდებაში შეიტანა ისეთი მუხლი, რომლის ძალით ყველა გუნდში შემოღებული იქნება კომისია შემდგარი ათასი უფროსისაგან და ორი გუნდის უფროს ჯარისკაცებისაგან, რომელიც ვალდებული იქნება განსაზღვრულ დროში გადასინჯოს ერთეულებში არსებული ჟურნალი და გაიგოს რამდენად სამართლიანად სწარმოებს სასჯელის დადება და აგრეთვე მისი სისრულეში მოყვანა. ყველა დასჯილს უფლება აქვს კომისიას საჩივრით მიმართოს თუ ის გრძნობს, რომ უსამართლოდ არის დასჯილი ან უფრო მკაცრად არის დასჯილი, ვინემ ეს მას ეკუთვნის. აი ყველა ის, რის შეტანასაც შეეცადა წესდებაში კომისია და ვინაიდან დისციპლინალური წესდების უქონლობა ჯარში ხელს უშლის ამ ჯარის მუშაობას და მოწყობას, ამიტომ კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე მიიღოთ ეს დისციპლინალური წესდება და გაატაროთ იგი.

თავმჯდომარე. წინადადება არის შემოსულ მსჯელობის დასრულების შესახებ. მსჯელობა დასრულებულია. ეს დეკრეტი გავა კანონ-პროექტის სახით. მუხლობრივი განხილვა მოხდება შემდეგ კვირაში. ვინაიდან დღიური წესრიგი ამოწურულია, გთხოვთ მოისმონოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი კითხულობს.

თავმჯდომარე. სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა 1 1/2 საათზე იხურება.

12 მეთორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(12)

1920 წელი. აპრილის 23. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. შეკითხვა დამფ. კრების წევრის ვეშაპელისა ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

3. დეკრეტი დამფ. კრების ხელოვ. კომის. განკარგ. 3000.000 მან გადადებისა „26 მაისის“ დღესასწაულის მოსაწყობად.

4. დეკრეტი ტფილისის სამხედრო სკოლის საჭიროებისათვის 195.000 მან. დამატებით გადადებისა.

5. დეკრეტი ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფრის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხ. ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 11 საათ. და 5 წუთ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. იუსტიციის მინისტრის კანონ-პროექტი სამხედრო ნაფიც-მსაჯულთა დებულების შეცვლისა.

2. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი დეკრეტისა აბრეშუმის პარკის, თამბაქოსი და მატყლის მწარმოებელთათვის დახმარებისა და მათთან შეთანხმებით ამ ნაწარმოების გაყიდვის შესახებ.

3. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი ამ სამინისტროსთან არსებული სატეხნიკო კომიტეტის დებულებისა.

4. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციის ახალ ბინაზე გადატანისა და ამ ბინის გადაკეთებისათვის 5.080.354 მან. და 87 კა. გადადების შესახებ.

(შემდეგ მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა ოფიცერთა და ჯარის კაცთა ტანისამოსის ფორმის შეცვლის შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა სამხედრო-სამინისტროს კულტურულ განმანათლებელი სექციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა საქართველოს მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი კანონისა ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი კანონისა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულების შეცვლის შესახებ.

6. დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელის მთავრობისადმი შეკითხვა ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

7. დეკრეტი დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომისიის განკარგულებაში 300.000 მან. გადადებისა „26 მაისის დღესასწაულის მოსაწყობად“.

8. დეკრეტი ტფილისის სამხედრო სკოლის საჭიროებისათვის დამატებით 195.000 მან. გადადებისა.

9. დეკრეტი ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა წესრიგის შესახებ? მსურველი არავინ გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი წესრიგის დამტკიცებისა? არავინ. მიღებულია. მოგხსენდებათ საბოლოო ტექსტები.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს დღიურ წესრიგში აღნიშნულ 1, 2, 3, 4 და 5 საკანონმდებლო აქტებს, რომელსაც დამფ. კრება უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ვეშაპელს.

1. დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელის შეკითხვა მთავრობისადმი ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

გრ. ვეშაპელი. (ე.-პ.) ბატონებო, ამა წელს თებერვლის 13 მე შემოვიტანე შეკითხვა, რომ დეკრეტი ტყის შესახებ გამოცემული წარსული წლის დეკემბრის 5 არ ხორციელდება. თავის დროზე ეს შეკითხვა ვერ იქნა განხილული ჯერ დამფუძნებელ კრების მორიგ საქმეების გამო და შემდეგ კანიკულების გამო. მაგრამ ეხლაც აპრილში, ამ შეკითხვას მაინც დარჩა თავისი მნიშვნელობა. თუმცა შეკითხვის შეტანის შემდეგ, ამ კანონის განხორციელების საქმეში მიწათ-მოქმედების სამინისტრომ გადადგა ნაბიჯები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ცხოვრებაში გატარება, ყოველ შემთხვევაში, არ ეთანხმება და არ წარმოადგენს კანონის განხორციელებას. როგორც მოგეხსენებათ წარსული წლის დეკემბრის 5 დეკრეტი ამბობდა, რომ ყოველ მესაკუთრეს, რომელსაც ტყის გარდა სხვა მიწა სულ არ ჰქონდა, ან ნორმაზე ნაკლები ჰქონდათ, საკუთარ, ჩამორთმეულ ტყიდგან უნდა მისცემოდა იმდენი, რომ სხვა მიწებთან ერთად ნორმა შესრულებოდა. ეს იყო ერთი კატეგორიული მოთხოვნილება ამ კანონისა.

შემდეგ კანონში იყო ნათქვამი იმაზე, თუ რომელ კატეგორიას ეკუთვნოდა ტყე, მერე იყო ნათქვამი ამ ტყის გაცვლის შესახებ სხვა და სხვა ნაირ მიწაზე, შემდეგ იყო ნათქვამი შიგ სოფელში მდებარე ტყეების ბედზე, რომლებიც სულ მთლად უნდა ჩაითვალოს თემის საკუთრებად. შემდეგ ქალაქის და ერობების ტყეების არ ჩამორთმევის შესახებ და აგრეთვე სოფლის მცხოვრებთათვის ხე-ტყის მასალის განსაზღვრულ ნორმაში უფასოდ მიცემის შესახებ იქ, სადაც საზოგადოების ან სოფლის საკუთარი ტყეები განსაკუთრებულ მნიშვნელობის გამო სახელმწიფო საკუთრებად არის გამოცხადებული. ე.ი. დეკრეტში ორი მთავარი საგანი იყო: ერთი შეეხებოდა მესაკუთრეთათვის ნორმის შევსებას ტყით, მეორე იყო განსაკუთრებულ პირობებში სოფლის მხცოვრებთა მიერ ტყის უფასოდ სარგებლობის საკითხი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ, როდესაც ეს დეკრეტი გატარდა, გატარდა სოც.-დემოკრატიული ფრაქციის თაოსნობით. მოგეხსენებათ თუ როგორი განმარტება იყო წარმოდგენილი, როგორც მომხსენებლის მიერ, ისე კამათის დროს. იყო ნათქვამი, რომ ეს დეკრეტი წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს ჩვენს აგრარულ რეფორმის ცხოვრებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური მოსაზრებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს დეკრეტი იყო უფლებრივი ლიკვიდაცია იმ არევ-დარევისა, რომელმაც იჩინა თავი ზოგიერთ ალაგას ბოლშევიკების მეოხებით, რომლებმაც ტყის საკითხი გამოიყენეს როგორც საუკეთესო საგანი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოსაწყობად. მართალია თქვენ აჯანყება ჩააქრეთ სახელმწიფოებრივი, ჩეულებრივი ზომებით, მაგრამ არევ-დარევა მაინც დარჩა.

როგორც სხვა ყველა დეკრეტს, ისე ამ დეკრეტსაც ჰქონდა უკანასკნელი მუხლი, რომ დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდგან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერო. ეს ჩვეულებრივი ფორმულაა, მაგრამ თავის-თავად ცხადია, რომ როდესაც დეკრეტს მიეწერება ასეთი ფორმულა შესახებ დაუყოვნებლივ ძალაში შესვლისა, თავის-თავად ცხადია, რომ ეს დეკრეტი უნდა განხორცილდეს ყოველივე სიჩქარით. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას რომ ეს დეკრეტი დღესაც არ არის განხორციელებული, ან თუ არის განხორციელებული, არა ისე, როგორც ამას კანონმდებელი გულისხმობდა. რამდენიმე ფაქტს მოგახსენებთ ამ ტყის საკითხის შესახებ. აი, მაგალითად, საჩხერის რაიონში არის დიდი ტყე, რომელიც სახელით თავადიშვილებისა იყო - წერეთლებისა, მაგრამ ნამდვილად ძალიან ბევრი გლეხი იყო მესაკუთრე იმ ტყისა სხვა და სხვა გზით. არის სოფელი, რომელიც თითქმის ჩასახლებული არის იმ ტყეში, რომელიც ეხლა სახელმწიფო ტყედ არის გადაქცეული. ამ ტყის მესაკუთრეების და საერთოდ სოფლის მეურნეობის დაკმაყოფილების შესახებ იყო რამდენიმე შუამდგომლობა დამფუძნებლ კრებაში, აგრარულ კომისიაში, იყო შუამდგომლობა სატყეო უწყებაში და კიდევ მთავრობის თავმჯდომარესთან. ამ 5 დეკემბრის დეკრეტის გამოცემის შემდეგ, როგორც დამფუძნებელ კრების აგრარულ კომისიაში, ისე სამინისტროშიაც უპასუხეს დაინტერესებულ სოფლის საზოგადოებას - იქ რამდენიმე სოფლის საზოგადოება არის დაინტერესებული, მაგრამ საკითხი აღძრა არგვეთის საზოგადოებამ - უპასუხეს, რომ თქვენ დაკმაყოფილებული ხართ, რადგან დეკრეტი გამოიცა და თქვენ უფლება გაქვთ ნორმის ფარგლებში მიიღოთ ტყეო. ასეთი იყო პასუხი. ნამდვილად კი, მართალია უკანასკნელ დროს საჩხერეში არ ვყოფილვარ, მაგრამ დეკრეტის გამოცემის შემდეგ ვიყავი და არავითარი ნაბიჯი არ არის გადადგმული, რომ ეს დეკრეტი განხორციელებული ყოფილიყო. როდესაც მე შევეკითხე საჩხერის თემის გამგეობას, თუ როგორ ფიქრობდნენ ამ დეკრეტის განხორციელებას საერთოდ და კერძოდ იმ საკითხის გადაწყვეტას, რომელიც გლეხების მიერ არის აღძრული და რომლის შესახებ მოსული არის პასუხი დამფუძნებლ კრებიდგან, საჩხერის თემის გამგეობამ ასეთი პასუხი მოგვცა, რომ ეს საკითხი ძალიან რთული არის, ტყე ძალიან დიდი, მონაწილენი ძალიან ბევრი, აქ განსაკუთრებული კომისია არის საჭირო და რაც შეეხება იმას, რომ სანამდის ეს ტყე საკუთრებად გამოცხადდებოდეს, მანამდე უფასოდ სარგებლობის უფლება ჰქონოდათ, რასაც გლეხი ითხოვს თანახმად დეკრეტისა, ამაზე თემის თავმჯდომარემ სთქვა, რომ დეკრეტში სწერია, რომ მიეცეს ხე-ტყის მასალის განსაზღვრული ნორმა, მაგრამ, რადგანაც არ სწერია თუ რამდენი უნდა მიეცეს - ჩვენ არ შეგვიძლიან ამის შესრულება, სანამ არ მოგვეცემა ინსტრუქცია, თუ რამდენი უნდა მივცეთო. ეს დეკრეტი არ ხორციელდება იმიტომ, რომ ადგილობრივ ადმინისტრატიულ ორგანოებს - ერობებს, თემებს არაფერი არ შეუძლიათ გააკეთონ, იმიტომ, რომ დეკრეტში არ სწერია, რამდენი უნდა მიეცეთ მესაკუთრეებს. უწყებები კი ინსტრუქციას არ გზავნიან, რომელიც მიწადმოქმედების სამინისტრომ ამ დეკრეტის განსახორციელებლად შეადგინა, ე.ი. გამოსცა თებერვლის 20-ს. მე არ ვიცი ეს იყო თუ არა შედეგი შეკითხვისა, იმიტომ, რომ ქრონოლოგიურად თებერვლის 19 იყო შემოტანილი შეკითხვა და 20 თებერვალს ბ. ხომერიკმა მოიცალა ინსტრუქცია შეედგინა იმ კანონისათვის, რომელიც იყო გამოცემული საჩქაროდ. მაგრამ იყო ფაქტი ამ ინსტრუქციის შედგენამდე, ყოველ შემთხვევაში ეს იყო საჩივარი ერთ-ერთ დამფუძნებელ კრების წევრისა აგრარულ კომისიაში, რომელშიც საერთოდ ახასიათებდა გორის მაზრას ტყის საკითხის გლახა მოწყობას და კერძოდ აღნიშნავდა, რომ დეკრეტი არ ხორციელდებაო. ამ დამფ. კრების წევრის განცხადების გამო აგრარულ კომისიამ - ეს ოქმი არის დაწერილი - თებერვლის 4-ს დაადგინა, რომ (კითხულობს).

ეს იყო 4 თებერვალს. როგორც მოგახსენეთ თებერვლის 20 ბ. მინისტრმა გამოსცა ინსტრუქცია. კიდევ ერთი ფაქტი. ამ დეკრეტის გამოცხადების შემდეგ ახალციხიდან იყვნენ მიწათ-მოქმედების სამინისტროში სოფელ ოშორის გლეხების წარმომადგენლები და მათ განაცხადეს, რომ მათ ტყის გამგე - მცველები უკრძალავენ ტყიდგან ხე-ტყის გატანას. ეს ტყის ალაგი ყოველთვის იყო წყაროდ ხე-ტყის მასალის მოწოდებისა ჯავახეთში და აი ამ ტყის მცველები აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფო ტყე არის და არ შეიძლება რამე მოიჭრასო. ასე რომ სადაც ასეთ რამეებს ჰქონდა ადგილი, და მე მხოლოდ ნაცნობ ფაქტებს გეუბნებით, იმიტომ რომ დამფუძნებელ კრების აგრარულ კომისიაში იყო შემოტანილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაგალითები ტიპიურია ყველა სხვა მაზრებისათვის, რომ უფასოდ არავის არ ეძლევა ტყის მასალა წინააღმდეგ დეკრეტისა. და საერთოდ კი გრძნობთ მეტის მეტ ფისკალური ხაზინის ინტერესების დაცვას ტყის სარგებლობის საკითხში, რომელიც აუცილებლად უწესო მოვლენას წარმოადგენს, იმიტომ, რომ უფრო აუარესებს გლეხების მდგომარეობას, ვიდრე ძველი რეჟიმის დროს იყო. ეს არის ფაქტი.

მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივ მაგალითად, საჩხერესა და ახალციხეში ასე იყო. ამას ხსნიდენ იმით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ტყეები გავანაწილოთ, სანამ ინსტრუქცია არ გვექნებაო. სჩანს, რომ სამინისტროში არ აპირებენ ინსტრუქციის გამოცემას. ამბობენ, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტრო პრინციპიალურად არ ეთანხმება დამფუძნებელი კრების დეკრეტსო, და ერთგვარ გაჭიანურებით, უცხო სიტყვა რომ ვიხმაროთ, საბოტაჟით უნდა, რომ სხვანაირი მდგომარეობა შექმნას. ამის შესახებ კატეგორიული განცხადება იყო და თუ ვინმე წინააღმდეგს იტყვის, მე მოუსმენ მას.

შიში იყო, რომ ინსტრუქცია აღარ იქნებოდა. ინსტრუქცია მაინც დაიწერა თებერვლის 20 1920 წელს. ინსტრუქციაში სულ 10 მუხლი არის, მაგ. ზოგი ამ მუხლებიდან, მე მგონია ეწინააღმდეგება თვით დეკრეტს.

ყოველ შემთხვევაში ეს ინსტრუქცია არ წარმოადგენს ისეთს ნაბიჯს მიწათ მოქმედების სამინისტროისას, რომ დაუყონებლივ, უმტკივნეულოდ და მცხოვრებთა სასარგებლოდ იყოს ცხოვრებაში გატარებული დამფუძნებელი კრების დეკრეტი, არამედ ის წარმოადგენს ისეთს განმარტებას, რომ სამინისტრო იყენებს ყოველ საბუთებს, ან კანონიერს დეკრეტის მიხედვით, ან უკანონოს, რომ ფაქტიურად მაინც არ იქნას გატარებული დეკრეტი ისე, როგორც ეგონათ თვით ავტორებს. აი მაგალითად ინსტრუქციის მე-5 მუხლი ამბობს (კითხულობს ინსტრ. მე-5 მუხლს). დეკრეტში არის ლაპარაკი სოფლის საზოგადოების და სოფლის ტყეების შესახებ. მე-4 მუხლი დეკრეტისა ამბობს.(კითხულობს მე-4 მუხლს).

ესე იგი სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ დეკრეტი აძლევს საშუალებას მიწათ-მოქმედების სამინისტროს მხოლოდ სოფლის საზოგადოების და საკუთარი ტყეების შესახებ. რაც შეეხება სხვა ტყეებს, ამის საშუალება მიწათ-მოქმედების სამინისტროს არ აქვს დეკრეტით. ამის შესახებ დეკრეტში არაფერია ნათქვამი, რომ არ შეიძლება ტყის მიცემა, თუ ტყე არის გამოცხადებული სახელმწიფოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო. ეს რომ ყოფილიყო დეკრეტში, მაშინ გაუგებარი იქნებოდა ის კამათი, რომელიც იყო მომხსენებლის ან ამ კანონ-პროექტის დამცველების და შემკითხველის შორის, რომელიც არის აღბეჭდილი სტენოგრაფიულ ანგარიშში. იქ მომხსენებლები ამბობდნენ: ჩვენ არ გვეშინია იმისი, რომ კერძო მესაკუთრეს მიეცემა ტყეო თუნდაც ისეთი, რომლის სახელმწიფო მნიშვნელობა აშკარაა იმიტომ, რომ ასეთი ბევრი არ არის. ან და რომ იყოს კიდეც მესაკუთრე, დაიცავს ამ ტყეს თუ კი დარწმუნებული იქნება, რომ ის მისი საკუთრება არის. როდესაც ეს გამოცხადებული იყო, მიწად-მოქმედების სამინისტროს არ ქონდა უფლება თავის სატყეო ადმინისტრაციისთვის მიეცა ინსტრუქცია, რომ თქვენ შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ, თუ ტყე სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის არისო. ეს ეხება სხვადასხვანაირ ტყეს. ეხება კერძო მესაკუთრის ტყეს და დეკრეტი არავითარ საშუალებას ასეთნაირ განმარტებისას არ აძლევს მიწად-მოქმედების სამინისტროს. ეს წარმოადგენს, ალბათ, იმას, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო იყო წინააღმდეგი ამ დეკრეტისა, სწორედ ამ საგანში და თავის ინსტრუქციით უნდა ახლა მეორე კანონი გამოსცეს. თავის თვალსაზრისს ანხორციელებს ინსტრუქციის ძალით. ეს იმ ინსტრუქციათა რიგს ეკუთვნის, რომელიც საიდუმლოებით არის მოცული და წინააღმდეგ ჩვეულებისა და ადათისა არ ცხადდება გაზეთებში. მოქალაქემ უნდა გაიგოს, როგორ განმარტებას აძლევს სამინისტრო დამფუძნებელ კრების კანონს. არის კიდევ ორი მუხლი, თუმცა ყველას არ წაგიკითხავთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მუხლი წარმოადგენს სურვილს ახალ კანონის გამოცემისას (კითხულობს მე-9 მუხლს). თუ დამფუძნებელი კრება აკანონებს უფასოდ ხე-ტყის მასალის მიცემას განსაზღვრულ დროს და ალაგს, ე.ი. იმ ტყეებიდან, რომელნიც წინად სოფლის საკუთრებას წარმოადგენდნენ და ამისთვის ვისაც სჭირია, ხე-ტყის მასალა უფასოდ უნდა მიეცეს, მაშინ თავის თავად ცხადია, რომ ყოვლად შეუძლებელია დამფუძნებელი კრების კატეგორიული განცხადების შემდეგ, რომ ეს უფასოდ არის მისაცემიო, სამინისტრომ გამოაცხადოს, რომ 10%25 გადასახადი არის სავალდებულოო. ჯერ ერთი, რომ მისი გადიდება შეიძლება ისეთ ზომამდე, რომ შესაძლოა თითქმის შეედაროს ხე-ტყის მასალა ჩვეულებრივ საბაზრო ფასს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. იმის შემდეგ რაც დამფუძნებელი კრება აცხადებს ამას უფასოდ, დატოვება 10%25 გადასახადისა წარმოადგენს დამფუძნებელი კრების დეკრეტის დარღვევას და იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელსაც მიწად-მოქმედების სამინისტრო უკარნახებდა სატყეო გამგეობას. ეს დეკრეტი არ ვარგა, ცხოვრებაში არ გატარდება, და ამიტომ ძნელად ჰკიდებდნენ ხელს ამის გატარებას. ეს ინსტრუქცია თებერვლის 20-ს არის გამოცემული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ამ ინსტრუქციის გამოუცემლობით ამართლებდნენ დეკრეტის განუხორციელებლობას, ამის შემდეგაც, როგორც სავალდებულო, ეს დეკრეტი არსად არ არის გატარებული. ახალციხის მაზრაში შემთხვევით ჩამოუტანა ახალციხის ერობას სააღდგომოდ თებერვლის 20-ს გამოცემული ინსტრუქცია ერთმა კერძო პირმა. ეს იყო ახლად გადმოყვანილი ერთ-ერთ რაიონულ კომისიის მდივანი, რომელიც გადმოიყვანეს გორის აგრარულ კომისიიდან, რომელსაც არ შეუძლია მთელი სამაზრო მასშტაბით მუშაობა და არის მხოლოდ მიმღებ კომისიის მოხელე. და თვით ინსტრუქციის გამოცხადების შემდეგ ამ წლის მარტის 3-ს, მიწად-მოქმედების სამინისტროს სატყეო განყოფილებას დაუყენებია მთელი რიგი კითხვებისა. არის 7 კითხვა რუსულად დაწერილი. მოგახსენებთ ქართულად. აქ არის კითხვები ყველა იმ საგნების შესახებ, რომელიც შეეხება ამ დეკრეტს. მაგალითად ასეთი კითხვაა: რომელი სოფლები სარგებლობენ სერვიტუტის უფლებით, რამდენი ტყე ჰქონდათ, რამდენი სოფელი შეეძლო დაეკმაყოფილებინა, რა ვალდებულება ჰქოდა მთავრობას, რამდენ მცველს აძლევდა სოფელი ტყის დასაცავად. შემდეგ 17, 18, 19 წელს რა იყო და ახლა შეიძლება თუ არა ამ ტყით დაკმაყოფილება? თვით წინასიტყვაობაში სატყეო განყოფილება იტყობინება, რომ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრებაში გავატაროთ დეკემბრის 5-ის დეკრეტიო. დეკრეტი გამოცხადებულია დეკემბრის 5-ს, ინსტრუქცია თებერვლის 20-ს. და მარტის 3-ს ახალ ანკეტას აცხადებენ. ასე რომ სატყეო განყოფილებას ჯერ წარმოდგენილი არ აქვს, რომ დეკრეტი ცხოვრებაში გატარებული უნდა იყვეს. მე არ ვიცი რამდენი დრო დასჭირდება ამ დეკრეტის ცხოვრებაში გატარებას. მგონია ყველაფერი ეს წარმოადგენს დარღვევას კერძოდ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დეკრეტისას, რომელიც განსაკუთრებით საშური იყო, როგორც ეკონომიურის, ისე პოლიტიკურის მოსაზრებით და თავის თავად წარმოადგენს ნიმუშს იმისას, როგორ სრულდება ჩვენში კანონი, თუნდაც ისეთი, რომელთაც აწერიათ: „ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ“.

მე მგონია, რომ ეს არის საერთო მოვლენა. საერთო მოვლენა არის ის, რომ თუ კანონი სასიამოვნო არ არის უწყებისათვის, საერთო ადმინისტრატიულ ორგანოებისათვის, მაშინ იგი ან არ ხორციელდება, ან გლახად ხორციელდება და თუ საშუალება აქვთ ინსტრუქციის გამოცემისა, ფაქტიურად კანონი ამ ინსტრუქციით უქმდება. კერძოდ ამ ინსტრუქციის შესახებ უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი, რომ სანამ მის გამოცხადების შესახებ არ არის ერთგვარი წესი, სანამ არ არის მთავრობის გაზეთებში გამოცხადების წესი, მანამ ეს წარმოადგენს პირდაპირ უკანონო განმარტებას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ინსტრუქციის გამოცემის უფლება უწყებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, როცა სათანადო კანონში არის ეს შესაძლებლობა დატოვებული. ჩვენ ვიცით მთელი რიგი კანონებისა, სადაც ყოფილა დამატებული, რომ უწყებას უფლება აქვს ინსტრუქციების გამოცემისაო.

ტყის შესახებ დამფუძნებელ კრებას მიწად-მოქმედების სამინისტროსათვის არ მიუცია ეს უფლება. მიუხედავად ამისა ეს ინსტრუქცია იყო გამოცემული. ეს ამახინჯებდა დეკრეტს და მხოლოდ საშუალება აქვს არ განახორციელოს მისთვის მიღებული დეკრეტი და კანონი. მე მგონია ეს უკანონობა უნდა მოისპოს.

აქ ამ შემთხვევაში კი არა ყოფილა ეს დართული.

თავმჯდომარე. სიტყვა ბატონ არსენიძეს ეკუთვნის.

. არსენიძე (იუსტ. მინისტ.) დამფუძნებელი კრების წევრნო! ყოველ შეკითხვას აქვს ერთგვარი აზრი და მნიშვნელობა, ან საზოგადოებრივი, ან პოლიტიკური.

ამ შეკითხვას ჩვენ თავიდანვე ვაძლევდით დიდ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, იმიტომ კი არა, რომ იგი ისეთი დასაბუთებული და ღრმად საფუძვლიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი ეხება მეტად რთულსა და მეტად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ტყის საკითხი.

თუ საერთოდ რევოლიუციონურ შემოქმედებაში აგრარული რეფორმის გატარება უმთავრესი იყო, მით უმეტეს, ამ აგრარულ რეფორმაში, შეიძლება თამამად ითქვას, ტყის საკითხი ყველაზე რთული, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენში.

რასაკვირველია, ასეთი საკითხის გატარების დროს ათასგვარი უხერხულობა და ნაკლი არის მოსალოდნელი. ყველა ამის გამონახვა არც ისე ძნელია, როგორც ეს ბ. ვეშაპელს გასძნელებია, რომელმაც 2-3 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი მჭლე ფაქტი გამოსძებნა და დაგვისახელა ვითომდა კანონის შეუსრულებლობისა. მიუხედავად ამისა... (ვეშაპელი ადგილიდან: მსუქანი თქვენ ბრძანდებით!) მე სრულიად არა მსურს ამ ჟამად არც მსუქან ვეშპელს გამოვუდგე, არც მის მსუქან ფაქტებზე ვილაპარაკო და მათ გარჩევას შევუდგე. აქ აღიძრა ერთი დიდი საკითხი და მე მინდა ერთის თხოვნით მივმართო დამფუძნებელ კრებას და ეს თხოვნა დავასაბუთო.

ამ საკითში არ აქვს მნიშვნელობა იმას, რაც ილაპარაკა ვეშაპელმა. ჩვენ არ გამოვუდგებით იმის გარჩევას, დაარღვია თუ არა ვინმემ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონი. რაც შეეხება მის მეორე განცხადებას, თითქოს მიწადმოქმედების სამინისტროს ინსტრუქციებით გაეუქმებინოს კანონი, უნდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. მართალია, როგორც მიხაილოვსკი ამბობდა, დავა ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ დავის დაწყება არ ნიშნავს დამტკიცებას.

ბ. ვეშაპელმა უნდა იცოდეს, რომ, როდესაც არის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ორგანო, რომელიც იცავს კანონიერებას, იმ შემთხვევაში ყოველი პირი, რომელიც უკმაყოფილო არის ინსტრუქციით, შეუძლია მიმართოს ამ ორგანოს და მისგან მიიღოს კომპეტენტური განმარტება და ასე თუ ისე, გვექნება ჩვენ მაშინ გადაჭრილი აზრი. ასეთი ორგანო ჩვენ სახელმწიფოს უკვე მოეპოვება და თუ ვისმეს სურს დაამტკიცოს უკანონობა კანონიერის გზით - მას ასეთი საშუალება აქვს. (ასათიანი ადგილიდან: რომელი ორგანოა ეს?) ეს ორგანო გახლავთ სენატი. (ასათიანი ადგილიდან: სენატს აშორებენ ყოველგვარ მხარეს აგრარული საკითხისას). ჯერ ჩვენ არ ვიცით ისეთი შემთხვევა, რომ მისთვის განმარტებითი წესით ჩამოეშორებინათ ეს უფლება და თუ ამას ჩამოაშორებენ, მაშინ ვნახავთ.

არც ერთი საკითხი კანონიერებისა ჯერ სენატისათვის არ ჩამოუშორებიათ და სანამ ფაქტი არ არის, მასზე მსჯელობა არ შეიძლება, ისე, როგორც არ არის ღირსეული თქვენი მტკიცება, თითქოს იმიტომ არ გაკეთდა ტყის საკითხი, რომ მინისტრს არ სურდაო. მე მინდა ვთქვა, რაკი ეს საკითხი დაისვა... (ვეშაპელი: თქვენ ბრძანდებით მიწად-მოქმედების მინისტრი?) მე გახლავარ მთავრობის წარმომადგენელი, ბ. ვეშაპელო, და მთავრობის წევრი პასუხს აგებს მთელ მთავრობის მოქმედებაზე. დიახ, მე გელაპარაკებით აქ არა როგორც იუსტიციის მინისტრი, არამედ როგორც მთავრობის წევრი. (ვეშაპელი: ვიცით!) თუ იცით, აწი მაინც წვრილმან რეპლიკებს ნუ წამოისროლით, ისინი სხვა დროისათვის შემოინახეთ.

მაშასადამე, რაკი ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვსურს, ყოველ მხრივ იყოს გაშუქებული. ის საკითხი, რომელიც აღიძრა აქ, თვითონ არ იყო შეტანილი შეკითხვის ტექსტში. მე რამდენჯერმე გადავიკითხე ეს ტექსტი, მაგრამ აქ არის მხოლოდ ორი სიტყვა ნათქვამი, რომ დღემდი ტყის კანონი არ ხორციელდებოდა, ე.ი. შეკითხვის შემოტანის დღემდი - 13 თებერვლამდი. ჩვენ ვიცით, რომ თებერვლამდი არც შეიძლებოდა განხორციელება ამ კანონისა. თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ტყეები მთებში არის და მთები კი დათოვლილი იყო და იქ მუშაობას შეუძლებელს ხდიდა - ცხადია, რომ თებერვლამდი შეუძლებელი იყო რამის გაკეთება ტყის საკითხის მოსაწესრიგებლად. მე მგონია, რომ ამ ზოგადი პასუხით უნდა დაკმაყოფილებულიყო ბ. ვეშაპელი, მაგრამ მან აქ დაუმატა მთელი რიგი სხვა კითხვებისა, რომელიც გვაიძულებენ, მიუხედავად იმისა, საბუთიანია ისინი თუ არა - გადავშალოთ დამფუძნებელი კრების წინაშე მთელი სურათი სატყეო მუშაობისა ყველა მისი ცნობებით და მუშაობის აღნუსხვით. მთავრობას სურს ყველა ეს დალაგებით იქნეს გაშუქებული დამფ. კრებისათვის და თქვენს წინაშე ისე იქნეს წარმოდგენილი.

ეს კი ასე სწრაფად შეუძლებელია. ვინაიდან მუშაობა მიმდინარეა და არა დასრულებული - ყოველ დღე სწარმოებს და ასეთ პირობებში იქ, თქვენ იცით, ყოველ წუთში ანგარიშის გამოტანა ძნელია, ის თხოულობს ერთგვარ დროს. ამიტომ მე მივმართავ დამფუძნებელ კრებას, რომ ამ საკითხის არსებითი განხილვა, ყველა ამ საბუთის წარმოსადგენად მთავრობას მისცემოდა რამდენიმე დღის ვადა, თუ, რასაკვირველია, იგი ამას შესაძლებლად დაინახავს. (ვეშაპელი: ალბათ დაინახავს!) მე მგონია, რომ დამფ. კრებას აინტერესებს არა ვეშაპელის ღირსება და მნიშვნელობა, არამედ თვით ფაქტების... (ა. ასათიანი: ამოწურვა!) დიახ, ამოწურვა იმ საკითხისა, რომელსაც ტყის საკითხი ეწოდება და რომელიც ხშირად იქცევა ხოლმე საშინელი დემაგოგიის საგნად და დიდი არევ-დარევის შემტანია სოფლის ცხოვრებაში. ამ საკითხის ყოველ მხრივ გაშუქებისათვის მთავრობა მოითხოვს თქვენგან ერთგვარ ვადას და სრული იმედი მაქვს, რომ არა ვეშაპელის შეკითხვისათვის, არამედ ამ საკითხის ყოველ მხრივ დასაბუთებისათვის - დამფუძნებელი კრება მიიღებს ამ ვადის შესაძლებლობას და მოგვცემს დროს ეს საკითხი სავსებით წარმოვუდგინოთ დამფუძნებლ კრებას. ამას აქვს მნიშვნელობა ხალხისათვის იმ მხრივ, რომ მან გაიგოს თუ რა გააკეთა ამ ნიადაგზე მთავრობამ.

თავმჯდომარე. მაშასადამე, შემოტანილია წინადადება მიეცეს მთავრობას დრო ამ საკითხზე პასუხის გასაცემათ. უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობას აქვს უფლება მოითხოვოს ვადა. (ვეშაპელი: მაგისათვის რიხი არ იყო საჭირო!) როგორ ინებებთ, გადადებთ ამ საკითხს თუ არა?

ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

. გიორგაძე. (ს.-დ.) ჩვენ გვგონია, რომ მთავრობის მოთხოვნა კანონიერიც არის და მიზანშეწონილიც, რადგან მომხსენებელს, შეკითხვის ავტორს, მთავრობამ პირველათ მოუსმინა, პირველად მოისმინა მისი საბუთები. და ამიტომ ეს საჭირო არის ჩვენის აზრით, ეს კანონიერი იქნება და მიზანშეწონილიც, რომ მთავრობამ ჯეროვანი პასუხი გასცეს იმ საბუთებს, რომელიც აქ წამოყენებული იყო.

ამიტომ ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს იმას, რომ მიეცეს მთავრობას 7 დღის ვადა და ამ ვადაში პასუხი გაგვცეს. (გვაზავა: რეგლამენტითაც აქვს მთავრობას ამის უფლება).

თავმჯდომარე. დიახ, რეგლამენტიც აძლევს მთავრობას ამის უფლებას. ვინაა წინააღმდეგი გადაიდვას ეს შეკითხვა ერთი კვირით? წინააღმდეგი არავინ არის და შეკითხვა დაისმის შემდეგ პარასკევს. გადავდივართ სხვა საკითხზე.

2. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის განკარგულებაში 300.000 მან. გადადებისა „26 მაისისდღესასწაულის მოსაწყობათ.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.

. ნინიძე. (მომხს.) დეკრეტი გახლავთ ბატონებო შემოტანილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ხელოვნების კომისიისაგან, რომელიც თხოულობს მაისის 26 დღესასწაულის მოსაწყობათ განსაზღვრული თანხის გადადებას (ხმაურობაა).

თავმჯდომარე. გთხოვთ სიწყნარე დაიცვათ! არაფერი ისმის.

. ნინიძე. ხელოვნების კომისია თხოულობდა ერთ მილიონ მანეთს. საფინანსო კომისიამ, მიიღო რა მხედველობაში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ხაზინის მდგომარეობა და მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ ხალხს თვით შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ დღის მოწყობაში - საჭიროთ სცნო ამ თანხის შემცირება. და ჩვენ 1 მილიონი შევამცირეთ 300.000 მანეთამდი და ამ სახით ვარდგენთ თქვენ წინაშე.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ბ. გვაზავას.

. გვაზავა. (ერ.-დემ.) სამასი ათასი ძალიან ცოტაა. „26 მაისი“ არის ეროვნული დღეობა და ეს კი რაღაც მასხრობა გამოდის. ეს ფული რომ ყიდვის მნიშვნელობაზე გადავიტანოთ რა ძალა აქვს? დღესასაწაული კი მეტად დიდია, მას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. „26 მაისი“ ეს უპირველესი დღესასწაულია, ეს არის ჩვენ მიერ თავისუფლების მოპოება. აქ ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს, რომ შევაგნებიოთ ხალხს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს.

ერთი სიტყვით ეს დღეობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, როგორც შეფერის მის შინაარს. ამიტომ ჩემი აზრი ისეთია, რომ ფული ძალიან მცირე არის. და რადგან ხელოვნების კომისია 1 მილიონს თხოულობდენ - ეს თანხა მაინც გავაოროთ. მე რასაკვირველია, ვარაუდით ვამბობ; დაწვრილებით ხარჯები არ მიანგარიშია. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, თუ მხედველობაში მიიღებთ არსებულ სიძვირეს, ყოვლად შეუძლებელია ამ თანხით ისეთი რამის გაკეთება, რომელიც იქნება ლამაზი, მშვენიერი, რომ დარჩეს ხალხის ხსოვნაში შთაბეჭდილება ამ დღესასწაულისა. და სწორედ ეს შთაბეჭდილება არის ძვირფასი და ამისთვის რომ ცოტა მეტი ფული გავიღოთ - ეს არ იქნება დაკარგული. ეს იქნება მიზანშეწონილი. ამიტომ ვთხოვ დამფუძნებელ კრებას, რომ ეს თანხა გააოროს. 600.000 მანეთი მაინც გაიღოს. ეს უკანასკნელია იმისათვის, რომ ეს მოეწყოს რიგიანად. ამავე დროს, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს ფული არ იკარგება. არამედ ვინც იმუშავებს - მას შეძლება ეძლევა შეიძინოს. რაც სამუშაო ბევრია, მით შემოსავალი მეტი აქვს მოსახლეობის ერთ ნაწილს მაინც. ეს ფული არ არის გადაყრილი. თუ გადაყრილია - მუშათა ჯამში იყრება; ვინც მუშაობს იმის ხელში შედის. (ცენტრიდან: ბურჟუაზია?) ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული და ბურჟუაზია აქ რა შუაშია?!

მე ვიცი, საფრანგეთში როდესაც ასეთი დღეობაა, ხარჯავენ აუარებელ ფულს, იმიტომ რომ საშვალება მიეცეს მუშა ხალხს ფული შეიძინოს. ამ მხრივ უბრალო დღეობაზე, ასე აიღეთ, სტუდენტთა დღეობაზეც პარიზში - ამ დღეობაზე ხარჯავენ აუარებელ ფულს და ამ შემთხვევით მუშებს ბევრი შემოსავალი აქვთ.

ისე, რომ მე წინააღმდეგი ვარ ისეთი აზრის, ვითომდა ეს ფული გადაყრილია და უბრალოთ იხარჯება.

ჩვენ მოხელეებს ხომ უმატებთ 50-60 პროც. ასეთი მომატება უფრო მიუღებელია, ვიდრე ისეთ საქმეებზე ფულის გადადება, როგორც არის „26 მაისის“ დღესასწაულის მოწყობა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ფული სახელმწიფოს არ ეკარგება, ის მუშების ხელში გადადის და ფულის კურსის დაცემაზე გავლენას არ იქონიებს. ამიტომ მე მგონია, რომ ეს 300 ათასი მანეთი ეროვნული დღესასწაულის მოსაწყობად ძალიან მცირე არის და წინადადებას ვაძლევთ ის გადადებულ იქნას 600 ათას მანეთამდე.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს კიდევ? არავის სურს. მომხსენებელი მოგახსენებთ დასკვნას.

. ნინიძე. კომისიას სავსებით მისაღებად მიაჩნია ის აზრი, რომ „26 მაისი“ დიდი ეროვნული დღესასწაულია, ამაში დავა არ არის. კომისიას სურს, რომ ეს დღესასწაული ლამაზი და მშვენიერი იყოს, მაგრამ ამასთანავე კომისია დარწმუნებულია, რომ ამ დღესასწაულში ხალხი მიიღებს მონაწილეობას და ეს მონაწილეობა ფართო მასის უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე სახაზინო ფულებით მოწყობილი დღესასწაული. ეს ერთი. ის, რაც გვაზავამ მოგახსენათ ფულის შესახებ, ერთის მხრით არის მართალი. ეს მაშინ არის მართალი, როცა სახელმწიფო წარმოებას აწყობს და ამ წარმოების მუშები იღებენ ფულს. მართალია არც ამ დღესასწაულზე დახარჯული ფულებით კარგავს სახელმწიფო არაფერს, მაგრამ ამ თეორიით მაინც ვერ ვისარგებლებთ. საქმე იმაშია, რომ ბ. გვაზავას ვინმემ ფულები რომ მოსტაცოს, ის მეორეს ჯიბეში გადავა და სახელმწიფო არაფერს დაკარგავს, მაგრამ ასე მსჯელობა არ შეიძლება. (სიცილი).

მართალია ცოტაა 300 ათასი მანეთი, მაგრამ ჩვენ ვიღებთ მხედველობაში ხაზინის მდგომარეობას და ისე ვიღებთ ფულებს. ამიტომ კომისიის სახით ვითხოვ, რომ ეს თანხა შეუსწორებლივ დამტკიცდეს.

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოტანილი ბ. გვაზავას მიერ, რომ 300.000 მან. 600.000 მ. გადიდდეს. ვინ არის მომხრე? ვინ წინააღმდეგი. მაშ, შესწორება უარყოფილია. სიტყვა ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

3. დეკრეტი ტფილისის სამხედრო სკოლის საჭიროებისათვის 195.000 მან. დამატებით გადიდებისა.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) სამხედრო სკოლას აქვს დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც ჩვენ მიერ მიღებულია და რომელიც გამოიხატება ნახევარ მილიონ მანეთში. ეს თანხა საკმარისი არ არის და ამიტომ სამხედრო უწყება შემოდის შუამდგომლობით, რომ ეს თანხა - 195 ათასი მან. - დამატებით იქნას გაღებული. მართლაც ამ სკოლის მასწავლებლები ძალიან მცირე ჯამაგირს იღებენ. მათ ეძლევათ 750 მან. მაშინ, როცა ზოგადი განათლების სკოლის მასწავლებლებს ეძლევათ 1800 მან. და იმდენივე გაკვეთილები აქვთ, რამდენიც სამხედრო სკოლის მასწავლებლებს. სამხედრო უწყება მოითხოვს, რომ ამ მასწავლებლებს ჯამაგირები გაუდიდეს, 500 მან. ე.ი. 300 მან. ნაკლები მიეცეთ, ვიდრე სახალხო მასწავლებლებს ეძლევათ. ეს კი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას შესაძლებლად მიაჩნია ამისთვის საჭიროა 195 ათასი მანეთი. აქ მიდის ზედმეტი ხარჯებიც ლექციების და წიგნების გამოსაცემათ. სულ წინანდელთან ერთად ეს შეადგენს 695 ათას მან. და მე კომისიის სახელით ვშუამდგომლობ, რომ ეს დამტკიცებულ იქნას.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი. მუხლობრივი წაკითხვის შემდეგ შეუსწორებლივ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგ გახლავთ დეკრეტი ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფრის ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ონიაშვილს.

6. დეკრეტი ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავ-შესაფარი შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარი 1882 წ. დ-ან არსებობს. ამ თავშესაფარში ძველად, ომამდე ინახებოდა 40-მდე ბავშვი. ომის შემდეგ ბავშვთა რიცხვი 87-დე გადიდდა. იქ არის თავისი შტატი, რომლის შესანახად არის საჭირო ხარჯები. ის, რასაც ისინი იღებენ დღემდე, იმდენათ, მცირეა, რომ სრულებით არ შეეფერება დღევანდელ სიძვირეს. ამიტომ შინაგან-საქმეთა მინისტრი შევიდა მთავრობაში შუამდგომლობით, ახალი ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. იქიდან ეს დეკრეტი გამოვიდა კომისიაში, რომელმაც ის მიიღო. დეკრეტში 3- ჯერ არის გადიდებული წინანდელი ჯამაგირები. დეკრეტზე დადებითი დასკვნაა სახელმწიფო კონტროლიორის და ფინანსთა უწყებისა და ამიტომ ვშუამდგომლობთ თქვენს წინაშე, რომ ის დადასტურებულ იქნას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მინადორა ტოროშელიძისას.

. ტოროშელიძე. (ს.-დ.) ეს თავშესაფარი დაათვალიერა ჯანმრთელობის კომისიამ და დარწმუნდა, რომ ის სავსებით მტკიცე ნიადაგზე არის დაყენებული. მას განაგებს ქალბატონი გედევანიშვილი, რომელიც დიდ ენერგიას და უნარს იჩენს ამ საქმეში. ბავშვები სუფთად და ფერადოვანად არიან. იღებენ აღზრდა-განვითარებასაც. არიან მასწავლებლები, ექიმები, ხელოსნები. ბავშვებს წინეთ 4 მან. ჰქონდათ, შემდეგ ის თუმნამდე გაუდიდეს, ახლა კი შეუძლებელია ამ მცირე თანხით არსებობა, ამიტომ ჯანმრთელობის კომისია წინადადებას იძლევა, რომ მათ მიეცეს დეკრეტში აღნიშნული ფული, რომ თავშესაფარი ჯეროვან ნიადაგზე იქნეს დაყენებული.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი მეტი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ ბ. მომხსენებელო, წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი კითხულობს 1 და 2 მუხლს, რომელსაც კრება შეუსწორებლივ იღებს. დეკრეტი გადაეცა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. დღის წესრიგი ამოწურულია. მდივანს ვსთხოვ წაიკითხოს შემდეგი სხდომის წესრიგი.

(მდივანი კითხულობს).

თავმჯდომარე. სანამ სხდომას დავხურავდე, უნდა მოგახსენოთ შემდეგი: კვირას, აპრილის 25, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება აწყობს გამოფენას შოთა რუსთველის პრ. №13. დეპუტატებს ვსთხოვ დაესწრონ. დასწრება შეუძლიანთ დეპუტატების ბილეთით. სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა დაიხურა 2 ს. 25 წუთზე.

13 მეცამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(13)

1920 წელი. აპრილის 27. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ.

3. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ნაწილების ინსპექციის შტატის დამტკიცებისა.

4. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - უჭკუოთა და ჭკუაზე შეშლითა შემოწმების წესების მიღებისა.

5. ნაფიცი ვექილის ივ. ზედგინიძის შუამდგომლობა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 1/2 საათ.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - კერძო ვექილთა სავექილო მოწმობისათვის დაწესებული გადასახადის გადიდების შესახებ.

2. შრომის მინისტრის კანონ-პროექტი - რკინის გზებზე უბედურ შემთხვევით დასახიჩრებულ რკინის გზის მოსამსახურეთა, ხელოსანთა, მუშათა და მათი ოჯახის წევრების დაკმაყოფილების დებულების მე-4 მუხლის შეცვლისა.

3. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთათვის უკანასკნელი სამხედრო მოქმედებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 276.000 მან. გადიდების შესახებ.

4. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - საერობო გზების მომსახურეთათვის დამატებითი გასამრჯელოს მისაცემად 144.430 მან. გადადების შესახებ.

5. ფინანსთა მინისტრის კანონ-პროექტი - უცხოელ სააქციზო საზოგადოებათა მოქმედებისა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში.

6. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - დუშეთის მაზრის ერობისათვის სურსათ-სანოვაგის და სათესლე მასალის შესაძენად 2.000.000 მან. სესხის მისაცემად.

7. მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან 20%25 ერობათა სასარგებლოდ გადადების შესახებ.

8. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ახალქალაქის მაზრის საექიმო დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

9. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტრო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

შემდეგ მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის განკარგულებაში 300.000 მან. გადადებისა „26 მაისის“ დღესასწაულის მოსაწყობად. მომხსენებელია ი. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის სამხედრო სკოლის საჭიროებისათვის 195.000 მან. დამატებით გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი - ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფრის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა - სადისციპლინო წესდებისა. მომხესენებელია ზაქ. გურული.

5. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილის ინსპექციის შტატის დამატებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - უჭკუოსი და ჭკუაზე შეშლილის შემოწმების წესის შეცვლისა. მომხსენებელია სერ. ჯაფარიძე.

7. ნაფიც ვექილის ივანე ზედგინიძის განცხადება, რომ მას დასტური მიეცეს სერგი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი აღძრას - შეურაცხყოფისათვის.

თავმჯდომარე. ვის ნებავს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? არავის. დღიური წესრიგი მიღებულია. მდივანი მოგახსენებთ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარის მამედ-ბეგ აბაშიძის დეპეშას.

მდივანი კითხულობს: „ბათომის ოლქის მუსულმანთა მეჯლისი მოგახსენებთ უღრმეს მადლობას მეჯლისის გახსნის შესახებ მოლოცვისა გამო, მიესალმება დედა სამშობლოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას და გამოსთქვამს ღრმა მწუხარებას, რომ ბათომის ოლქის ქართველ მუსლიმანთა ყრილობის მიერ 31 აგვისტოს გამოტანილი დადგენილება ქალაქ ბათომის და მისი ოლქის საქართველოსთან ავტონომიური გაერთიანების შესახებ დღემდის კიდევ არ არის სისრულეში მოყვანილი. მეჯლისმა კვლავ დაადასტურა 31 აგვისტოს დადგენილება. მეჯლისს ღრმად სწამს, რომ ვერავითარი ძალა ვერ შესძლებს ბათომისა და მისი ოლქის საქართველოსთან ჩამოშორებას. მეჯლისი ფიცს სდებს, რომ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებს საქართველოს მთლიანობისათვის. გაუმარჯოს საქართველოს დამფ. კრებას. გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიურ დედა სამშობლოს ფარგლებში“.

დამფუძნებლი კრება ამ დეპეშას ტაშით შეხვდა.

თავმჯდომარე. საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ ბატონი გომართელი.

ივ. გომართელი კითხულობს დღიურ წესრიგში მოთავსებულ 1, 2, 3 საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფ. კრება უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ზაქარია გურულს ეკუთვნის.

1. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ.

. გურული კითხულობს მუხლობრივად, რომელთაც დამფ. კრება ცალ-ცალკე ღებულობს.

სადისციპლინო წესდება

თავი 1.

საზოგადო დებულებანი.

1. სამხედრო დისციპლინა ავალებს ყველა სამხედრო პირს სამხედრო კანონებში აღნიშნული წესების მტკიცეთა და სწორედ დაცვას. სამსახურის მოვალეობათა კეთილსინდისიერად ასრულებას, უფროსთა ბრძანების სიმტკიცითა და სისწორით შესრულებას და უფროსების მიმართ შესაფერ პატივისცემას.

2. ბრძანების შედეგის პასუხისმგებლობა დაევალება მბრძანებელს და არა აღმასრულებელს, თუ უკანასკნელმა სისწორით შეასრულა ბრძანება.

3. აღმასრულებელს ეკრძალება და იგი პასუხს აგებს უფროსის ისეთ ბრძანების აღსრულებისათვის, რომელიც მიმართულია რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ან აღმასრულებლის მიერ დადებული ფიცის დარღვევისაკენ.

4. ყოველი უფროსი ვალდებულია დაიცვას ჯარის ნაწილში და ხელქვეითთა შორის სამხედრო დისციპლინა და წესიერება. ამასთან ერთად მის პირდაპირ მოავალეობას შეადგენს: ხელქვეითთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა,ზრუნვა მათი კეთილდღეობისათვის, გაზიარება მათი გაჭივრებისა, მათთვის რჩევა და ხელმძღვანელობა. ზედმეტი სიმკაცრე, თუ სამსახურის სარგებლობა არ მოითხოვს, მიშვებული არ უნდა იქნეს.

უფროსი ვალდებულია ყოველ ოფიცერსა და ჯარისკაცს შეაგნებინოს და გაუღვივოს მხედრობის მაღალი მნიშვნელობა და სამსახურის მოვალეობათა ასრულების აუცილებლობა.

5. სამხედრო დისციპლინის დარღვევისა ან და აშკარა ურჩობის დროს უფროსი ვალდებულია ყოველი ზომა იხმაროს წესიერების აღსადგენად. უკიდურეს შემთხვევაში იგი ვალდებულია ძალას მიმართოს და იარაღით აღადგინოს წესიერება. ყოველი სამხედრო პირი, მიუხედავად თანამდებობისა და სახელწოდებისა, ვალდებულია დაეხმაროს წესიერების აღმდგენელს. ამ მუხლში აღნიშნული ზომების მიღება და საქმის გარემოება წესიერების აღმდგენელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს თავის უფროსს.

6. ეს წესდება იხმარება ყველა მწყობრივსა და არამწყობრივს ჯარის ნაწილებსა და გუნდებში თანამდებობათა შეფარდების დაცვით.

7. დისციპლინარი უფლებანი სამხედრო უწყების პირთა, როგორც მწყობრისა ისე არამწყობრივის, ამ წესდებაში პირდაპირ არ აღნიშნულთა განისაზღვრება ამ წესდებასთან შეხამებით შესაფერ კანონმდებლობაში ნაგულისხმევ პირების უფლებათა მიხედვით.

თავი 2.

დისციპლინარი დანაშაული და სასჯელი.

8. დისციპლინარი სასჯელი დაედება დამნაშავეს უფროსის უფლებით ისეთი მცირე დანაშაულისათვის, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას ან საზოგადოებრივ წესიერებას და მყუდროებას, დამნაშავე კი ამისთვის სამართალში მიცემულ არ იქნება.

9. დისციპლინარ სასჯელთა დადება ეკუთვნის მხოლოდ იმ უფროსებს, რომელთა განკარგულებაშიაც დამნაშვენი იმყოფებიან, ან რომელსაც სამსახურის წესით ექვემდებარებიან, თუნდაც დროებით.

10. დისციპლინარ სასჯელთა მინიჭების უფლება, რომელიც ეკუთვნის მცირე თანამდებობის უფროსებს, ეკუთვნის აგრეთვე მაღალ თანამდებობის უფროსებს.

11. იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულობისათვის, რომელიც მოხსენებულია საერთო სამხედრო სისხლის სამართლის კანონებში და სასჯელთა შორის ნაჩვენებია დისციპლინარი სასჯელიც, მაშინ ერთეულის უფროსი გადასწყვეტს, აკმაროს დამნაშავეს დისციპლინარი სასჯელი, თუ გადასცეს სამხედრო ბრალმდებელს (პროკურორს) დამნაშავის სამართალში მისაცემად. თუ სამხედრო სასამართლო დისციპლინარი წესით საქმეს მოსპობს, მაშინ დამნაშავის უფროსს ეკუთვნის განსაზღვრა დისციპლინარი სასჯელის საზომისა.

12. კანონის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის სამართალში მიუცემლობა და ამის მაგიერ დისციპლინარი სასჯელის მინიჭება დამნაშავეს არ ათავისუფლებს სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობისაგან, მხოლოდ დისციპლინარი წესით მოხდილი სასჯელი ჩაეთვლება სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროს.

13. ჯარისკაცებს, ოფიცრებს და სამხედრო მოხელეთ დაედებათ შემდეგი დისციპლინარი სასჯელი:

ა) გაკიცხვის გამოცხადება სიტყვიერად ან ბრძანებით.

ბ) რიგ გარეშე დანიშვნა განწესებაში არა უმეტეს ექვსი გზობისა.

გ) დაპატიმრება არა უმეტეს ორი კვირისა.

შენიშვნა: პატიმრობაში გატარებული დღეები არ ჩაითვლება საერთო სამსახურის ვადაში.

14. დაპატიმრება მდგომარეობს შემდეგში:

1. ჯარის კაცთათვის ორგვარია:

ა) საერთო ოთახში მოთავსება სამსახურის ასრულებით.

ბ) ცალკე ნათელ ოთახში მოთავსება, სადაც ქვეშაგები ეძლევა მხოლოდ ღამით.

2. ოფიცერთათვის, ზემდეგებისათვის და ზემდეგი მსახურ ნაცვალთათვის მთავარ სადარაჯოს ბინაზე ცალკე, ნათელ ოთახში მოთავსება მორიგ ოფიცერის ზედამხვედელობით. ზემდეგი და ზედმეტმსახური ნაცვლები მოთავსდებიან როგორც ოფიცრებისაგან, ისე ჯარის-კაცებისაგან ცალკე.

15. ყველა დაპატიმრებულთ ჩამოერთმევათ ყოველ-გვარი მჭრელი და სასროლი იარაღი, რომელიც ინახება ათასეულის სამმართველოში სასჯელის მოხდამდე.

16. ლაშქრობისას, ან ჯარების მოთავსების გამო, თუ დაპატიმრება შეუძლებელია, დაპატიმრება სისრულეში მოიყვანების პირველ შეძლებისათანავე.

თავი 3.

უფროსთა დისციპლინარი უფლება.

17. მეუფროსე ჯარის კაცნი და გუნდის ოფიცრების ხელქვეით ჯარის კაცთა ყოველ დანაშაულს მოახსენებენ უმცროს-უმფროსობის წესით გუნდის უფროსს რათა დამნაშავეს დისციპლინარი სასჯელი დაედოს.

18. გუნდის უფროსებს და მათ თანასწორუფლებიან პირთ უფლება აქვთ ხელ-ქვეითი ოფიცრებსა და ჯარის კაცთ მიუსაჯონ:

1. ოფიცრებს გამოუცხადონ სიტყვიერი გაკიცხვა.

2. ჯარის კაცთ: ა) რიგს გარეშე დანიშვნა განწესებაში ოთხჯერ.

შენიშვნა: რიგს გარეშე დანიშვნა უნდა ხდებოდეს დღე გამოშვებით.

ბ) დაპატიმრება ხუთი დღე-ღამის ვადით მე-16 მუხლში „ა“-ს განყოფილებაში აღნიშნული წესით.

19. ათასეულის უფროსის თანაშემწეთ სათანადო ნაწილში უფლება აქვთ:

1. გუნდის უფროსებს და ოფიცრებს გამოუცხადონ სიტყვიერი გაკიცხვა და რიგ გარეშე დანიშნონ განწესებაში ორჯერ.

2. ჯარისკაცნი ა) რიგ გარეშე დანიშნონ განწესებაში ექვსჯერ; ბ) დააპატიმრონ მე-16 მუხლში „ბ“-ს განყოფილებაში აღნიშნულის წესით ათი დღე-ღამის ვადით.

20. ათასეულის უფროსსა და მის თანასწორუფლებიან პირთ უფლება აქვთ: თანაშემწეს გამოუცხადონ გაკიცხვა სიტყვიერად ან ბრძანებით. დანარჩენ ოფიცერთა მიმართ ამის გარდა:

1. რიგ გარეშე დანიშნოს განწესებაში ოთხჯერ.

2. დააპატიმროს ვიდრე შვიდ დღე-ღამემდე.

ათასეულის უფროსი ჯარისკაცებისადმი სარგებლობს სრულს დისციპლინარს უფლებას.

21. ბრიგადის უფროსის თანაშემწეს უფლება აქვს: ათასეულის უფროსს გამოუცხადოს სიტყვიერი გაკიცხვა, ბრიგადის დანარჩენ ოფიცერთა მიმართ:

1. რიგ გარეშე დანიშნოს განწესებაში ექვსჯერ.

2. დააპატიმროს ათი დღე-ღამის ვადით.

ბრიგადის უფროსის თანაშემწე ბრიგადის ყველა ჯარისკაცთა მიმართ სარგებლობს სრულს დისციპლინარს უფლებას.

22. ბრიგადის უფროსს უფლება აქვს თავის თანაშემწეს, ათასეულის უფროსს, შტაბის უფროსსა და ბრიგადის მნეს გამოუცხადოს გაკიცხვა სიტყვიერად ან ბრძანებით. ბრიგადის დანარჩენ ოფიცერთა და ჯარისკაცთა მიმართ ბრიგადის უფროსი სარგებლობს სრულს დისციპლინარს უფლებას.

23. სამხედრო მინისტრს აქვს უფლება ბრიგადის უფროსთა და მათ თანასწორუფლებიან პირთ სიტყვიერად ან სამხედრო უწყების მიმართ ბრძანებით გამოუცხადოს გაკიცხვა. ყველა დანარჩენ სამხედრო პირთა მიმართ სამხედრო მინისტრი სარგებლობს სრულს დისციპლინარს უფლებას.

24. სამხედრო მინისტრის თანაშემწე სარგებლობს იმავე დისციპლინარ უფლებას როგორსაც თვით სამხედრო მინისტრი.

25. სამხედრო მოხელენი დისციპლინარი სასჯელის მინიჭების მხრით შეუფარდდებიან მათთან ერთნაირ თანამდებობის ოფიცერთ. თავის მხრით, თანამდებობის მიხედვით მათაც აქვთ დისციპლინარი უფლება.

26. ცალკე ერთეულად (ათასეულზე ნაკლებ) ან მცირე გუნდით ყოფნა სადმე მივლინებით ადიდებს ამ ნაწილების უფროსობის დისციპლინარ უფლებას. ერთეულის უფროსი შეეფარდება ამ შემთხვევაში ათასეულის უფროსის თანაშემწეს, მცირე გუნდის უფროსი კი - გუნდის უფროსს, მიუხედავათ იმისა - უფროსად ოფიცერია თუ ჯარისკაცი.

თავი 4.

დისციპლინარ სასჯელთა მინიჭება განსაკუთრებულ შემთხვევაში.

27. გარნიზონის უფროსებს, კომენდანტებს, კარვობის უფროსთ ან მათ მოადგილეთ უფლება აქვთ დააპატიმრონ არა თავის გამგებლობაში მყოფი სამხედრო უწყების პირნიც იმავე უფლებით, როგორც ხელქვეითნი, შემდეგ შემთხვევაში:

1. როცა დანაშული ეხება საზოგადოებრივ მყუდროებისა და წესრიგის დარღვევას.

2. როცა დარღვეულია მათ მიერ გამოცხადებული სამხედრო ადმინისტრატიული რაიმე ზომები.

3. როცა დანაშაული ჩადენილია სადარაჯოთ ყოფნისა ან სამსახურის მოვალეობათა ასრულების დროს მინდობილ მიდამოში.

4. იმისთანა სამხედრო პირისაგან, რომელსაც ამ ადგილას არა ჰყავს დისციპლინარი უფლებით მოსილი არც ერთი უშუალო უფროსი.

5. როცა დანაშაული ჩადენილია დათხოვნის ან მივლინების განმავლობაში, თუნდაც იმ ადგილას იმყოფებოდეს დამნაშავის პირდაპირი უფროსი.

28. მახლობელი უფროსი, როდესაც თავის უფლებას სასჯელის დადებაში საკმარისად არ სცნობს, მოახსენებს უფროსს სასჯელის განსაზღვრისათვის.

29. იმისთანა პირთა ერთად სამსახურის დროს, რომელნიც ერთმანეთის ხელქვეითნი არ არიან, თანამდებობით უფროსი ითვლება უფროსად; თანამდებობათა ერთგვარობის შემთხვევაში ნამსახურებით უფროსი უკანასკნელ თანამდებობაში, მიიჩნევა უფროსად და უმცროსად და უმცროსის მიმართ სარგებლობს მინიჭებულ დისციპლინარ უფლებას.

30. უმცროსის მიერ უფროსის წინაშე სამხედრო სამსახურის საერთო წესისა და დისციპლინის ან საჯარო ადგილას საზოგადოებრივი მშვიდობიანობის დარღვევის და სამხედრო პატივცემულობისა და ზრდილობის შეუსრულებლობის დროს მეუფროსე მოვალეა მოაგონოს უმცროსს; საჭირო შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საკომენდანტოს ან ჯეროვან სამხედრო უფროსს შესაფერ განკარგულებისათვის.

31. მე-30 მუხლში ნაჩვენები შემთხვევის შესახებ მეუმფროსე ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს ყოველ შემთხვევისათვის დამნაშავისა ან გარნიზონის უფროსს.

32. როცა საჩივარისა ან უმაღლეს უფროსობისათვის დასმენის წყალობით გამოაშკარავდება, რომ ხელქვეითის დანაშაული უახლოესი უფროსის მიერ დაუსჯელად არის დატოვებული, ან როცა უმაღლესი უფროსობა დაინახავს, რომ თვით სასჯელი არ შეეფერება დანაშაულის თვისებას ან დანაშაულის მნიშვნელობას, მაშინ უმაღლესი უფროსობა თვით განსაზღვრავს დისციპლინარ სასჯელს თუ დამნაშავემ უკვე არ მოიხადა ან ამ ჟამად არ მოიხდის მახლობელი უფროსის მიერ დადებულ სასჯელს.

33. დისციპლინარი წესით არ შეიძლება ერთისა და იმავე დანაშულისათვის ერთი გზობის მეტჯერ დაისაჯოს. აკრძალულია აგრეთვე ერთი სასჯელის მეორესთან შეერთება და დისციპლინარი სასჯელის სახით დაპატიმრების დადება უვადოთ.

34. ყოველი დისციპლინარი სასჯელი უნდა შეეფერებოდეს დანაშაულობის მნიშვნელობას. სასჯელის სახისა და საზომის დანიშვნის დროს მიიღება მოსაზრებაში: თვისება დანაშაულისა, თანხლებული გარემოებანი, დამნაშავის წინანდელი ყოფაქცევა; სამსხურის მოვალეობათა აუსრულებლობის დანაშაულობაში - დამნაშავის სამსახურში ყოფნის დრო და სამსახურის წესის ცოდნის მეტ-ნაკლებობა.

35. სიმკაცრე დისციპლინარ სასჯელთა გადიდდება, თუ დამნაშვე რამდენჯერმე იყო შემჩნეული ერთისა და იმავე სახის დანაშაულობაში, თუნდაც თვისებით სხვა და სხვა ნაირში, მაგრამ, თუ სასჯელმა არავითარი გავლენა არ იქონია, ან როცა დანაშაულობა ჩადენილია სამსახურის მოვალეობათა აღსრულების დროს, ან თან სდევს უფროსთა მიმართ უპატივცემლობა ან და შედეგად მოჰყვა მას რაიმე არეულობა.

36. უფროსების მიერ დადებული დისციპლინარი სასჯელი, თუ განსაკუთრებული რამ არ უშლის ხელს, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს სისრულეში მოყვანილი; თუ დისციპლინარი სასჯელი დადებულია უმაღლეს უფროსისაგან, იმაზეა დამოკიდებული თვით მოახდინოს განკარგულება სისრულეში მოყვანისათვის ან მიანდოს ეს დამნაშავის მახლობელ უფროსს.

37. ხელქვეითისათვის დადებული დისციპლინარი სასჯელის სისრულეში მოყვანა არ შედგება უფროსის განკარგულების გამო საჩივრის შეტანით ვიდრე ამ განკარგულების შეცვლის ბრძანება არ მოვა უმაღლესი უფროსისაგან.

38. დისციპლინარი სასჯელის სისრულეში მოყვანა გადაიდება, თუ დამნაშავე მთვრალია; აგრეთვე არ ხდება მისი დაკითხვა გარდა წინასწარ დაპატიმრებისა. ერთიც და მეორეც არ ხდება მისი დაკიკთხვა გარდა წინასწარ დაპატიმრებისა. ერთიც და მეორეც გადაიდება გამოფხიზლებამდე.

შენიშვნა. ამ შემთხვევაში წინასწარი დაპატიმრება არ ჩაითვლება დისციპლინარ სასჯელად.

თავი 5.

პატიჟთა ჟურნალი.

39. ყველა დისციპლინარი სასჯელი შეიტანება ჟურნალში.

40. თვითეული ჯარის ერთეულში უნდა იყოს ორი ჟურნალი.

1. ჯარისკაცთათვის პატიჟთა ჟურნალი, რომელიც სწარმოებს ყოველ ასეულში და ცალკე მცირე გუნდშიაც.

2. პატიჟთა ჟურნალი ოფიცრებისა და სამხედრო მოხელეთათვის, საერთოა ყველა ცალკე ერთეულში.

41. პატიჟთა ჟურნალში შეიტანება აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი სასჯელიც.

42. პატიჟთა ჟურნალის ყოველივე მუხლი უნდა შემოწმებული იქნეს ასეულის უფროსის ხელის მოწერით. ათასეულის უფროსის თანაშემწენი მოვალენი არიან გადასინჯონ ჟურნალი ყოველ ორ კვირაში და ხელის მოწერით ჟურნალის ყოველ ფურცელზე, რომელიც ეკუთვნის თითო ჯარისკაცს, შეამოწმონ დისციპლინარ სასჯელის სისწორე ან აღმოჩენილი გადახრილობა.

43. ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა პატიჟთა ჟურნალში თვითეული მუხლი შემოწმებულია ათასეულის ადიუტანტის მიერ.

44. ოფიცერთა, სამხედრო მოხელეთა და ჯარისკაცთა ერთი ერთეულიდან მეორეში გადაყვანისას ან მივლინებისას საჭირო წერილობით ცნობებთან ერთად იგზავნება აგრეთვე ამოწერილობა პატიჟთა ჟურნალისა.

45. საინსპექციო გაშინჯვის და დაკითხვის დროს ინსპექციის მომხდენი უფროსი უეჭველად გასინჯავს პატიჟთა ჟურნალს.

46. ყველა ათასეულში და მის თანასწორ სამხედრო ნაწილში არსდება ათასეულის თანაშემწისა, ან და მის თანასწორ პირის თავმჯდომარეობითა და ასეულის ორი უფროსისა, ან თანასწორ უფლებით აღჭურვილ პირთა შედგენილობით, დისციპლინარი კომისია, რომელიც მოვალეა ყოველი თვის ბოლოში გადასინჯოს დისციპლინარი პატიჟთა ყველა ჟურნალი, შეამოწმოს მისი წესიერად წარმოება და განიხილოს პატიჟთა დადების სამართლიანობა.

47. ყველა დასჯილ ოფიცერს და ჯარისკაცს შეუძლია უახლოესი უფროსის საშუალებით შეიტანოს კომისიის უახლოეს კრებაში საჩივარი სასჯელის უსამართლობისათვის თუ სასჯელი სამი დღით დაპატიმრებას აღემატება.

48. კომისია განიხილავს ყოველ საჩივარს და თავის გადაწყვეტილებას მოახსენებს ათასეულის (ან მის თანასწორ უფლებიან) უფროსს.

49. ათასეულის უფროსი, თუ დასთანხმდება კომისიას, შესაფერ განკარგულებას გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე მოხსენდება ბრიგადის უფროსს, რომელიც საბოლოოდ გადასწყვეტს საკითხს.

50. ვინც აღნიშნულ კომისიაში არ განასაჩივრა სასჯელის უსამარ—თლობა, უფლება წაერთმევა განასაჩივროს იგი საინსპექციო გასინჯვის და დაკითხვის დროს. განსაჩივრება კომისიაში კი არ წაართმევს უკანასკნელ უფლებას.

51. ათასეულის უფროსის (ან თანასწორუფლებიანი პირის) მიერ დადებული პატიჟი განისაჩივრება ბრიგადის უფროსის (ან თანასწორუფლებიანი პირის) წინაშე.

თავი 6.

საჩივარი.

52. სამხედრო პირთა განცხადება უფროსების მხრით მათ მიმართ:

1. უკანონო და უსამართლო მოქმედების და განკარგულებისათვის.

2. სამსახურით მინიჭებულ უფლებათა და უპირატესობათა დარღვევი—სათვის.

3. დაწესებული ულუფის უკმაყოფილებისათვის განცხადება იწოდება საჩივრად.

53. საჩივრის წარდგენა არ შეიძლება მწყობრში დგომის დროს, საყარაულო და საერთოდ სამსახურის განწესებათა შესრულებისას.

54. სასჯელის სიმკაცრის გამო ჩივილი არ შეიძლება, თუ უფროსმა არ გადაამეტა თავის დისციპლინარ უფლებას.

55. საჩივარი განიცხადება სიტყვით ან წერილობით საინსპექციო სინჯვის დროს და მის გარეშეც.

56. აკრძალულია საჩივრის მიტანა ჯგუფობრივ, აგრეთვე რაიმე ყრილობისა ან კრების გამართვა ამის თაობაზე მსჯელობისათვის.

57. საინსპექციო სინჯვის დროს საჩივარი წარედგინება ინსპექციის მომხდენ პირს, რომელიც პირადად აცხადებს მწყობრის წინ დროს და ადგილს საჩივართა მიღებისათვის, ამასთან თვითეული მომჩივანი მისგან ცალკე მოისმინება.

58. საინსპექციო სინჯვის გარეშე საჩივარი ყოველთვის ასეულის (ბატარეის) უფროსს წარედგინება, თუ საჩივარი ასეულის უფროსზეა, მაშინ ასეულში (ბატარეიებში) უფროსს ოფიცერს გადაეცემა.

შენიშვნა. ასეულის უფროსი ან ასეულის ოფიცერი, რომელთაც საჩივარი მიიღეს, ვალდებულნი არიან ხელქვეითობის წესის მიხედვით დაუყოვნებლივ მხედველობა მისცენ საჩივარს, თუნდაც გვერდის ახვევით იმ უფროსისა, რომელზედაც საჩივარი შეიტანეს. ამასთან, თუ საჩივარი სიტყვიერად არის განცხადებული, მაშინ შინაარსი საჩივრისა უნდა წერილობით გამოიხატოს.

59. მხოლოდ საინსპექციო სინჯვაზე განუცხადებელი საჩივარი შეიძლება შეტანილი იქნეს ორი კვირის განმავლობაში დღიდან საინსპექციო გაშინჯვისა, თუ მომჩივანმა გაიგო საჩივრის საფუძვლად გამოსადეგი მიზეზი; აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის შეტანა შეუძლებელია. შეტანილი კიდევ არ გაირჩევა.

60. ყველა ასეულში უნდა იყოს საჩივართა ჟურნალი, სადაც გუნდის უფროსის მიერ ან უმაღლესი მთავრობის განკარგულებით შეიტანება ჯარისკაცთა საერთოდ ყველა საჩივარი და მათზედ მოხდენილი განკარგულება.

61. საჩივართა ჟურნალი მიეცემა ასეულს ათასეულის უფროსისაგან, მისივე ხელის მოწერით, ზონარ-გაყრილი და ბეჭედ-დასმული.

62. საჩივართა ჟურნალი წარედგინება საინსპექციო სინჯვის დროს, განკარგულებათა სისწორის შესამოწმებლად.

63. საჩივრის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო უფროსი ატყობინებს მომჩივანს გადაწყვეტილებას, ან და იმ მიმართულებას, რომელიც მიეცემა საჩივარს, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში განკარგულების მოხდენა შეუძლებელია.

64. სამხედრო პირი, რომლებმაც ორი კვირის განმავლობაში ვერ მიიღეს ცნობა ან გადაწყვეტილება, უფლება აქვთ საჩივარი შეიტანონ სამართლიანობაზე ამა წესდების მიღებულ წესით, ხელქვეითობის მიხედვით, უმაღლეს სამხედრო უფროსთან.

65. შეტანილ საჩივრის უფროსის გადაწყვეტილების უკმაყოფილო სამხედრო პირს უფლება აქვს ახალი საჩივარი შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტანი პირის უშუალო უფროსთან.

66. სამხედრო უფროსის გადაწყვეტილება მეორე საჩივარზე მიიჩნევა საბოლოოდ და მისი ხელახლად განსაჩივრება აღარ შეიძლება.

67. განზრახ ცრუ საჩივრის შემტანი სასამართლოში მიეცემა.

68. უსახელო საჩივარი არ განიხილება.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი კანონ-პროექტისა? არავინ. მიღებულია. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ცაბაძეს ეკუთვნის.

2. დეკრეტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ნაწილების ინსპექციის შტატის დამტკიცებისა.

. ცაბაძე. (ს.-დ.) ეს დეკრეტი წარმოდგენილია შინაგან-საქმეთა სამინისტროსაგან და შეეხება შინაგან სამინისტროსთან არსებულ საადმინისტრაციო ინსპექციის შტატების გადიდებას და იქ მოსამსახურეთა ჯამაგირების გადიდებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამიერ-კავკასიის კომისარიატის დროს დაწესებული იყო საგუბერნიო კომისარიატები. მაგრამ 1919 წ. 30 მაისის კანონით, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ იყო მიღებული, ეს დაწესებულებები გაუქმდნენ და მაშინ შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან დაარსდა საადმინისტრაციო ინსპექცია, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა თვალყური ედევნებია ადმინისტრაციის მოხელეთა მოქმედებისათვის, რომლებიც ჩვენ რესპუბლიკის საზღვრებში მოქმედებენ. ამ დაწესებულების შტატი თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა, მაშინ ეს მცირე შტატი საკმაო იყო, მაგრამ შემდეგში ინსპექციას გაუჩნდა ახალი საქმეები, ამისათვის საჭირო გახდა ამ შტატის გადიდება და სამინისტრომ წარმოადგინა დამატებითი შტატები. მისი აზრით საჭირო იყო დამატებულიყო შვიდი ახალი მოხელე და მოსამსახურე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა გაარჩიეს ეს დამატებითი შტატი და საჭიროდ სცნეს შეემცირებიათ ეს რიცხვი და შვიდის მაგივრად ხუთი მოხელე მიიღეს. ჯამაგირების გადიდების შესახებ ამ დეკრეტს თან ახლავს ახალი ბარათი, და როგორც ამ განმარტების ბარათიდან სჩანს, სხვა უწყებათა მსახურთ მეტი ჯამაგირები აქვსთ. ამიტომ საუწყებათაშორისო კომისიამ საჭიროდ სცნო ამ ჯამაგირების გადიდება ნორმის მიხედვით პირველ ნოემბრიდან საბიუჯეტო წლის დამლევამდე. ამ დეკრეტს აგრეთვე ახლავს ბარათი საუწყებათაშორისო კომისიისა; მიღებულია საბიუჯეტო კომისიისაგან და თხოულობს დადასტურებას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბატონ სერგო ჯაფარიძეს ეკუთვნის.

3. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - უჭკუოსა და ჭკუაზე შეშლილთა შემოწმების წესების შეცვლისა.

. ჯაფარიძე. (ს.-დ.) თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ჩვენში აქა-იქ ოჯახებში მოიპოვება სულით ავადმყოფნი, დაბადებით სულელი, რომელიც შემდეგ გაგიჟდება, ასეთ ავადმყოფებს მოვლას გარდა ოპეკაც სჭირდებათ. მაგრამ ვიდრე ოპეკას დაუნიშნავთ, საჭიროა ვიცოდეთ მართლა ავადმყოფია იგი თუ არა? დარწმუნება სულის ავადმყოფობაში, რუსეთის ყოფილ იმპერიაში, კანონის ძალით ერთგვარ კოლეგიაში ხდებოდა, რომლის შემადგენლობაშიდაც შედიოდნენ: გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, პროკურორი ან მისი თანაშემწე, თავად-აზნაურობის მარშალი, საგუბერნიო საექიმო განყოფილების წარმომადგენელი და საოლქო სასამართლო თავმჯდომარე, მაგრამ რევოლიუციის შემდეგ უმრავლესობა ამ ორგანიზაციებისა სრულიად მოისპო, დღეს აღარც გუბერნატორები, აღარც მარშლები და ბევრი სხვები აღარ გვყვანან, მაშასადამე მოიშალა ის აპარატი, რომელიც ამ რევოლიუციამდე ამ შემოწმებას ახდენდა. იყო ისეთი შეთხვევები, როცა საჭირო იყო ასეთი შემოწმება, მიმართეს აქეთ, იქით და ვერა გააწყვესრა. ამის გამო შინაგან-საქმეთა სამინისტრომ შეადგინა კანონ-პროექტი, რომლის ძალით შემოწმების წესი უმთავრესად ადმინისტრატიული რჩება. ეს კანონ-პროექტი გადაეცა იურიდიულ კომისიას, რომელმაც იგი არ გაიზიარა, იმიტომ რომ უმთავრესი აზრი გამოტოვებული იყო ამ კანონ-პროექტში. იქ ხდებოდა ადმინისტრატიული წესით შემოწმება; ფაქტიურად ეს ასე ხდებოდა: მოიყვანდენ სულით ავადმყოფს, ექიმები მისცემდენ რამდენიმე კითხვას, რომელიც შეეხებოდა მის შინაურ ცხოვრებას, და ჩვეულებრივ შეადგენდენ აქტს, რომ ჭკუიდან შეშლილა და შემდეგ ამ აქტს გზავნიდენ სადაც ჯერ არს. ასეთი წესით შემოწმების შედეგი ხშირად ჭკუით და გონებით საღს აცხადებდენ სულით ავადმყოფათ, და მაშინ როდესაც ვისმეს მათი ქონება სჭირდებოდათ, ამოჩნდებოდა მემკვიდრე და ეს მემკვიდრე სარგებლობდა ამნაირი შემოწმების წესით, რომ დაპატრონებოდა მემკვიდრეობას. იურიდიულმა კომისიამ გაითვალისწინა რა ყოველივე ეს, საჭიროდ სცნო შეეტანა შესწორებები და ამ შემმოწმებელთა რიცხვში შეეტანა ისეთი პირები, რომლებიც მეტ გარანტიას იძლეოდენ სამართლიან შემოწმებაში.

ძველ არსებულ წესების წინააღმდეგნი იყვნენ სხვა და სხვა ცნობილი იურისტები და საზოგადო მოღვაწეები. მაგალითად „კონი“, რომელმაც ეს წესი სრულიად უარყო. მაშასადამე საჭირო იყო ისეთი წესი, სადაც გარანტია არის, რომ შემოწმება მოხდება შესაფერ პირობებში და საღი ადამიანი, რაიმე მიზეზებით არ იქნება ცნობილი შეშლილად. ასეთ საშუალებათ იურიდიულ კომისიას მიაჩნია შემდეგი: როდესაც ასეთი პირი აღმოჩნდა ოჯახში, მისი მახლობელი, ცოლი, შვილი, მშობელი, მიმართავს ადგილობრივ ადმინისტრაციას, და თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ მიმართავს ოლქის სასამართლოს, რომელიც დაიბარებს ავადმყოფს, მცოდნე პირებს, ავადმყოფის ახლობლებს, ექიმებს, პროკურორს, ვექილებს და შეამოწმებს სრული შემოწმებით. შემდეგ ამისა გამოაქვთ გადაწყვეტილება ჩვეულებრივი წესით. აქ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამას ეძლევა მეტი ინიციატივა, ვიდრე წინეთ ქონდა, მაგალითად, თუ საჭირო შეიქნა, შეუძლია ცნობები შეკრიბოს, მოწმეებს დაკითხოს, ერთი სიტყვით შეუძლია ყოველგვარი მასალით ისარგებლოს და ისე მოახდინოს შემოწმება. ამ მიზნით იურიდიულმა კომისიამ წარმოუდგინა დამფუძნებელ კრებას მის მიერ შემუშავებული კანონ-პროექტი, რომლითაც შემოწმება უჭკუოსა, თუ ჭკუიდან შეშლილისა უნდა მოხდეს ასეთი წესით, და თავის მხრით ფიქრობს რომ ეს კანონ-პროექტი უნდა იქნას მიღებული. ეს გახლავთ კანონ-პროექტის სახით და არა როგორც დეკრეტი და ამიტომ უნდა მოხდეს მუხლობრივი განხილვა ერთი კვირის შემდეგ.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბატონ კირილე ნინიძეს ეკითვნის.

4. ნაფიცი ვექილის ივ. ზედგინიძის შუამდგომლობა.

. ნინიძე (ს.-დ.) საქმე შემოვიდა, ბატონებო, იურიდიულ კომისიაში დამფ. კრების პრეზიდიუმისაგან. მოქალაქე ზედგინიძეს აღუძრავს საჩივარი ბ-ნ ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლოში. უჩივის შეურაცხყოფისათვის. სასამართლოს უხელმძღვანელებია დამფ. კრების კანონით და საქმე შეუჩერებია. ამის გამო ბ. ზედგინიძე სთხოვს დამფ. კრების პრეზიდიუმს, რომ მას მიეცეს ნება ეს საქმე განაახლოს სასამართლოში.

ამ საქმის თაობაზე საქმეში არის განმარტება ბ. ს. ჯაფარიძის, რომელიც ფიქრობს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პასუხისგებაში აძლევენ შეურაცხყოფისათვის, ასეთი საქმისათვის დამფ. კრების დასტური არ არის საჭირო და ისედაც შეიძლება იქნეს პასუხისგებაში მიცემული. მით უმეტეს, რომ ბატონ ზედგინიძეს შეეძლო უფრო იოლად წასულიყო, მას შეეძლო ამის შესახებ დისციპლინარული საქმე აღეძრა ვექილთა საბჭოში. ყოველ შემთხვევაში ის თვითონ ფიქრობს, რომ ეს სულ არ შეეხებოდა დამფ. კრებასო. მაგრამ იურიდიულმა კომისიამ არ გაიზიარა ბ. ჯაფარიძის მოსაზრება. იურიდიული კომისია ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამფ. კრების დასტური. ასეთ დასკვნას იძლევა იურიდიული კომისია.

თავმჯდომარე. სიტყვას თუ ინებებს ვინმე? სიტყვის მსურველი არავინაა. სოც.-დემ. ფრაქციის აზრით მოხსენებულ საკითხთა შესახებ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ:

„დამფ. კრება წინააღმდეგი არ არის ივანე ზედგინიძის და სერგი ჯაფარიძის საქმე შეურაცხყოფის თაობზე გაირჩეს სასამართლოს წესით“.

ასეთი გახლავს პროექტი. ინებებს ვინმე სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? გადაწყვეტილება მიღებულია. დღიური წესრიგი ამოწურულია. ახლა მოისმინეთ შემდეგი სხდომის წესრიგი. (მდივანს) გთხოვთ მოახსენოთ. (მდივანი კითხულობს). სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა 1 1/2 ს. იხურება.

14 მეთოთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(14)

1920 წელი. აპრილის 30. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. მთავრობის განცხადება ადერბეიჯანში ბოლშევიკების შემოსვლის შესახებ.

2. დეკრეტი - 300 მილიონი მანეთის გადადების შესახებ სამხედრო საჭიროებისათვის.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებლ კრების მდივანი კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან: ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი.

სხდომა იხსნება 11 1/2 ს.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს ადმინისტრატიული ნაწილის ინსპექციის შტატის დამატებისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია სალაყაია.

4. დეკრეტი - დარიალის სანაპირო რაზმთან არსებული ორი საარტილერიო მწყობრის დროებითი შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია გიორგაძე.

5. დეკრეტი - მიხეილის სახელობის საავადმყოფოსთან არსებული სულით ავადმყოფთა თავშესაფრის შტატის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია სალაყაია.

6. შეკითხვა - დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

7. შეკითხვა - სოც.-ფედ. ფრაქციისა შინაგან-საქმეთა მინისტრისადმი - აფთიაქებში მომუშავეთა პროფესიონალური კავშირის კრებაზე განსაკუთრებული რაზმის აგენტის საიდუმლოდ დასწრების შესახებ.

დამატება:

8. დეკრეტი - მთავრობის განკარგულებაში რესპუბლიკის დაცვის საჭიროებისათვის 300.000.000 მან. გადადების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარეს. (დამფუძნებელი კრება ხანგრძლივ ოვაციებს უმართავს პრემიერ-მინისტრს).

ნოე ჟორდანია (მთავრობის თავმჯდომარე). მოქალაქენო! მაქვს პატივი მთავრობის სახელით მოგახსენოთ შემდეგი:

პოლიტიკური ღრუბლები ჩვენს ირგვლივ კიდევ აირივნენ. საბჭოთა რუსეთის მოსაზღვრეობა ჩვენი ნორჩი რესპუბლიკისათვის თანდათან მუქარათ ხდება. ის ჩვენ დაგვიახლოვდა ჯერ ჩრდილოეთით, გვიახლოვდება სოჭის მიმართულებით, ხოლო ახლა კარზე მოგვადგა აღმოსავლეთით - ადერბეიჯანის საშუალებით.

პირველი გარემოება ჩვენში არ იწვევს არავითარ შიშს, - დარიალის და გაგრის გადმოლახვა შეუძლებელია. სულ სხვაა ადერბეიჯანის მიმართულება, საიდანაც საზღვრები გაშლილია და ამიტომ მეც ამ მხრით მინდა მივაქციო დღეს თქვენი ყურადღება.

27 აპრილს ადერბეიჯანის მთავრობამ გვამცნო: ბოლშევიკების ჯარი მოადგა ჩვენს საზღვრებსო, ჩვენი ჯარები მათ ებრძვიან და სამხედრო დახმარება აღმოგვიჩინეთო. მაშინვე შეიკრიბენ მინისტრები და ჩვენ დავსვით ასეთი წინასწარი კითხვა: სურს ადერბეიჯანის ხალხს შეებრძოლოს ბოლშევიკებს და მიიღებენ ამ ბრძოლაში ისინი მთავარ სიმძიმეს? ამ შემთხვევაში ჩვენ მოვალე ვიქნებით დავეხმაროთ არა მარტო ხელშეკრულების ძალით, არამედ პოლიტიკურად და მორალურადაც. და მართლაც, ერის თვითგამორკვევა, მისი ნება-სურვილები ჩვენ მიგვაჩნია ერთად-ერთ გადამჭრელ ფაქტორად ერთა დამოკიდებულებისა და შეურყეველ საძირკველად საგარეო პოლიტიკისა. ამიტომ ჩვენ ვთქვით: თუ გარეშე ძალა ადერბეიჯანის ერის თვითგამორკვევას ემუქრება, თუ ის მის საზღვრებში ძალით შემოდის - ეს არის აღმაშფოთებელი დარღვევა ერის უფლებისა და ჩვენც მასთან ვიქნებით. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, თუ თვით ერი, ხალხია მომხრე უცხო ძალის შემოყვანის, მაშინ ამ ძალის წინააღმდეგ გალაშქრება ერის უფლების შელახვა იქნებოდა ჩვენის მხრით და იმავე დროს გაგზავნილი ჯარის დაღუპვაც. აი, ეს ჩვენი აზრი დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ბაქოში და შევუდექით გამორკვევას იქაური პოლიტიკური ატმოსფერის. მაგრამ საათის პირველზე უკვე მივიღეთ ცნობა, რომ ბოლშევიკები უკვე ხაჩმაზში მოვიდენ, ხოლო საღამოს შვიდ საათზე სადგურ სანგაიტში, ბალაჯარის ახლო, ე.ი. ექვსი საათის განმავლობაში განვლეს ასი ვერსი. მაშინ კი გავიგეთ რაშიაც იყო საქმე და ვთქვათ: ბოლშევიკები მიდიან სწრაფი მატარებლებით, სრულიად უბრძოლველად და მაშასადამე, ადერბეიჯანის თანხმობით. მივიდნენ სრულიად უმნიშვნელო ძალებით, ორი ჯავშნიანი მატარებლით. მათი უკან გარეკა და მატარებლის დატყვევება მცირე ძალას შეეძლო, მაგრამ ვინაიდან ამის სურვილი არ იყო, ბოლშევიკების შესვლა უბრალო გასეირნებად გადაიქცა.

ჩვენი ეჭვები, როგორც ხედავთ, სავსებით გამართლდა.

რაზე იყო დაფუძნებული ჩვენი ეჭვები?

ის იყო დაფუძნებული ორ გარემოებაზე: ჩემი აზრით, ბოლშევიკური მოძრაობა არის უკან ჩამორჩენილი, პოლიტიკურად განუვითარებელი ხალხის მოძრაობა. იქ, სადაც არ არის დემოკრატია, დემოკრატიული ორგანოები, მაშასადამე ხალხი თავის-თავს არ მართავს, არ არის ჩაბმული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აი, აქ ხალხი თავის მხსნელ და მართველ ძალას ზევიდან, გარედან მოელის, აღჭურვილს მაგარი ხელით და მტკიცე ნებისყოფით. და თუ კიდევ ამას მიუმატებთ იმას, რომ ადერბეიჯანში რევოლიუციის არც ერთი დიდი მონაპოვარი არ განხორციელებულა, აქ ჯერაც არ ჩამოურთმევიათ ხანებისთვის მიწები და ძველი აგრარული ურთიერთობა სავსებით შენახულია, ადვილად წარმოსადგენია ხალხის უკმაყოფილება არსებული რეჟიმით და სურვილი ამ რეჟიმის გამოცვლის, თუნდაც ავანტიურაში გადავარდნით. აი, ამ გარემოებამ მოამზადა სოციალური ნიადაგი ადერბეიჯანში ბოლშევიკური გადატრიალებისა. მაგრამ ამას ზედ დაერთო მეორე, არა ნაკლებ საყურადღებო მომენტი. ეს არის მომენტი ნაციონალური. და ამას აშკარად აღიარებს ბაქოს დღევანდელი მთავრობა თავის უკანასკნელ მოწოდებაში. ისინი ადერბეიჯანის წინანდელ მთავრობას აცხადებენ ერის მოღალატეთ იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა ანტანტასთან, ხოლო ანტანტამ დაამარცხა ოსმალეთი, დაჰყო ის და, მაშასადამე, ბაქოს კომუნისტების თვალში ეს ანტანტა ადერბეიჯანის მტერიც არის, ხოლო ვინაიდან მოსკოვის ბოლშევიკებიც ანტანტის წინააღმდეგია, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იცნო ევროპამ, აქ შეერთდა ინტერესები მოსკოვ-არზრუმისა და გაიბა ქსელი რუს კომუნისტებსა და ანატოლიის ნაციონალისტებს შორის.

შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ადერბეიჯანის კომუნისტურ გადატრიალებაში ეს ნაციონალური მომენტი თამაშობდა უაღრეს როლს, ხოლო სოციალური მომენტი ხელქვეითს. ეს სჩანს იქიდან, რომ მათ თავის მთავრობაში არ შეიყვანეს არც ერთი არა მუსულმანი, რომ მათ, ჩვენის ცნობით, განზრახული აქვთ პირველ ყოვლისა გაილაშქრონ სომხეთზე, ანატოლიის ჯარებთან შესაერთებლად.

ამნაირად, ბაქოს ბოლშევიკური გადატრიალება მიმართულია პირველ ყოვლისა ევროპის სახელმწიფოთა ოსმალეთიდან გასაძევებლად.

მეორდება ის, რაც მოხდა 1918 წ.

მაშინ რუსის ბოლშევიკებმა (ბრესტ-ლიტოვსკი) და მუსავატმა შემოიყვანეს ოსმალეთი ამიერ-კავკასიაში, ახლა მუსავატის როლს კისრულობენ ადერბეიჯანის კომუნისტები. მაგრამ უკანასკნელთ დაავიწყდათ ერთი რამ - მუსავატმა შემოიყვანა გამარჯვებული ოსმალეთი, ხოლო კომუნისტებს კი შემოჰყავთ დამარცხებული და დაშლილი ოსმალეთი და ისიც არა ოსმალეთის ნამდვილი მთავრობა, არამედ არზრუმის ნაციონალისტები. ასეთ პირობებში ბაქოს კომუნისტების თამაში წინდაწინ დამარცხებად უნდა ჩაითვალოს და ვაი თუ ოსმალეთის აღდგენის მაგიერ თვით ადერბეიჯანიც სამუდამოდ დაღუპონ.

როგორც ხედავთ, ადერბეიჯანის ბედი დღეს შეერთებულია ბოლშევიკურ რუსეთთან და ქიამალ-ფაშის ოსმალეთთან. ეს კომუნისტურ-ფაშური ქურქი ახასიათებს ბაქოს დღევანდელ მესვეურთ და მით ის თან ატარებს თავის დამარცხებას.

ვწუხვართ, რომ ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა ავანტიურაში ჩავარდა და უფსკრულისაკენ გაექანა, ამით ის ჩვენ დღეს გამოგვეთიშა, დავრჩით მარტო, მაგრამ, ბ-ბო, მარტოობა ყოველთვის არ ნიშნავს დაუძლურებას. პირიქით, მარტოთ დარჩენა ზოგჯერ ნიშნავს ძლიერებას. 1918 წ. ჩვენ გადავრჩით იმით, რომ ადერბეიჯანს დროზე გამოვეთიშეთ, ე.ი. მაშინ მარტოობამ გვიხსნა ოსმალეთის უღლისაგან და დღესაც იგივეა. ადერბეიჯანისაგან გამოთიშვა, მისი ავანტიურის უარისყოფა, ჩვენი საკუთარი გზის, საკუთარი პოლიტიკის შენარჩუნება და წარმოება გვიხსნის განსაცდელისაგან.

ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება ნიშნავს ჩვენს ადერბეიჯანათ გახდომას, ბოლშევიკურ-ოსმალურ იმპერიალიზმის საქართველოში გაბატონებას. ადერბეიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური მრწამსის მიღება - ეს თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს სამუდამოთ დასამარებაა, ეს ევროპისაგან სამუდამოთ მოწყვეტაა და აზიის ფანატიკოსების ბრჭყალებში ჩავარდნა.

ბოლშევიზმის ჩვენში შემოჭრა ნიშნავს უკან ჩამორჩენილი წყობილების მოწინავე ქვეყანაში შეჭრას, დემოკრატიის, ხალხის ბატონობის ალაგას ტირანიის გამეფებას.

ბოლშევიზმი აქ გააკეთებს იმას, რასაც რუსეთში შვრება - გააუქმებს ერობებს, ქალაქთა თვითმმართველობებს, თემებს, მოსპობს ყველა თვითმართველ ორგანოებს - სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას და მათ ალაგს განაწესებს ტერორისტების და წითელი არმიის ბატონობას. თავისუფალ შემოქმედების და მოძრაობის ადგილს დაიკავებს ხიშტი. ბოლშევიზმი გააუქმებს აგრარულ რეფორმას, მოსპობს მიწაზე კერძო საკუთრებას, რაც გამოიწვევს გლეხთა შორის შეტაკებას, სისხლის ღვრას და მით გახვევს მთელ ერს სამოქალაქო ომში. გარეკს დამფუძნებელ კრებას და მის ალაგას დაასკუპებს ხუთამდე კაცს, როგორც ეს დღეს ბაქოშია და ის მოევლინება ერს ბატონად. ერთი სიტყვით, ბოლშევიზმი ამოართმევს ქართველ ხალხს სულს, ამოგლეჯს ენას, ყოველივე იმას, რაც მან შექმნა, რაშიაც გამოხატა თავისი შემოქმედებითი პოლიტიკური ნიჭი. დაეპატრონება ის უსულო გვამს და ბოლოს გადაუგდებს საჯიჯგნათ ან მოსკოვის რეაქციას, ან ოსმალეთის ფაშას.

ბ-ბო, ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩვენი ხალხის მოღალატე, ჩვენ ჩვენს სახელოვან პოსტზე მტკიცეთ, შეურყევლად დავრჩებით. ჩვენ მარტო არა ვართ. ჩვენთან არის მთელი ევროპა თუ აზია - დღეს ჩვენს წინაშე კონკრეტულად სდგას ეს საკითხი, და ვიმეორებ, დღეს კიდევ უფრო ხმა მაღლა, კიდევ უფრო მედგრათ ვიმეორებ იმას, რაც 14 იანვარს აქ, ამ ტრიბუნიდან ვსთქვი - ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ევროპის დემოკრატიას.ბ-ბო, მთავრობა უკვე შეუდგა თავდაცვის მოწყობას. მან დაარსა საგანგებო თავდაცვის საბჭო, გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა სარდალი, დააყენა აღმოსავლეთი საქართველო სამხედრო წესებზე. გამოითხოვა თავდაცვის ფონდი; მიიღო ყოველნაირი წინასწარი ზომები. ჩვენ მზათ ვართ ბრძოლისათვის, ჩვენი ჯარი, ჩვენი გვარდია, მთელი ჩვენი დემოკრატია ჩვენთან არის. ჩვენ ვაჩვენებთ ქვეყანას, თუ რას ნიშნავს თავის დაცვა, დაცვა თავის საზღვრების, თავის წყობილების, თავის თავისუფლების. ბოლშევიკები ჩვეულნი არიან მსუბუქ გამარჯვებას; პირველათ აქ, ჩვენს საზღვრებზე გაიგებენ, თუ რას ნიშნავს მძიმე დამარცხება. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მათთან მოლაპარაკების, კეთილ-მეზობლურ ურთიერთობის დამყარების, მაგრამ ეს თუ არ მოისურვა, თუ ჩვენ წმიდათა-წმიდას შეეხენ, თუ ჩვენს საზღვრებს დაემუქრენ, მაშინ ქართველი დემოკრატია დაუმტკიცებს ქვეყანას, რომ მან იცის სახელმწიფოს არა მარტო აშენება, არამედ - მისი დაცვაც. აქვს ნიჭი არა მარტო პოლიტიკური შემოქმედების, არამედ - უნარი ბრძოლისაც, მაშინ დადგება ის დრო, როცა გადაჭრით ვიტყვით: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი. (ოვაციები და მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ჩხენკელს.

. ჩხენკელი (ს.-დ.) მოქალაქენო! ჩვენი ფრაქცია სავსებით უერთდება მთავრობის თავმჯდომარის და რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლის განცხადებას. დამფუძნებელი კრება, როგორც გამომხატველი ერის უზენაესი ნებისყოფისა, რა თქმა უნდა, გვერდში ამოუდგება მთავრობას, მისი ნდობით აღჭურვილ მთავრობას და გაუადვილებს მას იმ დიდი მოვალეობის აღსრულებას, რომელსაც მოითხოვს დღევანდელი მომენტი. მე შემიძლიან ისიც ვთქვა, რომ დამფუძნებელი კრება გამოხატავს არა მარტო თავის აზრს, ის გამოხატავს მთელი ერის აზრს. მთელი ერი ორი წლის განმავლობაში, თქვენ კარგად იცით, ეწეოდა აღმშენებლობითი მუშაობას. მას აქვს მმართველობა და თვითმმართველობა და, რა თქმა უნდა, მთელი სახელმწიფოებრივი აპარატი, თვითმმართველობის აპარატი გვერდში ამოუდგება მთავრობას, რომ მან სძლიოს ყველა ის სიძნელენი, რომელნიც მას გადაეღობებიან წინ. მე გამოვთქვამ აგრედვე სრულს რწმენას, რომ თავდაცვის საქმეში ქართველი ერი განურჩევლად პარტიული რწმენისა, საქართველოს ხალხი განურჩევლად ეროვნებისა, იქნება როგორც ერთი კაცი, როგორც ერთი პიროვნება და ბოლომდის შეასრულებს თავის წმინდა მოვალეობას. მთელი ჩვენი ორგანიზაციები, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიური თუ პროფესიული და კულტურული, მთელი ეს ძალა სულიერი და ნივთიერი სახელმწიფოისა, რომელიც შექმნილია შემოქმედების დროს, ყოველივე ეს უნდა მოხმარდეს იმ უდიდეს საქმეს, რომლის შესახებ ილაპარაკა მთავრობის თავმჯდომარემ.

აქ მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენი სახელოვანი ჯარი და სახალხო გვარდია თავის მოვალეობას შეასრულებს. ის უკვე გაწვრთნილია ბრძოლაში, ბრძოლაში თავისუფლების და დამოუკიდებლობის, რევოლიუციური მონაპოვართა დაცვისათვის. ამ მხრივ მას არ ეჭირვება გახსენება, აქ სიტყვა მეტია. როდესაც საკითხი დადგება საქმეზე, რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალა ერთსულოვნად დაიცავს უძვირფასეს განძს - დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

მოქალაქენო! მე შემიძლიან ვსთქვა, თითქოს ვგრძნობ ერის მაჯის ცემას, თითქოს მესმის იგი, უნდა გამოგიტყდეთ, არასოდეს არ მწამდა საქართველოს დამოუკიდებლობა ისე, როგორც დღეს (ტაში). სწორედ დღეს, სწორედ ამ მომენტში გამოიჭედება საქართველო თავის ბუნებრივ საზღვრებში.მისკენ იყურება მთელი ევროპა. არა ერთხელ გვითქვამს, რომ აქ არის ჯვარედინი გზა, სადაც უნდა შეებრძოლოს ერთი-მეორეს ორი პრინციპი; პრინციპი დემოკრატიზმისა, სახელმწიფოებრიობისა და პრინციპი დესპოტიზმისა, ანარქიისა. აქ შეებრძოლება, ასე ვსთქვათ, ევროპის კულტურა აზიის უკულტურობას, ევროპის დაწინაურება აზიის ჩამორჩენილობას და ვინაიდან ჩვენ გვხვდა წილად, რომ ამ უდიდესი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც აინტერესებს მთელ განათლებულ მსოფლიოს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. მე ვფიქრობ რომ თუ მაშინ, როდესაც ჩვენ წინ იდგა მხოლოდ და მარტო საკითხი ერის ფიზიკური გადარჩენისა, ასე ვსთქვათ, ჩვენი ეროვნული საკითხი, თუ მაშინ ჩვენ ვიყავით თავის ადგილზე, მომენტის სიმაღლეზე, მე ეჭვი არა მაქვს, რომ ეხლა მით უფრო გაორკეცებული ენერგიის და ძლიერებით, მთელი ჩვენი არსებობით ვეცდებით დავდგეთ მომენტის სიმაღლეზე.

ჩვენი პოზიცია სრულიად მარტივი და ნათელია, ამაზედ საკმაოდ სთქვა მთავრობის თავმჯდომარემ: ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენს თავს, დამოუკიდებლობას, რევოლიუციონურ მონაპოვართ, რომელნიც ამავე დროს არიან საკაცობრიო განძი. ამას იცავს ევროპა, ევროპის დემოკრატია თავის სამშობლოში. სწორედ ამასვე ვიცავთ ჩვენ ჩვენს სამშობლოში. ჩვენ მომხდომნი არა ვართ.

ჩვენ მუდამ მზად ვართ, კეთილ-მეზობლური განწყობილება ვიქონიოთ ჩვენს მეზობლებთან, არის ეს შორეული თუ მახლობელი მეზობელი. ჩვენ არასოდეს არ გაურბოდით, რომ მოლაპარაკება ყოფილიყო ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის. თქვენ იცით ნოტების გაცვლა-გამოცვლა ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის. თქვენ იცით ნოტების გაცვლა-გამოცვლა ჩვენი მთავრობის და მოსკოვის შორის. მაშასადამე, სრულიად სამართლიანია ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ეს არის მხოლოდ ჩვენი თავისუფლების დაცვა, იმ თავისუფლების, რომლისთვისაც ჩვენ არ დაგვიზოგნია არავითარი მსხვერპლი და არც მომავალში დავზოგავთ.

თქვენ იცით, იყო მომენტი, როცა ბოლშევიკები, ასე ვთქვათ, თავ-დაცვით პოლიტიკას აწარმოებდნენ, ისინი იცავდნენ თავის თავს გარეშე ძალებისაგან, ისინი ამბობდნენ, რომ იცავენ საბჭოთა რუსეთს, რევოლიუციონურ რუსეთს, რევოლიუციონურ სამშობლოს. გვახსოვს ჩვენ ყველა ეს ფრაზები. ეს იყო მაშინ, ასე ვსთქვათ, თავდაცვა.

თქვენ გახსოვთ საქართველოს განსაკუთრებული როლი ამ საერთაშორისო პროცესში, საქართველომ არა მარტო დღეს, არამედ იმ წუთიდან, როდესაც მან თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თავის დამოუკიდებლობის აქტში სთქვა და განახორციელა საქმით, რომ ის დაიცავს სრულს ნეიტრალიტეტს, არ ჩაერევა რუსეთის სამოქალაქო ომში. და განსაკუთრებული როლი საქართველოსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ის არ გამხდარა და ვერც გახდება იარაღათ გარეშე ძალის ხელში, ის იყო ლოიალური მუდამ და დარჩება ლოიალური ყოველთვის, თავისი საზღვრების გარედ, სულ ერთია, ვინც უნდა იყოს ამ საზღვარ-გარედ, რა მთავრობაც არ უნდა არსებობდეს იქ. მაშასადამე, კიდევ მაშინ, როდესაც იმ მოვლენას არ ჰქონდა ალაგი, რომელიც დღეს არის, ჩვენ ვიდექით მტკიცე, გარკვეულ გზაზე და ეს გზა იყო გზა ლოიალობის და ნეიტრალობისა ყველა ჩვენი მეზობლების მიმართ.

ეს იყო წინად. რას ვხედავთ დღეს? დღეს ბოლშევიზმი სულ სხვა ფერს იღებს. ის ეწევა არა მოგერებით ომს, არამედ თავდასხმით ომს. ის რევოლიუციონურ ფრაზეოლოგიაში ხედავს თავის იმპერიალისტურ სულს.

ბოლშევიკური სოციალიზმი უკვე მოკვდა რუსეთში. მისი ნაყოფი იყო რუსეთის მთელი ეკონომიური ცხოვრების, პოლიტიკური წყობილების, სახელმწიფო მექანიზმის დანგრევა და დაშლა. ეს იყო ნაყოფი ეგრედწოდებულ ბოლშევიკურ სოციალიზმისა. ამ მხრივ მან განიცადა სრული გაკოტრება და ამ გაკოტრებას ჩვენის მხრით მტკიცება არ უნდა. რამდენადაც ისინი თავიანთ დეკლარაციებში თვითონ აღიარებენ საშინელ კრიზისს, რომლის წინაშე სდგას რუსეთი ყოველ-მხრივ: მისი ტრანსპორტი, მისი მრეწველობა, მისი აღებ-მიცემობა, მთელი მისი შინაური ცხოვრება, მისი სასურსათო კრიზისი, მისი ბრძოლა ტილებთან... ორი წლის სოციალისტური შემოქმედება და ბოლოს კი, როგორც ლოზუნგი, ბრძოლა სიბინძურესთან და ტილებთან! აი, ნაყოფი ბოლშვიკური სოციალიზმისა.

ეხლა კი ბოლშევიზმი ლამობს გამოასწოროს ყველა ეს ძველი გზით, უკვე დამხობილი რეჟიმის პოლიტიკით და ტაქტიკით. მისი მამოძრავებელი ღერძი დღეს-დღეობით არის სრულიად აშკარა იმპერიალიზმი, ნაციონალიზმი, ე.ი. არა ნაციონალური თავ-დაცვა, არამედ ნაციონალიზმი, რამდენადაც ჰგულისხმობს სხვა ნაციების დაპყრობის, ამ რიგათ, ბოლშევიზმი დაიწყო სოციალიზმით და ათავებს ცარიზმით. მან მოსპო არა მარტო დამფუძნებელი კრება, მან მოსპო და გაანადგურა დემოკრატია. რუსეთში თქვენ ვერ ჰხედავთ დემოკრატიას, არ არსებობს იქ დემოკრატია, როგორც ასეთი, რომელიც პოულობს თავის განსახიერებას რაიმე ორგანოში. დამფუძნებელი კრება, ერობა, ქალაქის თვითმმართველობა, პოლიტიკური, ეკონომიური ორგანიზაციები და ყოველივე ეს, თქვენ იცით, - თუ რა დიდი ამაგი მიუძღვის რუსეთის აღორძინების საქმეში ძველი რეჟიმის დროს, - ყოველივე ეს დღეს მან მოსპო. და მაშასადამე დემოკრატია, როგორც ასეთი არ არსებობს. მან გზა გაუხსნა დესპოტიზმს და დღეს თუ ბოლშევიკები არიან სახელმწიფოს სათავეში, მათი ტაქტიკა და პოლიტიკა არის ძველი რეჟიმის ტაქტიკა და პოლიტიკა.

და აქედგან გამომდინარეობს ის, რაც მოხდა - ეს მათი კავშირი ოსმალეთის ნაციონალისტებთან მოსკოვსა და არზრუმის კავშირი. აქედგან გამომდინარეობს ისიც, რომ ისინი ზურგს აქცევენ ევროპას და მიისწრაფიან აზიისაკენ, რომ იქ გააკეთონ შავი საქმეები, რომლებსაც აკეთებდა ძველი რეჟიმი.

მოქალაქენო, ჩვენ გვაქვს ჩვენი პერსპექტივები, გაკვრით უკვე ახსენა მთავრობის თავმჯდომარემ 1918 და 1920 წელი. მათ შორის არის ანალოგია იმ მხრივ, რომ მაშინ, როგორც გახსოვთ, ბოლშევიკებმა გასცეს არა მარტო რუსეთი, აგრეთვე გასცეს მთელი ამიერ-კავკასია. ბრესტ-ლიტოვსკში მან დაიჩოქა გერმანიის იმპერიალიზმის წინაშე და ხელი მოაწერა არა მარტო რუსეთის განადგურებას, არამედ განადგურებას ამიერ-კავკასიისას. ეს ანალოგია არის იმდენად, რამდენადაც იმავე ბრესტ-ლიტოვსკს დღეს, უეჭველია, ადგილი აქვს, მაშინ, როცა ერთი მეორეს უახლოვდებოდნენ მოსკოვ-ადერბეიჯან-არზრუმი, უეჭველია, უკანასკნელნი რაიმე ფასს, სასყიდელს მოელოდნენ ამ კოალიციიდგან და, უეჭველია, ამ კოალიციის სასყიდელი იგივე განახლებული ბრესტ-ლიტოვსკია. საკითხი ეხება იმავე ყარსს, იმავე ბათომს და არტაანს. მაგრამ არ არის ამ ორ დატათა შორის ანალოგია იმ მხრივ, რომ მაშინ მართლაც ჩვენ საქმე გვქონდა გამარჯვებულ გერმანიის და ოსმალეთის იმპერიალიზმთან, ხოლო დღეს საქმე გვაქვს განადგურებულ და დამარცხებულ ოსმალეთთან და გაკოტრებულ რუსულ ბოლშევიზმთან. მაშასადამე, ეს არ არის ისეთი კომბინაცია ძალებისა, რომელსაც შეეძლოს ჩვენი განადგურება. ჩვენ შიში არ მოგველის იმდენად, რამდენადაც ოსმალეთის ტვინი და თავი სტამბოლი თვით მის ხელში არ არის. არზრუმი საშიში არ არის ჩვენთვის. იმდენად, რამდენადაც რუსეთის ბოლშევიზმი შინ საშინელ კრიზისს განიცდის, ის შეეცდება მზგავსად ძველი რეჟიმისა, გაძვალტყავებულ რუსის ხალხის ყურადღება გარეშე ომებს მიაპყროს. მაგრამ, ვინაიდან ბოლშევიზმი გაიხრწნა შიგნით, ის ვერ შესძლებს სახელი მოიხვეჭოს გარეთ, ის არ წარმოადგენს საშინელებას ჩვენთვის.

ჩვენ ვიცით როგორი იყო ბრძოლა ბოლშევიკებსა და მოხალისეთა შორის, ამ უკანასკნელათ. ეს არ იყო ბრძოლა დარაზმულ მტერთან, არამედ სრულიად დარღვეულ და უკან დამხევ ბრბოებთან. მაშასადამე, ეგრედ წოდებული სიძლიერე ბოლშევიზმისა იყო არა იმაში, რომ, თითქოს ისინი ებრძოდნენ მტერს და ბრძოლიდგან გამარჯვებული გამოდიოდნენ, არამედ იმაში, რომ მოპირდაპირე გაიხრწნა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო.

აქ კი ბოლშევიზმს დახვდება სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, შეგნებულ, ორგანიზაციულად დარაზმული, რომელსაც აქვს მთელი თავისი აპარატი: დამფუძნებელი კრება, - ნების-ყოფა ერისა, თავი - მთავრობა, ხელები - სამხედრო ძალა. მაშასადმე, ასეთ ორგანიზმს, ჩვენს სახელმწიფოს სრულიად არ გაუძნელდება შეებრძოლოს მიმხდომ თურქ-რუსულ იმპერიალიზმს, თუ მან მოინდომა გადალახვა ჩვენი საზღვრებისა.

მართალია ჩვენ არა გვყავს კარგი მეზობელი - ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ. ჩვენ ვსთქვით ერთ დროს, რომ ჩვენ გვინდა ისეთი დრო დადგეს, როდესაც მეზობლები დაიცავენ თავიანთ საკუთარ ეროვნულს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს დრო, სამწუხაროდ, ჯერ არ დამდგარა მაგალითად ადერბეიჯანისათვის. ის, რაც იქ მოხდა, უნდა დაერქვას სახელად ავანტიურა. ვინაიდგან იქ ხალხი ჩამორჩენილია, მოუმწიფებელი პოლიტიკურად, ეძლევა საშუალება სხვა და სხვა უპასუხისმგებლო წრეებს და პირებს ხალხის სახელით ილაპარაკონ. ბოლშევიზმის მოვლენა ამიერ-კავკასიაში არის სწორედ ძველი უღელის - რუსეთის იმპერიალიზმის აღდგენა. სამწუხაროდ, ეს არ ესმის და, შესაძლებელია, არც კი გაუგია ადერბეიჯანის ხალხს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს რომ ის შეიგნებს მას ახლო მომავალში. მას ახსოვს ის, რომ 1918 წ. ოსმალეთმა თავისუფლების მაგიერ სახრჩობელანი აუმართა მას ბაქოში და განჯაში. იგივე განმეორდება დღეს, თუ მივიღებთ სახეში ბოლშევიკების საშინელ ტერორს რუსეთში და ქიამილ-ფაშის ჯარებს არზრუმში. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩქარა მოხდება გამოფხიზლება ადერბეიჯანის ხალხისა, რომ მათ, ვინც სათავეში დგას დღეს, უპასუხისმგებლობა, კომუნიზმი ღალატობს მის სასიცოცხლო ინტერესებს, რომ ის მატყუარობს და ადერბეიჯანის მომავალს და მისი ბედ-იღბალს უკავშირებს უძლურ და საშინლათ დამარცხებულ თურქ-რუსულ იმპერიალიზმს.

ეხლა აშკარაა ყველასათვის, თუ რატომ მუშაობდნენ მმართველი წრეები ადერბეიჯანისა ასე გაფაციცებით სამუსულმანო საქართველოში ბათომში და სხვაგან, რატომ ეწეოდნენ ასე დაჟინებით პროპაგანდა-აგიტაციას ჩვენს წინააღმდეგ. ეხლა ეს ყველასთვის არის გასაგები. მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სახელმწიფო მართლა სახელმწიფო ყოფილიყო, მართლა დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ მოვტყუვდით ამაში, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ - და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ მოვტყუვდით ერთში - რომ თვით ადერბეიჯანის ხალხი მიხვდება საითკენაც გადაისროლა ის მისმა მმართველმა წრეებმა. მას პირი ევროპისაკენ ქონდა, ის იყო ახალი ცხოვრებას დაწაფებული, მაგრამ მას პირი უბრუნეს აზიისაკენ.

ჩვენ მარტონი ვართ. თავის-თავად ცხადია უმთავრესი ჩვენი ძალა თვით ჩვენა ვართ, ჩვენი ხალხი, ჩვენი დემოკრატია, მისი სახელმწიფოებრივი აპარატი, როგორც მოგახსენეთ, მისი შეიარაღებული ძალა, მაგრამ ამას თანამგრძნობიცა ჰყავს. და ეს არის ევროპის დემოკრატია.

თქვენ იცით, რევოლიუცია მოხდა ევროპაშიც. რა გვამცნო მან? ისა, რომ ევროპის რევოლიუციამ სავსებით გაამართლა ჩვენი მეთოდი ბრძოლისა და აღმშენებლობისა, დემოკრატიული მეთოდი. ჩვენდა საამაყოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ერმა მისცა პირველი მაგალითი გერმანია-ავსტრიას, ასე რომ რევოლიუციის განვითარება იქ არის სრული დადასტურება ჩვენი პოლიტიკისა და ტაქტიკისა და დაგმობა ბოლშევიკურ პოლიტიკისა და ტაქტიკისა.

ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ მომავალი სწორედ ჩვენია. ერთის მხრივ ჩვენ საქმე გვაქვს დაუძლურებულ, გაბოროტებულ ძალებთან, რომელიც მოქმედებს სასოწარკვეთილების მოტივით, და არზრუმ-მოსკოვის მოქმედება სწორედ სასოწარკვეთილის ნაყოფია. რომ შინ ააშენონ თავისი ქვეყანა, ისინი გარედან ეძებენ ხსნას - ეს არის სასოწარკვეთილების ნაბიჯი. და მეორეს მხრით ჩვენ საქმე გვაქვს დაწინაურებულ სახელმწიფოებთან, განათლებულ ერებთან, რომელთა თანაგრძნობა ჩვენ მხარეზეა. ჩვენ სოციალურადაც გვინდა მხოლოდ და მხოლოდ ვიაროთ ევროპასთან. პოლიტიკურადაც ჩვენ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ის დიდი პროცესი, დიდი დავა - ბოლშევიზმი თუ დემოკრატიზმი, ჩვენ ეს დავა მოვიგეთ იმდენად, რამდენადაც ეს იყო დასმული პრაქტიკულად ევროპაში, სადაც დემოკრატიზმი მოგებული გამოვიდა ჭაობიდან. ჩვენ მოვიგებთ მეორე დავასაც, რომელიც ეხება ჩვენს შორეულ მიზნებს - სოციალიზმის განხორციელებას. ჩვენ ვივლით მხოლოდ და მხოლოდ ევროპის დემოკრატიასთან, ევროპის მშრომელ მასასთან და ჩვენ მივაღწევთ, როგორც ჩვენს მახლობელს, ისე ჩვენს შორეულ იდეალებსაც.

დამფუძნებელი კრება თავის მხრივ, ეჭვი არ არის, გამოიჩენს უდიდეს აქტუალობას, რომელიც საჭიროა სწორედ ამ მომენტში. ის არის კანონმდებელი, მან ყოველგვარი დახმარება უნდა გაუწიოს მთავრობას, მაგრამ ის უნდა იყოს აგრეთვე ხალხთან, მან უდიდესი მონაწილეობა უნდა მიიღოს ხალხის უდიდესი განცდის დროს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება ამ საკითხზე განსაკუთრებული მსჯელობა. ჩვენ მივიღებთ განსაკუთრებულ ზომებს, რომ დამფუძნებელი კრება იყვეს გამომხატველი არა თუ ერის უზენაესობისა, არამედ ის იყოს დამცველი ერის უდიდესი ინტერესებისა, რომ ის იყოს ხალხთან და ხალხთან ერთად გაჰყვეს მის ნდობით აღჭურვილს მთავრობას და საბოლოოდ გაამარჯვებინოს მის ეროვნულ და საერთაშორისო იდეალებს. ჩვენ დავავალებთ ჩვენს პრეზიდიუმს, რომ მან მიჰმართოს შესაფერი მოწოდებით ქართველ ერს, მთელ საქართველოს ხალხს, განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა, რომ ის მზად იყოს და თუ დადგა წამი ბრძოლისა თავისი წმინდათა-წმიდის - თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლოს და რევოლიუციის მონაპოვართა დასაცავად, ის თავის ადგილზე იქნება. (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შ. ნუცუბიძეს.

. ნუცუბიძე. (ს.-ფ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო!

ჩვენი სამშობლო არა ერთხელ ყოფილა მძიმე მდგომარეობაში, კარს არა ერთხელ მოსდგომია მტერი, მაგრამ ის მდგომარეობა, რომელსაც განიცდის დღეს და ის მტერი, რომელიც მას დღეს მოსდგომია კარს, სრულიად განსაკუთრებულია. თუ აქამდის საქართველოს არა ერთხელ კარს მოსდგომია მტერი, მას ყოველთვის გარკვეული სახე ჰქონებია და ქართველი ერი მასში სრულიად ნათლად და გარკვეულად ხედავდა იმას, რასაც წარმოადგენდა იგი სინამდვილეში.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მდგომარეობა ისაა, მოქალაქენო, რომ ჩვენს საზღვრებს მოსდგომია ისეთი ძალა, რომლის გზა მოფენილია ილლიუზიებით, და ამ ილლიუზიებით მოცული ჰქმნის ისეთ მდგომარეობას, რომ ვერც ერთი საწინააღმდეგო ძალა ვერ შეხვდა მას მთელი პოლიტიკური ცნობიერებით აღჭურვილი.

განსაკუთრებული სიძლიერე იმ ძალისა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არავინ იცის: მტერია ის, თუ მოყვარე. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა განირჩევა ყველა იმათაგან, რომელნიც ამ ძალის საწინააღმდეგოდ გამოსულან. არც ერთხელ იმ გზის გასწვრივ, რომელიც ჩვენს კარს მოსდგომია, მის წინააღმდეგ არ მიმართულა ისეთი ორგანიზაციულად მთლიანი რამ, როგორიც დგება დღეს წინ, და, მაშასადამე, არც ერთხელ მის საწინააღმდეგო ძალას არ ჰქონია საშუალება გარკვეულად წარმოედგინა მისი სახე, იმისთვის ნიღაბი აეხადა და ეთქვა, მტერია იგი თუ მოყვარე. მაგრამ იგი მტერი არის საქმით და მოყვარე სიტყვით. დამფუძნებელმა კრებამ, ქართველ ერის ცნობიერების გვირგვინმა, უნდა ამ მხრით სავსებით გააშუქოს ეს საკითხი და ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიქნა ჩვენს ირგვლივ: სწორედ ამაშია მისი დანიშნულება და ჩვენ უნდა შევსძლოთ გავფანტოთ ის ილლიუზიები, რომლითაც მოცულია ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგის გზა.

ერთ მთავარ ილლიუზიას შეიცავს შემდეგი: ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ ბოლშევიკებთან ბრძოლა, მათ წინააღმდეგ გამოსვლა, საერთოდ მათთან ამა თუ იმ ურთიერთობის დამყარებისა, არის საკითხი პოლიტიკური ხაზის, პროგრამის და გეგმისა. ერთხელ და სამუდამოდ ყველა ამას, ვინც ამ საკითხით დაინტერესებულია და დღეს კი საქართველოში არაა ისეთი მოქალაქე, რომელიც არ იყოს ამ საკითხით დაინტერესებული, ამ მაღალი ტრიბუნიდან უნდა უთხრათ: ჩვენს წინ საკითხი სდგას ბოლშევიკებთან არა ამა თუ იმ ურთიერთობის დამყარებაზე, არა ამა თუ იმ პოლიტიკურ თვალსაზრისზე, არამედ სახელმწიფოებრივ თვალსაზრისზე. ჩვენ წინაშე სდგას საკითხი არა იმის შესახებ, თუ რა გზა უნდა ავირჩიოთ, მარცხნით თუ მარჯვნით, კომუნისტურ თუ ბურჟუაზიულ პროგრამულ განხოციელებისაკენ, არამედ ორი სახელმწიფოებრივობის დაპირისპირების შესახებ. აქ არის ბრძოლა სახელმწიფოებრივობისათვის და არა სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამაზე. საკითხი ასე უნდა დადგეს და ამგვარადვე გაიგოს ჩვენი დამფ. კრების საშუალებით ქართველმა ერმა. და როცა ამ მხრივ მიუდგებით საკითხს, ნათელი ხდება ერთი გარემოება.

ჩვენთვის არჩევანი არ არსებობს, არ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დამფ. კრების მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ვდგევართ საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე, რომ ყოველი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში მოქმედი, მიუხედავად მისი სიმცირისა თუ სიძლიერისა, საქართველოს თავისუფლებას იცავს. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ამ გზას ვერ უღალატებს, პირიქით მთელის შეგნებით გაასკეცებს ერის ენერგიას და მით გააძლიერებს მისი თავდაცვის საშუალებას და სწორედ ასე შეგნებულად აყენებს და სჭრის კიდეც ამ საკითხს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია.

მაგრამ შეიძლება ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა და ყველა იმათ, ვინც ამ თვალსაზრისს არ გაიზიარებენ, გვითხრან რომ ასეთი პოზიცია უნდა დასტოვოს და საკითხი სხვა ნიადაგზე დააყენოს. არის მართლაც შემთხვევა, როდესაც ერთ სახელმწიფოს მიაქვს მეორე სახელმწიფოსათვის ისეთი საგანძური, როლისთვისაც ყველა ის ჯგუფი, რომელიც ფართო მასის ინტერესს იცავს, იძულებული ხდება დათმობის გზას დაადგეს და კარი გაუღოს იმ ძალას, რომელიც მოუტანს იმას, რაც ამ უძლურმა ჯგუფებმა გარკვეულს პოლიტიკურ პირობებში ვერ შესძლეს მიეკუთვნებინათ ფართო მასისათვის. ასეთი თუ არის მდგომარეობა, ასე თუ სდგას საკითხი, მაშინ თითქოს შესაძლებელია, რომ ამა თუ იმ ჯგუფმა კარი გაუღოს ჩვენს კარზე მომდგარ ძალას. არის ამ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა? ჩვენ აქაც სრულიად გარკვეულად, ყოველ მერყეობის გარეშე, სრული პასუხისმგებლობის შეგნებით და ასეთივე პასუხისმგებლობით რადიკალურ სოციალისტურ თვალსაზრისის წინაშე უნდა ვსთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა არ არის და საქართველოში, მაშასადამე ამ თვალსაზრისის არ იქნება არც ერთი ძალა, რა გინდ რადიკალურ და მემარცხენე მისწრაფებისა არ იყოს იგი, რომ ხელი მოუმართონ იმ გასაღების დამსხვრევას, რომლითაც დაკეტილია ჩვენი სამშობლოს კარი (მთელი დარბაზის მხურვალე ტაში).

შეიძლება გვითხრან, მოწინააღმდეგეებმა: მართალია ჩვენ არ გვაქვს დღესდღეობით დამთავრებული სახის ღირებულება, რომლითაც ჩვენ შემოვალთ თქვენი გასაბედნიერებლად, მაგრამ მიიღეთ მხედველობაში ის მძიმე გარემოებანი, რომელშიაც თანდათან იჭედებოდა ის შედარებით ღირებულება, რომელიც ჩვენ შევქმენით და იმის იმედით, რომ ჩვენ დაგაყენებთ სწორ გზაზე, თქვენ უნდა დაგვითმოთ და არ გაუშვათ შემთხვევა მაღალ კულტურულ სოციალურ ღირებულებათა ზიარებისა.

მაგრამ ჩვენ უნდა განვაცხადოთ ამ შემთხვევაშიაც სრული შეგნებით ჩვენი მდგომარეობისა და პასუხისმგებლობისა: ჩვენ ვართ პატარა ერის შვილები, პატარა ერის წარმომადგენელნი, და არ შეგვიძლია არავითარ შემთხვევაში მხარი დაუჭიროთ ისეთ პროცესს, რომელიც არ გამორკვეულა ან თუ გამორკვეულა იმ მხრივ, რომ არ სჩანს არავითარი ნიშანი იმისა, რომ მას მოყვება დადებითი შედეგი. ჩვენ ამ შემთხვევაში სრულიად გარკვევით უნდა ვსთქვათ, რომ პატარა ერის ბედი იმ დიდ ჭიდილში, რომელიც მოხდება ხალხთა შორის მომავალ ვითარების გამოსაჭედად, დამოკიდებულია მის ტაქტზე. თავისი ფიზიკურ სიმცირის გამო, იგი ხშირად იძულებულია არამც თუ პოლიტიკურ, არამც თუ საერთაშორისო, არამედ სოციალურ-ეკონომიურ სფეროშიაც რამოდენადაც შესაძლოა ნეიტრალიტეტი დაიცვას.

პატარა ერს ხშირად არ შეუძლია გადაიტანოს ის განსაცდელი, ის დაჭიმვა ეროვნულ ნერვებისა, ის ექსპერიმენტები, რომლებიც დიდი ერისათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომელსაც იგი ადვილად უძლებს. (დარბაზში მოძრაობაა). ეს საკითხი ჩვენში არავითარ დავას არ იწვევს (ხმები: მართალია! ტაში), როგორც საერთოდ დაფუძნებელ კრებაში, ისე ჩვენს პარტიულ ამხანაგებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით შეიძლება სავსებით ამოიწუროს ის, რაც უნდა სთქვან მთელი ერის წარმომადგენლებმა, განურჩევლად პარტიული რწმენისა და მიმართულებისა (მართალია! ტაში) და პატარა ერის ბედი დამოკიდებულია დიდ ერთა საქმიანობიდან და მას შეუძლია მხოლოდ ისესხოს ის, რაც დიდ ერებს შეუმუშავებიათ, და ამიტომ, ამ მოსაზრებით იმ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ჩემ მიერ აღნიშნულ მოსაზრებებს მოიყვანდნენ, ჩვენ ვეტყოდით: თქვენ გწამთ, რომ საერთაშორისო სოციალისტურ საქმეს აკეთებთ, რომ თქვენი მოქმედება მისაღებია და ერთად-ერთი დადებითი ამ დუხჭირ პირობებში, რომ თქვენ გმირები ხართ. განაგრძეთ ეს საქმე. ჩვენ კი პატარა ერებს არ შეგვიძლია აგეკიდოთ თქვენ, ბუმბერაზებს. დღეს ასეთ რამეს ვერ მოგვთხოვთ, ამიტომ ჩვენი პასუხი სრულიად კატეგორიულია.

ყველა ეს ერთი მხარეა საკითხისა. არის მეორე მხარეც. რაც მოგახსენეთ მოქალაქენო, დამფ. კრების წევრნო, ეს დათმობითი ხასიათის იყო იმ ძალის მიმართ, რომელიც ამა თუ იმ გეგმით მოიმართება ჩვენს წინააღმდეგ.

მაგრამ მე მინდა დავტოვო ეს დათმობითი ნიადაგი და პირდაპირ დავაყენო საკითხი.

იმ დღიდან, რაც ირკვევა, რომ საქმე გვაქვს არა მარტო ჩრდილოეთის ძალასთან, არამედ იმ ძალასთან, რომელსაც კავშირი შეუკრავს ოსმალეთთან, განსაკუთრებით საქართველოს თვალსაზრისით, ისეთი ძალა, რა თქმა უნდა, არ არის მომასწავებელი არც სოციალისტური პერსპექტივების, არც საქართველოს თავისუფლების განმტკიცებისა. (ხმები: მართალია! საერთო ტაში).

თუ რამოდენიმედ მაინც სადავო დებულებად მიგვაჩნდა ის ისტორიულ ტრადიციის მიერ ნაკურთხი დებულება, რომ მოსკოვი მესამე რომია, თუ ამის შესახებ კიდევ შეიძლებოდა თეორიული დავა, ჩვენ სავსებით გარკვეულად მიგვაჩნია, რომ კაცობრიობის ახალი გზა არავითარ შემთხვევაში არ მიიმართება სტამბოლით და არზრუმით. (საერთო ტაში). ჩვენთვის ეს გარკვეულია, მაგრამ ერთი გარემოება კიდევ ირკვევა, ის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გარეგნულად სოციალისტურ მოვლენასთან, მაგრამ არსებითად სულ სხვა მოვლენასთან, სახელდობრ იმასთან, რასაც ჩვენ დიდი ხანია აქსიომატიური დებულებად ვთვლიდით და რასაც იმპერიალიზმს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ოსმალეთ-ბოლშევიკურს შეკავშირების საკითხში ჩვენ საქმე გვაქვს წმინდა წყლის იმპერიალიზმთან. პირველ შემთხვევაში გარეგნული სახე სოციალისტურ იერს აძლევს ერთ მოკავშირეს, მეორე შემთხვევაში ოსმალურ-ბაშიბუზუკური მოკავშირე თავის მიზნებს ემსახურება. ორივე იმპერიალიზმია, ორივე მცირე ერების ძალით დაპყრობაა და მათი დაყენება ძლიერ ერების გავლენის ქვეშ. ამ შემთხვევაშიაც ასეთივე გარკვეული უნდა იყვეს ჩვენი აზრი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის ძალა, რომელიც ილლუზიებით საზრდოობს, სუსტი არის თუ იგი შეგნებულ ძალას წააწყდება, როგორიც არის სახელმწიფოებრივ ორგანიზმში ჩამოსხმული, დამფუძნებელი კრების მქონე და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საქართველო (სერთო ტაში). და როდესაც ჩვენს წინაშე სდგას ეს საკითხი, ჩვენ ვიცით, რომ ეს ილლუზიები, რომლითაც აქამდის ფონს გადიოდნენ ჩვენში ვერავითარ გასავალს ვერ იპოვნიან და პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ქართველი ერი მათ ნამდვილ ღირებულებაში არ შესცდება (საერთო ტაში). ჩვეულებრივი დაპირისპირება იმპერიალიზმისა და სოციალიზმისა, რომლითაც სულდგმულობდა აქამდე ჩვენი მოწინააღმდეგე, კანონიერი ძალები იყო ვიდრე მათი დროშები ფრიალებდნენ რუსეთის მიდამოებში, ხოლო როდესაც მოიმართა მათი გზები ჩვენს წინააღმდეგ, და დაიწყო პროცესი მცირე ერების ერთი გაბატონებულ ერის ჩარჩოში მოქცევისა, აი აქ მთელი თავისი შინაარსი და ძალა დაჰკარგა ასეთმა დაპირდაპირებამ. თუ აქამდე ამბობდენ, რომ ორი ძალა იბრძვის: სოციალიზმი და იმპერიალიზმი, ახლა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც კავკასიონის უღელტეხილი გადმოლახულია და აქ მობინადრე ხალხი შეყვანილია ძალით თუ მოხერხებით საბჭოთა რუსეთის გავლენის ორბიტაში, მას შემდეგ, რაც ხორციელდება ის პროგრამა, რომელიც სინამდვილეში პატარა ერების დამოწმებით დაიწერა, ნაცვლად პრინციპიალურ დეკლარაციებისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დაპირისპირებიდან ჩვენ მივიღეთ ორი ჯურის იმპერიალიზმი - სოციალისტური იმპერიალიზმი და, თუ გნებავთ, ბურჟუაზიული. ასეთია ის დალაგება პრინციპებისა, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს და ჩვენ ამ შეგნებით ჩვენი მდგომარეობისა და პასუხისმგებლობისა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვებრძვით ყოველგვარ იმპერიალიზმს მიუხედავად იმისა, თუ როგორ იერს ატარებს იგი. ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელია როგორც ბურჟუაზიული იმპერიალიზმი, ისე სოციალისტური, როგორც რუსეთიდან მოსული ძალა, ე.ი. რუსული იმპერიალიზმი, აგრეთვე ოსმალური, რომელიც დამარცხების შემდეგ შემთხვევით სარგებლობს და სურს გამოიყენოს ის მდგომარეობა, რომელშიაც იგი ჩააყენა საერთაშორისო ბრძოლამ. ასეთია ჩვენი შეხედულება ამ ძირითად საკითხებზე.

ეხლა ერთ გარემოებას მინდა მივაქციო ყურადღება. ჩვენი მოწინააღმდეგე უეჭველია, ერთს გარემოებას იღებს მხედველობაში, იმ გარემოებას, რომ ყველა ერში არსებობს უკმაყოფილო ელემენტი, ისეთი ელემენტი, რომელიც იბრძვის თუ არსებულ სახელმწიფოს წინააღმდეგ არა, ყოველ შემთხვევაში მისი მთავრობის წინააღმდეგ მაინც, რომელიც მეტად თუ ნაკლებად გარკვეულად გამოდის ოპოზიციის როლში. რამდენადაც ასეთი მდგომარეობა აქვს გათვალისწინებული ამ ძალას, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდიან, ჩვენი ოპოზიციის და ჩვენი ფრაქციის სახელით უნდა განვაცხადო საჯაროდ, იმათ გასაგონად, და აგრეთვე იმათ გასაგონადაც, ვინც აქ ჩვენში, საქართველოში ასეთი უკმაყოფილებით არის მოცული, რომ ვერავითარ შემთხვევაში ეს საკითხი ვერ შექმნის ისეთ მდგომარეობას, რომ ეს საკითხი გადაიქცეს ჩვენი საერთო მსჯელობის საგნად რომელიმე გარეშე შემოსულ ძალასთან ერთად და მათი დახმარებით (საერთო ტაში). ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოში სძინავს პოლიტიკურ აზრს, რომ არ იყოს საშუალება სხვა და სხვა აზრის მქონეთ იქონიონ თავისუფალი მსჯელობა ყოველივე პოლიტიკურ საკითხზე. ეს საშინელი შეცდომა იქნებოდა.

საქართველოში არსებობს თავისუფალი ჭიდილი პოლიტიკური აზრისა, მართალია არსებობს ერთი ძლიერი მიმდინარეობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მიმდინარეობა რამდენიმეთ მაინც აუქმებდეს შესაძლებლობას საქართველოში პოლიტიკურ ბრძოლისა და აშკარა ოპოზიციის წარმოებისა. მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ბევრ შემთხვევაში საშინელი მოწინააღმდეგე ჩვენი მთავრობისა, განსაკუთრებით ზოგიერთი უწყებისა საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის დროს არ გვჭირდება მივმართოთ არამც თუ ფიზიკურ და ტეხნიკურ დახმარებისათვის გარეშე ძალებს, არამედ ჩვენი აზრების არგუმენტაციის და საბუთებისათვისაც კი (ტაში).

ჩვენ გვაქვს საკუთარი მსოფლმხედველობა, ჩვენი ინტელიგენციის ერთს ჯგუფს თავისი ისტორია აქვს და იმ თავითვე ჰქონებია გარკვეული თვალსაზრისი და თუ ამ ნიადაგზე მას დასჭირდება მთავრობის პოლიტიკის კრიტიკის ქარცეცხლში გატარება, ეს გარემოება ვერავის ვერ მისცემს საშუალებას იმედი იქონიოს, რომ ჩვენი საზღვრებთან მოახლოვების დროს აქ ჩვენს შინაურს ცხოვრებაში აღვივდება ნელ-ნელა ეს ცეცხლი, რომელიც იქნება გზის მანათობელი იმ ძალის, რომელიც შემოიჭრება საქართველოში ამ ცეცხლის საშუალებით. (ტაში). სრულიადაც არა! ჩვენის აზრით საქართველოს დღევანდელი ისტორიული მდგომარეობა სრულიად გარკვეულია. ქართველი ერი, როგორც ერთი კაცი, ყოველს გარედან მოსულ ძალას დაუხვდება მიუხედავად პოლიტიკურ რწმენისა. ასეთია ჩვენი მტკიცე აზრი, ჩვენი გადაწყვეტილება, და ამ ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ შესცვლის ვერავითარი გარემოება. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ერი ყოველი საშუალებით ისარგებლებს, თუ კი შესაძლებელი იქნება, სამშვიდობო გზით გადაჭრას ის საკითხი, რომელიც ჩვენ წინ დადგა, და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მთავრობაც ამ გზით მიდის, და არც ერთ შემთხვევაში არ ვეჭვობთ, რომ დეკმოკრატიული საქართველო შესძლებს ყოველივე გარეშე ძალასთან მშვიდობიანი, პატიოსანი და პირდაპირი გზით ურთიერთობის განმტკიცებას.

მაგრამ, თუ ჩვენთვის შესაძლებელი იქნება ამ გზით საქმის მოგვარება, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი წუთით არ დავერიდებით თავგანწირულ და თავდადებულ ბრძოლას ეროვნულ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენს ცნობიერებაში სრულის გამორკვევით ისახება ჩვენი მდგომარეობის შეგნება და თავისუფლების დაცვის მტკიცე გადაწყვეტილების შერყევა არ შეუძლია არავითარ გარეშე შემოსულ ძალას. ჩვენ ზავი გვსურს, მაგრამ ღმერთის სამსხვერპლოდაც მზად ვართ, ჩვენს ცნობიერებაში ისახება, თუ გნებავთ ვიტყვი სიმბოლიურად, შემდეგი დასურათხატება ჩვენი მდგომარეობისა:

საქართველოს საზღვარზე სდგას ამაყად მოზიდული ჭაბუკი. იგი ქართველ ერის კულტურულ მოწიფულობის და პოლიტიკურ ცნობიერების სიმბოლოა. ერთს ხელში მას უპყრია მშვიდობიანობის რტო, მეორეში კი მახვილი. ორივეს სამშვიდობო დანიშნულება აქვს: მშვიდობიანობის რტოს თავის თავად, ხოლო მახვილს - სამშობლო ტერიტორიის მოსახაზავად (საერთო ტაში). მშვიდობიანობის რტო ხელს უშლის ჭაბუკს გაარჩიოს სახე ჩვენ საზღვართან მოახლოებულ ძალისა. მოსულს ძალას თავისუფალი არჩევანი აქვს, ხელი გაუწოდოს მშვიდობიანობის რტოს, თუ ხმალს. და თუ მოხდება, რომ იგი არ მოისურვებს მშვიდობიანობის რტოს, ჩვენი ბრალი არ იქნება თუ მის წინააღმდეგ მახვილი გაიელვებს (მხურვალე ტაში).

ლეო შენგელაია. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო!

მოსკოვის კომუნიზმი გაშიშვლდა წინააღმდეგ თავისივე პრინციპებისა და დეკლარაციებისა, მან უკვე გადმოლახა ამიერ-კავკასიის საზღვრები.

დღეს თუ ხვალ ის ფაშებთან და ხანებთან ერთად უთუოდ ჩვენს საზღვრებს მოადგება, რათა იარაღით ხელში დაიპყროს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო.

ამ ნაირად მომენტის მთავარ საკითხად ხდება გარეშე საფრთხე, თავდაცვის ორგანიზაცია ეს არის დღეს ყველაზე უფრო დიდი და რთული საქმე და აი ჩვენ ვამბობთ: ამ საქმეში განზე გადგომა და ხელის შეშლა იქნება იქნება ერის ღალატი! (ტაში) ამ საკითხში ყოყმანი და რყევა იქნება ისტორიული დანაშაული! (ტაში). ამ საკითხში ყოყმანი და რყევა იქნება ისტორიული დანაშაული! (საერთო ტაში).

თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველო და მისი დამცველები - ასეთია დღეს ჩვენი დროშა, ჩვენი სახელი. ვინც ამ საქმეში ჩვენთან არ არის, ის დემოკრატიის მტერია! (საერთო ტაში).

ადერბეიჯანმა გვიღალატა. არა, ბატონებო, მან თავის თავს უღალატა! (ევგ. გეგეჭკორი ადგილიდან: მართალია!)

მან დაამტკიცა, რომ ის არის ოსმალეთი მინიატურაში. ადერბეიჯანმა თვითონ უარყო თავისი დამოუკიდებლობა და ამნაირად მასზე სავსებით გამართლდა თქმულება: „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“-ო! (საერთო სიცილი. მართალია!) ადერბეიჯანის ბეგებმა და ხანებმა ააფრიალეს წითელი დროშა საბჭოთა რესპუბლიკისა. ეს არის უდიდესი სირცხვილი და სასტიკი დამარცხება მოსკოვის კომუნიზმისა.

დღეს იმარჯვებს არა ლენინი, არამედ რუსეთი. ამიტომ შესაძლოა, რომ ადერბეიჯანის მაგალითს წაბაძოს მეორე ჩვენმა მეზობელმა - ერევნის რესპუბლიკამ. ეს აუცილებელი არ არის. ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, არ ყოფილა ადერბეიჯანის სახელმწიფო, მაგრამ ათასი წლობით არსებობდა საქართველო, მისი სახელმწიფო და ჩვენ გვწამს, თუ ცოტა უნარი გამოვიჩინეთ, ის კვლავ იარსებებს!

ჩვენი მთავრობა უკვე მესამე წელიწადია, რაც გაიძახის: არც მარჯვნით, არც მარცხნით, ესე იგი გავირიყოთო!

ამ გარიყული და გაყინული გზით სიარულმა მოგვცა ის, რომ ჩვენ ყოველთვის, როცა გარეშე საფრთხე მოგვადგებოდა, ბრძოლის ველზე ვრჩებოდით მარტონი თავისი საკუთარი, შინაური ძალების ამარა. ასე მოხდა ბათომის საკითხში, ასე იყო მაშინ, როდესაც ჩვენს საზღვრებს დენიკინი ემუქრებოდა, ასეა დღესაც და აი აქ ბუნებრივად ისმება კითხვა როგორია ჩვენი შინაური ფრონტი? მოუვარეთ თუ არა ჩვენ ჩვენს შინაურ ძალებს? გვაქვს თუ არა რკინის ნების ყოფა ბრძოლისა და გამარჯვებისა?!

ბატონებო! მდგომარეობა მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს ერისაგან, ყოველი მოქალაქისაგან და ეს მსხვერპლი უნდა გაიღოს უპირველეს ყოვლისა მმართველმა პარტიამ, მან უნდა შესცვალოს ძირიანად თავისი პოლიტიკა. მშრომელი ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენი რესპუბლიკა არის მშრომელთა რესპუბლიკა. მშრომელმა ხალხმა საქმით უნდა დაინახოს, რომ ის ძალა რომელიც გარედან მოდის, მას უკეთესს ვერაფერს მისცემს!

ჩვენ არ გვინდა ეგრედ წოდებული კოალიცია მმართველ პარტიასთან, მაგრამ ერთს რამეს დაუყოვნებლივ მოვითხოვთ: ყველა ის მინისტრები და დიდი და პატარა მოხელენი, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დემოკრატიის რისხვა დაიმსახურეს, რომლებმაც თვით სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაშიც დაკარგეს ნდობა, დაუყოვნებლივ უნდა გადადგენ! (ხმები სოც.-დემოკრატებიდან: ვინ მოვიწვიოთ მათ ადგილზე?) დეე მათი ადგილები დაიკავონ იმათ, ვინც თქვენს წრეში ყველაზე უფრო სპეტაკი, გულწრფელი და რევოლიუციონური არის! ამას მოითხოვს ქვეყნის მდგომარეობა, ამას მოითხოვს დემოკრატიის ინტერესები!

ვიცი მეტყვიან: ეხლა პოლიტიკის შეცვლის და რეორგანიზაციის დრო არ არისო, მაგრამ ეს შემცდარი აზრია. კარგი საქმისთვის დრო ყოველთვის არის და უნდა იქნეს!..

ბევრს ჰგონია ლენინმა დენიკინი ყუმბარებით დაამარცხა. ეს ასე არ არის. ფიგურალურად რომ ვსთქვათ, ლენინმა დაამარცხა დენიკინი პროკლამაციებით და რომ ჩვენშიაც ასე არ მოხდეს, საჭიროა, რომ კომუნისტების პროკლამაციებს დაუპირდაპირონ არა საგანგებო რაზმები, არამედ ნამდვილი ხალხური, რევოლიუციონური საქმე. მხოლოდ ამით გავიმარჯვებთ.

ჩვენ არ გვიყვარს მენშევიკები, მაგრამ ჩვენ გვიყვარს თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო და ამიტომ ჩვენ ვამბობთ: ჩვენთვის სულ ერთია ვინ წამოვა წინააღმდეგ - იქნებიან ისინი რუსეთის კომუნისტები, რუსეთის ესერები თუ რუსეთის მენშევიკები. ყველას, ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღით წამოვა, იარაღითვე უნდა უპასუხოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა! (საერთო ტაში).

ჩვენ არ გვინდა ომი არავისთან, მით უფრო რუსეთთან. ჩვენ გვინდა ყველა მეზობლებთან მეგობრული, კეთილი განწყობილება, მაგრამ ერთ რამეს ყველგან და ყოველთვის მოვითხოვთ: ჩვენი დამოუკიდებლობა უნდა იქნეს ხელუხლებელი, თავისუფლება უზრუნველყოფილი!

ეს ომი, რომელიც შეიძლება ჩვენსა და რუსეთს შორის დატრიალდეს, არ იქნება ჩვეულებრივი ომი. ჩვეულებრივი ომის მიზანი არის მტრის დასუსტება, ამა თუ იმ ტერიტორიის ჩამოგლეჯა და სხვა. სულ სხვა არის ეს ომი. მისი ერთად-ერთი მიზანი იქნება: ჩვენი სახელმწიფოებრივი სიკვდილი!

და ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას, ვინც სულით დაცემული არ არის - ის თავის ნებით და უბრძოლველად ამ სიკვდილს არ მოისურვებს! (საერთო ტაში).

დღეს ობივატელი ასე მსჯელობს. ბუმბერაზი რუსეთი მოდის. მან გაანადგურა კოლჩაკის და დენიკინის რეაქცია, დააფრთხო ანტანტა, დაიპყრო უკრაინა, დონი, ყუბანი, დაღესტანი, ადერბეიჯანი - ჩვენ რას გავხდებითო, მაგრამ ვინც ასე მსჯელობს ავიწყდება ჩვენსავით პატარა ესტონეთი, ჩვენსავით პატარა ლიტვია. სოვნარკომი არც მათ სწყალობდა, მათაც ებრძოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათ წინაშე ქედი მოიხარა. ასევე იქნება ჩვენშიც, თუ მთავრობამ შესცვალა თავისი პოლიტიკა, თუ გამოვიჩინეთ საჭირო უნარი.

კომუნისტები ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენში შიგნით მოხდება აფეთქება, რომ ჩვენი ციხე შიგნიდან გატყდება, მაგრამ მე მგონია თუ მთავრობამ აიღო სწორი გეზი, მაშინ შესაძლებელია ეს აფეთქება უფრო ადრე სხვაგან მოხდეს.

რუსეთში არ გამქრალან ოპოზიციონური სოციალისტური პარტიები. იქ არიან სოციალისტ-რევოლიუციონერები, იქ არიან სოციალ-დემოკრატები, არიან ზოგიერთი პატიოსანი კომუნისტებიც და ჩვენ ვფიქრობთ როგორც კი კომუნისტური რუსეთი ჩვენ ომს გამოგვიცხადებს, ყველა ესენი და მათთან მთელი ევროპის სოციალისტური დემოკრატია ჩვენთან იქნება და ჩვენთან ერთად გაილაშქრებენ კომუნისტების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი გამარჯვების უდიდესი გარანტია.

გულახდილად უნდა მოგახსენოთ, დამფუძნებელ კრებაში რომ ისხდენ კომუნისტები ჩვენ მათთან სადაო ბევრი არაფერი გვექნებოდა, მაგრამ როდესაც ისინი ჩვენს რესპუბლიკას გარედან ესხმიან, როდესაც მათ სურთ დაიპყრონ თავისუფალი და დემოკრატიული ჩვენი სამშობლო - ჩვენ ვამბობთ: ეს არ არის კომუნიზმი, ეს არ არის რევოლიუცია, არამედ ეს არის წმინდა წყლის ველიკორუსული იმპერიალიზმი და ამ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის მოვალეობა ყოველი სოციალისტისა და ყოველი რევოლიუციონერისა! (ტაში).

ამნაირად, ბატონებო! ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრება ახალი და შეიძლება უკანასკნელი საფრთხე. ჩვენ დაგვჭირდება ახალი ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, მის განმტკიცებისათვის, მაგრამ ჩვენ გვწამს, რაც უფრო მეტს ვიბრძოლებთ ამ დამოუკიდებლობისათვის, მით უფრო ძვირფასი იქნება იგი ჩვენთვის!

და თუ ამ ბრძოლაში ჩვენ დავიხოცებით, ჩვენი უკანასკნელი ძახილი იქნება: ძირს იპერიალიზმი! ძირს დამპყრობელი ნაციონალიზმი!

გაუმარჯოს თავისუფალსა და დამოუკიდებელ საქართველოს! (საერთო ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ქიქოძეს.

. ქიქოძე. ბატონებო! ყველაზე საშიში ჯარი რევოლიუციური ჯარია. იმიტომ რომ რევოლიუციური ჯარი იმარჯვებს არა რიცხვითა და ხიშტებით, არამედ იდეებითაც. ეს დაამტკიცა საფრანგეთის რევოლიუციის ისტორიამ, ეს დაამტკიცა რუსეთის რევოლიუციის ისტორიამაც. 25 მილიონიანმა საფრანგეთმა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს დაამარცხა მთელი მაშინდელი აბსოლუტისტური ევროპა. რუსეთის ბოლშევიკურმა ჯარმა, რომელიც გარემოცული იყო კბილიანი მავთულის ღობით, გაარღვია ეს ღობე და დაამარცხა არა მარტო კოლჩაკი, იუდენიჩი და დენიკინი, არამედ მათი დამხმარე დიდი და პატარა სახელმწიფონიც.

მაგრამ, ბატონებო, რევოლიუციური ჯარი საშიში არის მხოლოდ რეაქციურ, ან კონსერვატორულ ძალისთვის. რუსეთის წითელი არმია საშიში იყო მეფის გენერლებისა და როგორც აღმოჩნდა აგრეთვე ბურჟუაზიულ-ფეოდალურ ადერბეიჯანისათვის; მიტომ, რომ ადერბეიჯანში დღემდე რევოლიუცია არ მომხდარა. დღეს წითელი არმიის მოახლოვებამ ადერბეიჯანში გამოიწვია დეტონიზაცია. მოსალოდნელია თუ არა ასეთი დეტონიზაცია მოხდეს საქართველოში? ჩემის აზრით არა. იმიტომ, რომ საქართველოში რევოლიუცია სამი წლის წინად მოხდა. ჩვენი ქვეყანა, ასე ვთქვათ, თვით რევოლიუციურ პოტენციას წარმოადგენს. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ბოლშევიკები შემოვლენ აქ და შემოიტანენ ახალ იდეებს, ისეთ იდეებს, რომელიც ჩვენთვის უცნობი იქნება. რის მოტანა შეუძლია ბოლშევიკებს? სოციალიზმის იდეისა? სოციალიზმის იდეა ჩვენთვის ახალი არ არის. თვით ბოლშევიკები ამბობენ - ლენინის სიტყვის ამონაწერი, ალბათ, წაკითხული გაქვთ - რომ სოციალიზმის განხორციელება ჯერჯერობით უნდა გადაიდვას: მადლობა უნდა შევსწიროთ ღმერთს თუ ჩვენი შვილები მოესწრებიან სოციალური წეს-წყობილების დამყარებასო. მე მგონია ჩვენც ასე ვაზროვნებთ. ჩვენი სახელმწიფო წეს-წყობილება არ არის სოციალისტური, მაგრამ იგი არ არის არც ბურჟუაზიული. ჩვენ მივდივართ ახალ, უცნობ კულტურისკენ, რომლის გამოსახატავად დღეს შეიძლება შესაფერი ტერმინები არც კი გვქონდეს.

არის მეორე იდეა, რომელსაც ეყრდნობა ბოლშევიზმი. ეს არის იდეა პროლეტარიატის დიქტატურისა. არც ესაა სპეციფიკური ბოლშევიკური იდეა. მოგეხსენებათ, პირველად პროლეტარიატის დიქტატურა განახორციელა პარიზის კომუნამ, მარქსმა ეს ცდა ზნეობრივად გაამართლა თავის ისტორიულ წერილებში. დიქტატურის იდეა მემარცხენე სოციალისტების აზროვნებაში შევიდა და მე მგონია, რომ არც დღევანდელი მთავრობა და არც მმართველი პარტია არ არის წინააღმდეგი ამ იდეისა, რამდენადაც ეს სოციალ-დემოკრატიულ პრესიდან ვიცი. არის კიდევ ერთი იდეა - რევოლიუციონურ საბჭოთა იდეა. არც ეს არის სპეციფიურად ბოლშევიკური იდეა. პირველად რევოლიუციონური საბჭო პეტროგრადში 1905 წელს ხალხის უშუალო შემოქმედებამ წარმოშვა. მაშინ მას უპარტიო პოლიტიკოსები და მენშევიკები მეთაურობდნენ. საქართველოში რევოლიუციური საბჭოები არავის გაუუქმებია და მე მგონია რომ მათი დაკითხვა საჭიროა ყოველ მნიშვნელოვანს პოლიტიკურ მომენტში.

მეორე მხრით პარლამენტარიზმის იდეა არ არის სპეციფიკური ჩვენი იდეა. არ მგონია, რომ საქართველოში ბევრი იყოს პარლამენტარული კრეტინიზმით გამსჭვალული ხალხი. მე წარმოდგენილი მაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ წინმსვლელობისთვის დროებით, ან ხანგრძლივად პარლამენტარიზმის იდეას გამოვეთხოვოთ. მაშ რაშია ძირითადი განსხვავება ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის? ძირითადი განსხვავება არის იმ გზაში, იმ ტაქტიკაში, რომლითაც თანამედროვე რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელი პოლიტიკოსები თავიანთ მიზნებს აღწევენ, იმ იდეიების განსახორციელებლად, რომელიც მე ჩამოვთვალე, რუსეთი სამოქალაქო ომის წარმოებას საჭიროებს. ჩვენ იმავე მიზნებს სამოქალაქო მშვიდობიანობის გზით ვაღწევთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითქო გენიოსი პოლიტიკოსები ვიყოთ, ხოლო ისინი უკუღმართი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ რუსეთის და საქართველოს სოციალური შენობა განსხვავდება. იქ იყო შედარებით ძლიერი ბურჟუაზია და ძლიერი აგრარული არისტოკრატია. ამ ბურჟუაზიას და არისტოკრატიას აღმოუჩნდა უცხოელი მოკავშირე, რომელმაც მას მატერიალური და ზნეობრივი დახმარება აღმოუჩინა, ჩვენში ეს არ არის. ჩვენში არც ბურჟუაზია არის, რომელსაც სოციალისტურ მთავრობისათვის რაიმე ორგანიზაციული წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოს.

მაშასადამე, ჩვენში არ არის ნიადაგი სამოქალაქო ომისათვის. (ვეშაპელი: როდესაც თქვენ ეროვნულ-დემოკრატი ბრძანდებოდით, მაშინ ხომ იყო?)

არც მაშინ იყო, თქვენ ალბათ გეხსომებათ ბ. ვეშაპელი, ჩვენი ბრძოლა ამ საკითხის გარშემო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. მე წინათაც და მაშინაც ვიცავდი არა ბურჟუაზიულ, არამედ სინთეტიურ ეროვნულ პოლიტიკას.

აქედან ცხადია, რომ თუ ჩვენს მიზნებსა და ინტერესებს ნათლად გავითვალისწინებთ, ბოლშევიკური საფრთხე არ მოგველის, როგორც საგარეო საფრთხე (გვაზავა: მაშასადამე საფრთხე არ არის?).

როგორ არა; ისეთი ელემენტებისათვის, როგორიც იყვნენ დენიკინის ან კოლჩაკის ჯარში, მაგრამ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ეს საფრთხე არ არსებობს.

არის კიდევ ერთი საკითხი, საკითხი ორიენტაციისა. ჩვენ დღემდის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ვაწარმოებდით. დღეს აქ ბ. ჩხენკელმა სთქვა: არის ორი მოპირდაპირე ძალა, ერთის მხრით კულტუროსანი ევროპა და მეორე მხრით აზიური სახელმწიფოები. ჩვენის აზრით, ასეთი დაპირისპირება არ არის სწორი. აზია დღეს შეიძლება მართლაც ჩამორჩენილი იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მუდამ ბარბაროსული დარჩება. მეცამეტე საუკუნემდე წინა აზია იყო მიმცემი მხარე, როგორც ნივთიერ ისე იდეურ კულტურის სფეროში, ხოლო ევროპა მიმღები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობლები კულტურულად ხელახლა აღორძინდებიან. და რამდენადაც ბოლშევიკები აწარმოებენ ბრძოლას ევროპის ექსპლოატატორ-კაპიტალის წინაააღმდეგ აზიის განსათავისუფლებლად, მათი ინტერესები ეთანხმება ჩვენს ინტერესებს. მე მგონია ამით აიხსნება ბოლშევიკებისადმი სიმპატია ადგილობრივ: მათ ჩაგრულ კლასის იდეა ჩაგრულ ერების და ჩაგრულ რასების იდეას დაუკავშირეს (ი. მაჭავარიანი: მაშ შემოუშვათ?) დღეს ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ მოლაპარაკება კიდეც სწარმოებს მოსკოვის მთავრობასთან. ეს გზა, რომელსაც ჩვენი მთავრობა დასდგომია, უნდა გაგრძელდეს, უნდა მივაღწიოთ არა მარტო მორიგებას, (ასათიანი: მოვიწვიოთ?) არამედ იმ ქართული ტერიტორიის დაბრუნებას, რომელიც უჭირავს არა ბოლშევიკებს და არა რომელიმე აზიურ სახელმწიფოს, არამედ ევროპის ძალას, ერთნაირს შეთანხმებასაც მივაღწიოთ. ამით ჩვენს ქვეყანას გადავარჩენთ ნამდვილ გარეშე საფრთხისა და შინაურ გართულებისაგან.

სპირიდონ კედია (ნ.-დ.) დამფუძნებელი კრების წევრნო! ეს მესამე დღეა, რაც შეიქმნა სრულიად ახალი განწყობილება ამიერ-კავკასიაში. აქამდე პირისპირ ბრძოლაში რუსეთთან ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები ერთად ვიდექით და გვქონდა რწმენა, რომ, როდესაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა, აი ეს შეერთებული ამიერ-კავკასია დახვდება და შეებრძოლება მას.

მესამე დღეა გამოირკვა, რომ ეს კავშირი დაირღვა, ერთი წევრი განდგა და როგორც გამოირკვა სრულიად უბრძოლველად, თავისუფლად, თავის ნებით შემოიყვანა იგი ბაქოში.

ჩვენ არ ვიცით რას აპირებს მეორე რესპუბლიკა - სომხეთი. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმ ზრახვებს, რომელსაც მისდევდა სომხეთი აქამდე თავის ცხოვრებაში, - საიმედოს, სანუგეშოს ვერაფერს გამოვიტანთ. ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ სომხეთი ამ საქმეში ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და თავის გამტკიცებაში, შესაძლოა ისე განზე გადგეს, როგორც ადერბეიჯანი.

ამ გვარად ამიერ-კავკასიონის ქედს აქეთ დარჩა ერთი ქვეყანა, ეს ჩვენი სამშობლოა. ვინც იცნობს ამიერ-კავკასიის სინამდვილეს, მან იცის, რომ ამ ქედს აქეთ არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა დანიშნული ისტორიულად და ტრადიციულად არსებობისათვის, არც იყო არც ერთი, გარდა საქართველოისა. ეს არის ფაქტი, რომლის წინაშე ყველანი ქედს იხრიან, რომელიც აჯერებს ყველას ჩვენში მოსულს უცხოელს, ჩვენს სინამდვილეში ჩახედულს და სწორედ ამ დროს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი იმას, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოიწევს და ილაშქრებს. თითქოს გამოდის, რომ ადერბეიჯანმა, უკეთ რომ ვთქვათ საბჭოთა რუსეთმა, გვერდი აუხვია საქართველოს და ადერბეიჯანზე გაისეირნა. ცნობა არის იმისა, რომ საბჭოთა ჯარს აზრი აქვს თავისი ძალები სამხრეთით მიმართოს და ანატოლიის ჯარს შეუერთდეს. თითქოს საბჭოთა რუსეთს არ უნდა საქართველოზე გამოლაშქრება და აგრედვე ცნობა არის, რომ ამ მხრივაც გვარწმუნებს საბჭოთა რუსეთი. ამ მდგომარეობაში ვართ დღეს.

მაშ რა ნაირი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ამას, რანაირი უნდა იყოს შინაგანი რწმენა, საით უნდა წავიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, სად არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი? ამას უნდა გამორკვევა, რომ რაც შეიძლება სწორი იყოს ის გეზი, რომელსაც დაადგება საქართველო და მისი ერი. ერთი რამ აშკარაა და ვინც გამოვიდა დღეს აქ, აღიარებდა - ბოლშევიკური რუსეთი არის ძველი იმპერიალისტური ძალა და იგი სცდილობს აღადგინოს რუსეთი ძველს საზღვრებში. ამიერ-კავკასიის ბოლშევიკების საოლქო კომიტეტმა კიდეც გამოსცა მოწოდება დენიკინის ჯარისადმი, სადაც იგი ირწმუნება, რომ ბოლშევიზმი აფართოებს რუსეთს და აღადგენს მის მიჯნებს და სწორედ ჩვენში შემოსული ბოლშევიზმი ამ მხრივ გვებრძვის ჩვენ.

რა მოაქვს მას და რა ძალით მოდის აქ? ყოფილა როდისმე იმის მაგალითი, რომ საქართველოს გადაელახოს თავისი საზღვრები, შესულიყოს სხვა ქვეყანაში, თუნდაც რუსეთში ამ ორი წლის განმავლობაში. ასეთი მაგალითი არ ყოფილა. ყოფილა როდისმე შემთხვევა, რომ საქართველოს ჯარი გალაშქრებულიყოს სხვა მიმართულებით, ან ცდილიყოს სხვისი ტერიტორიის შემოერთებას? არა! ჩვენს ერს და საქართველოს მთავრობას ამგვარი პროგრამა არა ჰქონია და არც როდისმე ექნება. ჩვენ ვიცავდით ჩვენს დამოუკიდებლობას ჩვენს საზღვრებში, ჩვენი საზღვრების იქით აღარ მივდიოდით. ამ შემთხვევაში ბოლშევიზმი მოიწევს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენს საზღვრებს ეჯახება. ცხადია ის გამოდის როგორც თავდამსხმელი და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. რა მოაქვს ბოლშევიზმს, როდესაც ის ასეთი რიხით ილაშქრებს ჩვენს წინააღმდეგ. იქნება მას მოაქვს დიდი კულტურა, რომლითაც სურს საქართველოს გაბედნიერება? მაგრამ ვინ არ იცის, რომ კულტურით და ტრადიციების სიძლიერით ვერც საბჭოთა რუსეთი და ვერც საზოგადოდ რუსეთი საქართველოს ვერ შეედრება. თავი რომ დავანებოთ იმ ძველ კულტურას, რომელსაც დღეს მეცნიერება არკვევს და რომელიც საქართველოს შეუქმნია ქრისტეს დაბადებამდე, ვიტყვით, რომ ქრისტიანობის კულტურა, ის მაღალი მორალი, ის სიმტკიცე, რომელსაც იგი ქადაგებდა, საქართველომ გაცილებით უფრო ადრე შეითვისა, ვიდრე რუსეთმა. მაშინ რუსეთი დადიოდა თავის ტყეებში ველურად, როგორც დაშორებული ამ დიად საკაცობრიო კულტურას.

იქნება დღევანდელ მომენტში მოაქვს მას ისეთი მაღალი რამ, რაც ნებას აძლევს ჩვენს წინააღმდეგ ხმალი აღიმაღლოს? თუ კულტურად არ ჩაითვლება განადგურება ყოველი ცოცხალი ძალისა, დაშლა ეკონომიური ცხოვრებისა, თუ კულტურად არ ჩაითვლება სისხლის ღვრის იდეოლოგია და მოძღვრება, რომელსაც ბოლშევიკური რუსეთი ახორციელებს, მაშინ ბოლშევიზმს საქართველოში გარდა ველურობისა არაფერი შემოაქვს. მაგრამ თუ კულტურა არის დემოკრატიზმი, მოქალაქეობრიობა, პარლამენტარიზმი, ჩვენ ეს კულტურა გვაქვს და იგი საქართველომ დაიცვა ამ ორი წლის განმავლობაში. მაშასადამე, ამ მხრითაც, კულტურის მხრით არაფერი მოაქვს გარდა განადგურებისა. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთს არც უფლება, არც კულტურა აქვს იმისთვის, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქროს. იქნება რაიმე ძალა აქვს? მე მინდა თქვენი ყურადღება იმას მივაქციო.

ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლშევიზმი განიცდის სასტიკ დამარცხებას ყველგან, სადაც პირდაპირ შეეჯახება დარაზმულ, ეროვნულ ერთეულებს. როდესაც ბოლშევიზმი მიდიოდა ციმბირის ხაზით და მოწინააღმდეგე ძალა გაანადგურა, ეს საბჭოთა რუსეთი დამარცხდა საშინლად ბალტიის მხარეში, დამარცხდა ფინეთში, პოლონელებთან შეჯახებაში. უკრაინა დღეს თავის ცოცხალ ძალებს აგროვებს და შეერთებულად ყველა პარტიის გარეშე უპირებენ უკანიდან მახვილის ჩაცემას. ყოველგან, სადაც ბოლშევიზმი ახალ ერებს სწვდა ხმლით, ყოველგან საფლავი იპოვა და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათი ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვის ინსტიქტი, ეს ისეთი უზენაესი სიმტკიცეა, რომელსაც ბოლშევიზმი თავის დღეში ვერ დაამარცხებს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლშევიზმი, რომელიც აქეთ მოიწევს უთუოდ საფლავს იპოვის თუ საქართველოს იმან ხმალი მოუღერა. (საერთო ტაში). აი ამ შემთხვევაში რანაირი დამოკიდებულება უნდა იყოს საქართველოსი ანტანტასთან? თქვენ კარგად იცით, რომ ანტანტის წევრები დაინტერესებულნი არიან რუსეთის პრობლემით. მათ გაიარეს მრავალი ფაზა ამ პრობლემის გადაწყვეტაში და ვერ ვიტყვით, რომელია უკეთესი, პირველი თუ უკანასკნელი, რომელიც მიიღო ანტანტამ.

მე მგონია ამ ფაქტების ძალით ანტანტის საუკეთესო დამცველად გამოდიან ის პატარა ერები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენდნენ. იგივე პოლონეთი, ესტონია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა და სხვა ერები როგორც სარტყელი შემოერტყენ გარს ბოლშევიკებს და არ უშვებდნენ ევროპის სახელმწიფოებისაკენ. ამ მხრით თუ შევხედავთ საკითხს, საქართველო თამაშობს იმ როლს სოციალისტურ მოძღვრების წინააღმდეგ, როგორც ითამაშა პოლონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, უკრაინამ, ფინლანდიამ და სხვებმა. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ჩვენი მდგომარეობა ვერ იქმნა სათანადოდ შეფასებული ანტანტის მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ამ სახელმწიფოებმა იცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა „დე ფაცტო“, მაგრამ ასეთი ცნობა საკმაო არ არის. დღეს ლენინი მიემართება მცირე აზიაში და ფიქრობს, რომ მოსულში ფეხი მოიდგას და აქედან, როგორც მან განაცხადა, მუშტი აჩვენოს ლონდონს, და შეიძლება მართლაც დაემუქროს ლონდონს თუ ეს გეგმა განხორციელდა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფონი ვალდებულნი არიან ნამდვილი, რეალური დახმარება აღმოუჩინონ იმ ერს, რომელიც მარტო დარჩა ამიერ-კავკასიაში და რომელიც იბრძვის ბოლშევიკების წინააღმდეგ. (ხმა: მართალია!). იმიტომ რომ აქ, საქართველოში წაგება საქმისა არის ბოლშევიკების გამარჯვება მცირე-აზიაში და მთელ სამაჰმადიანო ქვეყნებში (ხმა: მართალია!). ყველამ იცის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც შეგნება არ არის, თუ მოედო ალი ბოლშევიზმისა, მაშინ დიახაც რომ ტახტი ლონდონისა და ევროპის დიდ სახელმწიფოებისა შეირყევა.

არის მომენტი, როდესაც პატარა ოდენობას, პატარა ერებს დიდი როლი შეუძლიანთ ითამაშონ და იხსნან მთელი კაცობრიობა. ამ შემთხვევაში საქართველოს ამ ოდენობის როლი შეუძლიან ითამაშოს და ამ ოდენობას უნდა მოვლა, სხვანირი მოპყრობა, ყურადღება და ასეთნაირი ყურადღება და ფრთხილი მოპყრობა საქართველოს ანტანტის მხრივ არ ჰქონია. ჯერ კიდევ დროა გასწორების, ჯერ კიდევ ვერ შემოსულან ბოლშევიკები საქართველოში და თუ ეს დახმარება დროზე ვიშოვეთ, ბოლშევიკების საფლავი სწორედ აქ გაითხრება.

ეხლა, რანაირი უნდა იყოს ჩვენი მოწყობა შიგნით? ეს მეორე მომენტი არის, რომლის წესიერ გადაჭრაზე დამოკიდებული არის ბევრი რამ. ყველასათვის აშკარაა ის პოლიტიკური განსხვავება, რომელიც პარტიათა შორის არსებობს. ეხლა, რანაირად უნდა იმოქმედონ ამ პარტიებმა, როგორ უნდა აამოძრაონ ხალხი. თვითეულმა თავის მოძღვრებით უნდა გაისტუმროს ბრძოლის ველზე, თუ ყველამ საერთო ენა გამონახოს? თუ საერთო ენით გავისტუმრეთ ხალხი ბრძოლის ველზე, მაშინ გამარჯვებული გამოვალთ. თუ არა, მაშინ იქაც, ბრძოლის ველზეც იქნება ეს იდეური დაშლა, გათიშვა; ამიტომ შეუძლებელია პარტიული სახელების მიხედვით გავისტუმროთ მეომარნი. მიუცილებელია რომ პარტიები ავმაღლდეთ ამ პარტიულ მოძღვრების ზევით. მიუცილებელია შეერთება იმ დიად შემაერთებელ ძალის გარშემო, რომელსაც სამშობლოს დაცვის იდეა ეწოდება! და როდესაც შევაერთებთ მთელ ქართველ ერს ამ სამშობლოს დაცვის ნიადაგზე, მაშინ ვერავითარი ძალა ვერ დაგვშლის, ვერ შექმნის განხეთქილებას. მაშასადამე, ჩვენი მოქმედება უნდა იყოს სწორედ ამ გზით. ამ მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ წარსულ თვეებში, რომლებიც ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, ასეთნაირი იდეური გაერთიანება არ იყო. და დღეს, ეს დიდი საფრთხე, რომელიც აღმართულა ჩვენს წინ, შეიძლება ძლეულ იქმნას სამშობლოს მთლიანობის იდეის შეგნებით.

როგორი უნდა იყოს მეორეს მხრით დამფუძნებელ კრების და მთავრობის მოქმედება? წარსულიდან ჩვენ ერთი ვიცით, ვიცით რომ მთავრობას აკლდა ის ენერგია, რომ თავის უზენაესობა, ნამდვილი აღმასრულებლობა და ბრძანებლობა ქვეყნისა განემტკიცებინა. დღეს კი საჭირო არის, რომ მთავრობამ ეს უზენაესობა გამგებლობისა ხელში მაგრად დაიჭიროს და არც ერთ ორგანოს არ მისცეს საშუალება, რომ სპოტანურად თუ არა სპოტანურად, იმდენი მორალური უფლება და გავლენა ჰქონდეს, რომ მან გაბედოს გეზის და გზის ჩვენება და მთავრობის ნების-ყოფის გაბათილება. (ტაში ერ.-დემ. სკამებზე). ჩვენ ვამბობთ, რომ დამფუძნებელი კრება, რომელიც უზენაესი ორგანოა ჩვენი ქვეყნისა, ავიდეს თავის დანიშნულების სიმაღლეზე. არავითარი სხვა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არის, არ არის უფლება-მოსილი ილაპარაკოს ან ჩვენი ერის, ან ჩვენი მთავრობის ენით. ჩვენ ვართ ერთად-ერთი გამომხატველი ერის ნებისა და მაშასადამე ყოველი საკითხი, რომელიც საქართველოს შეეხება, აქ უნდა დაიბადოს და აქვე უნდა გადაწყდეს, და ამას უნდა დაემორჩილოს ყოველი ორგანიზაცია საქართველოში. აი, ასეთნაირი მოქმედება, შეგნება უზენაესობისა დამფუძნებელ კრებისა, მთავრობისა აუცილებელია სამშობლოს გამგებლობის საქმეში. ამ ორი მომენტის შედუღებით მართლაც მოვახდენთ მთელ კონცენტრაციას ენერგიისა და მობილიზაციისას ჩვენი ძალებისა, თუ ჩვენ ეს შევქმენით, რადგანაც ჩვენ მხარეზე არის უფლება, მაშინ გამარჯვება ჩვენი უეჭველი არის.

დასკვნისათვის, ბატონებო, შემდეგს მოგახსენებთ: აქ მთავრობის თავმჯდომარემ თავისი სიტყვა დაამთავრა ჩვენი უკვდავი დიდების, შოთა რუსთაველის სიტყვით. მე მინდა რომ ის ახალი მოქმედება, რომელშიაც გადავდივართ, დამთავრდეს იმ ძლიერების სიგრძე-სიგანით, რომელიც შოთას დროს პასუხისმგებელმა მმართველებმა შექმნეს ქართველი ერისათვის. მე მინდა, რომ საქართველომ დღეს ჰპოვოს განხორციელება თვის ყოველ კანონიერ უფლებისა ბუნებრივ საზღვრებში. ეს არის საქართველოს ტერიტორიის შემოერთება და ეს სიძლიერე ტერიტორიის განზიდულობისა უნდა დამთავრდეს იმ მომენტამდე, როცა ქართველი ერი დღეს შემოსულ მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებს. აი ეს საიდუმლოება, რომლის კარი ჩვენ ეხლა შევაღეთ, მოგვანიჭებს გამარჯვებას თუ ვიქნებით ამნაირად შეერთებულნი. მე მგონია, რომ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ყველა ქართველი, რომელსაც კი შეუძლიან იარაღის ტარება, არჩევს განგმირული ეგდოს ბრძოლის ველზე და ყოველი ქართველი მშობელი თვის შვილთა გმირულ თავდადებაში პოულობდეს თავის გულის მანუგეშებელ ძალას. ჩვენ ვარჩევთ სიკვდილს, ვიდრე დავინახავთ მტერს საქართველოში, მის გვერდით არხეინად მყოფ ქართველ მეომრებს და მშობლებს გულჩვილებს. მე მგონია, რომ ქართველი ერი ამაში იქნება ერთსულოვანი და ვთქვათ ყველამ რწმენით: გაუმარჯოს ჩვენ ერს და ჩვენ უფლებებს (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ-ნ ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი (ნაციონალისტი). დამფუძნებელი კრების წევრნო! საქართველო დღეს არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიაც ბევრჯერ ყოფილა ძველი ისტორიის დროს.

ჩვენ ისეთ ალაგას ვართ, რომ ყოველთვის ახალი დიდი ძალა, რომელიც დაიბადება აზიაში, ან ევროპაში და მოინდომებს გავრცელებას მთელი ქვეყნის ფარგლებში, უსათუოდ გაივლის ხოლმე ამ ჩვენ ტერიტორიაზე, ან მის ახლოს. ასე ყოფილა ბევრჯერ. და ზოგიერთ ამ ხალხების ჩვენს ტერიტორიაზე გავლის და შეტაკებების შესახებ ჩვენს ისტორიაში მოიპოვება ისეთი ფურცლები, რომ თუ შევცვლით ადამიანების და პოლიტიკურ ძალების სახელებს, თითქმის უდრის იმ მდგომარეობას, რომელშიაც დღეს არის საქართველო, როდესაც აზიაში სდგას გამარჯვებული, ძლიერი ევროპა, ანტანტა და განსაკუთრებით ინგლისი და მეორე მხრით რუსეთი, რომელიც ემუქრება მას და ცდილობს აუჯანყოს მის ხელქვეით მდგომი სახელმწიფონი და ერები.

ჩვენს ისტორიაში არის ერთი მომენტი, როდესაც მთელს დასავლეთ საქართველოს და კიდევ უფრო მეტს ლაზიკა ერქვა. მაშინ ძველ იმპერიას - საბერძნეთს, რომელთანაც ჩვენ გვქონდა დამოკიდებულება მუდმივი მოკავშირეობისა, დეემუქრა სპარსეთი და გადმოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. ისტორიაში ამის შესახებ სამაგალითო ფურცლები არის. მაშინდელი დამფუძნებელი კრება, მაშინდელი პარლამენტი, ხალხის წარმომადგენელნი მსჯელობდნენ, თუ ვის უნდა მიმხრობოდნენ ლაზები, ძველს პატრონს აზიისას, თუ ახლად დაბადებულ ძალას - სპარსეთს. არ გავაგრძელებ ანალოგიას ამ მომენტის შესახებ. მხოლოდ ვსთქვი, რომ ჩვენ ტერიტორიას, მიწა-წყალს, ჩვენ წინაპრებს ეს პირველი არ არის რაც უხდებოდათ ანგარიშის გაწევა იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიის საზღვრებზე ორი თითქმის თანასწორი ძალა ხვდებოდა ერთი-მეორეს და ცდილობდა ჩვენ ჩათრევას, როგორც მოკავშირის, ან როგორც მებრძოლის თავის სასარგებლოდ. რასაკვირველია, წინანდელ საქართველოს თავი ვერ დაუღწევია და ვერ შეუნახავს მუდმივი ნეიტრალიტეტი, რომლის შესახებ გვიწერია კონსტიტუციაში. საერთოდ აბსოლიუტური ნეიტრალიტეტი არავის ახსოვს ქვეყნად.

ჩვენი ერი თავს იხსნიდა იმით, რომ შეიარაღებული იდგა თავის საზღვრებზე და ცდილობდა შიგნით გამაგრებული სახელმწიფოებრივი ორგანიზაციით აეძულებინა ყოველი გარეშე ძალა პატივისცემით მოპყრობოდა საქართველოს უზენაეს უფლებებს. ამ პოლიტიკით საქართველო არა ერთხელ გამოსულა გამარჯვებული. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ არა ერთი იმპერია მოსულა ბრძოლით ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ საქართველო არ მოსპობილა და არც თავისი რიცხვით, არც თავისი ხარისხით, არც ტერიტორიით არ წარმოადგენს იმაზე ნაკლებს, როგორიც იყო ნაცნობი კულტურით, სახელმწიფო ორგანიზაციით მთელი ევროპისა და აზიისათვის.

მე, როგორც ნაციონალისტი, ალბად ვერ შევსძლებ განვსაჯო დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობა. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენს გარშემო არის შემდეგი მდგომარეობა: დამარცხებული რუსეთი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები წაგებით გამოვიდეს თანამედროვე ომიდან და ისე გაათავოს ის ომი, რომელიც დაიწყო ძველმა მთავრობამ. რასაკვირველია, რადგანაც მას საქმე აქვს ამ შემთხვევაში ანტანტასთან და განსაკუთრებით ინგლისთან, უბრალო ანგარიში მოითხოვს რუსეთისაგან გამოიყენოს ყველა ძალები, რომელნიც ასეთ მდგომარეობაში არიან.

ასეთია ოსმალეთი, იგი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები წაგებით გამოვიდეს ამ ომიდან. მათი ინტერესი იყო, სანამ არ არის პირობა შეკრული ევროპასთან და ანტანტასთან, ან მომავალ ბრძოლისათვის, ან იმისათვის, რომ დღეს შეაშინონ ევროპა, რომ შეერთებული ყოფილიყვნენ და შეერთებულად დაემუქრებოდნენ ევროპას. ამისთვის შეერთდენ ადერბეიჯანის რესპუბლიკა და რუსეთი. აქ არის ისტორიული მოვლენა, რომ დამარცხებული ბოლშევიკური რუსეთი და ნაციონალისტური ოსმალეთი შეერთდენ. სანამ საერთო საქმე აქვთ (ეს არის ზავის საქმე) - აქ რასაკვირველია სოციალისტურ პრინციპებს არავითარი ალაგი არა აქვთ. მათ უნდათ მეტი ძალით დაუდგნენ წინ გამარჯვებულებს (ევროპას), რომლებიც ძალიან ცუდ პირობებს უყენებენ რუსებს და ოსმალებს. ეს შეერთება რუს-ოსმალოსი ძალიან იშვიათია, იმიტომ, რომ რუსეთი და ოსმალეთი ბუნებრივად არიან ისტორიული მტრები, იყვნენ წინად და იქნებიან მომავალშიც, ასეთი დროებითი შეერთება ემუქრება უპირველეს ყოვლისა გამარჯვებულ ევროპას და ყველაზე უფრო ამ საქმის მეთაურს - ინგლისს. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის გაურკვეველი არის ინგლისის პოლიტიკა. თავისთავად ცხადია, რომ თუ ინგლისი არ მოურიგდება რუსეთს, ან ოსმალეთს ერთად ან ცალ-ცალკე, რუსეთ-ოსმალეთი განაგრძობს ბოლშევიზმის ფორმით ამ საქმის გაკეთებას, რომელიც ჰქვიან ინგლისის აზიიდან განდევნა. ეს ამბავი სასიკვდილო არის ინგლისის იმპერიალისტებისათვის. გაუგებარია, რომ ინგლისი არ იჩენს ინიციატივას, თაოსნობას იმაში, რომ რაც შეიძლება უფრო გარკვეული პოზიციები ჰქონდეს, შორს იყოს ბრძოლა მისი საზღვრებიდან, მის საპროტექტორატოდან (ქიქოძე: ასწავლეთ კერზონს!) თუ კი თქვენ ასწავლით, მეც შემიძლიან ვასწავლო. ბოლოს გაიგებთ ვის ჭკუის სასწავლად ვამბობ. ჩვენ ვიცით, რომ რუს-ოსმალოს კავშირი არის ინგლისის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ვიცით, რომ იგი ემუქრება ინგლისს ინდოეთის და სპარსეთის დაკარგვით. გაუგებარი არის ინგლისის პოლიტიკა ქართველებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ კავკასიონის ქედი არის პირველი ბუნებრივი საფარი ინგლისის სამფლობელოსი და ის სახელმწიფოები, რომელნიც იყვნენ და არიან დღეს, მათ შორის საქართველო, არის პირველი საუკეთესო საშუალება, რომ აქ შეჩერებულ იქნეს ბოლშევიკური წინსვლა და ინგლისს ბრძოლა არ მოხდომოდა რუსეთისა და ოსმალეთის კავშირთან ინდოეთსა და სპარსეთში.

თითქოს უბრალო ანგარიში მოითხოვდა ამ შემთხვევაში ინგლისს გამოეჩინა მეტი ინიციატივა, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. იმ დროს ხდებოდა სულ უკუღმა მოვლენა, როდესაც საჭირო იყო, რომ მთელი ქართველი ხალხი წინააღდგომოდა ბოლშევიკების გეგმებს. იმ დროს ინგლისი ჩვენ გვედავებოდა ჩვენსავე ბათომს ისე, რომ ომით გვემუქრებოდა. გარდა ბათომისა ამისთანა გაუგებარი ნაბიჯები ინგლისს ბევრი ჩაუდენია, რაც ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ადარებს ინგლისის ქცევას მეორე ევროპის სახელმწიფოს გერმანიის ქცევას, როცა უკანასკნელ აქ იყო. ახლა ყოველ შემთხვევაში ორში ერთი არის და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ან შეიძლება ინგლისს აქვს ზავის პირობები მომზადებული რუსეთთან, იქნება ჩვენს ანგარიშზე იყო რამე, ან ზავი არ იყოს და ინგლისი მაშინ ვალდებული იქნება თავის ინტერესების დასაცავად მალე სთქვას თავისი სიტყვა. მე ვამბობ არა მისი ინტერესების შესახებ ჩვენში, არამედ მისი საკუთარი ახალ შეძენილი სპარსეთისა და ძველი ინდოეთის შესახებ. ამ მხრივ კავკასიონის ბედი, კავკასიის ტერიტორიაზე რუსეთის მოსვლისა და წასვლის საქმე არის დაკავშირებული მჭიდროდ ინგლისის იმპერიიის ბედთან. ამ შემთხვევაში ეს ერთგვარი ნუგეში არის ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობისა. მე ამით არ მინდა ვთქვა, რომ საქართველო თან გადაყვება ინგლისის იმპერიას, თუ იმას აღსასრულის დღე დაუდგა. მე მინდა ის ვთქვა მხოლოდ რომ, სანამ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ აპირებს ინგლისი ამ საფრთხის ლიკვიდაციას, სანამ არ არის გამორკვეული რით აპირებს ამ საქმის ლიკვიდაციას ზავით, ომით თუ გაქცევით, მანამ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, რომ დამზადებულნი ვიყვნეთ უარესი დროისთვის, როგორც ეროვნული სამხედრო ძალა ყველა საზღვრებზე. მე მეტს ვიტყვი, რადგან რუსეთ-ოსმალეთის საქმე არის გადაწნული ინგლისის იმპერიის საქმესთან აზიაში შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ორი პერსპექტივა: ან ზავი, ან ომი, მაგრამ ორი პერსპექტივა შეიძლება, ან ინგლისი მოიგებს, ან ზავით ან ომით და აიძულება რუსეთს ჩადგეს თავის საზღვრებში, ან უომრად და დატოვებს თავის პოზიციებს აზიაში. ეს ნიშნავს ინგლისის იმპერიალიზმის კრიზისს არა მარტო კასპიის მხარეში, არამედ მთელს აზიაში. ამისთვის, რასაკვირველია, დრო კიდევ არის.

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგენთ ორი შესაძლებლობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმის მდგომარეობა, მიუხედავად ყოველგვარი ორიენტაციისა, როგორც ეროვნული ორგანიზაცია არც ერთ შემთხვევაში არ იქნება განწირული, თუ ინგლისი დამარცხდა, მაშინ ჩვენ ვიცით, რომ ჯერ ერთი სანამ რუს-ოსმალოს კავშირთან გვაქვს საქმე, რუსეთს მაინც არ ექნება საშუალება აქტიური პოლიტიკა აწარმოოს კავკასიის ქედის იქით, რადგან თვით რუსეთის იმპერიაში მცხოვრები მაჰმადიანები უფრო მეტს გავლენას მოიპოვებენ და შეიძლება მოსკოვის კარამდე მივიდეს ეს ოსმალეთის გავლენა, რომელსაც აღვივებს დღეს რუსეთის ახალი იმპერატორი ლენინი.

საქმე ის არის, რომ არის კიდევ ერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ანტანტა-ინგლისთან ანგარიშის გასწორებით, რომელიც შეიძლება უბრალო მაყურებელი არასოდეს იყვეს ამ მოვლენებისა. მე ვამბობ გერმანიაზე, რომელიც აგრეთვე დამარცხებულია. გერმანია, როგორც უფრო კულტურული სახელმწიფო რისკს არ ეწევა და მონაწილეობას არ იღებს ინგლისის საწინააღმდეგოდ რუს-ოსმალებთან ერთად. მაგრამ თუ გერმანელი ოფიცრები მუშაობენ რუსეთში, აზიასა და ოსმალეთში და კავშირი თუ არის მოსკოვსა და ბერლინს შორის, ცხადია იმის თქმა, რომ თუ ოსმალეთ-რუსეთის საქმე გლახად წავიდა ინგლისისათვის და გერმანია დარწმუნდა, რომ ამ კომპანიას შეუძლია მისი საქმის გაუმჯობესება, უსათუოდ ჩვენ მაშინ დავინახავთ, რომ თუნდაც იმ კედლების ჩანგრევით, რომელიც არის გერმანიასა და რუსეთს შორის და რომელიც შეიძლება აგრედვე ჩაინგრეს, როგორც ჩაინგრა რუსეთ-ადერბეიჯანს შორის, ბოლოს თუ საქმე მართლაც ახალი ომის დაწყებამდე მივიდა ინგლისის წინააღმდეგ, არც აზია იქნება ამის მეთაური. ამ ახალი ომის მეთაური ინგლისის წინააღმდეგ იქნება გერმანია. ვინ იცის, ჩვენ ბევრი ლეგიონი და დივიზიონი გვინახავს ჩვენს ტერიტორიაზე. გვახსოვს გერმანია, შეიძლება ისინი ისევ აქეთ დაბრუნდენ შავი ზღვისაკენ თუ რუს-ოსმალოს კავშირის ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ გამოდგა სერიოზულ ფაქტორად და ჩაითრია ამ ომში თვით გერმანიის რესპუბლიკა, თუ სახელმწიფო.

ვიმეორებ, თუ დაიწყება რუს-ოსმალოს ომი ინგლისის წინააღმდეგ, რუს-ოსმალების სათავეში მაინც გერმანია იქნება, რადგანაც ის ყველაზე უფრო კულტურიანი არის იმ დამარცხებულ სახელმწიფოებში, რომლის საქმე მზადდება დღეს ბაქოში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ეს მოხდა, რასაკვირველია, ყოველთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, საკმაო ძალებით აღჭურვილი უნდა იყოს ჩვენი საზღვრები, რომ ვინც კი მოახლოვდება ჩვენთან საპატიო ენით ვალაპარაკოთ. რასაკვირველია, თუ კიდევ დაიწყო ახალი ომი რუს-ოსმალ-გერმანეთის, თავის-თავად ცხადია, რომ მაშინ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა იქნება ნაკარნახევი მხოლოდ მოსკოვ-სტამბოლის შეთანხმებით. მაშინ ისეთსავე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საკითხების გამორკვევაში ბერლინი, როგორსაც იღებდა წინად, როდესაც ჩვენ მიერ იყო მოწვეული აქ და როდესაც იმდენი გააკეთა ჩვენთვის, რომ დღესაც ქართველი ხალხი იხსენიებს მადლობით, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე.

აი, ასეთი არის ბატონებო, საერთაშორისო მდგომარეობა. ორი ფაქტორი არის ყველა სახელმწიფოსათვის, ყველა ერისათვის: ერთი არის მისი შინაგანი სამხედრო ძალა; მეორე არის საერთაშორისო მდგომარეობა.

მე ვამბობ, რაც უნდა მოხდეს გარეთ - მე ერთს ვგულისხმობ: რომ ჩვენს ფარგლებში ყველა კლასი, ყველა წოდება, ყველა პარტია შეიწირავს ყველაფერს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამხედრო ძალებით ვიყოთ შეიარაღებული ამ კრიტიკულ მომენტში და მზათ ჩვენს საზღვრებზე, არა მარტო სხვა და სხვა შემთხვევით საზღვრებზე - არამედ ჩვენს ნამდვილ, ბუნებრივ საზღვრებზე, როგორც ადერბეიჯანთან, ისე სომხეთთან.

მე ვამბობ იმ საზღვრებზე, რომლის დაკავება აუცილებელია; მე ვამბობ საინგილოზე, რომლის საკითხი უნდა გადაწყდეს ადერბეიჯანის რესპუბლიკაში შეცვლით ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ. და მე ვამბობ ბორჩალოს საზღვრებზე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი, თუ გვინდა რაც შეიძლება ნაკლები ძალებით დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ყველა საფრთხისაგან, ვისგანაც არ უნდა იყოს ეს.

ასევე უნდა ითქვას ბათომზე.

ეს უდაო უნდა იყოს ყველასათვის, რომ როდესაც უნდა მოხდეს და დაგვჭირდება - უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ძალების დაგროვება. შეიძლება ამან ჩვენი ხალხი შეაწუხოს, შეიძლება ამან ბევრი ფული დაგვახარჯიოს, ბევრი თვის საქმეს მოსწყვიტოს, განსაკუთრებით სოფლად, მაგრამ ეს იქნება გაცილებით ნაკლები შედარებით იმასთან, რაც დაგვეხარჯება და წაგვიხდება თუ ჩვენ ვერ შევქმენით ასეთი სამხედრო ძალა. იმიტომ, რომ ვინც უნდა მოვიდეს აქ, განსაკუთრებით რუსეთი, რომლის შესახებ არც ერთ შეგნებულ ქართველში არ არსებობს ორი აზრი - ეს ანდაზათ არის უკვე საქართველოში ქცეული, რომ „ღმერთმა დაგვიფაროს რუსეთის დაბრუნებისაგან“-ო - მოსპობს, ფეხქვეშ გათელავს ყველაზე უწინარეს ჩვენს ეროვნულ სახეს, ჩვენს ეროვნულ ცხოვრებას, ეს შიში, ეს პერსპექტივა მეტს წაგვიხდენს და მეტს საქმეს გაგვიფუჭებს. და აქ, დამფუძნებელ კრებაში ვინმე გარეშე შემოსულმა მოაწყო თავისი ძალა-უფლება, თუ გარეშე ძალამ მოაწყო კანონები საქართველოსთვის - გარეშე ძალა იქნება ჩვენს მთავრობაში, ადმინისტრაციაში, სასამართლოში - ეს ჩვენი დაღუპვა იქნება.

ეს პერსპექტივა ჩვენი ხალხისათვის სრულიად გარკვეული არის და მე მგონია, ამ პერსპექტივისათვის ის არავითარ მსხვერპლს, არც ფიზიკურს, არც ეკონომიურს, ჩვენი ხალხის, ყოველ შემთხვევაში, შეგნებული ნაწილი არ დაიშურებს. შეიძლება ვსთქვათ, ჩვენ ხალხში არსებობს უკმაყოფილო ჯგუფები - მე არ ვლაპარკობ აქ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელთაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გეგმა, განსხვავებული ტაქტიკა ან განსხვავებული პრინციპები - მე ვლაპარაკობ, რომ ხალხის მასაში არის უკმაყოფილება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ყველას ესმის, რომ თუ გინდ, არა მთლად დამაკმაყოფილებელი ქართველი მთავრობა, ადმინისტრაცია და სასამართლო, ყველა ქართველს მაინც ურჩევნია უცხო მთავრობას, ვინც უნდა იყოს ის, თუნდაც იყოს მე-20 საუკუნის კია არა - მე-21 საუკუნის სოციალისტი და კომუნისტი. მე პირადათ თამამათ შემიძლია ვსთქვა, რომ რაც უნდა დიდი ნაკლი ქონდეს ჩვენს წესწყობილებას - იგი არის ჩვენი ქართული ნაკლი და ეს ქართული ნაკლი გვირჩევნია ჩვენ რუსეთის, ან სხვა რომელიმე ხალხის, საუკეთესოსა და ბედნიერებას.

და მე ვამბობ, ეს - სამხედრო ძალების მაქსიმალური მოგროვება, შიგნით გამაგრება, ეკონომიური და ფიზიკური მსხვერპლის გაღება ამ ძალების შეგროვებისათვის ბუნებრივ საზღვრებზე, კავკასიონის ქედის გასწვრივ და უფრო დიდ მანძილზედაც - წარმოადგენს დიდ ფაქტორს. ეს არის პირველი მოთხოვნილება და დასკვნა იმ საკითხისა, რომელიც დაგვიყენა ცხოვრებამ. თუ რაც შეიძლება მალე არ მოხდა მობილიზაცია ყველაფრისა, რაც საჭიროა და შესაძლებელი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - რაც უნდა მოხდეს ჩვენს გარეშე, ქვეყნას ვერ დავიცავთ, ვერაფერს გამოვიყენებთ და შეიძლება ბევრიც დავკარგოთ. მაგრამ თუ ვიქნებით მზათ, თუ ჩვენი ჯარი ეროვნული შეგნებით გაწვრთნილი, თუ ჩვენი სამხედრო ძალების საკმაო რიცხვი იქნება ბუნებრივ საზღვრებზე - მე ვამბობ, რაც უნდა მოხდეს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინც უნდა იყოს ჩვენი საზღვრების გარეშე, დარჩება რუსეთი და ოსმალეთი ერთად, თუ მოვა გერმანია და ორივეს მოარიგებს, თუ სამივე დამარცხებული დარჩება და ინგლისი, ანტანტა მოახერხებს თავის კონფერენციის დადგენილებების გატარებას ცხოვრებაში და მოსპობს იმ კავშირს, რომელიც დამყარდა ინგლისის წინააღმდეგ აზიაში და იქნება ისევ ძველი ძალები ევროპისა, ინგლისი - სულ ერთია, ყველა პატივით მოგვეპყრობა, შეიძლება მოკავშირეობაც გვთხოვოს, შეიძლება დაგვიწყოს ნეიტრალიტეტის დარღვევაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ლაპარაკი იქნება საპატიო, თანასწორისა თანასწორთან და რასაკვირველია, ასეთი ლაპარაკის შესახებ აბსოლიუტურათ არ შეიძლება წინააღმდეგი იყვე; ეს არის სარგებლობის საკითხი მხოლოდ.

მე საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ მხოლოდ მისთვის მოგახსენებთ, რომ იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც აქ იყო წარმოთქმული ყველასაგან, მეტი ყურადღება მინდა მივაქციო ამ საკითხს, ე.ი. წარმოვიდგინოთ თუ რას ნიშნავს „რევკომის“ მოწოდება ბაქოში. ეს არ არის კომუნისტების საქმე, ეს არის ნაციონალური საქმე რუსეთის კომუნისტებისა. მაშ, ორში ერთია, ან ინგლისი დაამხობს ამ კოალიციას და მაშინ არ შეიძლება ინგლისმა არ გვთხოვოს დახმარება და არ გამოიჩინოს თავი დაცვის საქმეში, უპირველესათ ყოვლისა ბათომის საკითხში, მეტი მოკავშირეობა, ან და ინგლისი მართლაც განწირული არის ამ ომში და მაშინ ინგლისი მარტო დარჩება დღვანდელ დროს და მაშინ გამარჯვება, ბურთი და მოედანი დარჩება მეორე ევროპას - გერმანიას რომელმაც უკვე იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა ფაქტიურად და ფორმალურადაც.

თუ გვეყოლება სამხედრო ძალა საკმარისი და თავის ალაგას, ხოლო ის ძალა აქამდე რომ იყო - არ კმარა. საკმარისი იყო, როცა ოსმალეთი ცალკე იყო და რუსეთი ცალკე, მაგრამ დღეს ეს საკმარისი არ არის.

აქედან დასკვნა არის მხოლოდ ერთი: მაქსიმალური მობილიზაცია ჩვენი სამხედრო ძალებისა. რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო მდგომარეობას რაც უნდა იყოს ეს ინგლისის პოლიტიკა მოისპობა თუ აღსდგება - სულერთია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელოვანი მხედრობა, რომელმაც უკანასკნელ წლებში დაამტკიცა, რომ საქართველოს ყავს ნამდვილი ჯარი, ნამდვილი ლაშქარი ისევე უკუაქცევს მტრებს როგორც წინა ომებში. მე მახსოვს ახალციხის ომი, ახალციხის გადასვლა, რომელიც მოახდინა ჩვენმა სახელოვანმა ჯარმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით აღფრთოვანებას გამოიწვევს ჩვენს ჯარში ის, რომ ჩვენმა მთავრობამ სამხედრო ძალების სარდლობა ჩააბარა ყველაზე უფრო უკეთეს ქართველ გენერალს, ისეთ გამოცდილ სარდალს, როგორც არის გენერალი კვინიტაძე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი, როგორც დღემდე არ შერცხვენილა მტრებთან ბრძოლაში, მუდამ ღირსებით ატარებდა თავის სახელს, ახლაც არ შერცხვება, არ შეურაცხყოფს ქართულ იარაღს და შეასრულებს თავის წმინდა მოვალეობას. (საერთო ტაში). (მქუხარე ტაში და ოვაციები მთავრობის ლოჟაში მჯდომ გენერალ კვინიტაძის მიმართ).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ტერ-სტეპანიანს.

ტერ-სტეპანიანი. (დაშნაკ.) ბატონებო! ჩვენ მოწმენი ვართ, ბაქომ და ადერბეიჯანის სახელმწიფომ როგორ დაუთმო თავისი ადგილი ახალ მთავრობას და ბოლშევიკები გახდენ „ხაზეინები“ ბაქოსი. რა ხდება ამ საათში ბაქოში, მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ის ცნობა, რომელიც ახლა ჩვენ ხელთა გვაქვს, ნებას არ მაძლევს აქ შევაფასო. მე შემიძლია ვთქვა აშკარათ, რომ ბოლშევიკების მოსვლა იქ შეიძლება აიხსნას ორი საბუთით. ერთი, რომ ადერბეიჯანმა იცოდა, რომ უნდა შემოსულიყვენ და მეორე - უნდა შემოსულიყვენ მისივე დასტურით. ეს მე, არც ერთი და არც მეორე არ მაკვირვებს; იმიტომ რომ მე ვეკუთვნი იმ პარტიას, რომელმაც ოსმალეთის პოლიტიკა, ამ ბოლო დროს 30 წლის განმავლობაში, - ძალიან კარგათ იცის; ჩვენ ვიცოდით როგორი პოლიტიკით მიიმართებოდა ოსმალეთი ამ დროს. და ნუ თუ ადერბეიჯანი, რომელიც მისი მოკავშირე იყო და რომელსაც მასთან ხელშეკრულობა ჰქონდა - ნუ თუ არ უნდა მოლოდებოდა ამას.

მაგრამ მეორე მიზეზი ის არის, ჩემის აზრით, რომ თავისუფლება შეუძლია შეინახოს მან, ვისაც ამ თავისუფლებისათვის ბრძოლის ველზე მიუცია ბევრი მსხვერპლი. და მე ვფიქრობ, რომ ქართველ ერს და სომხეთს მიუციათ ბევრი მსხვერპლი თავისუფლებისათვის. ორივეს ეს ტრადიცია აქვს. რა ტრადიცია აქვს ახლა ადერბეიჯანს? არაფერი, როგორც ადვილათ ჩაიგდეს მათ ეს თავისუფლება ხელში, რევოლიუციის მონაპოვარი - ისე ადვილათვე დაუთმეს იგი სხვას. მათ სხვებს დაუთმეს თავისი ადგილი. და ეგ აშკარათ იცოდენ წინ და წინ, იმიტომ, რომ იქაურ მთავრობას არც ერთი პროტესტი არ გამოუცხადებია, არც ერთი პატარა ბრძოლა არ გაუწევია; ასე გულახდილათ მიიღეს და რევოლიუციონური კომიტეტი დაარსეს. და მე მგონია, რომ, რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, რომ ადერბეიჯანმა გვიღალატა, იმიტომ, რომ მაგათთან ხელშეკრულობა გვქონდა, მაგრამ ერთი მხრივ ძალიან კარგიცაა, რომ ჩვენ ბოლოს მაინც ვიცანით და ვიცანით სწორეთ ისე, როგორც მაგათ დიდი ხანია იცნობდა ჩვენი პარტია.

ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ ეს ხელშეკრულება ოსმალეთთან დიდი ხნის საქმეა. ეს კომედია არის ის დასკვნა, რომელიც უნდა გამოეტანათ.

მე მაკვირვებს ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ბოლშევიკებზე და ხმას არ ვიღებთ ოსმალეთზე, რომელიც, მე მგონია, უფრო საშიშია. (ხმა ადგილიდან: არ გვეშინიან!) ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე. (ჯუღელი: სომხეთიც უნდა დაირაზმოს!) როდესაც ბოლშევიკებმა ფეხი შემოდგეს ადერბეიჯანში, მე იმედი მქონდა ბოლშევიკები და მოსკოვის მთავრობა თავის განკარგულებას მოახდენდა, რა აზრის არის ის ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებზე. მე მგონია, ჩვენ უნდა ვეძებოთ სხვა ნიადაგი, ე.ი. ეს არ არის ბოლშევიკური მოძრაობა, თუ ოსმალეთთან შეკავშირება.

ჩვენმა პარტიამ, როგორც მოგეხსენებათ, პირველი დღიდანვე მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობა და ბოლომდე ამ ნიადაგზე ვადგებით. და თუ ეს ასეა, ჩვენ დავეხმარებით მთავრობას და დამფუძნებლ კრებას ამ ბრძოლაში. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ჯუღელს.

. ჯუღელი (ს.-დ.) დღეს, როდესაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანას ყოველ მხრივ სისხლით აფერადებული ღრუბლები წამოეფარა, მე მაგონდება კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო დაღრუბლული ჩვენი ქვეყნისათვის დრო, როდესაც ჩვენ ორი მხრით, როგორც დღეს კიდევ უფრო საშიში და სასტიკი საფრთხე გველოდდა. აი, სწორედ მაშინ, როდესაც ორი მხრით და ყოველ მხრივ ცეცხლი ეკიდებოდა ჩვენს ახლად განთავისუფლებულ ქვეყანას, აი იმავე დარბაზში ჩვენს ხალხს ბრძოლისათვის მოუწოდებდით და ჩვენი ხალხიც ბრძოლისთვის მოემზადა. მაგრამ მაშინ ჩვენ არ ვიყავით სავსებით განთავისუფლებულნი, კიდევ არ გვქონდა ჩვენი სამხედრო ძალა შექმნილი და ის მტრები, რომელნიც გვეომებოდნენ და ის მტრებიც, რომელნიც იმ მთავარ მტერს მხარს უჭერდნენ, ბევრად უფრო ძლიერნი იყვნენ, ვიდრე დღეს. მაშინ ჩვენ საქმე გვქონდა გამარჯვებულ ოსმალეთთან, რომლის უკან იდგა მძლავრი გერმანია. და აი სწორედ ამ დროს, როდესაც ოსმალეთი ბათომ-ყარს-არდაგანზე მოდიოდა, ჩვენ ვიცით, როგორ სხვა კუთხეებიდან არამც თუ არ გვქონდა დახმარება, არამედ მოღალატენი მუხანათურად ზურგში მახვილს გვცემდნენ, როდესაც პირს თათრისკენ ვიბრუნებდით. აი, ამ დროს ჩვენ ამას გავუძელით, და ეს საშინელება ჩვენმა ხალხმა გადაიტანა და მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ გამარჯვებულნი გამოვედით და სწორედ ის ოსმალეთი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდიოდა, დამარცხებული გამოდგა. და ჩვენ დღესაც გამარჯვებულნი ვართ და იმიტომ ვიგონებ იმ დროს, რომ ამ დროიდან ჩვენი ხალხი იწყებს საშინელ და გმირულ ბრძოლას თავისუფლების და რევოლიუციის მონაპოვართა შესანარჩუნებლად. და ჩვენ სიამაყით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს მონაპოვარნი ჩვენ ყველაზე უფრო შევინარჩუნეთ და მიუხედავად მრავალი მტრისა ჩვენი დროშა არ დაგვიმცირებია და შურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი თავისუფალი ქვეყნისათვის.

მაგრამ, როდესაც ჩვენ საომრად ვიკაზმებოდით ერთი რამ მაფიქრებდა, გარკვეულ პასუხს ამ მოვლენას ვერ ვაძლევდი. აი, სწორედ მაშინ, როდესაც თათრები თავს გვესხმოდნენ სხვა და სხვა მხრით, ის ძალა, რომელიც ვითომ უმაღლეს საკაცობრიო იდეალების მატარებელი არის, რომელსაც მაშინ ბოლშევიზმი ერქვა და დღეს კომუნიზმად მონათლეს, აი ეს ძალა, როდესაც თათარი ჩვენს წინააღმდეგ ნაბიჯს წამოსდგამდა, ყოველთვის ზურგიდან გვესხმოდა. და მე მინდა მთელმა ჩვენმა ხალხმა, დემოკრატიამ იცოდეს, რა როლი ითამაშა ე.წ. ბოლშევიზმმა და კომუნიზმმა ჩვენს ცხოვრებაში. და ის, რაც მაშინ გარკეული არ იყო, დღეს, როდესაც მსოფლიო ისტორია გარკვეულია და როდესაც ადერბეიჯანმა თავისი უკანასკნელი და შესაფერისი სიტყვა სთქვა, ის, რაც ჩვენთვის დაფარული იყო, დღეს ის სავსებით და სრულიად გაირკვა. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ჩვენ საზღვრებისაკენ გავეშურეთ ჩვენი საუკეთესო კიდის - ბათომის დასაცვად და როდესაც ჩვენი ხალხი ეომებოდა ოსმალეთს და ხალხის საუკეთესო შვილები ბრძოლის ველზე ეცემოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ამ დროს ე. წ. ბოლშევიკები ჩვენ ზურგს უკან აჯანყებას გვიწყობდნენ. და სწორედ იმავე ცხინვალის რაიონში, ზედა ოსეთში, სადაც დღესაც აპირებენ კომუნისტები თავის მუშაობას, მაშინ აჯანყების დროშა ააფრიალეს და შეგვიძლიან თამამად ვსთქვათ, იქნება მაშინ ეს ღალატი რომ არ ყოფილიყო ვერ შეგვენარჩუნებინა ბათომი, მაგრამ ბათომს ისე სამარცხვინოდ და ჩქარა არ დავთმობდით. მაგრამ იმ დროს, როდესაც საომრად ვემზადებოდით, ორი აჯანყება ერთად მოხდა: ერთის მხრივ აჯანყება მოახდინეს თათრის ბრბოებმა სადახლოში და იქ გაიწვიეს საუკეთესო შეიარაღებული ძალები და უფრო დიდი აჯანყება მოახდინეს მეორედ ცხინვალში და ჩვენ იძულებულნი ვიყავით ახალი, ნორჩი ძალები, რომელიც შექმნა ჩვენმა დემოკრატიამ, იქ გაგვეგზავნა. ამნაირად ბათომი გაშიშვლებული დარჩა და როდესაც ეს აჯანყება ჩავაქრეთ და მისკენ გავეშურეთ, ბათომი უკვე დაცემული იყო. და მაშინ ჩვენ შეიარაღებული ძალები დადგნენ ჩვენს ახალს საზღვრებზე, იმ საზღვრებზე, რომელიც შექმნა ჩვენი მეომრების გულ-მკერდმა და გვეგონა, რომ ჩვენი ხალხი მიუხედავად მიმართულებისა, შეერთებოდა და მაშინ ამ საშინელ საფრთხეს გაკავებულ გულ- მკერდს მიუშვერდა.

როდესაც ტფილისის მუშები გაეშურნენ ბათომში, ჩვენ გვითხრეს: ბოლშევიკებმა მოახდინეს ახალი აჯანყება სამეგრელოში, დაშალეს ის დარაზმული ახალგაზრდანი, რომელნიც მიდიოდნენ ბათომის დასაცავად. მათ უთხრეს - არავითარი თათარი არ მოდის, ეს არის მთავრობის ღალატი, მთავრობას უნდა თქვენი განადგურებაო. და ის ახალგაზრდანი, რომელნიც მიდიოდნენ თავისი ქვეყნის და ხალხის დასაცავად, ბოლშევიკებმა ისევ სახლებში გაუშვეს და იქ სახლებში აჯანყება მოგვიწყეს. და ის რაზმები, რომელნიც ბათომში უნდა წასულიყვნენ, სამეგრელოში გავგზავნეთ და იქ ჩავაქრეთ ეს ანარქისტული, ბოლშევიკური მოძრაობა. და შემდეგ დაუბრუნდით საზღვარს, მაგრამ აქაც ისევე დაგვიანებული იყო. სანამ ნატანებში ჩამოვიდოდით, ჩვენ მოგვივიდა ახალი ცნობა, რომ ოზურგეთი უკვე თათრებმა აიღესო. და როდესაც ისევ დავიწყეთ მზადება საზღვრების გასამაგრებლად და როდესაც ეს სიმტკიცე თანდათან ფეხს იკიდებდა, მოვიდა ახალი ცნობა: ბოლშევიკებმა მოახდინეს ახალი გამოსვლა და დაიკავეს სოხუმიო. ნაცვლად იმისა, რომ მოშველებოდნენ ბათომს, მოვიდნენ კოდორის ნაპირზე და სამეგრელოში გადასვლას აპირებდნენ. და ჩვენ ვიცოდით, რომ, თუ ისინი მიასწრებდნენ სამეგრელოში გადმოსვლას, იქაც აჯანყების ცეცხლი დაენთებოდა, ამით ისარგებლებდა თათარი და სამეგრელოში დესანტს გადმოსხავდა. და ჩვენ ისედაც გაშიშვლებულ ფრონტს მოვხსენით საუკეთესო ძალები და გავგზავნეთ სოხუმში, და თქვენ იცით, იქაც დავამარცხეთ ბოლშევიკები. და სწორედ იმ დროს, როდესაც ტუაფსისაკენ მივერეკებოდით ბოლშვიკებს, ჩვენ მოგვივიდა ტფილისიდან ახალი შემზარავი ცნობა, თათრები ოსმალეთის ოფიცრების მეთაურობით ტფილისს დაუახლოვდნენ 20-30 ვერსით. და ჩვენ გვითხრეს: მიატოვეთ სოხუმის ოლქი და საჩქაროდ გადადით ტფილისშიო. ჩვენ გამოვეშურენით ტფილისში, რომ მივშველებოდით ჩვენი ქვეყნის და რევოლიუციის დედა-ქალაქს, ვინაიდან ვიცოდით, რომ, თუ დაეცემოდა ტფილისი, განადგურდებოდა ქვეყანა. და სწორედ ამ დროს, როდესაც აქ ბრძოლის ველზე ხალხის შვილები იხოცებოდნენ, ბოლშევიკებმა ხელახლა მოახდინეს ორი გამოსვლა: ერთი ისევ სოხუმში და მეორე ვლადიკავკავის მიმართულებით. ნაცვლად იმისა, რომ მშრომელ ხალხს დახმარებოდნენ, მათ ხელახალი აჯანყება მოაწყეს ხალხისა და დემოკრატიის წინააღმდეგ.

სოხუმის ოლქში პირველად გამოირკვა ნამდვილი სახე ე. წ. ბოლშევიზმისა: როდესაც ჩვენი რაზმები ერთის ხელით იგერიებდნენ და მიერეკებოდნენ ბოლშევიკებს და ამასთანავე თათრის დესანტს სოხუმის ოლქში, მეორე ხელით ჩვენს ჯარებს მოუხდათ თათრის ბრბოებთან ბრძოლა. ჩვენი ჯარები ებრძოდნენ ბოლშევიკებს და თათრის დესანტს, თათრის აგენტებს. სწორედ მაშინ სავსებით გამოირკვა ე. წ. ბოლშევიკების სახე და ის მჭიდრო კავშირი ბოლშევიკებსა და ოსმალეთის შორის, რომელიც დღეს ყველასათვის აშკარა და ცხადია.

მაშინ, როდესაც მტერი ტფილისს მოუახლოვდა, ეს ბრბოები საშა გეგეჭკორის მეთაურობით, რომელიც დღეს ჩვენს ხელში არის და რომელიც სამწუხაროდ დღესაც ცოცხალია და აღტაცებით ეგებება ციხეში წითელ ჯარებს, ზურგიდან გვესხმოდნენ და ჩვენ იძულებულნი ვიყავით სადახლოდან პირი გვებრუნებინა და წავსულიყავით სამხედრო გზაზე.

აი, ასეთი იყო მუდამ მოღვაწეობა ჩვენში ბოლშევიზმისა, ასე გვექცეოდნენ ჩვენ მუდამ ისინი, როდესაც საშინელ გაჭირვებას განვიცდიდით და როდესაც დიდი საფრთხე თავს გვატყდებოდა. და გამოდიოდნენ ბოლშევიკები არა მარტო იმ დროს, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მოდიოდა ოსმალეთი, არამედ მაშინაც, როდესაც გამარჯვებული დენიკინის ბრბოები დაირაზმნენ ჩვენს წინააღმდეგ და როდესაც იქ ჩვენ ფრონტი გვქონდა, აი მაშინ მოახდინეს ბოლშევიკებმა გამოსვლა ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეებში, მიუხედავად იმისა, რომ იმათ კარგად იცოდნენ, რომ მათი გამარჯვება აქ აუცილებლად გაამეფებდა დენიკინს, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ, რომ მაშინ ისინი საქართველოში შემოსვლას ადვილად მოახერხებდნენ, რადგან გაერთიანებულ, გაკაჟებულ საქართველოს რესპუბლიკას, რომელიც მომწყვდეულია დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში, იმის დემოკრატიას ისინი ვერ დაამარცხებდნენ (ტაში). აი, თუ თქვენ აქცევთ ყურადღებას თვით ბოლშევიკების სულიერ განწყობილებას, მე მგონია აქ ერთი რამ არის დამახასიათებელი. წინად, როდესაც ბოლშევიკები იყვნენ როსტოვთან ახლოს და ბოლშევიკები ჩვენს წინააღმდეგ მოიწევდნენ, მაშინ ადგილობრივი ბოლშევიკები უფრო თამამად იყვნენ და უფრო მეტი იმედი ჰქონდათ. მაგრამ დღეს, როდესაც ბოლშევიკები ჩვენს საზღვრებს დაუახლოვდნენ, თუმცა ადგილობრივი ბოლშევიკები გააფთრებით მუშაობენ, მაგრამ ეს იმედი, ეს აღფრთოვანება აღარ ეტყობათ. ეს აიხსნება იმით, რომ დღეს ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალებით გზაზე გადავეღობებით იმ ძალებს, რომლებიც მოდიან ჩვენზე. და მაშინ კი იმათ ეგონათ, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი მათ მხარს დაუჭერს, დღეს კი ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხალხი მათ ავანტიურას მხარს არ დაუჭერს და რომ მთელი ჩვენი ხალხი მთავრობის და დამფუძნებელ კრების გარშემო არის მოკრეფილი (ტაში). ჩვენ, რასაკვირველია, უნდა ვიგრძნოთ მთელი სიმძიმე ამ მომენტისა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. მე ვიცი ფსიქოლოგია მებრძოლისა. პირველში, ჩვენი შეტაკების დროს ბოლშევიკებთან, ჩვენში, მე ვიტყვი პირადად - ჩემში, ერთგვარი რყევა და ყოყმანი იყო, რადგან მაშინ სავსებით არ იყო გამორკვეული თუ ვინ იდგა იმ ბარიკადის მეორე მხარეზე, რომელიც იყო ჩვენს წინააღმდეგ აღმართული. ჩვენ კიდევ გვეგონა, რომ ბოლშევიკებს ამ წითელი დროშის ფერი არამც თუ ახსოვდათ, რომ მათ კიდევ არ ქონდათ სრულიად დავიწყებული სოციალიზმის დიდი აღთქმა. მაგრამ დღეს ჩვენთვის სრულიად გამორკვეულია და აშკარა, რასაც წარმოადგენს ეს ბოლშევიზმი. და მე ვიცი, რომ ჩვენს მებრძოლებში ეს ორჭოფობა და ეს რყევა სრულებით აღარ არსებობს (ძლიერი ტაში). რასაკვირველია, თქვენ იცით, რომ ბოლშევიკები არავითარ საშუალებას არა ზოგავენ, რომ ჩვენში გამოიწვიონ არევ-დარევა. ამას სათანადო ანგარიში უნდა გაუწიოთ, შესაძლებელია, რომ ბოლშევიკები კიდევ მოაწყობენ სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა ჯურის გამოსვლებს. ამას ჩვენ წინ და წინვე უნდა შეურიგდეთ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ მით უფრო სასტიკად, მით უფრო ულმობელად უნდა ჩავკლათ ასეთი ავაზაკური და მოღალატური ახალი გამოსვლები (ტაში). და დღეს მთელმა დემოკრატიამ, ყველამ უნდა იცოდეს, უნდა შეიგნოს, რომ დღეს დადგა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, რომ დათმობით ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს. თუ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიეთ, ჩვენ არ გვექნება არავითარი საშუალება ერთი ნაბიჯით წინ წავდგეთ. დავთმოთ იმ ილუზიით, რომ ბოლშევიკებთან შეიძლება რაიმე შეთანხმება და მოლაპარაკება - ეს არის ყველაზე უფრო მძიმე და საშინელი ილუზია (ტაში), მაგრამ მე ამით არ მინდა ვსთქვა, რომ ჩვენი მთავრობა შეთანხმების წინააღმდეგი უნდა იყოს. მთელი ქვეყნის დემოკრატიამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანობის მომხრენი ვიყავით, რომ ჩვენ პირველებს არ მიგვიმართავს არავის წინააღმდეგ იარაღით, მაგრამ, როდესაც ჩვენ ამოვწურავთ ყველა საშვალებას მშვიდობიანი მსვლელობისას, მაშინ მივმართავთ იარაღს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მშვიდობიანობა მაშინ არის მტკიცეთ, როდესაც ის ეყრდნობა ფიზიკურ, შეიარაღებულ ძალებს.

ამიტომ ვისაც აქვს ილიუზიები, რომ ბოლშევიკები ჩვენთან გამართავენ ნამდვილ მოლაპარაკებას, მე ვიტყვი, ეს ილიუზიები მაშინ შეისხავენ სისხლს და ხორცს, როდესაც ჩვენ გვეყოლება საკმაო ფიზიკური ძალა, როდესაც ისინი დაინახავენ, რომ ვერაფერს გახდებიან, როდესაც აქ, ჩვენს საზღვრებზე მათ წინ დახვდებათ შეიარაღებული ხალხი, რომელიც ყოველთვის მშვიდობიანობის მომხრე არის და რომელმაც ყოველთვის იცის თავისი ქვეყნის, თავისი მშვიდობიანობის დაცვა. და თუ ბოლშევიკებმა მოიტანეს ჩვენზე იერიში, მაშინ ჩვენ ხალხს გაეშლება ხელი და - ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული - ბოლშევიკების დაშლა - დასამარება აქ დაიწყება, რომ, თუ ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის მოგვიხდა ბრძოლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ, მიუხედავად იმისა რომ ბევრს ლაპარაკობენ წითელ არმიის ძლიერებაზე, სწორედ აქედგან დაიწყება ბოლშევიკების საშინელი დამარცხება და ჩვენი ჯარი და გვარდია, რომელსაც არასოდეს არ გადაულახავს საზღვრები სხვებისი, იძულებული იქნება თავისი სამხედრო ასპარეზი იარაღით გადიტანოს ჩვენი საზღვრების გადაღმა და იქ დაეხმაროს რუსეთის დემოკრატიას, რომ მან იმ ბოლშევიკურ ტირანიიდან თავი გაინთავისუფლოს (ძლიერი ტაში). და როდესაც აქ ლაპარაკობენ ჩვენს მარტოობაზე, მე ვერ ვგრძნობ თავს მარტოდ. მე ვიცი რომ ჩვენ დღეს მარტონი არა ვართ. მაშინ, როდესაც ჩვენ ოსმალეთს ვებრძოდით, მაშინ სწორედ განმარტოებულნი ვიყავით და რომ სრულიად დავღუპულიყავით, ევროპა ამას ვერ გაიგებდა. მაშინ ევროპასთან კავშირი არა გვქონდა და როდესაც აქ ახალი ევროპა შემოვიდოდა, ის აღადგენდა ჩვენს ნანგრევებზე ამ საშინელ ტრაღედიას, მაგრამ ჩვენ გვაქვს კავშირი ევროპასთან. მართალია, ეს კავშირი არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ მე მგონია ევროპის დემოკრატია და ევროპის მმართველი წრეები არ არიან დარწმუნებულნი იმ პოზიციაში, რომელსაც ჩვენ ვადგივართ. და მე მგონია ადერბეიჯანის ქცევა იჭვებს კიდევ უფრო გააძლიერებს. თქვენ გახსოვთ, რომ ადერბეიჯანს გამოჰქონდა რეზოლიუცია, რომ ის არ შემოუშვებს გარეშე ძალას, მაგრამ, როდესაც ეს ძალა მიადგა, ადერბეიჯანმა გაუღო მას კარები და ადერბეიჯანის გზათა მინისტრი მელიქ ასლანოვი იალამაზე დახვდა წითელ ჯარებს და, რასაკვირველია ასეთი მაგალითების დროს, როდესაც ფიცი ერთი იყო და საქმე კი სულ სხვა, შესაძლებელია ეს იჭვები რამდენიმე ხანს კიდევ გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიშიშვლებთ ხმლებს ბრძოლის ველზე და ერთმანეთს შევეტაკებით, მე დარწმუნებული ვარ, მთელი ევროპა ჩვენ ყურადღებას მოგვაქცევს, ჩვენს ღვაწლს დააფასებს და რეალურ დახმარებასაც მოგვცემს. ჩვენ ევროპას არ ვსთხოვთ ხალხს, ჩვენ ბევრი ვართ მებრძოლები. მაგრამ ჩვენ ვსთხოვთ, გაიგონ მათ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ისტორიული მისია და, თუ ამას გაიგებენ და დაინახავენ, რომ ჩვენ მართალა არა ვთამაშობთ ადერბეიჯანის როლს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც არის აგებული ჩვენი ამხანაგების ძვირფას სისხლზე. აი, მაშინ ევროპა დააფასებს ჩვენს უნარს და ევროპა ჩვენ დახმარებას მოგვცემს. (ტაში). ამიტომ ნურავის გაუკვირდება თუ ევროპის დახმარება დაგვიანებულია. პირველი მაგალითი ჩვენ უნდა ვაჩვენოთ და ამ მაგალითის შემდეგ ევროპის დემოკრატიის გული ჩვენსკენ იქნება. მაგრამ გარდა ევროპის დემოკრატიისა, ჩვენ გვიცავს დიდი მოკავშირე - ეს არის დღეს დროებით დამარცხებული რუსეთის დემოკრატია. თქვენ იცით რომ დღეს რუსეთში ნამდვილი ტირანია არის გამეფებული და ის საბჭოთა მთავრობა მხოლოდ ერთგვარი ფორმა, ერთგვარი ხალხის მოსატყუებელი საშუალება არის და იქ საბჭოებს არავითარი ძალა და უფლება არა აქვთ. ამ საბჭოებს ძალიან იშვიათად კრეფავდენ და ნამდვილად კი იქ არის გაბატონებული კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც არის სრული ბატონ-პატრონი და ეს თვითმმართველობა რუსეთისა, როგორც ძველი რეჟიმის დროს, ეყრდნობა ხიშტს. მართალია მას წითელი სახელი დაერქვა, მაგრამ ვიცით რომ ის უფრო შავია და საშინელი გამანადგურებელი, ვიდრე რუსეთის ძველი ხიშტი. და როდესაც ასეთი მდგომარეობა არის რუსეთში, ჩვენ ვიცით, რომ დამარცხებული რუსეთის დემოკრატია არ არის შეგუებული იმ ტირანიას, რომელიც მუშების უმრავლესობის წინააღმდეგ არის მიმართული. და თქვენ ბოლშევიკების გაზეთებში წაიკითხავდით პროტესტებს, რომ ანადგურებენ მუშათა ორგანიზაციებს, რომელიც ამბობს რომ ეს ბატონ-ყმობა, რომელიც გამეფებულია იქ, მათთვის მისაღები არ არის. მაგრამ ის ძალები დღეს დამარცხებულნი და დასუსტებულნი არიან. და, თუ ჩვენ ამ ბოლშევიკურ ძალებს დავხვდით ისე, როგორც შეეფერება ეს თავისუფალ ხალხს, მაშინ ბოლშევიკების ზურგს უკან დაიწყება საშინელი გახრწნა, ანარქია და პირველი აღსდგება ყუბანი და მთები კავკასიონისა და ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ჩვენ განმარტოებულნი არა ვართ. და მე მგონია, ჩვენ მესამე მხრითაც არა ვართ დატოვებულნი.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაზე უფრო საშინელი მტერი სომხის ხალხისა - დაშნაკელების პარტია, როდესაც დაინახავს სომხეთის ერის ამ საფრთხეს, ეს დაშნაკელების პარტია გაარკვევს თავის პოლიტიკას და არ გაჰყვება თავის მოძმე პარტიას - მუსავატს, რომ ის შეიგნებს მშრომელი ხალხის ინტერესებს, ვინაიდგან, თუ ბოლშევიკებისა და ოსმალეთის შერიგება მოხდა, ეს მოხდება განადგურებულ სომხეთის ნიადაგზე. და მე მგონია, ყველამ თავისი თავი უნდა მოიტანოს სომხეთის ხალხის საკურთხეველზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დასთმოს თავისი პოზიციები. თუ მართლა ის პარტია, რომელიც აქამდე ვერ ერკვეოდა საერთაშორისო პირობებში, დღეს გამოერკვია და მართლაც წარმოიდგინა საფრთხის საშინელება, მე მგონი ამ მხრივაც ვიშოვნით მოკავშირეს. ამნაირად დღეს ჩვენ გამარტოებული არა ვართ და ჩვენ დღეს ბევრად უფრო შეკავშირებულნი ვართ. და თუ მოიგონებთ იმ დროს, როდესაც ბათომის მიმართულებით მივდიოდით, თქვენ იცით, რომ სახალხო გვარდიას მაშინ არც ერთი ზარბაზანი არა ჰქონდა. დღეს კი ჩვენი სახალხო გვარდია არის ძლიერი და მისი არტილერია ქიშპობას გაუწევს ზოგიერთ სხვა ქვეყნების არტილერიას. და მასთან ერთად არა გვყავდა მაშინ ჯარი, გვყავდა ბრბოები, მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს თუმცა ახალგაზრდა, მაგრამ გაწვრთნილი და დემოკრატიისთვის თავდადებული ჯარი (ტაში).

ამნაირად, ეს ორი შეიარაღებული ძალა - ჩვენი ახალგაზრდა ჯარი და მისი უფროსი ძმა - სახალხო გვარდია პირნათლად შეასრულებენ ხალხის წინაშე თვის მოვალეობას და ააცდენენ საშინელ საფრთხეს (ტაში).

და თუ ჩვენ ყველამ წარმოვიდგინეთ ის მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენ ვვარდებით და არა მარტო შევიგნებთ, არსებითად შევითვისებთ იმ დიდებულ თქმულებას, რომლითაც მთავრობის თავმჯდომარემ დაათავა თვისი სიტყვა, მაშინ, მე მგონია, ვერავითარი საფრთხე, რა სახისაც და საიდანაც არ უნდა წამოვიდეს, ვერ გაგვტეხავს წელში. მე მაგონდება ერთი დიდი დღე ჩვენი ისტორიული ცხოვრებისა - ეს იყო ეკატერინოდართან ბრძოლის დღე. მაშინ ჩვენი პატარა რაზმი ყოველ მხრივ შემორტყმული იყო მტრისაგან, მაგრამ ეს პატარა რაზმი გამარჯვებული გამოვიდა იმიტომ, რომ ყოველმა მებრძოლმა უსიტყვოდ გულში სთქვა: უმჯობესია მოვკვდე ამ ბრძოლის ველზე, ვიდრე დავნებდე მტერსაო. და როდესაც ეს აზრი შეითვისა თვითეულმა მებრძოლმა, ამ მიზნისათვის არ დაიშურა სიცოცხლე და როდესაც ბრძოლის ველზე დაცემულ ამხანაგის მაგივრად მეორე დგებოდა და იარაღს არ ყრიდა, მე ვამბობ, რომ ეს ბრძოლის დღე ჩვენი საუცხოვო გამარჯვების დღედ გარდაიქცა. დღეს-დღეობით ჩვენ უკან დასახევი გზა არა გვაქვს და დღეს მთელი ჩვენი ფიზიკური ძალა უნდა გამოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის და რესპუბლიკის საკურთხეველზე და თუ მართლა ისტორიამ გვარგუნა დაღუპვა, უმჯობესია ყველანი დავიხოცოთ, ვიდრე ფიზიკურად და ზნეობრივად ჩვენი ხალხი.

ერთს უნდა მივაქციო ყურადღება, რაც სამწუხაროდ დღემდე ვერ იყო ცხოვრებაში სავსებით გატარებული. მე ვამბობ, რომ ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ნაწილი ჩვენი ერისა იცავს თვის რესპუბლიკას - არა მარტო ქონებას, თვის სიცოცხლესაც არ იშურებს რესპუბლიკისათვის. და სამწუხაროდ, მეორე ჯგუფი, რომელიც ყველაზე უფრო დალხინებულია ყოველთვის განზე დგება და არ იღებს მონაწილეობას თავ-დაცვის საქმეში. ასე იყო ყოველთვის: ასე იყო ბათომის ტრაგედიის დროს, დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, სომხებთან ომის დროს და მე მგონია, ასევე მოხდება დღესაც. აი, ეს ნორჩი ბურჟუაზია, რომელიც ყველაზე უფრო შენახული არის ძველი რუსეთის იმპერიის ფარგლებში, დღესაც არ გამოიტანს მსხვერპლს. (ბ. თევზაია: გამოვატანინებთ!) აი, სწორედ უნდა გამოვატანინოთ! (ტაში). და მე მგონია, რომ თუ ეს ბურჟუაზია მიუშვით თვის ნების-ყოფაზე, როგორც იტყვიან, სინიდისზე მიუშვით, თვის ჯიბეს და ფულს მაღლა დააყენებს სინიდისზე. ამ მხრივ, მე მგონია, მთავრობამ მეტი სიმტკიცე, ნების-ყოფა უნდა გამოიჩინოს და აიძულოს ამა თუ იმ სახით, მე არ ვიცი რა სახით, მაგრამ ჩვენი გაბატონებული კლასები, რომლებიც ყველაზე კარგად, თავისუფლად გრძნობენ თავს დღევანდელ პირობებში, ვინაიდან ასცდნენ ბოლშევიკების განადგურებას ჩვენს ქვეყანაში, ამ ბურჟუაზიას რაიმე მსხვერპლი უნდა გამოაღებინოს. და თუ ჩვენი ხალხი იგრძნობს, რომ ჩვენი მთავრობა არ ერიდება მტკიცე ზომებს, მაშინ ის ხალხი, რომელიც დარაზმული არის დამფუძნებელ კრების და მთავრობის ირგვლივ, მეტის აღფრთოვანებით და აღტაცებით დაირაზმება და ის ჩვენი წითელი დროშა და მეორე ეროვნული დროშა, რომლითაც ჩვენი მტრის წინააღმდეგ წავალთ, ეს დროშები არ დაიშვებიან მტრის წინაშე, არამედ გაიმარჯვებენ და ისევ აქ დაბრუნდებიან და დამფუძნებელ კრებას, მთავრობას და ხალხს გამარჯვებას მიულოცავენ! (ძლიერი ტაში).

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის ფორმულა მორიგ საკითხზე გადასვლის შესახებ.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს სოც.-დემ. ფრაქციის ფორმულას).

სოც.-დემ. ფრაქციის ფორმულა:

„მოისმინა რა მთავრობის თავმჯდომარის განცხადება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ და მსჯელობა ამ განცხადებისა გამო, დამფუძნებელი კრება აღიარებს:

ქართველმა ერმა რევოლიუციის პროცესში თავისი დამოუკიდებლობა აღადგინა, გახდა სრული ბატონ-პატრონი თავისი ბედ-იღბლისა, ხალხის უზენაესი ორგანო - დამფუძნებელი კრება შექმნა, სახელმწიფოში დემოკრატიული წეს-წყობილება დაამყარა და რევოლიუციურ მონაპოვართა ფხიზელი დარაჯი შეიქნა.

საქართველოს დემოკრატიამ ორი წლის განმავლობაში საკუთარი ძალ-ღონით უდიდესი სიძნელენი გადალახა შიგნით და გარეთ, ის მტკიცეთ იცავდა მეზობლებთან კეთილ-განწყობილებას და დაწინაურებულ ევროპასთან მჭიდრო დამოკიდებულებას.

საქართველოს ღვაწლს ეროვნულსა და საერთაშორისო სფეროში ამაოთ არ ჩაუვლია; იგი იცნო ევროპიულმა სახელმწიფოებმა და მით მან ფეხი შესდგა თავისუფალ ხალხთა ოჯახში.

ჩვენი მისწრაფება ნათელია და სამართლიანი. დღეს ერის და დემოკრატიის უძვირფასეს განძს - დამოუკიდებლობას და თავისუფლებას საშიშროება მოელის.

გვევლინება ბოლშევიზმის სამოსელში გახვეული რუს-თურქული იმპერიალიზმი, რომელიც ლამობს ჩვენი დამოუკიდებლობა და მთლიანობა დაამხოს. ეს იმპერიალისტური შავი ძალა უკვე შემოიჭრა ადერბეიჯანში, რომლის პარლამენტმა, თანახმად მოსკოვ-არზრუმის დირექტივებისა, გააუქმა თავისი თავი და მით მშრომელ ხალხს ძველი უღელი დაადგა და ევროპიდან აზიისაკენ აქნევინა პირი.

ამას ვერ ჩაიდენს საქართველოს დამფუძნებელი კრება და მთავრობა.

ამას ვერ ჩაიდენს ქართველი ერი და საქართველოს დემოკრატია.

ის სამშობლოს, დემოკრატიას, თავისუფლებას ვერ უღალატებს, ვერ გასცემს, ვერ გაჰყიდის: ევროპისაგან ის პირს აზიისაკენ ვერ იბრუნებს. დემოკრატიზმის მაგიერ დესპოტიას ადგილს ვერ დაუთმობს; ანარქიის ტალღებში ხალხს ვერ გადისვრის.

დამფუძნებელი კრება ღრმად არის დარწმუნებული, რომ მთელი საქართველოს ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და მიმართულებისა, ქართველი ერი, საქართველოს დემოკრატია, მისი სახელოვანი, ბრძოლაში გამობრძმედილი შეიარაღებული ძალა - ჯარი და სახალხო გვარდია და მთელი შეიარაღებული ხალხი შეურყევლად დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

დამფუძნებელი კრება მიმართავს დემოკრატიას, რომ იმანაც აღიმაღლოს ხმა უზენაესი სამართლიანობის დასაცავად, და ღრმად სწამს, რომ გასაჭირის დროს ევროპის დემოკრატია არ დასტოვებს საქართველოს დემოკრატიას მარტოდ ბრძოლის ველზე.

დამფუძნებელი კრება მთელი თავისი არსებით მხარს დაუჭერს მთავრობას ერის წმიდათა-წმიდას - მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის საქმეში, სავსებით ადასტურებს მთავრობის მიერ თავდაცვისათვის მიღებულ ზომებს და ავალებს მას გაორკეცებული ენერგიით განაგრძოს დაწყებული საქმე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

დამფუძნებელი კრება ავალებს თავის პრეზიდიუმს მიმართოს საქართველოს ხალხს შესაფერი მოწოდებით“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა. არავის. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე ფორმულა მიღებულია ერთხმად (ტაში).

წინადადება გახლავთ იმავ ფრაქციის მიერ, რომ მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა დაიბეჭდოს და გავრცელდეს მთელ ხალხში. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე ეს წინადადება მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ მისალოცი დეპეშა.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს სახალხო გვარდიის მისალოც დეპეშას) (ტაში).

თავმჯდომარე. მოქალაქენო! გაუმარჯოს ჩვენ შეიარაღებულ სამხედრო ძალას - სახალხო გვარდიის და ნორჩ ჯარის სახით (ხანგრძლივი ტაში). გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს და მის მთავრობას

(ხანგრძლივი ტაში. ოვაციები მთავრობას).

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს გრიგოლ გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე. ბატონებო! იმ დადგენილების თანახმად, რომელიც მიიღეთ, თავისთავად გამომდინარეობს, რომ თავდაცვისათვის საჭირო არის განსაზღვრული თანხა, რომელიც მთავრობის განკარგულებაში უნდა იყოს ხარჯებისათვის. ამ მიზნისათვის მთავრობის თავმჯდომარემ წარმოადგინა დეკრეტი, რომ 300 მილიონი მანეთი გაღებულ იქნას მთავრობის განკარგულებაში. ეს დეკრეტი განხილული იყო სამხედრო და საბიუჯეტო კომისიაში და მიღებულ იქმნა. და ეხლა ეს კომისიები შუამდგომლობენ დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქმნას ერთხმად ისე, როგორც ამ რამოდენიმე ხნის წინედ ფორმულა. (თავმჯდომარის ადგილს იჭერს სიმონ მდივანი).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

(მომხსენებელი კითხულობს. დეკრეტი მიღებული იქნა მუხლობრივ და საბოლოო ტექსტიც დამტკიცებული).

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი. (მდივანი კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. დღიური წესრიგი შემდეგი კრებისა მიღებულია.

სხდომას დახურულად ვაცხადებ.

(სხდომა იხურება 4 საათზე და 10 წუთზე).

15 მეთუთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(15)

1920 წელი. მაისის 4. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატის და ხარჯ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. დეკრეტი - ტფილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოსთან არსებული სულით ავადმყოფთა თავშესაფრის შტატის დამტკიცებისა.

3. დეკრეტი - მიწად-მოქმედების სამინისტროსათვის დამატებად 43.001.848 მან. გადადებისა სამეურნეო-საოპერაციო ხარჯების დასაფარავად.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 1 საათ.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. ხელოვნების კომისიის ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისა - საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვის შესახებ.

2. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სოხუმის საქალაქო სასამართლო ექიმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3. სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - 254.247.718 მან. გადადების შესახებ სამხედრო სამინისტროს 1919-1920 წ. ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად.

4. გზათა მინისტრის კანონ-პროექტი - ნატურალურ საგზაო ბეგარისა.

შემდეგ მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. დეკრეტი - დარიალის სანაპირო რაზმთან არსებული ორი საარტილერიო მწყობრის დროებით შტატის დამტკიცებისა.

3. დეკრეტი - ტფილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოსთან არსებული სულით ავადმყოფთა თავშესაფარის შტატის დამტკიცებისა.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფოთის საკარანტინო სოხუმის საზღვაო-საექიმო და სანაინის სანაპირო საექიმო სამეთვალყურეო სადგურების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

5. დეკრეტი - მიწად-მოქმედ. სამინისტროსათვის დამატებად 43.701.848 მან. გადადებისა - სამეურნეო-საოპერაციო ხარჯების დასაფარავად.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - უჭკუოსი და ჭკუაზე შეშლილის შემოწმების წესის შეცვლისა.

თავმჯდომარე. დამფ. კრების წევრნო! მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სამხედრო სკოლას რესპუბლიკის გაბოროტებული მტრები თავს დაესხენ და ამით ისინი ლამობდნენ ხელთ ჩაეგდოთ, როგორც ჩვენი სამხედრო სკოლა, ისე მთელი მართვა-გამგეობა საქართველოს რესპუბლიკისა. რასაკვირველია, უგუნურება იყო ასეთი განზრახვა. მაგრამ უგუნურებას თან ახლდა ის ყველა ბოროტი ხასიათი ამ განზრახვისა, რომ მას უეჭველად ერთი შედეგი უნდა მოჰყოლოდა და ეს იყო ის, რომ იმ ხალხმა, ვინც მოდიოდა მართვა-გამგეობის ხელთ ჩასაგდებად ნახა ცივი სამარე. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სამხედრო სკოლა, დაწყებული მისი მეთაურობითა და ხელმძღვანელებით და გათავებული იუნკრებითა და უბრალო ჯარისკაცებით, მუდამ დარაჯად უდგა საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მის დამფ. კრებას, მის მთავრობას. ეს ასეც მოხდა. თვით სკოლამ ეს უგუნური ბოროტი ხალხი თავისი საკუთარი ძალით მოიგერია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქ შეიძლება მტრებს სხვა გარემოებაც ხელს უწყობდა, სკოლამ თვითონ უყო ლიკვიდაცია იმ ავანტიურას, რომლითაც მტრები საქმის გაკეთებას ლამობდენ. ზოგიერთი ბოროტ-გამზრახველი დაჭრილ და დაჭერილ იქნა. ამან მოითხოვა მსხვერპლი სამხედრო სკოლის მხრივ. დაიჭრა ორი იუნკერი, რომელთა შორის ერთი მაყაშვილი გუშინ გარდაიცვალა. მან თავისი სიკვდილით დაიმსახურა ნამდვილი მამულიშვილის სახელი, რომელნიც თავიდან დღემდის უდგანან დარაჯად საქართველოს, და საქართველოს არა უშავს რა, ვინაიდგან მას ასეთი მაყაშვილები ბევრი ჰყავს. წინადადებას ვაძლევ დამფ. კრებას ფეხზე ადგომით პატივი სცეს მას. (დეპუტატები ფეხზე დგებიან).

ამასთანავე მინდა ვამცნო დამფ. კრებას, რომ საქართველოს ყოველ კუთხიდან მოგვდის ტელეგრამები და გვაუწყებენ, რომ მობილიზაცია საუცხოვოდ მიდის, აღფრთოვანება დიდია (კედია: ვაშა! საერთო ტაში). მთელი საქართველო როგორც ერთი კაცი ფეხზე დადგა და მიეშურება საზღვრებისკენ და ის დაიცავს მათ მტრისაგან, საიდანაც უნდა მოდიოდეს იგი (კედია: ვაშა! საერთო ტაში). ახლა ნება მიბოძეთ გადავიდეთ მორიგ საკითხებზე.

თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციიდან წინადადება არის შემოსული: „მეორე საკითხი დასმული იქნეს უკანასკნელ საკითხად“. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? მიღებულია. პირველ საკითხის შესახებ სიტყვა ცაბაძეს ეკუთვნის.

1. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტ. გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

სალაყაია. (სოც.-დ.) მოგეხსენებათ, რომ ამ რამდენიმე თვის წინად იყო მთავრობის მიერ დაარსებული საუწყებათაშორისო კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებია ჯამაგირების ნორმა ყველა უწყებათა მოსამსახურეებისთვის.

თავმჯდომარე. თუ შეიძლება ხმა მაღლა.

სალაყაია. ეს ჯამაგირების ნორმა იქნა შემუშავებული და ამის მიხედვით უწყებებმა კიდეც გაატარეს ჯამაგირების მომატება: მაგ. შინაგან-საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, კონტროლმა და სხ. ხოლო გარეშე-საქმეთა სამინისტროს შტატები და ჯამაგირები შემოდის ახლა. ის ნორმები, რომელიც იყო მიღებული აქაც დაცულია, ხოლო ორი გამონაკლისით: ერთი საქმისმწარმოებლისა და მეორე მისი თანაშემწის შესახებ. ხოლო, რაც შეეხება შტატებს, იმათ შესახებ იყო დადგეენილი, რომ ყველა უწყებებს მოეხდინათ შტატების შემცირება. ეს იყო გამოწვეული იმით, რომ როგორც მოგეხსენებათ, ყველა უწყებებს აქვს ადგილობრივი პერიფერიები და ის უფლება, რომელიც ცენტრს აქვს, გადაეცა ამ პერიფერიებს. ასე რომ ის დიდი საქმე, რომელიც ცენტრს აქვს გადავიდა პერიფერიების ხელში. ამრიგად ერთი ნაწილი შრომის მოაკლდა უწყებებს და ამ მხრივ იყო მიღებული ზომები, რომ სხვა და სხვა უწყებებს შეემოკლებია შტატები. ზოგიერთმა უწყებებმა ეს უკვე გაატარეს. ზოგიერთის შესახებ უნდა ითქვას, რომ ისინიც ამ ახლო მომავალში გაატარებენ ამ შტატების შემცირებას. რაიც შეეხება გარეშე-საქმეთა სამინისტროს, ის განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მართალია მას არ აქვს პერიფერიები სახელმწიფოში, მაგრამ იმდენად, რამდენად მტკიცდება ეს სახელმწიფო, დღევანდელ მდგომარეობაშიც, იცით, რომ რაც უნდა იყოს სახელმწიფო, მან მაინც უნდა იქონიოს მთელი რიგი დამოკიდებულებათა სხვა და სხვა სახელმწიფოებთან, და ეს დამოკიდებულებანი თან და თან უფრო რთულდება. ამ მხრივ არის აღსანიშნავი მთელი რიგი წარმომადგენლობათა, რომელნიც ჰყავს ამა თუ იმ სახელმწიფოს. რიცხვი თანდათან მრავლდება. სახელმწიფომ უნდა იქონიოს მთელი რიგი დამოკიდებულებათა, მაშასადამე მან უნდა იქონიოს ორგანო, რომელსაც ეწოდება გარეშე-საქმეთა სამინისტრო, უნდა იქონიოს მუდმივი კავშირი და შტატების შემცირება კომისიის აზრით არ იქნება მისაღები. დატოვებულ იქნა ის შტატები, რომელნიც იყო შემუშავებული პირველად ე.ი. 46 კაცი. ამ შტატებს აქვს თანდართული საკანცელარიო ხარჯები. ეს ხარჯები მიბულია საუწყებათაშორისო კომისიის მიერ. კონტროლიც ეთანხმება ამ ხარჯებს. საბიუჯეტო კომისიამაც მიიღო იგი მხოლოდ ერთი გამონაკლისით - ეს არის ავტომობილების შენახვა. საერთოდ არსებობს სახელმწიფო გარაჟი, სადაც ინახება ავტომობილები. რაიც შეეხება გარეშე-საქმეთა სამინისტროს, რადგანაც მას ძალიან ხშირი მიმოსვლა აქვს, საფინანსო კომისიამ სცნო, რომ ავტომობილების შენახვა დაკისრებოდა თვით უწყებას და ამისთვის ცალკე თანხა ყოფილიყო გადადებული.

აი, დაახლოებით ის, რისი მოხსენებაც მე მქონდა მონდობილი. დაწვრილებით მოგახსენებთ, როცა განვიხილავთ დეკრეტს მუხლობრივ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. კანონ-პროექტი რეგლამენტის ძალით დამფ. კრებას სათანადო ვადის გასვლის შემდეგ წარედგინება მუხლობრივ განსახილველად.

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. ონიაშვილს ეკუთვნის.

2. დეკრეტი - ტფილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოსთან არსებული სულით ავადმყოფთა თავშესაფარის შტატის დამატებისა.

. ონიაშვილი (ს.-დ.) ამა წლის თებერვლის დეკრეტით დამფ. კრებამ მიიღო სამკურნალო დაწესებულებათა შტატები. ამ შტატებს შორის დაამტკიცა მიხეილის საავადმყოფოსთან არსებულ სულით ავადმყოფთა თავშესაფრის შტატები. სრულიად შემთხვევით მაშინ უწყებას გამორჩა ექვსი თანამდებობის პირი ე.წ. ზედამხედველები. და აი ეს ზედამხედველები დღეს ფაქტიურად არიან მიღებული და მუშაობენ ამ დაწესებულებაში. ახლა უწყება შემოდის და შუამდგომლობს, რომ დამტკიცებულ იქნეს ეს შტატები - 6 ზედამხედველისა იმ წესით, როგორც მიღებული იყო დანარჩენი შტატები. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს და მიიღო. ახლა მე დამავალეს მომეხსენებია დამფ. კრებისთვის.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინაა. (დეკრეტი ჩვეულებრივი წესით იქნა მიღებული დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს ივანე გომართელს.

3. დეკრეტი - მიწად-მოქმედების სამინისტროსათვის დამატებად 43.701.848 მანეთის გადადებისა - საოპერაციო ხარჯების დასახმარებლად.

გომართელი (ს.-დ.) მიწად-მოქმედების სამინისტროს განკარგულებაში გახლავთ, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო მამულები, საცდელი დაწესებულებანი და სასწავლებლები. ამ დაწესებულებების შესანახად ერთგვარი საოპერაციო და სამეურნეო ხარჯის გასაწევად გადადებული გახლდათ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთგვარი თანხა. ეს თანხა გამოანგარიშებული გახლავთ საბიუჯეტო წლის დამლევამდე ე.ი. 1919 წლის იანვრამდე. ასეთ ანგარიშის დროს მიწად-მოქმედების სამინისტრო ხელმძღვანელობდა 1918 წლის ბოლო თვეების ვარაუდით. კარგად მოგეხსენებათ, რომ მაშინ ფასი სხვა იყო, თუნდაც მუშათა ხელფასი, რომელსაც საჭიროებდა სახელმწიფო მამულები. შემდეგ ფასმა იწყო მომატება. დაიბადა საკითხი - თუ აღნიშნულ ხარჯთ-აღრიცხვის ფარგლებში დარჩებოდა სამინისტრო დიდი ზარალი მოუვიდოდა მამულებს, ამით დაკმაყოფილება ხარჯებისა ყოვლად შეუძლებელი იყო და რესპუბლიკას მოუვიდოდა ისეთი ზარალი, რომლის გამოსწორებას დასჭირდებოდა მთელი 100 მილიონები. ამიტომ თავის-თავად ცხადია საქმე რომ არ შეფერხებულიყო, მიწად-მოქმედების სამინისტრო იძულებული იყო ზედმეტი ხარჯი გაეწია ყველა ამის დასაკმაყოფილებლად ერთის მხრივ, რაც გაწეულია, და მეორეს მხრივ, რაც დასჭირდება 1 ივნისამდე, სამინისტრო თხოულობს 43.701.848 მანეთზე ცოტა მეტს. რითი ხელმძღვანელობს სამინისტრო, რა მოსაზრება უდევს, რომ ასეთ თანხას თხოულობს? აქ გახლავთ მოსაზრება მოყვანილი, რომლის მიხედვით დარწმუნდებით, რომ სხვა და სხვა საჭირო მასალაზე და მუშათა ხელფასზე ფასმა იმატა ზოგან 100 პროც., ზოგან 500 პროც., ზოგან 1000 პროც. 1919 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელფასი 10 მანეთი იყო, შემდეგ იანვარში გახდა 50-60 მან., რაც შეადგენს 500 პროც. მომატებას. შემდეგ გახდა 100-200 მან. მაგ. კახეთში 200 მან. ნაკლებ ვერ იშოვიდით მუშას. აიღეთ შეშა, რაც საჭირო იყო მიწად-მოქმედების სხვა და სხვა დაწესებულებებში: წინად იყო ნაანგარიშევი 40-50 თუმანი. დღეს კი 300 თუმანი. ასეა თივა, ქერი და სხვა. ამისდა მიხედვით 500-600 პროცენტით იმატა, მაშასადამე სიძვირემ. მიწად-მოქმედების სამინისტრო კი იღებს 300 პროც. ეს 300 პროც. სინამდვილეზე ნაკლებია, ეს შეადგენს 45 მილ. ეს 45 მილიონი გახლავთ განაწილებული შემდეგ ნაირად: დაახლოვებით ოთხ-ნახევარი მილ. მან. სჭირდება იმ ხარჯებს, რაც უკვე გაწეული იყო 1 იანვრამდის საბიუჯეტო წლის განმავლობაში, დანარჩენი 22 მილიონი სჭირდება მამულებს საოპერაციო სამეურნეო ხარჯებისათვის. აქ ნავარაუდევი გახლავთ მუშის ხელფასი. საბიუჯეტო წლის დამლევამდე ნავარაუდევი იყო დღეში 10 მანეთი, დღეს კი მეტია. როდესაც მუშა მუდმივად არის დაქირავებული, იმას სატარიფო პალატა გადაუწყვეტს მომატებას და ის უნდა დაემორჩილოს მას. მაგრამ დღიური მუშა არ ექვემდებარება სატარიფო პალატის დადგენილებას. თუ მომცემთ ვიმუშავებ, არა და არ ვიმუშავებო, ამბობს ის, რომ არ მისცემ საქმე შეფერხდება, ვენახი არის გასასხლავი, დასაბარავი. თუ ეს დროზე არ გაკეთდა დიდი ზარალი მოუვა სახელმწიფოს. შემდეგ გახლავთ ერთდროული თანხა ერთდროული ხარჯების დასაფარავად, შენობების შესაკეთებლად, საცდელ მინდვრების მოწყობა. სამინისტროს საცდელი ჰქონდა კულაშში და მან საჭიროდ სცნო გადმოეტანა აჯამეთში, შემდეგ ფერმა იყო განადგურებული ბაკურიანში. ამას ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მას აღდგენა სჭირდება. ამას დასჭირდება ერთგვარი თანხა. სულ ნავარაუდევია 18 მილ. მან., მაგრამ 8 მილიონი დეკრეტით გადაიდო, ამიტომ მიწად-მოქმედების სამინისტრო თხოულობს 10 მილიონს. მიწად-მოქმედების სამინისტროს აბარია აგრეთვე შინა-მრეწველობის დარგი. შინა-მრეწველობის საქმეს ჩვენში დიდი მნიშვნელობა აქვს. მზადდება უმთავრესად შალი, რომელიც ხმარდება ჩვენს ჯარს. როგორც იცით ჯარს ჩაბარდა 11 ათასი არშინი შალი გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე დაუჯდებოდა ბაზარზე. ამ შინა-მრეწველობას გაფართოება სჭირდება. ჩვენში მსხვილი წარმოება არ არის. სანამ ის განვითარდებოდეს ამ შინა-მრეწველობას უნდა შეუწყოთ ხელი. და რომ ხელი შეეწყოს ხარჯები არის საჭირო და ამ ზედმეტ ხარჯების დასაფარავად საჭიროა 72 ათასი მან. წარმოების გასაფართოებლად საჭიროა დაზგები - ხის საქსოვი და სხ. დანარჩენი 4 მილიონი საჭიროა ძაფისა და მატყლის შესაძენად. თუ ეხლავე არ შეიძინეს, ყოვლად შეუძლებელი იქნება შემდეგ შეძენა. ეს შეადგენს სულ 5 მილიონს. ამ გვარად დარგი რომ შეაერთოთ მიიღებთ 43 მილიონს.

თქვენ უკვე მიხვდებით, რომ დიდი ნაწილი ამ ხარჯისა გაღებული გახლავთ და დაფარული იმ შემოსავლიდან, რომელსაც აძლევს მამულები, რომელიც არიან მიწად-მოქმედების სამინისტროს ხელში.

ეს გახლავთ განხილული საფ. სამინისტროს მიერ, იქ დაესწრო ფინანსთა უწყების წარმომადგენელი, მიწად-მოქმედების სამინისტროს მეთაური. საბიუჯეტო კომისიამ მოანდომა ამას კარგა დიდი დრო, აწონ-დაწონა ყოველ მხრივ, სცნო, რომ დაკმაყოფილება ამ ხარჯისა საჭიროა, ხოლო კომისიაში იყო გამოთქმული აზრი, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი კასა, თორემ უხერხულია ცალკე დეკრეტით იქნას გაღებული შემთხვევისათვის საჭირო თანხაო. საჭიროა დაარსდეს ერთი კასა და თუ რამე საჭიროება ექნება მიწად-მოქმედების სამინისტროს ავანსის სახით გაიტანოს და დახარჯოს. მაგრამ ეს საკითხი არ გახლდათ გადაწყვეტილი საბოლოოდ, ამიტომ თვით ფინანსთა უწყების წარმომადგენელმა გამოსთქვა აზრი, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს დაქვემდებარება საერთო კასასთან შეუძლებელია იმიტომ, რომ არის ისეთი დარგი, რომლის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ჰქონდეს ერთგვარი თანხა თავის განკარგულებაშიო.

დასასრულ საფ.-საბიუჯეტო კომისიაში გამოითქვა ის აზრი, რომ საბოლოოდ ამ საკითხის გადასაწყვეტად ცალკე სხდომები იყოს დანიშნული.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქმნა დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი არის:

„დეკრეტი - დარიალის სანაპირო რაზმთან არსებულ ორ საარტილერიო მწყობრის დროებითი შტატის დამტკიცებისა“. საზოგადოებას ვსთხოვ დარბაზი დაიცალოს, ვინაიდან საკითხი სამხედრო საქმეს შეეხება.

(საკითხი განხილულ იქნა დახურულ კარებში).

თავმჯდომარე. წინადადებაა შემოსული სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისაგან, რომ შემდეგი სხდომა დაინიშნოს თერთმეტი მაისისათვის დილით სამშაბათს. თუ დამფუძნებელი კრება ამას დაადასტურებს, მაშინ შეკითხვები რომლებიც უნდა ყოფილიყო პარასკევს, გადაიდება სამშაბათამდე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის სურს.

მდივანი. (კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ცნობისათვის უნდა მოგახსენოთ, რომ ამ საღამოს 8 საათზე პრეზიდიუმის კაბინეტში მოხდება შეერთებული სხდომა ფრაქციათა წარმომადგენლებისა, პრეზიდიუმისა და საპროპაგანდო კომისიისა.

კრება დაიხურა 2 საათზე.

16 მეთექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(16)

1920 წელი. მაისის 11. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - ერობებისათვის 100 მილ. მან. სესხის მიცემის შესახებ.

3. დეკრეტი - ქ. ქუთაისის თვითმმართველობისათვის 6.000.000 მან. მიცემის შესახებ.

4. გარეშე-საქმეთა მინისტრის გეგეჭკორის განცხადება.

5. საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ. ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 ს. და 35 წუთ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

დღის წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის მიხეილის საავადმყოფოსთან არსებული სულით ავადმყოფთა თავშესაფრის შტატის დამატებისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროსათვის 43.701.848 მან. გადადების შესახებ სამეურნეო საოპერაციო ხარჯების დასაფარავად. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა - უჭკუოსი და ჭკუაზე შეშლილის შემოწმების წესის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დარიალის სანაპირო რაზმთან არსებულ ორი საარტილერიო მწყობრის დროებითი შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ჯაფარიძე.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფოთის საკარანტინო, სოხუმის საზღვაო საექიმო და სანაინის სანაპირო საექიმო სამეთვალყურო სადგურის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ვას. ცაბაძე.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ. მომხსენებელია სვ. ახმეტელაშვილი.

8. დეკრეტი - სახელმწიფო მიწებზე მადნის კვლევა-ძიებისა და დამუშავებისათვის გაცემულ მოწმობებისა, მიჩენის აქტისა და ხელშეკრულებათა გაუქმებისა. მომხსენებელია მ. რუსია და კ. ნინიძე.

9. დეკრეტი - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

10. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელის მთავრობისადმი - ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

11. შეკითხვა სოც.-ფედერალისტთა ფრაქციისა შინაგან-საქმეთა მინისტრისადმი - აფთიაქებში მომუშავეთა პროფესიონალურ კავშირის კრებაზე განსაკუთრებული რაზმის აგენტის საიდუმლოდ დასწრების შესახებ.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ გახლავთ წინადადება, რომ დეკრეტი სახელმწიფო მიწაზე მადნის კვლევა ძიებისა და დამუშავებისათვის გაცემულ მოწმობებისა, მიჩენის აქტისა და ხელშეკრულებათა გაუქმებისა დღიურ წესრიგიდან იქნეს მოხსნილი. ვინ არის წინააღმდეგი, რომ ეს დეკრეტი დღიურ-წესრიგიდან მოხსნილ იქნას? არავინ. მაშასადამე მოხსნილია.

შემდეგ გახლავთ: სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის განცხადება, რომ შეკითხვა აფთიაქებში მოსამსახურეთა პროფესიონალურ კავშირის კრებაზე განსაკუთრებული რაზმის აგენტის საიდუმლოთ დასწრების შესახებ, მოხსნილ იქნას დღევანდელ პირობებისა გამო. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე შეკითხვა მოხსნილია. შემდეგ გახლავთ: შუამდგომლობა საბიუჯეტო და თვითმმართველობის კომისიის, რომ დღიურ წეს-რიგში შეტანილ იქნას 5 და 6 საკითხად დეკრეტი ერობათათვის 100.000 მანეთის სესხის მიცემის შესახებ. და კიდევ მეორე დეკრეტი ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობისათვის 6.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

ჩვენ ჩვეულება გვაქვს, რომ კომისიებს, დამფუძნებელ კრების წევრთ თვით შეუძლიათ დღიურ წესრიგში ახალი დეკრეტი შემოიტანონ. თუ წინააღმდეგი არავინ არის ეს დეკრეტი შეტანილ იქნება დღიურ წესრიგში. წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე შეტანილი იქნება.

საბოლოო ტექსტების მოხსენებისათვის სიტყვა ეკუთვნის ქრ. შარაშიძის ასულს.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს დღიურ წესრიგში მოთავსებულ 1, 2, 3 და 4 საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება შეუსწორებლივ ამტკიცებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: „დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 100 მილ. მან. გადადებისა რესპუბლიკის ერობებისა და თვითმმართველობებისათვის სესხის მიცემისათვის“. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს დ. ონიაშვილს.

1. დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 100.000.000 მან. გადადებისა ერობებისათვის სესხის მისაცემად.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) თქვენ მოგეხსენებათ ბატონებო, რომ ერობებს საქართველოში დღიდან დაარსებისა მრავალი დაბრკოლება გადაეღობა წინ და ერთი უდიდესი დაბრკოლება ის გახლავთ, რომ ჩვენი ერობები დღემდე ნივთიერად უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებიან. მიზეზი ამისა მდგომარეობს იმაში, რომ დღემდე ერობებს არა აქვთ საბიუჯეტო უფლებები კანონმდებლობის წესით შემუშავებული და გატარებული. უეჭველია, ეს საქმე ძალიან მალე იქნება გაკეთებული და მიღებული დამფუძნებელ კრებაში. მაგრამ დღემდე ეს მუდმივი წყარო შემოსავლისა ერობებს არ გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ ერობების განკარგულებაში გადადებულია სასკოლო განყოფილებისა და სხვა კრედიტი. მაგრამ ეს კრედიტი ისე მცირეა იმ ხარჯების დასაფარავად, რომელიც ერობებს სჭირია ნორმალურ მუშაობისათვის, რომ ერობა იძულებულია დრო-გამოშვებით მიმართოს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას, რომ გაიღონ სესხის ესა თუ ის თანხა.

სხვათა შორის, ამას წინად შესდგა ერობათა წარმომადგენლების ყრილობა და ამ ყრილობამ გამართა მსჯელობა იმის შესახებ თუ რა შემოსავლის წყარო უნდა იქნას გამონახული ერობისათვის. და წყაროს შექმნისათვის დასახელებული იყო რამდენიმე საშუალება. სხვათა შორის, ერობათა წარმომადგენლების ყრილობამ გამოსთქვა სურვილი, რომ მთელი მიწის გადასახადი გადაეცეს ერობებს და შემდეგ გადაიდოს პროცენტული გადასახადი ყველა იმ წარმოებიდან, რომლებიც იმყოფებიან ამა თუ იმ მაზრის ფარგლებში და რომელთაც კავშირი აქვს ერობებთან. გარდა ამისა, გაცემული მიწებიდან უნდა გადაეცეს ერობებს 40 პროც., სახელმწიფო საფონდო მიწების 20 პროც. მაგარამ ეს მომავლის, სახვალიო საქმეა, და ჯერჯერობით ერობების მდგომარეობა ისეთია, რომ ხარჯები თავისას არ იშლიან და აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებული იქნან. ამიტომ ერობებმა გადასწყვიტეს, რომ მიემართა შინაგან-საქმეთა სამინისტროსათვის შუამდგომლობით, სადაც აღნიშნულია, რომ ერობებს უნდა მიეცეთ 100 მილ. მანეთის უპროცენტო სესხი. ეს დიდი თანხაა, ერთის შეხედვით, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ უნუგეშო მდგომარეობას, რომელშიაც არიან ერობები, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ეს თანხა არც ისე დიდია.

ამას გარდა, ამას კიდევ ზედ დაერთო ერთი გარემოება: დღეს საქართველოს რესპუბლიკა სამხედრო მდგომარეობაში არის და თავ-დაცვის საქმე გვიკარნახებს, რომ ანგარიში გაუწიოთ ერობებს, რომ მათ ნორმალურად იმუშაონ, პირნათლად შეასრულონ თვისი მოვალეობა და ემსახურონ თავ- დაცვის საქმის - ზურგის გამაგრებას. ამასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, მით უფრო საჭიროა მხარი დაუჭიროთ სესხს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრისა და სახელმწიფო კონტროლიორის დასკვნა დადებითი არის. აგრეთვე არის მთავრობის დადგენილება, სადაც ნათქვამია კატეგორიულად; მიეცეს უპროცენტო სესხად 100 მილ. მანეთიო. ასეთია მთავრობის, ფინანსთა მინისტრის და კონტროლიორის დასკვნა ამ სესხის შესახებ. საბიუჯეტო კომისიამაც მიიღო ერთხმად ეს დეკრეტი და ამასთანავე ცნობად უნდა მოგახსენოთ, რომ საბიუჯეტო კომისიაში შევიდა თითქმის ასეთივე დეკრეტი ქალაქის სასარგებლოდ სესხის გაცემისა. მხოლოდ ციფრი ნაკლებია, მაგრამ დღეს ამაზე არ გვექნება ლაპარაკი, რადგან იგი დროებით მოხსნილია. უეჭველია მომავალში შემოვა ეს დეკრეტი ქალაქისათვის სესხის გაცემისა. ჯერ-ჯერობით გთხოვთ მოისმინოთ ეს დეკრეტი და დააკმაყოფილოთ ის შუამდგომლობა, რომელიც გამოიტანა საბიუჯეტო კომისიამ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისთვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ონიაშვილი. (კითხულობს 1, 2, 3, და 4 მუხლებს) კრება ყველა მუხლებს იღებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს) სიტყვა ეკუთვნის მომხსნებელ მელიტონ რუსიას.

2. დეკრეტი ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობისათვის 6 მილიონ მანეთის სესხის მიცემის შესახებ.

. რუსია. (ს.-დ.) ყველა თქვენგანს მოეხსენება ის გაჭირვებული ფინანსიური მდგომარეობა, რომელსაც განიცდის რესპუბლიკის ქალაქები და ერობები. საბიუჯეტო უფლება, რომელზედაც ლაპარაკი მაქვს, თითქმის იგივეა, რაც ძველი რეჟიმის დროს - გასავალი და ხარჯი კი მეტია, ვიდრე ძველად იყო. თუმცა კერენსკის მთავრობამ შეასწორა თვითმმართველობის და ქალაქების საბიუჯეტო უფლება, მაგრამ საერთო მდგომარეობა იგივე დარჩა. კერძოდ ქალაქი ქუთაისი არის დღევანდელ პირობებით ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში. მისთვის აუცილებელი არის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად ისესხოს 6 მილ. მანეთი. დავალიანება ქუთაისისა ძალიან ცოტაა. იმ უწინდელ სესხიდან, რომელიც მისცა დამფუძნებელ კრებამ დარჩა სულ 7 მილ. მან. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ქუთაისის თვითმმართველობა მდიდარია. მას აქვს საკუთარი ადგილები. მთავრობამ განიხილა ეს საკითხი და ნება დართო 6 მილ. მან. სესხად აღებისა. თვითმმართველობის კომისიამ დაწვრილებით განიხილა ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობის შუამდგომლობა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მიეცეს ქალაქს სამი წლის ვადით სესხად 6 მილ. მანეთი, იმ პირობებში, როგორც ეს მთავრობის დადგენილებაში არის აღნიშნული, მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანეს საბიუჯეტო და საფინანსო კომისიებმა. ეს ცვლილება გახლავთ შემდეგი: ქალაქს სესხი მიეცემა არა 5 პროც., როგორც მთავრობამ დაადგინა, არამედ 3 1/2 პროც., ე.ი. იმ პროცენტებით, რომლებიც ამას წინეთ მისცა სესხი დამფუძნებელმა კრებამ ქალაქ ტფილისს. სესხი იქნება უზრუნველყოფილი მთელი ქალაქის ქონებით და შეტანილი იქნება სავალდებულო ხარჯთ-აღრიცხვაში. გადახდილი იქნება სამი წლის შემდეგ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკითვნის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელს ონიაშვილს.

. ონიაშვილი. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და გაითვალისწინა რა ერთი მხრით ქალაქის ნივთიერი გაჭირვება და მეორე მხრით ის, რომ სამი წლის განმავლობაში შეუძლიან მისი განაღდება, მიიღო იგი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

რუსია. (კითხულობს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 მუხლებს. კრება უცვლელად იღებს ყველა მუხლებს).

. რუსია. კომისია შუამდგომლობს, რომ ამ დეკრეტის საბოლოო ტექსტები დღესვე იქმნას მიღებული.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს) მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა გარეშე საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მოხსენებელს ჯაფარიძეს.

ჯაფარიძე. (კითხულობს კანონ-პროექტი მუხლობრივად. კრება ყველა მუხლებს უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს) მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა ფოთის საკარანტინო, სოხუმის საზღვაო საექიმო და სანაინის სანაპირო საექიმო სამეთვალყურეო სადგურების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ვასილ ცაბაძეს.

ვ. ცაბაძე. (კითხულობს მუხლობრივად კანონ-პროექტს. კრება ყველა მუხლებს უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე. რიგს გარეშე განცხადებისათვის სიტყვა ეკუთვნის გარეშე საქმეთა მინისტრს.

მთავრობის რიგს გარეშე განცხადება.

ევგ. გეგეჭკორი. რუსეთსა და საქართველოს შორის ზავის ხელშეკრულება დაიდო. თუ ეს ისტორიული აქტი დღემდის არ მოხდა, თქვენ იცით, რომ არა ჩვენი მიზეზით. თქვენ იცნობთ ამ მიწერ-მოწერას, რომელსაც რამდენიმე თვეა ჩვენ ვაწარმოებდით მოსკოვთან. იცით ისიც, თუ რა იყო ის საფუძველი, რომელზედაც ჩვენის აზრით უნდა აგებულიყო ჩვენს შორის შეთანხმება. თუ რუსეთის ეხლანდელი მთავრობა არ უღალატებდა იმ პრინციპებს, რომლებიც მან აღიარა თავის მოქმედების და პოლიტიკის მთავარ გეზად, მას არ შეეძლო უარეყო საქართველოსთან შეთანხმება, ვინაიდან ჩვენ მოვითხოვდით აღიარებას მხოლოდ იმისას, რაც შეადგენს უდავო უფლებას ყველა ერისას: მისი თვით-გამორკვევის უფლებას და ამ უფლებაზე აშენებულს სახელმწიფოს სუვერენობის ცნობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენმა სამართლიანმა საქმემ გაიმარჯვა და ჩვენმა ცდამ ნაყოფი გამოიღო. ზავი რუსეთთან ხელმოწერილია და მოკლე ხანში წარედგინება დამფუძნებელ კრებას სარატიფიკაციოდ. დღეს-დღეობით ჩვენ შეგვიძლიან გაგაცნოთ, მოქალაქენო, უმთავრესი დებულებანი, რომელზედაც აშენებულია მოსკოვის ხელშეკრულება (კითხულობს ხელშეკრულებას. ყოველ მუხლის წაკითხვას დამფუძნებელი კრება ტაშით ხვდება).

ასეთია, როგორც მოგახსენეთ, მთავარი დებულებანი: თვით სრული ტექსტი ხელშეკრულებისა წარმოდგენილ იქნება ცალკე. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება შევეხოთ მას სავსებით, დავაფასოთ მისი ყოველმხრივი მნიშვნელობა. ეხლა კი მე ჩემს თავს ვაძლევ უფლებას განვაცხადო და თქვენს წინაშე, რომ ჩვენი ხალხისთვის დღევანდელი დღე დიდი დღეა. მას შეუძლიან გაიხაროს იმით, რომ ჩვენ შევძელით ამ საერთო არევ-დარევის დროს გამოგვენახა საერთო ენა რუსეთის ხალხთან. ჩვენ ყოველთვის იმ აზრისა ვიყავით, რომ არც წარსული ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ქართველი ხალხი რუსეთის ხალხთან ერთად მოწინავე რაზმებში ებრძოდა საერთო მტერს და არც აწმყოში ჩვენი მასთან დამოკიდებულება, როდესაც ჩვენ ერს ისტორიული აუცილებლობით მოუხდა უკეთეს მერმისისათვის ბრძოლაში საკუთარი გზის არჩევა, არ აძლევდა არავის ნებას და საშუალებას ეფიქრნა, რომ ჩვენ შორის სამუდამოდ გათხრილია უფსკრული, რომელიც უნდა ამოივსოს ერთმანეთის ბრძოლაში დახოცილ ქართველ-რუსების გვამებით. ჩვენ ვამტკიცებდით და ვამტკიცებთ, რომ არც რუსეთს და არც საქართველოს, თუ მათი მმართველი წრეები შეიგნებენ თავიანთ ხალხის ობიექტიურ ინტერესებს, არა აქვთ ისეთი სადავო საკითხები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელი იყოს მორიგებით და ძმურად.

მეორე, რაც უმთავრესია, ერთხელ კიდევ დამტკიცდა, თუ რას ჰნიშნავს ურყევი ნებისყოფა ერისა, როცა იგი იცავს თავის წმიდათა წმიდას, თავისთავის გამგებლობას, სუვერენობას. ჩვენმა თავდაცვის სამზადისმა მოგვცა ჩვენ ეს ზავი და მხოლოდ მასვე შეუძლიან მისი ცხოვრებაში გატარება. ჩვენ ვიცით ღირებულება ხელშეკრულებისა: ბოლოს და ბოლოს ყოველივე ხელშეკრულება, რაგინდ კარგი შინაარსის არ უნდა იქნეს იგი, შესაძლოა ფარატინა ქაღალდად გადაიქცეს, თუ კი მას არ ჰყავს დაუძინებელი დარაჯი, რომელიც ყოველ წამში მზად იქნება იარაღით ხელში დაიცვას ის უფლება, რომელიც მან ამ ხელშეკრულებით მოიპოვა. მთელი შინაარსი ჩვენი პოლიტიკისა სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, ძალა-გამოლეულ, ჩია მოპირდაპირეს ხელშეკრულებით არ ეკვრიან, მას უმასპინძლდებიან ისე, როგორც ეს მოხდა აზერბეიჯანში. და თუ ჩვენ არ გვინდა აზერბეიჯანის ბედი გვეწვიოს, აშკარაა უნდა გავაორკეცოთ ჩვენი ენერგია, გავამაგროთ ჩვენი შინაური და გარეშე ფრონტი, ვეცადოთ სავსებით გამოვიყენოთ ხალხის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება და მხოლოდ მაშინ შეიძლება ის, რაც სწერია ამ ისტორიულ დოკუმენტში რეალობად იქცეს და ცხოვრებაში გატარდეს. არ შემიძლიან არ შევაჩერო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ აზერბეიჯანის ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ და დამოუკიდებელ სინამდვილეში პანისლამისტურმა რესპუბლიკამ უკვე დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებანი. ჩვენი წინადადება, ხელი აეღო მას ამ ავანტიურაზე, მათთვის მიუღებელი დარჩა. აშკარაა, მათ მოსკოვის იმედით უნდოდათ ფონს გასულიყვნენ და თავიანთი შავი შოვინისტური ზრახვანი გაესაღებინათ, მაგრამ, მგონი, აქ მოსტყუვდენ და მაისის 8-ს ზავი შემოგვთავაზეს. ჩვენ მათთან მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ გავმართავთ, როცა მათი ბანდები ჩვენს საზღვრებს დასტოვებენ. ამისათვის სათანადო ზომებია მიღებული. ვფიქრობ, ამ გაკვეთილის შემდეგ ჩალმებში მორთულ ფაშების აგენტებს, ბაქოს ახლად გამოჩეკილ კომუნისტებს მადა დაეკარგება განიმეორონ თავიანთი ავანტიურა. (ძლიერი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის აკაკი ჩხენკელს.

აკაკი ჩხენკელი (ს.-დ.) მოქალაქენო! მე გულდასმით მოვისმინე და ვფიქრობ, რომ თქვენც ყველამ მოისმინეთ ის საყურადღებო განცხადება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

რა თქმა უნდა, თვით საკითხი რომელსაც ეხებოდა განცხადება, ჯერ არ არის მომწიფებული, რომ გავარკვიოთ მთელის თვისი სიგრძე-სიგანით. როგორც მოგახსენათ საგარეო-საქმეთა მინისტრმა, ჩვენ მოგვივა ტექსტი იმ ხელშეკრულებისა, რომელიც მოსკოვში დაუდვიათ და მაშინ გვექნება საშუალება საფუძვლიანად დავაფასოთ, გავარჩიოთ, ავწონ-დავწონოთ მისი დედა აზრი და გავაკეთოთ სათანადო დასკვნა. მაგრამ ვინაიდან, ერთის მხრით, საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო საკითხის ზოგიერთ მხარეს, და მეორეს მხრით, დროც არ იცდის, ამიტომ მეტი არ იქნება რამოდენიმე მოსაზრებანი ჩვენც გამოვთქვათ.

ზავი, ან უკეთ, რომ ვთქვათ, მორიგება რუსეთისა და საქართველოს შორის არის თავისთავად დიდი ისტორიული მოვლენა. ეს პირველად ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთს ჩვენის ნებაყოფლობით შევუერთდით. ეს არის პირველი დოკუმენტი საერთაშორისო ხასიათის, რომელიც დაიწერა რუსეთსა და საქართველოს შორის ჩვენი შეერთების შემდეგ.

დატა, რომელსაც ხელი მოაწერეს მოსკოვში ხელშეკრულებას, ე.ი. 8 მაისი 1920 წელი, მე მაგონებს მეორე დატას 24 ივლისს, 1783 წელს, როდესაც ხელი მოაწერეს ჩვენმა წინაპრებმა რუსეთის წარმომადგენლებთან შეერთების ხელშეკრულებას. და დატა მე მაგონდება არა იმიტომ, თითქოს მე მქონდეს რაიმე სურვილი იმისა, რომ დღევანდელი ხელშეკრულება იქცეს ისეთნაირ ფარატინა ქაღალდად, გარეშე საქმეთა მინისტრის სიტყვები რომ ვიხმაროთ, როგორც ეს მოუვიდა წინანდელ ხელშეკრულებას, რომელიც უტიფრად დარღვეულ იქნა რუსეთის მთავრობის მიერ. და თუ მაინც ვიგონებ ამას, უფრო იმიტომ, რომ ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას: მაშინაც ჩვენ ნებაყოფლობით შევეყარეთ რუსეთს და ეხლაც ნებაყოფლობით გავეყარენით მას. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავლისთვის, დამოუკიდებლობისათვის, ისე რუსის ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმის წინაშე, რომ ჩვენი ნებაყოფლობა გამოწვეული იყო მაშინ გარეშე, ჩვენზე ძლიერ პირობებისგან, ისე როგორც დღეს მოსკოვის მთავრობის ნებაყოფლობა გამოწვეულია გარეშე, მასზე ძლიერ პირობებისგან.

როცა თქვენ მოგახსენეს, რომ რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა სხვა თვალით უყურებდა ჩვენთან კეთილგანწყობილების დამყარებას, მაშინ შეიძლება სხვა ობიექტური პირობები იყო და დღეს კი სულ სხვა არის. მაშასადამე, არის გარემოება, რომელიც აიძულებს რუსეთს, ისე როგორც გვაიძულებდა ჩვენ, საქართველოს 1783 წელს. მე მინდა ვისურვო და ვფიქრობ, რომ ეს არის თქვენი სურვილიც, რომ ის გარეშე პირობები, იქცეს შინაგან, ასე ვსთქვათ, ორსავე ხალხის ორგანიულ მოთხოვნილებად. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის მხოლოდ მაშინ დამყარდება ნამდვილი მეგობრული და კეთილი განწყობილება, თუ ეს ორი სახელმწიფო არსებობს პარალელურათ, დამოუკიდებლათ ერთი მეორისაგან, თუ ორივე ერი თავისუფალია და სუვერენული, როგორც სახელმწიფო.

მოქალაქენო, მე არ შემიძლია არ შევეხო იმ სულისკვეთებას, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფართო წრეებში ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო. მე ვერ დავივიწყებ და არც შემიძლიან დავივიწყო ის სამწუხარო მოვლენა, რომ რუსეთის დემოკრატიული წრეები, თვით სოციალისტურიც უარყოფით ეპყრობოდენ ჩვენს დამოუკიდებლობას და აქედან ღალატობდნენ იმ პრინციპს, რომელიც რუსეთის რევოლიუციამ თავის დროშაზე დააწერა: ერის გამორკვევის პრინციპს.

მე არ ვფიქრობ, რომ ამით მოიგო რუსეთმა, რუსის ხალხის საქმემ, რომ მისი მოწინავე დემოკრატია ვერ დადგა მომენტის სიმაღლეზე, ვერ დაიცვა რევოლიუციის ერთ-ერთი პრინციპი. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისიც, მაგრამ ეს გამონაკლისი, როგორც ყოველთვის, ადასტურებს საერთო წესს, და ეს საერთო წესი-კი იყო ის, რომ როგორც აქ, ისე დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში რუსეთის მოაზროვნე დემოკრატია, მისი მოწინავე სოციალისტური წრეები დაუჯერებელი სისასტიკით ეკვეთებოდნენ ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მე ვერ ვიტყვი, რომ ამით სარგებლობა მოეტანათ რუსეთისათვის, მე მგონია, რომ ჩვენც ვერ მოგვიტანეს ვნება, პირიქით, მათ მოახდინეს ჩვენი საკითხის პოპულარიზაცია დასავლეთ ევროპაში. ჩვენ ძალიან ცოტად გვიცნობდნენ, ქართულ საკითხს ნაკლებად იცნობდნენ ევროპაში, და თუ, ბოლოს და ბოლოს გაიცნეს ის და კიდეც დაინტერესდნენ მით, ამაში, ჩემის აზრით, მიუძღვის დამსახურება, სხვათა შორის, სწორედ იმ რუსის დემოკრატიას და სოციალისტურ წრეებს, რომელნიც ებრძოდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას.

მოქალაქენო! ჩვენ არ გვავიწყდება და არასოდეს არ დავივიწყებთ იმას, რომ საძირკველი ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა არის რუსეთის რევოლიუცია. რევოლიუცია არის დედა, მან შობა ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება. მით უფრო კმაყოფილი ვართ ჩვენ, რომ დღეს რუსეთის ფაქტიური მთავრობა სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, მაგრამ უფრო დიდად კმაყოფილნი ვიქნებოდით მაშინ, როცა ეს აზრი, საანბანო სამართლიანობა გახდება ორგანიულ თვისებად თვით რუსეთის ხალხისა, ყველა წრეებისა, რუსეთის დემოკრატიისა. თქვენ გახსოვთ, სულ რამოდენიმე დღის წინ აქ არ იყო ისეთი დეპუტატი, ისეთი შეგნებული მოქალაქე, რომელსაც არ შეემჩნია ერთი მოვლენა: ის, რომ როდესაც დადგა საფრთხე ჩრდილოეთიდან, როცა ბოლშევიკურ თავდასხმას ველოდით, ამას, წარმოიდგენთ, სიხარულით ეგებებოდა რუსობა საქართველოში, ჩვენს დედა ქალაქში განურჩევლად რწმენისა, განურჩევლად მიმართულებისა. თქვენ შეგეძლოთ დაგენახათ დენიკინელი, ბოლშევიკი, ესერი, სოციალ-დემოკრატი, კადეტი, ოქტომბრისტი, ძველი ცარისტი, ყველა ესენი ერთში თანახმანი იყვნენ. იმაში, რომ მათ მიაჩნდათ დიდათ სასიხარულოთ, რომ ბოლშევიკების ტალღას გადაელეკა ჩვენი სამშობლო, მოესპო ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება. ამ გარემოებას ჩვენ უსათუოდ ანგარიში უნდა გაუწიოთ. ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს ის, რასაც საბჭოთა ტელეგრამებში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ომში, სამოქალაქოა ეს თუ საგარეო, უკვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ მეფის გენერლები, რომელთაც მე ძალიან კარგათ ვიცნობ და თქვენც, ალბათ, იცნობთ, ბრუსლიოვი, პოლივანოვი და სხვები, და რომელთაც თვით ლენინიც მეფის გენერლებს ეძახის.

მშვიდობიანობა, ზავი, კეთილი განწყობილება რუსეთსა და საქართველოს შორის არის ჩვენთვის ისეთი უდავო რამ, რომ მასზე შეჩერება მეტია. და თუ ჩვენ დღეს ვკრავთ ხელშეკრულებას, ეს არის ჩვენი ხალხის და მისი მთავრობის, მისი დამფუძნებელი კრების პოლიტიკისა, და ტაქტიკის გამარჯვება, სხვა არაფერი. ჩვენ მუდამ მოვითხოვდით კეთილ მეზობლურ განწყობილებას რუსეთთან, მაშასადამე ეს არ არის ჩვენთვის რაიმე არა ბუნებრივი, იგი ეთანხმება მთელს ჩვენს მუშაობას, ჩვენი დემოკრატიის საგმირო ბრძოლას. ამას გარდა როგორც სთქვა გარეშე საქმეთა მინისტრმა, ჩვენმა ნების ყოფამ თავდაცვის საქმეში, ჩვენმა სიმტკიცემ, სწორედ ამან მოგვცა ის, რაზედაც ეხლა ვლაპარაკობთ - ზავი რუსეთთან. ეხლა იბადება საკითხი, როგორის თვალით შეხედვენ ჩვენებური ბოლშევიკები, ე.ი. საქართველოს მოქალაქე ბოლშევიკები ამ ზავს, სთვლიან ისინი თუ არა თავის თავს ვალდებულათ ეხლა მაინც შეაჩერონ თავიანთი დაუშვებელი, პირდაპირ აუხსნელი ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მოქალაქენო! მე არა ერთხელ მითქვამს, რომ თავის თავად ეს სოციალური საკითხი არ არის. სოციალურ საკითხში ჩვენ შეგვიძლიან გავსწიოთ იდეური ბრძოლა აქაურ თუ გარეშე ბოლშევიკებთან, ესე ვთქვათ, საერთაშორისო ნიადაგზე. ჩვენ მივდივართ დემოკრატიული გზით და მას ვერ გადაუხვევთ. მაშასადამე, პრინციპიალური განსხვავება ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის, რჩება ძალაში. მაგრამ ეს ის არ არის, რაზედაც მე მოგახსენებთ. მე მაქვს სახეში ჩვენებური ბოლშევიკების სასტიკი ბრძოლა რესპუბლიკის, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ბრძოლა, რაიც ჩემთვის აუხსნელია, არანორმალური. მე მინახავს ბოლშევიკები ანუ კომუნისტები, სპარტაკელები დასავლეთ ევროპაში, მინახავს სასტიკი ბრძოლა, სამწუხაროდ ბარიკადებიც, რომლის ორივე მხარეზე იდგა მუშათა კლასი და სისხლს ღვრიდა. ეს სამწუხარო, საშინელი მოვლენაა. მაგრამ არსად არ მინახავს, რომელსამე დიდს თუ პატარა სახელმწიფოში, დაწინაურებულ სახელმწიფოში, კომუნისტები და სპარტაკელები ებრძოდნენ თავის ქვეყნის, თავის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეს არსად არ მინახავს. ეს არის არა ნორმალური მოვლენა, აღმოცენებული დაბალ საფეხურიან ცხოვრების ნიადაგზე, რომელიც მიეწერება არა იმდენად ამა თუ იმ პიროვნების შეუგნებლობას, არა მოუმზადებლობას, მოუმწიფებლობას იმ საზოგადოების, იმ სახელმწიფოსი, სადაც მას აქვს ადგილი. ბოლშევიზმი არის სოციალური საკითხი, დიდათ მნიშვნელოვანი ევროპაში, ის ჰყოფს მუშათა კლასსაც; მაგრამ ბოლშევიზმი, უარმყოფელი ერის დამოუკიდებლობისა, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს იქ. და თუ მაინც არსებობენ ჩვენში ასეთები, ეს დიდად სამწუხარო მოვლენა არის, ვინაიდან იგი ბღალავს არა მარტო მათ, არამედ ჩვენც, ჩვენს ერსაც, რომელიც ჩვენის წარმოდგენით კულტურული ერია. კულტურული ერის ნიადაგზე კი არ უნდა არსებობდეს ასეთი უკულტურო მოვლენა თავისი თავის, თავის ინდივიდუალობის უარყოფა. მაშასადამე, თუ ბოლშევიკებმა აწი მაინც, როცა საბჭოთა მთავრობამ იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, არ შეწყვიტეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ეგ იქნება ნამდვილი ღალატი, და ვინც ღალატს ჩაიდენს, მას უნდა მოექცენ ისე, როგორც მას ექცევიან დაწინაურებულ ქვეყნებში.

მოქალაქენო! მე უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ მოსკოვის ხელშეკრულება ბუნებრივი შედეგია აგრეთვე იმ საერთაშორისო პოლიტიკისა, რომელიც დღეს არის ძალაში. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველო, მისი მთავრობა თავიდანვე აცხადებდა საჯაროდ, აშკარად და ყველასათვის გასაგებად, რომ მას მიაჩნია დასაგმობად ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდენ შეთანხმების სახელმწიფოები დროებითი ზავის შემდეგ. მე სახეში მაქვს შეიარაღებული ჩარევა რუსეთის საქმეებში. გამართლდა სავსებით ის აზრი, რომელსაც ჩვენ ვიცავდით საჯაროდ საერთაშორისო ასპარეზზედ, რომ შეიარაღებული ჩარევა რუსეთის საქმეებში გარდა იმისა, რომ სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო არის ის, მოუტანს დიდ ვნებას არა მარტო რუსეთს, არამედ თვით ევროპასაც. მე შემიძლიან დარწმუნებით ვსთქვა: ეს პოლიტიკა რომ არ ეწარმოებინათ, დღეს საერთაშორისო მშვიდობიანობა უზრუნველყოფილი იქნებოდა, დამთავრებული იქნებოდა ის საქმე, რომელიც დაიწყეს ომის შემდეგ და რომელიც დღესაც დაუმთავრებელია, ე.ი. მსოფლიო ზავი. დღეს კი ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკა შეიცვალა იმ მხრით, რომ განზრახული აქვთ რუსეთთან ნორმალური საერთაშორისო დამოკიდებულება გააბან. ჩვენ ვიცით უკვე, რომ შეთანხმების სახელმწიფოები, ამა თუ იმ ფორმით აწარმოებენ მოლაპარაკებას მოსკოვთან. მაშასადამე, ჩვენი ხელშეკრულებაც ბუნებრივი შედეგია იმ საერთაშორისო განწყობილებისა, რომელიც დღეს არსებობს.

ამასთანავე არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ხელშეკრულება, მოსკოვში დადებული, მოასწავებს რუსეთის მიერ ჩვენს იურიდიულ ცნობას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ცნობილი ფაქტიურად ე.ი. დე ფაცტო და არ ვართ ცნობილი იურიდიულად სხვა სახელმწიფოებისაგან, თუ სახეში არ მივიღეთ მარტო შორეული არგენტინა. უნდა ითქვას სწორედ აშკარად, რომ ამ მხრივ რუსეთმა დაარღვია, თუ გნებავთ, ის ჩვეულება, რომელიც იცის საერთაშორისო ისტორიამ. იურიდიული ცნობა სახელმწიფოს მიერ თავისი ყოფილი ნაწილისა ხდებოდა იმის შემდეგ, როცა მას იცნობდენ სხვა სახელმწიფოები. ჩვენს შემთხვევაში მოხდა პირ-იქით, ჩვენ ვიქენით ცნობილი დე იურე იმ სახელმწიფოების მიერ, რომელსაც გამოვეყავით და არ ვართ ცნობილი მათგან, ვისთანაც არ ვიყავით დაკავშირებული. ეს სახელმწიფოები ვერ ხედვენ, არ სურდათ ენახათ რომ ჩვენი სახელმწიფო არსებობს, არა თუ არსებობს, მას აქვს ნებისყოფაც და თან უნარი ეს ნებისყოფა რეალურათ აჩვენოს როგორც მტერს, ისე მოყვარეს. მაშასადამე, თუ რუსეთმა გვიცნო, ამით გაქრა უკანასკნელი დაბრკოლება და იმედი უნდა ვიქონიოთ, შეთანხმების სახელმწიფოები სათანადო დასკვნას გააკეთებენ აქედან, იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ სრულად, რომ ეს სახელმწიფოები გვიცნობენ ჩვენ იურიდიულათ სულ ჩქარა მომავალში. უნდა მოგახსენოთ, რომ იურიდიული ცნობა ჩვენთვის არ არის ფეტიში. მე ვიცი სახელმწიფოები, რომლებიც ათეულ წლების განმავლობაში არ ყოფილან ცნობილნი, მაგრამ როგორც სახელმწიფოები, არსებობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მაშინ დავაფასებთ ცნობას, როდესაც თავის დროზე გვიცნობენ. და ამიტომ ვისაც ჩვენი დამოუკიდებლობის მნიშვნელობა ესმის, ვინც აფასებს ჩვენთან მეგობრულ განწყობილებას, ის თავის დროზე გააკეთებს შესაფერ ნაბიჯს.

ჩვენ გავიგეთ გარეშე-საქმეთა მინისტრისაგან, რომ ჩვენი სრულიად უდავო საკითხი მოსკოვსაც უდავოდ მიუჩნევია. ბათომის საკითხი იყო უდავო, ამას ახსნა და განმარტება არ ესაჭიროება. მე მესმის, და სარწმუნო წყაროებიდან მესმის, რომ დღეს ბათომში გაბატონებული საოკუპაციო ძალა იმით აბათილებს ჩვენს უფლებას ბათომზე, რომ როცა ანტანტამ იქ ფეხი შემოდგა, იგი ოსმალოს ხელში იყოვო. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. ამისთანა დასაბუთებას რომ მოვყოლოდით, მაშინ უმაღლეს საბჭოს ან ანტანტის უმთავრეს სახელმწიფოებს ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას, როდესაც გერმანია დამარცხდა და იძულებული გახდა გასულიყო მის მიერ დაკავებულ ადგილებიდან, მაგალითად ბელგიაში, სერბიაში, ამ ქვეყნებისთვის უნდა გაეკეთებინა ოკუპაცია და არ მიეშვათ თავისი პატრონი. ეს იგივე იქნებოდა, მაგალითად, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენისათვის გაეკეთებინა ოკუპაცია. მე უკვე ვსთქვი და ერთხელ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიყავით მოკავშირეთა წრეში და ვინც უარყოფს ამ ხალას ფაქტს, ის სცოდავს როგორც ისტორიის და სამართლის წინაშე, ისე ეროვნულ უფლების წინაშე. მაშასადამე ბათომი უნდა დაგვიბრუნდეს ჩვენ, როგორც ბელგიელებს დაუბრუნდათ ანტვერპენი. ბათომი საქართველოში იყო 1914 წ. თვით საქართველო რუსეთში იყო და მან დიდი მსხვერპლი მოიტანა რუსეთის მოკავშირე ინტერესებისათვის. მაშ ბათომის დაბრუნება უბრალო სამართლიანობის და საერთაშორისო თავაზიანობის საქმეა და ეს მით უფრო უნდა იყოს გასაგები ყველასთვის ახლა, როცა თვით რუსეთი ბათომსა და მის ოლქს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად თვლის და ასე შეაქვს ხელშეკრულებაში.

რასაკვირველია, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მნიშვნელობა ბათომისა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მეზობლებისათვის, მთელი ევროპისათვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ თვით ჩვენს ინტერესს შეადგენს, რომ ბათომმა ითამაშოს ის როლი, რომელიც მას აქვს დაკისრებული გეოგრაფიულად, რომ ის იყოს კარი ევროპისა და აზიის შორის. მაშასადამე, რატომ უნდა იფიქრონ, რომ ბათომი ამ როლს არ ითამაშებს მაშინ, როცა ჩვენს ხელში გადმოვა. ამის საბუთი არავისთვის არ მიგვიცია.

როცა ბათომზე ვლაპარაკობთ, უნებლიეთ კითხვა გებადებათ ბაქოზე. სწორედ ამ ორ წერტილს ორ ზღვის შორის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვაწერთ. ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ ამიერ-კავკასიაში მარტო ჩვენ არა ვართ, როცა საქართველოს ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ ადერბეიჯანს და სომხეთსაც მასთან ერთად. სრულიად გასაგებია ეს, თუ ვიცით, რომ ამიერ-კავკასიის მომავალი, მისი აყვავება, მისი სახელმწიფოებრივი განმტკიცება და მოქალაქეობრიობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, გახდება თუ არა ის იმ ხიდად და გზად, რომელიც ასე საინტერესოა ევროპისათვის, მთელი მსოფლიოსათვის.

თქვენ იცით, ადერბეიჯანში მდგომარეობა შეიცვალა. მე არ მინდა ამ საგანზე შევჩერდე. მინდა მხოლოდ შევეკითხო ჩემს თავს, თუ გნებავთ, ჩვენს მთავრობასაც, რას წარმოადგენს დღეს აზერბაიჯანი? გარეშე საქმეთა მინისტრმა სთქვა, რომ აქ არის ეგრედ წოდებული კომუნისტური მთავრობაო. ეს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის კომუნისტური, ის არის ნაციონალისტური. ეს მართალია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს კითხვა, არის თუ არა ეს რესპუბლიკა დამოუკიდებელი. ფორმალურად ის თითქო დამოუკიდებელია. ჩვენ ოფიციალურ ქაღალდებში ვკითხულობთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელიო. შეიძლება, მხოლოდ ის ნაბიჯები, რომელსაც სდგამს აზერბეიჯანის რესპუბლიკა ან უკეთ მისი კომუნისტური მთავრობა, არ მოწმობს ამას. თქვენ გახსოვთ, მოქალაქენო, მისი პირველი ნაბიჯი სომხეთის მიმართ ზანგეზურის და ყარაბაღის შესახებ. დღესაც, როგორც ისმის, ბაქოში ანატოლიის საკითხი ყველაზედ პოპულიარული საკითხი არისო. ბაქოს მიზნათ აქვს დასახული კომუნისტურ აზერბეიჯანის გაერთიანება ანატოლიასთან. ეს კი შეუძლებელი არის ერთი თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოუსპობლად. ეს არის სომხეთი. ეს ნაბიჯი, როგორც ხედავთ, სრულიად არ მოწმობს ბაქოს მესვეურთა კომუნიზმს.

მეორე მხრივ, ის, რაც გვითხრა ჩვენმა გარეშე საქმეთა მინისტრმა იმ ამბების შესახებ, რომელიც ხდება ჩვენს აღმოსავლეთით, სადაც ჩვენს ტერიტორიულ ხელუხლებლობას არღვევენ, არ მოწმობს ბაქოს კომუნისტების ლოიალობას. ჩვენ არ შეგვიძლიან ერთ წუთსაც დაუშვათ, რომ საქართველოს დამფუძნებელ კრებას სურდეს ომი ვისთანმე და განსაკუთრებით მეზობელთან. ვინაიდან ომი მეზობელთან ყოველთვის თავის შედეგებს იქონიებს მომავალში. ჩვენ სისხლი არ გვწყურია არა მარტო დემოკრატიული მოსაზრებით, არამედ - სახელმწიფოებრივი მოსაზრებითაც. მაგრამ ნაბიჯები ისეთია გადადგმული მეზობელთა მიერ, რომ მას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

მე სიხარულს გამოვსთქვამ იმის გამო, რომ სომხეთმა ალღო აუღო თანამედროვე მომენტს. რომ მან დაინახა ბაქოს გადატრიალებაში სწორეთ ხიფათი თავის არსებობისათვის, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თვით ჩვენმა სიმტკიცემ, ჩვენმა სამხედრო სამზადისმა, ჩვენმა სერიოზულმა ნების-ყოფამ თავდაცვისათვის გაამაგრა ანტიბალშევიკური პოზიციები სომხეთში და შეუძლებელი გახდა იქ გადატრიალება.

ჩვენ არ ვიცით შეიგნებს თუ არა აზერბაიჯანის დღევანდელი მთავრობა, რა სახიფათო გზას ადგია ის. შეიგნებს თუ არა ის, რომ ის დამოუკიდებლობა, რომელიც მას თავის დროშაზე დაუწერია და რომლის შესახებაც ის ბევრს ბჭობს და ლაპარაკობს, ეს დამოუკიდებლობა არის სწორედ დამოკიდებულება.

თუ ადერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო არის, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ სამხედრო მოქმედებაში დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, თუმც მეზობელთან. თუ ის დამოკიდებული სახელმწიფო არის, მაშინ უნდა გამოირკვეს საკითხი, რა აზრისა არის მოსკოვი ამის შესახებ. თუ აზერბაიჯანი ნაწილია საბჭოთა რუსეთის, მაშინ ის ზავი, რომელიც ჩვენ შეგვიკრავს, არ არის სერიოზული. ეს საკითხი ასე ვთქვათ უნდა გამოირკვეს.

და სანამ ასეთი ძირითადი საკითხი არ არის გამორკვეული, მანამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს დიდი სიფრთხილე, დიდი გამჭრიახობა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის დამოკიდებული ჩვენი ერის, დემოკრატიის შეიარაღებულ ძალების სიფხიზლეზე.

საერთაშორისო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის გამორკვეული, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯერ კიდევ ზავი არ არის შეკრული ყველა სახელმწიფოთა შორის. თქვენ იცით, რომ ოსმალეთს, თუ გაზეთებს დაუჯერებთ, დღეს ჩააბარებენ საზავო პირობებს. ჩვენ არ ვიცით, რა სწერია ამ საზავო პირობებში, ეს ჩვენ გვაინტერესებს დიდად, ეს აინტერესებს ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებსაც - სომხეთს და აზერბაიჯანს; არ ვიცით რა გავლენას იქონიებს ეს ზავი იმ ცენტრზე, რომელიც შეიქმნა აზრუმში, რა ძალთაგანწყობილება იქნება სტამბოლსა და აზრუმის შორის; თვით დამოკიდებულება ევროპის სხვა და სხვა სახელმწიფოთა შორის არ არის ნათელ ჩვენთვის. იწვევენ კონფერენციას სპაში, რომლისგან დიდ შედეგებს გამოელიან.

და, რა თქმა უნდა ამ რთულ, დახლართულ საერთაშორისო პირობებში ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს რესპუბლიკას განსაკუთრებული სიფრთხილე ჰმართებს. არ ვიცით საიდან მოგველის ხიფათი. სამხრეთიდან უეჭველად. აღმოსავლეთთან უკვე გვაქვს საქმე და გარკვეული არ არის, ამ აღმოსავლეთში ურევია თუ არა ჩრდილოეთი. მაშასადამე მთელი ჩვენი გონებრივი, მთელი ჩვენი ზნეობრივი და ნივთიერი ძალა უნდა მოვიკრიფოთ იმისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, მისი თავდაცვის საქმე მართლაც საღ ნიადაგზე დავაყენოთ. ეს არის ჩვენი უწმინდესი მოვალეობა, მოვალეობა დემოკრატიისა, მთელი ერისა, საქართველოს ხალხისა. უამისოთ ჩვენ არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ჩვენი მომავალი უზრუნველყოფილი არის. ამ გამოურკვევლობის და რყევის დროს ეს განსაკუთრებით საჭირო არის ჩვენთვის და ამიტომ ჩემი სიტყვა მინდა გავათავო ამ მაღალ ტრიბუნიდან მიმართვით, როგორც ჩვენი დემოკრატიისადმი, ერისადმი, ისე ჩვენი შეიარაღებულ ძალებისადმი, ჩვენი საყვარელი შვილებისადმი; მე მინდა გადავძახო: ჯარის კაცებო, გვარდიელებო, აფიცრებო! კარგი ზავისათვის აუცილებელია თქვენი მძლავრი მკლავი, თქვენი თავდადება, სიმამაცე. თქვენი საყვარელი სამშობლო და მისი პირმშო დამფ. კრება ღირსეულად დააფასებს თქვენ გმირულ საქმეს (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. ნუცუბიძეს.

. ნუცუბიძე. (ს.-ფ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! თუმცა ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია თვითონ დედანი ხელშეკრულებისა, მაგრამ ის დებულებანი, რომელნიც ჩვენ ხელთ არის, მათ საერთო დაფასების საშუალებას გვაძლევენ. ათიოდე დღის წინედ, მოქალაქენო, ქართველმა ერმა მტკიცედ გამოხატა თავის ნების ყოფის გადაწყვეტილება - დამოუკიდებლობის დაცვისა. 10 დღის განმავლობაში, ქართველი ერი ნათლად ამტკიცებდა გამზადებას ამავე თავ-დაცვისათვის. და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ შეერთებულ ენერგიის შედეგს. ეს გახლავთ ის, რომ ძალა, რომელიც ჩვენი სამშობლოს საზღვრებისაკენ გარკვეული გეგმით მოემართებოდა და რომლის საერთო ხასიათი ჩვენთვის არა ხელსაყრელად იყო ცნობილი, დღეს ეს ძალა სრულიად გარკვეულად აღიარებს იმას, რასაც ჩვენ პრეტენზიის საგნად ვაცხადებდით და რასაც ჩვენ ეროვნულ არსებობის აუცილებელ პირობად ვაღიარებდით. ასეთი არის შედეგი ერთსულოვნებისა, რომლის პოლიტიკური განსახიერება იყო დამფუძნებელ კრების განცხადებაში; ამ ერთსულოვნებამ ფაქტიური განხორციელება იმაში გამოხატა, რომ ქართველმა ხალხმა აღფრთოვანებით აიღო ხელში იარაღი. დღეს, როდესაც საკითხი რუსეთთან ზავის შესახებ დამთავრებულათ უნდა ჩაითვალოს, ჩვენ წინ ხელ-ახლად ისმება საკითხი იმის შესახებ, თუ რა პირობების და მიზეზების გამო დავსცილდით რუსეთს და რა პირობებში შეგვიძლიან შემდეგ ურთიერთობის განმტკიცება, ვინაიდან ფაქტი ხელშეკრულების დადებისა, ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი დაშორება რუსეთისაგან არ იყო ნაკარნახევი ეროვნული სიძულვილით. ჩვენ ამის საბუთი არასოდეს არ მიგვიცია და რა თქმა უნდა არც ერთ ძალას, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოთ და საკრიტიკოდ გამოდიოდა და ჩვენს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ნაბიჯებს სდგამდა, არც ერთხელ არ მოუპოვებია ამის მაჩვენებელი საბუთი. და ის გარემოება რომელიც აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ თავის დეპეშაში, რომ მთელი ქართველი ხალხი აღფრთოვანებით შეეგება რუსეთთან ზავს, ის სულიერი კმაყოფილება, რომელსაც ადგილი აქვს, უტყუარი მაჩვენებელია იმ გარემოებისა, იმ უტყუარი ფაქტისა, რომ ჩვენი დაშორება რუსეთისაგან არ იყო დაფუძნებული ეროვნულ შუღლზე. ზოოლოგიური ნაციონალიზმი არ იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ თითქოს ვისარგებლეთ პოლიტიკურ კონიუნქტურით და მოავხდინეთ რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებიდან გამოყოფა. ცხადია ის გარემოებაც, რომ ჩვენი ჩამოშორება რუსეთისაგან არ იყო შედეგი პოლიტიკური გეგმის, გზისა, და პროგრამულ სხვაობისა. ეს საკითხი სრულიად ცხადად უნდა გადაწყდეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შემცდარად იქნას აღიარებული ის აზრი, ის შეხედულება, რომ თითქოს რუსეთისგან ჩამოცილება საქართველოსი იყო შედეგი იმ გარემოებისა, რომ საქართველო დაადგა ერთ პოლიტიკურ ხაზს და რუსეთი მეორეს; რომ იქ იყო ერთი ფორმა პოლიტიკური განვითარებისა, ვსთქვათ ფორმა პროლეტარიატის დიქტატურისა, სხვაგვარი სოციალური ტრანსფორმაცია, - აქ კი არის სხვა ფორმა, ფორმა ხალხოსნური, დემოკრატიული წყობილებისა. ეს აზრი დღეს, როდესაც რუსეთთან ურთიერობა გამორკვეულია საბოლოოდ, შემცდარად უნდა იქნას ჩათვლილი და მთელი ქართველი ერის გასაგონად უნდა ითქვას, რომ ეს გამოყოფა არ მოგვიხდენია ზოოლოგიურ ნაციონალიზმის ნიადაგზე და არც პოლიტიკურ გეზის, პოლიტიკურ ხაზის სხვაობისა გამო. ეს რომ ასე ყოფილიყო განა მაშინ აუცილებელი არ იქნება - თუ დადგება ისეთი დრო, როდესაც რუსეთი დაადგება ისეთივე პოლიტიკურ ხაზს, რომელსაც ვადგივართ ჩვენ თავიდანვე, მაშინ უნდა დაუბრუნდეთ ძველს მდგომარეობას, შეუკავშირდეთ რუსეთს და მოვემწყვდიოთ რუსეთის სახელმწიფოს ორბიტაში? არავითარ შემთხვევაში! და მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც მთავრობის თავმჯდომარემ საბოლოოდ დასვა საკითხი ჩვენი ერის იმ კულტურულ თავისებურების შესახებ ილია მურომელისა და თეთრი გიორგის შედარებით საბოლოოდ დასწვა უკან დასახევი გეგმები. ამ განცხადების შემდეგ ჩვენ სრულის სიმტკიცით და სიმშვიდით გარკვეულად უნდა ვთქვათ, - შემთხვევითი არ იყო ის გარემოება, რომ ქართველი ერი დასცილდა იმ ძველ გზას, რომ მას არ ჰქონდა მარტო პოლიტიკური მიზეზები და მაშასადამე არასოდეს არ შეიქმნება ისეთი მდგომარეობა პოლიტიკურ პროგრამის თვალსაზრისით, რომ ამით ჩვენი ერის დამოუკიდებლობა საფრთხეში ჩავაყენოთ. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი მდგომარეობა ვერ შეიქმნება ვინაიდან მიზეზი რუსეთისაგან განშორებისა სულ სხვა გახლდათ.

რა თქმა უნდა ჩვენ ეხლა სავსებით ვერ გამოვარკვევთ ამ საკითხს რუსეთთან ურთიერთობისას. ამის დროც არ არის. მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას: სახელდობრ ის, რომ რუსეთის რევოლიუციის მსვლელობაში ორი დიდი მომენტი თამაშობდა გარდამწყვეტ როლს. ეს იყო მომენტი ეროვნული და სოციალური.

ორი დამონავებული ჯგუფი ლამობდა უფლებების მოპოებას და იმ შეცდომების გასწორებას, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ისტორიულ წარსულში.

რევოლიუციის წინამორბედ ხანაში ბრძოლა თავისუფლებისა და ძალაუფლების შუა, უკანასკნელის გამარჯვებით თავდებოდა, და ამ პროცესში თავისუფლებას ჰკარგავენ ჯერ უფრო მცირე სოციალი შეჯგუფებანი - ასეთია კლასი, შემდეგ უფრო რთული - ასეთია ერი. რუსეთის რევოლიუცია დასაწყისი იყო ახალი ისტორიული პროცესისა, როდესაც თავისუფლებისაკენ უნდა გადახრილიყო სასწორი. და წინამორბედ ისტორიული ხანის მიმართ რეაქციის პროცესის დროს მთელის სავსებით, მთელი სინამდვილით გამოისახა ის აუცილებელი ფაქტი, რომ ამ ორ დამონებაში მყოფ სოციალურ შეჯგუფებათ უნდა მოეპოებინათ თავისი უფლებები. ეს იყო ერი და კლასი. და რუსეთის რევოლიუციის თავისებური ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ ეს ორი საკითხი ერთი მეორეს გადაენასკვა. რუსეთის სინამდვილეში შეუძლებელი გახდა ისეთი გზით განვითარება რევოლიუციისა, როგორც ამას მოითხოვდა ეს ორი ძირითადი საკითხი: ერი და კლასი, როგორც ფორმა სოციალურ შეჯგუფებისა ერთი მეორეს გადაენასკვა, ერთი მეორეს გადაეღობა. იმ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივმა ფორმამ, რომელსაც წარმოადგენდა რუსეთი, რასაკვირველია, ვერ შესძლო ამ ორი მომენტისათვის შესაფერი კალაპოტის გამონახვა და ერთი მეორეს დაუპირდაპირა ეს ორი ძალა; ყოველ შემთხვევაში ერთნაირად ვერ მიდიოდა მათი გადაჭრის საქმე და დაისვა საკითხი იმ გვარად, როგორც ამას მოითხოვდა ისტორიული განვითარება. აქ, ამ ჟამად არ შეგვიძლიან ვრცლად შევეხოთ ამ საკითხს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მისი პოლიტიკური მნიშვნელობა იმაშია, რომ შერევა სოციალური და ეროვნული მომენტისა უდიდესი შეცდომა იყო რუსეთის რევოლიუციის მესვეურებისა. რევოლიუციას უნდა დაემსხვრია იმ ძალმომრეობის შენამოქმედი, რომელიც მას ხელთ ჰქონდა ერისა და კლასის დამონებით, მხოლოდ ესეც ერთგვარი შინაგანი თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო: ჯერ უნდა განთავისუფლებულიყო ერი, როგორც პირობა კლასის განთავისუფლებისა.

ასე იდგა საკითხი. მაგრამ ამას ვერ აუღეს ალღო რუსეთის პოლიტიკის მესვეურებმა და ამან გამოიღო ის შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, ამან შექმნა ის ურთიერთობა საქართველოსი რუსეთისადმი, რომელიც გაუგებრობის შედეგი იყო და ამიტომ დიდხანს ვერც გაგრძელდებოდა, როგორც ნათელი გახდა ყველასათვის ის აუცილებელი და ელემენტარული დებულება, რომ არ შეიძლება ოდესმე სოციალურად თავისუფლებას ეზიაროს იგი, ვინც ეროვნულად დამონებულია. მართალია, ამ ორი მომენტის დაცილება ხელოვნურია, მაგრამ ლოღიკურად მაინც ერის განთავისუფლება ისახება ჩვენს ცნობიერებაში, როგორც აუცილებელი პირობა კლასის გათავისუფლებისა. ასე დაისვა და გადაწყდა ეს საკითხი ჩვენთვის. აი, სწორედ ამ ნიადაგზე დაუპირისპირდით რუსეთს და არა ზოოლოგიური ნაციონალიზმის, მტრობის და კაციჭამიობის ნიადაგზე, არა დიქტატურის და დემოკრატიზმის საკითხის განსხვავების ნიადაგზე.

ერის უფლებრივ პრეტენზიებს ბოლშევიკებმა დაგვიანებით აუღეს ალღო და მათ მიერ ფედერალიზმის პრინციპის აღიარება აუცილებლობისათვის ულაზათო შეგუება იყო და მით არ შეეძლოთ გადაეჭრათ ერთი წუთითაც კი ეს საკითხი ეროვნულ და კლასობრივ ერთეულების ბედის შესახებ. მაშასადამე იმ ზავს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ და არავინ უნდა იფიქროს, რომ კლასობრივ პოლიტიკას შეეძლო შეექმნა ის მდგომარეობა, რომლის შედეგი გახდა ჩვენი ეროვნული ფრონტის დაპირისპირება რუსეთისადმი. ამ საკითხის გადაჭრის აუცილებლობა, რომელიც ეროვნულ დროშით იყო ნაკარნახევი, წინასწარ გადაწყვეტილი იყო ისტორიული აუცილებლობით.

მაშინ ბოლშევიკები ჰფიქრობდნენ, რომ ერთი მიზნისკენ სვლა შესაძლებელია მაშინ, როცა ყველა ერები, რომლებიც რუსეთის ფარგლებში სცხოვრობდნენ, დარჩებოდნენ იმავე ფარგლებში და საერთო გეგმას მიიღებდნენ, და ამას ჩვენ დაუპირდაპირეთ ბუნებრივი და ისტორიული აუცილებლობა, დაუპირდაპირეთ ისეთი გეგმა, რომ ჯერ ერები უნდა განთავისუფლდნენ, როგორც განსაკუთრებული ფორმა სოციალური ცხოვრებისა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაისვას საკითხი სოციალურ გარდაქმნის შესახებ. ჩვენ იძულებული ვიყავით როგორც პატარა ერი, სხვა ერის წინაშე მყოფი, ასე მოვქცეულიყავით და მომავალი ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ამითვე არის წინასწარ გადაწყვეტილი.

ჩვენი მდგომარეობა გვიკარნახებს თანხმობით მუშაობას ყველა სახელმწიფოსთან და კერძოდ რუსეთთან, რამდენად ეს თანხმობითი მუშაობა საერთო მიზნისაკენ იქნება მიმართული, ამაშია მნიშვნელობა იმ ზავისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. და ამის შემდეგი უნდა იყოს თანხმობლივი მუშაობა რუსეთთან, იმდენად, რამდენადაც ეს იქნება მიმართული საკაცობრიო მიზნებისაკენ, კულტურისაკენ, სოციალურ შემოქმედებისაკენ.

მაგრამ ამ საკითხს, მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, რომელიც ჩვენ წინ დადგა, აქვს მეორე მხარე, სახელდობრ, ამ ზავის საკითხს უკავშირდება ის ძირითადი საკითხი ჩვენი ურთიერთობის გამორკვევისა იმ მახლობელ მეზობლებთან და იმ დროებით ძალებთან რომელთა მახლობლად იმყოფება ესა თუ ის ნაწილი ჩვენი ტერიტორიისა. რაც შეეხება პირველ საკითხს, უნდა ვსთქვათ, ჩვენ მოწამენი ვართ იმ გარემოებისა, რომ ამიერ-კავკასიის ერთერთმა სახელმწიფომ იფიქრა - მას გარედან ძალა მისცემს საშუალებას შეჰქმნას აქ, ამიერ-კავკასიაში, თავისთვის ხელსაყრელი პირობები და მით მოიპოვოს შესაძლებლობა მეზობელ ერებზე გაბატონებისა. ეს არის აზერბაიჯანი. და ამ ზავმა, რომელიც რუსეთთან გვაქვს, უნდა ნათელყოს აზერბაიჯანის ანგარიშის შეცდომა. ჩვენ არ ვიცით როგორი ურთიერთობა არსებობს რუსეთსა და აზერბაიჯანის შორის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დიდ საკითხთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვეკვრებით რუსეთს ზავით, უკედ რომ ვთქვათ, რუსეთი თითონ გვეკვრება ზავით და ამავე დროს, მეორეს მხრით, ჩვენ გვებრძვის რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანი. მე, რა თქმა უნდა არ შეუდგები ამ საკითხის გამორკვევას, ვინაიდან ის ძნელია და შეიძლება ვერც გავიგოთ ის შინაური ვითარება, რომელიც დღეს არის მათ შორის. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის საკეთილდღეოდ არაფერი კეთდება. გაუგებარია ზავი, რომელსაც ჰკრავს ჩვენთან რუსეთი და ის ბრძოლა, რომელსაც მეორეს მხრით აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ მისი მოკავშირე აზერბაიჯანი. აქ რაღაც სხვა რამ არის. ამას შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი რომელიც სრულიად არ ჰქონდა გათვალისწინებული აზერბაიჯანს.

მაგრამ, მოქალაქენო, მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება მეორე მხარეს საკითხისას, სახელდობრ იმას, რომ ჩვენ ამიერიდან მოწოდებულნი ვართ გამოვარკვიოთ ჩვენი მდგომარეობა ამიერ-კავკასიაში იმ მხრივ, რომ არასოდეს მომავალში, რამდენადაც შესაძლებელია, არ შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უცდიდეს გარეშე ძალის შემოჭრას და ამით ჩვენთვის ჰქმნიდეს სახიფათო მდგომარეობას. რა თქმა უნდა რამდენად ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ძალთა ჭიდილზე ჩვენ ვერ შევსცვლით საერთო მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან დღეს წესრიგში სდგას ეს საკითხი, აუცილებელია მისი შეგნებული შეფასება. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შესძლოს ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ მომავალში ფაქტიურად, ფიზიკურად მაინც ამიერ-კავკასიაში არც ერთ ერს არ შეეძლოს ჩააყენოს იგი მოულოდნელს მდგომარეობაში, მყისვე როგორც ამიერ-კავკასიის საზღვრებს გარეშე ძალა დაუახლოვდება.

ჩვენს ცნობიერებაში ისახება ამიერ-კავკასიის ერთა შორის ბუნებრივ საზღვრების დამყარება ასეთ მოულოდნელ უბედურების ასაცილებლად. თუ საქართველომ დღეს ვერ ისწავლა თუ ვერ გამოარკვია მდგომარეობა და არ გამოიყვანა შესაფერი დასკვნა, ჩვენ არ ვიქნებით უზრუნველყოფილნი, რომ მეზობლები არ გაიმეორებენ ისეთ რამეს, რაც ჩაიდინა დღეს აზერბაიჯანმა, როდესაც კი გარეშე ძალა მოუახლოვდება ამიერ-კავკასიის საზღვრებს. ეს ერთი დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

უკანასკნელ საკითხის შესახებ, მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო, მე მინდა მოგახსენოთ შემდეგი: ბათომის და მისი ოლქის საკითხი სრულიად გამოურკვეველია ამ ზავის თვალსაზრისით. მართალია, როგორც გარეშე საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბოლშევიკებმა ეს ოლქი ჩვენ მოგვაკუთვნეს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ იქ ისეთი ფაქტიური მდგომარეობაა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ხელშეკრულებას დღესვე, დაუყოვნებლივ რეალიზაცია უყოთ. ჩვენთვის გაურკვეველია დამოკიდებულება ინგლისსა და ბოლშევიკების შორის. ჩვენ ამ შემთხვევაში ისეთი საკითხის წინაშე ვდგევართ, რომლის გამორკვევაც ძნელია. საბოლოო მსჯავრის დადებისათვის შეიძლება საკმაო მასალა არ გვქონდეს, მაგრამ ყოველშემთხვევაში, ჩვენთვის ერთი რამ ცხადი უნდა იყოს, რომ ინგლისი რუსეთთან ჩვენ მიერ ზავის დადებას ანგარიშს უწევს არა დადებითის, არამედ უარყოფითის მხრივ.

ინგლისი შემოდის ახალი ძალებით ბათომში და იქ სდგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებითაც უნდა მოახდინოს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ებრძვის ისეთ ძალებს, რომლებიც ანარქიას ჰქმნიან. მე ვერ ვიტყვი გადაჭრით, თუ ინგლისს მართლა რამდენად გარკვეული მიზანი აქვს, როცა იჭერს ბოლშევიკებს და ჰგზავნის სხვა და სხვა კუნძულებზე მაგრამ ვფიქრობთ, რომ ინგლისს ჰსურს მოახდინოს ერთგვარი შთაბეჭდილება, რომ იგი ებრძვის ანარქიას, რომელთანაც ბრძოლა ჰქმნის ერთგვარ საბაბს იმის ძალების იქ დარჩენისა, და მეორეს მხრივ მას ჰსურს ევროპაში შეჰქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქართველომ ვერ შესძლო ამ ძალების ალაგმვა. რომ თუ ეს ნაბიჯი ასეთი მოსაზრებით არის გამოწვეული, ქართველმა ერმა და მისმა დამფუძნებელმა კრებამ, სრულიად გარკვევით უნდა სთქვას, რომ თუ ეს არის საბაბი გარეშე ძალების ბათომში ყოფნისა, - ეს არ წარმოადგენს იმ უარყოფით ინსტანციას, რომელიც არ აძლევდეს უფლებას საქართველოს ბათომის ოლქში შესვლისას. საქართველო მოახერხებდა თავის საკუთარ ძალებით ისეთ წესრიგის დამყარებას, როგორც შესძლო მის ფაქტიურ მფლობელობაში მყოფ ტერიტორიაზე და არავითარი გარეშე ძალა, არ იქნებოდა საჭირო, რომ ათიოდე ბოლშევიკი ბათომიდან ყოფილიყვნენ გაყვანილი, რომელთა გადასახლება ინგლისმა დიდ სამსახურად ჩასთვალა. და ჩვენ ამ მაღალ ტრიბუნიდან საჯაროდ უნდა ვსთქვათ, რომ ბათომს და მის მხარეს საკუთარი ძალებით მოუვლით.

გარდა ამისა არის მთელი რიგი ისეთ საკითხებისა, რომელთაც გაურკვევლობის იერი თან სდევს და ამდენადვე, საუბედუროდ მოკლებულნი ვართ საშუალებას გარკვეული მსჯელობა ვიქონიოთ იმ ხელ-შეკრულების შესახებ, რომელიც დაიდო რუსეთთან. ამ ხელშეკრულების ერთ დებულებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მნიშვნელობა, მოქლაქენო, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ საჯაროდ შეგვიძლიან ყველას ვაჩვენოთ, საქმით და არა სიტყვით, რომ ყოველი ძალა რომელიც ჩვენთან მოვა სამშვიდობო მიზნით, რომლის განზრახვაში არ შედის ჩვენი დამონება, ასეთ ძალას ჩვენ ხელს გაუწვდით, და ჩვენ მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობის ხელშეკრულებას დავსდებთ.

მაგრამ, თუ იქნება ისეთი რომელიც არ მოისურვებს ასეთ მშვიდობიან მიზნით მოსვლას ჩვენ საზღვრებთან, მაშინ მას ჩვენ გადაჭრით ვეტყვით: ჩვენ მზად ვართ როგორც მშვიდობიანობისათვის, ისე ომისათვის, ჩვენ მთელ ენერგიას მივიტანთ ამ ომის ღმერთის სამსხვერპლოზე, რომელიც აგირჩევიათ ერთად-ერთ მსაჯულად ჩვენი და თქვენს შორის სადაო საკითხის გადასაწყვეტად. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგი გვაზავას.

. გვაზავა. (ერ.-დ.) ბატონებო! დღევანდელი დღე არის შესანიშნავი დღე. მე მინდა ქართველ ერს მიულოცო ის გამარჯვება, ის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოსკოვში ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს არის ჩვენი ეროვნული გამარჯვება. მინდა მივაქციო ყურადღება იმას, რომ თითქმის რვა საუკუნის განმავლობაში საქართველო არ იყო გაერთიანებული ისე, როგორც დღეს და ერთ საუკუნეზედ მეტია რაც საქართველო დაიშალა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეხლა კი ჩვენ შევეკარით რუსეთს ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება არის საერთაშორისო ხასიათისა. ამას აქვს დიდი განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამ მხარეს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება. რუსეთი რომ ისეთი სახელმწიფო ყოფილიყო, როგორიც არის პატარა, ახლად შობილი სახელმწიფოები, როგორც მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი, თავის თავად ცხადია, ამ ხელშეკრულებას, მათ ცნობას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეხლაც ამბობენ, რომ ბოლშევიკურ რუსეთის ცნობა თითქოს არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თვითონ ბოლშევიკები არ არიან ცნობილნი, როგორც მთავრობა. იურიდიულად ეს აზრი მართალია, მაგრამ თუ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ დღევანდელი რუსეთი განაგებს იმ რუსეთს, რომელსაც ეკუთვნის ძალა-უფლება, „იმპერიუმ“, და რომელიც საქართველოზედაც ვრცელდებოდა, მაშინ ასეთ ხელშეკრულებას აქვს უუდიდესი მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ საქართველომ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. რუსეთი 117 წლის განმავლობაში არა სცნობდა ჩვენს სუვერენობას და ეხლანდელი რუსეთი იძულებული გახდა ეცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენობა და აცხადებს, რომ იგი ხელს იღებს „იმპერიუმ“-ზედ, ე.ი. უუმაღლეს ბრძანებულობაზედ. რუსეთმა გაატარა ის ხაზი, რომელიც მოსკოვში დადებულ ხელშეკრულებაში გვაქვს ჩვენ ეხლა გატარებული. ამ ხელშეკრულებას აქვს უაღრესი მნიშვნელობა საერთაშორისო უფლებაში. ჩვენ ასეთ ხელშეკრულებას გამოვიყენებთ. წავიღებთ ევროპაში, წარუდგენთ იქ, სადაც წესი და რიგი მოითხოვს და თავის თავად ცხადია, არ გამოჩნდება ისეთი ქვეყანა, რომელიც გამოაცხადებს დავას საქართველოს ტერიტორიაზე, ან მის ამა თუ იმ ნაწილზე.

თუ რუსეთმა აიღო ხელი „იმპერიუმ“-ზე, უუმაღლეს მმართველობაზე თავის თავად ცხადია, არ გაჩნდება სახელმწიფო, რომელიც განაცხადებს, რომ ეს თუ ის ნაწილი სახელმწიფო ტერიტორიისა ჩემი არისო. ამნაირად ეს საკითხი საქართველოს იურიდიული ცნობით, ჩვენი იურიდიული უფლების მიღება წინასწარ სწყდება, რომელსაც აქვს დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა.

აქ ბ. ჩხენკელმა ბრძანა, რომ ჩემთვის საზოგადოდ, და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, საერთაშორისო იურიდიული ცნობა არ არის ფეტიშიო, და ამის დამამტკიცებელი მაგალითი მოიყვანა. ამაში მას მე სრულებით არ ვეთანხმები. შეიძლება არსებობს სახელმწიფოები, რომელნიც არ არიან ცნობილნი როგორც იურიდიული პიროვნება. ასეთი მაგალითები ყოფილა, მაგრამ ძველად. ჩვენთვის ახლა იურიდიული ცნობა, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, იმიტომ, რომ უამისოდ გადაჭრა ჩვენი ეკონომიკური და ფინანსიური ცხოვრებისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ როდესაც ამერიკა არ იყო ცნობილი ინგლისის მიერ, მაშინ ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც დღეს აქვს უფლებრივ ცნობას. მაშინ ყველა სახელმწიფოს ჰქონდა გასაქანი და საშუალება მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის და თავისი საქმეები მოეწყო. იმიტომ რომ მთელი ქვეყნიერება არ იყო ეკონომიურად ისე დაცემული, როგორც არის დღეს. და დღეს ისეთი მდგომარეობა არის მთელს ევროპაში, რომ შინაურ საქმეების მოგვარება, ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობის მოწყობა, მაშინ როდესაც თქვენ ცნობილი არა ხართ უფლებრივად, ყოვლად შეუძლებელია. ფულს არავინ მოგცემთ და თუ მოგცემენ, მოგთხოვენ ეკვივალენტს, გაცვლა-გამოცვლას. ამიტომ ეხლანდელ იურიდიულ ცნობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და რაც უფრო ადრე იქნება საქართველო აღიარებული იურიდიულად, ჩვენთვის ეს მით უკეთესია. და სწორედ ამ მხრივ აქვს დიდი მნიშვნელობა ბოლშევიკების მიერ იურიდიულად ცნობას. იმიტომ რომ არ იქნება არც ერთი სახელმწიფო დედა-მიწის ზურგზე, რომელიც არ გაუწევს ანგარიშს ბოლშევიკურ ცნობას ე.ი. რუსეთის მიერ საქართველოს ცნობას.

ამ 117 წლის წინეთ, როდესაც საქართველომ შეჰკრა ხელშეკრულება რუსეთთან, მაშინ ამ ხელშეკრულებით, რუსეთმა გამოაცხადა უუმაღლესი „იმპერიუმ“ მის უფლება ქართველ ხალხზე. მაგრამ ეხლა რუსეთი ხელს იღებს ამ უფლებებზე და მათ საქართველოს უბრუნებს. მაშასადამე ეხლა საქართველოს საზღვრები ცნობილი უნდა იყოს უფლებრივად ყველას მიერ. როდესაც ასეთი ცნობა იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ჩვენ გამოვეყევით წარუდგება უმაღლეს სამსჯავროს, თავის თავად ცხადია, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი სუვერენობის წინააღმდეგი ვერავინ ვერ გამოვა. ეს არის დიდი გამარჯვება და შეუძლებელია ეს ქართველ ერს არ მიეღო.

სამწუხაროდ ამ საერთო ზეიმის დროს ერთი პატარა შავი ღრუბლის ნაჭერი გამოჩნდა და გაიარა კიდეც ცაზედ. მე მოგახსენებთ იმ დეპეშაზედ, რომელიც იყო გაგზავნილი ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოსკოვში. მესმის, ბატონებო, არის ეგრედ წოდებული საერთაშორისო თავაზიანობა, ზრდილობიანობა. რასაკვირველია, მას შემდეგ რაც ხელშეკრულება დაიდვა, თავის თავად ცხადია, ჩვენი ერის წარმომადგენელს უნდა გაეგზავნა დეპეშა, მაგრამ ეს დეპეშა უნდა ყოფილიყო გამოწვეული იმ გარემოებით, რომელსაც ითხოვს ჩვენი პოლიტიკური პოზიცია. სამწუხაროდ ეს დეპეშა მეტს ამბობს და არღვევს იმ პოზიციას, რომელიც მთელმა საქართველომ დაიკავა. როდესაც ჩვენ მობილიზაცია გამოვაცხადეთ, აქ თვით ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე ბ. ნოე ჟორდანია იყო და მაშინ იგი თავის ისტორიულ მდგომარეობის სიმაღლეზე იდგა. მან იპოვა ნამდვილი მამობრივი სიტყვები მე-12 საუკუნიდან, რომელიც შოთას აქვს: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“-ო და ამ ძვირფას სიტყვებით ოქროს ჯაჭვით გადააბა წარსული და მომავალი და დაგვანახვა რომ საქართველო შემორტყმულია ცეცხლის რგოლით: რომ ჩრდილოეთიდან მოდიან ბოლშევიკები, აზერბაიჯანიც ჩვენ წინააღმდეგ მოდის. მთელი საქართველო შემორტყმულია მტრებით, მიუხედავად ამისა, მან მაინც მონახა შესაფერი სიტყვები, რომ გამოეწვია მთელი ხალხის ენტუზიაზმი, და მობილიზაცია კარგად ჩატარებულიყო. ეს იყო საუცხოვო, საუცხოვო იყო არა მარტოდ გარეგნულად. შინაარსიც მშვენიერი იყო, იმიტომ რომ ამ განცხადებით, ამ ხალხის მოწვევით, მან აიღო ნამდვილი გეზი და შემოხაზა ის ბანაკი, რომელშიაც უნდა ვიმყოფებოდეთ მსოფლიო ბრძოლაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის მსოფლიო ბრძოლა, ერთის მხრივ ბოლშევიზმი, მეორეს მხრით მთელი ევროპის დემოკრატია, ამერიკა, შვეცია, საფრანგეთის დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენშიაც დემოკრატიული წესწყობილება არის. ეს ორი მიმართულება შეეჯახა ერთი მეორეს - ბოლშევიზმი დემოკრატიზმს და ამ მხრივ ბ. ჟორდანიამ სწორი ხაზი აიღო. ამ ნაირად ბუნებრივად, ისტორიული პროცესის მოთხოვნილებაა, რომ ჩვენ დავრჩეთ იქ სადაც ნამდვილი დემოკრატია არის, დავრჩეთ ევროპასთან ერთად. ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა და მართლაც რომ ხალხმა იგრძნო, რომ ჩვენი ზურგი შავი ზღვისაკენ არის მიმართული; საფრანგეთმა დაგვითმო გემი, დაგვპირდა კრეისერებს, ინგლისმა მოგვცა კრეისერები. ერთის სიტყვით, ევროპასთან მუდმივი კავშირი დამყარდა, აი რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პოლიტიკურ ხაზს. თვით ბ. ჟორდანიამ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის ბარბაროსობას და აზიურ კარჩაკეტილობას ევროპის კულტურა და დემოკრატიზმი გვირჩევნიაო.

აი ასეთი იყო საზოგადო ხაზი და, რასაკვირველია ამან წამოაყენა მთელი ერი და მობილიზაციაც კარგად ჩატარდა. და რა მოხდა ახლა ისეთი, რომ უეცრად სწორედ ამ მთავრობის თავმჯდომარემ თითქმის სრულებით, მთლად გამოიცვალა აზრი. ის ამბობს თავის დეპეშაში არა მარტო იმას, რასაც მოითხოვს საერთაშორისო ზრდილობიანობა, არამედ ის ამბობს, რომ მოხარული ვარ მოგილოცოთ შეთანხმება, ამიერიდან ერთათ ვიმუშავებთო. აქ უნდა წერტილი დაესვა. არა! მან კიდევ დაუმატა: იმისთვის, რომ გარდავქმნათ ცხოვრება სოციალურ ნიადაგზეო... (ხმები: სწორედ! სწორედ!) რას ნიშნავს ეს თანხმობა ძმური, თუ იმას, რომ სახელმწიფო გარდავქმნათ სოციალისტურათო... (გელეიშვილი: დიახ! დიახ! გაუმარჯოს!) თუ ბოლშევიკური ხელშეკრულება... (ხმაურობა. ზარი.) რა არის აქ გასახარელი?! ს.-დ. ყოველთვის გაიძახიან მაინც რომ ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთო. ვეშაპელი ამბობდა, რომ კავკასიონის ქედიც ჩვენ ავაგეთო ს.-დ. იტყვიანო. (ხმაურობა) ნუ იცინით, ბატონებო, თქვენი პოლიტიკა მთლად დამარცხდა. ბოლშევიკებმა იმიტომ კი არ მოაწერეს ხელი, რომ უყვარდათ რომელიმე მინისტრი, ან ჟორდანია... (ნინიძე. ჩვენ სოციალიზმი გვინდა! შენგელაია: რამიშვილი უყვართ!) სწორედ იმიტომ მოაწერეს ხელი, რომ იქიდან ახლა პოლონეთი ემუქრება. მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი პოლონეთის და სხვა დანარჩენი სახელმწიფოების, რომლებიც ემუქრებიან ბოლშევიკურ რუსეთს. პოლონეთი ეყრდნობა ევროპას. აშკარა არის მას შველა მოსდის ევროპისაგან და ჩვენ იმედი გვქონდა, გვაქვს და გვექნება იმისი, რომ ჩვენთვისაც იყო შველა მოსალოდნელი და არის კიდეც ამის საბუთი. მე მაქვს საბუთი განვაცხადო შემდეგი: როდესაც ჩვენმა მთავრობამ მიმართა ინგლისის და საფრანგეთის წარმომადგენლებს ამ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და უთხრა რაშია საქმე, რატომ არ გვიშველით, აქამდე თქვენგან არ გვინახავს არც ერთი გირვანქა პური, არც ერთი თოფი, იმათ უპასუხეს რომ არ გშველოდით იმიტომ, რომ არ ვიცოდით ვინა ხართ, ვის წინააღმდეგ იბრძვით - ჩვენს წინააღმდეგ თუ ბოლშევიკების წინააღმდეგ, ჩვენ არ ვიცით საით მიაბრუნებთ იმ თოფს, რომელსაც ჩვენ მოგცემდითო. (რეპლიკა არ ისმის) ეს არის პოლიტიკა და ამას ყურადღება მიაქციეთ. აი ამიტომ დღემდის არ მოგვდიოდა არავითარი შველა. ეხლა, მადლობა ღმერთს, გამოირკვა ჩვენი სახე. ჩვენ ომი გამოუცხადეთ ბოლშევიკებს და მაშინ როდესაც ჩვენ შველას მოველოდით - სწორედ აქ რაღაც მოხდა და ნოე ჟორდანია, უბრალოდ რომ ვსთქვათ, ბ. ლენინს ეუბნება, თქვენთან ვართ ძვირფასო ლენინო და ჰკოცნის მას (ხმები არ ისმის). რა შთაბეჭდილებას მოახდენს ეს საზღვარ გარედ? (ხმაურობა). ჩვენ კარგად ვიცით, ბატონებო, რომ ნოე ჟორდანია სოციალისტია. იყოს სოციალისტი, მაგრამ სიტყვა უნდა სთქვას მაშინ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, თუ ხარ პოლიტიკოსი. ჟორდანია სოციალისტია და, მე დარწმუნებული ვარ, ის დარჩება სოციალისტი. მაგრამ უნდა სთქვათ ბატონებო, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. დაშავდა კიდეც. როდესაც თქვენ გარკვეულ პრინციპს, ხაზს ეყრდნობით ევროპაში და ამავე დროს ეძახით ლენინს და ამბორს უგზავნით მას, რომ თქვენთან ერთად ჩვენ გარდავქმნით ცხოვრებასო, რა შთაბეჭდილებას მოახდენს ეს ევროპაში? (ხმაურობა). ნუ გავიწყდებათ, ბატონებო, რომ იქ არის ჩხეიძე, რომელმაც უნდა გამოარკვიოს ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა, დაგვიმტკიცოს ჩვენ საზღვრები, აცნობინოს ჩვენი დამოუკიდებლობა იურიდიულად და სწორედ ამ დროს თქვენ უგზავნით ლენინს ასეთ დეპეშას. ეს ერთი და მეორე ის, რომ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ გავგზავნეთ ევროპაში კანდელაკი, რომელმაც უნდა მოაწყოს ჩვენი ფინანსიური ცხოვრება. ეხლა კანდელაკი რომელ საფინანსო დაწესებულებას წარუდგება და სთხოვს გვასესხე ოქროვო. (კ. ნინიძე: რატომ, სოციალისტებს არ ასესხებენ?) რომელმა სოციალისტმა დაარსა... (ხმაურობა. არ ისმის) ჩემს მოვალეობას შეადგენს, როგორც დამფუძნებელი კრების წევრის და როგორც ქართველი კაცის, რომ გავაფრხილო თვით მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე აღჭურვილია განსაკუთრებულ უფლებებით და ჩვენ ვაღიარეთ, რომ ის არის უმაღლესი წარმომადგენელი სახელმწიფოსი. მაშინ არ უნდა აჰყვეს შემთხვევითს, მოულოდნელ შთაბეჭდილებას და არ უნდა წარმოსთქვას ისეთი სიტყვა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დიდი შედეგი და სამწუხარო ამბები ჩვენთვის. (რეპლიკები არ ისმის). დამერწმუნეთ ბატონებო, დღეს ჟორდანიას სიტყვას ყველა უწევს ანგარიშს. ეს - საერთაშორისო თვალსაზრისით. აქ, შინაურ ცხოვრებაში ამას თქვენა გგონიათ არა აქვს ასეთი მნიშვნელობა? ჩვენ ვიშიშვლეთ ხმალი რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა. ხალხი აღელდა და მიდის მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უმზადებს ჩვენ დამოუკიდებლობას. თითონ ნოე ჟორდანია ამბობდა, რომ ბოლშევიკები ბარბაროსები არიანო. რა არის ეს, თუ ისინი ბარბაროსები არიან რაღათ უგზავნით ასეთ ხასიათის დეპეშას? რაშია საქმე? ბატონებო, აგრე თამაში ეროვნული სულიერი განწყობილებით, მე მგონია მიუღებელია ჩვენთვის. მიუხედავათ ამ შეცდომისა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი ამ სიტყვას ასე არ გაიგებს. ჩვენი ერისათვის აშკარაა, რომ საქართველო გარშემორტყმულია მტრებით. და ჩვენი მთავრობა მადლობის ღირსია იმ მხრივ, რომ მან ერთი ფრონტი, ჩრდილოეთის ფრონტი მაინც გააუქმა. ხალხი გაიგებს, რომ ლიკვიდაცია მოხდა ერთი ხაზისა რუსეთის მხრივ, შეიძლება ისიც დროებით. მაგრამ ჩვენ გვრჩება სხვა ფრონტი, ეს არის ოსმალეთის და აზერბაიჯანის ფრონტი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიგებს რა მდგომარეობაშიც ვართ და იმ აღფრთოვანებას, რომელიც იყო გამოწვეული, ბოლო არ მოეღება. ჩვენ ეს არ გვინდა, მაშასადამე ჩვენი დიდი ფრონტი თითქმის განახევრებულია. თუ ჩვენ მზად ვიყავით, რომ ამოგვეღო ხმა ყველას წინააღმდეგ, მე მგონია ეხლა, როცა ჩვენი მდგომარეობა ბოლშევიკებთან გამოსწორებულია, დარჩა მხოლოდ აზერბაიჯანი. ჩვენ რასაკვირველია, უნდა დავიჭიროთ საინგილო და ყაზახის მაზრა, რომელიც აგრეთვე ნაწილია საქართველოსი და საბოლოოდ გამოვასწოროთ ყველა საზღვრები. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ჯარი და გვარდია იგრძნობს ამ ისტორიის დიდ მოთხოვნილებას. თუ ერთხელ ის ხმალს ამოიღებს, ის აღარ ჩააგებს, სანამ არ გამოსჭედავს და არ გამოაქანდაკებს საქართველოს საზღვრებს. ეს არის მისი უმაღლესი დანიშნულება. აი ეს უნდა უთხრათ ჩვენ ხალხს. მოპირდაპირე ასეთი ძლიერი არ არის, როგორც აქამდე იყო. ამ ხელშეკრულებით, რასაკვირველია, ხიფათი არ გასულა, რადგან ხიფათი მოდის სხვა მხრით. მთელი ისტორიული მსვლელობა ისეთი არის, რომ საქართველო უნდა აღსდგეს თავის საზღვრებში, ურომლისოდაც მას ცხოვრება არ შეუძლია. და დარწმუნებული ვარ ეს არის დემოკრატიის, ხალხის მოთხოვნილება და ჯარი და გვარდია ამას იგრძნობს. და თუნდაც მთავრობამ თავის ხაზი გამოიცვალოს, დარწმუნებული ვარ ჯარი და გვარდია თავის მოვალეობას აასრულებს. მე გამოვთქვამ იმედს, კიდევ ვამბობ - ულოცავ ქართველ ერს განთავისუფლებას, იურიდიულად მაინც. რაც მეტი გვექნება ასეთი ხელშეკრულება, მით უფრო განმტკიცდება ჩვენი მდგომარეობა. რაც უფრო მეტი გვექნება ასეთი ხელშეკრულებები, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. მინდა, რომ ჩემი სიტყვა მისწვდეს ხალხის გულს, მე მინდა გავაგებინო ყველას, რომ დღეს უნდა გამოვსჭედოთ საზღვრები, იმიტომ რომ უამისოდ შეუძლებელია განვითარება ჩვენი ერისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ივანე გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მოხდა ის, რაც დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა სცნო და საქართველოს მიწა-წყალზე კანონიერად მხოლოდ ქართველი ხალხის სუვერენული უფლებები აღიარა. ამიერიდან რუსეთი უარს აცხადებს საქართველოს შინაურ საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე და მით სავსებით ნიადაგს უსპობს ჩვენს რესპუბლიკაში მოკალათებულს იმ შავბნელ ძალებს, რომლებიც თავის ჩვენდამი მტრულს განწყობილებას აქამდი ასაბუთებდენ რუსეთის რაღაც უფლებებით ჩვენს მიწა-წყალზე. ამიერიდან მთელმა ევროპამ, მთელმა კაცობრიობამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მიწა-წყლის ერთად-ერთი უზენაესი პატრონი არის მხოლოდ საქართველოს ხალხი, რომ რუსეთმა თავის ნებით უარი განაცხადა ყოველგვარ სუვერენულ უფლებებეზე, რომლებიც მას ოდესმე ეკუთვნოდა საქართველოს ხალხისა და მიწა-წყლის მიმართ. მთელმა კაცობრიობამ ისიც უნდა იცოდეს, რომ თავისუფლებისადმი ქართველი ხალხის სიყვარული უსაზღვრო არის, რომ ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობას დაიცავს მთელი თავის ძალ-ღონით და სამშობლოს თავისუფალ არსებობას ხმლით ხელში უდარაჯებს ვიდრე საჭირო იქნება.

მაშასადამე, რუსეთმა ხელი აიღო თავის ყოველგვარ პრეტენზიებზე ჩვენ მიმართ. ეს არის მთელი რუსეთი და არა რომელიმე მისი ნაწილი, ვინაიდან საზავო ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენს და რუსეთს შორის დაიდო, ხელს აწერს საბჭოთა რუსეთის მთავრობა და ეს უკანასკნელი ხომ ფაქტიურად ერთად-ერთი მთავრობაა რუსეთში. რუსეთი ეხლა დგას დიდი განსაცდელის წინაშე და ამ გარემოებამ მთელი რუსეთი გააერთიანა, მაშასადამე ეს ხელშეკრულება სავალდებულოა არამც თუ ეხლანდელი რუსეთისათვის, არამედ მომავალ რუსეთისთვისაც, როგორიც არ უნდა იქნას იგი - წითელი თუ სხვა ფერის. და თუ ამიერიდან რუსეთის პრეტენზიებს დაეკარგა ყოველივე საფუძველი ჩვენში, რა უფლებით უნდა შეეხოს სხვა უცხო ძალა ჩვენს თავისუფლებას და დაემუქროს ჩვენს დამოუკიდებლობას. ასეთი უფლება არავისთვის არსებობს დღეს და თუ ვინმემ მაინც მოისურვა ჩვენი დამოუკიდებლობის მოსპობა, ეს იქნება შედეგი შიშველი ძალმომრეობისა. და მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ უდავოთ სცნო ბათომის ოლქი საქართველოს სახელმწიფოს განუყრელ ნაწილად და ეგეთივე დადგენილება გამოიტანა ბათომის ოლქის მკვიდრთა ყრილობამ - სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისმა - მე მგონია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ნებადაურთველად და საქართველოს ხალხის სურვილების წინააღმდეგ, იქ, ბათომის ოლქში, არ უნდა დარჩეს გარეშე ძალის არც ერთი წარმომადგენელი.

რაც შეეხება აზერბაიჯანის, მისი ჩვენს რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოლაშქრებას, საზღვრების გადმოლახვას და დღემდე ჩვენს წინააღმდეგ ომის წარმოებას, - ამაზე უნდა ითქვას: ღმერთი რომ კაცის დაღუპვას მოისურვებს, მას წინასწარ ჭკუა-გონებას წაართმევს. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცხადია, რომ ქემალ-ფაშები მას ხეირს ვერ დააყრიან. მართალია ქემალ-ფაშა დღეს მისი მოკავშირეა, მარა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს მომავალში დაეპატრონოს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და ის ამას კიდევაც შეასრულებს, თუ ხელი არ შეუშალა ევროპამ და თვით რუსეთის საბჭოთა მთავრობამაც.

ამნაირად, მოქალაქენო, ზავი საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის არის დიდი გამარჯვება ჩვენი ერისა, საქართველოს დემოკრატიისა, მარა ამაში ყველაზე ნაკლები დამსახურება მიუძღვის ჩვენს მთავრობასა და მმართველ პარტიას (ხმა: აბა, თქვენ მიგიძღვით?). ეს რუსეთის დიდი რევოლიუციის გამარჯვებაა, რუსეთი რევოლიუციის ერთი უდიდესი ლოზუნგის - ერთა თვითგამორკვევის პრინციპის ცხოვრებაში გატარებაა. (ხმაურობა. ზარი.) (ხმები: აქამდის რატომ არ გვიცნეს!). მართალია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიას და მის მთავრობას შეეძლო დიდი სამსახური გაეწია საქართველოს ერისთვის. მას შეეძლო უფრო ადრე გამოენახა საერთო ენა საბჭოთა რუსეთთან და ზავი გაცილებით ადრე ჩამოეგდო. და ეს რომ ასე მომხდარიყო და რუსეთს, მაგალითად ჩვენი დამოუკიდებლობა ბათუმითურთ ერთი თვის წინედ ეცნო, ჩვენ თავიდან ავიცდენდით იმ უბედურებათა მთელ რიგს, რომელიც თავს დატყდა ჩვენს ერს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიას არ ქონდა საგარეო პოლიტიკაში აღებული ერთი გარკვეული ხაზი. (დ. თოფურიძე: გვასწავლეთ როგორი ხაზი უნდა აგვეღო!) ბ. დიომიდე თოფურიძე! მე თქვენ ეხლა ვერაფერს გასწავლით, რადგანაც დაიგვიანეთ მომართვით, მაგრამ საქართველოს სოც.-დემოკრატიას დენიკინთან რომ არ ეგზავნა დელეგაციები თქვენის მეთაურობით, მგონია უფრო ადრე დავდებდით საზავო ხელშეკრულებას საბჭოთა რუსეთთან. წარმოიდგინეთ: საქ. სოც.- დემოკრატია იქამდის მიდიოდა, რომ დელეგაციას რეაქციონურ რუსეთის წარმომადგენელთან გზავნიდა, ხოლო კომუნისტთან კი არა.

ამნაირად, ბატონებო, თუ ჩვენ დღეს საბჭოთა რუსეთთან ზავი შევკარით, ეს გამარჯვებაა დიდი რევოლიუციისა და მასთან ერთად საქართველოს რევოლიუციონურ დემოკრატიისა. და ჩვენ გვწამს რუსეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება უფრო გააორკეცებს ჩვენი დემოკრატიის ენერგიას, რაც იქნება სრული გარანტია იმისა, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ვერავინ დაამხობს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გარეშე-საქმეთა მინისტრს.

. გეგეჭკორი. (გარეშე-საქმეთა მინისტრი). მე ბ. საკამათოდ არ გამოვსულვარ. მე მხოლოდ მინდა ორიოდე სიტყვით უპასუხო ბ. გვაზავას შესახებ ნ. ჟორდანიას დეპეშისა. ყოველ შემთხვევაში მე ამას იმიტომ ვშვები, რომ შესაძლებელია - აქ თუ არა, ყოველ შემთხვევაში თვით სტენოგრამაში ისე იქნება მოყვანილი ანგარიში ამ სხდომისა, რომ შემდეგში მკითხველმა მიიღოს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ადგილი ჰქონდეს ისეთ ფაქტს რომელზედაც ამბობს ბ. გვაზავა. (გვაზავა: დეპეშა დაბეჭდილია!) თუ დეპეშა ისე გავიგეთ როგორც დაწერილი არის და არა ისე, როგორც მოესურვება ამა თუ იმ ორატორს, თქვენ უნდა დამეთანხმოთ, მოქალაქენო, რომ არავითარი იმის მგზავსი რაზედაც ლაპარაკობდა ბ. გვაზავა, არ მომხდარა. ერთი ის, რომ დეპეშა ხელ მოწერილია ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას მიერ და არა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მიერ. გვაზავა გახლავთ იურისტი და ყოველ შემთხვევაში თავი მოაქვს დიდ იურისტად (გვაზავა: მართლა?) და არც მე ვთვლი მას გლახა იურისტათ, უნდა განვაცხადო ესეც და ვერ გამიგია, როგორ ვერ გაურჩევია იურისტს ნ. ჟორდანიას მიერ მიწერილი დეპეშა, დეპეშისაგან რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო მოწერილი მთავრობის თავმჯდომარის მიერ. ამაშია დიდი განსხვავება (გვაზავა: სასამართლოში, პოლიტიკაში კი არა!) დიდი განსხვავება არის. დიდი განსხვავება სწორედ იმაშია რაც სწერია და რაზედაც ლაპარაკობს გვაზავა. მისი კილო არ იყო სერიოზული და არ შეესაბამება იმ მომენტს, რომელზედაც ვლაპარაკობთ. ის ლაპარაკობს ლენინის კოცნაზე, რაღაც მხიარული კილო იყო, როდესაც დეპეშაში არავითარი ამის მსგავსი არ მოიპოვება, აი ის ადგილი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ: „იმედი მაქვს, რომ ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოისპობა ყოველივე გაუგებრობა და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანად და თანხმობით იმუშავებს“... (გვაზავა: აქ წერტილი უნდა ყოფილიყო! ეს საერთაშორისო ზრდილობა არის!) შემდეგ არის მოყვანილი ის, რაც ასე აშფოთებს და უკარგავს მოთმინებას გვაზავას. აქ არის ნათქვამი, რომ ეს ორი ხალხი იმუშავებს ერთად, რომ გარდაქმნან საერთო ცხოვრება სოციალისტურ ნიადაგზე. თქვენ ხედავთ, მოქალაქენო, რომ აქ ლაპარაკი არის ხალხზე. ჟორდანია იქნება ის ძველი სოციალისტი, თუ მთავრობის თავმჯდომარე, ჩემის აზრით, თუ კი ის მართლადაც დემოკრატიულ სახელმწიფოსი და მთავრობის მეთაურია, მას აქვს ყოველ შემთხვევაში უფლება სთქვას, რომ ყველა ხალხი ისევე, როგორც რუსეთის ხალხი, იგივე ითქმის დასავლეთ ევროპის ხალხზედ, მუშაობს ცხოვრების გარდაქმნაზედ... (გვაზავა: პარტიული კაცი არ არის, სახელმწიფოს წარმომადგენელია!) თქვენ ლაპარაკობთ აქ ლენინთან კავშირზე, გადახვევაზე და სხვა ამისთანებზედ და გგონიათ, რომ ვისმეს შეაშინებთ, გლახა შთაბეჭდილებას მოახდენთ. აქ კი არის აღნიშნული კავშირი ორ ხალხთა შორის და სწორედ ის ზავი, როლითაც თქვენ დღეს ამაყობთ, და რომელიც მიულოცეთ ხალხს, ეს გახლავთ რეალური და იურიდიული გამოხატულება ამ კავშირისა, რომელზედაც ნოე ჟორდანია ლაპარაკობს. მე მგონია აქ არავითარი ნოე ჟორდანიას, როგორც ნოე ჟორდანიას როგორც მთავრობის თავმჯდომარეს არ ჩაუდენია და ამიტომ ლაპარაკი იმაზედ, რომ რაიმე წახდა, ეს მგონია მხოლოდ სიტყვის მასალა იყო. რაც შეეხება გობეჩიას, მე, რასაკვირველია, არსებითად სრულიად ზედ-მეტად ვთვლი უპასუხო მას. (ტაში). (გობეჩია: თქვენთვის ეს, რასაკვირველია, ხელსაყრელია!).

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. შემოსული გახლავთ რეზოლიუცია. კენჭს ვუყრი ამ რეზოლიუციას. (მდივანი კითხულობს რეზოლიუციას): „მოისმინა რა გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადება საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის საზავო ხელშეკრულების დადების შესახებ, დამფ. კრება იწონებს მთავრობის პოლიტიკას, კმაყოფილებას გამოსთქვამს რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარების გამო და დარწმუნებული, რომ მთავრობა განაგრძობს სათანადო ზომების მიღებას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და მისი საზღვრების დასაცავად, გადადის მეორე საკითხზე“. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. ვინ არის მომხრე ამ რეზოლიუციისა? თავი ვინ შეიკავა? რეზოლიუცია მიღებული გახლავთ ერთხმად. ვიდრე დავათავებდეთ დღიურ წესრიგს, თანახმად თქვენი დადგენილებისა, გთხოვთ მოისმინოთ ორი საბოლოო ტექსტი დღეს მიღებულ დეკრეტებისა (შარაშიძის ასული კითხულობს ორივე საბოლოო ტექსტს, რომელთაც კრება უცვლელად იღებს). წინადადება არის შემოსული, რომ შემდეგი სხდომა დაინიშნოს სამშაბათს 18 მაისს. წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი. (მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს). ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. დღის წესრიგი მიღებულია. სხდომა დახურული გახლავთ.

17 მეჩვიდმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(17)

1920 წელი. მაისის 18. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. დეკრეტი - აბრეშუმის პარკის, თამბაქოსი და მატყლის მწარმოებლებთათვის სესხის მისაცემად 75.000.000 მან. გადადებისა.

2. დეკრეტი - 219.748. 864 მან. გადადებისა სამხედრო სამინისტროს 1919 - 1920 წ. ხარჯთ-აღრიცხვის დამატებისა.

3. კანონ-პროექტი - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ.

4. დეკრეტი - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესისა.

5. შეკითხვა დამფ. კრების წევრის გრ. ვეშაპელისა - ტყის კანონის შესრულების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმ. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 1 საათ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

დღის წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - ფოთის საკარანტინო, სოხუმის საზღვაო საექიმო და სანაინის სანაპირო საექიმო სამეთვალყურეო სადგურების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ. მომხსენებელია სვ. ახმეტელაშვილი.

4. დეკრეტი - აგრარულ რეფორმასთან დაკაშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

5. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის გაუქმების და ალიანის, კონდოლის და ჩუმლაყის სანერგეების ერობისათვის გადაცემის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

7. დეკრეტი - აბრეშუმის პარკის, თამბაქოს და მატყლის მწარმოებელთათვის სესხის მისაცემად 75.000.000 გადადებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

8. დეკრეტი - 219.748.364 მანეთის გადადებისა სამხედრო სამინისტროს 1919 -1920 წლ. ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

დამატება:

9. დეკრეტი - სოციალური შემწეობისა და მისი ორგანიზაციისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი და ი. ფირცხალაიშვილი.

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილია წინადადება რომ 1) „ა) მერვე საკითხი დასმულ იქნას მეოთხე საკითხად. ბ) მეცხრე საკითხი მოხსნილ იქნას დღევანდელ სხდომის დღიურ წესრიგიდან. გ) მეშვიდე საკითხი დაისვას მესამე საკითხად.

2) საბოლოო ტექსტი დეკრეტისა აბრეშუმის პარკის, თამბაქოსი და მატყლის მწარმოებელთათვის სესხის მისაცემად 75.000.000 მანეთის გადადებისა დღესვე იქნეს მიღებული“.

სიტყვა ხომ არავის ნებავს ამ წინადადების შესახებ? შესწორება მიღებულია. გადავდივართ მორიგ საკითხზე. ქრ. შარაშიძის ასულს სამსახურის გამო დააგვიანდა, ამიტომ პირველი და მეორე საკითხი სხდომის ბოლოს მოგხსენდებათ. სიტყვა ონიაშვილს ეკუთვნის.

1. დეკრეტი აბრეშუმის პარკის, თამბაქოსი და მატყლის მწარმოებელთათვის სესხის მისაცემად 75.000.000 მან. გადადებისა.

. ონიაშვილი (ს.-დ.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ მატყლზე, აბრეშუმის პარკზე და თამბაქოზე მონოპოლია გამოაცხადა. მონოპოლიის ცხოვრებაში საუკეთესოდ გასატარებლად საჭირო არის ერთ გარემოებას მიექცეს ყურადღება, სახელდობრ იმას, რომ კერძო მწარმოებელი დავაინტერესოთ თავის წარმოებით. სახელმწიფოებრივი მონოპოლია ისე უნდა გატარდეს ცხოვრებაში, რომ მართლაც შეიქნეს პირობები ამ წარმოების აყვავებისა. ამისათვის კი საჭირო არის ფული და იაფ ფასიანი კრედიტი. თქვენ იცით, დამფუძნებელ კრების წევრნო, რომ ჩვენში წარმოება, უმთავრესად კი წვრილი წარმოება კრედიტის უქონლობის გამო გაჭირვებას განიცდის, წარმოება ჩარჩების ხელშია ჩავარდნილი. წარმოება რომ გავაფართოვოთ და გამოვგლიჯოთ იგი ხელიდან ჩარჩებს, მწარმოებელთათვის იაფ-ფასიანი კრედიტის მიწოდება არის საჭირო. ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა დეკრეტი, რომლის ძალით სახელმწიფო ხაზინამ უნდა გაიღოს 75.000.000 მანეთი ამ საქმისათვის. რაც შეეხება ამ ფულის განაწილებას, ე.ი. კრედიტის მიცემას, ამის შესახებ დეკრეტის ძალით შემუშავებულია დაახლოვებით ასეთი წესი: ეს ფული მიეცემა მწარმოებლებს ფინანსთა სამინისტროს საშუალებით ან და იმ საკრედიტო დაწესებულებათა საშუალებით, რომელნიც ფინანსთა სამინისტროს განკარგულებაში იმყოფებიან, სესხი შეიძლება მიეცეს კერძო მწარმოებელთ, შეიძლება მიეცეს მწარმოებელთა კავშირსაც. სესხის მიღების შემდეგ ესა თუ ის მწარმოებელი, რომელიც ისარგებლებს ამ კრედიტით, ვალდებული არის თავის საქონელი უკლებლივ გადასცეს მთავრობის ადგილობრივ განყოფილებებს იმ მტკიცე ფასებში, რომელსაც შეერთებული კომისია შეიმუშავებს. შემდეგ ხდება რეალიზაცია ამ საქონლისა, რის შემდეგაც დარჩება წმინდა მოგება, რომელსაც იყოფენ შუაზე მწარმოებელი და მთავრობა. საქონლის ღირებულება და სხვა და სხვა ხარჯები მწარმოებელს მიეცემა. ის ხარჯები, რომელიც მოუვა მთავრობას ამ საქონლის რეალიზაციის დროს, მიეცემა მთავრობას. თუ ამას კიდევ სხვა ხარჯებს გამოვაკლებთ, დარჩება წმინდა მოგება, რომელიც იყოფა შუაზედ, 50 პროცენტი ეძლევა მწარმოებელს და 50 პროც. მთავრობას.

აი მოკლედ ის წესები, რომელიც მიღებული არის ამ დეკრეტის ძალით. 75 მილიონი მანეთი დაახლოვებით ასე განაწილდება: 30 მილიონი მიეცემა მეცხვარეებს, კრედიტის სახით, 35 მილიონი - მეთამბაქოებს, 10 მილიონი - აბრეშუმის პარკის მწარმოებელთ.

ეს საკითხი გაირჩა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში და ვინაიდან ამ საქმეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებისათვის და ეს თანხა არამც თუ არ დაიკარგება, პირიქით, მოგებით დაუბრუნდება ხაზინას, კომისიამ ერთხმად მიიღო ეს დეკრეტი. საქმეში არის სახელმწიფო კონტროლის დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს ამ დეკრეტს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ.

დეკრეტი მუხლობრივ განხილვით დამფ. კრების მიერ მიღებულ იქმნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა.

2. დეკრეტი 219.748.864 მანეთის გადადებისა სამხედრო სამინისტროს 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს იმნაიშვილს.

იმნაიშვილი. (ს.-დ.) წარმოდგენილი დეკრეტი შეიცავს სამხედრო უწყების შუამდგომლობას 219.748.364 მანეთის გაღების შესახებ, იმ ზედმეტ ხარჯების დასაფარავად, რომელიც ამჟამად აქვს სამხედრო უწყებას. საერთოდ დღევანდელი ფრონტის ხარჯები ბევრად აღემატება ჩვენ მიერ წინად მიღებულ ხარჯთ-აღრიცხვას. ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ ნორმალური ხარჯთ-აღრიცხვა მშვიდობიან დროისათვის დგება, ფაქტიურად კი ჩვენ სულ საომარ განწყობილებაში ვიმყოფებით. ამას ზედ ერთვის ისიც, რომ სიძვირე დღითიდღე საოცრად იზრდება, ამის გამო თავის თავად ცხადია, რომ ზედმეტი ხარჯებიც იქნებოდა. ამიტომ, როდესაც ეს პროექტი შემოვიდა სამხედრო კომისიაში, არსებითად ასეთი შუამდგომლობა კანონიერად იქმნა მიჩნეული და უკამათოდ მიღებულ იქმნა კომისიის მიერ.

საფინანსო კომისიამ, იმისდა მიხედვით, თუ რა დასკვნები ქონდა ცალ-ცალკე ამ ხარჯების შესახებ საუწყებათაშორისო კომისიას, სახელმწიფო კონტროლს, ფინანსთა მინისტრს და მის ამხანაგს, ცოტაოდენი შესწორება შეიტანა. განსაკუთრებით დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს ამ დეკრეტის სასწრაფო მიღებას და ამიტომ შემოვდივართ შუამდგომლობით, რომ ეს დეკრეტი ამ სახით სასაწრაფოთ იქმნას მიღებული.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

იმნაიშვილი. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივად. დეკრეტი მიღებულია საერთო წესით და გადეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ნინიძეს.

3. კანონ-პროექტი მკვიდრთაგან ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ.

. ნინიძე. (ს.-დ.) როგორც ვიცით 1919 წლის იანვრის 28 კანონით ყოფილ სახაზინო გლეხებს, კერძო საკუთრებათ მიეცათ ის მიწები, რომლებიც მათ როგორც სახაზინო მიწები ეჭირათ. ამგვარად ეს მიწები კერძო საკუთრებად გამოცხადდა. შემდეგ ჩვენი რესპუბლიკის ზოგიერთ ადგილებში იმ ანარქიის გამო, რომელიც წინად იქ არსებობდა და ზოგან ახლაც არსებობს, მკვიდრნი, რომელთაც მიღებული ქონდათ ეს ყოფილი სახაზინო მიწები საკუთრებად, გაიხიზნენ სხვა და სხვა ადგილებში და დღემდისაც არ დაბრუნებულან, ეს ყოფილი სახაზინო მიწები კი მიტოვებულია უპატრონოდ. მიწად-მოქმედების მინისტრმა შემოიტანა პროექტი, რომლითაც ყოფილი სახაზინო მიწები უნდა ჩამოერთვას ისეთ მკვიდრთ, რომელნიც ლტოლვილან და დღემდის არ დაბრუნებულან. ეს საკითხი განიხილა შეერთებულმა სხდომამ იურიდიულ და აგრარულ კომისიებისამ, და შემდეგ მცირე შესწორებისა დაადგინა: პროექტი მიღებულ იქმნეს. არის შესწორება, რომელიც ვადას შეეხება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის.

(დეკრეტი მიღებულ იქმნა ჩვეულებრივი წესით და მეორე მუხლობრივი განხილვა სათანადო ვადის შემდეგ მოხდება).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა კ. ნინიძეს ეკუთვნის.

4. დეკრეტი - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავის და საჩივრის განხილვის წესის შესახებ.

. ნინიძე. (ს.-დ.) არსებული აგრარული კანონით ის დავა, რომელიც შეიძლება მოხდეს აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებით უნდა გაარჩიოს არა სასამართლომ, არამედ იმ ორგანოებმა, რომლებიც მიწად-მოქმედების სამინისტროსთან და აგრეთვე სამაზრო ერობებთან მოქმედებენ. ასეთი იყო აზრი და საზოგადოთ კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ჯერ სეიმის დროს და შემდეგ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ შემდეგ მოხდა ერთი რამ, რომელმაც ცოტა გაუგებრობა შეიტანა საერთო დებულებაში. ამ გაუგებრობას გამოიწვევს ის, რომ სენატს მივცეთ ისეთი დებულება, რომლის ძალითაც სენატის საადმინისტრაციო განყოფილების მიერ ყოველი განკარგულება მინისტრისა შეიძლება გასაჩივრებულ იქმნეს. ამის გამო საქმემ შესაძლებელია შემდეგი ხასიათი მიიღოს: დაინტერესებული, განკარგულებით უკმაყოფილო პირი, ამ განკარგულებას სამინისტროში გაასაჩივრებს, და თუ უარს მიიღებს მიწად-მოქმედების მინისტრისაგან, მას ეძლევა კანონით საშუალება, გადაიტანოს ეს დავა სენატის საადმინისტრაციო განყოფილებაში. ამის საწინააღმდეგოთ არაფერი ითქმის, პირიქით ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო ორგანიზაცია სასამართლო არის, ის უფრო კარგად, სამართლიანად გამოიკვლევს დავას, რომელიც არსებობს ამა თუ იმ უფლების გარშემო. არის მეორე გარემოება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამართლის აღდგენა საერთოდ ძნელი საქმე არის მაინც, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ჩვენში არსებული კანონი, მეტადრე წესი სამართლის წარმოებისა ისეა მოწყობილი, რომ ერთი მხრით უაღრესად უზრუნველყოფს სამართლიანობას, მაგრამ მეორეს მხრივ, საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომ საქმე გააგრძელოს სასამართლოში. აი, რადგანაც ჩვენ გვგონია, რომ შესაძლებელია ამ დავის გაგრძელებამ შეაფერხოს აგრარული რეფორმის გატარება ცხოვრებაში და ეს არ არის სასურველი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ დავა ამ აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარების გამო არ ექვემდებარებოდეს სენატს. მართალია, აქ არ იქნება დაცული ის, რასაც იურისტები ეტყვიან: „უმაღლეს სამართლიანობას“, მაგრამ აქ არ ექნება ადგილი არც იმ უაღრეს უსამართლობას, რომელიც იქნება გამოწვეული ამ უმაღლესი სამართლიანობის დაცვით, და რომელიც შეუშლის ხელს აგრარულ რეფორმის ცხოვრებაში გატარებას. მაშასადამე, სამინისტრომ უნდა აწარმოვოს ამ რეფორმის მეორე ნაწილი. ის რაც შეეხება მიწების ჩამორთმევას, საჭიროა, რომ ჩქარა იქნეს განხორციელებული. თუ სადავო გახდა საფუძველი - ის, რაც ჩამორთმევას შეეხება, სამინისტროს არ ექნება საშუალება რეფორმის მეორე ნაწილის ცხოვრებაში გატარების. ეს დავა შეიძლება 1-2 წელი გაგრძელდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მივიღოთ ასეთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში, რომ ის დავა, რომელიც დაკავშირებულია აგრარულ რეფორმის განხორციელებასთან, მიცემის, კონფისკაციისა და განაწილებასთან დაკავშირებული არ ექვემდებარეობდეს სასამართლოს, არამედ განიხილებოდეს იმ ადგილიბრივ ორგანოების მიერ, რომელნიც აღნიშნულია სათანადო საადგილმამულო კანონებში. ასეთია ამ დეკრეტის პროექტი.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. გვაზავას ეკუთვნის.

. გვაზავა (ერ.-დემ.) ბატონებო! მე მგონია, რაღაც გაუგებრობა არის. წარმოდგენილი კანონ-პროექტი ჩვენის აზრით ყოვლად მიუღებელია. ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა აქ მომხსენებელმა, არ არის დასაბუთება და თვით საჭიროებს დასაბუთებას. თქვენ მიაქცევდით ყურადღებას, რომ პრინციპიალურად მომხსენებელი წინააღმდეგია: ის ამბობს, რომ ცხადია, როცა ატყდება სამოქალაქო დავა, ეს უნდა გადასწყვიტოს სასამართლომ და მოჰყავს მოსაზრება ამის შესახებ. მაშასადამე ამაზე არ არის დავა. გადავალ შემდეგზე: ყოველი სამოქალაქო დავა უნდა გადასწყდეს სასამართლოს წესით. ასეა მიღებული ყოველგან. პირველად სეიმმა, მერე ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი მიწების რეფორმის შესახებ. ეს კანონი სავალდებულოა სასამართლოსთვის. მაგრამ, რაც შეეხება დავას, რომელიც შეიძლება ატყდეს ამ კანონის ფარგლებში, ეს უნდა გადასწყდეს სასამართლოს წესით და არა ადმინისტრატიული წესით.

სულ სხვაა ის მოსაზრება, რომელიც მომხსენებელმა მოიყვანა, რომ გვაქვს კანონი, მაგრამ იგი სასამართლოში არ ტარდება, სასამართლო კანონს არღვევსო. თუ ჩვენ კანონი მივიღეთ, ეს გამოხატვაა ჩვენი ნების-ყოფის და ცხადია სასამართლო მას უნდა ატარებდეს წმინდად და სწორედ. ეს ასეც ხდება. მაშ რაშია საქმე? რად უნდა ჩამოვართვათ სასამართლოს მისი პირდაპირი ფუნქცია და გადავსცეთ ადმინისტრაციას? ამის შესახებ მოხსენებაში ერთი მოსაზრებაა მოყვანილი: თურმე ხდება, რომ დაინტერესებული პირი სარგებლობს იმ წესის პირველი მუხლით, რომლის ძალით შეუძლია დავა სასამართლოში გადაიტანოს და ამით ფერხდება ვითომდა აგრარული რეფორმის გატარება. ეს მოსაზრება მართალი არ არის. მე ყურს ვუგდებდი მომხსენებელს, მას ერთი მაგალითიც არ მოუყვანია: როგორ შეიძლება შეფერხდეს ეს აგრარული რეფორმა. მე ვსთხოვ მომხსენებელს თავის საპასუხო სიტყვაში მაგალითი მოიყვანოს.

თუ საჩივარი შეეხება ხაზინას ან სასამართლოს, ზოგიერთი წესი, რომელიც არის მიღებული პროცესიალურ უფლებაში, არ არის მიღებული სახელმწიფოს... (არ ისმის). როგორ შეიძლება თუ მოქალაქე გაასაჩივრებს მინისტრის მოქმედებას, ამან შეაფერხოს აგრარული რეფორმის გატარება? აქ არის ლაპარაკი საჩივარზე. აიღეთ მაგალითი: მინისტრი ატარებს კანონს, როგორც მას ესმის. ამით არის შელახული ჩემი უფლება. სად უნდა წავიდე? რასაკვირველია სასამართლოში. მაგრამ, მე რომ საჩივარი დავიწყო, განა შეფერხებული იქნება ადმინისტრაციის მოქმედება? თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩემი საჩივარი, ვიტყვი რუსული ტერმინოლოგიით, არ იქნება დადებული «запрещенიе», არ იქნება არც «предварительное исполнениიе». თუ ეს ასეა, თქვენ რა გეხარჯებათ, რომ მე ვიჩივლო სასამართლოში და აღვადგინო ჩემი უფლება. მე კანონის ძალით მინდა დავიცვა ჩემი უფლება. რად უნდა ჩამომართვათ ეს უფლება? ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერც მოიყვანა და ვერც მოიყვანს მომხსენებელი. ეს არ არის მიზანშეწონილი და ამის შედეგი იქნება სამწუხარო.

სამინისტრო თვით ღებულობს თავის-თავზე კანონის განმარტებას. აქ იბადება თვითნებობა. ეს დაამტკიცა ისტორიამ ევროპაში და ჩვენში და რად უნდა დავიხიოთ იმ კულტურულ გზიდან და შევიტანოთ არევ-დარევა სასამართლოში, რად უნდა ჩამოვართვათ სენატს ის უფლება, რომელიც მივანიჭეთ მას. ვისთვის არის ეს სასარგებლო? თქვენ მიაქცევდით ყურადღებას იმ განმარტებას, რომელიც თანა სდევს მოხსენებას. იქ მითითებულია, როგორ გაატარა თავისი აგრარული რეფორმა სტოლიპინმა. რა არის ეს? ნუ თუ ისე გაკოტრდა სოც.-დემ. პარტია, რომ სტოლიპინის მაგალითებს მიბაძა? განა სტოლიპინის მეტი მაგალითი ვერ იპოვა? ეს საშუალება სტოლიპინმა განგებ იხმარა. სასამართლოში იქ შედიოდნენ: თავად-აზნაურების წინამძღოლნი ანუ მარშლები, რომელნიც თავის ნებაზე აწარმოებდენ სასამართლო საქმეებს. ეს შეეფერებოდა სტოლიპინს, იმ რეჟიმს, რომელიც იყო მაშინ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ რესპუბლიკაში სტოლიპინის მაგალითებს მივბაძოთ? ჩვენი სასამართლო შედარებით კარგადაა მოწყობილი და რად უნდა შევუდგეთ იმ პრინციპების დარღვევას, რომელთაც ჩვენ ვატარებთ? აქედან სარგებლობას და სიკეთეს არ მოველით. ის მოსაზრება, რომელიც ჩვენ მოგვიყვანეს, რომ ეს დავა აფერხებს რეფორმის გატარებასო, არ არის მოსაყვანი. თუ თქვენ მიიღებთ ამ კანონ-პროექტს, მაშინ მომხსენებელს საშუალება ერთმევა თავისი შელახული უფლება აღადგინოს. მაშასადამე ჩემი საჩივარი, როგორც კერძო მოქალქის, თავდაპირველად არ აფერხებს აგრარული რეფორმის გატარებას. მე კი უნდა აღვადგინო ჩემი უფლება, რომელიც არის დამყარებული თქვენ მიერ მიღებულ კანონზე. რად უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებულ კომისიას ამ საკითხის გადაწყვეტა, როდესაც არის სასამართლო, არის სენატი, რატომ იქ არ უნდა გადაწყდეს ეს საქმე და ამ უფლებრივ საკითხს უნდა სწყვეტდეს კომისია? საჩივრის შეტანა ამ კომისიაში შეუძლებელია. წარმოვიდგინოთ ასეთი მაგალითი: ხშირად თურმე ხდება, მესაკუთრე აცხადებს, რომ მას ჩამოართვეს ერთი ნაწილი. ვთქვათ აქვს 10-14 დეს., 7 დეს. დარჩა, დანარჩენი ჩამოართვეს. ის ამბობს, ეს 7 დესეტინა ჩემია, დანარჩენი სხვისია - პეტრესი ან ივანესი და სხ. ამისთანა დავით თითქოს აგრარული რეფორმის გატარება ფერხდება. მაგრამ ეს საკითხი ვინ უნდა გადაწყვიტოს? წარმოიდგინეთ, რომ ეს 7 დეს. სხვას ეკუთვნის, მაშინ არ მისცემთ იმ კერძო პირს, რომელსაც ჩამოართვით, წილს? სად უნდა წავიდეს? თქვენ უკრძალავთ სასამართლოში წავიდეს და თავისი უფლება აღადგინოს თქვენივე კანონის ძალით. მე მესმის, რომ სასამართლომ შეაფერხოს რეფორმის გატარება, მაგრამ ეს არ ხდება; მე კი ჩემს უფლებას აღვადგენ. თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ რეფორმა, გასცეთ მიწა ფონდში, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე, არ უნდა ვიყო უფლება აყრილი, მე უნდა მქონდეს საშუალება წავიდე სასამართლოში და 5 წლის შემდეგ აღვადგინო ჩემი უფლება. რად ხართ ამის წინააღმდეგი არ მესმის.

მე არ შევეხები ამ საკითხს პრინციპიალურად. ბ. ნინიძე ბრძანებს თვითონ, რომ ჩვენში არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ სცნობს ჭეშმარიტებადო. ეს ჭეშმარიტებაა, და თუ ეს ჭეშმარიტებაა, გთხოვთ მიუახლოვდეთ ამ ჭეშმარიტებას და არ მიიღოთ ის კანონ-პროექტი, რომელიც მიზანშეწონილი არ არის და არევ-დარევას შეიტანს სასამართლოში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბატონ ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაციონ.) ბ. გვაზავამ თითქმის ყველა მოსაზრებები მოიყვანა, რომელნიც ეწინააღმდეგებიან ამ დეკრეტის პროექტს. მაგრამ მე, პრინციპიალურად და პრაქტიკულად იმდენად მიუღებლად მიმაჩნია ეს დეკრეტი, რომ მინდა დაუმატო ზოგი რამ. საკითხი არის შემდეგში: სამინისტრო ე.ი. აღმასრულებელი ორგანო მოითხოვს დამფუძნებელი კრებისაგან კანონს, რომ მისი დადგენილებანი და გადაწყვეტილებანი არ იყოს განსაჩივრებული სასამართლოს წესით. ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი, რამ გამოიწვია ასეთი აუცილებლობა, რამ აიძულა სამინისტრო, რომ ასეთი გამონაკლისი, როგორც მომხსენებელმა ბრძანა, შევიტანოთ ჩვენი უფლებრივი ცხოვრების ჩვეულებაში. აქ სთქვეს, რომ პროცესი სასამართლოსი არის ისეთი, რომ მომჩივანს აქვს საშუალება დიდად გააგრძელოს თავისი სასამართლო საქმე და ხელი შეუშალოს აგრარულ რეფორმას. ბატონმა გვაზავამ იურიდიული თვალსაზრისით განმარტა, რომ ასეთი მდგომარეობა არ შეეფერება სინამდვილეს, ე.ი. საჩივარი არ აჩერებს ადმინისტრაციის მოქმედებას. მე მინდა სხვა მხრივ შევეხო ამ საკითხს. რატომ სამინისტრო იმის მაგიერ, რომ სთხოვდეს დამფუძნებელ კრებას ისეთი პრინციპის დარღვევას, რომელიც უდავოა ყველასთვის, რომ ადმინისტრაციის მოქმედების განსაჩივრება უნდა ხდებოდეს სასამართლოს წესით, რატომ არ სთხოვს დამფუძნებელ კრებას პრაქტიკულ ზომებს, რაიმე შესწორებას, რომელიც შეეხებოდა აგრარული საჩივრების წესის ტეხნიკურ მხარეს, განა ძნელი იყო ეს? შეიძლება დროებით ვადის შემოკლება და სხვა ტეხნიკური, არა პრინციპიალური შესწორების შეტანა იმ საქმეთა წარმოების წესებში, რომელიც აგრარულ რეფორმას შეეხება. თუ ტეხნიკა სუსტობს, მაშინ შეიძლება მისი შესწორება, მაგრამ აქ საქმე სწორედ პრინციპშია! აქ მიწად-მოქმედების სამინისტრო, და შემდეგ შეიძლება მის მაგალითს მიყვნენ სხვა სამინისტროებიც, მოითხოვს, რომ არ იყოს მაღალი ინსტანცია - სასამართლო, მოითხოვს გარანტიას, რომ სასამართლო მოაშორონ მის საქმეებს, იმიტომ რომ სასამართლოს მიმართულებით არ არის კმაყოფილი და დაიმედებული. მე ეს მიმაჩნია მიუღებლად.

მთავრობა ყოველთვის სცხრილავს და ბოლოს ასე თუ ისე მისთვის საიმედო პირს აძლევს სასამართლოში ადგილს. ეს შეეხება საოლქო სასამართლოს, პალატას და სენატს, რომლის შერჩევისათვის, თქვენ მოგეხსენებათ, რამდენი ზომები იყო მიღებული. და როდესაც ადმინისტრაცია კიდევ არ არის კმაყოფილი და ეძებს საშუალებას რომ როგორმე მოიშოროს ყოველივე საჩივარი, ეს ნიშნავს აზიურ, ყველაზედ უფრო ცნობილ, სპარსულ ჩვეულებების გამეფებას, სატრაპიებს.

ჩვენ გვეუბნებიან: სენატის დებულება ისე უნდა შეიცვალოს, რომ მას არ დაექვემდებაროს დადგენილებანი, გადაწყვეტილებანი და განკარგულებანი მიწათ-მოქმედების სამინისტროსი. რა უნდა ქნას მიწად-მოქმედების სამინისტრომ, იქნება ეს წვრილი თუ დიდი საქმე, რაც ამ ფორმულაში არ შევა?

არავითარი გარანტია, არავითარი საშუალება არა აქვს მოქალაქეს ამ საკითხის შესახებ დავის აღძვრისათვის სასამართლოში. და ისეთ უზენაეს სასამართლოსი, როგორიც არის სენატი, რომლის პრესტიჟს გადიდებისათვის, მგონია, თვით მთავრობა ცდილობდა, არ დარჩება საშუალება, რომ იქ რაიმე საჩივარი იყოს აღძრული. მე მინდა კიდევ ერთ გარემოებას მივაქციო თქვენი ყურადღება. თვით მიწად-მოქმედების სამინისტროდან სხვანაირი კანონ-პროექტი იყო წარმოდგენილი. სამინისტრო მოითხოვდა შემდეგს: ის უკმაყოფილო იყო, როგორც მომხსენებელი ბრძანებს, ჩვენი სასამართლოს ტეხნიკით, მაგრამ შემდეგს მოითხოვდა: დააწესეთ შერეული ადმინისტრაციული და ნახევრად, შეიძლება ითქვას, იუსტიციური ორგანო. მე ეხლა არ მაქვს ტექსტი ძველი კანონ-პროექტისა, მაგრამ ასეთი იყო დედა აზრი, რომ უნდა დაარსებულიყო კოლეგიალური ორგანო. შიგ უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი მიწად-მოქმედების და იუსტიციის სამინისტროსი. რასაკვირველია, იუსტიციის სამინისტრო სამართალს არ ნიშნავს და ვინც წინააღმდეგია არა სასამართლოს გზით მოსპობისა სამოქალაქო და კერძოდ აგრარული საქმეებისა, რასაკვირველია ის არ იქნებოდა კმაყოფილი იმითაც, რომ იუსტიციის სამინისტროს რგებოდა სასამართლოს ფუნქციები, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ არ შემოიტანა ეს კანონ-პროექტი, რომ მარტო ადმინისტრატიულ ორგანოს ხელში დაეტოვებინათ აგრარულ საჩივართა განხილვა, იმას მოწმობს, რომ თვით მიწად-მოქმედების სამინისტრო გრძნობს, რომ არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს ის იყოს აღმასრულებელი, საჩივრების განმხილველი და უზენაესი განმარტავი ორგანო. ამიტომ ის მომართავდა იუსტიციის სამინისტროს უფლებრივის თუ არა ყოველ შემთხვევაში ზნეობრივი დახმარებისათვის მაინც. აგრარულ და იურიდიულ კომისიებს ეს საკითხი გადაუწყვეტიათ სრულიად უბრალოდ, სიტყვა სიტყვით არ გავიმეორებ, მაგრამ ასე იყო: თუ საქმე იმაშია, რომ სასამართლო ხელს უშლის აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაშინ სულ მოვაშოროთ ამ საქმეებს სასამართლოვო. რა საჭირო არის მაშ იუსტიციის სამინისტრო ან სხვა რამ, როგორც სურროგატი სასამართლოსი. მე რასაკვირველია, წინააღმდეგი ვიქნებოდი იმ კანონ-პროექტისაც პრინციპიალურად და პრაქტიკულად, რომელიც მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი შერეულ ადმინისტრაციულ ორგანოს დაარსების შესახებ. მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ აგრარულმა და იურიდიულმა კომისიებმა ძალიან გააადვილეს ეს საკითხი და ის უხერხულობა, რომელსაც ჰგრძნობდა მიწად-მოქმედების სამინისტრო, როდესაც ის მიმართავდა იუსტიციის სამინისტროს, ეს უხერხულობა მოიშორეს თავიდან და თვით ადმინისტრაციას ჩააბარეს ყოველგვარი სააგრარო საჩივრების განხილვა. დაბოლოს უნდა ვთქვა, რომ რამდენადაც აქ სენატი არის ნახსენები, უსათუოდ არ შეიძლება სახელი არ გაუტეხოს ამ კანონ-პროექტის მიღებამ ჩვენს სენატს. მე პირადად არა ვარ იმ აზრის მატარებელი, რომ ჩვენი სენატი იყოს იდეალი, განსაკუთრებით ჩვენი სენატი თუნდაც დებულებით ან პიროვნული შერჩევით, მაგრამ მე მინდა ვსთქვა, რომ, რაც უნდა იყოს, სენატი მაინც სენატია. მაინც ხალხში ტრიალებს ერთგვარი აზრი, რომ არსებობს ორგანო, რომელშიაც შეგიძლიან უჩივლო თვით მინისტრს. ეს არის კონსტიტუციური გარანტია საქართველოში. ჩვენ ჯერ კონსტიტუცია არა გვაქვს და ერთად ერთი საშუალება უმაღლესი აღმასრულებელი ძალის, ე.ი. მინისტრის განსაჩივრებისა არის სენატი. თუნდაც ერთი სამინისტროს შესახებ ეხლა ეს ფუნქციები სენატისა სრულებით ისპობა. თავის თავად ცხადია, რომ შესაძლებელია ამ მაგალითს მიმბაძველები გამოუჩნდენ და სხვა სამინისტროსაც დასჭირდეთ ან ზოგადად, ან კერძოდ ასეთივე ჯავშნის აღმართვა თავის კედლების და სასამართლო სენატის კედლების შორის. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი შემოქმედება წინ კი არა, უკან მიდის და თქვენ ვერავის ვერ დააჯერებთ, რომ ეს კანონ-პროექტი იმით არის გამოწვეული, რომ სასამართლო აფერხებს აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარებას. ახსნიან იმით, რომ სამინისტროს არ უნდა, რომ ვინმემ მისი საჩივარი განიხილოს, რადგან ის გრძნობს, რომ მის მოქმედებაში ძალიან ბევრი უსამართლობა არის, არა ზოგადად, რასაკვირველია, რომაელების, საფრანგეთის ან გერმანიის კოდექსის მიხედვით, არამედ თვით ჩვენი ახალი კანონების მიხედვით, იმ კანონების მიხედვით, რომელიც გამოცემული არის ჩვენს რესპუბლიკაში. აი ამაშია საქმე, რომ მას უძნელდება იმ კანონების შესრულება, რომელიც გამოცემულია იმ პოლიტიკურ წრეების მიერ, რომელიც რასაკვირველია დიდ გარანტიას აძლევს აღმასრულებელ ძალას აგრარულ რეფორმის გატარებაში. ეხლა საშუალება ესპობა მოქალაქეს, რომ იმოქმედოს კანონის მიხედვით და დაიცვას თავის უფლება.

და ვიმეორებ, იმ უხერხულობასაც კი არ ერიდებიან, რომ სენატს, რომელიც სულ რამდენიმე თვეა არსებობს და რომლის დებულება ასე თუ ისე ავტორიტეტული ხასიათისა იყო, ეხლა ძალიან უბრალოდ იშლება და ერთი სამინისტრო სრულებით ითავისუფლებს თავს სასამართლოს კონტროლისაგან. იმიტომ რომ ფორმულაში, „დადგენილებანი, გადაწყვეტილებანი და განკარგულებანი“, შეიძლება შევიდეს სულყველაფერი, რაც შეეხება მიწად-მოქმედების სამინისტროს.

თავმჯდომარე. ბატონებო, უკვე ორი საათია. როგორ ინებებთ, გადავიდეთ შეკითხვის განხილვაზე თუ არა? უმეტესობა მომხრეა ვეშაპელის მიერ ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ შემოტანილ შეკითხვის განხილვისა.

სიტყვა ბატონ მიწად-მოქმედების მინისტრს ხომერიკს ეკუთვნის.

5. შეკითხვა დამფ. კრების წევრის გრ. ვეშაპელისა ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

. ხომერიკი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ბატონმა ვეშაპელმა ასეთი ბრალდებები წამოგვიყენა: კანონს არ ასრულებთო, სამინისტრო მოქმედებს ფისკალური მიზნით, 5 დეკემბრის დეკრეტს არ ანხორციელებთო და ამით დიდ გაჭირვებაში ჩააგდეთ ხალხიო. ჩვენი უწყება მიზნად ისახავდა და ახლაც ისახავს ტყეების დაცვას, ტყის გამოკვლევას, დაგეგმვას და სხვა. რევოლიუციამდე 1 მილ. 890 ათასი დეს. ტყიდან მხოლოდ 100 ათასი დესეტინა ტყე იყო შესწავლილ-დაგეგმილი. რევოლიუციის პირველ წელს მხოლოდ 34 ათასი დესეტინა ტყე დაიგეგმა. ყოველივე ეს მოწმობს მას, რომ ტყის გამოკვლევა მეტად რთული საქმეა. იგი მოითხოვს დიდ ხარჯს, აუარებელ შტატს და თუ თქვენ მიიღებთ მხედველობაში ჩვენი ხაზინის მდგომარეობას, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა რთული და მძიმე საქმეა გასაკეთებელი. ჩვენი ტყეები 60 სამოურავოდ არის გაყოფილი. მხოლოდ 37 გვყავს მოურავი; მათგანშიაც მხოლოდ 13 არის სპეციალისტი. მოურავების თანაშემწენი 80 კაცია. იმათში მხოლოდ 6 არის სპეციალისტი. განა ამ მცირეოდენი ძალებით შეიძლება ტყის შესწავლა? მიუხედავად ყოველივე დაბრკოლებისა, ჩვენ მაინც ვიღებდით ზომებს, რათა ხალხის მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებინა. როდესაც ვეშაპელი ამტკიცებს, რომ უწყება არ ცდილობდა ხალხის საარსებო ინტერესები დაეკმაყოფილებინათო, ეს არ არის მართალი. პირიქით, დეკრეტის გამოცემამდე უწყებამ ჯერ კიდევ 1918 წელს შეიმუშავა ტყის სარგებლობის შეღავათიანი პირობები. მაგალ., ერთი კუბიკური საჟენ შეშაზე ბაჟი არის 30 მან. თუ მივიღებთ მხედველობაში თანამედროვე სიძვირეს, დავინახავთ, რომ არსებული ფასები მეტად მცირეა. 1919 წ. 10 თებერვალს უწყებამ დაუგზავნა ინსტრუქცია ერობებს, რომელთაც ევალებათ, თვალ-ყური ადევნონ ტყით მიზანშეწონილად სარგებლობას. რომ არ გასჭირებოდათ გლეხებს ტყის ნებართვის აღება, ჩვენ დავადგინეთ, რომ ნებართვას, გარდა ტყის მოურავისა, აძლევდენ ერობები, ერთეულები. ერთი გარემოებაა, რომელიც იწვევს უკმაყოფილებას. უწინ ტყის სარგებლობა ხდებოდა უწესრიგოდ, როდესაც ტყეები სახელმწიფოს ხელში გადმოვიდა, ჩვენ ვალდებული ვიყავით მოგვევლო ტყეებისათვის, არ შეგვეძლო ძველი წესი დაგვეტოვებინა: მცხოვრებნი შეჩვეულნი ტყის უანგარიშოდ ხარჯვას, უკმაყოფილებას გამოსთქვამდენ, თვით ერობებიც უკმაყოფილონი იყვნენ ამით, მაგრამ როდესაც ისინი გაეცნენ საქმის ვითარებას, დარწმუნდენ, რომ უწყებას სხვა საშუალება არ ჰქონდა. ჩვენ მაქსიმალურ დათმობაზე მივდიოდით. ქართლში ჩვენ, მაგალითად, ნება მივეცით ხუთის წლის სახარჯო ტყე ერთ წელიწადში მოეხმარათ, ამაზე მეტს დათმობაზე ჩვენ ვერ წავიდოდით. ეს დააზარალებდა ჩვენს ქვეყანას. ტყის უსარგებლოდ განადგურება შესცვლის ჰაერს და თუ ბევრ ჩვენის ქვეყნის კუთხეებში აუარებელი ადგილები აკლებულია მდინარეებით, ამის მიზეზი არის ტყის უანგარიშოდ ხარჯვა. ვინც გულდასმით წაიკითხავს 5 დეკემბრის დეკრეტს, იმისთვის ცხადი იქნება, რომ დეკრეტის განხორციელებას დიდი დრო ესაჭიროებოდა. ყოველივე კითხვებს, დეკრეტში აღძრულს შესწავლა უნდა. დეკრეტის განსახორციელებლად დიდი მუშაობა სწარმოებდა უწყებაში.

უწყება დეკრეტის მიღებისთანავე შეუდგა წინასწარ მუშაობას და დეკემბრის 12 შეიმუშავა პროექტი ინსტრუქციისა, რომელიც განხილულ იქნა სხვა და სხვა კრებების მიერ, სადაც იყვნენ როგორც სპეციალისტები, ისე საადგილ-მამულო განყოფილების წარმომადგენლები. განხილვის შემდეგ ეს ინსტრუქცია დავამტკიცეთ და ამ ინსტრუქციის მიხედვით სწარმოებს დღეს მუშაობა.

პირველად ყოვლისა საჭირო იყო ბევრ ადგილას გამორკვევა ტყის სარგებლობის საკითხისა. სწამოებს მუშაობა ნორმის მიცემის შესახებ და აგრეთვე ვიკვლევთ იმას, თუ ვინ და რა პირობებში სარგებლობდა წინეთ ტყით. მე მაქვს მოხსენება თიანეთის, სიღნაღის, თელავის და ზოგიერთ სხვა ადგილებიდან, სადაც ტყის სარგებლობის საკითხი მოგვარებული არის. სხვა ადგილას მუშაობა სწარმოებს და მალე მოგვარდება. მაგრამ რაც შეეხება ერთ საკითხს, სახელდობრ იმას, თუ რომელი ტყეები უნდა დარჩეს სახელმწიფოს ხელში და რა ნაირი ზომები უნდა იქნეს მიღებული მათ შესანახათ, ამის შესახებ წინასწარი მუშაობა სწარმოებს.

ბ-ნი ვეშაპელი გაეცნო შეკითხვის შემოტანის შემდეგ ჩვენ მუშაობას და მან განაცხადა, რომ მართალია ინსტრუქცია გამოსცეს, მაგრამ გამოსცეს იმის შემდეგ, რაც მე კითხვა შემოვიტანეო. მართალია ეს ინსტრუქცია დაბეჭდილია შეკითხვის შემოტანის შემდეგ, მაგრამ შეკითხვამდის გაზეთებში იყო ვრცელი ანგარიშები იმ კრებების შესახებ, სადაც ამ საკითხს იხილავდენ და ბ-ნ ვეშაპელს რომ ცოტა ყურადღება მიექცია იმისათვის, თუ რა ხდება უწყებაში, რა მუშაობა სწარმოებს იქ, მაშინ ის თავის თავს ნებას მისცემდა ეს ეჭვი შემოეტანა. ასეთი იყო ჩვენი მუშაობა.ახლა დეკრეტის განხორციელების შესახებ; კერძო მომართვაში, რომელიც მოდიოდა მიწად-მოქმედების სამინისტროს, გვთხოვდენ საკითხის ადგილობრივი გამორკვევა დაგვეჩქარებინა. იყო შემთხვევები როდესაც მოდიოდენ საჩივარით, რომ ესა თუ ის მოურავი არ აკმაყოფილებს ჩვენ სამართლიან მოთხოვნილებასო. უწყება დაუყოვნებლივ უგზავნიდა განკარგულებას თავის მოურავებს და ერობებს, რომ დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნილებანი და მონაწილეობა მიეღოთ დეკრეტის ცხოვრებაში გატარების დროს. მე მაქვს ყველა მომართვის შესახებ ცნობები და აგრეთვე ყველა პასუხი უწყების მიერ მიწერილი. ის კერძო შემთხვევები, რომელიც დაასახელა ვეშაპელმა თავის სიტყვაში, ყველა ამ შემთხვევის შესახებ არის განკარგულება გაცემული თხოვნის შემოსვლის მეორე-მესამე დღეს, ასე რომ არც ამ შემთხვევაში ბ-ნ ვეშპელს არ ქონდა უფლება, განეცხადებინა, რომ ჩვენ არ ვაქცევდით ყურადღებას მომართვებს, რომლებიც ჩვენთან მოდიოდა.

მე გადავდივარ ინსტრუქციაზე და კანონის შორის დამოკიდებულებაზე. ვერშაპელმა დაინახა წინააღმდეგობა ინსტრუქციასა და კანონს შორის. მან მხოლოდ ორი საბუთი მოიყვანა, ორ გარემოებას მიაქცია ყურადღება. ერთი მფლობელობა ნორმის მიღების საკითხის შესახებ და მეორე 10%25 გადასახადი. ბ-ნი ვეშაპელი ამტკიცებს თავის სიტყვაში, რომ უწყებას არ ქონდა უფლება ისე განემარტა დეკრეტი, როგორც ეს მან განმარტაო. ჩვენ ინსტრუქციის მე-5 მუხლში ვლაპარაკობთ, რომ ტყის მფლობელობა კანონით არ ვრცელდება იმ ტყეებზე, რომელიც თავის მდებარეობით, ტყის მასალის შემადგენლობით სახელმწიფო მნიშვნელობის ტყეთ არის ცნობილი. ვეშაპელის აზრით, კანონი უფლებას აძლევდა და უწყება კი ზღუდავდა კერძო მფლობელობასო. ბ-ნ ვეშპელი ამ შემთხვევაში სცდება. აპრიორათაც რომ ვიმსჯელოთ, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ კანონმდებელს დაეწესებია რაიმე უპირატესობა კერძო პირთათვის და ეს არ გაევრცელებია სოფლის საზოგადოებაზე. მთელი დეკრეტი ისე არის შედგენილი, რომ ის უპირატესობას აძლევდა სოფელს და სოფლის საზოგადოებას და შემდეგ იცავდა პირის ინტერესებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, ვხვდებით ისეთ ადგილებს, რომელიც ამ საკითხის შესახებ შეკითხვაში ორ აზრს არ იწვევს. მომხსენებელი თავის უკანასკნელ სიტყვაში ლაპარაკობს, რომ გამონაკლისი ერთი შეიძლება, ნორმა ყველამ უნდა მიიღოს, ვისაც არ მიუღია. უპასუხებ მომხსენებლს, ეს არის უმთავრესი სეიმმა რომ კანონი მიიღო. აქ, არავითარი გადახვევა არ ჩაგვიდენია. თავის თავად ცხადია, სახელმწიფო მნიშვნელობის ტყეზე არავინ არ ფიქრობს, რომ განხორციელდეს ეს დეკრეტი. სახელმწიფო მნიშვნელობის ტყიდან, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა ნორმა მიგვეცა ვინმესთვის. ტყის მფლობელობა დეკრეტით არ ვრცელდება სახელმწიფო მნიშვნელობის ტყეებზე, ნორმა მიეცემათ სხვა ტყიდან, სხვა ადგილიდან. რაც უნდა დიდი იყოს ტყე, ძვირფასი იყოს ტყის მასალა, იქ ყოველთვის ნახავთ ნაწილს, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო მნიშვნელობა. აი ამ ადგილებიდან მისცემენ კერძო მესაკუთრეთ საჭირო მასალას. აქ არავითარ წინააღმდეგობას და კანონის დარღვევას არ ვხედავთ.

ეხლა მეორე საკითხი. - ბ. ვეშაპელი აცხადებს, ვინაიდან დეკრეტი პირდაპირ ლაპარაკობს, რომ იმ სოფლის საზოგადოებას, რომელსაც წინად ეძლეოდათ უფასოდ, ეხლაც ასეთი წესით უნდა მიეცეთო, ამიტომ არავითარი გადასახადის დაწესება არ შეიძლებაო. ვეშაპელი აქაც სცდება და სიმართლე ფორმალური ჩვენს მხარეზე არის. მართალია, უფასოდ წინადაც ეძლეოდათ მასალა, მაგრამ ეს მიცემა არ ეხება 10%25 გადასახადს, იყო ეს ტყე სახაზინო თუ კერძო. სახაზინო ტყეებია თუ არა, ყველას ხვდება ეს გადასახადი. კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ამ შემთხვევაში არავითარი გამონაკლისი დაშვებული არ უნდა იყოს. მე ხელთ მაქვს სატყეო წესდების ის მუხლი, რომელიც სავალდებულოთ ხდის ამ გადასახადს, რომ ყველა ის, ვინც ტყეში შევა, ხეს მოსჭრის, მასალას გამოიტანს, ვალდებულია 10%25 გადაიხადოს, ამის დანიშნულება არის ტყის აღდგენა, გაწმენდა ტოტებისაგან, რომ ტყეში სხვა და სხვა ავადმყოფობა არ გავრცელდეს. ეხლა მაქვს ბრძანება სახელმწიფო მამულების სამმართველოს უფროსისა, საიდანაც თქვენ ცხადად დაინახავთ, რომ ჩვენ არავითარი კანონის დარღვევა არ მოგვიხდენია, იმიტომ რომ 10%25 გადასახადი ყველასთვის სავალდებულო გავხადეთ. ეს რომ კანონმდებელს არ სურვებოდა, მაშინ პირდაპირ იტყოდა, მიეცეს იმ პირობებში, რა პირობებში ეძლეოდათ ძველადო, ე.ი. არავითარი გადასახადი არ დაეწესებინათ მცხოვრებთათვის. და არ ვიცი ვეშაპელი რა მოსაზრებას ემყარება, როდესაც ამტკიცებს, რომ ინსტრუქცია ამ მუხლში ეწინააღმდეგება კანონსო. ვეშაპელი იმდენად გაიტაცა სურვილმა დაამტკიცოს უწყების უკანონო მოქმედება, რომ წარმოადგინა ისეთი რამ, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ აქვს. მაგ. ის ამტკიცებს, რომ 10%25 გადასახადს შეუძლია ტყის ფასს გადააჭარბოს და ამნაირად გლეხკაცს დავტვირთავთ ეს გადასახადი რომ დავაწესოთო. ამ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ტყის მასალით სარგებლობაო. ეს ყოვლად შეუსაბამო მოსაზრებაა. როგორ შეიძლება ნიხრი უდრიდეს ტყის მასალის ფასს? განსაკუთრებული სურვილით უნდა იყოს გატაცებული ადამიანი, რომ ასეთი რამ ამ ტრიბუნიდან გამოიტანოს.

ამნაირად თქვენ ხედავთ, რომ ვეშაპელი არ არის არც ერთ თავის დებულებაში მართალი. სატყეო უწყების პოლიტიკა არ ყოფილა არასოდეს მცხოვრებთა შევიწროების პოლიტიკა, უწყება არ ცდილა, რომ კანონი შეეჩერებინა, პირიქით, უწყება დღიდან გამოცხადებისა შეუდგა ამ კანონის ცხოვრებაში გატარებას, მაგრამ იმუშავა ისე როგორც შეეძლო. თავის ინსტრუქციით უწყებას კანონი არ დაურღვევია, ის სავსებით ეთანხმება გამოცემულ კანონს. (ტაში).

დ. ონიაშვილი. (ს.-დ.) დამფ. კრების წევრნო! გრიგოლ ვეშაპელმა თავის სიტყვაში დღეს განაცხადა, რომ ის მოელოდა მიწად-მოქმედების სამინისტროსაგან მაგარ პასუხს. უნდა მოგახსენოთ, რომ მაგარი პასუხი შედეგია მაგარი შეკითხვის. და თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, უნდა გამოვტყდე და გულახდილად ვაღიარო, რომ ის შეკითხვა, რომელიც შემოიტანა გრ. ვეშაპელმა, ძალიან მოისუსტებს. მე მახსოვს, როდესაც წარსულ კრებაზე გრ. ვეშაპელმა სთქვა: ამბობენ, რომ მიწად-მოქმედების მინისტრი პრინციპიალურად ამ დეკრეტის გატარების წინააღმდეგი იყოვო. როცა დეპუტატი გამოდის დამფუძნებელ კრებაში ამ არგუმენტით: „ამბობენო“, რა თქმა უნდა ასეთ შეკითხვას არავითარი ღირებულება არ ექნება. ამ აზრსა და ლოღიკას რომ გავყვეთ, შეიძლება იმის თქმა, რომ ამბობენ იმასაც, რომ ვეშპელი ამ შეკითხვის შემოტანამდის მივიდა მიწად-მოქმედების მინისტრთან და მოითხოვა მასალა, და როდესაც გაეცნო, განაცხადა, რომ ამის შემდეგ ჩემს შეკითხვას ყოველივე ფასი დაეკარგაო. (ვეშაპელი: ამბობენ, რომ ხომერიკმა ოტსტავკა შეიტანაო).

იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რომელსაც დაადგა შემკითხველი. საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც ჩვენ ამ კანონმდებლობითი მუშაობას ვაწარმოებთ ყველაზე მეტი იერიშები და თავ-დასხმა გამოუვლია მიწად-მოქმედების სამინისტროს. ამის მიზეზი არის არა სამინისტროს სისუსტე, არამედ იმ საქმის სირთულე და სიძნელე, რომელსაც ემსახურება მიწად-მოქმედების სამინისტრო. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ეს საქმე არის უძნელესი. ტყის საკითხი არის უაღრესად რთული გადასაწყვეტი საკითხი. ამ ტყის საკითხის მოგვარება და ერთი დაკვრით გადაჭრა შეუძლებელია.

ვეშაპელს ხელზე დაუხვევია დეკრეტის სიტყვები: „დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისაო“, და სრულიად არ უწევს ანგარიშს იმ გარემოებას, იმ პირობებს, რა პირობებშიაც ტარდება ესა თუ ის დეკრეტი ცხოვრებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს მუშაობა სეზონური ხასიათისაა. ვიდრე ეს დეკრეტი გატარდება, აუცილებლად საჭიროა იმ მუხლების განხორციელება, რომლებსაც ეს დეკრეტი ეყრდნობა. პირველ მუხლში ლაპარაკია ნორმის შესრულებაზე. ეს დეკრეტი რომ იყოს ტყის გაჩეხის დეკრეტი, როგორც ეს უნდა ვეშაპელს, რასაკვირველია, აქ არც დრო, არც შესწორება არ იქნებოდა საჭირო. როგორ გინდათ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ ისე გაატაროს დეკრეტი ცხოვრებაში, რომ არ აწარმოვოს წინასწარი მუშაობა? ჩვენ გვქონდა ცნობა, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო აწარმოებს წინასწარ მუშაობასო. შეიძლება ითქვას, რომ მუშაობა დიდხანს გასტანს. აქ ლაპარაკია რაოდენობაზე და არა პრინციპიალურ განსხვავებაზე, რომელზედაც მიუთითებს ბ. ვეშაპელი. ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე ინსტრუქციას გამოსცემდა, მიწად-მოქმედების სამინისტრომ დააგზავნა თავისი აგენტები სამეგრელოში, კახეთში და სხვ. ეს აგენტები აცნობდენ სხვა და სხვა ორგანიზაციებს ამ დეკრეტის შინაარს. როცა სამინისტრო შეიარაღებულა იმ მასალებით, რომელიც მიაწოდა ხალხმა, მაშინ შეუდგენია ის ინსტრუქცია, რომელზედაც აქ იყო ლაპარაკი.

მე არ მინდა ვილაპარაკო, თუ რამდენად მიზანშეწონილად და კარგად არის შედგენილი ეს ინსტრუქცია, ამაზე ლაპარაკი დამფუძნებელ კრებისთვის დროს დაკარგვაა. აქ საჭირო არის სპეციალური ცოდნა, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს სენატი, იქ შედარებით ჩვენზე უფრო გამოცდილები არიან. ამის შემდეგ სენატი გამოიტანს შესაფერს დასკვნას და ჩვენ მით ვიხელძღვანელებთ. ეს არის სენატის კომპენტენცია. (გვაზავა: რომელი უნდა მოვსპოთ?). წარსულ კრებაზე ვეშაპელმა სთქვა, რომ მიწად-მოქმედების მინისტრს არავითარი ზომები არ მიუღია, რომ ეს დეკრეტი გატარებულიყო და ეს საკითხი უყურადღებოდ დასტოვაო. მოიყვანა შორაპნის და ახალციხის მაგალითები. ეს არ შეეფერება სინამდვილეს. ჩემს განკარგულებაში არის პატარა ცნობა, რომელიც სულ წინააღმდეგს ამტკიცებს. ეს ვეშაპელმა კარგად იცოდა და ჩვენ არა გვაქვს უფლება გამოვიდეთ უაპელაციოთ და ვსთქვათ, რომ მიწ.-მოქ. სამინიტრო ჩადის განზრახ ბოროტ-მოქმედებას და მინისტრი წინააღმდეგია ამ კანონის ცხოვრებაში გატარების. შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: შეიძლება რამდენიმეთ დაგვიანდა ამ დეკრეტის ცხოვრებაში გატარება, მაგრამ ეს დაგვიანება გამოწვეულია არა ბოროტ-მოქმედებით და ცუდი განზრახვით, არამედ იმ დაბრკოლებით და პირობებით, რომელშიაც უხდებოდა სამინისტროს მოქმედება. ობიექტიურად, რომ ვიმსჯელოთ, საჭიროა ყველა კანონი, რომელიც მიიღება, მეორე დღესვე გავატაროთ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ეს ამ კანონის ნაკლი არ არის. საქმე იმაშია, რომ ცხოვრება ყოველთვის წინ უსწრებს კანონმდებლობას. (ვეშაპელი: ამხანაგი უნდა დაუნიშნოთ მინისტრს და მაშინ მალე გაატარებს?) ჩემი დასკვნა ის არის, რომ ტყის საკითხში არავითარი ბოროტ-მოქმედება არ ყოფილა და მინისტრს არ ქონია განზრახვა, რომ კანონის ცხოვრებაში გატარებისათვის ხელი შეეშალა, პირ-იქით, სამინისტრო ზომებს იღებდა მისი ცხოვრებაში გატარებისათვის. თუ მოხდა დაგვიანება, მოხდა იმიტომ, რომ ობიექტიური პირობები უშლიდა ხელს. ასეთია დასკვნა და ამას გაიზიარებს დამფუძნებელ კრების უმრავლესობა და ყველა ის, ვინც ჩვენს მუშაობას თვალყურს ადევნებს. (ვეშაპელი: სენატი არა!).

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. შემოსულია შემდეგი გადასვლის ფორმულა: „მოისმინა რა შეკითხვა ტყის მფლობელობისა და სარგებლობის“ დეკრეტის შეუსრულებლობის შესახებ და დამაკმაყოფილებელი პასუხი მიწად-მოქმედების მინისტრისა, დამფუძნებელი კრება გადადის მორიგ საკითხზე. ვინ არის მომხრე ამ ფორმულისა? უმეტესობა. მიღებულია. ვინაიდან ქვორუმი არ არის, სხდომა შესწყდება. ჯერ-ჯერობით მოისმინეთ შემდეგი დღის წესრიგი. (მდივანი კითხულობს). სხდომას დასრულებულად ვაცხადებ.

სხდომა 3 ს. და 35 წ. იხურება.

18 მეთვრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(18)

1920 წელი. მაისის 21. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. გვარდიის მობილიზაციით გამოწვეულ ხარჯის დასაფარავად 55.400.000 მან. გადადებისა.

2. კანონ-პროექტი - სამხედრო მფრინავთათვის ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ.

3. დეკრეტი - სახალხო გვარდიის 1919-1920 წ. ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 28.769.759 მან. და 48 კაპ. გადადების შესახებ.

4. დეკრეტი - საზღვარ-გარედ მყოფ სახელმწიფო სტიპენდიანტებისათვის 12.000.000 მან. გადადებისა.

5. კანონ-პროექტი - საქართველოს სახელმწიფო ბანკის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

6. დეკრეტი - სოციალური დახმარებისა და მისი ორგანიზაციისა.

7. განგრძობა მსჯელობისა - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესის დეკრეტის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთ. თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ. ქრ. შარაშიძის ასული.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილათ ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. სამხედრო კომისიის ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი დეკრეტისა - სახალხო გვარდიის 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 28.769.759. მან. გადადების შესახებ.

2. შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - 2.000.000 მან. გაცემისა - მიხეილ არამიანცისაგან იძულებით ჩამორთმეულ სახლის საფასურად.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - გარეშე-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - ფოთის საკარანტინო, სოხუმის საზღვაო-საექიმო და სანაინის სანაპირო საექიმო სამეთვალყურეო საზღვრების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - აბრეშუმის პარკის, თამბაქოს და მატყლის მწარმოებელთათვის სესხის მისაცემად 75.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - 219.748.364 მან. გადადებისა სამხედრო სამინისტროს 1919-1920 წ. ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

5. განგრძობა მსჯელობისა - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესის დეკრეტის შესახებ. მომხსენებელია კირილე ნინიძე.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის გაუქმების და ალაიანის, კონდოლის და ჩუმლაყის სანერგეების ერობისათვის გადაცემის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

8. დეკრეტი - სოციალური დახმარებისა და მისი ორგანიზაციისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი და ი. ფირცხალაიშვილი.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

10. დეკრეტი - საზღვარ-გარედ სასწავლებლად მყოფ სახელმწიფო სტიპენდიანტებისათვის 12.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

361

11. დეკრეტი - სახალხო გვარდიის მობილიზაციით გამოწვეულ ხარჯის დასაფარავად 55.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.

12. დეკრეტი - სახალხო გვარდიის 1919-1920 წლის ხარჯთ-არღიცხვის დამატებად 27.769.759 მან. და 48 კაპ. გადადების შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

13. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მფრინავთათვის ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

თავმჯდომარე. დღის წესრიგის შესახებ შემოსული გახლავთ წინადადება სოც.-დემოკრატიული ბიუროსაგან. ვის სურს სიტყვა დღის წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი ამ წესრიგისა? წინააღმდეგი არავინ არის. დღის წესრიგი მიღებულია. მოგხსენდებათ საბოლოო ტექსტები.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს დღიურ წესრიგის 1, 2, 3 და 4 მუხლებში აღნიშნულს საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომლებსაც კრება იღებს აუცილებლად).

თავმჯდომარე. მოგხსენდებათ დეკრეტი (კითხულობს). ბ. ონიაშვილს ეკუთვნის სიტყვა. (ონიაშვილი არ არის). ბ. ფირცხალაიშვილი.

1. დეკრეტი სოციალურ დახმარებისა და მისი ორგანიზაციისა.

. ფირცხალაიშვილი (ს.-დ.) ბატონებო, იმ დეკრეტს, რომელიც წარმოდგენილია თქვენ მიერ მისაღებად და დასამტკიცებლად, დროებითი ხასიათი აქვს. დროებითი, სანამ ახალი საპენსიო წესდება შემუშავდებოდეს, რომელსაც უკვე შეუდგნენ. მაგრამ ეს საქმე იმდენად რთულია, რომ დიდ დროს მოითხოვს და მანამდე იმ პირთ, რომელთაც შრომის უნარი დაკარგული აქვთ, მანამდე უნდა მიეცეს სოციალური დახმარება. წარმოდგენილი კანონ-პროექტის ძალით სოციალური დახმარება მიეცემა სახელმწიფოს ყოფილ მოხელეთ, სამხედრო პირთ და აგრეთვე წარმოებაში ყოფილ მუშებს, მათ ქვრივებს და ობლებს 17 წლამდე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენ ტერიტორიაზე დარჩა დიდძალი შრომის უნარ დაკარგულნი და დაუძლურებულნი, რომელნიც სახელმწიფო ხაზინიდგან ღებულობენ პენსიას, რომელთაც ეს პენსია დანიშნული ჰქონდათ ძველი საპენსიო წესდების ძალით. ასეთი მემკვიდრეები მივიღეთ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ისეთმა პირებმა, რომლებსაც არავითარი კავშირი არა ჰქონდათ საქართველოსთან, თავიანთი პენსია გადმოიტანეს ჩვენს ხაზინაში და ამის საშუალებით იღებენ პენსიას. მაგრამ მიმდინარე წლის 1-იდან ეს პირები პენსიას აღარ იღებენ და დღეს უმწეო მდგომარეობაში იმყოფებიან. სახელმწიფო ერთგვარად მოვალეა ამ პირებს რაიმე დახმარება გაუწიოს. წარმოდგენილი კანონ-პროექტის ძალით დახმარება უნდა მიეცეს ჩვენ ქვეშევრდომთ, მაგრამ ამ დეკრეტში არის ერთი გამონაკლისი. იმ პირთ, რომელთაც უმეტეს ნახევარი სამსახურისა გაუტარებია საქართველოში და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სცხოვრობდა ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა დაენიშნოს პენსია, სოციალური დახმარებაც უნდა მიეცეს. ეს დახმარება არის სამ გვარი: პერიოდული, ერთდროული და თავშესაფარში მოთავსება. ამასთანავე უნდა ვაღიარო, რომ ამ კანონ-პროექტის ძალით დახმარება არ მიეცემათ იმათ, ვისაც შრომის უნარი დაკარგული აქვთ ომში მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გვაქვს გამოცხადებული. ამათ შესახებ ჩვენ მიღებული გვაქვს ორი საგანგებო კანონ-პროექტი: ერთი მივიღეთ იანვრის 21 1919 წლისა, მეორე ივნისის 10 1919 წელს. ეს ორი კატეგორია არ შედის ამ კანონ-პროექტში. მხოლოდ დახმარების ნორმა, შედარებით იმასთან, რასაც ჩვენ ეხლა ვადგენთ, ბევრად უფრო დიდია. ამ კანონ-პროექტის ძალით დახმარება უნდა მივცეთ იმ პირთ, რომელთაც ერთის მხრივ შრომის უნარი დაკარგეს და ამავე დროს არა აქვთ საშუალება ცხოვრებისა. და თუ არის ისეთი პირი, რომელსაც საშუალება, სახსარი აქვს ცხოვრებისა, იმას დახმარება არ მიეცემა. ამ შემთხვევაში დახმარების ნორმები არ არის განსაზღვრული. მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მიენდობა ამის ცხოვრებაში გატარება, უფლება ეძლევათ ეს დახმარება მისცენ მათ, არა უმეტეს 1.000 მანეთისა, ეს იგი თვით ნორმას აწესებს ის ორგანიზაცია, რომელსაც მიენდობა კანონის ცხოვრებაში გატარება. შრომის სამინისტროსთან არსებობს სოციალური დახმარების კომიტეტი, რომელიც შესდგება შემდეგი პირებისაგან: ამ კომიტეტს თავმჯდომარეობს შრომის მინისტრი ან მისი ამხანაგი, თითო წარმომადგენელი ფინანსთა სამინისტროსი, სახელმწიფო კონტროლისა, ერთ წარმომადგენელს ნიშნავს შრომის სამინისტრო და ერთსაც საქართველოს პროფესიონალურ კავშირების საბჭო. ეს არის ის 5 პირი, რომელნიც გაუძღვებიან საქმეს. შემწეობის მიცემა სწარმოებს ადგილობრივ თვითმმართველობათა საშუალებით, მათი დახმარებით. ესა თუ ის პირი აცნობებს ერობას, ქალაქის თვითმმართველობას, რომ იმან შრომის უნარი დაკარგა. ქალაქის თვითმმართველობა ან ერობა ამოწმებს ამ პირს. შემოწმებაში მონაწილეობას იღებს არა ნაკლებ 2 ექიმისა და თავის დასკვნას ქალაქის თვითმმართველობა, ან ერობა უგზავნის შრომის სამინისტროს. შრომის სამინისტრო კი განსაზღვრავს ნორმას, რომელიც უნდა მიიღოს ამა თუ იმ პირმა. ეს არის მთელი ორგანიზაციული ნაწილი ამ კანონ-პროექტისა. უკანასკნელის ცხოვრებაში გატარება მოითხოვს 26 მილიონს ერთი წლის განმავლობაში. აგრეთვე ამისთვის უნდა მოეწყოს ცალკე განყოფილება შრომის სამინისტროსთან. ეს შტატი უკვე შედგენილია. ამის შესახებ საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი გამოსთქვამს თავის აზრს, რადგანაც ამის შესახებ იქონია მსჯელობა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ.

თავმჯდომარე. ბ. ონიაშვილი.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) დეკრეტი საბიუჯეტო კომისიამაც გაარჩია და რადგანაც საკითხი ფრიად საჩქარო იყო, საბიუჯეტო კომისიამ დაამტკიცა 26 მილიონი მანეთის თანხა მთელი ორგანიზაციის მოსაწყობათ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ბ. ვეშაპელს ეკუთვნის სიტყვა.

გრ. ვეშაპელი. (ე.-პ.) ბატონებო, სოციალური დახმარების საკითხს ახალი რედაქციით - წინანდელი პენსიის საკითხს საზოგადოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმათთვის, ვისაც უმსახურია და უმუშავნია განსაკუთრებით სახელმწიფო სამსახურში, სახელმწიფოს განკარგულებაში. ეს კანონ-პროექტი თავის თავად ცხადია, მისაღებია და ამის საწინააღმდეგოდ არ შეიძლება რამ ითქვას. მაგრამ, რამდენადაც ეს კანონ-პროექტი წარმოადგენს საპენსიო საკითხის დროებით გადაწყვეტას და შეიძლება გადადებას, იმდენად ზოგიერთი რამ უნდა ითქვას მის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკაში რამდენიმე ათასი, შეიძლება ითქვას პირდაპირ ათი ათასი მოხელე იქნება, რომელნიც სულით და ხორცით არიან დაინტერესებულნი პენსიის საკითხში, ამ საკითხის გადაწყვეტაში. არის რამდენიმე ათასი კაცი, რომლებიც სამსახურში არის იმიტომ, რომ პენსიის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა წლოვანებას და ნამსახურობას იმდენად აქვს გავლენა მათზე, რომ ისინი თითქოს ინვალიდების კატეგორიას ეკუთვნიან. ასეთები არიან მაგალითად ფოსტა-ტელეგრაფის მოხელენი. არც ერთი ამ მოხელეთაგანი თვითონ სამსახურიდან არ გადის და არც ადმინისტრაცია აიძულებთ მათ სამსახურიდან გასვლას და ვერც აიძულებს იმიტომ რომ, თუ გავიდნენ, დარჩებიან ულუკმაპუროდ. ამ კანონ-პროექტში არის ერთი ფრაზა, რომელშიც ნათქვამია, რომ წინანდელი საპენსიო წესდება და წესი იმით იყო უარსაყოფი ეხლანდელ თვალსაზრისით, რომ გარემოებათა გამო, მეტი ყურადღება არ ექცეოდა მუშა-მოსამსახურეებს, ე.ი. მუშებს, განსაკუთრებით კერძო წარმოების მუშებსო. მაგრამ ეს თუ მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მარტო მუშა-მოსამსახურეებისათვის და რაც შეეხება მოხელეებს საერთოდ, მათ არ მივაქციოთ ყურადღება და მათი დახმარების საკითხი შორეულ დროსათვის გადავდვათ. ყოვლად შეუძლებელი იქნება თუ უმცირესობის საკითხი, განსაკუთრებით ისეთის, როგორიც არიან ეს მოხელენი, რომელნიც მართლაც არც ისეთ უმცირესობას წარმოადგენენ, მხოლოდ იმიტომ რომ ესენი უფრო მაღალი მოხელენი არიან, ვიდრე შეიძლება ითქვას, მუშა-მოსამსახურენი, მხოლოდ ამიტომ მათი პენსიის საკითხი უფრო იოლად გადაწყდეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს მოხელენი არიან ინტელიგენტური ძარღვი სახელმწიფოსი. თუ მუშა-მოსამსახურენი ასრულებენ ფიზიკურ ფუნქციებს, ეს მოხელენი ასრულებენ ინტელექტუალურ ფუნქციებს. მათ მუყაითობაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, ამაში მე ბევრი დაწესებულება დამეთანხმება. და როდესაც ეს მოხელენი გრძნობენ, რომ არ არიან უზრუნველყოფილნი, თავის თავად ცხადია მათთვის იქმნება ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორიც წინად იყო მუშების და დაბალ მოსამსახურეებისთვის სახელმწიფოში. ეხლა დაბალ მოსამსახურეთ ძალიან მრავალი ორგანიზაციები აქვთ, პროფესიონალური კავშირები, რომლებიც იცავენ მათ ინტერესებს.

სოციალური დახმარების წარმოება საპენსიო საკითხის მოუგვარებლობას ვერ სწყვეტს, ვერ აწესრიგებს. მე მგონია ამისი ახსნა ყოვლად შეუძლებელია. მე ვამბობ, ყოვლად შეუძლებელია სახელმწიფოში შეიქმნეს პრივილეგიური კლასი და მხოლოდ მას მიექცეს ყურადღება. საჭიროა რომ სახელმწიფომ ერთნაირი ყურადღება, ერთნაირი მზრუნველობა გაუწიოს როგორც მუშა-მოსამსახურეებს დაბალ კატეგორიისას, ისე მოხელეებს, რომლებსაც მოყავთ მოძრაობაში მთელი სახელმწიფოებრივი რთული აპარატი. მე მინდა მოგაგონოთ ის გარემოება, რომ რამდენიმე ათასი მოხელე დღედაღამ ამას ფიქრობს, როდის გადაწყდება მისი საკითხი. ამ კანონ-პროექტით, რასაკვირველია, ნაწილი ამ ხალხისა კმაყოფილდება, ეს ნაწილი არის ის, რომელსაც დაკარგული აქვს უნარი შრომისა, ე.ი. ინვალიდები. მეორე ხარისხი - ის, რომელსაც სრულიად სახსარი არა აქვს, მე მგონია ასეთი შევიწროვება დახმარების აღმოჩენისა მოხელეთათვის, მუშებისა თუ მოსამსახურეებისათვის უსარგებლო არის. მერე ვთქვათ, რომ სახსარი აქვს, მაგრამ მან იმსახურა 25-30 წ., მაშინ ნუ თუ მას ნება არა აქვს იმ სახელმწიფოსაგან, რომელსაც რამდენიმე წელი შესწირა, ნუ თუ უფლება არა აქვს, რომ ამ სახელმწიფოსაგან მოითხოვოს თავისი თავის უზრუნველყოფა? სხვანაირად მე მგონია სახელმწიფო ვერ მოეწყობა. ერთი მოხელე ფოსტა-ტელეგრაფისა ახალქალაქში, რომელიც ინვალიდზედ უფრო უინვალიდესია, ამბობდა, რომ არ ვანებებ თავს სამსხურს მხოლოდ იმიტომ რომ, ეს რომ არ იყოს, შიმშილით მოვკვდებოდიო და თან დაუმატა, რომ თუ სახელმწიფო იქნება აგებული, როგორც მოითხოვს ამას დემოკრატიული თვალსაზრისი, როგორ შეიძლება, რომ მე თავი შევწირო სამუშავოს, ვიმსახურო რამდენიმე ათი წელიწადი და პენსია არ დამენიშნოსო. თქვენ შეგიძლიანთ ამ საკითხს გვერდი აუხვიოთ მხოლოდ ფინანსიური მოსაზრებით, რომ დღეს ფულები არ არის ხაზინაში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლიან ამას მიუდგეთ ფართო მასშტაბით. სამხედრო საქმე იქნება, ეს მომარაგების საქმეები თუ სხვა, ამ საქმეშიც შეიძლება ინიციატივის გამოჩენა და ცდა, მოვახდინოთ ლიკვიდაცია, რომ ბოლოს და ბოლოს იმ პირთ, რომელნიც მსახურებენ და სამსახურის შეძლება კი აღარა აქვთ - სამსახურს თავი დაანებონ. ამის თქმა საჭიროა იმიტომ, რომ კანონ-პროექტი განსაზღვრულ დახმარებისა ღირსეულად შეცვლილი იქნეს კატეგორიათა მხოლოდ ორი ნიშნით. უნდა დაკარგოს უნარი მუშაობისა და არავითარი სახსარი არ უნდა ჰქონდეს არსებობისა. ეს ისეთი ვიწრო მასშტაბი არის, რომ საპენსიო საკითხს ნაწილობრივაც ვერ სწყვეტს. ეს იმდენად ინტელეგინციის საკითხი არ არის, რამდენადაც მუშებისა. აუცილებლად საჭირო არის ამ საკითხის გადაწყვეტა, საპენსიო სისტემის შემუშავება და სათანადო კანონ-პროექტის წარმოდგენა დამფუძნებელ კრებაში.

თავმჯდომარე. სხვა სიტყვის მსურველი არავინ არის. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

. ფირცხალაიშვილი (მომხსენებელი) მართალია ის, რომ ეს საკითხი ბევრს აწუხებს. ამაში ვეთანხმები ბ. ვეშაპელს, რომ ამ საპენსიო წესდების შემუშავება საჭიროა და ბევრი მოხელე უმწეო მდგომარეობაში იმყოფება. მე ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ, რომ ამ საპენსიო წესდების შედგენაზე დიდი ხანია მუშაობა არის, მაგრამ ეს წესდება დღესაც არ არის ჯერ კიდევ შემუშავებული და როდესაც შემუშავდება, იმ წამსვე შემოვა დამფუძნებელ კრებაში. მხოლოდ რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს, ბ. ვეშაპელს ეს კანონ-პროექტი კარგად არ გაუგია. ალბად მას ხელში ჰქონდა ის დეკრეტი, რომელიც დაუსრულებელი იყო. შრომის კომისიამ შემდეგ შესწორებები შეიტანა ამ დეკრეტში. აქ სწერია სულ სხვა, სწორედ ის, რასაც მოითხოვს ბ. ვეშაპელი. აქ იყო თქმული, რომ ამ დეკრეტში უპირატესობა ეძლევათ მუშებს და მოხელენი კი დავიწყებულნი არიანო. მაგრამ შედარებაზე და დავიწყებაზე თუ არის ლაპარაკი, აქ პირველ მუხლში პირველად სწერია მოხელეების შესახებ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელენი დავიწყებულნი არ არიან. ასე რომ, თუ უპირატესობაზედ და პირველობაზედ მივა საქმე, დავინახავთ, რომ უკანასკნელი ადგილი მუშებს უკავია (ვეშაპელი: მე საერთო პოლიტიკას ვამბობ!) თვით საერთო პოლიტიკაშიაც ასე არის. ეს პირები არიან ჩვენში ერთნაირ პირობებში. თუ პროფესიონალურ შრომის უნარი დაკარგა, იმას უნდა მიეცეს დახმარება. უმთავრესი ნორმა არის 1000 მან., შეიძლება 800 მან., 700 მან. და სხვა. ამ შემთხვევაში მიღებული იქნება მხედველობაში მატერიალური მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება ესა თუ ის მოხელე. რათ დაკარგა შრომის უნარი, რატომ არ შეუძლიან მუშაობა, ყველა ეს აწონილ-დაწონილი იქნება და ამისდა მიხედვით გადაწყდება მოხელეთა საკითხი. რაც შეეხება იმას, რომ მხოლოდ ამით ვხელმძღვანელობთ, რომ მხოლოდ იმათ მიეცემათ დახმარება, ვისაც არაფერი მოეძებნება, ესეც მართალი არ არის. მართალია წინანდელ რედაქციაში ეს იყო, მაგრამ დღევანდელ დეკრეტში ეს ამოშლილი არის. იმ შენიშვნაში, სადაც სწერია, რომ „თუ სახსარი არა აქვს“, არა სწერია, „თუ არავითარი სახსარი არა აქვს“. სახსარი არსებობისა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს პირი მიიღებს დახმარებას. (ვეშაპელი: რას ნიშნავს?) როგორც მოგახსენეთ იმ პირებს, რომელთაც უმსახურნიათ 25-30 წელიწადი, მიეცემათ თუ არა დახმარება? თქვენ დასვით საკითხი, რომ თუ უმსახურნია მოხელეს 25 წ. და შრომის უნარი არ დაუკარგავს, იმასაც უნდა მიეცეს დახმარებაო და მოიყვანეთ მაგალითი, რომ ერთი ფ.-ტ. მოხელე ამბობდა, რომ სამსახურიდან წასვლა მინდა, მაგრამ ვერ წავსულვარ, რადგან შიმშილით მოვკვდებიო. იმას ვისაც ამდენი უმსახურნია და შრომის უნარი არ დაუკარგავს, სახელმწიფო სამსახურიდან ვერ გაუშვებს. თუ წავიდა და კერძო სამსახურში ადგილი დაიკავა და ჯამაგირი მიიღო, სახელმწიფოდან ის დახმარებას ვეღარ მიიღებს, მაგრამ წესდებაში შევიტანეთ ისეთი მუხლიც, რომ თუ ადამიანს 25 წელიწადი უმსახურნია, შეიძლება დახმარება მიიღოს. (ვეშაპელი: რასაკვირველია, ვალდებულებაა!). აქ არის ლაპარაკი შრომის უნარის დაკარგვაზედ, თუ შრომის უნარი დაკარგა, მიიღებს, თუ არ დაკარგა და შეუძლია კიდევ იმსახუროს, ის არ მიიღებს. ასეთია ეს დეკრეტი, რომელიც შემოტანილია თქვენს განსახილველად.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზედ. მიღებულია და გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ. წაიკითხეთ.

ფირცხალაიშვილი (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. არის შემოტანილი წინადადება ს.-დ. ფრაქციისა, რომ პირველ მუხლში დაემატოს შემდეგი (კითხულობს): „სოციალური შემწეობა სრულიად არ მიეცემა იმ პირთ, რომელნიც მსახურებდენ ძველი რეჟიმის დროს ჟანდარმთა სამმართველოში და დამცველთა განყოფილებაში“.

ვინ არის წინააღმდეგი ამ შენიშვნისა? ვინ არის მომხრე? შენიშვნა მიღებულია და ამ შენიშვნით მიღებულია 1-ლი მუხლი. გთხოვთ მეორე მუხლი წაიკითხოთ. (მეორე მუხლი უკამათოთ მიღებულია). გთხოვთ წაიკითხოთ მე-3 მუხლი. (მე-3 მუხლიც მიღებულია). გთხოვთ წაიკითხოთ მე-4 მუხლი. (მე-4 მუხლი მიღებულია). გთხოვთ წაიკითხოთ მე-5 მუხლი. (მომხსენებელი კითხულობს მე-5 მუხლს). ამ მუხლის შესახებ შესწორება არის შემოტანილი ს.-დ. ფრაქაციის მიერ, რომ მე-5 მუხლში ამოიშალოს 1000 მან. და ჩაემატოს: დახმარება არ აღემატოს (არ ისმის). ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. ვის სურს სიტყვა მე-5 მუხლის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი. (მიღებულია მე-6, მე-7, მე- 8, მე-9, მე-10, მე-11 მუხლები). გთხოვთ წაიკითხოთ შტატები. (მომხსენებელი კითხულობს შტატებს). ახლა დებულების მე-2 მუხლი. (მომხსენებელი კითხულობს). მე-26 მუხლი მაქვს. უკაცრავად, თქვენ ვისგან გაქვთ მიღებული?

ფირცხალაიშვილი. მე 26 მუხლი მაქვს - საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ გადმომცა. პირველი მომხსენებელი ონიაშვილი იყო.

თავმჯდომარე. მაშ მე-26 მუხლი. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავისა სურს? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ შემდეგი წაიკითხოთ.

ფირცხალაიშვილი. (კითხულობს მე-3 მუხლს).

თავმჯდომარე. წაიკითხეთ შტატი, რომელიც დამტკიცებულია.

ფირცხალაიშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ არის. მიღებული გახლავთ. წაიკითხეთ შემდეგი.

ფირცხალაიშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთოთ დეკრეტის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ არის. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. საბოლოო ტექსტი დღესვე მოგხსენდებათ. ეხლა იქნება დეკრეტი სახალხო გვარდიის მობილიზციით გამოწვეულ ხარჯის დასაფარავად 55.400.000 მან. გადადებისა. ეს დეკრეტი დახურულ კარებში უნდა გარჩეულიყო, მაგრამ წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ სახალხოთ იყოს განხილული და პრეზიდიუმსაც არაფერი აქვს საწინააღმდეგო. მომხსენებელი გახლავთ ბ. მდივანი.

2. დეკრეტი - სახალხო გვარდიის მობილიზაციით გამოწვეულ ხარჯის დასაფარავად 55.400.000 მან. გადადებისა.

. მდივანი. (ს.-ფ.) სახალხო გვარდიის მობილიზაციით გამოწვეულ ხარჯების დასაფარავად სამხედრო უწყება ითხოვს 55.400.000 მან. ეს თანხა უნდა ყოფილიყო გადადებული ჯერ კიდევ მარტში. მაგრამ სხვა და სხვა უწყებებში გამოანგარიშების გამო დაგვიანდა და ეს საკითხი ირჩევა მხოლოდ დღეს, როდესაც მობილიზაცია უკვე მოხდა და ეს ხარჯი უკვე გაწეული არის. აქ დაწვრილებით არის აღნიშნული, თუ რად დაგვჭირდა ამდენი თანხა. გამოანგარიშებული არის აგრეთვე იმ ხალხის რიცხვი, რომლებიც მობილიზაციით უნდა იყვნენ გაწვეულნი. ამაში შედის ხარჯი ჩაცმა-დახურვისა, შეიარაღებისა და საზრდოსი ერთი თვის განმავლობაში. დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ, ვინაიდგან იგი ერთგვარ საიდუმლოებას შეიცავს. ზოგადად მოგახსენებთ, რომ საჭირო არის 55.400.000 მან. ეს დეკრეტი წარდგენილი ქონდა სახელმწიფო კონტროლიორსა და ფინანსთა მინისტრს და დასკვნა ორივედან დადებითია. ეს დეკრეტი განიხილა აგრეთვე სამხედრო და საბიუჯეტო კომისიებმა და ორივე კომისებმა ერთხმად დაადგინა იშუამდგომლოს თქვენ წინაშე, რომ ეს თანხა იქმნას გადადებული სამხედრო უწყების განკარგულებაში.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

. მდივანი. (კითხულობს 1 მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის ამ მუხლის წინააღმდეგი? არავინ. მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

. მდივანი. (კითხულობს მე-2 მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მეორე მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ მთელი დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის სიმ. მდივანს.

3. დეკრეტი - სახალხო გვარდიის 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 28.269.759 მან. და 40 . გადადების შესახებ.

სიმ. მდივანი. ამას წინად დამფუძნებელმა კრებამ მიიღო განსაზღვრული თანხა სამხედრო უწყებისათვის დამატებითი ხარჯების დასაფარავად. მოგეხსენებათ, რომ ეს ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც წინედ იყო შედგენილი და ის თანხა, რომელიც ამ ხარჯთ-აღრიცხვით გამოთხოვილი, არ იყო საკმარისი გვარდიის შესანახად. არის ისეთი ხარჯები, რომელიც არ შეეფერება იმ თანხას, რომელიც თქვენ მიერ იყო გადადებული. ამისათვის, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი და სამხედრო უწყება ითხოვს, რომ საბიუჯეტო წლის დამლევამდე დამატებით მიეცეს 28.269.759 მან. თუ როგორ არის განაწილებული ეს თანხა, დეკრეტს თან ახლავს ნუსხა და იქ არის დაწვრილებით ჩამოთვლილი ის მუხლები, რომლის ძალით სახალხო გვარდია თხოულობს ამ თანხის გადიდებას დამატებითი ხარჯების დასაფარავად. ეს დეკრეტი წარდგენილი ქონდა სახელმწიფო კონტროლს და ფინანსთა მინისტრს. იმათი დასკვნა დადებითია. სამხედრო და საბიუჯეტო კომისიამ განიხილა დაწვრილებით ეს დეკრეტი და დაადგინა, რომ იშუამდგომლოს თქვენ წინაშე, რომ ეს თანხა იქმნას გაღებული იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც მოუვიდა სახალხო გვარდიას. და თქვენ კარგად იცით, რომ დღევანდელ პირობებს არ შეეფერება ის ნორმები, რომლებშიაც წინედ ცხოვრობდა უწყება. ის კრედიტები, რომლებიც იყო გაღებული დამფუძნებელ კრების მიერ ამოწურული არის. და დღეს სახალხო გვარდიას არ აქვს თანხები, რომ ეს ხარჯები დაფაროს. ამიტომ შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ დამატებითი ხარჯებისათვის გადადებული იყოს ეს თანხა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საეთო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.

. მდივანი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მეორე მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ მთელი დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და მისი საბოლოო ტექსტი მოგხსენდებათ დღესვე.

4. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სამხედრო მფრინავთათვის ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სიმონ მდივანს.

სიმ. მდივანი. (ს.-ფ.) ძირითადი შტატების ძალით, რომელიც არის მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ, არის ნაგულისხმევი, რომ მფრინავებს ვარჯიშობისათვის ეძლევათ განსაკუთრებული ჯილდო, რასაკვირველია, გარდა იმ ჯამაგირისა, რომელიც განსაზღვრულია შტატით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჯამაგირებმა განიცადეს მრავალგვარი ცვლილება - ბევრჯელ გადიდდენ, მაგრამ, რაც შეეხება ჯილდოს, ის ძველი დარჩა, როგორც ძირითადი შტატი იყო ნავარაუდევი. ვინაიდან ეს არ შეეფერება დღევანდელ პირობებს, ამიტომ საჭიროა ამ ჯილდოს გადიდება. ეს ჯილდო მათ ეძლევათ იმისათვის, რომ მეტის ხალისით აწარმოონ ვარჯიშობა. ამისათვის, სამხედრო უწყებამ დაინახა საჭიროდ, რომ ჯილდო გადიდდეს შედარებით იმ ნორმასთან, რომელიც წინედ იყო დაწესებული.

უნდა მოგახსენოთ, რომ ჯილდოს მიცემის დროები განსაზღვრულია. უმცირესი ვადა, რომელშიაც ჯილდო მიეცემა არის ნახევარი საათის დრო, უდიდესი კი, რომლის განმავლობაში ეძლევა ჯილდო, არის 15 საათი. ამ ხნის განმავლობაში ეძლევათ მათ ჯილდო. თუ ნახევარ საათზე ნაკლები ივარჯიშეს, მაშინ არაფერი არ ეძლევათ. ფრენის პირველ ნახევარ საათში ეძლევა ნაკლები, ვიდრე შემდეგ დროში. ასე თანდათანობით არის ნავარაუდევი ამ ჯილდოს განსაზღვრა.

ამ დეკრეტს თან ახლავს დადებითი დასკვნა სახელმწიფო კონტროლიორისა და ფინანსთა მინისტრისა. ეს დეკრეტი განხილული იყო სამხედრო კომისიაში და საბიუჯეტო კომისიაში და ორივე კომისია დაეთანხმა ამას და შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ მიიღოთ ის ნუსხა, რომელსაც კანონ-პროექტის მუხლობრივ განხილვის დროს მოგახსენებთ, რადგან ძირითადი შტატის შეცვლა არის საჭირო იმ ნორმების მიხედვით. სამხედრო უწყება და საბიუჯეტო კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ეს კანონ-პროექტი მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? არავინ. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის შემდეგ.

5. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა საქართველოს სახელმწიფო ბანკის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ნ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ჩვენი სახელმწიფო ბანკი არც ერთ უწყებებში არ შედის დებულების თანახმად. როგორც მოგეხსენებათ, ის პირდაპირ ექვემდებარება დამფუძნებელ კრებას და ამიტომ ეს შუამდგომლობა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა შემოსული არის გამგეობის სახელით - სახელმწიფო ბანკის მმართველისაგან ისე, როგორც ეს არის მიღებული იმ ორგანოს მიერ, რომელიც პირდაპირ უძღვება სახელმწიფო ბანკს, ესე იგი გამგეობისა და საბჭოს მიერ. პირველად ყურადღებას იპყრობს შტატების საკითხი. ამ შტატის თანახმად მოსამსახურეთა რიცხვი უდრის 95 კაცს. ეს რიცხვი მოსამსახურეთა არ უნდა ჩაითვალოს დიდად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ წინეთ რუსეთის სახელმწიფო ბანკის კონტორაში მოსამსახურეთა რიცხვი უდრიდა თითქმის 200. მართალია, მაშინ რაიონი იმ სახელმწიფო ბანკის ოპერაციებისა უფრო დიდი იყო, - იქ შედიოდა განჯა, ერევანი და სხვა, - მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ იქ დამოუკიდებელი გამგებლობა არ ყოფილა და ამ მხრივ ოპერაციების რაიონი შემცირებული იყო, და იმას, რომ მთელი რესპუბლიკის ცენტრი არის ეს სახალხო ბანკი და იმასაც, რომ ახლად დაწყებული საქმეა, მაშინ ამ შტატში აღნიშნული რიცხვი შეიძლება არ მივიჩნიოთ გადიდებულად. ამ ბანკს ექნება განყოფილებები. მაგრამ ამ განყოფილებების მოსამსახურეთა შტატები ცალკე იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება ჯამაგირებს, უნდა მოგახსენოთ, რომ სპეციალური ხასიათი ბანკის მუშაობისა აწესებს ერთნაირ გადიდებულ ჯამაგირებს ამ სახელმწიფო ბანკში მოსამსახურეთათვის. ამიტომ აქ ხარჯთ-აღრიცხვა რომ არის შედგენილი, სწორეთ ამის მიხედვით სპეციალისტებისათვის არის მიღებული უფრო გადიდებული ჯამაგირები, ვიდრე ეს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გვაქვს. ეს აიხსნება უმთავრესად იმით, რომ სპეციალური ძალები ძნელი საშოვარი არის. ასეთები ნაკლებად გვყავს და ვინც არის უფრო კერძო საკრედიტო დაწესებულებებში მიდიან იმიტომ, რომ იქ ჯამაგირს მეტს აძლევენ ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებაში. სახელმწიფომ რომ არ გაათანასწოროს მოსამსახურენი თავის დაწესებულებისა ამ დარგში სხვა საკრედიტო დაწესებულებების მოსამსახურეებთან - უეჭველია მოსამსახურეებს ვერ ვიშოვით. აქ კი, თავისთავად ცხადია, გათანასწორებული არ არის. აქ საშუალო ნორმა არის აღებული შედარებით; ასე რომ ამ მხრივ აქ დაცული არის საერთოდ სახელმწიფოს ინტერესები, რამდენად ეს მის ნორმებს შეეხება.

ერთი საკითხი არის კიდევ, რომელიც ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა წინეთ. ეს არის გამგეობის წევრთა ჯამაგირები. გამგეობის წევრთ უკვე დანიშნული აქვთ ჯამაგირები. მაგრამ აქ თვით კანონ-პროექტში არის მუხლი, რომელიც ამ ჯამაგირების ნორმების შეცვლა მოითხოვა. სიძვირე უფრო გაიზარდა და მაშასადამე დაწესებულ ჯამაგირებით ეხლა შეუძლებელი არის დირექტორის, გამგეობის წევრების მოწვევა. ცხადია გადიდებული არის აგრეთვე ბანკის გამგის ჯამაგირი. ასე რომ, საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, გამგეობის წევრთა ჯამაგირები მაინც არ აღემატება სხვა საკრედიტო დაწესებულებებში მოსამსახურე პირთა ჯამაგირებს.

რაც შეეხება უნცროს მოსამსახურეებს - მათთვისაც ერთნაირი მომატებული ჯამაგირები არის დაწესებული, ვინაიდან ამ უმაღლეს თანხიდან აღებულია ერთნაირი ნორმა, ერთნაირი გრადაციები არის დაცული. რადგანაც ეს დაარღვევდა საერთო წესს სახელმწიფო ბანკის ჯამაგირებისას, ამიტომ უნცროსი მოსამსახურენიც არ არიან გათანასწორებული საერთოდ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთა უნცროს მოსამსახურეებთან. ამ მხრივ აქ ერთნაირი წესი არის დაცული თავიდან ბოლომდე.

რაც შეეხება ხარჯთ-აღრიცხვის საერთო ნაწილს - უნდა მოგახსენოთ, რომ აქ არის ერთი მუხლი, რომელიც ეხება რესპუბლიკის გარეშე წარმომადგენლების შექმნას. სახელმწიფო ბანკისათვის ფინანსიური ურთიერთობის დასამყარებლად მეზობელ სახელმწიფოებთან, ასეთი წარმომადგენლობა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ამ წარმომადგენლობას, რომელიც ეყოლება სახელმწიფო ბანკს, ევალება ცნობების მიწოდება. აი ამ მუხლით ნავარაუდევი არის გასავალი 500.000 მანეთი. აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეეხო სახელმწიფო კონტროლიორი. სახელდობრ ის, რომ ეს ხარჯთ-აღრიცხვა უნდა დამტკიცდეს 1 მაისიდან. სახელმწიფო კონტროლი ამის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ჩვენი წელი იწყება 1 ივნისიდან. ამისათვის საფინანსო კომისია და თვით ბანკის საბჭო დაეთანხმა იმას, რომ ეს ხარჯთ-აღრიცხვა დამტკიცდეს 1 ივნისიდან, ე.ი. მომავალ საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან. ხოლო რაც შეეხება ბანკის წინასწარ მოსამზადებელ ხარჯებს - 100.000 მანეთი - ეს შეტანილ იქნა ცალკე მუხლად, საორგანზაციო ხარჯების სახელწოდებით. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, მოსამსახურე პირთა ჯამაგირები, რომელიც დამტკიცებული არის საბიუჯეტო კომისიის მიერ, უდრის 4.207.000 მანეთს და სხ.

არც ერთი მუხლი ხარჯთ-აღრიცხვისა საფინანსო კომისიაში დავას არ იწვევს და იმ დადგენილების თანახმად, რომელიც აქვს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას ამის შესახებ, მე ვითხოვ დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს იქნეს მიღებული.

აქ არის სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთი შენიშვნა არსებითი ხასიათისა. პირველი შეეხება იმას, რომ ეს ყოფილიყო მიღებული 1 ივნისიდან. ამაზე საბჭო და საბიუჯეტო-საფინანასო კომისია დათანხმდენ. მაშასადამე ეს მოთხოვნილება სახელმწიფო კონტროლისა დაკმაყოფილებული არის. რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლის აზრს, თითქოს სახელმწიფო ბანკში მოსამსახურეთა ჯამაგირები მეტად დიდი იყოს, ამის შესახებ მე უკვე მოგახსენეთ. ეს უნდა ავხსნათ მუშაობის სპეციალური ხასიათით, რომელიც აქვს სახელმწიფო ბანკს. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ბანკის მოწყობა და მუშაობის დაწყება.

ასეთივე შენიშვნა არის გამგეობის წევრთა ჯამაგირების შესახებ. აქ არის მუხლი პროექტისა, რომლითაც უნდა შეიცვალოს ჯამაგირები. თავის-თავად ცხადია, თუ კი ჩვენ შევცვლით კანონ-პროექტით, საწინააღმდეგო არაფერი არ ექნება არავის.

რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს ხარჯთ-აღრიცხვისას - საკითხი სასტამბო და სხვა ასეთები - სახელმწიფო კონტროლს მიჩნეული აქვს ეს შიშველ ციფრებათ და მოითხოვდა, რომ ბანკის გამგეობას მიეცა თითოეულ მუხლზე დაწვრილებითი ახსნა-განმარტება. მე ვაცხადებ თქვენს წინაშე, რომ ასეთი დაწვრილებითი განმარტება იმ მუხლების შესახებ, რომლებიც საკანცელარიო ხარჯთ-აღრიცხვას შეიცავს, საფინანსო კომისიას მიღებული აქვს გამგეობისაგან. მაშასადამე სადაო აქ სრულიად აღარაფერი არის. მთავრობაში, თავის-თავად ცხადია, ეს საკითხი არ იქნებოდა განხილული, ვინაიდან სახელმწიფო ბანკი პირდაპირ ექვემდებარება დამფუძნებელ კრებას. ასე რომ მთავრობის აზრი ჩვენ არა გვაქვს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. კენჭს ვუყრი. ვინაა წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინაა და სათანადო ვადის გასვლის შემდეგ კანონ-პროექტი მოხსენდება დამფუძნებელ კრებას მუხლობრივ.

6. დეკრეტი - საზღვარ-გარედ სასწავლებლად მყოფ სახელ-მწიფო სტიპენდიანტთათვის 12. 000. 000 მანეთის გადადებისა.

თავმჯდომარე. მომხსენებელი თქვენვე ბრძადებით.

იმნაიშვილი. (მომხსენებელი) ამ მიზნისათვის ჯერ-ჯერობით გადადებული იყო 5 მილიონი მანეთი. აქედან 2 მილიონი გადაიდვა ზაფხულში და 3 მილიონი დეკემბერში. ამ თანხის საშვალებით აქამდი უწყებამ შესძლო 75 სტიპენდიანტის გაგზავნა სხვა და სხვა ქვეყნებში. 40 იმყოფება გერმანიაში, 21 საფრანგეთში, 1 ბელგიაში, ერთი ამერიკაში, 5 ინგლისში და 5 იტალიაში. დღევანდელ პირობებში სტიპენდიის განსაზღვრა ძალიან ძნელია, ვინაიდან თითოეულ ამ სახელმწიფოს ფულის კურსი სხვა და სხვა დროს ცვალებადია. მასთან კიდევ ჩვენი ფულის კურსიც ძლიერ ეცემა. მაშასადამე ერთი რომელიმე თანხის ფიქსაციის მოხდენა და გადადება ერთხელ და სამუდამოთ შეუძლებელი არის. ამ მხრივ აქ გამოანგარიშება, რამდენ ხანს ეყოფა სტიპენდიანტს ესა თუ ის თანხა - დიდ სიძნელეს წარმოადგენს. მაგრამ აქ არის წარმოდგენილი ხარჯთ-აღრიცხვა იმისდა მიხედვით, თუ როგორი არის დღევანდელი ფულის კურსი. იმისდა მიხედვით არის აქ გამოანგარიშებული ეს თანხა, თუ რა ღირს ცხოვრება ევროპის სხვა და სხვა სახელმწიფოებში. და უნდა მოგახსენოთ, საფრანგეთში, ინგლისში, ამერიკაში ცხოვრება ძლიერ გაძვირებულია. და სწორეთ ამისდა მიხედვით არის გადმოტანილი ეს თანხა ჩვენ ფულზე. მაგალითისათვის მოგახსენებთ, ინგლისში რომ მოსწავლემ იცხოვროს საჭირო არის 20 გირვანქა სტერლინგი, ე.ი. ჩვენ ფულზე 20.000 მანეთი. წლიური სწავლის ფული 50 გირვანქა სტერლინგი, ე.ი. 50.000 მანეთი. იქ არის 5 მოსწავლე. აი, ამისდა მიხედვით არის შედგენილი ეს ხარჯთ-აღრიცხვა. ასევე არის გერმანიაში. როგორც მოგეხსენებათ, მარკა 5 მანეთია. იქ ჩვენი 40 მოსწავლე არის. მინიმუმი საცხოვრებლისა დაწესებული არის იმ ცნობების თანახმად, რომელიც ჩვენ გვაქვს გერმანიაში მყოფ საელჩოსაგან 1200 მარკა თვეში, წლიურათ მაშასადამე 14.400, რაც შეადგენს გერმანიაში მყოფ ყველა მოსწავლეთათვის წლიურათ 377.099 მანეთს.

ასევე იტალიაში. საერთოდ ეს თანხა ნავარაუდევი არის იქაური ცხოვრების პირობების მიხედვით. ადვილი შესაძლებელი არის რომ შემდეგში კიდევ დასჭირდეს უწყებას კვლავ შუამდგომლობის აღძვრა, რომ გაღებულ იქნეს დამატებითი თანხა. ამ მიზნისათვის სულ ნაანგარიშები იყო უწყების მიერ 11 მილიონი მანეთი. ამ სახით შემოვიდა ეს კანონ-პროექტი სახალხო განათლების კომისიაში. განათლების კომისიამ დაწვრილებით განიხილა ეს და მიიღო მხედველობაში, რომ ჩვენი კურსი ცვალებადი არის, - მაგალითად, პროექტის შედგენის დროს მარკა ღირდა 5 მანეთი, დღეს კი მარკა 7-8 მანეთი ღირს, ასეთივე მდგომარეობაში არის ყველა ქვეყნები. მიიღო ყველა ეს მხედველობაში და დაადგინა 11 მილ. გადიდებულ იქნას 12 მილიონამდი. ასეთი შუამდგომლობით შევიდა ის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში. საფინანსო კომისიამ არსებითად გაიზიარა სახალხო განათლების კომისიის მოსაზრებანი და დაადგინა, რომ 11 მილიონის მაგივრათ, რომ ახლო მომვალში კიდევ დამატებითი ხარჯები არ დაგვჭირდეს, სახელმწიფო ხაზინიდან გაღებულ იქნას 12 მილიონი მანეთი და ამ შუამდგომლობით შემოდის სწორეთ სახალხო განათლების კომისია დამფუძნებელ კრებაში.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინაა წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

იმნაიშვილი. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? ვინაა წინააღმდეგი? პირველი მუხლი მიღებულია, გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

იმნაიშვილი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინაა წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი.

იმნაიშვილი. (კითხულობს მე-3 მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? ვინაა წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. მე-3 მუხლი მიღებულია. ვინაა წინააღმდეგი საერთოდ მთელი დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტი დღესვე მოგხსენდებათ.

7. განგრძობა მსჯელობისა აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრების განხილვის წესის დეკრეტის შესახებ.

თავმჯდომარე. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. ამ საკითხის შესახებ ბ-ნ ნინიძეს უკვე აქვს წაკითხული მოხსენება. სიტყვა ეკუთვნის ბ. რუსიას.

. რუსია (ს.-დ.) ის დებულება, რომელიც წამოაყენა მომხსენებელმა და რომელიც გამოიხატება იმაში, რომ სამოქალაქო დავას უნდა არჩევდეს სასამართლო, ამ დებულებას სრულიად იზიარებს სოც.-დემოკრატიული ფრაქცია. მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს განსაკუთრებულ პირობებთან, როდესაც აგრარული რეფორმა ჯერ არ არის გატარებული, საჭიროა ჯერ-ჯერობით დროებითი განსაკუთრებული ზომები და ამიტომ ეს დეკრეტი დროებითი ხასიათისა გახლავთ. ის უდიდესი რეფორმა, აგრარული რეფორმა, ჩვენ უნდა გავატაროთ ცხოვრებაში რაც შეიძლება ჩქარა, ამაში, მე მგონი, ყველა წევრები დამფუძნებელი კრებისა ერთი აზრისანი არიან. მაგრამ აქ ამბობდნენ: არ გაგონილა არსად, რომ ისეთი დავა, რომელსაც სამოქალაქო ხასიათი აქვს სასამართლოში არა სწყდებოდესო. მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრების წევრი ბ. გვაზავა, როგორც ვექილი, ამაში სცდება. საზოგადოდ მიწადმფლობელობასთან დაკავშირებული საკითხი, აგრარული რეფორმა მეტად რთულია და მეტად ძნელი. ჩვენ ვიცით კანონი, რომელიც არსებობდა რამდენიმე ათეული წლები და რომელიც მიწადმფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლოს გარეშე სწყვეტდა, მაგალითად მიწის-მზომლობა. მე ვლაპარაკობ ისეთ კანონზე, რომლის ძალითაც მიწის გადამიჯვნის დროს, როდესაც უნდა გამოირკვეს ვინ არის პატრონი, მფლობელი მიწისა, თუ რომელიმე მოქალაქე განაცხადებს თავის უფლებას განსაზღვრულ მიწაზე და სხვა ამ დროს არ გაუწევს მას დავას, ის მიწა უდაოდ იმ პირზე ითვლება. შემდეგ თქვენ შეგიძლიანთ შემოიტანოთ სასამართლოში ყოველგვარი საბუთები, მაგრამ კანონის ძალით ეს საქმე ვეღარ უშველის, ვინაიდან გამიჯვნის დროს დავა არ იყო გამოცხადებული, ის მიწა ითვლება იმის საკუთრებად, ვინც განაცხადა, რომ ჩემიაო. ერთი შეხედვით ეს მართლაც მიუღებელია: როგორ მოხდა, რომ ადამიანს აქვს ნოტარიული აქტი, დამტკიცებული აქვს ყოველგვარი კანონი და ამავე დროს მიწა აქვს ვიღაც შემთხვევით გამვლელ კაცს. მაგრამ ამაშია სწორედ, ბატონებო, სიძნელე ამ საკითხისა.

მე მგონია, კანონი, რომელიც არსებობს რამდენიმე ათი წელიწადი და რომლის წინააღმდეგ ჯერ არაფერი არ თქმულა, საჭირო არის უფრო ნათლად გამოირკვეს და ასეთი კანონი კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად აღიარა. ამიტომ ჩვენ ამას არ უნდა დაუძახოთ ბარბაროსობა, როგორც აქ ზოგიერთმა წევრმა დამფუძნებელი კრებისა სთქვა, რომ თითქოს, თუ სასამართლომდე არ მივიდა აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული საქმეები, ვითომდა ეს არის ბარბაროსობაო. ამას როდესაც ამტკიცებს არა იურისტი - ეს ჩემთვის გასაკვირველია. ჩვენ ვიცით რომ ამ რეფორმის გატარება ხდება განსაკუთრებულ ორგანიზაციების მიერ. თქვენ, იცით, რომ ამ რეფორმის გატარებაში მონაწილეობას ღებულობენ ერობის ორგანიზაციები. ასე რომ რეფორმის გატარების დროს ჩვენ უზრუნველყოფილნი ვართ უსამართლობიდან, ვინაიდან თვით საქმე ისეთ ორგანიზაციების ხელში არის, რომლისაგან ჩვენ არ მოველით უსამართლობას. მაგრამ მეორე მხარეს არ აქცევთ ყურადღებას. ბატონებო, აგრარული რეფორმის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ მიწათმფლობელებს, თავად-აზნაურობას, მდიდრებს მიწა უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს გლეხებს. თავის თავად ცხადია, რომ როდესაც განსაზღვრულ ჯგუფს, წოდებას, კლასს მიწას ართმევთ, ისინი ყოველ ღონიძიებას იხმარენ, რომ ეს საქმე არ ჩატარდეს. არ დაზოგავენ არავითარ საშუალებას, რომ თქვენ ხელი შეგიშალონ ამ რეფორმის გატარებაში და მე თქვენ გეკითხებით: ასეთ საკითხების გადაწყვეტის დროს, ასეთი უდიდესი რეფორმის ჩატარების დროს, ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ყოველი საკითხი, ამასთან დაკავშირებული, უნდა გაირჩეს სასამართლოში? მე მგონია არა. თვით რეფორმა არის დროებითი. ის უნდა გატარდეს რაც შეიძლება ჩქარა. ამიტომ დეკრეტიც დროებითია. ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიზიარებთ დებულებას, წამოყენებულს მომხსენებლის მიერ, მაგრამ ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ რეფორმის გატარება გადავდვათ, ან და სულ ვერ ჩავატაროთ. და სასამართლოზე გადაცემა ყოველგვარი დავისა - ეს იქნება იგივე, რომ ისეთი ზომა, რომელსაც დღეს ჩვენ დავადექით, მხოლოდ სპარსული ან აღმოსავლეთური თუ იქნებაო. (მაჭავარიანი: სამართალმა როგორ შეგაშინათ ასე?) მე კი მოგიყვანეთ თქვენ კანონი, კანონმდებლობა, რომელიც არც ერთ იურისტს არც დაუწერია და არც ულაპარაკია ამ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ვინაიდან ყველა გრძნობდა, რომ მიწის რეფორმის, მიწადმფლობელობის საკითხის გადასაჭრელად ასეთი კანონი, განსაკუთრებული კანონი, რომელზედაც მე მოგახსენეთ, საჭიროა და აუცილებელი. ამიტომ ჩვენ უნდა დავეთანხმოთ იმ ზომებს, რომლებსაც დეკრეტი გვაძლევს. ეს ზომები დროებითია და თუ თქვენ გინდათ ეს რეფორმა ჩავატაროთ, ამ ზომებს უნდა დაეთანხმოთ, მით უმეტეს, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ეს გადავეცით, არიან ერობები, ქალაქის თვითმართველობები და მათი განყოფილებები.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. გვაზავას ეკუთვნის.

. გვაზავა (ე.-დ.) ბატონებო, მე ხელმეორედ გამოვდივარ, იმიტომ რომ არ შეიძლება არ მივაქციო თქვენი ყურადღება იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ კანონს. თავდაპირველად გთხოვთ ჩემი გამოსვლა არ დააფასოთ ისე, როგორც პარტიული გამოსვლა. კანონ-პროექტის დაფასება, მე მგონია, არ უნდა იყოს პარტიული. ჩვენ გამოვდივართ სახელმწიფოს ინტერესებიდან და არა პარტიულიდან.

ეს განცხადება იმიტომ არის საჭირო, რომ წარსულ კრებაზე გამოვიდა ბ. ხომერიკი და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მიწის რეფორმა არის რევოლიუციონური აქტიო, რევოლიუციონურ აქტს კი განსაკუთრებული პირობები და განსაკუთრებული იარაღი უნდა, რომ იგი გატარდეს ცხოვრებაშიო.

ბატონებო, ეს აზრი არ არის მართალი. (ხმა: მართალია!). რევოლიუციონური აქტი შეიძლება ყოფილიყო იგი მაშინ, რომ აქ ყოფილიყო არა დამფუძნებელი კრება, არამედ ამიერ-კავკასიის კომისარიატი. მაშინ შეიძლებოდა გეთქვათ, რომ ეს არის რევოლიუციონური აქტი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცოდით როგორი ძალთა განწყობილება იქნებოდა ამიერ-კავკასიაში. შეიძლება გვგონებოდა, რომ ეს არის კომისარიატის სურვილი და არა ეროვნული ნებისყოფა. მაგრამ მას აქეთ, რაც დამფუძნებელი კრება გვაქვს, რაც ჩვენში მოხდა არჩევნები, როდესაც ერმა თავისი სურვილი გამოსთქვა - დამფუძნებელი კრება არის გამომხატველი ერის ნება-სურვილისა და როდესაც ეს კანონ-პროექტი მიღებული არის დამფუძნებელი კრების მიერ, ამ აქტს აღარ აქვს რევოლიუციონური აქტის ხასიათი, არამედ იმან კანონის სახე მიიღო. ამის წინააღმდეგი შეიძლება ვიყოთ, შეიძლება არა, - ეს სხვა საკითხია. მაგრამ ფორმალურად ეს კანონი არის ყველასათვის სავალდებულო, ვინაიდან იგი დამფუძნებული კრების მიერ არის მიღებული. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის რევოლიუციონური აქტიო - ეს ყოვლად მიუღებელია. მე ვიმეორებ - ეს არის კანონი, სავალდებულო ყველასათვის და მთელი სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ეს კანონი გატარდეს ცხოვრებაში ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს. თქვენ მიიღეთ კანონი, გადაეცით სამინისტროს, აღმასრულებულ ძალას, რომელსაც უფლება არა აქვს შესცვალოს იგი. ესეც უდაო და უეჭვოა, თუმცა, როგორც იცით, მხოლოდ ამ კანონის ფარგლებში შეიძლება ხშირად მოხდეს დავა. და მე გეკითხებით თქვენ, ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს დავა? დავა ხომ ხდება - ეს ნამდვილია, ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. მაგალითად მე ნამდვილად ვიცი, რომ ზოგიერთ ადგილებში ქალებს მიუღიათ ნორმა, ზოგიერთ ადგილებში კი არა. რაშია საქმე? რას ნიშნავს ეს? ყველას ერთნაირად აქვს უფლება მიღებისა, თუ არა? (ხმა: აქვთ!). მე გეკითხებით, სად უნდა აღადგინონ ამ ქალებმა თავიანთი უფლება? იმ ქალებმა, რომელთაც ნორმა არ მიუღიათ? ბევრი სხვა მაგალითიც არის.

ლეჩხუმში მთელი მიწა მეორე კატეგორიად არის გამოცხადებული. პირველი კატეგორია სრულებით არ არის. მიუხედავად ამისა ერთ კაცს მისცეს მხოლოს 7 დესეტინა. სად უნდა აღადგინოს მან თავისი უფლება? იმავე კაცმა თუნდაც მიიღო 7 დეს. კანონის ძალით ყველას შეუძლიან აირჩიოს თავის საკუთრებიდან მიწა, რომელიც მას ეკუთვნის და ერგება ნორმით. ამის ნება მას არ მიეცა და მისცეს რიყეში 7 დეს. სად წავიდეს ეს კაცი და სად აღადგინოს თავისი შელახული უფლება?

როგორც ხედავთ საკითხი შეეხება უფლების დაცვას, რომელიც გამომდინარეობს თქვენ მიერ გამოცემულ კანონიდან. ასეთი მაგალითები ბევრია. თავი და თავი კანონის რიგიანად გატარებაა.

აქ შემოდის სამინისტრო წინადადებით - ამ შემთხვევაში სასამართლო საჭირო არ არისო. სამინისტრო ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი არ არის, თვით ასრულებს კანონს, მაგრამ იქ, სადაც ატყდება დავა, იქ პასუხისმგებელი არის, მაგრამ ამბობს, რომ მე სასამართლო არ მინდა, მე თითონ განვასაჩივრებ ამ საქმეებსო.

იურისტებმა ბ. ონიაშვილმა და ბ. რუსიამ განაცხადეს, რომ ჩვენ შორის არ მოიძებნება ორი ისეთი ადამიანი, რომელიც პრინციპიალურად უარყოფს სასამართლოს მნიშვნელობასო. თუ ეს ასეა, რათ უნდათ, რომ გვერდი აუხვიონ სასამართლოს, რომელთა დანიშნულებაც სამართლიანობის დაცვა არის? ეს ყოვლად შეუძლებელი არის. თქვენს ყურადღებას ამას მივაქცევ, იმავე სამინისტროს მივმართოთ: რა სუროგატს აარსებთ სასამართლოს მაგივრად? თქვენ აპირებთ კომისიის მოწყობას, რომელშიაც შედის ორი წარმომადგენელი მიწადმოქმედების სამინისტროსი, ორი იუსტიციის სამინისტროსი და ერთი ერობათა წარმომადგენელი. სულ ხუთი კაცი. რა სასამართლოა ეს? რა ხალხი იქნება ეს წარმომადგენლები? მიწად-მოქმედების სამინისტრო, თავის-თავად ცხადია გაგზავნის თავის ხელქვეითს - მდივანს ან იურისკონსულტს, იუსტიციის მინისტრი ვის გაგზავნის? მე მაკვირვებს, რომ ის თითონ აქ არ იმყოფება. ბ. იუსტიციის მინისტრი, რომელიც არის დარაჯი სამართლიანობისა, რომელსაც ევალება, რომ დარაჯად უდგას სასამართლოს, არც წინედ იყო აქ და არც ეხლა არის. (ხმა: ის თანახმაა! კედია: იგი აქ უნდა იყოს, ჩვენს წინაშე, დამფუძნებელი კრების წინაშე!). მაშასადამე, გვერდს უხვევს სენატს და უნდა გაგზავნოს თავისი ხელქვეითი კომისიაში. ბატონებო, თქვენ თითონ ამოირჩიეთ ეს სენატი დიდის შერჩევით და დავით. იმათ ევალებათ უფლების და სამართლიანობის დაცვა. ეხლა მოდის სამინისტრო და გეუბნებათ: ნუ ინდომებთ ჩვენ მიერ არჩეულ სენატს, რომელიც უდიდესი დაწესებულება არის, მიატოვეთ ეს დაწესებულება და ყველა ამ საქმეებს მე თვითონ გავარჩევო. მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მინისტრმა თვითონ ჩაიდინოს შეცდომა? (კედია: კაცნი ვართ, ბატონებო!). მაშ ვინ უნდა გაარჩიოს ეს საქმეები? თითონვე უნდა გაარჩიოს? მისაღებია ეს? თუ თითონ არა, მისი მოხელე ჩაიდენს. შესაძლებელია თუ არა ასეთი პროექტის მიღება? თქვენი იურისტები ამბობენ, რომ პრინციპიალურად ვილაპარაკო, პრინციპიალურად ვილაპარაკებო. ეს ყოვლად მიუღებელია.

მე ბოდიშს ვიხდი, რომ შეგაწუხეთ და დიდი ხანი წაგართვით, მაგრამ მე მივაქცევ ყურადღებას მეორე მომენტს. ეს ის, რომ ვითომც სენატი რეფორმის ცხოვრებაში გატარებას აფერხებს. რეფორმა ფერხდება და ამიტომ სენატს ეს საქმეები უნდა ჩამოვართვათო. ამ მხრივ მე მოვითხოვე კონკრეტიული მაგალითი იმისა, თუ როგორ და რანაირად აფერხებს სენატი ამ რეფორმის გატარებას. (ნინიძე: მოგიყვანთ! მოგიყვანთ!). შეიძლება აწი მომიყვანოთ, მაგრამ ჯერ არავის მოუყვანია, დაასახელეთ ციფრი, თუ რამდენი ჩივის, 1 ან 2 პროცენტი, განა ეს შეფერხება არის? გარდა ამისა საჩივარით განა შეიძლება შეფერხებული იქნეს სახელმწიფო რეფორმა? როგორ შეიძლება საჩივარი, რომელსაც ჰქვიან „жалоба“ შეაჩეროს სენატმა? საჩივრის მოქმედების შეჩერება არ შეიძლება. წინასწარი შეჩერება შეუძლებელია, ეს არას დროს არ მომხდარა. ხომ არა გგონიათ, რომ სენატი ძმა-ბიჭებითაა ავსებული? იქ არიან პირები, რომლებმაც იციან რა არის კანონი, რა არის უფლება და რა არის რეფორმა. როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აგრარული რეფორმა შეჩერებული იქნება სენატის მიერ? (ნინიძე: ვინა სთქვა ეს?). თუ არავინა სთქვა, ნუ ამბობთ, რომ ეს საქმე შეაფერხესო. აქ არავითარი შეფერხება არ შეიძლება. სენატი განიხილავს საქმეს და გაატარებს კანონს, თუ კანონი დარღვეული არ არის, მაშინ ასეთ საჩივარს სენატი უყურადღებოდ დასტოვებს.

აი მაგალითი: ერთმა კაცმა მიიღო რიყე. უფლება აქვს აირჩიოს ადგილი და ის სამინისტრომ ვერ დააკმაყოფილა. (ხომერიკი: დაასახელეთ, ვინ არის ის კაცი?). ვინ არის ის კაცი, მე არ ვიცი. თავი დავანებოთ იმ კაცს, ვთქვათ მე მერგება 7 დესეტინა და თქვენგან მივიღე 5 დესეტინა, უნდა აღვადგინო ჩემი უფლება სადმე თუ არა? წარმოიდგინეთ, რომ უკანონობა ხდება. სენატმა უნდა შეაჩეროს ეს უკანონობა. როგორ იტყვის ბ. მინისტრი - თუ სენატი კანონიერად იქცევა - ეს საქმეები სენატს არ უნდა დაექვემდებაროსო, რა გინდათ, რა გაქვთ საწინააღმდეგო მისი? და თუ უკანონოდ იქცევა, მოიყვანეთ ამის მაგალითი.

ეხლა მე ვეკითხები ბ. მინისტრს, რა აინტერესებს იმას, კანონის დარღვევა, თუ კანონის გატარება ცხოვრებაში? იმ პოზიციიდან, რომელსაც იგი იცავს გამოდის, რომ მინისტრი ხელუხლებელი უნდა იყოს მაშინ, როდესაც ის კანონს დაარღვევს. შეიძლება ასეთი იძულებითი დესპოტიზმი შევქმნათ? გამოდის, რომ ასე არის! ეს არის შინაარსი თქვენი კანონ-პროექტისა? თუ ვარღვევთ, გვერდს ვუხვევთ სენატის დადგენილებას, მაშინ მოვსპოთ სასამართლო. (ბ. ჩხიკვიშვილი: როგორ შეიძლება? სასამართლო უნდა იყოს!). თუ ბოლშევიკებს აქვთ თავისებური ლოღიკა, აქვთ წესი განსაჩივრებისა, თუნდაც სასამართლო არ არის, რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ? იქ საჩივარი შეგიძლიათ შეიტანოთ კომისართან, რომ ეს და ეს მოხელე ცუდად იქცევაო. მაშასადამე მათ აქვთ ერთნაირი წესი გასაჩივრებისა. თუ კომისარი ცუდათ იქცევა, შეგიძლიათ საბჭოში შეიტანოთ. მიწად-მოქმედების მინისტრზედაც შეიძლება საჩივარის შეტანა: რა საჩივრის მერე? როდესაც შეეხება ეს კანონის შეუსრულებლობას, თქვენ ამბობთ, რომ მინისტრზედ საჩივრის შეტანა სენატში შეუძლებელიაო. გარდა ამისა, ბ. რუსიამ წამოაყენა ერთი მოსაზრება გამიჯვნის შესახებ. ბ. რუსიამ ამ მოსაზრებას დაუპირდაპირა თავისი დებულება. არის მთელი რიგი ინსტანციებისა ამ საქმის გადასაწყვეტად. ბ. რუსიას სიტყვით გამოდიოდა თითქოს მიწის მზომელი სწყვეტს ყველა საკითხს. (რუსია: არ მითქვამს ეგ!). თუ არ გითქვამთ, უნდა სთქვათ, ბატონო. როდესაც გადამიჯვნა არის, შეიძლება მოხდეს უსამართლობა, მაგრამ საქმე მერე გადადის ოლქის სასამართლოში. იქ არის დავა და ბრძოლა. სასამართლოს გამოაქვს თავისი დადგენილება. და მერე ყოველ მხარეს უფლება აქვს გადაიტანოს საქმე პალატაში, შემდეგ სენატში. სამი ინსტანცია არის ამ საქმის წარმოებაში, როგორც ყველა სამოქალაქო საქმეებში. აქ კი არის უბრალო საჩივარი, რომელიც მხოლოდ სენატში შედის და ეს უყურებს დარღვეული არის თუ არა კანონი.

თუ თქვენ არ გინდათ, რომ ჩვენში გამრავლდეს თვითნებობა, თუ თქვენ არ გინდათ დამყარდეს თავის დღეში სამართლიანობა და მიწასთან გაასწოროთ თქვენ მიერ მიღებული კანონი, ის კანონ-პროექტი, რომელიც შემოტანილი არის, უარყოფილი უნდა იქნეს. იმ რეფორმის კანონში, რომელიც არსებობს, მთელი რიგი უფლებებისა არის, თუ მაქსიმუმი არა, მინიმუმი მაინც არის. მიეცით უფლება მოქალაქეს ეს მინიმუმი მაინც დაიცვას და არ იყოს ძალმომრეობა და უსამართლობა. თუ ამ კანონს მიიღებთ, ეს უსამართლობა უფრო გაიდგამს ფეხს. გარდა ამისა თქვენ მიიღეთ მხედველობაში ის, რომ ამ მხრივ შემოტანილი კანონ-პროექტი სახელს არ გაგითქვამთ საზღვარ-გარედ. აქამდის თავს ვიწონებდით იმით, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, რომ გვაქვს ერთნაირი გარანტია სამოქალაქო თავისუფლებისა. ეს აუცილებელია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. თქვენ ამას თანდათან სპობთ ყველაფერს და ამას ყურადღებას უეჭველია მიაქცევენ საზღვარ-გარეთ და მაშინვე ბოროტ-მოქმედება დაიბადება ამ საქმის ირგვლივ. ერთი მინისტრი, რა გინდ პატიოსანი კაცი იყოს, ყველას ანგარიშს ვერ გაუწევს, ეს მისთვის ფიზიკურად შეუძლებელია, აღარ შეეძლება კონტროლი გაუწიოს სათანადო დაწესებულებებს. მაშასადამე ატყდება მუშაობა სხვა და სხვა დაინტერესებულ პირების და ისეთი შედეგები მოჰყვება, რაც სრულებით სასურველი არ არის. თუ ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას, მე მგონია დამტკიცებულია, რომ ასეთი საჩივარი სრულებით არ აფერხებს რეფორმის ცხოვრებაში გატარებას. მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარად არის დარღვეული მოქალაქეთა უფლება, სენატი იტყვის, რომ დარღვეულია. ეს უფლება არ არის კანონის და უფლების დარღვევა და ეს არ შეაფერხებს კანონს. (კედია: ეს კანონის დაცვაა!). დიახ! ეს კანონის დაცვაა. მაგრამ კანონი იმას გულისხმობს, რომ ის კარგად იყოს გატარებული. აქ სახელმწიფო სამართლის უმაღლესი ინტერესის მინიმუმი მაინც უნდა იქმნას დაცული. დამფუნებელი კრება მოვალეა გამოსცეს კანონები და დარაჯად უდგეს მათ წესიერ ასრულებას. ჩვენ გვყავს უმაღლესი დაწესებულება - სენატი, რომელიც ამაგრებს სახელმწიფო სამართალს. ამ სენატს უნდა გადაეცეს ყოველგვარი საჩივრები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დეკრეტი უნდა უარყოფილ იქნას. (ტაში ერ.-დემ. სკამებზე).

თავმჯდომარე. უკვე 3 საათი გახლავთ. რეგლამენტის ძალით კრება უნდა შესწყდეს. მაგრამ არის წინადადება სხდომის გაგრძელების შესახებ. წინააღმდეგი არავინ არის? რამდენ ხანს ინებებთ კრების გაგრძელებას (ხმა: ოთხ საათამდე!). სხვა წინადადება არ არის. ვინ არის წინააღმდეგი კრების ოთხ საათამდე გაგრძელებისა? არავინ. მაშასადამე სხდომა ოთხ საათამდე გაგრძელდება.

სიტყვა ეკუთვნის მიწად-მოქმედების მინისტრს.

ნოე ხომერიკი (მიწად-მოქმედების მინისტრი). მე მეგონა, რომ ბ. გვაზავა თავის მსჯელობას მოანდომებდა იმ საკითხის გამორკვევას, რომლის შესახებ პირველ სიტყვაში ილაპარაკა. ე.ი. იმის გამორკვევას - მართლაც უშლის ხელს თუ არა სასამართლოს წესით საჩივრების გარჩევა აგრარულ რეფორმის გატარებას. და თუ ეს ფაქტი დამტკიცდებოდა, მაშინ ბ. გვაზავას მიუღებლად მიაჩნდა ეს დეკრეტი. მაგრამ მან დღეს გვერდი აუხვია ამ საკითხს და დაიწყო მსჯელობა უმაღლეს სამართლიანობის პრინციპზე და სხვაზე. თქვენ უნდა შეხებოდით იმას, რომ სასამართლოს წესით საქმის წარმოება ხელს არ შეუშლის აგრარულ რეფორმას, თქვენ ეს უნდა დაგემტკიცებინათ. მაგრამ თქვენ ეს არ ინებეთ; თქვენი მსჯელობა საგანს არ შეეფერებოდა. მართლაც, ვინ ლაპარაკობს, რომ სენატი წინააღმდეგი იქნება რეფორმისა, ის ხელს შეუშლის მის განხორციელებას და სხ? ამაზე არ იყო ლაპარაკი. აქ ლაპარაკი იყო სასამართლოში საქმის გარჩევის წესის შესახებ. საკითხი იმაში მდგომარეობდა - აფერხებს თუ არა, ამაში, მგონი, განსხვავებას დაინახავდით. ეს ორი დებულება სხვა და სხვანაირია. თქვენ პირველ სიტყვაში განაცხადეთ, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება შეაჩეროს სამინისტროს განკარგულებაო (გვაზავა: წინასწარ!) და რომელმა სასამართლომ ჩაიდინა ეს. ეს ჩაიდინა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ. საჩივარი შეტანილი იყო შორაპნის მაზრის ვინმე აბდუშელიშვილის მიერ. სასამართლოს ადგილობრივ განყოფილებას აქვს უფლება შეაჩეროს ადმინისტრაციის განკარგულება, თუ საჩივარი არის შეტანილი. (ხმა: მართალია!). მაშასადამე, ყველა საჩივარი, - მე იურისტი არა ვარ, მაგრამ ეს ვიცი - შედის საოლქო სასამართლოში, არა მარტო სენატში, არამედ თვით მომრიგებელ მოსამართლესთან; საჩივარი შედის არა მარტო მინისტრის მოქმედების შესახებ, არამედ აგრეთვე ერობის საადგილ-მამულო განყოფილების შესახებაც. და ყველა ამ საქმის შესახებ სასამართლოს შეუძლიან გამოიტანოს დადგენილება. ეს აჩერებს თუ არა რეფორმას? უსათუოდ აჩერებს! აქ მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს მცხოვრებლებზე ეს გარემოება - რას იფიქრებს ის გლეხი, რომელსაც მიწას ართმევთ და იმავე დროს არ აძლევთ. ასეთ შემთხვევას ექნება ადგილი. ასეთ პირობებში კი რეფორმის გატარება როგორ შეიძლება, და როგორ შეიძლება, რომ ხალხი ასეთ რეფორმას ნდობით მოეპყრას. (მაჭავარიანის რეპლიკა არ ისმის). სასამართლო შეიძლება დაეთანხმოს მომჩივანს და შეიძლება არც დაეთანხმოს. მე მოვიყვან შემდეგ შემთხვევას, საიდანაც სჩანს რომ სენატი საქმის გარჩევისას ჩვენ დაგვეთანხმა. ასე რომ, ბ. მაჭავარიანს რეპლიკას უკან დაუბრუნებ - ჩვენ სასამართლოსი არ გვეშინია. იმ შემთხვევებს, რომლებიც ბ. გვაზავამ დაასახელა, ადგილი არ ქონია. და როცა სასამართლოს, კერძოდ სენატის მსჯელობის საგნად გახდა ჩვენი მოქმედება, მან გაგვამართლა. მაგრამ საქმე გამართლება-გამტყუნებაში კი არ არის, არამედ რეფორმის გატარების გაჭიანურებაში, შეჩერებაში. ეს უნდა გაიგოთ თქვენ. როცა გაიგებთ, მაშინ საბუთები, რომლებიც ბ. გვაზავამ წამოაყენა, გაბათილდება. ჩვენ არ ვებრძვით სასამართლოს და არც არავინ არის წინააღმდეგი, რომ საერთოდ ყოველი სამოქალაქო დავა გაირჩეს სასამართლოს წესით. განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შექმნილი არის იმით, რომ ჩვენ გვინდა განსაზღვრულ ვადაში გავატაროთ რეფორმა, გვაიძულებს ამ წესს გვერდი აუხვიოთ, მას მაშინ ექნება მნიშვნელობა. (გვაზავას რეპლიკა არ ისმის). თქვენ, ბ. გვაზავა, მოიყვანეთ ისეთი შემთხვევა, რომელსაც ადგილი არ ქონია. თქვენ, ალბათ, როგორც ვექილს გქონდათ საქმე, მაგრამ ამ საქმის მთელი საბუთები კი არ გქონიათ ხელთ. მე ვაცხადებ, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იმისა, რომ სამინისტროს უარი ეთქვას საჩივარზე, რომელიც ნორმის უფლების დარღვევას შეეხება. მართალია, იყო შემთხვევა, რომ სოფლის კომისიებმა დაუშვეს უკანონობა - არ მისცეს უფლება ადგილის არჩევისა, მაგრამ როცა სამინისტრომდე აღწევდა ეს საჩივარი, ჩვენ მას ყურადღებას ვაქცევდით. კანონის ძალით, ყველას აქვს უფლება ნორმის არჩევისა. მხოლოდ იყო შემთხვევები, რომ მემამულე ირჩევდა ერთ ნაჭერს, და შემდეგ თხოულობდა სხვა ნაჭერს, განსაკუთრებით რეფორმის გატარების ფაქტს უყურებდენ ისე, არა სერიოზულად და ამიტომ არჩევასაც ისეთ დიდ ყურადღებას არ აქცევდენ. როცა დაინახეს, რომ აქ სერიოზული საქმე არის და თამაში არ შეიძლება, მაშინ მოაგონდათ, რომ ყოფილა სხვა ადგილი, რომელიც უკეთესი არის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი არ ვიყავით ხელმეორედ გადაგვეშალა ძველი საბუთები, გაგვერჩია და განმეორებით გაგვეწია ის მუშაობა, რომელიც უკვე გვქონდა. მაგრამ სხვა შემთხვევაში, როცა მოქალაქე ჩიოდა მისი უფლების დარღვევაზე, ჩვენ უარი არ გვითქვამს.

ბ. გვაზავა კითხულობდა: რამდენი შემთხვევა გაქვთ ასეთი საკითხებისაო. მე აქ ციფრები არ მომიტანია, მაგრამ ასეთი შემთხვევა ალბათ ასობით და ათასობით განისაზღვრება. ჯერ სამინისტროში ასეული საჩივრებია დღეს. და თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რამდენი არის ერობებში და რამდენი სამინისტრომდე არ მისულა, მაშინ თქვენ უნდა დაასკვნათ, რომ იშვიათია შემთხვევა იმისა, რომ საჩივარი არ იყოს. საჩივარი შეიძლება იყოს ყოველთვის. საჩივარი ქართველი კაცის ბუნებაში არის. განსაკუთრებით, ქუთაისის გუბერნიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჩივარი არ აღეძრათ და როცა განაწილებაზე მიდგება საქმე, მაშინაც იქნება ასეთი მოვლენები. სასამართლომ რომ გამოიტანოს დადგენილება, რომ შეჩერდეს მამულის ჩამორთმევა, მაშინ შეიქმნება ისეთი პირობები, რომ აგრარულ რეფორმის გატარება შეჩერდება. მხოლოდ ამ მოსაზრებით შემოვდივართ წინადადებით, რომ აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული საჩივრები არ გაირჩეს სასამართლოს წესით. (ვეშაპელი: რამდენ ხანს გაათავებთ რეფორმას?) რამდენ ხანსაც შევძლებთ!

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. სამსონ დადიანს.

. დადიანი (ს.-ფ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დიდი ხანია გვაქვს სენატი და ეს სენატი მოქმედებს იმ კანონისა და დებულების მიხედვით, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო.

ეს ჩვენ მიერ მიღებული კანონი უწოდებს ამ სენატს „უზენაესს სასამართლოს“. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ტერმინი „უზენაესი“ სრულიად არ შეესაბამება რაც ამ დედამიწაზე არსებობს. „უზენაესი“ ეწოდება იმას, რაც იქ, ცაში ეგულებათ, მაგრამ ფაქტია, რომ სენატია რესპუბლიკაში ის უმაღლესი, „უზენაესი“ სასამართლო დაწესებულება, რომელსაც იმ უსრული დებულებითაც დაკისრებული აქვს არა მარტო საკასაციო საჩივარის განხილვა, არამედ ყურისგდება კანონიერებისა და კანონების სწორად შესრულებისა.

ერთს უდიდეს და მთავარს დანიშნულებას სენატისას შეადგენს განხილვა მინისტრის მოქმედებისა.

ეს დეკრეტი, რომელიც ჩვენს განსახილველად წარმოდგენილია, ეხება სწორედ ამ დებულებას და ჰქმნის წინდახედულებას არსებულ კანონთან.

დიდხანს არ შევჩერდები ამ დეკრეტის კრიტიკაზე იურიდიულის თვალსაზრისით, რადგან ეს ჩემზე წინ მოლაპარაკეებმა საკმაოდ გააშუქეს და თითონ მომხსენებელიც აღიარებს, იურიდიულის თვალსაზრისით დეკრეტი მიუღებულიაო.

ერთად-ერთი არგუმენტი, მოსაზრება ამ დეკრეტის გასამართლებლად ბ-ნ მომხსენებელმა ის მოიყვანა, რომ აგრარული რეფორმა ფერხდება, რადგანაც აღმასრულებელ ორგანოთა და მინისტრის დადგენილებებს სასამართლოს წესით ასაჩივრებენ და საქმის წარმოება სასამართლოში კი ძლიერ ჭიანურდებაო.

ერთად-ერთი მოსაზრებაა ეს ამ დეკრეტის სასარგებლოდ და სამწუხაროდ, ისიც არ არის მართალი.

რაც უნდა გაჭიანურდეს საქმე, სენატი საქმეს თვეობითაც კი ვერ გააგრძელებს და მე გამიკვირდა, როდესაც მომხსენებელმა განაცხადა: სამოქალაქო საქმეთა წარმოების წესები ისეთია, რომ წლობით გრძელდება სასამართლოში საქმეო.

ბატონებო, აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული დავა მოქალაქეთა შორის და მოქალაქესა და საზოგადოებრივ სათანადო ორგანიზაციათა შორის ადის მინისტრთან და მხოლოდ მინისტრის უკანასკნელი განაჩენის გასაჩივრება შეიძლება პირდაპირ სენატში. სენატში კი არავითარი ინსტანცია არ არსებობს საადმინისტრაციო განყოფილებისა და სენატის საკასაციო დეპარტამენტთა საზოგადო კრების გარდა და აქ კი თითქმის შეუძლებელიც არის ერთ ან ორ თვეზე მეტი გაჩერდეს საქმე.

ამას გარდა, მინისტრის დადგენილების განსაჩივრება სენატში ვერ შეაჩერებს მინისტრის დადგენილების ძალაში შესვლას და, მაშასადამე, რეფორმის გატარების შეფერხებაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია.

ეს რომ ასეც იყოს, რომ აჩერებდეს კიდეც მინისტრის დადგენილების შესრულებას სენატი და ეს თუ აფერხებს აგრარულს რეფორმას, ამისათვის საკმარისი იყო მხოლოდ ასეთი შესწორება დებულებაში: მინისტრის განკარგულების სენატში განსაჩივრება არ აჩერებს განკარგულების ძალაში შესვლასო და სრულიად არ იყო საჭირო ისეთი დეკრეტი, რომელიც სრულიად აქარწყლებს სენატის დანიშნულებას და მნიშვნელობას და არღვევს არსებულ კანონს, თქვენ მიერვე მიღებულს.

სენატის დებულების მეექვსე მუხლი ამბობს, რომ სენატს უფლება აქვს შეაჩეროს ან სრულიად გააუქმოს ისეთი განკარგულება, დადგენილება, ცირკულიარი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რაკი ეს დეკრეტი არ აუქმებს ამ მუხლს, კიდევ იყოს საშუალება უკანონობის შეჩერების და მოსპობისაო.

მაგრამ ეს ასე არ არის. ის წვრილმანი შემთხვევები, რომელნიც იწვევენ დავას აგრარული რეფორმის გატარების დროს ისეთი ხასიათისანი არიან, რომ სენატი თავის თავად, თითონ ვერ აღძრავს საქმეს, თითონ ვერ ჩაერევა საქმეში.

მაგალითად, გაყრილ ძმებს მიეცეს თუ არა ცალ-ცალკე ნორმა, და მიეცეს თუ არა ძმასავით ნორმა, ან გამოყოფილ შვილს აქვს თუ არა ნორმა, ან რომელი კატეგორიისა ესა თუ ის მიწა, ან კიდევ შეუძლიან თუ არა მოქალქეს თითონ აირჩიოს, თავის გაყოფილს მიწაზე და სხ. და სხ. ესენი და ამ საკითხებში თქვენ მიერ დამტკიცებული კანონის დარღვევა უნდა გაასაჩივროს თითონ იმან, ვისი უფლებებია დარღვეული, თითომ სენატმა კი ეს არ იცის და ვერც თითონ აღძრავს ამ საქმეს და მაშასადამე, როდესაც თქვენ ამ დეკრეტით მოქალაქეს უსპობთ საშუალებას და უფლებას რომელიც მას აქვს სენატის დებულების 24 მუხლის მეორე პუნქტის ძალით, თქვენ ჰქმნით დიდ ასპარეზს მოქალაქის უფლებათა და ინტერესთა შელახვისას და უსპობთ საშუალებას ეს დარღვეული უფლება მან სასამართლოს წესით აღადგინოს. როდესაც თქვენ ამ დეკრეტით სენატს აცლით, ართმევთ ერთს მთავარს დანიშნულებას, რომ შინ კანონიერებას ადევნოს თვალყური, თქვენ ამეფებთ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ორგანოების და თვით მინისტრის თვითნებობას.

მეორე მიღებული მხარე ამ დეკრეტისა იურიდიულის და, თუ გნებავთ, კანონმდებლობის წესით თვალსაზრისით არ გახლავთ, რომ აქ ირღვევა ის საუკუნოებით განმტკიცებული პრინციპი, რომელიც იარსებებს ყოველთვის და ყოველგან, სანამ არსებობს უფლებრივი სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია.

ეს დებულება, ეს პრინციპი არის ის, რომ კანონის ძალა აქვს მანამდის, სანამდის იგი კანონიერის წესით გაუქმებული არ არის; ან და სხვანაირად, კანონის გაუქმება შეიძლება მხოლოდ იმ წესით, რა წესით იგი იყო მიღებული, და აი აქ თქვენა გსურთ კანონი გააუქმოთ, შეცვალოთ დეკრეტით. ყოველ შემთხვევაში ასეთი წესი ჩვენ არა გვაქვს და ამას კანონ-პროექტი უნდა ერქვას და არა დეკრეტი.

მაგრამ ბატონებო, ჩვენთვის ფორმალურ იურიდიულ მხარეს საკითხისას არა აქვს გადამჭრელი მნიშვნელობა.

მე მინდა ეს დეკრეტი განვიხილო სახელმწიფოებრივი უფლების თვალსაზრისით.

არსებობს ერთი დიდი დებულება იურისპრუდენციაში, რომელიც ამბობს „ყველა თანასწორია კანონის წინაშე-ო“, ე.ი. ყველა ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშეო, თუ როდისმე, რომელიმე რეჟიმში ჰქონდა მნიშვნელობა ამ დებულებას, ჩვენს დროში და დემოკრატიულს რესპუბლიკაში ეს პრინციპი ერთი უდიდესი პრინციპია თანასწორობისა და სამართლიანობისა.

ძველად, მეფეების დროს, აბსოლიუტიზმის ხანაში, არ არსებობდა სინამდვილეში, არ ხორციელდებოდა ცხოვრებაში ეს მოთხოვნილება, ვინაიდან მეფე თვით იყო კანონი, იგი კანონის მაღლა იდგა.

აბსოლიუტიზმის დროს მეფე, მონარქი არც თითონ აგებდა პასუხს კანონის წინაშე და არც მისი მოხელენი და ეს უპასუხისმგებლობა, დროთა ვითარებაში თანდათან შესუსტებული, ჩვენს დროშიაც მოვიდა იმ სახით მაინც, რომ მოხელის მიცემა პასუხის გებაში არ შეიძლება მისი უფროსის ნება-დაურთველად და აგრეთვე მოხელის შეურაცხყოფა ისჯებოდა უფრო სასტიკად, ვიდრე უბრალო მოქალაქისა. და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც მაშინ არსებობდა გაუვალი კონტრასტი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა, ხალხის შორის. მთელი სახელმწიფო თვის აპარატებით და მთელი მოსახლეობა, ჩინოვნიკები მაღლა იდგნენ ხალხზე, უკონტროლოდ და უპასუხისმგებლოდ განაგებდენ მათ, ისინი ბატონობდენ და ხალხი იყო მხოლოდ ქვეშევრდომი.

მაგრამ ეს აბსოლუტიზმი, ის უპასუხისმგებლობა, თვითმპყრობელობა მოსპო რევოლიუციამ და უნდა მოისპოს მაშასადამე მოხელეთა პრივილეგიები მათი უპასუხისმგებლობის სახით.

როდესაც თქვენ ამ დეკრეტით მინისტრს ანთავისუფლებთ თქვენი „უზენაესი სასამართლოს“ წინაშე პასუხისმგებლობისაგან, როდესაც მისი „დადგენილება, გადაწყვეტილება, განკარგულება“ როგორც ამ დეკრეტშია ნათქვამი, ურყეველ ჭეშმარიტებად მიგაჩნიათ, აქ ჩვენა გვაქვს საქმე იმ ძველ აბსოლიუტიზმთან, როდესაც მოხელე, მინისტრი კანონის მაღლა იდგა.

ეს საკითხი, ბატონებო, უაღრესად დიდი მნიშვნელობის საკითხია. დიდი საინტერესო ისტორია აქვს საფრანგეთში მაგალითად, საკითხს „მინისტრის მოქმედების გასაჩივრებისას“.

ეს საკითხი მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოებრიობის დემოკრატიზაციის განვითარებაში და როდესაც საფრანგეთის პარლამენტში და საზოგადოებაში დაიბადა იგი, მას გამოეხმაურა თითქმის ყველა ოდნავ მაინც ლიბერალური მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე.

1895 წელს სენატორი ბერანჟე ებრძოდა მინისტრის უპასუხისმგებლობას და ამბობდა: „ეს სახელმწიფოს ხელისუფლების უმცდარობის და უცოდველობის დოქტრინის გამეფებაა... ეს ფეოდალური დებულებაა და ჩვენს დროს იგი არ შეეფერებაო“.

1895 წელს დეპუტატი ჟორჟ ბერრი და ვივიანი იცავდენ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, როდესაც კერძო მოქალაქის უფლებები იჩაგრებოდა... (ხმები სოციალ-დემოკრატებისა: იქ ბურჟუაზიული პარლამენტიც სწორედ ისე უცქერდა ამ საკითხს, როგორც თქვენ, ის პარლამენტი არ დაეთანხმა ამ დეპუტატებს და მან პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლა შინაგან-საქმეთა სამინისტრო იმ არეულობით მომხდარ ზარალის ანაზღაურებისაგან, რასაც ადგილი ჰქონდა ლათინთა უბანში.

მაგრამ ცხოვრებამ აიძულა სახელმწიფო საბჭო, საფრანგეთის უმაღლესი სასამართლო დაწესებულება და მან თავისი პრაქტიკით შემოიღო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო უფლების წესით. მთელი რიგი თავისი განაჩენით 1902 და 1903 წელს მან მოქალაქის წინაშე პასუხი აგებინა რესპუბლიკის უმაღლეს მოხელეებს და ეს, როგორც ბურჟუაზიულმა მეცნიერებმა, აგრედვე ყველამ, ვინც იბრძოდა სახელმწიფოს დემოკრატიზაციისათვის, ხალხოსნობისათვის, პროგრესიულ მოვლენად დასახა.

მინისტრის დადგენილების გასაჩივრება „შეზღუდვაა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, იგი სახელმწიფოს ხელისუფლებას აცლის დისკრეციულს და პირადს, მაშასადამე მონარქიულს ხასიათს და სასამართლოსი ეს უფლება ევოლიუციაა დემოკრატიული რეჟიმისაო“, ამბობს მაქსიმ ლერუა. (ლ. ნათაძე: ძალიან მომზადებულხართ!). დიაღ, მე აქ ყოველთვის მომზადებული გამოვდივარ და ვლაპარაკობ იმას, რაც ვიცი, თქვენ კი ლაპარაკობთ იმაზე, რაც არ იცით.

ამ დეკრეტის განმარტებითს ფურცელში მოყვანილი არის სტოლიპინის მაგალითი. იმან თავისი აგრარული რეფორმა გამოაცალა სასამართლოს და ადმინისტრატიულად განახორციელაო. დიაღ, ეს ასე იყო, მაგრამ თუ სტოლიპინის მაგალითს ჰბაძავთ, რაღა სიგლახეში ჰბაძავთ! იმ ძველს რეჟიმშიაც კი იყო შემთხვევა, როდესაც რუსეთის სენატმაც აგებინა მოხელეს პასუხი სამოქალაქო უფლების წესით. შორს რომ არ წავიდეთ, ამ ათი თხუტმეტი წლის წინად ერთმა ფოთელმა ტყის მრეწველმა ვინმე ბესელიამ განასაჩივრა სახელმწიფო მამულების გამგის, კოვაჩის მოქმედება და სენატმა დაადგინა, რომ ბესელიას ანაზღაურებოდა ზარალი, რომელიც მას მიაყენა მოხელის უკანონო მოქმედებამ. (კ. ნინიძე: კომისიაში მობრძანდით და იქ ილაპარაკეთ!) მე არა ვარ წევრი იმ კომისიისა, რომელმაც ეს დეკრეტი განიხილა, მაგრამ ჩემი ამხანაგი იყო იქ და მან განაცხადა... (ხმები: არ გაჰკარებია). აგრარულს კომისიაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებლად საჭიროა დაჩქარდეს აგრარული რეფორმა, ყოველი ზომა უნდა მივიღოთ, რომ იგი დავასრულოთო, მაგრამ არსებული კანონები გადალახეთ და თვითნებობა დაამყარეთო, ამას ვერ იტყოდა.

ბატონებო, თქვენ ამ დეკრეტით ღალატობთ თქვენვე პრაქტიკას. თქვენ იცით, რომ მთავრობამ აუნაზღაურა აფხაზეთში დენიკინთან ომის დროს მცხოვრებლებისადმი მიყენებული ზარალი. მართალია, ზარალი აუნაზღაურეს შერვაშიძეებს და სხვა თავადებს და გლეხებისათვის დღევანდლამდის არაფერი მიუციათ, მაგრამ ეს საქმეს არა სცვლის, და მე თქვენ გეკითხებით რა უფლებით და რა მოსაზრებით ჩაიდინა ეს მთავრობამ? უეჭველია იმ მოსაზრებით, რომ მოქალაქეს აქვს სამოქალაქო სარჩელის უფლება სახელმწიფოსადმი და ეს სწორი აზრია, მაგრამ ამ დეკრეტით თქვენ ამ სწორ ხაზს უხვევთ. (კ. ნინიძე: ეს არ შეეხება ამ საკითხს?) უბედურებაც ის არის, რომ თქვენ ვერა გრძნობთ, რომ ეს საკამათოა, საკითხი უაღრესად კონსტიტუციის და სახელმწიფოს უფლების საკითხია, თორემ მე არა მგონია ასე იოლათ მოქცეოდა მას.

ბატონს მომხსენებელს აქ სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის წარმომადგენელი რუსია მიეშველა და მას ერთად-ერთს მოსაზრებას ერთი მოსაზრება მიუმატა, მაგრამ ვერაფერი კი ვერ შემატა.

ბ. რუსიამ მოიყვანა მაგალითი ძველი მიწის მზომელისა, მიწების „დაყორღნის“ ისტორიიდან, მაგრამ არაფერი საერთო ამ საკითხთან იმას არა აქვს. (რუსია: გაგება უნდა?). დიაღ ბ-ნო რუსია, გაგება უნდა და თქვენ ის კანონი ვერ გაგიგიათ. ბ. რუსია ბრძანებს, რომ მიწის მზომელი ვისთვისაც ჩაყრიდა ნახშირს, ვისაც მოუზომავდა, მიწაც იმისი იყო, რაც უნდა ნასყიდობა ჰქონოდა მეორესაო. ეს არ არის ასე ბატონებო, მიწის მზომელი (ზემლემერი) თითონ საბოლოოდ არაფერს სწყვეტდა და ყველას შეეძლო დავის განცხადება და დავის განსაჩივრება სასამართლოში თვით სენატამდე. ასე, რომ მიწის საკუთრების საკითხს მიწის მზომელი კი არ სწყვეტდა, არამედ სასამართლო და ჩვენც ამას მოვითხოვთ, რომ არც თემი, არც ერობის სხვა ერთეული და არც მინისტრი არ იყოს სამოქალაქო დავის გადამწყვეტი და მსაჯული, ვინაიდან შეუძლებელია ერთი და იგივე სწყვეტდეს, სამართლიანია და კანონიერი თუ არა მისი დადგენილება; ამისათვის არის დაწესებული სხვა ორგანო, „უზენაესი სასამართლო“, სენატი. ბ. რუსიამ განაცხადა, რომ ნდობა უნდა გამოუცხადოთ ერობასო. რასაკვირველია, ერობა ხალხის არჩეულია და მაშასადამე მისი ნდობა მას აქვს, მაგრამ აქ ნდობის საკითხი არა სდგას. ნდობაზე, რომ იყოს საქმე, სენატს კი არ უნდა გამოუცხადოთ ნდობა?

აქ ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ ერობის გამგეობაც და მინისტრიც შეიძლება შეცდნენ. ან შეგნებულად უკანონობა ჩაიდინონ და უნდა იყოს გარანტია, რაც შეიძლება მეტი გარანტია გვქონდეს, რომ ეს შეცდომა გამოსწორდება იმ ორგანოს მიერ, რომელიც მოწოდებულია კანონიერების დასაცავად, ე.ი. სენატის მიერ.

ბატონებო, მინისტრი ხომ პაპი არ არის, რომელსაც კათოლიკეთა ეკლესიამ მიანიჭა უცოდველობა და უმცდარობის თვისება! და აი რადგანაც მინისტრი შეიძლება შეცდეს, მის „დადგენილებას, გადაწყვეტილებას და განკარგულებას არ უნდა მივანიჭოთ „უზენაესი სამათლიანობის“ იარლიკი.

ვიმეორებ აგრარული რეფორმა უნდა მალე დასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამ დეკრეტით იგი არ დაჩქარდება. ვინაიდან თითონ თქვენს აგრარულს კანონს აქვს ორგანიული ნაკლი. იგი ცუდი, უვარგისი კანონია და რამდენიც უნდა გაუკეთოთ მას ახალ-ახალი ნაჭრები, ის უვარგისი მატერია მას მაინც ვერ დაიმაგრებს.

უვარგისია თქვენი კანონი, მაგრამ ჩვენ იმ დებულებას ვიცავთ, რომ სანამ იგი არ გაუქმებულა, უნდა შესრულდეს როგორც კანონი მოითხოვს. შეიძლება მკითხოთ, მაშ როგორ უნდა მოგვარდეს ეს უდიდესი რეფორმაო და მე გეტყვით, რომ სათანადოთ და სასარგებლოთ მიწის საკითხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც მიიღებთ ჩვენს გეგმას. (ხმები ნაციონალ-დემ. სკამებიდან: სოციალიზმია?). დიაღ, მიწის საკითხი მხოლოდ სოციალიზაციით გადაწყდება და მანამდე კი ბევრი წლები გაივლის და მიწის საკითხი მოგვარებული არ იქნება.

მე არ ვიტყვი იმას, რომ ბ. ხომერიკი მიისწრაფოდეს ტირანიისაკენ, მტარვალობისაკენ, თვითნებობისაკენ, მაგრამ ეს დეკრეტი ისეთი მაგალითია, ისეთი პრეცენდენტია, რომელიც ნიადაგს უმზადებს მტარვალს, ტირანს, ვინაიდან სადაც უპასუხისმგებლობაა, იქ ტირანიაა.

თუ დღეს ბ. ხომერიკს უნდა მოქმედებაში პასუხს არ აგებდეს, რატომ არ შეიძლება ხვალ და ზეგ სხვა მინისტრებიც მოვიდნენ ასეთივე დეკრეტით? დიდმნიშვნელოვანი სამინისტროა მიწად-მოქმედების სამინისტრო, მაგრამ სხვა სამინისტროებიც დიდმნიშვნელოვანია, - გამოაცალეთ რომელიმე სამინისტრო მისი დარგით სახელმწიფოს და მთელი მექანიზმი მოიშლება. ან რითია ბ. რამიშვილი ბ. ხომერიკზე ნაკლები? რატომ არ შეიძლება, რომ ეხლა ბ. რამიშვილი მოვიდეს და მოგვთხოვოს, ვინაიდან ჩემი დადგენილებათა, გადაწყვეტილებათა და განკარგულებათა განსაჩივრება აფერხებს მართვა-გამგეობას და აჭიანურებს სასწრაფო ზომებს, მომეცით ნება მე თითონ ვიყო ჩემი თავის მსაჯული და პასუხს ნუ მაგებინებთ სასამართლოს და სენატის წინაშეო?

ჩვენ გვქონდა შემთხვევა დაგვენახა, რამდენათ სახიფათოა პრეცენდენტის შექმნა.

თქვენ გახსსოვთ, რომ გზათა-სამინისტროს უწყებას მივეცით უფლება გზათა დეპარტამენტის დირექტორს მოეცა განმარტება მინისტრის მაგიერ დამფუძნებელ კრებისთვის ამ ტრიბუნიდან. დიდი ხანი არ გასულა ამის შემდეგ, რაც ბ. რამიშვილმა აქ მოიყვანა ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი მოხელე და განაცხადა, ჩემს მაგიერ ეს „ჩემი მოხელე“ მოგცემთ პასუხსო, როდესაც ჩვენ პროტესტი განვაცხადეთ, რომ რეგლამენტით მოხელეს, არა დეპუტატს უფლება არა აქვს დამფუძნებელ კრებაში გამოვიდესო, თქვენ მიგვითითეთ ბ-ჭიჭინაძე: რაკი გზათა დეპარტამენტის უფროსს აქვს უფლება და თქვენ ამას დათანხმდით, ამ უფროსსაც უნდა ჰქონდესო.

ამნაირად ბატონებო, ეს დეკრეტი არც იურიდიულის და არც დემოკრატიული სახელმწიფოს უფლების თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს, არც ცხოვრების პრაქტიკა მოითხოვს მას აუცილებლად, ვინაიდან მიწის რეფორმის დაჩქარება სხვა საშუალებითაც შეიძლება და ამიტომ იგი უნდა უარყოფილი იქნეს.

თავმჯდომარე. ცოტა დრო დაგვრჩა. საბოლოო ტექსტები მოგხსენდებათ და სხდომა დახურული იქნება. მომხსენებელი გახლავთ ქრ. შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული კითხულობს დღიურ წესრიგში აღნიშნულ 1, 2, 3 და მე-4 საკითხში საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს.

თავმჯდომარე. ვის ნებავს სიტყვა საბოლოო ტექსტების შესახებ? სიტყვა ბატონ იმნაიშვილს სურს.

. იმნაიშვილი (ს.-დ.) საერთოთ სარედაქციო კომისია აკეთებს ისეთ შესწორებებს, რომლებიც მიუღებელია. მაგალითად: თითქმის ყველგან მრავლობითი რიცხვის მაგივრად მხოლობით რიცხვს ხმარობს. ხანდახან არ არის მისაღები. (დადიანი: მაგალითი! მაგალითი!). უნდა გადახედოთ საბოლოო ტექსტების მასალებს და მაგალითს იქ ნახავთ. რაც შეეხება დაბოლოვებას უკანასკნელ შემთხვევაში „ოფიციალური“-ს მაგივრად „ოფიციალი“, „სოციალური“-ს მაგივრად „სოციალი“, ზოგჯერ ეს მისაღებია, როდესაც ეს საქმეს არ ავნებს, მაგალითად „ოფიციალური“-ს მაგივრად შეიძლება კიდევ „ოფიციალი“, მაგრამ ამ შემთხვევაში „სოციალური“-ს მაგივრად „სოციალი“ მიუღებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ხომ აღარავის სურს? სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

ქრ. შარაშიძის ასული. მე მგონია, როდესაც რომელიმე წევრი არ ეთანხმება სარედაქციო კომისიის რომელიმე დებულებას, უნდა გამოვიდეს და ტრიბუნიდან წინდაწინ უნდა განაცხადოს, თორემ ეხლა შესწორება იმისა, რაც მიღებულია, დაგვიანებული არის. რაც შეეხება მრავლობითი და მხოლოობითი რიცხვს, საზოგადოდ ქართული ენის ბუნება მოითხოვს და უფრო ეგუება მხოლოობით რიცხვს. (ნინიძე: კანონი არ იგუებს!). თუ არ იგუებს, მაშინ გთხოვთ, ასეთი შესწორებები მაშინვე შეიტანოთ ხოლმე. რაც შეეხება „სოციალურსა“ და „სოციალს“, ბ. იმნაიშვილმა განაცხადა, რომ „ოფიციალი“ კიდევ შეიძლება, მაგრამ „სოციალი“ კი არაო. ჩვენ არ ვღებულობთ კეთილხმოვანების მოსაზრებას. მე მგონია, რომ ქართული ენის კანონების მიხედვით შეიძლება ვიხმაროთ სოციალი და არა სოციალური. (გვაზავა: მართალია!).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმედგი? (ხმები: კომისიის შესწორება გავიდა, კომისიის! კედია: კომისიამ გაიმარჯვა! მაჭავარიანი: სოციალისტური ხელები დამარცხდენ!).

თავმჯდომარე. ხმის უმრავლესობით მიღებულია კომისიის შესწორება. ეხლა მოისმინეთ შემდეგი დღის წესრიგი. (მდივანი კითხულობს). სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა ნაშუადღევის 4 საათზე იხურება.

19 მეცხრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(19)

1920 წელი. მაისის 25. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. განგრძობა მსჯელობისა - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესის დეკრეტის შესახებ.

2. განხილვა კანონ-პროექტისა - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის გაუქმების და აღაიანის, კონდოლის და ჩუმლაყის სანერგეების ერობისათვის გადაცემის შესახებ.

3. განხილვა კანონ-პროექტისა - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ.

4. განხილვა კანონ-პროექტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა შტატის დამტკიცების შესახებ.

5. დეკრეტი - საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა.

6. განხილვა კანონ-პროექტისა - სასამართლოს დაწესებულებათა დებულების მე-206 და მე-406 მუხლის შეცვლის შესახებ.

7. დეკრეტი - ტფილისის სასახლის საკანონმდებლო დაწესებულებების საბინადროდ აღიარებისა.

8. განხილვა კანონ-პროექტისა - ჯაშუშობისათვის საბრძოლველად დამზვერავი ნაწილის თანამდებობის პირთათვის საგამომძიებლო მინიჭების შესახებ.

9. მოხსენება - საქართველოს სენატის 1919 წლის განმავლობაში მოქმედების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დილის 11 საათ. 15 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტს).

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტი:

1. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ნიკოლოზ ჯაიანისათვის 267.752. მან. 62 კაპ. მიცემის შესახებ მფრინავი რაზმის მიერ დაზიანებულ მისი სახლის შესაკეთებლად.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. გაგრძელება მსჯელობისა - აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესის დეკრეტის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის გაუქმებისა და აღაიანის, კონდოლისა და ჩუმლაყის სანერგეების ერობისათვის გადაცემის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

4. სამანდატო კომისიის მოხსენება - დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნების შედეგის შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა შტატის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

6. დეკრეტი - საბაჟო დაწესებულებათა საკანცელარიო გადასახადის ნიხრის გადიდებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

7. დეკრეტი - საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა. მომხსენებელია ექ. თაყაიშვილი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სასამართლოს დაწესებულებათა დებულების მე-406 და 406 მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

9. დეკრეტი - ტფილისის სასახლის საკანონმდებლო დაწესებულების საბინადროდ აღიარებისა. მომხსენებელია კონ. ჯაფარიძე.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჯაშუშობისათვის საბრძოლველად დამზვერავი ნაწილის თანამდებობის პირთათვის საგამომძიებლო მინიჭების შესახებ. მომხსენებელია იოს. მაჭავარიანი.

11. მოხსენება - საქართველოს სენატის 1919 წლის განმავლობაში მოქმედების შესახებ. მომხსენებელია კ. ჯაფარიძე.

თავმჯდომარე. პირველი საკითხი გახლავთ განგრძობა მსჯელობისა აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავა-საჩივრის სასამართლოსაგან ჩამოშორების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ შენგელაიას, ლეონს.

. შენგელაია. (ს.-რ.) ბატონებო! აგრარული საკითხი საერთოდ და კერძოდ ის აგრარული რეფორმა, რომელიც დღეს ჩვენში ტარდება, ყოველთვის იწვევს აზრთა შეხლა-შემოხლას და ცხარე კამათს. ეს აუცილებლად ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი ქვეყანა სამეურნეო ქვეყანა არის, ერის უმთავრესი სიმდიდრე და ავლა-დიდება არის მიწა და არამც თუ აგრარული რეფორმა, არამედ ყოველი ამ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხი უნდა იწვევდეს უთანხმოებას და დავას. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ამ დეკრეტის შესახებ კამათი მესამე სხდომაზე გრძელდება. ეს დეკრეტი მიწად-მოქმედების მინისტრმა პირველად წარადგინა აგრარულ კომისიაში. მაშინ ამ დეკრეტს ცოტა სხვანაირი ხასიათი ჰქონდა. თანახმად დეკრეტისა უნდა შემდგარიყო ორგანო, რომელიც გაარჩევდა საჩივრებს დაკავშირებულს აგრარულ რეფორმასთან. მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტის თანახმად ეს ორგანო უნდა შედგენილიყო შემდეგნაირად: მასში შევიდოდა ორ-ორი წევრი მიწად-მოქმედების და იუსტიციის სამინისტროდან და ერთი წარმომადგენელი ერობათა ცენტრიდან. წინანდელ დეკრეტს საფუძვლად ედვა 2 უმთავრესი მოსაზრება: თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიწების ჩამორთმევის და განაწილების ნიადაგზე ბევრი საჩივრები და დავა მოსდიოდა მიწად-მოქმედების მინისტრს და აგრარულ კომისიებს. რათა ეს რეფორმა არ გაჭიანურებულიყო, მინისტრი მოითხოვდა, რომ ეს საჩივრები არ გარჩეულიყო ჩვეულებრივი წესით. მაშასადამე მთავარი აზრი ამ პროექტისა მდგომარეობდა იმაში, რომ საჩივრების გარჩევით არ შეფერხებულიყო რეფორმის ცხოვრებაში გატარება, რომ შემოღებულიყო ისეთი წესი, რომ ამ საჩივრების განხილვა შესაძლო ყოფილიყო შემოკლებული გზით.

მეორე მთავარი აზრი გახლავთ ის, რომ უნდა დაარსებულიყო ცალკე ორგანო საადმინისტრაციო ფუნქციებით. საფუძვლად ამას ის ედვა, რომ მინისტრის სიტყვა არ ყოფილიყო უკანასკნელი სიტყვა და უკანტროლო მოქმედება. წარმოდგენილ დეკრეტში ეს ორივე მთავარი აზრი უარყოფილია. მართალია დეკრეტი მოითხოვს, რომ აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული საქმეები გაირჩეს არა ჩვეულებრივი წესით, მაგრამ ამავე დროს შემოღებულია ისეთი წესები, რომ დეკრეტი მთავარ მიზანს ვერ აღწევს. ეს დავა უნდა გაარჩიოს მინისტრმა და მოგეხსენებათ თუ კი ყველა საჩივრები, რომელიც აღიძრება რესპუბლიკაში გასარჩევად მოვიდა მინისტრთან, ამას მთელი წლები მოუნდება და მიწად-მოქმედების სამინისტროში სადაც ისედაც არეულ დარეულია საქმე, ანარქია გამეფდება. შემდეგ ეს დეკრეტი მოითხოვს სრულ უპასუხისმგებლობას. მინისტრის მოქმედება რჩება უკანტროლოდ, ის სრულიად უარყოფს მინისტრის პასუხისმგებლობას, რაც მიუღებელი და შეუწყნარებელია. თუმცა უნდა მოგახსენოთ, ამაში თავისებური ლოღიკაც არის: ჩვენ არ გვყავს მთავრობა პასუხისმგებელი, მინისტრები და ხელმძღვანელი წრეები მეტად თავისუფლად ეპყრობიან ჩვენ მიერ გამოცემულ კანონებს. ამ მდგომარეობის ლოღიკური განვითარებაა ალბათ ეს დეკრეტი. ჩვენ ყველა კანონებს აწერია „კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფ. კრ. მიერ“, მაგრამ ფაქტიურად ყოველი კანონი ძალაში შედის მაშინ, როდესაც დასჭირდება ეს სოც.-დემოკრატებს ან ამა თუ იმ მინისტრს და თუ არ დასჭირდება, შესაძლოა კანონი გამოვცეთ, მაგრამ ის არ შედის ძალაში. თქვენ გახსოვთ ამას წინად დამფ. კრებამ მიიღო კანონი დეპუტატობის სხვა სამსახურთან შეუთავსებლობის შესახებ, ე.ი. დადგენილება, რომ დეპუტატებს უფლება არ აქვთ სხვა სამსახურში შევიდენ, რომ დეპუტატობა შეუთავსებელია სხვა და სხვა დაწესებულებაში სამსახურთან. ცხოვრებაში ეს არ გატარებულა, შეიძლება ითქვას სოც.-დემოკ. ფრაქციის ნახევარი ჩინოვნიკებისაგან შესდგება, ზოგი პირადი მდივანია, ზოგი არა პირადი, ზოგს მაგიდა აბარია, ზოგს სუფრა. ამის შემდეგ მე არ მიკვირს, როდესაც გზათა დეპარტამენტის დირექტორი ვ. ჭიჭინაძე დეპუტატებს служебный билет-ებს ურიგებს! (სიცილი). აგრეთვე თქვენ გახსოვთ, რომ დამფ. კრებამ მიიღო კანონი სამხედრო ფორმის შესახებ. დაწესდა ახალი ფორმა ჩვენი ჯარისთვის, მაგრამ ეს კანონი არ გატარებულა ცხოვრებაში. სამხედრო მინისტრმა რამიშვილმა ეს კანონი რომ დაარღვია, ეს სახელმწიფოს დაუჯდება 3-4 მილიონი. ამისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი არავის არ მოუთხოვია რამიშვილისაგან.

რაიცა შეეხება მიწად-მოქმედების სამინისტროს, ის ცნობილია, როგორც ისეთი სამინისტრო, რომელიც მაშინ გაატარებს კანონს, როდესაც ამ კანონის ავტორი თვით მინისტრია, თუ არა და ის ისე კანონებს არ გაატარებს ცხოვრებაში. ეს ცხადად დავინახეთ ტყის კანონის გარჩევის დროს. აგრარულ კომისიაში არის ცნობები, რომ ბ. მინისტრი არ ატარებს არც სხვა კანონებს ცხოვრებაში. ყველა ამის შემდეგ ყოვლად შეუძლებელია კიდევ ახალი საქმეები ჩავაბაროთ ბ. მინისტრს ისე, რომ პასუხი არავის წინაშე არ აგოს. ჩვენი ფრაქცია არ იზიარებს არც იმათ პოზიციას, ვინც ასე თავგამოდებით იცავს ამ დეკრეტს, არც იმათ პოზიციას, ვინც ხელაღებით უარყოფს მას. ჩვენის აზრით საკითხი ასე უნდა დაისვას: შესაძლებელია თუ არა, რომ დავამ შეაფერხოს, გააჭიანუროს რეფორმის გატარება? აი საკითხი. ჩვენ ვამბობთ, რომ, თუ საჩივარი ჩვეულებრივი წესით განვიხილეთ, ეს შეაფერხებს აგრარულ რეფორმას, აქედან, ცხადია, ერთად ერთი გამოსავალი ასეთია: უნდა შეიქნას ისეთი ორგანო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება, რომელიც გაუწევს კონტროლს ბ. მინისტრს და იმ ორგანოს, რომელიც ატარებს აგრარულ რეფორმას.

ეს იმიტომაა საჭირო, რომ მომჩივანმა არ იაროს მინისტრიდან სენატამდე; დიდი დრო უნდა და ეს გააჭიანურებს რეფორმის გატარებას. მაშასადამე უნდა შეიქნას ორგანო. ზოგის აზრით ასეთი ორგანო უკვე არსებობს; ეს არის სენატი, ის არჩეულია დამფ. კრების მიერ და აღჭურვილია ჩვენი ნდობით. გარდა ამისა ჩვენი სენატი არც ისე არის დატვირთული საქმით, რომ თავი ვერ გაართვას და ეს საქმე ვერ მოაგვაროს. არის კიდევ ერთი მოსაზრება: საქმე იმაშია, რომ ბოლოს და ბოლოს იქმნება ასეთი მდგომარეობა, როცა მივიღეთ დებულება სენატის შესახებ, არ მიგვიღია სენატისთვის ერთი უდიდესი უფლება - რევიზიის უფლება. დღეს, გამოდის, რომ ვაცლით სენატს ერთს დარგს, შესაძლებელია ხვალ მოხდეს, რომ მეორე დარგი ჩამოვართვით. შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ სენატის არსებობამ სრულიად დაჰკარგოს აზრი. მაგრამ ჩემის აზრით, აქ ლაპარაკი სენატზე არ არის; საკითხი ასე სდგას: შეაფერხებს ჩვეულებრივი წესით დავის გარჩევა აგრარულ რეფორმას, თუ არა. აი აქ არის სიმძიმე საკითხისა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეაფერხებს, (გვაზავა: სამართლიანობის გარანტია სად იქნება?) ამისათვის, მოგახსენებთ, უნდა დაარსდეს ორგანო, რომლის წინაშეც მინისტრი იქნება პასუხისმგებელი. ეს არის ერთად ერთი გარანტია, რომ მინისტრი არ იქნეს უპასუხისმგებლო თავის მოქმედებაში.

არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც გვაიძულებს რომ გვერდი აუხვიოთ სენატს. სენატმა უნდა განიხილოს საკითხი არა არსებითად, არამედ ფორმალურად. ჩვენში მოქმედებს არა მარტო ჩვენ მიერ გამოცემული კანონები, არამედ რუსეთის კანონებიც. მაგალითად მე-10-ე ტომი, აქ სავსებით ძალაში არის. ყველა ამას სჭირდება შეთანხმება, გადამუშავება. და აქ შესაძლებელია ჩვენ წავაწყდეთ დიდ უხერხულობას. ჩვენში უარყოფილი არ არის კერძო საკუთრება. ეს ინსტიტუტი კიდევ არსებობს. მაგრამ ჩვენ ვართმევთ ამავე დროს საკუთრებას მესაკუთრეს - ერთ კაცს ვართმევთ უსასყიდლოდ, ხოლო იმავე საკუთრებას ვაძლევთ მეორეს სასყიდლით. განა ეს ფორმა მისაღებია? როგორ შეიძლება ერთმა მესაკუთრემ თავის საკუთრებაზე ხელი აიღოს უსასყიდლოდ და მეორემ ამ უფლებით ისარგებლოს? ეს შეუძლებელია ფორმალურად. ავიღოთ ღალა. თქვენ იცით, როცა ივლისის 3-ის კანონი მივიღეთ, ღალა არსებობდა. შემდეგ აკრძალული იყო ღალა, მაგრამ ვიდრე მემამულეს არ ჩამოვართვით მიწები, მას ფორმალურად ქონდა უფლება ღალის აკრებისა. თუ ამ გზას დავადექით, მეტად გართულდება საქმე. ახლა ვიკითხოთ ვისთვის არის საჭირო, რომ ეს რეფორმა გაჭიანურდეს? როგორც მოგეხსენებათ, აგრარული რეფორმა შესდგება ორი ნაწილისგან: მიწების კონფისკაცია, ეს არის ნამდვილი რევოლიუციონური ზომა. აქ უმთავრესად ჩივიან, დავობენ ყოფილი მემამულენი, ისინი ვისაც მიწები ჩამოერთვათ, როცა ისინი მოითხოვენ, რომ ეს საკითხი გაირჩეს ჩვეულებრივის წესითო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მემამულეებს სურთ საქმე გაჭიანურდეს, რომ ცოტა რამეს ჩამორჩენ აგრარულ რეფორმას. და, როდესაც სოციალისტები გამოდიან და იცავენ იმ აზრს, რომ ჩვეულებრივის წესით გაირჩეს დავაო, ეს ჩემთვის გაუგებარია! სულ სხვაა მეორე ნაწილი აგრარული რეფორმისა: მიწების დანაწილება. ერთი მესაკუთრე მიწას ყიდულობს მეორისაგან. ეს არის ჩვეულებრივი სამოქალაქო ყიდვა-გაყიდვა. რა შუაშია აქ რევოლიუცია? ჩემის აზრით უსამართლობა იქნებოდა, რომ ის დავა და საჩივარი, რომელიც არის დაკავშირებული ამ აგრარული რეფორმის მეორე ნაწილთან ჩვეულებრივი წესით არ გაირჩეს.

დასასრულ ჩვენი აზრი ასეთია: საჭიროა ცალკე ორგანო, სადაც გაირჩევა დავა. დაუშვებელია, რომ მინისტრი მარტო თავისი თავის წინაშე იყოს პასუხისმგებელი და არ იყოს ინსტიტუტი, რომლის წინაშეც მინისტრი პასუხისმგებელი იქნება. და ვინაიდან წარმოდგენილი დეკრეტი სულ სხვანაირად არის შედგენილი: ერთი მხრივ ის მოითხოვს არაჩვეულებრივ წესებს და მეორე მხრივ ის აკანონებს მინისტრის სრულ პასუხისმგებლობას, ამიტომ ჩვენი ფრაქცია ამ დეკრეტის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

თავმჯდომარე. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის, ბ. ნინიძეს.

. ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო! მე ჩემს მოხსენებაში ძალიან მოკლედ აღვნიშნე ის მთავარი დებულება, რომელიც გვაიძულებდა ჩვენ ეს დეკრეტი თქვენს წინაშე წარმოგვედგინა. მე ვფიქრობდი, რომ ის, შედარებით უმნიშვნელო საკითხი, რომელიც ამ დეკრეტში არის აღნიშნული, არ გამოიწვევდა ასეთ დავას, მაგრამ როგორც ეტყობა მართალია ერთი რამ, სახელდობრ ის, რომ ჯგუფური ინტერესი ყოველთვის უფრო მაღლა სდგას სახელმწიფოებრივზე. (გვაზავა: მართალი არ არის!) ეს ჯგუფური ინტერესი ეხვევა განყენებულ სამართლიანობის სამოსელში.

ამ უბრალო საკითხმაც იმიტომ გამოიწვია ეს დიდი დავა, რომ არ იყო არსებითად გულწრფელი ის განცხადება, რომელიც გვეუბნებოდა: აგრარული რეფორმა ჩქარა გატარდა ცხოვრებაშიო. ეს არ არის პერსონალური, პირადი ნაკლი, ეს არის ისტორიის ნაკლი, ნაკლი განსაზღვრული ჯგუფის.

რა არის აქ სადავო? თქვენ ბრძანეთ, რომ აგრარული რეფორმა უნდა გატარდეს ცხოვრებაშიო, მაგრამ ამავე დროს უარყოფთ განსაზღვრულ ზომების მიღების საჭიროებას და ლაპარაკობთ უაღრეს სამართლიანობაზე: ამ კითხვის გადაწყვეტა დაექვემდებაროს სასამართლოსო. თქვენ მე ავანსად გეთანხმებით, რომ ყოველი დავა სასამართლოში უფრო მიუდგომლად გადაწყდება. ამ პრინციპს ჩვენ არ უარვყოფთ. (გვაზავა: მაშ რაშია საქმე?) რაშია საქმე? მოგახსენებთ. ჯერ ერთი, რომ ეს დეკრეტი არ არის ახალი, რომ იანვრის 1 კანონშიაც არის ნათქვამი, რომ აგრარული რეფორმა ექვემდებარებოდეს სამინისტროს, რომლის ადგილობრივი ორგანოც არის ერობაო. თუ თქვენ, ბატონო გვაზავა და - ბ. დადიანი აქ არ ბრძანდება - მისი ფრაქცია მოიგონებს ამ კანონ-პროექტს, იქ აშკარად არის ნათქვამი, რომ აგრარულ რეფორმის გატარება ევალება მიწად-მოქმედების სამინისტროს, რომლის ადგილობრივი ორგანო არის ერობა (გვაზავა: რა არის, კანონი?). განსაკუთრებული მუხლი შევიტანეთ, რომლითაც მიწად-მოქმედების სამინისტროს ევალება ინსტრუქციების გამოცემა. (გვაზავა: ყოველ მინისტრს აქვს უფლება ინსტრუქციების გამოცემისა). დიახ, ბატონო გვაზავა, ყოველ მინისტრს აქვს უფლება გამოსცეს ინსტრუქციები, მაგრამ თუ თქვენ აღიარებთ, რომ აგრარული რეფორმა ჩქარა უნდა გატარდესო, მაშინ საჭიროა ისეთ ინსტრუქციების გამოცემა, რომლითაც შეიძლება მარტის კანონის განმარტება, თქვენ ნახავთ, რომ ზოგიერთი მუხლები კანონმდებლობითი ხასიათისა არის. მართალია ფორმალურად ეს ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ იმ დაწესებულებამ, რომელმაც ეს კანონი მოგვცა, აღნიშნა, რომ ერთია უაღრესი სამართლიანობა, რომელიც გადაიჭრება სასამართლოში და მეორეა აზრი, რომელიც ამ რეფორმას აქვსო. ეს არის: რაც შეიძლება უმამულო გლეხები მალე უნდა დავაკმაყოფილოთ მიწითო. ეს არის აზრი ამ კანონისა და თქვენ ანგარიშს არ უწევთ იმას, თუ რას ნიშნავს რეფორმის ცხოვრებაში გატარება. ეს მეტად ახირებული საკითხია. ბ. გვაზავას ჰგონია, რომ ოღონდ მიწად მოქმედების სამინისტროს მოუნდეს ამ რეფორმის ცხოვრებაში გატარება და იგი მას ერთ წამში გაატარებს. მაგრამ როდესაც სამინისტრო ატარებს კანონს, რომელიც ჩვენი მეურნეობის არსებობის საფუძველს შეეხება, ნუ თუ თქვენა გგონიათ, რომ ამის გამო დავა არ დაიბადება? ვინ გადაწყვეტს ამ დავას? თუ გგონიათ, რომ მინისტრი მონაწილეობას იღებს რეფორმის ცხოვრებაში გატარებაში და დავის გადაწყვეტაში კი სხვა დაწესებულება, მაშინ მინისტრი ამ რეფორმას ცხოვრებაში ვერ გაატარებს. (ხმაურობა. გვაზავა: უკანონობაა! დანარჩენი რეპლიკები არ ისმის).

როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ რეფორმის ცხოვრებაში გატარება სხვაა და დავის გადაწყვეტა კი სხვაო, ეს მეტი რომ არ ვსთქვათ, დიდი ულოღიკობა არის, რადგანაც კანონმდებლობას მხოლოდ ის ქონდა სახეში, რომ ეს რეფორმა გატარებულიყო ცხოვრებაში. ჩვენ ის კი არ გადაგვიწყვეტია, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო აღვჭურვოთ უპასუხისმგებლობით, როგორც რაც თქვენ ბრძანებთ., ამაზედ მოგახსენებთ შემდეგ. ეს გზა ავირჩიეთ მას შემდეგ, რაც რეფორმის ცხოვრებაში გატარება განვიზრახეთ. ის არ არის სრულიად ახალი გზა და უნდა მოგახსენოთ, რომ იურისტებმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოში ყველა ზომები ერთი და იმავე წესით ტარდება. (კედია: ძალმომრეობის გზა არის!). ბ. გვაზავამ მშვენივრად იცის, რომ არის კანონიერი საველე სასამართლო. რატომ გონია ბ. გვაზავას, ფრონტზე რომ სასამართლო შედგეს, ის დაიცავს სამართლიანობას? 24 საათში, როგორ შეიძლება დამნაშავის პიროვნების გაგება? მაგრამ ფრონტზე 24 საათში შეიძლება დახვრიტონ კაცი. ეს სამხედრო წესი, ეს საველე სასამართლო, ყოველივე ეს არის სწორეთ ის გზა, რომელსაც სახელმწიფო ხშირად დაადგება ხოლმე თავისი არსებობის დასაცავად! (გვაზავა: ომიანობის დროს ბატონო!). დიაღ, თქვენ ომიანობათ არ მიგაჩნიათ ეს, ამ რეფორმის გატარება, რადგან ეს თქვენს თვალში ისე სასწრაფო არ არის, როგორც ბოლშევიკების თავიდან მოშორება. დემოკრატიას კი ეს უდიდეს საკითხად მიაჩნია, ვინაიდან ის სახელმწიფო, რომელიც გლეხობას ვერ უზრუნველყოფს, ის ახალ საშიშროების წინაშე იქნება. ამიტომ ყოველივე სახელმწიფოს სჩვევია, რომ ზოგიერთი ზომები გაატაროს განსაკუთრებულ წესით. (გვაზავა: სტოლიპინის წესით!). დიაღ, დემოკრატიას არ შეუძლიან უარყოს მეთოდი სტოლიპინის ბრძოლისა, იმიტომ, რომ ეს თქვენთვის არის საჭირო. ის უაღრესი სამართლიანობაა, თუ შესძლებთ აიცილოთ თავიდან ზოგიერთი თქვენთვის არა სასარგებლო ზომები, როგორც მაგალითად მიწის ჩამორთმევა. კანონმდებლად სტოლიპინი რომ ყოფილიყო, ის მიწას არ ჩამოართმევდა, მაგრამ გლეხებს შეავიწროვებდა. (კედია: ღმერთმა ნუ ქნას!). ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით მისი ზომებისა. (ხმაურობა). აქ არ ბრძანდება ერთი ფრაქციის წარმომადგენელი, რომელიც ხელს უშლიდა სახ. სათათბიროში ხიზანთა განთავისუფლებას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ არც ერთი იურისტი არ აღშფოთებულა იმ გზით და წესებით, რომლითაც ტარდებოდა 1914 წლის კანონი. ეს იყო ადმინისტრაციული წესი და არც შეიძლებოდა სხვანაირად გატარება. მგონია, რომ თუ თქვენ ბატონებო, გულწრფელად გსურთ, რომ აგრარული რეფორმა უნდა გატარდეს საჩქაროდ ცხოვრებაში და თუ თქვენ მართლა პატივს სცემთ სასამართლოს, მაშინ ჩვენ ეს საკითხი ასე უნდა გადავწყვიტოთ, და არა ისე, როგორც თქვენ ბრძანებთ. აქ კი ერთის მხრით თქვენ ბ. გვაზავა, არ ხართ გაცნობილი დებულებას საადმინისტრაციო სასამართლოს შესახებ. ეს დებულება გამოიცა 1917 წ. კერენსკის დროს და ის ეხლაც მოქმედებს ჩვენში. ეს დებულება მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი განკარგულება ადმინისტრაციისა, ქალაქისა და ერობისა ექვემდებარება ადგილობრივ საადმინისტრაციო სასამართლოს. აქედან აშკარაა ის, რომ სამაზრო ერობა ამ მიწის დარიგებასთან ახლო არის. ის უსათუოდ გამოიტანს რაიმე დადგენილებას ამის შესახებ. არ არის მართალი, ვითომ ამ რეფორმის გატარება არ შეჩერდება, რადგან ეს დავა ადგილობრივი განსაჩივრებული იქნება საადმინისტრაციო სასამართლოში. იქ კი შეიძლება შეჩერების სისრულეში მოყვანა. (გვაზავა: როცა იგი უკანონობაა!). ეს თავის თავად ცხადია, რომ როცა უკანონობა არის, უნდა შეჩერდეს, მაგრამ თქვენ სთქვით, რომ სასამართლო ვერ შეაჩერებს დადგენილების სისრულეში მოყვანასო. ეს არ არის მართალი. სასამართლო შეაჩერებს და ვალდებულიც არის შეაჩეროს. (გვაზავა: კანონს რატომ ჩამორჩება? კანონს ვერ შეაჩერებს!). მე მიკვირს როდესაც დადიანი ბრძანებს, რომ დავადგინოთ, რომ შეჩერების უფლება არ ქონდეს სასამართლოსო. ეს უაზრობა არის. იმიტომ, რომ სასამართლო რისთვის არჩევს დავას, თუ იმის გადაწყვეტილებას არავითარი ეფექტი არ ექნება. სასამართლო არ არის თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბი და არც ფილოსოფიური საზოგადოება, სადაც ბჭობენ, მსჯელობენ და გამოაქვთ დადგენილებანი.

თქვენ მოგეხსენებათ, ბ. გვაზავა, რომ იურისტი ბრძანდებით, ერობის დადგენილება შეიძლება განსაჩივრებულ იქნას ადგილობრივ ადმინისტრაციულ სასამართლოში და სენატის საადმინისტრაციო განყოფილებაში. არის განსაზღვრული ვადები და როგორ შეიძლება, რომ საქმე არ გაგრძელდეს. მე კონკრეტიულად მოგახსენებთ. აქ ვიღაცამ ბრძანა, რომ ლეჩხუმის მიწები სულ არ ვარგა, სულ მე-2 და მე-3 კატერორიისა არის, მაგრამ პირველ კატეგორიაში ჩარიცხესო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმას, ვისაც მე-2 კატეგორიიდან 15 დეს. უნდა რგებოდა, ღებულობს იმდენს, რამდენიც დადგენილია პირველ კატეგორიაზე, ე.ი. 7 დესეტინას. თავის-თავად ცხადია, რომ სასამართლოს ამ დადგენილების გასაჩივრებისათვის სჭირდება დრო, როგორც ჩამორთმევისათვის, ისე გადაცემისათვის. მე თქვენ გეკითხებით, როდემდის გაგრძელდება ეს? მარტო უწყების გაგზავნა ორი მოპირდაპირე მხარისათვის დიდ დროს მოითხოვს. სენატს როგორ შეუძლიან განასაჩივროს ლეჩხუმის მიდამოში პირველი თუ მეორე კატეგორია არის მიწა. არც საადმინისტრაციო განყოფილებას შეუძლია ამ საქმის წარმოება, თუ მან არ დანიშნა ექსპერტიზა. ამისათვის კი ფული უნდა გადაიხადონ. მაგრამ ხან ფულს არ შემოიტანენ, ხან ექსპერტიზა გახდება ავად, ხან ლეჩხუმში გზა არ იქნება. ეს არ შეაჩერებს აგრარულ რეფორმის ცხოვრებაში გატარებას?

თქვენ თუ მართლა გულწრფელი ბრძანდებით და ფიქრობთ, რომ აგრარული რეფორმა ჩქარა უნდა გატარდესო, მაშინ ხელი უნდა აიღოთ ყოველგვარ საჩივრის ამ წესით გარჩევაზედ. (გვაზავა: რამდენი პროცენტია?).

ეხლავე მოგახსენებთ. გახლავთ 100 პროც. სენატის დებულება რას ნიშნავს? ყოველი განკარგულება მინისტრისა ექვემდებარება სენატს. ასეთია დებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ერობა არ დააკმაყოფილებს გლეხის საჩივარს, იმას დავალება აქვს მიმართოს მიწად-მოქმედების სამინისტროს. იგი ან დააკმაყოფილებს, ან არ დააკმაყოფილებს ამ საჩივარს. ხომ შეიძლება, რომ 90 პროც. არ დააკმაყოფილებს ამ საჩივარს მაშინ (გვაზავა: თუ სამართლინია?). მომჩივანს ნება აქვს მიმართოს სენატს. ამიტომ მე მგონია იმდენი პროცენტი იქნება საჩივრებისა, რამდენიც უკმაყოფილო დარჩება. მე კი მგონია ბევრი პროც. იქნება უკმაყოფილო, რადგან არ ვმალავთ იმას, რომ კომისიებმა განზრახ ბევრგან 1-ლ კატეგორიის მიწები ჩასთვალეს მე-2 კატეგორიად, ეს მოხდა იმ გლეხების მოთხოვნით, რომელნიც იქ არიან და მიწას უნდა დაეპატრონონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მემამულეთა სახლების გადაწვით იმუქრებოდენ. თუ თქვენ გინდათ შექმნათ ასეთი მდგომარეობა, მე არ ვიცი. თქვენ იტყვით მილიცია, საგანგებო რაზმი გყავთო, მაგრამ ყოველი მილიცია უძლურია ასეთ მოვლენებთან ბრძოლაში. თუ თქვენ გინდათ შემოიღოთ ისეთი მილიცია, რომელმაც გლეხები უნდა დაარბიოს, ეს სხვა საკითხია. მაგრამ იგი სავსებით ეწინააღმდეგება აგრარულ რეფორმის პოლიტიკას, რომელიც თქვენ ინებეთ და დააკანონეთ.

ეხლა თქვენ ამბობთ მინისტრის უპასუხისმგებლობაზე. რასაკვირველია, თუ მიიღებთ იმ დებულებას, რომელიც შენგელაიამ მოგახსენათ, რომ მთავრობა საზოგადოდ პასუხისმგებელი არ არის - ეს დიდი საკითხია. შეიძლება არ იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კანონი იყოს ის, რაც ფორმალურად დამტკიცებულია დამფუძნებელ კრების უმრავლესობის მიერ. არც ერთი ქვეყანაში არ შეიძლება დაკანონდეს ის, რასაც მოითხოვს უმცირესობა. ჩვენ ფორმალურად მართალი ვართ, არსებითად ხალხთან წავალთ, იქ ვილაპარაკოთ. ეხლა უპასუხისმგებლობაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ მინისტრი არ არის უპასუხისმგებლო. ვერც ერთი მინისტრი ვერ გადასწყვეტს საკითხს ისე, თუ არ შეეკითხა ერობას, იმიტომ, რომ მან არ იცის ადგილობრივი კანონები. ის იძულებულია მიმართოს სამაზრო ერობას. ეხლა თქვენ თუ გგონიათ, ერობა, რომელიც არის არჩეული ახალი სისტემით, ბიუროკრატიული დაწესებულება არის (გვაზავა: სოც.-დემოკრატები არიან?). ზოგან ეროვ.-დემოკრატებიც არიან. თქვენ თუ ამას იტყვით ბატონო გვაზავა, თქვენ უარყოფთ სახელმწიფო პრინციპს. ხალხმა ვინც აირჩია, ის არის უფლება მოსილი. ყოველ შემთხვევაში მე მინდა დავემყარო იმ სამართალს, რომელიც ხალხთან არის, ის სამართალი კი, რომელიც მიმართულია წინააღმდეგ ხალხისა და რევოლიუციისა, უნდა დარღვეულ იქნას. ჩვენ ვიცით ისტორიული მაგალითები: რაც დღეს სამართლიანად ითვლება, მეორე დღეს ხალხი ცვლის მას. რა თქმა უნდა, თუ რეაქციამ გაიმარჯვა, სახრჩობელაზე იქნება გაყვანილი ის, ვინც რეაქციის კანონი დაარღვია. მაგრამ ამაზე არ მოგახსენებთ, მოგახსენებთ იმ თვალსაზრისზედ, რომელზედაც იდგა ყოფილი საქართველოს პარლამენტი და დღეს დამფუძნებელი კრება. ეს კანონიერია თუ არა? ამ თვალსაზრისით კანონიერია, რადგან აქ ადმინისტრაციული წესით, არაჩვეულებრივი წესით გარჩევა თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. ამ გზით მიდიოდა მთავრობა. მინისტრი არ არის უპასუხისმგებლო, რადგანაც კომისიის დადგენილება შეიძლება განსაჩივრებულ იქნას ერობაში, ერობის დადგენილება მიწად-მოქმედების სამინისტროში, მიწ.-მოქ. სამინისტროს დადგენილება კი მთავრობაში. თუ ამდენი ინსტანცია თქვენთვის არ ქმნის საკმაო საბუთს იმისათვის, რომ სამართლიანი იქნება განაჩენი, მაშინ თავის თავად ცხადია თქვენ წინააღმდეგი იქნებით დღევანდელი წინადადებისა. (გვაზავა: პირიქით ვიცავთ?). ეს სხვა საკითხია, ამაზე სხვაგან მოვილაპარაკოთ, მე ვამბობ მინისტრის უპასუხისმგებლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი.

მე ძალიან მაკვირვებს ბ. შენგელაია, რომელმაც გაიზიარა აზრი, რომ არაჩვეულებრივი გზით სწყდება ეს საკითხებიო და ამავე დროს შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ორგანო. მაგრამ დამოუკიდებელი ორგანო მანამ არის წარმოსადგენი, სანამ არსებობს სამაზრო ერობა. ჩვენ იდეალისტები არა ვართ და ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება იყოს ასეთი ორგანო დამოუკიდებელი, თუ კონტროლი არ არის. გეკითხებით თქვენ, რა საჭიროა, როდესაც გვაქვს სენატი, რომ შევქმნათ ისეთი ორგანო, რომელიც თავის მუშაობით და შემადგენლობით გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი სასამართლო. რა საჭიროა ეს? (გვაზავა: ეს არის თქვენი პროექტი!). ჩვენ მოგახსენებთ, რომ არ არის უკეთესი საკრებულო სენატი. ჩვენ რომ ასეთი საკრებულო შეგვექმნა, დავამცირებდით სასამართლოს იდეას და ღირსებას. მიწად-მოქმედების სამინისტროს ორი მოხელე უკეთ გადასჭრის ვინემ სენატი? ჩვენ ვამბობთ: ამ საკითხს გადასწყვეტს ადმინისტრაცია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფუნქციების დანაწილება დამფუძნებელი კრების მიერ, უზენაესი კრების მიერ, ეს არის დამცირება სასამართლოსიო, მაშინ არ ვიცი რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე. შრომის განაწილება, ფუნქციების განაწილება არის დამცირება? არ დაწერილა ისეთი კანონი, რომელიც ყველა კითხვის გარჩევას აძლევდეს სასამართლოს. ჩვენ არ გვინდა განყენებული სამართლიანობისათვის ხალხის ინტერესები შევლახოთ. ჩვენ მივსდევთ ქრისტეს მცნებას. ის არ იყო იურისტი, მაგრამ კარგი პრაქტიკოსი იყო. შაბათი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის. (გვაზავა: მიეცით კეისრისა კეისარსა, და ღვთისა...). აი სწორედ ის საკითხი, რომელიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს კეისარს მივანდოთ და ის, რაც მეტ სიდინჯეს მოითხოვს - სასამართლოს. ჩვენ ვამბობთ, სასამართლოს წესი ვერ უზრუნველყოფს გლეხების ინტერესებს. აი აქედან გამოვდივართ, მაგრამ თუ თქვენი პრინციპი მივიღეთ, მიწებს ვერ ჩამოვართმევდით. ვინაიდან თქვენი სამართლიანობა ამბობს, ვერ ჩამოვართმევთ მიწებს მემამულეებს, კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი და წმინდაო. თქვენი პრინციპი უარყოფს აგრარულ რეფორმის გატარების პრინციპს. ჩვენ უფრო სამართლიანად მიგვაჩნია სასამართლო რომ განსჯიდეს ამ საქმეებს, მაგრამ ეს აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარებას დააგვიანებს. ამიტომ ვანთავისუფლებთ სასამართლოს სრულიად და გვინდა ეს საკითხი გადასწყდეს ადმინისტრაციის წესით. არსებობს ერთად-ერთი კონტროლი - ერობა, მთავრობა და დამფ. კრება. როცა დარღვევა იქნება, მაშინ გაქვთ უფლება შეკითხვა შემოიტანოთ. ამიტომ ვფიქრობ ეს დეკრეტი უნდა იქნას მიღებული. ერთი მოსაზრება იყო კიდევ გამოთქმული დადიანის მიერ: ეს უნდა მივიღოთ კანონ-პროექტის წესითო. ეს ნიშნავს, რომ 7 დღის შემდეგ მოხდება მისი მეორე განხილვა. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება შიგ შესწორების შეტანა. დეკრეტში კი შეიძლება შესწორების შეტანა ყოველთვის და შვიდი დღე არ არის საჭირო.

არ არის მართალი ის აზრი, ვითომ დეკრეტის სახით არ მიიღება კანონიო. კანონი არის ისეთი ფორმა, რომელიც აწესებს ერთგვარ მოვალეობას მოქალაქეთათვის; მიიღებთ ამას დეკრეტის თუ კანონის სახით, განსხვავება არ არის დიდი. ყოველ შემთხვევაში ეს ფორმა უფრო მისაღებია, ვიდრე თქვენი ფრაქციის ფორმა. ჩვენ რომ კანონის სახით მიგვეღო, ეს იქნებოდა არანორმალური მდგომარეობის გახანგრძლივება. მუხლი, რომელიც სენატის დებულებაზე ლაპარაკობს, არის დროებითი, სანამ რეფორმა იქნებოდეს გატარებული. ხოლო როცა ამ აგრარულ რეფორმას გავატარებთ, მაშინ იმავე დეკრეტის სახით მოვსპობთ ამ მუხლს, რომელსაც ამ დეკრეტით ვიღებთ და ჩვეულებრივი კანონი დაგვრჩება. რომ სენატის დებულების შებღალვა გვდომოდა, ჩვენ კანონის სახით ჩამოვართმევდით მას რამოდენიმე ფუნქციას, მაგრამ ჩვენ ამას ვღებულობთ, როგორც დროებით ზომას.

თქვენ ამბობთ ძველი რომაელებივით: „ქვეყანა დაიღუპოს, მხოლოდ სამართლიანობა არსებობდესო“-ო. ჩვენ კი ვამბობთ: შეიძლება ეს ფორმალური სამართლიანობა დაირღვეს, მაგრამ ქვეყანა ნუ დაიღუპება.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი ხმის უმრავლესობით მიღებულია).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ. კ. ნინიძეს ეკუთვნის.

2. კანონ-პროექტი - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის გაუქმებისა და აღაიანის, კონდოლის და ჩუმლაყის სანერგეების ერობისათვის გადაცემის გამო.

კირ. ნინიძე. (ს.-დ.) აღნიშნული კანონ-პროექტი ეხება მევენახეთა და მეღვინეთა ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტებს და თხოულობს ამ კომიტეტების გაუქმებას. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ საგუბერნიო მმართველობა და შემოვიღეთ არა საგუბერნიო, არამედ სამაზრო ერობა, მას შემდეგ მეტია სრულიად საგუბერნიო კომიტეტის არსებობა. ამიტომ მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტი, რომ გაუქმებულ იქნას ეს საგუბერნიო კომიტეტი, მიღებულ იქნა აგრარულ კომისიის მიერ, იმ სახით, რომ ეს კომიტეტი უქმდება, მისი ინვენტარი და სხვა ქონება კი სათანადო სამაზრო ერობის განკარგულებაში გადადის. ერობებს ევალებათ გაკეთება იმ საქმის, რომელიც დაკისრებული ჰქონდა საგუბერნიო კომიტეტს. მათ გადაეცემათ აგრეთვე სანერგეები გარდა ერთი სანერგისა, რომელსაც სამინისტროსა და კომისიის აზრით აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ეს არის საქარის სანერგე, რომელიც დარჩება ცენტრალური მმართველობის ხელში. ასეთია პროექტი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. (სათანადო ვადის გასვლის შემდეგ კანონ-პროექტი განიხილება მუხლობრივად).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის კ. ნინიძეს.

კირ. ნინიძე. (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას - მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ. დამფ. კრება კანონ-პროექტს უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ. ნინიძეს ეკუთვნის.

3. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა შტატის დამტკიცების შესახებ.

კირილე ნინიძე. (ს.-დ.) აღნიშნული შტატები, რომელთა პროექტიც აქ არის წარმოდგენილი, მიღებულია აგრარულ და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ. ეს შტატები მიღებულია ძველი შტატების ნაცვლად. შტატები მუშავდებოდა თანახმად 28 იანვ. დადგენილებისა საუწყებათაშორისო კომისიისგან: ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო კონტროლის და მიწად-მოქმედების სამინისტროს წარმომადგენელთაგან. წინასწარ ამ კომისიას ქონდა დავალებული უწყებათა შტატების განხილვა და მთავრობის მოხსენება. კომისიამ განიხილა ეს პროექტი და მიიღო ზოგიერთი ცვლილებანი, მაგალითად: მინისტრთა საბჭოში - საბჭოს 4 წევრის მაგიერ კომისიამ დასტოვა 2. ვინაიდგან მიწად-მოქმედების სამინისტროს უხდება სამეურნეო იარაღის და სხვა მასალის შეძენა, როგორც თავის დაწესებულებათათვის, ისე მცხოვრებთა შორის გასანაწილებლად, რაიც მოითხოვს სპეციალური პირების ყოლას, საუწყებათაშორისო კომისიამ სასურველად დაინახა ერთი საგანგებო მინდობილებათა სპეციალური პირის თანამდებობა. წიგნთ-საცავში 2 თანამდებობის მაგიერ 1. გარდა ამისა კომისიამ შეამცირა შიკრიკთა რაოდენობა 8-დან 6-მდე.

ეს განზრახული პროექტი კანონისა სცვლის იმ შტატებს, რომელნიც მიღებული იყო 1919 წლის 28 იანვარს და გამოქვეყნებული იყო კანონთა კრებულის მესამე ნომერში. ასეთია პროექტი შტატებისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? არავინ. კანონ-პროექტი მიღებულია. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ონიაშვილს ეკუთვნის.

4. დეკრეტი საბაჟო დაწესებულებათა საკანცელარიო გადასახადის ნიხრის გადიდებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) საქართველოს პარლამენტმა 1918 წელს ნოემბრის 12 მიიღო კანონი, რომლის ძალით დაწესებული იქნა საკანცელარიო გადასახადი ყველა საბაჟო დაწესებულებაში. ამ გადასახადის რაოდენობა მაშინდელი პირობების მიხედვით ნორმალური იყო. დღეს პირობები შეიცვალა. საკანცელარიო ხარჯები ისე გადიდდა და მოსამსახურეთა ჯამაგირები ისე გაიზარდა, რომ ძველი კანონი დღვანდელ პირობებში ყოვლად გამოუსადეგარია. ახლა დეკრეტის აზრი იმაშია, რომ ეს ძველი ნორმები იცვლება და უნდა გადიდდეს 1-დან 5 მანეთამდე და სხვა. აი მოკლე აზრი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ზოგადი მსჯელობისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ნათაძეს.

5. დეკრეტი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა.

გრ. ნათაძე. (ს.-დ.) ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ ყოველი კულტურული სახელმწიფო აფასებს თავისი ერის კულტურულ ნაშთებს და გარდა ამისა ყოველივე სამეცნიერო ხელსაწყოს, წიგნი იქნება ეს თუ სხვა. ბევრი სარგებლობდა შემთხვევით და გაქონდათ აქედან ეს ნაშთები და მშვენიერი, იშვიათი სამეცნიერო ხელსაწყო. მოსაზრება სხვა და სხვა ნაირი იყო. ზოგი ამას სპეკულიაციის მიზნით აკეთებდა და ზოგიც პოლიტიკური მიზნით. ამ არევ დარევის დროს ძალიან კრიტიკულ გარემოებებში ჩავარდა მეცნიერება. თქვენ უეჭველია გაგიგონიათ ხშირად, რომ ბევრი ძვირფასი ძველი ხელსაწყო უნახავთ ბაზარში, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ის თავის ადგილას ყოფილიყო შენახული, ხშირად ყიდდენ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა სწარმოებს. ასეთი ბრძოლა ჩვენთვის საჭიროა განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ხელიდან გვეცლება აუარებელი სიმდიდრე. ამიტომ ეს კანონ-პროექტი აუკრძალავს ყოველ მოქალაქეს, რომ საქართველოს საზღვრებიდან გაზიდოს ასეთი კულტურული ნაშთები, ისტორიული ან არქეოლოგიური, ან ესა თუ ის ნაწერი, წიგნი, სამეცნიერო ხელსაწყო, ან ძვირფასი გამოცემა, ახალი თუ ძველი, ან ძვირფასი ხელნაწერი. აი ეს გახლავთ თუ მიიღებთ, დეკრეტის შინაარსი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ პირველი მუხლი წაიკითხოთ.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ კანონ-პროექტი მიღებულია უკამათოდ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

6. კანონ-პროექტი სასამართლოს დაწესებულებათა დებულებათა 206-9 და 406 -11 მუხლების შეცვლის შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ს. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე (ს.-დ.) მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ ოლქის სასამართლოში, სამოსამართლო პალატაში და სენატში საქმის წარმოება შეუძლიან ნაფიც ვექილს და გარდა ამისა კერძო ვექილებსაც. ვინც მოისურვებს ამას, იმათ ეძლევათ მოწმობა, რომ ამა და ამ კაცს აქვს უფლება აწარმოვოს ესა და ეს საქმე, როდესაც სათანადო გამოცდას ჩააბარებს და მიიღებს სათანადო მოწმობასო. ამას გადასახადი აქვს დაწესებული, მაგრამ ეხლა, მოგეხსენებათ, რომ ქაღალდის ფულის კურსი ძლიერ დაეცა. აღარავითარი მნიშვნელობა ამ გადასახადს აღარა აქვს. ამის გამო იუსტიციის სამინისტრო შემოდის წინადადებით, რომ ეს გადასახადი გადიდებულ იქნეს, სახელდობრ: 40 მან. - 3.000 მანეთად, 75 მან. - 5500 მან. აი მთელი შინაარსი ამ კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის და სათანადო დროს გასვლის შემდეგ გადავალთ მუხლობრივ განხილვაზედ. შემდეგი საკითხი არის -

7. დეკრეტი ტფილისის სასახლის საკანონმდებლო დაწესებულების საბინადროდ აღიარებისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. კ. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე (ს.-დ.) მოგეხსენებათ, რომ ამ უკანასკნელ დრომდე სასახლის შენობაში მოთავსებული იყო არა მარტო საკანონმდებლო დაწესებულება, არამედ მთავრობის საქმეთა სამმართველოს კანცელარია და სახალხო გვარდიის შტაბი. მართვა-გამგეობა სასახლისა მთავრობის დადგენილებით ჰქონდა მინდობილი მთავრობის თავმჯდომარეს. მაშასადამე მთავრობის თავმჯდომარე იყო გამგე სასახლისა, მაგრამ მან გადასცა ეს უფლება საგანგებო კომისიას. ამ კომისიაში შედიოდა ერთი წარმომადგენელი პრეზიდიუმისა, ერთი სახალხო გვარდიის შტაბისა, ერთი თვით მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი. რაც შეეხება სასახლის ბაღს, მისი გამგებლობა იყო მიწად-მოქმედების სამინისტროს სრულს განკარგულებაში. ამნაირად სახლით სარგებლობდა სამი დაწესებულება და მართვა-გამგეობა კი ორი ორგანოს ხელთ იყო. ეს მდგომარეობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მთავრობის საქმეთა სამმართველოს კანცელარიას და სახალხო გვარდიის შტაბს არ ჰქონდა შესაფერისი საკუთარი ბინა, და სასახლე კი სამივე დაწესებულებას ვერ ჰყოფნიდა და ზოგიერთ კომისიას დამფუძნებელი კრებისა საკუთარი ოთახიც კი არა ჰქონდათ. დღეს ასეთი მდგომარეობა აღარ არის. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის საქმეთა სამმართველოს კანცელარია და სახალხო გვარდიის შტაბი უკვე გადავიდნენ ყოფილ კადეტთა კორპუსის ბინაზე, ასე რომ სასახლე ახლა დამფუძნებელ კრებას დარჩა. აუცილებელი საჭიროება მოითხოვს, რომ სასახლეთი სარგებლობა გადავიდეს საკანონმდებლო ორგანოს ხელში. თავის-თავად ცხადია, რომ მართვა-გამგეობა სახლისა უნდა იყოს ამ ორგანოს ხელში. ამას მოითხოვს თვით ამ საქმის წესიერად წაყვანა, ვინაიდან გაუგებრობა დაიბადებოდა, რომ ფაქტიურად სასახლით სარგებლობდეს ერთი დაწესებულება და მართვა-გამგეობა კი მეორე დაწესებულების ხელში იყოს.

რაც შეეხება ბაღს, ბაღით სარგებლობა და გამგებლობაც, ჩვენ გვგონია, რომ უნდა იყოს იმის ხელში, ვის ხელშიაც იქნება სასახლე, ვინაიდან ბაღი განუყოფელი ნაწილია თვით სასახლისა და, რომ სასახლეს განაგებდეს ერთი ორგანო და ბაღს კი მეორე, ეს მიზან-შეუწონელი და მიუღებელია. გარდა ამისა ეს ხელს შეუშლის სასახლის დაცვას. აი ამ მოსაზრებით პრეზიდიუმმა და აგრეთვე სამეურნეო კომისიამ მიიჩნია, რომ სასახლეში მოთავსდეს დამფუძნებელი კრება, შემდეგ პარლამენტი და სასახლე და ბაღის გამგებლობაც მის ხელში იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს, ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). სიტყვა ეკუთვნის ი. მაჭავარიანს.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ჯაშუ-შობასთან საბრძოლველად დამზვერავი ნაწილის თანამდებობის პირთათვის საგამომძიებლო ფუნქციების მინიჭების შესახებ.

. მაჭავარიანი. (ე.-დ.) ბატონებო, ყოველი სახელმწიფო თავის კანონმდებლობით უთმობს სათანადო ადგილს ამ საკითხს. თანამედროვე ცხოვრებაში ამას შემთხვევითი ხასიათი არ აქვს, ეს არის რთული ორგანიზაცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული სახელმწიფო მთელი ორგანიზაციების საიდუმლო მუშაობის შესახებ ცნობები შეაგროვოს და მიაწოდოს სხვა სახელმწიფოს. (გვაზავა: ჯაშუშების მომხსენებელი ხართ?). ამნაირად ჯაშუშად ჩაითვლება ყველა ის, ვინც საქართველოს ჯარის, გვარდიის და სხვა რაიმე დაწესებულების საიდუმლო ცნობებს აგროვებს, რომ გადასცეს სხვა სახელმწიფოს მთავრობას. ეს არის რთული ორგანიზაცია. (კედია: ბ. რამიშვილი სამწუხაროდ აქ არ არის, ეცოდინებოდა, ცოტა?). ასეთი მოვლენა ჩვენში აღკვეთილი უნდა იყოს და ასეთ საქმეთა გამოძიებას სჭირდება სპეციალური ცოდნის და გამოცდილი პირები. გენერალური შტაბთან არსებობს დამზვერავი ნაწილი რომელმაც დაამტკიცა, რომ მას დიდი ცოდნაცა და დიდი გამოცდილებაცა აქვს ამ დარგში. იქ დაგროვდა ბევრი საქმეები. კომისიის აზრით ხელსაყრელი იქნება, რომ გამოძიება ასეთი საქმეებისა გადაეცეს ამ დამზვერავ ნაწილს. აი ამ კანონ-პროექტის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოძიება, რომელიც დამთავრებული არის, მათ მიეცემათ დამთავრებული გამოძიების ხასიათი და რომელიც არ არის გამოძიებული, მათი გარჩევის უფლება მიეცეს თვით ამ დამზვერავ ნაწილს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. სათანადო ვადის შემდეგ კანონ-პროექტი წარედგინება დამფ. კრებას მუხლობრივ განხილვისათვის.

სიტყვა ეკუთვნის ჯაფარიძეს.

9. მოხსენება საქართველოს სენატის 1919 . განმავლობაში მოქმედების შესახებ.

. ჯაფარიძე. (ს.-დ.) სენატის დებულების მეორე მუხლის ძალით, სენატმა, არჩეულმა დამფ. კრების მიერ, უნდა წარმოადგინოს დამფ. კრების 1919 წლის ანგარიში. სწორედ ამ მუხლის თანახმად სენატმა წარმოუდგინა დამფ. კრებას წარსულ წლის ანგარიში. (ვეშაპელი: სად არის ეს ანგარიში?). დამფ. კრებაში არ შეიძლება დაწვრილებით ანგარიში წავიკითხოთ.

თავმჯდომარე. მხოლოდ რამდენიმე ეკზემპლიარი დაურიგდა ფრაქციებს, თუ ინებებთ ეს მოხსენება გადავდოთ და შემდეგ განვიხილავთ. მხოლოდ დაბეჭდისაგან უნდა გაგვანთავისუფლოთ, ვინაიდან დიდ ხარჯებს გამოიწვევს.

ონიაშვილი. 3 საათს ცოტა აკლია, ფრაქციის სახელით წინააღმდეგი არ ვიქნები თუ ეს საკითხი გადაიდება.

თავმჯდომარე. მაშ ეს საკითხი გადადებულია. მოგახსენებთ შემდეგი კრების წესრიგს.

(მდივანი კითხულობს).

. ჯაფარიძე კითხულობს განცხადებას შემოსულს ფრაქციის სახელზე.

თავმჯდომარე. აქ არ არის ასრულებული ფორმალური წესი, განცხადება უნდა შემოვიდეს პრეზიდიუმის სახელზე და არა ფრაქციის სახელზე. არ შეუძლია ფრაქციას თავისი წევრი გამორიცხოს, ან მიიღოს, ეს არის პრეზიდიუმის საქმე. კრებას ვხურავ. უნდა მოგახსენოთ, რომ ხვალ 10 1/2 საათზე უნდა მობრძანდეთ სასახლეში დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად.

კრება დაიხურა 3 საათ.

20 მეოცე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(20)

1920 წელი. მაისის 28. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - მთავრობის მოამბის „საქართველოს რესპუბლიკის“ შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

3. დეკრეტი - საქართ. დეპ. სააგენტოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვ. თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 1 საათ.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტის ნუსხას და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების და მისი შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. სამხედრო მინისტრის პროექტი მობილიზაციით გაწვეულ ჯარის-კაცთა ოჯახების დახმარების დებულებისა.

3. შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საქონლის მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 120.000.000 მან. გადადების შესახებ.

4. იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა ტფილისის სასამართლო პალატის შტატის გადიდების შესახებ.

5. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა ახალციხის მაზრის ორი ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

6. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა გზატკეცილების სამმართველოსათვის 14.812.491 მან. და 65 კაპ. დამატებით კრედიტის გახსნის შესახებ.

(მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღის წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებულ დავისა და საჩივრის განხილვის წესის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა მკვიდრთაგან მიტოვებულ ყოფილ სახაზინო მიწების სახელმწიფო ფონდში გადასვლის შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საბაჟო დაწესებულებათა საკანცელარიო გადასახადის ნიხრის გადიდების შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვის შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ტფილისის სასახლის საკანონმდებლო დაწესებულების საბინადროდ აღიარებისა.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საქართველოს სახელმწიფო ბანკის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სამხედრო მფრინავთათვის ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა სამხედრო უწყების შტატების დამატებისა და ცვლილების შესახებ.

9. დეკრეტი მთავრობის მოამბის „საქართველოს რესპუბლიკის“ შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

10. დეკრეტი საქართველოს დეპეშათა სააგენტოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ პრეზიდიუმი გთხოვთ მერვე საკითხი ბოლოში იყოს გადატანილი, ვინაიდან ის დახურულ კარებში იქნება განხილული. შემდეგ არის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება, რომ მეექვსე საკითხი მოხსნილ იქნას, რადგან იგი ამ საკითხს არ გასცნობია.

ამ წესრიგს ამტკიცებთ თუ არა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე დღის წესრიგი დამტკიცებულია.

ეხლა მოგხსენდებათ დეპეშა სომხეთიდან.

მდივანი. (კითხულობს დეპეშას) „26 მაისის“ დღესასაწაულის გამო, სომხეთის პარლამენტის სახელით უღრმესად გულწრფელი სიხარულით ვულოცავ ქართველ დემოკრატიას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ორი წლის თავის დიდ დღესასწაულს. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიაც ორივე ძმური ხალხი მტკიცედ დაიცავთ მათ მიერ მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“.

(დამფუძნებელი კრება ამ მოლოცვას ოვაციებით ხვდება).

თავმჯდომარე. ნება გვიბოძეთ თქვენი სახელით სამადლობელი დეპეშა გავგზავნოთ - დღეს სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე არის და ნება გვიბოძეთ თქვენი სახელით გაუგზავნოთ მისალოცი დეპეშა (ხმები ადგილიდან: გაუგზავნეთ!).

პირველ საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბატონ ი. გომართელს.

. გომართელი. (კითხულობს დღიურ წესრიგში მოთავსებულ 1, 2, 3, 4, და 5 საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? არავინ. მიღებულია. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს. (ხმები ადგილიდან: არ არის). ცნობად უნდა მოგახსენოთ, რომ ბ. სიმ. მდივანი პრეზიდიუმმა გაგზავნა წარმომადგენლად სომხებთან. შემდეგი საკითხი არის (კითხულობს).

სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. დ. ონიაშვილს.

1. დეკრეტი - მთავრობის მოამბისსაქართველოს რესპუბლიკისშტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) თქვენ მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ არსებობს გაზეთი საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური მოამბე „საქართველოს რესპუბლიკა“. დღევანდელს პირობებში გაზეთის გამოცემას დიდი ფული და ხარჯები სჭირდება. დღეს ყოველი გაზეთის და განსაკუთრებით ამ გაზეთის გამოცემის საქმე თავდება დეფიციტით. მაშინ, როდესაც ყველა გაზეთების ფასი დღითი დღე მატულობს, „საქართველოს რესპუბლიკა“ ამ ბოლო დრომდის ღირდა მანეთ ნახევარი. სხვა გაზეთებში ხშირად იბეჭდება კერძო განცხადებანი, ხოლო ამ გაზეთში ასეთი განცხადებანი არ მიდის. აქ იბეჭდება მხოლოდ მთავრობისა და ოფიციალური დაწესებულებების განცხადებანი. გარდა ამისა გაზეთს იწერენ მხოლოდ ოფიციალური დაწესებულებები და კერძო პირები ძალიან ნაკლებად ყიდულობენ მას. ყველა ეს მიზეზები ისეთ პირობებს ჰქმნიან, რომ გაზეთის გამოცემა ძალიან მძიმე პორობებში ხდება. მაგრამ ზოგიერთი პირობები დღეიდან მაინც შცვლილ იქნება და იმედია, რომ მომავალში გაზეთის მდგომარეობა, როგორც გამოცემის მხრით, ისე ნივთიერად გაუმჯობესდება. შეიძლება ეს დეფიციტი არ დაიფაროს სრულად, მაგრამ საგრნობლად მაინც შემცირდება.

აი ამ გაზეთისთვის შინაგან-საქმეთა სამინისტრო თხოულობს ხარჯის გაღებას. ეს თანხა საჭიროა როგორც რედაქციის შტატის შესანახად, აგრედვე სამეურნეო ხარჯების დასაფარავად. შტატები შედგენილი არის ისე, როგორც სხვა დაწესებულებებში. დეკრეტი განხილულია მთავრობის მიერ, თან ახლავს დადებითი დასკვნა ფინანსთა უწყებისა და სახელმწიფო კონტროლისა. მიღებულია აგრედვე საბიუჯეტო კომისიის მიერ. აქ არის რამდენიმე თანამდებობის პირი, როგორც მაგალითად: კორექტორები, დეპეშის დამტარებელი, რომელნიც შტატში არ შედიან და იღებენ სასყიდელს თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ლეო შენგელაიას.

. შენგელაია (ს.-რ.) ბატონებო! ჩვენში არის გაზეთი, რომელსაც არავინ კითხულობს და რომელშიაც არაფერი იწერება. ეს არის მთავრობის მოამბე „საქართველოს რესპუბლიკა“. თავისუფალ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყოველ მოქალაქეს, ყოველ მიმართულებას აქვს უფლება, რამდენიც უნდა იმდენი გაზეთი გამოსცეს, რაზედაც უნდა წეროს. მაგრამ, როდესაც გაზეთი გამოდის ხალხის ხარჯზე, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს უფლება, ეს არის ჩვენი მოვალეობა, გაზეთს წარუდგინოთ მოთხოვნილების ერთგვარი მინიმუმი. გაზეთი, თუ მას ესმის თავისი მოვალეობა და დანიშნულება და ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ყოველთვის ხალხთან უნდა იყოს, უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს, მის გონებრივ ამაღლებას, პოლიტიკურ გათვითცნობიერებას.

თუ ეს ითქმის ყოველ პროგრესიულ და სერიოზულ გაზეთზე, ეს განსაკუთრებით უნდა ითქვას დემოკრატიულ მთავრობის ორგანოზე. ეს ორგანო უნდა არკვევდეს მთავრობის პოლიტიკას, უნდა აშუქებდეს მთავრობის თვალსაზრისით სხვა და სხვა პოლიტიკურ მოვლენებს. ყოვლად დაუშვებელია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ფართო მასამ, დემოკრატიამ არ იცოდეს, თუ რას აკეთებს მთავრობა, რა ხდება მასში ან მის გარედ. მთავრობის ორგანო ვალდებულია ყოველთვის კურსში იყოლიოს მასსა, მიაწოდოს მას უტყუარი ცნობები და არა კვებავდეს ქუჩაში მოარული ჭორებით. უნდა მოგახსენოთ, რომ თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით მთავრობის მოამბეს, ის ყოველივე კრიტიკის დაბლა სდგას. მას გაზეთი ჰქვიან, მაგრამ გაზეთისა კი არაფერი აცხია.

ეს გაზეთი არის ყოველ დღიური და როგორც მომხსენებელმა მოგახსენათ, ყოველდღიური გაზეთის გამოცემა არც ისე ადვილი საქმეა. ის ჯდება აუარებელი ფული, ქაღალდი ძვირია და არც კი მოიპოვება ბაზარზე და თუ ამავე დროს მიუმატებთ, რომ ხელფასიც დიდია, დარწმუნდებით, რომ ყოველდღიური გაზეთისათვის საჭირო არის დიდი თანხა, თუ გნებავთ ყოველდღიური გაზეთი დღეს ფუფუნებაა!

ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებულნი ვართ უფრო ფრთხილი და სასტიკი ვიყოთ, როდესაც ხალხის ფულები იხარჯება, როდესაც ხალხის ფულებით გამოდის გაზეთი.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეს გაზეთი არის „ხლამი“ და არა გაზეთი! ავიღოთ თუნდაც ისეთი საკითხი, როგორიც არის ინფორმაციის საკითხი. მე მგონია, უდავო არის, რომ მთავრობის მოამბე ვალდებულია ფართო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ხალხს. მთავრობის ორგანოს უნდა ჰყავდეს საკუთარი კორესპონდენტები და სხვა და სხვა პროვინციებში საზღვარ-გარეთაც, რომლებიც უნდა აწვდიდნენ როგორც მთავრობას, ისე მთავრობის მოამბეს ფართო ცნობებს ადგილობრივი ცხოვრების შესახებ.

ამ მხრივ რომ გადავავლოთ თვალი მთავრობის მოამბის ნომრებს, დავინახავთ, რომ ამის მსგავსი იქ არაფერი არ არის. მას არავითარი ინფორმაცია არა აქვს.

ის ამბები, რომელიც ხდება მთავრობაში, ახალი ამბები, ჯერ თავს ამოყოფენ გაზეთ „ერთობა“-ში ან „ბორბა“-ში და შემდეგ შეიძლება დაიბეჭდოს მთავრობის მოამბეში, „საქართველოს რესპუბლიკა“-ში. ელემენტარული მოთხოვნილება არის, ბატონებო, რომ გაზეთს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, მას უნდა ჰყავდეს რედაქტორი, მთავრობის მოამბეს კი რედაქტორი არ ჰყავს. იყო დრო, ორი თვის განმავლობაში მას ჰყავდა რედაქტორი. მაშინ იბეჭდებოდა წერილები, მეთაურები, მაგრამ ორი თვის შემდეგ რედაქტორმა თავი დაანება. ეს მეორე წელიწადია გაზეთი გამოდის ურედაქტოროდ.

გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის გაზეთის დანიშნულება არის, რომ ის უნდა არკვევდეს მთავრობის პოლიტიკას. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, რომ გავეცნოთ იმას, თუ რას ფიქრობს, როგორი არის მთავრობის აზრი და შეხედულება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ასე ესმით ყოველგან ოფიციალური ორგანოს დანიშნულება. და უნდა მოგახსენოთ, სრულ არარაობას წარმოადგენს ამ მხრივ ეს გაზეთი. მეთაურები არ არის, არავითარი წერილები არ იბეჭდება. ამ მხრით აზერბეიჯანის ძველი მთავრობის გაზეთი „აზერბეიჯანი“ გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე თქვენი მოამბე.

მე არ უარვყოფ, რომ საერთოდ ძნელია აბდულ-გამიდების პოლიტიკის გამოცნობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა საშუალება გაგვეგო, რას ფიქრობდა ოფიციალური აზერბაიჯანი თუნდაც ბათომის საკითხის შესახებ. „აზერბაიჯანი“ სწერდა იმას, რასაც ფიქრობდნენ და აკეთებდნენ აზერბაიჯანის ხელმძღვანელი წრეები ბათომის საკითხში. მთავრობის მოამბეს დავალებული ჰქონდა კანონების გამოქვეყნება. ის აქვეყნებდა კიდეც კანონებს და ასრულებდა ამ დავალებას და ამიტომ შესაძლებელია ბევრს ეგონოს, რომ ეს საკმარისი საბუთი არის, რომ ეს გაზეთი ყოველ დღიურათ გამოდიოდეს. თუ გაზეთი გვინდა იმისთვის, რომ კანონები გამოვაქვეყნოთ, ამისთვის საჭირო არ არის, რომ ის ყოველ დღე გამოდიოდეს, საკმარისია გამოდიოდეს თუნდაც კვირაში ერთხელ. შემდეგ არსებობს საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც აქვეყნებს კანონებს. კანონის გამოქვეყნებას მნიშვნელობა ექნება მაშინ, როდესაც კანონი შედის ძალაში დღიდან გამოქვეყნებისა. ჩვენში ფორმალურად კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ. (ვეშაპელი: ფაქტიურად როდის?). როცა ესა თუ ის სოციალ-დემოკრატი მინისტრი მოისურვებს! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის მოამბე, როგორც ორგანო, რომელიც ხალხის ხარჯზე გამოდის, ვალდებულია მოათავსოს ჩვენი სხდომების ანგარიშები, რამდენადაც შესაძლებელია მიუდგომლად. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ამ მოვალეობას ის არ ასრულებს და თუ ასრულებს, ისე რომ ყოვლად შეუძლებელია: ზოგიერთი ორატორების სიტყვები სულ არ მოყავთ, ზოგიერთის დამახინჯებით, ხოლო ზოგიერთი დეპუტატების სიტყვები იბეჭდება მთელ სვეტებათ და ფელეტონებად. რომ ეს ასე არის, ამაზედ ფაქტებს მოგახსენებთ. თქვენ გასხოვთ, რომ ამას წინად დამფუძნებელ კრებაში იყო შეკითხვა თამბაქოს მონოპოლიის შესახებ. ამ საკითხის შესახებ გამოვიდნენ სხვა და სხვა ფრაქციის წარმომადგენელნი. სხვათა შორის ილაპარაკა ბ. სამსონ დადიანმაც. ილაპარაკა თითქმის ერთი საათი, მაგრამ როგორ არის ეს გადმოცემული მთავრობის მოამბეში, რომელიც ყოვლად შეუძლებელია იდგეს ვიწრო, ჯგუფურ თვალსაზრისზე. აი როგორ არის გადმოცემული ამ გაზეთის №27-ში, იქ სწერია: გრძელდება კამათი, რომელშიაც მონაწილეობას იღებს სამ. დადიანი. ბატონებო! ს. დადიანმა ერთი საათი ილაპარაკა, ქვეყანა დააქცია (სიცილი) და თქვენ სწერთ, რომ კამათში მონაწილეობა მიიღოვო. მე წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ სიტყვები შემოკლებით იბეჭდებოდეს, მაგრამ ერთგვარი პროპორცია მაინც უნდა იყოს დაცული: ვინც ბევრს ლაპარაკობს - მისი სიტყვა მეტი იწერებოდეს, ვინც ცოტას - ნაკლები. ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა. ჩვენში კი წინააღმდეგი ხდება, დამფუძნებელ კრებაში არიან ისეთი დეპუტატები, რომელთაც მოკლე ლაპარაკი არ ეხერხებათ, მაგ. თედო ღლონტს ძალიან გრძელი ლაპარაკი უყვარს, თუმცა, ამ უკანასკნელ ხანს მას ამ საქმეში პირველობა ბ. ჩხენკელმა წაართვა (სიცილი).

მე მოგიყვანთ კიდევ ერთ ფაქტს. ტარიფის გადიდების შესახებ იდგა საკითხი. გამოვიდა ბ. ღლონტი, რომელმაც ილაპარაკა ერთი საათი და როგორ არის ეს გადმოცემული? აი, 7 მარტის ნომერი, სადაც სწერია ეს ანგარიში მხოლოდ სამი სტრიქონი არის დაწერილი. მის საპასუხოდ, რომ გამოვიდნენ თქვენი ფრაქციის წარმომადგენლები - მთელი სვეტები არის დაბეჭდილი. მეორე მხრივ, როცა რომელიმე მინისტრი გამოდის, არამც თუ ერთი და ორი მთელი სვეტები იბეჭდება. აი, მაგალითად, ჭავჭანიძის სიტყვა, როდესაც იგი თამბაქოს მონოპოლიის შესახებ ლაპარაკობდა. აი, ბ. რამიშვილის სიტყვა, როდესაც ჩვენ გვებრძოდა. ჩვენი ორატორების სიტყვები კი სულ არ არის მოყვანილი, ბ. რამიშვილის სიტყვას კი მთელი გაზეთი უჭირავს. რატომ უნდა ქონდეს ასეთი პრივილეგია ბ. რამიშვილს? (კედია: შინაგან-საქმეთა მინისტრია!) თუ ბ. რამიშვილს ჰგონია, რომ ეს მთავრობის გაზეთია და ამიტომ უნდა ხდებოდეს ასე, ეს შემცდარი შეხედულებაა. ეს ხალხის გაზეთია და არა მინისტრების. ამაზე რაიმე პრივილეგიური უფლებები არ უნდა იყოს. (ვეშაპელი: ფულს ისინი ხარჯავენ!) რას ემსახურება ეს გაზეთი? უნდა მოგახსენოთ, რომ არის ერთი საქმე, რომელსაც ემსახურებაის. იგი ერთ სწორ ცნობას აწვდის მკითხველებს. თუ ვინმეს სურს გაიგოს, რომელიმე სოციალ-დემოკრატი სად მუშაობს, ან სად გადაიყვანეს, აქედან გაიგებს. ეს ერთად ერთი დამსახურება არის ამ გაზეთისა საზოგადოების წინაშე, თუ კი ეს დამსახურებად ჩაითვლება. (ვეშაპელი: შემოწირულებანი?) რა არის იმის მიზეზი, რომ ეს გაზეთი ასე დაკნინებულია? მიზეზი შემდეგია: თქვენ იცით, რომ ჩვენი მინისტრები თავიანთ კარიერას „ერთობა“-ში აკეთებენ. ვინც კი წერა კითხვა იცოდა, მინისტრად წავიდა. ეხლა სოციალ-დემოკრატებს აღარ ყოფნის ძალები სამი გაზეთის გასაძღოლად და ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ეს გაზეთი არაფრად ვარგა, ამნაირად თქვენ ხედავთ, რომ ამ გაზეთს, რედაქტორი არა ყავს, ინფორმაცია არ აქვს, წერილები არ იბეჭდება. ამიტომ მისი არსებობა უაზრობაა. ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ ეს გაზეთი დაიხუროს, მით უფრო სამართლიანი იქნება ეს, რომ ბ. რამიშვილები სრულიად უსაფუძვლოდ ხურავენ სხვის გაზეთებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.

. რამიშვილი (შინ. საქ. მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ეს გამოსვლა არაჩვეულებრივია იმით, რომ ჩვენ გვისაყვედურებენ: თქვენ არ გსურთ იქონიოთ ორგანო, რომელიც გაავრცელებს მთავრობის აზრებს და ამავე დროს ჩვენ გვისაყვედურებენ იმას, რომ იქ შევქმენით ისეთი პირობები, როცა ეს მოამბე ემსახურება მარტო მთავრობის პოლიტიკის პოპულარიზაციას და ადასტურებს მის ყოველ ნაბიჯს. (შენგელაია: საიდან გამოიყვანეთ?). რომ ასე არის, ამის საბუთს ახლავე მოისმენთ. მე პირველად მესმის, რომ დეპუტატი, რომელიც ოპოზიციონურ პარტიის წარმომადგენელია, მთავრობას უსაყვედურებს, რომ თქვენ არ გსურთ შექმნათ საკუთარი ორგანო. მე ვეკითხები დამფუძნებელ კრებას: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ მოვქცეულიყავი ისე, როგორც იქცეოდა მუსავატის პარტია ადერბეიჯანში, - რომ გაზეთი „საქართველოს მოამბე“ პარტიულ ორგანოდ გადაგვექცია? მაშინ ბ-ნ ლეო შენგელაია გამოვიდოდა და იტყოდა: თქვენ ხალხის ფულს ხარჯავთ იმისთვის, რომ გაავრცელოთ სოციალ-დემოკრატიული აზრებიო. რომ ეს ასე მოხდებოდა, ამას გვიმტკიცებს დამფუძნებელი კრების ერთი კომისია.

მე სახეში მაქვს საპროპაგანდო კომისია. თქვენ იცით ამ კომისიის არსებობა, ისიც იცით, რომ ამ კომისიის წევრებად არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. და ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლებმა, უმთავრესად სოციალისტ-რევოლიუციონერებმა განაცხადეს, რომ როდესაც ჩვენ გავემგზავრებით პროვინციაში, ჩვენ აქ ვერ დავიცავთ იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს დამფუძნებელი კრება და მისი ნდობით აღჭურვილი მთავრობაო. (შენგელაია: ამახინჯებთ!). მე სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო განცხადებას, მაგრამ თქვენ ამის საშუალება არ გაქვთ. ეს ფაქტია, ეს იცის ყველამ, ყოველმა წევრმა საპროპაგანდო კომისიისამ.

რაშია საქმე? თუ თქვენ უსაყვედურებთ დამფუძნებელ კრებას, რომ მან შექმნა ორგანო, რომელიც მის პოლიტიკას ხალხს აცნობს და იცავს, და თუ ამბობთ, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ხალხის ფული იმ მიზნით, რომ პარტიული კაპიტალი გავაძლიეროთ, მაშინ იტყოდით: თქვენ შექმენით პარტიული გაზეთი, თქვენმა ფრაქციამ შექმნა ისეთივე მდგომარეობა, რომელიც რუსეთში არსებობს, სადაც მხოლოდ კომუნისტური პარტიის აზრების მატარებელი გაზეთები გამოდისო. მაშინ თქვენ მართლაც გექნებოდათ საბუთი.

მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შეგვიძლიან ვიქონიოთ ასეთი გაზეთი, მაგრამ ამ გზით სიარული ჩვენ არ შეგვიძლია. მე მოგახსენებთ, რომ ყველგან, სადაც კი არსებობს ოფიციალური გაზეთი, ის სწორედ ისეთი ხასიათისაა, როგორც ჩვენი ოფიციალური ორგანო. რომ მართლაც შექმნილი იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ მთავრობა იძულებული იყოს თავისი აზრები დაიცვას განსაკუთრებული დიდი გაზეთის მეოხებით, მაშინ ასეთი საყვედური, რომელიც გავიგონეთ, იქნებოდა სამართლიანი, მაგრამ მთავრობა ფიქრობდა, რომ გარდა ამ ორგანოსი, რომელიც არსებობს, არის კიდევ სხვა გაზეთებიც, რომლებიც, უმეტეს ნაწილად, იძლევიან ინფორმაციას მთავრობის პოლიტიკისას და იცავენ ამ პოლიტიკას.

ამ მხრივ არავითარ საჭიროებას არ ვგრძნობთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პრესა საერთოდ იცავდა ჩვენ დამოუკიდებულებას და ამ შემთხვევაში არ იყო დიდი განსხვავება. მეორეს მხრივ კი, რადგან საქმე თვით მთავრობის მოქმედებას ეხება, ამისათვის არსებობს ეს გაზეთი, რომელიც ინფორმაციას იძლევა. განსაკუთრებული გაშუქება, დასაბუთება კი მთავრობის პოლიტიკისა, დღეს დღეობით არ მიგვაჩნია საჭიროდ და თუ დამფუძნებელ კრებას ჰგონია, რომ ეს საჭიროა, თუ შეიქნა ისეთი მდგომარეობა, რომ გარდა ამ საშუალებისა არ შეგვეძლება მოვახდინოთ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, მაშინ აუცილებელი გახდება ასეთი ნაბიჯის გადადგმა მთავრობის მიერ. მაგრამ დღესდღეობით, ჩვენ ასეთი აუცილებელი საჭიროება არ გვიხილავს და მაშასადამე, ზედმეტია ხარჯების გაწევა ასეთ პოლიტიკურ ორგანოს გამოცემაზე. თქვენ იცით, რომ ეს გაცილებით ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს და ეს კი ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. მე კი მგონია, რომ მთელი გამოლაშქრება სოციალისტ-რევოლიუციონერების პარტიის წარმომადგენლისა მხოლოდ ერთ გარემოებას მიეწერება. მე მახსოვს, ისინი სწერდენ დეპეშათა სააგენტოს შესახებ და დღეს იმავეს იმეორებენ. თქვენ შექმენით ისეთი მდგომარეობა, რომ მთავრობის წევრების სიტყვები იბეჭდება სრულად და იმ პირების, რომლებიც მათ დასაცავად გამოდიანო. (შენგელაია: დიახ!) მე ვამბობ, რომ ეს მათი ვალდებულებაა. რასაკვირველია, იმ ხალხს, რომელსაც ლოღიკის კანონი არ შეუსწავლია, ზეპირად შეუძლიან ილაპარაკოს, მაგრამ თქვენ რომ ბრძანებთ, რომ მთავრობა ვალდებულია შექმნას ორგანო, რომელიც მის პოლიტიკას დაიცავს, მე გეკითხებით: ამ გაზეთმა უნდა მისცეს თუ არა ხალხს დასაბუთება იმ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს დამფუძნებელი კრება და მისი ნდობით აღჭურვილი მთავრობა?

მე ვამბობ, რომ შეუძლებელია დაბეჭდილი იყოს ყველა სიტყვები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თითონ თქვენ ბრძანებთ, რომ ზოგიერთ დეპუტატს გრძელი სიტყვებით უყვარს ლაპარაკიო.

როცა ასეთია მდგომარეობა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაცნოთ ხალხს პოლიტიკა მთავრობისა. უპირველეს ყოვლისა, დეპეშათა სააგენტომ და ამ გაზეთებმა სწორედ ამ პოლიტიკის დამახასიათებელი სიტყვები და ცნობები უნდა მისცეს ხალხს. და მე მგონია, თუ კი დგება სწორ ნიადაგზე, აქ მთავრობას დასაწუნი არაფერი აქვს.

წარმოიდგინეთ რანაირი მდგომარეობა შეიქმნება, რომ მთავრობის წარმომადგენელი ან ის ორატორები, რომლებიც მართლა მკაფიოდ ახასიათებენ მთავრობის პოლიტიკას, იყვნენ ჩაყენებული ისეთივე მდგომარეობაში, რომელშიაც იქნება შენგელაია, რომელსაც შეუძლია წამოაყენოს ბრალდება, არ მოეპოვება საბუთები და ამავე დროს ჩააყენოს გაზეთი ისეთს მდგომარეობაში, რომ მას არ ექნება საშუალება მართლაც ის სიტყვები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა საჭიროა ხალხისათვის ამ პოლიტიკის გასატარებლად, ის სიტყვები ვერ დაბეჭდოს და გამოაკლოს.

აი, ბატონებო, რანაირი არის მდგომარეობა და თუ მართლა მთავრობას უსაყვედურებთ იმას, რომ მან არ შექმნა გაზეთი, რომელიც დაიცავს მის პოლიტიკას, თქვენ არავითარი საბუთები არა გაქვთ ჩვენს მთავრობას უკიჟინოთ. მეორე, რომ მან არ შექმნა გაზეთში და დეპეშათა სააგენტოში? ისეთი არის მდგომარეობა, რომ უპირველეს ყოვლისა ის აქვეყნებს იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება მთავრობის პოლიტიკას და ათავსებს იმ სიტყვებს, რომელიც მთავრობის პოლიტიკას აშუქებს. ეს არის მოვალეობა ყოველი მთავრობისა და არასოდეს არც ერთი მთავრობა სხვანაირ პოლიტიკას არ აწარმოებს და მე დარწმუნებული ვარ, თუ კი მართლა თქვენ მხოლოდ ეს გაინტერესებთ და არა პარტიული მიზანი, რასაკვირველია, თქვენ ამ გარემოებას სავსებით გაიზიარებთ და მოიწონებთ იმას, რაც არსებობს. მეორეს მხრივ რამდენადაც საჭირო იყო მთავრობის პოლიტიკის დაცვა, ეს ხდებოდა როგორც სააგენტოს მხრივ, აგრეთვე ამ ორგანოს საშუალებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა, რომელიც არსებობს, შემდეგშიაც ასევე უნდა დარჩეს.

რასაკვირველია, თუ კი თქვენ მიიჩნევთ, თუ დამფუძნებელი კრება საჭიროდ დაინახავს, რომ დიდი პოლიტიკური ორგანო გამოდიოდეს, მაშინ წინასწარ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილი, ვინაიდან ეს მოითხოვს გაცილებით დიდ ხარჯებს. მაგრამ არის კი დღეს ამ ხარჯების აუცილებელი საჭიროება? ჩვენ ეს არ მიგვაჩნია საჭიროდ, განსაკუთრებით დღვანდელს პირობებში, როცა ფაქტიურად მთავრობის პოლიტიკა ასე თუ ისე ნათელი არის, ხალხი მას გაცნობილია, დიდი ნაწილი ჩვენი პრესისა მას იზიარებს. ასეთ გარემოებაში რომ შეგვექმნა ჩვენ რომელიმე ახალი ორგანო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არსებობს საპროპაგანდო კომისია დამფუძნებელი კრებისა, ჩვენ ეს საჭიროდ არ მიგვაჩნია.

მე მხოლოდ ერთ რამეს ვისურვებ, რომ მთავრობის პოლიტიკა იყოს გაშუქებული, რომ საპროპაგანდო კომისიის მოღვაწეობა ყოფილიყოს გაფართოებული.

დასასრულ იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩვენ ვართ, ეს გაზეთი, როგორიც არის, რომელიც გვაწვდის ცნობებს ჩვენი მთავრობის მოქმედების შესახებ და განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმარველობათა შესახებ, ასეთი გაზეთის გამოცემა აუცილებელია, მე დარწმუნებული ვარ, რომ დამფუძნებელი კრება ამას დაადასტურებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ თევზაიას.

. თევზაია. (ს.-დ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრმა ბ. ლეო შენგელაიამ წარმოდგენილ კანონ-პროექტის წინააღმდეგ იერიში მიიტანა. მხოლოდ ერთი ეშმაკობა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ თავიდანვე ეთქვა ის, რაც მას აინტერესებდა, რომ ჩვენი სიტყვები არ იბეჭდება იმ გაზეთში ვრცლადო და მოეთხოვა დამფუძნებელ კრებისაგან სპეციალური დადგენილება, რომ მისი სიტყვები დაბეჭდონ ვრცლად, ამის მაგივრად მან დაიწყო კვლევა ძიება და საბუთის ძებნა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გაზეთი და საერთოდ დააყენა საკითხი. იმდენად გათამამდა დამფუძნებელი კრების წევრი შენგელაია, რომ მან უკიდურეს ოპოზიციის წარმომადგენელმა ჩვენს რესპუბლიკაში, მაგალითები აზერბაიჯანის ძველი მთავრობის მოქმედებიდან მოიყვანა. საერთოდ როდესაც ბ. შენგელაია გამოდის რომელიმე კანონ-პროექტის წინააღმდეგ, მას არ ეხერხება მოყვანა რომელიმე მაგალითისა მოწინავე ქვეყნებიდან. მას ეხერხება მოყვანა იმ მაგალითებისა, რომელიც ჩამორჩენილ ქვეყნებში ხდება, მაგრამ აქაც უმტყუნა მას აზერბეიჯანის მისმა ძველმა საყვარელმა მთავრობამ. ჩვენ უთხარით ბ. შენგელაიას, რომ მან შეცდომით წამოისროლა სიტყვები. მაგრამ ის გულმოსული იყო: რატომ მისი სიტყვები მთავრობის მოამბეში არ იბეჭდება. ჩვენ უთხარით მას, რომ ბაქოში გამოდიოდა აზერბაიჯანის მოამბე რუსულად და თათრულად და ის იყო აზერბაიჯანის მთავრობის ყოველ დღიური გაზეთი. რაც შეეხება მეორე გაზეთს, ის იყო ოფიციოზი. ეს იცოდა მთელმა აზერბაიჯანმა. მე მგონია ეს იცოდა დამფუძნებელ კრების წევრმა ბ. შენგელაიამ, რომელიც იჩენს დიდ, სიტყვით მაინც ცოდნას იმის შესახებ, თუ რა ხდება მეზობელ ქვეყნებში. მოქალაქე შენგელაია შეეხო ისეთს საკითხს, რომელსაც თუ მას მართალია აქვს მოვალეობის შეგნება, არ უნდა შეხებოდა. შენგელაიამ ილაპარაკა საერთოდ, თუ რა დიპლომატია გვყავს, როგორ მდგომარეობაში არის და სხვა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამის მსაჯული ხალხი არის. მსაჯული იქნება მთელი ერი. მიუხედავად ბ. შენგელაიას სუსტი გამოსვლებისა, ჩვენი საგარეო პოლიტიკა უსათუოდ კარგ ხელში არის და თუ ბ. შენგელაიას ერთი დღით, ერთი საათით ჩაუვარდა ხელში, იმას დაემართება კიდევ უფრო უარესი, რაც დაემართა მის საყვარელ აზერბაიჯანის მუსავატის მთავრობას. (შენგელაია: მე მუსავატი არა ვარ?). ბ. შენგელაია ამბობს, რომ ის არ არის მუსავატი, მაგრამ, როგორც თავკოპალამ არ იცის თუ როგორ გამოვა მისგან ბაყაყი, ისე ბ. შენგელაია ვერ შეამჩნევს, რომ მისგან კარგი მუსავატისტი გამოვა. დიახ, აქ საკითხი იყო დასმული მთავრობის ოფიციალურ ორგანოს შესახებ. ასეთი ორგანო არსებობს, როგორც მოგახსენეთ აზერბაიჯანში „ვესტნიკ აზერბაიჯანი“, არსებობს საფრანგეთში: „ჟურნალ დ, ა ოფიციალ“, არსებობს. არსებობდა რუსეთშიაც. იქ იბეჭდება საერთოდ ოფიციალური ცნობები, რომელიც საჭირო არის საზოგადო დაწესებულებათათვის. ასეთია ჩვენი ორგანოც. ეს არის ოფიციალური ორგანო და იქ შეუძლებელია დაიბეჭდოს სხვა ხასიათის წერილები, ვინაიდან მაშინ ის მოითხოვს აუარებელს თანხას, ფულს. მოითხოვს 20-40 მილიონ მანეთს, ამათ კი თვით გაზეთი არ ღირს. კაცი, რომელიც აქ გამოდის, ეკონომიაზე ლაპარაკობს და ეკონომიკურ პოლიტიკას იცავს, ეხლა მოითხოვს, რომ ბეჭდონ აუარებელი სიტყვები და დაიხარჯოს ამაზე აუარებელი ფულიო. აქ ბ. ლეო შენგელაია - მე ვლაპარაკობ აშკარად, ვერ გრძნობს თავისი სიტყვების პასუხისმგებლობას. მას გონია, რომ ის არის უდიდესი მცოდნე სახელმწიფოებრივი საქმეებისა. მაგრამ ის ადვილად წამოისვრის ისეთ სიტყვებს, რომლებიც ამცირებს მას როგორც დამფუძნებელი კრების წევრს. ის ამბობს მაგალითად, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ყოველი წერა-კითხვის მცოდნე ყველა მინისტრი გახდაო. დიახ, ეს სთქვა მან, რომ ყველა წერა-კითხვის მცოდნე მინისტრი გახდაო. მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში არ არის არც ერთი დეპუტატი, რომელიც იყოს უფრო ნაკლები მცოდნე რომელიმე საკითხისა, ვიდრე ბ. შენგელაია. მას გონია, რომ ის არის დიდი მცოდნე, დიდად გამოცდილი საზოგადო მოღვაწე, მაგრამ „საქართველოს რესპუბლიკა“ ვერ აფასებს მას, ეს არის არსებითად. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლიან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ. თუ თქვენ გინდათ დაბეჭდოთ ვრცლად ის დიდი სიტყვები, რომლებიც აქ წარმოითქმება, ეს სხვა კითხვა არის. მაგრამ მე ვამბობ, ეს შეუძლებელი არის. ჩვენ ვამბობთ, რომ შეუძლებელია დღევანდელ პირობებში დაიბეჭდოს ყველა ის სიტყვები, რომლებიც აქ იქნება წარმოთქმული. ჩვენ გვგონია, რომ ეს გაზეთი აუცილებლად უნდა იყოს უმთავრესად ცნობების გაზეთი და ამ ოფიციალურ ცნობებს უნდა აქვეყნებდეს ის. (ვეშაპელი: თქვენ კითხულობთ მაგ გაზეთს?) მე მაგ გაზეთს უსათუოდ ვკითხულობ, ყოველ დღე ვკითხულობ, „კლდე“-საც ვკითხულობ და „შრომა“-საც. მე გაზეთებს ყოველთვის ვკითხულობ. ვამბობ, რომ ამ გაზეთში უნდა იბეჭდებოდეს ცნობები და არც ერთ დიდ პოლიტიკურ საკითხს, რომელიც სასწორზე დაიწევს, ან ერთი, ან მეორე მიმართულების მხრივ, ჩემის აზრით ასეთ წერილს ასეთ ორგანოში, დღევანდელ პირობებში, ადგილი არ უნდა ქონდეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ლეო შენგელაიას.

. შენგელაია (ს.-რ.) ბატონებო! მე არ მეგონა, რომ ნოე რამიშვილი ისეთ მეთოდებს მიმართავდა, რომელთაც დემაგოგიური ჰქვიან, არ მეგონა იმიტომ, რომ ის უბრალო მოღვაწე, პროპაგანდისტი კი არ არის, არამედ ის მინისტრი არის. მაგრამ მე მოვტყუვდი ჩემს მოლოდინში. მასზე სავსებით მართლდება თქმულება: „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“. მე მეგონა, რომ ბ. რამიშვილი არსებითად შეეხებოდა იმ საკითხს, რომელიც მე წამოვაყენე და შეეცდებოდა მოეყვანა საწინააღმდეგო ფაქტები. მე მოგახსენეთ, რომ ვერც ინფორმაციის და ვერც წერილების მხრივ ეს გაზეთი ვერავითარ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ბ. რამიშვილმა ცარიელ სიტყვებით განაცხადა: გაზეთი კარგიაო. არავითარი საბუთი მას არ მოუყვანია.

თუ თქვენ აიღებთ გაზეთის ნომრებს, დაინახავთ, რომ არავითარი ინფორმაცია იქ არ არის. იქ არავითარი ცნობები არ არის და თუ არის, ისიც დაგვიანებული, სხვა გაზეთებიდან გადმობეჭდილი, მაშინ, როდესაც ამბავს ყოველგვარი ფასი დაეკარგა, როდესაც ყოველმა მკითხველმა გაიგო მისი შინაარსი, ამ მხრივ ჩემი დებულება დარღვეული არ არის.

მე მოგახსენეთ აგრედვე რედაქტორის შესახებ. მე გეკითხებით: ჰყავს თუ არა მთავრობის მოამბეს რედაქტორი? არა! ერთ დროს ჰყავდა რედაქტორი. ის წავიდა.შემდეგ დაუნიშნეს რედაქტორი, რომელიც ისეთი მომზადებული გამოდგა, რომ სხვა ახალგაზრდებთან ერთად სასწავლებლად საზღვარ-გარედ გაიგზავნა. ეხლა რედაქტორი მთავრობის გაზეთს აღარა ჰყავს.

წარმოსადგენია თუ არა თუნდაც ოფიციალური ცნობების გამოქვეყნება მივანდოთ ისეთ ორგანოს, რომელსაც ხელმძღვანელი არა ჰყავს? შეიძლება თუ არა ეს? გვიბრძანოს ბ. მინისტრმა: ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, რომ გაზეთში გამოქვეყნდა ისეთი ცნობები, რომელნიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო? მე ვამტკიცებ, რომ ასეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაშასადამე, ცხადია, რომ გაზეთს პატრონი არა ჰყავს. და როდესაც ბ. მინისტრი ლაპარაკობს, რომ ყველაფერი რიგზედ არისო, ეს არის მხოლოდ სიყალბე და ცარიელი სიტყვები.

საერთოდ ბ. მინისტრებს ახირებული ზნე სჩვევიათ: ისინი ყოველთვის, როდესაც კი აქ გამოდიან, ჩვენ გვეკამათებიან პარტიულ ნიადაგზე. ისინი აქეთ გვედავებიან ჩვენ, რაც შეუწყნარებლად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მინისტრები არიან, მაინც მოხელეები არიან, თუნდაც უმაღლესი რანგისა, დამოკიდებულნი ჩვენგან. მათი სიტყვიდან კი გამოდის, თითქოს ჩვენ ვართ დამოკიდებულნი მათგან. თქვენ აღმასრულებელი უფლების წარმომადგენელნი ხართ და ამიტომ ვალდებულნი ხართ ანგარიში მოგვცეთ რა ხდება და რა გააკეთეთ. რაც შეეხება პარტიულ კამათს, ამისათვის აქ არის სხვა ხალხი - ფრაქცია. ჩვენი მინისტრები უმალვე პარტიულ ნიადაგზე გადაიტანენ კამათს, რადგან არ არის პასუხისმგებლობის გრძნობა. სწორედ ეს ახასიათებს ჩვენს მინისტრებს და ეს გამოსჭვივის ამ გამოსვლაშიაც. ერთი რამ ნათელი არის ჩვენთვის, ეს ის, რომ არავითარ განსხვავებას არ ხედავენ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ბ. რამიშვილმა ბრძანა, რა საჭიროა მთავრობის პოლიტიკის გარკვევა, როდესაც ეს პოლიტიკა უკვე გარკვეულია ჩვენს პარტიულ გაზეთებშიო.

მაშასადამე, მან დაადასტურა ის ბრალდება, რომელიც არა ერთხელ აქ წამოგვიყენებია. სოციალ-დემოკრატიის მოღვაწეობაში არავითარი გარჩევა არ არის პარტიის და სახელმწიფოს შორის. ამის შემდეგ ბუნებრივია ის, რასაც ბ. მინისტრი ბრძანებს: რაკი არის პარტიის ორგანო და ეს ორგანო არკვევს მთავრობის პოლიტიკას, ზედმეტია მაშინ ცალკე მთავრობის პოლიტიკის გამორკვევაო.

აქ მართლდება სავსებით „ახალი სხივის“ პოზიცია. და მიკვირს, ასეთ საკითხის დროს ისინი რად სდუმან, რად არ გამოდიან და არ იტყვიან იმას, რასაც სწერენ თავიანთ ორგანოში?!

მოგახსენებთ, რომ თუ კარგად ჩაუკვირდებით, არავითარი არსებითი განსხვავება არ არსებობს ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს შორის. შეიძლება ეს პარადოქსად ეჩვენოს ვისმე, მაგრამ იქაც და აქაც ერთი და იგივე დიქტატორული სული არის. იქ არის «Совђтская власть», აქ არის «Комитетская власть». აქაც და იქაც არის ერთი ფსიქოლოგიური ნიადაგი, ეს არის ფსიქოლოგიური დიქტატურა! აქ საკითხი ასე იდგა: როგორ სწარმოებს გაზეთის გამოცემის საქმე, სასურველი არის თუ არა მილიონები დაიხარჯოს ამ გზაზე? იმ პირობებში, რა პირობებშიაც ეს გაზეთი გამოდის და იმ შინაარსით, ყოვლად უაზრო იქნება მისი გამოცემა. ეს იქნება მსუბუქად მოპყრობა ხალხის ფულისადმი. ამ გამოცემას არავითარი პერსპექტივა, არავითარი მიზანი არა აქვს და უმიზნოდ კი არ შეიძლება ხალხის ფულის ხარჯვა. თუ მინისტრს აქვს თავისი საკმაო თანხა, დეე ხარჯოს, მაგრამ ეს არის ორგანო, რომელიც ხალხის ფულით გამოდის, რომელზედაც ხალხის ფული იხარჯება და ჩვენ მოვალენი ვართ ვთქვათ, თუ კი გაზეთს არავითარი ინფორმაცია არა აქვს, რედაქტორი არა ჰყავს, მაშინ რა მიზანი აქვს მის გამოცემას? არავითარი!

მე მესმის ასეთი პოზიცია, რომ ეთქვათ: მართლაც ცუდი პირობები იყო, მაგრამ შემდეგ ეს აღარ იქნება და ეს გაზეთს დაემსგავსებაო. ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როდესაც მინისტრი ბრძანებს, ყველაფერი რიგზედ არისო, ეს არის სრულიად ცარიელი სიტყვა! ბ. მინისტრმა მხოლოდ ერთ ჩემს დებულებას მიაქცია ყურადღება, მე ვამბობდი, რომ მთავრობის მოამბეში არ იწერება სახელმძღვანელო წერილები მეთქი. ჯერ ერთი, მე ამას გარდა მოვიყვანე მთელი რიგი მოსაზრებანი. მაგრამ თუნდაც ასე იყოს, განა მისაღებია ის მოსაზრება, რომელიც ბ. მინისტრმა მოიყვანა, რომ მთავრობის პოლიტიკა გარკვეულია და თურმე ეს პოლიტიკა ირკვევა ბ. მინისტრის სიტყვებში და ამიტომ ბ. მინისტრის სიტყვა უნდა დაიბეჭდოს ვრცლად. ეს მოწმობს იმას, რომ ბ. მინისტრი თავის თავს აყენებს პრივილეგიურ მდგომარეობაში. მე გეკითხებით თქვენ: რომელი კანონის, ან რა დამსახურების გამო უნდა იბეჭდებოდეს ბ. მინისტრის სიტყვა მთელ სვეტებად და ფელეტონებად და სხვა ფრაქციათა წარმომადგენლობის სიტყვები კი სრულიად არ იბეჭდებოდეს?

აქ ბ. თევზაიამ ბრძანა, შენგელაია გულმოსულია და იმიტომ ლაპარაკობსო. სამწუხაროდ ასე მეპყრობიან არა მარტო მე, არამედ ყველას, ოპოზიციურ ფრაქციების წარმომადგენლებს, რომელნიც აქ გამოდიან და ქებათა-ქებას არ ასხამენ მმართველი პარტიის პოლიტიკას, ეს უნდა ავღნიშნო როგორც არა სასურველი და მახინჯი მოვლენა ჩვენს პარლამენტარულ ცხოვრებაში. მე ვერ წარმომიდგენია სოციალისტური მთავრობა, სოციალისტური დამფუძნებელი კრება, სადაც ადგილი ჰქონდეს ასეთ პრივილეგიებს. ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენელნი და როგორ შეიძლება, რომ ხალხის ერთ წარმომადგენელს ჰქონდეს ერთი უფლება და მეორეს ნაკლები. ეს არის უზურპაცია, ტლანქი დარღვევა ხალხის წარმომადგენლის ყოველ-გვარი უფლებისა. ჩვენი მთავრობა პარტიულია, მაგრამ ნუ თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი საკითხი პარტიას და მთავრობას ერთნაირად ესმის?! ეს ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ პრიმიტიულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვერ გაგვირჩევია რა არის პარტია და რა არის სახელმწიფო. ბ. მინისტრმა განაცხადა, ყოვლად შეუძლებელია ერთნაირ პირობებში იბეჭდებოდეს ყველა ორატორების სიტყვებიო, რომ შენგელაიას სიტყვა ისევე დაიბეჭდოს, როგორც მთავრობის წევრის სიტყვაო. ეს ისეთი შემთხვევა არის, რომელსაც პრეცენდენტი არა აქვს ნამდვილი დემოკრატიის პრაქტიკაში. ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები, დეპუტატები და ვერ წარმოგვიდგენია დემოკრატი მინისტრი, რომელიც იტყვის, რომ ჩემი სიტყვა უნდა დაიბეჭდოს იმიტომ, რომ ის უფრო ემსახურება ხალხის ინტერესებსო. ბატონებო! ვისი სიტყვა არის უფრო ახლო ხალხთან და ვისი შორს, ვისი სიტყვა უფრო იცავს ხალხის ინტერესებს, ეს სადავო საკითხია. დეე ეს ხალხმა გამოარკვიოს. ამის უფლება თქვენ, და მით უმეტეს მინისტრს არა გაქვთ!.. ბ. თევზაიამ მისაყვედურა, რაღა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოგყავთ ყოველთვის ფაქტებიო! ეს მართალი არ გახლავთ, ვინაიდან თქვენ იცით, რომ სხვა მაგალითებიც მომიყვანია, მაგრამ თუ აზერბაიჯანის მაგალითები მომყავდა, ამაში არის მთელი ტრაგიზმი სოციალ დემოკრატიისა. ჩვენი მთავრობა იმდენად დაეცა პოლიტიკურად და ყოველ მხრივ, რომ ზოგიერთ საკითხში მას აზერბაიჯანის ძველი მთავრობა სჯობდა. მაგალითად იყო წარმოდგენილი იქ ამნისტიის პროექტი, რომელიც ეხებოდა ყოველ პოლიტიკურ დამნაშავეთ. თქვენ კი წამოაყენეთ ისეთი ამნისტია, რომელმაც გაანთავისუფლა მხოლოდ ყაჩაღები!.. რაც შეეხება ბ. თევზაიას სიტყვას, რომ თითქოს მუსავატი ჩვენი საყვარელი იყოს - ეს ალბათ უბრალო Lაბსუს ლინგვე უნდა იყოს. ყველამ იცის, რომ ჩვენი პარტია ყოველთვის სასტიკად ებრძოდა მუსავატის პარტიას. და თუ ქონდა ვისმეს მასთან კავშირი, ეს იყო ქართველ „მუსავატელების“ პარტია - მენშევიკებისა. (სიცილი). ეს ყველამ იცის.

ამნაირად, ბატონებო, მე ვიმეორებ, საღი მოსაზრება, რომელიც გვიმტკიცებდეს ჩვენ ამ გაზეთის გამოცემის საჭიროებას და მასზე მილიონების ხარჯვას, არ არის. ამიტომ, ჩვენი ფრაქცია იმეორებს, რომ იგი უნდა დაიხუროს!...

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

დ. ონიაშვილი. (მომსხენებელი). ამ საკითხის შესახებ ბევრი ითქვა და ამიტომ მე უარს ვაცხადებ უკანასკნელ სიტყვაზე.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვზე? წინააღმდეგი არიან ესერები. უმრავლესობა მომხრეა. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ონიაშვილი. (კითხულობს 1, 2, 3 და 4 მუხლს). კრება ყველა მუხლებს უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ: (კითხულობს) „დეკრეტი საქართველოს დეპეშათა სააგენტოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა“.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს დავით ონიაშვილს.

2. დეკრეტი საქართველოს დეპეშათა სააგენტოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. ონიაშვილი (მომხსენებელი). მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ საქართველოში არსებობს დაწესებულება, რომელსაც ჰქვიან სახელად დეპეშათა სააგენტო. ამ სააგენტოს მიზანია შეკრიბოს სხვა და სხვა ოფიციალური ცნობები, როგორც რესპუბლიკის საზღვრებში, ისე საზღვარ-გარედ და მიაწოდოს ეს ცნობები ადგილობრივ პრესას. ის ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც აქამდე არსებობდა, აღარ აკმაყოფილებს სააგენტოს, რადგან პირობები ამ დაწესებულების მუშაობისა საგრძნობლად შეიცვალა. მაგალითად საჭიროა, რომ ამ დაწესებულებაში მოწვეულ იქმნენ სპეციალისტები და ეს დიდ ხარჯებს იწვევს. გარდა ამისა, რიცხვი მომუშავეთა გადიდებულია. საჭირო მასალები, მაგალითად ქაღალდი და სხვა საგრძნობლად გაძვირდა. ამიტომ ყოველივე ეს ქმნის იმ პირობებს, რომ საჭირო არის ახალი ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა და ახალ შტატის მიღება. ამასთანავე, უნდა მოგახსენოთ ცნობისათვის, რომ ამ დაწესებულებას მარტო ხარჯები არ აქვს, მას აქვს თავისი შემოსავალიც: 4 ქართული გაზეთიდან შემოდის 14 ათასი მანეთი; 5 რუსული გაზეთიდან - 20 ათასი მან., 1 სომხურ გაზეთიდან - 5 ათასი მან., 6 კლუბიდან - 6 ათასი მან., 8 ბანკიდან - 16 ათასი მან., 30 საზოგადო და კერძო დაწესებულებიდან 45 ათასი მან., 3 პროვინციიდან - 9 ათასი მან. სულ თვეში 115 ათასი მანეთი. მაშასადამე ამ დაწესებულებას გასავალთან ერთად შემოსავალიც ჰქონია და ეს შემოსავალი ირიცხება ხაზინაში, რადგან იგი სახაზინო დაწესებულება არის. ჯერ-ჯერობით ეს დაწესებულება მოითხოვს საჭირო თანხის გაღებას 1 მარტიდან 1 ივნისამდე. ეს დეკრეტი განხილულია და მიღებულია მთავრობის მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ი. ნუცუბიძეს.

. ნუცუბიძე (სოც.-რევ.) ბატონებო! რაც ითქვა მთავრობის მოამბის შესახებ ჩვენი ფრაქციის მიერ, იგივე უნდა ითქვას სააგენტოს შესახებ. როგორც მთავრობის მოამბე, ისე სააგენტო არის ოფიციალური ორგანო მთავრობისა და როგორც ასეთი, იგი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ინტერესებს, ასეთია დანიშნულება იმ ოფიციალურ ორგანოსი, რომელიც შექმნილია ოფიციალურ სახელწოდებით და რომელზედაც იხარჯება ხალხის ფულები, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ეს ოფიციალური ორგანო ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესებს და არა სახელმწიფოს. გარდა იმისა, რომ ეს ორგანო არავითარ ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას, და თუ აწვდის, აწვდის ყალბ ინფორმაციას, ეს ორგანო ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესებს. თქვენ მოგეხსენებათ საერთოდ მნიშვნელობა ინფორმაციისა. ინფორმაცია ამუშავებს საზოგადოებრივ აზრს, ის ერთნაირ რეაქციას იწვევს მასში და ცხადია, რომ ყალბი ინფორმაცია ყალბ რეაქციას გამოიწვევს და ეს, უეჭველია, მოგვცემს არასასურველ შედეგებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწვდის ოფიციალური ორგანო, რადგან იმას ხალხი განსაკუთრებული ნდობით ეპყრობა. და რადგან ხალხი უტყუარ ჭეშმარიტებად იღებს იმას, რასაც აწვდის ეს ორგანო, იგი უნდა ცდილობდეს, რომ სწორი ცნობები მიაწოდოს, მაგრამ ეს ასე არ არის. რომ ეს ორგანო არა სდგას თავის დანიშნულების სიმაღლეზე, ამას ამტკიცებს და ნათელყოფს ის გარემოება, რომ იგი ცალმხრივად აწვდის ცნობებს საზოგადოებას დამფუძნებელ კრების მუშაობის შესახებ. მთავრობის წარმომადგენლებს - სოციალ-დემოკრატებს, ჰგონიათ, რომ ოპოზიცია არ არის სახელმწიფოებრივ ორგანიზმის ნაწილი, იგი არის რაღაც გარიყული, რომელსაც არაფერი არ მოეთხოვება და ამიტომ მისი შეხედულება ხალხს არ აინტერესებს. აქედან გამოდის ოფიციალური ორგანო და ამიტომ აწვდის ხალხს ცალმხრივ ცნობებს ჩვენი მუშაობის შესახებ. რასაკვირველია, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, რომ ჩვენ ხალხის წარმომადგენლები ვართ და იმგვარივე წესით არჩეულნი, როგორც უმრავლესობა, ჩვენც ისეთივე უფლება და ვალდებულება გვაქვს და ამიტომ ჩვენ შეგვიძლიან მოვითხოვოთ, რომ ჩვენი ხმაც მისწვდეს ხალხს. ჩვენ ასეთ მოთხოვნილებას არ უდგენთ კერძო, პარტიულ ორგანოებს - მათ შეუძლიანთ სავსებით არ მოიყვანონ მოწინააღმდეგე პარტიის ორატორების აზრი, მაგრამ ოფიციალურ ორგანოს, რომელსაც ასაზრდოებს ნივთიერად დამფუძნებელი კრება, არავითარ შემთხვევაში ამის უფლება არ აქვს. და ჩვენი მოთხოვნილება, რომ ჩვენი სიტყვებიც იქმნას მოთავსებული ამ ოფიციალურ ორგანოში თუ სავსებით არა, აზრი მაინც ჩვენი სიტყვებისა, მე მგონია, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნილება არის.

როგორია ის ბრძოლის მეთოდი, რომლითაც გვებრძვის ჩვენ სააგენტო? იგი ან არ მოათავსებს სრულიად ოპოზიციის ორატორების სიტყვებს და ან მოათავსებს ორიოდე სიტყვას ისე, რომ კაცი ვერაფერს გაიგებს. და თუ მაინცდამაინც მოათავსა, იმ ბოროტ-განზრახვით, რომ დაამახინჯოს. აი, ამ მეთოდით გვებრძვის უმრავლესობის პარტია და ამავე დროს გაიძახიან, რომ დემოკრატიული წყობილება გვაქვს და სიტყვის თავისუფლება არისო. (ლ. შენგელაია: სირცხვილია!). როცა ეს უმაღლესი სახელმწიფოს ტრიბუნა ასე შებორკილია, განა შეგვიძლიან ვთქვათ, რომ არის თავისუფლება აზროვნებისა? ჩვენ დეპუტატები, ხალხის წარმომადგენლები ვართ და არა გაქვთ ზნეობრივი უფლება, რომ ჩვენი სიტყვები არ იქმნას მოთავსებული ისე, როგორც ათავსებთ თქვენ სიტყვებს.

მე მაგონდება სახელმწიფო სათათბირო. იქ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო ოპოზიციის წარმომადგენლებისა, ვიდრე აქ, ჩვენს დამფუძნებელ კრებაში. (შენგელაია: სამარცხვინოა!). და რა იქნებოდა, რომ იქ ოპოზიციის სიტყვები არ მიეწოდებინათ ხალხისათვის? ეგრე რომ არ ყოფილიყო, განა გვეცოდინებოდა რას ამბობდენ ჩხეიძე და წერეთელი? განა გაცილებით უფრო კეთილშობილი არ იყო რუსეთის ლიბერალური პრესა, რომელიც მეტის ყურადღებით ეპყრობოდა ოპოზიციის ორატორებს, ვიდრე თქვენ გვეპყრობით ჩვენ.

ჩვენ გველაპარაკებიან, რომ დემოკრატიული წყობილება არის, მთავრობა დემოკრატიის ინტერესების გამომხატველიაო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. სამწუხაროდ ჩვენში არის გამეფებული ოლიგარხია და სხვათა შორის აი ის საგანი, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამას სავსებით ააშკარავებს. მე არ მინდა ვირწმუნო, რომ ამ დამახინჯებაში ედოს ბრალი ბ. აბაშელს, რომელიც როგორც პიროვნება, კეთილშობილი უნდა იყოს. ის მოწოდებით პოეტი არის, და მე მგონია, რომ აბაშელი აქ არაფერ შუაშია. (რეპლიკა არ ისმის). მე გეთანხმებით სავსებით, აქ შუაში არის ბ. რამიშვილი, რომელიც უკარნახებს მას ისე მოიქცეს და ეს დღეს მან თითონ განაცხადა. (კედია: ეს ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება?). ბატონებო! ხალხს გააგებიეთ ჩვენი აზრი და ის იქნება ჩვენი მსაჯული. მე ბატონებო, ლაპარაკს არ გავაგრძელებ იმიტომ, რომ სავსებით არის ეს საკითხი გაშინჯული. მხოლოდ დასკვნისათვის მე განვაცხადებ იმას, რომ ეს ორგანო, რომელიც არა სდგას თავის დანიშნულების სიმაღლეზე, რომლის საბუთებიც აუარებელი მაქვს აქაც და ბევრი სახლშიც, და რომელიც ბღალავს ამ უმაღლეს ტრიბუნის თავისუფალ დანიშნულებას, ჩვენ აი ამ ორგანოს კრედიტს ვერ გაუხსნით, სანამ ის არ ამაღლდება თავის დანიშნულების სიმაღლემდე.

თავმჯდომარე. უკვე სამი საათი გახლავთ, ბატონებო. ინებეთ რომ კრება საკითხის დასრულებამდე გაგრძელდეს? სიტყვა ეკუთვნის ლეო შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! საქართველოს დეპეშათა სააგენტოს მოღვაწეთა წინააღმდეგ ჩვენ, სოც.-რევოლიუციონერებს არა ერთხელ გაგვიცხადებია ცხარე პროტესტი დამფუძნებელ კრების ტრიბუნიდან და მის გარეშე პრესის საშუალებითაც. ჩვენი ერთად ერთი სურვილი, რომელიც გვამაგრებს ამ შემთხვევაში იყო და არის ის, რომ დეპეშათა სააგენტო დადგეს ობიექტიურ ნიადაგზე, რომ ის დადგეს თავის დანიშნულების სიმაღლეზე, რათა ის ფეხქვეშ არ სთელავდეს ჩვენს უფლებას. მაგრამ, ვინაიდან ამ მხრივ მთავრობას არავითარი ზომები არ მიუღია დღვანდლამდის, ვინაიდან დღეს მთავრობაზე და დეპეშათა სააგენტოს მესვეურებზე შეიძლება ითქვას კრილოვის სიტყვებით: «А Васька слушаетъ да ђсть», ჩვენ იძულებული ვართ ფარდა ავხადოთ დეპეშათა სააგენტოს მართლაც დანაშაურ მოღვაწეობას. ჩვენი დეპეშათა სააგენტოს მოღვაწეობა არის საუკეთესო ნიმუში იმ დუხჭირი პოლიტიკისა, რომელსაც მთავრობა ატარებს ცხოვრებაში. სოციალ-დემოკრატიულ პარტიის პრაქტიკული შემოქმედება, აზროვნება ისე დაკნინდა, რომ მან სავსებით გადმოიტანა ძველი ბიუროკრატიული მეთოდები ცხოვრების ყოველ დარგში, რომ ეს ასე არის, ამას მოწმობს ის, რაც ხდება ამ დაწესებულებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პეტროგრადის დეპეშათა სააგენტოს და ჩვენს დეპეშათა სააგენტოს შორის არავითარი განსხვავება არ არის. პეტროგრადის დეპეშათა სააგენტოს ახასიათებს ორი მთავარი თვისება, ერთი მხრით უსაზღვრო ცალმხრივობა და მეორე მხრით სიყალბე. ის არ იყო კეთილსინდისიერი მსახური და ამსრულებელი თავის მოვალეობისა. ეს იყო ისეთი დაწესებულება, რომელიც წარმოადგენდა მეორე საცენზურო განყოფილებას, სადაც მახინჯდებოდა ყოველი საღი აზრი და ითხზებოდა ის, რასაც მოისურვებდა მმართველი ბიუროკრატია. მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ასევე არის ჩვენში. რა თქმა უნდა, არის განსხვავება ჩვენსა და იმ სააგენტოს შორის. პეტროგრადის სააგენტოს სათავეში უდგანან ძველი ბიუროკრატები, რომელთაც ის ღირსება მაინც ქონდათ, რომ თავის თავს ბიუროკრატებს ეძახდნენ და ამ სახელის არ ეშინოდათ. მაგრამ ჩვენში დეპეშათა სააგენტოს სათავეში არიან ისეთი პირები, რომელნიც ცნობილნი არიან, როგორც საზოგადო მოღვაწენი, სოციალისტებს უწოდებენ თავიანთ თავს და წარმოიდგინეთ ზოგიერთი მწერალიც არის აქ. საქართველოს დეპეშათა სააგენტოს წინააღმდეგ ჩვენ ვაყენებთ ორ კონკრეტულ ბრალდებას. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ დეპეშათა სააგენტო აბუჩად იგდებს ყველა იმ ორგანიზაციებს, რედაქციებს და დაწესებულებებს, რომელსაც აწვდის ის ცნობებს. ჯერ ერთი სააგენტოს დეპეშის თარგმანი მეტად უვარგისი არის, დეპეშების გადმოცემას ის ყოველთვის აგვიანებს. ვერც ერთ რედაქციას ვერ დამისახელებთ, რომ თავის დროზე იღებდეს დეპეშებს. ვერც ერთ გაზეთს ვერ ნახავთ, რომ ის ათავსებდეს დღეს მიღებულ დეპეშებს ხვალინდელ ნომერში. და მე გეკითხებით თქვენ, ბატონებო, ეს დასაშვებია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით? აშკარა არის, რომ თუ ამნაირად მოეპყრობით ხელის მომწერლებს, არაფერი შემოგივათ და ყოველთვის დეფიციტი გვექნება. (ნოე რამიშვილი: ეს პოლიტიკა არის?).

დიახ, ეხლავე პოლიტიკაზედაც მოგახსენებთ. მეორე ბრალდება გახლავთ ის, რომ ეს სააგენტო სისტემატიურად ებრძვის ჩვენს თავისუფალს სიტყვას, ამახინჯებს და ამასხარავებს მას, განსაკუთრებით ოპოზიციის ორატორების სიტყვებს. აქ ბრძანეს: ფაქტებიო. დიახ, მე მოვიყვან ამ ფაქტებს, ხელთა მაქვს დეპეშები, მაგრამ, ვიდრე ფაქტებზე გადავიდოდე, მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო შემდეგ მოვლენაზე. სააგენტოს ასეთი მოქმედების შესახებ ჩვენ რამდენჯერმე წერილი დავბეჭდეთ გაზეთში, ბოლოს ჩვენი ფრაქცია იძულებული გახდა წერილობით მიემართა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისათვის. ჩვენ საგანგებო წერილი გაუგზავნეთ პრეზიდიუმს სააგენტოს ასეთი მოქმედების შესახებ, მის წინააღმდეგ პროტესტს ვაცხადებდით. გარდა ამისა ჩვენი პირველი მოთხოვნილება იყო, რომ სააგენტომ ყველა ორატორების სიტყვები გადასცეს ობიექტურად, მიუდგომლად. მეორე ჩვენი მოთხოვნილება იყო ასეთი: ვინაიდან ყოველი გამოსვლა დამფუძნებელ კრებაში, ყოველი სიტყვა არის საპასუხისმგებლო, სახალხო, ამიტომ მოვითხოვთ, რომ, ვიდრე დაიბეჭდებოდეს, სიტყვის მოკლე შინაარსი წარედგინოს დეპუტატს. ეს სამართლიანი მოთხოვნილება იყო და ვერც ერთი თქვენგანი ამის წინააღმდეგი ვერ წავა. სამწუხაროდ, ამაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ, პრეზიდიუმმა მოსთხოვა განმარტება სააგენტოს დირექტორს ბ. კალანდაძეს. სააგენტოს დირექტორმა კატეგორიულად უარჰყო ჩვენი მოთხოვნილება და დასძინა, რომ შესაძლებელია ასეთი შემთხვევა იყო და შემდეგ ამას ადგილი აღარ ექნებაო და მოითხოვა ჩვენგან კონკრეტიულად ფაქტები დაგვესახელებინა. მაგრამ ჩვენ ზედმეტად მივიჩნიეთ ბ. კალანდაძეებთან კამათი და ეხლა პატივი გვაქვს მოგახსენოთ ეს ფაქტები. მე მოგახსენებთ, რომ სააგენტო სისტემატიურად ამახინჯებს ოპოზიციის ყველა ორატორების სიტყვას. ეს ეხება არა მარტო შენგელაიას, გობეჩიას, არამედ ეს ეხება ყველას: სოც.-ფედერალისტებს, ნაც.-დემოკრატებს და სხვებს. ეს სისტემატიურად ხდება და რომ ეს ასე არის, მოგიყვანთ ამის მაგალითებს. (გვაზავა ადგილიდან: ეს აშკარაა!). აქ არის მოყვანილი სააგენტოს ანგარიში 23 იანვრის სხდომისა. მაშინ დღის წესრიგში იყო 23 თებერვლის დეკრეტის გაუქმების შესახებ წარმოდგენილი დეკრეტი. ამ დეკრეტის შესახებ გამოვიდნენ ორატორები, სხვათა შორის ჩვენი ამხანაგი დეპუტატი ნუცუბიძე. აქ შედარებით ვრცლად არის მოყვანილი მისი სიტყვა, მაგრამ ანგარიში შედგენილია ტენდენციურად. აი ამაში მდგომარეობს ეს ტენდენცია: 23 იანვრის სხდომის ანგარიშში სააგენტოს აქვს ასეთი ადგილი:

Предсђдатель. Въ распоряженიи оратора имђется одинъ часъ. Может быть въ теченიе этого времени ораторъ приблизится къ обсуждаемому вопросу.

რას ნიშნავს? ესე იგი ორატორს აქვს ერთი საათი. რამდენიც სისულელე არ უნდა ილაპარაკოს, რა უზამ, ხელი არ უნდა შეუშალოთო. ეს არის აშკარა დაცინვა. ამის უფლება არა აქვს თავმჯდომარეს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ასე იქცეოდეს დამფუძნებელი კრების კულტურული თავმჯდომარე. მე ძლიერ მეინტერესებოდა მართლა სთქვა თავმჯდომარემ ეს სიტყვები თუ არა. მივმართე სტენოგრამას. მაგრამ მასში ამის მსგავსი არაფერი არის. (ხმები: სირცხვილი!). ეს დასჭირდა სააგენტოს დეპუტატის დასამცირებლად!

პირველი სესიის ანგარიშები რომ გადაათვალიეროთ, იქ ნახავთ შემდეგს: გამოდის მინისტრი, ამბობს ვრცელ სიტყვას, ხოლო რაც შეეხება სხვა ორატორებს, მათ შესახებ სწერია: დეკრეტის წინააღმდეგ გამოვიდა გვაზავა. რა სთქვა გვაზავამ, არა სჩანს. დეკრეტის წინააღმდეგ გამოდის შენგელაია, რა სთქვა - არა სჩანს.

ასე გრძელდებოდა მთელი სესიის განმავლობაში, თითქოს დამფუძნებულ კრებაში მარტო მინისტრები ლაპარაკობდენ! გადაათვალიერეთ სააგენტოს ანგარიშები და თუ ეს მართალი არ არის, მე მაშინ ბოდიშს მოვიხდი. (გვაზავა: მართალია?). ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენი გვარი არ არის მოყვანილი. მაგრამ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი სიტყვები არ მოყავდათ, არის შემთხვევები, რომ ზოგიერთ უბრალო ჩვენს წინააღმდეგ მომართული რეპლიკაც კი იყო მოყვანილი. აი მაგალითად: აქ ნუცუბიძე ლაპარაკობდა. ლაპარაკი შეეხებოდა სოციალისტურ კონგრესის რეზოლიუციას, ამ დროს ბ. ნიკოლაძემ ასეთი რეპლიკა მისცა: „შეიძლება ასეთი ბავშვური ლაპარაკით დრო წავართვათ დამფუძნებელ კრებასო?“ გეკითხებით თქვენ, იმ დროს, როდესაც დეპუტატის მთელი სიტყვა არ მოგყავთ, რა მიზნით მოგყავთ რეპლიკა? იმ მიზნით, რომ დაამციროთ დეპუტატი. (ხმაურობა). მე გთხოვთ გამობრძანდეთ და მიპასუხოთ, თუ რამე სათქმელი გაქვთ. შემდეგ იმავე 23 იანვრის სხდომაზე მე გამოველ. არ მახსოვს რამდენი ხანი ვილაპარაკე, ყოველ შემთხვევაში ნახევარ საათი ვილაპარაკე. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ის, რომ იქ არის დამახინჯებული ჩემი აზრი. მე ვამბობდი, რომ 23 თებერვლის დეკრეტი ეხება არა კონფისკაციას, არამედ ის ეხება მთელ რეფორმას და ვიდრე ეს რეფორმა არ დამთავრებულა, მისი გაუქმება შეუძლებელია, ასეთი იყო ჩემი აზრი. როგორ არის ახლა ეს გადაღებული? (კითხულობს): Л. Шенгелая. Высказывается противъ декрета. Ораторъ считаетъ недорозумђнიемъ утвержденიе, что постановленიе Комиссарიата было временное. ე. ი. გამოდის, რომ ეს დროებით კი არა სამუდამო ყოფილა, რომ შენგელაია სულელი ყოფილა, გამოდის, ლაპარაკობს და არც კი იცის რაზედ ლაპარაკობს. მას შემდეგ რაც ჩვენ დაფმუძნებელ კრების პრეზიდიუმს პროტესტი გაუგზავნეთ, სააგენტომ რამდენიმე სხდომის ყოვლად დამაკმაყოფილებელ ანგარიშები შეადგინა და ვერც ერთი პარტიის წარმომადგენელი ვერ იტყოდა საყვედურს, აი მაგალითად 3 მარტის ანგარიში. ასე, რომ მათ ეს შეუგნიათ, მაგრამ სამწუხაროდ სააგენტო ისევ ძველ გზას დაუბრუნდა! ბ. რამიშვილი თხოულობდა ფაქტებს და მეც იძულებული ვარ კიდევ მოვიყვანო ფაქტები და მიგითითოთ იმ ვაკხანალიაზედ, რომელიც ხდება. თქვენ იცით, რომ აქ იყო წარმოდგენილი დეკრეტი ამნისტიის შესახებ. პროექტის შესახებ რამდენიმე ორატორი გამოვიდა. ვილაპარაკე მეც. სხვათა შორის ილაპარაკა სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელმა ბ. იესე ბარათაშვილმა. აი როგორ არის გადაცემული ჩვენი სიტყვები. იმ მხრივ, რომ ახასიათებს სააგენტოს, რომელ დეპუტატის სიტყვა როგორ გაუგია. ჩემი სიტყვა არის მოყვანილი ასე (კითხულობს): თითქოს მე ვამბობდე, რომ აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო უკეთესი მიწის კანონი და ამნისტიაც. მე პარლამენტთან არავითარი საქმე არ მქონდა. პარლამენტის დამცირება ჩემი მიზანი არ იყო. მე არ მითქვამს ეს და ვერც ვიტყოდი. მე ვთქვი მხოლოდ, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ წარმოადგინა ამნისტიის და აგრარულ რეფორმის პროექტი უფრო რადიკალური, ვიდრე თქვენ. სააგენტო სწერს, თითქოს მათ მიიღეს ეს კანონები. ეს არის დამახინჯება ჩემი სიტყვისა. იმ დღეს გამოვიდა აგრეთვე იესე ბარათაშვილი. ის მხარს უჭერდა ამნისტიას და სხვათა შორის სთქვა: სპეკულიანტების განთავისუფლება შეუძლებელია, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ვინც დიდი სპეკულიანტები არიან, ისინი ახერხებენ თავიდან აიცდინონ სასჯელი, ხოლო წვრილი ვაჭრები, რომელთაც ნიხრზე ზევით ყველი გაყიდეს და რამოდენიმე მანეთი მოიგეს, ეს ხალხი უნდა გაანთავისუფლოთო. როგორ არის ეს გადაცემული „იესე ბარათაშვილმა მოითხოვა სპეკულიანტების ამნისტია, გაანთავისუფლეთ სპეკულიანტებიო“. განა ეს არ არის სრული ფალსიფიკაცია? მას არ მოუთხოვია სპეკულიანტების განთავისუფლება. მაგრამ თქვენ ეს დაგჭირდათ პარტიული კაპიტალისათვის, სადემაგოგიოთ.

ასეთია ფაქტები. მას ვერ გააბათილებს ბ. რუსიას ლათაიები! (რუსია: ღირსი არა ხართ ტრიბუნისა! რას ნიშნავს ლათაიები? ილანძღებით! თავმჯდომარე ზარს რეკავს). თქვენ იცით აქ ირჩეოდა შტატები მიწად-მოქმედების სამინისტროსი, გაიმართა კამათი და აი როგორ არის ეს მოყვანილი. უნდა გაგახსენოთ, რომ სააგენტო ალამაზებს სოციალ-დემ. ორატორების სიტყვებს. რუსულ ენაზე ეს სიტყვები უფრო კარგად გამოდის, ვიდრე ამ ტრიბუნიდან. სააგენტო ჩვენ სიტყვას ობიექტიურად კი არ გადასცემს, არამედ რეცენზიას უკეთებს. მაგ. ბ. ხომერიკის სიტყვაში ნათქვამია (კითხულობს): «Грубую ошибку, допущенную г. Шенгелая, Министръ объявляетъ» და სხვა. ეხლა ვისი აზრია ეს «грубую ошибку», თუ ეს მინისტრის აზრია, უნდა ეთქვა «По мнђнიю министра грубую ошибку допустил Шенгелая», მაგრამ ეს ასე არ არის, სჩანს მისი აზრია. ეს არ არის ობიექტიური გადაცემა, ეს არის რეცენზია.

მე შემეძლო კიდევ საბუთები მოვიყვანო, მაგრამ საჭირო არ არის. მხოლოდ ერთი კი აშკარაა, სააგენტო სისტემატიურად ებრძვის ჩვენს თავისუფალს სიტყვას და ასე ხდება არა მარტო ჩემს მიმართ, არამედ ყველას მიმართ, ვინც სოციალ-დემოკრატი არ არის. თქვენ გეხსომებათ, ყარაბაღის ამბების შესახებ იყო გამოსვლები დამფუძნებულ კრებაში. მაშინ ყველა ფრაქციების წარმომადგენლები გამოვიდნენ. მოყვანილი იყო სააგენტოს ანგარიშში ყველას სიტყვა, მაგრამ გამოტოვებული იყო ერთი ფრაქციის წარმომადგენლის გვაზავას სიტყვა. (გვაზავა ადგილიდან: მართალია!) თავის-თავად გვაზავა და შენგელაია შეიძლება საინტერესო არ იყვნენ, მაგრამ გვაზავა და შენგელაია, როგორც ცალკე მიმართულებათა წარმომადგენლები, უნდა იყვნენ მოხსენებული იქ, სადაც თქვენ მოგყავთ სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლების სიტყვები.

ჩვენ არ მოგახსენებთ, რომ ჩვენი სიტყვები ფელეტონებად დაბეჭდოთ, მაგრამ მოვითხოვთ, რომ ობიექტიურად გადასცეთ ჩვენი აზრი ხალხს. ცოტაოდენი პატივისცემა მაინც იქონიეთ, თუმცა თქვენ პარტიას არ სჩვევია პატივისცემით მოპყრობა მოწინააღმდეგისადმი, თქვენ ყოველთვის უდიერად ექცეოდით მოწინააღმდეგეებს, - გაიხსენეთ მარქსის კამათი პრუდონთან და სხვა, - მაგრამ ცოტაოდენი რიგიანობა რომ გამოიჩინოთ ზედმეტი არ იქნება.

როცა ვლაპარაკობთ იმ ცალმხრივობაზე, რომელსაც იჩენს სააგენტო ოპოზიციის ორატორებისადმი, მე ძალაუნებურად მაგონდება რუსეთი, რომელზედაც ამხანაგმა ნუცუბიძემ მოგახსენათ. როგორ ეპყრობოდა იქაური პრესა სოციალ-დემოკრატიას? მაშინ თქვენ იყავით ოპოზიციაში, ყველას ებრძოდით. სოციალისტებს არ ჰქონდათ საშუალება გამოეცათ საკუთარი გაზეთი. გამოდიოდა მხოლოდ ლიბერალური გაზეთები: „რუსსკოე სლოვო“, „რუსსკია ვედომოსტი“ და სხვა. მაგრამ, წარმოიდგინეთ, არამც თუ კადრულობდენ იმას, რომ დაემახინჯებინათ ოპოზიციის სიტყვები, არამედ მთელი სტენოგრაფიული ანგარიშები მოყავდათ და როდესაც კი შეამოკლებდენ, ატყდებოდა ერთი აურზაური.

აქ არიან სათათბიროს ყოფილი წევრები და დამეთანხმებიან, რომ არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ ოპოზიციის სიტყვები განზრახ არ დაესტამბოთ, თუმცა ეს მეტად საძნელო და სახიფათო იყო მათთვის. ისეთი ლიბერალური გაზეთები როგორიც იყო „რუსსკოე სლოვო“ და „რუსსკია ვედომოსტი“, ყოველთვის ბეჭდავენ ოპოზიციის დეპუტატების სიტყვებს. შეიძლება გვითხრან, რომ იქ ბრძენები იყვნენ და იმათ ვერ შევედრებითო, მაგრამ ეს პირად ღირსებას შეეხება და არ მინდა ვიდავო. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ასეთი მოპყრობა სიტყვის თავისუფლებისადმი, როგორსაც იჩენს სოციალ-დემოკრატია, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. და ეს ხდება იმიტომ, რომ ამას მოითხოვს პარტიული ინტერესები სოციალ-დემოკრატებისა. ავიღოთ მაგ. ქალაქის საბჭოს სხდომები, მუშათა საბჭო და სატარიფო პალატა. უკანასკნელში არიან წარმომადგენლები მუშებისა და ვაჭრების. ის არ არის რევოლიუციონური ორგანიზაცია. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის არის, რომ მათი სხდომების ანგარიშები იბეჭდება ვრცლად. და რა დააშავა დამფუძნებელმა კრებამ? ეს სახელმწიფოსთვის უარყოფით შედეგს მოგვცემს. (კედია: მართალია!) ეს უარყოფა არის პარლამენტარიზმისა და თუ უმრავლესობა უარყოფს პარლამენტარიზმს, ეს მით უფრო ჩვენთვის ადვილია.

გულის ტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს მეთაურებში არიან გულწრფელი პირები, მე არ მოგახსენებთ კალანდაძეზე, მას ბევრს ვერ მოვთხოვთ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან დასწერა წერილი „სოლომონ ზურგიელიძისადმი“, რომელიც სამუდამოდ დარჩება ნიმუშად სერვილიზმისა და ლაქიობისა. მაგრამ მე ვერ გამიგია, რომ აბაშელი, რომელიც არის პოეტი, - პოეტი კი მე წარმომიდგენია დამოუკიდებელ სულის მატარებლად, როგორც მოტრფიალე თავისუფლებისა, - ხდება ჯალათად თავისუფალ სიტყვისა. ეს ხდება ბ. რამიშვილის ზედგავლენით.

ორში ერთია - ან ჩვენ ვართ სულელები და სოციალ-დემოკრატიას ეცოდება ხალხი, ან და შეიძლება, რომ სოც.-დემ. ჩვენი სიმართლის ეშინიან და ამიტომ არ აწვდის ხალხს ჩვენს სიტყვებს. ავიღოთ პირველი დებულება. ვთქვათ ჩვენ სულელები ვართ, უნდა მოგახსენოთ რომ ეს დებულება სწორედ სოც.-დემოკრატებისათვის არის სასარგებლო. თუ ჩვენ სულელები ვართ, მაშინ მათი პარტიული ინტერესი უნდა მოითხოვდეს, რომ ხალხს დაანახონ, რომ მათ სულელები აირჩიეს და ხალხი დაინახავს ამას და შემდეგ აღარ აგვირჩევს. მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია მეორე დებულება: მათ ჩვენი სიმართლისა ეშინიათ. მაგრამ მე მწამს, რომ ჩვენი სიტყვა ხალხს მისწვდება და იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ აპატიებს ასეთ თაღლითობას იმ ხალხს, რომელიც სოციალ-დემოკრატიას უწოდებს თავს.

ამნაირად თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი სააგენტო სისტემატიურად ებრძვის არასოციალ-დემოკრატ ორატორებს. ჩვენ დევნილნი ვართ. ჩვენი სიტყვა არ არის თავისუფალი. ჩვენ გვაქვს იმმუნიტეტი და როდესაც ამის გამო ბ. რამიშვილმა ვერაფერი გააწყო, ვერ გვიჭერს, დააწესა ფაქტიური ცენზურა!.. სოც.-რევ. ფრაქციის სახელით ვაცხადებ სასატიკ პროტესტს ამ ცენზურის წინააღმდეგ და მოვითხოვ ამ ვაკხანალიის მოსპობას. ძირს ცენზურა! გაუმარჯოს თავისუფალ სიტყვას!..

თავმჯდომარე. ბ. მელიტონ რუსია.

რუსია. (ს.-დ.) რაც ითქვა დეპეშათა სააგენტოს შესახებ, ეს იყო განმეორება ბ. შენგელაიას სიტყვისა, ამიტომ ის, რაც ითქვა ბ. შენგელაიას შესახებ, ითქმის ბ. ი. ნუცუბიძის, უკანასკნელ ორატორის შესახებ. მე მხოლოდ მინდა თქვენი ყურადღება ორ რამეზე მივაქციო. ერთი ის, რომ არც ერთი საბუთი დეპეშათა სააგენტოს შესახებ არ მოუყვანია ბატონ ორატორს. საიდგან სჩანდა, რომ მათი სიტყვები განზრახ დაამახინჯეს? მაშასადამე მთელი ლაპარაკი უკანასკნელ ორატორისა იყო ზეპირი. (რეპლიკა არ ისმის). ბატონებო, თქვენ არ მოიყვანეთ არც ერთი მაგალითი იმისა, რომ სააგენტო თქვენ სიტყვებს ამახინჯებს. ზეპირად ლაპარაკი ბატონებო, ამ ტრიბუნას არ შეეფერება. თუ დაუკვირდებით სოციალ-რევ. წარმომადგენლის სიტყვებს, თქვენ მხოლოდ ერთს მიხვდებით: მათ უნდათ ეს ორგანო სოც.-რევოლიუც. საპროპაგანდო ორგანოდ გადააქციონ. აი ეს არის ბატონებო, შინაარსი თქვენი ლაპარაკისა. თქვენ გინდათ რომ თქვენი აზრი, თქვენი მიმართულება, თქვენი იდეალები გავავრცელოთ ხალხში, პოპულიაზაცია უყოს დეპეშათა სააგენტომ. ნუ თუ თქვენ არ გესმით, რომ ეს შეუძლებელია? ეს, რომ გვინდოდეს კიდეც, ჩვენი ხალხი ამის ნებას მოგვცემს, (გვაზავა: თქვენი აზრი ხომ შეიძლება გავრცელდეს?). როდესაც ამას მხარს უჭერს ბატონი გვაზავა, მე მიკვირს თქვენ არ ლაპარაკობთ, რომ ეს ორგანო არის მთავრობის ორგანო და მაშასადამე, როდესაც მინისტრი გამოდის ტრიბუნაზე და ლაპარაკობს, ის თავის აზრს კი არ აცნობებს დამფუძნებელ კრებას, ის აცნობებს იმ შეხედულებას, იმ პოლიტიკას, რომელიც არის მთავრობის პოლიტიკა. (რეპლიკა არ ისმის), და რატომ გიკვირთ, ეს რომ მთავრობის ორგანო ბეჭდავს მინისტრის სიტყვას, რომელიც იმავე დროს არის მთავრობის აზრი და შეხედულება? (გვაზავა: ეს ასე უნდა იყოს?) რასაკვირველია ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ თუ გგონიათ დეპეშათა სააგენტო არის სააგიტაციო ორგანო და სხვა და სხვა პარტიულ ორგანიზაციებისა, თქვენ შემცდარი ბრძანდებით. ჩვენ არ შეგვიძლიან ბატონებო, სახელმწიფო ფული ვხარჯოთ იმაზე, რაც სოც.-რევ. უნდათ - თქვენ მოითხოვთ იმას, რომ სახელმწიფოში მთავრობამ თავისი ორგანოში მთელი თქვენი აზრი გამოაქვეყნოს. თუ თქვენ გაგიგონიათ, რომ თქვენს სიტყვებს დეპეშათა სააგენტო ამახინჯებს, გამობრძანდით და აქ განაცხადეთ ტრიბუნიდგან მხოლოდ ამის მაგალითები უნდა მოიყვანოთ. ეს თქვენ არ ინებეთ. ამიტომ, ბატონებო, თქვენ დღეს რაც სთქვით ეს არის ზეპირი ლპარაკი და მიზანი კი მხოლოდ ერთი იყო. თქვენ გგონიათ, რომ თქვენი გამოსვლის შემდეგ მთავრობის მოამბე შეცვლის თავის პოლიტიკას იმ მხრივ, რომ დაიწყებს თქვენი აზრების გავრცელებას. ვიმეორებ, ჩვენ რომ მოვინდომოთ, ამის ნებას ხალხი არ მოგვცემს. მეორე, ბატონებო დამფუძნებელ კრების ყოველ წევრს, ყოველ მოლაპარაკეს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ მისი სიტყვები იქნას ჩაწერილი სრულიად. ბ. შენგელაია კი ამბობს, რომ მაინც ეს დეპეშები არ შედისო. ყოვლად შეუძლებელია სტენოგრაფიული ანგარიში თქვენი წარმოთქმული სიტყვისა, თუნდაც საინტერესო სიტყვა, დეპეშათა სააგენტომ სრულიად გადაიღოს. ეს ყოვლად შეუძლებელია. დეპეშათა სააგენტოს ამის არც ადგილი და არც საშუალება არ ექნება.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი. ოპოზიციის წარმომადგენელმა სასტიკად გაილაშქრა ამ დეკრეტის წინააღმდეგ, მაგრამ ჩემის აზრით, არც ერთი სერიოზული საბუთი არ წამოუყენებია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ხარჯთ-აღრიცხვა უნდა უარვყოთ. შეიძლება სააგენტოს ქონდეს ნაკლი. ოპოზიციამ არ დასვა საკითხი ასე. საქართელოს სააგენტოს ქონდა დეფექტები, მაგრამ სწორედ ამიტომ, რომ ეს დეფექტები იქმნეს აშორებული, უნდა დამტკიცდეს ეს შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა. ამით შეიქმნება ისეთი პირობები, რომელიც სააგენტოს მუშაობას ჩააყენებს ნორმალურ კალაპოტში. რაც შეეხება ინფორმაციას, მე მგონია, რომ ეს მეტის მეტი გაზვიადებაა. ეს არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ოპოზიციის წარმომადგენლებს გონიათ, რომ სახელმწიფო აშენებდა იმ მეთოდებით, რომლებზედაც ისინი ხშირად ლაპარაკობენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ოდესმე მთავრობაში მოხვდეს, მაშინ ასე არ დაიწყებდა ლაპარაკს. მართალია სააგენტოს ცნობებს მთავრობის ოფიციალური გაზეთის ერთგვარი ტენდენცია ეტყობა, მაგრამ ეს აუცილებელია. ყოველ მთავრობას უნდა ჰქონდეს გარკვეული სახე და ტენდენცია. რასაკვირველია, სახელმწიფოს აშენების დროს შეიძლება კერძო ინტერესი შეილახოს, მაგრამ ეს არავისთვის საწყენი და გასაჯავრებელი არ უნდა იყოს.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ონიაშვილი (კითხულობს დეკრეტს). კრება ყველა მუხლებს უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე. უკვე 3 1/2 საათია. კრება უნდა შეწყდეს. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი ამ წერილისა? არავინ. წესრიგი მიღებულია. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება 3 ს. 35 წთ.

21 ოცდამეერთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(21)

1920 წელი. ივნისის 1. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. მოხსენება საქართველოს სენატის 1919 წ. განმავლობაში მოქმედების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ. ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის ექვთ. თაყაიშვილი.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისებში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის მოქმედების განგრძობის შესახებ.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მთავრობის მოამბის „საქართველოს რესპუბლიკის“ შტატის და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს დეპეშათა სააგენტოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო მფრინავთათვის ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტების გაუქმებისა და აღაიანის და ჩუმლაყის სანერგეების ერობათათვის გადაცემის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჯაშუშობასთან საბრძოლველად დამზვერავი ნაწილის თანამდებობის პირთათვის საგამომძიებლო ფუნქციების მინიჭების შესახებ. მომსხენებელია ს. ჯაფარიძე.

8. მოხსენება საქართველოს სენატის 1919 წლის განმავლობაში მოქმედების შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

9. საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველობის ამხანაგისა და გამგეობის წევრის არჩევანი. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო უწყების შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოსული მოიხსნას მერვე საკითხი დღიურ წესრიგიდან. ვინ არის წინააღმდეგი წინადადებისა? არავინ. მოხსნილია. ცნობად უნდა მოგახსენოთ, რომ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ დაასრულა ბიუჯეტის განხილვა და შემოიტანა იგი განსახილველად პრეზიდიუმში. სათანადო განხილვის შემდეგ იგი მალე დაიბეჭდება და დაურიგდება დეპუტატებს.

საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ ქ-ნი შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული. (ს.-დ.) კითხულობს დღიურ წესრიგის 1 და 2 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფ. კრება ამტკიცებს. შემდეგ . იმნაიშვილი (ს.-დ.), . მდივანი (ს.-ფ.), კ. ნინიძე (ს.-დ.) და ს. ჯაფარიძე (ს.-დ.) კითხულობენ მე-3, 4, 5, 6 და 7 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა მეორე მუხლობრივ განხილვას, რომელთაც დამფ. კრება იღებს და სარედაქციო კომისიას გადაეცა.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბატონ ს. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

1. მოხსენება საქართველოს სენატის 1919 წლის განმავლობაში მოქმედების შესახებ.

სერ. ჯაფარიძე (სოც.-დემ.) სენატის დებულებაში, სხვათა შორის, გახლავთ მე-8 მუხლი, რომლის ძალით სენატი უდგენს დამფუძნებელ კრებას ყოველ წელს თავის მოქმედების ანგარიშს. აი სწორედ ამ მუხლის თანახმად სენატმა წარმოუდგინა დამფუძნებელ კრებას წარსული 1919 წლის თავისი მოღვაწეობის ანგარიში. როგორც მოგეხსენებათ, სენატი აირჩიეს შარშან 7 ოქტომბერს. სანამ სენატორებს აცნობებდენ ამას და სანამ თავმჯდომარე მოასწრებდა კანცელარიის მოწყობის დამთავრებას, ამ სამზადისში ორ კვირამდე გავიდა. სენატის გახსნის საზეიმო სხდომა შესდგა მხოლოდ 23 ოქტომბერს. შემდეგ პირველი გამწესრიგებელი სხდომა, როგორც სამოქალაქოსი, ისე სისხლის დეპარტამენტის, მოხდა 30 ოქტომბერს.

4 ნოემბერს შესდგა სისხლის სასამართლოს საჯარო სხდომა, ხოლო 7 ნოემბერს სამოქალაქო დეპარტამენტის. აქედან იწყება რეგულიარული მუშაობა სენატისა.

მაშასადამე სენატის ანგარიში შეეხება ნოემბრის დაწყებიდან 19 დეკემბრის დამლევამდე. ამ დროს განმავლობაში სენატს ჰქონია საერთოდ 62 სხდომა, აქედან სამოქალაქო დეპარტამენტს - 25, სისხლის სამართლის - 18, საადმინისტრაციო განყოფილებას - 9, საზოგადო კრებების - 8 და შეერთებული საკრებულოსი - 2. ამ მოხსენებულ დროს განმავლობაში სენატში შესულა სულ 439 საქმე. ამ რაოდენობის შედარებითი სიმრავლე აიხსნება მით, რომ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველო მოსწყდა რუსეთის სენატს და საკასაციო საქმეები რჩებოდა აქ. ამ რიგად დაგროვდა მრავალი საქმე. და როდესაც გაიხსნა საქართველოს სენატი, ერთბაშად შევიდა შიგ 439 საქმე. სამოქალაქო დეპარტამენტის განყოფილებაში შესულა 211, მის საადმინისტრაციო განყოფილებაში ცალკე - 61, სისხლის სამართლის განყოფილებაში - 134, საზოგადო კრების - 25 და შეერთებული საკრებულოსი - 8. ამ საერთო რიცხვიდან სენატს გაურჩევია შარშან 185 საქმე. ამათში სამოქალაქო დეპარტამენტს - 87, აქედან მის საადმინისტრაციო განყოფილებას - 25, სისხლის სამართლის დეპარტამენტს - 67, შეერთებულ დეპარტამენტთა საკრებულოს - 2, ამავე დეპარტამენტის საზოგადო კრებას - 19.

რაც შეეხება ბედს გადაწყვეტილ საქმეებისას, საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილი საქმეების ერთ მესამედ ნაწილში განჩინება გაუუქმებიათ და ხელახლა გადაუციათ პალატისათვის და მოსამართლეთა ყრილობისათვის ხელახლა გასარჩევად. დანარჩენ საქმეებზე კი საჩივარი უშედეგოდ დაუტოვებიათ, ხოლო რაოდენიმე საქმე მოუსპიათ სხვა და სხვა მიზეზების გამო.

გარდა სასამართლო საქმეების განხილვისა, სენატს დაკისრებული აქვს სხვა ფუნქციებიც, უმთავრესად რევიზია სასამართლოს უწყებისა. სენატს რევიზია მოუხდენია ახალციხის მაზრაში. შედეგად მოყოლია ის, რომ მოსამართლე, ვინმე მიქელაძე გადაუყენებიათ და სამართალში მიუციათ. ხოლო რაც შეეხება სხვა მომრიგებელ მოსამართლეების და საზოგადოთ სასამართლოს უწყების რევიზიას, სენატს ეს შემდეგისათვის გადაუდვია ორ მიზეზის გამო. ერთი მიზეზი ის ყოფილა, რომ სენატში მოგროვილი საქმეები უნდა გაეთავებია, ისე, რომ შემდეგისათვის ნორმალური პირობები შეექმნა. და მართლაც ისეთი მდგომარეობაა შექმნილი დღეს, რომ არამც თუ წინანდელი საქმეები, ახალი საქმეებიც დაუყოვნებლივ ინიშნება; მეორე მიზეზი ის ყოფილა, რომ სენატს ნდომია ახლად არჩეულ მომრიგებელ მოსამართლეებს მისცემოდა დრო სამუშაოდ, რომ მათი მუშაობა გამორკვეულიყო და მოეცა მასალა, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდებოდა სასამართლოს შეფასება და რევიზიის მოხდენა. რევიზია ამ დღეებში დაიწყება. ხოლო რაც შეეხება მართვა-გამგეობის სხვა დარგის (გარდა სასამართლოსი) რევიზიას, ამ შემთხვევაში სენატს თავის ანგარიშში მოყავს ერთი ინციდენტი.

მთავრობის თავმჯდომარეს მიუმართავს სენატისათვის, რომ დაენიშნა მას რევიზია ახალციხის და სხვა მაზრების ყველა დაწესებულებებისა. მაგრამ ამ სენატს სრულიად საფუძვლიანად მიუღია მხედველობაში ის მოსაზრება, რომ კანონის ძალით მას ამის უფლება არ აქვს და ამიტომ დეკემბრის 9 თავის სხდომაზე გამოუტანია დასაბუთებული დადგენილება და უარი განუცხადებია თავმჯდომარისათვის. ამასთანავე სენატი დამფ. კრ. ყურადღებას ერთ გარემოებას აქცევს, სახელდობრ იმას, რომ სენატის დებულების პირველი მუხლის ძალით რომ მეთვალყურეობა კანონიერებისა ეკისრება მას, მაგრამ შემდეგი მუხლის ძალით სენატს არ აქვს მიცემული საშვალება, რომ ეს მოვალეობა პირნათლად აასრულოს. ეს საშვალება სენატის აზრით არის რევიზიის უფლება, და მას კი ამის უფლება დღეს დღეობით არ აქვს. აქვს მხოლოდ ერთი უფლება, თუ საქმის განხილვის დროს შენიშნა, რომ ვინმე თანამდებობის პირმა დანაშაული ჩაიდინა, სათანადო მინისტრს უნდა აცნობოს და თუ მინისტრის მხრით შეამჩნია რაიმე ბოროტმოქმედება, ეს უნდა აუწყოს მთავრობას. ამ გარემოებას უსვამს ხაზს სენატი და აქცევს მას თქვენს ყურადღებას. ასეთი გახლავთ ციფრებით გამოხატული სენატის მოღვაწეობის ანგარიში. თუ შევადარებთ იმ დროს, რა დროსაც ეხება ეს ანგარიში, ჩვენ დავინახავთ, რომ სენატს დაახლოვებით 40-მდე სამუშაო დღე და ამ დროს განმავლობაში საშუალო რიცხვით ჰქონიათ 1 1/2 სხდომა დღეში, ხოლო გაურჩევიათ დღეში საშუალო ციფრით 4 1/2 საქმე. ასე, რომ სენატის მუშაობის ინტენსიობას მიუწევია მაქსიმუმამდე. რა თქმა უნდა მარტო ამით არ ამოიწურება სრულიად მისი მოღვაწეობის დაფასება. მე მოვალეობად მიმაჩნია მოგახსენოთ, როგორც იურიდიული კომისიის წარმომადგენელს და ამ საქმის ახლო მცოდნეს, რომ ვინც კი გარედან ადევნებს თვალყურს, ის უაღრესად კმაყოფილი დარჩება სენატით. მოგეხსენებათ, რომ სენატში საგრძნობი ნაწილი ახალგაზრდა ხალხია და უნდა გამოვტყდე, გვეშინოდა, ვაი თუ სათანადო ცოდნა ვერ გამოიჩინონო, მაგრამ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ სენატმა გამოიჩინა არა მარტო ცოდნა და გამოცდილება, არამედ რაც უმთავრესია - დიდი მორალური სიმაღლე და ავტორიტეტი. ასე, რომ სენატმა გადააჭარბა ყოველივე მოლოდინს. შეგვიძლია მხოლოდ სურვილი გამოვთქვათ, რომ რესპუბლიკის ყველა სხვა დაწესებულებებმა გამოიჩინოს ასეთი სიმაღლე და ავტორიტეტი. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სასიქადულო სენატი მეტ უნარს და სიმაღლეს გამოიჩენს.

თავმჯდომარე. როგორ ინებებთ, სამი საათი გახლავთ, სხდომა გავაგრძელოთ თუ შევსწყვიტოთ? წინადადება გახლავთ, რომ სანამ საკითხი არ ამოიწურება, გაგრძელდეს სხდომა. ვინ არის ამ წინადადების წინააღმდეგი? არავინ.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ-ონ ლ. შენგელაიას ეკუთვნის.

ლეო შენგელაია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფ. კრების წევრნო! წარმოდგენილი მოხსენება შესახებ სენატის მოღვაწეობისა, ფრიად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ეს მოხსენება მნიშვნელოვანია, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გვეძლევა საშვალება ვიქონიოთ მსჯელობა სენატის მოღვაწეობის შესახებ, არამედ ეს არის, თუ გნებავთ, უნიკუმი, პირველი შემთხვევა როცა ჩვენ მიერ არჩეული სხვა ორგანოებიც: მთავრობის, სახელმწიფო კონტროლიორი, მაგრამ მათი მოღვაწეობის ანგარიში არ გვინახავს და არც ვიცით, ვნახავთ თუ არა ოდესმე.

თავმჯდომარე: უკანასკნელად მოგახსენებთ ბ. ორატორო, კონტროლის მოღვაწეობის ანგარიში წარმოდგენილია პრეზიდიუმში და დაგირიგდებათ ამ დღეებში.

შენგელაია: ეს მოხსენება, ბატონებო, ეხება ფრიად მოკლე ვადას ე.ი. 2-3 თვის მოღვაწეობას. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, იმ ატმოსფეროს, რომელიც ჰქმნიდა სენატის სხენება, რომ ეს არის დიდი დაწესებულება შედარებით იმ პატარა მოხსენებისთანავე, რომელიც გვაქვს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სენატს არაფერი გაუკეთებია. მაგრამ, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ეს ორი თვე იყო უმთავრესად ხანა საორგანიზაციო, რომ არ გვქონდა არავითარი ტრადიციები, თუ მივიღებთ მხედველობაში რომ სამოსამართლო ორგანოები არ არის აქტიური, არამედ უფრო პასიური ორგანოა. ვინაიდან მის მოვალეობას შეადგენს თვალყური ადევნოს, კანონი თუ რამდენად სრულდება, ამიტომ მას დიდს საყვედურს ვერ ვეტყვით.

მაგრამ მიუხედავად ამისა მე ორიოდე სიტყვით შევეხები ამ მოხსენებას. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ატმოსფეროზე, რომელიც შეიქმნა სენატის გარშემო.

საქართველოს სასამართლოს აქვს თავისი ისტორიული დატა, რომლიდანაც უნდა ვიანგარიშოთ ახალი დამოუკიდებული ხანა ჩვენი სასამართლოსი. ეს დატა, არის წარსული წლის 7/10, როდესაც დამფ. კრებამ აირჩია სენატი და მით დააგვირგვინა ჩვენი სასამართლოს ორგანიზაცია.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ სენატი ცნობილია, როგორც ძველი ინსტიტუტი, რომელმაც წარსულში ვერ გაამართლა იმედები.

ასეთ დასკვნას ხელს უწყობდა 2 გარემოება: ერთი სენატი ყოველთვის არჩევდა და იცავდა ძველს არსებულ კანონებს, რომელნიც იყო მიმართული დემოკრატიის წინააღმდეგ და ეს ქმნიდა მტრულ განწყობილებას მისდამი. მეორე ის, რომ ძველი ბიუროკრატია თუმცა თეორიაში აღიარებდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა სასამართლოს დამოუკიდებლობა გაექარწყლებია, და ეს შესძლეს მათ ძველ რეჟიმში. მაშინდელმა მართველმა ბიუროკრატიამ თავის პოლიტიკას დაუმორჩილა და დასცა სასამართლო. იქამდი მივიდა სასამართლოს გახრწნა, რომ განაჩენი საქმის გარჩევამდე იწერებოდა. მაგრამ ეს იყო ძველად. ჩვენ კი გვქონდა უფლება გვეფიქრა, რომ სადაც სასამართლო დემოკრატიას ეკუთვნის, ასეთ მახინჯ მოვლენებს ალაგი არ ექნებოდა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო (ვეშაპელი: მართალია!) ხოლო, რაც შეეხება სენატს, უნდა მოგახსენოთ, რომ ვერც ერთ ორგანოს ვერ ნახავთ, რომელიც ასე იყოს აბუჩად აგდებული, როგორც სენატი. ეს არის შედეგი მმართველი პარტიის მოქმედების. მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია თავიდან არ იყო მოწადინებული, რომ სასამართლოს მოღვაწეობა ჩაეყენებია ნორმალურ კალაპოტში, რომ ეს ყოფილიყო სავსებით დამოუკიდებელი. სენატი შემოღებული იყო სოც.-დემოკრატების მიერ „скрѣпя серцемъ“. მოგეხსენებათ რომ საერთოდ პროვინციელი სოც.-დემოკრატები რასაც ფიქრობენ და როდესაც არ ლაპარაკობენ, ცენტრის სოც.-დემოკრატები, გაზ. „სოციალ-დემოკრატში“ იყო აზრი გამოთქმული, რომ სენატი საჭირო არ არის. (რეპლიკა: არ არის მართალი!). მე გეუბნებით, რაც იყო ნათქვამი თქვენს გაზეთში. იქ ეწერა, რა დროს სენატია, სენატს უნდა დაიცვას კანონიერება და რა დროს კანონიერებაა რევოლიუციის ხანაშიო.

რაც შეეხება იმას, რომ კანონიერება უნდა იქნეს დაცული, მე მოვახსენებ ბ. თევზაიას, „ერთობის“ მოწინავე წერილებს, სადაც ეწერა: დროა ჩვენმა ამხანაგებმა შეიგნონ, რომ კანონიერება უნდა დავიცვათო. მე თუ ამას ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ, რომ ნათელი იყოს ის აზრი, რომ იმნაირ პირობებში მოხდა სენატის დაარსება, ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც ხელს ვერ შეუწყობდა სენატის ნაყოფიერ მუშაობას. რომ ეს ასეა, რომ ჩვენში სენატი არ იმყოფება ნორმალურ პირობებში, ჩვენში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და არც მისი გვირგვინია დამოუკიდებელი, ამას ნათლად ამტკიცებს ჩვენი სენატის ნივთიერი და უფლებრივი მდგომარეობა. (ნინიძე: ცუდი დამცველი ხართ!). მე ვარ სენატის დამცველი იმდენად, რამდენად მას შეუძლია თქვენს უკანონო მოღვაწეობას საზღვარი დაუდვას. მე ვერ გამიგია, რა აწუხებს ბ. ნინიძეს და რად ღელავს იგი, თუ მას საჭიროდ მიაჩნია საერთოდ კონტროლი. თუმცა მე არ მრწამს ბევრად თქვენი სოციალისტობა, მაგრამ დამფ. კრებამ აირჩია შემადგენლობით სოციალისტური სენატი და ეს არის გარანტია, რომ, თუ ოდესმე შეიძლება რომელიმე ორგანო პირნათლად ასრულებდეს თავის მოვალეობას, ეს აი აქ უნდა მომხდარიყო. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის. ამას ამტკიცებს ზოგიერთი ფაქტები. ავიღოთ ჩვენი სენატორების ნივთიერი მდგომარეობა. რამდენიმე სენატორმა ნივთიერი მდგომარეობის გამო დაანება თავი სენატორობას. (რუსია: მინისტრები რამდენს ღებულობენ?). ოფიციალურად რამდენს ღებულობენ, ვიცით, ისე არაოფიციალურად რამდენს ღებულობენ არ ვიცი. თქვენ იცით, რომ 2 სენატორმა თავი დაანება სამსახურს ერთი იმიტომ, რომ ისინი არ არიან უზრუნველყოფილნი იმ ჯამაგირით, რომელიც ეძლევა. ისინი შიმშილობენ, ეს იმიტომ, რომ 8-9 ათასი მანეთი იმდენად მცირე თანხაა, რომ სენატორს არ შეუძლია თავისი მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს. ამას დაადასტურებს ყოველი სოც.-დემოკრატი, რომელმაც წერა-კითხვა იცის და რამოდენიმე ალაგზე იღებს ჯამაგირს. გარდა ამისა, როცა ჩვენ მივიღეთ სენატის დებულება და მას გავუხსენით კრედიტი უნდა ყოფილიყო სენატის განკარგულებაში. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ეს არ მოხდა. კრედიტი, რომელიც სენატს გავუხსენით, არის იუსტიციის მინისტრის ხელში და ის ურიგებს ჯამაგირებს, როცა უნდა და როგორც უნდა. მე მაქვს ცნობა, ეს საკითხი დაუსვამს სენატს, ქონია მასზე მსჯელობა, დაუდგენიათ, თუ რაიმე ნაშთი იქნება, მოხმარებოდა ისევ სენატს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ის კრედიტი, რომელიც გაუხსენით სენატს, იუსტიციის მინისტრის ხელშია. ეს მიუღებელია ფორმალურად, რადგან კრედიტი გავუხსენით სენატს და არა იუსტიციის მინისტრს.

რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, უნდა მოგახსენოთ, რომ არც ეს არის სახარბიელო. შეიძლება ითქვას უნუგეშო არის ამ მხრივ სენატის მდგომარეობა. თქვენ იცით სენატის დებულებაში არ იყო სავსებით გაშუქებული რევიზიის საკითხი. ბევრს ეგონა რევიზიის უფლება არა მარტო სამოსამართლო დაწესებულებათა, არამედ მართვა-გამგეობის ორგანოებისა ქონდა სენატს, ასე ფიქრობდა ჩვენი ფრაქცია, მეც ასე ვფიქრობდი, რადგან ყოვლად შეუძლებელია დამოუკიდებელ სასამართლოს, მის გვირგვინ სენატს ამის უფლება არ ქონდეს. მაგრამ როგორც სჩანს სენატის განმარტებიდან, როდესაც მის წინაშე დადგა ეს საკითხი, ის იმ დასკვნამდე მისულა, რომ დებულების ძალით რევიზიის უფლება მას არ აქვს, მაგრამ ამავე დროს ირკვევა რომ მთავრობის თავმჯდომარე ავალებს სენატს, ან სენატორებს სხვა და სხვა რევიზიების მოხდენას, რაც მე მგონია მიუღებელია სრულიად. ნიკოლოზი მონარქი იყო, მასზე იყო ყველა დამოკიდებული, ის იყო ცენტრი ხელისუფლებისა და ლოღიკური წინააღმდეგობა არ იყო თუ ნიკოლოზი დაავალებდა სენატს რევიზიის მოხდენას. ჩვენ ასეთი უფლებებით მოსილი ერთი პირი არა გვყავს. სასურველი იყო და გაცილებით უკეთესი რევიზიის უფლება მართვა-გამგეობისა და ყველა დარგში მიეცეს სენატს. ეს იქნება ლოღიკური და თუ ეს არ იქნება, არა მთავრობის თავმჯდომარე, არამედ თითონ დამფ. კრება უნდა აძლევდეს წინადადებას, რომ სენატმა თითონ მოახდინოს რევიზია. განა წარმოსადგენია ასეთი წესი, მთავრობის თავმჯდომარე მიმართავს სენატს და ავალებს მას არამც თუ რევიზიის მოხდენას, არამედ ასეთი შემთხვევებიც არის, რომ სენატორს გზავნის და საქმის გამოძიებასაც ავალებს. განა წარმოსადგენია ასეთი მდგომარეობა, რომ სენატორი გამომძიებლის როლში იყოს? ეს ყოვლად მიუღებელია ყველასათვის, ვისაც სწამს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო და მით უფრო დამოუკიდებელი სენატი. ეხლა ავიღოთ სხვა შემთხვევა.

მოგეხსენებათ იუსტიციის მინისტრს ერთგვარი ტენდენცია ლტოლვა აქვს, რომ შეიჭრას სენატის დარგში. მოგახსენებთ, ერთ მოვლენას ამ დღეებში ქონდა ადგილი. სასამართლოს მოღვაწეთა ყრილობას, სადაც პროკურორმა ტატიშვილმა სრულიად უადგილოდ სთქვა, რომ იუსტიციის მინისტრი არის გენერალ პროკურორი ძველი და ახალი დებულების ძალით, მას უნდა გაატაროს მთავრობის პოლიტიკა, მაგრამ სენატი ხელს გვიშლის, სენატი თურმე ხელს უშლის ვიღაცას. ეს უბრალო კაცი არ გახლავთ - პროკურორია პალატაში და ახლა სდგას მმართველ წრეებთან. ასე უცერემონიოთ, რომ იქმნება ადმინისტრაცია და თითონ მინისტრი სენატის საქმეებში და კომპეტენციაში სჩანს სხვა ფაქტებიდანაც. მე მაქვს მაგ. ერთი ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრს მიუწერია ერთ-ერთ მომრიგებელ მოსამართლისათვის ესა და ეს საქმე შეაჩერეო. მომრიგებელი მოსამართლე არჩევდა საქმეს, ალბათ სოციალ-დემოკრატი გამოიქცა მინისტრთან, ეს გახლავთ ოკრიბის რაიონში, კურსებში მომრიგებელ მოსამართლეს შეაჩერებიეს, მაგრამ როდესაც ის საქმე გადმოიტანეს ყრილობაში, ყრილობამ მინისტრის ჩარევა უკანონოდ ჩასთვალა. მე მგონია ეს ფაქტი იცის სენატმა, იცის მთავრობამ. მე გადმომცეს ასეთი შემთხვევა, იუსტიციის მინისტრს ერთ-ერთი მომრიგებელ მოსამართლისათვის მიუცია წინადადება სამსახურიდან წასულიყო, ე. ი. „ოტსტავკა შეეტანა“. მე არ მინდა დავიჯერო ეს, რადგან თუ ეს მართალია, ეს არის აღდგენა შჩეგლოვიტოვის პოლიტიკისა. დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოს სფეროში რომ ერევიან, ეს აშკარად სჩანს შემდეგ ფაქტებიდან: ქ. სურამში შეტაკება მომხდარა ორ სოც.-დემ. შორის - ქალაქის თავის და კოლექტივის თავმჯდომარის შორის და იცით, რომ ამ საქმეში კოლექტივის თავმჯდომარემ გაიმარჯვა, საქმე ეხებოდა რეკვიზიციის საქმეს. ეს საქმე სენატში მისულა. სენატს გაუუქმებია. სოც.-დემოკ. დატრიალებულა შინ.-საქმეთა სამინისტროში. შინაგან-საქმეთა სამინისტროს გამოუცია ბრძანება, რომ სენატის დადგენილება ნუ იქნება მოყვანილი სისრულეში, ვიდრე განსაკუთრებული მოწერილობა არ მოგივათო. მგონია მინისტრის თანაშემწემ, ჭიჭინაძემ გასცა ეს განკარგულება. ყოვლად დაუშვებელია ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში. უნდა ვიცოდეთ სად ვცხოვრობ, თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაშინ ეს მიუღებელია, თუ ჩვენი სახელმწიფო ოსმალეთის სურათი არის, მაშინ ეს შესაძლებელია. ჩვენი სასამართლო აბუჩად არის აგდებული. მთელი რიგი ფაქტებია ამის დასამტკიცებლად. მაგ. ჩვენი ფრაქცია არ არის ოფიციალობის და ფორმალიზმის მხარე. მაგრამ ის ფრაქცია რომელიც ცდილობს, რომ მასაში განამტკიცოს მონარქიული სული და თავისი ბელადი შეამკოს მეფური შარავანდებით, ასეთი ფრაქცია როგორ ურიგდება ისეთი შემთხვევას, როდესაც სენატის თავმჯდომარე მოდის სტადიონზე, ერთი საათი ფეხზე დგას და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ან როგორ ურიგდება სოც.-დემ., რომელიც ფორალიზმის დიდი მომხრეა, რომ იმ ავტომობილს, რომელშიაც სენატის თავმჯდომარე ზის აჩერებენ და მის შემდეგ, როდესაც ყველა გადის უშვებენ და უბრძანებენ კიდეც ძირს ჩამობრძანდიო. ეს ახასიათებს იმ მდგომარეობას ჩვენში, რომელშიც ჩაუყენებია ჩვენში სენატი. ამის შემდეგ მესმის, რომ შეუძლებელია იქ სამსახური და არ მიკვირს. როდესაც კითხავთ ყოფილ სენატორებს, რად მიდიხართო, ისინი გიპასუხებენ, იმიტომ კი არ მივდივართ მარტო, რომ ჯამაგირი არ გვყოფნისო, არამედ იმიტომ, თუ კი მსხვერპლს გავიღებთ, ისეთი მდგომარეობაში ნუ ჩაგვაყენებთ, რომ ყბად აგვიღონო. ორში ერთი, თუ საჭირო არ არის სენატი გავაუქმოთ და თუ საჭიროა ისეთ პირობებში ჩავაყენოთ, რომ ის თავის დანიშნულების სიმაღლეზე იდგეს. სენატს ევალება რევიზია სასამართლო დაწესებულებისა და უნდა ვსთქვათ, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მაზრაში მოუხდენია ეს რევიზია. ეს მინუსად უნდა ჩაუთვალოდ ჩვენ სენატს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მარტო სურვილი არ კმარა. ჩვენში სასამართლო დაწესებულებანი ბევრია და ერთსა და ორს სენატორს არ შეუძლია რევიზიის მოხდენა. ამას მოუნდება მთელი წლები. საჭიროა დიდი აპარატი, სენატს უნდა ყავდეს ისეთი ხალხი, რომელთაც შეიძლებოდეს მიენდოს ეს საქმე მხოლოდ სენატის ხელმძღვანელობით. ამისათვის თანხა არის საჭირო. ფორმალურად ის მოკლებულია საშვალებას, რომ რევიზია მოხდეს იმ დარგში, რომელიც კანონით აქვს დაკისრებული. ჩვენში ხშირად იცემა ინსტრუქციები, ყოველ მინისტრი მოვალედ სთვლის თავს ინსტრუქცია გამოსცეს. ამას ინსტრუქცია ქვია, მაგრამ არსებითად ახალი კანონია და სენატი მოვალე იყო დარაჯად უდგეს, რომ ეს ინსტრუქცია არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს და თუ ეწინააღმდეგება, გააუქმოს. ამ მხრივ ბევრი არაფერი გაუკეთებია. ამავე დროს უნდა ითქვას, სრულად არ არის პირობები, სენატმა შესძლოს გამოიჩინოს რაიმე უნარი, ინიციატივა და ბოლო მოუღოს იმ უკანონობას, რომელსაც ქვია ინსტრუქციების გამოცემა, არ არის საშვალება იმიტომ, რომ არავითარი წესი ინსტრუქციის გამოცემის არ არსებობს. მინისტრები არც კი უგზავნიან სენატს თავის ინსტრუქციებს. ხშირად სენატი მაშინ აცხადებს ინსტრუქციის არსებობაზე, როცა ის ცხოვრებაში გატარებულია.

მ. არსენიძე (იუსტიციის მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ისეთ ავტორიტეტულ დაწესებულებას, როგორიც არის სენატი, ჩემი დაცვა არ სჭირია. მე არც ვფიქრობ მის დაცვას. მაგრამ აქ ლაპარაკი იყო არა იმდენად სენატსა და მის მოქმედებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ავიწროვებს სამინისტრო და აღმასრულებელი ძალა სენატს და მის მოქმედებას.

მე უნდა განვაცხადო აქ, რომ ასეთ დამოკიდებულებას აღმასრულებულ ძალისა სენატისადმი ადგილი არა ჰქონია. არ ყოფილა არც ერთი დადგენილება და განმარტება სენატისა, რომელსაც აღმასრულებელი ძალა არ დამორჩილებოდეს, როგორც უმაღლეს სასამართლოს დადგენილებას. როგორც მინისტრი, ისე მისი ამხანაგი თუ სხვა - ყველა ემორჩილება სენატის დადგენილებას, მიუხედავად იმისა, სწორია ის თუ არა.

შესაძლებელია, თვითეულ ამათაგანს ჰქონდეს თავისი აზრი სენატის ამა თუ იმ ნაბიჯის შესახებ, მაგრამ ერთია თავის აზრის ქონა, და მეორე - მორჩილება სენატის იმ დადგენილებისა, რომელიც მას გამოაქვს.

მე შემიძლიან თამამად განვაცხადო შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მდგომარეობაში სენატის დადგენილებანი ხშირად უნდა იწვევდენ შეხლა-შემოხლას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დაწესებულებათა და სენატის შორის, - იმ კანონების ძალით, რომელნიც მოქმედებენ ჩვენში, ურთიერთობა არ არის სავსებით გამორკვეული და ხშირად ერთი-მეორის წინააღმდეგ დებულებები ხვდებიან - მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ნიადაგზე შესაძლებელია აღმოცენდეს მრავალი გაუგებრობა - სენატის დადგენილების, მისი გადაწყვეტილების გაუქმებას ადგილი არა ჰქონია არავისაგან.

ეს არის მთავარი შეხედულება, რომელსაც ადგა მთავრობა თავიდანვე და დღესაც ადგია უცვლელად.

აქ ამბობენ, რომ სენატის და საერთოდ სასამართლოს მდგომარეობა არ არის იმგვარი, რომ ყოველმხრივ იყოს უზრუნველყოფილი მისი დამოუკიდებლობაო. შეეხენ ზოგიერთ ფაქტებს და უპირველეს ყოვლისა მიაქციეს ყურადღება იმას, რომ სენატორებს ჯამაგირები და ის თანხა, რომელიც გადაწყვეტილი აქვთ კანონით, ეძლევათ სამინისტროდან და არა საკუთარი კასიდანო.

არა მგონია, რომ რომელიმე კასიდან მიღება გასამრჯელოსი ნიშნავდეს დაქვემდებარებას ამ კასაზე. თვით მინისტრები იღებენ ჯამაგირებს სამინისტროს კასიდან და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ისინი კასირზე არიან დაქვემდებარებულნი, ეს სამწუხარო მოვლენად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, ასე არ არის.

რაც შეეხება სენატს, უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ბიუჯეტი იმგვარად არის შედგენილი, რომ თვითეული პარაგრაფი აქვს მიკუთვნილი ამა თუ იმ დაწესებულებას მთლიანად. ხოლო ყველა დაწესებულებას, რომელიც შედის სამოსამართლო უწყებაში, როგორც სამოსამართლო პალატა, ოლქის სასამართლო, სამომრიგებლო ყრილობა, სენატი და სხვა მთლიანად შეადგენენ მთელი უწყების ბიუჯეტს, - იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტს. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას გარდა სენატის შემადგენლობაში შედის გარდა სენატორებისა, საპროკურორო ნაწილიც. სენატორები, როგორც ვიცით, დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ პროკურატურა, დამეთანხმებით, უნდა ემორჩილებოდეს სამინისტროს.

ცხადია, რომ დავადგეთ ბ. შენგელაიას პრინციპს და რომ პროკურორებმა ჯამაგირები სენატის კასიდან აიღონ, მაშინ ისინი სენატორებზე დამოკიდებული გახდებიან, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

მაგრამ მაგარი ის გახლავთ, რომ ბ. ლ. შენგელაიას საკითხი არ შეიცავს პრინციპიალურ საკითხს. არ მგონია, რომ სამინისტროს კასიდან ჯამაგირის მიღება, რაიმე მხრივ, ყოფილიყოს შეზღუდული სენატორებისთვის. თუ ისეთი აზრი იქნება მიღებული, რომ ეს ზღუდავს რომელიმე მხრივ სენატის კომპეტენციას, რომ ამით მისი დადგენილება, განკარგულება და სხვა ყოფილიყოს შეფერხებული, შეჩერებული - ეს მაშინ სხვა საკითხია.

მაგრამ, თუ ეს დებულება მივიღეთ, მაშინ მეორეც უნდა მივიღოთ: ჯამაგირები უნდა მიეცეს მათ თავის უწყებიდან და, მაშასადამე, ცალკე ბიუჯეტი დაწესდეს სენატისთვის. მაგრამ ეს გამოიწვევს არევ-დარევას, ვინაიდან ბიუჯეტი ეძლევა უწყებას და ანგარიშსაც უწყება ადგენს.

ეს არ ქმნის არავითარ დამოკიდებულებას და უნდა შევხედოთ ფულის მიღებას ისე, როგორც უბრალო ტეხნიკურ საქმეს და არა ისეთ აქტს, რომელიც ქმნის რაიმე ერთი ნაწილის იურიდიულ დამოკიდებულებას მეორისაგან.

კარგი, ვთქვათ სენატი მიიღებს ცალკე ბიუჯეტიდან თავის გასამრჯელოს, მაგრამ პალატა, ოლქის სასამართლო, მომრიგებელი სასამართლო? ისინი ხომ უწყებიდან იღებენ ჯამაგირს. მაშ აღარ ყოფილა შესაძლებელი სასამართლოს დამოუკიდებლობა, არამედ დამოკიდებული ყოფილა სასამართლო მინისტრისაგან.

ცხადია, რომ ჯამაგირების მიღება არ წარმოადგენს ისეთ პრინციპს, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ.

მეორე ბრალდება იყო: სენატის რევიზია დანიშნა მთავრობამო. ეს მართალია, მაგრამ ეს შეეფერება კანონს.

მაშინ, როდესაც სენატი არ არსებობდა, ჯერ კიდევ პარლამენტის დროს, 1919 წ. 28 იანვ. ჩვენ გამოვეცით კანონი, რომლითაც მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობას უფლება მივეცით ყველა სახელმწიფო დაწესებულების, დარგის და ადგილის რევიზიის დანიშვნისა თავის შეხედულებით, ე. ი. ვისაც უნდა იმას დანიშნავს სარევიზიოდ.

მე მახსოვს, რომ მაშინ საკასაციო ინსტანციის მოვალეობის აღმასრულებელ პალატისაგან ერთ-ორ რევიზიაზე იქმნენ დანიშნულნი პალატის წევრები, პალატის პროკურორი და სხვ. მათ, მაგალითად, მოახდინეს ქ. ტფილისის მილიციის რევიზია. შემდეგ გამოიცა სენატის დებულება, რომლითაც სენატს მიეცა რევიზიის უფლება სასამართლოს უწყებაში, დანარჩენებში არა. როგორი მდგომარეობა უნდა შექმნილიყო კანონის მიხედვით? ცხადია, რომ დარჩა ძალაში უფლება მთავრობის თავმჯდომარისა, რომ ამა თუ იმ სენატორს, როგორც გავლენიან, ნდობით აღჭურვილ პირს, მიანდოს რევიზიის წარმოება დიდსა და მთავარ დარგში.

აქ შეიძლება გვეთქვა, რომ სენატი დამოკიდებული ხდება მთავრობისაგანო, მაგრამ მე მგონია, ეს ასე არ არის იმიტომ, რომ რევიზიის მიმდინარეობა თავისუფალია მთავრობის თავმჯდომარის ყოველი განკარგულებისაგან. ის სავსებით კანონით განისაზღვრება.

ამით განსხვავდება ჩვენი სენატი რუსეთის სენატისაგან, იქ რევიზიას ნიშნავდა მეფე, უწერდა ინსტრუქციებს, უსაზღვრავდა უფლებებს და შემდეგ ან შესწყვეტდა, ან გააუქმებდა, როგორც მას მოესურვებოდა.

ჩვენში არ არის ასეთი წესი. პირიქით, იმ კანონის მიხედვით, რომელიც გამოცემულია 28 იანვ., რევიზორი დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონის მიხედვით აწარმოებს საქმეს, უფლება აქვს კანონით მონიჭებული, სასამართლოში მისცეს, გადააყენოს თუ დამნაშავეთ ჩასთვალა ესა თუ ის თანამდებობის პირი, მოსთხოვოს ანგარიში, საბუთები, გამოიძიოს საქმე, და სხვ. ასე რომ ის თვით კანონით არის აღჭურვილი სათანადო უფლებებით, როგორც რევიზორი. მას რევიზიის უფლება აქვს მინიჭებული არა მთავრობის მიერ, არამედ კანონით, და ამ კანონის ფარგლებში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად.

აქ არ ილახება არც კანონი, არც პირადობა, და ავტორიტეტი სენატორისა. იყო 2 რევიზია. ერთსა და მეორეს მოჰყვა - დამნაშავე პირების დატუსაღება, სამართალში მიცემა, გადაყენება ადგილიდან, ყველა უკანონობის გამოსწორება და სათანადო ახალ კანონ-პროექტის შემუშავება.

ცხადია აქედან, რომ ყველა სენატორთა რევიზიის მიერ გამორკვეულმა საქმემ მიიღო სათანადო დაკმაყოფილება! თუ ამაში დავინახავთ სენატორის მოქმედების დამცირებას, მაშინ არ ვიცი რა ვიფიქრო! ბ. შენგელაიას გონია, რომ ისეთი საშინელება მთავრობა გვყავს, რომ თუ მას რამდენიმე რიგი რევიზორებისა არ დაუნიშნეთ, ვერაფერს გავხდებით.

მე მგონია, რომ ერთი ისეთი რევიზორი, რომელსაც წარმოადგენს დამფ. კრება, სრულიად საკმარისია მთავრობისათვის. მთავრობა თვით გამოსულია ამ დამფ. კრების წიაღიდან, და მისი კონტროლი საკმარისი უნდა იყვეს იმისთვის, რომ მის მიერ არჩეულ მთავრობის მოქმედება მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში და თუ რაიმე შენიშვნას მიიღებს დამფ. კრებისაგან, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა გადაყენებულ იქმნეს. თუ ასე არ იქნა, თუ შემოიღეთ ისეთი რევიზია, რომელიც პარლამენტისაგან ხელშეუხებელი იქნება - მაშინ ერთ დაუსრულებელ საარაკო რგოლს მიადგებით: ბავშვი კითხულობდა - მიწა ვინ შექმნა? - ღმერთმაო! - ღმერთი ვიღამ შექმნაო, და ასე დაუსრულებელი, ერთი კონტროლიორი გაუწევს კონტროლს მეორეს, მეორე მესამეს, და სად იქნება საბოლოო ინსტანცია, რომელიც კონტროლის გარეშე უნდა დარჩეს?

თუ იმ აზრს დავადგებით, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია, მაშინ რასაკვირველია, ასეთი რევიზიების მთელი წყება დაგვჭირდება და მიზანს მაინც ვერ მივაღწევთ.

ამიტომ არსებობს ურთიერთობა კანონმდებლობის, აღმასრ. ძალის, და კანონის შორის. ამ ურთიერთობაში კანონი და აღმასრულებელი ძალა ერთმანეთს ეჯახება და ამნაირად დაცულია ყოველგვარი სამართლიანობა.

აქ წამოაყენეს ბრალდება: იუსტიციის მინისტრმა სენატორი გადააქცია გამომძიებლად და არა რევიზორათო. მას გამოძიება აწარმოებიესო. არც ეს არის მართალი. პირიქით, ბატონებო, რევიზორს თან მოჰყავს პროკურორი, გამომძიებელი და ყველა ეს პირები მუშაობენ მის შეხედულების თანახმად. რევიზორი არის თვითონ გამომძიებლის დამნიშვნელი, ის არ იღებს თავზე გამომძიებლის ფუნქციას, არამედ გამომძიებელი ახდენს გამოძიებას რევიზორის ბრძანების თანახმად.

მე მისაყვედურეს პირადათ, როგორც იუსტიციის მინისტრს, რომ თითქმის მე დიდი სურვილი მაქვს სენატის კომპეტენციაში შევიჭრე, და ამის საილუსტრაციოთ მოიყვანეს ,,საშინელი“ მაგალითი. ერთი მაგალითი შეეხება იმას, თითქოს სამოსამართლო მოღვაწეთა ყრილობაზე ერთი პროკურორის მიერ გამოთქმული იყო აზრი, რომ სენატის მუშაობა ხელ- ფეხს უბორკავს იუსტიციის მინისტრსო. მერე რა არის, რომ კერძო თათბირზე ერთმა მოხელემ თავისი აზრი გამოსთქვას ამა თუ იმ კითხვაზე? რა მოხდა მერე? ყველას ხომ თავისი აზრი აქვს? ყველას რომ ერთნაირი აზრი გამოეთქვა, მაშინ გამოვიდოდენ აქ ეს ერები და იტყოდენ: იუსტიციის მინისტრი ჯალათი ყოფილა, ისეთი რეჟიმი შეუქნია თავის უწყებაში, რომ არც ერთ მოხელეს არ აქვს საშუალება თავისი საკუთარი აზრი ქონდესო. და როდესაც თავისი აზრი გამოსთქვა პროკურორმა მაშინ ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრს ქონია სურვილი, რომ ვიღაცას უფლება შეუბორკესო! ამ ყრილობას 48 წევრი დაესწრო და ერთმა მათგანმა სთქვა, რომ სენატის დღევანდელი დებულება და წინანდელი კანონი ეწინააღმდეგება ერთმანეთს და აფერხებს საქმესო. (ლ. შენგელაია: თქვენი მოლაპარაკება სენატის თავმჯდომარესთან?). მე კატეგორიულად ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩვენ შორის არავითარ კონფლიქტს არ ქონია ადგილი. მე თუ არ მექნება უფლება პოლიტიკური ხასიათის მოლაპარაკება გავმართო თუნდაც სენატის თავმჯდომარესთან, მაშინ არ ვიცი! დიაღ, ჩვენ შორის არის მოლაპარაკება და მე მგონია ეს დანაშაულს არ შეადგენს. მე ველაპარაკები თავმჯდომარეს ამა თუ იმ საკითხზე. ის ამბობს, მე მგონია ასე სჯობს საკითხის გადაწყვეტაო, მე კი ჩემს აზრს ვეუბნები. ჩვენ კი არ ვწყვეტთ საბოლოოდ საკითხს, ჩვენ მხოლოდ აზრს უზიარებთ ერთმანეთს. თქვენ კი გგონიათ: აი აზრი გამოთქვა კაცმა და არიქა უბედურება მოხდაო, ქვეყანა იქცევაო. აი სად არის უბედურების სათავე, წყარო ცოდვისაო. გარწმუნებთ ეს ასე არ არის. ამ მოლაპარაკებაში ირკვევა წინააღმდეგობანი და შემდეგ გამოსავალი გზების ძებნა ხდება. რასაკვირველია, ახლაც არის მთელი რიგი კითხვისა, რომლებიც იწვევენ კამათს, თხოულობენ გარკვევას. სხვათა შორის იმ პროკურორისა, რომლითაც გაჯავრებულია შენგელაია, განცხადებას ასეთი აზრი ქონდა. იმ კაცმა დასვა საკითხი, ეს პრობლემა მოითხოვს განხილვას. სახელდობრ, უნდა იქნეს გამორკვეული ურთიერთობა სასამართლოს დაწესებულებათა, სენატსა და სამინისტროს შორის. ე. ი. სათანადო ტომნი, რომელსაც ეწოდება სასამართლოს დაწესებულებათა დებულება და სთქვა პირველ ყოვლისა ამას უნდა გადასინჯვაო, და როგორც მაგალითი მოიყვანა ერთგვარი წინააღმდეგობა სენატისა და სამინისტროს მოქმედების შორის და აღნიშნა საჭიროება ამ წინააღმდეგობათა მოსპობისა. მე მგონია ამაში არავითარი დანაშაული არ არის, არ არის სურვილი ვინმეს დაჩაგვრისა. სენატის ანგარიშით ისარგებლა შენგელაიამ და მოიყვანა მაგალითი იმისა, რომ მინისტრი ერევა სხვა და სხვა მოსამართლეების საქმეშიო. მან დაასახელა ორი მაგალითი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ ზარის ხმა გაიგონა და არ იცის სად რეკენო. კარგი იქნება, ბ. შენგელაია, თუ ყველა კლიენტებს არ ენდობითო. აქ დასახელებულ იქნა ერთი კურსების მომრიგებელი მოსამართლე, არაფერი იმდაგვარი რაც შენგელაიამ მე მომწერა ამ მოსამართლის შესახებ, იყო სრულიად უბრალო საქმე. როგორც გახსოვთ, აქ შემოტანილი იყო დეკემბერში დეკრეტი შინაურ ნასყიდობის შესახებ. ეს დეკრეტი მიღებულ იქნა და დაიბეჭდა კი მხოლოდ იანვრის ბოლო რიცხვებში. ამით სარგებლობდენ ზოგიერთი სპეკულიანტები, აჩქარდენ და სურდათ ძველი კანონით ესარგებლათ და როცა საჩივარი მოვიდოდა ამის შესახებ, მე ავდექი და საჩქაროდ გადაუგზავნე მოსამართლეებს დეპეშით ტექსტი დეკრეტისა. ამით მე გავაცანი მოსამართლეს ამ კანონის არსებობა. თუ არ იცით, გიგზავნით და გაიცანით მეთქი, შეუთვალე მე. მეტი არაფერი. შემდეგ მე არ ჩავრეულვარ მათ საქმეებში. ზოგი მოსამართლე ასე სჭრიდა საკითხს ამ კანონის თანახმად და ზოგი კი ისე. მე ვალდებული ვიყავი, როგორც მინისტრი ეს კანონი დაუყონებლივ მიმეწოდებია ყველა მომრიგებელ მოსამართლეთათვის, შემდეგ კი მათი საქმე იყო, როგორც გამოიყენებდენ მას. (გვაზავა: როდის შევიდა ძალაში კანონი?). დღიდან მიღებისა. და ის კი დაიბეჭდა მხოლოდ იანვრის ბოლო რიცხვებში. ამიტომ მე უფლება მქონდა ეს კანონი, რომელიც ვერ დაიბეჭდა დროზე ტეხნიკურ პირობების გამო, გამეცნო მოსამართლეებისათვის, ე. ი. შემექნა ისეთი მდგომარეობა, რომ იგი არა მარტო ფორმარულად, არამედ ფაქტიურად შესულიყო ძალაში დღიდან მიღებისა, თუ ამას ჩათვლით დანაშაულათ - მე დამნაშავე ვარ. კიდევ იყო ერთი მაგალითი მოყვანილი, მომრიგებელ მოსამართლის დათხოვნის შესახებ. შეიძლება აქ მართლაც არ იყო ყველა ფორმალური წესები შესრულებული. მე წინადადება მივეცი მომრიგებელ მოსამართლეს გადადგომის შესახებ. (გვაზავა: მიეცით კი?). ამაზე მოგახსენებთ. (გვაზავა: რაღას მოგვახსენებ. თუ მიეცი წინადადება, ამის უფლება არა გქონდათ?). ბატონი გვაზავა ძლიერ გაცხარდა. ის იურისტი არის და უნდა იცოდეს, რომ ჯერ მოსმენა უნდა. არც ისე ახირებულათ გახლავთ საქმე, როგორც თქვენ გგონიათ, ყოველ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრმა იცის, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს, მე არ მიმიცია გადაჭრილი წინადადება, რომ გადადექითო. აი საქმე როგორაა. ერთ მოსამართლის წინააღმდეგ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმე, თურმე გამომძიებელი გამოძიებას აწარმოებდა მის შესახებ. ის კი გაპარულიყო. ახლა კი მომრიგებელ მოსამართლეთ აღმოჩნდა არჩეული. აი მე ასეთი ცნობა მომივიდა და მივეცი მოსამართლეს, ასეა საქმე და წინადადებას გაძლევთ თუ მოისურვებთ ნებით გადადექით, თუ არა და მე სენატს წარუდგენ მეთქი თქვენ საქმეს. მან არფერი არ მიპასუხა ჩემ ასეთ წინადადებაზე და მე სენატს წარუდგინე მათი საქმე. (გვაზავა: ეს სულ სხვაა?) შეიძლება თქვენ ჩემი პირველი ნაბიჯი შეცდომათ აღვიაროთ და თქვათ ეს ასე არ უნდა გექნათო. შესაძლებელია არ უნდა მექნა ფორმალურად, მაგრამ მორალურად მე მართალი ვარ. მე არ მინდოდა ამ საკითხის გარშემო მომხდარიყო რაიმე პოლიტიკური ინცინდენტი. მე არ მინდოდა ეს საკითხი საჯაროდ გამომეტანა. მინდოდა ისე უმტკივნეულოდ მომერიგებია იგი. მე არაფერს არ ვიტყოდი ამ შემთხვევის შესახებ აქ, რომ ბ. შენგელაიას არ დაესვა ეს საკითხი. მაგრამ თქვენ ეს ბ. შენგელაია არ მოისურვეთ? თქვენი ნებაა. და რადგანაც გამოდით, მე იძულებული ვიყავი მეთქვა ის რაც ვთქვი. მუქარა და ბრძანება არ შემითვლია. მე უთხარი თუ მოისურვებთ გადადექით შინაურული წესით, თუ არა და გადავცემ სენატს თქვენ საქმეს. მან არ მოისურვა გადადგომა ასეთი შინაურული წესით. არ მოისურვა პასუხის მოცემაც კი. არაფერი შემატყობია თავის დანაშაულის შესახებ. ეს მისი ნებაა და მე მისი საქმე სენატს გადავეცი.

შეიძლება მე ფორმალურად არ ვიყო მართალი, მაგრამ ვიმეორებ მორალურად მე მართალი ვარ. და როცა რომელიმე დეპუტატი გამოვა ჩემ წინააღმდეგ და ეძებს რაიმე დანაშაულობას, უკეთესი იქნება თუ უფრო მაგარ საბუთებს მოძებნის ჩემ წინააღმდეგ და არა ასეთებს, როგორიც აქ ესერებმა გამოიტანეს. (ტაში სოც.-დემ სკამებზე. გ. ვეშაპელი. ყველას ბიოგრაფია იცით?). დიახ, ჩვენ ყველა მოსამართლეების ბიოგრაფიას ვეცნობით, ვათვალიერებთ, რისთვისაც ვახდენთ რევიზიას. გვინდა რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე იქნეს დაყენებული სამართლის საქმე. ვღებულობთ ყოველივე ზომებს, რომ გავწმინდოთ სასამართლოს დაწესებულებები მავნე ელემენტებისაგან, რომ ვეშაპელებს აღარ ექნეს საშვალება აქ შეკითხვით შემოვიდენ. მომრიგებელი მოსამართლეების ინსტიტუტი ახალია ჩვენში. იგი წმინდა უნდა იყოს ხალხის თვალში მორალური და ზნეობრივი მხრით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. და ჩვენც ვაქცევთ მას ყურადღებას. შემდეგ ესერებმა აქ ისიც სთქვეს, თქვენ მხოლოდ თქვენს ფრაქციაში იღებთ შენიშვნებსო. მე ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვაცხადო ყველა ოპოზიციურ ფრაქციების გასაგონად, რომლებსაც ძლიერ უყვართ ამ საკითხის შესახებ ქარ-ბუქის დაყენება: დიახ, ჩვენს ფრაქციაში არის აზრთა შეხლა-შემოხლა. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ ყოველგვარ შენიშვნებს პოლიტიკურ მეგობრებისაგან. მე პოლიტიკური მიღვაწე ვარ და ვუწევ ანგარიშს ამ შენიშვნებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ არ უნდა მიმეღოს არავითარი შენიშვნაო, მე გეტყვით, რომ ძლიერ სცდებით. მე არა ვარ ღმერთი, რომ შეცდომა არ მომივიდეს. შეიძლება თქვენ ფრაქციაში მოიპოვება მხოლოდ ასეთები. ამასთანავე ჩვენი ფრაქცია მონასტერი ხომ არ გახლავთ. აქ არის პოლიტიკური აზრის დუღილი, შეხლა-შემოხლა. მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის გავიზიაროთ მთავრობის პოლიტიკის საერთო ხაზი. აქ ჩვენ ყველანი ერთად პასუხისმგებელნი ვართ მთავრობის საერთო პოლიტიკაში. თქვენ გინდათ ძალიან იცოდეთ, არის თუ არა უთანხმოება ს.-დ. ფრაქციაში, გეტყვით: დიახ არის, მაგრამ კერძო და უმნიშვნელო საკითხებში. მაგრამ რაც შეეხება საერთო პოლიტიკას, იქ ვიზიარებთ მთავრობის მიერ აღებულ ხაზის სისწორეს, იმ მთავრობისას, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე თავის მოქმედებასა და მუშაობაში. (ტაში ს.-დ. სკამებზე).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი (ნაც.-პარ.) ბატონებო, მე არ მინდა შევეხო სენატის მოქმედებას და გავარკვევ, თუ რა მდგომარეობაში არის ახლა სასამართლო დაწესებულებები რესპუბლიკაში. ამას მომავალშიაც მოვასწრებთ. რაც შეეხება სენატის მოქმედების შესახებ მოხსენებას, მე მეგონა უკეთესი იქნებოდა, რომ თითონ სენატორს გაეკეთებია იგი. თუ გონიათ, რომ დამფ. კრებაში სენატის წევრებს არა აქვთ უფლება გამოსვლისაო, ეს არ შეეფერება დამფ. კრების მუშაობის საერთო ხასიათს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს წარსულში იმის პრეცენდენტები, რომ დამფ. კრების ტრიბუნაზე გამოდიოდა რკინის გზის დეპარტამენტის ან ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი დირექტორი და გამგე.

მე მგონია დამფ. კრების მიერ არჩეულ სენატს, როგორც განსაკუთებულ ორგანოს, უფლება ქონდა თავისი წარმომადგენლის პირით გაეკეთებია მოხსენება სენატის მოქმედების შესახებ. (ხმაურია სკამებზე).

გადავალ სენატის მოხსენებაში აგრარულ საკითხებზე. ყველაზე უფრო საინტერესო საკითხი არის არა ის, თუ რამდენი საკასაციო საჩივარი გაარჩია სენატმა, არამედ ის თუ რისი უფლება აქვს: სახელდობრ საინტერესოა მისი რევიზიის უფლების გათვალისწინება.

სენატი თავის მოხსენებაში ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარემ მას დაავალა და მოახდინა კიდეც რევიზია ახალციხის სასამართლოსა და მართვა-გამგეობის დაწესებულებათაო. ამ რევიზიის შესახებ მინდა ვსთქვა, რომ ახალციხის რევიზია იყო, სამწუხაროდ, მეტად ჩქარა, რომ იგი გაგრძელებულიყო რამდენიმე დღით, კიდევ უფრო მეტ მასალას იშოვნიდა სარევიზიო კომისია ახალციხის მართვა-გამგეობის შესახებ.

რაიცა შეეხება ახალქალაქის მაზრის რევიზიას, სამწუხაროდ ეს დავალებული რევიზია სენატმა ვერ მოახდინა და ამის მიზეზად სენატი უგზოობას სთვლიდა. მე მგონია ეს არ იყო ყოველ შემთხვევაში ისეთი მიზეზი, რომ სენატს არ შესძლებოდა ახალციხიდან ახალქალაქში გამგზავრება. (რეპლიკა: რომელი მაჟორი იყო!). ჩვენ სენატის შესახებ მიჩვეული ვართ მეტის პატივისცემით ლაპარაკს. რევიზია უფრო საჭირო იყო ახალქალაქის მაზრაში, როგორც განაპირა მაზრაში, სადაც უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ახალციხის მაზრაში. თავის-თავად ცხადია, რომ ახალქალაქის მაზრაში უფრო საჭირო იყო რევიზიის მოხდენა, ვიდრე ახალციხისაში. მაგრამ რევიზია ამ ერთ მაზრაში არ მოხდა და სულ ჩაიშალა. ეს უსათუოდ არანორმალურ ფაქტს წარმოადგენს. მე სურვილს გამოვსთქვამ, რომ სენატორმა ეს დაკისრებული დავალება შეასრულოს. მე წინდაწინ გაძლევთ სიტყვას, რომ იქ მეტი მასალა იქნება, ვიდრე ახალციხეში. საერთოდ ასეთი რევიზია უნდა მოხდეს ყველა განაპირა მაზრებში. რასაკვირველია, ყველა მაზრებში რომ ხდებოდეს რევიზია, ეს უკეთესი იქნებოდა.

არის აღსანიშნავი ერთი მოვლენა, ის, რომ ადმინისტრაცია ცხოვრობს არა ჯამაგირით, არამედ ქრთამით. ეს იმიტომ, რომ ჯამაგირს დროზე არ იღებენ. იწერენ საგანგებო გამოგზავნილი რწმუნებულებით, მაგრამ ხანდახან ეს გამოგზავნილი იკარგება. ამით აიხსნება ერთი მხრით ის, რომ მექრთამეობა ძალიან არის გავრცელებული განაპირა მაზრებში. აი, მაგალითად, ბორჩალოს მაზრაში, თამამად შეიძლება ითქვას, ადმინისტრაცია ქრთამით ცხოვრობს.

ეხლა მე მინდა შევეხო ამ რევიზიის უფლებრივ მხარეს.

მთავრობის თავმჯდომარეს დაუვალებელია სენატორისთვის რევიზიის მოხდენა. ფორმალურად ეს კარგი საქმეა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გარდა იმისა, რაც კანონში სწერია, სხვა წყაროებიც არის სახელმძღვანელო. ამათ ცხოვრება ჰქმნის. ასეა მაგალითად ინგლისში, სადაც ცხოვრების მოთხოვნილებათა და კანონის შორის არ არის ანტაგონიზმი.

სენატი ამბობს, რომ სენატის დებულებით მას აქვს დეკლარატიული უფლება თვალ-ყური ადევნოს კანონის შესრულებას. ხოლო რაც შეეხება რევიზიის მოხდენას, სენატი ამბობს, რომ კანონით მას აქვს ასეთი რევიზიის მოხდენის უფლება მხოლოდ სასამართლო დაწესებულებაშიო. აქ არ არის ნათქვამი არაფერი ცალკე მართვა-გამგეობის რევიზიის შესახებ. პირველი მუხლი დებულებისა სენატს აძლევს საშუალებას, რომ გამონახოს საშუალება ამის პრაქტიკაში განსახორციელებლად. თავის-თავად ცხადია, რომ რევიზია არის ერთად-ერთი საშუალება, რომ კანონი დაცულ იქნეს. მეორეს მხრივ, თუ ამ ლოღიკურ გზას აირჩევს სენატი და მოითხოვს, რომ რევიზია დაინიშნოს მართვა-გამგეობისა, მაშინ ასეთი მეტის-მეტი ფორმალისტობა უნდა დაინახოს შეუსაბამოდ. მთავრობის თავმჯდომარემ დააკისრა სენატს რევიზიის მოხდენა: ასეთი უფლება სენატს აქვს. მაშ რატომ არ დადგა საკითხი, როდესაც ეს უფლება სენატს აქვს და ამავე დროს მთავრობის თავმჯდომარე აკისრებს, ავალებს მას რევიზიის მოხდენას, აღმასრულებელ ძალის წარმომადგენელს აქვს თუ არა ამის უფლება? ეს არის ავტონომიური შინაგანი ფუნქცია სენატის. მაშასადამე მას დავალება არ უნდა სჭირდებოდეს. რა მნიშვნელობა აქვს ამ რევიზიების მოხდენას იმ წესით, როგორიც არის მიღებული. ბ. შენგელაია შეეხო ამ საკითხს და მეც მინდა აღვნიშნო როგორ არის პრაქტიკაში.

მთავრობის თავმჯდომარე აძლევს სენატს მეტს უფლებას, ვიდრე ეს არის კანონში. ამ საქმეს აქვს კოლეგიალური ხასიათი და თქვენ ანგარიშს გაუწევთ ამ საკითხს. რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს? მთავრობამ მიანდო სენატს რევიზიის მოხდენა. სენატორი ახდენს რევიზიას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოაქვს და შედეგს რევიზიისას უდგენს სენატს, ეს არის სენატის საქმე. მაგრამ ასე მოხდა? - არა! ახლა სენატმა გადასცა საგანგებო მონდობილობით მასალები მთავრობის თავმჯდომარეს. და მთავრობის თავმჯდომარე, არ ვიცი, რატომ იმ გზას არ დაადგა ახლაც, როგორც მაშინ რევიზიის უფლებას აძლევდა სენატს, აძლევდა ჯერ მაქსიმუმს და მერე კი გამოვიდა მინიმუმი.

ეს პირველი მომენტია, რომელშიაც ჩვენი სენატი იყო პასიური, ქართულად უმოქმედო. სენატი არის პასიური არა მარტო თავის მუშაობის მიხედვითაც. ამ საკითხს შეეხო შენგელაია და მე მხოლოდ მინდა გამოვარკვიო ერთი მხარე, ეს არის ინსტრუქციების გაცემა. რა მნიშვნელობა აქვს ინსტრუქციას, ეს თქვენთვის ცხადი უნდა იყვეს. ხანდახან ინსტრუქციას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კანონს. სენატს აქვს უფლება ინსტრუქციის გამოცემისა. რა გააკეთა სენატმა? არაფერი. (დადიანი: რამდენჯერმე სთხოვა!) სენატს ბევრი საქმეები აქვს. მე შევეხები მხოლოდ შედარებით ზოგიერთ მნიშვნელოვან უფლებებს. რა ნაბიჯი გადადგა სენატმა? რა ზომები მიიღო, რომ კანონი განხორციელებულიყო ცხოვრებაში? რა ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ? არც ფორმალურად და არც ოფიციალურად არავითარი ნაბიჯი არ გვინახავს ისეთი, რომ შეგვეძლო გვეთქვა, რომ სენატმა მიიღო ზომები, რომ ის უფლებას ფაქტად აქცევსო. ამ უფლების გადაქცევა ფაქტად ნიშნავს იმას, რომ სენატი იქნება ნამდვილი მეთვალყურე ყველა კანონის სისწორით გატარებისა. რაც შეეხება ჩვენს აღმასრულებელ ძალის მუშაობას და სენატის დამოკიდებულებას, სენატმა ეს საქმე ვერ გააკეთა და თუ გააკეთა, ყოველ შემთხვევაში ამის შედეგი არა სჩანს. ჩვენი სენატი არა მარტო კანონით, არამედ თითონაც პასიური კოლეგია არის და ასეთი აზრიც არსებობს, რომ იგი ბოლოს და ბოლოს მხოლოდ საკასაციო დაწესებულებას წარმოადგენსო.

დასკვნისათვის ჯაფარიძემ ცოტა საზეიმო ხასიათი მისცა სენატის დაფასებას და სთქვა, თუ აქამდის კარგი იყო, შემდეგშიაც უფრო კარგი იქნებაო. ეს სააპლოდისმენტო დაფასებაა. მე ვამბობ, რომ სენატის კოლეგია თავში უფრო მაგარი და მომქმედი კოლეგია იყო, ვიდრე დღეს. დღეს სენატი გადაიქცა მთავრობის თავმჯდომარის საგანგებო მინდობილობის მოხელეებათ (ნინიძე: ეგ არ უთქვამს!) მე ვამბობ, რომ ხშირად არ ხდება სენატის სხდომები, იმიტომ რომ დეპარტამენტის კვორუმი არ არის, რადგანაც სენატორები დაგზავნილი არიან მთავრობის თავმჯდომარის მიერ (ხმაურობა.) სხვადასხვა მინდობილობათა გამო. (ნინიძე: ეს სენატის კომპეტენციაა!) მე როგორც დამფ. კრების დეპუტატს არ შემიძლია ვილაპარაკო ამის შესახებ. (ნინიძე: ეს ზღაპარია!). ეს ზღაპარია? (ნინიძე: აგრე ნუ დაამცირებთ სენატს!). მე წინადაც მითქვამს, იდეალურად არაფერს ვთვლი, განსაკუთრებით თქვენს ხელში, მით უფრო სენატს. არავითარ ავტორიტეტით მოსილი არ არის სენატი და არც ერთი სხვა დაწესებულება თქვენი ხელის მიერ შექმნილი - არ არის ავტორიტეტით მოსილი. მხოლოდ უნდა ვთქვა: სენატი არის ერთის მხრივ საკასაციო დაწესებულება და მეორე მხრივ «чиновникъ особыхъ порученიй». (რუსია: თქვენი არ არის სენატში?). ჩვენი მიმართულების ერთი არავინ არის (სიცილი) თქვენ სენატი შეადგინეთ სხვა პარტიებთან შეთახმებით ვაჭრობაც კი გამართეთ, ისე რომ ამ მხრივ, როგორც ერთი ფრაქციის წარმომადგენელი სრულიად თავისუფალი ვარ, იმიტომ რომ არც ერთი ჩემი ამხანაგი სენატში არ არის. (ლ. ნათაძე: სიმართლისაგან თავისუფალი თუ ხართ?) რასაც ვამბობ ის სიმართლე არის. სენატი არის პარტიულ შეთანხმებით შედგენილი. ყოველ პარტიას რომელსაც ქონდა მაშინ გავლენა, თქვენ მიეცით ადგილი...

თავმჯდომარე. ბ. ორატორო, გთხოვთ ილაპარაკოთ სენატის მოქმედებაზე და არა პარტიულ შეთანხმებაზე.

ვეშაპელი. დასასრულ.. (ნათაძე: დაამტკიცეთ, რომ სოციალისტები არ ვარგანან სენატორებად). მაგას დამტკიცება არ უნდა. დასასრულ თუ დამფ. კრების უმრავლესობის ფრაქცია დიდ მნიშვნელობას აძლევს სენატის მუშაობას, მე მგონია კონკრეტიული დასკვნა უნდა გააკეთოს, საერთო ნაბიჯი გადადგას იმ მოხსენების გამო, რომელიც წარმოდგენილია.

მოხსენებაში, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინა სენატმა, არის შუამდგომლობა სენატისა და დამფუძნებელ კრების წინაშე, ყურადღება მიაქციოს უკანასკნელმა იმ გარემოებას, რომ სენატს არ აქვს ის უფლება, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. და სენატი საკანონმდებლო გზით მოითხოვს ამ უფლების მინიჭებას. თუ თქვენ ხართ გულწრფელი დამცველნი სენატის უფლებებისა, როგორც წარმომადგენელნი სოც.-დემოკრატიულ ფრაქციისა, იმედი მაქვს განახორციელებთ მოკლე ხანში სენატის მოთხოვნილებას და მიანიჭებთ იმ უფლებას, რომელიც მას გახდის იმ ორგანოთ, როგორიც უნდა იყოს სენატი. რადგანაც მომხსენებელი გამოდის იურიდიულ კომისიის სახელით, მე მიკვირს, იურიდიული კომისია, როგორც ავტორი ყოველგვარ კანონებისა, რატომ არავითარ კონკრეტიულ ნაბიჯებს არ გადადგამს ამის შესახებ და თუ აქამდის არა, რატომ ამასთან ერთად არ წარმოადგინა კანონ-პროექტი იმისა, რასაც სენატი თხოულობს? ეს შეიძლება თქვენთვის პრინციპიალური საკითხი არ არის, მაგრამ თუ ეს მართლა პრაქტიკული მიზეზის ბრალი იყო, იმედია ამას მოკლე ხანში განახორციელებთ. ამისთვის საჭირო იქნება დამფუძნებელ კრების დადგენილება. თუ გამოიტანთ დადგენილებას, რომ დაევალოს იუსტიციის მინისტრს კანონ-პროექტი წარმოადგინოს რევიზიის უფლების მინიჭებისა, ისე, როგორც ამას შუამდგომლობს სენატი, მაშინ თქვენ იქნებით ნამდვილი და გულწრფელი დამცველი სენატისა. თუ არა მაშინ ცხადია სენატი თქვენთვის არის ისეთივე შინაური დაწესებულება, როგორც სხვა დაწესებულებები.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სენატის თავმჯდომარის ამხნაგს ბ-ნ ჯაფარიძეს.

ივ. ჯაფარიძე. სენატის თავმჯდომარის ამხანაგი. სამწუხაროდ მე არ შემიძლია საგანზე ვილაპარაკო, რადგანაც ამის უფლება არა მაქვს, მხოლოდ შემიძლია რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ. აქ იყო ლაპარაკი რევიზიის შესახებ. მომხსენებელი ხაზს უსვამს იმას, რომ არ ხდებოდა ხშირი რევიზიაო. მოგეხსენებათ, რომ 2 თვის განმავლობაში ახალ დაწესებულების მოწყობა არც ასე ადვილია. სენატორთა რიცხვი არც ისე დიდია, როგორიც ეს რუსეთში იყო. სულ თავმჯდომარესთან ერთად 15 კაცია. ტერიტორია კი მეტად დიდია. სენატორები, რომ რევიზორებათ წასულიყვენ, ჩვენ მაშინ აქ საქმის წარმოება უნდა შეგვეჩერებინა. საჭირო იყო მთელი რიცხვი სენატორებისა, რომ შესდგომოდენ თავის პირდაპირ მოვალეობის აღსრულებას. ეს ერთი. - მეორე თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სასამართლოს აშენების, არჩევნების საქმეს დრო სჭირია და ნუ თუ ამ დროს რევიზიის მოხდენა შეიძლებოდა? რევიზია მაშინ შეიძლება, როდესაც მასალა დაგროვდება და ვიდრე საორგანიზაციო მუშაობა არ დამთავრებულიყოს, სენატმა მსჯელობის შემდეგ გადასწყვიტა რევიზიორობისთვის არ მოენდომებინა ეს დრო. ეს იმიტომ, რომ ამ დროს განმავლობაში დაგროვდებოდა ერთგვარი მასალა, რომ შემდეგ მომხდარიყო რევიზია. მოხდა ერთი რევიზია ახალციხის მაზრაში. უნდა მომხდარიყო ახალქალაქის მაზრაში. მე მგონია სწორი ცნობა არ აქვს ვეშაპელს. მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალციხის მაზრაში მე ვიყავი გაგზავნილი, ახალქალაქის მაზრა სენატმა მე მომანდო. მაგრამ იმ დროს ჩამოვარდა დიდი თოვლი და წასვლა არ შეიძლებოდა. რაც შეეხება მთავრობის მინდობილობით სასამართლოს დაწესებულებათა რევიზიას, ამაზე სენატმა უკვე გასცა პასუხი. როდესაც მე მოვახდინე რევიზია ახალციხის მაზრაში მე მქონდა საგანგებო დავალება სენატისა მომეხდინა სასამართლოს დაწესებულების რევიზია. ამ მხრივ მთავრობის ამ საქმეში ჩარევა არ მომხდარა. აქ იყო ნათქვამი პასიობაზე, ვერ გავიგე რაში გამოიხატა პასიურობა. მხოლოდ მინდა მას შევეხო მოკლედ. თუ პასიობა იმაში გამოიხატა, რომ სენატი არ აქცევს ყურადღებას, რომ სხვა და სხვა ინსტრუქციები გამოდის და სენატი ამას არ ეხება, თუ კი შეიძლება სენატს დასდოს ამაში ბრალი, ამ ბრალს უკან უბრუნებთ. არა ერთხელ და ორჯერ მიმართა სენატმა ამა თუ იმ სამინისტროს, რომ თანახმად სენატის დებულებისა, დაუყონებლივ, როგორც კი ინსტრუქცია გამოიცემა, ეცნობოს ეს სენატს. მაგრამ გულახდილად მოგახსენებთ, რომ იყო შემთხვევა როდესაც მიწად-მოქმედების მინისტრმა შეასრულა ეს სენატის მოთხოვნილება, ისიც მხოლოდ დაგვიანებით მოთხოვნის შემდეგ. ამ ბოლო დროს სენატი ადგა იმ გზას, რომ თუ ამ გვარ მოვლენებს ექნება ადგილი და არ მიიღეს მხედველობაში ეს მოთხოვნილება სენატისა, მაშინ სენატი სასტიკ ზომებს მიიღებს, როგორც ამას სენატის დებულება მოითხოვს. მე ბოდიშს ვიხდი და არ ვიცი მაქვს უფლება თუ არა, რომ ამის შესახებ ვილაპარაკო, მაგრამ უნდა განვაცხადო. აქ დეპუტატმა ვეშაპელმა ილაპარაკა, რომ სენატი გადაიქცა მთავრობის თავმჯდომარის საგანგებო მინდობილობის მოხელეთო. ეს სიყალბეა და სინამდვილეს არ შეეფერება. მთავრობის თავმჯდომარის მიერ მხოლოდ ორი რევიზია იყო დანიშნული, პირველ რევიზიაში მე ვიყავი, მეორეში კი ბ. ქიქოძე. ამ დანიშნულების ქაღალდში აღნიშნული იყო თანახმად ივნისის 39 კანონისა, რომ გეძლევათ ესა და ეს უფლებები, რომლებიც მიღებულია დამფუძნებელ კრების მიერო. ამ რწმუნების ქაღალდის მიღების შემდეგ რევიზიის საქმეში არ ჩარევია არც მთავრობის თავმჯდომარე და არც ერთი მთავრობის წევრი, (ხმა: რევიზიის შედეგი ვის გადაეცა?) საუბედუროდ პოლემიკის უფლება არა მაქვს, მაგრამ შესახებაც მოგახსენებთ: როდესაც ამ კანონით ვისმეს ანიჭებენ უფლებას დანიშნოს ყოველ გვარი რევიზია, აშკარაა რევიზიის შემდეგ უნდა გადაეცეს მას ვინც გაგზავნა და დააკისრა ეს რევიზია, ასე მესმის მე, და ასე ესმოდა ჩემს ამხანაგსაც. ერთი რამეს კი მინდა მივაქციო ყურადღება: აქ იყო თქმული და ეს საწყენად მიმაჩნია როგორც სენატორის წევრს, თითქოს სენატი ექვემდებარებოდეს იუსტიციის მინისტრს. ჯერ ამნაირი შემთხვევა არ ყოფილა და შემდეგში შეიძლება მოხდეს, მაგრამ წინასწარ ამის შიში ზედმეტია, და კიდევაც ეს, რომ მოხდეს, სენატს კარგად ესმის თავის უფლება, და არავის არ მისცემს ნებას, რომ მის ძალა უფლებას შეეხოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ მომხსენებელს სერგო ჯაფარიძეს.

სერგო ჯაფარიძე (ს.-დ.) ბატონმა ვეშაპელმა სხვათა შორის წამოაყენა ფორმალური საკითხი, თუ რატომ სენატის წარმომადგენელმა არ გააკეთა მოხსენებაო. ეს საკითხი შეიძლება დაისვას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სენატის ანგარიშმა უნდა გაიაროს ჩვეულებრივი გზა. ის გადაეცემა სათანადო კომისიას, რომელიც აქცევს ყურადღებას არა მარტო შინაარსს, არამედ გაუკეთებს თავის დასკვნასაც და ამ სახით წარუდგენს დამფუძნებელ კრებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომხსენებელი უნდა იყოს დამფუძნებელ კრების წევრი, მხოლოდ ეჭვს გარეშეა, რომ სენატს საკითხის განმარტების უფლება უნდა მისცეს.

ბატონმა ლეო შენგელაიამ წარმოსთქვა რამდენიმე საყურადღებო მოსაზრება, რომელიც მმართველ პარტიის ყურადღებას უნდა იქცევდეს. ეს საკითხი სხვათა შორის შეეხება სენატის უკიდურეს მდგომარეობას ქონებრივი მხრით. ის აზრი თითქოს სენატი აბუჩად მიაჩნია მმართველ პარტიას, აშკარად უსაფუძვლოა. თუ მმართველ პარტიას არ სურდა სენატის დაარსება და არ სწამდა მისი დიდი მოვალეობა, იგი არც დააარსებდა მას. იტყოდა: „დღეს რევოლიუციის პროცესია და ამ რევოლიუციის პროცესში კანონებზე ლაპარაკი ზედმეტიაო და, მაშასადამე, სენატიც ზედმეტიაო“. ასეთი ლოზუნგი მართლაც გაისმა, მაგრამ ეს არ გაიზიარა უმრავლესობამ და სენატი დაარსდა, მაშასადამე ამაზე ლაპარაკს ნიადაგი არ აქვს. (შენგელაია: საქმით დაამტკიცეთ!) ვამტკიცებთ იმით, რომ ჩვენ უფრო პატივისცემით ვეპყრობით სენატს, ვიდრე თქვენ და ვეშაპელიც, რომელიც თუმცა გვარწმუნებს სენატს პატივისცემით ვეპყრობიო, მაგრამ მის მიერ მოყვანილ სიტყვებიდან ეს პატივისცემა აღარა სჩანს. ვეშაპელი ბრძანებს: „სენატორი პასიური გამოდგა ამ მხრივ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სენატს დებულებით უფლება აქვს რევიზია მოახდინოს ყველა დაწესებულებაში, მან პასიობა გამოიჩინა და უარი სთქვა ამ უფლებაზეო“. ვეშაპელს ვერ გაეხსენებია ჩვენი სენატის დებულების ისტორია, ის, უეჭველია, იტყოდა იმას, რაც იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, სადაც არის ნათქვამი, რომ სენატს უფლება აქვს რევიზია გაუკეთოს სასამართლო უწყებას და მის ყველა დანარჩენ დაწესებულებასო.

მარტო ის ფაქტი, რომ აქ არის ნახსენები სასამართლო უწყება, ამტკიცებს რომ მას სხვა დარგის რევიზიის უფლება არა აქვს. კიდევ მეტი, პროექტში ეს იყო მოყვანილი, მაგრამ დამფუძნებელმა კრებამ შეუძლებლად სცნო ამ უფლების მიცემა, მაშასადამე თუ სენატმა უარი სთქვა, სამართლიანად მოიქცა და აქ მისი პასივობა არ გამოიხატება. აგრეთვე არ არის მართალი ის აზრი, თითქოს სენატის შემადგენლობაში გარდა სოც.-დემოკ. მიმართულებისა სხვა არავინ შედიოდეს. პირიქით ჩვენ ავირჩიეთ ისინი ვინც ამ საქმისათვის მომზადებულად ვსცნობდით, მიუხედავად იმისა თუ რა პარტიას ეკუთვნოდენ ისინი. იქ არიან ნაციონალ-დემოკრატები, ესერები, და ვეშაპელის პარტიის წარმომადგენელი თუ ღირსეული ადამიანი აღმოჩნდება, უარს არც მასზე ვიტყვით. აქ მინდა საკითხი ქონებრივ გაუმჯობესებასაც დაუკავშირო. მე მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ მმართველ პარტიის მიერ უკვე დასმულია საკითხი და ახლო მომავალში გადაწყვეტილი იქნება, რომ სენატორების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, როგორც გამონაკლისი - ეს ერთი.

მეორე - რევიზიის შესახებ: მოგახსენებთ, რომ სენატს მაშინ სხვადასხვა რევიზიის უფლება არ ქონდა. ეხლა ამას ყურადღებას აქცევს სენატი და შეიძლება გადაშინჯულ იქმნეს ეს საკითხი და უახლოეს დროში დაისვას იგი. მთავრობაც ამ მხრივ ნდობას უცხადებს სენატს და ამტკიცებს, რომ იგი ავტორიტეტული დაწესებულებაა. ამ მხრივ უსაფუძვლოა ის საყვედური, თითქოს მთავრობას, ან ცალკე სამინისტროს უნდოდეს დამცირება სენატის ავტორიტეტისა. მე სრულიად მიუღებლად მიმაჩნია საერთო დებულება შენგელაიასი, თითქოს ჩვენი სენატი და საერთოდ სასამართლო არ არის დამოუკიდებელიო. ამ ფაქტების მიხედვით, რომლითაც შენგელაია გვარწმუნებს თითქოს ვიღაცა ცდილობს შეზღუდოს სენატის უფლება, იგი არ არის მართალი. იმის თქმა, რომ სენატი არის ვისმესგან დამოკიდებული, შეუძლებელია. რომ შენგელაიას მიერ წამოყენებულ ბრალდებას საფუძველი აკლია, ამაში დამფუძნებელი კრება დამერწმუნება, სხვათა შორის იუსტიციის მინისტრის სიტყვიდგან მე მინდა მხოლოდ მოგახსენოთ რამდენიმე ფაქტი. ეს გახლავთ მაგალითად სურამის საქმე, თქვენ მიერ მოყვანილი. სენატმა გააუქმა სურამის ქალაქის თავის განკარგულება. კანონ-პროექტის ძალით ყოველი განაჩენი, რომელიც შეეხება რომელიმე თვითმმართველობის ორგანოს მოქმედებას, უნდა ეცნობოს იმავე ორგანოს ასასრულებლად, სხვა გზა ასრულებისა არ არსებობს. მაშასადამე სახაზინო ორგანოს ან ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილება, რომ გაუქმებულ იქმნას, ეს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს თვით ამ ორგანოს და იქ „სუდებნი პრისტავს“ და სხვების ჩარევა არ შეიძლება. მაგრამ მოხდა აი რა: სანამ სურამის თვითმმართველობას ეცნობებოდა სენატის დადგენილება, მთავრობის თავმჯდომარემ თუ შინაგან-საქმეთა სამინისტრომ აცნობა სურამის ქალაქის თავს: სენატის დადგენილება სისრულეში მოიყვანეო, ამით მას სენატი კი არ დაუმარცხებია, პირიქით, სანამ ჩვეულებრივ გზას გაივლიდა ეს დადგენილება, მანამ მთავრობამ მოისურვა მისი სისრულეში მოყვანა. (რუსია: გაგება უნდა მაგას?). მე არ მიმაჩნია საჭიროდ სხვა ფაქტებზე შევჩერდე, რადგანაც მათ შესახებ პასუხი და განმარტება უკვე მისცა დამფ. კრებას იუსტიციის მინისტრმა. არავითარი ფაქტი ამისა, რომ სასამართლოს რომელიმე ორგანო და კერძოთ სენატი დამოკიდებული იყოს ვისმეზე, აქ არ მოუყვანიათ. და ასეთი აზრის გამოთქმა აქ მე უადგილოდ მიმაჩნია.

თავმჯდომარე. ამ მოხსენების შესახებ სოც.-დემ. ფრაქციიდან შემდეგი წინადადება არის შემოტანილი: „მოისმინა რა სენატის 1919 წლის ანგარიში, დამფუძნებელი კრება გამოსთქვამს კმაყოფილებას სენატის მოქმედების გამო და გადადის მორიგ საკითხებზე“. არის თუ არა სხვა წინადადება? არ არის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? თავი შეიკავა ვეშაპელმა. მიღებულია. წინადადება გახლავთ ასეთი, რომ შემდეგი სხდომა დაინიშნოს სამშაბათს. (ხმები: რატომ? ლ. შენგელაია: მენშევიკების სიეზდი არის დანიშნული). ვის სურს სიტყვა? სიტყვა ბ. ნუცუბიძეს ეკუთვნის.

ი. ნუცუბიძე (ს.-რ.). შემდეგი სხდომა უნდა მოხდეს პარასკევს, იმიტომ რომ დღიურ წესრიგში არის ისეთი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ არის აღიარებული. შეკითხვა აუცილებლად უნდა იქნეს განხილული პარასკევს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

ვ. თევზაია (ს.-დ.). ბატონებო, ის კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით თქვენც უნდა მიიღოთ იმიტომ, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი პროვინციაში მიემგზავრება, ბევრი კი ფრონტზეა, ასე რომ მათ არ ექნებათ საშუალება დაესწრონ სხდომას. რაც შეეხება ბატონ ნუცუბიძის მოსაზრებას, ის არ არის მისაღები. შეკითხვის გადადება შეიძლება, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ჩვენ ვთხოულობთ გადადებას.

თავმჯდომარე. ვინ არის წინადადების წინაააღმდეგი? წინადადება მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ განმარტებისთვის. აქ ნუცუბიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის ძალით ეს შეკითხვა დღესვე უნდა განხილულიყოვო. უნდა მოგახსენოთ პრეზიდიუმის სახელით, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცნოთ რეგლამენტს. სხდომის დახურვამდე შეკითხვის ტექსტი უნდა წაკითხულ იქნეს და მაშინ სიტყვა ეძლევა მას, ვინც იცავს სისწრაფეს და მერე მოწინააღმდეგეს. როცა მე მოგახსენეთ, რომ სამი საათი სრულდებაო, მაშინ თქვენ აქ ბრძანდებოდით და უნდა შემოგეტანათ ეს საკითხი. მაგრამ თქვენ ეს არ ინებეთ და როდესაც ნუცუბიძე აცხადებს, რომ რეგლამენტი დარღვეული არ არისო, ეს სინამდვილეს არ შეეფერება. აი ის, რისი განცხადებაც მინდოდა. სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა 4 ს. 50 წ. იხურება.

22 ოცდამეორე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(22)

1920 წელი. ივნისის 8. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. არჩევნები სახელმწიფო ბანკის მმართველის ამხანაგისა და გამგეობის წევრთა.

3. დეკრეტი - გასატან საქონელზე დროებითი ბაჟის შემოღებისა.

4. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელი ექსპედიციის ახალ ბინაზე გადატანისა და ამ ბინის გადაკეთებისათვის 5.080.354 მან. და 73 კაპ. გადადებისა.

5. შეკითხვა - სოციალ-რევოლიუც. ფრაქციის მთავრობისადმი ემისიის უფლების დარღვევის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი კ. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთ. თაყაიშვილი.

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 2 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტის ნუსხას და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანონ-პროექტი მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებისა.

დღის წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა - სამხედრო მფრინავთათვის ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა - მევენახეობის და მეღვინეობის ტფილისის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტების გაუქმებისა და აღაიანის, კონდოლის და ჩუმლაყის სანერგეების ერობათათვის გადაცემის შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი კანონისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი კანონისა - სასამართლოს დაწესებულებათა დებულების 206 და 406 მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჯაშუშობასთან საბრძოლველად დამზვერავი ნაწილის თანამდებობის პირთათვის საგამომძიებლო ფუნქციების მინიჭების შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

7. საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველის ამხანაგისა და გამგეობის წევრის თანამდებობაზე დამტკიცება. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო უწყების შტატის დამატების შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

9. დეკრეტი - გასატან საქონელზე დროებითი ბაჟის შემოღებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

10. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდის დამმზადებელ ექსპედიციის ახალ ბინაზე გადატანისა და ამ ბინის დროებითი ბაჟის შემოღებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

11. სოციალისტ-რევოლ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - ემისიის უფლების დარღვევის შესახებ.

თავმჯდომარე. ჩვენ მოგვივიდა იუსტიციის სამინისტროსაგან განცხადება, რომელშიაც იგი ითხოვს დაუბრუნდეს მას კანონ-პროექტი ჯაშუშობასთან საბრძოლველად დამზვერავ ნაწილის თანამდებობის პირთათვის საგამომძიებლო ფუნქციების მინიჭების შესახებ, მისი დეტალურად შემუშავებისათვის. კანონ-პროექტის უკან დაბრუნების უფლება აქვს უწყებას. დღიური წესრიგის გამო სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა ბ. ილ. ნუცუბიძეს ეკუთვნის.

ი. ნუცუბიძე. ბ-ბო, მე წინადადება შემომაქვს, რომ სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი განხილულ იქნეს პირველ რიგში, რადგანაც იგი უაღრესად სასწრაფო არის. (თევზაია: დიდი სიამოვნებით!) ფულები იბეჭდება არალეგალურად, არალეგალურადვე იხარჯება. ეს ჩემის აზრით დიდი საკითხია რესპუბლიკისათვის და ამიტომ სასწრაფოა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ბ. თევზაიას ეკუთვნის.

ბ. თევზაია. მე მესმის აზრი იმ წინადადებისა, რომელიც ესერების წარმომადგენელმა შემოიტანა. დარჩა 1 საათი და ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ საღამომდეც და არ მესმის 1 საათით რომ დაგვიანდეს რა მოუვა?

თავმჯდომარე. უკაცრავად, განმარტება უნდა. ალბათ დეპ. თევზაიას სახეში აქვს დამფუძნ. კრების დადგენილება, რომელიც პარასკევის სხდომას შეეხება. თქვენ, ალბად დადგენილება დაგავიწყდათ. როდის გაირჩეს, საბოლოო ტექსტების წინ თუ შემდეგ? ვინ არის მომხრე საბოლოო ტექსტების შემდეგ განხილვისა? მაშ შეკითხვა ჩვეულებრივი წესით იქნება განხილული. დამფუძნებელი კრების წევრმა უარი განაცხადა წევრობაზე. მის ალაგს დაიჭერს ბატონი ჟღენტი.

საბოლოო ტექსტების მოსახსენებლად სიტყვა გომართელს ეკუთვნის.

ი. გომართელი. (ს.-დ.) კითხულობს დღიურ წესრიგს 1, 2, 3, 4, და 5 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს რომელთაც დამფ. კრება უცვლელად იღებს.

1. არჩევნები სახელმწიფო ბანკის მმართველის ამხანაგის და გამგეობის წევრის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატებისა.

თავმჯდომარე. სახელმწიფო ბანკის წესდების მე-44 მუხლის ძალით, სახელმწიფო ბანკის მმართველს უფლება აქვს წარადგინოს კანდიდატები მმართველის ამხანაგისა და გამგეობის წევრის თანამდებობისათვის, რომელნიც დამფუძნებელ კრებამ უნდა დაამტკიცოს. ბანკის მმართველის ამხანაგად დასახელებულია რაჟდენ დუმბაძე და გამგეობის წევრად იასონ მენაბდე. სიტყვა იმნაიშვილს ეკუთვნის.

ნ. იმნაიშვილი. (ს.-დ.) დასახელებული პირების კანდიდატურა განიხილა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ სარეკომენდაციო კომისიასთან ერთად და ეს კანდიდატები მისაღებად აღიარა. კომისიების აზრით ერთს მათგანს აქვს 20 წლის საბანკო პრაქტიკა, მეორეს 15 წლის. ამიტომ საფინანსო და სარეკომენდაციო კომისია შუამდგომლობს მათს დამტკიცებას.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი. ვინც ამტკიცებს დუმბაძეს საბჭოს თავმჯდომარედ, გთხოვთ ხელი ასწიოთ. ერთხმად. მენაბდე არჩეულია ერთხმად გამგეობის წევრად. სიტყვა ბ. მდივანს ეკუთვნის. არ არის. სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

2. დეკრეტი გასატან საქონელზე დროებითი ბაჟების შემოღებისა.

დ. ონიაშვილი. (ს.-დ.) დეკრეტი საზღვარ-გარედ გასატანი საქონლის ბაჟების ტარიფის გადიდების შესახებ.

არსებული საბაჟო ტარიფი, რომლითაც დღეს ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, დაწესებულია ძველი რუსეთის იმპერიაში და შეეფერება ძველ მდგომარეობას და ცხოვრების ძველ პირობებს. უმეტესად ძველად გასატან საქონელზე ბაჟები არ არსებობდა და თუ არსებობდა, ძალიან ცოტა. მოგეხსენებათ ძველად საქონლის რაოდენობა ისეთი იყო, რომ ყველა სახელმწიფო და მთავრობა სცდილობდა შეექმნა ისეთი პირობები, რომ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის ძალით დაემარცხებინა მეორე სახელმწიფო. ამის გამო მთავრობა ცდილობდა შეექმნა საჭირო პირობები და ხშირად არა თუ ათავისუფლებდენ ამ საქონელს ბაჟებისაგან, არამედ პრემიასაც უნიშნავდენ საქონლის გატანისათვის. ომის და რევოლიუციის დროს პირობები შეიცვალა, შეიცვალა საქონლის რაოდენობაც და გამოიცა უკიდურესი განკარგულება საქონლის გატანის წინააღმდეგ მიმართული. მაგრამ მიუხედავად ამ ზომების მიღებისა, სპეკულიანტები მაინც ცდილობენ გაიტანონ საქონელი. ამიტომ სახელმწიფო ცდილობს გასატან საქონელზე ბაჟი დააწესოს. თუ ეს ბაჟები იქნება გატარებული ცხოვრებაში, წელიწადში ნახევარი მილიარდი მან. იქნება შემოსავალი, ისე რომ ფინანსიურად ეს დადებითი მოვლენა არის. ამ დეკრეტს აქვს ნუსხა. ზოგადი მსჯელობის დროს აღვნიშნავ, რომ ის საქონლები, რომელსაც აქვს პირველი მოთხოვნილების ხასიათი, აკრძალულია გასატანად, მაგ. პური, ქერი და სხვა ამგვარი. აკრძალულია სამონოპოლიო საქონლის გატანაც. რაც შეეხება იმ საქონელს და საგნებს, რომელიც მოდის საქართველოში, ან სწარმოებს ადგილობრივ, იმათზე არ არსებობს ბაჟი. შეიძლება მათი უბაჟოდ გატანა. ოქრო-ვერცხლის გატანა საზღვარ-გარედ ძალზე შეზღუდულია. 1 მუხლი არის კიდევ, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრს უფლება ეძლევა ის ნუსხა, რომელიც ახლავს ამ დეკრეტს, შესცვალოს, ან აკრძალოს გასატანი საგნები ან ბაჟები შეამციროს. საქმე იმაშია, რომ პირობები ისე იცვლება, რომ შესაძლოა შეიქმნეს მდგომარეობა, რომ ეს ბაჟები არ გამოდგეს; ამიტომ მთავრობას ეძლევა უფლება გამოიტანოს ისეთი დადგენილება, რომ ეს ბაჟები სრულიად შესცვალოს. აი ის გარემოება, რომ ეს მთავრობის დადგენილებით ხდება, არის გარანტია იმისა, რომ ფინანსთა უწყება შეცდომას არ ჩაიდენს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესი. აი ყველა ის, რისიც თქმა საჭირო იყო ამ კანონის შესახებ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მუხლობრივი განხილვისათვის, არავის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე, (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქმნა დამფ. კრების მიერ და სარედაქციო კომისიას გადაეცა).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ნ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

3. დეკრეტი, სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციის ახალ ბინაზე გადატანისა და ამ ბინის გადაკეთებისათვის 5.080.354 მან. გადადებისა.

იმნაიშვილი. (ს.-დ.) ეს გახლავთ დეკრეტი სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელი ექსპედიციის ახალ ბინაზე გადასვლისა და ახალ ბინის გადაკეთებისათვის 5 მილიონ მანეთის გადადების შესახებ. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ შენობა, სადაც მოთავსებულია სახელმწიფო ქაღალდების დასამზადებელი ექსპედიცია, არ არის უზრუნველყოფილი. იქ არის გენერალური შტაბი და სხვებიც ცხოვრობენ.

საერთო დაცვის მხრივაც არ არის უზრუნველყოფილი, როგორც საქმის წესიერი მსვლელობა მოითხოვს: ვიწრო და ბნელი შენობაა და მუშაობა დაბრკოლებულია, ფინანსთა მინისტრი შუამდგომლობს მიეცეს მას ნება, რომ ეს ექსპედიცია გადაიტანოს უფრო შესაფერ შენობაში და ამისათვის თხოულობს 5 მილიონ მანეთს. ეს შენობა, რომელშიაც უნდა გადავიდეს ექსპედიცია, არის საოლქო საარტილერიო სამმართველო, რომელსაც გადაკეთება სჭირია. და დაცვის მხრითაც უფრო შესაფერია ეს სახლი. მას სჭირია გადაკეთება. არის ხარჯთაღრიცხვა აქ დართული, აგრედვე არის გეგმა, თუ როგორ გადაკეთდეს და დამთავრდეს ეს საქმე. პროექტი დეკრეტისა განიხილა საბიუჯეტო კომისიამ, მოიწვია სპეციალისტები და დაეთანხმა ფინანსთა მინისტრს ამ დაწესებულების გადატანაში. კონტროლიც ამ აზრის არის.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? წინააღმდეგი ხომ არავინ არის მუხლობრივი განხილვისა? (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიუღებელი იქნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა).

თავმჯდომარე. სოც. რევ. ფრაქციის შეკითხვა ემისიის უფლების შესახებ მთავრობისადმი. სიტყვა ეძლევა ილ. ნუცუბიძეს.

4. შეკითხვა სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა მთავრობისადმი ემისიის უფლების დარღვევის შესახებ.

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.) ბატონებო! შეკითხვის სისწრაფეს დასაბუთება არ სჭირია, რადგან შეკითხვის ტექსტში ნათქვამია, რომ არა ლეგალურად იბეჭდება მილიარდები და არა ლეგალურად იხარჯება. ეს მოვლენა, ჩვენის შეხედულებით ეხება რესპუბლიკის ყოფნა-არ-ყოფნის საკითხს და ამიტომ იგი სასწრაფოდ უნდა იქნას განხილული.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ შეკითხვა სასწრაფოდ იქნეს ცნობილი? არავინ. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ილია ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.) როდესაც სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციას მოუვიდა ცნობა, რომ არა ლეგალურად არის დაბეჭდილი 1.501.000.000 მან. ბონი და აგრეთვე არალეგალურად დაიხარჯა 800 მილიონამდე, ფრაქციის დავალებით წავედი საკანტროლო უწყებაში, რათა შემემოწმებია ოფიციალურად ის ცნობა, რომელიც მქონდა ხელთ. მე მივმართე ბ. დირექტორს სმირნოვს. ავუხსენი მას საქმის ვითარება და მოვთხოვე ცნობა. მან კატეგორიული უარი მითხრა ცნობების მოცემაზე და წინადადება მომცა მიმემართა კონტროლის ამხანაგისთვის, მე წავედი მასთან, ბ. ანდრონიკაშვილთან. სმირნოვიც თან წამომყვა. იმასაც აუხსენი საქმის ვითარება და მოვთხოვე ოფიციალურად ცნობა. მანაც კატეგორიული უარი მითხრა და დაასაბუთა იმით, რომ სახელმწიფო კონტროლიორი ვალდებული არის დამფუძნებელ კრებას მისცეს ანგარიში და არა კერძო დეპუტატებს. (თევზაია: რასაკვირველია!). მე ამის შემდეგ წავედი ფინანსთა სამინისტროში, აქ კი მივიღე ოფიციალური ცნობა, რომელიც სავსებით დადასტურება იყო იმისა, რომ 19 აპრილიდან 29 მაისამდე დაბეჭდილი ყოფილა ნება-დაურთველად, არალეგალურად, უკანონოდ 1.501.300.000 აქედან უკვე დაუხარჯავთ 800 მილიონამდე, ეს ოფიციალური ცნობა მივიღე სამინისტროდან. დღეს მე ხელთ მაქვს ცნობა, რომ დაბეჭდილა უკვე, აი გუშინ, 4 ივნისს 2.026.673.900 მან. ბონი. აგრეთვე გავიგე საფინანსო უწყებაში, რომ ხაზინისადმი არის გაცემული ბრძანება სამინისტროსაგან, რომ მას ეძლევა უფლება დახარჯოს 1.100.000.000 მან. ბონი.

ასეთია საქმის ფაქტიური ვითარება. საინტერესოა ეხლა ჩვენ გავიხსენოთ ის მოტივები, რომელიც მოიყვანა ფინანსთა მინისტრმა უკანასკნელი - მეორე, მესამე ემისიის დროს. თავის მოხსენებაში ფინანსთა მინისტრი ამბობდა: 7 ნოემბერს ამოიწურა მეორე ემისია, მას შემდეგ ხარჯები გაიზარდა და ჯამაგირმა 40 პროც. მოიმატა. ამის გარდა სამინისტროებმა წაიღეს საგრძნობი თანხები. ასე, რომ ხარჯები დიდად გაიზარდა და ამიტომ, გთხოვთ მოგვცეთ უფლება ემისიისა არა 200-300 მილ., არამედ 800 მილიონისა, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში გვეყოს და შემდეგ კი გამოვასწორებთ ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობას, გამოვძებნით ახალ წყაროსო, ავიღებთ სესხს საზღვარ გარედ და შეუდგებით მუშაობას ფულის სისტემის შემუშავებისათვის. ასეთი იყო ფინანსთა სამინისტროს მოტივები უკანასკნელ ემისიის დროს, ასე თუ ისე, ის ცდილობდა, რომ როგორმე დაესაბუთებია, გაემართლებია ის საგრძნობი თანხა, რომელიც დამფუძნებელ კრებისაგან იყო გამოთხოვილი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ეს მოსაზრებანი და ღონის-ძიებანი ცხოვრებაში ვერ გაატარა. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, გვეთქვა და ახლაც ვიმეორებთ, საფინანსო უწყება შეპყრობილია ფინანსიური ცრუ-მორწმუნეობით და ამიტომ, რასაკვირველია, ყოველთვის უარყოფით შედეგებს ღებულობს.

რადგან ჩვენი მდგომარეობა დღესაც არ არის გამორკვეული არც პოლიტიკურად და არც სხვა მხრით, რადგან როცა მთელი ევროპა დანგრეულია ფინანსიურად და თავის თავისათვის ვერ მოუვლია, მაშინ ფიქრი იმაზე, რომ ის მოგვცემს სესხს ხელსაყრელ პირობებში, ეს პირდაპირ ზღაპარია. და თუ ვინმე მოგვცემს სესხს, საგრძნობი გირავო უნდა მივცეთ. ასეთი გზით საკუთარი ვალიუტის შექმნა არ შეიძლება. საკუთარ ვალიუტას საკუთარი ეკვივალენტი უნდა ქონდეს. უამისოდ იგი იქნება უცხო ვალიუტაზე დამოკიდებული და არა საკუთარი. მეცნიერება გადაჭრით ლაპარაკობს, რომ სიმტკიცე ვალიუტისა დამოკიდებულია სახალხო მეურნეობაზე. ბოლოს და ბოლოს ეს არის ვალიუტის რეგულიატორი და განმამტკიცებელი. და ჩვენი ყურადღება ყოველთვის სახალხო მეურნეობის აყვავებისაკენ უნდა იყოს მიმართული. ამ გზით უნდა სწარმოებდეს ეკონომიური პოლიტიკა მთავრობისა და არა იმ გზით, რომ იმედი გვქონდეს, რომ ვიღაც ბურჟუა-პატრონი მოგვცემს ოქროს და ამაზე ვაგებთ საკუთარ ეკონომიურ კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ. ამას გარდა კიდევ ერთი უნდა მოგახსენოთ. უკვე შექმნილი და დამტკიცებული ბურჟუაზიული სახელმწიფონი კერძო ინიციატივას აკუთვნებენ უპირატესობას და ამ გზით. მაგრამ ის პატარა სახელმწიფოები, რომლებიც ეხლა ემზადებიან, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულნი არც პოლიტიკურად და არც ეკონომიურად, ვერ წავლენ იმავ გზით, რა გზითაც გამტკიცდნენ და აყვავდნენ ეს ძველი სახელმწიფოები. ჩვენ უნდა ვაწარმოვოთ დამოუკიდებელი ეკონომიური პოლიტიკა, უნდა დავადგეთ კოლექტიურ შემოქმედების გზას, აი, სწორედ აქ არის ჩვენი ხსნა. სანამ ამას ვერ შევიგნებთ, საღი ეკონომიური ფინანსიური პოლიტიკის მაგიერ საფინანსო უწყება შეუდგა ბონების არალეგალურად ბეჭდვას და ხარჯვას. გაიფიქრა თუ საიდუმლოებით იქნება მოცული ბონების ხარჯვა, უკანასკნელის კურსით არ დაეცემაო. (დ. თოფურიძე: ვინ მოგახსენათ ეს?) უნდა მოგახსენოთ, რომ უმრავლესობის პარტია, ე. ი. მთავრობის პარტია ამ შემთხვევაში ორიგინალური არ არის, ასეთ პოლიტიკას ადგა ძველი რუსეთი, კიდევ ალექსანდრე პირველის დროს. როდესაც ასიგნაციების ფასი სასტიკად დაეცა, რუსეთის ფინანსები აირ-დაირია და მისი მოწესრიგება არავითარ საშუალებით არ შეიძლებოდა, ხალხში უკმაყოფილება გაისმა ასიგნაციების წინააღმდეგ, რომელმაც დაკარგა ნომინალის 81 პროც., მაშინ რა გზას დაადგა ალექსანდრე პირველი? მან მიმართა ხალხს მანიფესტით, რომ ასიგნაციებს არ გამოუშვებთ; ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ ის ასიგნაციები, რომლებიც თქვენში ტრიალებს ამოვკრიბავთ, მაგრამ ფაქტიურად კი ასიგნაციებს არალეგალურად, საიდუმლოთ უშვებენ და ასიგნაციების ფასი თან და თან ეცემოდა. ამ ფაქტს ქონდა ადგილი რუსეთში. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ეს საიდუმლოება იქ იცოდა სათანადო ორგანოებმა, არ იცოდა მხოლოდ ხალხმა, აქ კი ბონების ბეჭდვა არც ხალხმა იცის, არც სათანადო ორგანოებმა იციან. (დ. თოფურიძე: სიცრუეა, იცოდეთ!). მე დამფუძნებელ კრების წევრი ვარ და არ ვიცოდი, ფული იშვებოდა თუ არა. (შ. ნუცუბიძე: ეგ ქალაქის თავად იყო ქუთაისში და იცის!). მაგრამ ამ სირაქლიმას მეთოდმა იქ ვერ გასჭრა, ასიგნაციების ფასმა არ აიწია, პირიქით, უფრო და უფრო ეცემოდა და წარმოიდგინეთ თქვენ სწორედ 1810 წ. როდესაც რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა საუკეთესო იყო, როდესაც მის მოკავშირედ იყო საფრანგეთი და შვეციასთან ომი მოიგო, მთლად დაეცა ასიგნაციების კურსი, და რა იყო ამის მიზეზი? ამის მიზეზი იყო ის, რომ იმ ხანად ინგლისის ვაჭრობა-მრეწველობა საშინელ კრიზისს განიცდიდა. რადგან რუსეთი არ იყო დამოკიდებული ეკონომიურ პოლიტიკის მაწარმოებელი და ფაქტიურად მისი ვალიუტა დამოუკიდებელი იყო ინგლისის ვალიუტაზე, ამ გარემოებამ დიდი როლი ითამაშა ასიგნაციების დაცემაში. აქ იყო ორი ფაქტორი: ერთი - ასიგნაციების აუარებელ გამოშვებას, არა საღი, არა ნორმალური ეკონომიური პოლიტიკა ქონდა, და მეორე - ის კრიზისი, რომელზედაც მე მოგახსენებთ. შედეგად რა მოჰყვა ამას? შედეგად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფომ გამოაცხადა თავისი თავი გაკოტრებულად, ე. ი. დევალვაცია მოახდინა, (დევალვაცია ხომ გაკოტრება არის?) და ასეთი გაკოტრება მოჰყვება ყოველთვის არანორმალურ ფინანსიურ პოლიტიკას.

არის სხვა ისტორიული მაგალითებიც, რომ ფულის გადაჭარბებით გამოშვებამ სახელმწიფო კატასტროფამდის მიიყვანა. მოიგონეთ საფრანგეთის დიდი რევოლიუცია. 1795 წ. ასიგნაციების კურსი ნომინალის 0,52 პროც. დაეცა, მაგრამ აქ აღსანიშნავი ის არის, რომ ეკონომიური გაკოტრების გამოცხადება ყველა სახელმწიფოს და ყველა პირობებში არ შეუძლია. ეს შეუძლია რუსეთს, როდესაც მისი საგარეო ვაჭრობა გამოკეთდა, მაგრამ ყველა პირობებში ეს არ შეიძლება. ჩვენ ეს არ შეგვიძლიან, რადგან ჩვენს პირობებში, როდესაც ფინანსიურად და პოლიტიკურად ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არა ვართ, ეს კატასტროფას გამოიწვევდა. ასე, რომ ამ გარემოებას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ამიტომ ჩვენ ვამტკიცებთ, განსაკუთრებულ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ბონების გამოშვებას. (დ. თოფურიძე: ჭორები ჩვენი ბონების ღირებულებას სცემენ! საერთო ხმაურობა). თქვენ რომ ზრდილობა გქონდეთ, სხვანაირად ილაპარაკებდით! (დ. თოფურიძე: მასწავლეთ ზრდილობა!).

თავმჯდომარე. გთხოვთ ორატორს ნუ უშლით. (ზარს რეკავს).

ნუცუბიძე. ისტორიამ იცის, ბატონებო, მაგალითები იმისა, რომ საკანონმდებლო დაწესებულების და მთავრობის შორის კონფლიქტი მომხდარა საბიუჯეტო უფლების გარშემო (ვ. თევზაია: აუარებელი!). მოიგონეთ თუნდაც 62 წელი, როდესაც ბისმარკი მოითხოვდა ქვედა პალატისაგან თანხას ჯარის ორგანიზაციისათვის, მაგრამ მას უარი უთხრა ქვედა პალატამ და ოთხი წლის განმავლობაში ზედა პალატის დასტურით კრეფდა ამ ფულებს. ბოლოს მაინც ვილგელმი იძულებული შეიქნა ქედი მოეხარა საკანონმდებლო დაწესებულების წინაშე. ბოდიში მოიხადა და აღუთქვა, რომ ასეთ უკანონობას ის აღარ ჩაიდენდა. და როგორი იყო მაშინ პოზიცია ლასალის? ლასალი ურჩევდა საკანონმდებლო დაწესებულებას ამ ბოროტმოქმედებაზე ხელი არ მოეწერა და დაშლილიყო. ასეთი იყო პოზიცია ლასალის. (ხმა ადგილიდან: თქვენი პოზიცია როგორი ღა არის?) ინგლისში, ბატონებო, სადაც საბიუჯეტო უფლება ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში ჩაისახა, როდესაც ხალხის წარმომადგენელნი არ მისცემდენ კოროლს გამოთხოვილ თანხას, ის ვერ ბედავდა არალეგალურად ფულების გამოშვებას. მაშინ ის მიმართავდა ხალხს თხოვნით, საჩუქარი რაიმე მოგვეცითო.

მაგრამ არალეგალურად რომ ფული გამოეშვას რომელიმე სახელმწიფოს, ეს ისტორიას არ ახსოვს. ეს იყო რუსეთში, მაგრამ იქაც არალეგალური იყო ეს, როგორც მოგახსენეთ, იმ მხრივ, რომ ხალხმა არ იცოდა, თორემ სათანადო ორგანოებმა ეს იცოდენ. აქ კი არც ხალხმა იცის და არც სათანადო ორგანოებმა.

მაგრამ, იქნება გგონიათ, ეს იყოს განსაკუთრებული კერძო შემთხვევა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებით კერძო დაფასებას მოითხოვს? მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვენდა სამწუხაროდ და, მე კიდევ დაუმატებ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენში საკანონმდებლო დაწესებულების ასე აბუჩად აგდება სისტემაში არის. (ხმა ადგილიდან: მაგალითად?) მოიგონეთ მომარაგების სამინისტრო, რომელსაც აქვს თავისი საკუთარი კასა. ის არავითარ ანგარიშს არ იძლევა, არ ადგენს შტატებს, მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ მოსთხოვა მას შტატების წარმოდგენა, დღემდის არ წარმოუდგენია, ვერ მოვასწარიო და ჯამაგირებს ნიშნავს თავის მოსაზრებით, თავის შეხედულებით.

მოიგონეთ მიწად-მოქმედების მინისტრი, რომელიც სისტემატიურად ფაქტის წინაშე აყენებს დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო კომისიას. ჯერ დახარჯავს ფულებს და მერე წარმოადგენს დახარჯულის ნუსხას დასამტკიცებლად. რამდენჯერ დაადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, რომ ასეთი წესი შეუწყნარებელია, მაგრამ არ იქნა ბოლო არ მოეღო ასეთ უკანონობას.

მოიგონეთ საგარეო-საქმეთა სამინისტრო.

ჩვენი, სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია, რასაკვირველია, ყოველთვის მოწადინებულნი ვიყავით და ვართ, რომ მშვიდობიანობა დავიცვათ და ზავით შევეკრათ ყველა ჩვენ მეზობელს, ნეიტრალობა დავიცვათ, მაგრამ ეხლა რაც ჩაიდინა საგარეო-საქმეთა სამინისტრომ ეს პირდაპირ არამც თუ საკანონმდებლო დაწესებულების უფლების გაქელვა და მოსპობა არის, ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. (ვ. თევზაია: რევოლიუციაა პირდაპირ!). ზავი შეკრა საბჭოთა რუსეთთან და ამ ზავს რატიფიკაცია კი არ სჭირდება, და ხალხი მიიღებს თუ არ მიიღებს ამას, ეს ბატონ ურატაძეს არ აინტერესებს. მოაწერა ხელი და გათავდა. ხელშეკრულება შედის ძალაში ურატაძის ხელის მოწერით. ჩვენ, ვიმეორებ, გვწყურია ზავი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფარგალი, საზღვარი, თავისი შინაარსი (ლ. შენგელაია: სოც.-დემოკრატიას არაფერი აქვს!). ასეთია, ბატონებო, ჩვენი მართვა-გამგეობის საერთო მდგომარეობა ჩვენდა საუბედუროდ.

და რას შვრება ამ დროს ჩვენი კონტროლიორი, პარლამენტის კონტროლიორი? იმის მაგიერ, რომ ის დარაჯად ედგას სახელმწიფო ინტერესებს, იმის მაგიერ, რომ სასტიკად ეპყრობოდეს იმ თანხებს, რომელიც იცემა, ის ზერელედ ეპყრობა მას.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ფულები დაიბეჭდა და დაიხარჯა არალეგალურათ. რას შვრება კონტროლიორი? განა ის ვალდებული არ იყო, თუ მთავრობასთან კონფლიქტი მოუვიდა, მოეხსენებინა ეს დამფუძნებელ კრებისათვის?! (ხმა ადგილიდან: კონფლიქტი არ მომხდარა!) მე აქ მესმის: კონფლიქტი არ მომხდარაო (ხმა ადგილიდან: არ იყო მიზეზი!) ჩვენდა საუბედუროდ ჩვენში კონტროლიორი არ არის დამოუკიდებელი. ინგლისში ისეთი ტრადიცია არის, რომ კონტროლიორი არ არის პარლამენტის წევრი, არ არის პარტიის წევრი, პოლიტიკის გარეშე სდგას. ის არ უნდა იყოს მთავრობის რომელიმე წევრის ნათესავი, ასეთი დამოუკიდებელი არის კონტროლიორი. აქ კი, მგონი, ჩვენი კონტროლიორი სოც.-დემოკრატიული ფრაქციის წევრია და, რასაკვირველია, ასეთ პირობებში ის ვერ იქნება მიუდგომელი და ყოველთვის შეეცდება გაამართლოს თავისი პარტიის ნაბიჯები...

მე მოგახსენებთ, ბატონებო, რომ ჩვენი რესპუბლიკა - საქართველო - თუ იქნება დამოუკიდებელი, ის იქნება მხოლოდ დემოკრატიული, იქნება მხოლოდ თავისუფალი. მაგრამ დიქტატორული, მონარქიული საქართველო ვერ იარსებებს. ეს აქსიომაა, და ყველა ის, ვინც მიგვაქანებს ჩვენ ამ მონარქიისაკენ, ოლიგარხიულ მართვა-გამგეობისაკენ, ის არის საქართველოს მოღალატე, ის არის ჩვენი რესპუბლიკის და ხალხის მტერი. და ის ფაქტი, ბატონებო, რომელიც მე მოგახსენეთ, არის რესპუბლიკის სუვერენობის შებღალვა, პოლიტიკური გადატრიალება. ფულის გამოშვება არალეგალურად (ხმა ადგილიდან: სად მოხდა ეგ?) ეს არის პოლიტიკური გადატრიალება და ჩვენ სოც.-რევოლიუციონერები მოვითხოვთ, რომ დამნაშავენი დასჯილ იქნენ სისხლის სამართლის წესით. ერთი, როგორც სახელმწიფოს მოღალატენი და მეორე, როგორც „ფალშივო-მონეტჩიკები“ (საერთო ხმაურობა).

დასასრულ ჩემი სიტყვისა მე ვეკითხები მთავრობას: იცის თუ არა მან ყოველივე ის, რაც მე მოვახსენე დამფუძნებელ კრებას და რაც ჩვენს შეკითხვაში არის აღნიშნული, და თუ იცის, რა ზომები მიიღო ან რა ზომას მიიღებს ბოროტ-მომქმედთა შესაპყრობად და დასაჭერად. (ტაში სოც.-რევოლიუც. სკამებზე).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მინისტრის ამხანაგს ბ. ავალიანს.

ავალიანი. მე როგორც «фальшивомонетчикъ»-ი და ბოროტმომქმედი ნებას მივცემ ჩემს თავს ძლიერ მცირე და მოკლე განმარტება მოვახსენო ამ დიდ დაწესებულებას. მე ძლიერ ვწუხვარ, რომ იმ ბედნიერ დღეს, როდესაც პატივცემულმა ილია ნუცუბიძემ ჩემს უწყებაში კარი შემოაღო, სწორედ იმ დროს მე მაშინ იქ არ ვიყავი და ვერ მივეცი ის განმარტება, რომელიც მას ასე აწუხებს და რომელსაც მან ასე უსაფუძვლოდ და უშინაარსოდ კუდი გამოაბა. რა მოხდა, რა ჩაიდინა ფინანსთა უწყებამ? რა ჩაიდინა მთავრობამ? მართლაც ბოროტმოქმედება არის თუ არა? მაგრამ ვიდრე ამ საკითხზე პასუხს მოგცემდეთ, მე მინდა საზოგადო მოსაზრებებზედ მოგახსენოთ. თქვენ მასალა არ გქონდათ და თავი შეიწუხეთ საზოგადო მოსაზრებებით. აი სწორეთ ამ საზოგადო მოსაზრებებზედ მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას. თქვენ ბრძანებთ, რომ უკანასკნელი ემისია, რომელიც გამოითხოვა მთავრობამ, მაშინ იქ მთელი გეგმა იყო მოყვანილი, მაგრამ ეს გეგმა, ეს ღონიძიება არ იქმნა გამართლებული და არალეგალურად, ფარულათ, მალულათ მთავრობამ დაიწყო ფულის ბეჭდვა და ამით უფლება დამფუძნებელი კრებისა დაარღვია და თქვენ გვეუბნებით, რომ ერთათ ერთი პოლიტიკა, რომელიც ფინანსთა უწყებას და მთავრობას უნდა ეწარმოებინა, ეს იყო დამოუკიდებელი ეკონომიური პოლიტიკა და დღევანდელ პირობებში სესხზედ და სხვა ამისთანა საგანზე ლაპარაკი ყოვლად შეუძლებელია. მე მგონია, რომ თქვენ არ ჩაფიქრებიხართ ამ საკითხს. არ ვიცი შესაძლებელი არის თუ არა რომ დღევანდელ წესწყობილებისა და დღევანდელ პირობის მიხედვით, რომელიმე სახელმწიფომ სრულიად დამოუკიდებელი ეკონომიური პოლიტიკა აწარმოვოს და მხოლოდ თავის ძალაზე დაეყრდნოს.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიური წეს-წყობილება მჭიდროდ არის გადაბმული და ამ ცოცხალ ორგანიზაციიდან გამოთიშვა პატარა ნაწილისა ყოვლად შეუძლებელი არის. გასულ მაისს პარიზში მოხდა ლიგის კრება, სადაც იყო წარმომადგენელნი 18 სახელმწიფოსი და იქ იყო დასმული საკითხი თვითეულ სახელმწიფოს, არამც თუ პატარა სახელმწიფოებს, დიდ სახელმწიფოებსაც დღევანდელ პირობებში მარტო თავისი ეკონომიური დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ შეუძლიათ. და ამიტომ ყველა სახელმწიფოებმა ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ და საერთო ეკონომიური პოლიტიკა უნდა აწარმოვონ. დღევანდელ პირობებში ვერც ერთი სახელმწიფო დამოუკიდებელი ეკონომიური პოლიტიკას ვერ აწარმოებს და ეს ძიებანი, რომელზედაც ვლაპარაკობდით უკანასკნელ ემისიის გამოთხოვის დროს, თითქმის სავსებით გამართლდა და ის წყაროები, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობდით, მართლაც აღმოვაჩინეთ და დღეს სახელმწიფო ხაზინას მართალია დიდი არა, მაგრამ მაინც თვალსაჩინო წყარო აქვს, რომლითაც ის ფარავს ნაწილს თავის ხარჯებისას. თქვენ შეკითხვაში არის ორი მუხლი ერთი, რომ მთავრობამ გამოუშვა ორ მილიარდზე მეტი მანეთი. ამ კვირის ბოლოში იქნება ორ მილიარდ ნახევარი მანეთი და ამ თვის ბოლოში კი შეიძლება იქნეს 5 მილიარდზედ მეტი. (კედია: ემისიის გარეშე?) დიახ, ემისიის გარდა.

დღეს ხმა მაღლა ვაცხადებ, დაბეჭდილი არის ორი მილიარდი მანეთი, რომლის გამოშვების უფლება მთავრობისათვის და ფინანსთა უწყებისათვის დამფუძნებელ კრებას და სახელმწიფოს არ მიუცია, სახელმწიფო კონტროლსაც არ დაუდასტურებია. (ღლონტი: ბეჭვდის უფლება ვინ მოგცათ?) როდესაც თქვენ მობრძანდებით ხაზინადართან ჯამაგირის ასაღებად, მაშინ არ შეიძლება ექსპედიცია ავატრიალოთ, რომ ეს ფული, რომელიც თქვენ უნდა მოგცეთ, წამს დავამზადოთ ფულის ნიშნები. სახელმწიფოს ხარჯები აქვს, სახელმწიფოს აქვს ექსპედიცია, რომელსაც მუდმივი თადარიგი უნდა ჰქონდეს, ფულის ნიშნები დამზადებული უნდა იყოს. საჭიროების და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეს ფულები გამოშვებული უნდა იყოს.

მაშასადამე ემისია, როგორც უფლება, დაკანონებული დამფუძნებელი კრების მიერ, კანონმდებელ დაწესებულების მიერ, ხალხში გამოშვება და დახარჯვა ფულისა ერთი არის და ამ ფულის ბეჭვდა მანქანებზედ ეს მეორე გახლავთ. ასე რომ, ნება მიბოძეთ... (ხმაურობა) ამას ერთი მეორეში ნუ აურევთ. ამის არევა არის ის, რომ თქვენ საქმეს არ იცნობთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როდესაც ჩვენს ხაზინებში ფულის ნიშნები არ იყო და მოხელენი ჯამაგირებს დროზედ ვერ იღებდენ. თქვენ არ იცით, რა შთაბეჭდილებას ახდენს, როდესაც მოხელე ჯამაგირს დროზე არ იღებს. ასეთი მდგომარეობა რომ არ მოხდეს, ფინანსთა უწყებამ ათასნაირი ზომები მიიღო. დღეს თქვენ დააკანონეთ უწყებისათვის 5 მილიონი მანეთის გაცემა ექსპედიციის შესაკეთებლად. სხვათა შორის, ჩვენ უცხოეთში ფულის საბეჭდავი მანქანებიც გვაქვს შეკვეთილი, რომ ეს ფულის ნიშნები მზათ იყოს, თადარიგში იყოს და როდესაც დამფუძნებელი კრება ნებას დართავს ეს დაბეჭდილი ფული გამოშვებული იქნეს იმდენი, რამდენის ნებას მისცემს დამფუძნებელი კრება ფინანსთა მინისტრს. ბ. ღლონტო, თქვენ რომ წიგნის წაკითხვა გნებავდეთ და ტიპოგრაფია მაშინ შეუდგეს წიგნის ბეჭვდას, ეს ყოვლად მიუღებელი იქნება და თქვენი განათლება შეფერხდება.

ასეთი არის ექსპედიციის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვეულებრივი წარმოება, რომელიც ამზადებს ფულის ნიშნებს. როდესაც ექსპედიციაში ფულის ნიშნები იბეჭდება და დაბეჭდილი ითვლება და საგანგებოთ იგზავნება ხაზინაში, სადაც განსაკუთრებული სალარო არის და იქ ინახება. (ხმაურობა. ზარი). ვიდრე უფლება არ მიეცემა ფინანსთა მინისტრს ამ დამზადებული ნიშნების გამოშვება (ხმები: რაში დაიხარჯა? ხმაურობა. ზარი), ფულის ბეჭდვა უბრალო ოპერაცია არის. (შენგელაია: ბიხოვიც ეგრე ამბობს!) არ ვიცი ბიხოვი რას ამბობს. სხვათა შორის იმ კონსტიტუციის პროექტში, რომელიც თქვენ შეიმუშავეთ, მე-8 მუხლში არის ნათქვამი და სწორედ ეს არის ნათქვამი, რაც მე მოგახსენეთ. იქ არის ნათქვამი, რომ მთავრობა განაგებს ფინანსებს და ფულს ბეჭდავს. აქ გარჩევა არის: ფულის ბეჭდვა, როგორც წარმოება ემისიისაგან, როგორც ფულის ხარჯვა... (ხმები: ეკვილიბრისტიკაა!) ეს თუ ეკვილიბრისტიკა არის... (ხმაურობა), 800 მილიონი მანეთი დახარჯული არის. ეს მართალია. (ხმა: ამ ემისიიდან?) არა. მართალია დახარჯულია 800 მილიონი მანეთი. საიდან გაჩნდა ეს 800 მილიონი? შემდეგნაირად: უპირველეს ყოვლისა სააქციზო კანონმა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, საბაჟო ტარიფმა, რკინის გზის გადასახადმა, რომელიც ჩვენ გავადიდეთ და სხვ. შექმნეს ის, რომ სწორედ იმ აპრილში, რომელზედაც თქვენ ბრძანებთ, დღევანდელ ჩვენ ხაზინას მისცეს 252.110.563 მან. რკინის გზიდან ამავე დროს შემოვიდა 180 მილიონი მანეთი. ჩვენს ხაზინაში შემოდის აუარებელი დაფლეთილი ფულები. ეს გახლავთ ამიერ-კავკასიის ბონები და ჩვენი ბონები. ჩვენი ბონების თვისება ისეთია, რომ მალე იხევა. (კედია: კარგი ყოფილა!) რა ვქნათ, ბატონო, არ იშოვება უკეთესი ქაღალდი. აი ეს ბონები დაგროვდა ძველი ემისიიდან, როდესაც ამიერ-კავკასიის მთავრობა იყო. კარგად მოგეხსენებათ, რომ სხვა და სხვა ხელოვნურ საშუალებით და შემწეობით ამ ბონების ფასი გაზრდილი არის. თქვენ, სხვათა შორის, ამას ხელს უწყობთ. თქვენი შეკითხვა ამას კარგს ნიადაგს აძლევს და ჩვენ ამ ამიერ-კავკასიის ბონებს სხვა და სხვა მიზეზების გამო, რომელზედაც სამწუხაროდ არ შემიძლიან ვილაპარაკო, ვინაიდან ამას ანგარიშს გაუწევს ის, ვისთვისაც ეს მოსაგები არის. (შენგელაია: ბოროტმოქმედებაა!) ასეთი ბონებიც ინახება ჩვენს ხაზინაში და ბოროტება იქნებოდა ფინანსთა მინისტრის მიერ, რომ ეს ფული გამოეცა და აეწია ეს ლაჟი, რომელმაც დღეს 18 პროც. მიაღწია. ჩვენ არ უშვებთ ამ ბონებს იმიტომ, რომ ბათუმში მხოლოდ ამ ბონებს იღებენ და ჩვენ არ გვინდა, რომ იმათ, ვინც ბათომში არის, ვინც დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ძირს უთხრის, ახალი იარაღი მივცეთ ხელში, მაშასადამე ეს დაფლეთილი ბონები და ეს ამიერ-კავკასიის ბონები, რომელიც შეადგენს წარსულ დაკანონებულ ემისიას არ გამოუშვა ხაზინამ. თუ თქვენ ამ თანხებს ერთი-ერთმანეთს შეადარებთ გამოვა, რომ დღემდე ჩვენს ხაზინაში იყო 881 მილ. მანეთი. (რეპლიკა არ ისმის). უკაცრავად, ბატონო, თქვენთვის ცუდი ცნობა მოუწვდიათ, ჩემთან რომ მოსულიყავით მე უფრო კარგ ცნობას მოგცემდით. ძველიდან გადარჩა 182 მილ. მან. შემდეგი ოპერაცია მოხდა: შემოსავალი იყო 254 მილ., ძველი ბონები, ამიერ-კავკასიის გამოცვლილი 254 მილ., სულ 667 მილ., პირველ მაისამდე დაიხარჯა 436 მილ.

მაშასადამე გამოდის, როგორც ხედავთ, რომ ეს იყო ფულის ნიშნები, რომელიც თვითონ ხაზინაში იყო და ამ რაოდენობას ერთი მანეთიც არ მომატებია და მაშასადამე ფინანსთა მინისტრი ბოროტებას ჩაიდენდა იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს გარშემო მტრები შემოესია, აუარებელი ხარჯები მოსდიოდა, მაშინ შემოსულიყო ახალი ემისიის თხოვნით. თქვენთვის მიეცა უფლება ორი-სამი საათი გელაპარაკნათ. ამას ანგარიში გაუწია და მოახდინა ჩვეულებრივი ოპერაცია - ერთი ნიშნების მეორე ნიშნებით შეცვლა, რომლის უფლებას მას აძლევს კანონი. რა მოხდა? ის გადასახადები, რომელიც შემოდის ხაზინაში, ეს არის ის თანხა, რომლის განკარგულების უფლება ფინანსთა მინისტრს აქვს - ეს დახეული ბონები ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც უწყება, დავახურდავოთ და სამაგიერო მივცეთ. ეს უფლება ფინანსთა მინისტრს აქვს. ეს ჩვეულებრივი დახურდავება არის. ეს არ გახლავთ ახალი ბონის გამოცემა. ეს ვალდებულება არის და (ხმა: ვალდებულება?) დიახ, ვალდებულება. (რცხილაძე: არ შეიძლება გვითხრათ, ბატონო, იმ 800 მილიონიდან დაიხარჯა რამე თუ არა?). დიახ, დახარჯულია. იქიდან არის გადარჩენილი კიდევ 100 მილიონზე მეტი. იხარჯება, ვინაიდან დღიური ხარჯი 22 მილიონია, იხარჯება ამ კრედიტის მიხედვით, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მისცა და რომელიც კანონიერად უნდა იქნეს განაღდებული. მაშასადამე მოგახსენებთ, რომ არავითარი ემისია, ფულის ნიშნების გამოშვება, გარდა იმისა, რაც დამფუძნებელმა კრებამ მისცა უწყებას არ მომხდარა.

მაშასადამე, მოგახსენებთ, რომ არავითარი ემისია, ე.ი. გამოშვება ზედმეტი ფულის ნიშნებისა, იმის გარდა რაც დამფუძნებელმა კრებამ მისცა უწყებას არ მომხდარა. არ მომხდარა, ბატონებო, ვინაიდან თუ ხაზინაში იყო 245 მილ. - ამ ფულის გამოშვების მაგივრად ჩვენ გამოუშვით ახალი დაბეჭდილი ბონები. მაშასადამე ეკვივალენტი დარჩა იმდენივე, რამდენიც იყო. მაშასადამე, ჩვენ დღეს სამაგიეროთ არც ამ ბონებს, არც ამიერ-კავკასიის ბონებს აღარ ვუშვებთ. მაგალ. ეს რომ გამოგვეშვა - მაშინ ჩვენ გადავაცილებდით ემისიის უფლებას, ჩავიდენდით ბოროტმოქმედებას და ვიქნებოდით „ფალშივო მანეტჩიკები“.

ჩვენ ამის გარდა გვაქვს ამიერ-კავკასიის ბონები, რომელიც ამ თანხაში არ შედის. რისთვის არის ეს? ეს არის იმისთვის, რომ სხვა და სხვა უწყებას, რომელიც განსაკუთრებულ პურს იძენს და ესაჭიროება ნივთები ჯარისთვის - არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სათანადო უწყებას ეს ფული უნდა. ასეთი შემთხვევისათვის მე მაქვს რეზერვი რამდენიმე ათეული მილიონი მანეთის.

აქ კიდევ იყო ერთი ნათქვამი, რომ ფინანსთა მინისტრმა გასცა ბრძანება ხაზინისადმი, რომ მას გაეცა ერთი მილიარდი და 101 მილიონი მან. (შენგელაია: 101 ათასი!). არა ბატონო, 101 მილიონი საიდან ამოიკითხეთ, რომ ხაზინას ასეთი რაიმე ბრძანება გაეცა? არა ბატონებო, ხაზინას არავითარი ასეთი რაიმე ბრძანება არ ქონია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ ხაზინაში აწყვია ოქრო, ვერცხლი და პლატინა, და ეს ქონება რომ გადაახურდავოთ, დღევანდელი კურსით შეადგენს მილიარდს - მილიარდ ნახევარს. ეს არის ძირითადი თანხა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე ხაზინას მივსწერე შეეტყობინებია რამდენი არის ოქრო და ვერცხლი. ხაზინამ შემატყობინა, ამდენი არის ოქრო, ამდენი არის ვერცხლი, ამდენი არის პლატინა და სხ. მე გამოვიანგარიშე, შევაფასე (შენგელაია: შინაურულათ?) მოგახსენებთ: მომწერა ამდენი არის ესა და ესაო, მოვიწვიე სპეციალისტები, გავიგე ოქროს და ვერცხლის კურსი და ამისდამიხედვით გამოვიანგარიშეთ, შევაფასეთ და ეს შეადგენს „1.801.600 მილ. მანეთის ღირებულებას“. (შენგელაია: და დაბეჭდეთ?) არაფერი გვიბეჭდია და რომ არაფერი გვიბეჭდია, რომ ამას მნიშვნელობა არ ქონდა, ამ ოქროს - ის იქიდან ჩანს, რომ დღევანდელი ღირებულება ამ ოქრო-ვერცხლისა გადაცდა დაბეჭდილი ფულის ნიშნების რაოდენობას. მაშასადამე ბატონო, ეს იყო ჩვეულებრივი ცნობა, რომელიც მივწერე ხაზინას და სხვა და სხვა მოსაზრებით მინდოდა გამომერკვია, რამდენი არის ქონება ჩვენს ხაზინაში. (ხმა: ვისთვის გინდოდათ ეს?). თქვენ სესხზე ლაპარაკობთ, რომ საბუთი უნდაო; და აი, როდესაც ეს ცნობა დამჭირდებოდა - ამას გამოვიყენებდი და მე კიდეც მოვიყვანე სისრულეში და გამოვიანგარიშე რა შეადგენს სახელმწიფო ქონებას. ამას გარდა, მე ეს მინდოდა კიდევ, ბატონო, იმისთვის, რომ ჩვენ ბიუჯეტს ვადგენთ ახლა; თქვენ გვიკიჟინებთ ყოველთვის, რომ არავითარი მოსაზრება არ გაქვთო და სხვა და სხვა მოსაზრებათა შორის, რომელიც ბიუჯეტის წინასიტყვაობაში იქნება - ესეც გახლავს. იქ ანგარიში მოგვყავს, რომ ამდენი გვაქვს ოქრო და ვერცხლი, ისე რომ სახელმწიფო ხაზინა არც ისეთი ღარიბი არის, რომ ჩვენი ფულის ნიშნები, ისე უნიადაგო არ არის. ამის დასაბუთება საჭირო იყო. ამისთვის მოვითხოვე ეს ცნობა და არავითარი განკარგულება მე არ გამიცია, რომ ეს ფული დაეხარჯათ.

მაშასადამე, ბატონებო, უმორჩილესად ვითხოვ, რომ განსაზღვრულ იყოს ორი დებულება: ემისია და ბეჭდვა. ემისია ერთია და ბეჭდვა მეორე. ბეჭდვა არის უბრალო ტეხნიკური საქმე. ამის არევა ყოვლად შეუძლებელია.

რაც შეეხება მე-2 საკითხს - ფინანსთა მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ ემისია გადიდებული არ არის, ერთი კაპიკითაც არ არის გადიდებული რაოდენობა ფულისა, რომელიც იყო ხაზინაში. ჩვენ კიდევ გვაქვს სახსარი. როდესაც ამის მოთხოვნილება არის, ხაზინას აბარებენ ფულს, კერძო ბანკს არ ენდობიან და ხაზინას ენდობიან. ასე რომ ხაზინის კასაში ყოველთვის არის აუარებელი ფულის ნიშნები. ყველა საკრედიტო დაწესებულებას უფლება აქვს ეს ფული, რომელიც კასაში შემოდის, მოიხმაროს იმ კრედიტების დასაკმაყოფილებლად რომელიც მას აქვს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რაკი 800 მილიონი მანეთი ეს საკმარისი არ იყო და ის ზედმეტი დაიხარჯა იმ შემოსავლიდან, რომელიც სახელმწიფო ხაზინას აქვს. მაშასადამე არავისაგან აბუჩად აგდება დამფუძნებელ კრებისა არ მომხდარა.

ეხლა მოგახსენებთ, რამდენათ მიზანშეწონილი იყო ასეთი ოპერაცია, და უნდა გავდიოთ თქვენ გზას თუ არა? აქვს თუ არა უფლება სამინისტროს მოახდინოს სხვა და სხვა საკრედიტო ოპერაცია. თქვენ ბრძანებთ, რომ ძიებანი არ გამართლდაო. მობრძანდით, ბატონო, თქვენ თითონ გამოარკვიეთ ციფრებით და ნახავთ, რომ დღეს ჩვენი შემოსავალი ჩვენი გასავლის ერთ მესამედს ფარავს და ასეთ პატარა ხნის განმავლობაში თუ მას მივაღწიეთ - ყოველ შემთხვევაში ამას უნარი უნდა. მაშასადამე ორი მესამედი ჩვენი გასავლისა არ იფარება, მაგრამ ასეთი უბედურება მარტო ჩვენ არ გვწვევია, ასეთი უბედურება საერთაშორისო მოვლენაა. ინგლისში 50 პროც. სახელმწიფო ბიუჯეტისა არ იფარება საკუთარი შემოსავლისაგან. და თუ იქ ასეა - ჩვენთვის დიდი ვაჟკაცობაა, რომ პატარა სახელმწიფომ ერთი მესამედი თავისი გასავლისას თავისი საკუთარი შემოსავლით დაფაროს. ჩვენ ეს წყარო მოვნახეთ და ახალსაც ვეძებთ, და ჩვენი ძიებანი გამართლდა ვიდრე უფრო მოსალოდნელი იყო. ასე რომ ჩვენ ამ შემოსავლის წყაროზე ვეყრდნობით, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ვფიქრობდით, რომ დღეს-დღეობით შესაძლებელია შემოსავალმა მთელი გასავალი დაფაროს.

ფინანსთა სამინისტრო ფულს საიდუმლოდ არ დახარჯავს. თქვენ ჩემზე არ ბრძანდებით დიდი აზრისა - ეს თქვენი უფლებაა - მაგრამ ისეთი აზრი მაინც იქონიეთ, რომ დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც ყოველ სხდომაზე რამდენიმე მილიონ მანეთს უშვებს, უბრალო ანგარიში მაინც იცის. ნუ თუ დამფუძნებელ კრებამ არ იცის ეს უბრალო ანგარიში? მე მეტ პატივს ვსცემ დამფუძნებელ კრებას და კარგად მესმის, რომ მას შეუძლია გამოიანგარიშოს: რამდენი იხარჯება ეს მილიონები და საიდან იხარჯება ეს მილიონები, როდესაც 800 მილ. მანეთის გამოცემის მეტი უფლება მას უწყებისათვის არ მიუცია. (ვეშაპელი ადგილიდან: ეს ირონიაა!). არაა, ბატონო, ირონია. ეს არაა ირონია. ბოდიშს ვიხდი, თქვენ ამის უფლება არა გაქვთ თქვათ, რომ ეს ირონია არის. ეს გულწრფელი სიტყვა არის. დამფუძნებელ კრებას შეუძლია გამოიანგარიშოს, საიდან გაჩნდა ეს ფული. ფული გაჩნდა იმ კანონიერი ოპერაციებით, რომელიც ქონდა უწყებას. ეს ძალაუნებურათ ასე ხდება. იმიტომ, რომ თითოეულ ოპერაციაზე, რომელსაც მოახდენს ფინანსთა მინისტრი, რომ მან ირბინოს დამფუნებელ კრებაში - დამფუძნებელი კრება ამას მოუნდებოდა.

თქვენ იცით ისეთი მაგალითები, ხაზინაში ხშირად არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ხაზინაში ფული არ მოიპოვება და ამ დროს სესხისათვის ჩვენ მივმართავთ კერძო ბანკებს და ხელს მოვინაცვლებთ; ნუ თუ ამისათვის ვირბინოთ დამფუძნებელ კრებაში. ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია. დამფუძნებელი კრების აბუჩად აგდება ფინანსთა მინისტრს არ ჩაუდენია, დამფუძნებელი კრების უფლებების შეზღუდვა არ მოუხდენია. მხოლოდ მოხდა ის, რომ ფინანსთა მინისტრმა ამ ოპერაციით არა ერთი მილიარდი შეუნარჩუნა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

რანაირათ მოხდა ეს? ეს ისე მოხდა, რომ უკანასკნელი ემისია იყო 27 იანვარს და ჩვენ დღევანდლამდე შევინარჩუნეთ ოდნავ მაინც, ფულის კურსი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ სათანადო ოპერაციებს ვაწარმოებდით. ამიტომ იყო რომ მუშა-მოსამსახურეებს ჯამაგირის ახალი მომატება არ მოუთხოვიათ, მიიღეს რა მხედველობაში ერთის მხრივ რესპუბლიკის მდგომარეობა და მეორეს მხრივ ის, რომ ფულის კურსი თავის დროზე სდგას. (კედია: 62 მილიონი მანეთი ხაზინამ რომ დაადვა?) ვიმეორებ, ხაზინას რომ დაედვა 62 მილიონი მანეთი კი არა, 262 მილ. მან., 462 მილ. მან. - უფრო მეტი მოგება იქნებოდა, ვიდრე მაშინ, თუ ჯამაგირებს მოვუმატებდით; მაშასადამე, მიზანშეწონილია, რომ ჩვენ ფულის კურსი შევინახეთ. ახლა რა მოხდა, მაშინ როდესაც თქვენ თქვენი შეკითხვა შემოიტანეთ. ხაზინაში მიბრძანდით, მე მიგიყვანთ, იქ გასინჯეთ წიგნები და იქ ნახავთ რომ ეს ოპერაცია კანონიერი იყო. მაგრამ თქვენმა შეკითხვამ მოახდინა ის, რომ ჩვენში არის ჯგუფები, რომელსაც ეს უხარია, ნეტარებას განიცდის. საყურადღებო ის არის, რომ ეს შეკითხვა გაჩნდა იმ გაზეთში, რომლის გარშემო ტრიალებს ის ხალხი, რომელსაც უნდა, თუ იარაღით არა, სხვა გზით სახელმწიფოს მდგომარეობა დასცეს; ის ხალხი, რომელიც ვერ შერიგებია საქართველოს რესპუბლიკას და რომლის ნატვრაა რაც შეიძლება მალე გამოუთხაროს ძირი ამ რესპუბლიკას. აი რა მოიმოქმედა თქვენმა შეკითხვამ. (შენგელაია: თქვენმა ბოროტ-მოქმედებამ!) ჩვენმა „ბოროტ-მოქმედებამ“ მოიმოქმედა ის, რომ სახელმწიფოს შეუნარჩუნა 2 მილიარდი მანეთი. თქვენმა „კეთილმა“ მოქმედებამ კი... (ილ. ნუცუბიძე: დასასჯელები ხართ! ხმაურობა. თავმჯდომარე ზარს რეკს).

თავმჯდომარე. ბატ. ილია ნუცუბიძე! წესიერებისაკენ მოგიწოდებთ. (ორატორს) გთხოვთ განაგრძოთ სიტყვა.

ავალიანი. რაც შეეხება იმას, რომ სხვა უწყებებს ფინანსთა სამინისტრო აბუჩათ იგდებსო - უნდა მოგახსენოთ, რომ ფინანსთა მინისტრი თვალყურს ადევნებს ყველას, როცა საქმე ფულის ხარჯვას შეეხება და თქვენ მაგალითად ხელი წაჰკარით, რომ მომარაგების სამინისტრო აბუჩათ იგდებს საფინანსო კომისიასო. მან წარმოადგინა როგორც ვიცი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში თავისი ანგარიშები და ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ.

ასე რომ ფინანსთა უწყება ფულის ნიშნებს ბეჭდავს, დღეს ბეჭდავს, ფინანსთა უწყება ახალ ექსპედიციას აწყობს, მანქანა შეკვეთილი აქვს, რომ არ შეჩერდეს ფულის ბეჭდვა; ფინანსთა უწყებამ მოახდინა ჩვეულებრივი ოპერაცია, შეინახა ეს ფული, გამოუშვა მეორე; ფინანსთა მინისტრმა მოახდინა ჩვეულებრივი ოპერაციები, რომელსაც მას კანონი არ უკრძალავს.

თქვენი მოსაზრება მე კარგად მესმის. თქვენი ლოზუნგი ერთი არის და ამაში მგონი არ ვცდები: „Fiat opositia pereat respublica“. ამას შეგიძლიათ მიაღწიოთ, მაგრამ ის რესპუბლიკა, რომელსაც თქვენ ამნაირათ ძირს უთხრით, იმდენათ ძლიერია, რომ ასეთ ოპოზიციას გაუძლებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს.

რ. არსენიძე (იუსტიციის მინისტრი). მე გამოვედი ამ ტრიბუნაზე მხოლოდ მცირე განცხადებისათვის. თავისუფალი ტრიბუნა კარგი საქონელია, მაგრამ სინდისიც და პატიოსნებაც კარგ საქონელად უნდა ჩაითვალოს. ამ ტრიბუნით კი სარგებლობენ ხშირად იმისთვის, რომ მთავრობის წევრებს ისეთი სახელი უწოდონ, ისეთი ბრალი დასდონ, რომელიც არამც თუ დამფუძნებელ კრების წევრს, არამედ არც ერთ პატიოსან ადამიანს არ ეკადრება. და უპირველეს ყოვლისა ჩირქ-მოცხებული უნდა იყოს ის, ვინც ასეთ ცილს აწამებს, პასუხისმგებელია დამფუძნებელ კრების წინაშე. აქ განაცხადეს ორი რამ: ერთი რომ მთავრობა „ფალშივო-მონეტჩიკებისაგან“ შესდგებაო, ეს მათი ლიტერატურა არის. მაგრამ დღეს მათ აქ განაცხადეს, ქარაგმებით გადაკრული სიტყვით, რომელიც არ შეიძლება უპასუხოდ დავტოვოთ. ლეო შენგელაიამ ამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ თითქოს მთავრობამ მაშინ გაბედა ქონების ბეჭდვა, როცა ბოლშევიკები მოვიდნენ - ხომ ვერავინ გაიგებდა ამ ფულის დაბეჭდვასო. ჩვენ სასტიკ პროტესტს ვაცხადებთ ასეთ გამოსვლის წინააღმდეგ. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ რცხილაძეს.

გრიგოლ რცხილაძე. (სოც.-ფედ.) მე მინდა დავემყარო იმ ცნობას, რომელიც მისცა დამფუძნებელ კრებას ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა ბ. ავალიანმა. ცნობით დაბეჭდილი ყოფილა 2 მილიარდი მანეთი. მან სთქვა აგრედვე, შეიძლება მეტიც დაიბეჭდოსო. ამ დაბეჭდილ თანხიდან 86 მილ. გადაცემული ყოფილა ხაზინაში.

თავის-თავად ცხადია ის აზრი, რომელიც ბ-ნმა ფინანსთა მინისტრმა განავითარა. მართლაც განსხვავებული უნდა იყოს ორი ცნობა: ექსპედიცია - ბეჭდვა და ემისია ფულის გამოშვება. ეს სიმართლეა. მაგრამ ამას უნდა დაურთოთ ის, რომ ამ განსხვავებას ბეჭვდისა და ემისიისა პარალელურად თან უნდა სდევდეს შემდეგი განსხვავებაც: ბეჭდვა არის უბრალო მექანიკური პროცესი და ექსპედიცია არის ის ფაბრიკა, სადაც ეს პროცესი სწარმოებს; ხაზინა კი არის სალარო, სადაც ინახება ფული. როდის ხდება ეს ქარხანაში დამზადებული ქაღალდი, ეს ბეჭდვის პროცესი ნაღდ ფულად? რა მომენტია ის მომენტი, როდესაც ეს ქაღალდი გადაიქცევა ფულად? ეს მომენტი გახლავთ ის, როდესაც ეს ფული ამ ქარხნიდან გადადის ფინანსთა მინისტრის განკარგულებაში, მოხდა ეს თუ არა? (ავალიანი: ასე მოხდა!) თუ ასე მოხდა, მაშინ არავითარი უწესობა არ მომხდარა.

ეს არის ერთი ნაწილი 860 მილ. მანეთის თანხისა. მეორე ნაწილი კი, დაახლოვებით 245 მილ. მან. ყოფილა მოცემული სამაგიეროდ ძველი ემისიის ნაშთისა. მე ასე გავიგე, რომ დარჩა ამიერ-კავკასიის ბონებიდან 245 მილ. მან. და იმის ნაცვლად ხმარებაში იქმნა მოყვანილი ახალი დაბეჭდილი ბონები. თუ ეს ასე მოხდა, აქაც ერთგვარი, მე არ ვიტყვი უკანონობა, მაგრამ უწესობა მაინც არის. ის 245 მილიონი ამიერ-კავკასიის ბონი, რომელიც ხაზინაში არის, არის ქონება და თუ იმის სამაგიეროთ კიდევ მივცემთ 245 მილ. მან. მაშინ გახდება ორჯელ 245 მილ. მან. ეს შეცვლა კი არ არის, ეს არის გამრავლება და თუ ამ პრინციპს მივდევთ, მაშინ ფულების გამრავლებას საზღვარი არ ექნება. სრულიად საჭირო არ არის, რომ ხაზინამ გაიღოს ფული და სხვას მისცეს. ასე, რომ 245 მილ. მან. ამ.-კავკ. ბონი ფული იყო და ფულად რჩება. და თუ გამრავლება არ ხდება ქონებისა, ეს თანხა ხაზინიდან უნდა გადატანილიყო ისეთ დაწესებულებაში, სადაც ფული არ ინახება. მაშინ იქნებოდით მართალი. ეხლა კი, ეს ამ.-კავკ. ბონებიც ფულია და მას კიდევ ფული ემატება და ესენი ერთად მუშაობენ. ეს ნორმალური მუშაობა არ არის. მე არ ვამბობ, რომ უკანონობაა, მაგრამ უწესობა მაინც არის.

თუ ამ პრინციპს დავადექით, ჩვენ შეგვიძლიან ვთქვათ, რომ რამდენსაც გვინდა მივსცემთ ხაზინას და ემისიის უფლება დარღვეული არ იქნება.

უნდა მოგახსენოთ, ცნობები და განმარტებანი სრული რომ ყოფილიყო, სამინისტროდან უნდა მიგვეღო ცნობა, რომ 800 მილ. გადატანილ იქნა ხაზინაში, მინისტრის ამხ. განმარტა, ერთი ნაწილი ამ.-კავკასიის ბონების ნაცვლად დაიხარჯა - 245 მილ., ძველი ბონების - 180 მილ., შემოსავალი იყო რკინის გზის უწყებიდან - 160 მილ., ძველი ბონებიდან დარჩენილი - 225 მილიონი. მაგრამ ჩვენ რომ ყველა ეს შევაერთოდ, 800 მილ. მან. მაინც ვერ მივიღებთ. აქ რჩება კიდევ რაღაც, რომელიც ეკვივალენტის გარეშე იქმნა გაშვებული. (ავალიანი: ხაზინაში რჩება?). თუ ეს ხაზინაში რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ დაუხარჯავთ, მაგრამ ეს მაინც ფულია და ამიტომ იგი ემისიაა. მე მგონი უმჯობესი იყო, რომ ეს საკითხი სრულიად არ აღძრულიყო, მაგრამ რაკი აღიძრა, ყოველივე ნათლად და ცხადათ უნდა გამოირკვეს, თუ გვინდა ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა ძირიანად არ შეირყეს. აქ საეჭვო არაფერი უნდა დარჩეს. თუ შეცდომა იყო, უნდა აღინიშნოს და გასწორდეს, რომ შემდეგში აღარ განმეორდეს. ეს არის პარტიული საკითხი, ეს არის ჩვენი ფინანსიური სიმტკიცის საკითხი. ჩვენ სახელმწიფოს ახლად ვაშენებთ და ბევრი შეცდომები შეიძლება გვქონდეს და ეს სამარცხვინო არ არის. მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ აქ შეცდომაა - ქარხანაში დამზადებული ქაღალდი ფულად აქციეს ისე, თითქოს არაფერი ხდებოდეს. ჩემის აზრით, ეს შეცდომა უნდა აღინიშნოს და გასწორდეს.

თავმჯდომარე. ბატონი თევზაია ვიქტორ.

ვიქტორ თევზაია (ს.-დ.) ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენდა საუბედუროდ ამ კითხვის გარჩევამ დამფუძნებელ კრებაში მიიღო მეტად არასასურველი ხასიათი. არა იმისთვის, რომ შემკითხველი მწვავედ შეეხო ამ კითხვას, არამედ იმიტომ, რომ იმათ ამ საკითხს დაუკავშირეს ყველა ის, რაც მომხდარა, ან არ მომხდარა ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოში. მე მართალი უნდა გითხათ, რომ თავის დღეში არც გამიგონია და არც წამიკითხავს სადმე ისეთი სიტყვები, რომლებიც იყო აქ წარმოთქმული. ასეთ ტეხნიკურ, - ბოლოს და ბოლოს, - ისინი ეხებოდენ არა ემისიას, ტეხნიკას, არამედ ეხებოდენ ისეთს კითხვებს, რომლებსაც ისინი ყოველთვის ეხებიან. მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ დღეს მაინც ეს ასე არ მოხდებოდა და უმთავრესი კითხვა იქნებოდა მსჯელობის საგნად. მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ რამდენადმე პასუხი გავცეთ იმ კითხვას, რომელიც იყო წამოყენებული და რომელსაც მჭიდრო კავშირი არა ჰქონდა შემკითხველის მიერ აღძრულ საკითხთან. ბ. ლეო შენგელაია იცავს დღეს აქ დემოკრატიულ წესწყობილებას და დემოკრატიზმს. ეს იყო მისი ლეიტმოტივი, ეს იყო უმთავრესი დებულება მისი სიტყვისა. ის იმეორებს და ყოველთვის ლაპარაკობს, რომ ყველა, მის გარდა, დემოკრატიულ წესწყობილებას ეწინააღმდეგება. ბ. შენგელაია, რასაკვირველია, იმდენად გათამამდა თავისი ახალგაზრდობით ამ დემოკრატიზმის დაცვის დროს, მან ისეთი აზრები სთქვა, რომლებიც არსად არც წაგვიკითხავს და არც არავის გაუგია. ის იქამდე მივიდა, რომ სთქვა: ფულების ბეჭდვის საკითხი იყოს გადაწყვეტილი რეფერენდუმის სახითო. მე ვეკითხები ბ. შენგელაიას, როდის და სად იყო, რომ ასეთი მოსაზრება გამოეთქვა ვისმეს? რასაკვირველია, არსად. ეს შეუძლებელი იყო. იმას რომ ეთქვა ეს ემისიის შესახებ, აქ კიდევ შეეძლო კაცს რამე ეფიქრა რეფერენდუმზედ, მაგრამ იმან სთქვა ეს. და ნუ თუ მან არ იცის, რომ ქაღალდის ნიშნები, რომლებიც იბეჭდება, ეს კიდევ ფული არ არის! (ხმები: არ ისმის). მაგრამ თვითონ ქაღალდის ნიშნების დაბეჭდვა ექსპედიციაში - ფული არ არის, ეს არის უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი და ეს უნდა სცოდნოდა მას. და მე ვამბობ, რომ იმან ისე შეტოპა ამ თავის დემოკრატიზმის დაცვაში, რომ დაშორდა საღ მოსაზრებას და მოითხოვა, რომ დაბეჭდვა ამ ნიშნებისა გადაწყვეტილიყო რეფერენდუმის საშუალებით. ასე დაემართება ყოველ ადამიანს, როდესაც ის აირჩევს მსჯელობისათვის მისთვის შეუფერებელ საგანს. აქ იყო ნათქვამი ერთი გარემოება, რომ აქ ეს ბონები იბეჭდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოს საზღვარს ბოლშევიკები უახლოვდებოდნენო. აქედან რაღაც ობუჯური ეშმაკობით ბატონ შენგელაიამ ეჭვი შეიტანა ვიღაცაზე და რაღაცაზე, თუ ეს შეიძლება ასე ითქვას. და მეორე მისმა ამხანაგმა კი უკმაყოფილოდ სთქვა გრიშა ურატაძემ ზავს ხელი მოაწერაო. ჩვენ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომ ის ზავი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არის დადებული, მას მეტად აწუხებს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბოლშევიკების გამარჯვებით ისინი აქ დიდ გავლენას მოიპოვებდნენ და მთელი მათი სიტყვა ამაზე იყო წარმოთქმული. მაგრამ მე ვამბობ, რომ ის ელემენტი, რომლებიც ასაზრდოებდენ თქვენს ფსიქოლოგიას, ის ხალხი, რომელიც თქვენ გაძლევდათ ხმას ამ არჩევნებში და რომელიც ამბობდა, რომ გადასახადები არ არის საჭიროვო და ამის წინააღმდეგ თქვენ ზომებს არ იღებდით - მე გეუბნებით, რომ ასეთი ხალხი თქვენ ხელიდან წაგივათ და მიუვათ იმათ, ვისაც ბუნებრივად ეკუთვნიან. მე ვამბობ, რომ თქვენ მათი პრიმიტიული ფსიქოლოგიის იმედი გქონდათ... დიდად შეწუხებულნი არიან ისინი, რომ დემოკრატიულ სახელმწიფომ არ მისცა მათ საშუალება მოეხდინათ გამოსვლა, არევ-დარევა შეეტანათ ჩვენს სახელმწიფოში და დროზე ზავს ხელი მოაწერა. ეს არის ნამდვილი და ეს უნდა გეთქვათ თქვენ, თუ პირდაპირები და ვაჟკაცები ხართ.

აქ, ამას გარდა, რასაკვირველია, ჩამოთვალეს კიდეც ყველა სამინისტროები და არ დარჩენილა არც ერთი პატარა დაწესებულება, რომ არ დაესახელებინათ. და სხვათა შორის შეეხენ ისეთს დაწესებულებას, რომელიც უსათუოდ მათი ქების ღირსი იყო და სთქვეს, რომ სასურსათო სამინისტრო არავითარ ანგარიშს არ იძლევაო. ერთი მათგანი არის საბიუჯეტო კომისიის წევრი და მან კარგად იცის, რომ წარმოდგენილია შემოსავალ-გასავლის ანგარიში ამ სამინისტროსი. და აქ არის მოყვანილი უტყუარი ციფრი, რომ 245 მილიონი მანეთი წმინდა მოგება დარჩა სამინისტროს ამ ოპერაციიდან. ისინი - ესერები - ხომ მოწადინებული არიან საზოგადო წარმოების შემოღებისა, საზოგადო ინიციატივისა, ამას ყველგან ამბობენ, მაგრამ თუ ჩვენ საზოგადო ინიციატივამ აქედან მოიგო რამე, მიუხედავად ამისა ჩვენ საქონელს ვყიდდით უფრო იაფად, ვიდრე ყიდდენ კერძო მწარმოებელნი, ამას ებრძვიან. მე ვამბობ, რომ ეს არ არის დემოკრატიული ბრძოლა, ვიტყვი პირდაპირ, ეს არის ადამიანური ბრძოლა. (გაურკვეველი ხმები). ეს ყოვლად მიუღებელია. ბ. ლეო შენგელაია, მე ავღელდი არა იმისთვის, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩემი სიტყვებისთვის, რა თქმა უნდა, მე უფრო პასუხისმგებელი ვარ, ვიდრე ბ. შენგელაია. როდესაც ბატონ შენგელაიამ დაიჩემა, რომ ემისია და ბეჭდვა ერთიაო, მე ვსთქვი, რომ ამ კაცს, შეიძლება მართლა არ ესმის მეთქი ეს. მე ვფიქრობდი, რომ ეს კაცი უთუოდ ურევს ორ ცნებას, რომელიც როგორც განაცხადა პატივცემულმა რცხილაძემ, ყველასათვის უდაოა და გასაგები. რადგანაც უტყუარი არის, რომ დაბეჭდვა და მერე გამოშვება სულ სხვა არის იურიდიულად და ფაქტიურად, ორი სხვა და სხვა მოქმედება არის ეკონომიური. ერთი არის დაბეჭდვა, მეორე გამოშვება, ემისია.

ბატონებო! შემიძლია ვთქვა ფრაქციის სახელით, რომ ამ ორი ცნების არევას ვერ მივიღებ, რადგან ეს იქნებოდა ეკონომიური აბსურდი.

ამნაირათ ჩვენ, თავისთავად ცხადია, ეს შეკითხვა გვეგონა იყო მართლა შეკითხვა ემისიაზე, 2 მილიარდზე. საიდან მოვიდა ეს ცნობა? ცნობა მოგვივიდაო - მოუვიდოდათ ცნობა, არ ვიცი ვისგან. ჩვენ კი შევიტყვეთ მაშინვე, რომ ემისიაზე ლაპარაკი არ არის. ყოველ მხრივ გავარჩიეთ და დავრწმუნდით, რომ ლაპარაკი ემისიაზე არ არის. ამაზე დავა არ არის.

რადგან ეს ორი მთავარი დებულება დამტკიცდა, შემდეგი კითხვა დარჩა უმნიშვნელო კითხვად. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ სახელმწიფოს აშენება და სახელმწიფოს დანგრევა შეიძლება ორ ნაირათ. ერთი - პირდაპირი გამოსვლით, ვაჟკაცურად, რაინდულად და კარგად იცი ვინ გებრძვის; ეს უმჯობესია; იცი ვისთან გაქვს საქმე, იცი რა პროგრამა აქვს, პირისპირ გებრძვიან. ისინი ინტრიგის იარაღი არ არიან, მაგრამ საფრანგეთის პარლამენტში იყო, საუბედუროთ, ჩვეულებრივად, რომ დაინტერესებული ჯგუფები, დაინტერესებული სპეკულიატური წრეები შემოიტანდენ შეკითხვას, ამით ბირჟაზე შექმნიდენ განგაშს და მდიდრდებოდენ. მაგრამ საფრანგეთში იყო ერთი ფრაქცია, რომელსაც ეს თავის დღეში არ უქნია. ეს იყო სოციალისტური ფრაქცია. იგი თავის დღეში არ ყოფილა იარაღათ ასეთი გამოსვლებისა. ჩვენ ვიცით ერთი შემთხვევა, როცა საფრანგეთის ჯარმა მაროკოს მიდამოებში დახოცა ხალხი, დაანგრია სახლები. სურათი ფოტოგრაფიული გადასცეს ჟორესს, მაგრამ ჟორესმა არ ინება, რომ უცხოელებისათვის ეს ფაქტი გამოემჟღავნებია და ტრიბუნაზე ყოფილიყო გამოტანილი. ეს ამბავი წყნარად ჩატარდა. ეს შემთხვევა, რომელიც უაღრესად კრიტიკული იყო, რომ არ გამოეყენებია უცხო ძალას მის სამშობლოს წინააღმდეგ, არ გამოამჟღავნა. მაგრამ ჩვენ კი, ჩვენდა საუბედუროდ, ეს კარგი თვისება პარლამენტისა ვერ შეგვიგნია და ცუდი - კი. არის შეკითხვა დამფუძნებელ კრებაში იმაზე, იბეჭდებოდა ფულები და ეს შეკითხვა იბეჭდება დაინტერესებულ გაზეთებში. მე იმას არ ვიტყვი, რომ ესენი შეგნებულათ არიან იარაღი ამ ხალხისა. სრულიადაც არა. ამით ისინი გვიმტკიცებენ, რომ ფინანსიურ ოპერაციაზე დიდი წარმოდგენა არა აქვთ. და თავისთავად ცხადია, ასეთი ხალხი შეიძლება გახდეს შეუგნებელი იარაღი იმ ხალხისა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს დამოუკიდებლობას. ძირს უთხრის იმ დამოუკიდებლობას, რომელსაც ჩვენის აზრით, ბ. ნუცუბიძე და მისი ამხანაგები უნდა იცავდენ და ემსახურებოდენ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ავალიანს.

ავალიანი (ფინანსთა მინისტრის ამხანაგი). წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ საზღვარ გარედ შეგვეკვეთა ფულების დაბეჭდვა. 50 წელიწადი გახლავთ რაც არგენტინა თავის ფულებს ბეჭდავს და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მთავრობისთვის, ან პარლამენტისთვის ამის უფლება გამოეთხოვა. როდესაც რუსეთში კერენსკის მთავრობა გახლდათ და გერმანელები მოაწვნენ პეტროგრადს და შესაძლებელი იყო, რომ ბევრ სიმდიდრის გადატანას კერენსკის მთავრობა ვერ მოასწრებდა, მაშინ ექსპედიცია გახსნეს პენზაში და იქ ბეჭდავდენ ფულს. მხოლოდ ამ ფულის გამოშვება ვერ მოასწრეს და როდესაც ბოლშევიკები პენზაში შევიდნენ და თავიანთი ნიშნები შემოაკლდათ, ეხლა რამოდენიმე ათეული მილიონი მანეთით სარგებლობდენ ისინი. ასე რომ არსად ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ, რომ ფულის დაბეჭდვა-დამზადებისათვის საჭირო იყოს კანონმდებელ დაწესებულების დადგენილება. ეს გახლავთ სრულიად უბრალო ტეხნიკური საქმე, ამას უნდა მოწყობა, ამას უნდა ტეხნიკა და მერე იწყება მთავარი საკითხი. რას ნიშნავს ფულის ემისია? ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დამზადებულ ფულის ნიშნებს მთავრობა იქნება, თუ სათანადო დაწესებულება - უშვებს და სწორედ აქ იქცევა ფულად და ამის გარდა, ფულს, ემისიას თავისი წესი აქვს. ის მზადდება სერიებით. ასე რომ ემისია, გამოშვება ფულისა გულისხმობს ერთგვარ იურიდიულ მომენტს, როდესაც ამ უბრალო ქაღალდის ნიშანს აქცევთ ფულად. ასე რომ თანდათანობით გამოშვება ფულისა განიცდის ორ მომენტს. იმისთვის, რომ ეს უბრალო ქაღალდის ფულის ნიშნები აქციონ ფულად, ამისთვის საჭირო არის კანონმდებლობითი დაწესებულების დადგენილება. მაშასადამე ჩვენ რომ ფულს ვბეჭდავდით და დღესაც ვბეჭდავთ, ამ ფულს ფულად არ ვაქცევთ, ვინაიდან, ვსთქვათ, რომ გამოუშვი სერია მე- 72, ეს იქნება ყალბი ფული. ჩვენ ექსპედიციაში მოხდა ბოროტ-მოქმედება, ერთი სერია გაფუჭდა, ჩვენ ის სერია გავაბათილეთ, ასე რომ ფულის ნიშნები ფულად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მას ამის ძალა მიეცემა. მაშასადამე ის ქაღალდი, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყობილი, არ არის ფული. მაგრამ ამისთვის საჭიროა თადარიგი, რომ მოთხოვნილებისთანავე, ფულის ნიშნები მზად იყოს, თორემ, თუ ეს ასე არ მოხდა, უსათუოდ მოხდება ანარქია. თქვენ რომ გვისაყვედურებთ, რომ ფულის ბეჭდვა დაიწყეთ მაშინ, როდესაც ბოლშევიკები მოადგნენ საქართველოს საზღვრებს, მე მოგახსენებთ, რომ სამი კვირის განმავლობაში ექსპედიცია მუშაობდა 21 საათს დღეში, იმიტომ რომ ბოლშევიკების შემოტევამ გამოიწვია ხარჯების გადიდება. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რომ ეს ომი ერთ ან ორს, ან სამს თვეს გაგრძელდებოდა. ხომ არ შეიძლება ფული დაბეჭდოთ მაშინ, როდესაც სათანადო საკრედიტო ქაღალდი მოვა. ასე რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ხარჯი გაიზარდა, მოთხოვნილება მეტი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ვითომ უფლება არ გვქონდა იმისი, რომ ხაზინაში შეგვენახა ფულის ნიშნები, ვინაიდგან რაც ხაზინაში შედის, იგი ამავე დროს სიმდიდრედ იქცევა. ექსპედიციაში დაბეჭდილი ფული მის გარეშე არ უნდა ინახებოდეს, ეს გაუგებრობაა. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ისეთი ექსპედიცია გვაქვს, რომ იქ დიდი ფულის შენახვა არ შეიძლება. ხაზინაში ჩვენ ის ნიშნები მხოლოდ შესანახად მოგვაქვს. თქვენ შეგიძლიანთ შეიტანოთ ხაზინაში დაბეჭდილი ყუთი, რომელზედაც თუნდაც შიგ აგურების მეტი არაფერი ეწყოს, ჩვენ შევადგენთ აქტს და მივიღებთ. და სწორედ ასეთს აქტს ვადგენთ, როდესაც მოგვაქვს შესანახად ეს ნიშნები. ასეთი და ასეთი სერია, ფული კი არა - ნიშნები, ამ აქტს ვადგენთ ჩვენ და საგანგებო სალაროში ვინახავთ და ჭეშმარიტი ღირებულება მას არა აქვს, სანამ ხაზინამდის არ მიუვა კანტროლის ნებადართვა, რომ ამ ყუთების გახსნა და ფულის გამოღება შეუძლიან. ასე რომ შენახვა არა ხდის ფულის ნიშნებს ფულად, აქ იყო ნათქვამი, რომ არ არის აქ, ასე ვსთქვათ, ერთნაირი სინამდვილე. რომ 800 მილიონი მანეთის ემისიის გარეშე დაიხარჯა, რომლის ნებართვა არ მიუცია ფინანსთა უწყებისათვის საკანონმდებლო დაწესებულებასო და ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმ შემოსავლის დახარჯვა, რომელიც შემოვიდა, ამის დახარჯვა შეუძლებელი არისო, ეს არის ემისიის გარეშე. მე თქვენ მოგახსენეთ, საიდგან შესდგა ეს ფული. ეს იმ ნიშნებიდგან შესდგა, რომელიც გამოვიდა სხვა და სხვა ემისიის ძალით და იგივე ფული შემოვიდა ხაზინაში სხვა და სხვა გადასახადის სახით. მაშასადამე ეს 800 მილიონი ფული, მოქცეული არის იმ ემისიის ფარგლებში, რომელიც უკვე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ემისიის ფარგლებიდგან ჩვენ სრულებით არ გამოვსულვართ. და მადლობა უნდა უთხრათ უწყებას, რომ თითქმის 2/3 ხარჯებისა ეს იმ ემისიის არის, რომელიც ჰქონდა. ამისთვის ჩვენ სრულიადაც არ ვიყავით ვალდებულნი, რომ ვინმესთვის მიგვემართა. ეს არის ბუიჯეტიდგან ნავარაუდევი შემოსავალი, რომელიც ამტკიცებს იმ ოპერაციების მეთორმეტე ნაწილს. მაშასადამე თქვენ მეთორმეტე ნაწილს ამტკიცებთ იმ ოპერაციისას, რომელიც ნაგულისხმევი არის ბიუჯეტში. 180 მილიონი უკვე გამოშვებული არის. აი მსჯელობა იწყება აქედან, როგორ მოხდა, რომ უცბად გადაახურდავესო. ეს ერთ დღეს არ მომხარა, ეს უცბად არ მომხდარა. ამას ჩვენ მუდამ, ყოველ დღე ვცვლიდით, ვახურდავებდით, ესე იგი ყოველ დღე შემოდიოდა და ყოველ დღე ვახურდავებდით. მაშასადამე თუ ხაზინაში შემოვიდა 100 მილიონი დაფლეთილი ფული და გავეცით 100 მილიონი ახალი ფული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ 100 მილიონს ვაუქმებთ და მის მაგივრად ახალი ქაღალდის ნიშნები გამოდის. ჩვენ შეგვეძლო არ დაგვეხურდავებინა, მაგრამ არ შეიძლება იმის ხმარება და ამის მაგივრად შემოგვაქვს ახალი ფული, ე. ი. როგორც იყო 100 მილიონი, ისე დარჩა 100 მილიონი.

მაშასადამე არც ამ შემთხვევაში მომხდარა ემისიის გადიდება. ჩვენ ერთი კაპიკიც არ გამოგვიშვია ემისიის გარეშე, იმის გარდა, რაც ემისიით იყო განსაზღვრული. ასე რომ არავითარი დარღვევა საბიუჯეტო უფლების არ მომხდარა. ამის გარდა უნდა მოგახსენოთ ერთი რამ: ნუ თუ ფინანსთა მინისტრს არა აქვს უფლება ხაზინაში საკრედიტო ოპერაცია მოახდინოს? ბ. შენგელაიას ძალიან ეუცხოვა რის საკრედიტო ოპერაციაო, მე მეგონა, რომ ბატონ შენგელაიამ იცოდა რა არის საკრედიტო ოპერაცია, ეხლა კი ის გაიგებდა ამას. ფინანსთა მინისტრს შეუძლიან თუ არა ხაზინაში მოახდინოს რაიმე სესხი, მოახდინოს თანხებიდგან, ე. ი. ერთი ჯგუფის გადაჯგუფება მოახდინოს მეორეში და ფულის ნიშნების რიცხვი კი არ გამრავლდეს? ამის უფლება არა აქვს? და თუ ამას მოითხოვს ერი, მომენტი, ბაზარი, ბირჟა და სხვა, არ შეუძლიან ფინანსთა მინისტრს ეს მოახდინოს? მას არ შეუძლიან ისეთი უფლება ჰქონდეს, რომ მიჰმართოს რომელიმე ბანაკს მასესხე ამდენი და ამდენი ფულიო? ასეთი უფლებას თუ წაართმევთ, უმჯობესი იქნება ეს უწყება სრულიად გააუქმოთ. ამას ვარდგენთ მაშინ, როცა ფულის ნიშნები ჩვენ გვჭირდება. ეს სრულიად არ ადიდებს რიცხვს ქაღალდის ფულის რიცხვებისას. ეს უნდა შეიგნონ მათ. ესენი ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ ხაზინას მოემატა შემოსავალი და არავითარი უფლების დარღვევა არ ყოფილა და ეს რომ ყოფილიყო, - სადაო რა გვაქვს, ბატონებო, წავიდეთ, დანიშნეთ დრო, წამობრძანდით ხაზინაში და ნახეთ. თქვენ არ გჯერათ - მობრძანდით, ნახეთ და მაშინ დაიჯერებთ. მაგრამ სანამ თქვენ ამას დაიჯერებდეთ, ანბანური ჭეშმარიტება უნდა შეითვისოთ, რომ ემისია არის უფლება, ამას სჭირდება კანონმდებლობითი დაწესებულების დადგენილება, ბეჭდვა კი ტეხნიკაა და თავდარიგი და მას არ სჭირდება უფლება. და ძლიერ სამწუხარო არის, რომ ასეთი ანბანური ჭეშმარიტების გასაგებად შემოგაქვთ ასეთი რიხიანი შეკითხვა და მე მოგახსენებთ, იმათ სასიხარულოდ, ვინც აპირებენ ჩვენი რესპუბლიკის ძირის გამოთხრას, შეიძლება ეს უვიცობით მოუვიდათ, მაგრამ ეს ასე მოხდა და ბაზარმა უკვე ხმა მისცა ამას, ბაზარმა უკვე ფასები ასწია. და თუ ეს იყო თქვენი მიზანი, თქვენი მიზანი უკვე მიღწეული არის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.). ბატონებო! მე თეორეტიულ დავას არ გამოუდგები. ფაქტებს მივაქცევ თქვენ ყურადღებას. მე ვთქვი, რომ 19 აპრილიდან 29 მაისამდე დაბეჭდილი არის 1.501.300.500 მან. აქედან უკვე დახარჯულია 800 მილ. მან. 7 ივნისს დაბეჭდილი იყო 2.026.673.900 მან. ბონი და გაცემული ბრძანება ხაზინისადმი, რომ მას შეუძლია დაიხარჯოს 1.100.000.000 მან. ბონი. ბატონი ავალიანის განმარტებამ კიდევ დამარწმუნა იმაში, რომ საფინანსო უწყებას დიდი უკანონობა ჩაუდენია. ბ. ავალიანმა მოიყვანა სხვა და სხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს მოსაზრებები აშკარად ამტკიცებდენ, რომ ბ. ავალიანს უნდა როგორმე თავი დაახწიოს უხერხულ მდგომარეობას, რაიმე გამოსავალი ნახოს, რასაც ვერ ნახულობს და ვერც ნახავს. მე კიდევ კატეგორიულად ვამტკიცებ, რომ არალეგალურადაა დახარჯული მილიარდამდე და თუ უწყება მართალია და მას ჭეშმარიტების არ ეშინია, მე წინადადება შემომაქვს ავირჩიოთ საგანგებო კომისია დამფ. კრების ყველა ფრაქციების წარმომადგენელთაგან და ამ კომისიის გამოძიება დაგვანახვებს ბ-ნ ავალიანის „საქმიანობას“. მაგრამ თქვენ ასეთ კომისიის არჩევაზე უარს იტყვით, რადგან გეშინიათ ბოროტების გამომჟღავნებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ლეო შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ის შეკითხვა, რომელიც აქ ჩვენმა ფრაქციამ შემოიტანა და რომელიც არის დღეს თქვენი ყურადღების საგანი, ეხება ჩვენი პოლიტიკურ ცხოვრების ერთ უდიდეს პრობლემას. იგი მკაფიოდ და გარკვეულად სვამს ჩვენს წინაშე შემდეგ კარდინალ კითხვას: არსებობს თუ არა ჩვენში პასუხისმგებელი მთავრობა, არსებობს თუ არა ჩვენში სახალხო წარმომადგენლობა და თუ ესენი არსებობენ - რაში გამოიხატება პირველის პასუხისმგებლობა და რაში გამოიხატება მეორესი არსებობა? აი ის კითხვები, რომლებზედაც უნდა გასცეს დამფუძნებელმა კრებამ პასუხი არა მარტო დეკლარატიული, არა მარტო პრინციპიალური, არამედ პასუხი არსებითი, პასუხი საქმით! (ხმა ადგილიდან: გასცემს!) ამ შეკითხვაზე დამფუძნებელმა კრებამ უნდა გამოიტანოს ისეთი დადგენილება, რომელიც შეჰფერის მის სრულუფლებიანობას, რომელიც სავსებით დაიცავს მის უფლებებსა და პრესტიჟს და ამავე დროს ერთხელ და სამუდამოდ მოუსპობს მშრომელი ხალხის უფლებათა უზურპაციის სურვილს ყველა ავანტიურისტებს, თუნდაც ესენი მთავრობაში შედიოდენ! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).

ჩვენ, მოქალაქენო, არა ერთხელ გადაგვიშლია დამფუძნებელ კრების წინაშე საშინელი სურათი ჩვენი მართვა-გამგეობისა, არა ერთხელ გადაგვიშლია საშინელი ფაქტები მმართველი წრეების უპასუხისმგებლობისა, მაგრამ ის საკითხი, რომელიც არის დღევანდელი შეკითხვის საგანი, სულ სხვა კატეგორიის მოვლენაა. აქ არ არის ლაპარაკი უბრალო მოხელეთა შეცდომებზე, მათ თვითნებობაზე, აქ არ არის ლაპარაკი არც კერძო მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე, მათ უარყოფაზე. არა. აქ არის ლაპარაკი მთავრობის ბოროტმოქმედებაზე, აქ არის ლაპარაკი დამფუძნებელი კრების ძირითად უფლებების გაქარწყლებაზე! (ხმაურობა. ხმები: ეს შეუწყნარებულია!).

მე ვფიქრობდი, რომ ამ საკითხში არ იქნებოდა დისონანსი, რომ ამ საკითხის გარჩევის დროს ერთს მხარეზე იქნებოდა დამფუძნებელი კრება, როგორც ასეთი ინ ცორპორა, ხოლო მეორე მხარეზე იქნებოდა მისი უფლებების დამრღვევი და უარმყოფელი მთავრობა თუ ცალკე პირები.

მე ვფიქრობდი, რომ ამ შემთხვევაში მაინც სოციალ-დემოკრატია ამაღლდებოდა ჯგუფურ ინტერესებზე და თავის-თავს არ ჩააგდებდა იმ უნტერ-ოფიცრის ცოლის სასაცილო მდგომარეობაში, რომელმაც თავის-თავი გაროზგა, მაგრამ იმ სიტყვიდან და აპლოდისმენტიდან, რომელიც აქ გაისმა, ჩვენთვის ერთხელ კიდევ აშკარავდება, რომ სოციალ-დემოკრატიის დემოკრატიზმი ისევე ყალბი და საეჭვოა, როგორც ყალბი და საეჭვოა მისი სოციალიზმი! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).

ბატონებო! მთავრობამ დაარღვია ყველაზე უფრო ძლიერი, ყველაზე უფრო რეალური უფლება სახალხო წარმომადგენლობისა - ეს არის მისი საბიუჯეტო-საემისიო უფლებები.

მართალია, თეორიაში მთელი ძალა-უფლება, როგორც აღმასრულებული, ისე საკანონმდებლო ეკუთვნის დამფუძნებელ კრებას, მაგრამ ფაქტიურად მთელი შეიარაღებული ძალა სახელმწიფოსი, მთელი მილიცია, მართვა-გამგეობის მთელი აპარატი მთავრობის ხელში არის, მაშასადამე, სახალხო წარმომადგენლობას დარჩენია ერთად-ერთი უფლება, ერთად-ერთი რეალური ძალა, რომლის წინაშე ქედი უნდა მოიხაროს აღმასრულებელმა ორგანომ. მას აქვს ერთად-ერთი საშუალება, რომელმაც საზღვარი უნდა დაუდვას აღმასრულებელი ძალის თვითნებობასა და კაპრიზებს - ეს არის ფინანსები, მათი ემისია, კრედიტები და როდესაც ამ სფეროში ტლანქად და უცერემონიოდ იჭრება აღმასრულებელი ძალა, ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ რუბიკონი გადალახულია, რომ ჩვენში სახალხო წარმომადგენლობა გაუქმებულია. (სოც.-დემ. ხმები: ეს დემაგოგიაა!).

მონარქებისათვის სახელმწიფოს ფინანსები, მათი ემისია და დახარჯვა უბრალო საკითხი იყო.

მათ თავის საკუთრებად მიაჩნდათ მთელი სახელმწიფო, მოქალაქეთა სიცოცხლე და ქონება.

სახელმწიფოს ფინანსური პრობლემები მათთვის იყო მათი კერძო მეურნეობის საკითხები.

დემოკრატიამ ყველაზე სასტიკი იერიშები სწორედ აქ მიიტანა მონარქიაზე. მან - დემოკრატიამ, ადრე გაიგო, რომ ფული, ხაზინა ის საშინელი იარაღია, რომელიც ამაგრებს ტახტებს, რომელიც ერთ მუჭა ჯგუფს აძლევს შეძლებას იბატონოს მთელ ერზე, თავზე მოახვიოს მთელს ქვეყანას თავისი სურვილები, ბრძანებანი.

დემოკრატიის საუკუნოებითმა ბრძოლამ გასჭრა და ყველაზე უფრო დიდი უფლება, რომელიც ევროპაში მონარქებმა წარსულ საუკუნეში დაკარგეს - იყო საბიუჯეტო უფლებები! დემოკრატიულ სახელმწიფოში თუნდაც კაპიკის დახარჯვა, თუნდაც კაპიკის ემისია, თუ მას არა აქვს სახალხო წარმომადგენლობის სანქცია - აბსოლუტურად მიუღებელია! და როდესაც ჩვენი ეგრედწოდებული სოციალისტური და დემოკრატიული მთავრობა ბეჭდავს და ხარჯავს არა კაპეიკებს, არამედ მილიარდებს, რა არის ეს, თუ არა ნამდვილი ჩონტ დ´Eტატ, ჩუმი გადატრიალება?!

ის, რაც მოხდა, ფსიქოლოგიურად სავსებით გასაგები არის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი წესები, ისეთი ტრადიციები, რომლებიც ჩვენში დამყარდა, არც ერთ ჭეშმარიტ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის. ჩვენი მთავრობა ომს აცხადებს - არაფერს გვეკითხება, ზავს კრავს - არ გვეკითხება, არსდება ახალი სამინისტროები, ჩვენ კი მხოლოდ ცნობისათვის გვაწვდიან. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მან დამფუძნებელ კრებას საბიუჯეტო უფლებებიც წაართვა?!

ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, როდემდის გაგრძელდება ყოველივე ეს და თუ გაგრძელდება, რა აზრი აქვს ჩვენს აქ ყოფნას, რა მოხელე ვართ ჩვენ, როგორც სახალხო წარმომადგენლები?!

ჩვენს წინაშე არის ორი საკითხი: ერთი არის წმინდა უფლებრივი, მეორე ფინანსიურ-ეკონომიური. ჰქონდა თუ არა მთავრობას დამფუძნებელი კრების დასტურის გარეშე უფლება ახალი ემისიისა?! ეს არის პირველი და მთავარი საკითხი და აქ უყოყმანოთ, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ მთავრობას ამის უფლება არ ჰქონდა. მთავრობამ აქ დაარღვია დამფუძნებელი კრების ძირითადი უფლებები. ის დამნაშავეა! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).

უკანასკნელმა ემისიამ დიდი კამათი გამოიწვია. მაშინ, დიდის ბოდიშით, ჩვენ გვეუბნებოდენ: მეტი გამოსავალი არა გვაქვს - ემისია უნდა მიიღოთო. ჩვენ გვეუბნებოდენ, ეს ემისია იმისათვის გვინდა, რომ სესხი ავიღოთ, რომ ბონების კურსი ავწიოთო. გვპირდებოდნენ ფინანსიური მდგომარეობის გამოკეთებას, მის გაჯანსაღებას. დღეს კი რას ვხედავდთ? არც ერთი მიზანი, რომელიც მაშინ იყო წამოყენებული, მიღწეული არ არის, - ბონის კურსი საშინლად დაეცა და სწორედ ამ დროს მთავრობა ჩუმად მიმართავს მილიარდების ემისიას. აქ არამც თუ არ არის რაიმე გასამართლებელი საბუთი, არ არის არც დანაშაულობის შემამსუბუქებელი გარემოებაც კი.

მართალია, აქ მოიყვანეს ზოგიერთი მოსაზრებები, მაგრამ ესენი პირდაპირ სასაცილოა. აქ იყო ლაპარაკი მომენტის შესახებ. ამბობენ - მომენტი არ იყო ხელსაყრელი, ეს გახმაურდებოდაო და სხვა. ჯერ ერთი თქვენ ყოველთვის ასე ლაპარაკობთ, თქვენ ყოველთვის ეწევით მომენტის სპეკულიაციას, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ხომ შეიძლებოდა, რომ ეს საკითხი სწორედ მომენტის სიმწვავის გამო სრულიად მშვიდობიანად ჩაგვეტარებია?! შეიძლებოდა მისი განხილვა დახურულ კარებში, შეიძლებოდა მოგვეწვია პრეზიდიუმისა და ფრაქციათა წარმომადგენლების თათბირი და სხვა.

აქ სთქვეს აგრეთვე: დახეული ფულები გვქონდაო, მაგრამ ერთი გვიბრძანეთ, მას შემდეგ, რაც ქაღალდის ფულები იქნა შემოღებული, სახელმწიფოს როდის არ ჰქონდა დახეული ფულები?!

თქვენ ამბობთ: ახლო მომავალში ბიუჯეტი უნდა განხილულიყო და ამაზე მაშინ შეიძლებოდა ლაპარაკიო. ეს ყოვლად მიუღებელი მოსაზრება გახლავთ. შეიძლება ბიუჯეტი დავამტკიცოთ, მაგრამ ემისია საჭირო არ იქნეს. ეს ორი სხვა და სხვა საგანი, სხვა და სხვა ცნება არის!

ჩვენ არა ერთხელ გვსმენია, რომელი კანონი დაარღვია მთავრობამო? შეიძლება დღესაც გვითხრან, თქვენ რომელ კანონზე ლაპარაკობთ, ჯერ ხომ კონსტიტუცია არ მიგვიღიაო. მოგახსენებთ რომელ კანონზეა აქ ლაპარაკი. ჩვენ ვეყრდნობით იმ კონსტიტუციას, რომელიც მოითხოვს, რომ მთელი ძალა-უფლება ეკუთვნის დამფუძნებელ კრებას. ჩვენ ვეყრდნობით იმ კონსტიტუციას, რომელიც მოითხოვს, რომ თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში იყოს პასუხისმგებელი მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია მოითხოვოს ისეთი უფლებები, რომელიც მისთვის საკანონმდებლო ორგანოს არ მიუნიჭებია.

ჩვენ მოვიწვიეთ დამფუძნებელი კრება, რომელი კონსტიტუციის ძალით, ჩვენ ავირჩიეთ მთავრობა, რომელი კონსტიტუციის ძალით? ერთი სიტყვით ჩვენ გვაქვს დემოკრატიის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენთვის სავალდებულოა, ამის გარდა ჩვენ გვაქვს დაწერილი კონსტიტუციაც, ეს არის ჩვენი პროგრამები, ამ პროგრამებში სწერია დემოკრატიის ბატონობა, მისი საკანონმდებლი ორგანოების წინაშე.

თქვენ იცით, რომ 26 მაისს ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. პირველი საკითხი, რომელიც ამის შემდეგ დაისვა, იყო მთავრობის არჩევა, ხოლო მეორე საკითხი იცით რა იყო? მეორე საკითხი, რომელიც 26 მაისის აქტის მიღების შემდეგ დაისვა, იყო ფინანსიური საკითხი. ეროვნული საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე იყო ბ. ნ. ჟორდანია. იმ სხდომაზე მან დასვა საკითხი ფინანსების შესახებ და მოითხოვდა საბჭოს პასუხს და როდესაც საბჭოს ერთმა წევრმა ამ საკითხის გადადება მოისურვა, ბ. ჟორდანიამ უპასუხა, ეს საკითხი დიდათ მნიშვნელოვანი არის, მისი გადადება შეუძლებელია, ახლავე უნდა გადაწყდესო. ასე იყო ყოველთვის და ყველგან, სადაც ესმოდათ მოვალეობა და პასუხისმგებლობა!

ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა კანონი, ჩვენს ბონებზე სწერია: ყალბი ბონების დამზადებისთვის დამნაშავენი დაისჯებიან სისხლის სამართლის კანონებითო. ჩვენ სწორედ ამას მოვითხოვთ, ეს ხომ მთავრობის მიერ არის დაწერილი. ჩვენ მოვითხოვთ, თუ მთავრობა ჩვენს კანონებს ასრულებს, მის მიერ დაწერილი კანონი მაინც შეასრულოს! მაგრამ შეიძლება ფინანსიურის, ეკონომიურის თვალსაზრისით მისაღები იყოს ახალი მილიარდიანი ემისია?! შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იყოს, რაც შეიძლება მეტი ბონები იქნება. როგორც სჩანს, მთავრობა სწორედ ასე ფიქრობს, მაგრამ ეს რომ ასე იყოს, მაშინ ბონები არ გაჩნდებოდენ სწორედ მაშინ, როდესაც სახელმწიფოები გაკოტრებას დაადგენ. ყველასთვის ცნობილი არის, რომ აუცილებელი შედეგი, რომელიც მოჰყვება ბონების გამრავლებას, არის მათი კურსის დაცემა და რომ ეს ასე არის, ამის დასამტკიცებლად არ არის საჭირო ზოგადი თეორეტიული მოსაზრებანი, არ არის საჭირო პოლიტიკური ეკონომიის დასკვნები და დებულებანი, ამისთვის საკმარისია გადავხედოთ ჩვენს ახლო წარსულს. ყოველი ემისიის შემდეგ ჩვენი ბონის კურსი ეცემოდა, ხოლო უკანასკნელი ემისიის შემდეგ ისე საგრძნობლად დაეცა ბონის კურსი, რომ ჩვენი მანეთი, როგორც ერთეული, უკვე კარგა ხანია არ არსებობს.

ბონები ეს ის ბაცილები არის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ხელოვნურად ამრავლებს ჩვენი მეურნეობის, ჩვენი მრეწველობის ელემენტარული ჰიგიენის უცოდინარობის გამო. ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, ჩვენი ფინანსიური კრიზისი, ბონების გამოცემით არ იქნება დაძლეული, აქ საჭირო არის წარმოების ახალი ორგანიზაცია, ახალი გზები. აქ უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა უარყოთ თქვენი ფორმულა კაპიტალიზმით სოციალიზმისაკენო.

ერთის მხრით სოციალისტური მთავრობა, სოციალისტური დამფუძნებელი კრება, ხოლო მეორეს მხრით კაპიტალიზმი, მისი ბატონობა, მისი თავისუფალი განვითარება ისეთი ანომალია არის, რომლის მსგავსი ისტორიამ არ იცის! თქვენ გეშინიათ საზოგადოებრივი ინიციატივის, ხოლო კერძო ინიციატივას თქვენი ეშინია!..

ასეთ პირობებში ჩვენი ეკონომიური წინსვლა, ჩვენი ფინანსიური გაჯანმრთელება შეუძლებელია! დღემდის ჩვენში კანონიერად გამოცემულია მილიარდ ნახევარი მანეთის ბონი, ხოლო უკანონოთ 19 აპრილიდან გამოცემულია კიდევ მილიარდ ნახევარზე მეტი, მაშასადამე დაახლოებით ჩვენში ტრიალებს 3-4 მილიარდი მანეთის ბონი, სად მიდის, რაში იხარჯება ეს თანხა? იქნებ თქვენ გააჩაღეთ წარმოება, აღადგინეთ ჩვენი დანგრეული და გაპარტახებული მეურნეობა? არც ერთი, არც მეორე!..

იქნებ გაანელეთ სპეკულიაცია, შეებრძოლეთ სიძვირეს? მაგრამ ამის თქმა ხომ შეუძლებელია, სიძვირემ არამც თუ არ მოიკლო, ის პირიქით დღითი-დღე მატულობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქათმის კვერცხი დღეს ათჯერ მეტი ღირს, ვიდრე წინედ თვით ქათამი ღირდა, ხოლო ერთი ბოთლი ღვინო დღეს იმდენი ღირს, რამდენიც წინეთ ერთი უღელი ხარი ღირდა! მაგრამ შეიძლება თქვენ მოაგვარეთ ტრანსპორტი, შეიძინეთ გემები? მაგრამ ამ მხრით ჩვენი მდგომარეობა ხომ პირველ ყოფილზე უარესია? ძველად თქვენ იცით, იყო ერთი ნოე, მაგრამ მას ერთი ნავი მაინც ქონდა. დღეს არის ერთი ნოე და ერთი ნავიც არა გვაქვს!..

როდესაც უკვირდებით იმ პირობებს, რომლებშიც მოხდა უკანასკნელი უკანონო ემისია - ორი გარემოება იპყრობს ჩვენს ყურადღებას: სოც.-დემოკრატიამ ჯერ გარეთ გააგზავნა კონტროლიორი, მერე ხელი აუსვა და ბეჭდა და ბეჭდა ბონები. ეს კიდევ არაფერი. რატომღაც ეს მილიარდ-ნახევარი ბონი მაშინ დაბეჭდეს, როდესაც ჩვენ ბოლშევიკური რუსეთი გვიახლოვდებოდა, და რომ ღმერთი გამწყრალიყო ჩვენზე და საქმე ცუდათ წასულიყო, მე ვფიქრობ, ამ ბონების გამოცემას კაცი ვერ გაიგებდა! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე). ზოგიერთს გონია, რომ ამ უკანონო ემისიის გარშემო აურ-ზაურის ატეხა ჩვენთვის უფრო მავნებელია, ვიდრე თვით უკანონო ემისია, რომ ეს ავნებს ჩვენს დამოუკიდებლობას, თითქოს ჩვენ დათვურ სამსახურს უწევთ ჩვენს სამშობლოს და სხვა. სწორედ ამაზე იტყვიან „ჩემი შენ გითხარი - გული მოგიკალიო“. ჩვენი დამოუკიდებლობის საშინელი მტერი არის დემოკრატიის უფლებების უზურპაცია, მათი აბუჩად აგდება. ეს არის ჩვენი რესპუბლიკისათვის დამღუპველი. ჩვენ ექსარესით მივდივართ მონარქიისაკენ. ეს აშკარაა მას შემდეგ, რაც მთავრობის თავმჯდომარე გახდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი, რაც მას მიენიჭა რაღაც განსაკუთრებული უფლებები, განა ეს რესპუბლიკისათვის უფრო დიდი საფრთხე არ არის?! ორი წელიწადია, რაც ჩვენში არსებობს საკანონმდებლო ორგანო, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთხელაც არ გვინახავს, რომ მთავრობამ, ან მის რომელიმე წევრმა პასუხი აგოს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. ნუ თუ, ბატონებო, ამ ხნის განმავლობაში მთავრობას, ან მის წევრს შეცდომა არ მოსვლიათ?! სოც.-დემოკ. ერთი ორიგინალური საშვალება შემოიღო, თუ ღმერთმა ქნა და რომელიმე მინისტრი, ან მისი ამხანაგი დელეგაციაში მოხვდა სადმე, ის შემდეგ თავის პოსტს ვეღარ დაუბრუნდება, მხოლოდ ამ სახის თუ ტარდება ჩვენში მინისტრის პასუხის მგებლობა! (სიცილი). დამფუძნებელ კრებას არა აქვს ტეხნიკურად საშვალება თვალ-ყური ადევნოს, თუ რამდენი ფული დაბეჭდა მთავრობამ, რამდენი დახარჯა და სხვა ამისათვის არსებობს სახელმწიფო კონტროლი. მისი პირდაპირი მოვალეობაა დარაჯათ ედგეს ხალხის ყოველ კაპიკს, ხალხის ფულებს, მათ დახარჯვას, მათ გამოცემას. მე მინდა გავიგო სად არის კონტროლიორი?! რათ არ ისმის მისი მრისხანე ხმა, მისი ულმობელი თვალი სად არის?! კონტროლიორი სდუმს, გაჩუმებულია, ვინაიდან ჩვენში არ არსებობს კონტროლიორი, დიახ, ჩვენში არ არსებობს კონტროლიორი, არსებობს მხოლოდ მუმია და არა კონტროლიორი! ამნაირად ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არა მარტო დაიბეჭდა ბონები, როგორც აქ გვარწმუნებენ, არამედ ეს ბონები ტრიალში გაშვებულია - ესე იგი მოხდა უკანონო ემისია. ამის უარყოფა ვერ შესძლო ბ. ავალიანმა თავის მიკიბულ-მოკიბულ განმარტებაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დამფუძნებელმა კრებამ აქედან საჭირო დასკვნები გამოიტანოს, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მჩაგრავს სასტიკი პასუხი მოეთხოვოს, ჩვენ ვამბობთ: ჩვენ არ გვინდა მთავრობა, რომელიც ფალშივო-მონეტჩიკებისაგან შესდგება, მისი ადგილი არის არა აქ, არამედ ბიხოვთან ერთად ციხეში! (ხმაურობა).

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. თოფურიძეს ეკუთვნის.

დ. თოფურიძე. (ს.-დ.) ბ-ბო, აქ ესერების წარმომადგენელებმა იმდენი რამ ბრძანეს, რომ მაგათ კვალ და კვალ რომ გავყვეთ, შეუძლებელი იქნება რაიმე შინაარსის და დასკვნის გამოტანა. მე ვეცდები აქ მოკლედ შევეხო საკითხს. რა ბრალდებები წამოაყენეს? სამინისტრომ ჩაიდინა სიყალბე, ბოროტმოქმედება, დაბეჭდა ფულები ემისიის გარეშე და გამოუშვა ტრიალში, როცა მას ამის უფლება არა ჰქონდაო. ეხლა მოგახსენებთ მოკლედ უმთავრეს მუხლებზე და ციფრებზე რამდენსამე სიტყვას. დაბეჭდეს თუ არა იმის მეტი, რაც ემისიით იყო დადგენილი? მე მოგახსენებთ მეტი დაბეჭდეს, რათა ფული გამოსულიყო ბაზარზე, მაგრამ ამას უნდა გაგება და მაშინ ეს ფაქტი სრულიად სხვანაირად იქნება გაშუქებული. ამაზე ილაპარაკა ბევრმა: მინისტრმა, ფედერალისტების წარმომადგენელმა და ყველამ ერთხმად გამოსთქვა აზრი, რომ ამაში არაფერია უკანონო და დანაშაული არ არისო. ეს სრულიად ბუნებრივია და სამწუხარო ის არის, რომ დამფ. კრებაში, სადაც კანონები უნდა ვსწეროთ, ელემენტარ კითხვებზე გვიხდება ლექციების კითხვა.

ხშირად სხვა სახელმწიფოშიაც ბეჭდავენ ნიშნებს და ამ ნიშნებს ძალა ეძლევა, როცა სათანადოდ იქნება დამოწმებული. მანამ კი ეს არის უბრალო ქაღალდი და არავითარი ფულის მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობას აძლევს უფლებას გამოუშვას ეს ფული ბაზარზე, მაშინ ეძლევა მას ფულის მნიშვნელობა. ეს იმდენად მარტივი დებულებაა, რომ ამაზე ლაპარაკი სირცხვილია. ერთი რამ არის, რასაც მინისტრმა მიაქცია თქვენი ყურადღება, ბეჭდვა - ეს არის უბრალო ქარხნის მუშაობა. (შენგელაია: რატომ 20 მილიარდი არ დაბეჭდა?) სამწუხაროდ ასეთი უბრალო საქმის თაობაზე გვალაპარაკებენ.

ახლა ბ-ბო გადავალ ციფრებზე. აქ არ არის ბ. კედია, რომელმაც გულის წუხილით განაცხადა, რომ ეს საკითხი ჩემთვის ისევ ბუნდოვანიაო. ჩემთვის კი ყველაფერი გამოირკვა. მინისტრის ამხანაგის განმარტების შემდეგ ყველაფერი ნათელია, მაგრამ ვინაიდან ეს იწვევს ერთგვარ უკმაყოფილებას, ავიღე სიტყვა და მსურს ორიოდე სიტყვით განვმარტო საკითხი. ესერების წარმომადგენელი ბრძანებს: გამოსულია 601 მილიონი მან. და ამის ნება მთავრობას არა ჰქონდაო. გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება და შესაფერი ანალიზი გაუკეთოთ ამ ციფრებს. როგორ შესდგება ეს 800 მილიონი? აი, ამნაირად: დაახლოვებით ვლაპარაკობ, 245 მილ. გახლავთ გაფუჭებული ფული. შემდეგ აპრილსა და მაისში სამინისტროს კასაში შემოვიდა 254 მილიონი. ეს გახლავთ სახელმწიფოს შემოსავალი, ის რაც შემოდის გადასახადებისაგან (შენგელაიას რეპლიკა). შემდეგ ძველი ემისიიდან ჰქონდა უფლება 142 მილიონის გამოშვებისა, დანარჩენის მთავრობას ჰქონდა თავის განკარგულებაში, რომლის დახარჯვის უფლება მას დამფუძნებელმა კრებამ მისცა. ამნაირად თუ ციფრს შევაერთებთ, გამოვა სწორედ 861 მილიონი მან.

ეხლა უნდა მოგახსენოთ რამდენი აქვს სახელმწიფოს გასავალი: ამ უკანასკნელ დროს სახელმწიფოს დღიურმა ხარჯებმა აიწია და იმ ცნობებიდან, რომელიც მინისტრმა მოგახსენათ, ეს დღიური უდრის 22 მილიონს. გავამრავლოთ ეხლა ეს ოცდაათზე და 660 მილ. იქნება.

აი ეხლა მე გთხოვთ დაუპირდაპიროთ ერთმანეთს 616 და 660 მილიონი მან. განსხვავება გახლავთ სულ 44 მილ. მან.

აი, შეგიძლიათ ეხლა შეეკითხოთ მთავრობას, სად დახარჯა მთავრობამ ეს 44 მილიონი მანეთი. (შენგელაია: ეს თქვენი სეკრეტია!). მე ამაზე პასუხს ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს კანონიერი წყაროებიდან არის დახარჯული. 44 მილ. საიდუმლოდ დაიხარჯაო - ეს შეკითხვა მიეცით მთავრობას. (შენგელაია: ეგ გეცოდინებათ თქვენ!). უნდა მოგახსენოთ, რომ მილიონი არის ძალიან ცოტა. იანგარიშეთ, თუ დღეში გვეხარჯება 22 მილიონი - ეს შეადგენს 2 დღის ხარჯს. ამას უნდა გაუწიოთ ანგარიში. როგორც მოგახსენეთ, ეს მთავარია, რომელსაც აღნიშნულ ციფრებში ვერ ვპოულობთ.

არ არის სწორედ ის მცირე თანხა, რომელიც მოუხმარია ფინანსთა სამინისტროს. ეს 44 მილიონი მანეთი შეიძლება ვისმეს შეასესხა, შეიძლება იტალიურ ბანკს შეასესხა - 2-3 მილიონი მანეთი, შეიძლება სხვას მოახმარა, ან შეიძლება არც კი მოუხერხებია ყველა ვალი გადაეხადა და სხ. ასეთი მცირეა ეს თანხა. ესერების გამოსვლა მე მაგონებს იმ არაკს, ერთი იმერელი რომ ამბობდა: „100 კურდღელი დავთვალეო“ და როცა შეეკითხენ იქამდე მივიდა, რომ სთქვა, „ფაჩუნი შემომესმაო“. ამნაირად გელანდებათ თქვენც ბ. შენგელაია. (რეპლიკა) შეიძლება შოფრებმა უკეთ აუხსნან ბ. ნუცუბიძეს.

ახლა მე მოგახსენებთ უკანასკნელ ციფრზე. დარჩა გაფუჭებული ფული, ეს ბევრჯერ ახსენეს აქ. მე მგონია აღარ უნდა ყოფილიყო საჭირო ამის განმარტება. მაგრამ კიდევ ერთხელ ყოფილა საჭირო გამეორება და მე მოგახსენებთ. ვექსილზე უსინდისო კაცი უარს იტყვის, ახალს აღარ მისცემს, მაგრამ ასეთ უსინდისობას ყველა ვერ ჩაიდენს. ყველა ის პირი, რომელიც სახელმწიფოს სათავეში მოხვდა - ასეთ უსინდისობას ვერ ჩაიდენს და თუ ჩაიდინა - გვაქვს საშუალება ვაიძულოთ, რომ არ ჩაიდინოს, როცა ფული ფუჭდება - ვალდებული ხარ გამოუცვალო. ეს თქვენ ემისიის საკითხად მიგაჩნიათ, მაგრამ ეს ემისიის საკითხი არ არის. (ხმაურობა). დაწყნარდით და მოგახსენებთ. როდესაც ქარხანაში გაფუჭდება ფული, ამდენივე ახალი ფული დაიბეჭდება. ეს ემისია არ იქნება. და თუ გგონიათ, რომ ეს ემისია არის - მაშინ ცოტა წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ ეს ესეა. ახლა მე თქვენ გეკითხებით, არის კიდევ სხვა რაიმე ემისია? მაშასადამე 861 მილიონიდან დარჩა მხოლოდ ცოტა თანხა. რა მოხდა? მხოლოდ ის, რომ ესერებს ფაჩუნი მოესმათ და ეგონათ, რომ კურდღელი იყო.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. შემოტანილი არის 2 ფორმულა. 1-ლი სოც.-დემოკრატ. ფრაქციისა და მე-2 სოციალისტ-რევოლიუციონერების. (მდივანი კითხულობს ორივეს).

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ფორმულა:

„მოისმინა რა სოც.-რევოლ. ფრაქციის შეკითხვა ფინანსთა მინისტრის მიერ საემისიო წესების დარღვევის შესახებ და მთავრობის განცხადება, დამფუძნებელი კრება დამაკმაყოფილებლად სცნობს ამ განმარტებას და ადასტურებს, რომ ხსენებულ წესების დარღვევას სრულიად არ ქონია ადგილი და გადადის მორიგ საკითხზე“.

სოციალ-რევოლიუციონერების ფორმულა:

„მოისმინა რა სოც.-რევ. შეკითხვა მთავრობისადმი საემისიო უფლების დარღვევის შესახებ და მთავრობის განმარტება მასზე, დამფუძნებელი კრება არ სთვლის მთავრობის განმარტებას დამაკმაყოფილებლად, მოითხოვს განსაკუთრებულ კომისიის არჩევას საქმის დეტალურად გამოსაძიებლად, რათა დამნაშავენი პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და გადადის მორიგ საკითხზე“.

აი ეს ორი ფორმულა არის შემოტანილი. კენჭს უყრი ისე, როგორც შემოვიდა. ვინ არის მომხრე სოც.-დემ. ფორმულისა? ვინაა წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? ვინაა მომხრე სოც.-რევ. ფორმულისა?

მიღებული გახლავთ სოც.-დემოკრატ. ფრაქციის ფორმულა.

თავმჯდომარე. შემოსულია შემდეგი განცხადება: „სოც.-რევ. პარტიას აქვს პატივი ამით აუწყოს პრეზიდიუმს, რომ: 1) გზათა, 2) ადგილობრივი მმართველობისა და 3) სახალხო ჯანმრთელობის კომისიებში იგზავნება ივ. ლორთქიფანიძე“ და ეროვნულ ფრაქციის შემდეგი განცხადება: „გთხოვთ მოახსენოთ დამფ. კრ. უახლოეს კრებას, რომ: ნაციონალისტთა ფრაქციიდან აგრარულ, განათლების, მომარაგების, სამეურნეო და შრომის კომისიაში დასახელებულია წევრად შალვა ქარუმიძე, ხოლო საკონსტიტუციო, საპროპაგანდო, იურიდიული, თვითმმართველობის და ხელოვნების კომისიაში დასახელებულია გ. ვეშაპელი“. დამფუძ. კრება ამ განცხადებებს ადასტურებს.

მდივანი მოგახსენებთ შემდეგი დღის სხდომის დღიურ წესრიგს.

(მდივანი კითხულობს).

თავმჯდომარე. სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა ნაშუადღევის 4 ნახ. საათზე იხურება.

23 ოცდამეოთხე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(24)

1920 წელი. ივნისი 15. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 20 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტის ნუსხას და დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები.

1. შინაგან-საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი - საკლავ საქონელზე არსებული გადასახადის გადიდებისა.

2. შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახელმწიფო დაწესებულებათა და მუშა-მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

3. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი - სამუსულმანო საქართველოს სკოლების შესანახად გაწეული ხარჯის დასაფარავად 2.230.500 მან. გადადების შესახებ.

4. ხელოვნების კომისიის ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისა - ძველი სახუროთმოძღვრო ძეგლების შეკეთება - დაცვისათვის 2.000.000 მან. გადადების შესახებ.

5. გარეშე-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - პოლონეთში გასამგზავრებელი მისიის საჭიროებისათვის 2.000.000 მან. გადადების შესახებ.

6. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტფილისის და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების წესდების შეცვლისა და რწმუნებულთა კრების მოწვევის შესახებ.

7. ფინანასთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად მიმდინარე საბიუჯეტო წლის ანგარიშში სათანადო თანხის გადადებისა.

8. მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სეტყვისაგან დაზარალებულ მცხოვრებთათვის მისაწოდებელ სათესლე სიმინდის შესაძენად 10.000.000 მან. გადადების შესახებ.

9. მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - გადასახლებულთა დასახმარებლად სესხის სახით 30.000.000 მან. გადადების შესახებ.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გასატან საქონელზე დროებითი ბაჟის შემოღების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციის ახალ ბინაზე გადატანისა და ამ ბინის გადაკეთებისათვის 5.080.354 მან. და 27 კაპ. გადადების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო უწყების შტატის დამტკიცებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სასამსახურო ვადის გადიდებისა და სასწავლო მცირე გუნდებში სწავლა დამთავრებულ ჯარისკაცთათვის. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახალხო გვარდიის შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია ზ. გურული და გრ. გიორგაძე.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამოქალაქო სამართლის წარმოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.

7. დეკრეტი - მექარხნისაგან სააქციზო უწყების მოხელის დასაქირავებლად ხარჯის გაღებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

8. დეკრეტი საერობო გზების მოსამსახურთათვის დამატებითი გასამრჯელოს მისაცემად 144.430 მან. გადადებისა. მომხსენებელია გაგლოევი და დ. ონიაშვილი.

9. დეკრეტი - მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საგნის მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 120.000.000 მან. გადიდებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

10. დეკრეტი - ყარაიაზის სახელმწიფო მამულის მეორე განყოფილების სისტემის სარწყავის დასამთავრებლად 9.368.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

11. დეკრეტი - სოხუმის ქალაქის სასამართლოს ექიმის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

12. დეკრეტი - 3.000.000 მან. გადადებისა - მიხეილ არამიანცისათვის ჩამორთმეულ სახლის ფასის ასანაზღაურებლად. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

13. დეკრეტი - გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში - კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის მისიების ვალების გასასტუმრებლად 388.920 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.

14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპყრობილეთა დამცველი რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ფირცხალაიშვილი და დ. ონიაშვილი.

15. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ტფილისის სასამართლო პალატის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი და გრ. გიორგაძე.

16. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპატიმროთა საქმის უმაღლესი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

17. დეკრეტი - მიწად-მოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან 20%25 ერობათა სასარგებლოდ გადადებისა. მომხსენებელია ი. კოპალეიშვილი და დ. ონიაშვილი.

18. იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - მძიმე სახელმწიფოებრივი დანაშაულობისათვის ქონების კონფისკაციისა და იურიდიული კომისიის დასკვნა ამ პროექტის შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

.

19. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა და წარმოებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ერთდროულის დახმარების აღმოჩენისა. მომხსენებელია ვ. თევზაია.

20. დეკრეტი - თავდაცვის ფონდისათვის 400.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

21. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის მოქმედების განგრძობისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე. საბოლოო ტექსტებს ქრ. შარაშიძის ასული მოგახსენებთ.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს დღიურ წესრიგის 1-ლ და 2-რე მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რასაც დამფუძნებელი კრება იღებს).

თავმჯდომარე. სიტყვა იმნაიშვილს ეკუთვნის შემდეგი საკითხის შესახებ.

1. დეკრეტი თავდაცვის ფონდისათვის 400 მილ. მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) სამხედრო საჭიროებისათვის ამ მოკლე ხნის წინად ჩვენ 300 მილიონიანი კრედიტი გავუხსენით. ეს კრედიტი ამოწურულია და თავდაცვის საბჭო შემოდის შუამდგომლობით, რომ მას გაეხსნას ახალი კრედიტი 400 მილიონი მანეთის. წარმოდგენილია ნუსხა იმ ხარჯებისა, რომელიც გაწეულია თავ-დაცვის მიერ. ამ ნუსხის მიხედვით ეს 300 მილიონი მანეთი სხვა და სხვა სამხედრო საჭიროებას მოხმარდა. სამხედრო კომისიამ განიხილა ეს შუამდგომლობა და ერთხმად მიიღო იგი. საფინანსო კომისიამაც ერთხმად მიიღო და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს კრედიტი რაც შეიძლება სწრაფად გაეხსნას თავ-დაცვის საბჭოს. (ნუცუბიძე: ფულის ნიშნები არის?). ფულის ნიშნები ალბათ იქნება, ვინაიდან ეს სხვა საკითხია, ფულის ნიშნების რაოდენობის საკითხი სრულებით არ არის დაკავშირებული ამ საკითხთან, ვინაიდან უწყებას ყოველთვის აქვს საშუალება ნაწილობრივ იმ შემოსავლიდან და ამ თანხიდან, რომელიც მას მოეპოვება, დაჰფაროს ეს.

თავმჯდომარე. სიტყვა შალვა ქარუმიძეს ეკუთვნის.

. ქარუმიძე. (ნაც.) ბატონებო! ჩვენ მომხრე გახლავართ დეკრეტისა, მაგრამ სურვილი გვაქვს მის განხილვის დროს მოგახსენოთ ზოგიერთი მოსაზრებანი ჩვენი სამხედრო ძალის ორგანიზაციისა და რეორგანიზაციების შესახებ. ჩვენ და თქვენ დავა იმ თავით, რა დღიდანაც საქართველომ დამოუკიდებელი ხელმწიფობა დაიწყო, გვაქვს თუ როგორ მოეწყოს ეს უმთავრესი ძალა ჩვენი არსებობისა. სხვათა შორის და უმთავრესად თქვენ იწუნებდით ჩვენ გეგმებს უსახსრობისა გამო; თქვენ ჩვენს ქვეყანას ბრალს სდებდით იმაში, რომ მას არ შეუძლიან მუდმივ შეინახოს ის ჯარი, რომელიც ჩვენის აზრით მისთვის საჭიროა. მაგრამ განვლილი და დღევანდელი მაგალითიც იმას გვიჩვენებს, რომ თქვენ ანგარიშშიც შემცდარი ხართ. აგერ, რამდენჯერ უხდება საქართველოს ასეთი უეცრივი მობილიზაცია, თქვენი არდახედულობის წყალობით გვიჯდება გაცილებით მეტი, ვიდრე გამუდმებით, რომ გვყოლოდა თოფქვეშ საკმაო რიცხვი ჯარისა. მაშინ მობილიზაციის საჭიროებაც აუცილებელი იქნებოდა თავიდან, რადგან მზათ მყოფთ დავას ვერავინ აგვიშლიდა. თქვენივე ბრალი გახლავთ, რომ ჩვენ მოუმზადებლობა აღმოგვაჩნდა ზოგიერთ მხარეებში. თქვენ, ბ-ნნო მმართველნო, საერთოთ მეტათ გულ-უხვნი და ხელ-გაშლილნი ბრძანდებით სახელმწიფო სალაროთი, მაგრამ ბოროტათ ხელშეკრულნი ხართ იქ, საცა არაფერი არ უნდა დაიშუროთ. სწორეთ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ზოგიერთი სატეხნიკო ნაწილები ჯარისა მზად არ აღმოჩნდა (რეპლიკა: ეგ საიდუმლობაა, არ უნდა ლაპარაკობდეთ!) ჩვენ თქვენზე ნაკლებ არ გვესმის, რაც არის საიდუმლოება, გვესმის ჩვენი მოვალეობაც და გარწმუნებთ არ ვიტყვით იმას, რის თქმაც არ შეიძლება. ნუ სწუხართ, ახდილ კრებაზედ ვისარგებლებთ 1/100 იმ ფაქტებისა, რომელსაც ყოველ დღიურად ამჟღავნებს სოციალ-დემოკრატიული პრესა. როდესაც მთავარ-სარდალი მოვალედ სთვლის თავს მადლობა გამოუცხადოს ომში მეტად დიდი საქმის შესრულებისათვის და ეს მადლობა ეკუთვნის არა სამხედრო, არამედ სხვა უწყებას, სჩანს, რომ ის სამხედრო ნაწილები, რომელსაც ეს საქმე შეესრულებინათ ან არა გვყოლია, ან მომზადებულნი არა ყოფილან, უხსნივართ გასაჭირისაგან მოხალისე უწყებას. ყოვლად მიუღებელია ასეთი მდგომარეობა. საიდუმლოების დარღვევა არც ის იქნება, თუ იმასაც მოგახსენებთ, რაც დღეს მტერმაც იცის და მოყვარემაც. ჩვენთვის ნათელი იყო და ყველასათვის, ვგონებთ ცხადია ეხლა, რომ ჩვენ კავალერია არა გვყოლია. იმიზეზებდით სულ მუდამ უცხენობას და იმ დიდ ხარჯებს, რომელიც საჭიროა ამ მართლადა ყოვლათ ძვირფასს ნაწილზე. შინაურ შესაძლებლობას რომ თავი დავანებოთ რა უყავით ის ცხენები, რომელიც დენიკინის გამოქცეულ ჯარს ჩამოართვით? მიმღები კომისიის ცნობით, მცხეთაში რომ დანიშნეთ, შემოვიდა არა ნაკლები ორი ათასი ცხენისა, რომელიც კი გამოდგება ცხენოსანი ჯარისათვის. თქვენ ეს იშვიათი სიმდიდრე ვერ მოიხმარეთ. ჯარი ცარიელი დასტოვეთ და ცხენები კი დაურიგეთ ერობებს, ალბათ დღეობებში სასიარულოთ - ეს ჩვენი თვალით გვინახავს, ან შეუბიათ სხვა და სხვა კომიტეტებს ეტლებში.

ამ სამხედრო ნაწილის მოწყობაში თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ იმის გარდა, რომ რაც იყო, მაქვს მხედველობაში კარგი სახელის მქონე პირველი ცხენოსანი პოლკი, თქვენ ჩამოაშორეთ სპეციალური ცოდნა და გამოცდილება და ისე შეამცირეთ, რომ მან დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა სრულიათ. ჩვენი ტოპოგრაფიისა და სამხედრო პირობების მქონე ქვეყანაში - ეს დაუშვებელია და ვწუხვართ მეტად, რომ ასეთი მწარე მაგალითები არის საჭირო, რათა ეს აუცილებლობა შევიგნოთ.

ასეთივე ბედი ჩვენ სანაპირო ჯარებს დასტრიალებს. მთავრობამ ისე ვერ მოაწყო ეს სანაპირო ნაწილები, რომ სახელმწიფო სანაპიროებზე მისულიყვენ. დღეს არავითარი საიდუმლოება არ არის, რომ მთელ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ დარიალის ხეობაში სდგას თავის ადგილზე რაზმი, დანარჩენ ადგილებში ყველგან დაშორებულია საზღვარს და ზოგიერთ შემთხვევაში საგრძნობლათ დიდს მანძილზედ. თქვენ შეგიძლიანთ მიპასუხოთ, რომ არ არის აუცილებელი საჭიროება, რომ სანაპირო ნაწილები უსათუოდ საზღვრებზე იდგეს და ეს დაასაბუთოთ, თუ გნებავთ სტრატეგიული მოსაზრებაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც იყო, თქვენ მართალნი არ იქნებით. რად უნდა იდგას ჩვენი სანაპირო რაზმი ხომის ძირში, რომელიც დაშორებულია საზღვარს 60 ვერსით და არა შატილში? რითი ქონდა დაცული და სად იყვნენ საზვერავ-საყარაულონი იმ ფართე შემოსავალ კარებში, საიდაც დღეს მტერი დაგვეცა. მინახავს საკუთარის თვალით და მოგახსენებთ, რომ თუ ასეთია ცოდნა სტრატეგიისა, მაშინ დაღუპულნი ვყოფილვართ და თუ სხვა რამეშია მიზეზი, მაშინ ბატონებო, დაუყონებლივ უნდა იქნას შეცდომა შეგნებული და საჭირო ზომები მიღებული. შეცდომა კი ის გახლავთ, რომ თქვენ, ჩვენო მმართველნო, დღემდის ვერ შეგიგნიათ, თუ რა ძალა ესაჭიროება საქართველოს სახელმწიფოს არსებობისათვის და არც ზომები მიგიღიათ, რომ საკმაო რიცხვი სამხედრო ბეგარის მხდელთა მოსთხოვოთ ხალხს და მიაწოდოთ მას საჭირო სანოვაგე და ტანსაცმელი. ჩვენ უკვე განვიცდით საშინელ შედეგს ასეთი ბოროტი ჯიუტობისა და დაუდევრობისა. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჯარი საზღვარზე არ იყო, არ სჩანდა ქომაგი სახელმწიფო ძალა, ქართველმა განაპირა მოსახლეობამ დასცალა საგრძნობი ტერიტორია. ხევსურეთში დაიცალა მუწო-ხახაბას თემობა, თუშეთში თხუთმეტამდე სოფელი. მოგეხსენებათ ისიც, რომ ამავე მიზეზით ჩვენ ვეღარ, თითქმის ნახევრათ, ვეღარ ვსარგებლობთ იმ მთებით, რომელიც ჩვენი მიწა-წყალია, ჩვენ განკარგულებაში იყო და როცა ქართული დოვლათი იქნებოდა. თქვენი გზით სვლა აღარ შეიძლება, თორემ მეტს წავაგებთ და გვიან ვინანებთ. შეურიგდეთ ჩვენი ერის ბედისწერას, რომელიც მოითხოვს ჩვენივე ბედნიერებისათვის მეტს მკლავს და მეტ მატერიალურ მსხვერპლსაც. უნდა მივცეთ საკმარისათ ერთიც და მეორეც. ერთი შენიშვნა უნდა მოგახსენოთ კიდევ: დეკრეტში აღნიშნულ ხარჯებში კარგი ადგილი უჭირავს ხარჯს ეგრეთწოდებულ კონტრ-რაზვედკაზე. ფული, რასაკვირველია, უნდა დავხარჯოთ, მაგრამ მოვალენი ვართ ხარჯვას თვალი უნდა მივაყოლოთ. სამხედრო წრეებში ცუდი მითქმა-მოთქმაა ამ „კონტრ-რაზვედკაზე“, ამბობენ, ფული მეტად უკანტროლოთ იხარჯებაო. მე პირადათ ვერ მოგახსენებთ დაბეჯითებით, თუ როგორ იხარჯება ფული, რადგან არა მაქვს დოკუმენტები, მაგრამ იმას კი დაბეჯითებით გეტყვით, რომ „კონტრ-რაზვედკას“ ნაკლები ნამუშევარი უჩანს. ყველა ომები, რომელიც კი გადავიხადეთ ამ ორი წლის განმავლობაში ისე დაგვატყდა თავს, რომ „კონტრ-რაზვედკამ“ სუყველაზე ბოლოს გაიგო. არა სჩანს რომ ჩვენ გვესარგებლოს მისი ცნობებით თვით ომის დროს.

საერთო შენიშვნა ჩვენი ის გახლავთ, რომ სამხედრო ძალების მოწყობა საქართველოში არ შეეფერება ჩვენს პირობებს არც ბეგარის ვადისა და არც მუდმივი ჯარის რიცხვის მხრივ. ერიდებით დიდს ხარჯებს, მაგრამ დღევანდელი იძულებითი და უეცრივი მობილიზაცია გიმტკიცებთ, რომ ერთი-ათად მეტს ხარჯავთ. უაზრობა გახლავთ ასეთი წინდაუხედაობა და თუ არ გამოვსწორდით, შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ამის თქმა შეიძლება და ეს მოგახსენეთ იმედით, რომ ავიცდინოთ მომავალში შეცდომები.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნოე რამიშვილს.

. რამიშვილი. (შ.-ს. მ.) (ლ. შენგელაია: თქვენ სამხედრო მინისტრი ბრძანდებით?) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! მე გახლავართ თავდაცვის საბჭოს წევრი და მოგახსენებთ როგორც თავდაცვის საბჭოს წევრი და თანაც, როგორც წევრი სოლიდარულ მთავრობისა, მე შემიძლია გამოვიდე აქ. ეს სავსებით უდავო წინადადება, რომელიც თავდაცვის საბჭომ წამოაყენა, გამოიყენეს ნაციონალისტებმა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. საკითხი ჯარის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილი იყო, ეს იმ ხანებში არავითარ დავას არ იწვევდა. ყველამ კარგად იცით, რომ ამ რეორგანიზაციით მივახწიეთ დასახულ მიზანს, ესე იგი, ჩვენ შევქმენით ის კადრი, რომელიც საჭირო იყო და არის მშვიდობიანობის დროს საზღვრების დასაცავად. მაგრამ არ შეგვეძლო შეგვექმნა ისეთი ჯარი, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომელშიაც საქართველო იმყოფებოდა, რომ იგი ყოფილიყო მუდმივი და დაეცვა საზღვარი.

ნაციონალისტებს მოეხსენება, რომ იმპერიალისტურმა მსოფლიო ომმა ყველაფერი გაანადგურა. ისინი ფიქრობდენ, რომ მილიტარიზმის გაძლიერება შექმნიდა მდგომარეობას, როდესაც საზღვრები მუდმივი ჯარის საშუალებით იქნებოდა დაცული, მაგრამ თქვენ იცით, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შექმნა ისეთი კადრი მუდმივი ჯარისა, რომელსაც შეძლება ჰქონოდა თავის საზღვრების დაცვა. ვინ დაიცვა ეს საზღვრები? მთელმა შეიარაღებულმა ხალხმა.

მაშასადამე რეორგანიზაციამ მოგვცა ერთი რამ რაც ფაქტიურად აუცილებელი იყო - მშვიდობიანობის დროს საზღვრების უზრუნველყოფა და შემდეგ მობილიზაციის დროს კადრების შევსება. ეს მიზანი იყო სავსებით მიღწეული და ამ შემთხვევაში დაცული იყო ენერგია, რომელზედაც ლაპარაკობენ ნაციონალისტების წარმომადგენლები და ხალხის თანხაც.

აქ ლაპარაკობენ ტეხნიკურ ნაწილის მოუწყობლობაზე. თქვენ მიხვდებით ალბად რაშია საქმე. აქ იყო ერთი ფაქტი, რომ ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს დაეკისრა ერთი სამხედრო მნიშვნელობის ხაზის გაყვანა.

ნაციონალისტების პარტიას არ მოეხსენება ალბად, რომ როდესაც საკითხი ეხება მტრის შემოსევას, მაშინ ყოველი უწყება ვალდებული არის დაივიწყოს თავისი კერძო ინტერესები და მთელი თავისი ძალღონე თავდაცვის საქმეს მოახმაროს. (ვეშაპელი: განსაკუთრებით ტეხნიკურმა უწყებამ!) დიახ! განსაკუთრებით ტეხნიკურმა. ეს ასე იყო რუსეთში, ასე იყო ძველი მთავრობის დროსაც, ასე არის ყველა სახელმწიფოში.

აქ საკითხი ასე უნდა დაისვას: მიზანშეწონილების თვალსაზრისით იყო დაშვებული რაიმე შეცდომა, რომ ჩვენ რომელიმე ტეხნიკური საქმე მოვაწყეთ ფოსტა-ტელეგრაფის უწყების საშუალებით? თუ კი შტატი არის, არსებობს უწყება, რომელიც ამას შესძლებს, არის თუ არა საჭირო ზედმეტ შტატების შედგენა? თუ თქვენ ამას დაამტკიცებთ, მაშინ შეიძლება თქვენ გამოსვლას ექნეს აზრი, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებთ, ვინაიდან ჩვენ არავითარი ახალი შტატი არ შეგვიქმნია, არავითარი ზედმეტი ხარჯი არ გაგვიწევია, არამედ არსებობს ერთი ტეხნიკური ნაწილი, რომელსაც რასაც უბრძანებ, იმას ასრულებს. მაგრამ ვინაიდან საჭირო იყო მაშინ საქმის დაჩქარება, ამიტომ ჩვენ პირდაპირ გავეცით ბრძანება, რომ იმ უწყების საშუალებით გაგვეკეთებია საქმე, რომელსაც ამის შეძლება ჰქონდა, ესე იგი ფოსტის უწყების საშუალებით და მან მართლაც ჩინებულად შეასრულა მოვალეობა. მე ვფიქრობ, რომ საკითხი 400 მილ. მან. გადადების შესახებ, არ არის დაკავშირებული არც რიცხვზე ჯარისა და არც ვადაზე, სრულიად არ არის დაკავშირებული ამ საკითხებთან. მეორე საკითხია ჩვეულებრივი ჯარის ყოლა, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ჟამად არაჩვეულებრივი დრო არის. თქვენი წინადადება რომ მიგვეღო და მეტი ჯარი რომ გვყოლოდა, მაინც აუცილებელი იქნებოდა მობილიზაციის მოხდენა და იმ ხარჯის გაწევა, რომლის შესახებ თქვენ ბრძანებთ, მაგრამ თითქოს ეს არ მოითხოვდეს ხალხისაგან მეტ ენერგიას და თანხას - არ შეეფერება სინამდვილეს. თქვენ კარგად იცით, რომ პირიქით დიდი მუდმივი ჯარის შემადგენლობის რჩენა ჩვენ ხაზინას მეტად დიდი თანხა დაუჯდება, მაგრამ განა ჩვენ მარტო ხაზინის ინტერესებიდან გამოვდივართ? ჩვენ გამოვდივართ ამავე დროს სახელმწიფოს მეურნეობის ინტერესების თვალსაზრისიდანაც.

მუდმივი ჯარი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს საზღვრებს, გლეჯს ხალხს საუკეთესო ნაწილს და ყაზარმებში ამწყვტევს, ეს კი დღევანდელ ნგრევის ხანაში იქნება განადგურება ჩვენი ნივთიერი სიმდიდრისა. ეს იცის ყველამ, ვისაც ოდნავ აინტერესებს სახალხო ეკონომიკა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივი ჯარის რაოდენობა რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ. მაგარამ ვინც მილიტარიზმის სულით არის გაჟღენთილი მისთვის მთავარია ერთი დებულება, მისთვის ეკონომიური საბუთები არ არის მისაღები, ისინი ყოველ გზა ჯვარედინზე ამ შოვინისტურ-მილიტარისტურ სულისკვეთებით მოქმედებენ. ყოველი შემთხვევა უნდათ გამოიყენონ თავის გამოსვლებისათვის.

ამ კითხვის გარშემო არ შეეფერებოდათ მათ აურ-ზაური დაეყენებიათ, მაგრამ მაინც ისარგებლეს, რომ თვით, ასე ვთქვათ, მილიტარისტურ სენისათვის ერთნაირი მსხვერპლი შეეწირათ.

„კონტრ-რაზვედკაზე“ ლაპარაკობენ, საკვირველი საქმეა. გაქვთ საბუთი? სულ ისეთი შეთხვევა, რომ „კონტრ-რაზვედკას“ არ აესრულებიოს თავისი მოვალეობა? (ვეშაპელი: ლაპარაკობენ, რომ კარტის თამაშში არიან გართულნიო!) მე არ მიკვირს, რომ ნაციონალისტების წარმომადგენელი ლაპარაკობს იმას, რასაც ლაპარაკობენ ქუჩაში (ტაში). (ვეშაპელი: თქვენ გაწყვიტეთ კავშირი ქუჩასთან?). (ასათიანი: ქუჩას ნუ დასცინით!). მაგრამ მე მინდა მოგახსენოთ, რომ... (ვეშაპელი: ქუჩა თქვენი სტიქია არის. ალბათ შემდეგ გასწყვიტეთ ქუჩასთან კავშირი, რაც სოლოლაკში გადაბრძანდით?). მე სოლოლაკში თუ წავედი, მაინც გაცილებით უფრო ახლო ვიქნები ხალხთან, ვიდრე თქვენი ფრაქცია. ასეთი ფანდებით ვერ წახვალთ შორს. (ვეშაპელი: გვაცალეთ!). არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ამ ომის დროს, რომ ჩვენ არ გვცოდნოდა - ეს ფაქტია, რომ მტერი ირაზმება და მოდის ჩვენ წინააღმდეგ. თუ ასეთ მაგალითს დაასახელებთ, მაშინ შემიძლია მთავრობის სახელით მოგახსენოთ, რომ კონტრ-რაზვედკის განყოფილება გაუქმებული იქნება. შესაძლო არის მართლაც ბოროტ-მოქმედება, მე მწამს და მჯერა, რომ ბოროტ-მოქმედებას აქვს ადგილი, ეს არა ერთხელ გამიცხადებია, მაგრამ ბოროტ-მოქმედება არის იქ, სადაც არ არის მუშაობა. ყოფილა შემთხვევა, რომ თითო ოროლა პირი არ ასრულებდა მთავრობის დავალებას, მაგრამ დემოკრატიული წყობილება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მოგცეთ საშვალება, რომ ქუჩაში შეკრიბოთ თითო ოროლა ჭორი და აქ გამოიტანოთ დამფ. კრების სხდომაზე.

კავალერიის შესახებ საკვირველი საქმე არის სწორედ. ყველამ იცით, რა ძნელი არის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი არის, კავალერიის ყოლა, იმ დროს განსაკუთრებით, როცა ისეთი რამ არ არის ჩვენ ქვეყანაში, რაც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, მე მოგახსენებთ ცხენებზე. ცხენები ცოტა არის ჩვენ ქვეყანაში, ამ მხრივ წინეთიც სუსტი ვიყავით და ახლაც სუსტი ვართ. მსოფლიო ომმა რაც გვქონდა, ისიც გაანადგურა. (ასათიანი: რევოლიუციამ კიდევ) არა კონტრ-რევოლიუციამ. რამდენად ჩვენთვის აუცილებლათ საჭირო იყო კავალერიის შექმნა, იმდენად ეს მთავრობამ მთავარ სარდალს მიანდო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთავარ სარდალს მიეცა სრული უფლება, რომ საკავალერიო ნაწილები შეექმნა, ეს მანაც შესაძლებლად ვერ დაინახა. ეს ამტკიცებს იმ დებულებას, რომელიც აქ მე წამოვაყენე. აქ საქმე რეორგანიზაციაში კი არ არის, არამედ იმ მდგომარეობაშია, რომელშიაც საქართველო იმყოფება ცხენების და ფურაჟის უქონლიბით. ჩვენ მთავარ სარდალს გონებას ვერ დაუწუნებთ, რომ მან არ მიიღო ზომები, რომ ჩვენი საზღვრები ყოფილიყო დაცული, და თუ შესაძლებელი იქნებოდა როგორმე მძლავრი კავალერიის შედგენა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამისათვის ზომებს არ დაიშურებდა. (ვეშაპელი: სრული უფლება ქონდა ყოველ მთავარ სარდალს?) სრული უფლება ქონდა. (ქარუმიძე: ერობებს, რომ დენიკინის ცხენები დაურიგეს იმის ჩამორთმევის უფლება ქონდა?) სამწუხაროდ არც ის სცოდნიათ ბატონ ვეშაპელს და ქარუმიძეს, რომ ერობები ასრულებენ მეტად საჭირო სახელმწიფოებრივ მუშაობას, სწორედ სამხედრო თვალსაზრისით. მთავარ სარდალს დიახ აქვს უფლება ის ცხენები, რომლებიც ერობებს და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაურიგეს, ჩამოართვას და სამხედრო საჭიროებას მოახმაროს. შეიძლება ამის შესახებ ქუჩაში არაფერს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს იციან დამფუძნებელ კრებაში. (ვეშაპელი: არც ნახალოვკაში ლაპარაკობენ?) იქ ქუჩურ მოღვაწეობას არ ეწევიან. დასასრულ ორიოდე სიტყვა სანაპირო ჯარის შესახებ უნდა მოვახსენო ქარუმიძეს, რომ სანაპირო ჯარის მოვალეობა არ ყოფილა საზღვრის დაცვა. ეს არის პატარა რაზმი, რომელიც ცდილობს საზღვრის დაცვას. მაგრამ მარტო მას არ შეუძლია, იგი სადარაჯოზე არის გაჩერებული. სად იქნება სახელდობრ გაჩერებული, ეს ტეხნიკური საქმეა.

რაც შეეხება იმას, რომ კონტროლის მუშაობა უნდა სჩანდეს ამ ხარჯების გაღების დროს, მე უნდა მოგახსენოთ, რომ კონტროლის მუშაობა სჩანს. კონტროლმა იცის ყველა ეს თანხა სად მიდის, მაგარამ ვიდრე თქვენ დაიწყებდით ამ კითხვებზედ გამოსვლას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მიგემართათ იმ საკონტროლო დაწესებულებისათვის და გეკითხათ - იცის თუ არა მან რა მიზნებს ემსახურება თავდაცვის ფონდი, როგორ იხარჯება ყველა კაპეიკი, და ამ შემთხვევაში არ დასჭირდებოდა გამოსვლა. (ლ. შენგელაია: არ იძლევა?) არ იძლევა? მოგცემთ, როდესაც მოითხოვს ამის საჭიროება. მაშინ არ დაგჭირდებათ ამ დიდ კითხვაზე თავდაცვის თვალსაზრისით გამოსვლა, მით უმეტეს, რომ ეს გამოსვლა არ არის გამოწვეული თავდაცვით და მით უფრო სახელმწიფოებრივი ინტერესებით. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაც.) ბატონებო, ჩვენ უფრო დიდი წარმოდგენისა ვართ სახალხო წარმომადგენლობაზე, ვიდრე მმართველი პარტიის უმრავლესობა და სამინისტროები. ამიტომ გეუბნებით, რომ ერთი თვის ზავის ჩამოგდების შემდეგ, ასე იოლად 400 მილიონიან მან. გადადება ყოვლად შეუძლებელი არის. ბატონებო, ორმოცი მილიონი გუშინ გაიღეთ, ოცდა-ათი შემდეგ, ეს კი საქართველოსათვის ისეთ დიდ თანხას წარმოადგენს, რომ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთისა და ინგლისისა. ერთ თვეში დაიხარჯა 300 მილიონი დაახლოვებით. ეხლა 400 მილიონს ვიღებთ. იმ გზას, რომ დავადგეთ ერთი თვის შემდეგ 500, 300 და 700 მილიონის გაღება მოგვიხდება. ჩვენ მოვალენი ვართ ვთქვათ აქ სახალხო წარმომადგენლობის წინაშე ის, რასაც ქუჩაში ლაპარაკობენ, იმ ქუჩაში, რომლის იდეოლოგებიც ბრძანდებოდით თქვენ, ვიდრე სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგებოდით.

აი, ბატონებო, დამაფიქრებელი პერსპექტივები არის, რომ ყოველდღიურად გვიხდება 400, 700 მილიონიან ვალების გაღება სამხედრო საჭიროებისათვის. საქმე იმაშია, რომ ეს ფული გაღებული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იხარჯებოდეს უბრალოდ. ამ ფულის ნაწილი, ან უბრალოდ იხარჯება, ან ბოროტ-მოქმედება ხდება და ან ხელებს ეწებება. უნდა თავის დანიშნულებაზედ იხარჯებოდეს, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, საჭიროა რეორგანიზაცია ამ თავდაცვის საქმისა.

თავმჯდომარე. თუ შტატის შესახებ ინებებთ ლაპარაკს, ეს იქნება განხილული დახურულ კრებაზე.

ვეშაპელი. აქ უფრო მეტს ვიტყვი. მე ვილაპარაკებ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიაც ლაპარაკობდა ყოფილი სამხედრო მინისტრი. მე თვითონ სამხედრო კომისიის წევრი გახლავართ და ვიცი რაზედ შეიძლება ლაპარაკი და რაზედ არა, და თუ თქვენ სიტყვას მართმევთ.

თავმჯდომარე. მე სიტყვას არ გართმევთ, მაგრამ რეორგანიზაციიის შესახებ თუ გნებავთ ლაპარაკი მაშინ იძულებული ვიქნები კრება დახურულ კარებში ვაწარმოვო. გთხოვთ კანონ-პროექტის ფარგლებს დაუბრუნდეთ.

ვეშაპელი: საიდუმლო რამეზედ არ ვილაპარაკებ. თავის თავად ბუნებრივი იყო ის, რომ ამის საპასუხოდ გამობრძანდა ყოფილი სამხედრო მინისტრი იმიტომ, რომ მან მოახდინა ის რეოგანიზაცია, რომლის შედეგებიც არა სჩანს. ეს იყო ნათქვამი დამფუძნებელ კრების სპეციალურ ორგანიზაციებშიაც, არა მარტო ერთი, არამედ ყველა ფრაქციების მიერ. იქ ნათქვამი იყო, რომ ეს რეორგანიზაცია არ შეეფერება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობას და საჭიროებას. ეს აღიარებულია უკვე იმათგან, ვისაც აინტერესებს თავდაცვის საქმე. სამხედრო უწყების თავმოყვარეობის ბრალი უნდა იყოს, რომ აქ კამათის გამართვას შესაძლებლად სცნობენ იმის შესახებ, რომ ორგანიზაციაში იყო დეზორგანიზაცია და ეხლა ხდება რეორგანიზაცია. ამ კანონ-პროექტში არის მუხლი, რომელიც მოითხოვს ჯარისკაცებისათვის სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელებას. მე მგონია ეს შემდეგ სხვა ნაწილებშიაც მოხდება. ამას აქ არ შევეხები. მე უნდა შევეხო მეორე საკითხს. ეს თავდაცვა დამოკიდებულია იმ ძალაზედ - მუდმივ რეგულიარულ ჯარსა და სახალხო გვარდიაზედ. მე არაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ძვირად ჯდება, რომელს უკეთეს პირობებში უხდება სამსახური და რომელიმე ნაწილმა უფრო მეტი გააკეთა და რომელმა უფრო მეტი შედეგები გამოიღო. უნდა ვთქვა, რომ ამ ორ ძალის ყოლა პარალელურად შეუძლებელია. უნდა იყოს ცენტრალიზაცია ამ სამხედრო ძალების საქმისა. ერთის მხრით იმით, რომ სამხედრო უწყებას მმართველობა უნდა ჰქონდეს ერთი ორივე სამხედრო ძალის. მეორეს მხრივ სამეურნეო მმართველობა, რომელიც ანგარიშებს ადგენს უნდა იყოს უსათუოდ ერთი. რაც მალე იქნება ეს გატარებული, უკეთესი იქნება. (კედია: მართალია!) და ვისურვებდი, რომ შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენ მთავრობასა და მმართველ წრეებზედ მოახდინა აზერბაიჯან-რუსეთთან წარმოებულმა ომმა, ჩამოყალიბებულიყოს სათანადო კანონში და და კანონ-პროექტში და არ მისცეს ისეთ დავიწყებას, როგორც მიეცა ის შთაბეჭდილება, რომელიც გამოწვეული იყო სომხეთთან ომით, ჩვენ მეტის-მეტად დემოკრატიული ქვეყანა ვართ, იმიტომ, რომ ომის და ზავის შემდეგ თუ ახალი ომი არ დავიწყეთ, პირველი ომი გვავიწყდება. უფრო ნაკლებ დემოკრატიულ ქვეყანაში კი ომი არის გამოცდა სახელმწიფოებრიობისა და ყოველ ამ გამოცდის დროს საჭიროა, თუნდაც დროებითი, უაღრესად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოსათვის. იქ საგანგებო ორგანოები ჩნდება, რომ ის ნაკლი, რომელიც ომის დროს იყო, მოსპობილი იყოს. ამაზედ ლაპარაკი იყო, როდესაც ნაკლულოვანებები აღმოჩნდა სომხეთთან ომის შემდეგ და უნდა ვისურვოთ, რომ აზერბაიჯანის ომის შემდეგ მაინც იქნება გამოსწორებული ეს შეცდომები და ნაკლი კანონმდებლობის გზით. ერთი მომენტი კიდევ: საქართველო მეტად პატარა ქვეყანა არის და სამხედრო სპეციალისტები ჩვენში ბევრი არ არის, თუმცა შედარებით ოფიცრობა ძალიან ბევრი იყო რუსეთის იმპერიის დროსაც. რეორგანიზაციის დროს, ამის გამო ბევრი ოფიცრობა დარჩა შტატ-გარეშე. მე არ შეუდგები იმის განხილვას, თუ რომელი ოფიცრები დარჩენ უფრო მხნე, გულადი, გამოცდილი და მომზადებული, თუ წინააღმდეგ.

რაც შეეხება ნიჭს და უნარს ამას არავინ კითხულობს. აქამდის ასე იყო, რომ ომში იყენებდნენ ხოლმე ყოველივე თავისუფალ ძალას. ჩვენში ეს არ ხდება და თუ მოხდა ნაკლებად. ერთ მაგალითს მოგახსენებთ. ერთად-ერთ საკავალერიო ნაწილში სწორედ ომის დროს შტაბის უფროსთან ინციდენტის გამო დათხოვნილი იყო რამდენიმე ოფიცერი, რომელთაც გარეშე პარტიულ დაფასებისა ჰქონდა უკვე სახელი მოხვეჭილი. მე არ ვიტყვი, რომ მათ კარგად იცოდნენ ეკონომიური მატერიალიზმი, მაგრამ სიკვდილის ხელოვნება ომის დროს და თავის გაწირვა სამშობლოსათვის კარგად ჰქოდათ შესწავლილი. (რამიშვილი: მათი დავალებით ლაპარაკობთ?) არ ვიცი, თქვენ ვისი დავალებით ლაპარაკობთ. სამწუხაროდ, ეს არ ვიცი, შეიძლება კომუნისტების, ვისთანაც თქვენ ბრძოლა გაქვთ. ყოველ შემთხვევაში მე იმას ვამბობ, რომ ამ ინციდენტს ბოლო უნდა მოღებოდა ომის დროს მაინც. 9-10 ოფიცრის საქმე არის ილიუსტრაცია იმ წესებისა, რომელიც ჩვენში დამყარდა. როდესაც მათ მოისურვეს უბრალო უნტერ-ოფიცრებად ფრონტზე წასვლა, თქვენ მათ გამოუცხადეთ, რომ არ აქვთ უფლება არც ერთ ნაწილში შესვლისა. ომის დროს დასჯილებს და დისციპლინის დამრღვეველებს კი არა, კატორღელებსაც კი გზავნიან ფრონტზე. ესენიც შესწირავდენ თავს სამშობლოს.

რაიცა შეეხება დისციპლინის დარღვევას, ესეც საკითხია. იმიტომ, რომ კოლექტიური თხოვნით მიმართეს, მათ გამოუცხადეს, რომ არის კოლექტიური პროტესტიო და დაითხოვეს, მათ აუკრძალეს ნაწილებში დაბრუნება. ეს არის კანონის გარეშე გამოცხადება ოფიცრებისა. ეს კი არ შეეფერება ჩვენი ქვეყნის თავ-დაცვას. გაიარეთ გოლოვინის პროსპექტზე და ნახავთ რამდენი ოფიცერი დადის. თვით ეს ფაქტი, რომ ამდენი ოფიცერი დადის უსაქმოდ, როდესაც ომის დროს ბევრი ფული იხარჯება, ეს უსათუოდ წარმოადგენს ერთგვარ ტენდენციას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავ-დაცვის საქმეს.

შემდეგ ბ. მინისტრი ბრძანებს, რომ ჩვენ რომ მრავალრიცხოვანი ჯარი გვყოლოდა, მეტი ხალხის ენერგია დაიხარჯებოდა, ვიდრე ახლა, როცა ასე უცბად ვახდენთ მობილიზაციასო. ეს სადაო დებულებაა, ვინაიდან როცა ხალხმა იცის რა არის მისთვის სავალდებულო, ხდება ერთგვარი შეგუება სამეურნეო ცხოვრებისა სახელმწიფო ინტერესებთან. ეს ისე, როგორც თქვენ, გადამეტებულ გადასახადს აწერთ, ხომ არ იტყვით, რომ გადასახადი ნუ იქნება და როცა დაგვჭირდება, მაშინ დავადვათ კონტრიბუციაო!

ასეა ომის საქმეც. ძალიან დიდი საკითხია, რომელია უკეთესი - უცბად კონტრიბუციის დადება, თუ აწონ-დაწონა იმისა, რაც საშუალოდ აუცილებელია ქვეყნის დაცვისათვის და ჯარის მუდმივად ყოლა, იმიტომ, რომ უცბად მობილიზაციის დროს თქვენ პირდაპირ ანგრევთ სამეურნეო ცხოვრებას. შეიძლება სთქვათ, რომ გვაქვს დემოკრატიული ერობები, რომელნიც პატრონობას უწევენ დარჩენილ ოჯახებსო. მე არ გედავებით პრინციპიალურად, რომ ერობები ამას ვერ გააკეთებენ, მაგრამ პრაქტიკულად, საერთოდ ჩვენი ერობები არ არის ისე მოწყობილი, რომ მათ უპატრონონ ჯარში გაწვეულთა ოჯახებს, ეს ფაქტია.

მაგრამ, რაიცა შეეხება საქართველოს უმეტეს ნაწილს, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ჯარის-კაცთა ოჯახების მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ სჯობდეს უცბად წაყვანა დიდი ნაწილისა ომის დროს, ვიდრე მეტ რიცხვოვან ჯარის ყოლა. დიდი მობილიზაციის დროს ხდება ნგრევა სასოფლო მეურნეობის. ასე არის, მაგალითად, ახალციხის და საერთოდ ყველა განაპირა მაზრებში, სადაც ერობები არ არიან ფინანსებით აღჭურვილი.

ნუ თუ უკეთესი არ იყო, რომ ამ ნაწილებისთვის მოგეთხოვათ სინამდვილეში მეტი რიცხვი ჯარისა, დიდი ბრძოლა გაგეწიათ დეზერტირობასთან, ვიდრე ომის დროს მოსთხოვოთ დიდი რიცხვი ჯარისკაცებისა და ამით შეიტანოთ ნგრევა სამეურნეო პროცესში ისეთ დროს, როგორიცაა ხვნა-თესვის დრო?

ეს საკითხი არამც თუ სადავო, ეს დიდი საკითხია. (რეპლიკა: ომმა სეზონი არ იცის!) თქვენ კი სეზონობით იბრძვით. მე გეუბნებით, ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ კომპლექტი იყოს სრული და შესაფერი ჩვენი მოთხოვნილებისა. მაშინ აღარ დაგვჭირდება ნაუცბადებად დიდი მობილიზაციის მოწყობა, მაშინ არ გვექნება საფრთხე, რომ კრიზისში ჩავარდეს ჩვენი სახელმწიფო.

ბატონებო! არის ერთი მომენტი - მომენტი 300 მილიონის დახარჯვისა. ბ. მინისტრმა ბრძანა, რომ ეს მოეხსენება სახელმწიფო კონტროლსო. სახელმწიფო კონტროლიორი რაც საზღვარ გარეთ წავიდა, მის შემდეგ მისი ამხანაგი ოპოზიციისთვის არ წარმოადგენს ავტორიტეტს, რომ ვსთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ გინდათ, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო კონტროლს, უნდა გაანთავისუფლოთ იგი პარტიის წევრისაგან. მაშინ მეტი ნდობა გექნება მისდამი. ისე კი სოც.-დემ. მთავრობის კონტროლი სოც.-დემ. კონტროლიორის მიერ, არ გვწამს. მე ანდრონიკაშვილს არ ვეხები, როგორც პიროვნებას, მე ვლაპარაკობ პრინციპიალურად ამ კონტროლის შესახებ: აქ არის მხოლოდ განაწილება, არის ნათქვამი - მიეცეს სამხედრო სამინისტროს ამდენი, სარდალს - ამდენი, გვარდიის შტაბს ამდენი, მაგრამ არ არის ცნობები რაზე დაიხარჯოს. ეს მე მგონია სამხედრო და საბიუჯეტო კომისიებისათვის იყო საჭირო. იქ არის ცნობა, რომ ეს წარედგინა სახელმწიფო კონტროლსო. სახელმწიფო კონტროლის კანონიერ კომპეტენციას შეადგენს დასკვნები წარმოადგინოს ყოველ კანონ-პროექტებზე. შესაძლებელია ამ ციფრების რაოდენობა შეცვლილიყო ან ფონდის გაღება მომხდარიყო არა ერთბაშად, არამედ თან და თანობით. ეს ყველა სერიოზული საკითხია. როცა დამფ. კრებას ჰყავს კონტროლიორი, მე მგონია, ასეთი დასკვნა გაუკეთებელი არ უნდა შემოდიოდეს აქ. საუბედუროდ ეს სახელმწიფო კონტროლიორი ძალიან დიდ ენერგიას და ინიციატივას იჩენს წვრილმან საქმეებში. როცა საქმე ეხება 400 მილ. მან. გაღებას და აქ არ არის სახელმწიფი კონტროლის დასკვნა, ჩვენ ეს არ მიგვაჩნდა ნორმალურად. ისე კი, ვიმეორებ, თავდაცვის წინააღმდეგ არაფერი გვაქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერც წინააღმდეგ მივსცემთ ხმას. ყველა, რაც ითქვა საჭიროდ მიგვაჩნდა თქმულიყო, რომ შემდეგ თანდათან მეტი წესიერება დამყარდეს ასეთ საქმეში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ გრ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) უნდა მოგახსენოთ კონტროლის დასკვნის შესახებ. როდესაც ეს საკითხი ირჩეოდა საფინანსო კომისიაში, იქ იყო ფინანსთა მინისტრი წარმოდგენილი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა მთავრობაში ირჩეოდა ეს საკითხი, იქ იყო სახელმწიფო კონტროლიორი და ფინანსთა მინისტრმა ამ საკითხს მისცა დადებითი დასკვნაო. და ეს განცხადება იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი საფინანსო კომისიისათვის. ამიტომ, მე მგონია, ის შენიშვნა, რომელიც ბ. ვეშაპელმა გააკეთა, არ არის საფუძვლიანი. (ვეშაპელი: სხვა შემთხვევაში?) სხვა შემთხვევაშიც ასეა. თუ ეს თავ-დაცვა არ აკმაყოფილებს მთელ რესპუბლიკას, მაშინ დამფუძნებელი კრება იტყოდა, რომ ფულის გაღება ზედმეტიაო. თუ ასე დავაყენებთ საკითხს, ვიტყვით, რომ ის თავ-დაცვა, რომელიც ახლა სწარმოებს, ისეთი იყო, რომელიც მიზანს აღწევდა. (ვეშაპელი: ნაკლი არ ჰქონდაო, არ თქმულა?) რასაკვირველია ნაკლი აქვს და ომიანობის დროს ეს ნაკლი ყოველთვის აშკარა ხდება და ამას თვალ-ყურს ადევნებს ყველა. ნაკლის აღნიშვნას არავინ არ უარყოფს. მის აღნიშვნას პირიქით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა მოითხოვს. მაგრამ დეპუტატმა უნდა იცოდეს სად რა და როგორ უნდა სთქვას. მე პირადათ ვერ გავიზიარებ იმ აზრს, თითქოს იმის თქმა, რაც აქ სთქვა ქარუმიძემ, დღევანდელ პირობებში ხელსაყრელი იყოს ჩვენი რესპუბლიკისათვის. (ვეშაპელი: „ერთობის“ კორესპონდენტი მეტს ამბობს?) ვისთვის არის ხელსაყრელი ის რაც თქვენ სთქვით? მე მგონია გარდა მტრებისა, არავისათვის არ არის ხელსაყრელი. მე გულწრფელად უნდა მოგახსენოთ, იქ შეგვიძლია მეტი ვილაპარაკოთ ვიდრე აქ. ჩვენ გვყავდა და დღესაც გვყავს ისეთი შეიარაღებული ძალა, რომელიც ღირსეულად იცავს ჩვენ საზღვრებს (ხმები: მართალია). ვერც ერთმა სახელმწიფომ, რომელსაც კი ამის განზრახვა ქონდა, ვერ შემოყო ცხვირი ჩვენს რესპუბლიკაში (ქარუმიძე: მართალია! კედია: ვაშა ჩვენ ჯარს!). ამას კი თქვენ ანგარიშს არ უწევთ და არ ლაპარაკობთ. (ვეშაპელი: თქვენში რომ პანიკა შეიქნება, მაშინ ვილაპარაკებთ). ერთ დროს იყო ეს პანიკა. ეს იყო მაშინ, როდესაც ბურჟუაზია გარბოდა აქედან ავტომობილებით (ტაში). რაც შეეხება იმას, რომ ჩვენში პანიკა იყოვო, მაშინაც და დღესაც იარაღით ხელში დავიცავთ რესპუბლიკას, იმიტომ რომ რესპუბლიკის დაცვა არის სამართლიანობის დაცვა. და ჩვენ ვიცავთ რესპუბლიკას იმ ჯარისა და გვარდიის საშუალებით, რომელიც გვყავს.

მათ შეიძლება არ უნდათ იარაღი აიღონ ხელში, შეიძლება მათ უნდათ ჩაქუჩს დაუბრუნდენ, მაგრამ დღეს იარაღის ხელიდან გამოცლა არის განადგურება ჩვენი დამოუკიდებლობისა (ხმა: ვინ ამბობს მაგას?) თქვენ არ უნდა სთქვათ, რომ ორი სისტემა მიუღებელიაო. დღევანდელ პირობებში ეს ორი სისტემა მისაღებია. თქვენ არ უნდა ილაპარაოთ ასეთ რამეზე. გავიდა ის დრო, ხანა, როდესაც ჩვენ ამის შესახებ გვიხდებოდა ლაპარაკი, როდესაც ჩვენ გვიხდებოდა ამ ორი ძალის ერთმანეთთან დაპირდაპირება. მაშინ ჩვენ ვამტკიცებდით და დღესაც ამას ვამტკიცებთ, რომ ამ ორი ძალის შეთანხმებას მოითხოვს ჩვენი რესპუბლიკის ინტერესები. დღეს ამას ყველა გრძნობს და ამის შესახებ აქ გადაკვრით ლაპარაკი დაუშვებლად მიმაჩნია. ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ იცავს ჩვენს რესპუბლიკას. იცავს მუშები, რომლებმაც მიატოვეს თავის დაზგები და იარაღი აიღეს ხელში. ჩვენს საზღვრებს იცავს გლეხები, რომლებმაც მიატოვეს გუთანი და ბრძოლის ველზე წავიდენ. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საუკეთესო ძალები, ხელმძღვანელები ჩვენი მუშებისა ბრძოლის პირველ რიგში სდგანან. აქ ლაპარაკი ორ სისტემიანობაზე დღევანდელ პირობებში არის დაღუპვა რესპუბლიკისა. წინააღმდეგ, როდესაც ომის დროს ისინი რაინდულად იცავენ რესპუბლიკის საზღვრებს, ჩვენ აქედან ისეთი სიტყვა უნდა მივაწოდოთ, რომ მათში უფრო გაიზარდოს აღფრთოვანება. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ფრონტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე სხვა აზრის გამოთქმა არის ფრონტის დაშლა, დარღვევა. როდესაც რესპუბლიკა უზრუნველყოფილი იქნება, დემოკრატიული წყობილება დამყარებული იქნება, ჩვენი იდეალი გახლავს სრული ნეიტრალიტეტის გამოცხადება და სახალხო მილიციის დაწესება (ვეშაპელი: თქვენი იდეალი არის ნეიტრალური ზონა და მეტის-მეტი ნეიტრალობა!). ბატონებო! თქვენ რომ საკითხს უფრო ღრმად ჩაუკვირდეთ, დაინახავთ, რომ ზოგიერთი ნეიტრალური ადგილი არის შექმნილი იმიტომ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ამ აზრიდან გამომდინარეობს მთელი ჩვენი პოლიტიკა. მაგრამ თუ ჩვენ მხედველობაში მივიღეთ მხოლოდ ერთი ნაჭერი ჩვენი რესპუბლიკის და თვით რესპუბლიკას კი არ მივაქციეთ ყურადღება, მაშინ ცხადია ჩვენი პოლიტიკა დამარცხდება. დღეს ლაპარაკობენ აქ, რომ ჩვენ ნეიტრალური ზონები გვაქვს და ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ივიწყებენ მთელი რესპუბლიკის ინტერესებს და ყურადღებას აქცევენ მის ცალკე ნაწილებს. ასე საკითხის დასმა და გადაჭრა კი ყოვლად შეუძლებელია.

მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო აქედან საქვეყნოდ, როგორც მტრის ისე მოყვრის გასაგონად, რომ ჩვენ გვყავს ტეხნიკური ძალა შეიარაღებული, რომელიც ყოველთვის მზათ არის გასცეს პასუხი მომხდურ მტერს, და იცით რას ამბობენ აზერბაიჯანში ბოლშევიკები? ჩვენ გერმანიის ფრონტზე ვიყავით და ისეთი ცეცხლი არტილერიისა არ გვინახავს, როგორც აქ საქართველოს ფრონტზე ვნახეთო.

თქვენ კი აქ ტეხნიკურ მოუწყობლობაზე ბრძანებთ. თქვენ ბრძანებთ აგრეთვე იმის შესახებ, რომ ტელეფონი გაიყვანა შინაგან-საქმეთა უწყებამო. თქვენ იცით, რომ როდესაც ფრონტი გვაქ - და დღეს გვაქ ეს ფრონტი - ყველა ფრონტის სასარგებლოთ უნდა მუშაობდეს? და თუ შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებამ ტელეფონი გამოიყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სდგას თავის სიმაღლეზე, მას შეგნებული აქვს სახელმწიფოს ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან დახმარება აღმოუჩინა სახელმწიფოს. ეს მოვალეობა არის არა მარტო შინაგან-საქმეთა უწყებისა, არამედ ყველა სხვა უწყებებისაც, მთელი სახელმწიფო აპარატი ომის დროს, ფრონტის გასამაგრელად უნდა მუშაობდეს. ომიანობა იძლევა ერთგვარ საშვალებას ავწონ-დავწონოთ ყველა უწყების მოქმედება, მისი ღირსება და ნაკლოვანება, ცალკე უწყებები ამ დროს ერთად უნდა მიდიოდენ. და თუ ერთმანეთს ხელს უწყობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორად აქვთ შეგნებული სახელმწიფოს ინტერესები, რომ ისინი საერთო მიზანს ემსახურებიან. რა არის აქ დასაძრახი.

ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი საზღვარი დაცულია. მაგრამ როდესაც მომზადებული მტერი დაეცემა ჩვენ მცირე სანაპირო რაზმს წინა განზრახვით, რასაკვირველია ამ რაზმს არ შეუძლია ის შეაკავოს.

მაგრამ დამისახელეთ ერთი მაგალითი, რომ მტერი ამ გვარად დაცემული უკუქცეული და მოგერებული არ ყოფილიყოს. მტერი ყოველთვის მოგერებული იყო, და ეს მუდამ ასე იქნება. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ნ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი. ნაციონალისტების ორატორმა აქ სათანადო პასუხი მიიღო, მაგრამ მე როგორც კომისიის მომხსენებელმა უნდა განვაცხადო, რომ დღევანდელ მდგომარეობის გამო ნაციონალისტების გამოსვლა აქ შეუფერებელი იყო, ეს მით უმეტეს, რომ ვეშაპელს ქონდა შემთხვევა და საშვალება მიეღო სამხედრო კომისიაში სათანადო განმარტება, მაგრამ როგორც სჩანს მან ეს არ ინება და სადემაგოგიოთ გამოვიდა აქ. თუ ეს პოლიტიკური გამოსვლა იყო, თქვენ ვერ მიახწიეთ მიზანს და თუ იგი საქმის ინტერესით იყო გამოწვეული, თქვენი ვალი იყო კომისიაში გაგეკეთებიათ ეს განცხადება. თქვენი განცხადება, რომ უანგარიშოდ იყო თანხები გაღებულიო, არ შეეფერება სიმართლეს. ამ 300 მილ. მან. შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ წარმოდგენილი იყო ნუსხა ხარჯებისა, რომლის ერთი პირი ალბათ თქვენცა გაქვთ ხელთ. ამ ნუსხაში დიდი ადგილი უჭირავს სამხედრო მომარაგების საქმეს. ამ 300 მილ. მანეთიდან 180 მილ. სამნეო განყოფილებას მოხმარდა. ამის სათანადო საბუთები წარმოდგენილი არის, თავის თავად ცხადია, თქვენ არავითარი მორალური უფლება არა გაქვთ სთქვათ, რომ ხარჯები უანგარიშოთ იყო გაწეულიო. (ქარუმიძე: ამას ვერ ვიტყვით. მე ვლაპარაკობ, რომ იხარჯება და არაფერი არ კეთდება!) სადაც იხარჯება, იქ კეთდება კიდეც, რომ არ კეთდებოდეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. და შემდეგ უნდა შევეხო თქვენ განცხადებას სათანადო საკანონმდებლო დასკვნა არ არისო, თუ იმას ამბობთ, რომ როგორ იყო შესრულებული ხარჯები, ეს მომავლის საქმე, ეს კონტროლის საქმეა და ის წარმოგიდგენთ. (ვეშაპელი: მოვესწრებით კი?) ამას თქვენ მოესწრებით. თუ თქვენ ამბობთ ამ 400 მილ. მანეთზე უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობის სხდომაზე იყო კონტროლი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებმაც ეს კრედიტი დაადასტურეს. ასე რომ ამ 400 მილ. დადებითი დასტური აქვს.

ადვილად შესაძლებელია, რომ სამხედრო მინისტრი ავათ არის. მე გავიგე და შეიძლება ამან შეუშალა ხელი, რომ მოსულიყო და შესაფერი განმარტება მოეცა თქვენთვის, მაგრამ ამ საკითხის განმარტება მოხდება სამხედრო კომისიაში, ეს ის აპარატია, სადაც ყველაფერი გამომუშავდება, გამოირკვევა და შემდეგ ამა თუ იმ საფუძველს გაიკეთებს. მაგრამ ამ საკითხის გაშუქება მოინდომეთ ამ ტრიბუნიდან იმ საქმეში, რომელშიაც თქვენ სპეციალისტი არა ხართ. (თევზაია: „პრაპორჩიკი“ არის!) (ვეშაპელი: ყველაფერი შედარებითია!).

თავმჯდომარე. გთხოვთ ადგილიდან ნუ ინებებთ ლაპარაკს!..

იმნაიშვილი. და ამიტომ ეს ზეპირ განცხადებათ უნდა ჩავთვალოთ, რაც შეეხება ინციდენტს, თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი სდგას სამხედრო კომისიაში და ამის შესახებ სამხედრო კომისიას თავისი დასკვნა არ გამოუტანია და მე დაუშვებლად მიმაჩნია, რომ თქვენ არღვევთ ერთნაირ „praeloumtio“-ს. (ვეშაპელი: რამდენი ხანია ეს შემოტანილია კომისიაში?) რამდენი ხანია, რაც თქვენ დაიარებით სამხედრო კომისიაში? ამისთანა საკითხის გამოტანა აქ, რაც კომისიაში გადაწყვეტილი არ არის, მე მეტი რომ არა ვთქვათ, შეუძლებალად მიმაჩნია. (ვეშაპელი: მეტი სთქვით!).

თავმჯდომარე. ბბ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზედ. წინააღმდეგ არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ, გთხოვთ წაიკითხოთ. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. თანახმად დადგენილებისა, საბოლოო ტექსტი დღესვე მოგხსენდებათ. შემდეგი დეკრეტი. სიტყვა ბ. თევზაიას ეკუთვნის.

2. დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა და წარმოებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარებისა.

. თევზაია (ს.-დ.) ბატონებო! მე ნებას მივცემ ჩემს თავს მოკლედ მოგახსენოთ ის მოტივები, რომელიც არსებობდა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში ამ საკითხის შესახებ. იმ უკანასკნელ მომატების შემდეგ, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, გავიდა 6 თვე და მას შემდეგ არავითარი მომატება არ ყოფილა. ცხოვრების სიძვირე კი მატულობდა. გარდა ამისა იყო ისეთი გარემოებები, რომ ამ დღესასწაულებზედ არ მიუღიათ განსაკუთრებული თანხა, როგორც ეს წინეთ იყო მიღებული. ზოგიერთებმა მიიღეს წინასწარ ჯამაგირი და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდენ. შემოსავალი არსაიდან იყო და ცხოვრების სიძვირე კი თანდათან მწვავე ხასიათს ღებულობს. ყველა ამ მოსაზრების გამო საფინანსო კომისიამ შესაძლებლად დაინახა მიეღო ეს დეკრეტი, ასე ვთქვათ, ერთდროული დახმარების სახით მისცემოდა მოსამსახურეებს ჯამაგირი, მაგრამ არა უმეტეს 3.000 მანეთისა, რომ მათ შესძლებოდათ ამ გარდამავალ ხანაში ხელი მოიმართონ და შემდეგ, შეიძლება მომავალში ცოტა უკეთეს პირობებში იყოს ცხოვრება ჩაყენებული. ეს იყო მოკლეთ ის მოსაზრება, რომელიც მე მომახსენეთ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სახელით. (ვეშაპელი: ჯამაგირების მომატება არ იქნება?).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

ვეშაპელი. ჯამაგირების მომატება არ იქნება?

თევზაია. რეგლამენტის ძალით მე ამაზედ ეხლა არ შემიძლიან ლაპარაკი, თორემ დიდის სიამოვნებით მოგახსენებდით.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულია. მე-2 მუხლი მიღებულია შენიშვნით, რომ ეს დადგენილება გავრცელებულ იყოს მთავრობის წევრებსა და დამფუძნებელ კრების წევრებზედ).

თავმჯდომარე. საბოლოო ტექსტი, თანახმად დადგენილებისა, დღესვე მოგხსენდებათ. შემდეგი დეკრეტი განხილული უნდა იყოს დახურულ სხდომაზედ და ვსთხოვ საზოგადოებას დასტოვონ დარბაზი. (საზოგადოება დარბაზს სტოვებს). სიტყვა გ. გიორგაძეს ეკუთვნის.

კანონ-პროექტს სამხედრო უწყების შტატის დამტკიცებისა და ცვლილების შესახებ დამფ. კრება იხილავს დახურულ კარებში.

3. კანონ-პროექტი სამოქალაქო სამართლის წარმოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

. რუსია. (ს.-დ.) დროებით, სანამდის აგრარული რეფორმა დასრულდებოდეს, საჭიროა სახელმწიფო ფონდის მიწების უზრუნველსაყოფად მივიღოთ განსაკუთრებული ზომები - სამედიატორო სასამართლოსი, რომელიც ასრულებდა საქმეს და არ მოითხოვდა მომჩივან-მოპასუხიდან ახალ საბუთებს. ადვილი შესაძლებელია ერთმა დაინტერესებულმა პირმა გადასცეს მეორეს, და ამით საქმე შეფერხდეს.

ამიტომ საჭიროა დროებით უძრავ ქონებაზე დავა-საჩივარი იქნეს სამედიატორო სასამართლოს კომპეტენციიდან ამოღებული. აგრედვე საჭიროა სასამართლოში შესული ყოველი დავა-საჩივარი უძრავ ქონებაზე, სანამ საქმე გაირჩეოდეს სასამართლოში, ასეთი თხოვნები იქნეს გაგზავნილი მიწად-მოქმედების სამინისტროში. სამინისტროს შეძლება ექნება, რომ დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, რომ ესა თუ ის უძრავი ქონება არის ნამდვილად ფონდის და არა კერძო პირის, და აიცილოს თავიდან ერთი პირისაგან მეორეზე გადაცემა ისეთი ქონების, რომელიც შეადგენს სახელმწიფო ქონებას. ეს ორივე ზომა არის დროებითი, სანამ რეფორმა იქნება დამთავრებული.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის წინააღმდეგი? მიღებულია მუხლობრივი განხილვა.

შემდეგი საკითხის შესახებ. ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის სიტყვა.

4. კანონ-პროექტი სამსახურის ვადის გადიდებისა სასწავლო მცირე გუნდებში სწავლა დამთავრებულ ჯარის-კაცთათვის.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) გასულ წელს ზაფხულში დამფ. კრების მიერ იყო მიღებული კანონი სამხედრო ბეგარის და შეიარაღებულ ძალთა შევსების შესახებ. ამ კანონის ძალით საინჟინრო-სატეხნიკო ჯარებში სამსახურის ვადად იყო დადებული წელიწადი და 8 თვე. ჯარისკაცებს ასწავლიან სხვა და სხვა ხელობას, რადიო-ტელეგრაფის, მედურგლეობის, შოფრობის და სხვა და სხვა სპეციალურ ტეხნიკურ ხელობას. უწყება აცხადებს, რომ როდესაც ჯარისკაცები გუნდებში და ათეულებში ამ ხელობას გადიან და შეისწავლიან, მაშინ თითქმის მათი სამსახურის ვადა თავდება, ამიტომ მათი გამოყენება სამხედრო უწყებას არ შეუძლია. ამიტომ სამხედრო უწყება შუამდგომლობს, რომ ასეთ ჯარის-კაცთა სამსახურის ვადა გადიდდეს ორ წლამდის. დღეს არის ერთი წელიწადი და 8 თვე - გადიდდება 4 თვით. სამხედრო კომისიამ ეს კანონ-პროექტი განიხილა და მიიღო უცვლელად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა. სათანადო ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მუხლობრივ განხილვა. ვინაიდან შემდეგი საკითხი დახურულ კარებში უნდა განვიხილოთ, ქვესტორს ვსთხოვ საზოგადოებას დააცლევინოს დარბაზი. (საზოგადოება დარბაზს სცლის) ასე რომ კანონ-პროექტი სახალხო გვარდიის შტატის დამტკიცებისა და ცვლილების შესახებ განხილულ იქნა დახურულ კარებში.

5. დეკრეტი მექარხნისაგან სააქციზო უწყების მოხელის დასაქირავებლად ხარჯის გაღებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) ამ ბოლო დროს ძლიერ გახშირდა ისეთ ქარხნების გაღება, რომელშიაც ბაჟ დადებული სასმელი მზადდება, ამიტომ ამ წარმოებას ესაჭიროება თვალ-ყურის მდევნელი უწყების მხრით. მაგრამ ამ წარმოებას დროებითი ხასიათი აქვს. ამიტომ ხარჯის გაღება ხაზინიდან ფინანსთა უწყებას არ შეუძლია, ვინაიდან შესაძლებელია, რომ გაწეული ხარჯი ვერ ანაზღაურდება შემოსავლით. ამიტომ ფინანსთა უწყებამ შეიმუშავა კანონ-პროექტი, რომლის ძალით თვით მწარმოებელთ ევალებათ დაფარონ მოხელეთა მოწვევის გამო გამოწვეული ხარჯები.

თავმჯდომარე. ვის სურს ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ონიაშვილს ეკუთვნის.

6. დეკრეტი საერობო გზების მოსამსახურეთათვის დამატებითი გასამრჯელოს მისაცემად 144.430 მან. გადადებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ) მოგეხსენებათ, რომ საერთოდ გზები ერობებს გადაეცა, თუმცა აქედან ზოგიერთი გზები გამონაკლისს შეადგენს. განზრახულია ეს გზები გადაეცეს გზათა უწყებას, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია. ამ გზებზე არიან მუშები, რომელთაც ძლიერ მცირე ჯამაგირი აქვთ. სულ 24 კაცი მუშაობს. არც ერთი მომატება ჯამაგირისა მათზე არ გავრცელებულა. ამიტომ უწყება შუამდგომლობს, რომ ამ მუშების დასაკმაყოფოლებლად გაღებულ იქნეს 144. 430 მანეთი. კანტროლის დასკვნა გახლავთ დადებითი. საფინანსო კომისიაც თანახმაა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ისევ ონიაშვილს ეკუთვნის.

7. დეკრეტი ყარაიაზის სახელმწიფო მამულის მეორე განყოფილების სისტემის სარწყავის დასამთავრებლად 9.368.000 მან. გადადებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) საქმის მდგომარეობა შემდეგში მდგომარეობს. ყარაიაზის მამულები, რომელიც განთქმულია თავის ნაყოფიერებით, მიწად-მოქმედების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ეს მამული შედგება ორი განყოფილებისაგან: პირველი განყოფილება მორწყული არის და ამავე დროს დასახლებულიც. რაც შეეხება მეორე განყოფილებას, ის დაუსახლებელი არის, იმიტომ რომ მოურწყველია და ჯერ-ჯერობით შეუძლებელია იქ ხალხის დასახლება. ამ მოურწყველი დასახლების სივრცე 4.830 დეს. უდრის. მიწათ-მოქმედების სამინისტრო თხოულობს იქნეს გადადებული ამ მამულის მოსარწყავად 9.368.000 მან. საქმეში არის დაწვრილებითი ხარჯთ-აღრიცხვა და მთელი ტეხნიკური გეგმა, ამ საქმისათვის რევოლიუციამდე გაღებული იყო 100 ათასი მანეთი. მაგრამ მოგეხსენებათ დღეს ისე შეიცვალა პირობები, რომ ამ თანხით მამულის მორწყვა შეუძლებელია. მეორე მხრით ისეთი მდგომარეობა არის, რომ თუ მორწყვა არ გაგრძელდა, გაფუჭდება არა მარტო ეს მეორე მოურწყველი განყოფილება, არამედ გაფუჭდება თვით პირველი მორწყული განყოფილებაც, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ უწყება ითხოვს დამტკიცებულ იქნას უწყების პროექტი, დეკრეტი განხილული იყო საფინანსო კომისიაში და რომელმაც იგი მიიღო იმ სახით, რა სახითაც იგი წარმოდგენილია. დეკრეტს თან ახლავს როგორც საკონტროლო, ისე ფინანსთა მინისტრის დადებითი დასკვნა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის ნებავს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (ჩვეულებრივი მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა იმნაიშვილს ეკუთვნის.

8. დეკრეტი მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საგნის მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 120.000.000 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) მთავრობა შემოდის შუამდგომლობით დამფ. კრებაში, რომ მას მიეცეს 120 მილ. მანეთი იმ ფონდის აღსადგენად, რომელიც არსებობს უკვე მუშა-მოსამსახურეთათვის საქონლის შესაძენად.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ფონდი დაარსდა გასულ წელს ოქტომბერში, მაშინ მთავრობამ გამოითხოვა 50 მილ. მანეთი. შრომის სამინისტრომ დაარსა მუშათა მაგიდა, რომელმაც ამ ფულით შეიძინა სანოვაგე მუშა-მოსამსახურეთათვის. დღეს იგი ანაწილებს სურსათ-სანოვაგეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებათა მუშებს შორის. მაშინ თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც ჩვენ დავადგინეთ საჭიროება ასეთი ფონდის შექმნისა და გამოვდიოდით იმ შეხედულებისაგან, რომ საერთოდ ჯამაგირის გადიდება და ხელფასის მომატება ვერ ანელებს სასურსათო კრიზისს. ჩვენ მაშინ საჭიროდ მივიჩნიეთ ისეთი ფონდის შექმნა, რომელიც სურსათის სახით გაუწევდა დახმარებას მუშებს და მოსამსახურეებს. მას შემდეგ მოღვაწეობს მუშათა მაგიდა შრომის სამინისტროსთან და ამ ხნის განმავლობაში წარმოებულ საქმიანობისა და მისი მიღვაწეობის ანგარიში არის წარმოდგენილი აქ. მუშათა მაგიდის მოღვაწეობა მეტის მეტად ნაყოფიერი გახლდათ. ამ ხნის განმავლობაში მას პურის სახით მუშა-მოსამსახურეთათვის მიუცია ოქტომბერში - 13.997 ფუთი, ნოემბერში - 19. 225 ფუთი, დეკემბერი - 207.584 ფუთი, იანვარში - 19.198 ფუთი, თებერვალში - 14.096 ფუთი, მარტში - 23.833 ფუთი, აპრილში - 45.596 ფუთი.

მაშინ ალბად თქვენ გახსოვთ, ასეთი პრინციპი მივიღეთ: თუ მთავრობა და მომარაგების სამინისტრო, რომელიც მუშა-მოსამსახურეებს სურსათ-სანოვაგეს აწვდიდა, ნახავდა ზარალს რომელიმე საქონელში, ეს ზარალი უნდა ანაზღაურებულიყო ამ ფონდიდან. პირველად ყოვლისა ამ ოპერაციის დროს სამინისტრო პურსა და შაქარში ნახულობდა ზარალს, იმიტომ, რომ იგი ამ საქონელს ბაზარზე ყიდულობდა ძვირად და მუშებს კი იაფად აწვდიდა. ამ ხნის განმავლობაში შრომის სამინისტროს პურში უნახავს ზარალი ოქტომბერში 264.132 მან., ნოემბერში 525.996 მან., დეკემბერში 3.796.372 მან., იანვარში 4.042.797 მან., თებერვალში 5.847.092 მან., მარტში 12.984.060 მან. და აპრილში 27.537.956 მან. განსხვავება აიხსნება იმით, რომ სხვა და სხვა დროს საქონელი სხვა და სხვა ფასებში არის შეძენილი. სულ ზარალი გახლავთ 54.998.408 მან.

ამ ხნის განმავლობაში მუშათა მაგიდა აწოდებდა პურს პროვინციებშიაც. სადაც პურის გამოცხობა არ ხერხდებოდა, იქ მუშათა მაგიდა სიმინდს აწვდიდა. ფქვილს აძლევდნენ, სხვათა შორის, 600 მან., როდესაც თითონ უჯდებოდათ 1000 მან. ამის გამო ზარალი არის ფუთზე 400 მან. აგრედვე მოაწყო პროვინციაში პურის გამოცხობის საქმე.

რიგდებოდა აგრედვე შაქარი. ახლა შაქრის მიწოდება შეწყვეტილი არის. ეს აიხსნება შაქრის ნაკლებობით და როგორც ვთქვით, შაქრის მიწოდება განახლებული იქნება. მუშათა მაგიდა, როგორც მოგეხსენებათ, სულზედ აძლევდა 1 გირვანქას. ტფილისში დარიგდა სულ 4 რაციონი. სულზე მიეცა 4 გირვანქა. დარიგდა 10.826 ფუთი. (ვეშაპელი: ბრინჯი?) პროვინციაში - 1.414 ფუთი. ზარალი იყო ტფილისში 4.655.180 მან., პროვინციაში - 608.250 მან. სულ ზარალი შაქარზე უდრის 5.253.430 მან. (ვეშაპელი: ბრინჯი?) ბრინჯი დარიგდა ტფილისში 15.000-16.000 ფუთამდე, პროვინციაში 5.186 ფუთ. ბრინჯზე ზარალი არ იყო, რადგანაც იგი ისეთ დროს იყო შეძენილი, რომ შესაძლებელი იყო იმავე ფასებში მისცემოდათ. ჩაიზედაც არ იყო ზარალი, რომელიც დარიგდა ფოთში, ჭიათურაში, ტყიბულში და სხვ. გირვანქა 100 მან. ასანთი დარიგდა აქ და პროვინციაში თითო 1 მ. 50 კ. ამაზედაც არ ყოფილა ზარალი, აგრეთვე მუშათა მაგიდამ მიაწოდა მუშა-მოსამსახურეებს თევზი, როგორც აქ, ისე პროვინციაში და ზარალი არ ყოფილა. სულ 2.000 ფუთი დარიგდა. გირვანქა 8 მან.-15 მანეთამდე. ნავთი 200.000 ფუთი იყო შეძენილი. ნაწილი დაურიგდა, ნაწილი ურიგდება მუშა-მოსამსახურეებს. ფასი 70 მანეთი ფუთი, ამაზედაც არ ყოფილა ზარალი. ხის ნახშირი, ფუთს აძლევდნენ 50 მანეთად. შეძენილი იყო 8.666 ფუთი. ნაწილი დარიგდა, ნაწილი ახლა რიგდება. ზარალი არ ყოფილა.

აგრეთვე მუშათა მაგიდას მოუწყვია წუღების მიწოდების საქმე. შეკვეთილი არის გვარდიის სახელოსნოში 6.432 წყვილი. ქალაქთა კავშირიდან გაუტანია 16.762 წყვ. სულ მიუწოდებიათ მუშა-მოსამსახურეთა და დანარჩენ მოქალაქეთათვის 23.194 წყვ. იყო შეძენილი შეშა 1000 საჟენი, ნაწილი დაურიგდა მუშა-მოსამსახურეებს. საჟენი შეშა დაურიგდა 1400 - 1500 მან. და ნაწილი შემდეგ სხვა ფასებში შეძენილი, დაურიგდათ 1900 - 2000 მან. ამაზედაც არ ყოფილა ზარალი. აგრეთვე ტანსაცმლის საკითხს აწარმოებდა მუშათა მაგიდა. და ეს საქონელი, რომელიც მომარაგების სამინისტრომ შეიძინა „კოსმოს“-ისაგან, ამ საქონლის დარიგება ჯერ კიდევ არ ამოწურულა და ეხლაც გრძელდება. საერთოდ ამ ზარალის ასანაზღაურებლად არსებობს სახელმწიფო ფონდი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოდ ამ ფონდის დაარსებას, მე მგონია, ამაზედ ზედ-მეტი არის ლაპარაკი.

შედეგი ამას ჰქონდა ის, რომ ამ ფონდმა შეუშალა ხელი ხელფასის და ჯამაგირების ზრდას და ამით იხსნა ჩვენი ხაზინა ზედმეტი ბონების ბეჭვდისა და ხარჯვისაგან. იაფ პურის განაწილებამ ბაზარზე შეაჩერა საერთოდ ზრდა პურის ფასებისა. (ვეშაპელი: არც ისე!) ტფილისში და სხვა ქალაქებში მოქალაქეებს შეძლება მისცა, რომ უფრო იაფი პურით ესარგებლნათ. შედარებით, საერთოდ თუ ავიღებთ კერძო ოჯახებს, რომელიც შესდგება 4 სულისაგან და მივიღებთ მხედველობაში ამ დახმარებას, ჩვენ მივიღებთ შედეგს, რომ 4 სული 4 გირვანქა პურში აძლევდნენ 20 მანეთს, როდესაც ეს ბაზარზე ღირს 100 მანეთი (ხმა: მეტი!) შაქარში - 75 მანეთს, როდესაც ის ბაზარზე ღირს 400 - 500 მან., ბრინჯში - 74 მან., როდესაც ის ბაზარზე ღირს 200 მან. და შეიძლება მეტიც. დაახლოვებით თვითეულ ოჯახის რეალური დახმარება სურსათის სახით ოჯახს, რომელიც 4 სულისაგან შესდგება, თვეში შეადგენს 2500 - 3000 მანეთამდე. ამას, უეჭველია, როგორც აქედან სჩანს ჰქონდა პოლიტიკური ხასიათის შედეგიც, ვინაიდან, თუ ამაზედ, ამ ნიადაგზედ იყო დიდი უკმაყოფილება, ამ სურსათის კრიზისის მიერ გამოწვეული, ასეთმა პოლიტიკამ ეს უკმაყოფილება შეანელა და ამნაირად არა-კეთილი განწყობილება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაწილობრივ მაინც მოსპო.

ყველა აი, ამ მოსაზრების და იმ შედეგების მიხედვით, რომლითაც მიაღწია ამ მუშაობამ, მთავრობა შემოდის ხელ-ახალი შუამდგომლობით, რომ მას ეს ფონდი აღედგინოს. გამოანგარიშებული არის 120 მილიონი მანეთი 4 თვეში: მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო. ამ ოთხი თვის განმავლობაში, გამოანგარიშებით მუშათა მაგიდას დასჭირდება ფქვილი 4 თვეში: ტფილისში 140.000 ფუთი, ფოთში 16 ათასი ფუთი, ქუთაისში 20 ათასი ფუთი, ჭიათურაში 12 ათასი ფუთი, ფოთში 16 ათასი ფუთი, ტყიბულში 8 ათასი ფუთი, ბორჯომში 8 ათასი ფუთი, თელავში 8 ათასი ფუთი, სულ დაახლოვებით 228.000 ფუთი. თუ მუშათა მაგიდამ მიაწოდა პური იმ ფასებში, რომელიც აქამდის არსებობდა, ე. ი. 5 მანეთად გირვანქა, მაშინ ამ ფქვილში ავიღებთ 62.700.000 მან., ზარალი იქნება 178.000.000 მან. ასეთივე ზარალი იქნება შაქრიდან, რომელიც გამოანგარიშებულია ამ ხნისთვის 20 ათასი ფუთი. სულ ზარალი შაქარზე და პურზე იქნება 186.900.000 მან., თუ ამ ზარალში მონაწილეობას მივაღებინებთ კერძო და საზოგადო დაწესებულებებს, მაშინ შეიძლება მათ გადავახდევინოთ 35-40%25. მაშინ მთავრობას დასჭირდება დაახლოვებით 120-130 მილიონი მანეთის გაღება ამ ზარალის დასაფარავად. აი, სწორედ ეს პროექტი ამას შეიცავს, რომ ზარალი, რომელიც მოსალოდნელია ნახოს მუშათა მაგიდამ, ამ ზარალის დასაფარავად იქნეს გახსნილი საგანგებო კრედიტი - 120 მილ. მანეთი. ეს პროექტი განიხილა საფინანსო კომისიამ და გამოიტანა ის აზრი, რომ შრომის სამინისტროსთან არსებული მუშათა მაგიდის მოღვაწეობა ნაყოფიერი ყოფილა ამ ხნის განმავლობაში და საფინანსო კომისია საჭიროდ სცნობს, სწორედ ფინანსიური მოსაზრებით, რომ მოღვაწეობა მუშათა მაგიდის ასე ნაყოფიერად გაგრძელებულიყოს შემდეგშიაც. საფინანსო კომისიამ გამოსთქვა ერთი აზრი: ვინაიდგან ეს საქმე არ ყოფილა ფართოდ დაყენებული, რომ იგი გაწდომოდა ჩვენი რესპუბლიკის ყველა ნაწილებს, ვინაიდგან მუშა-მოსამსახურენი ყველგან არ იღებენ ამ სასურსათო დახმარებას და მოსამსახურენი ჩაყენებული არიან არა ერთნაირ მდგომარეობაში - ზოგან იაფ ფასებში იღებენ სანოვაგეს და ზოგან უხდებათ ბაზრის ფასებში შეძენა და ამ მხრივ ისინი დასჯილნი არიან, არის გამოთქმული სურვილი, რომ ეს მოღვაწეობა მუშათა მაგიდის გავრცელდეს რესპუბლიკის დანარჩენ ადგილებში, ამის შესახებ განცხადება იყო მომარაგების მინისტრისა, რომ ეს სურვილი ნაწილობრივ ხორციელდება. საერთოდ ისინი ცდილობენ, რომ სურსათ-სანოვაგის მიწოდება გავრცელებული იყოს რესპუბლიკის ყველა ნაწილებში. ეს არის ის, რაც იყო თქმული ამ პროექტის შესახებ საფინანსო კომისიაში.

თავმჯდომარე. ვინ ისურვებს სიტყვას ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა, ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვის? წინააღმდეგი არავინაა. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა). შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. ონიაშვილს ეკუთვნის.

9. დეკრეტი სოხუმის ქალაქის სასამართლო ექიმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოს ექიმთა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დროს გამორჩენილ იქნა შტატი სოხუმის სასამართლო ექიმთა. ახლა დამატებით პროექტია დეკრეტისა შემოტანილი, სადაც უწყება თხოულობს სათანადო შტატის დამტკიცებას, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი რესპუბლიკისათვის.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის მუხლობრივი განხილვის წინააღმდეგი? არავინ. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებული იქმნა).

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა გიორგაძეს ეკუთვნის.

10. დეკრეტი სამი მილ. მან. გადადებისა მიხეილ არამიან-ცისათვის ჩამორთმეული სახლის ფასის ასანაზღაურებლად.

გრ. გიორგაძე. მთავრობა თხოულობს 3 მილიონ მანეთს იმ სახლისთვის, რომელიც სახელმწიფო საჭიროებისათვის ჩამოერთვა არამიანცს თანახმად მთავრობის დადგენილებისა. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო და მე ვშუამდგომლობ დამფუძნებელ კრების წინაშე კომისიის სახელით, რომ გაღებულ იქნეს ეს 3 მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე. სიტყვა ილია ნუცუბიძეს ეკუთვნის.

ილია ნუცუბიძე. (სოც.-რევ.) ბატონებო! არა ერთხელ გამოგვითქვამს ჩვენი აზრი კაპიტალისტების ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუ რა წესით უნდა ხდებოდეს ჩამორთმევა, როდესაც ეს ქონება ესაჭიროება სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ჩვენს ფრაქციას შეუწყნარებლად და დაუშვებლად მიაჩნია, რომ კაპიტალისტების ქონებაში რაიმე სასყიდელი გავიღოთ. ამიტომ ეს აქტი ფულის გაღებისა არ შეიძლება გამართლებულ იქნეს არავითარი მოსაზრებით, (რუსია: 11 ივლისის კანონი!) რადგან ცნობილია, რომ მათ ეს ქონება არ ეკუთვნით, სამართლიანი წესით და გზით არ შეუძენიათ, ეს არის ხალხის წანაგლეჯი, ამიტომ სამართლიანობის თვალსაზრისით, შეუძლებელია, რომ მათ ფული მიეცეს. შეუძლებელია, რომ ფული მიეცეს ფინანსიური მოსაზრებითაც, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ხაზინაში ფული არ გვაქვს და ეს ფული არის ხალხის კაპეიკებით შეძენილი, წვითა და დაგვით ნაშოვნი. როცა ეს ფული მიეცემა კერძო კაცს, ისეთს, რომელსაც სხვა მილიონებიც ბევრი აქვს, ეს უაღრესად დაუშვებელი და მიუღებელია ფინანსიური მოსაზრებით. აგრეთვე არ არის მისაღები არც მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რადგანაც, თუ კერძო კაცს, ისედაც გასუქებულს, კიდევ უფრო გაასუქებთ, ეს არ არის მიზანშეწონილი.

ბატონებო! ამას გარდა უნდა აღვნიშნო, რომ ეს სახლების ჩამორთმევის საკითხი უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს, ქალაქის მუნიციპალურ პოლიტიკას უნდა შეადგენდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ქალაქს არავითარი პოლიტიკა არა აქვს. ეს ქალაქში სახლების ჩამორთმევის საკითხი, არც ისე უბრალო საკითხია, როგორც ზოგს ჰგონია. ახლა ქალაქი არაჩვეულებრივად იზრდება და როცა ამ ზრდაში შეგნებული ხელი არ ურევია, ცხადია, იგი არ გაშენდება. ქალაქს აშენებდენ კაპიტალისტები იმ მოსაზრებით, რომ რაც შეიძლება მეტი მოეგოთ, ასე რომ ისინი ხალხის ინტერესს არ იცავდენ. ამიტომ უკანასკნელ ხანებში იმარჯვებს მეორე პოლიტიკა, - პოლიტიკა აქტიური ჩარევისა მუნიციპალურ საქმეებში. თუ საქმეების მოგვარება კერძო პირებს მიენდო, ცხადია ისინი მოაგვარებენ საქმეს ისე, როგორც მათი ინტერესი მოითხოვს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამას მოითხოვს სახელმწიფო ინტერესი. მე მოგახსენებთ, რომ ეს ქალაქის კომპეტენციას უნდა შეადგენდეს. ხოლო თუ ქალაქის და სახელმწიფოს ფუნქციები არ არიან განსაზღვრული, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. უნდა იყოს ცალკე ქალაქის და ცალკე სახელმწიფოს ფუნქციები. რაც შეიძლება მეტი ავტონომია უნდა მიენიჭოს ქალაქს და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ქალაქის საქმეებში, თუ გინდათ, რომ ფუნქციების არევ-დარევა არ მოხდეს, მაგრამ რასაკვირველია, როგორც ქალაქი, ისე სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიის ინტერესებს.

აი, ძველ დროში ასე იყო: სახელმწიფო ერეოდა ქალაქის საქმეებში, ქალაქს არ ჰქონდა ავტონომია, არ ჰქონდა თავისუფალი ინიციატივა, ქალაქი იყო ფეოდალური და სახელმწიფო უნდობლობას უცხადებდა მას და ცდილობდა თითონ აეღო ხელში მისი ფუნქციები. დღეს ასე არ არის, დღეს ქალაქი არის დემოკრატიულ პრინციპზე არჩეული, ქალაქს უნდა ჰქონდეს ფართო საბიუჯეტო ფუნქციები მინიჭებული. ეს არის ჭეშმარიტი დებულება.

ჩვენში კი, ბატონებო, გაბატონებულია ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეიძლება ასე დახასიათდეს: ერთსა და იმავე დროს ემსახურე ღმერთსაც და ეშმაკსაცო. მაგრამ, ბატონებო, ეს ყოვლად შეუძლებელია. (ს. კედია: პოლიტიკა ამაშია!) თქვენ ან ხალხს უნდა ემსახურებოდეთ და ან ბურჟუაზიას, ან ღმერთს უნდა ემსახურებოდეთ ან ეშმაკს. სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკა ასე არ იქცევა. ის ორივეს ემსახურება, და ამიტომ არის, მიზანს ვერას დროს ვერ აღწევს (ხმა: აღწევს, თქვენ ვის ემსახურებით?). ჩვენ ვემსახურებით ხალხს, მშრომელ დემოკრატიას. თქვენ ძველი, დახავსებული სოციალისტები ხართ, არავითარ ანგარიშს არ უწევთ დღევანდელ შექმნილ პირობებს, თქვენ დღესაც ვერ შეითვისეთ ის ჭეშმარიტი აზრი, რომ საჭიროა ცხოვრების მიმდინარეობაში აქტიური ჩარევა და რევოლიუციონურ სულის შეტანა, საჭიროა ცხოვრების სოციალისტურ ნიადაგზე გადახალისება. ყოველ დარგში, ქალაქის მეურნეობა იქნება ეს თუ სოფლის მეურნეობა, ჩვენ უნდა ჩავერიოთ, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ერთ სტიქიურ პროცესს მივდიოთ.

ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ არამიანცის სახლების გამოსყიდვის შესახებ. მე ვაცხადებ, რომ ეს ყოვლად შეუძლებელია, მართალია ასეთი კანონი არსებობს, მაგრამ ეს კანონი არ არის სამართლიანი და მიზან შეწონილი. დღეს ჩვენ ისეთი ღარიბები ვართ, რომ ყოვლად შეუძლებელია ასეთი უსაქმოთ ვყაროთ 100 ათასი მანეთები, ჩვენ ორიოდე გროში ვერ გაგვიღია ღარიბ სტუდენტებისათვის, მასწავლებელთათვის და ამავე დროს ვიღაცა არამიანცს ათასობით ვაძლევთ. მერე იცით, რა მდგომარეობაშია მასწავლებლობა და ჩვენი სტუდენტობა? თვით ელემენტი ჩვენი კულტურის აღორძინებისა და განვითარებისა შიმშილით იხოცება, მათთვის ვერავითარი დახმარება ვერ გაგვიწევია და ისინი ისეთ პირობებში არიან ჩაყენებულნი, რომ არავითარი საშვალება არა აქვთ წესიერ მუშაობისთვის (ხმები: დემაგოგია!). ეს დემაგოგია კი არა, მშრალი და სამწუხარო ფაქტია. განა დემაგოგია არის ის, რომ ჩვენი სტუდენტობა დღეს გაჭირვების გამო იძულებულია თავი მიანებოს სწავლას და სამსახურში შევიდეს? განა დემაგოგია არის აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ ჩვენი მასწავლებლობა შიმშილით კვდება. დემაგოგია არის იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი ინტელიგენცია, ტვინი ჩვენი კულტურისა, აუწერელ გაჭირვებას განიცდის და რომ მას ვერ ვეხმარებოდეთ ჩვენ? არა, ეს დემაგოგია კი არა ნამდვილი ფაქტია, და ასეთ დროს აი, ამ გაჭირვებულ ნაწილს ჩვენ საზოგადოებისას ვერავითარ დახმარებას ვერ უწევთ, ჩვენ ვეღარც არამიანცებს ვაძლევთ ათასებს. ჩვენ ერთხელ 8 მილ. მივეცით ტყიბულის ქვანახშირის საზოგადოებას, მივეცით იმას, ვისაც არ ეკუთვნოდა, ჩვენ ერთხელ უკვე განვაცხდეთ ამის გამო პროტესტი. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ უკანონობა და უსამართლობა ასეთი მოქმედებისა. ჩვენ ეხლაც წინააღმდეგი ვართ ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრ. წევრ ბ-ონ ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ერ.-დემოკ.) ბატონებო! ივნისის 11-ის კანონის გამოცემის შემდეგ მრავალი შემთხვევა იყო იმისა, რომ სათანადო დაწესებულებამ გადალახა ამ კანონის ფარგლები და მოახდინა ქონების ჩამორთმევა არა კანონის მიხედვით, არამედ სხვა მიზეზების გამო.

ამ შემთხვევაშიაც ივნისის 11-ის კანონი გადალახულია. ეს კანონი გულისხმობს შენობების ჩამორთმევას სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის. სხვას კანონი არ გულისხმობს, კერძო ორგანიზაციების საჭიროებისათვის სახლის ჩამორთმევა არ შეიძლება. რასაკვირველია ბატონებო, კერძო ორგანიზაციებშიაც განსხვავება უნდა დავინახოთ. არის ორგანიზაცია ფრიად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს თვალსაზრისით თუ პარტიულ თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავება უნდა იყოს კერძო ორგანიზაციისა და სახელმწიფო ორგანიზაციას შორის. როდესაც 11 ივნისის კანონის ძალით ხდება ჩამორთმევა კერძო პირის ბინების კერძო ორგანიზაციის სასარგებლოდ, ეს არ არის სამართლიანი. რაც შეეხება იმას, წინა ორატორმა რომ სთქვა: ბურჟუაზია ხალხის ზურგზე გასუქდა და უნდა ჩამოვართვათ ქონებაო, შეიძლება ესერების თვალსაზრისით ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ფაქტიურად სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. და ეს თქვენ ზურგზე გასუქებული ბურჟუაზია, ეს თქვენი მოგონილია (სიცილი). ყოველ შემთხვევაში ცხოვრების მიმდინარეობა სრულიად არ ამართლებს იმ აზრებს, რომელიც ნუცუბიძემ წამოაყენა აქ. აქტიური პოლიტიკური ჩარევა ყველგან საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩარევა უნდა იყვეს ფრთხილი. თქვენ ბრძანებთ, რომ ქალაქი იზრდებაო, რომელი ქალაქი გაიზარდა? სად ხდება ეს მას შემდეგ რაც თქვენ საშვალება მოგეცათ გეწარმოებიათ პოლიტიკა, ძალა-უფლება ხელში ჩაიგდეთ, არც ერთი ქალაქი არ გაშენებულა, დარწმუნებული უნდა იყვეთ, რომ ერთი სახლიც კი არ აშენებულა (ჩხიკვიშვილი: თქვენი მეოხებით!). რაში გამოიხატა ეს? (ჩხიკვიშვილი: იმპერიალისტებმა დაანგრიეს!) იმპერიალისტებმა დაანგრიეს, მაგრამ რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რაც მათ ააშენეს? და მე თქვენ გეკითხებით, როდის მეტი დაინგრა? თქვენ ხელში თუ მაშინ? მოგახსენებთ ქალაქის მეურნეობაზე.

ქალაქში ყველაფერი დაინგრა, მას შემდეგ რაც თქვენ მოექეცით მართვა-გამგეობის სათავეში, თქვენი განმანადგურებელი პოლიტიკით. ეს ჭეშმარიტებაა და ამაზე დავა არ შეიძლება, ამაში მე ყველა დამეთანხმება. აიღეთ რომელი დარგიც გინდათ მეურნეობისა. როდის დაინგრა მეტი თქვენი პოლიტიკის გაბატონების შემდეგ თუ იმპერიალისტების დროს? (ტოროშელიძე: საფრანგეთი?) როდის არის მეტი სიძვირე? (ნ. რამიშვილი: კარგი ეკონომისტი ბრძანდებით: ნუ თუ არ იცით, რითი არის გამოწვეული სიძვირე?) ცხოვრების სიძვირე გამოწვეულია თქვენი პოლიტიკის გაძვირებით (რამიშვილი: ინგლისში თქვენი არიან?) (ხმა: ობივატელის მსჯელობა არის!). ჭეშმარიტება არის, რომ ყოველ ობივატელს ესმის ეს, ამაზე ლაპარაკი არ არის ხელსაყრელი თქვენთვის. მართალია ომმა ბევრი რამ გააძვირა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, რასაკვირველია ეს სიძვირე საერთო მოვლენაა, მაგრამ თუ შეადარებთ იმ ქვეყნებს, სადაც უფრო ინტენსიურად სწარმოებდა ომი, როგორიც არის საფრანგეთი, ინგლისი (ხმაურობა), იქაც გაძვირდა ცხოვრება, მაგრამ 2 და 3 ჯერ, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ომს რევოლიუცია დაერთო, იქ ცხოვრება ერთი ასჯერ გაძვირდა (ხმაურობა). აიღეთ რუსეთი და საქართველო (თევზაია: გერმანია!). დიახ, გერმანია, რა ნაყოფი გამოიღო რევოლიუციამ გერმანიაში და ავსტრო-უნგრეთში? (თევზაია: რევოლიუცია კარგია!). არა, რევოლიუცია თქვენთვის არის კარგი, მაგრამ მე მგონია ხალხისთვის იგი ბოლოს და ბოლოს არ გამოდგა კარგი. მე მგონია თქვენ უნდა გქონდეთ მოქალაქეობრივი გამბედაობა და აღიაროთ ის რაც ხდება. ხშირად რევოლიუციას კარგი შედეგებიც მოაქვს, და ამის მაგალითი არის რუსეთი. აი, ბატონებო! დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხს. ჩვენი ეროვ. დემოკ. აზრით, ამ შემთხვევაში ივნისის 11 კანონი შელახული არის, ვინაიდან ჩამორთმეული იყო შენობა არა სახელმწიფოს ორგანიზაციის, არამედ კერძო ორგანიზაციის საჭიროებისათვის. რასაკვირველია ასეთ კერძო ორგანიზაციებს თუ დაეხმარებით თქვენ სესხით, ან სხვა რაიმე სახით, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუ შეიძლება და საშვალება გვექნება, მათ უნდა აუშენოთ სახლები, საგანგებო შენობები, რომლებიც სწორედ მათთვის იქნება გამოსადექი, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, როდესაც ამ კერძო ორგანიზაციებისთვის კანონები ილახება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი ერთ მხრით და მეორე მხრით დარღვეული არის კანონი არამიაცის შენობის ჩამორთმევით, ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ეს შენობა ჩამოერთვას არამიანცს.

თავმჯდომარე. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

გრ. გიორგაძე. არ მეგონა, თუ ეს საკითხი ასეთ კამათს გამოიწვევდა. ბ. ასათიანმა ამ სახლის საკითხი სიძვირეს, ეკონომიურ კრიზისს და სხვა ამისთანებს დაუკავშირა (ასათიანი: როდის დაუკავშირა?). არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ საკითხს, მაგრამ აშკარა არის ის, რომ შეხედულება დღევანდელ სიძვირეზედ, რაც ბ. ასათიანმა გამოსთქვა, არ არის მართალი (გვაზავა: კანონიერია თუ არა?). ეს საკითხი ასეთ ფარგლებში არც ბ. ასათიანს, არც

ბ. ნუცუბიძეს არ უნდა გამოეტანათ. უნდა მოვახსენო ამ აზრის შესახებ ბ. ნუცუბიძეს, რომ ამ საკითხში დამფუძნებლი კრება სდგას კანონიერ ნიადაგზედ და მის მიერ გამოცემული კანონი პირველად თითონვე უნდა შეასრულოს. მაშასადამე ეს გადადგმული ნაბიჯი მთავრობისა, სრულიად კანონიერია.

ბ. ნუცუბიძეს მოვახსენებ, რომ ამის შესახებ არსებობს კანონი და ბ. ასათიანი რომ ამბობს, კანონი გადალახულიაო, ამ კანონში სწერია, რომ მთავრობას შეუძლიან საზოგადოების საჭიროებისათვის ჩამოართვას ესა თუ ის ქონება განსაზღვრული წესით. ამნაირად კანონი გადალახული არ არის, რადგანაც... (გვაზავა: ეს საზოგადო დაწესებულება სად არის?). განა საზოგადოებრივი დაწესებულება არ არის ის მუშათა სახლი, სადაც პროფესიონალური მუშათა ორგანიზაციები არის მოთავსებული? თუ ეს არ არის საზოგადო საჭიროება, მაშ რაღა არის საზოგადო საჭიროება? (ასათიანი: კოოპერატივი?). ამ გვარად მოგახსენებთ, რომ ეს ჩამორთმეული იყო საზოგადო საჭიროებისათვის და ამასთანავე კანონი სავსებით დაცული არის. მე მოგახსენებთ იმ საქმეს, რომლისთვისაც საჭიროა ეს სახლი. ეს საზოგადო საჭიროებას წარმოადგენს და თუ კანონს არ შევცვლით, ეს კანონიერად არის გაკეთებული. მე მგონია, ბ. ნუცუბიძე, ჯერ არ დამდგარა საკითხი სახლების სოციალიზაციისა, რადგანაც (რეპლიკა არ ისმის), თქვენ ეს საკითხი დაუკავშირეთ იმას, რომ მასწავლებლებს ჯამაგირი არა აქვთ, მაგ გზას რომ დავადგეთ, ერთი თვე კი არა, წლობით ჯამაგირს ვერ მიიღებენ. სახლების კონფისკაციის გზას რომ დავადგეთ, ჩვენში მოხდება ის, რაც მოხდა რუსეთში (რამიშვილი: კომუნისტები ბრძანდებიან!). ჩვენ ამ გზას ვერ დავადგებით. ამ შემთხვევაში ინტელიგენცია, ეს ჭკუა-გონებაა საზოგადოებისა, ამ ინტელიგენციამ ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ შრომის ნაყოფიერებას აქვს მნიშვნელობა საზოგადოებისათვის და არა რეკვიზიციებს და კონფისკაციებს. ამ გზით შეიძლება ინტელიგენციის შენარჩუნება და საერთოდ შრომის ნაყოფიერება. გოლოვინის პროსპექტზედ რომ გამოაცხადოთ ყველა სახლები სახელმწიფო საკუთრებად, ამ გზით არაფერი გაკეთდება. (შენგელაია: 24 საათში შეიძლება მოახდინოთ ნაციონალიზაცია სახლებისა, 24 საათში!). მე მოგახსენებთ, ბატონებო, რომ ეს მიუღებელია ჩვენთვის იმიტომ, რომ ის, რაც მისაღებია თქვენთვის, ის არ არის მისაღები იმათთვის, ვინც ჭკვათა მყოფელია. ეს კანონის დარღვევა არ არის, კანონის თანახმად მოქმედობს მთავრობა და ვითხოვ, რომ ეს მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ (გვაზავა: თანახმაა ის კაცი?).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

უკვე 3 საათზე მეტი გახლავთ, როგორ ინებებთ, საბოლოო ტექსტები გვაქვს მისაღები, ის მოგხსენდებათ და დღიური წესრიგი. (საბოლოო ტექსტებს კითხულობს ქ. ქრ. შარაშიძის ასული). ეხლა მოგხსენდებათ დღიური წესრიგი. ვიდრე დღიურ წესრიგს მოისმენდეთ აქ შუამდგომლობა გახლავთ ბ. ბერშტეინის. წაიკითხეთ. (მდივანი კითხულობს): „გთხოვთ თვე-ნახევრით გაანთავისუფლოთ დამფ. კრების წევრი ერ. ბერშტეინი, რომელიც იგზავნება დავალებით მომარაგების სამინისტროს მიერ ევროპაში“.

ვინც საზღვარ-გარედ მიბრძანდება, პრეზიდიუმს ნება აქვს დართოს მხოლოდ ერთი თვის ვადით, თქვენ ნებას დართავთ 5 კვირით? (ერთხმად მიღებულია). უნდა მოგახსენოთ, რომ კონსტიტუციის ტექსტები დაბეჭდილია და დაურიგდა დამფუძნებელი კრების წევრებს და იყიდება წ.-კ. გ. ს. მაღაზიაში. (მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს). სხდომა დახურულია.

24 ოცდამეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(25)

1920 წელი. ივნისის 18. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის ექვთიმე თაყაიშვილი.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. 10 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტების ნუსხა და დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - „დედობისა და ბავშვობის საზოგადოებისათვის“ ბავშვთა სახლისა, კონსულტაციისა და ბავშვთა ბაგათა მოსაწყობად 380.092 მან. გაღების შესახებ.

2. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - უცხოეთიდან შემოსატან კონიაკის სპირტზე საბაჟო ტარიფის შეცვლის შესახებ.

3. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ქალ. ჭიათურის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

4. იურიდიული კომისიის ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისა - სენატორთა და სენატის საპროკურორო ნაწილის თანამდებობის პირთათვის ჯამაგირის გადიდების შესახებ.

მდივანი. (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მექარხნისაგან სააქციზო უწყების მოხელის დასაქირავებლად ხარჯის გაღებისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საერობო გზების მოსამსახურეთათვის დამატებითი გასამრჯელოს მისაცემად 144.530 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საგნის მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 120.000.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ყარაიაზის სახელმწიფო მეორე განყოფილების სისტემის სარწყავის დასამთავრებლად 9.368.000 გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სოხუმის ქალაქის სასამართლო ექიმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - 3.000.000 მან. გადადების შესახებ - მიხეილ არამიანცისათვის ჩამორთმეულ სახლის ფასის ასანაზღაურებლად. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. დეკრეტი - გარეშე საქმეთა მინისტრის განკარგულებაში კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის მისიების ვალების გასასტუმრებლად 388.920 მან. გადადებისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპყრობილეთა დამცველი რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი და დავ. ონიაშვილი.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ტფილისის სასამართლო პალატის შტატის დამატების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი და გრ. გიორგაძე.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპატიმროთა საქმის უმაღლეს საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

11. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის მოქმედების განგრძობისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

12. დეკრეტი - მიწად-მოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან 20 პროცენტის ერობათა სასარგებლოდ გადადებისა. მომხსენებელია ი. კოპალეიშვილი და დ. ონიაშვილი.

13. დეკრეტი - მობილიზაციით გაწვეულ ჯარისკაცთა და გვარდიელთა ოჯახების დახმარებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

14. დეკრეტი - გორის გარნიზონის სხვა და სხვა ადგილას დასაბინავებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად 5.246.493 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

15. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქალაქ ფოთის სასარგებლოდ ნავთსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზედ საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და დ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე. დღის წესრიგის შესახებ არის იუსტიციის მინისტრის თხოვნა, რომ „პირველ (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საპყრობილეთა დამცველ რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ“ და „პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ტფილისის სასამართლოს პალატის შტატის დამტკიცების შესახებ“, საბოლოო ტექსტების შემდეგ პირველად იყოს განხილული. არის აგრედვე წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის ბიუროდან, რომ მეთერთმეტე საკითხი „შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის მოქმედების გარემოების შესახებ“ გადატანილ იქნეს უკანასკნელ საკითხად. სიტყვას ხომ არავინ ინებებს ამ წინადადებათა შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინ არის. დღის წესრიგი დამტკიცებული გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის ივანე გომართელს.

ივ. გომართელი. (კითხულობს) დღიურ წესრიგის 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებს, საბოლოო ტექსტებს, რასაც დამფუძნებელი კრება უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ი. ფირცხალაიშვილს.

1. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა საპყრობილეთა დამცველ რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) ბატონებო! ტფილისში არსებულ საპყრობილეებს დღემდის იცავდა საგუბერნიო ბათალიონი, რომლის ლიკვიდაცია მთავრობამ დაადგინა და სისრულეში მოიყვანა შინაგან-საქმეთა სამინისტრომ. ბათალიონის ლიკვიდაციის შემდეგ საპყრობილეები დაცული უნდა ყოფილიყო რეგულიარული ჯარის კაცების მიერ, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო სამხედრო სამინისტრომ ეს ვერ მოახერხა. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო იძულებული იყო შეექმნა საგანგებო სადარაჯო რაზმი. ეს რაზმი შესდგება ოთხასი (400) კაცისაგან. ეს ოთხასი კაცი საჭირო არის, რომ დაიცვას ტფილისში არსებული საპყრობილეები და დახმარება გაუწიოს ქუთაისის საპყრობილეებს. ამასთანავე ამ ოთხას კაცს კიდევ ემატება 59 კაცი - რაზმის უფროსი და სხვები. იუსტიციის სამინისტრო ადგენს კანონ-პროექტს, დართული აქვს შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა, რომლის შესახებ საფინანსო კომისიას ჰქონდა მსჯელობა და რომლის აზრსაც მოგახსენებთ მეორე მომხსენებელი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიიღო ეს კანონ-პროექტები იმ სახით, როგორც მთავრობის მიერ იყო წარმოდგენილი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. სათანადო ვადის გასვლის შემდეგ იქნება განხილული. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის ბ. ი. ფირცხალაიშვილს.

2. კანონ-პროექტი ტფილისის სასამართლო პალატის შტატის დამტკიცების შესახებ.

. ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ 19 დეკემბერს 1919 წელს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო სასამართლო უწყების დაწესებულებათა შტატების შემცირება. პალატის შტატში არის ნაჩვენები: ერთი პალატის პროკურორი, ერთი ამხანაგი, ერთი მდივანი, ერთი მდივნის თანაშემწე, ერთი კანცელარიის მოხელე და ერთიც შიკრიკი. აღნიშნული შტატის ცხოვრებაში გატარებამ გვიჩვენა, რომ რიცხვი ამ შტატებისა დღეს მცირედია, ეხლა არსდება სასამართლო პალატასთან სამართალში მიცემის კამერა და ეს მოითხოვს შტატების გამრავლებას. იუსტიციის სამინისტრო ადგენს კანონ-პროექტს, რომლის ძალით აღნიშნული შტატებს დაემატება ორი პროკურორის ამხანაგი, ერთი კანცელარიის მოხელე და ერთი მანქანით გადამწერი. ამასთანავე ამ კანონ-პროექტს დართული აქვს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა, რომლის შესახებ იქონია მსჯელობა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ. მის აზრს მოგახსენებთ მეორე მომხსენებელი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გრ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს შტატები და უცვლელად მიიღო და მისი სახელით მაქვს პატივი განვაცხადო, რომ აღნიშნული კანონ-პროექტის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის და სათანადო ვადის გასვლის შემდეგ განხილული იქნება.

შემდეგი საკითხის შესახებ (კითხულობს) სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს. (ხმა ადგილიდან: აქ არ არის?). შემდეგი საკითხია (კითხულობს) სიტყვა ეკუთვნის ბ. ი. ფირცხალაიშვილს.

3. კანონ-პროექტი საპატიმროთა უმაღლეს საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.

. ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) ბატონებო, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილია კანონპროექტი, რომლის ძალით იუსტიციის სამინისტროსთან უნდა დაწესდეს საპატიმროთა საქმეების უმაღლესი საბჭო. ამ საბჭოს წევრებად იქნებიან: რესპუბლიკის სასამართლო პალატის პროკურორი, ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე, ოლქის სასამართლოს პროკურორი, ქალ. ტფილისის მოურავი, ტფილისის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე, ნაფიც ვექილთა წარმომადგენელი და ტუსაღთა მფარველი საზოგადოების წარმომადგენელი. აღნიშნული საბჭოს ფუნქციებს შეადგენს განხილვა ყველა კანონებისა და მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომელნიც შეეხებიან ტუსაღთა შენახვას და საპყრობილეთა მართვა-გამგეობის წესრიგს. ამ საბჭოს ექნება სათათბირო და არა გადამწყვეტი ხასიათი. განხილული საკითხები წარედგინება იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად. დღემდის, რევოლიუციამდის, საპყრობილეთა მართვა-გამგეობის და მოწესრიგების საქმე ქონდა დავალებული გუბერნატორს და საგუბერნიო სამმართველოს. არსებობდა რუსეთში აგრეთვე საპატიმროთა მზრუნველი საზოგადოება. დღეს კი ამ მოვალეობას საქართველოში ასრულებს საპყრობილეთა ინსპექტორი. ასეთი დიდი მოვალეობის ასრულება, რომელიც დაკისრებული აქვს საპატიმროთა ინსპექტორს, მოითხოვს, რომ მას ჰყავდეს ერთგვარი დამხმარე. და ამ დამხმარის როლში უნდა გამოვიდეს უმაღლესი საბჭო, რომელიც არსდება იუსტიციის სამინისტროსთან. ეს საბჭო არავითარ ხარჯს არ იწვევს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისთვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის და სათანადო ვადის გასვლის შემდეგ იქნება განხილული.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. კოპალეიშვილს.

4. მიწად-მოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან 20%25 ერობათა სასარგებლოდ გადადებისა.

. კოპალეიშვილი. (ს.-დ.) მიწად-მოქმედების სამინისტროს განზრახვა აქვს სახაზინო მიწების საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან გადადებულ იქნეს ერობათა სასარგებლოდ 20 პროცენტი. სამინისტრო ამას ასაბუთებს შემდეგი მოსაზრებით: ვინაიდან ერობების ახალი საბიუჯეტო უფლებები ჯერ-ჯერობით შემუშავებული არ არის და ერობები კი მოითხოვენ სახელმწიფო ხაზინიდან აუცილებელ დახმარებას, მიწად-მოქმედების სამინისტროს საჭიროდ მიაჩნია, ვინაიდან სახელმწიფოს შემოსავლის სხვა და სხვა წყაროებიდან უნდა შეკრებილ იქნას ერობების დახმარებისათვის საბიუჯეტო ფონდი, ერთ-ერთ ასეთ წყაროდ იყოს საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან განსაზღვრული პროცენტების გადადება. რუსეთში ერობები ასეთი უფლებებით სარგებლობდენ. ამიერ-კავკასიაშიაც იყო გადადებული განსაზღვრული პროცენტი სახაზინო მიწების შემოსავლისა. ამიტომ მიწად-მოქმედების სამინისტრო მოითხოვს ეს დეკრეტი იყოს დამტკიცებული. ეს პროექტი განიხილა კომისიამ. პროექტი მიღებულ იქნა და წარედგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას დასკვნისათვის. მის აზრს გაგაცნობთ მეორე მომხსენებელი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. დ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ შესაძლებლად სცნო ამ პროექტის მიღება. უმთავრესად იგი შემდეგი მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა: თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერობებს არა აქვთ მუდმივი ბიუჯეტი, მუდმივი შემოსავლის წყარო და ამიტომ ეს 20 პროცენტი ერთნაირად ნივთიერ შესაძლებლობას აძლევს ერობებს, რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი ხარჯები. საქმე იმაშია, რომ ეს საფონდო მიწები ფაქტიურად გადაეცა ერობებს და თვითმმართველობებს და მათი პირდაპირი მეთვალყურე და პასუხისმგებელი არის ერობა. რომ ერობა დაინტერესდეს ამ მუშაობით და შემოსავალიც მუდმივი და ნაყოფიერი ჰქონდეს, ამიტომ საბიუჯეტო კომისიამ საჭიროდ სცნო ეს პროექტი აუცილებლად მიღებული ყოფილიყო. გარდა ამისა მეხუთე მუხლში ნათქვამი იყო, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო მოითხოვს...

თავმჯდომარე. აქ ოთხი მუხლია მხოლოდ.

. ონიაშვილი. დეკრეტის პროექტი შესდგებოდა ხუთი მუხლისაგან, მაგრამ საბიუჯეტო კომისიამ მეხუთე მუხლი ამოშალა იმ მოსაზრებით, რომ ავანსად გაცემა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, რადგანაც ერობებს უკვე მიეცა 100 მილიონი. საბიუჯეტო კომისიამ ამ მუხლის მიღება ზედმეტად დაინახა და ამოშალა. თვითმმართველობის კომისიამაც ასე მიიღო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

კოპალეიშვილი (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

კოპალეიშვილი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

კოპალეიშვილი (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

კოპალეიშვილი (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ნ. იმნაიშვილს.

5. დეკრეტი მობილიზაციით გაწვეულ ჯარის კაცთა და გვარდიელთა ოჯახების დახმარებისა.

ნიკ. იმნაიშვილი (ს.-დ.) მობილიზაციით გაწვეულნი არიან, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეები დაბადებულნი 1888-1889; 1894-95 წლებში. მობილიზაცია გავრცელდა აგრედვე იმათზე, რომ ოჯახის ერთად ერთი მარჩენელად ითვლება და მოქალაქე ჯარში იყო გადარიცხული. ეხლა ყველა ამათი ოჯახები დიდ გაჭირვებას განიცდიან იმის გამო, რომ მარჩენელი ფრონტზე იმყოფებიან და მათ ოჯახებს დახმარება არა აქვთ. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია თავდაცვის საბჭომ, იქონია მსჯელობა და დადგენილება გამოიტანა, რომ რესპუბლიკის ხაზინიდან რაიმე დახმარება მისცეს ჯარში გაწვეულთა ოჯახებს და ამასთანავე დაევალოს ადგილობრივ თემებს და თვითმმართველობებს, რომ შეძლების და გვარად დაამუშაონ მათი ყანები და შეასრულონ რამდენადაც ეს შესაძლებელია, მათი სამუშაო. ამის მიხედვით არის წარმოდგენილი ეს პროექტი, რომელიც მიიღო სამხედრო სამინისტრომ და შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

. იმნაიშვილი. (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

. იმნაიშვილი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მეორე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს, ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

. იმნაიშვილი. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მესამე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

. იმნაიშვილი. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მეოთხე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

. იმნაიშვილი. (კითხულობს მეხუთე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მეხუთე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის სიტყვა.

6. დეკრეტი გორის გარნიზონის სხვა და სხვა ადგილას დასაბინავებლად გაწეული ხარჯის დასაფარავად 5.246.493 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი. მიწის ძვრით ქ. გორის დანგრევის გამო იქაური გარნიზონი გადაყვანილ იქმნა სხვა და სხვა ადგილას. ერთი ნაწილი ამ გარნიზონისა დაბანაკებულ იქმნა ახალციხეში, მეორე არტაანში, შემდეგ ბორჯომში და სხვაგან. ამ გადაყვანამ გამოიწვია ხარჯები. მაგალითად ერთი ნაწილი, რომელიც ახალციხეში გადაიყვანეს, მოათავსეს ძველ შენობებში. ამ შენობებს შესწორება და რემონტი დასჭირდა. ამაზედ დაიხარჯა ერთი მილიონი რვაას ოთხმოცდაოთხი ათასი მან. შემდეგ, მეორე ნაწილი, ერთ- ერთ საარტილერიო დივიზიონის ბატარეა გადაიყვანეს და მოათავსეს შენობაში, რომელიც სათანადო გაკეთებას მოითხოვდა, რაც დაჯდა ხუთას ოცდა შვიდი ათას შვიდას ორმოცი მან. ზოგან კი ახალი შენობების აგება დასჭირდათ. ერთ-ერთი სანაპირო რაზმი ახალქალაქში გადაიყვანეს და ამას გამოუწვევია 518.670 მან. ხარჯი, ქ. გორში - 300.000 მან., ბორჯომში ბრიგადის შტაბის მოწყობა-მოგვარებას 460.073 მან. მთელი გორის გარნიზონის გადაყვანა და სათანადო ადგილას შენობის შეკეთება-შევსება დაჯდა სულ 3.690.483 მან. გარდა ამისა, თანახმად გენერალურ შტაბის მოთხოვნილებისა ქ. არტაანში უნდა დაბანაკებულიყო ჯარის ერთი ნაწილი, ერთი გუნდი, რაც დაჯდა 1.556.010 მან., სულ 5.246.493 მან. და აი სამხედრო სამინისტრო შემოდის შუამდგომლობით, რომ გაეხსნას მას სათანადო კრედიტი. სამხედრო კომისიამ მიიღო ეს, აგრეთვე საფინანსო კომისიამაც, თან სახელმწიფო კონტროლის დადებითი დასკვნა ახლავს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? მიღებულია, გთხოვთ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზედ. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფ. კრების მიერ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

7. კანონ-პროექტი ქალაქ ფოთის სასარგებლოდ ნავთსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზე საფუთო გადასახადის შემოღებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. რუსიას ეკუთვნის.

. რუსია. (ს.-დ.) ფოთის თვითმმართველობამ აღძრა შუამდგომლობა, რომ გადადებული იყოს ის გადასახადი, რომელიც ფოთის სასარგებლოდ იყო დაწესებული 1919 წელს 24 მარტის კანონით, ნავთსადგურიდან გატანილ და შემოტანილ საქონელზედ. მაშინ ამ საქონლის საფუთო გადასახადი იყო ნახევარ კაპეიკი, შემდეგ ეს გადასახადი გადიდდა ორ მანეთამდე. ახლა თვითმმართველობა შუამდგომლობს, რომ იქნეს კიდევ გადიდებული ეს გადასახადი. მთავრობამ განიხილა ეს შუამდგომლობა ფოთისა და დაადგინა, რომ ფოთის სასარგებლოთ გაადიდოს 50 პროც. იმ გადასახადისა, რომელიც არის 1919 წ. დეკემბრის 13 კანონით. 50 პროც. ე. ი. დაედება იმ საქონელს, რომელიც იქნება შემოტანილ-გატანილი ქ. ფოთის ნავთსადგურში, ეს დახმარება გადაეცემა ქ. ფოთს იმ პირობით, რომ ნახევარი ამ გადასახადისა მოხმარდეს აუცილებლად ამ ნავთსადგურის გაუმჯობესებას. ამ გადასახადიდან განთავისუფლებული არის შავი ქვა. აი ეს არის შინაარსი ამ კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ-ონ ონიაშვილს ეკუთვნის.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) საბიუჯეტო კომისიამ ეს კანონ-პროექტი მიიღო იმავ სახით, რომლითაც იყო წარმოდგენილი თვითმმართველობის კომისიის მიერ, ე. ი. 50 პროც. გადასახადისა უნდა გადაიდოს ქ. ფოთის თვითმმართველობის სასარგებლოდ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. სათანადო დროს გასვლის შემდეგ კანონ-პროექტი განხილული იქნება მუხლობრივად.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ონიაშვილს.

8. დეკრეტი შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო რაზმის მოქმედების განგრძობისა.

. ონიაშვილი. (ს.-დ) ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებობს საგანგებო რაზმი. ამ რაზმის დაარსება გამოწვეული იყო განსაკუთრებული მიზეზებით და უმთავრესად ანარქიულ ელემენტებთან ბრძოლის საჭიროებით, ვინაიდან მდგომარეობა დღესაც არა ნორმალურია და რესპუბლიკას მრავალი საშიშროება მოელის, ამ რაზმის არსებობა აუცილებლად საჭიროა. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და დაეთანხმა. აი მოკლედ აზრი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ბ-ონ შენგელაიას ეკუთვნის.

. შენგელაია: (ს.-რ.) ბატონებო! უკვე ორი წელიწადია რაც შინაგან-სამინისტროსთან არსებობს საგანგებო რაზმი, ე. ი. ცალკე, განსაკუთრებული ორგანიზაცია „სიშჩიკები“-სა და პროვოკატორებისა. მოგეხსენებათ, რომ ამ რაზმს მეთაურობს და ხელმძღვანელობს ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრი. უნდა ითქვას, რომ ამ რაზმის მოღვაწეობა მრავალფეროვანი და მეტად შინაარსიანია. არ დარჩენილა არც ერთი რევოლიუციონური მონაპოვარი, რომ არ იყოს მისგან შემოღებული და გათელილი: თავისუფლება სიტყვისა, კრებისა, ამ რაზმის მიერ შეურაცხყოფილი და გაუქმებულია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რაც უფრო ანტი-ხალხურია და რეაქციონური არის რომელიმე ორგანიზაცია, მით უფრო იცავს მას ს.-დ. და ბ-ნი რამიშვილი, ამიტომ ჩვენთვის გასაგებია, რომ ისინი აქ შემოდიან წინადადებებით, რომ ერთი წლით განვაგრძოთ, გავაფართოვოთ ამ რაზმის მოქმედება. თქვენ იცით აქ, როგორც მოგახსენათ მომხსენებელმა, 4-ჯერ იქნა ამ რაზმის მოქმედების განგრძობა დადგენილიყო და დღეს მე-5-ჯერ ეს ჩვენ ფრაქციას არ შეუძლიან, იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიამ გამოგვგზავნა და დაგვავალა, რომ ყოველ გვარისი მახინჯებს, შევებრძოლოთ მთელის ჩვენის არსებობით, ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გაუქმებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს რაზმი დაარსდა 1918 წ. ეს იყო არა ჩვეულებრივი ხანა ჩვენი ქვეყნისათვის, მაშინ ჩვენი საგარეო და შინაური მდგომარეობა აწეწილი იყო. ჩვენ ოდნავ მაინც ჯანსაღი ადმინისტრატიული აპარატი არ გვქონდა. შემდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალა, როგორც არის ჯარი და გვარდია, მხოლოდ ისახებოდა, ირაზმებოდა. გარდა ამისა, იმ ხანაში ჩვენი ქვეყანა სავსე იყო ისეთ ელემენტებით, რომელთაც არავითარი კავშირი ჰქონდათ ჩვენ ქვეყანასთან, პირიქით მთელი თავისი ძალღონით ცდილობდნენ დაემხოთ ჩვენი რესპუბლიკა და დამოუკიდებლობა. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდენ, როდესაც სოც.-დემოკრატები საგანგებო რაზმს აარსებდენ. მაგრამ ამ რაზმის მოღვაწეობა განისაზღვრა 6 თვით და ეხლა, დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენი შინაური და საერთაშორისო მდგომარეობა გაცილებით უკეთესი არის, სახელმწიფოებრივმა იდეამ ფეხი მოიკიდა და შედარებით საერთოდ უკეთესი მდგომარეობა არის, როგორც შიგნით, ისე გარეთ, რასაც ვერ უარყოფს თვითონ მომხსენებელი. ასეთი პირობებში სოც.-დემ. ახალი წინადადებით, რაზმის მოქმედების განგრძობისა, აბსოლიუტურად მიუღებელია. მინისტრს დავეთანხმეთ და მივიღეთ მისი განმარტება, ეს რაზმი მუდმივ ორგანიზაციად უნდა გადაიქცეს. ე. ი. ის რაც იყო ერთგვარი გამონაკლისი, ერთგვარი ბოროტება, ს.-დ. არა სურს, რომ ეს ბოროტება დღეს დაკანონდეს. ჩვენ ამის სასტიკი წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ამას ვერ მივცემთ ხმას, ამისათვის არავითარი მოსაზრება და საბუთები არ არის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ საერთო ტენდენციას, რომელსაც ვამჩნევთ მთავრობას და კერძოთ მინისტრებს. ჩვენში მინისტრი არ არის, რომელსაც თავისი ცალკე რეალური ძალა, რაიმე რაზმი არ ჰყავდეს. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ჩვენ გვარდიას ბ. რამიშვილი არ უყვარსო. (ხმაურობა). თუ ეს მართალია, მაშინ სავსებით გასაგები არის რატომ ცდილობს ბ. რამიშვილი გააძლიეროს ეს რაზმი, რადგანაც ის არის მისი გვარდია მსგავსი ბ. ჯუღელის გვარდიისა. მართალია ის წითელი არ არის, ის არის შავი გვარდია, მაგრამ წითელ ფერზე ხელი აიღო თვით სახალხო გვარდიამ, ამის გარდა ეს არის რეალური ძალა, რომელიც ბ. რამიშვილს დასჭირდება პარტიაში თუ მის გარედ ბრძოლის დროს. სხვა მოსაზრებით შეუძლებელია, რომ არსებობდეს მუდმივი ჯარი, გვარდია, მილიცია და მასთან ერთად რაღაც განსაკუთრებული ძალა, რაღაც განსაკუთრებული რაზმი, რომელიც არავის არ ემორჩილება, რომლის უფლებები გამორკვეული არ არის და პრეტენზიები აქვს, გაავრცელოს თავისი მოქმედება მთელს რესპუბლიკაზედ.

აი, ბატონებო, ასეთი არის მდგომარეობა. თქვენ იცით, რომ ეს რაზმი იყო აქ, ტფილისში და მის მოქმედების ფარგლები განისაზღვრებოდა შედარებით პატარა რაიონით. ეხლა კი მინისტრი სცდილობს გახადოს ეს რაზმი რაღაც ექსტერიტორიულ რაზმად და მის სათარეშოდ უნდა გადააქციოს მთელი საქართველო. თუ ეს მოხდა, მაშინ ის გახდება მთელი ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი და ჩაიდენს იმას, რასაც მოისურვებს. გარდა ამისა, როგორც ბატონ რამიშვილის განმარტების ბარათიდან სჩანს, ეს რაზმი აფართოებს თავის უფლებებს. ის ითვისებს სასამართლოს ფუნქციებს. ეს იმდენად შეუწყნარებელია, რომ თვით ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრიც მიმხვდარა, რომ ეს შეუძლებელია. მას არაჩვეულებრივად მიაჩნია ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აფართოებს თავის კომპეტენციას და იჭრება სასამართლოს სფეროში. თქვენ წარმოიდგინეთ რაზმი, რომელიც მთელს რესპუბლიკაში მოქმედებს, რომლის მოქმედებაც არ არის განსაზღვრული და ამავე დროს მას ჰყავს თავისი იურისკონსულტი. ეს არის ცალკე სამინისტრო თუ დეპარტამენტი! როგორც მოგახსენეთ, მთავრობაში ისეთი ტენდენცია არის, რომ ყველა მინისტრს სურს ყავდეს თავისი საკუთარი ორგანიზაცია, რომელსაც იგი უნდა ემყარებოდეს ყოველთვის. ასეთი არის გეგეჭკორი-ჯუღელის სახალხო გვარდია, ბატონ რამიშვილის გვარდია, ბ. არსენიძემაც დაარსა თავისი რაზმი. ასე რომ ყოველი მინისტრი თავის ორგანიზაციას ქმნის და მე მიკვირს რატომ ფინანსთა მინისტრი არ შემოდის ასეთივე წინადადებით, მას ხომ ფული ბევრი აქვს და დასჭირდება ეს რაზმი!

შეიძლება შევრიგებოდით ამ არაჩვეულებრივ მოვლენას - საგანგებო რაზმს, რომ პრაქტიკულად თავისი მოქმედებით ის ხელს უწყობდეს დემოკრატიული რესპუბლიკის განმტკიცებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. და რომ ეს ასე არ არის, რომ სრულიად ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის ახალგაზრდა რესპუბლიკა, რომლისთვისაც ადმინისტრაციის მოქმედებას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამის უბრალო ფაქტს მოგიყვანთ. თქვენ იცით, რომ ამას წინად აქ იყო შემოტანილი შეკითხვა იმ თვითნებობის შესახებ, რომელსაც იჩენენ საგანგებო რაზმის აგენტები, განსაკუთრებით ჩვენს დედა ქალაქ ტფილისში. იქამდის მივიდა მათი თავხედობა, რომ მუშათა პროფესიონალური ორგანიზაციები თავის კრებას ვერ გამართავენ ისე, რომ იქ არ შეიჭრან ეს აგენტები. ამ გარემოებამ ააღელვა პროფესიონალური ორგანიზაციები, პროტესტიც გაისმა და სწორედ მაშინ იყო შემოტანილი შეკითხვა, რომელიც შემთხვევით მოიხსნა.

თუ ეს გეგმა განახორციელა მინისტრმა, თუ საგანგებო რაზმს სათარეშოდ მიეცემა მთელი რესპუბლიკა, თქვენ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოყვება ამას, რას დაემსგავსება ჩვენი რესპუბლიკა. ეს იქნება ჯოჯოხეთი. არ არის არავითარი იმედი იმისა, რომ მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება საგანგებო რაზმის აგენტების თავხედობისაგან. და ყველა ამის შემდეგ ჩემთვის გასაგები ხდება თუ რად სცდილობს ბატონი გეგეჭკორი შექმნას რაც შეიძლება მეტი ნეიტრალური ზონები: შეიძლება აქ მაინც იქმნას მოქალაქე თავისუფალი ამ რაზმისაგან?! (სიცილი). სხვაგან უეჭველად ის სისტემატურად და სასტიკად დატუქსავს თავისუფალ აზრს და შეებრძოლება რევოლიუციის ყველა მონაპოვართ. ჩვენ ვიცით არა ერთი მაგალითი, როდესაც თქვენი აგენტები დახურულ პარტიულ კრებებს უსირცხვოდ ესწრებოდენ.

ეს არის ნამდვილი ჟანდარმერია, რომლის არსებობას არ მოითხოვს მშრომელი ხალხის ინტერესები! მის არსებობას მოითხოვს მხოლოდ თქვენი პარტიული ინტერესი, მხოლოდ თქვენი სურვილი იბატონოთ ხალხზე, რომელსაც თქვენი არაფერი სწამს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩხიკვიშვილს.

. ჩხიკვიშვილი. (ს.-დ.) მართალი უნდა მოგახსენოთ, ბატონო შენგელაია, და საზოგადოთ ს.-რ.-ბის ფრაქციის წარმომადგენელნო, რომ ამგვარი საკითხების შესახებ პირველად მესმის ისეთი მსჯელობა, რომელიც აქ მოვისმინეთ. ეს არ იყო დასაბუთებული სერიოზული მსჯელობა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ვაჟბატონებს არცა სჩვევიათ სერიოზული მსჯელობა. დღეს, ბოდიშს ვიხდი ამ სახელწოდებისთვის, მაგრამ მე მგონია რომ შენგელაიას უნდოდა ეოხუნჯა. არსებითად, რასაკვირველია, ამ ოხუნჯობაში იუმორი სრულიად არ ყოფილა. მე გეკითხებით თქვენ, შეიძლება სერიოზულად ცოტად თუ ბევრად პატიოსანმა საზოგადო მოღვაწემ, სოციალისტური პარტიის წევრმა, წარმომადგენელმა სოც.-რევოლიუც. პარტიისა, დიდ ვალდებულების პირმა სთქვას, რომ სოც.-დემოკრატიული პარტია ყოფილა სიშჩიკების, რეაქციონერებისა და პროვოკატორების პარტიაო, რომ საგანგებო რაზმის ორგანიზაცია სიშჩიკებისაგან შესდგება და ამის მეთაურია ბატონი რამიშვილიო? ან და: რაზმის შედგენა მისთვის უნდა ბატონ რამიშვილს, რომ ის თურმე სახალხო გვარდიას არ უყვარს და თავისი საკუთარი რაზმი უნდა ყავდესო? არის ეს მსჯელობა? ეს არის უგუნურება და დემაგოგია. და ამითი სურთ ავტორიტეტის მოპოება. ბ. შენგელაიას არაფერი არ უთქვამს გარდა იმისა, რომ მე (ხმები არ ისმის გარკვევით). მე ვამბობ რომ მას არაფერი უთქვამს არსებითად გარდა იმისა, რომ ამ შტატებს მხარს არ დაუჭერო. ბატონებო, თქვენ იცით, რომ არაა ერთი სახელმწიფო, რომელიც ასეთ შექმნილ მდგომარეობაში აწონ-დაწონით არ მოქმედებდეს.

ერთი უნდა სთქვათ: ან არ გინდათ საერთოდ სახელმწიფო და ის ფორმა, რომელიც ჩვენში არის და ან თუ გინდათ - უნდა სთქვათ მეორე, რომ ამნაირად უნდა იყოს სახელმწიფოს დაცვა და შენახვა. ან არ იცით, როგორ შეიძლება სახელმწიფოს დაცვა და მაშინ უცოდინარობით არის ეს ლაპარაკი, ან თუ იცით და მაინც ამბობთ - მაშინ არ გინდათ სახელმწიფო. მე სხვა დასკვნა ვერ გამოვიყვანე თქვენი ლაპარაკიდან. (ესერებისაგან რეპლიკა). ჩემი გულწრფელი რწმენა არის ეს. დაიჯერეთ, გულწრფელად ვლაპარაკობ. (ივ. ლორთქიფანიძე: რა? რომ ჩვენი მტრები ვართ საქართველოსი?). მე მგონია, თუ თქვენ შეგნებულად ამბობთ იმას, რასაც ამბობთ - დიახ, თქვენ მტერი ხართ საქართველოსი.

თუ თქვენ გწამთ დემოკრატიული რესპუბლიკა - ეხლა ისეთი დროა, რომ ბევრს აღარ სწამს - თუ გწამთ მეთოდები და საშუალებები სახელმწიფოს ბრძოლისა თავის დასაცავად, ბოროტ-მოქმედთა დევნა უნდა არსებობდეს. უიმისოდ სახელმწიფოს არსებობა არ შეიძლება. აი, თუ გინდა ის „იდეალური“ სახელმწიფო, ის „იდეალური“ მართვა-გამგეობა, რომელსაც თქვენ ნათლად არ ამბობთ, მაგრამ გულში ალბად ყოველთვის გაქვთ ნაგულისხმევი, ჩრდილოეთის სახელმწიფო, - ეს სახელმწიფო უმცირესობით ასეთი და ამაზე უარესი მეთოდებით არ იცავს თავს უმრავლესობისაგან? მან უმრავლესობას მოახვია თავზე თავისი სურვილები. ჩვენში კი წინააღმდეგ, უმრავლესობამ შექმნა სახელმწიფო და ზედმეტია ლაპარაკი სიშჩიკებზე.

მაგრამ რას ნიშნავს, ბატონებო, ეს „სიშჩიკი“? თქვენ დაშინებული ხართ ამ სიტყვით. ხარს აშინებს წითელი ფერი. თქვენ გყავთ სიშჩიკები. იმ პარტიას, რომელსაც თქვენ ეკუთვნით, ყოველთვის ჰყავდა სიშჩიკები. თქვენ ახალგაზრდა ხართ და არ იცით, მე დამიჯერეთ და გასწავლით. გყავდათ თქვენ სიშჩიკები თქვენი მტრების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს ირგვლივ იყო და ამ სიშჩიკების საშუალებით თქვენ ზვერავდით მტრების ბანაკებს, თვალ-ყურს ადევნებდით მათ მოღვაწეობას და ნაბიჯებს.

მე ამითი თქვენი პარტიის დამცირება კი არ მინდა. აზეფები და სხვანი ყოველ პარტიაში შეიძლება იყოს, იყო თქვენს პარტიაშიც, თუ კი იცით თქვენ ის პარტია, საიდანაც თქვენ გამოდით.

და თუ კი პარტიას შეუძლია ყავდეს ასეთი სიშჩიკები - დასკვნა უბრალოა - რატომ არ უნდა ყავდეს ისინი სახელმწიფოს თავისი მდგომარეობის სასარგებლოდ?

იგივე შენგელაია თურმე იმით არის კიდევ აღელვებული, რომ სადღაც საიდუმლო კრებაზე განსაკუთრებული რაზმის თანამშრომელი იყო. პარტიულზე კი არა - ის არ იყო პარტიული კრება, ან რომელი პარტიული კრებებია ახლა საიდუმლოდ რომ იმართება, - არა ეს იყო საიდუმლოდ გამართული კრება. მე მგონია იმ კრებაზე ლაპარაკობთ, ფარმაცევტთა პროფესიონალურმა კავშირმა რომ გამართა. თურმე საჭირო ყოფილა პარტიისათვის, ჯგუფისათვის, თუ გინდ პროფესიონალური კავშირი იყოს, მოეხდინა კრება დიდი საიდუმლოებით. და მე თქვენ გეკითხებით, იმ დროს, როცა სახელმწიფოს წინაშე ახალი საშიშროება წამოიჭრა, შეიძლებოდა თუ არა რომელიმე მოქალაქეთა ჯგუფს, - თუ გინდ ეს პროფესიონალური კავშირი ყოფილიყო - საიდუმლო კრება გაემართა და სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმები დაემუშავებია? (რეპლიკა: ის არ იყო სახელწიფოს წინააღმდეგ!). თუ წინააღმდეგი არ იყო, მაშ საიდუმლოდ რაღათ იყო გამართული? და თუ ასეთ კრებას სიშჩიკი დაესწრო, რომ შეეტყო ვინ არის მტერი და მოყვარე ამ სერიოზულ დროს - ეს იმისი პირდაპირი მოვალეობა იყო და ეს ნუ თუ თქვენ, ბ-ნო შენგელაია, დანაშაულობად მიგაჩნიათ?

ბატონო! უარყოფთ თქვენ სახელმწიფოს თუ არა? თუ უარყოფთ სრულიად სახელმწიფოს, მის ორგანოებს, მაშინ ეს გასაგებია, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ უარყოფთ, თუ არ უარყოფთ მის ორგანოებს, მაშინ „სიშჩიკებს“ ვერ უარყოფთ.

რაც შეეხება იმას, რომ რამიშვილს გვარდია ესაჭიროება, არსენიძესაც თავისი საკუთარი გვარდია უნდა - ეს მხოლოდ ცუდი, უკბილო ოხუნჯობა არის და მას სერიოზულათ არ გამოვუდგები. თქვენ კარგად იცით ის განწყობილება, რომელიც ჩვენს მთავრობასა და გვარდიას შორის არსებობს და იარსებებს. მაგრამ შენგელაიამ აქ ახირებული მოსაზრება სთქვა, რომელსაც განმარტება უნდა. რათ გინდათ საგანგებო რაზმები, როცა გვარდია, ჯარი და მილიცია გყავთო. ესეც უნდა აგიხსნათ? ყმაწვილები ხომ არა ხართ, ჯარი და გვარდია რა არის ნუ თუ არ იცით? ან უნდა სთქვათ, რომ ეს უაზრობა არის, ან რა მოსატანი არის აქ ჯარი და გვარდია? (შენგელაია: მილიცია?) მილიცია ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ ამ სერიოზულ დროს, როცა მრავალი მტრით გარს შემორტყმულია ახალგაზრდა რესპუბლიკა, აუცილებლად საჭიროა ჯართან და მილიციასთან ერთად ამგვარი ორგანიზაციის ყოლაც, სამარცხვინო მისი მოქმედება ჩვენ არ გვინახავს. რასაკვირველია, შეიძლება იყოს დეფექტები, არის დამნაშავეები, მაგრამ დამნაშავისათვის ციხე არსებობს, დეფექტებისათვის - გამოცდილების საშუალებით გამოსწორება. თუ თქვენ ერთგული ხართ სახელმწიფოსი, გვიჩვენეთ თუ იცით ასეთი პირობები; ეს იქნება დეპუტატის ნამდვილი მოვალეობა. ეს იქნება რესპუბლიკისათვის საჭირო სამსახური და არა ასეთი ოხუნჯობა.

სინამდვილეში ასე არის: სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც თქვენზე უკეთ აქვს წარმოდგენილი თავისუფლება პიროვნებისა, ერობისა და მათი გარანტიები, ეს სახელმწიფოსთან და მის დემოკრატიულ მართვა-გამგეობასთან მიზან-შეწონილათ და შეფერადებულად მიაჩნია. ეს გეგმა აშკარა არის. ჩვენ ამას არ ვმალავთ. ამას მოითხოვს სახელწიფოსა და დემოკრატიის ინტერესები. თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, თანამშრომელი რაზმისა, საიდუმლო კრებაზე, რომელსაც მიზნათ აქვს ნორჩი რესპუბლიკის დაცემა, ყოველთვის იქნება, მავნე ელემენტებს ყოველთვის დაიჭერს, ყოველთვის დაატუსაღებს, ყოველთვის ადევნებს თვალ-ყურს!..

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ შინაგან-საქმეთა მინისტრს.

. რამიშვილი (შინ. საქ. მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ის პარტია, რომელიც ჩვენში მოკლებულია ყოველივე ნიადაგს, დღეს ამ თავის უნიადაგობას იმით ააშკარავებს, რომ მუდამ ერთსა და იმავე გაზეპირებულ სიტყვებს იმეორებს, მუდამ ერთსა და იმავე „ლექციას“ გვიკითხავს. მე ვამბობ მუდამ, მაგრამ დღეს მისი დაქვეითება იმდენად შორს წავიდა, რომ იგი აქ გამოვიდა როგორც ჭორიკანობის, დიახ, ჭორიკანობის პარტია. და აი აქ მოიყვანეს ერთი საბუთი... (შენგელაია: მოგხვდათ გულში?) ვის მოხვდება გულში ამას ბოლოს გაიგებთ. მას, ვინც ავრცელებს ამ ჭორს და არ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ჭორის სიგრძე-სიგანისას. თქვენ აქ სთქვით, რომ განსაკუთრებული რაზმი საჭირო იყო შინაგან საქმეთა მინისტრისათვის მისთვის, რომ ბ. რამიშვილს სურდა შეექმნა მოწინააღმდეგე ძალა სახალხო გვარდიისათვის, რომელიც მას არ უყვარს და რომელსაც ბ. რამიშვილთან ცუდი განწყობილება აქვსო. (სოც.-დემ.: პროვოკაციაა!) მე არ ვამბობ პროვოკაციაზე, ისინი ამაზე უფრო შორს წავიდენ. მათი დაქვეითება მივიდა იქამდე, რომ აშკარა ჭორით გამოვიდენ. მე აქ ერთ ფაქტს მოგახსენებთ. ეს იცით თქვენ. ეს ის ფაქტია, რომლის მოწამე თქვენც იყავით. ეს არის ის, რომ მე იმდენად კარგი განწყობილება მქონდა ამ გვარდიასთან, რომ სახალხო გვარდია მომხრე იყო მისი, რომ მე დავრჩენილიყავ ამავე პოსტზე, სადაც მე მექნებოდა ის მჭიდრო კონტაქტი მასთან, რომელიც წინად მქონდა. (სოც.-დემ.: მართალია!). ეს იცის ყველამ და მე ვიმეორებ, ის ჭორიკანობის პარტია, ის დაქვეითებისა და გათახსირების პარტია, რომელიც დღეს აქ გამოვიდა, ამ დასაბუთებას ვერ უარყოფს. მე ვიმეორებ, რომ თქვენ ამ უმაღლეს ტრიბუნიდან წარმოსთქვით ჭორი. ეს ფაქტია.

მაგრამ ეხლა გადავიდეთ პოლიტიკურ მხარეზე. მართალია, პოლიტიკურად გაუწვრთნელ ხალხს ვერ მოსთხოვთ ცოდნას იმისას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის პოლიტიკური აქტი, ნაბიჯი, რომელიც საჭირო არის სახელმწიფოსათვის. მაგრამ თუ თქვენ ამის ნიჭი არ შეგწევთ, დააკვირდით ერთ გარემოებას. ჩვენ საერთოდ ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ დრო არ არის სხვა სახელმწიფოს მდგომარეობას შევეხოთ, მაგრამ მაინც იძულებული ვარ ერთი ფაქტი მოვიყვანო. სწორედ ასე, როგორც თქვენ, მსჯელობდენ თქვენი ამხანაგები ჩვენ მეზობელ სომხეთში. იქაც ეს საკითხი იდგა, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ. იქ ამბობდნენ: რა საჭიროა განსაკუთრებული ორგანიზაცია - ჩვენში ყველა სომეხი იცავს დამოუკიდებლობასო. იცით რა მოხდა? და სწორედ იმ დროს, როდესაც სომხეთში გამოვიდნენ ბოლშევიკები და გაილაშქრეს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობა იძულებული იყო ზომები მიეღო. ერთ დეპეშაში ასე იყო ნათქვამი: «Мы орიентируемся на Рамишвили»-ო. (ლ. შენგელაია: დაშნაკელები!) ისინი სომხების დაშნაკელები არიან, თქვენ კი საქართველოსი! მე ვამბობ, რომ ზოგიერთი წევრი სოციალისტ-რევოლიუციონერების ფრაქციისა უნდა გაჩუმდეს, ამაზე ცალკე გვექნება ლაპარაკი... (ხმაურობა) ზოგიერთი თქვენგანი მაინც რომ გაჩუმდეს, უკეთესია...

დიახ, თქვენ თუ მართლა გამოქმედებთ არა ჭორიკანობა, არა უბრალო ჟინიანობა, არამედ შეგნება სახელმწიფოებრივი ინტერესებისა, უნდა გეთქვათ, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ადგილას ხდება ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსვლა, რომელიც დანგრევას უქადის ჩვენს სახელმწიფოს, საჭირო იყო ასეთ ორგანიზაციის არსებობა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თქვენში ორჯელ კი არა, ასკეც არის გადიდებული ანტი-სახელმწიფოებრივი შეგნება. და ჩვენ, შევქმენით ისეთი პირობები, რომ ასეთ გამოსვლებს ნიადაგი არ მისცემოდა და თუ თქვენ გაქვთ ის საშუალება, რომ აქ სხედხართ და ისვრით ისეთ ფრაზებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეეფერება, სწორედ იმ ზომას მიეწერება, რომელიც მიიღო მთავრობამ და კერძოდ შინაგან-საქმეთა მინისტრმა. ნუ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საჭირო იყო წინედ, მაგრამ მას შემდეგ რაც ზავი შევკარით რუსეთთან, მოსპობილია ის ელემენტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდენ? (შ. მესხიშვილი: სწორედ ახლა არის საჭირო!) უთხარით ამ საქართველოს დაშნაკელებს, თუ მართლაც თქვენ გაქვთ უნარი პოლიტიკურ მდგომარეობის დაფასებისა, თქვენ უნდა შეიგნოთ საჭიროება ამ ორგანიზაციის არსებობისა. მაგრამ თქვენ გგონიათ, რომ ვინმეს მოინადირებთ, თქვენ მონადირებულ ხალხს ახალი პატრონი, ახალი მესაიდუმლე გაუჩნდება. და მე ვამბობ, როცა სახელმწიფო საქმეებს ვასრულებ, არც სიხარული და არც მოწყენილობა არ მიპყრობს. მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას ისე, როგორც შემიძლიან, თუმც აშკარად უნდა ვთქვა, რომ ეს მეტი მძიმე მოვალეობაა. მე ვამბობ, რომ განსაკუთრებით დღეს არის საჭირო ასეთ ორგანიზაციის გაძლიერება. აი, ბატონებო, საპროგრამო წერილი ერთი პარტიისა. ამას სწერს მიხა ცხაკაია, რომელსაც გულწრფელად ვთვლი, ის ყოველთვის ამბობს იმას, რასაც გრძნობს. ამაში ეჭვი არ მეპარება. ამ წერილში არის ლაპარაკი იმ საორგანიზაციო მუშაობაზე რომელიც კომუნისტურმა პარტიამ უნდა აწარმოვოს ჩვენში.

ეხება რა თავისი პარტიის მოღვაწეობის იდეალურ გაფართოებას, მიხა ცხაკაია სწერს: „მაშინ მერწმუნეთ, შესაძლებელია ეგების არასოდეს დაგვჭირდეს წარსული ბრძოლის იარაღები და უმტკივნეულოთ გადავალთ მშრომელ ხალხთათვის ერთად-ერთ საუკეთესო სახელმწიფო ფორმაზე, რომელსაც ეწოდება საბჭოთა ძალა-უფლება“.

მე არ ვიცი რას ამბობს თქვენი პროგრამა. როცა დაგჭირდებათ არა 24 საათში, 2 წუთის განმავლობაში შეიცვლით ფრონტს, მაგრამ ამას ვერ ჩაიდენს დემოკრატია, ის ვერ დასთმობს თავის პოზიციას... (ლ. შენგელაია: უკვე დასთმო!) ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოვსპეთ საშუალებანი თქვენი დათმობისაც კი. შევქმენით ისეთი მტკიცე მდგომარეობა იმ განაპირა კუთხეებში, სადაც რუსეთისაკენ იცქირებოდენ, რომ ეს ელემენტები... (ხმაურობა). ეს იცის ლორთქიფანიძემ (ხმაურია. ი. ლორთქიფანიძე: მინისტრს ჭორი არ ეკადრება!). მაშ, ბ. ლორთქიფანიძე, ეს ტყუილია, რომ თქვენ მუშაობდით იმ დამოუკიდებლებთან, რომლებიც შემდეგ მონაწილეობას იღებდენ საქართველოს წინააღმდეგ აჯანყებაში? ამაზე, თქვენ შესახებ ცალკე გვექნება ლაპარაკი. თუ ეს ტყუილია, გამოდით და დაამტკიცეთ. (ხმა: შენი აგენტები ხშირად გატყუებენ!). მე ყოველთვის არ ვუჯერი აგენტებს. ეს ფაქტია, რომ თქვენ დაკავშირებული იყავით დამოუკიდებლებთან და მათთან ერთად გსურდათ შეგედგინათ მთავრობა. (ხმაურობა. ხმები: საბუთი?) ამის საბუთი იცით თქვენც და იცის აფხაზეთის წარმომადგენლებმაც. მას შემდეგ, რაც მოხდა გამოსვლა ამ დამოუკიდებლებისა ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, თქვენ გაქვთ უფლება, რომ აქ გამოხვიდეთ და ილაპარაკოთ. (ხმა: სოხუმის დემოკრატიამ?) ამას ის გამოძიება გამოაშკარავებს, რომელიც თქვენი ამხანაგის მოღვაწეობასაც ეხება. (ხმები: რაზმი? რაზმზე ილაპარაკე!). დიახ, ის რაზმი, არ ვამბობ უმთავრესი, მაგრამ არის ერთი ელემენტთაგანი, რომელიც ყველა მოღალატეებს და მოქანავეებს იმისდა მიხედვით, თუ საიდან მოქრის სიო, ებრძვის და მათ წინააღმდეგ იღებს შესაფერ ზომებს. და მე ვფიქრობ, რომ თქვენი გაბოროტება იმ გარემოებას მიეწერება, რომელზედაც მოგახსენებთ. აქ ამბობენ, რომ რაზმში პროვოკატორები ირიცხებიანო. საბუთი? (ლ. შენგელაია: თქვენ თვითონ განაცხადეთ ტრიბუნიდან!). ჩვენ ის ერთხელაც არ გვითქვამს, რომ იქ პროვოკატორები არიან, მაგრამ მართალია ის, რომ ვიცით რაც კეთდება კომუნისტურ პარტიაში. შეიძლება მართლა იყოს ერთი ორი კაცი ამ რაზმში ისეთი პირები არიან, რომლებიც ღირსნი არიან თვისი დანიშნულებისა და მოვალეობისა. ეს იცით თქვენც და ამაზეც ზედმეტია ლაპარაკი.

თქვენ იცით, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ზავი საბჭოთა რუსეთთან, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ მტკიცედ ავასრულოთ ამ ზავის პირობები. მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს ის გარემოება, რომ ასეთი არის ჩვენი სურვილი. ჩვენ არა გვსურს რუსეთის საქმეებში ჩავერიოთ, მაგრამ არიან ისეთი ელემენტები, რომელნიც ცდილობენ უცხო ელემენტები შემოიყვანონ აქ და დაამხონ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა. ამისი ნიშნები არის უკვე. ამას ამტკიცებს ის უკანასკნელი ოფიციალური განცხადება, რომელსაც ამოიკითხავდით პრესაში რამდენიმე დღის წინად. ეს აშკარა არის. ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ მრავალ ადგილას ცდილობენ არა ლეგალურის გზით, არამედ ძველი ნაცადი გზით, იარაღით და სხვა საშუალებით გამოიწვიონ არევ-დარევა და დასცენ ჩვენი რესპუბლიკა.

და ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებით არის საჭირო საქმიანობა, გვეუბნებიან: დაყარეთ ფარ-ხმალი და ისეთი მდგომარეობა შექმენით, როგორც არის აზერბეიჯანში და სომხეთშიო. და თქვენ გგონიათ, რომ მოიპოვება თუნდ ერთი ქართველი მაინც, მე არ ვლაპარაკობ მმართველ პარტიაზე, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეებზე, - მოიპოვება თუნდ ერთი შეგნებული მოქალაქე, რომელიც იტყვის, წავართვათ მთავრობას იარაღი, მოუსპოთ საშუალება ბრძოლისა და ამნაირად გაუადვილოთ მოქმედება ამ ელემენტებსო? ამას იტყვის ან აშკარა პროვოკატორი, ან უგუნური. ამას იტყვის ის ხალხი, რომელიც ანგარიშს არ აძლევს იმას, თუ რას იტყვის.

ამიტომ, მე მგონია, ჩვენ ვივლით იმ გზით, რომლითაც მივდიოდით დღემდის და დარწმუნებული ვარ ამას მოიწონებს არა მარტო დამფუძნებელი კრება, არამედ ტაშს დაუკრავს მთელი საქართველოს დემოკრატია, რომ მტრის იარაღს დაუპირდაპიროს საწინააღმდეგო იარაღი. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ-ნ შენგელაიას.

. შენგელაია. (ს.-რ.) ბატონებო! რომ საგანგებო რაზმის მოღვაწეობა არის უარყოფითი, მე ამაში დარწმუნებული ვიყავ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორი ორატორი მოვისმინე, მე ამაში უფრო დავრწმუნდი.

არის ორი გზა, ორი საშუალება დაიცვათ და გაამართლოთ საგანგებო რაზმის არსებობა.

თუ თქვენ ვაჟკაცები ხართ, უნდა სთქვათ, რომ სოც.-დემოკრატიამ დასტოვა დემოკრატიის გზა და გაწყვიტა კავშირი სოციალიზმთან. ეს იქნებოდა გულახდილი აღიარება. მაშინ ჩვენ გვეცოდინებოდა ვისთან გვაქვს საქმე, მაშინ ერთგვარი აზრი ექნებოდა საგანგებო რაზმის არსებობას.

არის მეორე გზა. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ საგანგებო რაზმი იცავს მართლაც თავისუფლებას, რომ უამრაზმოდ რევოლიუციის მონაპოვართ საფრთხე მოელის.

ვერც ერთი პასუხისმგებელი რევოლიუციონერი ვერ იტყვის, რომ ამ რაზმის მოღვაწეობა იყოს მიმართული აქეთკენ, რომ ის ამტკიცებდეს ჩვენში თავისუფლებას და რევოლიუციას. მაგრამ თუ აქ მაინც გამოდიან, ეს იმიტომ, რომ ჟინით უნდათ გაიყვანონ ეს დეკრეტი, რათა ამ ახირებულმა ორგანიზაციამ კვლავ ითარეშოს. მე ვიცი, რომ ამ აზრისანი თქვენშიაც ბევრნი არიან (საერთო ხმაურობა) და უნდა იყვნენ კიდეც, თუ თქვენი პარტია არ დასადგომია გადაგვარების გზას, მხოლოდ ამის თქმას აქ საჯაროდ ვერ ბედავენ!

გვეუბნებიან, ჩვენ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვიდრე აქამდისო. თუ ეს ასეა, თქვენ უნდა გამოტყდეთ, თქვენ უნდა აღიაროთ, რომ არა გაქვთ ადმინისტრატიული აპარატი მოწყობილი და მილიციას და ჯარს არ შეუძლიან დაიცვას საქართველო, როგორც გარეშე ისე შინაურ მტრებისაგან. აქ გამოსულ ორატორებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ჩვენში დღეს უარესი მდგომარეობაა (სამს. დადიანი ადგილიდან: მაშ ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს?). მე არ ვამბობ, რომ გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ და არ ვიზრუნოთ, ამას ან როგორ იტყვის ჩვენი კარგი დიპლომატიის პატრონი, მაგრამ შედარებით, მე ვამბობ, ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს იმ ოფიციალურ განცხადებების მიხედვით, რომლითაც აქ გამოდიან ხოლმე ჩვენი მინისტრები...

თუ წინად ამბობდნენ, განსაკუთრებული რაზმი ექვსი თვით იმოქმედებსო, რა მოხდა დღეს? თქვენ ხომ ამბობდით: ყველაფერი გავაკეთეთო. და თუ დღეს ჩვენი მდგომარეობა უარესია, მაშინ სჩანს თქვენ ატყუებდით დემოკრატიას, დამფუძნებელ კრებას და ამიტომ პასუხი უნდა აგოთ ხალხის წინაშე.

საგანგებო რაზმს ჰქვიან კონტრ-რევოლიუციის, სპეკულიაციის, ძარცვა- გლეჯის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი. და მართლაც, თუ კი ის ჩვენ მოგვაშორებს კონტრ-რევოლიუციას, თუ შეაჩერებს სპეკულიაციას და მოსპობს ძარცვა-გლეჯას, განა იქნება ისეთი კაცი, რომელიც ამ რაზმის წინააღმდეგი გამოვა?! მაგრამ სიტყვა სხვაა და საქმე სხვა.

როგორც თქვენ ბრძანებთ, ამ რაზმმა უნდა ებრძოლოს კონტრ-რევოლიუციას და მე მინდა შევეკითხო სოც.-დემოკრატიას, არ გეცინებათ როდესაც ამბობთ, რომ ამ რაზმმა უნდა ებრძოლოს კონტრ-რევოლიუციასო? მერე ვინ არის ეს კონტრ-რევოლიუციონერები? მე ვამბობ, დღეს საქართველოში კონტრრევოლიუციონერი თუ არის ვინმე, ეს არის თქვენი პარტია სოც.-დემოკრატია. აიღეთ თუნდაც თქვენი აგრარული რეფორმა. დიდი ვაი ვაგლახის შემდეგ თქვენ მიწების კონფისკაცია მოახდინეთ, და შემდეგ ეს მიწები გლეხებზე გაყიდეთ. განა შეიძლება, რომ სოციალისტურმა პარტიამ მიწები გაყიდოს გლეხობაზე? ამაზე სოციალისტურ წრეებში არც შეიძლება ლაპარაკი და ამიტომაც იყო, რომ წერეთელი ამბობდა ევროპაში გლეხობას შვიდ-შვიდი დესიატინა მიწა გადავეცითო, მან ვერ სთქვა, შერცხვა ეთქვა გლეხებს მიწა მივყიდოთ, (სიცილი) თქვენ ხომ ბურჟუაზიის საქმეს აკეთებთ და როგორ შეებრძოლებით კონტრ-რევოლიუციას?! ჩვენში გარდა ათიოდე ბურჟუა სპეკულიანტისა, ყველა სპეკულიანტები თქვენი წრიდან არიან. თქვენი ორგანიზაციები, თვითმმართველობანი, ერობები, სამინისტროები სისტემატიურად სპეკულიაციას ეწევიან. აიღეთ თუნდაც სამხედრო-სამინისტრო, რომელმაც 40 მანეთად შაქარი იყიდა და შემდეგ 500 მანეთად გაყიდა. თუ სერიოზულად ფიქრობთ, რომ უნდა შეებრძოლონ სოც.-დემოკრატიას, რომელიც ამ სპეკულიაციას მეთაურობს, თუ თქვენ ამას ჩაიდენთ, მაშინ მხარს დაგიჭერთ, თქვენთან ვიქნებით და მოვითხოვთ უდიდესი რაზმის შედგენას. მაგრამ ამას ვერ იზამთ, რადგან თქვენ უნდა გაილაშქროთ თქვენი თავის წინააღმდეგ, ეს კი შეუძლებელია. იგივე უნდა ითქვას ცარცვა გლეჯაზე, თუ ცარცვა-გლეჯა არის სადმე, ეს იქ, სადაც თქვენ ხართ საქმის ბატონ-პატრონი. (ხმაურობა). ბ. ჩხიკვიშვილს გაუკვირდა, როგორ თუ სახალხო გვარდიაზე და ჯარზე ლაპარაკობენ, ისინი შინაურ საქმეებში არ ერევიანო. ეს მართალი არ არის. გვარდია და ჯარი ხშირად, სისტემატიურად, როდესაც ეს სოციალ-დემოკრატიას დასჭირდება, ერევიან შინაურ საქმეებში. და ამ მხრივ არავითარ ულოღიკობა ჩემს სიტყვაში არ ყოფილა! აქ სთქვეს, თქვენ გინდათ გაუადვილოთ გზა ბოლშევიკებსო და ყოველთვის რუსეთისაკენ გიჭირავთ თვალიო. მე მგონია, ეს ისეთ დაბალ ხარისხის დემაგოგია არის, რომელზედაც ვრცლად შეჩერება ზედმეტად მიმაჩნია. ჩვენ არა ერთხელ სიტყვით და საქმით დაგვიმტკიცებია, თუ როგორ უყურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და როგორ ვიცავთ მას. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დამოუკიდებელნი ვიყოთ აგრეთვე ყოველთვის თვითნებობისაგან და ჩვენ ვებრძვით ამ რაზმის თვითნებობას, რადგან იგი ამახინჯებს ამ დამოუკიდებლობას, აძულებს მას მშრომელ ხალხს! რაც შეეხება რუსეთთან ლტოლვას, ეს მორიგი ჭორია. ჩვენ თქვენზე წინ დავაარსეთ ცალკე პარტია, თქვენზე წინ შევქმენით საკუთარი ორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე. ჩვენ ვისწრაფით იქით, სადაც იქნება ჭეშმარიტი რევოლიუციონური დემოკრატია.

მე გამიგია, რომ ბ. რამიშვილი თავის პარტიაში მაგრად არისო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის დამცველებად აქ გამოდიან მხოლოდ ბბ. ჩხიკვიშვილები და თევზაიები, ეჭვი მეპარება, რომ მისი პოზიცია პარტიაში მაგარი იყოს! მე ვსთქვი: ბოროტი ენები ამბობენ, რომ გვარდიას ბ. რამიშვილი არ უყვარსო. ბ. რამიშვილმა ეს ვერ გააბათილა, თუმცა ამ ფაქტს ძლიერ დააწვა. ბ. რამიშვილის გამოსვლამ დამარწმუნა სავსებით, რომ ის, რაც მე თუობით ვსთქვი, სავსებით მართალი ყოფილა! თუ პილპილი არ გიჭამია, პირი რათ გეწვისო - ნათქვამია. ყოველივე ის, რაც ბ. რამიშვილმა აქ ბრძანა სოხუმის შესახებ, სრული სიყალბეა და ჭორი. როცა სოხუმის ოლქში არჩევნები იწყებოდა, მან მაშინ განაცხადა: თქვენი ამხანაგები იქ გამოსვლებს აწყობენო! მაშინ ეს ეფექტისთვის, საარჩევნო ფანდებისათვის იყო ნათქვამი, მაგრამ ეს ნომერი მაშინ არ გავიდა. არ ვიცი ამის თქმა ეხლა რაღათ დასჭირდა, როცა არჩევნები უკვე გათავდა მათი დამარცხებით! თუ თქვენ დამარცხდით სოხუმის ოლქში, ეს იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკა იქ ისეთი საშინელი იყო, როგორც ყველგან და საქმეები სოხუმის ოლქში სწორედ მაშინ აირ-დაირია, როცა ბ. რამიშვილი მას ეწვია. რაც შეეხება ეგრედ-წოდებულ დამოუკიდებელთა ჯგუფთან კავშირს, მე ვაცხადებ, რომ სრული სიყალბე და დემაგოგიაა ის, რაც ბ. რამიშვილმა სთქვა, არაფერი ამის მსგავსი არ ყოფილა. თუ ბ-ნი რამიშვილი მოიყვანს საბუთს, რომ ჩვენ ამხანაგებს კავშირი ქონდათ დამოუკიდებლებთან, მე გარწმუნებთ ჩემი ფრაქციის სახელით, რომ ასეთ ამხანაგს დაუყოვნებლივ გამოვრიცხავთ პარტიიდან. სოხუმში ბევრია უკმაყოფილო სწორედ თქვენი პოლიტიკით. შეიძლება მექანიკურად მოხდეს ისე, რომ რომელიმე სხვა ჯგუფთან ერთად ავსწიოთ ხელი, მერე რას ნიშნავს ეს? მხოლოდ თქვენს სიგლახეს! ბ. რამიშვილმა სთქვა: 24 საათში ფრონტს შეიცვლითო. ამაზეა ნათქვამი: ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო! ფრონტის შეცვლაში თქვენ ვინ შეგედრებათ? თქვენ არ იყავით, ლენინს და ბოლშევიკებს კონტრ-რევოლიუციონერებს უწოდებდით და ეხლა კი სწერთ, რომ თქვენთან სოციალიზმისთვის ვიბრძოლებთო?

1918 წელს, თქვენმა მეთაურმა ჟორდანიამ, გლეხთა ყრილობაზე მოხსენება გააკეთა და სთქვა, რომ ეროვნულ სახელმწიფოს შექმნა ბურჟუაზიული, რეაქციონური საქმეაო და ერთი წლის შემდეგ კი თვითონ შეუდგა ბურჟუაზიულ სახელმწიფოს შენებას. (ხმები: რა შუაშია ეს?). იმ შუაშია, რომ თქვენ არავითარი ლოღიკა და პრინციპები არა გაქვთ და ამის შემდეგ განა გაქვთ უფლება ჩვენ გვიკიჟინოთ, რომ ჩვენ ფრონტს ვიცვლით? (ხმები: რაზმის შესახებ ილაპარაკეთ!) რაზმის შესახებაც მოგახსენებთ. შეიძლება ჩვენ ფრონტი შევიცვალოთ თუ კი ამას დემოკრატიის ინტერესები მოითხოვს, მაგრამ ისე კი არ შევიცვლით, რომ ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს პარტიებს და ხალხის ინტერესებს. ფრონტის უპრინციპოთ შეცვლა თქვენ გჩვევიათ. აქ ბრძანებს განსაკუთრებულ რაზმის მოღვაწეობის შესახებ, აი, მე მოგიყვანთ ფაქტებს მისი მოღვაწეობიდან. ეს ეცოდინება ბ. ლ. ნათაძესაც, რომელიც ყოველთვის ღელავს. „ერთობა“-ში, ამა წლის 88 ნომერში, სწერია „აღმაშფოთებელი შემთხვევა“ (ხმა: „ერთობაში“ სწერია?!). დიახ, სულ ერთია, თქვენდა სამარცხვინოთ თქვენ იძულებულნი ხართ, რომ ასეთი აღმაშფოთებელი ფაქტები აღნიშნოთ ხოლმე. აქ სწერია შემდეგი ამბავი: (კითხულობს). თქვენივე ამხანაგები ამბობენ, რომ უბრალო საქმეზე ვლაპარაკობდით, მოვიდა აგენტი და დაგვიჭირაო. თქვენი აზრი ისეთი ყოფილა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეუძლებელი არის არა მარტო ჩვენთვის, თქვენი ამხანაგებისათვისაც. აქ ხელს აწერენ მუშები. ეს ისეთი ფაქტია, რომლის უარყოფა არ შეგიძლიანთ. (ვ. ჯუღელი: რას ამტკიცებს ეს?) ეს იმას ამტკიცებს, რომ უწესობა და თვითნებობა არის გამეფებული განსაკუთრებით საგანგებო რაზმში და მილიციაში, რომლის შეფები არიან რამიშვილი და ჩხიკვიშვილი.

აქ ბ. რამიშვილმა ერთი ახირებული საბუთი წამოაყენა: თურმე დაშნაკელები ამბობენ: «Мы орიентируемся на Рамишвили», ის მიაჩნია ბ. რამიშვილს სასიქადულოდ. მოვახსენებ ბ. მინისტრს, რომ ამ მხრით დაშნაკელები მარტონი არ არიან, დენიკინელებიც ასე ამბობენ: «Мы орიентируемся на Рамишвили». ბატონებო, დაშნაკელებმა თქვენ გაჯობეს, თუნდაც იმით, რომ მათ ისეთი ტერიტორია მიიღეს, რაც არ ქონდათ და თქვენ კი დაკარგეთ ისიც, რაც გქონდათ. აი, განსხვავება თქვენსა და დაშნაკელებს შორის. ბ. რამიშვილს უხარია - ბოლშევიკების ლეგალიზაცია მოხდა და ისინი ხმებს წაგართმევენო. ამ არჩევნებში ჩვენ მივიღეთ 40 ათასი ხმა და თუ ყველა ესენი ბოლშევიკები არიან, ეს თქვენთვის სახარბიელო არ არის. ეს იმას მოასწავებს, რომ ჩვენში ბოლშევიკებს ნიადაგი ქონიათ. თქვენ ხომ ყოველთვის იმას ამტკიცებდით, რომ ბოლშევიკებს ნიადაგი არა აქვთო! რაც შეეხება ჩვენს პარტიას, მის დასუსტებას, თამამად შემიძლია მოგახსენოთ, ბ. რამიშვილო, რომ თქვენი სიხარული ნაადრევია?

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ გომართელს.

11. დეკრეტი გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში კონსტანტინოპოლში და მოსკოვში მყოფ მისიების ვალის გასასტუმრებლად 388.920 მან. გადადებისა.

. გომართელი. (ს.-დ.) პროექტი დეკრეტისა წარმოდგენილი გახლავთ საგარეო მინისტრის მიერ და შეეხება 388.920 მან. გადადებას იმ ხარჯების და ვალის გასასტუმრებლად, რომელიც კონსტანტინოპოლში და მოსკოვში ჩვენ მისიებს აქვთ.

შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა იყო მიღებული და ამ ხარჯთ-აღრიცხვის გარეშე სხვა და სხვა კერძო ვალი არ უნდა აეღოვო. მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ, რომ შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა არის დამატებული პირველ დეკემბერს და ეს ხარჯები კი გაწეული არის პირველ დეკემბრამდე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კიევსა და მოსკოვში გვყავდა ჩვენ მისიები და მათ მიერ იხარჯებოდა ფული. აქვე წარმოდგენილი გახლავთ ფინანსთა მინისტრის და სახელმწიფო კონტროლის აზრი. ისინი გამოსთქვამენ საერთო მოსაზრებას, რომ გარეშე ხარჯთ-აღრიცხვისა, შტატებისა, ფული არ უნდა იხარჯებოდეს სხვა და სხვა თანამდებობის პირთა მიერ, მაგრამ ისინი დაასკვნიან, რომ პირობები ისეთი იყო, რომ აუცილებელი იყო ეს ხარჯები. საფინანსო კომისიამაც განიხილა ეს პროექტი და ის ადასტურებს მას და თხოულობს, რომ ეს პროექტი მიღებულ იქნას დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვინ ინებებს სიტყვას? არავინ. მაშასადამე ზოგადი მსჯელობა დასრულებული გახლავთ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ. მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა.

თავმჯდომარე. დეკრეტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. ამ რიგად დღის წესრიგი ამოწურული გახლავთ. მხოლოდ არის ერთი საკითხი. ბატონ გვაზავამ, დამფუძნებელი კრების წევრმა განცხადება შემოიტანა საზღვარ-გარედ წასვლის გამო, ექვსი კვირის თავისუფლების შესახებ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რეგლამენტის ძალით, თუ წევრი დამფუძნებელი კრებისა თვეზე მეტს განთავისუფლებას თხოულობს, მაშინ დამფუძნებელი კრების პლენუმი არის საჭირო. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გვაზავას განცხადება იყოს დაკმაყოფილებული? მიღებულია. ეხლა გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღის წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა 2 საათ. და 20 წ. იხურება.

25 ოცდამეექვსე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(26)

1920 წელი. ივნისის 22. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის . ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 1 საათ.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში - კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის მისიების ვალების გასასტუმრებლად 388.920 მან. გადადებისა.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის მოქმედების განგრძობის შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილების საერთო შემოსავლიდან 20 პროც. ერობათა სასარგებლოდ გადადების შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მობილიზაციით გაწვეულ ჯარისკაცთა და გვარდიელთა ოჯახების დახმარების შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გორის გარნიზონის სხვადასხვა ადგილას დასაბინავებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად 5.246.493 მან. გადადებისა.

530

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამხედრო უწყების შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამსახურის ვადის გადიდებისა სასწავლებლად მცირე გუნდებში სწავლა დამთავრებულ ჯარისკაცთათვის.

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო გვარდიის შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამოქალაქო სამართლის წარმოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

10. დეკრეტი - სამუსულმანო საქართველოს სკოლების შესანახად გაწეულ ხარჯების დასაფარავად 2.230.500 მან. გადადებისა.

11. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-1921 საბიუჯეტო წლის ანგარიშში სათანადო თანხის გადადებისა.

12. დეკრეტი - ჭიათურის შავ ქვაზე (მარგანეცი) სამუნიციპალო საფუთი გადასახადის შემოღებისა.

თავმჯდომარე. შემოსული გახლავთ წინადადება დღის წესრიგი შეიცვალოს შემდეგნაირად: მე-6 საკითხად წავიდეს მე-10 საკითხი, მე-7 საკითხად - დამატება და დანარჩენი წავიდეს უცვლელად. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. დღის წესრიგი მიღებულია. საბოლოო ტექსტებს განხილულ დეკრეტებისას მოგახსენებთ ქრ. შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტებს, რომლებსაც დამფუძნებელი კრება უცვლელად იღებს).

1. დეკრეტი სამუსლიმანო საქართველოს სკოლების შესანახად გაწეულ ხარჯების დასაფარავად 2.230.500 . გადადებისა.

თავმჯდომარე. მოგახსენებთ ბ. ლეო ნათაძე.

. ნათაძე. (ს.-დ.) საქველმოქმედო საზოგადოებას განზრახვა ჰქონდა გაეხსნა სამუსლიმანო საქართველოში 7 სკოლა. მაგრამ ამ 7 სკოლიდან სხვა და სხვა პოლიტიკური დაბრკოლების გამო მოქმედებდა მხოლოდ 2 სკოლა ს. ხუცუბანში და ყოროლის-თავში. ამ ჟამად მხოლოდ სამეურნეო სკოლა არის მოწყობილი. სხვა სკოლებში ზოგან შეჩერებულია მეცადინეობა, ზოგან სულ ვერ დაიწყო. გენ. დენიკინის აგენტებმა ბათუმის მხარეში ისეთი პირობები შექმნეს, რომ შეუძლებელი გახდა სწავლა ცოტა მაინც წესიერად წარმოებულიყო. შვიდი სკოლის, პანსიონის და კანცელარიის შესანახად 1920 წლის 1 იანვრამდე დამფ. კრებამ გაიღო 1 მილ. მანეთი, რომელიც უკვე დაიხარჯა. მას შემდეგ ცხოვრება ძლიერ გაძვირდა, ამიტომ ზედმეტი ხარჯები იყო გაწეული. ის თანხა, რომელიც ეხლა სამინისტრომ გამოითხოვა, უკვე დახარჯულია. საქველმოქმედო საზოგადოებამ, რომელმაც ეს სკოლები გახსნა, ამ საქმისათვის სესხი აიღო. ამ ზედმეტი ხარჯების დასაფარავად და სესხის გადასახდელად სამინისტრო თხოულობს კიდევ 2 მილ. ცოტა მეტს. ეს თანხა, ვიმეორებ, უკვე დახარჯულია. სახალხო განათლების კომისია თხოულობს, რომ დამფ. კრებამ ეს ხარჯები გაიღოს. ეს უდრის სულ 2.230.500 მანეთს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ბ-ნ გიორგაძეს გრიგოლს.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) საფინანსო კომისიამ განიხილა ჯამი, რომელიც შინ.-საქმეთა მინისტრმა გამოითხოვა. სამინისტრომ მიიღო ეს ჯამი, მაგრამ სურვილი გამოსთქვა, რომ ის საქმე უნდა ჩაბარდეს განათლების სამინისტროს, რომელიც განათლების ხელმძღვანელია რესპუბლიკაში და ეს იქნა ცხოვრებაში გატარებული.

თავმჯდომარე. ლ. ნათაძეს ეკუთვნის სიტყვა.

. ნათაძე. ჩვენმა კომისიამაც სწორედ აგეთი აზრი გამოსთქვა. საჭიროა სწავლა-განათლების საქმე დამორჩილდეს სწავლა-განათლების სამინისტროს, გარდა ამისა, უნდა განვაცხადო, რომ ეს სკოლები ექვემდებარება შინაგან-საქ. სამინისტროს, იმიტომ, რომ საქველმოქმედო საზოგადოება, რომლის განკარგულებაში იყო ეს საკითხი, ექვემდებარება შინ.-საქ. სამინისტროს. ამიტომ გამოვიდა ეს შეუსაბამობა, რომ შინ.-საქ. სამინისტროს აბარია სკოლების საქმე. რასაკვირველია სწავლა-განათლების საქმე აბარია განათლების მინისტრს და მზრუნველობაც მასზე მასვე უნდა ეკუთვნოდეს.

თავმჯდომარე. ვინაიდან ეს დეკრეტი საჩქაროა, ამიტომ საბოლოო ტექსტები დღესვე მოგხსენდებათ. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის გრ. გიორგაძეს.

2. დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-21 საბიუჯეტო წლის ანგარიშში სათანადო თანხის გადადებისა.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) ბატონებო! მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო წელიწადი უკვე დაბოლოვდა მაისში. უკვე დაიწყო ახალი საბიუჯეტო წელიწადი. საერთოდ ჩვეულება ასეთია, როდესაც პარლამენტი, ან დამფუძნებელი კრება ვერ ასწრებს მომავალ წლის ბიუჯეტის განხილვას, ხელმძღვანელობს წარსული წლის ბიუჯეტით და ასე აწარმოებს თავის ფინანსიურ საქმეს, რადგანაც შეუძლებელია სახელმწიფო დარჩეს ისე, რომ ფინანსიური საშვალება არსებობისა არ ქონდეს; როგორც მოგეხსენებათ, ფინანსიურმა კომისიამ წარსული წლის ბიუჯეტი განიხილა, დამფ. კრებას წარმოუდგინა და დამფ. კრ. ამის განხილვას შეუდგება. მაგრამ დღეს, როდესაც კრედიტები იცემა, საჭიროა მთავრობის განკარგულებაში იყოს განსაზღვრული თანხა იმისათვის, რომ აწარმოოს სახელმწიფო საქმე. ფინანსთა სამინისტრო თხოულობს სამი თვის ხარჯისთვის ერთი მეოთხედს მთელი წლის 1921 წ. ნავარაუდევ ბიუჯეტისა. სამი თვის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს, ყოველ უწყებისათვის არის გამოთხოვილი სათანადო თანხა, თანახმად წარმოდგენილი ნუსხისა (კითხულობს ნუსხას). და ეს სამ თვეში შეადგენს 2 მილიარდს. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს და მიიღო რა მხედველობაში, რომ პრაქტიკა ასეთი გვქონდა, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, როდესაც არ გვქონდა ბიუჯეტი, უწყება სამი თვეობით გამოთხოვდა ჯამს. მიიღო მხედველობაში ის, რომ ფინანსთა სამინისტროში, როგორც საფინანსო კომისიას აქვს ცნობა, მუშაობა სწარმოებს იმის შესახებ, რომ ბიუჯეტი დროზე იქნას შედგენილი ყველა უწყებისათვის. დღევანდელ პირობებში კი აუცილებლად საჭიროა წარმოდგენილი ნუსხა მიიღოთ. საფინანსო კომისიის დადგენილებით, რომელიც ეთანხმება მთავრობის დადგენილებას, ეს დეკრეტი შემოვიდა დამფ. კრებაში და საფ. სამინისტრო შუამდგომლობს დამფ. კრ. წინაშე, რომ ეს დეკრეტი, რომ გადაიდვას 3 თვის განმავლობაში, ორი მილიარდი მან., მიღებულ იქნას.

თავმჯდომარე. სიტყვას ვინ ინებებს? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

გიორგაძე (კითხულობს მუხლობრივად).

თავმჯდომარე. 1-ლ მუხლში გახლავთ შემოსული შესწორება სოც.-დემ. ფრაქციის სახელით: „გარდა ამ ხარჯებისა მიეცეს შინ.-საქ. სამინისტროს დეპეშათა სააგენტოს ხარჯების დასაფარავად თვეში 200.000 მან., ხოლო სამი თვისათვის 600.000 მანეთი“. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ. მიღებულია. შემდეგი მუხლი. (კითხულობს). შემდეგი მუხლი და მთელი დეკრეტი მიღებულ იქნა თანახმად გრ. გიორგაძისა (ს.-დ.), ნ. იმნაიშვილისა (ს.-დ.), ზ. გურულისა (ს.-დ.) და მ. რუსიას (ს.-დ.) მოხსენებისა. დამფ. კრების მიერ მიღებულ იქნა მეორე მუხლობრივი განხილვა დღიურ წესრიგის 6, 7, 8 და მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებისა.

საბოლოო ტექსტების მიღების შემდეგ სხდომა იხურება ნაშუადღევის 2. ს.

26 ოცდამეშვიდე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(27)

1920 წელი. ივნისის 25. ტფილისი. სასახლე.

:

1. საბოლოო ტექსტები.

2. პროექტი რატიფიკაციისა - საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მთავრობათა შორის დადებული საზავო ხელშეკრულებისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 30 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტის ნუსხას და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს):

კომისიაში გადასაცემი კანონ-პროექტი.

1. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა ქალ. ფოთის თვითმმართველობისათვის 6.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ - ელევატორების შესაკეთებლად და გამოსასყიდად.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - სამხედრო უწყების შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა - სამსახურის ვადის გადიდებისა სასწავლო მცირე გუნდებში სწავლა-დამთავრებულ ჯარისკაცთათვის. მომხსენებელია ი. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა - სამოქალაქო სამართლის წარმოების წესდების ზოგირთი მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახალხო გვარდიის შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია ზ. გურული და გრ. გიორგაძე.

5. დეკრეტი - ჭიათურის შავ ქვაზე (მარგანეცი) სამუნიციპალო საფუთო გადასახადის შემოღებისა. მომხსენებელია მ. რუსია და ვ. თევზაია.

6. პროექტი რატიფიკაციისა - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მთავრობათა შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებისა. მომხსენებელია აკ. ჩხენკელი.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპყრობილეთა დამცველი რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ტფილისის სასამართლო პალატის შტატის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი და გრ. გიორგაძე.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპატიმროთა საქმის უმაღლესი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

10. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქ. ფოთის სასარგებლოდ ნავთსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზე საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და დ. ონიაშვილი.

11. შეკითხვა სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა მთავრობისადმი - ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ აქ გახლავთ იუსტიციის უწყების შუამდგომლობა, რომ 7, 8 და 9 საკითხები, რადგან სასწრაფოა, გაირჩეს პირველ რიგში, საბოლოო ტექსტების შემდეგ. ვინ არის ამის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. შემდეგ გახლავთ ორი წინადადება მეხუთე საკითხის შესახებ - ერთი, რომ ეს საკითხი სრულიად მოიხსნას წესრიგიდან, მეორე, რომ ბოლოში დაისვას. ვინ არის პირველი წინადადების მომხრე? მაშასადამე ეს საკითხი დაისმის დღიურ წესრიგის ბოლოში. პირველ საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ივ. გომართელს.

ივ. გომართელი. (ს.-დ.) (კითხულობს საბოლოო ტექსტს სამხედრო უწყების შტატის დამატების და ცვლილების კანონისა).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? საბოლოო ტექსტი მიღებულია. გთხოვთ მოახსენოთ შემდეგი.

ივ. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს კანონისა - სამსახურის ვადის გადიდებისა სამოსწავლო მცირე გუნდებში სწავლა-დამთავრებულ ჯარისკაცთათვის).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? საბოლოო ტექსტი მიღებულია. გთხოვთ მოახსენოთ შემდეგი.

ივ. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს კანონისა - სამოქალაქო სამართლის წარმოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? საბოლოო ტექსტი მიღებულია. შემდეგ საკითხს ფირცხალაიშვილი მოგახსენებთ.

. ფირცხალაიშვილი (კითხულობს საპყრობილეთა დამცველ რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების კანონ-პროექტს. მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქმნა უცვლელად).

თავმჯდომარე. შემდეგ საკითხსაც ფირცხალაიშვილი მოგახსენებთ.

. ფირცხალაიშვილი (კითხულობს ტფილისის სასამართლო პალატის შტატის დამატების კანონ-პროექტს. კანონ-პროექტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქმნა უცვლელად).

თავმჯდომარე. შემდეგ საკითხს ისევ ფირცხალაიშვილი მოგახსენებთ.

. ფირცხალაიშვილი (კითხულობს საპატიმროთა საქმის უმაღლესი დებულების დამტკიცების კანონ-პროექტს, რომელიც მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქმნა უცვლელად.

1. დეკრეტი ჭიათურის შავ ქვაზე სამუნიციპალო საფუთი გადასახადის შემოღებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. რუსიას.

. რუსია (მომხსენებელი). მარგანეცზე არსებობს საფუთო გადასახადი თვითმმართველობის სასარგებლოდ. ამ დეკრეტის ძალით უნდა გაერთიანდეს და უნდა შემოღებულ იქმნას ერთი სამუნიციპალო გადასახადი, რომლის რაოდენობა არის 1მ. 55 კ. ფუთზე. ეს გადასახადი განაწილებულია: ფოთის, ჭიათურის და შორაპნის სამაზრო ერობათა შორის. კომისიამ მიიღო რა მხედველობაში თვითმმართველობის მდგომარეობა და მნიშვნელობა სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით, გაანაწილა შემდეგნაირად: ფოთს 75 კ., ჭიათურას 50 კ. და შორაპნის ერობას 30 კაპ. ასეთია ამ დეკრეტის შინაარსი.

თავმჯდომარე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისაგან ეს დეკრეტი კანონ-პროექტად არის წარმოდგენილი. ვინ არის მომხრე, რომ ამ კანონ-პროექტის მუხლობრივ განხილვას შეუდგეთ? მუხლობრივი განხილვა მიღებულია და სათანადო ვადის გასვლის შემდეგ მოხდება.

536

2. პროექტი რატიფიკაციისა საქართველოს და ადერბაიჯანის რესპუბლიკების მთავრობათა შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ აკაკი ჩხენკელს.

აკაკი ჩხენკელი. (ს.-დ.) მოქალაქენო! მაქვს პატივი საგარეო კომისიის დავალებით მოგახსენოთ ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საქართველოსა და ადერბაიჯანს შორის 12 ივნისს და რომელიც უნდა დამტკიცებულ იქმნას ჩვენ მიერ და გაცვლილი ტფილისში 2 კვირის განმავლობაში ხელის მოწერის შემდეგ, ე. ი. ხვალ 26 ივნისს. თქვენ მოგეხსენებათ, მოქალაქენო, რომ ომი ჩვენსა და ადერბაიჯანის შორის დაიწყო ჩვენს ტერიტორიაზე, რაც ამტკიცებს იმას, რომ დაიწყო ჩვენმა მეზობელმა ადერბაიჯანმა. თქვენ მოგეხსენებათ ისიც, რომ ეს ომი გათავდა ადერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს ამტკიცებს იმას, რომ გათავდა ჩვენი გამარჯვებით და მეზობელის დამარცხებით. როცა ვამბობ, მე თვალწინ მიდგას და ვფიქრობ, რომ ყოველ თქვენთაგანს, ჩვენი სახელოვანი მხედრობა თვალწინ უდგას, ჩვენი ჯარისკაცები, გვარდიელები, ოფიცრები, საზოგადოდ სარდლობა, რომლებმაც დაიცვეს თავისი ტერიტორია, თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. და ამიტომ ამ ტრიბუნიდან უნდა განვაცხადო, რომ მათ დაიმსახურეს თავიანთ სამშობლოს წინაშე, რომელიც არის პირმშო დიდი რევოლიუციისა, და მის მონაპოვართა მატარებელი. ამ ომმა უეჭველად გაფანტა ის ილუზიები, რომელიც ჰქონდათ ჩვენს მტრებს - თითქოს საქართველოს რესპუბლიკა, მისი დემოკრატია, ხალხი და მისი სამხედრო ძალები ნაკლების ხალისით და ენერგიით დაიცავდნენ თავის თავს წინააღმდეგ ბოლშევიკების თავდასხმისა, ვინემ ისინი იცავდენ თავის თავს წინააღმდეგ დენიკინელებისა. ჩვენმა ხალხმა იცის რას იცავს. ის იცავს არსებობას, თავის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სამართლიან საქმეს და ამიტომ მისთვის სულ ერთი არის ვინც უნდა გაილაშქროს ამ ღირებულების წინააღმდეგ, მეზობელი იქნება ის თუ არა, არის ამ პოლიტიკურ მიმართულების, თუ იმ პოლიტიკურ მიმართულების, ის მთელს თავის არსებით შეუტევს მას.

მე გადავდივარ პირდაპირ ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულება ნაწილდება სამ კატეგორიად. აქ არის ნაწილი ტერიტორიალური, საზღვრების საკითხი, არის ნაწილი ეკონომიური და პოლიტიკური. რაც შეეხება ტერიტორიალურ საკითხს, ამის შესახებ უნდა ითქვას, რომ საზღვრები გადის ჩვენი და აზერბაიჯანს შორის ძველი საადმინისტრაციო ხაზით, ან უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იმ ხაზით, რა ხაზითაც გადიოდა საზღვარები ტფილისისა და განჯის გუბერნიის შუა. აქ არის ერთი საგულისხმიერო და მნიშვნელოვანი შესწორება ჩვენდა სასარგებლოდ. წითელ ხიდის გაღმა ორი ცნობილი მთა, ტარსი და ბაბაქიარი, რომელიც გაბატონებულია წითელ ხიდზე, შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაში.

გარდა ამისა, არის ეგრედ წოდებული ნეიტრალური ზონები, მაგრამ ეს ზონები არის მარტო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და აქვს მხოლოდ დროებითი ხასიათი. ერთი წლის ვადით აზერბაიჯანს არა აქვს უფლება იყოლიოს ჯარი წითელ ხიდის და ფოილოს ხიდის ირგვლივ, მდინარე მტკვრის გაღმა.

აღნიშნული არის მთელი რიგი პუნქტებისა, სადაც უნდა გაიარონ ნეიტრალურმა ზონამ და რომელსაც არ უნდა გამოსცილდეს აზერბაიჯანის ჯარები. აქ მხოლოდ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის სამოქალაქო ადმინისტრაცია.

ამას გარდა ყარაიაზი, რომლის შესახებ უსაფუძვლოთ გვედავებოდა ჩვენი მეზობელი, ან კიდევ მისი მოქალაქენი, ფაქტიურად ისაკუთრებენ მას, და აგრეთვე სიღნაღის მაზრაში ელდარის ველი, რომელსაც ფაქტიურად ჩვენი მოპირდაპირე ფლობდა, ხელშეკრულების ძალით ორივე ჩვენი ტერიტორიის უდავო ნაწილი რჩება. სიტყვის გაგრძელება საჭირო არ იქნება იმისთვის რომ დაუმატო, რომ ამიერიდან მაინც უნდა მოისპოს ის არალოიალური დავა, რომელიც წამოყოფდა თავს დროგამოშვებით აზერბაიჯანის მთავრობის მხრივ, დავა ყოფილ ტფილისის გუბერნიის ამა თუ იმ კუთხის შესახებ, - რასაკვირველია ამას, ერთხელ და სამუდამოდ ეღება ბოლო.

დარჩა ერთი საკითხი ღიად, გადაუჭრელად: ეს არის ზაქათალის, საინგილოს საკითხი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზაქათალის ოლქი, საინგილო, შეადგენდა და შეადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს, როგორც ისტორიულად, ისე ეკონომიურად. მას არსებობა არ შეუძლიან საქართველოს გარეთ, სწორედ ეს ზაქათალი იყო სადაოდ დარჩენილი. რუსეთთან ხელშეკრულების ძალით მოსკოვის მთავრობამ იცნო ჩვენი სრული უფლება ამ ოლქზე და იგი შემოდის საქართველოს ტერიტორიაში, შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, იყო დადებული დამატებითი ხელშეკრულება რუსეთთან და ეხებოდა არა ზაქათალის ოლქს მთლიანათ, არამედ ზოგიერთ ადგილს ოლქისას, რომლის შესახებ შეიძლება ყოფილიყო დავა. როგორც ჩვენ მოგვახსენეს კომისიაში ჩვენმა დელეგატებმა, ზაქათალის შესახებ დავა ყოფილა ასეთი: აზერბაიჯანის დელეგატები ამტკიცებდენ თურმე, რომ რუსეთთან 12 მაისს დადებულ დამატებით ხელშეკრულების ძალით სადავოდ გამხდარა თითქოს მთელი ზაქათალის ოლქი. 12 მაისის დამატებით ხელშეკრულებაში, მუხლი პირველი, არის ნათქვამი, რომ დავა იმ ადგილებზე (мђстности), რომელიც მდებარეობს საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალის ოლქში, გადაეცემა შერეულ კომისიას, შემდგარს საქართველოს და აზერბაიჯანის რიცხვით თანასწორ წარმომადგენელთაგან; ამ კომისიას თავმჯდომარეობს მოსკოვის მთავრობის წარმომადგენელი. აი, სწორეთ, დელეგაცია აზერბაიჯანისა მოითხოვდა, რომ თანახმად ამ დამატებით ხელშეკრულებისა, ეს საკითხი ღიად დაგვეტოვებინა და გადაგვეცა გადასაჭრელად შერეულ კომისიისათვის. ჩვენი დელეგაცია ამაში დაეთანხმა და ეს სჩანს ამ ხელშეკრულებიდან. იქ არის ნათქვამი, რომ დავა ეხებოდა ორ საკითხს: ერთი არის ფორმალური - განმარტება ძირითად და დამატებითი ხელშეკრულებისა რუსეთთან, და მეორე არსებითი. მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას პირველ საკითხს: დელეგატები ვერ შეთანხმდენ ხელშეკრულებათა განმარტების საკითხში, ვის შეუძლიან განმარტოს ისინი? რასაკვირველია, იმათ, ვინც დადვა, ე. ი. მოსკოვის და საქართველოს მთავრობებს. ეს წინასწარი საკითხი არის ჩვენთვის უაღრესი საკითხი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსკოვის მთავრობა არ გადაუხვევს მის მიერ 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მე-4-ე მუხლი ზაქათალის ოლქს კატეგორიულად მიაკუთვნებს საქართველოს. რაც შეეხება დამატებით ხელშეკრულებას, ეს შეეხება მხოლოდ ზოგიერთ ადგილებს, პუნქტებს საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრებზე.

დასასრულ უნდა მოგახსენოთ, რომ აზერბაიჯანიდან რუსის ბოლშევიკებმა ზაქათალაში შეიყვანეს ჯარის ნაწილები, რაიც აღკრძალული იყო 11 ივნისის დადებულ ხელშეკრულებით. ჩვენ მხოლოდ დაგვრჩენია მტკიცე იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი მთავრობა რაც შეიძლება ჩქარა ბოლოს მოუღებს ამ უწესობას.

რაც შეეხება ხელშეკრულების ეკონომიურ პირობებს, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პირობები უნდა დაიწეროს ახლო მომავალში, და მათ საფუძვლად უნდა დაედოს ერთმანეთის უაღრესად ხელის შეწყობის პრინციპი. ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანიდან სატრანზიტო ხელშეკრულება, რომელიც ძალაში არ რჩება და ამიტომ მის მაგიერ უნდა დაიდვას ახალი. მანამდისინ კი წესდება თავისუფალი ტრანზიტი. თავისუფალ ტრანზიტს გულისხმობდა გაუქმებული ხელშეკრულებაც. გარდა ამისა, ჩვენთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწეოდა ჩვენს ქონებას აზერბაიჯანში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სახელმწიფოს დიდი ღირებულების ქონება დარჩა იქ, და ჩვენი დელეგაციაც მის დაბრუნებას მოითხოვდა.

ხელშეკრულებაში არის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო ვალდებულია დაუბრუნოს მეორეს ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა სახელმწიფოს, საზოგადო დაწესებულებას, თვითმმართველობებს, კოოპერატივებს.

ჩვენ გვაინტერესებდა აგრეთვე საკითხი ჩვენი მოქალაქეთა პირადი სვებედი და მათი ქონებისა. ხელშეკრულების ძალით ეს ქონებაც ანაზღაურებული უნდა იქნას და ჩვენს მოქალაქეთ ეძლევათ უფლება სამშობლოში დაბრუნებისა.

პოლიტიკური მხარე ამ ხელშეკრულებისა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვცნობთ ურთიერთ დამოუკიდებლობას, სუვერენობას, რასაც ჩვენთვის აქვს უეჭველად მნიშვნელობა.

რა თქმა უნდა, თქვენ დაგებადებათ კითხვა, ვისთან გვაქვს საქმე, ვის შეუკარით ეს პირობა? გვაქვს საქმე დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან? როგორც ხელშეკრულებიდან სჩანს, ჩვენი მოპირდაპირე თავის თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ეძახის და ჰკრავს ზავს, როგორც ასეთი. ჩვენ ჩვენის მხრივ შეგვიძლიან განვაცხადოთ მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანის ხალხის დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას, სუვერენობას, საქართველო როგორც წინად, ისე მომავალში დიდი სიმპატიით უცქერის. და როდესაც ჩვენ შორის დამყარდება მშვიდობიანობა, საქართველო, როგორც წინად, ისე მომავალშიც დაუმტკიცებს მას, რომ ის მართლაც მხარს დაუჭერს მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

ამ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ჩვენ ერთი-მეორის საქმეებში არ უნდა ვერეოდეთ. რამდენადაც ჩვენ ჩაკეტილნი არ ვართ ამ დარბაზში და ვღებულობთ ცნობებს, აზერბაიჯანში მართლაც არ უნდა იყოს ამ მხრივ ყველაფერი რიგზე. რაც შეეხება საქართველოს, დღიდან მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, მისი პოლიტიკის ღერძი სხვის საქმეებში ჩაურევლობა იყო და არც სხვას აძლევდა ის უფლებას მის საქმეებში გარევისა. ამ პოლიტიკას ჩვენ ვაწარმოებდით და ვაწარმოებთ, ამის თავდები არის ჩვენი ხალხი, ჩვენი დემოკრატია, რომლის წინაშე პასუხისმგებელნი ვართ.

აი, საერთოდ შინაარსი ხელშეკრულებისა, რომლის მიღებას და დამტკიცებას გთხოვთ საგარეო კომისიის სახელით.

რასაკვირველია, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელშეკრულება მთლად დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით იმით, რაც მე ზაქათალის ოლქის შესახებ მოგახსენეთ, რომლის საზღვრების საკითხი ღიათ რჩება. მაგრამ ნუ ვივიწყებთ იმას, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ვერიდებით სისხლის დაქცევას იქ, სადაც ცოტაოდენი იმედი მაინც არის, რომ უსისხლოდ მოგვარდება საქმე, და ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ უსისხლოდ მოგვარდება სწორედ ზაქათალის საკითხი ჩვენდა სასარგებლოდ. ამისათვის საჭიროა მთავრობის ენერგიული ნაბიჯები. მე ამავე დროს უნდა განვაცხადო, რომ კეთილმეზობლური განწყობილება ჩვენთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, თუ რა გავლენა აქვს ერთი რესპუბლიკის სვებედს მეორე რესპუბლიკაზე ამიერ-კავკასიაში, მთლად კავკასიაში.

ჩვენ ანგარიშს უწევთ, როგორც აწმყოს, ისე ახლო მომავალს, გვაქვს პერსპექტივები და ამიტომ მოწადინებული ვართ მშვიდობიანობის გზით დავიცვათ ჩვენი ხალხის საარსებო ინტერესები, თუმცა აქვე უნდა განვაცხადო ისიც, რომ ჩვენ არ გაურბივართ იარაღით ხელში თავდაცვას, როცა ამას აუცილებლობა მოითხოვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ნაბიჯს, მოქმედებას ჩვენი მეზობელი დააფასებს, დააფასებს იმ გარემოებას, რომ ჩვენ ბოლომდის არ ვისარგებლეთ ამ ომის შედეგებით, არ ვისარგებლეთ მეზობლის, შეიძლება ითქვას, კრიტიკული მდგომარეობით; ჩვენ გავიხსენეთ ხვალინდელი დღეც, ის რომ ჩვენ მეზობლები ვართ და გვინდა თუ არ გვინდა ერთი მეორის გვერდით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანის ხალხი ადრე თუ გვიან ამაღლდება ჩვენი ხალხის ამ შეგნების დონემდე. (ტაში).

. ასათიანი. (ერ.-დემ.) ბატონებო! 12 ივნისის ხელშეკრულებით სრულდება ის ომი, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვია მეზობელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკამ. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ მრავალი ომი გადავიტანეთ, მაგრამ ძვირად თუ იყო ისეთი ომი, რომელსაც ასეთი ერთსულოვნობა გამოეწვიოს ჩვენს ხალხში. ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. ამ ომს დიდი არსებითი მიზანი ჰქონდა ჩვენი ერისათვის და ამით აიხსნება ის, რომ მთელი ხალხი ფეხზე დადგა, როგორც კი ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ დაარღვია მეზობლური განწყობილება და ჩვენი ტერიტორიის საზღვრებში შემოიჭრა. თქვენ გახსოვთ ის სხდომა, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ გამართა ამ ომის დაწყებისას. მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა სავსებით გამოხატავდა იმ ერთსულოვან აღფრთოვანებას, რომელიც შეიქმნა ქართველ ხალხში. ყველა გრძნობდა, რომ ეს ომი არ იყო ის ჩვეულებრივი შეტაკებები, რომლებიც მრავლად გადაგვიხდია ამ სამი წლის განმავლობაში. მეზობელ რესპუბლიკის საზღვრებში შემოჭრილი იყო რუსეთის წითელი არმია და ფაქტიურად სწორედ ამ რუსის ჯართან უნდა გვქონოდა ჩვენ ომი. დამოუკიდებლობის დასაცავად მთელი ერი ფეხზე დადგა და დღეს ბედნიერება გვაქვს ჩვენ განვაცხადოთ, რომ ჩვენმა ხალხმა სავსებით დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა, თავისი თავისუფლება. არაჩვეულებრივი ეროვნული ერთსულოვნება გამოწვეული იყო იმით, რომ ქართველი ხალხი ინსტიქტიურად გრძნობდა, რომ მას აღმოსავლეთის საზღვარი ღია აქვს, რომ ასეთ მდგომარეობაში სრულიად არ არის უზრუნველყოფილი მისი სახელმწიფოებრივი არსებობა, რომ ყოველ მომენტში მოსალოდნელია უცხო ძალის შემოჭრა ჩვენს რესპუბლიკაში და რომ ერის რეალური ინტერესი მოითხოვს, რომ ეს საზღვარი აღმოსავლეთის მხრივ აღდგენილი იყოს. ამ ეროვნული ინსტინქტით აღჭურვილი ერი ერთსულოვნად შემოკრიბა თავის მთავრობის გარშემო, საუცხოოდ ჩატარდა მობილიზაცია. ერმა გაიღო ყოველივე, რაც კი საჭირო იყო ამ ომისათვის და ჩვენმა სახელოვანმა ჯარმა და გვარდიამ ჩვენს წინააღმდეგ გამოლაშქრებული ძალები სასტიკად დაამარცხა.

ამ გამარჯვების შედეგი არის ის ხელშეკრულება, რომელიც დღეს მთავრობამ წარმოუდგინა დამფუძნებელ კრებას დასადასტურებლად. ამ ხელშეკრულებამ უნდა უზრუნველყოს ზავი ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ამ ხელშეკრულებით უნდა მიხწეულ იქნეს ის გარდაუვალი ინტერესი, რომელიც ასულდგმულებდა ჩვენს ერს ამ ომში. და თუ ერთსულოვანი იყო ქართველი ერი ამ ომის წარმოებაში - არ იქნება ის ერთსულოვანი ამ ხელშეკრულების დაფასებაში. კიდევ განმეორდა ძველი ამბები - როდესაც ქართველ ლაშქარს საუცხოვოდ შეუსრულებია თავისი დავალება, მტერი გაუნადგურებია, მაგრამ დიპლომატიურ შეცდომებს სრულიად გაუბათილებია მისი გამარჯვება. ასე იყო თითქმის ყველა ჩვენს ომებში. ასევე იყო სომხეთთან ომის დროსაც, როდესაც საქართველოს მხედრობამ მტერი სასტიკად დაამარცხა, ხოლო ჩვენმა დიპლომატიამ ისეთი ზავი შეჰკრა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა არამც თუ არ უმჯობესდებოდა, არამედ გაცილებით უარესი ხდებოდა. თითქმის ამავე სურათს ვხედავთ ჩვენ აზერბაიჯანის ომის დროს. ეს ომი ჩვენ ძალით მოგვახვიეს თავს, მაგრამ რა დაიწყო ის, მას თავისი ბუნებრივი მიზანი გაუჩნდა. აღმოსავლეთის კარები ღია გვქონდა და ამიტომ ჩვენ მტკიცე საზღვარი უნდა დაგვედვა აღმოსავლეთით. მაგრამ ამ ომს კიდევ სხვა მიზანიც ჰქონდა. თქვენ გახსოვთ ვალიკო ჯუღელის სიტყვა ამ ომის შესახებ, მან სთქვა, რომ ამ ომით ჩვენ უდიდეს პოლიტიკურ მიზნებს ვაღწევთო. საჭიროა, რომ ევროპამ საბოლოოდ გამოარკვიოს ჩვენი სახე, დარწმუნდეს იმაში, რომ ჩვენ სავსებით ჩამოვშორდით რუსეთს, რომ ყოველგვარი კავშირი გავწყვიტეთ მის პოლიტიკასთან, რომ ჩვენ არავითარი ნათესაობა, არც იდეიური, არც ფიზიკური არა გვაქვს ამ სახელმწიფოსთანო. ამ ომმაო - განაცხადა ჯუღელმა - უნდა დაუმტკიცოს ევროპას, რომ ჩვენ მასთან ვართ და მისი შემწეობით გვინდა დავიცვათ ჩვენი არსებობა. აი ეს მეორე პოლიტიკური მხარე ამ ომისა, რომელიც არა ნაკლებ საყურადღებო იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის.

ომი დაიწყო ჩვენი სურვილის წინააღმდეგ და დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. 12 ივნისს ზავიც შეიკრა. მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ იმ ხელშეკრულებით, რომელიც 12 ივნისს დაიწერა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ვერც ერთ იმ მიზანს, რომელიც ამ ომმა დაგვისახა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ სავსებით აღგვედგინა ის ისტორიული საზღვრები, რომელიც საჭირო არის საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის უზრუნველსაყოფად. ეს საზღვრები შემთხვევით არ შექმნილა. ის შედეგია მრავალ საუკუნეთა ისტორიისა. და სანამ ჩვენ მტკიცედ არ დავებჯინებით ამ საზღვრებს, მანამ ჩვენი არსებობა მუდმივ ხიფათისაგან უზრუნველყოფილი არ იქნება. უდავო არის, ჩემი აზრით, ის, რომ თუ საქართველოს საზღვრები დარჩა იმ მდგომარეობაში, როგორიც არის დღეს, თუ ასეთ გაშლილ მინდორზე იქნა ეს საზღვარი, თუ ჩვენ დავრჩით იმავე ადმინისტრატიულ საზღვრებში, რომელიც შექმნილი იყო მხოლოდ ხელოვნურად - ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი საზღვრების დაცვა და ჩვენი სახელმწიფო და მისი დედა-ქალაქი მუდმივ ხიფათში იქნება. ისტორიამ მრავალი საბუთი მოგვცა იმის, რომ თუ ოდესმე ჩვენ დაგვიკარგავს ის საზღვრები, რომელიც ისტორიულმა განვითარებამ შექმნა, თუ ოდესმე დაგვიკარგავს ყაზახი და ჰერეთი, - ჩვენ ვერ შეგვინარჩუნებია ტფილისი და ვერ დაგვიცავს ჩვენი დამოუკიდებლობა. მე მგონია ასეთ ისტორიულ ფაქტს არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიოს ერმა და მისმა მთავრობამ. და როდესაც არის საშუალება ასეთი საზღვრების, თუ სავსებით არა - ნაწილობრივ მაინც, გამოსწორებისა - ყოვლად შეუწყნარებელია, რომ რაიმე მოსაზრებით, განსაკუთრებით შეუძლებელი არის ისეთი გუმანიური მოსაზრებით, რომლითაც ჩვენ ხშირად ვხელმძღვანელობთ, - უარყოფილ იქმნას ასეთი გეგმა. ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღვრები სრულიად ხელოვნური არის. ორი პატარა მთის აღმოსავლეთის კალთები - აი თითქმის მთელი ის მონაპოვარი, რომელიც მოგვცა ტერიტორიალურად ამ ომმა. დანარჩენში დაცული არის სავსებით სრულიად მიუღებელი, არა სახელმწიფოებრივი და ხელოვნური ადმინისტრატიული მიჯნა.

რასაკვირველია არ არის სახელმწიფოებრივი საზღვარი. იგი ხელოვნურათ იქნა შექმნილი მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი, ჩვენ და მთელი კავკასია ერთ სახელმწიფოში შედიოდნენ. მას არავითარი არც გეოგრაფიული, არც სტრატეგიული და არც ეკონომიური გამართლება არა აქვს. და თავისთავად ცხადია, ეს საზღვრები არ დარჩება უცვლელად: ან ჩვენ უნდა გავიწიოთ და კიდევ ამ საზღვრებს იქით და დავამყაროთ ჩვენი საზღვრები, იქ სადაც მტკვრის ხეობა ვიწროვდება მდინარე ალსანის და ყაზახის მთებით და მდინარე ალაზნის ხეობით, ან ჩვენ უნდა დავკარგოთ ის საზღვრებიც, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და დავიწიოთ დასავლეთ ტფილისისაკენ. მაგრამ ამ ხელშეკრულებაში, როგორც ყველა ხელშეკრულებაში, გარდა ტერიტორიალური ინტერესისა ჩაქსოვილი არის კიდევ სხვა ინტერესებიც: ამ ომმა დიდი მსხვერპლი მოითხოვა, დიდი ზარალი მიაყენა ქართველ ერს, ძნელია მისი რაოდენობის განსაზღვრა; ის მილიარდებით განისაზღვრება, ერთ ნახევარ მილიარდს ყოველ შემთხვევაში აღემატება, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ქონებას, რომელიც ჩვენ ამ ომს მოვახმარეთ და აგრეთვე იმ ზარალს, რომელიც ნახა ქართველმა ერმა ამდენი მშრომელი ხალხის გაცდენით. და რა მივიღეთ ჩვენ? ანაზღაურებული არის ეს ომით გამოწვეული ზარალი თუ არა? რასაკვირველია, შეიძლება ძნელი იყო, რომ ჩვენ სავსებით აგვენაზღაურებია ეს ზარალი, მაგრამ ნაწილობრივადაც კი, სულ მცირე სამაგიეროსაც არ ვღებულობთ და ეს ომი, რომელიც გამოწვეულ იქმნა მეზობლის მიერ, რომელშიაც ჩვენ არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის, რომელიც ძალით მოგვახვიეს თავს - ომი სრულიად ჩვენი გამარჯვებით გათავდა და ჩვენ ვერ შევსძელით რომ ეს ზარალი ნაწილობრივ მაინც აგვენაზღაურებია.

ომით გამოწვეულმა ზარალმაც თქვენი ჭირი წაიღოს. საზავო ხელშეკრულება მომავლისთვისაც ვერ გვიცავს ეკონომიური დაზიანებისაგან აზერბაიჯანის მხრივ. ბევრს ჩვენს მოქალაქეს აზერბაიჯანში უძრავ-მოძრავი ქონება აქვს. ეს ჩვენი ნაციონალური სიმდიდრე დიდს ხიფათს განიცდის იმ სოციალისტურ პოლიტიკის გამო, რომელიც აზერბაიჯანში მყარდება. აზერბაიჯანმა უარყო ის საფუძველი, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობა. ის სრულიად აუქმებს კერძო საკუთრებას და ამით აზიანებს იმ ჩვენ მოქალაქეთა ინტერესებს, რომელთაც რაიმე სიმდიდრე აქვს აზერბაიჯანში. ხელშეკრულებით ჩვენ არ ვართ უზრუნველყოფილნი, რომ ამ ხარჯს აგვინაზღაურებს, მართალია ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი ჩვენ გვაყენებს ისეთ პირობებში, იმ მდგომარეობაში, როგორც სხვა სახელმწიფოს ქვეშევრდომებს, მაგრამ ეს სანუგეშო არ არის ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვეძიოთ ისევე აზერბაიჯანის ზარალი, რომელსაც მიაყენებს ჩვენს ქვეშევრდომებს იქ გამეფებული პოლიტიკა, როგორც ამას მოახდენდა ქვეშევრდომი სხვა სახელმწიფოსი. მე ვფიქრობ, რომ არავითარი გარანტია არ არის იმისათვის, რომ ჩვენი ქვეშევრდომები იქ დიდ ზარალს არ ნახავენ, მაშასადამე ეკონომიურად ჩვენი ინტერესები არ არის უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულებით. იქ შეიძლება გამოაცხადონ სოციალიზაცია ყოველ სიმდიდრისა და აზარალონ ჩვენი ქვეშევრდომები და ჩვენ მათი დაცვის საშუალება გვაქვს. ამ ხელშეკრულების ნაკლი კიდევ ამით არ განისაზღვრება, თანახმათ მე-6 მუხლისა - ზაქათალის საკითხი გადაუჭრელი რჩება. მე ვფიქრობ, რომ არამც თუ გადაუჭრელი რჩება, არამედ გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ომამდის იყო. ეს ტერიტორია ჩვენი სახელმწიფოს უდავო ნაწილი აზერბაიჯანს უკავია, მაგრამ ქართველი ერი დარწმუნებულია, რომ ამ ტერიტორიას მალე დაუბრუნდებით ამა თუ იმ გზით. ამ ჟამათ, ამ ხელშეკრულების თანახმათ თითქმის გამონახული არის გზა ზაქათალის დასაბრუნებლად, მაგრამ ეს გზა არამც თუ სახიფათოა, არამედ არის პირდაპირ უიმედო ჩვენთვის. თანახმათ მე-6 მუხლისა ზაქათალის საკითხი უნდა გადაიჭრას არბიტრაჟის წესით, არბიტრი ამ სადავო საკითხის იქნება რუსეთი. მე მგონია აქ შეიძლება უარესი ფორმის გამოძებნა სადავო საკითხის გადაჭრაში, ვიდრე ეს არის. დიდი ოპტიმისტი უნდა ვიყოთ, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს არბიტრი ამ საკითხს გადასჭრის ჩვენს სასარგებლოთ, აზერბაიჯანი ფაქტიურად იგივე რუსეთია. ეს თითქმის სახელმწიფო ერთეულია და ეს სადავო საკითხი მან უნდა გადასჭრას. ჩვენი მოპირდაპირე მხარე გავხადეთ არბიტრი სადავო საკითხის გადასაჭრელად, თავის თავად ცხადია, თუ ჩვენ სხვა გზა არ გამოვნახეთ, თუ ჩვენ ვერ გამოვძებნეთ რაიმე საშუალება, რომ ეს მუხლი შეცვლილი იქნას, ცხადია რომ ზაქათალის საკითხი ჩვენ საზარალოდ გადაწყდება.

კიდევ უფრო შეუწყნარებელია ის საკითხი ფორმალურად, რასაც ამ შემთხვევაში მცირე მნიშვნელობა არა აქვს. ეს ხელშეკრულება გამომდინარეობს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად შეუწყნარებელი მოვლენა არის. რუსეთთან დადებული ხელშეკრულება არას გზით, რა მხრითაც უნდა აიღოთ, არას გზით არ არის საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულება. ეს არის პარტიული ხელშეკრულება, პარტიული პირობა და ჩვენ მას არ ვიცნობთ. შეუძლებელია, რომ რაიმე იურიდიული საერთაშორისო აქტები გამომდინარეობდეს ამ დოკუმენტებიდან. არსებითად რუსეთთან დადებულმა ეგრედ-წოდებულმა ხელშეკრულებამ ერთსულოვანი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ამ ზაქათალის საკითხის გამო. ცხადია, რომ აზერბაიჯანთან სადაო საკითხები, - თუ კი ეს ხელშეკრულება იქნა ცნობილი მის საფუძვლათ, გადაწყდება სწორედ ისე, როგორც ეს აზერბაიჯანს სურს და გაცილებით უფრო გლახა მდგომარეობაში ჩავარდებით, ვიდრე აზერბაიჯანთან ომის წინათ ვიყავით, რადგანაც ფაქტიურად აზერბაიჯანს უკავია ზაქათალის მხარე და ამასთანავე მისი უფლებრივი დასაკუთრებისათვისაც სწორედ საიმედო პირობები შევქმენით. ამ რიგად ბატონებო, დიდმა გამარჯვებამ, რომელიც ნახა ქართველმა ერმა, ამ ომში არ მოგვცა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი ხელშეკრულება, არამედ რჩება თითქმის სავსებით ძველი მდგომარეობა, მცირედ ზოგან უარყოფითი ხასიათის ცვლილება. ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არ არის გაშლილი საზღვრები. ის რაც არის მოყვანილი აქ, საზღვრებათ არ ჩაითვლება და საბოლოოდ ისიც არ არის გარკვეული ნეიტრალურ ზონათ და საბოლოოდ არ არის გადაჭრილი ამ ზონის ბედი. და მაშასადამე, არსებითად დავა ამ საზღვრების შესახებ ისევ უცვლელად რჩება. ამ გვარად ომი შესწყდა, საზაო ხელშეკრულება თითქოს დაიწერა, მაგრამ ფაქტიურად ზავი არ გვაქვს ჩვენ: ამ საზაო მოლაპარაკების დროს ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ ხელშეკრულების სახით შეგვეცვალა ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შემდგომ იმ ნაწილში, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება. აზერბაიჯანი ავსილია რუსეთის ჯარებით. აი სწორეთ ამ ჯართან გვქონდა ჩვენ ომი. მათი რიცხვი სრულიად არა ჩვეულებრივია პატარა სახელმწიფოსათვის. ეს რიცხვი სრულიად არ არის საჭირო მათთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის არსებობა და თავის თავად, ცხადია, რომ როდესაც ასეთი დიდი ძალები იკრიფება მეზობელ სახელმწოფოში, აქვს უთუოდ აგრესიული ხასიათი და მიმართული არის მეზობლის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენთვის აუცილებელ პირობათ უნდა ყოფილიყო დასმული მოთხოვნილება, რომ აზერბაიჯანში მრავალ რიცხოვანი უცხო ლაშქარი არ დარჩენილიყო. ამას გარდა საჭირო არის ნაბიჯების გადადგმა ამისათვის, რომ ამ ხელშეკრულებიდან ამა თუ იმ სახით გაქარწყლებულ იქნას ის მუხლები, რომელიც აშკარათ აზიანებს ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს უცხოთა თვალში. მოსკოვის მთავრობა პოლიტიკას სავსებით გადატრიალებას უპირებს. ის ლამობს მოგვწყვიტოს ევროპასთან და დაგვაბრუნოს რუსეთისაკენ. 12 ივნისის ხელშეკრულება კიდევ აგრძელებს ამ ხაზს. ამიტომ, ბატონებო, ეს ხელშეკრულებები, ერთი უფრო მეტად, და მეორე უფრო ნაკლებად ქართველ საზოგადოებაში თანაგრძნობას ვერ მოიპოვებს. იგი დიდი სიხარულით შეხვდა ომის დასასრულს, მაგრამ როცა იგი იღებს დიდ ზარალს, ღვრის სისხლს, ხალხი უნდა ხედავდეს რეალურ სარგებლობას ამ გამარჯვებიდან. მომავალში მაინც უნდა იყოს ქართველი ხალხი უზრუნველყოფილი ასეთ მოვლენებისაგან. აგრეთვე ის მეზობლებიც, რომლებიც მახვილს იღებენ ჩვენ წინააღმდეგ, უნდა ხედავდენ, რომ უკვე მათ ბედი არ გაუღიმებს და დამარცხდებით, ან, ამის შედეგები მძიმე ტვირთად დააწვება მათ.

არა იმპერიალისტურ მიზნებით, არამედ ერის რეალურ ინტერესებით არის გამოწვეული ჩვენი ხალხის სურვილი, რომ ომის დამნაშავენი სასტიკად იქმნენ დასჯილნი და ერმა დაიბრუნოს ის ზარალი, რომელიც მან ამ ომის დროს ნახა. ეს სამწუხაროდ დავიწყებულ იყო სომხებთან ომის დროსაც და ასევე მოხდა აზერბაიჯანთან ზავის შეკვრისას. აქ ბევრი რამ შეიძლება ითქვას გასამართლებელი. სხვა პირობებს ვერ მივაღებინებდით მოწინააღმდეგეებს, რომ თუ ამას არ დავთანხმდებოდით, გველოდა ხანგრძლივი და ფრიად სახიფათო ომი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მდგომარეობის არსებითად დაფასება არ ბადებს ასეთ ეჭვებს და ჩვენი რწმენით, იმ პირობებში, რომელშიაც ვიყავით, საშუალება გვქონდა, რომ უფრო საპატიო ხელშეკრულება დაგვედო აზერბაიჯანთან. ყოველივე ამის გამო, ჩემის აზრით, დამფუძნებელი კრება გამოსთქვამს კმაყოფილებას იმის გამო, რომ ჩვენმა სახელოვანმა ლაშქარმა ბრწყინვალეთ დაასრულა ის ომი, რომელიც ჩვენმა მეზობელმა მუხანათურად აგვიტეხა და აგრეთვე გამოსთქვამს უკმაყოფილებას, რომ ომში გამარჯვებული საქართველოს ტერიტორიალური, ეკონომიური და პოლიტიკური ინტერესები 12 ივნისის ხელშეკრულებით სრულიად არ არის უზრუნველყოფილი.

თავმჯდომარე. თანახმად რეგლამენტისა, რადგან ეხლა ორი საათია, უნდა გადავიდეთ შეკითხვაზე, მაგრამ წინადადება არის, რომ განვაგრძოთ მსჯელობა რატიფიკაციის შესახებ. წინააღმდეგი არავინ არის? მიღებულია.

სიტყვა ეკუთვნის სამსონ ფირცხალავას.

სამსონ ფირცხალავა. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენს წინაშე წარმოდგენილი ხელშეკრულება საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის დადებული, უეჭველია, ფრიად მნიშვნელოვანი აქტია ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მისი მნიშვნელობა არ ამოიწურება მარტო ფორმალურის შინაარსით, რომ სისხლის ღვრა შეაჩერა და მშვიდობიანობა ჩამოაგდო. არც ამით განისაზღვრება კიდევ, რომ ასეა თუ ისე ერთნაირს გამოხატულებას აძლევს ჩვენსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას, იგი აუცილებელ გავლენას ახდენს ჩვენი რესპუბლიკის საერთო პოლიტიკაზე და ჩვენი ვალია, ფხიზლად ჩაუკვირდეთ მის აზრს, ყოველი წვრილმანი გავითვალისწინოთ, მოსალოდნელი შედეგები კარგად ავსწონოთ და გავზომოთ, და ისე შეუფარდოთ ჩვენი მოქმედება ამ ხელშეკრულებას, რომ ოდნავად არ შეირყეს საფუძველები ჩვენი დამოუკიდებლობისა და რაც შეიძლება უკეთესად ვისარგებლოთ ყოველი მისი დებულებით ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ყოვლის უწინარეს უნდა მივაქციოთ დამფუძნებელი კრების ყურადღება იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ვერ სწყვეტს იმ სადაო სატერიტორიო საკითხს, რომელიც ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. მართალია ზოგიერთი საზღვარი სასურველად არის შესწავლილი და ამ მხრივ უთუოდ წარმატებაა მოპოვებული, მაგრამ - რაც უმთავრესია - საქართველოს ბუნებრივი ნაწილის საინგილოს საქმე სადაოთ რჩება და დაუსრულებლად.

აზერბაიჯანის ომმა ჩვენს სახელმწიფოს აურაცხელი ხარჯი და ზარალი მოაყენა. დიდძალი სახელმწიფო ქონება დაგვრჩა აზერბაიჯანში და უდიდესი ნაწილი ვეღარ დაგვიბრუნდება. მართალია მივიღებთ სასყიდელს, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ფულით ანაზღაურება ზოგი ქონებისა ყოვლად მოუხერხებელია, რადგან ამ ქონებას სასყიდლად ვერსად იშოვნით. ეს მით უფრო სამძიმოა, რომ ომის საწარმოებლად, თავდაცვის მოსაწყობად მრავალი მილიონი ფული დაგვეხარჯა, რაიც ჩვენს ისედაც გაჭირვებულს ეკონომიურს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ჩვენს ხალხს მძიმე უღლად დააწვა კისერზე მილიონ ნახევრის თუ მეტის სრულიად უმიზეზო და უსარგებლო ხარჯი.

ამისათვის შეიძლება ამდენი ყურადღება არ მიგვექცია, რომ ხელშეკრულებას მართლა ზავი, მკვიდრი და მტკიცე მშვიდობიანობა მოეტანა ჩვენთვის. მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა. ის ნეიტრალური ზონები, რომლებიც მოხსენებულია ხელშეკრულებაში, ნათლად მოწმობენ იმას, რომ ჩვენი ზავი ცუდი ზავია და ხელშეკრულება ვერ ამყარებს იმ გარკვეულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც ასე საჭიროა და ძვირფასი ორივე რესპუბლიკისათვის.

ჩვენ ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ ამიერ-კავკასიაში თითოეული რესპუბლიკის კეთილდღეობა გადაჯაჭვულია მეზობელ რესპუბლიკათა კეთილდღეობაზე და თუ რომელისამე მათგანის დამოუკიდებლობას საფრთხე მოელის, ეს დამღუპველია ყველასათვის. აქსტაფაში დადებული ხელშეკრულებით ჩვენ არ ვცდილვართ, გაგვეწმინდა აზერბაიჯანი იმ პოლიტიკურ-ეროვნულ გაურკვევლობისაგან, რომელშიაც დღეს იმყოფება ჩვენი მეზობელი. არ ვიცით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუ შემადგენელი ნაწილია საბჭოთა რუსეთისა.

ვინ ლაპარაკობს აზერბაიჯანის სახელით, აზერბაიჯანის ხალხი, თუ რუსეთის რწმუნებულები?

საერთოდ, როგორც მოსკოვის ხელშეკრულებას, ისე აქსტაფის ხელშეკრულებას რუსეთის ორიენტაციისაკენ მივყევართ, რუსეთის გავლენის ფარგალში გვამწყვდევს, რუსეთის და საქართველოს პოლიტიკურს დაახლოვებას უწყობს ხელს. და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი სახელმწიფოს პოლიტიკური გავლენა არაა ჩვენი ეროვნებისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრივობისათვის ისე სახიფათო და დამღუპველი, როგორც რუსეთის გავლენა. ჩვენს ახლად ფეხადგმულ თავისუფლებას, ჩვენი შემოქმედების დაუბრკოლებლივ განვითარებას, ჩვენს კულტურულ-ეკონომიურს წარმატებას აუცილებლად ესაჭიროება, რომ რაც შეიძლება სრულებით ავიცდინოთ, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ჩვენში რუსეთის პოლიტიკური გავლენა. თუ ეს გავლენა გაძლიერდა, ცარიელი სიტყვა დარჩება ჩვენი თავისუფლება, უნაყოფო იქნება ჩვენი სუვერენობა.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ კიდევ დიდი ნაკლი წარმოდგენილი ხელშეკრულებისა: აქსტაფის ხელშეკრულების მეექვსე მუხლი ზაქათალის საკითხისათვის ემყარება მოსკოვის ხელშეკრულებას, რომელიც ჯერ არ განუხილავს, არ დაუდასტურებია ქართველი ხალხის უზენაესს დაწესებულებას, დამფუძნებელ კრებას, ეს უეჭველი შელახვაა დამფუძნებელი კრების უფლებისა, ეს ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ამიერიდან მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. ჩვენი ძალა ჩვენი დემოკრატიზმია, ეს საანბანო დებულებაა, ამისათვის სიტყვის გაგრძელება მეტია და დიდს მწუხარებას გამოვსთქვამთ, რომ მთავრობამ დაივიწყა ეს ელემენტარული მოთხოვნილება.

ასეთია მოკლედ ჩვენი დაკვირვებით ის დეფექტები, რომლებიც ახასიათებენ აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ფრაქცია, ფრაქცია სოციალისტ-ფედერალისტებისა არ უარჰყოფს ხელშეკრულების დადებითს მხარეს და მნიშვნელობას. ვითვალისწინებთ ჩვენს საერთო მდგომარეობას, საერთო კრიზისს, რომელიც დღეს გამეფებულია ირგვლივ. ვითვალისწინებთ იმას, რომ როგორიც უნდა იყოს, როგორის გამარჯვებითაც უნდა დამთავრდეს, გამანადგურებელია ხალხის ცხოვრების, რომ ჩვენთვის უმჯობესია არა იარაღით, არამედ მშვიდობიანის მოლაპარაკებით გადავსწყვიტოთ მეზობლებთან ყოველი სადავო საკითხი, რომ ზავი საზოგადოდ, კერძოდ აზერბაიჯანთან ჩვენთვის მუდამ ძვირფასი იყო და არის, - ამიტომ ვადასტურებთ წარმოდგენილს ხელშეკრულებას და გამოვსთქვამთ იმედს, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და შეეცდება მშვიდობიანის გზით გამოასწოროს ხელშეკრულების ნაკლი და კერძოდ დაუბრუნოს საქართველოს ძალით წაგლეჯილი საინგილო.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბატონ ლ. შენგელაიას.

. შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! საქართველოს დემოკრატიის, ქართველი ერის ცხოვრებაში ამ მოკლე დროში დიდი მნიშვნელობის ამბები მოხდა. მათ შორის ყურადღებას იპყრობს ზავი საბჭოთა რუსეთთან, ომი და ზავი აზერბაიჯანთან და მდგომარეობის გართულება ბათომის ოლქში. აზერბაიჯანთან საქართველოს მშრომელ ხალხს ომი არ უნდოდა, ჩვენ გვინდა ვიქონიოთ კეთილმეზობლური განწყობილება რუსეთთან, ხოლო უბათუმოდ ცხოვრება ჩვენ არ შეგვიძლიან. ამიტომ არის, რომ ეს სამი საკითხი ყველაზე უფრო მწვავედ სდგას ჩვენ წინ. თუ ეს საკითხები გადაწყდა სამართლიანად, ისე როგორც ამას მოითხოვს საქართველოს დემოკრატიის ინტერესები, მაშინ საქართველოს მშრომელ ხალხს მიეცემა ობიექტური შესაძლებლობა გაშალოს ფრთები, მას მიეცემა ფართო გასაქანი. მხოლოდ თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობა ისევე უდღეო გამოდგეს, როგორც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. ბატონებო! ამ საკითხების გადაწყვეტით სამუდამოდ უნდა განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა, უნდა მოხდეს ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ტერიტორიის გამიჯვნის საბოლოო რედაქცია. ჩვენ ერთხელ უკვე დავდეთ აზერბაიჯანთან ხელშეკრულება, დავდეთ უომრად. დღეს მეორე ხელშეკრულება დავდეთ იმავე მეზობელთან ომის შემდეგ. ამ ორ ხელშეკრულებათა შორის კიდევ არის მნიშვნელოვანი განსხვავება. მაშინ ჩვენ საქმე გვქონდა ჩვეულებრივ აზერბაიჯანთან, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენი მოკავშირე გახდა. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს კომუნისტურ აზერბაიჯანთან, მაგრამ თუ ეს ახალი აზერბაიჯანი არის, მართლადაც ახალი კომუნისტური, ის უნდა გახდეს უფრო საიმედო მოკავშირე და მეგობარი, ვიდრე ძველი აზერბაიჯანი იყო, ვინაიდან ნამდვილ კომუნისტურ რესპუბლიკას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სამტრო და საომარი არაფერი არ უნდა ჰქონდეს. (ვეშაპელი: ეს დაგვიმტკიცეს!). თავიდანვე ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო და სწარმოებდა უცნაურ პირობებში. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანს დამოუკიდებლათ ჩვენთან ომის წარმოება არ შეეძლო. იმავე დროს ჩვენ ზავი შევკარით რუსეთთან. ომი მაინც სწარმოებდა რუსეთის ნივთიერ და ტეხნიკურ საშვალებათა დახმარებით. დღეს აზერბაიჯანთან ომს ბოლო ეღება, ზავის პირობები უკვე წარმოდგენილია. ჩვენი ფრაქცია ღებულობს ამ ზავს, ვინაიდან ჩვენ არ გვინდა ომი არავისთან და მით უმეტეს კომუნისტურ სახელმწიფოებთან. ჩვენ ვღებულობთ ამ ხელშეკრულებას, ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, ჩვენ შეგვიძლია შევკრათ ნამდვილი დემოკრატიული ზავი. ჩვენ შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა ომის დაწყებამდე, სხვისას ჩვენ არ მოვითხოვთ. ხელშეკრულებას აქვს მნიშვნელოვანი დეფექტებიც, ასეთია მეათე და მეთერთმეტე მუხლები. რამდენადაც აქ არის ლაპარაკი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადაიქცეს ბაზად იმ ძალებისათვის, რომელნიც მიზნად ისახავენ აზერბაიჯანის დამხობას. ესეთივე მოვალეობა აქვს დაკისრებული მეორე მხარესაც. ასე, რომ ეს მისაღებია, მაგრამ რამდენად ამ მუხლების გაგება შეიძლება ისე, თითქოს ის იყოს ემიგრაციის წინააღმდეგ, იმდენად ეს მუხლები მიუღებელია. შემდეგ ზაქათალის საზღვრების საკითხი უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის საშუალებით და სუპერ-არბიტრა უნდა იყოს სუსტი, ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს. ჩვენ გვწამს, რომ რუსეთი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან იცნო, აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა, ის არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის საარსებო ინტერესების წინააღმდეგ იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენი პრეტენზიები სავსებით სამართლიანია. მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის გარემოება, რომ სუპერ-არბიტრად დაინტერესებული მხარის მოწვევა არ მოწმობს ჩვენს დიდ დიპლომატებს და პოლიტიკურ სიმწიფეს. ხელშეკრულებაში არის მოყვანილი ერთი მუხლი იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც ჩვენ დავდევით რუსეთთან. ეს მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და თუ აზერბაიჯანიც დამოუკიდებელია, რა შუაშია აქ ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ დავდეთ მესამე სახელმწიფოსთან?! აზერბაიჯანმა, როგორც რუსეთმა, იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს დიდი პლიუსია, ამით ჩვენი დამოუკიდებლობის მტრებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ იცნო. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულზე ხელები დავიკრიფოთ. შესაძლებელია, ჩვენ უფრო მეტი ბრძოლა დაგვჭირდეს ჩვენი დამოუკიდებლობისათვის. მაგრამ ჩვენ გვრწამს, რომ თავისუფალ დამოუკიდებელი საქართველო დასძლევს ყოველ-გვარ დაბრკოლებებს და ბოლოს და ბოლოს გამარჯვებული გამოვა, ვინაიდან ჩვენ სიცოცხლე გვწყურიან, ვინაიდან ჩვენ გვრწამს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალი! (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. გრ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. ბატონებო! 12 ივნისის საზავო ხელშეკრულებამ დაასრულა ჩვენი ომი აზერბაიჯანთან.

ჩვენ გვქონდა ომი სოციალისტურ რუსულ აზერბაიჯანთან. სანამ აზერბაიჯანში იყო დამოუკიდებელი, ეროვნული ძალა-უფლების პატრონი მთავრობა, მუსავატური მთავრობა, მანამ აზერბაიჯანთან ჩვენ ომი არ გვქონია. მაგრამ საკმარისი იყო აზერბაიჯანში ეგრედ წოდებული გუმეტის პარტიის, რომელიც აქ საქართველოში არის აღზრდილი და რომლის ნაწილსაც დიდი გავლენ აქვს ეხლაც ბორჩალოს მაზრაში, მოღალატეობით რუსეთი შესულიყო, რომ მას აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის პირით ომი გამოეცხადებია ჩვენთვის. ასევე ამკვიდრებდენ ასი წლის წინად რუსეთის ძალა-უფლებას რუსი გენერლები.

რუსეთის შესვლა აზერბაიჯანში იყო ნაძალადევი და არსებითად უდრიდა მის დაპყრობას. ეს გარემოება აზერბაიჯანის დელეგაციის თავმჯდომარემ პროტესტის სახით ოფიციალურად აუწყა უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს.

რუსეთი შემოვიდა ბაქოში აპრილის 27 და უკვე 4 მაისს მისი ჯარი ფოილოს ხიდთან იყო. ეს იყო მეთერთმეტე არმია.

დამახასიათებელია ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლიან ვინუგეშოთ თავი იმით, თითქოს მოსკოვის მთავრობას ამ ომში წილი არ უდევს. იმიტომ, რომ ჩიჩერინს ოფიციალურად შეეკითხნენ, მაგრამ ბ. ჩიჩერინს, თუმცა მას უყვარს ნოტების გზავნა, აქამდის პასუხი ვერ მოუცია. ალბად იმიტომ, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა იმაზე, რატომ გვებრძვის მეთერთმეტე არმია, ჩიჩერინს, თუნდაც მოსკოვის ზავის შემდეგ, არ შეუძლიან.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ერთგვარი სტრატეგიული გეგმა ჰქონდა საქართველოში შემოსასვლელად, ერთი გზა არის გზა სოჭიდან, მაგრამ, სანამ შავ ზღვაზე ბატონობს ინგლისის ფლოტი, იქიდან შემოსვლა ძნელია.

რაც შეეხება მეორე გზას, დარიალს, აქ თუნდაც არც ერთი მოკავშირე არ გვყავდეს, რუსეთის ჯარს ყოველთვის გაუძნელდება ჩვენში შემოსვლა.

ამიტომ რუსეთი წამოვიდა იმ გზით, რომელიც უფრო ხელსაყრელი იყო მისთვის სტრატეგიული მოსაზრებით.

მიზანი ომისა იყო ორგვარი: ერთი სტრატეგიული, სამხედრო. ტფილისის დასაცავი კარები არის ძველი შამქორის რაიონი, რომელიც წარმოადგენს მტკვრის ყველაზე უფრო ვიწრო ალაგს. აქ იყო ყოველთვის გამაგრებული საქართველო ან თითონ, ან მისი ვასალების საშუალებით, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდა ტფილისის ბედი. აქ შეგვეძლია მხოლოდ სტრატეგიულად უზრუნველყოფილი ვიყოთ და ჩვენი საზღვრების საკითხი გადავჭრათ.

იყო მეორე - პოლიტიკური მიზანი. აზერბაიჯანიდან იმ უცხო ძალის განდევნა, რომელმაც, თუნდაც სოციალისტური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფორმით, მაგრამ მაინც რუსეთზე დამოკიდებული პროვინცია შექმნა ამიერ-კავკასიაში, ბაქოს რაიონში.

შემიძლია ვთქვა, რომ ომის დაწყებისას ასეთი მიზნები მაინცდამაინც არ ყოფილა. ძალიან ფანტასტიური ხალხია მმართველ წრეებში: გაზ. „ერთობა“, მაგალ., პირდაპირ სწერდა, რომ პირველი მიზანი, - აღედგინა კავკასია და ის როლი, რომელიც ჩვენ ისტორიისაგან ძალაუნებურად დაგვეკისრა, საქართველოს ინტერესების უზრუნველყოფა და ამავე დროს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების უზრუნველყოფა უცხო სახელმწიფოს ძალებისაგან, რუსეთისა და ოსმალეთისაგან - ეს მისია უნდა შეგვესრულებინა. შეიძლება ამაში იყოს ერთგვარი გეგემონიის მისია, მაგრამ ომის მსვლელობა ისეთი იყო, რომ სხვანაირი ზავი არ იყო მოსალოდნელი. ეს იყო ჩვეულებრივი - არ ვიტყვი ქართველური - შეიძლება ითქვას, მენშევიკური ომის წარმოება. თავში გვხვდებოდა წილად პატარა კრიზისი, შემდეგ კრიზისის დაძლევა, გამარჯვება და შემდეგ გაჩერება. ეს არის შაბლონი იმ ომებისა, რომლის წარმოება უხდება სოც.-დემოკრატიულ მთავრობას საქართველოში. კრიზისის დაძლევისა და გამარჯვების შემდეგ შეჩერება ხდება ყოველთვის მესამე ძალის ხათრით. სომხეთთან ომის დროს ეს იყო ინგლისის ხათრით, ეხლა კი ეს მოხდა რუსეთთან, ან უკეთ რომ ვსთქვათ მოსკოვთან დადებულ ხელშეკრულების ხათრის გამო. მოსკოვის ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიძლება ჩვენს მთავრობას დაეკარგა პერსპექტივები, შეიკრა ზავი სწორედ მაშინ, როცა ჩვენმა ჯარმა გადასჭრა ბრძოლა რუსებთან და შეიძლებოდა წინ წასვლა. ეს მოხდა დაახლოებით კიდევ მაშინ, როცა აზერბაიჯანმა დაიწყო აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ და განჯაში ამბოხებამ იფეთქა. მაშინ შეწყდა ჩვენი ოპერაცია.

ჩვენი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო არა რუსეთის ზავის ლოიალობის პოლიტიკა, არამედ ისეთი, როგორსაც, აი თუ გნებავთ, დღეს პოლონეთი ადგას: გამარჯვება და შემდეგ ზავი! თავის-თავად ცხადია, ეს რომ განჯის აჯანყების შემდეგ ყოფილიყო, ფანტაზია არ იქნება ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანი მიღწეული იქნებოდა.

აგრეთვე თვით დროებითი ზავი, რომელიც დაიდო სამხედრო მოქმედების შეჩერების შემდეგ - იყო ძალიან ორიგინალური და არაჩვეულებრივი. ჩვენი გენერალური შტაბი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის პარლამენტიორები მოითხოვდენ, როგორც დროებითი ზავის პირობებს, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ის პოზიციები, რომელებიც ჩვენ გვეკავა ომის დაწყების წინ. გენერალური შტაბი, რომელსაც უნდა ქონდეს უდიდესი ავტორიტეტი და პასუხისმგებლობა, თავის დეკლარაციაში აცხადებდა, რომ ეს უმაგალითო მოთხოვნილება არის ისტორიაში, რომ იგი მიუღებელია და ჩვენ მიერ კატეგორიულად უარყოფილი უნდა იქნესო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ეს პირობები მივიღეთ და დავიხიეთ. მხოლოდ, გენერალურ შტაბს მეორე დეკლარაცია არ დაუწერია, ამბობენ, რომ ამ არაჩვეულებრივ ზავს ქონდა თავისი გამართლებაო; ის, რომ ამ ზავისათვის ხელი არ მოგვეწერა - მაშინ ხელახლა უნდა დაგვეწყო ბრძოლა წითელ ხიდთან. აქ უფრო პოლიტიკურ ორგანიზაციას ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვიდრე სახელმწიფო პირებსა და მთავარ სარდალს. ისინი უკან დახევის წინააღმდეგნი ყოფილან და ეს ფუნქცია შეუსრულებია გვარდიას, უფრო პოლიტიკურ ორგანიზაციას ვინემ წმინდა სტრატეგიულს (გეგეჭკორი: მთავარსარდალს ქონდა მინდობილი ეს?). შედეგი ასეთი ომის წარმოებისა არის ეს ზავი. და პირადათ ვიტყვი, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიაც ომი სწარმოებდა და დროებითი ზავი შეიკრა, უკეთესი ზავის დადება ჩვენს დელეგაციას არ შეეძლო. უამისოთ ჩვენ მოგვიხდებოდა ახალი ბრძოლის დაწყება ფოილოსა და წითელ ხიდთან. შეიძლება ითქვას, რომ ზავმა ჩვენ მოგვცა ის, რაც წინათ გვქონდა ცოტა ოდენი შესწორებით, თუ შეიძლება ითქვას, სტატუსი. და ამ სტატუსით არც პოლიტიკური და არც სტრატეგიული მიზანი მიღწეული არ არის, დაახლოებით, რამდენიმე ვერსის მომატებას იმ რაიონებში, რომლებზედაც გადის საზღვარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. (გეგეჭკორი: ზონები?). რაც შეეხება ზონებს, თუ დავემყარებით ადმინისტრატიულ პრინციპს - განსაკუთრებით წითელ ხიდთან, რომელიც იყო ტფილისის გუბერნიაში - სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული. პირიქით, ტფილისს განჯის მხრივ, მოელის მუდმივი საფრთხე და თუ მთავრობას უნდა იგი უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი მოულოდნელი შემოსევისაგან - ჩვენ ტფილისი უნდა ჩავაყენოთ პირველ ხარისხოვან ციხის მდგომარეობაში; სხვანაირათ ტფილისის უზრუნველყოფა არ შეიძლება.

მეორე მხრით, საინგილო ამ ზავმა ჩვენ ვერ მოგვცა, თუმცა დიპლომატიით, რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით, თითქო იყო მოცემული. რაც შეეხება სტრატეგილ ოპერაციას, მისი დაკავება ძალიან ადვილი იყო. მარტო ქიზიყისა, და საერთოდ, კახეთის ხალხის სულისკვეთება იყო საკმარისი, რომ ზაქათალის საკითხი ჩვენდა სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. თვით კახეთის მეთაურობით შეიძლებოდა საინგილოს დაკავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განჯის აჯანყების შემდეგ - აჯანყება მოხდა ზაქათალაში. ამ ხელშეკრულების მეექვსე მუხლი ყველაზე უფრო მიუღებელია ჩვენთვის, სხვა მუხლებზე არაფრის თქმა არ შეიძლება. რაც შეეხება მე-6 მუხლს, აქ არის ერთი გარემოება, ყოვლათ მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს მუხლი ეყრდნობა რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას, რომლის რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა, თუმცა ეს შედის როგორც რუსეთის, ისე ჩვენს კონსტიტუციაში. ეს მიუღებელია და მეორეს მხრივ, მიუღებელია ისიც, რომ არბიტრი ზავის საკითხში რუსეთის ხელშია, როდესაც აზერბაიჯანი წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ მოკავშირეს და ფაქტიურად მის პროვინციას. მიუღებელია, რომ რუსეთი იყოს არბიტრი თავის საკუთარ საქმეში. აი ამ მე-6 მუხლის გამო ჩვენ ხელშეკრულების წინააღმდეგ მივცემთ ხმას.

ახლა უნდა მოგახსენოთ შესახებ პერსპექტივისა. ეს არის მეორე ზავი ბოლშევიკურ სახელმწიფოსთან. ბოლშევიკების ზავის შეფასება ადვილია იმიტომ, რომ თვით ბოლშევიკები არასოდეს არ არიან ძალიან დაინტერესებულნი ამ საკითხში. ისინი ამბობენ, რომ მათთან ზავის დადება არის ერთი, ან ორი დღის შესვენების საქმე. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ეს ხელშეკრულება არ დარჩეს ისეთი, როგორიც ბრესტის ხელშეკრულება გამოდგა. ბოლშევიკებმა უკვე დაამტკიცეს თავის მაგალითებით, რამდენად შეგვიძლია დავენდოთ ზავს ან რუსეთთან, ან აზერბაიჯანთან. ამ ზავის შემდეგ იყო ის, რომ ოსეთმა ჩრდილოეთ ოსეთის კარნახით აჯანყება მოგვიწყო.ზავის შემდეგ იყო ისიც, რომ ჩიჩერინმა ქემალ-ფაშასთან შეთანხმებით მოგვწყვიტეს იმ ბათუმსა და მის ოლქს, რომელიც ურატაძეს მისცა და რომელიც ურატაძეზე წინად კიდევ იმავე ქემალ-ფაშას დაუთმო. ეხლა არ გასულა რამდენიმე დღე აზერბაიჯანის ზავის შემდეგ, მაგრამ რუსეთმა და თათრებმა გვიჩვენეს, რამდენად საიმედო არის მათთან ზავი: ხელშეკრულებაში ამბობენ, რომ არც ერთი სამხედრო ნაწილი არ შეიძლება შეყვანილ იქნეს ზაქათალაშიო და რუსებმა სწორედ ამ ზავის შემდეგ შეიყვანეს ზაქათალაში ჯარი. ამ ჯარის შტაბის უფროსი ყოფილა სწორედ ის პირი, რომელიც აზერბაიჯანმა და რუსეთმა დანიშნეს საკონტროლო კომისიაში და რომელსაც დავალებული ჰქონდა არ შეეშვა იქ არც ჩვენი და არც მათი ჯარი.

საერთოდ გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის სახით ნახევრად შემოგვერტყა ყოფილი რუსეთის იმპერია. თუ ის განაგრძობს შეტევას სომხეთზე, მაშინ დგება საკითხი პროტექტორატის შესახებ, რომლის გამო არის კიდეც მოლაპარაკება რუსეთსა და ერევანს შორის. ამას მოწმობს ჩიჩერინის უკანასკნელი ნოტა, რომელიც ეუბნება, რომ რუსეთი ლაპარაკობს დახმარების შესახებ, რომელიც უნდა აღმოუჩინოს სომხეთსო. ეს ნიშნავს ერთგვარ პროტექტორატს, რაც მშვიდობიანობას არღვევს.

ჩვენ უნდა მოვიკრიფოთ მთელი ჩვენი ენერგია და დავაყენოთ საკითხი ჩვენი დამოუკიდებლობისა რუსეთთან. თავის-თავად ცხადია, რომ ჩვენ რუსეთისაგან კარგს არაფერს ველით და არავინ გვძულს ისე, აქ შემოსულ უცხო სახელმწიფოებთან შედარებით, როგორც რუსეთი, იმიტომ, რომ არავის არ ვძულვართ ჩვენ ისე, როგორც რუსეთს. ერთად-ერთი გზა არის კავშირი ევროპასთან, რომლის ინტერესებიც არის აზიაში. დღეს-დღეობით უნდა ვეძიოთ კავშირი ინგლისისა. ეს კავშირი უნდა განვამტკიცოთ და რაც შეიძლება მტკიცე უნდა იყოს ეს კავშირი, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, ისე ეკონომიური, რომ ამ გზით რუსეთის პრეტენზიებს თავი დავახწიოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. თევზაიას ეკუთვნის.

. თევზაია. (ს.-დ.) ბატონებო! ნება მიბოძეთ ცოტა, რომ ისტორიიდან ვილაპარაკო. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანში არსებობდა მთავრობა, რომელსაც ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკასთან ხელშეკრულება, მაგრამ ამავე დროს, დღეს ეს ყველას მიერ ცნობილი არის, მაგრამ აზერბაიჯანში ფეხი მოიკიდა და გამაგრდა დედამიწის ზურგზედ, ჩემის აზრით ყველაზე უფრო კონსერვატიული პარტია „იტიხადი“-ს პარტია, რომელიც აწყობდა შეთქმულებას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ერთის მხრით და რომელიც მეორეს მხრით აშკარად აღიარებდა საჭიროებას ხელშეკრულებისას და მეგობრობას საბჭოთა რუსეთისას აზერბაიჯანთან. და დღეს საქართველოში ყველა გაზეთის მკითხველმა იცის, რომ „იტიხადი“-ს ორგანო, ორგანო ყველაზედ გავლენიან და ვითომ პატრიოტულ პარტიისა, ეს ორგანო იყო საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის მატარებელი აღმოსავლეთში (ვეშაპელი: თუ ოსმალეთისა?) და აზრები, რომლებიც ეგებოდა საბჭოთა რუსეთის პოლიტიკას აღმოსავლეთის, სავსებით იხსნებოდა ამ ორგანოში და მის წარმოდგენის სახით აზერბაიჯანის პარლამენტში. შეცდება კაცი, რომელიც უფრო დიდ პერსპექტივებს აკეთებს ასეთ საერთაშორისო პირობებში. იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ეს ძალიან ძნელი საქმეა და თავის თავად ცხადია, რომ აზერბაიჯანის „იტიხადსს“, რომელიც დიდ პერსპექტივებს აკეთებდა ამის თავი არა ჰქონია, სჩანს ეს ისტორიიდან. ახლა რაც შეეხება ომს, ის დაიწყო საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შორის სულ სხვა მიზნების მისაღწევად. უნდა დავსვათ კითხვა, რა იყო მიზანი აზერბაიჯანისა: ის ხალხი, რომელიც აწყობდა შეთქმულობას, ის ხალხი, რომლებიც მინისტრების პოსტზე იდგნენ ძველ მთავრობის დროს, მინისტრები, რომელთაც ებარათ ბედი თავისი ქვეყნისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ასრულებდნენ, ზოგიერთი ასეთი პირი პერსონალურად ღებულობდა მონაწილეობას ამ შეთქმულებაში. ეს ყველა დამფუძნებელმა კრების წევრმა იცის. მიზანი იყო გამოეყენებინათ საბჭოთა რუსეთი თავის შორეულ ან ახლობელ მიზნების განსახორციელებლათ და სწორეთ ამ მიზანმა დაბადა მათი მიდრეკილება, რომ საქართველოს ჩამოშორებოდა ის ნაწილები, რომელიც იურიდიულათ და ფაქტიურად მის საზღვრებში შემოდიოდა და სადაც მუსულმანები მოსახლეობენ. ისინი იმას არ მალავდნენ, რომ ყველა ადგილები სხვა და სხვა ჩვენი მიზნებისა, სადაც მოსახლეობენ მუსულმანები, უნდა ეკუთვნოდეს არა საქართველოს, არამედ მომავალ კომუნისტურ, თუ მონარქიულ არ ვიცი, აზერბაიჯანის რესპუბლიკასო. მაშინ ამაში დიდი განსხვავება არ იყო ორ მთავრობას შორის. (ვეშაპელი: ეხლა ხომ არის?). ამაზედ შემდეგ. მეორეს მხრით თვით საბჭოთა რუსეთსაც ჰქონდა თავისი გეგმა, პოლიტიკა, რომ გამოეყენებია ის ხალხი, რომელიც ზემო აღნიშნულ მიზნებს ისახავდა და რომლებმაც არ იცოდა, რას შვებოდა თავისი მიზნებისათვის, რომ გადატრიალება მომხდარიყო იურიდიულ ნიადაგზე, ეს ასეც მოხდა. აზერბაიჯანის პარლამენტმა დაადგინა: რომ იღებს ძალა უფლებაზედ ხელს და სცნობს საბჭოთა მთავრობას. ის ხალხი, რომელნიც გაჭირვების დროს არ სდგას თავის სიმაღლეზედ და თავის ქვეყანას აძლევს სხვას, ჩემის აზრით დაღუპვის ღირსნი არის... (ხმაურობა). (ვეშაპელი: გამოიქცა და იმიტომ მოკლეს). რაში იყო მიზანი ამ ახალი მთავრობისა? ახალი მთავრობის მიზანი არის საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოსპობა და მის ნანგრევებზედ ახალი რამის შექმნა. ეს იმის მიზანი არის - მხოლოდ მეორე მხარის მიზანი არის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ მეორე მხარე სულ არა ფიქრობს, რომ დაიპყროს მეზობელი ქვეყანა. არ ფიქრობს მის შინაურ საქმეებში ჩარევას, ასეთია ჩვენი დემოკრატიის პოლიტიკა. ორი წლის განმავლობაში არც იმას ფიქრობს, რომ იქ შესცვალოს მართვა-გამგეობა. ამნაირად აქ აისახება ორი სხვა და სხვა მიზანი. მართალია ამბობდნენ, რომ უნდა ყოფილიყო დასახული ჩვენის მხრივ კიდევ ერთი მიზანი, რომ აზერბაიჯანის ხალხი გაგვენთავისუფლებია უცხო ძალებისაგან, მაგრამ მე ვამბობ, რომ ასეთ მიზნებს საქართველოს დემოკრატია ვერ გაიზიარებს, მეტს ვიტყვი, ასეთ მიზნებს იზიარებდა სხვათა შორის საბჭოთა რუსეთი, რომელიც ფიქრობდა ახალი ქვეყნები დაეპყრო, ახალი წესწყობილება დაემყარებია და შინაურ საქმეებში ჩარეულიყო. ამ მხრივ უდიდესი განსხვავება არის საერთაშორისო პოლიტიკაში, საბჭოთა რუსეთის და საქართველოს დემოკრატიის შორის, ის ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერიოს სხვის საქმეებში, აიღოს ხელში იარაღი, შევიდეს და გაანთავისუფლოს იმ ძალიდან. და ამით ქართველ დემოკრატიას მოახვიონ რაღაც მესიის როლი და მაშინ შეიძლება სპარსეთშიაც უნდა გაგვეგზავნა ახალი ჯარი, იმიტომ, რომ სპარსეთიც ხომ ჩვენი მეზობელი ხალხია და იქაც უნდა დაიცვათ ისინი. ყველა ამას ვერ გავიზიარებთ. ამისთანა როლს ვერც ერთი პოლიტიკური მოღვაწე ჩვენს დემოკრატიას ვერ დააკისრებს. (ვეშაპელი ადგილიდან: დენიკინის წინააღმდეგ?). როცა ჩვენს საზღვრებზე დენიკინი იდგა და გვეცემოდა, ჩვენ მას ვებრძოდით. დენიკინს რომ წინადადება მიეცა ჩვენთვის წავსულიყავით და მასთან ერთად გვებრძოლა თერგის და უკრაინის მიდამოებში, თავის თავად ცხადია, რომ არც ერთი დამფუძნებელი კრების წევრი ასეთ გადაწყვეტილებას ხმას არ მისცემდა. ასეთი რამ არც ყოფილა. ჩვენი ერთი ძირითადი დებულება დამოუკიდებლობის აქტისა არის ნეიტრალობა, შეთვისებული აქვს ჩვენს ხალხს, მან იცის რომ ჩვენი სახელმწიფო არის ნეიტრალური. (ვეშაპელი ადგილიდან: ნეიტრალური ზონები?).

როდესაც ნაციონალური საბჭო გვქონდა, ზოგიერთი დეპუტატი მოითხოვდა ამ ნეიტრალობის დარღვევას უცხო სახელმწიფოთა სასარგებლოდ, მასზე აშენებდენ პერსპექტივებს და ამბობდენ, რომ თუ მასთან შევკარით სამხედრო კავშირი და მასთან ვიქენით, გამარჯვებულნი გამოვალთო. მაგრამ, რადგან ნეიტრალობა ერთი საფუძველთაგანია, ერთი ელემენტთაგანია ჩვენი არსებობისა, იგი არის აღნიშნული ჩვენი დამოუკიდებლობის აქტში და ამ ნეიტრალობის დარღვევა არ შეიძლება ისე, თუ არ შეირყა ჩვენი დამოუკიდებლობის აქტიც. (გ. ვეშაპელი ადგილიდან: ნეიტრალური ზონები?). ნეიტრალურ ზონებსა და სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის შორის დიდი განსხვავება არის. ვინც ასეთ მიზნებს ისახავდა, ის, რასაკვირველია, ამ ზავს უყურებს ისე, რომ მან მიზანს ვერ მიაღწია. მაგრამ ვისაც ჰქონდა განსაზღვრული გეგმა ომის დროს, ის გეგმა, რომ თავის დამოუკიდებლობა დაეცვა, ის კმაყოფილი უნდა იყოს ამ ზავით. ამ ზავმა მიაღწია მიზანს - ეს მიზანია მტრის დამარცხება და მაზედ გამარჯვება. ეს ზავი, რასაკვირველია, კომპრომისულია. აქ არის ისეთი მუხლები, რომლებიც ისე შეიძლება დაიწეროს, თუ კი ვინმე მისცემს თავს ნებას, როგორც სურს. ჯერ არ დაწერილა არა კომპრომისული ზავი. თუ არ არის შესრულებული ერთი პირობა, რომ ეს ზავი არაკომპრომისული ყოფილიყო, მაშინ უნდა მომხდარიყო ის, რაც ბ. ვეშაპელმა სთქვა, ე. ი. ჩვენ ჯარს მართლა უნდა დაემარცხებინა ის მთავრობა, შესულიყო მათ დედა-ქალაქში, გაეყარა ყველა მისი მოკავშირე ელემენტები ქალაქიდან და შემდეგ ეკარნახა ზავის პირობები, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ასეთი პერსპექტივა რესპუბლიკას არ ჰქონია და არც ექნებოდა.

ბ. ასათიანმა ბრძანა, რომ ქართველი ერის შეგნებით ზაქათალის ოლქი ჩვენი ტერიტორიის ნაწილი არისო. ეს მართალია, მაგრამ კითხეთ მუსავატელებს, რომელიც იქ იყო და ეჭირა ზაქათალა და ამ ზაქათალის წარმომადგენლებს, რომლებიც აზერბაიჯანის პარლამენტში იყვნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ იმ მუშაობაში, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანის ხალხის კანონმდებლობას. ამ დეპუტატებს, რომელთა შორის პანისლამისტებიც არიან, ზაქათალის ოლქი აზერბაიჯანის განუყრელი ნაწილი ჰგონიათ.

მაშასადამე, აქ ორი შეხედულება ეჯახებოდა ერთი-მეორეს იმავე ზაქათალის ოლქის შესახებ. იმათი აზრით, განურჩევლად პარტიისა, ზაქათალის ოლქი მათი იყო უდავოდ. თქვენ ბრძანეთ, რომ მუსავატის პარტიასთან ომი არ გვქონიაო, მაგრამ სწორედ მუსავატელებმა გადასჭრეს საკითხი იმის შესახებ, რომ ზაქათალის ოლქი მათ ეკუთვნით. აი, იმ მთავრობისათვისაც, რომელთანაც ჩვენ ომი არ გვქონია, ეს ჩვენთვის უდავო საკითხი, იყო სადავო. ეს არის ფაქტი.

მაშასადამე, აქ ეჯახებოდა ორი პოლიტიკური მსოფლ-მხედველობა და ამ შეჯახების დროს მოხდა ის, რომ აზერბაიჯანისათვის უდავოდ აღიარებული, თვით აზერბაიჯანის მიერ ეს უდავო ოლქი გახდა სადავოდ.

ის ნაწილი სიღნაღის მაზრისა, რომელიც მათ ეჭირათ ფაქტიურად, ჩვენს ხელში გადმოვიდა და ამნაირად, მდგომარეობა ომის შემდეგ ჩვენდა სასარგებლოდ შეიცვალა. ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ და არ შეიძლება იმის თქმა, რომ აქ ახალი არაფერია ისეთი, რომელიც ჩვენს მდგომარეობას უკეთეს პირობებში აყენებს.

აქ ამბობენ პერსპექტივის შესახებ. მაგრამ ჩვენ არ ვიკამათებთ დღეს ამაზე, რადგან ეს მეტად რთული საკითხია თვით იმ დეპუტატისათვის, რომელიც ღებულობს ამას და მეტად უდიდეს ტვირთს ზიდავს თავისი ნებით. ეს მეტად ძნელი საქმეა.

რაც შეეხება ამ ზავს, ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატია ამ ხელშეკრულებას შეასრულებს იმიტომ, რომ არც რევოლიუციის დროს და არც დამოუკიდებლობის შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას დაედოს ხელშეკრულება და არ შეესრულებინოს. ჩვენმა დემოკრატიამ ყველა ხელშეკრულება ასე თუ ისე პირნათლად შეასრულა. ეს ჩვენი დემოკრატიის ბუნებიდან გამომდინარეობს. ჩვენი დემოკრატიისათვის ზავი არის ნორმალური მოვლენა და ომი კი არანორმალური. ოლიგარხიისათვის კი, პირიქით, - ზავი არის არანორმალური მოვლენა და ომი კი ნორმალური. ისეთი გაწვრთნილი დემოკრატიისათვის, როგორც ჩვენია, ეს ზავი ბუნებრივი მოვლენაა. ის მაშინ იღებს მონაწილეობას ომში, როცა მის დამოუკიდებლობას ემუქრებიან და როდესაც სხვა გზა არ არის, გარდა იარაღით დაცვისა. ამ ზავს ჩვენი დემოკრატია დაიცავს პირნათლად და თუ ვინმე შეეცდება მის დარღვევას, ჩვენი დემოკრატიის მოტყუებას, მაშინ ის ჯარი და გვარდია, რომელიც იცავდა და იცავს რესპუბლიკას, შესაფერ პასუხს გასცემს და დამოუკიდებლობის და დემოკრატიის დროშას ძირს არ დაუშვებს. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს აკაკი ჩხენკელს.

. ჩხენკელი. (ს.-დ.) მოქალაქენო! მე თითქმის ჩემი მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა გამიტარებია ოპოზიციის რიგში, მაგრამ ოპოზიციის ვალდებულება არ მესმოდა ისე, რომ მას შეუძლიან უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. აქ ჩვენ გვეუბნებიან მაგალითად, რომ ჩვენ მენშევიკური ზავი შევკარით, წინედაც მენშევიკურ ზავებს ვკრავდით და ამას უპირდაპირებენ პოლონურ ზავს. ამის მთქმელი, ყოველ შემთხვევაში, მართალი იყო იმაში, რომ ჩვენი ზავი არ იქნებოდა ისეთი, როგორსაც ის თვითონ ჩვენი მოკამათე შეკრავდა. და ეს იმიტომ, რომ ჩვენი ზავი, ყოველ შემთხვევაში, უნდა გამომდინარეობდეს დემოკრატიის ინტერესებიდან და ერთა შორის სოლიდარობის იდეიდან. ეს თვალსაზრისი მუდამ წინ გვიდგას ჩვენ, როგორც აქ, ისე სხვაგან, განსაკუთრებით აქ, ამიერ-კავკასიაში, სადაც საჭიროდ ვთვლით მეზობლურ და მეგობრულ განწყობილებას სხვა და სხვა ერთა და სახელმწიფოთა შორის.

მეც დავსვი ის საკითხი, რომელსაც სვამდენ აქ ზოგიერთი დეპუტატები - ვისთან გვაქვს საქმე: დამოუკიდებელ, თუ დამოკიდებულ სახელმწიფოსთან? და ვფიქრობთ ასე: ჩვენი სურვილი იყო და არის, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი. ამგვარ პოლიტიკას ვაწარმოებდით ჩვენ და მომავალშიაც ვაწარმოებთ. ამიტომ ჩვენ არ უქვემდებარებთ მთელ ჩვენ მუშაობას მარტო ერთ რომელიმე მოსაზრებას - ისტორიულს, თუ ტერიტორიალურს. მას ჩვენ უქვემდებარებთ მოსაზრებათა მთელ რიგს და ამიტომ ჩვენ უეჭველად გვიხდება არჩევა იმ გზისა, რომლითაც მშვიდობიანობას უსისხლოდ მივაღწიეთ. რასაკვირველია, ამასთანავე დაცული უნდა იყოს ჩვენი რესპუბლიკის საარსებო ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ წინ არის, არ არის ისეთი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ ის ეწინააღმდეგება ამ საარსებო ინტერესებს. ერთმა ორატორმა აქ სთქვა, რომ ჩვენი მდგომარეობა საზღვრებზე ომის წინ უკეთესი იყო, ვიდრე ეხლა. ეს შემცდარი აზრი არის. ომის წინ ჩვენ თითქმის არავითარი გარკვეული საზღვრები არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის პრეტენზიები იმ ხაზის აქეთ იყო, რომელიც დღეს არის ჩვენსა და მათ შორის.

რაც შეეხება ზაქათალის ოლქს, ის, მოგეხსენებათ, რომ ტფილისის გუბერნიაში არ შემოდიოდა. რასაკვირველია, ეს იყო უსამართლო მოვლენა, ამაში ყველანი თანახმანი ვართ, მხოლოდ ფაქტი რჩება და ამისთვის ანგარიში უნდა გაგვეწია. დღეს კი, ფორმალურად, იურიდიულად, რამდენად ნაწერების გაგება შეიძლება, იმედი გვაქვს, რომ ზაქათალის ოლქი შეიქმნა საქართველოს ტერიტორიად და თუ დავა არის, იგი ჩვენდა სასარგებლოდ გადაწყდება. მართალია ბოლშევიკებს თავისი პოლიტიკა, თავისი პროგრამა აქვთ, ჩვენ ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი პროგრამა გვაქვს. ეს ორი პოლიტიკა ერთმანეთს დაპირისპირებულია და მათი შერიგება ყოვლად შეუძლებელია. ჩვენი წინააღმდეგობა არის ძირითადი.

და საქართველოს რესპუბლიკა იარსებებს, როგორც არა ბოლშევიკური, ან სულ არ იარსებებს. ან იარსებებს როგორც დემოკრატიული, ან სულ არ იარსებებს.

მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ რაც დაპირებულია და ჩაწერილი ხელშეკრულებაში, ის შესრულებული იქნება. ჩვენ ვნახავთ სულ ახლო მომავალში შეასრულებს თუ არა მოსკოვის მთავრობა იმას, რასაც ხელი მოაწერა და მაშინ გამოვიტანთ შესაფერ დასკვნას. მანამდის კი დასკვნების გამოტანა ნაადრევია და საერთოდ ასეთი დასკვნის გაკეთება დღესვე არ არის პასუხისმგებელი გამოსვლა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაზე მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა ის, რომ აზერბაიჯანი ჩვენ გვეხმარებოდეს, ეს არ გვეჭირვება, თავი და თავი ისაა, რომ ის ლოიალური იყოს და შეიგნოს თავისი საკუთარი ინტერესები. არ ვიცი, რამდენად შეეგუება აზერბაიჯანის დღევანდელი მთავრობა თავის ხალხს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის ხალხმა თუ შეიგნო თავისი საარსებო ინტერესები, ის იმასაც შეიგნებს, რომ მისი და ჩვენი საარსებო ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანი იყოს დამოუკიდებელი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.

მიუხედავათ ყველა ჩემი თქმულისა, მე არ შემიძლიან არ დავეთანხმო ჩვენს მოპირდაპირე ორატორებს იმაში, რომ ჩვენი მდგომარეობა რთულია. ჩვენ ირგვლივ რკალშემორტყმულნი ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მდგომარეობა რთულია, ჩვენი მთავრობაც არ აწარმოებდა რისკის პოლიტიკას, და ყველა ის, რასაც აქ ბ-ნი ვეშაპელი ბრძანებდა, არის რისკის პოლიტიკა. ჩვენ რისკის პოლიტიკას ვერ ვაწარმოებთ, სანამ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ერის, ჩვენი დემოკრატიის წინაშე.

ჩვენდა საბედნიეროდ, როდესაც ჩვენი დემოკრატია სისხლსა ღვრის, იცის რისთვის ღვრის. შეიძლება ეს პირველი მაგალითი იყოს არა მარტო აზიაში, არამედ მთელს ევროპაში. როცა ერს ესმის რისთვის იბრძვის, არ შეიძლება მისი ომში ჩათრევა მის დაუკითხავად, მის წინაშე უპასუხისმგებლოდ. ვიმეორებ, ჩვენ ვაწარმოებთ დემოკრატიულ ან, როგორც თქვენ უწოდებთ, მენშევიკურ პოლიტიკას და იგი დარჩება ძალაში.

დასასრულ მე მინდა შევჩერდე მხოლოდ ერთ კითხვაზე, რომელიც დასვა ბ-მა ვეშაპელმა, მე მაქვს სახეში ორიენტაციის საკითხი. დიდი შეცდომაა, თითქოს ჩვენ დავდექით რუსეთის ორიენტაციის ქვეშ. მე არ მესმის არც ერთი ორიენტაცია. თქვენ ალბათ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ორიენტაცია გნებავთ. ორიენტაცია გულისხმობს ამა თუ იმ სახელმწიფოს იარაღად ქცევას. ჩვენ არ გვინდა, რომ ვისიმე იარაღად გადავიქცეთ, ჩვენ გახლავართ საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისი თავის ორიენტაციისა და ამიტომ ორიენტაციისთვის, თუ საჭიროება მოითხოვს, სისხლსაც დავღვრით.

მე მინდა შევეხო ზოგიერთ ვითომდა ფაქტებს, რომელიც აქ მოიყვანეს. აქ თქვეს თითქოს მთავარსარდალს ჯარები უკან დაეხიოს დროებითი ზავის წინ, დაეტოვებინოს ის პოზიციები, რომელიც მას ქონდა საომარი მოქმედების ბოლოს. მერე თითქოს მთავრობა თავისთვის მოქმედებდა, სარდლობა კი თავისთვის. ეს არ არის მართალი. (ვეშაპელი: ასე იყო!). არა ეს სინამდვილე არ არის. სარდლობა მოქმედებდა ყოველთვის მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ, თუმცა დროებითი საზაო ზონას გაყოლება სარდლის საქმეა და კიდეც მან გააყოლა მოპირდაპირესთან შეთანხმებით. არ შეეფერება სინამდვილეს განცხადება, თითქოს ჩვენმა ჯარმა დასტოვა პოზიციები და დადგა წითელი ხიდის აქეთ, თითქოს ზავი რომ არ ჩამოვარდნილიყო და საომარი მოქმედება ისევ განახლებულიყო, ჩვენი ჯარი საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა. ნამდვილად კი ჩვენ გვეჭირა გაბატონებული პოზიციები არა მარტო წითელ ხიდზე, არამედ ყაზახის მიმართულებითაც.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვეჭირა ორი მთა ხრამის გაღმა, როგორც აქეთა, ისე იქეთა მხარეთი. ისე, რომ ჩვენს ჯარს გაბატონებული პოზიციები ეჭირა მაშინ, როდესაც ჩვენ საზაო მოლაპარაკება დავიწყეთ.

რაც შეეხება გენერალ მაყაშვილის შესახებ განცხადებას, რომ თითონ ის პასუხის გებაში არის მიცემული და შეიძლება დახვრეტილიც, ეს რასაკვირველია ფაქტის საკითხია და ამას ყურადღებას მიაქცევს მთავრობა, განსაკუთრებით საგარეო-საქმეთა სამინისტრო.

მაშასადამე, მოქალაქენო, თქვენ უნდა მიიღოთ და დაამტკიცოთ ხელშეკრულება, ვინაიდან ის უზრუნველყოფს, რამდენათაც ეს შეუძლიან ხელშეკრულებას, ჩვენს საზღვრებს და მეორე მხრივ ის მოასწავებს დემოკრატიულ ზავს, რომლითაც კი არ უნდა გაღრმავდეს მტრობა და შუღლი ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის, პირიქით უნდა გაჰქრეს იგი. (ტაში).

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არის ბ. ვეშაპელი. თავი ვინ შეიკავა? თავი შეიკავა ბ. ასათიანმა. ვინ არის მომხრე? დანარჩენები მომხრენი არიან. გთხოვთ წაიკითხოთ.

აკ. ჩხენკელი. (კითხულობს საზავო ხელშეკრულების მუხლს თვითეულს ცალ-ცალკე. ხელშეკრულება მუხლობრივად მიღებულია).

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ხელშეკრულებას მთლიანად. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის ბ. ვეშაპელი. თავი ვინ შეიკავა? თავი შეიკავა ბ. ასათიანმა. ვინ არის მომხრე? დანარჩენები მომხრენი არიან. მიღებულია. გთხოვთ მოახსენოთ რუსული ტექსტი.

აკ. ჩხენკელი. (კითხულობს რუსულ ტექსტს). ხელშეკრულების მუხლის პირველ შენიშვნის შესახებ ამბობს: აი, ამ შენიშვნის შესახებ მოგახსენოთ, რომ დაწერის დროს მოსვლიათ შეცდომა. მე წავიკითხე «разошлись в толковенiи 4 пункта» და სხვა. ამის მაგიერ დაუწერიათ: «разошлись в толковенiи 10 пункта» და სხვა. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეცდომა კალმის, გადამწერის და ხელის მოწერის დროს ეს რასაკვირველია, შესწორებული იქნება, რადგან მეოთხე მუხლშია ლაპარაკი ზაქათალის ოლქის შესახებ და მეათე მუხლში ამ ოლქზე არაფერი არ არის ნათქვამი. (შემდეგ განაგრძობს რუსული ტექსტების კითხვას).

თავმჯდომარე. ეს გახლავთ დედანი, რომლის თარგმანიც თქვენ მოგხსენდათ. ეხლა გთხოვთ მოისმინოთ პროექტი რატიფიკაციისა.

ჩხენკელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია ბ. ვეშაპელი. თავი ვინ შეიკავა? თავი შეიკავა ბ. ასათიანმა. ვინ არის მომხრე? დანარჩენები მომხრეები არიან. მიღებულია.

წინადადება გახლავთ სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ შემოტანილი, სხდომა დაიხუროსო. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის ბ. რუსიას.

. რუსია. ს.-დ. ფრაქციის სახელით გთხოვთ მოვისმინოთ „მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა ქალაქ ფოთის სასარგებლოდ ნავთსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზედ საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ“.

თავმჯდომარე. ე.ი. ფრაქციას უკან მიაქვს თავისი წინადადება. მაშასადამე კრება გრძელდება. სიტყვა ეკუთვნის ბ. რუსიას.

. რუსია (კითხულობს კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე. კენჭს უყრი პროექტს საერთოდ. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. როგორ ინებებთ, გაგრძელდეს?

ხმა ადგილიდან: შესწყდეს.

თავმჯდომარე. წინადადება არის კრება დაიხუროსო. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებული გახლავთ. ეხლა გთხოვთ მომავალი კრების დღის წესრიგი მოისმინოთ.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. დღის წესრიგი მიღებულია. კრებას დახურულად ვაცხადებ.

27 ოცდამერვე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(28)

1920 წელი. ივნისის 29. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ.

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვ. თაყაიშვილი და

კონ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება 12 საათ. და 40 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილათ ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. შინაგან-საქმეთა სამინისტროს პროექტი დეკრეტისა - რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტელეგრაფ-ტელეფონის ქსელის გასავრცელებლად 36.000.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 44.550 მან. ღირებული მასალის მიცემის შესახებ.

2. მიწათ-მოქმედების მინისტრის კანონ-პროექტი - საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შესახებ.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა საპყრობილეთა დამცველი რაზმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა ტფილისის სასამართლო პალატის შტატის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა საპატიმროთა საქმის უმაღლესი საბჭოს დებულებათა შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

4. საბოლოო ტექსტი კანონისა ქალაქ ფოთის სასარგებლოდ ნავთსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზედ საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო გვარდიის შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

6. დეკრეტი - ქალაქ ჭიათურის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ნიკ. ელიავა.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შტატებისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

8. საბოლოო ტექსტები დეკრეტისა - ქალაქ ტფილისის მილიციის შესანახად 1918-1919 წ. განმავლობაში გაწეული ხარჯის 50 პროც. ანაზღაურებისა. მომხსენებელია თევზაია.

9. საბოლოო ტექსტები დეკრეტისა - გზათა უწყების 1919-1920 წლის ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 150.028.025 მან. და 65 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

.

10. მთავრობის განცხადება ქალ. ბათომისა და ბათომის ოლქის შესახებ.

11. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს რესპუბლიკის ბონის ემისიისა 1920-1921 წლისათვის ნავარაუდევის ბიუჯეტის ფარგლებში.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ შემოტანილი გახლავთ წინადადება - მე-6-ე საკითხი დროებით მოიხსნას. ეს გახლავთ სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება. წესრიგის შესახებ სიტყვა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

. ლორთქიფანიძე. (ს.-რ.) მოქალაქენო! დღიურ წესრიგში არის შეტანილი დამატებითი დეკრეტი ახალი ემისიის შესახებ. ეს საკითხი მეტად რთულია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ფრაქციას არ ჰქონდა საშუალება გასცნობოდა ამ დეკრეტს, რადგანაც დეკრეტის ტექსტი მივიღეთ მხოლოდ დღეს 11 საათზე. რეგლამენტის 65 მუხლის ძალით კი პროექტი რომელიმე დეკრეტისა უნდა გაეგზავნოს ფრაქციებს 24 საათით ადრე პლენუმში განხილვამდე. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი მოხსნილ იქნეს და შემდეგი სხდომისათვის გადაიდოს.

თავმჯდომარე. ეს ერთი წინადადება. მეორე გახლავს მე-6-ე საკითხის მოხსნის შესახებ. მე-3-ე სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება, რომ ემისიის საკითხი დაისვას მე-5-ე საკითხის შემდეგ. პრეზიდიუმის წინადადებაა - სახალხო გვარდიის შტატების შესახებ საკითხი დასმულ იქნეს ბოლო საკითხად. პრეზიდიუმის წინადადებაა საბოლოო ტექსტების შემდეგ იქნეს დასმული მთავრობის განცხადება. ცალ-ცალკე ვუყრი კენჭს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მე-6-ე საკითხი ამოიშალოს? მიღებულია. (მიღებულია აგრეთვე 1) წინადადება მე-5-ე საკითხის უკანასკნელ საკითხად დასმის შესახებ, 2) წინადადება საბოლოო ტექსტების შემდეგ მთავრობის განცხადების შესახებ). გახლავს 1-ლი წინადადება, რომ დღეს სავსებით მოიხსნას საკითხი ემისიის შესახებ და მე-2, რომ იგივე საკითხი მე-6-ე საკითხად დაისვას.

ლორთქიფანიძე. ჩვენ ამას მოვითხოვთ რეგლამენტის ძალით.

თავმჯდომარე. წინადადება სოც.-დემ. ფრაქციის მე ისე გავიგე, რომ დღეს მათ სურთ გამონაკლისი დაუშვან, თუმც ლორთქიფანიძის განცხადება მართალი გახლავთ. მაგრამ პროექტი ჩვენ ძალიან გვიან მივიღეთ გუშინ და გუშინვე დაუგზავნეთ ფრაქციებს, მაგრამ თქვენს ფრაქციაში არავინ არ იყო. ამით აიხსნება, რომ თქვენ მხოლოდ დღეს მიგიღიათ. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ მოისურვებთ, შეიძლება გამონაკლისი დაუშვათ ამ საკითხის შესახებ. ვინ არის მომხრე, რომ ეს საკითხი დღესვე გაირჩეს? უმრავლესობა. ლორქიფანიძის წინადადება უარყოფილია.

დღიური წესრიგი ამგვარად დამტკიცებულია. საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს დღიურ წესრიგს 1, 2, 3 და 4 პარაგრაფში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელსაც დამფუძნ. კრება უკამათოდ იღებს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მთავრობის წარმომადგენელს საგ.- საქმ. მინისტრს.

1. მთავრობის განცხადება . ბათომისა და ბათომის ოლქის შესახებ.

ევგენი გეგეჭკორი, გარეშე-საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო! ორი წლის წინად ქართველი ერი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული იძულებული შეიქნა დამორჩილებოდა ტლანქ ძალას. მას დროებით ჩამოგლიჯეს ბათომი და მისი ოლქი, ეს ალაყაფის კარები ჩვენი რესპუბლიკის და აკვანი ეროვნულ კულტურისა და პირველი ნასკვი ჩვენი მუშათა მოძრაობისა. გვაგონდება ის შავბნელი დღეები, როდესაც ჩვენი დემოკრატია მოკლებული ყოველნაირ დახმარებას, დაყრდნობილი მხოლოდ და მხოლოდ თავის საკუთარ ძალაებზე, იარაღით ხელში იცავდა თავის საზღვრებს გარეშე მტრის შემოსევისაგან და ამავე დროს იგერიებდა გააფთრებულ იერიშებს შავბნელ ძალებისა, რომელთაც უნდოდათ შინაური ფრონტი გაეტეხათ, გაეჩაღებინათ ჩვენში სამოქალაქო ომი, გადაესროლათ ჩვენი ხალხი ანარქიის უფსკრულში. ამნაირ ჯოჯოხეთურმა ბრძოლის პირობებმა არამც თუ ვერ გატეხა ჩვენი ხალხი და ვერ ააღებინა ხელი ბრძოლაზე, პირიქით, ეს თამამად შემიძლია ავღნიშნო დღეს აქ, რომ ამ ბრძოლის ქარტეხილიდან გამოვიდა იგი გაკაჟებული, გასალკდევებული.

ბათომი ორი წლის წინად დავკარგეთ, მაგრამ ყველა ჩვენგანს, ვისაც სწამდა და სწამს ჩვენი ბრწყინვალე მომავალი, ეჭვიც არ დაბადებია იმაში, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ბათომი და მისი ოლქი, ეს განუყოფელი ნაწილი საქართველოსი, ბოლოს დედა სამშობლოს დაუბრუნდება. დღეს ასრულდა ნებისყოფა მთელი საქართველოსი, შეთანხმების სახელმწიფოებმა და კერძოთ ინგლისმა ფორმალურად აღიარეს, რომ ბათომი დაუბრუნდეს საქართველოს და ასეთი მათ მიერ განცხადება დოკუმენტალურად არის ჩვენ წინაშე. (ტაში).

ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია იმედია, როგორც ყოველთვის, პირნათლად შეასრულებს თავის ვალს და საქართველოსთვის უკვე ფორმალურად აღიარებულ უფლებას რეალურ ფაქტად აქცევს. (ტაში). აქვე უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი მთავრობა ბოროტად არ ისარგებლებს ამ მდგომარეობით. თქვენ გახსოვთ, მოქალაქენო, რომ არა ერთხელ ამ ტრიბუნიდან განგვიცხადებია, რომ როდესაც ბათომი დაუბრუნდება თავის დედა სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკა თავის მეზობელ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს მისცემს საშუალებას თავისუფლად ისარგებლონ ბათომის ტრანზიტით და ამ ნიადაგზე სდგას საქართველოს მთავრობა.

ჩვენი საერთო მტრები არ სცხრებიან. მოქალაქენო, ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ის მოსყიდული აგენტები, რომელთაც უნდოდა ჩვენ და სამუსლიმანო საქართველოს შორის მწვავე ურთი-ერთობა დაემყარებინათ, რომელნიც არ შეჩერდნენ იმის წინაშე, რომ ძმას დაეღვარა ძმის სისხლი, როდესაც განაგრძობენ თავის მუშაობას, ლამობენ ნებისყოფა მთელი გაერთიანებულ საქართველოსი შეაჩერონ, ავრცელებენ ხმას თითქოს საქართველოს მთავრობა მიდის ბათომის ოლქში, როგორც ვითომც შურის მაძიებელი. საქართველოს მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ ეს სრულიად სიმართლეს მოკლებული არის. საქართველოს მთავრობა არავისზე შურს არ იძიებს. ის აძლევს სრულ დავიწყებას ყოველივე იმას, რაც ჩაიდინეს ბოროტი აგენტების მიერ ზოგიერთმა ელემენტებმა ბათომის პროვინციაში. მაგრამ თუ შემდეგში ვინმე შეეცდება შეაჩეროს ძლევამოსილი მოქმედება საქართველოს ჯარისა იქ, იმ ოლქში, რომელიც მას უკვე ჩაბარდა ფორმალურად, თავის თავად ცხადია ლახვარი საქართველოს ჯარისა არ დაინდობს ასეთ პირებს, მე ვათავებ ჩემს მოკლე განცხადებას იმ იმედით, მოქალაქენო, რომ პროვოკაციული ზომები იმ მოსყიდული აგენტებისა, რომელნიც არიან ერთ და იმავე დროს, როგორც საქართველოს, ისე ბათომის ოლქის მკვიდრთა მტრები, მათ მოქმედებას გასავალი არ ექნეს.

ამ მოკლე ხანში ჩვენი ჯარები ბათომში შევა არა როგორც დამპყრობელი ძალა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვაღიაროთ, რომ ბათომის ოლქის მკვიდრთა უმრავლესობის მოსურნე არის საქართველოსთან შემოერთების, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ოლქი ერთხელ მოგლეჯილი საქართველოსაგან, დაუბრუნდეს დედა სამშობლოს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არავითარ წინააღმდეგობას, არავითარ ეჭვს ადგილი არ ექნება და ამნაირად აღსრულდება ნებისყოფა, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დღვანდელ საზღვრებში ისე მთლიან საქართველოისა, ამ იმედით, მოქალაქენო, მივმართავ მე მთელ ჩვენ ხალხს და უსურვებ, რომ ის დიდი გამარჯვება, რომელიც ჩვენმა დემოკრატიამ თავის ბრძოლაში მოიპოვა, ეს გამარჯვება დაგვირგვინებულიყოს. (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე კენჭს უყრის სოც.-დემ. ფრაქციის მიერ შემოტანილ მორიგ საკითხებზე გადასასვლელ შემდეგ ფორმულას, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული.

„მოისმინა რა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ბათომის და ბათომის მხარის, შეთანხმებას სახელმწიფოების მიერ საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ, დამფუძნებელი კრება გამოსთქვამს კმაყოფილებას, რომ სამართლიანობის იდეამ გაიმარჯვა და საქართველოს უდაო უფლება აღდგენილ იქნა. დამფუძნებელი კრება მიესალმება სამუსლიმანო საქართველოს, ულოცავს მას მის მშობლიურ დედასთან დაბრუნებას და გამოსთქვამს მტკიცე რწმენას, რომ საქართველო, განურჩევლად სარწმუნოებისა, თავდადებით დაიცავს ეგზომ მსხვერპლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას“.

ფორმულის მიღების შემდეგ თავმჯდომარე მიმართავს დეპუტატებს შემდეგი სიტყვით:

ალ. ლომთათიძე. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს დემოკრატიამ. სამუსლიმანო საქართველო, რომელიც სხვადასხვა გარეწარ ელემენტების მოღვაწეობის წყალობით დღემდე თითქოს მტრულ განწყობილებაში იყო საქართველოსადმი, დღეს ეს სამუსლიმანო საქართველო განუყოფელ ნაწილს შეადგენს ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკისას (მხურვალე ტაში).

თქვენი სახელით, მოქალაქენო, ღრმა იმედს და რწმენას გამოვსთქვამ, რომ დღეის ამიერ ისეთ მოქმედებას მიმართულს მათდამი, რომ ეს ორი ღვიძლი ძმა გათიშული და განცალკევებულნი იქნენ - ადგილი აღარ ექნება საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენი სახელით მივმართავ სამუსლიმანო საქართველოს და ვეტყვი: ნუ მოვესწრებით იმ დღეს, რომ ეს ჩვენი ძმური განწყობილება დარღვეულიყოს.

დაე, ამ ჩვენმა გაერთიანებულმა დემოკრატიულმა ძალამ დალეწოს ყოველგვარი მტერი, ვინც უნდა იყოს, შინაური თუ გარედან შემოჭრილი. გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს, გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს, გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს დამფუძნებელ კრებას და მის მთავრობას! (მქუხარე ტაში).

1. დეკრეტი - საქართველოს რესპუბლიკის ბონების 7 მილიარდი მან. ემისიისა.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) შემოსული არის დეკრეტი დამფ. კრებაში ახალი ემისიის შესახებ. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ მესამე ემისია დასრულდა. მესამე ემისიის შემდეგ მთავრობამ მოახდინა კანონზე დამყარებული ოპერაცია ოქროსა და ვერცხლის გირაობის მიხედვით. ახლა რადგანაც ახალი საბიუჯეტო წელიწადი არის, მთავრობა ახალ ემისიას ითხოვს. ბიუჯეტი მიმდინარე წლისა დამტკიცებული არ არის, მაგრამ ეს ბიუჯეტი მთავრობას ნავარაუდევი აქვს. ერთ-ერთ წინა სხდომაზე თქვენ მიიღეთ 1/4 ამ ბიუჯეტისა. დამფუძნებელმა კრებამ ეს ნავარაუდევი მიიღო.

აი მთავრობა თხოულობს, რომ ამ ბიუჯეტის ფარგლებში მისცეთ ემისიის უფლება. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს და საჭიროთ დაინახა ყოფილიყო აღნიშნული მაქსიმუმი იმ თანხისა, რომელიც მთავრობას შეუძლია გამოსცეს ემისიის სახით, ხოლო მთავრობას შეუძლია ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ამ უფლებით იმის და მიხედვით, თუ რანაირი ექნება სხვა და სხვა შემოსავლის წყარო სახელმწიფო ხაზინას. მიმდინარე ხარჯები საბიუჯეტო წლისა დიდია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მოსალოდნელი არის აგრეთვე დიდი შემოსავალი, არავითარი ასეთი გავლენა ემისიას ბონების კურსის დაცემაზე არ ექნება. განმარტებითი ბარათიდან სჩანს, რომ მთავრობას განზრახული აქვს გააფართოვოს წარმოება, ამ მიზნით მან გადასდვა 300 მილიონი მანეთი. გარდა ამისა, განზრახული აქვს მთავრობას რომ მონოპოლიის ორგანიზაცია და სხვა და სხვა ორგანიზაცია წარმოებისა, ისიც ფართო ნიადაგზე დააყენოს. გასულმა წელმა დაამტკიცა, რომ მონოპოლიის განხორციელება თუ მკვიდრ ნიადაგზე არის დაყენებული, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია სახელმწიფოსათვის. მოგება, რომელიც კერძო პირების, ან საზოგადოების ხელში უნდა ჩავიდეს, გადადის მთავრობის ხელში. ამგვარად საბიუჯეტო და საფინანსო კომისიას აქვს კარგი შემოსავლის პერსპექტივები. და ის ხარჯები, რომელიც გაწეული იქნება მიმდინარე წლის განმავლობაში, სულ თუ არა უმეტესი ნაწილი მაინც დაიფარება იმ შემოსავლით, რომელიც განსაზღვრული არის. გასულ წელს განსაზღვრულმა შემოსავალმა ნავარაუდევ რიცხვს 15 პროცენტით გადააჭარბა. და დღეს როდესაც ბათომის ოლქი საქართველოს უბრუნდება და ჩვენ ხელში გადმოდის თავისი ნავთსადგურით, რასაკვირველია ჩვენი ეკონომიურ-ფინანსიური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება. ამიტომ საფინანსო კომისია შემოდის წინადადებით დამფ. კრების წინაშე მიიღოს ეს შუამდგომლობა ამ ემისიის შესახებ, დაადასტუროს ეს და მისცეს მთავრობას უფლება 7 მილიარდი მანეთის გამოცემისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. გადავდივარ მუხლობრივ განხილვაზე.

(დეკრეტი განხილულ იქნა მუხლობრივად და მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით).

თავმჯდომარე. ვთხოვ სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტი ახლავე შეიმუშავოს და ამავე სხდომაზე წარმოადგინოს საბოლოო ტექსტი. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა რუსიას ეკუთვნის.

2. კანონ-პროექტი რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. რუსია. (ს.-დ.) ჯერ კიდევ 1917 წლის დებულებით ქალაქის მილიცია ქალაქის თვითმმართველობის ხელში გადავიდა, მაგრამ დღემდის ქალაქს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა არ ჰქონია. 1918 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინა ეხმარებოდა ქალაქს მილიციის შენახვაში და 2 აგვისტოს კანონით 50 პროც. ამ ხარჯებისას სახელმწიფო ხაზინა იღებდა. ეხლა ქალაქებმა წარმოადგინეს ქალაქთა საბჭოს მიერ მიღებული და დამტკიცებული შტატები და შუამდგომლობენ მთავრობის წინაშე, რათა ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა იქმნეს დამტკიცებული და სახელმწიფო ხაზინამ გაიღოს ნაწილი იმ ხარჯებისა, რომლებსაც ქალაქები ეწევიან მილიციის შესანახად. მთავრობამ განიხილა ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა და შესწორება შეიტანა. დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო და თვითმმართველობის კომისიებმა განიხილეს ეს ხარჯთ-აღრიცხვა და შტატები უცვლელად მიიღეს. მხოლოდ ერთ მუხლში იქმნა შეტანილი შესწორება ამ ორ კომისიის მიერ. მთავრობის პროექტით მხოლოდ ნახევრი ე. ი. 50 პროც. უნდა ყოფილიყო გაღებული სახელმწიფო ხაზინიდან მილიციის შესანახად. თვითმმართველობის და საბიუჯეტო კომისიები ფიქრობენ, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც ქალაქების ფინანსიური მდგომარეობა მეტად უმწეო არის, და მილიცია კი ასრულებს უაღრეს სახელმწიფოებრივ ფუნქციებს, დღეს ხაზინამ უნდა გაიღოს 75 პროც. იმ ხარჯებისა, რომელსაც ქალაქი ეწევა მილიციის შესანახად. ამას გარდა დანარჩენში არავითარი განსხვავება ამ ორ კომისიასა და მთავრობას შორის არ არსებობს. ეს არის შინაარსი კანონ-პროექტისა, რომელიც წარმოდგენილია დამფუძნებელ კრებაში.

3. დეკრეტი ქალაქ ტფილისის მილიციის შესანახად 1919 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის 50 პროც. ანაზღაურების.

. რუსია. (ს.-დ.) 1919 წლის განმავლობაში ხაზინა ეხმარებოდა რესპუბლიკის ქალაქებს და იხდიდა 50 პროც. იმ ხარჯებისას, რომელსაც ქალაქები მილიციის შესანახავათ ეწეოდენ. გამონაკლისს მხოლოდ ტფილისი შეადგენდა. მართალია ტფილისმა მიიღო ნაწილი დახმარებისა, მაგრამ ვინაიდგან ორი აგვისტოს კანონით ტფილისი გამონაკლისით იყო აღნიშნული, დღეს მთავრობა შემოდის დეკრეტის პროექტით, რომ ქალაქ ტფილისს, გაღებულ ხარჯების ნახევრის დასაფარავად მიეცეს თანხა ხაზინიდან. ეს გახლავს შინაარსი დეკრეტის პროექტისა. თვითმმართველობის კომისიამ განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი და უცვლელად მიიღო.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (დეკრეტი ჩვეულებრივ მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულია).

4. დეკრეტი გზათა უწყების 1919-1920 . ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 150.028.025 მან. და 65 კაპ. გადადებისა.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) საფინანსო კომისიაში შემოვიდა 3 დეკრეტი გზათა უწყებიდან. 1-ლი, რომელიც ეხება გზატკეცილების სამმართველოს ზედმეტ ხარჯებს, მე-2-ე, რომელიც ეხებოდა ამავე სამმართველოს ისეთივე ხასიათის ზედმეტ ხარჯებს და მე-3-ე, რკინის-გზათა სამმართველოს მიერ გაწეულ ზედმეტ ხარჯებს. საბიუჯეტო კომისიამ ყველა ეს დეკრეტები გააერთიანა და აქ წარმოდგენილი გახლავთ დეკრეტი: 150.028.025 მან. და 65 კაპ. გადადებისა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ამ ზედმეტ ხარჯების დაფარვას. ეს ზედმეტი ხარჯები გამოწვეულია შემდეგით: გზატკეცილების ჩვეულებრივი და კაპიტალური რემონტის გეგმა იმ სახით არ შეიძლებოდა მოხდენილიყო, როგორც ნაგულისხმევი იყო უწინ. ამ გეგმით ნავარაუდევი იყო 12.053.500 მან. მაშინ დღეში ნავარაუდევი მუშა 20 მან., ურემი 50 მან. ერთი კუბური საჟენი დამტვრეული ქვა მაშინ იყო ნავარაუდევი 300 მან. ეს მუშაობა დამთავრებული არ არის. მუშა ხელის გაძვირებამ გამოიწვია ეს ზედმეტი ხარჯები, რომელთა შესახებ ცალკე დეკრეტი იყო შემოტანილი. ასეთი ზედმეტი ხარჯები აქვს რკინის გზების სამმართველოსაც. ცალკე პარაგრაფების მიხედვით გზათა სამმართველოში ესენი შეადგენენ 113.323.754 მანეთს, ეს ხარჯთ-აღრიცხვა გზატკეცილების და რკინის გზის სამმართველოსი განხილული ყოფილა გზათა სამმართველოს საბჭოში, სადაც მონაწილეობას იღებდა ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლები. ეს ზედმეტი ხარჯები კანონიერად უცვნიათ და დაუმტკიცებიათ. შემდეგ საფინანსო კომისიამ მოისმინა ამის შესახებ ზოგიერთი შენიშვნები კონტროლისა, გზათა დეპარეტამენტის წარმომადგენლისა არსებითად დაეთანხმა წარმოდგენილ პროექტს. ეს თანხა შეადგენს: 150.028.025 მან. და 65 კაპ. რომელიც გაღებულ უნდა იყოს სახელმწიფო ხაზინიდან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა.

თავმჯდომარე. ქრ. შარაშიძის ასული მოგახსენებთ საბოლოო ტექსტს დეკრეტისას 7 მილიარდ მან. ემისიის შესახებ.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტისას 7 მილიარდ მან. ემისიის შესახებ, რასაც დამფ. კრება შეუსწორებლად იღებს).

თავმჯდომარე. დღის წესრიგი ამოწურულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. სხდომა დახურულია.

კრება იხურება 2 საათ. და 25 წუთზე.

28 ოცდამეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(29)

1920 წელი. ივლისის 2. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი კონ. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექ. თაყაიშვილი,

ქრ. შარაშიძის ასული.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მოგახსენებენ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტების ნუსხას და დღიურ წესრიგს.

(მდივანი კითხულობს ნუსხას კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტისას).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

1. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციის შტატის 12 კაცით გადადებისა და ამით გამოწვეული ხარჯის და ექსპედიციის სხვა საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად 2.690.932 მან. გაღების შესახებ.

2. იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტფილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმების შესახებ.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქალ. ტფილისის მილიციის შესანახად 1919 განმავლობაში გაწეული ხარჯის 50 პროც. ანაზღაურების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გზათა უწყების 1919-1920 წ. ხარჯთაღრიცხვის დამატებად 150.028.025 მან. და 65 კაპ. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა - სახალხო გვარდიის შტატის დამატებისა და ცვლილების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჭიათურის შავ ქვაზე სამუნიციპალო საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.

5. დეკრეტი - ქალაქ ჭიათურის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია მ. რუსია.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებათა ქონების გასაძლიერებლად და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისათვის ბილეთების დაბეგვრის შესახებ. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

9. სოციალისტ-რევ. ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი - ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობის და უკანონობის მოქმედების შესახებ.

დ ა მ ა ტ ე ბ ა:

10. დეკრეტი - ქ. ტფილისის თვითმმართველობისათვის 50.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია და ივ. გომართელი.

11. დეკრეტი - ქ. ფოთის თვითმმართველობისათვის 6.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია მ. რუსია და ვ. თევზაია.

თავმჯდომარე. დღის წესრიგის შესახებ წინადადებები გახლავთ შემოტანილი. ერთი წინადადება არის, რომ მეათე და მეთერთმეტე საკითხი გადატანილ იქნეს მეოთხე და მეხუთე საკითხად და მათი საბოლოო ტექსტიც დღესვე იყოს მიღებული.

შემდეგი წინადადება არის პრეზიდიუმისა, რომ მეოთხე და მეხუთე საკითხებიც დღესვე იყოს საბოლოოდ მიღებული. სიტყვას თუ არავინ ისურვებს, მე პირდაპირ კენჭს უყრი ამ წინადადებებს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე დღის წესრიგი მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის ბ-ონ ივ. გომართელს.

. გომართელი. (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინა არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

ივ. გომართელი. (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

ივ. გომართელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. რუსიას ეკუთვნის.

1. დეკრეტი ქალაქ ტფილისისათვის 50 მილიონ მან. სესხის მიცემის შესახებ.

. რუსია. (ს.-დ.) ქ. ტფილისის საბჭომ აღძრა მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა მიეცეს ქ. ტფილისის თვითმმართველობას სესხის სახით 50 მილიონი მანეთი იმ ხარჯების დასაფარვად, რომელიც ქ. ტფილისს აქვს ამა წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების განმავლობაში. ამ ხარჯების რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი არის ტფილისის საბჭოს მიერ, გამოიხატება 75.112.000 მან. ეს ხარჯები გადანაწილებულია შემდეგ ნაირად: ჯამაგირი მომსახურეთ თვეში 9.440.000 მან. სამი თვის განმავლობაში 28.320.000 მან. სამეურნეო ხარჯები სამი თვის განმავლობაში 15 მილ. მან., ვალები და მათი სარგებლის გადახდა 5.536.000 მან., ქუჩების და სხვა აუცილებელი რემონტი - 5.850.000 მან., ლომბარდის სესხად 2 მილიონი მან., მუშა-მოსამსახურეებზე სასურსათო ფონდში შესატანად 5 მილიონი მან., ერთდროული დახმარება მუშა-მოსამსახურეთ, რომელიც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ 13.406.000 მან.

ამრიგად ხარჯი, რომელიც აწევს ქ. ტფილისს, გამოიხატება სამი თვის განმავლობაში 75.112.000 მან. სულ სამი თვის განმავლობაში შემოსავალი იქნება 16.500.000 მან. ამგვარად ქალაქს დააკლდება ხარჯები დასაფარავად სამი თვის განმავლობაში 58.612.000 მან.

მთავრობამ განიხილა ეს შუამდგომლობა და საჭიროდ სცნობს მიეცეს ქ. ტფილისს მხოლოდ 50 მილიონი მანეთი სესხად. ეს საკითხი იყო განხილული თვითმმართველობის და საფინანსო კომისიებში, რომლებიც წინადადებას აძლევენ დამფუძნებელ კრებას, რათა ქ. ტფილისს მიეცეს სესხად 50 მილ. მანეთი. პირობები დაწვრილებით არის ნაჩვენები დეკრეტში.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

რუსია (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი მთელს დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია და ეხლავე გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. რუსიას.

2. დეკრეტი - ქალ. ფოთის თვითმმართველობისათვის 6 მილიონ მან. სესხის მიცემისა.

. რუსია. დამფუძნებელი კრების წევრებს მოეხსენებათ, რომ ქ. ფოთს ნავთსადგურში აქვს საკუთარი ელევატორები. ეს ელევატორები იქნა აშენებული 1905 წელს და ქალაქს ჯერ კიდევ არ გადაუხდია ელევატორების ფასი მთლიანად. გარდა ამისა ელევატორებს სჭირდება შეკეთება, რომ დაიწყოს მუშაობა. ყველა ამ ხარჯების გასასწორებლად ქალაქ ფოთის საბჭო შუამდგომლობს მთავრობის წინაშე, რომ მას მიეცეს 6 მილიონი მანეთი სესხად. ამ სესხს ქ. ფოთის საბჭო უზრუნველჰყოფს ამ ელევატორების შემოსავლით. როგორც არის შემოწმებული სპეციალური კომისიის მიერ, ელევატორების შემოსავალი აღემატება რამდენიმე მილიონ მანეთს ყოველ წლიურად.

მთავრობა საჭიროდ სცნობს შეწყნარებულ იქნეს ქ. ფოთის თვითმმართველობის შუამდგომლობა. ეს საკითხი განიხილეს დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის და საფინანსო კომისიებმა და წინადადებას აძლევენ დამფუძნებელ კრებას, რომ ქ. ფოთს მიეცეს ზემო აღნიშნული ხარჯების დასაფარავად 6 მილიონი მანეთი სესხად იმ პირობით, რომელიც არის მოყვანილი დეკრეტში.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

რუსია. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი მთელს დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და ეხლავე გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. რუსიას.

3. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა ჭიათურის შავ-ქვაზე სამუნიციპალო საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ.

. რუსია. მოგეხსენებათ, რომ შავ-ქვაზე, მარგანეცზე არსებობს ქ. ფოთის და ქალაქ ჭიათურის სასარგებლოდ გადასახადი.

თავმჯდომარე. ზოგადი განხილვა უკვე იყო. ეხლა მუხლობრივი განხილვაა.

რუსია. ბოდიშს ვიხდი. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი მთლიანად: ვინ არი წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. რუსიას.

4. დეკრეტი - ჭიათურის თვითმმართველობისათვის სამი მილ. მან. სესხის მიცემისა.

. რუსია. ქალაქ ჭიათურის საბჭომ აღძრა შუამდგომლობა, რათა მიეცეს მას 3 მილიონი მანეთი სესხათ იმ ხარჯების დასაფარავად, რომელიც აქვს ქალაქს. უმთავრესი საკითხი - უზრუნველყოფა ამ სესხისა უკვე გადაწყვეტილია, ვინაიდან დამფუძნებელმა კრებამ უკვე მიიღო კანონი, რომლის ძალით მარგანეცის ყოველ გატანილ ფუთზე დადებულ სამუნიციპალო გადასახადიდან ათი შაური გადაეცემა ქ. ჭიათურას. სულ ცოტა რომ ვიანგარიშოთ ქ. ფოთის ნავთსადგურში უკვე ძევს გასატანი 10 მილიონი ფუთი შავი ქვა. აქედან ქ. ჭიათურას ერგება ხუთ მილიონამდე მან. მაშასადამე ეს სესხი სრულიად უზრუნველყოფილია და ხაზინას სულ მოკლე ხნის განმავლობაში დაუბრუნდება ეს გაცემული სესხი. ფინანსიურად ქ. ჭიათურა დღეს დიდ გაჭირვებას განიცდის, ამიტომ თვითმმართველობის და საფინანსო კომისიებმა მიიღეს ეს სესხი ერთხმად და წინადადებას აძლევენ დამფუძნებელ კრებას, რომ ქ. ჭიათურას მიეცეს სესხი სამი მილიონი მან. იმ პირობით, რომელიც დეკრეტის პროექტში აღნიშნულია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

რუსია. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

რუსია. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი მთელს დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. გომართელს.

5. კანონ-პროექტი ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ.

ივ. გომართელი. (ს.-დ.) წარსული წლის დამლევს შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ მოწვეული გახლდათ კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა როგორ უნდა იყოს მოწყობილი საექიმო-სასანიტარო საქმე მთელს რესპუბლიკაში და ან რა უფლებით იქნება აღჭურვილი ის ორგანო, რომელიც იქნება გამგე ამ საქმისა. მოგეხსენებათ, დღემდის საექიმო-სასანიტარო საქმე გაბნეულია სხვა და სხვა უწყებებს შორის, როგორიც არის შინაგან-საქმეთა სამინისტრო, მიწათმოქმედების, გზათა და სამხედრო.

და როდესაც ერთ საქმეს ამდენი პატრონი ჰყავს, თქვენ კარგად იცით, საქმე კარგად არ მიდის, იმიტომ რომ ყველა ამ დაწესებულებებს ფრიად საპასუხისმგებლო საქმეები აქვთ თავ-თავიანთ დარგში და საექიმო-სასანიტარო საქმეს შესაფერ ყურადღებას ვერ აქცევდენ. ამიტომ იმ კომისიამ, რომელიც მოწვეული იყო შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ, შეიმუშავა დებულება, რომ მთელი საექიმო-სასანიტარო საქმე უნდა იყოს ერთ ცენტრალ დაწესებულებაში თავ-მოყრილი და საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი მთელს რესპუბლიკაში ამ ერთ დაწესებულების ხელში უნდა იყოს.

როგორი უნდა იყოს ეს დაწესებულება, ამის შესახებ კომისიას ჰქონდა მსჯელობა და დაადგინა, რომ ეს ცენტრალური დაწესებულება უნდა წარმოადგენდეს დეპარტამენტს და მოთავსებული უნდა იქნეს შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან.

თუ რა თვისებებისა უნდა იყოს ეს ცენტრი, როგორი კომპეტენცია ექნება მას, ან რა საქმეს უნდა განაგებდეს ის, ამის შესახებ კომისიამ შეიმუშავა ცალკე დებულება. ეს დებულება გახლავთ შემდეგი (კითხულობს დებულებას).

როგორც ამ დებულებიდან სჩანს, მთელი საექიმო-სასანიტარო საქმე იქნება ამ დეპარტამენტის ხელში, ხოლო თავის-თავად ცხადია ერობებსა და თვითმმართველობებს თავიანთ ფარგალში ექნებათ. მხოლოდ საერთო ხელმძღვანელობა, ინსტრუქციების შემუშავება იქნება ამ დეპარტამენტის ხელში.

არის, მაგალითად, საჭირო სახელმწიფოებრივი ზომები ჭლექის, მალარიის წინააღმდეგ საბრძოლველად. დეპარტამენტი შეიმუშავებს ამ საერთო ზომებს, ხოლო ამ ზომებს ცხოვრებაში გაატარებენ ერობები და თვითმმართველობები.

რკინის გზის საექიმო-სასანიტარო განყოფილება დროებით რჩება მის ხელში, რადგან დღევანდელს პირობებში ჩვენი ერობები არ არიან იმდენად მოღონიერებულნი, რომ გაუძღვენ ამ საქმეს. შემდეგ კი გადაეცემა ერობებს და თვითმმართველობებს.

ეს საკითხი განხილული იყო საფინანსო კომისიაში და იქ აღიძრა ამგვარი საკითხი, რომ რადგანაც საქმე ეხება დეპარტამენტის დაარსებას, საჭირო არის შესაფერმა კომისიამ, თვითმმართველობის კომისიამ გამოსთქვას თავისი აზრი, რამდენად საჭიროა ჩვენში დეპარტამენტის დაარსება.

თვითმმართველობის და იურიდიულმა კომისიამ დაადგინა, რომ ის არ იხილავს დეპარტამენტის დაარსების საკითხს საერთოდ, პრინციპიალურად, ხოლო ამ კერძო შემთხვევისათვის ის იზიარებს შინაგან-საქმეთა სამინისტროს შეხედულებას, რომ საჭიროა დეპარტამენტის დაარსება.

საბიუჯეტო კომისიამ განიხილა, მსჯელობა იქონია და გამოსთქვა ის აზრი, რომ საჭირო არის ცალკე დამოუკიდებელი უწყების დაარსება, მაგრამ ხმის უმეტესობით გადაწყდა, რომ ეს უნდა იყოს დეპარტამენტი შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან და მისი უფროსი იქნება დირექტორის სახელწოდებით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ლორთქიფანიძეს.

ივ. ლორთქიფანიძე. (ს.-რ.) ბატონებო! ბ. გომართელის მიერ წამოყენებული პროექტი ეხება ფრიად სერიოზულ საკითხს, ჩვენი ერის ფიზიკური არსებობის საკითხს. თქვენ მოგესხენებათ, რომ ეს საქმე მეტად უნუგეშო მდგომარეობაში არის ბევრს ქვეყნებში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რადგან სათანადო ორგანოები არ არსებობს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რადგანაც ამ საკითხის შესახებ განსაკუთრებულ საგანგებო კომისია მუშაობდა ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვისმენდით უფრო სერიოზულ მოხსენებას ამ მხრივ, სადაც იქნებოდა ლაპარაკი არა მარტო დეპარტამენტის დაარსების შესახებ, არამედ მთელს რესპუბლიკაში საექიმო-სასანიტარო საქმის მოგვარების შესახებ, თუმცა ამისათვის მასალები დიდი ხანია შეგროვილია სამეცნიერო საზოგადოების მიერ და განსაკუთრებით ქართველ ექიმთა საზოგადოების მიერ. აი თუნდაც ბ. ვირსალაძის ვრცელი მოხსენება ამ საკითხის შესახებ.

მე მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა ჩვენი მართვა-გამგეობის პრინციპების შესახებ. დღეს წარმოდგენილი კანონ-პროექტი და იურიდიულ კომისიის დასკვნა, რომ ჩვენ პრინციპიალურად არ ვწყვეტთ საკითხს, მაგრამ თანახმანი ვართ დეპარტამენტი დავაარსოთ, მოწმობს იმას, რომ ჩვენ მთავარი სისტემა არა გვაქვს მართვა-გამგეობაში. ჩვენ არა გვაქვს არავითარი სისტემა და ცენტრალური ორგანოების, რომელთაც ხელში უჭირავთ სახელმწიფოებრივი მუშაობა. პირველი მთავრობაში, რომელიც იყო არჩეული ეროვნულ საბჭოს და პარლამენტის დროს, იყო სამინისტროების სისტემა; შემდეგ იყო წარმოდგენილი მეორე პროექტი, არ ვიცი დამტკიცებული იყო თუ არა ეს დამფუძნებელ კრების მიერ, რომ პასუხის მგებელი მინისტრები რაც შეიძლება ნაკლები იყოს და მთელ მართვა-გამგეობა დაყოფილი იყოს დეპარტამენტებად, რომელთა სათავეში იქნებიან მცოდნე პირები. და თუ მინისტრები ხშირად გამოიცვლებიან, ეს მცოდნე პირები, რომელნიც დეპარტამენტის სათავეში არიან, თავიანთ ადგილებზე დარჩებიან და პრაქტიკულ მუშაობას ხელმძღვანელობას გაუწევენ. ესე იყო, როდესაც შესდგა დამფუძნებელ კრების მიერ არჩეული მთავრობა ხუთი მინისტრიდან. ეს ერთგვარი სისტემა იყო, მაგრამ ეხლა დაიშალა და ჩვენ არეული გვაქვს ერთმანეთში, როგორც სამინისტროების, ისე დეპარტამენტების სისტემა. ახალ დეპარტამენტის დაარსებას კიდევ მეტი არევ-დარევა შეაქვს საქმეში. ასე გაგრძელება ყოვლად შეუძლებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

ივ. გომართელი. (ს.-დ.) დეპუტატმა ლორთქიფანიძემ განაცხადა, კანონ-პროექტი უნდა გადაეცეს ჯანმრთელობის კომისიასო. მე მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის კომისიაში უკვე განიხილეს ეს კანონ-პროექტი. კომისიამ ასწონ-დასწონა და საჭიროდ დაინახა, რომ კანონ-პროექტი ამ სახით, რა სახითაც წარმოდგენილი გახლავთ, იყოს გატარებული ცხოვრებაში. რაც შეეხება იმას, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო საექიმო-სასანიტარო საქმეს ვერ უვლიდა და ამ დარგში არაფერი გაუკეთებია, უნდა მოგახსენოთ, რომ ერთბაშად ბევრი რამის გაკეთება ძნელია და დღემდის არც ერთ დარგში ძალიან დიდი რამ არ გაკეთებულა - ეს ხანგრძლივი პროცესი არის, მაგრამ თუ რამ გაკეთდა ჯანმრთელობოს საქმეში, გაკეთდა შინაგან-საქმეთა სამინისტროს წყალობით, ისევ მისი მეცადინეობით და თვალ-ყურის დევნით. მხოლოდ თვით შინაგან-საქმეთა მინისტრი მოგახსენებთ, რომ მე ამ საქმეს ჯეროვნად ვერ მოუვლიო, იმას საკუთარი პატრონი სჭირიაო და ამისთვის ითხოვს, რომ დაარსებული იყოს ცალკე დეპარტამენტი. მაგრამ მე ვერ გავიგე ბ. ლორთქიფანიძის სიტყვებიდან: თქვენ თხოულობთ დამოუკიდებელი იყოს ეს დეპარტამენტიო და თან შეიძლება სამინისტროც იყოსო. მაშასადამე თქვენ არა გაქვთ გადაწყვეტილი სამინისტრო იყოს დეპარტამენტი. აქ შინაგან-საქმეთა მინისტრის განმარტებით ბარათში არის, რომ ეს დეპარტამენტი იქნება სრულიად დამოუკიდებელი თავის ფარგლებში, სრულიად დამოუკიდებლად აწარმოებს საქმეს. თავის-თავად ცხადია, რომ დღემდის შინაგან-საქმეთა მინისტრი არ უშლიდა ხელს ამ საქმის გატარებას, პირიქით ხელსაც უწყობდა, შემდეგშიც, როდესაც ამ საქმეს სათავეში მოექცევიან ექიმი-სპეციალისტები და მთელი ეს საქმე იქნება თავმოყრილი ერთ ცენტრალურ დაწესებულებაში, ცხადია, რომ ამ სამინისტროს არც ერთი ნაბიჯი ამ საქმის დამაბრკოლებელი არ იქნება. წარმოიდგინეთ, ვთქვათ არის კიდეც ცალკე სამინისტრო და ეს საექიმო-სასანიტარო სამინისტრო დაიმუშავებს სხვა და სხვა ხასიათის დებულებებს, რომლების ცხოვრებაში გატარება საჭირო არის. ვინ უნდა გაატაროს ეს? თავის-თავად ცხადია, რომ თითონ თავისი ძალ-ღონით ის სამინისტრო ვერ გაატარებს. უნდა გაატაროს ცხოვრებაში ისევ შინაგან-საქმეთა სამინისტრომ, რადგან შესაფერი აპარატი მას ხელში აქვს, ისე რომ, თუნდაც ცალკე სამინისტროდ გამოვყოთ, მას მაინც მეტად მჭიდრო კავშირი ექნება შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან. და თუ ეს კავშირი იქნება დეპარტამენტის სახით - ჯანმრთელობის და საბიუჯეტო კომისიის აზრიც ის არის, რომ ამით არაფერი არ დაშავდება და, მაშასადამე, საკმარისი არის, რომ ეს დეპარტამენტის სახით შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან იყოს შეერთებული. პირადად მე პრაქტიკულად უყურებ ამ საკითხს. ხშირად ლაპარაკობენ და ბევრჯერ იყო აქ ტრიბუნიდან ნათქვამი, რომ ინგლისში დაწერილი კონსტიტუცია არ არის, თვით ცხოვრებაშია პრაქტიკულად გატარებულიო. ჩემის აზრით შემცდარი შეხედულება იქნება, რომ ყოველი საკითხი თეორიულად გამოვჭრათ, მოუტანოთ ცხოვრებას და უთხრათ, რომ გინდა თუ არა ამაში ჩაეტიო. ჯერ-ჯერობით ჩვენ პრაქტიკულ აღმშენებლობის გზაზე ვდეგავრთ, თეორია კარგი არის, მაგრამ პრაქტიკაც კარგი და ერთმანეთს უნდა შეუფარდოთ. თეორიაში უნდა გასწორდეს ის, რასაც პრაქტიკა არ იღებს, პრაქტიკაში უნდა გასწორდეს ის, რასაც თეორია არ მიიღებს. ამ გზას რომ დავადგებით, ცხოვრება თვით გვიკარნახებს შემდეგ რა ნაბიჯი გადავდგათ და როგორ მოვაწყოთ ეს საქმე. თუ ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ცალკე სამინისტრო არის საჭირო, მაშინ შესაძლებელია ეს საკითხი გადასინჯული იყოს.

ყოველ შემთხვევაში დღევანდელ პირობებში, როდესაც ეს საქმე მეტად აწეწილ-დაწეწილი გახლავთ, დეპარტამენტი რომ დაარსდეს, დაარსდება დამოუკიდებელი, ავტონომიური, მხოლოდ შეერთებული შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან. შინაგან-საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს მოუვლის და ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს. რაც შეეხება რკინის გზის საექიმო-სასანიტარო საქმეს და ჯარს, აქ დებულება გახლავთ წარმოდგენილი, რომ დეპარტამენტს აქვს შემდეგი განყოფილებები: ქალაქები, ერობები, ჯარი, საკურორტო და სარკინიგზო.

საკურორტო ნაწილს აქვს ორი მხარე: იქ არის სამეურნეო და წმინდა საექიმო მხარე. საექიმო სასანიტარო საქმე იქნება ამ დეპარტამენტის ხელში და რაც სამეურნეო საქმეები იქნება - ეს მიწად-მოქმედების სამინისტროს ხელში იქნება. ამით არაფერი დაშავდება, მხოლოდ საქმე გაკეთდება. რაც შეეხება სამხედრო გოსპიტლების გადაცემას ერობებზე და თვითმმართველობებზე - ეს გადაწყვეტილი გახლავთ. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ სამხედრო საექიმო-სასანიტარო ნაწილი არის ისეთი დარგი, რომელიც ჩემის ფიქრით, შეუძლებელია გამოეყოს სამხედრო უწყებას და გადაეცეს ერობას.

აი, მაგალითად, საომარი მდგომარეობა გახლავთ ბრძოლის ველზე. იქ თუ თავის სპეციალური დაწესებულება არ იქნება, ერობა და თვითმმართველობა ამ დარგს ვერ გაუძღვება. წარმოიდგინეთ ის მდგომარეობა, რომ მამისონის უღელტეხილზე ბრძოლა არის. იქ არის საჭირო საავადმყოფოს გახსნა, დაჭრილთა გადაყვან-გადმოყვანა. აქ საჭიროა სპეციალისტი ექიმები და ამას ჯერ-ჯერობით თვითმმართველობები ვერ შესძლებენ. ამ დარგში ჯარისათვის დატოვებულია საექიმო-სასანიტარო საქმე, დანარჩენი კი მოშორებულია და გადაეცა ერობასა და თვითმმართველობებს.

რაც შეეხება რკინის გზის საექიმო-სასანიტარო საქმეს, აქაც ეს საქმე პრინციპიალურად გადაეცა ერობებს და თვითმმართველობებს. მაგრამ ჯერ-ჯერობით ერობა თითონ იმდენად ნორჩია, ისეთი ბევრი საქმით არის დატვირთული, რომ ამას ვერც თქვენ უარყოფთ, ის ჯერ ვერ მოუვლის. ამის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის ხელში იქნება. შემდეგ და შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ ესეც უნდა იყოს ერობის და თვითმმართველობის ხელში.

რაც შეეხება უნივერსიტეტს - არც უწყება და არც შინაგან-საქმეთა სამინისტრო არ უარყოფს, რომ ამ დარგში უნივერსიტეტზე ბევრს იმედს ვამყარებთ. სანიტარული ინსტიტუტი დაარსებულია და შეკავშირებული არის უნივერსიტეტთან.

თავმჯდომარე. დაასრულეთ? ზოგადი მსჯელობა დასრულებული გახლავთ. ორი წინადადება გახლავთ, ერთი კომისიისა და მეორე ლორთქიფანიძისა. ვინ არის მომხრე, რომ ეს კანონი-პროექტი მოიხსნას და გადაეცეს ჯანმრთელობის კომისიას გადასასინჯავად? ეს წინადადება უარყოფილია. მიღებული გახლავთ პირველი წინადადება. შემდეგი საკითხისათვის ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის სიტყვა.

6. კანონ-პროექტი - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებათა ქონების გასაძლიერებლად და მოღვაწეთა დახმარებისათვის ბილეთების დაბეგვრისა.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ჩვენში მრავალია სხვა და სხვა კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოება; ამ საზოგადოებებს წმინდა კულტურული მიზნები აქვთ დასახული. მათი მოღვაწეობა იმის გამო, რომ სათანადო სახსარი არა აქვთ, ძალიან ბრკოლდება. ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ ხოლმე შუამდგომლობით სახალხო განათლების სამინისტროს და სახ. გან. კომისიასაც, რომ მათ მიეცათ ამ საერთო კულტურულ ასპარეზზე სამოღვაწეოდ რაიმე დახმარება. ასეთივე შუამდგომლობით მიმართავენ ამ დაწესებულებებს - სამინისტროს და კომისიას - კერძო პირებიც, დამსახურებული მოღვაწეები, ლიტერატორები, მწერლები და ხელოვნების სხვა და სხვა ასპარეზზე მომუშავენი, მოხუცებულები, რომლებსაც სახსარი არც აქვთ ცხოვრებისა და ითხოვენ დახმარებას. აი, ამიტომ გასულ წელს, შემოდგომაზე, წარმოიშვა იდეა, რომ ამათ დასახმარებლად შექმნილი იყო განსაკუთრებული ფონდი, ვინაიდან არც სახალხო განათლების სამინისტროს და არც დამფუძნებელი კრების განათლების კომისიას არავითარი ასეთი განსაკუთრებული თანხა არა აქვს და არცა ჰქონია. ეს იდეა წარმოიშვა ამ მოღვაწეთა დასახმარებლად, მათი მუშაობის გასაადვილებლად შეიქმნას განსაკუთრებული ფონდი სახალხო განათლების სამინისტროსთან. სახალხო განათლების მინისტრის ხელში იქნებოდა თანხა, როლიდგანაც ამ პირებს და დაწესებულებებს განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო დახმარება გაეწეოდათ. ამ მიზნის განსახორციელებლად შემუშავდა კანონ-პროექტი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე. მაშინ, სამწუხაროდ, არ იქნა ეს მიღებული. მაშინ ჩვენ მივიღეთ პროექტი გადადებულიყო ამ მიზნისათვის ერთდროულად ერთი მილიონი მანეთი. ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია ეხლა, იქნება საფუძველი, რომელიც შექმნის მუდმივ ფონდს. ეს ფონდი უნდა შეიქმნას ბილეთების დაბეგვრით, დაიბეგრება ბილეთები კინემატოგრაფისა, ცირკისა, კონცერტისა, ოპერისა და დრამისა. აქედგან შემოსილი თანხა დაახლოვებით ნავარაუდევი არის წელიწადში 10 მილიონი მანეთი. ეს იქნება სპეციალური თანხა სახალხო განათლების მინისტრის განკარგულებაში და აქედან მოთხოვნილების და გვარად გაიცემა დახმარება. წესი ამ დახმარებისა უნდა შეიმუშაოს სამინისტრომ სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებით. უწინ, შემოდგომაზე, როდესაც ეს საკითხი იდგა, მაშინ სახალხო განათლების კომისიამ არ მიიღო ზოგიერთი რამ, რაც მიღებული იყო ხელოვნების კომისიაში. მაშინ გატარებული იყო აზრი, რომ დაბეგრული ყოფილიყო ყველა ბილეთები ყველა გასართობებისა, აქ შედიოდა სხვათა შორის ყველა დაწესებულება, რომელიც მე მოგახსენეთ. სახალხო განათლების კომისიამ მაშინ გამოტოვა ოპერა, დრამა, კონცერტი, რომლებიც საერთოდ წმინდა კულტურულ მიზნებს ემსახურებიან. მაგრამ ხელმეორედ დასვა საკითხი ხელოვნების კომისიამ, ხოლო შემდეგ განათლების კომისიაც იმ მოსაზრებას დაადგა, რომ სუყველას გაეღო თავისი წვლილი ამ ფონდის შესაქმნელად, იმ კლუბებსაც კი, რომლებსაც ჩვენ უწოდებთ მუშათა კლუბებს, რათა დემოკრატიასაც გაეღო თავისი წვლილი. სახალხო განათლების კომისიამ მიიღო ეს პრინციპი სავსებით და ამიტომ გადაწყვეტილი არის, რომ დაბეგვრილი იყოს სუყველა გასართობების ბილეთები. გამოტოვებული არის მხოლოდ ლექციების ბილეთები, სახალხო განათლების კომისიამ მიიღო ეს პროექტი და ამას დაეთანხმა საბიუჯეტო კომისიაც. (ხმა: უმცირესობის აზრი?). იყო უმცირესობის აზრიც.

ბილეთები უნდა იყოს დაბეგვრილი ამგვარათ: მაგალ. 5 მანეთად ღირებული ბილეთი განთავისუფლებული არის სრულიად დაბეგვრისაგან. რაც შეეხება ერთდროულ შესასვლელ ბილეთებს, ისინი დაბეგვრილი უნდა იყოს აი ამ ნორმების მიხედვით. (კითხულობს). რაც შეეხება მუშათა კლუბის შესასვლელ ერთდროული ბილეთებს - მათ შესახებ განსაკუთრებული მუხლი არის და მცირე ნორმა არის მიღებული. მაგალითად თუ ასეთი კლუბი პროფესიონალური კავშირის მიერ ცნობილი არის - იქ შესასვლელი ბილეთი დაბეგვრილია ერთი მან. სეზონის ბილეთი კი 5 მანეთით. უნდა მოგახსენოთ, რომ საერთოდ ამ ბილეთების დაბეგვრის შესახებ უწინ არსებობდა კანონები და ამ კანონით პარლამენტის მიერ მიღებული 1918 წელს, ნოემბერს და მეორე ძველი კანონი მიღებული 1915 წელს, ნოემბერის 22 და მის შესაცვლელად პარლამენტის მიერ გამოცემული კანონი - ყველა ეს გაუქმებული უნდა იყოს.

სახალხო განათლების კომისიას მიაჩნია საჭიროდ და ამაში მას საბიუჯეტო კომისიაც დაეთანხმა, რომ ასეთი ფონდი აუცილებლად შეიქმნეს, რომ მართლაც ისეთ დაწესებულებით, როგორიც არის სახალხო უნივერსიტეტი, რომელიც როგორც ქალაქში, ისე პროვინციაში დიდ გაჭირვებას განიცდის - რაიმე დახმარება ქონდეთ, რათა მათ გააგრძელონ მოღვაწეობა კულტურულ ნიადაგზე. აგრეთვე ამ ფონდიდან აღმოუჩენთ დახმარების იმ დამსახურებულ მოღვაწეთ, რომლებიც დიდ მატერიალურ უსახსრობას განიცდიან.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებთ ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. თუ არის ვინმე წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის და სათანადო დროის შემდეგ მოხსენდება დამფუძნებელ კრებას მუხლობრივ. გთხოვთ მოახსენოთ შემდეგი საკითხი; მომხსენებელი ისევ თქვენ ბრძანდებით.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ.

. იმნაიშვილი. (მომხსენებელი). სახალხო განათლების უწყებაში არც ერთი დაწესებულება არ არის, რომლის შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა უკვე არ იყოს მიღებული და დამტკიცებული დამფუძნებელ კრების მიერ. არის მხოლოდ ერთი დაწესებულება, ფიზიკური ობსერვატორია, რომლის შტატი წარმოდგენილი არის ეხლა. მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ როდესაც შარშან წარმოდგა შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა დასამტკიცებლად, ამას მოყვა რევიზია სახალხო განათლების მცირე კომისიის მიერ, ამ რევიზიამ წარმოშვა ერთი საკითხი: ვის უშუალო ზედა მხედველობის ქვეშ უნდა იყოს ფიზიკური ობსერვატორია? უნდა დარჩეს, როგორც დღემდე, სახალხო განათლების მინისტრის განკარგულებაში, თუ ის უნდა გადაეცეს სახელმწიფო უნივერსიტეტს? მაშინ ეს საკითხი გადაწყდა იმ მხრივ, რომ რადგან ეს დაწესებულება წმინდა მეცნიერული დაწესებულება არის და მეცნიერულ მიზნებს ემსახურება - იგი უნდა გადაეცეს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ფიზიკო-მათემატიკურ ფაკულტეტთან: მაშინ ამ განყოფილების უშუალო ზედამხედველი უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტი ამ ფაკულტეტის სახით. შემდეგ ამ საქმის მოსაგვარებლად და გადასაწყვეტათ მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წარმომადგენელნი, რომ მათთან ერთად შემუშავებულიყო დებულება ამ პრინციპის მიხედვით. მაგრამ უწყება იმ მოსაზრებას დაადგა, რომ უნივერსიტეტი ძლიერ დატვირთულია და ობსერვატორიის საქმიანობას ისე სათანადოთ ვერ გაუძღვება და როდესაც კომისიამ ეს ხელმეორეთ განიხილა, დაეთანხმა უწყების მოსაზრებას. იგი გაეცნო უნივერსიტეტის მუშაობას, დაინახა, რომ იგი ძალიან დატვირთული არის, სათანადო სპეციალისტებიც არა ყავს და ამ მოსაზრებით დაადგინა, რომ ჯერ-ჯერობით ფიზიკური ობსერვატორია დარჩეს პირდაპირ სახალხო განათლების ზედამხედველობის ქვეშ და მის განკარგულებაში. ეს პროექტი და კომისიის დადგენილება, რომელიც წარმოდგენილი არის ახლა - არის სწორეთ იმ პრინციპზე აშენებული, რომ ფიზიკური ობსერვატორია იმყოფებოდეს ისე, როგორც აქამდი იყო, სახალხო განათლების სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ.

რაც შეეხება უნივერსიტეტსა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებათ - სახალხო განათლების კომისიის მიერ შემოტანილია შესწორებითი დებულება, რომ მათ საშვალება აქვთ ისარგებლონ მეცნიერული მიზნებისათვის ობსერვატორიის ყველა განყოფილებით. დებულებაში არის შეტანილი სათანადო მუხლი, რომელიც აძლევს ამ უფლებას უნივერსიტეტს და ავალებს ობსერვატორიის დირექტორს, რომ კერძო პირებიც კი, რომლებიც მეცნიერული მიზნით მუშაობენ, დაუშვას ობსერვატორიაში სამუშაოთ. რაც შეეხება თვით შტატსა და ხარჯთ-აღრიცხვას - უნდა მოგახსენოთ, რომ ობსერვატორიაში შტატი ახლაც შემცირებული არის, ვინაიდან ობსერვატორიის მუშაობის ასპარეზი ერთნაირათ შევიწროებული არის. თუ მაგალ. წინათ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო თავის საზღვრებში დამოუკიდებლად არ არსებობდა, იყო თითქმის 200 მეტეოროლოგიური სადგური - დღეს შემცირებული არის ეს ქსელი და ისეთი დიდი არ არის, როგორც უწინ, ვინაიდან ამ ობსერვატორიის გამგეობის ქვეშ იყო ყველა სადგური, ჩრდილო კავკასიისა, აზერბაიჯანისა და სომხეთის. აი ამ ნიადაგზე შემცირდა შემდეგ 74-დან 46-მდე.

ფიზიკურ ობსერვატორიას აქვს რესპუბლიკაში უმთავრესად 3 დიდი განყოფილება: 1-ლი მეტეოროლოგიური ქსელის განყოფილება, მე-2 - სეისმური განყოფილება და მე-3 - მაგნიტურ მოვლენათა გამომკვლევი განყოფილება, რომელიც მოთავსებული არის მცხეთასთან ახლოს. უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა ეს განყოფილება და მათში მოთავსებული მოწყობილება იშვიათ რამეს წარმოადგენს. ამაში დარწმუნდა მცირე კომისია, როდესაც რევიზიას აკეთებდა სათანადო სპეციალისტების თანამშრომლობით და თანაშემწეობით წასულ წელს. ეს არის იშვიათი განძი ჩვენი რესპუბლიკისა, რომელიც არ შეიძლება ფულზე დაფასდეს. თუ არ ვცდები, იმ მთავარ პავლოვსკის ობსერვატორიის შემდეგ, რომელიც პირველი იყო ნიკოლოზის დროს, იმ ობსერვატორიის შორის ეს მეორე უნდა იყოს. უნდა ვსთქვა, რომ ობსერვატორიის მუშაობა ვერ მიდიოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო დაყენებული. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ კარგმა სპეციალისტებმა მიატოვეს ობსერვატორია და წავიდნენ რუსეთში, აი მაგალ. დირექტორი და შემდეგ, რაკი სათანადო პირები აღარ დარჩენ - მუშაობა ობსერვატორიაში ჩამოქვეითდა. მაგრამ რევიზიის შემდეგ მუშაობა სათანადო სიმაღლეზე არის დაყენებული ყველა დარგში. არის მაგალ. სეისმური სადგური ბორჯომში, აგრეთვე გორში; არის ასამდი მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც სისტემატიურათ აწვდის მეტეოროლოგიურ ცნობებს ამ ობსერვატორიას. რაც შეეხება კანონს - იქაც ასეთი განყოფილება არსებობს, რომელსაც სათავეში სპეციალისტები უდგას ამ საქმეში. რაც შეეხება ხარჯთ-აღრიცხვას, ის წარმოდგენილი არის შემდეგნაირათ: პირველი ეხება წმინდა სამეცნიერო ხარჯებს; ეს არის სადგურების შემოსავალი, სხვადასხვა ხელსაწყო და იარაღების შეძენა-შეკეთება, - ჰაეროლოგიური და სეისმური გამოკვლევის წარმოება, ბიბლიოთეკის შევსება, ვინაიდან ამ 3 წლის წინათ არც ერთი მნიშვნელოვანი, თითქმის, გამოკვლევა არ შეუძენია, რადგან მოწყვეტილი ვიყავით დასავლეთ ევროპას; შემდეგ, ექსპედიციების მოწყობა - სხვადასხვა ადგილების გამოკვლევით. შემდეგ, ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც ქაღალდის შეძენას თვით მწერალთათვის. ეს ფოტოგრაფიული ქაღალდია და ძალიან ძვირი ღირს, რადგან იშვიათია. ეს სეისმური გამოკვლევისათვის არის და ამისათვის საგანგებო თანხა არის საჭირო. ასეთი საგანგებო არის გამოწერილი. ეს თანხა, უნდა მოგახსენოთ, ცოტა არ არის, ვინაიდან იგი ძალიან ძვირათ ღირს; შემდეგ დაკვირვებათა გამოცემა და ბეჭდვა, და ბეჭვდის ხარჯი, თავისთავად ცხადია, ეს ხარჯთ-აღრიცხვა წარმოდგენილი იყო გაზაფხულზე და შეეხება წარსულ საბიუჯეტო წელს. შეიძლება ეს ხარჯი გადიდებული იქნა მასალების მას შემდეგ გაძვირების გამო, მაგრამ გასულ წლისას მაინც არ აღემატება.

შემდეგ გახლავთ სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები: აქ არის უმთავრესად ნაანგარიშები მთავარი დაწესებულების შენახვა და შემდეგ მცხეთისა, კსანის სადგურების შენახვა - იქ არის სხვათა შორის სპეციალური სადგური ელექტრონისა - და შემდეგ ბორჯომის სეისმური სადგურის შენახვა.

ეს ხარჯთ-აღრიცხვა გამოთხოული არის 1-ლ მარტიდან 1-ლ ივნისამდი.

ეხლა თვითონ შტატების შესახებ მოგახსენებთ ორი განყოფილების გამგე, ამ თანამდებობის პირებს ისეთივე ჯამაგირი აქვთ და ისეთივე პირობებში არიან, როგორც სხვა დაწესებულების მოსამსახურენი. მომატების მხრივაც მათი მდგომარეობა ისეთივეა, როგორც სხვების, სხვათა შორის, მათზედაც უნდა გავრცელდეს უკანასკნელი, თებერვლის მომატებაც. ასეთი გახლავთ მდგომარეობა ფიზიკურ ობსერვატორიისა და ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი არის თქვენს წინაშე.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი განხილვისათვის? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის და მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ. შენგელაიას ეკუთვნის.

8. სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობის და უკანონოთ მოქმედების შესახებ.

. შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! რუსეთის თვითმპყრობელ ბიუროკრატიას, როგორც მოგეხსენებათ, სხვა დეფექტებთან და ცოდვებთან ერთად სჭირდა ერთი საშინელი სენი. მისი ბეცი და უვარგისი პოლიტიკა ცენტრში, ათჯერ უვარგისი იყო განაპირა ოლქებში. ამ ოლქის მოსახლეობა მის თვალში სხვა ჯიშის ხალხი იყო, რომლისათვის განსაკუთრებული ზომების და განსაკუთრებული კანონების მიღება იყო საჭირო. სხვადახვა ინსტიტუტები და რეფორმები, რომელიც ცენტრში იყო გატარებული, განაპირა ოლქებისათვის სანატრელი იყო. ხოლო ყოველივე ის, რაც ცენტრში დრომოჭმული, უგულო, უსულო და უხეში ოყო, კალიასავით ეხვეოდა განაპირა ოლქებს, სჯიჯგნიდა მის სხეულს, ამახინჯებდა მის სახეს. და თუ რუსეთი დაინგრა და მას განაპირა ოლქები ჩამოსცილდა, ამის უმთავრესი მიზეზი ის პოლიტიკა იყო, ხოლო ბოლშევიკური გადატრიალება კი უბრალო საბაბი.

ჩვენი დემოკრატია არ შეიძლება ამ გზას დაადგეს, რადგან ეს დაღუპავდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი დემოკრატიის მხრით ეს უარყოფა იქნებოდა თავის-თავისა, და თუ რომელიმე ჩვენ ოლქებში ხდება რესტავრაცია ძველი ბიუროკრატიის პოლიტიკისა, ჩვენ მოვალენი ვართ, რომ თუ ასეთი ანომალიური მდგომარეობა გაგრძელდა იქ, ჩვენი რესპუბლიკა ვერ ასცილდება უდიდეს საფრთხეს, ხოლო ჩვენი დემოკრატია ვერ აცილდება უდიდეს სირცხვილს!

ეს არის ერთად ერთი მიზეზი, რომელმაც შემოგვატანია შეკითხვა ბორჩალოს მაზრის შესახებ. ბორჩალოს მაზრის შესახებ არა ერთი წერილი დაიბეჭდა ჩვენს გაზეთებში. იქ იყო ხაზ-გასმით აღნიშნული, რომ ბორჩალოს მაზრის უპასუხისმგებლო მოღვაწეებს იგი მიყავს უფსკრულისაკენ. მე ორიოდე მაგალითს მოვიყვან იმისა, რომ ყოველივე ის ჩვენ მიერ მოყვანილი უბრალო სიტყვა კი არ არის, არამედ მწარე სინამდვილეა.

ერთი ასეთი წერილი, რომელიც ეხება ბორჩალოს მაზრას დაიბეჭდა „ბორბა“-ში წარსული წლის 15 მაისის ნომერში. წერილი ეხებოდა ბორჩალოს მაზრას და წალკის რაიონს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სწავლა განათლების, სკოლების მდგომარეობის საკითხს და სხვათა შორის ამბობს შემდეგს: გარდა 3-4 სკოლისა, არც ერთში სწავლა აღარ ყოფილა. (ლ. ნათაძე ადგილიდან: შარშან!) მაგრამ დღესაც ასეა! სულ ორიოდე სკოლა მუშაობს, დანარჩენი სკოლები დახურულია, გადაქცეულია დუქნებად და იქ აღვირ-წახსნილი სპეკულიაცია სწარმოებს და ამას ხელს უწყობს ადგილობრივ სკოლის ინსპექტორი და ადმინისტრატორები. სპეკულიაცია სწარმოებს მასწავლებლების და ინსპექტორების მიერ. წინდაწინ ინსპექტორი ზოგიერთ მასწავლებელთ ჯამაგირს აძლევდა, მასწავლებლები მოდიოდენ აქ, ტფილისში, ყიდულობდენ სხვა და სხვა საქონელს. მიქონდათ სოფლებში და ყიდდნენ - 4-5 ჯერ მეტ ფასებში. დანარჩენი მასწავლებლები და გამგეები 5 თვეობით ჯამაგირს ვერ იღებენ და როცა თხოულობდენ ინსპექტორები ეუბნებოდნენ: ჯერ გამოწერილი არ არის და ამ თანხით კი ამ დროს სპეკულიაციას აწარმოებდენ. რომ თქვენთვის ნათელი გახდეს თუ რა მდგომარეობა იყო, მე წავიკითხავ ზოგიერთ ადგილებს. ეს არის დამახასიათებელი იმისა, თუ როგორი არაჩვეულებრივი მდგომარეობა არის იქ. წერილის ავტორი სწერს: (კითხულობს). (ლ. ნათაძე ადგილიდან: სისხლის წვიმების დროის ამბავია!). შემდეგ არის მოყვანილი მაგალითებიც: (კითხულობს): «Никогда постановка учебнаго дђла въ Цалкинских греческихъ школахъ не была такъ неудовлетворительна, я скажу, преступна, какъ въ текущемъ учебномъ году. Помђщенიя нђкоторыхъ школъ обращены въ духаны, въ которых торгуют сами же учителя. За исключенიемъ 2-3 школахъ занятიй нигдѣ нђть... При Гунიя Калинской школђ на Цалкђ открытъ духанъ учителями Ананиковымъ и Михаиловымъ подъ видомъ кооператива, который очень бойко торгуетъ водкой и виномъ. შემდეგ ავტორი იმ აზრს გამოსთქვამს, რომ ალბად მთავრობამ არ იცის, რაც ხდება აქაო (კითხულობს): Провительству (Мин. Нар. Прос.) не извѣстно, что дѣлается въ Цал. греческихъ школахъ, что существуетъ мертвыя школы, которыя съ самаго своего открытия (1½ года) числятся толко на бумагѣ, что много «мертвых» учителей которые получаютъ жалованიе, не зная въ какомъ училищѣ они числятся. ესეა წარსული წლის 15 მაისიდან. სულ ამ უკანასაკნელ ხანს წალკის და საერთოდ ბორჩალოს შესახებ ვრცელი წერილი იყო გაზეთ „კლდეში“. ამ წერილმა დიდი ალიაქოთი გამოიწვია წალკის სოც.-დემ. წრეებში და პროტესტები „ბორბის“ ფურცლებზე. აქ ჩამოთვლილი არის ყველა სოც.-დემ. მოღვაწეები და წამოყენებული არის მთელი რიგი ბრალდებათა, მოყვანილია ფაქტები. ამას მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და ეს უკმაყოფილებას იწვევს მთელ მაზრაში. სხვათა შორის, კავკასიძის წინააღმდეგ კონკრეტიული ბრალდებები არის წარმოყენებული, რომ იგი მოსამსახურეთა დახმარების ფირმის და შირმის ქვეშ სპეკულიაციას აწარმოებდა. მას მოქონდა მოსამსახურეებისათვის 10 ფუთი კარაქი და 20 ფუთი ყველი. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ეხლა ყველი დიდხანს არ შეინახება, წახდება და ამიტომ გამგეობის მოსამსახურეები უნდა ყოფილიყვნენ მთელი პოლკი, რომ ამდენი ყველი შეეჭამათ.

მიუხედავათ ამისა, მას მიქონდა ამდენი ყველი, რადგან ამ ფირმით უფრო ადვილი არის სპეკულიაციის წარმოება.

შემდეგ ჩამოთვლილი არის თუ რას აკეთებდენ ბორჩალოს მაზრაში ერობის მოღვაწეები და რას აკეთებენ ეხლა. ის ამბობს, რომ ამათი საქმე არის კომბინაციები, ვაჭრობა და სხვა. (გრ. ურატაძე ადგილიდან: ვის გაზეთშია?). მართალია „კლდეში“ არის, მაგრამ როცა თქვენ ბოროტმოქმედებაზე არის ლაპარაკი, მე „კლდეს“ უფრო ვენდობი, ვიდრე „ერთობას“.

ვიდრე ასეთი ცნობები გაზეთებში დაიბეჭდებოდა, ჩვენ დიდი ხანია გვქონდა საბუთები იმ უკანონო მოქმედების შესახებ, რომელიც ხდებოდა ადგილობრივ სოც.-დემ. მოღვაწეთა და ორგანიზაციის მიერ. ჩვენ მაშინათვე არ შემოგვიტანია ეს შეკითხვა. ჩვენ მივმართეთ ჩვეულებრივ გზას. გვქონდა ამის შესახებ ლაპარაკი შინაგან-საქმეთა მინისტრთან, მოვახსენეთ ზოგიერთი ფაქტები და ვფიქრობდით, რომ ის გამოიყვანდა დასკვნას, რომ ზომების მიღება არის საჭირო. მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. შემდეგ ჟორდანიას გაუკეთეთ ვრცელი მოხსენება იმ ბოროტ-მოქმედების შესახებ, რომელიც ხდება ბორჩალოს მაზრაში, რომელიც ასე სახიფათოა ჩვენი რესპუბლიკის მდგომარეობისათვის, და ვფიქრობდით, რომ ის მაინც მიიღებდა ზომებს, მაგრამ აქედანაც არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ჩვენ იძულებული ვიყავით აქ გამოგვეტანა ეს ფაქტები.

ჩვენს შეკითხვაში, ბატონებო, არის სამი საკითხი. ერთი ეხება ადმინისტრაციის თვითნებობას, მის უკანონო მოქმედებას; მეორე - წალკის რაიონის სოციალ-დემოკრატიულ ბიუროს მოქმედებას, რომელიც ერევა ადმინისტრაციის საქმეებში და ითვისებს ადმინისტრაციის და სასამართლოს ფუნქციებს, და მესამე საკითხი გახლავთ სულ ახალი ფაქტი გენერალ-გუბერნატორის ბ. სულაქველიძის მიერ თავისი განკარგულებით, მე ვიტყოდი, გარეკვა ბორჩალოს მაზრის მესამე საერობო ყრილობისა.

თქვენ იცით, ბატონებო, რომ ჩვენი ადმინისტრაცია მთელს რესპუბლიკაში თავისი დანიშნულების სიმაღლეზე არ სდგას და არც იდგა. ის ემსახურება არა წესიერების დაცვას, არამედ თვითნებობის გამეფებას ჩვენში. ის სრულიად უპასუხისმგებლოა, ხოლო უპასუხისმგებლობა თუ საზიანოა ჩვენთვის საერთოდ, ის ასჯერ უფრო საზიანოა ბორჩალოს მაზრაში, რომელიც არის მოსაზღვრე და დასახლებულია არა-ქართველებით.

ადმინისტრაციიის თვითნებობა იქ საარაკო რამეს წარმოადგენს. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ დანაშაულობას, ვერც ერთ ბოროტ-მოქმედებას, რომელსაც აქ არ იდენდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენელნი. ქრთამის აღება, ბოროტ-მოქმედის განთავისუფლება და სხვა იქ ჩვეულებრივი მოვლენაა!

მე მოვიყვან ზოგიერთ მაგალითებს მხოლოდ, ვინაიდან ჩვენ აუარებელი საბუთები გვაქვს და, რა თქმა უნდა, არ შემიძლიან ყველა ამ საბუთებით ვისარგებლო; ალბად, როცა კამათი გაიმართება, მაშინ ვისარგებლებ ამ საბუთებით.

ეხლა მოვიყვან მხოლოდ ზოგიერთ ფაქტებს. მაგალითად, წალკის რაიონში იყო ვაჟბატონი ვინმე გოშუა, რომელიც სრულიად უსაბუთოდ ექცეოდა მოქალაქეებს და ციხეში ჰყრიდა. სცემდა, სტყეპდა, ფიზიკურად ანადგურებდა მოქალაქეებს. (ხმა ადგილიდან: გადაყენებული და პასუხისგებაშია მიცემული!). გადასაყენებელი და დასატუსაღებელი ბევრნი არიან და ჩვენი შეკითხვის აზრი სწორედ ის არის, რომ ყველა დამნაშავენი დაატუსაღონ. და თუ ყველას დაატუსაღებენ, მაშინ იქ არც ერთი სოციალ-დემოკრატი თავისუფალი აღარ დარჩება. (ურატაძე: ეს ერები დარჩებიან?!). ამ ვაჟბატონმა ისე გაროზგა ერთი მოქალაქე გრიგოლ პოზოვი, რომ გაროზგვისაგან ის მოკვდა.

ეს იცის მთავრობამ, ადმინისტრაციის ინსპექტორმა, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ზომები ჩვენს მთავრობას არ მიუღია. რომ ადმინისტრაცია იქ, მართლაც, სრულიად გახრწნილია, ამას ადასტურებს, სხვათა შორის, ელინთა მეორე ყრილობა ქ. თბილისში. აქ იყო მოყვანილი აუარებელი ფაქტები ადმინისტრაციის სხვა და სხვა ბოროტ-მოქმედების შესახებ.

სხვათა შორის, ელინთა მეორე ყრილობამ მიიღო შემდეგი რეზოლიუცია, ის ადასტურებს, რომ მართლაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება ბორჩალოს მაზრა, რომ აუტანელია მცხოვრებთა მდგომარეობა და თხოვს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას, მიიღონ ზომები.

ის ამბობს: ჩვენ მთელი ჩვენი არსებით მხარს უჭერთ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და არ გვინდა ვიმყოფებოდეთ განსაკუთრებულ პირობებში, ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთ პირობებში, რა პირობებშიაც არიან რესპუბლიკის სხვა მოქალაქენი. გვიხსენით ადმინისტრაციის თვითნებობისგანო! ეს არის მთელი ერის, ელინთა მეორე ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლიუცია და ვფიქრობ, სრულიად ობიექტური არის. (კითხულობს რეზოლიუციას). ეს რეზოლიუცია მიმართული არის მთავრობის თავმჯდომარისადმი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექტიური თხოვნა არის, მიმართვა მთელი ერისა, არავითარი ყურადღება არ იქნა მოქცეული ამ მხარეზე და ის ბოროტ-მოქმედება, რომელსაც ეწეოდა იქ ადმინისტრაცია, იქ დღესაც გრძელდება.

თუ როგორ ფორმაში გამოიხატება და რა სახე მიიღო ამ ბოროტ-მოქმედებამ, ამას ადასტურებს ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ბორჩალოს მაზრის საერობო ყრილობის აზრს. ერობის ხმოსნები, რომ შეიკრიბნენ, აირჩიეს სარევიზიო კომისია, რომელმაც გააკეთა რევიზია ერობის სხ. და სხ. განყოფილებაში. აი როგორ არის იქ დახასიათებული ადმინისტრაცია: «Взяточничество пустило глубокიе корни во всемъ уѣздђ. Всђ назначенიя админ. лицъ производились по рекомендацიямъ, при чемъ всђ почти оказывались одинъ хуже другого. Почти всђ они проворовались. Взятки берутъ всђ и повсюду». და ყოველ ასეთ შემთხვევაში იმ დამნაშვე პირთ, რომელნიც უნდა სამართალში მიეცათ და დაეჭირათ, საუკეთესო ადგილებს აძლევდნენ, აწინაურებდნენ, როგორც ეს სჩვევიათ სოც.-დემოკრატებს, ასეთია ზოგიერთი ფაქტები ადმინისტრაციის მოღვაწეობის შესახებ.

ჩვენი შეკითხვის მეორე საკითხი ეხება სოციალ-დემოკრატიულ პარტიულ ბიურის მოქმედებას. რა თქმა უნდა, რამდენად რომელიმე ორგანიზაცია თავის განსაზღვრულ პარტიულ საქმეს აწარმოებს, იმდენად ჩვენ მასთან საქმე არა გვაქვს, ის თავისუფალია თავის მოქმედებაში. მაგრამ რამდენადაც ესა თუ ის პარტიული ორგანიზაცია ერევა ადმინისტრაციის და სასამართალოს საქმეებში, ჩვენ ეს დაუშვებლად მიგვაჩნია. თვით ის გარემოება, რომ ცე-კა ერევა სახელმწიფო საქმეებში და ფაქტიურად განაგებს მას, აღშფოთებას იწვევს ჩვენში და ზოგიერთ სოციალ-დემოკრატიაშიც კი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ ასე თუ ისე ცნობილი მოღვაწეები არიან, მარა რა უნდა მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომელნიც გადავარდნილა ბორჩალოს მაზრაში, იმათ ვინც ცნობილნი არიან, როგორც ბოროტ-მოქმედნი?!

წალკის რაიონის ს.-დემ. ბიურო სისტემატიურად ერეოდა ყოველ საქმეებში, როგორც ადმინისტრაციის, ისე სასამართლოს საქმეებში. იქ ფაქტიურად მთელი ძალა-უფლება არის ამ ბიუროს ხელში. და აი, ეს ბიურო რას აკეთებს იქ, მე მაქვს ჩამოწერილი სისხლის სამართლის ბრალდება ამ ბიუროს წევრების წინააღმდეგ. ამას ხელს აწერენ იქაური მოქალაქენი. (ხმა ადგილიდან: ვინ არიან?). წაგიკითხავთ როცა საჭირო იქნება, მე საბუთები მაქვს, თქვენი კომისრების მიერ ბეჭედ-დასმული. აი, ბატონებო, რას სჩადის ეს ბიურო.

ბიუროს ჰქონდა საჯარო სხდომები. იკრიბებოდნენ ერთ-ერთ დუქანში, ვინმე კონსტანტინე სარიევის დუქანში და იქ არჩევდნენ სამოსამართლო საქმეებს. მაგალითად, ვინმემ მოიპარა ცხვარი, ერთს დასჯიდნენ, მეორეს მიაკუთვნებდნენ. და მთელი პროცესი გათავდებოდა მით, რომ ყველა იმ მსაჯულებს დაჰპატიჟებდნენ დუქანში და ვახშამს ან სადილს გაუმართავდნენ.

აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, ბიუროს წევრები მაზმანოვი... რომელთაც ჰბრალდებათ სისხლის სამართლის დანაშაული, სხვათა შორის ისიც, რომ ამერიკის კომიტეტს, რომელიც დახმარებას უწევდა დამშეულთ და რომელმაც გაგზავნა რამდენიმე ტომარი ფქვილი სოფელში, გზაზე დაუხვდნენ, დაცემა მოაწყეს ბიუროს ზოგიერთმა წევრებმა, წაართვეს ეს რამდენიმე ტომარა ფქვილი და მიითვისეს. იგივე ბიუროს წევრები ხშირად ასე იქცეოდნენ. მივიდოდნენ მოქალაქესთან და ეტყოდნენ: შენ უეჭველად დაგიჭერთ, შეშინდებოდა ეს პირი, ეტყოდნენ, ჩვენ მოგიხერხებთო, აიღებდნენ ქრთამს, მაგ. ცხვარს, ძროხას, ფულს და გაანთავისუფლებდნენ მოქალაქეს. და ეს დღესაც გრძელდება. ისე გაკადნიერდნენ ისინი, რომ როდესაც გამომძიებელმა დაიბარა ერთი მათგანი მოწმედ, დაბრუნების შემდეგ უთხრა იმას, ვისაც მოპარეს: შენს საქმეზე ვიყავ, დრო დამეკარგა და ამიტომ უნდა მომცე რამეო და გამოართვა 600 მანეთი.

ბიუროს წევრებს უნდათ არა მარტო ფაქტიურად, არამედ ფორმალურადაც მოქცეოდნენ სამაზრო საქმეებს სათავეში, რომ მათ წინადადებაც კი მისცეს კომისარს, რომ ჩვენ გვქონდა აქ საიურისტ-კონსულტო გაეხსნათო, ე. ი. თვითონ აპატიმრებდენ ხალხს და თვითონვე უნდათ რჩევა მისცენ, როგორ გაანთავისუფლონ.

სოც.-დემოკ. ბიუროს წევრმა პეტრე იოანიდიმ მიითვისა კოოპერატივი «помощь», მან მიითვისა საზოგადო მიწა ბეშტაშენში.

ბიუროს წევრს ქსენაფონტ მაზმანოვს თრიალეთის კომისარმა ოფიციალურად მისცა წინადადება, რომ ის არ ჩაერიოს ადმინისტრაციის საქმეებში, მაგრამ ის განაგრძობდა ჩარევას, ის თავის თავს უწოდებდა წალკის სოც.-დემ. ბიუროს წარმომადგენელს.

სოფ. ბეშტაშენში კომისრად საზოგადოების მიერ სამჯერ იყო არჩეული მოქალაქე ნიკოლოზ აბუშევი, ის არ დაამტკიცეს, რადგანაც მის წინააღმდეგი იყო სოციალ-დემოკრატიული ბიურო. მე ხელთ მაქვს ბიუროს მიერ გაგზავნილი დეპეშა აბუშევის შესახებ.

დეპეშა გაგზავნილია ბეშტაშენიდან №31, მიღებულია 9 ნოემბერს. გაგზავნილია ბ. კავკასიძეს სახელზე. აი შინაარსი: «Цалкинское раიонное бюро партიи Соц.-дем. Постановило просить васъ объ удаленიи Абушева съ должности общественнаго комитета, а также и писмоводителя и вручить таковую бывшему комиссару Iоаниди.

Предсъдатель бюро Iоаниди, членъ Чагуловъ».

აი როგორ მოღვაწეობდა სოციალ-დემოკრატიული ბიურო!

უკანასკნელ ხანებში იქ შეიკრიბა საერობო ყრილობა. ის შეუდგა თავის მოვალეობას. მოახდინა რევიზია, რომელიც სასკანდალო არის სოციალ-დემოკრატებისათვის და აი ამ დროს ეს ყრილობა გარეკა ბ. გენერალ-გუბერნატორმა. მართალია, აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო წესები არის, მაგრამ ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაუსჯელად ელემენტარული დემოკრატიული უფლებების ფეხქვეშ გათელვა? ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ იქ არაფერი ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი მშრომელი ხალხის საწინააღმდეგო არ თქმულა და არ გაკეთებულა. ყრილობის სხდომები სრულიად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მხოლოდ ერთი რამ გამოირკვა იქ სავსებით, - ის, რომ გამგეობის წევრები სოციალ-დემოკრატები ქურდობდენ და ყაჩაღობდენ, ისინი სკანდალით უნდა გასულიყვნენ გამგეობიდან და აი სწორედ ამ დროს გარეკეს ყრილობა ალბად იმისათვის, რომ გამოაშკარავებული ბოროტება რაიმენაირად დაეფარათ!

ასეთია, ბატონებო, მდგომარეობა.

დასასრულ მე მინდა გავიგო მთავრობისაგან, იცის თუ არა მან ყოველივე ეს და თუ იცის, ესმის თუ არა ასეთი მოქმედება დამღუპველია ჩვენი რესპუბლიკისა და მშრომელი ხალხისათვის?!

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს.

ნ. რამიშვილი. (შინაგ.-საქ. მინისტრი) მოქალაქენო! მე არა ერთხელ გამიცხადებია აქ და ამას დღესაც გავიმეორებ, რომ ყველაფერს რასაც სჩადის ადმინისტრაცია სხვა და სხვა მაზრაში არ ვიწონებ. სხვანაირათ რომ ვსთქვათ, მე არასოდეს არ მითქვამს და არც ახლა ვაბობ, რომ ჩვენი ადმინისტრაცია სდგას ისეთ სიმაღლეზე, რომ არავითარი ნაკლი მას არა აქვს. მაგრამ მასთან მე მუდამ ვლაპარაკობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მრავალ ადგილას შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ უცხოელები, რომლებიც მოდიან ჩვენში, პირდაპირ აღტაცებაში არიან იმ მშვიდობიანობით, რომელიც ჩვენში განმტკიცდა. და ეს შეეხება, უპირველესათ ყოვლისა, სწორეთ იმ ადგილებს, სადაც უფრო კულტურული ხალხი ბინადრობს, სადაც მეტი არის ტრადიცია განმათავისუფლებელი მოძრაობისა და სადაც ხალხს საშვალება ქონდა - გამოეჩინა უნარი თვითმოქმედებისა და შემოქმედებისა. მაგრამ იმ ადგილებში, სადაც ეს საშვალება ხალხს არ ქონდა, სადაც ხალხი ამ თვითმოქმედებას მოკლებული იყო ძველი რეჟიმის დროს, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ოსმალური წესები ბატონობდა - რასაკვირველია, 2 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა სავსებით ყველა იმ ნაკლის მოსპობა, რომელიც თან სდევს ასეთ ჩამორჩენილ კუთხეს. ვინც იცის ბორჩალოს მაზრა, ის დაგვეთანხმება, რომ ამ მაზრას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მაზრა „ფეშქეშებისა“. ეს ის კუთხე არის, სადაც უკანასკნელ დრომდე - მანამ, სანამ აფრიალდებოდა იქ დროშა დამოუკიდებელი საქართველოსი - ყოველი საკითხი სწყდებოდა იქ ფეშქეშებით და არა სამართლით. და როცა ამისთანა გრძნობით არის გამსჭვალული ყველა მოქალაქე - საშვალება არ გვქონდა რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო და საერთოდ მთავრობა გამკლავებოდა ამ გრძნობას და ამ 2 წლის განმავლობაში შეექმნა იქ ისეთი მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფებოდა დანარჩენი ნაწილი ჩვენი რესპუბლიკისა. ამიტომ მე თავიდან უნდა განვაცხადო, რომ არასოდეს მთავრობა არ ემხრობოდა იმ აზრს და არც დღეს ემხრობა, თითქოს იქ ადმინისტრაციას არ ჩაედინოს რაიმე ბოროტ-მოქმედება. მაგრამ გადაჭრით ვაცხადებ, რომ მთავრობა ყოველთვის ამ ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ, როდესაც ეს დამოკიდებული არის მთავრობაზე, იღებს უსასტიკეს ზომებს. მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში იქ გადაყენებული იქნა 17 კომისარი (შენგელაია: რამდენი არის განთავისუფლებული?), არც ერთი არ იყო შეწყნარებული, ყველა გამომძიებელს გადაეცა და თუ მან გაანთავისუფლა - ეს საქმე არის არა მთავრობისა, არამედ დამოუკიდებელი სასამართალოსი. მე ვამბობ, ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. სხვათა შორის, როცა ერობის გამგეობაზე ლაპარაკობდენ, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ გამგეობის წინააღმდეგ ერთი უდიდესი საბუთი იყო მოყვანილი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მართლაც იქ მან ვერ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ მუდმივ ერთი და იგივე კომისრები ყოფილიყვენ და ამაში ერთნაირი „ღვაწლი“ ესერებსაც მიუძღვით (ხმები: ეგ ჭორებია!). აი, ეხლა მოგახსენებთ, „ჭორებია“ თუ არა. ეს არის სიმართლე, რომელიც გააწითლებს, ვისაც სირცხვილის გრძნობა აქვს. აი, მაგალითები: დავიწყოთ იქიდან, რომ მასწავლებლები სპეკულიაციას ეწეოდნენ. ეს მართალია! მე მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა განაპირა კუთხეში მართლაც შეჩერებული იყო სწავლა, მეცადინეობა. აი, მაგალითად ლეჩხუმის მაზრა, შედარებით მოწინავე მაზრა არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქაც, ერთი წლის წინედ რამდენიმე სკოლა შეჩერებული იყო, ფანჯრები არ ქონდათ და სხვ. რაც შეეხება წალკის რაიონს, ზოგიერთმა მასწავლებელმა სკოლა მართლაც დუქნად გადააქცია, მაგრამ ყველა ესენი ირიცხებოდენ სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში... (ხმები: დაასახელეთ! ხმაურობა).

მე კარგად მესმის, როცა წარმომადგენლები ამ ფრაქციისა, რომელსაც უნდა აქ პარტიულ ნიადაგს დაეყრდნოს, ძალიან ღელავენ. აქ საჭიროა მოთმინება, თქვენ აღელვებას ნიადაგი არ აქვს.

მოითმინეთ და მოგახსენებთ ფაქტებს და გამოდით და წინააღმდეგი დაამტკიცეთ! მე ვამბობ, რომ სწორედ ის მასწავლებლები, რომლებიც შემდეგ გადაყენებულნი იყვნენ... (ხმაურობა. ხმები: დაასახელეთ?). დიახ, ისინი, რომლებიც სპეკულიაციას ეწეოდნენ, იყვნენ სოც.-რევოლიუციონერთა პარტიის წევრები! (ხმაურობა). დამშვიდდით! მე არ მიკვირს, რომ სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია აქ მკვდარ სკოლებზე ლაპარაკობს. მე ეს არ მიკვირს მას შემდეგ, რაც ერთი მათი წევრი, რომელიც ბორჩალოს მაზრაში გაემგზავრა, საერთოდ დაჩვეულია მკვდარ დაწესებულებათა შექმნას. (ი. ლორთქიფანიძე ადგილიდან: რაშია საქმე?). იმიტომ ლაპარაკობენ მკვდარ სკოლებზე, რომ დაჩვეულნი არიან მკვდარ საავადმყოფოების გახსნას. (ლორთქიფანიძე ადგილიდან: სიცრუეა! ხმაურობა). ეს ფაქტია! მოითმინეთ, ბატონო ლორთქიფანიძე! (ხმაურობა). მე არა თუ ვიცნობ, მე ვდევნი მუდამ იმათ, ვინც მკვდარ საავადმყოფოს ხსნის! (ხმები: დაასახელეთ!). ეს გახლავთ ლორთქიფანიძე... (ხმაურობა). აფხაზეთში... (ხმაურობა. ლ. შენგელაია: ბორჩალოზე ილაპარაკეთ! ბორჩალოში რა მოხდა?). ეს ფაქტი დაკავშირებული არის მკვდარ სკოლების ფაქტთან.

კერძოდ აქ მოხსენებული იყო ბ. გოშუა. ეს გოშუა გადაყენებულ იქმნა კომისრობიდან და მიცემულია სამართალში. და მაშასადამე, ლაპარაკი იმაზე, რომ ზომები არ მიგვიღია, არ შეეფერება სიმართლეს. შემდეგ, აქ იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ბორჩალოს შესახებ ლაპარაკი იყო პრესაშიო. ბორჩალოს ვითარება სავსებით გაშუქებული იყო პრესაში. ეს მართალია! ჩვენ არასოდეს არ დაგვიმალავს არაფერი. ასე იქცეოდენ ესერები აფხაზეთში მკვდარ საავადმყოფოების შესახებ. (ლორთქიფანიძე: სიცრუეა! ჭორია! ისიდორე რამიშვილი ლორთქიფანიძეს: გაჩუმდით! პირში წყალი გიდგათ! ხმაურობა). პარტიულ პრესაში მართლაც დაიბეჭდა წერილები. ჩვენ არავის მოქმედებას არ ვმალავთ! ჩვენ არ ვმალავთ არც ერთი პარტიის წევრის, არც ერთი ადმინისტრატორის დანაშაულს. ამ შემთხვევაში ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს. (ხმები: კატარღაში უნდა გაგეგზავნათ!). კატარღაში და სამართალში ვინ უნდა გაიგზავნოს, ამაზე გვექნება მსჯელობა და დამფუძნებელი კრება თავის აზრს გამოსთქვამს, ეჭვს გარეშეა. თქვენ აქ ამბობთ პარტიულ პრესაზე, რომ იქ ეწერა ამ ამბების შესახებ, არც ერთი ამხანაგის ნაკლს ჩვენ არ ვაფარებთ ხელს და ყველაფერს ვამჟღავნებთ. ჩვენი პრესა ამას ყოველთვის აქცევს ყურადღებას. (ხმა: შედეგები?). შედეგები ის არის, იქ ერობა ყველაზე სუსტი იყო. ეს აშკარაა ყველასათვის და ეხლა კი, ყველას შეხედულებით, საუკეთესოდ არის დაყენებული. ასევე გახლავთ სკოლების შესახებ. იქ ყველა სკოლები აღდგენილია და მომავალ წლიდან მრავალი ახალი სკოლა გაიხსნება. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ გასულ წლის შესახებ ვერც ერთი ფაქტი ვერ მოვიყვანეთ. თქვენი „ფაქტები“ ეხება იმ დროს, როცა ოსმალები შემოიჭრენ... (ხმაურობა).

თავმჯდომარე. გთხოვთ დაწყნარდეთ! ნუ უშლით!

ნოე რამიშვილი. რაც შეეხება „კლდეს“, მის ინფორმაციას, მე მგონია, თვით „კლდის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმება. ჩვენ ვიცით წერილი, რომელიც დამფუძნებელი კრების წევრმა შალვა ქარუმიძემ ერთ-ერთ გაზეთში დასწერა. იქ იყო ნათქვამი, რომ ის კამპანია, რომელსაც აწარმოებდენ აქ, ზოგიერთი გამოჩენილი მოღვაწეების წინააღმდეგ, არ არის მართალი. ერობის წინააღმდეგ გამოლაშქრებანი ბორჩალოს მაზრაში სიმონიშვილმა დაიწყო. სიმონიშვილი არ არის ისეთი მოღვაწე, რომლის წერილებს დიდი ფასი ქონდეს. (ხმა ადგილიდან: ესერები იქნება!). შეიძლება ესერთა პარტიაში ჩაეწერა! მოსალოდნელია! მაგრამ ფაქტი არ არის, რომ სიმონიშვილი ქუთაისის ყოფილი პოლიცმეისტერია, და მის დროს იქ მოხდა ებრაელთა აწიოკება. და ყოველ შემთხვევაში, ბ. სიმონიშვილს არც ერთი ფაქტი იმ მოღვაწეების წინააღმდეგ არ წამოუყენებია. იქ არიან ისეთი მოღვაწეები, რომელთაც მრავალი წლის რევოლიუციონური მოღვაწეობა მიუძღვის, ბევრი მათგანი იხსდენ ციხეში, მიცემული იყვნენ სამართალში. სოც.-რევ. ფრაქცია ასე აჩქარდა, რომ ამ კაცის განცხადებაზე აშენებს ბრალდებებს ერობის და სხვა ამ მოღვაწეთა წინააღმდეგ, რომლებიც იქ იმყოფებიან. აქ თქვენ მოიყვანთ ერთ საბუთს, ეს შეეხება ადმინისტრაციას. ეს არის ელინთა ყრილობა, სადაც საინტერესოა ერთი გარემოება, რეზოლიუცია ამ ყრილობისა, ჩვენ რომ მოვისმინეთ. - ეს პირველად გავიგონე, მე ვიცი მეორე განცხადება ელინთა საბჭოსი. ჩვენთან გამოცხადდენ ელინთა წარმომადგენლები და გამოგვიცხადეს უღრმესი მადლობა იმ მოღვაწეობისათვის, რომელსაც ვეწევით განსაკუთრებით ლტოლვილთა მიმართ, იმ დროს, როდესაც სხვა რესპუბლიკაში ლტოლვილთა მდგომარეობა აუტანელი შეიქნა, საქართველომ მოგვცა საშუალება ეს ხალხი გადაგვერჩინა ფიზიკური განადგურებისაგან, აქ მრავალი ათასი გადარჩა ჟლეტას, როდესაც სხვა კუთხეებში მათ სასტიკათ სდევნიდნენ. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხაზინა არც ისე მდიდარი არის, მან მაინც შესძლო მათთვის დახმარება აღმოეჩინა და ამისათვის მათ გამოგვიცხადეს უღრმესი მადლობა. ეს მოხდა ყრილობის შემდეგ და თუ რაიმე საბუთი ჰქონდათ - როცა მადლობის გამოსაცხადებლად იყვნენ, თქვენ იცით, რომ არავის არ ეშინიათ პროტესტის გამოცხადებისა. ყველა ისე თავისუფლად და თამამად გრძნობს თავს, რომ თუ რაიმე საბუთი ჰქონდათ, ისინი გვეტყოდნენ ჩვენ, რეზოლიუცია კი მიმართული არის არა იმდენად ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რამდენადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ.

მე ვფიქრობ, რომ თუ მართლა რამე საბუთი ჰქონდათ, ისინი ამ თავის რეზოლიუციის გამოცხადებას შესძლებდნენ ჩემს წინაშე, ყოველ შემთხვევაში მე მოგახსენებთ, რომ პარტიულ ბიუროს შესახებ არავითარი განცხადება არ მოგვსვლია. თქვენ ბრძანებთ, რომ მთავრობის თავმჯდომარეს მოახსენესო, შეიძლება მოახსენეს მაგრამ მთავრობაში ასეთი განცხადება არ მოგვსვლია. შემდეგ აქ განაცხადეს, რომ პარტიული ბიურო ერევა ადმინისტრაციის საქმეში, უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ხშირად, წინად, ყველა პარტია ერეოდა ადმინისტრაციის საქმეში. მაგრამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ეს ჩარევა ადმინისტრაციის საქმეში თან და თან მოისპო. შეიძლება ეს ატავიზმი არის და გამონაკლისი ხდება, შეიძლება ამას მართლა ქონდა ადგილი იქ, ეს თქვენ უნდა გაგეცხადებინათ და ჩვენ უეჭველად ზომებს მივიღებდით ამის წინააღმდეგ. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ განაპირა კუთხეებში ადმინისტრაციის მოწყობას, ვინაიდან შეუძლებელია ცენტრიდან ამ საქმის მართვა-გამგეობა. ამით აიხსნება ის, რომ მუდამ ვცდილობთ, რომ ყველგან ეს საქმე გადაეცეს ერობას, ადგილობრივ თვითმმართველობებს და თუ ერობამ ვერ შესძლო მოეწესრიგებინა ეს საქმე, თუ მართლაც, მრავალი ნაკლი აქვს ადმინისტრაციას, ეს შეადგენს ნაკლს არა მარტო ერობისას. რასაკვირველია, ერობის საქმიანობასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადათებს და წესებს, რომლებიც გამეფებულია ამ მაზრაში. სანამ ეს ხალხი არ შეითვისებს მოქალაქეობრიობას, სანამ ის ხელს არ აიღებს ფეშქეშებზე, ყოველთვის იქნება შემთხვევები, როდესაც თვითეული პირი ბოროტად ისარგებლებს ერობის და ხალხის ნდობით, რაც შეეხება კერძოთ იმ კომისარს, აბუშევს, რომელზედაც იყო აქ ლაპარაკი, ის არ იყო დამტკიცებული იმიტომ, რომ ის ეკუთვნის იმ მცირე ჯგუფს, რომელიც მუდამ წინააღმდეგი იყო ჩვენი მიმართულებისა. თქვენ ალბათ იცით, რომ არსებობს დებულება კომისრების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამტკიცებს სამაზრო კომისარი, ესე იგი ამ ჟამად ამტკიცებს ერობა. ერობამ ამ შემთხვევაში ისარგებლა თავისი უფლებით სწორედ იმიტომ, რომ წალკაში, რომელზედაც აქ განსაკუთრებით ლაპარაკი არის, წალკის სოც.-რევოლიუციონერთა პარტიის წევრთა მოქმედების წყალობით შეიქმნა ისეთი მდგომარეობა (შენგელაია: სად? სად? დაასახელეთ!), დიახ, წალკაში. წალკა სწორედ კუთხეა - თქვენ კარგათ იცით ეს, სადაც დღემდის (ხმაურობა. შენგელაია: რომ რამიშვილს არ უჯერებენ!), თქვენ სცდილობთ, რომ არ დაუჯერონ, მაგრამ მთავრობას დაუჯერებენ.

თქვენი წყალობით იქ დეზერტირობა იყო, გადასახადებს არ იხდიდნენ, როგორც განსაკუთრებით სხვა და სხვა განაპირა კუთხეებში, სადაც თქვენ ხშირად გიყვართ ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია. (ხმაურობა). და მიუხედავად თქვენი აგიტაციისა, მობილიზაცია საუკეთესოდ ჩატარდა, წინააღმდეგ თქვენი პარტიის სურვილებისა. და უნდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მუდამ სცდილობდით ამ ხალხში შეგექმნათ ისეთი დამოკიდებულება, რომ არც ერთი ჯარის კაცი და არც ერთი კაპეიკი გადასახადი არ მიეცათ, მიუხედავად ამისა, ეს საქმე გამოსწორდა. კერძოთ ერობამ მიიღო შესაფერისი ზომები იმ კომისარის წინააღმდეგ, რომელიც ამ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, ეს არის ერობის ღირსება და მოვალეობა. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგშიაც ყველა ერობა ასე მოიქცევა და არასოდეს არ დაამტკიცებს ისეთს კომისარს, რომელიც ხელს არ შეუწყობს მობილიზაციის კარგად ჩატარებას და მის წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა (შენგელაია: რა გააკეთა, რა ჩაიდინა?). თქვენ კარგად იცით, რომ ის არის წევრი სწორედ თქვენი პარტიისა. (შენგელაია: ეს სულ ერთია. რა ბრალდება?). რა გააკეთა (ხმაურობა). არა, უკაცრავად, მრავალ ადგილას არის კომისრები, მაგრამ არ ვიცი რა პარტიისა არიან, როგორც არ ვიცი რა პარტიისა არიან ჩემი მოხელეთა დიდი ნაწილი. ეს ყველამ იცის, რომ არასოდეს არ ვარჩევ ვინ რომელ პარტიისა არის. თქვენ კი სწორედ იმიტომ ლაპარაკობთ ასე, რომ ის იყო თქვენი პარტიის წევრი (შენგელაია: საბუთი მოიყვანეთ, საბუთი!). საბუთი? მე ვლაპარაკობ, რომ ეს ასე იყო (ხმაურობა). დიახ, ეს არის ფაქტი, რომ ის კაცი იმიტომ გადააყენეს, რომ ის არ ასრულებდა თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას და წინააღმდეგი იყო (შენგელაია: ეს ტრიბუნა არის, საბუთი მოიყვანეთ!). მე ვამბობ, ფაქტი ასეთი იყო, რომ ის კაცი იყო გადაყენებული იმიტომ, ჩვენ იქ არ გვინდა ისეთი კომისარი, რომელიც არ ასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას და არა პარტიულს (შენგელაია: სიცრუეა!). თქვენ ლაპარაკობთ პარტიულ ბიუროზე და იმით ასაბუთებთ, რომ მთავრობა ასე იმიტომ მოქმედებს, რომ ის ეყრდნობა ცნობებს სხვა და სხვა პარტიულ ბიუროებისას. მე უნდა განვაცხადო, რომ ეს ასე არ ყოფილა. და ამას ფიქრობთ იმიტომ, რომ საერთოდ შეჩვეულები ხართ ადმინისტრაცია გამოიყენოთ პარტიული მიზნებისათვის. (შენგელაია: ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალი! ხმაურობა). მოისმინეთ, ბატონებო, შემდეგი დოკუმენტიც. ბატონი ლორთქიფანიძე იტყვის, რომ ეს ჭორი არისო, მაგრამ მოისმინეთ:

Кодорскიй уѣздный комитъетъ партიи соцიалистовъ-революцიонеровъ Грузiи. 17 декабря 1919 г. № 61. Срочно. Начальнику милицiи Гупской общ-ны. Двадцать пятаго декабря по новому стилю въ 12 часовъ дня въ г. Очемчирахъ въ зданიи «рабочаго клуба» назначена конференцიя партიи соцiалистов-революцiонеровъ, съ участiемъ другихъ сухумскихъ членовъ этой же партiи.

Кодорскiй уђздный комитеть партიи социалистовъ-революцiонеровъ проситъ васъ предложить вашему обществу прислать точно къ этому дню въ 12 часовъ дня своихъ представителей, сколькихъ общество найдетъ необходимымъ; при этомъ сообщаемъ вамъ, что делегаты должны имъть мандаты отъ общества. Исполненiе изложеннаго просимъ не откладывать.

Товарищъ предсђдателя Гр. Гегiадзе.

Секретарь А. Дгебуадзе.

ახლა ვინ არის ეს გეგიაძე? ეს გეგიაძე, ალბად იცით თქვენ, არის სოციალისტ-რევოლიუციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეს გეგიაძე იყო ერობის მდივანი და იმ ხანად ასრულებდა გამგეობის წევრის მოვალეობას ადმინისტრატიულ განყოფილებაში.

ახლა როგორ გაიგეს ეს ბრძანება კომისრებმა, სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის კომიტეტის ბრძანება? აი მანდატი:

Копiя. Мандатъ: Дано сიе жителю сел. Гупи код. уѣз. Алмахсиду Казишбекову Маршанiя, Тагвачву Харабიя и Дзазу Кашба въ томъ, что выше упомянутые обществомъ названной общины выбраны уполномоченными присутствовать на конференцiи партიи социалистовъ-революцiонеровъ назначенной быть на 25 декабря 1919 г. 22 декабря 1919 г.

Начальник Гупской сельской милицiи Н. Чигогидзе.

Секретарь М. Шанiя. (სიცილი).

აი ეს არის ის მოღვაწეობა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ განაპირა კუთხეებში. ერთიც არ ყოფილა ისეთი მაგალითი, რომ პარტიული აპარატი ამისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ იციან რაშიაც არის საქმე. იმიტომ დაიწყეს ლაპარაკი ს.-რ.-ებმა ბიუროებზე და მკვდრებზე, რომ საერთოდ ლორთქიფანიძე მიჩვეული არის მკვდარ საავადმყოფოებს. მათდა სამწუხაროდ, მათი მოღვაწეობა იქ მარცხით გათავდა. ეს შედეგი არის იმ საგანგებო რაზმის მოღვაწეობისა, რომელზედაც თქვენ კბილებს ილესავთ. საგანგებო რაზმს აქვს დაკისრებული, რომ გამოიკვლიოს როდის გამოიყენებთ თქვენ ადმინისტრაციას ბოროტად (შენგელაია: ბორჩალოზე, ბორჩალოზე!). ეს მოღვაწეობა თქვენ აფხაზეთში გასწიეთ, მაგრამ ეს ბორჩალოსაც ეხება, იმიტომ, რომ თქვენგან იქნებ წალკის სოციალ-დემოკრატიულ ბიურომ გადმოიღო ზოგიერთი ნაკლი. ყოველ შემთხვევაში მთავრობა ამის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. და მთავრობას კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ არავითარი ჩარევა ადმინიტრაციის საქმეებში არ იყოს. ეს იქნება გამოძიებული - სხვათა შორის და ვამშვიდებ ბ. ლორთქიფანიძეს. (შენგელაია: იმედია დააპატიმრებთ!). ამაზე შემდეგ იქნება ლაპარაკი, აქვს თუ არა პარტიას უფლება ასე ბოროტად გამოიყენოს ნდობა, მით უმეტეს იმ პირს, რომელიც კომისრად ითვლებოდა და იმის მაგივრად, რომ ხალხის ქონება ხალხისათვის გამოეყენებია, ქმნიდა მკვდარ საავადმყოფოებს.

დასასრულ გენერალ-გუბერნატორის ბრძანების შესახებ. მართალია გენერალ-გუბერნატორმა გასცა ბრძანება, მაგრამ არა დახურვის, არამედ ყრილობის შეჩერების. იქ პირდაპირ სწერია: „შეაჩერეთ“. მაგრამ ეს იყო გამოწვეული იმით, რომ გენ.-გუბერნატორმა გაიგო... (შენგელაია: ც.-კ.-ს პრეზიდიუმმა!). არავითარი მონაწილეობა ცეკას პრეზიდიუმს ამ საქმეში არ მიუღია. შეიძლება თქვენი დამარცხება გინდათ გადააბრალოთ ც.-კ.-ს პრეზიდიუმს, მაგრამ ის აქ არაფერ შუაშია. (ხმაურობა). ბატონებო, თუ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დაანგრიეთ, კმაყოფილი იქნებით, მაგრამ ამაზე ილაპარაკეთ „შრომა“-ში. აქ-კი, როდესაც სახელმწიფოებრივ საქმეებზე მსჯელობთ, ამაღლდით ერთი წუთით მაინც ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. მე ვამბობ, რომ როცა გენ.- გუბერნატორმა გაიგო, რომ იქ არის დიდი არევ-დარევა და არევ-დარევა არის ადმინისტრაციის გარშემო და სწორედ ეს იყო გამოწვეული როგორც თქვენი პარტიის, აგრეთვე თქვენი ფრაქციის მიერ.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტი აზერბაიჯანისა მოისპო, - გაჩნდა ახალი, მეორე ფრონტი სომხეთის წინააღმდეგ. და იმ დროს, როდესაც კომუნისტები ნეიტრალურ ზონაში აგიტაციას ეწეოდენ და ეწევიან - იქიდან უპირებდნენ აფეთქებას ჩვენს რესპუბლიკას - რასაკვირველია, ამას ისინი ვერ შეძლებენ - მაგრამ იმედი აქვთ, რომ ააფეთქებენ სომხეთს. და ამ მდგომარეობაში გენერალ-გუბერნატორმა გამოიხმო ორივე თავმჯდომარე - ერთის მხრივ თავმჯდომარე გამგეობისა და მეორეს მხრივ თავმჯდომარე ყრილობისა. მათ მოსთხოვა საბუთები თუ რანაირი არის მოქმედება ამა თუ იმ ადმინისტრატორისა. და, როცა მისცეს მას ზოგიერთი განმარტებანი, შემდეგ ამისა კითხვები ამოწურულ იქმნა. ადმინისტრაციის მოსაგვარებლად მან მისცა რჩევა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მის დაუკითხავად არ ყოფილიყო ვინმე დანიშნული საპასუხისმგებლო ადგილზე მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებდა იქ. და ამის შემდეგ მოხდა გაგრძელება ყრილობისა, რომელიც შეჩერებული იყო. და ამის შემდეგ თქვენ იცით.

ბ. შენგელაია. ეს საქმე ამოწურული არის.

აი ასეთი არის მდგომარეობა და მე უნდა მოგახსენოთ, რომ მე გავათავებ იმით, რითაც დავიწყე. ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ადმინისტრაციას ბევრ ადგილას და განსაკუთრებით ჩამორჩენილ კუთხეებში, მაგრამ ეს ყველაფერი მიეწერება არა მთავრობას და ერობას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მიეწერება ამ ხალხის ჩამორჩენილობას, რომელსაც მოქალაქეობრივი შეგნება არა აქვს.

რაც შეეხება მთავრობას, მას მიღებული აქვს ყოველგვარი ზომები და რომ არავის ინდობს, სჩანს იქიდან, რომ 17 კომისარი იყო გადაყენებული და ყველა ის ბოროტ-მოქმედება, რომელსაც იქ ადგილი ჰქონდა, არ იყო უყურადღებოდ დატოვებული და ვფიქრობ, რომ შემდეგშიაც ამ გზით ვივლით და არა იმ გზით, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ადმინისტრაცია გამოვიყენოთ პარტიული მიზნებისათვის. (ხანგრძლივი ტაში).

თავმჯდომარე. სამი საათი გახლავთ. როგორ გნებავთ? (ხმები: გადაიდოს, განვაგრძოთ!). არის სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება გადაიდოს სხდომა. არის თუ არა მეორე წინადადება? მსჯელობა გადადებული გახლავთ. ეხლა გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტები.

გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტებს).

თავმჯდომარე. ეხლა მოისმინეთ შემდეგი სხდომის დღის წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი? მიღებულია. სხდომა დასრულებული გახლავთ.

29 ოცდამეათე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(30)

1920 წელი. ივლისის 6. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - რესპუბ. ქალ. მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

2. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებისა.

3. დეკრეტი - სეტყვისაგან დაზარალებულთათვის სათესლე სიმინდის მისაწოდებლად გამოცხადებისა.

4. დეკრეტი - ქ. ტფილისის სასარგებლოდ მოწყობილ ოთახებსა და გასტრონომიულ მაღაზიაზე გადასახადის დაწესებისა.

5. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - უცხოეთიდან შემოტანილ კონიაკის სპირტზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა.

6. დეკრეტი - ტყიბულის მაღაროების საჭიროებისათვის 14.151.321 მან. დამატებითი კრედიტის გახსნისა.

7. დეკრეტი - ქალ. თელავის თვიმმარ. 3 მილ. მან. სესხის მიცემისა.

8. დეკრეტი - ქალ. ლანჩხუთის თვითმმართვ. 1.500.000 მ. სესხის მიცემისა.

9. დეკრეტი - ქალ. ოზურგეთის თვითმმართვ. 2 მილ. მან. სესხის მიცემისა.

10. დეკრეტი - ზუგდიდის თვითმმართვ. 2 მილ. მან. სესხის მიცემისა.

11. დეკრეტი - ოჩემჩირის თვითმმართვ. ორი მილ. მან. სესხის მიცემისა.

12. საბოლოო ტექსები.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 40 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

2. დეკრეტი - სეტყვისაგან დაზარალებულთათვის სათესლე სიმინდის მისაწოდებლად 10.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ს. ახმეტელაშვილი და ვ. ცაბაძე.

3. დეკრეტი - ტყიბულის მაღაროებისათვის დამატებად 14.151.321 მან. კრედიტის გახსნისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. დეკრეტი - ქალაქ ტფილისის სასარგებლოდ მოწყობილ ოთახებსა და გასტრონომიულ მაღაზიებზე გადასახადის დაწესებისა. მომხსენებელია ბ. ჩხიკვიშვილი და ივ. გომართელი.

5. დეკრეტი - უცხოეთიდან შემოტანილ კონიაკის სპირტზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

დამატება.

6. დეკრეტი - ქალ. თელავის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია გ. ცისკარიშვილი და ნ. ელიავა.

7. დეკრეტი - ქალ. ლანჩხუთის თვითმმართველობისათვის 1.500.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია გ. ცისკარიშვილი და ნ. ელიავა.

8. დეკრეტი - ქალ. ოზურგეთის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია გ. ცისკარიშვილი და ნ. ელიავა.

9. დეკრეტი - ქალ. ზუგდიდის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია გ. ცისკარიშვილი და ნ. ელიავა.

10. დეკრეტი - ქალ. ოჩემჩირის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია გ. ცისკარიშვილი და ნ. ელიავა.

11. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია მელ. რუსია.

თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციიდან შემოსულია შემდეგი წინადადება: მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტები დღესვე იქნეს მიღებული, ხოლო მე-11 საკითხი პირველ რიგში იქნეს განხილული. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინადადება მიღებულია. უნდა მოგახსენოთ ცნობად, რომ პრეზიდიუმმა სახელმწიფო კონტროლიორის ფ. გოგიჩაიშვილისაგან მიიღო დეპეშა, რომელშიაც იგი სთხოვს დამფ. კრებას, რათა მას მიეცეს უფლება, დარჩეს საქართველოს ეკონომიურ მისიაში საზღვარგარედ კიდევ რამდენიმე ხანს, რადგან მისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მიეცეს კიდევ დრო? არავინ. გოგიჩაიშვილს ეძლევა უფლება დარჩეს საზღვარ-გარედ ეკონომიურ მისიაში სამუშაოდ ერთი თვის განმავლობაში დღევანდელი რიცხვიდან.

სიტყვა მ. რუსიას ეკუთვნის.

1. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

მ. რუსია. (ს.-დ.) კითხულობს ცალ-ცალკე შემდეგი ქალაქების მილიციის შტატებს: 1) ტფილისის, 2) ქუთაისის, 3) ფოთის, 4) სოხუმის, 5) გორის, 6) თელავის, 7) სიღნაღის, 8) ახალქალაქის, 9) ახალციხის, 10) დუშეთის, 11) კოჯორის, 12) ხაშურის, 13) სურამის, 14) ზუგდიდის, 15) ჭიათურის, 16) ხონის, 17) ონის, 18) ზესტაფონის, 19) სენაკის, 20) სამტრედიის, 21) ლაჩხუთის, 22) ოზურგეთის, 23) რედუტკალის, 24) ოჩემჩირის, 25) გუდაუთის, 26) გაგრის და 27) ბორჯომისა.

დამფ. კრება ამ შტატებსა და მთელ კანონ-პროექტს იღებს.

თავჯდომარე. ამ კანონ-პროექტის საბოლოო ტექსტი მოგხსენდებათ დღესვე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ს. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

2. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ.

ს. ჯაფარიძე. (ს.-დ.) ამ კანონ-პროექტს, რომელიც მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას მოითხოვს, აქვს ხანგრძლივი საკანონმდებლო ისტორია. ჯერ კიდევ 1917 წელს, დეკემბრის 16, ამიერ-კავკასიის დეკრეტით გამოცხადებულია, რომ მემამულეებს განსაზღვრულ ნორმის ზევით უნდა ჩამოერთვას მამულები და მიწა-წყალი და დაურიგდეს საკუთრებად გლეხებსო. გამონაკლისს შეადგენდა წყლები, სახელმწიფო მნიშვნელობის ტყეები და მადნეულობა, რომლებიც საკუთრებად არ რიგდებოდა. ეს დეკრეტი ისე იყო გაგებული, რომ მადნეულობა ცხადდებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მაგრამ რა კი პირდაპირ ნაციონალიზაცია არ იყო გამოცხადებული, ამიტომ ეს დეკრეტი მაინც ერთგვარ გაუგებრობას იწვევდა. აი ამ მოსაზრებით ჯერ კიდევ შარშან ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ შემოიტანა დამფ. კრებაში სათანადო კანონი. ამ კანონს ჰქონდა შემდეგი შინაარსი: გაუქმებულ იქნეს ყველა ნებართვის მოწმობანი, მიწების აქტები და საიჯარო ხელშეკრულებანი, რომელთა ძალით კერძო პირთ, ამხანაგობათ, ან საზოგადოებათ უფლება ეძლეოდათ სახელმწიფო მიწებზე მადნის კვლევა-ძიებისა, ან ხელშეკრულებისა და ყველა სხვა ხელშეკრულებანი და ნებართვანი კერძო მესაკუთრეთა მიწების გულის და მადნების დამუშავებისა.

მეორე ნაწილი ეხებოდა თვით მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას და აგრეთვე იმ შედეგების განსაზღვრას, რომელიც უნდა მოყოლოდა ამ ნაციონალიზაციას, ესე იგი რა შედეგი უნდა წვეოდა სხვა და სხვა წარმოებებს ამ სფეროში. ამ მხრივ, როდესაც კანონ-პროექტი აცხადებს სახელმწიფოს საკუთრებად ზედა პირს, ამასთანავე მრეწველთ ჭიათურის რაიონში რჩებათ უფლება იჯარით აღებისა მთავრობისაგან იმ მადნების დამუშავებისა, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ ამ კანონის დამფ. კრების მიერ მიღების დღემდე საკუთრების ან საიჯარო უფლების ძალით.

შემდეგი ნაწილი კი ამ კანონ-პროექტისა განსაზღვრავს თუ რამდენი უნდა ეზღოს მრეწველებს ჭიათურის რაიონში. იქ სწერია, მათ, ვისაც ამ ნაციონალიზაციით ჩამოერთმევა მადნეულობა, უნდა მივცეთ სასყიდელი, რომელიც განსაკუთრებულ კანონით განისაზღვრება. შემდეგ ნათქვამი იყო, რომ ის, რაც ნათქვამია ჭიათურის რაიონის შესახებ, მთავრობას უფლება ეძლევა გაავრცელოს სხვა სამთო სამრეწველო რაიონების მწარმოებლებზედ და მადნეულობის მესაკუთრეებზედ.

ასეთი შინაარსის იყო ეს კანონ-პროექტი, შემდეგ იგი გადაეცა აგრარულ და სარედაქციო კომისიას. მაგრამ ისინი ვერ შეთანხმდნენ, თვითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავისი ვარიანტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ წარმოადგინა თავისი დასკვნა. მაშინ შესდგა შეერთებული სხდომა აგრარულ და იურიდიულ კომისიებისა. აქ ისინი შეთანხმდნენ ერთ რამეში, დაადგინეს: გაუქმდეს კერძო საკუთრება მადანზე, რაც შეეხება ნაციონალიზაციას, ვინაიდან მას უფრო დეტალური დამუშავება სჭირდება, ჯერ-ჯერობით გადაიდვას. როდესაც ამ სახით შემუშავებული პროექტი წარმოადგინა კომისიებმა, მაშინ შემოვიდა მთავრობა წინადადებით მოხსნილიყო ეს საკითხი დღიურ წესრიგიდან. საკითხი მოიხსნა, რომ მთავრობას უფრო მთლიანად დაემუშავებია და ისე წარმოედგინა იგი დამფ. კრებაში. ეს იყო წელს აპრილში და მაისის 29 თუ არ ვცდები, ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ წარმოადგინა კანონ-პროექტი. თუ ამ კანონ-პროექტს შევადარებთ ჩვენ ძველ კანონ-პროექტს, დავინახავთ, რომ თუმცა არის განსხვავება, მაგრამ არც იმდენი. სახელდობრ განსხვავება არის შემდეგში: წინად იყო ნათქვამი, რომ მესაკუთრეებს მიეცემათ სასყიდელი განსაზღვრული განსაკუთრებული კანონითო, ახლა კი ნათქვამია, რომ მათ მიეცემათ ნორმა თანახმად 1917 წლის კანონისა. ეს ხელახლა იქნა განხილული პრეზიდიუმის აგრარულ, იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო შეერთებულ სხდომაზე, და საერთოდ ეს კანონ-პროექტი მიღებულ იქნა, ესე იგი უქმდება ნებართვის მოწმობანი, რომლის შესახებ ზევით მქონდა ლაპარაკი და მეორე მხრით ცხადდება ნაციონალიზაცია მადნეულებისა და რა უნდა მიეცეს მესაკუთრეებს ამის შესახებ. კომისიებმა გაიზიარეს, რომ ეს კანონ-პროექტი არ უნდა გავრცელდეს იმ ქვაზე, რომელიც უკვე გამოღებული არის მიწის გულიდან. მეორე ნაწილი შეეხება იმას, რომ მრეწველობას რჩება უფლება იჯარით აღებისა მთავრობისაგან იმ მადნების დამუშავების, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ ამ კანონის დამფ. კრ. მიღებამდე საკუთრების, ან საიჯარო უფლების ძალით. რაც შეეხება მესაკუთრეებს, იქ ნათქვამი იყო, რომ ნორმა მიეცემა, მაგრამ რანაირი არ არის ნათქვამი, ამიტომ ეს კომისებმა უფრო მკაფიოდ განსაზღვრეს და სთქვეს, რომ ნორმა უნდა მიეცეთ 1917 წლის კანონის ფარგლებშიო, ესე იგი უნდა მიეცეთ მიწა ძველი განსაზღვრული ნორმით. უკანასკნელი მუხლი ეხება იმას, რომ ეს ნორმა უნდა მიეცეთ აგრეთვე სხვა რაიონების მრეწველთ, სადაც მრეწველობა განვითარებულია. მაგრამ კომისიამ შემდეგ დაინახა, რომ ეს ცნება მრეწველობის განვითარებისა არ არის განსაზღვრული იურიდიულად, რომ იგი სუბიექტურია, ამიტომ ჩვენ ვსთქვათ, რომ უკეთესი იქნება ამის გამორკვევა მივანდოთ თვით მთავრობასო. და კანონში არის ნათქვამი, რომ მთავრობას ეძლევა უფლება იმ რაიონებზედაც გაავრცელოს ეს კანონი, სადაც იგი საჭიროდ დაინახავს. ამნაირად ჩვენ მივანდეთ ამ საკითხის გადაწყვეტა მთავრობას.

ასეთი გახლავთ ისტორია ამ კანონ-პროექტისა და ცვლილებებისა დღემდის. დღეს სდგას საკითხი მისაღებია თუ არა ნაციონალიზაცია ამ მადნეულობისა? რასაკვირველია, არას დროს არვის არ განუცხადებია არც შარშან, არც დღეს, რომ ნაციონალიზაცია არ არის მისაღებიო. პირიქით, თუ არის რომელიმე დარგი, რომელშიაც მუშები მოითხოვენ ნაციონალიზაციას, ეს არის მადნეულობა. ყველგან სადაც დამყარებული არის მისი დამუშავება, მაგალითად ინგლისში, საფრანგეთში და სხვაგან, მუშების მოთხოვნილება ის არის, რომ გამოცხადდეს იგი სახელმწიფო კუთვილებად. რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც აგრარული და სხვა სოციალისტური საკითხები ფართოდ დაისვა, თავის თავად ცხადია, ამის წინააღმდეგ ვერავინ წავა. არავინ არ იტყვის, რომ ეს დღეს მიზან-შეუწონელიაო. ამიტომ კომისიის სახელით ვითხოვ, რომ ეს კანონ-პროექტი მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. სიტყვა შენგელაიას ეკუთვნის.

ლ. შენგელაია. (ს.-რ.) ეს კანონ-პროექტი დაგვიანებული არის. ეს უნდა მიეღო საკანონმდებლო ორგანოს არა ეხლა, არამედ 3 წლის წინად. ამას გრძნობენ თვით ავტორები ამ კანონ-პროექტისა, ამიტომ მოითხოვენ ამ კანონ-პროექტის უკუქცევითი ძალას, არა ისე, როგორც ჩვენ მიღებული გვაქვს საერთოდ, რომ კანონი ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფ. კრების მიერ, არამედ 1917 წ. 16 დეკემბრიდან, ამ დაგვიანებას ქონდა თავისი მიზეზები, უპირველეს ყოვლისა მიზეზი ამ დაგვიანებისა არის ჩვენი მთავრობის ჩვეულებრივი დაუდევრობა. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი ჯგუფები იყვნენ დაინტერესებული ამ კანონ-პროექტით და ყოველი ღონე იხმარეს, რომ დაეგვიანებინათ და გავლენის დაღი დაესვათ ამ კანონ-პროექტის ზოგიერთ მუხლებზე. კანონ-პროექტი მოითხოვს ყველა მიწების გული, მადნეულობის, გარდა ჩვეულებრივი ქვიშისა, გამოცხადებულ იქნას სახელმწიფო საკუთრებათ 1917 წლის 16 დეკემბრიდან. ე. ი. კანონ-პროექტი ეხება მიწის საკითხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს. მოგეხსენებათ, მიწის საკითხი ჩვენში ტარდება სოციალ-დემოკრატიის მიერ და პორციობით, ამიტომ ჩვენ მთლიანი კანონი მიწის შესახებ, თუ რა ბედი უნდა ეწვიოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მიწის ზედაპირს, ტყეებს, წყლებს, თუ მადნეულობას, ასეთი მთლიანი კანონ-პროექტი არ გვაქვს. გვაქვს მიღებული სხვა და სხვა კანონები შესახებ ზედაპირისა, ტყის სარგებლობის კანონი, რომელიც ცხოვრებაში არ გატარებულა. დღეს ვღებულობთ ახალ კანონ-პროექტს და არავითარი კანონი არა გვაქვს წყლით სარგებლობის შესახებ, თითქოს ეს წყლები ნაკლები მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ხალხისათვის, ვინემ მიწა. საერთოდ ჩვენს მიწის რეფორმას ახასიათებს უსისტემობა, უპრინციპობა და ნახევარი ზომა და ეს ეტყობა ამ კანონ-პროექტსაც. ნახევარი ზომა გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი მიწის ზედაპირის შესახებ, მივიღეთ სოფლად მხოლოდ, ქალაქში არ გაგვიტარებია, ასე რომ ტარდება სოფლად მიწის რეფორმა და ქალაქად კი არა, თითქოს სოფლის მიწები იყოს სხვა პლანეტაზე და ქალაქის კი სხვაზე. ასეთ მდგომარეობაშია მიწის რეფორმის გატარების საქმე, რომ სოც.-დემოკ. არ აქვთ გარკვეული პროგრამა იმის შესახებ, რა უნდა ეყოს ქალაქის მიწებს, მოხდეს ნაციონალიზაცია, სოციალიზაცია თუ აუქციონში გაიყიდოს - ეს აშკარაა. ჩვენ მივიღეთ ტყის კანონი, მაგრამ ცხოვრებაში ის არ გატარებულა, სოც.-დემოკ. ეს საჭიროდ არ მიაჩნია. ასევე არის არეულ-დარეული ეს კანონ-პროექტიც. პირველი მუხლი მოითხოვს მადნეულობის ნაციონალიზაციას. რა თქმა უნდა თუ სოციალიზაციის, ნაციონალიზაციის გზას დაადგება მთავრობა, თუ არა მარტო სიტყვით გაატერებს ამას, ეს სასურველია და ამას მივესალმებით, მაგრამ ისე ამ ზომის გატარება, როგორც ეს ხდებოდა აქამდის და როგორც კანონ-პროექტიდან სჩანს, ყოვლად მიუღებელია. თუ ეს დღეს სოციალიზატორული და ნაციონალიზატორული ტენდენცია ისეთია, რომ ანგარიში უნდა გაუწიოთ თვით პარტიულ ყრილობაზე, სადაც ითქვა, რომ უპირატესობას აძლევთ არა კერძო ინიციატივას, არამედ საზოგადოებრივ ინიციატივას, ეს უნდა გაატაროთ ყოველ კანონში, რომელიც მიღებული იქნება; ხოლო თუ ყრილობაზე ერთს იტყვით, ერთს მიიღებთ, დამფ. კრებაში სხვას გაატარებთ, ეს ხალხის მოტყუებაა და რომ ეს ასეა, ეს სჩანს, ამას ამტკიცებს ზოგიერთი ადგილები ამ კანონ-პროექტისა და შენიშვნები მე-3 და მე-4 მუხლებთან. მე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მომხსენებელმაც სთქვა, ნაციონალიზაციის წინააღმდეგ არავინ არ ყოფილა, მაგრამ მე მგონია ამას კორექტივი სჭირია. არის ნაციონალიზაცია და ნაციონალიზაციაც; ეს იმას გააჩნია, რა პირობებში ხდება ის, როცა ნაციონალიზაცია ხდება ბურჟუაზიულ სახელმწიფოში. ჩვენ ამას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, ჩვენში ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა. ჩვენ გვახსოვს, თვით კონსტიტუციაში არის ნათქვამი და არა ერთხელ გვაქვს აქ განცხადებული, რომ საქართველო არის დემოკრატიული და არა სოციალისტური სახელმწიფო. უბრალო დემოკრატიულსა და სოციალისტურ დემოკრატიულს შორის განსხვავება არის და არ შეგვიძლია მათ შორის თანასწორობის ნიშანი დავსვათ.

ჩვენის აზრით მიზანშეწონილი იქნება საკუთრება ვუარვყოთ. ჩვენ ვიცით საკუთრებას რა შეადგენს, ეს არის ყიდვა-გაყიდვის უფლება, განკარგულების უფლება და სხვა. ჩვენი კონსტიტუციით არ შეიძლება სახელმწიფო ტერიტორია გავყიდოთ. თუ გაყიდვის უფლება ექნება სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე, თავის თავად ცხადია, რომ მიწები სახელმწიფო საკუთრებად ცხადდება. კანონში უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს ხალხის ავლადიდება არის, ასე რომ პირველი მუხლი ჩვენთვის მისაღები იქნებოდა ამ გამონაკლისით. შემდეგ არის შენიშვნა. იქ არის ნათქვამი, რომ თუ ეს მუხლი არ ვრცელდება ამოღებულ მადანზე, ხოლო აქვე ზევით არის ნათქვამი, რომ ის ძალაში შედის 1917 წ. 1 დეკემბრიდან, ასე რომ ჩვენ მადანი გვეკუთვნის ნომინალურად, ხოლო ფაქტიურად ხდება, რომ მთავრობამ გამოიჩინა ჩვეულებრივი დაუდევრობა, თავიდან არ შედგომია გამორკვევას, არ ცდილა შეემუშავებინა შესაფერი კანონი და თვალყური ედევნებინა ამ მადანისათვის, რომელიც ეკუთვნოდა სახელმწიფოს. ახლა გვირჩევენ ხელი ავიღოთ ამ მადანზე. ამით მთავრობას ეძლევა გამოსავალი, რომ თავი იმართლოს, რომ კანონ-პროექტი ასეთია და თავისუფალი ვარო. ეს სრულებით მიუღებელია.

აქ არის სხვა მუხლებიც, რომელიც მიუღებელია, მაგ. ერთ-ერთ მუხლში არის ლაპარაკი პრივილეგიებზე. ამის ისტორია ვიცით. მომხსენებელმა მოგახსენათ, რომ ამ კანონს აქვს მთელი ისტორია. აღსანიშნავია ის, რომ მთელი ჯგუფი მრეწველებისა ცდილობდა თავისი პრეტენზიები დაეცვა. ის არ ყოფილა ნაციონალიზაციის წინააღმდეგი, მაგრამ რაშიაც ის იყო დაინტერესებული, სავსებით შეინარჩუნა და ეს არის უპირატესობა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. უპირატესობა შეგვიძლია შევუქმნათ შრომის პრინციპს და არა კაპიტალისტურ პრინციპს. აქ ამბობენ, რომ უპირატესობა უნდა მიეცეთ მრეწველთა ჯგუფებსო. ეს მიუღებელია. მე არ მესმის, რატომ მაინც და მაინც უპირატესობა უნდა მივანიჭოთ კაპიტალისტურ ჯგუფს? შემდეგ არის ნათქვამი, რომ მთავრობას ეძლევა უფლება ეს უპირატესობა გაავრცელოს სხვა რაიონებზედაც. მომხსენებელმა ბრძანა, რით არის გამოწვეული ეს. მან სთქვა, იყო ისეთი აზრი, რომ ეს უპირატესობა გავრცელდება იმ რაიონებზე, რომელიც მრეწველობის მხრივ განვითარებული არის, რადგანაც ეს ტერმინი მეტად სუბიექტურია, არა იურიდიულად გამორკვეული, ამიტომ მიეცა მთავრობას უფლება გაავრცელოს სხვა რაიონებზედაცაო. მე მგონია, ეს ფორმალურადაც და არსებითადაც მიუღებელია. იმიტომ, რომ ყოვლად შეუძლებელია ჩვენ რამე დავადგინოთ, დავუმორჩილოთ ხალხი და მთავრობას უთხრათ: რაც გინდა შემოიღე და გაატარეო, ეს კანონის უარყოფა იქნება. კანონში უნდა იყოს ნათქვამი, რომელ სფეროში ვანიჭებთ უფლებას, კანონით ეს უნდა იყოს განსაზღვრული. ყოვლად შუძლებელია მთავრობისათვის კარტ-ბლანშის მიცემა. ასე რომ ჩვენთვის მისაღებია სავსებით დედა-აზრი კანონისა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მადნეულობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელში, მისაღებია ის მუხლი, რომელიც მოითხოვს გაუქმებულ იქნას ყველა ნებართვები, მოწმობები და სხვ. რომ მესაკუთრეთ უნდა მიეცეთ განსაზღვრული ნორმით დანაკლისი, რომელიც ამ კანონის ძალით მიაყენეს, ხოლო მიუღებელია სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადება. მიუღებელია შენიშვნა, რომელიც პირველ მუხლს ახლავს და მიუღებელია ჩვენთვის მე-3 და მე-4 მუხლები ამ კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა სერგი ჯაფარიძეს ეკუთვნის.

სერგი ჯაფარიძე. (სოც.-დემ.) ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! შენგელაიამ სთქვა: ერთი - იმიტომ არ არის მისაღები ეს კანონ-პროექტი, რომ იქ არის ნათქვამი: მადნები ცხადდება სახელმწიფოს კუთვნილებად, უნდა იყოს ნათქვამი, რომ ხალხის განკარგულებაში გადადისო. (შენგელაია: სახალხო ავლა-დიდებად უნდა გამოცხადდეს!). დიახ, ჩვენ რომ გვქონდეს საქმე შეუგნებელ ხალხთან, რომელსაც არ ესმის ეს მცნება, მაშინ ვიტყოდით, რომ მადნეულობა სახალხო ავლა-დიდებად გამოცხადდესო. მაგრამ, როდესაც კანონზე და მის რედაქციაზე არის ლაპარაკი, ტერმინი „ხალხის ავლა-დიდება“ არ არის მისაღები არც სოციალისტისთვის და არც არასოციალისტისთვის. (ლორთქიფანიძე: რუსეთში მიიღეს დამფ. კრებაში თქვენმა ამხანაგებმა!). რუსეთში ბევრი რამ მიიღეს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. რას ნიშნავს მადნების სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადება? ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იქნება ხალხის ავლა-დიდებად. მე მესმის, ძველი რეჟიმის დროს...

თავმჯდომარე. ბატონო ორატორო, გთხოვთ ხმა მაღლა ილაპარაკოთ, არაფერი არ ისმის.

ჯაფარიძე. ძველი რეჟიმის დროს რომ გეთქვათ ეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღეს, როდესაც დემოკრატია იბრძვის, მე არ მესმის, რა განსხვავება არის. რაც შეიძლება ითქვას უბრალო ბაასში, არ შეიძლება ითქვას კანონის შედგენის დროს. (რეპლიკა: არ ისმის!). ჩვენ როდესაც გამოგვიგზავნეს შესადგენად, ჩვენ მას არ შევეხეთ, რადგან დეკრეტის ხასიათი ჰქონდა. ეს ერთი.

მეორე - მიუღებლად მიაჩნია შენგელაიას შენიშვნა, რომლის ძალით ეს ნაციონალიზაცია არ ვრცელდება 1920 წლის მადანზე. ის ხედავს ამაში ერთნაირ წინააღმდეგობას. თუ 1917 წლიდან ეს სახელმწიფოსია, მაშ 1920 წლამდის რად უნდა იყოს კერძო მწარმოებლისო. შენგელაიამ რომ იცოდეს ისტორია, არ იტყოდა ამას. დღეს ჭიათურაში 100 მილ. ფუთზე მეტი მადანია ამოღებული. ის იყო გამოღებული დეკრეტამდის, მას უკან თქვენ, როგორც აგრარულ კომისიის წევრს, გეცოდინებათ, რომ გამოითქვა ერთგვარი ცნობის-მოყვარეობა და სამინისტრომ კომისიას დაავალა გაეგო, რამდენი ქვა იყო გამოღებული დღემდის. და გამოირკვა, რომ გამოღებულია 2-3 მილიონი ფუთი მხოლოდ, 100 მილიონზე მეტი კი გამოღებული იყო დეკრეტამდის. და ჩვენ თუ თქვით, რომ ეს ქვა უნდა შევიდეს იმ ქვის რაოდენობაში, რომელიც კერძო საკუთრებად უნდა დარჩეს, ეს იმიტომ, რომ ის იყო გამოღებული კერძო ინიციატივის საშუალებით, ე. ი. კერძო კაპიტალით.

ჩვენ მეტი ვსთქვით, სხდომაზე დავადგინეთ, რომ პირ-იქით შეიძლება კანონი მიიღოს დამფ. კრებამ უფრო ადრე, ვიდრე აღნიშნულია, მაგრამ ვინაიდან საჭიროა მუშაობა - წარმოების დაწყება, ამიტომ ჩვენ საჭიროდ დავინახეთ მეტის განსაზღვრა, რომ იქ მუშაობა არ შეწყვეტილიყო. საჭირო არის მომენტის განსაზღვრა იმიტომ, რომ მთავრობას არ შეუძლია უცბად თავისი საშუალებით შეუდგეს ექსპლოატაციას. ამიტომ მოვითხოვთ, რომ კერძო ინიციატივა გამოყენებულ იქნეს.

მაშასადამე კაპიტალიზმის უარყოფა ნიშნავს, რომ ის მუშაობა გაიყინოს, სანამ სახელმწიფო არ შესძლებს, რომ ეს საქმე თითონ მოაგვაროს. ამიტომ თქვენი მოსაზრება, რომ ეს შენიშვნა მიუღებელი იყოს, არ არის საფუძვლიანი.

ახლა იმაზე, თუ უპირატესობა რომელს მიენიჭოს, კერძო მწარმოებელს, თუ სახელმწიფო-საზოგადოებრივ ორგანოებს. რასაკვირველია, ეს უფრო სასარგებლო იქნება, რომ ეს საქმე აიღოს თავის ხელში თვით სახელმწიფომ. მაგრამ სანამ გამოცდილი აგენტები არა ჰყავს სახელმწიფოს და აპარატი არა აქვს მოწყობილი, დღევანდელ პირობებში მოუხერხებელია მადნეულობის ექსპლოატაცია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობას შეუძლია იჯარით გასცეს და უპირატესობა უნდა მისცეს ივანეს, რომელიც დღემდის აწარმოებდა საქმეს და არა პეტრეს. (რეპლიკა არ ისმის).

არ შეუძლია აიღოს ხელში მადნეულობის ექსპლოატაცია არც ქალაქს, არც ერობას, თორემ აქ სახელმწიფო და მთავრობა არ არის შეზღუდული, მას შეუძლია გასცეს 1 წლით, 10 წლით და ამ ხნის განმავლობაში მოაწყოს აპარატი და შემდეგ თვით აწარმოვოს. თუ ქალაქს ან ერობას შეეძლება, მთავრობა მათ მისცემს.

აგრეთვე მიზანშეწონილია მე-5 მუხლიც, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობას უფლება ეძლევა გაავრცელოს სხვა და სხვა რაიონებზე ეს წარმოება, ე.ი. უპირატესობა მიანიჭოს მრეწველთ და მესაკუთრეს მისცეს ნორმა განსაზღვრულ ფარგლებში. მაგრამ ყველაფრის ჩამოთვლა და განსაზღვრა იქნებოდა მიზანშეუწონელი და მიუღებელი, ამიტომ მთავრობას ეძლევა უფლება და სხვა და სხვა გარემოების მიხედვით მოახდინოს განკარგულება, თუ შეიძლებს სახელმწიფო, თვით აწარმოვოს, თუ არა და იჯარით გასცეს. ამიტომ არ შეიძლება მთავრობა, რომელიც არჩეულია დამფ. კრების მიერ, დავსახოთ ისეთ რამედ, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? მიღებულია და სათანადო ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მუხლობრივი განხილვა.

3. დეკრეტი სეტყვისაგან დაზარალებულთათვის სათესლე სიმინდის მისაწოდებლად 10.000.000 მან. გადადებისა.

ვ. ცაბაძე. (ს.-დ.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ 23 და 29 მაისს დიდმა სეტყვამ და ნიაღვარმა საშინლად დააზარალა თელავის, სიღნაღის და ბორჩალოს მაზრები: ვენახი, ბაღები, ბოსტნები და ნათესები მიწასთან გაასწორა, ნამეტნავად ზოგიერთ რაიონებში.

დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები მიწად-მოქმედების მინისტრის მიერ ადგილობრივ მცხოვრებთა დასახმარებლად, შედგენილ იქნა კომისია აგრონომებისაგან, რომ მათ გამოეძიათ და გამოერკვიათ ეს ზარალი და აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ამ სეტყვისაგან დაზარალებულის ნათესების ხელახლად მოხვნა და სიმინდის დათესვა, ვადა სიმინდის დათესვისა არ იყო ჯერ კიდევ გასული. ამ გამორკვევიდან მიღებულ იქნა ცნობები, რომ საჭირო იყო 20 ვაგონი სიმინდი, რომ ეს ნათესები ხელახლად დაეთესათ. აი, მაშინ მინისტრი შემოვიდა დეკრეტით, რომ ხაზინიდან გაღებული ყოფილიყო 10 მილიონი მანეთი, რაიც შეადგენდა 20 ვაგონ სიმინდის საფასურს. რადგან კანონმდებლობითი წესით ფულის მიღება გვიანდებოდა, ამიტომ ერთსა და იმავე დროს მინისტრმა აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რომ ეს 10 მილიონი მანეთი გაღებული ყოფილიყო სასურსათო თანხიდან, რომელიც მომარაგების მინისტრის განკარგულებაში იყო. ეს ფული მიღებული არის და რამდენადაც შეიძლებოდა, ეს დახმარება სიმინდის თესლით აღმოჩენილ იქნა.

დახმარების პირობები შემდეგია: ის თესლი, რომელიც მიეცა გლეხებს, უნდა დაბრუნებულ იქნას ახალ მოსავალზე იმავე ოდენობით, როგორც მათ მიიღეს. ამ დეკრეტს თან ახლავს დასკვნები აგრარულ კომისიის, ფინანსთა მინისტრის და სახელმწიფო კონტროლის. მიღებულია საბიუჯეტო კომისიის მიერაც.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? არავინ. მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

4. ქ. ტფილისის სასარგებლოდ მოწყობილი ოთახებსა და გასტრონომიულ მაღაზიებზე გადასახადის დაწესებისა.

ი. გომართელი. (ს.-დ.) საქტრაქტირო დებულებით მოწყობილი ოთახები განთავისუფლებული არის ქალაქის სასარგებლო გადასახადისაგან. მოსაზრება ის არის, რომ თუ სადილი მზადდება, იგი ქალაქის სასარგებლოდ იხდის გადასახადს და თუ არ მზადდება, იგი თავისუფალია. ასევეა გასტრონომიული მაღაზია, ვინაიდან იქ არა სჭამენ საჭმელს, როგორც რესტორანში. ქალაქის საბჭომ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა დაკანონებულიყო გადასახადი, რადგანაც იქ თუ არ მზადდება საჭმელი იქვე ახლოდან მოაქვთ საიდანმე და მაინც ყიდიან დამზადებულ საჭმელს, ასევეა გასტრონომიული მაღაზიაც. იქ არის მზა-მზარეული შემწვარი, არაყი, კონიაკი და სხვა და რატომ არ უნდა იყოს დაბეგრილი.

შინაგან-საქმეთა მინისტრი თავის მხრით მხარს უჭერს ამ შუამდგომლობას. კონტროლი წინააღმდეგია შემდეგი მოსაზრებით: დემოკრატია სარგებლობს ასეთ გასტრონომიულ მაღაზიითო. ასეთს მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან დემოკრატია პირველ საჭიროების სანოვაგეს იძენს ბაზარ ალაგას ისევ დეზერტირების ბაზარში. იქ შედიან სპეკულიანტები, რომელნიც საქეიფოთ ეზიდებიან საქონელს. ეს კანონი ეხება მარტო ტფილისს. თვითმმართველობის კომისიას საჭიროდ მიაჩნია, რომ იგი უნდა გავრცელდეს სხვა და სხვა ქალაქებზედაც. საფინანსო კომისიის მიერ კი პრაქტიკული მოსაზრებით უარყოფილია ეს მოსაზრება თვითმმართველობის კომისიისა, ვინაიდან სხვა ქალაქებში ასეთი სავაჭროები ნაკლებად მოიპოვება და იმდენს შემოსავალსაც არ იძლევაო.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა გომართელს ეკუთვნის.

5. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა უცხოეთიდან შემოტანილ კონიაკის სპირტზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა.

ი. გომართელი. (ს.-დ.) მოგეხსენებათ ტფილისში არსებობს კონიაკის ქარხანა. მასალა გახლავთ საჭირო კონიაკის სპირტი, ჭაჭის არაყი, ეს მასალა მზადდება სომხეთსა და აზერბაიჯანში. იქ უკეთესი მასალა ყოფილა ვინემ ჩვენში. ერთი და იგივე პირი არის პატრონი ამ ქარხნისა და იმ მასალისა, იგი იხდის გადასახადს, როცა უცხოეთიდან ჩვენში შემოაქვს თავისი მასალა და აქაც ჩვენ ვახდევინებთ ვედროზე 400 მანეთს. ეს ამცირებს ჩვენს შემოსავალს და ეს პირები, რომელნიც ამზადებენ კონიაკს, უფრო ხელსაყრელად სთვლიან კონიაკის დამზადების წარმოებას იქ, სადაც ეს მასალა არის და არა ჩვენში. ფინანსთა მინისტრის მოსაზრებით თუ ეს გაგრძელდა, რესპუბლიკა დიდს ზარალს ნახავს და იმიტომ, რომ ზარალის მაგივრად კონიაკის წარმოება გაფართოვდეს, ჩვენში ფინანსთა მინისტრს საჭიროდ მიაჩნია ეს გადასახადი შეიცვალოს და დაწესდეს 400 მან. მაგიერ 50 მან. ეს განიხილა საბიუჯეტო კომისიამ და დაადგინა, რომ ეს დამტკიცებულ და მიღებულ იყვეს. ამიტომ ფინანსთა მინისტრი შუამდგომლობს შეუმცირდეს მათ 400 მან. და 50 მან. დეკრეტი მიღებულია.

თავმჯდომარე. სიტყვა გომართელს ეკუთვნის.

6. დეკრეტი - ტყიბულის მაღაროების საჭიროებისათვის 14.151.321 მან. დამატებითი კრედიტის გახსნის შესახებ.

ივ. გომართელი. ტყიბულის მაღაროები, როგორც მოგეხსენებათ, ამ ჟამად რესპუბლიკის მთავრობის ხელში არის და იქ წარმოება დღითი-დღე იზრდება. დღემდის იქ მუშაობას აწარმოებდა 900 მუშა, დღეს კი ვინაიდან საქმე ფართოვდება, მთავრობამ მოიწვია კიდევ 400 მუშა; ამ გვარად მუშათა რაოდენობა ავიდა 1300-მდე. წინეთ ყოფილ მუშისათვის საჭირო იყო შენობათა შეკეთება და ამ საჭიროებისათვის გამოთხოვილი იყო თანხა და ეხლა კი როდესაც მუშათა რიცხვი 1300 აღემატება, მათ სჭირდებათ არა მარტო ძველ შენობათა შეკეთება, არამედ ახალის აგებაც, ამას, რასაკვირველია სჭირდება ზედმეტი თანხა და ამას ითხოვს შესაფერი უწყება. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ სურსათისათვის 3 მილიონი, აგრეთვე დაზღვევათა თანხა. სულ ეს შეადგენს 14.151.321 მან. ეს საკითხი განხილულ იქნა ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კონტროლის მიერ. სხვათა შორის კონტროლის აზრი არის: უნდა შესდგეს კომისია, სადაც უნდა შედიოდეს კონტროლის ერთი წარმომადგენელი და ამ კომისიამ ადგილობრივ უნდა შეისწავლოს თუ რამდენად საჭიროა ძველ შენობათა შეკეთება, ან ახალის აგება, ან როგორ იხარჯება ეს გამოთხოვილი თანხა. გზათა უწყებას არა ერთხელ მიუმართავს, რომ საერთოდ საჭირო იყო ტყიბულის მაღაროებში კონტროლის წარმომადგენელი მუდმივ ყოფილიყო და ეხლა ეს სამართრლიანი მოთხოვნილება გზათა უწყებისა განხორციელდა და ტყიბულის მაღაროებში გახლავსთ მუდმივი კონტროლის წარმომადგენელი. გზათა უწყებას ხარჯთ-აღრიცხვა აქვს წარმოდგენილი, სადაც კაპეიკობით არის გამოანგარიშებული და დასაბუთებული, რომ ეს გამოთხოვილი თანხა სწორედ ამ შენობებს ესაჭიროება, და სწორედ შეესაბამება გამოთხოვილ თანხას.

თუ ეს მოთხოვნილება სისწრაფით დაკმაყოფილებული არ იქნება, მოსალოდნელია დიდი ზიანი მოუვიდეს ჩვენს რესპუბლიკას. ტყიბულის მაღაროებს, როგორც ვიცით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მაღაროებმა 24 მილიონი წმინდა მოგება მოგვცა.

ეს შუამდგომლობა გზათა უწყებისა, განხილული იყო საბიუჯეტო კომისიის მიერაც და ამ კომისიამ უცვლელად დაამტკიცა იგი.

(დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ ჩვეულებრივი წესით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბატონ ცისკარიშვილს ეკუთვნის.

7. დეკრეტი - ქალ. თელავის თვითმმართველობისათვის 3 მილიონი მანეთის სესხის მიცემისა.

გ. ცისკარიშვილი. (ს.-დ.) მთელი რიგი ქალაქებისა სთხოვენ მთავრობას სესხს. ეს არ არის გასაკვირველი, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ მძიმე პირობებს და იმ აუტანელ პირდაპირ კატასტროფიულ მდგომარეობას, რომელსაც განიცდის თითოეული ქალაქი, ვინაიდან შემოსავალი ნაკლები არის გასავალზე. მხოლოდ ამ უკანასკნელ წლის განმავლობაში ქალაქები მუდამ ცდილობდენ თავისი ძალებით და ბიუჯეტის გაუმჯობესებით გაუძღვენ საქმეს. მათგან დიდ უმრავლესობას არ უთხოვია სესხი არც კერძო პირებისათვის და არც სახელმწიფოსთვის. უკანასკნელ დროს განმავლობაში ქალაქები იძულებულნი არიან მიმართონ სახელმწიფოს სწორედ ამიტომ, რომ შეუძლებელი შეიქნა გასავალის დაფარვა შემოსავლით, შეუძლებელი შეიქნა ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა, ვინაიდან არ არის გამორკვეული ქალაქის საბიუჯეტო უფლების შესახებ. ამიტომ ქალაქები იძულებულნი არიან მიმართონ სხვა ზომებს, რათა ამ გზით გააუმჯობესონ თავისი ეკონომიური მდგომარეობა, ესე იგი შექმნან ისეთი საწარმოვო დაწესებულებანი, რომელიც სულ თუ არა, ნაწილს მაინც დაფარავს გასავლისას. ზოგი ამ ქალაქიდან ახლა იწყებს ასეთ დაწესებულებათა მოწყობას, ზოგან კი წინეთ მოუწყვიათ და ახლა გაფართოვებას საჭიროებენ. ამგვარ მდგომარეობაში არის თელავი, რომლის ხარჯთ-აღრიცხვას თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ გასავალი 5 მილ. მან. მეტია შემოსავალზე. თელავი საერთო ზოგად მოსაზრების გამო, სხვა გარემოების გამოთაც ითხოვს სესხს, იგი მეტად დაზარალდა წყალდიდობის დროს. დაინგრა ორი სასწავლებელი, წყლის ნაპირები არის ჩაქცეული, საჭიროა მათი გამაგრება.

ამ მოსაზრებით თელავი მოითხოვს 3 მილ. მან. სესხის სახით, როგორც მთავრობა, ისე არც სახელმწიფო კონტროლი არ არის წინააღმდეგი მიეცეს ეს სესხათ 3 1/2 %25. სესხი უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქალაქის ქონებით, რომელიც 18 მილ. მან. უდრის. დეკრეტის ტექსტი გახლავთ შემდეგი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის ნებავს. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებული იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ცისკარიშვილს ეკუთვნის.

8. დეკრეტი ლანჩხუთის თვითმმართველობისათვის 1.500.000 სესხის მიცემისა.

გ. ცისკარიშვილი. (ს.-დ.) იმავე მოსაზრებით ქალაქი ლანჩხუთი თხოულობს 1 1/2 მილ. მან. სესხს. მას უკვე დაუწყია წარმოება და შეუძენია წისქვილის სხვა და სხვა ნაწილები. ახლა საქმე მუშაობის დაწყებაში არის. ახლო მომავალში მოეწყობა ელექტრონის სადგური, ეწყობა ხე-ტყის ქარხანა. ამ ხარჯების გასაწევად იგი 1 1/2 მილ. მან. თხოულობს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ და სარედაქციო კომისიას გადაეცა). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა თქვენვე გეკუთვნით.

9. დეკრეტი ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობისათვის ორი მილიონი მან. სესხის მიცემისა.

გ. ცისკარიშვილი. ქალაქ ოზურგეთსაც ეს სესხი იმავე საწარმოვო დაწესებულებათა მოსაწყობად სჭირდება. სულ მას ორ მილიონ ნახევარი მან. უნდა. ამ თანხას თხოულობს იგი მიეცეს სესხის სახით.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებთ სიტყვას? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცემა სარედაქციო კომისიას). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა თქვენვე გეკუთვნით.

10. დეკრეტი ზუგდიდის თვითმმართველობისათვის ორი მილ. მანეთის სესხის მიცემისა.

გ. ცისკარიშვილი. ქალაქი ზუგდიდი თხოულობს ორ მილ. მან. სურსათის შესაძენად. მას ახალი მოტივი მოყავს. იქ შექმნილა განსაკუთრებული მდგომარეობა და მას სურსათის შესაძენად სჭირდება ორი მილ. მანეთი, რაც გადარჩება, იმითი სხვა საჭირო საქმეებს მოაგვარებენ, გაანათებენ ქუჩებს და სხვა. კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის ნებავს სიტყვა? არავის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებული იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა თქვენვე გეკუთვნით.

11. დეკრეტი ოჩემჩირის თვითმმართელობისათვის ორი მილ. მან. სესხის მიცემისა.

გ. ცისკარიშვილი. სურსათ-სანოვაგის მხრით ოჩემჩირე ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ზუგდიდი. მას, როგორც განაპირა ქალაქს, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ოჩემჩირე თხოულობს სამი წლის ვადით ორ მილ. მან. სესხს. მთავრობა და სახელმწიფო კონტროლი თანახმანი არიან, მხოლოდ უკნასკნელს ფორმალური დასკვნა არ გამოუტანია.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის ნებავს სიტყვა? არავის. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). ახლა მოგხსენდებათ საბოლოო ტექსტები.

ქრ. შარაშიძის ასული. (კითხულობს მიღებულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რასაც დამფ. კრება შეუსწორებლივ იღებს).

თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია განცხადება, საგზაო კომისიაში მ. გაგლოევის მაგიერ ვიქ. თევზაიას დასახელების შესახებ. დამფ. კრება ამ განცხადებას ადასტურებს.

(მდივანი კითხულობს შემდეგი მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. სხდომას ნაშუადღევის 2 საათ. და 25 წუთ. ხურავს.

30 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


30.1

▲ზევით დაბრუნება


აბაშელი ალექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე (ჩოჩია), (ფსევდონიმი სატურნი) - პოეტი, სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, 1913-1914 სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1902 წლიდან გაეცნო არალეგალურ ლიტერატურას. 1905წელს დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა. მუშაობდა პროპაგანდისტად აბაშის, ბანძისა და მარტვილის რაიონებში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამწერლო საქმიანობას. აქვეყნებდა ლექსებს ლიტერატურულ ჟურნალში „ლეილა“. იყო ლიტერატურული დაჯგუფება „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი, რომელიც აერთიანებდა კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სალიტერატურო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისადმი მაშინ ყველაზე უარყოფითად განწყობილ მწერლებს. 1921 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ხომალდი“. 1921 წელს იყო სალიტერატურო ორგანო „სიტყვა ქართულის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ქმნიდა ქართველ პოეტთა პწკარედებს 418, 423

აბაშიძე მემედ იბრაჰიმის ძე, მემედ-ბეგი - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველი (აჭარის) მუსლიმების აღიარებული ლიდერი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. ახალგაზრდობიდანვე იზიარებდა ქართველი სამოციანელების ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს, ცდილობდა ქართველ მუსლიმთა საერთო-ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას, მათ ინტეგრაციას ქართულ ეროვნულ-კულტურულ სივრცეში. იყო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი; „ქართველ მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოების“ თავმჯდომარე; საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის „სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის“ წამყვანი წევრი. 1918 წელს აირჩიეს „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ თავმჯდომარედ. 1918 იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. 1919 წელს აირჩიეს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის (პარლამენტის) პირველი თავმჯდომარედ, ფაქტობრივად ადგილობრივი პროქართული ორიენტაციის მუსლიმანი ქართველების მთავრობის ფუნქციებს ასრულებდა ბათუმის ოლქში ბრიტანული ადმინისტრაციის ყოფნის პერიოდში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა განმათავისუფლებელი კომიტეტის ორგანო - გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის საერთო-ქართული თვითშეგნების ფორმირების პროცესში 24, 25, 257

აბდულ-ჰამიდი - „წითელი სულთანი“ (1842-1919), ოსმალეთის იმპერიის 34-ე სულთანი და 99 ხალიფა. ცდილობდა დაემყარებინა ერთპიროვნული ძალაუფლება და პანისლამიზმის იდეოლოგიაზე დაყრდნობით შეენარჩუნებინა იმპერიის ტერიტორიული მთლიანობა. აბდულ-ჰამიდის დროს დაძაბულობის მწვერვალს მიაღწია ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის არსებულმა ეროვნულმა და რელიგიურმა შუღლმა. მისი ბრძანებით მოხდა სომეხთა დარბევა 1894-96 წწ., რის გამოც მას „დიდ მკვლელს“ უწოდებდნენ 212, 215, 407

აბდუშელიშვილი - შორაპნის მაზრის მცხოვრები 378

აბრამიშვილი - ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი 76

აბუშევი ნიკოლოზ - წალკის რაიონის ბეშთაშენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი 584

ავალიანი სვიმონ ლუკას ძე - ისტორიკოსი, ეკონომისტი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1916-1918 წწ-ში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1919 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. (1909-1916) თანამშრომლობდა პრესაში რედაქტორობდა გაზეთს «Южный кооператив». მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ) (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბონის) დამკვიდრებასა და სტაბილური კურსის შენარჩუნებაში. (1921-1922) იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი 458, 464, 465, 468, 470, 476

ათათურქი ქემალ (ტექსტში ქემალ-ფაშა/ქიამალ-ფაშა/ქიამილ-ფაშა/ოსმალეთის ფაშა) - 1934 წლამდე მუსტაფა ქემალი, თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. სწავლობდა სალონიკის სამხედრო სასწავლებელში, კაპიტნის ჩინით დაასრულა სტამბოლოს გენერალური შტაბის აკადემია. იგი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა პირველ მსოფლიო ომში. 1919 წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის ეროვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა ანატოლია, დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელსვე მან დაამხო სტამბოლის მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი, ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო ლენინისგან. 1922 წლის 1 ნოემბერს მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა 272, 277, 340, 350

აკაკი აკაკიევიჩი - იგულისხმება ნ.ვ. გოგოლის „შინელის“ მთავარი გმირი, აკაკი აკაკის ძე ბაშმაჩკინი - დამცირებული, შეურაცხყოფილი წვრილი მოხელის კრებითი სახე 77

ალექსანდრე I - ალექსანდრე პავლეს ძე (1777-1825) რუსეთის იმპერატორი 1801-1825 წლებში, ასევე პოლონეთის მეფე (1815-1825) და ფინეთის პირველი რუსი დიდი მთავარი (1809-1825) რომანოვების დინასტიიდან 455

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის (ემანუელის) ძე - სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა იმავე ფაკულტეტის კიევის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე), 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წლის თებერვლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით) 454, 490

არამიანცი მიქაელ ოვსეპის ძე - მეცენატი, თბილისს აუშენა საავადმყოფო, ქალაქის პირველი საავადმყოფო ე.წ. „არამიანცის საავადმყოფო”, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო მთელ ევროპაში. საავადმყოფო აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უახლესი აპარატურით, მათ შორის - რენტგენის აპარატით, რომელიც არამიანცმა პირადად ჩამოიტანა ევროპიდან. აქ ყველანაირი მკურნალობა უფასო იყო, სამედიცინო პერსონალს კი ხელფასს პირადად არამიანცი უხდიდა. 120 საწოლზე გათვლილ საავადმყოფოში იმ პერიოდის საუკეთესო ექიმები მუშაობდნენ. ასევე არამიანცმა თბილისს აჩუქა არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის პროექტით აშენებული სასტუმრო „მაჯესტიკი”, რომელიც ამჟამად „თბილისი მარიოტის” სახელით არის ცნობილი 359, 481, 501, 502, 504, 508

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი. მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი 203, 247, 435, 464, 516, 519

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - იურისტი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 248, 249, 288, 486, 503, 504, 539, 553, 556, 557

ახვერდოვი აბდურაგიმ ბეკ - აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი 228

ახმეტელაშვილი სიმონ (სიკო) გიორგის ძე (ახმეტელი) - ოფიცერი, სამხედრო ექიმი. დაამთავრა დერპტის (დორპტი) უნივერსიტეტის სავეტერინარო ფაკულტეტი. I მსოფლიო ომის დროს იყო ოფიცერი, სამხედრო ექიმი. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

აჰარონიანი - ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურე 109

30.2

▲ზევით დაბრუნება


ბაბილოძე - ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 74

ბაკურაძე მიხეილი - ქუთაისელი მოხელე 75

ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართველოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია“ შემუშავების პროცესში 84, 87, 88, 99, 103, 112, 117, 421

ბერანჟე რენე - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, კრიმინალისტი, (1830- 1915), ნაციონალური საბჭოს წევრი, სენატის 225 წევრიდან იყო 75 უცვლელ სენატორთა (სიცოცხლის ბოლომდე) რიგებში. ცნობილი იყო პირობითი გათავისუფლების იდეის პროპაგანდით 382

ბარამაძე-ფხაკაძე ვერა - ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის მოხელე 75

ბერიძე ვუკოლ მიხეილის ძე - ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1908 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგში უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, სპარსულსა და სომხურ ენებში. 1912 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის გიმნაზიაში. 1918 წლიდან ქუთაისიდან გადმოდის თბილისში, სადაც ასევე განათლების დარგს ემსახურება. ვუკოლ ბერიძე 1909 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1912 წლიდან ქუთაისის განყოფილების წევრი. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო დაწესებულებათა სამმართველოს, იყო ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების დაარსების მონაწილე, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი 116

ბერმანი - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოხელე 78, 113

ბერრი ჟორჟ - საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი 1895 წელს 382

ბერძენიშვილი - სოციალისტ-ფედერალისტი 73, 74, 75, 91, 92, 93, 94, 95, 101, 105, 107, 108, 109, 112, 114, 115, 134

ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე (ტექსტში ბერშტეინი) - მასწავლებელი, 1917 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი; 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან 505

ბესელია - ფოთელი ტყის მრეწველი 383

ბისმარკი ოტო ედუარდ ლეოპოლდ - თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი, გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ), მეტსახელად „რკინის კანცლერი“. გამოირჩეოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონურობით 456

ბიხოვი - მოქალაქე, გოლოვინის პროსპექტზე, კაფე „მარსის“ ქვეშ ფლობდა სტამბა-ლითოგრაფიას, საიდანაც მილიციამ 1918 წლის 26 აგვისტოს 116 ათასი ყალბი 50-მანეთიანი ბონი ამოიღო 460, 476

ბრუსილოვი (ტექსტში ბრუსლიოვი) ალექსი ალექსის ძე - რუსი და საბჭოთა მხედართმთავარი, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ადიუტანტი; მუშათა და გლეხთა წითელი არმიის კავალერიის მთავარი ინსპექტორი. თებერვლის რევოლუციის დროს მხარი დაუჭირა ნიკოლოზ II-ის დამხობას და ხელისუფლებაში დროებითი მთავრობის მოსვლას. 1917 წლის მაისიდან ივლისამდე დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა უმაღლეს მთავარსარდლად. იყო რევოლუციური ჯარის ნაწილების შექმნის აქტიური მომხრე. 1920 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში 325

30.3

▲ზევით დაბრუნება


გაბბა მელკიადე - იტალიელი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, იტალიის არმიის ოფიცერი. იტალიის სამეფოს მისიის ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში. 1919 წ. იტალიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკების შემდეგ, იტალიამ ამიერკავკასიაზე მანდატის აღების სურვილი გამოთქვა. გაბბა 1919 წელს მეთაურობდა იტალიის სამხედრო ძალების მიერ ამიერკავკასიაში გაგზავნილ 18-კაციანი მისიას, რომელსაც საფუძვლიანად უნდა შეესწავლა ამიერკავკასიის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. გაბბა ცდილობდა, თავისი სამხედრო მისია საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასულიყო და კავკასიასთან მიმართებაში ეკონომიკურ საკითხებზე ემუშავა. საბოლოოდ, 1920 წ. იტალიური სავაჭრო მისია ესტუმრა საქართველოს და შეთანხმებაც შედგა ტყვარჩელის ქვანახშირის ერთობლივი დამუშავების შესახებ. ამ სხდომაზე საუბარია წერილზე, რომელშიც გაბბა აცნობებს საქართველოს მთავრობას ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილებაზე ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ ბათუმის მცირე ტორიტორიული ზონით პორტო-ფრანკოდ გადაქცევის შესახებ. საფრანგეთი, იტალია და ინგლისი კი ბათუმში გარანტად გამოაგზავნიდნენ ქვეითი ჯარის თითო ბატალიონს 23

გაგლოევი გიორგი ალექსის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გორის სასულიერი სემინარიაში და გერმანიაში საინჟინრო სასწავლებელში. 1903 წლიდან გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მოგვიანებით გაერთიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციაში. პუბლიკაციებს აქვეყნებდა როგოც რუსულ, ასევე ქართულ პრესაშიც. ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ არმავირში, დააარსა „შრომის ბირჟა“. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გ. გაგლოევი ხდება არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. ამავე წელს იგი გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით და არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრებაში 128, 177, 192, 193, 480, 606

გაჩეჩილაძე - თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი 80

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ--საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 17, 40, 55, 56, 224, 283, 317, 341, 516, 517, 549, 561

გეგეჭკორი ალექსი (საშა) - ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. ბოლშევიკური ტერორისტული ჯგუფებისა და რაზმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში. 1908 წლიდან რსდმპ-ს ბოლშევიკური ფრთის წევრი. 1917 წელს შექმნა ბოლშევიკთა ქუთაისის ბიურო. იმავე წელს იყო დუშეთის ბოლშევიკური აჯანყების ხელმძღვანელი. 1919 წლიდან იყო ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბოლშევიკური შეიარაღებული რაზმის მეთაური. იყო საქართველოს გასაბჭოების აქტიური მონაწილე. 1921 წელს იყო თბილისის რევკომის თავმჯდომარე და საქართველოს რევკომის წევრი 301

გედევანიშვილი - ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფრის გამგე 253

გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე - სოციალ-დემოკრატი, მთავრობის წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. თანამშრომლობდა პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ორგანოებში: „ნოვოე სლოვო“, „ნაჩალო“, „ჟიზნ“, სადაც ამიერკავკასიის განყოფილებას განაგებდა. 1903-05 წწ.-ში იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი. 1918 წელს გახდა ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლიდან საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე, ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებისა და თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 52, 79, 95, 337

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 38, 39, 42, 51, 52, 54, 55, 57, 222, 225, 226, 250, 251, 252, 287, 335, 341, 342, 348, 350, 357, 373, 374, 378, 379, 386, 391, 392, 393, 394, 395, 396, 401, 420, 422, 424, 439, 440, 504, 505, 526, 527

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს (კიმოთეს) ძე - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909-1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 60, 96, 125, 137, 138, 143, 145, 146, 160, 161, 162, 177, 196, 197, 200, 232, 249, 270, 307, 480, 481, 491, 495, 501, 504, 508, 510, 531, 532, 534, 560, 563

გიორგი (თეთრი) - მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი 331

გობეჩია ივანე პავლეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი. მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 42, 339, 342, 420

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე - დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიკის განყოფილება ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით (1901). პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეციერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1905-1906 წწ.-ში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“, სხვადასხვა დროს იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი (1903-1913 წწ.), სრულიად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში (1914-1916), კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე (1917-1918). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ანუ მინისტრი (1918-1920 წწ.-ში), თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეროვნული კრებისა და დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 594

გოლოვინი ევგენი ალექსანდრეს ძე - კავკასიის მთავარმართებელი (1838- 42), რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1839). დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1838-42 წწ. მეთაურობდა კავკასიის კორპუსს, ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. მან განამტკიცა რუსეთის გავლენა კავკასიაზე. აქტიურ საომარ ოპერაციებს მართავდა შამილის წინააღმდეგ. ხელმძღვანელობდა გზათა მშენებლობასა და სიმაგრეთა აგებას შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჩაჩნეთსა და დაღესტანში. მისი მმართველობის დროს, 1841, იფეთქა გურიის გლეხთა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშეს. აჯანყების მეთაურების მიმართ მთავარმართებლის და მიერ გამოტანილი განაჩენი იმდენად მკაცრი იყო, რომ ნიკოლოზ I-მა იგი საგრძნობლად შეარბილა. 1917 ოქტომბრის რევოლუციამდე მისი სახელი ერქვა ახლანდელ რუსთაველის პროსპექტს 489, 505

გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 8, 69, 70, 71, 98, 122, 123, 124, 127, 128, 133, 140, 142, 143, 144, 161, 170, 176, 196, 198, 199, 209, 256, 257, 312, 313, 405, 450, 451, 481, 508, 509, 526, 534, 535, 568, 569, 572, 573, 574, 592, 594, 602, 603

გოშუა - წალკის რაიონის მილიციის უფროსი, მოქალაქეთა სასტიკი მოპყრობის გამო სამართალში იქნა მიცემული 582, 587

გურული ზაქარია დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 181, 232, 237, 238, 256, 257, 480, 532, 534

30.4

▲ზევით დაბრუნება


დადიანი სამსონ პლატონის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, იურისტი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე. წ. მეორე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში. 1917 წელს დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოც-ფედ. პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა სოც-ფედ. პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოს დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. ს. დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ შემუშავება, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 21, 52, 61, 71, 80, 81, 82, 85, 86, 87, 90, 91, 100, 101, 102, 103, 104, 105, 112, 113, 115, 116, 117, 380, 385, 392, 394, 396, 408, 443, 523

დავითაშვილი - ოლქის ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი 76

დავლიანიძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 79

დანი - ინგლისელი მაიორი 22

დ'ანუნციო გაბრიელე (Gabriele D'Annunzio) - ცნობილი იტალიელი მწერალი, პოეტი, რომანისტი, დრამატურგი და პოლიტიკური მოღვაწე. თავის ნაწარმოებებში აღვივებდა ზეადამიანის იდეას. 1915-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მიენიჭა მაიორის წოდება. ომის შემდეგ გახდა ფაშისტურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი. მხარს უჭერდა მუსოლინის. 1919 წლის 12 სექტემბერს დაიპყრო ხორვატიის საპორტო ქალაქი რიეკა, იგივე ფიუმე. მიითვისა კომენდანტის ტიტული და გახდა რესპუბლიკა ფიუმეს ფაქტობრივი დიქტატორი 1920 წლის დეკემბრამდე. რიეკეს ოკუპაციის პერიოდში გამოცდილ იქნა ფაშისტური იტალიის პოლიტიკური სტილის მრავალი ელემენტი. ანტანტის კატეგორიული მოთხოვნით იტალიის მთავრობამ 1920 წლის დეკემბერში აიძულა დანუნციო და მისი რაზმი, დაეტოვებინა რიეკუ 50, 53

დევდარიანი - ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი 76

დენიკინი ანტონ ივანეს ძე - რუსი გენერალი, მხედართმთავარი, თეთრი მოძრაობის ლიდერი. 1917 აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ - დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სარდალი. 1918 შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე. დენიკინი იცავდა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მათ შორის საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხედრო ქონებაზე, რომელიც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. მისი სამხრეთის დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე. წ. „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა 15, 16, 24, 32, 36, 37, 55, 56, 73, 284, 285, 286, 287, 289, 301, 305, 325, 341, 383, 483, 487, 525, 530, 536, 552

დიდიმამიშვილი - იურისტი 75

დუმბაძე - პროფკავშირის გამგეობის წევრი 73, 74, 79

დუმბაძე რაჟდენ გლახუას ძე - ბანკირი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე 451

30.5

▲ზევით დაბრუნება


ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე - იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი. ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრ, თბილისის განყოფილების წევრი 9, 560, 594

ელიგულაშვილი (ელიგულიშვილი) იოსებ აარონის ძე - დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმომადგენლად პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. გასაბჭოების შემდეგ ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922). იყო ემიგრანტ ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944 წწ.) გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში 8, 99, 133, 134, 192

ეფენდიევი - აზერბაიჯანის კონსული ბათუმში 58

30.6

▲ზევით დაბრუნება


ვასაძე - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოხელე 78, 113

ვექილოვი - აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში 13

ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1917-1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს არჩეულ იქნა პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე (1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „მიწის“ რედაქტორი. თავმჯდომარეობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 8, 9, 41, 44, 47, 54, 57, 98, 122, 167, 170, 173, 179, 181, 182, 183, 184, 216, 224, 226, 227, 228, 241, 242, 243, 248, 249, 270, 287, 292, 318, 337, 343, 344, 350, 352, 353, 354, 355, 356, 357, 362, 364, 365, 380, 402, 407, 408, 413, 432, 440, 441, 444, 445, 556, 447, 465, 478, 485, 486, 487, 488, 491, 492, 493, 494, 498, 499, 547, 551, 552, 553, 555, 556, 557

ვივიანი - საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი 1895 წელს 382

ვილსონი/უილსონი თომას ვუდრო (ინგლ. Thomas Woordrow Wilson) - პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების 28-ე პრეზიდენტი (1913-21 წწ). 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის გამო ის ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც თანამდებობაზე ყოფნის დროს ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. უილსონი ვერსალის ხელშეკრულების ერთ-ერთი ავტორი და ერთა ლიგის შექმნის მხარდამჭერი იყო. ერთა ლიგის დაარსებაში შეტანილი წვლილისთვის იგი 1919 წელს ნობელის სამშვიდობო პრემიით დააჯილდოვეს 214

ვილჰელმი/ვილჰელმ II ფრიდრიხ ვილჰელმ ალბერტ ვიქტორ ფონ ჰოენცოლერნი, (გერმ. Friedrich Wilhelm Albert Victor von Hohenzollern) - გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი. მისი სახელი გერმანიის ფლოტის დაარსებასაც უკავშირდება. ვილჰელმის მეფობა აღინიშნა გერმანიის სახელმწიფოს როლის გაძლიერებით და პირველი მსოფლიო ომის დაწყებით 27

ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე - თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იყო საქართველოში მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1896 დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1909 მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1909 წლიდან მუშაობდა მიხეილის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ. მისი თაოსნობით თბილისში 1916-1917 წწ-ში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისის უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. 1919 აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და პათოლოგიური თერაპიის კათედრის გამგედ. მისი ინიციატივით შეიქმნა ტროპიკულ სნეულებათა ცენტრალური სადგური, რომელიც 1924 წ. ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა 573

30.7

▲ზევით დაბრუნება


ზანდუკელი მიხეილ ოთარის ძე (ქაიხოსრო) - ცნობილი კურორტოლოგი და ფიზიო-თერაპევტი. 1909 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. იყო საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. იყო მოსკოვში ქართველთა საზოგადოების დაარსების ინიციატორი და ამ საზოგადოების გამგეობის წევრი, მოსკოვის საექიმო შრომის სამედიცინო ბიუროს თავმჯდომარე (1907წ.) მ. ზანდუკელი უსასყიდლოდ ემსახურებოდა ქართული საზოგადოების მიერ მოსკოვში მოწყობილ ლაზარეთს. 1918 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოს წითელი ჯვრის საორგანიზაციო სამუშაოებს 209

ზედგენიძე (ტექსტში ზედგინიძე) ივანე ბესარიონის - ნაფიცი მსაჯული, 1919 წელს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნის კანდიდატად წარდგენილი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით 255, 257, 267

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე - იურისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება კიევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში მიიღო. 1908-1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტია. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტისა და ქართული დრამატული საზ-ბის მუშაობაში. სხვებთან ერთად იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1918 წლიდან ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს სენატის წევრად. იყო სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში ნაფიცი ვექილი. 1921 წელს იგი საკათოლიკოსო საბჭოს მრჩეველია. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 209, 210

ზურგიელიძე სოლომონ ზურაბის ძე (ფსევდონიმი კვირტი) - იბეჭდებოდა ყოველკვირეულ იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ 423

30.8

▲ზევით დაბრუნება


თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით), არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 7, 67, 97, 116, 120, 130, 131, 141, 159, 176, 195, 196, 241, 269, 359, 388, 427, 449, 479, 507, 529, 559, 567, 594

თუმანიშვილი - წარჩინებული გვარის წარმომადგენელი 192

თევზაია ბიქტორ ვასილის ძე - იურისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, (ფსევდონიმი „ბ. თეკლათელი“). დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტში, როგორც პრივატ-დოცენტი, პოლიტიკურ ეკონომიაში ლექციებს კითხულობდა. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოთსა და სამეგრელოში. 1917 აირჩიეს სოც. დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დამფუძნებელ კრებაში მუშაობდა შრომის კომისიაში. 1918-1920 წწ-ში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში 305, 411, 415, 432, 447, 450, 451, 454, 456, 457, 466, 481, 493, 494, 504, 534, 551, 560, 568, 606

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 341, 455, 456, 476

30.9

▲ზევით დაბრუნება


იაკოვლევა - ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი 76, 93, 94

იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1904 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, 1918 წლიდან ეროვნული საბჭოსა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნის ინიციატორი, 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიული, შიდა ოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. 1921 წ-ის თებერვალში ჯგუფი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი 8, 9, 98, 99, 124, 129, 130, 131, 132, 143, 136, 138, 139, 140, 143, 144, 146, 155, 156, 157, 160, 161, 166, 168, 173, 176, 177, 184, 185, 186, 188, 190, 196, 199, 200, 201, 202, 231, 232, 237, 252, 344, 346, 360, 369, 371, 372, 385, 386, 428, 450, 451, 453, 480, 481, 482, 493, 495, 497, 508, 512, 513, 532, 560, 566, 568, 576, 578

იოანიდი პეტრე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წალკის რაიონული ბიუროს წევრი 584

იუდენიჩი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (რუს. Никола́й Никола́евич Юде́нич) - რუსი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, ე.წ. თეთრგვარდიელთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1907 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გენერალ-კვარტერმეისტერი. 1912 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. 1915 წლიდან ინფანტერიის გენერალი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ უნდობლობა გამოუცხადა დროებით მთავრობას, გადადგა და დატოვა კავკასიის ფრონტი. 1918 წლის ბოლოდან იყო თეთრგვარდიელების ერთ-ერთი ლიდერი ჩრდილოეთ რუსეთსა და ბალტიისპირეთში 286

30.10

▲ზევით დაბრუნება


კავკასიძე - ბორჩალოს მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის წევრი 581, 585

კალანდაძე - დეპეშათა სააგენტოს დირექტორი 419, 420, 423

კალაძე ერმალოზ თედორეს ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სოფლის სასწავლებელში მიიღო. 1905 წლიდან იყო რსდმპ-ს მენშევიკების ფრაქციის წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1917-1921 წლებში იყო სახალხო გვარდიის შორაპნის შტაბის წევრი 157, 196, 201

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 338

კარეტინი - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოხელე 78

კაშია - პროფესიონალური კავშირის ცენტრალური გამგეობის წევრი 75

კედია სპირიდონ - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 288, 311, 375, 376, 378, 386, 393, 401, 408, 418, 423, 459, 460, 463, 476, 488, 491, 502

კერენსკი ალექსანდრე თედორეს ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური, იუსტიციის მინისტრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე 320, 394, 468

კერზონი ჯორჯ ნათანიელ - მარკიზი, ბარონი, კედლსტონის გრაფი. კონსერვატორი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 1899-1905 წლებში ინდოეთის მეფისნაცვალი და გუბერნატორი., 1919-24 წლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 293

კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე (ნამდვილი გვარი ჩიქოვანი) - გენერალი, დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის ომის მონაწილე. მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-9 პოლკში. კაპიტანი (1905). 1910 1-ლი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია. გაგზავნილ იქნა მე-16 გრენადერთა პოლკში. 1911 წ. კავკასიის სამხედრო ოლქის დავალებათა ობეროფიცერია. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო სასწავლებელში. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, პოდპოლკოვნიკი (1915). 1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში (გენერალი (1918)). 1918 წელს დაინიშნა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და მინისტრის თანაშემწედ. მალევე გადადგა და გახდა სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსი. 1919 სამხედრო შენაერთებმა მისი მეთაურობით დაამარცხეს ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში მებრძოლი სეპარატისტები. იბრძოდა ე.წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. გაათავისუფლა ძველი ქართული მხარე არტაანი. 1920 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. იმავე წლის 8 სექტემბერს დატოვა თანამდებობა. 1921 წლის 16 თებერვალს მესამედ დაინიშნა ქართული არმიის მთავარსარდლად. 18 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით ქართული შეიარაღებული ძალები მისი სარდლობით იცავდნენ დედაქალაქს. იყო ქართული სამხედრო სკოლის დამაარსებელი და პირველი უფროსი 297

კოვაჩი - სახელმწიფო მამულების გამგე 383

კოლჩაკი ალექსანდრე ვასილის ძე - საერთაშორისო ანტიბოლშევიკური არმიის გენერალი, რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და პოლარული მკვლევარი, ოკეანოგრაფი, რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. რუსეთის უმაღლესი მმართველი და რუსული არმიის მთავარსარდალი (1918 წლის ნოემბერი 1920 წლის იანვარი). რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, წმ. გიორგის კავალერი, ადმირალი (1918) 214, 285, 286, 287

კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე - დაამთავრა პირველადი სასწავლებელი. 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი, რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი, პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი (1903 წ.). 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა შრომის, აგრარული და თვითმმართველობის მიმართულებით. სოც. დემოკ. პარტიის შიდაოპოზოციური გაზეთის „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. ჯგუფის წევრებთან ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 165, 166, 481, 508, 511, 512

კრილოვი ივანე ანდროს ძე - რუსი მწერალი, ჟურნალისტი და დრამატურგი. სახელი გაითქვა იგავებით 418

კუკ-კოლისი ჯეიმს ნორმანი - ინგლისელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი 15, 21, 22, 55, 57

30.11

▲ზევით დაბრუნება


ლაიოლა ეგნატე/იგნატიუს ლოიოლა - (ლათ. Ignatius de Loyola), ერისკაცობაში ინიაგო ლოპეს დე ლოიოლა ესპ. Íñigo López de Loiola; წარმოშობით ბასკი, იეზუიტთა ორდენის მთავარი დამფუძნებელი და პირველი მამამთავარი. იგნატიუს ლოიოლა ასევე ცნობილი იყო როგორც სულიერი ვარჯიშების შემდგენი. მისი ვარჯიშები წარმოადგენდა ლოცვისა და თვითგამოცდის შერწყმას, წარმოსახვით საუბარს ღმერთებთან და წმინდანებთან. ვარჯიშების მიზანი იყო ორდენში შესული ადამიანის ავტომატად გადაქცევა, მასში ყოველგვარი ინდივიდუალიზმის ჩაკვლა; ადამიანები ექცეოდნენ ზნეობრივი ჰიპნოტიზმის ქვეშ. იყო საყოველთაოდ აღიარებული სულიერი მამა. აქტიურად იბრძოდა პროტესტანტული რეფორმაციის წინააღმდეგ 110

ლალიაშვილი - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის თანამშრომელი 76, 93, 94

ლასალი ფერდინანდ - (Ferdinand Lassalle) ევროპული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გერმანელი ფილოსოფოსი, იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე 456

ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტთა ხალხოსნური ორგანიზაციის წევრობისთვის გარიცხეს. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ მიმდინარეობას, 1900-დან იყო პარტიული გაზეთის „ცნობის ფურცლის“ და სხვა ორგანოების ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი რედაქტორი. პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო პრეზიდიუმის წევრი, შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს ე.წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, ეკავა განათლების მინისტრის პოსტი. მისი რეფორმებით მოხდა ქართული სკოლის ნაციონალიზაცია - „გაეროვნება“, მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა ქართულ ენაზე სწავლებისათვის და სხვ. 1919 წელს აირჩიეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან; შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 115, 116, 117

ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 76, 93, 94, 284, 286, 290, 294, 325, 338, 341, 342, 525

ლერუა მაქსიმ - ფრანგი იურისტი და ისტორიკოსი 383

ლიფანავა - ხობის გამგეობის მოხელე 86

ლოიდ ჯორჯი დეივიდ (დუივორის 1-ლი გრაფი, გვინედის ვიკონტი) - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). ადვოკატი, 1908 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 1919 წლის პარიზის საზავო კონფერენცია მოკავშირეთა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გახსნა. იყო უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი 57

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 23, 34, 67, 97, 120, 211, 231, 255, 269, 427, 449, 507, 533, 559, 563, 567, 593

ლორთქიფანიძე ივანე ნესტორის ძე - პოლიტიკოსი, ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა მინისტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, შემდგომ კი ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შეუერთდა ესერთა პარტიას, ხარკოვში აქტიურად მონაწილეობდა ესერ სტუდენტთა საქმიანობაში. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ამიერკავკასიისა და საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. 1918 იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში და იყო გზათა მინისტრი. დამფუძნებელი კრების წევრის მანდატი სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის სიით 1920 წ-ის გაზაფხულზე მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად მოიპოვა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ 478, 518, 521, 560, 561, 573, 574, 576, 587, 590, 591, 600

30.12

▲ზევით დაბრუნება


მაზმანოვი ქსენაფონტ - წალკის რაიონის სოციალ-დემოკრატიული პარტიული ბიუროს წევრი 584

მარქსი კარლ ჰაინრიხ (გერმ. Karl Marx) - გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა 286, 422

მასალკინი პ. - სოციალ-დემოკრატი, ფოსტა ტელეგრაფის თანამშრომელი 106, 109, 113

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი 57, 113, 288, 374, 379, 386, 389, 401

მაყაშვილი (სავარაუდოდ, მაყაშვილი აბელ (ბალო) გაბრიელის ძე) - გენერალი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და ოფიცერთა სკოლა. 1918 წ-დან ქართულ ჯარშია. 1918 სომხეთთან ომის დროს იყო ახალქალაქ-ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი და ახალქალაქის ფრონტის სარდალი. 1919 წ-დან სამსახური განაგრძო აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში. იყო ქვეითთა მე-2 დივიზიის უფროსის თანაშემწე. 1920 დაინიშნა განჯის სამხედრო სკოლის უფროსად. დაიღუპა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს 556

მაყაშვილი მიხეილ სოლომონის ძე - სწავლობდა იუნკერთა სასწავლებელში. 19 წლისას საქართველო-სომხეთის ომში მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის ჯვარი. მ. მაყაშვილი 1921 წელს იუნკერთა სკოლას ოფიცრის ჩინით ამთავრებდა და დამოუკიდებელი საქართველოს მფრინავთა პირველი გამოშვება იქნებოდა. დამფუძნებელი კრების მე-15 სხდომაზე განიხილებოდა ინციდენტი, როდესაც 1920 წლის აპრილის მიწურულს, აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოს წინააღმდეგაც გადაწყვიტა. 1920 წლის 1 მაისს, ბოლშევიკების ოცდაათკაციანი შეიარაღებული ჯგუფი იუნკერთა სამხედრო სკოლაში შეიჭრა. ბოლშევიკების მიზანი იუნკრებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება იყო. ბოლშევიკების იარაღის საწყობში შევარდნას მოჰყვა ნახევარსაათიანი ბრძოლა, რის შემდეგ კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლეს. ბოლშევიკების თავდასხმის ერთადერთი მსხვერპლი მიხეილ მაყაშვილი იყო 310

მგელაძე დ. - თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი 73, 74, 75, 76, 77, 87, 79, 85, 86, 87, 89, 104, 105, 106, 107, 108, 112, 113

მდივანი სიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1905 წელა დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს თავისუფლება მიულოცა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 9, 21, 54, 60, 61, 143, 160, 176, 178, 183, 231, 232, 269, 307, 309, 317, 343, 361, 366, 367, 368, 405, 428, 450, 451

მებურიშვილი - სოციალ-დემოკრატი, ცენტრალური გამგეობის წევრი 73, 76, 79

მედნიკოვი - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მმართველი 108

მელაძე - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოხელე 106

მელიქ-ასლანოვი - ამიერკავკასიის კომისარიატის წევრი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში იყო კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, მრეწველობისა და სურსათის მინისტრი 303

მელიქიშვილი - მემამულე 8, 68, 98, 120, 121, 131

მენაბდე იასონ სპირიდონის ძე - სახელმწიფო ბანკის გამგეობის წევრი, სავარაუდოდ, სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცმწარმოებლები „ჩემო“-ს გამგეობის წევრი 451

მესხიშვილი შალვა (ალექსი-მესხიშვილი) ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრია, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 86, 521

მეფარეიშვილი - სოციალ-დემოკრატი 78

მეფარიშვილი - ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე 113

მილნი ჯორჯ ფრენსისი (სალონიკისა და რუბისლავის (აბერდინის საგრაფო) ბარონი - ბრიტანელი მხედართმთავარი, ფელდმარშალი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (1918 წ.) ინგლისის ჯარების სარდალი ბალკანებსა და შავ ზღვაზე. 1920 წ. სტამბოლის სარდალი 21

მიქაძე - სოფელ აკეთის (გურია) ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების გამგე 78, 114

მიქელაძე - მოსამართლე ახალციხის მაზრაში 429

მიხაილოვსკი 248

მურომელი ილია - რუსული ბილინების და თქმულებების ერთ-ერთი მთავარი გმირი, დიდი ძალის მქონე გოლიათი 331

30.13

▲ზევით დაბრუნება


ნათაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი, (სოც. რევოლუციონერული პარტია, ფრაქციის მდივანი). იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე 399

ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. „Борьба“-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „ერთობის“ რედაქტორი; კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია). აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 57, 78, 107, 116, 383, 443, 444, 525, 530, 531, 581

ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე, ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ «Новое обозрение»-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“. 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში. ნ. ნიკოლაძეს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებაში. ნ. ნიკოლაძემ შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა. 1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში. სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 420

ნიკოლოზი, ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში). პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა 15, 107, 213, 433, 579

ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ ჯგუფს. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 8, 52, 53, 54, 55, 56, 57, 75, 80, 81, 85, 95, 98, 100, 101, 104, 107, 110, 111, 115, 116, 117, 125, 135, 153, 154, 155, 196, 197, 198, 232, 250, 251, 267, 318, 337, 338, 344, 346, 347, 350, 360, 372, 376, 383, 386, 388, 392, 397, 398, 428, 432, 443

ნოე - ბიბლიური პატრიარქი, ადამის მეათე შთამომავალი, ბიბლიური ლამექის შვილი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც წარღვნის დროს მისი ღვთისმორჩილებისა და პატიოსნების გამო ღმერთმა გადაარჩინა თავის ოჯახთან ერთად. ნოეს ვაჟებმა სემმა, ქამმა და იაფეტმა დასაბამი მისცეს ადამიანთა ახალ მოდგმას 475

ნუცუბიძე ილია დავითის ძე - დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს კი - დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში 109, 111, 112, 416, 420, 422, 423, 447, 448, 450, 453, 458, 464, 468, 470, 471, 477, 482, 501, 503, 504, 505

ნუცუბიძე (შალვა) ვარლამ ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916- 1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 60, 278, 329, 455, 456

30.14

▲ზევით დაბრუნება


ომანიძე - ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი 76, 93

ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 143, 147, 176, 185, 252, 312, 319, 320, 321, 344, 345, 356, 360, 361, 362, 366, 375, 388, 398, 402, 405, 416, 424, 425, 450, 451, 480, 481, 496, 497, 500, 508, 509, 511, 512, 514, 515, 534, 560

30.15

▲ზევით დაბრუნება


პაპი - (ლათ. Papa, ბერძ. Papas - მამა) - კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური 384

პოზოვი გრიგოლ - წალკის მოქალაქე 583

პოლივანოვი ალექსი ანდრეის ძე - რუსი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1911 წლიდან) სახელმწიფო საბჭოს წევრი, სამხედრო მინისტრი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე (1877-1878). იყო ჟურნალის «Военный сборник» და გაზეთის «Русский инвалид» (1899-1904). მთავარი რედაქტორი 325

პოხვისნევი ვ. ბ. - ფოსტა-ტელეგრაფის უწყების უფროსი 86

პრუდონი პიერ-ჟოზეფ (ფრანგ. Pierre-Josepf Proudhon; 1809-1865) - ფრანგი პუბლიცისტი, სოციალისტური მიმდევრობის პოლიტიკური ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა უწოდა საკუთარ თავს „ანარქისტი“. მუშაობდა პუბლიცისტად და თავად ისწავლა ლათინური, რათა ამ ენაზე წიგნების ბეჭდვა შეძლებოდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომია „რა არის საკუთრება?“ (1840), სადაც ის მთავრობისა და საკუთრების პრინციპებს განიხილავდა. პრუდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოთქმაა „საკუთრება მძარცველობაა“ 422

30.16

▲ზევით დაბრუნება


ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლბა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 102, 270, 336, 337, 338, 341, 342, 474, 525, 582

ჟორესი ჟან - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1902 წელს სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1905 წლიდან გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 468

ჟღენტი ვიქტორ (ლეონტი) ალმასხანის ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ბათუმის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო, პროფესიით ფეიქარი იყო. 1918 წლიდან გახდა ეროვნული საბჭოს და შემდეგ, 1919 წელს, დამფუძნებელი კრების წევრი. მუშაობდა ცხინვალში საგანგებო რწმუნებულად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსესა და თბილისის განყოფილებათა წევრი 157, 451

30.17

▲ზევით დაბრუნება


რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე - პოლიტიკოსი, პედაგოგი და განმანათლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ხალხოსნური ჯგუფების ფორმირებასა და საქმიანობაში. 1885 დაასრულა სასულიერო სემინარია. 1887 წ. მის მშობლიურ სურების ხეობაში დააარსა ორკლასიანი სკოლა, სადაც თავადვე იყო პირველი მასწავლებელი, ამავე პერიოდში მისი მოსწავლე იყო ნოე რამიშვილი. 1891 მისი ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. 1893 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა წკგს-ის ბათუმის ქართულ სკოლაში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის აღიარებული ლიდერი. 1906 წ-ს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. 1907 მონაწილეობდა რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1913 წლიდან იმყოფებოდა გადასახლებაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ამავე წელს - რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს ოსმალეთის არმიის შემოტევისას ნატანების ფრონტზე აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა გენერალ მაზნიაშვილს. დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო ხელისუფლების წარმომადგენელი სოხუმის ოლქში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 587

რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 72, 78, 81, 102, 107, 109, 116, 117, 337, 385, 390, 401, 408, 409, 413, 414, 418, 419, 421, 423, 484, 489, 503, 505, 515, 516, 517, 519, 520, 524, 525, 526, 585, 587, 589

რეი - ამერიკის უმაღლესი კომისრის მოადგილე, ამერიკელი პოლკოვნიკი 226

რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 102, 106, 107, 145, 146, 160, 162, 165, 177, 191, 192, 196, 197, 200, 232, 237, 318, 320, 321, 372, 375, 377, 384, 421, 423, 432, 443, 447, 480, 495, 501, 508, 514, 532, 534, 535, 557, 564, 565, 568, 569, 570, 571, 572, 594, 593

რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე - პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ, 1902 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკ-ტი. მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დაარსებაში, 1909 წელს შეადგინა პარტიის პროგრამა. 1919 წლის მარტიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია), დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაციის წევრი. შედიოდა „საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ შემადგენლობაში. იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების აქტიური მონაწილე და შედიოდა უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების გამგეობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში აირჩიეს დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტური ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების ნამდვილი წევრი 23, 43, 461, 464, 467

30.18

▲ზევით დაბრუნება


სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი, სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 8, 69, 71, 98, 115, 123, 127, 131, 160, 161, 165, 177, 269, 270, 311

სარიევი კონსტანტინე - წალკელი მედუქნე 584

საყვარელიძე პავლე დავითის ძე (ნ. საქარელი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, (პარტიული ფსევდონიმი - „დიდი პავლე“). უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი, პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი, სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“); ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი; იყო დამფუძნებელი კრების სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური კომისიების წევრი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მან უარყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი 56

სიმონიშვილი - ქუთაისის ყოფილი პოლიცმეისტერი 587

სმირნოვი - საკონტროლო უწყების დირექტორი 454

სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარი, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წ-ს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 99, 100

სოღოროვი გრიგოლ - სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე 93

სტოლიპინი პეტრე არკადის ძე - რუსეთის იმპერიის მთავრობის თავმჯდომარე XX საუკუნის დასაწყისში. რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, ორატორი. სხვადასხვა დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის მეთაური. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის ჩახშობაში 349. 383, 393

სურგულაძე - თბილისის ოლქის გამგეობის წარმომადგენელი 85

30.19

▲ზევით დაბრუნება


ტატიშვილი მ. ა. - სასამართლო პალატის პროკურორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 433

ტერ-სტეფანიანი/სტეპანიანცი გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი სლეპცოვი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაშნაკციუთუნის პარტიის წევრი, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო „დაშნაკცუთიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის „აშხატავორის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან. იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ 227, 297, 298

ტოროშელიძე (ორჯონიკიძე) მინადორა ეფრემის ასული - პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, მედიცინის დოქტორი, სოციალ-დემოკრატი. ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (1901), სადაც დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს, აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში, იქვე იქორწინა მალაქია ტოროშელიძეზე. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციაში, მიემხრო მენშევიკთა ფრაქციას, მისი მეუღლე კი - ბოლშევიკებს. 1905 წელს ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური „მენშევიკი”. 1906 კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად. საიდანაც 1914 წელს ევაკუაციის წესით დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. მუშაობდა თბილისის ქალთა კავშირში. იყო თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1917 წ-ის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდგომ კი, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. წითელი არმიის შემოჭრისას იყო ფრონტის ხაზზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 9, 135, 253, 503

ტოღონიძე მარიამ - ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის კონტორის მოხელე 75

30.20

▲ზევით დაბრუნება


უორდროპი ჯონ ოლივერი - ბრიტანელი დიპლომატი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართული კულტურის დიდი მოამაგე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი. 1887 პირველად იყო საქართველოში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი „საქართველოს სამეფო“. შეისწავლა ქართული ენა და ინგლისურად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის ნიმუშებს, მათ შორის: ს. ს. ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1894); „ვისრამიანი“ (1914). 1912 ლონდონში გამოსცა თავისი დის, მარჯორი უორდროპის, მიერ ინგლისურ ენაზე პროზაულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“. 1918 წელს იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული მოსკოვში, საბჭოთა რუსეთში. შემდეგ მცირე ხნით მუშობდა ბრიტანეთის პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტში. 1919 წ. აგვისტოდან უორდროპი დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში - დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლად, უმაღლეს კომისრად. ო. უორდროპს დიდი წვლილი მიუძღოდა ბათუმის ოლქის მმართველობაში ოსმალეთისა და დენიკინის აგენტთა გავლენის შესუსტებასა და პროქართული ძალების როლის გაზრდაში. მისი დამსახურებით ბრიტანეთი დარწმუნდა, რომ საჭირო იყო კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა. დამოუკიდებელი საქართველოსადმი ბრიტანეთის დამოკიდებულება შეიცვლა პოზიტიური ნიშნით. მას საპატიო წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებაში, რომელიც 1920 წლის 27 იანვარს მოხდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი. 1922 წელს ო. უორდროპი მეფემ ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა 20, 25

ურატაძე გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე - სახალხო მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ბათუმში კი სამასწავლებლო კურსები გაიარა. მუშაობდა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია. პეტერბურგში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სკოლაში გაგზავნა. სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1915 წლიდან ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა, ხელმძღვანელონდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამანდატო კომისიი წევრი, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად 457, 466, 550, 582, 583

30.21

▲ზევით დაბრუნება


ფარცხალაძე - თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის გამგეობის თავმჯდომარე 87, 90, 106

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - იურისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. 1902-1910 წწ-ში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. რედაქტორობდა სოც-ფედერალისტთ პარტიის ორგანოებს: „გლეხი“ (1906), „მიწა“ (1906-1908). მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წწ-ის პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. 1919-21 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-1921წწ.-ში იყო სოც. ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზ. „სახალხო საქმის“ რედაქტორ. 1921 წელს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას 544

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალ-დემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი - დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 344, 360, 361, 364, 365, 366, 388, 481, 508, 509, 510, 534, 535

ფრიდონოვი - იმ დროისათვის ცნობილი თბილისელი მსხვილი მოვაჭრე 129

ფულაშვილი - თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის კანცელარიის გამგე, ფედერალისტი 113

ფხაკაძე ვერა - ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის კონტორის მოხელე 75

30.22

▲ზევით დაბრუნება


ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე - ისტორიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საშუალო განათლება თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება - მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1912 წლიდან ასწავლიდა ისტორიას ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო ქართულ სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში, სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიის საკითხებზე. 1913 წელს აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, 1914 წელს კი - ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის საბჭოს წევრად. მონაწილეობდა საქართველოში ჩამოყალიბებულ საქველმოქმედო საზოგადოების საქმიანობაში. იყო ამ საზოგადოების რწმუნებული ხევსურეთის საქმეებში. თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდესა“ და გაზეთ „საქართველოში“. მისი კორესპონდენციები იბეჭდებოდა ასევე ბერლინში გამომავალ „ქართულ გაზეთში“. შედიოდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალის შემადგენლობაში. კომიტეტში მუშაობდა მეზობელ ერებთან თანხმობის საკითხებზე, უზრუნველყოფდა ევროპაში მოქმედ კომიტეტთან მუდმივი კავშირს. შ. ქარუმიძეს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული ჰქონდა კომიტეტის მთავარი ჯილდო - თამარ მეფის ორდენი. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი, მონაწილეობდა პარტიის პროგრამისა და წესდების შედგენაში, არჩეული იყო ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად. ედპ-ის სიით შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში და მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წ-ის ნოემბერი). 1918 წ-ის 29 მაისს, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ის საბჭოში შეიყვანეს. არჩეული იყო საბჭოს სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრად. საქართველოს პარლამენტში წარმოთქვა სიტყვა საღვთო რჯულის სწავლების გაუქმების წინააღმდეგ. 1918 წ-ის სექტემბერში ედპ-დან გავიდა, შეუერთდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიას (იგივე ეროვნული, იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია) და გახდა მისი თავმჯდომარის მოადგილე. 1920 წ-ის მაისში, საქართველოს დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად, ეროვნული პარტიის სიით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატი მოიპოვა. აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო კოოპერატივებისა და ამხანაგობების ჩამოყალიბებაში. 1921 წ-ის თებერვალში მის მიერ ერწო-თიანეთში შედგენილი ფშავ-ხევსურთა რაზმი იცავდა თბილისს შემოჭრილი მტრისაგან. ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ხანებში საზღვარგარეთ არ წასულა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მუშაობაში ჩაერთო. შედიოდა ედპ-ის არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში 478, 482, 487, 491, 493, 587

ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე - პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1903 წ-დან სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912. თავდაპირველად მიემხრო სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას და იზიარებდა მისი ბოლშევიკური ფრთის იდეოლოგიას. მსოფლმხედველობა - კოსმოპოლიტურიდან ეროვნულ საფუძველზე შეიცვალა პ. სურგულაძის ხელმძღვანელობით ჟენევაში შექმნილი „თავისუფალი საქართველოს ჯგუფის“ იდეოლოგიის გაზიარების შემდეგ. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო საკონსტიტუციო, საბიუჯეტო და საფინანსო კომისიების წევრი. რედაქტორობდა ედპ-ის გაზეთ „საქართველოს“ (1918-1919). 1919 წ-ის თებერვალში ედპ-ის სიით გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი. 1919 წ-ის მაისში ედპ-დან გავიდა, მაგრამ დამფუძნებელ კრებაში დარჩა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 1921 წ-ის მარტში საქართველოს რევკომმა იგი რამდენიმე მოღვაწესთან ერთად გაგზავნა ბათუმში, რათა ნ. ჟორდანია სამშობლოში დარჩენაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921-1922 წწ-ში იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ლიტერატურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე გადაინაცვლა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 37, 51, 157, 286, 293

ქიქოძე ნიკოლოზ მოსეს ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. 1919 წლის ოქტომბრიდან დამფუძნებელმა კრებამ აირჩია საქართველოს სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. 1919 წ-ის დეკემბერში მიენდო ქალაქ თბილისის გამგეობის რევიზია. 1920 წლის აპრილში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი 209, 210, 445

ქობლიანსკი სერვეტ-ბეგ (სერვერბეგ ათაბეგოვ პრინცი ქობლიანსკი) - წარმოშობით ქართველი, იყვნენ გვარად ჯაყელი. სერვერბეგ ათაბეგის მამა იყო ახალციხის ფაშა. რუსეთმა გადმოიბირა ეს ფაშა, და მისცა ტიტული - პრინც ქობლიანსკი ადიგენსკი და დაარქვეს გვარი ათაბეგოვ. თურქულად ათა - მამაა. ე.ი. მამა ბეგებისა 12

ქრისტე იესო ნაზარეველი - იესო ნაზარეველი (ბერძნ. Ίησους მირონცხებული), ებრ. עשוהי [იეჰოშუა], იაჰვე „გადარჩენა“, იგივე „მესია“, ებრაულად - ქრისტიანული ეკლესიის დამფუძნებელი 23, 109, 289, 396

30.23

▲ზევით დაბრუნება


ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 84, 85, 86, 87, 89, 104, 117, 408, 459

30.24

▲ზევით დაბრუნება


შავგულიძე - ხობის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე 86

შალიკიანი - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსის თანაშემწე 76, 79, 80, 81, 85, 91, 92, 93, 101, 108, 109

შანიძე - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოხელე 76

შარაშიძე ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო 7, 67, 95, 97, 118, 159, 160, 161, 174, 193, 195, 196, 209, 211, 231, 241, 242, 269, 305, 306, 317, 318, 319, 342, 344, 344, 359, 360, 361, 385, 386, 427, 428, 449, 479, 480, 481, 505, 529, 530, 533, 559, 560, 561, 566, 567, 593, 606

შარაშიძე - სამიქაოში მომსახურე მღვდელი 78

შენგელაია ლეო ანდრიას ძე - იურისტი, სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 34, 40, 41, 42, 46, 51, 90, 100, 148, 168, 220 283, 337, 389, 395, 396, 406, 409, 410, 411, 412, 413, 415, 417, 418, 420, 421, 422, 423, 424, 431, 436, 437, 438, 439, 440, 442, 443, 446, 447, 457, 460, 461, 464, 466, 467, 470, 471, 476, 477, 484, 487, 505, 515, 517, 518, 519, 520, 521, 522, 546, 580, 586, 587, 589, 590, 591, 597, 599, 600

შერვაშიძეები, შარვაშიძეები - (აფხ.Чачба - „ჩაჩბა“, მეგრ. შარაშია) - მთავართა საგვარეულო ფეოდალურ აფხაზეთში 383

შოთა რუსთაველი - XII-XIII სს. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი პოეტი. ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ - ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ლიტერატურული გადმოცემის თუ სამეცნიერო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევარები ასკვნიან, რომ „ვეფხისტყაოსანის“ ავტორი, თამარ მეფის თანამედროვე, დიდგვაროვანი პირი, იყო ჰერეთის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი (აქედან ზედწოდება - რუსთაველი), საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი, რომელმაც ხანდაზმულობაში შეაკეთებინა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს 253, 291, 336

შჩეგლოვიტოვი ივანე გრიგორის ძე - რუსი კრიმინოლოგი, სამართალმცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის იუსტიციის მინისტრი (1906-1915 წწ.), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს უკანასკნელი თავმჯდომარე 434

30.25

▲ზევით დაბრუნება


ჩიგოგიძე ნ. - კოდორის მაზრის სოფელ ღუფის მილიციის უფროსი 590

ჩიჩერინი გიორგი ვასილი ძე - რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, მუსიკათმცოდნე, ლიტერატორი და კრიტიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1907 წელს აირჩიეს პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრად. მონაწილეობდა პარტიის ლონდონის ყრილობის მუშაობაში. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს ცხოვრობდა ლონდონში. იქვე გახდა ბრიტანეთის სოციალისტური პარტიის წევრი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში და მიემხრო ბოლშევიკებს. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში ჩინოვნიკად. 1918 წლის იანვარში დაინიშნა სახალხო კომისრის, ლევ ტროცკის მოადგილედ. ტროცკის სამხედრო კომისრად გადასვლის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობაზე 46, 52, 548, 550, 551

ჩიჩიკოვი პავლე ივანეს ძე - ნ. ვ. გოგოლის პოემის „მკვდარი სულები“ მთავარი გმირი, რომლის მიზანია გამდიდრება და მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვება. ამისთვის ის ყიდულობს უკვე გარდაცვლილი გლეხების დოკუმენტებს, რომლებიც მემამულეებს როგორც ცოცხლები, ისე ჰყავთ აღწერილი და შემდგომ აფორმებს მათ თავის სახელზე 93

ჩუბინიძე - ჭიათურის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის მეხუთე ხარისხის მოხელე 75

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე - სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, 1888 წ. გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 თანამოაზრეებთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაცია „მესამე დასს“. 1907-1912 და 1912-1917 წწ.-ში იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც 1912 წლამდე თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. 1918 წლის აპრილში იგი გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა. თავმჯდომარეობდა 1918 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნ დელეგაციას. ხელმძღვანელობდა ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე ქართული დელეგაციას; 1919 წლის 12 მარტს დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 338, 418

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. დაამთავრა ხონის სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს (1893). 1896-1901 წწ-ში რუსეთშია. კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა. 1902-1904 წწ-ში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1907 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1912 წელს სოც. დემოკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს და ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილით დასჯას. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრია. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის და ერთა ლიგაში მის გაწევრიანებისთვის. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 25, 34, 41, 58, 212, 222, 223, 228, 273, 287, 323, 335, 408, 534, 536, 554, 556, 557

ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში,(არ დაუსრულებია) დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 წ. - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 377, 503, 517, 524, 525, 594

30.26

▲ზევით დაბრუნება


ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1901 წელს იყო რეცოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად. იყო მუშათა წრეების ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი, თბილისის რსდმპ-ს თბილისის კომიტეტის წევრი; შედიოდა ბოლშევიკურ ფრაქციაში, შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. 1918-1921 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ეხმარებოდა თანაპარტიელებს ციხიდან გათავისუფლებაში. 1924 წ-ის აჯანყების დაწყებისთანავე ჩეკამ დააპატიმრა და დახვრიტა 8, 9, 98, 99, 124, 128, 129, 132, 133, 153, 136, 160, 163, 168, 169, 196, 198, 256, 265, 311, 318, 321, 594, 601

ცაგარეიშვილი - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოხელე, სოც-ფედერალისტი 113

ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე - პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკოსი, პოლიტიკური დ საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. დაამთავრა სასულიერო სემინარია და უმაღლესი განათლება მიიღო ფიზიკა-მათემატიკოსის სპეციალობით. სემინარიაში სწავლის პერიოდში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1918 წლი სექტემბრიდან იყო თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, 1919 წლის 5 აპრილიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. 1918 წლიდან პარლამენტის წევრია, 1919 წლიდან - დამფუძნებელი კრების წევრი. ნ. ცინცაძემ შეძლო რუსული სკოლების ქართულით შეცვლა, მოამარაგა სახელმძღვანელობით და ევროპაში უამრავი ახალგაზრდა გაგზავნა სასწავლებლად. ემიგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რადიო „თავისუფლების“ საქმიანობაში. მისი ინიციატივით მოხდა პარიზიდან ჰარვარდის ბიბლიოთეკაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნული მთავრობის არქივის გადატანა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 116

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი. საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1914 წლიდან რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციას შეუერთდა, 1917 წ-დან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ მაზრაში ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 594, 604, 605, 606

ცხაკაია მიხა - პოლიტიკური ლიდერი, რევოლუციონერი, 1892-1893 წლებში იყო საქართველოში პირველი მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წლის მაისიდან იგი იყო მუშათა და გლეხთა დეპუტატების კავკასიის სამხარეო საბჭოს წევრი, ოქტომბრიდან - რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი და შემდეგ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906-1907 წლებში მონაწილეობდა თბილისის პროფკავშირების ცენტრის შექმნასა და მის მუშაობაში. 1907-1917 წლებში ემიგრაციაში ყოფნისას მჭიდრო კავშირი და მიმოწერა ჰქონდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციებთან. მონაწილეობდა რსდმპ VII (აპრილის) კონფერენციის მუშაობაში. გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩის“ საქმიანობაში, ფილიპე მახარაძესთან ერთად რედაქტორობდა გაზეთ „ბრძოლას“. 1917-1920 წლებში რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ მთავრობაში, 1919 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ იგი დააპატიმრა. 1920 წელს მისი გათავისუფლების შემდეგ შევიდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს შემადგენლობაში. 1921-1922 წლებში იგი იყო საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ მთავრობაში 521

30.27

▲ზევით დაბრუნება


ძიძიგური ვარლამ - ცნობილი პედაგოგი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე. 1939 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია, 1923 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია ქართული ენის სასკოლო მეთოდური სახელმძღვანელოებისა. მის მიერ ალექსანდრე გვახარიასთან ერთად შედგენილი „დედა ენა“ (1926-1943) 18-ჯერ გამოიცა 106

30.28

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე - იურისტი, პოლიტიკოსი - სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, უდიდესი ქართველი ტრიბუნი, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციის ლიდერი. ი. წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედლით დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1901 მიიღო მონაწილეობა სტუდენტთა მღელვარებაში და თავმჯდომარეობდა სტუდენტური ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს. დაწერა „ჩვენი მიზნები“, რომელიც სტუდენტთა მისწრაფებებს გამოხატავდა. ი. წერეთელი მოსკოველ სტუდენტთა მოძრაობის აღიარებული ლიდერი გახდა. 1907 მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და, საერთოდ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახდა. 1917 წელს გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. იყო 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური. საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვერსალის საზავო კონფერენციაზე. დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქცის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 418, 524

წვერავა - ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე 107, 108

წულაია - ზუგდიდის ფოსტის მოხელე 87

30.29

▲ზევით დაბრუნება


ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 408

ჭელიძე - ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსის მრჩეველი 73

ჭიჭინაძე - ფოსტა-ტელეგრაფის დეპარტამენტის დირექტორი 88

ჭიჭინაძე ბესარიონ - დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1913 წელს. 1913-1916 წლებში მუშაობდა ბუხარის, 1916-1917 წლებში ტრაპიზონის რკინიგზების მშენებლობაზე. 1919 წლის მარტში დამფუძნებელი კრების მიერ შექმნილი გზათა სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა 171, 172, 385, 390

ჭიჭინაძე პარმენ (ნიკოლოზ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 72, 109, 434

ჭრელაშვილი ვარლამ - ფოსტა-ტელეგრაფის ცენტრალური კავშირის გამგეობის წევრი 106

30.30

▲ზევით დაბრუნება


ხან-ხოელი (ფათალი ხან-ხოელი, ფატალი ხან ხოისკი) - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1897 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა იურისტად სოხუმში, ქუთაისში, ზუგდიდში. 1917 წლის 27 მაისიდან 7 დეკემბრამდე იყო აზერბაიჯანის დროებითი ეროვნული საბჭოს წევრი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, 1918 წლის 28 მაისს, დაინიშნა რესპუბლიკის პირველ პრემიერ-მინისტრად და შინაგან საქმეთა მინისტრად. ფათალი ხანმა შემოიღო მრავალპარტიული სისტემა; აზერბაიჯანის საფოსტო სისტემა; დააარსა აზერბაიჯანული მანათი; დააწესა აზერბაიჯანული ენა ყველა სკოლებსა და კოლეჯებში უმთავრეს ენად. 1918-20 წლებში იყო აზერბაიჯანის სამხედრო მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ 1920 წლის მაისიდან საცხოვრებლად გადავიდა საქართველოში. 1920 წლის 19 ივნისს ერევნის მოედანზე მოკლეს სომეხმა დაშნაკებმა 13, 14, 36

ხატისოვი ალექსანდრე ივანეს ძე (ხატისიანი) - სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი - ტფილისის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი 1905 წელს, 1908-1910 წწ. - თბილისის თავის მოადგილე. დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდგომ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინი ფაკულტეტზე, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში შეისწავლა ჰიგიენა, საზოგადოებრივი, სამართალდამცავი და მუნიციპალური საქმე. 1910 წლიდან არჩეულ იქნა ქალაქის თავად. პირველი მსოფლიო ომის დროს ხატისოვი თავმჯდომარეობდა ქალაქების ალიანსის კავკასიის კომიტეტს. ხატისოვი იყო სომხეთის მოხალისეთა რაზმების და სომეხი ლტოლვილების დახმარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1916 წელს აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ სომხეთიდან დევნილების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში. 1915-1917 წლებში არჩეულ იქნა სომხეთის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ (ტფილისი). 1917 წელს გადადგა ქალაქის თავის თანამდებობიდან და შეუერთდა დაშნაკცუთიუნის პარტიას (ოფიციალურად სოხეთის რევოლუციური ფედერაცია, შემოკლებით დაშნაკი). მეთაურობდა სომხეთის ეროვნულ ბიუროს, თავმჯდომარეობდა სომხეთის პოლიტიკური პარტიების კრებას. მონაწილეობდა სომხეთის ეროვნული საბჭოს შექმნაში. 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დაინიშნა ფინანსთა და სურსათის მინისტრად, აგრეთვე ამიერკავკასიის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების მინისტრად. იყო სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი საქალაქო კომისიის თავმჯდომარე 57, 58, 219

ხომერიკი ნოე გიორგის ძე - პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1903-1906 წწ. აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომისა და გზათა მინისტრი; დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 244, 353, 356, 374, 376, 378, 385, 422

ხოჭოლავა მუხრან-იონა მაქსიმეს ძე (მუხრან ოდიშელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს წევრი, სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“ 157

30.31

▲ზევით დაბრუნება


ჯაიანი ნიკოლოზ - მოქალაქე 388

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. კ. ჯაფარიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 7, 67, 120, 141, 159, 176, 195, 211, 231, 255, 269, 309, 317, 321, 343, 388, 389, 400, 402, 403, 449, 507, 529, 533, 559, 567, 594

ჯაფარიძე ივანე მიხეილის (?) ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ ი. ჯაფარიძე საქართველოს სენატის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. 1921 წლის 25 იანვარს იგი თანამდებობიდან გადადგა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 444

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - იურისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გაბედულად აკრიტიკებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 95, 256, 257, 265, 267, 400, 402, 428, 429, 443, 445, 450, 481, 594, 595, 599, 600

ჯორჯაძე არჩილ (ფსევდონიმი საბუელი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. 1892-93 წწ. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო „ცნობის ფურცლის“ მუდმივი თანამშრომელი. 1903-1905წწ. პარიზში სხვებთან ერთად დააარსა ჟურნალი „საქართველო“, რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა. 1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: „ისარი“, „ამირანი“. შექმნა „საერთო ნიადაგის თეორია“, რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი 104, 107

ჯუღელი ვალერიანი (ვარლამ) ანთიმოსის ძე (ვალერიან ანთიმოზის ძე) - ქართველი პოლიტიკოსი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია) და სამხედრო პირი. დაამთავრა სოხუმის გიმნაზია, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი.) 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 298, 299, 516, 525, 540

30.32 А

▲ზევით დაბრუნება


Анаников учитель Цалкинской греческой школы - [ანანიკოვი] - წალკის ბერძნული სკოლის მასწავლებელი 581

30.33 Г

▲ზევით დაბრუნება


Гегiадзе Гр. - Товарищъ предсђдателя Кодорского уђздного комитета партiи социалистовъ-революцiонеровъ - [გეგიაძე გრიგოლ] - კოდორის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ერობის მდივანი 590

Гуния - [გუნია] 581

30.34 Д

▲ზევით დაბრუნება


Дгебуадзе А. - Секретарь Кодорского уђздного комитета партიи социалистовъ-революцიонеровъ - [დგებუაძე ა.] - კოდორის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სამაზრო კომიტეტის მდივანი 590

30.35 И

▲ზევით დაბრუნება


Иоаниди - Предсъдатель Цалкинское раიонное бюро партიи Соц.-демократов - [იოანიდი] წალკის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რაიონული ბიუროს თავმჯდომარე 585

30.36 К

▲ზევით დაბრუნება


Кашба Дзадзу - житель села Гупи кодорского уъезда - [კაშბა ძაძუ] კოდორის მაზრის სოფელ ღუფის მცხოვრები 590

30.37 М

▲ზევით დაბრუნება


Маршанiя Алмахсид Казишбеков - житель села Гупи кодорского уъезда - [მარშანია ალმასხიდ კაზიშბეკოვი] კოდორის მაზრის სოფელ ღუფის მცხოვრები 590

Михайлов учитель Цалкинской греческой школы - [მიხაილოვი] წალკის ბერძნული სკოლის მასწავლებელი 581

30.38 Ц

▲ზევით დაბრუნება


Цверава - служащий почты - [წვერავა] - ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე 108

30.39 Ч

▲ზევით დაბრუნება


Чагулов - членъ Цалкинского раiонного бюро партiи Соц.-демократов [ჩაგულოვი] წალკის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რაიონული ბიუროს წევრი 585

Чигогидзе Н. - Начальник Гупской сельской милицiи - [ჩიგოგიძე ნ.] - კოდორის მაზრის სოფელ ღუფის მილიციის უფროსი 590

30.40 Ш

▲ზევით დაბრუნება


Шанiя М. - Секретарь Начальника Гупской сельской милицიи - [შანია მ.] -სოფელ ღუფის/გუფის მილიციის უფროსის მდივანი 590

30.41 Х

▲ზევით დაბრუნება


Харабiя Тагвач - житель села Гупи кодорского уъезда - [ხარაბია თაღვაჩ] სოფელ ღუფის/გუფის მილიციის უფროსის მდივანი 590

31 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ადერბაიჯანი/ადერბეიჯანი 9, 13, 14, 20, 29, 30, 36, 41, 56, 58, 91, 213, 216, 217, 225, 228, 269, 270, 271, 271, 276, 277, 283, 284, 285, 286, 288, 293, 295, 298, 299, 303, 306, 328, 329, 409, 536

ავსტრია 27, 28,

ავსტრო-უნგრეთი 89, 277

აზერბაიჯანი/აზერბეიჯანი 29, 36, 50, 209, 211, 213, 214, 215, 216, 217, 218, 219, 220, 221, 222, 223, 224, 225, 227, 228, 322, 323, 328, 329, 333, 335, 336, 339, 340, 407, 411, 412, 415, 421, 488, 489, 492, 522, 533, 534, 536, 537, 538, 539, 540, 541, 542, 543, 544, 545, 546, 547, 548, 549, 550, 551, 552, 553, 555, 556, 579, 591, 604

აზია 12, 29, 30, 33, 34, 44, 49, 50, 51, 52, 63, 65, 113, 213, 215, 272, 273, 274, 275, 277, 287, 288, 292, 293, 294, 295, 297, 306, 327, 337, 551, 556

აკეთი 78

ალაიანი/ალიანი/ალაიანი/ (იხ. აღაიანი)

ალბიონი 36

ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარი 241, 242, 252, 256

ალექსანდროპოლ-ჯულფი 30

ალსანის მთა 541

ამერიკა 72, 126, 179, 218, 226, 336, 337, 371, 584

ამიერკავკასია/ამიერ-კავკასია 14, 15, 20, 23, 24, 33, 35, 36, 40, 50, 82, 211, 213, 214, 215, 218, 220, 221, 222, 224, 227, 228, 265, 276, 283, 288, 289, 298, 328, 333, 374, 460, 461, 465, 595,

ამიერ კავკასიის კონფედერაცია 212

ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა 82, 213

ანატოლია 271, 288, 328

ანტვერპენი 327

არარატის რესპუბლიკა 12

არგენტინა 326, 468

არგვეთი 244

არდაგანი 48, 49, 299

ართვინი 48, 49, 62

არზრუმი/აზრუმი 271, 272, 275, 276, 277, 281, 306, 329

არტაანი 21, 26, 34, 59, 63, 64, 141, 143, 145, 146, 175, 177, 192, 196, 218, 220, 276, 513, 514

არტაანის ოლქი 11, 14, 218, 219

არტაანის ქედები 53

არტანუჯი/არდანუჯი/არდანუჭი 21, 26, 27, 34, 53

ატენი 207

აფხაზეთი 151, 175, 177, 179, 193, 383, 522, 587, 590

აფხაზეთის გზატკეცილი 171,

აქსტაფა 545

აქსტაფის გზა 128

აღაიანი (ტექსტში ზოგან ალიანი, ალაიანი) 344, 360, 387, 388, 397, 428, 450

აღბულაღის რაიონი 153

აღმოსავლეთი საქართველო 273, 483, 585

აჭარა 11, 22, 31, 32, 47, 64, 179

აჭარისტანი/აჯარისტანი 12, 23, 32, 50, 59

აჭარისტანის სახელმწიფო 12, 23

აჭარის ქედი 10

ახალსენაკის გზატკეცილი 170

ახალქალაქი 204, 218, 219, 220, 256, 364, 441, 445, 513, 595

ახალქალაქის ოაზისი 219

ახალციხე 12, 14, 21, 26, 48, 59, 63, 137, 218, 220, 245, 246, 297, 357, 441, 445, 490, 513, 595

ახალციხის მაზრა 159, 161, 165, 212, 246, 404, 429, 430, 441, 445, 490

აჯამეთი/აჯამეთის სარწყავი არხი 120, 122, 135, 143, 314

ბაბაქიარი 536

ბათომი/ბათუმი 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 52, 54, 55, 56, 57, 58, 60, 61, 62, 63, 64, 65, 68, 70, 91, 98, 119, 121, 124, 125, 127, 128, 213, 214, 218, 219, 220, 221, 227, 257, 276, 277, 284, 294, 296, 297, 299, 300, 304, 305, 327, 333, 334, 407, 460, 560, 561, 562, 563 / 7, 9, 13, 17, 18, 19, 20, 24, 25, 26, 28, 30, 32, 33, 35, 45, 49, 50, 51, 53, 84, 113, 142, 340, 460, 530, 546, 550

ბათომის ოლქი 9, 10, 11, 12, 14, 15, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 30, 31, 32, 33, 35, 36, 37, 38, 41, 42, 43, 44, 45, 46, 48, 49, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 69, 333, 334, 340, 546, 550, 560, 561, 562, 564

ბაკურიანი 131, 134

ბალაჯარი 271

ბალტიის მხარე 214, 289

ბაქო 13, 29, 30, 35, 70, 84, 213, 215, 270, 271, 272, 277, 288, 295, 297, 298, 323, 327, 328, 412, 548

ბელგია 327, 371

ბელიასუარი 107

ბერლინი 295

ბეშთაშენი (ტექსტში ბეშტაშენი) 584, 585

ბიზანტია 63

ბორჩალო/ბორჩალოს მაზრა 220, 256, 295, 442, 534, 548, 568, 580, 581, 582, 583, 584, 586, 587, 590, 601

ბორჩხი 62

ბორჯომი 205, 499, 513, 514, 579, 595

ბრესტი 11, 18, 19, 24, 45, 48, 219, 220, 550

ბრესტ-ლიტოვი/ბრესტ-ლიტოვსკი 11, 12, 27, 28, 47, 64, 271, 276

ბულგარეთი/ბულგარია 27, 28, 39

გაგრა 171, 270, 595

განჯა 277, 369, 536, 549, 550

განჯის გუბერნია 536

გერმანია/გერმანეთი 14, 27, 28, 39, 51, 52, 53, 70, 218, 276, 277, 294, 295, 297, 299, 327, 352, 371, 372, 492, 504

გოლოვინის პროსპექტი 489, 505

გორი 34, 35, 206, 207, 208, 244, 246, 508, 513, 514, 529, 595,

გორის მაზრა 244

გორის ჯვარი 207

გუდაუთი/გუდაუთა 75, 171, 595

გურია 10, 137

გურჯისტანი 50

დარიალი 270, 310, 315, 318, 548

დარიალის ხეობა 483

დასავლეთ ევროპა 38, 39, 62, 89, 163, 290, 324, 325, 342, 579

დაღესტანი 37, 285

დენიკინი 15, 16, 24, 37, 55, 56, 73, 284, 285, 286, 287, 289, 301, 305, 325, 341, 383, 483, 487, 530, 552

დონი 39, 285

დრეზდენი 130

დუშეთი 101, 595

დუშეთის მაზრა 256

ევროპა 8, 12, 14, 19, 28, 29, 30, 33, 34, 35, 38, 43, 44, 45, 47, 48, 50, 51, 52, 53, 56, 61, 62, 63, 65, 67, 68, 69, 70, 74, 91, 99, 113, 116, 117, 127, 162, 163, 169, 212, 215, 218, 220, 221, 271, 272, 273, 274, 275, 277, 278, 285, 286, 287, 288, 290, 292, 293, 294, 297, 303, 305, 306, 324, 326, 327, 328, 329, 334, 335, 336, 337, 338, 339, 340, 349, 371, 454, 472, 505, 524, 540, 543, 551, 556

ეკატერინოდარი 53, 304

ელდარის ველი 537

ელიგულაშვილის მამული 192

ერევანი/ერივანი 70, 91, 215, 218, 219, 227, 228, 369, 551

ერევნის ოლქი 211

ერევნის რესპუბლიკა 284

ერზერუმი 33

ესტონეთი 39, 52, 285

ველიკოროსია/დიდი რუსეთი 15, 51

ველისციხე 112

ვენა 89

ვერსალი 27, 28, 53

ვლადიკავკავი 300

ზანგეზური 14, 216, 222, 224, 225, 228, 328

ზაქათალა 537, 538, 539, 542, 543, 545, 547, 550, 553, 555, 557

ზედა ოსეთი 293

ზემო სილეზია 38

ზესტაფონი 595

ზუგდიდი 87, 171, 593, 594, 595, 605, 606

თავრიზი 30

თელავი 354, 499, 593, 594, 595, 601, 604

თერგი 552

თიანეთი 354

თიანეთის მაზრა 153

თუმანიშვილის მამული 192

თუშეთი 483

იალამა 303

ინგლისი 11, 15, 16, 17, 18, 19, 23, 24, 33, 36, 45, 46, 48, 49, 50, 51, 52, 54, 55, 56, 57, 59, 70, 91, 126, 149, 178, 179, 183, 218, 219, 292, 293, 294, 295, 297, 327, 334, 336, 337, 371, 442, 455, 456, 457, 462, 487, 503, 504, 548, 549, 551, 562, 575, 597

ინდოეთი 50, 293, 294

ირლანდია 126

იტალია 45, 46, 50, 53, 59, 179, 183, 327, 371, 373

კავკასია 25, 31, 38, 45, 53, 65, 211, 216, 218, 539, 541, 548

კავკასიის ქედი 51, 57, 87, 216, 293, 294, 296, 337

კავკასიონი 46, 281, 294, 303

კავკასიონის უღელტეხილი 281

კასპიის ზღვა 38

კარაბახი 218

კახეთი 313, 357, 550

კოდორი 300

კონდოლი 344, 360, 387, 388, 397, 450

კონსტანტინოპოლი 47, 481, 508, 526, 529

კსანი (ქსანი) 579

კულტუკი (ყურე) 112

კულაში 314

კურსები 434

ლაზიკა 292

ლაზისტანი 33, 50

ლათინთა უბანი (საფრანგეთში) 383

ლანჩხუთი 593, 594, 605

ლატვია 290

ლეჩხუმი 11, 375, 394,

ლეჩხუმის მაზრა 586

ლიახვი 208

ლიტვა/ლიტვია 39, 285, 290

ლიხაური 87

ლონდონი 33, 47, 218, 290

მამისონის უღელტეხილი 575

მანგლისის რაიონი 153

მაროკო 468

მელიქიშვილის მამული 8, 68, 98, 120, 121, 131

მესხეთ-ჯავახეთი 141, 143, 145, 146, 175, 177, 192, 196

მესხეთი 146

მეჯვრისხევი 204

მთიულეთი 179

მიუნხენი 130

მიხეილის სახელობის საავადმყოფო 201, 270, 309, 310, 312, 317

მლეთი 75, 76

მოსკოვი 130, 213, 271, 272, 274, 275, 276, 277, 281, 283, 288, 294, 295, 298, 306, 321, 322, 323, 326, 327, 329, 335, 336, 481, 508, 526, 529, 537, 543, 545, 548, 549, 555

მოსული 290

მტკვარი 208

მუწო-ხახაბა (თემობა) 483

მცირე აზია 18, 45, 290

მცხეთა 187, 483, 574

ნატანები 21, 48, 49, 60, 61, 127, 128, 300

ნახალოვკა 487

ნახიჩევანი 228

ოზურგეთი 120, 122, 138, 143, 300, 593, 594, 595, 605

ოკრიბა 434

ოლთისი 50, 64

ოლღას ინსტიტუტი 124, 201

ონი 595

ოსეთი 550

ოსმალეთი 10,11, 12, 16, 18, 23, 24, 27, 28, 29, 30, 33, 36, 37, 38, 44, 45, 51, 62, 63, 64, 65, 138, 165, 179, 212, 213, 217, 218, 219, 2290, 228, 271, 271, 275, 276, 277, 280, 281, 283, 293, 294, 295, 297, 298, 299, 300, 301, 302, 304, 329, 339, 434, 548, 551

ოშორი 245

ოჩამჩირე 171

ოხერა 207

პარიზი 27, 30, 32, 37, 41, 47, 89, 130, 214, 218, 251, 286, 458

პენზა 468

პეტროგრადი 27, 286, 419, 468

პოლონეთი 39, 45, 57, 165, 166, 290, 337, 479, 549

რედუტკალი 595

რომი 281

როსტოვი 38, 301

რუმინია 39

რუსეთი 11, 12, 15, 16, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 37, 38, 39, 41, 42, 44, 46, 51, 52, 53, 55, 56, 57, 61, 63, 64, 70, 71, 82, 84, 87, 89, 92, 100, 103, 104, 105, 110, 111, 113, 126, 137, 148, 162, 163, 165, 178, 180, 182, 193, 200, 212, 214, 215, 216, 218, 266, 270, 272, 274, 275, 276, 277, 281, 284, 285, 286, 287, 288, 289, 290, 292, 293, 294, 295, 296, 297, 302, 303, 305, 321, 322, 323, 324, 325, 326, 327, 329, 330, 331, 332, 334, 335, 336, 337, 339, 340, 341, 342, 369, 383, 391, 409, 412, 414, 418, 422, 429, 437, 444, 452, 455, 456, 457, 466, 468, 475, 485, 487, 488, 484, 504, 505, 511, 521, 522, 524, 537, 539, 540, 542, 543, 545, 546, 547, 548, 549, 550, 551, 552, 556, 579, 580, 600

რუსთველის პრ.13 253

საბერძნეთი 44, 292

საბჭოთა რუსეთი 11, 41, 52, 64, 103, 270, 274, 281, 288, 289, 329, 340, 341, 342, 457, 522, 545, 546, 551, 552

სადახლო 300, 301

სათათრეთი 217

საინგილო 295, 339, 537, 544, 546, 550

სამეგრელო 10, 114, 300, 357

სამიქაო 78

სამუსლიმანო საქართველო/სამაჰმადიანო საქართველო 24, 25, 35, 44, 62, 65, 257, 340, 530, 563/24, 26, 50, 62, 220, 221, 290,

სამტრედია 595

სამხრეთ ტიროლი 46

სანაინის სანაპირო საექიმო სამეთვალყურეო სადგური 312, 318, 321, 344, 369

სანგაიტი 271

მაიორშა 170

საფრანგეთი 23, 45, 46, 57, 59, 70, 149, 178, 179, 183, 251, 286, 327, 337, 352, 371, 382, 383, 412, 455, 456, 468, 503, 504, 597

საფრანგეთის დემოკრატიული რესპუბლიკა 337

საქარა 397

საჩხერის რაიონი 244, 245

სენაკი 595

სერბია 327

სვანეთი 9, 11, 69, 99, 120, 122, 135, 143, 179

სიღნაღი 354, 595,

სიღნაღის მაზრა 537, 553, 601

სკანდინავია 70

სმირნა 44

სომხეთი 12, 13, 14, 20, 29, 30, 36, 41, 57, 58, 180, 182, 211, 212, 213, 214, 215, 216, 217, 218, 219, 220, 221, 222, 223, 224, 225, 227, 228, 271, 288, 295, 298, 304, 328, 329, 335, 404, 405, 488, 489, 520, 522, 540, 549, 551, 579, 591, 603

სოჭი 37, 270, 548,

სოხუმი 74, 75, 76, 93, 137, 171, 172, 300, 309, 310, 318, 321, 344, 360, 481, 500, 508, 522, 524, 567, 595

სოხუმის ოლქი 76, 94, 171, 300, 301, 524, 525

სპარსეთი 30, 50, 292, 293, 294, 552

სტამბოლი 23, 46, 49, 50, 276, 281, 295, 329

სურამი 204, 205, 434, 447, 595

სუფსა 93

ტაბახმელა 8, 68, 98, 120, 121, 131, 137

ტარსი 536

ტრაპეზუნდი/ტრაპეზუნი 30, 32

ტრედიაკოვის გალერეია 130

ტუაფსე 300

ტფილისი 7, 8, 29, 30, 32, 33, 67, 68, 80, 83, 92, 97, 98, 119, 120, 121, 122, 123, 124, 129, 131, 133, 134, 137,139, 141, 143, 150, 153, 156, 159, 160, 162, 163, 174, 175, 177, 181, 185, 186, 190, 195, 196, 197, 201, 202, 205, 211, 214, 215, 231, 241, 242, 252, 255, 256, 269, 300, 301, 309, 310, 312, 317, 321, 343, 344, 359, 360, 387, 388, 389, 397, 400, 403, 404, 427, 428, 437, 449, 450, 479, 480, 481, 498, 499, 507, 508, 509, 510, 516, 517, 527, 529, 533, 534, 535, 536, 537, 541, 548, 550, 555, 559, 560, 565, 567, 568, 569, 581, 599, 594, 595, 602, 603

ტფილისის მაზრა 150, 153

ტყიბული 498, 499, 593, 594, 603, 604

უკრაინა 285, 289, 290, 552

უნგრეთი/ჰუნგრეთი 27, 38, 39, 89, 504

ფინეთი/ფინლანდია 52, 289, 290

ფიუმე 38, 46, 53

ფოთი 15, 78, 106, 127, 137, 141, 143, 146, 171, 174, 176, 184, 186, 310, 318, 321, 344, 360, 383, 498, 499, 508, 514, 533, 534, 535, 557, 560, 568, 570, 571, 595

ფოილოს ხიდი 536, 548, 549

ფრაკია 44

ქართლი 10, 34, 35, 353

ქობულეთი 32, 48, 49

ქუთაისი 7, 42, 68, 75, 83, 98, 115, 119, 121, 127, 131, 137, 156, 160, 166, 176, 177, 192, 196, 197, 201, 205, 317, 318, 320, 344, 360, 378, 379, 387, 388, 397, 428, 450, 455, 480, 499, 509, 587, 595

ქუთაისის გუბერნია 127, 205, 344, 360, 379, 387, 388

ღუფი/ტექსტში Гупи 590

ყაზახი 339, 541, 566

ყაზახის მთა 541

ყაზბეგი 75, 113

ყარაბახი/ყარაბაღი 14, 218, 221, 222, 224, 225, 226/212, 216, 219, 222, 225, 227, 228, 328, 422

ყარაიაზის რაიონი 150, 480, 497, 508, 537

ყარსის ოლქი 11, 35, 41, 209, 211, 216, 218, 219, 220, 224, 227, 228

ყოროლის-თავი 530

ყუბანი 285, 303

შავი ზღვა 38, 63, 218, 219, 220, 295, 337, 548

შავშეთი 21

შამქორის რაიონი 548

შატილი 483

შვეიცარია 149

შვეცია 337, 455

შორაპანი 357, 378, 535

შუა აზია 38

ჩალდირი 219, 227

ჩოლოქის წყალი 10, 38

ჩრდილო ამერიკა 126

ჩრდილოეთ კავკასია

ჩრდილოეთ ოსეთი 550

ჩუმლაყი 344, 360, 387, 388, 398, 428, 450

ციმბირი 289

ციხის-ძირი 48, 49, 59

ციხის-ჯვარი 131

ცხინვალის რაიონი 299

ძველი რუსეთი 52, 64, 105, 200, 305, 452, 455

წალკის რაიონი 581, 582, 584, 586, 589, 590

წერეთლების ტყე 244

წითელი ხიდი 536, 549, 550, 556

წინა აზია 287

წნორის წყალი 77

ჭიათურა 8, 68, 75, 93, 99, 114, 120, 121, 134, 142, 156, 498, 499, 507, 530, 53, 535, 560, 568, 571, 595, 596, 600

ჭოროხი 219

ხაშური 204, 595

ხაჩმაზი 271

ხევსურეთი 483

ხიდის თავი 207

ხობი 86

ხომი 483

ხონი 94, 106, 112, 595

ხულო 26, 27, 48, 49, 53, 59

ხუცუბანი 530

ხრამი 556

ჯავახეთი 141, 143, 145, 146, 175, 177, 192, 196, 220, 245

ალექსანდროპოლ-ჯულფი 30

ჰააგა 213

ჰერეთი 541

ჰოლანდია 14

Грузия 590

Гупи 590

Кодорский уезд 590

Цалка 581, 585

32 VI ტომის საძიებლებისთვის გამოყენებული წყაროები:

▲ზევით დაბრუნება


1. არამიანცი მ. // რუხაძე უშანგი. რომელი ცნობილი საავადმყოფო აჩუქა თბილისს სომეხმა მეცენატმა მიქაელ არამიანცმა და რის გამო აფენდა მის სახლთან ბალახს ქალაქის მოსახლეობა. ჟურნალი თბილისელები. 25.03.2013. http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268437144

2. ბიხოვი // ბონების საბეჭდავ ქარხნის აღმოჩენა. გაზეთი საქართველო. 1918 წ. 27 აგვისტო. გვ. 2.; კრიმინალი. 2018 წლის 12 აგვისტო. http://qronikaplus.ge/?p=16539 3. გაბბა მელკიადე. ბიბლიოვიკი http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php;

საქართველოს ნოტა ბათომის გამო. გაზეთი საქართველო 1920 №62. მარტი 23. გვ. 3 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/149239/1/Sakartvelo_1920_№62. pdf

4. გოშუა // სოც. რევ. შეკითხვის გამო. გაზეთი ერთობა. 1920 წ. №178. 8 აგვისტო. გვ. 3-4; http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/19293/1/Ertoba_1920_N178.pdf5. ენციკლოპედია საქართველო http://georgianencyclopedia.ge

6. ეფენდიევი მ. // სვანიძე. დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისათვის 1918-1921 წლებში. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. №თბ. 2003. გვ. 181; გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“ 1920 წ. 30 მარტი #327; გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 23 თებერვალი№43

7. ზანდუკელი მ. // საქართველოს ექიმები. http://www.nplg.gov.ge/medics/ka/713/

8. ლოიოლა. გელოვანი ა. რწმენა, ღმერთები, ადამიანები: რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი, თბ. 1990

9. მაყაშვილი მიხეილ // ჯიყაშვილი ლელა. პირველი იუნკერი, რომელიც ბოლშევიკებს შეაკვდა.

https://www.kvirispalitra.ge/history/6836-pirveli-iunkeri-romelic-bolshevikebs-sheakv-da.html 2011. 27 თებერვალი

10. მენაბდე იასონ // თამთა თხელიძე „ჩემო“ - სამოქალაქო ინდუსტრია ჭიათურაში. // ჟურნალი „Civicus“ №10. გვ. 20 http://cela.ge/ge/page/civicus-103. 11. პოხვისნევი //გაზ. საქართველო: 1916 წ. 11 ენკენისთვე. გვ. 3.

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140044/1/Sakartvelo_1916_N203.pdf

12. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka

13. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.

14. საქართველოს პროსოპოგრაფია

http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965

15. სოღოროვი // საქართველოს რესპუბლიკა: 1919. 8 აგვისტო

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/28364/1/Sakartvelos_Respublika_1919_N175.pdf

16. ტატიშვილი // იუსტიციის სამინისტროში. თავდასხმა მილიციონერებზე და ყაჩაღების დახოცვა. საქართველოს რესპუბლიკა. 1919 წ. 28 დეკემბერი. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/173158/1/Saqartvelos_Respublika_1919_M295.pdf17. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. I-ლი გამოც.. - [თბ.]: ფანტაზია, 2006.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=3702418. ფსევდონიმების ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=2

19. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი (1879-1927 წწ.) http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/21. ხატისოვი ა. // ვერულავა თ. ტფილისის თავი ალექსანდრე ხატისოვი.

https://burusi.wordpress.com/2011/01/12/aleksander-khatisov-222. Аннунцио, Габриэль // З. А. Венгерова. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). - СПб., 1890-1907.

23. Большая российская энциклопедия https://bigenc.ru/

24. Исторический словарь. https://dic.academic.ru/dic.nsf/hist_dic/1071425. Ласаль // Электронная Еврейская Энциклопедия https://eleven.co.il/jews-in-world/politics/12334/. КЕЭ, том: 4. Кол.: 683-684. Издано: 1988.

26. Лойола, Иниго-Лопец // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона т. XVIIа (1896): Ледье-Лопарев, с. 914-915 : в 86 т. (82 т. и 4 доп.). - СПб., 1890-1907.

27. Поливанов // Большая россиийская энциклопедия https://bigenc.ru/military_science/text/3152917