The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დამფუძნებელი კრება (ხდომის ოქმები) ტომი VII

საქართველოს დამფუძნებელი კრება (ხდომის ოქმები) ტომი VII


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები)
თარიღი: 2019
აღწერა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები 7 ტომად ტომის სარედაქციო საბჭო ირაკლი იაკობაშვილი, მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 1920 წლის 9 ივლისი – 31 დეკემბერი თბილისი 2019 UDC(უაკ)328(479.22)+94(479.22) ს-323 სერია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმები. 7 ტომად. ტომი VII. იდეის ავტორი და შემდგენელი – ირაკლი იაკობაშვილი, წიგნის რედაქტორი და საძიებლის შემდგენელი – მზია ხოსიტაშვილი. წინათქმა ემზარ ჯგერენაიასი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა. 2019 წელი. 756 გვერდი. ISBN 978-9941-9652-8-9 (ყველა ტომის) ISBN 978-9941-9652-7-2 (მეშვიდე ტომის) © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისდამფუძნებელი კრების 100 წლისთავს

0x01 graphic

„საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ 7-ტომეულში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პლენარული სხდომის ოქმები. სხდომის ოქმები წიგნის სახით პირველად ქვეყნდება. გამოცემა დაეხმარება საქართველოს უახლესი ისტორიის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მკვლევრებს. „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკებში.

2 ოცდამეთერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(31)

1920 წელი. ივლისის 9. ტფილისი. სასახლე.

:

1. საბოლოო ტექსტები.

2. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ.

3. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს სხვა და

სხვა კულტურულ დაწესებულებათა ქონების გასაძლიერებლად და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისათვის ბილეთების დაბეგვრის შესახებ.

4. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ.

5. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 30 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები და დღიური წესრიგი.

(მდივანი კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტების ნუსხას).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ქალაქ ფოთის თვითმმართველობისათვის 14.700.000 მან. გადადების შესახებ მდინარე რიონის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად.

2. სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ხარჯთ-აღრიცხვის გარეშე 1.000.000 მან. კრედიტის გახსნის შესახებ დაბა ყაზბეგში გენერალ გიორგი ყაზბეგის მამულის შესაძენად ჯარის მოსათავსებლად.

3. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - კახეთის რკინის გზის საზოგადოებისათვის 10.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

4. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - არტაანის ოლქის ადმინისტრაცია მილიციის შტატის დამტკიცებისა.

5. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სამონოპოლიო საქონლის მწარმოებელთათვის 100.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

(მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სეტყვისაგან დაზარალებულთათვის სათესლე სიმინდის მისაწოდებლად 10.000.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტყიბულის მაღაროების საჭიროებისათვის 14.151.321 მან. დამატებითი კრედიტის გახსნის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ტფილისის სასარგებლოდ მოწყობილ ოთახებზე და გასტრონომიულ მაღაზიებზე გადასახადის დაწესების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - უცხოეთიდან შემოტანილ კონიაკის სპირტზე საბაჟო ტარიფის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებათა ქონების გასაძლიერებლად და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისათვის ბილეთების დაბეგვრის შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს ფიზიკურ ობსერვატორიის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალციხის მაზრის სოფ. აწყურის და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

10. განგრძობა მსჯელობისა - სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - ბორჩალოს ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

თავმჯდომარე: დღის წესრიგის შესახებ ხომ არავინ ინებებს სიტყვას? მსურველი არავინ არის. სიტყვა ბ. გომართელს ეკუთვნის. ი. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტებს დეკრეტისა - სეტყვისაგან დაზარალებულთათვის სათესლე სიმინდის მისაწოდებლად 10.000.000 მან. გადადების შესახებ. ტექსტი უკამათოდ მიღებულია. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა მაღაროების საჭიროებისათვის 14.151.321 მან. დამატებითი კრედიტის გახსნის შესახებ. მიღებულია უკამათოდ. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ტფილისის სასარგებლოდ მოწყობილ ოთახებზე და გასტრონომიულ მაღაზიებზე გადასახადის დაწესების შესახებ. მიღებულია უკამათოდ. საბოლოო ტექსტი უცხოეთიდან შემოტანილ კონიაკის სპირტზე საბაჟო ტარიფის შეცვლის შესახებ. მიღებულია უკამათოდ).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ-ონ გომართელს ეკუთვნის.

1. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ.

ივ. გომართელი (კითხულობს კანონ-პროექტის დებულებას, შტატებსა და ხარჯთ-აღრიცხვას, რომელიც უკამათოდ იქნა მიღებული და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ-ნი იმნაიშვილი.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებათა ქონების გასაძლიერებლად და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისათვის ბილეთების დაბეგვრის შესახებ.

თავმჯდომარე: შესწორებები გახლავთ შემოტანილი. ს. დ. ფრაქ. შემოაქვს შემდეგი შესწორებები: სანახაობა გასართობების და წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთების დაბეგვრის კანონ-პროექტში: „პირველ მუხლიდან ამოიშალოს სიტყვები“: დასასწრები ბილეთები დაბეგვრილი იქნეს შემდეგ ნაირად და პუნქტები ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ-ის მაგიერ ჩაემატოს სიტყვები: „დასასწრები თვითეული ბილეთები დაბეგრილ იქნეს მისი ღირებულების 10 პროც. გადახდით“ მეორე შესწორება გახლავთ, რომ მუშათა კლუბები განთავისუფლებულ იქნენ ამ გადასახადებისაგან. თქვენ რას იტყვით, ბ-ნო მომხსენებელო?

. იმნაიშვილი: პირველი შესწორების წინააღმდეგი ვარ მე. ეს პროექტი განხილული იყო ხელოვნების სახალხო განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების მიერ. (ლ. ნათაძე: არა ერთხელ?) დიახ, არა ერთხელ და ეს სამივე კომისია იმ აზრის იყო, რომ აღნუსხვა ამ გადასახადისა პროცენტების სახით ტეხნიკურად დააბრკოლებს ფულის აღებას და იმ მოსაზრების გამო, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო ამ გადასახადის აღება და გადახდა, ეს იყო შესწორებული არა პროც. ფორმით, არამედ იმ ფორმით, რომელიც აქ წარმოდგენილია. რაც შეეხება მეორე შესწორებას, რომ მუშათა კლუბები განთავისუფლებული იქნენ გადასახადისაგან, მე პირადად ამის წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე: კენჭს ვუყრი ამ ორივე შესწორებებს. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორებები მიღებული გახლავთ. გთხოვთ გადახვიდეთ მუხლობრივ განხილვაზედ. (მომხსენებელი კითხულობს მუხლობრივ). ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ-ნი იმნაიშვილი.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ.

. იმნაიშვილი (მუხლობრივი განხილვის შემდეგ კანონ-პროექტის დებულება მიღებულია). სახალხო განათლების კომისიას აქვს ერთი დამატება ამ დებულებაში შემოტანილი. ეს უნდა ჩაემატოს დებულების მე-13 მუხლის შემდეგ (კითხულობს).

თავმჯდომარე: აი ასეთი დამატება შემოაქვს განათლების კომისიას. სიტყვას თუ ვინმე ისურვებს? თუ არის წინააღმდეგი ვინმე? მიღებული გახლავთ. შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა მოახსენეთ.

. იმნაიშვილი (კითხულობს შტატს და ხარჯთ-აღრიცხვას).

თავმჯდომარე: წინააღმდეგი არავინ არის? მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარისაგან მიიღო შემდეგი შინაარსის ქაღალდი: „საქართველოს ორი წლის ბრძოლა გაერთიანებისათვის დაგვირგვინდა სრული ჩვენი გამარჯვებით. 7 ამ თვეს ბათომი და მისი ოლქი მოკავშირე სახელმწიფოებმა დიდი ზეიმით გადმოგვცეს და მათი დროშების ალაგას ააფრიალეს ჩვენი დროშა (ძლიერი ტაში).

ქალაქის და ყველა სახელმწიფო დაწესებულება იმავე დღეს დაიჭირა ჩვენმა ადმინისტრაციამ და მოხელეობამ. ოლქის სხვა და სხვა პუნქტები უკვე დაიჭირა ჩვენი ჯარის ნაწილებმა და ყველგან აღმართეს საქართველოს დროშა. ქალაქის და ოლქის ჩაბარება მოხდა სრულიად უინციდენტოდ, ადგილობრივ მცხოვრებთა მონაწილეობით და თანაგრძნობით (ტაში).

მთავრობა, დაამყარებს რა წესიერებას მთელ ოლქში, შეუდგება ოლქის მოწყობას თანახმად რესპუბლიკის კანონებისა, ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გამოთქმულ სურვილისა და მათ მიერ არჩეულ პირების წყალობით.

გაუწყებთ რა ამ სადღესასწაულო ამბავს, ვულოცავ დამფუძნებელ კრებას და მასთან ერთად მთელ ხალხს სამუსულმანო საქართველოს დედა-ერთან შემოერთებას, გათიშულ ძმების კვლავ ერთად თავის მოყრას და ისტორიულ გზაზე ხელი-ხელ ჩაკიდებულ გამოსვლას.

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

(ძლიერი ტაში).

ამგვარად, მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, საქართველოს ხალხმა მიაღწია თავის ისტორიულ მიზანს - საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც დღემდე საქართველოს ხალხის და ერის მავნე ელემენტთა მოქმედებას, სამწუხაროდ, გასავალი ჰქონდა, დღეს ეს ტერიტორია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და იქ ფრიალებს საქართველოს, ჩვენი ერის დროშა, დროშა სისხლით განბანილი და ბრძოლის ცეცხლიდან გამოტანილი საქართველოს მშრომელ ხალხის და დემოკრატიის მარჯვენის წყალობით.

მე მგონია, მოქალაქენო, რომ გამოვთქვამ მთელი დამფუძნებელი კრების საერთო აზრს და მისწრაფებას, თუ ვიტყვი, რომ დღეიდან დაწყებული, ჩვენ მხოლოდ ერთი რამე დაგვრჩენია: მთელი ჩვენი ძალა, უნარი, ნიჭი და სახელმწიფოებრივი გამოცდილება მოვახმაროთ იმას, რომ ეს მხარე არ ჩამორჩეს დემოკრატიულ საქმიანობას, დემოკრატიულ წყობილების და რევოლიუციის მონაპოვარის განმტკიცებას. და ამ საქმიანობაში, ამ მუშაობაში ჩვენ დავემყარებით ადგილობრივ ძალებს, მათ სურვილებს და მოთხოვნილებებს დავაკმაყოფილებთ.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დღეის ამიერ ისეთ სამწუხარო მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აქამდე, აღარ ექნება ადგილი და გაერთიანებული საქართველო სამუსულმანო ნაწილთან ხელი-ხელ ჩაკიდებული თავის დამფუძნებელ კრების და მის მიერ ნდობით აღჭურვილი მთავრობის ბრძნულ ხელმძღვანელობით დასძლევს ყოველგვარ დაბრკოლებას და მიაღწევს იმ მიზანს, რომელიც დასახული აქვს დემოკრატიას. ბათომის გადმოცემა საქართველოს ხელში, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ, უშუალოდ და დაუბრკოლებლივ გზის გაკაფვას ევროპისაკენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ავაღორძინოთ ჩვენი ერი ეკონომიურად, გავაძლიეროთ და ავაყვავოთ ჩვენი კულტურული დოვლათი.

ამ იმედით მივესალმები გაერთიანებულ ქართველ ერს, მივესალმები სამუსულმანო საქართველოს, მივესალმები ჩვენ დაუღალავ გუშაგებს - გვარდიას და ჯარს და ვუსურვებ გამარჯვებას და დღეგრძელობას (ძლიერი ტაში).

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. გომართელს ეკუთვნის.

ივ. გომართელი (ს.-დ.): ჯერ კიდევ ომიანობის დროს დაარსებული გახლდათ აქ ტრავმატოლოგიური ინსტიტუტი, რომელშიაც განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული ქონდა ძვლების და ჭრილობის შესწავლას. ამ ინსტიტუტთან გახსნილი იყო აგრეთვე ინვალიდებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების თავშესაფარი. რევოლიუციის შემდეგ ეს გადმოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში და სამინისტრომ იგი გადასცა საექიმო-სასანიტარო განყოფილებას. მაშინ იყო ერთგვარი თანხა გადადებული, დაახლოვებით 55.000 მან. და ამ განყოფილებასთან იყო გახსნილი საპროტეზო ნაწილი, ე.ი. დაწესებულება, სადაც ამზადებდნენ ხელოვნურ ხელს და ფეხს. ეს თანხა მაშინ და შემდეგაც საკმარისი იყო ამ დაწესებულების შესანახად, მაგრამ შემდეგ, როდესაც თანხა გამოილია, დაწესებულება დარჩა მეტად უმწეო მდგომარეობაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინა დახმარება, მაგრამ ეს დაწესებულება ყოველთვის შემთხვევით დახმარებაზედ იყო დამყარებული. შეუძლებელია საკანონმდებლო დაწესებულებამ ან უნდა სთქვას, რომ ეს დაწესებულება არ არის საჭირო, და თუ საჭირო არის, უნდა დაამტკიცოთ შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა. ეს საპროტეზო დაწესებულება ჩვენი რესპუბლიკისათვის ფრიად მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, რადგანაც იმის მეტი ჩვენ რესპუბლიკაში მეორე არ არსებობს. წარმოდგენილი გახლავთ შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა და გთხოვთ, რომ დამტკიცებული იყოს. აქვე არის ფინანსთა მინისტრის და სახელმწიფო კონტროლის დასკვნა და ორივენი იმ აზრისა არიან, რომ იგი მიღებული იქნას.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? მუხლობრივი განხილვა მიღებული გახლავთ. სათანადო დროს გასვლის შემდეგ იქნება მიღებული მუხლობრივად. შემოტანილი გახლავთ წინადადება ს.-დ. ფრაქციისა, რომ ბათომის შემოერთების ზეიმის აღსანიშნავად კრება დაიხუროს. აქ დემოკრატია არის მოსული სამანიფესტაციოდ. დეპუტატებს ვთხოვ, პრეზიდიუმის სახელით დაბრძანდეთ, წესრიგი მოისმინეთ. დაამტკიცეთ წესრიგი.

(მდივანი კითხულობს შემდეგი დღის წესრიგს).

სხდომა იხურება 1 საათ. და 10 წუთზე.

3 ოცდამეთორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(32)

1920 წელი. ივლისის 13. ტფილისი. სასახლე.

1. საბოლოო ტექსტები.

2. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - ახალციხის მაზრის სოფ. აწყურის და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - მადნეულობის სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადების შესახებ.

4. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - საკლავ საქონელზე გადასახადის გადიდებისა.

5. დეკრეტი - ქალაქებისა და მაზრების დამშეულ მცხოვრებთა დასახმარებლად 55.000.000 მან. გადადებისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონ. ჯაფარიძე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მოგახსენებენ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტების ნუსხას და დღიურ წესრიგს.

მდივანი კითხულობს ნუსხას კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებისას.

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - აფხაზეთის მაზრების სოფლის საზოგადოებათა მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის

დამტკიცების შესახებ 1920 წ. იანვრის 1-დან ივნისის 1-მდე.

2. სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - დაჭრილთა და დასახიჩრებულთა და ომში დახოცილთა ოჯახების ნივთიერ უზრუნველყოფისათვის 5.000.000 მან. გადადებისა.

მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა - სანახაობა გასართობებსა და წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთების დაბეგვრისა სხვა და სხვა კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა და დამსახურებულ მოღვაწეთა სასარგებლოდ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა - საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალციხის მაზრის სოფ. აწყურის და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მადნეულობის სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადების შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საკლავ საქონელზე გადასახადის გადიდებისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. დეკრეტი - ქალაქებისა და მაზრების დამშეულ მცხოვრებთა დასახმარებლად 55.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია მ. რუსია და დ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე: წინადადება არის სოც.-დემ. ფრაქციის, რომ 7-მდე საკითხი განხილულ იქნეს საბოლოო ტექსტების შემდეგ. წინააღმდეგი თუ არავინ არის, დღიურ წესრიგში მიღებულად ჩავთვალოთ.

მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ამ დღეებში გარდაიცვალა დამ. კრების წევრი ლავროსი კიღურაძე. ულმობელმა სენმა, რომლითაც ის იყო შეპყრობილი, არ მისცა მას საშუალება დამფ. კრების მოღვაწეობაში მიეღო მას მონაწილეობა. მისი სახელი ახალი არ არის საქართველოს სოც. დემოკრატიული და მუშათა კლასისათვის.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ხალხის გათვითცნობიერების საქმეში და ის გამარჯვება, რომელიც საქართველოს დემოკრატიამ მოიპოვა, ამ გამარჯვების მოპოებაში მასაც აქვს თავისი წვლილი შეტანილი. ძველი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა რიგში მას პირველი ადგილი ეჭირა. ძველმა წყობილებამ გამოსტაცა ის მებრძოლთა რაზმს და შორეულ ციმბირში გადაისროლა, სადაც ის შეიპყრო ულმობელმა სენმა და დღეს ის მსხვერპლი შეიქნა ამ სენის. ვთხოვ დამფუძნებელი კრების წევრთ ფეხზე ადგომით პატივი სცენ განსვენებულის ხსოვნას (დამფუძნებელი კრების წევრები ფეხზე დგებიან). მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი ბ. ლორია.

ეხლა გთხოვთ მოისმინოთ მოლოცვის დეპეშა ისპანიის ვიცე კონსულიდან: „ბატონო თავმჯდომარე, ბათომის და ბათომის ოლქის საქართველოზე გადმოცემისა და იქ საქართველოს მამაც ჯარების შესვლის გამო ნება მიბოძეთ უღრმესი პატივის ცემით ჩემი სამეფო მთავრობის სახელით გიძღვნათ გულწრფელი მოლოცვა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მოულოცო ქართველ ხალხს ბრწყინვალე გამარჯვება და მის ეროვნულ მისწრაფებათა კეთილად დაგვირგვინება. მიიღეთ ჩემგან, ბატონო თავმჯდომარე, ჩემი თქვენდამი პატივის ცემა“. დამფუძნებელი კრება ამ მომართვას ტაშით ეგებება.

(შემდეგ გომართელი კითხულობს დღიურ წესრიგის 1, 2 და 3 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება ადასტურებს).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. გომართელს ეკუთვნის შემდეგი საკითხის შესახებაც.

1.პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალციხის მაზრის სოფლების - აწყურისა და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. გომართელი (.-.): ახალციხის მაზრაში ჯერ კიდევ ძველი წეს-წყობილების დროს იყო სამკურნალოები და დღეს, რადგანაც იქ ერობები არის მოწყობილი, ისინი ერობებმა უნდა შეინახონ. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ერობა ახალი დაწესებულება არის და მას არ აქვს საშუალება, რომ შესძლოს სამკურნალოების მოვლა. თუ მთავრობა არ იკისრებს მათ შენახვას, ისინი დაიხურება და ამას ცუდი შედეგი მოჰყვება. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თხოულობს, რომ შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა ამ სამკურნალოსი თქვენ მიერ დამტკიცებულ იქნეს.

თავმჯდომარე: ვინ ინებებს სიტყვას ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა და სათანადო ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მუხლობრივი განხილვა. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

2. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გადასვლის შესახებ.

ჯაფარიძე (კითხულობს მუხლობრივად კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე: პირველი მუხლის შესახებ შემოვიდა ფინანსთა მინისტრის განცხადება. პირველი მუხლის შენიშვნა ამნაირად შესწორდეს: „ეს მუხლი შეეხება 1920 წ. 1-ლ ოქტომბრამდე ამოღებულ მადანს“. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავისა სურს. თქვენი აზრი, ბ-ნო მომხსენებელო?

ჯაფარიძე: ამ დროს განსაზღვრის შესახებ კომისიის შეერთებულ სხდომაზე იყო კამათი და მსჯელობა. მომენტის განსაზღვრა მისთვის იყო საჭირო, რომ ეს საკუთრება კერძო მრეწველებს ეკუთვნის და მრეწველმა უნდა იცოდეს, თუ რა დროს შემდეგ უნდა აიღოს ხელი თავის ყოფილ საკუთრებაზედ. და სწორედ ამიტომ იყო საჭირო, რომ სამინისტროს ქონდეს საკმაო ვადა, რომლის განმავლობაშიაც შეძლება მიეცემა მოაგვაროს საქმე ან თვით, ან კერძო მწარმოებლებთან შეთანხმებით. მაგრამ თვით მრეწველები თხოულობდენ ამ შეთანხმებებს და განსაზღვრულ პირობებში ამ მადნის აღებას. მათი წარმომადგენელი მოითხოვდა, რომ ეს ვადა გაედიდებინათ პირველ ოქტომბრამდე. განსხვავება, როგორც ხედავთ, დიდი არ არის. თუ მეტათ მოკლე ვადა იქნა დანიშნული, მაშინ მაღაროები უეცრად დაიხურება, მუშები დაითხოვება და უმუშევრად დარჩებიან და სახელმწიფოს უფრო დიდი ზარალი მიეცემა. ამ მოსაზრებით ითხოვენ ვადის გადიდებას პირველ ოქტომბრამდე და მე პირადათ აქ საწინააღმდეგოს ვერას ვხედავ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. შესწორება გახლავთ შემოტანილი მეხუთე მუხლის შესახებ. მეხუთე მუხლიდან სიტყვა „აძლევს“ შემდეგ ამოიშალოს სიტყვები: „მიწის ნორმა“ და ნაცვლად ჩაემატოს „სამაგიერო მიწის ნორმის ფარგლებში“. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ.

მომხსენებელი: არსებითად აქ განსხვავება არ არის. მაგრამ ვინაიდან მკაფიოთ გამოსთქვამს მიღებულ აზრს, მივიღოთ.

თავმჯდომარე: წინადადებაა შემოსული იმავე ფრაქციისაგან მეექვსე მუხლის შესახებ, ჩაემატოს: „კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა“.

მომხსენებელი: ამ ჩამატებას პრაქტიკული მნიშვნელობა არაფერი აქვს, მაგრამ წახდენით მაინც არაფერს წაახდენს, შეიძლება ჩაუმატოთ.

(კანონ-პროექტი მიღებულია ჩვეულებრივი წესით და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. გომართელს ეკუთვნის.

3. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - საკლავ საქონელზე გადასახადის გადიდებისა.

ივ. გომართელი (ს.-დ.): ეს კანონ-პროექტი, რაც შემოტანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და შემუშავებულია სასანიტარო განყოფილების მიერ, ახალ გადასახადს არ აწესებს, იგი მხოლოდ გადიდებას მოითხოვს უკვე არსებულ გადასახადისას. ჩვენს რესპუბლიკაში, როგორც მოგეხსენებათ, საქონლის ჭირი ხშირი მოვლენა გახლავთ. საქონლის სენი ყველგან არის და მის საწინააღმდეგოთ ბრძოლა არის საჭირო, ამას კი სათანადო თანხა სჭირდება, რომ საქონელი არ განადგურდეს. არსებობს სპეციალური თანხა ამ სენთან საბრძოლველად, რომელსაც კრეფენ დასაკლავ საქონელზე. ეს არ შეეხება სოფელში დაკლულ საქონელს. ეს შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც ქალაქში მოყავთ დასაკლავად. ეს გადასახადი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დღეს ის ისე დამცირდა, რომ მიზანს ვეღარ აკმაყოფილებს. წინეთ ხარი ფასობდა 8-10 თუმანს, ახლა კი ეს ფასი რამდენიმე ათას თუმნამდე ავიდა. ყველა ამან გაზარდა ხარჯები ამ დროში და რასაკვირველია, საჭიროა შემოსავალიც გაიზარდოს და სწორედ ამ მოსაზრებით ითხოვენ ამ გადასახადის გადიდებას, რომელიც წინეთ ეროვნულ საბჭოს მიერ იყო გადიდებული. წინეთ სხვილი საქონელი (კამეჩი, ხარი, ძროხა) 25 თუმნად იყო შეფასებული, დღეს კი შესცვალეს 25.000 მანეთად. ეს ფასიც რასაკვირველია, მეტად მცირეა, მაგრამ ასეთი მცირე შეფასებითაც რომ აიკრიბოს გადასახადი, საჭირო ხარჯებს მაინც დაფარავს. ეს გახლავთ მთელი კანონ-პროექტი.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ქარუმიძეს.

ქარუმიძე (ნაც.): ბატონებო! ისეთი მეურნეობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც გახლავთ ჩვენი ქვეყანა, საჭიროა შევჩერდეთ შემოტანილ კანონპროექტზე. ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს, რომ გაადიდოთ გადასახადი. მაგრამ საჭირო არის სხვა ზომებიც მივიღოთ, ისეთი ზომები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ვითარება მოითხოვს. თქვენ მოგეხსენებათ, საქართველო უმთავრესად არის სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა და მის მეურნეობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუშა საქონელს და ასეთი ხელაღებით გადაწყვეტა საკითხისა მიუღებლად მიმაჩნია. რაშია საქმე? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მუშა საქონელი, მიუხედავად იმისა, რომ სამი მეოთხედი ჩვენი გეოგრაფიისა მხოლოდ ამ მეურნეობისათვის არის გამზადებული და შექმნილი ბუნებისაგან, ჩვენი მუშა საქონელი მაინცდამაინც არა გვყოფნიდა და ყოველ წლიურად, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, მუშა საქონელი სხვაგნიდან შემოდიოდა. გორის მაზრაში მარტო დაღესტნის კამეჩი გამოდიოდა. აქედან გახლავთ ჯიშიანი ლეკური და აზერბაიჯანის კამეჩი თარაქამა. ეს ისე არ ეხება დასავლეთ საქართველოს, რადგანაც იქაური მეურნეობა უღელ ხარიანობას ეყრდნობა.

დღეს ამ მხრით პირდაპირ კრიზისს განვიცდით. ომმა მთლად ამოსწურა ყოველი შესაძლებლობა ამ მუშა საქონლის შემოსვლისა. გარდა ამისა, რევოლიუციის ხანმა, როცა ანარქია სჭარბობდა მოქმედებას, გასწყვიტა საქონელი. მერე ბორჩალოს მაზრაში ჯიშიანი საქონელი სრულიად განადგურებულია და ამის წყალობით ქარხნები, სადაც შვეიცარიული ყველი მზადდებოდა, სულ გაოხრებულია. საქონელი შეიქნა მსხვერპლი ტფილისის საყასბოსი. დღეს კი, როდესაც არ ვიცით, რა მოგველის ხვალ, როცა გაცვდება ის მუშა საქონელი, რომელიც დღეს გვყავს, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რათა ჩვენი ქვეყნის მეურნეობა ამ კრიზისს ავაცდინოთ. ამიტომ ეს დადგენილება უფრო შეეფერება რომელიმე ქალაქის თვითმმართველობას და არა დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელმა კრებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ქვეყნის მდგომარეობა. ასეთი დადგენილების მიღება დიდ შეცდომაში ჩაგვაყენებს. თუ შევხედავთ ანალოგიურს მაგალითებს დასავლეთ ევროპაში, იქ, სადაც არის ზრუნვა სამეურნეო რესურსებისთვის, სწორედ ასეთ ადგილას სახელმწიფო სწვდება თავისი მაგარი ხელით და აკრძალავს კანონმდებლობით ამა და ამ ჯიშის საქონლის დაკვლას. გახლავთ დებულება, რომ ამა და ამ ხნის საქონლის დაკვლა აკრძალულია. რომ ასეთი მდგომარეობიდან გამოვიდეთ, საჭირო არის განსაკუთრებული ზომების მიღება.

რისგან აიხსნება, რომ ქართლში უღელი კამეჩი 100.000 ათას მანეთად ღირს? პირდაპირ ზღაპრული ფასებია სხვა საქონელს რომ შევადაროთ, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულია ყველაფერი. ეს აიხსნება იმით, რომ გარეშე ბაზარი დაკეტილია და საქონელი არ შემოდის (თევზაია: არც შემოდიოდა!). მე მოგახსენებთ, რომ შემოდიოდა. თქვენ ლაპარაკობთ სამეგრელოზე, აქ კი აღმოსავლეთ საქართველოზეა ლაპარაკი. აღმოსავლეთ საქართველოს შემოსდიოდა კამეჩები თარაქამა და ლეკური კამეჩი (კ. ნინიძე: ეტიმოლოგიას თუ ავიღებთ, სხვაა!). გარწმუნებთ, ეს მართალია და ამას თქვენი მომხსენებელიც დაგიმოწმებთ, რომელმაც იცის ვეტერინარული სტატისტიკა. მან უნდა იცოდეს შემოსავალი ადგილები, სადაც ეს საქონელი ინიშნება, რამდენად არის ეს საქონელი თავისუფალი ჭირისაგან.

თქვენ, ბ. თევზაია, ლაპარაკობთ მარტო სამეგრელოზე და იქ მართალია კამეჩი საკუთარია და იგი ხანდახან კიდეც მოაშველებდა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ბორჩალოს მაზრაში ის მშვენიერი 10 წლობით მოშენებული ჯიში მაშენებელი საქონლისა მთლად გაწყდა. ის დიდი ზავოდები, რომელნიც გახლდათ და ის ჯიში აღარ არის. ისეთი ჯიში იყო, რომ მშვენიერი შვეიცარული საშური ჯიში სრულიად გაწყდა. ეხლა, მაგალითად, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ პირდაპირ დანაშაული იქნებოდა, თუ სასაკლაოზე მივიდოდა რაიმე ნაშთი დეკეული ამ ჯიშებისა, რაც აკრძალული არ იქნებოდა კანონით. ამიტომ უნდა ითქვას, რომ კანონ-პროექტი არ არის შემუშავებული ჩვენი ქვეყნის ვითარებისა და სამეურნეო პერსპექტივების საღი წარმოდგენით. ამის გამო იგი კომისიას უნდა დაუბრუნდეს და კომისიამ უნდა მიიღოს მხედველობაში ჩვენი სინამდვილე, ის ზომები, რომელსაც დასავლეთ ევროპა იჩენს ანალოგიურ შემთხვევებში და ამისდა მიხედვით უნდა შემუშავდეს მეორე კანონ-პროექტი, რომელიც შემოიღებს არა მარტო გადასახადის გადიდებას, არამედ იმასაც, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი საქონელი გაწყვეტისაგან და თავი დავიცვათ იმ კრიზისისაგან, რომელიც მომავალში მოგველის.

თავმჯდომარე: სხვა სიტყვის მსურველი არავინაა. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

. გომართელი (ს.-დ.). ბ. მომხსენებელმა ასე დაიწყო: კანონ-პროექტი მისაღებია და გადასახადი უნდა გადიდდესო და ასე სთქვა, ეს კანონ-პროექტი კომისიას უნდა დაუბრუნდესო. რაცა ბრძანა ორატორმა, საფუძვლიანია საქონლის მოვლა-მოშენებასა ჩვენს ქვეყანაში, სადაც საქონელი დიდ როლს თამაშობდა ჩვენს მეურნეობაში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამ პროექტთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არის სავეტერინარო განყოფილება, რომელიც ზრუნავს სამეურნეო საქონლის მოშენებისა და გამრავლებისათვის. რა გააკეთა მან ამ დარგში, ამას ვერ მოგახსენებთ. შემდეგ თუ ის წარმოადგენს კანონ-პროექტს, შეიძლება იმაზე ვიქონიოთ მსჯელობა. თუ არ წარმოადგენს, მაშინ შევიტანოთ წინადადება ამის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ამ კანონ-პროექტს აქვს სპეციალი დანიშნულება. ეს არ ლაპარაკობს, რა ზომებით უნდა გავამრავლოთ, დავიცვათ საყასბოებისაგან ის, რაც არსებობს; მხოლოდ ლაპარაკობს, რომ საქონლის ჭირთან ბრძოლა სწარმოებს და ამ ბრძოლის წარმოების გაძლიერება საჭირო არის. ეს გადასახადი რომ არ დავაკანონოთ, ეს თანხა არ კმარა. მაშასადამე, საჭიროა გაზრდა გადასახადისა, და რომ საჭიროა გაზრდა გადასახადის, ამას ბ. ქარუმიძეც დაეთანხმება.

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე იმისა, რომ ეს კანონ-პროექტი დაუბრუნდეს კომისიას? უმცირესობა. სათანადო ვადის შემდეგ კანონ-პროექტი მოგხსენდებათ მუხლობრივად. შემდეგი საკითხისათვის ბ. რუსიას ეკუთვნის სიტყვა.

4. დეკრეტი ქალაქებისა და მაზრების დამშეულ მცხოვრებთა დასახმარებლად 55.000.000 მანეთის გადადებისა.

. რუსია (.-.): სურსათის ნაკლებობა რესპუბლიკის ზოგ რაიონში მეტად მწვავე ხასიათს ღებულობს, რაც უკვე მიიღო. ბევრს ადგილას მოსავალი სულ არ ყოფილა. ზოგან ისე მცირე იყო, რომ მცხოვრებნი იძულებულნი იყვნენ წლის დასაწყისშივე დაესწროთ ყიდვა. იმ ცნობებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ აქვთ, დამშეულთა რაიონი დღეს 120 თემზე მეტი იყო. ქალაქებიდან 16 დამშეულად უნდა ჩაითვალოს. ამგვარად, დახმარება აუცილებლად საჭიროა, მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა ექნება დახმარების სისწრაფეს. მთავრობამ განიხილა ეს საკითხი და მიიღო ის წინადადება, რომ გადადებულიყო დამშეულ ერობის და ქალაქების დასახმარებლად სურსათის, ფულის სახით 40 მილიონი მანეთი. ეს თანხა უნდა გადადებულიყო შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში, რომ მერე შეთანხმებით სასურსათო სამინისტროსთან იგი მიაწვდიდა დამშეულ რაიონებს. თვითმმართველობის კომისიამ განიხილა ყველა ცნობა, რომელიც იყო მოყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში და იცნო, რომ ბევრი ადგილი იქნა გამოტოვებული, და თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ადგილებსაც, რომელნიც დღეს გასაჭირს განიცდიან, საჭიროა ამ თანხის გადიდება. თვითმმართველობის კომისია მოითხოვს დამშეული რაიონების დასახმარებლად იქნას გადადებული 55 მილიონი მანეთი, ე. ი. 15 მილიონით მეტი, ვინემ მთავრობა მოითხოვს. თანხა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 მილიონი ქალაქებისათვის და 35 მილიონი ერობებისათვის. ასეთია შინაარსი დეკრეტისა, რომელიც თქვენ წარმოგიდგათ.

თავმჯდომარე: სიტყვა ონიაშვილს ეკუთვნის.

. ონიაშვილი (ს.-დ.): საბიუჯეტო კომისიამ მიიღო მხედველობაში ხალხის გაჭირვებული მდგომარეობა და აგრეთვე ის, რომ დღეს ერობებს არავითარი საბიუჯეტო უფლებები არ აქვთ და ასეთი საგანგებო შემთხვევებისათვის არ გააჩნია საჭირო თანხა. და ამიტომ საბიუჯეტო კომისიამ საჭიროდ სცნო გაღებულ იქნას ის თანხა, როგორც ეს დაუდგინა თვითმმართველობის კომისიამ.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ს. დადიანს.

. დადიანი (სოც.-ფედ.): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენ დიდი ხანია თვალყურს ვადევნებდით ხალხის გამოკვების საქმეს და დიდი ხანია ვხედავთ, რომ საქმე თან და თან რთულდება.

ამ სამი თუ ოთხი თვის წინად ამ ტრიბუნაზე ჩვენმა ფრაქციამ მიაქცია თქვენი ყურადღება ამ საქმეს და დასაბუთებული მოხსენება წარმოგიდგინათ.

ჩვენ მოვიყვანეთ ცნობები ჩვენი პროვინციის დამშევისა და მოვითხოვდით, რომ დამფუძნებელ კრებას დაეარსებინა საგანგებო კომისია, ან რომელიმე უკვე არსებულს კომისიას დაჰკისრებოდა ამ საკითხის დამუშავება, გამოერკვია ნამდვილი მდგომარეობა და დასაბუთებული მოხსენება წარმოედგინა დამფუძნებელი კრებისათვის.

მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ეს წინასწარი დამზადება საკითხისა ჩვენ საშუალებას მოგვცემდა სისტემატიური დახმარება გაგვეწია პროვინციისათვის.

მაშინ თქვენ ეს ჩვენი წინადადება არ მიიღეთ და განაცხადეთ: მთავრობა იღებს და მომავალშიაც მიიღებს საჭირო ზომებსო.

დღეს სამწუხაროდ უნდა განვაცხადოთ, რომ მთავრობას არ მიუღია საჭირო ზომები და ამ საშინელებას ისევე მოუმზადებელნი დავხვდით, როგორც ვიყავით ამ ოთხი თვის წინად.

ეს საკითხი დღეს მთავრობის ინიციატივათაც არ არის დაყენებული, არამედ ერობებს მოჰქონდათ იერიში იერიშებზე და ამან მთავრობაც აიძულა ამ წინადადებით შემოსულიყო აქ.

მდგომარეობა ფრიად სერიოზულია, თითქმის ყველა მაზრა დამშეულია როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში.

ლეჩხუმში ხალხი ბალახით იკვებება, მაგრამ ახლა ეს ბალახიც გამოლეულია და აუტანელი მდგომარეობაა.

თითქმის მთელი სამეგრელო დამშეულია. ხალხი ტყემლით და უმწიფარი ხილით იკვებება და ცხადია, რომ ამას მოჰყვება ისევ სხვა და სხვა ავადმყოფობა.

ადვილი წარმოსადგენია ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენი პროვინციები იმყოფება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ისეთ რაიონშიაც კი, როგორც ხონის რაიონია, ამ ერთი კვირის წინად ფუთი სიმინდი 1100 მანეთი ღირდა.

ზუგდიდის მაზრაში კი საუკეთესო მოსავლიანი რაიონებიც კი დამშეულია და არა დღეს მარტო, არამედ ამ სამი-ოთხი თვის წინადაც ხობის, ხორგასი, ნოჯიხევის მთელი საზოგადოებანი იხვეწებოდნენ ყურადღება მიგვექცია მათ გაჭირვებული მდგომარეობისათვის და იქ ფუთი სიმინდი კარგა ხანია ათას ხუთასი მანეთი ღირს.

საშუალოდ ოჯახში რომ ორი სული ვიანგარიშოთ და თითოს თვეში უკანასკნელი ერთი ფუთი მაინც უნდა სიმინდი, ცხადია, რომ იშვიათი ოჯახი შესძლებს სიმინდი შეიძინოს იმ ფასებში, რომელიც დღეს არის, თუკი საერთოდ იშოვნა.

თუ ასეთს მდგომარეობაშია ის რაიონები, რომელნიც ახლოს არიან მისატან გზებთან, რა უნდა ითქვას სამეგრელოს მთიან ადგილების შესახებ! იქ კიდევ უფრო უნუგეშო მდგომარეობაა.

აღმოსავლეთ საქართველოში ეს სახელდახელო დახმარება საჭიროა ასე ერთი თვისთვის, სანამ ახალი მოსავალი შემოვიდოდეს; დასავლეთ საქართველოს კი საერთოდ, სადაც სიმინდის კულტურაა, იქ ამ დახმარებას უფრო ეტი ხნის, არა ნაკლებ სამი თვის დახმარება უნდა, ვინაიდან ახალი მოსავალი ამ დრომდე არ შემოვა.

ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია 55 მილიონი მანეთის გადადება, მაგრამ მწუხარებას გამოვსთქვამთ , რომ ესეც წვეთია ზღვაში.

აგრედვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან ჩვენ სრულიად შემზადებულნი არ ვიყავით ამ საქმისთვის, ამ დახმარებასაც სისტემის ხასიათი აღარ ექნება და ვერ დანაწილდება წესიერად.

ჩვენ გვეშინია, რომ საჭიროების მიხედვით არ განაწილდება ეს თანხა, არამედ ის რაიონი მეტს მიიღებს, რომლის ერობის წევრნი უფრო ენერგიულნი და გავლენიანი იქნებიან.

ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამ დახმარებასთან ერთად ახლავე მივიღოთ ზომები, რომ მომავლისათვის გვექნეს მთელი დაწვრილებითი ცნობები როგორც ახალი მოსავლისა, აგრეთვე საჭიროებათა რაოდენობისაც, რადგანაც ჯერ კიდევ პოლიტიკური პერსპექტივები იმდენად ბუნდოვანია და პოლიტიკური კონიუქტურა იმდენად გამოურკვეველი, რომ უცხოეთიდან პურის საკმარისად შემოტანის იმედები არ უნდა ვიქონიოთ.

ჯერ კიდევ კარგა ხანი ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩვენი საკუთარი სურსათით გამოვიკვებოთ თავი.

ამნაირად, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია 55 მილიონ მანეთის გადადება და ვინაიდან ეს საკმარისად არ მიგვაჩნია საშინელებისაგან თავის დასაღწევად, ახლავე უნდა მიღებულ იქნას ზომები შემდეგისთვისაც.

ბ. რუსიას მოხსენებით ჩვენც იმ აზრს ვიზიარებთ, რომ ეს დახმარება საჩქაროდ უნდა იქნას გაღებული და ამას ის მოწმობს, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ამ დეკრეტის საბოლოო ტექსტის მიღება დღესვე.

დეკრეტი მიღებულ იქნა უცვლელად, მიღებულ იქნა მისი საბოლოო ტექსტიც.

თავმჯდომარე: სოც.-დემ. ფრაქციიდან შემოსულია შემდეგი განცხადება: გზათა კომისიაში ლორიას მაგიერ შედის გ. გაგლოევი. დამფუძნებელი კრება იღებს ამ წინადადებას.

მდივანი კითხულობს შემდეგი კრების სხდომის წესრიგს. დამფუძნებელი კრება იღებს მას.

სხდომა იხურება 11 საათსა და 35 წუთზე.

4 ოცდამეცამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(33)

1920 წელი. ივლისის 16. ტფილისი. სასახლე.

1. დეკრეტი - ქალაქ ფოთში მდინარე რიონის ჩრდილოეთის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 14. 700.000 მანეთის გადადებისა.

2. ზოგადი განხილვა პროექტისა - სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

3. განგრძობა მსჯელობისა - სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობის და უკანონო მოქმედების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 30 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები და დღიური წესრიგი.

(მდივანი კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტების ნუსხას).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები:

1. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ქალაქ გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

2. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - გულმიკარის თემის გამოყოფისა და ქუთაისის მაზრაზე მიწერის შესახებ.

3. გზათა მინისტის პროექტი დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის დამატებითი მილიციის მოქმედების განგრძობისა 1920 წლის ივნისის 1-დან 1921 წლის იანვრის 1-მდე და საამისოდ 2.059.800 მან. გადადებისა.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. ზოგადი განხილვა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის პროექტისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე, ი. სალაყაია და სვ. მდივანი.

4. განგრძობა მსჯელობისა სოციალ-რევოლიუციონერთა ფრაქციის შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

5. დეკრეტი ქალ. ფოთში მდინარე რიონის ჩრდილოეთის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 14.700.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია მ. რუსია და დ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ უკანასკნელი საკითხი საბოლოო ტექსტების შემდეგ იყოს განხილული. მეორე გახლავთ საბიუჯეტო კომისიისაგან, რომ ბიუჯეტის შესახებ მომხსენებელი იქნება მხოლოდ ერთი, ბ. გრიგოლ გიორგაძე. წინააღმდეგი ხომ არავინ არის ამ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, დღის წესრიგი დამტკიცებულია. სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

ივ. გომართელი (კითხულობს დღიურ წესრიგის 1-ლ მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი საკითხი (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. რუსიას.

1. დეკრეტი ქალაქ ფოთში მდინარე რიონის ჩრდილოეთის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 14 მილიონ შვიდასი ათასი მანეთის გადადებისა.

. რუსია (ს.-დ.): ფოთის თვითმმართველობამ აღძრა შუამდგომლობა, რომ მისცენ მას დახმარება ხაზინიდან იმ ხიდის დასამთავრებლად, რომელიც აერთებს ქალაქის ტერიტორიას ფოთის ნავთსადგურის ტერიტორიასთან. ქალაქი თხოულობს 14.700.000 მანეთს. ნახევარი ამ ფულისა უნდა გაღებულ იქნეს ხაზინიდან, როგორც დახმარება, მეორე ნახევარი კი სესხის სახით. მოხსენებიდან სჩანს, რომ ამ ხიდის გასაკეთებლად შარშან ივლისში მიცემულ იქნა ხაზინიდან სესხი ერთ მილიონ ნახევარი მანეთი. ამ ფულით მუშაობა უკვე დაწყებულია. დღეს ხიდის ასაშენებლად მუშაობა სწარმოებს, ნაწილი საჭირო მასალისა შეძენილია, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი ასეთი დიდი ხიდის გასაკეთებლად. ამ ხიდს დიდი სახელმწიფოებრივი და ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. რაც უმთავრესია ხაზინისთვის - სესხი 7.350.000 მან., სრულიად უზრუნველყოფილია იმ საფუთო გადასახადით, რომელიც უკვე მიღებული არის დამფუძნებელი კრების მიერ. უნდა მოგახსენოთ, რომ სახელმწიფო კონტროლი ამ სესხის წინააღმდეგია უმთავრესად იმ მოსაზრებით, რომ ბათომის რესპუბლიკასთან შემოერთების შემდეგ ფოთმა პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგაო (ხმაურობა: როგორ შეიძლება!). ამას არ იზიარებს არც თვითმმართველობის და საფინანსო კომისია, არც მთავრობა და არც ფინანსთა უწყება. ამიტომ თვითმმართველობის კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას, რომ გაღებულ იქნეს ხაზინიდგან 14.700.000 მან. ნახევარი იყოს ხაზინის ანგარიშში დახმარებად, ხოლო მეორე ნახევარი მიეცეს სესხად და ეს სესხი უზრუნველყოფილ იქნეს იმ საფუთო გადასახადით, რომელიც უკვე მიღებულია. მოგეხსენებათ, რომ 50 პროცენტი ამ გადასახადისა ამ კანონის ძალით უნდა დაიხარჯოს ნავთ-სადგურის გაუმჯობესებაზე. თავის თავად ცხადია, ამ ნავთ-სადგურის მოწყობას, მის ქალაქთან შეერთებას ქალაქისა და მთელ სახელმწიფოსათვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი (ს.-დ.): ეს საკითხი საბიუჯეტო კომისიაშიც გაირჩა. საბიუჯეტო კომისიამ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ დღევანდელი ფასები მასალაზე განსხვავდება იმ ფასებიდან, რომელიც მხედველობაში იყო მიღებული მაშინ, როდესაც ჩვენ 1 1/2 მილ. მანეთის სესხის დეკრეტი მივიღეთ. ამიტომ საბიუჯეტო კომისიამ პრინციპიალურად მიიღო ეს დეკრეტი და საჭიროდ სცნო, რომ ეს თანხა გაღებულ იქნეს. საბიუჯეტო კომისიაში აღიძრა მხოლოდ ერთი საკითხი პროცენტების შესახებ. საქმე იმაშია, რომ საფინანსო უწყება მოითხოვდა, რომ ეს სესხი ქ. ფოთს მისცემოდა 5 პროც. მაგრამ რადგანაც საბიუჯეტო კომისიამ დამტკიცებულად სცნო, რომ ამ ხიდს არა მარტო ქალაქისთვის, არამედ მთელი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გადასწყვიტა სესხი მისცემოდა უპროცენტოდ, მით უმეტეს, რომ ეს სესხი უზრუნველყოფილია იმ საფუთო გადასახადით, რომელიც შემოღებულია მარგანეცზე. თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ.

. რუსია (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

. რუსია (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

. რუსია (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის.

მიღებულია. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ-ნ გომართელს ეკუთვნის.

2. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვისა.

ივ. გომართელი (კითხულობს პირველ მუხლსა და ხარჯთ-აღრიცხვას).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

ივ. გომართელი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

ივ. გომართელი (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგი.

ივ. გომართელი (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. კენჭს უყრი მთლიანად. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

3. ზოგადი განხილვა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის პროექტისა.

გრ. გიორგაძე (ს.-დ.): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! დღეს დამფუძნებელი კრება იხილავს სახელმწიფოს ხარჯთ-აღრიცხვას, ბიუჯეტს. ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც დამფუძნებელი კრება ამ დიდმნიშვნელოვან აქტს იხილავს. ამ აქტის განხილვა ჩვენ ბევრ რამეს გვავალებს.

ჩვენ გვავალებს, რომ მიუდგომლად ავწონ-დავწონოთ მთელი ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილი არის, ობიექტურად შევაფასოთ მთელი ის პოლიტიკა შინაური თუ გარეშე, რომელსაც ჩვენი მთავრობა აწარმოებდა.

სანამ არსებითად ბიუჯეტის განხილვას შეუდგებოდე, მე მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, როგორც საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელი, ზოგიერთი საბიუჯეტო დებულება წამოვაყენო; ისეთი დებულებები, რომელნიც ერთის მხრივ შეეხებიან ჩვენი ბიუჯეტის ტეხნიკურ მხარეს, მეორე მხრით მის ასრულებას.

ბიუჯეტი არის სახელმწიფოს მეურნეობის გეგმა.

ეს გეგმა დამყარებული არის კანონიერებაზე, ე.ი. ყოველ ხარჯს, რომელიც გაიცემა, უნდა ჰქონდეს კანონიერი საფუძველი. ამ საერთო გეგმაში უნდა იყოს აღნიშნული წყაროები შემოსავლისა, რომელიც სახელმწიფოს განკარგულებაში არის.

ეს გეგმა არის დროებითი, ეს არის კანონი, გამოცემული დროებით, ერთი, ორი ან სამი წლის ვადით.

დღეს ჩვენ ვიხილავთ 1919-1920 წლის ბიუჯეტს. ამ მხრივ ჩვენი ბიუჯეტის განხილვა დაგვიანებულია, მაგრამ ამ დაგვიანებას თავისი მიზეზები აქვს. მე არ შევუდგები იმ შინაურ და საერთაშორისო ცხოვრების აღწერას, რომელიც ამ წლის განმავლობაში იყო განვლილი, როდესაც ჩვენ შიგნით ვებრძოდით დამრღვევ ელემენტებს და იმავე დროს თავს ვიცავდით გარეშე მტრებისაგან. უმთავრესი მიზეზი ჩვენი ბიუჯეტის განხილვის დაგვიანებისა ჩვენი საერთაშორისო და შინაური მდგომარეობა იყო.

მე ამ მდგომარეობას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ არა თუ ისეთ არანორმალურ მდგომარეობაში, როდესაც სახელმწიფო ახლად წარმოიშვა და იმავე დროს თავს იცავს სხვა და სხვა დამრღვევ ელემენტებისაგან შიგნით და გარედ, არამედ იმ სახელმწიფოებშიაც, სადაც აპარატი არა თუ მოწყობილია, არამედ ასი წლობის ისტორიაც აქვს, იმ სახელმწიფოებშიაც ბიუჯეტის განხილვა ძალიან ხშირად გვიანდება.

თეორიულად მეცნიერებაში და პრაქტიკულად საკანონმდებლო წესით წინაგანსაზღვრულია ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიუჯეტი გვიანდება. ამ შემთხვევისათვის მიღებულია განსაზღვრული წესი, თუ როგორ უნდა იარსებოს სახელმწიფომ, რადგან სახელმწიფოს არ შეუძლიან ერთ წუთსაც იარსებოს, თუ მას არა აქვს განკარგულებაში განსაზღვრული თანხა სხვა და სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. დამფუძ. კრებას ქონდა შემთხვევა დაგვეკანონებინა წესი ბიუჯეტით სარგებლობისა ასეთ შემთხვევაში. ჩვენ არა ერთხელ მივიღეთ დეკრეტი იმის შესახებ, რომ მთავრობას ჰქონდეს უფლება ისარგებლოს ბიუჯეტის ფარგლებში რამდენიმე (ერთი, ორი, სამი თუ ოთხი) თვის განმავლობაში თვიურად 1/12. ასეთი შემთხვევა შეიძლება შემდეგშიაც იქნეს და ჩვენ უნდა მივიღოთ შემდეგი დებულება: როდესაც ბიუჯეტი დამტკიცებული არ არის, როდესაც საკანონმდებლო დაწესებულება ვერ ასწრებს მის განხილვას, მთავრობას უნდა ჰქონდეს საშვალება უწინდელ ბიუჯეტის თანახმად 1/12-ით თვეში დააკმაყოფილოს სახელმწიფოს მოთხოვნილებები, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს იყოს დადასტურებული საკანონმდებლო დაწესებულების მიერ.

ჩვენ ამას წინად მივიღეთ დეკრეტი, რომლითაც მთავრობას მივეცით უფლება ხარჯოს სახელმწიფოს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად არა 1919-1920 წლის ბიუჯეტის მიხედვით, არამედ იმ ბიუჯეტის მიხედვით, რომელსაც მთავრობა იმუშავებს და უნდა წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას.

მაგრამ არაჩვეულებრივ მდგომარეობაში, როგორც არის დღეს ეკონომიურ და ფინანსიურ სფეროში, როდესაც ყოვლად შეუძლებელია ვისარგებლოთ ბიუჯეტით იმ ფარგლებში, რომელიც იყო 1919-1920 წლის განმავლობაში, ჩვენ რომ მთავრობისათვის ეს უფლება არ მიგვეცა, ეს იქნებოდა მთავრობის უბიუჯეტოდ, უსაშუალებოდ დატოვება. ამიტომ მივიღეთ, რომ მთავრობას მიეცეს უფლება 1920-1921 წლის ნავარაუდევ ბიუჯეტის ერთ მეთორმეტედ ნაწილში გასწიოს ხარჯი თვიურად. აი ეს პირველი დებულება, რომელიც დამფუძნებელ კრებისათვის მინდოდა წამომეყენებინა.

გარდა ამისა, როდესაც ჩვენ საბიუჯეტო კომისიაში იმ ბიუჯეტის განხილვას შევუდექით, რომელიც ფინანსთა უწყების მიერ იყო წარმოდგენილი, აშკარად დავინახეთ, რომ ახალი შტატები, ახალი მომატებანი, ახალი ორგანიზაციები, რომელიც ჩვენში თან და თან იქნება, ესენი ამ ბიუჯეტში, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, რამდენიმე თვის შემდეგ დაძველდა და მასში აღარ იყო დაცული ბიუჯეტის აუცილებელი თვისება, ე.ი. ბიუჯეტის მთლიანობა.

როდესაც ფინანსთა მინისტრი ამ ბიუჯეტს ადგენდა, მას შემდეგ ბევრი ახალი ორგანიზაცია სახელმწიფო დაწესებულების სახით იყო ჩვენ მიერ მიღებული; ამ დაწესებულებათა ხარჯი ფინანსთა მინისტრის ბიუჯეტში ვერ შევიდოდა. საფინანსო კომისია შეეცადა მთლიანობა ბიუჯეტისა დაეცვა იმ მხრივ, რომ ბიუჯეტში ყოფილიყო ყოველი წყარო შემოსავლისა აღნიშნული და აგრეთვე ყოველი გასავალი.

ამ მხრივ რამოდენიმედ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ მაინც ამ ბიუჯეტში არ შედის ერთი უწყების, მომარაგების სამინისტროს ხარჯთ-აღრიცხვა. ამის შესახებ საბიუჯეტო კომისიამ იქონია მიწერ-მოწერა მომარაგების სამინისტროსთან და მიიღო განმარტება, რომ ამ სამინისტროს, როგორც ახალ ორგანიზაციას, რომელიც თან და თან ეხლა იქმნება, არ შეეძლო ხარჯთ-აღრიცხვა წარმოედგინა მაშინ, როცა ბიუჯეტი იბეჭდებოდა. მაგრამ სანამ დამფუძნებელი კრება სავსებით ბიუჯეტს დაადასტურებდეს, ე.ი. სანამ იქნება ბიუჯეტის მუხლების და პარაგრაფების განხილვა და მიღება, მანამ ის ეცდება ეს ხარჯთ-აღრიცხვა წარმოადგინოს.

მაგრამ მომარაგების სამინისტრომ მოაწოდა კომისიას ცნობები თავის ოპერაციების შესახებ და ამ ცნობებს თავის დროზე მოგახსენებთ.

დღეს თუ მთლიანობა ბიუჯეტისა ვერ არის დაცული, ეს იმიტომ, რომ მომარაგების სამინისტრომ, როგორც ახალმა ორგანომ, ვერ შესძლო შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის წარმოდგენა. მე მოგახსენებთ, რომ არა თუ მომარაგების სამინისტრომ, სხვა სამინისტროებმაც ვერ შესძლეს დროზე წარმოედგინათ საბოლოო შტატები, რადგანაც იმათაც მოუხდათ შტატის შეცვლა, რადგან ცხოვრების პირობები იცვლებოდა და ახლაც იცვლება. და თუ ეხლა ვერ შევსძელით სავსებით დაგვეცვა ბიუჯეტის მთლიანობა, შემდეგში უნდა შევავსოთ ეს ნაკლი. აუცილებელია, რომ გვქონდეს მთლიანი ბიუჯეტი, რომ მასში შედიოდეს ყველა უწყების ხარჯი და შემოსავალი.

გარდა ამისა, იმ არანორმალურ პირობებში, რომლებშიაც საფინანსო კომისია მუშაობდა, ყოვლად შეუძლებელი შეიქნა ერთხანს ბიუჯეტის შედგენა. და ეს მარტო ჩვენში არ არის. ასეა ყველგან დღეს. ცხოვრება ყოველთვის წინ უსწრებდა იმ ციფრებს, რომლებიც დაწერილი გვქონდა. ორი თვის განმავლობაში ცხოვრებაში სულ სხვა გვარი პირობები და მდგომარეობა დგებოდა, დამფუძნებელი კრება ახალ მომატებებს იღებდა და სამინისტროები ახალ შტატს გვიდგენდა. ამიტომ საფინანსო კომისიამ, რომ გამოემუშავებინა ტეხნიკური მხარე, რომ ბიუჯეტი შეედგინა და ჩამოეყალიბებინა, გადასწყვიტა შეჩერებულიყო ერთ ხანაზე, ერთ დატაზე და ამ დატად ამოირჩია 1 იანვარი 1920 წ. მიღებულ იქმნა მხედველობაში ის მომატებანი და შტატები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიღებულ იქმნა დამფუძნებელ კრების მიერ. ყოველივე ეს მომატებანი შეტანილ იქმნა ხარჯთ-აღრიცხვაში და ამ ნორმების კვალობაზე დანარჩენ 5 თვის განმავლობაში შედგენილ იქმნა ბიუჯეტი.

ამგვარად, პირველ ნაწილს ჩვენი ბიუჯეტისა აქვს აღსრულებითი ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილს - ნამდვილი ბიუჯეტის. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ერთის მხრით, გასაგები იქმნეს ის ციფრები, რომლებიც აქ არის, ე.ი. მიღებული არ არის მხედველობაში 5 თვის განმავლობაში მომატებანი და ცვლილებანი; მეორეს მხრით იმისთვის, რომ გამოეთქვა დებულება, რომ არ არის სასურველი, რომ ბიუჯეტს ქონდეს აღსრულებითი ხასიათი. ბიუჯეტი არის წინასწარი გეგმა, ვარაუდი და აღსრულება მისი უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო კონტროლმა.

შემდეგში უნდა ვეცადოთ, რომ ბიუჯეტი სწრაფად განვიხილოთ, რომ ეს ნაკლი მას აღარ ქონდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ საფინანსო კომისია დროზე მიიღებს ბიუჯეტს და არ დააყოვნებს მის განხილვას. გარდა ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოში ბიუჯეტი განიყოფება ჩვეულებრივ და არა ჩვეულებრივ ხარჯების და ჩვეულებრივ და არა ჩვეულებრივ შემოსავლის მიხედვით. ჩვენს ბიუჯეტში არ არის ასეთი დაყოფა, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეუძლებელია დაყოფა ჩვეულებრივ და არა ჩვეულებრივ ხარჯებისა. ასეთი ხაზის გავლება ძალიან ძნელია განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი სახელმწიფო შენდება. როდესაც ნორმალური პირობები დადგება შიგნით და გარეთ; როდესაც დაშოშმინდება ცხოვრება, მაშინ მიზან-შეწონილად მიაჩნია კომისიას, რომ ჩვენს ბიუჯეტში იყოს ეს განყოფილება - ჩვეულებრივ და არა ჩვეულებრივ შემოსავალ-გასავლისა. ეს მისაღებია, რადგან უფრო ნამდვილ სურათს იძლევა ჩვენი გეგმისა და მოქმედებისა, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს შეუძლებელია. შეიძლება მეორე ბიუჯეტის განხილვის დროს იქნეს ასეთი მდგომარეობა. მაგრამ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო კომისიას ქონდა ასეთი სურვილი, ყოვლად შეუძლებელი გახდა ამის ცხოვრებაში გატარება. გარდა ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოს ბიუჯეტში არის ერთი ნაწილი, რომელიც დაზღვეული არის და რომელსაც საკანონმდებლო დაწესებულება არ განიხილავს.

მე მგონია, რომ ასეთი დაზღვეული ნაწილი ჩვენს ბიუჯეტში არ უნდა იყოს და ყოველ შემოსავალ-გასავალს საკანონმდებლო დაწესებულება უნდა განიხილავდეს და დასტურს აძლევდეს.

გარდა ამისა, ბიუჯეტი არის გეგმა, კანონი და მეორის მხრით, იგი არის დამყარებული კანონიერ საფუძველზე. არის ერთი ელემენტი, რომელიც დასდევს თან ყოველ ბიუჯეტს - ეს არის ის, რომ ბიუჯეტის აღსრულება ბევრად დამოკიდებულია ობიექტურ პირობებზე და ხშირად არ არის დამოკიდებული იმის სურვილზე, ვისაც ეს სისრულეში მოყავს.

აქ შესაძლებელია, რომ აღსრულება ბიუჯეტისა ვერ მოეწყვეს ისე, როგორც ეს განზრახული იყო. საკანონმდებლო დაწესებულებას სრული უფლევა აქვს, რომ განხილვის დროს ან დაამტკიცოს, ან არ დაამტკიცოს ბიუჯეტი. და ეხლაც, როდესაც ამ ბიუჯეტს იხილავს ჩვენი საკანონმდებლო დაწესებულება, შეუძლია, უფლება აქვს ან მიიღოს, ან უარყოს სრულიად და ან შესწორება შეიტანოს . მე ხაზს უსვამ იმას, რომ ჩვენ საკანონმდებლო დაწესებულებას აქვს უფლება მთელი ბიუჯეტის უარყოფისა იმიტომ, რომ ეს უფლება უარყოფისა საკამათოდ არის გამხდარი საკანონმდებლო აქტებში და ფინანსიურ-იურიდიულ ლიტერატურაში. არიან ისეთი ფინანსისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო დაწესებულებას არ აქვს უფლება ბიუჯეტის უარყოფისა, რადგან ეს იქნებოდა რევოლიუციონური მდგომარეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ მივცეთ არც ერთი გროში და ყოველ წელს კენჭი უყაროთ მის არსებობას. არის მეორე - ფრანგულ-ბელგიური შეხედულება, რომელსაც იზიარებენ საფრანგეთის და ბელგიის მეცნიერები. ეს არის უფლება ბიუჯეტის უარყოფისა. თუმცა მჭრელი და მახვილი იარაღია ეს უფლება საკანონმდებლო დაწესებულების ხელში, მაგრამ მას ხელს ვერ გაუშვებს საკანონმდებლო დაწესებულება. მაგრამ კონფლიქტები ამ შემთხვევაში იშვიათ მოსალოდნელია, რადგან პარლამენტარულ სისტემის დროს მთავრობა ეყრდნობა პარლამენტის უმეტესობას.

ამგვარად, მე ვამბობ, რომ საკანონმდებლო დაწესებულებას აქვს უფლება არა მარტო შესწორების შეტანისა, არამედ ბიუჯეტის სრული უარყოფისა.

ეხლა ნება მიბოძეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, თუ თვით მთავრობას რა უფლებები უნდა მიეცეს ბიუჯეტის აღსრულების დროს.

მე მოგახსენებთ, რომ ყოველი ბიუჯეტი არის ერთგვარი ვარაუდი; მისი აღსრულება შეიძლება სხვა და სხვა გარემოებებში მოხდეს და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს მთავრობამ ყოველ გროშისათვის საკანონმდებლო დაწესებულებას და მეორე მხრით, დიდათ დააბრკოლებდა მთავრობის მოქმედებას და მართვა-გამგებლობის საქმეს; ამიტომ საკანონმდებლო აქტებში განზრახული არის, თუ რა უფლებები უნდა ქონდეს მთავრობას ბიუჯეტის აღსრულებაში. ბიუჯეტს აქვს პარაგრაფები და ამ პარაგრაფებს - მუხლები. კომისიის აზრით, უნდა დავაკანონოთ ის პრაქტიკა, რომელიც დღემდე არსებობდა, ე.ი. მთავრობას ამა თუ იმ უწყების წარმომადგენელს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ პარაგრაფის ფარგლებში ესა თუ ის კრედიტი გამოიყენოს, მხოლოდ პარაგრაფის ფარგლებს არ უნდა გადასცდეს. შეიძლება მას აქვს კრედიტი ერთი მუხლისათვის და საჭიროება კი აქვს მეორე მუხლის დაკმაყოფილებისა. მას შეუძლია ეს კრედიტი ისესხოს ამ მუხლიდან და მოახმაროს მეორე მუხლს, როცა ამას აუცილებელი საჭიროება და მდგომარეობა მოითხოვს და შემდეგ ეს კრედიტი უნდა შეავსოს იმ მუხლის კრედიტიდან, რომელსაც მოახმარა. ეს ჩვენის მხრით, განსაკუთრებით საჭიროა დღევანდელ პირობებში. ნორმალურ ბიუჯეტში ყველა საკანონმდებლო ბიუჯეტში არის ლტოლვილება, რომ შეკვეცონ მთავრობის უფლებები, ე. ი. უჩვენონ, რომ ამა და ამ ფარგლებში გაქვს უფლება მოქმედებისა, გაქვთ ესა და ეს განსაზღვრული თანხა.

მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი ბიუჯეტი, რომ ეს გატარებული იყოს. სპეციალიზაცია ტარდება, მაგრამ არა სავსებით. დღეს ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როცა მნიშვნელობა აქვს კვირას და დღეს კი არა, საათს. და აი ასეთი შემთხვევისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკანონმდებლო დაწესებულება არ მუშაობს. როცა მას ვაკაციები აქვს, საკანონმდებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მთავრობა, რადგან ხშირად ხდება, რომ ის თანხები, რომლებიც მუხლებში და პარაგრაფებში არის გამოხატული, მას არ ყოფნის და არც უნდა იტრიალოს ამ პარაგრაფებს და მუხლებს შორის, არ შეუძლიან ესა თუ ის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, რადგან შეიძლება, რომ საკანონმდებლო დაწესებულებამ ესა თუ ის მოთხოვნილება ვერ გაითვალისწინოს ბიუჯეტში. ამიტომ უნდა მიეცეს მთავრობას საშუალება დააკმაყოფილოს ეს მოულოდნელი მოთხოვნილებები. ჩვენ ასეთი პრაქტიკა უკვე გვქონდა. ჩვენ გავიღებდით მთავრობის განკარგულებაში განსაკუთრებულ თანხას, ე.წ. ფონდს. არა ჩვეულებრივ საჭიროებისათვის მთავრობის განკარგულებაში უნდა იყოს ასეთი თანხა. მხოლოდ იმ აუცილებელ პირობით, რომ თუ ვაკაციები არის და ამ ფონდიდან მთავრობამ გაიღო ხარჯი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის მიერ, მთავრობამ პირველ სხდომაზე, რომელიც მოხდა ვაკაციების შემდეგ, უნდა მოახსენოს საკანონმდებლო დაწესებულებას, თუ რისთვის დაიხარჯა ეს თანხა. და თუ საკანონმდებლო დაწესებულების მუშაობა სწარმოებს და დრო გამოშვებით აქვს სხდომები - ერთხელ ან ორხელ კვირაში და ამ სხდომებს შორის მთავრობამ ამ ფონდიდან ხარჯი გაიღო, მან შემდეგ სხდომაზევე უნდა მოახსენოს საკანონმდებლო დაწესებულებას, რომ ფონდიდან ამა და ამ საჭიროებისათვის მან გაიღო განსაზღვრული თანხა.

აი, ბატონებო, საბიუჯეტო დებულებანი, რომელიც მე მინდოდა, სანამ ბიუჯეტის განხილვას შეუდგებოდეთ, თქვენთვის მომეხსენებია.

ეს ბიუჯეტი, როგორც მოგეხსენებათ, არის პროექტი 1919-1920 წ. ეს წელიწადი ჩვენ გავიარეთ, მაგრამ საჭირო არის გადავათვალიეროთ დახარჯული ციფრები და თანხები და აქედან ერთგვარი დასკვნა გამოვიტანოთ: რა არის ჩვენი გეზი, საით მივდივართ, რა პერსპექტივები უნდა გვქონდეს?

მთელი გასავალი ჩვენი ბიუჯეტისა შეადგენს 1.960.490.798 მანეთს, შესავალი კი გამოიხატება 1.163.564.485 მანეთში. მაშასადამე, შემოსავალს და გასავალს შორის არის განსხვავება 796.926.313 მანეთი. ეს განსხვავება იფარება მთავრობის სამეურნეო ოპერაციებით. იმ ბიუჯეტში, რომელიც საფინანსო კომისიამ შეიმუშავა, არის განსხვავება.

კომისიამ მიიღო მხედველობაში ის მომატებანი, რომელიც 1-ლი იანვრიდან იყო, ხოლო არ მიუღია, რომელიც იანვრის შემდეგ იყო. მთელი განსხვავება ამ ორ პროექტს შორის პროცენტულად გამოიხატება 150 პროც.

თქვენ შეიძლება ეს ძალიან გადამეტებულად გეჩვენებათ. რასაკვირველია, გადამეტება არის საგრძნობი, მაგრამ მაინც და მაინც დიდი არ არის.

რუსეთში 1918 წელს უკვე მოხდა ბიუჯეტის 200 პროც. გადიდება 1917 წელთან შედარებით; ჩვენ კი გვაქვს 1919-1920 წელში ნაკლები პროცენტული ზრდა. უტყუარია ჩვენი ბიუჯეტის რაოდენობა, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ საშვალება, რომლითაც ეს გასავალი დაიფაროს. აი საგანი ჩვენი ყურადღებისა. ჩვენი ყურადღება იქით უნდა იქნეს მიქცეული, რომ გამოძებნოს ის წყარო, რომელსაც შეუძლიან დაფაროს ეს განსხვავება და ეს ხარჯები, რომ შეიძლება სახელმწიფოს აღორძინების სწორ და უტყუარ გზაზე დაყენება.

მე შევეხები ჯერ გასავალს.

არ არის მე მგონია საჭირო შევუდგე იმის განხილვას, თუ რამ გამოიწვია ჩვენი ბიუჯეტის გადიდება. ეს ყველასათვის ცხადია. მე უნდა მოგაგონოთ თავდაცვის საქმე, შინაური მდგომარეობა და სხვ., რომელსაც ჩვენ განვიცდით. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად ჩვენ დაგვატყდა თავს დიდი და დიდი ხარჯები. არ შეუდგები იმის აღნუსხვას, რა დიდი ხარჯები იყო მიღებული სახელმწიფოს მიერ სხვა და სხვა ახალი ორგანიზაციების, ახალი დაწესებულებების სააღმშენებლო მდგომარეობისათვის, რომელსაც ის აწარმოებდა. არ შეუდგები იმის განხილვას, რომ ამ ბიუჯეტის გადიდება გამოიწვია უმთავრესად იმ სიძვირემ, რომელიც მთელ დედამიწის ზურგზედ არის გამეფებული და სწრაფად იზრდება. მე მგონია, რომ ეს ბიუჯეტი 150 პროცენტით კი არა, 300 პროცენტით გადიდდებოდა, რომ არ უზრუნველგვეყო მუშა-მოსამსახურენი და სახელმწიფო მოხელენი იაფ-ფასიანი პურით. ამ ზომამ საშინლად შეაჩერა ფასების ზრდა და მოგვცა ჩვენ საშვალება ვიყოთ რამდენიმედ ნორმალურ პირობებში. მაშასადამე, არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირველი ზრდა ბიუჯეტისა იმ მდგომარეობაში, რომელიც არსებობს საერთო ფინანსიური მდგომარეობის მიხედვით.

ჩვენი ქვეყანა არ შეიძლება გამოეთიშოს ამ მდგომარეობას და სავსებით ცალკე დადგეს.

რომ ავიღოთ მთელი ჩვენი ბიუჯეტი უწყებების მიხედვით, ჩვენ დავინახავთ შემდეგს: ყველაზედ მეტი იხარჯება თავდაცვის საქმეზედ.

და ეს პროცენტიულად გამოიხატება: 27 1/2 პროც., მეორე ადგილი უჭირავს გზათა უწყებას - 22,2 პროც., შინაგან საქმეთა სამინისტროს - 10 1/2 პროც., სახალხო განათლების სამინისტროს - 7 პროც., მიწად-მოქმედების სამინისტროს - 4 1/4 პროც., იუსტიციის სამინისტროს - 2 4/7 პროც., ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის უწყებები - 2,1 პროც., გარეშე საქმეთა - 1 4/5 პროც., დამფუძნებელი კრებისა - 1/2 პროც., სახელმწიფო კონტროლი - 1/2 პროც., მთავრობისა - 0,10 პროც., შრომის სამინისტრო - 0.07 პროც.

ამგვარად, უდიდესი ხარჯები მიდის სამხედრო უწყებაზე, მაგრამ ეს არ არის უდიდესი ხარჯები, თუ განვიხილავთ ბიუჯეტს და შევისწავლით მას იმ საგნების მიხედვით, რომელსაც ის აკმაყოფილებს.

თავდაცვისათვის ჩვენ ვერაფერს დავზოგავთ. როდესაც დგება ისეთი წუთები, როცა განსაცდელი მოელის ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ხარჯს ვერ დავერიდებით როგორც ამდენ ხანს, ისე აწი. საფინანსო კომისია არ არის მომხრე ბიუჯეტის მილიტარიზაციისა, რომ უმეტესი ნაწილი ხარჯებისა თავდაცვისათვის გადაიდოს. მაგრამ როდესაც ამას მდგომარეობა მოითხოვს, როდესაც თავს გვესხმიან, ჩვენ ვალდებულნი ვართ თავი დავიცვათ. ჩვენ ვაწარმოებთ არა თავდასხმას, არამედ თავდაცვას. სამხედრო ხარჯი შეუწყნარებელია მაშინ, როდესაც სახელმწიფო აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას, როდესაც თავს არ იცავს და ესხმება სხვას. მაშინ, რასაკვირველია, ეს ყოვლად შეუწყნარებელია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ როგორც მთავრობა, ისე საფინანსო კომისია და აგრეთვე დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისია შეეცადა, რომ ის ხარჯები, რომელიც სამხედრო უწყებაზე იხარჯებოდა, შეემცირებინა. ამ მიზნით მოხდა რეორგანიზაცია სახალხო გვარდიისა და ჯარისა. მაგრამ ცხოვრებამ ისეთი პირობები დაგვიყენა, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით არა ჩვეულებრივი ზომებისათვის მიგვემართნა და სამხედრო უწყების ხარჯები თითქმის შეუმცირებელი დარჩა.

ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა მოითხოვს, რომ როდესაც ნორმალური პირობები შეიქმნება, აუცილებლად საჭიროა გადავიდეთ მილიციურ სისტემაზე. სასურველია უფრო ნაკლები ხარჯების გაწევა, ნაკლები ენერგიის დახარჯვა როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური. მე ვამბობ, ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც შესაფერისი პირობები დაგვიდგება. შესაძლებელია ეს მალე მოხდეს, თუ ჩვენი დამოუკიდებლობა იურიდიულად მალე იცვნეს. თუ ის უმთავრესი დებულება, რომელიც ჩვენ წამოვაყენეთ, ჩვენი ნეიტრალობა უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ამ სისტემაზე გადავალთ.

ამისათვის უნდა შევემზადნეთ და საფინანსო კომისიას საჭიროდ მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ შესაფერისი ზომები და ნაბიჯები იქნეს მიღებული. საჭიროა ამ სისტემის შესასწავლად სახელმწიფომ სახალხო გვარდიას და ჯარის ნაწილებიდან გაგზავნოს საზღვარ გარეთ რამდენიმე კაცი, რომ ჩვენ მომზადებული პირები გვყავდეს ამ საქმისთვის იმ დროს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.

საფინანსო კომისიის სახელით ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ ის დიდი თანხა, რომელიც დაიხარჯა სამხედრო საქმისათვის, ტყუილად არ დახარჯულა.

ჩვენი ჯარი და სახალხო გვარდია პირნათლად აასრულებს თავდაცვის საქმეს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცდა იყო და დღესაც არის ამ სამხედრო ნაწილებში დეზორგანიზაციის შეტანისა. მაგრამ ეს შეიარაღებული ძალა მტკიცედ დგას თავის პოზიციაზედ და იმედი გვაქვს, რომ სავსებით და პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას.

თუ საგნობრივად განვიხილავთ ბიუჯეტს შემდეგ თავდაცვისა, უნდა განვიხილოთ ის ნაწილი ჩვენი ბიუჯეტისა, რომელიც ხმარდება კულტურის საამშენებლო სამრეწველო საქმეს. როდესაც ამ მხრივ განვიხილავთ ბიუჯეტს, ჩვენ დავინახავთ, რომ თავდაცვის საქმეს უჭირავს მეორე ადგილი.

პირველ ადგილს არის სააღმშენებლო, სამრეწველო და კულტურული ხარჯები. ამას მოწმობს ციფრები: ჩვენ გაგვიღია 180 მილიონი ერთხელ და 215 მილიონი მეორედ მთავრობის ოპერაციებისათვის და სავალიუტო საქონლის შესაძენად.

მე დამავიწყდა და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბიუჯეტის მთავრობის მმართველობის პარაგრაფში არის აღნიშნული 181 მილიონი მან. ამაში შედის ეს 180 მილიონი ოპერაციებისათვის. ფინანსთა მინისტრის ხარჯთ-აღრიცხვაში გატარებული არის 250 მილ. სავალიუტო საქონლისათვის. ასე რომ, როდესაც თქვენ დააყენებთ საკითხს, თუ თვითეულ უწყებაზე რამდენი იხარჯება, ეს თანხები მხედველობაში უნდა მიიღოთ.

გარდა ამისა, მთელი რიგი კულტურულ საქმეებისათვის, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ: სამკურნალოების ქსელების შექმნა მთელს რესპუბლიკაში, საბეითლო ნაწილი, ფოსტა-ტელეგრაფი, წიგნთსაცავების ორგანიზაცია, საერობო დაწესებულებები, რომლებიც ჯერ ერობაზე არ არის გადაცემული.

თუ მივიღებთ მხედველობაში სახალხო განათლების ხარჯებს, თუ მიიღებთ მხედველობაში იმ ხარჯებს, რომელსაც მიწად-მოქმედების სამინისტრო ეწევა ნაციონალურ მამულების დამუშავებაზე და მთელ რიგ სოციალურ რეფორმების გატარებაზე, თუ მიიღებთ მხედველობაში იმ ხარჯებს, რომლებიც გზათა უწყების მიერ არის გაწეული, აქედგან დაინახავთ, რომ მთელი ნახევარი ბიუჯეტისა ხმარდება ამ სააღმშენებლო, საკულტურო და სამრეწველო საქმეს. აგრეთვე, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ დახმარებას სესხის თუ სხვა სახით, რომელსაც ჩვენ უწევდით ახლად შექმნილ თვითმმართველობებს, ერობებს და ქალაქებს, - თუ ყველა ამას მიიღებთ მხედველობაში, დაინახავთ, რომ უმთავრესი ხარჯები ჩვენი ბიუჯეტისა, აი ამ მხარეზე არის მიქცეული და პირველ რიგშია კულტურული, სააღმშენებლო და სამრეწველო ხარჯები: ამ საქმეზე იხარჯება 50 პროც. ჩვენი ბიუჯეტისა.

ჩვენ ეხლა სახელმწიფოს აშენების პროცესში ვართ.

ბიუჯეტის ციფრები ნამდვილად ამ მდგომარეობას შეეფერება: ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფოს აპარატი თან და თან ეწყობა ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მიდის წინ სახელმწიფოს სააღმშენებლო საქმე.

აი ნამდვილი ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული ხანა, რომელსაც ჩვენ განვიცდით. მომავალში, ვინც შეისწავლის ჩვენს ბიუჯეტს, ამ გარემოებას მიაქცევს ყურადღებას, იტყვის, რომ ჩვენ ვაწარმოებდით სააღმშენებლო მუშაობას.

ჩვენი ბიუჯეტის შემდეგი საგანი, რომელზედაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, არის მართვა-გამგეობის საქმე. რა იხარჯება მართვა-გამგეობაზე: მთავრობა, შინაგან-საქმეთა სამინისტრო, გარეშე-საქმეთა სამინისტრო, საფინანსო, იუსტიციის, სახელმწიფო კონტროლი და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც მართვა-გამგეობას შეადგენენ, გვიჯდება არა უმეტეს 15 პროცენტისა, დანარჩენი 8 პროცენტი კი იხარჯება სხვა და სხვა არა ჩვეულებრივ მოვლენებზე.

საგნობრივად ჩვენი ბიუჯეტი ამგვარ სურათს წარმოადგენს. დამფუძნებელი კრების მოვალეობაა, რომ შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს დაუახლოვოს: ხარჯები შევამციროთ, მართვა-გამგეობა გავამარტივოთ. ეს დებულება ყველას უნდა გვახსოვდეს და ვცდილობდეთ ამის განხორციელებას.

ის ხარჯები, რომლებიც ჩვენ გავწიეთ 1919-1920 წელს, არის ისეთი ხარჯები, რომლების გვერდის ახვევა ყოვლად შეუძლებელი იყო.

ეხლა, როდესაც მე თქვენ მოგახსენეთ მთელი ხარჯების რაოდენობა და საგნობრივი დახასიათება, თქვენ თავის-თავად დასვამთ საკითხს იმის შესახებ, თუ რას ემსახურებოდენ ეს ხარჯები, რა პოლიტიკა იყო ჩვენი შინაური და გარეშე პოლიტიკა. მე მსურს ამ საკითხზე ორიოდე სიტყვით შევჩერდე.

სახელმწიფო მართვა-გამგეობის ყოველ დარგში, რა დარგიც უნდა იყოს ის, შინაგან-საქმეთა უწყება, გზათა, იუსტიციის, მიწად-მოქმედების თუ სხვა, იყო ერთი აშკარა და გარკვეული ხაზი და დამფუძნებელ კრებას არა ერთხელ დაუდასტურებია ის. ეს არის ხაზი - რომ შეიქმნას ძლიერი მართვა-გამგეობა, ე.ი. შეიქნას ისეთი მართვა-გამგეობა, ისეთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებები, რომლებიც გამტარებლები იქნებიან ჩვენი დემოკრატიული წყობილების პრინციპებისა და ამავე დროს დამცველები იქნებიან ამ დემოკრატიული პრინციპებისა, როდესაც მას საშიშროება მოელის, - მუნიციპალური, თვითმმართველობების ორგანიზაციების გამაგრება და ამ ორგანიზაციებზე დამყარება, ზოგიერთ სახელმწიფოებრივი ფუნქციების დავალება თვითმმართველობის ორგანიზაციებისადმი - შეადგენს ერთ შტრიხს ამ საერთო პოლიტიკური ხაზისას.

უზრუნველყოფა მშრომელ გლეხობისა მიწით ისე, რომ რაც ხალხის სიმდიდრეს შეადგენს, იყოს ხალხის ხელში და არ დანაწილდეს, დაქუცმაცდეს.

შრომა, სადაც არ უნდა მოქმედებდეს ის, იყოს უზრუნველყოფილი.

მთელ ამ პოლიტიკას დაცვა უნდა, და როდესაც ამ პოლიტიკას მოელის შიგნიდან ან გარედან რაიმე საფრთხე, ყოველი სასტიკი ზომებით დაცვა შინაური წყობილებისა.

აი, ეს იყო ჩვენი შინაური ცხოვრების საერთო ხაზი.

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! მე უკვე მოგახსენეთ, რომ ბევრი ამ საერთო ხაზიდან განხორციელებული არის, ბევრი გაკეთებული არის, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორგანიზაციას, მართვა-გამგეობას იმ სახელმწიფოს, რომელსაც საფუძველი ეხლა ჩაეყარა, წარმოების გზაზე სდგას, თანდათან ღონიერდება, არ შეიძლება, რომ ასეთ ცოცხალ, მმოძრავ ორგანიზმს არ ჰქონდეს დეფექტები. სახელმწიფო ამა თუ იმ მოქალაქეს აკისრებს განსაზღვრულ მოვალეობას. ეს მოვალეობა ხშირად პირნათლად ვერ სრულდება. ამ მხრივ, როგორც დამფუძნებელ კრებას და მთავრობას, ისე მცირე კომისიებს ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რადგანაც ბევრი მოქალაქე ცენტრში თუ პროვინციაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობას პირნათლად. მე უნდა მოგახსენოთ, როგორც თავმჯდომარემ საფინანსო კომისიისა და აგრეთვე თავმჯდომარემ საფინანსო მცირე კომისიისა, რომ საფინანსო კომისიის ძველმა შემადგენლობამ გადმოსცა ახალ შემადგენლობას ის მასალები, რომლებიც მან შეკრიბა ამა თუ იმ უწყებაში და რომლებშიც არის აღნიშნული როგორც ღირსებები, ისე დეფექტები ამა თუ იმ უწყებისა. ეს კომისია უკვე შეუდგა ამ ოქმების შესწავლას, ნაწილი უკვე შეისწავლა და გადასცა მცირე კომისიის ერთ წევრს მოხსენების შესადგენად და კომისია ეცდება ამ მასალას მიეცეს შესაფერისი მსვლელობა. ჩვენ აგრეთვე მცირე კომისიაში განვიხილეთ უკანასკნელი აქტები, რომლებიც შედგენილნი არიან სახელმწიფო ხაზინის და ექსპედიციის რევიზიის გამო. დღეს თუ ხვალ ყველა ამას გადავცემთ პრეზიდიუმს და აქ შეიძლება ამ აქტების გაცნობა. მე ამით ის მინდა ვსთქვა, რომ დეფექტები არის და ჩვენ უნდა ვეცადოთ ხელიხელ ჩაკიდებულნი მთავრობასთან ერთად, რომ ეს დეფექტი გამოვასწოროთ, რომ ადგილი არ ჰქონდეს მათ და ეს უტყუარი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, უფრო ნაკლები დეფექტებით გატარდეს.

ეს საერთო ხაზი ჩვენი შინაური ცხოვრებისა - მაგარი, ძლიერი მართვაგამგეობის შექმნა - მე მგონი გამოვსთქვამ არა მარტო საბიუჯეტო კომისიის აზრს, არამედ გამოვსთქვამ მთელი დამფუძნებელი კრების აზრს, თუ ვიტყვი, რომ ეს ხაზი არის ერთი საფუძველთაგანი, რომელზედაც დამყარებული არის ჩვენი საერთაშორისო გამარჯვება, რომელსაც - საერთაშორისო გამარჯვებას - ჩვენ ძნელად, მაგრამ მტკიცედ ვაღწევთ. ეს უმთავრესად დამყარებული არის შინაურ მართვა-გამგეობის სიმტკიცეზე. ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი არსებობა.

ამ საერთაშორისო მდგომარეობაზე და დამოკიდებულებაზე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგევართ ჩვენი დამოუკიდებლობის ორიენტაციაზე, ვიცავთ იმას უკიდურესი ზომებით, სხვის საქმეებში არ ვერევით და სხვასაც ჩვენს საქმეში არ ვირევთ, არავის არ ვესხმით, მხოლოდ თავს ვიცავთ. ამ ხაზის გამარჯვება როგორც შინაურ, ისე საგარეო პოლიტიკაში მოწმობს იმას, რომ ჩვენ ვაწარმოებთ უტყუარ, საღს, ნამდვილ პოლიტიკას. საღი პოლიტიკა, კარგი პოლიტიკა კი არის ერთი საფუძველი კარგი ფინანსიური პოლიტიკისა.

ეხლა ნება მიბოძეთ, გადავიდე ჩემი მოხსენების შემდეგ ნაწილზე - შემოსავალზე. სისტემა ჩვენი შემოსავლის წყაროებისა არ არის ახალი. ეს ძველი სისტემა არის პირდაპირი გადასახადი, არაპირდაპირი გადასახადი, ბაჟები და სხ. ეს აიხსნება იმ გარემოებით კი არა, რომ საფინანსო კომისია მომხრე არის ასეთ ძველი სისტემის, არამედ მით, რომ შეცვლა ძველი სისტემისა ახალზე ძალიან ძნელი და სათუთი საქმეა. ამ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ გადადგა აჩქარებული ნაბიჯი, შეიძლება შეიქნას ისეთი მდგომარეობა, რომ სახელმწიფო უსახსროდ დარჩეს. აქ დიდი სიფრთხილე, მომზადება და თანდათანობაა საჭირო.

ჩვენ არ ვართ არა პირდაპირი გადასახადის მომხრე. ეს გადასახადი ბრმა, ყრუ და მუნჯია.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გადასახადი დავაწესოთ შემოსავლის კვალობაზე და ის სავსებით გავატაროთ ცხოვრებაში, მაგრამ ამის ცხოვრებაში სავსებით გატარება ადვილი საქმე არ არის: საზომის მონახვა, რომელიც სავსებით განსაზღვრავს შემოსავლის რაოდენობას, ძნელი საქმეა.

ჩვენ ამ გზაზე უკვე შემდგარი ვართ, ჩვენ გვაქვს გადასახადი შემოსავლის კვალობაზე და უნდა ვეცადოთ ამ გადასახადის გაფართოებას. წყაროები შემოსავლისა ვცდილობდით გაგვედიდებინა, - ჩვენ არა ერთი დეკრეტი ან კანონ-პროექტი მივიღეთ არსებული გადასახადების გასადიდებლად იმ პირობით, რომ იგი პირველ მოთხოვნილების საგნებზე რაც შეიძლება ნაკლებად გავრცელებულიყო. ჩვენ მივიღეთ პროპორციონალური გადასახადი, ე.ი. მთავრობას მივეცით უფლება გაადიდოს პროპორციონალურად გადასახადი იმის და მიხედვით, რამდენად იზრდება საქონლის ფასი ბაზარზე, ხოლო ამ კანონ-პროექტში აღვნიშნეთ, რომ პირველ მოთხოვნილების საგნები ამ გადასახადისაგან თავისუფალია.

შემოსავლის წყაროები ჩვენს ბიუჯეტში განაწილებულია ამნაირად: სახაზინო ქონების და თანხების შემოსავალი - 744 მილ. მანეთი.

შემდეგი ადგილი უჭირავს არა პირდაპირ გადასახადებს, რომლებიც შეიცავენ 170 მილ. მან., შემდეგ, პირდაპირი გადასახადი, რომელიც შეიცავს 108 მილ., ბაჟები - 40 მილ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს 747 მილ., რომელიც ბიუჯეტში განსაზღვრული არის, შეიძლება ერთ ნაწილში არ გამართლდეს; შეიძლება კი არა, აშკარაა, არ გამართლდება. ეს პარაგრაფი გულისხმობს იმ თანხას - 250 მილიონს, რომელიც ხაზინაში უნდა შემოვიდეს საფონდო მიწების გადაცემიდან. მაგრამ ეს ოპერაცია ჯერ არ არის დამთავრებული.

საფინანსო კომისიამ მოისმინა მიწად-მოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ოპერაციები ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ დასრულდება, - მაშასადამე, ხაზინა სავსებით ვერ მიიღებს ამ შემოსავალს.

მაგრამ საერთო შემოსავალი სახაზინო ქონებიდან, რომელიც არის აღნიშნული ჩვენს ბიუჯეტში, მოსალოდნელია სავსებით გამართლდეს.

რაც შეეხება არა პირდაპირ და სხვა გადასახადებს, იმ ციფრების მიხედვით, რომლებიც გვაქვს, უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად შემოსავალი გადააჭარბებს იმ თანხას, რომელიც ბიუჯეტში არის ნავარაუდევი. ეს ზრდა შემოსავლისა აშკარად ეტყობა პირველ წლის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან. 1918 წ. 1 ივნისამდე შემოსავალი იყო 27 მილ., 1919 წ. ივნისიდან-31 მაისის 1919 წლამდის - 87 მილ. მანეთი. და აი, ეხლა ციფრები იმის დასამტკიცებლად, რამდენად იზრდება შემოსავალი: 1919 წელს შემოსულა ივნისში 22 მილიონი (მრგვალი ციფრები), ივლისში - 18 მილ., აგვისტოში - 16 მილ., ენკენისთვეში - 23 მილ., ოქტომბერში - 35 მილ., ნოემბერში - 30 მილ., დეკემბერში - 45 მილ. და უკანასკნელ თვეში - მაისში შემოსავალი იყო 52 მილ. აქედან აშკარაა, რომ შემოსავალი იზრდება, მაგრამ რასაკვირველია, ხარჯებიც იზრდებოდა. საიდუმლოება იმაშია, თუ სად არის შესაძლებლობა, რომ გასავალმა არ გაუსწროს წინ შემოსავალს, რომ დეფიციტი არ გვქონდეს.

აუცილებლად საჭიროა, რომ სახელმწიფოში დაცულ იქნეს ერთი კასის სისტემა. არიან უწყებები, რომლებიც სამეურნეო ოპერაციებს აწარმოებენ. საჭიროა, რომ ამათ წინ და წინ გამოითხოვონ საკანონმდებლო დაწესებულებიდან საოპერაციო თანხა, ხოლო რაც უწყებაში შემოდის, ეს უნდა შევიდეს ხაზინაში და არა რჩებოდეს იმავ უწყებაში საოპერაციო ხარჯების მოსახმარებლად. ეს აუცილებლად საჭირო არის და ეს წესი სწრაფად და დაბეჯითებით უნდა გატარდეს ცხოვრებაში.

აი, ბატონებო, მთელი შემოსავალი და გასავალი ჩვენი ბიუჯეტისა. მე მოგახსენეთ ის განსხვავება, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში არის შემოსავალსა და გასავალს შორის. განზრახული არის, რომ ეს განსხვავება დაიფაროს სამეურნეო ოპერაციებით. საბიუჯეტო კომისია ამ შემთხვევაში იმ ცნობებს ემყარებოდა, რომელიც მომარაგების სამინისტრომ წარმოგვიდგინა. ის თანხა, რომელიც მთავრობის განკარგულებაში იყო, გადაეცა მომარაგების სამინისტროს სამეურნეო ოპერაციების საწარმოებლად.

მომარაგების სამინისტროს ხუთი თვის ოპერაციების მდგომარეობა კომისიამ განიხილა და აღმოჩნდა, რომ მთელი პასივი მომარაგების სამინისტროსი უდრიდა 450 მილიონს.

მომარაგების სამინისტრომ მიიღო 150 მილიონი მანეთი ერთხელ, 150 მილიონი მან. მეორეთ, კიდევ 44 მილ. მან. და საქონელი მთავარი რწმუნებულისაგან, - ასე რომ მთავრობისაგან მას აქვს სულ მიღებული 350 მილ. მანეთი, დანარჩენი თანხა კი სხვა და სხვა ოპერაციებიდან არის შემოსული; და მთელი თანხა, რომელსაც ის პირველ აპრილამდე ატრიალებდა, იყო 450 მილ. მანეთი. ხოლო ამ თანხის ტრიალიდან მომარაგების სამინისტროს აქტივს შეადგენს 685 მილ. მან. აქედან 244 მილ. მან. არის წმინდა შემოსავალი. აი ეს ოპერაციები, რომელიც მომარაგების სამინისტრომ უნდა ჩაატაროს, მოწმობენ იმას, რომ ეს განსხვავება შემოსავალს და გასავალს შორის დაიფარება ამ წყაროთი.

ამასთანავე უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ თანხა, რომელიც საოპერაციოდ არის გაცემული, არ შეიძლება ჩაითვალოს გასავალად. ეს თანხა უბრუნდება ხაზინას და თან იძლევა მოგებას.

აქედან მე ის დასკვნა მინდა გამოვიყვანო, ბატონებო, რომ შემოსავალმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რაც უნდა გავადიდოთ, ძალიან ძნელი იქნება, რომ დღევანდელ პირობებში გასავალი დაფაროს. შეუძლებელია ის დიდი საქმეები, რომელნიც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში გავატაროთ, თუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ დაადგება იმ გზას, რომელზედაც ყოველი სახელმწიფო სდგას დღეს. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს სამეურნეო საქმეებში, აღებ-მიცემობაში. სახელმწიფომ, მე ვამბობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თვით უნდა აიღოს ხელში წარმოება. მისი პატრონობა არ არის ადვილი საქმე, განსაკუთრებით ახალ ორგანიზაციისათვის. როგორც ჩვენი სახელმწიფო არის, ამისათვის საჭიროა დიდი მომზადება, მაგრამ უნდა ვეცადნეთ, სადაც შესაძლებელია, წარმოება ხელში ავიღოთ. ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები, მაგრამ ამავე დროს მთავრობას უფლება მივეცით, განახორციელოს ეს მონოპოლიები უშუამავლოდ, ან ამა თუ იმ ორგანიზაციის, ან მწარმოებელთა კავშირების საშუალებით.

და ჩვენ ვიცით, მთავრობამ ამრიგად განახორციელა მონოპოლია მარგანეცის წარმოებაში, თავი მოუყარა მრეწველებს, შეაკავშირა და მარგანეცის ექსპორტს, ე.ი. გატანას, მთავრობა აწარმოებს ამ საზოგადოებასთან ერთად.

საჭიროა ხელი შეუწყოთ თვითმმართველ ორგანიზაციათა წარმოებას, საერთოდ მუნიციპალური წარმოების განვითარებას. ეს გზა, რომელზედაც ჩვენ უკვე შევდექით, ეს გზა მტკიცედ უნდა დავიცვათ.

ეს გზა ფართოდ უნდა გატარდეს ცხოვრებაში, მაგრამ აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნო: რაც უფრო ფართოდ დააყენებს სახელმწიფო წარმოებას, მით უფრო უნდა ეცადოს, რომ მოგება არ გასცილდეს საშუალო მოგების ზომას. ეს ზომა ჩვენ მოგვცემს საშუალებას საზოგადო წარმოება უფრო ფართო ნიადაგზე დავაყენოთ, გავავრცელოთ მისი საქმიანობა არა მარტო სამონოპოლიო საქონელზე. ჩვენ პრინციპი უნდა მივიღოთ ის, რომ სახელმწიფო არ შეიძლება ჩაებას იმ ფერხულში, რომელსაც სპეკულიაცია ეწოდება. მისი მოგება არ უნდა გასცილდეს საშუალო მოგებას.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დღეს კერძო კაპიტალი ვერ თამაშობს სათანადო როლს, ის ვერ აკეთებს საფუძვლიან საქმეს. ის დღეს მხოლოდ დიდ პროცენტს იღებს და სწორედ ეს აიძულებს სახელმწიფოს, რომ ამ საქმეში ჩაერიოს ერთი მხრივ სპეკულიაციის საწინააღმდეგოდ, ხოლო მეორე მხრით თვით გამოიყენოს მოგება, რომელსაც წარმოება მისცემს სახელმწიფოს.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფული არ მოიპოვება, რომ დაირღვა თანასწორობა ოქროს და ქაღალდის ფულს შორის. დღეს აშკარაა ის დებულება, რომ ხალხის სიმდიდრე სრულიად არ შეიცავს რამეს, გარდა მისი ნაყოფიერი შრომისა და წარმოებისა. და სწორედ იქ, სადაც ნაყოფიერია შრომა, სადაც ჯეროვანად არის დაყენებული წარმოება, მართალია, განუვითარებელია, არც ოქრო გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რაც ოქროზედ უფრო ძვირია: ეს არის ჩვენი სავალიუტო საქონელი, ნედლი მასალა, რომელიც მთელ ევროპას და კაცობრიობას ესაჭიროება და რომელიც საკმაოდ მოგვეპოვება. ამას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ ეს ნედლი მასალა გამოვიყენოთ ისე, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსი შეიქნეს აქტიური ერთის მხრივ და მეორე მხრივ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ გადაიქცეს საწველ ფურად, ნედლი მასალის მიმწოდებელ ქვეყნად. ამასთანავე ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ნედლი მასალა შეერთებული საშუალებით სახელმწიფომ, თვითმმართველობებმა, კოოპერატივებმა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, დავამუშავოთ.

ჩვენი ვაჭრობა შემდეგ სურათს წარმოადგენს: 1919 წ. პირველი იანვრიდან 1920 წ. პირველ იანვრამდე, ე. ი. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ნახევრად პასიური სავაჭრო ბალანსი გვქონდა იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ღირებულების საქონელი ჩვენს ქვეყანაში შემოდიოდა და რამდენი ჩვენი ქვეყნიდან გადიოდა. თუ ავიღებთ სხვა ხანას: პირველი მაისიდან პირველ მაისამდე, ე.ი. იმ ხანას, როდესაც სახელმწიფო შედგა მონოპოლიის გზაზე, როდესაც მან გადასწყვიტა ამ საქმის ხელში აღება, სადაც შესაძლებელიიქნებოდა, - თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენი სავაჭრო პასიური ბალანსი უკვე ერთ მესამედს უდრის.

აქედან ის დასკვნა მინდა გამოვიყვანო, რომ როდესაც სახელმწიფო თვით დაეპატრონება სავალიუტო საქონელს, ხელში აიღებს წარმოებას და ამა თუ იმ სახით მოინდომებს მსოფლიო ბაზარზე როგორც მწარმოებელი გამოვიდეს, მაშინ ეს განძი აღარ გაიფლანგება, აღარ ჩაუვარდება კერძო პირებს ხელში და ჩვენი სავაჭრო ბალანსი აქტიური ხდება. ამით, რასაკვირველია, ჩვენი ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა, ჩვენი ბონების კურსი მტკიცე ნიადაგზე დგება.

მე მოგაწოდებთ ცნობებს: ივნისის განმავლობაში მომარაგების სამინისტროს გაუცია სავალიუტო საქონლის საზღვარ გარეთ გატანისათვის ნებართვები 368.016.650 მან. ღირებულებისა.

სამინისტრო ამა თუ იმ სახით მონაწილეა ამ ოპერაციებში.

7 თვის განმავლობაში მომარაგების სამინისტრომ უცხოეთში გატანის ნებართვა მისცა 151,478 ფუთ თამბაქოზე. აქედან ფაქტიურად გატანილი არის 125,082 ფუთი თამბაქო.

აგრეთვე სამინისტროს საშვალებით გატანილი იყო საზღვარ გარეთ 160 ათასი კილო ხმელი პარკი, რომელმაც საზღვარ გარეთ დიდი ბაზარი მოიპოვა და მომარაგების სამინისტროს მისცა დიდი შემოსავალი.

მარგანეცი საზღვარ გარეთ საზოგადოება „ჩემოს“ 7 თვის განმავლობაში 4.500.000 ფუთი გაუტანია. აქედან აშკარაა, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გამოკეთდება, თუ კი ის ორგანიზაცია, რომელიც ამ მონოპოლიას ემსახურება, ჯეროვან ნიადაგზე იქნება დაყენებული და ეს პრინციპები მონოპოლიისა მიზანშეწონილად გატარდება ცხოვრებაში. სახელმწიფომ ხელში უნდა აიღოს ექსპორტი, სადაც ეს შესაძლებელი არის, ხოლო უადგილოდ გადადგმული ნაბიჯები ზიანის მეტს არაფერს არ მოიტანს. როდესაც ჩვენ სავაჭრო ბალანსს ვიხილავთ, ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

მე წავიკითხე ერთი მოხსენება მომარაგების მინისტრის ამხანაგის მიერ მოწერილი, რომელიც მან მთავრობას წარუდგინა. იქ არის გატარებული ერთი აზრი, რომელიც სავსებით მისაღები არის და აუცილებლად ცხოვრებაში გასატარებელი. ეს აზრი არის შემდეგი: რომ ის სავალიუტო საქონელში, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც უცხო ბაზარზე გაგვაქვს, უნდა მოვითხოვოთ ანგარიშის გასწორება არა უცხო ვალიუტით, არამედ ჩვენი ბონებით. როდესაც უცხოელ ვალიუტით მოვითხოვთ ანგარიშის გასწორებას, ჩვენი ბონები დაეცემა და საზღვარ გარეთელი ვალიუტა აიწევა. მაგრამ თუ ჩვენ მოვითხოვეთ ანგარიშის გასწორება ჩვენი ბონებით, მაშინ მყიდველები იძულებულნი იქნებიან თავიანთი ფული დაახურდაონ ჩვენს ბონზე. ამგვარად, ჩვენი ბონების კურსი აიწევს და ჩვენ ამ გზით უცხო ვალიუტას შევიძენთ, რადგან დახურდავება უნდა იყოს მარტო სახელმწიფო ბანკის ხელში.

ეს აზრი არის მომარაგების მინისტრის ამხანაგისა და სავსებით მისაღები აზრი არის. ეს ერთი იმ ზომათაგანია, რომლითაც შეიძლება ჩვენი ვალიუტა გამოვასწოროთ.

ბოლოს მე მსურს მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას: ერთხელ, როდესაც რუსეთის ბიუჯეტი ირჩეოდა, მგონი შინგარიოვმა სთქვა, რომ ჩვენი საუკეთესო ფინანსთა მინისტრი ჩვენი მოსავალი არისო. ჩვენზე ეს ზედ გამოჭრილია. ჩვენ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება იმას, რომ ჩვენ სურსათის მხრივ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვაზე. ამ მხრივ ჩვენი მეურნეობის ინტენსიობას უნდა მივაქციოთ დიდი და უმთავრესი ყურადღება. როდესაც ჩვენ არ ვიქნებით სურსათის მხრივ, როგორც იტყვიან, პურით და მჭადით დამოკიდებულნი სხვა სახელმწიფოზე, ჩვენი მდგომარეობა იქნება უფრო მტკიცე და შეურყეველი როგორც ეკონომიურად, ისე ფინანსიურად.

დღეს ყველა სახელმწიფო დიდ საქონელს ეზიდება თავის ქვეყანაში, ჩვენც ვეზიდებით, მაგრამ ერთი განსხვავებით: ჩვენ სახელმწიფოში ვეზიდებით უფრო ფუფუნების საგნებს, ვიდრე პირველ მოთხოვნილების. უნდა დიდი ყურადღება მივაქციოთ ამას. მართალია, ჩვენ სათანადო ნაბიჯი უკვე გადავდგით, მივიღეთ დიდი ბაჟები, ურომლისოდაც აკრძალულია ფუფუნების საგნების შემოტანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფუფუნების საგნების შემოტანა სავსებით უნდა აიკრძალოს. რატომ არ უნდა შემოვიდეს ჩვენში ფუფუნების საგნების მაგივრად პირველი მოთხოვნილების საგნები და რატომ მთელი ჩვენი ენერგია ამაზე არ უნდა დავხარჯოთ?!

თუ აიღებთ საფრანგეთს, თქვენ დაინახავთ, რომ 1919 წელს საფრანგეთში სასურსათო საგნები არის შემოტანილი 6 მილიონი მანეთისა, პირველი მოთხოვნილების საგნები - 8 მილ. მან. და ფაბრიკატები - 5 მილ. მანეთისა. ინგლისში შემოტანილია სასურსათო საგნები 524 მილიონის, პირველი მოთხოვნილების საგნები - 449 მილ. მან., ხოლო ფაბრიკატები - 188 მილიონი მანეთი. ეს იმას მოწმობს, რომ მთელი კაცობრიობის ყურადღებას იპყრობს სურსათი, პირველი მოთხოვნილების საგნები და შემდეგ სხვა... ჩვენც ამ საგნების შემოზიდვას უნდა მივაქციოთ უპირველესი ყურადღება, ფუფუნების საგნების შემოზიდვა კი უნდა უარვყოთ.

მეურნეობის გაფართოებისათვის, მისი ინტენსიურად წაყვანისათვის აუცილებლად საჭირო არის ხალხს მივცეთ საშუალება ისარგებლოს წვრილი კრედიტით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წვრილი საკრედიტო დაწესებულებები ჩვენში არსებობდენ, დღეს ისინი დანგრეულია. რაკი ჩვენ სახელმწიფო ბანკი გვაქვს, წვრილი კრედიტის ორგანიზაცია მან უნდა იკისროს და მისცეს ფართო ასპარეზი.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის წვრილი მწარმოებლები, რომელნიც განცალკევებულნი არიან, შევაკავშიროთ ერობების, ქალაქების, კოოპერატივების და სახელმწიფო ორგანიზაციების საშუალებით; რომ ის ნაწარმოები, რომელსაც ეს პატარა მწარმოებელი შექმნის, მომხმარებელს უშუამავლოდ მიეწოდოს. ეს ჩვენს ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობას დიდად გააუმჯობესებს.

არა თუ მარტო ექსპორტის საქმე, უნდა მივაქციოთ ყურადღება აგრეთვე იმპორტის საქმესაც - ე.ი. საქონელი, რომელიც ჩვენში შემოდის, შემოიტანოს თვით სახელმწიფომ. თუ ამ შემოტანაში არ იქნებიან ჩარეული შუამავლები, რომლებიც მოგებას იღებენ და საქონელს აძვირებენ, ეს დიდად დასცემს საქონლის ფასს. თუ სახელმწიფო აიღებს ხელში იმპორტს - საქონლის შემოზიდვას ერობების, კოოპერატივების და ქალაქების საშუალებით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არა პირადი მოგებით, არამედ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მიზნით, ამით დიდათ შევამსუბუქებთ დღევანდელ მძიმე პირობებს და სამსახურს გაუწევთ თანდათანობით შრომის განსაზოგადოებას.

აი, ბატონებო, ჩემი მოსაზრებანი, რომელნიც მე მინდოდა ბიუჯეტის შესახებ დამფუძნებელ კრებისთვის გამეზიარებინა.

ეხლა ფინანსიურათ და ეკონომიურათ, როგორც პოლიტიკურათ საქართველოს ისტორიაში ახალი ხანა იწყება. ეს გახლავთ ბათომის შემოერთება.

თუ ამდენ ხანს საქართველოს კარები დახშული ქონდა, დღეს ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქ ზღვასთან და მაშასადამე, ევროპასთან; დღეს ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური პოლიტიკის საკითხი უფრო მტკიცე ნიადაგზე მყარდება.

ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, შექმნილი პირობით: მთავრობა უნდა შეეცადოს ისეთი გეგმა შექმნას ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური საქმიანობისა, რომელიც შეეფერება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას და იმავე დროს, ეს გეგმა არ იქნეს მოკლებული ჩვენ შორეულ პერსპექტივებს და მიზნებს (ტაში).

თავმჯდომარე: თანახმად ჩვენი რეგლამენტისა, გადავდივართ შეკითხვაზე. უკვე ორი საათი არის. სიტყვა ეკუთვნის ცინცაბაძეს.

ცინცაბაძე (ს.-დ.): მოქალაქენო, სოც. რევოლიუციონერების შეკითხვის გამო მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. შეკითხვა სამი მუხლისაგან შესდგება: ერთი შეეხება ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის ბოროტმოქმედებას, მეორე - გენერალ-გუბერნატორის მიერ ერობის ყრილობის დახურვას და მესამე - წალკის სოციალ-დემოკრატიულ ბიუროს ჩარევას ადმინისტრაციის საქმეებში. საერთოდ, როდესაც სოც.-რევოლიუციონერებს შემოაქვთ რაიმე შეკითხვა, ყოველთვის შეკითხვა დაუსაბუთებელია და ამიტომ ედებიან ცას და ბარს, აზვიადებენ პატარა რამეს და უნდა შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ამა თუ იმ მაზრის ადმინისტრაციის დეფექტებით მთელი რესპუბლიკის ადმინისტრაციის მოღვაწეობა ფასდებოდეს. ასე მოიქცენ ახლაც. შეკითხვა ეხებოდა ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის ბოროტ-მოქმედებას. მათ არ დაინდეს მთელი რესპუბლიკის ადმინისტრაცია, მის უწყების მეთაურს ბოროტ-მოქმედების მეთაური უწოდეს. ილაპარაკეს ყველაფერზე, დაროშეს ყველაფერი, რაც კი პირზე მოადგათ. ყოველი დეპუტატის მოვალეობა არის უწყების მეთაურს მიუთითოს ამა თუ იმ დეფექტებზე და თუ ეს ადმინისტრაციას ეხება, მის გაჯანსაღებაზე დაეხმაროს და არა ასეთი უმზგავსო შეკითხვებით ბრუნდსა და მართალს ჩირქი მოსცხონ და ის მიწასთან გაასწორონ. მოქალაქენო! თქვენ იცით, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ახალი არის ისევე, როგორც ჩვენი სახელმწიფო. ამ მოკლე ხანში მთავრობას არ შეეძლო შეექმნა სრულიად ჯანსაღი ადმინისტრაცია. მას აქვს უეჭველია ნაკლი და მის გამოსასწორებლად და გასაუმჯობესებლად ყოველი ზომებია მიღებული, დღესაც არის და იქნება შემდეგშიაც, სანამდის ადმინისტრაცია არ დადგება სათანადო სიმაღლეზე. ჩვენი რესპუბლიკის ადმინისტრაცია ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან შესდგება და რაც შეიძლება შერჩეულია, ძველების გამონაკლისთა. ვინც ჩვენი ადმინისტრაციის მოღვაწეობას თვალყურს ადევნებს, მას არ შეუძლია, თუ ის გულწრფელობას გამოიჩენს, არ აღნიშნოს მის ნაკლთან შედარებით წინა წლებთან მისი გაუმჯობესება და რომ ახლო მომავალში მთელს რესპუბლიკაში იგი საუკეთესო იქნება.

ბორჩალოს მაზრაში უეჭველია დეფექტებს ექნება ადგილი, მაგრამ ბორჩალოს მაზრა მაინც გამონაკლისს შეადგენს ამ მხრით. ეს მეტად ჩამორჩენილი კუთხეა და შეიძლება, რაც უნდა კარგი იყოს ადმინისტრაცია იქ, მაინც ჰქონდეს მას ნაკლი. ბატონმა მინისტრმა უკვე მოგახსენათ თქვენ, თუ რანაირი შემადგენლობა არის ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთა შორის. ორი მთავარი ერით არის დასახლებული ეს მაზრა - სომხებით და თათრებით, რომლებიც მტრულად არიან ურთიერთ შორის განწყობილნი და არ ინდობენ ერთმანეთს. თვითეული მათგანი ცდილობს, რომ ადმინისტრაცია მის მხარეზე იყოს, მეტადრე მათში თათრობა, უფრო ჩამორჩენილი, ცდილობს ფეშქაშებით და სხვა პატივისცემით მოიმადლიეროს ადმინისტრაცია. ასე ყოფილა ძველად. დღეს თუმცა შემცირებულია, მაგრამ მაინც აქვს ადგილი ამ სამწუხარო ფაქტს.

ცხადია, ასეთ მაზრაში, სადაც მცხოვრებლები ორ მხარედ არიან გაყოფილნი, ასეთ ადგილას ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს ნაკლი. ამას არც შინაგან-საქმეთა მინისტრი უარყოფს და არც არავინ მას ხელს არ აფარებს. ყოველთვის მიუღიათ ზომები დათხოვნით, გადაყენებით, დატუსაღებით როგორც სასამართლოთი, ისე ადმინისტრაციული ზომებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეკითხებიან, იცის თუ არა მთავრობამ, და თუ იცის, რა ზომებს ღებულობსო! შეკითხვის ავტორებმა ეს იმიტომ გააზვიადეს, რომ მათ არ აინტერესებთ ადმინისტრაციის გაჯანსაღების საქმე. რომ მათ მართლა საქმე აინტერესებდეთ, მივიდოდნენ შინაგან-საქმეთა სამინისტროში და გაიგებდნენ, - რამდენი კომისარი იყო დათხოვნილი იმ ხნის განმავლობაში და რამდენი სხვა ადმინისტრატიული პირი პასუხისგებაში მიცემული (შენგელაია: წარმატება მიიღეს, უკეთეს ადგილზე არიან!). შემკითხველები ამბობენ, წალკის სოც.-დემოკრატიული ბიურო ერეოდა ადმინისტრაციის საქმეებშიო. თუ ეს იყო, არ არის კარგი. მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ხელმძღვანელ ორგანიზაციებს მრავალჯერ გაუფრთხილებია ამხანაგები, ეს მიიღო პირველმა და მეორე ყრილობამაც და ცირკულიარით ეცნობა ყველას და არც ერთ პატარა ასეთ შემთხვევებსაც არ სტოვებს უყურადღებოდ ჩვენი გაზეთები. რომ უყურადღებოდ ეს ფაქტი არავის დაუტოვებია, ეს იქიდანაც სჩანს, რომ გაზეთ „ბორბა“-ში და „ერთობა“-შიც არის აღნიშნული, სადაც გაფრთხილებულია ყველა ორგანიზაციები. ეს აქ წაიკითხა ბატონმა შენგელაიამ და ისე დაბრმავებულა, რომ ვერც კი ამჩნევს. ამ გაზეთებში სწერენ ჩვენი ამხანაგები და უთითებენ მაზე, რომ არ არის სასურველი ადმინისტრაციის საქმეებში ჩარევაო. ეს საბუთები ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობენ და ცხვირში სცემს თვითონ შემკითხველებს.

თუ ვინ უფრო ერეოდა, სოც.-დემოკრატები თუ სოც.-რევოლიუციონერები ადმინისტრაციულ საქმეებში, ამაზე ეხლავე მოგახსენებთ. ესერების პარტია სოციალ-დემოკრატებთან შედარებით წვეთია ზღვაში და ამ პატარა ჯგუფის ჩარევა და მისი გავლენა ადმინისტრაციის და მმართველობის საქმეში მეტად სჩანს, ვინემ სოც.-დემოკრატიისა.

აფხაზეთი ერთად-ერთი ადგილი იყო, სადაც დროებით და შემთხვევით გაბატონდა ესერების პარტია ივანე ლორთქიფანიძის მეთაურობით. თუ ვინმეს დასჭირდეს ესერების წინააღმდეგ რაიმე მასალები, მე მას ურჩევ საკმარისია წავიდეს აფხაზეთში და ნახოს ის ბოროტ-მოქმედებანი, რომლებიც ბ. ივანე ლორთქიფანიძის იქ ყოფნის დროს არის ჩადენილი. გასულ წელს მან ისარგებლა მით, რომ აფხაზეთის კომისარიატის თავმჯდომარე, ამხანაგი ემუხვარი აქ იყო გამოწვეული და თავმჯდომარეობა ლორთქიფანიძეს ჩააბარა და ორი თანამდებობა ლორთქიფანიძემ ისე გამოიყენა, რომ გააძლიერა პარტიული მუშაობა, გაზარდა თვისი პარტია, გახსნა მკვდარი საავადმყოფოები, რომლის შესახებ მინისტრმაც მოგახსენათ და სხვა. არც ერთი დანაშაული ადმინისტრაციისა არ შეედრება იმას, რაც ლორთქიფანიძემ იქ ჩაიდინა.

თქვენ, ბატონო ესერებო, პასუხის მგებლები არა ხართ არც მთავრობაში და არც დამფუძნებელ კრებაში, და როცა პასუხის მგებლობას არ ეწევით, მაშინ ადვილია ცარიელი სიტყვების რახა-რუხი. როდესაც მთავრობაში აქ ერთ დროს თქვენი ორი პასუხის-მგებელი პირი იყო, მათ ბევრი დეფექტები ქონდათ... (გრ. ვეშაპელი ადგილიდან: რატომ არ მიეცით სამართალში?). თითონ გაისამართლა თავი. და როდესაც ეს თქვენი ორი წარმომადგენელი, პასუხის-მგებელი პირები წავიდენ და გაბატონდნენ აფხაზეთში, იქ უფრო უდიდესი ბოროტება ჩაიდინეს (შენგელაია ადგილიდან: დაგვისახელეთ!). 900 ათასი, ერთ მილიონამდე გაფლანგა თქვენმა ამხანაგმა ბერულავამ, ეს დამტკიცებულია, მას არავითარი საბუთი არ წარმოუდგენია (ხმა სასამართლოში: რატომ არ აძლევთ?). დიახ, სასამართლოში გადასცა კომისარიატმა და საქმე მიდის. მე ვამბობ, რომ ბ-ნ ივანე ლორთქიფანიძის სოხუმის ოლქში ყოფნის დროს, უმთავრესად სამურზაყანოს მიდამოებში, დიდ ბოროტ-მოქმედებას ქონდა ადგილი, როცა აფიცერ ცინცაძის მეთაურობით სამურზაყანოში ყაჩაღებს და სხვა ბოროტ-მომქმედებს სდევნიდნენ. მაშინ ციხიდან იქნა განთავისუფლებული რამდენიმე ცნობილი ყაჩაღები იმ მოსაზრებით, რომ ვითომც ისინი გამოიყვანდნენ მრავლად გადავარდნილ ყაჩაღებს. ამას ესერებმა დაუჯერეს. ამ ყაჩაღებმა, ნაცვლად დახმარებისა, რასაკვირველია, მიიღეს დიდი უფლებები და უარესად დაძარცვეს ხალხი. მოგახსენებენ, რომ ხსენებულ ყაჩაღებმა ბევრჯელ დაპირდენ დაპირების ასრულებას ექსპედიციის მეთაურ ცინცაძეს, მარა ყოველთვის მშრალზე რჩებოდა. ერთ დღეს მართლაც გამოუყვანიათ ათამდე ყაჩაღი. დანიშნულ ადგილას ყოფილა ჩასაფრებული ბ-ნი ცინცაძე მათ შესაპყრობად. მაგრამ ამ თავდებ ქვეშ გაშობილ პატიოსან ყაჩაღებს თავისი ამხანაგები გაუფრთხილებია და მარტო იმ დღეს კიდე გაძარცული კაცის ქონება, ფული და სხვა ერთად წაუღიათ და სამშვიდობოს გასდგომიან. ამ ექსპედიციის დროს ბევრი უდანაშაულო მშრომელი ხალხი დასაჯა. ეკზეკუცია, ცემა-ტყეპა, ცხენების რეკვიზიცია, ქეიფობა და დროს ტარება სოფლის ხარჯზე იყო და იყო. ერთი სიტყვით, ეს თვეზე მეტი გაგრძელებულა და ამის შესახებ საიმედო კომისიის მიერ შეგროვილი მასალები ინახება კომისარიატში. მიბრძანდით და ნახეთ.

ამ ექსპედიციის შემდეგაც დიდ ხანს ითარეშეს ყაჩაღებმა ხსენებულ მაზრაში და მათი გაწმენდა მხოლოდ სამურზაყანოს გვარდიამ შესძლო, მრავალი მათგან ამოსწყვიტა კიდეც აფხაზეთში და მეტადრე სამურზაყანოში. ბ. ივ. ლორთქიფანიძის ორ საპასუხისმგებლო ადგილზე ყოფნის დროს გაიზარდა ესერების პარტია. ვინაიდან ყველა ყოფილმა ბოლშევიკებმა ესერებად გამოაცხადეს თავი, მათაც დიდი სიხარულით მიიღეს პარტიაში და ზოგ გავლენიანებს ადგილებიც მისცენ. ამიტომ დასჭირდათ მკვდარი საავადმყოფოები და ზოგისთვის ხელის დაფარება.

ბატონი შენგელაია და ლორთქიფანიძე მისი კომპანიით ცხარობენ; არ ვიცი, რისთვის ცხარობენ. სოხუმის ოლქს თუ შევეხე, ეს მათი სურვილი იყო. თუ მათი შეკითხვა უსაფუძვლოა, ეს ჩემი ბრალი არ არის. არავინ არ უარყოფს, რომ ადმინისტრაციას აქვს ნაკლი, არც იმას, რომ მაზრაში არ ყოფილა ბოროტ-მოქმედება, მარა ყოფილა ზომები მიღებული, მანამ ამას ესერები გაიგებენ. ბ. ივ. ლორთქიფანიძეს ალბათ მისი დამფუძნებელ კრებაში შემოსვლა უნდოდა რითიმე აღენიშნა, წავიდა ყველაზე უფრო ჩამორჩენილ მაზრაში, გაიგო, იქ რაღაც მომხდარა იქაურ მის ამხანაგებთან, დაუჯერა ყველაფერი მათ, არ იკითხა სამინისტროში არაფერი. მისმა ამხანაგებმა ესერებმა ფრაქცია შეცდომაში შეიყვანეს და ეხლა ჯავრს ჩვენზე ყრილობს. ეკითხებიან იმას, რაც სამინისტროს დროზე მიუქცევია ყურადღება და რათაც უკვე შეკითხვას მნიშვნელობა დაკარგული აქვს და ურომლითაც ბოროტ-მომქმედნი ზოგი დაუთხოვნიათ, ზოგი დაუსჯიათ და სხვა. ყრილობის დახურვა აქ არ ყოფილა. იყო ხმოსანთა ყრილობა და ეს ხმოსანთა ყრილობა შეჩერებულ იქნა გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. რასაკვირველია, ეს რომ ნორმალურ პირობებში მომხდარიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ამაზე შეკითხვის შემოტანა. მაგრამ როდესაც თვით თქვენმა ფრაქციამაც იცის, რომ ბორჩალოს მაზრა ბრძოლის ველს შეადგენდა იმ დროს და სამხედრო წესები იყო გამოცხადებული იქ, როდესაც მთელი ჩვენი ყურადღება ფრონტისკენ იყო მიქცეული, მთელ დემოკრატიას იქით ქონდა თვალები მიპყრობილი. თქვენ იცით, რომ ასეთ ჩამორჩენილ კუთხეში, მეტადრე ომის დროს, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი, თავიანთი მოსყიდული აგენტებით, მილიონამდე ფულს ხარჯავენ, რათა ხალხში უკმაყოფილება გააძლიერონ, სისხლის ღვრას და არევ-დარევას შეუწყონ ხელი. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ბორჩალოს მაზრა განსაკუთრებულ პირობებში იყო და სამხედრო წესების ფარგალში შედიოდა. შეიძლება გენერალ-გუბერნატორი შეცდა ან შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ ამისთანა დროს თქვენ მას დიდ ანგარიშს ვერ მოსთხოვთ. ჩვენ გვაქვს საბუთი იმისა, რომ იქ მაშინ მარტო შულავერში ათასამდე სომეხი დაშნაკელები გაბალშევიკდა და კომუნიზმით ეზიარენ. აი, ბატონებო, როგორ სასწაულ მოქმედებას ახდენენ ფულით ბოლშევიკების აგენტები. იგენმა დაანგრიეს რუსეთი და სისხლში ჩაახჩვეს აზერბაიჯანის თავისუფლება და განადგურება უნდოდათ ჩვენი რესპუბლიკისაც. აი ამისთვის რომ გამოეძია საქმის ვითარება, გენერალ-გუბერნატორმა გამოუძახა ყრილობის თავმჯდომარეს, მოელაპარაკა მათ და საქმის გამორკვევამდე ყრილობა იქნა შეჩერებული. როცა გენერალ-გუბერნატორმა გამოირკვია ყველაფერი, შემდეგ ამისა ხმოსანთა ყრილობის მუშაობა გაგრძელებულ იქნა და ამით არაფერი არ დაშავებულა. მე ვამბობ, რომ ამ შეკითხვის შემოტანა იმ დროს, როდესაც ასეთ კუთხეებში ამდენი მტერი გვყავს, რომელიც არ ერიდება არავითარ პროვოკაციას თავის მიზნების მისაღწევად, უდიდეს დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. ბატონებო! თქვენ წაიკითხეთ, რას სწერს ქართული და რუსული კომუნისტები. ყოველი მოქალაქე მოვალეა ასეთ დროს უფრო დაეხმაროს ჩვენს მთავრობას ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. თუ ეს ასეა, დეპუტატს განუსაზღვრელად აწევს ეს მოვალეობა. მათ თქვენ ასე არ იქცევით, მეტადრე მას შემდეგ, რაც ბოლშევიკები მოახლოვდნენ ჩვენ საზღვარს წითელი აზერბაიჯანის სახით, აქ ერთი ათად გაძლიერდა ჩვენ რესპუბლიკის წინააღმდეგ მუშაობა. არაფერს არ ერიდებიან ჯაშუშ-პროვოკატორები, სიტყვით და წერით საფრთხეს გვიმზადებენ. და როდესაც თქვენ, ბატონო ესერებო, ისევე იხსენიებთ ჩვენ მთავრობას და მის მოღვაწეობას კონტრ-რევოლიუციონურს და რეაქციონურს უწოდებთ, რით გაგარჩიოთ ჩვენი მტრებიდან. გარჩევა მხოლოდ იმაშია, რომ თქვენ აქედან თავს გვესხმით, ისინი იქიდან. თქვენ აქ პარლამენტში ბოროტათ სარგებლობთ იმ განუსაზღვრელი თავისუფლებით, რომელიც ჩვენში არის და თქვენ ამით მათ წისქვილზე წყალს ასხამთ, მათ ჩვენ წინააღმდეგ ზურგს უმაგრებთ, ეხმარებით. კარგი, რომ ჩვენ უთქვენოდაც ძლიერი ვართ და ჩვენი მტრები თქვენის დახმარებით ვერას დაგვაკლებს.

ეს ასე გვესმის ჩვენ და ამის სხვანაირად გაგება არც შეიძლება. თქვენი ასეთი მოქმედებით თქვენ საუკეთესო მასალას აძლევთ მტრებს. და დამფუძნებელი კრების წევრისთვის ეს არ არის მისატევებელი (რეპლიკა: გაურკვევლად ისმის!). ეგ თქვენი სიყალბეა, ბ. შენგელაია. სიყალბე მაშინ იქნებოდა, რომ თქვენი შეკითხვის რომელიმე მუხლი მართალი იყოს და არ სტყუოდეს. თქვენი შეკითხვა მხოლოდ ცარიელი სიტყვების რახა-რუხია და სინამდვილეს ახლოს კავშირიც არა აქვს. თქვენ გინდოდათ რაღაც შეგექმნათ, მაგრამ არაფერი არ გამოგივიდათ. ასეთ დროს, როდესაც მრავალი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მე მგონი, თქვენი შეკითხვის მოსმენა ტყულათ დროს დაკარგვაა და მეტი არაფერი. რაც შეეხება ჩვენი პარტიული ბიუროს მოღვაწეობას, რამდენათაც იგი ერეოდა ადმინისტრატიულ საქმეებში, თავის დროზე დაგმობილი იყო.

სოხუმის ოლქში ბ. ლორთქიფანიძე უკვე გაგაცანით, როგორც პარტიული და ადმინისტრატიული მოღვაწე (ვეშაპელი: კიდევ თავიდან დაიწყე?). ახლა გაგაცნობთ, როგორც ერობის მოღვაწეს. მკვდარი საავადმყოფოები, რომ ხალხი მოემადლიერებიათ და თავიანთი პარტიის გავლენის ქვეშ დაეყენებიათ, მარტო სამურზაყანოში გახსნეს 5 საავადმყოფო, რასაკვირველია, ქაღალდზე. და როდესაც ჩვენი ამხანაგები მათ ეკითხებოდენ, რას ნიშნავს ეს, თუ არა ხალხის მოტყუებას, როდესაც არც მედიკამენტები, არც საამისო პერსონალი არა თუ ხუთის, ერთისაც არა გვაქვსო? და მართლაც, მთელი მაზრისთვის ერთი საავადმყოფოც ვერ მოუწყვიათ რიგიანად და ხალხს კი ხუთს პირდებიან. ჩვენების აზრი იყო, მოეწყოთ ჯერჯერობით ერთი ცენტრალური საავადმყოფო, თუ შესძლებდენ, და განზრახულ ხუთის მაგიერ მოეწყოთ ხუთი თუ შვიდი საფერშლო პუნქტები. როდესაც ხალხმა ეს დაინახა, მაშინ ესერები ეუბნებოდენ: ჩვენ ყველაფერი კაი გვინდოდა, მარა მენშევიკები არ გვანებებენო, მთავრობა მათი არის და სხვ. ხალხს იმადლიერებდენ ცარიელი სიტყვებით და შემდეგ ჩვენი გინებით იოლად გამოდიოდენ. აი, მაგ., ბარღების საავადმყოფო: ექიმად ითვლება ბ. ჩხ-ლარი, ჯამაგირსაც ღებულობს, იქ კი საფერშლო პუნქტიც არაა. ასეთივე იყო მათი საერობო მოღვაწეობაც. ჯერ იყო და ხომ ბატონმა ბერულავამ მილიონამდე მთავრობის ფული გაფლანგა სასურსათო მინისტრობის დროს და შემდეგ, როცა ანგარიში მოსთხოვეს, გაიქცა და სოჭაში დადგა იმავე თანამდებობაზე. თუ რამეს მომარაგების მინისტრიდან უგზავნიდენ აფხაზეთის კომისარიატს, ისინი ამას არიგებდენ, როგორც თავისი პარტიის შეძენილს. მაგალითად, სპიჩკა, საპონი, ნარმა, ლურსმანი როცა დაარიგეს, წინ და წინ ესერების პარტია აფრთხილებდა ხალხს. ასევე იქცეოდენ მიწის საკითხის და საერთოდ, გადასახადების აკრეფის დროს. მიწა უფასოდ უნდა იყოს და არც არავითარი გადასახადი არ უნდა გადაიხადოთ. ეს მდიდრების საქმეა, მათ და მენშევიკებმა იტეხონ თავიო. თითქმის ყველა დეზერტირებმა მათ პარტიას შეაფარეს თავი. და აი გაიზარდა ესერების პარტია აფხაზეთში. ახლა ბ. ივ. ლორთქიფანიძემ თავის მოღვაწეობა აქეთ გადმოიტანა და ბორჩალოს მაზრა, სადაც ახლო ამდენი ჩვენი მტრებიც მუშაობენ და ხალხი მათ ბრმათ წარმოუდგენიათ, იქ უნდა მანაც თავისი დროშა ააფრიალოს, სარგებლობს ხალხის სიბნელით და ჩამორჩენილობით. ამას ხომ, ბატონებო, ბოლშევიკებიც სჩადიან - ეს ხომ მათი აღმოსავლეთური პოლიტიკაა, თქვენ რას სწყრებით?..

აი, ბატონებო, სადამდის შეგიძლიათ თქვენ მიხვიდეთ თქვენი შეკითხვებით. თქვენ ამით ჩვენს მთავრობას, ხალხს და სახელმწიფოს დიდ ზიანს მოუტანთ და მეტს არაფერს. თქვენ ამბობთ, წალკის მასწავლებლები სპეკულიანტებიაო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ იქაურ მასწავლებლებში ესერები მეტია, ადმინისტრაციის ბოროტ-მოქმედებას არ სდევნითო. ჩვენ ვიცით, ერობის ყრილობაზე ესერების ხმოსნების კოლექტიური განცხადება, რომ ყოფილი ბაშკიჩეთის რაიონის კომისარი რახმანოვი, რომელიც მრავალი ბოროტ-მოქმედებისთვის და მექრთამეობისთვის არის დათხოვნილი და პასუხისგებაში მიცემული, თხოულობენ მის უკანვე მიღებას და ახლა უფრო შემოსავლიან კაჩოვკის კომისრად დანიშვნას. აი, თქვენი სიმართლე: მთავრობა დამნაშავეს სჯის, თქვენ კი მას მფარველობთ და უკეთეს ადგილს აძლევთ.

ბატონებო, თქვენ მოიყვანეთ გაზეთი „ბორბა“ და „ერთობა“. ეს ყველა ჩვენ სასარგებლოდ ლაპარაკობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტია თავის სათანადო სიმაღლეზე სდგას, არავის არ ზოგავს. როცა თქვენ გასამართლებელ საბუთებს ჩვენ გაზეთებში ეძებთ, ეს არის თქვენი სისუსტე და უნიადაგობა. მე ვათავებ, ბატონებო, თქვენ შეკითხვაზე ჩემ სიტყვას და გამომყავს შემდეგი დასკვნა: ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციის მოქმედებაში ყოფილა ნაკლი და სამინისტროს ერთი წლის განმავლობაში 17 კომისარი და 30-მდე მილიციონერები დაუთხოვია და პასუხის გებაში მიუცია. ეს რომ იქ გაგეგოთ, სადაც ადგილია, შეკითხვაც არ იყო საჭირო. პარტიული ბიუროს ჩარევა უფრო პარტიის საქმე იყო და ამის პასუხს, თუ თქვენ იგი გაინტერესებდათ, ჩვენს პარტიულ ცეკას მიმართავდით და ან გაზეთ „ბორბას“ და „ერთობას“ შეკითხვის შემოტანამდის წაიკითხავდით. ხმოსანთა ყრილობის დახურვის შესახებ გენერალ-გუბერნატორთან და შინაგან-საქმეთა სამინისტროში გაიგებდით, რომ ყოველივე განსაკუთრებული მდგომარეობით იყო გამოწვეული. მაშასადამე, გამოდის, რომ მთელი თქვენი შეკითხვა უსაფუძვლოა და არავითარი გასამართლებელი საბუთი არ არის. ჩვენი მთავრობა და პარტია მთელ სახელმწიფოს მესაჭეობას ეწევა და რა გასაკვირალია, თუ მას ამ მძიმე მოვალეობის დროს შეცდომებიც ექნებოდა, დეფექტები, რომელსაც ხელს არავინ აფარებს. თქვენი პარტიის პატარა ხნის მოღვაწეობაც კი აფხაზეთში სავსეა ბოროტ-მოქმედებით და მრავალი დეფექტებით. და თუ ეს პატარა კუთხეში სულ მოკლე ხანში განუსაზღვრელი დანაშაული ჩაიდინეთ, ნუღარ ოცნებობთ მთელი რესპუბლიკის მართვაზე. თქვენ თქვენი ძალებით ერთი მაზრის მართვაც არ შეგიძლიათ, არა თუ მთელი სახელმწიფოსი.

თავმჯდომარე: უკვე სამი საათი გახლავთ. წინადადება არის შემოსული სოც.-დემ. ბიუროსაგან, რომ რადგან უკვე გვიან არის, კრება შესწყდეს. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ბატონ შენგელაიას ეკუთვნის.

ლეო შენგელაია (ს.-რ.): ბატონებო! მე მგონია, რომ ჯერ-ჯერობით იმდენად გვიანი არ არის, რომ საჭირო იყოს კრების გადადება. მე მესმის იყოს 4-5 საათი, მაშინ დაღლილები ვიქნებოდით და გადადება მართლაც საჭირო იქნებოდა, მაგრამ ასეთი მდგომარეობა არ არის. ჩვენ მოვისმინეთ მოხსენება ბიუჯეტის შესახებ და შემდეგ ამ შეკითხვაზე გადავედით. ეხლა დახურვა კრებისა სასარგებლო არის სოციალ-დემოკრატებისათვის, რადგან უკანასკნელად წარმოთქმული იყო სიტყვა, აღსავსე დემაგოგიით და ამ შთაბეჭდილების ქვეშ უნდათ დახურონ სხდომა. ეს ნიშნავს გაქცევას ბრძოლის ველიდან.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის თევზაიას.

. თევზაია (ს.-დ.): ჩვენ შევიტანეთ ჩვეულებრივი წინადადება - 3 საათზე ყოველთვის იხურება სხდომა (ხმა ადგილიდან: არა!). თუ არა, განსაკუთრებული მიზეზით. თუ განსაკუთრებული მიზეზია, შეიძლება სხდომა გაგრძელდეს, მაგრამ არ ვხედავ ამ განსაკუთრებულ მიზეზს. ერთად-ერთი მიზეზი არის ცინცაბაძის სიტყვა. თუ ამნაირ სიტყვის შემდეგ დავხურეთ კრება ამ სიტყვის გავლენის ქვეშ, ეს დიდ გავლენას იქონიებს ხალხზეო. ეს იყო თქვენი მოსაზრება. ვინ გავა ამ შთაბეჭდილების ქვეშ? გარეშე დამსწრე ხალხი არ არის მოგროვილი და დამფუძნებელ კრების წევრები კი შთაბეჭდილების ქვეშ არ სწყვეტენ საკითხებს. მე მგონია, რომ თუ თქვენ ერთი კვირის შემდეგ იტყვით სიტყვას, დრო გექნებათ მოიფიქრებთ, ფაქტებს მოაგროვებთ და ისეთ პასუხს გასცემთ ცინცაბაძეს, რომ ეს სიტყვა შთაბეჭდილებას მოახდენს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი დედამიწის ზურგზე (ლორთქიფანიძე ადგილიდან: გიჟია, სულით ავადმყოფია!).

თავმჯდომარე: გთხოვთ დაწყნარდეთ! მე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე შეკითხვის შესახებ მსჯელობის გადადებისა? წინააღმდეგი? მსჯელობა გადადებულია მომავალ კვირამდე. შემდეგ არის სოც.-დემ. ბიუროს წინადადება, რომ ბიუჯეტის განხილვისათვის დაინიშნოს კრება ხუთშაბათს, 22 ივლისს. ამის შესახებ მოლაპარაკება ყოფილა ფრაქციებს შორის და შეთანხმება მომხდარა. გთხოთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება 3 სთ. 25 წთ.

5 ოცდამეთოთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(34)

1920 წელი. ივლისის 20. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - ტელეგრაფ-ტელეფონის ქსელის გასავრცელებლად 35 მილ. მან. გადადებისა და იმავე საჭიროებისათვის 44.550 მან. ღირებული მასალის მიცემის შესახებ.

3. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის ხელშეკრულების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექ. თაყაიშვილი,

კონ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება 1 საათ. და 40 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მოისმინეთ დღიური წესრიგი

(მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების საპროტეზო სახელოსნოს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ფოთში მდინარე რიონის ჩრდილოეთის ტოტზე ხიდის გასაკეთებლად 14.700.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალციხის მაზრის სოფ. აწყურის და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საკლავ საქონელზე გადასახადის გადიდების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის ხელშეკრულობის შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

6. დეკრეტი - ტელეგრაფ-ტელეფონის ქსელის გასავრცელებლად 35.600.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 44.550 მან. ღირებული მასალის მიცემის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

დამატება:

7. სახელმწიფო ბანკის მმართველის წინადადება გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე: შემოსულია ერ. დემ. ფრაქციისაგან შემდეგი შესწორება: „მე-5 საკითხი, კანონ-პროექტი შრომის ხელშეკრულების შესახებ, დღიურ წესრიგის ბოლოში დაისვას“. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? მიღებულია. საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ ივ. გომართელი.

ივ. გომართელი კითხულობს დღიურ წესრიგის 1 და 2 მუხლში აღნიშნულ კანონმდებლობითი აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება შეუსწორებლივ იღებს.

ივ. გომართელი კითხულობს აგრეთვე: 1) მეორე მუხლობრივ განხილვას კანონ-პროექტისას ახალციხის მაზრის სოფ. აწყურისა და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ და 2) მეორე მუხლობრივ განხილვას საკლავ საქონელზე გადასახადის გადიდების შესახებ, რომელთაც დამფუძნებელი კრება იღებს და აძლევს სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტის წარმოსადგენად.

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ისევ ივ. გომართელს ეკუთვნის.

1. დეკრეტი ტელეგრაფ-ტელეფონის ქსელის გასავრცელებლად 35.000.000 მანეთის გადადებისა და იმავე საჭიროებისათვის 44.550 მან. ღირებული მასალის მიცემის შესახებ.

ივ. გომართელი (ს.-დ.): 1918 წელს, ოქტომბრის 29, პარლამენტმა

მიიღო კანონი. ამ კანონით ჩვენი რესპუბლიკის დაბა-ქალაქები უნდა მოფენილიყო ტელეფონის და ტელეგრაფის ქსელით. მაშინ ამ საჭიროებისათვის განსაზღვრული თანხა იყო გადადებული. აი იმ დღიდან აღნიშნული უწყება შეუდგა ამ საქმის განხორციელებას. რა გააკეთა დღემდე ამ დარგში უწყებამ, მოგახსენებთ.

გახსნილი გახლავთ 30 ახალი დაწესებულება და 217 ტელეფონის პუნქტი არის დაარსებული. როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდია გაკეთებული, მაგრამ დაახლოვებით ამდენია კიდევ გასაკეთებელი. საჭიროა კიდევ 317 ტელეფონის პუნქტი გაიხსნას. ეს რომ განხორციელდეს, მაშინ რესპუბლიკის ყველა სოფელი და ქალაქი დაკავშირებული იქნებიან ერთმანეთთან ტელეფონით. დამფუძნებელ კრებას კარგად მოეხსენება მნიშვნელობა ამ საქმისა ყოველ მხრივ როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად. თუ ეს თანხა არ იქნა გაღებული, უწყება იძულებული იქნება მუშაობა შეაჩეროს. თანხა, რომელიც გადადებული იყო, საქმეს არ ყოფნის. იგი სხვა და სხვა წყაროებიდან ფარავდა ხარჯს. დღეს ეს შეუძლებელია, ვინაიდან მასალა ძლიერ გაძვირდა. სულ ამ საქმის დასამთავრებლად საჭიროა 35.000.000 მან. აქ წარმოდგენილი გახლავთ ხარჯთ-აღრიცხვა, სადაც დაწვრილებით არის აღნიშნული, თუ რისთვის არის სახელდობრ საჭირო ეს თანხა.

ეს ხარჯთ-აღრიცხვა განიხილა საფინანსო კომისიამ და დაადგინა, იშუამდგომლოს დამფუძნებელი კრების წინაშე მის დასამტკიცებლად.

თავმჯდომარე: სიტყვა ხომ არავის ნებავს ზოგადი მსჯელობისათვის? არავის ნებავს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: სახელმწიფო ბანკის მმართველის მიერ ამავე ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წამოყენებულია ბ-ნი სამსონ კილაძე, რომლის კანდიდატურა დადასტურებულია ბანკის საბჭოსა და დამფუძნებელი კრების სარეკომენდაციო კომისიის მიერ. კენჭს უყრი წინადადებას. ს. კილაძის კანდიდატურა მიღებულია. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ. ფირცხალაიშვილს ეკუთვნის.

1. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა შრომის ხელშეკრულების შესახებ.

. ფირცხალაიშვილი (ს.დ.): მოქალაქენო! მუშათა და მოსამსახურეთა შრომის დაცვის საქმემ ფართო ნიადაგი მოიპოვა. მუშათა კანონმდებლობის შექმნის საკითხმა საერთაშორისო ხასიათი მიიღო. დღეს მუშათა კანონმდებლობის შექმნაზე მსჯელობენ არა მარტო მუშათა და პროფესიონალურ კავშირთა წრეებში, არამედ ეს საკითხი უკვე რამდენჯერმე იყო დასმული მუშათა საერთაშორისო კონფერენციაზე.

სახელმწიფოს ჩარევა შრომის დაქირავების საკითხის დარგში სხვა და სხვა სახელმწიფოში დავას იწვევდა, მაგრამ დღეს თითქმის ყველა აშკარად აღიარებს სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას ამ საქმეში.

ინგლისში, მაგალითად, მე-19 საუკუნის დასაწყისში კაპიტალისტები დიდ ბრძოლას აწარმოებდნენ სახელმწიფოს მიერ შრომის დარგში ჩარევის წინააღმდეგ საერთოდ და ხელშეკრულების, კერძოდ. ისინი ამბობდნენ, რომ მეურნეობაში და მრეწველობაში ჩარევა სახელმწიფოს მხრივ მრეწველობას დაანგრევსო. მაშინ მათ მიაღწიეს თავის მიზანს, მაგრამ ცხოვრებამ არ გაამართლა მათი შეხედულება. განა შეიძლება თავისუფალ შეთანხმებაზე ლაპარაკი მუშებსა და მოსამსახურეებს შორის?

თავისუფალ ხელშეკრულებაში შედიან თანასწორნი, ისეთი პირნი, რომელნიც დაახლოვებით ერთნაირ პირობებში არიან ჩაყენებულნი. ახლა კი ჩვენ ვხედავთ შრომის ბაზარზე ერთი მხრით მრეწველს და მეორე მხრით მუშას, და მათ მდგომარეობაში დიდი განსხვავება არის.

პირველი, ესე იგი კაპიტალისტი, ექსპლოატაციას ეწევა, ეძებს მოგებას, მუშა კი ეძებს არსებობის წყაროს.

მარქსმა სთქვა: „მუშა კაპიტალს ეკუთვნის, ვიდრე იმან თავის თავი კაპიტალისტს მიჰყიდაო“!

უკანასკნელს სრული საშუალება აქვს დაითანხმოს მუშა თავის პირობებზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მუშა მწარმოებლის მონად ხდება და სახელმწიფო, რომელიც თანასწორად იცავს ყოველ მოქალაქის ინტერესებს, როდესაც ბრძოლა სწარმოებს შრომასა და კაპიტალს შორის, მან სუსტის მხარე უნდა დაიჭიროს და დაიცვას მუშა კაპიტალისტის უსაზღვრო ექსპლოატაციისაგან და მის თვითნებობისაგან.

მოქალაქენო! დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს შეადგენს თანასწორობა და თავისუფლება და ეს მოითხოვს ჩვენგან კანონმდებლობას, დაცვას იმ პირებისას, ვინც ეკონომიურ პირობების გამო იძულებულია თავისი შრომა გაყიდოს და თავისი ნება სხვას დაუმორჩილოს. ეს არის უმთავრესი პოლიტიკური მხარე სახელმწიფოს ჩარევისა შრომის დარგში.

ეკონომიური მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ძალთა განვითარებაში დაინტერესებულნი არიან არა მარტო მწარმოებლები, არამედ მთელი დემოკრატია, მთელი მუშათა ხალხი.

მოქალაქენო! ჩვენში მოქმედებს ის კანონმდებლობა, რომელიც შემუშავებულია ძველი რუსეთის მთავრობის მიერ. ამ კანონში საჭიროა ძირითად ცვლილებების შეტანა, საჭიროა მისი რეფორმა. პოლიტიკური პირობები ამისათვის ძლიერ ხელსაყრელია. რევოლიუციამ მუშათა საკითხი პირველ რიგში წამოაყენა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პირობები ძლიერ ხელსაყრელია, ეკონომიური პირობები არ არის ხელსაყრელი, ვინაიდან ომმა ქვეყნის სახალხო მეურნეობა დაანგრია და საწარმოვო ძალები საგრძნობლად დაასუსტა.

ეს კანონპროექტი ამ მდგომარეობას, რასაკვირველია, ანგარიშს უწევს. ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ ყველა სახელმწიფოში, სადაც სწარმოებდა ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის, თითქმის ყოველთვის მთავრობა კაპიტალისტებს უჭერდა მხარს და თუ რამე გაკეთდა ამ დარგში, ეს არის მუშათა კლასის შრომის ნაყოფი. ჩვენი სახელმწიფო განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში დიდ უმრავლესობას მუშათა კლასის ინტერესების დამცველები შეადგენენ. ეს ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ მუშათა საკითხი პირველ რიგში წამოვაყენოთ. ეს ასე უნდა იყვეს და ეს ასეც ხდება.

მუშათა კანონმდებლობის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმოების განვითარებასთან. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. თუ გადაავლებთ თვალს ინგლის-საფრანგეთს და გერმანიას, დავინახავთ, რომ ყველგან, სადაც წარმოება განვითარებულია ან ვითარდება, იმას თან მიყვება მუშათა კანონმდებლობის განვითარებაც. ამასთან მუშათა კანონმდებლობის განვითარებაზე დიდი გავლენა ქონდა და აქვს მუშათა მოძრაობას.

მოქალაქენო! შრომის დაქირავების დარგში რესპუბლიკაში მომქმედ კანონმდებლობის განხილვამ დაგვანახვა, რომ ეს კანონ-მდებლობა უვარგისია, რადგან რევოლიუციამდე არსებული კანონ-მდებლობა არ შეეფერება დღევანდელ სოციალურ ძალთა განწყობილებას; ის კანონ-მდებლობაც, რომელიც შეიქმნა რევოლიუციის შემდეგ, არ შეეფერება ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებას. მაშასადამე, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას ვაშენებთ, უარი უნდა ვსთქვათ არა მარტო ძველ კონკრეტიულ კანონ-მდებლობაზე, არამედ იმ საკანონმდებლო ექსპერიმენტებზედაც, რომელთაც ადგილი ჰქონდათ რევოლიუციის პირველ ხანებში.

ამ კანონს ექვემდებარება შრომის ყოველი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი პირი დამქირავებელი სამუშაოს აძლევს მეორე პირს დაქირავებულს განსაზღვრულ, ან განუსაზღვრელ ვადაში და ამაში პირველი ღებულობს განსაზღვრულ ჯილდოს. ამაზე არის ლაპარაკი პირველ მუხლში. ამ პირველ მუხლს თან ახლავს შენიშვნა. შრომის კომისია ფიქრობს, რომ შრომის კანონით დაცული უნდა იყოს ყოველი მუშა-მოსამსახურის შრომა, ფიზიკური იქნება ეს თუ ინტელექტუალური.

შრომის კომისიამ მიიღო, რომ ხელშეკრულების პირველი მუხლები გავრცელდეს სახელმწიფო დაწესებულებებზე. შეიძლება ამის პრაქტიკულად განხორციელებამ გამოიწვიოს ზოგიერთი უხერხულობა, მაგრამ ის პრინციპი, რომ ყველას შრომა უნდა იქნეს დაცული, ეს უნდა იქნეს მიღებული, როგორც პრინციპი. რაიცა შეეხება გამონაკლისს, ეს სხვა საკითხია და ამის შესახებ შეიძლება იქნეს ლაპარაკი, როცა მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ.

მოქალაქენო! დიდ ლაპარაკს იწვევდა და შეიძლება აქაც გამოიწვიოს მუშების მიღების საკითხმა. ამის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ მუშების მიღების საკითხს კანონი უყურებს საერთო სამეურნეო თვალსაზრისით. როცა ორივე ჯგუფის ინტერესი ერთმანეთს შეეჯახა-შეეტაკა, დამქირავებლის და დაქირავებულის, კაპიტალისტის და მუშის, როცა მათ შორის ბრძოლა სწარმოებს, ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიეცეს წარმოების განვითარების ინტერესს. თუ ამას უდავოდ მივიღებთ, რომ წარმოების განვითარება ყველაზე უფრო მაღლა უნდა იქნეს დაყენებული, იმ შემთხვევაში უნდა უარვყოთ ის წესი, რომელიც კაპიტალისტს აძლევდა საშვალებას უკანტროლოდ მიიღოს მუშა ადგილზე. ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია დავაკანონოთ ის პრაქტიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის, რომ პროფესიონალური კავშირები მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში დაყენებას მხოლოდ თავის უფლებად სთვლიდენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი წესის დაკანონება ყოვლად შეუძლებელია. მწარმოებელსაც ვერ მივცემთ ამ უფლებას, რადგანაც საერთო ძალთა განწყობილება ისეთია, რომ თუ მათ მივცემთ ამ უფლებას, ეს გამოიწვევს მუშების მხრივ წარმოებაში ჩარევას, კონტროლის გაწევას და თუ ეს მოხდა, ის წარმოება, რომელიც უნდა განვითარდეს, დაინგრევა. ამავე დროს არ შეიძლება ეს უფლება მივსცეთ მუშათა ორგანიზაციებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში, როგორც ვიცით, მრეწველობა სუსტად არის განვითარებული და ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია კერძო ინიციატივას დაუხშოთ ადგილი, არ შეგვიძლია უცხო კაპიტალს დაუშალოთ, რომ ის შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, და როდესაც კაპიტალისტებს ეკუთვნის კაპიტალი და ინიციატივა ამ საქმეში, არ შეიძლება, რომ მუშების მიღების უფლება სავსებით მივანიჭოთ მუშათა ორგანიზაციებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუშათა მიღების საქმე უნდა მიენდოს ისეთ ორგანიზაციას, რომელშიაც ორივე მხარე მიიღებს მონაწილეობას თანასწორი უფლებით. ეს არის ბირჟები. მუშა-მოსამსახურეთა მიღება უნდა სწარმოებდეს ამ ბირჟების საშვალებით. ეს ბირჟები უნდა იყონ აგებულნი პარიტეტულ ნიადაგზე.

მუშის დათხოვნა შეიძლება მაშინ, თუ ამისთვის საკმაო საფუძველი

არის, და კანონპროექტში ჩამოთვლილია საფუძველი. ეს არის 73-ე მუხლში, სადაც აღნიშნულია, როდის და რა შემთხვევაში შეიძლება მუშის დათხოვნა.

რაც შეეხება შინაგან წესრიგის შედგენას, ეს ეკუთვნის თვით მწარმოებელს. მან უნდა შეიმუშავოს წესრიგი, თუ როგორ მოეწყობა მუშაობა წარმოებაში. მაგრამ იგი ვალდებულია, ეს შინაგანი წესრიგი გამოაქვეყნოს ორი კვირით წინ, გამოაკრას თვალსაჩინო ადგილს და ერთი ეგზემპლიარი გაუგზავნოს იმას, ვინც თვალყურს ადევნებს შრომის კანონის წესიერად დაცვას. მუშას, თუ რომელიმე მუხლს არ ეთანხმება, ნება ეძლევა ამის შესახებ განუცხადოს თანამდებობის პირს, და ის ან შესწორებას შეიტანს, ან დაამტკიცებს ისე, როგორც არის. შინაური წესრიგის შემოღება, ბატონებო, ახალი არ არის. გერმანიაში, მაგალითად, ოთხი კვირის წინ უნდა გამოაქვეყნოს ქარხნის პატრონმა. მუშებს ნება აქვს თავისი აზრი გამოსთქვან, და მხოლოდ ამის შემდეგ მტკიცდება ადმინისტრაციისაგან.

თუ შრომის ხელშეკრულება დარღვეულ იქმნა მწარმოებლის მიერ, ის პასუხს აგებს.

ეს არის შინაარსი იმ კანონ-პროექტისა, რომელიც წარმოგედგინათ თქვენ დასამტკიცებლად. ეს კანონ-პროექტი უნდა დაედვას საფუძვლად ჩვენი ქვეყნის შრომის კანონმდებლობას.

ჩვენი აზრით, მუშათა კანონმდებლობა უნდა იყვეს აშენებული ორ პრინციპზე: პირველი, მან უნდა შექმნას საუკეთესო პირობები ქვეყნის ყველა საწარმოო ძალთა განვითარებისათვის და მეორე, უნდა შექმნას ისეთი ნორმები და ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა მასსას.

ეს ორი პრინციპი ერთმანეთთან შეფარდებული უნდა იყვეს. თუ შევაფარდეთ, მაშინ მუშათა კანონმდებლობა გადაიქცევა რეალურ ფაქტად. სახელმწიფო, რომელიც დარაჯად უდგას მრეწველობის განვითარებას და მუშათა ინტერესების დაცვას, ანგარიშს უნდა უწევდეს ორივე ამ პრინციპს. ჩვენი აზრით, ეს კანონ-პროექტი, რომელიც წარმოდგენილია თქვენ განსახილველად, შეეფერება რესპუბლიკის თანამედროვე ეკონომიურ მდგომარეობას, მტკიცე საფუძველს უყრის ქვეყნის ყველა საწარმოვო ძალთა განვითარებას და იცავს მშრომელი მასის ინტერესებს.

მოქალაქენო! საქართველოს მუშათა კლასი ეკუთვნის მსოფლიო მუშათა კლასის მოწინავე ნაწილს თავისი პოლიტიკური აღზრდით და შეგნებით. ეს გვაძლევს რწმენას, რომ მუშათა კლასი, რომლისთვისაც ვქმნით ამ კანონ-პროექტს, ხელს შეუწყობს ქვეყნის საწარმოვო ძალთა განვითარებას, ვინაიდან იცის, რომ მხოლოდ წარმოების აყვავება-განვითარება მისცემს საშვალებას, განახორციელოს სოციალური მისწრაფებანი, რომლისთვისაც ის იბრძვის (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ-ნ შენგელაიას ეკუთვნის.

. შენგელაია (ს.-რ.): ბატონებო! წარმოდგენილი კანონ-პროექტი ჩვენ ცხოვრებაში დიდი მოვლენა არის. ის შეეხება რევოლიუციის ავანგარდის სასიცოცხლო ინტერესებს. ის არ არის ჩვეულებრივი კანონი, რომლის მიღებაც ჩვენ სხვათა შორის შეგვეძლოს. ეს არის შრომის კონსტიტუცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ურთიერთობა შრომასა და კაპიტალს შორის. მან ჩვენში წარმოება ერთნაირ პირობებში უნდა ჩააყენოს. აქედან ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და რამდენად ვალდებული ვართ ყოველ მუხლისგანხილვის დროს ობიექტური ვიყოთ, ყოველ მხრით ავწონ-დავწონოთ და შემდეგ მივიღოთ იგი.

ჩვენი ქვეყნის სათავეში სდგას, როგორც მოგეხსენებათ, პარტია, რომელიც თავის-თავს მუშათა პარტიას უწოდებს. მოსალოდნელი იყო გვეფიქრა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ძალა-უფლება მუშათა ხელში არის, იქ უფრო მოწესრიგებული და განვითარებული უნდა ყოფილიყო მუშათა კანონ-მდებლობა. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე უფრო ჩამორჩენილი საკითხი ჩვენ ცხოვრებაში - ეს არის მუშათა კანონმდებლობა.

ორი წელიწადი მუშაობს დამფუძნებელი კრება და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი სერიოზული კანონი არ მიგვიღია. ამ მხრივ რევოლიუციის პირველ ხანაში, კომისარიატის დროს მეტი გაკეთდა, ვიდრე ამ ორი წლის განმავლობაში. ამაში მე მგონია დანაშაული მიუძღვის შრომის სამინისტროს, რომელსაც არავითარი უნარი და ინიციატივა არ გამოუჩენია. იმდენად უუნარო გამოდგა ეს სამინისტრო, რომ ერთი წლის განმავლობაში თარგმნიდა რუსულიდან ამ კანონ-პროექტს. არ ვიცი, რით აიხსნება ეს. ალბად იმით, რომ ის ვაჭრობაში უფრო არის გართული, ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტი არის, ეს არის მიზეზი დაგვიანებისა.

ბატონებო! კოლექტიური ხელშეკრულება არის ახალი დროის მოვლენა. საშუალო საუკუნოებში მას არ იცნობდენ. იგი არის შედეგი კაპიტალისტურ ხანისა, გამწვავებულ კლასთა ბრძოლისა. ვიდრე მუშები ცალკე იდგენ, ვიდრე ისინი საკუთარი ძალის ამარა იყვენ კაპიტალისტების წინ, ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გამარჯვებულნი გამოვიდოდენ. მუშა თანდათან რწმუნდება, რომ ძალა ერთობაშია, რომ იგი გაიმარჯვებს, თუ შეკავშირებულია, თუ აქვს კავშირი ამხანაგებთან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა პროფესიონალური კავშირები და ამ კავშირების გამუდმებული ბრძოლის ნაყოფი არის კოლექტიური ხელშეკრულება.

ინგლისში მუშების ცხრა მეათედს განსაზღვრული აქვს შრომის პირობები შრომის ხელშეკრულების ძალით. კოლექტიური ხელშეკრულების ისტორიამ განვლო რამდენიმე საფეხური. პირველი საფეხური, - როდესაც ერთ მხარეზე მუშა იდგა და მეორე მხარეზე კი კაპიტალისტი, ერთმანეთს ებრძოდენ და მოლაპარაკებას სეპარატიულად აწარმოებდენ. შემდეგ სცენაზე გამოდის ორგანიზაცია და სეკრეტარიატი.

ინგლისში კოლექტიური თავისუფლება წარსულ საუკუნეში იქნა აღიარებული. რაც შეეხება დეტალურ მხარეებს ამ თავისუფლებისას, ესე იგი საწევრო გადასახადის რაოდენობის განსაზღვრას და სხვა ასეთ შეთანხმებას, იურიდიული ძალა არ ჰქონდა. ამ ნიადაგზე დიდი ბრძოლა იყო და ეს ბრძოლა იქამდე მივიდა, რომ ინგლისის ბურჟუაზიამ ისეთი იერიში მიიტანა, რომ თუ რაიმე გაფიცვა გამოცხადდებოდა, ამაში პასუხს აგებინებდენ კავშირებს. ეს იწვევდა მუშების მხრით წინააღმდეგობას. ამ ნიადაგზე გაჩაღდა ბრძოლა, რომელიც 1906 წელს მუშების გამარჯვებით გათავდა.

კოლექტიური ხელშეკრულების მხრივ პირველი ადგილი ინგლისს უჭირავს; მეორე ადგილი უნდა დაეთმოს ამერიკას, სადაც ცოტა სხვანაირი ორგანიზაცია არის. მაგალითად, იქ არის სამედიატორო სასამართლო, რომელიც საქმეს შეთანხმებით სწყვეტს; მესამე ადგილი უნდა მიეკუთვნოს გერმანიას, სადაც კოლექტიური ხელშეკრულება უფრო ხელს უწყობს იმ წარმოებას, რომელსაც აქვს ხასიათი ხელოსნობისა.

რომ ავიღოთ ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ბურჟუაზიულ ევროპაში არის ცნობილი და შევადაროთ ჩვენ ხელშეკრულებას, დიდ განსხვავებას დავინახავთ. პირველ ყოვლისა, არც ერთ ქვეყანაში არ ვიცნობთ ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ეხებოდეს ყველა დარგებს და მთელ სახელმწიფოზე ვრცელდებოდეს. რაც შეეხება ჩვენ ხელშეკრულებას, შეიძლება ის იყოს უნიკუმი. იგი ეხება წარმოების ყოველ დარგს. მაგრამ არის მეორე დიდი განსხვავება. ყველგან, სადაც მიღებული იყო შრომის ხელშეკრულება, იქ ბურჟუაზია იყო გაბატონებული. ის, რასაკვირველია, თავის დაღს ასვამდა მას. ჩვენში კი, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ბურჟუაზია ფორმალურად მაინც არ არის გაბატონებული და ამბობენ, მუშების დიქტატურა არისო, სულ ახალი მდგომარეობა იქმნება.

თქვენ იცით, კოლექტიური ხელშეკრულება არის ერთნაირი ზავი კაპიტალსა და შრომას შორის. როგორც ყოველი ზავი, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ უკარნახებს მას. თუ გამარჯვებული ბურჟუაზია უკარნახებს, პირობები ერთნაირია; თუ გამარჯვებული მუშათა კლასი - პირობები სხვანაირია. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ეს ხელშეკრულება პირდაპირ მენშევიკურია. აქ ვერ გაიგებთ, ვინ არის მოკარნახე, ვინ არის გამარჯვებული. მთელი ხელშეკრულება აგებულია ორ მოწინააღმდეგე პრინციპზე. იგი ეკლექტიკურია. ერთი მხრით ის ცდილობს დაიცვას მუშები, მეორე მხრით კი იგი ცდილობს არ შეუშალოს ხელი კაპიტალისტურ განვითარებას. ეს კი შეუძლებელია. ამას მე მგონია, მტკიცება არ ჭირდება, რადგანაც ვიცით, რომ შეუძლებელია კაპიტალის და შრომის შერიგება (ხმა: მართალია!). თუ მართალია, ეს ხელშეკრულება უნდა უარჰყოთ, ან არსებითად შეასწოროთ. რომ ეს ეკლექტიკურია და ვერ დააკმაყოფილებს ვერც ბურჟუაზიას და ვერც მუშათა კლასს, ამას დავინახავთ შემდეგ მუხლებში. ხელშეკრულების ძალით, ძალაში რჩება ის უპირატესობა, რომელიც დღემდე ამა თუ იმ დარგში გატარებული იყო - ეს 8 საათის სამუშაო დღე. ეს მისაღებია, მაგრამ რამდენად მისაღებია ეს კაპიტალისტებისათვის? ერთ დარგში შეიძლება 6 საათის სამუშაო დღე არის შემოღებული, მეორეში - 8 საათისა. ახლა გეკითხებით თქვენ: ეს კაპიტალისტებისათვის არის ხელსაყრელი? რასაკვირველია, არა. ეს ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ კაპიტალიზმის განვითარების თვალსაზრისით არ არის მისაღები. ასეთივეა მდგომარეობა სხვა საკითხებში, მაგალითად, მუშების არჩევაში. თუ გნებავთ განავითაროთ ჩვენში კაპიტალიზმი, მაშინ ბევრი მუხლი უნდა ამოიშალოს ამ ხელშეკრულებიდან.

ხელშეკრულება აწესებს საშინელ პასუხისმგებლობას, რომელიც ევალება საქმის გამგეებს. ისინი ხშირად ისჯებიან ჯარიმებით და ციხეებით. ეს კარგი, ამაზე ორ ხელს ავსწევთ, მაგრამ გეკითხებით: ვინ უნდა დადგეს მაშინ გამგედ, თუ მას ასეთი საშინელი პასუხისმგებლობა დასჭირდება? (თევზაია: გადმოგვცენ ჩვენ!). არავინ დადგება! ახლა ვნახოთ, თუ რამდენად არის ეს მისაღები თვით მუშებისათვის. აქ არის მთელი რიგი მოთხოვნილებათა და მე მინდა შევეხო ზოგიერთ მუხლებს. აი, მაგალითად, დათხოვნის საკითხში. რევოლიუციის დროს მიღებულ კანონმდებლობის მიხედვით ასეთი იოლი არ იყო მუშათა დათხოვნა, მაშინ ეს უფრო ძნელი იყო. ახლა კი ეს უფრო ადვილია. ყოველ შემთხვევაში, თუ დაითხოვს მწარმოებელი დაქირავებულს, ის არ არის ვალდებული უკანვე მიიღოს. ეს კი ეწინააღმდეგება მუშათა ინტერესებს. არის კიდევ ერთი მოთხოვნილება - ნარდი მუშაობა. ეს ისეთი რამ არის, რომ მისი მიღება ყოვლად შეუძლებელია. სოციალისტები ნარდათ მუშაობას ყოველთვის ებრძოდენ! აქ მოგახსენებენ შინაურ წესრიგის შესახებ. ეს თითქმის პატარა საკითხია. ეს მიენდოს კაპიტალისტებსო, მორჩა და გათავდა. მაგრამ მე მოგახსენებთ, რომ დღევანდელ პირობებში ყოვლად შეუძლებელია ისე გადაწყდეს ეს საკითხი, როგორც აქ არის წამოყენებული. წარმოუდგენელია, რომ მუშებს არაფერი არ ეკითხებოდეს ამ საკითხში. მათ არავითარი უფლება არა აქვსთ ამ საკითხში. მე თქვენ გეკითხებით: შეიძლება ეს თუ არა დღევანდელ პირობებში, როცა დადგა ხანა სოციალური გარდაქმნის?! შეიძლება ასეთ პირობებში ამოშალოთ მუშები და უთხრათ, თქვენ აქ ხმა არ გაქვსთ, გაჩუმდითო? არის აქ კიდევ მუხლი, რომელიც ლაპარაკობს მუშაობის დაწესების შესახებ. თუ 1/2 საათი დააგვიანდა მუშას, მას აღარ დაუშვებენ სამუშაოზე, მან მთელი დღე უნდა დაჰკარგოს და მაშასადამე, უნდა დაჰკარგოს დღის ჯამაგირიც. მე გეკითხებით: ეს იცავს მუშათა კლასის ინტერესებს თუ არა? არა-და, ამისთანა ბევრი არის. ეს თქვენი ცდა, რომ შეართოთ ორი მოწინააღმდეგე პრინციპი, გვაძლევს ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც, გარდა თქვენი ჟინისა, ვერავის ვერ დააკმაყოფილებს.

არის აქ კიდევ საკითხი, რომელმაც დიდი დავა გამოიწვია კომისიაში. ეს არის, თუ ვისზე უნდა ვრცელდებოდეს ეს კანონი. აქ ჩამოთვლილია, ვისზე არ ვრცელდება. იყო სახელმწიფო დაწესებულებანი. არის მთელი კატეგორია გამონაკლისთა, რომლებზედაც არ ვრცელდება. ე.ი. თუ სახელმწიფო ან საზოგადო დაწესებულებაში მსახურებს მუშა-მოსამსახურე, მასზე არ ვრცელდება. აქ თავი იჩინა იმ დუალიზმმა და ეკლექტიზმმა, რომელზედაც არის აგებული თქვენი კანონმდებლობა. რადგან თქვენ ხართ სათავეში, თქვენ ამბობთ: მუშებმა უნდა დაივიწყონ კლასიური ინტერესებიო!

თქვენი უმრავლესობა არ არის მომხრე, რომ ეს კანონი გავრცელდეს სახელმწიფო მოსამსახურეებზე (თევზაია: მომხრეა!). თუ მომხრეა, დავინახავთ. ისტორია ამ მუხლისა ასეთია: შრომის კომისიამ იქონია ამ მუხლის შესახებ მსჯელობა და ბოლოს ამოშალა იგი. შემდეგ ის გადავიდა ცეკაში, იყო ყრილობაზეც. იქაც არაფერი გამოირკვა და როგორც სჩანს, არ არის იგი არც მუშებისთვის და არც შრომის კომისიისთვის სასურველი. თქვენ შეგიძლიათ ისეთი შესწორება შეიტანოთ, რომელიც გააუქმებს იმას, რაც უნდა შრომის კომისიას. ის წინააღმდეგია ამ გამონაკლისების.

ვიდრე არსებობს დაქირავებული და დამქირავებელი, მათ შორის წინააღმდეგობა და კოლიზია იქნება. ვიდრე ჩვენში სოციალისტური სახელმწიფო არ არის, ეს არ იქნება. არ შეგვიძლია, რომ ერთი კატეგორია მუშებისა დავიცვათ და მეორისთვის კი შევქმნათ გამონაკლისი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მიმართულება იყოს სათავეში, თქვენ არ დაიცავდით ამ გამონაკლისს. მოკლედ, ჩვენი აზრი არის: შედარებით იმასთან, რაც დღეს არის ჩვენში, ეს არის ერთგვარი ნაბიჯი, გადადგმული წინ; მაგრამ იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იყოს და გვქონდეს იმ ძალთა განწყობილების მიხედვით, რომელიც ჩვენში არის, ეს არის ნაბიჯი, გადადგმული უკან - ეს არის ნამდვილი რეგრესი!

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. ღლონტს ეკუთვნის.

. ღლონტი (ს.-ფ.): მოქალაქენო! უეჭველია, შრომის ხელშეკრულება, რომელსაც ეხლა გამოვსცემთ საქართველოში, უნდა ჩაითვალოს დიდ ისტორიულ აქტად. მე მგონია, რომ ეს ისტორიული აქტი - ისტორიული მოვლენა არ იქნება ისტორიული იმ დღიდან, როდესაც ამ მოვლენას შევისწავლით, კვალიფიკაციას გაუკეთებთ.

ფრიად საინტერესო და დამახასიათებელია ამ კანონმდებლობისათვის ის გარემოება, რომ დამფუძნებელ კრებაში მეტის მეტად სუსტია მუშათა კლასის წარმომადგენლები, რომელთაც ეხება ეს კანონმდებლობა. ევროპაში და ყველგან, სადაც წყვეტენ ასეთ დიდ საკითხებს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მუშათა კლასისთვის, არ შეიძლება ასეთი ინდიფერენტიზმი გამოიჩინოს მუშათა კლასმა ასე დიდი საკითხის გადაწყვეტის დროს. სხვა საკითხის გადაწყვეტის დროს დამფუძნებელი კრება და მისი ადგილები დატვირთულია ხალხით. დღეს კი, როდესაც ასეთ დიდ საკითხს ვწყვეტთ, არ არიან აქ მუშათა კლასის წარმომადგენელნი, მუშები არ მოვიდენ (რეპლიკა: არ იცოდენ). დიახ, არ იცოდენ. არც პრესა აქცევდა ყურადღებას იმას, რომ სახელმწიფო ქმნის ახალ წესებს. სხვაგან ეს იწვევს ხმაურობას, კრებებს და იგებს მუშათა მასა ყველაფერს. რა არის მიზეზი, რომ ეს საკითხი არ იწვევს წინასწარ კამათს. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დღეს (ხმაურობა, რეპლიკა არ ისმის). დიახ! დამფუძნებელ კრებასა და ქუჩას შორის უნდა იყოს კონტაქტი, ეს არის სიმპტომატიური მოვლენა იმისა, რომ ეს კანონი არ წარმოადგენს სულსა და გულს მუშათა კლასისას (ხმაურობა). ცხადია, ხასიათი ამ კანონ-პროექტისა არის წმინდა ბურჟუაზიული. ამაზე უფრო ბურჟუაზიული კანონის შექმნა თანამედროვე პირობებში არ შეიძლება. რომ ეს კანონი არის ბურჟუაზიული და ვერ დაიცავს მუშათა კლასის ინტერესებს, მიტომ არის ის ინდიფერენტიზმი, რომელმაც თავი იჩინა მუშათა წრეებში. თქვენ გგონიათ, რომ წინასწარ კრებაზე ეს კანონი იწვევდა კმაყოფილებას და მიიღებდა მუშათა კლასის დასტურს? სრულიადაც არა. მოწინავე ელემენტები მუშებისა ამ კანონის წინააღმდეგნი იყვნენ, - იმ საშუალო პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ თითქმის... (ასათიანი: ნამდვილი მუშები?). დიახ, ნამდვილი მუშები, რომელთაც ესმით მუშათა კლასის ინტერესი.

ახლა მე მინდა აღვნუსხო, თუ რამდენად არ შეეფერება ჩვენს ეკონომიურ და სოციალისტურ პირობებს ეს ხელშეკრულება და კანონი.

ბ. მომხსენებელმა განაცხადა, რომ ჩვენ ერთი მთავარი დებულება გვაქვს, რომ დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა დაიცვას მუშების შრომის ინტერესები. ეს არის მთავარი და მას შემდეგ რაც მოხდება, ეს არ არის საინტერესო საქმეო. ლეიტ-მოტივია: შრომის უფლება დაცულ იქნეს. ეს მშვენიერი დებულებაა, მაგრამ მე მინდა მომხსენებელს მოვაგონო ერთი გარემოება, რომ ხშირად ამ ლამაზი დეკლარაციებით ბურჟუაზიული ელემენტები სრულიად არ აკეთებენ მუშების საქმეს. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთის რევოლიუციის დროს, როცა მოქალაქემ მოიპოვა დიდი უფლება დეკლარაციების სახით, აქ ამბობდნენ, რომ ყოვლად შეუძლებელია, რომ ინდივიდუმი შევზღუდოთ რაიმე კანონითო. იქ მუშათა წრეებში დაიბადა აზრი, რომ კოლექტიური ხელშეკრულება დაიცავს მუშათა უფლებასო. იქაურმა საკანონმდებლო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ შეუძლებელია პიროვნება ისე შევზღუდოთ, რომ უფლება არ მივსცეთ კავშირებში შესვლისო. ეს წმინდა წყლის ბურჟუაზიული იდეოლოგია არის. განვითარებული ბურჟუაზია ამას ვერ წარმოადგენდა, რადგან ის თითონ მოექცეოდა ორგანიზაციის ფორმებში.

ამ გვარად კავშირები და კავშირებში მუშათა ბატონობა ქვაკუთხედი გახლავთ თანამედროვე კულტურისა. მაგრამ როგორ სჭრის კავშირებში და კოლექტიურ ხელშეკრულების საკითხს მენშევიკების მიერ შეზავებული კანონ-პროექტი? მენშევიკების პროექტი თანამედროვე ბურჟუაზიის სულია, მენშევიკები ბურჟუაზიას ანიჭებენ ისეთს და იმდენ უფლებას, რამდენსაც მუშათა კლასს. ეგრედწოდებული პარიტეტული პრინციპი - აი, ზღუდე, რომელზედაც აგებულია წინამდებარე კანონ-პროექტი. და რაიმე დადებითი შეიძლება ითქვას ევროპის ბურჟუაზიაზე. ყველას უნდა მოეხსენებოდეს, რომ დადებითად კრინტის დაძვრაც არ შეიძლება საქართველოს ბურჟუაზიაზე, რომელმაც ლამის არის ჩაახრჩოს და მოსპოს სახელმწიფოს არსებობის ზღუდეები. ჩვენი ბურჟუაზია ყოვლად უარყოფითი ანტისაზოგადოებრივი მოვლენაა. მას არ აქვს ეროვნული ალღო, მრეწველობას გაურბის და შეძენილი საქონელით გარბის უცხოეთში, გვაცლის ხელიდან საქონელს, რომელზედაც ჩვენში პირდაპირი შიმშილია (რეპლიკა მარცხნიდან: ჩვენი ბურჟუაზია იმპერიალისტურია!). ბატონებო, იმპერიალისტები კი არა, სპეკულიანტურია! ბატონებო, მაგალითად, რას აკეთებს კავკასია-სპარსეთის საზოგადოება? მას ფულები აქვს და ამით სარგებლობს, შემოაქვს უცხოეთის საქონელი და გააქვს სპარსეთ-აზერბაიჯანში. ამით თავდება და ამით იწყება ამ „ქართულ-საეკონომიო“ დაწესებულების მუშაობა. ჩვენ გვაქვს ტყეები, აუარებელი მადანი და სხვა მრავალი ბუნებითი სიმდიდრე. კერძო პირებს ასპარეზი გაუხსენით მუშაობისა, ხელუხლებლად დავტოვეთ მათი კაპიტალი და განა შეიძლება მეტი ხელსაყრელი პირობების შექმნა? მაგრამ ისინი მაინც გაურბიან ამას. მათ უნდათ გაასაღონ ის, რაც უკვე შექმნილი აქვთ და ფული ჯიბეში ჩაიდონ. ისინი გზებს კი არ აკეთებენ და არ აფართოებენ წარმოებას, არამედ ატრიალებენ უცხოეთის ნაწარმოებს, ან და ეწაფიან მარგანეცს, რათა შეისყიდონ სტერლინგები, ხვალ ფრანკი და ხელოვნურად ასწიონ მათი ღირებულება. ასე რომ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მდგომარეობაში აყენებენ ჩვენს წარმოებას და ეს დამანგრეველი ძალა თქვენ, ბატონო მენშევიკებო, მიგაჩნიათ მრეწველობის ამღორძინებელ ელემენტად. ეს დამცირებაა საქართველოს მუშათა კლასისა. ამ კაპიტალისტებს რომ პარიტეტულ ნიადაგზე ისეთი უფლებები მიეცეს, როგორც მუშათა კლასს, ეს საქართველოს მუშათა კლასის აბუჩად აგდება იქნება. შემდეგ ბ-ნი ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ მთელი რიგი დაწესებულებებისა ასეთ მდგომარეობაშია, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს შინაურ ძალთა განწყობილებას, მრეწველებს და მათ მეპატრონეებსო. ჩვენში გავრცელებულია ერთი აფორიზმი: „საქართველო თუ იარსებებს, იქნება მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული საქართველო“. ვსთქვათ, ეს მისაღებია, მაგრამ არ ახორციელებენ. თუ მართლა საქართველო მუშა-გლეხების ქვეყანა არის, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ ერთი რამ: უნდა სავსებით ვენდოთ ამ მუშა კლასს და მე მგონია, რომ საზოგადოება სრულიად არაფერს წააგებს. თუ ეს ასე მოხდება, თუ მუშათა კლასს (თევზაია: გლეხები? იმათმა რა დააშავეს?) მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მუშათა კლასი სანდო ელემენტია. მე, როგორც დამფუძნებელი კრების წევრს, მქონია საჭიროება მევლოს მუშებში (ხმა: სად?). თუ გნებავთ, რკინის გზის უწყებაში. იქ ყველგან ვხვდებოდი, რომ მუშა დიდ ინტერესს იჩენს იმისას, რომ როგორმე მუშაობა იყოს ნაყოფიერი. ჩვენი მუშები არ თაღლითობენ. აქ შეგნებული ელემენტები მუშებისა ამბობენ, რომ შეგვიქენით ცხოვრების ელემენტარული პირობები მაინც, რომ ვიმუშაოთო.

მაგალითად, ბათომის მუშები ამბობდენ, რომ ეს ნაწილი მუშებისა შესაფერად ვერ გვეხმარებიან. დღეს შრომის ინტენსივობა, ენერგია ისეთია, რომ მათ სურთ სახელმწიფოს სააღმშენებლო საქმეში საღი როლი ითამაშონ და მინდობილობა მიიღონ. თქვენ კი ამბობთ, რომ საჭიროა დავეხმაროთ ბურჟუაზიას, გსურთ მათი ორგანიზაციები შექმნათ, გააძლიეროთ კაპიტალისტები, ესე იგი, პირდაპირ შექმნათ ჩვენში ახალი კლასი.

ეხლა რაც შეეხება სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს, მე უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ მთავრობის წრეებში გაბატონებულია ის აზრი, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების მოსამსახურეებს ჩვენ ვერ მივსცემთ იმ უფლებებს, როგორც კერძო დაწესებულებების მუშებსო. ასეთი შეხედულება იყო საერთოდ, რომ სახელმწიფოს, ერობების, ქალაქების მუშები უნდა ჩაყენებულ იქმნეს იდეალურ პირობებში; იგინი უნდა იყვნენ მაგალითად საჩვენებელი დანარჩენ საზოგადოებისთვის; რომ კერძო კაპიტალისტების მუშებს მეტი უფლებები ქონდეს, ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციებისას. შეუძლებელია, უბრალო პოლიტიკური სიწმინდე მოითხოვს, რომ დავიმახსოვროთ ეს დებულება, რომელიც ჩვენი სინდისის საგანძურს ეკუთვნის. დღეს შეიძლება თქვენ სხვა სთქვათ, ხვალ კიდევ სხვა, მაგრამ რას გვეტყვის ბურჟუაზია, თუ როდესმე გაბატონდა, თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს არ ვაძლევთ იმას, რაც კერძო კაპიტალისტურ ორგანიზაციებმა უნდა გაიღოს. რასაკვირველია, გვეტყვიან: ჩვენ სოციალისტების მიმდევარი ვართ, იმას ვაკეთებთ, რასაც თქვენ აკეთებდითო.

დიახ, ამაში უნდა დაინტერესებული იყოს სახელმწიფო, მაგრამ თუ ეს არ შეადგენს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესს, მაშინ ჩვენ, პრინციპის გამო საღალატო ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ. თვით სახელმწიფო თავის ორგანიზაციებით უნდა იყოს მაჩვენებელი იდეალურ ორგანიზაციების შექმნისა და არა კერძო ორგანიზაციები. თქვენ გსურთ, რომ შრომის ხელშეკრულება შექმნათ, მაგრამ ეს ვის უნდა შეეხოს? რასაკვირველია, მასას. თქვენ გინდათ, რომ იგი ეხებოდეს მხოლოდ ნაწილს პროლეტარიატისას. მაშ თქვით, რომ ეს არის უბრალო დეკლარაცია, თვალის ახვევა, ესე იგი, ის დეკლარაცია, რომელმაც უნდა იმოქმედოს ხალხის ფსიქიკაზე.

მე მგონია, რომ დამფუძნებელ კრებას არ აქვს ასეთი აზრი, რომ შეეხოს მუშათა კლასის მხოლოდ ელემენტს და არა მთელ მასას. მე ვკითხულობ: მაშინ, როდესაც მრეწველობის და მეურნეობის მთელ საქმეს ხელში აიღებენ მუნიციპალური და ერობების ერთეულები, მაშინ უმრავლესობა მუშებისა იქნებიან სახელმწიფო ორგანიზაციების ხელში თუ კერძო კაპიტალისტების ხელში? მე გარწმუნებთ, რომ მუშების უმრავლესობა არის ქალაქების, კოოპერატივების, ერობების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ჩვენ მათ არ დავიცავთ და არ მივსცემთ უფლებებს, მაშინ ეს დეკლარაცია შეეხება მუშათა უმცირესობას და ჩვენ გეკითხებით: თქვენ უმცირესობის უფლების დაცვა გინდათ? იმ უმცირესობის, რომელიც კერძო დაწესებულებებში მსახურებენ, თუ იმ უმრავლესობის, რომელიც სახელმწიფო დაწესებულების მუშებს შეადგენენ (თევზაია: ყველასი!). ჩვენ ინტერესებს შეადგენს, რომ ეს იქნეს ყველა მუშათათვის. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გავრცელდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა მუშებზე და მოსამსახურეებზე. მაშასადამე, ჩვენი მოთხოვნილება არის, რომ საქართველოს დღევანდელი ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც დღეს დაცემულია, მოუწყობელია, აკლია ტეხნიკური და ეკონომიური საღი ნიადაგი, ის აღორძინდება ბურჟუაზიის გარეშე. ამის აღორძინებას სახელმწიფო მოახერხებს, ერობები, კოოპერატივები, საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულებანი, რომლის ორგანიზაციები ქმნიან ეკონომიურ კულტურას და დაინტერესებული არიან სახელმწიფოსათვის მტკიცე ნიადაგის შექმნაში. ერთად ერთი ელემენტი, დამცველი ამ მიზნისა, მუშათა კლასია და ეს პრინციპი უნდა იქმნეს გატარებული დაუყონებლივ საკანონმდებლო აქტებში. მე არ ვამბობ, რომ ბურჟუაზიას არ უნდა ქონდეს არავითარი უფლებებიო, იმათ საზოგადოებრივ ასპარეზზე დაუტოვოთ კერძო ინიციატივა, თუ ისინი მოიხმარებენ და შეეგუებიან იმ პირობებს, რომელსაც ჩვენი ინტერესები მოითხოვენ. მაგრამ მათთვის უფლებების მიცემა პარტიულ ნიადაგზე შეუძლებელია, ამის ღირსი ისინი არც ობიექტურად და არც პერსონალურად არ არიან, ეს უფლებები მათ გარეშე უნდა განვახორციელოთ. ამას გარდა, კანონ-პროექტი გამომდინარეობს ქალაქთა მუშების ინტერესებისაგან. ქალაქის მუშების მოძრაობა არის პროფესიონალური მოძრაობა.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეხლა სოფლადაც არის ეს მოძრაობა, როცა 1902-1903 წლებში მენშევიკების პარტია ძლიერი არ იყო და სჭირდებოდათ ბრძოლა. და როდესაც მათ ეუბნებოდენ აქ პროლეტარიატი არ არის, ისინი უპასუხებდენ, როგორ არ არის, ეს ელემენტი არა მარტო ქალაქში, სოფლადაც არისო და ჩვენ გვინდა ის გავაფართოვოთო. და მე უნდა მოგახსენოთ, რომ მე ხშირად ვყოფილვარ სოფლად, პრაქტიკულად ხშირად ანგარიში გამიწევია სოფლის მდგომარეობისთვის და მე ვხედავდი, რომ სოფლად არის ნამდვილი პროლეტარული ელემენტი, რომელსაც არც აქვს მიწა და იარაღი და არც იმედი დარჩენია, რომ მიწას ხელში ჩაიგდებს. მე ამა წლის აპრილში და მარტში დავესწარი მიწის მუშათა ყრილობებს სოფლად, სადაც განდევნილი იყო კაპიტალისტური ელემენტი და მხოლოდ მიწის მუშები იყვნენ. ისინი ამბობდენ, რომ ჩვენ შრომის უფლება გვინდა დავიცვათო, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ დრო და ქირა მუშაობისაო (კედია: ცუდად რომ განსაზღვრონ?). აი, ეს პრინციპები, რომელიც ქალაქის მუშებმა წამოაყენეს, სოფლადაც არის გატარებული. მაგრამ როგორ უყურებს ამას მთავრობა? აი, ბ. ხომერიკმა ბრძანა, რომ ეს არის ანარქიაო, მათ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა არ აინტერესებთო (კედია: აგრეც იყო!). ეს, რასაკვირველია, თქვენ მოგეწონებათ, ბ-ნო კედია. ისინი ამბობდენ შემდეგს: მამულებში რჩება დაუმუშავებელი ადგილებიო. ჩვენ გვინდა ეს ადგილები დავამუშაოთო. არის დადებითი თუ არა, რომ ეს ადგილები დამუშავებულ იქმნეს? - დადებითია. მათ უნდათ განსაზღვრონ მუშის ხელფასი. დადებითია ეს თუ არა? - დადებითია. მათ უნდათ 8 საათის სამუშევარი დღე. მათ უნდათ სოფლად გაატარონ ის, რაც ევროპაში დიდი ხანია გატარებულია. თქვენ მათ ამ უფლებებს არ აძლევთ. ეს დიდი მოთხოვნილება არ არის, მაგრამ თქვენ მაინც არ აძლევთ (კედია: თქვენ კეთილი ბრძანდებით და მიეცით!). ჩვენ უნდა ვიდგეთ შრომის ხელშეკრულების თვალსაზრისზე. ეს არის დღევანდელი პრობლემა. ნუ შექმნით იმ კომბინაციებს შრომისა და ვაჭრობისას იმიტომ, რომ აქ არსებითად როლს თამაშობს შრომა და მე ვამბობ, რომ ეს შრომის ხელშეკრულება დიდ სარგებლობას მისცემს სახელმწიფოს, თუ ეს მართლაც შრომის ხელშეკრულება იქმნება და თუ იქ უმთავრეს როლს ითამაშებს მშრომელი ხალხი და არა ბურჟუაზია.

მენშევიკების ხელშეკრულების თვით აქტი მიაჩნიათ უდიდეს ისტორიულ მოვლენად. თქვენ მოიგონეთ, ბატონებო, ბურჟუაზიული და იუნკრული გერმანია. 1899 წელს მთელ რიგ დაწესებულებებში იქნა შრომის ხელშეკრულება გატარებული (თევზაია: არსად, არც რკინის გზაზე, არც ფოსტა-ტელეგრაფში!). რაც შეეხება ფოსტა-ტელეგრაფსა და რკინის გზას, მე მოგახსენებთ. 1884 წელს საფრანგეთის ბურჟუაზიულმა პარლამენტმა პრინციპიალურად აღიარა, რომ საჭიროა ეს შრომის ხელშეკრულება გავრცელდეს სახელმწიფო დაწესებულებებზე. ახლა კი უწყებას დაგისახელებთ. იმავე საფრანგეთში, განათლების სამინისტროში - მთელმა რიგმა მოსამსახურეებისამ დიდი ბრძოლით მიაღწიეს უფლებებს და გამოიწვიეს სამინისტროს კრიზისიც (თევზაია: არც ერთში!). ბატონო, საფრანგეთზე მოგახსენებთ! ჩემთვის ძლიერ დიდი იარაღი არის კალამი. ბატონო თევზაია, თქვენ ამხანაგებს გაზეთ „ერთობიდან“ ვეკამათებოდი ამ საგანზე და ისინი დამეთანხმენ. თქვენც გამობრძანდით და დამიმტკიცეთ, ან იქ დასწერეთ, ან აქ ბრძანეთ (უჩვენებს ტრიბუნაზე). ისე კი, მაგისთანა განცხადებებს მნიშვნელობა არა აქვს (თევზაია: საბუთები!). სამწუხაროდ, მე არ ვარ მიჩვეული, რომ ვილაპარაკო ისე, რომ საბუთები არ მოვიყვანო. მაგრამ მე არ შემიძლია, რომ წიგნი მოგიტანო და შიგ ჩაგახედო განათლების სამინისტროში, მე-19 საუკუნის მიწურულში (თევზაია: მასწავლებლებზე ვრცელდებოდა შრომის ბირჟის ხელშეკრულება!). შემდეგ კიდევ მეტი: საზღვაო სამინისტროში, მთელი რიგი ამ უფლებათა გავრცელებული იყო მუშა-მოსამსახურეებზე. 1894 წ. პარლამენტმა აღიარა, რომ ეს დებულება გავრცელებულიყო ყველა დაწესებულებებზე (კედია: ეგ მართალია!. ასათიანი: იქნება ეს პროექტი იყო! კედია: არა, ეს მართალია!). მე დადგენილებაზე მოგახსენებთ. თქვენ არ მიგაჩნიათ სახელმძღვანელოდ დადგენილება, ეს თქვენი საქმეა. მე თქვენ ბ. ბიქტორ ჟუოს მაგალითი მოგიყვანეთ (თევზაია: ჟუო სინდიკალისტია!). სინდიკალიზმი აქ არაფერ შუაშია. არც ერთი პროფესიონალური ორგანიზაცია ამის წინააღმდეგი არ ყოფილა. ახლა თქვენ ბრძანეთ, ვინ იყო ამის წინააღმდეგი. თქვენ გამონაკლისზე ბრძანებთ, იმიტომ რომ წარმოდგენილი გაქვთ ბურჟუაზიული ეკონომიკა არა იმ შეგნების მიხედვით, რომელიც ჩვენში არსებობს, არამედ იმ პრაქტიკის მიხედვით, რომელიც დააკანონა ბურჟუაზიამ. ეს კი სრულიად არ შეეფერება საქართველოს რესპუბლიკის მდგომარეობას.

მე მინდა მოგახსენოთ, შეეფერება თუ არა ეს პრინციპი ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას (ჯაფარიძე სერგო: შეეფერება!). სერგო ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს კანონი ჩვენს მდგომარეობას განამტკიცებს. მე ვამბობ, რომ ეკონომიური ცხოვრების განმტკიცება იმაშია, რომ ის უნდა განვითარდეს. იქნება ეს საშინაო თუ საგარეო კაპიტალი, ის უნდა ავამოძრაოთ. და აქ საჭიროა როგორც შრომის მონაწილეობა, ისე კაპიტალის წარმომადგენელთა მონაწილეობა (თევზაია: თქვენ ამბობთ ამას?). მე თქვენ დებულებას ვითვალისწინებ და ისე ვაწარმოებ მსჯელობას. მე მინდა თქვენ დებულებას გავუკეთო კვალიფიკაცია და ისე ვაწარმოვო მსჯელობა.

მე ჯერ ერთი აღვნუსხე, რომ ობიექტურად არ შეიძლება მივსცეთ ჩვენ ბურჟუაზიას ის უფლება, რომელიც აქვს ევროპაში. ამისთვის არის საჭირო სხვა პირობები. ჩვენ გვაქვს - მუშათა კლასს აქვს 8 საათის სამუშაო დღე. ეს 8 საათის დრო ახალი ამბავი არ არის, ის 40-50 წლის წინად არსებობდა ევროპაში. არის ისეთი დაწესებულება, სადაც 7-6 საათის სამუშაო დროა, მაგრამ ეს ახალი არ არის, ეს ნოველა არ არის. ჩვენთვის - საქართველოსთვის ამას მეტი მნიშვნელობა აქვს და მე ვამბობ, შეიძლება თუ არა, რომ კერძო მრეწველებმა მიიღონ ეს 8 საათის სამუშაო დრო? ევროპაში ბურჟუაზიამ კიდევაც მიიღო, მაგრამ ჩვენი ბურჟუაზია ვერც მიიღებს და ვერც შეეგუება მას (მგელაძე: მიიღო!). გაგება უნდა მსჯელობასაც. მე მაინტერესებს, თუ რანაირი კლასიური მდგომარეობა შეიქნება.

ბოლოს და ბოლოს თქვენ გგონიათ, რომ ესენი იყვენ ბურჟუაზიის წარმომადგენლები. არა, ისინი (უჩვენებს ჩვენი ბურჟუაზიის წარმომადგენლებს) არიან გაკოტრებული თავად-აზნაურობის ინტელიგენცია (კედია: თქვენ კი პროლეტარები ნამდვილი ხართ?). ჩვენ აქ ბურჟუაზია არა გვყავს, მისი იდეოლოგები გარედ არიან. მე ვამბობ, რომ ჩვენი ბურჟუაზია მრეწველობის თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ის ვერ შეეგუება ამ 8 საათის სამუშაო დღეს, 8 საათის სამუშაო პროცესში ვერ შექმნის ახალ ორგანიზაციას, არც შეუძლია და არც ქმნის (თევზაია: რატომ?). იმიტომ რომ, როცა კაპიტალისტების თაოსნობით სჭრიდენ და ქმნიდენ ცხოვრების ახალ წესებს, ისინი ამუშავებდნენ მუშას 18-16 საათი და მხოლოდ ამ საზღაპრო ექსპლოატაციის პროცესში ჩნდებოდა ბურჟუაზიის ვითომდა ძალა, ნიჭი და უნარი. დასკვნა შემდეგია: ბურჟუაზია თავის თაოსნობაზე სახელმწიფოს აშენებაში მაშინ იჩენს, როცა მას აქვს ხელსაყრელი პირობები ექსპლოატაციის, როცა ის ტყავს აძრობს მუშას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენში არ შეიძლება ბურჟუაზიამ ისეთი გავლენა მოახდინოს მუშათა კლასზე, როგორც იქ ახდენდა ევროპაში ძველად.

ევროპაში თან და თან ხდება დიდი ცვლილებები. კავშირების უფლება არის აღიარებული ინგლისში 1829 წელს, საფრანგეთში - 1848 წელს, ასევე გერმანიაში.

ბურჟუაზია იჩენს დიდ ინიციატივას, როცა მთელი სახელმწიფოს აპარატი არის მის ხელში, როცა მას შეუძლია 15 საათი ამუშაოს მუშები. მაგრამ ეს დრო წავიდა და მას ვეღარ დავაბრუნებთ (კედია: ლენინს ჰკითხეთ!).

ჩვენში, სადაც ბურჟუაზია არარაობას წარმოადგენს, სადაც ბურჟუაზია ახლად უნდა შეიქმნას, შეუძლებელია აქ ეს პრინციპი გატარდეს. იქ იძულებული არიან იმავე კანონის მიხედვით შეეგუონ წესწყობილებას. ეს მდგომარეობა არ არის საქართველოში და ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ამიტომ ვამბობ, რომ ბურჟუაზია აქტიური იყო განსაკუთრებულ დროს და განსაკუთრებულ პირობებში. ახლა კი ასეთი იგი არ არის.

გილფერდინგი ამბობს, რომ ეხლა ახალი სახელმწიფო რომ აღორძინდეს, ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების და მუშათა კლასის ძალთა გამოყენებაა საჭიროო. ეს კაცი უბრალო პროპაგანდისტი კი არ არის, ის დიდი ეკონომისტი არის, რომლის შესახებ კაუცკი ამბობდა, რომ მარქსის შემდეგ უკეთესი ეკონომისტი არ გვინახავსო (ასათიანი: ფანტაზიორი არის! თევზაია: მართლაც დიდი კაცია!) ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ეკონომისტს, რომელიც ამბობდეს, რომ ის დიდი ეკონომისტი არ არისო. თეორია არის ის, რაც ექიმისთვის მედიცინა. ექიმი დიაგნოზისთვის მიმართავს თავის თეორიას. ეკონომიურ ცხოვრებაშიც ჩვენ გვაქვს ჩვენი თეორია და ამ თეორიას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. მხოლოდ ეკონომიურ ცხოვრების აღორძინებას ბურჟუაზიას ვერ მივანდობთ. იგი არ არის მრეწველი ელემენტი. საქართველომ სამი წლის განმავლობაში მას შეუქმნა ხელსაყრელი პირობები, მაგრამ ის გარბოდა. სად გაგონილა, რომ სოციალისტური ელემენტები იყონ და იმაზე მეტი შეექმნათ, რაც არის საქართველოში შექმნილი ამ მხრივ? მას შეუძლია თვით ააშენოს ქარხნები, მას აქვს ყოველგვარი თავისუფლება მრეწველობისა. აი ბატონი ვარაზაშვილი და მის სპარსეთ-კავკასიის საზოგადოება ამის კლასიკურ მაგალითს იძლევა.

შემდეგ, ბატონებო, მომხსენებელი ილია ფირცხალაიშვილი, წარმომადგენელი შრომის კომისიისა, ამბობს: ჩვენ გვინდა შრომის უფლებები დაცული იყოს (სერგი ჯაფარიძე: ეს დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრაა! ხმაურობა, რეპლიკები). ბატონო სერგი ჯაფარიძე, მე მოგახსენებთ, რომ არავინ არ მოიპოვება ამ დამფუძნებელ კრებაში ისეთი, რომ მოსურნე, მომხრე იყოს სახელმწიფოს დანგრევისა (ხმაურობა). ბევრი ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიაგენით იმ გასაღებს, რომელიც იხსნის სახელმწიფოს დანგრევისაგან (კედია: არა, მაინცა და მაინც თქვენ გიდევთ ჯიბეში ეგ გასაღები, არა?) ჩვენ, ბატონებო, ფაქტები გვაქვს, რომელთა უარყოფა შეუძლებელია. ჩვენ უკვე სამი წელიწადი ვარსებობთ და ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ბიუჯეტის განხილვის დროს, რომ ჩვენში არავითარი ხარჯთ-აღრიცხვა, ნომენკლატურა არ არსებობს. არ ვიცით, რა ვართ ან რა ვიქნებით (ასათიანი: ესეც ბურჟუაზიის ბრალია?) ამას ვამბობთ არა მარტო ჩვენ, ამას ამბობენ თქვენი უწყებათა წარმომადგენლებიც. თვით ბიუჯეტში არ არის ისეთი გარკვეული ადგილი, სადაც ერთი მუხლი მაინც იყოს მუდმივი. თქვენ რომ სახელმწიფოს სიმტკიცე შეგექმნათ, ის გამოიხატებოდა იმ ციფრებში და ცხრილებში, რომელიც აღნიშნულია საბიუჯეტო ხარჯთ-აღრიცხვაში. მე თქვენ გეუბნებით, როცა თქვენ აყენებთ პრინციპს კაპიტალიზმის განვითარება-დაცვისას და ამ პრინციპს მხარს უჭერთ, ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არის წმინდა უტოპიური გზა, რომელიც თქვენ დღემდე ვერ დაიცავით, თუმც მასზედ ბევრს ქადაგებთ. ვერც ერთი პრინციპი სახელმწიფოებრივი აღმაშენებლობისა (თევზაია: აბა, რომელი?). თქვენ თუ გინდათ რესპუბლიკის ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესება, რაში გამოხატეთ ეს? ამ სამი წლის განმავლობაში თქვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგიდგამთ საქართველოს მრეწველობის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ტემპი ამ სამი წლის განმავლობაში არა თუ არ აჩქარებულა, პირიქით, იგი უფრო შენელდა შედარებით იმ ხანასთან, როდესაც რუსეთის ხელში ვიყავით. მაშინდელი წესი პირდაპირ ხელს უშლიდა წარმოებას (ასათიანი: თქვენ ხელში მთლად დაინგრეოდა!). ჩვენ ხელში დაინგრეოდა თუ არა, ამაზე შემდეგ მოგახსენებთ. მე მოგახსენებთ, რომ თქვენ მუშის ინტერესები მიგაქვთ მსხვერპლად, მაგრამ ეს დიდი მსხვერპლიც ვერ შექმნის იმ მტკიცე პირობებს, რომელიც საჭიროა მრეწველობის აღორძინებისათვის.

მთელი ეს კანონ-პროექტი არის აგებული პარიტეტულ პრინციპის ნიადაგზე. ილიკო ფირცხალაიშვილი მუდამ ევროპის მოგონებაშია, როგორც ყველა მენშევიკს სჩვევიათ (ხმა: თქვენ აზიას იგონებთ, არა? აზიისაკენ იყურებით?). ისინი ამბობენ ბირჟებზე, შრომის ხელშეკრულობაზე და კაპიტალის შექმნაზე, რომ სხვა და სხვა სახელმწიფოში ასეაო. მაგრამ ამის შესახებ მე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ, რასაკვირველია, ევროპას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, შევისწავლოთ რაც კარგია და მისაღები და გადმოვნერგოთ საქართველოში. ეს ასეა. მაგრამ ჩვენ თუ არ მივიღეთ მხედველობაში ჩვენი სოციალური და ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა და ამის მიხედვით არ განვახორციელეთ ჩვენი ეკონომიური პროგრამა, მაშინ ჩვენ ამ ბრმა პოლიტიკას გადავყვებით და უტოპისტები ვიქნებით.

რაში გამოიხატება ევროპის ბირჟები? ევროპის ბირჟები და მათთან ერთად შრომის და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროები? აქ არამც თუ ეს ბირჟები, სხვა დაწესებულებებიც კი პარიტეტულ ნიადაგზე არიან აგებული. რისთვის არ მოხდა დანგრევა და უკუგდება ამ პარიტეტულ პრინციპისა? იმიტომ რომ იქ პოლიტიკურ მოსაზრების გამო მთელი ძალა-უფლება ბურჟუაზიის ხელშია და აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში პარიტეტულ პრინციპის დარღვევა სრულიად შეუძლებელია. იქ ბურჟუაზიის ალაგმვა შეუძლებელი გახდა იმიტომ, რომ იქ ბურჟუაზია წარმოადგენს ტეხნიკურ და ინტელექტუალურ ძალას. იქ ვერ ეტყვის სახელმწიფო კაპიტალისტს, წადიო; ვერც ინგლისი, ვერც გერმანია და ამერიკა ვერ ეტყვის კაპიტალისტებს, ჩამოგვშორდიო, იმიტომ რომ იქაური კაპიტალისტები რომ ერთბაშად ჩამოსცილდენ სახელმწიფოს, ეს დიდ კრიზისს გამოიწვევს მრეწველობაში. მაგრამ როდესაც ეს პრინციპი გადმოაქვთ საქართველოში, მე გეკითხებით: რა ძალას წარმოადგენს ბურჟუაზია ჩვენში? არავითარ ძალას. მაშასადამე, როდესაც თქვენ აქ აძლევთ ბურჟუაზიას რაიმე უფლებებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის დასამარება მუშათა კლასისა. ბურჟუაზია ჩვენში არ წარმოადგენს არც ფიზიკურ, არც ინტელექტუალურ, არც ტეხნიკურ ძალას. თუ აქ მუშათა კლასი ქმნის თავის რესპუბლიკას თავის სისხლით და სიყვარულით, ამას ვერ ვიტყოდით ჩვენ საქართველოს ბურჟუაზიაზე. თუ მან ჩაიგდო რამდენიმე გროში, რომ ჩაიგდებს, ამაში დამეთანხმეთ, ამასაც სპეკულიაციაში იხმარს. როდესაც თქვენ ევროპის ძალთა განწყობილებაზე მოგახსენებთ, მე მოვითხოვ ყველასგან, როგორც მომხსენებლისაგან, ისე ყველა მიუდგომელ მოღვაწისაგან დაამტკიცოთ: შეიძლება თუ არა შეადაროთ ჩვენი კაპიტალის და ბურჟუაზიის ძალა ევროპის ძალებს? ქმნის თუ არა რამეს ჩვენი ბურჟუაზია? გარდა ამისა, რომ აწარმოებს სპეკულიაციას და ახდენს არეულობას ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებაში, ისინი მხოლოდ ანგრევენ ქვეყანას (ხმა: მართალია!). თუ ეს მართალია, მაშინ კანონ-პროექტში პრინციპიალურად უნდა აღნიშნოთ, განავითაროთ, რომ შეუძლებელია შრომის ხელშეკრულების დადების დროს ისეთივე უფლება მივსცეთ კაპიტალისტს, როგორც მუშას. გაზომეთ თქვენ თქვენი ბურჟუაზიის ძალა ფიზიკურ თვალსაზრისით, რომელიც მას აქვს თავის სამშობლოსადმი. ბურჟუაზიას ყველგან კოსმოპოლიტიკური განწყობილება აქვს სამშობლოსადმი. მე გეტყვით, რომ არა თუ ჩვენი, თვით ის ინგლისის დიდი სამრეწველო ბურჟუაზია, რომელიც მიჩნეულა დადებით მოვლენად, დამტკიცებულია, რომ ისინიც ეკონომიურ ცხოვრების დამანგრეველნი იყვნენ. თქვენ ალბათ იცით, რომ ინგლისის ბურჟუაზია მოგებისათვის ხელოვნურად ქმნიდა სურსათის კრიზისს, რომ ამით ფული მოეგო. და თუ ამას ჩადიოდა განვითარებული ინგლისის ბურჟუაზია, რას იზამს აქ ჩვენი? (ხმა: შემდეგ). შემდეგ სხვას მოგახსენებთ.

ბ. ფირცხალაიშვილმა აქ კლასიფიკაცია გააკეთა. მან შენიშნა, რომ შეიძლება სახელმწიფოში დარჩეს ისეთი მუშებიცო, რომლებიც იქნებიან ამ კანონის გარეშეო და ეს უფლებები მათზე არ გავრცელდესო. ამას მოგახსენებთ, ერთგვარი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში განსაკუთრებულ ზოგიერთ მუშა მენშევიკს. დამფუძნებელ კრების წევრნი და წარმოიდგინეთ ისინი იყვნენ ამ პრინციპების დამცველნი, რომლის წინააღმდეგაც მთელი კრება გაილაშქრა. აქ აქტიური მონაწილე დამფუძნებელ კრების წევრთა დებულებანი არც ერთი არ იყო გაზიარებულ მუშისგან. იქ გახლდნენ ბ-ნი ბადრიძე, კირილე ნინიძე და სხვები. მათმა რეზოლიუციამ მხოლოდ სამი ხმა მიიღო და ამ სამ ხმას დასჭირდა ამ სამი დამფუძნებელი კრების წევრის მუშაობა ამ ყრილობაზე. ამ პროცესში ინიციატივა ეკუთვნოდა იმ წევრებს დამფუძნებელი კრებისას, რომელნიც მუშათა სახელს ატარებენ და მენშევიკების ბანაკიდან გამოდიან (ჯაფარიძე: გაბედვა შესწევთ!). მე არ მესმის, რისი გაბედვაა აქ? თქვენ არ აძლევთ სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მუშებს კოლექტიურ ხელშეკრულების უფლებას. ახლა გეკითხებით: როგორ გადავსჭრათ ეს საკითხი? ვეკითხები იმ `გამბედავ~ მუშა დეპუტატებს, რომლებიც იცავდენ იმას, რომ მათ არ მიეცეს ეს უფლებები. ეს სასარგებლო იქნება რესპუბლიკისათვის. რასაკვირველია, თუ იმ პარტიულ თვალსაზრისიდან გამოვალთ, რომელნიც გვიკარნახებს იმას, რომ ყოველი საკითხი უნდა გადაწყვიტოს პარტიათა ორგანიზაციამ, და თუ ეს პრინციპი მივიღეთ, თუ არსებობს ისეთი ძალთა განწყობილება, ობიექტური პირობები, მაშინ უნდა ვსთქვათ, რომ მუშა სრულიად აიცრუვებს გულს და თუ დღესაც არ მოდიან და თვალყურს არ ადევნებენ მთავრობას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ მათში იმ ძალას, რომელიც მათ აინტერესებთ.

ჩვენ გვაქვს პირველ ყოვლისა ტრადიცია ეგრედწოდებულ სოციალიზმისა. ჩვენ კი ვაშენებთ ბურჟუაზიულ სახელმწიფოს და ამავე დროს მწერლობაში და კონგრესებზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ სოციალისტები ვართ და ამ სოციალურ პრინციპებს უპირატესობას ვაძლევთო, მაგრამ ყოველივე ეს არის ლამაზი სიტყვისათვის ჩვეულებრივი მასალა. საქმე სხვაა, სასარგებლო ბურჟუაზიის, საზარალო მუშათა კლასის და ამ საქმეს სჩადის ჩვენში ის პარტია, რომელსაც მუდამ თავი მოჰქონდა პროლეტარიატის ინტერესების დაცვით.

დიახ, მთავრობის სიტკბოებამ მენშევიკებს დაავიწყებია კლასიური სიფაქიზე. ისტორიულ პროცესში ისინი სავსებით გაკოტრდენ და გაკოტრებულთა იდეოლოგიით გამოდიან აქ და გვიქმნიან მუშათა კლასისათვის ახალი მონობის და მორჩილების კანონს.

თავმჯდომარე: უკვე სამი საათია. როგორ ინებებთ, განაგრძობთ სხდომას კიდევ? ასათიანის წინადადება არის შემოსული სხდომის გაგრძელების შესახებ. კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე კრების გაგრძელებისა? უარყოფილია. გთხოვთ მოისმინოთ მოსალოცი დეპეშა (მდივანი კითხულობს დეპეშას): „ელინთა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი გულწრფელ სალამს უძღვნის საქართველოს დამფუძნებელ კრებას სამუსლიმანო საქართველოს დედა სამშობლოსთან შემოერთების გამო და უსურვებს წარმატებას და აღორძინებას მომავალში საქართველოს დემოკრატიასა და მისი ხალხის წარმომადგენელთ. საქართველოს ელინები ბათომის ოლქს მუდამ აზროვნობდენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად და ამის გამო ბათომის ოლქის ელინთ მუდამ ჰყავდათ თავისი წარმომადგენლობა“. დამფუძნებელი კრება ამ მოლოცვას ტაშით ეგებება. მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს.

სხდომა 3 საათზე იხურება.

6 ოცდამეთუთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(35)

1920 წელი. ივლისის 22. ტფილისი. სასახლე.

:

1. დეკრეტი - სამონოპოლიო საქონლის მწარმოებელთათვის 100.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

2. განგრძობა მსჯელობისა - სახელმწიფოს 1919-1920 წ. ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 12 საათ. და 40 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. განგრძობა მსჯელობისა - სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

.

2. დეკრეტი - სამონოპოლიო საქონლის მწარმოებელთათვის ასი მილიონის მანეთის მიცემისა.

თავმჯდომარე: დღიური წესრიგის შესახებ წინადადება გახლავთ, რომ დამატებითი საკითხები პირველ რიგში იქნეს შეტანილი. წინააღმდეგი თუ არის ვინმე? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია. ეხლა გთხოვთ მოისმინოთ რეგლამენტი. ბიუჯეტის განხილვის შესახებ რეგლამენტში განსაკუთრებული წესი არის, ცნობათ მოგახსენებთ მდივანი ორ მუხლათ.

(მდივანი კითხულობს რეგლამენტის მუხლებს).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის ბ. თევზაიას ეკუთვნის სიტყვა.

1. დეკრეტი - სამონოპოლიო საქონლის მწარმოებელთათვის ასი მილიონი მანეთის სესხის მიცემისა.

. თევზაია (მომხსენებელი): ბატონებო, მთავრობა თხოულობს 100 მილიონ მანეთს სამონოპოლიო საქონლის მწარმოებელთათვის სესხის მისაცემად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დეკრეტი მონოპოლიის შესახებ და სხვათა შორის მონოპოლიისა თამბაქოზედ და მატყლზედ. უნდა მოგახსენოთ, რომ საფინანსო კომისიამ ეს კითხვა არსებითად გაარჩია და მიიღო ზოგიერთი ცნობები და მე ამ ცნობებს მოგახსენებთ. დღეს თამბაქოს წარმოების სფეროში უკვე მოწყობილი არის ორგანიზაცია მწარმოებლებისა და მთავრობას საქმე აქვს პირდაპირ ამ თამბაქოს მწარმოებლებთან და ამნაირად ის ხალხი, რომელიც ერთნაირად შუამავლობას სწევდნენ მწარმოებელთა და ბაზრის შუა, ეს ხალხი ამ საქმიდან გამორიცხულნი არიან (კედია: ექსორია ყოფილა!). უმთავრესი მიზანი მონოპოლიისა ის არის, რომ ის ხალხი, რომელიც წარმოებას არ ეწევა, არამედ შუამავალის როლს თამაშობს, აი, ამ ხალხის მდგომარეობა ასე თუ ისე შეკვეცილი იქნება ამ სფეროში. და ამ მხრივ მთავრობას მიუხწევია ერთი დიდი მიზნისათვის - შეუკრავს კავშირი მწარმოებლებთან, იმ ხალხთან, რომელიც ადგას ამ წარმოების საქმეს და მათთან პირდაპირი კავშირი დაუჭერია.

1919 წ. ამ კავშირის საწყობებში მიღებულია 100.000 ფუთამდე თამბაქო და მისაღები არის კავშირის ცნობით კიდევ 100.000 ფუთი. ჩვენ მაშინაც, როდესაც ვარჩევდით მონოპოლიის საკითხს, ერთ მიზანს ვაქცევდით ყურადღებას. ეს იყო ის, რომ თუ შუამავლები განდევნილნი იქნებიან ეკონომიურ ცხოვრებიდან, მათი უფლება შეკვეცილი იქნება და მწარმოებელთა უფლება სრულიად უნდა იყოს დაცული, რომ მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს იმ მხრივ, რომ საშუალება მიეცეთ მათ თავიანთი კულტურული მუშაობისათვის ჰქონდეთ თანხა და მთავრობა შუამდგომლობს, რომ მიეცეს მათ იმ თამბაქოს გასატანად, რომელიც საწყობებში უწყვიათ, სესხის სახით მიეცეს მათ 100.000.000 მანეთი. გაყიდულ თამბაქოდან 10 პროც. მოგებისა მიდის საერთო კულტურულ ხარჯებისათვის, 45 პროც. წმინდა მოგებიანად ეძლევა მწარმოებელს, დანარჩენ 45 პროცენტს ღებულობს სახელმწიფო. ამნაირად, ბოლოს და ბოლოს დაახლოვებით სახელმწიფო ღებულობს იმაზე ნაკლებს, რასაც ღებულობდა შუამავალი მოგების სახით, რომელიც თვით წარმოებაში არ იყო ჩაბმული.

როგორც ვიცით, ამ უკანასკნელ ხანების ეკონომიურ პრაქტიკიდან ევროპაში ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ მწარმოებელი არ დაიჩაგროს და იმავე დროს სახელმწიფოს ჰქონდეს განსაზღვრული თანხა, რომელსაც ღებულობს საერთო ბიუჯეტისათვის. უნდა მოგახსენოთ ცნობები თამბაქოს მონოპოლიის შესახებ. თქვენ იცით, რომ ბოლო დროს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, რომ საერთოდ სანოვაგის ფასი დაეცა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელნიც არ იყვნენ დამარცხებულთა რიცხვში. ინგლისში, საფრანგეთში ზოგიერთ საგნებზედ ფასი დაეცა. ყველა საგნებზე ეს არ შეიძლება ითქვას, მაგრამ ზოგიერთ საგნებზედ, სხვათა შორის, თამბაქოს ფასიც დაეცა.

სხვათა შორის ამის მიზეზი არის ის, რომ ჯარის დემობილიზაციის დროს ეს ხალხი, რომელიც მოშორებული იყო წარმოებას, დაუბრუნდა თავის წარმოებას, შეუდგა საქონლის დამზადებას და მაშასადამე, მწარმოებელთა რიცხვი გაიზარდა, მაშასადამე, მეტი საქონელი უნდა გამოსულიყო ბაზარზედ (კედია: ინგლისში, ველიკობრიტანიაში მოგყავთ თამბაქო?). სპირიდონს არ სცოდნია, რომ ინგლისში მოჰყავთ თამბაქო (კედია: ეგ არ ვიცოდი!). ინგლისში უწინ არ მოჰყავდათ, რასაკვირველია, და თვით ინგლისში შეუდგნენ თამბაქოს მოყვანას... (ლორთქიფანიძე: ჩვენში?). და ის ხალხი, რომელიც არ ეწეოდა წინად, იძულებული გახდა ეს ეწარმოებინა (კედია: ეგ არ ვიცოდი!). რასაკვირველია, ამ მხრივ უნდა მივიღოთ მხედველობაში ის, რომ ბაზარზე არის თავისი საკმარისი საქონელი, ეს სულ ახალი მოვლენა არის... (ქარუმიძე: ინგლისში თამბაქო?). დიახ! დიახ! თქვენ ინგლისს ანაწილებთ და მე ვამბობ ინგლისზედ, როგორც ეკონომიურ მთლიანზედ. იქ წარმოება აქამდის არ იყო, დღეს ჩაღდება და მაშასადამე, ეს ქვეყნები, რომელნიც არ ეწეოდნენ ამ წარმოებას, ეხლა იწყებენ, დღეს კი არა, შარშანდლიდან. ამას დიდი გავლენა აქვს ბაზარზე (ხმაურობა. ზარი). შემდეგ უნდა მივიღოთ მხედველობაში ერთი გარემოება, რომელმაც იქონია თავისებური გავლენა ბაზარზე. ეს იყო ის, რომ დენიკინის ჯარების დამარცხების შემდეგ დენიკინის რაზმებმა და განსაკუთრებით შკუროს რაზმებმა აუარებელი თამბაქო გაიტანეს ყირიმიდან და შავი ზღვის გუბერნიებიდან და თქვენ იცით, რომ ამ საქმემ მიიღო საერთაშორისო ხასიათი, იმიტომ რომ ზოგიერთი დაინტერესებული წრეები წინ აღუდგნენ ამას, მაგრამ მათ მაინც გაიტანეს. ჩვენ ვიცით, რომ შკუროს რაზმები არ ხელმძღვანელობდნენ საერთო რაიმე ფინანსიური მოსაზრებით, საერთოდ ექსპროპრიაცია მოახდინეს, თუმცა ეკუთვნოდენ ბურჟუაზიულ პარტიას და ბურჟუაზიული პარტია დამცველია უდიდესი კერძო საკუთრებისა და ბურჟუაზიულ წყობილებისა. მაგრამ რუსეთის იმპერიაში, როდესაც საქმე მიდგა სარგებლობაზედ, ექსპროპრიაცია მოახდინეს (კედია: თქვენთვის მოუბაძნიათ!). მე მგონია, შკურომ მოახდინა ისეთი ექსპროპრიაცია, რომლის მზგავსი ჯერ არ ყოფილა, ყველაზე დიდი ექსპროპრიაცია მოახდინა, თუმცა ის შვრებოდა ამ ექსპროპრიაციას ვითომ საერთო ორგანიზაციისათვის, მაგრამ ის სჩადიოდა ამას თავისი თავისათვის. ალექსანდრე ასათიანმა იცის ეს. კერძო საკუთრების იდეოლოგებს სწყინდათ ეს, მაგრამ ეს საქონელი, რომელიც სულ უბრალოდ ჩაუვარდა მას, არ გაყიდა ისე, როგორც შესაძლებელი იყო. და მაინცა და მაინც ანგარიში არ გაუწევია იმ მდგომარეობას, რომელიც იყო რუსეთში. ამას დიდი გავლენა ჰქონდა დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ჩვენ თამბაქოს ფასებზე უსათუოდ იქონია გავლენა კიდევ ერთმა გარემოებამ. არ შეიძლება ამის უარყოფა, რომ ჩვენ სახელმწიფო აპარატის ორგანიზაციაში იყო ერთგვარი დეფექტები.

ამ საქმის მოწყობის დროს სახელმწიფო ორგანოებს ჰქონდა დიდი დეფექტები ყველა დარგში... (შენგელაია: მართალია!). ზოგში სავსებით გამოსწორდა, ზოგში კი სწორდება. როდესაც ლეო შენგელაია ქუთაისის ჯარის-კაცთა საბჭოში, მაშინ მახსოვს და საერთო მდგომარეობის გამო რკინის გზაზედ მუშაობა შეფერხებული იყო და მე არ ვიცი ლეო შენგელაია როგორ ისტუმრებდა უბილეთო მგზავრებს (სიცილი, ხმაურობა), ეს თავის თავად ცხადია, რომ როდესაც რკინის გზა ჩვენს ხელთ გადმოვიდა, გამოსწორდა, მაგრამ მისი მოწყობა მეტის მეტად ძნელი იყო. თქვენც ამ არეულობაში ერთნაირ კადრილს თამაშობდით. ასე იყო ჯარების ორგანიზაციაში. ვინც წარმოიდგენს დღევანდელ მდგომარეობას, ის აუცილებლად დაინახავს, რომ დიდი განსხვავება არის. ეს აუცილებელი დებულება არის, რომ გარდამავალ ხანაში ეს ხდება, ეს ხდება ყოველ გარდამავალ ხანაში (რეპლიკა: ესერების არ ისმის). უკრაინაში ყოველ სფეროში ასეთი მდგომარეობა იყო, როდესაც ესერები იყვნენ სათავეში, ისეთ სფეროშიაც, რომელსაც არ უნდა გამოეწვია დიდი დეფექტები. ყველა სფეროში ასე იყო. დიდი დეფექტები ზოგიერთ დარგში დღესაც დარჩა. მონოპოლიის საქმე ახალი საქმეა. ეს არის ახალი ორგანიზაცია და აქაც ერთნაირი დეფექტები იყო და არის და ამას ჰქონდა საზოგადოთ გავლენა თამბაქოს რეალიზაციაზედ. არ შეიძლება ამის უარყოფა აქედან, რომ ჩვენ ამის გამო პრინციპიალურად წინააღმდეგ წავიდეთ მონოპოლიის. ამის თანახმა არ არის საფინანსო კომისია, როგორც არ გადაგვიცია რკინის გზები კერძო პირებისათვის, როდესაც იქ საქმე არეული იყო. ეს იქნებოდა ის, რომ დაგვეხურა შკოლები, მოგვესპო რკინის გზები და სხვა.

ეს ასე არ არის. ჩვენ სხვანაირად შეუდექით ამ საქმეს (ასათიანი: გააჯანსაღეთ, არა?) დიახ, გავაჯანსაღეთ, როგორც ექიმები ამბობენ და თქვენც, ბატონო ასათიანო, მგონი ნახევრათ ექიმობაში ხართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ზომებია მიღებული, რომელიც ამტკიცებენ იმას, რომ ეს საქმე უნდა დადგეს მკვიდრ ნიადაგზე და ამის საბუთია ის, რომ სახელმწიფომ მოაწყო ორგანიზაცია მწარმოებელთა, რომლებიც ჩაუდგენ ამ საქმეს სათავეში. ეს არის უდიდესი ორგანიზაცია დემოკრატიული თვალსაზრისით, რომლის მოწყობაც ბევრ მოწინავე ქვეყნებში ვერ მოახერხეს რიგიანად. რა მდგომარეობაშია დღევანდელი ჩვენი კულტურა? გამოირკვა, რომ ზოგიერთ რაიონებში კულტურა (ასათიანი: აყვავებულა!). არა, არ არის აყვავებული, მაგრამ თქვენ ბურჟუაზიულ ორგანიზაციას იმის საშვალებაც არა აქვს, რომ გამოსცეს თქვენი დამცველი ორგანო, რომ ხალხმა წაიკითხოს (კედია: ერთობაც იმას ლაპარაკობს, რისი თქმაც ჩვენ გვინდა; რაღა საჭიროა ჩვენი ორგანო?). სრულებითაც არა. მაგალითად, თქვენ მონოპოლიის საკითხი არ გაკმაყოფილებთ, უნდა დასწეროთ თქვენს გაზეთში. ეს არ ვარგა, აი ასე სჯობიაო. კონსტიტუციის განხილვის დროსაც კიდევ მოგემატებათ სალაპარაკო. მე თქვენ მოგახსენებთ, რომ დღევანდელი სახელმწიფო ორგანიზაცია აუცილებლათ უფრო უკეთესია, ვიდრე თქვენი, მაგრამ შესაძლებელია ჩვენსასაც ბევრი ნაკლი ქონდეს; ხალხი ჯერ არ არის ჯეროვნად გაწვრთნილი, მაგრამ ასე რომ წავიდეთ მსჯელობაში, მაშინ ჩვენც ხომ არ ვიტყვით გაწვრთნილი სახელმწიფო ამშენებლობაში, მაგრამ ხომ ხდება რაციონალური მუშაობა.

რაც შეეხება თამბაქოს გაშენებას, ეს დარგი განსაკუთრებულად დაეცა იმ რაიონებში, რომელიც გაგრას თან ახლავს. ამას ბევრი რთული მიზეზები აქვს, მაგრამ მათი ჩამოთვლა ზედმეტია. სხვათა შორის, აქ მწარმოებელს ხელს უშლიდა წინეთ დენიკინის ჯარი, შემდეგ ბოლშევიკები, ასე რომ იქ კულტურის გულდასმით მოვლა მეტად ძნელი იყო. ყველასათვის ცხადია, რომ ომის დროს მოწინავე ფრონტი, რომელიც მტრის ჯართან ახლოს არის, დაზარალებულია.

შემდეგ, ცნობებიდან სჩანს, რომ ბევრი უცხო მწარმოებლები, რომლებიც აწარმოებდენ აქ თამბაქოს, წასულან, მიუტოვებიათ ეს მხარე და გადაბარგებულან ზოგი თავის სამშობლოში, ზოგი კი ბათუმში, მათთვის მაშინ ბათუმი უცხოეთი იყო, ისინი იქ მოელოდენ შესაფერ დროს. უმთავრესი გავლენა იქ ჰქონდათ შუამავლებს და ამას მიეცა დღევანდელ პირობებში სპეკულიაციის ხასიათი, როგორც ასათიანმა სთქვა. ამათ გარდა იყვნენ პოლიტიკური სპეკულიანტებიც (შენგელაია: თქვენი მოწაფეები ყოფილან!). არა, თქვენი, და არა ჩვენი. აი იყვნენ ჩვენში ისეთი პოლიტიკური სპეკულიანტები, რომლებიც ფიქრობდენ ჩვენში დაეცათ სახელმწიფოებრივი წარმოება და ამ მიზნით მონოპოლიის წინააღმდეგ ილაშქრებდენ. უნდოდათ ჩვენი ორგანიზაცია შეებოჭათ და ჩვენი ეკონომიისათვის ლახვარი ჩაეცათ. რამდენად მიახწიეს თავის მიზანს ამ ვაჟბატონებმა, არ ვიცი, ჩემის აზრით, ვერ მიახწიეს. მათ მწარმოებლებს უთხრეს, თქვენ გაქვთ თქვენი ტერიტორია, წადით და იქ გააჩაღეთ თქვენი წარმოებაო. მაგრამ დღეს ყველა წასული მწარმოებელი ისევ უკან დაბრუნებას თხოულობს.

ამ კულტურულ საქმეს ჩვენში ახალი ხალხი ჩაუდგა და ამანაც იქონია გავლენა. ეს იყო პოლიტიკური მიზეზი, ამასთანავე უნდა ვსთქვა - საერთაშორისო ბაზარზედაც. მე წავიკითხე გაზეთ `ბოსფორში~ და ეს გაზეთი ბერძნების უნდა იყოს. ამ გაზეთში მოთავსებულია წერილი ჩვენი წარმომადგენელის, რცხილაძის მიმართ, რომელშიაც სწერია, რომ მონოპოლია უნდა გაუქმდეს საქართველოში, ვინაიდან ის აფერხებს წარმოების განვითარებასო (ს. კედია: ისინი თავის ქვეყანაში რად არ სპობენ მონოპოლიას?). დიახ, სპირიდონ, ეს ისეთი ხალხია, რომ იქ, თავის ქვეყანაში, არ აუქმებენ, აქ კი გვეუბნებიან: მოსპეთ, არ შეიძლება მონოპოლიის წარმოებაო. ისინი ამბობენ: ინგლისში ეს საქმე სხვანაირადაა მოწყობილი, იქ ერთგვარი წესია შემოღებული და რაც შეეხება თქვენს ქვეყანას - ის, მათი აზრით, კოლონიის პირობებში უნდა იყოს ჩაყენებულიო. ამათ გასწიეს აგიტაცია, მათ ჰქონდათ კავშირი უცხო ფირმებთან და გავლენაც იქონიეს.

ყველა ეს ახდენდა გავლენას თამბაქოს ფასებზე და ჩვენი თამბაქოს ფასებიც დაეცა. დეფექტები, რასაკვირველია, იყო, მაგრამ გამოსწორება შეიძლებოდა და ამათ შესახებ სათანადო ზომებია მიღებული. ყოველივე ეს საფინანსო კომისიამ განიხილა, მიიღო მხედველობაში და დაადგინა, რომ დეფექტები ახლო მომავალში გამოსწორებული იქმნეს. კომისია დარწმუნებულია იმაშიაც, რომ მონოპოლია ისე გატარდეს, რომ ერთის მხრივ არ შეჩერდეს წარმოება, არ დაეცეს იგი; ამას გაინაწილებს დამფუძნებელი კრებაც და მიღებული იქნება ყოველივე ზომები ამისათვის; და მეორე მხრივ - მწარმოებელი არ შევიწროვდეს. ეს ორი მიზანი თუ განხორციელდა, ეს იქნება მონოპოლიის სავსებით მიზანს მიხწევა. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ეს დროებითი მოვლენაა და თუ თქვენ იტყვით, რომ ეს მუდმივიაო, მაშინ მუდმივია ისიც, რომ ფასი ყოველისფერზედ ეცემა. ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ საქონელი და თუ ჩვენ დაკლებულ ფასებში ვყიდით, მაშინ ჩვენც იაფად ვიყიდით. ამ შემთხვევაში წაგებაში არ ვიქნებით.

ეს ასი მილიონი ისეთი თანხაა, რომ შეიძლება წარმოების მოთხოვნილებას არც ეყოს. მაგრამ ჩემის აზრით, იმედი გვაქვს, გაყიდიან თამბაქოს და მოაწვდიან მწარმოებელს იმ თანხას, რომელიც მისი წარმატებისათვის აუცილებელია. თამბაქოს ნაწილი აგრეთვე დატოვებულია ჩვენს განკარგულებაში. ამიტომ ჩემის აზრით უდავოა ის, რომ დამფუძნებელი კრება მიიღებს და დაადასტურებს კომისიის მიერ წამოყენებულ კანონ-პროექტს.

თავმჯდომარე: სიტყვა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ივ. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): ბატონებო! საკითხი, რომელიც ეხლა მოგახსენათ ბ. თევზაიამ, ფრიად მნიშვნელოვან საქმეს ეხება: ეს გახლავთ თამბაქოს მონოპოლია. ჩვენ პრინციპიალურად საერთოდ მონოპოლიების და კერძო თამბაქოს მონოპოლიის მომხრენი გახლავართ, მაგრამ ვფიქრობთ, ცოტა რამ მოგახსენოთ სესხის გაცემაზედ და იმ დეფექტების შესახებ, რომელთაც ბატონი ვიქტორ თევზაია შეეხო. მონოპოლიის წინააღმდეგ გარკვეულად გამოილაშქრა ჩვენში ზოგიერთმა ვაჭრულ-ბურჟაზიულმა ჯგუფებმა, იმას იცავდა ბურჟუაზიული წრეები პოლიტიკური და ეკონომიური თვალსაზრისით და ეს ჯგუფები ეწეოდენ აგიტაციას მონოპოლიის წინააღმდეგ და შეიძლება ხელიც შეუშალეს. დეფექტები, მოგეხსენებათ, ყოველ საქმეში არის, მაგრამ იმის თქმა, რომ მხოლოდ აგიტაცია ამ წრეების იყო მიზეზი ამ დეფექტებისაო, შეუძლებელია. დეფექტები ყველგან არის, მაგრამ ეს დეფექტები თუ დედა აზრს ეხება და იგი დაუყონებლივ არ გამოვასწორეთ, მაშინ მთელი თავისი მნიშვნელობა ეკარგება საქმეს. ბ. თევზაიამ მოგახსენათ, რომ ფასები საერთოდ ყველა ნაწარმოებზე ეცემა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ თამბაქო გაგზავნეთო; აგრეთვე ის, რომ თამბაქო იქაც მოყავთ, სადაც წინეთ არ მოყავდათო; ჯარისკაცები დაბრუნდენ და თამბაქოს გაშენებას მიყვეს ხელიო და ამით აიხსნება ის, რომ ფასები დაეცაო. მაგრამ ამას გარდა უმეტესად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ყველა სავალიუტო საქონლის გატანა, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გააქვთ, ამას ვერც სამინისტრო უარყოფს. მას შემდეგ, რაც მონოპოლია შემოვიღეთ და დავიწყეთ საზღვარ გარეთ გატანა, ისეთ ფორმებში წარმოებდა წესრიგი გატანისა, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება სრულიად დავკარგოთ ბაზარი. ბატონებო, შეიძლება სამინისტროს არა ჰყავს სპეციალისტები, ან ეგებ იმ ხალხს, რომელიც ამ თამბაქოს მოყვება საზღვარ გარეთ, წარმოდგენაც არა აქვს იმაზე, თუ სად რა თამბაქო წაიღოს და ჩვენ საუბედუროთ, ეს ასე არის. ბაზრის სპეციალისტებმა კარგათ იციან, რომ ლონდონში, მაგალითად, შეუძლებელია წაღება ჩვენი მდარე ხასიათის თამბაქოსი, რომელიც ბლომათ სოხუმში მოდის; როტერდამში კი მაგალითად პირიქით, მაღალი ხარისხის თამბაქო არ სჭირდებათ, ჩვენში სულ სხვანაირად მოხდა. ჩვენებს მიაქვს სხვა და სხვა არეული თამბაქო და გზავნიან ასეთს ლონდონში, სადაც მას არავინ არ ყიდულობს. ამის დამამტკიცებელია ის, რომ გემები რამდენიმე კვირა და უკვე თვეები დგანან ნავთსადგურში და არ იქნა, ვერ გაასაღეს ეს თამბაქო. მართალი იყო, როცა ბ. ვიქტორი ამბობდა, რომ ჩვენ მეთამბაქოებს საწინააღმდეგო საზღვარ გარეთ წარმოებულ აგიტაციამ გავლენა იქონიაო, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ მყიდველს კაი საქონელს მიუტანთ, ის იყიდის მას, და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს სამინისტრომ. ეს არის უმთავრესი დეფექტი, რომ საქონელს არა აქვს სათანადო მოვლა. ვინც სოხუმში ყოფილა, ის იტყვის, რომ ის ნაკლი, რომელიც ახლა ჩვენ მიერ დაგროვილ თამბაქოს აქვს, არასოდეს წინეთ არ ქონია. ამასთანავე საბოტაჟს აწარმოებენ ყოფილი მეპატრონეები და ახალმა ადმინისტრაციამ ეს არ იცის. ამ აღნიშნულ მიზეზებს დიდი გავლენა აქვთ და თუ დროზე არ გამოვასწორეთ, შეიძლება ეს საქმე სულ დაგვეღუპოს. ამბობენ, დენიკინელებმა წაიღეს დიდი ნაწილი თამბაქოსიო. ამაზე, ჩემის აზრით, ლაპარაკი ზედმეტია. იმათ თავის თავი ძლივს მოატანეს. თუ ქუდ მოგლეჯილი მორბოდენ ორიოლიდან და კურსკიდან და 400 ათას ფუთ თამბაქოს წაღებას როგორ მოახერხებდენ, არ ვიცი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დეფექტებს, რომელიც წარმოებაში არის. თუ ეს ისეთ ხალხს ჩავაბარეთ, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ წარმოებაზე, შეუძლებელია. იქ იყო ერთი პირი, რომლის წინააღმდეგ თუმც დიდი ბრძოლა წარმოებდა, ისინი, ვინც მონოპოლიის წინააღმდეგიც იყვნენ, მან საქმე იცოდა, მაგრამ იგი სოხუმში აღარ დარჩა, მას დიდი ადგილი მისცეს ტფილისში. და იქ დარჩა ადამიანი, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს წარმოებაზე და მონოპოლიაზედ და პიროვნულათ ყოვლად შეუძლებელია რამე საქმის მეთაურობა. მე არ შევეხები მის პირადობას, თუმც ამასაც დიდი გავლენა აქვს საქმისთვის.

გარდა ამისა, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას. აქ გაკვრით იყო ლაპარაკი ჯანმრთელობის დეპარტამენტის შესახებ, რომ ჩვენს მმართველობაში არავითარი სისტემა არა გვაქვს. რა შუაშია, მაგალითად, ამ საქმის მოგვარებაში ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ 100 მილიონს?! რა შუაშია ფინანსთა ან მომარაგების სამინისტრო, როდესაც ეს პირველი მოვალეობაა მიწად-მოქმედების სამინისტროსი?! ჩვენ ხშირად ვხედავთ ისეთ უცნაურ მოვლენებს, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს, რომელსაც არავითარი საქმე არა აქვს სწავლა-განათლების, თეთრი ნახშირის და სხვა ამ გვარ საქმეებთან, ამ სამინისტროს ხელშია ყველა შედეგიც. ვიცით, იმას, რაც სამინისტროს საზრუნავი საქმეა, ის ვერ უვლის რიგიანად და ამის გამო ნადგურდება მთელი დარგები სახალხო მეურნეობის. აი, ამით აიხსნება ის, რომ სოხუმში არსებობს იშვიათი სასარგებლო დაწესებულება «Опытная табачная станція» თუ «подъ станція», დიდი სადგური. მაგრამ რადგანაც ეს ფუნქციები არეული არის და ამ საქმეს ყურს უგდებს სხვა სამინისტრო, ეს საქმე დაღუპულია იმიტომ, რომ იქ არის მხოლოდ ერთი სპეციალისტი ჩიკინი და მადლობა უნდა უთხრათ, რომ არ გაიპარა. ის ვერავითარ სამუშაოს ვერ აწარმოებს, რადგან არავითარი სახსარი არ გააჩნია. მას პატრონი არა ყავს. თუ გვინდა ეს საქმე მოვაწესრიგოთ, რომ დარჩეს ის კულტურა, რომელიც შექმნილი იყო მთელი ათეულ წლების განმავლობაში მშრომელ გლეხების მიერ, ეს უნდა განახორციელოს მიწად-მოქმედების სამინისტრომ. სხვა პატრონი მას არ უნდა ჰყავდეს და ვერ ეყოლება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის შესახებ მთავრობამ უნდა მიიღოს რაიმე ზომა ფრიად საჩქაროდ. მომხსენებელი ამბობს, რომ ჩვენში თამბაქოს კულტურა ჰყვავისო. მაგრამ ეს მართალი არ არის, ციფრები სულ სხვას გვეუბნება ამის შესახებ. აი, ციფრები: აქამდის სოხუმის ოლქში თამბაქოს მოსავალი 425 ათასი ფუთი იყო წლიურათ და უკანასკნელ წლებში კი 740 ათასი ფუთი. 1914 წელს, როდესაც უმრავლესობა შავი მუშებისა იყო ობლოეები, ისინი ან გააძევეს, ან თვით წავიდნენ სამშობლოში. მოსავალმა ცოტათი იკლო 475 ათას ფუთამდე. შემდეგ ომი იყო, რევოლიუცია იყო და თან და თან ქვევით იწევდა თამბაქოს მოსავალი. 1918 წელს უკვე იყო 400.000 ფუთი. მაგრამ რა მოხდა 1919 წელს? ამ წელს შემოვიდა 125.000 ფუთი თამბაქო, მეტი არ შემოსულა და წელს მე გამიკვირდა ოფიციალური მომხსენებლის განცხადება. ასეთი მოხსენების გაკეთება აქ არ შეიძლება: თითქოს იქ, სადაც ფრონტი არის, იქ მოსავალი არ არის და სხვაგან კი არისო. ჯერ ერთი, გაგრის რაიონში საერთოდ ძალიან ცოტა თამბაქო მოდიოდა და თუ მოდიოდა, მდინარე მეხადირის იქით, რომელიც ჩვენს რაიონში არ არის, ჩვენ არ გვეკუთვნის და იმის თამბაქოს ჩვენ ვინ მოგვცემდა. ასევე იყო გუდაუთის რაიონში. 3/4 მოსავლისა მოდიოდა გუმისტის მაზრაში. ჩიკოვი თავის პატარა მოხსენებაში ამბობს, რომ შარშან 130.000 ფუთი მოვიდაო, წელს შედარებით 40 ათასი ფუთი თამბაქო. ასე რომ, მთელს სოხუმის ოლქში უნდა ვიანგარიშოთ მახიმუმ 40.000 ფუთი თამბაქო. ეს ისეთი დაცემა იქნება თამბაქოს კულტურისა, რომ შეიძლება გაისად არაფერი გვექნეს (ალ. ასათიანი ადგილიდან: ეს შკუროს ბრალია!) არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ აქ მართლაც იყო ერთი გარემოება, რომელზედაც გაკვრით სთქვა მომხსენებელმა ვ. თევზაიამ. საქმე შემდეგშია: გუმისტის რაიონში თამბაქოს კულტურას ეწეოდნენ ბერძნები, ბოლოს დროს, ნაწილობრივ სომხები, მეგრელები და აბხაზები. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო დროს მოხდა ის, რომ ის ელემენტები, რომელმაც გააჩაღა ეს კულტურა, ეხლა მიდის აქედან. და ჩვენ ვფიქრობთ, ეს საკითხი მარტო პოლიტიკური საკითხი არ არის. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზები ამ გადასახლებისა, თუმცა მართალია ბ. თევზაია, როდესაც ამბობს, რომ ზოგიერთ წრეების მუშაობას ჰქონდა აქ ადგილიო. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჰქმნის იმ გარემოებას, რომ უცხო, არა ქართველი ელემენტები ადვილად მიჰყვება ყველა პროვოკატორულ ჩურჩულს, ხდება იმიტომ, რომ მათ საქართველო მიაჩნიათ არა დედად, არამედ დედინაცვლად. ამას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ისინი მიდიოდნენ ბათუმში კი არა, ისინი მიდიოდნენ საბერძნეთში. მაგრამ ისინი ხედავენ, რომ იქ წასვლა შეუძლებელია, რადგან კონსტანტინოპოლში ომია, ფრაკიაში ომია და ამიტომ ითხოვენ უკან დაბრუნებას. და ამ მოვლენის ახსნა არ შეიძლება მარტო ისე, როგორც რუსის ძველი მთავრობა, ძველი ბიუროკრატია ხსნიდა, „კრამოლა“ არისო და მორჩა და გათავდა.

ალბად არის რაიმე ძირითადი მიზეზი და ეს უნდა გამოვიკვლიოთ.

გარდა ამისა უნდა მოგახსენოთ კოოპერატივების შესახებ. თქვენ იცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კოოპერატივებს და განსაკუთრებით მწარმოებელ კოოპერატივებს ყველა ბურჟუაზიულ და არა ბურჟუაზიულ ქვეყნებში, თვით სოციალისტურ, თუნდაც ბრჩხილებში, რუსეთში. და მე ვფიქრობ, ასეთ დაწესებულებას, რომელსაც, ჩემის ღრმა რწმენით, ერობასთან და ქალაქებთან ერთად შეუძლიანთ არა კაპიტალისტური, არა ბურჟუაზიული ახალი წარმოების შექმნა, ერთად-ერთი, რომელიც შესაძლებელია დღევანდელ პირობების მიხედვით, სახელმწიფომ დიდი დახმარება უნდა აღმოუჩინოს.

შემდეგ აქ მომხსენებელმა სთქვა, რომ ჩვენ ჩამოვიშორეთ შუამავლები «перекупщикъ»-ებიო. ეს მართალი არ არის. ყველა იმ ვაჟბატონებმა, რომელნიც მოკლებულნი არიან საშუალებას გროშებად იყიდონ და მოატყუილონ მწარმოებელნი, ეხლა კოოპერატივებში მოიკალათეს. ალბად თქვენ იცით პერსონალური შემადგენლობა როგორც სოხუმის, ისე კოდორის კოოპერატივების გამგეობათა (ხმა ადგილიდან: ისინი დანიშნულნი არ არიან!). მართალია, ისინი დანიშნულნი არ არიან, მაგრამ არჩევნები ისეთი წესით იყო, რომ (გაურკვეველი რეპლიკა) უნდა მოგახსენოთ, ბ. სპირიდონ, რომ თქვენ ამხანაგებსა და მენშევიკებს შორის იქ ბრძოლა არ მომხდარა, პირიქით, შეთანხმება მოხდა. თავმჯდომარედ მენშევიკი აირჩიეს, რომელსაც დაუნიშნეს კარგი ჯამაგირი. მართალია, 10.000 მან. დიდი თანხა არ არის, მაგრამ მოხელისთვის, რომელიც სხვაგანაც მსახურობს, როგორც არის მაგალითად დ. ცხაკაია, რომელიც არის რესპუბლიკის მოხელე და ამავე დროს იღებს ჯამაგირს მეორე ქალაქში არსებულ დაწესებულებაში, როგორც რწმუნებული თამბაქოს მონოპოლიის გასატარებლად, ძალიან კარგია ეს «сторонный Заработокъ» (ხმა: თქვენები?). ჩვენები არ იყვნენ, თუმცა ძალთა განწყობილების მიხედვით უნდა ყოფილიყვნენ. თქვენ იცით, რა დაგემართათ არჩევნებში აფხაზეთში. აი, სწორედ გამგეობაში ეს „პერეკუპშჩიკები“ მოხვდენ. მე გვარებს არ დაგისახელებთ, იმედია, ისე დამიჯერებთ. საჭიროა, რომ ის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია, რომ დაღუპოს და მოსპოს კოოპერაცია, უნდა ჩამოვაშოროთ ამ საქმეს, უნდა მოხდეს ახალი არჩევნები და კოოპერაციაში ჩაურიოთ ფართო მასა, მივცეთ მას საშუალება აირჩიონ სანდო ხალხი (ალ. ასათიანი: წმინდა სოციალისტები!). შეიძლება წმინდა სოციალისტები არ ავირჩიოთ, მე ამის მომხრე არა ვარ, რომ უსათუოდ სოციალისტები იყვნენ არჩეულნი, მხოლოდ უნდა იყვნენ პატიოსანი და მცოდნე პირები დაკისრებულ საქმისა. ქარუმიძე არ არის წმინდა სოციალისტი, მაგრამ (ხმა: არც წმინდაა და არც არა წმინდა!) როგორც ინტელიგენტი, ის მეცხვარეთა კავშირში მუშაობს და როგორც ამბობენ, კარგად, სოციალისტ ცისკარაშვილთან ერთად. ყველა სპეციალისტ ინტელიგენტს შეუძლიან მუშაობა ამ დარგში. ჩვენ არ ვიზიარებთ მენშევიკების აზრს, რომ მარტო მენშევიკებმა იმუშაონ ამა თუ იმ დარგში და მენშევიკს შეუძლია როგორც მინისტრობა, ისე მილიციონერობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სპეციალისტები და საქმის მცოდნენი შევლენ სათანადო საქმეში, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს; მაგრამ თუ ვაჭრები შევლენ, რომლებიც გუშინ ატყუებდენ ხალხს და ხალხის ნაოფლარით სუქდებოდენ - ეს არ შეიძლება და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

როგორც კომისიის მომხსენებელმა მოგახსენათ, 38 მილ. აქვთ მიცემული სესხის სახით და ეს ფული უნდა იყოს უკვე დარიგებული მწარმოებელთა შორის. მაგრამ ჩვენ სხვა ცნობები გვაქვს: გლეხებს-პლანტატორებს ჯერ ფული არ მიუღიათ. გამგეობის წევრები მოგახსენებენ, რომ ნახევარი მუშაობისა შესრულებული აქვთ თამბაქოს მოსაყვანად და ერთი კაპეიკი არ აქვთ გლეხებს მიღებული დახმარებაში. სად წავიდა ეს ფული, არ ვიცი. ეს ფული ნაცნობებმა მიიღო, რომლებიც ძველად აწარმოებდენ ამ საქმეს. არის ცნობები, რომ ზოგიერთი პირები ამას შვრებიან. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ეს დასაჩქარებელი საქმეა იმიტომ, რომ ხელფასი მუშისა ძვირია, დახმარება არის საჭირო და თუ დროზე არ იქნა დახმარება, ეს წარმოება დაეცემა (ა. ასათიანი: გვიან არის!). გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მეორე გარემოებას: რაც უნდა ბევრი დაურიგოთ, 200 მილიონიც რომ მისცეთ, სავსებით ვერ დააკმაყოფილებს. კანაფი, რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, 1 ფუთი ღირს 12 ათასი მან. დაპირება იყო, რომ სამინისტრო დაკლებულ ფასებში გაუგზავნის, თუ აქვს რამე. თუ ეს გაგზავნილი არ არის, ეხლა დაგვიანებულია და ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. ჩვენი ფრაქცია ამ მონოპოლიის თვალსაზრისს ადგას. იგი აღიარებს მის საჭიროებას, მხოლოდ მიუთითებს ამ დეფექტებზე და მოითხოვს მის გამოსწორებას. ვფიქრობთ, რომ თუ საქმე ჰქონდა მინდობილი მომარაგების სამინისტროს, უნდა დაუყოვნებლივ გადაეცეს მიწად-მოქმედების სამინისტროს და მან უნდა მოაწესრიგოს ეს საქმე სპეციალისტების დახმარებით, თორემ ეს კულტურა დაიღუპება.

თავმჯდომარე: სიტყვა ასათიანს ეკუთვნის.

. ასათიანი (ერ.-დემ.): მონოპოლიის შესახებ დამფუძნებელს კრებაში არ ყოფილა აზრთა სხვა და სხვაობა. წინეთ აქ უკვე აღნიშნული იყო, რომ თვით იდეა თამბაქოსი და აგრეთვე ზოგიერთს კიდევ საქონელზე მონოპოლიის გამოცხადებისა არ ეკუთვნის არც ერთს აქ არსებულს სოციალისტურს თუ არა სოციალისტურ ფრაქციას. პირველად ეს საკითხი აღძრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ამ პალატამ მოითხოვა მონოპოლიის სასწრაფოდ შემოღება. ერთის შეხედვით თითქოს გასაკვირველია, რომ ჩვენი ვაჭრობა-მრეწველობის წარმომადგენლები იზიარებენ ამ მონოპოლიის საჭიროებას. მაგრამ თუ საქმეს დაუკვირდებით, აქ გასაკვირველი არაფერია. ჩვენ იმ ჟამად ისეთ ეკონომიურ მდგომარეობაში ვიყავით, რომ მონოპოლიის გამოცხადება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა. მონოპოლიის გამოცხადებას მოვითხოვდით არა იმიტომ, რომ რომელიმე კლასს შეენარჩუნებინა თავისი სიმდიდრე, არამედ მისთვის, რომ სახელმწიფოს, ერს შეენარჩუნებია ის ეროვნული დოვლათი, რომელიც ნიავდებოდა. მაშინ თამბაქოს უცხოელები აქ 500 მანეთად ყიდულობდენ და საზღვარ გარედ კი ის ათჯერ ძვირად ფასობდა და ამნაირად ჩვენ მეათედსაც ვერ ვიღებდით და დიდი ნაწილი ეროვნულ სიმდიდრისა გვეკარგებოდა. და სწორედ ამის გამო აღიძრა საკითხი მონოპოლიის გამოცხადების შესახებ. ჩვენ შემდეგი სახით გვქონდა წარმოდგენილი მონოპოლია: მთავრობამ უნდა გააერთიანოს მწარმოებლები და მათთან შეთანხმებით გაიტანოს ეს საქონელი უცხოეთის ბაზარზე, სადაც ეს უნდა გასაღებულიყო მაქსიმალურს ფასებში. აღებულს უცხო ვალიუტას მთავრობა მიიღებდა და ამ ფულით ისეთს საქონელს შეიძენდა უცხოეთში, რაც ჩვენს ხალხს ესაჭიროებოდა, თამბაქოს მეპატრონეთ კი თამბაქოს ფასი და მოგება ჩვენი ფულით მიეცემოდათ. თამბაქოს გაყიდვამდის, მთავრობისა და მეთამბაქოების ერთმანეთთან შეთანხმებით დაწესებული იქნებოდა თამბაქოს ადგილობრივი თვით ღირებული ფასი. ამას ზევით რაც აიღებოდა ხარჯების გამოკლებით, ეს იქნებოდა საექსპორტო მოგება, რომელიც უნდა გაეყოთ მთავრობას და თამბაქოს მეპატრონეთ წინასწარ შეთანხმებით. მაშასადამე, ჩვენი მიზანი იყო საქართველოს მეურნეობის ნაყოფი რაც შეიძება უფრო ძვირად გაგვესაღებინა უცხოეთის ბაზარზე და ამავე დროს თვით ხაზინისთვისაც შემოსავლის წყარო აღმოგვეჩინა. მეთამბაქოების ხელში დიდი თანხები დატრიალდებოდა და მით ეს სასარგებლო, უკანასკნელ წლებში მეტად შეფერხებული მრეწველობა ხელახლა გაიფურჩქნებოდა. ხაზინა დიდძალ უცხოურ ვალიუტას მიიღებდა და ამასთანავე დიდძალ მოგებასაც. სამწუხაროდ, ეს მარტივი და ამასთანავე ყოველმხრივ, როგორც სახალხო მეურნეობისათვის, ისე ხაზინისათვის სასარგებლო წესი, მიღებულ არ იქნა მმართველი პარტიის მიერ.

თქვენ გადაწყვიტეთ მონოპოლიის გაფართოება, გამოაცხადეთ მონოპოლია არა მარტო ექსპორტისა და უცხოეთში გასაღების, არამედ რესპუბლიკის საზღვარში საქონლის გადატანა, თავისუფალი მოძრაობა და თვით თავისუფალი მისი წარმოშობაც აღკრძალეთ. ერთი სიტყვით, მოინდომეთ ამ სამეურნეო დარგის თანდათანი გასახელმწიფოებრივება.

ამას შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ საკმაო საბუთები ვიხილეთ იმისა, თუ რამდენად შემცდარი იყო თქვენი პოლიტიკა და რამდენად ძნელი განსახორციელებელი გამოდგა ის.

თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც მონოპოლიის პროექტი შემოვიდა დამფუძნებელ კრებაში, ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა ბ. ავალიანმა ეს საქმე მეტად მარტივად გამოაცხადა. მან გვითხრა: ეს საკითხი მეტად მარტივი საკითხია. საჭიროა მეთამბაქოებს დაბალ ფასებში ჩამოვართვათ საქონელი, შემდგომ ის უცხოეთში გავყიდოთ, იქვე ვიყიდოთ ჩვენთვის საჭირო საქონელი და ეს საქონელიც იაფად დაგვიჯდება და მით ცხოვრება გაიაფდებაო. ასე მარტივად გქონდათ წარმოდგენილი ეს მონოპოლიის საქმე, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ეს ოპტიმისტური აზრები არ გამართლდა და მონოპოლიის საქმეც ასე მარტივი და იოლი არ გამოდგა. ჩვენს გაფრთხილებას თქვენ ანგარიში არ გაუწიეთ: ჩვენ მოვითხოვდით, რომ თვით მეურნეობისთვის ხელი არ გვეხლო, ვინაიდან ვიცოდით, თუ როგორი სათუთი საქმეა ეს მეურნეობა და რა ცუდი შედეგების გამოწვევა შეეძლო მასში ძალდატანებით შეჭრას და საქონლის ჩვენს საზღვრებში თავისუფალ მოძრაობის და ყიდვა-გაყიდვის აღკრძალვას და საქონლის დაბალს ფასებში ჩამორთმევას. დიდი პოლიტიკური სიბრძნე არ იყო საჭირო გასათვალისწინებლად იმისა, თუ რა ცუდ შედეგებს გამოიღებდა უხეში ბიუროკრატიული ზომებით სახელმწიფოს ამ მეურნეობაში შეჭრა. თქვენ ყოველივე ამას ანგარიში არ გაუწიეთ. მეთამბქოები სრულიად ჩამოაშორეთ საქმეს. რთული საქმე ჩაუგდეთ ხელში ამ საქმის სრულიად არ მცოდნე, უვიც მოხელეთ. შემოიღეთ ძალდატანებით თამბაქოს ჩამორთმევა მეტად დაბალ ფასებში, როდესაც იმ წესით რომ გეწარმოებინათ მონოპოლია, როგორც ჩვენ ვამბობდით, მეთამბაქოენი სრულიად ნისიად გაძლევდენ თამბაქოს მის გასაღებამდე. დაბალ ფასებში წართმევამ, თქვენ ხედავთ, როგორ დააფრთხო მეთამბაქოენი. ამის შედეგი თქვენ იცით. მეთამბაქოობა, რომელიც უკანასკნელ წელს შემცირებული იყო იმ მიზეზით, რომ ამ საქონლის გაზიდვა არ ხერხდებოდა და მაშასადამე, რიგიანს ფასებში არ საღდებოდა, თქვენი მონოპოლიის შემდგომ ეს მეურნეობა კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა ბაზრის გზები უკვე გახსნილი იყო და ბაზარიც მეტად დამშეულია ამ საქონლით.

ეხლა თვით ამ მონოპოლიის ავტორნი არ მალავენ, რომ მათი პოლიტიკა ამ საკითხში სრულიად დამარცხდა, რომ ამ პოლიტიკამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგები გამოიღო. მაგრამ ეს უთუოდ შემცდარი პოლიტიკაც არ იქნებოდა ისე სამძიმო თავისი შედეგებით, როგორც ეხლაა, ის რომ ერთგვარის სიფრთხილით და გონიერებით გატარებულიყო.

მონოპოლიის გატარების შესახებ შეკითხვა იყო შემოტანილი დამფუძნებელ კრებაში. სამწუხაროდ შემკითხველმა ბ. ვეშაპელმა სრულიად ვერ დაასურათა ის მართლაც და განსაცვიფრებელი სისტემა მონოპოლიის განხორციელებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სოხუმის ოლქში. მომარაგების მინისტრის ამხანაგი კი გვარწმუნებდა მაშინ, რომ იქ მონოპოლია სრულიად წესიერად ტარდებოდა, რომ იქ მხოლოდ სისრულეში მოჰყავდათ ის დეკრეტი, როგორიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, მონოპოლიის გამტარებელნი სრულიად კანონიერს ნიადაგზე დგანანო. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. მონოპოლიის გატარებაში სამინისტროს რწმუნებულს თვის მოქმედებისათვის არავითარი ნორმები არ დაუდეს საფუძვლად და იქცეოდა ის არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და მისი დადგენილების გამტარებელი, არამედ როგორც სრულიად უპასუხისმგებლო პიროვნება. ინსტრუქცია, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა, აშკარად ამბობდა, რომ ხდებოდა მხოლოდ აღწერა საქონლის. როგორც კი მთავრობა საჭიროდ დაინახავს ამ საქონლის უცხოეთში წასაღებად პატრონის საწყობიდან გადატანას, ეს ოპერაცია ხდებოდა, როგორც ინსტრუქცია ამბობდა, уплачивая ихъ владѣльцамъ полную стоимость табака наличными. ბ-ნი კიასოვი კი ძალდატანებით ართმევდა მეპატრონეთ ხელწერილს, რომ ისინი მათ თამბაქოს იბარებდენ შესანახად და სამოქალაქო და სისხლის სამართლის წესით პასუხს აგებენ თამბაქოს ხელუხლებლობაში. ამასთანავე თამბაქო გამოჰქონდა საწყობიდან ანგარიშის გაუსწორებლივ. მეპატრონეთ მრავალ თვეების შემდგომაც არ აქვთ გასწორებული ეს ანგარიში. ამნაირად თამბაქოში ბ. კიასოვი იმ მცირედ ფასსაც არ აძლევს მეპატრონეთ, რომელიც ზეპირად იყო დაწესებული, თან აიძულებს მეთამბაქოეთ, რომ მათ თავის ხარჯით დაიქირავონ მცველები და დარაჯები, რომ დაიცვან თამბაქო, ვინაიდან თუ თამბაქოს მოაკლდა, მეპატრონეთ სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრება. როდესაც ზოგიერთებმა ასეთი უკანონო ხელწერილების მიცემაზე უარი განაცხადეს, მათ იჭერენ კიდეც, სცემენ და ციხეში ამწყვდევენ.

მინისტრის ამხანაგი ჩვენ აქ გვარწმუნებდა: მეთამბაქოენი კანონს აუმხედრდენ, მათ თამბაქოს მოცემაზე უარი განაცხადესო. ეს სიმართლეს სრულიად არ შეეფერება. არც ერთს მეთამბაქოეს არ უთქვამს უარი თამბაქოს მთავრობაზე მიცემისა, ხოლო ზოგიერთმა უარი უთხრა კიასოვს ბარათის მიცემაზე იმის შესახებ, რომ ისინი სისხლის სამართლით პასუხს აგებენ თამბაქოს მოვლა-შენახვაში და სხ., და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ თამბაქოს ართმევდენ კანონიერ წესის გარეშე, სასყიდლის მიუცემლად. იმ დროს სოხუმში რამოდენიმე დამფუძნებელი კრების წევრი ვიყავით და ყოველივე ეს ადგილობრივ გამოვარკვიეთ.

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორს პანიკას შექმნიდა მეთამბაქოეთა წრეებში სამეურნეო საქმეების მოგვარება ასეთი უხეში, პოლიციური ზომებით. ასეთმა ზომებმა სოხუმის ოლქში სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. შესაძლებელი იყო კიდევ საქმის გამოსწორება. ამისთვის საჭირო იქნებოდა მონოპოლიის გატარების წესების შეცვლა, უვიც მოხელეთა ჩამოშორება და ამ საქმის მთავრობისა და მეთამბაქოეთაგან შემდგარ ორგანოსთვის გადაცემა, როგორც ეს მარგანეცის შესახებ ხდება. როდესაც ამის შესახებ სოხუმიდან მთავრობას დეპეშა გამოუგზავნე, მინისტრის ამხანაგი აქ დიდის რიხით მისაყვედურებდა: დიდი გამბედაობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი წინადადება მისცეს მთავრობას, როდესაც მონოპოლია ხალხისათვის ასე სასარგებლოდ ეწყობა და მით მხოლოდ სპეკულიანტები არიან უკმაყოფილონიო. თქვენ ეხლა ხედავთ, რომ ეს გამბედაობა ჩვენ შეგვრჩა, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო სასარგებლო და მისაღები, ხოლო ბ. მინისტრის ამხანაგი უკვე ვეღარ ლაპარაკობს ძველის რიხით, ვინაიდან მისი სამონოპოლიო გეგმა სრულიად გაკოტრდა.

მე არ ვიცი რით ხელმძღვანელობდნენ თქვენი წარმომადგენელნი, რომლებიც ნიშნავდნენ ამა თუ იმ პირს ისეთს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორიცაა თამბაქოს მონოპოლიის ცხოვრებაში გატარების მეთაურობა. მარგანეცი და თამბაქო ერთი უდიდესი წყაროა სიმდიდრისა, რომელზედაც დიდ იმედს ვამყარებთ, რომელსაც ჩვენთვის ვალიუტა უნდა შეექმნა და რომლის შესახებ გვეუბნებოდნენ, რომ თუ ამ საქონელს გავზიდავთ ბაზარზე, ჩვენ შევიძენთ სანოვაგეს გაცილებით იაფ ფასებში და მით ცხოვრებას გავაიაფებთო. დიდი იმედები გვქონდა დამყარებული ამ საქმეზე, და როდესაც ამ საქმეს ვიწყობდით, ჩვენ უნდა გამოგვეკვლია შესაბამება და შეეფერება თუ არა ამ საქმეს ის რწმუნებული, რომელსაც ჩვენ ამ უდიდეს საქმეს ვაბარებდით. მე ამ პირის წარსულ მოღვაწეობას არ ვიცნობ, ხოლო ვიცი, რომ მას თამბაქოს საქმესთან არავითარი დაბრკოლება არ ჰქონია. ეს აქ თქვენმა წარმომადგენელმა განაცხადა. რკინის გზის ტეხნიკი ყოფილა და მარგანეცის საქმეშიც უმუშავნია, პოლიტიკურად კიდევ ცნობილი ბოლშევიკი ყოფილა ჯერ კიდევ დანიშვნის წინა თვეებში. მე მიკვირს, რა მოსაზრებით უნდა მიგეცათ ამ პირისთვის ეს უდიდესი თანამდებობა. ინსტრუქციები, რომელსაც ის სცემს, მოწმობს რათა მას თამბაქოს მოვლა-მოყვანის შესახებ სულ უბრალო, ელემენტარული ცოდნაც არ აქვს. ვისთვის იყო საჭირო, რომ ასეთი პირი აღეჭურვათ შეუზღუდავი უფლებებით და მისთვის ასეთი რთული საქმე ჩაგებარათ?

ეხლა როგორ ვასაღებთ იმ საქონელს, რომელსაც ძალდატანებით და სულ დაბალ ფასებში ვართმევთ მეპატრონეთ? ჩვენს სამინისტროს ასეთი წესი ჰქონდა შემუშავებული: თუ რომელიმე უცხოეთის გემი გაიარდა აფხაზეთის სანაპიროზედ, ეცემოდენ და მას თამბაქოთ აავსებდენ. გზავნიდენ ევროპისაკენ, თან ატანდნენ წარმომადგენლებს და აგენტებს, ისევე დახელოვნებულს ვაჭრობის საქმეში, როგორც სხვა რწმუნებულნი იყვნენ. ასე წავიდა უცხოეთში მრავალი გემი თამბაქოთი დატვირთული. ჩვენს იმედებს საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ევროპის ბაზარზე თამბაქო 8-9 სტერლინგი ფასობდა. აქ მეპატრონეთათვის სტერლინგიც არ გვქონდა მიცემული. დიდი მოგება უნდა გვენახა. მალე გამოირკვა, რომ ჩვენს იმედებს ფრთები ეკეცებოდა. გავიგეთ, რომ უცხოეთის ნავთსადგურები ავსილა ჩვენი თამბაქოთი და მას მყიდველი ახლოც არ ეკარება. 8 სტერლინგიდან ფასი 2 სტერლინგზე ჩამოსულა ეხლა და უკვე ამ ფასშიაც არავის მიაქვსო. რა იყო ამის მიზეზი? მომარაგების მინისტრის ამხანაგი გვარწმუნებს - ამის მიზეზი ის იყო, რომ ომის გათავების შემდგომ ჯარების დემობილიზაცია მოხდა ევროპის ქვეყნებში და ჯარის კაცები თამბაქოს მოყვანას შეუდგენო. ეს ასე არ გახლავთ. ზამთარში და ისიც ორ-სამ თვეში ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. მიზეზი შემდეგია: ჩვენს მომარაგების სამინისტროს ალბათ ეგონა, რომ თამბაქო მარტო ჩვენში მოდის. მთელი წელიწადი მოუნდით პროექტების თხზვას და თამბაქო არ გაუშვით. შემდგომ დავიწყეთ ამ საქმის ჩინოვნიკურად წარმოება. ამ ხანში კი მსოფლიო სავაჭრო გზები გაიხსნა, ტონაჟი თანდათან განთავისუფლდა საომარ ტვირთებისაგან და ევროპაშიც დაიწყეს თამბაქოს შემოტანა უფრო შორეულ ქვეყნებიდან. ჩვენ აქ მეთამბაქოების დაჭერით და დასჯით ვიყავით გართული, სხვები კი საქმეს აკეთებდენ. ჩვენ რომ მეთამბაქოებთან ვყოფილიყავით შეთანხმებული, ეს არ დაგვემართებოდა. მათ ყოველივე ბაზრის თვისებები კარგად იცოდნენ. და ისინი არც დაივიწყებენ სოხუმის სანაპიროებზე გემების ლოდინს თვეობით და ერთბაშათ არ გაზიდავდენ მთელს საქონელს. გაზიდავდენ მხოლოდ ნიმუშებს. გაასაღებდენ საქონელს და შემდგომ დაიწყებდენ მის გაზიდვას. ყოველი გონიერი ვაჭარი ასე მოიქცეოდა. ჩვენ კი დავგზავნეთ აუარებელი გემები და მათ გავატანეთ აუარებელი აგენტები, რომლებიც უცხოეთის ბაზარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან, მყიდველს ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ და მით საქონლის ფასს სცემენ.

მონოპოლიის ერთნაირი თვისებაა, რომ სამონოპოლიო საქონელს ერთი პატრონი, ერთი მყიდველი და გამყიდველი ჰყავს. ჩვენ ესეც ვერ მოვაწყეთ. მრავალი პირი და ორგანიზაცია იყო მისი აქ მყიდველი და ასევე გამყიდველიც.

ეს კიდევ ცოტაა. ჩვენ თამბაქოს ვგზავნიდით, როგორც ჩალას, დომხალივით არეულს, ამ საქმის მთელი სირთულე კი მის ხარისხებად დანაწილებაშია. უნდა იცოდე, რომელ ქვეყნის ბაზარს როგორი ჯიშებისა და როგორი შერჩევის თამბაქო უნდა. ჩვენ კი ჩავყარეთ თამბაქო გემებში, როგორც ბზე. თამბაქოს ხარისხებად დასანაწილებლად მეთამბაქოეთ დიდი ხელოვნების სპეციალისტები ჰყავთ. ჩვენ რწმუნებულს კი ამ საქმისთვის დაქირავებული ჰყავდა რამოდენიმე ახალგაზრდა, სტუდენტები, რომელთაც ამ საქმეზე შორეული წარმოდგენაც არ ჰქონიათ. ასეთი სორტიროვკით გაგზავნილი თამბაქო, ცხადია, ევროპის ბაზარზე, სხვა მიზეზების გარეშე, ფასდაკარგული იქნებოდა.

ამ რიგად: თამბაქოს ბაზარი დამშეული იყო მთელს ევროპაში, გვქონდა საშვალება გაგვეტანა ჩვენი თამბაქო, მისთვის ბაზარი მოგვეპოვებინა მომავლისთვის და თან რიგიან ფასებში გაგვესაღებინა. ეს ააყვავებდა ჩვენს მეთამბაქობას და დიდ სარგებლობასაც მისცემდა ხაზინასაც; ამისთვის საკმარისი დრო გვქონდა და საშუალებაც. მეთამბაქოეთა კავშირი დასაბუთებულ წინადადებას იძლეოდა: ინებეთ ჩვენი საქონელი ნისიად, გამოიყენეთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, ჩვენი საწყობები, ყოველგვარი ინვენტარი და სავაჭრო აპარატი. მხოლოდ წილი დაგვიდევით მოგებაში, რომ მით ეს მეურნეობა უფრო გავაფართოვოთო. ჩვენ ეს არ ვქენით, ეს სათუთი საქმე უვიცთ ჩავაბარეთ და მით გავანადგურეთ ეს მრეწველობა მრავალ წლით და ამასთანავე დავკარგეთ თითქმის სრულიად ის თამბაქო, რომელიც სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა. როგორც კი დაბალ ფასებში თამბაქოს ჩამორთმევა დაიწყეს, დიდი ნაწილი კარგი ჯიშისა და ხარისხების თამბაქოებისა სადღაც გაქრა და ამის შემდგომ ის ნელ-ნელა კონტრაბანდით იგზავნება აფხაზეთიდან, ხოლო უკანასკნელი ხარისხები უვარდება ხელში ჩვენს მთავრობას და მისი სპეციალისტები ხშირად მას გზავნიან უცხოეთის ბაზარზე, როგორც პირველი ხარისხის საქონელს. ამით ჩვენ სრულიად სახელი გაუტეხეთ ჩვენს საქონელს უცხოეთის ბაზარზე. ეხლა ჩვენი თამბაქო სასაცილოდ არის აღებული. მაზე მოთხოვნილება სულ არ იქნება მახლობელს მომავალში (თევზაია: მარტო ჩვენზე?). დიახ, განსაკუთრებით ჩვენზე, ვინაიდან ჩვენს თამბაქოს ევროპა წინეთ ნაკლებად იცნობდა, ეხლა კი ის ასე ცუდათ გავაცანით.

უცხოეთში თავის დროზე და წესიერად გატანა თუ ვერ შევძელით ჩვენი საქონლის, აქაც გვქონდა ფრიად საყურადღებო წინადადებები. იყო სერიოზული წინადადება. მთელს თამბაქოს იძენდნენ და 4 ნახ. სტერლინგს იძლეოდენ ფუთში ადგილობრივ. ეს ჩვენს მომარაგების სამინისტროს მცირე ფასად მოეჩვენა. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხების გადაჭრაში დიდი გავლენა ჰქონდა ზოგიერთი მოხელის სურვილს, რომ ყველა ეს მილიარდების საქონელი მათ ხელში გაეარა და ბოლოს თუნდაც მთლად დაკარგოდა სახელმწიფოს. უცხოეთში რომ თამბაქოს ფასი ძალზე დაეცა, ჩვენს სამინისტროს თავის წესები მაინც არ შეუცვლია, სულ უკანასკნელ დრომდე სამს სტერლინგს მარტო გასაზიდავ ბაჟს სთხოვდენ. რასაკვირველია, ასეთ პირობებში არავინ წაიღებდა. როდესაც მომარაგების კომისია მივიდა სამინისტროში მონოპოლიის საქმეების გასაცნობათ, მინისტრის ამხანაგმა დიდის რიხით გვითხრა: ამ ჟამად თამბაქოს აქვე ადგილობრივ უფრო ძვირათ ვაფასებთ, ვინემ ის ღირს ლონდონის ბირჟაზეო. როდესაც მე უთხარი: ეს კარგია, თუ კი ყიდვის მსურველები გყავთო. ჯერ-ჯერობით არ არიან, მაგრამო... და სხ. (კედია: სოხუმში დარჩენილი თამბაქო როგორ მდგომარეობაშია?). სამწუხაროდ ძლიერ ცუდ მდგომარეობაში. თამბაქოს შენახვასაც ცოდნა სჭირვებია. ჩვენი მოხელეების ხელში თამბაქოს საწყობებში გაუჩნდა რაღაც სენი, ჭია. შიშობენ, ვაი თუ ისეთი საშინელი გადამდები სენი აღმოჩნდეს, რომ არამც თუ თამბაქოს, არამედ მთელი რაიონების და სოფლების სრულად დაწვა დაგვჭირდეს, როგორც ამას კუბის კუნძულზე ქონდა ადგილი გასული საუკუნის დამლევს.

ასე რომ, ბატონებო, რაც ჩვენ გვქონდა და რაზედაც ჩვენ ამდენს იმედს ვამყარებდით, ამას ჩვენ ჯვარი უნდა დაუსვათ. ბოლოს და ბოლოს შეიძლება აღებული ფულით გავასწოროთ ის, რაც მცირე ფასი მივეცით მეპატრონეთ და გაზიდვის ხარჯები, თუმცა ვეჭვობ, რომ ფრახტი, იქ შენახვა და განსაკუთრებით ჩვენი აუარებელი აგენტების ხარჯები მან გაასწოროს. ხაზინის გამდიდრება, ცხოვრების გაიაფება და სხ. ეს ყოველივე ცარიელ ოცნებად რჩება.

ასეთს მდგომარეობაშია დამზადებული თამბაქოს რეალიზაცია. მაგრამ მის შემდეგ, რაც ამ საგნებით ვაჭრობას შევუდექით, ჩვენმა რწმუნებულმა და უწყებამ თამბაქოს წარმოების გეგმა შეიმუშავეს. ეს გეგმაც ფრიად მარტივი იყო გარეგნულად: ჩამოვიშოროთ სრულიად ის პირები, რომლებიც ამ ჟამად თამბაქოს ყიდვა-გაყიდვას აწარმოებს და ამ საქმისათვის სათანადო აპარატი აქვს შექმნილი 30 წლის განმავლობაში. ეს პირები ავანსებს აძლევდენ თამბაქოს მთესველებს, პლანტატორებს, შემდგომ საჭირო მასალას თამბაქოს დასამზადებლად და ამის შემდგომ ღებულობდენ მათგან თამბაქოს და უცხოეთში აგზავნიდენ. ყოველივე ეს ჩვენ მოვახდინოთ, რად გვინდა შუამავლები, სთქვა სამინისტრომ. იდეა ფრიად კარგია, მაგრამ ჩვენ მაინც ვაფრთხილებდით მთავრობას: ძნელია ერთბაშად, ისიც დღევანდელს პირობებში, ამ საქმის ერთიანად გადატრიალება. მთავრობა ვერ მოაგვარებს ამ რთულს საქმეს. ჩინოვნიკური წესებით ეს რთული სამეურნეო საქმე არ მოეწყობა-თქო. რასაკვირველია, აქაც არ დაგვიჯერეს. მთავრობის რწმუნებული სამს თვეს ადგენდა პლანტატორებისათვის რაღაც კოოპერატიულ წესდებას. სამწუხაროდ აქაც გამართლდა ჩვენი ეჭვები. პლანტატორებისათვის ავანსებად გავიღეთ 50 მილიონი. მხოლოდ ეს მოხდა აპრილში, როდესაც თამბაქო უკვე დათესილი უნდა ყოფილიყო. პლანტატორები დაშინებული იყვენ მონოპოლიით და დაბალი ფასებით და ძლიერ ცოტა დათესეს. 1913-1916 წლებში თუ სოხუმის ოლქში საშუალოდ 400-500 ათასი ფუთი და კიდევ მეტი მოჰყავდათ, მიმდინარე წელს 30-40 ათასზე მეტს არ მოელიან. ჩვენმა რწმუნებულებმა პლანტატორთა ყრილობა რომ მოახდინეს მონოპოლიის დასადასტურებლად, ეს უკვე იქ გამოირკვა. პლანტატორები კითხულობდენ: გვითხარით, როგორი იქნება ფასები ჩვენს თამბაქოზე; თქვენს ჭკუაზე ზეპირად დაადგენთ ფასებს, თუ გაუწევთ ანგარიშს წარმოების პირობებს და უცხოეთის ბაზარსო. მთავრობის წარმომადგენლები უპასუხებდენ: ჩვენ არ ვიცით, როგორი ფასები იქნება დაწესებული, ხოლო მტკიცე ფასები კი იქნება შემოღებული მთავრობის მიერო.

ნუ თუ ცხადი არ უნდა ყოფილიყო, რომ ასეთს პირობებში ძლიერ ბევრი პლანტატორი დაანებებდა თავს თამბაქოს მოყვანას და სხვა საქმეს მოჰკიდებდა ხელს? პლანტატორი ხედავდა, რომ მას თამბაქოს ართმევდენ ჩალის ფასად. მას აძლევდენ 400-700 მანეთს მაშინ, როცა უცხოეთში ის იყიდებოდა თითქმის ათჯერ მეტად. მას ართმევდენ თამბაქოს სიმინდის ფასში, როდესაც მისი თამბაქო ყოველთვის სიმინდზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ღირდა.

აქ ამტკიცებდენ: თამბაქოს წარმოება მარტო ეხლა კი არ ეცემა, არამედ 1917 წლიდან დაიწყო მისი დაცემა და ეს აიხსნება იმით, რომ ხორბლის ფასებმა აიწია გაცილებით მეტად, ვინემ სხვა საქონლისაო. ხორბლის გაძვირებას უთუოდ ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი იმის, რომ 1917 წელს გაცილებით ნაკლები დაითესა წარსულ წლებთან შედარებით. 1917 წლამდე თამბაქოს მთავარი ბაზარი - რუსეთი - ღია იყო. 1917 წელს ეს ბაზარი თანდათან იკეტება და ევროპასთან სავაჭრო დამოკიდებულებაც ვერ მყარდება. დაგროვილი თამბაქო ვერ საღდებოდა. ცხადია, უნდა შემცირებულიყო მისი მოყვანა. წარსულ წელს კი, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზები გაიხსნა და მთელი ევროპა დამშეული იყო თამბაქოთი, თამბაქოს მოყვანა უნდა გაცხოველებულიყო. თუ მოხდა წინააღმდეგ ამისა, უმთავრესი ამის მიზეზია ის პანიკა, რომელიც გაამეფა მეთამბაქოეთა შორის დაბალ ფასებში ძალდატანებით საქონლის ჩამორთმევამ და ძველს წლებში დაგროვილი თამბაქოს გასაღების მოუწყობლობამ.

ასეა თუ ისე, მთავრობა შეუდგა კერძო მწარმოებელთა მაგიერობის გაწევას თამბაქოს საქმეში. ავანსი გვიან გამოითხოვა, დარიგება ხომ კიდევ უფრო დააგვიანა. ეხლა მეთამბაქოეთ სჭირიათ მრავალი მასალა, ბაწარი და სხვა. სასოწარკვეთილების დეპეშებს გზავნიან, მაგრამ ჩვენ ეს მათთვის ვერ მიგვიწოდებია თავის დროზე.

მთავრობა ეხლა თხოულობს 600 მილიონს ამ საქმეებისათვის. პრინციპიალურად აბა ვინ იქნება ამის წინააღმდეგი? რამდენს მეტს დავეხმარებით მწარმოებელთ, უკეთესია. ვშიშობთ მხოლოდ, რომ ეს ბიუროკრატიული დახმარება რიგიანად ვერ მოეწყობა და მიზანს ვერ მიაღწევს.

ჩვენ აქ შევეხებით ცუდათ დაწვრილებულ მონოპოლის პოლიტიკურ მხარეს. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ ის გამწვავება, რომელიც გამოიწვია მან ჩვენსა და ევროპის სახელმწიფოთა შორის განწყობილებაში. აქაც დამარცხდა ჩვენი პოლიტიკა. იძულებული ვიყავით უცხოელებისთვის ყველგან დაგვეთმო ამ საკითხში, ტყუილათ გავიტეხეთ სახელი და გამოვედით მათ წინაშე ნახევრად ბოლშევიკურ სახელმწიფოდ.

მე ვფიქრობ, რომ დრო არის მონოპოლიის საკითხები გადავსინჯოთ. ნაჩქარევად მივიღეთ ერთგვარი წესები. ცხოვრებამ უარყო ისინი და მათი უვარგისობა გამოააშკარავა. ეხლა მაინც უნდა შევცვალოთ ეს წესები, თორემ მეთამბაქოებას ჩვენში ძირ-ფესვიანად ამოვაგდებთ. სანამ თქვენ ამ საქმეს მოჰკიდებდით ხელს, გვქონდა მრავალ მილიარდის საფასური თამბაქო და მისი კარგ ფასებში განაღდების შესაძლებლობა. გვყავდა რამოდენიმე ათასი ოჯახი გამოცდილი პლანტატორებისა, რომელიც ამ საქმეს ემსახურებოდენ. ეხლა არ გვაქვს არც ერთი, არც მეორე და პლანტატორები გარბიან აფხაზეთიდან. ნუ თუ ამ შემდგომაც, თავს დავიკმაყოფილებთ დემაგოგიური საბუთებით და ანგარიშს არ გაუწევთ მწარე სინამდვილის მოთხოვნილებას? საჭიროა საერთო ძალით შეუდგეთ წამხდარი საქმის გამოსწორებას, თორემ ჩვენი მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანეს დარგს სამუდამოთ დავღუპავთ. თუ გინდა მომავლისთვის მაინც საქმის ოდნავად გამოსწორება, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ მონოპოლიის იმ წესს, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ან და სრულიად უარვყოთ ყოველივე მონოპოლიური წესები და თამბაქოს უცხოეთში გაზიდვის საქმეც ისეთსავე პირობებში ჩავაყენოთ, როგორც სხვა საქონლისა. რაც მალე დავადგებით ამ გზას, მით უფრო ადვილად მოვახდენთ ცუდათ წარმოებულ მონოპოლიით გამოწვეულ კრიზისის ლიკვიდაციას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომარაგების მინისტრს, ამხანაგ ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე (მომარაგების მინისტრის ამხანაგი): ბატონებო! აქ ლორთქიფანიძე და ასათიანი შეეცადენ მიეთითებიათ იმ დეფექტებზე, რომელიც არსებობს თურმე ამ მონოპოლიის გატარების საქმეში. მე უნდა განვაცხადო, რომ დეფექტები ყველა ახალ საქმესთან ახლავს და არც შეიძლება, რომ ახალ საქმეში დეფექტები არ იქნეს. მაგრამ ის, რაც აქ აღნიშნა ბ. ლორთქიფანიძემ, უბრალო დეფექტად არ შეიძლება ჩაითვალოს. თუ ის მართალია, მაშინ ცხადია, ამ მონოპოლიის საქმე გლახად ყოფილა დაწყებული: რომ ან სავსებით უნდა გაუქმდეს, ან რადიკალურად უნდა შეიცვალოს ამ მონოპოლიის გატარების საქმე. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. ორმა ორატორმა ორად გაჰყვეს საკითხი: ერთია - ჩვენს შინაურ ცხოვრებაში მონოპოლიის გატარება, ხოლო მეორე - საქონლის საზღვარ გარედ გაზიდვა. თუ მათ დაუჯერებთ, ამ თამბაქოს მონოპოლიის გატარება ისეთ უვიცთა ხელში ყოფილა, რომელთაც არავითარი წარმოდგენაც კი არ ჰქონიათ ამ საქმეზე. აშკარაა, ასეთი ხალხი მონოპოლიას ვერ გაატარებს; ის აშკარად ვერ ამოსწურავს იმ სარგებლობას, რომელიც მიღებულია მხედველობაში მონოპოლიის გატარების დროს. ეს ასე არ გახლავს. მე წინადაც განმიცხადებია და ახლაც უნდა განვაცხადო, რომ ერთი არის მეთაური - ხელმძღვანელი და მეორე არის ის ხალხი, რომელიც ამ ხელმძღვანელს ჰყავს - სპეციალისტები. შეიძლება სათავეში იყოს არა სპეციალისტი, მაგრამ მას სპეციალისტები ჰყავდეს და მათი საშუალებით ატარებდეს ამ საქმეს. ასეა ჩვენშიც. ჩვენი რწმუნებული, მართალია, ბავშვობიდან თამბაქოსთან არ დაბადებულა, მაგრამ მას ამ საქმეში ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც პირველ ექსპერტად ითვლებიან ამ თამბაქოს საქმეში. მაგალ. ჩვენ გვყავს მოწვეული გოკიელი, რომელიც ჩვენს რწმუნებულთან ერთად მუშაობს (ასათიანი: გვიან მოიწვიეთ!). არა, კარგი ხანია. პირველად ის იყო, როგორც მრჩეველი, ბოლოს კი ოფიციალურად მოვიწვიეთ და ჯამაგირსაც ვაძლევთ (კედია: აპრილში იყო!). მე მოგახსენებთ, რომ აპრილიდან მას ჯამაგირს ვაძლევთ, ხოლო ისე ის მანამდისაც იყო ჩვენ მრჩევლად. ასე რომ, არც ისეა საქმე, რომ სათავეში უდგეს ამ მონოპოლიის საქმეს ისეთი ხალხი, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არ ქონდეს მასზე. რაიცა შეეხება იმ ბრალდებას, რომელიც წამოაყენა ასათიანმა, თითქოს რწმუნებული ატუსაღებდეს და არბევდეს მწარმოებელს, ამ ბრალდებას მე ვუპასუხე, როცა ამის შესახებ იყო შეკითხვა შემოტანილი და დამფუძნებელმა კრებამ ის ბრალდება იცნო გაბათილებულად. ამიტომ მე მას აღარ დაუბრუნდები. იყო კიდეც მითითებული დიდ ნაკლზე: იქ იყო სადგური, საცდელი მინდორიო, ამას ყურადღება უნდა მიექცესო, მაგრამ არ ექცევა, და სხვა.

მე უნდა განვაცხადო, რომ მართალია იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტზე მიდგება საქმე მის გასატარებლად, კრედიტისათვის შემოდის ფინანსთა ან მომარაგების სამინისტრო, მაგრამ ყოველი ისეთი საკითხი, რომელიც სამონოპოლიო საქონლის კულტურას შეეხება, წყდება არა მომარაგების სამინისტროს მიერ, არამედ მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ, და ამ შემთხვევაში ორივე სამინისტრო - მომარაგების და მიწად-მოქმედების - კონტრაქტით მუშაობს. არ ყოფილა საკითხი, რომელიც შეეხებოდა წარმოების აყვავებას და მის კარგ ნიადაგზე დაყენებას, რომ პირველი სიტყვა მიწად-მოქმედების სამინისტროს არ ეთქვას. მიწად-მოქმედების სამინისტროს ჰყავს თავისი სპეციალისტები, იქიდან ვიღებთ რჩევას და იმ ზომებს ვატარებთ ცხოვრებაში, რომელსაც საჭიროდ დაინახავენ. ისე რომ, ჩვენ ვცდილობთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია დღევანდელ პირობებში, კულტურის ხელის შეწყობას, რომ მომავალში ეს წამოება არ დაეცეს. ეხლა მე მინდა მოგახსენოთ გარეშე, ევროპის ბაზრის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა ის ობიექტური მიზეზები, რომლის წყალობით თამბაქოზე ფასები დაეცა ექსპორტის ბაზარზე, ხოლო ორივე მოწინააღმდეგემ ხაზი გაუსვეს იმ მდგომარეობას, რომ არა იმ მიზეზით, რომ მოიყვანა მომხსენებელმა, არამედ სულ სხვა მიზეზებით მოხდა ეს ფასების დაცემაო. ე. ი. მიზეზი ის ყოფილა, რომ ჩვენგან თამბაქო გასულა გლახად განაწილებული და ხარისხებად დაყოფილი, თითქოს ამაში დამნაშავე იყოს მთავრობა ან მომარაგების სამინისტრო (ალ. ასათიანი: მაშ ვინ?). რა თქმა უნდა, თამბაქოს ბაზარი დაეკარგება, თუ ცუდი თამბაქო გაქვთ, თუ ის არ იქნება დანაწილებული და სხვა. მაგრამ ერთი უნდა მოგახსენოთ: ის თამბაქო, რომელიც ევროპაში იყო გაგზავნილი, იყო დანაწილებული უმთავრესად არა მომარაგების სამინისტროს მიერ, არამედ იმ შუამავლების, перекупщик-ების მიერ, რომელთაც ჩვენ ჩამოვართვით თამბაქო. მათ უკვე დაგროვილი და ხარისხებად დანაწილებული ქონდათ ეს თამბაქო და რომ მონოპოლია არ გამოგვეცხადებინა, ამ სახითვე წავიდოდა უცხოეთში. ასე რომ, აქ დანაშაული მომარაგების სამინისტროს არ მიუძღვის და ჩვენ ნუ გვისაყვედურებთ, რომ მონოპოლია არ გამოგვეცხადებინა, თამბაქო ხარისხებად უფრო კარგად განაწილებული წავიდოდა ევროპაში და ფასები არ დაეცემოდაო. რა თქმა უნდა, ესეც უწყობდა ხელს თამბაქოს ფასის დაცემას, მაგრამ თამბაქოს ფასი ევროპის ბაზარზე საზოგადოდ დაეცა. უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ გუშინ მივიღეთ ფინანსთა მინისტრის, კანდელაკისაგან ბარათი. ის იწერება, რომ თამბაქოს ფასების დაცემის მიზეზი არის ის, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი თამბაქო არის და განსაკუთრებით ყირიმის თამბაქო. ჩვენ ვიცით, რომ ყირიმის თამბაქო ხუთჯერ მეტია, ვიდრე აქედან გასული თამბაქო. მომარაგების სამინისტრო იძულებული იყო რეალიზაცია მოეხდინა იმ ხელშეკრულებისათვის, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვცეს. ასეთი ორი თუ სამი ხელშეკრულება იყო და მას შემდეგ მომარაგების სამინისტრომ ერთხელ „კოსმოსთან“ შეთანხმებით გაგზავნა თამბაქო. მე უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოება „კოსმოსთან“ ყოველი ანგარიში გასწორებული გვაქვს და ყველაფერი, რაც გვერგებოდა, მივიღეთ. ამის გარდა გაიგზავნა თამბაქო ერთ მწარმოებელთან საზიაროდ. ჩვენ ჩამოვართვით თამბაქო მტკიცე ფასებში და უთხარით: თუ ჩვენ ეხლავე არ მივიღებთ ამ თამბაქოს საფასურს, მაშინ მოგებაში წილი გექნებათ, მიიღებთ მოგების 25 პროცენტს. ის ამ წინადადებამ დააკმაყოფილა, დათანხმდა და უცხოეთში გაიტანა ეს თამბაქო. თქვენ იცით, რომ წინასწარ გაგზავნა საქონლისა სახიფათოა, რადგანაც, როგორც კი დაინახავენ გატანილ საქონელს, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად ჩაიგდონ ხელში ეს საქონელი. ანგარიშს უწევენ იმ გარემოებას, რომ თამბაქოს დიდ ხანს ვერ შეინახავენ, საწყობში ვერ დააწყობენ, რადგანაც ეს დიდ ხარჯებს ითხოვს, ერთი ადგილიდან მეორეზე ვერ გადაიტანენ, ფრახტი ძვირია და ამიტომ ფიქრობენ იქაური ვაჭრები, თუ კი ხელს მოუჭერთ, თავად ჩავიგდებთ ხელშიო. ამიტომ ჩვენ არ ვცდილობთ საერთოდ წინასწარ გავიტანოთ თამბაქო, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეგზავნა ერთი ნაწილი, რადგან თქვენ გახსოვთ, ჩვენ საშინელ სასურსათო კრიზისს განვიცდიდით. ევროპაში ხალხი გავგზავნეთ ხორბლეულის შესაძენად. ჩვენი ბონებით იქ ვერაფერს ვერ ვიყიდიდით, უცხოეთის ვალიუტა არ გვქონდა და ამიტომ საჭირო იყო ისეთი საქონლის გაგზავნა, რომელიც რაიმე ღირებულებას წარმოადგენდა. ასეთი საქონელი იყო თამბაქო და ვთქვით, თუ ამ საქონელს ევროპაში ვერ გავყიდით, მაშინ გასაღდება როგორც დასაგირავებელი საქონელი, რომელშიაც მოგვცემენ ხორბლეულობას.

მაგრამ გაიგებდით, ჯერ მგონი არც კი გასულა გემი სოხუმიდან, ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეგზავნა 34.000 ფუთი თამბაქო და აი რატომ: ჩვენ ამას წინათ შევიძინეთ ხორბალი, იმის გამოსასყიდად დაგვჭირდა თანხა და იძულებული ვიყავით დაგვეგირავებინა თამბაქო იტალო-კავკასიურ ბანკისთვის. ჩვენ მივიღთ 68.000 გირვანქა სტერლინგი და ეს ფული ჩვენ მოვიხმარეთ ხორბალში. იტალო-კავკასიური ბანკის უმთავრესმა გამგეობამ მოითხოვა, რომ ეს თამბაქო არ დარჩენილიყო აქ. შეიძლება პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდათ, ბოლშევიკების მოახლოვებამ დააშინა, მე ეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიყავით დავთანხმებოდით, რადგან თამბაქო დაგირავებული იყო. მეტი თამბაქო ჩვენ არ გაგვიტანია. არის კიდევ გატანილი თამბაქო ხოშტარიას მიერ. ეს იყო გადაწყვეტილი მაშინ, როდესაც მთავარი სამმართველო არსებობდა და მომარაგების სამინისტრო ფაქტის წინაშე იდგა.

ბაზარი არ გაუფუჭებია ჩვენს თამბაქოს. ბაზარი გააფუჭა იმ აუარებელმა თამბაქომ, რომელიც სხვა და სხვა ქვეყნებიდან მოაწყდა ევროპის ბაზარს, მაგ. სამსუნის თამბაქო და სხვ. სანამ ოსმალეთი საომარ მდგომარეობაში იყო, მანამ თამბაქო ევროპაში არ გადიოდა. მაგრამ ეხლა ოსმალეთის თამბაქო გადის, თამბაქო გადის აგრეთვე ყირიმიდან. ამასთანავე თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას უნდა მივაქციო: აქამდის ინგლისში სრულიად აკრძალული იყო თამბაქოს თესვა, მაგრამ 1918 წლის ივნისში მთავრობამ ნება დართო თამბაქო დაეთესათ. ასე რომ, იქ წელს თამბაქოს საკუთარი მოსავალი ექნებათ.

მე უკვე მოგახსენეთ: უმთავრესი მიზეზი თამბაქოზე ფასების დაწევისა არის არა ის, რომ ჩვენი თამბაქო ბევრია გატანილი, არამედ ის, რომ სხვა და სხვა ქვეყნებიდან ბევრი თამბაქო შევიდა ევროპაში. მარტო ჩვენს თამბაქოს არ შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ბაზარზე.

რაც შეეხება თამბაქოს შეკონვას და ხარისხებად დანაწილებას, ეს ეკუთვნის არა მომარაგების სამინისტროს, არამედ იმ შუამავლებს, რომელთაც ბ-ნი ასათიანი ხშირად მხარს უჭერს (ასათიანი: რატომ თქვენ თვითონ არ დაანაწილეთ და ბაზარზე ისე არ გაიტანეთ?). თამბაქო დანაწილებული იყო კიდეც და სხვა და სხვა საწყობებში ეწყო (ივ. ლორთქიფანიძე: ერთ გემში რად ჩაყარეთ არეულად?). ჩვენი თამბაქო, რომელიც შეუკონელი და დაუნაწილებელი მივიღეთ, ნაწილდება ჩვენი რწმუნებულის, გოკიელოვის ზედამხედველობის ქვეშ, და მე ვფიქრობ, რომ ის თამბაქო, რომელსაც ჩვენ დავანაწილებთ და გავგზავნით, ისეთ მდგომარეობაში არ ჩავარდება, როგორც ის თამბაქო, რომელიც შუამავლების მიერ იყო დანაწილებული და შემდეგ ასე გაგზავნილი. ამ რიგად, ამ ბრალდებაში არავითარი წილი არ მიუძღვის მომარაგების სამინისტროს.

დეფექტები კი, რასაკვირველია, არის და მგონია, ახალ საქმეში არც შეიძლება, რომ დეფექტები არ იყოს. მაგრამ მიუხედავად ამ დეფექტებისა, ჩვენ გავაკეთეთ ის, რის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლიან. მართალია, ჩვენ გეუბნებით, უვიცები ხართო და სხვა, მაგრამ ბოლოს დაინახავთ, რის გაკეთება შევძელით.

შემდეგ, აქ სთქვეს, რომ თამბაქოს რაღაც მატლი გაუჩნდაო. რა უყოთ ახლა, რომ გაუჩნდა. განა ეს ჩვენი ბრალია? ეს იმის ბრალია, რომ სოხუმის საწყობში ბევრი თამბაქო დაგროვდა ომის გამო. იქ ახლა თავი მოიყარა 1.000.000 ფუთმა თამბაქომ. ყველამ ამან ხელი შეუწყო ამ მატლის გაჩენას.

თავის დროზე ყურადღება იყო მიქცეული და მიწად-მოქმედების სამინისტროს სპეციალისტები ამ საქმეს იკვლევენ და სათანადო ზომებს იღებენ. აი საქმე ასეთ მდგომარეობაში არის.

დასასრულ, აქ არც ერთ მოწინააღმდეგეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს თვით კრედიტის წინააღმდეგ. წინააღმდეგი რომ იყვნენ, ეს სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. და მე დარწმუნებული ვარ, დამფუძნებელი კრება ამ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაგვაყენებს, რადგან გამოვიდოდა, რომ ჩვენ მონოპოლიას ვაცხადებთ, ხოლო მის ცხოვრებაში გასატარებლად თანხას არ ვიღებთ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ეს კრედიტი, რომელიც ამ საქმისთვის არის საჭირო, გაღებული იქნება.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს, ბ. თევზაიას.*

. თევზაია (მომხს.): მე უნდა ვსთქვა, რომ ყველაფერი ის, რაც განაცხადა აქ დამფუძნებელი კრების წევრმა ასათიანმა, ნათქვამი იყო კომისიის სახელით. ისინი ამბობენ, რომ დეფექტები იყოვო. მე დეფექტებს უარს არ ვყოფ, მე არ უარვყოფ, რომ ჩვენს თამბაქოზედ ფასი დაეცა. ბუნებრივად ევროპაშიაც თამბაქოზედ საერთოდ ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენს თამბაქოზედ განსაკუთრებით იმიტომ დაეცა ფასი, რომ მაზედ არ იყო განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული. ამასთან ჩვენ ვსთქვით, რომ ზოგიერთი წრეები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ ამაში. ეს ეხება არა მარტო პროვოკატორებს, არამედ თვით საბერძნეთის მთავრობის მოქმედება იქით იყო მიმართული, რომ წაეყვანა ეს მწარმოებლები თავის სამშობლოში. თვით მთავრობა ღებულობდა მონაწილეობას, რომ თვით ჩვენში დაინტერესებული მწარმოებელი ეშოვნა, რომ თავისი ქვეშევრდომები გამოეხსნა და იქ გაეჩაღებინა წარმოება. ყოველი სახელმწიფო ცდილობს, რომ ააყვავოს თავისი მეურნეობა. საბერძნეთს არამც თუ ჩვენი დანგრევა უნდოდა, არამედ ის, რომ მწარმოებელი ეშოვა თავის ქვეყნისთვის და ამას ჰქონდა ერთნაირი გავლენა წარმოების დაცემაზედ. მეორე ორატორმა, ბ. ლორთქიფანიძემ ბრძანა, რომ „გუმისტანში“ დაეცა წარმოება და თვითონ სთქვა, რომ იქ ბერძნები იყვნენო და ბერძნები უცხოეთში წავიდნენო. მანვე განაცხადა, რომ ყირიმის თამბაქო უცხოეთში არ წასულავო. საბუთათ მოიყვანა ის რომანტული მოსაზრება, რომ მოხალისეები თავს იცავდნენ და ამიტომ თამბაქოსთვის არ ეცალათო. იქ კი ასე რომანტიულად არ იყო საქმე. იქ იდგა საკითხი: ჯერ თამბაქო და მერე ცოლ-შვილი. ასეთია ბურჟუაზიული ტაქტიკა და მუშაობა. თქვენ იცით, რომ ამ დებულების უარყოფა არ შეიძლება, ამას უნდა ყურადღება მივაქციოთ. მწარმოებლებს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ, რადგან ისინი არიან ამ საქონლით დამზადებულნი ბურჯი ჩვენი წარმოების აღორძინებისა და დეფექტები, რომელიც არის, მომავალში გასწორებული უნდა იყოს ეს დეფექტები. და რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, დროებითი მოვლენა არის და თუ იქ დაეცა ფასი თამბაქოზედ, სხვა წარმოებაზეც დაეცა, ეს არ არის ისეთი მიზეზი, რომელიც განადგურებას უქადის ჩვენს წარმოებას. აქ მიზეზი მთავრობა არ არის (ლორთქიფანიძე: სტერლინგი რა ღირს?). დიდი ღირს, მაგრამ თამბაქოზე შედარებით ფასი დაეცა. მომავალში საქმე რაციონალურად უნდა მოვაწყოთ. იმედია ამ დებატების შემდეგ მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება დეფექტებს, რომელიც განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას და საქმე გამოსწორებული იქნება.

თავმჯდომარე: კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ. წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

2. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 . ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. შენგელაიას ეკუთვნის.

ლეო შენგელაია (სოც.-რევ.): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! როგორც იქნა დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ მთავრობამ წარუდგინა დამფუძნებელ კრებას რაღაც ბიუჯეტის მაგვარი.

ამ სამი წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვეძლევა საშუალება დავსვათ საკითხი რესპუბლიკის შემოსავალ-გასავალზე და ვიქონიოთ მსჯელობა მთავრობის საერთო პოლიტიკაზე. როგორც სჩანს, ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვსჭამეთ, ისე ბევრი, რომ მარტო ციფრების დაწერასა და გადაწერას ორი წელიწადი მოუნდა. ამიტომაც არის, რომ თვით მესამე წლის თავზედაც ჩვენ ვერ შევადგინეთ ნამდვილი ბიუჯეტი, ვინაიდან ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არის არა ბიუჯეტი, არამედ უკეთეს შემთხვევაში უბრალო კონსპექტი არ არსებულ ძირითადი შრომისა, იგი არის უბრალო საბუხჰალტერო ანგარიში. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, სოციალ-დემოკრატიულ დამფუძნებელ კრებას ისტორიის წინაშე მაინც ერთგვარ დამსახურებად ჩაეთვლება ალბათ ის გარემოება, რომ ვიდრე ის დაიშლებოდა, დამფუძნებელი კრება დაამტკიცებს უკანა რიცხვით იმას მაინც, რასაც ბურჟუაზიული პარლამენტები ჩვეულებრივად წინა რიცხვით ამტკიცებდენ!

ეკონომისტების აზრით, ბიუჯეტი, საბიუჯეტო უფლება არის ის აღვირი, რომლის საშვალებითაც საკანონმდებლო ორგანოს ხელთ უჭირავს აღმასრულებელი ორგანოები, რომლის საშვალებითაც იგი განაგებს ქვეყანას და იმორჩილებს მთავრობას. როგორც ხედავთ, ამ სამი წლის განმავლობაში ეს აღვირი აღარ ჰქონია ჩვენს მთავრობას, ის მოქმედებდა სრულიად უპასუხისმგებლოდ, უკონტროლოდ. ის მხოლოდ დღეს მოდის აქ, მაგრამ მოდის არა იმისათვის, რომ დამფუძნებელ კრებას სთხოვოს ნამდვილი ბიუჯეტის, ნამდვილი ხარჯთ-აღრიცხვის დადასტურება, არა, მას მოაქვს ძველი ანგარიშები, გაუმართლებელი საბუთები, თითქოს ეს არის მძიმე კომანდიროვკიდან ახლად დაბრუნდაო! ის მოდის ძველი კვიტანციებით, შეჭმული ბიუჯეტი!.. ის მოითხოვს ჩვენგან ამ კვიტანციების დადასტურებას. რა თქმა უნდა, თუ ლაპარაკი, მსჯელობა არ არსებულ საგანზე მეტაფიზიკური და მომაბეზრებელია, მით უფრო ლაპარაკი, მსჯელობა უკვე „შეჭმულზე“ მეტად არა სასიამოვნოა. მაგრამ ვინაიდან აქ არის ლაპარაკი სახელმწიფოს მეურნეობაზე, ხალხის ნაშრომ-ნაოფლარზე, ჩვენ მოვალეთ ვრაცხთ ჩვენს თავს, როგორც ხალხის წარმომადგენელნი, განვიხილოთ ეს სუროგატი ბიუჯეტისა, მოკლეთ შევეხოთ მთავრობის პოლიტიკასა და ეკონომიკას და გამოვარკვიოთ, რათ არის მისი პოლიტიკა ასე მერყევი და საცოდავი!.. უპირველეს ყოვლისა უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის მეტად თავისებური ბიუჯეტი, ან უკეთ რომ ვსთქვათ, ის არ არის სრულებით ბიუჯეტი. ბიუჯეტი ჰქვია, როგორც ვიცით, სახელმწიფოს მეურნეობის მომავალ გეგმას, აქ კი არავითარ მომავალზე არ არის ლაპარაკი და არც რაიმე გეგმა არ არის წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ჩვენი ბიუჯეტი არის საინტერესო იმ მხრით, რომ ის არის წარმოდგენილი „სოციალისტური მთავრობისა“ და სოციალისტური საბიუჯეტო კომისიისაგან. ეს არის სრულიად ახალი მომენტი. ეს გარემოება ჩვენ გვაძლევს სრულს უფლებას ამ ბიუჯეტის პროექტის ავტორებს მოვთხოვოთ ახალი პრინციპები, ახალი საფუძვლები, რომლებზედაც უნდა იყოს დამყარებული სოციალისტური ეკონომიკა და სოციალისტური ფინანსები. არის თუ არა რაიმე ამის მსგავსი ამ პროექტში?

აქ ჩამოთვლილია სხვა და სხვა პარაგრაფები, შემოსავლის წყაროები, გასავლის სტატიები; არის ლაპარაკი პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებზე, ბაჟებზე, მაგრამ თქვენ აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ წყაროს, რომელიც მოწმობდეს, რომ ჩვენში, ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში მოხდა რადიკალური ცვლილება, რომ მასში შეანათა ახალმა სხივმა.

სამაგიეროთ ამ პროექტში თქვენ ნახავთ მეტად კურიოზულ მუხლებს, ყოვლად მიუღებელ ხარჯებს, ანტიხალხურ სტატიებს. ასეთი კურიოზული არის ის გარემოება, რომ ჩვენი მთავრობა აგერ მესამე წელიწადია, რაც მილიონებს ხარჯავს ეკლესიის საჭიროებისათვის, იმ ეკლესიისა, რომელიც არამც თუ სოციალისტური, უბრალო დემოკრატიულ პროგრამების მიხედვითაც კი უნდა იყოს სახელმწიფოსაგან გამოყოფილი. ჩვენში ეს არ მოხდა. ნუ თუ ეს ისე ძნელი საქმე არის, რომ სამი წლის განმავლობაში მისი განხორციელება შეუძლებელი შეიქნა? მე მესმის, თქვენ შეგეძლოთ რაიმე გასამართლებელი საბუთი მოგეყვანათ, რომ ჩვენი სამღვდელოება იყოს ისე ძლიერი, როგორც არის, მაგ. პაპი იტალიაში, რომელიც მეფეებს ტახტიდან ჩამოგდებით ემუქრება, მარა ჩვენი სამღვდელოება თავის გავლენით უძლურია. იქნებ ჩვენი სამღვდელოება უფრო რევოლიუციონურია, ვიდრე სხვა ქვეყნებში? მაგრამ ამას ხომ ვერავინ იტყვის, განსაკუთრებით იმ უკანასკნელი ყრილობის შემდეგ, სადაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებმა სავსებით გამოამჟღავნეს თავიანთი რეაქციონერობა!..

მაშ, რა არის მიზეზი, რომ ეს თავის-თავად უბრალო, მაგრამ მშრომელი ხალხისათვის მეტად საჭირო რეფორმა ეკლესიის გამოყოფის შესახებ თქვენ არ გაატარეთ? ამის ერთად ერთი მიზეზი არის მთავრობის უთაობა, უინიციატივობა.

ეკლესიის გამოყოფის საკითხი არის უფლებრივი რეფორმა, ხოლო მოგეხსენებათ, რომ ყოველი უფლებრივი რეფორმის გატარება დამოკიდებულია ძალთა განწყობილებაზე. თუ არსებული ძალთა განწყობილება ხელს უწყობს ამა თუ იმ რეფორმის გატარებას, მისი ცხოვრებაში გატარება შეიძლება 24 საათში!.. ასეთი ახირებული და ყოვლად მიუღებელი მუხლები კიდევ ბევრია წარმოდგენილი პროექტში. პროექტში არის ლაპარაკი მიწების გაყიდვაზე, ნავარაუდევია აქედან სამასი მილიონი. მთავრობა ფიქრობს, მიწებს გავყიდი და ფულები შემომივაო. მე გეკითხებით თქვენ: ნუ თუ იმ ქვეყანაში, სადაც გლეხობა მიწის შიმშილს განიცდის, სადაც მიწის ასეთი სივიწროვეა, ნუ თუ ასეთ ქვეყანაში სირცხვილი არ არის, რომ ეგრედწოდებულ სოციალისტურ მიწებს ბაზარზე ყიდიდენ?! (ხოჭოლავა: სად ყიდიან?). თქვენ იცით, სად ყიდიან; თუ არ იცით, კითხეთ თქვენს ამხანაგებს და ისინი გეტყვით. ბიუჯეტის პროექტში არის აგრეთვე ლაპარაკი არა პირდაპირ გადასახადებზე. განა ეს არ არის ოპოთეოზი უპრინციპობისა?. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატია საბოლოოდ გაკოტრდა?!.

მაშასადამე, ეს ბიუჯეტი არ არის დამყარებული ახალ პრინციპებზე, ახალ საფუძვლებზე; ის სავსებით დამყარებულია ძველ საფუძვლებზე, ხოლო თუ რაიმე არის მასში ახალი, ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინოა!

ეს არ არის სოციალისტური, ეს არის ნამდვილი რეაქციონური ბიუჯეტი! (ასათიანი: მართალია!). მე ვფიქრობ, რომ იმ პარტიას, რომელიც დღეს სდგას ჩვენი ქვეყნის სათავეში, სხვანაირი უკეთესი ბიუჯეტის წარმოდგენა არ შეეძლო, თუ ის არ უღალატებდა თავის პრინციპებს, თავის ბუნებას და იმ პროგრამას, რომელსაც ის ჩვენში 25 წლის განმავლობაში იცავდა.

მოგეხსენებათ, რომ სოციალ-დემოკრატია იზიარებს ეგრედწოდებულ მონისტურ მსოფლმხედველობას. მისი პოლიტიკა, მისი ეკონომიკა გამომდინარეობს ამ მსოფლმხედველობიდან. ამ მხრივ ჩვენთვის მეტად საინტერესოა აღვადგინოთ ჩვენს მეხსიერებაში ის, თუ როგორ ჰქონდა სოციალ-დემოკრატიას წარმოდგენილი დღევანდელი ვითარება და როგორ ჰქონდა გაგებული მას საკუთარი როლი ამ პროცესში (ხმაურობა).

მაგ. ბატონი ნოე ჟორდანია აი როგორ ახასიათებდა მისი პარტიის მომავალ ტაქტიკას, მის როლსა და პერსპექტივას.

ბ. ნ. ჟორდანია ჯერ კიდევ 1905 წელს ხაზგასმით სწერდა: „სოციალ-დემოკრატიული მოღვაწეობა მოითხოვს ბურჟუაზიის პოლიტიკურ ბატონობასო“.

„სოციალ-დემოკრატია იღწვის ბურჟუაზიულ წყობილების დასამყარებლად, ბურჟუაზიულ რევოლიუციის მოსახდენადო“.

ასე სწერია ნ. ჟორდანიას წიგნაკში, რომელსაც სახელად ჰქვია: „სოციალ-დემოკრატია, დემოკრატია და სოციალისტ რევოლიუციონერები“.

დღეს სოციალისტ-დემოკრატები ენას არ მოაბრუნებენ ისე, რომ არ ახსენონ დემოკრატია, დემოკრატიული.

ბ. ნ. ჟორდანია აი რასა სწერდა დემოკრატიის შესახებ: „დემოკრატია არის ერის უმრავლესობის პოლიტიკური ბატონობა. არც ერთი პარტია არ არის მუშათა პარტიის ისეთი მტერი, როგორც დემოკრატია“.

ბ. ჟორდანია უფრო შორს მიდიოდა, ის პირდაპირ ამბობდა: „სოციალ-დემოკრატი მინისტრი - ეს ნიშნავს სოციალ-დემოკრატ გუბერნატორს, სოციალ-დემოკრატ პოლიციელს, სოციალ-დემოკრატ ჟანდარმსო“.

რას ნიშნავს ყოველივე ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალ-დემოკრატია ფიქრობდა (ხმაურობა): ჩვენში მოხდება რევოლიუცია, მას სათავეში ჩაუდგება ბურჟუაზია, ჩვენ ვიქნებით უმცირესობაში და მთავრობას ოპოზიციაში ჩაუდგებითო.

ეს პროგნოზი, ისე როგორც სოციალ-დემოკრატიის ყველა პროგნოზები, არ გამართლდა. ჩვენი ქვეყნის სათავეში სოციალ-დემოკრატია მოექცა და აი აქედან იწყება მთელი ტრაღიზმი სოციალ-დემოკრატიისა, აქ არის წყარო მისი დაბნევისა.

ამ შემთხვევაში სოციალ-დემოკრატიას მოუვიდა ის, რაც ოდესღაც კოლუმბს, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა.

როგორც ვიცით, კოლუმბი ინდოეთში მიდიოდა, ხოლო თავი ამოჰყო ამერიკაში.

ასევე დაემართა სოციალ-დემოკრატიას: ის მიდიოდა ბურჟუაზიის სამეფოში და თავი ამოჰყო სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოში.

სოციალ-დემოკრატიასა და კოლუმბს შორის, რა თქმა უნდა, არის განსხვავებაც: კოლუმბი, ვიდრე ის ამერიკას აღმოაჩენდა, ყაჩაღი იყო, ხოლო შემდეგ, ზნე გამოიცვალა, აშკარა ყაჩაღობაზე ხელი აიღო.

სოციალ-დემოკრატიამ ამ მხრივ ცოტა სხვანაირი ევოლიუცია განიცადა: რევოლიუციამდე ის იყო ასე თუ ისე რევოლიუციონური, მებრძოლი პარტია. რევოლიუციის შემდეგ იგი განაციონალ-დემოკრატდა და ბევრმა მის წრიდან ლეგალურ ყაჩაღობას მიჰყო ხელი (ხმები: რას ნიშნავს ლეგალური ყაჩაღობა?). და ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ისეთი ღარიბი ხალხის ბიუჯეტი, როგორიც ჩვენა ვართ, აღწევს ორ მილიარდამდე! (მთავრობის ადგილებიდან: რას ნიშნავს ლეგალური ყაჩაღობა?). მოითმინეთ, ბატონებო, და დოკუმენტებით დაგიმტკიცებთ, თუ რას ნიშნავს ლეგალური ყაჩაღობა (ხმაურობა).

რევოლიუციის შემდეგ სოციალ-დემოკრატიის წინაშე გადაიშალა სამი შესაძლებლობა, სამი შესაძლებელი გეზი, რომლითაც მას შეეძლო წარემართა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური ცხოვრება: ერთი იყო - ბურჟუაზიული ეკონომიკა და ბურჟუაზიული პოლიტიკა; მეორე - ალოგიური - ბურჟუაზიული ეკონომიკა და სოციალისტური პოლიტიკა; ხოლო მესამე შესაძლებლობა იყო - სოციალისტური ეკონომიკა და სოციალისტური პოლიტიკა.

ამ სამში სოციალ-დემოკრატებს შეეძლოთ რომელიმე ერთი აერჩიათ. როგორ მოიქცენ სოციალ-დემოკრატები, რომელ გზას დაადგენ ისინი?! თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენში რევოლიუციის შემდეგ ეკონომიურ ცხოვრებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა; თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ კერძო საკუთრება საწარმოო იარაღებზე და საშვალებებზე ხელუხლებელია და თუ ამასთან დაუჯერებთ სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც ყოველ გზა ჯვარედინზე გაიძახიან, რომ მათი პოლიტიკა არის სოციალისტური, რომ ისინი ჩვენში სოციალისტურ პოლიტიკას აწარმოებენ, თუ ამას ყოველივეს მხედველობაში მივიღებთ, გამოდის, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკა არის ბურჟუაზიული, ხოლო მისი პოლიტიკა არის სოციალისტური. თუ ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას იმ სულიერ გარდატეხას, რომელიც თითქოს ემჩნევა სოციალ-დემოკრატიას, განსაკუთრებით რუსეთთან ზავის შემდეგ - მოიგონეთ ბ. ნ. ჟორდანიას დეპეშა ლენინთან, ან და მისი მოხსენება პარტიულ თათბირზე, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც სოციალისტურია და პოლიტიკაც სოციალისტური, მაგრამ თუ ჩვენ ანგარიშს არ გაუწევთ იმას, რასაც სოციალ-დემოკრატია ლაპარაკობს, რადგანაც ის იმისდამიხედვით ლაპარაკობს, თუ საიდან ჰქრის ქარი - არამედ თუ მივიღებთ მხედველობაში სოციალ-დემოკრატიის ყოველ დღიურ პრაქტიკას, მის საქმიანობას, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ სოციალ-დემოკრატიის პოლიტიკაც ბურჟუაზიულია და ეკონომიკაც ბურჟუაზიულია.

შეიძლება ეს იყოს ერთად ერთი შემთხვევა, როდესაც მართლდება მარქსიზმის ძირითადი დებულება, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკა ეკონომიკის ზედნაშენიაო.

(ხმა: თქვენი პოლიტიკა როგორი იყო რუსეთში?). ჩვენს პოლიტიკაზე იმედია აქ გამობრძანდებით და ილაპარაკებთ. პასუხს მაშინ მიიღებთ! გადავიდეთ იმ წარმოებაზე, რომლის საშვალებით გაკეთებას გვპირდება მთავრობა და კერძოდ ფინანსთა უწყების წარმომადგენელი. აქ არის წამოყენებული სხვა და სხვა წყაროები, ნათქვამია, რომ სახაზინო მამულიდგან შემოვა 780 მილიონი მანეთი. ერთი შეხედვით ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის სიყალბე, სიყალბე, ჩადენილი განზრახ, პოლიტიკური და პრაქტიკული მიზნებისთვის. ალბათ აქ მხედველობაში ჰქონდათ ის თანხა, რომელიც უნდა შემოვიდეს სახელმწიფო მიწების გაყიდვიდგან. ბ. ხომერიკი მეორე წელია უცდის ამ თანხას, მაგრამ ის არ შემოდის. თქვენ გაიძახით, რომ გლეხს აუარებელი ფული აქვს დამალული, ისინი ამ ფულს გაიღებენო და ამით ჩვენ შეძლება გვექნება ნაკლები ბონები გამოუშვათ და ასე გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობაო, მაგრამ დღემდის არაფერი შემოსულა, და თვით მომხსენებელი ბ. გიორგაძე ბრძანებს, რომ დიდი იმედი იმისა, რომ ეს თანხა შემოვა, არ არისო. ეს დაწერილია იმისთვის, რომ ერთგვარი შთაბეჭდილება მოახდინოთ ხალხში. შეხედეთ, როგორ მიჰყავს მთავრობას საქმე, რა სასურველ ნიადაგზე არის დაყენებული სახელმწიფო მამულების ექსპლოატაცია და სხ. რომ თქვენ სწორედ ის გაქვთ მხედველობაში, ეს სჩანს იმ მოწინავე წერილიდგან, რომელიც „ერთობამ“ უძღვნა ბიუჯეტს. ლაპარაკია აგრეთვე მთავრობის რეგალიებზე. მე მგონია, რომ ეს ცნება რეგალიებისა არც ფინანსიური თვალსაზრისით მისაღები არ არის. ჩვენ ვიცით, რომ არა ერთი ეკონომისტი, ფინანსისტი ფიქრობს, რომ ეს არის დაძველებული კლასიფიკაცია, და მე ვერ გამიგია, რათ უნდა ჩავჭიდოთ ხელი მაინც და მაინც იმას, რაც დაძველებული არის და არა იმას, რაც სინამდვილესთან არის ახლო. რაც შეეხება მეორეს, პოლიტიკურ მხარეს - ამ მხრივაც მიუღებელია იმიტომ, რომ მთავრობის რეგალიებზე ლაპარაკი შეიძლებოდა მაშინ, როდესაც მთავრობასა და ხალხს შორის იყო ერთგვარი შინაური კედელი. ჩვენში, ფორმალურად მაინც, ეს არ არის; თუ არის, ეს შეუწყნარებელია. ჩვენს პირობებში ისე, როგორც შეუძლებელია მთავრობის ქონებაზე ლაპარაკი, შეუძლებელია აგრეთვე ლაპარაკი მთავრობის რეგალიებზე.

აქ აღნიშნული არის, რომ სახელმწიფოს უნდა შემოუვიდეს მთავრობის რეგალიებიდან სულ 43 მილიონი მანეთი. არ ვიცი, როგორ ესმის ჩვენს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს ეს რეგალიები, რას გულისხმობს ის მასში, მაგრამ თუ ჩვენ მას გავიგებთ ისე, როგორც ეს ესმის პროფესორ იანჟელს, მაშინ მე ეს ციფრი ძლიერ ცოტად მიმაჩნია, რადგან ამ ცნებაში შედის მეტად მნიშვნელოვანი დარგები ჩვენი მეურნეობისა. აქედან 43 მილიონი არ იქნება სრულებით მაჩვენებელი ჩვენი პროდუქტიული მუშაობისა, ჩვენი უნარისა ამ დარგში. არის აქ ლაპარაკი არაპირდაპირ გადასახადებზეც. მე უხერხულად ვიგრძნობდი თავს, სოციალისტების წინაშე არაპირდაპირი გადასახადების წინააღმდეგ მელაპარაკა, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს აქ ერთი მთლიანი ფრონტი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული, მაშინ მე იძულებული ვარ ვილაპარაკო არაპირდაპირ გადასახადებზედაც. ეს არის, როგორც ეს თავად მომხსენებელმა დაახასიათა - ბრმა გადასახადი. ეს გადასახადი არის ბრმა ყოველთვის. ამას შეიძლება მიმართონ მხოლოდ იქ, სადაც მთავრობასა და ხალხს შორის უფსკრული არის, სადაც პოლიტიკის საერთო მიმართულება არის: სიბნელეში იყოლიონ ფართო მასები. სოციალისტს არ შეუძლიან არაპირდაპირი გადასახადების დაცვა. ის არ არის მისაღები არც პოლიტიკურის, არც ეკონომიურის და არც მორალური თვალსაზრისით. ყველასთვის, ვინც იცნობს ფინანსიურ-ეკონომიურ მეცნიერებას, ცხადი გახდება, თუ რამდენად არა სასურველი არის ოდნავ მაინც მოწყობილ სახელმწიფოში ამ არაპირდაპირი გადასახადების გავრცელება და მათზე დამყარება. იგი არ არის პოლიტიკური თვალსაზრისით მისაღები: მას არამც თუ არ შეაქვს განვითარება ფართო მასაში და არ წრთვნის მოქალაქეს, არამედ ის აბრმავებს მას, აჩლუნგებს ინტერესს საზოგადოებრივი საქმეებისადმი. არ არის მისაღები არც მორალურად იმიტომ, რომ ვიცით, თუ რამდენი არა სასურველი კომბინაციები ხდება ამ ნიადაგზე. იგი აფერხებს წარმოებას. არც ამის უტყუარი ფაქტები იცის ფინანსიურმა მეცნიერებამ. მხოლოდ ის მთავრობა მიმართავს არა პირდაპირ გადასახადებს, რომელსაც არავითარი ძალა არა აქვს, რომელიც ეყრდნობა ხიშტებს, რომელმაც დაკარგა ფასი ფართო მასაში, დაკარგა ხალხის ნდობა. ასეთი მთავრობა დაიცავს ამ გადასახადებს არა ლოღიკის ძალით, რა თქმა უნდა, ამაზედ შიშველი, უხეში ძალით (ხმაურობა). აქ არის ლაპარაკი აგრეთვე პირდაპირ გადასახადებზე (თევზაია: ეს შეიძლება?) მოგახსენებთ, რა შეიძლება და რა არა. თუ ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირი გადასახადები ცხოვრებაში გატარდეს ისე, როგორც სასურველი არის, ამისთვის საჭიროა მთელი რიგი შესაფერ პირობებისა როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაშიც. აქ საჭიროა უპირველეს ყოვლის სისტემა ამ გადასახადებისა. გვაქვს თუ არა ეს სისტემა? არავითარი სისტემა ჩვენ არა გვაქვს და ეს თვით გიორგაძემ მოგახსენათ. მან აქ სთქვა: ჯერ-ჯერობით ის გადასახადიც ვერ გაგვიტარებია ცხოვრებაში, რომელიც შემოსავლის კვალობაზე გავაწერეთო. ეს პროგრესიული გადასახადი არის დემოკრატიული მინიმუმი ამ საკითხში! გარდა ამისა, საჭირო არის ამკრეფი აპარატი, მიზანშეწონილი, სერიოზული აპარატი. ასეთი აპარატი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ არა ერთხელ მოგვისმენია უწყების წარმომადგენლის აზრი იმის შესახებ, რომ თუმცა ჩვენ არა გვაქვს ეს საქმე რიგიანად დაყენებული, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთო და სხვ. ჩვენი გადასახადის ინსპექტორები სრულიად არ სდგანან თავიანთ დანიშნულების სიმაღლეზე. ესენი მეტად ზერელედ უყურებენ საქმეს, ისინი დაბრძანდებიან თავიანთ სავარძელზე და ფიქრობენ, რომ მოქალაქე იმდენად შეგნებული არის, რომ თითონ შემოიტანს გადასახადსო. გარდა ამისა, პირდაპირი გადასახადი რომ ცხოვრებაში გავატაროთ, საჭიროა შეგნება მოვალეობისა სახელმწიფოს წინაშე. არის თუ არა ეს შეგნება მოვალეობის სახელმწიფოს წინაშე, შეგნება, რომ საერთო საქმისათვის ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს? მოგახსენეთ, რომ ეს შეგნება არ არის ფართო მასაში (ხმა: რა შუაშია ეს?) ეს იმ შუაში არის, რომ გაიგოთ, რომ ამ პირდაპირი გადასახადებით მთავრობა შორს ვერ წავა. ბოლოს და ბოლოს, ეს არ არის ის მთავარი საშვალება, რომლითაც შეიძლებოდეს შევებრძოლოთ ჩვენს ფინანსიურ კრიზისს. თქვენ კი მეტი არაფერი გაქვთ. მე მოგახსენებთ, რომ ეს შეგნება მოვალეობისა არ არის არამც თუ საშუალო მოქალაქეში; ჩვენ ყველანი პარტიის წევრები ვართ და ვიცით, როგორ იხდიან პარტიული წევრები პარტიულ გადასახადს. თქვენს ყრილობაზედაც იყო განცხადება და მსჯელობა იმაზე, რომ თქვენს პარტიულ წევრებს არ შემოაქვთ თქვენს კასაში საწევრო გადასახადი. და როგორ გინდათ, რომ საშვალო მოქალაქე გაიმსჭვალოს ისეთი სიყვარულით და ნდობით სახელმწიფოსადმი, რომ მან გაიღოს საჭირო თანხა.

ავიღოთ საშუალო გადამხდელი გლეხი, მუშა. ის დიდი ნდობით და სიყვარულით არ უყურებს სახელმწიფოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველ სახელმწიფოს ჟანდარმები და სტრაჟნიკები განაგებდენ. ესენი მხოლოდ ბატონებათ ევლინებოდენ მშრომელ ხალხს, ხოლო ახალ სახელმწიფოს მათთვის ჯერ არაფერი მიუცია სახეირო. აქედან შეიქმნა სახელმწიფოსადმი უნდობლობის ფსიქოლოგია. ვიდრე არ შეცვლილა მდგომარეობა, ეს ფსიქოლოგიური ნიადაგი, ძნელი არის, რომ ამ გადასახადების სისტემა თქვენ ცხოვრებაში გაატაროთ. ამ ფსიქოლოგიის შეცვლას უნდა ათეული წლები. ერთ შემთხვევაში შეიძლება, რომ გლეხმა ეს გადასახადი გადაიხადოს, სახელდობრ, თუ ის სამართლიან საფუძვლად შემოსავლის კვალობაზედ იქნება აღებული; თუ ჩვენი მუშა და გლეხი დარწმუნებული იქნება, რომ ყოველი კაპეიკი, რომელსაც ის იღებს, მოხმარდება მის საერთო საქმეს. თუ ის ამაში დარწმუნებული იქნება, ის არ დაიშურებს, ის მაშინ გაიღებს ფულს. მაგრამ ვიდრე ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნებიან ბბ. რამიშვილები, ხომერიკები, ავალიანები და ძმანი მათნი, მანამ მას ეს რწმენა არ ექნება. თქვენ დაგრჩათ მეორე გზა: თქვენ შეგიძლიანთ ეს გადასახადი გადაიტანოთ შეძლებულ კლასზე, დაბეგროთ ბურჟუაზია, ეს იქნებოდა სავსებით მისაღები სოციალისტებისათვის, მაგრამ ამას თქვენ როგორ იზამთ?! თუნდაც რომ ამ ზომას თქვენ მიმართოთ, თუ საერთო სისტემა არ შეიცვალა, ბურჟუაზია ამ გადასახადებს გადაიტანს მომხმარებელზედ. და ბოლოს და ბოლოს, პასუხს აგებს ისევ მომხმარებელი, ისევ მუშა, ისევ გლეხი!.. თქვენ შეგიძლიანთ მიმართოთ იძულებით ზომებს, მაგრამ თუ რეპრესიულ ზომებს მიმართავთ ბურჟუაზიის წინააღმდეგ, მაშინ თქვენ გააჩაღებთ სამოქალაქო ომს, რომლისაც თქვენ გეშინიათ, ხოლო თუ იძულებით ძალას მიმართავთ გლეხების, მშრომელი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ყოველ სოფელში აჯანყებას მიიღებთ! (ჯუღელი: რას დემაგოგობთ?!). დიახ, ეს ასე იქნება! თუ რომელიმე საზოგადოებას არ უნდა გადასახადების გაღება, თქვენ გაგზავნით იქ დამსჯელ რაზმებს და აამოძრავებთ მთელს თქვენს იძულებით აპარატს, თქვენ ამით შექმნით ახალ ფორმებს. ასეც რომ იყოს, მე არ ვიცი, რამდენად მისაღებია დემოკრატიული მთავრობისათვის, რომ თქვენ გლეხებს მოსთხოვოთ ფული და თუ უარს იტყვიან ისინი, გაუგზავნოთ დამსჯელი რაზმები და გადასწვათ სოფლები, ხოლო შემდეგ მიადგეთ და უთხრათ მათ: ხმა მომეციო, გაატარებთ ამას ცხოვრებაში? (ხმა: რა შუაშია ეს?). თუ უნარი გაქვთ გაგებისა, მაშინ გაიგებთ, რა შუაშია... (ს. ჯაფარიძე: ეს არის აგიტაცია ბოლშევიკური, და დღევანდელ პირობებში ეს არის მათი აგენტობა!). მე ბიუჯეტის განხილვის დროს ანგარიშს ვუწევ ობიექტიურ პირობებს, თქვენ კი ყველგან ბოლშევიკები გელანდებათ! ამ ექსპედიციებზედ და რაზმებზედ უფრო მეტი ფული დაგჭირდებათ, ვიდრე ეს ყველა გადასახადები მოგცემენ.

ამნაირად, იქნება მოჯადოვებული წრე, რომლიდანაც არის ერთად ერთი გამოსავალი, - ეს არის თქვენი ისევ გასოციალისტება (სიცილი).

თავმჯდომარე: უკაცრავად, სამი საათი გახლავთ. როგორა გნებავთ, გავაგრძელოთ მსჯელობა თუ არა (გაათავოს, გაათავოს!). მაშ მივცეთ საშვალება, რომ გაათავოს? (გთხოვთ განაგრძოთ!).

შენგელაია: თქვენი გასოციალისტება შეუძლებელია. თქვენ ხელში გიჭირავთ მომავლის დროშა, ხოლო დაბრძანებულხართ წარსულის სკამზე და ვიდრე ეს გრძელდება, მენშევიკური ნაზარეთიდან ხეირი არ იქნება! პროექტში არ არის აღნიშნული ერთი მთავარი წყარო - ეს არის ბეჭვდვითი მანქანა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მძლავრად აამოქმედა, რომ ყალბი ბონების გამოცემაც კი დაგჭირდათ. ბ. ავალიანმა და მასთან მთავრობამ ამაზე კისერი მოიტეხეს. უნდა ვიფიქროთ, აწი მაინც უფრო ფრთხილად იქნებით! ეს წყარო მოგეხსენებათ, ყველაზე უვარგისი არის. თქვენ იცით, რომ ქაღალდის ფული მეტად ხელს უწყობს ბიუჯეტის მერყეობას იმიტომ, რომ ის სწრაფად ეცემა და წონასწორობის დაცვა ბიუჯეტში შეუძლებელია. მე მგონია, რომ სოციალისტების ფინანსიური პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ფინანსები სრულებით საჭირო არ იქნეს! ჩვენი ცხოვრება უნდა მოეწყოს ახალ სოციალისტურ საფუძველზედ (ასათიანი: როდის იქნება ეს ბედნიერება?). ამ ახალ გზაზედ რომ შევდგეთ, უნდა ერთიანად შევსცვალოთ ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა. რაში მდგომარეობს ეს პოლიტიკა? მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა დღემდის ასე იყო: პირველ ხანებში მთავრობა ემყარებოდა მხოლოდ კერძო ინიციატივას. ეკონომიურ ცხოვრებაში საზოგადო ორგანიზაციების ჩარევა მას სასაცილოდ მიაჩნდა, შემდეგ მთავრობა აიძულა სპეკულიაციამ, რომ მას მონაწილეობა მიეღო ეკონომიური ცხოვრების გაწესრიგებაში. დაიწყო ხანა ხელშეკრულებებისა და ნებართვებისა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა სახეირო: მან გააძლიერა აჟიოტაჟი, გააძლიერა სპეკულიაცია. თქვენ შემოიღეთ სხვა და სხვა საქონელზე მონოპოლია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ისე უხეიროდ გაატარეთ ეს მონოპოლია, რომ არამც თუ ის არ გვაძლევს არავითარ მოგებას, პირიქით, საზიანო შეიქნა ჩვენი ხაზინისათვის, ჩვენი რესპუბლიკისათვის. გაზეთი „ბორბა“, ოფიციოზი სოციალ-დემოკრატიული პარტიისა, მონოპოლიის შესახებ სწერდა: «Наша политика Государственныхъ монополій на вывозъ въ томъ видѣ, какъ она въ настоящее время проводится, никуда не годится и приноситъ государству больше вреда, чѣмъ пользу».

აი, ბატონებო, ეს არის თქვენი მოწმობა, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ იმის მაგივრად, რომ გაგეუმჯობესებინათ ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, ამის მაგივრად მოუტანეთ მას ზიანი. ეს არის დანაშაული, ბოროტ-მოქმედება სახელმწიფოს წინაშე! როგორც მოგეხსენებათ, ერთად-ერთი ეკონომიური პოლიტიკა, რომელსაც ობიექტური პირობები გვიკარნახებენ, ის არის, რომ ჩვენ შევაყენოთ ჩვენი მეურნეობა და ჩვენი ეკონომიური ცხოვრება სოციალისტურ რელსებზედ.

დღევანდელ პირობებში ან უნდა ვიყოთ ჩვენ ნამდვილი სოციალისტები, ან ნაციონალისტები, შუა გზა არ არის, ბატონებო. ჩვენ ვამბობთ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც არის ისეთი ძალთა განწყობილება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ე.ი. რომლის სათავეში დგანან სოციალისტები - ერთი რამ აუცილებლად შეიძლება.

ჩვენ ვამბობთ, თვით სოციალიზმში არის თავისებური მინიმუმი და თავისებური მაქსიმუმი. მე არ მოგახსენებთ დემოკრატიულ მინიმუმზე და მაქსიმუმზე, მოგახსენებთ სოციალისტურ მინიმუმსა და სოციალისტურ მაქსიმუმზე: რომ ყოველმა მოქალაქემ ისარგებლოს მთელი იმ სიკეთით, რომელიც შეუმუშავებია კაცობრიობას, თანამედროვე ცივილიზაციას; რომ ყოველი მოქალაქე დღევანდელს პირობებში იყოს უაღრესად განვითარებული და ამაღლებული გონებრივად, ზნეობრივად და ფიზიკურად; რომ მას ყველაფერი ჰქონდეს და არაფერი აკლდეს - ეს არის მაქსიმუმი. მატერიალური კულტურის დღევანდელ დონეზე ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გეუბნებით: იმ ქვეყანაში, სადაც სოციალისტები არიან, ყოველთვის შესაძლებელია სოციალისტური მინიმუმი; შეიძლება ისე მოეწყოს ცხოვრება, რომ ადამიანი შიმშილით არ კვდებოდეს და მეორეს მხრივ, არ იყოს მუქთახორობა. ამისათვის საჭიროა ბურჟუაზიული საზოგადოების ერთიანად გარდაქმნა. ვინც ჯანმრთელია, ყველამ უნდა იმუშაოს, შექმნას რეალური ღირებულება. უნდა იქნეს შემოღებული შრომის საყოველთაო ბეგარა და სხვა. საჭიროა სახელმწიფოს აქტიურად ჩარევა ეკონომიურ ცხოვრებაში, ჩარევა არა მორცხვად, სანახევროდ, არამედ გაბედულად, მთელის არსებით. ეს ერთად ერთი გზაა, სხვა გზა არა გვაქვს.

იმაზე ლაპარაკი, რომ ბურჟუაზია განავითარებს საწარმოვო ძალებს, ზედმეტია. ევროპის ბურჟუაზია უკვე გამოიფიტა, მან დაჰკარგა შემოქმედების უნარი, თუ ოდესმე ჰქონდა იგი. რაც შეეხება ჩვენს ბურჟუაზიას, - ის გლახა მთვარეზეა დაბადებული. მას ჯერ კიდევ არ გაუვლია ის ხანა, რომელსაც მარქსი ეძახდა: «эпоха первоначальнаго накопленიя!» როდის იქნება, რომ იგი პოლიტიკურად ისე გაღონიერდება, ეკონომიურად ისე გამდიდრდება, რომ ჩაუდგება სათავეში ჩვენს ქვეყანას? ეს საშინელი უტოპიაა!

ბატონებო! ჩვენი შემოსავალ-გასავლის ჯამი თითქმის თანასწორია, ე.ი. ორი მილიარდი შემოსავალი გვაქვს და ორ მილიარდამდე გასავალი. მე ვაცხადებ, რომ იმ ფულების რაოდენობა, რომელიც ხაზინიდან არის დახარჯული, ფაქტიურად გაცილებით მეტია ამ ორ მილიარდზე, მაგრამ თქვენ მალავთ ციფრებს (თევზაია: მაგალითი?). აი, მაგალითად, სამხედრო უწყების ხარჯთ-აღრიცხვაში არის აღნიშნული სულ მცირე თანხა შედარებით იმასთან, რაც წაიღო თავდაცვის საბჭომ (ხმაურობა დარბაზში). მომარაგების სამინისტრომ რამდენი წაიღო? რაც შეეხება შემოსავალს (ხმაურობა), ერთი ნაწილი განგებ არის გაზვიადებული, მეორე კი შემოკლებულია. ამ შემთხვევაში დემოკრატიული მთავრობაც იმ გზას ადგია, რომელსაც ძველი ბურჟუაზიული მთავრობა ადგა (ხმაურობა, ზარი). მთავრობას ხარჯთ-აღრიცხვის იმ ნაწილში, სადაც დიდ შემოსავალს ელოდა, ნაკლები თანხა აქვს ნაჩვენები. ზოგან პოლიტიკური და სხვა მოსაზრებით გაზვიადებული თანხებია ნაჩვენები. ასეთია 800 მილიონი სახელმწიფო მამულებიდან. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ოფიციალური საბუთი, რომ თქვენ ამცირებთ შემოსავალს იმ დარგებიდან, სადაც მეტი შემოდის. როცა ჩვენ ვარჩევდით მიწად-მოქმედების სამინისტროს შტატებს, მე ვამტკიცებდი, რომ ჩვენი ეროვნული მამულები იძლევიან ცოტა შემოსავალს-მეთქი. მაშინ აქ ბატონი ხომერიკი გამობრძანდა და ორ სხდომაზე იმას ამტკიცებდა, რომ ნავარაუდევი იყო ამდენი და შემოსავალი კი 2-3-ჯერ მეტი მივიღეთო. ორ მილიარდზე მეტია დახარჯული, მაგრამ ასეც რომ იყოს, მაინცდამაინც ეს საშინელი თანხა არის ჩვენი პატარა სახელმწიფოსათვის. თქვენ შეიძლება სთქვათ: რა არის ორი მილიარდი, როცა ბონების კურსი ასე დაეცაო. მაგრამ ეს საბუთი არ არის იმიტომ, რომ თუ ბონების კურსი დაეცა, რა ზომები მიიღეთ თქვენ, რომ ეს ასე არ მომხდარიყო?! და თუ ეს ზომები არ მიიღეთ, ეს არის დანაშაული, ბოროტმოქმედება და ამ ბოროტმოქმედებით მეორე ბოროტმოქმედების გამართლება ყოვლად შეუძლებელია.

ჩვენ კარგად გვესმის, თუ რად იხარჯება ამდენი ფულები. ჩვენში არავითარი კონტროლი ფაქტიურად არ არსებობს, კონტროლი არის მხოლოდ ქაღალდზე, რადგანაც ის კონტროლიორი, რომელიც შეუდგება რევიზიას, აღმოაჩენს ბოროტმოქმედებას, მარა როცა ეტყვიან „ციც“-ო, გაჩუმდება, - ის კონტროლიორი არ არის!..

თუ კონტროლიორი მიმართავდა მინისტრს, მას არავითარ ანგარიშს არ აძლევდენ. ასე მოხდა ხომერიკის უწყებაში. მას მოსთხოვეს, თუ რა პირობებში იყო გაცემული ბორჯომის და კოჯორის მამულები, მაგრამ მინისტრმა არავითარი პასუხი არ მისცა (ხომერიკი: სტყუით!). რას ბრძანებთ? მე აქ ხელთა მაქვს კონტროლის მოხსენება, სადაც ეს პირდაპირ სწერია! თქვენ თვითონ სტყუით! კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენში ბევრი იხარჯება, ის არის, რომ ჩვენში ყოველი სოციალისტ-დემოკრატი, თუ მას ცოტა სტაჟი მაინც აქვს და გავლენიანი პირია, ღებულობს ჯამაგირებს არა ერთს, არამედ 5-6 ადგილზედ (თევზაია: დაასახელე! ხმა: ეგ უკადრისი საქციელია!). დავასახელო? დიდი სიამოვნებით, ამ წუთში (გელეიშვილი: დაასახელეთ!). ბატონებო! მე მეუბნებიან, დაასახელეთო. მეც ვასახელებ: აი დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, ვინმე პაშალიდი, თუმცა ჯერ-ჯერობით აქ არც კი ყოფილა, მაგრამ იღებს 7.600 მან., როგორც დამფუძნებელი კრების წევრი; როგორც აფხაზეთის საბჭოს წევრი - 10.000 მან., მსახურობს საავადმყოფოში და იღებს იქაც 6.000 მან., სულ 23.000 მანეთს იღებს (დამფუძნებელი კრების წევრი არ იქნება!). დიახ, გახლავთ, მაგრამ თქვენ არც კი იცნობთ. აგრეთვე შერვაშიძე იღებს, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი - 7.600 მან.; როგორც თავმჯდომარე აფხაზეთის საბჭოსი - 12.000 მან., სამხედრო ლაზარეთში სამსახურისათვის - 6.000 მან. (ხმა: ერგება თუ მიიღო?). ღებულობს, ბატონო, ღებულობს. სულ ღებულობს 26.000 მანეთს (ღლონტი: ეს კი უკანონობაა!). გურჯუა ვასილი, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი - 7.000 მან.; როგორც აფხაზეთის საბჭოს წევრი - 10.000 მან.; როგორც მონოპოლიის გამტარებელი რწმუნებული - 15.000 მან. სულ გამოდის 32.000 მან. ისიდორე რამიშვილი (ხმაურობა) 7.600 მან., როგორც დამფუძნებელი კრების წევრი; როგორც სოხუმის საბჭოს წევრი - 10.000 მანეთს (თევზაია: ისიდორე, კაცო, ისიდორე?). დიახ, ბატონო, თქვენი ისიდორეც! (ხმა: ტყუილია!). მე ძლიერ გამიხარდებოდა, რომ ეს მართალი არ იყოს. მე პატივსა ვსცემ მას, როგორც ძველ მოღვაწეს და ვწუხვარ, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა (კედია: სხვები?). მაშასადამე, ეს არის ერთი მიზეზი, რომ ჩვენ აუარებელი ფული გვეხარჯება. არის მეორე მიზეზიც: ეს არის სისტემატიური ცარცვა-გლეჯა, რომელიც გამეფებულია ყველა დაწესებულებებში. ამან ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ჩვენ სერიოზულად დავსვით საკითხი, თუ რით აიხსნება. მე ვფიქრობ, სოციალ-დემოკრატიას არ სწამს თვისი მდგომარეობის სიმტკიცე. მმართველ პარტიად გადაქცევა მისთვის მოულოდნელი იყო და აქედან წარმოიშვა ლოზუნგი: «Лови моментъ». ეს არის უმთავრესი მიზეზი ამ ზღაპრული ცარცვა-გლეჯისა! მე ვეყრდნობოდი ოფიციალურ დოკუმენტებს, ხელთა მაქვს სახელმწიფო კონტროლის მოხსენება და აქედგან მოგახსენებთ ზოგიერთ ადგილებს. კონტროლმა რევიზია გაუკეთა სამხედრო სამინისტროს და აი, როგორ შენიშვნებს უკეთებს მას. ეს აქვს საფინანსო კომისიას და ყველას, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს და გაეცნოს, რა სწერია იქ. სამხედრო მინისტრის ხარჯების შესახებ კანტროლი ამბობს (კითხულობს). „ხარჯთ-აღრიცხვაში შეტანილია ისეთი კრედიტები, რომელსაც მოითხოვენ სრულებით გაუთვალისწინებელ საჭიროებათა ხარჯების დასაფარავად - მარტოოდენ შიშველ ციფრებით რაიმე განმარტების ანუ გამოანგარიშების დაურთველადო“. შემდეგ კონტროლიორი განაგრძობს: „ხარჯთ-აღრიცხვაში შეტანილია ისეთ დაწესებულებათა ხარჯები, რომელნიც ამ მომქმედ კანონებით ან სრულებით გაუქმებულია, ან და გამოყოფილია სამხედრო უწყებიდანო“.

ე.ი. მთელი დაწესებულება არ არსებობს, გაუქმებულია, ან არ ეკუთვნის სამხედრო სამინისტროს, მაგრამ ბ. რამიშვილს მაინც გაქონდა უწყებისათვის ფულები! ამის შემდეგ კიდევ ყოფნის გამბედაობა ბბ. რამიშვილებს, ჩვენ გვისაყვედურა რაღაც ჭორები მკვდარ სკოლებზე და საავადმყოფოზე. კონტროლიორის დასკვნით, დაუსაბუთებლად სალიკვიდაციოდ მოთხოვნილია: 1) 675.000 მან.; 2) სალიკვიდაციო ჯილდო 22.200 მან.; 3) თოფხანის ხარჯები მოთხოვნილია 3. 960.000 მან., ე.ი. 2.475.000 მან. ზედმეტი! შტატების 2 მუხლი (პუნქტი 9) გატანილია სრულიად უსაფუძვლოდ 14.575.000 მანეთი. კონტროლიორი ამ ციფრების შემდეგ სწერს:

„მთელი მათი დასაბუთება გამოხატულია მხოლოდ ასეთი მოკლე და ბუნდოვანი განმარტებით: ამის და ამის შესაძენად ამდენი და ამდენი მანეთი“. ასე ახასიათებს თქვენს საბუთებს თვით ბ. კონტროლიორი! (ცინცაბაძე: აკი კონტროლიორი არ არისო?). თქვენდა საუბედუროდ მასაც წამოსცდება ხანდიხან სიმართლე! აი კიდევ რას ამბობს კონტროლიორი გვარდიის ხარჯების შესახებ. სამწუხაროდ აქ არ არის ბ. ჯუღელი. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო. ბ. კონტროლიორი სწერს:

„თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჯამაგირები, კმაყოფა და საერთოდ ყველა ხარჯები არის გამოანგარიშებული ბაზრის უკანასკნელი ფასების მიხედვით და იმ გარემოებას, რომ საბიუჯეტო წლის დაწყებისას ფასები გაცილებით ნაკლები იყო, რეალური მოთხოვნილების საერთო ჯამი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ხარჯთ-აღრიცხვაში არის ნაჩვენებიო“. ასეთია კონტროლიორის აზრი. ე.ი. ხარჯების გასწორება წარმოებდა არა წინანდელი ფასების, არამედ დღევანდელი ფასების მიხედვით. ექვსი თვის წინედ თქვენ იყიდეთ საქონელი, ხოლო ადგენთ არა მაშინდელ ფასებს, არამედ ადგენთ დღევანდელ ფასებს, ე. ი. ზედმეტს. ეს არის აშკარა ქურდობა, თაღლითობა!.. (ხმაურობა).

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, თქვენი დრო გავიდა.

შენგელაია: სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი ნახევარი იმის თქმა, რაც უნდა მეთქვა. მე ვსთხოვ დამფუძნებელ კრებას, რომ მომცეს საშვალება სიტყვა დავათაო.

თავმჯდომარე: უკაცრავად, წინადადება არის, რომ მივცეთ ორატორს საშუალება შემდეგ სხდომაზე დაასრულოს თავისი სიტყვა. წინააღმდეგი ხომ არავინ ბრძანდება? არავინ. მიღებული გახლავთ. ცოტა ხანს მოითმინეთ, ბატონებო, რომ მოისმინოთ საბოლოო ტექსტი დღეს მიღებულ დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის ივანე გომართელს.

ივანე გომართელი (კითხულობს და სხდომა უცვლელად იღებს საბოლოო ტექსტებს).

თავმჯდომარე: მოისმინეთ შემდეგი სხდომის დღის წესრიგი.

ჯაფარიძე: (კითხულობს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ. ამ რიგად, ხვალინდელი წესრიგი დამტკიცებული გახლავთ და ალბად ხვალ გადავწყვეტთ საკითხს, თუ როდის დავნიშნავთ მომავალ სხდომას ბიუჯეტის შესახებ. როდის გნებავთ? მე მესმის, რომ ხვალ დავნიშნოთო. წინააღმდეგი არავინ არის. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა 31/2 საათზე იხურება.

____________

* თევზაიას წინ მოლაპარაკე ბ-ნი ქარუმიძის სიტყვა რედაქციას არ მიუღია ორატორისაგან.

7 ოცდამეთექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(36)

1920 წელი. ივლისის 23. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელი ექსპედიციის ძირითადი შტატის დამატებისა, დროებითი შტატის შემოღებისა და მუშამოსამსახურეთათვის ზედმეტი გასამრჯელოს მისაცემად სათანადო თანხის გადადებისა.

3. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

4. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის ხელშეკრულების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 45 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მოისმინეთ დღიურ წესრიგი

(მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი კანონისა - ახალციხის მაზრის სოფ. აწყურისა და ადიგენის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა - საკლავ საქონელზე გადასახადის გადიდების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტელეგრაფ-ტელეფონის ქსელის გასავრცელებლად 35.600.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 44.550 მან. ღირებული მასალის მიცემის შესახებ.

4. განგრძობა მსჯელობისა - შრომის ხელშეკრულობის კანონ-პროექტის შესახებ.

5. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციის ძირითადი შტატის დამატებისა, დროებითი შტატის შემოღებისა და მუშამოსამსახურეთათვის ზედმეტი გასამრჯელოს მისაცემად სათანადო თანხის გადადებისა.

6. დეკრეტი - ტფილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმებისა.

7. განგრძობა მსჯელობისა - სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მიერ მთავრობისადმი ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების გამო შეკითხვის შესახებ.

:

8. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა და მწარმოებელთა მუშამოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

9. დეკრეტი - დაბა ყაზბეგში გენერალ გიორგი ყაზბეგისაგან მამულისა, შენობებისა და ინვენტარის შესაძენად 1 მილ. მანეთის გადადებისა.

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ მე-5 საკითხი განხილულ იქნეს მე4-ის ადგილზე, ხოლო მე-4 - მე-5-ის. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. დღიური წესრიგი დამტკიცებულია, საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ შარაშიძის ასული.

(შარაშიძის ასული კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2 და 3 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება ამტკიცებს).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბატონ ონიაშვილს ეკუთვნის.

1. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელი ექსპედიციის ძირითადი შტატის დამატებისა, დროებითი შტატის შემოღებისა და მუშა-მოსამსახურეთთვის ზედმეტი გასამრჯელოს მისაცემად სათანადო თანხის გადადებისა.

. ონიაშვილი (მომხს.): ბატონებო! მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელი ექსპედიცია განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება. ის შრომა, რომელიც სწარმოებს ამ დაწესებულებაში, განსხვავდება სხვა დაწესებულებათა შრომისაგან. ამ ბოლო დროს ექსპედიციაში მუშაობა ისე გართულდა, რომ საჭიროა ეს მივიღოთ მხედველობაში, ანგარიში გაუწიოთ ამ გარემოებას და ღირსეულად დავაფასოთ მათი შრომა.

თუმცა თავის დროზე იყო შემოტანილი შტატები და მიღებული, მაგრამ ახლა ისეთი პირობები შეიქნა, რომ საჭიროა ამ შტატების გადათვალიერება და კორექტივების შეტანა.

ძირითადი შტატები უნდა გადიდდეს და მოემატოს 12 კაცი - ეს იქნება მუდმივი. შემდეგ ამას გარდა საჭიროა ექსპედიციის ნაყოფიერი მუშაობისათვის შეიქნეს დროებითი შტატი 34 კაცისაგან. ეს იქნება დროებითი იმიტომ, რომ ეს 34 კაცი მოწვეულია სამი მაისიდან და მათი მუშაობა გაგრძელდება 3 აგვისტომდე: 3 თვის განმავლობაში არიან ისინი მოწვეული და შემდეგ კი მოხდება მათი ლიკვიდაცია.

სახელმწიფო ქაღალდის დამმზადებელი ექსპედიცია განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. საჭიროა მუშების დაჯილდოვება და ამისათვის ფინანსთა უწყება ერთდროულ თანხას მოითხოვს.

არის მეორე ცვლილება: მოწვეული არიან მუშები, რომელნიც რიგს გარეშე მუშაობენ. ამისთვის კი საჭიროა გაღებულ იქნეს თანხა. თუ ვიანგარიშებთ ამ ციფრებს, მივიღებთ ერთიან თანხას, რომელიც არ არის დეკრეტში შეტანილი. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს, დადებითად გადასწყვიტა იგი; არის აგრეთვე სახ. კონტროლის დადებითი დასკვნა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვის? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე (დეკრეტი მიღებულია). საბოლოო ტექსტი დღესვე მოგხსენდებათ. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. თევზაიას ეკუთვნის.

2. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

. თევზაია (მომხს.): ივნისის 5 დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი მუშა-მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. საფინანსო კომისიის სახელით ვშუამდგომლობ დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ იმავე ხასიათის დეკრეტი იქნეს მიღებული თქვენ მიერ. მდგომარეობა იმის შემდეგ არ შეცვლილა და როგორც მოგეხსენებათ, ეს არის გარდამავალი ხანა სურსათის მხრივ. ახალი სურსათი ჯერ არ შემოსულა, ფასები კი ყველაფერს მოემატა. იანვრის 60 პროც. მომატების შემდეგ მუშებს არაფერი არ მომატებია. უნდა ითქვას დამფ. კრების წინაშე, რომ მუშების მდგომარეობა აუტანელია. თუ შევადარებთ მშრომელთა სხვა კატეგორიებს, მათ მდგომარეობას და არ მივიღებთ მხედველობაში დამშეულ სოფლებს, უნდა ითქვას, რომ ისინი მართლაც უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ ჩვენი მუშა-მოსამსახურენი შეგნებულად იტანენ ამ მდგომარეობას და მსხვერპლად ეწირებიან დემოკრატიულ წყობილებას. ეს გვავალებს ჩვენ ასე თუ ისე მათი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ახალი მოსავლის შემდეგ გვექნება საშუალება დავსვათ მათი საკითხი მათი მდგომარეობის შესახებ და შეუფარდოთ მათი ჯამაგირები მათ მდგომარეობას. როგორც ამბობენ მცოდნე პირები, მოსავალს კარგი პირი უჩანს და საქართველო ამ მხრივ იქნება უზრუნველყოფილი და ბაზარზედაც შეღავათიანი პირობები იქნებაო.

მაშასადამე, ახლაც იმავე მოსაზრებით, რომელიც მოყვანილი იყო წინა დეკრეტის განხილვის დროს, საფინანსო კომისია გთხოვთ, ეს დეკრეტი მიიღოთ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის? წინააღმდეგი არავინაა და გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე (მუხლობრივი განხილვით დეკრეტი მიღებულ იქნა). საბოლოო ტექსტი დღესვე მოგხსენდებათ.

შემდეგი საკითხის შესახებ ისევ თქვენ გეკუთვნით სიტყვა, ბატონო ვიქტორ!

3. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა შრომის ხელშეკრულების შესახებ.

. თევზაია (ს.-დ.): ბატონებო! კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვის დროს დამფუძნებელი კრების ზოგიერთ წევრებმა წარმოსთქვეს სიტყვები, რომელნიც ეხებოდა კანონ-პროექტს კი არა, არამედ ეხებოდა უფრო დიდ და პრინციპიალურ საკითხს. საერთოდ ჩვენ გვეგონა, რომ როდესაც არის საერთო მსჯელობა, ის ეხება დედა-აზრს კანონ-პროექტისას და იკვლევს მის ტენდენციებს. ხოლო რაც შეეხება მთელ სოციალისტურ პოლიტიკის ვითარებას, მის ტენდენციებს, მის მომავალს, ეს არის ისეთი საერთო მსჯელობის საკითხი, რომელიც არ უნდა ეხებოდეს კანონ-პროექტს.

თუ დამფუძნებელი კრების წევრი, ბატონი ლეო შენგელაია დარჩა ამ საერთო განხილვის ფარგლებში, სამაგიეროდ მეორე წევრი დამფ. კრებისა ბ. თედო სრულიად გასცილდა ამ ფარგლებს და ის შეუდგა საერთო მსჯელობას. სხვათა შორის მოთხოვნილი იყო, რომ თედო ღლონტი ერთ მუხლს მაინც შეხებოდა კანონ-პროექტისას. ის გაგულისდა და გვიპასუხა, თქვენ მწყრალად ხართ მუშათა კანონმდებლობაზე; ისე გამოდის, თითქოს ჩვენ არ ვიცნობთ ამ საკითხს. მე უნდა ვსთქვა, რომ ყოვლად შეუძლებელია კაცმა ყველა საკითხი იცოდეს ყოველ დარგში. მე რომ ვსთქვა, რომ ეს საკითხი ვიცი მთელი მასშტაბით, ეს შეცდომაში შეყვანა იქნება დამფუძნებელი კრების. მაგრამ თედოც შეცდა, როდესაც სთქვა, რომ მე არ ვიცნობ მის ნაწერებს. მე ძალიან გულდასმით ვკითხულობ წიგნებს და შეიძლება მე ერთი ვიყო დამფუძნებელი კრების წევრი, რომელიც თედოს ნაწერებს ვკითხულობდე, მაგრამ ყველაფრის ცოდნა ყოვლად შეუძლებელია. კოოპერატიული საკითხი, მუშათა კანონ-მდებლობის საკითხი, პროფესიონალური კითხვა, ფინანსიური კითხვა, ეკონომიური პოლიტიკა - ეს შეუძლებელია, და როცა შენიშვნა მომცა, მე ეს შენიშვნა მივიღე. ეს მისი ნებაა, თუ ჰგონია, რომ ყოველ საკითხზე კაცმა უნდა ილაპარაკოს ავტორიტეტულად. მე შევეხები თედო ღლონტის სიტყვას, მის ზოგიერთ დებულებებს. ერთი დებულება იყო, რომ ის კანონ-პროექტი, რომელიც წარმოდგენილია კომისიის მიერ, მეტისმეტად ჩამორჩენილია შედარებით იმ კანონთან, რომელიც არსებობს სხვა სახელმწიფოებში.

სამაგალითო მუშათა კანონმდებლობა შემოღებულია ახალ ზელანდიაში, მაგრამ იმასთან შედარებით ჩამორჩენილი არ არის ჩვენი კანონ-პროექტი. ის აუარებელი მასალები, რომელნიც წარმოადგინა ღლონტმა, არ შეეფერება სინამდვილეს. საფრანგეთში 10-15 წლის წინად ყველაფერი ეს უკეთესად იყო განხორციელებულიო. მაგრამ უნდა ვსთქვა, რომ მისი მეათედი საფრანგეთში ჯერ არ არის განხორციელებული... (ასათიანი: საფრანგეთი ჩამორჩენილია!). ჩამორჩენაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ფაქტებზე ვამბობთ. იმან სთქვა შემდეგი, რომ იქ მასწავლებლებს ჰქონდათ უდიდესი უფლება. როგორც გამოდის მისი სიტყვებიდან, იქ შრომის ბირჟაზე ქირაობდნენ მასწავლებლებს. ასეთი სიტყვის თქმა თქვენი მხრივ შეუწყნარებელია იმიტომ, რომ დეპუტატს თუ დაავიწყდა მისი ნაწერები, მე მახსოვს და მოვაგონებ. იქ სწერია, რომ მასწავლებელთა ნაწილი ენერგიას ხარჯავდა არა იმიტომ, რომ შრომის ბირჟებს აეყვანა ისინი, არამედ იმიტომ, რომ მათ ჰქონოდათ სრული უფლება თავისუფლად შეკავშირებისა.

აქ საკითხი სდგას არა იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ გარანტია კანონიერი, რომ მათ კორპორაციაში ადგილის მიღება ან დათხოვნა მოხდება მათი რჩევით, რა ხასიათისაც უნდა იყოს ეს მათი რჩევა, არამედ საკითხი სდგას იმის შესახებ, რომ მათი ორგანიზაცია იყოს ლეგალური ორგანიზაცია. და თქმა იმისა, რომ ეს უფლება უკვე მოპოვებული აქვთ, ეს არის შეცდომაში შეყვანა დამფუძნებელ კრების წევრებისა, რაც მიზანს ვერ აღწევს, თავის თავად ცხადია, რადგან დამფუძნებელი კრების წევრებმა იციან ეს. მაგრამ ეს შეცდომაში შეყვანა არის იმ მკითხველებისა, რომლებიც ამას წაიკითხავენ შემდეგ, დამფუძნებელი კრების გარეშე. ეს ასე არის. ბ. თედო ღლონტი აქ ბრძანდება და გაჩუმებული არის და გაჩუმებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ასე არის.

მაგრამ არც მისი მეორე დებულება არის მართალი და ის უნდა გაჩუმდეს, რადგან მან მოიყვანა ის, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მან ერთის მხრით აიღო ამ საკითხის სწორედ სუსტი მხარე. მან აიღო ერთის მხრით მასწავლებლები და მეორეს მხრით მეზღვაურები. საფრანგეთში იმავე მდგომარეობაში არიან მეზღვაურები. საფრანგეთში ამ მეზღვაურებს მთავრობის აზრით მათ, ვინც ემსახურება საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ საქმეს, თუნდაც ისინი კერძო ვაჭრების გემებზედაც იყვნენ, მთავრობის აზრით და საერთოდ ყველა ბურჟუაზიულ მთავრობების აზრით, ამ მეზღვაურებს არ უნდა ჰქონდეთ გაფიცვის უფლება. და ყველაზე დიდი გაფიცვები ამ უფლების მოსაპოვებლად ხდება სწორედ საფრანგეთში ამ ხალხის მიერ. თქვენ გახსოვთ, 5-6 თვეზე მეტი არ არის მას შემდეგ, რაც (რეპლიკები არ ისმის) დიახ, თედო ღლონტმა რაღაც გეოგრაფია არია. მან მოიყვანა ლიონი, მაგრამ ლიონში არამც თუ ზღვა, დიდი ტბაც არ არის, არც შეიძლება ეს იყოს და მაშასადამე, არც მეზღვაურები არიან. იქ არის საზღვაო ქალაქი, როგორც მარსელი, მაგრამ რაც შეეხება ლიონს, იქ არის გაფიცვები, მაგრამ არა მეზღვაურებისა და შეიძლება წამოსცდა მას, როდესაც იმან სთქვა, რომ იქ მეზღვაურები არიან გაფიცულნიო. ეს ისეთივე რამ არის, როგორც ქუთაისში მოხდეს მეზღვაურების გაფიცვა, რადგანაც რიონზედ მენავეები არიან და ისინი იფიცებიან აქ არა იმისთვის, რომ მოიპოვონ უფლება, რომ სიტყვა ეთქვათ მიღება-დათხოვნის დროს, არამედ იმისთვის, რომ ჰქონოდათ უფლება ლეგალური კავშირებისა, რომლებიც შეაერთებს ამ მეზღვაურებს. და სწორედ ამას ხელს უშლიდა საფრანგეთის მთავრობა, რომელიც ისე სვამს კითხვას: არის წარმოება და მას აქვს სახელმწიფოებრივი ხასიათი. და სადაც ეს არის, იქ თავისუფლება კავშირებისა არ უნდა იყოს (თ. ღლონტი: განათლების სამინისტრო აიღეთ!). თქვენ თუ გგონიათ, რომ საფრანგეთის განათლების სამინისტროს მოხელენი შეკავშირებულნი არიან და შედიან შრომის კონფედერაციაში ლეგალურად - მე თქვენ მოგახსენებთ უფლებებზე, კანონებზე - თუ თქვენ გგონიათ, რომ ისინი შედიან შრომის კონფედერაციაში, ეს არ შეეფერება სიმართლეს. რასაკვირველია, ამნაირი არგუმენტით ბრძოლა ამ კანონის წინააღმდეგ შესაძლებელი არის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს კანონი - რამდენადაც მე გაცნობილი ვარ მასთან, რამდენადაც მე ვიცი - უკეთესი არის, ვიდრე სხვა ქვეყნებში, უფრო კულტურულად მოწინავე ქვეყნებში.

ძირითადი დებულება, რომელიც წამოაყენა ღლონტმა, არის - ვისია ეს კანონი, ვისია კონსტიტუციაო. აქ უნდა შევეხო სოც.-ფედ. ფრაქციას. ამ სოც.-ფედ. ფრაქციის ორატორმა და მეორე ორატორმაც სთქვეს ამის საწინააღმდეგოდ შემდეგი: რომ ვისია ეს კონსტიტუცია, მუშისა თუ ბურჟუაზიისა. ასე დასვეს მათ საკითხი. როგორც იცით, ორატორი ფრაქციისა, პატივცემული თევდორე ღლონტი ოფიციალურად იცავს დღევანდელ არსებულ ჩვენ პოლიტიკურ წყობილებას (კედია: საბჭოთა რუსეთისას!). ასე გვგონია ჩვენ. და თქვენ ამბობთ: ვისია ეს კონსტიტუცია? ეს კონსტიტუცია არის ჩვენი ფრაქციისა, თქვენი ფრაქციისა და ამათი ფრაქციისა - მემარჯვენე ფრაქციისა. ეს არის დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც შეძლებას აძლევს ყველას, თავისი აზრი გამოსთქვას საფრანგეთის მეზღვაურებზედ, ლიონში ან სხვაგან. აქ წარმოსთქვა როგორც პირველმა ორატორმა, ისე მეორემ, რომელიც სრულებით წინააღმდეგ პოლიტიკურ ნიადაგზე სდგას, რომელიც წინააღმდეგ აზრს ემსახურება და რომელმაც მიიღო ის დებულება, რომ ეს მისაღები არის, - აი ამ დეპუტატს არა აქვს უფლება დასვას კითხვა ამ გეგმაზე, მის ცალმხრივობაზე. მას არა აქვს უფლება სთქვას რამე ამ კონსტიტუციაზე, რომელიც ყველას უფლებას აძლევს გამოსთქვას თავისი აზრი და მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს აშენებაში თავისი კლასის ინტერესების მიხედვით, ან და მიხედვით თავის პირად მსოფლ-მხედველობისა და იმავე დროს მოითხოვოს, რომ ეკონომიურ დარგში იყოს სხვა კონსტიტუცია. ეს შეუძლიან სთქვას ეკლექტიკს, რომელსაც ჰგონია მისაღები თავისი დემოკრატიული პროგრამმა და მიუღებელი ჰგონია ამავე დროს დაახლოვებით იმავე სახის კონსტიტუცია ეკონომიურ სფეროში. თავის თავად ცხადია, რომ აქ თედო ღლონტი აზიური სოციალისტი გამოდის, ე.ი. აზიურ პოლიტიკას ატარებს. თავის თავად ცხადია, რომ მას ვერ დაეთანხმება ვერც ერთი მოწინავე სოციალისტურ აზროვნების მატარებელი ევროპაში არა თუ მემარჯვენე - ამას თავი დავანებოთ, არ დაეთანხმება ის ხალხი, რომელიც დღის წესრიგში აყენებს ქვეყნის სოციალურ გარდაქმნას. ბ. თედო ღლონტმა აქ მოიყვანა გილფერდინგის, სხვა სოციალისტ თეორეტიკოსების წიგნები და ალბათ იცის, რომ არის ორი პროექტი სოციალისტურ გარდაქმნისა: ერთი ეკუთვნის სინდიკალისტს ჟუოს, რომელიც რასკვირველია, ანგარიშ გასაწევია განსაკუთრებით იმ ხალხისათვის, ვინც ვერ არჩევს სოციალიზმს სინდიკალიზმისაგან. მეორე აზრი ეკუთვნის ოტტო ბაუერს. და იმის კონსტიტუციაში არის ნათქვამი, რომ არა მარტო გარდამავალ ხანაში, არამედ მაშინაც, როდესაც დამყარდება სოციალისტური წესწყობილება, ეკონომიურ სფეროში მონაწილეობას ღებულობენ სამი საზოგადოებრივი ელემენტები. ჯერ ერთი, შედის სახელმწიფო, როგორც ერთეული - რომელიც წარმოადგენს მთელს ხალხს, მეორე - შედის მუშა, როგორც ერთეული და მესამე - ტეხნიკური ძალა, როგორც ერთეული. ეს ის სამი ძალა არის, რომელიც ხაზს აძლევს ამ ეკონომიურ მუშაობას, რომელიც უდგას მას სათავეში და ეს უნდა იყოს მაშინ, როდესაც კაცს შეუძლიან სთქვას, რომ სოციალისტური სახელმწიფო არის. და განა შეიძლება ამის შემდეგ სთქვათ, რომ მთელი ეს საქმე ერთ წრეს მიანდეო? ეს იმას ნიშნავს, რომ მოსპო პოლიტიკური დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც შეკავშირებულია ეკონომიურ კონსტიტუციასთან, ეკონომიურ ურთიერთობის განსაზღვრასთან. მე ყოველთვის მიყვარს ის ხალხი, რომელსაც ლოღიკისა არ ეშინიან. მაგრამ იმ კაცს, რომელიც ამას ამბობს, არ შეუძლიან იხელმძღვანელოს და ისარგებლოს ასეთ საკითხში, როგორც არის ეკონომიკა, ასეთი ურა პოლიტიკით. მერე რაშია საქმე? ნუ თუ ბ. ღლონტს ჰგონია, რომ ჟუოს პროექტი, რომელიც ახალი არ არის, არამედ 1916 წელს იყო წარმოდგენილი (ხმაურობა), მაშინ ჟუო ეკუთვნოდა პატრიოტ სოციალისტებს - ეს თვითონ ღლონტმა იცის და მის მიერ შემუშავებული პროექტი ალბერტ ტომას მიერ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს პროექტი ეხებოდა რკინის გზების ნაციონალიზაციას. რა იყო იქ? ვის ხელში იყო მაშინ მუშების დათხოვა და მიღება? ალბერტ ტომა რაც უნდა იყოს, მცოდნე კაცია და რომ მთელი ეკონომიური პოლიტიკა უნდა იყოს მუშების ხელში - ეს მას არ უთქვამს. მაგრამ მან სთქვა, რომ მთელი ორგანიზაცია და ჯამაგირის დანიშვნა უნდა იყოს იმ სამი ელემენტების კავშირის ხელში, რომელზედაც მოგახსენებდით. ამ სამი დაწესებულების კავშირი ცენტრში, ერთი ნაწილი იქნებოდა მთავრობის წარმომადგენლებისგან, მეორე ნაწილი იქნებოდა ტეხნიკოსებისა და ინჟინრებისა და მესამე ნაწილი - მუშების წარმომადგენლობისა. აი ეს სამი ძალა, ეს ხალხი დაიცავს წარმოების წესრიგს და განსაზღვრავს მუშების ხელფასს. ასე იყო, ბ. ღლონტო, არა ეხლა, არამედ ჯერ კიდევ 1916 წელს ეს იყო შემოტანილი პარლამენტში. ამის შესახებ ვსთქვით არა იმისთვის, რომ თვით შეხედულება შემცდარი არის, არამედ იმისთვის, რომ მან დასვა კითხვა: ბურჟუაზია და მუშა.

ამას მისთვის შევეხე მე, რომ იმან დასვა კითხვა ასე. ღლონტი არის მომხრე მუნიციპალურ და სახელმწიფოებრივ წარმოებისა და ამას ჰქვიან საზოგადოებრივი წარმოება. პროექტში არის განსაზღვრული დამქირავებელი და დაქირავებული. ნეტა რას ფიქრობს თ. ღლონტი, - რომ დაუჯეროთ მუნიციპალი წარმოება გაფართოვდეს, მაშინ ვინ იქნება ჯამაგირების გამწესებელი და საერთოდ შრომის წესრიგის დამმყარებელი? ღლონტს ჰგონია, რომ უნდა იყოს მუშები ცალმხრივად. მუშამ უნდა დააწესოს ჯამაგირი და დაიმორჩილოს წარმოება და შეიმუშაოს წესრიგი წარმოებისა. ჩვენ კი გვგონია, რომ უნდა იყოს დამქირავებელი და დაქირავებული. დამქირავებელი აქ არის თვით ღლონტი, რამდენადაც ის დამფუძნებელი კრების წევრია და წარმოადგენს სახელმწიფოს უზენაეს უფლებების მატარებელ ძალას, ის წარმოადგენს დამქირავებელს. ჩვენ ვამბობთ, დამქირავებელს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, ჰქონდეს სიტყვა იმ საკითხში, რომელიც ეხება წარმოებას, როგორც მთლიანს, თუნდაც ეს იყოს ფორმალი კითხვა ჯამაგირებისა. ავიღოთ ორი დებულება: დამქირავებელიც და დაქირავებულიც თვით მუშები არიან. ეს რაღაც მეტაფიზიკური შეხედულებაა. თედოს გონია, რომ მართლაც ღმერთი ერთია და იმავე დროს სამპიროვანი... და ის არის ყველაფერი - დამქირავებელიც და დაქირავებულიც. ასეც რომ დავსვათ საკითხი, უნდა არსებობდეს შრომის კანონი და გეგმა. ვთქვათ, რომ მუშებმა აიღეს ხელში დიქტატურა, მაშინაც უნდა იყოს განსაზღვრული, რა უფლებებით სარგებლობს მთელი სახელმწიფო, რა არის ეკონომიური პოლიტიკა. და ამისთანა იარაღით აღიჭურვა ღლონტი, ამ კანონ-პროექტის განხილვის დროს, რომელიც დამქირავებელს და დაქირავებულს ეხება. ღლონტი ამბობს: არის ორი ძალა, ორი ორგანიზაცია. აქ შედიან ბურჟუაზია და მისი მოწინააღმდეგე ძალა. ბურჟუაზია თავის ინტერესებს იცავს, ბურჟუაზია ასი წლის განმავლობაში ამ პრინციპს ატარებს. ბურჟუაზია ჩვენში, როგორც მწარმოებელი, არა არის რაო. ჩვენში წარმოება არის სახელმწიფოს ხელში. თუ ასეა, ჩვენს წინაშე საკითხი, ნუთუ უნდა ჰქონდეს ერთ წრეს ხმა და საზოგადო წარმოებას არა? რუსეთმა დაამტკიცა, რომ მუშათა ერთმა ჯგუფმა შეიძლება თავის დროებითი ინტერესი მაღლა დააყენოს მუშათა კლასზე. ეს ხდება თითქმის ყველა სახელმწიფოში. აი, ჩვენი შენიშვნა თედოს სიტყვის გამო. შემდეგ ღლონტმა სთქვა, რომ ეს კანონ-პროექტი არ არის კანონ-პროექტი სამოქალაქო ომისა, იმან დიალექტიკურად დასვა საკითხი: თუ დამქირავებლებს თქვენ არ დაუთმობთ, მაშინ ხდება სამოქალაქო ომი; თუ დაუთმობთ, მაშინ სოციალისტები აღარა ხართო. ეს ეხება განსაკუთრებით 8 საათის სამუშაო დღეს. აქსიომა იყო ჩვენთვის, რომ 8 საათის სამუშაო დღე არის უდიდესი იარაღი საწარმოო ძალთა განვითარებისა (ასათიანი: ეს აქსიომა აღმოჩნდა შეცდომა!). მაგრამ თედო ღლონტის აზრით, რომელსაც ემხრობა ასათიანიც, ეს შემცდარი გამოდგა. მართალი არის ეს, თუ 8 საათის განმავლობაში ნამდვილად იმუშავა (რეპლიკა: ეს სხვა არის!), ჩვენ არა ვართ ფრაქცია ისეთი ხალხისა, რომელსაც მუშაობა არ უყვარს. ჩვენ ვართ ფრაქცია ისეთი ხალხისა, რომელიც ამბობს, რომ მუშები უნდა ისეთ პირობებში ჩავაყენოთ, რომ მათ იმუშაონ ინტენსიურად რვა საათი (შენგელაია: აკი ნოემ აქა სთქვა, რომ ცოტას ვაკეთებთ და ბევრსა ვჭამთო!). ეს ეხებოდა თქვენს ფრაქციას, რომელიც ბევრსა სჭამს და არაფერს აკეთებს. გთხოვთ ნუ შევიტანთ ამ კითხვაში იუმორისტულ მხარეს. 8 საათის სამუშაო დღეს იცავდენ იმიტომ, რომ მუშა გამხდარიყო მოქალაქე დღევანდელ პირობებში და შემდეგ ხელმძღვანელი სახელმწიფოში და ეს თვით წარმოებისთვინაც იყო ხელსაყრელი. აუარებელი ფაქტი უნდა ჰქონდეს ღლონტს, რომელიც სტატისტიკოსი არის, თუ რა ხდება ქარხნებში 8 საათის მუშაობის შემდეგ დაღლილობისა და იმის გამო, რომ მუშები რიგიანად ვერ მუშაობენ (დადიანი: რაშია საქმე? წინააღმდეგია ღლონტი 8 საათის მუშაობისა?). თედოს გონია, რომ თუ 8 საათის სამუშაო დღეს მივიღებთ, უნდა მივიღოთ საბჭოთა მთავრობა. თქვენ გუშინ ბრძანეთ, ამას ვერ უარყოფთ, რომ თუ მივიღეთ 8 საათის სამუშაო დღე, ბურჟუაზიული წრეები აჯანყდებიან და მაშინ თქვენ იძულებული იქნებით ჩამოართვათ და მოახდინოთ სოციალიზაცია მიწებისა და სხვა. ჩვენ კი გეუბნებით, რომ კითხვა ასე არ სდგას. ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ დღეს სახელმწიფო არის თვით მწარმოებელი და თქვენ ბევრჯერ გითქვამთ, რომ სახელმწიფო, ერობები, კოოპერატივები არიან უდიდესი მწარმოებლები და როდის იყო, რომ კოოპერატივები აჯანყდენ, თუნდაც თქვენი კოოპერატივი, რომელიც ასე თუ ისე კაპიტალისტურ ნიადაგზე არის აშენებული, და როდის იყო, რომ კოოპერატივებში მიიღეთ 8 საათის სამუშაო დღე და ამით ის ააჯანყეთ. თქვენ სვამთ ასე კითხვას: თუ 8 საათის სამუშაო დრო მიიღეთ, მაშინ სამოქალაქო ომი მოხდებაო (დადიანი: რაშია საქმე?). დადიანი არ ყოფილა აქ და ახლა კითხულობს, რაშია საქმეო. წაიკითხეთ სტენოგრაფიული ანგარიშები და გაიგებთ, რაშია საქმე. მე ვეკამათები ღლონტს და იმან სთქვა ასე: თუ მიიღებთ 8 საათის სამუშაო დღეს, ეს ფიქცია არისო. მე ვამბობ, 8 საათის სამუშაო დრო მიღებულია ფაქტიურად, 8 საათი უნდა იმუშაოს მუშამ ნამდვილად. ეს არამც თუ დაანგრევს წარმოებას, არამედ ააყვავებს მას. ეს არ არის ისეთი მუხლი, რომელიც გამოიწვევს სამოქალაქო ომს მწარმოებელს და მუშათა შორის. აი, ასეთი იყო საერთო მსჯელობა ღლონტისა. შენგელაიაც თედო ღლონტს მიემხრო. ისინი სვამდნენ საკითხს ასე: თქვენ ხართ კაპიტალისტური წყობილების მომხრეო.

მარტში მოსკოვში გამოიცა პროკლამაცია ჩერნოვის მიერ, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ (შენგელაია: ვერ გენდობით ზეპირად, წაიკითხეთ!). ხელთ არა გვაქვს, მაგრამ ამას თავს ვანებებ და სხვა საბუთს მოგიყვანთ. იყო კერენსკის მთავრობა და ჩერნოვიც იყო მინისტრი (შენგელაია: წერეთელიც იყო!). დიახ, წერეთელიც იყო და მე ვეკითხები შენგელაიას: როდესაც მთელ მიწად-მოქმედების სამინისტროში, რომელიც უდიდესი წარმოება იყო რუსეთში და მინისტრი, რომლის ხელში იყო 80 მილიონი გლეხობისა და პოლიტიკაში გამეფებული იყვნენ ესერები, ეკონომიურად ვინ ბატონობდნენ?

ყოველივე სოციალური ცვლილება ხდება იმის შემდეგ, როცა მებრძოლი კლასი იღებს ძალა-უფლებას ხელში. მაგრამ ეს არის ერთი წლის საქმე. შეიძლება ერთ დღეს აიღოთ ხელში ძალა-უფლება, ხოლო ეკონომიური გარდაქმნა ხდება 10 წლობით და საუკუნოებით. შენგელაიამ უნდა იცოდეს, რომ ყველაზე უდიდესი რევოლიუციონერი ბურჟუაზია იყო საფრანგეთის ბურჟუაზია. მან აიღო ძალა-უფლება ხელში, მაგრამ ბურჟუაზიამ თავისი პროგრამის ზოგიერთი მუხლები განახორციელა მე-19 საუკუნის ბოლოს (შენგელაია: ახლა თქვენ ახორციელებთ!). რასაკვირველია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. ასეთია მდგომარეობა. ის ხალხი, რომელიც იტყვის, რომ მთავრობა არის რომელიმე კლასის და მისი პროგრამა არ არის ჯერ გატარებული ცხოვრებაში, ძალიან შორს უნდა იყოს ეკონომიურ ცხოვრების შეგნებასთან. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ლეო შენგელაიამ აიღო ხელში მთავრობა, ორ-სამ დღეში აშენდება ჩვენი ქვეყანა. მე გეუბნებით, რომ არამც თუ ორ-სამ დღეში, რამდენიმე წელიწადშიაც კი ვერ შესძლებს ქვეყნის აშენებას, ვერ მოფენს ჩვენს ქვეყანას რკინის გზებით და ისიც საუბედუროდ ხელს ვერ აიღებს იმ ბონების ბეჭდვაზე, რომლის წინააღმდეგი არის. ის იძულებული იქნება ბეჭდოს ბონები. ასეთია ლოღიკა პოლიტიკურ ბრძოლისა და ეკონომიურ გარდაქმნისა და ამის უარყოფა არ შეიძლება.

ჩვენ გვისაყვედურებენ, რომ კაპიტალისტურ წეს-წყობილებას ვაშენებთ. თქვენ იცით, რომ ეს ძველი დავაა მარქსისტებსა და ნაროდნიკებს შორის. მას ხავსი აქვს მოკიდებული. ნაროდნიკები პატიოსანი, მაგრამ ჩამორჩენილი ხალხი იყო. მათ ეგონათ, რომ კაპიტალიზმს ამყარებენ მარქსისტები, დუქნებს ხსნიან. მათ არ უნდოდათ გაეგოთ, რა არის საწარმოო ძალთა განვითარება. ყოველი პარტიის ტაქტიკა იმაზე უნდა იყოს დამყარებული, რომ ესა თუ ის მოთხოვნა მისი ეთანხმება და ეგუება თუ არა საწარმოო ძალთა განვითარებას. და როცა ბ. თედო ღლონტი გამოდის და მოითხოვს კონსტიტუციის ცალმხრივობას იმ მოსაზრებით, რომ ჩვენში ბურჟუაზია არ არისო, ჩვენ ვიცით, რომ არის წვრილი ბურჟაზია. თვით თედო ღლონტი, რომელიც კოოპერატივში მუშაობს და ძალიან კარგი მომუშავეც არის, დამქირავებელია, მას ჰყავს დაქირავებული მუშები. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა თქვენ ჰყიდით ბრინჯს, ასანთს და სხვ., ეს არის ვაჭრობა. ამხ. თედო ღლონტო, როცა ამას შვრებით, ეს არის ის, რის წინააღმდეგიც ხარ და რის წინააღმდეგაც იბრძვით. თქვენ ყიდულობთ და ყიდით, ე.ი. აკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისათვის ამ ხანაში. თედო ღლონტი ერთის მხრით ყიდულობს და მეორეს მხრით ყიდის და ვინც ამბობს, რომ ეს ვაჭრობა არ არისო, - ეს არის ერთნაირი აბერაცია (შენგელაია: გეყოფა ამდენი ფილოსოფია!). ბ. შენგელაიას გრძელ-გრძელი ლაპარაკი უყვარს, ამ მხრივ ყველას გადააჭარბებს; მაგრამ როცა ის ლაპარაკობს, ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, გეყოფაო.

ჩვენ ვამბობთ: იყო თუ არა მოყვანილი ისეთი მუხლი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კანონ-პროექტი არ იცავს ერთის მხრით მუშათა ინტერესებს და მეორე მხრით, საწარმოო ძალთა განვითარების ინტერესებს, რომელიც საფუძველი არის მუშათა ინტერესებისა. ასეთი მუხლი არ ყოფილა მოყვანილი. თქვენ ბრძანეთ, როგორ დგას საკითხი სახელმწიფო მოსამსახურეების შესახებო. როცა მუხლობრივ განხილვას შეუდგებით, ამის შესახებ შემდეგ ვიტყვით. თქვენ წამოაყენეთ ერთი ფაქტი, რომლიდანაც შეუსაბამო დასკვნა გამოიყვანეთ. ეს შეეხება სახელმწიფო მოსამსახურეებს. თქვენ თქვით, რომ ამას გამოუწვევია დიდი დავა სოციალ-დემოკრატებში.

როცა რომელიმე მუხლი იწვევს დიდ დავას, თქვენ ეს არანორმალურ მოვლენად მიგაჩნიათ. ჩვენ კი გვგონია, რომ თუ რომელიმე მუხლი იწვევს დავას, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალისტური პარტია თვით-მომქმედია, დემოკრატიას ცოცხალი ორგანიზაცია აქვს. თქვენ ამბობთ, ვის უნდა მიეცეს უფლებები, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს კანონი? თავის თავად ცხადია, რომ მუშათა მდგომარეობა ტეხნიკურად წარმოებაში სულ სხვანაირია, ვიდრე სახელმწიფო მოსამსახურეების მდგომარეობა. და ამიტომ აქ არის შენიშვნა, რომელიც ამას განსაზღვრავს. ერთი შეიძლება მუშაობდეს 6 საათი და მეორე - 8 საათი და მისი მუშაობა შეკავშირებულია მთელი დარგის წარმოებასთან. იმისათვის, ვინც სხვა დარგის მუშაობას ეწევა და სხვა პირობებში არის ჩაყენებული, ცალკე მუხლი უნდა იყოს მათზედ. ამაზე იყო დავა. შემდეგ აქ განაცხადეს, ზოგიერთ დაწესებულებაში არის ისეთი ხალხი, რომელიც არ შედის ამ კანონში და რომლის უფლებები დაცული არ არის. თავის თავად ცხადია, რომ რაც უნდა სინდიკალისტი იყოს კაცი, შეუძლებელია სთქვას, რომ ამ კანონით დაცული უნდა იყოს მილიციის უფროსი. რაც შეეხება დაბალ მოსამსახურეებს, ესენი ყველანი შევლენ ამ კანონში. ეს არის ნაყოფი იმ საერთო მსჯელობისა, რომელიც ძლიერ კარგად ახასიათებს იმ ფრაქციას, რომელმაც ამაზე მოახდინა მსჯელობა. ის არგუმენტები, რომლებიც აქ იყო წამოყენებული, არ ეხებოდა საერთო მსჯელობას და ამ კანონის მუხლებს. აქ იყო საერთო, აბსტრაქტული დავა, - მომავალზე, წარსულზე და ეკონომიურ ვითარებაზე. ყველა დებულებებს, გვგონია, რომ პასუხი გავეცით და ისეთი ხალხი, რომელთაც მშვენივრად იციან, რომ რაც გამოითქმება და დაიწერება, ყოველივე არ შეიძლება გატარდეს ცხოვრებაში, მოითხოვენ ამის გატარებას. ეს არის მოთხოვნა იმისა, რომლის განხორციელება შეუძლებელია და რომელსაც თვითონ არ ახორციელებენ და მაშასადამე, არ აქვს უფლება სხვას წამოუყენონ.

რაც შეეხება უცხოეთის მაგალითებს, ამის მოყვანა სრულიად შეუფერებელი იყო. ევროპაში ორი წელია იბრძვიან არა იმისთვის, რომ შრომის კანონით იყვნენ მუშები მიღებულნი სამსახურში, არამედ იმისთვის, რომ მათ, მაგალითად მეზღვაურებს, მიეცეთ უფლება ლეგალურად შეკავშირდენ და გამოვიდენ ორგანიზაციის სახით და დაელაპარაკონ მთავრობას. ეს უფლება მათ არ აქვთ დღესაც. ეს უნდა იცოდეს თედო ღლონტმა და თუ წინააღმდეგს ლაპარაკობს, ეს ამტკიცებს იმას, რომ ის ზეპირად ლაპარაკობს და ანგარიშს არ უწევს იმას, რაც უნდა სთქვას დამფუძნებელ კრებაში.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი (ერ.-დემ.): ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! შრომის კანონმდებლობას წარსული საუკუნის დასასრულიდან კულტურულს სახელმწიფოებში განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიპყრობილი. მსოფლიო ომისა და განსაკუთრებით ზოგიერთ ევროპის ქვეყნებში მომხდარ რევოლიუციონურ გამოსვლების შემდეგ შრომის კანონმდებლობა კიდევ მეტს მზრუნველობას იპყრობს. ამ მხრივ დიდად საგულისხმოა ის ვრცელი კანონ-პროექტი შესახებ შრომის ხელშეკრულობისა, რომელიც დამფუძნებელ კრებას მოხსენდა.

დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში უკანასკნელ ათეულ წლების განმავლობაში დაქირავებულ შრომის დაცვისთვის საკმაოდ გარკვეული პოლიტიკა გამომუშავდა. მაგრამ მუშათა საკითხი არ ამოიწურება ამ კანონმდებლობის ევოლიუციონურ განვითარებით. კანონმდებლობით შექმნილს უფლებრივს ფარგლებში არის მომწყვდეული ორი მოპირდაპირე ბანაკის - პროლეტარიატის და კაპიტალისტების ბრძოლა, ვინაიდან დაქირავებული მუშათა კლასი არ კმაყოფილდება სახელმწიფოებრივი ოფიციალური პოლიტიკით. ეს ბრძოლა სხვა და სხვა სახის არის ევროპის ქვეყნებში - ზოგან მშვიდობიანი და ზომიერი, ზოგან კი უფრო შეურიგებელი და რევოლიუციონური. საერთო მოვლენაა ყველა ქვეყნებისათვის, რომ პროლეტარიატის გამოსვლები თავის კლასიურ უფლებათა დასაცავად დასაწყისში ყოველთვის უფრო რევოლიუციონური და შეურიგებელია. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნებში პროლეტარიატის ბრძოლა მანქანების დამსხვრევით და ფაბრიკა-ქარხნების განადგურებით იწყებოდა. თან და თან მუშათა კლასის კულტურულად განვითარებასთან ერთად იცვლება ბრძოლის ეს მეთოდები. ამ ჟამად დაწინაურებულს ქვეყნებში უკვე აღარ აქვს ადგილი არამც თუ ასეთს ველურ გამოსვლებს, არამედ უფრო იშვიათი ხდება გაფიცვები და საბოტაჟები. მუშათა კავშირები კანონმდებლობის და მმართველობის მოხმარებით ახერხებენ თავის უფლების დაცვას. მიუხედავად იმისა, მუშათა წრეებში თითქმის ყველგან არსებობს მიმდინარეობა, ზოგან სუსტი, ზოგან კი უფრო ძლიერი, რომელიც მეტად უნდობლად უყურებს ოფიციალური გზით მუშათა კითხვების გადაჭრას და ერთად ერთს იმედს თვით პროლეტარიატის რევოლიუციონური მეთოდებით ბრძოლას ამყარებს, ამ მიმდინარეობის აზრით სახელმწიფო თავისი მმართველობით და კანონმდებლობით ბოლოს და ბოლოს გაბატონებულ კლასების სურვილების და ინტერესების გამომსახველია. ამიტომ ოფიციალური პოლიტიკა ყოველთვის პროლეტარიატის წინააღმდეგ იქნება მიმართული. პროლეტარიატის ინტერესების დაცვა, როგორც კლასის, მათ არ შეუძლიათ. მუშათა საკითხის გადაჭრა მხოლოდ პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლით შეიძლება. პარლამენტი, მთავრობა და სხვა არის ერთგვარი იარაღი ამ ბრძოლისა. ასეთი თვალსაზრისი აქვთ შემუშავებული სოციალისტურ მიმდინარეობებს. ასე რომ, ამ მიმართულებათა დამახასიათებელი თვისებაა, რომ უდიდესი სოციალისტური საკითხის გადასაჭრელად ერთი კლასი დარაზმოს სხვა კლასების წინააღმდეგ. ამ კლასის მიერ სახელმწიფოებრივ ძალა-უფლების ჩაგდების შემდგომ უნდა დამყარდეს ისეთი წყობილება, რომელიც პროლეტარიატის კლასობრივ ინტერესებს სავსებით უზრუნველყოფს. ასე რომ, სოციალისტური პოლიტიკა პროლეტარიატის კლასობრივი ინტერესების ერთად ერთ ნამდვილ დამცველად ისახავს თავს, თუმცა ევროპის მუშათა კავშირების დიდი ნაწილი სრულიად არ იზიარებს ამ პოლიტიკას (ხმა ადგილიდან: თქვენ რომელი კლასის ინტერესებს იცავთ?). მე ჯერ სოციალისტების შესახებ ვლაპარაკობ, ჩვენს შესახებ შემდეგ მოგახსენებთ. ეს სოციალისტური პოლიტიკა ერთნაირი იყო თითქმის ყველა სახელმწიფოში ამ უკანასკნელ დრომდე. მაგრამ როდესაც ბოლშევიკები გაჩნდნენ რუსეთში, მათ დიდი ცვლილება მოახდინეს სოციალისტურ აზროვნებაში. წინეთ თქვენს სოციალისტურ მოღვაწეთაგან, როცა საკითხი იქნებოდა 8 საათის სამუშაო დღის შესახებ ან სხვა ასეთ მნიშვნელოვან კითხვაზე, რასაკვირველია, ვერ გაიგონებდით ისე გარკვეულად წარმოების ინტერესებზე ზრუნვას, თუნდაც სიტყვით, როგორც ამას დღეს ადგილი ჰქონდა ბ. მომხსენებლისგან. პროლეტარიატის ბრძოლა, როდესაც მას სოციალისტური პარტიები ხელმძღვანელობდენ, ყოველთვის დაშორებული იყო წარმოების ინტერესების შეგნებისაგან და სხვა შედეგები არ შეიძლება ჰქონოდა იმ პოლიტიკას, რომელიც კლასთა ბრძოლით იყო გამსჭვალული. ასეთი პოლიტიკის ბუნება, როგორც ირკვევა, თვით სოციალისტური მიმართულების მეთაურებებისათვისაც არ ყოფილა საკმაოდ გამორკვეული. პრაქტიკულად ამ პოლიტიკის გასინჯვა მხოლოდ წვრილმან ბრძოლაში შეიძლებოდა. ვინაიდან უფრო დაწინაურებული ქვეყნების მუშათა უმრავლესობა ამ სოციალისტურ პოლიტიკას არ იზიარებდა, ამიტომ მუშათა კლასის მთავარ გამოსვლებს სოციალისტური ხასიათი არ ეძლეოდა. ამას გარდა, სოციალისტური პოლიტიკის მაწარმოებელთ სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება არსად არ ჩავარდნიათ ხელში და თავისი პოლიტიკის მეთოდების გამოცდის შემთხვევაც არ ჰქონდათ ფართო სახელმწიფოებრივ მასშტაბში. ამიტომ სოციალისტურ პოლიტიკას მუდამ განყენებული თეორეტიული ხასიათი ჰქონდა.

მდგომარეობა იცვლება, როდესაც დიდს სახელმწიფოში, სახელდობრ რუსეთში, სადაც დიდად ძლიერი იყო მუშათა კლასში სოციალისტური პარტიის გავლენა, სოციალისტური მიმდინარეობის ერთმა ფრთამ სრული სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება ჩაიგდო ხელში. ეს სოციალისტური ფრაქცია ბოლშევიკები გარკვეულად დგანან შეურიგებელ კლასთა ბრძოლის საფუძველზე, რომელიც მარქსმა და ენგელსმა თავის „კომუნისტურ მანიფესტში“ გამოიმუშავეს. არ არის გასაკვირველი, რომ ეხლა, როდესაც რუსეთის კომუნისტების გაბედულ სოციალისტურ ექსპერიმენტების შედეგები სავსებით გამორკვეულია მთელი თავისი სისაშინელებით, სოციალისტურ მიმდინარეობათა უმრავლესობა და ისინიც კი, რომელნიც მათ ტაშს უკრავდენ ძალა-უფლების ხელში ჩაგდების პირველს ხანაში, მათ ზურგს აქცევენ და სოციალისტური ოჯახიდან განრისხულად სთვლიან. მაგრამ ობიექტური სამართლიანობა მოითხოვს ყველამ აღნიშნოს, რომ რუს კომუნისტებს არაფრად არ უღალატნიათ კომუნისტური მანიფესტის ლოზუნგისათვის. საზოგადოდ მთელი მათი მუშაობა განაღდებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც სოციალისტური მკვლევარნი იმუშავებდენ მარქს-ენგელსიდან დაწყებული.

კლასთა ბრძოლის პრინციპი ერთი კლასის ძალით მეორე კლასის დამხობა და ცხოვრების გარდაქმნა არის ის მთავარი საფუძველი, რომელსაც ემყარება მარქსი და ენგელსი და რომელიც სავსებით განახორციელეს ბოლშევიკებმა რუსეთში. რუსეთის კომუნიზმი - ეს ერთგვარათ დაგვიანებაა იმ სოციალისტური მოძრაობის, რომელიც ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოებში ქალაქის მუშათა დიდ ნაწილს იზიდავდა.

მე აქ დაწვრილებით ვერ შევაფასებ სოციალისტური პოლიტიკის შედეგებს საზოგადოთ და კერძოთ მუშებისთვის, თუმცა სოციალისტურ მოძრაობის როგორც წარსული, აგრეთვე ახალი კომუნისტური პოლიტიკა საკმაო საბუთს იძლევა გამოსარკვევად იმისა, თუ რამდენად სასარგებლო იყო ეს სოციალისტური პოლიტიკა თუნდაც კერძო პროლეტარიატისათვის.

მეცნიერი ეკონომისტები ციფრებით ამტკიცებენ, რომ მუშათა კლასის მდგომარეობა, მისი კეთილდღეობა სრულიად არ უმჯობესდება უფრო სწრაფად და ინტენსიურად მას შემდეგ, რაც სოციალისტურმა მოძრაობამ ასე თუ ისე ფეხი მოიკიდა და პროლეტარიატის დიდი ნაწილი სოციალისტურ პოლიტიკის გავლენის ქვეშ დადგა. წინააღმდეგ ამისა, მუშათა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი გაცილებით უფრო ძლიერი იყო იმ ხანაში, როდესაც სოციალისტური მოძრაობა სრულიად არ იყო ფეხ მოდგმული და პროლეტარიატის შესახებ მზრუნველობა სავსებით არა სოციალისტურ მთავრობასა და პარლამენტებზე იყო მინდობილი. მაგრამ სოციალისტური პოლიტიკის ნაკლები ნაყოფიერება ბევრისთვის სრულიად შეუმჩნეველი იყო. ამ პოლიტიკის ხელმძღვანელნი ყოველივეს, რაც კი სახელმწიფოში კეთდებოდა მუშათა კლასის სასარგებლოთ, თავის დამსახურებათ თვლიდენ - ჩვენ რომ არ ვირაზმებოდეთ, ესეც არ იქნებოდაო. ხოლო თუ მუშათა საკითხი მაინც არ იჭრებოდა რადიკალურად და ისე, როგორც მათ სურდათ, ამას ამით ასაბუთებდენ, რომ სახელმწიფოს ძალაუფლება ბურჟუაზიის ხელშია და ამიტომ ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას, პროლეტარიატის მდგომარეობა რადიკალურად შევცვალოთ და ქვეყნად ნამდვილი სამოთხე დავამყაროთო. კითხვების გარკვევისთვის დიდი როლი ითამაშა რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთი ფრთის მიერ სახელმწიფოებრივ ძალა-უფლების ხელში ჩაგდებამ. ბოლშევიკებს მიეცათ სრული თავისუფლება და შესაძლებლობა სოციალისტური პოლიტიკის საწარმოებლად ახალი წყობილების დასამყარებლად, თანახმად მარქს-ენგელსის მიერ შემუშავებულ გეგმისა.

როგორი შედეგი მოიტანა რუსეთის კომუნისტების სოციალისტურმა პოლიტიკამ მთელი ქვეყნისთვის და კერძოდ მუშათა კლასისთვის, ეს ეხლა ყველამ კარგად ვიცით. ამ შედეგების დაფასებაში ვფიქრობთ ყველანი ჩვენ ერთი აზრისანი ვიქნებით (შენგელაია: თქვენ და მენშევიკები!). დიახ, ჩვენ და მენშევიკები. თქვენ, როგორც ნამდვილი სოციალისტები, ალბათ დიდად აღტაცებული ბრძანდებით ბოლშევიკების მუშაობით.

ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალისტური დიქტატურის და კლასთა ბრძოლის პოლიტიკის განაღდებამ ვერ მოუტანა მშრომელ ხალხს რაიმე შვება და მდგომარეობის შემსუბუქება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, თუ ამ პოლიტიკის გამო როგორ განადგურდა რუსეთის ეკონომიური ცხოვრება. რუსეთი დაუბრუნდა საშუალო საუკუნოების ცხოვრებას პეტრე დიდის წინ ხანას, როცა იქ არავითარი მრეწველობა და წარმოება არ იყო. სამასი წლის შექმნილი ეკონომიური მდგომარეობა ერთბაშად განადგურდა ორი წლის განმავლობაში (ხმა: ბურჟუაზიამ გაანადგურა!). ბურჟუაზიის მიერ რუსეთის ეკონომიური მდგომარეობის განადგურება მეტად ორიგინალური, მაგრამ სრულიად უსაფუძვლო აზრია. სანამ ძალა-უფლება ბურჟუაზიის ანუ არა-სოციალისტურ წრეების ხელში იყო, რუსეთი ეკონომიურად იზრდებოდა, ძლიერდებოდა.

მხოლოდ ამ ორი წლის განმავლობაში განადგურდა ის სავსებით, როდესაც იქ სოციალიზმის დამყარება დაიწყეს. რევოლიუციის შემდეგ რუსეთის ბურჟუაზიამ ვერც რამე დაანგრია და ვერც რაიმე ააშენა. ის მეტად სუსტი გამოდგა სოციალისტურ დიქტატურასთან ბრძოლაში და მალე თითქმის სრულიად დაყარა ფარ-ხმალი (შენგელაია: სულ დაღუპული ყოფილა!). ეს სხვა საკითხია. მე მოგახსენებ იმის შესახებ, თუ რა ნაყოფი მოგცათ უკიდურესმა სოციალისტურმა პოლიტიკის წარმოებამ რუსეთში. სამასი წლის შექმნილი ორი წლის განმავლობაში სრულიად განადგურდა. ამ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის დამშლელს და განმანადგურებელს, არც ერთი კლასისთვის არ მოუტანია სარგებლობა, გარდა თითო-ოროლა პირისა.

მე კიდევ შორს წავალ და განვაცხადებ, რომ არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არც ერთი სოციალური წრე არ დაზარალებულა ბოლშევიკური პოლიტიკით ისე, როგორც პროლეტარიატი. და მე ვფიქრობ, რომ უდიდესი დღესასწაული იქნება ამ პროლეტარიატისათვის, როცა ეს მებრძოლი დროშა ჩამოიხსნება მოსკოვის კრემლიდან.

იმის შემდეგ, ბატონებო, როდესაც ჩვენს თვალ-წინ გადიშალა მებრძოლ სოციალისტების მუშაობის ასეთი შედეგი, მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეებში, მეტი სიფრთხილით და მეტი კრიტიკით უნდა შეხვდეს საკითხს, რომლის განხილვა ჩვენ დღეს დავიწყეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სოციალისტური წრეები პრაქტიკულად ამ საკითხების გადაჭრის დროს აღარ დაიწყებენ იმ უკიდურესი ლოზუნგების დაცვას, რომელთა ავ-კარგიანობა აშკარად გამოაფინა რუსეთის მაგალითმა. ევროპის სოციალისტურ აზროვნებაში უთუოდ მოხდა ეს გარდატეხა. ბოლშევიკური საშინელებით დამფრთხალი სოციალისტური წრეების დიდი ნაწილი უკან იხევს და ანელებს, აზომიერებს თავის პოლიტიკას.

ვფიქრობთ, რომ ევროპის სოციალისტური პოლიტიკა ამ ახალ გაზომიერების შემდგომ თანდათან დაუახლოვდეს იმ სახელმწიფოებრივ, დემოკრატიულ პოლიტიკას მუშათა საკითხში, რომელიც უკანასკნელ ათეულ წლებში შემუშავდა ზოგიერთ დაწინაურებულ ქვეყნებში.

ამ დემოკრატიული პოლიტიკის საფუძველი რამოდენიმე სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ: პროლეტარიატის მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა დასახულ იქმნას სახელმწიფოს უდიდესი მზრუნველობის საგნად. შრომა არის ხალხის არსებობის მთავარი წყარო და მშრომელთა კლასის სამართლიანი ინტერესები დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მთელი ძალა-უფლებით. პროლეტარიატის, როგორც მშრომელთა კლასის ცდას თავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ყოველგვარ მფარველობას უნდა უწევდეს. ხოლო ეს სახელმწიფოს მზრუნველობა და მფარველობა მუშათა კლასის ინტერესების დაცვაში ვრცელდება იმ საზღვრამდე, სანამ პროლეტარიატის მოთხოვნილება ურიგდება არსებულ ეკონომიურ ურთიერთობას და არ აზიანებს მრეწველობას, სახალხო მეურნეობას.

დემოკრატიული პოლიტიკა ზრუნავს, რომ არსებულს ეკონომიურს ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც კერძო საკუთრების ნიადაგზეა დამყარებული, გაუმჯობესებული იქმნეს მუშათა მდგომარეობა. მუშაობის დროს მაქსიმუმის განსაზღვრა, ავადმყოფობისაგან და სიბერისაგან დაზღვევა, მცირე წლოვანთა შრომის აღკრძალვა და სხვა - ემსახურება ამ მიზანს. სოციალისტური პოლიტიკაც იწყნარებს ამ ზომებს. მაგრამ თავის ბრძოლაში მას ყოველთვის შორეული მიზანი აქვს დასახული - თანამედროვე ეკონომიური ურთიერთობის გარდაქმნა და კერძო საკუთრების სრული მოსპობა.

სახელმწიფოებრივი პოლიტიკის და არა გაფიცვების და ამბოხების ნაყოფია ევროპის მუშათა ეხლანდელი მდგომარეობა. ბევრს დიდ ნაკლად მიაჩნია ევროპის სახელმწიფოების პოლიტიკისა ის გარემოება, რომ იქ მუშათა კლასს არ აქვს ბევრი ისეთი უფლებები, გადაჭარბებული უფლებები, რომელსაც ჩვენ ქვემოთ გავეცნობით კანონ-პროექტის განხილვის დროს. ავიწყდებათ, რომ ეკონომიური ურთიერთობისათვის მიღებული უფლებები მუშათა მდგომარეობას სრულიად არ აუმჯობესებს, წინააღმდეგ ამისა კიდევ უფრო აუარესებს. ამის საუკეთესო მაგალითს იძლევა რუსეთის და თუ გნებავთ, ჩვენი სინამდვილე. რუსეთში ხომ პროლეტარიატის დიქტატურა არის გამოცხადებული და მაშასადამე, ამ კლასს ყოველგვარი უფლებები აქვს. საქართველოში პროლეტარიატს არ აქვს ასეთი განსაზღვრული უფლებები, მაგრამ გაცილებით უფრო ფართო, ვინემ ევროპის მუშებს. თქვენ, სოციალ-დემოკრატები, ამით კიდეც ამაყობთ. მაგრამ თუ აიღებთ მუშათა კლასის მდგომარეობას რუსეთში, ჩვენში და ევროპაში, დაინახავთ, რომ მუშები სწორედ იქ არიან სრულიად განადგურებული და გაღატაკებული, სადაც მათ აბსოლიუტური უფლებები აქვთ. საქართველოში მათ ნაკლები უფლებები აქვთ და მათი მდგომარეობა უმჯობესია, ხოლო ევროპის ქვეყნებში კი, სადაც თითქოს მათ კიდევ უფრო ნაკლები უფლებები აქვთ, მათი ცხოვრება შეუდარებლად კარგია. აქედან, გთხოვთ, არ გამოიყვანოთ ისეთი დასკვნა, რომ მე პროლეტარიატისთვის უფლებების შეზღუდვის მომხრე ვიყო. არა, ამ კლასს უნდა ქონდეს სრული უფლება და თავისუფლება თავის ინტერესების დაცვაში, ეს ასეც არის ევროპის ყველა ქვეყნებში. მაგრამ სოციალისტური პოლიტიკა ამ უფლებების ისე გაფართოვებას მოითხოვს ხშირად, რომ ეს უფლება თვითნებობად, სხვისი კანონიერი უფლების შეზღუდვად იქცევა. ასე იყო რუსეთში, ასეა რამოდენიმედ საქართველოში.

ამ კანონ-პროექტის განხილვის დროს ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მუშათა საკითხის გადაჭრის ეს გზები. უდიდესი დანაშაული იქნება ჩვენი, თუ ამ უდიდეს სოციალურ საკითხების გადაჭრის დროს ჩვენ ავყევით ჩვენს გულის თქმებს, ამა თუ იმ ჯგუფის სიმპატია-ანტიპატიას და დავივიწყეთ ყველა ამ კითხვების მთავარი საზომი - ჩვენი სახალხო მეურნეობა, საწარმოვო ძალთა მდგომარეობა და ინტერესები.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად გაურკვეველი და არეულ-დარეულია ჩვენში შრომას და წარმოებას შორის ურთიერთობა. შრომის საკითხების უფლებრივ ნორმებში ჩამოყალიბება უდიდესი შვება იქნება ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, თქვენთვის წარმოდგენილი კანონ-პროექტი შრომის ხელშეკრულებისა სრულიად ვერ ამყარებს ამ სფეროში სასურველს უფლებრივს ურთიერთობას.

კანონ-პროექტი, ვიმეორებ, სრულიად არ იძლევა მუშა-მწარმოებელთა ურთიერთობის გარკვეულ ნორმებს. კანონ-პროექტის თითქმის ყველა მუხლები აღბეჭდილია ასეთი გაურკვევლობით, ბუნდოვნობით; ხოლო რაც უფრო მტკიცედ და გარკვეულად არის გამოსული, არის მეტად ცალმხრივი და სრული დადასტურება იმ ყოვლად შეუწყნარებელი და მიუღებელი წესებისა, რომელნიც დამყარდა ამ დარგში რევოლიუციონური არევ-დარევის დროს.

ჩვენ ამას ნათლად დავინახავთ, როდესაც კანონ-პროექტის მთავარ დებულებებს განვიხილავთ.

კანონ-პროექტის მუხლობრივი განხილვის დროს თქვენ მოგახსენებენ 50 შესწორებას, რომელიც ჩვენს ფრაქციას კანონ-პროექტში შეაქვს. კანონ-პროექტის ზოგადი განხილვისას კი ჩვენ შევეხებით მის მთავარ პრინციპიულს საფუძვლებს.

უწინარეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას მივაქცევ კანონ-პროექტის 1-ლ მუხლს, რომელიც შრომის ხელშეკრულების კანონის მოქმედების სფეროს განსაზღვრავს. კანონ-პროექტის ბუნება ისეთია, და ამას ადასტურებს უწყების მიერ წარმოდგენილი განმარტებაც, რომ ის უნდა ეხებოდეს ყოველგვარ დაქირავებულს შრომას. სწორედ ამას ამბობს პროექტის პირველი მუხლი. პროექტის ავტორებს ეს აზრი ფრიად დიდ პროგრესიულ მოვლენად მიაჩნიათ მუშათა უფლების დაცვაში. მაშასადამე, ერთი და იგივე ნორმებით უნდა იქნეს დაცული დამქირავებელთა ექსპლოატაციიდან როგორც ქარხნის მუშა, აგრეთვე რესტორანის ოფიციანტი, ხელოსანის შეგირდი, სოფელში სეზონში დაქირავებული მოჯამაგირე, თვით ექიმებიც, ვექილებიც, ინჟინრები, პროფესორები და სახელმწიფოს მოსამსახურენი, მინისტრებიდან დაწყებული შვეიცრამდე. ასეთია კანონ-პროექტის პრინციპიული საფუძველი. უწყების განმარტება ამ იდეიას უმთავრესად ღირსებად თვლის კანონ-პროექტისთვის. განმარტების აზრით შესაძლებელია ამა თუ იმ დარგის გამორიცხვა ამ კანონის მოქმედების სფეროდან, თუ კი ამას მომენტის პირობები მოითხოვს. ამ გამორიცხვის შესახებ დიდი დავა იყო სოციალისტურ წრეებში და ამ დავამ ერთი წლით თუ კიდევ მეტით დააგვიანა შრომის კანონ-პროექტის აქ წარმოდგენა. ცხარე დავა იყო - სახელმწიფო და სამუნიციპალო მოსამსახურენი შედიან თუ არა კანონის მოქმედების სფეროში, როგორც სხვა დაქირავებულნი. როგორც იყო, სახელმწიფო მოხელენი აღმოირიცხა, აგრეთვე ადმინისტრატიულ თანამდებობის მოხელენიც, თუმცა ეს თანამდებობა ნათლად გარკვეული არ არის.

ჩვენი ფრაქციის შესწორებით, შრომის კანონ-პროექტი უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ იმ სავაჭრო-სამრეწველო წარმოებაზე, სადაც ხანგრძლივად მუშაობს არა ნაკლებ ხუთი დაქირავებულისა. ჩვენ ვფიქრობთ, მხოლოდ ამ სფეროში შეიძლება ისეთი ნორმების შემუშავება, რომელნიც შეეფერება იმ კატეგორიის დაქირავებულთა მდგომარეობას, რომელნიც თავის უფლება-მოვალეობათა სპეციალური კანონით განსაზღვრას მეტად საჭიროებენ და თუ თქვენ ერთნაირი ნორმები შეიმუშავეთ საქარხნო-საფაბრიკო წარმოებათათვის და შემთხვევით სოფლის მოჯამაგირეთა თუ ხელოსნების შეგირდებისთვის, თქვენი კანონი ან აუტანელად სამძიმო იქნება მრავალ წარმოებისათვის, ან და იმდენად მსუბუქი იქნება, რომ სრულებით ვერ უზრუნველყოფს პროფესიონალ დაქირავებულ მშრომელთა ინტერესებს. ფაბრიკა-ქარხნების დაქირავებულ მუშათა უფლებრივი დაცვა უნდა იყოს მეტად ვრცელი და საფუძვლიანი. მისი მიღების, დათხოვნის, შინაგან წესრიგზე, ავადმყოფობისაგან თუ სიბერისაგან დაზღვევის, ლიკვიდაციის და სხვა პირობები მეტად საფუძვლიანად არის კანონმდებლობით განსაზღვრული ევროპის სახელმწიფოებში. რაც შეეხება ისეთ სახელმწიფოებს, სადაც თითო-ოროლა შეგირდი ან სოფლის მეურნის შემთხვევით მსახური, ხელზე მოსამსახურე და სხ. ასეთ დაქირავებულთ, მათი უფლებრივი დაცვა სავსებით შესაძლებელია ჩვეულებრივ სამოქალაქო წესით. სამოქალაქო კანონების ნორმების შესახებ შრომის დაქირავებისა სავსებით აკმაყოფილებს დაქირავებულ შრომის ამ კატეგორიას. პროექტის ავტორნიც იძულებული ხდებიან, მცირე წარმოებისთვის, სადაც 5 კაცზე ნაკლები მუშაობს, მრავალი გამონაკლისი მოახდინონ. დიდი ნაწილი იმ მუხლებისა, რომელნიც გავრცელებულია ასეთს წარმოებაზე, ჩვეულებრივი სამოქალაქო კანონებით არის განსაზღვრული. თუ რამ ახალია შეტანილი ამ დარგის მუშათა დაცვაში, ეს უკვე მეტად სამძიმოა ამ წარმოებათათვის და ამავე დროს სრულიად არ აუმჯობესებს დაქირავებულთა მდგომარეობას. ამ მხრივ ევროპის პრაქტიკა არც ისე ადვილად დასაგმობია, როგორც ეს პროექტის ავტორებს ჰგონიათ.

ფრიად საყურადღებო კითხვაა შრომის კანონმდებლობაში მუშების მიღების საქმე. სამწუხაროდ კანონ-პროექტი სრულიად არა სცვლის იმ აუტანელ ვითარებას ამ დარგში, რომელიც ჩვენში არსებობს.

რევოლიუციის ხანაში თქვენ მიღების საქმეში მუშების არა უფლება, არამედ სრული თვითნებობა დაამყარეთ. მწარმოებელს თუ უნდა მუშა, იმას უფლება არ აქვს აირჩიოს ისეთი, როგორც მას სურდა, ან იმდენი, რამდენიც ეჭირვება. თუ მას, ვთქვათ, ორი მზარეულის დაქირავება უნდოდა, ოთხს უგზავნიდენ. ეს ზედმეტი მზარეული მან უნდა არჩინოს და ჯამაგირიც აძლიოს. მიზეზი? უმუშევარი მზარეულები გვყავსო, არ მალავენ კავშირებს, თითქოს საქართველოში სამუშაო და საკეთებელი გამოლეულიყოს. ამ რიგად, მწარმოებელმა არ იცის, როგორი იქნებოდა ხვალ მუშების კონტიგენტი და ამის მიხედვით რამდენი იქნებოდა მისი ხარჯი (ხმა: მაგალითი სხვა დარგებიდან?). მზარეულები და ოფიციანტები თქვენი პროლეტარიატის უმრავლესობას შეადგენს და ამას გარდა ასეთი წესები ყველა სხვა დარგის პროფესიონალ კავშირებს აქვთ შემუშავებული. ავიღოთ სხვა წარმოება, ვთქვათ სტამბა. თუ თქვენ რამოდენიმე ასოთ-ამწყობი გყავთ თქვენს პატარა საქმეში, თქვენ აუცილებლივ გამოგიგზავნიან რამოდენიმე სხვა მუშას - ეს ვერტელშჩიკიო, ეს ნაკლაჩიკიო, ეს მსახურიო და სხვა. ამ მუშებს ოროლი საათის სამუშაოც რომ არ ჰქონდეს, არავინ მოგცემთ ნებას ეს მუშაობა ერთს დააკისროთ. კავშირში ჩაწერილი მუშები ადგილზე უნდა მოვათავსოთ. ეს, რასაკვირველია, წარმოებას აძვირებს და ამასთანავე ბევრ მუშა ხელს ტყვილა აცდენს. ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

მუშის ამორჩევაც პროფესიონალურ კავშირს აქვს მინიჭებული.

მან უნდა განსაჯოს, თუ რამდენად გამოსადეგია ეს პირი ამა თუ იმ საქმეში. რაც უნდა ცუდი მოხელე გაუგზავნონ მწარმოებელს, თუ კავშირმა დაადგინა, რომ ეს პირი კარგი მოხელეა, გათავდა, მას ვერავინ დაითხოვს, როგორც უვარგისს.

კანონ-პროექტი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, არ სცვლის არსებითად ამ მდგომარეობას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეხლა მიღების საქმეში პროფესიონალურ კავშირის ადგილს შრომის ბირჟები იჭერენ. მწარმოებელმა მუშები უთუოდ შრომის ბირჟიდან უნდა წაიყვანოს. მომხსენებელმა ბრძანა: ეს დიდი პროგრესია, ევროპაში ასე არისო და აქაც უნდა გადმოვნერგოთო. მე მოგახსენებთ, რომ არც ერთ ევროპიულ სახელმწიფოში არ არის, რომ იმ სახით იყოს შრომის ბირჟა მოწყობილი, როგორც ამას ჩვენში აპირებენ. იქ დიდი ხანია ბრძოლა სწარმოებს შრომის ბირჟის გარშემო. იქ ეს შრომის ბირჟები ცუდ ნიადაგზე იყვნენ დამყარებული. ეს იყო ერთგვარი კომერციული საქმე და ბევრი ბოროტმოქმედებაც ხდებოდა მის გარშემო ამ სფეროში. ბირჟაში ჩაწერილ შრომის მაძიებელს თავის რიგზე არ გზავნიდენ, როდესაც მუშების მოთხოვნილება იყო. სასყიდლისთვის ბევრს რიგს გარეშე ათავსებდენ ადგილებზე. ამის გამო ევროპის სახელმწიფოებში როგორც მუშათა კავშირები, ისე სხვა წრეებიც მოითხოვდენ, რომ სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტებს სულ მოეწყოთ შრომის ბირჟები უმუშევართა დასახმარებლად.

თავმჯდომარე: უკაცრავად, ეხლა უკვე ორი საათი არის. თანახმად დადგენილებისა, ორი საათის შემდეგ უნდა განხილულ იქნეს შეკითხვა. როგორ ინებებთ? (ხმები ადგილიდან: სჯობს ეს სიტყვა დასრულდეს!). წინააღმდეგი ხომ არავინ არის? გთხოვთ, განაგრძოთ!

ასათიანი: მართალია, თითქმის ყველა სახელმწიფომ მიაქცია ამას ყურადღება და მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო ორგანიზაციები აარსებენ შრომის ბირჟებს. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია, როგორი უფლებებით არიან აღჭურვილნი ეს ბირჟები. აი ამაში მდგომარეობს საქმე. მწარმოებლები არსად არ არიან ვალდებულნი, რომ მუშები უთუოდ ბირჟებიდან წაიყვანონ. ისინი სრულიად არ არიან მოკლებულნი უფლებას, თვითონვე მოკრიფონ მუშები, სადაც სურთ.

ჩვენ კი ვქმნით ისეთს მდგომარეობას, როდესაც მწარმოებელი სრულიად დამოკიდებული ხდება შრომის ბირჟაზე.

ეს კი მეტად ახალი საქმეა. და მე ვფიქრობ, ამას შეუძლიან მხოლოდ ზიანი მოუტანოს ისედაც სუსტ წარმოებას. გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს იქნება საზიანო არა მარტო მწარმოებელთათვის, არამედ მშრომელთათვისაც, იმათთვისაც, ვისი ინტერესების დაცვის მიზნით არის აღჭურვილი ასეთი უფლებებით შრომის ბირჟა. ბირჟების შემხედვარი ძლიერ ხშირად მუშა ვერ იშოვის საქმეს და მწარმოებელი - მუშას. როგორ გინდათ თქვენ, რომ შრომის ბირჟამ უზრუნველჰყოს საჭირო მუშებით, მაგალითად, ჭიათურის წარმოება? რა გარანტია არის ამისი? სანამ ჭიათურა არ გამოარკვევს, შრომის ბირჟას შეუძლიან თუ არა საკმავო მუშების შოვა, მწარმოებელნი გულ-ხელ დაკრეფილნი უნდა იყვნენ და უცადონ. მოგეხსენებათ, რომ ხშირად ხდება სეზონური მუშაობა, როდესაც ასობით და ათასობით მუშა ხელი არის საჭირო. ხშირად ხდება ესა და როგორ უნდა იშოვოს შრომის ბირჟამ ათასობით კაცი. მაგალითად, ტყვარჩელის მაღაროში საჭიროა 3.000 კაცი. სად უნდა იშოვოს ტყვარჩელის თემის ბირჟამ ეს სამი ათასი კაცი?

ეს იმდენად გაბედული, ოპტიმისტური აზრი არის, რომ საჭიროა ცოტა კრიტიკულად შევხედოთ. და მე მგონია, ასეთი კატეგორიული დადგენილება ბირჟების შესახებ სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნის წარმოებისათვის (ხმა ადგილიდან: თქვენ ვერ გაიგეთ კანონის შინაარსი!). მე ძალიან კარგად გავიგე და ამაზე დიდი კამათიც გვქონდა კომისიაში. კანონ-პროექტი აწესებს, რომ სანამ ბირჟა არ გამოარკვევს, რომ მას მუშის შოვნა არ შეუძლიან და ამის შემდეგ არ დართავს მუშების ძებნის ნებას, მწარმოებელს არ შეუძლიან მუშების ძებნა ბირჟის გარეშე (ხმა ადგილიდან: ეს სამი საათის საქმეა!). როცა შრომის ბირჟას შეუკვეთავენ სამი ათას კაცს, განა მას შეუძლიან სამი საათის განმავლობაში გამოარკვიოს, რამდენის შოვნა შეუძლიან მას და რამდენის არა?

ესეც რომ არ იყოს, რა გარანტია გვაქვს, რომ ბირჟის დადგენილება არ იქნება ისეთივე ოპტიმისტური, როგორც ეს დადგენილება (ხმა ადგილიდან: იმან იცის, რაც ჰყავს!.) მართალია, მაგრამ საინტერესო ის არის, მწარმოებელი და წარმოება მიიღებს თუ არა იმას, რაც მას უნდა. წარმოება არ უნდა იყოს დამოკიდებული კანცელარიის რამდენიმე კაცზე, რომელსაც ბოლოს და ბოლოს წარმოადგენს შრომის ბირჟა და რომელიც დაიწყებს საკითხის გამორკვევას იმის შესახებ, თუ რამდენი კაცის შოვნა შეუძლიან. როდესაც წარმოება დამოკიდებულია ასეთნაირად, მე ვამბობ, რომ ეს წარმოება სრულებით არ არის უზრუნველყოფილი.

ამიტომ სავალდებულო არ უნდა იყოს, რომ მწარმოებელმა უთუოდ მხოლოდ ბირჟაში ეძიოს მუშები. თავის თავად ცხადია, რომ მწარმოებელი უწინარეს ყოვლისა მიმართავს ბირჟას, სადაც ჩაწერილნი იქნებიან უმუშევარნი.

ასეა ყველგან, სადაც ეს ბირჟები არსებობენ. შრომის ბირჟებისთვის გადამეტებული უფლებების მინიჭება მეტად საზიანო იქნება ჩვენი ეკონომიური ვითარებისათვის. ბ. მომხსენებელი გვიმტკიცებდა, რომ რომელიმე კლასის ან ჯგუფის ინტერესებს კი არ ვიცავთ, არამედ წარმოების ინტერესებსო. სამწუხაროდ, ამ საკითხში ეს დაპირება არ გამართლდა, მაგრამ ამის აღიარებაც სასარგებლო საქმეა და ვუსურვებ, რომ ასეთი აზრი განმტკიცებულიყოს სოციალისტურ წრეებში (ს.-რევ. სკამებიდან: კეთილი სურვილებია?). თქვენც გისურვებთ (უჩვენებს ს.-რ.-ბზე), მაგრამ იმის იმედი კი არა მაქვს, რომ თქვენ ამას შეითვისებთ. სასურველია განმტკიცებულიყო ის აზრი, რომ თუ წარმოება არ არის უზრუნველყოფილი, ვერ იქნება უზრუნველყოფილი პროლეტარიატის ინტერესებიც. ეს ახალი აზრი არ არის, მაგრამ ფაქტიურად თუ ავიღებთ, ეს მეტად ახალ საქმედ უნდა ჩავთვალოთ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, შესახებ წარმოების სხვა და სხვა პირობებისა, სამუშაო დროსი, ხელფასისა და სხვა, რასაკვირველია, კანონ-პროექტით ამ საკითხების განსაზღვრა შეუძლებელი იყო, რომ აქ სავსებით არ დაგვედასტურებინა ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს და რომელიც სავსებით არ შეეფერება ჩვენი ცხოვრების ეკონომიურ მდგომარეობას.

აქ დიდი ბრძოლა გამოუცხადეს სოც.-ფედერალისტებმა ნარდ მუშაობას. მათ თავის ხმა შეუერთეს სოც.-რევოლიუციონერებმა და ამტკიცებდნენ, რომ ნარდი მუშაობის დაკანონება არის ბოროტება და ღალატი მუშათა კლასის წინაშე. უსაყვედურებდნენ ძველი აზრების უარყოფას და სხვა. ეს საყვედურები თქვენი შინაური საქმეა. რაც შეეხება ნარდად მუშაობას, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შეუწყნარებელია მისი ასე ზეპირად უარყოფა. ნარდად მუშაობას ჩვენ ვერ მოვსპობთ ისე, რომ უწინარეს ყოვლისა თვით მუშათა კლასი არ დავსაჯოთ. არის ზოგიერთი სფერო წარმოებისა, სადაც ნარდი მუშაობა აუცილებელია და შეუძლებელია, რომ მუშაობა სხვანაირად სწარმოებდეს. აიღეთ მუშაობა მაღაროებში ან ტყეში, სადაც მუშები ერთმანეთზე დაშორებულნი არიან და არ შეიძლება მათი მუშაობის წესიერი კონტროლი. აქ თქვენ არავითარი გარანტია არა გაქვთ, რომ მომუშავე 8 საათში მართლა იმუშავებს და რამეს გააკეთებს. თავის თავად ცხადია, რომ სხვა საზომი უნდა იყოს ხელფასის დაფასებაში.

ანგარიში იმისა, თუ რა გიჯდებათ წარმოება, რას გაძლევთ წარმოება, ან ესა თუ ის მუშა რამდენ საქონელს ამზადებს, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაშვებული იქნება ნარდი მუშაობა. მაგრამ განა მარტო იმ სფეროში არის სასურველი ნარდი მუშაობა? თუკი ჩვენ საქმე გვაქვს მუშათა ისეთ კონტინგენტთან, რომელიც შეჩვეულია ამ მუშაობას, არის პროფესიონალური მუშა, მაშინ შესაძლებელია ეს ნარდი მუშაობა მრავალ დარგში არც იყოს საჭირო. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი მუშები ძლიერ ცოტა გვყავს. ჩვენ დაქირავებულ მუშათა რაზმიდან შეიძლება 5 პროც. არ გამოდგეს ისეთი პროფესიონალური მუშა, რომელნიც მუდმივად დაქირავებული შრომით ცხოვრობდეს. დიდი უმრავლესობა ამ რაზმისა არის შემთხვევითი მუშები, რომელნიც მოდიან ტფილისში სამუშაოდ რამდენიმე თვით, შემდეგ წავლენ სოფელში, შეიკერენ წუღას, დაიკიდებენ ხანჯალს და კარგა ხანს დასეირნობენ (კედია: იმერული აზნაურებივით!). დიახ, რომელნიც ჰბაძავენ თავად-აზნაურობას ჩოხა-ახალუხის ჩაცმაში და ხმალის დაკიდებაში. ეს არ არის ის პროფესიონალური მუშა, რომლისთვისაც ჩვენ შეგვიძლიან დავაკანონოთ ისეთი მტკიცე ნორმები, როგორც ეს ინგლისის პროლეტარიატისთვის არის დაწესებული. ასეთი შემთხვევითი ხალხისთვის, რომელნიც არ არიან აღზრდილნი ამ სფეროში, საჭიროა აუცილებლად ნარდი მუშაობის დატოვება და თქვენ გაქვთ კიდეც ამის მაგალითი. თქვენ ნარდი მუშაობის დიდი მოწინააღმდეგენი იყავით და რევოლიუციის პირველ დღეებში დეკრეტი გამოეცით, რომლითაც სასტიკად აღკვეთეთ ნარდი მუშაობა. მაგრამ ცხოვრებამ დაგანახვათ, რომ ეს თქვენი დადგენილება საზარალო იყო მრეწველობისთვის და კერძოდ, მუშებისათვისაც: შრომის ნაყოფიერება წარმოებებში 80 პროც. დაეცა და მუშების მდგომარეობაც ამდენადვე გაუარესდა. თქვენ დაინახეთ, რომ ძველი მდგომარეობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. მე ხელთ მაქვს ოფიციალური ანგარიშები ბორჯომის წარმოების შესახებ. სიამოვნებით აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ გამოცვლა პოლიტიკისა გამომდინარეობს შრომის დაცვის უწყების მეთაურობიდან. მათ პირადად მოუხდათ წასვლა ადგილობრივ დამტკიცება მუშებისათვის, რომ ნარდად მუშაობის შედეგები მათთვის საზიანო კი არა, სასარგებლო იქნება. ნარდი მუშაობის შემოღების შემდეგ შრომის ნაყოფიერებამ აიწია 300 პროცენტით და მუშათა ბიუჯეტიც გაიზარდა 300 პროცენტით. ამნაირად, მუშათა მდგომარეობა 3-ჯერ გაუმჯობესდა და წარმოებაც სამჯერ გაუკეთესდა. ეს აშკარა საბუთი არის იმისა, რომ ნარდი მუშაობა ზოგიერთს შემთხვევაში პირდაპირ აუცილებელია. აი ეს ნარდი მუშაობა შრომის კანონ-პროექტში თითქოს დაკანონებული და შემოღებულია, მაგრამ სამწუხაროდ ისე ცუდათ არის გამოხატული, რომ თითქმის სრულიად აუქმებს მას. 57-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მწარმოებელი მოვალე არის დაქირავებულს ანგარიში გაუსწოროს სამუშაო დროს მიხედვით, უკეთუ მუშამ ნარდათ მუშაობის დროს „მის პიროვნებასთან დაუკავშირებელ გარემოებათა გამო“ ნაკლები ხელფასის საქმე გააკეთა, ვიდრე დროს მიხედვით მიიღებდა. ეს მუშის პიროვნებასთან დაუკავშირებელი მიზეზები ისეთი გამოურკვეველი მცნებაა, თუ ნარდად მომუშავენი დარწმუნებული იქნებიან, რომ ყოველს შემთხვევაში ისინი იმდენს მაინც აიღებენ, რასაც გადაჭრილ ფასებში მომუშავენი, მაშინ უმრავლესობა მუშებისა იმის ნახევარსაც არ გააკეთებს, რის გაკეთებაც შეუძლიან. ეს გაუქმებაა ნარდი მუშაობისა. და ამიტომ მე ვფიქრობ, უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ გარემოებას და შევცვალოთ ეს მუხლი.

რაც შეეხება 8 საათის სამუშაო დღეს, ამის შესახებ მოგახსენებთ, რომ დემოკრატიულ პირობებში არ არის არავითარი აზრთა სხვადასხვაობა რვა საათის სამუშაოს შესახებ. მისი შემოღების მსურველი ყველა დემოკრატიული მიმდინარეობა იქნება. მაგრამ საკითხი იმაშია, როდის და რა პირობებში შეიძლება მისი განხორციელება წარმოების დაუზიანებლად. ჩვენის აზრით, ეს ზომა არ უნდა იყოს მიღებული როგორც აბსოლუტური მცნება. ამ პრინციპის განხორციელება დროს და გარემოებას უნდა შეეფერებოდეს. მარქსისტული შეხედულებაც ასეთი უნდა იყოს ამ საგანზე. თუ არის ისეთი მდგომარეობა, რომ 8 საათის სამუშაო დღე აზიანებს წარმოებას და მაშასადამე, თვით მუშების ინტერესებს, მაშინ რვა საათის სამუშაოს შემოღება უკვე აღარ არის სასარგებლო ზომა, მის შემოღებაზე მაშინ დროებით უარი უნდა ვთქვათ (ხმაურობა, ხმები: ჰო, ჰო!) და უნდა მოუცადოთ იმ დროს, როცა შესაძლებელი იქნება მისი უმტკივნეულო განხორციელება. ჩვენს სინამდვილეში თუ არის ისეთი პირობები, რომ რვა საათის სამუშაო დღე ასეთს ზიანს მოუტანს ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას, მისი შემოღება უნდა გადავდოთ (ხმაურობა: ვაჰა, ვაა, სიცილი) (ხმა: სანამდის უნდა ვუცადოთ?). გულთმისანი არ ვარ, რომ ვსთქვა, როდის დადგება ისეთი დრო, რომ ასეთი ზომისთვის საკმაოდ მომზადებული იქნება ჩვენი წარმოება და თვით მუშათა კლასი.

თქვენ ჩემი განცხადება უაღრეს ბურჟუაზიულ და კონტრ-რევოლიუციონურად მიგაჩნიათ და მას დასახავთ როგორც დიდ ღალატს მუშათა კლასის წინააღმდეგ ჩადენილს (ხმაურობა). მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თქვენი აზრი შემცდარი იქნება. მე მოგიყვანთ ზოგიერთ მაგალითებს სოციალისტების მოქმედების პრაქტიკიდან. თქვენი მარცხენა ამხანაგები, ბოლშევიკები, რუსეთში მივიდენ იმ დასკვნამდე, რომ მუშებმა ეხლანდელს პირობებში უნდა იმუშაონ 10 და 12 საათი. იმათ დაინახეს, რომ ხალხის უმრავლესობა ამოწყდება ფიზიკურად, ვინაიდან 8 საათის სამუშაო დღე ვერ უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ არსებობას, მაშასადამე, შესაძლებელი ყოფილა, რომ თვით სოციალისტებმა უარჰყონ 8 საათის სამუშაო დღე დროს და გარემოების მიხედვით. ეს ერთი საბჭოთა რუსეთი. არის მეორე უფრო ზომიერი მიმართულება, რომელიც იმ აზრის არის, რომ 8 საათის სამუშაო დღის შემოღება ეხლავე ყველა ქვეყნებში არ შეიძლება; რომ ამისთვის ერთგვარი ეკონომიური პირობებია საჭირო.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინეთ საერთაშორისო შრომის კონფერენციამ სპეციალური კომისია აირჩია, რომ შეემუშავებია მთელი რიგი უფლებრივ ნორმებისა ხალხთა ლიგისთვის გადასაცემად, რომ მიიღონ ის ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუშათა კლასის განვითარებას ყველა იმ ქვეყნებში, რომლებიც ხალხთა ლიგაში შედიან.

ამ კომისიამ შემდეგი დადგენილება გამოიტანა (კითხულობს). პარაგრაფი მერვე: სავალდებულოა სამუშაო დროს განსაზღვრა რვა საათით და კვირაში 48 საათით, გამოკლებით იმ ქვეყნებისა, სადაც კლიმატური პირობები, მრეწველობის დაბალ ხარისხზე მდგომარეობა ან სხვა სპეციალური პირობები ჰქმნიან შრომის ნაყოფიერების განსხვავებას სხვა ქვეყნებთან შედარებით (ლორთქიფანიძე: ვინ დასწერა?). ეს მიიღო შრომის საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც, მე ვფიქრობ, უფრო ავტორიტეტული უნდა იყვეს ამ საკითხში, ვიდრე ჩვენი დამფუძნებელი კრების სოციალისტური ფრაქციები.

აი, ამ უდიდესმა ორგანომ, რომელიც გამომხატველია საერთაშორისო მუშათა კლასის აზრისა, აღიარა, რომ 8 საათის სამუშაო დღე არ შეიძლება გახდეს ყოველს პირობებში და ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო ზომად. დამეთანხმებით, რომ ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, ტეხნიკური განვითარება და თვით მუშათა კლასის კულტურა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის. თუ ასეთ მდგომარეობაში ჩვენ მივიღებთ 8 საათის სამუშაო დღეს, როგორც აბსოლუტურ მცნებას, ჩვენ უთუოდ დავმარცხდებით იმ ბრძოლაში, მეტოქეობაში, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიო ეკონომიურ ურთიერთობაში.

თუ გინდათ, რომ დაჩაგრული არ გამოვიდეთ ამ ბრძოლაში და დავიცვათ ჩვენი პოზიციები, ჩვენ ისეთი ნორმა უნდა დავაწესოთ შრომის საკითხში, რომელიც ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას შეეფერება. ამ მხრივ თქვენი პოლიტიკა დიდად შემცდარია. იმის მაგიერ, რომ 8 საათის სამუშაო დღე დროებით გააუქმოთ ზოგს სამრეწველო დარგში მაინც, თქვენ სასოფლო მეურნეობაშიც კი ცდილობთ მის შემოღებას. ეს ჩვენი ეკონომიურ განადგურების და გაღატაკების გზაა.

თქვენ მუდამ ლაპარაკობთ, რომ ჩვენი ბურჟუაზია სუსტიაო. ეს მართალია. ჩვენი, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ბურჟუაზია მეტად სუსტია და ეს გასაგებიცაა. იგი პირველი თაობისაა (ღლონტი: და უკანასკნელის!). ჩვენ ვფიქრობთ, ბ. ღლონტო, რომ ამ ბურჟუაზიას მეტი თაობა ექნება, ვიდრე იმ მიმდინარეობას, რომელსაც თქვენ ეკუთვნით. რასაკვირველია, ჩვენ ბურჟუაზიას ვერ შევადარებთ ინგლისის ბურჟუაზიას, რომელიც 7-8 საუკუნეზე მეტი მუშაობს და რომელმაც შექმნა ინგლისის ეკონომიური და პოლიტიკური ძლიერება, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ პროლეტარიატიც ასეთსავე მდგომარეობაში არის. თქვენ თუ მარქსისტები ბრძანდებით, უნდა იცოდეთ, რომ მარქსმა პირველად გააჩინა ბურჟუაზია და შემდეგ პროლეტარიატი (სიცილი). ბურჟუაზიული კლასი, როგორც სოციალური წრე, მარქსის აზრით, რაც სრული ჭეშმარიტებაა, გაჩნდა უფრო ადრე, ვინემ პროლეტარიატი. მარქსის ღალატი იქნება და ეს თქვენთვის უხერხულია, რომ ჩვენში ჯერ ძლიერი პროლეტარიატი გაჩენილიყო და შემდეგ კი ბურჟუაზია.

ამიტომ საჭიროა, რომ შრომის საკითხებში მივიღოთ ესა თუ ის ნორმა არა იმის მიხედვით, თუ როგორი წესები აქვს ინგლისის საუკუნეთა განმავლობაში აღზრდილ მუშებს, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორი ეკონომიური პირობებია ჩვენში და როგორი მასალა მოგვეპოვება.

ინგლისში შეიძლება 8 საათის სამუშაო დღე ყოველ დარგში განხორციელდეს, მაგრამ ჩვენში ეს ჯერ არ შეიძლება. თქვენ, როგორც ეკონომიური მატერიალისტები, განყენებულად არ უნდა სჯიდეთ. ასეთი პოლიტიკა და აზროვნება უფრო შეეფერება ს.-რევოლიუციონერთა პარტიას, რომელიც რეალურ ცხოვრებას არავითარ ანგარიშს არ უწევს.

მუშების დათხოვნის და წარმოების ლიკვიდაციის საკითხი, ბ. ბ. აგრეთვე თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს მეტად დიდი და მწვავე საკითხია ჩვენ სინამდვილეში. თუ ის მდგომარეობა, რომელიც ამ ჟამად არსებობს, კვლავ გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სუსტი წარმოებათა ლიკვიდაცია სულ მალე მოხდება. ამ მდგომარეობამ პირდაპირ შეუძლებელი გახადა ახალ წარმოებათა აღმოცენება, თუმცა ამისთვის ფრიად ხელსაყრელი ობიექტური პირობები გვქონდა. ვთქვათ წარმოებას აღარ აქვს მუშაობის გაგრძობის საშუალება - მას არ აქვს მასალა ან მანქანების შეძენის, ან საერთოდ წარმოება საზარალოდ ხდება. ცხადია ქვეყნის ინტერესი მოითხოვს, რომ ასეთი წარმოება მალე დაიხუროს და იქ დაბანდებული შრომა და კაპიტალი უფრო ხელსაყრელ საქმეს მოხმარდეს. ჩვენს სინამდვილეში ეს თითქმის შეუძლებელი ხდება. მწარმოებელი თუ საქმეს დახურავს, მთელი ეს წარმოება და ღირებულება მუშებს სალიკვიდაციოთ მოუნდება.

ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ წარმოების ინტერესებიდან გამოვიდეთ, მაშინ ის, რასაც მომხსენებელი ბრძანებს, არ უნდა დარჩეს ძალაში. არ შეიძლება ასეთი მძიმე პირობების დატოვება. ის აბამს, ბოჭავს ეკონომიურ განვითარებას, ის საზიანოა არა მარტო მწარმოებელთათვის, არამედ საზიანოა თვით მუშებისათვისაც. ასეთი მდგომარეობის დატოვება აძვირებს ცხოვრებას, ქმნის არევ-დარევას და ანარქიას. და ხშირად 30 მუშის დაკმაყოფილებით უსამართლოთ დავსჯით მთელ ხალხს, უძვირებთ მათ ცხოვრებას.

ამ შემთხვევაში ჩვენ ის ნორმა უნდა მივიღოთ, რაც ევროპაში იყო შემოღებული. იქ მრავალი რამ გამოცადეს. და ამ გამოცდილებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენ, მე ვფიქრობ, არაფერს არ წავაგებთ და პირიქით, მოგებითაც ბევრს მოვიგებთ. ჩვენში რომ მრეწველობა სუსტია, ამას ყველა აღიარებს. ასე იყო ერთ დროს სუსტი მრეწველობა იმ ქვეყნებშიც, სადაც ის დღეს ძლიერია. მე მინდა, რომ ბ. მომხსენებელმა და თქვენ ყველამ, სანამ ამ პროექტს მიიღებთ, შემდეგ კითხვაზე შეიმუშაოთ პასუხი: მიაღწევდა თუ არა დღევანდელ აყვავებას ინგლისი, ამერიკა და სხ., იმათაც რომ ისეთი მძიმე შრომის წესები დაემყარებინათ, როგორსაც ჩვენ ვაწესებთ იმ ხანაში, როდესაც ისინი ჩვენსავით სუსტნი იყვნენ ეკონომიურად.

რასაკვირველია, შრომის საკითხში ჩვენ იმ წესებს ვერ დაუბრუნდებით, რომელნიც გასულ საუკუნეებში იყო გამეფებული. მაგრამ თუ არ გვინდა ეკონომიურ აყვავების ნაცვლად სრული ეკონომიური განადგურება, ვერც ისეთს წესებს შემოვიღებთ, რომელნიც ჯერ-ჯერობით ეკონომიურად აყვავებულ ქვეყნებსაც ვერ შემოუღიათ. თქვენ ამაყობთ, ასეთი კარგი შრომის კანონი არც ერთს სახელმწიფოში არ იქნებაო. კანონის სიკარგე მის მოქმედებაში და შედეგებში გამოიცნობა. ევროპის კანონმდებლობის ფარგლებში ამ ქვეყნების ეკონომიური ძლიერება შეიქმნა. ჩვენი შრომის პირობებში კი, რომელნიც სავსებით დადასტურებულია ამ კანონ-პროექტით, ჯერ-ჯერობით, როგორც ვხედავთ, ეკონომიურ დაქვეითების მეტს არაფერს გვაძლევს.

დათხოვნა-ლიკვიდაციის საკითხის მოკლედ განხილვას ჩვენ დავასრულებთ ერთი ცნობის მოყვანით, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ დარგში გამეფებული შეუწყნარებელი წესები თვით მუშათა ორგანიზაციებსაც კარგად აქვთ შეგნებული. მბეჭდავთა პროფესიონალური კავშირის 1918 წლის ანგარიში, სხვათა შორის, გვეუბნება: `საჭიროა აღინიშნოს, რომ დაახლოვებით 60 პრ. იმათგან, ვინც სალიკვიდაციო მიიღეს ტფილისიდან წასვლის მიზეზით, არსად არ წასულან და ცოტა ხნის შემდეგ ჩნდებოდენ სხვა და სხვა „საპატიო მიზეზით“. გამგეობა ფიქრობს, რომ ძველი დადგენილება, შესახებ სალიკვიდაციოს მიცემისა სრულიად იმათთვის, ვინც ქალაქიდან მიდის, უნდა შეიცვალოს, რადგან ისინი მაინც მოხვდებიან უმუშევართა სიაში და ნაწილი კი მიიღებს რა კარგ თანხას ხელზე, ხსნიან დუქნებს და სპეკულიანტებად ხდებიან. აი, ბატონებო, თვით მუშების აზრი იმის შესახებ, თუ როგორ დანიშნულებას ღებულობს წარმოებებისაგან უზომოდ აღებული სალიკვიდაციო თანხები და აგრეთვე, თუ რამდენად ხელოვნურია შრომის ბირჟებში შედგენილი `უმუშევართა სიები~. მე ძლიერ კმაყოფილი ვიქნებოდი, თუ თქვენი წარმომადგენლები შეეხებოდენ ამ ტრიბუნაზე ამ საკითხს და დაამტკიცებდენ, რომ არსებული მდგომარეობა ჰქმნიდეს თუნდაც რომელიმე ჯგუფის და ისე მცირე რიცხვოვან წრის, როგორიც არის პროლეტარიატი - რეალურ კეთილდღეობას და თუ არსებული ვითარება, რომელიც შექმნილია პროლეტარიატის ინტერესების დაცვის მიზნით, ანადგურებს მთელს ეკონომიურ ცხოვრებას, ამშევს და აღატაკებს თვით პროლეტარიატს. არ იქნება ცოდვა, თუ ასეთი ვითარების ავტორები ამ სამი წლის მაგალითებს ანგარიშს გაუწევენ და იმის მიხედვით გადასინჯავენ თავის პოლიტიკას.

თავმჯდომარე: თქვენი დრო გათავდა! (ხმა: გაუგრძელოთ!) რამდენი ხნით გაუგრძელოთ?

ალ. ასათიანი: 15 წუთი სავსებით საკმარისი იქნება.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ გაუგრძელოთ ვადა ლაპარაკისა 15 წუთით? არავინ. მაშასადამე, განაგრძეთ!

ალ. ასათიანი: აქ, რასაკვირველია, კიდევ არის მრავალი საკითხები, რომლებიც მძიმე ლოდებად აწევს ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას, მაგრამ ეხლა აქ ყველა ამ კითხვებს ვერ შევეხები.

მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც მეტად დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში. მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც ასეთ კანონ-პროექტს ვღებულობთ. ეს არის საკითხი პროფესიონალურ კავშირების უფლებებისა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე, როგორც არასოციალისტური მიმდინარეობის წარმომადგენელი, წინააღმდეგი ვარ საერთოდ შეკავშირების თავისუფლებისა, ანდა კერძოდ პროფესიონალურ კავშირებისა. გარწმუნებთ, რომ არა. მე მხოლოდ ვფიქრობ, რომ თუ გინდათ სახელმწიფოს არსებობა და იცავთ პიროვნების და კავშირების თავისუფლებას, ეს თავისუფლება ისე გარკვეული და ნათელი უნდა იყოს, რომ ერთის თავისუფლება არ უკარგავდეს მეორეს კანონიერ თავისუფლებას და თვითნებობად არ იქცეოდეს. დემოკრატიული წყობილება მით განირჩევა სხვა სახელმწიფოებრივ ფორმებიდან, რომ არც ერთს საზოგადოებრივ ჯგუფს ან კლასს არ უნდა ენიჭებოდეს ისეთი განსაკუთრებული უფლებები, რომელნიც სხვა ჯგუფებს და წრეებს თავის არსებობისათვის ბრძოლის და მთელი ქვეყნისთვის სასარგებლო მოქმედების საშუალებას უსპობს, თორემ როდესაც ერთი ჯგუფი ლახავს მეორე ჯგუფის თავისუფლებას, ან მონობა უნდა დამყარდეს, ანდა მუდმივი ანარქია (ს. დადიანი: თუნდაც დიდი უმრავლესობა იყოს ეს ჯგუფი?). დიახ, თუნდაც დიდი უმრავლესობა იყოს. როდესაც უმრავლესობა იმუშავებს რაიმე წესს და უმცირესობას და თითოეულ პიროვნებას ანიჭებს ამა თუ იმ უფლებას, ამის შემდგომ ამ უმრავლესობას არ აქვს უფლება, რომ წარა-მარა შეზღუდოს პიროვნების თავისუფლება (მ. ხოჭოლავა: ეს ინდივიდუალიზმია! ხმა: ეს ბურჟუაზიული თავისუფლებაა...). ეს არ არის ინდივიდუალიზმი, არამედ საფუძველია დემოკრატიული უფლებისა. მართალია, ის ბურჟუაზიამ შეიმუშავა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ეს ბურჟუაზიული ცნებები მაინც შევა ჩვენს კონსტიტუციაში. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ კავშირებს ვაძლევთ თავისუფლებას, ეს თავისუფლება არ შეიძლება იყოს უსაზღვრო: ერთი კავშირის თავისუფლება არ უნდა ლახავდეს სხვა წრეებისთვის მინიჭებულ უფლებას.

კარგად იცნობთ პროფესიონალურ მოძრაობის პრაქტიკას და დამეთანხმებით, არის ისეთი უფლებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროფესიონალურ კავშირების თავისუფლებას. კავშირის უფლება მოასწავებს იმას, რომ რამდენიმე პირს შეუძლიან კავშირის დაარსება თავის ინტერესების დასაცავად კანონის ფარგლებში. ეს მიღებულია ყველა კულტურულ სახელმწიფოში. აი, ეს არის შეკავშირების თავისუფლება. ჩვენს პრაქტიკაში ასეთი სახე არ მიიღო ამ შეკავშირებამ: თუ არსებობს რომელიმე მუშათა წრის კავშირი, იგი ისეთი უფლებით და გარანტიით უნდა აღიჭურვოს, რომ მას გარეშე ამ წრის მუშებს კავშირის დაარსება არ შეეძლებათ. თავის დაცვის სახით ხშირად ეს კავშირები ისეთ მდგომარეობას ამყარებდენ, რომ სხვებს უკარგავდენ სრულიად ბუნებრივ უფლებებს (ხმა: მაგალითი? რაში გამოიხატა?). მაგალითი? ვინ ჩამოთვლის? მოვიყვან სანიმუშოდ ერთს: არსებობს, მაგალითად, მბეჭდავთა პროფესიონალური კავშირი... (თ. ღლონტი: თქვენ ძალიან გაჯავრებული ხართ სტამბის მუშებზე). მე გაჯავრებული ვარ არა მარტო სტამბაზე, არამედ კიდევ უფრო თქვენს ფარმაცევტების კავშირზეც, რომელიც ზოგიერთების გავლენით ნამეტან ბოლშევიკურ ტენდენციებს იჩენს. აი, ვთქვათ, მე მაქვს სტამბა. მე მინდა ავიყვანო მუშები, რომელთაც არ უნდათ შევიდენ იმ კავშირში და უნდათ საკუთარი კავშირის დაარსება (თ. ღლონტი: არ შეიძლება!). მე ისე მესმის კავშირის თავისუფლება, რომ მესტამბენი არ უნდა იყვენ ვალდებულნი, რომ აუცილებლად თქვენი კავშირიდან იყოლიონ მუშები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აშკარა დადგენილება არის პროფესიონალურ კავშირისა, რომ უკეთუ მესტამბემ აიყვანა მუშა, კავშირი არ რთავს ნებას მუშაობისას. წარმოიდგინეთ, რომ მწარმოებელმა ისეთი მუშების შოვნა მოახერხა, რომლებიც არ მოისურვებენ კავშირში შესვლას, ანდა შეიძლება მათ თავისი კავშირი დააარსონ. რას ნიშნავს თქვენი პროგრამა-მინიმუმის მოთხოვნილება, თავისუფლება კავშირისა, თუ თქვენს გარდა არავის შეეძლება ასეთი კავშირის დაარსება? (თ. ღლონტი: ეგ შტრეიკბეხერობა იქნება!). ეს ცნება თქვენ სხვანაირად გესმით. მე მინდა საკუთარი კავშირი დავაარსო... შტრეიკბეხერობა აქ საიდან იქნება? (თ. ღლონტი: ეს არ შეიძლება!). თუ ეს არ შეიძლება, ეს არის გაბათილება იმ ცნებისა, რომელიც შეკავშირების თავისუფლებას გულისხმობს. ან, ვთქვათ, ჩვენ რედაქციებს კანონიერი ხელშეკრულების თანახმად იმ წარმოებისა, რომელსაც ეხლა ვიღებთ, გვყავს აყვანილი მბეჭდავები. არც ჩვენ ვარღვევთ ხელშეკრულებას, არც მუშები. ეხლა ვთქვათ, რესტორანის ოფიციანტები გაიფიცენ, მეპატრონეებმა არ დააკმაყოფილეს. ბრძოლა ჭიანურდება. რომ ზეგავლენა ბურჟუაზიაზე უფრო ძლიერი იყოს, პროფესიონალურ კავშირების ცენტრი სოლიდარობისთვის სხვა მუშების გაფიცვებსაც აცხადებს. ასეთი მაგალითი ხომ ხშირი მოვლენაა გაფიცვების ისტორიაში. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენი და ჩვენი ასოთ-ამწყობების მდგომარეობა. ჩვენ წესიერად ვასრულებდით დადებულ ხელშეკრულობას და ეხლა მუშებმა უნდა დაარღვიონ ეს ხელშეკრულება იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ოფიციანტებს და ლაქიებს, რომლებთანაც მათ როგორც საერთო, არაფერი ჰქონდათ.

აი, კავშირის მიერ გადაჭარბებული უფლებების მითვისება როგორ არღვევს და სპობს სრულიად კანონიერ ურთიერთობას და მეორე კავშირის თავისუფლებას. მე თქვენ გეკითხებით: ეს განა კავშირის თავისუფლებაა? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი თვითნებობა, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს (სპ. კედია: ამას ბოლშევიკები ჩადიან!). დიახ, ამას ბოლშევიკები ჩადიოდენ, მაგრამ ეხლა გონს მოდიან და საწინააღმდეგო წესები შემოიღეს. არამც თუ ეს, გაფიცვები იქ სრულიად აღკრძალეს და გაფიცვისთვის იქ კიდეც ხვრეტენ. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდენ.

ბატონებო! თუ რა საშინელ სახეს ღებულობს ეს უდიდეს მნიშვნელობის საქმე, ეს მრავალ მაგალითიდან სჩანს. ჩვენ ამას უყურებთ, როგორც უფლებრივ საკითხს. აი, მაგ., აიღეთ მუშათა კავშირების მოღვაწეობა სოხუმში. სოხუმის მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ მე და მომხსენებელი იქ ვიყავით და ამ საქმეს გავეცანით. იქ არსებობს საქონლის გადამტვირთავი რამოდენიმე არტელი გემის, ზღვის, ნავთსადგურის და სხვა.

ეს არის საშინელი ციხეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროთ, რომ ზღვიდან ხმელეთზე გადახვიდეთ და საქონელი გადაიტანოთ. ეს არტელები მოქმედებენ თავის წესდებებით. წევრად ადვილად არავის იღებენ, ვინაიდან მსურველი რომ ბევრი აღმოჩნდეს, შემოსავალი მოაკლდება წევრებს. არტელიდანაც არავინ მიდის, რაც უნდა შემცირდეს მუშაობა. მათს ხელშია ხელფასის მომატება და ისეთ ფასს დააწესებენ, რომ ყველას აკმაყოფილებდეს. ეხლა იქ სამუშაო ხუთჯერ, ექვსჯერ ნაკლებია, ვინემ ომამდე იყო, გადამტვირთავთა რიცხვი კი ერთი სამად მეტია. მუშაობენ მორიგეობით: ერთ დღეს ერთი ჯგუფი, მეორე დღეს მეორე და სხვა. როდესაც ერთი კაცის მაგიერ ხუთი ღებულობს ჯამაგირს, ცხადია, ამით მათი შრომის ნაყოფი ერთი ხუთად ძვირი ჯდება, ეს კი მთელი ხალხის დაზარალებაა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. სოხუმს ნავთსადგური აქვს. ოკეანის გემები მოშორებით უნდა გაჩერდენ, საშუალო გემები კი ადვილად ადგება ნაპირს. ეხლა გადამტვირთავთა არტელების დადგენილებაა, რომ არც ერთი გემი არ მოადგეს ამ ბაქანს, რომ ამით გადამტვირთავთა ერთ არტელს - მენავეთ გვერდი არ აუხვიოთ. თქვენ აუცილებლად მათ უნდა მისცეთ ბარგი და მათ ნავში უნდა გადახვიდეთ. ბატონებო, გეკითხებით თქვენ: ეს არის თავისუფლების დამყარება? ეს არის ცხოვრების გაიაფება?

ბ. მომხსენებელი იქ იყო და მან კარგად იცის, რომ სოხუმის ნავთსადგური გაუქმებულია. ჩვენ იქ ყოფნის დროს მრავალჯერ გვქონდა ბედნიერი შემთხვევა გვეხილა, თუ როგორ აწამებდენ ხალხს საშინელს ცუდს ამინდშიც იმისთვის, რომ ათიოდე მენავეთა მადა დაეკმაყოფილებინათ. მხოლოდ ჯარები თუ იქნებოდა გადასასხამი, მაშინ მისცემდენ ნებას, რომ გემი ბაქანზე მიმდგარიყო.

ასეთს ველურობას, რასაკვირველია, არც ერთ კულტურულ ქვეყანაში არ მოითმენდენ. ჩვენში კი ამას პროფესიონალურ კავშირის თავისუფლებას ვეძახით. დააღწიეთ თავი ზღვას, გაიარეთ ხუთი არტელი და ყველას მიეცით ფული. საქონლის, ბარგის სახლში მიზიდვა გსურთ, თქვენ ცხენი რომ გყავდეთ, არ გაქვთ საშუალება თვითონ წაიღოთ ბარგი. თუ მაინც წაიღებთ, მედროგეების კავშირის რწმუნებული თქვენ მაშინვე შჩოტს მოგაწვდის. ან, ვთქვათ, სოფლიდან ცხენით ან ზურგით თამბაქო მოიტანეთ, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ საწყობში თქვენი ხელით შეიტანოთ.

ამას წინეთ იქ თამბაქოს პლანტატორთა ყრილობა იყო. ერთმა გლეხმა შემდეგი თავგადასავალი უამბო კრებას: ჩემი ცხენით ჩამოვიტანე რამოდენიმე ფუთი თამბაქო, მივიტანე საწყობში, დავაპირე თამბაქოს შეტანა, არ დამანებეს გადამტვირთავ მუშებმა. დიდი ვეომე, უმტკიცე: თამბაქო ჩემის ხელით დამიმუშავებია, ჩემი ხელით აქამდე მომიტანია და აქ შენ რად უნდა მოგცე ფული მისი საწყობში შეტანისათვის-თქო? არაფერი გამივიდა. შეტანით მოვასწარი შეტანა, მაგრამ ფული მაინც გადამახდევინესო.

მე გეკითხებით თქვენ: ასეთი მდგომარეობა ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას შლის თუ არა? ის ამეფებს თუ არა მუქთახორობას, აძვირებს თუ არა ცხოვრებას? ამის შემდეგ მე მინდა ვუპასუხო ბ. თევზაიას, რომელმაც ჩვენს ფრაქციას გადმოსძახა: თქვენ რა მიმართულება ხართ, ერთი გაზეთიც ვერ გამოგიციათო. ეს, ბ. თევზაია, აიხსნება იმ საშინელი მდგომარეობით, რომელიც თქვენ შექმენით მუშათა საკითხში და რომლის ზოგიერთი მაგალითი მე თქვენ მოგიყვანეთ. ერთს მშვენიერ დღეს მუშებმა დასტოვეს „საქართველოს“ სტამბა, როგორც კი სრული ანგარიში მიიღეს. ეს იყო აღდგომის წინ. სადღესასწაულო ნომერი არ გამოუშვეს. მათმა კავშირმა უკანონოდ აღიარა მათი წასვლა, არ დაუჭირა მხარი მათს მოთხოვნილებას. ისინი მაინც არ დაბრუნდენ. გამოვიწვიეთ მუშები მომრიგებელ კამერაში, არ გამოგვყვენ. მივმართეთ შრომის სამინისტროს. გავიდა თვეები, ვერაფერს გავხდით, მათი უკანონო მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებინა. ისინი ახალ ადგილებზე იყვენ მოწყობილი და ჩვენთან არ დაბრუნდენ. ეხლა კავშირი სხვა ახალ მუშების აყვანის ნებასაც არ გვაძლევს: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პოსტ ფაქტუმად მუშების გაფიცვას და მათ გაფიცული თვეების ქირა უნდა მისცეთო.

რამდენი ზარალი ვნახეთ ქონებრივი და მორალური მათი წასვლის გამო და როცა ყველა ორგანოებმა უკანონოდ აღიარეს, ჩვენ კიდევ მათი ჯამაგირი უნდა ვიხადოთ მაშინ, როდესაც ისინი ერთი კვირაც არ ყოფილან გამცდარი! ასეთია, ბატონებო, „საქართველოს“ შეჩერების ისტორია და ამის შემდეგ ბ. თევზაია არ უნდა კითხულობდეს, თუ რატომ არის, რომ მთელ პოლიტიკურ მიმდინარეობას გაზეთის გამოცემის საშუალება ესპობა.

ეხლა მე მინდა დაგეკითხოთ თქვენ: რა ფასი ექნება ისეთი შრომის კანონის გამოცემას, რომელიც ჩვენს მიერ რევოლიუციურ ხანაში საჩქაროდ მიღებულ წესებს, სრულიად შეუწყნარებელ წესებს თითქმის სავსებით დაადასტურებს სალიკვიდაციო ხარჯების შესახებ. კანონ-პროექტის უკანასკნელი 91-ე მუხლი გარკვეულად ამბობს, რომ 1918 წ. 14 იანვრის დეკრეტი ძალაში რჩება. კანონ-პროექტში მოიპოვება აგრეთვე მე-14 მუხლი, რომელიც ზოგადად აკანონებს შრომის საკითხში გამეფებულს თითქმის ყველა წესებს. ეს მუხლი ამბობს: „შრომის ხელშეკრულების პირობა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზედ. ნამდვილად არ ჩაითვლება ისეთი პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის წესებს, მის დამდებთ სასამართლოთი სარგებლობის უფლებას უზღუდავს და აგრეთვე პირობა, რომელიც აუარესებს მშრომელის მდგომარეობას წარმოებაში, შინაურ წესრიგისა და შრომის დამცველ კანონებით დაწესებულ პირობებთან შედარებით“. ამ მუხლის მეორე ნახევარში რა გნებავთ, რომ არ შეიძლებოდეს იგულისხმოთ? ყოველივე ცვლილება მუშათა საკითხში, თუ არ იცის, რა პროფესიონალურ კავშირს მოესურვება, შრომის მდგომარეობის გაუარესებად იქმნება მიჩნეული. თუ კოლექტიურ ხელშეკრულებით ან პროფესიონალური კავშირის თუ სატარიფო პალატის დადგენილებით დამყარებულია მრეწველობისათვის ეს თუ ის აუტანელი წესები, მათი შეცვლა უკვე აღარ შეიძლება, თუ ყველა ეს ორგანოები და მუშები არ შეთანხმდა, რომ ეს ცვლილება „არ აუარესებს“ მუშათა მდგომარეობას.

თქვენ მოგეხსენებათ, რა ზომად დაეცა ჩვენი შრომის ნაყოფიერება. ეს ჩვენ სრულ ეკონომიურს კრახს გვიმზადებს. თქვენ ყოველივე ამას მსოფლიო ომს აბრალებთ, მაგრამ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ მოხდენილმა წარმოებათა შესწავლა და თვით თქვენს უწყებაში შეკრებილი სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ შრომის ნაყოფიერება სწორედ ომის დასრულების შემდგომ დაეცა საშინლად. ზოგიერთ დარგში შრომის ნაყოფიერება ომის დროს კიდეც გაიზარდა. შემდგომ რევოლიუციის დროს შრომის ნაყოფიერება განახევრდა და კიდევ მეტადაც დაეცა. ეხლა, ვთქვათ, სრული გაღატაკების თავიდან ასაცდენად მუშები შეუთანხმდნენ მწარმოებელს და ხელფასი და სხვა პირობის გაუმჯობესებასთან ერთად თანხმდებიან 8 საათის მაგიერ 9 საათი იმუშაონ, ან შვებულება შეამოკლონ, ან შეთანხმებით უარი თქვან ზოგიერთს ასეთ გადაჭარბებულ უფლებაზე, რომელსაც მათთვის არაფერი სარგებლობა არ მოაქვს და წარმოებას კი აზიანებს. კანონ-პროექტის მეთოთხმეტე მუხლის შემწეობით ყოველივე ასეთი ცვლილებანი, რომელიც შეიძლება დიდად სასარგებლოც იყოს მუშაობისათვის და არა გარეგნულად სასარგებლო, არამედ არსებითად და აუმჯობესებდეს მის ქონებრივ მდგომარეობას, მრავალს შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა. უთუოდ გამოჩნდება პალატა, ცენტრი ან სხვა რომელიმე ორგანო, რომელიც თავს მუშების ინტერესების დამცველად ისახავს და დაიწყებს დავას, რომ ეს ცვლილება აუარესებს მშრომელის მდგომარეობას. დაუმტკიცეთ ეხლა თქვენ მათ, რომ მუშებისათვის გაცილებით უფრო სასარგებლოა რვა საათის მაგივრად ცხრა იმუშაოს და მაძღარი იყვეს, ვინემ იმუშაოს ოთხი საათი და სიმშილით ის და მისი ოჯახი სულს ლევდეს.

არ უნდა დავივიწყოთ, ბატონებო, რომ უკიდურესმა, შეურიგებელმა პოლიტიკამ პროლეტარიატს ვერსად ვერ მიანიჭა ბედნიერება და მდგომარეობის გაუმჯობესება. თქვენ მალე დაინახავთ, რომ როდესაც რუსეთში ბოლშევიზმი დაეცემა, პროლეტარიატი დარჩება დაუძლურებული, დაქსაქსული და არამც თუ არ შერჩება დემოკრატიულ წრეების ის თანაგრძნობა, რომელიც მას ჰქონდა ბოლშევიკურ რევოლიუციამდე, არამედ მის წინააღმდეგ იქნება დარაზმული მთელი ხალხი, მთელი დემოკრატია. ასეთს მოვლენებს ევროპაშიც ჰქონდა ადგილი. გაიხსენეთ შარშანდელი ინგლისის გაფიცვა, ან საფრანგეთის ტრანსპორტის მუშების გაფიცვა წრეულს, ან გერმანიის უკანასკნელი გაფიცვები. მუშების მოთხოვნილება გადაჭარბებული იყო, აუტანელი და საზიანო მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო კაპიტალისტებისათვის. ამ გარემოებამ გამოიწვია მთელი ხალხის ამხედრება გაფიცულების წინააღმდეგ.აუარებელი ხალხი გავიდა სამუშაოდ გაფიცულების მაგიერ. ეს გაფიცვები სასტიკად დამარცხდა. წინეთ, როდესაც პროლეტარიატის მოთხოვნილებანი უფრო ზომიერი იყო, მისი გაფიცვები დემოკრატიაში თანაგრძნობას იწვევდა. ეხლა, როდესაც პროლეტარიატი შეურიგებელ ომს უცხადებს მთელს არსებულს ეკონომიურს ურთიერთობას, მის წინააღმდეგ ირაზმება არა მარტო კაპიტალისტები, არამედ საზოგადოების დანარჩენი წრეებიც და ამ გზით, ვარწმუნებთ პროლეტარებს, თქვენ ვერ მიანიჭებთ ხანგრძლივ გამარჯვებას.

მუშათა ინტერესების დაცვამ ჩვენში თავიდანვე მავნე მიმართულება მიიღო. გარეგნულად აკმაყოფილებს შეუგნებელ მასის თავმოყვარეობას: აძლევთ მათ განუსაზღვრელ უფლებებს და ეს მასა ვერ ხედავს, რომ ამ გადაჭარბებულ, წარმოებისთვის მიუღებელ უფლებების მიცემასთან ერთად მათ ერთმევათ ლუკმა პური და მათი ქონებრივი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მხოლოდ ამით აიხსნება, რომ ევროპის მუშებს გარეგნულად ნაკლები უფლებები აქვთ, მაგრამ ჩვენ მუშებზე ერთი ხუთად უკეთ ცხოვრობენ.

მე აღვნიშნე ბ. ბ. კანონ-პროექტის მთავარი დეფექტები. იმედი მაქვს, რომ თქვენ ანგარიშს გაუწევთ ჩვენი ეკონომიური ცხოვრების სახიფათო მდგომარეობას და ნაჩქარევად არ მიიღებთ კანონ-პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ყოვლად მიუღებელ წესებს აკანონებს. ამის შესახებ ჩვენს შესწორებებს მუხლობრივ განხილვის დროს გაგახსენებთ.

თავმჯდომარე: მდივანი მოგახსენებთ შემდეგი დღის დღიურ წესრიგს

(მდივანი კითხულობს). შემდეგი სხდომა ივლისის 27 მოხდება. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა ნაშუადღევს 3 საათზე იხურება.

8 ოცდამეჩვიდმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(37)

1920 წელი. ივლისის 27. ტფილისი. სასახლე.

:

1. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - ჯარში ან სახალხო გვარდიაში აგიტაციისათვის სასჯელის გადიდების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 11 საათ. და 10 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. განგრძობა მსჯელობისა - შრომის ხელშეკრულების კანონ-პროექტის შესახებ.

2. დეკრეტი - ტფილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმებისა.

3. განგრძობა მსჯელობისა - სოც.-რევ. ფრაქ. მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

4. დეკრეტი - დაბა ყაზბეგში გენერალ ყაზბეგისაგან (გიორგი) მამულისა, შენობებისა და ინვენტარის შესაძენად 1.100.000 მან. გადადებისა.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ჯარში ან სახალხო გვარდიაში აგიტაციისათვის სასჯელის გადიდების შესახებ.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალქალაქის მაზრის საექიმო დაწესებულებათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

7. დეკრეტი - დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ომში დახოცილთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 მილ. მან. გადადებისა.

8. დეკრეტი - ქ. ფოთში რადიო სადგურისათვის შენობის ასაგებად 1 მილ. მან. გადადებისა.

9. დეკრეტი - ქ. გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500.000 მან. სესხის მიცემისა.

10. დეკრეტი - კულტურულ მამულების ყოფილ მესაკუთრეთათვის ჩამორთმეულ ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.698 მან. და 55 კაპ. გადადებისა.

11. დეკრეტი - ტფილისის აბანოების ყოფილ მესაკუთრეთა დასაკმაყოფილებლად და ანანოვისათვის ჩამორთმეული მამულის „ვარციხის“ ინვენტარისა და ღვინის საფასურის ასანაზღაურებლად 2.172.409 მან. და 27 კაპ. გადადებისა.

12. დეკრეტი - კახეთის რკინის გზის საზოგადოებისათვის 10 მილ. მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილი: მეხუთე საკითხი წავიდეს დეკრეტის სახით, მეორე - დაისვას პირველ საკითხად და დღესვე მოხდეს საბოლოო ტექსტების წაკითხვა.

პრეზიდიუმის წინადადება არის - მეორე საკითხი დაისვას მეორე საკითხად და დღესვე მოხდეს მისი სამივე წაკითხვა. წინადადების შესახებ ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის არ სურს. თვითეულ წინადადებას ცალკე უყრი კენჭს: ვინ არის წინააღმდეგი, რომ მეხუთე საკითხი დეკრეტის სახით წავიდეს? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი, რომ პირველი საკითხი იყოს დასმული? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი იმისა, რომ დღესვე მოხდეს მისი სამივე წაკითხვა? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია. ეხლა კენჭს უყრი პრეზიდიუმის წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია. მაშასადამე, დღის წესრიგი დამტკიცებულია. სიტყვა ბ. გურულს ეკუთვნის.

1. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა - ჯარში ან სახალხო გვარდიაში აგიტაციისათვის სასჯელის გადიდების შესახებ.

. გურული (ს.-დ.): მოქალაქენო! იმ არაჩვეულებრივ პირობების გამო, რომელშიაც მოემწყვდა ჩვენი რესპუბლიკა დაბადებიდანვე, ამ ორი წლის წინად 5 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დროებითი სიკვდილით დასჯა უმძიმეს ბოროტ-მოქმედებისათვის. რომ გაუგებრობა არ მომხდარიყო ამ კანონით სარგებლობის დროს, მაშინვე პარლამენტმა ჩამოსთვალა, რა იყო ეს უმძიმესი ბოროტ-მოქმედება, რომლისთვისაც შესაძლებელია მიესაჯოს სიკვდილით დასჯა. იქ ჩამოთვლილი არის სულ რვა ბოროტ-მოქმედება. ეს რვა ბოროტ-მოქმედება არის შემდეგი (კითხულობს).

ორი წელიწადია, ეს კანონი ხმარებაში არის და ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მკაცრი ბრძოლა იყო საჭირო ამა თუ იმ ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ. მაგრამ ვინაიდგან ჩამოთვლილ ბოროტ-მოქმედებათა შორის არ იყო, ამიტომ დაუსჯელი, ან ნაკლებად დასჯილი რჩებოდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენ ცხოვრებაში არის ერთი განსაკუთრებული ბოროტ-მოქმედება, რომელიც შემთხვევითი კი არ არის, არამედ სისტემად გადაიქცა და რომლის წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონ-პროექტში ჩამოთვლილ ბოროტმოქმედებათა წინააღმდეგ. ასეთი ბოროტ-მოქმედება, რომელიც სისტემად გადაიქცა და რომლითაც სურთ დაამხონ არსებული დემოკრატიული წყობილება და გააქარწყლონ დემოკრატიის ამდენი ხნის ამაგი, გახლავთ აგიტაცია ჯარსა და გვარდიაში და საზოგადოდ, შეიარაღებულ ძალაში. აქ არის, როგორც მოგახსენეთ, შეიარაღებულ აჯანყების მოწოდებისთვის შემოღებული სიკვდილით დასჯა. მაგრამ იმის წინააღმდეგ, ვინც ამ აჯანყებას ამზადებს, მოსამართლეს არა აქვს არავითარი საშუალება იმოქმედოს ამავე კანონით. ამიტომ ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და თავდაცვის საბჭომ, რომელსაც თქვენ მიანდეთ რესპუბლიკის დაცვა ამ უკიდურეს, არაჩვეულებრივ მომენტში, იშუამდგომლა, რომ ეს ბოროტ-მოქმედება შესულიყო იმ უმძიმეს ბოროტ-მოქმედებათა ნუსხაში, რომლისთვისაც შემოღებული არის სიკვდილით დასჯა. ამ მიზნით მთავრობის მონდობილობით იუსტიციის მინისტრმა შეიმუშავა კანონ-პროექტი. ის გადაეცა განსახილველად თქვენ მიერ არჩეულ სამხედრო და იურიდიულ კომისიას. ამ კომისიებმა გაარჩიეს ეს კანონ-პროექტი და სულ ცოტაოდენი ცვლილებებით და ცოტაოდენი დამატებებით მიიღეს. რომ ამ ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელი არის; რომ ეს ბოროტ-მოქმედება არ ჩამოუვარდება დანარჩენ 8 ბოროტ-მოქმედებას, რომელიც თქვენ მიერ დადასტურებულია, როგორც უმძიმესი დანაშაული და რომლის წინააღმდეგ არის დროებით შემოღებული სიკვდილით დასჯა, ამას, მე მგონია, თქვენს წინაშე ბევრი მტკიცება არ სჭირდება. და მეც სიტყვას არ გავაგრძელებ და მხოლოდ დასურათებისთვის წავიკითხავ პირველ მუხლს (კითხულობს). აი ის, რის მიღებას თხოულობს მთავრობა და რასაც ორივე კომისია სავსებით დაეთანხმა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ფირცხალაიშვილს.

. ფირცხალაიშვილი (ს.-დ.): მოქალაქენო! ის კანონ-პროექტი, რომელიც თქვენ ეხლა მოგხსენდათ, განიხილა აგრეთვე იურიდიულმა კომისიამ და იგი სავსებით იზიარებს იმ მოსაზრებებს, რომლებიც წარმოსთქვა მომხსენებელმა. იურიდიული კომისია (გობეჩია: იურიდიული კომისია?) დიახ, უმრავლესობა იზიარებს ამ აზრს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ განსაკუთრებულ პირობებში, რომ განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მოინდომებენ ჩვენ ქვეყანაში არსებულ წეს-წყობილების შეცვლას. იურიდიული კომისია და სამხედრო კომისია ფიქრობს, რომ ეს საგანგებო ზომები მისაღები იქნება დამფუძნებელი კრებისათვის.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ-ნ გობეჩიას ეკუთვნის.

ივანე გობეჩია (.-.): ბატონებო, ამ კანონ-პროექტის შესახებ ჩვენი ფრაქციის აზრი ყველასათვის ნათელი უნდა იყოს. ჩვენს ფრაქციას ერთხელ უკვე ჰქონდა საშუალება გამოეთქვა პრინციპიალურად თავისი აზრი სიკვდილით დასჯის შესახებ - ჩვენ მაშინ ამ სამარცხვინო ინსტიტუტის შემოღების წინააღმდეგი ვიყავით. ასე რომ, სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგი ჩვენი ფრაქცია მხოლოდ იმიტომ იქნება, რომ მასში სიკვდილით დასჯაა ნაგულისხმევი. და ეხლა, როდესაც ამ საზიზღარი ინსტიტუტის ფარგლები ასე სამარცხვინოდ ფართოვდება, რასაკვირველია, ჩვენი ფრაქცია მთელი თავისი არსებით წინააღმდეგი იქნება ამ კანონ-პროექტის მიღებისა. საქმე იმაში არის, რომ აქ თავის თავად იბადება ერთი საკითხი: შეიძლება თუ არა იდეიურ მოწინააღმდეგეთა აზრების, მოძღვრების და იდეების გავრცელების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯით რასმეს მივაღწიოთ? მეცნიერებამ და ცხოვრების გამოცდილებამ ჩვენ დიდი ხანია დაგვიმტკიცა, რომ სიკვდილით დასჯა თავის მიზანს ვერ აღწევს (ხმა: ეს თქვენი დევიზია! ჯუღელი: ტერორისტები ხართ, თქვენ გამოიგონეთ!). ჩვენ რაც გამოვიგონეთ, იმას ცოდნაც და გაგებაც უნდა. გარწმუნებთ, ბატონებო, რომ იმ ტერორისტულ მოღვაწეობას შორის, რომელიც დასაშვებად მიაჩნდა სოც.-რევოლიუციონერთა პარტიას ძველს რუსეთში, მაშინ იქ არსებულ პოლიტიკურ ცხოვრების პირობების გამო და იმ სასჯელს შორის (სიკვდილით დასჯა), რომელსაც ეხლა სოციალ-დემოკრატია აწესებს საქართველოში, დიდი განსხვავება არის (ჯუღელი: კერენსკის დროს რამდენი დახვრიტეთ?). ეს, ალბად, თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რადგანაც რუსეთში კერენსკის დროს სიკვდილით დასჯას ყველაზე უფრო მაგრად იცავდა თქვენი ირაკლი წერეთელი. წინეთ, როდესაც ჩვენს პარტიას უხდებოდა რუსეთში ბრძოლა მეფის მთავრობის და წეს-წყობილების დასამხობად, როდესაც ჩვენს პარტიას არავითარი საშუალება არ ჰქონდა პრესით, სიტყვით ან სხვა რომელიმე საშუალებით თავისი იდეები და აზრები გაევრცელებინა, როდესაც ჩვენებს სასტიკად სდევნიდენ და აწამებდენ, მაშინ ტერორს ჰქონდა ერთგვარი მნიშვნელობა და დადებით შედეგებსაც იძლეოდა. ტერორს ჰქონდა მაშინ, თუ გნებავთ, სააგიტაციო მნიშვნელობაც (ნათაძე: ეხლაც მიეცით სააგიტაციო მნიშვნელობა!).

ბატონებო! ყოველივე ხილს და მწვანეულობას თავისი დრო აქვს და ასეთი რეპლიკებით, მე მგონი, თქვენ ვერ დაასაბუთებთ ამ სამარცხვინო კანონ-პროექტის საჭიროებას. დღეს საქართველოში სოციალ-დემოკრატიული მთავრობისათვის არ არსებობენ ის პოლიტიკური პირობები, რომლებიც აიძულებდენ რუსეთში ჩვენს პარტიას მიემართა ტერორისათვის. დღეს სოციალ-დემოკრატიას საქართველოში ხელთ უპყრია მთელი პოლიტიკური ძალა-უფლება, სახელმწიფოს სათავეში სდგანან სოციალ-დემოკრატები და აქ მინისტრთა სავარძელში სხედან სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც აბარიათ მთელი ჩვენი ქვეყნის ქონება და სიმდიდრე. სოციალ-დემოკრატებს აქვს საშვალება იქონიონ, თუ სრულიად უფასოდ არა, მეტათ შეღავათიან პირობებში მაინც ყველა ენაზე და ყოველ ქალაქში პრესა, მათ აქვთ საშუალება ჯარში იყოლიონ თავიანთი პირები ხელმძღვანელებად, მათ შეუძლიათ სრულიად თავისუფლად იქადაგონ და ავრცელონ ხალხის ფართო მასებში თავიანთი იდეები, მათ აქვთ დაარსებული ჯარში და გვარდიაში კულტურულ-განმანათლებელი სექციები და თუ სოციალ-დემოკრატიული იდეები და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მოღვაწეობა მისაღები იქნება ხალხისთვის, განა შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ სხვა რომელიმე პარტიამ მოახერხოს და ააჯანყოს ასეთი მთავრობის და პარტიის წინააღმდეგ ჯარი და გვარდია? განა დასაშვებია, რომ სხვის მიერ დაწერილ ფურცლის გავრცელებისათვის, როგორც ამას გულისხმობს წარმოდგენილი კანონ-პროექტი, მთავრობამ ხალხი დახვრიტოს?! ასეთ რამეს ვერ გაბედავდა ვერც ერთი ბარბაროსი ქვეყნის თავაშვებული მტარვალი და არც ერთ ხალხის ისტორიას არ ახსოვს ამის მსგავსი რაიმე. რომელიმე მთავრობას რომ ამ გზით ... (ხმაურობა, ხმები: კერენსკიმ დაიწყო!) ბატონებო! რუსეთის ბიუროკრატიას, რუსეთის იმპერატორს რომ ამის მსგავსი რამ შემოეღო, მაშინ ხომ საქართველო დღეს უმთავრობოდ დარჩებოდა, რადგანაც დღევანდელი ჩვენი მინისტრები წინეთ ზოგი თითონ ვარჯიშობდა პროკლამაციების შედგენაში, ზოგიც ხომ სხვის მიერ დაწერილს ავრცელებდა. რუსეთის მეფის მთავრობას რომ ასეთი კანონ-პროექტი გაეტარებია სახელმწიფო სათათბიროში, მაშინ ბატონი ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია, რომელსაც მეფის სასამართლომ წარმოდგენილ კანონ-პროექტში ნაგულისხმევ ნაწერებისათვის მხოლოდ სამი წლის ციხე გადაუწყვიტა, - განა იქნებოდა დღეს თქვენი მეთაური? არა, ბატონებო, ის დიდი ხანია დახვრეტილი იქნებოდა (ხმა: მართალია, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ გამეფდეს ნიკოლოზი!). არა, ბატონებო, თქვენ ნიკოლოზს ასეთი კანონ-პროექტებით უფრო ადრე გაამეფებთ! და თუ რუსეთის პირველ რევოლიუციის ხანაში, 1905-1907 წლებში, თავის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში ასეთ ბარბაროსულ ზომამდე არ მივიდოდა ბიუროკრატია - მეფის რუსეთის მთავრობა დღეს ასეთ ზომამდე მივიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატია და მისი სოციალისტური მთავრობა.

ბატონებო! მეცნიერება გვასწავლის, რომ სიკვდილით დასჯის შემოღებით დანაშაულობათა რიცხვი კი არ მცირდება, არამედ უფრო იზრდება და ეს უფრო აშკარად და ნათლად მაშინ მტკიცდება, როდესაც სიკვდილით დასჯას სისტემად აქცევენ ხოლმე. თუ წარმოდგენილი კანონ-პროექტი მართლაც იქნა ცხოვრებაში გატარებული და შესრულებული, მაშინ სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელი, ჩვენშიც სისტემად იქცევა.

კანონ-პროექტის ავტორებს სურთ ამ კანონს უკუქცევითი მოქმედება მისცენ და ძალაში შეიყვანონ ამა წლის პირველი ივლისიდან. ეს კი, ბატონებო, ეწინააღმდეგება არა მარტო ამ უდაო იურიდიულ ჭეშმარიტებას, რომელიც ყველა კულტურულ ქვეყნებისათვის სავალდებულოა და რომელიც მოითხოვს, რომ ყოველივე სისხლის სამართლის კანონს მიეცეს მოქმედება მხოლოდ კანონის გამოცემის შემდეგ ჩადენილ ბოროტ-მოქმედებისათვის, არამედ კანონ-პროექტის მესამე მუხლი ეწინააღმდეგება უბრალო სამართლიანობის ელემენტარულ მოთხოვნას, რომ ყველას ჰქონდეს წინასწარ გათვალისწინებული მოსალოდნელი სასჯელის ხასიათი.

სიკვდილით დასჯა იწვევს იმ ბოროტ-მოქმედებათა გახშირებას, რომლის წინააღმდეგ ვიბრძვით ამ სასჯელით. სიკვდილით დასჯა ხრწნის ხალხის ფსიქოლოგიას და ზნეობრივად აქვეითებს მას (ვ. ჯუღელი ადგილიდან: თქვენი მთავრობა რომ იყოს, არ დასჯით? ხმაურობა). ჩვენი მთავრობა როდესაც იქნება, მაშინ გასწავლით, როგორ უნდა გეწარმოებიათ საერთოდ სახელმწიფოებრივი და კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და როგორი ხასიათის უნდა ყოფილიყო თქვენი ბრძოლა იდეურ მოწინააღმდეგეებთან. მანამდე კი ერთი საშვალება დაგვრჩენია: ვილაპარაკოთ თქვენს კანონმდებლობაზე, აღვნიშნოთ და მიგითითოთ თქვენი სახელმწიფო მოღვაწეობის უარყოფით მხარეებზე.

განა სიკვდილით დასჯა შეაჩერებს იმ ბოროტმოქმედებას, რომლის წინააღმდეგ ის გინდათ შემოიღოთ? (პ. გელეიშვილი: რატომ მაშინ არ ფიქრობდით, როცა ტერორს აწარმოებდით?). თუ გგონიათ, რომ სიკვდილით დასჯა ვინმეს შეაშინებს, მაშინ ამ სასჯელის უსასტიკესი ფორმა უნდა შემოიღოთ: თავიდან ქვევით ფეხებით უნდა ჩამოჰკიდოთ დამნაშავე ქუჩაში, რომ ყველამ დაინახოს მისი ტანჯვა. თქვენ საშინლად უნდა აწამოთ დამნაშავე, რომ უფრო მეტი შიში გამოიწვიოთ ხალხში და მით მიზანს მიაღწიოთ. მაგრამ თქვენს კანონ-პროექტში არ არის ნაგულისხმევი სიკვდილით დასჯის სასტიკი ფორმები. იქ ნაგულისხმევია მხოლოდ დახვრეტა. სჩანს, თქვენ თვითონ არ გწამთ, რომ ამ სასჯელით ვინმეს შეაშინებთ. მაშ, რისთვის დაგჭირდათ ამ კანონ-პროექტის აქ შემოტანა და რისთვის აფართოვებთ სიკვდილით დასჯის კანონის მოქმედების ფარგლებს? უნდა გულახდილად მოგახსენოთ, რომ ამ კანონ-პროექტს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაადასტუროს სოციალ-დემოკრატიის უკანონო სურვილები თავის იდეურ მოწინააღმდეგეებზე შურისძიებისა.

ამ გზას, ბატონებო, შესაძლებელია დაადგეს რომელიმე პარტია, მაგრამ სახელმწიფო ამ გზით ვერ ივლის, რადგანაც ეს იქნებოდა წმინდა წყლის ავანტიურა. ჩვენი ფრაქციის აზრით, ეს კანონი ვერ ააცდენს რესპუბლიკას იმ საფრთხეს, რომელიც განმარტებით ბარათშია მოხსენებული. პირიქით, იგი უფრო შეუწყობს ხელს საერთო არევ-დარევას და გააძლიერებს ანარქიას. ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ კანონ-პროექტისა მთლიანად.

1918 წლის ივლისის 5-ის კანონი მეტად სასტიკია. იგი აწესებს სიკვდილით დასჯას დახვრეტით იმ ბოროტმოქმედებათა გამო, რომლებიც რუსეთის კანონით ისჯებოდა მხოლოდ გადასახლებით, კატორღით, გამასწორებელ რაზმში გაგზავნით და სხვა.

5 ივლისის კანონში სწერია: „ვინც შეეცდება საქართველოს რესპუბლიკის წესწყობილების შეცვლას შეიარაღებულის ძალით, ან ვინც მონაწილეობას მიიღებს აშკარა აჯანყებაში, ის ისჯება დახვრეტით“. მართალია, ეს სასტიკი სასჯელია, მაგრამ იგი მოელის მხოლოდ მას, ვინც იარაღით ხელში იბრძვის რესპუბლიკის წესწყობილების შესაცვლელად. წარმოდგენილი კანონ-პროექტი კი აწესებს დახვრეტით დასჯას უბრალო აგიტაციისათვის, რაც ყოვლად დაუშვებელია უფლებრივ სახელმწიფოში.

რუსეთის „სისხლის სამართლის დებულებაში“ არსებობენ მუხლები, რომლებითაც გათვალისწინებულია წარმოდგენილ კანონ-პროექტში მოხსენებული ბოროტმოქმედებანი, მაგ., 129, 130, 131 და 132 მუხლები. იცით, ბატონებო, რა სასჯელი მოელის იმ მუხლების ძალით დამნაშავეს? უსასტიკესი სასჯელი არის გადასახლება, უმრავლეს შემთხვევაში კი ციხეში დამწყვდევა.

ასე რომ, ნიკოლოზის თვითმპყრობელური მთავრობა იდეურ მოწინააღმდეგეებთან - სოციალისტებთან - ბრძოლაში საბრძოლველ საშუალებათა გამოძებნაში უფრო წინდახედული და თავდაჭერილი იყო, ვიდრე მენშევიკური პარტია თავის მოძმე სოციალისტურ პარტიებთან ბრძოლაში.

ბატონებო! წავიკითხოთ ის კანონ-პროექტი, რომელიც დღეს მომქმედ კანონად უნდა ვაქციოთ: „ვინც ჯარისკაცს, სახალხო გვარდიელს, ოფიცერს ან სხვა სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, ნაწილს ან რაზმს, ან რესპუბლიკის სხვა შეიარაღებულ ძალას მოუწოდებს სიტყვით ან წერილობით, საჯაროდ ან ფარულად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის წესწყობილების შესაცვლელად ან მის მთავრობის ჩამოსაგდებად, ის ისჯება სიკვდილით“. ე.ი. მეშვიდე კლასის გიმნაზიელმა რომ შეიყვანოს თავის ოთახში ერთი გვარდიელი ან ერთი ჯარისკაცი და უთხრას მას: „კაცო, ჩამოაგდე მთავრობაო“, - თქვენ ამისათვის თქვენს მიერ შედგენილ კანონის ძალით ის გიმნაზიელი უნდა დახვრიტოთ, სიკვდილით დასაჯოთ (შენგელაია ადგილიდან: სირცხვილია!).

აი, ბატონებო, შინაარსი თქვენი კანონისა. შემდეგ თქვენს კანონ-პროექტში სწერია: „ვინც ჯარისკაცს, გვარდიელს და სხვა შეიარაღებულ ძალას მოუწოდებს სხვისი ნაწერის, ფურცლის ან თხუზულების გავრცელებით მთავრობის ჩამოსაგდებად, ის ისჯება სიკვდილით“. ე.ი. თუ იგივე გიმნაზიელი შეიჭრა შეგნებულ მუშათა კლასიდან შემდგარ გვარდიის რაზმში და მიიტანა იქ ერთი პროკლამაცია, ის დაისჯება დახვრეტით. ასეთ ბოროტ-მოქმედს - ერთი პროკლამაციის გადაცემისათვის მისცემენ სამართალში, გაასამართლებიებენ მას სამხედრო-საგანგებო სასამართლოს, რომელიც ვალდებულია, 1919 წლის 11-ის დეკრეტის ძალით, განაჩენი სამი დღის განმავლობაში მოიყვანოს სისრულეში. ასე რომ, უკანასკნელად მშობლების ნახვა რომ მოისურვოს დასჯილმა, იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რადგანაც პროკლამაციის გავრცელებაში ეჭვმიტანილი უსათუოდ სამს დღეში უნდა დახვრიტონ.

შემდეგ კანონ-პროექტში შემდეგი სწერია: „ვინც ჯარისკაცს, გვარდიელს ან რესპუბლიკის სხვა შეიარაღებულ ძალას წააქეზებს, რომ კანონი ან მთავრობის განკარგულება არ აასრულოს, ის ისჯება დახვრეტით“. ბატონებო, ვთქვათ, მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ ქალაქ თბილისში ყველა „ვივესკებზე“ იყოს მხოლოდ ქართული წარწერა და ამ განკარგულების სისრულეში მოყვანა დაავალა გვარდიას ან მილიციას.

თუ ვინმემ გვარდიელს ან მილიციონერს ურჩია ამ დადგენილების სისრულეში არ მოყვანა, ეს იქნება, ამ კანონის ძალით, წაქეზება, რომ მთავრობის კანონიერი განკარგულება არ ასრულდეს და წამქეზებელს ამისათვის სამი დღის განმავლობაში დახვრეტენ.

ასეთი კურიოზებით არის სავსე ეს კანონ-პროექტი. ბატონებო, თუ ეს კანონ-პროექტი კანონად იქცა, ეს იქნება ისეთი ბარბაროსობა, რომლის მზგავსი არ ახსოვს კაცობრიობას, უძველესი საუკუნოებიდან დაწყებული ჩვენ დრომდე. და ეს, ჩემის აზრით, კაცობრიობის ისტორიაში პირველი და უკანასკნელიც იქნება.

ბატონებო, კანონ-პროექტში კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი: ჩვენში დღემდე არსებულ კანონების ძალით გვარდია და გვარდიელები არ იდგენ პოლიტიკის გარეშე, პირიქით, გვარდია დიდ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ ბრძოლაში მმართველ პარტიის სასარგებლოდ. მაგალითად, ზუგდიდის მაზრაში მენშევიკებს დაყავდათ შეიარაღებული გვარდიელები არჩევნების დროს (ხმაურობა). დიახ, ეს ფაქტია, და იარაღით ხელში აიძულებდით ხალხს თქვენთვის ხმა მიეცა. მაშასადამე, გვარდიის და გვარდიელების სხვა მოქალაქეთა რიცხვიდან გამოცალკევება და მათ შესახებ განსაკუთრებულ კანონის მიღებას არ მოითხოვს თვით მათი პოლიტიკურ-უფლებრივი მდგომარეობა. ჯარისკაცი მოკლებულია კანონის ძალით აქტიურ საარჩევნო უფლებას, მაგრამ უბრალო გლეხი, პროლეტარი და გვარდიელი სარგებლობს აქტიურ საარჩევნო უფლებით. გვარდიელს თვით შეუძლია პროპაგანდა და აგიტაცია აწარმოოს, ეს კანონით ნებადართულია. და თუ გვარდიელს შეუძლია რომელიმე მოქალაქეს მენშევიკური პროკლამაცია წაუკითხოს და მენშევიკური ფურცლები გაავრცელოს, რატომ იმავე გვარდიელს რომელიმე მოქალაქემ გადასცეს ფურცელი არა მენშევიკური, არამედ ბოლშევიკური, განა ამისათვის ის მოქალაქე ჩვენ უნდა დავხვრიტოთ? ამის ახსნა შეიძლება მხოლოდ ბუშმენური ლოღიკით, რომლითაც ამ შემთხვევაში უხვად სარგებლობს მმართველი პარტია.

სისხლის სამართლის დებულების 130-ე მუხლში სწერია შემდეგი: «Виновный въ распространеній, непублично, ученій или сужденій возбуждающихъ: 1) къ учиненію бунтовщическаго дђянія; 2) къ ниспроверженію существующаго въ государствђ общественнаго строя; 3) къ неповиновенію и противодђйствію закону, или обязательному постановленію, или законному распоряженію власти - если сіи преступныя ученія или сужденія были распространены среди сельскаго населенія, войска, рабочихъ, въ нихъ эти ученія не могли бы встрѣтить надлежающаго противодђйствія, наказывается ссылкой на поселеніе» и т.д. ასეთი იყო, ბატონებო, ნიკოლოზის შეხედულება მუშებზე და ჯარზე. მათ ნიკოლოზი სთვლიდა შეუგნებელ ხალხად და ამიტომ ეშინოდა მუშათა ბანაკში მის წინააღმდეგ აგიტაცია-პროპაგანდის წარმოების.

ასეთივე შეხედულების ყოფილა ჩვენი სოციალ-დემოკრატია მუშათა კლასზე. გვარდიელები, რომლის უმრავლესობა შეგნებულ პროლეტარებისაგან შესდგება, რომლებმაც ჩვენში დაიცვა რევოლიუციის მონაპოვარი, თურმე ვერ გაუწევენ «надлежащаго противодђйствія» იმ ბოლშევიკურ პროკლამაციებს, რომლებიც მათ მენშევიკურ მთავრობის ჩამოსაგდებად მოუწოდებენ და ამიტომაც შემოიტანა ეს კანონ-პროექტი აქ მმართველმა პარტიამ.

ბატონებო, მე მგონია არ არის საჭირო, რომ ამ კანონ-პროექტზე აქ კიდევ ბევრი ვილაპარაკოთ. თუ ბოლშევიკურ ან სხვაგვარ აგიტაციას გვარდიაში და ჯარში რაიმე გასავალი აქვს, ამის მიზეზი გვარდიელების შეუგნებლობა კი არ არის, არამედ თვით მმართველი პარტიის მოღვაწეობა, რომელმაც ვერ გახადა ჩვენი სახელმწიფო მიმზიდველად მშრომელი ხალხისათვის სოციალურად.

დასასრულ, უნდა განვაცხადო, რომ ეს კანონ-პროექტი მაჩვენებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ უმწეო და უსუსურ მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება (რეპლიკა: თქვენ!) ჩვენი მმართველი პარტია. ასეთი ზომებით და ასეთი კანონებით მმართველი პარტია ვერ შეინარჩუნებს თავის ბატონობას. და თუ ჩვენს სოციალ-დემოკრატიას ასეთი კანონების მიღება სჭირდება სახელმწიფოებრივი ძალა-უფლების შესანარჩუნებლად, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას ამ ტრიბუნიდან: „დადგა თქვენი ხალხზე ბატონობის აღსასრულის დღე“ (ხმაურობა).

თავმჯდომარე: იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის სიტყვა. მხოლოდ 2 საათამდე 10 წუთიღა დარჩა, მერე კი შეკითხვაზე უნდა გადავიდეთ რეგლამენტის ძალით.

. არსენიძე (იუსტიციის მინისტრი): რადგან 10 წუთი დარჩა 2 საათამდე და შემდეგ კი შეკითხვაზე უნდა გადავიდეთ, ამიტომ მე ვთხოვ დამფუძნებელ კრებას, ან მომცეს საშუალება განვაგრძო სიტყვა, ან გადავდვათ ეს საკითხი, ვინაიდგან სიტყვის გაწყვეტის სურვილი არა მაქვს. მე ამას წინდაწინ ვთხოულობ, რომ შემდეგში სიტყვა არ იქნეს გაწყვეტილი.

თავმჯდომარე: როგორ ინებებთ, ორატორი ითხოვს ან გაუგრძელდეს დრო, ან გადაიდოს საკითხი და შეკითხვაზე გადავიდეთ. ამის შესახებ ბატონ გობეჩიას ეკუთვნის სიტყვა.

ივ. გობეჩია (ს.-რ.): ჩვენმა ფრაქციამ ერთ თვეზე მეტია, რაც შეკითხვა შემოიტანა ბორჩალოს მაზრის შესახებ, მაგრამ არა ეშველა რა ამ შეკითხვის დასრულებას. ყოველთვის, როცა 2 საათი დადგება, ორატორს უგრძელებენ სიტყვას და ამას ბოლო არ მოეღო. ყოველი შეკითხვა აზრს კარგავს, თუ ის დროზე არ იქნება განხილული. რადგან რეგლამენტის ძალით 2 საათზე შეკითხვა უნდა იქნეს განხილული, ასე მოვიქცეთ და მიღებულ წესს ნუ დავარღვევთ.

თავმჯდომარე: ვის სურს საწინააღმდეგოდ სიტყვა? ბატონ ბიქტორ თევზაიას.

. თევზაია (ს.-დ.): უმთავრესი საბუთი ის არის, რომ დღეს ვერ გაირჩევა ბორჩალოს შესახებ შეკითხვაო, რომელიც, მართალია, დიდი ხანია შემოტანილია. მაგრამ ჩვენ ეხლა ეს საკითხი დავასრულოთ, ორატორს გაუგრძელოთ დრო და დღესვე განვიხილოთ ბორჩალოს შესახებ შეკითხვა. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ როცა საკითხი საჩქარო ყოფილა, სხდომა გაგვიგრძელებია. ასე მოვიქცეთ დღესაც.

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე, რომ ჯერ ეს საკითხი დავასრულოთ და შემდეგ გადავიდეთ შეკითხვაზე? - მიღებულია. სიტყვა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის.

. არსენიძე (იუსტიციის მინისტრი): ბატონებო! დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ საკითხზე ამ ჟამად პრინციპიალური დავის ატეხა შეიძლებოდა სრულებით არ ყოფილიყო აქ, ვინაიდგან ერთხელ, როდესაც შემოვიღეთ სიკვდილით დასჯა ზოგიერთი მოქმედებისათვის, ამის გამო უფრო დიდი სერიოზული და პრინციპიალური დავა და კამათი უკვე გაიმართა, და უფრო მედგარი და ენერგიული დამცველები ჰყავდათ ამ სიკვდილით დასჯის შემოუღებლობას. მაგრამ ცხოვრებამ არამც თუ მოითხოვა, არამედ სავსებით გაამართლა კიდეც ამ ინსტიტუტის არსებობა. ცხოვრებამ დაგვანახვა, რომ არა ნორმალურ მდგომარეობაში, არამედ რევოლიუციის ხანაში, რევოლიუციონურ შემოქმედების დროს ყოველი სიტყვა საქმედ იქცევა; რომ ყოველი ბრძოლის საგანი ბოლოს და ბოლოს იჭრება იარაღით. დღევანდლამდე არ ყოფილა არც ერთი საკონფლიქტო საკითხი, რომელიც იარაღის არგუმენტზე არ ყოფილიყო დაყრდნობილი. ყოველთვის ეს იწყებოდა სიტყვებით - ქადაგებით და თავდება სისხლის ღვრით. აქედან დასკვნა ასეთია: ჩვენ ვსთქვით ამ შედეგების მოქმედებისას და ამით ვცდილობთ მისი გაფართოება, მისი გაძლიერება, მასიური ხასიათის მიღება თავიდან ავიცილოთ, ე.ი. ზედმეტი სისხლის მაგიერ სისხლი დაიღვაროს. ჩვენ ვარჩევთ, რომ სამოქალაქო ომის მაგიერ რამდენიმე პიროვნება დაისაჯოს თუნდაც სიკვდილით. აქ ფიქრობენ, რომ თითქოს ეს არის ნორმალური დასჯა ბოროტ-მოქმედების, რომელმაც ვითომ უნდა გამოასწოროს ბოროტ-მოქმედებაო. ჩვენ ვდგევართ რევოლიუციონურ ნიადაგზე და ვამბობთ: რევოლიუციონურ ხანაში, როდესაც ყოველი ბრძოლის საშუალებანი უნდა იქნეს მიღებული რევოლიუციონურ მთავრობის მიერ, რომ ხალხს ააცდინოს ზედმეტი მსხვერპლი, არევ-დარევა და მისცეს საშუალება რევოლიუციის მონაპოვარით ისარგებლის (ხმა: ბოლშევიკური მეთოდი!). იმდენად არის ბოლშევიკური, რამდენად ისინი ახერხებენ რევოლიუციონურ ნიადაგზე დგომას. მე გეტყვით, რომ ეს არის ერთად-ერთი მიზეზი, რომელიც აარსებებს ბოლშევიკებს. ეს საშუალება ჩვენ აგვაშორებს მთელ რიგ არევ-დარევას და კონფლიქტებს, რომელიც პატარა ქვეყნისათვის საბედისწერო ხდება ხოლმე. აი ამაში არის საქმე და არა იმაში, ვითომ ჩვენ ბოლშევიკების მეთოდები გვიყვარდეს, ან მათი გვეშინოდეს. ჩვენ ვამბობთ: თუ მეთოდები მიზანშეწონილია, ისინი ჩვენ გადმოგვაქვს. როცა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიან იურისტები, მე ეს მესმის. მათ აქვთ დოქტრინა, რომ სიკვდილით დასჯა კაცს ვერ გაასწორებს. ეს მართალია, მაგრამ თუ მიიღებთ მეორე პრინციპს, რომ ეს არის არა გასწორების, არამედ ბრძოლის მეთოდი, მაშინ ის უნდა შევადაროთ არა სასამართლოს მიერ მიღებულ სასჯელს, არამედ ომს. თუ ვინმე იტყვის, რომ ის არ მოკლავს მოპირდაპირეს ბარიკადებზე, მაშინ შეგიძლიათ სთქვათ, რომ სახელმწიფომ წინასწარი ზომები არ უნდა მიიღოს, ეს შეიძლება. (ღლონტი: მაგას არავინ არ ამბობს, გაგება უნდა!). მე თედო ღლონტის ლაპარაკი იშვიათად მესმის და მას ახლაც რასაკვირველია, ვერ გავიგებ. მაგრამ აქ რაც სთქვეს, ის ყველაფერი გავიგე და დასკვნაც გამოვიყვანე. აქიდან გვიკითხავდნენ ნიკოლოზის კანონებს - იქ არ არის სიკვდილით დასჯა და აქ თქვენ რად შემოგაქვთო. იქ არ არის იმიტომ, რომ ის იყო მუდმივი, აქ კი არის რევოლიუციონურ ხანისთვის. აქ ეს მეთოდები უდრის ბარიკადებზე ბრძოლას.

ახლა აღვნიშნოთ, მიზანშეწონილია თუ არა, როდესაც სოც.-რევოლიუციონერი გამოდის ამ კანონის წინააღმდეგ, მას არამც თუ პრინციპი მიზანშეწონილობისა არ აქვს, არამედ არც ლოღიკა აქვს (ს.-რევოლიუციონერები: თქვენ არ გესმით!). მე არ მესმის, როცა ტერორით ფიქრობენ სახელმწიფოს დანგრევას, ეს ულოღიკობაა. მე არ მესმოდა, როცა ისინი ფარულად სჯიდენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამით მაინც არ იცვლება ფაქტი. ისინი კაცს უწყვეტდენ სიკვდილს, რომ გადაერჩინათ ქვეყანა საშინელებისაგან. მაშინ ეს ესერებს არც აფიქრებდა და არც არაფრად მიაჩნდათ. მაგრამ როდესაც აქ გობეჩია ამტკიცებს, რომ 3 დღის ვადა რჩება დასჯამდის და დედის ნახვასაც ვერ მოახერხებსო, ეს არგუმენტი აბა რა მოსატანია იმ ადამიანისაგან, რომელიც ტერორისტულ აქტს ურიგდება. ამიტომ მე ვამბობ, მოქ. გობეჩიასთანა ხალხს არც ლოღიკა აქვს და არც პოლიტიკური მოსაზრება. მათ აქვთ ერთი მთავარი პრინციპი, რომლითაც ყოველ დღე გამოდიან. ეს არის ყველა სახელმწიფოს მოწინააღმდეგეთა და ბოროტ-მოქმედთა დაცვა, განსაკუთრებით კი ბოლშევიკებისა. ეს არის ამ ერთი ჯგუფის მიერ სისტემად მიღებული. რა მიზანი და რა მოსაზრება აქვთ მათ? საშინელი უბედურება იქნება თურმე, თუ ჩვენ ბოლშევიკებს აუკრძალავთ ჯარში აგიტაციას. მე კი სულ წინააღმდეგი მგონია და ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გინდათ ჯარში ბოლშევიკების თავისუფალი აგიტაცია დაუშვათ, როდესაც ამ ჯარს ხელში იარაღი უკავია (ხმა ადგილიდან: მენშევიკური აგიტაცია შეიძლება?) დიახ! მენშევიკური შეიძლება, ბოლშევიკური არ შეიძლება! ამას ამბობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ეს ხალხი დააყენა სახელმწიფოს სათავეში და უთხრა: გაუძეხიო! და ის ვალდებულია გაუძღვეს და თავის რწმენის მიხედვით მართოს ქვეყანა იმიტომ, რომ ხალხმა ეს მოისურვა.

როდესაც თქვენ აგირჩევთ ხალხი და თქვენ დაგაყენებთ სახელმწიფოს სათავეში, მაშინ შეგიძლიათ მოიქცეთ, როგორც თქვენი რწმენა გიკარნახებთ. მაგრამ მე ვიცი, თქვენ ამას ვერ მიაღწევთ. თუ თქვენ ამას უარყოფთ, აი, ბატონებო, ბურთი და მოედანი! არჩევნები გუშინ იყო, ხვალ კიდევ იქნება არჩევნები. აქ კიდევ ამბობენ, ჯარში და გვარდიაში ბოლშევიკური აგიტაცია უნდა იყოს თავისუფალიო. რას ნიშნავს ეს? მე არ ვუყურებ ამ საკითხს ფორმალურად და იურიდიულად, თუმცა იუსტიციის მინისტრის სახელით გამოვდივართ. მე არ მინდა თქვენი ყურადღება მხოლოდ იურიდიულ თვალსაზრისზე შევაჩერო. აქ სწყდება პოლიტიკური საკითხი და მისი იურიდიულად ჩამოყალიბება შეუძლიან იურიდიულ კომისიას. აქ კი სწყდება საკითხი პოლიტიკური, პრინციპიალური, ძირითადი. და მე მინდა ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე მივაქციო თქვენი ყურადღება. თქვენ რომ ჯარში, შეიარაღებულ ძალაში მთავრობის, დემოკრატიულ წესწყობილების წინააღმდეგ აგიტაცია თავისუფლად დაუშვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შეიარაღებულ ძალაში შექმნათ შინაური განხეთქილება, შეტაკება, რაც გამოიწვევს იმას, რომ სახელმწიფოს დამცველი მის დამცველად აღარ გამოდგება.

თქვენ იცით, რომ საქმის გაკეთება ძნელია, გაფუჭება კი ადვილი. თუმცა აქ სოც.-რევოლიუციონერნი მცირე-რიცხოვანნი არიან, მაგრამ ამ ორიოდე კაცსაც ისეთი რამე შეუძლიანთ ილაპარაკონ, რაც დამფუძნებელი კრების ღირსებას ამცირებს (ხმა ადგილიდან: მართალია!). მაგრამ რომ დამფუძნებელი კრება სახელმწიფოებრივ სიმაღლეზე აიყვანოთ, ეს ორი ადამიანი თუნდაც გენიოსური ნიჭითაც იყვნენ აღბეჭდილნი, მაინც ვერ შესძლებენ.

უნდა მოგახსენოთ შემდეგ: როდესაც ჯარში ან გვარდიაში იქნება თავისუფალი აგიტაცია, თუმცა ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ჯარი და გვარდია ამ აგიტაციას არ აჰყვება, მაგრამ რატომ არ შეიძლება 20.000 კაცში გამოჩნდეს 100-200, თუნდ 1000 ისეთი, რომელთაც გაიტაცებს აგიტაცია, საქმის გაფუჭება, არევ-დარევის გამოწვევა, ჯარის დაშლა. ყოველივე ეს შეუძლიან უმცირეს ნაწილსაც. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ის რაზმი, რომელიც გაჟღენთილი არის ბოლშევიკური სულით, ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილზე მოხვდა ბრძოლის დროს და გამოიჩინა მოღალატეობა. რა მოხდება იქ? დანარჩენი 4.000 დამარცხებული იქნება თუ არა ამ 1000 კაცის ღალატის გამო?! რასაკვირველია, იქნება. ასეთი თვისება აქვს ჯარს (ხმა ადგილიდან: მერმე დასაჯეთ!). შემდეგ, რომ დასაჯოთ, ყველას რომ თავები დააყრევინოთ, ამით დანგრეულ საქმეს ვეღარ გამოასწორებთ. საქმე სანამ გაფუჭდებოდეს, მანამ უნდა ზომების მიღება და არა მაშინ, როდესაც უკვე გაფუჭდა. მშვიდობიანობის დროს, ნორმალურ ხანაში ჩვენ შეგვიძლიან ვუცადოთ შედეგს და საბოლოო დასკვნას; ვუცადოთ, როდის აიღებს დამნაშავე ხელში იარაღს და შემდეგ მივცეთ სამართალში, მაგრამ რევოლიუციის ხანაში ამდენი ცდა არ შეიძლება. განსაკუთრებით ეს არ შეიძლება ჯარსა და გვარდიაში. თქვენ გგონიათ, რომ როდესაც ჩვენ ვწერთ ან ვამბობთ, რომ ჯარსა და გვარდიაში აგიტაცია არ შეიძლებაო, თითქოს ჩვენ ამით შეურაცხყოფას ვაყენებდეთ ჯარსა და გვარდიას? ჩვენ სულ წინააღმდეგს ვამბობთ: სწორედ ის ჯარი და გვარდია, რომელიც იცავს საზღვრებს, ჩვენს რესპუბლიკას, თხოულობს: გაგვანთავისუფლეთ ამ ზოგიერთ ელემენტებიდან, რომელნიც მხოლოდ 4-5 კაცს თუ შეაცდენენ და გააბოლშევიკებენ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი სისხლის ღვრა გვიხდება ჩვენო. ამას ამბობს ჯარისა და გვარდიის უდიდესი ნაწილი: გააჩერე ეს ხალხი, რომ ზედმეტი სისხლი არ დაიღვაროსო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კანონ-პროექტი გამომდინარეობს სწორედ ამ სამხედრო წრეებიდან. მათი ინიციატივით აღიძრა საკითხი თავდაცვის საბჭოში, შემდეგ მთავრობაში და გადაეცა იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ეს კანონ-პროექტი შეიმუშავა.

ასეთი გახლავთ ისტორია ამ კანონ-პროექტისა. ამ რიგად, ინიციატივა სწორედ იმათგან მოდის, ვიზედაც თქვენ გგონიათ, ისინი შეურაცხყოფას იგრძნობენო. ეს ინიციატორები ამბობენ: გასწმინდეთ ის ხალხი, რომელნიც ზურგში მახვილს გვიმზადებს კრიტიკულ მომენტშიო (ბარათაშვილი: გასწმინდეთ არა სიკვდილით დასჯით!). ბ. ბარათაშვილი ამბობს, გასწმინდეთ, მაგრამ არა სიკვდილით დასჯითო. მაშასადამე, თავზე ხელის მოსმითო? არსებული სასჯელი რომ საკმარისი ყოფილიყო, ჩვენ არ გვეხალისება ახალი კანონ-პროექტის შემოტანა. და სწორედ იმიტომ, რომ საკმაო არ არის, სწორედ იმიტომ, რომ უბრალო დასჯა არ იწვევს შესაფერ შედეგს და სწორედ იმიტომ, რომ ჯარი და გვარდია თხოულობს ამ აგიტაციის აკრძალვას, რადგან იქიდან გამოდის ახალი ბრძოლა, ახალი აჯანყებები, სისხლის ღვრა და აჯანყების ჩაქრობას ჩვენი საუკეთესო უერთგულესი ამხანაგები ეწირებიან მსხვერპლად.

რესპუბლიკა უნდა იყოს მთლიანი და ხელშეუხებელი. ამას ვიცავთ განსაკუთრებით დღევანდელ მომენტში, როდესაც ჩვენს გარშემო ისეთი ატმოსფერო გამეფდა, რომ ასეთ აგიტაციას ყოველ მომენტში შეიძლება მოჰყვეს აქტიური გამოსვლა, აქტიური დასაბუთება. აი ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში და არა ნიკოლოოზის კანონები. ჩვენ განგებ დავაშორეთ ნიკოლოოზის ყველა კანონებს (ხმა ადგილიდან: მით უარესი!), რადგან არც ერთი არ მიუდგება ჩვენს მდგომარეობას, და როდესაც ჩვენ გვირჩევთ ნიკოლოოზის მეთოდით იარეთო, ჩვენ გვეშინიან, რომ მისი ბედი არ ეწვიოს ჩვენს რესპუბლიკას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ნიკოლოოზის ბედი ავაცდინოთ საქართველოს და მოვუმზადოთ უფრო კარგი მომავალი (ივ. გობეჩია: სკანდალია, ბ. იუსტიციის მინისტრო, სკანდალი!). რასაკვირველია, თქვენთვის სკანდალია, ბ. გობეჩია, მაგრამ ამ სკანდალის შესრულების არ მეშინიან. სჯობია სიკვდილით დასჯა შემოღებულ იქნეს, ვიდრე რომანტიზმს გავყვეთ და სამოქალაქო ომები და სისხლის ღვრა მივიღოთ (გობეჩია: პროკლამაცია...). დიახ! ეხლა გამახსენდა პროკლამაციის შესახებ და გობეჩიას ღრმა მოსაზრება „ვივესკებზე“ და გიმნაზიელზე. მას ვერ გაურკვევია ჯარში აგიტაცია და სავალდებულო დადგენილების დარღვევა ან მისი განკარგულების წინააღმდეგობა. გასაკვირველია, რომ იურისტი ბრძანდება და ისეთი საბუთები კი მოიყვანა, რომელიც იურიდიულ ანა-ბანის გამრჩევს არ ეკადრება. მან მოიყვანა ფაქტი „ვივესკების“ შესახებ (გობეჩია: წაიკითხეთ!). რა უნდა წავიკითხო! მე დავწერე ის და ვიცი კიდეც; თქვენ წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, ეს ამტკიცებს მხოლოდ თქვენს იურიდიულ განვითარებას. აქ თქვენ, ბ-ნო გობეჩია, წამოაყენეთ შემდეგი დებულება, თითქოს აგიტაცია მთავრობას ყოველივე სავალდებულო დადგენილების წინააღმდეგ ამ კანონით გადაცემული იქნება სამხედრო სასამართლოში. რასაკვირველია, არავითარი ამის მზგავსი ამ კანონ-პროექტში არ არის. აქ აშკარად არის შემდეგი აზრი გატარებული: პირველია ის, რომ სისხლის სამართალი სჯის აგიტაციის გაწევას გვარდიაში და ჯარში. მეორე: იქ არის აღნიშნული საგანი აგიტაციისა და ესეც მკაფიოდ არის გამოთქმული: დემოკრატიული რესპუბლიკის შეცვლა და მთავრობის ჩამოგდება. აქ არ არის ნათქვამი მთავრობის კრიტიკა არ შეიძლებაო, აქ სწერია: რესპუბლიკის წესწყობილების შეცვლა. მთავრობის შეცვლაზე, პეტრეს ადგილას ივანეს დაყენებაზე აქ ლაპარაკი არ არის. მაგრამ თუ თქვენ არ იცით, რას ნიშნავს მთავრობის დამხობა, მაშინ ანბანი უნდა ისწავლოთ. ეს ნიშნავს მთავრობაზე ძალით თავდასხმას (ხმაურობა). ახალი რევოლიუცია იქნება ეს თუ კონტრ-რევოლიუცია, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება მთავრობის გადატრიალება. არჩევნებით შეიძლება მთავრობის გამოცვლა, შეიძლება ერთი მიმართულების, ან პირი გადააყენოთ და მეორე დააყენოთ. სულ სხვაა მთავრობის ჩამოგდება: ეს ხდება იარაღით. ამიტომ თუ თქვენ მოუწოდებთ ჯარს მთავრობა ჩამოაგდეო, ეს შეადგენს გადატრიალების მთავარ ძარღვს, ცხადია, თქვენ ხართ მომხრე, რომ გადატრიალება მოხდეს და რესპუბლიკა დაინგრეს. სხვანაირად რესპუბლიკა არ დაინგრევა. თუ გგონიათ, რომ რესპუბლიკას დაანგრევთ და მთავრობა დარჩება, ან მთავრობას დაანგრევთ და რესპუბლიკა დარჩება, ეს უაზრობა იქნება. კაბინეტის შეცვლაზე ან მინისტრის შეცვლაზე აქ ლაპარაკი არ არის; ეს კრიმინალურ აქტად არავის არ მიაჩნია. მე არ ვამბობ, რომ მთავრობის შემადგენლობის შეცვლით მთავრობა დაინგრევა. მთავრობის დანგრევა ნიშნავს სისტემის, სახელმწიფო წესწყობილების დანგრევას. მაშასადამე, აქ აშკარად არის ლაპარაკი ერთგვარ `რევოლიუციონურ~, უკეთესად რომ ვსთქვათ - კონტრ-რევოლიუციონურ აქტების მზადებაზე და ამ მზადების წინააღმდეგ მთავრობა განსაზღვრულ ზომებს იღებს. მას ამის სრული უფლება აქვს და ვალდებულიცაა ეს ზომები მიიღოს. ზოგიერთ დამცველთ ყველა დამნაშავეებისა, რასაკვირველია, ეს არ ესიამოვნებათ. სწორედ ის წრეები, რომელნიც აქ სისტემატიურად იცავენ ყველა ჩვენს მტრებს და მოღალატეებს, წინააღმდეგნი უნდა იყვნენ ამ კანონისა და ყველა პრინციპი, რომელიც მათ აქ წამოაყენეს, მხოლოდ ამ მავნე ელემენტების დაცვას ხმარდება. მაგრამ მე ვამბობ, ვერც ერთი მათგანი დღევანდელ რევოლიუციას, პოლიტიკური მოთხოვნილების მიხედვით, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას უდგას წინ, სერიოზული საბუთებით ვერ გამოილაშქრებს ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს კანონ-პროექტი გამოვიდა იმ წრეებიდან, იმ ხალხის წიაღიდან, რომელნიც ამ პოლიტიკურ მოთხოვნილებას ყველაზე მწვავედ ებრძვიან. ის გამოვიდა სწორედ იმ სოციალ განწყობილებიდან, რომელიც ამ წუთში არსებობს და მოვიდა აქ მხოლოდ მის შემდეგ, რაც ყველა მათმა ორგანიზაციებმა განიხილეს და მიიღეს. გვეუბნებიან, თუ მართლა ხალხმა მიიღო ეს პროექტი, რეფერენდუმი მოვახდინოთ, ხალხს შევეკითხოთ.

უნდა განვაცხადო, რომ მე წინააღმდეგი ვარ ყოველ დროებითი ზომების მისაღებად რეფერენდუმების მოწყობის, განსაკუთრებით ჩვენს მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპიალურად დიდი მომხრე ვარ ხალხის დასტურის. მაგრამ აქაც არ დავრჩებით ჩვენ, თუ გნებავთ სავსებით ურეფერენდუმოდ. რეფერენდუმს მოვახდენთ მაშინ, როცა ახალი არჩევნები დადგება. ბ. შენგელაია ალბათ ისარგებლებს მომენტით და შეეცდება ყველა ასეთი კანონების დაწუნებას და ამით შავ კენჭს მოიმკის. მაშინ კი სავსებით დავრწმუნდებით, რომ ვიცი ის აგიტაცია, რომელსაც აქ ესერები აწარმოებენ, ის პოზიცია, რომელზედაც ისინი სდგანან - შეუძლებელი და მიუღებელია ჩვენი ხალხისათვის.

თუ ვინმეს გონია, რომ ეს დეკრეტი მუდმივი ხასიათის არის და საფუძვლად დაედება კანონმდებლობას და ქვაკუთხედად გახდება სიკვდილით დასჯის კანონისა, ეს შემცდარი აზრია. არც მთავრობა, არც კომისია ამ დეკრეტს არ აძლევდა და არც აძლევს მუდმივ ხასიათს, ყველანი აღნიშნავდენ მის დროებით მნიშვნელობას. ამაში მე სავსებით ვეთანხმები ბ. გობეჩიას, მაგრამ მე იმას არასოდეს არ დავეთანხმები იმაში, რომ წინასწარი ზომები არ იქნას მიღებული იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი წყობილების დასარღვევად გამოდის, სიტყვას საქმედ აქცევს და სხვ., რომ წინასწარ არ უნდა იქნეს ამოკვეთილი მოსალოდნელი სისხლის ღვრის შედეგები. წინასწარი ზომების მიუღებლობა - ეს უდიდესი დანაშაული იქნებოდა ხალხის წინაშე. ამით ჩვენ მივიღებდით უდიდეს უბედურებას და მაშინ უფრო მეტი სისხლის დაღვრა დაგვჭირდებოდა, მეტი ხალხი დაისჯებოდა, წინასწარი ზომებით კი თავიდან ავიცდენთ ყოველივე ამას. ამით შევქმნით ნამდვილ ჯარს და გვარდიას, რომელნიც მკვიდრი დამცველი იქნება ჩვენი რესპუბლიკისა და არ დაუშვებენ, რომ მათ მოძმემ ზურგში მახვილი ჩასცეს.

თავმჯდომარე: უკვე ნაშუადღევის 2 საათია. ასე რომ დამფუძნებელი კრება შეკითხვის განხილვას უნდა შეუდგეს. მაგრამ შემოსულია სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება, დეკრეტის განხილვა გაგრძელდეს. სიტყვა ი. გობეჩიას ეკუთვნის.

ივ. გობეჩია (ს.-რ.): როდესაც სიტყვას აძლევთ, ბატონებო, დამფუძნებელ კრებას - ეს სიტყვა უნდა შეასრულოთ (ჩხენკელი: თქვენ შეკითხვას მოვხსნით, იმიტომ რომ თქვენ ბოროტად იყენებთ!). ერთი თვეა, რაც შემოვიტანეთ შეკითხვა ბორჩალოს მაზრის მილიციის ბოროტმოქმედებათა შესახებ და მას ბოლო აქამდის ვერ მოეღო, ვერ გავათავეთ, იმიტომ რომ ყოველთვის ასეთი უცნაური კანონები შეგაქვთ და ამას უნდება მთელი დრო. ან, ბატონებო, რიგ-რიგობით განვიხილოთ, როგორც შემოდის საკითხები, ან და თქვენ მიერ დაწესებული წესი შეასრულეთ, ე.ი. 2 საათიდან დაიწყეთ შეკითხვის განხილვა. როდესაც მე მოვითხოვდი 2 საათზე მსჯელობის შეწყვეტას ამ საგანზე და გადასვლას შეკითხვაზე, სწორედ სოც.-დემ. თევზაიამ სთქვა, რომ გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ დღესვე გავათავებთ ამ საკითხსო.

თავმჯდომარე: თქვენი წინადადება მაშ რა არის?

. გობეჩია (ს.-რ.): ჩემი წინადადება არის - სხდომა გაგრძელდეს შეკითხვის დასრულებამდე.

თავმჯდომარე: ორი წინადადება არის შემოსული. ერთი არის - სხდომა გაგრძელდეს ამ კანონ-პროექტის შესახებ მსჯელობის დასრულებამდე. მეორე - გაგრძელდეს შეკითხვაზე მსჯელობის დათავებამდე. მე კენჭს უყრი ცალ-ცალკე ამ წინადადებებს. ვინ არის პირველი წინადადების მომხრე, რომ სხდომა გაგრძელდეს ამ კანონ-პროექტის შესახებ მსჯელობის დასრულებამდე - ვსთხოვ ხელი ასწიოს? ვინ არის მეორე წინადადების მომხრე, რომ დღევანდელი სხდომა გაგრძელდეს, ვიდრე ამ საკითხს და შეკითხვას არ გავათავებდეთ? მიღებული გახლავთ პირველი წინადადება. სიტყვა ეკუთვნის ბატონ სამსონ დადიანს.

. დადიანი (ს.-ფ.): ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ საკითხის შესახებ - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, - ყოველს ჩვენგანს შეუძლიან რამდენიმე საათი ილაპარაკოს, რადგან ის ეხება ადამიანის თვითარსებობას, მის სიცოცხლეს და ადამიანის სიცოცხლე ხომ თვით მიზანია ყოველი ჩვენი შემოქმედების. მაგრამ დღეს ეს საკითხი ამ სფეროში, რომელიც შეეხება ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას, შეიძლება თუ არა ადამიანის სიკვდილით დასჯა და სხვა, ცხადია, ეს ჩვენ შორს წაგვიყვანდა. დღეს ამ საკითხს უნდა შევეხოთ მხოლოდ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება თვით სიკვდილით დასჯას - ამ უკიდურეს ზომას, ამის შესახებ ჩვენ შეძლება გვქონდა ჩვენი აზრი გამოგვეთქვა, როდესაც მივიღეთ კანონი, რომლითაც ხელმეორედ იყო შემოღებული სიკვდილით დასჯა და დღეს ამის შესახებ ლაპარაკი აქ ერთი მხრით ამ პროექტის გამართლებას და მეორე მხრით უარყოფას და ცდილობდნენ არსებითად თეორიულად საკითხის გაშუქებას, მით უფრო უსუსური იყო ორივე მხარის საბუთები, არგუმენტები. მაგალითად, ბატონმა სერგეი ჯაფარიძემ ეს კანონ-პროექტი განიხილა სახელმწიფოს მიერ თავდაცვის უფლების თვალსაზრისით. როდესაც თქვენზე ვინმე ამოღებული რევოლვერით მოდის, თქვენ უფლება გაქვთ ესროლოთ და მოჰკლათო, ბრძანა მან. მაგრამ ეს მაგალითი ამ კანონ-პროექტისათვის სრულიად გამოუსადეგარი არის. ეს ანალოგია შეიძლება იყოს გამოსადეგი 5 ივლისის კანონის შესახებ, სადაც გათვალისწინებული არის, რომ როდესაც იარაღით გამოვლენ არსებული წყობილების დასამხობად, იქ შეგიძლიანთ იარაღი იხმაროთ. მაგრამ აქ საკითხი ასე არა სდგას. აქ შიშველი ხელებით გამოდიან, შიშველი სიტყვით, პროკლამაციით და ამისათვის ეს კანონი მას იარაღით უმასპინძლდება, ხვრეტს (ასათიანი: შიშველი სიტყვა უარესია!). მეორე მხრითაც ასეთი აზრი გამოსთქვეს: ორმოც ათას ჯარისკაცში ორი ათასი რომ კიდეც გამოერიოს გიჟი, ამით რესპუბლიკა არ დაიღუპებაო. რასაკვირველია, ესეც გულუბრყვილობაა, რადგანაც ბრძოლის ველზე, ბრძოლის დროს არა თუ ათასებს, ერთს კაცსაც შეუძლია პანიკა შექმნას, არევ-დარევა შეიტანოს, პროვოკაცია გასწიოს და მთელი ჯარი კატასტროფის წინაშე დააყენოს. მაშასადამე, ამ პროექტში გათვალისწინებული პროპაგანდა ფრონტზე ფრიად საშიშარი მოვლენაა. ასევე ითქმის სხვა მოსაზრებების შესახებაც. ასე რომ, როგორც ერთი მხრივ, ისე მეორე მხრივ მოყვანილი არგუმენტები რამდენიმე მოსაზრებით შეიძლება უარყოფილ იქმნას . ჩვენ, სოც.-დემ. ფრაქცია, უცქერით ამ საკითხს ამ ჟამად მხოლოდ და მხოლოდ მიზანშეწონილების თვალსაზრისით. ჩვენ ვაცხადებთ კატეგორიულად, რომ უყოყმანოდ უნდა მიღებულ იქნას ყოველი ზომა, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი არსებობის დაცვისთვის, ჩვენი დემოკრატიული წყობილების განმტკიცებისთვის, ჩვენი ეროვნული თავისუფლების შენარჩუნებისათვის (მინისტრი რამიშვილი ადგილიდან: მართალია!). მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ თვალსაზრისის მიხედვითაც, დღეს-დღეობით ჩვენ არა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ისეთ უკიდურეს ზომას მივმართოთ, როგორც ამ კანონ-პროექტშია გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს 5 ივლისის კანონი, რომელიც სასტიკად სჯის ამ რევოლიუციის მოპოებულ ღირებულებათა საზიანოდ მოქმედებისათვის. და ამით უზრუნველყოფილნი ვართ, თუ სათანადოდ მოვიხმართ მას. ჩვენ გვაქვს აგრეთვე სისხლის სამართლის დებულების ცნობილი 129-ე მუხლი, რომელიც აგრეთვე სჯის არსებული წესწყობილების საწინააღმდეგო მოქმედებისათვის. ამ გვარად, საკმაოდ სასტიკი კანონები გვაქვს მშვიდობიანობის დასაცავად და სრულიად საჭირო არ არის ჩვენთვის იქამდის მისვლა, რომ ერთსა და იმავე ნიადაგზე დავაყენოთ, მაგალითად, ერთის მხრივ პროკლამაციების ბეჭდვა და გავრცელება, და მეორეს მხრით, შეიარაღებული აჯანყება; არ არის ჩვენთვის საჭირო ერთგვარად დავსაჯოთ ისიც, ვინც თავის აზრს უზიარებს თუნდაც თავის ჯარის კაცებს და ისიც, ვინც შეიარაღდა, სხვაც შეაიარაღა და ასე შეებრძოლა არსებულს სახელმწიფოებრივ წყობილებას. ჩვენ მოულოდნელ უცნაურობათა ეპოქაში ვცხოვრობთ, მთელი ქვეყნიერება ჰბორგავს; პოლიტიკური კონიუქტურა ჩვენში არა თუ არ ირკვევა, უფრო და უფრო იხლართება და შესაძლებელია ჩვენთვის ხვალ და ზეგ უსასტიკესი ზომებით დაგვჭირდეს დაცვა თავისუფლებისა და არსებობისა; მაგრამ დღეს, ჯერ-ჯერობით ჩვენს გარშემო ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ასე დავფრთხეთ და ავრიოთ ყოველი მცნებანი. აგრეთვე ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი საკითხის შესახებ კამათის შეწყვეტა შეუწყნარებლად მიგვაჩნია, რადგანაც ასეთი მწვავე საკითხი უნდა ამოიწუროს, სავსებით გაშუქებულ იქნას და ამნაირად, ამ მოსაზრებათა გამო ჩვენ ამ კანონ-პროექტს მხარს ვერ დაუჭერთ.

თავმჯდომარე: სიტყვა ბატონ ჯაფარიძეს ეკუთვნის.

ჯაფარიძე (ს.-დ.): სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს წარმოდგენილ დეკრეტს. ის დებულება, რომ სიკვდილით დასჯა არ არის სასურველი, რომ ის ბოროტებაა, ეს ახალი არ არის, ეს არ არის ბ. გობეჩიას აღმოჩენა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საკითხი უნდა დაისვას ასე: დღევანდელ პირობებში ეს ზომა სასარგებლოა თუ არა სახელმწიფოსთვის? თუ სასარგებლოა, მაშინ აუცილებლად მიღებულ უნდა იქნას. ბ. გობეჩიამ აქ სთქვა: თქვენ ამ ზომით გინდათ გაამაგროთ თქვენი რესპუბლიკაო. აქ ვინმე გარეშე პირი რომ ყოფილიყო, იფიქრებდა, რომ ეს რესპუბლიკა მარტო ჩვენია, სოც.-დემოკრატების, და რომ გობეჩია ებრძვის ამ რესპუბლიკას, მის წყობილებას. მაგრამ პირადათ მე ასე არ ვფიქრობ. მე ვიცი ბ. გობეჩიას აზრი ჩვენს წყობილებაზე. მაგრამ თუ თქვენ გრწამთ, ბატონო გობეჩია (გობეჩია: მჯერა!), რომ ჩვენი რესპუბლიკა თქვენი რესპუბლიკაც არის, მაშინ ისიც უნდა აღიაროთ, რომ ყველა მოვალეა ეს რესპუბლიკა დაიცვას. და ეს დაცვა თქვენი საქმეც არის. მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ დღევანდელ პირობებში ეს ერთ-ერთი ზომათაგანია სახელმწიფოს თავდაცვისათვის. არის თუ არა ეს თავდაცვის ზომა? როდესაც გობეჩიას ყელში რევოლვერს მიაღერებენ, ის თუ მოასწრო, ამოიღებს რევოლვერს და მოკლავს იმ კაცს და შემდეგ იტყვის: მე თავს ვიცავდიო (სიცილი. გობეჩია: ეს ანალოგია ცუდია!) გაიგეთ, არა? (გობეჩია: კი, მაგრამ ანალოგიაა!) თქვენ, როცა პირადად გეხებათ საქმე, მაშინ ადვილად გაიგებთ, მაგრამ როცა სახელმწიფოს ეხება საქმე, მაშინ იბნევით. და აი ჩვენ გეუბნებით, რომ ეს დეკრეტი ეხება სახელმწიფოს თავდაცვას. გობეჩიამ სთქვა, ასეთი კანონი ისტორიამ არ იცის, ნიკოლოზის მთავრობასაც რცხვენოდა ასეთი კანონის გამოცემისაო. თქვენ ისიც არ გესმით, რომ ნიკოლოზის მთავრობა იცავდა ერთი პატარა ჯგუფის მდგომარეობას ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო მკაცრი ზომებით დავიცვათ ხალხის უმრავლესობა ერთი ჯგუფისაგან. საერთოდ ცნობილია, რომ როცა ხალხი იცავს თავს ერთი ჯგუფისაგან, მაშინ უფრო მკაცრი ზომებია ხმარებაში. საფრანგეთის რევოლიუციის დროს სასტიკად სჯიდნენ ხალხის მოწინააღმდეგეებს (ლორთქიფანიძე: კონვენტი ორასი წლის წინეთ იყო და აბა აქ რა მოსატანია!). მე მოგახსენებთ, რომ საფრანგეთის რევოლიუციის დროს ხალხი უფრო მკაცრად იცავდა თავის თავს, ვინემ ნიკოლოზის მთავრობა თავის რეჟიმს (შენგელაია: თქვენ ბაძავთ ნიკოლოზის მთავრობას?). ჩვენ კი არა, თქვენ ბაძავთ. ჩვენ სრულებით არ გვრცხვენია, რომ დემოკრატიული წყობილება უფრო მკაცრად დავიცვათ, ვინემ ნიკოლოზის მთავრობა იცავდა ფეოდალურ წყობილებას (ბარათაშვილი: პრინციპი სიკვდილით დასჯისა? ხმა: სად მენშევიკები და სად პრინციპი?). დღეს სინამდვილეში არსებობს დემოკრატიული რეჟიმი; ჩვენი თუ თქვენი, სულ ერთია, ხალხი კი არის გაბატონებულნი.

ასეთ პირობებში გამოდის ერთი ჯგუფი და პირდაპირ გეუბნებათ: შიგნიდან უნდა აგაფეთქოთო. როდესაც ამას გიცხადებენ, თქვენ გულჩვილობით თუ გაპატიეთ ამის თქმისათვის, უჭკუობით უჭერთ მხარს ამას. თქვენს გარეშე კი მილიონობით ფულს ატრიალებენ (შენგელაია: ეს თქვენი ზავის შედეგია!) ჯარში და გვარდიაში, რომელიც ბურჯია რესპუბლიკისა (ხმაურობა. ლორთქიფანიძე: ურატაძეს ჰკითხეთ!). ცხადია, ჩვენი წესწყობილების დასანგრევათ იყიდეს? ყურადღებას აქცევენ ჯარსა და გვარდიას და აქ აჩაღებენ აგიტაციას ფულის საშუალებით. აშკარაა, ჩვენ გვაქვს ზნეობრივი და ყოველგვარი უფლება, რომ მათ ფულს ჩვენ მახვილი დაუპირდაპიროთ და გეტყვით: თქვენ თუ მოინდომებთ ამ ხალხის ფულით შეცდენას, ჩვენ მაშინ დახვრეტას მივმართავთ. ჩვენ გვინდა და ვიცავთ დემოკრატიულ რეჟიმს და ეს ზომები მიგვაჩნია მიზანშეწონილად და სამართლიანათ. დღევანდელი მდგომარეობა პირდაპირ თხოულობს ამას. ბ. გობეჩიას მოყავს გიმნაზიელის მაგალითი და ამბობს როგორც ინსტიტუტკა: უიმე, როგორ შეიძლება იმის დასჯაო. ჩვენ კი ასე გვესმის: სიკვდილით დასჯა არის მხოლოდ სასჯელის უმაღლესი საფეხური, რომელიც სასამართლო ვალდებულია მაინცდამაინც გამოიყენოსო. თუ გიმნაზიელმა რაიმე დააშავა, სასამართლო გაარკვევს ამას და შესაძლებელია გიმნაზიელი სულაც გაამართლოს, ხოლო მისი გამბრიყვებელი გამოძებნოს და შესაფერისად დასაჯოს. როგორც ხედავთ, აქ გიმნაზიელი არაფერ შუაშია.

ეს რედაქცია ამოღებულია რუსეთის დროებითი მთავრობის კანონიდან. დროებით მთავრობაში მაშინ იუსტიციის მინისტრად იყო ესერი კერენსკი.

ეს რედაქცია იყო ესერების რედაქცია, რომლითაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხელმძღვანელეთ (ლორთქიფანიძე: არა ვალიკო ჯუღელის რედაქცია?). მე მინდა გავათაო იმით, რომ აქ ნაჩვენები იყო, ვითომც დაუშვებელია დასჯა მთავრობის ჩამოსაგდებად აგიტაციის გაწევისათვისო. ბატონი გობეჩია კომისიის წევრი იყო და იქ რათ იყო წინააღმდეგი ამისა (გობეჩია: იქაც წინააღმდეგი ვიყავი, თავიდან ბოლომდე, და სხვა წინადადება მივეცი). სხვათა შორის, როცა კომისიაში მთავრობაზე იყო ლაპარაკი, არ ვიცი, თქვენ როგორ გესმოდათ, მე კი ასე მესმოდა, რომ მთავრობის ჩამოგდებისათვის აგიტაცია დღევანდელ პირობებში არის საშუალება არსებულ წესწყობილების დამხობის. როცა არჩევნებზე მივა საქმე, იქ მაშინ გაწეული აგიტაცია იქმნება აგიტაცია პარტიათა წინააღმდეგ. იქ, მაგალითად, ესერები აგიტაციას გასწევენ, რომ თავიანთი უმრავლესობა გაიყვანონ და შემდეგ ჩვენი მთავრობა ჩამოაგდონ და თავისი დააყენონ. მაგრამ არ იქნება აგიტაცია წესწყობილების წინააღმდეგ. როდესაც მოვა ვინმე ჩვენი მტერი და უბრალო ჯარისკაცს ან გვარდიელს ეუბნება, აი როგორც თქვენ იცით ხოლმე, თქვენი გეგეჭკორი, რამიშვილი, ასეთი და ასეთებიაო, ამას შვრებიან, იმას სჩადიანო და უნდა ძალით ჩამოვაგდოთო. საცა ასე ასმენენ და აცდენენ ჯარისკაცს და მოყავთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მე ვამბობ, რომ ასეთი აგიტაცია მთავრობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნიშნავს არსებულ წესწყობილების, რეჟიმის წინააღმდეგ აგიტაციას, უსათოვოდ ალაგმულ უნდა იქნეს და დღევანდელ პირობებში ეს ზომა აუცილებლად და სასურველად მიჩნეული. ეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით აუცილებელი და მიზანშეწონილი არის და ჩვენ მას მხარს უჭერთ. მხოლოდ ფრაქციას შემოაქვს შესწორება: ამ კანონ პროექტის პირველ მუხლში ნათქვამია (კითხულობს). ყოველ გაუგებრობის თავიდან ასაცდენად პარტიას საჭიროდ მიაჩნია განაცხადოს, რომ რედაქცია უნდა იქნეს ასეთი: „ჯარისკაცი და ნამდვილ სამსახურში მყოფი გვარდიელი“ - ეს პირველი შესწორება. მეორე შესწორება: მესამე მუხლში სწერია, რომ „ამ კანონით გასამართლდება ყველა ის დანაშაულება, რომელიც ჩადენილ იყო პირველ ივლისიდანო“. ჩვენი ფრაქციის აზრით, ეს მუხლი სრულიად ამოღებულ უნდა იქნეს. აი ეს შესწორებები შემოაქვს ჩვენს ფრაქციას.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ივ. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): ბატონებო, აქ, როგორც პირველ მსჯელობაზე, სიკვდილით დასჯის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, ისე დღეს, გაიხსენეს ის მომენტი, როცა რუსეთის რევოლიუციის მეთაურებმა მუშათა საბჭოში მიმართეს ამ საშუალებას იმ მიზნით, რომ მოესპოთ ფრონტზე დეზერტირობა და ამით რუსეთი აუცილებელი დანგრევისაგან გადაერჩინათ. მე მოგახსენებთ, რომ მე გახლდით მოწმე, როცა ეს საკითხი ირჩეოდა იქ რუსეთში, მაგრამ იქ ადგილი არ ჰქონია ასეთ მჩატე რეპლიკებს და მხიარულ განწყობილებას არც მომხსენებელსა და არც მოწინააღმდეგეთა შორის (ვ. ჯუღელი: იმიტომ აშენდა რუსეთი, არა?)

ბატონო ვალიკო! მე არ ვიცი, ამიტომ აშენდა რუსეთი თუ არა, მაგრამ იქ ყველა გრძნობდა, რომ ეს იყო სერიოზული უკანასკნელი ნაბიჯი, უკიდურეს შემთხვევაში, რომელსაც მიმართეს სოციალისტებმა, ნაბიჯი, რომელსაც ისინი ძველად ებრძოდენ. თქვენი ამხანაგი წერეთელი იქ იყო და თითქმის სტიროდა ამ საკითხის გადაწყვეტის დროს.

მაგრამ, ბატონებო, ეს დამახასიათებელია თქვენი და თქვენი სოციალისტობის!

დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხს და ამ კანონ-პროექტის მიზანშეწონილობაზე ვილაპარაკოთ. აქ ბრძანეს: თქვენ ტერორის მომხრე პარტიის წარმომადგენლებს, ტერორისტებს, სიკვდილით დასჯის რათ გეშინიათო. განსაკუთრებით თქვენ, ტერორისტთა ფრაქცია, ინსტიტუტკები ხომ არა ხართ, რომ სისხლზე ლაპარაკი არ შეიძლებოდეს თქვენთანო.

არა, ბატონებო, ინსტიტუტკები არც ჩვენა ვართ და განსაკუთრებით არც თქვენ და რათ გეშინიანთ, რომ ვიღაც მოვა და შეგაცდენთ ერთი სიტყვის თქმით; რათ გეშინიანთ, რომ ვიღაც ნაძირალნი მოვლენ და ჩვენს რესპუბლიკას დაარღვევენ. ჩვენს რესპუბლიკას მტერი ბევრი ჰყავს, მაგრამ თუ ჩვენც ისე ვფიქრობთ, როგორც რუსეთი და ყველგან კრამოლა გველანდება, რომ მოვა ორი თუ სამი პროვოკატორი ბლომად ფულის მქონე და მისი უხვად დამრიგებელი და ის გადაატრიალებს ჩვენს სახელმწიფოს და მოსპობს მას, თუ ასე გვაქვს საქმე, მაშინ, რასაკვირველია, დავინგრევით. მაგრამ ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც შექმნილია საქართველოს ხალხის, დემოკრატიის გენიით და ენერგიით, ასე ადვილად არ დაირღვევა, მას მაგრე ადვილად ვერავინ შეაცდენს. იგი ძლიერია არა მარტო იარაღით, ფიზიკური ძალით, არამედ განსაკუთრებით თავის მორალურ ძალით და ჩვენ გვინდა, რომ მას შერჩეს გარდა ამ შეიარაღებულ ძალისა, ძლიერი ეს მორალური ძალაც ამ აბობოქრებულ ზღვაში, და თუ ნებით თუ უნებლიედ თქვენ ასეთ შეცდომას ჩაიდენთ, ჩვენ მოვალენი ვართ გითხრათ: „თქვენ დაღუპავთ საქართველოს მომავალსო“.

თქვენ ტერორის მომხრე იყავითო. მართალია, სოციალ-დემოკრატია საერთოდ წინააღმდეგი იყო ტერორის, მაგრამ თქვენ აქ ხშირად მიმართავდით ხოლმე ტერორს და არა ერთი არამზადა გამოასალმეთ ამ წუთისოფელს (რეპლიკა: მაშ თქვენ რას შვრებოდით?). გახსოვთ კაჩაური ან კიდევ ჯუღელი გიგა? თქვენი თანამოგვარე იყო, ბ. ვალიკო და ალბად გეცოდინებათ, რომ კატორღაში დალია სული და სწორედ საქართველოში ტერორის მოწყობის გამო. იყო მომენტი, როდესაც მთელი ძალა-უფლება, ციხე, ადმინისტრაცია, სასამართლო იყო მთავრობის ხელში და აღარავითარი საშუალება არ იყო ბრძოლისა ამ ვაჟბატონებთან. თქვენ იცით ლუჟენოვსკის მაგალითი, რომელმაც 2-3 სოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში ზამთარში წყალში ჩააყენა. ასეთ მხეცების წინააღმდეგ, რომელთაც მხოლოდ სახე ჰქონდათ ადამიანისა, რა უნდა ექნა ჩვენს პარტიას? ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში სწირავდა თავის საუკეთესო წევრებს, ინტელიგენტებს, მუშებს, გლეხებს და ჰკლავდა ამ მხეცებს, რომელთაც მხოლოდ ადამიანის სახელიღა შერჩენოდათ. და ანალოგია ჩვენს შორის და დღევანდელ თქვენს მოქმედებას შორის სწორი არ არის და ჩვენში ასეთი ტერორის განმტკიცება განა მიღებულია?

აქ არა ერთხელ განუცხადებია თქვენს წარმომადგენელს, რომ ის, რაც ხდება რუსეთში, ე. ი. როცა სოციალური პარტია თავის იდეურ მოწინააღმდეგეებს ებრძვის ტერორის საშუალებით, ყოვლად მიუღებელიაო, და ეს ასეც უნდა იყოს.

ჩვენ არა ვართ ტოლსტოის მიმდევრები და არ ვამბობთ: „თუ ერთ ლოყაში შემოგკრან, მეორე მიუშვირეო“. მაგრამ იმ სიმკაცრით, იმ ბრძოლაში, რომელზედაც თქვენ სწერთ, ბატონო ვალიკო, თქვენს დღიურში, როდესაც ბრძოლაში მთელი სოფლები ნადგურდება, ამაზედაც შეგვიძლია ვიდავოთ, რომ ეს არ არის საჭირო, იბრძოლეთ იმ მტრების წინააღმდეგ. აქ არავის არ უთქვამს, აჯანყების მომწყობს ნუ შეებრძოლებითო. აქ ლაპარაკია მხოლოდ აგიტაციის შესახებ და ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ.

პირველი მუხლი, რომელიც ამბობს რესპუბლიკის დამხობის შესახებ და მთავრობის იარაღით ჩამოგდების შესახებ, არ არის საჭირო. ჩვენ გვაქვს კანონი, სადაც სწერია: თუ კაცი იღებს აჯანყებაში მონაწილეობას, იმის სიკვდილით დასჯა შეიძლებაო.

გარდა ამისა, თქვენ გაქვთ ფრონტის შესახებ განსაკუთრებული კანონი. აქ კი არის აგიტაციის შესახებ და ჩვენ გვეშინია, რომ ბატონ სიმონიკა გოცაძის სამარცხვინო საქმე გოჯეჯიანის შესახებ არ განმეორდეს (ჯუღელი: დასახვრეტი უნდა ყოფილიყო გოჯეჯიანი!). ის კაცი სასამართლომ, სენატმა გაანთავისუფლა და თუ დასახვრეტი იყო, დღეს ის რათ გაუშვით და რათ დაიარება ტფილისში თავისუფლად? აქ სწერია: აგიტაციისათვის კაცი სიკვდილით დაისჯებაო. რა საბუთია ეს? თქვენ თქვით, ნიკოლოზის კანონი ცუდიაო და აი, ბ. არსენიძე განსაკუთრებით დაინიშნა, რომ ეს კანონი შეეცვალა, მაგრამ არ შეცვალა და ეს 16 ტომი კანონისა დღესაც ისეა, როგორც იყო ნიკოლოზის დროს. მაშასადამე არსებობს, მაგრამ რუსეთის მთავრობას ასეთი კანონი არ ქონია, ასეთი კანონი არც სხვაგან არის სადმე. მოგეხსენებათ, რომ ინგლისმა ხელაღებით მისცა ჯარს უფლება პოლიტიკაში ჩარევისა. ბატონი ივანე გომართელი სახელმწიფო სათათბიროში ამტკიცებდა და მას ობსტრუქცია არ გაუმართეს. ის ამტკიცებდა, რომ ჯარის კაცს უფლება უნდა ჰქონდეს, როგორც ყველა დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უნდა უფლება ქონდეს პოლიტიკაში ჩარევისა. რათ დაგავიწყდათ დღეს ეს; თუ მაშინ შეიძლებოდა, დღეს რაღათ არ შეიძლება. ძველი მთავრობა ლოღიკურად მაინც იყო მართალი. თქვენ უმცირესობის გეშინიათ, მათ კი უმრავლესობის ეშინოდათ. ჩვენ მართალი მოგახსენოთ, უკეთესი წარმოდგენის გახლავართ გვარდიაზედ და ჯარზედ, თუმცა მათ ხელმძღვანელებს არ ვეთანხმებით. არა მაწანწალა ელემენტს არ შეუძლია დაანგრიოს და გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. მაგალითად, სოხუმში ჯარში მომხდარ აჯანყების დროს დიდი ფული და ენერგია დაიხარჯა, მაგრამ ჯარის დიდი უმრავლესობა დარჩა თავის მოვალეობის ასრულების სიმაღლეზედ. და სანამ იქ ადმინისტრაცია და სხვა ჯარის და გვარდიის ნაწილები მივაშველეთ, თვით ჯარის 9/10 ასდგა მოღალატეთა წინააღმდეგ, დაიჭირა ისინი, მოითხოვდენ დასჯას კიდევაც.

ამის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ აგიტაციის შესახებ რომ გიმნაზიის მაგალითი მოგიყვანათ ბატონმა გობეჩიამ, ეს სწორი დამახასიათებელია ამ კანონისა, სწორედ კურიოზია. კანონში ეწერა, თუ გვარდიაში აგიტაცია გასწიეს, ამისთვის შეიძლება სიკვდილით დასჯაო. განა ეს შეიძლება დღეს, როცა ჩვენში გავრცელებულია მტრობა, შური, შეიძლება შეიკრიბოს 3-4 გვარდიელი და მოსდვან ვინმეს შარი და სთქვან: აი, ეს კაცი აგიტაციას ეწეოდა მთავრობის წინააღმდეგო. შეიძლება ეს მხოლოდ პირადი მტრის წინააღმდეგ იყოს გამოგონილი და იგი თქვენ უნდა დახვრიტოთ. როცა ეს შესაძლებელი ხდება კანონით, როცა ამ ძალას აძლევს მათ ჩვენი იურისტები გვარდიელებს და მოხელეებს, რომელთა შორისაც ჩვენ ვიცით ბევრი დარჩენილი ძველი წყობილების და თუ ამ ვაჟბატონებმა გამონახეს თავის პირადი მტერი, რა გარანტიაა, რომ თქვენ მას არ დახვრეტთ. ამას მოყვება ნამდვილი სამოქალაქო ომი, და თუ ხალხი დაინახავს, რომ ასეთ პირებს შეუძლიათ მისი გასამართლება და დახვრეტა და მას არა აქვს საშუალება თავი გაიმართლოს. გულწრფელად სთქვით, რა გამოსავალი გაქვსთ აქედან. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჩვენგან მისაღები არ არის და ამას ვერ მივიღებთ.

მეორე კურიოზი განმარტებით ბარათში არის ის, რომ ეს ბოლშევიკების წინააღმდეგ არის განსაკუთრებით მიმართულიო. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი რამიშვილი დიდ ენერგიას იჩენს ბოლშევიკების ჭერაში, ისინი მაინც ბლომად არიან ჩვენში და თუ როგორ მოხდა ეს, ვინ ჩაიდინა ის, რომ საქართველო ისეთ პირობებში ჩავარდა, რომ უნდა გააშიშვლოს თავის საზღვრები და კარი გაუღოს ყველა მომსვლელს, ამაზედ შემდეგ ვილაპარაკოთ.

მაგრამ მე გეკითხებით თქვენ: თუ ამ ორგანიზაციას ლეგალურად შეუძლიან არსებობა, როგორ შეიძლება აგიტაციისთვის ის დახვრიტოთ? მე მგონია, ეს ყოვლად შეუძლებელია. ამ გარემოებას, ამ ძველ ზღაპრებს უნდა დაეთხოვოთ. ვითომ სოც.-რევოლ. საქართველოში და ჩვენს ამხანაგებს ძალიან უნდოდათ ბოლშევიკების მოსვლა და ვითომ ჩვენ უწევდეთ მათ ქომაგობას. ჩვენ ვწევთ ქომაგობას ჩვენი რესპუბლიკის ინტერესების მიხედვით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ ჩვენ არ გვეშინიან ჩვენი შეცდომა გავასწოროთ. რაც შეეხება ბოლშევიკების მუშაობას, სხვა რომ არა იყოს რა, ეს ბოლშევიკები თქვენი გაზრდილები არიან. ყველა ესენი გამოსულები არიან ან ნოე რამიშვილის ან ხომერიკის საპროპაგანდო კურსებიდგან. მე მეტს გეტყვით: იქ, სადაც ნაწილი იყო გლეხებისა, ესენი გადმოვიყვანეთ ჩვენს ორგანიზაციაში. რა დიდი საქმე არის, რომ ერთი-ორი გზააბნეული სოციალ-რევოლიუციონერი ბოლშევიკებში ერიოს. სწორედ თქვენი ამხანაგები ეწევიან აგიტაციას. ვინ არიან საქართველოს კომუნისტი მოღვაწეები, თუ არა თქვენი ამხანაგები? გაიხსენეთ გარდა ამისა, გადატრიალება რომ მოხდა აზერბაიჯანში, ვინ არიან იქ სათავეში, თუ არა თქვენი ამხანაგები, თქვენი გამოზრდილი გუმენისტები (ხმაურობა). ვინ არიან ალია მაჰმად ოღლი, რომელიც დიდ როლს თამაშობს აზერბაიჯანში - აი სწორედ იმან მოახდინა იქ განჯის დარბევა. მეორე, ბატონ ჩხენკელის ამხანაგი შინაგან-საქმეთა კომისრის დროს ჯამალბეგოვი, რომელიც არის დღეს იქ კომისრათ, და მრავალნი სხვანი ასე თუ ისე ყველა ესენი თქვენი გამზრდელები არიან. ასეთი მახინჯი ხალხი თქვენს წრეში მონახეთ. ამას გარდა, დღეს რომ მოხდეს ისეთი აბრუნდი, ხომ იცით, ისტორიამ ესეც იცის ხანდისხან, თქვენი დიალექტიური მეთოდით ხვალ შეიძლება ბოლშევიკები გახდეთ... აქ სწერია, რომ ვინც გაავრცელებს თხზულებას არსებულ წესწყობილების შესაცვლელად, ისიც უნდა დაისაჯოს სიკვდილითო. მაგრამ თქვენ თვითონ ამბობდით, რომ ევროპაში, - გერმანიაში, საფრანგეთში უკვე დღის წესრიგში დგას საკითხი სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების შესახებ. გერმანიაში ავრცელებენ, და თუ იქ დადგა სოციალიზმი, თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ მათ უკან არ ჩამოვრჩებითო. ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ იქ გადატრიალება მოხდა სოციალისტური და თქვენ, აქ თუ მოუწოდეს, რომ ასეთ სოციალისტურ გადატრიალების მოსახდენათ ისინი უნდა დახვრიტოთ, რადგან დემოკრატიული წესწყობილება შეიშლება, ჩვენ წინააღმდეგნი ვართ იარაღის საშუალებით მთავრობის ჩამოგდებისა (ხმები). მაგრამ რამდენად სოციალისტური წესწყობილება იქნება, ეს იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული. აი სწორედ ის აგიტაცია, რომელსაც აწარმოებს თქვენი პარტია, ის ყალბი, გზა ვერ უჩვენეთ თქვენ ხალხს და ხალხის უკმაყოფილება ისეთ საშიშ ხასიათს იღებს თქვენი ბატონობისთვის, რომ თქვენ შემოიტანეთ ასეთი კანონ-პროექტი, თორემ, ბატონო სერგო, არავითარი მიზანშეწონილება ამ კანონ-პროექტს არა აქვს. კიდევ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ (ხმა: სამხედრო სასწავლებელს რომ დაეცნენ?) ისინი მოკლეს და კარგადაც მოექცნენ. აი ეს არის ბრძოლა (ხმები: ააა! ხმაურობა). მოგახსენებთ, ბატონებო, მოგეხსენებათ (ხმაურობა), მაცალეთ, მოგახსენებთ: როდესაც ისინი შევიდნენ სასწავლებელში, მოქალაქეთ, რომლებიც იქ შეხვდნენ მათ იარაღით, ნაწილი დახოცეს და ნაწილი დაიჭირეს. და იმ ნაწილის დახვრეტა, რომელიც თქვენ ხელთ იგდეთ - იმათი დახვრეტა საჭირო არ არის (სიცილი, ხმაურობა, ხმები: ააა!). ეს არის უბრალო შურის ძიება, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო. სახელმწიფომ კი არ შეიძლება, რომ შურის ძიება აწარმოოს (რუსია: თქვენ უმეტესობა დამფუძნებელ კრებაში ბოლშევიკები ხართ! ხმაურობა). სულ იმას ყვირიან, ვინ დაღუპა რუსეთიო. ჩემის აზრით, რუსეთი დაღუპა სწორედ იმან, რომ იქ სოციალ-რევოლიუციონერები თქვენი ამხანაგების რჩევას მისდევდნენ ხშირად საუბედუროთ (ხმები!). ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში, ყოველ დარგში იყოს ისეთი წყობილება, ისეთი ურთიერთობა, რომ შეგვეძლოს ვიამაყოთ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი ძალა არის უმთავრესად მორალური ძალა. ჩვენი არსებობა, როგორც პატარა ხალხისთვის, მარტო შეიარაღებული ძალით შეუძლებელი არის. ეს მორალური ძალა და სიდიადე უნდა შევინარჩუნოთ. და თუ არ გვინდა მტერს მივცეთ საშუალება, რომ იმან გასწიოს მყრალი აგიტაცია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი გულწრფელი სურვილი არის, რომ როგორც რომის მოქალაქე, სადაც ის არ მივიდოდა, თამამად იტყოდა: „civis romanum sum“ - „მე ვარ რომის მოქალაქეო“, პატარა საქართველოს მოქალაქეც, სადაც მას არ გადისროლს ცხოვრების ბრძოლა, წარბ შეუხრელად და სიამაყით სთქვას, რომ მე „საქართველოს მოქალაქე ვარ“.

თავმჯდომარე: მხოლოდ ხუთი წუთიღა დარჩა სამამდე (ხმები: გაგრძელდეს!). როდემდე გაგრძელდეს - ამას განმარტება უნდა. სიტყვა ვის ნებავს, ბატონებო? (ხმა: გაგრძელდეს ოთხ საათამდე. ჩხენკელი: განვაგრძოთ ამ საკითხის დათავებამდე!). ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სხდომა ამ საკითხის დასრულებამდე გაგრძელდება. სიტყვა ცინცაბაძეს ეკუთვნის.

გრ. ცინცაბაძე (ს.-დ.): დღეს აქ ეს სრულიად უდაო დეკრეტი სადაოთ გახადეს. უდაოა იმიტომ, რომ ეს დეკრეტი იცავს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს დემოკრატიულ წყობილებას. ვინც წინააღმდეგია ამ დეკრეტისა, ის არ იცავს არც დამოუკიდებლობას და არც დემოკრატიულ წყობილებას. მე არა ვარ იურისტი (დადიანი: თუ არა ხარ, რას ლაპარაკობ?), მაგრამ ვიცი, რომ როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან სხვა და სხვა ძალები, მაშინ მას (სახელმწიფოს) დაცვა უნდა. მე მესმის ესერების ამ დეკრეტის წინააღმდეგ გამოსვლა. ისინი ხომ ბოლშევიკები არიან. როგორც უკანასკნელ ხანებში გამოირკვა, ერთი ბოლშევიკი ფედერალისტების პარტიაშიც შეიპარა. ეს გახლავთ თედო ღლონტი, რომელმაც ბოლშევიკების სახოტბოთ ერთი წიგნიც კი დასწერა. ბ. დადიანის და ესერების აქ გამოსვლა იყო ბოლშევიკების დაცვა, ისინი კი ამას არ საჭიროებენ. ფედერალისტებს ალბათ ახსოვთ ს. ქავთარაძის წერილი მისი დაცვის წინააღმდეგ. თქვენ გინდათ, რომ მტრებმა დაგვანგრიონ. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ვებრძვით მტრებს და მივდივართ წინ. თქვენ კი (მიმართავს ესერებს და ს.-ფედერალისტებს) არა ხართ პასუხის მგებელი, თქვენ არ გრძნობთ ამ პასუხის მგებლობას, თორემ მაშინ სხვანაირად დაიწყებდით ლაპარაკს. ჩვენის აზრით ეს დეკრეტი არის ერთნაირი გაფრთხილება. ჩვენ სიკვდილით დასჯის მომხრე სრულებითაც არ გახლავართ, მარა ამ დეკრეტით ჩვენ ვფიქრობთ უფრო მეტი ზნეობრივი გავლენა მოვახდინოთ ჩვენ დაუძინებელ მტრებზე, ე.ი. გავაფრთხილოთ, რომ ის, ვინც შეეცდება ჩვენი შეიარაღებული ძალების აჯანყებას ჩვენი დამოუკიდებელი დემოკრატიის წინააღმდეგ, სიტყვით იქნება თუ წერით, ისინი სიკვდილითაც დაისჯებიან. თქვენ კი, ბატონო ესერებო და ფედერალისტებო, გამოდიხართ დიდი გუმანისტები, ვითომც ჩვენ სიკვდილით დასჯის მომხრე ვართ, თქვენ კი წინააღმდეგი. პირიქით, ვინც ამ დეკრეტს ეწინააღმდეგება, იმას უნდა ჩვენში მტრები თავისუფლად თარეშობდეს, აჯანყებებს და სხვა სისხლის მღვრელ საქმეებს გვიწყობდეს. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა სისხლით მოპოებული თავისუფლება და მისი დემოკრატიული წყობილება განმტკიცდეს და ვიბრძოლებთ უკეთეს მომავლისათვის. და თუ ჩვენ ამ გზაზე ვინმე გადაგვეღობება, სიკვდილითაც დავსჯით მათ. რომ ჯარშიც, გვარდიაშიც და საერთოდ ჩვენს შეიარაღებულ ნაწილებში უნდათ ჩვენს მტრებს გააჩაღონ თავიანთი რეაქციონური საქმეები და ისინი არ ისჯებიან, პირიქით, გათამამდენ კიდეც. მე თქვენ გეკითხებით: როდესაც აუარებელი მტრებია ჩვენში შემოპარული დენიკინის აგენტების სახით, ბოლშევიკების მიერ შემოგზავნილი აგენტები და ეს, როდესაც ჩვენს დასანგრევათ მილიონობით ფული იხარჯება, ასეთ დროს განა ჩვენი მოვალეობა არ არის, რომ რითაც კი შეიძლება, ნაკლები მსხვერპლი გავიღოთ, თავი დავიცვათ მტრებისაგან და მათ სასტიკათ შევებრძოლოთ? ვინც ახლოს სდგას ჯარსა და გვარდიასთან, ის დარწმუნებულია, რომ თუ ეს დეკრეტი არა, იქ ისეთი სულიერი განწყობილება შეიქმნება, რომ თითონ გაასამართლებენ დამნაშავეებს. ეს დეკრეტი ჩვენ უნდა მივიღოთ, რომ იცოდეს ჯარმა, გვარდიამ და ყველამ, რომ ვინც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლებს, ის სასტიკად დაისჯება. ვინც იტყვის, რომ ეს დეკრეტი არის ბარბაროსულიო, ვინც ამ დეკრეტის წინააღმდეგ მიდის, ის ამხნევებს ჩვენს მტრებს, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ დამცველები გვყოლია დამფუძნებელ კრებაშიო, თუმცა უმნიშვნელო ჯგუფი, მაგრამ მაინც გვყოლიაო. ამით თქვენ ჩვენს მტრებს ზურგს უმაგრებთ. და რამდენათ ამას თქვენ ჩადიხართ, იმდენად წინააღმდეგი ხართ დემოკრატიულ წყობილების (დადიანი რაღაცას ლაპარაკობს. ხმაურობა). აქ დადიანმა ბევრი სისულელეები ილაპარაკა და იმისთვის თუ

არის ტრიბუნა, მაშინ მე არ ვიცი... (დადიანი: მე პროტესტს უცხადებ!).

თავმჯდომარე (ზარი რეკავს, ხმაურობაა. როცა დაწყნარდებიან, თავმჯდომარე ამბობს): ბ-ნო ორატორო, გთხოვთ, ცოტა ფრთხილად ილაპარაკოთ.

აქ მოხსენებიდან გამოირკვა, ამ დეკრეტს აქვს მხოლოდ დროებითი ხასიათი. ის იცავს ჩვენს სახელმწიფოებრივობას და ამიტომ აუცილებლად უნდა მიიღოს იგი დამფუძნებელმა კრებამ. ჩვენ თუ დაგვჭირდა, არც შემდეგში უნდა მოვერიდოთ მის გამოცემას, თუნდაც ამის წინააღმდეგ აგვიმხედრდენ მობოლშევიკო ესერ-ფედერალისტების ჯგუფი. ჩვენ კი ვფიქრობთ ამ დეკრეტის შემდეგ ერთი ათად შემცირდება ჩვენი მტრების მოღვაწეობა და ცდა იმისა, რომ მათ ჯარში შესძლონ რაიმეს გაკეთება, და რაც უნდა სულმდაბალი იყოს ბოლშევიკების აგენტები, ვფიქრობთ, მათზედაც იქონიებს გავლენას და სისხლიანი ფულებით რეაქციის მოციქულობას თავს გაანებებენ.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. უკანასკნელი სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

. გურული (მომხსენებელი): ბატონმა გობეჩიამ, თუმცა ის იურისტია, მაგრამ მაინც ერთგვარი არევ-დარევა შეიტანა ამ კანონ-პროექტის დედა-აზრში. იმან ასე დაიწყო: იდეების გავრცელების გამო სიკვდილით დასჯა სად გაგონილა დემოკრატიულ რესპუბლიკაშიო. მაგალითი მოიყვანა: აი, ნიკოლოოზის დროს ნოე ჟორდანია არ დაუხვრეტიათ, მას ციხე მიუსაჯესო. ეს არის არევ-დარევა შინაარსის გაგებისა. ამ გზით უკვე კანონის მიღების შემდეგაც, როცა მას დავადასტურებთ, დარჩება იდეების გავრცელება დაუსჯელად. არავინ არ დაიჭერს და არ დასჯის იდეების გავრცელებისათვის. ნოე ჟორდანია სწორედ იდეების გავრცელებისათვის დასაჯეს. იქ იყო კრიტიკა და ეს არ მოსწონდათ. იქ იყო მეცნიერული კრიტიკა, აქ კი კრიტიკაზე როდი გვაქვს ლაპარაკი. აქ აშკარად არის ნათქვამი, რომ ისჯება მოწოდებისთვის მთავრობის ჩამოსაგდებად. მერე ბ. გობეჩიას და სამსონ დადიანს შესაძლებლად მიაჩნია, რომ თუ იარაღით მოქმედობს მტერი, ჰო, მაგრამ ფურცლების გავრცელებისათვის როგორ შეიძლება სიკვდილით დასჯაო. ჯერ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აქ ლაპარაკი უბრალო ფურცლების გავრცელებაზე კი არ არის, არამედ ისეთზე, რომელიც მოუწოდებს მთავრობის ჩამოსაგდებად და არსებული წეს-წყობილების შესაცვლელად.

თქვენ ამბობთ, რომ ეს ფურცლები წაიკითხოსო, ლაპარაკითაც ილაპარაკოსო, მაგრამ თუ თოფი არ გაისროლა, ნუ დასჯითო. ბატონო, შეიძლება ეს ისეთი ვინმეა, რომელიც, თუ მან თოფი აიღო ხელში, თავის-თავს მეტს ავნებს, ვიდრე მოწინააღმდეგეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის თვითონ კი არ იღებს თოფს ხელში, არამედ ათასობით კაცს, რომელთაც მთავრობის მიერ ჩაბარებული აქვთ თოფები, აცდენს მიმართოს ეს თოფები სახელმწიფოს წინააღმდეგ, და თქვენ ამბობთ, რომ ასეთ ხალხს ნუ დასჯითო. მე მგონია, ეს ულოღიკობაა, არევ-დარევა და გაუგებრობა. ორივე მხარე ამაზე შეჩერდა და ამბობდა, რომ ნიკოლოზის დროს არ არსებობდა ასეთი სასჯელიო.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ნიკოლოოზის დროს ასეთი მოქმედებისათვის არავითარი კანონი არ არსებობდა (ბარათაშვილი. 129-132 მუხლი!). ისეთი მომენტისათვის, რომელშიაც ჩვენ ვცემთ ამ კანონს, არავითარი კანონი არ არსებობდა. არსებობდა გენერალ-გუბერნატორის უფლება და ისინი სჯიდენ, როგორც საჭიროდ დაინახავდენ. ეს თქვენ იცით, იცის განსაკუთრებით სოც.-ფედ. ფრაქციამ. მაშასადამე, მოტანა ნიკოლოოზის დროის კანონებისა, ზედმეტია. ეს ჩვენში, იმ მდგომარეობაში, რომელშიაც რესპუბლიკა იმყოფება, არის უდიდესი დანაშაული.

გობეჩია ამბობს, რომ აგიტაცია ამ კანონის შემდეგ ნება-დართული არ იქნებაო. ესეც მცნებათა არევ-დარევაა. აქ ლაპარაკი აგიტაციაზე კი არ არის, არამედ მოწოდებაზე, ხოლო მოწოდება არსებული კანონებითაც დანაშაულად არის ცნობილი. განსხვავება იმაშია, რომ იმ დროის და გარემოების მიხედვით, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ დანაშაულს ვაღიარებთ უმძიმესად, როცა მოუწოდებენ ჯარსა და გვარდიას, თქვენ ასე უნდა გელაპარაკნათ. თუ ეს დანაშაული ამ არსებულ პირობებში არ შეიძლება ჩაითვალოს უმძიმესად, მაშინ სხვაა, მაგრამ თქვენ ვერაფერი ვერ დაამტკიცეთ და პირიქით, დაადასტურეთ ის აზრი, რომელიც კანონმდებელმა ჩასდო ამ პროექტში.

გობეჩიამ ბევრი ილაპარაკა სირცხვილის შესახებ. ეს იმდენად სასირცხვოა, რომ მომხსენებელსაც შერცხვა და მორცხვად ლაპარაკობდაო. უნდა მოგახსენოთ, რომ ბოლშევიკების მონათესავე პარტიისაგან მიკვირს ასეთი სიტყვები. მე უნდა განვაცხადო, რომ დემოკრატიას, რომლის ინტერესსაც ეს კანონი იცავს, სასირცხვო არაფერი არა აქვს.

საქართველოს დემოკრატიამ შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა და ის თავისი სისხლით დღემდის იცავს მას. თუ ამ ორი წლის წინად კიდევ შეიძლებოდა სხვანაირად ლაპარაკი, დღეს, როცა ჩვენ თვალწინ გვაქვს დანგრეული რუსეთი, ადერბეიჯანი და ის, რაც ხდება იქ, სადაც ვერ დაიცვა ხალხმა თავისი თავისუფლება და წეს-წყობილება - ორი აზრი დემოკრატიისთვის არ არსებობს. როცა ამის შემდეგ დემოკრატიას ეუბნებით, სირცხვილია ასეთი კანონის მიღებაო, გიპასუხებთ: ჩვენ შევქმენით ჩვენი წეს-წყობილება, ვიცავთ მას და ვინც ამ დაცვაში ხელს შეგვიშლის, მის წინააღმდეგ ვიხმართ ყოველნაირ ზომებს, თუნდაც სიკვდილით დასჯას. ამის ჩვენ „არც გვრცხვენია და არც გვეშინია“. არ გვეშინია არც მაშინ, როცა ამ ტრიბუნაზე გაიმეორებთ ორ-აზროვან სიტყვებს, რომელთაც თქვენ იღებთ ბოლშევიკურ ფურცლებიდან: „თქვენი აღსასრულის დღე დადგაო“. ეს სიტყვები ჩვენ გვესმის სისტემატიურად ამ ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამ ორ-აზროვან სიტყვების არ გვეშინია. ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა უფრო განმტკიცდება და დაიცავს თავის მართალ საქმეს, ხოლო თქვენ დარჩებით ხახა მშრალი და 3 წლის შემდეგ კიდევ იტყვით: მოახლოვდა თქვენი აღსასრულის დღეო. ჩვენ კი გეტყვით: თვით თქვენი აღსასრულის დღე მოახლოვდა-თქო. თქვენ ჩამოხვედით ექვსიოდე სავარძლამდე, ჩამოხვალთ ორამდე და ჩქარა შეიძლება ერთი ადგილიც აღარ დაგრჩეთ აქ.

თავმჯდომარე: კამათი დასრულებულია. ვინ არის მუხლობრივი განხილვის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ (მომხსენებელი კითხულობს). შესწორება არის ასეთი: პირველ მუხლში სიტყვა „ჯარისკაცის“ შემდეგ ჩაემატოს: „ნამდვილ სამსახურში მყოფი“. შესწორების შესახებ ვინ ინებებს სიტყვას? არავინ. თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო?

. გურული: სამხედრო კომისიაში იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სთქვეს, რომ აქ, რასაკვირველია, იგულისხმება ნამდვილ სამსახურში მყოფი გვარდიელიო. თუ ეხლა უფრო სიცხადისათვის ეს გნებავთ ჩაუმატოთ, მე წინააღმდეგი არა ვარ, ვინაიდგან ეს მხოლოდ ხაზს გაუსვამს ამ აზრს.

თავმჯდომარე: ვინ არის შესწორების წინააღმდეგი? მიღებულია. ვინ არის მუხლის წინააღმდეგი? მუხლი მიღებულია. არის კიდევ შესწორება მე-3 მუხლის შესახებ, რომ ეს მუხლი სავსებით ამოიშალოს. ვინ არის წინააღმდეგი? თქვენი აზრი, ბ. მომხსენებელო?

გურული: კომისიის აზრს ვერ მოგახსენებთ, ვინაიდგან ეს იქ არ გარჩეულა. მე კი წინააღმდეგი ვარ.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი მთლად დეკრეტისა? მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. ახლა გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტები (შარაშიძის ასული კითხულობს საბოლოო ტექსტებს). ახლა მოისმინეთ მომავალი სხდომის წესრიგი. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება 3 1/2 საათზე.

9 ოცდამეთვრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


აქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(38)

1920 წელი. ივლისის 28. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სვიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის

კონ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება საღამოს 7 საათზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მოისმინეთ დღიურ წესრიგი (მდივანი კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 წ. ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ლეო შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.): მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენს ბიუჯეტს, როგორც სჩანს, დღის სინათლის ეშინია. ალბათ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მისი განხილვა სოციალ-დემოკრატიამ საღამოსათვის გადმოიტანა (სიცილი ხმაურობა!). (გელეიშვილი: настроеніе создаётъ!). ბატონებო! სოციალ-დემოკრატიას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი მსჯელობა, ჩვენი კამათი ბიუჯეტის გარშემო არ არის და არც შეიძლება იყოს მშრალი, აკადემიური. ჩვენ აქ ვეხებით არა მარტო ამა თუ იმ უწყების დეფექტებს, მოხელეთა შეცდომებსა და დაუდევრობას, არამედ ჩვენ ვეხებით მთელს ეკონომიურ სისტემას, მმართველი წრეების მთელს საერთო პოლიტიკას.

ამ მხრით აქ, თუ გნებავთ, არის ნამდვილი პროცესი, სადაც ბრალდებულის დამნაშავის სკამზე ზის მთელი მთავრობა in corpora, ხოლო ბრალმდებელის როლში უნდა გამოვიდეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი დეპუტატი, განურჩევლად მიმართულებისა, თუ ის გრძნობს პასუხისმგებლობას, თუ მას არ სურს ხელი დააფაროს აშკარა ბოროტ-მოქმედებას, თუ მას არ უნდა, რომ ჩვენი ნორჩი რესპუბლიკა ჩაიხრჩოს ძარცვა-გლეჯისა და ქურდობის მორევში! ამბობენ, ომი სახელმწიფოს ეგზამენიაო. თუ ეს მართალია, თუ ომი არის მაჩვენებელი სახელმწიფოს სამხედრო და ტეხნიკური ძლიერებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტი არის მაჩვენებელი იმისა, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს დამოუკიდებელი არსებობა, აქვს თუ არა მას სიცოცხლის ნიშანწყალი.

ბიუჯეტი არის ნამდვილი ეგზამენი მმართველი წრეების საქმიანობისა და პატიოსნებისა!..

როდესაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ჩვენი ეროვნული თავისუფლების მტრები გვეუბნებოდენ: თქვენი ქალწული მშვენიერია, მაგრამ მას მზითევი არა აქვს, შიმშილით ამოწყდებითო. ესე იგი, თქვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება კარგია, მაგრამ ეკონომიურად, ფინანსიურად თქვენ ვერ შესძლებთ დამოუკიდებელ არსებობასაო.

წარმოდგენილი ანგარიშიდან სჩანს, რომ ამ მოკლე ხანში დავხარჯეთ ორი მილიარდი. აქედან აშკარაა, ჩვენი ქალწული არც ისე ღარიბი ყოფილა!..

ჩვენ ხშირად მიგვითითებენ იმ მძიმე პირობებზე, რომლებშიაც იშვა და ვითარდება ჩვენი რესპუბლიკა, მაგრამ ამ ფაქტიდან, იმ გარემოებიდან, რომ ჩვენ არაჩვეულებრივ პირობებში გვიხდება დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, ჩვენი ფინანსებისათვის, ჩვენი ეკონომიური პოლიტიკისათვის სულ სხვა დასკვნა გამოდის, ვიდრე სოციალ-დემოკრატებს გონიათ.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო ახლა დგება ფეხზე, ახლა იმართება წელში, ჩვენთვის არაჩვეულებრივი მნიშვნელობა აქვს ყოველ კაპეიკს. დღევანდელს ჩვენს პირობებში შეიძლება ჩვენთვის ას მანეთს გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე მომავალში მილიონებს, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოს ახლა ეყრება საძირკველი. ჩვენ დღევანდელ პირობებში არ შეგვიძლიან ვიყოთ ხელგაშლილი; ზედმეტი ხარჯებისათვის, ფუფუნებისათვის ჩვენ არ გვცალია. ფინანსიურ-ეკონომიურ სფეროში ჩვენ გვჭირია გონიერი და ანგარიშიანი ხელი. თუ ეს ასე არ იქნა, ჩვენ გვეშინია - ვაი თუ ჩვენი სახელმწიფო შენობა ისევე დაუსრულებელი დარჩეს, როგორც ოდესღაც დაუსრულებელი დარჩა ბაბილონის გადოლი! ბიუჯეტის მოკლე ანალიზით მე მინდა გამოვარკვიო, ჰქონდა თუ არა ეს შეგნება ჩვენს მთავრობას, ახასიათებს თუ არა ეს შეგნება მთავრობის ფინანსიურ მოღვაწეობას?!..

ვიდრე ამაზე გადავიდოდე, მე მინდა თქვენი ყურადღება ერთს დიდ გარემოებას მივაქციო: როგორც მოგეხსენებათ, სოციალ-დემოკრატიას ჰქონდა ერთი ფორმულა, რომელსაც ის ხშირად იმეორებდა. ეს ფორმულა ამბობს: კაპიტალიზმით სოციალიზმისაკენ, უკაპიტალიზმოთ სოციალიზმი შეუძლებელიაო. რომ დღეს გამოვარკვიოთ, როგორი არის მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა, საჭიროა ვიცოდეთ, ეს ფორმულა ძალაში რჩება თუ არა?!.. თუ ამ ფორმულას სოციალ-დემოკრატია დღესაც მისდევს, მაშინ მისი ეკონომიკაც უნდა შეუფარდდეს ამ ფორმულას, ხოლო თუ ეს ფორმულა უარყოფილია, მაშინ ცხადია, საჭიროა ახალი პოლიტიკა ეკონომიურ დარგში.

თუ სოციალ-დემოკრატიამ ეს ფორმულა უარჰყო, ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მარქსიზმის კაპიტულიაციას ნაროდნიკობის წინაშე, იმ ნაროდნიკობის, რომელიც ყოველთვის ამბობდა და ამბობს, რომ სოციალიზმის დასამყარებლად კაპიტალიზმი არ არის არც აუცილებელი და არც საკმაო პირობა სოციალიზმის დასამყარებლად.

თუ სოციალ-დემოკრატიამ ეს ფორმულა უარჰყო, მაშინ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ დღეს განვიცდით პროლეტარიატის დიქტატურის ხანას (თევზაია: წინა ხანაში ვართ, წინა ხანაში!). თუ სოციალ-დემოკრატების მეთაურებს დაუჯერებთ, გამოდის, თითქოს ჩვენში უკვე არის პროლეტარიატის დიქტატურა. მაგ., თქვენ ალბათ გახსოვთ ბ. ჟორდანიას მოხსენება, რომელიც მან გვარდიის ყრილობაზე გააკეთა. იქ ბ. ჟორდანია პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენში პროლეტარიატის დიქტატურა უკვე არისო. იგივე ჟორდანია თავის უკანასკნელ მოხსენებაში, სადაც ლაპარაკი იყო რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ამბობს, რომ დღეს არის ორი ქვეყანა, სადაც სოციალისტები არიან ქვეყნის სათავეში: ეს არის რუსეთი და საქართველო. როგორც იქ, ისე აქაც, პროლეტარიატის დიქტატურა არისო. ეს აზრი სულ უკანასკნელად განმეორებული არის იმ წერილში, რომლითაც საქართველოს პროფესიონალური კავშირების ცენტრალურმა კომიტეტმა მიმართა პროფესიონალურ ინტერნაციონალის ბიუროს. თუ ეს ასე არის, ორში ერთია: ან სოციალ-დემოკრატიას არ ესმის, რა არის პროლეტარიატის დიქტატურა, ან არ ესმის, თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს პროლეტარიატმა იმ გარდამავალ ხანაში, რომელსაც პროლეტარიატის დიქტატურა ეწოდება!.. ჩვენ გვაქვს ორი ნიმუში პროლეტარიატის დიქტატურისა: ერთი წარსულში და მეორე ახლა. ეს არის პარიზის კომუნა და ბოლშევიკური რუსეთი.

ბოლშევიკური ძალა-უფლება არის პაროდია პროლეტარიატის დიქტატურისა. მუშათა კლასის ნამდვილი დიქტატურა, მოწონებული მარქსისა და ენგელსის მიერ, არის პარიზის კომუნა. მე ვფიქრობ, თუ ჩვენში მართლაც არის პროლეტარიატის დიქტატურა, უნდა იყოს ერთგვარი მსგავსება ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტიის პოლიტიკისა და პარიზის კომუნის პოლიტიკას შორის. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ მათ შორის არავითარი მსგავსება არ არის (თევზაია ადგილიდან: არის მსგავსება, დიდი მსგავსება არის!). წარმოიდგინეთ, არაფერია საერთო. საკმარისია მოვიგონოთ კომუნის ზოგიერთი დეკრეტები, რომ ამაში დავრწმუნდეთ.

უკვე სამი წელიწადია, რაც ჩვენი სახელმწიფო შენდება და ამ ხნის განმავლობაში არამც თუ არ გადადგა მთავრობამ რაიმე რადიკალური ნაბიჯები, არამედ უბრალო დემოკრატიული პროგრამის მრავალი მუხლი დღემდის განუხორციელებელი არის. პარიზის კომუნამ საშინელ პირობებში ორი კვირის განმავლობაში გაატარა მრავალი ის მოთხოვნილებანი, რომლებიც სოციალ-დემოკრატიას სამი წლის განმავლობაში არ გაუტარებია. პარიზის კომუნამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელთა მსგავსი ჩვენში არ გვინახავს, ჩვენებურ სოციალ-დემოკრატიას არ დასიზმრებია!

პარიზის კომუნა გამოცხადდა 28 მარტს, ხოლო 30 მარტს კი მან გააუქმა მუდმივი ჯარი და შემოიღო ნაციონალური გვარდია. 2 აპრილს ეკლესია გამოჰყო სახელმწიფოდან. 5 აპრილს გამოიცა დეკრეტი ბურჟუაზიის წარმომადგენელთა მძევლებად წამოყვანის შესახებ. 6 აპრილს დასწვეს გილიოტინა. 16 აპრილს კომუნამ გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალით ბურჟუაზიას ჩამოერთვა ფაბრიკა-ქარხნები და გადაეცა მუშებს კოოპერატიულად დასამუშავებლად.

თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს უკანასკნელი დეკრეტი, სჩანს ენგელსის სიტყვებიდან. ენგელსი სწერდა: „ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დეკრეტი კომუნისა მოითხოვდა მსხვილი მრეწველობის და თვით მანუფაქტურის ისეთ ორგანიზაციას, რომლისათვის საჭირო იყო არა მარტო მუშათა ასოციაციები ცალ-ცალკე ფაბრიკებზე, არამედ საჭირო იყო აგრეთვე ამ ასოციაციების გაერთიანება ერთ დიდ კავშირში. ასეთ ორგანიზაციას, როგორც სამართლიანად შენიშნა მარქსმა თავის „სამოქალაქო ომში“, აუცილებლად მივყავართ კომუნიზმისაკენო“. ასე სწერს ენგელსი მარქსის „სამოქალაქო ომის“ წინასიტყვაობაში (გვ. 11).

ეს არის ენგელსის აზრი და მე გეკითხებით თქვენ: როდესაც თქვენ ამბობთ, ჩვენში მუშათა კლასის დიქტატურა არისო, გეკითხებით: ასეთი რამ განახორციელეთ ჩვენში?! - რა თქმა უნდა, არა!

რა მიზანი ჰქონდა კომუნას და შესაძლებელია თუ არა, რომ მუშათა კლასი იყოს პოლიტიკურად გაბატონებული, ხოლო ეკონომიკაში ის ისევ დამონავებული იყოს ძველებურად?!

ამაზე საუკეთესო პასუხს იძლევა თვით მარქსი. თავის „სამოქალაქო ომში“ ის სწერს: „მწარმოებელთა პოლიტიკური ბატონობა შეუძლებელია მათი სოციალური მონობის განმტკიცებასთან გვერდით. კომუნა უნდა ყოფილიყო იარაღი იმ ეკონომიურ საფუძვლების დასამხობად, რომლებზედაც ეყრდნობა თვით კლასთა არსებობა და მაშასადამე, თვით კლასიური ბატონობაც“ (გვ. 50).

ე.ი. თუ პოლიტიკაში გაბატონებული არის მუშათა კლასი, არ შეიძლება, რომ არ დაინგრეს თანამედროვე სახელმწიფოს საძირკველი - კერძო საკუთრება, ბურჟუაზიული წყობილება. ეს აუცილებელი პირობაა მუშათა კლასის პოლიტიკური ბატონობისა.

მოუსმინოთ ისევ მარქსს:

„კომუნას უნდოდა, - ამბობს მარქსი, - გაეუქმებია ეს კლასიური საკუთრება, რომელიც მრავალთა შრომას აქცევს ზოგიერთების სიმდიდრეთ. მას (კომუნას) უნდოდა ექსპროპრიაცია ექსპროპრიატორებისა. მას უნდოდა გადაექცია წარმოების საშვალებანი, მიწა და კაპიტალი, რომლებიც დღეს არიან უწინარეს ყოვლისა იარაღი დამონავებისა და შრომის ექსპლოატაციისა, გადაექცია თავისუფალ, ამხანაგურ შრომის იარაღად“ (გვ. 51) (კედია: ეს უნდოდათ, დიახ, ეს იყო მათი პროგრამა! ასათიანი: ეს უკვე განზრახულია ჩვენში!).

ძახილი: „გაუმარჯოს სოციალურ რესპუბლიკას“, განაგრძობს მარქსი, ძახილი, რომლითაც პარიზის პროლეტარიატი მიესალმა თებერვლის რევოლიუციას, გამოხატავდა მხოლოდ გაურკვეველ ლტოლვას ისეთ რესპუბლიკისადმი, რომელიც არამც თუ მოსპობდა კლასობრივ ბატონობის მონარქიულ ფორმას, არამედ თვით კლასობრივ სახელმწიფოს. კომუნა იყო სწორედ ფორმა ასეთი რესპუბლიკისა“.

აი, ბატონებო, როგორ ესმოდა მარქსს ნამდვილი დიქტატურა მუშათა კლასისა.

თუ პოლიტიკური ძალა-უფლება მშრომელთა ხელში იქნება, ეს იმის მომასწავებელია, რომ იწყება ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში, ე.ი. უნდა გარდაიქმნას მთელი ეკონომიური და სოციალური ცხოვრება, უნდა მოეწყოს იგი სრულიად ახალ საფუძველზე. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ჩვენში, სადაც ყველა ბურჟუაზიული ინსტიტუტები ხელუხლებელია, როცა ამბობთ, რომ აქ პროლეტარიატის დიქტატურა არისო, - ეს სიყალბეა!

თუ ჩვენში არის დიქტატურა, ეს არის დიქტატურა მენშევიკების ცენტრალური კომიტეტისა, დიქტატურა ბბ. რამიშვილებისა და ჯიბლაძეებისა! აქ კეთდება არა მშრომელი ხალხის საქმე, არამედ ბურჟუაზიის საქმე! (კედია: არ კეთდება, ბატონო, არ კეთდება, დამიჯერეთ!).

სოციალ-დემოკრატები ყოველ გზაჯვარედინზე გაიძახიან: ჩვენ მივდივართ დემოკრატიზმით სოციალიზმისაკენო. ეს რომ ეკონომიურ ენაზე გადავთარგმნოთ, გამოვა ცნობილი ძველი ფორმულა: კაპიტალიზმით სოციალიზმისაკენ!

გადახედეთ სოციალ-დემოკრატიის პრესას და იქ დაინახავთ სისტემატიურ მტკიცებას, რომ სოციალ-დემოკრატია ჩვენში ბურჟუაზიის საქმეს აკეთებს, ან რაღა ასე შორს წავიდეთ. განა გუშინწინ არ იყო, რომ ბ. თევზაია აქ დიდი ამბით ამტკიცებდა: როგორ შეიძლება მივიღოთ მუშათა კონსტიტუცია ერთს დარგში, როცა მთელი ჩვენი კონსტიტუცია სხვა საფუძვლებზე არის აგებულიო. ეს ცალმხრივი იქნება: შრომის ხელშეკრულებაში თანასწორი პარიტეტული წარმომადგენლობის უფლება უნდა მიეცეს როგორც მუშებს, ისე ბურჟუაზიასო!

როგორც ხედავთ, არავითარი მუშათა დიქტატურა ჩვენში არ არის.

სავსებით მართალი იყო სოციალ-დემოკრატი ბ. კლიმიაშვილი, რომელმაც პარტიულ ყრილობაზე გულახდილად განაცხადა: რისი სოციალიზმი, სადაური სოციალიზმი?! ჩვენ რადიკალ-დემოკრატების საქმეს ვაკეთებთო.

თქვენ არამც თუ არ გადაგიდგამთ სოციალისტური ნაბიჯები, თქვენივე დემოკრატიული მინიმუმიც არ არის ჩვენში განხორციელებული. თქვენ ამტკიცებთ კერძო საკუთრებას, ხელს უწყობთ მესაკუთრულ ინსტიქტების გაღვივებას. თქვენს პროგრამაში იყო მიწის მუნიციპალიზაცია. სად არის ის დღეს?! იქვე ეწერა ხელფასის მინიმუმის დაწესება. განახორციელეთ ეს თქვენ? - რა თქმა უნდა, არა! თქვენს მინიმალურ პროგრამაში იყო ნათქვამი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა. განახორციელეთ ეს? - რა თქმა უნდა, არა!

მე ვიცი, თქვენ იტყვით: მძიმე პირობები იყოვო, მაგრამ თქვენ ვერ დაამტკიცებთ იმას, რომ ჩვენი პირობები კომუნის პირობებზე უარესი იყო. პარიზის კომუნის მდგომარეობა მრავალჯერ უარესი იყო, ვიდრე ჩვენი. მიუხედავად ამისა, კომუნის ნაბიჯები რევოლიუციონური იყო, თქვენი კი რეაქციონური!

მთავრობას, სამწუხაროდ, არავითარი გეგმა ჩვენი ეკონომიურ-ფინანსიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქ არ წარმოუდგენია. მხოლოდ ცოტაოდენ გამონაკლისს ამ მხრით შეადგენს ბ. კანდელაკი. ბიუჯეტის პროექტის წინასიტყვაობაში მან წამოაყენა ერთგვარი გეგმა. რას გვიკარნახებს ის? ბ. კანდელაკის გეგმა მით არის უფრო საინტერესო, რომ ის სავსებით აქარწყლებს თქვენს მითს შესახებ პროლეტარიატის დიქტატურისა. ბ. კანდელაკის აზრით, ბიუჯეტის კეთილდღეობა დამყარებულია ჩვენს ეკონომიურ გაჯანსაღებაზე.ბ. მინისტრი სწერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნება წინააღმდეგი, რომ მის ხელში გადავიდეს მეურნეობის სხვა და სხვა დარგები, მარა ამ ჟამად ძალა არ შეგვწევს, ამისათვის არა გვაქვს არც ნივთიერი და არც სხვა საშუალებანიო.

ბ. ფინანსთა მინისტრი სწერს:

„მრეწველობის განვითარება, საკუთარი ძალით იქნება იგი თუ უცხო კაპიტალის დახმარებით, აუცილებლად მოითხოვს უფლებრივ პირობების განმტკიცებას.

პოლიტიკური მდგომარეობის გამოურკვევლობა ძალიან უშლის ხელს წარმოების მოძრავებას. ვერ დავფარავთ იმასაც, რომ თუ ჩვენში ისეთივე პირობები არ შეიქნა წარმოებისათვის, როგორიც სხვა კულტურულ ქვეყნებშია, კაპიტალის იმპორტის იმედი არ უნდა გვქონდესო.

„ისეთივე პირობები, როგორიც სხვა კულტურულ ქვეყნებშია“, რას ნიშნავს ეს? ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენში ბურჟუაზიამ ისევე თავისუფლად ითარეშოს და ყვლიფოს მშრომელი ხალხი, როგორც ეს „კულტურულ ქვეყნებში“ - ესე იგი ევროპაში ხდება. აი თქვენი დიქტატურა!..

ეს არის თქვენი ნამდვილი გეგმა. ის ძირიანად უარყოფს მშრომელი ხალხის ბატონობას და სავსებით ააშკარავებს, თუ რამდენი სიყალბეა თქვენს მტკიცებაში, თითქოს ჩვენში მუშათა დიქტატურა იყოს!..

ადამ სმიტი ამბობდა: სახელმწიფო ცუდი მეურნე არისო. ამ დახავსებულ აზრს, რომელიც უკვე დაარღვია თეორიამ და პრაქტიკამაც, დღეს უხეიროდ იმეორებს ჩვენი სოციალ-დემოკრატია.

„აიღეთ კლდე, მიეცით ის კერძო მესაკუთრეს და ის აყვავებულ ბაღად გადაიქცევაო“, ამბობდა დ. მილი. ეს რეაქციონური აზრი სავსებით შეუთვისებია ჩვენებურ მენშევიკებს. ამიტომაც ეშინიათ მათ კოლექტიური წარმოების, ეკონომიურ ცხოვრებაში მშრომელთა მძლავრი ჩარევის!..

სოციალ-დემოკრატები როგორც პრესაში, ისე საზოგადოებაში, ამბობენ: რა ვქნათ, წარმოება რთული საქმეა, ვერ გაუძღვებითო (თევზაია: მართალია!). თუ მართალია, მე გეკითხებით თქვენ: თუ თქვენს ქარხანას, სახელოსნოს ვერ გაუძღვებით, სახელმწიფოს როგორ გაუძღვებით?

სოციალ-დემოკრატია აზვიადებს ბურჟუაზიის როლს თანამედროვე წარმოებაში. დღევანდელ კაპიტალისტურ წარმოებაში ჩვენ ვხედავთ დაქირავებულ შრომას, დაქირავებულ ცოდნას, ტეხნიკას. რაც შეეხება კაპიტალისტის ინიციატივას, მის თაოსნობას, იგი სდგას უკანასკნელ რიგზე. ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კაპიტალისტურ წარმოებას მეთაურობს არა კაპიტალისტი, არამედ კაპიტალი!.. ამიტომაც მოვითხოვთ ჩვენ, რომ სახელმწიფომ წარმოება ხელში აიღოს, რომ ის დაეპატრონოს კაპიტალს! სხვა გამოსავალი არ არის!.. ვიცი, თქვენ იტყვით: ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უდიდესი აპარატი სჭირიაო. დიახ, გეთანხმებით სავსებით. ამას სჭირდება უდიდესი აპარატი, რომელიც თქვენ არა გაქვთ და იცით, რა არის ეს აპარატი? - ეს აპარატი გახლავთ თავი!.. (სიცილი, ხმაურობა). ჩვენებურ სოციალ-დემოკრატიას არ გააჩნია არც საქმის უნარი და არც რწმენა. ამ მხრივ გაცილებით უფრო მაღლა დგანან ბოლშევიკები. მართალია, მათი საქმიანობიდან არაფერი გამოდის, მაგრამ მათ რწმენა მაინც აქვთ, თქვენ კი ესეც არ გაგაჩნიათ... ასეთია სოციალ-დემოკრატიის ეკონომიკა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ეკონომიკაზე ვერ აღმოცენდებოდა ხეირიანი პოლიტიკა. მაგრამ ვიდრე ამაზე ვილაპარაკებდე, მინდა ისევ დაუბრუნდე ბიუჯეტის ზოგიერთ მხარეებს. წარმოდგენილი ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს ხეირიანი ბიუჯეტის ელემენტარულ მოთხოვნილებებს. კრედიტების სპეციალიზაცია, კასის მთლიანობა თანამედროვე ფინანსიურ მეცნიერებაში ანბანურ ჭეშმარიტებად არის ქცეული, მარა ჩვენი ბიუჯეტი არც ამას აკმაყოფილებს (თევზაია: ეს ჩამორჩენილი აზრია!). ბატონი თევზაია ბრძანებს კრედიტების სპეციალიზაცია და კასის მთლიანობა ჩამორჩენილი აზრიაო. მე იძულებული ვარ განვმარტო, თუ რას ნიშნავს კრედიტების სპეციალიზაცია. საკანონმდებლო ორგანო ამა თუ იმ საჭიროებისათვის გადადებს განსაზღვრულ თანხას. ეს თანხა უნდა მოხმარდეს სწორედ იმ საქმეს, რომლისთვისაც ის არის გაღებული. ყოვლად შეუწყნარებელია, რომ მთავრობას ჰქონდეს უფლება თანხები ისე მოიხმაროს, როგორც სურს.

ბ. თევზაიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ხალხის წარმომადგენლებმა არ იციან, თუ რა ესაჭიროება უფრო ხალხს, რომ ეს უკეთესად იცის მთავრობამ. ჩვენ კი გვგონია, რომ სახალხო წარმომადგენლობამ უკეთ იცის, თუ რა ესაჭიროება ხალხს, რას უნდა მიექცეს ყურადღება. თუ მთავრობას მიეცა უფლება თავის შეხედულებისამებრ ხარჯოს ფულები, სად არის გარანტია, რომ ის ამ ფულებს მშრომელი ხალხის წინააღმდეგ არ მოიხმარს, რომ ის არ მოიხმარს ამ თანხებს თავის ბიუროკრატიულ მიზნებისათვის?!..

რომ კრედიტების სპეციალიზაციას უაღრესი მნიშვნელობა აქვს, ამას მოწმობს აუარებელი ისტორიული ფაქტები. ამის გარშემო იყო ხანგრძლივი ბრძოლა ევროპაში.

ზოგიერთ კონსტიტუციაში პირდაპირ არის მუხლი, რომელიც აკრძალავს ერთი სტატიიდან მეორეში კრედიტების გადატანას. წარმოიდგინეთ, თვით ძველ რუსეთში არ იყო ის, რომ მინისტრს უფლება ჰქონოდა როგორც უნდა, ისე ეხარჯა ფულები, თანხები. ეს მხოლოდ ჩვენში არის. მე ვფიქრობდი, რომ ამას მომავალში მაინც ალაგი არ ექნებოდა, მაგრამ ჩემს იმედებს ფრთები შეაკვეცა მომხსენებელმა ბ. გრ. გიორგაძემ, რომელმაც განაცხადა: ვინაიდან განსაკუთრებული პირობებია, დროებით უნდა მიეცეს მთავრობას უფლება კრედიტების ერთი სტატიიდან მეორეში გადატანისო.

თქვენ, ბატონებო, სულ ამას გაიძახით: განსაკუთრებული პირობები, დროებით, დროებითო. თქვენ გინდათ დროებით დააქციოთ ჩვენი ქვეყანა!.. (სიცილი). ასეთივე მდგომარეობაში არის მეორე ელემენტარული მოთხოვნილება - კასის მთლიანობა. მოგეხსენებათ, რომ მოწინავე ქვეყნებმა ამ საკითხში რამდენიმე საფეხური გაიარეს. იყო დრო, როცა ყოველ ოლქს სახელმწიფოში თავისი ცალკე კასა ჰქონდა. შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვალა, შეიქნა ერთი კასა სახელმწიფოში - ცხოვრებაში გატარდა კასის მთლიანობა, ხოლო მოწინავე ქვეყნებმა მიაღწიეს უკანასკნელ საფეხურს, საბანკო სისტემას, როგორც მაგ., ბელგიაში, ინგლისში და სხვა სახელმწიფოს ხაზინადრათ ბანკი გადაიქცა. როგორ გგონიათ, ჩვენი ნაქები ოაზისი რომელ საფეხურზე სდგას ამ საკითხში? - მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პირველყოფილ მდგომარეობაში. არავითარი მთლიანობა კასისა ჩვენში არ არის დაცული. ყველა მინისტრს აქვს თავისი საკუთარი კასა. ისინი თანხებს ისე ხარჯავენ, როგორც მათ უნდათ. ჩვენ გვაქვს ამის აუარებელი ფაქტები. მოვიყვან ზოგიერთებს. მე ხელთა მაქვს ბ. სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენება რუსული ტექსტი (კითხულობს):

«Какъ министерства, такъ и подвѣдомственныя имъ учрежденія не считаются со смѣтными и кассовыми правилами, доклады почти не поступаютъ въ казначейства, а сборщики расходуютъ ихъ на содержаніе своихъ управленій и на хозяйственныя надобности, не давая государственному контролю никакихъ отчетовъ».

«Расчетныя книги по смѣтнымъ расходамъ въ казначействѣ ведутся крайне небрежно и неправильно».

გესმით, ბატონებო, აი როგორ არის დაყენებული ანგარიშები, როგორ არის დაცული კასის მთლიანობა!..

კონტროლიორი ეხება ეგრედ წოდებულ «Комитетъ Снабженія»-ს და ამბობს: «Изъ собранныхъ въ теченье іюля-декабря мѣсяца 1.115.704 рублей ни одна копейка не передана въ казначейство».

შემდეგ «свою автономность Комитетъ Снабженія расширилъ еще болѣе, создавъ изъ доходовъ государственныхъ какими являются платежи за товаръ, свою собственную кассу и свой денежный фондъ, который расходавался распоряженіемъ предсѣдателя» (33).

კიდევ შემდეგ უარესს გავიგებთ დაუგდოთ ყური, რას ამბობს ბ. კონტროლიორი!..

«Ревизіей установлено, что нѣкоторыя учрежденія функціонируютъ до сихъ поръ безъ опредѣленныхъ для нихъ положеній и штатовъ, нѣкоторыя же совершенно не признаютъ ни общихъ смѣтныхъ, ни кассовыхъ правилъ, ни даже основнаго бюджетнаго требованія, въ силу котораго для правильнаго функціонированія государственнаго бюджета требуется единство кассы, такъ какъ названныя учрежденія создали у себя свои отдѣльныя, самостоятельныя, независимыя отъ казначейства, кассы, ускользающія отъ наблюденія государственнаго контроля и министра финансовъ».

როგორც ხედავთ, ყველას თავისი კასა აქვს და ფულებს ისე ხარჯავს, როგორც უნდა!..

თავის მოხსენებაში კონტროლიორს აქვს მოყვანილი მრავალი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი უსისტემობაა ამ მხრივ ჩვენში. აი მაგალითად, რას ამბობს ის სამხედრო სამინისტროს, რკინის გზის, მომარაგების კომიტეტის და სხვა კასების შესახებ:

«Поступившіе въ эти кассы въ 1918 году сборы и различные доклады вовсе не были сданы въ доходы казны по всѣмъ кассамъ, кромѣ кассы желѣзной дороги».

ასე არის ჩვენში დაცული კასის მთლიანობა!..

თუ რათ მოსდის ჩვენს რესპუბლიკას აუარებელი ხარჯები, ამაზე იძლევა ერთგვარ პასუხს სახელმწიფო კონტროლის მოხსენება.

კონტროლიორმა მოახდინა სხვა და სხვა დაწესებულებათა რევიზია. აი რას ამბობს ის ამ რევიზიის შესახებ:

«Нельзя сказать, чтобы въ какомъ либо изъ образованныхъ учрежденій все было благополучно. Только въ очень немногихъ изъ нихъ обнаруженные дефекты были неизбѣжнымъ слѣдствіем обстоятельствъ времени. Между тѣмъ въ другихъ, какъ напримѣрь, въ учрежденіяхъ военнаго вѣдомства, контроль наткнулся съ явными злоупотребленіями».

რას ნიშნავს ეს? გვაქვს თუ არა ამის შემდეგ უფლება ვსთქვათ, რომ ჩვენს მმართველებში ბოროტ-მოქმედნი არიან? დიახ, გვაქვს ამის უფლება!.. აქ არის ლაპარაკი მთელს სამინისტროზე, მთელს უწყებაზე, მაშასადამე, ის ეხება სამინისტროს, უწყების მეთაურს; ის კი, როცა ჩვენ აქ გამოვდივართ და ფაქტები მოგვყავს, პარტიულ დემაგოგიას ეწევა!.. (ხმები სოციალ-დემოკრატების სკამებიდან: თქვენ ჰაერში ისვრით სიტყვებს!). მე მაქვს ფაქტები. მე ვლაპარაკობ პასუხის მგებლობის სრული შეგნებით!..

აი, ფაქტები. კონტროლიორს მოყავს პირველი პოლკის რევიზიის შედეგები.

«При ревизіи 1-го грузинскаго коннаго полка не оказалось рѣшительно никакой отчетности и денежныя суммы, а также казенное имущество расходовались, какъ частная собственность».

როგორ მოგწონთ ეს? (ხმები სოციალ-დემოკრატების მხრით: სათავეში ვინ არის? პასუხის მგებელი მინისტრია თუ პოლკის უფროსი?). დამფუძნებელმა კრებამ პოლკის სათავეში დააყენა არა პოლკის უფროსი, არამედ მინისტრი. იგია პასუხისმგებელი?..

«При ревизіи грузинскаго коннаго эскадрона обнаружено хаотическое состояніе отчетности вообще и полное отсуствіе отчетности по хозяйственной части».

ესე იგი ქურდობდენ, იპარავდენ თითქმის ყველგან.

მომხდარა რევიზია სასურსათო მაღაზიის №2. აი, რა აღმოუჩენიათ:

«Обнаружена недостачи наличности въ суммѣ 2.279 руб. Недостача продуктовъ противъ записей найдена въ громадномъ количествѣ, такъ: муки пшеничной 14.837 пудовъ, ржанной 2.702 пуда, крупы пшен. 10.395 пуд., ячменя 8.422 пуда და სხვა.“

14 ათასი ფუთი ფქვილი, მიხვდით?! ეს ძალიან დიდი ციფრია!.. (ხმები სოციალ-დემოკრატების მხრივ: დააფარა ვინმემ ამას ხელი?). თუ თქვენ ხელს არ აფარებთ, უნდა უარყოთ ეს ბიუჯეტი, მის წინააღმდეგ უნდა მისცეთ ხმა და გადააყენოთ მთავრობა!.. (ხმაურობა)... თუ რამდენათ გრანდიოზული ხასიათი მიუღია ძარცვა-გლეჯას ჩვენს დაწესებულებაში, ამტკიცებს შემდეგი ფაქტები:

„კომიტეტ სნაბჟენიეს“ ქუთაისის განყოფილებაში დაკარგულა 2.126 ფუთი და 20 გირ. შაქარი. კონტროლიორი შენიშნავს:

«При какихъ обстоятельствах, где и когда могло исчезнуть такое громадное количество сахару, отдѣлъ не имѣлъ свѣдѣній!..№

საერთოდ „კომსნაბის“ მოღვაწეობას და მასში გამეფებულ წესებს კონტროლიორი ასე ახასიათებს:

«Повсемѣстно на складахъ «Комснаба» наблюдалось систематическое хищеніе».

Отпуска товаровъ «Комснаба» производились безсистемно: не было установлено по какимъ нормамъ и кому надлежитъ отпускать товары. Получали и правительственныя учрежденія и общественныя организаціи, кооперативы, частныя заведенія и очень много частныхъ лицъ и притомъ въ количествахъ, превышающихъ обыденную потребность».

ერთი სიტყვით, ყველას მიჰქონდა, არავითარი ანგარიში არ ყოფილა!.. აი, ბატონებო, ეს ძარცვა-გლეჯა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენში აუარებელი ფულები იხარჯება. ეს არის ერთი უმთავრესი მიზეზი. არის სხვა მიზეზებიც.

მოგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა პატარა ქვეყანაა. მას ახლა კი არა, შემდეგშიც, როცა უფრო მოღონიერდება, გაუჭირდება იმ რთული აპარატის შენახვა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. საჭირო იყო მართვა-გამგეობის გამარტივება, დღემდის ეს ჩვენში არ მომხდარა. ჩვენში სამინისტროები იქმნებოდენ იმისდა მიხედვით, თუ რომელი ამხანაგი ჩამოუვიდოდა სოციალ-დემოკრატიას რუსეთიდან თუ სხვა ადგილებიდან! ამას ბოლო უნდა მოეღოს!..

სოციალ-დემოკრატიამ სავსებით გადმოიღო ძველი ბიუროკრატიის ყველა მეთოდები. ჩვენში ისე, როგორც ძველ რუსეთში, გამეფებულია ნათლიმამობა.

ჩვენი მმართველები სხვადასხვა უწყებებში აყენებენ თავიანთ მეგობრებს, ნათესავებს. მათი შემწეობით ხდება სხვადასხვა კომბინაციები, ძარცვა-გლეჯა უფრო და უფრო იზრდება!..

საპყრობილეთა ინსპექციაში ვინმე ჟორჟოლიანს სიმინდი უნდა მოეტანა. გარიგება იყო ფუთი 120 მანეთად. ერთი კვირის შემდეგ ჟორჟოლიანმა ორჯერ თუ სამჯერ მეტი მოითხოვა. კონტროლიორი წინააღმდეგი იყო. პირობის თანახმად მას ერგებოდა ფუთში 120 მანეთი, მაგრამ ვინაიდან მას ყოლია ნათესავი დიდი ბიუროკრატი სოციალ-დემოკრატი, უკანასკნელმა თავისი პასუხისმგებლობით სამჯერ ფული მისცა ბ. ჟორჟოლიანს. ასეთი მაგალითები უთვალავია!..

ჩვენს რესპუბლიკას აუარებელი ხარჯები გასდის აგრეთვე ავტომობილებზე; ავტომობილის შენახვა დღეს აუარებელი ფული ღირს და სწორედ ამ დროს მთელი ტფილისი ავტომობილებით დაბრიგინობს.

თქვენ ამბობდით - მინისტრს ავტომობილი უნდა ყავდესო. მარა თუ ამდენი მინისტრები გვყავს, რამდენი ავტომობილიც დაბრიგინობს - მაინც დაღუპულა ჩვენი ქვეყანა - ამდენ მინისტრებსა და ავტომობილებს ვინ აიტანს?!..

ასეთი სრულიად ზედმეტი ხარჯები მაშინ ხდება, როცა პროვინცია დამშეულია, როცა მრავალ კულტურულ დაწესებულებათათვის სახსარი არა გვაქვს!..

ერთი ცხენის შენახვა ჩვენს სამხედრო უწყებას მეტი უჯდება, ვიდრე პოლკოვნიკის ჯამაგირი და თუ ყველამ ავტომობილები და ეტლები დაირიგა - ამას ჩვენ ვერ ავიტანთ. ბოლოს და ბოლოს ყველა ეს ხარჯები კისერზე ხალხს დაატყდება, იმ ხალხს, რომელსაც თქვენ ბევრი რამ დაპირდით, მაგრამ არაფერი აგისრულებიათ. როცა ასეთი ამბები ხდება ცენტრში, წარმოიდგინეთ, რა იქნება პროვინციაში, რომელიც მაგალითს ცენტრიდან ღებულობს? ცენტრიდან იწამლება, იხრწნება პროვინცია, იწამლება მთელი ატმოსფერა, იხრწნებიან ის ახალი ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა ჩაუყარონ საფუძველი ჩვენს მომავალს!..

მე ხელთ მაქვს აუარებელი საბუთები იმ საშინელ არევ-დარევისა და ძარცვა-გლეჯისა, რომელიც გამეფებულია ჩვენში და რომელსაც ჩვენი რესპუბლიკა კატასტროფისაკენ მიყავს.

აი, მაგალითად, სამხედრო სამინისტრო. ამ უკანასკნელის შტატებს დართული აქვს კონტროლის განმარტება, სადაც უტყუარი ფაქტებით მტკიცდება ნამდვილი ბოროტ-მოქმედება.

სრულიად უსაფუძვლოთ მოთხოვნილი და წაღებული სამხედრო სამინისტროს მიერ მრავალი ასეული ათასები და ათეული მილიონები.

აგერ 42 ათასი მანეთი, 2 მილიონი, სამი მილიონი, 300 ათასი, 14 მილიონი და მრავალი სხვა. მართალია, ჩვენი მანეთის კურსი ძლიერ დაეცა, მარა რაც უნდა იყოს, 14 მილიონი დიდი თანხაა. თუ ყველამ ასე მილიონები წაიღო, გარწმუნებთ, რომ თუმცა ჩვენი ქვეყანა მდიდარი არის, მაგრამ რაც უნდა მდიდარი იყოს, არაფერი დარჩება!.. გულახდილათ მოგახსენებთ, მე ისიც მიკვირს ასეთ ძარცვა-გლეჯაში როგორ გადარჩა ის, რაც დღემდის შეგვრჩენია?!..

განსაკუთრებით ყურადსაღებია ამ მხრით მიწათ-მოქმედების სამინისტრო. ბ. მინისტრს ძლიერ ეუცხოვა, რაც მე ვსთქვი, რომ ის სისტემატიურად პასუხს არ აძლევდა კონტროლს მეთქი. (ხომერიკი ადგილიდან: ეს არასოდეს არ ყოფილა!). მე ვასახელებ ბორჯომის მამულს (კითხულობს). ეს ვის ეხება, ბატონო მინისტრო? როგორც ხედავთ, ეს ეხება ბ. მიწათ-მოქმედების მინისტრს! კონტროლიორი პირდაპირ აცხადებს:

«Вообще я долженъ здѣсь заявить, что замалчиваніе запросовъ контроля возведено было министромъ земледѣлія въ систему!»

ხომ გესმით ახლა, ბატონებო?!.. თუ რამდენათ კეთილსინდისიერად მოღვაწეობდა მიწათ-მოქმედების მინისტრი, ამას მოწმობს კონტროლის შემდეგი განცხადება:

«По распоряженію министра земледѣлія изъ кассы бывшихъ удѣльнихъ имѣній обильно черпались деньги на надобности, ничего общаго не имѣющія съ операціями этихъ имѣній».

აი, ბატონებო, როგორ იფლანგებოდა ფულები. მე გეკითხებით თქვენ: გვაქვს თუ არა ჩვენ უფლება ამის შემდეგ ვსთქვათ, რომ ჩვენი მთავრობა ქურდებისაგან შესდგება?!.. დიახ, ჩვენ გვაქვს ამის უფლება!.. (ხმაურობა სოც.-დემ. მხრით, ხმები: ეს შეუწყნარებელია, სიყალბეა! ზარი). მე ასე ჯერ წაგიკითხავთ (კითხულობს). (ხმა: წაიკითხეთ, შემდეგ რა სწერია). თქვენდა საუბედუროთ შემდეგაც ყველაფერი თქვენი საწინააღმდეგო სწერია!.. ასეა, ბატონებო, ყველგან!...(ხმაურობა: თევზაია: ბატონო თავმჯდომარევ!).

თავმჯდომარე: ბატონო თევზაია! თუ შეიძლება, მე შენიშვნას ნუ მაძლევთ. მე ვღებულობ ზომებს. მე მაქვს ერთი საშვალება - ეს გახლავთ ზარი. კიდევ არის ჩემს განკარგულებაში სხვა ზომები. მათ მოვიხმარ უკიდურეს შემთხვევაში, შესაფერ დროს! (ხმაურობა).

ლ. შენგელაია: აი, რატომ არის, ბატონებო, რომ ჩვენ დიდი დეფიციტი გვაქვს, რომ ჩვენი ბიუჯეტი ორ მილიარდამდის ავიდა. ბ. მომხსენებელმა აქ საკითხი ფართოდ დააყენა. მან განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ არა მარტო ეკონომიურ-ფინანსიურ დარგში, არამედ ყველა დარგებში დიდი უნარი გამოიჩინაო. მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა ამ საერთო პოლიტიკას. ამიტომ მეც ნება მომეცით შევეხო სოციალ-დემოკრატიის საერთო პოლიტიკას.

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო! თქვენ დაგრჩათ ხუთი წუთი.

ლ. შენგელაია: როდესაც შეიკრიბა დამფუძნებელი კრება, მთავრობის სახელით ბ. ე. გეგეჭკორმა აქ წაიკითხა დეკლარაცია. ამ დეკლარაციაში მთავრობა გვპირდებოდა რევოლიუციის მონაპოვართა განმტკიცებას, გაფართოებასა და გაღრმავებას. არც ეს დაპირება ცხოვრებაში გატარებული არ არის, არც ერთი მთავრობას არ შეუსრულებია! თუ სოციალ-დემოკრატიამ რაიმე განამტკიცა, - მან განამტკიცა თავისი საკუთარი დიქტატურა. და როდესაც ჩვენი სოც.-დემოკრატია ამბობს: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რის გაკეთებაც შეიძლებოდა, მე ვამბობ: დიახ, ეს მართალია! თქვენ გააკეთეთ ყველაფერი ის, რის გაკეთებაც შეიძლება თქვენი პარტიისთვის! თქვენი ბატონობისთვის! ავიღოთ მეორე მუხლი: რევოლიუციის გაფართოვება. ამ მხრივ თქვენ არამც თუ არ შეგისრულებიათ თქვენი დაპირება, არამედ ბევრ თქვენგანს დღეს სასაცილოდაც არ ყოფნის თვით ეს სიტყვა: რევოლიუციის გაფართოვება! მე მოგახსენებთ, რომ თქვენ გააფართოვეთ რევოლიუცია კი არა - თქვენი მადა და გააფართოვეთ ის, რომ ვერაფერმა ვერ გაგაძღოთ. ამას მოწმობს სწორედ ის ფაქტები, რომლებიც მე დღეს მოვიყვანე. ასე რომ, დღევანდელი თქვენი პოლიტიკა ეკონომიური, ფინანსიური, შეიძლება გამოითქვას ორი სიტყვით: სხვისთვის პროლეტარიზაცია, თქვენთვის კი კონცენტრაცია. აი, დღევანდელი თქვენი პოლიტიკა, თქვენი სულისკვეთება! იქვე ამბობდით თქვენ რევოლიუციის გაღრმავებაზე, მარა ერთი ფაქტიც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ გააღრმავეთ თქვენ რევოლიუცია. თქვენ გახსოვთ, როდესაც დაიწყო დამფუძნებელ კრების საარჩევნო კომპანია, სხვათა შორის, გაზეთ „ვოზვრაჟდენიე“-ში კოწია თუმანიშვილმა მოწოდება დაბეჭდა, სადაც მოუწოდებდა მოქალაქეთ, რომ ხმა მიეცათ # 2-თვის. ბ. თუმანიშვილი დასძენდა: თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, - ხმა მიეცით # 1-საო. აი, ბატონებო, თქვენ ისე გააღრმავეთ რევოლიუცია, რომ კოწია თუმანიშვილი მთავრობას მხარში ამოუდგა! ჩვენი მთავრობა უპასუხისმგებლო არის, ის არ გრძნობს არავითარ პასუხისმგებლობას. როდესაც ჩვენ რამეს მოვითხოვთ, გვეუბნებიან, ჩვენ თქვენს წინაშე არ ვაგებთ პასუხს, ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ფრაქციის წინაშეო; ხოლო როცა ფრაქციამ მოსთხოვა პასუხი, ამბობენ, ჩვენ დამფუძნებელი კრების წინაშე ვართ პასუხისმგებელიო! ასე ოთურმს თამაშობს მთავრობა!.. შემდეგ ელემენტარული მოთხოვნილება არის, რომ ჩვენვე შევასრულოთ ის კანონები, რომელსაც ჩვენ ვწერთ. ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ იმ დაწესებულებას, რომელიც ხალხის ნების გამომხატველად მიგვაჩნია, და რომ ავიღოთ დამფუძნებელი კრება, მე თქვენ გეკითხებით: განა თქვენ პატივსა სცემთ დამფუძნებელ კრებას? განა ფაქტი არ არის ის, რომ თქვენ კლიტე დაგვადეთ პირზე. ჩვენ რომ ორი საათიც აქ ვილაპარაკოთ, ორ სტრიქონზე მეტს არ გაუშვებს თქვენი სააგენტო! ეს არის პატივისცემა დამფუძნებელ კრებისა, ეს არის პატივისცემა ტრიბუნისა? რა თქმა უნდა, არა! ჩვენ ვცემთ კანონებს და თქვენ სისტემატიურად არღვევთ ამ კანონებს. უბრალო მომაკვდავს რომ დაერღვია კანონი, მას პასუხისგებაში მისცემდით, დახვრეტდით, კატორღაში გაგზავნიდით. და რომ თქვენს მიერ დაწერილ კანონს თქვენვე არ ასრულებთ, აი მაგალითი: ავიღოთ კანონი შეუთავსებლობის შესახებ. ეს კანონი არ ტარდება. თქვენ იცით, მაგალითად, დეკრეტი ტყის შესახებ, რომლის წინააღმდეგი იყო ბატონი ხომერიკი და რომელიც მან არ გაატარა და არც გაატარებს - რაც თურმე მან ფრაქციაშიც განაცხადა; აგრეთვე სამხედრო ფორმის შესახებ კანონი, რომელიც დაარღვია ბატონმა რამიშვილმა. ვის წინაშე აგოს მან პასუხი? ხომ იცით, რომ ამ კანონის დარღვევა სახელმწიფოს სამი მილიონი დაუჯდა?! სხვას რომ ეს ჩაედინა, თქვენ დაუძახებდით მონარქისტს, ანარქისტს, ბოლშევიკს და ვინ იცის, კიდევ რას ეტყოდით. მაგრამ აქ გაჩუმებული ბრძანდებით, იმიტომ რომ ესენი თქვენი ამხანაგები არიან!

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, თქვენი დრო გათავდა.

შენგელაია: მე ვთხოვ დამფუძნებელ კრებას, რამდენიმე წუთიც მომცეს.

თავმჯდომარე: ორატორი ითხოვს, რომ კიდევ მისცეთ დრო (ხმა: 10 წუთი!). ვინ არის მომხრე, რომ მივცეთ ათი წუთი? მიღებულია. განაგრძეთ.

შენგელაია: თქვენ ამბობთ, ბატონებო, რომ სისტემა შევქმენითო. მე არ ვიცი, სად არის ეს სისტემა. მე მოვიყვან რამდენიმე ფაქტს და მინდა თქვენგან გავიგო, სისტემა არის ეს თუ არა. მაგალითად, ასეთი ტრადიცია დამყარდა სოც.-დემოკრატიაში: ფოთის ქალაქის თავი სცხოვრობს ქუთაისში, ქუთაისის ქალაქის თავი სცხოვრობს ტფილისში და ტფილისის ქალაქის თავი სცხოვრობს ბათომში (სიცილი, ხმაურობა). ეს სისტემა არის? მილიცია თავის უფროსს ემორჩილება, ორივე ემორჩილება ქალაქის თავს. ასე უნდა იყოს, მაგრამ რამიშვილის წესების მიხედვით, ქალაქის თავი ემორჩილება მილიციას. თუ ეს ასე არ არის, კითხეთ ბ. დიომიდე თოფურიძეს და ის გეტყვით (სიცილი). შემდეგ ერობა - თვითმმართველობის ორგანიზაცია ჩვენში ვითომ დამოუკიდებელი არის, მაგრამ ერობათა ცენტრის თავმჯდომარედ არის შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი. ეს სისტემა არის? როგორი სისტემა არის ეს, რომ პოლიციის მეთაური უდგეს სათავეში თვითმმართველობებს (ვეშაპელი: ეს კონცენტრაცია არის!). სასურსათო უწყების აგენტი მიდის რომელიმე რაიონში, იქვე მიდის სახალხო გვარდიის წარმომადგენელი. ესენი ერთი მეორეს მეტოქეობას უწევენ და ფასი 25-დან 200 მანეთამდე ადის. ეს არის სისტემა? თქვენ უწყობდით ხელს ერობებს? ხდებოდა ეს? არ ხდებოდა. არა თუ დახმარებას უწევდით, თქვენი უადგილო და უკანონო ჩარევით სულ არიეთ ერობების საქმეები. მაგალითს მოგიყვანთ: ორს ერობას ქონდა ნებართვა 10 ათას ფუთი თამბაქოს გატანისა. ეს წაართვეს და იცით ვის მისცეს? სპეკულიანტს და ის მოგება, რომელიც ერობას უნდა დარჩენოდა, დარჩა კაპიტალისტის ჯიბეში. ესაა სისტემა? ესაა თქვენი პოლიტიკა?! ბ. ჟორდანია თავის პოლიტიკას ასე ახასიათებს: არც მარჯვნით, არც მარცხნით (ს. დადიანი: არც წინ, არც უკან!). რა შედეგები მივიღეთ აქედან? გამოვიდა ის, რომ როცა ჩვენ სოციალისტებთან წავედით, ნაციონალისტები გამოვჩნდით, ნაციონალისტებთან - სოციალისტები. ასე რომ, არც ერთი სიაში, გარდა 1 ნომრისა, ჩვენ არ ვწერივართ? (რეპლიკა: თქვენ ბოლშევიკები გინდათ!). ასეთი უკბილო ოხუნჯობა ზედმეტია. ვისაც თვალი და ყური აქვს, გაიგებს, თუ რა გვინდა ჩვენ.

ერთი რამ ახასიათებდა კიდევ თქვენს მოღვაწეობას: ეს არის სოციალიზმის გაკოტრება. რუსეთში ბოლშევიკებმა გააკოტრეს სოციალიზმი, თქვენ აქ აკოტრებთ მას! ფსიქოლოგია სოც.-დემოკრატ. პარტიული მოღვაწისა საუცხოოდ გამოხატა პარლამენტში კარლო ჩხეიძემ. მან სთქვა: ჩვენ არც რისამე გვრცხვენია, არც გვეშინიაო. ეს გაიმეორა თქვენმა ორატორმა ცინცაბაძემ. ეს მართლაც ერთიანად ახასიათებს თქვენს პოლიტიკურსა და ზნეობრივ ავლადიდებას! ყოვლად შეუძლებელია ჭკუათამყოფმა ადამიანმა სთქვას: არც მრცხვენია, არც მეშინიაო. ჩვენ კი გვგონია, ბატონებო, რომ სამარცხვინოსი უეჭველად უნდა გვრცხვენოდეს და საფრთხის გვეშინოდეს! კიდევ ერთი თვისება თქვენი პოლიტიკისა ეს არის: საშინელი წარმოუდგენელი ბიუროკრატიზმი, რომელიც იქამდე მივიდა, რომ თვით თქვენ იძულებული ხართ ამაზე სწეროთ. იგი ვერ დაეტია კოლექტივებში (კედია: გამოხეთქა ნაპირზე!). მაგალითად, თუ ვინმე პროვინციიდან მოდის, გამოანგარიშებული აქვს ორი დღე. ის აქ რჩება ორ კვირას, რადგანაც უხდება სიარული სხვა და სხვა კომიტეტებში, რამიშვილთან, ჯიბლაძესთან, ხომერიკთან. ამისთვის უმიზნოთ იხარჯება ხალხის ფულები, რადგანაც მას გზავნიან ორგანიზაციები (თევზაია: დრო აღარ დაგრჩა, ლეო, ახლა იმპერიალიზმზე ილაპარაკე!). ჩვენი ფრაქცია თქვენი ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის ვერ გახდება თქვენი დანაშაულის მონაწილე!...

თავმჯდომარე: სიტყვა ბატონ თ. ღლონტს ეკუთვნის.

. ღლონტი (ს.-ფ.): მოქალაქენო! 3 წელი სრულდება, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს ხანა, მეტად ისტორიულ პირობებში წარმოებული, უდრის არა მარტო წლებს, არამედ საუკუნოებსაც. ამ სარევოლიუციო მოძრაობის პროცესში ბევრი მეტად ცნობილი სახელმწიფო შეიძლება გაკოტრდეს და მრავალი პატარა ერი, რომელსაც არ შეეძლო ოცნებაშიც წარმოედგინათ თავისი დამოუკიდებლობა და ოცნებობდენ ავტონომიაზე ან ფედერატიულ ნიადაგზე მოწყობას, ახლა ასეთი პატარა ერები იღებენ სრულს ეროვნულს თავისუფლებას. უეჭველია, პატარა ერებს ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, რომ მათ შეუძლიათ არსებობა.

კერძოდ, საქართველოს დემოკრატიას განსაკუთრებულ პირობებში უწევს მუშაობა არა მარტო იმიტომ, რომ მისი გეოგრაფიული მდგომარეობა იწვევს ათასნაირ რთულ პირობებს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალა არასოდეს ფიქრობდა ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, რომ ამ საქართველოს პოლიტიკურ ძალას მისცემოდა მარადიული ხასიათი და თუ ჩვენ აქ კრიტიკით გამოვდივართ ბიუჯეტის განხილვისას, ერთი აზრი გვაქვს სახელმძღვანელოდ: ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავისუფლება მარადიულ ძალად, რამდენადაც მას აქვს საშუალება არსებობისა. ჩვენი ასეთი შეხედულება ეროვნებაზე მართლაც მტკიცე უნდა იყოს, ეს არის ჩვენი იდეალი. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამისი რწმენა არა გვაქვს, არა გვაქვს რწმენა იმ პოლიტიკურ ძალებისადმი, რომელნიც განაგებენ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ მივდივართ კომპრომისზე, რომ ხელი შეუწყოთ ამ სახელმწიფოს აღმშენებლობას, მაგრამ ვინიცობაა დადგეს სხვა მომენტი, ჩვენ იგივე ძალა, რომელიც ასე მტკიცედ იცავს ეროვნულ თავისუფლებას, შეიძლება ამ პოლიტიკურმა ძალამ პირველად აიღოს ხელი ასეთი წყობილების დაცვისაგან. ეს შეიძლება იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკური მომენტის დროს დიდ თვალსაჩინო არგუმენტად გამოდგეს შემდეგი დებულება: ჩვენ ჩაუდექით დამოუკიდებელ საქართველოს სათავეში, ვიბრძოდით, მოუწოდებდით ქართველ ხალხს მუშაობისათვის, მაგრამ ბრძოლამ ჩვენმა ვერ გამოიტანა ის ნაყოფი, როგორიც გვინდოდა, ვერ დავიცავით დამოუკიდებლობა, რომ თვითონ ქართველი ხალხის გულში არ არის ის ობიექტური შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულს თავისუფლებას. ამიტომ ვამბობთ: შეიძლება გაკოტრდეს ის ძალა, რომელიც დღეს სათავეში სდგას, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმ იდეის დამარცხებას, რომელზედაც აღმოცენდა დამოუკიდებელ საქართველოს არსებობა. ჩვენ იმდენად კი არ გვაშინებს ის, რომ დღევანდელი პოლიტიკური მესვეურები უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდებიან; ჩვენ გვეშინიან, რომ ეს არის დაკავშირებული, გარდა პოლიტიკური პარტიის არსებობისა, მთელი ერის არსებობასთან.

როცა ამ ბიუჯეტს ვიხილავთ, ჩვენ ვამბობთ: ამ ბიუჯეტით არსებობა არ შეიძლება. ის სახელმწიფო, რომელიც ასეთს ბიუჯეტს წარმოადგენს, იგი ვერ იარსებებს. აქ დამნაშავე იქნება ის პოლიტიკური წრეები, რომელნიც სათავეში არიან. ჩვენ გვინდა ზოგიერთი მუხლებით დავახასიათოთ ის პოლიტიკა, რომელიც ასეთს ცხრილებს ქმნის. ეს მოულოდნელი შემთხვევა არ არის. როცა საქართველო მძიმე პირობებში ჩავარდება, გვეუბნებიან როგორც მინისტრი, ისე ჩვეულებრივი ცინცაბაძეები, თქვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ მთელი ქვეყნის მძიმე მდგომარეობასო. ჩვენი დეფიციტი არ ახასიათებს მარტო საქართველოს რესპუბლიკას, ეს სიძვირე, გაკოტრება ყველგან არის მძლავრ სახელმწიფოებშიაც და ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორც საქართველოა, ვერ შექმნის ახალ სისტემას გადასახადების, რეგალიების და სხვა ასეთების. რასაკვირველია, ობიექტურ მოვლენებზე მითითება არ ნიშნავს, რომ ჩვენი კრიტიკა სავსებით უნდა ამოიშალოს, რადგან მძიმე პირობებში ვართ. ჩვენი მტკიცებით, რომ მძიმე პირობებში ვართ, მტკიცდება, რომ თქვენი პოლიტიკა ამ მძიმე პირობებში უაღრესად მიუღებელია და ის ამწვავებს მდგომარეობას. რასაკვირველია, არ ვიტყვი ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. მე მოგახსენებთ ისეთ სახელმწიფოებზე, რომელნიც ნებსით თუ უნებლიედ იღებდენ მონაწილეობას ომში (რეპლიკა: თქვენი პოლიტიკა?). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც შესძლებს რაიმეს გაკეთებას, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია აწარმოებს.

თქვენი მუშაობის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი არის ეს ბიუჯეტი. როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე კონტროლის მოხსენებაში კრინტიც არ არის დაძრული იმ პერსპექტივების შესახებ, რომელნიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ჩვენი ბიუჯეტი არ არის სრულებით ბიუჯეტი. ჩვენი სახელმწიფო კონტროლი არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რასაც იგი წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნებში. აქ მე მაქვს ერთი თხზულება სახელმწიფო კონტროლის შესახებ, თუ როგორ უყურებს კონტროლი ბიუჯეტის საკითხს და რა პერსპექტივებს უშლის ბიუჯეტის განხილვის დროს კონტროლი და ფინანსთა მინისტრი სახელმწიფოს და მის ორგანოებს (ჯუღელი: ავტორი ვინ არის?) ეს ავტორია ბესსონი (დადიანი: ცინცაბაძემ იცის!). ცინცაბაძემ რომ იცის, ეს აშკარაა. ციფრებს ვაკვირდებით. ისინი გვარწმუნებენ, რომ ძველი პოლიტიკით ცხოვრება შეუძლებელია. როცა უბრალო მუშა აკვირდება თავის ბიუჯეტს, ისიც სცვლის თავის ცხოვრებას და პოლიტიკას. მით უმეტეს ასე უნდა მოიქცეს სახელმწიფო. სახელმწიფო კონტროლს აქვს საიდუმლო მოხსენებანი. გარდა საკანონმდებლო ორგანოსი, კონტროლს ხშირად აქვს კონფიდენციალური მოხსენებანი, რომელნიც ჩვენ მიერ არჩეულ მთავრობის თავმჯდომარის ან სამხედრო მინისტრის და აგრეთვე დამფუძნებელი კრების სოც.-დემ. ფრაქციის სახელზეა გაკეთებული და რომელიც არ შეიძლება გამომჟღავნდეს დამფუძნებელ კრებაში. დიაღ, სახელმწიფო კონტროლი გამოყოფს ზოგიერთ საკითხებს და მოახსენებს ზოგიერთ პირებს. ეს დამახასიათებელია ჩვენი კონტროლის მოღვაწეობის და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კ. ანდრონიკაშვილი სდგას მის სათავეში. ამ გარემოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს მოხსენებები დაწერილი უნდა იყოს ისე, რომ მან კრიტიკა გაუწიოს მთავრობას და მის ორგანოებს. კრიტიკა არ არის საშიში (ჯუღელი: განსაკუთრებით თქვენი კრიტიკა!). მე შემიძლია მოვახსენო ვალიკო ჯუღელს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს რომელიმე პიროვნების განქიქება. როცა ჩვენ კონტროლს ვახსენებთ, მხედველობაში გვაქვს არა კერძო პირები, რომელნიც სათავეში სდგას, არამედ სახელმწიფო და მისი ინტერესები და ვამბობთ, რომ ეს პირები ავსებენ არა მარტო სახელმწიფოს, არამედ თვით პარტიასაც.

ეს ტრიბუნა იმიტომ არის, რომ აქ დავალაგოთ ფაქტები და ხალხს ვუთხრათ: აი, სად არის ჩვენი ნაკლი და ღირსებანი.

ინგლისში როცა იხილავენ ბიუჯეტს, ხშირადაა შემთხვევები, რომ საკანონმდებლო ორგანო იჭერს ბიუჯეტს 8 თვის განმავლობაში, მაგრამ მიმდინარე ხარჯების კრედიტს ისე იღებს, როგორც ჩვენ ქართულ პარლამენტში ვიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ საკონსტიტუციო ტრადიციები ძვალსა და რბილში აქვსთ გამჯდარი; რომ იქაც ამბობენ, რომ ამ ციფრებით არ შეიძლება გამოვარკვიოთ ყოველგვარი წვრილმანი, იმიტომ რომ ფინანსთა სამინისტროს აქვს საშუალება ამ ცხრილებში ჩამალოს ის, რის გამჟღავნება არ უნდა მას. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი სამინისტროც უეჭველია დამალავს მას, რაც მას სურს; მაგრამ მე ვამბობ იმ პოტენციაზე, რომელიც შეიძლება ჩააქსოვოს, როდესაც ასეთ ანგარიშებს გვიდგენს. მოვალეა კონტროლი, რომ ყველა დეპუტატს ანგარიშები დაუგზავნოს და განგვიმარტოს, რომ ყველასათვის გასაგები იყოს იგი. ჩვენში ეს ასე არ ხდება. სახელმწიფო კონტროლის აუცილებელი ატრიბუტი, რომ ის იდგეს სახელმწიფოებრივ ნიადაგზე, - публичность მისი მუშაობისა, - მისი საჯარო ხასიათია. მაგრამ ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად არაფერი არ ხდება კონტროლის მიერ. ხშირად ყოველ შემთხვევაში, როცა რომელიმე დეპუტატი გაიგებს ცნობას სამინისტროს შესახებ, ან შეკითხვას შემოიტანს დამფუძნებელ კრებაში, ან პრესაში სწერს, გამოდის მთავრობის წარმომადგენელი და ამბობს: ამა თუ იმ დეპუტატსა ეს ცნობა საიდან უშოვნია. ჩვენ ვიცით, რომ როცა შინაგანსაქმეთა სამინისტროს შესახებ იყო შეკითხვა, კონტროლის ბევრი მოხელენი იყვნენ დატუქსული, რომ თქვენ მისცემდით ცნობებს დეპუტატებსო და რა უფლებით მიეცითო. ეს ხდება კონტროლის დაწესებულებაში. როცა ასეთ პირობებში აყენებენ დამფუძნებელ კრების წევრს, რა უნდა ვთქვათ უბრალო მოქალაქეზე, რომელიც მოინდომებს ნაკლის განქიქებას? ამის შემდეგ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ არის ის, რასაც ეძახიან «публичность»-ს? არ არის. მაშასადამე, ჩვენ ბიუჯეტის გაგებისათვის აუცილებელ საჭიროდ მიგვაჩნია როგორც კონტროლის მოხსენება, ისე ის პერსპექტივები, რომელნიც ფინანსთა მინისტრს უდგია წინ, გარკვევა და დასახვა დეფიციტის მიზეზებისა და საჭირო ცვლილების წარმოდგენა. ეს პერსპექტივები არ სჩანს მოხსენებაში. სხვათა შორის ინგლისში, სადაც ფინანსთა მინისტრი თამაშობს, ყველა მინისტრი თამაშობს ყველა მინისტრებზე მეტ როლს ჩვეულებრივ პირობებში, რასაკვირველია, ბიუჯეტის განხილვის დროს ის პირველი გამოდის და დაწესებულებას გადუშლის ამ ბიუჯეტის შინაარსს და მომავალ პერსპექტივებს. აქ ასე არ არის და არც პერსპექტივები არის ნაჩვენები. ეს არის მხოლოდ მკვდარი მასალა. ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური აზრი, რომელიც ამბობს, რომ ის გეზი, რომლითაც გვიცხოვრია, არ არის სამართლიანი. ეს ბიუჯეტი არის ჩვენი სახელმწიფოს ეგზამენი, ჩვენი მუშაობის ნაყოფი და ეს არის საძირკველი, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენი რესპუბლიკა. რაკი ასეთი პესიმისტური აზრი არის გამოთქმული, რაკი ასეთი პერსპექტივები არის, აშკარაა ამ უწყებით მთავრობას სურს ისე სიარული, როგორც მიდის. რა არის ის რესურსები, რომლებსაც კრებს სახელმწიფო და ის პირობები, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია არსებობა. ყველგან, როცა ბიუჯეტის საკითხს იხილავენ, გასავალის მდგომარეობას განიხილავენ (რეპლიკა: შემოსავლიდან დაიწყეთ!). კერძო მეურნეობის პრინციპი იმით გაირჩევა სახელმწიფო მეურნეობის პრინციპიდან, რომ ეს უკანასკნელი ანგარიშს უწევს იმ რესურსებს, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო მეურნეობის დასაფარავად. როცა ის ამ გასავალს ითვალისწინებს და ხედავს ამ აუცილებელ მინიმუმს გასავლისას, იმის მიხედვით ქმნის წყაროს, რომელიც ხდება ბიუჯეტის შემოსავლის საგნად. რაკი აქ ჩვენ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი შემოსავალზე, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ თავის-თავად ცხადია ამ ბიუჯეტში როგორც შემოსავალი, ისე გასავალი არის პარაზიტული. ვინც ამ ბიუჯეტს შეეხება და არ გაითვალისწინებს დღევანდელ მდგომარეობას, ის შესცდება. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პატარა რესპუბლიკამ, როგორიცაა ჩვენი რესპუბლიკა, იცოცხლოს ნორმალურ პირობებში იმ ხარჯებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. უმთავრესი ძალა, რომელზედაც აუარებელ ფულს ვხარჯავთ, ეს არის სამხედრო სამინისტრო. ის იღებს 538.791.632 მან. ასეთ თანხას სხვა უწყება არ ხარჯავს. ეს არის შემთხვევით პირობებში. თუ ასეთი გარემოება არის, ეს ავალებს სახელმწიფოს, რომ მან შეამციროს ეს ხარჯები.

ეხლა, ეს პარაზიტული გადასახადი რომ შეიცვალოს, მაშინ ისე შეგვეძლო გვეცხოვრა, როგორც ნორმალურ პირობებში თუ არა? რასაკვირველია, ვერც მაშინ.

პირდაპირი გადასახადი იძლევა 108.929.700 მან., არაპირდაპირი - 170.801.000 მანეთს. რკინის გზის ექსპლოატაცია იძლევა ზარალს. ეს, როგორც მოგეხსენებათ, დადებითი აქტი არ არის. არის შემოსავალი მიწების გაყიდვისაგან და ბაჟებიდან. სხვა შემოსავალი არ არის, არ არის წმინდა რეგალიები და სხვ.

უმთავრესი წყარო შემოსავლისა არის პარაზიტული, რომელსაც ყოველი მოქალაქე ებრძვის, ყოველი დემოკრატიული ელემენტი სცდილობს განდევნოს (ლ. ნათაძე: პირდაპირი გადასახადი პარაზიტულია?). დიახ, პირდაპირი გადასახადი დღევანდელ პირობებში პარაზიტულია. პირდაპირ გადასახადს ერთი აზრი აქვს: დაბეგრილ იქმნას ის სოციალური კატეგორია საზოგადოებისა, რომელიც ზედმეტ შემოსავალს ღებულობს. მაგრამ მე თქვენ გეკითხებით: საქართველოში ვის ხვდება ეს პირდაპირი გადასახადი? - ყველაზე მეტად მუშათა კლასს, ღარიბ ელემენტებს. ჩვენში მუშა და ინტელიგენტი საშუალოდ ღებულობს 3000-5000 მან. ამ ჯამაგირს ღებულობს მუშათა კლასი და ეს არის თუ არა ის მინიმუმი, რომელსაც ძველად ეძახდენ ნაციონალურ მინიმუმს. მუშა, რომელიც ნორმალურ პირობებში, მაგ. 1914 წელს, ღებულობდა 60 მანეთს, დღეს უნდა ღებულობდეს 28 ათას მანეთს. ფაქტიურად კი ის ღებულობს 3 ათას მანეთს და თქვენ კი ბეგარა უნდა დაგედოთ მაშინ, რომ მას 28 ათასი მანეთი ჰქონდეს თვიური ჯამაგირი.

ჩვენ ვამბობთ, რომ პირდაპირი გადასახადის უმთავრესი ლეიტ-მოტივი იმაში მდგომარეობს, რომ დაბეგროს საზოგადოების პარაზიტული ელემენტები და ისეთი სპეკულიანტური ძალები, რომლებსაც აქვთ დიდი შემოსავალი. თქვენი გადასახადები კი ხვდება მშრომელ კლასს და საზოგადოების ღარიბ ელემენტებს, რომელთა შემოსავალი მათ მინიმალურ მოთხოვნილებასაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს გამომდინარეობს იმ ყალბი პოლიტიკიდან... (ლ. ნათაძე: პირდაპირი გადასახადი პარაზიტულია?). პირდაპირი გადასახადი თეორეტიულად კარგია, მაგრამ თქვენი პრაქტიკით საქართველოში კი ძალიან ცუდი. რასაკვირველია, მე არ ვამბობ, რომ ყველა განთავისუფლებული იყოს გადასახადისაგან. მე ვამბობ იმას, რომ ეს გადასახადები სრულიად მუშათა კლასს არ უნდა აწვებოდეს.

ჩვენი ბიუჯეტი არის დეფიციტიანი. არის ერთი სოციალური კატეგორია, რომლის ბიუჯეტი არ არის დეფიციტიანი. ეს არის სპეკულიანტური ბურჟუაზია, რომლის აგენტები გაცილებით უფრო მეტს ღებულობენ, ვიდრე სახელმწიფო მოსამსახურენი. ეს სპეკულიანტურ კაპიტალის წარმომადგენლები, რომლებმაც შეიძინეს დიდძალი ქონება, ახალი სახლები და კარგადაც ცხოვრობენ, სრულიად ხელუხლებლები არიან და თქვენი გადასახადები ხვდება იმ მუშებს და გლეხებს, რომლებიც თვიურად ღებულობენ 3-5 ათას მანეთს, ძველი კურსით - 8-10 მანეთს. მაშასადამე, თქვენი პირდაპირი გადასახადი არის პარაზიტული.

რაც შეეხება არაპირდაპირ გადასახადებს, ესეც პარაზიტულ წყაროს წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტისას. ჩვენ აქ გვეტყვიან, რომ არაპირდაპირი გადასახადი შეიძლება ხანდისხან პროგრესიულ მოვლენად ჩაითვალოს. ჩვენ მეტად მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობთ და დიდი ზომიერების და ტაქტის გამოჩენა არის საჭირო. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც არაპირდაპირ გადასახადს ეხება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადი ეხება ფართო მასას.

რას ქმნის ეს სახელმწიფოში მუშათა კლასისათვის? როცა ამას ჩვენ დემოკრატიულ თვალსაზრისით უარვყოფთ და მივიღებთ ზოგიერთ სამწუხარო კორექტივებს, ამან არ უნდა გაგვიტაცოს. ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ცხოვრება ძვირდება და შეუძლებელია, რომ გადასახადები ერთ დონეზე დადგეს. შეიძლება, მაგალითად, რომ ერთი ნივთი 100 მანეთი ღირდეს და სახელმწიფომ ამდენი ვერ აიღოს, მაგრამ სამაგიეროდ მას შეუძლიან სხვა საგნებიდან უფრო მეტი აიღოს. რაკი ცხოვრება ძვირდება, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ერთი ელასტიური კანონი, რომლის მიხედვით, ცხოვრების გაძვირებასთან ერთად უმატებს ბაჟებს. ამან გამოიწვია ცხოვრების გაძვირება კიდევ უფრო ძლიერად. ჩვენს სახელმწიფოში არავის არ უჭირავს ისეთი სადავე, რომელიც ამ სპეკულიანტებს შეაჩერებს. ვაჭარი თუ სწევს ფასს საქონელზე, მთავრობა და შრომის სამინისტრო ამას ადასტურებს ხელფასის აწევით და ყოველგვარ სახელმწიფო ქონებაზე ფასის გადიდებით. და ამას სჩადის არა მარტო მთავრობა, არამედ ქალაქი, კოოპერაცია, რკინის გზა და სხვ. ყველა სისტემატიურად სწევს ფასებს. რაკი ერთი პრინციპი მიიღო მთავრობამ, ყველა სწევს ფასებს და იზრდება სიძვირე. გამოდის, რომ თითქოს ყველანი შეხმატკბილებულან და შემდგარან სახელმწიფო ურემზე, რომელსაც იმ ნაპრალისაკენ მივყევართ, რომლითაც შეიძლება გადავიჩეხოთ. ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი დავიწყეთ 100 მილიონით და დღეს მილიარდებზე გვაქვს ლაპარაკი (გელეიშვილი: გავიზარდენით!). ბერონი თავის გამოკვლევაში ამბობს, რომ სახელმწიფოს გაზრდისთანავე მთელი რიგი პარაზიტული წყაროების შემოსავლისა მცირდება. სახელმწიფოს ზრდა ამცირებს პარაზიტულ ელემენტებს. მაშინ იქნებოდა დამარწმუნებელი ბ. პეტრე გელეიშვილის ნათქვამი, რომ ჩვენი შემოსავლის წყაროს გაზრდა ეტყობოდეს, მაგრამ კონტროლის მოხსენებიდან ეს არა სჩანს. ჩვენ კი არ გავზრდილვართ, ფინანსიურად გავკოტრდით, დავპატარავდით. თქვენი მტკიცება რომ მართალი იყოს, ჩვენი ბიუჯეტი ასეთი დეფიციტიანი არ იქნებოდა. მაგრამ ჩვენი დეფიციტი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს უფრო ღარიბები ვართ ფინანსიურად, ვიდრე გუშინ ვიყავით. აი, სწორედ ამას უნდა გასწორება.

არც ერთი საღი შემოსავლის წყარო, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს სახელმწიფო, არა გვაქვს. თანამედროვე სახელმწიფოს სიმტკიცის აუცილებელი პირობა და მისი დამახასიათებელი არის ის, რომ თანამედროვე სახელმწიფო არის აღებ-მიცემობის, მრეწველობის და მეურნეობის სახელმწიფო.

თანამედროვე სახელმწიფო არ არის უბრალო ადმინისტრაციული ძალა. იგი არის მრეწველი, ვაჭარი, მეურნე. მისი უმთავრესი დამახასიათებელი თვისება არის, რომ მას აქვს საზოგადოებრივი პოლიტიკა და კერძო ვაჭარს, მევახშეს კი ეს არ აქვს. სოც.-დემოკრატები ვერ არჩევენ, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი და რას ნიშნავს კერძო მეურნეობა. შრომის ხელშეკრულების შესახებ ჩვენ ვამბობდით, რომ 8 საათის სამუშაო დრო არ შეეფერება თანამედროვე მდგომარეობას. მე მეუბნებიან კოოპერაციის და სხ. შესახებ. ბ. თევზაიას ვერ გაურკვევია სახელმწიფოებრივ და კერძო მეურნეობის ხასიათი. რა პრინციპზე არის აგებული კერძო მეურნეობა? კერძო მეურნეობის ლეიტ-მოტივი არის უეჭველად მოგება, სახელმწიფოებრივი მეურნეობის - საზოგადოებრივი სარგებლობა (ხმა: წაგება!). შეიძლება წაგებაც! ფინანსიურ მეურნეობაში არიან მთელი რიგი დარგებისა, რომლებიც ზარალს იძლევიან (ხმაურობა). არის დარგები, რომლებიც სანახევროდ იძლევიან შემოსავალს. არის დარგები, რომლებიც ზარალსაც იძლევიან, მაგრამ ამასთანავე არის ისეთი დარგებიც, რომლებიც მოგებას იძლევიან. სახელმწიფოებრივი მეურნეობა საზოგადოებრივი სარგებლობის პრინციპით ხელმძღვანელობს, კერძო კი მოგების პრინციპით. ასეთია გარჩევა კერძო და სახელმწიფოებრივ მეურნეობას შორის. დიდმა ეკონომისტმა ჰილფერდიგნმა დასწერა დიდი ტრაქტატი, სადაც ამტკიცებდა, რომ ზოგჯერ საზოგადოებრივი მეურნეობა ზარალსაც ნახულობს, მაგრამ მას შეუძლიან კონკურენციის ატანა (ხმაურობა). რასაკვირველია, მე იმას არ ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მეურნეობა საზოგადოდ ზარალს ემყარება. სახელმწიფოს აქვს მთელი რიგი გადასახადებისა და მთელი რიგი წარმოების ისეთი დარგებისა, რომელშიც სახელმწიფოს მოგება აქვს. ამ მოგებიდან ფარავს სახელმწიფო იმ ზარალს, რომელიც მას ზოგიერთ წარმოების დარგებიდან აქვს. სახელმწიფოებრივი მეურნეობის კლასიფიკაცია ასეთია: ის აწარმოებს ისეთ დარგებს, რომლიდანაც იღებს მოგებას, აქვს სარგებლობა; მაგრამ აწარმოებს ისეთ დარგებსაც, რომლიდანაც აქვს სანახევრო შემოსავალი და ან სრულიად არ აქვს (ხმაურობა. ი. სალაყაია ადგილიდან: ახლა ასწორებთ შეცდომას!). ბატონებო! არ შემიძლიან ერთ წინადადებაში ჩამოვასხა მთელი ჩემი აზრები ამ დიდი საკითხის შესახებ. მთელი სახელმწიფოებრივი მეურნეობის კვინტესენცია ამაში მდგომარეობს. ჩვენ შენახული გვაქვს ერთი საზოგადოებრივი კატეგორია, რომლისგან აუარებელი შემოსავალი აქვს და რომელიც უბრალო კაპიტალზე 80 პროც.-100 პროცენტ მოგებას იღებს. ეს კლასი, რომლის მადას საზღვარი არ აქვს, სრულიად უზრუნველყოფილია (სპ. კედია ადგილიდან: კოოპერატივი „მეურნე“ რამდენს იგებს?). „მეურნე“ იგებს 15 პროცენტს, მხოლოდ გლეხკაცობა აგებს (სპ. კედია ადგილიდან: კოოპერატივი „მეურნე“ ხომ იღებს!). კოოპერატივი „მეურნე“ იღებს საქონელზე მაქსიმუმ 15 პროც. (სპ. კედია: ისე ცხონდი შენ!). თქვენ სახელმწიფოს ყოველთვის გაუთხრით სამარეს, როგორც ეხლა უთხრით.

დეე, ყველამ იცოდეს, რომ გლეხ-კაცობის ბიუჯეტი არის დეფიციტიანი. მენშევიკებს, რასაკვირველია, მაინცა და მაინც დიდი სიყვარული არა აქვსთ ბიუჯეტისა. აქ მათი პოლიტიკური პლანები არის, ისინი ხომ ორმაგ პოლიტიკას აწარმოებენ: აი, საქართველოს მუშათა კლასის სახელით მიმართავენ ევროპის მუშათა კლასს, - ჩვენში ნამდვილი მუშათა დიქტატურა, პროლეტარიატის დიქტატურა არისო, და ამავე დროს იმპერიალისტებს ეუბნებიან: სადაა ჩვენში დიქტატურა პროლეტარიატისა, ჩვენში მევახშეობა განვითარებულია, კერძო ინიციატივა ფარფაშობსო და სხვა. ეს არის მთავრობის პოლიტიკა: არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. და ეს თამაში მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ ჰქმნის იმ გაუგებრობას და ალიაქოთს, რომელიც იწვევს იმას, რომ ყოველი საზოგადოებრივი კლასის უბედურებაზე იმკის ბედნიერებას ბურჟუაზია. ყოველთვის ყველა მომენტში ის მოგებულია, როცა რეაქცია, როცა ანომალური მდგომარეობაა, როცა ომია ან რევოლიუცია, ყოველთვის ბურჟუაზიაა გამარჯვებული. ასე იყო ყოველთვის საქართველოში. ეს იმიტომ, რომ მენშევიკების გამოურკვეველი პოლიტიკა ჰქმნის იმ ნიადაგს, როდესაც ბურჟუაზიას შეუძლიან წყალი აამღვრიოს და იქ თევზები დაიჭიროს. ეხლა ავიღოთ ჩვენ გასავალი. მე ძალიან მაინტერესებს და ალბათ თქვენც მიაქცევდით ყურადღებას, რომ დიდი ძალი ამ ბიუჯეტისა არის სამხედრო სამინისტრო, ხოლო ყველაზე უფრო პატარა, როგორ გგონიათ, ვისი იქნება? ყველაზე უფრო პატარა არის შრომის სამინისტრო. რასაკვირველია, შრომის სამინისტრო ისეთ დიდ როლს არ თამაშობს ჩვენს სახელმწიფოში. რა ძალას წარმოადგენს შრომა და ან რა უფლება აქვს მას ჩვენში? რასაკვირველია, არავითარი. ჩვენში შრომას არა აქვს ის უფლებები, რომელთაც ევროპის ბურჟუაზია იღებდა ამ რევოლიუციამდის. პატივცემული პროფ. სიმონ ავალიანი ამბობდა სახელმწიფო ბანკის გახსნის დროს (სპ. კედია: რა სთქვა?), ჩვენ გარდამავალ ხანაში ვცხოვრობთ (სპ. კედია: კიდევ რა სთქვა?). ჩვენ ვდევნით კაპიტალს და თანდათანობით მივდივართ სოციალიზმისკენო (სპ. კედია: კიდევ?). რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი რევოლიუცია, თანამედროვე რევოლიუცია არის სოციალისტური ხასიათის. თუ მივდივართ კაპიტალიზმიდან სოციალიზმისკენ, თუ ეს არის გარდამავალი ხანა, აშკარაა, რომ პერიოდი არის სოციალისტური პერტურბაციების პერიოდი. და თუ ეს არის სოციალისტების პერტურბაციების ეპოქა, სოციალისტური პერტურბაციების ხანა, მე მინდა ვკითხო შრომის სამინისტროს: როგორ მოხდა, რომ ამ გარდამავალ ხანაში ყველაზე სუსტი, პატარა, უბადრუკი არის შრომის სამინისტრო? ამ სამინისტროს არ მიაჩნია საჭიროდ, რომ ან თვითონ, ან თავისი ამხანაგი გამოეგზავნა ბიუჯეტის განხილვის დროს, რომ გაეგოთ, რას ამბობენ ხალხის წარმომადგენელნი.

ეს იმიტომ, რომ გასაკეთებელი ბევრი არა აქვსთ რა. რა გააკეთა მან ამ სამი წლის განმავლობაში? სრულიად არაფერი. არც ერთი სერიოზული კანონი არ გამოსულა ამ დროში. ამიტომ არის, რომ როდესაც დამფუძნებელ კრების ბიუჯეტი უდრის 10 მილიონ მანეთს, მთავრობის - 181 მილიონს, შინაგან-საქმეთა სამინისტროსი - 257 მილ., სახალხო განათლების - 137 მილ. მან., სამხედრო სამინისტროსი - 538 მილ. მან., გარეშე-საქმეთა სამინისტროსი - 24 მილ. მან., იუსტიციის სამინისტროსი - 55 მილ. მან., ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის - 293 მილ. მან., მიწად-მოქმედების - 83 მილ. მან., შრომის სამინისტროსი არის მხოლოდ ერთი მილიონი მანეთი. მე ამას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ იმიტომ, რომ ჩვენს ბიუჯეტში მას სულ პატარა ადგილი აქვს დათმობილი. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, აქ არის რეალური უმთავრესი ძალა და ბიუჯეტიც სწორეთ ამაზე უნდა იყოს აშენებული (სპ. კედია: აბა, რას იტყვით ამაზე?). თქვენ ძალიან კარგად იცით, რას ვიტყვი. თქვენ ეს ძალიან გაღელვებთ და ვერც შეურიგდებით. რისთვის არის, რომ ასე პატარა ძალა აქვს შრომის სამინისტროს? ეს იმიტომ, რომ მას არავითარი უფლებები არა აქვს. მხოლოდ მაშინ ექნება მას მეტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, როდესაც მას უფლებები ექნება, როდესაც ის იქნება სახელმწიფოს ბატონი (ვ. თევზაია: რომ მეტი გამოდგეს, მაშინ რას იზამ? კონტროლის მოხსენება?). მე ვიცი და თქვენც მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო კონტროლს აქვს ერთი აშკარა მოხსენება და მეორე პატარა, ფარული მოხსენება. შეიძლება კიდევ სხვა მოხსენებაც იყოს, ეს მე არ ვიცი (სპ. კედია: მუშათა მაგიდა? მომარაგების სამინისტრო?). მე მივხვდი, რასაც ამბობთ თქვენ. თქვენ ალბად ამბობთ, რომ ჩვენმა მთავრობამ გადასცა შრომის სამინისტროს განკარგულებაში საკმაო თანხა სასურსათო ოპერაციებისთვის. მე არ ვამბობ, რომ ეს სასურსათო ოპერაცია მართლაც დიდ სარგებლობას არ აძლევს შრომის ხალხს. მას პურს ურიგებენ, მაგრამ ეს საქმე ძალიან ცუდად არის მოწყობილი (ასათიანი: ბოლშევიკებს კარგად აქვთ მოწყობილი? სპ. კედია: აზიაში მაინც?!). ამაებზე მე აქ მექნება ლაპარაკი, ვინ ადგია აზიურ პოლიტიკას. თუ თქვენ გესმით აზიური პოლიტიკა, როგორც ჩამორჩენილი ქვეყნის პოლიტიკა, დაინახავთ, რომ ერთად-ერთ ჩამორჩენილ პოლიტიკას აწარმოებს ჩამორჩენილი ბურჟუაზია და ის კოალიცია, რომელიც არის მენშევიკებს და ნაციონალ-დემოკრატებს შორის (ხმა ადგილიდან: ბოლშევიკები?). მე ვამბობ, ბოლშევიკებს დიდი პერსპექტივები აქვთ (ვ. თევზაია: ნუ შესტოპავ, ფრაქციის წარმომადგენელი ხარ! ხმა ადგილიდან: სოვდეპიაში რა არის?). სოვდეპიას ვერც საზოგადო მეურნეობაში, ვერც საზოგადო თანხების მოვლაში, ვერც ერთ დარგში ვერ დასცინებთ.

აქ ხშირად ლაპარაკობთ, რომ საქართველო არსებობს, მას ანგარიშს უწევენ და სხვ. ყოველ შემთხვევაში საბჭოთა რუსეთს ერთი რამ მაინც შეუძლიან სთქვას, რომ ამ დიდ რევოლიუციის პროცესში, რომლის მსგავსი არ განუცდია არც ერთ ერს, ამ დიდ შემოქმედების პროცესში ამ ხალხმა შესძლო ის, რომ (ხმა ადგილიდან: დაანგრია რუსეთი!) მას დღეს ანგარიშს უწევს ევროპა (ხმაურობა, თავმჯდომარე ზარს რეკავს), თქვენ ანგარიშს არ უწევთ ფაქტს. თუ დღემდე შესძლო სახელმწიფომ არსებობა, ეს იმიტომ, რომ მათ საკუთრების საკითხი დააყენეს ისე, როგორც უნდა დაეყენებინათ. მათ სახელმწიფო გააბატონეს საკუთრებაზე და მთელი ერის სიმდიდრე, მთელი მეურნეობა დარჩა სახელმწიფოს.

ჩვენი სახელმწიფო გაცილებით მეტს ღებულობდა, ვიდრე აძლევდა უცხოეთს. ამიტომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ რუსეთმა, რომელსაც გროშიც არ მიუღია უცხოეთიდან, შესძლო წარმოების და საკუთრების ტრანსფორმაციის საკითხის ისე დაყენება, როგორც ეს საჭირო იყო.

მე მაკვირვებს, როდესაც თქვენ აქ ლაპარაკობთ საქართველოზე, იტყვით ხოლმე: აი, მაგალითად, აიღეთ ჩვენი რკინის გზა. ჩვენ ტრანსპორტი გვაქვს, რკინის გზით დავდივართ, ჯარი გადაგვყავს ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს არის ემბლემა იმისა, რომ რკინის გზა არის ძარღვი სახელმწიფოსი. თუ რუსეთში მეურნეობა არ არის, თუ იქ წარმოება არ არის, თუ ძალთა მობილიზაცია, ჯარის გადაყვან-გადმოყვანა, თავის დროზე და სადაც საჭიროა, არის ხან ჩრდილოეთით, ხან სამხრეთით, ხან აღმოსავლეთით, ხან დასავლეთით, თავის დროზე საჭირო მასალის მიწოდება, სურსათის მიწოდება ხდება, რა არის ეს ბოლოს და ბოლოს? სახელმწიფო იჩენს ძალას იქ, სადაც საჭიროა და თუ ის ისეთ სახელმწიფოებს, რომელთაც ზურგში მჭიდროდ მოწყობილი რკინის გზის ქსელი აქვთ, თუ ასეთ სახელმწიფოებს არა თუ უძლებს, მტერს ამარცხებს კიდეც, ეს იმას გვიმტკიცებს, რომ იქ წარმოება არის, იქ მეურნეობა არის (საერთო ხმაურობა, ხმა ადგილიდან: ჩვენ უფრო ბევრი მტერი დავამარცხეთ! ალ. ასათიანი: მაშ, მივიღოთ ბოლშევიზმი!). თქვენ ყველგან ბოლშევიზმი გელანდებათ!

ჩვენი კრიტიკა ბიუჯეტისა დამთავრდება იმით, რომ საქართველოში კერძო საკუთრების პრინციპები უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო პრინციპებს. ეს იქნება საბოლოო დასკვნა. და როდესაც თქვენ ამბობთ, ეს ბოლშევიზმი არისო, მე გეტყვით, ბოლშევიკები თქვენი ამხანაგები იყვნენ და თქვენთან ერთად უარყოფდენ მიწის და ქარხნების სოციალიზაციას. მაშინ ბოლშევიკები თქვენთან ერთად სულ სხვას იძახდენ. და მე მგონია, დროა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სახელმწიფოს სათავეში უდგია და ხალხის სვე-ბედს სწყვეტს, ასეთი ძალა უნდა გაერკვიოს, სად იწყება ბოლშევიზმი და სად იწყება სხვა სოციალისტური შემეცნება (ლ. ნათაძე: თქვენი ფრაქცია იზიარებს თქვენს აზრს?). მე ვლაპარაკობ, როგორც სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი და არაფერს ახალს, რასაც არ ვამტკიცებდით, არ ვამბობ.

ჩვენ ვამბობთ, რომ შრომის სამინისტრომ სრულიად უფლების გარეშე დააყენა მთელი რიგი შრომის ძალებისა. როცა აქ ვიხილავთ შრომის ხელშეკრულებას, მე აღვნიშნე, რომ 1884 წ. და 1894 წელში თვით ბუჟუაზიულმა პალატამ კვალიფიკაცია გაუკეთა როგორც კერძო დაწესებულებებს, ისე სახელმწიფო დაწესებულებების კავშირებს და დაავალა სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენელთ, რომ თქვენ ეს უფლება უნდა გაავრცელოთ სახელმწიფო დაწესებულებების მოხელეებზეო. ამაზე ადგა ბ. თევზაია და სრულიად გაუგებრად, რადგან ვერავინ ვერ გაიგებდა, ვის იცავდა, კაპიტალისტებს თუ სხვას, - უარყო ეს ფაქტი. ჩვეულება არის დამფუძნებელ კრებაში, როდესაც ს.-დ. ორატორი გასაჭირ მდგომარეობაში ჩავარდება, ტაშს დაუკრავენ მას. და აქაც, როდესაც ის გასაჭირ მდგომარეობაში ჩავარდა, ის ტაშით დააჯილდოვეს (ალ. ასათიანი: რა შუაშია აქ შრომის ხელშეკრულება?). როგორი იყო ტენდენცია ამ სახელმწიფოებში? თვით ევროპის სახელმწიფოებში იყო შექმნილი თეორეტიულად, რომ კერძო დაწესებულებაში და მეურნეობაში შეიძლება მუშებს ქონდეთ შეკავშირების უფლება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში კი ეს არ შეიძლებაო. მართლაც ერთი მარქსისტი ფრანგი მწერალი პოლ-ლიუი, რომელსაც აქვს ბევრი ნაწარმოები საფრანგეთის მუშათა პროფესიონალურ მოძრაობის შესახებ (თევზაია: მარქსისტი არის?) დიახ, მარქსისტია, მაგრამ საქმისათვის სულ ერთია, ვინც არის; ეს მე არ მაინტერესებს, მისი ვინაობა, ვინც უნდა იყოს, მე ვამბობ, რომ პოლ-ლიუის აქვს მთელი რიგი შრომებისა და აქვს აგრეთვე შრომა „სახელმწიფო და მუშა“ და აგრეთვე «Исторія синд. движенія во Франции», ის ახასიათებს აქ ბურჟუაზიის შრომის პოლიტიკას. აი, რას სწერს: «Государство сдѣлало въ свое время все возможное, чтобы задержать синдикальное развитіе въ частномъ производствѣ; оно также неуклонно боролось и противъ какой бы то ни было коллективной дѣятельности среди своихъ служащихъ, но принуждено было отступить передъ натискомъ болѣе сильнымъ, чѣмъ его собственное сопротивленіе».

ეს იქაური ბურჟუაზიულ-სახელმწიფოებრივი ტენდენცია სავსებით არის შეთვისებული მენშევიკების მიერ. აი, ბატონებო, უკულტურო აზიის პოლიტიკა აქ იხატება. იქაური სახელმწიფო ჯერ ხელს უშლიდა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები განმტკიცებულიყო კერძო დაწესებულებებში. მაგრამ როდესაც სინდიკალიზმი და პროფესიული მოძრაობა გაძლიერდა, დიდი გახდა. იქ რასაკვირველია კოალიციის უფლებები შეზღუდული იყო და პალატამ მიიღო დებულება, რომ ეს უფლებები უნდა მიეცეს და გაფარდოვდესო. აი, პატარა ისტორია: «Тщетно питался Жюль Ромъ не признавать за синдикатомъ почтовыхъ служащихъ законнаго существованія (16 ноября 1891 г.). Жонаръ 22 мая 1894 г. остался въ палатѣ въ меньшинствѣ за то, что будучи министромъ общ. Работъ отказался въ этомъ правѣ государственнымъ желѣзнодорожнымъ служащимъ, въ то же время палата депутатовъ приняла резолюцію, слѣдующимъ образомъ истолковывающую законъ 1884 г., «Палата, принимая во вниманіе, что законъ 84 г. касается также служащихъ и рабочихъ въ государственныхъ предпріятіяхъ, призываетъ правительство уважать его и облегчить его примѣненіе».

1894 წელს თუ მთავრობამ რამე მუშას ახლა წაართმევს? (თევზაია: ესეც ჩავიწეროთ?). თქვენი მხოლოდ წერაა და დასწერეთ. მე ვამტკიცებ, რომ თან და თან მუშათა მოძრაობა ფართოვდება. ახლა მინისტრების შესახებ რა სწერია: «Свободы ассоціаціи добывались всевозможныя категоріи служащихъ въ общ. учрежденіяхъ. Три министра народнаго просвѣщения, - Буржуа, Комбъ и Рамбо - накладывали свое ვეტო на подвѣдомственный имъ персоналъ» (კითხულობს). ახლა უფრო ახალი დრო: «Синдикальное движеніе росло. Въ мартѣ 1901 г. Военный министръ и въ октябрѣ 1902 г. морской министръ должны были капитулировать». (ხომერიკი: რაზე ლაპარაკობთ?). მე მეტად მოხარული ვარ, რომ მეკითხება მიწათ-მოქმედების მინისტრი, რომელმაც გამოსცა ცირკულიარი, რომელიც უკრძალავდა სოფლის მუშებს პროფესიული კავშირების დაარსებას. თქვენ აკრძალეთ ეს კავშირები და ამიტომ მიიღეთ ამდენი პროტესტი (კედია: ეს არ არის მართალი, ეს ანარქიზმი იყო?). მე ვამტკიცებ თქვენს წინაშე, რომ ევროპაში პროფესიონალური კავშირების უფლებები დიდი ხანია განსაზღვრულია და მოგეხსენებათ ეს თუ არა, მე არ ვიცი, საბიუჯეტო მსჯელობა გაგრძელდება თუ არა და მე დაუმტკიცებ დამფუძნებელ კრების წევრებს, რომ მიწის მუშები მოითხოვენ ზედმეტი მიწების პროფესიული კავშირისათვის გადაცემას განაწილების უფლებით. ხომერიკი ამბობდა, ეს არ შეიძლება, შეუძლებელია კავშირებს განაწილების უფლება მივცეთო. თქვენ გამოეცით ცირკულიარი, რომელიც არ შეეფერება მუშათა ინტერესს. ამ თქვენმა მოუფიქრებელმა ცირკულიარმა ააღელვა ხალხი. მათ გამოგზავნეს საპროტესტო ბარათი „ერთობაში“, მაგრამ „ერთობის“ რედაქციამ არ დაბეჭდა და იქ ეგონათ, რომ ამას ვერავინ გაიგებს (ხომერიკი: ეგ ძალადობა იყო!) (კედია: სწორედ!) (ასათიანი: არა, ეს რევოლიუციონური აქტი იყო, არა, თედო?!).

თავმჯდომარე: ორატორო, თქვენი დრო გათავდა. ცოტა ხნის კამათის შემდეგ ღლონტს ეძლევა კიდევ 15 წუთი.

თ. ღლონტი: რაც შეეხება კიდევ უფრო დიდ უფლებებს, რომელზედაც ლაპარაკობს პოლ-ლიუი, ეს გახლავთ კოლექტიური ხელშეკრულობის საკითხი, რომელსაც მენშევიკები რევოლიუციის დიდ მონაპოვრად ასაღებენ, თუმცა ამ მხრივ ევროპაში ურევოლიუციოდაც ბევრი რამ არის გაკეთებული. ბურჟუაზიულს ევროპაში ისეთი რევოლიუციონური კანონია, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ საკონსტიტუციო მუშაობაში ლეიტ-მოტივად, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მუშათა საქმე კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, ვიდრე ეს არის ბურჟუაზიულს ევროპაში. ჩვენში დიდ ყურადღებას აქცევენ სატარიფო პალატას, ამ თაიგულს ბურჟუაზიის და პროლეტარიატის სოლიდარობის. ეს პალატა, მაგალითად, ხელფასს სწყვეტს საერთო კრებაზე, სადაც წარმოდგენილია ერთი ნაწილი მუშებისა, მეორე ნაწილი ხაზეინებისა და ეს შეერთებული კრება განაგებს ყოველ საქმეს. ეს იყო ლეიტ-მოტივი მენშევიკების მუშათა პოლიტიკისა. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მონაპოვარი რევოლიუციისა, ევროპიული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ძალიან ძველი არის. ეხლა რაც შეეხება უფლებას, რომელიც მოვიყვანე აქ, ეს არის მონაპოვარი თანამედროვე რევოლიუციისა. მუშები ახლა გაცილებით მეტს მოითხოვენ: სახელმწიფო კონტროლში მონაწილეობა, სარგებელში, თვით წარმოებაში მონაწილეობის მიღებას. ბ. თევზაიას, რასაკვირველია, არ მოეხსენება ის, თუ რა დიდი მნიშვნელოვანი საკითხია ეს. ამ მხრივ გაცილებით საგრძნობი ნაბიჯი გადადგა გერმანიამ. რეიხსტაგში გერმანიის მუშათა პროფესიონალური კავშირების მეთაურმა პირდაპირ განაცხადა: თუ გინდათ, რომ გერმანიის მუშათა კლასმა დაიცვას სამშობლო, მათ გაუღვიძეთ პატრიოტული გრძნობა, მოგვეცით მმართველობაში მონაწილეობის, კონტროლის უფლება, სარგებელში მონაწილეობის უფლება და ჩვენ ნამდვილი დარაჯი ვიქნებით სახელმწიფოსიო. საქართველოში კი მენშევიკებმა არხიბურჟუაზიული თანაზიარობის პრინციპი შემოიტანეს მუშათა პოლიტიკაში, სადაც დააარსეს პალატები თხა და მგელის დასაძმობილებლად. თვით კერენსკის მთავრობის დროს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო და იყო შრომის შესახებ, არ არსებობდა პარიტეტული პრინციპი. კერენსკის დროს იყო ისეთი ორგანიზაცია, რომელიც სწყვეტდა ყოველგვარ საკითხს. აქ იყო 23 წევრი. ბურჟუაზიას ჰყავდა ერთი მეოთხედი. მთელი ნახევარი იყო წარმომადგენელი მუშებისა. იყო აგრეთვე წარმომადგენელი თავისუფალი ეკონომიური კავშირებისა, ქალაქების, ერობების და სხვ.

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი მენშევიკური მთავრობა სოციალისტური არისო, მაგრამ თვით კერენსკის მთავრობას გაუსწრო ბურჟუაზიაში. კერენსკის რუსეთში კაპიტალისტების ხმა უმნიშვნელო იყო. რაც შეეხება მუშების მმართველობაში მონაწილეობას, ამაებზე ჩვენში ხომ სრულიადაც არ ლაპარაკობენ (ხმა: ბიუჯეტზე როდის ლაპარაკობთ?). ინგლისში და საფრანგეთში 1914 წელს ირიცხებოდა 140 ფირმა, სადაც მუშებს ჰქონდათ მონაწილეობის უფლება როგორც მმართველობაში, ისე სარგებელში. ერთი ეკონომისტი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მუშათა კლასისა მოასწავებს სისტემატიურად მთელი წარმოების ხელში ჩაგდებას. მართლაც ამის ელემენტებს ჩვენ ვხედავთ. გასულ საუკუნეში მუშათა მდგომარეობა სრულიად სხვა იყო, სრულიად სხვა ხასიათი ჰქონდა და სოციალისტები ალმაცერად უყურებდენ (ლ. ნათაძე: ეგ მეშჩანური იდეოლოგიაა!). გაცილებთ თქვენზე უფრო მტკიცე და თქვენზე ღონიერი სოციალისტები მოითხოვენ ამას. აი ახლა მეუბნება ლეო ნათაძე მეშჩანურიო. მას რაც ძველად გაუგონია, იმას ამბობს. აი იქ ლებენმა პირდაპირ განაცხადა გერმანიის მუშათა პროფესიონალურ მოძრაობის შესახებ: „გერმანიის მუშები აუცილებლივ თხოულობენ ქარხნების მმართველობაში და მოგებაში მონაწილეობის მიღებასო“ (ლ. ნათაძე: მაგის წინააღმდეგი ჩვენ არა ვართ. მაგას სოციალიზმი კი არა ჰქვიან, არამედ მეშჩანური კოოპერაცია!). ასეა, ბატონებო! ყოველთვის დოკუმენტს რომ მიუტან მენშევიკს,მაშინ გეტყვის, მაგის წინააღმდეგი არა ვართო. ჯერ გაიგეთ, მერე სთქვით.

ახლა ჩვენი დეფიციტიანი ბიუჯეტის თაობაზე შემდეგ: ეს ჩვენი დეფიციტიანი ბიუჯეტი; ჩვენ მუშათა კლასს არა აქვს ამ სამი წლის განმავლობაში დაზღვევის საკითხი მოგვარებული, არც ინვალიდთა მდგომარეობა უზრუნველ-ყოფილი, არც უმუშევრობის დრო, არც მუშების მიღებისა და დათხოვნის საკითხია უზრუნველ-ყოფილი, არც კონტროლი არსებობს, არც ერთი დიდი უფლება მუშათა კლასისა არ არის განხორციელებული. ერთხელ პროფესიონალურ კავშირთა კრებაზე გამობრძანდა ბატონი შრომის მინისტრის ამხანაგი და განაცხადა, რომ ჩვენ რევოლიუციის პირველ ხანაში მივეცით ყოველივე უფლება მუშათა კლასსო, მაგრამ ამით ვერაფერი გავაკეთეთო. აი ბატ. მინისტრის აზრი ისეთივე იყო, როგორიც იყო ვეშაპელის რეპლიკა, როდესაც აქ კომუნის შესახებ ლაპარაკობდენ: „რამდენს ხანს გასტანა კომუნამო?“ ამ რეპლიკამ სიცილი გამოიწვია მენშევიკების პარტიაში. და აი, ბატონებო, ასეთი პასუხი მომცა შრომის სამინისტროს პასუხის მგებმა პირმა. მან სთქვა: ჩვენ ეს ვსცადეთ, მაგრამ ამ პრინციპმა გაგვაკოტრაო. ეს პასუხია ვეშაპელის და ასათიანის (ასათიანი: თქვენი პასუხი რომელია?). ამ თვალსაზრისით როცა უყურებთ, ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს სხვანაირი. ჩვენი ბიუჯეტის ხელში არ არის მსხვილი მეურნეობა და მრეწველობა. ჩვენში მთელ აღებ-მიმცემობა კერძო პირთა ხელშია, რომლებიც ამით სარგებლობენ და მხოლოდ ნამცეცებს აძლევენ სახელმწიფოს. ეს საქმე არის მუშათა კლასის საქმე. მაშინ გვექნება დადებითი ბიუჯეტი, აიწევა ბონებზე კურსი, როდესაც ჩვენი მეურნეობა და მრეწველობა, ის კაპიტალი, რომელსაც იღებს საქართველოს პარაზიტული ბურჟუაზია, მუშათა კლასის ხელში გადავა. არც ერთ დარგში არ გამოჩენილა ჩვენი ბურჟუაზია, ის მხოლოდ პარაზიტული ელემენტი არის საქართველოში და მთელი მისი შემოსავალი უნდა გახდეს სახელმწიფოს შემოსავლად. მე ვამტკიცებ, რომ სახელმწიფოს მეტი შეუძლია გაიღოს ხალხის საკეთილდღეოდ, ვიდრე მათ. მთელი ეს წარმოება უნდა გადავიდეს მუშათა კლასის ხელში. რა საშვალებითო? იკითხავთ თქვენ. რევოლიუციის საშვალებით. თქვენ ხშირად ლაპარაკობთ სამოქალაქო ომზე და სხვა ასეთებზე, მაგრამ ასეთ ზღაპრებს თავი უნდა დავანებოთ. ჩვენში ერთად ერთი სოციალური კატეგორია, რომელიც ანგარიშ გასაწევი იყო, ეს იყო თავად-აზნაურობა. მათ დიდი ქონება ჰქონდათ, ჰქონდათ ისტორიული ტრადიციები და ეს აძლევდა ძალას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მუშათა კლასისათვის. მაგრამ ის მოვსპეთ, ის დღეს აღარ არსებობს, ის დაიქსაქსა, ბევრი მათგანი მოკალათდა მენშევიკების პარტიაში. დიდი უმრავლესობა ამ თავად-აზნაურებისა, რომელთაც 7-15 დესეტინაზე მეტი მიწა აღარ ჰქონდათ, ხომერიკის კანონმა დააკმაყოფილა და მისცა საშვალება არსებობისა და ამნაირათ, ეს კატეგორია შეუკავშირდა სახელმწიფოს. ეს კარგი მოვლენაა, რასაკვირველია. მაშასადამე, ამ კანონმა ის მოახდინა, რომ მოწინააღმდეგეები აღარა გვყავს თავად-აზნაურობაში. ახლა აღარ ვიცი, თქვენ, ბატონებო, რომელ ბურჟუაზიაზე ლაპარაკობთ? თქვენ გინდათ შექმნათ ბურჟუაზია. ბურჟუაზია ჩვენში არ არსებობს, როგორც სოციალური ძალა (ხმაურობა).

თავმჯდომარე: ბატონებო! მე იძულებული ვიქნები გვარები დავასახელო იმ წევრებისა, რომელნიც ჩვენ სისტემატიურად ხელს გვიშლიან და საშვალებას არ გვაძლევენ, რომ კამათი სწორი გზით მიმდინარეობდეს. გაფრთხილებთ, ნუ მიმიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ მათი გვარები ხმა მაღლა დავასახელო.

ღლონტი: მაშასადამე, ნუ ვქმნით ბურჟუაზიას იდეიებში, ჰაერში. ნუ ვქმნით იმ ნიადაგს, რომ ეს ფიქცია ფუქციად გადაიქცეს და შემდეგ სისხლის ღვრა დაგვჭირდეს ბურჟუაზიის წინააღმდეგ. აქ ბატონი არსენიძე ამტკიცებდა, რომ სიკვდილით დასჯას მიტომ ვღებულობთ, რომ ცოტა ოდენ სისხლის დაღვრით მეტი სისხლის დაღვრა თავიდან ავიცილოთო. და სწორეთ ამ აზრით ნუ ვაძლევთ ბურჟუაზიას გაძლიერების საშვალებას. ის ვერ არის დიდი მოწინააღმდეგე, როგორც სოციალური კატეგორია, რომ მან სახელმწიფი აიღოს ხელი. მე ვთქვი და კიდევ უნდა გავიმეორო, რომ თქვენ აკოტრებთ სახელმწიფო მუშაობას, და შემდეგ იტყვით, ჩვენ მოვინდომეთ, ვსცადეთ, მაგრამ მან ნაყოფი არ მოგვცაო. აი, მე მივმართავ...

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, თქვენი სიტყვის დრო გათავდა.

სამსონ დადიანი: მე უთმობ ჩემს სიტყვას.

თავმჯდომარე: თქვენი რიგი ჯერ არ გახლავთ. თქვენ ბ. თევზაიას შემდეგ ხართ ჩაწერილი და ამიტომ არ შეგიძლიათ დაუთმოთ თქვენი სიტყვა. წინადადებაა შემოსული მიეცეს დრო. რამდენით? (ასათიანი: დადიანის სიტყვა მიეცეს). მე მოგახსენებთ, რომ დადიანის სიტყვა არ შეიძლება მიეცეს. მე კენჭს უყრი წინადადებას, რომ ნახევარი საათი განაგრძოს სიტყვა (კენჭის ყრით წინადადება მიღებულია). გთხოვთ განაგრძოთ, ბ. ორატორო.

ღლონტი: აი ეხლა მე შევეხე ბიუჯეტის შემოსავალს და აღვნიშნე, რომ მთელი შემოსავალი არის პარაზიტული ხასიათისა. ეხლა ავიღოთ გასავალი. იცით, რასაკვირველია, თუ მივიღებთ მხედველობაში მრეწველობის დაწყებას და მეურნეობის განვითარებას და შრომის კეთილდღეობისათვის გადადგმულ ნაბიჯებს, ამ მხრივ ბიუჯეტს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს და თუ გადაუდგამს, ისიც დამღუპველი. მაგრამ რა არის მიზეზი, რომ ეს სახელმწიფო მეურნეობისათვის გადადგმული ნაბიჯები ჩვენ მიგვაჩნია საზარალოდ სახელმწიფოსათვის? ამისათვის ერთგვარი პრაქტიკა გვაქვს. ჩვენ სამი წელიწადია რესპუბლიკა გვაქვს და არც ერთი დიდი საქმე არ არის ისე მოწყობილი, რომ სულ უბრალო ელემენტარულ კრიტიკას გაუძლოს და უბრალო სამეურნეო ნიჭს იჩენდეს. ჩვენ მთავრობას ამ მხრივ ერთი ფაქტი უნდა მოვაგონო: როცა ინგლისელები შევიდნენ ინდოეთში, იქ ცხოვრება მოუწყობელი იყო და ერთმა გენერალ-გუბერნატორმა, რომ მოესპო ცხოვრების ცუდი მოვლენები, განაცხადა: მე მივცემ პრესას საშუალებას გამოაცხადოს სახელმწიფოს ცუდი მოვლენები და სწორეთ ამ თავისუფალი პრესის საშვალებით ინგლისმა ბევრი რამ გააკეთა ინდოეთში.

გასწმინდა სახელმწიფო დაწესებულებები და ამ გვარად მკვიდრ ნიადაგზე დააყენა მართვა-გამგეობა. ჩვენში რა ხდება? აქ ბატონმა შენგელაიამ გამოაქვეყნა სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენება, აღნიშნა დეფექტი, რომელიც კრიმონალური ხასიათის არის, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო მეურნეობაში ერთი რამ არის დამახასიათებელი: ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენში კონტროლის მუშაობას, თუ მთავრობა მას ყურადღებას არ მიაქცევს, თუ ყოველგვარი ფაქტი ლოღიკურ ბოლომდე არ იქნება მიყვანილი. მე, როგორც კონტროლმა, თუ აღვნუსხე ბოროტ-მოქმედება, მაშინ ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ ზომები უნდა იქნეს მიღებული და ბოროტ-მომქმედი უნდა დაისაჯოს. ჩვენში კი, პირიქით, ვხედავთ, რომ მთელი რიგი ბოროტ-მოქმედებისა დაუსჯელი რჩება (ბარათაშვილი: ბიუჯეტზე ილაპარაკეთ, ბიუჯეტზე!).

მე ვგულისხმობ სამხედრო უწყებას. მას აქვს დახარჯული 500 მილიონი მანეთი. მე პატივი მაქვს მოგახსენოთ, თუ როგორ იხარჯებოდა ეს თანხა და რა ზომებს ღებულობს მთავრობა, რომ ბოროტ-მომქმედი ელემენტი სამართალში იქნეს მიცემული. და ეს ბოროტ-მომქმედნი არ არიან სამართალში მიცემულნი. მე მგონია, ეს ბიუჯეტის საკითხია, ბატონო ოსიკო! (ნათაძე: მართალია, განაგრძეთ!). ამას ამხანაგ ოსიკოს მოვახსენებ. ეს ახასიათებს როგორც კერძოდ უწყებას, ისე სახელმწიფო მეურნეობას. ჩვენ აღვნიშნეთ, როგორც დამახასიათებელი ჩვენი სახელმწიფო მეურნეობისა - სამხედრო უწყება და მეორე მხრივ, მომარაგების კომიტეტი, „ზემგორი“* და მიწად-მოქმედების სამინისტრო. ამათი მოქმედება შეგვიძლია დავახასიათოთ სახელმწიფო მეურნეობის თვალსაზრისით. აი, მაგალითად, ტყის მოვლა და ბორჯომის წყალის საქმე. აი, როგორ აწარმოებს ამ დიდმნიშვნელოვან საქმეს მიწად-მოქმედების სამინისტრო და როგორ შეიძლება ამ მუშაობის შემდეგ გავაფართოვოთ სახელმწიფო მეურნეობა. ავიღოთ სამხედრო უწყება.

თავმჯდომარე: ბატონებო! ქვორუმი აღარ არის, სხდომა შემდეგისათვის გადაიდება. ორატორს სალაპარაკოდ კიდევ 20 წუთი რჩება. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა საღამოს 10 საათ. და 40 წ. იხურება.

_______________

* „ზემგორი“ (земгор) - რუსეთის ერობათა და ქალაქების კავშირებისაგან შემდგარი არმიის მომარაგების კომიტეტი; რუსეთის ერობათა და რუსეთის იმპერიის ქალაქების საკრებულოების საფუძველზე 1915 წელს შექმნილი საშუამავლო ორგანიზაცია, რომელიც ანაწილებდა სამხედრო შეკვეთებს.

10 ოცდამეცხრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(39)

1920 წელი. ივლისის 29. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 20 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. გაგრძელება მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ვ. თევზაიას ეკუთვნის.

. თევზაია (ს.-დ.): ბატონებო! ამ ბიუჯეტის საერთო განხილვის დროს, თუმცა ორატორებს ჰქონდათ მეტი დრო, ვინემ ეს საჭირო იყო, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ სერიოზული მსჯელობა აქ არ ყოფილა ბიუჯეტზედ.

ჩვენ გვეგონა, რომ ოპოზიციის ორატორები დაგვიწუნებდენ ბიუჯეტს და შემდეგ თავის გეგმას წარმოადგენდენ. მაგრამ ეს არ მოხდა, სამწუხაროდ. უბადრუკია ის ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი გეგმა არა აქვს, ან და ვერ ახერხებს მის დამფუძნებელ კრების წინაშე გამოქვეყნებას.

ამ მოკლე დროში, რომელიც ჩვენს განკარგულებაში არის, შევეცდებით ზოგიერთი დებულება ბიუჯეტის შესახებ წამოვაყენოთ და ზოგიერთ წამოყენებულ დებულებას პასუხი გავსცეთ.

სანამ შეუდგებოდეთ სერიოზულ საბიუჯეტო კითხვებზე მსჯელობას, ჩვენ პასუხს გავსცემთ იმ კითხვებს, რომელიც არ შეეხებოდა ბიუჯეტს და წყალობითა თედორე ღლონტისა, აქ წამოიჭრა სრულიად შემთხვევით და მექანიკურად (კედია: ასე უნდა გამოუდგეთ ერთმანეთს?)

ბ. სპირიდონ! ჩვენ გვაქვს კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც ირჩევა დამფუძნებელ კრებაში და ამის შესახებ ნახევარ საათში ფრანგულიდან რუსული თარგმანი იკითხა თედორე ღლონტმა, მე კი ჩემს მოკლე დროში მსურს უპასუხო მას ზოგიერთ დებულებებზე. ბ. თედო ღლონტმა აქ ბრძანა, რომ საფრანგეთში უკეთესი მუშათა კანონმდებლობაა, ვინემ ჩვენშიო. ის ადარებს ერთმანეთს ჩვენს კანონს და საფრანგეთის პარლამენტის რეზოლიუციას. შეუძლებელია კაცმა კანონი რეზოლიუციას შეადაროს. საჭიროა კანონი კანონს შეადარო, რეზოლიუცია - რეზოლიუციას და პროექტი - პროექტს.

საფრანგეთის პარლამენტმა ამ უკანასკნელ 100 წლის განმავლობაში აუარებელი რეზოლიუციები გამოიტანა. მე ვფიქრობდი, რომ როდესაც ღლონტი რეზოლიუციას ადარებდა კანონებს, იმ რეზოლიუციას, რომელსაც ცხოვრებაში არავითარი საფუძველი არა აქვს, მაშინ მას სულ სხვა უნდოდა ეთქვა; რომ რაც აქ ხდება, ის ყველაზე უარესია. აი, საფრანგეთი, ბურჟუაზიული ქვეყანა, შეხედეთ, იქ უკეთესია მუშათა კანონმდებლობაო. აი, საბჭოთა რუსეთი, იქაც ბევრი რამ კარგი არის და სხვ. აი ასე აყენებს კითხვას ბ. ღლონტი.

მე წიგნების კითხვით არ მოგაწყენთ. მე აქ მოგიყვანთ მხოლოდ საფრანგეთის რკინის გზელების რეზოლიუციას, რომელსაც ხმა მისცა დიდმა უმრავლესობამ. რკინის გზელთა ყრილობა შემდეგ დებულებებს ადგენს (კითხულობს ფრანგულად).

თავმჯდომარე: გთხოვთ ქართულად გადათარგმნოთ.

თევზაია: აი ქართულად: 1) ნაციონალიზაცია ყველა რკინის გზებისა; 2) მიღება და დათხოვნა მუშებისა პროფესიონალურ კავშირებს; 3) ხელის აღება იურიდიულ სამართალში მიცემისა (გაფიცვისთვის) და 4) ცნობა პროფესიონალურ კავშირებისა.

ყველაფერი ეს მოთხოვნილება არის, ბ. თედო, მოთხოვნილება. და ამის შემდეგ ბ. ღლონტი აქ აცხადებს, რომ საფრანგეთში უკეთესი კანონმდებლობა არის მუშებისათვის, ვინემ ჩვენში, დემოკრატიულ ქვეყანაშიო (ღლონტი: ზღაპარია!). ეს არის ზღაპარი? ეს სწერია „იუმანიტეში“ და ეს იცის მთელმა ქვეყანამ. მთელმა მოწინავე დემოკრატიამ იცის, რომ საფრანგეთში მუშათა კანონმდებლობა ყველაზე ჩამორჩენილი არის (ღლონტი: თქვენ იმასაც რჩებით!).

შემდეგ ღლონტმა შესტოპა პოეზიაში. ის ფიქრობდა დაემტკიცებია, რომ საფრანგეთის ბურჟუაზიული წყობილება სჯობია ჩვენს წყობილებას. საბჭოთა რუსეთი ხომ უკეთესია და ეს იმან პოეტურათ აწერა, მას ხანდისხან პოეზიაც ეხერხება. მე მოგიყვანთ ერთ კაცის აზრს, ის ჩვენთვის მიუდგომელი კაცია, ის სწერს: (კითხულობს). (ხმა: ვისია?). ეს სწერია დღევანდელ „სახალხო საქმეში“. ავტორი ამისა სწერს: როცა მე ყველაფერი უამბე ჩვენი ქვეყნის შესახებ, აკუნტრუშდა კომუნისტიო. მეც ვიტყვი, რომ ეს ეხება ყველა კომუნისტებს და მათ თანამოაზრეებს. როგორც მოგახსენეთ, ეს სწერია სოც.-ფედ. ცენტრალურ ორგანოში. მე გუშინ მოწყენილი ვიყავი, როცა თედო ღლონტი გამოვიდა. მე მეგონა, რომ ის ფრაქციის ოფიციალური ორატორი იყო. მე ვსწუხდი, რომ ის პარტია, რომელსაც ჩვენ ინტელიგენტურს უძახოდით, რომელსაც მართლა ყავს ინტელიგენტები, გამოვიდა აქ და თითქოს ლექსებს ლაპარაკობსო, ადარებდა ერთ ქვეყანას მეორეს და ამბობს: აქ ყველაფერი ცუდია, ვინემ სხვაგანო. მაგრამ იმ დროს, როცა ამას ღლონტი ლაპარაკობს აქ, მის გაზეთში აი ეს წერილი იბეჭდება. ამ წერილის ავტორია ხავთასი, კაცი, რომელსაც გამოუვლია საბჭოთა რუსეთში, რომელიც ყოფილა აღმოსავლეთში, უმოგზაურია, და ის ლაპარაკობს მიუდგომლად. აი სხვათა შორის რას ამბობს ის ერთ ადგილას (კითხულობს). აი გიდი, ქვეყნის ოხრობავ, კომუნისტმა უნდა გვასწავლოს ჭკუა?

და როდესაც თქვენ ასე თამამად ეკამათებით ჩვენი ფრაქციის წევრს (სახეში მყავს ამხ. ცინცაბაძე) და ასწავლით მას სოციალიზმს, უნდა ითქვას: აი გიდი, ქვეყნის ოხრობავ (ტაში).

ბ. ღლონტი ხშირად ლაპარაკობს თავის თავზე: მე ასეთი კაცი ვარ, მე ისეთი ვარო, მე მიუდგომელი ვარო და სხვა. ასე არც ერთი დამფუძნებელი კრების წევრი, გარდა ღლონტისა, არ ლაპარაკობს თავის თავზე. გუშინ მან გამოიჩინა დიდი ცოდნა ფინანსიური საკითხებისა და მიუდგომლობა. ის ადარებდა სხვა და სხვა მუხლებს ბიუჯეტისა სხვა და სხვა სამინისტროსას და ამბობდა: აიღეთ შრომის სამინისტრო, მასზე იხარჯება ერთი მილიონი, მაშინ როდესაც სამხედრო სამინისტროზე ნახევარი მილიარდი იხარჯებაო. ეს იყო პირდაპირ არასაკადრისი მოპყრობა საქმისადმი. ღლონტმა კარგად იცის, რომ რკინის გზაზე იხარჯება ერთი მილიარდი მანეთი. იქ ეს ფული მუშაობისათვის იხარჯება და ეს ფული რომ შრომის სამინისტროს მიუმატო, მაშინ ყველაზე მეტი მას მოუწევს. ღლონტს რომ შეედარებინა ცენტრალურ შტატში ორი უწყებისა და ობიექტურად დაეფასებინა, მაშინ დაინახავდა, რომ მისი აზრი ყალბია, მაგრამ მან ეს არ ისურვა. ეს თქვენ არ იცით, ბ. ღლონტო, ან განზრახ შვრებით და გგონიათ შეცდომაში შეიყვანთ ზოგიერთ დამფუძნებელი კრების წევრთ. სწორედ შეუძლებელია კამათი ისეთ კაცთან, რომელიც ასე იქცევა და შრომის სამინისტროს შტატებს, ცენტრალურ შტატებს ადარებს მთელს სახელმწიფოს მეურნეობას, და თუ ჩვენ მას მაინც ვეკამათებით, ეს იმიტომ, რომ პატივს ვსცემთ დამფუძნებელ კრებას და საფინანსო მეცნიერებას, რომელიც აქ აწამა თ. ღლონტმა.

შემდეგ იმან შეაწუხა მეცნიერება. აწამა, აწამა ევროპის მეცნიერება და მერმე სთქვა, რომ გილფერდინგს აქვს წიგნი... (ღლონტი: წაგიკითხავთ?). წამიკითხავს, ნუ ეჭვობთ ამაში (ლ. ნათაძე: ამას ჰგონია, რომ მარტო თითონ კითხულობს!). (ხმაურობა, ზარი). გადათარგმნილია გერმანულიდან, გამოცემულია ორჯერ რუსეთში, ჯერ ძველ რუსეთში, მერე ბოლშევიკურ რუსეთში, და იქ სწერია, რომ ბუნებრივათ რომელიმე დარგში, სახელმწიფო წაგება რომელიმე დარგში სინდიკალებიც აგებენო. გილფერდინგს თავის დღეში არ უთქვამს ეს; ის ამბობს, რომ სინდიკალები რომელიმე დარგში აგებენ, მაგრამ ისინი მეორე დარგში იგებენ, რომ აინაზღაურონ ერთ დარგში წაგება მეორე დარგში მოგებით. ისინი ეწევიან სპეკულიაციას და ეს არის სპეკულიაციური მეთოდი და როდესაც ბ. ღლონტი, რომელიც სპეკულიაციას ებრძვის სიტყვით, მიუთითებს სახელმწიფოს, რომ დაადგეს იმავე გზას - ერთ დარგში წაგება მეორე დარგში მოიგოს. ყველა მოწინააღმდეგე, სერიოზული, რასაკვირველია, იტყვის, რომ საზოგადო მეურნეობა აგებს და ამ წაგებას გადასახადიდან აინაზღაურებსო. მე ხელში მაქვს ერთი წიგნი ინგლისელი ავტორის, ავებიურის - „სახელმწიფო და ქალაქი კერძო წარმოების წინააღმდეგ“. ფრანგულ ენაზე ავტორი ამბობს მეათე გვერდზე, რომ საზოგადო მეურნეობა მოგების მაგივრათ აგებს, შემდეგ კი ამას ხალხზედ გადასახადით აინაზღაურებს. ის რომ მოგეყვანათ, რომ აგებს კერძო წარმოება, ე.ი. ის ეწევა მეურნეობის მხრივ და საწარმოვო განვითარების მხრივ დამღუპველ პოლიტიკას, ამას ებრძვის მთელი მუნიციპალური პოლიტიკის მიმდინარეობა მთელს ევროპაში.

ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური წარმოება თავის თავად ლამაზია, არამედ უფრო მოგებიანია და რაციონალურია. საქონელი მისი წარმოებისა უფრო იაფი არის და ამისათვის მას უნდა მივცეთ უპირატესობა. ასე დგას კითხვა ყველა სერიოზული სახელმწიფო მწარმოებლის მომხრის წინაშე, ბ. ღლონტისათვის კი ეს დგას შინაურულად, დგას ამხანაგურად: აქ წააგე, იქ გადასახადი დაადე ხალხს და შემდეგ ასე დაფარე ხარჯები და ასე აწარმოვე საქმე. ამას შემდეგ გამოვლენ აქ და გვიმტკიცებენ, რომ თქვენ არ იცით, როგორ უნდა წარმოებაო. ასეთია, ბატონებო, მათი ფინანსიური ფილოსოფია. რადგანაც ჩვენ გადავედით საზოგადო წარმოებაზე, ჩვენ აქ უნდა შევეხოთ ერთ დებულებას ბ. ლეო შენგელაიას. მან მოიყვანა ნიშმოგებით ადამ სმიტის აზრი, რომ სახელმწიფო არ არის კარგი მწარმოებელიო. ეს მაშინ მართალი იყო, მაგრამ დღესაც, თუმცა ნაწილობრივ მართალი არის, დღევანდელი სახელმწიფო უაღრესად პოლიტიკურათ ორგანიზაციაა. თავის თავად ცხადია, რომ მისთვის ძნელი იქნება ეკონომიური მეურნეობა სათანადო ნიადაგზე დააყენოს და აი, ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ ამ მხრივ უნდა იყოს მიღებული შესწორებები და უნდა შეიქნას ერთნაირი ეკონომიური ორგანიზაცია, რომელიც იქნება ასე თუ ისე ავტონომიური და მოაწყობს წარმოებას თანამედროვე ტეხნიკურ ნიადაგზე. ჩვენ გვგონია, რომ ამ დებულებას გაიზიარებს ჩვენი მთავრობა და შესაფერისად შეუდგება საქმეს და სწორედ ბიუჯეტზედ კამათის დროს ეს არის საჭირო, რომ მიუთითო და აჩვენოს მას ეს. ამ მხრივ უნდათ შესწორება და ერთნაირი კანონმდებლობითი გზის ჩვენება, რომ მოახდინოს ეკონომიური ორგანიზაციის შექმნა. ამისათვის ადამ სმიტის აზრი ერთი მხრივ მართალია, რომ სანამ სახელმწიფო იქნება უაღრესად პოლიტიკური ორგანიზაცია, მანამ მას არ ექნება მაინც და მაინც ეკონომიური ძალა და საზოგადო მეურნეობაში მწარმოებელთაგან თანამედროვე შეხედულების გაღებას მოვითხოვთ ჩვენს მომავალ სახელმწიფო ცხოვრების დროს. აქ იყო დიდი კამათი არა პირდაპირი და პირდაპირი გადასახადების შესახებ. მაგრამ ჩემის აზრით ეს მცნება იყო მეტად არეული, ზოგი იცავდა პირდაპირს და უარყოფდა არა პირდაპირს, ზოგი იცავდა არა პირდაპირს და უარყოფდა პირდაპირს, ზოგიერთი ვერ მიხვდა მას, თუ რას იცავდა. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ყოველივე ეპოქას აქვს თავისი ფინანსიური პოლიტიკა. ჩვენ ვიცით, რომ საშუალო საუკუნეების სახელმწიფო ბიუჯეტი დადგებოდა არა გადასახადებიდან, არამედ მამულების დარიგებით. მოსამსახურე პირებს გასამრჯელოდ ურიგებდენ ამ მამულებს. შემდეგ იყო შემოღებული გადასახადების სისტემა, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიულ წყობილების დროს. ეს იყო უმთავრესი წყარო სახელმწიფო შემოსავლისა. ჩვენ ვიცით, რომ მომავალ წყობილების დროს უმთავრესი ადგილი ხარჯების დაფარვას ექნება წარმოებაში, მწარმოებელი იქნება სახელმწიფო და თვით მწარმოებლები იქნებიან სახელმწიფოს სათავეში და თავის შემოსავლით, თავისი შრომით დაფარავენ ხარჯებს. ეს თავის თავად ცხადია, მაგრამ ამ გარდამავალ ხანაში ის ფრაქციები, ვინც გვირჩევს ჩვენ ავიღოთ წარმოება ხელში და იქიდან მოგებით თქვენ სახელმწიფოს მოუარეთო, ხომ იციან, რომ მოგება არის ზედ-მეტი შრომის ნაყოფი და ბაზარზე ზედ-მეტი დაწესებული ფასებისა? ამნაირათ აქ არის ხალხი, რომელიც ებრძვის არა პირდაპირ გადასახადს და არც კი იცის, რომ ის იცავს არა პირდაპირ გადასახადს, როდესაც დღეს მთელს იმედს სახელმწიფო წარმოებას მოგებაზედ ამყარებს, რადგანაც ეს მოგება იგივე არაპირდაპირი გადასახადია. ეს არის უდავო დებულება. სწორედ ის შემოსავალი, რომელიც აქვს კოოპერატივს, მუნიციპალიტეტსო, სახელმწიფოს, საიდან მოდის? ეს არის არა პირდაპირი გადასახადი, ეს არის ბაზარზე ზედ-მეტი ფასების დადების ნაყოფი, საცა გამოდიან და ებრძვიან ამას. მე ვერ გამიგია, ეს ხალხი რას ებრძვის? თუ ეს გადასახადი არა პირდაპირია, ჩვეულებრივი სახით, უაღრესად არა დემოკრატიულად მიაჩნიათ, მაგალითად, კონიაკზე? თქვენ მოითხოვთ, რომ კონიაკზედ არ იყოს ეს გადასახადი? ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ უნდა იყოს დიდი გადასახადი ფუფუნების საგნებზედ. მაშ უნდა სთქვა, რაშია საქმე, პურზეა ეს გადასახადი? ეს უნდა ითქვას. აქ ეს კი არა ბრძანეს, აქ თეორიულად წარმოსთქვეს, ჩემის აზრით, უაზრო დებულება და ფაქტიურად კი არაფერი სთქვეს, რომლის შესახებ შეიძლებოდეს კამათი. აი ასეა, როდესაც ამ ფინანსიურ საკითხს ასე იოლად მოეკიდებით. (ღლონტი: ზღაპარია! სულ ზღაპარს ლაპარაკობთ! (ზარი). ზღაპარია!) (ასათიანი: გამოვიძიოთ ეს საქმე, გამოვიძიოთ!) (კედია: საიდუმლო კომისია ავირჩიოთ!) (ღლონტი: ზღაპარია, დიახ, ზღაპარი! ზარი) ზღაპარი კი არა... (ხმაურობა, ზარი). მე გარწმუნებთ, რომ ამ დარბაზში არც ერთი დეპუტატი არ გამოჩნდება, რომ სთქვას, ეს ზღაპარი არისო. ყველა გაჩუმებულია თქვენს გარდა. აი სწორედ ამავე დროს ჩემის აზრით უნდა გაფართოვდეს ეს საზოგადო წარმოება, ჩვენ უნდა შეუდგეთ ამ გზას. კარგა დიდი, მოზრდილი მანძილი გვაქვს ჩვენ ამ საქმეში გასავალი. დღეს ჩვენ გვაქვს სახეში ერთი რამ - ეს არის დაზღვევის საკითხი, დაზღვევა პიროვნების, საქონელის და სხ. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ გამოსთქვა სურვილი, რომ დაზღვევის კითხვა მოეწყოს სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის უდიდესი საქმე. დიდი შემოსავლის წყარო, თუმცა არა პირდაპირის, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ეს სახელმწიფომ აიღოს თავის ხელში. სჯობიან, რომ იყოს სახელმწიფოს ხელში, ვიდრე კერძო დაწესებულების ხელში და ამით სახელმწიფო ფარავდეს თავის ხარჯებს. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი მთავრობა მიიღებს ზომებს, რომ ეს სურვილი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიისა და ჩვენი ფრაქციისა ასრულებული იქმნას. ამ მომავალ ხანებში... (შენგელაია: სთხოვთ რამიშვილს!) ეს არის კიდევ ერთნაირი გეგმა... არ ვიცი თქვენთან როგორ და ჩვენში ბოდიშს ვიხდი, ჩვენში ასეთია წესი ლაპარაკისა და მისი თხოვნა არ არის (ხმაურობა). ჩვენთვის მაინც, თქვენ კი გგონიათ, რომ თქვენ უნდა უბრძანოთ! (ლ. ნათაძე: პრიკაზი დასწერეთ!) (ვლ. მგელაძე: რუსეთში შესაძლებელია!) მე კი საზოგადოთ არ ვარ მიჩვეული დერჟიმორდების ტონს. თუ ეს ასე არის, თუ ჩვენ შეუდექით საზოგადო წარმოების გზას, საკითხი, რომელიც მიუღებელი იქნება, არის სპეციფიკაციის საკითხი, რომელიც წამოაყენა შენგელაიამ. არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში არ დგას საკითხი ისე, როგორც აქ დააყენეს; ყველგან არსებობს განსაზღვრული თავისუფლება ამ მხრივ. მაგალითად, არის სკოლა მცხეთაში... სპეციფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ერთი საგნისათვის მიღებული ბიუჯეტი სხვა საქმეს არ მოხმარდეს. მაგალითად, არის სკოლა მცხეთაში. ვთქვათ, ეს სკოლა თედო ღლონტის სახელზეა აშენებული (სიცილი). დაიწვა ეს სკოლა მცხეთაში. ამ სკოლის ფული არ შეიძლება სპეციფიკაციის წყობილებით მოხმარდეს სხვა სკოლას, თუ უნდა მთავრობას შექმნას სხვა სკოლა არა ღლონტის სახელზე, არამედ ვინმე მისი მეგობრის სახელზე. ასეთია მნიშვნელობა სპეციფიკაციისა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ ერთი იმიტომ, რომ შეუძლებელია პარლამენტმა ამ პატარა საქმეებს მოანდომოს დრო, ამ შემთხვევაში ახალი სკოლისთვის ფორმალურად ახალი კრედიტის გახსნას. შეუძლებელია, რომ მთავრობამ, თუ აქვს უფლება და ვალდებულება, რომ ეს ფული დაიხარჯოს ერთ საგანზე, ეს იმავე საგანზე უნდა ხარჯოს, თუნდაც საჭირო არ იყოს იმიტომ, რომ სხვაზე ვერ მოიხმარს.

ბატონებო! მოგეხსენებათ, რომ აუარებელი მაგალითი არის იმისა, რომ მაგალითად ფული გადადებულია გზის საჭიროებისთვის, მაგრამ მას ეს ფული არ მოუნდა. ამ შემთხვევაში ამ გადანარჩენ ფულს ვერ დახარჯავენ სხვა საჭიროებისათვის და ის უნდა იყოს ისე უმოძრაოდ. სპეციფიკაციას აქვს თავისი ლოღიკა. თუ გინდათ ბოლომდე გაატაროთ, მაშინ უნდა შეიტანოთ გვარები, პეტრე იქნება ის თუ ივანე, ერთი სიტყვით, იმის გვარი, თუ ვის განკარგულებაში გადადის ფული და სხვაში აღარ შეიძლება მისი დახარჯვა. ეს არის თქვენი დებულება. სპეციფიკაციას ჩვენ ვაძლევთ თავის აზრს. არის მეორე მოსაზრებაც. სპეციფიკაციის დაცვა ძნელი იქნება ისე, როგორც ვიცავდით, თუ გავაჩაღეთ საზოგადოებრივი წარმოება. საზოგადოებრივ წარმოებაში სპეციფიკაციის დაცვა - ეს იქნება არა მეურნეობა, არამედ ცუდი მეურნეობა. თქვენ რომ ჩააბაროთ ფული რომელიმე მწარმოებელ უწყებას, მაგალითად, 30 მილ. მან. და უთხრათ, რომ არ დახარჯოს ისე, თუ ამის დასტური არ მოსთხოვა დამფუძნებელმა კრებამ, ეს იქნება განადგურება მეურნეობის. თუ ამ შემთხვევაში არ იქნება დაცული თავისუფლება და გაბატონებული იქნება ბიუროკრატიული წესები, ეს ზარალს ბევრს არაფერს მოუტანს მეურნეობას.

მე ვამბობ, რომ სპეციფიკაციის მოთხოვნა და ამავე დროს ლაპარაკი მეურნეობის გაფართოვებაზე არის სრული უცოდინარობა ამ მეურნეობისა. მე ვამბობ, რომ ასეთ სათუთ საქმეში, როგორიც არის წარმოება, ისეთი მოთხოვნილების დაშვება, როგორსაც ღლონტი უშვებს, ყოვლად შეუძლებელია. საოპერაციო თანხა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე უწყებას არ ესაჭიროება, მაგალითად 100 მილ. უმოძრაოდ იდვეს. სპეციფიკაცია ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება თანხის სხვა რამეზე დახარჯვა, რისთვისაც ის გამოთხოვილი არ არის. თუ დახარჯვა მოხდა, მაშინ ეკარგება მნიშვნელობა სპეციფიკაციას. ვინც მოითხოვს სპეციფიკაციას, ის ჩვენი სახელმწიფოებრივ მეურნეობის დაქვეითებას უწყობს ხელს. ამავე დროს, ვინც მოითხოვს სპეციფიკაციას, ის უნდა იცავდეს, რომ ყოველი თანხა გაიღოს დამფუძნებელ კრებამ, და ყოველი კაპეიკი მოხმარდეს იმას, რაზედაც გამოთხოვილი არის. ამიტომ არ ვიცავთ ჩვენ სპეციფიკაციას, რომ შეიძლებოდეს განსაზღვრულ ფარგლებში ფულის თავისუფალი ტრიალი არა მარტო დღეს, არამედ შემდეგშიაც. არის ჩვენი ბიუჯეტში ერთი ასე ვთქვათ დეფექტი. ასე დაუძახოთ მას, ეს არის ის, რომ არ არის შემოღებული პროგრესიული გადასახადი შემოსავლის კვალობაზე ამ მცნების თანამედროვე მნიშვნელობით. ეს სწორედ ჩვენი ფრაქციის აზრით ახლო მომავალში დაწესებული უნდა იქნეს. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ამის გატარება ცხოვრებაში წარმოადგენს უდიდეს საქმეს, მეტად სერიოზულს და რთულს. ეს გვესმის მშვენივრად. ჩვენ გვესმის, რომ ორი წლის წინად შეუძლებელი იყო ამაზე ლაპარაკი და სერიოზული კაცი რომელიმე პარტიისა ამას ვერ იტყოდა. ეს იყო შეუძლებელი. მაგრამ თუ დადგა ნორმალური ხანა, ეს უნდა იქნეს გატარებული ახლო მომავალში. და ეს უნდა გატარდეს არა მარტო იმისათვის, რომ ეს არის სამართლიანი გადასახადი, როგორც აქ ამბობენ ლიბერალური სიტყვებით, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მშვენიერი იარაღი სოციალისტური ნიადაგის მოსამზადებლად. ასეთი კანონი საშვალებას მისცემს ხალხს, ნორმალურად, უმტკივნეულოდ, თუ უმრავლესობა მისი მომხრე იქნება - გადავიდეს უკეთეს წყობილებაში. ამ კანონმა მისცა საშვალება თანამედროვე ინგლისს უკეთესად წაეყვანა თავისი ბიუჯეტი.

თედო ღლონტი იტყვის, რომ ომამდი ქონდაო, მაგრამ ეს ასე არ იყო. საფრანგეთში გაჭირვების დროს შემოიღეს, უცებ დასწერეს. იმიტომ დღეს იქ იციან, რას უდრის მთელი სახელმწიფოს ქონება და შემოსავალი. თედო ღლონტმა სთქვა: შარშან უკეთ ვიყავით, ვიდრე ახლაო. გამოდის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენში არც მოხნულა, არც დათესილა, არც არაფერი გაგვიკეთებია. ხალხი ამ ხნის განმავლობაში უსაქმოდ ყოფილა. ეს არ არის ასე. კანონი რომ გამოგვეცა, მაშინ გვეცოდინებოდა, რამდენი ქონება აქვს მთელს ერს. ამის ცოდნა აუცილებელი საჭიროებაა ჩვენი. ეს არის ერთად ერთი საშვალება, რომელიც უნდა გვქონდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იქნეს გატარებული ცხოვრებაში. ამას თქვენ ვერ უარყოფთ. ეს არის უდიდესი ძნელი საქმე. მაგრამ ვისარგებლოთ იმ მაგალითით და გარემოებით, რომელიც ქონდა სხვა სახელმწიფოს. ეს მაგალითი ასე თუ ისე უნდა გამოვიყენოთ. არის კიდევ ერთი წყარო, რომელიც ავსებს ბიუჯეტს. ეს არის მემკვიდრეობიდან შემოსული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მემკვიდრეობის კანონი ჩვენში მოძველებულია. არ არის კანონიერი, რომ კაცი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს რამდენიმე პირთან და არც კი იცის, რომ მას მემკვიდრეობა დარჩება, უეცრად შორეულ ნათესავისაგან იღებს მემკვიდრეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ახლო ნათესავმა მიიღოს მემკვიდრეობა, მაგრამ შორეულმა კი არა. ეს არ არის რამე ისეთი, რომელიც მეურნეობას ხელს შეუშლის და პირიქით, ეს შეუწყობს ხელს ჩვენს ფინანსების გამაგრებას. ჩვენ გვისაყვედურებენ, რომ არა გვყავს კონტროლიო. როცა მოუნდებათ, კონტროლი არსებობსო, როცა მოუნდებათ, არ არსებობს. ასეთია დამფუძ. კრების ზოგიერთი წევრის მიუდგომელი დახასიათება? როცა გაუჭირდებათ, იტყვიან: კონტროლი გვყავს, ის არაფერს მალავსო, რასაც ნახავს, იტყვისო. სად გინახავთ ასეთი კაცი, რომელიც ყოველისფერს ნახულობდეს? ბატონო ივანე ლორთქიფანიძე, თქვენც იყავით მთავრობაში და ნუთუ თქვენ შეგეძლოთ ყოველფრის დანახვა? ნუ თუ არ იციან, რომ ეს შეუძლებელია? და თუ იცით, როგორ ბედავენ თქვენი ამხანაგები, რომ თუ ჩინოვნიკმა ვინმემ რამე მოიპარა, უწყების ხელმძღვანელის ბრალიაო? როგორ ბედავთ ამას? თქვენ იცით და უნდა ასწავლოთ იმათ, ვინც არ იციან, რომ შეიძლება უწყებაში იყოს ქურდობა, მაგრამ იქ უწყების ხელმძღვანელი არაფერ შუაშია. შეუძლებელია ლაპარაკი იმაზედ, რომ მან იცის და ხელი დააფაროს. შეუძლებელია აგრეთვე იმის თქმა, რომ არა გვყავსთ კონტროლიო. არ არსებობს კაცი და როცა დაგჭირდებათ, მოიყვანთ მის დებულებას, რომლიდგანაც სჩანს, რომ ეს კაცი არსებობს. ორი წლის წინეთ, როცა ანარხია იყო, მაშინაც კი იცავდა სიმართლეს ის. შემდეგ გვისაყვედურებენ, თქვენ ბიუჯეტი არა გაქვთო. თქვენ იცით, რომ საფრანგეთის დიდ რევოლიუციის დროს ბიუჯეტი შესდგებოდა სამი წინადადებისაგან. ეს იყო 1791 წელს. იქ მიიღეს კანონი, რომ მთავრობისთვის ამდენი ფული გაიღო. განა საფრანგეთში მაშინ არ იყო ხალხი ისე მომზადებული, როგორც ბატონი შენგელაია? იმათ არ იცოდენ არაფერი ფინანსების? მაშინ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ბიუჯეტის შედგენა მეტად ძნელი საქმე იყო. ერთი მხრით იმისთვის, რომ საფრანგეთის სახელმწიფოს არ ქონდა ძველი მასალა დარჩენილი და მეორე მხრით, გარს შემორტყმული ყავდა მტერი და არავის არც ერთ დროს არ უნებებია, რომ საფრანგეთის რევოლიუციისათვის დეეწამება, რომ მან არ იცოდა, რა არის ხალხის ქონება, სიმდიდრე, ბედნიერება, ფინანსებიო. მათ ბევრი დასწამეს და კონტრ-რევოლიუციონერებმა და ის კი არ უთქვამთ, რომ შენ რათ არ შექენი ბიუჯეტიო.

ბატონმა შენგელაიამ ბრძანა, რომ ეს ბიუჯეტი კი არა, ციფრთ გროვააო. ბატონებო, ჩვენ აქამდის გვეგონა, რომ ბიუჯეტი არის კანონში ჩამოსხმული სახელმწიფოს გასავალ-შემოსავალი. დღემდის ეს ციფრში გამოიხატება და ამისათვის ციფრებს გარდა სხვა საშუალება არ არის. როცა თქვენ ამბობთ, ეს ბიუჯეტი კი არა, ცარიელი ციფრებიაო, ალბად არ იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ციფრებით აზროვნობს. ამ ციფრებში არის ჩამარხული მთელი ჩვენი პოლიტიკა და თქვენ ამბობთ, ეს მხოლოდ ციფრებიაო? ასეთი კრიტიკა შეუძლებელია და თუ გააგრძელებთ ასეთ კრიტიკას, თავის-თავად ცხადია, რომ ამით თქვენ საქმეს ვერ გააკეთებთ და ეს თქვენი ნებაა.

დადიანი: ეხლა ჩემია სიტყვა.

თავმჯდომარე: ბატონო, თქვენ თქვენ სიტყვაზე უარი განაცხადეთ, ახლა კი აღარ გეკუთვნით სიტყვა. სიტყვა ეკუთვნის თ. ღლონტს. (თ. ღლონტის სიტყვა მოთავსებული იქნება დამატებად ამ ნომრისა).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ი. სალაყაიას.

ი. სალაყაია (ს.-დ.): ბატონებო! როდესაც იწყებენ ისეთი აქტის განხილვას წარმომადგენლობით დაწესებულებაში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის, საჭირო იყო ოპოზიცია შეხებოდა არა მარტო უარყოფით მხარეებს ჩვენი ფინანსიური პოლიტიკისას, არამედ გამოეთქვათ თავისი ფინანსიური მოსაზრებანი, რომ ამით ფინანსთა უწყებას მისცემოდა მასალა, რომლითაც მან უნდა იხელმძღვანელოს თავისი მომავალი ფინანსიური გეგმის შედგენის დროს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელმა ეს არ ინება (შენგელაია: ბევრი ვილაპარაკეთ მაგაზედ!).

აქ ბევრი ილაპარაკეს და ეს განსაკუთრებით ბატონმა თედო ღლონტმა, ბოლშევიკების ფინანსიურ-ეკონომიურ პოლიტიკაზე, იმ პოლიტიკაზე, რომელმაც რუსეთი უფსკრულამდე მიიყვანა და რომელიც, თუ ბატონ ღლონტს დავუჯერებთ, ერთად-ერთი მისაღები პოლიტიკაა. ჩვენ ვგრძნობთ, ბატონებო, რომ ეს პირველი აქტი, წარმოდგენილი თქვენს წინაშე, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შეიცავს ყველა იმ დეფექტებს, რომლებითაც ხასიათდება საერთოდ ყველა ასეთი აქტი, რადგან ჩვენ არ გვქონდა საშუალება დავყრდნობოდით წარსული წლების საბიუჯეტო პრაქტიკას, რაც საფუძველია ყოველი ბიუჯეტის და რომლის უქონლობა, ეჭვს გარეშეა, ვერ გამოარკვევს სავსებით სახელმწიფო შემოსავლის და გასავლის აღრიცხვას. და მიუხედავად ყველა იმ ნაკლისა, რომელიც ჩვენს ბიუჯეტს აქვს, ჩვენ მაინც გავბედეთ გაგვეკეთებია პირველი ცდა, რომ ამით საფუძველი ჩაგვეყარა მომავალი ბიუჯეტისათვის, რადგან, ბატონებო, ბიუჯეტი ხომ მთელი ფინანსიური გეგმაა (შენგელაია: თევზაიამ მოგახსენათ, მხოლოდ ციფრები არისო!), რომელსაც დამფუძნებელი კრება აძლევს ფინანსთა უწყებას მომავალში შესასრულებლად.

ბატონმა შენგელაიამ თქვენ მოგახსენათ, რომ ბიუჯეტის პროექტის განსახილველად შემოტანა დამფუძნებელ კრებაში დიდად დაგვიანდაო. უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ ბიუჯეტის პროექტის შემოტანას თქვენდა განსახილველად ხელს უშლიდა გარდა საერთო პირობებისა, რომელშიაც ჩვენ ვიყავით მოქცეული, ისიც, რომ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ არ გვქონდა წარსული წლების საბიუჯეტო პრაქტიკა, რომლითაც უწყებას უნდა ეხელმძღვანელა. ბატონებო! თვით დაწინაურებულ სახელმწიფოებში, ბიუჯეტის განხილვა წარმომადგენლობითი დაწესებულების მიერ მეტად გვიანდებოდა. და რა გასაკვირია, თუ ნორჩ სახელმწიფომ, რომელიც სულ ორი წელიწადია, რაც დამოუკიდებლად არსებობს, მხოლოდ ახლა შესძლო თქვენთვის ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენა? გაიხსენეთ, ბატონებო, ინგლისი, რომელიც რამოდენიმე საუკუნე არსებობდა, როგორც სახელმწიფოებრივი ორგანიზმი, და რომელმაც მხოლოდ 1680 წ. შესძლო ბიუჯეტის პროექტის წარმომადგენლობითი დაწესებულებისათვის წარდგენა განსახილველად. ან აიღეთ საფრანგეთი, სადაც საერო ყრილობები არსებობდენ მე-8 საუკუნიდან, მაგრამ სადაც ფისკალური საკითხები აღიძრენ მხოლოდ 1314 წელს (დადიანი: ცოტა გადააჭარბეთ!). ვიმეორებ, ბატონებო, რომ ფისკალურ საკითხებს საფრანგეთში პირველად შეეხნენ 1314 წ. პირველი გენერალური შტატების დროს. ხედავთ, ბატონებო, რომ ჩვენ არც ისე დაგვიგვიანებია, როგორც ამას აქ ამტკიცებდენ.

ბატონმა შენგელაიამ მოგახსენათ, რომ მთავრობას ხალხი უნდობლად უყურებს და მაშასადამე, გადასახადს არ გადაიხდისო. ბატონი შენგელაია არ არის მართალი და ამის დასამტკიცებლად მე მინდა ავალაპარაკო ციფრები. ვნახოთ, თუ როგორ ხდება სახელმწიფო როსპისის შემოსავლის ბალანსით შესრულება. სამ უმთავრეს გადასახადიდან, სახელდობრ პირდაპირი, არაპირდაპირი და საბაჟო, ნავარაუდევი იყო საბიუჯეტო წლის განმავლობაში 163.508.700 მან., ე. ი. 13.625.725 მან. საშუალოდ თვეში, რაც შვიდი თვის განმავლობაში შეადგენს 95.380.075 მანეთს, ნამდვილად კი შემოვიდა სახელმწიფო გადასახადი ყველა სახისა ამ შვიდი თვის განმავლობაში.

1929 წ.:

ივნისი - 12.956.619 მან.
ივლისი - 18.169.479 ,, ,,
აგვისტო - 16.519.279 ,, ,,
სექტემბერი - 23.711.664 ,, ,,
ოქტომბერი - 35.216.023 ,, ,,
ნოემბერი - 30.286.827 ,, ,,
დეკემბერი - 45.031.697,, ,,
სულ 7 თვეში - 181.901.588 მან.

ამნაირად, ფაქტიური შემოსავალი სახელმწიფო გადასახადებიდან პირველ 7 თვის განმავლობაში აღემატება სასმეტო მოლოდინს 86.521.513 მანეთით, ე. ი. 12.360.216 მან. საშუალოდ თვეში. მეტს ვიტყვით, შვიდი თვის განმავლობაში შემოვიდა 18.392.888 მანეთით მეტი, ვინემ ნავარაუდევი იყო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. ეს ციფრები, წინააღმდეგ ლ. შენგელაიას რწმუნებისა, გვიჩვენებენ, რომ მთავრობას ნდობა აქვს და რომ გადასახადი საკმაოდ კარგად შემოდის. ეს ციფრები გვიჩვენებენ, რომ შემოსავლის სტატიებს დაღლილობა არავითარ შემთხვევაში არ ატყვია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საკმაოდ დიდი დეფიციტი გვაქვს. სახელმწიფომ უნდა მიჰმართოს მთელ რიგ ზომებს, რომ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რაში გამოიხატება ეს ზომები? მე შევჩერდები მხოლოდ ზოგიერთებზე.

ბატონებო! ეკონომიური მდგომარეობის დასახასიათებლად ყველა სახელმწიფოებში დიდ ყურადღებას აქცევენ ეკონომიური ცხოვრების სხვა და სხვა მხარეებს. სხვათა შორის, დიდი მნიშვნელობა აქვს პურის, სიმინდის მოსავალს, სავაჭრო ბალანსს და სხვას. ჩვენი ქვეყანა სოფლის მეურნეობის ქვეყანაა და თავის თავად ცხადია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პურის, სიმინდის მოსავალს. დათესილ მიწის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში შეადგენს დაახლოვებით ერთს მეცხრედს მთელს ტერიტორიისა. დასათეს ადგილების რაოდენობის გადიდება შესაძლებელია, რადგან ჩვენში საკმაოდ დიდძალი ადგილებია, სადაც დღეს ხორბლეულობის დათესვა შეუძლებელია, მაგრამ რომელთა რაიონებად გადაქცევა აუცილებელია და ამ მხრივ ზომები უნდა იქნეს მიღებული, რადგან ჩვენ ყოველწლივ საკმაოდ დიდძალი ხორბლეულობა უნდა შემოვიტანოთ სხვა ქვეყნიდან. ახლა მეორე მხარე ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა - სავაჭრო ბალანსი. ეკონომიური მდგომარეობის დასახასიათებლად ის გვიჩვენებს, რა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს ხალხი თავისი შრომით, რას აწარმოებს და მეორე მხრივ, რას ვერ ქმნის და რისი შემოტანა სჭირია მას სხვა სახელმწიფოებიდან. მაშასადამე, იმის ჩვენება, თუ რა გააქვს ქვეყანას და რა შემოაქვს და რამდენი გააქვს და რამდენი შემოაქვს, არის საშუალება ქვეყნის მდგომარეობის დახასიათებისა განსაზღვრულ დროში. როგორ არის ჩვენს ქვეყანაში შემოტან-გატანის საქმე. აი ციფრებიც: 1919 წელს პირველ იანვრიდან 1920 წ. პირველ იანვრამდე იყო შემოტანილი 863.046.856 მან. საგნები და იმავ პერიოდში იყო გაზიდული 393.924.061 მან. შემოზიდვა აღემატება გატანას 469.122.795 მან. დაახლოვებით ერთი მესამედი შემოგვაქვს საზრდო საგნები და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მეურნეობის ქვეყანაა. მეორე მხრივ, შემოზიდვა ხდება დასავლეთიდან და რუსეთიდან და რადგან დასავლეთ ქვეყნებთან და რუსეთთანაც ჩვენ დამოკიდებულება გვაქვს თითქმის მხოლოდ ზღვით, ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სავაჭრო გემების შენებას. ყოველ სახელმწიფომ, რომელსაც სურს ეკონომიურად აღორძინდეს, საზღვაო ტრანსპორტის საქმეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ეკონომიურად მდიდარი ქვეყნები არავითარ მსხვერპლს არ ერიდებოდენ, ოღონდ კი საზღვაო ტრანსპორტის საქმე კარგ ნიადაგზე დაეყენებინათ. მე მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს იმის საჩვენებლად, თუ როგორ ვითარდებოდა სავაჭრო ფლოტის ტონნაჟი სხვა და სხვა სახელმწიფოებში ომამდე.

ტონნაჟი სავაჭრო ფლოტისა იყო:

გერმანიაში - 1901 წ. - 1.941.645 ტონნი.
,, ,, - 1911 წ. - 3.153.724 ,, ,,
რუსეთში - 1901 წ. - 633.821 ,, ,,
,, ,, - 1913 წ. - 756.601 ,, ,,
დიდ ბრიტანეთში - 1901 წ. - 9.280.164 ,, ,,
,, ,, - 1912 წ. - 11.878.807 ,, ,,
საფრანგეთში - 1900 წ. - 1.037.726 ,, ,,
,, ,, - 1911 წ. - 1.426.639.

ამ ციფრებიდან ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი სისწრაფით იზრდება სავაჭრო ფლოტის ტონნაჟი დიდ სახელმწიფოებში. ომის განმავლობაში თუმცა განადგურდა მეომარ სახელმწიფოთა ფლოტის მესამედი, მაგრამ მისი აღდგენის საქმეს განსაცვიფრებელი სიჩქარით შეუდგნენ და ინგლისმა თითქმის სავსებით აღადგინა თავისი სავაჭრო ფლოტი. ტონნაჟის ზრდას ამ სახელმწიფოში მოყვა საქონელთა შემოზიდვა-გაზიდვის ზრდა. აი ციფრებიც: 1919 წ. დიდ ბრიტანეთიდან იყო გაზიდული 798.373.000 გირ. სტ. საქონელი, ე.ი. 59,2 პროც. მეტი, ვინემ 1918 წელს. შემოტანილი იყო ამავე წლის განმავლობაში 1.631.902.000 გირ. სტ. ე. ი. 23,9 პროც. მეტი, ვინემ 1918 წელს.

ჩვენ დავინახეთ, რომ საქონლის შემოზიდვა აღემატება გაზიდვას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში არსებობს მოძრაობა გაუარესებისაკენ. სახელმწიფომ ხომ რითიმე უნდა დააკმაყოფილოს ზედმეტი საქონლის შემომტანი. ჩვეულებრივად საქონლის მომტანს გააქვს ოქრო, მაგრამ რადგან ჩვენში ოქრო არ არის, მას გააქვს ის, რაც ოქროს მაგიერობას სწევს, სავალიუტო, როგორც არიან: თამბაქო, პარკი, შავი ქვა და სხვ. აქ ისმება მეტად საინტერესო საკითხი: როგორ პირობებში უნდა ხდებოდეს საქონელთა შემოზიდვა-გაზიდვის საქმე, რომ სახელმწიფომ არ იზარალოს. აუცილებლად საჭიროა ის იშვიათი საგნები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე დიდი ფასი აქვთ, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ კერძო პირთ მიერ იქნან გატანილი იმ ქვეყნებში, სადაც ან ვალიუტის ან საჭირო საქონლის შეძენა სურთ. აქ ეს საგნები გაიყიდება ძვირად, რადგან როგორც ვთქვით, იშვიათი საგნებია და შეძენილი ვალიუტის ერთი ნაწილი უნდა შემოვიდეს ჩვენს სახელმწიფოში, მეორე ნაწილით კი იქნას შეძენილი იმავე ევროპის ბაზარზე საჭირო საგნები, რომელიც იქ შედარებით იაფია. რას ვხედავთ სინამდვილეში? ჩვენში შემოაქვთ საზღვარ გარეთიდან დიდძალი საქონელი და გვაწვდიან აუტანელ ფასებში. აქ ყიდულობენ სავალიუტო საგნებს იაფ ფასებში და გააქვთ ევროპაში დიდ ფასებში, რომ გაყიდონ. ხდება ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, რაც სახელმწიფოს დამღუპველია თავისი შედეგებით.

დღეს მთელი კაცობრიობა განიცდის ფინანსიურ კრიზისს. ფულის კურსი დღითი დღე ეცემა და ეს ემართება არა მარტო ომში დამარცხებულ სახელმწიფოებს, ვალიუტის კურსი ეცემა გამარჯვებულ სახელმწიფოებშიაც. თუ რა ჩქარი ნაბიჯით მიდის ფულის ღირებულების დაცემა, გვიჩვენებს შემდეგი ცხრილი.

ლონდონის კოტიროვკა:

ერთ გირვანქა სტერლინგში იძლეოდენ:
1 დეკემბერი:
დოლლარებს - 4,00
ფრანკებს - 39,47
იტალიის ლირებს - 49,30
გერმანიის მარკებს - 183
ავსტრიის კრონებს - 600.
9 იანვარი:
დოლლარებს - 3,74
ფრანკებს - 42
იტალიის ლირებს - 50,35
გერმანიის მარკებს - 191 ½
ავსტრიის კრონებს _
15 თებერვალი:
დოლლარებს - 3,46
ფრანკებს - 48,37
იტალიის ლირებს - 60,50
გერმანიის მარკებს - 336,50
ავსტრიის კრონებს - 1150.

პროცენტობით რომ ვიანგარიშოთ, დავინახავთ, რომ ორ თვე ნახევარში ფრანკების და ლირების კურსი დაეცა 40 პროცენტზე მეტად; კრონა და მარკა დაეცა დაახლოვებით 100 პროცენტით ერთი თვე ნახევრის განმავლობაში; თვით ინგლისის ვალიუტამ დაჰკარგა ორ თვე ნახევარში 15 პროცენტი.

ამ კურს დაცემულ ფულებში ჩვენმა ქვეყანამ უნდა აძლიოს სავალიუტო საქონელი, რომელსაც დიდი ღირებულება აქვს. აქვე უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მეტად ცუდად მოქმედებს ჩვენი ფულის ბაზარზე: ეს ის შეუსაბამობაა, რომელიც არსებობს ტფილის-ბათუმის და დასავლეთ ევროპის კურსს შორის. ტფილისის კურსებით ერთ და იმავე დროს სტერლინგები, ფრანკები, ლირები, კრონები ფასობენ მეტს, ვინემ ამას ევროპის პარიტეტები გვიჩვენებენ.

იმ ცნობების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, პარიზში სამ თებერვალს ერთ დოლლარში უნდა მიგეცათ თითქმის 6 შილლინგი, ჩვენში კი დოლლარი უდრიდა 4 შილ. და 2 3/4 პენსს. ამრიგად, გირვანქები ჩვენში უფრო ძვირად ფასობდა, ვინემ პარიზში 34 პროცენტით. ასეთივეა მდგომარეობა ფრანკების, ლირების, მარკების. ფრანკები და ლირები ღირდა 57 და 45 პროცენტით მეტი, მარკები - 361 პროცენტით. ე. ი. რაც უფრო ეცემა ვალიუტა, რაც ის უარესია, მით უფრო მეტი ღირს ჩვენს ბაზარზე. ჩვენი სახელმწიფო ჰყიდის საქონელს ფრანკებზე, ლირებზე, გირვანქებზე იმ ფიქრით, რომ ის ღირს ამდენი და ამდენი და შემდეგ, როცა მან ევროპაში უნდა შეიძინოს ამ ფულებით საჭირო საქონელი, გამოდის, რომ ამ ფულს აქვს ნაკლები ღირებულება. რასაკვირველია, საზღვარ-გარეთ ფირმებს ადგილობრივ მომქმედთ დიდებულად ესმით, თუ რა ხდება საზღვარ-გარეთ. ამ მოვლენასთან საჭიროა ბრძოლა. ჩვენის აზრით, უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები:

1. სავალიუტო ბაზრის რიგიანად მოსაწესრიგებლად საჭიროა სავალიუტო მონოპოლიის შემოღება.

2. საჭიროა ყოველ დღე მიღება ლონდონის თუ პარიზის კოტიროვკის.

3. მთავრობამ საქონელი უნდა აძლიოს იმ ვალიუტაში, რომელსაც დამდგარი კურსი აქვს.

4. უნდა აღკრძალულ იქნას შემოტანა იმ ფულის ნიშნების, რომელთა კურსი სწრაფად ეცემა.

გარდა ამ ზომებისა, საჭიროა უშუალო კავშირის დაჭერა იმათთან, ვისაც ჩვენი თამბაქო და მარგანეცი ესაჭიროება. გარდა ამისა, უნდა გაუმჯობესდეს თამბაქოს და მარგანეცის მონოპოლიის საქმე.

ეხლა მე უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება გადასახადის შემოღებას შემოსავლის კვალობაზე. აქ მოგახსენეს, რისთვის აქამდი არ იქნა შემოღებული გადასახადები შემოსავლის კვალობაზეო. ბატონებო, თვით ის სახელმწიფოები, სადაც ცხოვრება უკეთაა მოწყობილი, როგორც ინგლისი და გერმანია, იქაც გაძნელდა ამ გადასახადების შემოღება. ინგლისში, მაგალითად, გადასახადები შემოსავლის კვალობაზე შემოღებულ იქნა 1798 წელს, გერმანიაში კი მხოლოდ 1875 წლიდან ვრცელდება მთელს სახელმწიფოზე. ჩვენში ამ ნიადაგზე უკვე დაიწყო მუშაობა და იმედი უნდა ვიქონიოთ, ახლო მომავალში ჩვენშიაც იქნება იგი შემოღებული.

მე, ბატონებო, მოკლედ მოგახსენებთ ზოგიერთ ზომებზე, რომელნიც უნდა იქნას მიღებული ჩვენი ფინანსიურ-ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აქ სხვა ორატორებმაც მიუთითეს ზოგიერთ ზომებს და ვიმედოვნებთ, თუ ყოველივე ის განვახორციელეთ რაც აქ ითქვა, მაშინ მომავალი წლისთვის ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება (ღლონტი: საეჭვოა!).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. კედიას ეკუთვნის.

ს. კედია (ერ.-დემ.): დამფუძნებელ კრების წევრნო! კამათი ბიუჯეტის შესახებ მეტისმეტად გაგრძელდა და დამფუძნებელი კრების ყურადღებაც ძალზედ დაიღალა. მე ამას ანგარიშს გაუწევ და ვეცდები, რაც შეიძლება მოკლედ ამოვწურო მრავალი მასალიდან სანიმუშოდ მხოლოდ ორიოდე, რომელიც სრულიად საკმარისად მიმაჩნდა საერთო ეკონომიური დაშლა-დაქვეითების ცხადსაყოფლად და ჩვენი დიდი დეფიციტიანი ბიუჯეტის ასახსნელად. ვიდრე საგანზე გადვიდოდე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დამფუძნებელი კრებიდან ადამიანი ყოველთვის ერთი და იგივე შთაბეჭდილებით გამოდის: რომ პასუხისმგებელი უმრავლესობა ჩვენი პარლამენტისა ვერ ბედავს მთავრობის მხილებას, მისი უმოქმედობის თუ ცუდი მოქმედების დაგმობას იმ შემთხვევაშიაც, როდესაც ეს ყველასათვის ცხადია და აშკარა, მე მგონია, ასეთი წესების გამეფება უმრავლესობით ფრაქციის ღირსებას ამცირებს და ლახავს; რომ პარლამენტის უმრავლესობა მთავრობას პასუხისმგებლობაში ჩააყენებდეს და ეტყოდეს, - აი ამ საქმეში შემცდარხარ და მომავალში თვალი ფხიზლათ გეჭიროსო, თქვენ ამაში დამეთანხმებით; ღირსება დამფუძნებელი კრებისა საერთოდ და მისი უმრავლესობისა კერძოდ, უფრო აიწევს ხალხის თვალში, მაგრამ სამწუხაროდ დამფუძნებელ კრებაში ამას ვერასოდეს ვერ ვხედავდი და ახლაც, საბიუჯეტო კამათის დროს, როდესაც მოვისმინე მემარცხენე ოპოზიციის და მთავრობის პარტიის სიტყვები, ისევ ის შთაბეჭდილება შემიდგა (ცინცაძე: მემარჯვენე ოპოზიცია რას ამბობს?). თქვენს წინაშე წარმოდგენილია ბიუჯეტი 1919-1920 წწ., ისიც არა მთელი წლისა, არამედ გასული წლის 7 თვისა.

საფინანსო კომისია ვალდებული იყო ეხმარა ყოველი ღონისძიება და წარმოედგინა დამფუძნებელი კრების წინაშე მთელი გასული წლის შემოსავალ-გასავლის მოძრაობა. და როდესაც იგი, ამის ნაცვლად, შემოდის მთლად ნახევარი წლის ბიუჯეტით, ცხადია, რომ დამფუძნებელი კრება ვერ დარჩება დაკმაყოფილებული მისი მუშაობით. ხსენებული კომისიისადმი საყვედურს კიდევ გარემოებაც აორკეცებს, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში სრულებით არ შედის ერთი დიდი სამინისტროს ხარჯთ-აღრიცხვა. როდესაც კომისია ასეთი დიდი დეფექტით წარმოადგენს ბიუჯეტს, დამფუძნებელმა კრებამ ეს ბიუჯეტი უნდა უკან დააბრუნოს. კომისიის ასეთი ზერელე ზედამხედველობა სახელმწიფო ფინანსებზედ ჩვენგან მოწონებას ვერ მიიღებს.

ბიუჯეტში, საერთო რიცხვით, სახელმწიფოს გასავალი მხოლოდ 7 თვის განმავლობაში ნავარაუდევია თითქმის 2 მილიარდი, შესავალი კი აღნუსხულია - 1.163.564.485 მან. ამ ციფრების დაპირდაპირებიდან ირკვევა დეფიციტი 790 მილიონი. მაშასადამე, მარტო ამ ორი რიცხვის დაპირდაპირება გვეუბნება, რომ საქმე კარგათ ვერ არის. მაგრამ ეს ციფრი მართალი ციფრი არ არის. ჩვენ გაცილებით მეტი დეფიციტი უნდა ვიგულისხმოთ. შემცდარი არ ვიქნები, თუ ამას მიუმატებთ იმ თანხას, რომელიც შემოსავალშია ნავარაუდევი, სახაზინო ქონებასა და თანხებიდან არც შემოსულა და ჯერ-ჯერობით ვერც შემოვა. ასე რომ, დეფიციტი მილიარდ ნახევარს მარტო ამ შემთხვევაში უწევს. ეს ფაქტი ძლიერ დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო დამფუძნებელ კრების წევრთათვის, მიუხედავათ მათი პოლიტიკური დიფერენციაციისა. მაგრამ ეს ციფრიც ცოტაა, დეფიციტი კიდევ მეტია და ეს „მეტი“ სისწორით დღეს, ვატყობ, არავინ იცის. ამავე დროს ჩვენი ფულის კურსი თან და თან ეცემა. თუ შარშან ამ დროს გირვანქა სტერლინგი 300 მან. ღირდა, დღეს იგი 3.000 მან. ღირს. ჩვენ ვდგევართ ასეთი ფაქტის წინაშე: ერთის მხრით, მილიარდებიანი დეფიციტი, მეორე მხრით, ჩვენი ფულის კურსის თანდათანი დაცემა.

თუ ეს ორი მოვლენა ასე ერთი მეორის პარალელად განვითარდა, ჩვენ მალე კატასტროფას მივადგებით. ასეთი არის ფაქტი, სინამდვილე. იგი მეტად მძიმეა და სამწუხარო. ამ სინამდვილეს ყველა ორატორმა, მიუხედავად მისი პარტიული რწმენისა, უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება და მიუდგომლათ აღნიშნოს მთავრობის როლი ამ მდგომარეობის შექმნაში და პასუხიც მას თხოვოს, თუ ეს მისი პოლიტიკის წყალობით აღმოჩნდება. ამის შემდეგ ჩემთვის გაუგებარია ის მორალური კმაყოფილება, რომელიც გამოიჩინა უმრავლესობის ფრაქციამ ოპოზიციასთან კამათის დროს და ის, რომ მან მთავრობა ყველაფერში გაამართლა. თუ თქვენ გაცნობილი ხართ იმ სარევიზიო მასალას, რომელიც დაგროვდა ამ ორი წლის განმავლობაში, თქვენ არ შეგიძლიათ კმაყოფილი იყოთ იმ მეურნეობით, რომელსაც მთავრობა აწარმოებს ჩვენს უწყებაში. ასეა, როდესაც უმრავლესობის ფრაქცია მთავრობას ყველაფერში ტაშს უკრავს. ჩვენ იძულებული ვართ ვსთქვათ, რომ იგი სახელმწიფოს ინტერესის შეგნებამდე ვერ ამაღლებულა (ხმა: დაივიწყეს!).

ასეთია ჩვეულებრივი საქციელი და სურათი დამფუძნებელი კრების მუშაობისა. მე მგონია, დროა ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ თავი სხვანაირათ დავიჭიროთ, შევქმნათ სხვა სურათი, გამოვსძებნოთ სხვა ენა და მეთოდი...

ეხლა მომარაგების სამინისტროს მიუბრუნდეთ. მომარაგების სამინისტრო დაიბადა ამ შვიდი თვის წინეთ და ამ ხნის განმავლობაში მას თავისი ანგარიში არ წარმოუდგენია.

მას არ გაუცვნია დამფუძნებელ კრებისთვის თვისი მოქმედება და არ ვიცი, რა ხდება ან რის გაკეთება შეუძლია. მას არ აქვს დამფუძნებელ კრების მიერ დამტკიცებული შტატი და ბიუჯეტი და ამ დარგში ბ-ნი მინისტრი ისე იქცევა, როგორც მოენებება. ეს შეუწყნარებელი მოვლენაა, რომელიც უნდა აღნიშნოს ყოველმა წევრმა, მიუხედავათ პარტიულ ვინაობისა. მომარაგების სამინისტრო ძალიან შინაურულად მოეწყო და მოქმედებს. მომარაგების სამინისტრო არ სცნობს ხაზინას და მის ფუნქციებს. თუ ჩემი ცნობა მართალია, რესპუბლიკის ხაზინაში არ შესულა, ასე ვთქვათ, ერთი გროში იმ სავალიუტო საქონლის ღირებულებიდან, რომელიც მან გაანაღდა. მაგ., მომარაგების სამინისტრომ გაჰყიდა საზღვარ-გარეთ პარკი და შემოსული ფული, 600.000 ფრანკი, რომელიც აიღო, სახელმწიფო ხაზინას არ უნახავს. ხაზინაში არ შემოსულა არც სხვა სავალიუტო საქონელი და აღებული ფული. მაგალითად, არც მატყლის, თამბაქოსი და არც მარგანეცის ფული. ხოლო მომარაგების მინისტრი ვალდებული იყო ეს ფული შეეტანა. დღეს არ ვიცით, რა გვაქვს და სად ძევს ის, რაც გვაქვს. მომარაგების სამინისტრო, როგორც მოეპრიანება, ისე ატრიალებს მილიარდებს და არ ვიცით მისი შტატი. იგი, ასე ვთქვათ, არა ლეგალური სამინისტროა (ხმა: ეს ახალ ბიუჯეტში შევა ალბათ?). თუ მართალია ჩემი ცნობა, მომარაგების სამინისტროში დანიშნულია მაღალი ჯამაგირები, ისეთი, როგორიც არც ერთ სამინისტროში არ მოიპოება. თქვენ წარმოიდგინეთ, განყოფილების უფროსს ქონია ჯამაგირი 20-25.000 მან. და გარდა ამისა, იღებენ თურმე ეგრედ წოდებულ «лично присвоенный»-ს. ყოვლად შეუწყნარებლად უნდა ჩაითვალოს სამინისტროს ამგვარი მოქმედება და მისი ამ სახით არსებობა. ჩვენ მოვითხოვთ სამინისტროს მოქმედება სავსებით გადაიშალოს დამფუძნებელი კრების წინაშე, რადგან ამ ბიუჯეტზე ბევრი რამ ითქვა. იგი ფაქტიურად უკვე გაწეულია და ფორმალურადაც უკვე დადასტურებული იყო გასული წლის განმავლობაში. მაზე სიტყვის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება რეალური ხარჯის შემოკლების თვალსაზრისით. ამიტომ მე შევეცდები მის დეტალურ განხილვას გვერდი აუხვიო და დავხატო თქვენ წინაშე იმ ეკონომიური პოლიტიკის შედეგები, რომელსაც მთავრობა აწარმოებდა ამ ხნის განმავლობაში და რომელსაც ჩვენ მივყევართ მუდმივი დეფიციტისკენ.

ჩვენი ბიუჯეტის გასავალი, ფულის კურსის გამაგრება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენის გაგვაქვს და რამდენის შემოგვაქვს. თუ გამოირკვა, რომ ჭამაში უფრო მამაცნი ვართ, ვიდრე წარმოებაში, მაშინ ცხადია, ჩვენი ბიუჯეტის გამოსწორება განუხორციელებელი ოცნება იქნება. ბიუჯეტის გამოსწორება დამოკიდებულია სავაჭრო ბალანსის სისწორეზე და ამ მხრივ უნდა მოგახსენოთ, ჩვენი მდგომარეობა ვერ არის კარგი. ეს განვლილი 1919 წელი გათავდა სავაჭრო ბალანსის მხრივ საგრძნობი დეფიციტით. შემოვიდა 863 მილ. მანეთი, გავიდა 393. მიღებულია სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. ამგვარად უდრის თითქმის ნახევარ მილიარდ მანეთს. ეს არც გასაკვირველია, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ პოლიტიკას, რომელსაც აქამდის ვაწარმოებდით. რომ ეს პოლიტიკა უფრო ნათელი იყოს, მე საჭიროდ მიმაჩნია ეხლა გადავიდე კონკრეტიულ მაგალითებზე. რადგან მაგალითები ბევრია და მათი აღნუსხვა შორს წაგვიყვანდა, მე გავჩერდები ერთ მაგალითზე, რომელიც არა ერთხელ ყოფილა დამფუძნებელი კრების ყურადღების საგანი. მე სახეში მაქვს თამბაქოს წარმოება.

დღეს თამბაქო ოქროს სწორი საქონელია, ისე როგორც მატყლი, მარგანეცი და პარკი. საკუთარი თქმით, მთავრობა თამბაქოზედ აშენებდა ვალიუტისა და სავაჭრო ბალანსის საქმის გამოსწორებას. ამის მაგიერ მან მოწეული თამბაქოც დაღუპა და ჩვენი სოფლის მეურნეობის ეს უდიდესი დარგიც გაანადგურა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველო ყოველ წლიურად დიდძალ თამბაქოს იძლეოდა, დაახლოვებით 800.000 ფუთს. მოსალოდნელი იყო, რომ მთავრობა ამ დიდს სამეურნეო დარგს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა და არ მიიღებდა ისეთ ზომებს, რომელიც ამ თამბაქოს მოყვანას სასიკვდილოდ დასჭრიდა. მოლოდინი გაცრუვდა. გამოუცდელის ხელით იგი ეძგერა როგორც თამბაქოს გასაღების საქმეს, ისე მის მოწევის საქმესაც და ამის შედეგად ეს სამეურნეო დარგი დღეს-დღეობით განადგურებულად უნდა ჩაითვალოს. მცოდნე პირთა ცნობით, წელს 20-30.000 ფუთზე მეტი არ მოვა (ღლონტი: თქვენი წრეებია დამნაშავე!). ამას ჩვენ ვნახავთ.

თამბაქოს კულტურა თავის-თავად არ აღმოცენებულა საქართველოში. ეს იყო შედეგი იმ წრეების მიზან-შეწონილი ეკონომიური საქმიანობის, ცოდნისა და ტეხნიკის, რომელთაც თამბაქოს მრეწველობა სპეციალობად ჰქონდათ დასახული. ამ 20 წლის განმავლობაში მიზან-შეწონილმა და განუწყვეტელმა მზრუნველობამ საქართველოს მეურნეობის ეს დარგი ერთ უმაღლეს და უდიდეს დარგად გახადა. მისი წლიური წარმოება წლიდან 800.000 ფუტამდე აიყვანა! უვიცად წარმოებულმა მონოპოლიამ არამც თუ წინ ვერ წასწია საქმე, არამც თუ არსებული მდგომარეობა ვერ შეინახა, არამედ მთელი საქმე ერთბაშად ძირს დასცა და 800.000 ფუთიდან 20-30.000 ფუთამდე ჩამოიყვანა.

საქართველოში მოწეული თამბაქოდან საქართველოს საზღვრებში ყოველ წლიურად მუშავდებოდა დაახლოვებით 100-150 ათასი ფუთი, დანარჩენი 600.000 ათას ფუთზე მეტი რუსეთსა და უცხოეთში გაჰქონდათ. ბოლო წლებში უცხოეთში გაჰქონდათ დაახლოვებით 80.000 ფუთი, რუსეთში კი - დაახლოვებით ნახევარი მილიონი. ომის წინანდელი ბაზარი რომ ვიანგარიშოთ, ფუთი 15 მანეთი და გატანილი თამბაქოს რაოდენობა ნახევარი მილიონი ფუთი, - მთელი გატანილი თამბაქო ეღირება 7-ნახევარი მილიონი მანეთი, რაიცა დღევანდელის კურსით სულ ცოტა ორ მილიარდ მანეთს უდრის. დღეს გირვანქა სტერლინგი ღირს 3 ათასი მანეთი. ასე რომ, მთავრობას რომ სათანადო ანგარიში გაეწია და მეტი სიფხიზლე გამოეჩინა ამ თამბაქოს საქმეში, დღეს საქართველოს ხაზინა დიდი თანხის პატრონი იქნებოდა და მომავლისთვისაც ეს მილიარდები უზრუნველყოფილი იქნებოდა. მაგრამ, როგორც გითხარით, ეს ასე არ მოხდა და თამბაქოს წარმოება დაეცა.

მცოდნე პირთა გამოკვლევით, ერთი დესეტინა თამბაქოს მოწევა მიმდინარე 1920 წელს საშუალოდ 96.000 მანეთი ჯდება. დესეტინაზე მოდის საშუალოდ 50 ფუთი. ფუთი საშუალოდ დაჯდება 1.920 მანეთი. მთავრობა კი შარშანდელი მოსავლის ერთ ფუთ თამბაქოში, რომელიც იძულებით მიაქვთ, აძლევს 550-650 მანეთს, თითქმის ოთხჯერ ნაკლებს. ასე რომ, თამბაქოს მწარმოებელი ვერას გზით ვერ შესძლებს გასული წლის მოსავლის კაპიტალით წელს იმის მეოთხედიც დაამუშავოს, რაც შარშან დაუმუშავებია. ვინ იცის, რამდენი წელიწადი იქნება საჭირო, საქართველოს თამბაქომ ძველი პატივი და დიდება დაიბრუნოს! ნუ თუ ამის შემდეგ ცხადი არ არის, რომ თამბაქოს საქმე მთავრობამ თავისი საკუთარი ძალით გაანადგურა! რომ მან გააჩანაგა და მოსპო `სოციალისტური~ მეთოდით და პოლიტიკით სოფლის მეთამბაქოვე, სოფლის წარმოება და რომ მან სამშობლოს ხაზინას ათასი მილიონები დაუკარგა, დღევანდელის ღირებულებით რომ ვიანგარიშოთ. ნუ თუ პასუხისმგებლობას და დანაშაულობას ვერ გრძნობს მთავრობა და ის ფრაქციები, რომელნიც მას შველოდენ ჩვენი ქვეყნის ამ ერთი უდიდესი დარგის დამხობაში?! ნუ თუ ასეთი მწარე ნაყოფის შემდეგაც მთავრობა და მისი ფრაქცია არ შეაყენებს თვის გამანადგურებელ გულისთქმას? ნუ თუ დანაშაული არ არის სხვისი მოწეული და წელთა განმავლობაში დაგროვილი თამბაქოს ერთბაშად ხელში ჩაგდება? ფულის ერთბაშად შოვნის მიზნით ერთიანად გაანადგურა საშვილიშვილო საქმე, დიდის გარჯით და ცოდნით შექმნილი!

მაშ დავიხსომოთ, რომ მთავრობისა და უმრავლესობის ფრაქციის პოლიტიკამ ჩვენს ქვეყანას მოაკლო დიდი შემოსავლის წყარო და უხვი სავალიუტო საქონელი; რომ მან მოჰკლა დიდი სიცოცხლის პატრონი სამეურნეო დარგი!

ახლა ამ თამბაქოს გადამუშავებაზე ვილაპარაკებ და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი მთავრობა მისდევდა. საქართველოში რამოდენიმე კარგად მოწყობილი ქარხანა მუშაობდა. საქართველოს თამბაქოს ქარხნების ნაწარმოების ბაზარი იყო რუსეთი, ჩრდილო-კავკასია და ადერბეიჯანი. თამბაქოს მრეწველებს შესწავლილი ჰქონდათ თავისი ბაზარი და ყოველ ქვეყანას მის გემოსთან შეფარდებულ თამბაქოს აწვდიდენ. ამ საქარხნო წარმოებას ჩვენში ჰქონდა თვისი ტრადიციები და კულტურა და მრეწველებს ახასიათებდა საქმის ცოდნა.

ვინაიდან სახელმწიფოს ბალანსის სიკარგე ექსპორტზეა დამოკიდებული, ჩვენი მთავრობა უნდა ცდილიყო გაემაგრებია არსებული წარმოება მაინც. მთავრობა სულ უკუღმა მოიქცა.

თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ იმ მასალებს, რომელიც დაგროვილია ამ საკითხის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობით და დავალებით, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ პასუხისმგებელ წრეებს: ვაჭრობის სამინისტროს, მთავრობას და მმართველ ფრაქციას ყოველი ზომა მიუღიათ ამ საქარხნო წარმოების გასაჩანაგებლად, ამ მრეწველობის დასაცემად (ღლონტი: თქვენი ამხანაგი!).

როგორც ყოველი წარმოება, თამბაქოს წარმოებაც მოითხოვს, ერთის მხრივ მუშა ხელს, მეორე მხრივ საწარმოვო მასალას. ერთი ნაწილი თამბაქოს წარმოებისათვის საჭირო მასალა ჩვენს ქვეყანაში იშოვება, ხოლო მეორე - ქაღალდი - განსაკუთრებით უცხოეთიდან მოდის. საჭირო იყო, რომ ჩვენ ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ამისთვის ყურადღება მიექცია და ჩვენი ქარხნები უზრუნველეყო ამ მასალებით, მაგრამ ამისთვის მას თითი არ გაუნძრევია. დღეს კი, როგორც ირკვევა, ეს ქაღალდი ილევა. ტრანსპორტის მოუწყობლობის გამო ამ მასალის შემოზიდვა კერძო პირების მიერ მეტად გაძნელებულია და ახლო მომავალში ამ ქარხნებში შეიძლება წარმოება სრულიადაც შესწყვიტონ.

რაიცა შეეხება მუშა ხელის მდგომარეობას ამ ქარხნებში, ესეც უნდა გავხადო თქვენი ყურადღების უფრო ხანგრძლივ საგნად. ბატონი ღლონტი ბრძანებს, რომ არავინ ზრუნავს მუშების შესახებ; რომ ისინი დაჩაგრული არიან და რომ უმრავლესობის ფრაქცია ორგულობას იჩენს მუშების მიმართ. რომ ასე არ არის, ამას შემდეგიდან დავინახავთ; კიდევ მეტი, დავინახავთ, რომ მმართველი პარტია მარტო მუშებისთვის ზრუნავს და ცალმხრივი ზრუნვა ჰჩაგრავს მწარმოებს და უკან ჰხევს ცხოვრებას. ხოლო თუ ჩვენი მიზანია ეროვნულ მეურნეობის დაწინაურება და სახელმწიფოს ეკონომიის გაძლიერება, ჩვენ ვალდებული ვიქნებით ერთნაირად დავიცვათ როგორც მუშათა, ისე მრეწველთა ინტერესები და შევებრძოლოთ, თუ რომელიმე მათგანის მადა და შემოქმედება ჩვენი ქვეყნის საზიანოთ იქნება ამოძრავებული.

მე მგონია, რომ უმრავლესობის ფრაქციას, რომელსაც ხელთ უპყრია სახელმწიფოს საჭე და რომელმაც საბოლოო ანგარიშში მხოლოდ ერის ინტერესი უნდა დაისვას, შეუძლებელია ჰქონდეს სხვანაირი საზომი, გარდა სახელმწიფოებრივი საზომისა. თუ იგი ამ პოზიციაზე არ იდგება, ცუდ სამსახურს გაუწევს სახალხო მეურნეობას.

ბატონებო, რევოლიუციურმა არევ-დარევამ, ბაზრის სივიწროვემ აუცილებელი გახადა, ამას უნდა მოყოლოდა მუშათა რიცხვის შემოკლებაც. მუშათა ლიკვიდაციის საკითხი მორიგ დღიურ საკითხად გადაიქცა. ამის მოგვარება მიენდო საგანგებო კომისიას, რომელიც ქალაქის გამგეობასთან არსებობს. და როდესაც ქარხანაში მუშაობის შემცირების გამო მრეწველი იძულებული ხდებოდა ზედმეტი მუშა-ხელი დაეთხოვა, იგი ამ კომისიის დაბრკოლებას წააწყდებოდა. მრეწველის ყოველ ნაბიჯს, რომელიც წარმოების რაციონალურ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყო გადადებული, დაუძლეველი წინააღმდეგობა დახვდებოდა. სულ აღძრულ იყო 54 შუამდგომლობა; აქედან სალიკვიდაციო კომისიაში თუ ყოფილა მხოლოდ სამი, მხოლოდ 3 პროც.!!..

ხოლო თამბაქოს წარმოების მაშინდელი მდგომარეობის მიუდგომელი შესწავლა ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელს ყოფდა მუშათა რიცხვის შემცირებას. მაგრამ მწარმოებელი მაინც იძულებული გახადეს შეენახა ზედმეტი მუშა ხელი, რომელსაც მის ქარხანაში სამუშაო მასალა არა ჰქონდა და გულხელ დაკრებილი იჯდა. ასე აცხოვრებდნენ ქვეყნის მეურნეობის საზარალოდ უქმად მყოფ მუშებს მრეწველის და წარმოების ხარჯზე. ეს არის ძალით წახჩობა ეკონომიური ცხოვრების უდიდესი შემოქმედი ძალისა - მრეწველობისა და კაპიტალისა. ეს ოპერაცია მარტო კერძო მრეწველს კი არ სპობს, არამედ მას მოაქვს მთელი ჩვენი ქვეყნის ნივთიერი და სულიერი კულტურულის შეყენება-განადგურება.

ამას გარდა, ამ რევოლიუციის ხანაში შემჩნეული იყო ერთის მხრით მუშათა ხელფასის ზრდა და მეორის მხრით, მუშის წარმოებითი ნაყოფიერების შემცირება. 1917 წლის დასაწყისში, - მე ყოველთვის სახეში მაქვს თამბაქოს ქარხნის მუშა, - მუშა თვიურად საშუალოდ იღებდა 45 მან., 1918 წლის დასაწყისში - 390 მან.,1919 წლის დასაწყისში - 970 მან. ბოლო დროს, 1920 წლის დასაწყისში - 3.200 მან. თვიურად, ე.ი. 1917 წლის იანვრიდან 1920 წლის იანვრამდე ხელფასი გაიზარდა 70-ჯერ და ამავე დროის განმავლობაში შრომის ინტენსიობა 43 პროც. დაეცა ამ მოვლენაში წილი უდევს ტეხნიკური ხასიათის პირობებსაც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მუშათა შრომის ნაყოფიერება კლებულობს.

აი, მაგალითად, 1916 წელში მუშას წლიურად საშუალოდ უწევდა 2771 გირვანქა გადამუშავებული ფოთოლი თამბაქო, 1919 წელში კი იგივე მუშა ამუშავებდა 1368 გირვანქას. ასე რომ, თამბაქოს ქარხნებში დღეს მუშა ნახევარ ენერგიას იძლევა და 70-ჯერ მეტ ხელფასს ღებულობს. ამნაირად, დავადგინეთ წარუხოცებელი ფაქტი: შრომის ნაყოფიერების ძალზე დაცემა და მუშათა ხელფასის დიდი ზრდა. გეკითხებით, რა წარმოება იხეირებს ასეთ პირობებში? ან ქვეყანა როგორ იარსებებს?

ეხლა საინტერესოა ის, თუ ეს შრომის ხელფასი რამდენი პროცენტით შედის ნაწარმოების ერთეულში: 1916 წელს შრომის ხელფასი ათას ცალ პაპიროსზე უდრიდა 50 კაპ.,1917 წელს - 2 მან., 1918 წელს - 10 მან., 1919 წელს - 40 მან.; 1920 წლისათვის გამოთვლილია დაახლოვებით 180 მან., მაგრამ სინამდვილე ამ უკანასკნელ ციფრს გადააჭარბებს.

ეხლა ვნახოთ შრომის ხელფასი, თუ რამდენ პროცენტს შეადგენს ნაწარმოების საერთო ღირებულებაში. თუ ნაწარმოების ღირებულება ციფრი „ასით“ გამოვსთქვით, დავინახავთ, რომ 1916 წ. შრომის ხელფასი შეადგენდა ნაწარმოების ღირებულების 19 პროც., 1917 წ. - 23 პროც., 1918 წ. - 33 პროც., 1919 წ. - 40 პროც., 1920 წ. - 50 პროც. ამნაირად, საგნის თვით ღირებულებაში მუშის ხელფასს უჭირავს მთელი ღირებულების ნახევარი. ბატონებო, ეხლა ვნახოთ სააქციზო გადასახადი.

თამბაქოზე სააქციზო გადასახადი შემოვიღეთ. არ იკითხავთ, როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო, ან მთავრობა, ან დამფუძნებელი კრება და რამდენად დაიცვეს მათ თამბაქოს ეროვნული მრეწველობა! ეს მეტად საინტერესოა და მეც ამაზე ცოტა ხნით შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

მე ავიღებ სააქციზო გადასახადს აზერბაიჯანსა და საქართველოში და ერთი მეორეს შევადარებ; თანაც მოგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე დროს საქართველოში ეცემოდა თამბაქოს წარმოება, ხოლო აზერბაიჯანში იგი მატულობდა და ამ მოვლენაში წილი უდევს სააქციზო გადასახადებს. ერთსა და იმავე უმაღლესი ხარისხის ას პაპიროსზე, 1000 ცალზე, ბაქოში იყო 16 მან. ბანდეროლის ფასი, ჩვენში 100 მან. იმავე რაოდენობის უმაღლესი ხარისხის ბ-ზე ბაქოში 12 მან. ჩვენში 30 უმაღლეს ხარისხის ა-ს ერთ გირვანქა თამბაქოზე - ბაქოში 10 მან., ჩვენში 94 მან. განსხვავება აშკარაა. ამ განსხვავებამ კონკურენციის პროცესში ჩვენი ნაწარმოები დააზიანა.

თქვენ იცით, რომ მთავრობამ გატანილ სავალიუტო საქონელზე შემოიღო ერთგვარი წესი: სავალიუტო საქონლის გატანის უფლების მისაღებად საჭირო იყო მისი ღირებულების 30 პროცენტის წინდაწინ სამინისტროში შემოტანა იმის გარანტიად, რომ სამაგიერო საქონელი საქართველოში შემოტანილი იქნებოდა. მაგრამ ეს სამაგიერო ხშირად არ შემოქონდათ, ხოლო ეს 30 პროც. გაყიდვის დროს ზედ ეკეცებოდა ჩვენი გატანილი თამბაქოს ღირებულებას. რომ ვიანგარიშოთ ბანდეროლი, ხსენებული 30 პროც. გზის ხარჯი, აზერბაიჯანის საბაჟოს ხარჯი, იქ ბანდეროლის გადაკვრის ხარჯი და აგრეთვე სხვა ხარჯები, გამოდის, რომ 1000 ცალი პაპიროსი, რომელიც საქართველოში უბანდეროლოდ ღირდა 150 მან. და აზერბაიჯანში შეტანის შემდეგ ფასობდა 375 მანეთი, მაშინ როცა აზერბაიჯანში დამზადებული იმდენივე პაპიროსი და იმავე ხარისხის ღირდა 180 მან., ასე რომ, საქართველოდან გატანილი 1000 ცალი პაპიროსი გაცილებით უფრო ძვირი იყო, ვიდრე იქ დამზადებული. აზერბაიჯანის ქარხნებისათვის უფრო ხელსაყრელი იყო თამბაქოც ბათომიდან წამოეღოთ, გადაეხადათ გადაზიდვის ფული და პაპიროსები ბაქოში დაემზადებიათ, ვიდრე საქართველოდან გაეტანათ. ამ პირობებში ჩვენი თამბაქოს წარმოება თან და თან მცირდება (ღლონტი ადგილიდან: სადაური თამბაქო იყო აზერბაიჯანში?).

აზერბაიჯანში საკუთარი თამბაქოც არის, თუმცა ძალიან მცირე. მაგალითად, როცა საქართველოში 1914 წელს მოკრიფეს 800.000 ფუთზე მეტი, განჯისა და ბაქოს გუბერნიებში 1914 წ. მოვიდა 45 ათასი ფუთზე ცოტათი მეტი.

მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი მთავრობის ღონისძიებამ შეამცირა ჩვენი წარმოება. ტფილისის ქარხნებში 1918 წ. თვიურად საღდებოდა 92.570 ცალი პაპიროსი, 1919 წელს კი თვეში - 96.673 პაპიროსი. ჩვენში ზოგმა ქარხანამ მუშაობა შესწყვიტა, ზოგმა შეამცირა, გაჩნდა ერთი-ორი პატარა ქარხანა, სადაც მუშაობა ხელით წარმოებს. ტეხნიკურად გამართული და მანქანით მომუშავე ქარხნების ხარჯზე ხელით სამუშაო პატარ-პატარა ქარხნების გაჩენა მრეწველობის გაჩანაგებას ნიშნავს. აზერბაიჯანში ხდება სულ წინააღმდეგი მოვლენა. იქ ქარხნებმა იბარტყეს, გაჩდენ ახალი ქარხნები განჯაში, ნუხაში, ბაქოში. წვრილი ქარხნების გარდა, ბაქოში მუშაობდნენ დიდი ქარხნები მირზაბეკოვისა, სადაც წყებად 400 მუშა მუშაობდა. ამ ქარხანაში 1917 წ. დაამუშავეს 15.000 ფუთი, 1919 წელს დაიმუშავეს 90.000 ფუთზე მეტი. თქვენთვის აშკარაა ჩვენი წარმოების დაცემა და აზერბაიჯანის წარმოების წარმატება.

ეხლა დავინახოთ, რა ურთიერთობაშია ბანდეროლი და ფასი (ღლონტი ადგილიდან: სპეციალისტი გახდით?). დიახ, ბატონო, სხვასაც შეუძლიან თქვენის სპეციალობის შეთვისება. უმაღლესი ხარისხის ა-ს ერთ გირვანქა თამბაქოს აძევს ბანდეროლის ფასი 64 მან. და იყიდება თავისუფალ ფასებში; უმაღლესი ხარისხის ბანდეროლი ღირს 20 მან. და იყიდება 40 მან.

100 ცალი უმაღლესი ხარისხის ა-ს პაპიროსის ბანდეროლი ღირს ჩვენში 10 მან. ხარისხი ბ-ს 3 მან.

პირველი იყიდება თავისუფალ ფასებში და მექარხნეც თავის ზარალს რამოდენიმეთ აქედან ინაზღაურებს; მეორეს ფასი დადგენილია - 6 მანეთი და ამაზე ძვირად მექარხნეს არ შეუძლია მისი გაყიდვა; ხოლო მისი ბანდეროლი, როგორც დაინახეთ, ღირს 3 მანეთი. 6 მანეთიდან 3 მან. ბანდეროლს მიაქვს, დარჩენილმა 3 მანეთმა უნდა დაფაროს მასალაც, მუშის ხელფასიც და სხვა ხარჯები! განვაგრძოთ. ასი ცალი პირველი ხარისხის პაპიროსის ბანდეროლი ღირს 2 მან. 50 კ., მეორე ხარისხის თამბაქოს ბანდეროლი ღირს 1 მ. 84 კ., ხოლო მისი გაყიდვის ფასი არის 4 მ. 50 კ. ბანდეროლი მესამე ხარისხის თამბაქოს, რომელსაც უფრო დემოკრატიაში აქვს გასავალი, ღირს 1 მ. 50 კ. მისი გაყიდვის ფასია 3 მან. 50 კ. ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ მესამე ხარისხის თამბაქოს ბანდეროლს მიაქვს 1 მან. 50 კ., თვით კი ღირს 3 მ. 50 კ. (თ. ღლონტი: რამდენს იღებს მექარხნე?). მექარხნეს არ აქვს უფლება მეტად გაყიდოს. ასე რომ, 50 პროც. ამ თამბაქოს ღირებულებისა აქციზს მიაქვს. ეს სააქციზო გადასახადი დავაწესეთ 1919 წ. 31 ივლისს, ხოლო ეს მტკიცე ფასები პაპიროსებსა და თამბაქოზე დავაწესეთ 1918 წ. ამგვარად, ჩვენ ანგარიში არ გაუწიეთ იმას, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა სხვა საგნებისა და თამბაქოს ფასი; რომ გაიზარდა მუშის ხელფასი; რომ იმატა ქაღალდის ფასმა. ასეთ პირობებში ნუ თუ მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რომ მთავრობა და დამფუძნებელი კრება, თუ ისინი დაინტერესებულნი იყვნენ თამბაქოს წარმოების ბედით, ასწევდენ გაყიდვის ფასებს? მაგრამ მმართველი ორგანოები არ ფიქრობენ ჩვენი ეროვნული წარმოების კეთილდღეობაზე.

ეხლა ვნახოთ, თუ რა ნაწილი უჭირავს ცარიელი გილზის ფასს.

100 ცალი ცარიელი გილზი ღირს 10 მან., ხოლო თუ ზედ დავაკეცეთ 30 პროცენტიანი სააქციზო გადასახადიც, რაიც ახლო მომავალშია განზრახული, მისი ფასი 18 მანეთამდე აიწევს.

ამავ დროს, ეს 100 ცალი გილზი სხვა და სხვა მანქანაში გატარებული და გატენილი თამბაქოთი, ღირს 2 მან. აქედან, ბატონო ღლონტო, ცხადია ის მოგება, რომელიც რჩება მექარხნეს (ლორთქიფანიძე: როგორ, ასი ცალი 2 მანეთად?). დიახ, ვინაიდან 100 ცალი პაპიროსი მესამე ხარისხისა ბაზარზე სავალდებულო უნდა გაიყიდოს 3 მ. 60 კ., მარტო ბანდეროლში კი უნდა გადახდეს 1 მ. 50 კ. მაშასადამე, ამ ასი ცალი პაპიროსისათვის საჭირო ნედლი მასალის, შრომის ხელფასის, სხვა საწარმოვო მასალისა და სხვა და სხვა სავაჭრო ხარჯების დასაფარავად რჩება 2 მ. 10 კ. ამგვარად, ცარიელი 100 გილზის გაყიდვა ბევრად უფრო ხელსაყრელია მექარხნისათვის, ვიდრე ასი ცალი პაპიროსის. მოკლედ, ცარიელი გილზი მეტი ფასობს, ვიდრე გილზი თამბაქოთი გატენილი! აი ეს არის თქვენი სოციალისტების ეკონომიური შემოქმედება!

ასეთია მდგომარეობა თამბაქოს წარმოებაში. თუ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ ამ გარემოებას და დროზედ არ უწამლეთ, თამბაქოს წარმოებას სრული განადგურება მოელის (ხმა ადგილიდან: რამდენი ქარხანა დაიკეტა?). იქნებ მეტიც გაიხსნა, ვიდრე დაიკეტა, მაგრამ მე მოგახსენეთ, რომ დაიშალა ტეხნიკურად გაუმჯობესებული და მოწესრიგებული წარმოება და იმრავლა საშინლად ხელთა წარმოებამ. საერთოდ წარმოებამ იკლო და განადგურებას დაადგა (თ. ღლონტი: სადაური ეკონომია?!) მე ფაქტს მოგახსენებთ. თუ ყველა ის ცნობები, რომელიც მე მაქვს და რომელიც შედეგია სპეციალური შესწავლისა, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელმძღვანელობს, სწორი და მართალი ცნობებია, მაშინ დამეთანხმებით, რომ თამბაქოს წარმოება დიდ განსაცდელში ყოფილა ჩავარდნილი და ეს მოხდა ყველა იმ პასუხისმგებელი ორგანოების მეოხებით, რომელნიც ჰქმნიან ჩვენს ეკონომიურ პოლიტიკას. ჩვენი წარმოება დაეცა და ამავე დროს იმატა აზერბაიჯანის წარმოებამ. სხვა და სხვა პოლიტიკამ სხვა და სხვა ნაყოფი მოიტანა (თ. ღლონტი: ალშიბაიას მოკითხეთ!) აბა, რა ალშიბაიას საქმეა ესა! სხვა წარმოებაშიც ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ მე იმათ არ შევეხები და საილუსტრაციოდ ესეც საკმარისია, რაცა ვსთქვით. ბატონებო, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი წარმოების განვითარება და ჩვენი სავაჭრო ბალანსის გამოსწორება, ცხადია, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, ჩვენი სისტემა ეკონომიური საქმიანობისა. ჩვენ ვალდებულნი ვართ წარმოების ორივე აგენტის ინტერესი დავიცვათ, როგორც მრეწველის, ისე მუშების, თუ გვინდა სწორი განვითარების საშუალება მივსცეთ ჩვენს ეკონომიკურ ეკონომიკას. ჩვენ კი სასიკვდილოთ ვაზიანებთ მრეწველის ინტერესს და გადაჭარბებულად ვიცავთ მუშისას. დღეს აშკარაა, რომ ეს გადაჭარბებული დაცვა საზიანოა და მომაკვდინებელი არა მარტო მრეწველისათვის, არამედ მუშებისათვისაც და ბოლოს, ქვეყნისათვისაც.

აქ წამოყენებული იყო შემდეგი პრინციპი: სახელმწიფო მეურნეობაში უნდა ჩაერიოსო (თედო ღლონტი: სავსებით!) ბატონი ღლონტი მომხრეა, რომ ეს დღესვე მოხდეს. თუ ეს მოხდა, ჩვენ დავიღუპებით ისე, როგორც რუსეთი დაიღუპა. მაგრამ ბატონი ღლონტის სამწუხაროდ, ეს ჩვენში არ მოხდება. დღეს ამ საკითხს პრინციპიალური დავის ხასიათს ნუ მივსცემთ, არამედ დავაფასოთ იმ მხრივ, თუ რა მოგვიტანა იმ თითო ოროლმა შემთხვევამ, როდესაც ეს პრინციპი ცხოვრებაში გადვიტანეთ. ეს პრინციპი იმდენად არის მისაღები, რამდენადაც იგი წინ წევს ყოველ არსებულ მომენტში ქვეყნის ეკონომიურ კეთილდღეობას. თუ ჩვენი მიზანია ქვეყნის ნივთიერი აყვავება, და თუ ეს პრინციპი ამას ხელს უშლის დღევანდელ პირობებში, ეს პრინციპი უნდა უკუ ვაგდოთ და ძველი ნაცადი გზით საქმეს მოუაროთ. ამ ორი წლის განმავლობაში იყო რამოდენიმე ცდა, ახალი ექსპლოატაციის მოწყობისა სახელმწიფოს აპარატის ჩარევის. ასე მაგალითად, მთავრობამ სცადა ილდოყანაში და ფხოველში ნავთის წარმოება მოეწყო. მთავრობამ საქმე წამოიწყო, შიგ მილიონები ჩაყარა და ბოლოს იძულებული იყო მუშაობაზე ხელი აეღო და საქმის ლიკვიდაცია მოეხდინა. ხალხის ჯიბის ხარჯზე ამგვარი ექსპერიმენტების წარმოება ყოვლად შეუწყნარებელია (ხმა ადგილიდან: კერძო წარმოება?). კერძო წარმოება თუ იზარალებს, ეს მწარმოებელის საქმეა: მისი ზარალი არ ურტყამს გადასახადის ობიექტ.-მოქალაქეს. მაგრამ როდესაც მთავრობა კისრულობს ამ გვარ საქმეს, ის ამ საქმეში ძალაუნებურად მთელ ხალხს ითრევს და მის ჯიბიდან იღებენ ზარალის დასაფარავად თანხას. ამიტომ მოქალაქე არ მოისურვებს, და ამას საბუთიც აქვს, მთავრობის ექსპერიმენტის მსხვერპლად თავი გასწიროს. მთავრობამ ვერ იხეირა ტყიბულის ქვანახშირის დამუშავებაში და არა ერთი ასი ათასი მანეთი აქვს წაღებული დეფიციტის დასაფარავად. ეს ცდები გვიჩვენებენ, რომ მთავრობას არ შეუძლიან შეჰქმნას მეურნეობა და სათავეში ჩაუდგეს ცოცხალ წარმოებას.

მაგრამ იქნებ ვინმემ სთქვას: რაკი მთავრობას არ შეუძლიან თვით დაამუშაოს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე, იგი ამას უცხო კაპიტალს დაამუშავებიებსო მაგრამ ბატონებო, ჩვენში გამეფებულია ისეთი პირობები, რომელიც უშლის ხელს უცხო კაპიტალს და სანამ ეს არ მოისპობა, უნაყოფოდ დარჩება ყოველი ცდა ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავებისა უცხო კაპიტალის საშვალებით. მე სახეში მაქვს მუშათა საკითხის მოუგვარებლობა ჩვენში. მმართველი ხელისუფლება და დამფუძნებელი კრება თავისი სოციალისტური წევრების სახით მარტოდ მუშის ინტერესს იცავენ კაპიტალის საზარალოდ. ესენი კაპიტალს ებრძვიან და ამის შემდეგ რომელი ბრიყვი შემოიტანს თავის კაპიტალს საქართველოში. ამიტომ ვინც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიური გაჯანსაღებით, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს და შეჰქმნას ნორმალური პირობები კაპიტალსა და შრომას შორის. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ უცხო კაპიტალს ვერ შემოვიყვანთ.

თავმჯდომარე: თქვენ სამი წუთიღა დაგრჩათ.

ეხლა მინდა, რამოდენიმე მაგალითი მოგახსენოთ, თუ როგორ უვლიან სამინისტროები სხვა და სხვა ქონებას, რომელიც მთავრობას მემკვიდრეობით დარჩა ძველ რეჟიმისაგან. მე გადაკითხული მაქვს რევიზიის მოხსენება და ვფიქრობ, ყველას უნდა აინტერესებდეს ეს მოხსენება. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო რამოდენიმე წუთით ბორჯომის წყალს, თუ ჩემი ცნობები მართალი არის. ბორჯომის წყლის შესახებ სამჯერ დაიწერა პირობები სხვა და სხვა მოიჯარადრესთან. ეს პირობები იცვლებოდა სხვა და სხვა მოიჯარადრის სასარგებლოდ (ხომერიკის რეპლიკა, რომელიც არ ისმის). დიახ!

მე მინდა თქვენგან მივიღო მხოლოდ დამაკმაყოფილებელი პასუხი, მეტი არაფერი. მე ვიცი უკანასკნელი პირობა, რომელიც დაიდვა 1919 წელს აპრილის 2. ამ პირობით ბოთლი ბორჯომის წყალი მოიჯარადრეს ეძლევა 3 მან. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეს პირობა საჯარო ვაჭრობის დაუნიშნავად დაიწერა. შეიძლება ფორმალურად ამ წესის გაბათილება ძნელი არ შეიქნეს, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია სახელმწიფო მამულის გაცემა ასე დამალულად ხდებოდეს. აუცილებლად საჭიროა, რომ სახელმწიფო ქონების გაცემის დროს ხდებოდეს საჯარო შეჯიბრება. უნდა დაინიშნოს საჯარო ვაჭრობა. როცა ეს წესი დაცული არ არის, ადამიანი კმაყოფილი ვერ რჩება და მითქმა-მოთქმისათვის ფართე ასპარეზი იშლება. გონიერი ნაბიჯი ამის შესაძლებლობასაც უნდა შეუძლებელს ხდიდეს. ამ საქმეში მე არ მინდა დავინახო რამე ბოროტი განზრახვა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეუძლებელია ასე შინაურულად, არა საჯარო ვაჭრობით გაიცეს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მამული, როგორიც არის ბორჯომის წყალი. ეს არის აღნიშნული კონტროლის მიერაც და ამას უნდა მიაქციოს ყურადღება დამფუძნებელმა კრებამაც.

თავმჯდომარე: თქვენი დრო გავიდა.

კედია: გთხოვთ მომცეთ კიდევ 10 წუთი (ხმები: დიდი სიამოვნებით, განაგრძეთ!). შემდეგ მოხსენებაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ პირობების დაწერის დროს არ ყოფილა მოწვეული არც სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი და არც სახელმწიფო მამულის გამგე. ცხადია, ის პირი, რომელიც გამგედ ითვლებოდა, პირობების დაწერის დროს მოწვეულ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იმან დაახლოვებით იცოდა მამულის მდგომარეობა (ხომერიკი: საიდან მიიღეთ ეს ცნობები, რომ გამგე არ იყო მოწვეული?). ეს მოხსენებაშია აღნიშნული.

ეხლა თან არ მაქვს მოხსენება, მაგრამ ხვალ მოგართმეთ. იქ სწერია, რომ... (ხმაურობა, ზარი). (შენგელაია: იქ რაც სწერია, მართალია?) მოხსენებაში სწერია, რომ პირობა დაიწერა კანტროლის წარმომადგენლის და მამულის გამგის დაუსწრებლად. მე მგონია, რომ საქმის ინტერესი მოითხოვდა, რომ იმ დროს იქ ყოფილიყო ორივე მხარე. ამ შემთხვევაში მიწათ-მოქმედების მინისტრის მოქმედება დასაწუნარია (დადიანი: ეს სწერია მოხსენებაში?) ხელშეკრულების მესამე მუხლის ძალით ორ-სამ თვეში შეიძლებოდა ფასის გადიდება, მაგრამ მოხსენების მიხედვით 5 თვეს გაუვლია და ფასი უწყებას არ გაუდიდებია მიუხედავად იმისა, რომ ხაზინა ზარალობდა, სამინისტრო არავითარ ღონისძიებას არ იღებდა, რომ ეს ზარალი შეემცირებია. ყოველივე ეს მოხსენებაშია აღნიშნული და სასურველად არ მივიჩნიე მისთვის გვერდი ჩაგვევლო სიჩუმით.

ყოველ შემთხვევაში, ამ 5 თვის განმავლობაში არავითარი ახალი განკარგულება არ გაუცია უწყებას და წყალი იყიდებოდა საზარალოდ ხაზინიასთვის (დადიანი: ქებაძემ იზარალა?). მოხსენებაში ნათქვამია, რომ თითო ბოთლში ხაზინა 2 მანეთს ზარალობდა. სულ მოუტანიათ 595.250 ბოთლი. ასე რომ, საერთო ზარალი ამ წლის განმავლობაში იმავე მოხსენებით უდრის 1.200.000 მანეთს. თუ ეს მართალია, მე მგონია, დამფუძნებელ კრების უმრავლესობამ არ უნდა მოიწონოს უწყების მუშაობა და დაჰგმოს მისი ამგვარი საქმიანობა (გელეიშვილი: არ უზარალნია!) აქ მაქვს ხელთ ივლისის ნუსხა. ივლისში თითო ბოთლი ჯდებოდა 5-18 მან., ხოლო დადებულ ხელშეკრულების ძალით იყიდებოდა 2 მან. ზარალი აშკარაა.

რადგანაც მეტი დრო აღარ მაქვს, მე არ შევჩერდები იმაზე, თუ რა ხდება სხვა სამინისტროებში, სხვა განყოფილებაში. მაგრამ ეს ერთი ნიმუშიც დამახასიათებელია. თუ ასეა სხვაგან, მაშინ ცხადია, რომ სამინისტროები საზარალოდ მეურნეობენ. თუ ეს ყველაფერი მართალია, დამფუძნებელი კრების უმრავლესობამ უნდა გამოიჩინოს იმდენი გამბედაობა და სიმტკიცე, რომ თავის მინისტრს უსაყვედუროს საჯაროდ ის, რასაც იქ ვიწრო ფრაქციის კრება დახურულ ოთახში უსაყვედურებს.

მე ვისურვებდი, რომ პასუხისმგებელ უწყებამ მოგვცეს დამაკმაყოფილებელი განმარტება. თუ საბუთებით იგი გაჰფანტავს იმ კანონიერ გულისწყრომას, რომელიც აქ მოყვანილმა ფაქტებმა უნდა წარმოშვან, მე ძალიან მოხარული ვიქნები; თუ არადა, ამ გულისწყრომამ პოლიტიკური სანაზღაურო უნდა მიიღოს!

თავმჯდომარე: მესამე საათი არის, როგორ ინებებთ? ამბობენ, რომ ქვორუმი არ არისო. გთხოვთ, დათვალოთ.

ქვორუმი გახლავთ. რომელ საათამდე გნებავთ გაგრძელდეს?

(ხმები: 4 საათამდე). კრება 4 საათ. გრძელდება.

სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრს, ამხანაგს ბ. ავალიანს.

ს. ავალიანი (ფინანსთა მინისტრის ამხანაგი): ეს გახლავთ პირველი ბიუჯეტი, რომელსაც იხილავს ჩვენი საკანონმდებლო დაწესებულება და მე მეგონა ამ ბიუჯეტის განხილვის დროს დაივიწყებდით პარტიულ ინტერესებს და გაარჩევდით ბიუჯეტს, ვინაიდან ეს არის პირველი ცდა და უწყებასა და მთავრობას ძლიერ სურს, რომ ხალხის წარმომადგენლებს მიეთითებიათ, თუ რანაირად წარმოებს სახელმწიფოს მეურნეობა და რამდენად ეს ბიუჯეტი, ე.ი. ეს სარკე ხალხის მეურნეობისა, რამდენად წარმოადგენს ხალხის ნამდვილ გამოხატულებას. მე მეგონა აგრეთვე, რომ ამ ბიუჯეტის განხილვის დროს თქვენ მიიღებდით მხედველობაში ერთ დიდ გარემოებას, იმას, რომ ეს არის პირველი ბიუჯეტი იმ სახელმწიფოსი, რომელიც მხოლოდ ორი წლის განმავლობაში არსებობს; მეგონა აგრეთვე, რომ მხედველობაში იქნებოდა მიღებული ისიც, რომ უწყებამ ერთი წლის წინეთ უკვე წარმოადგინა პროექტი ბიუჯეტისა და მაშინ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, გათვალისწინებული ჰქონდა მომავალი წლის მეურნეობა და ის, რაზედაც იგი ამყარებდა თავის მოქმედებას, და ის პერსპექტივები, ახალი გზები და ძალები, რომელზედაც აქ ბრძანებდენ, უკვე ნაჩვენები იყო. მაშასადამე, ჩვენ გვეგონა მოვისმებდით, რაზედაც ჩვენ ვფიქრობდით ბიუჯეტის პროექტში და რაც საბოლოვოდ გამოვიდა, დაუპირდაპირებდენ, შეუფარდებდენ ერთი-მეორეს, გამოსთქვამდენ აზრს, რამდენად სწორედ ითვალისწინებდა უწყება სახელმწიფო საჭიროებათა, როცა იგი ბიუჯეტის პროექტს ადგენდა, თუ რამდენად მისი შეხედულება და წინასწარი ანგარიში გამართლდა ან არ გამართლდა.

ვინაიდან ბიუჯეტს ადგენს და იხილავს საკანონმდებლო დაწესებულება, მაშინ როცა იწყება საბიუჯეტო წელი, ეხლა კი მოხდა სულ სხვა. აქ პირდაპირ დაიწყეს, რათ დააგვიანეს ბიუჯეტიო და ის კი არ შეაფასეს, თუ რამდენად მართალი იყო გზა, რომელზედაც ადგა მთავრობა. პირდაპირ უარყოფითი ხასიათი მისცეს მას. ყველაფერზე იყო მსჯელობა და მხოლოდ ბიუჯეტზე კი არა. დაპირდაპირება პროექტისა და მისი, რაც წარმოდგენილი იყო, არ მომხდარა. დაპირდაპირება ბევრ რასმეს გამოარკვევდა და უწყებაც და მთავრობაც მიიღებდა ერთგვარ სახელმძღვანელო აზრს ჩვენი ბიუჯეტის განხილვის დროს.

ამ წამოყენებულ ბიუჯეტის განხილვა არ შეიძლება განყენებულად, და ჩვენი მთავრობის მეურნეობის განხილვა, რომელსაც ოდნავ შეეცადენ ოპოზიციის წევრები, არ შეიძლებოდა ამრიგად წარმოებულიყო. არ შეიძლება, თქვენ მეურნეობა სახელმწიფოსი, პატარა იქნება იგი თუ დიდი, გამოთიშოთ საერთო მეურნეობიდან და არ მიიღოთ ის გარდუვალი ობიექტური პირობები, რომლებიც არსებობენ და განყენებულად იქონიოთ მსჯელობა ამ მეურნეობაზედ. ეს შეცდომა არის და ამაზე დამყარება შეუძლებელია. როცა ჩვენ ბიუჯეტის კანონს ვადგენდით, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ხარჯთ-აღრიცხვა, გეგმა მეურნეობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, შემოსავალ-გასავალი - ეს საერთოდ მთელი ჩვენი მეურნეობაა. მაშინაც ვამბობდით, რომ არ შეიძლება და ეხლაც ვიმეორებთ, გაგვეთვალისწინებია ყოველივე ის პირობები, რომელიც შეიქმნა მთელი წლის განმავლობაში; გარდა ამისა, ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება ბიუჯეტის შედგენაში.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს თითოეულ მეურნეობის დარგს აქვს ცალკე ხარჯთ-აღრიცხვა, და ამათზე უნდა დავემყაროთ. ეს ჩვენთვის ახალი საქმე იყო და მაშასადამე, უეჭველად იქნებოდა შეცდომებიც; უეჭველად ბევრი რამ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ერთი სახელმძღვანელო დედა აზრი და ამ აზრს ვადგევართ. და როდესაც ბ. ლეო შენგელაიამ ამოიკითხა ზოგ-ზოგი აზრი საერთო გეგმიდან, ის, რაზედაც ჩვენ ვემყარებოდით, მთლად გამოუშვა, მეთექვსმეტე გვერდი გამოტოვა, მეჩვიდმეტეზე მივიდა და იქ, სადაც კვინტესენცია არის მთავრობის მოქმედებისა, გამოტოვა.

ჩვენ ვამბობდით და ეხლაც კი ვიმეორეთ, და ეს საანბანო ჭეშმარიტება არის, რომელზედაც კამათი აღარ არის საჭირო: ის, რომ ბიუჯეტის კეთილდღეობა მარტო გადასახადებზედ ვერ დაემყარება. ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა საღი ფინანსიური პოლიტიკა, ან როგორც თედო ღლონტი ამბობს: დღეს ისეთი პირობებია, რომ ჩვენ შემოსავალს ასეთ პარაზიტულ გზებზე ვაყენებთ. მაგრამ ეს ობიექტური მოვლენაა: დღეს ისეთი პირობებია, სხვა გზა არ არის.

შემდეგ ვამბობთ, რომ საჭიროა შევქმნათ საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი მრეწველობა უპირველესად ყოვლისა ისეთ დარგებში, რომელთა საწარმოებლად ნედლი მასალა მოგვეპოვება. მაგრამ ამისათვის აუცილებლად საჭიროა, ჯერ-ჯერობით, კერძო კაპიტალი და ინიციატივა არ მოისპოს; კერძო კაპიტალს თავისუფლება ჰქონდეს და უნდა გვქონდეს კარები, რომელშიაც ეს უცხო კაპიტალი ჩვენში შემოდის. ეს უმთავრესი დებულება იყო და ეს შეძლებისადაგვარად შევასრულეთ. უპირველეს ყოვლისა, რა გვარია აგებულება ჩვენი ბიუჯეტისა და რა სახე მიიღო მან?

ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული სამხედრო მუშაობა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ამ საქმეში მუშაობისათვის. საჭიროა დიდი თანხა. ჩვენ გვისაყვედურებენ, როგორ შეიძლება ამდენი იხარჯებოდეს რკინის გზაზე, სამხედრო უწყებებში; სხვა სახელმწიფოებში, დასავლეთ ევროპაში ასე არ ხდებაო! ნუ გავიწყდებათ, ბატონებო, რომ აქ ათეული წლობით არის მოწყობილი და ჩაყრილია დიდი მეურნეობა. ჩვენში კი ეხლა ვითარდება და ეწყობა ეს მეურნეობა. მაშასადამე, ყოვლად შეუძლებელია იმ სახელმწიფოებთან შედარება იმისთანა სახელმწიფოსი, რომელსაც მიმდინარე ხარჯები სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი ნავარაუდევი შემოსავლის 74 პროც. მოხმარდება ამ სააღმშენებლო საქმეს, ნამდვილად კი მას 40 პროც. მოხმარდა, ე.ი. გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა, დაახლოვებით სწორი იყო და ამ გზას ვერავინ აუხვევთ; რომ ჩვენი შემოსავლის პირველი უდიდესი გზა და წყარო არის გადასახადები. მართალია ისიც, რომ გადასახადები, როგორც შემოსავლის წყარო, მიუღებელია. ისიც მართალია, რომ არა პირდაპირი გადასახადები სოციალისტების მიერ მისაღები არ არის, მაგრამ უნდა მივიღოთ მხედველობაში დღევანდელი გარემოება. ბ. თედო ღლონტმა და ლ. შენგელაიამ მეცნიერები და იანჟული შეაწუხა იმის შესახებ, თუ რა არის პირდაპირი და არა პირდაპირი გადასახადი. მეცნიერებაში არ არის გარკვეული, რა არის პირდაპირი და არა პირდაპირი გადასახადი. თქვენ მხედველობაში უნდა მიიღოთ ობიექტური პირობები, სადაც ერთად ერთი გამოსავალი გზა ამ გარდამავალ ხანაში არის გადასახადები და ამ წყარომ არამც თუ გაამართლა, არამედ გადააცილა ჩვენს მოლოდინს. მართალია მთელ ჩვენ ხარჯებს გადასახადებზე ვერ დავაყრდნობთ, იგი მთელ ჩვენ საჭიროებას ვერ დაფარავს, მაგრამ 1/3 - 1/2 ჩვენი ხარჯებისა კი ამ გადასახადებით იფარება. თქვენ ამბობთ, რომ ეს ცარცვა-გლეჯაა ხალხისო, მაგრამ, ბატონებო, ეს ასე არ არის. ლ. შენგელაიამ დასვა საკითხი ასე: ხალხმა რომ ეს გადასახადები არ გადაიხადოს, თოფ-ზარბაზნებს ხომ ვერ მიუშენთო? არა, ხალხმა შეიგნო, რომ სახელმწიფო ამშენებლობის ხანაშია და უნდა თითონ მიიღოს მონაწილეობა. ეს 76 პროც.-ში განსაკუთრებით მიწის გადასახადის შემოსავალია და იგი ამტკიცებს იმას, რომ ხალხს შეგნებული აქვს ამ გადასახადის აუცილებლობა და თვით ეს გადასახადიც ასე საშიშო და დიდი არ არის, რომ ხალხს მძიმე ტვირთად დააწვეს. ეს ყოველივე ასე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მეურნეობა მაინც ვერ დაემყარება ამ გადასახადის სისტემაზედ. რასაკვირველია, თქვენ იქაც მართალი ხართ, როცა ამბობთ შემოსავლის კვალობაზე გაანაწილეთ გადასახადიო და ეს ხალხს მძიმე ტვირთად არ დააწვება კისერზედო. საიდან ამოიკითხეთ ეს მცნება, არ ვიცი? თქვენ გგონიათ, თუ ვაჭარს დიდი შემოსავლის კვალობაზე დიდ გადასახადს დაადებთ, ის თავის ჯიბიდან იღებს ამ ფულს. არა, ბატონებო! იგი ამას ისევ ხალხისგან აინაზღაურებს და თავის ნაწარმოებით გაინაღდებს. გადასახადი დღეს დღეობით ისეთი წყაროა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ არა იმიტომ, რომ ეს საუკეთესო წყაროდ მიგვაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ვიდრე სხვა წყარო არა გვაქვს, ვიდრე სახელმწიფო მეურნეობა მკვიდრ ნიადაგზე არ გვაქვს დაყენებული, სხვა გამოსავალი არა გვაქვს და ამას უნდა მივმართოთ. ხალხმა უნდა მსხვერპლი გამოიღოს და მონაწილეობა მიიღოს ამშენებლობის საქმეში. და რომ ეს ასეა, ამას ის ამტკიცებს, რომ ჩვენ ბევრი მეტი შემოსავალი შემოგვივიდა, ვიდრე ეს ნავარაუდევი გვქონდა. აკრეფილი შემოსავალი შეადგენს ნავარაუდევის 188 პროც. და განა მარტო ჩვენ სახელმწიფოში მივადექით ამ გზას? ასევე ხდება დიდ საფრანგეთშიაც: იქ 15 პროც. ბიუჯეტისას ფარავს გადასახადები. ინგლისში 1919 წ. ბიუჯეტის 50 პროც. გადასახადებმა დაფარა. ეს, ბატონებო, ხალხმა უკვე შეიგნო, შეეგუა და შეგნებით მოქმედობს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

ბ. თედო ღლონტი ბოლშევიკებზედ ამბობს: ბოლშევიკებმა რაღაცას მიაღწიეს, თქვენ უკიდურესი სოციალისტები ბრძანდებით. ასევე არიან ბოლშევიკები. თქვენ გვეუბნებით, ბოლშევიკებისაგან ისწავლეთ ჭკუაო და აი, რას ლაპარაკობენ ისინი გადასახადების შესახებ, ამას ვამბობთ ჩვენც: როცა მოეწყობა, თან და თანობით ამოძრავდება ცოცხალი ძალები, მაშინ გადასახადებიც დაკარგავს თავის ხასიათს. ეს უბრალო დეკლამაცია არ არის, ეს გაატარეს ცხოვრებაში და შემოიღეს არა პირდაპირი გადასახადი, რომელიც თქვენ, უკიდურეს დემოკრატებს მიუღებლად მიგაჩნიათ. ჩვენ გვეუბნებით, ცხოვრებას ჩამორჩით, მაგრამ აი, მოისმინეთ (კითხულობს): ე.ი. ეს უდიდესი სოციალისტები კი მთელ მსოფლიოზე სარგებლობენ ამ წყაროთი და ამბობენ, რომ გარდამავალ ხანაში იძულებული ვართ მივმართოთ ამ წყაროს.

ჩვენ გვიკიჟინებენ აგრეთვე, რომ ჩვენი ბიუჯეტი საშინლად გაიზარდა, დეფიციტი ერთ მილიარდს შეადგენს. დეფიციტი მეტი იქნება (კედია ადგილიდან: სამწუხაროა!) დიახ, სამწუხაროა! მაგრამ ეს დეფიციტიანი ბიუჯეტი რომ გვაქვს, ვისი ბრალია - იმ მმართველი პარტიის და მთავრობის, რომელიც თქვენ გეჯავრებათ, თუ ობიექტური პირობების? მივმართოთ შედარებას და ვნახოთ, როგორ არის საქმე სხვაგან: საფრანგეთში 1920 წ. მთელი ბალანსი უდრიდა 42 მილიარდს, დეფიციტი - 32 მილიარდს; ბელგიაში - 2 ½ მილიარდს, იტალიაში - 2 მილიარდს და სხვ. ავიღოთ რუსეთი, რომელსაც ასე აღტაცებით ეტრფით. ავიღოთ ეს სამოთხე, საითკენაც მიგყევართ. 1918 წლის შემოსავალი ქონია 18 მილიარდი მან., გასავალი - 150 მილიარდი (ღლონტი ადგილიდან: ეს ბუნებრივია!). თუ ეს ბუნებრივია, ეს ისეთ აუცილებელ ობიექტურ პირობებისაგან ყოფილა გამოწვეული, რომელსაც ვერ გადალახავთ. შარშან შემოსავალი მცირე იყო, გასავალმა ორჯერ გადააჭარბა; ბელგიაში შემოსავალი სამჯერ ნაკლებია. მაშასადამე, არის ისეთი ობიექტური პირობები, რომლებმაც შექმნეს ეს დეფიციტი. რასაკვირველია, დეფიციტი, ზარალით ცხოვრება შეუძლებელია. სახელმწიფოს არ შეუძლიან იარსებოს მხოლოდ გადასახადებით. ჩვენ ვეძებთ სხვა და სხვა საშუალებებს, რაც უნარი და ნიჭი გვაქვს, რასაკვირველია. თქვენ დიდი წარმოდგენისა არა ხართ ჩვენს ნიჭზე, მაგრამ რაც გვაქვს, ამით ვეცადეთ სხვა და სხვა წყაროები შემოსავლისა გამოგვენახა. ის ბაჟები, რომლის შესახებ თქვენ დაობთ და ის გადასახადები, რომელზედაც გაწუხებთ, შემოიღო ისეთმა დიდმა სახელმწიფომ, როგორიც კანადა არის. მან შემოიღო გატანილ საქონელზე გადასახადი, მაგალითად, ფეხ-საცმელზე - 20 პროც., ბამბაზე და სხ. ჩინეთში, ინგლისში და სხვა დიდ სახელმწიფოებშიაც არის შემოღებული გადასახადი. იქ არის შემოღებული გადასახადი გატანილ ბრინჯზე. ჩეხო-სლოვაკიაშიაც, ის ჩვენსავით გარდამავალ ხანას განიცდის, შემოიღეს გადასახადები გატანილ საქონელზე. ჩვენც ამ გზით მივდივართ და ვცდილობთ ჩვენი მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ეს საშვალება პალიატიურია და დღეს-დღეობით ვერ დაფარავს ბიუჯეტის დეფიციტს.

აქ იყო ნათქვამი, რომ სახელმწიფომ ვერ გამოიჩინა სათანადო უნარი, ვერ მოაწყო საგარეო ვაჭრობა. ეს მართლაც დიდი საკითხი არის - თუ ჩვენ მეტს შემოვიტანთ, ვიდრე გავიტანთ, - ეს დავალიანება იქნება ჩვენი და მით უფრო ცუდი პირობები შეიქნება სახელმწიფოსათვის. აქ იყო ნათქვამი, რომ დეფიციტის ნახევარი საგარეო ბალანსია. მაგრამ არც ერთმა, ვინც ამ საგარეო ბალანსს შეეხო, არ მიაქცია ყურადღება ერთ გარემოებას. ვინც ჩვენ ბალანსის საგარეო აგებულებას შეისწავლის, დაინახავს შემდეგს: განსაკუთრებით ჩვენში შემოდის სურსათი და სანოვაგე. რატომ მოხდა ასე? მთავრობა ხომ არ იყო დამნაშავე, რომ მიწის-ძვრა მოხდა და მოუსავლობა იყო? (თევზაია ადგილიდან: მღვდლები ამბობენ?) მღვდლები ამბობენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გამოუდგებით. შემდეგ თუ მიიღებთ თქვენ სურსათ-სანოვაგეს და იმ საქონელს, რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება, ის შეადგენს 31,5 პროც.-ს მთელი ბალანსისა. მაგრამ ვნახოთ, ეს ჩვენი უბედურებაა მხოლოდ თუ სხვაგანაც ასეა? 1918 წ. საფრანგეთში შემოტანილი იყო 20 მილ., გატანილი კი - 4 მილ. თუ ჩვენი დეფიციტი შეადგენს 50 პროც. სავაჭრო საგარეო ბალანსისა, საფრანგეთში ოთხჯერ და ინგლისში ორჯერ მეტი შეუტანიათ, ვიდრე გაუტანიათ (თ. ღლონტი ადგილიდან: ნეიტრალურ ქვეყნებში?). ნეიტრალურ სახელმწიფოების შესახებ თავს არ შეგაწყენთ. საქართველო რომ ინგლისს შევადაროთ, არც ჩვენთვის და არც ინგლისისთვის სამარცხვინო არ იქნება. თუ აქ ოთხჯერ მეტი ბალანსია, აქ საამაყო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, შედარებას აქვს მნიშვნელობა. ამ ციფრებს თავის თავად არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ შეისწავლეთ აგებულება იმ სავაჭრო საგარეო ბალანსისა ინგლისში, საფრანგეთში და საქართველოში და მიხვდებით, თუ რაშია საქმე (თ. ღლონტი ადგილიდან: ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!). უკაცრავად, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მეურნეობაში არის ისეთი ცვლილება, რომელიც საერთოა ყველასათვის. აქ ისეთი საერთო მიზეზია, რომელიც მოქმედებს ერთნაირად ინგლისში, საფრანგეთში, ჩინეთში და ყველგან. აი, რას ნიშნავს ეს! (ხმა: რუსეთი?) რუსეთს ჩვენ თავი დავანებეთ! მისი ხსენება ვინმეს გაუფუჭებს გუნებას და ეს არ მინდა. თუ სურსათ-სანოვაგის ბალანსს შეადგენს ჩვენი ბიუჯეტის 54 პროც., საფრანგეთისა - 70 პროც., ინგლისისა - 80 პროც. და სხ., მე აქედან გამომყავს დასკვნა, რომ არის ისეთი საზოგადო პირობები, რომელიც მეურნეობის დანგრევისაგან არის გამოწვეული. ეს აუცილებელი რამ, რომელსაც, ასი თედო ღლონტი რომ იდგეს მთავრობის სათავეში, ვერ გადალახავს... (ხმაურობა. სპ. კედია ადგილიდან: მთლად დაიღუპებოდა ქვეყანა! ლ. შენგელაია ადგილიდან: ყალბ ბონებს მაინც არ დაბეჭდავდა!). და ასეთ პირობებში შესაძლებელია თუ არა ისეთი ბიუჯეტის შექმნა, რომელსაც დეფიციტი არ ექნებოდა? რასაკვირველია, შეუძლებელია. და თუ ეს ასე არის, აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ, რომ ამ ობიექტურმა პირობებმა შექმნა ასეთი ბიუჯეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ ისეთი გამჭრიახობა გამოიჩინა და ისეთ სწორ გზაზე დადგა, რომ ასე ცოტა დეფიციტი გვაქვს. ეს უნდა დააფასოთ, თუ მართლა პატიოსნება არის, რომლის შესახებ აქ ლაპარაკობენ! (ლ. შენგელაია ადგილიდან: დიდი ხანია, რაც მენშევიკი ბრძანდებით?). პარტიაში არა ვარ, მაგრამ ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მათთან ერთად ვმუშაობ და ვემსახურები საქართველოს დემოკრატიას. მე შავი მუშა ვარ, ოფიციალურადაც შევალ პარტიაში (სპ. კედია ადგილიდან: Боевое крещеніе!). დამიჯერეთ, დარბაზებს არ მოველი, უბრალო ეფექტებს თავი დავანებოთ! (სპ. კედია ადგილიდან: მე ეს არ მიკადრებია თქვენთვის!).

მაშ, რა გზა გვაქვს ჩვენ? ან გვაქვს გზები თუ არა?

ჩვენ ასეთი გზა უკვე გამოვნახეთ და ეს ჩვენი ბიუჯეტის წინასიტყვაობაში იყო გამოთქმული, რომ ჩვენ თანდათანობით წარმოების გასაზოგადოებრივობის გზას უნდა დავადგეთ, იმ გზას, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უნდა ჩაერიოს წარმოებაში და მეურნეობაში (შენგელაია: დაანგრიოს!). მთელი ევროპა ამ გზას დაადგა. საერთაშორისო ომმა ეს დაამტკიცა. ის კაპიტალისტური წესწყობილება, რომელმაც წარმოშვა ეს ომი, დაანგრია ამ ომმა და ამ ნანგრევებზე უნდა აშენდეს ახალი სახელმწიფო.

ბ. ლ. შენგელაია ამბობს, რომ დასავლეთ ევროპაში ბურჟუაზია ამოიწურაო (შენგელაია: აქსიომაა!). თუ ასეა, მაშ აიღეთ საფრანგეთის პარლამენტის სია, ინგლისის პარლამენტის სია და პროცენტულად გამოიანგარიშეთ, რამდენი წარმომადგენელი ჰყავს ბურჟუაზიას (შენგელაია: ეს არაფერს არ ამტკიცებს! ვლასა მგელაძე: იქ ყველა მუშებს ჯიბეში „კნიჟკები“ აქვს. საერთო ხმაურობაა. თავმჯდომარე ზარს რეკავს).

ჩვენი სახელმწიფო ასე თუ ისე ერევა წარმოებაში. მონოპოლიები იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო სახელმწიფო მეურნეობაში. დღეს-დღეობით თუ რა მოგვცა მონოპოლიამ, ამას ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ეს მონოპოლია ისეთი დიდი და რთული საქმე არის, რომ ეს სამონოპოლიო ოპერაციები დღეს-დღეობით არ დამთავრებულა და ის წმინდა შემოსავალი, რომელიც ნავარაუდევი გვაქვს, გადაჭარბებული კი არ არის, პირიქით, გაცილებით მცირე არის. მე კარგად მახსოვს, რომ ბ. სპ. კედია და ალ. ასათიანი გვიმტკიცებდენ, რომ მონოპოლია - ეს არის გამოგონილი, კაბინეტში შექმნილი (სპ. კედია: ჩვენ ეს არ გვითქვამს!) და მე ვწუხვარ, რომ აქ არ არის ოპოზიციის ერთი ფრაქციის წარმომადგენელი, რომელიც ახლოს არის ბ. სპ. კედიასთან და ალ. ასათიანთან. ის რომ აქ იყოს, ის გეტყოდათ თქვენ, როგორ უყურებს ნამდვილი, მშრომელი მეცხვარე და როგორ შეხვდა ის მონოპოლიას. ის გეტყოდათ, რომ ხალხმა შეიგნო მონოპოლია, ე. ი. ის ხაზი, რომელსაც ატარებს სახელმწიფო. შესაძლებელია შეცდომები იყოს, და ან როგორ შეიძლება, ადამიანი საქმეს აკეთებდეს და შეცდომა არ მოსდიოდეს?! მთავრობის ერთად-ერთი გზა არის: თანდათან ჩაერიოს წარმოებაში, თანდათან ხელში აიღოს მეურნეობა, თანდათან ჩაუდგეს სათავეში მრეწველობას. ამ გზას ვადგივართ ჩვენ.

ჩვენსა და უკიდურეს მემარცხენეთა შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ვამბობთ: ამ მიზნის განხორციელება შეიძლება მხოლოდ თანდათანობით, ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არც ისეთი მომზადებული ხალხი გვყავს, არც ისეთი გამოცდილება გვაქვს და არც ისეთი კავშირი გვაქვს ჯერ-ჯერობით დასავლეთ ევროპასთან, რომ შეგვეძლოს ხვალვე მოვაწყოთ ქარხნები, ხვალვე მოვაწყოთ წარმოება. მარტო ტფილისიდან პარიზში ან ლონდონში მისვლა-მოსვლას 3-4 თვე სჭირდება, ე.ი. ამასაც მრავალი დრო და დიდი თანხები უნდა.

ორი წლის განმავლობაში ირგვლივ მტერი არის შემორტყმული, მტერი არის შიგნითაც და ეს უფრო საშიშია, ვინემ გარეშე. რასაკვირველია, ამ დროს მთელი ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელია.

მთავრობის გეგმა არის ძლიერ მარტივი, ის ამბობს: სახელმწიფო უნდა ჩაუდგეს მეურნეობას სათავეში. მაგრამ ეს მოხერხდება არა დღეს, არა ხვალ, არამედ შემდეგ, მუშაობის პროცესში (გაურკვეველი რეპლიკები და ხმაურობა). ჩვენ თანახმა ვართ მივცეთ უცხო კაპიტალს ასპარეზი მუშაობისა (ლორთქიფანიძე: ფხოველის რაიონი მიეცით! ტყვარჩელი!), მაგრამ ამ კაპიტალს ჩვენ დაუდებთ ისეთ პირობებს, რომ სახელმწიფო არ შეიქნეს უცხო კაპიტალის მონა.

მაშასადამე, ბიუჯეტის განხილვის დღე დიდი დღეა. ეს მართლაც არის მთელი სახელმწიფოს ეკონომიური პოლიტიკის, სახელმწიფოს მუშაობის გადათვალიერება, და რასაკვირველია, უწყების წარმომადგენელიც, მთავრობაც ელის საკანონმდებლო დაწესებულებისაგან საღ რჩევას და გზას.

მაგრამ რა რჩევა იყო აქ? ხვალვე გადავიდეთ ქარხნების და ფაბრიკების სოციალიზაციაზე, დღესვე თავი წავაჭრათ ბურჟუაზიას, ვინაიდან ეს გვიხსნის გაჭირვებისაგანაო. (შენგელაია: რას სწერდით თქვენ?). ჩვენ, რასაკვირველია, ბურჟუაზიის მტერი ვართ, მაგრამ მე იმას არ ვამბობ, რომ ეს დღესვე მოხდეს. იმ სახელმწიფოშიც, რომელმაც თითქოს ბურჟუაზია მოსპო, ერთი კარებიდან განდევნილი ბურჟუაზია მეორე კარებიდან შემოვიდა. თქვენ იცით, რომ რუსეთში მრეწველობა გადავიდა სოფლად. გლეხობამ მოაწყო „კუსტარული“ მრეწველობა და დღემდის, თუ ქალაქი აწვდიდა სოფელს ნაწარმოებს, დღეს ბოლშევიკურ რუსეთში სოფელი აწვდის ქალაქს თავის ნაწარმოებს, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიული კანონის დარღვევა ხიშტებით შეუძლებელი არის. ის ბურჟუაზია, რომელიც მოისპო, გაჩნდა სხვა სახით.

ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთად-ერთი გზა. ეს გზა არის: სახელმწიფოს ფინანსიური მდგომარეობის გაუმჯობესება და განმტკიცება, რომელიც შეუძლიან მხოლოდ მეურნეობის და წარმოების გაძლიერებას. ამას კი სჭირდება დიდი დრო, დიდი მომზადება. უეცრად ეს არ მოხდება. ნიადაგი უნდა იყოს მომზადებული. და ეს ნიადაგი არის უცხო კაპიტალის შემოსვლა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ უნდა ვიხმაროთ ის საშუალებანი და ზომები, რომელიც გვაქვს. ეს ზომები ჩვენ ვიხმარეთ და ის იმედი, რომელიც ჩვენ გვქონდა და დედა-აზრი, რომელიც გამოთქმული იყო, თითქმის გამართლდა. ის ვერავინ ვერ გააბათილა. მხოლოდ სოციალიზაციის გზას ჩვენ ვერ დავადგებით (ხმები ადგილიდან: გავათავოთ...).

თავმჯდომარე: უკაცრავად, ნება მიბოძეთ ბ. სპ. კედიას სიტყვა მივცე საპირადო განცხადებისათვის.

პირადი განცხადებისათვის სიტყვა ბატონ სპ. კედიას ეკუთვნის.

სპ. კედია (ე.-დ.): უბრალო საკითხი არის. ბორჯომის წყლის შესახებ როდესაც ვლაპარაკობდი, მე ვემყარებოდი საფინანსო-საბიუჯეტო მცირე კომისიის აზრს და არა სახელმწიფო კონტროლის აქტებს. ვინაიდან სამწუხაროდ, სახელმწიფო კონტროლი ვერ იძლეოდა დამაკმაყოფილებელ ცნობებს ამ დარგის რევიზიიდან, ამიტომაც აირჩია დამფუძნებელმა კრებამ ეს მცირე კომისია.

თავმჯდომარე: გთხოვთ მოისმინოთ მომავალი დღის წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე: სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა ნაშუადღევის 4 საათზე იხურება.

11 მეორმოცე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(40)

1920 წელი. ივლისის 30. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. 45 წუთ.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი დღიურ წესრიგს მოგახსენებთ. (მდივანი კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ შემოტანილი იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის შესახებ მსჯელობისათვის თითო ფრაქციას მიეცეს თითო საათი. ფრაქციას შეუძლიან ეს ორად გაყოს და გამოუშვას ორი ორატორი, ან ამ ერთი საათით ისარგებლოს ერთმა ორატორმა. ეს წინადადება გახლავთ ფრაქციათა შორის შეთანხმებით შემუშავებული და მე მგონია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ. გარდა ამისა, ორატორთა სია გახლავთ შემუშავებული. სიტყვა ეკუთვნის ტერ-სტეფანიანცს.

ტერ-სტეფანიანცი (დაშნაკ.): სიტყვას ბ. ლორთქიფანიძეს უთმობ.

თავმჯდომარე: მთელი ფრაქციის სიტყვას?

ტერ-სტეფანიანცი (ადგილიდან): მთელს!

თავმჯდომარე: სიტყვა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): ჩვენ ვიხილავთ ფრიად სერიოზულ საკითხს, რომელიც შეეხება ერის სასიცოცხლო ინტერესებს და გასაგებია, რომ ეს იწვევს გამწვავებას და გააფთრებულ პარტიულ ბრძოლას ამ საკითხის გარშემო, რომლის მოწამენი ვიყავით ამ დღეებში. მაგრამ ამასთან ამ გამწვავებამ არ უნდა დაგვავიწყოს ის, რომ ყოველი სიტყვა, წარმოთქმული ორატორისაგან, უნდა იყოს გამსჭვალული ერთი აზრით, - იმით, რომ ყველა დეფექტები, რომელიც აღინიშნა ოპოზიციის მიერ, გამოსწორებული უნდა იქნეს, თუ ეს დეფექტები სწორედ არის აღნიშნული და მმართველ წრეებმა ის ვერ დაარღვიეს. ამას ყველას ანგარიში უნდა გაუწიოთ, რადგან სახელმწიფო მუშაობა და მისი აღმშენებლობა თხოულობს სასტიკ კრიტიკას. და თუ ჩვენ არ დავადგებით ვიწრო ჯგუფურ ინტერესებს და ამგვარად არ შევხედავთ ყველა მოწინააღმდეგის გამოსვლას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დეფექტები, შეცდომები და ხშირად ბოროტმოქმედებაც, რომელიც მითითებული არის, გასწორებული იქნება. აქ არის ერთი ძირითადი და უმთავრესი სადავო საკითხები, რომლის შესახებ ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. პირველი საკითხი არის საერთო ენის, საერთო პლატფორმის გამონახვის შესახებ, რომელზედაც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც უნდა გავხადოთ ჩვენი მსჯელობის ქვაკუთხედად, და თუ ვერ შევთანხმდით, თუ პრინციპიალური წარმოდგენა ამ ძირითად საკითხზე სხვა და სხვა გვექნება, აქედან მთავარი უთანხმოების გარდა იქნება სხვა კერძო უთანხმოებაც, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ. რა მთავარი მოსაზრება წაუყენა ჩვენი ფრაქციის ორატორმა? ჩვენ უნდა აუღოთ სწორი ალღო, მოვნახოთ ნამდვილი ტენდენცია ეკონომიური ცხოვრების განვითარებისა ევროპაში. და ამას სიტყვიერად ეთანხმება ვითომდა მენშევიკები. კაპიტალიზმმა ითამაშა თავისი როლი, შეასრულა თავისი მისია და გზა უნდა დაუთმოს წარმოებას. ბ. თევზაია ეთანხმებოდა ჩვენს ორატორს და ამბობდა, ევროპაში ეს თითქოს დამყარებული და შესაძლებელია, დღეს თუ ხვალ იქ სოციალური გადატრიალება მოხდეს. ჩვენი ფრაქცია სწორედ ამას ასე მსჯელობს. ომმა სრულებით გააკოტრა კერძო კაპიტალის მეურნეობა, ახალ მწარმოებელ ძალთა განვითარებას უნდა ახალი ფორმები და აქ ჩვენში ისე უნდა ვაწარმოვოთ ჩვენი პოლიტიკა, რომ საკუთარი ძალ-ღონით შევქმნათ მსხვილი განვითარებული წარმოება. ჩვენში არც უცხო და არც ეროვნული კაპიტალი საწარმოვო ძალთა განვითარებას ვერ გამოიწვევენ, ამის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს და ქალაქ-ერობა-კოოპერატივებს შეუძლიათ.

ჩვენი ფრაქციის მთავარი მოთხოვნილება ეს იყო და დღესაც არის, როდესაც ვიხილავთ ბიუჯეტს. აი, ზემოხსენებული პრინციპების ცხოვრებაში გატარება - ჩვენ პრინციპიალური დავა უნდა გვქონოდა ნაც.-დემოკ. მაგრამ ის ხალხი, რომლის სიტყვით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალისტური სახეა გამოსაჩენი, იზიარებს ამ აზრებს, ჩვენ კამათი არ უნდა გვქონოდეს. მაგრამ სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა. ყველა ეს სიტყვები რჩებათ ცალიერ ლიტონ სიტყვად და საქმით არავითარი ამგვარი არ კეთდება. უუმთავრეს დებულებაში ჩვენ შევთანხმდით, რომ ეკონომიურ განვითარების სქემა თქვენა და ჩვენ ერთნაირად გვაქვს წარმოდგენილი. და ეხლა საჭიროა განვიხილოთ, თუ როგორ ახორციელებთ ამას ცხოვრებაში. ყოველ დღიურ მუშაობის არც ერთ დარგში მმართველ პარტიას, რომელიც დღეს არის მესაჭე ჩვენი სახელმწიფოსი, არ შეუტანიათ ახალი ძლიერი სული კოლექტიური შემოქმედებისა. პრაქტიკაში კი დაანგრიეს ბევრი ისეთი წარმოება, რომელიც უნდა ყოფილიყო სანიმუშო და მასთან მოეტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური აღორძინების სარგებლობა. ევროპაში კაპიტალიზმმა შექმნა მსხვილი წარმოება, ზოგიერთ დარგში აიყვანა იგი ძლიერ მაღალ საფეხურზე და შეიქმნა ერთგვარი ტეხნიკა და მოამზადა ობიექტური პირობები, ქალაქებში მაინც, საზოგადო მეურნეობის დასამყარებლად - ეხლა ჯერი არის თვით მუშათა კლასზე, მის შეგნებაზე. საქართველოში ყოველივე ეს არის თუ არა? აქ არის მხოლოდ შეგნება და სურვილი მუშებისა.

ვინ უნდა შექმნას ყოველივე ეს? ჩვენ, ესერები ვამბობთ, რომ მსხვილი წარმოება უნდა შექმნან სახელმწიფოში ერობებმა, ქალაქებმა და სხვა და სხვა კოლექტიურმა ერთეულებმა (ასათიანი: თქვენ და დაშნაკელებმა!). კერძო კაპიტალზედ არის ლაპარაკი. ბ. ფინანსთა მინისტრმა ილაპარაკა ჩვენში კაპიტალის არსებობის შესახებ. მაგრამ, მაგალითად, რა გააკეთა ჩვენს წარმოებაში კერძო კაპიტალმა? რა გააკეთა აქ? ჩაერია თუ არა რომელიმე დარგში? ამუშავა ქარხნები? გაიყვანა თუნდ ერთი ვერსი ახალი რკინის გზისა, ნახშირს იღებს დედა მიწის გულიდან? კურორტები მოაწყო? არა, ბატონებო! ეს კაპიტალი დაგროვილი არის სპეკულიანტების ხელში. თუ გვიჩვენებთ ერთს მაგალითს, რომ სამრეწველო კაპიტალი ჩვენში ვითარდება და არიან ვიღაცები, ვინც აძლევს საშვალებას განვითარებისას, მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. მაგრამ როდესაც ევროპაში მომზადებულია ხანა სოციალური გარდაქმნისათვის, აქ ვაჭრები ფულს წარმოებაში არ მისცემენ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეკონომიური ურთიერთობა უნდა შეიცვალოს და ის ფიქრი, რომ ბურჟუაზიული კაპიტალი მოვა და ჩვენ საძირკველს ჩაგვიყრის სამრეწველო საქმეებში, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ მთავარი ეკონომიური პოლიტიკის შევსებით მის მოღვაწეობას [განვიხილავთ] მრეწველობის განვითარებაში, გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ აქ არაფერი გაკეთებულა. აქ ბორჯომის ქარხნის წყლის შესახებ მოიყვანეს მაგალითი. თქვენ ისიც ვერ მოგიწყვიათ, რომ მზა წყალი თვით გაყიდოთ. აქ ლაპარაკი იყო არმიების სისტემაზედ და ბ. ასათიანს ამით ცოდნია, რომ საწარმოვო ძალა განვითარდება იმიტომ, რომ პრემიული სისტემა იყო შემოღებულიო და სამუშაო ბევრი გამოუშვა მუშებმაო. თუ მუშა ზარმაცი არაა, მაშინ მუშაობას ნაყოფიერება აქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ძველი ბურჟუაზიული ზღაპარია (თევზაია: არა, ეგ მართალია!). მე მოგახსენებთ, რა არის მართალი. მუშაობა არის დამოკიდებული მხოლოდ შრომის ინტენსივობაზედ. რაც შეეხება შრომის ნაყოფიერებას, მუშა - ეს უმთავრესი ელემენტი არის, მაგრამ დიდი მნიშვნელობა სხვასა აქვს: ყველა საჭირო საწარმოვო იარაღის ქონა, ნედლი მასალა, სათბობი და სხვ. აი, მაგალითად, ბორჯომის ჭიქის ქარხანა. პირველ ხანს სათბობი მასალა - ნავთი არ იყო, ქვაბები და სხვა მაშინები საჭიროებდენ შეკეთებას, შესწორებას, რემონტს, და სანამ ეს არ გაკეთდა, რამდენიც არ უნდა ემუშავნათ მუშებს, ჩვენ, რასაკვირველია, ვერაფერს ვერ გავაკეთებდითო და შრომის ნაყოფიერება ნული იქნებოდა. მეორე მაგალითი არის ტყიბულის ნახშირის საქმე. იქ სახელმწიფომ აიღო დიდი ვაი-ვაგლახით სამუშავო ხელში. და შესძლებს თუ არა სახელმწიფო მოაწესრიგოს ეს საქმე? შესძლო და მუშაობა სწარმოებს და ხელს მხოლოდ ზევიდან უშლიან ხანდისხან. ამიტომ აი ორი მაგალითი საკმარისია. თქვენ ხედავთ, რომ როდესაც სახელმწიფომ ჩააყენა მცოდნე ხალხი საქმის მეთაურად, როგორ შეუძლიან მას მუშაობა. მათ ეს საქმე გააკეთეს, მაგრამ სხვა დანარჩენ დარგებში არაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ ობიექტური პირობები არ იყო, არამედ აქ ან ეშინოდათ, არ უნდოდათ საქმის გაკეთება, ან ნათლი-მამობას დიდი ადგილი აქვს. ვერ ჩააყენებ საჭირო სპეციალისტებს. აქ ნათლი-მამობას და პარტიულ მიკერძებას აქვს დიდი მნიშვნელობა. მე მექნება შემდეგ საშვალება ამაზედ მოგახსენოთ უფრო დაწვრილებით. ჩვენი შეხედულება ამ საკითხის შესახებ სრულიად საღია და თუ ჩვენ ბრალდებებს უყენებთ მთავრობას, საბუთებიც გვაქვს. აი აქ შეეხენ ნავთის საკითხს. თქვენ იცით, რა მნიშვნელობა აქვს ამ სათბობ მასალას, რისთვისაც ჩვენ ძალიან გვიარშიყდება იტალია.

ახლა ილღოყანის და ფხოველის მაგალითი მოგახსენოთ. მოგეხსენებათ, იქ ჩვენ მუშაობას ვაწარმოებდით. იქ გამოვიკვლიეთ ერთი წლის მუშაობის შემდეგ, რომ იქ ნავთი არის. მაგრამ იმდენი არ არის ნავთი, რომ სამრეწველო საერთაშორისო მნიშვნელობა მიეცეს, მუშაობა აწარმოვონ, მაგრამ საქართველოს ეყოფოდა და მუშაობა დაიხურა. მე ვეკითხები გზათა მინისტრს: რატომ დახურა მუშაობა ფხოველის რაიონში? იქ გავგზავნე ინჟენერები, როდესაც მე ვიყავი მინისტრად... ხალხი, რომელნიც მოწინააღმდეგენი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს არ შეუძლიან დამოუკიდებელი ეკონომიური არსებობაო. მაგრამ როდესაც მოვიდნენ, იმათ წამოაყენეს მოხსენება, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ თუმცა ეს რაიონი არ იძლევა ბაქოს სანავთო რაიონის ოდენა ნავთს, მაგრამ იმდენ ნავთს იძლევა, რამდენიც საქართველოს რკინის გზას სჭირდებაო. მე გეკითხებით, რატომ დახურეთ თქვენ ეს მუშაობა? ალბათ იმას აქვს მნიშვნელობა, რომ რაკი დავიწყეთ იქ მუშაობა, ამან ძალიან შეაწუხა ბატონი ბაქოელი მენავთე კაპიტალისტები და ისინი თხოულობდნენ - მოგვეცით სამუშაო ჩვენ და ჩვენ „მოუვლით“, ე.ი. დავმარხავო სამუდამოდ. ფორმალური მხარეც წამოაყენეს, заявк-ები ჩვენი იყოვო. იმას ფიქრობდნენ, რომ ჩვენთვის ხელი შეეშალათ და ცდილობდნენ შეეჩერებინათ. ჩვენი სახელმწიფოს მუშაობისათვის ეს უდიდესი დარგი ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი განვითარებისა მიიღო ვინმე კერძო კაცმა ან ფირმამ უფლება ამ სანავთო რაიონის დამუშავების. არ ვიცი ეს წარმოება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იმათ ცდამ ხელი შეუშალა ჩვენს ეკონომიურ განვითარებას. ეს იმიტომ მოგიყვანეთ, რომ თუ სახელმწიფო მტკიცედ არ შედგა ამ ნიადაგზედ, არ გაითვალისწინა ის ტენდენცია ეკონომიური განვითარებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი და მტკიცედ არ შეუდგა ცხოვრებაში გატარებას, ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. აქ იყო ლაპარაკი, რომ უცხო კაპიტალი უნდა შემოვიდესო. მაგრამ ეს არ მოხდება ასე, როგორც თქვენ ფიქრობთ. ეს აუარებელი ბონები, რომელიც მოხმარდა იმ საქმეს... ეს იქნება, როდესაც თქვენ ყოველ სამრეწველო ქარხანას აამუშავებთ, საუკეთესო აწევა ჩვენი ფულისა, საუკეთესო მოგება. თუ თქვენ ამას არ იზამთ, ბატონებო, და იქნება ისევ ის ძველი რყევა, რომელიც არის, ჩვენ მოწამენი ვიქნებით იმ ფინანსიურ მდგომარეობისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს არის შედეგი ამ მერყევი პოლიტიკისა. ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა არის შედეგი ჩვენი უბადრუკი ფინანსიური პოლიტიკისა. რა მოგვცა ჩვენ ამ ფინანსიურმა პოლიტიკამ? სრული გაკოტრება. ჩვენ განვიცდით ფინანსიურ კრახს. ამის დამალვა არ შეიძლება. ჩვენი ფულის კურსი ყოველ დღე ყოველ საათში, თუ გნებავთ, ეცემა. მე გამიკვირდა, რომ წავიკითხე ფინანსიური მცირე კომისიის მოხსენებაში ფინანსთა მინისტრის განცხადება. მან წარბ-შეუხრელად მოახსენა კომისიას, რომ ჩვენი ფულის კურსი ურყევია. და თუ ამის თქმა შეიძლება, მაშინ ყველაფრის თქმა შეიძლება. 26 მაისს 18 წელს სტერლინგი ღირდა 40 მან., ეხლა კი 7.000 ადის. და ეს მოხდა განსაკუთრებით ბ. ავალიანის მინისტრობის დროს. თქვენ ერთი წლის განმავლობაში მუშაობთ, წერთ პროექტებს, კრებთ კომისიებს და ვერ შევქმენით სახელმწიფო ბანკი. და ამავე დროს ფინანსთა უწყება ხელს უწყობს კერძო ბანკების გამრავლებას. დიდი უმრავლესობა ამ ბანკების თვით ეწევიან სპეკულიაციას, ან აძლეევნ ფულს სასპეკულიანტოდ. იაფ-ფასიანი კრედიტი საწარმოვო მუშაობისთვის იქ არ იშოვება. გარდა ამისა, ჩვენში იმყოფება მრავალი უთავო ბანკები, ფული მათ არა აქვთ, საქონელი არ მოდის, შესანახავი ფული არავის არ მიაქვს, მათ არა აქვთ. რითი ცხოვრობენ? ეს ხალხი (ბანკის მეთაურები) აუარებელ ფულს იღებს... ჩვენ გვახსოვს კ. მარქსის სიტყვა პარიზის კომუნის დამარცხების შესახებ. კომუნისტების დამარცხების ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ თავისუფლად დატოვა ბანკები (თევზაია: სახელმწიფო ბანკი! ხმაურობა). ერთი ბანკი კი არა, საზოგადოდ ბანკებზედ არის ლაპარაკი, ჩვენში კი ეს ბანკები სამწუხაროდ აუარებელი არის გავრცელებული. თქვენ დიდ იმედებს ამყარებთ კერძო კაპიტალზე, კერძო ინიციატივაზე, ფიქრობთ - კაპიტალისტები გააჩაღებენ ჩვენში მრეწველობას, შემოიტანენ საქონელ-სურსათ-სანოვაგეს. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ კონტროლის გაწევა არ შეიძლება ბანკებში! მე ვამტკიცებ, რომ ჩვენი ბანკების უმრავლესობა ამ სპეკულიაციას ეწევიან. და თქვენ ძლიერ გვიან მიხვდით და დაიწყებთ ფაცურს, მაგრამ გვიან იქნება. ეს ბანკები არ მოქმედებენ. მეორე ბოროტება გახლავთ ბანკირთა კონტორები. ნამდვილი Дѣтище-ა ბ. ავალიანისა. რამეს ქმნიან ისინი? რამე შეაქვთ საქართველოს შემოქმედებაში? ერთს რამეს აკეთებენ კანტორების სახელების ნაციონალიზაციით? მოდაშია სახელები „საქართველო“, „ივერია“, „ზაკავკაზია“ და სხვა სახელები (კედია: ივერია, - აირევი!)და ყოველ დღე იხსნება ეს ახალი ბანკირთა კონტორები. ეს ყოფილი «мѣняльныя лавки» ყიდულობენ ვალიუტებს და ამით იძენენ მილიონებს. ხელოვნურად სწევენ ჩვენ ბონების ფასს (ასათიანი: ამზადებენ სოციალიზმს!). თქვენ სოციალიზმს, თორემ ხალხისას ისინი არ ამზადებენ (კედია: ჯვარი გვწერია!). განა ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება? განა ამ სპეკულიაციის ალაგმვა არ შეიძლება? განა ამისთანა საკრედიტო ოპერაციების შეკვეცა ცენტრალურ დაწესებულების მიერ, როგორც სახელმწიფო ბანკი არის, არ შეიძლება?

აიღეთ ვალიუტის საკითხი. უმთავრესი როლი ამ ვალიუტის დაცემაში ამ ბანკებს მიუძღვით (თევზაია: უმთავრესი არა!). აქ ამბობენ მხოლოდ ნაწილიო, მაგრამ რად ხდება ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ბათუმი ჩვენ ჩავიბარეთ, პოლიტიკურად გავმაგრდით (თევზაია: სტერლინგი წავიდა!). წავიდა, მაგრამ იმ დღესვე უკან დაიწყო მოდენა, მობრუნება ამ სტერლინგისა. აი, წადით და დაუგდეთ ყური, რა ხდება სალაყაიას კაფესთან (თევზაია: ამ რაიონში ცხოვრობს?). ნახავთ, რომ ამ კაფეს წინ იწევა ზევით ან ქვევით ჩვენი კურსი ათიოდე უსინიდისო სპეკულიანტის წყალობით. მცოდნენი ამ საქმისა ამბობენ, რომ თუ მოვიდა ვინმე, ვისთვისაც საჭიროა 500-1000 ფრანკი ან სტერლინგი, იმ წამსვე ეს ლეგალურად შეკავშირებული ყაჩაღთა ბრბო იწყებს თავის მოქმედებას. სახელმწიფო ბანკმა უნდა მოაწესრიგოს ეს საქმე, მხოლოდ იქ უნდა სწარმოებდეს სავალიუტო ოპერაციები. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მთავრობამ ვერ მოაგვარა - ფინანსიური კრახი აუცილებელია.

ჩვენ გულახდილად მოგახსენებთ, რომ მენშევიკების მთავრობა ფინანსიურ საკითხებს და ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას ვერ მოაგვარებს. არ ყოფილა ისტორიაში მაგალითი, რომ მერყევ ეკონომიურ პოლიტიკას რამე შედეგი, - დადებითი, რასაკვირველია, - გამოეღოს. შეიძლება მერყეობა ყოველ დარგში - მართვა-გამგეობაში, დიპლომატიაში და სხვ., მაგრამ მერყეობა, ერთი გარკვეული გეზის უქონლობა ეკონომიურ საკითხში, უფსკრულში გადაჩეხს ერს, სახელმწიფო მეურნეობას, მის მომავალს. არ შეიძლება ეკონომიური ცხოვრების აღორძინებაში დავიცვათ ყველა კლასის ინტერესები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ, ვის ინტერესებს ემსახურება სახელმწიფოს ძალა-უფლება, რომელ ძალას ის დაეყრდნობა და მაშინ სწორ გზასაც გამონახავთ. არ შეიძლება ამ კაპიტალს ხელი ახლო და მუშა ბატონობა განამტკიცო. არ შეიძლება სოფლად წვრილი საკუთრება იდეალად გაიხადო და სოციალიზმს ემსახურო. მაგრამ დავეთხოვოთ ეხლა ამას. თქვენ მაინც, ეს განწირულ ხალხს ჩვევია, ვერაფელს ისწავლით, გვიპასუხეთ მხოლოდ: რაც გზა უნდა აირჩიოთ, შეიძლება თუ არა უწყების წარმომადგენელმა, მის მეთაურმა, სახელმწიფო მოლარემ ტყუილით გაუმასპინძლდეს ხალხის წარმომადგენლობას, დამფუძნებელ კრებას. ეს მოხდა მხოლოდ მისთვის, რომ ჩვენში არავითარი გრძნობა პასუხისმგებლობის პარლამენტის წინაშე არ არის. მინისტრებმა იციან, რომ პარლამენტი, არც უმრავლესობა ფრაქცია არაფერს ნიშნავს, თუ მას წყალობს, მის მოქმედებას იწონებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი: უფრო მართალი რომ ვსთქვათ, სამი კაცი ამ კომიტეტიდან, რომელნიც ფაქტიურად განაგებენ დღეს დღეობით საქართველოს. თქვენ ყველას გახსოვთ ჩვენი ფრაქციის შეკითხვა მთავრობის მიერ უკანონოდ, დამფუძნებელ კრების დაურთველად ბონების დაბეჭდვის, გამოშრობის და მათი დახარჯვის. გახსოვთ ალბათ ისიც, რომ გამობრძანდა დიდის რიხით ბ. ავალიანი და გაუწყათ თქვენ, რომ ყველაფერი, რაც ესერებმა სთქვეს, ტყუილია. ბონები კი მოვამზადეთ, მაგრამ დახარჯვა კი როგორ შეიძლება. თქვენ ნდობა გამოუცხადეთ მაშინ ბ. ავალიანს, მოიწონეთ და დასტური მიეცით მის ნალაპარაკევს. დღეს კი რას ბრძანებთ. ხომ იცით, რომ გათავდა რევიზია ექსპედიციის და ხაზინის; ხომ იცით, რომ მილიარდები უკანონო გამოშვებულ ფულების დახარჯულია. ეხლა აგებთ პასუხს. აი, ჩემ ხელთ არის ეს ოქმი, დამფუძნებელ კრების საფინანსო კომისიის მცირე კომისიის დასკვნები. დაუგდეთ ყური, იყავით წყნარად და მერმე ან მინისტრმა, ან მის (казенный) დამცველებმა დაარღვიოს ჩვენ მიერ მოყვანილი ფაქტები. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მეოთხე ემისია ფაქტიურად მოხდა. აი, რას ამბობს ოქმი: მეოთხე ემისია დამფუძნებელ კრების მიერ ნებადართული არ იყო. სოციალისტ-რევოლიუციონერთა შეკითხვაზე, ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა, ბ. ავალიანმა განაცხადა, რომ დამზადებული ბონების რიცხვიდან დახარჯული იყო 800 მილიონი, დახეულ-გაფუჭებულ საქართველოს ბონების ნაცვლად და აგრეთვე ხაზინაში შენახულ ამიერ-კავკასიის და კენენკების უზრუნველყოფის ქვეშ. ამასთანავე ს. ავალიანმა დასძინა, რომ ოქროთი და ვერცხლის უზრუნველ-ყოფით ბონები არ დახარჯულა. რევიზიამ აღმოაჩინა, რომ მეოთხე ემისიიდან დახარჯული იყო 1.100 მილიონი მანეთის ბონი და რომ ეს 800 მილიონი მეტი ბონი გამოშვებული იყო სწორედ ოქროს და ვერცხლის უზრუნველყოფის ქვეშ. ამას ნათლად მოწმობს ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილების მიერ ხაზინისათვის გაგზავნილი განკარგულება ორი მინაწერის სახით, ამა 1920 წლის აპრილს 28-ს და მაისის 8-ს თარიღით. ამ ოპერაციის კანონიერებას ბ. ავალიანი ასაბუთებს საკრედიტო დებულების ერთ-ერთი მუხლით, რომლის ძალითაც სახელმწიფო ბანკს ნება ეძლეოდა განსაზღვრულ პირობებში გამოეცა ქაღალდის ფული დაგროვილ ოქროს უზრუნველყოფის ქვეშ. მცირე კომისია ფიქრობს, რომ კიდევაც ვაღიაროთ, რომ ხსენებული საკრედიტო დებულების მუხლი კანონიერ უფლებას ანიჭებდა მინისტრს გამოეშვა ნება დაურთველად ბონების ახალი ემისია. უნდა ითქვას, რომ ამ ემისიის გამოცემის დროს არ იყო დაცული შემდეგი: პირველი - არ არსებობს ამ ოპერაციის მოხდენისათვის მთავრობის სათანადო დადგენილება, და მეორე - უმთავრესიც ის არის, რომ სრულიად გამოურკვეველია, სახელდობრ, რის უზრუნველყოფის ქვეშ არის გამოშვებული მეოთხე ემისიის ბონები. მართალია, სახელმწიფო ბანკს აქვს დაგროვილი ოქრო, მაგრამ ეს ოქრო ჯერ არ აქვს მიღებული ხაზინას, არ არის აწონილი, ხარისხებად დაყოფილი და კანონიერად შეფასებული... ამას უნდა დაუმატოთ ის გარემოება, რომ ხაზინაში დაგროვილი ოქრო უკვე შედის მთელ იმ ქონებაში, რომლითაც უზრუნველყოფილია უკვე ნებადართული ემისიები. აი, დიდი ორი ტყუილი. პირველი: ეხლა ხომ დაიჯერებთ, ბატონებო, რომ ნება-დაურთველად, უკანონოდ დახარჯულია 1.100 მილიონი მანეთი და მეორე: ბ. ავალიანს არ სცოდნია, რამდენი ოქრო აქვს სახელმწიფოს, თუმცა დამფუძნებელ კრების სხდომაზე ამტკიცებდა, უკვე გამოვარკვიეთ ოქროს რაოდენობა. მცირე კომისია შემდეგ აღნიშნავს თვით ბეჭდვის უწესრიგობას. შენობა არ ვარგა. ბონის ქაღალდი დაყრილია კორიდორებში, სამზარეულოში და სხვ. საინტერესოა მე-5 მუხლი რევიზიის ოქმისა: „რევიზიის დროს კომისიამ გამოარკვია, რომ ათი მილიონი, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ბეჭედით იყო დალუქული და ხაზინაში იყო გაგზავნილი, გაეხსნათ კონტროლის ნება-დაურთველად. კომისიას ასეთი მოქმედება დაუშვებლად მიაჩნია.“

შემდეგ ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრი როგორც უნდოდა, ისე ექცეოდა კონტროლს - უნდოდა მიმართავდა, უნდოდა, ცუდ გუნებაზე თუ იყო ალბათ, არა. და ბოლოს, მცირე კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბ. ავალიანმა დამფუძნებელ კრების ტრიბუნიდან იმის შესახებ, რომ მას არ გაუცია განკარგულება 1.100.000.000 მანეთის დახარჯვის შესახებ არ ეთანხმება იმას, რაც კომისიამ აღმოაჩინა, კომისიამ ინახულა ფინანსთა უწყების საკრედიტო განყოფილების ორი მინაწერი ამა 1920 წლის აპრილის 28 და მაისის 8-ს თარიღით, რომლებიდანაც ირკვევა, რომ სამინისტროს ასეთი განკარგულება გაცემული ქონია. ასე, ბატონებო, მესამე ტყუილი ბ. ფინანსთა მინისტრის. და ამას თუ დაუმატებთ ერთ კურიოზულ განცხადებას ბ. ავალიანის, მისი ფიზიონომია სრულიად გამოურკვეველი იქნება. ბ. ავალიანმა ვერ მისცა კომისიას განმარტება ოქროს რაოდენობის შესახებ, არც აცხელა, არც აცივა და მოახსენა კომისიას - ჩვენ ერთი ხატი გვაქვს, რომლის ღირებულება დაუფასებელია და თითქოს ყველა გამოშვებულ ბონების საფასურს დაფარავსო. ასე თუა საქმე, რად მალავდა ამას ბ. ავალიანი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ხატი ყოფილ თავადის, მინგრელსკის ჯერ-ჯერობით კანონიერ არ არის ჩამორთმეული და სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადებული და არ ვიცით, ისიც გაბედავს თუ არა მენშევიკური პარტია ხატების გამოყენებას ფულის საფასურად. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ხატი ძვირფასია, მაგრამ მილიარდები, რასაკვირველია, არ ღირს. შეიძლება ამის შემდეგ ბ. ავალიანიც იყოს მინისტრი, თქვენი ნდობით აღჭურვილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა და თუ მას ხელს აფარებთ, თვით გახდებით მონაწილედ მისი ბოროტ-მოქმედების და ერთად აგებთ პასუხს. ყოვლად შეუძლებელია, რომ სახელმწიფოს ჰყავდეს მინისტრი და ისიც ფულის მინისტრი, მისი გამკეთებელი და შემნახველი, რომელსაც კარებამდის ვერ ენდობი, დიდის რიხით და აპლომბით დაათრობს მენშევიკებს თავისი უკუდო ტყუილებით.

ჩვენ მოვითხოვთ მხოლოდ, რომ ბოროტმომქმედი, ქურდი, სახელმწიფო ქონების გამნიავებელი დაისაჯოს, მიეცეს სამართალში და თუ ეს ასე არ არის შესრულებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არის რაღაც სხვა მიზეზი. უწყებებში, დაწესებულებებში, რამდენადაც ცხოვრება ძვირდება, იმდენად ცარცვა-გლეჯა ვრცელდება - 10-15 კაცი ცუდ რამეს ჩაიდენს და ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა მათი დასჯა, თუნდაც ისინი დიდი მენშევიკები იყოს. ასეთ მოვლენებს ბოლო უნდა მოეღოს. მოვიყვან ერთ მაგალითს, რომელიც ეხება ბ. ჭავჭანიძის მოხელეებს. პატარა არის, მაგრამ ფრიად დამახასიათებელია ჩვენი მესვეურების.

მიწად-მოქმედების უწყებაში იყო რევიზია შეშის საწყობების, რომელსაც ბ. დ. კახელაძე მეთაურობდა. აღმოჩნდა, რომ ნაწილი ფულის გაიფლანგა, არავითარი წესრიგი შეშის მიცემის დროს არ არსებობდა და შეშა იფლანგებოდა გზაში. 24 ვაგონი დაიკარგა და შემდეგ მოხდა ფაქტიური რევიზია ამ ფულების და აი, წაგიკითხავთ:

«Въ наличности къ 19-му іюля по денежной книгѣ значилось 30.037 р. Денегъ при завѣдывающемъ складомъ Кахеладзе не оказалось, а таковыя по его заявленію хранились на квартирѣ, занимаемой по Сергіевской ул., куда ревизующіе, закончивъ обзоръ книгъ и отчетности, отправились. Квартира, оказалось, принадлежала министру Ною Рамишвили, въ кабинетѣ котораго комиссія была приглашена.

Здѣсь г. Кахеладзе, оставивъ комиссію, удалился во внутреннія комнаты и минутъ черезъ 15 возратился, принеся 25.400 рублей. Относительно недостачи остальной суммы, 4.637 руб., г. Кахеладзе заявилъ, что часть денегъ онъ якобы выдалъ на покупку продуктовъ для служащихъ склада, а часть передалъ автомобильной регистраціонной комиссіи, въ каковой онъ состоитъ по назначенію министра Путей сообщенія. Никакихъ документовъ, подтверждающихъ заявленный расходъ 4.637 руб., г. Кахеладзе предъявить не могъ.

Вырученныя отъ продажи дровъ деньги частью расходуются на текущія операціонныя надобности по складу, частью передаются по усмотрѣнію завѣдывающаго въ кассу Министерства земледѣлія; большія суммы безъ особой надобности остаются на рукахъ.

Въ день ревизіи ни завѣдывающаго, ни его помощника комиссія на складѣ не нашла, хотя въ этотъ день погрузка дровъ на станціи жел. дороги не производилось».

ჩვენ რას მოვითხოვთ ახლა? მოვითხოვთ, რომ ახლა, როცა გაიარა 1 წელმა, რაც ეს საქმე მოხდა, მოგვცეს ახსნა-განმარტება. იყო კონტროლის მოხსენება ამ საქმის შესახებ. ეს საქმე გადაეცა პროკურორს და მან მოსპო. თუ ეს ასეა, მაშინ სხვაა, მაგრამ ეს არ მომხდარა და არავითარი მსვლელობა ამ საქმეს არ მისცემია, თუმცა მინისტრის რეზოლიუცია იყო. დღეს კი ბ. კახელაძეს უჭირავს უდიდესი ადგილი. ის არის მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი, რწმუნებული ქ. ბათუმში, სადაც ასეული მილიონები ტრიალებს. ასეთი საკითხის შესახებ უნდა ჰქნათ ის, რაც ჰქენით სასურსათო უწყების შესახებ. დანიშნეთ რევიზია და შემდეგ სასამართლოს გადაეცა საქმე. თუ ამას იზამთ, მაშინ კმაყოფილი ვიქნებით, მაგრამ თუ ეს არ ჰქმენით, მაშინ პასუხი თქვენ უნდა აგოთ. ბ. კახელაძე როგორ წაიყვანს საქმეს, ამას ბრმაც დაინახავს ახლო მომავალში. იყო რევიზია ბორჯომის მამულების და კომისიამ, 3 კაცისაგან შემდგარმა, გამოიტანა შემდეგი განაჩენი: Назначить разслѣдованіе дѣятельности Боржомской комиссіи на основаніи актовъ фактической ревизіи при чем комиссію теперь надлежитъ устранить отъ дѣла-ო. შედეგი კი? ყველა ამ პირებმა, კომისიის მეთაურებმა მიიღეს წარჩინება, უკეთესი საპატიო და მატერიალურის მხრივ ადგილები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ასეთი მოქმედება გადაეცეს სასამართლოს. მაგრამ როცა ეს არ ხდება და ბატონი... იღებს წარმატებას და ამას ასაბუთებენ, რომ ის საქმის მცოდნე კაციაო, და მართლა კი არ არის, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო პასუხის გაცემა, იმ პასუხის, რომელიც აქვს მხოლოდ სოც.-დემ. ბიუროს და სხვა დამფუძნებელი კრების წევრი ღირსი არ არის, არ არის საკმაო. როცა კონტროლი ამბობს იმ საშინელებაზე, რომელზედაც მოგახსენებთ ბ. კედია ბორჯომის წყალზე... (ხომერიკის რეპლიკა). მოგახსენებთ, ეს არის შეშის ოპერაცია. აქ სწერია, რომ ფასების მომატებას ადრე იგებდენ შეშის სპეკულიანტები; ყიდულობენ საწყობებიდან დაკლებულ ფასებში შეშას და ელიან ახალ მომატებებს. ეს ხდება, რადგან სამინისტროში უკვე გადაწყვეტილია და აუარებელი მოგება რჩება სახაზინო ქონებიდან კერძო პირებს. როცა ასეთი ბრალდება არის, კონკრეტული ბრალდება სხვა და სხვა მოხელეთა წინააღმდეგ და თქვენ სცემთ პასუხს კონტროლს, აქ სხვა და სხვაობა არის და ბევრ კითხვებზედ არ არის გაცემული პასუხი. აქ ამბობენ, რომ უპატივისმცემლოდ ვეპყრობით კონტროლსო. ბ. თევზაია, დაუგდეთ ყური, როგორ ეპყრობა სამინისტრო კონტროლს: აქ პასუხი ამ ბრალდებაზე, რომელიც წამოაყენა კონტროლმა, ამას გარდა (დადიანი: ვისი დაწერილია?) ეს სამინისტროსია; მხოლოდ ვისი დაწერილია, არ ვიცი. შეიძლება სტილით იცნოთ. თურმე მარტო ესერები არ შვრებიან, სახელმწიფო კონტროლიც შვრება ხანდახან.

На одномъ изъ засѣданій правительства отвѣтственный представитель контроля, увѣрял насъ, что «контроль не мумія».

Все вышеизложенное съ полной очевидностью доказываетъ обратно этому заявленію. Пріемлемъ смѣлость заявить, что контроль въ данномъ случаѣ ведетъ себя, какъ мумія, которую не сумѣли разбудить даже всѣ опушки наступающаго на Боржомскій районъ врага, ни боевой кличъ всей нашей вооруженной силы, имѣющей базой Боржомское имѣніе.

Пріемлемъ смѣлость заявить, что контроль и не зеркало, вѣрно отражающее дѣйствительное положеніе дѣла, какъ объ этомъ увѣрялъ тотъ же представителъ контроля на томъ же засѣданіи правительства.

Все это намъ даетъ право заявить, что чины контроля, производящіе такъ называемую фактическую ревизію, не считались съ фактами. Они намъ изобразили то, чего не было, не отразивъ того, что на самомъ деѣлѣ имѣло мѣсто.

Для чего это было нужно.

Надо полагать, для того, чтобы доказать нехозяйственность, расточительность, а то и преступность пріемочной комиссіи и самого Министерства земледѣлія.

Такая предвзятая мысль сначала до конца сквозитъ въ актѣ Контроля.

И неужели это продиктовано интересами нашей Республики.

Мы думаемъ совершенно наоборотъ. Приписывая грѣхи стараго управленія имѣніемъ нашей пріемочной комиссіи, Государственный контроль прямо льетъ воду на мельницу враговъ нашей Республики. Вы только подумайте, какой богатый матеріалъ далъ бы актъ Государственнаго Контролера бывшему владѣльцу имѣния, если бы не дай Боже - случилось реставрація.

ესეც სტილი! როცა ასეთ ფაქტებთან გვაქვს საქმე, მე თქვენ გეკითხებით, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საქმეს მიეცეს ერთგვარი მსვლელობა. გვაქვს ამისი უფლება, თუ არა? თუ არ გვაქვს, მაშინ არ ვილაპარაკებთ და ფრაქციები მიატოვებენ თავის ალაგებს. მაგრამ როცა კრიტიკა თავისუფალია, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ პასუხი ამის შესახებ.

აქ შემდეგ ჩამოთვლილია წვრილმანები: ცხენების სიკვდილი (გელეიშვილი: როდის იყო ეგ? ცინცაბაძე: რამდენი ცხენი მოკვდა?) აქ იყო 13 ცხენი, რომელთაც ეხლა ვერსად ვერ იშოვნით. იმიტომ მოკვდა, რომ მათ არ ჰქონდათ საჭმელი. იქ 13 ცხენის მაგიერ ინახებოდა 4 ძროხა, რომელთაც რძე... (გელეიშვილი: მომარაგების მინისტრად თქვენ იყავით მაშინ!) ბატ. თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ მე მიმიძღვის ბრალი, სასამართლოს არ გავექცევი. წამობრძანდით, ძროხის რძეს სვამდნენ მოხელენი და ფულს არ იხდიდენ (თევზაია: თქვენი მოხელენი!) არა, თქვენი ამხანაგები, მე ვამბობ, როცა ასეთი აქტები ხდება, აუცილებლად იქნეს გამოძიება. აი კონკრეტული მაგალითები ერთი სამინისტროსი. მე მგონი, საკმარისია საერთო სურათის შესადგენად.

ახლა ნება მიბოძეთ შევჩერდე მეორე სამინისტროზე. ეს შეეხება ჩვენს მილიციას და ადმინისტრაციას. ამ მხრივ უნდა მოგახსენოთ... (ცინცაბაძე: შეკითხვის დროს ილაპარაკეთ!) მაშინაც მოგახსენებთ. მე რასაც ვამბობ, ფაქტებით დაგიმტკიცებთ, თქვენსავით აბდა-უბდა ლაპარაკს არ დავიწყებ (ხმაურობა). აქ არის დაწერილი იმის შესახებ, თუ რა ხდება ბორჩალოს მაზრაში, მაგრამ მე ამაზე არ შევჩერდები. მე მოგახსენებთ, თუ რა ხდება თიანეთის მაზრაში, ეს დეპუტატმა ცისკარიშვილმაც იცის. აი რა სწერია თქვენივე გაზეთში („ერთობაში“):

„თიანეთის მაზრის დემოკრატია დღეს საშინელ შიშის ქვეშ არის. მრავალ წლობით მყუდროებით მოცული მაზრა დღეს ყაჩაღთა ბრბოს სათარეშოდ გადაიქცა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ აქაურ ხალხს ასეთი საშინელი შიში ეგრძნოს, როგორიც დღეს მათ ყაჩაღებისაგან ადგიათ. თიანეთის ფედერალისტების კორესპონდენტის, ბ. იკოთელის პროვოკაციამ ნაყოფი გამოიღო. ყველას ეხსომება, რომ ამა წლის გასულ მაისის 18-ში ბ. იკოთელმა „სახალხო საქმეში“ მოათავსა ვეებერთელა წერილი ყაჩაღ დავით არაბულის საჭიროებისათვის და მიუთითა ყაჩაღს, რომ ერწოელმა ბუჯიაშვილმა მოაკვლევინა კომისრებს შენი ბიძაშვილიო და ის ხომ სრულიად უდანაშაულო იყოვო. ისიც გააგებია იკოთელმა, რომ ა. ბ-ლი სოციალ-დემოკრატია და აბა შენ იციო. დასძინა, რომ ადმინისტრაცია ძალიან სუსტია, ვერ დგას თავის სიმაღლეზე და აბა, ახლა გვაქვს დრო, სცარცვე მშვიდობის მოყვარე ხალხი, იძიე შური ა. ბ-ზე და კომისრებზეო“. ასეთივე შინაარსით იყო სავსე მესამე ხმოსანთა ყრილობაზე შეტანილი შეკითხვა ფედერალისტებისა და ეროვნულ-დემოკრატების.

22 ივნისს ერწოს რაიონის ყოფილი კომისარი კალანდაძე ოჯახობით და ახმეტის რაიონის კომისარით მიემგზავრებოდა ტფილისში. თიანეთახმეტას შუა მდებარე ტყეში აუტეხეს საშინელი სროლა ყაჩაღებმა, რომელსაც მეთაურობდა შურისძიებით გაჟღენთილი ყაჩაღი დ. არაბული. სროლის დროს მძიმედ დასჭრეს მარჯვენა ბარძაყში კალანდაძე. ცხენი, რომელზედაც ის იჯდა, მოკლულ იქმნა, რის შემდეგ დარწმუნებულნი, რომ კალანდაძე უკვე მკვდარი იყო, ყაჩაღები წავიდნენ თავისუფლად და მეორე დღეს გათავხედებული ყაჩაღები თავს დაესხნენ თვით დ. თიანეთს. ეს არის ბ. იკოთელის მიერ „სახალხო საქმეში“ დაწერილ პროვოკაციის ნაყოფი...

ყაჩაღი დავით არაბული გასულ წელს დაჭრილი იყო, როგორც ცნობილი ყაჩაღი, მაზრის მილიციის უფროს ალ. ბოგდანოვის მიერ, მაგრამ გამომძიებელმა ფოთოლაშვილმა ის გაანთავისუფლა. მილიციის უფროსი ბოგდანოვი, ხედავდა რა არაბულის საშიშროებას, ის დაატუსაღა და გაგზავნა შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ადმინისტრაციული წესით. ყაჩაღი არაბული მილიციონერებს გზაში გაექცათ. გაჯავრებულმა ფოთოლაშვილმა კომისრებს და ერობის გამგეობის ადმინისტრაციულ განყოფილებას ბრძოლა გამოუცხადა არაბულის დაჭერისათვის, რადგანაც არაბული, როგორც „უდანაშაულო“ პირი, მის მიერ იყო განთავისუფლებული, რომელიც ადმინისტრაციული წესით აღარ უნდა დაეჭირათ. ერობის გამგეობამ აღნიშნულ ფოთოლაშვილს ასეთი მოქმედებისათვის უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგ გადაყვანილ იქმნა ის უკეთეს ადგილზე, ტფილისში. მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ თიანეთის დემოკრატიას ფოთოლაშვილი მოანატრა. ნაცვლად ფოთოლაშვილისა, თიანეთში დანიშნეს გამომძიებლად ვინმე კორინთელი, რომლის მოქმედებამ კიდევ უფრო გაათამამა ყაჩაღი არაბული, ისე როგორც ბ. იკოთელის კორესპონდენციამ. და განა ასეთი პირების ხელში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლოს ბედ-იღბალი? თუ ეს ტყუილია, შეეკითხეთ თიანეთის ერობის გამგეობას. მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ თიანეთის ერობის გამგეობას ხომ დაუძახა „ციც“-ო.

ასეთი მოსამართლეების წყალობითაა, რომ დღეს თიანეთის ერობას ეხარჯება მრავალი ათასები და ხვალ კი შეიძლება შინაგან-საქმეთა სამინისტროსაც დასჭირდეს მრავალი ათასების დახარჯვა...

ერთ ადგილას ხალხის მიერ ნდობა დაკარგული და უვარგისი მოხელე სხვა ადგილას უფრო მაღალ თანამდებობას ღებულობს.

ბ. იკოთელი და ძმანი მათნი რას დაგიდევენ - ისინი ხომ პასუხისმგებელნი არავის წინაშე არ არიან? იკოთელი ხომ ხალხს მოუწოდებდა თავის პროვოკაციულ წერილში, რომ „ხალხი გმინავს, იზნიქება გადასახადებისა და აუტანელი ბეგარის წინაშეო“. ასეთმა პროვოკაციამ ყაჩაღებს ფართო სათარეშო ასპარეზი მოუპოვა თიანეთის მაზრაში. საჭიროა სასწრაფოდ იქნას ზომები მიღებული ყაჩაღების ლიკვიდაციისათვის, ვისგანაც ჯერ-არს, თორემ ბევრს საუკეთესო ამხანაგებს გამოასალმებენ სიცოცხლეს“.

აი, რა საშინელება დატრიალებულა. ერთი მილიციონერი ერთი სოფლიდან მეორეში ვერ წავა, თუ მას 5-6 კაცი არ გაჰყვა. მაგალითად, ერთხელ 8 კაცი წასულა, მათ დასცემიან და დაუჭერიათ (რეპლიკა: ეს მოსპობილია!). ეს იყო დაწერილი ექვს ივლისს. ამას გარდა, 23 ივლისს შევიდნენ ყაჩაღები ქალაქებში, სადაც იყო მილიცია და გვარდია და დაეცენ ოჯახს. რამოდენიმე საათი სროლა იყო. მოისპო ეს თუ არა? მთავრობის თავმჯდომარის სახელზე იყო ტელეგრამა პაპავასი, რომ ყაჩაღები მოვსპეთო. იცით მერე, როგორია ასეთი ფაქტების ახსნა? ფედერალისტებმა დასწერეს რაღაც გაზეთში და იმიტომ დაიწყო ყაჩაღობაო. სწორედ სასაცილოა. თქვენ ყველგან კრამულა გელანდებათ (ნათაძე: ეს ბიუჯეტის შესახებ?). დიახ, სწორედ ბიუჯეტს შეეხება, იმიტომ რომ ეს კორესპონდენტი თქვენი გაზეთის ამბობს, რომ ზომები არ არის მიღებულიო. თქვენ გაგიგზავნიათ იუსტიციის წინადადებით კორინთელი, რომ ეს ყაჩაღობა მოესპო. იუსტიციის სამინისტრომ თიანეთის ერობას დაუძახა „იც“ო და ეხლა, როდესაც ყაჩაღობამ მიიღო მასიური ხასიათი, საჭირო იქნება გვარდია, ჯარის და შეიძლება საგანგებო კომისრის გაგზავნა - რამდენი ფული დაიხარჯება. მოითხოვენ მილიონებს და ეს არ ეხება ბიუჯეტს? როცა ანარქია არის რომელიმე მაზრაში, აუცილებლად ზომები უნდა იქნეს მიღებული თავიდანვე. მაგრამ თუმცა მილიონები კი იხარჯება, ჩვენი მოხელენი თვითონ აძლიერებენ ანარქიას. თუ ეს არ ეხება ბიუჯეტს, მაშ რაღა ეხება? ასეთი მოვლენა ხდება ყოველ მაზრაში, ამას მე ხაზს ვუსვამ, და თქვენ იცით, რათ აქვს ადგილი ასეთ მოვლენას. თქვენ პროვინციაში გაამეფეთ პარტიული დიქტატურა. ადგილობრივ ხალხს არ ენდობით, უგზავნით უფროსებს ტფილისიდან. ცეკას მოწონებული და თქვენი პარტიული პროპაგანდისტები და აგიტატორები ვერ გამოდგენ ერობის და ქალაქის მესვეურად, ვერ შექმნენ ადგილობრივ ვერც მეურნეობა და ვერც ხალხის ნდობა დაიმსახურეს. ხალხი მათ უყურებს როგორც „ვარიაგებს“, სანიმუშო დუშეთის მაზრა:

იქ შეიკრიბენ ადგილობრივი ერობების ყრილობა და ცენ. კომიტეტმა ს.-დ. პარტიისამ მისწერა, რომ უნდა აირჩიოთ ლეჟავა და სხვები. ესენი არასოდეს არ ყოფილან დუშეთის მაზრაში, ხალხი მათ არ იცნობს და რაც სასაცილოა და გაზეთით ატყობინებენ, უნდა წახვიდეთო და დაიწყეთ მუშაობაო. ეს არის პარტიული დიქტატურის გამოცხადება და შელახვა ყოველგვარ დემოკრატიულ პრინციპისა. და თუ თქვენ ადგილობრივ ელემენტებს არ დაემყარებით და ანგარიშს არ გაუწევთ, მაშინ გამოსავალი არ იქნება და ჩვენი სახელმწიფო დაიღუპება (ხმა: თუ ადგილობრივმა ხალხმა აირჩია?). ადგილობრივი ხალხი ირჩევს, როცა ცენ. კომ. ეუბნება და შიშ-მორჩილებაში ყავს ყველა (თევზაია ადგილიდან: ადესაში რატომ იყავით არჩეული?). ადესაში მე ამირჩიეს და არავითარი ძალ-დატანება ცენტრიდან არ მომიხდენია. ეს კი არის ძალ-დატანება, როცა ადგილობრივ ხმოსნების სიას ცენ. კომიტეტი უგზავნის და ეუბნება: ესენი აირჩიეთო (ხმაურობა).

თავმჯდომარე: ნუ უშლით ორატორს. მე გთხოვთ, დაუბრუნდეთ ბიუჯეტს.

ლორთქიფანიძე: ეს ეხება სწორედ ბიუჯეტს.

თავმჯდომარე: ნუ შემეკამათებით. მე გთხოვთ, ბიუჯეტს დაუბრუნდეთ!

ლორთქიფანიძე: როდესაც ასეთი წესია მართვა-გამგებლობისა, ჩვენ მივიღებთ ასეთ ბიუჯეტს, რომელიც გვაქვს! აიღეთ მართვა-გამგეობის საქმე აფხაზეთში. ჩვენ აქაც რევიზია მოვითხოვეთ. ტყუილად ცარიელ სიტყვებს რომ ამბობთ საავადმყოფოებზე, სკოლებზე და სხვა, დანიშნეთ სენატის რევიზია ან საპარლამენტო რევიზია და იმან გამოარკვიოს ჩემი და თქვენი ამხანაგების მოქმედება და მოღვაწეობა. ამით გამოირკვევა, როგორ და რა საჭიროებისთვის იხარჯებოდა ფული და ვინ ხსნიდა მკვდარ საავადმყოფოებს. ამას ვთხოულობთ ჩვენ. ასეთ პირობებში როგორც ჩვენ, თქვენი ამხანაგებიც ჩააყენეთ. აი, მაგ., აფხაზეთში! იმის მაგივრად, რომ მოგეხდინათ რევიზია, ისეთი ატმოსფერა შექენით, რომ ლოიალური აფხაზეთი ალმაცერად გვიცქერის. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ მენშევიკი არ არის კაცი, ის უსათუოდ მოწინააღმდეგეა... რესპუბლიკის ძველი თვითმპყრობელობის შეხედულება - ვინც მართლმადიდებელი და რეაქციონერი არ იყო - ყველას ქვეყნის მტრად აცხადებდენ (ცინცაბაძე ადგილიდან: თქვენ ხომ იყავით იქ, მაგრამ არ გამოდექით!). მე გამოვდექი თუ არა, ამას ამტკიცებს ის, თუ რას მწერენ ერობები სამურზაყანოსი, კოდორისა, გუმისტანისა და სხვა. მე მაქვს ტელეგრამები თქვენი ამხანაგებისა და ეს ამტკიცებს, გამოვდექი თუ არა. თქვენი ამხანაგები მე უფრო მიცნობენ, ვიდრე ცინცაბაძეს. არჩევნებში სოც.-დემოკრატია დამარცხდა და იმის მაგივრად, რომ შეთანხმება მოეხდინა, ყველა ერობებში და კომისარიატებში ჩააყენა გარეშე ხალხი, თავის კაცები, რომელთაც უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა. თქვენ ემყარებით უმცირესობას, რადგანაც უმრავლესობა ხალხისა ოთხ მაზრაში თქვენი წინააღმდეგია. ეს არის დემოკრატიზმი, ეს არის წარმომადგენლობითი სისტემა თუ პირწავარდნილი დიქტატურა ერთი პარტიის. ასე ქმნით თქვენ პოლიტიკას და ეს მეტად საშიში საქმეა. ასეთი პოლიტიკით აიხსნება ის, რომ ადგილობრივი ხალხი არ არის დაინტერესებული ადგილობრივ საქმეებში. მას არ აქვს საშუალება იმუშაოს და ამით აიხსნება ის მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება კულტურული მამულები (ხმა: უკეთეს მდგომარეობაშია!). მე მოგახსენებთ, რომ გაგრის კლიმატური სადგური განადგურებულია, ერთი მეათედი ქონებისა აღარ მოიპოება (ხმაურობა).

თავმჯდომარე: გთხოთ, ნუ უშლით ორატორს!

ლორთქიფანიძე: ხომერიკმაც იცის, რომ გაგრის კლიმატური სადგურის წყლის სადენი მილები სახალხო გვარდიამ წამოიღო... (ხმა: როდის? ომის დროს იყო?). მე არ ვიცი, ომის დროს იყო თუ არა, მაგრამ ეს სახელმწიფო ქონება მიჰყიდეს ფოთის ქალაქის თვითმმართველობას. ფოთის ქალაქის თავს წაუღია ფოთში. მაგრამ ეს გაუგია მიწად-მოქმედების მინისტრს და გზაში დაუკავებია და ამის შესახებ დიდი მიწერ-მოწერა იყო. ხმოსანთა ყრილობა და გამგეობა ამბობდა, თუ არ დაგვიბრუნეთ, ოტსტავკაში წავალთო. ეს იმისთვის მოგახსენეთ, რომ საერთო წესი მუშაობისა არ არის. გაგრის კლიმატური სადგური, რომელიც საუკეთესო აგარაკი და მამულია, არის მთელ საქართველოში, ინგრევა. და ამ დროს იქ გადააყენეს ინჟინერი ჯაფარიძე და მის მაგივრად გაგზავნეს ბ. ურატაძე გრიგოლ, ყოფილი ბილეთის კასირი სამტრედიის. რევოლიუციის დროს გახლდათ ბორჯომში და მე უკვე წაგიკითხეთ რევიზიის აქტი, თუ როგორ მოღვაწეობდა ეს ვაჟბატონი იქ (ხომერიკი ადგილიდან: ჯაფარიძის ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?). მე ჯაფარიძეს არც კი ვიცნობ. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ თქვენმა ორგანიზაციამ აიძულა ბ. ურატაძე რევოლიუციის პირველ დღეებში წასულიყო სამტრედიიდან (ხომერიკი ადგილიდან: არა!) და რა არის ამის მიზეზი, თქვენ კარგად იცით. თქვენ დაითხოვეთ ინჟენერი და მის მაგივრად დანიშნეთ ისეთი კაცი, რომელსაც არავითარი სპეციალური ცოდნა არ აქვს. თქვენ ნიშნავთ კალანდაძეს სამნეო განყოფილების უფროსად გაგრაში. არც ის არის სპეციალისტი, მაგრამ თქვენ ნიშნავთ კიდევ სამნეო განყოფილების უფროსად ოტრადნაიას მამულში. ამ რამდენიმე წლის წინედ ჩვეში იყო ჩამოყვანილი 45-50 შვეციის ძროხა. იქ, ადგილობრივ მამულ ოტრადნოეში საჭმელი არ იყო. რამდენიმე ტელეგრამა გამოგზავნა ემუხვარმა მიწად-მოქმედების სამინისტროში და თხოულობდა, მოგვეცით ნება, რომ ეს ძროხები გადავიყვანოთ გურიაში. მაგრამ ამის ნება არ მისცეს და ეხლა ხომერიკმა მოგახსენოთ, რაც მოხდა იქ და 45 ძროხიდან რამდენი დარჩა. ნაწილი დაიხოცა, ნაწილი გაიყიდა ხორცად აგუძერაში. დიდ შენობების და მამულის დაცვა მიანდვეს ერთ ქალბატონს და მასვე მიაბარეს აუარებელი დაუფასებელი ავეჯეულობა. ეს ქალბატონი დათხოვნილი იყო, როგორც არა საიმედო პირი და... შენობა, ავეჯი, ნივთები დაიწვა. ვინ აგებს პასუხს? ვინ აუნაზღაურებს ხალხს ამ დიდ დანაკლისს? აიღეთ მეორე მამული სმეცკი: ის სრულიად განადგურებულია. და თუ წინეთ ყველა სოხუმში გამვლელი ათვალიერებდა ამ შესანიშნავ მამულს, რომ ესწავლათ, თუ როგორ უნდა მოვლა მამულს, ეხლა შეიძლება ნახონ, თუ როგორ ანგრევს ხომერიკი გაკეთებულ საქმეს (კედია ადგილიდან: დიახ!). ეს მამული, რომელიც მილიონები ღირდა, დღეს არარაობას წარმოადგენს და ის ინვენტარი, რომელიც აუცილებელი იყო მამულისათვის, ფრანგებს მიჰყიდეს. თვით სოხუმში ბოტანიკური ბაღი რა მდგომარეობაში არის? არავითარი საცდელი მინდვრები, лекарственное поле, აღარ არსებობს. მათ არ მიიღეს სახელმწიფოსაგან დახმარება და ამ ერთი წლის განმავლობაში. რით ცხოვრობდენ? ეს არავინ არ იცის. ეს ხდება იმიტომ, რომ ადგილობრივი ხალხი არ არის დაინტერესებული, არ არის ჩაბმული მუშაობაში. თქვენ ამბობთ, რომ ხალხი მოღალატე არისო. ეს არ არის მართალი. ხალხი არ არის მოღალატე (მგელაძე ადგილიდან: მართალია!). მე წაგიკითხავთ ერთ სამარცხვინო წერილს თქვენი ამხანაგისას. მანამდე მინდა ვთქვა, რომ თქვენ არ უწევთ ანგარიშს ადგილობრივ ხალხს, არ იცით მათი სულის კვეთება და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც მე მოგახსენეთ. ხომერიკმა უნდა იცოდეს ეს შემთხვევა, რომ ტყის გამგედ ინიშნება ყოფილი თავადიშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ მამაა ცნობილი სოც.-დემოკრატიისა. და თქვენ გგონიათ, რომ ნდობით მოგეპყრობათ ხალხი, როდესაც ტყის გამგედ ნიშნავთ ყოფილ თავადიშვილს არა სპეციალისტს. ყველა იქაურ ელემენტებისაგან პატივცემული რუსი ჩინოვნიკი კუკლევსკი გადააყენეთ, რომელიც გულით რესპუბლიკის მომხრე გახდა და მის მაგივრად დანიშნეთ ძველი ფეოდალი, მემამულე - ემუხვარი. ვინც იყო სამურზაყანოში, იცის, თუ როგორ ეპყრობიან ადგილობრივი გლეხები ამ კაცს. და როცა ჩვენ გვეუბნებით ამის შესახებ, თქვენ ამბობთ, საქართველოს დაქცევა გინდათო. გამოდის, რომ ზოგიერთი ბაქოელი მოხეტიალე ჟურნალისტი გამოდიან საქართველოს დამცველებად და მე და ჩემი ამხანაგები კი მტრებად (ხმა: თქვენ მობილიზაციის წინააღმდეგი იყავით?). თუ თქვენ მართლა გულწრფელად ფიქრობთ, რომ ბათომის ბრძოლის დროს ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით მობილიზაციისა, ეს თქვენი სინდისის საქმეა, მაშინ ისე, როგორც ზოგიერთ თქვენი ამხანაგებიც წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხელი არ შეგვიშლია (ხმა: შეუშალეთ, გაიხსენეთ მამფორია?). უკანასკნელი მობილიზაცია იმ რაიონებში, რაც ჩვენ პარტიას ქონდა გავლენა, მაგ. აფხაზეთში და სამეგრელოში, საუკეთესოდ ჩატარდა, უფრო უკეთესად, ვიდრე სხვაგან (ხმაურობა. თავმჯდომარე ზარს რეკს). ცინცაბაძეს ცხვირი მოამტვრიეს არჩევნებში და მისთვის შფოთავს. ცეკაში «отчетъ» არ მოუწონეს ალბათ... მე ვამბობ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც არის განაპირა კუთხეებში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს - აფხაზეთში, აჭარაში, ახალქალაქში.

თავმჯდომარე: სამი წუთი დაგრჩათ!

ლორთქიფანიძე: უკანასკნელად მოგახსენებთ შემდეგს: ეს შეეხება ჯავის ხეობას. იქ როცა აჯანყება მოხდა, ყველა მტერი იყო. მთავრობის ოფიციოზ გაზეთ „ერთობა“-ში კორესპონდენციები იბეჭდებოდა... (ბ. თევზაია

ადგილიდან: „ერთობა“ მთავრობის ოფიციოზია?). ხომ გახსოვთ, რომ პარტიულ ყრილობაზე ბ. რამიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ არ გვინდა გაზეთი, ჩვენი გაზეთი „ერთობა“ არისო. ხომ გახსოვთ ეს. ამ კორესპონდენტებში სწერია (კითხულობს):

„საქართველომ ისე შეისისხლხორცა ერთა თანამშრომლობის და სოლიდარობის საჭიროება, რომ უმეზობლოდ არსებობა ჯოჯოხეთურ ტანჯვად მიაჩნია. როგორ ველოლიავებოდით, ვეფერებოდით ჯავის მცხოვრებთ, მაგრამ ვერ მოვინადირეთ მათი გული. მუდამ ბურტყუნებდნენ, შფოთავდნენ, ამბოხებებს გვიწყობდნენ. ამ ბოლო ხანსაც ისე მოღალატურად მოგვექცნენ, რომ ლედი მაკბეტის სიტყვით რომ ვთქვათ, არაბეთის ყველა სურნელოვანი წყლები და ნელსაცხებელნიც ვერ განბანენ მათ მუხანათურ ხელებს. ვეღარ გაუძლო საქართველოს ლაშქარმა განიადაგებულს ღალატს და რისხვად დაატყდა, ქარტეხილად გადაიარა მათს საბინადროში. მე ვნახე ჯავის ამაყი ხეობა, მას აღარა აქვს ძველი მედიდურობა, დაცარიელებულია სოფლები, აღარსად ისმის ადამიანის ხმაური. უზაროდ გამოიყურებიან ღია დარჩენილი კარები, საიდანაც უკანასკნელად გავიდნენ ისინი, ვინც ღალატის წიწილებს ზრდიდა თავის გულში. მორჩა, გათავდა, ვეღარ დაბრუნდებიან იგინი.

ჯაველებმა კი ფასი არ დასდვეს თავის ბედნიერებას და სიბედშავეში გასცვალეს იგი. მთელი სოფლები აყრილა და შეჰხიზვნია ჩრდილოეთის ცივ მთებს. დაცარიელებულია ის ჯავა, რომელიც სამრეკვლო იყო საქართველოს ორგულებისა. თუ რომელიმე მაზრაში ოსობას საზოგადოებრივ-კულტურულ საქმეში მონაწილეობის მიღებას შევთავაზებდით - მათ ჯავისაკენ უნდა მიეპყრათ თვალ-ყური. ვნახოთ, შევეკითხებით, ჯავა რას გვირჩევს: კარგი მოუვიდეთ, კარგი მათ არ ურჩიეს და ჩაადენინეს.

„ჩვენი ცოდვა ზიდონ ჯავაში მოკალათებულ მოღალატეებმა, რომელთაც გაგვაბრიყვესო“, - შემომჩივლეს ცხინვალში ოსებმა. ჯავის „მთავარ ანგელოზებმა“, რა წამს იწვნიეს ჩვენი ძალა, ყოვლის უწინარეს მოუსვეს სამშვიდობოსკენ და მიატოვეს უპატრონოდ თვისი ლაშქარი.

ჯავის განადგურებისგან ღმერთმა დაგვიფაროს - ეს სოფელი უკეთესი ხალხისთვის გამოგვადგება, მხოლოდ სახელი უნდა გამოეცვალოს. საქართველოს ახალს ისტორიაში აღარ უნდა იხსენებოდეს მოღალატე კუთხის სახელი.

დღეს ჯავის ხეობაში ჩასასახლებლად მოდიან უმიწაწყლობით შეწუხებული ქართველობა და კარგსაც სჩადიან... საქართველოს ბევრი მტერი ახვევია და საზღვრებზე უნდა ჰყავდეს პიტალო კლდეებისავით შემორტყმული ერთგული ქართველობა, თუ გინდა, რომ იგი იყოს მარად გადულახავი და უძლეველი.“

მე გეკითხებით თქვენ: ბ. ქარუმიძე დასწერდა ამას თავის გაზეთში? არასოდეს! (ხმაურობა). და თუ თქვენ ასე აპირებთ მომავალში მოღვაწეობას, თქვენი საქმე, როგორც სოციალისტების, სამუდამოდ გაფუჭებულა. თქვენ ეს პოლიტიკა გადაგჩეხავთ უფსკრულში, მაგრამ მე მეშინია, რომ თქვენ თან გადაჩეხთ რესპუბლიკასაც.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგს, ბ. ანდრონიკაშვილს.

კ. ანდრონიკაშვილი (სახელმწიფო კონტროლი): დამფუძნებელი კრების წევრნო! მე არ მიხდება შეჩერება ბიუჯეტის არსებით მხარეზე და მით უფრო მის კრიტიკაზე სოც.-რევოლუციონერების და ს.-ფედერალისტების მხრივ.

უნდა მოგახსენოთ, რომ ბიუჯეტი შეიცავს ორ მხარეს: ერთი არის მისი შედგენა და მეორე - შესრულება, ცხოვრებაში გატარება.

რაც შეეხება პირველ მხარეს, მას ს.-რევ. და სოც.-ფედ. არ შეხებიან სრულებით. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ბიუჯეტის შედგენა შეეხება შემოსავალ-გასავალს, მათ მიზან-შეწონილებას, თუ როგორ იხარჯებოდა იგი და შემდეგ - თუ არის დეფიციტი, რა არის მიზეზი და რით აიხსნება ეს დეფიციტი. ამას არც ერთი ორატორი არ შეხებია. შეეხო მხოლოდ ოპოზიცია მარჯვნიდან ბ-ნ სპ. კედიას სახით და ისიც მალე გადავიდა იმაზე, რაზედაც შეჩერდა ოპოზიცია მარცხნიდან. უნდა მოგახსენოთ, რომ აქაც მარცხი დაემართათ სოც.-რევ. და სოც.-ფედერალისტებს. იგინი შეეხნენ შესრულებას არა იმ ბიუჯეტისას, რომელიც თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი - 1919-1920 წლის ბიუჯეტს, არამედ ბიუჯეტს 1918-1919 წლისას (ხმა ადგილიდან: აკი გვეკამათებით?). უკაცრავად, მე არ გეკამათებით, მე შევეხები თქვენს შენიშვნებს.

თქვენ, ბ. შენგელაია, ყოველთვის მოგყავდათ საბუთები და ციტატები ჩემი მოხსენებიდან, რომელიც შეეხებოდა 1918-1919 წლის ბიუჯეტის აღსრულებას, მაშინ როდესაც დამფუძნებელი კრება იხილავს წარსულ, 1919-1920 წლის ბიუჯეტს.

აი, ამ ბიუჯეტის შესრულებას თქვენ უნდა შეხებოდით ისე, როგორც ბატონი სპ. კედია, არა ჩემი მოხსენების მიხედვით, არამედ საგანგებო კომისიის (შენგელაია: ეს ჩვენ ვიცით!). რევიზიის მიხედვით, რა თქმა უნდა, თქვენ სრული უფლება გაქვთ აღმასრულებელ ორგანოების, უწყებების დასახასიათებლად ისარგებლოთ ჩემი მოხსენებით 1918-1919 წ., მხოლოდ მაშინ უნდა იყოს დაცული ერთგვარი ობიექტივობა, სახელმწიფოებრივი პრინციპი და არა ვიწრო ფრაქციული, იმიტომ რომ ჩემი მოხსენება შეეხება ყოველი უწყების მოქმედების არა მარტო უარყოფით მხარეებს, არამედ დადებითსაც და მიუდგომლობა მოითხოვდა, რომ აღგენიშნათ კონტროლის მოხსენებიდან ის ადგილებიც, სადაც არის ლაპარაკი უწყებათა დადებით მუშაობაზე, თუმცა ამ მოხსენებაში უფრო მეტი ნაწილი შეეხება უარყოფით მხარეებს.

აი, მაგალითად, რაკი შეჩერდით კონტროლის მოხსენებაზე, თუმცა ეს იყო შეცდომა, რადგან ის ეხება 1918-1919 წელს, ნებას მივცემ ჩემს თავს წავიკითხო ამ მოხსენებიდან (კითხულობს): „კონტროლს სამართლიანად მიაჩნია აღნიშნოს, რომ მიუხედავად საქმის წარმოებისათვის არა ხელსაყრელ პირობებისა, ხსენებული მამულები თავის საბიუჯეტო ოპერაციებს უდეფიციტოდ ათავებდენ და 1-ნახევარ მილიონ მანეთის ნაღდ შემოსავალს იძლეოდენ.“

შემდეგ ვამბობ იმავე ნაციონალური მამულების შესახებ (კითხულობს): „მამულებში აქ მოყვანილ სარევიზიო შენიშვნებით აღნიშნული ზოგიერთი დეფექტების მიზეზი იყო შექმნილ მდგომარეობით გამოწვეული და არა მმართველობის ბრალი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მიწად-მოქმედების სამინისტროს სხვა დაწესებულებებში.“

დეფექტების ყოველ აღმოჩენაზე კონტროლის მიერ მიწად-მოქმედების სამინისტრო ცდილობდა მიეღო სასწრაფო ზომები მეურნეობის განსაზღვრული წესების შესამუშავებლად (ხმა ადგილიდან: რევიზია?). როდესაც კონტროლი ახდენს რევიზიას ამა თუ იმ დაწესებულებაში, ის შენიშვნებს, რჩევას აძლევს აღმოჩენილ დეფექტების, წესის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. და თუ ამას არ ასრულებენ, კონტროლი იმეორებს. და თუ ამის შემდეგაც უყურადღებოდ სტოვებენ კონტროლის შენიშვნებს, გაფრთხილებას, მაშინ კონტროლიორი აღნიშნავს ამას თავის მორიგ მოხსენებაში.

ეხლა გადავალ მე ბ. ღლონტზე. მე იძულებული ვარ შევეხო მის შენიშვნებს იმდენად, რამდენადაც ის ეხება კონტროლს.

ყოველთვის, როდესაც აქ გამოდის ბ. ღლონტი, ის ცდილობს თავისი გამოსვლა ააშენოს სხვა და სხვა მეცნიერთა აზრებზე. მხოლოდ როდესაც გადადის თავის საკუთარ, დამოუკიდებელ აზრზე, იგი ამ აზრს უსათუოდ ამყარებს ყალბ მაგალითებზე. მაგალითად, ამბობს: საერთოდ კონტროლს, გარდა ოფიციალური მოხსენებისა, აქვს კიდევ არაოფიციალური, საიდუმლო მოხსენებაო (საერთოდ კი არა, თქვენ!). დიახ, მე შემეხეთ.

უნდა მოგახსენოთ, რომ შემუშავებულია კონტროლის შესახებ დებულება, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო. ამ დებულებაში არის მუხლი, რომელიც აღნიშნავს, რომ დამფუძნებელი კრების წინაშე კონტროლი მოხსენებას აკეთებს წარსულ საბიუჯეტო წლის შესახებ 15 დღით ადრე, ვიდრე დაიწყებოდეს ახალი საბიუჯეტო წელი.

მაშასადამე, მე ამ დებულების მიხედვით, უფლება არა მაქვს საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ვიდრე იგი არ დამთავრდება, რომ გამოვიდე ამ ტრიბუნაზე ყოველ წუთში და მოგახსენოთ ყოველ აღმოჩენილ ბოროტ-მოქმედების შესახებ. თუ მოისურვებთ ამ დებულების შეცვლას, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, დამფუძნებელი კრება, თუნდაც რომ გადასინჯოს ეს დებულება, მაინც არ შესცვლის დებულების ხსენებულ მუხლს, ვინაიდან დამფუძნებელი კრება საბიუჯეტო მთელ წელს მოანდომებდა აღმასრულებელ ორგანოების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებისა და შეცდომების განხილვას. როცა ხდება რომელიმე ბოროტმოქმედება, ამის შესახებ სახელმწიფო კონტროლი აცნობებს სათანადო უწყებას, რათა მან გამოიძიოს იგი, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე, ან თუ შეცდომა იყო, მიიღოს ზომები მომავალში თავიდან ასაცილებლად. ბოროტ-ჩამდენი პირი გადაეცემა გამომძიებელს, რომელიც მისცემს მას პასუხისგებაში, როდესაც დაუმტკიცებს ბოროტმოქმედებას, ან გაანთავისუფლებს, თუ უბრალო გაუგებრობას ქონებია ადგილი. მე რომ ყოველ ბოროტმოქმედების აღმოჩენის დროს, ვიდრე იგი გამოირკვეოდეს, აქ მოვირბინო და მოგახსენოთ, ეს შექმნის უბრალო კინკლაობას, გაუგებრობას, მით უმეტეს, რომ კანონით ნება არა მაქვს ამისი. ამას უნდა დაფიქრება (თ. ღლონტი: ერთი წელიწადი ფიქრობთ!). მდგომარეობის და პირობების გაგება. როდესაც დავინახავ, რომ ესა თუ ის მინისტრი ყურადღებას არ აქცევს, უწყება ხელს აფარებს ბოროტმოქმედებას, დამნაშავეს არ აძლევს პასუხისგებაში, მაშინ კონტროლიორს სრული უფლება ეძლევა თავის წლიურ მოხსენებაში აღნიშნოს და წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს. ამ გვარად, ბიუჯეტის აღსრულების დროს კონტროლის დებულების მიხედვით, კონტროლიორი ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე აქცევს ყურადღებას როგორც მთავრობის თავმჯდომარის, ისე მინისტრისას, რომელსაც ეს ეხება.

ყოველ ბოროტმოქმედებას, ან კანონის დარღვევის შესახებ მე შემიძლიან მივმართო პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარეს. თუ მთავრობის თავმჯდომარე გამოარკვევს ამას, ამოსწურავს და დამარწმუნებს, რომ გაუგებრობას ქონებია ადგილი, მაშინ მე სრული უფლება მაქვს არ შევიტანო ჩემს მომავალ მოხსენებაში. ეს კი არ შეადგენს საიდუმლოებას, როგორც გონია ბ. ღლონტს. პირიქით, თუ დავრწმუნდი, რომ ბოროტ-მოქმედება დარჩა ძალაში, ყურადღება არ მიაქცია არც მთავრობის თავმჯდომარემ, არც სათანადო უწყებამ, მაშინ კონტროლის წლიური ანგარიში ეს მოგეხსენებათ და მიქცეული იქნება ყურადღება საკანონმდებლო ორგანოსი. თუ ასე არ მოიქცევა კონტროლიორი, აი მაშინ შეგიძლიანთ დასდოთ მსჯავრი და სთქვათ: კონტროლი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, კონტროლი საიდუმლოდ მოქმედობს, კონტროლი არ არსებობს და სხვა.

თუ თქვენ გნებავთ, რომ ყოველ ჩადენილ ბოროტ-მოქმედებაზე იმავე დღეს მიიღოთ პასუხი, ვერ მიიღებთ იმიტომ, რომ კონტროლიორი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სანამ დასრულდება საბიუჯეტო წელი და სანამ არ გამოირკვევა სათანადო გზით კონტროლის მიერ აღძრული საქმე, მანამ თავის გარკვეულ და გადაწყვეტილ დასკვნას ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება ბ. ლორთქიფანიძის განცხადებას ემისიის შესახებ, მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვას რამდენადაც შემეხება მე. მან განაცხადა, რომ 400 მილიონზე დასტური მისცა კონტროლიორმა, ხოლო წინეთ ორას მილიონზე დასტური არ მიუციაო. მე არ ვიცი, რომელ საბიუჯეტო აქტებიდან იყო წაკითხული ეს ცნობა (ხმა ადგილიდან: მცირე კომისიის!). იმ საბიუჯეტო სხდომაზე, სადაც გახლავთ ბ. ნუცუბიძე, რომელმაც შეკითხვა შემოიტანა, იყო ბ. სიმ. ავალიანი და მე. მათ თვალ წინ გადავშალე მთელი მიწერ-მოწერა ჩემ და ფინანსთა მინისტრის შუა და დავანახვე, რომ ფინანსთა მინისტრმა ჯერ მოითხოვა 200 მილ. მანეთი, მაგრამ ვიდრე მე პასუხს გავცემდი 200 მილიონზე, საჭიროება უკვე 400 მილიონზე ავიდა (კედია: ეს რა უფლებით?). რაც შეეხება 400 მილიონს, მე ამის შესახებ განმარტება გაუკეთე საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას. გახლავთ კანონი ბანკის შესახებ, რომელიც არ არის გაუქმებული. და იქ არის ნათქვამი, რომ სახელმწიფო ბანკს აქვს უფლება გამოუშვას ბონები, რომელთა რაოდენობა უნდა უდრიდეს 1/3 ოქროს ღირებულებისას. ეს ახსნა დამფუძნებელ კრებაში ბ. ავალიანმა მისცა შეკითხვის დროს, დღეს კი რათ გამოდიან და მაინც უბრუნდებიან იმავე კითხვას, არ მესმის. ეს რაც შეეხება 400 მილიონს, მხოლოდ მაზედ მეტი თუ იყო გამოშვებული, ამაზე მოგახსენებთ თვით ფინანსთა მინისტრი ბ. ავალიანი (კედია: ძალიან კარგი, მოუსმენთ!). საზოგადოდ კი მე ვფიქრობ, რომ ბოლო უნდა მოეღოს იმ გვარ გამოსვლებს, რომელსაც კისრულობენ სოც.-რევოლიუციონერები. ამ ერთი წლის განმავლობაში. გაიძახიან, კონტროლი არაფერს აკეთებს, კონტროლი მუმიაა, კონტროლი არ არსებობს. ყოვლად დაუშვებელია კონტროლის მოქმედება, კონტროლის არსებობა იყოს გამოყენებული ვიწრო ფრაქციულ ინტერესებისთვის.

აი, მაგალითად, ბ. შენგელაია კონტროლს გამოიყენებს ხოლმე ისე, როგორც მოითხოვს მისი ფრაქციის ინტერესი. როცა სურს, მისთვის კონტროლი არ არსებობს, კონტროლი არაფერს აკეთებსო (ხმა ადგილიდან: კონტროლი სდუმს!). დიახ, კონტროლი სდუმს საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ვიდრე წლის დამლევს არ გააკეთებს მოხსენებას, სადაც ჩანს მთელი მისი მოქმედება. პირიქით, როდესაც იგივე ბ. შენგელაია მოისურვებს, მაშინ კონტროლი არსებობს, კიდევაც სარგებლობს მისი მოხსენებით, მოჰყავს იქიდან ციტატები. სიტყვის დამთავრებისას მე ვსთხოვ დამფუძნებელ კრებას, ყოველი ნაბიჯი კონტროლისა იხილებოდეს სახელმწიფოებრივი და არა ვიწრო პარტიული თვალსაზრისით (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა მიწად-მოქმედების მინისტრს, ბ. ხომერიკს ეკუთვნის.

ნ. ხომერიკი (მიწად-მოქმედების მინისტრი): ბატონებო! ოპოზიციის ორატორებმა სამწუხაროდ ბიუჯეტზე კამათი დააწვრილმანეს. იმის მაგიერ, რომ მათ ბიუჯეტი განეხილათ და გამოეძებნათ ის მიზეზები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს და ეჩვენებიათ უკეთესი გზა, აი, იმის მაგიერ წვრილმან ფაქტებზე შეჩერდნენ და ამით დაკმაყოფილდნენ.

მხოლოდ ერთად ერთმა ბ. ღლონტმა, ვინაც პრინციპიალურად დააყენა საკითხი და მაზე პასუხი გაეცა, მაგრამ, როგორც მას ჩვეულება აქვს, ეს საკითხი მიატოვა და ილაპარაკა შრომის ხელშეკრულებაზე მეტი, ვიდრე ბიუჯეტზე. მან სთქვა: მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა არ იყო მიზან-შეწონილი და ამიტომ მივიღეთ ცუდი ფინანსებიო. მაგრამ მან ეს დებულება ვერ დაამტკიცა, უკეთ რომ ვსთქვათ, არც კი ცდილა მის დამტკიცებას. ოპოზიციის ორატორებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მარტო მთავრობის პოლიტიკა იყო მიზეზი ცუდი ფინანსების. მაშინ ისინი მართალი იქნებიან; მაშინ აღმოჩნდება, რომ მთავრობას მართლაც ვერ შეუსრულებია თავისი მოვალეობა და ასეთი მთავრობა არ იქნება ღირსი ნდობისა. მაგრამ როცა ამას არ სჩადის ოპოზიცია და ლაპარაკობს ზეპირად, ნება მიბოძეთ ასეთ კრიტიკას არ შევხედოთ, როგორც საღსა და სერიოზულს.

მაშ, რაშია საქმე? დაგეთანხმებით ერთ წამს, რომ მთავრობის პოლიტიკა არის ცუდი პოლიტიკა; რომ მას შეეძლო შეექმნა ისეთი კანონები, როგორიც ჩვენ გვაქვს. თუ მართლა ასეთი ცუდია ჩვენი პოლიტიკა, მაშინ თქვენი პოლიტიკის საფუძვლები დაგვისახეთ, რა გზით ვიაროთ (ღლონტი: თქვენ სცადეთ რუსეთში?). სანამ ეს არ მოგვისმენია, ნება მიბოძეთ, თქვენ გამოსვლებს უბრალო დროს დაკარგვა ვუწოდო.

ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადო მეურნეობას და იმავე დროს არ ვსდევნით კერძო ინიციატივას (ხმაურობა. შენგელაია: კოჯორის მამული! ღლონტი: ცარიელი სიტყვები?). იქონიეთ მოთმინება და ყველაფერზე მიიღებთ პასუხს.

ჩვენი პოლიტიკის მთავარი ღერძი ეს არის და თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ ეს არ შეეხება ჩვენს ინტერესებს, როგორც ღლონტმა სთქვა, მაშინ თქვენ მართალი იქნებით. ის ხელაღებით წინააღმდეგია კერძო ინიციატივის (ღლონტი: არა!). თუ არა, მით უარესი! თქვენც არ იცით მაშინ, რას ლაპარაკობთ ამ ტრიბუნაზე (ღლონტი: ვიცი, რასაც ვლაპარაკობთ. თქვენ იმეორებთ იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს განმეორებაა ჩვენი დეკლარაციის!). მე მესმის მხოლოდ სიტყვები და ლაპარაკი, საქმეს კი არ აკეთებს. ნება მიბოძეთ დაგისახელოთ საქმე, ვუწყობთ თუ არა ხელს საზოგადო მეურნეობის აყვავებას, რამდენადაც დღევანდელ პირობებში ეს შეიძლება. თქვენ იცით, რომ სახელმწიფოა დღეს პატრონი დიდი წარმოების და მამულების. ჩვენ რომ ვიდგეთ იმ შეხედულებაზე, რომელსაც ზოგიერთი ორატორები აწერენ მთავრობას, მაშინ ჩვენი პოლიტიკა სხვანაირი იქნებოდა. ჩვენი მუშაობაც, ეკონომიური პოლიტიკის ტენდენციები იქით კი არ იქნებოდა მიმართული, რომ გაგვეფართოვებია საზოგადო მეურნეობა, არამედ იქით, რომ შეგვემცირებია იგი. თუ აიღებთ ფაქტებს, თქვენ დაინახავთ, რომ მთავრობის საერთო პოლიტიკას ახასიათებს სახელმწიფო და საზოგადო მეურნეობის გაფართოება. მთავრობა ეხმარებოდა საზოგადო დაწესებულებებს მოეწესრიგებია მეურნეობა. მაგალითად, მიწად-მოქმედების სამინისტრომ გადასცა არა ერთი და ორი მამული ადგილობრივ თვითმმართველობებს, ერობებს (ღლონტი: მოუარეს?). მოუარეს თუ არ მოუარეს, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ; ჯერ კი დასმულ საკითხზე მოგვისმინეთ: თქვენ იცით, რომ ქალაქთა კავშირს აქვს მთელი რიგი საწარმოვო დაწესებულებათა, რომელთაც მთავრობა ფინანსიურ დახმარებას აძლევს. მთავრობამ ახალი წლის ბიუჯეტში გამოითხოვა 300 მილიონი მანეთი ასეთი დახმარებისათვის. მაშასადამე, მთავრობა ცდილობს საზოგადო მეურნეობის გაფართოებას. ეს ერთი დამახასიათებელი თვისებაა მთავრობის ეკონომიური პოლიტიკის. მეორე დამახასიათებელი თვისება იმაშია, რომ მთავრობა არ ებრძვის კერძო ინიციატივას; რამდენად ის აუცილებელია, ხელს უწყობს ეკონომიურ განვითარებას. ვინც ლაპარაკობს, კერძო ინიციატივა არაფერიაო, მე ვიტყოდი, მან არ იცის, რა არის კერძო ინიციატივა. განა კერძო ინიციატივა მარტო ფაბრიკებისა და ქარხნების შენებაშია? მთელი ჩვენი მეურნეობის 9/10 კერძო ინიციატივაზე არის დამყარებული. ინებეთ, ბ. ღლონტო, და გაიმეორეთ ჩვენში ბოლშევიკების პოლიტიკა და თქვენ მიიღებთ არა საქართველოს რესპუბლიკას, არამედ ბოლშევიკურ რუსეთს. იმ ქვეყანაში, სადაც 95 პროც. მწარმოებელთა არის წვრილი მემამულენი, შეუძლებელია იქ მოხდეს განსაზოგადოებრივობა მეურნეობისა. ბ. ღლონტო, თქვენ ეს უნდა დაამტკიცოთ, რომლებზედაც წაპოტინება ძალიან გიყვართ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ის ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ეკონომიური განვითარების პირველ საფეხურზეა, არ შეიძლება უცბად გადავიდეს სოციალიზმის სამეფოში. აქ შეიძლება მხოლოდ თანდათანობით სვლა, რათა შემზადდეს მატერიალური პირობები სოციალიზმის განსახორციელებლად. თქვენ თუ გინდათ პრინციპიალურად გვეკამათოთ, კეთილ ინებეთ და ამ ნიადაგზე შედექით და გვეკამათეთ. თუ წინააღმდეგს დაამტკიცებთ, მართალი იქნებით. მაგრამ ამის დამტკიცებას ვერ შესძლებთ. ბოლშევიკები ეწინააღმდეგებიან კერძო ინიციატივას, მაგრამ ამის შედეგად რა მიიღეს? - ეს თქვენც იცით. ბოლშევიკებმა განიცადეს ამ დარგში საშინელი კრახი (ღლონტი იცინის). ირონიულად იცინის ბ. ღლონტი, რასაკვირველია, მისი წიგნის ავტორი, რომელიც ასე შეყვარებულია ბოლშევიკებზე, გაიღიმებს. ვინც გაირჯება და გაზეთებს მაინც წაიკითხავს, არა დიდ წიგნებს, არამედ გაზეთიდან ამონაწერებს, თუ რას ფიქრობენ ბოლშევიკები თავის სამეურნეო მოღვაწეობით, იმისთვის აშკარა იქნება, რომ ბოლშევიკები მართლა გაკოტრდნენ. ეს გაკოტრება გამოიხატება მათი მოღვაწეობის ყველა დარგებში. ახლა ისინი ცდილობენ შესცვალონ შინაური პოლიტიკა და თავისი დამოკიდებულება გლეხებთან.

მოიგონეთ ლენინის სიტყვები კომუნისტების პარტიულ ყრილობაზე. მათ შესცვალეს აგრეთვე საგარეო პოლიტიკაც. დღეს ისინი ვალდებულად იხდიან თავს, თუ ინგლისი მოურიგდება და ზავს ჩამოაგდებს, მისცენ უცხოელ კაპიტალისტებს კონცესიები, გადაიხადონ ვალები და სხვ.

აი, რა მოუვიდათ ბოლშევიკებს, ამ თქვენს ჭეშმარიტ სოციალისტებსა და რევოლიუციონერებს! ბოლშევიკები დღეს თითონვე უარყოფენ ამას, როგორც ღლონტი თავის წიგნში მეტის მეტი ერთგულებით ამტკიცებს. აი, რა უნდა გითხრათ, ბ. ღლონტო და სოციალ-რევოლიუციონერებო!

ეკონომიურ ცხოვრებას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს: მას მუშტით ვერ დაიმორჩილებ, ის თითონ დაგამარცხებს, თუ ძალით მოინდომებ მის დამორჩილებას. ბოლშევიკებს ეგონათ, რომ ისინი ხიშტებით მოაწყობდენ ეკონომიურ ცხოვრებას, მაგრამ თქვენ კარგად დაინახეთ, თუ რა შედეგებს მიაღწიეს. ჩვენ კი ვცდილობთ ჩვენი ეკონომიური ცხოვრება მოვაწესრიგოთ და ვეწევით ორგანიულ მუშაობას. სხვა საშუალება არ არსებობს. ამას ჩვენ ჩავდივართ სავალიუტო საქონლის შესახებ კანონების გამოცემით, ვაჭრობა-მრეწველობის ხელში აღებით, საზოგადო მეურნეობის განვითარებით და სხვ. შეგიძლიათ სთქვათ, რომ ეს ჩვენი მუშაობა არ არის ინტენსიური, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ეს ფაქტი. ეკონომიური პოლიტიკის ეს გზა ჩვენ მიგვაჩნია ერთ-ერთ სწორ გზად.

ამ საერთო მოსაზრებათა შემდეგ მე მინდა გადავიდე მიწად-მოქმედების უწყების მოღვაწეობის დახასიათებაზე.

ამ უწყების მოღვაწეობას სამი დიდი დარგი შეადგენს: 1) აგრარული რეფორმის გატარება; 2) აგრი-კულტურაზე ზრუნვა და 3) სახელმწიფო მამულებისა და ქონებათა (შენგელაია: განიავება!) მოვლა და პატრონობა.

აგრარული რეფორმის გატარება, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად დღეს დასრულებულია. მიწები ყველგან ჩამორთმეულია და გლეხების განკარგულებაშია (ღლონტი: უმრავლესობა დაკმაყოფილებულია?). თუ არ არის, ბატონო ღლონტო, გამობრძანდით და დაამტკიცეთ წინააღმდეგი. რაიცა შეეხება ამ საქმის ფორმალურ ჩამოყალიბებას, სიმტკიცის აქტების მიცემას და სხვ., ეს მუშაობა დღეს სწარმოებს და მე იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ ერობათა დახმარებით შემოდგომაზე ამ მუშაობის რვა მეათედი მაინც დასრულდება (შენგელაია: გლეხების საკუთრება?). თქვენ პრიმიტიულად აზროვნებთ. თქვენ გგონიათ, რომ ეს სოციალიზმის უარყოფაა და მას ეწინააღმდეგება. მაგრამ თქვენ რომ სოციალიზმის ანბანი იცოდეთ, ამას არ იტყოდით.

რაც შეეხება ჩვენი მოღვაწეობის მეორე დარგს - აგრი-კულტურაზე ზრუნვას, ამ მხრივ უწყებას ბევრი არაფერი გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა. დღემდი მთელ დროს ორგანიზაციულ ჩამოყალიბებასა და რეფორმის გატარებას ვანდომებდით და არც იყო ობიექტური პირობები, რომ დადებითი მუშაობა გვეწარმოებია. მაგრამ ამ უკანასკნელ დროს მდგომარეობა იცვლება: უცხოეთთან ურთიერთობის აღდგენის გამო ჩვენ იარაღებს და სხვა საჭირო მასალას ვიძენთ და უწყებას საშუალება ეძლევა იფიქროს აგრიკულტურის გაუმჯობესებაზე.

უმთავრესი, რასაც ეხლა მე უნდა შევეხო და რაზედაც ოპოზიციის ორატორებმა ილაპარაკეს, არის სახელმწიფო მამულების მოვლა და პატრონობა. ბ. ღლონტის კვალიფიკაციით, ჩვენ ცუდი მეურნენი ვართ. ამის დასამტკიცებელი საბუთი მან არ მოიყვანა. ეს დებულება წარმოსთქვა და წავიდა. ზოგიერთებმა სცადეს საბუთის მოყვანა. რა ღირებულებისაა ეს საბუთები, ამაზე შემდეგ მოგახსენებთ.

უნდა დავიწყო იქიდან, რომ ოპოზიციის ორატორებმა ცუდად ისარგებლეს კონტროლიორის მოხსენებით. რასაკვირველია, როგორც კი კონტროლი აღნიშნავს, რაც ოპოზიციას ესიამოვნება, მაშინ კონტროლი კარგია და რასაც იგი ლაპარაკობს, - სიმართლეა. მაგრამ საკმაოა კონტროლმა ჩვენს მოღვაწეობაში დადებითი მხარეები აღნიშნოს, რომ მაშინ კონტროლი მუმია არის, იგი არაფერს აკეთებს, მხოლოდ მთავრობის ბრძანებას ასრულებს და სხვ. (შენგელაია: ეგ თქვენი აზრია!). არა, მე თქვენს აზრს მოგახსენებთ. როცა მათთვის კონტროლი სასარგებლოა, მაშინ შენგელაია და სხვები მუდამ კონტროლის მოხსენებას ემყარებიან. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ისინი აქ დაუშვებელ რამეს ჩადიან (შენგელაია: რას ამბობს მცირე კომისია?). რაც კი კონტროლმა დადებითი დაინახა ჩვენს მუშაობაში, ამას ბ. შენგელაიამ და სხვებმა ხელი დააფარეს, ხოლო ნაკლი გააზვიადეს და აქა-იქ კონტროლის აზრი კიდევაც გადაამახინჯეს. ეს დამახასიათებელი თვისებაა ზოგიერთების და ამტკიცებს ფაქტებისადმი არა კეთილსინიდისიერ მოპყრობას.

აი, მაგ., შენგელაიამ კონტროლის მოხსენების რუსულ ტექსტიდან წაიკითხა ციტატა: «По распоряженію министра земледѣлія, поступленія имѣній тратились на цѣли, ничего общаго съ этими имѣніями не имѣющія». შენგელაიამ ეს ისე გარდაქმნა, თითქო მამულების შემოსავალს მე ვხარჯავდი, რაზედაც მინდოდა. მართალია, ფული მარტო მამულებზე არ იხარჯებოდა, მარა ყოველ შემთხვევაში, ის იხარჯებოდა სხვა სახელმწიფო საჭიროებაზე. კონტროლის მოხსენებაში ქვემოთ სწერია თუ ეწერა, რომ მიეცა გვარდიის მთავარ შტაბს, მთავრობის დადგენილებით, 200 ათასი მანეთი, როდესაც ომის წინ ვიდექით და როცა ხაზინაში ფულის ნიშნები არ იყო (შენგელაია: საიდან, საიდან მიეცით? რომელ კასიდან? ამის უფლება არ გქონდათ?!) (ხმაურობა. ზარი). ამის უფლება ჩვენ გვქონდა. მე მოგახსენებთ იმ ფაქტებზე, რომლის შესახებ იქ სწერია. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მამულს არა პირდაპირ საჭიროებას მოხმარებია ფული. ეს, რასაკვირველია, ფორმალურად დარღვევაა კასის წესებისა (ღლონტი: ობიექტური პირობები?). დიახ, ობიექტური პირობები, სხვათა შორის, ისეთი იყო, რომ ხაზინაში ფულის ნიშნები არ მოიპოებოდა. თუ თქვენ მიიღებთ მხედველობაში ამ გარემოებას, იტყვით, რომ სხვანაირი მოქმედება არსებითად მთავრობას არ შეეძლო (შენგელაია: რა თქმა უნდა!). სანამ შევუდგები კერძო ფაქტებზედ ლაპარაკს, საჭიროდ მიმაჩნია ერთ გარემოებას ხაზი გავუსვა: ბ. შენგელაიამ წაიკითხა კონტროლის მოხსენებიდან ის ადგილი, სადაც სწერია, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ სისტემად გაიხადა არ მიცემა პასუხისა კონტროლის შენიშვნებზეო. ნება მიბოძეთ განვაცხადო, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება და კონტროლიორი ამ შემთხვევაში სცდება (დიახ, ბ. შენგელაია, კონტროლიორი შესცდება, ისევე როგორც სხვა ადამიანი). (შენგელაია: სამი წელიწადია ვითმენთ!). სამი წელიწადი კი არა, ასი წელიწადიც რომ გვისმინოთ, თქვენ ვერ დაგაკმაყოფილებთ, რადგანაც თქვენი მიზანი სხვაა და ჩვენი კიდევ სხვა. როგორი მოღვაწეები ხართ თქვენ, ამაზე შემდეგ გვექნება ლაპარაკი... (ხმაურობა. ხმა: აზიის! აზიის! ასათიანი: აზიის ლიდერი!). (ზარი). დიახ, მე მოგახსენებთ, რომ კონტროლის განცხადება არ ეთანხმება სინამდვილეს. ამის დასამტკიცებლად ნება მიბოძეთ მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი: კონტროლმა მოახდინა ბორჯომის მამულის რევიზია და ამ რევიზიის პირი გამოგვიგზავნა, რომ მიგვეღო მხედველობაში მისი შენიშვნები და გვეცნობებია, თუ რა შედეგი მოჰყვა რევიზიას. ეს საქმე ჩვენ მოგვივიდა 16 ოქტომბერს. 4 დღის შემდეგ მე და ჩემი ამხანაგი წავედით ბორჯომში, სადაც მოვახდინეთ თათბირი, რომელსაც დაესწრენ პასუხისმგებელი მოსამსახურენი და ზოგიერთი გარეშე პირებიც, და გამოვიტანეთ დადგენილება 17 სხვა და სხვა საკითხის შესახებ და 28 ოქტომბერს ვაცნობეთ სახელმწიფო კონტროლს, რომ ესა და ეს ნაბიჯი გადავდგით თქვენ მიერ მოხდენილი რევიზიის გამო-თქო. აი, აქ მაქვს ამოწერილი ქაღალდები ამის შესახებ და ვისაც სურს, თავის თვალით ნახოს და შეამოწმოს (შენგელაია: თქვენ მიერ შემოწმებული ქაღალდები!). დიახ, თუნდაც ჩემს მიერ! მე ოფიციალური პირი გახლავართ და ამ საბუთებში ეჭვის შეტანა, სანამ თქვენ წინააღმდეგი საბუთები არ წამოგიყენებიათ, მეტი რომ არ იყოს რა - უზრდელობა არის, ბ. შენგელაია! მეორე მაგალითი, იყო ასეთი შემთხვევა: კონტროლმა მოგვთხოვა გაგვეგზავნა წინანდლის მამულის შესახებ დოკუმენტები. ჩვენ ეს 4 მაისს მივიღეთ. ბუჰღალტერიამ 6 მაისს გადაგზავნა 12 წიგნაკი და გასამართლებელი საბუთები 4 1/2 მილიონ მანეთისა. 7 ივნისს კი მოდის ხელმეორე მოწერილობა, რომ 4 მაისის მოწერილობა არ შეასრულეთ და კონტროლის წესდების ძალით უფლება გვაქვს დაგაჯარიმოთო. მერე ეს დოკუმენტები მონახეს და იქვე აღმოჩნდა. მე მთელი რიგი მაქვს ამისთანა ამონაწერებისა.

ამაზედ თუ შევჩერდი, იმიტომ რომ აქ სთქვეს, თითქოს პასუხის მიუცემლობა ჩვენ მართლა სისტემად გაგვეხადოს. შენგელაიას პრეტენზია კონტროლისადმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი (კონტროლი) მთავრობის მორჩილი და ყურმოჭრილი მონაა. მე სულ სხვა გვარი პრეტენზია მაქვს. კონტროლი ჩვენ ხანდისხან უსამართლოდ გვეპყრობა და მე მოვითხოვდი მისგან, რომ ყველაფერში თავის მოხელეს არ დანდობოდა და დასკვნები უწყების მოქმედების შესახებ უკანასკნელის განმარტების შემდეგ შეადგინოს. მაშინ ბ. ლორთქიფანიძეს, ბ. შენგელაიას და ბ. ღლონტს ნაკლები საბუთები ექნებათ აქ გამოსვლისა და დამფუძნებელ კრებას არ დააკარგვინებდნენ ძვირფას დროს ტყუილა უბრალოდ. ეხლა, ეგრედ წოდებულ ფაქტებზედ, რომელიც შეეხება მამულების „განიავებას“, ბ. შენგელაიას ტერმინით რომ ვილაპარაკოთ. აი, რაში გამოიხატება ეს „განიავება“ (შენგელაია: მცირე კომისია?). კონტროლმა რევიზია მოახდინა ბორჯომის მამულის. ეს იყო 17 წლის დასასრულს და 18 წლის დასაწყისს. თქვენ იცით, მოქალაქენო, მაშინდელი პირობები. ეს ის დრო იყო, როდესაც სამინისტრომ ძვირფასი ნივთების გატანა დღისით ვერ გაბედა და ღამით ჩუმად გაიტანა. გარშემო ანარქია მძვინვარებდა. ისეთი სულიერი განწყობილება იყო, რომ დაცემის გვეშინოდა: მუშებს რამდენიმე თვე ჯამაგირი არ მიუღიათ, გლეხების მამულს 700 ათასი მან. ვალი ემართა (შენგელაია: ძველი ვალი!). ეს მაშინ დიდი ფული იყო. გარშემო სოფლები ფიქრობდნენ მამულის დანაწილებას. ლიკანის სასახლე გლეხებს უკვე დანაწილებული ჰქონდათ. რევოლიუციონური ორგანიზაციები თოფით ხელში იდგენ და იცავდენ ამ უუდიდეს ქონებას. კონტროლის რევიზია ამ დროს ეხება და ვისაც სურს კრიტიკა აწარმოოს ჩვენი უწყების წინააღმდეგ, მან უნდა დაფაროს ჩვენი მდგომარეობა და არ უნდა ინებოს იმის თქმა, თითქო მხარ-თეძოზე ვიწექით და გვეძინა. კონტროლის რევიზიის პასუხად ჩვენ გვაქვს დაწერილი დიდი მოხსენება. შეიძლება ამან არ დაგაკმაყოფილოთ, მაგრამ ეს არის ჩვენი პასუხი (შენგელაია: ბორჯომზე). მოთმინება იქონიეთ და ყველაზე მიიღებთ პასუხს. როგორც ხედავთ, მამული სრულიად ანგრეული მივიღეთ. ამას ზედ დაერთო ომი. ბორჯომიდან 6 ვერსის დაშორებით ფრონტი იყო მთელი თვეების განმავლობაში. და ასეთ პირობებში რომ რამე დაიკარგოს, რამე წახდეს, ან ცხენი მოკვდეს, ან ფარდის სარჩული მოიპარონ, განა გასაკვირალია? აი მაგალითი, შემიძლიან მოგახსენოთ, რომ ბორჯომის სასახლეში მრავალი ას მილიონიან ქონებიდან მხოლოდ ერთად-ერთი ფარდა არის დაკარგული. დანარჩენი ყველა ნივთი დაცულია ძველი კარანდაში რა არის, ისიც კი შენახულია (თ. ღლონტი: ეს წვრილმანია, სხვილმანებზე?). სხვილმანებზე, ბ. ღლონტო, მერე მიიღებთ პასუხს. მე არ მივცემდი ჩემს თავს ნებას, რომ გამოვიდე და გითხრათ, რომ ჩემი უწყების ყოველი მოხელე კეთილსინდისიერად იქცევა. მე ამის საბუთი არა მაქვს, რომ ეს ვთქვა. თქვენ იცით, რა პირობებში გვიხდება მუშაობა, რა ძნელია კარგი და ამსრულებელი მოხელის შოვნა. თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ ვისიმე ბოროტ-მოქმედებას ხელი დავაფარეთ, ვინმე დავიცავით, მაშინ გექნებათ საბუთი გვიკიჟინოთ. სანამ ეს არ გიქნიათ, თქვენი ასეთი ლაპარაკი მხოლოდ თქვენს „რიგიანობას“ ახასიათებს (გაურკვეველი რეპლიკა: კალანდაძე, ურუშაძე?). აი, ეხლავე კალანდაძეზე და ურუშაძეზე. სხვათა შორის, ბ. ლორთქიფანიძეს მე ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, როდესაც ურუშაძეზე დაიწყო ლაპარაკი. მე მოველოდი, რომ იტყოდა, რა ჩაიდინა მან და ვეკითხებოდი თავის თავს, რის ჩადენა შეეძლო იმ კაცს, რომელიც ორი კვირის წინად გაემგზავრა მიმღებ კომისიასთან ერთად გაგრის კლიმატური სადგურის ჩასაბარებლად? რის ჩადენა შეეძლო კაცს, რომელიც ეს-ეს არის მივიდა გაგრაში, კომისიასთან ერთად ახდენს რევიზიას და იბარებს ქონებას?! რის ჩადენა შეეძლო მას? მართლაც, ოპოზიციის ბევრი ორატორი რომ გრძნობდეს პასუხისმგებლობას, პატივსა სცემდეს დამფუძნებელ კრებას და აფასებდეს ამ მაღალ ტრიბუნას, ასე არ მოიქცეოდა, სთქვა ბ. ლორთქიფანიძემ და... წავიდა. რა ეხარჯება? მხოლოდ თავის მოწინააღმდეგეს ჩირქი კი მოსცხოს და მეტი არაფერი უნდა. ბ. შენგელაიას ეს სისტემად აქვს გადაქცეული. მან სთქვა: მე თქვენ დაგისახელებთ, რომ ბ. ბ. მინისტრები თავის ნათესავებს აყენებენ სამსახურში, ფულებს აძლევენო და სხვა, და დაასახელა ვინმე ჟორჟოლიანი. რომელი მინისტრის ნათესავია? ამის დამტკიცებით იგი არ შეუწუხებია (შენგელაია: კალანდაძე სოხუმში რომ იყო?). ვინ არის, რა ნათესავია, დაასახელეთ! (შენგელაია: აბანოები რომ ჩააბარეთ?!). მე იმიტომ ვარ მინისტრი, რომ, სხვათა შორის, სამსახურში ხალხი გავაწესო და როცა თქვენ დაამტკიცებთ, რომ ცუდ კაცს ჩავაბარე, ან ბოროტ-მოქმედებას ხელი დავაფარე, მაშინ შეგიძლიათ პასუხი მომთხოვოთ. მანამდის კი რა გინდათ დაამტკიცოთ იმ ფაქტით, რომ ჩავაბარე, რა გსურთ ამით სთქვათ? კალანდაძეს რომ ჩავაბარე, ეს თავისთავად რა საბუთია? (შენგელაია: ბოროტ-მოქმედება არ უნდა დასაჯოთ?). როცა მე საბუთი მექნება ბოროტ-მოქმედების შესახებ, იქნება ეს კალანდაძე, ლორთქიფანიძე, შენგელაია თუ სხვა, დარწმუნებული იყავით, ის მე ვერ გამექცევა. თუ თქვენ ეძებთ ჩვენში ბოროტ-მომქმედთა დამცველს, შემცდარნი ხართ. ჩვენში ასეთებს ვერ ნახავთ და სად შეიძლება გამოძებნა, ამას შემდეგ მოგახსენებთ. ახლა ისევ ბორჯომის მამულის შესახებ. კონტროლის სამართლიანი და საქმიანი შენიშვნები ჩვენ მივიღეთ და ნაკლი გავასწორეთ და როგორც გითხარით ამის შესახებ, მას ვაცნობეთ. მაგრამ კონტროლს ქონდა ბევრი მიუღებელი და უსაფუძვლო შენიშვნები. მოხელე, რომელმაც რევიზია მოახდინა, სწორედ მიწად-მოქმედების სამინისტრომ არ მიაქცია ყურადღება სკიპიტარის და კანფოლის წარმოების გაფართოებას. მრავალი ტყე ტყუილად არის მოცდენილი და ძინთი არ იკრიბებაო. მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენ ვაგროვებთ ისეთ ტყეებში, სადაც ხეები გაფუჭებულია, გული გამოფუტურებული აქვს; ხოლო საღი ხეების ჩამოთლა, გაფუჭება არ შეიძლება. ის კი გვირჩევდა ძვირფასი საკურორტო ტყეები გაგვეფუჭებია. რასაკვირველია, ჩვენ ასეთ შენიშვნებს ვერ მივიღებდით.

ეხლა ტყის დაცვის შესახებ. კონტროლს მიუღებლად მიაჩნდა ტყის დასაცავად 50 კაცისგან შემდგარი რაზმის ყოლა. ეს დიდ ხარჯებს იწვევსო. ეს მართალია, მაგრამ იყო პირობები, როდესაც 36 სოფელი შეესია ტყეს გასანადგურებლად. ჩვენ ამ დროს გვყავდა სპეციალური რაზმი, დავხარჯეთ ფული, მაგრამ ეს აუცილებელი იყო; უამისოდ ბორჯომის მამულს გაანადგურებდენ, დაანგრევდენ. თუმცა მე არა ვარ რეპრესიების დიდი თაყვანის მცემელი, მაგრამ იძულებული ვიყავი მეთხოვნა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთვის და ასობით დამეტუსაღებინა მცხოვრებლები, რომ შემეჩერებინა საკურორტო ტყეების განადგურება. და მხოლოდ ასეთი არაჩვეულებრივი ზომების შემწეობით შემეძლო ამ ძვირფასი განძის დაცვა. ჩვენ ვერ დავეთანხმეთ კონტროლს აქ ხარჯების შემცირების საკითხში. ასეთი პოლიტიკა თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ, შეგიძლიათ მოიწონოთ ან დაიწუნოთ, მაგრამ თქმა იმისა, რომ არ ცდილობდით ხარჯების შემცირებას და ქონების დაცვას, არ შეგიძლიათ (შენგელაია: კოჯორის შესახებ რა პასუხი გაეცით!). მაგაზედაც მოგახსენებთ. ეხლა იმ წყლის შესახებ, რომელზედაც თქვენი ყურადღება შეაჩერა ბ. კედიამ. ჯერ ერთი ის ფაქტი, რომელიც აღნიშნა თავის განცხადებაში ბ. კედიამ, სახელმწიფო კონტროლის მოხსენებაში არ არის და ვერც იქნებოდა. მე ადგილიდან რეპლიკა მივეცი, ეს არ იქნება-მეთქი და აი რატომ კონტროლს არ შეეძლო ამის თქმა. ჯერ ერთი, ამ წყლის გაცემის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ წყლის გავრცელება და გასაღება ძალიან ძნელი და რთული საქმე არის. უნდა გითხრათ, რომ ომამდის ეს წყალი მიცემული ჰქონდა ვინმე მოსკოლსკის, რომელსაც ფართოდ ჰქონდა მოწყობილი აგენტურა. ეს წყალი გადიოდა არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაშიაც. მაგრამ როდესაც რევოლიუცია დაიწყო, მოსკოლსკი წავიდა და ხელი აიღო ამ საქმეზე.

საერთოდ არ არის მიღებული ასეთი საქმის საჯარო ვაჭრობით გაცემა. ამ წესით ექსპლუატაცია შეიძლება საძოვრებისა, მათ გზას, ადგილების სახნავისა და სხვა. მაგრამ იქ, სადაც თქვენ ეძებთ კონტრ-აგენტს, რომელმაც ხშირი ქსელით უნდა მოფინოს მთელი მსოფლიო, ერთი-ორი დღით გაზეთში დაბეჭდვით ასეთ კაცს ვერ მონახავთ. ასეთი ცდა ჩვენ გვქონდა და არავინ არ მიიღო მონაწილეობა საჯარო ვაჭრობაში. ამიტომ შემდეგ ჩვენ გავეცით იჯარით ხაზინის ინტერესების დაცვით. ეს იყო ერთი წლის ვადით. ერთი წლის შემდეგ საკითხი ისევ წამოდგა, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობდით, რომ დღეს არ არის ხელსაყრელი პირობები გრძელი ვადით ბორჯომის წყლის გაცემისა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ თუ ამ არეულ-დარეულ მომენტში 20-30 წლით გავცემდით მას, დადებული პირობები ხაზინისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. ამიტომ ხელშეკრულებას ისევ დროებითი ხასიათი მივეცით, ის 2 წლის ვადით გავეცით, და მე მარტო კი არ გავეცი, მთავრობაში შევიტანე. მოვახსენე მთავრობას ყველა პირობები, ყველა მოსაზრებები როგორც სასარგებლოდ, ისე წინააღმდეგ და ვთხოვე, თავისი დასტური ან უარი ეთქვა. მთავრობა დამეთანხმა. აქვე იყო აგრეთვე კონტროლი. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პროტესტი განუცხადებია, და ამიტომ უფლება მქონდა მეთქვა, რომ კონტროლი ასეთ რამეს მოხსენებაში ვერ შეიტანდა-მეთქი.

ეს გაცემის შესახებ. რაც შეეხება ციფრებს, რომელიც ბ. კედიამ მოიყვანა მცირე კომისიის მოხსენებიდან, უნდა ვთქვა, ბატონო კედია, რომ მცირე კომისიაში არ არის ჩვენი განმარტებები წარდგენილი (თ. ღლონტი: ლოიალური საუბარი! სპ. კედია: კამათი შეიძლება ლანძღვის გარეშეც!). მე მოგახსენებთ იმას, რაც არის. ჩვენი განმარტება ჯერ არ არის წარდგენილი. ამიტომ ეს არ არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება უეჭველი იყოს. მცირე კომისიამ მოახდინა რევიზია შუა წელში, წიგნები და ანგარიში არ იყო დასრულებული. ამიტომ მცირე კომისიას შეეძლო შეცდომა დაეშვა და მოგახსენებთ კიდეც ამ შეცდომას. იქ ნათქვამია, რომ უწყება აძლევდა ქებაძეს ივნისში 3 მან. ბოთლ წყალს მაშინ, როდესაც თვით სამინისტროს 4 მან. და კაპეიკები უჯდებოდაო. იმ დროს, მართალია, წყლის ჩამოსხმა გვიჯდებოდა 4 მან. და კაპეიკები, მაგრამ თუ ქებაძეს სამ მანეთად ვაძლევდით, ეს იყო ძველი წყალი, წინად ჩამოსხმული, რომელიც გაცილებით ნაკლებ გვიღირდა და რომელიც მას მივყიდეთ წინა წლის ხელშეკრულების ძალით მანეთად და ექვს შაურად. უწყება დაინტერესებული იყო, რომ ეს მოძველებული წყალი უფრო მალე გაეტანათ ბაზარზე. აპრილის ხელშეკრულების ძალით, ქებაძე ვალდებული იყო გაეტანა თვეში 125 ათასი ბოთლი წყალი. მაშასადამე, აპრილიდან ივლისამდი ის ვერ წაიღებდა მთელ ამ რაოდენობას. მაშასადამე, ლაპარაკი იყო ძველ წყალზე და სწორედ აქ არის დაშვებული შეცდომა. ხელშეკრულების თანახმად, 14 ივლისიდან ფასები შეიცვალა (სპ. კედია: აქ წინააღმდეგი აზრია!). მე მაქვს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც შეგიძლიანთ შეამოწმოთ სამინისტროში, მამულების ბუღალტერიაში და აქედან დაინახავთ იმას, რომ 14 ივლისიდან ქებაძეს ვახდევინებდით არა სამ მანეთს, არამედ მეტს. შემდეგ, თქვენ იცით, როგორ იცვლებოდა, იზრდებოდა მუშის ხელფასი, გადატან-გადმოტანა და სხვა ხარჯები. ამიტომ ერთხანს შემდეგ ბოთლი წყალი თორმეტი მანეთი გავუხადეთ და ამ ერთი კვირის წინად კიდევ ოც მანეთამდის ავუყვანეთ (ალ. ასათიანი: რომ გაკოტრდეს ქებაძე?). ჩვენ ქებაძის გაკოტრებაზე ან გამდიდრებაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვიცავთ ხაზინის ინტერესებს და საკითხი იმაშია, არის თუ არა ხაზინის ინტერესები მართლა დაცული. თქვენ ამაზე ილაპარაკეთ! ეხლა ჩვენ 20 მანეთად ვაძლევთ და ამასთანავე განსაზღვრულია ფასი. მას არ შეუძლიან 25 მან. ზევით გაყიდოს ბოთლი წყალი. მაშასადამე, მთელი ხარჯი, დანაკარგი, რისკი ამ მოგებიდან უნდა აინაზღაუროს. ჩვენ გვგონია, ეს არ არის ისეთი დიდი მოგება, რომლის შემცირება შეიძლებოდეს. ჩვენი აზრით, ეს არის ის მაქსიმუმი პირობებისა, რომელიც კონტრ-აგენტს შეუძლიან შეასრულოს. ასეთი არის მდგომარეობა და თუ წინააღმდეგს დაამტკიცებთ, მოგისმენთ.

როგორი არის ბ. ქებაძესთან დადებული პირობები? ვინც ამ პირობებს გადაათვალიერებს, დაინახავს, რომ ეს პირობები პირდაპირ დრაკონისებური არის. ამ პირობებით ქებაძე ვალდებული არის გაიტანოს განსაზღვრული რაოდენობა წყლისა, და თუ ვერ გაიტანს, ის მაინც ვალდებულია მთელი ღირებულება გადაიხადოს (სპ. კედია: სესხად არ აძლევთ?). არა, ის ვალდებულია წინასწარ შემოიტანოს ფული და ნაღდზე წაიღოს წყალი (ლ. შენგელაია: 50.000 მან. წაღებული აქვს!). საიდან მოგყავთ ასეთი ცნობები?

მე ასეთი ცნობები არა მაქვს და ამ ტრიბუნიდან ვაცხადებ, ეს არ არის მართალი! (ხმა ადგილიდან: რევიზია?). შეიძლება თქვენ სესხს ეძახით იმას, რომ ჩვენ გავანთავისუფლეთ გირაოდ დადებული ფული და მის მაგიერ უძრავი ქონება მივიღეთ. შეიძლება თქვენ, როგორც ყოველთვის, აქაც ვერ ერკვევით კომერციულ საკითხებზე და ანგარიში აგერიათ.

გარდა ამისა, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება შემდეგ გარემოებას: აქ ერთ მუხლში სწერია: თუ სახელმწიფომ აუცილებელი საჭიროება დაინახა, მას შეუძლია ყოველ წამს დაარღვიოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ აქ მხედველობაში გვქონდა ის გარემოება, რომ თუ ვინიცობაა უკეთეს კონტრაგენტს მოვნახავდით ნიკოლაძის საშუალებით, ჩვენ კიდევაც გვქონდა მოლაპარაკება ინგლისის ფირმასთან ბორჯომის წყლის საზღვარ-გარედ გავრცელების შესახებ და მასთან ჩვენ შევკრავდით ხელშეკრულებას უკეთეს პირობებში.

ქებაძე ამ ხელშეკრულებით არ არის უზრუნველყოფილი, ჩვენ კი უზრუნველყოფილი ვართ. არავის არ შეუძლია სთქვას, რომ ეს ხელშეკრულება არის დაწერილი კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ. თუ ამას ვინმე იტყვის, მან უნდა მოიტანოს აქ ციფრები და მისი საშუალებით დაამტკიცოს თავისი სიტყვის სიმართლე. მე რომ მართალი ვარ და ბატონ კედიას ციფრები კი არ არის სიმართლე, ამას მე თქვენ დაგიმტკიცებთ ბორჯომის მამულის წლიური ანგარიშის ამონაწერიდან. 1919 წელს წყლის ექსპორტმა მოგვცა 866.037 მან. წმინდა მოგება. საიდან შეგვეძლო მიგვეღო ასეთი მოგება, თუ ხაზინის საზარალოდ ვაძლევდით წყალს? თუ ამაში ეჭვის შეტანას ინებებთ, მობრძანდით და შეამოწმეთ ეს ციფრები და შემდეგ ილაპარაკეთ (ლ. შენგელაია: ავალიანიც ასე ამბობდა!). მე არ ვიცი, რას ამბობს ავალიანი, თავის სიტყვას ის თითონ დაიცავს. მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს სიტყვებში. რასაც მე ვამბობ ამ მაღალ ტრიბუნიდან, იმაში მე პასუხსაც ვაგებ.

მაგრამ შეიძლება უწყება ფულებს ფლანგავს, უდიერად ეპყრობა სახაზინო თანხას, არ ცდილობს ეკონომია დაიჭიროს. შეიძლება ყოველივე ეს ხდება მართლა ჩვენთან?! ამიტომ მრავალსიტყვაობას არ მივმართავ და ისევ ციფრებს ავალაპარაკებ. პირველად უწყების შტატის შესახებ მოგახსენებთ: აქ სთქვეს, მინისტრები თანამდებობაზე თავის კაცებს ნიშნავენ, ზედმეტი მოსამსახურენი ჰყავთო და სხვ. ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც მიწად-მოქმედების უწყების დაწესებულებების ცენტრი პეტროგრადში იყო, მაშინ ამ დაწესებულებებში სულ 2.667 მოსამსახურე ყოფილა. ამავე დაწესებულებაში ახლა გვყავს 2.564 კაცი, გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინეთ იყო და ეს მაშინ, როდესაც უწყებას ახალი დაწესებულებები შეემატა. ამრიგად, წინანდელი რიცხვი მოხელეთა ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ. აქედან თქვენ აშკარად დაინახავთ, თუ როგორ ეკონომიას ვაკეთებთ მოსამსახურეთა აყვანის საქმეში. მაგრამ, ბატონებო, შეიძლება იმ თანხას, რომელიც ჩვენ გვეძლევა, ხელაღებით ვხარჯავთ, არ ვიღებთ მხედველობაში სახელმწიფოს ინტერესს, არ ვითვალისწინებთ, თუ როგორ გაჭირვებულ მდგომარეობაშია სახელმწიფოს ხაზინა? ამის დასამტკიცებლად ორიოდ ციფრს მოვიყვან: დამფუძნებელ კრებას უწყებისათვის გაუხსნია ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ხარჯებისათვის სულ 207 მილიონ მანეთის კრედიტი. მაშასადამე, ეს ისეთი ხარჯებისათვის, რომელსაც დაეთანხმება მთავრობა და დამფუძნებელი კრება. მიუხედავად ამისა, უწყებას არ უფიქრია, რაკი ეს ფული მიიღო დამფუძნებელი კრებისაგან, ყველა დაეხარჯა. არა, ამ თანხიდან მან 66 მილიონის ეკონომია გააკეთა. აი, როგორ „მფლანგველობას“ ეწევა უწყება თავის მუშაობაში.

მაგრამ შეიძლება მეურნეობაში არაფერი გაგვიკეთებია, როგორც ეს ბ. ღლონტმა ბრძანა. შეიძლება ჩვენ მართლა ზარალს ვნახულობთ სახელმწიფო მამულებიდან. შეიძლება აქ მართლაც არაფერი კეთდება და როგორც შენგელაია ამბობს, სახელმწიფო მამულების და ქონების განიავებით. მე ხელთა მაქვს ციფრები. ზეპირად ნუ ვილაპარაკებთ. აქ მაქვს მე 1919 წლის ბალანსი. გასავალი ნავარაუდევია მთელი საბიუჯეტო წლის დამდეგამდი, შემოსული კი მარტო იანვრამდეა ნაანგარიშევი. რას გვიჩვენებს ციფრები, რა მდგომარეობაშია ჩვენი მამულები, მათი კომერციული მხარე? 14 მამულში ჩვენ სულ დაგვიხარჯავს 27.873.536 მანეთი, ხოლო მიგვიცია წმინდა შემოსავალი 47.641.083 მანეთი. ესე იგი, თითქმის 200 პროც. მოგება არის. იქონიეთ მხედველობაში, შემოსული იანვრამდის არის ნაანგარიშები. თუ თქვენ გაითვალისწინებთ სასოფლო მეურნეობის ხასიათს, ესე იგი იმას, რომ ხარჯები უკვე გაწეული არის, ხელ-შემოსავალი არ არის ჯერ მიღებული. იმას, რომ მამულებში 7/10 მუშაობისა უკვე დასრულებულია და მის ნაყოფს ერთბაშად მივიღებთ ოქტომბერში, თქვენ დამეთანხმებით, რომ შემოსავალი გაცილებით მეტი იქნება (ასათიანი: 700 მილიონი, არა?). 700 მილიონი არ მითქვამს, მე ვთქვი 47 მილიონი მანეთი. ასეთ არეულ და არა ნორმალურ დროში, როგორშიაც ჩვენ ვართ, როცა მეურნეობისათვის აუცილებელ საჭირო საგნებს ვერ ვპოულობთ; როცა ხშირად არ გვაქვს საშუალება შევიძინოთ წამალი ვენახისათვის, გუთანი და სხვა იარაღი, რომელიც სასოფლო მეურნეობას ესაჭიროება, ეს ამ დროს თუ ასეთი შედეგები მივიღეთ, დიდ შედეგებად უნდა ჩაითვალოს. და ვინც გულ-წრფელად ილაპარაკებს, ის ვერ იტყვის, რომ ჩვენ ზარალს ვაძლევთ ხაზინას, ვერ დასწამებს უწყებას ვერც მამულების განიავებას და ვერც იმას, რომ უწყებამ ზომები არ მიიღო მათ დასაცავადო და გამოსაყენებლად.

თავმჯდომარე: სამი საათი გახლავთ. წინადადება არის შემოსული 4 საათამდე გაგრძელდეს სხდომა. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? მიღებულია. განაგრძეთ.

ნ. ხომერიკი: აი ასეთ „კატასტროფულ“ მდგომარეობაშია, ბატონებო, ჩვენი მამულები. ცუდად რომ არ გაიგოთ ჩემი სიტყვა, მე უნდა განვაცხადო, რომ შეიძლება ჩვენ გვაქვს შეცდომები, შეიძლება ყველა მოხელენი არ დგანან თავის სიმაღლეზე, ყველაფერი ეს შეიძლება, მაგრამ ვცდილობთ ამ შეცდომების გამოსწორებას, უწყება იღებს ამისათვის ზომებს, იგი ახდენს საკუთარ რევიზიებს, გარეშე კომისიებისა და კონტროლის რევიზიებისა. არა ერთი და ორი მოხელე გადააყენა უწყებამ თანამდებობიდან და პასუხისგებაში მისცა. და თუ თქვენ ინებებთ და სიმართლის გამორკვევას შეეცდებით, ყველა ეს უნდა მიიღოთ მხედველობაში. ოპოზიციის ორატორებს და მათ შორის განსაკუთრებით კი ლ. შენგელაიას უყვარს უპასუხისმგებლო სიტყვის წამოსროლა. ის წამოისვრის ბრალდებებს, მაგრამ მათი დამტკიცებისათვის თავს არ იტკივებს. იტყვის ისე და გათავდა! მე ყოველთვის გაკვირვებული ვიყავი, რატომ არის, რომ დეპუტატი, რომელიც თავდაჭერილი უნდა იყვეს, ასეთ უპასუხისმგებლო სიტყვებს წამოისვრის? ვეძებდი ამის მიზეზს. შეიძლება მართლაც სოც.-ფედ. და სოც.-რევოლიუციონერებს აქვთ საბუთი ილაპარაკონ, რომ ჩვენ ცუდი მთავრობა ვართ, ფულებს ვფლანგავთ და სხვ. ამათ რომ სთქვან ეს (ხელს აშვერს ნაც.-დემოკრატებზე), კიდევ მესმის... (სპ. კედია: არ ვიტყვით!). არ ვიტყვითო, ამბობს კედია, და მართლაც მე იმედი მაქვს, რომ არ იტყვიან ასეთ რამეს. ეს ბ. შენგელაიას ჰგონია, რომ მოწინააღმდეგე თუ ხარ, რიგიანობაც უნდა დაჰკარგო. დიახ, ბატონებო, თქვენ ხომ იყავით მთავრობაში, სამინისტროში? ბატონო ლორთქიფანიძევ, თქვენ ორი უწყება გებარათ - რკინის გზა და სასურსათო უწყება. გამობრძანდით და სთქვით გულწრფელად: როდის იყო უკეთესი წესრიგი რკინის გზაზე, მაშინ თუ დღეს? ბატონი სოც.-ფედ. იყვენ მთავრობაში, მათ ხელში იყო იუსტიციის და განათლების სამინისტროები. კეთილ ინებეთ და სთქვით კეთილსინიდისიერად, როდის იყვენ უკეთესად მოწყობილი ეს უწყებები, მაშინ თუ ახლა? შეგიძლიათ განა გამოხვიდეთ აქ და სთქვათ, რომ ახლა უარესი მდგომარეობა არის? (ი. ბარათაშვილი: იუსტიცია უკეთეს მდგომარეობაში არის!). განსაკუთრებით რკინის გზის შესახებ, რომელიც მაშინ დეფიციტს გვაძლევდა და ახლა კი თავის-თავს ინახავს? (კედია: მოგებაც არის!). ამის შემდეგ აქვს ამ ხალხს პოლიტიკური და ზნეობრივი უფლება, გამოვიდენ აქ და სთქვან, რომ ჩვენ გლახა მმართველები ვართ. ვისაც უნდა, იმან გვიკიჟინოს, მხოლოდ არა სოციალისტ-რევოლუციონერებმა და არა ი. ლორთქიფანიძემ!

და როცა მე ვეკითხებოდი ჩემს თავს: რატომ ისვრიან ასეთ ბრალდებებს, მე მხოლოდ ერთი ახსნა შემეძლო მქონოდა, ამას გულწრფელად მოგახსენებთ.

ახლა დამიგდეთ ყური, ბატონო შენგელაია და გობეჩია! თქვენ ხომ არ იცნობთ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც სამინისტრო თავის პარტიის ინტერესებისათვის გამოიყენა? (შენგელაია: დიახ! ეს არის თქვენი პარტია! ხმაურობა). თქვენ არ იცნობთ, მე გაცნობებთ. თქვენ ხომ არ იცნობთ ცენტრ. კომიტეტს, რომელმაც თავის წევრს მთავრობაში დაავალა მთავრობის ქონება და საშვალება პარტიის სასარგებლოდ გამოეყენებია (ხმაურობა). (შენგელაია: პროვოკაციაა. ხმაურობა სოც.-რევ. სკამებზე).

თავმჯდომარე: გთხოვთ დაწყნარდეთ.

ივ. გობეჩია: უსინდისობაა ეს (დიდი ხმაურია ადგილებზე. თავმჯდომარე ზარს რეკავს).

თავმჯდომარე: მოგიწოდებთ, რომ დაწყნარდეთ. გთხოვთ დაწყნარდეთ (ზარი. ხმაურობა გრძელდება).

ვლ. მგელაძე: (წამოვარდება ადგილიდან, სკამებს ხელს ურტყამს და ხმა მაღლა ყვირის: ის არ იყო უსინდისობა!).

თავმჯდომარე: ბატონო მგელაძე, გთხოვთ დაწყნარდეთ. დაბრძანდით, წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული ვიქნები დარბაზიდან გაგაძევოთ.

მგელაძე (განაგრძობს ყვირილს, რომელიც არ ისმის ხმაურობაში. სოც.-რევ. სკამებზე დიდი ხმაურია, ისმის ხმები: ეს პროვოკაციაა!).

თავმჯდომარე: მე წესრიგისაკენ მოგიწოდებთ, ბატონო მგელაძე. დაწყნარდით, თორემ უკიდურეს ზომებს მივმართავ.

მგელაძე (ყვირის): ის არ იყო უსინდისობა, რომ რამიშვილზე და ჯიბლაძეზე ამბობდით, ქურდები არიანო. (სოც.-რევ. სკამებზე გრძელდება ხმაურობა).

თავმჯდომარე: ბატონებო, გთხოვთ დაწყნარდეთ, თორემ იძულებული ვიქნები სხდომა დავხურო (ხმაურობა გრძელდება).

მგელაძე: სინდისი საჭმელი ბორში არ არის!

გობეჩია (ადგილიდან ყვირის რაღაცას, რომელიც არ ისმის საერთო ხმაურში).

თავმჯდომარე: ბატონო მგელაძე, დაბრძანდით. გთხოვთ, ნუ ერევით თავმჯდომარის საქმეში (ხმაურობა თან და თან ნელდება და წყდება). გთხოვთ განაგრძოთ, ბატონო ორატორო!

თავმჯდომარე: ბ. მგელაძე, დაბრძანდით! (ხმაურობა).

გელაძე (ხმა მაღლა): როდესაც ამბობენ, რომ ჯიბლაძე და რამიშვილი ქურდია, მე არ შემიძლიან მოვითმინო (ხმაურობა).

თავმჯდომარე (ხმა მაღლა): ბ. მგელაძე, დაბრძანდით! თორემ იძულებული ვიქნები სხვა ზომები მივიღო. ნუ მიითვისებთ თავმჯდომარის უფლებებს. თუ რამე იქნება შეურაცხმყოფელი ვისიმე სიტყვაში, პრეზიდიუმი მიიღებს ზომებს, ბ. გობეჩია! წესიერებისაკენ მოგიწოდებთ იმ სიტყვისათვის, რომლის თქმა თქვენ ინებეთ! ბ. ორატორო, გთხოვთ განაგრძოთ!

მგელაძე: მე ეხლა დაკმაყოფილებული ვარ.

ნოე ხომერიკი: დაწყნარდით, ბ. სოც.-რევოლიუციონერებო, და გულდასმით მოისმინეთ. თუ მე მართალი არა ვარ, გამობრძანდით და სრული უფლება გექნებათ, სთქვათ ყოველივე. მე ვეკითხები სოც.-რევოლიუციონერებს: ხომ არ იცნობენ იმ პოლიტიკურ პარტიას და იმ ცენტრალურ კომიტეტს, რომელმაც დაავალა თავის წარმომადგენელს მთავრობაში, რომ სახაზინო ქონება გამოეყენებინა პარტიის სასარგებლოდ, საარჩევნო ფონდის შესაქმნელად. ხომ არ იცნობს სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია იმ ცენტრალურ კომიტეტს, რომელმაც შემდეგ ლაჩრულად უკან წაიღო სიტყვა და თავისი წევრი მიატოვა და მთავრობაში განცხადება შეიტანა, რომ ჩვენ მისთვის არაფერი დაგვივალებიაო (ხმაურობა). ბ. გობეჩია ხომ არ იცნობს ამ ცენტრალურ კომიტეტს? (გობეჩია ადგილიდან: ტყუილია, ჭორებია!).

თავმჯდომარე: რადგან გვესმის ჭორებია, გთხოვთ პირდაპირ დაასახელოთ და თქვათ, რის თქმაც გინდათ!

ხომერიკი: მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ამბავი იყო წლინახევრის უკან... (ხმაურობა). (შენგელაია ადგილიდან: ეგ საქმე სასამართლომ გამოარკვია!).

თავმჯდომარე: დააცალეთ!

ხომერიკი: მე ბოდიშს ვიხდი ბ. ლორთქიფანიძის წინაშე, რომ ამ ფაქტზე მიხდება ლაპარაკი. მე ჩემს ზნეობრივ მოვალეობად მიმაჩნია განვაცხადო, რომ ბ. ლორთქიფანიძე პირადად მსხვერპლი გახდა მისი ამხანაგების ვერაგულ მოქმედებისა (რამიშვილი ადგილიდან: რასაკვირველია!). მაგრამ როცა გამოდის და ტალახს ისვრის ის ხალხი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ჩვენ იძულებული ვართ ვთქვათ ყოველივე. იყო ასეთი შემთხვევა: სოც.-რევ. ცენტრ. კომიტეტმა დაავალა ბ. ლორთქიფანიძეს, რომ ნავთი...

თავმჯდომარე: თქვენი დრო გათავდა (ხმები: დაათავოს!). გთხოვთ დაასრულოთ!

ნოე ხომერიკი: ცენტრალურმა კომიტეტმა დაავალა ბ. ლორთქიფანიძეს, რომ უბაჟოდ შემოტანილი სახაზინო ნავთი ცისტერნებით გაეყიდა და გამორჩენა ცენტრალურ კომიტეტისთვის გადაეცა არჩევნების ფონდის შესაქმნელად. ის ასეც მოიქცა. როცა ეს საქმე გამომჟღავნდა, მას არ დაუმალავს ეს ფაქტი. ლორთქიფანიძემ განუცხადა მთავრობის თავმჯდომარეს და შემდეგ მთავრობაშიაც და გამოძიების დროსაც გაიმეორა, რომ მან ეს საქმე ცენტრალური კომიტეტის დავალებით მოახდინა. მაგრამ როცა გაიგეს ბ. გობეჩიამ და შენგელაიამ, მოვიდენ მთავრობის თავმჯდომარესთან და განუცხადეს, ჩვენ ეს არ მიგვინდვიაო (ხმაურობა). (გობეჩია ადგილიდან: ჭორებია!). (ხმაურობა). თქვენი განცხადების დროს პირადად მე ვიყავი იქ... (გობეჩია ადგილიდან: ტყუილია, ჭორებს ნუ ამბობთ!). თქვენ ვერ გაექცევით ამ ფაქტს. მაშინ ამათ უკან დაიხიეს, როგორც ეს შეფერის გულად რაინდებს, მიატოვეს ლორთქიფანიძე და პასუხისმგებლობა მოიძვრეს თავიდან. მე ვეკითხები მათ: დასაშვებია ეს თუ არა? მე გეკითხებით: თუ ბ. ლორთქიფანიძემ ტყუილი სთქვა და ცილი დასწამა ცენტრალურ კომიტეტს, რად არის იგი ესერების პარტიაში, რად არის თქვენი ფრაქციის დეპუტატი? თუ არა და, რად ჩაიდინა ცენტრალურმა კომიტეტმა ასეთი ლაჩრობა? (ხმაურობა, ხმები: სიცრუეა!). რა არის სიცრუე, ეს გამოირკვევა! მე იმიტომ შევჩერდი ამ ფაქტზე, რომ... (ხმაურობა) (შენგელაია ადგილიდან რაღაცას ლაპარაკობს. ხმაურობა).

თავმჯდომარე: თუ შეიძლებოდეს, განიმეორეთ!

შენგელაია (ადგილიდან): პრობკები გაყიდეს და აზარალეს სახელმწიფო! (ხმაურობა).

თევზაია (ადგილიდან): მე მოვითხოვ, რომ ოქმში იქნას შეტანილი, რომ შენგელაია ლაჩარია! (ხმაურობა).

თავმჯდომარე: უკაცრავად! ალბათ გაუგებრობა მოხდა. მე რაც გავიგონე, აქ არაფერს ვხედავ ისეთს, რაც დაუშვებელი იყოს. გთხოვთ დაათავოთ თქვენი სიტყვა!

ნოე ხომერიკი: აი, ბატონებო, როცა სოც.-რევოლიუციონერები ილაშქრებენ, მე ეს საკითხი მედგა. მე ვფიქრობ, რომ ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ თავის არშინით გვზომავენ. სხვა გასამართლებელი მოტივი მათი მოქმედებისა ვერ მიპოვნია! ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენც ისეთები ვართ, როგორც თითონ ბრძანდებიან! მაგრამ დღეს ისინი მთავრობაში ვერ ნახავენ ვერც ერთ კაცს, რომელსაც ბოროტ-მოქმედების ჩადენა შეეძლოს. ასეთი წევრი ჩვენს მთავრობას დღეს არა ჰყავს. კარგად გაიკვეთეთ და დაიმახსოვრეთ ეს, ბ. ბ. სოც.-რევოლიუციონერებო! (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ბატონ ასათიანს ეკუთვნის.

ალ. ასათიანი: ბატონებო! დამფუძნებელ კრების წევრნო! იმ საბიუჯეტო ანგარიშის გამო, რომელიც მთავრობამ შემოიტანა, ყველა ფრაქციამ და უწყებამ გამოსთქვა თავისი აზრი. მე ვფიქრობ, რომ დამფუძნებელი კრება რამოდენიმედ შეცდომაში არის შეყვანილი და იქნება ამით აიხსნება ის გადაჭარბებული სიცხარე კამათის დროს, რომელსაც აქ ადგილი ჰქონდა. ეს ანგარიში იწოდება სახელმწიფო ბიუჯეტად და ჩვენც შევუდექით მის განხილვას, როგორც ასეთის. მაგრამ მისი განხილვა გვარწმუნებს, რომ ეს არ არის ბიუჯეტი, არამედ წარსულ წელს გაწეული ხარჯების ანგარიშები. ამისდა მიხედვით ჩვენი განხილვა არ შეიძლება იყოს ისეთი, როგორც საზოგადოდ მიღებულია ბიუჯეტის განხილვის დროს. ჩვენ არ შეგვიძლაი უარვყოთ ესა თუ ის ხარჯები, ვინაიდან ის უკვე გაწეულია ფაქტიურად და ფორმალურად მას გამართლება აქვს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წარმოდგენილ ანგარიშებში აღნიშნული ყველა ხარჯები ცალ-ცალკე მიღებული აქვს ჩვენს კრებას სხვა და სხვა დროს.

ამიტომ ბატონებო, ჩვენ ვერ ავიღებთ ისეთ ტონს, თითქოს ბიუჯეტი გვქონდეს განსახილველი და შეგვეძლოს ამა თუ იმ შემოსავალ-გასავლის და კრედიტის მიღება თუ არ მიღება. ამის გამო საფუძველი ეკარგება ზოგიერთ ფრაქციის ცხარე საბიუჯეტო კომპანის და კრედიტების უარყოფის მუქარას. ჩვენს განხილვას უფრო თათბირის ხასიათი ექმნება. ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ, თუ რა შეცდომები დაუშვა მთავრობამ ჩვენს მიერ გაღებულ კრედიტების მოხმარებაში და რამდენად შესძლო მან ნამდვილი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ნიადაგის მომზადება.

აქ წარსული წლის ბიუჯეტის მრავალი ნაკლი იყო აღნიშნული. დიდი ნაწილი ამ შეცდომებისა გასაგებია, თუ ჩვენ არ დავივიწყებთ იმ პირობებს, რომელშიც გვიხდებოდა მუშაობა. წარსული წლის ბიუჯეტს არ მოეპოვება მრავალი ისეთი თვისება, რომელიც ყოველს წესიერად დაწყობილ სახელმწიფო მეურნეობას ახასიათებს. უკვე იყო აღნიშნული: არ არის დაცული კასის მთლიანობა. ამას შეიძლება მრავალი გამამართლებელი მიზეზი ქონდა და წარსულზე მაინც და მაინც ბევრს ვერ ვუკიჟინებთ ჩვენს მთავრობას. მომავალში კი ჩვენმა უწყებებმა უნდა მიიღონ ზომები, რომ ეს დიდი ნაკლი გამოსწორებულ იქნას. რამდენადაც ვიცნობთ, სახელმწიფო კონტროლის მუშაობამ ამ სფეროში ბევრი რამ უკვე გამოასწორა. ჩვენი სურვილი იქნება, რომ კონტროლის მუშაობა კიდევ უფრო მტკიცე და გაბედული იყოს.

აქ აღნიშნული იყო, რომ ბიუჯეტში არ არის დაცული ხარჯთა სპეციალიზაცია და მრავალს შემთხვევაში ერთი დაწესებულების კრედიტი გადასულია მეორე დაწესებულების ანგარიშებში და სხვ. რასაკვირველია, ნორმალურ ბიუჯეტს ეს ნაკლი არ ექნებოდა. მომავალში, იმედი გვაქვს, ყველა უწყება შეიგნებს, რომ ეს წესი მიუღებელია ყოველ მხრივ და ამას ადგილი აღარ ექნება.

დიდი ნაკლი არის წარსული წლის ბიუჯეტში აგრეთვე ის გარემოება, რომ შემოსავალ-გასავალი არ არის მტკიცედ გამორკვეული. გასავლის შესახებ კიდევ მეტი წარმოდგენა შეიძლება ვიქონიოთ. რაც დაიხარჯა, ამის გამორკვევა უფრო ადვილია, თუმცა ამ ანგარიშში არ შესულა მთელი უწყებებისა, როგორიც არის: მომარაგების სამინისტრო, მომარაგების კომიტეტი და სხვ. რაც შეეხება შემოსავალს, თუმც წარსულია, მაგრამ ამის შესახებ რაიმე გარკვეულ ცნობას ჩვენ ვერ გვაძლევენ. ამ შემოსავლის 50 პროც. ისეთი ხასიათის არის, რომ შეიძლება ის სრულიად არ გამართლდეს.

ამიტომ ეხლა თუ დეფიციტს 50 პრ. ვანგარიშობთ, ადვილად შეიძლება, რომ ეს დეფიციტი გაცილებით მეტი გამოვიდეს. ორი მთავარი წყარო შემოსავლისა, რომელიც თითქმის ბიუჯეტის 3/4-ს იჭერს, არის სახალხო ქონება და თანხები, ერთის მხრივ და მეორე მხრით, მთავრობის სამეურნეო ოპერაციები. აი ეს ორი მთავარი ნაწილი შემოსავლისა არ არის გარკვეული და არ ეყრდნობა ისეთს საფუძველს, რომ მან მოგვცეს ასე თუ ისე რწმენა, რომ ეს თანხების რაოდენობა, რომელიც აღნიშნულია ამ ბიუჯეტში, მართლა შემოვა ხაზინაში.

სახაზინო ქონების და თანხების შესახებ თქვენ აქ მოისმინეთ უწყების წარმომადგენლის აზრი. ჩამორთმეულ ბინების ლიკვიდაციის მოხდენის შემდეგ ნავარაუდევია შემოსავალი, რომელიც 250 მილიონს უდრის. ეს შემოსავალი ეხლა ბევრისთვის არის საეჭვოდ მიჩნეული. მე კი პირადად არ მაქვს იმედი, რომ ამ თანხის ნახევარი შემოვა ჩვენს ხაზინაში მახლობელ დროში; თუმცა, თუ ჩვენი ფულის კურსის დაცემა ასე გაგრძელდება, მაშინ, რასაკვირველია, შესაძლოა რამდენიმე ხნის შემდეგ მეტიც შემოვიდეს.

რაც შეეხება სახაზინო ქონებას და მეურნეობას, მიწად-მოქმედების მინისტრმა, ბ-მა ხომერიკმა გაგაცნოთ თქვენ თავის უწყების მეურნეობის ანგარიში და ფრიად ოპტიმისტურადაც დაგიხატათ მისი მოსალოდნელი შედეგები. მისი ანგარიშით, სახაზინო მეურნეობაზე დახარჯულია 27 მილიონი და ნავარაუდევი შემოსავალი კი - 47 მილ. უდრის. უწყების წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ ეს მეურნეობა, რომელიც ასე არა ნორმალურ პირობებში გადაეცა სამინისტროს, მაინც 100 პროც. მოგებას იძლევა. მე სრულებით არ შევუდგები სამინისტროს ვარაუდის დარღვევას. დავეთანხმოთ ბ-ნ მინისტრს, რომ ეს 47 მილ. უთუოდ შემოვა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზედმეტია 100 პროც. მოგებაზე ლაპარაკი. ბ. მინისტრი მართალია ფორმალურად ბუჰღალტერული ანგარიშით.

მაგრამ ჩვენ თუ უფრო არსებითად გავიცნობთ ამ ანგარიშს და განვიზრახავთ ამ ციფრებ ქვეშ ნაგულისხმევ ღირებულების გამორკვევას, ვერ დავეთანხმებით ბ. მინისტრს, რომ აქ დიდი მოგება იყოს. წინააღმდეგ ამისა, აქ არის უდიდესი დეფიციტი. ის 27 მილიონი, რომელიც უნდა მიიღოს ბ-მა მინისტრმა წრეულს, შარშან გაღებულ 27 მილიონთან შედარებით გაცილებით უფრო ნაკლებ ღირებულებას წარმოადგენს. ეს სულ ადვილად შეუძლიან გამოიანგარიშოს ბ-მა მინისტრმა თუნდაც თავის ნაწარმოებების მიხედვით. განა შეუძლია მას თავის საწყობებში შეიძინოს წრეულს 47 მილიონად იმდენი ღვინო, რამდენიც მას შარშან შეეძლო შეეძინა 27 მილიონად? დაგვერწმუნეთ, რომ არა. ამიტომ მე საჭიროდ ვცნობ მივუთითო ბ-ნ მინისტრს და ყველას, ვინც საზოგადო მეურნეობას მეთაურობენ და თავის საზოგადო მეურნეობით გადაჭარბებულად გატაცებულნი არიან, რომ ჩვენს ფინანსიურ ვითარებაში, ბუხჰალტერული მოგება სრულებით არ ნიშნავს რეალურს, არსებით მოგებას. თუ მივიღებთ მხედველობაში ჩვენი ფულის ფასის ასე სწრაფად დაცემას, ხშირად ბალანსით ნაჩვენები მოგება, არსებითად, შეიძლება დიდს დეფიციტს ნიშნავდეს.

მეორე დიდი ნავარაუდევი შემოსავალი არის მთავრობის სამეურნეო ოპერაციებიდან. განმარტებითი ბარათი ისე ოპტიმისტურად უყურებს ამ მეურნეობას, რომ მომარაგების სამინისტროდან 790 მილიონს მოგებას და მეტსაც სავსებით მოსალოდნელად აცხადებს. ამ მოგებით, საფინანსო კომისიის აზრით, უნდა დაიფაროს წარსული წლის მთელი დეფიციტი. მომარაგების სამინისტროს ოპერაციების შესახებ ჩვენ სარწმუნოდ არავითარი ცნობები არა გვაქვს. აქ გამოვიდა სათანადო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ მან ვერ აგვიხსნა, თუ რა სახით, რა ოპერაციებიდან არის მოსალოდნელი ეს დიდი მოგება. იმ დიდი მოგების გამოანგარიშებაში, რომელმაც უნდა იხსნას ჩვენი ბიუჯეტი დიდი დეფიციტიდან, რაიმე ვარაუდი მაინც უნდა გვქონოდა. აღვნიშნოთ მაინც ჩვენთვის ის თავისი ოპერაციები, რომლებმაც მათ მოგება მისცა და რომლის ვარაუდით მომავალში ასეთ დიდ მოგებას მოელიან, თორემ ასე ზეპირად დაპირებული მოგებით საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვა მეტად ადვილი, მაგრამ ამასთანავე მეტად უსარგებლო საქმეა. მომარაგების სამინისტროს დიახაც დიდი მოგება უნდა ჰქონდეს. მას მივეცით ჩვენ მრავალი ასეული მილიონი და მილიარდად ღირებული სამონოპოლიო საქონელი. მოგებას თავი დავანებოთ; რაც ჩვენ მას მივეცით, მისი რეალური ღირებულება რომ არ დაგვეკარგოს, ამ სამინისტროს ბალანსი დიდ მოგებას გვაჩვენებს ფულის კურსის დაცემის გამო. მაგრამ მე ამის იმედიც არ მაქვს, ვინაიდან ამ უწყების მეურნეობა ყოვლად უკუღმართად არის აშენებული. მაგრამ ასეთი მოგებაც რომ იყოს მათი დეფიციტის დაფარვა, მხოლოდ თავის მოტყუილება იქნება. თავის ვალიუტის დაცემით ბიუჯეტის გასწორება არასოდეს არ შეიძლება. თუ ასე გნებავდათ, შეგეძლოთ შარშან ერთი ხუთასი მილიონი მომარაგების სამინისტროს მიცემის მაგიერ უცხოეთის ვალიუტის შესაძენად მოგეხმარათ. დღეს თქვენ რამოდენიმე მილიონი ახალი ბონი გექნებოდათ. ნუ თუ ეს მართლა მოგებად მიგაჩნიათ?

მე არ შევუდგები წარსულ წლის სახელმწიფო ხარჯთ-აღრიცხვის დაწვრილებით განხილავს. ჩვენი სახელმწიფო ფინანსების უფრო დაახლოვებული ანალიზი ჩვენ უნდა გადავდვათ იმ დროისთვის, როდესაც ჩვენს გაწეულ ხარჯებს კი არ წარმოგვიდგენენ, არამედ მომავალ ხარჯთ-აღრიცხვის პროექტს. თუ შევეხე შემოსავლების ზოგიერთ დარგს, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ რამოდენიმედ მაინც გამენელებინა უწყების და საფინანსო კომისიის ოპტიმიზმი.

წარმოდგენილი ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფოს ჰქონდა 1.960 მილიონის ხარჯი, ამავე დროს მისი შემოსავალი ნავარაუდევია 1.163 მილიონი. ამაში შედის სახელმწიფო ქონება და თანხებიდან ნავარაუდევი შემოსავალი 747 მილიონი, რაც ჩემის აზრით, სანახევროდ თუ გამართლდება. ასე რომ, სახელმწიფოს ხარჯები ნახევრადაც არ იფარება შემოსავლით. მე სავსებით ვეთანხმები ბ. მინისტრს, რომ ეს არც ისეთ დიდ უბედურებას წარმოადგენს. არა მარტო საქართველო სცხოვრობს დეფიციტით, არამედ თითქმის ყველა ევროპის სახელმწიფო, რომელიც ომში იყვნენ ჩაბმულნი. მაგრამ იმ ციფრებიდან, რომლებიც წარმოადგინა ბ-მა ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება მივიღოთ, რომ ჩვენ გაცილებით უკეთეს ფინანსიურს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე საფრანგეთი ან ინგლისი. ბ. მინისტრს ამაში ვერ დავეთანხმები. საფრანგეთის ან ინგლისის დეფიციტის უდიდეს ნაწილს შეადგენს ომის მიერ გამოწვეული ხარჯები და იმ ვალების პროცენტები, რომლებიც დაეკისრა ამ სახელმწიფოებს ომის დროს და ომის ლიკვიდაციის გამო. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად დიდია ეს ხარჯები და რამდენად ამძიმებს ბიუჯეტის პასიურ მხარეს. ჩვენს ხარჯთ-აღრიცხვაში ეს ძველი ანგარიშები არ შეგვიტანია. თუ რა ვალდებულებანი დაგვრჩება ომისა და რუსეთის გამოყოფის შემდეგ, ეს ჯერ გამორკვეული არ არის. ეს პასივი არ შესულა ჩვენს ბიუჯეტში. სამაგიეროდ, დიდძალი ქონება, რომელიც ჩვენ ფრონტისაგან და სახელმწიფო დაწესებულებათაგან დაგვრჩა დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ჩვენ სავსებით დავხარჯეთ, თუმცა ისე უთავბოლოდ, რომ ჩვენს სახელმწიფო ხარჯთ-აღრიცხვაში მის კვალსაც ვერ ვხედავთ, თუმცა მისი ღირებულება დღევანდელი ფასობით მრავალ მილიარდს უდრიდა.

ქვემოთ ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა შეუდარებლად უარესია იმ ქვეყნებთან შედარებითაც კი, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა მსოფლიო ომით.

სანამ წარმოდგენილი ანგარიშის მოკლე განხილვიდან სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდოდე, არ შემიძლიან არ დავადასტურო, რომ საფუძვლიანი იყო მრავალი აქ წარმოთქმული შენიშვნა იმის შესახებ, რომ ჩვენი უწყებები ვერ აწარმოებდენ წესიერად თავის მეურნეობას. მრავალი ისეთი ხარჯი გაუწევიათ მათ, რომ მისი თავიდან აცდენა შესაძლებელი იყო.

ეს აქ უწყებათა წარმომადგენლებმაც აღიარეს. ხოლო მათ ასეთი ვითარება ჩვენი ქვეყნის მაშინდელ პირობებით გაამართლეს. ამ შემთხვევაში ისინი რამოდენიმედ უთუოდ მართალი იყვნენ. რევოლიუციის და მრავალ ომების დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო აპარატი ჯერ კიდევ არ იყო განმტკიცებული, მრავალი ასეთი შეცდომები მოსალოდენლი იყო. დღეიდან აღარ არის ეს პირობები და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ასეთს უწესო მეურნეობას ადგილი აღარ ექნება.

ბატონებო, ჩვენი ფინანსიური ვითარების ნაკლი და უკუღმართობა რომ განისაზღვრებოდეს მხოლოდ იმ შეცდომებით, რომელნიც აქ მრავლად აღნიშნეს ყველა ფრაქციების წარმომადგენლებმა, მე დიდს კმაყოფილებას გამოვსთქვამდი თქვენს წინაშე ამ ტრიბუნიდან. მაგრამ არის მეორე მხარე ჩვენი ფინანსიური ვითარებისა, რომელიც გაცილებით უფრო სამძიმო და სახიფათოა ჩვენი სახელმწიფო მეურნეობისათვის, ვინემ ყველა აქ მოყვანილი უწესოებანი. ჩვენი ფინანსიური ცხოვრების ამ მხარისათვის ჯერ-ჯერობით არც ერთ ორატორს არ მიუქცევია თქვენი ყურადღება.

მე მოგახსენებთ, ბატონებო, სახალხო მეურნეობისა და სახალხო ბიუჯეტის მდგომარეობაზე.

ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტი სახალხო ბიუჯეტს ემყარება. თუ სახალხო ბიუჯეტი კარგ მდგომარეობაშია, სახელმწიფო ბიუჯეტიც საღი იქნება. ან თუ ის დროებით მაინც კრიზისს განიცდის ამა თუ იმ მიზეზის გამო, ეს სიმწვავეც ადვილად მოსანელებელი ხდება. სახელმწიფოსთვის საჭირო შემოსავალი ნორმალურად მთელი სახალხო მეურნეობის შემოსავლის ერთი ნაწილის მითვისებაა. და რამდენად დიდია სახალხო მეურნეობის შემოსავალი, იმდენად ადვილია სახელმწიფოსთვის მეტი სახსრის გამონახვა. და ეს არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტს შეეხება. ყოველი ნაწილი საზოგადოებისა, ყოველი მხარე ცხოვრების პროგრესისა - მეცნიერება, ხელოვნება და სხვ. - სახალხო ბიუჯეტის ავ-კარგიანობით სცოცხლობს. ამიტომ თუ სახალხო მეურნეობა კრიზისს განიცდის, თქვენ ვერ შექმნით კარგს სახელმწიფო ფინანსებს, ბიუჯეტს, ვერც ქალაქ-ერობებს მოუწყობთ წესიერ მეურნეობას და ვერც ამა თუ იმ კლასის თუ ჯგუფის მდგომარეობას გააუმჯობესებთ მტკიცედ, საფუძვლიანად. უსაფუძვლოა ცდა სოციალური რეფორმებისა და მუშათა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, თუ სახალხო მეურნეობა დაშლილია და მტკიცე საფუძველზე არ ემყარება.

და როდესაც ჩვენ ვიხილავთ სახელმწიფოს ფინანსიურ მდგომარეობას და მის გამოსწორების საშუალებას ვეძებთ, ჩვენ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო იმას, თუ რა შეცდომები ჩავიდინეთ ამ ხარჯების გაწევის დროს, არამედ, უწინარეს ყოვლისა იმ საფუძვლებს, რომლებზედაც დამყარებულია სახელმწიფო ფინანსები და შევეცადოთ გამოვასწოროთ ყველა ის ზიანი, რომელიც მიყენებული აქვს სახალხო ბიუჯეტს, სახალხო მეურნეობას, რომელიც, როგორც ვთქვით, ერთად-ერთი მტკიცე საფუძველია სახელმწიფო ბიუჯეტისა.

მე მოკლედ აღვნუსხავ იმ ვითარებას, რომელსაც განიცდის ჩვენი ეკონომიური ცხოვრება.

უმთავრესი ძალა ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში არის სასოფლო მეურნეობა, რომელიც თვით მინისტრის ჭეშმარიტის აზრით, მთელი ხალხის თითქმის 80 პროცენტს ჰკვებავს. ეს სასოფლო მეურნეობა ვერ არის წესიერ მდგომარეობაში. ამ მეურნეობის სფეროში ჩვენ მრავალი შეცდომა ჩავიდინეთ და დროა, რომ ჩვენ ამის გამოსწორებას შევუდგეთ.

აქ მოყვანილი იყო მრავალი საბუთი იმისა, თუ ჩვენ როგორ გავანადგურეთ, - თუმცა ეს სრულიად საჭირო არ იყო არც ჩვენი პოლიტიკური და არც ჩვენი ეკონომიური მდგომარეობისთვის, - ფრიად ძვირფასი და მნიშვნელოვანი კულტურული მეურნეობანი აფხაზეთში. აქ მოყვანილი იყო აფხაზეთის მაგალითი, სადაც მართლა მშვენიერი და განსაცვიფრებელ მაღალ-კულტურული მეურნეობა სვეცკოისა - отрадное - განადგურებულია. და არა მარტო აფხაზეთში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში ჰქონდა ადგილი ამ მოვლენას. ქართლ-კახეთში თუ იმერეთში მრავლად მოიპოება ისეთ მაღალ-კულტურის მეურნეობანი, ბაღ-ვენახები, პლანტაციები თუ სარძეო ფერმები, რომლებიც სავსებით გავანადგურეთ ამ სამი წლის განმავლობაში და ეულ საძოვარ მინდვრებად ვაქციეთ. და მე ვფიქრობ, რომ ასეთ მოვლენებს მეტად ცუდი შედეგები ჰქონდა ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობას არ მოეპოება სტატისტიკური ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენად შემცირდა ამ რევოლიუციის დროს კულტურული მეურნეობა ჩვენში. მაგრამ უბრალო დაკვირვება საკმარისია დასარწმუნებლად, რომ ამ დარგში არამც თუ არავითარი პროგრესი არ არის, არამედ სრული რეგრესია, დაქვეითება. და არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო. როდესაც გლეხის თვალწინ კულტურული მეურნეობა ნადგურდებოდა, საუკეთესო კულტურული მამულები ხელოვნურად ვერანდებოდა, რომელსაც ხედავდნენ, რომ 20-30 წლის ნამუშევარი, - უაღრესი ნიმუშები კულტურულ მუშაობისა, - რამდენიმე თვეში სრულიად იღუპებოდა მთავრობის წარმომადგენელთა თვალწინ და მათივე დასტურით; როდესაც მშრომელი გლეხი ამას ხედავდა, თავის თავად ცხადია, რომ მას კულტურული მეურნეობის განვითარების სტიმული შებოჭილი ექნებოდა. აი ამიტომ, ბატონებო, ამ გარემოებას აუცილებლად უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. თუ გვინდა სოფლის მეურნეობა ავამაღლოთ და არ დავაქციოთ, საჭირო არის, რომ უზრუნველყოფილ იქმნეს საერთოდ კულტურული მეურნეობის განვითარება, რომ ადგილი აღარ ჰქონდეს მეურნეობის საქმეში ძალით ჩარევას, მტაცებლობას და განადგურებას.

არ იყო ძნელი გასათვალისწინებელი წინდაწინვე, რომ მტაცებლური წესით აგრარული კითხვის გადაჭრა ჩვენს მეურნეობას დააზიანებდა. კერძოდ, ფინანსიური ჩვენი მდგომარეობა რომ ამან მეტად დააზარალა, ეს ბევრისთვის შეუმჩნეველია; მიწების დატაცებამ იმ წესით, როგორც ეს ჩვენ მოვახდინეთ, დიდად დააზიანა ჩვენი კრედიტის საქმე და უთუოდ დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ფულის ფასის დაცემას. სახელმწიფოს ფინანსიური ინტერესებისთვის გაცილებით უფრო მისაღები იყო არამც თუ ასი და ორასი მილიონის დაბეჭდვა ამ ჩამორთმეული მიწების გამოსასყიდად, არამედ კიდევ მეტის გაღება. მაგრამ რევოლიუციონურ დოგმებით გატაცებულმა რეფორმატორებმა ვერ გაითვალისწინეს თუ არ გაითვალისწინეს სახელმწიფოს ეს რეალი ინტერესები. ამას დაუმატეთ კიდევ უძრავ ქონებათა ჩამორთმევის 11 ივლისის კანონი. სანამ ეს კანონი ძალაში დარჩება, რაიმე წარმოებათა აღმოცენებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

კულტურულ სოფლის მეურნეობა ხომ თითქმის სრულიად ნადგურდება. მრავალი კულტურული მამული დავჭერით, დავაქუცმაცეთ, ან მათ შემქმნელთ ჩამოვართვით და სრულიად უვიც მოხელეთ ჩავაბარეთ. კიდევ მეტი ზიანი მოაქვს ეხლა ყოველგვარ განმტკიცებულ რევოლიუციონურ სამუნიციპალო პოლიტიკას, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ერობების განუკითხავ მტაცებლობას. კანონით მესაკუთრესთვის დატოვებულ მეურნეობაში თუ წესიერი სახლია ან წისქვილია და სხვ., ამას უთუოდ ერობა ჩამოართმევს მეპატრონეს, და როდესაც მამულის პატრონი უსახლკაროდ რჩება, ცხადია, წესიერი მეურნეობის გაგრძელებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

სასოფლო მეურნეობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია ჩვენი საქარხნო მრეწველობის მნიშვნელობა სახალხო მეურნეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარება ამ მრეწველობის განვითარებაზე დიდად არის დამოკიდებული. აუარებელი ბუნებრივი სიმდიდრე და ნედლი მასალა მოითხოვს ამ დარგის განვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა ისეთია, რომ არამც თუ გაძლიერება მრეწველობისა, არამედ ისიც, რაც დღემდე არსებობდა, ხიფათს განიცდის.

ამ უკანასკნელ წლებში ისეთი საერთაშორისო ეკონომიური პირობები იყო, რომ ჩვენში უთუოდ უნდა აღმოცენებულიყო მრავალი სამრეწველო დარგი. იყო მრავალი ასეთი ცდაც: შაქრის წარმოების, საქსოვი საქმის, ნავთის ამოღების და სხვა წარმოების დაწყებისა. მუშათა საკითხის მოუწესრიგებლობა და სხვა სიძნელენი კიდევ ვერ უშლიდა იმდენად ხელს, ჩვენმა მმართველმა პოლიტიკამ ისეთი პირობები დაუყენა ამ მწარმოებლებს, რომ საქმე დასაწყისშივე ჩაკლა.

ჩვენი მთავრობა გატაცებულია საზოგადო წარმოებებით: ერობა-ქალაქების მრეწველობაზე დიდს იმედებს ამყარებს, კერძო ინიციატივა იდევნება და ეს მაშინ, როდესაც საზოგადო მეურნეობას ჩვენში ჯერ ზარალისა და ცხოვრების გაძვირების მეტი არაფერი მოუტანია, თუმცა ამ წარმოებებზე მრავალი ათეული მილიონი ხაზინის ფული იხარჯება.

გონივრული ეკონომიური პოლიტიკა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ისეთს მეურნეობას, რომელიც მეტს სარგებლობას იძლევა და უფრო იაფი ჯდება. თუ ასეთი იქნება საზოგადო წარმოება, ინებეთ, დაეხმარეთ; მაგრამ როდესაც თქვენ კერძო მწარმოებელთ ხელ-ფეხს უბორკავთ, ქარხნებს და სხვა წარმოებებს ან ძალით ართმევთ, ან ისეთს პირობებს უქმნით, რომ აიძულოთ გადმოგცენ, და ასე ხელოვნურად უწყობთ ერობა-ქალაქებს წარმოებებს და ისიც სახაზინო თანხებით, იცით, ამასთანავე, ამას ყველა ვხედავთ, რომ მიუხედავად ასეთი მფარველობისა, ეს ერობა-ქალაქების წარმოებები მაინც საზარალო იქნებიან, და მაინც კიდევ განაგრძობთ ამ გზას.

ეს უდიდესი დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ასეთი პოლიტიკა ჩვენს სრულს ეკონომიურს განადგურებას და გაღატაკებას გვიქადის. მთავრობის თავმჯდომარეს და მთელს მთავრობას მრავალჯერ განუცხადებიათ, რომ თქვენ არ ებრძვით კერძო ინიციატივას. მაგრამ მმართველობის პრაქტიკა, სამწუხაროდ ყოველთვის ამის საწინააღმდეგო ყოფილა.

ეხლა მოკლედ შევეხოთ ეკონომიური ცხოვრების მესამე მნიშვნელოვან დარგს: საშინაო და საგარეო ვაჭრობას. ამას ჩვენი ფინანსიური ცხოვრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საშინაო ვაჭრობაში ჩვენ ჯერ ძალაში გვაქვს დატოვებული ჩვენი რევოლიუციონური წესები: რეკვიზიცია, შეზღუდვა, ერთი მაზრიდან საქონლის მეორე მაზრაში გატანა და სხვ. ასეთი პოლიტიკის შედეგი მუდამ ყოფილა და იქნება საქონლის გაძვირება და ეკონომიური ცხოვრების არევ-დარევა. ეხლა თუ ჩვენ საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას გავეცნობით, აქაც დავინახავთ, რომ ამ უკანასკნელ წლებში ჩვენი სახალხო მეურნეობა, ფრიად შემცდარი საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის გამო, დიდად დაზარალდა. როგორც მოგეხსენებათ, ამ საგარეო ვაჭრობიდან თქვენ ცდილობთ თანდათან გამოაძევოთ კერძო ინიციატივა და თანდათან სახელმწიფოს ხელში მოუყაროთ თავი საგარეო ვაჭრობის მთავარ ძაფებს. ჩვენმა მთავრობამ დააწესა საგარეო ვაჭრობის უმთავრესი საგნების მონოპოლია. ამ საკითხს აქ მე მხოლოდ გაკვრით ვეხები. სხვა დროს ამ საგანს უფრო ვრცლად შევხებივართ. მთავრობის თავმჯდომარეს ხშირად მოუყვანია აქ ერთი ფორმულა მმართველი პოლიტიკის გასამართლებლად. პოლიტიკის სისწორე თუ შემცდარობა იმ შედეგებით განიზომება, რომელსაც ის არღვევსო. და ამ თქვენი ფორმულით თუ გავითვალისწინებთ მონოპოლიების ავ-კარგიანობას, დავინახავთ, რომ თქვენი გეგმით წარმოებულმა მონოპოლიამ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოგვცა. მონოპოლიების გატარებით თქვენ ჰფიქრობდით ჩვენი ფულის კურსის განმტკიცებას, აწევას და საზოგადოდ, ცხოვრების გაიაფებას.

შედეგები გვიჩვენებს, რომ ამას ვერ მიაღწიეთ. ვალიუტა არამც თუ ავწიეთ, პირიქით, კიდევ ათჯერ დაეცა ამის შემდგომ და ამდენადვე ცხოვრება გაძვირდა. ეს კიდევ ცოტაა. მონოპოლიის გამოცხადების დროს ჩვენ სამი წლის თამბაქოს მოსავალი გვქონდა დაგროვილი, თითქმის მილიონი ფუთი. ეს ქონება რომ წესიერად გაგვენაღდებინა, მთელს რესპუბლიკას უზრუნველვყოფდით იაფი მანუფაქტურით და სურსათით. მაშინ რომ უცხოეთში იაფი ფასები იყო, იმის ნახევარიც რომ აგვეღო, ეს 8-10 მილიარდი მანეთი და კიდევ მეტი იქნებოდა, ვინემ ეხლა ვიღებთ ამ თამბაქოში. ამ რიგად, ბატონებო, ამ საქონლის უწესოდ გაზიდვამ ჩვენი სახალხო ბიუჯეტი, ეს სანახევრო ფასებიც რომ ვიანგარიშოთ, დააზარალა 8-10 მილიარდ მანეთით და კიდევ მეტით. მაგრამ ეს ზიანი ძლიერ მცირეა შედარებით იმ ზარალთან, რომელიც მონოპოლიამ ჩვენს მომავალ მეურნეობას დაატეხა. წრეულს ჩვენ მივიღებთ თამბაქოს არა უმეტეს მეოცედის იმ რაოდენობისა, უკანასკნელ წელში საშუალოდ რომ მოგვყავდა - 500.000 ფუთიდან. აფხაზეთში ჩვენი თამბაქოს მოსავალი 25-30 ათას ფუთზე ჩამოდის, და ასეთი კრიზისი არა ერთი და ორი წელი გაგრძელდება. რასაკვირველია, სულ სხვა იქნებოდა შედეგები, ეს მონოპოლია რომ ისე მოგვეწყო, როგორც მარგანეცის მონოპოლია მოვაწყეთ. ასეთი იყო წინადადება ჩვენი ფრაქციის და აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის მეთამბაქოეთა კავშირისა. ხაზინამ თუ მაინც შეიძინა რამე ამ უმნიშვნელოვანესი სამეურნეო დარგის აწმყოს და მომავლის დაზიანებით! სრულიად არაფერი. მან თითქმის მუქთად წაართვა მეთამბაქოეთ მათი საქონელი, გაიტანა უცხოეთში და იქ იმდენსაც ვერ ღებულობს, რომ გაწეული ხარჯები დაფაროს. სხვა რომელიმე ევროპის ქვეყანაში რომ მთავრობის პოლიტიკა ასეთი მარცხით გათავდეს, გარწმუნებთ, მისი წარმომადგენელნი ვერც კი გამოჩნდებოდენ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ უდიდესი სახელმწიფოებრივი ინტერესები ადვილად ეწირება ვიწრო პარტიულ თავმოყვარეობას და ჟინიანობას.

შეუდარებლივ უკეთეს შედეგებს იძლევა მარგანეცის მონოპოლია. თუ ეს ასეა, დარწმუნებით შემიძლიან ვსთქვა, უმნიშვნელოვანესი ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ეს მონოპოლია არ ხორციელდება იმ წესით, როგორც თამბაქოს მონოპოლია. მარგანეცის მონოპოლია მთავრობამ გადასცა მრეწველთა ორგანიზაციას „ჩემოს“, სადაც მთავრობას ერთი მესამედი წილი უდევს. „ჩემომ“ ამ სამი თვის განმავლობაში უკვე 9 ნახევარ მილიონი ფუთი მარგანეცი გაასაღა. აქედან 5 მილიონზე მეტი უკვე გატანილია საზღვარ გარეთ. მე ხელთ არ მაქვს უკანასკნელი ორი თვის სტატისტიკა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლიან ვთქვა, რომ ამ გარემოებამ უკვე გაასწორა ჩვენი საგარეო ვაჭრობის ბალანსი. ამ ოპერაციებში მთავრობა ფუთზე თავის წილში მოგებას ღებულობს ყოველ ფუთზე არა ნაკლებ 26 მან. 50 კაპ. ამას გარდა, ის ღებულობს ყოველს ტონაზე 2 შილინგ გადასახადს. რკინის გზა ღებულობს ფუთზე 7 მან. პორტის გადასახადი შემოდის ფუთზე 150 კაპ. ქალაქისთვის აგრეთვე 150 კაპ. მრეწველთა საბჭოს საზოგადო საჭიროებისათვის ფუთზე 1 მან. 8 კაპ. და სხვ. (ხმა მწარმოებელი რამდენს იგებს?). თუ მწარმოებელი არაფერს მოიგებს, წარმოებაც დაიხურება. საერთო კანონია, რომ რამდენად მეტს მოგებას იძლევა სახალხო მეურნეობის ესა თუ ის დარგი, მით უფრო მაღალია შრომის ხელფასი და აგრეთვე ხაზინის შემოსავალიც. მარგანეცის მრეწველნი არა მარტო ზემო ჩამოთვლილ გადასახადებს იხდიან, ისინი, როგორც სხვანი, იხდიან აგრეთვე მრავალ სამრეწველო და სხვა გადასახადებს. არ უნდა დაგავიწყდეთ თამბაქოს მონოპოლიის მაგალითი. იქ მწარმოებლები გაანადგურეთ, მაგრამ ამასთანავე წარმოებაც გაანადგურეთ და მრავალ მუშას ხელფასი და საზრდო დაუკარგეთ. მაგრამ მთავრობის მოგება ამით კიდევ არ განისაზღვრება. თუ მთავრობას ან მომარაგების სამინისტროს მიუღია უცხოეთის რაიმე ვალიუტა ამ უკანასკნელ თვეებში, სამი მეოთხედი ამ ვალიუტისა მიღებული აქვს სწორედ ამ მარგანეცის ოპერაციებიდან. მას მიუღია ამ სამ თვეში 58.588 გირ. სტერლინგი, 658.000 ფრანკი და 271.777 იტალიური ლირა. აგვისტომდე კიდევ უნდა მიიღოს 42.000 გ. სტერლინგი, 610.000 ფრანკი, 135.000 ლირა და სხვ. მან კიდევ გაცილებით მეტი უნდა მიიღოს, ვინაიდან ანგარიშები ჯერ არ არის სრულიად გასწორებული. მთავრობა ღებულობს სტერლინგებს 1.200 მანეთად, მაშინ როდესაც სტერლინგი ღირს ბაზარზე 3.800 მან. ამ რიგად, მთავრობა მრეწველებს ართმევს ხელშეკრულების განსაზღვრულ წილს მოგებისას და მათი წილიდან კიდევ ართმევს აღებულ თანხის ორ მესამედს. ბ. ჭავჭანიძე კიდევ მეკითხება, მწარმოებელი რამდენს იგებსო? აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვალიუტის ასე მცირე ფასებში ჩამორთმევა ფრიად სახიფათოა. უცხოელი მწარმოებელნი არ არიან ვალდებულნი, რომ ვალიუტა დაგვიხურდავონ და ის ერთს მესამედს ფასში მოგცენ. ჩვენებს კი ვალიუტას ასე დაბალ ფასებში ვართმევთ. ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან ასეთ პირობებში ჩვენი მწარმოებელნი ვერ გაუწევენ უცხოელებს კონკურენციას და სრულიად განადგურდებიან. საჭიროა, რომ ჩვენს მწარმოებლებს ვალიუტა უფრო სამართლიან ფასებში ჩამოერთვას.

ასე რომ, ბატონებო, მარგანეცის მონოპოლია უკვე საყურადღებო რეალურ შედეგს იძლევა, და თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა იმ ორგანიზაციას, რომელიც შეუდგა ამ მონოპოლიის განხორციელებას, მე იმედი მაქვს, რომ მარგანეცის საქმე არ დაეცემა და ხაზინაც დიდ სარგებლობას მიიღებს. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე მთავრობაში ერთსულოვან თანაგრძნობას პოულობდეს. როგორ შეიძლება მწარმოებელმა ამდენი მოგება მიიღოსო? ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის მწარმოებელნი ბონებით ანგარიშობენ იმას, რასაც ჭიათურის მრეწველები იღებენ მარგანეცში; ხოლო იმას კი, რაც მათ დაუხარჯავთ და რაც ღირდა ეს მარგანეცი ომამდე, ძველი ფულით სთვლიან. გამოდის, რომ მათ გროშები დაუხარჯავთ, ხოლო ეხლა ათასებს იღებენ. უკანასკნელ ხანში მომარაგების სამინისტროში უკვე აშკარად გამოირკვა მიმდინარეობა, მარგანეცის მონოპოლიის ხელში ჩაგდებისკენ მიმართული. იწერებოდა პროექტები, მოითხოვდენ მარგანეცის მონოპოლიის „ჩემო“-საგან ჩამორთმევას და სამინისტროსთვის გადაცემას. სამინისტრომ არც კი მოუცადა ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრას და დაიწყო ჭიათურაში მარგანეცის შესყიდვა და დამარაგება. აქაც პირველ დღეებიდანვე გამოირკვა, რომ სამინისტროს მოხელეები მარგანეცს კი არა, პირდაპირ ნაგავს იძენდენ ევროპაში გასაგზავნად. აქაც თამბაქოს მაგალითი უნდა განმეორებულიყო და ჩვენს მარგანეცსაც სრულიად დაეკარგებოდა ბაზარი, სამინისტროს მიზანი რომ განხორციელებულიყო. შინაური ბრძოლა მარგანეცის მონოპოლიის ჩასაგდებად პრესაშიც გადავიდა. მმართველ პარტიის ოფიციალურ ორგანოში „ბორბაში“ იბეჭდება ისეთი მკვახე წერილი მმართველი პოლიტიკის შესახებ ამ საკითხში, რომლის მსგავსი არასოდეს არ დაწერილა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში. წერილის ავტორი არის მომარაგების სამინისტროს ერთი უმაღლესი მოხელე, ბ-ნი უმ-იასნი - როგორც ამბობენ, შვილი თუ სხვა მახლობელი ნათესავი დიდ მწარმოებელის - იასნისა, რომელიც რუსეთში მუშაობდა, დაკარგა იქ ყველაფერი, ჩამოვიდა აქ და დაიწყო მოლაპარაკება მთავრობასთან, რომ მარგანეცის უცხოეთში გასაღება მისთვის ჩაებარებიათ. ასეთ წინადადებით მიმართა მან აგრეთვე „ჩემოსაც“: მე ევროპის ბაზრებს კარგად ვიცნობ. ეხლა ლონდონში ვარ გაწვეული და სხ., - ასაბუთებდა ის თავის პრეტენზიას. ამავე დროს მეორე იასნი მკვახე წერილებს სთხზავს და ამბობს: „თქვენ (მთავრობას მიმართავს) დამფუძნებელი კრების დაუკითხავად არ გქონიათ უფლება ასეთი მონოპოლიის განხორციელება მწარმოებელთათვის გადაგეცათო. სიტყვა-სიტყვით ის შემდეგს სწერს: «Компетентнымъ для рѣшенія этого вопроса органомъ мы считаемъ только учредит. собраніе, потому что передача правительствомъ своихъ монопольныхъ правъ синдикату и притомъ передача на большой срокъ идетъ, по нашему мнѣнію, значительно дальше правъ, предоставленнымъ пр-ству декретомъ отъ 2-го августа 1919 г., ст. 2-ая которой возлагаетъ осуществленіе монополіи на правительство, предоставляя ему лишь право «использовать съ этой цѣлью различныя учрежденія и организаціи.»

აი ეს იასნი კატეგორიულად ეუბნება მთავრობას, რომ ამ შემთხვევაში თქვენს უფლებას გადააჭარბეთ, დამფ. კრების კანონი დაარღვიეთ და მონოპოლიის განხორციელების უფლება მიეცით ისეთ ორგანოს, რომელიც ამ საქმით ხაზინას აზარალებსო. უკეთესი იქნება, თუ ამ მონოპოლიას თვით მთავრობა განახორციელებს და ხელშეკრულებით არავის არ შეეკვრებაო (კითხულობს): «Не частно-правовой двухсторонній договоръ, а публично-правовой односторонній приказъ; такова форма, въ которой могутъ и должны привлекаться сами промышленники къ осуществленію государственныхъ монополій.»

ესე იგი ის, რასაც ახორციელებენ რუსეთში ბოლშევიკები: მწარმოებელს ჩამოართვით მთელი მისი სიმდიდრე და ყოველგვარი უფლება და აამუშავეთ ისინი; თუ სპეციალისტები დაგჭირდეთ ისე, როგორც მოხელენიო. რასაკვირველია, თუ ეს ბოლშევიკური აზრი გაიმარჯვებდა და მთავრობა თავის ჩინოვნიკების საშვალებით დაიწყებდა მარგანეცის მონოპოლიის განხორციელებას ისე, როგორც თამბაქოსი, „ოდნოსტორონნი პრიკაზს“ მარგანეცის უცხოეთში გასაღების შესახებ უფრო გადმოხვეწილი იასნები მიიღებდნენ, ვინემ ჩვენი მწარმოებელნი. და ასეთს დამღუპველ პროექტებს თხზავენ ჩვენი ეკონომიური ცხოვრების მთავარ საფუძველზე ჩვენს სამინისტროებში მოკალათებულნი ბ. იასნები. ასე თავხედურ წერილებს სთხზავენ ოფიციალურ ორგანოში, სადაც ისინი მთავრობას აშკარად ბრალს უყენებენ, რომ მან თავისი უფლებები გადალახა ქვეყნის საზარალოდ. მე სრულებით არ მაკვირვებს, რომ ეს ვაჟბატონები ასე გაბედულად და შინაურულად მოქმედებენ ჩვენს სამინისტროებში, როგორც თავის სახლში. მე ის მაკვირვებს, რომ მათ ყბედ გამოსვლებს თქვენ საპატიო ადგილს უთმობთ ოფიციალურ პრესაში.

მე აქ აღარ შევეხები სხვა მონოპოლიებს. პარკის მონოპოლიაც მწარმოებლებისაგან მუქთად ჩამორთმევასა და უცხოეთში გაზიდვაში გამოიხატა. ადგილობრივი დასამუშავებლადაც არ დაუტოვეს ზოგიერთ ფირმებს პარკი. ბრძნულად ამტკიცებდენ: ჩვენ არ გვაქვს წესიერად მოწყობილი საქსოვი საქმე და სჯობს უცხოეთში ნედლად გავიტანოთ, ხოლო სამაგიეროდ იქ დამუშავებული საქონელი შემოვიტანოთო. ამით ცხოვრება გაიაფდებაო. ფინანსთა უწყების მეთაურმა აქ მიპასუხა, რომ მონოპოლიის შეფასებაში თქვენთან არ იქნება მეორე არა სოციალისტური ფრთაო. მას სახეში ჰყავდა შ. ქარუმიძე, რომელიც მეცხვარეთა კავშირს მეთაურობს. ფინანსთა მინისტრის ამხანაგი, ბ. ავალიანი ფიქრობს, რომ მეცხვარეები დიდად კმაყოფილნი არიან მატყლის მონოპოლიით. შეიძლება ეს ასე იყოს, მაგრამ ამას თავისი საფუძველი აქვს. თქვენ თუ მეცხვარეებისთვის ჯერ თუ რამ მიგიციათ, თორემ არაფერი წაგირთმევიათ. აძლევთ ავანსებს, ეხმარებით მათ და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მომავალში ისარგებლებთ მწარე გაკვეთილით თამბაქოს მონოპოლიისა და მის კულტურის დაცემისა და შეუშინდებით წარმოების ისე აბუჩად აგდებას, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მეთამბაქოობაში. გარწმუნებთ, რომ თუ მეცხვარეთ ისე მუქთ ფასებში მოუნდომეთ მატყლის ჩამორთმევა, როგორც ეს მეთამბაქოეთ უყავით, ისინიც სამართლიანად უკმაყოფილონი იქნებიან თქვენი მონოპოლიით.

ასეთი მიმართულება მიიღო, ბატონებო, ზოგიერთ სამეურნეო დარგის მონოპოლიამ. მათ დიდი სარგებლობის მოტანა შეძლო ჩვენი ეკონომიური და ფინანსიურ ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით გასულ წლების საერთაშორისო ეკონომიურს ვითარებაში. სარგებლობის ნაცვლად დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს სახალხო მეურნეობას და ფინანსებს. ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს ხანგრძლივი და მძიმე მუშაობით ლიკვიდაცია მოვახდინოთ იმ ზარალისა, რომელიც უწესოდ წარმოებულმა მონოპოლიებმა მიაყენა ჩვენს ეროვნულ მეურნეობას.

ჩვენ მოკლედ განვიხილეთ მმართველი პოლიტიკა სახალხო მეურნეობის მთავარს დარგებში. ცხადია, ასეთი ეკონომიური პოლიტიკის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო წესიერი, ვიდრე ეს არის დღეს. ჩვენ არ შეიძლებოდა არ გვქონოდა დეფიციტი. დიდი, რასაკვირველია, დეფიციტი დღეს საქართველოს მარტო არა აქვს, ის ყველგან არის. მაგრამ როგორც ჩვენმა მთავრობის თავმჯდომარემ სთქვა ერთს თავის მოხსენებაში, განსხვავება იმაშია, რომ ამ სახელმწიფო დეფიციტის გამოსწორების საშუალებანი უკვე გამონახული აქვთ და ეკონომიური ვითარების გასაუმჯობესებლად დაუღალავად მუშაობენ. ჩვენ კი, ჩვენი ცუდი პოლიტიკით არ ვაუმჯობესებთ, არამედ კიდევ უფრო ვაუარესებთ ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობას. ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ ჯერ კიდევ შარშან ამცნო თავის ამხანაგებს ერთს მოხსენებაში: შარშანდელთან შედარებით ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდაო. წრეულს მას შეუძლიან კიდევ მეტის უფლებით გაიმეოროს ეს აზრი და ასე იქნება, სანამ რადიკალურად არ შეიცვლება ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა.

ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის ავ-კარგიანობას ყველაზე უკეთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი ახასიათებს.

1918 წ. უკანასკნელ 3 თვეში სავაჭრო ბალანსი თითქმის სწორი გვქონდა. ამ 3 თვის განმავლობაში შემოვიტანეთ 139 მილიონი მან. საქონელი, ნებართვა გატანისა გაგვიცია 154 მილიონი მან. მაგრამ თუ ვიანგარიშებთ, რომ ყველა ნებართვებს არ გამოიყენებდენ (ასეთებს უწყება საშუალოდ ანგარიშობს 10-15 პროც.), მივიღებთ, რომ ჩვენ სავაჭრო ბალანსი სწორი გვქონდა. მაშინ ჩვენი ფულის კურსი ერთს დონეზე იდგა თითქმის ურყევად. თუ ეცემოდა მცირედ და თანდათანობით, ეს უკვე სხვა მიზეზების ბრალი იყო. მაშინ გირვანქა სტერლინგი ჩვენს ფულზე 40 მან. ფასობდა. 1919 წ. დასაწყისიდან იწყება ნახტომები, შემოტანილი საქონელი სჭარბობს გატანილს. ის მუხრუჭი, რომელიც მომარაგების ორგანოებმა მოუჭირა გასატან საქონელს, ძლიერ მაგარი გამოდგა და თანდათან შეამცირა გატანილი საქონლის რაოდენობა, შემოტანილი საქონლის რაოდენობა კი თანდათან გაიზარდა. საერთოდ 1919 წ. 1 იანვრამდე ჩვენ შემოგვიტანია 863 მილიონი მან. საქონელი; ამავე დროს გაგვიტანია მხოლოდ 393 მილ. მან. საქონელი. აქედან გამოდის, რომ ჩვენ 469 მილ. მან. საქონელი მეტი შემოგვიტანია, ვინემ ჩვენ აქედან გაგვიტანია. პასიური სალდო უდრის 55 პროცენტს. როგორც ხედავთ, სავაჭრო ბალანსში დიდი განსხვავება არის, მაგრამ თუ გავეცნობით ამ განსხვავებას თვეების მიხედვით, მაშინ დავინახავთ, რომ ეს პასიური სალდო თანდათან მატულობს. რაც ხანი გადის, შემოტანილი საქონელი უფრო და უფრო სჭარბობს გატანილს. ამა 1920 წლის პირველ 3 თვეს ჩვენ გავიტანეთ 133 მილ. მან., შემოვიტანეთ კი 750 მილ. მან., განსხვავება 317 მილ. მან. პასიური სალდო ეხლა უკვე 70 პროც. უდრის. სულ კი თხუთმეტი თვის განმავლობაში 1919 წ. 1 იანვრიდან 1920 წ. 1 აპრილამდე ჩვენ გავიტანეთ 1.313 მილიონის და შემოვიტანეთ 527 მილ. პასსივი 786 მილიონი, ე. ი. 60 პროც. უარყოფით სალდოს მივაღწიეთ.

მაგრამ ჩვენი სავაჭრო ბალანსის უმწეო მდგომარეობას ეს ციფრები კიდევ საკმაოდ არ ასურათებს. საქონლის გაზიდვა მაშინ ასწორებს სავაჭრო ბალანსს, თუ ის უცხოეთში საღდება და მით ჰფარავს შემოტანილ საქონლის ღირებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავიტანეთ აუარებელი თამბაქო, მატყლი და სხვ., რაც ჯერაც ვერ გავინაღდეთ. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის სასწორზე კი ის აღნიშნულია, თითქოს განაღდებული იყოს. ამას კიდევ უნდა დავუმატოთ ის გარემოება, რომ ბევრს საქონელი გააქვს ჩვენგან მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ქონება გადაარჩინოს სოციალისტურ ექსპერიმენტებს. ჩვენ ისედაც ღარიბ ქვეყნიდან კაპიტალების ემიგრაცია უკვე ყველასთვის აშკარა მოვლენაა. ეს გარემოებანი კიდევ მრავალ ათეულ მილიონით გაზრდის ჩვენს პასიურ სალდოს.

როგორ შეიძლებოდა, ბატონებო, რომ ასეთს პირობებში ჩვენი ფულის კურსი კატასტროფიულად არ დაცემულიყო? შემოტანილ საქონლის ფასი ვერ დავფარეთ ჩვენი საქონლით, ვინაიდან ექსპორტი ვერ მოვაწყეთ და სრულიადაც შევბოჭეთ. უცხოელების წინაშე ვალი უნდა დაგვეფარა სხვა ღირებულებით. თუ რამ ევროპის და რუსეთის ვალიუტა მოიპოებოდა ჩვენს ქვეყანაში, ის გავიდა უცხოეთში. შემდგომ ძვირფასი ნივთეულობაც ბლომად გაიზიდა. უცხო ვალიუტაზე მოთხოვნილება თანდათან იზრდებოდა და ასეთს პირობებში ცხადია, ჩვენი ბონის ფასი კატასტროფიულად ეცემოდა. ეს მთავარი მიზეზი ჩვენი ფულის დაცემის.

ეხლა აიღეთ ჩვენი ფინანსიური სისტემა. ბიუჯეტს არ ვქმნით, თუმცა საბიუჯეტო კამათი კი გავმართეთ აქ. სახელმწიფოს აქვს ხარჯები, უზომო და დაუზოგავი ხარჯები. ამ მხრივ ჩვენ დიდს ხელგაშლილობას ვიჩენთ. მისი ნორმალური შემოსავალი ამ ხარჯების მესამედს თუ ფარავს. დანარჩენი ბონების ბეჭდვით იფარება. და როდესაც რესპუბლიკა მხოლოდ ამ საბეჭდავს მანქანაზე ამყარებს თავის ბიუჯეტს, ცხადია, რომ მისი ფულის კურსი კატასტროფიულად დაეცემა. და ეს ასეც ხდება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინგლისელების შემოსვლის დროს, 1918 წლის უკანასკნელ თვეებში გირვანქა სტერლინგი ფასობდა 40 მან. ბონს. ეხლა მისი ღირებულება 4.000 მანეთზე ავიდა. ეს მოვლენა სწორი გამოხატულებაა ჩვენი ფინანსიური მდგომარეობის, რომელსაც საფუძვლად აქვს ზევით დახასიათებული სავაჭრო ბალანსი და უზომო ემისია.

მე აქ არ შევეხები იმ ყოვლად შეუწყნარებელ მოვლენებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა საემისიო უფლების განხორციელებაში. საკანონმდებლო კრების დაუკითხავად ფულების ბეჭდვა სრულიად უმაგალითო მოვლენაა პარლამენტარულ ქვეყნების ისტორიაში. ასეთი მოვლენები, რასაკვირველია, კიდევ უფრო და უფრო აუარესებენ ჩვენი ფულის მდგომარეობას.

გარდა ამისა, ჩვენს ფინანსიურ კრიზისს ხელს უწყობდა აგრეთვე ის გარემოება, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო ვერ უწევდა სათანადო ჭირისუფლობას ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას. ამიტომ ცუდს ფინანსიურ მმართველობასაც წილი უდევს შექმნილს მძიმე მდგომარეობაში. ამ სამინისტრომ მეტად იოლად დაურიგა სხვა უწყებებს - ზოგი მიწად-მოქმედების, ზოგო გზათა და მომარაგებისას - თავის მოქმედების მთავარი დარგები. მან ჩამოიშორა ნავთსადგურების საქმე, ჩამოიშორა ტყიბულის წარმოება, თეთრი ნახშირი და აგრეთვე საგარეო ვაჭრობა. ამ უწყებას ხელთ ეპყრა სახელმწიფოს არსებობის მთავარი ძარღვი, მაგრამ მან ვერ შესძლო ამის შესაფერად გამოყენება. და უწყების ხაზი, გეგმა თითქმის სრულიად არ სჩანს სახელმწიფოებრივს მუშაობაში.

რაც შეეხება უწყების ადმინისტრატიულ ხელმძღვანელობას, აქაც არ სჩანს გარკვეული გეგმა და ხაზი. გადასახადების აკრების საქმე ვერ მოვაგვარეთ: თუ რომ შემოდის, ეს მხოლოდ ქალაქთა მცხოვრებთაგან. ეს ფრიად არა ნორმალურ მდგომარეობას ქმნის.

ადმინისტრატიულ მუშაობაში უწყება მრავალს შეცდომას უშვებს. აქ მხოლოდ რამოდენიმეს აღვნიშნავ სანიმუშოდ.

ამა წლის 6 მაისს ფინანსთა სამინისტრო სცემს შემდეგ ცირკულიარს:

„დროებით უცხოეთის ვალიუტაზე მსხვილი სპეკულიაციის შემთხვევების აღმოჩენის გამო, მომენტის განსაკუთრებული პირობების მიხედვით, მიმდინარე ანგარიშებიდან კვირაში ხუთი ათასი მანეთის მეტის გატანის ნებართვა უნდა აღებულ იქმნას ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო ნაწილში“.

აქ, რასაკვირველია, ყველას დაებადება კითხვა: თუ ვინმეს ხელში მილიონები უკავია და მით ვალიუტის ყიდვა-გაყიდვას აწარმოებს, რატომ სხვებს უნდა ეკრძალებოდეს ბანკებიდან თავის ფულის გამოტანა მრავალ თავის საჭიროებისათვის? სად ვალიუტაზე სპეკულაცია და სად საკუთარი ფულის ბანკიდან გამოტანა? ამ ცირკულიარის გამოცემის შემდგომ გადის მხოლოდ სამი დღე და უკვე 10 მაისს გამოდის ახალი ცირკულიარი: „იმ პირობების შეცვლის გამო, რომლებმაც გამოიწვია დროებითი ზომა მიმდინარე ანგარიშებიდან ფულის გატანის წესის შეცვლისა და ვინაიდან ტფილისის საკრედიტო დაწესებულებებმა ამის შესახებ შუამდგომლობა აღძრეს, ზემოთ მოხსენებული ზომა უქმდება და ყველა გაცემანი მიმდინარე ანგარიშიდან უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივი წესით.“ ეს ცირკულიარი ბევრისთვის კიდევ უფრო გაუგებარი დარჩება.

პირველი ამბობდა ვალიუტაზე სპეკულიაციის გამო ბანკებიდან ფულის გატანა აიღკრძალოსო. ეს კი ამბობს, რომ თითქოს შეცვლილიყოს ასეთი პირობები და ამის გამო ძველი ვითარება მყარდება. რასაკვირველია, ინსტრუქცია და ისიც სამს დღეში ვალიუტაზე სპეკულიაციას ვერ მოსპობდა და არც სხვა რამ პირობები შეიცვალა იმის მეტი, რომ ბანკების წარმომადგენლებმა სამინისტროს მუდარით მიმართეს: ნუ დაგვღუპავთ, რევოლიუციის შემდგომ ძლივს ძლივობით დავიბრუნეთ ხალხის ერთგვარი ნდობა და ეხლა უკვე მოაქვთ ბანკში ფული შესანახად და მით ძველი საკრედიტო ურთიერთობა მყარდება. ფულის გატანის შეზღუდვა ისევ დააფრთხობს ხალხს და საკრედიტო საქმე ისევ აიწეწებაო. ამ რიგად, ფინანსთა სამინისტრომ ერთგვარი დათვის მეგობრობა გაუწია ბანკებს. ჰფიქრობდა, - ომი გვაქვს, ვაი თუ პანიკა შეიქმნეს და ბანკები დაზარალდენო. გამოსცა ინსტრუქცია, რომელსაც თურმე მეტი ზიანის მოტანა შეეძლო. ნუ თუ ძნელი საქმეა, რომ ასეთი ნაბიჯები დაინტერესებული წრეების დაკითხვით ხდებოდეს.

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, თქვენი დრო გათავდა.

ასათიანი: მაშ, დანარჩენს შემდეგ მოგახსენებთ.

თავმჯდომარე: პირადი განცხადებისთვის სიტყვა ეკუთვნის ლორთქიფანიძეს.

ი. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ჩვენი პარლამენტის, სახალხო წარმომადგენლობის ისტორიაში ჩემი სახელი ჩაიწერება იმ მოვლენასთან, რომელსაც პარლამენტარიზმის უარყოფითი მხარე ეწოდება და რომელიც გამეფებული არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პარლამენტებში ბალკანეთში, სადაც მწვავე ბრძოლას ყოველთვის პირადულ ხასიათს აძლევენ (ხმაურობა. ხმა: პირადი თქვენ გახადეთ!). ეს საკითხი მეხება მე და ვთხოვ, სააგენტოს წარმომადგენელმა, რომელიც სწორედ მაშინ არის ხოლმე დაღალული, როცა ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელნი ლაპარაკობენ, ჩასწერონ ყოველივე. მე მოგახსენებთ შემდეგს: ცენტრალური კომიტეტისაგან ნავთის შესახებ არავითარი დავალება არ მიმიღია (ხმაურობა. შენგელაია და გობეჩია ადგილიდან: სირცხვილია!).

თავმჯდომარე: თუ არ დაწყნარდებით, კრებას დავხურავ!

ი. ლორთქიფანიძე: ამ საკითხის შესახებ ჩემი წერილობითი განცხადება მე გავუკეთე ბ. ჟორდანიას 18-19 იანვარს. ეს ექნება მას შენახული, მოიტანეთ და წაიკითხეთ. შეიძლება აქ მერმე არ ექნეს გასავალი იმ საქმის ბრუნდად გადმოცემას, როგორც ეს ხდებოდა ხშირად და რომელზედაც დღეს სხვანაირად მოგახსენეს.

რაც შეეხება იმას, რომ პარტიის დავალებით პარტიისთვის გამოვიყენე სახელმწიფო ქონება, ვამტკიცებ თქვენს წინაშე, რომ ამას ადგილი არ ქონია, როგორც არასოდეს ჩემი მინისტრობის დროს. ნავთის საქმის შესახებ გამოძიება იყო, საქმე მივიდა სასამართლოში და თუ თქვენ სიმართლე გინდათ გაიგოთ, მოიტანეთ სასამართლოს განაჩენი და წაიკითხეთ! ამ საქმის შესახებ ჩემი პირადი მდივანი და სხვები ყველა გამართლებული იყვნენ სასამართლოს მიერ. მას რომ ჩაედინა რამე ბოროტ-მოქმედება, ის უსათუოდ დასჯილი იქნებოდა. გარდა ამისა, მე არსად არ გავრბივარ. და თუ მაშინ ჩემი ნერვების გამო მე ცუდად ვიყავი, ახლა მოვითხოვ თქვენგან, რომ თუ მე მოვიხმარე სახაზინო ქონება და ბოროტ-მოქმედება ჩავიდინე ჩემი პარტიის სასარგებლოდ, ეს სასამართლომ გამოარკვიოს. მე დღესვე გავალ დამფუძნებელი კრებიდან და სასამართლომ გამასამართლოს, თუნდაც ამას მოითხოვს მხოლოდ იუსტიციის მინისტრი. თუ კი ეს ასე არ არის, და ეს კი ასე არ არის, მე ვფიქრობ, რომ თქვენ არა გაქვთ უფლება ჩემს შესახებ და ჩემი პარტიის და ამხანაგების შესახებ ილაპარაკოთ წარა-მარა. მე იმის საბაბი არავისთვის არ მიმიცია ჩემს მოკლე საზოგადოებრივი მოღვაწეობის დროს არც რუსეთში, არც აქ, რომ ჩემმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ასეთი ბრალდებები წამომიყენონ.

აი, ბატონებო, კიდევ თუ ჩემს წინააღმდეგ გაქვთ რაიმე ბრალდება და ეს ბრალდება უდიდესი ბრალდებაა, - მე გავალ დამფუძნებელი კრებიდან და მიმეცით სასამართლოში. მე ვუცდი თქვენს სიტყვას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს ნოე რამიშვილს.

ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი): ბატონებო! მართლაც არა-ჩვეულებრივი შემთხვევა მოხდა. მაგრამ ეს თუ არის არაჩვეულებრივი, ყოველ შემთხვევაში არა დამფუძნებელ კრების, არამედ იმ პარტიის ისტორიაში, რომელიც აქ გამოვიდა და სურდა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვითომც რაღაც ხდება ჩვენს სახელმწიფოებრივ წყობილებაში. მე არ მაქვს საშუალება და არც მსურს ამის შესახებ ვილაპარაკო, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ ბოროტ-მოქმედებას. არავის ჩვენ ხელს არ ვაფარებთ...

თავმჯდომარე: მე მაგის შესახებ სიტყვას ვერ მოგცემთ, თქვენზე არაფერი არ უთქვამთ!

ვ. თევზაია (ადგილიდან): როგორ არა! თქვენ - ხელს აფარებსო.

ნოე რამიშვილი: დიახ, აქ სთქვეს, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ ბოროტ-მომქმედებას. რომ ჩვენ ხელს არავის არ ვაფარებთ, ეს ნათელია ყველასათვის. ეს იცის თედო ღლონტმაც, რომელიც იცინის ალბათ თავის-თავზე. რომ ხელს არავის ვაფარებთ, ეს აშკარა უნდა იყოს ყველასათვის, ვინც კი მოისმინა უკანასკნელი პროცესი - მაღლაკელიძის პროცესი (შენგელაია: კახელაძე?). იმ ხალხს, რომელიც საერთოდ დაშორებულია ზნეობასთან, პასუხს არ მივცემ. მე მოვახსენებ მხოლოდ დამფუძნებელ კრებას შემდეგს: კახელაძე თავის მოვალეობას ასრულებდა ძალიან კარგად! (თ. ღლონტი: არა!). იმის თანამდებობაზე ყოფნის დროს შემოსავალი ნახევარ მილიონს უდრის. მე თვითონ კახელაძესთან არავითარი საქმე არა მქონია. ეს ყველამ იცის და თუ ის სხვა ადგილას დაინიშნა, ამ დანიშვნაში ნოე რამიშვილს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. და საერთოდ, ნოე რამიშვილი არ არის ისეთი ზნეობისა, რომ ნათესავები დანიშნოს სადმე ისე, როგორც თქვენ. ვინაიდან ჩვენ შეგვეხენ, ამიტომ, როგორც მთავრობის წევრი, მოვალედ ვრაცხ თავს განვაცხადო, რომ მე მეგონა ბ. ლორთქიფანიძე იმდენად დააფასებდა თავის მდგომარეობას, რომ ამ ფაქტს არ მოიგონებდა და მით უმეტეს, არ იკადრებდა ფაქტების გადამახინჯებას. მაგრამ ვინაიდან ეს მან იკადრა, მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, თუ რა მოხდა და რის შედეგი იყო მთავრობის ერთ-ერთი წევრის თავის მოკვლის განზრახვა.

ლ. შენგელაია (ადგილიდან): ეს პირადი საკითხის განცხადებაა?

ნოე რამიშვილი: დიახ, პირადი საკითხის განცხადებაა!

თავმჯდომარე: ეგ პირად საკითხს არ ეხება. მაგის შესახებ ვერ მოგცემთ სიტყვას. მე გთხოვთ პირად საკითხზე ბრძანოთ!

ნოე რამიშვილი: თუ არ მომცემთ, მე არ ვილაპარაკებ. მხოლოდ ბ. ლორთქიფანიძემ გაიხსენოს ყოველივე ის, რაც მოხდა ჩვენს კაბინეტში და შემდეგ გამობრძანდეს და ასე ილაპარაკოს.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ნოე ხომერიკს.

ნოე ხომერიკი (მიწად-მოქმედების მინისტრი): ბატონებო! მე ძალიან გამაკვირვა ბ. გობეჩიას და ლორთქიფანიძის გამოსვლამ. ფაქტია, რომ ბ. გობეჩია მივიდა მთავრობის თავმჯდომარესთან და განუცხადა... (ი. გობეჩია: მე და გრიგოლ ნათაძე მივედით! ჭორებს ნუ ავრცელებთ, თორემ ვერ მოვითმენ!). მეც ეგ ვთქვი, ბ. გობეჩია! თქვენ მიხვედით მთავრობის თავმჯდომარესთან და განუცხადეთ, რომ ცენტრალურ კომიტეტს არ დაუვალებია ეგ საქმე ლორთქიფანიძისთვის. მაშასადამე, ამას ადასტურებთ! ფაქტია ისიც, რომ ბ. ლორთქიფანიძემ განუცხადა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ მან ეს საქმე პარტიის დავალებით მოიმოქმედა. ეს განცხადებული აქვს ბ. ლორთქიფანიძეს განსაკუთრებული გამოძიების დროსაც და ჩაწერილიც არის (ხმაურობა). მთავრობის კრება მოხდა და იქაც მოისმინეს ეს განცხადება (ხმაურობა. ლ. შენგელაია: ტყუილია!).

თავმჯდომარე: დაწყნარდით, თუ შეიძლებოდეს! (ხმაურობა). ბ. გობეჩია, დაწყნარდით! არის წინადადება, რომ საბიუჯეტო დებატები გაიმართოს ოთხშაბათს და ხუთშაბათს ჩვეულებრივ საათებში, მხოლოდ სამშაბათის და პარასკევის სხდომები ძალაში რჩება. ვინ არის ამის წინააღმდეგი! მიღებულია. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება 3 ს. 10 წ.

12 ორმოცდამეერთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(41)

1920 წელი. აგვისტოს 3. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 45 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. დეკრეტი - დაბა ყაზბეგში გენერალ გიორგი ყაზბეგისაგან მამულის, შენობისა და ინვენტარის შესაძენად 1.100.000 მან. გადადებისა.

2. განგრძობა მსჯელობისა - შრომის ხელშეკრულების კანონ-პროექტის შესახებ.

3. დეკრეტი - ტფილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმებისა.

4. განგრძობა მსჯელობისა - სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალქალაქის 50 საწოლიანი და ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის, ოკამოსა და გარელოვკის ამბულატორიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

6. დეკრეტი - დაჭრილ-დასახიჩრებულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5.000.000 მან. გადადებისა.

7. დეკრეტი - ქ. ფოთის რადიო სადგურისათვის შენობის ასაგებად 1 მილ. მან. გადადებისა.

8. დეკრეტი - ქ. გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500.000 მან. სესხის მიცემისა.

9. დეკრეტი - კულტურული მამულების ყოფილ მესაკუთრეთათვის ჩამორთმეული ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.698 მან. და 55 კაპ. გადადებისა.

10. დეკრეტი - ტფილისის აბანოების ყოფილ მესაკუთრეთა დასაკმაყოფილებლად და ანანოვისათვის ჩამორთმეული „ვარციხის“ ინვენტარისა და ღვინის საფასურის ასანაზღაურებლად 2.172.409 მან. და 27 კაპ. გადადებისა.

11. დეკრეტი - კახეთის რკინის გზის საზოგადოებისათვის 10.000.000 მან. სესხის მიცემისა.

12. დეკრეტი - პოლონეთს გასამგზავრებელი მისიის საჭიროებისათვის 3.000.000 მან. გადადებისა.

13. დეკრეტი - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა.

14. დეკრეტი - ქ. სოხუმის თვითმმართველობისათვის 4.000.000 მან. სესხის მიცემისა.

15. დეკრეტი - სენატორების და სენატის საპროკურორო ნაწილის თანამდებობის პირთა ჯამაგირის მომატებისა.

16. დეკრეტი - თავდაცვის ფონდისათვის 400.000.000 მან. გადადებისა.

17. დეკრეტი - ქ. ხაშურის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა.

18. დეკრეტი - გორის მაზრის ერობისათვის 20.000.000 მან. სესხის მიცემისა.

19. დეკრეტი - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 14.400.000 მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, დღის წესრიგი მიღებულია. გადავიდეთ დღის წესრიგზე. პირველი საკითხი არის (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. იმნაიშვილს.

1. დეკრეტი დაბა ყაზბეგში გენ. ყაზბეგისაგან მამულის, შენობებისა და ინვენტარის შესაძენად 1.100.000 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი (მომხს.): აქ გახლავთ წარმოდგენილი შუამდგომლობა სამხედრო მინისტრისა, რომ მას გაეხსნას კრედიტი ერთ მილიონ ასი ათასი მანეთი იმ მამულის და სახლის შესაძენად, რომელიც ეკუთვნის ბ. ყაზბეგს და რომელიც მდებარეობს დაბა ყაზბეგში. ეს სახლი საჭირო არის იქ ჯარის დასაბინავებლად. ეს პროექტი სამხედრო კომისიაში იყო განხილული და მიღებული, აგრეთვე მიღებული იყო საფინანსო კომისიის მიერ. სახელმწიფო კონტროლის და ფინანსთა მინისტრისაგანაც დადებითი დასკვნა არის ამ დეკრეტთან დართული. შემდგარი იყო კომისია, რომელმაც შეაფასა სახლი და მამული და ის თანხა, რომელიც არის აღნიშნული - 1.100.000 მანეთი, სამართლიანად იცნო ამ მიზნისთვის და შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ დეკრეტი იქნეს მიღებული.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.): მე მინდა ფრაქციის სახელით განვაცხადო მხოლოდ. აქ რამოდენიმე ანალოგიური პროექტი არის წარმოდგენილი. ჩვენი გაგებით, ასეთი ქონება სავსებით ხალხს ეკუთვნის და საჭირო არ არის ამისთვის ფული გავიღოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგ მივცემთ ხმას ამ დეკრეტს.

თავმჯდომარე: საზოგადო მსჯელობისათვის სიტყვა არავის არ სურს. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

. იმნაიშვილი (მომხს.): მოგეხსენებათ, ყაზბეგი ისეთი პუნქტი არის ჩვენი რესპუბლიკისათვის, სადაც მუდამ სადარაჯო რაზმი უნდა იდგეს. ამ რაზმს საერთოდ მუდმივი ბინა არ აქვს, იქ კი არის შესაფერისად მოწყობილი ბინა, სახლ-კარი (ჩხენკელი: ღირებულებით 5-ჯერ მეტი!), რომელიც გამოსადეგი არის. ჩვენს ხაზინას, რესპუბლიკას, თავისი ხარჯით უნდა აეშენებინა ჯარისთვის სადგომი, რომელიც დაუჯდებოდა ხუთჯერ მეტი, ვიდრე ის თანხა, რომელიც არის გამოთხოვილი. რომ ეს ყოფილიყო ხელახლა ასაშენებელი, პატივცემული ბ. შენგელაია ალბად წინააღმდეგი არ იქნებოდა, რომ საჭირო თანხა ყოფილიყო გაღებული ამისთვის. რომელი გზა არის საუკეთესო და უფრო ხელსაყრელი - ის, რომ ავაგოთ ახალი შენობა, თუ უკვე დამზადებული შევიძინოთ ხელსაყრელ პირობებში? ასე დაისვა საკითხი, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ქონდა მსჯელობა ამის შესახებ. ღირებულება სახლისა, ეზოსი და მისი მოწყობილობისა გაცილებით უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე არის აღნიშნული. თუ სახლის პატრონი დასთანხმდა ამ თანხას, ეს იმას მიეწერება, რომ ის არის დამსახურებული საზოგადო მოღვაწე და არ შესდგა იმ თვალსაზრისზე, რომ ევაჭროს ხაზინას. და როგორც საქმიდანა სჩანს, იმ ფასებს დასთანხმდა, როგორც კომისიამ შეაფასა. და თუ კერძო პირი ერთნაირ მსხვერპლს იღებს რესპუბლიკისათვის, ჩემის აზრით, არავის არაფერი არ უნდა ჰქონდეს ამის წინააღმდეგ (შენგელაია: თუ ყიდულობთ, მაშინ ნამდვილი ფასი უნდა მისცეთ!). რაც შეეხება ტყუილად ჩამორთმევის საკითხს, ეს შეიძლება მისაღები იყოს განსაზღვრული სულიერი განწყობილების თვალსაზრისით. მაგრამ იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს სამართლიანი არის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან ხელსაყრელ პირობებში ვიძენთ, ვაძლევთ მხოლოდ 1/10 იმისას, რაც სინამდვილეში ღირს. გენ. ყაზბეგი, როგორც საზოგადო მოღვაწე, უთმობს ამ თავის ქონებას სახელმწიფოს. ამ მხრივ ვმსჯელობდით ჩვენ, როდესაც ეს მივიღეთ საფინანსო კომისიაში.

თავმჯდომარე: ამ რიგად, კამათი დასრულებული არის. კენჭს ვუყრი მუხლობრივ განხილვას. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არის სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია. ვინ არის მომხრე? თავი ვინ შეიკავა? მიღებული არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

. იმნაიშვილი (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია. ვინ არის მომხრე? მიღებულია. შემდეგი.

. იმნაიშვილი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია. მიღებულია. კენჭს ვუყრი დეკრეტს მთლიანად. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? წინააღმდეგი არის სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია. დეკრეტი მიღებული არის.

ვინაიდან წარსულ სხდომაზე აღძრული იყო, რომ საბოლოო ტექსტი მაშინვე ყოფილიყო მიღებული, ამიტომ ვთხოვ სარედაქციო კომისიას, განიხილოს ტექსტი და სხდომის ბოლოს წარმოგვიდგინოს.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს, ბ. პავლე ბერიშვილს.

2. განგრძობა მსჯელობისა შრომის ხელშეკრულების შესახებ

პავლე ბერიშვილი (ს.-დ.): მოქალაქენო! მე მეგონა, რომ ამ პროექტს მარჯვნიდან და მარცხნიდან სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. საკითხი თვითონ იმდენად დიდია, იმდენად რთულია და იმდენად აინტერესებს მუშათა კლასს და საზოგადოებას ჩვენში, რომ ეს საკითხი ღირსი იყო შესწავლისა და შესწავლილის და დაწერილის გაგებისა და ამ ტრიბუნიდან თქმა იმისა, თუ რას ფიქრობს ესა თუ ის პარტია ამ სერიოზული საკითხის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ, მომხრეთ ამ პროექტისა, ვერც ერთი მხრიდან ვერ გავიგეთ სერიოზული კრიტიკა და იმ პარტიებს, რომელნიც შეეცადნენ დაეფასებინათ ეს პროექტი, სერიოზული რამ ეთქვათ, სამაგიერო პროექტი არ წარმოუდგენიათ. უმთავრესი და ვითომ ძლიერი მოსაზრება ამ პროექტის წინააღმდეგ იყო მოყვანილი მარჯვენა სექტორიდან და მე მსურს, გზა და გზა გავარჩიო ბ. ასათიანის აზრები. მაგრამ სანამ ამ მხარეზე გადავიდოდე, მე მინდა ორიოდე სიტყვით შევჩერდე სოც.-რევოლ. და სოც.-ფედ. ორატორების სიტყვებზე (თ. ღლონტი: ჯერ თქვენს თავზე შეჩერდით!). თქვენამდისაც მოვალ, ბ. ღლონტო, და როდესაც თქვენზე შევჩერდები, მოგახსენებთ, თუ რამდენად შეჩერდით თქვენს თავზედ და რამდენად სერიოზული იყო კამათი ამ დიდი საკითხის ირგვლივ. მაგრამ სანამ ჩემი მოსაზრება არ გამომითქვამს, არავითარი საბუთი არ გაქვთ ხელი შემიშალოთ. თქვენი პირველი სიტყვით დაამტკიცეთ თქვენი სრული უვიცობა ამ საკითხში და მთელი თქვენი პარტიის უინტერესობა მუშათა კლასისადმი (ვლასა მგელაძე: შენ აგაშენოს ღმერთმა!). ამხ. შენგელაიამ დაიწყო თავისი სიტყვა იქიდან, რომ სოც.-დემოკრატიას არაფერი არ გაუკეთებია მუშათა კლასისთვის, ძალიან ცოტას აკეთებს და სხვაო.

მაგრამ ამხ. შენგელაიას უნდა მოვახსენო, რომ ჩვენს სოც.-დემოკრატიის და მუშათა შორის არ არის არც საზღვარი და არც განსხვავება. თქვენ ვერ ნახავთ იმ საზღვარს, სად იწყება და სად თავდება სოც.-დემოკრატია, და სად იწყება და სად თავდება მუშათა კლასი. ეს ორი ცნება ჩვენს რესპუბლიკაში სრულიად ერთმანეთთან გადაქსოვილი და მთლიანი არის. და თუ რამე გაკეთდა ჩვენში მუშათა კლასისთვის, ამას აკეთებდა სოც.-დემოკრატია. სხვა რომელიმე პარტიას ჩვენს სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ შეეძლო და აღნიშნული არის, რომ არც ერთი პარტია ჩვენში არ ცდილობს გააკეთოს.

მთავარი მოსაზრება ამხ. შენგელაიასი იყო ის, რომ ჩვენში დღემდის არ დაწერილა ეს კანონი და სხვათა შორის მან აღნიშნა, რომ ეს კანონი არის მუშათა კლასის კონსტიტუციაო. მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატიული წყობილება, ხალხის მართვა-გამგეობა, თუმცა დღემდის არ დაწერილა რესპუბლიკანური კონსტიტუცია. შეიძლება ამაშიაც ჩვენს პარტიას დასდოთ ბრალი, რომ ეს კონსტიტუცია არ არის შემუშავებული და დადასტურებული? მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სოც.-დემოკრატია, რომელმაც ვერ მოასწრო მუშათა კონსტიტუციის დაწერა, აქვს მთელი რიგი დეკრეტებისა და ფაქტიური პირობებისა, სადაც ის კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, გატარებული არის ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვადასტურებთ კონსტიტუციას, რომელიც არის წარმოდგენილი.

ის მოსაზრება, ვითომ ეს კანონი არის კლასთა შორის ზავი, რასაკვირველია, სრულებით მოკლებულია საფუძველს. თუ თქვენ გგონიათ, რომ ყოველი კანონი არის ზავი, ეს მე არ მესმის.

მე კი მგონია, რომ კანონში მოსჩანს კლასთა ბრძოლა, რომელიც არსებობს რესპუბლიკის, ქვეყნის შიგნით. და თვით ეს კანონი არის მუშათა კლასის ბრძოლის ნაყოფი. რომ ეს ასეა, რომ ეს ბრძოლა სწარმოებს, აშკარაა, რადგან ასე რომ არ იყოს, ეს კანონი არ დაიწერებოდა. ეს კანონი არის თავგამოდებულ კლასთა ბრძოლის ნაყოფი და ამასთანავე არის ის მინდორი, რომელიც ეძლევა მუშათა კლასს კლასთა ბრძოლის გაჩაღებისათვის. აქ არის თავისუფალ კლასთა ბრძოლა და არა ზავი კლასთა შორის. ეს არის სწორედ ის ფარგალი კლასთა ბრძოლისა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სრულიად შესაძლებლად კლასთა ბრძოლის ქვეყანაში, დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მაგრამ თუ თქვენ გგონიათ, რომ რევოლვერების სროლა და ხმლის ტრიალი არის საჭირო კლასთა ბრძოლისათვის, შემცდარნი ხართ. ჩვენ ამას არ ვიზიარებთ. ჩვენ ვადგივართ იმ აზრს, რომ კლასთა ბრძოლა არის მშვიდობიანი ბრძოლა და ეს გამოიხატება ჩვენს პროექტში. სამწუხაროდ, ამხ. შენგელაიამ რომ ვერ გაიგო აზრი ამ კანონისა, მისი ღერძი, ვერ ნახა ვერც ერთი საშუალება, რომ გადაეტრიალებინა ჩვენი პროექტი და დაემტკიცებინა, რომ არ ვარგა საფუძველი ამ კანონისა, მან თავი მიანება კანონის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიწყო წვრილმანის ძებნა და ამნაირად დააწვრილმანა ან კანონის დედა-აზრი. მოჰყვა იმას, რომ იქ ეს ნაკლია, ეს წვრილმანი დეფექტი, რომელშიაც შეიძლება ჩვენმა ფრაქციამ შეიტანოს შესწორებები და რომელსაც ამ კანონისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.

გზა და გზა მან სხვათა შორის უძლიერესი დეფექტები ნახა: კანონში სწერია, რომ ამ კანონის დამრღვევნი დასჯილნი იქნებიანო. მაგრამ ეს დეფექტი არ არის. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მოიგონეთ ის კანონები, რომელნიც ძველად არსებობდნენ. ძველ კანონებში თქვენ ამოიკითხავთ სხვა და სხვა მუხლებს, რომლებშიაც ვითომც მუშათა ინტერესი არის დაცული. ზოგიერთი მშვენიერი მუხლიც იყო, მაგრამ ყველას შეეძლო დაერღვია ეს კანონი, რადგანაც მას დამცველი არ ჰყავდა და დამრღვევნი არ ისჯებოდენ.

ჩვენ კი გვინდა დავწეროთ ისეთი კანონი, რომელიც არა მარტო კარგი იქნება, არამედ ვინც კი მას დაარღვევს, ის დასჯილ იყოს. აი მაგალითად, მემარჯვენეებს რომ განეცხადებიათ, რომ სასჯელს ნუ შეიტანთო, მაშინ ეს გასაგები იქნებოდა, რადგან ისინი ცდილობენ, რომ ეს კანონი ცუდად დაიწეროს. მაგრამ თქვენ კი გინდათ დაიცვათ მუშათა კლასის ინტერესი და იმავე დროს, როცა ეს კანონი ამ ინტერესს იცავს, თქვენ ითხოვთ, რომ მისი დამრღვევნი არ დაისაჯონ. ჩვენთვის ეს გაუგებარია.

შემდეგი მოსაზრება იყო ის, რომ სოციალ-დემოკრატიამ ეს კანონი მიიღო და წვრილმანებით მისი გაქარწყლება დაიწყოო. მაგალითად, თქვენ მიგაჩნიათ მომაკვდინებელ ცოდვად სოციალისტისთვის ნარდად მუშაობა. ნარდად მუშაობა თავის-თავად ბოროტება არ არის. ამას ამტკიცებს ყველა ქვეყნის ს.-დემოკრატია და მემარცხენე სოციალისტები. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რეაქციონერობა და არ არის სოციალისტობა. ჩვენ, მართალია, ვებრძვით ამ ფაქტს, ე. წ. პარტიით მუშაობას, მაგრამ გაგება უნდა, რატომ ვებრძვით. ჩვენ ვებრძოდით მაშინ, როცა გარდა ნარდი მუშაობისა, მეპატრონეს სრული საშუალება ჰქონდა მუშათა კლასიდან ოფლი ამოეწურა. მაგრამ დღეს, როდესაც მუშათა კლასი არის სრული კანონმდებელი და სრული პოლიტიკური ბატონი, ისეთი ძალადობა, რომელიც წინად იყო, არსებულ წეს-წყობილებაში მოისპო და ნარდმა მუშაობამ დაჰკარგა ძველი ხასიათი. ამას შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ჰქონდეს უარყოფითი მხარე, მაგრამ ზოგიერთში დადებითი. ასე იქცევიან თქვენი ამხანაგები ჩრდილოეთში და ისინი არ არიან უგნური ხალხი.

მაშინ ჩვენ იმიტომ გვეშინოდა ნარდი მუშაობის, რომ მაშინ ბევრი მზადდებოდა და ეს მუშათა კლასს უმუშევრობით ემუქრებოდა, რადგან ბაზარზე საქონელი ძლიერ ბევრი იქნებოდა. მაგრამ დღეს არ არის ასეთი პირობები. ჩვენ დღეს დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე იქნეს ქვეყანაში (შენგელაია: 12 საათის სამუშაო დღე შემოიღეთ!). იქნება ეგეც შემოვიღოთ. იქ, სადაც მუშები არაფერს არ ქმნიან, ცხადია, არაფერში წილი არ დაედებათ. მაგრამ მუშათა კლასს თუ ექნება სრული გარანტია, რომ დაცული იქნება მისი კლასიური ღირსება, პიროვნება და მოქალაქეობრიობა, იქ ეს წესი სრულიად მისაღებია. ჩვენ ეს დაგვიმტკიცა ახლო წარსულმა. მაგრამ მგონია, ეს თქვენ არ გინდათ (ხოჭოლავა: მუშათა ყრილობამ გამოიტანა ასეთი დადგენილება. ღლონტი: რომელმა ყრილობამ?). მე მგონია, ძახილი იმისა, რომ მუშათა კლასმა არ იცოდა და მე ვიცოდი, ეს ცოტა უხერხულია. მუშათა კლასმა თვითონ უკეთ იცის თავისი საქმე, ვიდრე ვინმე სხვამ.

შემდეგი დეფექტი ამ კანონისა ის არის, რომ მუშებს არ ეძლევა სრული უფლება, რომ ქარხნებში წესრიგი თვითონ შექმნას. მუშათა კლასს მაშინ ჰქონდა ეს აზრი, როცა ჯერ კიდევ არ იყო შრომის რეგლამენტაცია; როცა არ იყო კანონმდებლობა, რომელიც მრეწველთათვის სავალდებულო ყოფილიყო და „ხაზეინების“ თვითნებობისათვის ერთნაირი საზღვარი დაედვა. ეს კანონი კი სავსებით იცავს მუშათა კლასის ინტერესებს და იგი თვით მუშათა ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან, რომ დარღვეული არ იქნეს. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შიგ ჩართული მრავალი მოსაზრებანი, რომ ჩვენ ისე არ ვიძახოთ, როგორც ესერები იძახიან. შინაგან განკარგულებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მრეწველობისათვის. ჩვენ ვიცით, რომ იყო დასმული კითხვა და გადაწყვეტილი, როგორც ამხ. ლეოს სურდა. მისი გამეორება ახლა კიდევ არ არის საჭირო, რადგან არა ერთხელ იყო გამეორებული.

მე მხოლოდ ერთი დარგიდან მოგიყვანთ მაგალითს. ჩვენ გვაქვს მამულები. იცით, რომ მამულებს თავის დროზე უნდა დამუშავება. წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ პატარა ჯგუფმა, რომელიც ხელმძღვანელობს არა რესპუბლიკის ინტერესებით, გადასწყვიტა, რაკი 8 საათის სამუშაო დღე გვაქვს, დილით და საღამოთი, როდესაც სიგრილეა, ვიმუშაოთ ჩვენს საკუთარ მამულში; ხოლო შუადღისას, როდესაც ცხელა, სახაზინო მამულშიო. შეიძლება ისეთი პირობები, რომ ისინი მართლაც ასე მოიქცევიან და რამდენიმე წლის განმავლობაში სრულიად მოისპობა ეს სახელმწიფო მეურნეობა, რაიცა ზიანს მოუტანს მუშათა კლასს.

ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ მუშათა კლასის ინტერესებთან ერთად დაცული უნდა იყოს მეურნეობის ინტერესიც. ამავე დროს თვითნებობას ადგილი არ უნდა ექნეს. ასეთ საშუალებად კანონი იძლევა სავსებით. იმათ, ვინც ამ პროექტის წინააღმდეგ ლაპარაკობენ, ურჩევნიათ კარგად გაიგონ იგი და ნაკლები სპეკულაცია გასწიონ მუშათა კლასის ინტერესით.

შემდეგი ორატორი ბ. ღლონტი ბრძანდებოდა. იმან დაიწყო თავისი სიტყვა იმით, რომ მუშათა კლასმა დიდი ინდიფერენტიზმი გამოიჩინა ამ კანონისადმიო. სად გაიგო მან ეს, რომელმა პროფესიონალურმა ორგანიზაციამ გადასცა, ან ვინ მიანდო მას ამის თქმა? მე ვაცხადებ, რომ მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დაწერილია, აზრი ტრიალებს ამ კანონის ირგვლივ. მთელი ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციები აშენებდა ამ პროექტს, და თუ დღეს ისინი დემონსტრაციებს და მანიფესტაციებს არ მართავენ, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ეს საქმე საიმედო პირთა ხელშია (ტაში).

მე ვეტყვი ოპოზიციის ორატორებს, რომ სანამ ისინი ასეთ აზრებს მოიყვანდენ, უკეთესი იქნება ერობების და ქალაქების მოსამსახურეთა ყრილობების დადგენილებებს გაეცნონ. ისინი გაიგებენ, რომ ინდიფერენტიზმი ამ კანონისადმი სრულებით არ ყოფილა, პირიქით, იყო ბრძოლა მის ირგვლივ.

შემდეგ ბ. ღლონტმა განაცხადა, აქ მე ვერ ვხედავ მუშათა წარმომადგენლებსო. საიდან გაიგო მან ეს? მე თვითონ პროფესიონალური კავშირების წარმომადგენელი ვარ და საქართველოს მუშათა კლასის ცენტრალური კომიტეტის წევრი (ღლონტი: მენშევიკების და არა მუშათა კლასის!). აქ ჩემს გარდა არის რამდენიმე ამხანაგი, რომელნიც აქტიურად მუშაობს (ასათიანი: რატომ ფედერალისტების მუშათა წარმომადგენელნი არ არიან აქ?). სამწუხაროდ, ფედერალისტები არ არიან (თევზაია: თედო პროლეტარია!). მე ვიცი, რომ მუშათა კლასის წარმომადგენელნი, მუშათა კლასის მიერ არჩეული, ამ ზალაში ძალიან ბევრია. თქვენ თუ გგონიათ, რომ მარტო პერანგისა და ბლუზის ამარა ვინც არის, ის არის მუშათა წარმომადგენელი. ასეთი აქ არ არის. შეიძლება ინტელიგენტი იყო, მაგრამ მუშათა წარმომადგენელი კი იყო. მაგრამ შეიძლება ბოსიაკი იყო, მაგრამ არ იყო მუშათა წარმომადგენელი (ტაში). ამიტომ სანამ მუშათა კლასს არ მიუნდვია თედო ღლონტისთვის წარმომადგენლობა და ლაპარაკი, მისი სახელით კეთილ ინებოს, ნუ ილაპარაკებს (მგელაძე: ბოსიაკების სახელით ილაპარაკოს, რუსეთში რომ არიან!). შემდეგი მისი შენიშვნა - ეს კანონი ბურჟუაზიული არისო. რაში გამოიხატება ეს? შეიძლება თედო ღლონტმა მოგვინახოს დედამიწის ზურგზე ისეთი ქვეყანა, სადაც უკეთესი კანონი იყოს, ვიდრე აქა (ასათიანი: რუსეთშია უკეთესი!). ნება გვიბოძეთ და დაასახელეთ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს დედამიწის ზურგზე, არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ, რომ ეს იყოს უვარგისი კანონი.

ევროპაში მუშათა საკითხის ირგვლივ ბრძოლა არისო, განაცხადა აქ ბ. ასათიანმა. ჩვენ ვიცით, რომ რაც მუშათა კლასი არსებობს, მუშათა საკითხის შესახებ ბრძოლაც არის, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესოა, თუ რა როლს თამაშობდა ამ ბრძოლაში ის კლასი, ის ჯგუფი, რომელსაც აქ ასათიანი წარმოადგენს. ვის იცავდა ის? იცავდა თუ არა ის მეურნეობას, მრეწველობას, მუშათა კლასს და სხვა. ასათიანმა გვითხრა: თქვენ, სოც.-დემოკრატები, არაფერს არ აკეთებდით მრეწველობისათვის, წარმოებისათვისო. მე, როგორც გამიგია, ალ. ასათიანი ერთ დროს სოც.-დემოკრატი უნდა ყოფილიყო და მას უნდა სცოდნოდა, რომ სოც.-დემოკრატია, დღიდან მისი არსებობისა, თავისი მოქმედების და პროგრამის საფუძვლად წარმოების მრეწველობის განვითარებას აღიარებდა და მასზე ეყრდნობოდა ის. დაგვისახელოს ბ. ასათიანმა ისეთი სოც.-დემოკრატია რომელიმე ქვეყანაში, რომელიც არ იცავდა მრეწველობის, მეურნეობის და საერთოდ, წარმოების განვითარებას. ასეთი სოც.-დემოკრატია დედამიწის ზურგზე არ ყოფილა. ის ყოველთვის იცავდა მეურნეობას, მრეწველობას. მაგრამ ამასთანავე ერთად ჩვენ ვიცით, თუ როგორ იცავდა ბურჟუაზია მრეწველობას. ჩვენ ვიცით, რომ ბურჟუაზია მრეწველობა-წარმოების განვითარებას ასაღებდა თავის ეგოისტურ კლასობრივ ნაციონალურ ინტერესად, ხან მეურნეობის ინტერესით ის ჩაითრევდა მთელ ერს, ხალხს ომის ორომტრიალში. ასე იქცეოდა ევროპის ბურჟუაზია და ასე იქცევით თქვენც (ასათიანი: პროლეტარიატი?). პროლეტარიატი რომ ასე არ იქცევა, ამას ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, მაგრამ თქვენი ჯგუფები რას აკეთებენ ამ დროს სპეკულიაციის გარდა? (ასათიანი: რატომ თქვენ არ მოჰკიდეთ მრეწველობას ხელი?). იქ, სადაც ჩვენ მოვკიდეთ საქმეს ხელი, წარმოება ფეხზე დგება (ასათიანი: რა გააკეთეთ მერე!). თქვენ მიერ ასეულ წლობით ომით დანგრეულს ამ ერთ წელში როგორ ავაშენებდით? (მაჭავარიანი: სპეკულიაცია არის თქვენი შრომის ნაყოფი!). ჩვენ ვშრომობთ და თქვენ კი არა, უბედურება სწორედ ამაშია. თქვენთვის მრეწველობა-მეურნეობა ომების საგანი იყო. თქვენთვის მეურნეობა, როგორც კულტურის, ერის აყვავების საგანი, იქ არ ყოფილა. როგორი იყო მუშათა კანონმდებლობა მაშინ, როცა მუშათა კლასი მიჭყლეტილი იყო ბურჟუაზიის ფეხით და ჩექმებით? - სანამ მუშათა კლასი, როგორც პოლიტიკური ძალა, ორგანიზაციულად შეკავშირებული არ გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, ჩვენ ვიცით, თუ როგორ ჯოჯოხეთურ პირობებში იმყოფებოდა ის (მუშათა კლასი). ჩვენ ვიცით, თუ როგორ იცავდით თქვენ მუშათა კლასს მის წინააღმდეგ მიმართულ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენ ალბათ იცით, თუ როგორი იყო მუშათა კლასის მდგომარეობა იქ, სადაც თქვენ ძლიერი იყავით (ასათიანი: მაგალითად, ამერიკაში!). თქვენ უნდა იცოდეთ, ბ. ასათიანო, რომ იქ მუშათა ორგანიზაცია ძლიერია (ასათიანი: სანამ მუშათა ორგანიზაცია ძლიერი არ იყო, მანამ მუშათა მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო!). თქვენ მაგას სერიოზულად ლაპარაკობთ? თუ სერიოზულად ლაპარაკობთ, მაშინ წაკითხული გექნებათ, ან წაიკითხეთ თქვენივე იდეოლოგების წიგნები და იქ დაინახავთ, თუ რა მდგომარეობაში იყო მუშათა კლასი საფრანგეთში, ინგლისში და სხვაგან. ილიუსტრაცია გინდათ? ბავშვები მზეს აღარ ხედავდნენ, აუარებელი მუშები ერთად იწვნენ ლოგინზე, მუშები ფიზიკურად ნადგურდებოდნენ. თქვენ კი ზრდიდით ქონებას თქვენი ჯიბისათვის და მუშათა კლასი იმ ზომამდე მიიყვანეთ, რომ სალდათად აღარ ვარგოდნენ. და როგორ გგონიათ თქვენ, მუშათა კანონმდებლობა დაიწყო ბურჟუაზიის კეთილი, უმანკო სურვილებით? - სრულიადაც არა. როდესაც პარლამენტებში თქვენი ამხანაგები გამოდიოდნენ მუშათა დასაცავად, იქ აცხადებდნენ, რომ მუშათა კლასი არ ვარგა, სამშობლოს დასაცავად ის ცუდი ჯარისკაცია, და რომ სამშობლო დაუცველად არ დარჩეს, საჭიროა შრომის დაცვაო. აი, რა თვალსაზრისით და მიზნით დაიწყეს მუშათა კანონმდებლობა (ასათიანი: მოსკოვში ნახავთ, რომელი პოლიტიკა სჯობია!). ჩვენ ვიცით ორი ბოლშევიზმი: ერთი, რომელიც არავითარ ანგარიშს არ უწევდა არც მრეწველობას და არც მეურნეობას - ეს იყო ბურჟუაზია და მეორე, რომელმაც ყველაფერი დაანგრია, გაანადგურა. ბოლშევიზმი ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ ვერ იხეირებს. მარჯვნივ ბურჟუაზიამ დაანგრია ქვეყანა და მარცხნივ ბოლშევიზმმა მოათავა ეს დანგრევა (ასათიანი: საფრანგეთში არაფერი დანგრეულა!). თუ თქვენ მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ინგლისში, საფრანგეთში წარმოება ცოცხალია, ამობრძანდით ამ ტრიბუნაზე და დაამტკიცეთ, რომ იქ მეურნეობა გამაგრებულია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ თქვენი ჯგუფობრივი ინტერესებისათვის საფრთხეში ჩააგდეთ მეურნეობა (ხოჭოლავა: ამით რა გააკეთეს, კაცო!). (თევზაია: ამათ სულიერ ძმებმა მოიმოქმედეს ეს!). ორში ერთი: ან ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ევროპის ბურჟუაზიამ, უნდა გაინაწილოთ, ან და უნდა სთქვათ, რომ თქვენ დანაშაული არ ხართ და მაშინ უარი უნდა სთქვათ თავის თავზე (მაჭავარიანი: მაშ თქვენ გაინაწილეთ მოსკოვის დანაშაული!). ჩვენ ვებრძვით მოსკოვის შედეგებს. ჩვენ ლაჩრობა მუშათა კლასისა არსად არ გვინახავს. თქვენ კი არსად არ გვინახავხართ ბრძოლის ველზე (ასათიანი: თუ საჭიროებამ მოითხოვა, ჩვენც გამოვალთ!).

თქვენი კანონი მერყევიაო, მაგრამ ყველა მისი არგუმენტები ამტკიცებდენ, რომ ეს კანონი მერყევი არ ყოფილა და ამიტომაც იყო, რომ მისი დანგრევა ვერ შესძლო. ჩვენ გვებრძვიან მარჯვნითაც და მარცხნითაც და ეს გარემოება სწორედ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი კანონი კარგი ყოფილა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ კანონით სრულიად დაცული არის მეურნეობის და მრეწველობის ინტერესები, დაცული არის მინიმუმი მუშათა კლასისა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. მაგრამ თუ თქვენ გინდათ მეურნეობის ინტერესი ანაცვალოთ ჯგუფურ ინტერესებს, არ დაგეთანხმებით.

მუშათა კლასს აქვს დიდი მოვალეობა. ის გრძნობს თავისი მოვალეობის მთელ სიმძიმეს და მას უნდა ჰქონდეს ყველა ის უფლებები, რომელიც აუცილებელია წარმოების განვითარებისათვის.

შემდეგ სთქვა: პროფესიონალური კავშირების მდგომარეობა, რომელიც იყო კავშირებში დღემდე, ძალაში რჩებაო. შეიძლება პროფესიონალურ კავშირებს ჰქონდეთ დეფექტები, შეცდომები, მაგრამ განა აქ ვადასტურებთ, ვაკანონებთ ამ დეფექტებს? სრულიადაც არა. პროფესიონალურ კავშირებს კი უნდა მიეცეს ის, რის მიცემა აუცილებელი არის. თქვენ რომ სწერდეთ და იმუშავებდეთ კანონს, განა გამოიჩენდით მრეწველობისადმი ისეთ ლოიალობას და მიუდგომლობას, როგორიც ჩვენ გამოვიჩინეთ? მე მგონია, არა. თქვენ რომ სწერდეთ კანონებს, მაშინ ის იქნება არა ხალხის, ერის საკეთილდღეოდ, არამედ ვიწრო ჯგუფისათვის, რომელიც მხოლოდ თავის ქონების ზრდაზე ფიქრობს (ი. მაჭავარიანი: ცუდი აზრისა ყოფილხართ ჩვენზე!). თქვენ არც წინეთ და არც ახლა გაგიკეთებიათ რამე და არც წაგიხდენიათ. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ თქვენს უფროს ამხანაგებზე ევროპაში, რომელთა პოლიტიკაში პასუხისმგებელი ხართ (ასათიანი: როგორია თქვენი მუშების მდგომარეობა ევროპაში, სადაც ბურჟუაზია მაგარია?). თქვენ აბსტრაქტიულად ნუ ადარებთ. თქვენ უნდა შეადაროთ ინგლისის მრეწველობა და მუშათა მდგომარეობა და ჩვენი მრეწველობა და მუშათა მდგომარეობა (ი. მაჭავარიანი: ჩვენმა სულიერმა ამხანაგებმა შექმნეს ევროპის კულტურა, თქვენმა კი მოსკოვის. რომელი სჯობია? ასათიანი: თქვენ კი ბონებსა ბეჭდავთ!). ჩვენ ბონებსაც ვბეჭდავთ და სხვასაც ვაკეთებთ, თქვენ კი ბონების ბეჭდვაც არ შეგიძლიათ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამის თქმა და საყვედური მუშათა კლასისადმი ისეთი უმადურობა და უზრდელობა იქნება, რომელიც მიუტევებელია. რაც გააკეთა ჩვენმა მუშათა კლასმა, ამის დანახვა ყველას შეუძლიან. ყველაფერი ის, რაც დღემდე გაკეთებულა ჩვენი რესპუბლიკის აღმშენებლობის საქმეში და ის გარემოება, რომ თქვენ ეხლა თავისუფლად სხედხართ აქ, ეს იმ ორგანიზაციების საქმიანობის შედეგია, რომელსაც მუშათა კლასი უდგია სათავეში. ნუ თუ ის მუშათა კლასი, რომელიც თავისი შვილებით დახვდა სიკვდილს, უმადურობის ღირსია? (ხმა: პარტია სახელმწიფო არ არის!). აქ ილაპარაკეს მუშათა კლასზე და მის დიქტატურაზე. ჩვენი მუშათა კლასი უმრავლესობის დიქტატურას იცავს და ნურას უკაცრავად, თუ ამ დიქტატურას თქვენ არ დაგითმობთ. აქ რომ მართლა დიქტატურა იყოს, თქვენ აქ არ იქნებით და ვერ ისარგებლებთ იმ მდგომარეობით, რომელიც ჩვენში მუშათა კლასმა შექმნა. თქვენ რომ ჩვენს მდგომარეობაში იყოთ და ძალა-უფლება თქვენ ხელში იყოს, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით.

შემდეგ აქ ილაპარაკეს 8 საათის სამუშაო დროზე. სამწუხაროდ, ამის შესახებ არსებითად არაფერი არ უთქვამთ. თქვენ ერთი რამ უნდა დაგემტკიცებინათ - ის, რომ რვა საათის განმავლობაში არ შეიძლება ამოწურვა მასის მთელი ენერგიისა... (ალ. ასათიანი: ვინ ამოგაწურვინებთ!). თქვენ რომ მოგანდოთ, სისხლს ამოწოვთ. თქვენ უნდა დაგემტკიცებინათ მიუდგომელ მეცნიერულ საბუთებით იმის წინააღმდეგი, რომ რვა საათის სამუშაო დრო მუშაობის მაქსიმალური დრო არ არის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რვა საათის სამუშაო დრო სრულიად საკმაოა მუშის ენერგიის ამოწურვისათვის (თ. ღლონტი: ვინ ამბობს მაგას? ერთი მაგალითი მოიყვანეთ! ხმაურობა).

თავმჯდომარე: მე მინდა მოვაგონო დამფუძნებელ კრებას, რომ სიტყვა ბერიშვილს ეკუთვნის!

. ბერიშვილი: თქვენი საბუთი არ საბუთობს. თქვენ უნდა დაგემტკიცებინათ, რომ რვა საათის სამუშაო დრო არის ის მინიმუმი, რომელშიაც არ შეიძლება ფიზიკური ენერგიის ამოწურვა. რვა საათის შემდეგ გაგრძელება მუშაობისა მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში გაამრავლებს შრომის ნაყოფს, მაგრამ საკითხია: რამდენად ხანგრძლივად შესძლებს თუ არა მუშა მომავალშიაც იმავ ძალით და ენერგიით განაგრძოს სიმდიდრის შექმნა? ამ შემთხვევაში არსებობს ორი ხაზი, ორი მიმდინარეობა: ერთი ბურჟუაზიული, რომელიც წურავს მუშის სისხლს და ყურადღებას არ აქცევს მუშის ფიზიკურ მდგომარეობას; და მეორე მიმდინარეობის აზრია, რომ რაც შეიძლება ნაკლები სისხლის ამოწურვით მეტი სიმდიდრე შექმნას - ტეხნიკის გაძლიერებით და გაუმჯობესებით. თქვენ ყველა ქვეყნის ბურჟუაზიული ჯგუფები ტეხნიკის გაუმჯობესებაზე უარს ამბობთ, მაგრამ მუშათა კლასი დარწმუნებულია, რომ რვა საათის სამუშაო დრო იმპულსია შრომის ნაყოფიერებისა, და ტეხნიკის განვითარებასთან ერთად გაიზრდება შრომის ნაყოფიერება და ინტენსიობა. ამ მოსაზრებით უარყოფს იგი აზიურ მეთოდს სისხლის ამოწურვისას. აზიური მეთოდი ისეთია, რომელიც სწურავს მუშის ენერგიას და ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ მეთოდისა და მომხრენი ვართ იმ მეთოდისა, რომელიც ცდილობს ნაკლები სამუშაო დროს საშუალებით მეტი შრომის ნაყოფის შექმნას და ტეხნიკის განვითარებით მრეწველობის დაბალი საფეხურიდან მაღალ საფეხურზე აყვანას. ჩვენ ვამბობთ, რომ ტეხნიკის გაუმჯობესებით უნდა გავანაყოფიეროთ შრომა (ხმა: გააუმჯობესეთ ტეხნიკა?). ეხლა რომ არ არის გაუმჯობესებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ გავაუმჯობესებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ უდიერად იქმნას ამოწურული მუშათა ენერგია და ამიტომ ჩვენ ვადგივართ მეორე მეთოდს, პრინციპს და თქვენ რომელი გირჩევნიათ? რასაკვირველია, თქვენ, ჩამორჩენილი ქვეყნის ბურჟუაზია, არჩევთ დამონავების მეთოდს, აზიურ მეთოდს. ჩვენ კი გვინდა, რომ დაცულ იქმნას ტენდენცია მუშათა კლასის ენერგიის შენახვისა და მეურნეობის განვითარებისა. და სანამ ჩვენ გვექნება ძალა-უფლება, არ მოგცემთ საშუალებას, რომ მომართოთ, ამ აზიურ მეთოდს. ბ. ასათიანმა მთელი თავისი სიტყვის რეზიუმე დაათავა იმით, რომ სთქვა: მარქსმა შექმნა ბურჟუაზია და კაპიტალისტები და დაამტკიცა, რომ ეს კანონი ბურჟუაზიის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოსო, რადგან თუ ძლიერი იქნება ბურჟუაზია, ძლიერი იქნება პროლეტარიატიცო. ჩვენც გეთანხმებით ამაში: თუ სიტყვას შეცვლით, თუ ბურჟუაზიული ქვეყნის მეურნეობა ძლიერი იქნება, მით უფრო ძლიერი იქნება მუშათა კლასი. მაგრამ ამის წარმომადგენელნი თქვენ არა ხართ. თქვენი მესაფლავენი და მემკვიდრენი უკვე მოვიდნენ - ესენი არიან ერობები და ქალაქები. და რამდენად ეს ერობები და ქალაქები ძლიერნი იქნებიან და შექმნიან ძლიერ მეურნეობას, მით უფრო ძლიერი იქნება მუშათა კლასი. მთელი პოლიტიკა მუშათა კლასისა აქეთკენ არის მიმართული.

ბ. ასათიანმა იმით დაიწყო თვისი მტკიცება, რომ აუცილებელია შრომის თავისუფლებაო. მაგრამ შრომის თავისუფლება, უკეთ რომ ვსთქვათ, თვითნებობა, უკვე უარყოფილი არის იმ ჯგუფის და იმ კლასის მიერ, რომლის წარმომადგენელნი თქვენა ხართ. თქვენი ევროპიელი ამხანაგები არ ამბობენ, რომ შრომა თავისუფალი უნდა იყოსო. ყველა ქვეყანაში არის რეგლამენტაცია. მხოლოდ იქ, სადაც მუშათა კლასი ძლიერია, იქ უფრო მტკიცედ არის დაცული მისი ინტერესები. იქ კი, სადაც თქვენ ბატონობთ, სუსტად არის დაცული მუშათა ინტერესები. თქვენ, რასაკვირველია, არ შეგიძლიანთ მოიყვანოთ ის აზრი, რომელიც დამარცხდა და რომელიც უარყოფილი არის თქვენი უფროსი ამხანაგების მიერ. თქვენ გგონიათ, რომ შრომის თავისუფლება შტრეიკბეხერობის თავისუფლებას ნიშნავს და მუშათა კლასი ამას ვერ დაუშვებს, რომ თქვენი ჯგუფური ინტერესებისთვის მრეწველობა დაღუპოს. თქვენ შემდეგ მოიყვანეთ საბუთი, რომ ევროპაში მუშათა კანონმდებლობა უცებ არ აღმოცენებულა. მართლაც, ევროპაში მუშათა კანონმდებლობამ დიდი გასაჭირი გაიარა. იქ, სადაც მუშათა კლასი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, აიძულა სახელმწიფო, რომ სეპარატიულად მუშათა კანონები დაეწერა. ჯერ ერთ პოზიციას ათმობინებდა მუშათა კლასი, შემდეგ მეორეს და ასე. ამიტომ იყო, რომ მუშათა კლასმა განსაზღვრული ფაზისები გაიარა. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ მუშათა კლასმა ეს ფაზისები არ გაიარა. ჩვენმა დემოკრატიამ პირდაპირ იგდო ხელში ძალა-უფლება და ამან მოგვცა საშუალება, რომ მუშათა კანონმდებლობას არ გაეარა ის ფაზისები, რომლებიც ევროპის მუშათა კლასმა განვლო. ჩვენ გვინდა, რომ მუშათა უფლებები შეფარდებულ იქმნას მუშათა კლასის ინტერესებთან. ის გაჭირვება, რომელიც განვლო ევროპის მუშათა კანონმდებლობამ დასავლეთ ევროპაში, ჩვენგან განვლილი არ ყოფილა და ამან მოგვცა საშუალება მრავალი ტკივილები აგვეცდინა. ამიტომ არის, რომ ჩვენ არ გავივლით ყველა იმ ფაზისებს, რომლებიც ევროპაში გაიარეს. ბ. თედო ღლონტმა და შენგელაიამ ერთ რამეს არ მიაქციეს ყურადღება - იმას, რომ ამით ეყრება საფუძველი მუშათა კლასის კანონმდებლობას, კოდექსს. ეს არის მუშათა კლასის მიერ ნაკარნახევი და მე მწამს, რომ ის კოდექსი, რომელიც მუშათა კლასმა დასწერა და რომელსაც მიიღებს დამფუძნებელი კრება, შენახული იქნება... (ი. მაჭავარიანი ადგილიდან: რაღაც არ მჯერა, რომ ევროპას გაუსწროთ!). ბევრი რამ დაწერილა - აი, მაგალითად, თ. ღლონტმა კომუნის მაგალითი, - მაგრამ საბოლოოდ ვერ შენახულა. მე მწამს, რომ რასაც დავწერთ, არა მარტო დადასტურებული იქნება, არამედ მუშათა კლასი თვისი ძლიერი ორგანიზაციებით მას მტკიცედ შეინახავს (ტაში).

თავმჯდომარე: სანამ შემდეგ ორატორს მივცემდე სიტყვას, უნდა მოგახსენოთ ის წინადადება, რომელიც შემოტანილი არის სოც.-დემოკრატიული ბიუროს მიერ და რომელიც მოითხოვს კამათის შეწყვეტას. ვის სურს ამ წინადადების შესახებ? სიტყვა ბ. ასათიანს ეკუთვნის.

ალ. ასათიანი (ე.-დ.): მე პირადად სრულიად არ ვარ დაინტერესებული, რომ კამათი გაგრძელდეს, - რაც დამრჩა სათქმელი, ვიტყვი მუხლობრივი განხილვის დროს. მაგრამ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია და საყურადღებო, რომ უხერხულობა იქნება ამ ზომად დიდი საკანონმდებლო აქტი ასე ნაჩქარევად და უმნიშვნელოდ ჩატარდეს. ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია, რომ ამ საკითხის შესახებ კამათი შესწყდეს. შეიძლება ორატორების სიის დახურვა, ან დროის განსაზღვრა, მაგრამ ასე სწრაფად კამათის შეწყვეტა შეუძლებელია.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

. თევზაია (ს.-დ.): დიახ, ბატონებო, მე ვარ დაინტერესებული, რომ კამათი ამ საერთო მსჯელობის შესახებ შეწყვეტილ იქმნას. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დაინტერესებულ პირთ არ შეუძლიანთ ილაპარაკონ ერთი საათი რომელიმე მუხლზე. აქ კი არის ათი მუხლი. მხოლოდ ერთი რამ არის აღსანიშნავი, რომ საერთო მსჯელობის დროს ყველა ფრაქციას საშუალება მიეცეს თავისი საერთო აზრი გამოსთქვას. ეს უკვე იყო. რომ ეს ასე არის, ეს ყველამ იცის. რაც შეეხება შესწორებებს და გაუმჯობესებას, ეს არის დამოკიდებული თვით მუხლისაგან. მაშასადამე, დეპუტატი შეიტანს შესწორებას და ან მიიღებს ამას, ან არა. ეს იყო, რაც უნდა მეთქვა. ბატონმა ასათიანმა ილაპარაკა ერთი საათი და ის, რომ გამოვცეთ წიგნი, გამოვა 50 გვერდიანი (ასათიანი: თუ გამოსცემთ!?). მე ვამბობ, რომ ეს შეეხება საერთოდ კანონ-პროექტს. დღევანდელ პირობებში ამის შესახებ კამათის გაგრძელება - ეს იქნება უბრალო ლაპარაკი და ეს საქმეს ვერ უშველის. ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს კანონ-პროექტი მივიღოთ კანიკულებამდის (ასათიანი: სადა ბრძანდებოდით აქამდე!).

თავმჯდომარე: მე კენჭს ვუყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი, რომ კამათი მოისპოს? ვინ შეიკავა თავი? კამათი მოსპობილია, ვინაიდგან წინააღმდეგი არის მხოლოდ ოთხი კაცი. თანახმად რეგლამენტისა კი კამათის გაგრძელებისათვის უნდა იყოს 12 კაცი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

. ფირცხალაიშვილი (მომხს.): ბატონებო, არ არის სადაო, რომ ჩვენი დამფუძნებელი კრების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კანონპროექტს, ვინაიდგან უკანასკნელს პირდაპირი კავშირი აქვს მუშათა კლასთან. და დღეს არც ერთი თანამედროვე საკითხი არ შეედრება ამ საკითხს თავისი მნიშვნელობით. ამას ჩვენ არ უარვყოფთ და ამის გამო იყო გამოწვეული, რომ ამ კანონპროექტის განხილვამ კომისიას წაართვა თითქმის ორი წელიწადი. ეს კანონპროექტი ღებულობს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს არის იმიტომ, რომ მუშათა კლასი არის ჩვენს სახელმწიფოში უპირველესი და უმთავრესი პასუხისმგებელი ჩვენი რესპუბლიკის არსებობისა და ამ კლასისთვის უნდა ვქმნიდეთ ამ კანონპროექტს. კამათის დროს ორი ჯგუფის მიერ ორი დიამეტრალურად ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოითქვა. ერთი გამოსთქვა ბატონმა ღლონტმა და მეორე ბატონმა ასათიანმა. რაც შეეხება ბ. შენგელაიას მოსაზრებას, როგორც მე მივხვდი, ის ამ კანონპროექტის ძირითად დებულებებს არ ეწინააღმდეეგბა. მან ზოგიერთი მოსაზრება გამოსთქვა ზოგიერთი მუხლის შესახებ. ეს აიხსნება იმით, რომ ბატონი შენგელაია ღებულობდა მონაწილეობას ამ კანონპროექტის განხილვაში და იცის, როგორც მიდიოდა მუშაობა. სხვა წევრი კი დამფუძნებელი კრებისა სტუმარი იყო - ერთი სულ არ მოსულა, მეორე კი იშვიათად დადიოდა (ასათიანი: რა მნიშვნელობა აქვს ამას? ამას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს? კი ბატონო (ხმა: არა, ამას აქვს მნიშვნელობა!). შენგელაიამ განაცხადა აქ, რომ ეს კანონპროექტი არის unicum-იო. ჩემის აზრით, შენგელაიას ეს განცხადება საფუძვლიანი არ არის. თედო ღლონტმა კი განაცხადა: რა არის ეს კანონპროექტი, 84-94 წლებში ასეთი კანონპროექტი საფრანგეთში იყო გამოცემულიო, და მან მოიყვანა პოლ-ლუი. ბატონებო, მეც მოვიტანე ერთი წიგნი, მაგრამ არა იმისთვის, რომ სიტყვა ვსთქვა და შთაბეჭდილება მოვახდინო, არამედ მაინტერესებს საქმიანობა.

თქვენ გახსოვთ, დამფუძნებელი კრების წევრნო, რომ თედო ღლონტმა გაილაშქრა პარიტეტულ ნიადაგზე შექმნილი ორგანიზაციის წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ მუშების მიღება-დათხოვნის საკითხში მწარმოებელს არ უნდა ჰქონდეს ხმაო. მან განაცხადა აგრეთვე, რომ ბირჟები არ უნდა იყოს აგებული პარიტეტულ ნიადაგზეო, და სხვათა შორის ისიც სთქვა, რომ დროებითმა მთავრობამ უკეთესად გადასწყვიტა ეს საკითხიო. ამაზე მოგახსენებთ, რამდენად მართალია ის. ეხლა საფრანგეთის შესახებ მე მოგახსენებთ, რომ საფრანგეთში1891 წელს 21 ივლისს (თედო ღლონტი: 1894 წელს!), გადავალ ამაზეც, მოითმინეთ. 1891 წლის 21 ივლისს გამოცემული კანონის ძალით საფრანგეთში არსებობს შრომის ბიურო - ეს ის ორგანიზაცია არის, რომელსაც მუშათა კანონმდებლობა ქმნის. და ასეთი ორგანიზაცია არსებობს 1903 წლიდან. ამასთანავე ამ შრომის ბიუროსთან არსებობს : «Бюро высшаго союза труда». ყველა კანონ-პროექტს, რომელსაც წამოაყენებს შრომის ბიურო, ეს უმაღლესი ბიურო იხილავს, თავის აზრს წარადგენს და პასუხს გასცემს. ახლა როგორ ნიადაგზე სდგას ეს ბიურო? პარიტეტულ ნიადაგზე სდგას თუ არა? (თ. ღლონტი: მერე ვინ სთქვა ეს? ეს მე არ მითქვამს!). 1903 წლის 26 ივლისს ამ ბიუროში შედიოდა: 26 მწარმოებელი, 26 მუშა, 3 სენატორი, 5 დეპუტატი, ერთი პარლამენტიდან, ერთი სავაჭრო პალატიდან. არის ეს თუ არა პარიტეტული ნიადაგი? ეს პარიტეტული ნიადაგი არის. თუ სენატორების რიცხვს მიუმატებთ (თ. ღლონტი: ვინა სთქვა ეს? ჩემი სტენოგრამა მოითხოვეთ!). ეხლა მოგახსენებთ თქვენ შემდეგ საკითხზე. დემოკრატიულ სახელმწიფოში მუშები აყენებენ საკითხს, რომ გაფიცვისათვის არ დაისაჯონ. ჩვენს რესპუბლიკაში იყო რამდენიმე შემთხვევა გაფიცვისა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დაგვესაჯოს ისინი (ხმა: კოალიცია თავისუფლებაა?). სხვათა შორის, ის ამბობდა, რომ ეს კანონ-პროექტი უნდა გავრცელდეს ყველაზეო. მასწავლებლებიც მოიყვანა... (რეპლიკა არ ისმის). მოგახსენებთ ამის შესახებაც. მე რუსულად წავუკითხავ (კითხულობს). (თედო ღლონტი: რომელ წელს არის გამოცემული?). ეს არის მე-288 ფურცელზე და რომელი წლისაა, არ ვიცი. გამოცემულია 1909 წელს. ახლა ნახეთ თქვენ 20 გვერდი (თ. ღლონტი: შემდეგ, შემდეგ! სიცილი. ხმაურობა). ამის შემდეგ გაფიცვების შესახებ მოგახსენებთ. მე ვსთქვი, რომ ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში გაფიცვების თავისუფლება უსათუოდ უნდა იყოს-მეთქი (თ. ღლონტი: შვეიცარიაში? რატომ საფრანგეთში არ არის?). საფრანგეთში როგორც ყოფილა, აგერ მოგახსენებთ. 220 გვერდი (კითხულობს). ღლონტი ამბობს, რომ საფრანგეთში ისეთი კანონმდებლობა არის, რომ ჩვენ რომ იქიდან გადმოვიტანოთ, ის აჯობებს ამ კანონ-პროექტსო. მე ამით, ამ მაგალითის მოყვანით გავათავებ.

სხვათა შორის, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას. მე ვფიქრობ, რომ ის მოსაზრება, რომელიც ბ. თედომ გამოსთქვა (ვლასა მგელაძე: კი არ გამოსთქვა, წამოსცდა!), ბოლშევიკებს რომ მოესმინათ, მაგას არ მიიღებდენ. ორი წლის წინათ, როდესაც ბოლშევიკები განსაკუთრებულ გზას დაადგენ და ყოველგვარ წარმოებას ანგრევდენ, მაშინ ამ ორი წლის წინათ ამას მიიღებდენ. მაგრამ დღეს, როდესაც ისინი უცხო კაპიტალს მოუწოდებენ, ამას არ მიიღებდენ (ხოჭოლავა: რა უბედურებაა, კაცო, თედოს მოსაზრებას არც იქ მიიღებენ და არც აქ მიიღებენ?). ახლა მოკლედ (ხმაურობა). როდესაც სთქვა აქ, რომ სოციალისტური მთავრობა არის და კანონ-პროექტი შეიძლება მიღებულ იქმნასო, სოციალისტური მთავრობა იმიტომ კი არ არის, რომ დავწეროთ რამე, რაც ცხოვრების გარეშე დარჩება. ბოლშევიკებმა სწორედ ასე ქნეს. მაგრამ თუ კანონმდებლობა წინ უსწრებს ცხოვრებას, თუ ის არ არის შეფარდებული ცხოვრებასთან, მაშინ ის კანონმდებლობა ცხოვრებაში არ გატარდება და ქვეყანაც სრულიად დაინგრევა. ჩვენ ვამბობთ, სოციალისტური მთავრობა არის, მაგრამ ჩვენი წარმოება განვითარებისაკენ უნდა წავწიოთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიური კრახი თუ მოხდა, ჩვენი სახელმწიფო დაინგრევა. ამისთვის ჩვენი მუშათა კლასი ზრუნავს არა მარტო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ ის მხედველობაში იღებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასაც და ყოველ ნაბიჯს. ჩვენი მუშათა კლასი აფასებს ისე, თუ რამდენად კარგია ეს სახელმწიფოსათვის და რა შედეგები მოჰყვება მას. მე ორიოდე სიტყვა მინდოდა მეთქვა ბატონ ასათიანის შესახებ, მაგრამ მეტად გაგრძელდა დრო. თუ ბატონი ასათიანი არის წარმომადგენელი იმ საზოგადოებრივი ჯგუფისა, რომელიც წარმოადგენს ბურჟუაზიას, მაშინ ის მოსაზრება, რომელიც წარმოსთქვა მან 8 საათის მუშაობის წინააღმდეგ, რომ დღევანდელ პირობებში არ შეიძლებაო, ამის შესახებ პასუხი გასცა ამხანაგ ბერიშვილმა და მე არ მინდა ამაზე განვაგრძო ლაპარაკი. ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ააშკარავებს სულისკვეთებას იმ ჯგუფისას, იმ პარტიისას, რომელიც საერთოდ ებრძვის ამ რვა საათის სამუშაო დღეს. მე ამით მინდა გავათაო ეს პასუხი და როდესაც საშუალება მექნება, შემდეგ მუხლობრივ განხილვის დროს მოგახსენებთ შემდეგს.

თავმჯდომარე: ამ რიგად, კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ გახლავთ. გრძელდება მსჯელობა სოც.-რევ. ფრ. მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითმმართველობისა და უკანონო მოქმედების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ. გობეჩიას.

(ივ. გობეჩიას სიტყვა დამატებად იქნება დაბეჭდილი).

თავმჯდომარე: გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დაბა ყაზბეგში გენერალ გ. ყაზბეგის მამულის, შენობისა და ინვენტარის შესაძენად 1.100.000 მან. გადადებისა.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს აღნიშნული დეკრეტის საბოლოო ტექსტს, რომელსაც დამფუძნებელი კრება უკამათოდ იღებს).

შემდეგ მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს და სხდომა იხურება.

სხდომა 3 საათ. და 50 წ. იხურება.

13 ორმოცდამეორე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(42)

1920 წელი. აგვისტოს 4. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ.

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის

კონ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 საათ. და 45 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. დეკრეტი - თავდაცვის ფონდისათვის 400.000.000 მან. გადადებისა.

2. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფო 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. გიორგაძეს ეკუთვნის.

1. დეკრეტი - თავდაცვის ფონდისათვის 400.000.000 მანეთის გადადებისა.

გრ. გიორგაძე (ს.-დ.): დამფუძნებელ კრებაში შემოსულია შუამდგომლობა მთავრობისა, რომ თავდაცვის ფონდი იქნას აღდგენილი. ამას წინათ, როცა მძიმე პირობები დაუდგა რესპუბლიკას, ამ ფონდისთვის ჩვენ 100 მილიონი მანეთი გავიღეთ. ანგარიში, თუ რაში დაიხარჯა, წარმოდგენილია. შეერთებულმა სამხედრო და საფინანსო კომისიების სხდომამ განიხილა ეს ანგარიშები და აღმოჩნდა, რომ უმთავრესი ნაწილი ამ თანხისა მოხმარებია თავდაცვის საქმეს. არის ისეთი თანხები, რომელნიც შინაგან და გარეშე-საქმეთა უწყებებს აუღიათ სესხად თავდაცვის ფონდიდან. ამის შესახებ საბიუჯეტო და სამხედრო კომისიამ ასეთი დადგენილება გამოიტანა: არსებითად ეს სესხი, თავდაცვის ფონდიდან გაღებული, სესხად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ეს ფული ნამდვილად თავდაცვის საქმისთვის არის გაღებული, როგორიცაა, მაგალითად, ადმინისტრაციის მოწყობა ამა თუ იმ ზურგში აგრეთვე არის გაღებული აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში და სხვა. ასე რომ, ეს არ შეიძლება სესხად ჩაითვალოს. ეს ერთი. მეორე ის, რომ დაწვრილებითი ცნობები, თუ რაში დაიხარჯა ეს ფული, არ არის წარმოდგენილი, მაგრამ სახელმწიფო კონტროლმა განაცხადა შეერთებულ სხდომაზე, რომ მას შეუძლია ასეთი დაწვრილებითი ცნობების წარმოდგენა კანიკულების გათავებამდე. საფინანსო კომისიამ დაავალა მას, რომ ეს ცნობები წარმოუდგინოს ვაკაციების გათავებამდე. ეს თანხა კი უნდა იქნეს გაღებული. მე საფინანსო და სამხედრო კომისიების სახელით ვშუამდგომლობ, რომ ეს დეკრეტი იქნეს მიღებული.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ (კითხულობს). თანახმად დადგენილებისა, საბოლოო ტექსტი დღესვე მოგხსენდებათ. შემდეგ განგრძობა მსჯელობისა ბიუჯეტის შესახებ. სიტყვა ბ. ასათიანს ეკუთვნის.

2. განგრძობა მსჯელობის სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

. ასათიანი: ჩემი სიტყვის შეწყვეტის შემდეგ მომარაგების მინისტრის ამხანაგმა ბ. ჭავჭანიძემ ზოგიერთი შენიშვნები გააკეთა. მე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს შენიშვნები არ შეეფერება სინამდვილეს. რაც შეეხება იმ სტატისტიკას, რომელიც მე მოვიყვანე და რომელიც ბ. ჭავჭანიძის აზრით არ არის სწორი, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ერთად ერთი სტატისტიკაა, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. მართალი არ არის ბ. ჭავჭანიძე, რომელიც ამბობს, რომ გაცილებით მეტი გავიტანეთ და ნაკლები შემოვიტანეთო. ბ. ჭავჭანიძეს ჰქონია საკუთარი ცნობები, რამდენი გაიტანეს საქართველოდან, მაგრამ არ აქვს ცნობები გატანილ საქონლის ღირებულების შესახებ. უფრო დაახლოვებული იყოს საქონლის ბაზრის ფასებთან, მაგრამ თუ არ გვექნა ასეთივე ცნობები შესახებ შემოტანილი საქონლის იმავე ხანაში, ასეთი სტატისტიკით ვერაფერ დასკვნას ვერ გამოიტანთ ჩვენი საგარეო ვაჭრობის შესახებ. ჩემი მოყვანილი ცნობები კი საბაჟო ციფრებს ემყარება. იქ ერთნაირი საზომით იზომება გატანილ და შემოტანილ საქონლის ღირებულება და ამიტომ სტატისტიკური შედარებისათვის სავსებით გამოსადეგია. უკეთეს სტატისტიკას ბ. ჭავჭანიძე ვერ აღმოაჩენს, ვინაიდან არსად მოგვეპოვება. ბ. ჭავჭანიძემ აგრეთვე გაგვიმეორა თავისი ძველი საბუთები თამბაქოს წარმოების შემცირების შესახებ. თამბაქოს მოყვანა ჯერ კიდევ მონოპოლიამდე შემცირდაო. ეს მართალია. 1917 წ. ძლიერ მცირე იყო თამბაქოს მოსავალი. მაგრამ ამის მიზეზი არ იყო, რომ თამბაქოს გაზიდვა თითქმის სრულიად მოსპობილი იყო და სამი წლის მოსავალი გაუნაღდებელი დარჩენილი. როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზები გაიხსნა, თამბაქოს მოყვანაც უნდა გაცხოველებულიყო მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე კიდევ დიდი ფასები დარჩა. თუ სიმინდზე დიდი ფასია, ერთი ათად მეტი ფასი იყო და არის თამბაქოზე, თუ კი მის გასაღებას წესიერად მოაწყობთ. ასე რომ, აქ სიმინდი არაფერ შუაშია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სიმინდსაც ისე უყავით, რაც თამბაქოს. აფხაზეთში თქვენ სიმინდსაც ხომ მტკიცე დაბალს ფასებში იძენდით. ბ. ჭავჭანიძე დიდი რიხით გვიმტკიცებდა, მომარაგების სამინისტრომ ჩვენს რესპუბლიკას დიდი სარგებელი მოუტანა. მან უზრუნველყო სურსათით მუშები, დიდძალი პური და სხვა საქონელი შემოიტანა და სხვ. სამწუხაროდ, საბიუჯეტო კამათის დროს არ შეგვიძლია ამ სამინისტროს მოღვაწეობას დაწვრილებით შევეხოთ. ამ უწყების მოღვაწეობას ჩვენ სხვა დროს გაგაცნობთ უფრო საფუძვლიანად და მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ მიუხედავად მისთვის მრავალ ასეულ მილიონის კრედიტებისა და თითქმის ტყვილა რამოდენიმე მილიარდის საქონლის მიცემისა, უსაფუძვლოა თქვენი იმედი, რომ ამ უწყებამ ასეული მილიონები მოგება მოგცეთ. უფრო მოსალოდნელია მისგან ზარალი და დიდი ზარალი. ბ. ჭავჭანიძე ამაყად აცხადებს, რომ მისმა უწყებამ გაანელა პურის კრიზისი რესპუბლიკაში, დააკმაყოფილა პურით და სხვა სანოვაგით მუშები და მით რესპუბლიკას მოსალოდნელი კატასტროფა ააცდინა. მე ვფიქრობ, რომ ბ. მინისტრის ამხანაგს გადაჭარბებულად აქვს წარმოდგენილი თავისი დამსახურება ქვეყნის წინაშე. სამი მეოთხედი იმ საქონლისა, რომელიც მომარაგების სამინისტრომ შეიძინა, არის კერძო პირებისაგან შემოტანილი. უწყებამ ეს საქონელი ფოთში და ბათომში მოტანილი შეისყიდა. თითონ მას თითქმის არაფერი არ შემოუტანია უცხოეთიდან. და რომ ამ პირებს თითონ არ შემოეტანათ საქონელი, თქვენი მტერია სამინისტრო სრულიად ხელ ცარიელი დარჩებოდა, მიუხედავად ამისა, რომ მას ალბათ დაეკარგა ანგარიში აუარებელი ეკონომიური და კომერციული აგენტებისა, რომელნიც მას ევროპაში ყავს გაგზავნილი. სასურსათო პოლიტიკაშიც ვგონებ ბევრი არაფერი გაქვთ საკვეხნი. თქვენ ვერ შესძელით წესიერად გამოყენება იმ სურსათის, რომელიც ჩვენში მოიპოებოდა. აფხაზეთს თქვენივე ანგარიშით ერთი მილიონ ფუთი სიმინდის მოცემა თავისუფლად შეეძლო. გამოაცხადეთ მეტად უწესო წესები, მონოპოლიის მზგავსი, დაიწყეთ სიმინდზე მეტად დაბალი მტკიცე ფასები, დაახლოვებით მეოთხედი და მეხუთედი იმ ფასებისა, რომელიც აფხაზეთის საზღვარზე სამეგრელოში იყო. ამით ხალხი მეტად შეავიწროვეთ და გააბოროტეთ, ხოლო სიმინდი მილიონ ფუთის მაგიერ გამოიტანეთ რაღაც 40-50 ათასი ფუთი. შემდეგ უკვე მაისში თუ ივნისში გამოაცხადეთ აფხაზეთიდან სიმინდის გამოტანის თავისუფლება და დაადასტურეთ თქვენი სიმინდის შეძენის სრული გაკოტრება, მაგრამ ეს უკვე მეტად გვიან იყო და აფხაზეთის სიმინდი სრულიად გამოუყენებელი დარჩა დამშეულ ჩვენს რესპუბლიკას. ბ. ჭავჭანიძე მეტად თავმომწონედ ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ უწყება უშუამავლოდ ეკვრება ხელსაყრელ პირობებში უცხოელ დიდ ფირმებს და სხვ. ბ. ჭავჭანიძეს ავიწყდება მრავალი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენდა საზარალოდ გათავდა. ჩვენი კონტრაგენტების უმრავლესობამ არ გაამართლა ის გადაჭარბებული ნდობა, რომელსაც მათ უწყება უცხადებდა. მე მიკვირს სიბუნიონი მაინც რად ავიწყდებათ. ეს სულ ეხლახან იყო. ჩვენმა ფრაქციამ რომ შეკითხვა შემოიტანა იმ ყოვლად მიუღებელსა და რესპუბლიკისთვის დამამცირებელ ხელშეკრულებაზე, რომელიც მომარაგების სამმართველომ დასდო სიბუნიონთან, მაშინ მომარაგების სამინისტრო, ფინანასთა უწყება და თქვენი ფრაქცია თავგამოდებით ამტკიცებდით, რომ ეს ხელშეკრულება რესპუბლიკისათვის მეტად სასარგებლოა და თვით „სიბუნიონი“ ფრიად სერიოზული ფირმაა. არ გასულა თვე და უკვე ორი მეთაური ფირმის, რომლებიც ჩვენთან დადებულ პირობას ხელს აწერდნენ, გაზეთებში განცხადებებს ათავსებენ. ამ განცხადებებში ისინი ერთმანეთს მრავალ აფიორას უმჟღავნებენ და აგრეთვე ერთმანეთს აბრალებენ საქართველოსთან `ჟულიკური~ ხელშეკრულების დადებას, რომელსაც მათი სიტყვებით უნდა მოჰყოლოდა ჩვენი ქვეყნიდან მრავალ მილიონის ღირებული საქონლის ქურდულად გაპარება.

მე მგონია, ისეთი რამეების შემდეგ ასეთის რიხით ლაპარაკი, საუცხოვო ოპერაციები ვაწარმოვეთო, ცოტად უხერხული უნდა იყოს (ხმა: ეს წვრილმანებია!). ეს წვრილმანები არ გახლავსთ, ვინაიდან სიბუნიონთან დადებული ხელშეკრულება რომ არ დაგვეშალა, ყველა ჩვენი სამონოპოლიო საქონლები და მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობა უცხოელ ავანტიურისტებს და „ჟულიკებს“, როგორც ისინი ერთმანეთს უწოდებენ, უნდა ჩავარდნოდა ხელში.

ეხლა ნება მიბოძეთ დავუბრუნდე ფინანსიურ მდგომარეობის ზოგიერთ საკითხებს.

ჩვენმა მეზობელ რესპუბლიკამ, სომხეთმა გამოსცა სესხი 20 მილიონის დოლარისა. ეს სესხი ჩვენი ფულით 12 მილიარდ მანეთს უდრის. ჩვენ დიდი თანაგრძნობით უნდა შევხვდეთ, თუ სომხეთი ამ სესხს კარგად გაანაღდებს და მით თავის ფინანსიურ მდგომარეობას განამტკიცებს. მაგრამ ამ საკითხში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რესპუბლიკის ფინანსიური და ეკონომიური ინტერესები უნდა დავიცვათ. საზოგადოდ უცხო სახელმწიფოში სესხის გამოცხადება ასე იოლად არ სწარმოებს იმ ქვეყანაშიც კი, რომელთაც დიდძალი თავისუფალი კაპიტალი აქვთ. არც ერთ უცხო სახელმწიფოში სესხის მიღების ნებართვის მიღება ისე, რომ მინისტრმა გაისეირნოს გზაზე, შეიაროს სამინისტროში და აიღოს ნებართვა სესხის გამოცემაზე, არსად მომხდარა. რუსეთის ფინანსთა მინისტრები უცხოეთში წინასწარ პრესას აამუშავებდენ, სათანადო წრეებში ნიადაგს შეამზადებდენ, შემდეგ კი სპეციალურად გაემგზავრებოდენ იმ ქვეყანაში, სადაც სესხის შოვნას ჰფიქრობდენ. ასე ძნელი იყო უცხოეთში სესხის აღების უფლების შოვნა (ხმა: ქრთამები უნდა გაიღონ?). და თუ იმათ ასეთი მუშაობის შემდგომ ქრთამების გაღებაც კი სჭირდებოდათ, აქედან თქვენ დაინახავთ, როგორ სიძნელეს წარმოადგენდა სესხის აღება ისეთს ქვეყნებშიც კი, სადაც აუარებელი თავისუფალი კაპიტალი მოიპოებოდა. დღეს ყველა ჩვენს ქალაქებში პლაკატებია გაკრული. ჩვენ მოქალაქე გრიგორიანებს მოუწოდებენ მხოლოდ სომხურს ენაზე: დაეხმარეთ ფინანსიურად სომხეთსო. ჩვენ ყოველთვის უნდა ვერიდოთ ჩვენი მოსახლეობის ისეთ საქმეებში ჩაბმას, რაც ავნებს ჩვენსა და სომხეთს შორის მეგობრულ განწყობილებას (ლორთქიფანიძე: ისინი ამერიკაშიაც კი აგროვებენ სესხს!). თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამერიკისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს რამოდენიმე მილიონ დოლარის უცხოეთში გატანა და იქ უძრავ ქაღალდებში მოთავსება. ჩვენ კი უდიდეს ფინანსიურ კრიზისს განვიცდით და თვით ჩვენ გამოვაცხადეთ შინაური სესხი და სამწუხაროდ, ვერ გავანაღდეთ. ამავე დროს ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ სუსტი ჩვენი კაპიტალები უცხო სახელმწიფოში დაბინავდეს. სესხის მარტო სომხებისთვის გამოცხადებას და ამისთვის სომხურ ეროვნულ საბჭოს მიერ ყველა სომხურ ორგანიზაციათა და დაწესებულებათა დარაზმვას კი უთუოდ დიდი ფსიხოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ჩვენსა და სომხეთს შორის ორივე ერის საბედნიეროდ მყარდება სრულიად ლოიალური და მეგობრული განწყობილება.

ხელოვნურად ნუ გავაღვიძებთ იმ განწყობილებას, რომელიც აქ მცხოვრებს სომხების ერთ ნაწილში არსებობდა და რომელიც უკვე ისპობა ორივე ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს ყველა მოქალაქე, ქართველია ის თუ სომეხი, სწორ უფლებიანი წევრია ჩვენი რესპუბლიკის და ჩვენ უნდა ვერიდოთ ისეთი ფსიხოლოგიური ურთიერთობის შექმნას, როდესაც საქართველოს მოქალაქე სომხები რაღაც განსაკუთრებულს დამოკიდებულებაში იქნებიან მეზობელ სახელმწიფოებთან.

ჩვენ ზევით უკვე აღვნიშნეთ, რომ ფინანსთა უწყება ვერ აწარმოებს მტკიცე პოლიტიკას და სხვა უწყებები მას ხელიდან სტაცებენ, რაც კი მათ მოესურვებათ, თითქოს ამ სამინისტრომ სრულიად დაკარგა ყოველივე ინიციატივა და გულხელ დაკრეფილი მიყვება ცხოვრების ტალღებს. ევროპის ქვეყნებში კი მმართველობის სადავე სწორედ ამ უწყებას უკავია ხელში. ეს უწყება თუ მცირე სიმტკიცეს გამოიჩენდა, ზოგიერთი ფინანსიური ეკონომიური ღონისძიება მას აუცილებლივ დროზე უნდა მიეღო.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ექსპორტის მოწყობას დიდი შედეგის მოტანა შეუძლიან.

იმპორტის მოწესრიგებასაც არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ყველა ის საქონელი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ჩვენ უნდა დავფაროთ უცხო ვალიუტით, ნედლი მასალით თუ რაიმე რეალ ღირებულებით. ცხადია, რომ რამდენი მეტი საქონელი შემოვა, იმდენი მეტი ეკვივალენტი დაგვჭირდება. ამ ნიადაგზე საშინელ კრიზისს განიცდის ჩვენი სავაჭრო ბალანსი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება შევამციროთ იმპორტი. ამ მიზნით, ჩვენ დიდი ბაჟები დავდევით. ფუფუნების საქონელს რაც უნდა დიდი ბაჟი დაადოთ, ის მაინც შემოვა. ვინც ფუფუნების საგნებს იძენს, ის ფასების წინაშე არ ჩერდება. ამ მხრივ საფრანგეთმა გონივრული ზომები მიიღო: ამა წლის 26 აპრილის დეკრეტით სრულიად აღკრძალეს თითქმის 1.500 თავი საქონლის შეტანა რესპუბლიკაში. თავისუფლად შეჰქონდათ მხოლოდ ნედლი მასალა და სურსათი. სამი თვის განმავლობაში საფრანგეთის სავაჭრო ბალანსი იმდენად გაუმჯობესდა, რომ ფრანკის კურსმა თითქმის 60 პროც. აიწია და ამის შემდგომ აღკრძალულ საქონლის რიცხვიც შეამცირეს. მილეირანმა განაცხადა: შეზღუდვის შემსუბუქება შესაძლებელი გახდა ვალიუტის საგრძნობლივ გაუმჯობესების გამოვო.

ჩვენ მთავრობას დღემდის ვერ მოუხერხებია ფუფუნების საგნების შემოტანის აკრძალვის პროექტის შემუშავება და წარმოდგენა ჩვენთვის, თუმცა ამის შესახებ არა ერთხელ გამოთქმულა სურვილი აქ, პრესაში თუ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (დადიანი: „კოსმოსს“ არ შემოუტანია ფუფუნების საგნები?). ალბათ შემოიტანა „კოსმოსმაც“ და სხვებმაც (დადიანი: ხომ იცნობთ „კოსმოსს“, როგორი პირობები დაუდვა მან ჩვენ მთავრობას?!). მე ვიცნობ როგორც „კოსმოსს“, აგრეთვე სხვა პირობებსაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, „კოსმოსთან“ ჩვენ ბევრი სასაყვედურო არაფერი გვაქვს, რადგან მას ჩვენი მთავრობა არ მოუტყუილებია, როგორც ეს სხვებმა ქნეს. მან ჯერ შემოიტანა საქონელი, მისცა ნისიად მთავრობას და შემდეგ გაიტანა სამაგიერო ეკვივალენტი.

ბატონებო, მე გაკვრით შევეხე ჩვენი ეკონომიურ-ფინანსიურ პოლიტიკის უმთავრეს დეფექტებს. წინასწარ და გადაჭრილად შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ასეთს ეკონომიურ პირობებში, რაც უნდა მტკიცე ფულის სისტემა იყოს, უთუოდ დაიშლება. ამ სამი წლის განმავლობაში ოქროს ვალიუტაც რომ გვქონოდა, ჩვენი ფულის ფასი მაინც დაეცემოდა; ოქრო გაიზიდებოდა უცხოეთში შემოზიდულ საქონლის საფასურად; იძულებული ვიქნებოდით ქაღალდის ფულზე გადავსულიყავით და ისიც დაიწყებდა დაცემას, პროპორციულად ჩვენი სავაჭრო ბალანსის პასსივისა და ემისიის გაძლიერებისა. ამ ჟამად ჩვენი ვალიუტის მდგომარეობა მძიმე და კატასტროფიულია და ეს სრულიად შლის ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას. ირღვევა კრედიტი, ვინაიდან არ არის მტკიცე ფული; ვაჭრობაში იშლება ნორმალური ურთიერთობა და შეუძლებელი ხდება ვაჭრული ანგარიში და გამორკვევა იმის, თუ რაში შეიძლება დაუზარალებლად შეძენილი საქონელის გასაღება. ფულის კურსის დაცემის გამო ყველა ცდილობს თავის დაზღვევას და ამის გამო ზედმეტ ფასებს ადებს საქონელს. ამის დასამტკიცებლად, თუ როგორ სწრაფად ეცემა ჩვენი ვალიუტა, მოგიყვანთ ზოგიერთ მაგალითებს. როდესაც ჩვენში ინგლისელები შემოვიდნენ, მაშინ გირვანქა სტერლინგი 40 მან. ფასობდა. მაშინ ჩვენი სავაჭრო ბალანსიც სწორი იყო. ამასთანავე ევროპასთან სავაჭრო დამოკიდებულება თითქმის სრულიად არ გვქონდა დაწყებული. დავიწყეთ ევროპასთან ვაჭრობა, დაუბრკოლებრივ დაიწყო აუარებელი უცხო საქონლის შემოტანა. დიდი ნაწილი საქონლის არ იყო პირველი მოთხოვნილების. სავაჭრო ბალანსის სწორწონაობა დაირღვა. ამას თან დაერთო ბონების მანქანის მუშაობის უფრო და უფრო გაცხოველება. ამის მიხედვით ეცემა ჩვენი ბონების ფასი. 1918 წ. ნოემბერ-დეკემბერში თუ გირვანქა სტერლინგი 40 მან. ფასობს, იანვარში უკვე სტერლინგში 50 მან. უნდა მისცეთ. თებერვალში უკვე 100 მან., მარტში - 150 მან., აპრილში - 190 მან., ივლისში - 350 მან., ოქტომბერში - 620 მან., ამა წლის იანვარში - 1.250 მანეთი. მაისიდან იწყება უფრო სწრაფი ნახტომები. სხვა მიზეზებთან ერთად ამას უთუოდ ხელი შეუწყო ბოლშევიკურ რუსეთთან ეკონომიურმა დაახლოვებამ. ივნისში სტერლინგი ღირს 1.450 მან., 15 ივლისს - 1.950 და 20 ივლისიდან მისი ღირებულება 3.300-4.000 მან. აღწევს. ამ რიგად, რაღაც 10-11 თვის განმავლობაში ჩვენი ბონის ფასი ეცემა 10.000 პროცენტით, ანუ ასჯერ.

ჩვენი ფულის სწრაფად დაცემაში ამ უკანასკნელ თვეების განმავლობაში უთუოდ დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ დავუახლოვდით ეკონომიურად უდაბნოდ ქცეულ რუსეთს, შევედით მის ეკონომიურს სფეროში. ამ უდაბნოსთან ასე დაახლოვება, რასაკვირველია, სახეირო არ იქნება პატარა ოაზისისთვის, როგორც თქვენ საქართველოს უწოდებთ. ჩვენმა ფულმა უკვე იგრძნო რუსეთის დიდი დაახლოვება.

ბათომის შემოერთებამ აგრეთვე, სარგებლობის მაგიერ, ზიანი მიაყენა ჩვენი ფულის კურსს. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ბათომის შემოერთების დროს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ საჭირო ნაბიჯები არ გადადგა. ჩვენი მტრები უცხოელ ვაჭარ-მრეწველთა წრეში ჩვენს შესახებ პროვოკაციულ ხმებს ავრცელებდენ: მოდის საქართველო თავის რეკვიზიციით, ნიხრებით და სხვა სოციალისტურ ექსპერიმენტებითო. საჭირო იყო ამ პროვოკაციის გაბათილება და სათანადო დეკლარაციის გამოცემა, რომ ბათომში შემოსული საქონელი უზრუნველყოფილია რეკვიზიციისაგან; რომ უცხოეთის ეკონომიური დენა ბათუმისაკენ შეზღუდული არ იქნებოდა და სხვ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბათომი ჩვენთვის ძვირფასია არა მარტო როგორც ტერიტორიის ერთი ნაჭერი, არამედ როგორც მსოფლიო ნავთსადგური, ევროპა-აზიის ეკონომიური ურთიერთობის გასაღები.

აქ ხშირად მსოფლიო ომით და საერთაშორისო მდგომარეობით ასაბუთებენ ჩვენს ეკონომიურ კრიზისს. ამბობენ: ევროპაშიაც ასეთივე მდგომარეობააო. მაგალითებიც მოიყვანეს - ფულის კურსი იქაც ეცემაო. ერთი მაგალითი მეტად კურიოზული იყო: ომის გათავებისას სტერლინგში 68 ფრანკს იძლეოდენ, ეხლა კი მხოლოდ 46 ფრანკსო. მაშასადამე, სტერლინგის ფასი დაეცაო. სინამდვილეში კი სულ სხვაა. სტერლინგის ფასმა აიწია და თითქმის მიაღწია ნორმალურ კურსს. და თუ ეხლა სტერლინგში უფრო ცოტა ფრანკებს იძლევიან, ეს იმიტომ, რომ ფრანკი მეტად დაცემული იყო და უკანასკნელ ხანებში დიდად აიწია. ასევეა გერმანული მარკებიც.

თუ გირვანქა სტერლინგი გერმანიის ფულებზე 360 მარკას უდრიდა ერთ დროს, ამ ჟამად უდრის მხოლოდ 140 მარკას (ევ. გეგეჭკორი: ეს პოლონეთის დამარცხების შემდგომ!). არა, ბატონებო, ჩემი ცნობები უფრო ადრინდელი დროისაა. ასევე მტკიცდება ბელგიის და სხვა მეომარ ქვეყნების ვალიუტა.

ეხლა აიღეთ, თუ გნებავთ, პოლონეთი, ესტონია, ლატვია. ამ ქვეყნების ფულიც გაცილებით უფრო მტკიცეა. ამ რიგად, ერთის მხრივ, ჩვენი ვალიუტა, მეორეს მხრით ინგლის-საფრანგეთ-გერმანიის და სხვა ქვეყნების ვალიუტა, რომელიც თანდათან მაღლა იწევს და ძველ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

თუ ომია ჩვენი ეკონომიური კრიზისის მიზეზი, ომმა ყველაზე უფრო სწორედ ეს სახელმწიფოები დააზარალა. იქ ომის დასრულების შემდგომ, როგორც ვნახეთ, ეკონომიური ვითარება უმჯობესდება. ჩვენში კი სწორედ ამ მსოფლიო ომის გათავების შემდგომ ცხოველდება ეკონომიური მდგომარეობის გაუარესების პროცესი. ამ მხრივ ჩვენ მხოლოდ ბოლშევიკები გვიწევენ ამხანაგობას. ჩვენმა თავმჯდომარემ, ხომ გახსოვთ, დეპეშაც გაუგზავნა ლენინს: ხელი-ხელ ჩაკიდებული წავიდეთ წინ, სოციალიზმის დასამყარებლადო. დამეთანხმეთ, რომ ასეთს განცხადებასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ევროპის თვალში ჩვენი ფინანსების სახელის გატეხის საქმეში (დადიანი: თქვენმა ამხანაგმა მაჭავარიანმა აკი უწოდა ჟორდანიას ნოე აღმაშენებელი? მაჭავარიანი: მე ვსთქვი, რომ მე ვისურვებ საქართველოსათვის ნოე ჟორდანია გახდეს ნოე აღმაშენებელი-თქო. ამას ახლაც ვისურვებ!).

თუ ჩვენ გვინდა ევროპის გზით სიარული, მაშინ უნდა შევეთვისოთ ევროპის ეკონომიურ პოლიტიკას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა კი არ არის შეთვისებული ევროპის პოლიტიკასთან. ეს კი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფინანსებზე კერძოდ, და მთელს ეკონომიურ ვითარებაზე, საზოგადოდ.

და თუ ჩვენ ევროპის ეკონომიურ პოლიტიკას დავადგებით, ეკონომიურ განსაცდელისაგან თავის დასაღწევად ჩვენც გამოვნახავთ იმ გზებს, რომლებზედაც ბ. ჟორდანია ამბობდა ერთს თავის მოხსენებაში. უწინარეს ყოვლისა, ჩვენ მივიღებთ ზომებს ნამდვილი ბიუჯეტის შესადგენად. დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ხარჯები, შემოსავალი კი თითქმის არავითარი. ასე სახელმწიფო დიდხანს ვერ გასძლებს, უნდა მოეწყოს წესიერი აპარატი გადასახადების შესაკრებად. ეს მოგვცემს საშუალებას შევამციროთ განუსაზღვრელი ბონების ბეჭდვა. ამის შემდგომ ჩვენ უნდა მოვსპოთ ყველა ის დაბრკოლებანი, რომელნიც ჰბორკავენ ჩვენს სასოფლო მეურნეობას, მრეწველობას და წესიერ აღებ-მიცემობას. უნდა შევიგნოთ, რომ თუ სახალხო მეურნეობა დამბლა-დაცემული დარჩა, სახელმწიფოს ფინანსები ვერ გამოსწორდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საგარეო ვაჭრობას. ექსპორტი უნდა გავაცხოველოთ. ბიუროკრატიულად მოწყობილმა მონოპოლიებმა არ გაამართლეს თავისი დანიშნულება. საჭიროა ექსპორტის საქმე მოგვარდეს იმ წრეებთან შეთანხმებით, რომლებსაც სათანადო ცოდნა, გამოცდილება და კაპიტალი აქვთ.

საჭიროა იმპორტის შეზღუდვა. ფუფუნების საგნების შემოტანა სრულიად უნდა აღვკრძალოთ. ფუფუნებაზე ვიზრუნოთ მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა გამოსწორდება. ამის გარდა საჭიროა, ბატონებო, დაუყოვნებლივ შევუდგეთ უფრო საფუძვლიან მოლაპარაკებას ევროპის კაპიტალისტებთან, რომ ისინი მოვიზიდოთ ჩვენსკენ. ჩვენ მეტად სუსტი ვართ კაპიტალით, ტეხნიკით, გამოცდილებით. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი კაპიტალი კიდევ უფრო მცირდება, ვინაიდან ხდება კაპიტალის ემიგრაცია. სოციალისტური ექპერიმენტებით დაშინებული მწარმოებელნი უცხოეთში იხიზნებიან. თუ ზომები არ მივიღეთ, ეს ემიგრაცია კიდევ უფრო გაგრძელდება და გაიტანენ აქედან დიდ სიმდიდრეს სხვა და სხვა ნივთების სახით - გაიტანენ ძვირფას ნივთებს, სავალიუტო საქონელს და სხვ. ეს კი გამოიწვევს ჩვენს ეკონომიურ გაღატაკებას. მაშასადამე, ამ მხრივაც საჭიროა სათანადო ნაბიჯების გადადგმა. შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მწარმოებელნი კი არ იხიზნებოდენ აქედან, არამედ მოდიოდენ ჩვენში. მაშინ შეგვეძლება მაქსიმუმი სარგებლობისა ავიღოთ მათი მუშაობიდან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეთა ასამოძრავებლად.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლშევიკებმა სრულიად გაანადგურეს და კიდეც ამოჟლიტეს თავის კაპიტალისტები. ისინი მალე დარწმუნდენ, რომ ქვეყნის ეკონომიური აყვავება დეკრეტით და ცარიელი ლოზუნგებით არ შეიძლება. ეხლა იგინი სანთლით ეძებენ ამ კაპიტალისტებს. ევროპის კაპიტალისტებს მუხლ მოდრეკით ემუდარებიან: მოდით, ხელს არ ვახლებთ თქვენს ქონებას, ოღონდ აამოძრავეთ ჩვენგან განადგურებული ეკონომიური ცხოვრებაო. ბატონებო, ნუ დავემზგავსებით მათ. დროზე შევქმნათ ისეთი პირობები, რომ როგორც ჩვენს, აგრეთვე უცხოელ მწარმოებელთ, ჩვენში ქვეყნისთვის სასარგებლო წარმოებათა დაწყება შეეძლოთ.

თავმჯდომარე: ბ. ორატორო! თქვენი დრო გავიდა.

ალ. ასათიანი: ბოდიშს ვიხდი, ეხლავ გავათავებ. აი, ბატონებო, ამ კონცენსიების შესახებ უსათუოდ უნდა აწარმოოთ მოლაპარაკება. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ აგრეთვე ბათომს, სამართლაინობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, ინგლისელების დროს, ბათომი დიდ საერთაშორისო ნავთსადგურად გადაიქცა. ამას ხელი შეუწყო აგრეთვე იმ აგრემოებამ, რომ შავ ზღვაზე სტამბოლს აქეთ ყველა ნავთსადგურები გაუქმებული იყო რუსეთის ანარქიის გამო. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ასეთი პირობებით და სამუდამოდ განვუმტკიცოთ ბათომს დიდი საერთაშორისო ნავთსადგურის მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენი დღვანდელი პოლიტიკა თუ გაგრძელდა, ბათომი ისევ პატარა დაბად გადაიქცევა. ეს უდიდესი ზიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საჭიროა დაუყოვნებლივ გადავდგათ სათანადო ნაბიჯები და ვამცნოთ ევროპას, რომ ბათომის ნავთსადგურთან მათი ეკონომიური დამოკიდებულება სრულიად თავისუფალი და უზრუნველყოფილია. თვით ნავთსადგური პორტო-ფარნკოდაც რომ გამოვაცხადოთ დროებით, ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება. მრავალი მსოფლიო ნავთსადგურები, როგორიცაა ჰამბურგი, მარსელი, ტრიესტი, ოდესა და სხვ. დროებით პორტოფრანკოდ გადაქცევით გაძლიერდენ და გახდენ უდიდეს ნავთსადგურებად. იქნებ ბათომისთვის საჭიროც არ იყვეს მთელი ნავთსადგურის დროებით პორტო-ფრანკოდ გამოცხადება და საკმარისი იყვეს წესიერი სატრანზიტო პირობების გამომუსავება. ყოველ შემთხვევაში, ფრიად სასწრაფოა ბათომის საჭირო პირობების გამომუშავება. სხვა ზომებს აქ მე ვეღარ აღვნიშნავ და დასასრულ მოგახსენებთ კიდევ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გამოსწორება მხოლოდ სახალხო ბიუჯეტის გაჯანსაღებით და ეროვნული მეურნეობის აღორძინებით შეიძლება.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომარაგების მინისტრის ამხანაგს, ბატონ ივ. ჭავჭანიძეს.

ი. ჭავჭანიძე (მომარაგების მინისტრის ამხანაგი): მოქალაქენო! დამფუძნებელ კრების ოპოზიცია, როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, წარმოდგენილ ბიუჯეტის გამო გამართულ საერთო კამათში მომარაგების სამინისტროსაც სწვდა. მარჯვნიდან შემოგვიტია პატივცემულმა სპ. კედიამ და სხვა ახალ ბრალდებებთან გაიმეორა ერთი ძველი ბრალდება, რომელიც მე ამ ტრიბუნიდან ორჯერ გავაბათილე. იგი ერთხელ კიდევ შეეცადა დაემტკიცებია, რომ თამბაქოზე მონოპოლიის გამოცხადებამ და მომარაგების სამინისტროს მიერ ამ მონოპოლიის უხეიროდ ცხოვრებაში გატარებამ შეამცირა თამბაქოს კულტურა და დაღუპა თამბაქოს საქმე. მე ხელთა მაქვს სტატისტიკური ცნობები, რომლებიც სრულიად აბათილებენ ბ-ნ კედიას მიერ განმეორებულ ბრალდებას. აი, რას მოგვითხრობენ ციფრები. თამბაქოს მოსავალი ყოფილა:

1912 წელში - 408.589 ფუთი.
1913 - 442. 830 ...
1914 - 602.270 ....
1915 ............... - 425.400 ....
1916 ............... - 480.000 ....
1917 ............... - 422.000 ....
1918 ............... - 60.000 ....
1919 ............... - 100.000 ფუთი.

ზემო მოყვანილი ციფრები მოგვითხრობენ, რომ უდიდესი მოსავალი 1914 წელს ყოფილა. მას შემდეგ თამბაქოს მოსავალი თან და თან კლებულობს და 1918 წელს ჩამოდის 60.000 ფუთამდე. თამბაქოს მონოპოლია გამოცხადდა 1919 წლის შემოდგომაზე. მანამდე არც მონოპოლია იყო და არც მომარაგების სამინისტრო, მხოლოდ თამბაქოს კულტურა კი თან და თან მცირდებოდა. ჩვენ არ გვაქვს დაწვრილებითი ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი თამბაქო დაითესა წელს სოხუმის ოლქში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წლევანდელი ნათესი გაცილებით მეტ თამბაქოს მოგვცემს, ვინემ უკანასკნელმა სამმა წელმა მოგვცა. ჩვენ ერთი - კოდორის რაიონიდან მივიღეთ ცნობა ნათესის რაოდენობის შესახებ. წელს ამ რაიონს, კოდორის ერობის ცნობით, დაუთესია 1.000 დესიატინა. საშუალო დესიატინა იძლევა 55 ფუთ თამბაქოს. ამ ანგარიშით მარტო კოდორის რაიონი მოგვცემს 55.000 ფუთ თამბაქოს. ყველა რაიონებზე მეტ მოსავალს იძლეოდენ გუმისტინის და გუდაუთის რაიონები.

ამ რაიონების მოსავალი ალბათ არც წელს იქნება კოდორისაზე ნაკლები. სტატისტიკურ კომიტეტსაც მოუხდენია გამოკვლევა. ამ უკანასკნელის ცნობებით, მიმდინარე წლის ნათესები მოგვცემს დაახლოვებით 270.000 ფუთ თამბაქოს. მონოპოლიის საკითხს შეეხო ბ-ნი ასათიანიც. მან, როგორც ყოველთვის, ეხლაც გაილაშქრა ძველი ბრალდებებით მომარაგების სამინისტროს წინააღმდეგ. მისი აზრით, მხოლოდ მარგანეცის მონოპოლიაა წესიერად დაყენებული, და თან ყალბი ცნობებიც ამოალაგა. მისი განცხადებით, სამი მეოთხედი უცხო ვალიუტის მომარაგების სამინისტროს შემოსდის მარგანეციდან. მანვე განაცხადა, რომ მომარაგების სამინისტროს დღემდე მარგანეცის მრეწველთაგან მიუღია 37.500 გირ. სტერლინგამდე. ეგ ციფრი მართალია, მაგრამ იგი არ შეადგენს სამ მეოთხედს იმ უცხო ვალიუტისა, რომელიც მომარაგების სამინისტროს შესვლია ოპერაციების საწარმოებლად. მარტო ორ გემ ხორბალში მივეცით 187.000 გირ. სტერლინგი, 37.500 გირ. სტერლინგი კი ამ თანხის ერთ მეოთხედსაც არ შეადგენს. ბ-მა ასათიანმა ჩვენი იმპორტ-ექსპორტის შესახებაც ყალბი ცნობები მოგაწოდათ. მან შეუმოწმებლად ისარგებლა მთავარ საბაჟოს ცნობებით და მოგახსენათ, რომ თითქო ჩვენ 1919 წლის განმავლობაში შემოგვიტანია 863 მილიონის საქონელი, გაგვიტანია კი მხოლოდ 393 მილიონის. მთავარ საბაჟოში შემოტანილი და გატანილი საქონლის აღრიცხვა ფუთობით ხდება. რაც შეეხება მათი ღირებულების გამოანგარიშებას, ეს ძალიან ძნელია დღევანდელ პირობებში საბაჟოს მოხელისათვის, რადგან დღეს ფასები საათობით იცვლება. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო საბაჟოს ცნობით სარგებლობის დროს. რომ ბ-ნ ასათიანის მიერ მოყვანილი ცნობები შემცდარია, ამას ნათლად მოწმობს შემდეგი: შვიდი თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გასული მარტო თამბაქო და მარგანეცი 1.005.792 გირვანქა სტერლინგადაა ღირებული. სტერლინგის კურსი რომ 1.200 მანეთად ვიანგარიშოთ და არა დღევანდელი 2.500-2.000 მანეთად, მივიღებთ, რომ ჩვენ გაგვიტანია ერთ მილიარდ ორას მილიონ მანეთზე მეტად ღირებული თამბაქო და მარგანეცი. კიდევ მოგახსენებთ, ბატონებო, უტყუარ ცნობებს: მიმდინარე წლის მარტო ივლისში ისეთი საქონელი, რომელიც მომარაგების სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება, გაუტანიათ 368.016.650 მანეთის. აქ არ შედის ივნისში გატანილი მარგანეცი და აგრეთვე ყველა ის გატანილი საქონელი, რომლის გატანა თავისუფალია. თუ ინებებს ბ. ასათიანი, მობრძანდეს ჩემთან სამინისტროში და დარწმუნდება, რომ ეგ ციფრები მათემატიკურის სისწორით არის გამოანგარიშებული.

ბ-ნ ასათიანს საწყენად დარჩენია ისიც, რომ მომარაგების სამინისტრომ მარგანეცის ექსპორტიორებს, ნაცვლად წინანდელი 25 პროცენტისა, მოსთხოვა 35 პროცენტი წმინდა მოგებისა და მთელი წმინდა მოგება გატანილი მარგანეცის 10 პროცენტისა.

თქვენი უბედურება იმაშია, რომ თქვენ გწყინთ ექსპორტიორების დიდი მოგებაო, - განაცხადა ბ. ასათიანმა. მე ვეკითხები ბ. ასათიანს: თვითონ ის რად სწუხს მთავრობის მიერ მეტის მიღებას? რაც სახელმწიფო ხაზინაში შევა, იგი ეკუთვნის მთელ ერს და მათ შორის იმ მუშებსაც, რომლებმაც დაამუშავეს ეგ მარგანეცი, ხოლო რაც კერძო ექსპორტიორის ჯიბეში ჩავა, ის კი კერძო პირს ეკუთვნის. მომარაგების სამინისტროს მოთხოვნილებას დიდად არ შეუწუხებია მარგანეცის მრეწველები და კიდეც მიიღეს იგი; სწუხს მხოლოდ ბ-ნი ასათიანი.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ ბ-ნ კედიას ბრალდებებს. ბ-მა კედიამ გაილაშქრა მთავრობის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ბიუჯეტში არ არის შეტანილი მომარაგების სამინისტროს ხარჯთ-აღრიცხვა. იგი აღშფოთებულია აგრეთვე იმით, რომ მომარაგების სამინისტროს მოხელეებს დიდი ჯამაგირები ქონიათ. განვიხილოთ, ბატონებო, ეს ბრალდებები.

მომარაგების სამინისტროს დაარსებისას ჩვენს ქვეყანას სიმშილის აჩრდილი დასტრიალებდა თავს. თქვენ იცით, რომ შარშანდელი წელიწადი მეტად მოუსავლიანი წელი იყო - ყოველ წლიურ, ჩვეულებრივ, მოსავლის ერთი მესამედიც კი არ მოსულა. ამას ისიც თან ერთვოდა, რომ მაშინ კიდევ ერთგვარი ძალის მქონე მოხალისეთა ჯარის ფლოტის ყაჩაღობა შავ ზღვაზე და ჩვენს ნავთსადგურებისაკენ არას უშვებდა. მდგომარეობა მეტად სერიოზული იყო.

დეკემბერში და იანვარში ყოველ დღე მოველოდით სიმშილობის დაწყებას. იყო ისეთი წუთები, როდესაც ჩვენს საწყობებში ერთი მარცვალი ხორბალი ან ერთი გირვანქა ფქვილიც კი არ მოიძებნებოდა. დღეს რომ გავსცემდით ფქვილს ჯარისთვის და გვარდიისთვის სახვალიო პურის გამოსაცხობად, ზეგისათვის არა გვირჩებოდა რა.

ასეთი იყო, ბატონებო, ჩვენი მდგომარეობა და ამის შესახებ ხმა მაღლა ლაპარაკი კი არ შეგვეძლო, რომ პანიკა არ გამოგვეწვია და ისედაც უკიდურესობამდე გამწვავებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაგვემწვავებია. და ასეთ პირობებში მომუშავე მომარაგების სამინისტროს განა შეეძლო შტატების შედგენაზე ან მომავლის ფართე გეგმებზე ზრუნვა?!

ჩვენის ღრმა რწმენით, ამ დროს საჭირო იყო თავგამოდებითი და დაუღალავი მუშაობა პურის შეძენის საქმეზე, და არა შტატების და გეგმების თხზვა. ჩვენც სწორედ ასე მოვიქეცით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ შტატები და გეგმები იქნებოდა გამზადებული, მეფე შიმშილი მთელი თავისი საშინელებით შემოიჭრებოდა ჩვენს ნორჩ რესპუბლიკის საზღვრებში და მაშინ ჩვენს წინ წამოიჭრებოდა არა შტატების საკითხი, არამედ საკითხი ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის. ჩვენთვის ეგ უკანასკნელი, ე.ი. ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, უფრო დიდი საკითხი იყო და არის, ვინემ ქაღალდზე ლამაზად შედგენილი შტატები და მოხდენილად დაწერილი გეგმები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვემსგავსეთ ცნობილ არქიმედს. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ არქიმედმა მის სამუშაო კაბინეტში შეჭრილ რომაელ ჯარისკაცებს, რომელნიც მის სიცოცხლეს ემუქრებოდენ, გულუბრყვილოდ შესძახა: „ჩემს წრეებს არ ახლოთ ხელიო!“ არქიმედის თავს ზევით აღმართული იყო გამხეცებული ჯარისკაცის ხმალი, ხოლო არქიმედი კი ამ დროს თავის წრეებზე და მათემატიკურ ფორმულებზე ზრუნავდა. როგორ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ბატონებო, ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენ, მსგავსად არქიმედისა, კარზე მომდგარ შიმშილზე წინ შტატებზე და გეგმებზე გვეზრუნა და პურის შოვნის საქმე კი მიგვივიწყებია? დამეთანხმებით, რომ მეფე შიმშილი ჯარისკაცზე უფრო სასტიკი და ულმობელი რამ არის და მის წინააღმდეგ ქაღალდზე დაწერილი შტატებით ვერას გავხდებოდით. ამიტომ პირველ ხანებში ჩვენც თავი გავანებეთ შტატებზე ზრუნვას და მთელი ენერგია პურის შოვნისაკენ მივმართეთ. შევსძელით თუ არა ამ მხრივ რაიმე საგრძნობის გაკეთება, ეს თქვენც მოგეხსენებათ, ყოველ შემთხვევაში ფაქტია ის, რომ ეპიდემიური შიმშილი თავიდან ავიცილეთ და ახლა ის საშინელი სასურსათო კრიზისი, რომელიც შიშის ჟრუანტელს გვგვრიდა, უკვე განვლილია.

აი, ბატონებო, ჩვენი დანაშაული, და თუ თქვენ ინებებთ ამისთვის დამნაშავის სკამზე დაგვსვათ, იყვეს ნება თქვენი, - ჩვენ პირუთვნელ სამსჯავროს არ გავექცევით.

მაგრამ, ბატონებო, ესეც რომ არ იყოს, მაშინაც არ ჩაეთვლებოდა ჩვენს მთავრობას და მომარაგების სამინისტროს დანაშაულად ის, რომ იმ ხარჯთ-აღრიცხვაში, რომელსაც თქვენ ახლა იხილავთ, ვერ შევიდა მომარაგების სამინისტროს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა. თქვენ ახლა არჩევთ 1919-20 საბიუჯეტო წლის ხარჯთ-აღრიცხვას და ისიც მხოლოდ 1919 წლის 31 დეკემბრამდე, ე. ი. მხოლოდ შვიდი თვის ხარჯთ-აღრიცხვას. მომარაგების სამინისტრო დააარსდა 1919 წლის ნოემბერში, მან მოქმედება დაიწყო 20 ნოემბრიდან. ის ხარჯთ-აღრიცხვა კი, რომელსაც თქვენ ახლა არჩევთ, შემოტანილ იქნა მთავრობის მიერ დამფუძნებელ კრებაში გაცილებით უფრო ადრე. აშკარაა, რომ წარმოდგენილ ხარჯთ-აღრიცხვაში ვერ შევიდოდა იმ დროს არ არსებული სამინისტროს შტატები და ხარჯები. მართალია, შეიძლებოდა, რომ ზემოთ აღწერილი მდგომარეობა არ ყოფილიყო, დამატებით შემოტანა ამ ხარჯთ-აღრიცხვის, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ ერთი თვის და ათი დღის ხარჯთ-აღრიცხვა, რადგან გასულ 1919 წელში, რომლის ხარჯთ-აღრიცხვას ახლა თქვენ არჩევთ, მომარაგების სამინისტრომ სულ ეს ერთი თვე და ათი დღე იარსება; და განა ღირდა ხარჯთ-აღრიცხვის ამ ერთი ნაკუწის ცალკე წარმოდგენა?!.. ჩვენ შეგვეძლო, მას შემდეგ, რაც ჩვენი სასურსათო საქმე გამოკეთდა, შეგვედგინა გასული საბიუჯეტო წლის მთელი ხარჯთ-აღრიცხვა, მაგრამ ამ დროს კარს მოგვადგა 1920-21 საბიუჯეტო წელი, და ჩვენ ვარჩიეთ უწინ ამ წლის ხარჯთ-აღრიცხვა შეგვედგინა, რომ დროზე წარგვედგინა იგი ფინანსთა სამინისტროსთვის და საშუალება მიგვეცა მისთვის დროზე დაესრულებია მთელი რესპუბლიკის ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა. ჩვენ ეს ხარჯთ-აღრიცხვა უკვე შევადგინეთ და წარმოვუდგინეთ ფინანსთა სამინისტროს, - ერთი ცალი საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესაც გაეგზავნა, გასული საბიუჯეტო წლის ხარჯთ-აღრიცხვას კი ეხლა ვამუშავებთ და ამ თვის დამლევამდე ისიც მზად იქნება.

როგორც ხედავთ, ჩვენ არ გავურბივართ ხარჯთ-აღრიცხვის წარმოდგენას.

ახლა მოგახსენებთ ჯამაგირების შესახებ. მართალი გახლავთ ის, რომ მომარაგების სამინისტროში მოხელენი მეტს ჯამაგირს იღებენ, ვინემ სხვა სამინისტროებში, მაგრამ ისიც მართალია, რომ ამ სამინისტროში მოხელეები მეტს მუშაობენ. თქვენ იცით, თუ რა მძიმე სასურსათო კრიზისი გადავიტანეთ. საჭირო იყო დიდი მუშაობა, რომ თავი დაგვეხწია შიმშილისაგან. მომარაგების სამინისტროში მუშაობა იყო და არის როგორც დილაობით, ისე საღამოობითაც; მუშაობა აგრეთვე კვირა-უქმე დღეებშიც ისე ესაჭიროება პატივცებულ სპირიდონის კუჭს, როგორც ორშაბათს და სამშაბათს. სხვა სამინისტროებში თვის განმავლობაში საშუალოდ 25 სამუშაო დღეა, მომარაგების სამინისტროში კი 60 სამუშაო დღე. და აბა რა სამართალი იქნებოდა, რომ ერთნაირი ჯამაგირი მიგვეცა როგორც იმისთვის, ვინც თვეში 25 დღეს მუშაობს, ისე იმისთვის, ვინც 60 დღეს მუშაობს?! ამიტომ თქვენს სამინისტროში მოხელე ორმაგ ჯამაგირს იღებს. მაგრამ შეიძლება ის აღშფოთებს ბ-ნ სპირიდონს, რომ ორიოდე მოხელე ორმაგ ჯამაგირებზე მეტს იღებს. დიახ, ასეთებიც არის ბარე თერთმეტ კაცამდე. ბატონებო! მომარაგების სამინისტრო კომერციული დაწესებულებაა. ამ სამინისტროში არის ისეთი ადგილები, რომელზედაც ყველა მოხელე არ გამოდგება. აქ საჭიროა არა მარტო ჩინოვნიკური გამოცდილება, არამედ აგრეთვე კომერციული უნარი და ინიციატივა. იგი უნდა იყვეს არა მარტო აღმასრულებელი ამა თუ იმ ბრძანებისა, არამედ შემოქმედიც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კომერციული ბანკი კარგ ფინანსისტს ან კარგ ბუჰალტერს ჯამაგირზე ლაპარაკს და ვაჭრობას არ დაუწყებს. კომერციის ხალხმა იციან, რომ კარგი თანამშრომელი, რა დიდი ჯამაგირიც არ უნდა მისცენ მას, ათჯერ და ოცჯერ გამოიყიდის მასზე გაწეულ ხარჯებს. ჩვენ ექვსი თვე ვეძიეთ გამოცდილი ბუჰალტერი და დიდის გაჭირვებით მივაკვლიეთ ერთს: მაგრამ იგი ადგილზე იყო და თვეში 25.000 მანეთს იღებდა; ჩვენს სამინისტროში შტატით ბუჰალტერისთვის 6.500 მანეთია დაწესებული. დამეთანხმებით, რომ ჩვენ მიერ მონახული ბუჰალტერი თავის 25.000 მანეთიან ჯამაგირს არ გასცვლიდა 6.500 მანეთზე. ჩვენც ორში ერთი გზა უნდა აგვერჩია: ან ხელი უნდა აგვეღო კარგი და გამოცდილი ბუჰალტერის მოწვევაზე, ან 25.000 მანეთი მიგვეცა; ჩვენ უკანასკნელი გზა ავირჩიეთ. სხვანაირად მოქცევა ჩვენ არ შეგვეძლო, რადგან ჩვენს სამინისტროს წლიურად რამდენიმე მილიარდების ოპერაციები ექნება. ასეთ სამინისტროს ბუჰალტერია თუ სამაგალითოდ და უნაკლოდ არ ექნა დაყენებული, საქმე აირევა და სახელმწიფო უფრო გაცილებით მეტ ზარალს ნახავს, ვინემ ზედმეტი ჯამაგირის გაღებით კარგ ბუჰალტერზე.

ასევე მოვიქეცით ჩვენ ზოგიერთ მოანგარიშეების მოწვევის დროსაც. ჩვენს სამინისტროს, ბუღალტერიის გარდა, აქვს კიდევ ისეთი საქმეები, რომლებისთვისაც სპეციალისტებია საჭირო. ასეთ სპეციალისტებს შტატად დაწესებული ჯამაგირებით მოხელედ ვერ შეიტყუებთ და იძულებული გახდებით დამატებითი ჯამაგირები დაუნიშნოთ.

ასეთია, ბატონებო, საქმის ნამდვილი ვითარება, და თუ თქვენ ამ ვითარებას გაითვალისწინებთ, დამერწმუნებით, რომ ბ-ნი სპირიდონის აღშფოთება სრულიად უსაფუძვლოა.

დასასრულ, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ერთ გარემოებას: იშვიათი შემთხვევაა, რომ ჩვენი ოპოზიციის ორატორები ობიექტივობას იჩენდენ მთავრობის მოღვაწეობის დაფასებაში. უფრო ხშირად ისინი ცდილობენ ტენდენციურად შერჩეული დეფექტებით გავიდენ ფონს. აბა ვინ არ იცის, რომ დღევანდელ პირობებში უდეფექტოდ მუშაობა პირდაპირ შეუძლებელია. ჩვენი ოპოზიციის ორატორები კი ამ უმნიშვნელო დეფექტებს მოათრევენ ყურით ამ ტრიბუნაზე და ცდილობენ მთელ ქვეყანას დაუმტკიცონ ჩვენი მთავრობის უვარგისობა, ამავე დროს ერთ კრინტსაც კი არ დასძრავენ ამ მთავრობის დადებით მხარეებზე. სწორედ ასე მოიქცა ბ-ნი სპირიდონ კედიაც, როდესაც ცეცხლსა და მეხს აფრქვევდა მომარაგების სამინისტროს არა ერთხელ გაბათილებულ ბრალდებების წამოყენებით. მე კი მგონია, რომ დეპუტატს, რომელიც ამ ტრიბუნაზე გამოდის, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ავალებდეს მინიმალური ობიექტივობა მაინც გამოიჩინოს. ბ-ნ სპირიდონს რომ ეგ ობიექტივობა გამოეჩინა, იგი ამ ტრიბუნიდან აღნიშნავდა, რა ჭაპანწყვეტით და უმაგალითო შრომით შესძლო მომარაგების სამინისტრომ ერთ მილიონამდე ფუთი ხორბლეულობის დამზადება, რითაც ქვეყანა შიმშილისა და სიძვირის ნიადაგზე მოსალოდნელ საშინელ ანარქიისაგან გადაარჩინა. იგი აღნიშნავდა იმასაც, რომ მომარაგების სამინისტრომ დიდძალი მანუფაქტურა მიაწოდა ხალხს, დაამზადა ჯარისათვის რამდენიმე ასი მილიონი ტანთსაცმელი და ფეხსაცმელი; აღნიშნავდა აგრეთვე მომარაგების სამინისტროს მიერ მოწყობილ წინა წლების პარკის რეალიზაციის საქმეს, რომელსაც ბ-ნი სპირიდონი, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ნაკლს ვერ მოუნახავს; აღნიშნავდა მრავალ სხვა მომარაგების სამინისტროს მიერ გაკეთებულ და მოგვარებულ საქმეებს.

მაგრამ შეიძლება ყველა ეს არც კი იცოდეს ბ-მა კედიამ? მით უარესი, თუ ეს ასეა. განა დასაშვებია, რომ დეპუტატი ტრიბუნიდან კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდეს სამინისტროს მოღვაწეობას და ამავე დროს დაწვრილებით არ იცნობდეს ამ სამინისტროს ავსა და კარგს?! ეს არ არის დასაშვები, ეგ არ შეეფერება დეპუტატის ღირსებას.

ობიექტივობის ნასახი ვერ გამოიჩინეს აგრეთვე ვერც თედო ღლონტმა და ვერც ივანე ლორთქიფანიძემ. ეს დეპუტატებიც მხოლოდ დეფექტებს ჰქექდენ, ხოლო თუ რამ კარგი და მიზანშეწონილი გააკეთა საქართველოს მთავრობამ, იმის შესახებ არა სთქვეს რა. ბ-ნი ლორთქიფანიძე ეკონომიურ პოლიტიკის უვარგისობას უკიჟინებს საქართველოს მთავრობას და საბუთად მიუთითებს ჩვენი ბონების კურსზე. ბ-ნ ლორთქიფანიძეს რომ ცოტა შრომა გაეწია და ჩვენი ბონების კურსი შეედარებია ჩვენი მეზობელი რესპუბლიკების ფულის კურსთან, დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი ბონების კურსის საქმე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვინემ მას წარმოუდგენია. განა მარტო ჩვენი ბონების კურსი ეცემა? განა მტკიცედ სდგას ფულის კურსი ისეთ ბუმბერაზ სახელმწიფოების, როგორიც არიან ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვა ძველი სახელმწიფონი? განა კატასტროფიულ ხასიათს არ იღებს ფრანკის და ლირის კურსის დაცემა? დაეცა დოლარებთან შედარებით სტერლინგის კურსიც. აშკარაა, რომ ფულის კურსის ასეთი საერთო დაცემა ობიექტური პირობების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ჩამორჩენის ბრალია და არა საქართველოს მთავრობის.

ბატონი ღლონტი, რომელსაც ეკონომიურ მეცნიერების დიდ მცოდნედ მოაქვს თავი, ახირებულ რეცეპტს გვაწვდის ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. იგი ავტორიტეტულად ურჩევს ჩვენს მთავრობას თავის ხელში აიღოს როგორც მთელი ვაჭრობა, ისე წარმოებაც, ე. ი. მოახდინოს ვაჭრობისა და წარმოების ნაციონალიზაცია; მარტივად რომ ვსთქვათ, ბ-ნი თედო გვირჩევს დავადგეთ მის სათაყვანებელ კომუნისტების გზას. მაგრამ განა ამ გზამ არ მიიყვანა უმდიდრესი რუსეთი სრულ ეკონომიურ განადგურებამდე? განა საბჭოთა რუსეთის ფულის კურსი ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო დაცემული არ არის, ვინემ ჩვენი ბონის კურსი? არა, ბატონებო! საქართველოს დემოკრატია და მისი მთავრობა თედო ღლონტის მიერ ნაჩვენებ გზას ვერ გაყვება, რადგან მათ კარგად იციან, რომ ეკონომიურად ჩამორჩენილ ქვეყანაში, სადაც ორი ფაბრიკა და ქარხანა არ მოიძებნება, არ შეიძლება დეკრეტებით სოციალიზმის დამყარება.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატია მისი მთავრობის სახით არავითარ მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობა-მრეწველობისა და წარმოების საქმეში. თქვენის დასტურით და მოწოდებით მთავრობა მომარაგების სამინისტროს საშუალებით აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც ჩვენი ნედლი მასალების ექსპორტში, ისე უცხოეთის ფაბრიკატების იმპორტში. მომარაგების სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს ამ მოკლე ხანში დიდძალი პირველ მოთხოვნილების საგნები პირველ ხელიდან შეიძინოს უცხოეთის ბაზარზე და შემოიტანოს ჩვენში.

მომარაგების სამინისტრო თანდათან წარმოების საქმეშიც ებმება. მან შეიძინა წისქვილი, რომელსაც სამი დესეტინა მამული აკრავს; გადაწყვეტილი აქვს შეიძინოს უცხოეთში ტეხნიკის უკანასკნელ მოთხოვნილების თანახმად მოწყობილი ვალცებიანი წისქვილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი ადგილობრივი ხორბლიდან პირველი ხარისხის თეთრი ფქვილი მივიღოთ. ამის გარდა, სამინისტროს განზრახვა აქვს, დაიწყოს ჭიათურაში მარგანეცის საკუთარი წარმოება. ამავე დროს მთავრობა დიდ დახმარებას უწევს ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ერობებს და ქალაქებს სხვა და სხვა საწარმოვო დაწესებულებების მოწყობის საქმეში და თქვენც მთავრობის წინადადებითა და შუამდგომლობით არა ერთი და ორი საწარმოო სესხი მიგიციათ ქალაქთა და ერობათათვის.

როგორც ხედავთ, ჩვენ ჯერ არ ვსპობთ კერძო წარმოებას, მაგრამ ამ უკანასკნელის გვერდით ვაჩაღებთ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ წარმოებას. ჩვენში კაპიტალისტური მეურნეობა და წარმოება ჯერ კიდევ ახალ ჩასახულია; მას ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს, და ჩვენ კი შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან წარმოების მოწყობისა და გაძღოლის საქმეში. ხოლო მას შემდეგ, რაც კაპიტალიზმი თავის ისტორიულ მისიას შეასრულებს, როცა იგი, ერთის მხრივ, ამოსწურავს თავის თავს, და მეორეს მხრივ, საკმარისად მოამზადებს თავის მესაფლავე მემკვიდრეს, მაშინ ჩვენ არც სოციალისტური გარდაქმნის წინაშე შევსდგებით. ამისი საიმედო თავდები გახლავთ საქართველოს სოციალისტური საკანონმდებლო ორგანო და მისი სოციალისტური მთავრობა (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის თედო ღლონტს.

(თედო ღლონტის (ს.-ფ.) სიტყვა ამ ნომრის დამატებად იქნება დაბეჭდილი).

თავმჯდომარე: გთხოვთ მოისმინოთ ახლა საბოლოო ტექსტი დღევანდელ სხდომაზე მიღებულ დეკრეტისა.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტისას თავდაცვის ფონდისათვის 400.000.000 მან. გადადებისა, რომელსაც დამფ. კრება უკამათოდ იღებს).

3 საათ. და 15 წუთზე თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს.

14 ორმოცდამეოთხე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(44)

1920 წელი. აგვისტოს 6. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სვ. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 12 საათ. და 40 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმების შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.

2. განგრძობა მსჯელობისა - სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ახალქალაქის 50 საწოლიანი და ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის, ოკამოსა და გარელოვკის ამბულატორიების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი და ნ. იმნაიშვილი.

4. დეკრეტი - დაჭრილ-დასახიჩრებულთა ოჯახების და ომში დახოცილთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

5. დეკრეტი - ქ. ფოთის რადიო-სადგურისათვის შენობის ასაგებად 1.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

6. დეკრეტი - ქ. გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ი. ლორთქიფანიძე და ი. გომართელი.

7. დეკრეტი - კულტურულ მამულების ყოფილ მესაკუთრეთათვის ჩამორთმეულ ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.698 მან. და 55 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ს. ახმეტელაშვილი და ვ. ცაბაძე.

8. დეკრეტი - ტფილისის აბანოების ყოფილ მესაკუთრეთა დასაკმაყოფილებლად და ანანოვისათვის ჩამორთმეული მამულის „ვარციხის“ ინვენტარისა და ღვინის საფასურის ასანაზღაურებლად 2.172.409 მან. და 27 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ს. ახმეტელაშვილი და ვ. ცაბაძე.

9. დეკრეტი - კახეთის რკინის გზის საზოგადოებისათვის 10.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ვ. თევზაია და პ. წულაია.

10. დეკრეტი - პოლონეთს გასაგზავნ მისიის საჭიროებისათვის 3.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია კ. ჯაფარიძე და ი. სალაყაია.

11. დეკრეტი - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ი. ლორთქიფანიძე და ივ. გომართელი.

12. დეკრეტი - ქ. სოხუმის თვითმმართველობისათვის 4.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია მ. რუსია და ი. გომართელი.

13. დეკრეტი - სენატორებისა და სენატის საპროკურორო ნაწილის თანამდებობის პირთათვის ჯამაგირის მომატებისა. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე და გრ. გიორგაძე.

14. დეკრეტი - ქ. ხაშურის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

15. დეკრეტი - გორის მაზრის ერობისათვის 20.000.000 მან სესხის მიცემისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

16. დეკრეტი - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 14.400.400 მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

17. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შესახებ. მომხსენებელია ლ. ნათაძე.

18. დეკრეტი - შინა დასახლებულთა დასახმარებლად სესხის სახით 36.300.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. კოპალეიშვილი და დავ. ონიაშვილი.

19. დეკრეტი - აფხაზეთის მაზრების სასოფლო მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

20. დეკრეტი - რუსეთში გასაგზავნ მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 8.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი და ნ. იმნაიშვილი.

21. დეკრეტი - ბათომისა და ბათომის ოლქის მუშა-მოსამსახურეთათვის პირველი მოთხოვნილების საგნების მისაწოდებლად 100 მილიონი მანეთის გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

22. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის მუშა-მოსამსახურეთათვის დაკლებულ ფასებში პურის მისაწოდებლად 140.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. ლორთქიფანიძე და ი. გომართელი.

23. დეკრეტი - „დედობისა და ბავშვობის“ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

24. დეკრეტი - რეგულიარული ჯარისა და სახალხო გვარდიის მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენისა.

თავმჯდომარე: კრება გახსნილია. დღიური წესრიგის შესახებ ს.-დ. ფრაქციის ბიურო იძლევა შემდეგ წინადადებას: 1) მეორე საკითხი დაისვას უკანასკნელად, მე-13 საკითხი მოიხსნას დღიური წესრიგიდან და მე-17 საკითხი დაისვას მე-4 საკითხად; 2) დღიური წესრიგის მე-7 და მე-8 საკითხების მომხსენებლად ი. სალაყაიას მაგიერ იქნება ვ. ცაბაძე და მე-10 საკითხისა - ვ. თევზაია. განგრძობა მსჯელობისა შეკითხვის შესახებ დაისვას უკანასკნელ საკითხად და დღიური წესრიგის 21 და 22 საკითხების საბოლოო ტექსტები ამავე სხდომაზე იქნეს მიღებული. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? სიტყვას თხოულობს ბ. გობეჩია ივანე, სიტყვა მას ეკუთვნის.

ივ. გობეჩია (ს.-რ.): რამდენადაც ვიცი, განგრძობა მსჯელობისა შეკითხვის შესახებ უკანასკნელ საკითხად უნდა დაისვას დამფუძნებელი კრების წინაშე, მაშასადამე, შესაძლებელია, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდეს 3 საათზე ან 2 საათზე. თუ 2 საათზე დაისმება, ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ თუ გადასცილდება 2 საათს და ამ შეკითხვის შესახებ გაჭიანურდება ლაპარაკი, ჩვენ კატეგორიულად პროტესტს ვაცხადებთ. თვე ნახევარია, რაც შეკითხვა შემოტანილია ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობის შესახებ. ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ადმინისტრაცია ბორჩალოს მაზრაში განაგრძობს თავის თვითნებობას, იტაცებს ქალებს, ამწყვდევს მამაკაცებთან ერთად და მთავრობა თუ რაიმე კანონიერ ზომებს არ იღებს, რომ ბოლო მოუღოს ადმინისტრაციის თვითნებობას ბორჩალოს მაზრაში, დამფუძნებელმა კრებამ მაინც უნდა მოუღოს ბოლო. მე მგონია, რომ ეს შეკითხვა დღეს უნდა იქნეს განხილული, რომ შესაფერი დასკვნა გამოიტანოს დამფუძნებელმა კრებამ და ბოლო მოუღოს ადმინისტრაციის თარეშს.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს, ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი (ს.-დ.): მართალია, ბატონებო, ჩვენ გვაქვს წესით მიღებული, რომ შეკითხვები უნდა ორ საათზე განვიხილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ აუცილებლად უნდა გადავუხვიო ამ წესს და მივიღოთ სხვა წინადადება, რომელიც მიიღო ს.-დ. ფრაქციამ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღის წესრიგში არის ისეთი დეკრეტები, შესულია ისეთი საკითხები, რომ დანაშაულობა იქნება ჩვენის მხრივ, რომ ამ დეკრეტებს ყურადღება არ მივაქციოთ, რადგანაც ხალხი მოუთმენლად ელის ამ საკითხების გადაჭრას. აქ ორი დეკრეტი არის, მაგალითად, გორის დანგრევის შესახებ (შენგელაია: იქ მთელი მაზრა ინგრევა, ბატონო!). აუცილებლად უნდა მივიღოთ ეს დეკრეტები დღესვე (ხმაურობა). შეკითხვებისათვის დრო კიდევ გვექნება, ბატონებო! (ხმაურობა, ზარი).

თავმჯდომარე: საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ის წესი, რომლის ძალითაც ჩვენ პარასკეობით შეკითხვების განხილვას ვიწყებთ 2 საათზე, ის წესი შეცვლილია (გობეჩია და შენგელაია: მართალი არ არის!) (ზარი). გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით, ბ. გობეჩია! ეს შეკითხვა გადატანილი იქნება უკანასკნელ საკითხად დღის წესრიგში, ვინაიდან ეს წესი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულია (შენგელაია: რანაირი წესია ახლა?). ვინაიდგან მე კამათი დასრულებულად მიმაჩნია, ამიტომ კენჭს ვუყრი წინადადებას. ეს არის წინადადება ს.-დ. ფრაქციისა. მეორე საკითხად წავა შეკითხვა 2 საათისათვის. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? თავი ვინ შეიკავა? მიღებულია. მე-3 საკითხი წავა მეოთხე საკითხად. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? მიღებულია. ამიტომ ნება მიბოძეთ წინადადება მიღებულად მივიჩნიოთ და შევუდგეთ. დღის წესრიგის პირველი საკითხია: საბოლოო ტექსტები. სიტყვა ბ. გომართელს ეკუთვნის.

ივ. გომართელი (კითხულობს დღიური წესრიგის პირველ რიგში აღნიშნულ საბოლოო ტექსტს. საბოლოო ტექსტები უკამათოდ იქნა მიღებული).

1. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ახალქალაქის მაზრის სოფელ ბარალეთის, ოკამისა და გარელოვკის ამბულატორიების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე: ჯანმრთელობის კომისიის მხრივ მომხსენებელი გახლავთ ბ. გომართელი. სიტყვა მას ეკუთვნის.

ივ. გომართელი (მომხს.): დეკრეტი კი არ გახლავთ, ეს გახლავთ კანონპროექტი იმავე შინაარსისა, როგორიც ამას წინათ მივიღეთ ახალციხის მაზრის შესახებ. ბატონებო, მაშინ საქმე ეხებოდა ახალციხის ამბულატორიას, ახლა კი კანონ-პროექტი გულისხმობს ამ გვარივე ამბულატორიის შენახვას ახალქალაქის მაზრაში. ახალქალაქში გახლავთ ორი ამბულატორია. ძველი რეჟიმის დროს თითო ქალაქს ჰქონდა საავადმყოფო და დღესაც არის საავადმყოფო 50 საწოლით, რომელიც ერობამ უნდა შეინახოს. მაგრამ იქ ერობა მოუწყობელია, ამ ხარჯს ვერ გასწევს, ამ ამბულატორიას ვერ შეინახავს. ამიტომ თუ ერობას მიენდო, ფაქტიურად ის ვერ გახსნის ამ საავადმყოფოს. ამიტომ მთავრობამ უნდა იკისროს საავადმყოფოს შენახვა. გაწეული უნდა იყოს ხარჯი ორი ამბულატორიისათვის, ერთიც საავადმყოფოსათვის ახალქალაქში. საფინანსო კომისიამ განიხილა და მიიღო. მხოლოდ კონტროლი არ ეთანხმება ჯამაგირებში. მისი აზრით, ჯამაგირები ნაკლები უნდა იყოს. რადგანაც განაპირა ადგილია, ექიმთა რიცხვი არც იმდენი გახლავთ, რომ მთავრობას ყოველ ადგილას შეეძლოს აიყვანოს.

საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს და დაადგინა, რომ ჯამაგირები, რომელიც წარმოდგენილი არის სამინისტროს მიერ, იქნეს უცვლელად დატოვებული.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი (მომხს.): საფინანსო კომისიამ ეს პროექტი განიხილა და ხარჯთ-აღრიცხვა მიღებულია საფინანსო კომისიის მიერ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ. არავინ. მუხლობრივი განხილვა შემდეგ.

2. დეკრეტი დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ომში დახოცილთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 3 მილ. მანეთის გადადებისა.

თავმჯდომარე: სამხედრო და საბიუჯეტო კომისიის სახელით მომხსენებელია ბ. იმნაიშვილი. სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი (მომხსენებელი): 1919 წ. 10 ივნისს დამფუძნებელი კრების მიერ არის მიღებული კანონი, რომლითაც შექმნილი არის განსაკუთრებული ფონდი, საიდანაც ეძლევათ დახმარება იმ პირებს, რომელნიც დასახიჩრებულნი და დაჭრილნი არიან საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ნაწარმოებ უკანასკნელი ომების დროს. ეს ფონდი დღეს სრულებით ამოწურულია ისე, რომ რამდენიმე თვე არის, რაც ამ დასახიჩრებულთა და დაჭრილთა ოჯახებს დახმარება არ მიუღიათ, უპატრონოდ არიან დატოვებულნი ამის გამო. ეს ფონდი უნდა იყოს აღდგენილი. დეკრეტი განხილული იყო სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ. ისინი შეთანხმდენ ფონდის აღდგენის საჭიროების შესახებ, მაგრამ მათ მიაქციეს ყურადღება ერთ გარემოებას, რომ ეს ფონდი აქამდის სათანადოდ არ იყო განაწილებული, ვინაიდან არ იყო სათანადო წესი შემუშავებული. ფული ურიგდებოდა ერობებს და ქალაქებს და იქიდან სწორედ იმ პირებს, რომელთაც ეჭირვებათ დახმარება. ამის გამო, რომ დროზედ ისინი ამ ფულს სამინისტროდან ვერ ღებულობდენ და ის განაწილება ფულისა ერობებისა და ქალაქების მიერ ბრკოლდებოდა, ამას გარდა წესიც ამ მიღებისა არ იყო სათანადოდ შემუშავებული. რომ ეს დაბრკოლება აცილებული იყოს, უნდა შემუშავდეს წესი და ასე ნორმალურად მოხდეს ეს განაწილება. საფინანსო კომისიამ და სამხედრო კომისიამაც განიხილა ეს კანონ-პროექტი, დაადასტურა იგი, ამას დავა არ გამოუწვევია და ამიტომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? მიღებულია. გთხოვთ.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ მთელი დეკრეტი მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

3. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სასოფლო-სამეურნეო საშუალო და დაბალი ორგანიზაციის შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ნათაძეს ეკუთვნის.

. ნათაძე (მომხსენებელი): თქვენ გეხსომებათ, რომ 1919 წლის შემოდგომას პარლამენტმა დაადგინა, სასოფლო-სამეურნეო სკოლების გამგებლობა უნდა გადაეცეს მიწად-მოქმედების სამინისტროს. ამის შესახებ მაშინ ჩვენი მოსაზრება იყო გამოთქმული, ზოგი მომხრე იყო, ზოგი მოწინააღმდეგე ამ გადაცემისა. სასოფლო-სამეურნეო სკოლების აღმშენებლობაში, მართალია მას შემდეგ დიდმნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი საპატიო მიზეზები. სპორადიული, ნაწილობრივი მუშაობა ამ საქმეში სწარმოებდა: აქა-იქ სკოლები იხსნებოდა, ზოგიერთი დაბალი სკოლები მაღალი ტიპის სკოლებად გადაკეთდა, მაგრამ საერთო გეგმა ამ მუშაობაში არ იყო წარმოდგენილი. მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ამ მოვლენებისა გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულიად არ მოგვეპოვებოდა საკმაო რიცხვი მასწავლებელ-სპეციალისტებისა. და თუ მასწავლებლები არ გვყავს, რასაკვირველია, უნაყოფო იქნება სკოლების გახსნა როგორც დაბალის, ისე საშუალოსი. ამ მასწავლებელთა კადრის შესაქმნელად ამას წინათ სამინისტრომ გახსნა სასოფლო-სამეურნეო კურსები, რომელთა შესანახადაც, როგორც გეხსომებათ, ჩვენ გავიღეთ საჭირო თანხა. ეხლა, ცოტა არ იყოს, საქმე უკეთეს მდგომარეობაში არის და ამ კანონ-პროექტის წარმოდგენის დროც სწორედ ეხლა მოვიდა და შესაძლებელი შეიქმნა კანონ-პროექტის შემუშავება. მრავალი საჭიროება აქვს ჩვენს ქვეყანას, მრავალი სხვა და სხვა ტიპის სასწავლებლები სჭირდება მას. ჩვენში, უპირველეს ყოვლისა, ისეთი სასწავლებლები უნდა გაიხსნას, რომელიც მოამზადებს მასწავლებლებს დაბალი სასწავლებლებისათვის. უპირველესი ჩვენი საჭიროება ეს არის და სამინისტროსაც ამ მიზნის განსახორციელებლად განზრახული აქვს გახსნას საშუალო სასწავლებლები, დაახლოვებით ჩვეულებრივი საშუალო სასწავლებელთა კურსისა. ასეთი სკოლა ერთი უკვე არსებობს ტფილისში - კულტურულ-ტეხნიკური სასწავლებელი, რომლისათვისაც თქვენ უკვე გაიღეთ თანხა. მეორე ასეთი სასწავლებელი იქნება ქ. ქუთაისში. ქუთაისში არსებობდა დაბალი სამეურნეო სასწავლებელი, „ფერმის კლასად“ წოდებული. ფერმის კლასი იქნება გადაკეთებული საშუალო სასწავლებლად. მომავალში კიდევ განზრახულია 2 ასეთი სასწავლებლის გახსნა. თუ თქვენ ყურადღებას მიაქცევთ იმ გეგმას, რომელიც წარმოდგენილია აქ, დაინახავთ, რომ ასეთი სკოლა უნდა გაიხსნას სხვა და სხვა სასოფლო-სამეურნეო რაიონებში. თვითეულს რაიონში გაიხსნება იმ ტიპის სკოლა, რომელიც ამ რაიონის მეურნეობას შეეფერება. ამ სასწავლებლების პირველ კლასში ახალგაზრდობა მიიღებს საზოგადო სასოფლო-სამეურნეო სწავლას, შემდეგ კი ეს სასწავლებელი დაიყოფება სპეციალ ნაწილებად. ჯერ-ჯერობით სამი სპეციალობა არის განზრახული. შემდეგში, როცა გარემოება შეიცვლება, უეჭველია, სპეციალისტობათა რიცხვიც გაიზრდება. აი, ეს არის პირველი ტიპის საშუალო სასწავლებელი, ურომლისოდაც არ გვეყოლება მასწავლებლები დაბალი სასწავლებლისათვის. ამას აქვს მიქცეული სამინისტროს ყურადღება. ამ საშუალო სასწავლებელში მოსწავლეთა მიღება სწარმოებს საზოგადო წესის თანახმად, ე.ი. იქ მიიღებენ ყმაწვილებს, რომელთაც გაუთავებიათ სოფლის ან ქალაქის პირველ-დაწყებითი უმაღლესი სასწავლებელი, ანდა ამისდა გვარი კურსის სხვა სასწავლებელი. ასეთებს დაუბრკოლებლივ მიიღებენ საშუალო სასწავლებელში. მაგრამ სოფელს კიდევ სხვა საჭიროებაც აქვს: მას ბევრი ჰყავს ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც პირველ-დაწყებითი უმაღლესი სასწავლებელი არ გაუთავებიათ, თავის დროზე გაუვლიათ უბრალო სოფლის სახალხო სკოლა, შემდეგ კი არავითარი სწავლა აღარ მიუღიათ. მოგახსენებთ, რომ ეს სკოლები არავითარს სამეურნეო განათლებას არ იძლეოდენ. ეს გლეხობა სკოლის გათავების შემდეგ სამეურნეო რაიონში ცხოვრობენ და მამა-პაპურად აწარმოებენ მეურნეობას, არავითარი ცოდნა არა აქვთ თანამედროვე მეურნეობისა. სამინისტროს განზრახული აქვს ეს ნაკლი შეავსოს და ერთნაირი დროებითი ტიპის სასწავლებელი გახსნას. ეს სასწავლებელი არ უდრის საშუალოს, იგი უფრო დაბალი ტიპის სასწავლებელს უახლოვდება, მაგრამ ამნაირი სასწავლებელი ძლიერ საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის. საჭიროა, რომ იმ გლეხებს, რომელთაც პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებელი არ გაუთავებიათ და სოფლის მეურნეობაში არავითარი ცოდნა არა აქვთ, საშუალება მისცეთ, რომ მათ მიიღონ ეს სპეციალური ცოდნა. როდესაც განხორციელდება საყოველთაო სწავლება, თუ ეს სწავლება იქნება 7-8 წლიანი, ყოველი სოფლელი ბავშვი გაივლის 8 წლის სკოლას და რასაკვირველია, შეძლება ექნება შევიდეს საშუალო სასწავლებელში. მაშინ, რასაკვირველია, ასეთი ტიპის სასწავლებელი საჭირო აღარ იქნება და ისინი გადაკეთდებიან საშუალო სასწავლებლებად. სოფლის ბავშვს, რომელსაც გავლილი ექნება 8-წლიანი სკოლა, შეეძლება დაუბრკოლებლივ შევიდეს საშუალოში, სადაც მიიღებს სპეციალურ სამეურნეო განათლებას. თქვენ რომ ამ ტიპის სასწავლებლის გეგმას ყურადღება მიაქციოთ, დაინახავთ, რომ მისი კურსი არის იგივე საშუალო სასწავლებლის კურსი, მხოლოდ შემცირებულ-შეკვეცილის. ამ სასწავლებლებში მიიღებენ 15-16 წლის ყმაწვილებს, რომელთაც არ დაუსრულებიათ უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლა. ასეთი სასწავლებლები გაიხსნება ისეთ ადგილებში, სადაც უფრო შესაფერი პირობები იქნება ამ საქმისთვის. სასწავლებლები დღეს არსებობს ლანჩხუთში, სოხუმში. განზრახულია მათი გახსნა სხვა და სხვა რაიონებში, მაგალითად, გორის, დუშეთის მაზრებში და სხვაგან, სადაც შესაფერი სასოფლო კულტურა არის. კიდევ გახლავთ მესამე ტიპის სასწავლებელი იმ სოფლის მცხოვრებთათვის, რომელთაც ან გაუვლიათ, ან დაუწყიათ და არ დაუთავებიათ პირველდაწყებითი სკოლები. მათ წერა-კითხვა იციან, მაგრამ არ შეუძლიათ ბევრი დრო მოანდომონ სწავლის გაგრძელებას და უნდათ მოკლე ხანში შეისწავლონ ერთი რამ დარგი მეურნეობისა. მაგალითად, ზოგიერთ რაიონში მოთხოვნილებაა მევენახეობის, ან მებაღეობისა, ან მემინდვრეობის შესწავლის. ასეთი ტიპის სკოლები უნდა დაარსდეს მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სხვა და სხვა სპეციალობის შესწავლას სხვა და სხვა დრო სჭირდება. ამისთვის განსაკუთრებული, განსაზღვრული ვადა არ არსებობს: ერთს სპეციალობას ერთი წელიწადი უნდა, მეორეს - ორი, მესამეს - სამი და ასე. ასეთი სასწავლებლებით უნდა დაიფაროს მთელი ჩვენი ტერიტორია. ასეთმა სკოლებმა დიდი როლი უნდა ითამაშოს ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში: ესენი უნდა გახსნან იქ, სადაც სახელმწიფოს ან ერობებს საკუთარი მამულები აქვთ. ამ მამულებში გაიხსნება ასეთი სასწავლებლები. ამ სასწავლებელთა პირდაპირი დანიშნულება იმაშია, რომ სოფელს მისცეს გაწაფული, ტეხნიკურად კარგი მომზადებული მუშები. როდესაც ისინი გაათავებენ 2 წლის კურსს და დაუბრუნდებიან სოფელს, თავის სწავლას გამოიყენებენ საკუთარ მამულში: თავის მამულს კულტურულად დაუწყებენ დამუშავებას, სხვა მეზობელი გლეხები მას წაბაძავენ და თითონაც მაღლა ასწევენ სახელმწიფო მეურნეობას.

კიდევ ერთი ტიპის სკოლაა განზრახული: ეს უფრო კურსებია, ვიდრე სასწავლებელი. მათ გეგმაში ის საგნებია შეტანილი, როგორიც დაბალ პრაქტიკულ სკოლის გეგმაში. ეს კურსები სასოფლო-სამეურნეო კურსებია. ამ კურსების გახსნა შეიძლება იქაც, სადაც სახელმწიფო და საერობო მამულები არ არსებობენ; იქ რაღაც უბრალო საერთო განათლების სკოლა არსებობს. ამ სკოლის მასწავლებელს აქ შეიძლება მიუმატოთ ერთი სპეციალისტი, მივცეთ სკოლას პატარა მამული - 3-4 დესეტინა და საერთო ცოდნასთან ერთად მოწაფეები მიიღებენ სპეციალურ სამეურნეო ცოდნასაც. ზაფხულობით ეს მოწაფეები თავის ცოდნას თავის დედ-მამის მამულებში გამოიყენებენ. მათ ეწვევათ მასწავლებელ-ინსტრუქტორები მეურნეობისა, რომელიც პრაქტიკულად შეასწავლის მოვლას, გასხვლას, შეყელვას და სხვა. ამნაირად, ამ კანონ-პროექტით ნავარაუდევია 4 სხვა და სხვა ტიპის სკოლების გახსნა.

მე გადასინჯული მაქვს იმ ტიპის სკოლები, რომლებიც არსებობენ სკანდინავიის ქვეყნებში და ჰოლანდიაში და ეს ტიპები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, უდგება მათ.

აქ განსაზღვრული საშუალო ტიპის სკოლა უფრო რუსეთის საშუალო სკოლას ემსგავსება. ჩვენი სასოფლო მეურნეობის მდგომარეობა ისეთია, რომ თუ გამოვუდექი დასავლეთ ევროპის მაღალი ტიპის სასწავლებლებს, ეს ხელსაყრელი არ იქნება. ჩვენს დღევანდელ პირობებს რუსეთის პირობები უფრო ჰგავს, ვიდრე დასავლეთ ევროპისა და ამიტომ უფრო მას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

განათლების კომისიამ განიხილა ეს ორივე ტიპის სასწავლებელთა გეგმა და საჭიროდ დაინახა კანონ-პროექტის მიღება. ზოგან, მართალია, ასეა, მაგრამ ზოგან სხვა სისტემა არის. თავის დროზე მოყვანილია იმის ნიმუში, რომ ბევრ დაწინაურებულ ქვეყნებში ეს სასწავლებლები განათლების უწყების ხელში არ არის. მოსატანი არ არის, რომ დიპლომატიას დასჭირდება დიპლომატიური სკოლები და ტეხნიკას - ტეხნიკური სკოლები და სხვა (შენგელაია: რედაქტორების სკოლები!). დიახ! `შრომის~ რედაქტორსაც დასჭირდება სკოლა! ეს სრულებით მოსატანი არ არის, რადგან სულ სხვა არის მდგომარეობა მიწათმოქმედების სამინისტროსი და სხვა არის მდგომარეობა გარეშე საქმეთა სამინისტროსი. რკინის გზის უწყება რომ აიღოთ, თქვენ დაინახავთ, რომ მას ისეთი სპეციალური დაწესებულებები არა აქვს, ურომლისოდაც ვერ იარსებებს სკოლა. რომელიმე კლასი რომ სამუშაოდ ეწვიოს დეპოს, ამის გამო დეპო-ადმინისტრაცია არავითარ წინააღმდეგობას არ გასწევს, რადგან დეპოს მუშაობა ამით არ დაბრკოლდება. მაგრამ რომ ყოფილ საუფლისწულო მამულში მოაწყოთ რომელიმე სამეურნეო სკოლა ისე, რომ ამ მამულის გამგეობას და განათლების სამინისტროს შორის არევ-დარევა არ მოხდეს, ეს შეუძლებელია. მე არ გამოუდგები იმის უარყოფას, რასაც ბრძანებს ბ. ლორთქიფანიძე და რის შესახებაც ჩვენი აზრი თავის დროზე დავასაბუთეთ. მისი მთავარი მოსაზრება, რომელსაც უნდა ანგარიში გაუწიოთ, იყო ის, რომ კანონ-პროექტის შემუშავების დროს არ იყო შეთანხმებული მუშაობა განათლების და მიწად-მოქმედების სამინისტროებისა.

მე მგონია, რომ ახლა ამის შესახებ ვერავინ იტყვის საყვედურს, რადგან ეს კანონი არის შეთანხმების ნაყოფი: განათლების სამინისტრო, მიწად-მოქმედების სამინისტრო და განათლების კომისია ყველა ერთად იმუშავებდა ამ კანონს. ბევრი ისეთი, რაც მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი, შეცვლილი იყო განათლების კომისიის ჩვენებით. თუ კონტროლმა რაიმე საწინააღმდეგო ნახა ამ კანონში, ეს შეეხებოდა იმ კანონს, რომელიც შეიმუშავა მიწად-მოქმედების სამინისტრომ. იმის შემდეგ კი, როგორც მოგახსენეთ, ამ კანონმა დიდი ცვლილება განიცადა. აი, მაგალითად, მოგახსენებთ მე-3 ტიპის სკოლებზე, სადაც პროგრამაში შეტანილი იყო ისეთი საგნები, რომელნიც ჩვენ სრულიად ამოვშალეთ, რადგან ამ საგნების შეტანა არ შეეფერებოდა იმ საერთო განათლების გეგმას, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ იყო შემუშავებული, - მაგალითად, პროგრამაში ეთიკა იყო შეტანილი და ეს ჩვენ ამოვშალეთ (შენგელაია: ეთიკა არ გჭირდებათ?). ეთიკა თქვენც გჭირდებათ ძალიან, ბატონო ესერებო!

მაშასადამე, ის მთავარი მოსაზრება, რომელიც წამოყენებულია ბ. ლორთქიფანიძის მიერ, რომ მუშაობაში არ იყო შეთანხმებაო, - აი, ეს მთავარი მოსაზრება ამის შემდეგ თავის-თავად ისპობა. და მე არ მგონია, რომ ამ კანონის წინააღმდეგ იყოს ვინმე. ამ კანონის გატარება აუცილებელია წელსვე, რადგან სწავლა ენკენისთვიდან იწყება და თუ ახლა არ მივიღეთ, შტატებს დააგვიანდება და ჩვენ მომავალი სამოსწავლო წლისთვის ვეღარაფერს ვეღარ მოვასწრებთ. ლორთქიფანიძე რომელიღაც ტიპის სკოლას იწუნებს, მაგრამ არ ვიცი, რომელს. მე მგონია იმას, რომელსაც კანონ-პროექტში მეოთხე ადგილი უჭირავს. მე მოგახსენებთ, რომ ეს დროებითია-მეთქი. როგორ გნებავთ ვუშველოთ იმ ახალგაზრდებს, რომელთა რიცხვი სოფლად დიდია და რომელთაც არავითარი ცოდნა არა აქვთ? თქვენი აზრით, ისინი უნდა დავტოვოთ ცარიელი (ლორთქიფანიძე: კურსები არის!). კურსები კარგია. ვისაც მოუნდება სპეციალური საგნების შესწავლა, შევა კურსებზე. ამ დროებითი ტიპის სასწავლებელში 4-წლიან კურსს გავლილი ყმაწვილები კი ინსტრუქტორებად გამოდგებიან ამ კურსებზე. თქვენ ამისი ანალოგია გაქვთ სახალხო განათლების უწყებაში: კანონით ჩვენი სოფლის მასწავლებლები უნდა იყვნენ სემინარიის კურს-დამთავრებულნი, მაგრამ ყველა იმ სკოლებისთვის, რომელნიც ეხლა იხსნება, არა გვყავს საკმარისი რიცხვი სემინარიის კურს-დამთავრებულთა. რას სჩადის განათლების უწყება? ის ხსნის მცირე ხნიან კურსებს და ამზადებს მასწავლებლებს. მართალია, ეს მასწავლებელნი ვერ იდგებიან საჭირო სიმაღლეზე, მაგრამ ჩვენ მაინც თავის დღეში წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, რომ 4-6 თვიანი კურსები გახსნილიყო. ეს კურსები, რასაკვირველია, დროებითია! (შენგელაია: ყველაფერი დროებითია?). არა, ბატონო, ყველაფერი დროებითი არ არის. აი, მაგალითად, ეს საშუალო და დაბალი სასწავლებელნი დროებითი არ არის, ეს კურსები კი დროებითია: იარსებებს იმ დრომდის, სანამ ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელდება საყოველთაო განათლება. როცა ასეთი მომენტი დადგება, 8 წლის კურს დამთავრებული ბავშვები შედიან საშუალო სასწავლებელში (შენგელაია: ქუთაისის ფერმის სკოლა?). თქვენ იმის წინააღმდეგი ხართ, რომ იმ ყმაწვილმა, რომელსაც დაბალი სკოლა გაუვლია, მეტი განათლება მიიღოს? ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ. ამ მიზნისათვის არის 4-5 წლიანი სკოლა. დარჩება სამი ტიპის სკოლები: საშუალო, რომელიც თქვენ მოგწონთ, მეორე - დაბალი, რომელიც თქვენ აგრეთვე მოგწონთ და მესამე - კურსები (შენგელაია: ქუთაისის ფერმის სკოლას სახელს არ გამოუცვლით?). გამოვუცვლით.

თავმჯდომარე: სიტყვა ი. ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ივ. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): ბატონებო! წარმოდგენილი კანონ-პროექტი ეხება ფრიად სერიოზულ საკითხს. ამ საკითხზედ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სვე-ბედი, მისი ეკონომიური განვითარება და ყველაფერი იმის, რაც ითქვა, როდესაც ირჩეოდა საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ სამინისტროს ხელში უნდა დარჩენილიყო სამეურნეო სკოლები. ყველა ამის გამეორება ზედმეტია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის არაფერი არ გაკეთებულაო. ეს საუკეთესო საბუთია მათთვის, ვინც წინააღმდეგი იყო, რომ სამეურნეო სკოლები მიწად-მოქმედების მინისტრის ხელში დარჩენილიყო. ეს მორცხვად იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენ კი შეგვიძლიან ვთქვათ თამამად, რომ სრულიად არაფერი არ გაკეთებულა ამ დარგში.

აქ მოხსენებული იყო აგრეთვე სოხუმის სამეურნეო სკოლა. შეიძლება მართლაც, ეს სოხუმის სკოლა ქაღალდზე არსებობდეს, თორემ სინამდვილეში იქ არავითარი ასეთი სკოლა არ არსებობს.

და მე მგონია, ასეთივე ბედი ეწვია ყველა იმ სამეურნეო სკოლებს, რომელნიც სადმე არსებობდნენ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან თუ რომელიმე სამინისტროს დააკისრებთ ისეთ საქმეს, რომელსაც არავითარი ორგანიული კავშირი არა აქვს ამ სამინისტროსთან, ის, რასაკვირველია, ამ საქმეს ვერ მოაგვარებს. ჩვენ პარლამენტში არა ერთხელ გვითქვამს ამის შესახებ, და როდესაც ჯანმრთელობის დეპარტამენტი დავაარსეთ, მაშინაც ვამბობდით, რომ უნდა გვქონდეს სისტემა მართვა-გამგეობისა; უნდა ვიცოდეთ, რომელ სამინისტროს რა დარგი ეკუთვნის.

აიღეთ ეს კანონ-პროექტი. აქ ლოღიკაც არ არის დაცული. ამ კანონ-პროექტის ძალით სამეურნეო სწავლა-განათლება დაბალი და საშუალო უნდა იყოს მიწად-მოქმედების სამინისტროს ხელში, ხოლო უმაღლესი სამეურნეო სასწავლებელი კი, საიდანაც უნდა გამოვიდეს კადრი უმაღლესად მომზადებულ მეურნე პირთა, იქნება სახალხო განათლების სამინისტროს ხელში. თუ კი ამ საქმის ვითარება ისეთია, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს მიწად-მოქმედების სამინისტროს ხელში, ეს ნაბიჯი წინაც უნდა იყოს გადადგმული და ერთი სისტემა, ერთი ორგანიზაცია უნდა შექმნათ და ჩააბაროთ მიწად-მოქმედების სამინისტროს მთელი ეს დარგი თავიდან ბოლომდე. ეს ძველ რუსეთში იყო, მაგრამ საზღვარ-გარედ ასე არ არის. და მომხსენებელიც ამბობს, რომ ეს არ შეეფერება ახალ სამეურნეო სკოლებს ევროპაშიო.

თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სისტემა, აუცილებლად ყოველ სამინისტროს უნდა ჩამოვაშოროთ ყველა ის დაწესებულებანი, რომელთაც ამა თუ იმ სამინისტროსთან არავითარი კაშირი არა აქვთ. თორემ თუ ასე დარჩა, სულ მუდამ ერთსა და იმავეს გაიმეორებენ, ობიექტური პირობები ხელს არ გვიწყობდა, მასწავლებლები არ იყოვო და სხვა, და ამიტომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთო.

ამ კანონ-პროექტის შედგენაშიაც სწორედ ასე მოხდა. ის ეხება უდიდეს საკითხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, მის მცხოვრებთა ცხრა მეათედის სვე-ბედს. ეკონომიურად ამით არის დაინტერესებული მთელი სახელმწიფო, განურჩევლად ქალაქისა და სოფლისა. და როგორც სჩანს, სახალხო განათლების სამინისტროს იმ განმარტებითი ბარათიდან, რომელიც ახლავს ამ კანონ-პროექტს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ირჩეოდა, როდესაც მას ამუშავებად მიწად-მოქმედების სამინისტრო, სახალხო განათლების სამინისტროს წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული. განა ეს ნორმალურია?! ჩვენ ვიმუშავებთ სწავლა-აღზრდის ახალ სისტემას, ჩვენ ვქმნით ახალ სკოლებს ახალ პრინციპებზე აგებულს და ამავე დროს მთელი დარგი საპროფესიო განათლებისა, რომელიც ესაჭიროება ხალხის დიდ უმრავლესობას, რომელიც არ წავა უმაღლეს სასწავლებელში და დარჩება მიწის მუშად, იმ მუშად, რომელიც ინახავდა და შეინახავს რესპუბლიკას, აი ამ დარგის შესახებ სახალხო განათლების სამინისტრომ არაფერი იცის. ამით გამოწვეული არის ის, რომ შექმნით ისეთი ტიპის სკოლებს, რომელნიც არ ეგუებიან იმ სწავლა-განათლების სისტემას, მის ახალ საფუძველზედ დაყენებას, როგორც ეს წარმოდგენილი აქვს და ცხოვრებაში ატარებს განათლების სამინისტრო. თუ თქვენ მიიღეთ ერთი სისტემა, რომ პირველ-დაწყებითი სწავლა სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, მაშინ შეუძლებელია მიიღოთ ისეთი სკოლები, რომელნიც ძირიან-ფესვიანად ანგრევს ამ სისტემას და სხვა გეგმაზე აშენებულ პროექტს გვიდგენს სწავლის შესახებ.

ამიტომ მიზან-შეწონილი იქნება, რომ ეს დარგი ყოფილიყო სახალხო აგანთლების სამინისტროს ხელში. მაშინ ეს საპროფესიო განათლება, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, დაუკავშირდებოდა საპროფესიო განათლების სხვა დარგებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი დაბალი სკოლის დაარსება არ არის საჭირო.

თუ თქვენ დააარსებთ პირველ-დაწყებით სამეურნეო სასწავლებლებს, როგორ ჰფიქრობთ, სად შევა ხალხის უმრავლესობის შვილები? განა ყველა შევა გიმნაზიებში ან სხვა რომელიმე საშუალო სასწავლებელში?! ისინი უნდა შევიდნენ ამ პირველ-დაწყებით სამეურნეო სკოლაში, მათ უეჭველად უნდა მიიღონ სამეურნეო განათლება. და ასეთი სკოლები კი განსაზღვრული იქნეს მხოლოდ ბედნიერთათვის. ჩვენ უნდა დავამუშაოთ ერთი გეგმა და ეს უსათუოდ გეგმაზე უნდა იყოს შესრულებული, ე.ი. როდესაც ბავშვი იღებს საერთო განათლებას, ყოველ რაიონში უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო სკოლა, სადაც ის მიიღებს მეორე საფეხურზე სამეურნეო განათლებას. ჩვენი იდეალი უნდა იყოს, რომ საერო განათლების ყველა სკოლებთან იყოს მოწყობილი სამეურნეო-პრაქტიკული სკოლები, როგორც ეს არის მიღებული გერმანიაში. თუ ჩვენ ამას მივიღებთ, ეს იქნება შეფარდებული სისტემასთან, სკოლის საერთო რეორგანიზაციის გეგმასთან.

ამ პროექტში მისაღებია მხოლოდ საშუალო ტიპის სამეურნეო სკოლის დაარსება. ჩემის აზრით, ჯერ-ჯერობით საკმარისი იქნება, რომ გვქონდეს ერთი ნამდვილი სამეურნეო საშუალო სასწავლებელი, რომელიც მოგვცემს მომზადებულ აგრონომიულ პერსონალს. მე მომხრე ვარ არა ფერმის სკოლის გადაკეთების, არამედ იმისა, რომ ეს სასწავლებელი დაარსდეს აქ, ტფილისში. აქ ჩვენ შეგვიძლიან მოვიწვიოთ პროფესორები, სპეციალისტები, ხოლო ქუთაისში და ლანჩხუთში ასეთ პირებს ვერ ვიშოვით.

აქ მომხსენებელმა სთქვა, რომ არის ხალხი, რომელიც ვერ მიიღებს საშუალო განათლებას, წერა-კითხვა კი იცის, მას უნდა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნაო. ამისთვის სახელმწიფო მამულებში უნდა გაიხსნას პრაქტიკული სკოლები, სადაც შეისწავლიან სასოფლო-სამეურნეო კულტურის ცალკე დარგს, ეს სრულიად საკმარისი იქნება. ამას გარდა, განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს პროექტი და შეძლებისდა გვარად გაატაროს ცხოვრებაში, რომ პირველდაწყებით და განსაკუთრებით უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლებთან აუცილებლად უნდა იყოს სამეურნეო განყოფილება. ისე რომ, ბავშვი, რომელიც ათავებს ამ სკოლას, ქონდეს რაიმე ცოდნა სამეურნეო დარგიდან. ამიტომ ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ ამ საკითხის ასე უცბად გადაწყვეტა შეუძლებელია, თუმცა კომისია შესაძლებელია დიდი ხანი მუშაობდა ამაზე, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ მთელი რიგი უწყებათა, როგორც არის ფინანსთა უწყება, სახელმწიფო კონტროლი, სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ეს არ არის შეფარდებული სასწავლებელთა საერთო რეორგანიზაციასთან, ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში. თუ ჩვენ დავადგებით ამ გზას, მაშინ ფინანსთა უწყება მოითხოვს, რომ ყველა კომერციული სასწავლებლები მის ხელში გადავიდეს; გზათა დეპარტამენტი მოითხოვს, რომ ტეხნიკური სკოლები იყოს მის ხელში. შემდეგ ჩვენთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთთან საჯაყი ზავი შევკარით, საჭირო არის დიპლომატიური სკოლები, რომ ანბანის მცოდნე დიპლომატები მაინც გვყავდეს. გარეშე-საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ ეს სკოლები მას დაუქვემდებაროთ.

მეორე მხრივ, ეს პროექტი არ არის შემუშავებული ისე, როგორც საჭირო იყო, და ამ აზრს ეთანხმება სახელმწიფო კონტროლი, რომ ეს პროექტი არ არის შეფარდებული სასწავლებლების საერთო რეორგანიზაციის საკითხთან, ხოლო სახალხო განათლების სამინისტროს არ მიუღია მონაწილეობა ამ პროექტის შემუშავებაში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტა შეუძლებელია. და თუ დამფუძნებელი კრება გადასწყვეტს, რომ ეს აუცილებლად საჭირო არის, მაშინ საჭიროა შესწორება, რომ გადაეცეს სახალხო განათლების სამინისტროს და დარჩეს მხოლოდ ორი ტიპის სკოლა.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ნ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

4. დეკრეტი ფოთის რადიო სადგურისათვის შენობის ასაგებად 1.000.000 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი (მომხს.): საერთაშორისო წესის მიხედვით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ქ. ფოთში გვქონდეს საკუთარი რადიო სადგური. მაგრამ შენობა საკუთარი არა გვაქვს. სამხედრო კომისია შუამდგომლობს, რომ ამ შენობისთვის გაღებულ იქნეს 1 მილიონი მანეთი. წარმოდგენილია ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და მიიღო. ხარჯთ-აღრიცხვა შედგენილი იყო გაზაფხულზე და ნაანგარიშევი იყო 1 მილიონი მანეთი. სახელმწიფო კონტროლმა სხვა და სხვა მოსაზრებათა გამო 1 მილ. მან. ჩამოიყვანა 678.000 მანეთამდე; არის ზოგიერთი ხარჯები, რომელნიც სახელმწიფო კონტროლმა მიიჩნია ზედმეტად. სამხედრო კომისიამ იქონია მსჯელობა და რაკი ამდენი ხანი გავიდა ხარჯთ-აღრიცხვის შედგენის შემდეგ და მასალა გაძვირდა, ამიტომ არ დაეთანხმა კონტროლის დასკვნას. სამხედრო და საფინანსო კომისიებმა დაადგინეს, რომ ეს თანხა დარჩენილიყო ისე, როგორც იყო წარმოდგენილი, ე. ი. 1 მილიონი მანეთი. ბოლოს ამას სახელმწიფო კონტროლიც დაეთანხმა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ. (იმნაიშვილი დეკრეტს კითხულობს მუხლობრივ. დამფუძნებელი კრება მას ადასტურებს ).

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

5. დეკრეტი . გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500.000 მან. სესხის მიცემისა.

. ლორთქიფანიძე (მომხსენებელი): ბატონებო! გუდაუთი, როგორც სხვა ქალაქები ჩვენი რესპუბლიკისა, შემოვიდა თხოვნით, რომ მას ესაჭიროება მილიციის შესანახად და უმთავრესად სასურსათო მაღაზიის გახსნისათვის ნახევარი მილიონი მანეთი. ეს ქაღალდი იყო ყველა უწყებაში და შეთანხმდენ, მიეცათ ქ. გუდაუთისთვის 500.000 მანეთი სესხად. საწინდრად იქნება გუდაუთის უძრავი ქონება 12.000 ოთხკ. საჟენი ადგილი, რომელიც ღირს 2 მილიონამდე.

თავმჯდომარე: საფინანსო კომისიის მომხსენებელი, ბ. გომართელი.

. გომართელი (მომხსენებელი): საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და დაადგინა: მიეცეს გუდაუთს ნახევარი მილიონი მანეთი სესხად.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ-ნ ახმეტელაშვილს ეკუთვნის.

6. დეკრეტი კულტურული მამულების ყოფილ მესაკუთრეთათვის ჩამორთმეული ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.693 მან. და 55 კაპიკის გადადებისა.

. ახმეტელაშვილი (მომხსენებელი): როგორც მოგეხსენებათ, ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1917 წლის დეკემბრის დებულების თანახმად, მრავალი კულტურული მამულები გადავიდა სახელმწიფოს ხელში. მეორე კანონის - სეიმის კანონის ძალით 1917 წ. 14 ივლისისა ამ მამულების ინვენტარი ჩამოერთვა მეპატრონეებს საფასურით. მიწად-მოქმედების სამინისტრომ დანიშნა კომისია, რომელმაც შეაფასა ინვენტარი და სცნო, რომ მემამულეს ერგება 97.693 მან. 55 კაპ. კომისიამ შეაფასა ამ ინსტრუქციის ძალით, რომელიც იყო გამოცემული 1918 წლის 26 სექტემბერს, და მიიღო მხედველობაში ომამდე არსებული ფასები. აგრარულმა კომისიამ ეს დეკრეტი განიხილა და სცნო საჭიროდ, გაღებულ იყოს ეს თანხა.

თავმჯდომარე: მეორე მომხსენებელი ბ. ცაბაძე.

. ცაბაძე (მომხს.): ეს დეკრეტი განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და საჭიროდ დაინახა, აქ აღნიშნული თანხა გადაიდოს მემამულეთა დასაკმაყოფილებლად (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დამფ. კრება დეკრეტს ადასტურებს).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ ბ. ახმეტელაშვილს ეკუთვნის სიტყვა.

7. დეკრეტი ტფილისის აბანოების მესაკუთრეების დასაკმაყოფილებლად და ანანოვისაგან ჩამორთმეული მამულის ვარციხის ინვენტარისა და ღვინის საფასურის ასანაზღაურებლად 2.172.409 მანეთისა და 27 კაპ. გადადებისა.

. ახმეტელაშვილი (მომხს.): 1917 წლის 28 ნოემბრის კანონის ძალით მინერალური წყლები, ტალახები და აბანოები გადავიდა სახელმწიფოს ხელში. ამ კანონის ძალით გადავიდა სახელმწიფოს ხელში ტფილისში 14 აბანო. 1918 წლის 17 მარტის კანონის ძალით ინვენტარიც სახელმწიფოს ხელში გადავიდა, მხოლოდ საფასურით.

მიწად-მოქმედების სამინისტრომ შეადგინა კომისია, რომელმაც მიიღო აბანოები და მათ ახლო მდებარე ადგილები, რადგან ესენი საჭირო იყო, რომ მუშაობა რაციონალურად ეწარმოებია. ეს იყო შეფასებული ომამდე არსებულ ნორმალური ფასებისდა გვარად. მარტო აბანოებში ერგებოდათ 1 მილიონი.

მეორე ნახევარი შეეხება ვარციხის მამულს, ქუთაისის ახლო მდებარე ანანოვის მამულს. სულ ინვენტარი, სადაც შედის ღვინო და კონიაკიც, შეაფასეს 2.172.400 მან. და 28 კაპ. აგრარულმა კომისიამ ეს განიხილა და მიიღო და ითხოვს თქვენც დაადასტუროთ.

თავმჯდომარე: მეორე მომხსენებელია ბ. ცაბაძე.

. ცაბაძე (მომხს.): ეს დეკრეტი განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და საჭიროდ დაინახა, რომ ეს თანხა გაღებულ იქნეს ინვენტარის შესაძენად.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? - არავის. მაშ გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ვინ არის მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის წინააღმდეგი? არავინ. ბ. მომხსენებელს ვთხოვ წაიკითხოს პირველი მუხლი.

მომხსენებელი: კითხულბს ყველა მუხლებს.

თავმჯდომარე: ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგ საერთოდ? არავინ.

ვინ შეიკავა თავი? - არავინ. მაშ დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

8. დეკრეტი - კახეთის რკინის გზის საზოგადოებისათვის 10 მილ. მან. სესხად მიცემისა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ვ. თევზაიას.

. თევზაია (მომხს.): კახეთის საზოგადოება თხოულობს 10 მილ. მანეთს სესხის სახით. საზოგადოებას სესხი სჭირია მასალების გასაახლებლად. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და დაადგინა: მიეცეს ეს თანხა კახეთის რკინის გზას სესხის სახით. კომისია ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა ორი მოსაზრებით: ერთი ის, რომ რკინის გზა სახელმწიფოსათვის საჭიროა და მისი შეჩერება ყოვლად შეუძლებელია. მეორე - ამ რკინის გზაში სახელმწიფოც მონაწილეა. ამიტომ ჩვენ ვშუამდგომლობთ დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ კახეთის რკინის გზის საზოგადოებას მიეცეს 10 მილ. მან. 6 პროც. სესხი.

წულაია: გზათა კომისიამ განიხილა ეს საკითხი და მიიღო.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? არავინ. მომხსენებელს ვთხოვ წაიკითხოს 1-ლი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს ყველა მუხლებს. დეკრეტი უკამათოდ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

9. პოლონეთში გასაგზავნი მისიის საჭიროებისათვის 3 მილ. მან. გადადებისა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის კ. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე (მომხსენებელი): გარეშე-საქმეთა სამინისტროს წინადადებით აუცილებლად საჭიროა საქართველოს ეყოლოს თავისი წარმომადგენელი პოლონეთში. არა მარტო პოლონეთში, არამედ საჭიროა ყველა სახელმწიფოში გვეყოლოს წარმომადგენელი და მით უმეტეს პოლონეთში, რომელიც იცავს ყველა იმ რესპუბლიკებს, რომლებიც ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენდენ. აგრეთვე, როგორც გადმოგვცემენ გაზეთები, ლონდონში უნდა მოხდეს კონფერენცია პოლონეთის საკითხის შესახებ - რუსეთ-ინგლისისა და იქ მოწვეული ყველა ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენებული სახელმწიფოები. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ პოლონეთში გაიგზავნოს მისია და მისი საჭიროებისათვის გადაიდოს 3 მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს, ვ. თევზაიას.

. თევზაია (მომხსენებელი): საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადება 3 მილ. მან. გაღების შესახებ პოლონეთში გასაგზავნ მისიის საჭიროებისათვის და დაადგინა: ეს თანხა გაღებულ იქნეს. ჩვენთვის სრულებით მისაღები არ არის, თუ როგორია პოლონეთის სტრატეგიული მდგომარეობა, მარცხდება თუ იმარჯვებს ის. (ხმა: აქნამდე რატომ არ გაგზავნეთ?). თუ აქნამდე არ გავგზავნეთ, ეს იმიტომ, რომ აქნამდე არ შეიძლებოდა. (შენგელაია: უკრაინაში შეიძლებოდა?). დიახ, შეიძლებოდა. ნუთუ ჩვენში გამოჩნდება ვინმე სთქვას, რომ უკრაინაში ან პოლონეთში მისიის გაგზავნა არ არის საჭიროვო? არა მგონია, ვინმე იყოს ასეთი. არის მეორე დებულება - ჩვენ პოლონეთთან წინეთაც გქონდა ეკონომიური დამოკიდებულება, რომელიც ახლა შეუწყვეტელია (ი. ლორთქიფანიძე რაღაცას ლაპარაკობს). თუ თქვენ არა ხართ თანახმა მისიის გაგზავნისა... (ლორთქიფანიძე: თანახმა ვარ!). მაშ, რაღას ლაპარაკობთ?

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. (მომხსენებლის მიერ წაკითხულ იქნა ორივე მუხლი დეკრეტისა).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა საერთოდ? არავინ. მაშ, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

10. დეკრეტი გორის თვითმმართველობისათვის 3 მილ. მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: მომხსენებელია ივ. ლორთქიფანიძე.

ივ. ლორთქიფანიძე (მომხსენებელი): თქვენ ყველას მოგეხსენებათ, თუ რა უბედურება დაატყდა თავს ქ. გორს და გორის მაზრას. მთელი რიგი სახლებისა და შენობებისა დანგრეულია. ამიტომ ქ. გორი შემოვიდა შუამდგომლობით 10 მილიონი მანეთის სესხად მიცემის შესახებ. მთავრობამ გადასწყვიტა ადგილობრივი კომისიის გაგზავნა საქმის შესასწავლად. კომისიის მოხსენების შემდეგ მთავრობამ დაადგინა: რადგანაც გორს ესაჭიროება თანხა მილიციის შესანახად და სხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, ეხლა თვითმმართველობას მისცეს მხოლოდ 3 მილიონი მანეთი. სახელმწიფო კონტროლი ამას არ ეთანხმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არავის არ შეუძლია მოცდა მანამ, სანამ გორი აღსდგებოდეს და ამიტომ ეს თანხა მათ უნდა მიეცეს.

თავმჯდომარე: სიტყვა მეორე მომხსენებელს ეკუთვნის.

ივ. გომართელი (მომხსენებელი): საფინანსო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და დაადგინა: დაკმაყოფილებულ იქნას ქ. გორის შუამდგომლობა, მიეცეს 3 მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. ვსთხოვ მომხსენებელს წაიკითხოს მუხლობრივი დეკრეტი.

(მომხსენებელი ორივე მუხლს კითხულობს).

თავმჯდომარე: ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგი საერთოდ? არავინ. მაშასადამე, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

11. დეკრეტი სოხუმის თვითმმართველობისათვის 4 მილ. მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: სიტყვა მ. რუსიას ეკუთვნის.

. რუსია (მომხსენებელი): ქ. სოხუმი შემოვიდა შუამდგომლობით, რომ მას მისცემოდა სესხად 5 მილიონი მან. თვითმმართველობის კომისიამ მიიღო რა მხედველობაში, რომ ქ. სოხუმს აქვს 4 ათასი დესეტინა მიწა და ჩვეულებრივ დროს არ დასჭირდება სესხის აღება, დაადგინა, მას მიეცეს 4 მილ. მანეთი. მთავრობა დაეთანხმა 3 მილ. მან. გაცემას, მაგრამ თვითმმართველობის კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია ქ. სოხუმისათვის 4 მილ. მან. სესხის მიცემა. ამიტომ კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს.

ივ. გომართელი (მომხსენებელი): საფინანსო კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ეს თანხა მიეცეს სოხუმს.

თავმჯდომარე: სიტყვა თუ ვინმეს სურს? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. ვსთხოვ მომხსენებელს წაიკითხოს 1-ლი მუხლი. (მუხლობრივ წაკითხულ იქნა დეკრეტი). ვინ არის საერთოდ დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

12. დეკრეტი ხაშურის თვითმმართველობისათვის 2 მილ. მან. სესხის მიცემისა.

. რუსია (მომხსენებელი): ქ. ხაშურის თვითმმართველობამ აღძრა შუამდგომლობა, რომ მას 2 მილიონი მანეთი სესხი მიეცეს 10 წლის ვადით. თვითმმართველობა მოგვითხრობს, რომ მან ამ მოკლე ხანში შექმნა ხაშურში სასწავლებელი, ამბულატორია, საავადმყოფო და სხვა ასეთი დაწესებულებანი. ახლა კი ქალაქის მიმდინარე ხარჯები თხოულობენ 2 მილიონს. თვითმმართველობის კომისიამ განიხილა ეს, დაადასტურა და თხოულობს ქ. ხაშურს მიეცეს 2 მილიონი სესხი.

თავმჯდომარე: სიტყვა მეორე მომხსენებელს ეკუთვნის.

. იმნაიშვილი (მომხსენებელი): ეს დეკრეტი განიხილა და მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინაა.

(დეკრეტი მუხლობრივი განხილვის შემდეგ ჩვეულებრივი წესით მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

13. დეკრეტი გორის მაზრის ერობისათვის 20 მილ. მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: სიტყვა დ. ონიაშვილს ეკუთვნის.

. ონიაშვილი (მომხს.): ბატონებო, როცა ჩვენს სამშობლოს გორის დანგრევით უბედურება დაატყდა თავს, მაშინ ხალხისა და დამფუძნებელი კრების სურვილი მთავრობის თავმჯდომარემ აუწყა ქვეყანას, რომ გორი აღდგენილი უნდა იქნეს. ამისდა მიხედვით, მაშინვე დაზარალებულთ აღმოუჩინეს შესაფერი დახმარება; დიდი დახმარება აღმოუჩინა აგრეთვე მთავრობამ როგორც ერთდროული, ისე დროებითი. ამ მიზნით, გორში დაარსებულ იქმნა „გორის აღდგენის კომიტეტი“, რომლის მეთაურად გახლავთ იუსტიციის მინისტრი, ბატონი არსენიძე. ეს კომიტეტი დღესაც განაგრძობს მუშაობას. გორის სამაზრო ერობა შემოდის შუამავლობით, რომ დამფუძნებელმა კრებამ გაიღოს 20 მილიონი მანეთი. გორის სამაზრო ერობას წარმოდგენილი აქვს მოხსენება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ მაზრის აღდგენისთვის საჭიროა 215 მილიონი მანეთის გაღება, და ამას კიდეც ასაბუთებს; მაგრამ ჯერ-ჯერობით რომ საქმე არ შეფერხდეს და ნორმალურად განაგრძოს მუშაობა ადმინისტრაციამ და თვით ერობამ და სხვა ადგილობრივმა დაწესებულებებმა, ასეთია, მაგალითად, ერობა, ქალაქის თვითმმართველობა და სხვა, ამათ სათანადო ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ამ თანხის გაღება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ იქ არც ერთ დაწესებულებას, ადმინისტრატიულს და ადგილობრივ დაწესებულებას არ შეუწყვეტია მუშაობა. ეს მუშაობა საშინელ მძიმე პირობებში ხდებოდა. მე თვით ვნახე, რომ იქ ადგილობრივი ფოსტის მოხელენი ქუჩაში გამოსულიყვენ და იქ ასრულებდენ თავის საქმეს. ეხლა ჩვენი მოვალეობაა ისეთი მდგომარეობა შევქმნათ, რომ საშუალება მივსცეთ ამ დაწესებულებებს მუშაობის განგრძობისა. ეხლა, ბატონებო, ზაფხულია და უნდა შევქმნათ პირობები, რომ ზამთრისათვის ისინი უზრუნველვყოთ. და ამ მიზნით გორის სამაზრო ერობა შედის შუამდგომლობით, რათა ეს 20 მილიონი მანეთი მიეცეს მას სესხის სახით, რომ ამ თანხით მან ააშენოს ერობის გამგეობის, ერობის მოსამსახურეების, მაზრის მილიციის და რეზერვებისათვის ბინა. აი ამ საქმისთვის არის ეს თანხა გამოთხოვილი. ამას თან ახლავს მთელი გეგმა, აგრეთვე ხარჯთ-აღრიცხვა და დაწვრილებითი ცნობები. სახელმწიფო კონტროლის დასკვნა და ფინანსთა სამინისტროს დასკვნაც დადებითია. საბიუჯეტო კომისიამაც მიიღო იგი, მხოლოდ მცირე შესწორება შეიტანა. დეკრეტის პროექტში არ იყო აღნიშნული ვადა, თუ რამდენი ხნით თხოულობდენ ამ სესხს; საბიუჯეტო კომისიამ კი დაადგინა ვადა 10 წელიწადი.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვას შევუდგეთ. წინააღმდეგი არავინაა. დეკრეტი მიღებულია ჩვეულებრივი წესით.

14. დეკრეტი გორის თვითმმართველობისათვის 14.400.000 მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: სიტყვა თქვენვე გეკუთვნით.

. ონიაშვილი (მომხს.): ასეთივე მდგომარეობაში გახლავთ, ბატონებო, გორის თვითმმართველობა. მას ბინა არა აქვს, აგრეთვე ბინას მოკლებული არიან ყველა საზოგადო დაწესებულებები გორში, და ამის გამო გორის ქალაქის თვითმმართველობა შემოვიდა შუამდგომლობით, რომლის ძალითაც მთავრობას 14. მილ. 400 ათას მანეთსა სთხოვს. ნავარაუდევია ასე: 4 მილიონი - საზოგადო დაწესებულებათა ბინების აღსადგენად; 400 ათასი - ხაზინისა, ფოსტა-ტელეგრაფისა და სხვებისათვის - 2 მილიონი; გზების შესასწორებლად და გასაკეთებლად - 4 მილიონი და 3 მილიონიც - ქალაქის თვითმმართველობის მოსაწყობად და სხვა ხარჯები. სულ ეს შეადგენს 14. მილ. 400 ათას მანეთს.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი ამისა, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინაა. დეკრეტი მუხლობრივი განხილვის შემდეგ ჩვეულებრივად მიღებულია.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ კოპალეიშვილს. ბატონებო, ვინაიდან მომხსენებელი კოპალეიშვილი არ არის, სიტყვა ეკუთვნის ბ. ივანე გომართელს.

15. დეკრეტი შინა დასახლებულთა დასახმარებლად სესხის სახით 36.300.000 მან. გადადებისა.

ივ. გომართელი (მომხს.): ბატონებო, რესპუბლიკის სხვა და სხვა ადგილებში, განსაკუთრებით განაპირა ადგილებში, არის თავისუფალი მიწები, სადაც მჭიდროდ არ არიან დასახლებულნი მკვიდრნი და სადაც შეიძლება მცხოვრებთა გადმოსახლება. ამ მიზნისთვის წარსულ წელს 20 აგვისტოს დეკრეტით ხუთი მილიონი გადაიდვა, მაგრამ ეს თანხა დღეს ამოწურული გახლავთ. ამ ფულით მეტად დიდი საქმე გაკეთდა. როგორც სამინისტროს ცნობიდან სჩანს, ამ ფულით 24 სოფელი გაუშენებიათ ახალქალაქის, ბორჩალოს და თიანეთის მაზრებში. სულ გადასახლებულა 272 კომლი მცხოვრები. ამას, რასაკვირველია, დიდი თანხა დასჭირდა. დახმარება ეძლეოდათ ხე-ტყით, საქონლით, საქონლის საკვებით, თავის სარჩოთი და ფულითაც. სამინისტრომ გამოიანგარიშა, თუ სად მოგვეპოვება კიდევ ისეთი თავისუფალი მიწები, რომ გადასახლება შეიძლებოდეს და აღმოჩნდა, რომ ასეთია ოცდახუთი ათასი დესეტინა, სადაც ახლავე შეიძლება მცხოვრებთა გადასახლება; ამას ისიც მიუმატოთ, რომ გვაქვს ისეთი ტყეები, რომელთაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ სახელმწიფოსათვის და რომელთა გაჩეხვით არც ჰაერს მიადგება რაიმე ზიანი. ასეთი ტყე 40 ათას დესეტინამდე არის. ეს არის ბორჩალოს მაზრაში და ახალქალაქის მაზრაში. სამწუხაროდ, ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ: ასეთ კუთხეში, როგორც ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებია, ჩვენი ხალხი ხალისით არ მიდის და ამისათვის საჭიროა ერთგვარი წახალისება, რომელიც იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ გადასახლებულები უზრუნველყოფილნი უნდა იქმნენ პირველ ხანებში, და ასეთ პირობებში მსურველი ბევრი გამოჩნდებიან. მე მოგახსენებთ, რომ ამ განაპირა ადგილების ჩვენი მკვიდრით დასახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით.

ამ გადასახლებას, ბატონებო, დიდი ფული სჭირდება. ჯერ მარტო გზის ხარჯი ერთ ოჯახს 2.000 მანეთი უნდა, აგრეთვე ერთ ოჯახს ერთი უღელი ხარი უნდა მივსცეთ, 2 ოჯახს - ერთი გუთანი, ხე-ტყე, სათესლე, პირველ ხანებში საზრდო და საქონლის საკვები. ყოველივე ეს რომ გამოვიანგარიშოთ, სულ დასჭირდება ამ საქმეს 36 მილიონ 300.000 მანეთი. ეს გახლავთ გამოანგარიშებული ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებისათვის. არის, რასაკვირველია, სხვა მაზრებიც - თელავის, სიღნაღის, თიანეთის და სხვა.

ასე რომ, ყოველი ოჯახი რომ ისე უზრუნველვყოთ, როგორც მე მოგახსენეთ, ამისათვის 32.000.000 მანეთია საჭირო. ეს საკითხი განხილული იყო საბიუჯეტო და საფინანსო კომისიების მიერ და დადებითი დასკვნა გამოიტანეს. სახელმწიფო კონტროლიც მხარს უჭერს ამას, მხოლოდ ამბობს, რომ ჯერ გამოიკვლიეთ, ის ახლად გაშენებული 24 სოფელი რა მდგომარეობაშიაო და მერე გასწიეთ ეს ხარჯიო. მაგრამ საფინანსო კომისია ამბობს, რომ ეს მეტად გაართულებს საკითხს; ეს საქმე კი მეტად საჩქაროა და რაც შეიძლება მოკლე ხანში უნდა დავასახლოთ ჩვენი მკვიდრით ეს მამულებიო; თუ ყოველ სხვა საქმეში საჭიროა ეკონომიის გაწევა, აქ ეს დაუშვებელიაო.

თავმჯდომარე: სიტყვა ღლონტს ეკუთვნის.

. ღლონტი (მომხს.): აგრარულმა კომისიამ განიხილა ეს საკითხი და არავითარი აზრთა წინააღმდეგობა არ ყოფილა. აღნიშნეს, რომ ეს არის მეტად დიდი სახელმწიფოებრივი საკითხი და სასურველია, რომ განაპირა ადგილები ქართველი მკვიდრით დასახლებულ იქმნეს. აგრარულმა კომისიამ სცნო, რომ ეს თანხა არის მეტად მცირე თანხა ამ სახელმწიფოებრივი საქმის მოგვარებისათვის და სასურველია, რაც შეიძლება ფართო ნიადაგზე დააყენონ ეს საქმეო. აგრარულმა კომისიამ მიიღო და გადმოსცა დამფუძნებელ კრებას.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. ვინაა წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვას შევუდგეთ. წინააღმდეგი არავინაა.

(დეკრეტი მუხლობრივი განხილვის შემდეგ ჩვეულებრივი წესით მიღებულია).

16. დეკრეტი აფხაზეთის მაზრების სასოფლო მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ბატონ ონიაშვილს ეკუთვნის.

. ონიაშვილი (მომხს.): ბატონებო, ამა წლის 8 აპრილს დამფუძნებელმა კრებამ განიხილა და მიიღო ადმინისტრაციის შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა მთელი რესპუბლიკისათვის. ამაში, რასაკვირველია, აფხაზეთის ადმინისტრაციის შტატებიც გახლავთ. ამ შტატების მიხედვით, სოფლის შესახებ ასე იყო ნავარაუდევი: თითო საზოგადოებაზე შტატი განსაზღვრავდა 2 მილიციონერს; განსაკუთრებით შემთხვევებში ერობა შემოდიოდა შუამდგომლობით, რომ ორის მაგიერ სამი მილიციონერი დაენიშნათ; დამფუძნებელი კრება სათანადო კრედიტს გაუხსნდა შინაგან-საქმეთა სამინისტროს. ეს შტატი და განსაკუთრებით ხარჯთ-აღრიცხვა სრულიად გამოუსადეგარი დარჩა აფხაზეთისთვის, ვინაიდგან ამ კუთხეში ჯერ-ჯერობით არ არის მოწყობილი ერობა, სოფლები დაშორებული არიან ერთი მეორეს; რომ ორი, სამი მილიციონერი საკმარისი არ არის და ამ მხრივ ადმინისტრაციის საქმე ცუდად არის დაყენებული. ამიტომ აფხაზეთის კომისარიატი და ერობა თხოულობს, და ამას ეთანხმება შინაგან-საქმეთა სამინისტროც, რომ სოფლის მილიციის შტატი გადიდებულ იქნას. აქ იქნება მილიციის უფროსიც. ამ მილიციას ექნება თავისი შტატი და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რომელსაც თემები ასრულებენ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში. ამ საქმისთვის საჭიროა 5 მილიციონერის შტატი, რომელთა ჯამაგირიც შეფარდებულ იქნება. შტატი არსებულ ჯამაგირებთან განსხვავდება მხოლოდ მილიციის უფროსის ჯამაგირთან: ის იღებს დაახლოვებით იმდენს, რამდენსაც იღებს მაზრის მილიციის უფროსი სხვაგან. ეს განხილულ იყო ყოველ ინსტანციებში, მიიღო მთავრობამ, სახელმწიფო კონტროლმა, საფინანსო უწყებამ. შემდეგ თვითმმართველობის და საფინანსო-სამეურნეო კომიტეტებმა განიხილეს და დაადგინეს, რომ ეს შტატი გადიდებულ იყო რიცხვით და შეუფარდეს არსებულ მდგომარეობას. გამოითქვა აგრეთვე სურვილი, რომ აფხაზეთში რაც შეიძლება მალე მოეწყოს თემები. აი, ის ზოგადი მოსაზრება, რომელიც მე მინდოდა გამომეთქვა ამ დეკრეტის შესახებ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. (დეკრეტი ჩვეულებრივი წესით მიღებულია).

17. დეკრეტი რუსეთს გასაგზავნ მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 8 მილიონი მანეთის გადადებისა.

თავმჯდომარე: სიტყვა ფირცხალაიშვილს ეკუთვნის.

. ფირცხალაიშვილი (მომხს.): ბატონებო! 22 ივნისს მოხდა შეერთებული სხდომა საქართველოს პროფესიონალურ კავშირების ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ტფილისის საბჭოს სეკრეტარიატისა. ამ სხდომაზე დაადგინეს, რომ გაიგზავნონ რუსეთში მუშათა დელეგაცია იმ მიზნით, რომ დელეგაცია გაეცნოს საბჭოთა რუსეთის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ დადგენილების გამოტანის შემდეგ აღმასრულებელმა კომიტეტმა მიმართა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, რათა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს შუამდგომლობა აღეძრა დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ გაღებული ყოფილიყო საჭირო თანხა ამ მიზნისთვის. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა შეადგინა შესაფერისი დეკრეტი, რომლითაც შემოდის დამფუძნებელ კრებაში. ამ დეკრეტის შესახებ მსჯელობა ქონდა შრომის კომისიას და შრომის კომისია საჭიროდ ხედავს, რომ მუშათა კლასის წარმომადგენლებმა თავისი საკუთარი თვალით დაინახონ, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ზოგნი უსაზღვროდ ლანძღავენ და ზოგნი კი ქებას ასხამენ. საჭირო არის მუშათა კლასმა ობიექტიური წარმოდგენა იქონიოს იმაზე, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა არის საბჭოთა რუსეთში; საჭიროა ჩვენი ქვეყნის მუშათა წარმომადგენლები ადგილობრივ გაეცნონ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მუშათა კლასი რუსეთში. მართალია, ჩვენ აქამდის გვაქვს ინფორმაცია საბჭოთა რუსეთის შესახებ, მაგრამ როდესაც მუშათა კლასი საკუთარი რწმუნებულების საშუალებით გაეცნობა იქაურ მდგომარეობას, ამას უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება. ამასთანავე ჩვენი დელეგაცია გააცნობს საბჭოთა რუსეთის მუშათა კლასს, თუ რა მდგომარეობა არის საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიური, როგორ მდგომარეობაში იმყოფება მუშათა კლასი, როგორი წეს-წყობილებაა, როგორი კანონმდებლობა და სხვა. ამ მიზნისთვის საჭირო არის 8 მილიონის გადადება. ამიტომ შრომის კომისია შემოდის შუამდგომლობით, რომ ეს 8 მილ. მანეთი გაღებულ იქნეს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის განკარგულებაში. ამ კომიტეტმა უკვე აირჩია დელეგატები იქ გასაგზავნად.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს, ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი (მომხს.): საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის განკარგულებაში საერთოდ ამ თანხის კანონიერების შესახებ აზრის შესადგენად არ იყო, ვინაიდან დანამდვილებით არ ვიცით, რა ფასები არის რუსეთში სხვა და სხვა სანოვაგეზე. ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ აიღო ვარაუდით და 8 მილიონი მანეთის მოთხოვნილება სამართლიანად იცნო და ამას არ ეწინააღმდეგება.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა ეკუთვნის ბ. ალ. ასათიანს.

ალ. ასათიანი (ე.-დ.): რომ რუსეთში გაიგზავნოს დელეგაცია იმ მიზნით, რომელიც მოყვანილი იყო, ამის წინააღმდეგ ჩვენ არაფერი არ გვექნება. პრინციპიალურად სასიამოვნო არის, თუ მეტი ინფორმაცია გვექნება რუსეთის შესახებ (თ. ღლონტი: ბურჟუები არ ჰგზავნიან?). ბურჟუები არ ჰგზავნიან, მათთვის საკმარისია ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. თქვენს წიგნში ისეთი დიდი ინფორმაცია არის ბოლშევიკების შესახებ, რომ ჩვენ მეტი არ გვინდა. მაგრამ, ბატონებო, შეუძლებელია ასეთი დიდი თანხა ასე ზეპირად გაიცეს. ყოველ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ ეს ვარაუდი გამორკვეული ყოფილიყო. არ შეიძლება რვა მილიონი მანეთი გავიღოთ უბრალო ვარაუდით. ეს ყოვლად შეუწყნარებელია.

გარდა ამისა, არ არის გამორკვეული, რამდენი კაცი იქნება გაგზავნილი (თევზაია: 17 კაცი!). შეუწყნარებელია, რომ ჩვენ თვითეულ კაცზე გავცეთ ნახევარი მილიონი მანეთი. რა ფასები არის სურსათზე? შეიძლება ჩვენ თვითონ აქედან გავატანოთ ეს სურსათი, მაგრამ 8 მილიონი მანეთის ასე ზეპირად გაღება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, არავითარი მასალები არ ყოფილა წარმოდგენილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში და არც ჩვენ წარმოგვიდგინეს. და ასეთ პირობებში ძნელია გავიღოთ 8 მილიონი მანეთი.

შეიძლება შევიმუშაოთ რაიმე წესი, ერთგვარი კონტროლი დავაწესოთ ამ ფულების ხარჯვაში, ბოლოს და ბოლოს განვსაზღვროთ მიზანი ამ დელეგაციის მუშაობისა (ხმაურობა. თავმჯდომარე ზარს რეკავს). ასეთი ფინანსიური ანგარიში თუ ვაწარმოეთ, მაშინ ჩვენი მდგომარეობა უნუგეშო იქნება მუდამ (ხმა ადგილიდან: რამდენი უნდა, დაასახელეთ!). მე ვერ დავასახელებ, იმათ უნდა სთქვან, ვინც თხოულობს კრედიტს (დაასახელეთ!). ზეპირად 8 მილიონის გაღება შეუძლებელია და შეუწყნარებელი. თქვენ კი ამბობთ, რომ 8 მილიონი მანეთი გვინდაო. და ეს საკმარისი საბუთი გგონიათ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. ამრიგად, კამათი დასრულებულია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. ილ. ფირცხალაიშვილს.

. ფირცხალაიშვილი: როგორც სჩანს, ბ. ასათიანი წინააღმდეგი არ არის ამ დელეგაციის გაგზავნისა, მხოლოდ 8 მილიონი მანეთის შესახებ ეჭვი შეაქვს (ასათიანი: ეჭვი არ შემაქვს!). ამის შესახებ საბიუჯეტო კომისიას ჰქონდა მსჯელობა და აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთ-აღრიცხვა. იქ სწერია, რომ ეს დელეგაცია მიემგზავრება 3 თვით. გამოთხოვილი იყო არა 8 მილიონი, არამედ 8 მილ. 600.000 მანეთი. საბიუჯეტო კომისიამ დაუკლო (რა საბუთით?). მაგალითად, იქ სწერია, რა დაჯდება გზა, პური, ხორცი და სხვა. საბიუჯეტო კომისიამ ეს მიიღო მხედველობაში და შეამცირა ის თანხა, რომელიც იყო გამოთხოვილი (ხმა ადგილიდან: მეტი რომ დაიხარჯოს?). თუ ნაკლები დაიხარჯება, მაშინ დაგვიბრუნებენ.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს, ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი: მე მოგახსენეთ, რომ დანამდვილებითი ცნობები არ იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის განკარგულებაში. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ჩვენ არაფერს არ ვეყრდნობოდით. წარმოდგენილი იყო ხარჯთ-აღრიცხვა და ცხადია, ყოველი ხარჯთ-აღრიცხვა არის ვარაუდი და ჩვენც ამ ვარაუდს დავეყრდენით. გამოთხოვილი იყო 8 მილ. მანეთზე მეტი. ნაანგარიშევი იყო დაახლოვებით, მოგზაურობა - 2 მილიონი მანეთი, პური - 2 მილიონი, რომელიც უკანასკნელი ცნობების მიხედვით ღირს გირვანქა 600 მანეთი, ხორცი - 2 მილიონი მანეთი; დაახლოვებითი გამოანგარიშებით, როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა რუსეთში ცხენის ხორცი ღირს 1600 მანეთი. (ასათიანი: კონსერვები გავატანოთ!). აქედან წაიღებენ თუ იქ იყიდიან, ბოლოს და ბოლოს ეს ფული უნდა გადაუხადოს საბჭოთა რუსეთის ნიშნებზე, ისე რომ განსხვავება დიდი არ იქნება. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი არის, რომ დელეგაციამ თან წაიღოს ხორცი, პური (სპ. კედია: გაყინული ხორცი!). ჩაცმა-დახურვაზედ ნავარაუდევი არის 1 მილიონი მანეთი. ეს მუხლი ხარჯთ-აღრიცხვისა საფინანსო კომისიას არ მიუღია, ვინაიდან მან სთქვა, ვინც დელეგატად წავა, მას აქვს ჩასაცმელი და ისევე ჩაცმული დაბრუნდებაო. აი, ეს მასალები ჰქონდა საბიუჯეტო კომისიას (ასათიანი: ძალიან ცუდი მასალები ჰქონია კომისიას!). ძალიან ცუდად მოიქცა ასათიანი, რომელიც არ დადის საბიუჯეტო კომისიაში, თუმცა წევრად ითვლება (თევზაია: არ სცალიან! ა. ასათიანი: ეს ერთად-ერთი საბუთი არის, რომელიც თქვენ მოგყავთ! ს. დადიანი: ის, რომ არ დადის, თქვენ არ გამართლებთ!). ჩვენ ეს იმაში გვამართლებს, რომ ბ. ასათიანი რომ ყოფილიყო და მიეთითებინა, ჩვენ შეგვეძლო მისი აზრი მიგვეღო, ან არ მიგვეღო და ჩვენ გვგონია, რომ უმართებულოა მისი საყვედური ამ მხრივ. თუ დააკლდებათ ფული, ჩვენ უნდა დაუმატოთ. ეს ორგანო არის ანგარიშ-ვალდებული და ზედმეტი თუ დარჩება, დააბრუნებს. ამ მოსაზრებით ჩვენ მივიღეთ 8 მილ. მანეთი და დავაკლეთ ნახევარ მილიონზედ მეტი.

თავმჯდომარე: კამათი დასრულებული არის. კენჭს უყრი მუხლობრივ განხილვას. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? მიღებული არის. გთხოვთ, წაიკითხოთ.

ფირცხალაიშვილი (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? მიღებული არის. შემდეგი.

ფირცხალაიშვილი (კითხულობს მე-2 მუხლს).

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. კენჭს უყრი მთელს დეკრეტს: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგნი არიან პირადად ვ. მგელაძე და ალ. ასათიანი. დეკრეტი მიღებული არის და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბატონ იმნაიშვილს ეკუთვნის.

18. დეკრეტი - ბავშვობისა და დედობისსაზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენისა.

. იმნაიშვილი: ამ საზოგადოებას ქონებია ვალი მომარაგების კომიტეტისაგან 46 ათასი მანეთი. შენობის რემონტი ჯდება 256 ათასი მან., კონსულტაცია დამჯდარა 380 ათასი მან. ეს არის სულ დეფიციტი და ამის დაფარვას თხოულობს ეს საზოგადოება დახმარებას მთავრობისაგან. მთავრობა შემოდის შუამდგომლობით, რომ ხსენებულ საზოგადოებას აღმოეჩინოს დახმარება. საფინანსო კომისიას ამ საკითხზე პირდაპირი დასტური არ მიუცია, სანამ არ გამოიწვია ამ საზოგადოების გამგეობის წევრი და არ მოისმინა მისი მოხსენება. და მხოლოდ მოხსენების მოსმენის შემდეგ საფინანსო კომისიამ საჭიროდ დაინახა დახმარების აღმოჩენა. ეს საზოგადოება ემსახურება ზოგადი განათლების საქმეს საბავშვო ბაღების მოწყობით და სხვ. ეს დეკრეტი განიხილა აგრეთვე სახალხო განათლების კომისიამ და დაადასტურა.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

(მომხსენებელი კითხულობს. ორივე მუხლი უკამათოდ იქნა მიღებული).

თავმჯდომარე: ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგი საერთოდ? - არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ შემოტანილია წინადადება, რომ დეკრეტების 21 და 22-ს საბოლოო ტექსტები დღესვე იქნეს მოსმენილი. წინააღმდეგი არავინ არ არის. მაშ, წინადადება მიღებულია. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ნ. იმნაიშვილს.

19. დეკრეტი - რეგულიარული ჯარისა და სახ. გვარდიის მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენისა.

. იმნაიშვილი (მომხს.): 15 ივნისს ჩვენ მივიღეთ კანონი ერთდროული დახმარების მიცემისა ყველა სამოქალაქო მუშა-მოსამსახურეთათვის. ის კანონი არ ვრცელდებოდა ჯარზე და გვარდიაზე და იქ ეს დახმარება არ მიუღიათ. ახლა ეს დეკრეტი თხოულობს, რომ 15 ივნისის დეკრეტი ჯარზე და გვარდიაზედაც გავრცელდეს. ამ დეკრეტით ჩვენ მივიღებთ 24 მილიონზე ცოტა მეტს. კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ეს დეკრეტი დადასტურებულ იქნას.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

(მომხსენებელი კითხულობს ორივე მუხლს. კამათი არც ერთ მუხლს არ გამოუწვევია).

ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა საერთოდ? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

20. გაგრძელება მსჯელობისა .-რევოლიუციონერთა ფრაქ. შეკითხვაზე.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

პარმენ ჭიჭინაძე (შინ.-საქ. მინ. ამხანაგი): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! სამშაბათს, ბ. გობეჩიამ ძალიან დიდი სიტყვა წარმოსთქვა. სიტყვის შესავალში ის შეეხო ოპოზიციის მიერ შემოტანილ შეკითხვის აზრსა და მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ოპოზიცია დარაჯად უდგას რესპუბლიკის ინტერესებს, მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ძილს მისცემიაო. შინაგან-საქმეთა სამინისტრო დაბრმავებულა და ვერ ხედავს, თუ რა ხდება იქ, ბორჩალოს მაზრაში. აღნიშნა, რომ რამიშვილმა კარგად იცის, თუ რა ხდება იქ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს, თითქოს ჭორები გონიაო. უმთავრესი მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც ხდება ბორჩალოს მაზრაში, ის არის, რომ იქაური ადმინისტრაცია არ სდგას თავის სიმაღლეზე. სთქვა აგრეთვე, რომ ბორჩალოს საქმეებში დიდი დანაშაული მიუძღვის სოც.-დემ. ორგანიზაციასო და სხვა. მე მინდა შევეხო იმ ბრალდებებს, რომელიც წამოყენებულია ადმინისტრაციის წინააღმდეგ. უნდა მოგახსენოთ, რომ თუ რომელიმე კუთხეზე იქცევდა უწყების მთელს ყურადღებას, ეს იყო ბორჩალოს მაზრა. მე თვითონ ძლიერ დაინტერესებული ვიყავი (ლორთქიფანიძე: არჩევნებით, ალბათ!). ამ მაზრით, რასაკვირველია, არჩევნებითაც. ჩვენი დაინტერესება იმაში იხატებოდა, რომ თუ იქ რამე ხდებოდა, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჩვენ იქ ჩვენი წარმომადგენელი არ გაგვეგზავნოს და არ მოგვეხდინოს საქმის გამორკვევა. შარშან ჩვენ მოგვივიდა იქიდან ცნობა, რომ ადმინისტრაცია ქრთამებს იღებს, სანოვაგეს არ ყიდულობს, არამედ იღებენ: ერბოს, ცხვარს და სხვ. ჩვენ იქ შარშან გავგზავნეთ კომისია ადამიძის მეთაურობით ადგილობრივად საქმის გამოსარკვევად. კომისიამ საქმე ადგილობრივად შეისწავლა, მოახდინა გამოძიება, შეაგროვა დიდი მასალა და ჩვენ წარმოგვიდგინა სათანადო მოხსენებით.

თავმჯდომარე: მივიღე განცხადება დამფუძნებელი კრების წევრების: ალ. ასათიანის და ვლ. მგელაძისა, რომ ქვორუმი არ არისო. შევამოწმე ეს, ქვორუმი მართლა არ აღმოჩნდა და ამიტომ ვხურავ სხდომას.

სხდომა დაიხურა 3 ს. და 10 წუთზე.

15 ორმოცდამეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველო დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(45)

1920 წელი. აგვისტოს 7. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. განგრძობა მსჯელობისა სახელმწიფო 1919-1920 წლის ბიუჯეტის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 10 საათზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილია. გაგრძელება მსჯელობისა სახელმწიფოს 1919-1920 წ. ბიუჯეტის შესახებ. სიტყვა ბ. ქარუმიძეს ეკუთვნის.

(ბ. ქარუმიძის (ნაც.-პარ.) და ალ. ასათიანის (ერ.-დემ.) სიტყვები დაიბეჭდება ამა სხდომის დამატებად).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს დ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი (ს.-დ.): თუმცა ჩვენი ბიუჯეტის განხილვა დაგვიანებით ხდება, მაგრამ მის გარშემო უკვე დაიბადა დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს, რასაკვირველია, ადვილად ასახსნელია. თუ მართალია ის თეორია, რომ სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმიაო, მაშინ ბიუჯეტი ამ ორგანიზმის მთავარი ძარღვია. ბიუჯეტის სისუსტე სახელმწიფოს სისუსტეა; მისი ძლიერება სახელმწიფოს ძლიერებაა. თანამედროვე სახელმწიფო თავის არსებობისათვის მოითხოვს მრავალ ნივთიერ საშუალებებს. იგი იძულებულია აწარმოვოს რთული ფინანსიური მეურნეობა, რომელიც საჭიროებს შემოსავალ-გასავლის წინასწარი ვარაუდის დაჭერას და ხარჯთ-აღრიცხვის შედგენას. საბიუჯეტო უფლების გარშემო დიდ ხანს იბრძოდა დასავლეთ ევროპის დემოკრატია. დასავლეთ ევროპაში საბიუჯეტო უფლება ყველაზე ადრე მოიპოვა ინგლისის პარლამენტმა სტიუარტების დროს მე-17 საუკუნეში. ჩვენს დემოკრატიას საბიუჯეტო უფლებებისათვის განსაკუთრებული ბრძოლა არ დასჭირებია. ეს უფლება, სხვა უფლებებთან ერთად, ხალხმა მოიპოვა, როგორც ლოგიკური შედეგი დიდი რევოლიუციისა.

ბიუჯეტის მთავარი თვისება გამოიხატება სამ მოთხოვნილებაში: 1. ბიუჯეტმა უნდა მოგვცეს მთლიანი სურათი სახელმწიფოს ფინანსებისა. ყველა უწყების ნავარაუდევი შემოსავალი და მომავალი ხარჯები უნდა შედიოდეს ერთ მთლიან სახელმწიფო აღრიცხვაში.

2. შემოსავალ-გასავალი უნდა ემყარებოდეს ნამდვილ ციფრებს და გამოხატავდეს უკანასკნელ წლების საშუალო ოდენობას; ამასთანავე ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს ვადა.

3. ბიუჯეტი - საფინანსო კანონია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის მოქმედებისათვის საჭირო თანხების რაოდენობას. აქედან გამომდინარეობს მისი საჯარო ხასიათი (гласность)... ბიუჯეტი მხოლოდ მაშინ არის მტკიცე, როდესაც სახელმწიფო აქვეყნებს მას საჯაროდ და აძლევს ხალხს საშუალებას, გაეცნოს თავისი არსებობის წყაროს.

თუ ჩვენს ბიუჯეტს წაუყენებთ ამ მოთხოვნილებებს, დავინახავთ, რომ მას ღირსებასთან ერთად ნაკლიც აქვს. მაგრამ ეს ნაკლი დღევანდელ პირობებში ადვილად მისახვედრია და გასაგები. და მართლაც, განა შეიძლება ამ ჟამად ჩვენმა ბიუჯეტმა სავსებით გამოხატოს „მთლიანი სურათი“ სახელმწიფოს ფინანსებისა? თქვენ ვერ დაასახელებთ დღეს ისეთ ქვეყანას, სადაც ბიუჯეტი ამ მიზანს აღწევდეს. საშინელმა ომმა და რევოლიუციამ გაანადგურა მთელი ქვეყნის დაგროვილი სიმდიდრე და მოშალა მისი ფინანსიური აპარატი. ისეთ პირობებში ნორმალური ბიუჯეტის შედგენა პირდაპირ შეუძლებელია. ამიტომ სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია ჩვენ ფინანსთა მინისტრის სიტყვები 1919-1920 წ. ხარჯთ-აღრიცხვის შესავალში: „იშვიათია ქვეყნად ისეთი სახელმწიფო, სადაც შესაძლებელი იყოს დღეს შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვის ისეთი პროექტის შედგენა, რომელიც მთავრობის პრაქტიკულ ნაბიჯებს უზრუნველჰყოფდეს მთელი მომავალი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ძნელია ეს ჩვენს პირობებში იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს წარსულის მაგალითი, რომელზედაც უნდა ემყარებოდეს მომავალი სამეურნეო მოქმედების გეგმა და კერძოდ, საბიუჯეტო მოსაზრებანი“.

მაშასადამე, ჩვენი ბიუჯეტის სუსტი მხარე გამომდინარეობს უმთავრესად ობიექტური პირობებიდან. მაგრამ ოპოზიცია სულ სხვანაირად უყურებს საქმეს. მისმა წარმომადგენლებმა ისეთი საშინელი სურათი დახატეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ოპოზიცია იწუნებს ჩვენი მთავრობის ეკონომიურ პოლიტიკას და სამაგიეროს არ იძლევა არაფერს. მისი მემარჯვენე სექტორი უსაყვედურებს მთავრობას, რომ იგი ახშობს კერძო ინიციატივას და ზღუდავს ვაჭრობა-მრეწველობის საქმეს, ხოლო მემარცხენე სექტორი გაიძახის, რომ იგივე მთავრობა მფარველობას უწევს კერძო მესაკუთრეებს და არ აკეთებს სოციალურ ექსპერიმენტებს ეკონომიურ დარგში. აშკარაა, რომ სცდება ორივე მხარე და მთავრობა ვერ იხელმძღვანელებს ამ შეცდომით. შეიძლება უკიდურესობა პოლიტიკაში ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ეკონომიურ დარგში იგი პირდაპირ დამღუპველია. ამის მაგალითია დღევანდელი რუსეთი.

სახელმწიფო რეალურ ძალთა განწყობილების შედეგია. შეიძლება უპასუხისმგებლო ოპოზიცია დონ-კიხოტივით მუდამ ბრძოლის გუნებაზე იყოს, მაგრამ ასეთი ბრძოლით სახელმწიფო ვერ აშენდება. დემოკრატიული მთავრობა მოვალეა ანგარიში გაუწიოს ყველა იმ ცოცხალ ძალებს, რომელნიც სახელმწიფო წიაღში მოქმედებენ. მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობს. როგორც ფაუსტის გულში, ჩვენს ხალხში ორი სული სცოცხლობს: სული კერძო მესაკუთრისა და კოლექტიური შემოქმედებისა. მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ კერძო მესაკუთრის ინსტიტუტმა გამოიღოს ჩვენში უდიდესი ნაყოფი და შემდეგ უმტკივნეულოდ და ბუნებრივად შეუცვალოს იგი მეურნეობის განვითარების უმაღლესი ფორმით. ეს ცვლილება უნდა მოხდეს არა „სოციალური ექსპერიმენტებით“, არამედ შეჯიბრებით, შრომით და წახალისებით.

ოპოზიცია უსაყვედურებს ჩვენს მთავრობას ბონების კურსის დაცემას.

მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ დღეს დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება ისეთი სახელმწიფო, სადაც ფულის კურსი არ იყოს საგრძნობლად დაცემული. ისეთ ქვეყნებშიაც კი, როგორიც არის ამერიკა და ინგლისი, ჩვენ ვხედავთ ფულის ღირებულების დაცემას. ამის მიზეზი ყველას მოეხსენება და მე არ გავაგრძელებ სიტყვას. თუ შედარებით მეთოდს ვიხმართ, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ფულის კურსი არც ისეა დაცემული. მაგალითად, საქართველოს ბონების ღირებულება სომხეთის ბონებთან შედარებით 4-ჯერ მეტია, აზერბაიჯანის - 3-ჯერ და დონის ფულებთან - 7 ნახ.-ჯერ. ჩვენი ფულის კურსის დაცემას დროებითი ხასიათი აქვს და იგი აიწევს მაშინ, როდესაც გამოსწორდება ჩვენი სავაჭრო ბალანსი. მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ საქონლის გაზიდვის დროს საზღვარ გარეთ თვითეული სახელმწიფო ცდილობს გამოარკვიოს არა მარტო რაოდენობა შემოტანილ-გატანილი საქონლისა, არამედ მისი ღირებულებაც. როდესაც შემოტანილი საქონელი სჭარბობს გატანილს, მაშინ ამბობენ, რომ მისი სავაჭრო ბალანსი არ არის ხელსაყრელი (неблогопріятный). აი, ასეთი არა ხელსაყრელია ჩვენი სავაჭრო ბალანსი. თუმცა იმ ზარალს, რომელიც წარმოსდგება ასეთი ბალანსიდან, რამდენიმედ ჰფარავს ის გარემოება, რომ ჩვენს სახელმწიფოს უჭირავს სატრანზიტო გზა, მაგრამ მისი სავაჭრო ბალანსი მაინც არ არის ნორმალური. გარდა სავაჭრო ბალანსის გამოწვევისა, ფულის კურსის ასაწევად საჭიროა:

1. სახელმწიფოებრივი ეკონომია, რომელიც გამოიხატება ქაღალდის ფულის რაოდენობის შემცირებაში. ახლად დაარსებულ სახელმწიფო ბანკს შეუძლიან ამ საქმეში დიდი როლი ითამაშოს. მან უნდა თავი მოუყაროს ერთად ფულის ნიშნებს, რომელნიც მრავლად არიან გაფანტული ბაზარზე და უკარნახოს თავისი პირობები სპეკულიანტებს.

ჩვენმა სახელმწი ფო ბანკმა უნდა შექმნას ვაჭრობა-მრეწველობისათვის მტკიცე ფულის ბაზისი და დაუკარგოს მას სპეკულიატიური ხასიათი.

2. ტრანსპორტის გაუმჯობესება.

3. იმპორტის შემცირება და სრულიად აკრძალვა ფუფუნების საგნების შემოტანისა.

4. ექსპორტის გაძლიერება.

5. უცხო კაპიტალის მოზიდვა კონცესიების სახით.

6. ბრძოლა სპეკულაციასთან.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს აგრეთვე, რომ ჩვენი ბიუჯეტი დეფიციტით არის შედგენილი. თუ ჩვენ კაბინეტურად ვიმსჯელებთ, რასაკვირველია, ბიუჯეტი დეფიციტით არ უნდა თავდებოდეს. მაგრამ ეს თეორეტიული დებულება მისაღებია მხოლოდ ნორმალური დროისთვის. დეფიციტის თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც გათვალისწინებული გაქვთ მომავალი ხარჯები დაახლოვებით მაინც. ყველამ იცის, რომ ჩვენი სინამდვილე არ გვაძლევს ხშირად ამ ხარჯების გათვალისწინების შესაძლებლობას. განა ორი წლის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის არ არის ამის დამამტკიცებელი საბუთი? და განა ჩვენი მთავრობა მოვალე არ არის იყოლიოს სამხედრო ძალა მუდმივ მზადებაში, რომ ღირსეულად დახვდეს რესპუბლიკის ყველა მოსისხლე მტრებს? ეკონომია, რასაკვირველია, კარგი საქმეა, მაგრამ იქ, სადაც სწყდება ერის სასიცოცხლო ინტერესები, არ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ დეფიციტის აჩრდილის შიშით. სახელმწიფო კი არ არსებობს ბიუჯეტისთვის, არამედ - ბიუჯეტი სახელმწიფოსთვის. თქვენ შეიძლება უდეფიციტო ბიუჯეტი შეადგინოთ, მაგრამ მისი პედანტიური გატაცებით ცხოვრებაში სულ დაანგრიოთ მთელი სახელმწიფო. აი, თუ თქვენ გამოხვალთ აქ და დაგვისახელებთ შემოსავლის წყაროს, საიდანაც შეიძლება ამ დეფიციტის დაფარვა, მაშინ თქვენი მსჯელობა მართლაც სახელმწიფოებრივი ხასიათისა იქნება.

მაგრამ თქვენ ამას ვერ იზამთ და მაშასადამე, თქვენი კრიტიკა მხოლოდ პარტიული ჟინიანობის ნაყოფია. საკმარისი არ არის მხოლოდ დეფიციტის აღნიშვნა, საჭიროა აგრეთვე ბრძოლა იმ პირობებთან, რომელნიც უზომოდ ზრდიან ჩვენს ბიუჯეტს. შეიძლება ბევრი რამ ითქვას ამ ბიუჯეტზე, მაგრამ ერთია აშკარა, რომ ჩვენი ხალხი შესძლებს თავის თავის შენახვას. როდესაც შეიცვლება ცხოვრების საერთო პირობები, ჩვენი ბიუჯეტიც ჩადგება ნორმალურ კალაპოტში: ხარჯები საგრძნობლად შემცირდება, ხოლო შემოსავალი ერთი ათად იმატებს. ამის თავდებია საქართველოს მდიდარი ბუნება. სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ერი გამოიჩენს კვლავ სიცოცხლეს და მოქმედების უნარს, შეიძლება დამშვიდებით და იმედით უყუროთ მის ბრწყინვალე მომავალს (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ლეო შენგელაიას ეკუთვნის.

(ლეო შენგელაიას სიტყვა დაიბეჭდება ამ სხდომის დამატებად).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს, აკაკი ჩხენკელს.

აკ. ჩხენკელი (ს.-დ.): მოქალაქენო! ეს პირველად არის, რომ ჩვენი საკანონმდებლო წარმომადგენლობა იხილავს ხარჯთ-აღრიცხვას. საერთო შთაბეჭდილება ჩემი ზოგად დებატებიდან არ შემიძლია ვთქვა უარყოფითი იყოს, პირიქით, ის არის დადებითი. ჩვენ ვცხოვრობთ პრეცედენტებით, ვქმნით ტრადიციებს, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.

სამწუხაროდ, მარცხენა მხრიდან, ცოტა არ იყოს, აქვეითებდენ დებატებს - ასე ვთქვათ, სათანადო სიმაღლეზე დაყენებას ხელს არ უწყობდენ მაინცდამაინც, თუმცა მათი მხრითაც იყო ზოგიერთი სერიოზული მოსაზრებანი წამოყენებული. დეპუტატ შენგელაიას დღევანდელ გამოსვლაში, მაგალითად, პირადული მომენტი სჭარბობდა, რაიც დებატების დაქვეითებას მოასწავებს, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. შეეხო გვარდიას და ისიც ისე, რომ ჩვენ ყველასათვის მიუღებელი უნდა იყოს. დიდად სამწუხაროა, როცა გვარდიას ისეთი სახელი უწოდა მან, რომელიც მას არ დაუმსახურებია. მე ისე პატივს ვცემ ამ ტრიბუნას, რომ მის სიტყვებს არ გავიმეორებ. ჩვენი გვარდია დარაჯად უდგას ჩვენს შინაურ წყობილებას, ჩვენს დამოუკიდებლობას; მას უხდება ანგარიში გაუწიოს ყოველგვარ გარემოებას. ამგვარად, თუ მას თქვენ ნათლავთ შეუფერებელი სახელით, ეს ფრიად სამწუხაროა. ჩვენ ვიცით როლი სახალხო გვარდიისა ჩვენი ქვეყნის დაცვაში, თავისუფლების განმტკიცებაში, რევოლიუციურ მონაპოვართა შენახვაში. კიდევ გუშინ-წინ, სულ დიდი ხანი არ არის, სახალხო გვარდიამ თითქმის მარტო თავის ბეჭებზე გადაიტანა ის დიდი საშიშროება, რომელიც მოგველოდა აღმოსავლეთით.

ოპოზიციას ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვუსმენთ ყოველთვის და ეს იმიტომ კი არა, თითქოს მას ბევრი ახალი რამის თქმა შეეძლოს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის ქერქში ვიყავით ჩვენ თვითონ დიდი ხანი და გვესმის მისი მდგომარეობა. პირადმა მომენტმა ისე არ უნდა გაიტაცოს ოპოზიცია, რომ მსმენელებმა შთაბეჭდილება მიიღონ, თითქოს ოპოზიცია მარტო ოპოზიციისათვის არსებობს და სხვა არაფერი. ასე გამოდის ხშირად, სამწუხაროდ.

მე შემიძლია გადავიდე ერთ სერიოზულ საკითხზე, რომელიც წამოაყენა დეპუტატმა შენგელაიამ. მან განაცხადა, რომ ის პერმანენტულ რევოლიუციის მომხრეა და მოწმედ კაუცკი დაასახელა. ეს ალბად გაუგებრობიდან გამომდინარეობს: შეიძლება ორატორი პერმანენტულ რევოლიუციაში სამოქალაქო ომს გულისხმობდა, რომელიც მძვინვარებს რუსეთში, აზერბაიჯანში, - ეს სხვა საქმეა. მაგრამ თუ პერმანენტულ რევოლიუციას ეძახით იმ შემოქმედებით მუშაობას, რომელსაც მუშათა კლასი ეწევა სახელმწიფო ძალა-უფლების მის ხელში გადასვლის დროს, მაშინ ერთგვარი გაუგებრობაა დასახელება კაუცკისა. როგორ უცქერის ჩვენსა და ბოლშევიკურ რუსეთის მუშაობას, კაუცკიმ თავისი ნაწერებით დაამტკიცა არა ერთხელ. არ მინდა მოვიყვანო ბევრი საბუთები, არც მინდა ვიმოწმო კაუცკი, რომელთანაც არა ერთხელ მქონია ლაპარაკი; დავასახელებ მხოლოდ კაუცკის ერთ პატარა წერილს, რომელიც ამ დღეებში გამოვიდა ქართულად და რუსულად. ამ წერილში კაუცკი მხარს უჭერს გერმანიის დამოუკიდებელთა და მეუმრავლესეთა სოციალ-დემოკრატიული პარტიების მიერ მთავრობის შედგენას და ამისათვის ის უსახავს მათ პირველ ნაბიჯებს, რომელიც მათ უნდა გადადგან. ეს არის სამგვარი ზომა: 1) ეგრედ წოდებული იუნკრების მამულების კონფისკაცია; 2) ტყეთა სახელმწიფოს ხელში გადასვლა და 3) მთა-მადნეულობის სოციალიზაცია. ახლა დახედეთ პატარა სახელმწიფოს, რომელიც უეჭველად ჩამორჩება გერმანიას, - საქართველოს, სადაც მიუხედავად ამისა, კაუცკის ეს მოთხოვნილებანი განხორციელებულია: კონფისკაცია მამულებისა, ტყეებისა და მადნეულობის სახელმწიფოს ხელში გადასვლა.

კაუცკის აქვს მხედველობაში საკუთრების ნაციონალიზაცია. რაც შეეხება წარმოების სოციალიზაციას, ის უნდა მოხდეს იმ დარგში, რომელიც მომწიფებულია ამისთვის. ზოგიერთ დავალიანებულ და აწეწილ დარგების სახელმწიფოს ხელში გადასვლა მოასწავებს სახელმწიფოსთვის არა მოგებას, არამედ ზარალს. როცა გერმანიაში გახლდით რევოლიუციის დასაწყისში, სწორედ ასეთი ფირმები დიდის ენერგიით მუშაობდენ, რომ სახელმწიფოს ხელში გადასულიყვნენ.

უბრალო მაგალითი ჩვენში არის კახეთის რკინის გზა, რომელიც თავადაზნაურობამ გადმოგვცა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, მაგრამ სახელმწიფო დღესაც უარზეა ხელი მოჰკიდოს მას, ვინაიდან შესაძლოა ეს საზარალო გამოვიდეს მისთვის. ჩვენ ვიცით, მეორეს მხრით, რა მდგომარეობაში იყო ჩვენი მარგანეცის საქმე რუსეთის მმართველობის დროს. ჩვენს მარგანეცს, როგორც თვისებით და რაოდენობით, ისე ბაზართან სიახლოვით, პირველი ადგილის დაჭერა შეეძლო, მაგრამ სინამდვილეში მას უკანასკნელი ადგილი ეჭირა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობა სისტემატიურად წინ ეღობებოდა მარგანეცის წარმოების და განსაკუთრებით მისი გასაღების საქმეს. მართალია, ამ დარგის წარმოების სოციალიზაციისათვის ჯერ კიდევ არაა ნიადაგი მზად, მაგრამ დიდი ნაბიჯია წადგმული წინ ამ მიმართულებით: ეს გახლავთ მარგანეცის ექსპორტის სრული გაერთიანება და სახელმწიფოს სასტიკი კონტროლი. ამას დასძინეთ საზოგადოდ მთა-მადნეულობის ნაციონალიზაცია ჩვენში. ექსპორტის გაერთიანება უთუოდ მოუპოვებს ჩვენს მარგანეცს შესაფერ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე, რაც თავის მხრით ხელს შეუწყობს მისი წარმოების აყვავებას და აქედან სოციალიზაციას გზას გაუკაფავს. ის, რაც ათეულ წლობით ვერ მოხერხდა რუსეთის მმართველობის დროს, - ექსპორტის გაერთიანება, - ჩვენმა რესპუბლიკამ ორ წელში განახორციელა. ჭიათურის მახლობლად არის ტყიბულის ქვა-ნახშირის წარმოება. იქ მოხდა არა მარტო მთა-მადნის, არამედ წარმოების სახელმწიფოზე გადაცემაც.

ყველა ეს მოასწავებს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს შაბლონიური ეკონომიური პოლიტიკა. ჩვენ ცოტა რამ გვქონდა რუსეთთან შედარებით. გაიხსენეთ ქსოვილების წარმოება მოსკოვ-ვლადიმირის რაიონში, დონის ურალის მადნეულობა და სხვა. რა მდგომარეობაშია ყველა ეს დღეს? დანგრეულია, მიწეწილ-მოწეწილი, შეჩერებულია თითქმის მთლად. ჩვენ არ ვიყავით რუსეთის ეკონომიურ პოლიტიკის წყალობით, რომელიც მრეწველობას ცენტრში ანვითარებდა ისეთ მდგომარეობაში, რომ გაგვეკვირვებია განათლებული ქვეყნები. ჩვენი გეზი მიმართულია იქითკენ, რომ ფეხდაფეხ ვიაროთ ამ ქვეყნებთან, განვახორციელოთ ის, რასაც იქაური სოციალისტური მოძრაობა შესძლებს. მაგრამ ბევრ რამეს ისინიც ისწავლიან ჩვენგან. მარტო ის გარემოება, ბატონებო, რომ აქამდის შევინარჩუნეთ ერთი მთლიანი რევოლიუციური ფრონტი, მართლაც მისაბაძია დასავლეთ ევროპისათვის. და ის, რაც ბატონ შენგელაიამ სთქვა, რომ ხშირად მარჯვენა ფრთა იძულებულია მხარი დაგვიჭიროს, ეს მოასწავებს არა ჩვენს სისუსტეს, არამედ - სიძლიერეს.

არის ორი მეთოდი რევოლიუციური ბრძოლისა - ბოლშევიკური და მენშევიკური. თქვენ რომელ მეთოდს უარყოფთ, რომელს უჭერთ მხარს? (შენგელაია: ორივეს უარვყოფთ!). მაშინ დაგვისახელეთ მესამე მეთოდი და მაშინ ვიბაასოთ. თქვენ ამ ტრიბუნაზე ხედავთ მუშა-დეპუტატს ბერიშვილს.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ყურადღებით არ მოისმინა ის, თორემ ბევრს ისწავლიდა მისგან. ჩვენ გვქონდა ჩვეულებად მუშა-დეპუტატის მეტი ყურადღებით მოსმენა. ამაში ჩვენ არასოდეს არ ვაგებდით (ასათიანი: კამათი ხომ შეწყვიტეთ?). ჩვენ არ გვავიწყდება კლასობრივი ინტერესი, მუშათა მოთხოვნილება უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ გვავიწყდება ისიც, რომ წარმოება მტკიცე და საღ დონეზე უნდა იდგეს, რათა მეტი ნაყოფი გამოვაღებინოთ მას. თქვენს წინაშე იდგა მუშა-მოქალაქე, რომელიც ამას გიხსნიდათ, გიმტკიცებდათ. ჩვენი მუშა გრძნობს პასუხისმგებლობას არა მარტო თავისი კლასის, არამედ სახელმწიფოს წინაშეც. ამას ვერ ხედავთ თქვენ რუსეთში.

მარჯვენა სექტორმა ბ. კედიას პირით უსაყვედურა მუშებს, - ისინი არ მუშაობენ იმდენს, რამდენსაც რევოლიუციამდე მუშაობდენო, შრომის ნაყოფიერებამ იკლოვო და სხვ. მართალია, საზოგადოდ შრომის ნაყოფიერებამ ამ ომის და რევოლიუციის შემდეგ ყველა ქვეყნებში იკლო, უეჭველია, ჩვენშიაც უნდა დაეკლო მას, მაგრამ იგივე მუშა-დეპუტატი ბერიშვილი შეეკითხა ბ. კედიას: რაში გამოიხატება თქვენი მუშაობაო. დღეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ნორჩი ბურჟუაზია წარმოებას არ ეტანება, ის სპეკულიანტობს და ეკონომიურ-ფინანსიურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რა მემკვიდრეობა გადმოგვცა ჩვენ რუსეთმა.

სამრეწველო კაპიტალი ჩვენ არ გვქონია თითქმის, ჩვენში მუშაობდა მხოლოდ სავაჭრო კაპიტალი. მსხვილი წარმოება თითქმის არ არსებობდა, იყო მხოლოდ შინა-მრეწველობა, რომელმაც ბლოკადის დროს დიდი სამსახური გაგვიწია. აქ იყო ნედლი მასალა, მაგ., ბამბა, მატყლი, პარკი, მარგანეცი, სპილენძი და სხ., მაგრამ მათი დამუშავება აქ არ ხდებოდა. ამას ხელს უშლიად რუსეთის მთავრობა. ყველაფერს მიეზიდებოდნენ ცენტრისაკენ იქაურ მრეწველობის განსავითარებლათ. მაშასადამე, ამ მხრივ მემკვიდრეობა თითქმის არარაობა იყო, ჩვენი მრეწველობა დაბალ საფეხურზეა. ამიტომ ჩვენ ვერ მოვთხოვდით ჩვენს ბურჟუაზიას ამ ცოტა ხანში აეყვავებია იგი. ყოველ შემთხვევაში, ის არ აკეთებს იმასაც, რისი შემძლეც არის, ეტანება ადვილ საქმეს - სპეკულიაციას, წარმოებას კი გაურბის.

რასაკვირველია, თავი და თავი ჩვენი მიზანი არის წარმოების განვითარება, მრეწველობის გაჩაღება. ჩვენ უნდა დავიცვათ ძირითადი ეკონომიური კანონი: ნაკლები შრომით მეტი ნაყოფის მიღება, რაიც მოასწავებს ტეხნიკის განვითარებას. ჩვენი მთავარი გეზი საზოგადოებრივი მრეწველობის განვითარებაა. მრეწველობას უნდა ჩასჭიდოს მტკიცედ ხელი სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტმა, ერობამ. არის ბევრი ისეთი დარგი, რომლის მიმართ ამ საზოგადოებრივმა ორგანოებმა, შეიძლება, არ გაუწიონ ისეთი ანგარიში პირდაპირ მოგებას. ასეთი დარგებია საერთო სარგებლობის წარმოებანი, მაგ., რკინის გზები, ტრამვაი, კანალიზაცია, სინათლე, გათბობა და ბევრი სხვა. მაგრამ როცა საზოგადოებრივი ორგანო ეწვია ისეთ წარმოებას, რომელიც ამზადებს ბაზარზე გასატან საქონელს, აქ უთუოდ დაცულ უნდა იქნეს ის ეკონომიური კანონი, რომელზედაც მოგახსენეთ: ნაკლები შრომით მეტი ნაყოფი. ამ შემთხვევაში მოგება საჭიროა, რომ წარმოება შეუჩერებლივ ვითარდებოდეს, რომ ტეხნიკამ მაღალ საფეხურს მიაღწიოს. ჩვენ არ ვზღუდავთ კერძო ინიციატივასაც, რამდენათაც ის ხელს უწყობს მრეწველობის განვითარებას, ესეც თავის თავად ცხადია. მაგრამ მარჯვენა ფრთაც დამეთანხმება, იმედია, იმაში, რომ წავიდა ის დრო, როცა სახელმწიფო და თვითმმართველობა არ ერეოდა წარმოების სფეროში, Laissez-faire, laissez-passer-ს ხანამ დიდი ხანია განვლო. არ არის ახლა არც ერთი სახელმწიფო, სადაც წარმოების ნორმალური განვითარება შეიძლებოდეს საჯარო-უფლებრივ ორგანოების ჩაურევლათ. მე ვამბობ უმთავრესად ევროპაზე, ამერიკა ჯერ კიდევ რამდენათმე გამონაკლისს წარმოადგენს, თუმცა საზოგადოებრივ წარმოების ტენდენცია იქაც ემჩნევა.

ჩვენ ხშირად ვაძლევთ სესხს ქალაქებს, ერობებს წარმოებისათვის. აქ საჭიროა მეტი წესრიგი. სანამ სესხი მიეცემოდეს ამა თუ იმ ერობას ან ქალაქს, საჭიროა წინდაწინვე შესწავლილ იქმნას, რამდენათ სახეიროა, რამდენათ რაციონალურია განზრახული წარმოება. სესხის გაცემა შესაძლოა მაშინ, როცა წარმოებას იმდენათ კარგი პირი უჩანს, რომ თუ მოგება არა, დაფარავს მაინც ხარჯებს, მათ შორის სესხსაც. უამისოთ სახელმწიფოს ფინანსები ხიფათში ჩავარდება, ცუდი მწარმოებელი ქალაქის ან ერობის წყალობით მთელი ხალხი დავალიანდება; და ეს მოასწავებს მის ჩავარდნას უცხო კაპიტალის ქსელში.

მეორეს მხრით, სახელმწიფომ უნდა აძლიოს არა სესხი, არამედ პირდაპირ დახმარება ერობათა და ქალაქებს ადმინისტრაციულ აპარატის მოსაწყობათ, გზა და ხიდების გასაკეთებლათ, სკოლების ასაგებათ, ავადმყოფობასთან საბრძოლველათ, მდინარეთა კალაპოტში ჩასაყენებლათ და სხ. ეს მით უფრო, რომ მათი საბიუჯეტო უფლებები ჯერეც გამოურკვეველია. მე ხშირად ვშიშობ კიდეც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობანი, გატაცებულნი მრეწველობით, ივიწყებენ თავის პირდაპირ მოვალეობას: განამტკიცონ მართველობის საქმე, მოსპონ ავ-კაცობა, გაუძღვენ ზევით ჩამოთვლილ კულტურულ საქმეებს.

ოპოზიცია მარჯვნით და მარცხნით ღია კარებს აწვებოდა, როცა გვისაყვედურებდა ერთი მთლიან და საბოლოოთ ჩამოყალიბებულ ფინანსიურეკონომიური გეგმის უქონლობას. არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვქონდეს ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, ან უკეთ - გეზი. ამაზე უკვე ვილაპარაკე: საზოგადოების წარმოების და აღებ-მიცემობის აღორძინება, კერძო ინიციატივის ხელის შეწყობა... სრულიად ჩამოყალიბებული ფინანსიურეკონომიური გეგმა ჩვენ მართლაც არა გვაქვს. ამისთვის ჩვენ აუცილებლად ვთვლით დაარსდეს მთელი რესპუბლიკისათვის ერთი უმაღლესი ეკონომიური საბჭო, რომელსაც უნდა მიენდოს შესწავლა და დამუშავება როგორც საერთო, ისე ამა თუ იმ მნიშვნელოვან დარგის გეგმებისა. ამ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ უნდა იქნეს ყველა ჩვენი სასიცოცხლო ძალები, იქვე უნდა იქნეს მიწვეულნი საუკეთესო სპეციალისტები; თუ ჩვენ არა გვყავს, სხვაგნიდან უნდა მოვიწვიოთ. ჩვენი ქვეყანა არაა ღარიბი ბუნებრივი სიმდიდრით, არც მცხოვრებთა უნარიანობით. ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს ამ მხრივ, მაგრამ ცუდი ეკონომიური პოლიტიკით, უვარგისი ფინანსიური სისტემით ჩვენ შეიძლება მათხოვარი გავხდეთ. საჭიროა ამ მხარეს მიექცეს უდიდესი ჩვენი ყურადღება. გეგმის დამუშავება უნდა ეხებოდეს აგრეთვე სასოფლო მეურნეობას და შინა მრეწველობას.

ეკონომიისათვის ჩვენ დრო არა გვქონდა: პოლიტიკამ მეტად დიდი დრო წაგვართვა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკამ და ქვეყნის დაცვამ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა დაგვიწუნა ჩვენმა კოლეგამ შენგელაიამ. ამ მხრივ იმასთან კამათი შეუძლებელია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არ მიუღწევია არც ერთ რუსეთიდან გამოყოფილ სხვა სახელმწიფოს. მარტო ის, რაც მოხდა ბათომში, არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია. არ მახსოვს ისეთი მაგალითი, რომ დიდ სახელმწიფოებს თავისი დროშა ჩამოეშვას და პატარა სახელმწიფოს დროშა აღემართოს; ჩვენ კი ამას უსისხლოდ მივაღწიეთ. თქვენ რომ ბრძანებთ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის სუსტიო, არ არის მტკიცეო, ამაში თქვენ შემცდარი ხართ. ჩვენი დამოუკიდებლობის იურიდიულ ცნობას ჩვენ ერთი წლის წინეთ მივიღებდით, თუ საერთაშორისო იმპერიალისტების იარაღად გავხდებოდით, მაგრამ არ გავხდით სათამაშო ბურთად და საერთაშორისო იმპერიალიზმმა მაინც დაუშვა თავისი დროშა ჩვენ დროშის წინ. და თუ ოპოზიცია არ აფასებს ამას, დიდად სამწუხაროა.

ჩვენს სახელმწიფოებრივ აპარატს, ჩვენს ადმინისტრაციას და თვითმმართველობას განა ცოტა ნაკლი აქვს? არა, ბატონებო, ძალიან ბევრიც; მაგრამ ჩვენ ვამბობთ სისტემაზედ. ჩვენი სისტემა არის დემოკრატიული წარმომადგენლობა, რომელიც შემოვიღეთ ქალაქში, მაზრაში, თემებში. ჩვენ არ გვქონდა ერობის საქმეში არავითარი პრაქტიკა, ტრადიცია. თქვენ იცით, რომ ერობა რუსეთში სამოცი წელიწადი მოქმედებდა; მოგეხსენებათ იმისი ძალაც: ის იყო, თუ გნებავთ, საძირკველი და თქვენ კი თხოულობთ, ყველაფერი ახლავე რიგზე უნდა იყოსო. ჩვენ ერთი ტიპიური ერობის მოღვაწეც არ გაგვაჩნდა, ვინაიდან ჩვენ რუსეთში არ შეგვეძლო მუშაობა ერობაში, რადგან ის არჩევნებზე და ისიც ცენზიანს ეყრდნობოდა, აქ კი არ მოგვცეს. შემდეგ ჩვენ რა ვქენით? ვქენით ის, რაც არ გაუბედნია არც ერთ სახელმწიფოს, არც სუსტსა და არც ძლიერს: თავიდანვე დავუმორჩილეთ ადმინისტრაცია ერობას. საზოგადოდ ყველგან ყველა განათლებულ ქვეყნებში ადმინისტრაციული აპარატი წინ უსწრებდა თვითმმართველობას. როდესაც საქართველომ ეს შემოიღო, როცა მან განახორციელა კიდეც ჩემს დროს შემუშავებული საერობო დებულება, მე მაშინ საზღვარ-გარედ გახლდით და, მართალი მოგახსენოთ, მეშინოდა, შესძლებს თუ არა ერობა გაუძღვეს თავის საქმეს, მოაწყოს ადმინისტრაცია და სხვ. ეს ახალი საქმე იყო და, რასაკვირველია, დეფექტები ბევრი იქნებოდა. მე ეხლა ხშირად დავდივარ პროვინციებში და როცა ვუყურებ ერობათა მოღვაწეობას, კმაყოფილი ვრჩები. მე ვაქცევ ყურადღებას არა იმდენად ნაყოფს, ჯერ ამისათვის პატარა დრო გავიდა, რამდენადაც იმას, აქვთ თუ არა ჩვენს საერობო მუშაკებს ხალისი და ინტერესი საქმისადმი. უნდა მოგახსენოთ, ამ მხრით მე განცვიფრებაშიც კი მომიყვანეს მათ. ერთი საერობო მოღვაწე იმაზედაც კი შემომედავა, სად უფრო ცოცხალი და საინტერესო მუშაობაა, დამფუძნებელ კრებაში თუ ერობაში. ეს კი, ჩემის აზრით, თავი და თავია. ჩვენი ნორჩი ერობა გაფაციცებით მუშაობს, ბევრ შემცდარ ნაბიჯებს აკეთებს, თქმა არ უნდა, მაგრამ ეს არ მიშლის გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ ის გაჯანსაღდება, განვითარდება და იქცევა ქვაკუთხედად ჩვენი სახელმწიფოებრივობისა.

მე გავათავებ იმით, რომ როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვედავებით, ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს ის მომენტი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და გვიხდება მუშაობა. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველო ჩაება საერთაშორისო პოლიტიკის ფერხულში. თქვენ კარგად იცით, თუ როგორ არის დაპირდაპირებული ორი იმპერიალიზმი: ძველი ევროპიული და ახალი, თურქო-სლავიანური ანუ აზიური, და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. თქვენ იცით, თუ რა სიფხიზლე, მხნეობა და სიმტკიცე გვმართებს, რომ ამ ორი ძალის ერთმანეთთან შეხლის დროს კოზაკივით შიგ არ გამოვიჭყლიტოთ. და ამიტომ, როცა აქ ორატორი გამოდის და ამბობს, მე არ მომწონს ნოე რამიშვილი, ნოე ხომერიკი და სხვებიო, და ამიტომ ბიუჯეტის წინააღმდეგ ვაძლევ ხმასო, ეს, რასაკვირველია, სერიოზული მსჯელობა არ არის. ჩვენ დღეს სერიოზული საკითხი გვაქვს წინ და ამ სერიოზულ საკითხს სერიოზულად უნდა მოვეპყრათ, და მაშინ თქვენთან ერთად ვიტყვით, რომ მივდივართ წინ, გვაქვს მტკიცე პოლიტიკა, შევქმნით მთლიან ეკონომიურ გეგმას და რესპუბლიკას უზრუნველვყოფთ, უზრუნველვყოფთ ჩვენს თავისუფლებას და მამულს. ამის თავდები ჩვენი ხალხია, რომლის წარმომადგენელიც ჩვენ ვართ, ჩვენი მედგარი დემოკრატია, ჩვენი მამაცი და თავდადებული ჯარი და გვარდია (ტაში).

თავმჯდომარე: ორატორთა სია ამოწურულია. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

. გიორგაძე (ს.-დ.): ბატონებო! კამათი გაგვიგრძელდა, თქვენც მოიღალეთ, მაგრამ მე, როგორც მომხსენებელმა, პასუხი უნდა გავცე ორატორების ზოგიერთ დებულებას. ორატორების მიერ ბიუჯეტის შესახებ გაკეთებული შენიშვნები შეეხებოდენ ბიუჯეტის ფორმალურ მხარეს, მის შემოსავალს, გასავალს და ფინანსიურ-ეკონომიურ პოლიტიკას. მეც ამ რიგზე გავსცემ პასუხს.

მოსმენილმა კამათმა დამარწმუნა, რომ ბიუჯეტის შესწავლას ბატონმა დეპუტატებმა მეტი დრო და ყურადღება უნდა მოანდომონ. აქ დეპუტატმა თევზაიამ სთქვა, რომ ბიუჯეტი არის გეგმა, ციფრებით დაწერილი: ამ ციფრებს წაკითხვა უნდა; ამ წაკითხვისთვის კი საჭიროა, რომ დეპუტატი ახლო იდგეს საბიუჯეტო კომისიის მუშაობასთან. საჭირო იქნება, რომ განსაკუთრებით ცხადდებოდეს დრო კომისიის იმ სხდომისა, როდესაც ბიუჯეტი ირჩევა, რომ ყველა ფრაქციამ გამოგზავნოს იქ სამუშაოდ ის პასუხისმგებელი ორატორი, რომლებიც ბიუჯეტის განხილვის დროს კამათში მონაწილეობას იღებენ. შემდეგში მუშაობა ასე უნდა დავაყენოთ და მაშინ ვფიქრობ, ადგილი არ ექნება ბევრ იმ გაუგებრობას, რომელიც ჩვენ აქ მოვისმინეთ. კომისიას უსაყვედურებენ, რომ ამ ბიუჯეტში მოთავსებულია 7 თვის გაწეული სრული ხარჯი და არა მთელი წლის.

ამის მთქმელმა რომ იცოდეს კომისიის მუშაობის პირობები, ამას არ იტყოდა. საბიუჯეტო წელი დასრულდა 31 მაისს. კომისიას რომ განეზრახა ყველა გაწეული ხარჯი 31 მაისამდის ბიუჯეტში მოექცია, მაშინ ბიუჯეტს ჩვენ ვერ შევადგენდით კიდევ დიდ ხანს. თქვენ, ბატონებო, ყოველ დღე იღებდით ახალ-ახალ შტატებს და მომატებებს. და თუ კომისია დაისახავდა მიზნად ყველა ხარჯების შეტანას ბიუჯეტში, მაშინ ის 31 მაისამდის ვერც ერთს ციფრს ვერ დასწერდა ბიუჯეტში. აი, მაგალითისათვის: 30 მაისს 1919 წელს თქვენ მიიღეთ კანონი “რესპუბლიკის რკინის გზის კატეგორიის გარეშე მყოფ აგენტების ჯამაგირების მომატების შესახებ“. ეს მომატება სავსებით სცვლის ბიუჯეტის ყველა ციფრებს. მაშასადამე, ჩვენ ბიუჯეტის შედგენა მხოლოდ 31 მაისიდან უნდა დაგვეწყო და ის დღეს ნახევრადაც შედგენილი არ იქნებოდა. აღნუსხვა მისი, თუ ფაქტიურად რამდენი დაიხარჯა წლის განმავლობაში, ეს კონტროლის საქმეა. კომისიამ კი ივარაუდა, შეადგინა ბიუჯეტი და წარმოადგინა, რომ მიზნისათვის მიეღწია, შეჩერდა 1 იანვ. 1920 წლისა და მიიღო მხედველობაში ამ დრომდის ყველა მომატებები.

ასეთივე გაუგებრობაზეა აგებული ლეო შენგელაიას შენიშვნა, რომ რატომ ბიუჯეტში არ შედის თავდაცვისათვის გადადებული თანხები. ეს თანხები თქვენ პირველი იანვრის შემდეგ მიიღეთ და, რასაკვირველია, ის აქ არ შევიდოდა.

უსაფუძვლოა საყვედურიც, ვითომც საბიუჯეტო კომისია ვერ უწევს კარგ მეთვალყურეობას ჩვენს ფინანსებს, რადგან მომარაგების სამინისტრო არ შედის ბიუჯეტში. მე მოგახსენეთ პირველ ჩემ მოხსენებაში, რომ კომისია ეცადა ეს სამინისტროც ყოფილიყო ამ ბიუჯეტში, ამის შესახებ მას ქონდა მიწერ-მოწერა სამინისტროსთან, პირადი მოლაპარაკებაც, მაგრამ სამინისტრომ ვერ მოასწრო ხარჯთ-აღრიცხვის დამზადება, როგორც ახალმა ორგანიზაციამ; ოპერაციების შესახებ კი კომისიამ მიიღო ცნობები და მოგახსენათ. კომისია აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში ბიუჯეტის მთლიანობა დარღვეულია და აწი მას ადგილი არ უნდა ქონდეს. მე ეს მოგახსენეთ და რა საჭირო იყო ამ დებულების გარშემო ამდენი ტრიალი.

ბურჟუაზიული სახელმწიფოებიც კი წინდაწინვე იხილავდენ ბიუჯეტსო, სთქვა ლეო შენგელაიამ, ჩვენში კი წინააღმდეგ არისო.

მე აღვნიშნე ჩემ მოხსენებაში, რომ ეს არა-ნორმალურია, მაგრამ დღევანდელ არანორმალურ პირობებში წინდაწინვე ბიუჯეტის განხილვას ვერ ახერხებს ვერც ერთი სახელმწიფო. აქ ზოგიერთები ძალზე ეარშიყებიან ბოლშევიკებს, და აი მათაც ვერ შესძლეს ეს. 1918 და 1919 წლის ბიუჯეტი მათ განიხილეს მის შემდეგ, როდესაც გავიდა საბიუჯეტო ხანა.

ჩვენ მთავრობამ ძველი კვიტანციები წარმოგვიდგინაო, ბრძანეს აქ. ესეც დიდი გაუგებრობაა. მთავრობას არავითარი კვიტანციები არ წარმოუდგენია. ყველა ციფრები ამ ბიუჯეტში მოთავსებული, თქვენ მიერ არის მიღებული და გაღებული. ერთი ფარაც მთავრობის ინიციატივით გაღებული არ არის; ჩვენი ბიუჯეტი უაღრესად დემოკრატიულია მით, რომ ყოველი კაპეიკი დამფუძნებელი კრების მიერ არის გაცემული, აწონილ-დაწონილი საჭიროება და შემდეგ დადასტურებული.

უნდა შევჩერდეთ მთავრობის უფლებაზე პარაგრაფის ფარგლებში კრედიტის სარგებლობის შესახებ, რადგან ეს სადაოდ გახადეს.

რაც უფრო სახელმწიფო მეურნეთ გამოვა, რაც უფრო ის აღებ-მიცემობაში ჩაერევა, - მით უფრო მისი უფლება კრედიტით სარგებლობისა უნდა გაფართოვდეს. ერთი გარემოება მეორეს იწვევს. რაკი მთავრობა რამდენიმეთ მაინც მეურნეობას ეწევა, არ შეიძლება ამ მეურნეობისათვის საჭირო თანხის სრული სისწორით გამოანგარიშება, შეუძლებელია ყველა ოპერაციების წინასწარი წარმოდგენა. ამიტომ თუკი ჩვენ შევსძელით, რომ წარმოება და მეურნეობა სახელმწიფომ ხელში ფართოდ აიღოს, მაშინ კრედიტით სარგებლობაც მთავრობის მიერ გაფართოვდება; ჯერ კი პარაგრაფის ფარგლებში მით სარგებლობა საკმარისია.

გადავდივარ გასავალზე.

არავის აქ არ დაურღვევია ჩემი დებულება, რომ 50 პროც. ჩვენი ბიუჯეტისა ხმარდება კულტურულ-სააღმშენებლო-სამრეწველო საქმეს. არც არავინ ცდილა დაერღვია ეს დებულება, რადგან ეს უტყუარი დებულებაა. აქ ლ. შენგელაია შეეცადა ამ დებულების გაბათილებას და მის საბუთად ის მოიყვანა, რომ განსაკუთრებულ რაზმზე ხარჯი არ არის ასეთი ხარჯიო. მე ეს არც მითქვამს. 50 პროცენტში არ შედის არც ადმინისტრაციის, არც მართვა-გამგეობის ხარჯები; აქ აღებულია წმინდა კულტურულ-სამრეწველო ხარჯები, რომელსაც სხვა და სხვა უწყება ეწევა. პირველ ჩემს მოხსენებაში მე მოვიყვანე ამის დამამტკიცებელი ციფრები; აქ ამის საწინააღმდეგო სხვა ციფრები არავის მოუყვანია (ღლონტი: ასე ანგარიში არ შეიძლება!). კარგი იქნებოდა გეჩვენებიათ, თუ როგორ შეიძლება ანგარიში. თქვენ ორჯერ თითო საათი ილაპარაკეთ, ამის შესახებ კი არაფერი გითქვამთ იმიტომ, რომ ვერაფერს იტყოდით.

ჩვენს დიდ ხარჯებს მით ხსნიდენ ზოგიერთი ორატორები, რომ არ არსებობს კონტროლი. აქ კონტროლი არაფერ შუაშია, ყველა თანხები დამფუძნებელ კრების მიერ არის გაცემული. ხოლო რაც შეეხება კონტროლის მოქმედებას, როგორც საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ და მომხსენებელმა, უნდა განვაცხადო, რომ ის საყვედურები, რომელიც აქ ითქვა კონტროლის შესახებ, ყოვლად უსაფუძვლოა. ყოველ ცნობას კონტროლი დაუყონებლივ აწვდიდა კომისიას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რამე ცნობა საიდუმლოების ან სხვა რაიმე მიზეზის გამო კონტროლს კომისიისათვის არ მიეწოდებია. წარმოდგენილი ბიუჯეტი კონტროლს გასაკვირველი სიბეჯითით და მუყაითობით შეესწავლა და ყველა თანხების შესახებ დასაბუთებული შენიშვნები წარმოედგინა კომისიაში. ბევრი შრომა და ცოდნაა ამ შენიშვნებში ჩაქსოვილი. მხურვალე მონაწილეობას ბიუჯეტის დამუშავებაში იღებდა, კონტროლის გარდა, ფინანსთა უწყების წარმომადგენელი, საბიუჯეტო განყოფილების დირექტორი, ბ. ალექსანდრე კანდელაკი.

იყო შემთხვევები, როდესაც კონტროლი ვერ სცნობდა ამა თუ იმ თანხის მოთხოვნას დასაბუთებულად და წერილობით აცხადებდა, რომ თუ უწყება კომისიაში დაასაბუთებდა, მაშინ ის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ასეთი შემთხვევა იყო თოფხანის ხარჯების შესახებ, სადაც ხარჯების დაწვრილებით დასაბუთება ძალიან ძნელია, რადგან თოფხანა არის წარმოება; მაგრამ როდესაც კომისიაში კონტროლი მოისმენდა უწყების დაწვრილებით განმარტებას, იძლეოდა შესაფერის დასკვნას. ამგვარად, კონტროლი პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას (თ. ღლონტი: ის მოვალეა შეასრულოს!) დიაღ, მოვალეა. მე თუ ამ მოვალეობის შესრულებაზე შევჩერდი, იმიტომ რომ აქ ილაპარაკეს ამ მოვალეობის ვითომც და შეუსრულებლობის შესახებ. იმედია, რომ კონტროლი კვლავ მომავალი ბიუჯეტის შედგენის შესახებ ჩვეულებრივ ენერგიას და ცოდნას გამოიჩენს.

სახელმწიფო კონტროლმა წარმოუდგინა მოხსენება თავის მოქმედების შესახებ დამფუძნებელ კრებას. ეს მოხსენება ეხება 1918 წელს. მას არ შეეძლო წარმოედგინა იმ წლის ბიუჯეტის აღსრულება, რომელსაც ჩვენ ეხლა ვიხილავთ. კონტროლი უშუამავლოთ დამფუძნებელ კრებას ექვემდებარება და მას ისეთი რამ უნდა მოვთხოვოთ, რაც შესაძლებელია. აქ ისარგებლეს მცირე კომისიის აქტებითაც.

კონტროლის მოხსენების და მცირე კომისიის აქტების შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მოხსენებას და აქტებს აუცილებლად თან უნდა ახლდეს მთავრობის განმარტება. ეს განმარტება და მოხსენება ერთად უნდა ურიგდებოდეს დამფუძნებელ კრების წევრებს და მაშინ ბევრ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. მცირე საბიუჯეტო კომისია ასე იქცევა: მან მოახდინა რევიზია მიწად-მოქმედების და სამხედრო ზოგიერთ დაწესებულებებში. ეს აქტები მთავრობის განმარტებით წარმოედგინა დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს; მანამ კი ეს აქტები მხოლოდ ცნობებს შეიცავენ და არა კომისიის მოხსენებას.

კონტროლის მოხსენებასაც თან რომ ხლებოდა მთავრობის მოხსენება, ამდენი ლაპარაკი აქ არ იქნებოდა. აწი ჩვენ ეს წესი უნდა შემოვიღოთ. კომისია ასე მოიქცა ხაზინაში და ექსპედიციაში მომხდარი რევიზიის შესახებ. იქ კომისიამ მოისმინა ახსნა-განმარტება უწყების მეთაურის და თავის დასკვნა წარუდგინა პრეზიდიუმს. განა გაუგებრობა არ არის, როდესაც ბათომის ევაკუაციის დროს დეფექტებს დანაშაულობაში უწერენ მთავრობას? ჩვენ მთელი ოლქი დავკარგეთ მაშინ, საშინელი უბედურება თავს დაგვატყდა და ნუთუ ევაკუაციის დროს ყველაფერი რიგზე იქნებოდა? მაგრამ აქ არ არის მიღებული მხედველობაში ის ჯოჯოხეთური პირობები, რომელშიაც ჩვენ მაშინ ვიმყოფებოდით. კომისიას არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ამ პირობებს.

კონტროლის მოხსენებას მთავრობის განმარტება რომ თანხლებოდა, განა აქ ამდენს ილაპარაკებდნენ ბორჯომის პროპკებზე? მაშინ, როდესაც ოსმალოს ურდოები აწყურთან იდგენ, ჩვენი ჯარები ბორჯომის ბატებში, სასტუმროებში და მის მიდამოებში დაბანაკებული იყო. ამ დროს განა გასაკვირველი არ არის, რომ მოხერხდა პროპკების გაყიდვა და არა გადაყრა, გატაცება? ეს გაყიდვა არსებითად ბორჯომის მუშებმა მოახდინეს, რადგან მათ ჯამაგირები ერგებოდათ; უწყებამ კი დაადასტურა. დეფექტები, დიაღ, უნდა უჩვენოთ, მაგრამ ღირსებაც არ უნდა დაივიწყოთ. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ბორჯომის მამულში, გარდა პროპკებისა, იყო სასახლეები ძვირფასი ნივთებით სავსე. მერე, განა უსამართლობა არ იქნება, რომ არ აღვნიშნოთ ის, რომ ეს სასახლეები დღემდის შენახულია, როგორც წყლით სავსე ჭიქა! (ხმები: იქ ყველაფერი გაყიდულია!). ეს არ არის მართალი. მე ჩემი თვალით არა ერთხელ დამითვალიერებია ეს განძი და ყოველთვის მიკვირდა, თუ როგორ შევძელით ამ სასახლეების და მთელი რიგი დაწესებულებების შენახვა ასე ხელუხლებლად. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ დეფექტები. მაგრამ ნუთუ უწყების მთელი შრომა წყალს უნდა გავატანოთ და არაფერი დავისწავლოთ? განა ამას სახელმწიფოებრივი ინტერესი მოითხოვს? არა.

აგრეთვე გაუგებრობაზეა დამყარებული ის შენიშვნები, რომ ქართული კორპუსის არსებობის დროს იქ ქონების პატრონობის საქმე არ იყო კარგად დაყენებული.

თქვენ რომ მთავრობის განმარტება მოგესმინათ კონტროლის მოხსენებასთან ერთად, დაინახავდით, ეს იყო ხანა უპატრონოდ დარჩენილი ქონების შეგროვებისა და ტაციობისა, როდესაც ყველა ეროვნება ამიერ-კავკასიისა ცდილობდა მეტი რგებოდა. ამ ხანაში საშინელ მძიმე პირობებში გვიხდებოდა ამ ქონების დაგროვება და შენახვა. მახსოვს, „ცარსკიე კოლოდეცა“-ში ერთი სამხედრო ნაწილის ქონებას ადგილობრივი მცხოვრებნი დაეპატრონენ. როდესაც მათ გამოვგლიჯეთ ხელიდან, გზაზე მომავალ ფურგონებს სხვა სოფლები დახვდენ, ქონება ჩვენიაო, და თოფ-ზარბაზნების საშვალებით ჩამოვიტანეთ აქ ქონება ტფილისში და ასე მრავალ სხვა ადგილს, მანგლისში, მუხრავანში, გომბორში და სხვა და სხვა. განა ტრაპიზონის ისტორია არ გახსოვთ? ეს კარგად იცის დეპუტატმა დადიანმა, რომელიც თავის რაზმით იყო იქ და უპატრონოდ ქონების ნაწილი გამოიტანა.

აი ასეთ პირობებში ყოველივე ფორმალობის მოთხოვა შეუძლებელია. ასეთ პირობებში ბევრი ქონება მაინც შეკრებილ და მოვლილ იქნა და მით ჩვენ დღემდის თავდაცვას ვაწარმოებდით.

საფინანსო კომისია თვალ-ყურს ადევნებს უწყებების მოქმედებას, ხშირად სთხოვს მათ ახსნა-განმარტებას კრედიტის გამოთხოვის დროს და უნდა გავაცხადო, რომ ყოვლად მიუღებელია ის დებულება, რომელიც ბ. თ. ღლონტმა წარმოსთქვა და რომელიც მე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე: „არც ერთი უწყება არ არის ისეთი მოწყობილი, რომ კრიტიკის მინიმუმს გაუძლოსო“. ეს უსამართლობაა. მართალია, უწყებებს აქვს დეფექტები, არ შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყველაფრის დავიწყება, დადებითი მხარეების არ აღნიშვნა, არსებითი მხარეების არ აღნიშვნა, არ შეადგენს ჩვენს მოვალეობას; წინააღმდეგ, ჩვენ ერთიც და მეორეც უნდა აღვნიშნოთ არა იმიტომ, რომ რომელიმე პიროვნებას ჩირქი მოვცხოთ, არამედ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს საქმის ინტერესი.

მე პირველ მოხსენებაში აღვნიშნე, რომ ჩვენს მართვა-გამგეობას აქვს დეფექტები; რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ მის გამოსწორებას.

ბ-ნებო! მთავრობა მართავს სახელმწიფოს მოხელეების საშუალებით. ამ მოხელეების კეთილ-სინდისიერებაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ჩვენ გვყავს უმეტესად ძველი მოხელეობა; მათ არ აქვს ჯერჯერობით ახალი ტრადიციები, ისინი ძველი ტრადიციებით სულდგმულობენ. ძველი მოხელის ტრადიცია კი იყო: საქმის ისე მოკვარახჭინება, ანგარიშების ისე შედგენა, რომ ხელის მოსაკიდებელი არაფერი ყოფილიყო. ეს ტრადიცია, სამწუხაროდ ჯერ ჩვენში არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ, მოხელეობა თავის სიმაღლეზე უნდა ავიყვანოთ. მე მოგახსენებთ ერთ ასეთ ტრადიციის მაგალითს: ჩემი მთავრობაში ყოფნის დროს მე ერთი სამხედრო ნაწილი ჩვეულებრივად დავათვალიერე, ვნახე ჯარისკაცებიც, გავიგე მათი რაოდენობა. მეორე დღეს ამ ნაწილის ნახვის გამო ბრძანება გამოვეცი. იქ იყო აღნიშნული ღირსება და ნაკლი და რიცხვი ჯარისკაცებისა - სულ 349 გავიდა და მე, როგორც მცირე კომისიის წევრი, მივედი სხვებთან ერთად ამ ნაწილში; მომაგონდა ჩემი ბრძანება, შევადარე ბრძანების რიცხვი - 349 ჯარისკაცის იმ რიცხვს, რომელიც იმ დღეს გაეწერათ ნაწილის წიგნებში და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, როდესაც მე ჩემი თვალით ნაწილში ვნახე და დავადასტურე 349 ჯარისკაცი, წიგნებში გაეწერათ, რომ ვითომდა იმ დღეს მათ მისცეს საჭმელ-სასმელი 714 კაცს, ე. ი. 365 მეტს, რითაც ერთი დღის განმავლობაში საგრძნობი ზიანი ხაზინას მიაყენეს.

ამ ფაქტმა საშინლად ამაღელვა, ამაღელვა ასეთმა უსინდისობამ. კომისიამ მაშინვე მიიღო ზომები, მაგრამ სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად რჩება.

აქედან დასკვნა: ყველამ თავისი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე უნდა პირნათლად შეასრულოს; მაშინ მართვა-გამგეობაში ჩვენ ცოტა დეფექტები გვექნება. სახელმწიფო მოსამსახურეები თავის სიმაღლეზე უნდა ავიყვანოთ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერც ჩვენი დეპუტატები ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას სავსებით. აი, არსებობს მცირე კომისიები, რომლის მოვალეობაა აღმოაჩინოს დეფექტები, მიუთითოს უწყებას და ამგვარად დაეხმაროს მას ნაკლოვნების მოსპობაში თუ არა, შემცირებაში მაინც. მერე? ძლიერ ცოტას აკეთებს ეს მცირე კომისიები. ისევ საფინანსო კომისია, რომელსაც ისედაც აუარებელი მიმდინარე საქმეები აქვს, ცოტა რამეს აკეთებს ამ მხრით, სხვები კი ვერ იჩენენ საჭირო საქმიანობას. საჭიროა ამას მივაქციოთ ჯეროვანი ყურადღება. თუ უწყებას დეფექტებს უჩვენებთ, არა მგონია მადლობით არ მიიღონ ასეთი შენიშვნები.

აქ ბრძანეს, რომ ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა დანაშაულობა ჩაიდინაო. მე ვაცხადებ, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია; მცირე კომისიამ აღმოაჩინა დეფექტები და ამ დეფექტებზე მიუთითა (ხმები: არა, მან დანაშაულობა ჩაიდინა!). კომისიის აზრით, ავალიანის მოქმედების კვალიფიკაცია დანაშაულობა არ არის, ეს ზოგიერთი თქვენგანის დასკვნაა. შეცდომებზე მიუთითა კომისიამ და ის უნდა იქნეს გასწორებული. აქ სთქვეს, რომ ძალიან ცოტა ჩვენი ბიუჯეტიდგან იხარჯება სოფელზეო. ეს არ არის ასე. კომისია ერთგვარი ყურადღებით ეპყრობოდა როგორც სოფელს, ისე ქალაქს. ჩვენ ვაძლევთ დახმარებას არა მარტო ქალაქებს, ერობებსაც. მათ გადაცემული აქვთ ნაწილი გადასახადებისაც. ჩვენი ბიუჯეტის გასავალი: სასოფლო მეურნეობაზე - 32 მილიონი, სატყეო განყოფ. - 18 მილიონი, წყლის განყოფ. - 5 მილ., გზა-ტკეცილების და საურმე გზების - 15 მილ., დიდი ნაწილი სახალხო განათლების ხარჯებისა, სამკურნალო დაწესებულებებისა, მომრიგებელი მოსამართლეებისა, ფოსტა-ტელეგრაფისა და სხვა და სხვა სოფელს ეკუთვნის. კომისიას ყოველთვის აინტერესებს სკოლის მდგომარეობა, ეს ასეც უნდა იყოს, და ყოველივე განცხადებას სოფლიდან მიღებულს ის დიდი ყურადღბით ეპყრობა. სოფლის ბედი თვით მის ხელშია - ერობის, - ჩვენ კი მას ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ და ვეხმარებით. ამას წინეთ ჩვენ მივეცით 100 მილ. დახმარება სესხის სახით ერობებს. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერობებს და საერთოდ თვითმმართველობებს ვეყრდნობით და როგორ შეგვიძლია ისინი უყურადღებოთ დავტოვოთ.

კომისიას უსაყვედურებს ეკლესიის შენახვაზე ფულის გაღებას. ეს მართალი არ არის.

სამღვდელოებას ჯერ-ჯერობით დაკისრებული აქვს დიდი სახელმწიფოებრივი მოვალეობა: რეგისტრაცია დაბადებულების, მიცვალებულების და დაქორწინებულების. ეს დიდი რთული საქმეა. ეს საქმე ჯერ ჩვენ ვერ ჩამოგვირთმევია მათთვის. იუსტიციის სამინისტროს ამ ჟამად შემუშავებული აქვს წესი და ორგანიზაცია ამ რეგისტრაციისა და ჩვენ ალბად მალე განვიხილავთ. აი ამ მოვალეობის აღსრულებისათვის, ეს პირდაპირ ნათქვამია ბიუჯეტში, სახელმწიფომ გაიღო ერთ მილიონზე ცოტა მეტი თანხა. ვისაც აკისრებთ თქვენ მოვალეობის აღსრულებას, სულ ერთია, ანაფორა აცვია მას თუ კურტკა, კაცია თუ ქალი, თუკი საქმეს აკეთებიებთ, სასყიდელიც უნდა მისცეთ. როდესაც მათ ამ მოვალეობის ასრულებისაგან გავანთავისუფლებთ, თავის თავად იხსნება საკითხი მათთვის ფულის გადადების შესახებ.

ამავე დროს ჩვენ გვისაყვედურებენ, რომ შრომის სამინისტროზე ძალიან ცოტა იხარჯებაო. ამ საკითხზე დიდხანს შეჩერდა ბ-ნი თ. ღლონტი, რომელსაც ძალიან მოსწონს რუსეთის ბოლშევიკების წეს-წყობილება. ამიტომ რუსეთის ბოლშევიკების ბიუჯეტით გავაწბილებ მე ბ. ღლონტს. აი ცნობები: მაშინ, როდესაც შრომის კომისარიატზე ბოლშევიკებმა გადადვეს შვიდი მილიონი, სამხედრო საჭიროებისათვის - შვიდი მილიარდი. ჩვენ ვხარჯავთ ერთ მილიონზე მეტს შრომის სამინისტროზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხელეები, რომლებიც შრომის სამინისტროში მსახურებენ, ცოტა არიან. ეს შრომის უყურადღებობას სრულებით არ მოასწავებს. აი, რა გაგვიკეთებია ჩვენ მუშებისათვის: გამოვეცით კანონი სოციალური დახმარებისა და გადავდევით 25 მილიონი; შევქენით ფონდი მუშებისათვის სურსათის მისაწოდებლად და გადავდევით 50 მილიონი ერთხელ, 120 მილიონი - მეორეთ; გავადიდეთ ჯამაგირები 1 აგვისტოს 1919 წელს, 1 ნოემბერს 1919 წელს და 1 თებერვალს 1920 წელს. 15 დეკემბრის და 23 ივლისის დეკრეტების ძალით მივეცით ერთდროული დახმარება, მივიღეთ კანონი რკინის გზაზე პენსიის გადიდების; ეხლა ვიხილავთ შრომის ხელშეკრულებას და მალე მივიღებთ საპენსიო დებულებას. სწარმოებს დაზღვევა მუშებისა და დღეს 600 მუშა პენსიონერია; საავადმყოფო კასები და ავადმყოფობის დროს მუშების უზრუნველყოფა ფართოდ არის დაყენებული. დაარსდა სატარიფო პალატა: იქ იკრიბება ცნობები სანოვაგეზე ბაზრის ფასების შესახებ და იქვე სწყდება საკითხი ხელფასის გადიდებისა. მიღებულმა ზომებმა ხელფასის ზრდის შეჩერების შესახებ მით, რომ იაფ-ფასიანი პური მიაწოდონ მუშა-მოსამსახურეებს, მიზანს მიაღწიეს. აქედან აშკარაა, რომ შრომას ჩვენ ჯეროვან ყურადღებას ვაქცევთ და ღლონტის მტკიცება სინამდვილეს არ შეეფერება.

თქვენ საზოგადო მოღვაწეებს ყურადღებას არ აქცევთო - არც ეს არის მართალი. 13 ივლისს ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლით დავბეგრეთ 10 პროცენტი ყველა გასართობები ამ მოღვაწეების სასარგებლოდ. უფრო ფართოდ დაყენება ამ საკითხისა ჯერ შეუძლებელია ფინანსიური მოსაზრებით.

აქ აქამდინაც მივიდენ, რომ განაცხადეს, თავდაცვის საქმეზე ფული უმიზნოდ იხარჯებაო. ეს დიდი უსამართლობაა. ჯარი და სახალხო გვარდია თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. ამაზე პასუხი გასცა შენგელაიას დეპ. ა. ჩხენკელმა და მეც ვალად ვრაცხ ჩემ თავს აღვნიშნო ჩვენი შეიარაღებული ძალის დიდი სამსახური ხალხის წინაშე და გამოვსთქვა იმედი, რომ აწიც ამ გზას ჯარი და გვარდია არ დააგდებენ. გამოვთქვამ არა თუ კომისიის, დამფუძნებელი კრების სურვილსაც, თუ ვიტყვი, რომ შინაური წესრიგის დასაცავად ჩვენ ვერაფერს დავზოგავთ, რადგან ამ შინაურ სიმაგრეზეა დამყარებული საერთაშორისო ჩვენი გამარჯვება. ეს კარგად უნდა ახსოვდეს ოპოზიციას.

ახლა რამოდენიმე მოსაზრება შემოსავლის შესახებ. ოპოზიციამ საშინლად გამოილაშქრა ჩვენი შემოსავლის სისტემის წინააღმდეგ: უწოდეს ჩვენს ბიუჯეტს რეაქციონური, პარაზიტული, მიტომ რომ ჩვენ ეხლავე ვერ შევქმენით გადასახადების ახალი სისტემა; მიტომ რომ ჩვენ ეხლავე ვერ შევძელით შემოგვეღო ერთად-ერთი გადასახადი, რომელიც დაფარავდა ყველა სხვა გადასახადს - შემოსავლის კვალობაზე გადასახადი.

ამ შემთხვევაში ოპოზიციას ძლიერ უყვარს ბოლშევიკური რუსეთის ხსენება. ბ. თ. ღლონტმა მოგახსენათ, რომ საკუთრების და წარმოების საქმე ბოლშევიკებმა მშვენივრად დააყენესო. ამიტომ უნდა მოვაგონო მასვე, რომ თუმცა ბოლშევიკები დეკრეტებით ქმნიან ახალ პირობებს, მაგრამ ამ სფეროში ჯერ მათ ეს დეკრეტებითაც ვერ შესძლეს, რადგან მოსპობა ერთი რიგი წყაროებისა მაშინ, როდესაც ახალი წყაროები მოწყობილი არ არის, მათაც კი შეუძლებლად მიიჩნიეს. ასეთ ექსპერიმენტებს ბოლშევიკებიც კი ერიდებიან, ოპოზიცია კი ჩვენ გვირჩევს ამას: ეს გლახა ბოლშევიკობას მოწმობს.

განსაკუთრებით თავს გვესხმიან არა პირდაპირი გადასახადების გამო, როგორ და, ეს გადასახადი ამდენხანს ვერ მოსპეთო. ჯერ ვერც ერთ სახელმწიფოში ეს გადასახადი ვერ გაუუქმებიათ. აი, მე ხელთ მაქვს ბოლშევიკების ბიუჯეტი, სადაც აღნიშნულია შემოსავლის წყაროები: პირდაპირი გადასახადი, არაპირდაპირი გადასახადი, ბაჟები, მთავრობის რეგალიები, სახაზინო ქონება და კაპიტალი, სახელმწიფო ხაზინის გასავლის დაფარვა და სხვა და სხვა შემოსავალი.

მათ არათუ მოსპეს პირდაპირი გადასახადი, წინააღმდეგ პირდაპირმა გადასახადმა კი იკლო. აი, ბოლშევიკების ცნობები:

არაპირდაპირმა გადასახადმა იმატა:

თამბაქოზე - 76,2 პროც.
პაპიროსზე - 287 პროც.
ასანთზე - 50,7 პროც.
ხაზინის ღვინის ოპერაციებზე - 91,4 პროც.

პირდაპირმა შემოსავალმა იკლო:

სამრეწველო გადასახადმა - 70,8 პროც.
მიწის გადასახადმა - 51,6 პროც.
სატამოჟნო გადასახადმა - 88 პროც.
შაქრის აქციზმა - 13,8 პროც.

მაშასადამე, იქ იკლო პირდაპირმა გადასახადმა, იმატა არაპირდაპირმა. ეს ცნობები ამოღებულია ბოლშევიკების ფინანსისტის წიგნიდან: Финансовая наука Таргулова, გამოცემა 1919 წლის, ფინანსთა კომისარიატთან არსებულ ინსტიტუტისა.

ჩვენი შეხედულება არაპირდაპირ გადასახადზე მე მოგახსენეთ. მაგრამ იმდენათ, რამდენათაც იქნება განსხვავებული საქონლის ნამდვილ ღირებულებას და ფასს შორის, ეს გადასახადი არსებითად იარსებებს ყოველთვის. ჩვენც გვაქვს არაპირდაპირი გადასახადები იმ განსხვავაებით, რომ განსაკუთრებთ ის აწევს არაპირდაპირ და ფუფუნების საგნებს, პირველი მოთხოვნილებების საგნებს კი ძალიან ცოტად.

ჩვენ გვისაყვედურებენ, რათ არ შემოიღეთ შემოსავლის კვალობაზე გადასახადიო. ჯერ ასეთი გადასახადი ჩვენ გვაქვს. ის შემოიღო დროებითმა მთავრობამ 1917 წლის 12 ივნისს. ჩვენ 1919 წლისთვის გავადიდეთ გადასახადი 20 პროც. აქედან 4/5 მიდის სახელმწიფო ხაზინაში, 1/5 ერობების სასარგებლოდ. 21 ნოემბერს 1919 წლის კანონით ამ გადასახადებისაგან თავისუფალია ის, ვისიც წლიური შემოსავალი არ აღემატება 12 ათას მანეთს.

ასეთი შემოსავლის კვალობაზე გადასახადის შემოღება, რომელიც ყველა შემოსავლის წყაროს დაფარავდეს, ერთი და ორი წლის საქმე არ არის, თუმცა ზოგიერთ დეპუტატებს ოპოზიციიდან გონიათ, რომ ჩვენ ეს ეხლავე უნდა გვექნა, და დეპ. თოფურიძეც კი გვისაყვედურებდა ერთ წერილში, რატომ კომისიამ არ წარმოადგინა შემოსავლის კვალობაზე გადასახადის კონკრეტული სისტემაო.

რაც უნდა კარგად იყოს გადასახადების საქმე დაყენებული, მაინც მარტო გადასახადები დღევანდელ პირობებში ვერ დააკმაყოფილებენ სახელმწიფოს საჭიროებას. სხვა საშვალებებია მოსაძებნი.

კომისიამ ამ საშუალებაზე მიუთითა.

ლ. შენგელაიამ სთქვა, კომისიას არავითარი გეგმა ფინანსიური და ეკონომიური არ წარმოუდგენიაო. დიაღ, გეგმა, როგორც ასეთი, არ წარმოუდგენია კომისიას, ეს მთავრობის საქმეა, მაგრამ ჩვენ წამოვაყენეთ დებულება, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენი ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა.

კომისიის მოხსენების მეორე მუხლში შემდეგი სწერია: „საჭიროა ჩვენში წარმოების განვითარება, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნეს მარტო ნედლი მასალის გამზიდველ მხარედ და სხვისი ნაწარმოების მომხმარებლად. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე გამოყენებულ უნდა იქნეს. იქ, სადაც თვით სახელმწიფოებრივ და თვითმმართველობით ორგანიზაციებს არ ძალუძს ამ წარმოების მოგვარება, ადგილი კერძო საკუთრებას უნდა მიეცეს.“ იმპორტი და ექსპორტი, ვალიუტის საქმე, რამდენათ შესაძლებელია, სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში. კერძო, ეგრედ წოდებული საბანკირო კონტორები, უნდა მოისპოს და სახელმწიფო ბანკის ხელში უნდა გადავიდეს ყველა ასეთი ფუნქციები. კომისია სავსებით იზიარებს დეპ. ქარუმიძის აზრს, რომ სოფლის მეურნეობას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება; კომისიაც ასე იქცევა, მე ეს აღვნიშნე. მაგრამ ოპოზიციას მარცხნივ არ მოსწონს ეს გზა თანდათანობითი გარდაქმნისა. ისინი ეხლავ მოითხოვენ საკითხების გადაჭრას.

„საკუთრების და წარმოების ტრანსფორმაცია ბოლშევიკებმა დააყენეს საუცხოვოთ“, სთქვა თ. ღლონტმა. ეს მე სიტყვა სიტყვით ჩავიწერე.

„არსებულ მძიმე პირობებში ჩვენი პოლიტიკა უაღრესად შემცდარია“, აღნიშნა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მისი უმთავრესი დებულება.

ასე მსჯელობდა ღლონტი პირველ თავის სიტყვაში. მეორე სიტყვაში მან ცოტა აბრუნდი ქნა და განაცხადა, რომ ის დღეს უკიდურესობის მომხრე არ არის. აქ მან უკან დაიხია. პირველი თედო და მეორე თედო ერთი-მეორეს არ გავდა. ეს სხვათა შორის.

ლ. შენგელაიამ განაცხადა: „სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში მთელი წარმოება და მეურნეობა, მაგრამ ამას თავი უნდა“.

აშკარაა, აქ ორატორები იწონებენ უკიდურესების - ბოლშევიკების პოლიტიკას და იწუნებენ ჩვენსას - თანდათანობით პოლიტიკას.

მე არ შეუდგებია ამ პოლიტიკის კრიტიკას, ეს შორს წაგვიყვანს. მოვიყვან მხოლოდ თვით ბოლშევიკების ფინანსისტის Потяевъ-ის დაფასებას. ეს დაფასება ამოღებულია მისი წიგნიდან: «Финансовая политика совѣтской власти», 1919 წ. გამოცემა ფინანსთა კომისარიატთან არსებული ეკონომიური ინსტიტუტისა. აი, რას სწერს ამ წიგნში ეს ავტორი ბოლშევიკური ორფოგრაფიით: «Все наши финансовыя потребности покрываются почти исключительно при помощи печатнаго станка, между тѣмъ, какъ расходы увеличиваются съ каждымъ днемъ. Мы все время думаемъ, справится ли печатный станокъ съ такой работой, которая на него возлагается. Мы опасаемся, что наша колосальнѣйшая экспедиція загот. госуд. бумагъ не справится, не успеетъ напечатать того количества денежныхъ знаковъ, которые требуются намъ на покрытіе нашихъ денежныхъ знаковъ. Это положеніе все ухудшается. Машинъ въ экспедиціи имѣется определенное количество, а сами дѣлать мы ихъ не умѣемъ. Вмѣсто 4 милліоновъ въ день она вырабатываетъ теперь 150 милліоновъ. Если бы остальныя предпріятія увеличимъ въ такой пропорціи свою производительность, - тогда мы бы въ маслѣ катались. Примѣрно въ маѣ месяцѣ тов. Ленинъ опредѣленно заявилъ, что ближайшее время мы будемъ существовать почти исключительно за счетъ печатнаго станка и другого выхода у насъ нѣтъ». (54-55 стр.). (ღლონტი და შენგელაია: სწორედ ასეთია თქვენი პოლიტიკა!). უკაცრავად, ჩვენი ფინანსიური პოლიტიკის საფუძველი ხალხის შრომაა. მე ვთქვი პირველ ჩემ მოხსენებაში და შემდეგ დეპ. ი. სალაყაიამაც აღნიშნა, თუ როგორ იზრდება ჩვენი შემოსავალი თანდათან; თუ რა კარგი პირი უჩანს მომარაგების სამინისტროს ოპერაციებს, რომლისაგან ჩვენ დიდ შემოსავალს უნდა ველოდეთ. ჩვენ გამოვალთ ამ მძიმე პირობებისაგან, თუ არ გადაუხვევთ აღებულ გზას: შექმნას სახელმწიფოებრივ მეურნეობა-წარმოებისას უშუამავლოდ, ან თვითმმართველობითი ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების საშუალებით, სადაც ეს შესაძლებელია. ამ გზაზე ჩვენ გვმართებს დიდი შრომა და ენერგია. ჩვენს აღმშენებლობას დეფექტებიც აქვს, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, როგორც იმ არაკის მენავეები, რომლებმაც ნიჩბებს ხელი გაუშვეს და მორთეს ყვირილი: „გვიშველეთ, ვიღუპებითო“. ასე ყვირის ოპოზიცია მარცხნიდან. ჩვენ კი მათ ვუპასუხებთ: „ნიჩბებს მოუსვით, ჩვენს არჩეულ გზაზე მტკიცე ნაბიჯით იარეთ, ჩვენთან ითანამშრომლეთ და ნაშველი იქნებით“. (ხმები მარცხნიდან: არა, არა, ჩვენს გზაზე იარეთ თქვენ, ჩვენთან ერთად!). არა, ვისაც გულწრფელად სურს ჩვენი სახელმწიფოს განმტკიცება, მშრომელი მასის ინტერესების დაცვა და სოციალიზმისაკენ უტყუარი ნაბიჯით სვლა, ჩვენთან ერთად ჩვენი მიმართულებით მოუსვით ნიჩბებს და სამშვიდობოს უსათუოდ მივაღწევთ.

იმ რწმენით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს, მაქვს პატივი საბიუჯეტო კომისიის სახელით შემოვიტანო წინადადება წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის ზოგადად მიღებისა და მის მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა.

თავმჯდომარე: ამ რიგად, საზოგადო მსჯელობა ბიუჯეტის შესახებ დამთავრდა. ახლა კენჭს უყრი მუხლობრივ განხილვას. ვინ არის მომხრე, რომ გადავიდეთ 1919-1920 წ. ბიუჯეტის მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, საქართველოს დამფუძნებელი კრება ყველა ფრაქციათა დასტურით, გარდა სოც.-რევ. ფრაქციისა, გადადის ბიუჯეტის მუხლობრივ განხილავზე. ვინაიდგან ეს არის კანონ-პროექტი, ამიტომ სათანადო დროს გასვლის შემდეგ განვიხილავთ მუხლობრივ.

ეხლა მაქვს წინადადება ს.-დ. ფრაქციის ბიუროს მიერ შემოტანილი და ეს წინადადება არის სხვა ფრაქციებთან შეთანხმებით მიღებული, რომ სესიის დამთავრებამდე სხდომები იწყებოდეს დილის 10 საათიდან. სანამ კრებას დავხურავდე, გთხოვთ მოისმინოთ კომისიებში გადასაცემად შემოსული კანონ-პროექტები და მომავალი დღის წესრიგი (მდივანი კითხულობს). სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა 3 1/2 საათზე იხურება.

16 ორმოცდამეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(45)

1920 წელი. აგვისტოს 10. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათ. და 15 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილია. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს და დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები და დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ომში დახოცილთა ოჯახების უზრუნველყოფისთვის 5.000.000 მან. გადადების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ფოთის რადიო სადგურისათვის შენობის ასაგებად 1.000.000 მან. გადადების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა კულტურულ მამულების ყოფილ მესაკუთრეთათვის ჩამორთმეულ ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.698 მან. და 55 კაპ. გადადების შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ტფილისის აბანოების ყოფილ მესაკუთრეთა დასაკმაყოფილებლად და ანანოვისათვის ჩამორთმეული მამულის „ვარციხის“ ინვენტარისა და ღვინის საფასურის ასანაზღაურებლად 2.172.400 მან. და 27 კაპ. გადადების შესახებ.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა კახეთის რკინის გზის საზოგადოებისათვის 10.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა პოლონეთში გასაგზავნი მისიის საჭიროებისათვის 3.000.000 მან. გადადების შესახებ.

8. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. გორის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

9. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. სოხუმის თვითმმართველობისათვის 4.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

10. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ხაშურის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

11. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა გორის მაზრის ერობისათვის 20.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

12. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. გორის თვითმმართველობისათვის 14.400.400 მან. სესხის მიცემისა.

13. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა აფხაზეთის მაზრების სასოფლო მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

14. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა შინა-გადასახლებულთა დასახმარებლად სესხის სახით 36.300.000 მან. გადადების შესახებ.

15. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა რუსეთში გასაგზავნ საქართველოს მუშათა და გლეხთა დელეგაციის საჭიროებისათვის 8.000.000 მან. გადადების შესახებ.

16. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ბათომისა და ბათომის ოლქის მუშა-მოსამსახურეთათვის პირველი მოთხოვნილების საგნების მისაწოდებლად 100.000.000 მან. გადადების შესახებ.

17. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სახაზინო რკინის გზის მუშა-მოსამსახურეთათვის დაკლებულ ფასებში პურის მისაწოდებლად 140.000.000 მან. გადადების შესახებ.

18. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა „დედებისა და ბავშვების საზოგადოებისათვის“ დახმარების აღმოჩენისა.

19. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სარეგულიარულო ჯარისა და სახალხო გვარდიის მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

20. განგრძობა მსჯელობისა სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედების შესახებ.

21. დეკრეტი გორის მაზრის სკოლების აღსადგენად 20.000.000 მან. გადადებისა.

22. დეკრეტი ბათომის ოლქის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 178.484.234 მან. გადადებისა.

23. დეკრეტი ქ. სიღნაღის თვითმმართველობისათვის 2.005.000 მან. სესხის მიცემისა.

24. დეკრეტი ქ. ონის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა.

25. დეკრეტი სურამის ფსიქიატრიულ ახალშენის შესანახად ყოველთვიურად 304.632 მან. და 50 კაპ. გადადებისა.

26. დეკრეტი გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში საგანგებო ხარჯების დასაფარავად 2.500.000 მან. გადადებისა.

27. დეკრეტი ჯარისა და ფლოტის სათადარიგო ჯარისკაცთა სააღრიცხვო დავთრების დასამზადებლად 1.500.000 მან. გადადებისა.

28. დეკრეტი სახაზინო რკინის გზის დამატებითი მილიციის მოქმედების განგრძობისა.

29. დეკრეტი საწონსაზომთა შემოწმების ვადის გასვლის შეცვლისა.

30. დეკრეტი ძველი სახუროთ-მოძღვრო ძეგლების შეკეთება-დაცვისათვის 2.000.000 მან. გადადებისა.

31. დეკრეტი სენაკის მაზრის ერობისათვის 480.000 მან. სამელიორაციო სესხის მიცემისა.

32. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა შრომის ხელშეკრულობის შესახებ.

33. დეკრეტი ყალბი საკრედიტო ქაღალდების დამზადების დანაშაულობისათვის პასუხის-გების გაძლიერებისა.

34. დეკრეტი სამხედრო უწყების შტატების დამტკიცებისა და ცვლილების კანონის ძალაში შესვლის დროს განსაზღვრისა.

თავმჯდომარე: შემოსული გახლავთ შემდეგი წინადადებანი ერთი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიისაგან: 1) გთხოვთ დამფ. კრების ამა აგვისტოს 10-ის სხდომის დღიური წესრიგიდან მოხსნათ დეკრეტი სურამის ფსიქიატრული ახალშენის შესანახად ყოველთვიურად 304.632 მან. და 50 კაპ. გადადების შესახებ და კომისიას დაუბრუნოთ. და მეორე სოც.-დემ. ფრაქციისგან: 2) „საკითხი 26 მოიხსნეს დღიური წესრიგიდან და შეტანილ იქნეს შემდეგი სხდომის წესრიგში“. 3) „22 და 24 საკითხების მომხსენებელი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით იქნება ნაცვლად ვ. ცაბაძისა, რომელიც აქ არ არის, დ. ონიაშვილი. 4) „32 საკითხი განხილულ იქნეს 21 საკითხად“. სიტყვა ხომ არავის ნებავს წინადადების შესახებ? სიტყვა არავის ნებავს. მიღებულია. მოგეხსენებათ საბოლოო ტექსტები. (ქრ. შარაშიძის ასული კითხულობს დღიურ წესრიგის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17 და 18 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფ. კრება უკამათოდ იღებს).

თავმჯდომარე: გრძელდება მსჯელობა სოც.-რევ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობის და უკანონო მოქმედების შესახებ. სიტყვა შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს, ბ. ჭიჭინაძეს ეკუთვნის.

1. განგრძობა მსჯელობისა სოც.-რევ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციის თვითნებობის და უკანონო მოქმედების შესახებ.

. ჭიჭინაძე (შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი): წარსულ სხდომაზე მე მოგახსენეთ შესახებ იმ რევიზიისა, რომელიც შინაგან-საქმეთა მინისტრმა მოახდინა ადგილობრივ ბორჩალოს მაზრაში გაგზავნილ თავის დირექტორის, აფაქიძის საშუალებით. რამდენიმე საქმე იყო აღძრული გამოსაკვლევად. პირველი საქმე ეხებოდა ვინმე ბინიატ-ოღლის, რაიონის კომისარს; მეორე საქმე ეხებოდა მაცვანაძეს, რაიონის კომისარს; მესამე საქმე ეხებოდა ლანდიას, ყოფილ კომისარს; მეოთხე საქმე ეხებოდა ელგაროვს. აი ამ საქმეების გამოსაძიებლად წავიდა და თან ორი თანამშრომელი წაიყვანა. დარჩა იქ რამდენიმე ხანი. რა მოგვცა ამ გამოძიებამ, რასაკვირველია, ბევრი სამწუხარო, სამძიმო და არა სანუგეშო მოვლენები, რომელთაც იქ აქვთ ადგილი. უტყუარი არის ის, რომ ეს კუთხე არის ერთნაირი ბუდე ყაჩაღებისა, ისეთი ყაჩაღებისა, რომელთაც ჩაუდენიათ ბევრი დანაშაული. მიუხედავად ამისა, ისინი, რადგანაც არ იყო წინად მოწყობილი არც ადმინისტრაცია და არც სასამართლო, ნახულობდნენ საშუალებას, რომ თავი დაეფარათ სასამართლოსა და ადმინისტრაციისაგან. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბორჩალოს მაზრასთან იქვე ახლოს მდებარეობს აზერბაიჯანი - ყაზახის მაზრა. ჩაიდენენ დანაშაულს, გავლენ ჩვენ საზღვარს და იქ აფარებენ თავს. მერე აგროვებენ ისეთ ხალხს, რომელიც მათ ბუნებას შეეგუებიან და ესხმიან თავს ბორჩალოს მაზრის ხალხს.

ამ გამოძიებიდან ირკვევა, რომ იქ მექრთამეობა სხვა და სხვა სახით ძალიან გავრცელებული ყოფილა. აი მაგალითად, მჟავანაძის, ბუნიატოღლის შესახებ ამბობენ, თუმცა მე ვერ ვიტყვი ისე გაბედულად და ისე გადაწყვეტით, როგორც ბ. გობეჩია ამბობს, თითქოს ისინიც იღებდნენ ქრთამს. მოწმეთა ჩვენებიდან ირკვევა, რომ როდესაც ჩაიდენს ვინმე დანაშაულს, მას ეძლევა საშუალება დროებით შეაფაროს თავი ამა თუ იმ ოჯახში.

ირკვევა ისიც, რომ ამ საქმეში არა თუ მარტო რაიონის კომისარი, არამედ ბევრი სხვები, უმცროსი მილიციონერებიც არიან გარეული. ეს სენი იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ ბევრ ალაგს, როგორც გამოძიებამ აღმოაჩინა, ადმინისტრაციის ზოგიერთი მოხელენი სანოვაგეს არ ყიდულობდნენ, რადგან მოქალაქეებს მოჰქონდათ ქრთამის ან ფეშქეშის სახით. როდესაც ჩვენ ეს ცნობა მოგვივიდა, ჩვენ დაუყოვნებლივ ეს გადაუგზავნეთ გამომძიებელს. გამომძიებელმა ცალკე დანიშნა საქმე და აწარმოებდა გამოძიებას. აქ დააყენეს საკითხი, ეს ვაჟბატონები სად არიანო? უნდა მოგახსენოთ, რომ საქმეები ჩვეულებრივ ასე სწარმოებს: როდესაც ჩვენ გვაცნობებს ჩვენი აგენტი ან კერძო პირი, ჩვენ ჩვენის მხრით ადმინისტრატიული წესით ვნიშნავთ გამოძიებას და მთელი მასალა გადადის გამომძიებლის ხელში. მერე მისი საქმეა, დაიჭერს, გაანთავისუფლებს თუ გადააყენებს სამსახურიდან. ეს მისი საქმეა.

მაგრამ არის ზოგიერთი ისეთი საქმე, ისეთი დანაშაული, სადაც პირდაპირ არ არის მექრთამეობა დამტკიცებული. შესაძლებელია ამა თუ იმ მოწმის ჩვენება პირად ანგარიშზე იყოს აგებული. ჩვენ რომ ის დავიჭიროთ, მოგვდგება და გვიჩივლებს და მოგვთხოვს, რომ მთელი წლის ჯამაგირი მივცეთ, რადგანაც ვალდებულნი ვართ კანონის ძალით, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ ერთნაირი თავდაჭერილობა არის საჭირო. ამიტომ გადაყენებაც ძნელია.

თუ პირდაპირ დავიჭირეთ დანაშაულში, ჩვენ საქმეს გადავცემთ პროკურორს, და რომ მთელი ობიექტურობა იყოს დაცული, ჩვენ ვთხოვთ, თუ საჭირო არის, შეგვატყობინეთ და გადავაყენებთო. ვიზედაც მოგვწერეს, გადავაყენეთ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მე უნდა განვაცხადო, რომ თუმცა მათი ბრალდება არ არის დამტკიცებული, არც ლანდია, არც მჟავანაძე, არც ბუნიატ-ოღლი და არც ბევრი სხვების სამსახურში აღარ იმყოფებიან. ასე რომ, გამოძიება დამთავრდა ისე, როგორც მიღებული არის ყოველ სახელმწიფოში, ყოველ საზოგადოებაში. და მე მგონია, აქ არავითარი ხელის დაფარება არ არის, - არავითარი სისტემა, რომელზედაც აქ ლაპარაკობენ, თითქოს ჩვენ განგებ ამას ვმალავდეთ, არ არის.

შეკითხვაში არის მოხსენებული ერთი პიროვნება - ნაზარაძე, ბეშტაშენის საფოსტო განყოფილების უფროსი. მის შესახებ არის ნათქვამი სიტყვაში, რომელიც წარმოსთქვა ბ. გობეჩიამ შემდეგი: ივანე ვასილის ძე ნაზარაძე, მას შინაგან-საქმეთა მინისტრთან პირდაპირი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა დეპეშებით და წერილობით (კითხულობს). ასეთი არის ბრალდება ამ პიროვნების მიმართ. ასეთი არის განმარტება ბ. გობეჩიასი. მე მაქვს მთელი ეს საქმე აქ. უპირველეს ყოვლისა უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი საჩივარი შემოვიდა 19 დეკემბერს 1919 წ. ვინმე აბუშევისაგან, რომელსაც ასე ცხარედ იცავდა ბ. გობეჩია. ის მართლაც ბევრ ბრალდებას უყენებდა: თითქოს მუდამ იარაღით დადიოდა ხალხში, ემუქრებოდა, აშინებდა, იჭერდა ხალხს. ამავე დროს ვიღაც მოსამსახურე დაუთხოვია და სხვა ბევრი უსამართლობა ჩაუდენია. ეს ერთი საჩივარი. არის კიდევ მეორე საჩივარი შემოტანილი, რომელიც არის ხელმოწერილი 5 კაცის მიერ (კითხულობს გვარებს). ეს არის 4 დეკემბერს შემოტანილი. მესამე საჩივარი არის კიდევ ამის შესახებ, შემდეგი მოქალაქეები აწერენ ხელს: პეტრე იოანიდი, მაზმანოვი, ცანდეკოვი. ეს არის 20 დეკემბერს. როგორც ხედავთ, ყველა ერთ თვეში არის შემოსული.

დაუყოვნებლივ ინიშნება გამოძიება. მოხელე იყო გაგზავნილი. მას დაჰკითხა პირადად და დაჰკითხა, რასაკვირველია, მოწმეებიც.

მე მგონია, რომ როდესაც ბრალდებას უყენებთ, როდესაც ამტყუნებთ უწყებას ან მთავრობას, ყოველ შემთხვევაში ასეთი ბრალდება უფრო ფრთხილი უნდა იყოს. იყო ნათქვამი, თითქოს ჩვენ დავკითხეთ მარტოდ-მარტო ს.-დემ. ბიუროს წევრები. ეს ასე არ გახლავთ. აი, მაგალითად, ცანდეკოვი. მე მგონია, ის სოც.-რევოლ. პარტიის წევრი უნდა იყოს. (ხმაურობა ს.-რ. სკამებზე). ჩვენება არის ამის შესახებ საქმეში. მერე არის ვინმე კარიბოვი ალექსი დიმიტრის ძე, არც ეს უნდა იყოს ჩვენი ბიუროს წევრი; მერე არის (კითხულობს გვარს), არც ეს არის ჩვენი ბიუროს წევრი; მერე არის მაკრინა ვასილის ასული სარიევა, არც ეს არის ჩვენი ბიუროს წევრი; მერე არის დანიელ კარიბოვი, არც ეს არის ჩვენი ბიუროს წევრი; მერე არის კირიაკ კარიბოვი, არც ეს არის ჩვენი ბიუროს წევრი. ასე რომ, ბევრნი არიან ისეთები, რომელნიც არ არიან ჩვენი ბიუროს წევრები. აი, მაგალითად, ბ. ცანდეკოვი რას ლაპარაკობს (კითხულობს რუსულად).

ეს იყო სხვათა შორის პირველი საჩივარი და თქვენი წევრი აღიარებს, რომ ის პრინციპიალურად ამის წინააღმდეგი არ არის. მერე იგივე ცანდეკოვი ლაპარაკობს (კითხულობს). ყოველ შემთხვევაში ეს არის თქვენი მოწმე და როდესაც აქ ამბობთ, რომ არა კაცი არ დაგიკითხავთ, თქვენ პასუხისმგებელნი ხართ, თქვენ თითქოს დარაჯად უდგეხართ სახელმწიფოს ინტერესებს და ისეთ ბრალდებას ისვრით, რომელიც, მე მგონია, თქვენს ღირსებას ამცირებს და არ ამაღლებს. აქ არის მთელი რიგი მოწმეებისა, მაგ. კატანოვი, არც ეს არის ჩვენი ბიუროს წევრი (კითხულობს). ისე რომ, აქ არის ჩვენების სხვა და სხვაობა (შენგელაია: მადლობა ღმერთს, როზგები რომ არ დააქვთ თან; ესეც კარგი არის!) ზოგიერთების წინააღმდეგ მათრახებიც არის საჭირო!

ბოლოს მთელი ჩვენი გამოძიებიდან გამოირკვა, რომ მას იარაღი ჰქონია, ერთ-ორს უნახავს ის ნადირობის დროს. გვარდიელი ყოფილა. იმას განუცხადებია, რომ იქ ბევრი ფული ინახება და საჭიროა ცალკე მცველი. გვარდიის შტაბის უფროსს უთქვამს, ჩვენ მოგცემთ თოფს და თვითონ იკისრეთ დაცვაო. დათანხმებულა. უნდა გითხრათ, რომ აქ არავითარ ცარცვას არ ჰქონია ადგილი. ის ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას. ლაპარაკი იმის შესახებ, თითქოს ის იყოს ბიუროს წევრი, ეს არავის დაუმტკიცებია და ვერც დაამტკიცებს.

რაიცა შეეხება მუქარას, ამის შესახებ ჩვენება იყო. ყრილობაზე იყო შკოლის რემონტის შესახებ ლაპარაკი. იმათ სთხოვეს ამ საქმეში დახმარება. ერთი ფრაზა იყო ნახმარი: „თუ ვინიცობაა ვინმე იტყვის მთავრობის საწინააღმდეგოდ, ვინც გამოვა მთავრობის დასასამარებლად, იმას მოექცევიან ისე, როგორც შეეფერება“. აი, ეს ყოფილა მუქარა. ამის გარდა იმას სხვა ბრალი არა აქვს. მთელი გამორკვევა ამ საქმისა იყო შემდეგი, მიუხედავად იმისა, რადგანაც იყო ლაპარაკი, ჩვენ ურჩიეთ მაინც ოლქის უფროსს, რომ ის გადაეყვანა მეორე ადგილას.

აქედან თქვენ ამჩნევთ, რომ ძალიან დაწვრილებით იყო გამორკვეული ეს საქმე, შესწავლილი მეტად ბეჯითად. დაკითხული იყვენ არა მარტო ჩვენი პარტიის წევრები, არამედ სხვა პარტიის წევრებიც. გამოდის, რომ ესერებიც არიან შიგ, მით უმეტეს მცხოვრებლები. ამისთანა ბრალდების წამოყენება... (შენგელაია: ხომ ირკვევა ის, რაც ჩვენ ვთქვით?). ახლა არის აქ მესამე პიროვნება, რომელიც თქვენ დაასახელეთ. ეს გახლავთ გოშუა. ამაზე ლაპარაკი იყო, რომ ის სცემს ხალხსო. მე მაგონდება ბ-ნ დადიანმა რომ განაცხადა აქ ერთხელ: ერთი კაცი ცოცხლად დამარხესო! უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც თქვენ გაღელვებთ ასეთი საქმეები, ისე არანაკლებ გვაღელვებს ჩვენ და მაშინვე ვეძებთ დამნაშავეს. მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ, თითქოს ეს ბ. რამიშვილმა განზრახ ჩაიდინა, ან იყო და ხელი დააფარა, ეს ასე არ არის.

გოშუას შესახებ როცა გავიგეთ, რომ ის აკეთებს არა იმ საქმეს, რაც საჭიროა, არამედ სულ სხვას, მაშინვე გავგზავნეთ აგენტები გამოსაძიებლად. მთელი კვლევა-ძიება გადაეგზავნა ტფილისის სამოსამართლო პროკურორს და თან შევეკითხეთ: საჭიროა თუ არა დაპატიმრება? როცა მივიღეთ ქაღალდი დასტურით, მაშინვე დავაპატიმრეთ. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ვიცი, რომ თქვენმა პარტიის წევრმა მისი განთავისუფლება ითხოვა (შენგელაია: ტყუილია, ჭორებია მაგი, საბუთი მოიყვანეთ!). ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ცნობები მაქვს (შენგელაია: ყალბი ცნობები გქონია!). ეს ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ სასტიკად ვეპყრობით ყველა დამნაშავეს, ვინც უნდა იყოს ის. დანაშაულის ხელის დაფარებას ადგილი არა აქვს. ჩვენ ულმობელი ვართ როგორც აქ, ცენტრში, ისე სხვაგან - პერიფერიებზე. თქვენ ეს არ გინდათ გაიგოთ და ამაშია თქვენი დანაშაული.

მე მაქვს კიდევ საქმეები დადიანის, მჟავანაძისა, ნიკოლაიშვილის: ყველანი პასუხისგებაში არიან მიცემული. ამის შესახებ ცალ-ცალკე გამოძიება სწარმოებს (ივ. ლორთქიფანიძე: ბ. დადიანი სად იმყოფება?). ბ. დადიანი სად არის, არ ვიცი. (ლორთქიფანიძე: მე მოგახსენებთ!). გაგზავნილია ქაღალდი ტფილისის ოლქის სასამართლოსი ბრალმდებელთან. თუ რამე იცით სხვა ამათ შესახებ, მიმართეთ იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ მოგვეცით დრო, რომ გამოვიძიოთ და შემდეგ მოგცემთ პასუხს. ჩვენ ამას არ გავურბივართ, ხელს არ ვაფარებთ. როდესაც იმავე დადიანმა შემოიტანა განცხადება, რომ ის ცამდე მართალია, მე მივეცი წინადადება კავკასიძეს, რომ ის პასუხისგებაში მიეცა ცილისწამებისათვის. იმან ეს შეასრულა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ: არის ის ერობის თავმჯდომარე, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვინც უნდა იყოს ის, როდესაც იმაზე არის ლაპარაკი, უნდა გაიწმინდოს ან პრესის, ან სასამართლოს საშუალებით. ამას მივდევთ ჩვენ. (შენგელაია: სენატის რევიზია რატომ არ დანიშნეთ?) სენატის რევიზიის დანიშვნა - ეს მთავრობის თავმჯდომარის საქმეა.

როდესაც რომელიმე ორგანიზაცია თუ კერძო პირი დანაშაულს ჩაიდენს, თქვენ უნდა მობრძანდეთ ან ჩვენთან, ან ბ. რამიშვილთან და განაცხადოთ, და თქვენი ხმა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა“. თქვენ ეს არ გიქნიათ, შეიძლება იმ მოსაზრებით, რომ აქ გამოხვიდეთ და გინდათ ბრალდებულის სკამზე დაგვსვათ, მაგრამ ამით თქვენ მიზანს ვერ მიაღწევთ და ეს ცუდად გახასიათებთ თქვენ. (შენგელაია: მაგას თავი დავანებოთ!). შემდეგ, წაგიკითხავთ ერთ ქაღალდს, სადაც შულავერის უბნის გამომძიებელი გვატყობინებს შემდეგს (კითხულობს).

აი, ამდენი საქმეები და ბევრი კიდევ ასეა.

აი, ახლა მოგახსენებთ შემდეგს: როდესაც ერობის არჩევნები იყო, მოვითხოვეთ თავმჯდომარე და გამოუცხადეთ შემდეგი: ადმინისტრაციის საქმე გლახათ არის. მე ყოველ ღონისძიებას ვიღებ, მაგრამ ეს საქმე ვერ გამოვასწორეთ. საჭიროა როგორც ერობის, ისე ადგილობრივ ხალხის ჩარევა. ამისათვის ადმინისტრაცია გადმოგეცით, მაგრამ უნდა დაუახლოვდეთ ხალხს, რომ აღმოფხვრათ ეს უბედურება. ამასთანავე გევალებათ, ის მავნე ჩვეულება ფეშქაშების სახით უნდა იქნას მოსპობილი საუბედუროთ. უნდა მოგახსენოთ, ამ საქმეს აქვს ძლიერი ფესვები და იცით, რომ ყველა ჩვეულებას მეტის მეტი სიმტკიცე აქვს. არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით მოისპოს ეს ჩვეულება. მაგრამ თქვენ, როგორც ერობას, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს დაუშვებელი და მიუღებელია. უნდა მიიღოთ ზომები, რომ ეს ასე არ არის. მე დარწმუნებული ვარ, მათ ეს აასრულეს, ყოველ შემთხვევაში ეს იყო პირველი ინსტრუქცია, რომელიც მე მათ მივეცი. უნდა მოხდეს გაჯანსაღება მთელი მილიციისა. ამ მუშაობისათვის მოიწვიეს იგივე ლანდია. იქიდან იყო მოთხოვილი ბორზაშვილი, თათრული ენა იცის, უმაღლესი სწავლა გათავებული აქვს. შემდეგ საჩივარი იყო მათ წინააღმდეგ და პასუხისგებაში მივეცით.

ეხლა შესახებ იმ მილიციონერების და კომისრებისა, რომელნიც შემთხვევით მოხვდენ სამსახურში. აი, იმათ წინააღმდეგ გვაქვს მიღებული ზომები. 1919 წელს ნოემბრის თვეში მოხდა ყველა კომისრების კრება. თათბირმა გასტანა სამ დღეს. სხვა საკითხთა შორის ეს საკითხიც იყო წამოყენებული: რანაირად ავიცილოთ თავიდან მიღება სამსახურში იმ პირთა, რომელნიც ადმინისტრაციაში იყვნენ, დანაშაულობა ჩაიდინეს და სხვა მაზრებში მიიღეს ალაგი. მაშინ იყო ერთხმათ მიღებული, რომ ერობა, როდესაც ვისმეს იღებს სამსახურში, დაეკითხოს სხვა ერობას, სად მიდის სამსახურიდან ეს პირველი; მეორე: ვინც მიდის სამსახურში, უნდა მოეთხოვოს მოწმობა, რომ ის არც სასამართლოში ყოფილა მიცემული და არავითარი ბრალი არ ედება. ეს მივიღეთ და ტარდება ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლებელია ყველგან არ სრულდება: შეიძლება ერთი ერობიდან გამორიცხული სადმე სხვაგან მოხვდეს, მაგრამ აქედან იმ დასკვნის გამოყვანა, რომ ეს განზრახ ხდება - დიდი მანძილია. თქვენ არ გაქვთ უფლება წამოისროლოთ ასეთი ბრალდება.

ყოველი ზომა არის მიღებული. ელინთა საბჭოს დადგენილება და ერობის დადგენილება ჩვენ არ მიგვიღია. ეს იქნებოდა მეტი საბუთი, რომ დაგვენიშნა გამოძიება. რაც შეეხება სენატის რევიზიას, ეს მთავრობის თავმჯდომარის საქმეა. ყოველ შემთხვევაში, თქვენ შეგეძლოთ გაგეცხადებიათ, რომ აქ ასეთი რევიზია დაინიშნოს. ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თქვენ ამას არ შვრებით, განგებ ერიდებით ამას.

ყველა დეპუტატი და არამც თუ დეპუტატი, არამედ ყოველი მოქალაქე ვალდებულია, თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, რომ ამხილოს დანაშაული და კიდეც დაიჭიროს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე უნდა იყოს. მით უმეტეს, ვალდებული ხართ თქვენ განცხადება შემოიტანოთ, ამას და ამას მიაქციეთ ყურადღება. როდესაც თქვენ დაინახავთ, რომ ყურადღებას არ აქცევენ თქვენს განცხადებას, მაშინ გამოიტანეთ აქ, საქვეყნოთ. ასე მოვიქეცით, მაგრამ ამას შედეგი არ მოყვაო. (გობეჩია: დაჭერილი იყო და გაანთავისუფლეთ!). ასეთი მდგომარეობა არის ბორჩალოს რაიონის ერთ ნაწილში. არის მეორე ნაწილი, წალკის რაიონი, რომელზედაც იყო უმეტესი ლაპარაკი. ამ წალკის რაიონში ბერძნები ცხოვრობენ. უფრო მეტი, ნაციონალური იყო ის ყრილობა, რომელზედაც დაესწრო გობეჩია. ამ ნაწილის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს კუთხე თავისებურია, ახირებულია იქ ინტელიგენტებთა წრეები. ზედა წრეები იქ ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, ერთმანეთს ეჯახებიან, ვერ მოუწყვიათ საზოგადოებრივი საქმე, მუდამ კინკლაობენ, გადაკიდებული არიან. რა არის ამის მიზეზი, მე არ ვიცი. ეს გარემოება მეტად დამახასიათებელია. თქვენ შეგხვდებათ ხშირად, ინტელიგენტი აბეზღებს, თხზავს ამბებს, ჭორებს და უგზავნის მთავრობას. მაგრამ შემდეგ ამბობს, მე შევთხზე და სხვა. ამისთანა ალაგას ყოველი ჭორის შექმნა შეიძლება. აქაც მე ვეცდები დავახასიათო ეს ჯგუფები.

აი, დოკუმენტი. ეს ეკუთვნის ნაციონალურ საბჭოს და დაწერილია ყრილობაზედ ელინთა. ერთი იყო ნაციონალური საბჭო და მეორე იყო გამგეობა. ამ ორ დაწესებულებას ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთში შეტაკება, ერთმანეთთან შეჯახება და ვერაფერი საქმე ვერ მოაგვარეს. მე მქონდა პირადად მათთან მოლაპარაკება და მინდოდა ჩამეგონებია მათთვის მდგომარეობა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მორიგდით ერთმანეთში... (შენგელაია: თქვენ კონტრ-რევოლიუციონურ გამგეობას ემხრობოდით!). ეს სიყალბე არის. ჩვენ საქმე გვქონდა ორივესთან. მთავრობის დადგენილება და სამინისტროს შეხედულება იყო ერთნაირი, განსხვავება არავითარი იყო. აი, როდესაც მათ მოითხოვეს სურსათი «центральный продовольственный совет». მაშინ ჩვენ მივსწერეთ შემდეგი (კითხულობს). ამას ჩვენ ვასრულებდით. (შენგელაია: ისინი სპეკულიაციას ასრულებდენ!). თქვენ რომ მაგას ლაპარაკობთ, რა საბუთი გაქვთ? სპეკულიაციის წარმოება აქაც იყო და იქაც. აი წაიკითხეთ, როგორ ახასიათებენ ერთმანეთს. თქვენ წაიკითხეთ, რა ხალხია (კითხულობს). (შენგელაია: სოციალ-დემოკრატია? ვლ. მგელაძე: კაცო, ჩვენ თუ გვეჩხუბებით, სოციალ-დემოკრატებს გვეჩხუბეთ!). ყური უგდეთ, ეს ჩემი მოგონილი არ არის (კითხულობს). აქედან შეგიძლიანთ დაინახოთ, რა კარგი განწყობილება არის მათ შორის... (რეპლიკა არ ისმის) თქვენ არ შეგიძლიანთ, რასაკვირველია, უმეტესობას არ უყვარხართ (შენგელაია: за # 1?!) (კითხულობს). ასეთია, ბ. გობეჩიავ, ასეთია დახასიათება, რასაკვირველია, მათივე მოძმეების (ხმები: 1 ნომერს რამდენმა მისცა ხმა?) არ ვიცი, რამდენმა მისცა. ეს არის მათი დახასიათება.

და როდესაც ასეთი დამოკიდებულება და ურთიერთობა არის, ასე ერთმანეთს არ ენდობიან, სულ მუდამ ინტრიგები რომ არის. თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ საზოგადოდ წალკის რაიონი თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას სალდათობის შესახებ გლახად ასრულებენ. ეხლა მიდის ვინმე ისეთი, როგორც ბ. გობეჩია, აგროვებს ხალხს ამისთანა წრეებიდან, როდესაც ისინი ასე არიან განწყობილნი და დატაკებულნი ერთმანეთზე და, რასაკვირველია, შეგიძლიანთ, რაც გინდათ, ის ათქმევინოთ. მე აქედან მესმის ზოგიერთ მინისტრებზედ რომ ამბობენ, მექრთამეები არიანო. რას იტყვიან იმაზედ, ვისაც მექრთამეობისათვის ემდურებიან. როდესაც თქვენ ამას ჩადიხართ, რა უნდა მოვთხოვო მე იმათ, რომელნიც არც დეპუტატები არიან და არც პარტიის ლიდერები არიან, არც პასუხისმგებელნი არიან. ასეთი პირები არიან სწორედ ისინი, ვინც აძლევენ ჩვენებას გობეჩიას. გობეჩია მოდის აქ, უყრის თავს კრებას, გამოიყოფა რაღაც დელეგაცია და ეუბნებიან, რომ ამა და ამ კაცმა ეს დანაშაული ჩაიდინა, ეს გაცარცვა, ეს მოკლა, ეს ქრთამი აიღოვო და სხვ.

თქვენ, ბ. გობეჩია, იურისტი ბრძანდებით (ასათიანი: წალკის იურისტი ხართ?) და ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რა ძნელი არის რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ ბრალდების წამოყენება, მისი დამტკიცება და საბოლოო დასკვნის გაკეთება. უნდა იყოთ შეიარაღებული ყოველგვარ იარაღით და არა იმით, რომელიც თავიდან ბოლომდე გვაგონებს უფრო ჭორებს, ვიდრე სინამდვილეს. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება, რადგანაც ეს ხალხი, რომლებიც გვაძლევენ ჩვენებებს და ცნობებს, ორ ბანაკად არიან დაყოფილნი. ამისთანა ხალხისაგან ჩვენება არასოდეს არ იქნება სწორი და სამართლიანობაზედ დამყარებული. როდესაც თქვენ ასე იქცევით, იქცევით როგორც უბრალო `ობივატელი~ და არა დეპუტატი... (გობეჩია: დაგიმტკიცებთ!) დეპუტატმა ასეთი საბუთები არ უნდა გამოიტანოს აქ. შეიძლება ასე მოიქცეთ: შეეკითხეთ ცენტრალურ კომიტეტს, არიან თუ არა ისინი წევრები. თქვენ მაშინ მიიღებდით უარყოფით პასუხს ამისას. შეიძლება ორი იყოს, სამი იყოს წევრი, არა მეტი. მერმე წამოაყენოთ უარესი, რომ ისინი სულ ყველანი სოციალ-დემოკრატები არიან. სხვათა შორის, არის ვინმე სერაფიმოვი... (გობეჩია: სწერია? დიახ, თქვენი კომისარი!) სწერია! მე ვერ მივცემ ჩემს თავს ნებას წავიკითხო ის უცენზურობა, რომელსაც ის იჩენს თავის განცხადებაში, როგორც ის ეპყრობა ჩვენს მთავრობას (ლორთქიფანიძე: კომისრად დააყენეთ!) ჩვენ ამისთანა ხალხი არა გვყავს და არც გვყოლია. თქვენთვის დაგვილოცნია. ეს არის ვიღაცა, ვინც არც ლაპარაკი იცის, არც არაფერი, ვიღაცა ლაზღანდარა (ზარი). ამით უნდა გამეცნო, რა კაცი არის ის და თქვენს სმენას არ შეურაცხვყოფ ამის წაკითხვით (კითხულობს). არავითარი კავშირი ჩვენთან არ ჰქონია (გობეჩია: გადამეტებული არის!) ეხლა შესახებ ყაზაროვისა მე უკვე მოგახსენეთ. ლაპარაკი არის ვინმე პეტრე ივანიდზე (გობეჩია: არ არის პარტიის წევრი?) პეტრე ივანიდი, როგორც მე გავიგე, უნდა იყოს პარტიის წევრი. აი, იმისი დახასიათება მოისმინეთ თქვენ. იმას ბ. გობეჩია რამდენიმე ბრალს უყენებს. ყოფილა იქ საზოგადოება 1914 წ. მომხმარებელთა საზოგადოება. იქ წევრებად ყოფილან, რომელთაც შეუტანიათ თითო თუმანი ნიკოლოოზის ფული, შემდეგ ეს მას დაუხურდავებია და ბონები მიუცია (გობეჩია: ზოგიერთებისათვის!) მიითვისა ეს. ამნაირი ბრალდებით აქ გამოსვლა, როდესაც არ გაქვთ საბუთი ამისი, უნდა გქონდეთ ან ხელწერილი, ან სასამართლოს გარჩევა და ისე წარმოდგეთ აქ. ამისთანა ბრალდების წამოყენება მიმაჩნია უსაფუძვლოდ და ამისთანა განცხადება ლიტონ სიტყვებად. მეტის-მეტი დანაშაული მიგიძღვით იმ ადამიანის წინაშე. მეორე ბრალდება შემდეგია: ის იყო გამგე ერობის სასურსათო მაღაზიისა. იმან მარილი მიიღო ხალხისათვის დასარიგებლად და თითო ფუთზედ აიღო 7 თუმანი თავის სასარგებლოდო. ამის დასამტკიცებელი რა გაქვთ? სასამართლოს ოქმი? კვიტანციები? თუ რა? მოწმეები გყავთ? სასამართლოს საშუალებით გაირჩა თუ არა? (გობეჩია: დეპეშები?) მე თქვენ გთხოვდით მოგეცათ ჩემთვის საბუთები, რომ მქონოდა საშუალება ობიექტივობისა. მესამე ბრალდება ის არის, რომ მან აგრე კიდევ 50 წყვილი საცვალი მოიპარავო. არ შეიძლება ასეთი ბრალდების გამოტანა, როდესაც კანონს და სასამართლოს ეს არ დაუმტკიცებია (გობეჩია: ჩვენება?) ჩვენებას ამისთანა ხალხისას რა აზრი აქვს? რაც საბუთი აქ თქვენ წაიკითხეთ, მათი ფასი და ღირებულება არარაობას უდრის.

ბ. გობეჩიას და მის თანამოაზრეთა წამოყენებული ბრალდება ამნაირია: ადმინისტრაცია თვითნებობას ეწევა, სამინისტრო ამას ხელს აფარებს და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ხრწნის ამ ადმინისტრაციას, ერევა მის საქმეებში, მაგრამ არც ერთი ფაქტი ამ ჩარევისა აქ არ მოიყვანეს. როცა თქვენ ლაპარაკობთ, რომ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრები განაგებდენ ყველაფერსო, ვალდებულნი ხართ, ფაქტები მოიყვანოთ. აქ მოიყვანეს ერთი შემთხვევა: გვარდიელებს დაუჭერიათ აბუშევი და შემდეგ გაუშვიათ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ასეთი შემთხვევისთვის არის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება, მთავრობის დადგენილება, რომ არავითარი პარტიული ორგანიზაცია, იქნება ეს სოციალ-დემოკრატების თუ ესერების, სულ ერთია, ადმინისტრაციის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ეს თქვენ იცით და ამას ვერ უარყოფთ. მაშასადამე, არც ერთი ისეთი ფაქტი არ არის მოყვანილი, რომელიც სამინისტროს არ სცოდნოდეს და რომლის შესახებ სათანადო ზომები არ მიეღოს. და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ დანაშაულობებზე მიგითითეთ და ზომები არ მიიღეთ, არ არის მართალი. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თქვენ აქ ლაპარაკს? მთელი საათნახევარი ლაპარაკობთ და კონკრეტულად არ არის ნაჩვენები, რომ მართლა თვითეული მათგანი ჩადიოდა ბოროტ-მოქმედებას, რყვნიდა ადმინისტრაციას და სხ., და რომ ესერები არ ყოფილიყვნენ, სრულიად დაიღუპებოდა ეს მაზრა თვითნებობისაგან (ვლ. მგელაძე ადგილიდან: რომ არ გამოსულიყვნენ, უკეთესი იყო!) მე მოგახსენებთ, ბატონებო, რომ ბორჩალოს მაზრის მცხოვრებნი ისე ლოიალურნი არასოდეს ყოფილან ჩვენი რესპუბლიკისადმი, როგორც დღეს. მათ იციან, თუ როგორი წეს-წყობილება არის ჩვენს რესპუბლიკაში, რა ხდება აქ და რა ხდება სხვაგან. მე არ ვიცი, როგორ მოიქცევით თქვენ სათავეში რომ იყოთ, როგორ გააბედნიერებდით ქვეყანას, მაგრამ თუ წარსულს მოიგონებთ, დარწმუნდებით, რომ ვისაც უნდა სახელმწიფოს აშენება და მტკიცედ დადგომა ფეხზე, სწორედ ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ. ჩვენ არავითარი საიდუმლოება არ გვქონია ამ საქმეში.

აშკარად უნდა ითქვას, რომ ესერებმა ამ საქმეში დიდი ნაბიჯები გადადგეს, დიდი მუშაობა გასწიეს, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ვერ მიაღწიეს მაქსიმუმს, რადგან თვითონ ხალხი ჯერ კიდევ ვერ გვეხმარება. თქვენ რომ აიღოთ სხვა და სხვა მაზრები თიანეთის, ხევსურეთის, ფშაველების და სხვა, სადაც სისხლის აღება არის ჩვეულებად, როგორ შეგიძლიანთ, რომ ერთ-ორ ან სამ წელიწადის განმავლობაში მოსპოთ? ჩვენი წარმომადგენელი იყო იქ წასული და მთელი რიგი ზომებისა იყო შემუშავებული იმისათვის, რომ ამ მაზრების მდგომარეობა მოეწესრიგებინათ. მე არა ოფიციალურად ვუთხარი, რომ სასტიკი ზომები არ მიეღოთ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვერაფერი გავაწყეთ, ესენი არსებულ კანონებს არ ეთანხმებიან: რომ დაიჭერს, კიდეც მოკლავს და თავისას მაინც არ დაიშლის. სხვა და სხვა ადგილას ისეთი მდგომარეობა არის შექმნილი, რომ მისი მოსპობა ადმინისტრაციის საშუალებით ყოვლად შეუძლებელია, რადგან ეს არის უძველესი მათი ჩვეულება და ტრადიციით განმტკიცებული. ამას უნდა განათლება, კულტურა და სხ. ასეთი მხოლოდ ამ ზომებით შეგვეძლება, რომ სხვა და სხვა ნაწილებში მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. ასეთი ტრადიციები აქვთ ბორჩალოს მაზრაში და სტატისტიკური ცნობებიდან სჩანს, რომ ყველაზე მეტი დანაშაულობა ამ ბორჩალოს მაზრაში არის. თქვენ გეცოდინებათ, რომ ჩვენში არის ერთი კუთხე, სადაც ცხენების მოპარვა დანაშაულად არ მიაჩნდათ და ხელსაც აფარებდენ, მაგრამ ჩვენ მათ ვდევნით. მე ვამბობ, რომ ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ზეციდან იყოს ჩამოფრენილი და სწორედ ამიტომ ამ საქმეს სრულიად სხვანაირად უნდა შევხედოთ. მე ვათავებ ჩემს სიტყვას და დასასრულ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: მე ძალიან პატივცემელი ვარ ოპოზიციისა და შეკითხვებისა (ვლ. მგელაძე ადგილიდან: ოპოზიციისა და არა ლანძღვა-გინებისა!) მაგრამ მე ერთ რამეს ვამჩნევდი მუდამ ოპოზიციის გამოსვლებში და ეს მიმაჩნია არანორმალურ მოვლენად: როდესაც აქ გამოდის ოპოზიციის წარმომადგენელი, იმის მაგივრად, რომ საბუთები მოიყვანოს, ილანძღება, იგინება და ჭორებს ამბობს. მე უკვირდები ყოველივე ამას და ვამბობ: დიდება თქვენს მოთმინებას და სულგრძელობას! ასეთი მოქმედება ოპოზიციისა არის ამ მაღალი დაწესებულების პრესტიჟის დაცემა და ვინც ასე იქცევა, მას ამოქმედებს არა სახელმწიფოებრივი, არამედ პარტიული ინტერესები და მოსაზრებები (ხმაურობა. შენგელაია: პროვოკაციას თავი დაანებეთ! ლორთქიფანიძე: ნოტაციები არ გვინდა!). ასე იქცევიან არა სახელმწიფო მოღვაწენი, არამედ პარტიული კაცუნები. თუ თქვენ მართლა სახელმწიფოებრივი ინტერესები გალაპარაკებთ, უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, გვკითხოთ ამა თუ იმ ფაქტის შესახებ და თუ ვერ მიიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს, მხოლოდ მაშინ უნდა შემოიტანოთ შეკითხვები. ასეთი მოქმედება კი ფუჭი დროს დაკარგვაა და ამ მაღალ დაწესებულების პრესტიჟის დაცემა (ტაში).

თავმჯდომარე: წინადადება არის შემოსული, რომ ორატორების დრო შეიზღუდოს 15 წუთით. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? ბ. გობეჩიას ეკუთვნის სიტყვა.

. გობეჩია (ს.-რ.): ბატონებო! ეს მეტად სერიოზული საკითხი არის. მე თქვენ აუარებელი საბუთები მოგიყვანეთ და რადგან დრო არ მქონდა, კიდევ დამრჩა რამოდენიმე საბუთი. შემდეგ გამოვიდა ბ. მინისტრი და ამბობს, რომ არც ერთი საბუთი არ მოგიყვანიათო. მე იძულებული ვარ გავახსენო დამფუძნებელი კრების დეპუტატებს ჩემ მიერ წამოყენებული საბუთები. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი ორატორების დრო არ შეზღუდოთ.

თავმჯდომარე: წინადადების დასაცავად სიტყვა ეკუთვნის ბიქტორ თევზაიას.

. თევზაია (ს.-დ.): ის საბუთი, რომელიც მოიყვანა პატივცემულმა გობეჩიამ, არ არის საბუთი. თქვენ მოგახსენათ, რომ ჩემ მიერ მოყვანილი საბუთები უნდა გავახსენო დამფუძნებელ კრებასო. მე უნდა მოვახსენო ბ. გობეჩიას, რომ დამფუძნებელ კრებას არ უნდა გახსენება დოკუმენტებისა. მე ვამბობ, რომ დამფუძნებელ კრებას ახსოვს ყველაფერი. ჩვენ გულდასმით მოვისმინეთ თქვენი საბუთები და ყველა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა. ჩვენ ამ საკითხს დიდი დრო მოვანდომეთ, სამი დღე ვარჩიეთ და მე მგონია, რომ ეს საკმარისი არის.

თავმჯდომარე: მე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე იმისა, რომ დრო მოლაპარაკეთა განისაზღვროს 15 წუთით? წინააღმდეგი? მაშასადამე, წინადადება მიღებულია. ორატორების დრო განსაზღვრულია 15 წუთით. სიტყვა ეკუთვნის ბ. ლორთქიფანიძეს.

. ლორთქიფანიძე (ს.-დ.): ბატონებო! რასაკვირველია, 15 წუთის განმავლობაში ვერ მოვასწრებ ყველა იმ საბუთების მოყვანას, რომლებიც გვაქვს. წარსულ კრებაზე. როგორც ბ. ნ. რამიშვილმა, ისე გ. ცინცაბაძემ ბევრი მოჭორეს ჩემი აფხაზეთში მუშაობის შესახებ. ამაზე დაწვრილებით შემდეგ მოვახსენებ. უნდა მოგახსენოთ მხოლოდ, რომ ყველა ფაქტები მათ მიერ მოყვანილი მტკნარი სიცრუეა. ეხლა მინდა მივაქციო ყურადღება ერთ გარემოებას: როცა აქ გამოდიან ბ. მინისტრები, ძლიერ ცუდი ჩვეულება შესჩემდათ - გვიკითხავენ ნოტაციებს იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს ოპოზიციამ, ან რა და როგორ სთქვას. ეს ძველი ამბავია. პოზიცია-მმართველი წრეები ყოველთვის ფიქრობს, რომ ის მართალია და ოპოზიცია, კრიტიკა - მტყუანი. ჩვენ მხოლოდ ერთს გთხოვთ, ბატონებო, - ჩვენ მიერ მოყვანილი ფაქტები დაარღვიოთ. ჩვენ რომ ფაქტებზე მიგითითებთ, თქვენ ისინი უნდა ან დაარღვიოთ, ან მიიღოთ, როგორც სინამდვილე, და როდესაც ამ ფაქტებს არ ეხებით, ამას გითვლით დანაშაულად.

აქ იყო უკიდურესი გამოსვლა ბ. რამიშვილისა და ცინცაბაძისა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ და განსაკუთრებით კი ჩემს წინააღმდეგ. მე ეხლა საშუალება არ მაქვს უპასუხო მათ `მკვდარ~ სკოლების, საავადმყოფოების და სხ. შესახებ, მაგრამ მე მინდა განვაცხადო, რომ ის, რაც ილაპარაკა ბ. ცინცაბაძემ და რამიშვილმა, ტყუილია თავიდან ბოლომდის. მე შემდეგ მექნება საშუალება მოგახსენოთ ამის შესახებ. ეხლა კი მოგახსენებთ ბორჩალოს მაზრის შესახებ. ჩვენ იმ თავითვე მოგვივიდა ცნობა ბორჩალოს მაზრის მდგომარეობისა. ეს ცნობები მოხსენდა ყველა ბ. ჟორდანიასაც. და თუ ჩვენ ექვსი თვის შემდეგ შემოვიტანეთ შეკითხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ დღემდე არაფერი არ გაკეთებულა ბოროტმომქმედთა დასასჯელად - ისინი თავისუფლად დათარეშობენ, სადაც მოისურვებენ.

აქ ბ. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ქაღალდი, ერობის ყრილობის მიერ გამოგზავნილი რევიზიის დანიშვნის შესახებ, არ მიგვიღიაო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ვალდებულია თვალყური ადევნოს ერობებს და ადმინისტრაციას, უარს ამბობს ამ ქაღალდის მიღების შესახებ. ეს ქაღალდი თავდაპირველად მას უნდა მიეღო და არ არის მართალი ის განცხადება, რომ ქაღალდი არ მიგვიღიაო. თქვენი «Согладай»-ები ხომ იყვნენ ყრილობაზე, რათ არ მოგახსენეს არაფერი? თუ რომელიმე მოხელე ჩაიდენს დანაშაულს, ის უნდა გადაყენებულ იქმნას და მიცემული სამართალში ფაქტებით და არა სიტყვის რახა-რუხით. რომ ეს ასე არ ხდებოდა, ჩვენ მოგახსენეთ მთელ რიგ მოხელეთა შესახებ, რომელნიც ბოროტ-მოქმედების გამო იყვნენ გადაყენებულნი, მაგრამ შემდეგ უკეთესი ადგილი მიიღეს. მაგალითად, მთელ რიგ გადაყენებულ მილიციონერთა აქვთ ადგილი როგორც ადმინისტრაციაში, ისე სხვა უწყებებში. მოგახსენებთ ასეთ მაგალითებს: ბატონი კალაშნიკოვი, ის ამჟამად ნეიტრალურ ზონის კომისარია. ეს ზონა კი ისეთი ნაწილი არის ბორჩალოს მაზრისა, რომელიც ძალით არის ჩამოგლეჯილი მეტროპელიიდან. და ასეთ სათუთ მაზრაში ვგზავნით ისეთ კაცს, როგორიც არის კალაშნიკოვი, რომელმაც თავის დროზე სარაიონო კომისრად ვერ ივარგა და მრავალი ბოროტ-მოქმედება აქვს ჩადენილი. ბატონი ომაროვი სამართალში მიცემული, როგორც მექრთამე, სად არის ის? ის იყო უბრალო მილიციონერი ბორჩალოში, ახლა კი არის უფროსი მილიციონერი ახალქალაქის რაიონში. ეს მთავრობამ იცის.

შემდეგ ცალქალამანიძე, სადა არის ახლა ის? წაიკითხეთ დღევანდელი „ერთობა“. იქ მოყვანილია წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ამ ცალქალამანიძემ ვიღაცას ფული გამოსტყუა და წაიღოვო. სად არის ახლა ის? ის კომისრად არის დანიშნული მთიან ბორჩალოში. მიიღეთ რაიმე ზომა მის წინააღმდეგ? მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ვაჟბატონმა ჯვარს აცვა ოთხი კაცი რესპუბლიკის მოქალაქე. ერთი მათგანი უკვე გარდაიცვალა. არის ოქმი, ექიმის მოწმობა და სხვა (ჭიჭინაძე: სამართალში არის მიცემული!). სამართალში არის მიცემული და კომისრად კი ნიშნავთ (ჭიჭინაძე: საქმე არ არის გათავებული!). საქმეც მაგაშია. სანამ სასამართლო არ გამოიტანს თავის მსჯავრს, ადგილი არ უნდა მისცეთ. აი, ბატონი დადიანი კიდევ მას ქრთამის აღებას აბრალებს. ასეთი ბრალდება არის წამოყენებული დადიანის წინააღმდეგ ბატონ კავკასიძის მიერ. დადიანი კი კავკასიძეს სდებს ასეთივე ბრალს. სად არის მერე ახლა ეს დადიანი? ის ახლა გენერალურ შტაბის ოფიცერია. მე ვეკითხები იუსტიციის მინისტრს, იცის თუ არა მან საქმე მარზაშვილის შესახებ? იუსტიციის მინისტრი ამბობს, რაღაც ხმები იყო, მე მოვახდინე გამოძიება და არაფერი არ აღმოჩნდა. ცუდი ინფორმაცია ქონია მინისტრს. საქმეც ის არის, რომ მან არ ივარგა სარაიონო კომისრად, საქმეც აქვს სასამართლოში და თქვენ ასეთი კაცი კი გამომძიებლად დანიშნეთ - იქვე მახლობლად. ავიღოთ კობიძის მოღვაწეობა, ბატონებო! იმის შესახებ მე პირადათ მოვახსენე შინაგან-საქმეთა მინისტრს და გენ. გუბ. სულაქველიძეს და რატომ აქამდე არ გადააყენეთ? (ჭიჭინაძე: გამოძიება არის დანიშნული!). შეიძლება თქვენ თქვათ, ეს ესერმა ლორთქიფანიძემ სთქვა და ამიტომ მართალი არ არისო. აი, ბატონებო, ონიაშვილი, ტფილისის სამაზრო ერობის თავმჯდომარე, ის გეტყვით, რომ არის მის მიერ გაგზავნილი ოფიციალური ქაღალდი. იცით, რა სწერია იქ? `ჩვენ გავიგეთ, რომ ბატონი კობიძე არის დანიშნული კომისრად~ (თევზაია: ვინ დანიშნა?). ერობამ დანიშნა. კობიძე იყო კომისრათ მანგლისის რაიონში, მაგრამ შემდეგ გადაყენებული იყო, როგორც სისხლის დამნაშავე და გარდა ამისა, როგორც სთვლით, ავადმყოფი კაცი. გეკითხებით თქვენ: როდესაც სამი თვის განმავლობაში უკავია ხელში მთელი რაიონი ასეთ ადამიანს, როგორი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ხალხზე ამ გარემოებამ?

ჩვენს ხელში არის ოფიციალური ქაღალდები, რომლიდანაც სჩანს, რომ ამ კობიძეს გაუძარცვავს მეცხვარეები. გარდა ამისა, წაურთმევიათ მცხოვრებთათვის 100 ფუთი ქერი და სხვა და სხვა საქონელი, ნოხები და სხვ. და როდესაც მცხოვრებლები თხოულობდენ ამ საქონლის დაბრუნებას, მან უპასუხა, რათ უნდა დაგიბრუნოთო, ეს ხომ მაჩუქეთო. ეს ქაღალდი არის შემოსული პროკურორთან (ასათიანი: მარჯვე კაცი ყოფილა!). ის კობიძე რომ გადარეული კაცი ყოფილა, ეს იქიდანაც სჩანს, რომ ს.-დ. რაიონულ ყრილობაზე ოფიციალურად განაცხადა: მე ბოდიშს ვიხდი, რომ ის კაცი (თაბუკაშვილი: თემის თავმჯდომარე) ვერ მოვკალი, პარტიის დავალება მქონდა, მაგრამ ვერ შევასრულეო. ცენტრალურ კომიტეტს რომ მოვახსენე, რომ ის კაცი მავნე პირი არის, იქ გვითხრეს, რომ ადგილობრივ ტერორით შეიძლება ამ საქმის გამოსწორებაო. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჭკვიანი კაცი როგორ განაცხადებდა ასე საჯაროდ კაცის მოკვლის შესახებ. გიჟია, თორემ ამას როგორ იტყოდა, კაცი მინდოდა მომეკლაო. და როდესაც ასეთი კაცი მთელი მაზრის ბატონ-პატრონი არის, იმ მაზრისა, რომელიც ტფილისიდან სულ 30 ვერსტით არის დაშორებული და მის წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ იღებთ, რა სულიერი განწყობილება იქნება ხალხში? (ჭიჭინაძე: კიდევ ვიმეორებ, რომ სამართალში არის მიცემული!). მე ვიცი, რომ კობიძე 5-6 დღის წინეთ აქ იყო გამოძახილი. თუ მიცემულია სამართალში, ესეც კარგია, მაგრამ დღეს ის სამსახურშია (ლ. შენგელაია: თავის ადგილზე არის!). მაგრამ თქვენ რომ იძახით, სამართალში მივეცითო, ეს არ არის მართალი, ვინაიდან ის დღემდე თავის ადგილზე არის (ცინცაბაძე: პროკურორმა რატომ არ დასაჯა?). არ ვიცი, რატომ არ დასაჯა. ჩვენ მთავრობას ვეკითხებით და არა პროკურორს ან მარტო შინაგან-სამინისტროს. ამგვარად, მე გეუბნებით გვარებს იმ პირებისას, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ახლაც სხვა და სხვა ადმინისტრატიული ადგილი უჭირავთ. და აი, ეს მოკლე აღნუსხვა საკმარისია, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ სისტემა თქვენი მართვა-გამგეობის. ამას გარდა, თქვენ ერთი საკითხი სრულიად მიაფუჩეჩეთ. ეს არის ის, ერობის ყრილობა რომ დაითხოვეთ სრულიად უმიზეზოთ, იცით, რათ მოხდა? (თევზაია: რეპლიკა არ ისმის). ერობის ყრილობამ მიიღო დადგენილება, სადაც თხოულობდა სასწრაფო სენატორის რევიზიის დანიშვნას ადმინისტრაციის ასალაგმავად. და 5 მუხლში ამ დადგენილებისა სწერენ: «Самая идея Земского Самоуправления в глазах населенія годичной дђятельностью настоящей (с.-д.) управы можетъ считаться до того подорванной, что для спасенія должны быть приняты героические мђры». რეზოლიუციაში, რომელიც ერთხმად მიიღო ს.-დ. ყრილობამ, პირი, რომელიც უდგა გამგეობას სათავეში - კავკასიძე - გადაყენებული იყო. და აქედან ტფილისის გაგზავნილი, როგორც ეს ჩვეულებრივად აქვს ცენტრალურ კომიტეტს სოციალ-დემოკრატიული პარტიისა, თვისი კანდიდატი. იქაურმა ერობის ფრაქციამ ეს კანდიდატურა არ მიიღო. იმათ მოახსენეს თავის ბატონებს: ბორჩალოს მაზრა უდიდესი მაზრა არის; მას აქვს უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიური მნიშვნელობა, განსაკუთრებით ომის დროს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა გამოგზავნოს კაცები, რამდენიც მას ნებავს, მაგრამ ისეთები კი, რომ გამოგზავნილმა კაცებმა ერთმა მაინც ივარგოს. არც ერთი გამოგზავნილი კაცი არ ვარგა და ჩვენ უფლება გვაქვს მოვთხოვოთ კარგი კაცები გამოგზავნოთ, ან პატიოსნება, ან საქმის მოგვარება ეცოდინებაო. და აი, პირი იმ ქაღალდის, რომელიც მისცა 16 ხელის მოწერით სოც.-დემ. ფრაქციას თავის ცეკას.

1) Катастрофическое положеніе Земскаго хозяйства, не составляющее нынђ уж никакого секрета, должно быть признано цђликом на совђсти и отвђтственности соціалъ-демократической фракціи, имђющей подавляющее большинство въ составђ Земскаго собрания и проведшей цђликомъ весъ свой составъ Управы, которая за цђлый годъ своей работы проявила свою полную несостоятельность.

ესენი სწერენ, რომ ასეთი მდგომარეობა მიუღებელია ჩვენთვისო (კითხულობს):

2) Въ полномъ и откровенном сознаніи этой своей отвђтственности группа гласныхъ соціалъ-демократовъ считаетъ своимъ долгомъ подвергнуть строгокритическому отношенію свое поведеніе въ прошломъ, приведшемъ к самымъ пагубнымъ результатамъ, дабы, найдя въ немъ совершенныя ошибки, сумђть избђгнуть повторенія ихъ въ будущемъ.

3) Руководство земской работой въ будущемъ должно быть вручено такимъ дђятелямъ, о которыхъ у всђхъ гласныхъ будетъ личная полная увђренность, что они окажутся на высотђ положенія и приложать всђ усилія, чтобы вывести земское хозяйство изъ того тупика, въ которомъ оно нынђ пребываетъ и тђмъ облегчить ту страшную отвђтственность, которая нынђ нами такъ остро ощущается за ошибки, нанесшія трудовому населенію тяжелый ущербъ.

ადგილობრივი პირები დაასახელა არა ესერები, ბატონებო, არამედ უმაღლეს სწავლა დამთავრებული მენშევიკი ბატონი კორინთელი, ერთად ერთი სპეციალისტი, რომელიც შემდეგ, წარმოიდგინეთ, თქვენ დაითხოვეთ (გელეიშვილი: ვინ არის ის პირი?). ერთად ერთი სპეციალისტი, რომელმაც საზღვარ გარეთ მიიღო სამეურნეო სწავლა-განათლება და აი, მე გეკითხებით, ბატონებო, ასეთი ამბები რომ ხდება, როდესაც საუკეთესო ადამიანები მიდიან პარტიიდან... (ცინცაბაძე: თქვენ ჩაწერეთ?). ჩვენ თუ ჩავწერთ, კარგი იქნება პირადად პარტიისათვის, მაგრამ სახელმწიფოსათვის ასეთი მოვლენა არ არის კარგი, შეიძლება სახელმწიფო დაინგრეს. თქვენ სულ გაიძახით, რომ მიუხედავად ყველა შეცდომებისა და უილაჯობისა, ხომ ვარსებობთო, სახელმწიფო ავაშენეთ და ესეც საკმარისია. ბატონებო, ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ რომანოვების რუსეთი 300 წელზე მეტი არსებობდა, მაგრამ ერთ დღეში დაინგრა. და ყველა იმ შეცდომებზე, რომლებიც ძირს უთხრიან სახელმწიფოს, მიგითითებთ ჩვენ და თუ არ გაითვალისწინებთ, ეს თქვენი საქმეა. აი კიდევ სანიმუშო მაგალითი (კითხულობს).

Предсђдатель собранія Коринтели заявляетъ: ввиду того, что до сихъ поръ разныя теченія собранія не пришли къ какимъ либо результатамъ относительно кандидатуръ, въ Управу переговоривался съ Министерствомъ Внутреннихъ Дђлъ, который проситъ отложить выборъ на 2 дня, въ теченіе котораго выслать въ Тифлисъ комиссію изъ состава гласныхъ фракціи для достиженія соглашенія по этому вопросу.

Партія социалистъ-революціонеровъ заявляетъ, что она отказывается войти въ эту комиссію, такъ какъ считаетъ, что никто не вправђ вмђшиваться въ работы Земскаго Собранія. (ჭიჭინაძე: никакихъ переговоровъ не велъ съ министерствомъ внутреннихъ дђлъ. Сочиненная исторія). მოგახსენებთ, ბატონო.

თავმჯდომარე: დოკუმენტების გამოქვეყნება რუსულად შეიძლება, მაგრამ რუსულად ლაპარაკი არ შეიძლება.

ჭიჭინაძე: უკაცრავად.

ლორთქიფანიძე: შემდეგ 10 წუთით წყდება კრება და გახსნისას (კითხულობს):

По открытіи засђданія предсђдатель собранія Коринтели проситъ огласить протоколъ сегодняшняго засђдания.

Секретаръ Пиланов оглашаетъ, послѣ чего Коринтели заявляетъ, что онъ допустилъ «ляпсус» и что онъ переговаривался не съ Министерствомъ Внутреннихъ Дђлъ, а съ однимъ изъ членовъ Ц. К. Партіи с.-д., что послђдний просилъ прислать делегатовъ въ Тифлисъ для переговоровъ съ Центральнымъ Комитетомъ.

ჩვენი ფრაქცია, უხსნის მენშევიკებს, რომ გვესმის კიდევ მინისტრთან ხალხის გაგზავნა, მაგრამ ცენტრალური კომიტეტი რა შუაშია აქ? ამის ბოლოს კორინთელი ამბობს (კითხულობს).

Коринтели заявляетъ, что руководствуясь тђмъ, что желалъ объединить шатающіяся группы с.-д. партіи для выбора болђе подходящихъ кандидатовъ, въ Управу онъ переговаривался какъ предсђдатель собранія съ представителемъ Ц. К. Н. В. Рамишвили, который и просилъ пріђхать въ Тифлисъ для доклада.

უნდა მოგახსენოთ ისიც, რამიშვილი არ არის აქ სამწუხაროდ, მაგრამ მაინც უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა რამიშვილმა კატეგორიულად უარი განაცხადა ამაზე, არავითარი ლაპარაკი კორინთელთან არ მქონიაო. და აი ამ დროს შემდეგი ცნობა:

Внђ очереди предсђдатель собранія оглашаетъ содержаніе телеграммы отъ Генералъ-Губернатора Сулаквелидзе на имя предсђдателя собранія и Управы, въ которомъ говорится закрыть собраніе ввиду военныхъ обстоятельствъ.

მე გეკითხებით ახლა თქვენ, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ყრილობაზე, რომელიც დიდ ლოიალურ მუშაობას აწარმოებდა. მარტო ხმოსნებმა შეაგროვეს ხორბალი და ფული ფრონტის სასარგებლოდ, და ამავე დროს, როდესაც თვითეული თქვენი ხალხი ამბობს, რომ ჩვენი ადგილობრივი პირები უნდა ავირჩიოთო, ამ დროს მოდის გენერალ-გუბერნატორის დეპეშა, კრება უნდა დაიხუროსო.

თავმჯდომარე: ორი წუთი დაგრჩათ კიდევ.

ივ. ლორთქიფანიძე: თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას, დაინახავთ, რომ ბორჩალოს მაზრის მდგომარეობა მძიმეა, და თუ პირადულ პარტიულ ჟინიანობით იტყვით, საქმე კარგად არისო, ეს თქვენი საქმეა.

აი, მთელი რიგი ფაქტებისა მოწმობენ, რომ იქ არანორმალური მდგომარეობა არის. რომ კარგი მდგომარეობა არ არის, ამას მოწმობს თვით ერთი თქვენი გამოჩენილი წევრი პოპანდოპულო, მენშევიკი. თქვენ იცნობთ ალბათ, მეტად კარგი და პატიოსანი კაცია (თევზაია: ჩემი ამხანაგი იყო. ასათიანი: პირველი სორტისაა, არა?). აი, ის არ აირჩიეს გამგეობაში. შემდეგ ერთ-ერთ სხდომაზე, როდესაც სოც.-დემ. ცენტ. კომიტ. გაუკეთა внушеніе, აირჩიეს ის ხალხი, რომელიც ცენტ. კომიტ. უნდოდა. ერთი მათგანი არის შარიფოვი - გუმეტის პარტიის დამაარსებელი. ის არ იყო ქვეშევრდომი საქართველოსი, და მიუხედავად იმჟამად გენერალ-გუბერნატორის ბრძანების გამოცემისა, რომ არც ერთ პირს არ შეეძლო პარტიაში ემუშავა, თუ იგი არ იქნებოდა საქართველოს ქვეშევრდომი - ეს პირი გამგეობის წევრადაც კი აირჩიეს. როცა ჩვენ ვუთხარით, როგორ მოხდა ეს, რომ სულაქველიძემ ასეთი კანონი გამოსცა და შარიფოვი კი არ ასრულებს მას-თქო, მან მაინც არ მიიღო ქვეშევრდომობა იმიტომ, რომ დაქირავებული პოლიტიკური კომივოიჟორები ბევრი არის საქართველოში თქვენს პარტიაში. მაშინ ყრილობაზე სოც.-რევ. განაცხადეს, თუ კანონის შესრულება გინდათ, შარიფოვმა უნდა მიიღოს ქვეშევრდომობაო. მაშინ მენშევიკებმა შემოიტანეს წინადადება, რომლის ძალითაც შარიფოვს დამსახურების გამო უყარეს კენჭი, მაგრამ 13 ხმით წინააღმდეგ 11-სა გააშავეს. შემდეგ მოხდა ფარული კრება სოც.-დემ., სადაც მოხდა ისევ внушеніе ცეკას წარმომადგენელის და ხელახლა დასვეს კითხვა და როგორც ქვეშევრდომი და გამგეობის წევრი, მე მინდოდა კიდევ ბევრი სხვა ფაქტები მომეყვანა, მაგრამ დროს უქონლობის გამო ამას შემდეგისათვის გადავდებ. ერთი მაგალითი კიდევ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ბატონ რამიშვილს ყოველგან ყავს თავისი კაცები, განსაკუთრებით თავის მოგვარეები რამიშვილები. ასეთი ორი რამიშვილი არის ბორჩალოს მაზრაში. საერთოდ უნდა ითქვას, რომ არ არის არც ერთი კუთხე საქართველოში, არც დაწესებულება, რომ რამიშვილები „პაჭკობით“ თუ არა, თითო მაინც არის (თევზაია: ლორთქიფანიძეც ბევრი არის!). დიახ! შესაძლებელია, მაგრამ აგენტები რამიშვილისა არ არიან და არც იქნებიან. და ყველაფერი კეთდება ისე, როგორც ეს ბ-ნი რამიშვილი მოახსენებს შინაგან-საქმეთა მინისტრს. როდესაც სამინისტრო ემყარება ასეთი პირების ცნობებს, რომლებიც თვით არიან დაინტერესებული თავის პირადი მდგომარეობის შენარჩუნებისათვის, ჩვენ ეს მიუღებლად მიგვაჩნია. ეს შეუძლებელია. ერთი მათგანი სრულებით არ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას. ის რწმუნებულია არა მიწად-მოქმედების სამინისტროს, არამედ დარბის მხოლოდ პირადულ საქმეებზე და მისთვის აგრარულ რეფორმის საქმე მაზრაში ძლიერ ცუდად არის დაყენებული. დამფ. კრების თავმჯდომარემ არ იცის. მე დავწერე საიდუმლო მოხსენება მთავრობის სახელზე. მისი გამოაშკარავება არ შეიძლება, ვინაიდან ეს ზიანს მოუტანს რესპუბლიკას. მე ვამბობ, თუ გინდათ გამოარკვიოთ მდგომარეობა, გაგზავნეთ იქ თქვენივე ამხანაგები. თუ უარს ამბობთ, ამაზე მაშინ ჩვენ უფლება გვეძლევა ვთქვათ, რომ თქვენ ბოროტ-მომქმედებს აფარებთ ხელს.

თავმჯდომარე: შემოსულია ორი შემდეგი ფორმულა: ერთი სოც.-დემ. ფრაქციისა: 1) „მოისმინა რა მთავრობის განმარტება სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვაზე ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციის მოქმედების შესახებ, დამფ. კრება დარწმუნებულია, რომ მთავრობა მიიღებს შესაფერ ზომებს ადმინისტრაციის თვითნებობის წინააღმდეგ. თუ ასეთებს ადგილი ექნება, კმაყოფილდება ამ განმარტებით და გადადის მორიგ საკითხებზე“. და სოც.-რევ. 2) „მოისმინა რა სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვა ბორჩალოს მაზრის მდგომარეობის შესახებ და მთავრობის განმარტება მასზე, დამფუძნებელი კრება არ სცნობს დამაკმაყოფილებლად მთავრობის პასუხს: გენერალ-გუბერნატორს არ ჰქონდა ბორჩალოს საერობო ყრილობის გარეკის უფლება. ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციასა და სოც.-დემოკრატიული ბიუროს უკანონო მოქმედება ქმნის ანარქიას და შეუძლებლად ხდის მაზრაში ნორმალურ უფლებრივ ცხოვრებას. დამფუძნებელი კრება გრძნობს რა, რომ ასეთი მდგომარეობა ფრიად სახიფათო არის რესპუბლიკისათვის, ავალებს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციისა და სოც.-დემ. ორგანიზაციების ასალაგმავად და გადადის მორიგ საკითხზე“.

სიტყვა ბატონ დადიანს ეკუთვნის.

. დადიანი (ს.-ფ.): პირველ ფორმულას, წარმოდგენილს სოც.-დემოკრატიულ ბიუროსაგან, მხარს ვერ დაუჭერთ, რადგან იგი არ არის დამაკმაყოფილებელი. მაგრამ ვერც მეორეს დაუჭერთ მხარს, ვინაიდგან იგი არ არის გადასასვლელი ფორმულა. ამიტომ კენჭის ყრის დროს ჩვენი ფრაქცია თავს შეიკავებს.

თავმჯდომარე: მე კენჭს ვუყრი იმ რიგზე, როგორც შემოსული არის ეს ფორმულები. ვინ არის მომხრე სოც.-დემოკრატიული ბიუროს ფორმულის? ვინ არის მომხრე სოც.-რევ. ფრაქციის ფორმულის? მიღებულია სოც.-დემოკ. ფორმულა. კენჭის ყრის დროს, თანახმად განცხადებისა, თავი შეიკავა სოც.-ფედ. ფრაქციამ. ახლა ნება მიბოძეთ გადავიდეთ მორიგ საკითხზე: მუშათა ხელშეკრულების მუხლობრივი განხილვა. გახლავს წინადადება, რომელიც, როგორც განცხადებიდან სჩანს, ნაყოფია ფრაქციათა წარმომადგენელთა შორის შეთანხმების: „შრომის ხელშეკრულების მუხლობრივი განხილვის დროს ორატორთა დრო განისაზღვროს 10 წუთით“. ასე რომ, ეს წინადადება მიღებულად უნდა ჩაითავლოს.

სიტყვა ბ. ფირცხალაიშვილს ეკუთვნის.

2. შრომის ხელშეკრულების მეორე მუხლობრივი განხილვა

ფირცხალაიშვილი (კითხულობს კანონ-პროექტის პირველ მუხლს).

თავმჯდომარე: პირველ მუხლში ნავარაუდევია ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება: მუხ. 1. „სხვა პირს დამქირავებელს“ შემდგომ ჩაემატოს: „საფაბრიკო-სამრეწველო, სავაჭრო და სახელოსნო წარმოებაში, სადაც მუშაობს არა ნაკლებ ხუთი დაქირავებული მუშისა“, და სხვა შენიშვნა კი გამოიტოვოს. არის აგრეთვე სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორება: „პირველი მუხლის შენიშვნაში, ლიტ. ა-ში, სადაც წაშლილია სიტყვები „სახელმწიფო დაწესებულებანი“ დაიწეროს „სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის დაწესებულებათა თანამდებობის პირები და ადმინისტრაციაში მოსამსახურენი“. შესწორების შესახებ ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის სიტყვა.

. ჯაფარიძე (ს.-დ.): პირველ მუხლში გახლავს მოყვანილი ზოგადი დებულება, რომელიც ამბობს, ვიზედ უნდა ვრცელდებოდეს ეს კანონი. შენიშვნაში მოყვანილია, როგორც გამონაკლისი, ვიზედ არ ვრცელდება ეს კანონი. შრომის სამინისტროს კანონ-პროექტში, რომელიც შემოვიდა დამფ. კრებაში, იყო ნათქვამი, რომ ამ კანონს ექვემდებარება „სახელმწიფო დაწესებულებანი“. მაგრამ როდესაც შრომის კომისიამ განიხილა ეს, აქ ორი სიტყვა „სახელმწიფო დაწესებულება“ ამოშალა და ამნაირად, შრომის კომისიის პროექტით ეს კანონი უნდა გავრცელდეს ყველა სახელმწიფო მოსამსახურეებზე. სოც.-დემ. ფრაქცია თავის მხრივ აყენებს ასეთ შესწორებას. იმ ადგილს, სადაც იყო შრომის სამინისტროს პროექტში „სახელმწიფო დაწესებულებანი“, უნდა დაიწეროს: „სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანამდებობის პირნი და ადმინისტრაციის მოსამსახურენი“. ფრაქცია ფიქრობს, რომ ის წესი დაქირავებისა, ის წესი დათხოვნისა - შინაური წესრიგი, ეს არ უნდა შეეხებოდეს იმ დაწესებულებას, ან უკეთ რომ ვთქვათ, იმ თანამდებობის პირთ, რომელთაც ჩაბარებული აქვთ სახელმწიფო საქმე. როდესაც კანონის შედგენაზე ვმუშაობდით, უმთავრესად გვყავდა სახეში დაქირავებული მუშები ქარხნების, ზავოდების და სხ. მიზანი კანონ-პროექტისა იყო ის, რომ უზრუნველეყო მუშები იმ ექსპლოატაციისაგან, რომელიც ცხოვრებაში არსებობს, როცა სახელმწიფო თავის აპარატით არ ერევა.

მაგრამ როდესაც საკითხი სდგას სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობის პირთა შესახებ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს პირნი იქნებიან ისინი, რომელნიც ასრულებენ სახელმწიფო სახალხო საქმეს. იმათი დაქვემდებარება ამ კანონზე არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება ზიანი მოგვიტანოს. ამიტომ სახეში კი არ გვყავდა წვრილი მოხელენი - რეგისტრატორები, მემანქანენი და სხ. ჩვენს ფრაქციას განგებ მოჰყავს ასეთი ტერმინი: „თანამდებობის პირნი, როგორიც არის მოსამართლე, კანცელარიის დირექტორი და სხ. აი, ესენი არიან თანამდებობის პირნი. რაიცა შეეხება რეგისტრატორებს, მემანქანეთ და სხ., ესენი კი მოხელენი არიან“.

მაშასადამე, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელმაც უნდა იზრუნოს ყველა მოხელეებზე, შეუძლებელია სახელმწიფო დაწესებულებების უფროსს დავავალოთ, რომ იმან თანამდებობის პირნი აიყვანოს შრომის ბირჟების საშუალებით. ამიტომ ფრაქციას შემოაქვს ხსენებული შესწორება.

თავმჯდომარე: ბ. შენგელაია ლეო.

. შენგელაია (ს.-რ.): ბატონებო! მე მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი ფრაქციის შეხედულება პირველ მუხლზე და იმ შენიშვნაზე, რომელიც მას ჰქონდა და რომელსაც ასწორებს სოც.-დემ. ფრაქცია. ჩემის აზრით, სოც.-დემ. ფრაქციამ თავისი შესწორებით გაიმეორა ის დასკვნები და მიიღო ის რედაქცია და შენიშვნა, რომელიც გააკეთა ამას წინათ იურიდიულმა კომისიამ, რომელიც უფრო შორს წავიდა, ვიდრე შრომის სამინისტრო. შრომის სამინისტროს განზრახვით ეს უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეებზე. შემდეგ იურიდიულმა კომისიამ გააფართოვა და შეიტანა თვითმმართველობათა ორგანიზაციები. ამას ღებულობს სოც.-დემოკრატიული ფრაქციაც. ჩვენ კი ეს გეგმა მიუღებლად მიგვაჩნია.

უნდა მოგახსენოთ, რომ კანონში არის ისეთი მუხლები, რომელნიც შეიძლება ამოშლილ იქნეს, რადგან მათ არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ არის საკითხი, ვისზედ გავრცელდეს ეს კანონი და ვის არ უნდა ეხებოდეს იგი.

წარსულ სხდომაზე გვეკამათებოდენ, რომ ეს კანონი არის უნაკლო და მისაღები მუშებისათვისო. რა მნიშვნელობა ექნება ამ ყოვლად უნაკლო კანონს, იმ კანონს, რომლითაც სამოთხეს ვამყარებთ, რა მნიშვნელობა ექნება მას, თუ კი ამ სამოთხეში ვერ შევა მუშებს გარდა ვერავინ და აქ კი ნათქვამია, რომ არ ვრცელდებოდეს საზოგადო და ადმინისტრაციის მოსამსახურეებზე.

მაშასადამე, მთელი ის დავა და კამათი, რომელიც წარმოებდა ამ მუხლის გარშემო, უნაყოფოდ ჩატარდა. ამ დარგში სასტიკად დამარცხდა ის მუშათა კლასი, რომელიც ამ მუხლის განხილვას დიდ დროს ანდომებდა.

ჩვენი ფრაქციის სახელით მოვითხოვ, რომ ხელშეკრულება ვრცელდებოდეს ყოველ დარგის მუშებზე.

სერგი ჯაფარიძე: ეს ასე არ იყო. იურიდიულ კომისიასა და შრომის კომისიას შორის ის განსხვავება იყო, რომ იურიდიული კომისია ამბობდა, რომ ეს წარმოებაზე უნდა გავრცელდეს და არა იმათზე, ვინც სახელმწიფოებრივ ფუნქციას ასრულებენ. მიწად-მოქმედების სამინისტროს აქვს მამულები, სადაც ყავთ მუშები, მაგრამ ეს კანონი მათზე არ ვრცელდება. ჩვენ შორის დავა მხოლოდ იმაზეა, ვინც მსახურობს სახელმწიფო დაწესებულებათა ორგამოებში და ვისაც სახელმწიფი საქმე აქვს ჩაბარებული, თუნდაც ის იყოს უბრალო მუშა, დაბალი მოხელე. იმ ყრილობაზე, რომელიც გამართეს მუშებმა და სხვათა შორის სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა დაბალმა მოსამსახურეებმა და არა ყველამ, იქ იყო გამოტანილი ის დასკვნა, რომელსაც ადგა შრომის კომისია და ფრაქცია. ეს დებულება შრომის კომისიამ მიიღო (ლეო შენგელაია: მაშინ რა შუაშია შესწორების მიღება? ლორთქიფანიძე: აქ ადმინისტრაციაზე იყო ლაპარაკი). შრომის კომისიამ მიიღო ის, რომ ეს უნდა გავრცელდეს მხოლოდ წვრილ კანცელარიის მოხელეებზე და არა მსხვილზე, მაგალითად მათზე, ვინც გამგეა კანცელარიისა ან უფროსი, მდივანი, მოსამართლე და სხვ. ამგვარი თანამდებობის პირის მოწვევა ბირჟის საშუალებით შეუძლებელია. მაშასადამე, თქვენი ეჭვი, რომ ჩვენი შესწორება ყველაზე ვრცელდებოდეს, იქნება ეს წვრილი მოხელე თუ მუშა - სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი წარმოების თანამშრომელიო, ეს აზრი არის მხოლოდ თქვენი შეცდომის, გაუგებრობის ნაყოფი (ლორთქიფანიძე: სამინისტროს მოხელეებზე ვრცელდება?). დიახ, ვრცელდება რეგისტრატორებზე, მემანქანეებზე და ამისთანებზე, ყველაზე, გარდა თანამდებობის პირისა და ეს კი თქვენ იცით, რად.

ფირცხალაიშვილი (მომხს.): ამ შესწორებაზე შრომოს კომისიას განსაკუთრებული სხდომა არ ჰქონია და მაშასადამე, კომისიის აზრს ვერ მოგახსენებთ. მე მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ, როგორც კომისიის წარმომადგენელი. დიდი მსჯელობა და დავა იყო გამოწვეული როგორც დამფუძნებელ კრებაში, ისე კომისიაში ამ მუხლის გარშემო. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ იმ გაუგებრობას, რომელიც გამოიჩინა ჩვენმა ამხანაგმა, ბოლო უნდა მოეღოს. წარმოებაში, ვისაც კი უნდა ეკუთვნოდეს ეს წარმოება, კერძო პირს თუ სახელმწიფოს, ყველაზე ვრცელდება, გარდა შემდეგი გამონაკლისისა (კითხულობს). წარმოებაში თუ არის ასეთი პირი, მაგალითად, ასეთად იგულისხმება დირექტორი და ამისთანები, ამათზე არ ვრცელდება, დანარჩენებზე კი (ასათიანი: ინჟენრებზედ?), თუ ისინი ადმინისტრატიული პირები არიან, მაშინ არ ვრცელდება.

ახლა ვსთქვათ დაწესებულებებზე. ამათზე უნდა მოგახსენოთ: როცა ეს კანონ-პროექტი ერთ თვე-ნახევრის წინად კომისიაში წარმოადგინა შრომის სამინისტროს წარმომადგენელმა, მაშინ ეს უნდა გავრცელებულიყო ყველა წარმოებაზე და დაწესებულებაზე, გარდა სახელმწიფო დაწესებულებათა.

ასეთი იყო შრომის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი. იურიდიულმა კომისიამ მიიღო იგი და მხოლოდ ეს შესწორება შეიტანა, რომ ეს არ გავრცელებულიყო როგორც სახელმწიფო დაწესებულებებზე, ისე თვითმმართველობებზე - ეს განსხვავება შეიტანა იურიდიულმა კომისიამ.

შრომის კომისიამ კი პირიქით მოითხოვა, რომ ეს გავრცელებულიყო აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებზე.

ასეთი იყო მდგომარეობა, როდესაც ეს კანონ-პროექტი წარმოადგინეს. ერთი ის მოსაზრებათაგანი, რომელზედაც იდგა შრომის სამინისტრო, მოიხსნა ის, რომელიც ამბობდა, რომ თვითმმართველობის ორგანიზაციებზედაც გავრცელდესო. მაშინ წარმოდგენილი ჰქონდათ ისეთი ორგანიზაციები, რომელთაც სახელმწიფოსთან კავშირი არა აქვს. დღეს კი გარკვეულია, რომ თვითმმართველობის ორგანიზაციები სახელმწიფო ორგანიზაციებია და მაშასადამე, ეს გამონაკლისი აღარ არის საჭირო. როცა შრომის კომისიამ მიიღო ეს კანონ-პროექტი, მაშინ ისე იყო მიღებული, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზედაც უნდა გავრცელებულიყო. ეს ზოგადად მივიღეთ, მსჯელობის დროს კი ვამბობდით, და ეს ბატონ შენგელაიასაც ახსოვს ალბათ, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეებზე არ შეიძლება გავრცელებულიყო ეს პროექტი. ასეთ დაწესებულებად მიგვაჩნდა სამინისტრო, სასამართლო, სასწავლებლები და ყოვლად შეუძლებლად მიგვაჩნდა ეს კანონი ამ სამოქმედო ფარგლებზე გავრცელებულიყო. და თუ ეს ნაწილი კანონისა გავრცელდებოდა, მაშინ დანარჩენ თავებსაც ყველა უნდა დაქვემდებარებოდა და ბირჟის საშუალებით მოწვევა და სხვა და სხვა ნაწილები ამ კანონისა უნდა მათზედაც გავრცელებულიყო. და ეს შეუძლებლად მიგვაჩნდა. მაგალითად, მასწავლებლის, საოლქო მოსამართლის და ასეთი პირების ბირჟის საშუალებით მოწვევა შეუძლებელია. ამას ვამტკიცებდით მსჯელობის დროს, ზოგადად კი მივიღეთ, რომ მუშა დაცული უნდა იყოსო. გამონაკლისი არ აგვინუსხავს. ის შესწორება, რომელიც შემოიტანა სოც.-დემოკრატიულმა ფრაქციამ, ასახსნელია. მე ჩემ პირად აზრს ვამბობ. მე მას ვეთანხმები, მაგრამ ერთს საშიშროებას გამოვთქვამ: როცა ამ შესწორებაში სწერია, თანამდებობის პირებზე გავრცელდესო, ეს ისეთი ფართო, სადაო მცნებაა, რომ შეიძლება მომავალში დიდი დავა გამოიწვიოს. თუ ამ მცნებას ახლავე არ მივეცით განმარტება, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ ეს განმარტება შემოტანილ იქნება ახლო მომავალში და, მაშასადამე, ეს შესწორება სავსებით მისაღებია.

რაც შეეხება ალექსანდრე ასათიანის შესწორებას, ეს ის გზაა, რომელსაც დიდი ხანია იგი ადგია. როცა ზოგადი მსჯელობა იყო, მას უნდოდა ამ კანონის სამოქმედო ფარგალი შეეზღუდა, შეევიწროვებია. მას უნდოდა იგი მხოლოდ წარმოებაზე გავრცელებულიყო, ჩვენი მიზანი და მისწრაფება კია, რაც შეიძლება მეტი მუშა მოხვდეს ამ კანონში (ასათიანი: დაირაზმეთ პროლეტარიატოო, არა?) და ჩემის აზრით, ამ კანონში ხვდება ყველა სახელმწიფო და თვითმმართველობის დაბალი მოსამსახურენი. ალექსანდრე ასათიანის შესწორება ამ მოსაზრებით მისაღები არ არის. სოციალ-დემოკ. ფრაქციის წინადადება კი მისაღებია, მხოლოდ იმედს გამოვსთქვამთ, რომ ის გაუგებრობა, რომელიც გამოწვეულია თანამდებობის პირთა შესახებ, ახლო მომავალში განმარტებული იქნება ისე, რომ დააკმაყოფილებს ყველას.

თავმჯდომარე: მე კენჭს უყრი ნაციონალ-დემოკრატების შესწორებას (შესწორება უარყოფილია). ეხლა კენჭს უყრი სოც.-დემ. ფრაქციის წინადადებას (მიღებულია). აგრეთვე არის შესწორება მეორე მუხლის შესახებ: ნაციონალ-დემოკრატები ამბობენ, რომ ეს მუხლი სავსებით ამოიშალოს; სოციალ-დემოკრატები კი მოითხოვენ, რომ მეორე მუხლის შენიშვნა და მესამე მუხლი შეერთდეს და ასეთი რედაქცია მიეცეს (კითხულობს). მეორე მუხლის შესწორების შესახებ ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის სიტყვა.

. ჯაფარიძე (ს.-დ.): მეორე მუხლში აგრეთვე მოყვანილია ზოგადი დებულება, რომელიც განსაზღვრავს იმ აზრს, რომლის თანახმად მუშების დაქირავება უნდა ხდებოდეს ბირჟების საშუალებით, მესამე მუხლის შენიშვნაში კი არის გამონაკლისი. ეს გამონაკლისი განსაზღვრულია შენიშვნით. მე ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ გარდა ამისა, რაც განსაზღვრულია, აქ აგრეთვე ბირჟების გარეშე შეიძლება დაქირავებულ იქნენ: სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის და მათი კავშირი მოსამსახურენი და სპეციალურ წარმოების მუშები? მოგეხსენებათ, რომ შეიძლება დავავალოთ ისეთ დაწესებულებას, რომელსაც სახელმწიფო საქმე აქვს დავალებული, ბიუროს საშუალებით აიყვანოს თანამდებობის პირი. ამისთვის ჩვენ მოგვყავს გამონაკლისი და ვამბობთ: „დაწესებულებათა თანამდები პირნი და აგრეთვე ის მუშანი, რომლებიც სპეციალისტები არიან, შეიძლება დაქირავებულ იქნან ბირჟის გარეშე.“ და ჩემის ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ეს შესწორება აუცილებელია.

თავმჯდომარე: ბატონო მომხსენებელო, თქვენი აზრი?

ფირცხალაიშვილი: ბატონ ასათიანის შესწორება მიუღებელია. ის საერთოდ ბირჟების წინააღმდეგია და ახლა უნდა თავის მიზანს მიუახლოვდეს. რაც შეეხება სოციალ-დემოკრატების შესწორებას, ეს ერთგვარი განმარტებაა იმ შესწორებისა, რომელიც პირველ მუხლში მივიღეთ. მაშასადამე, ლოღიკურია და ვალდებული ვართ ეს შესწორებაც მივიღოთ, მით უმეტეს, რაც სპეციალისტებს შეეხება, ეს ასათიანსაც დააკმაყოფილებს, და მართალიც არის, რომ ბირჟების საშუალებით სპეციალისტების დაქირავება შეუძლებელია. ასე რომ, სოციალ-დემოკრატიის წინადადებას მხარს ვუჭერ, ასათიანის წინადადების წინააღმდეგი ვართ.

თავმჯდომარე: კენჭს უყრი სოციალ-დემოკრატების წინადადებას (უარყოფილია წინადადება). ეხლა მესამე მუხლის შესახებ.

მომხსენებელი: (კითხულობს მესამე მუხლიდან 33-ე მუხლამდე. აღნიშნულ მუხლში შეტანილ იქნა წერილობითი შესწორებანი, რომელნიც არ იწვევენ კამათს მათი დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტის დროს. 33-ე მუხლის შესახებ სიტყვა ეძლევა ბ-ნ ასათიანს).

. ასათიანი (ერ.-დემ.): ისეთი პირობა არის შექმნილი, რომ საანგარიშო წიგნი ეძლევა როგორც არტელს, აგრეთვე ყველა წევრს ცალკე წიგნაკები. ეს ზედმეტია. თუ ღებულობთ საარტელო მუშაობის კონსტიტუციას, საანგარიშო წიგნი უნდა მიეცეს არტელს, ის უნდა ანგარიშობდეს და პასუხისმგებელი იყოს თავის წევრის მუშაობაში. ამიტომ ჩვენ არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ასეთი წიგნაკები დაურიგდეს არტელს, როგორც ასეთს და შემდეგ თვითეულ წევრს.

მომხსენებელი: მე წინააღმდეგი ვარ, რადგანაც შეიძლება ბოროტ-მოქმედება მოხდეს. ეს პრაქტიკულად თუ არ იქნა გატარებული ცხოვრებაში, ისე მნიშვნელობა არ ექნება.

თავმჯდომარე: 34-ე მუხლის შესახებ შესწორება არის განზრახული ერ.-დემოკ. მიერ (დაემატოს და სხვა). სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

. ასათიანი (ერ.-დემ.): მოსალოდნელია, რომ წიგნაკი შემთხვევით ანდა რაიმე მიზეზით არ მიიღოს დამქირავებლისაგან. და დაქირავებას ეს საკითხი აძლევს უფლებას სთქვას, რომ წიგნაკი დამქირავებელმა არ მომცა და დაქირავებული დაისჯება. ეს არ არის მისაღები. დამქირავებელი უგზავნის წიგნაკს და თუ ამ შემთხვევაში გამოირკვა, რომ დამქირავებელი არ აძლევს მას, შეუძლია უარი სთქვას ამ პირობაზე.

მომხსენებელი: ჩემის აზრით, თუ წიგნაკი არ მიიღო, კომისართან წავიდეს და უთხრას, მივეცი, არ მიიღოვო. მას უფლება არ ეკარგება და ეს საკმარისია, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

თავმჯდომარე: 35-ე მუხლის შესახებ შესწორება გახლავთ ერ.-დემოკრ. მიერ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის ასათიანს.

. ასათიანი: შრომის საბჭო, როგორც განსაზღვრული ორგანო, არ არის საჭირო. აქ ხელშეკრულებაში რაზედ უნდა მივცეთ საბაბი, ჩვენ საბჭო შევქნათო. არის ლაპარაკი შრომის კომისიაში სასამართლოს შესახებ, რომელიც უნდა დაარსდეს. ამის შესახებ კანონ-პროექტი მუშავდება. საბჭოს შესახებ არ გვიხსენებია ერთი სიტყვაც და მე ვფიქრობ, ეს უნდა ამოიშალოს.

მომხსენებელი: მართალია, ის არ არსებობს, მაგრამ უნდა იარსებოს. თუ საბჭო არ არის, მაშინ იქნება შრომის სამინისტრო, ეს თქვენთვის უარესია. საბჭოში წარმომადგენლებად არიან არა მარტო მუშები, არამედ მწარმოებლებიც. ასეთი საბჭოები არსებობენ საზღვარ-გარეთ და მომავლისათვისაც საჭიროა, ამიტომ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის მუხლში.

(36-დან 42 მუხლამდე შესწორებანი კამათს არ იწვევენ. 43-ე მუხლის შესახებ სიტყვა ბ-ნ ასათიანს ეძლევა).

. ასათიანი (ერ.-დ.): ეს მუხლი ცოტა გაფართოვებას მოითხოვს, რომ მწარმოებელმა გასაჭირი აიცდინოს თავიდან, ასეთ პირობებში თუ განადგურდა წარმოება, მწარმოებელს უფლება ჰქონდეს მუშა გადაიყვანოს სხვა წარმოებაში, სხვა პირობები შეუქმნას. მოსამსახურეების შესახებ უნდა ითქვას, რომ მოსამსახურე შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამსახურზე, თუნდაც ეს არ შეეფერებოდეს მათ მოვალეობას.

მომხსენებელი: ამ მუხლში სწერია (კითხულობს). მაგრამ როგორ მოიქცეს მაშინ, თუ არ შეეფერება მემანქანეს, რომ მიწის თხრა დააწყებინო, ან კიდევ ინჟენერს შავი მუშაობა დააწყებინო. ამიტომ შესწორება მიუღებელია (შესწორება უარყოფილია).

(43-დან 68 მუხლამდე მიღებულია შესწორებებით, რომელთაც კამათი არ გამოუწვევია).

თავმჯდომარე: კანდელაკისაგან მიღებულია შემდეგი დეპეშა: „საქმეების სირთულის გამო გოგიჩაიშვილის აქ ყოფნა მეტად საჭიროა, მისი აქედან წასვლა სექტემბრის ბოლომდე შეუძლებელია. ამისათვის სთხოვეთ დამფ. კრებას გაუგრძელოს გოგიჩაიშვილს ევროპაში დარჩენის ვადა სექტემბრის დამლევამდე“. ვინ არის მომხრე, გაუგრძელოს ვადა გოგიჩაიშვილს სექტემბრის ბოლომდე? მიღებულია. სოც.-დემ. მიერ შემოსულია შემდეგი განცხადება: სოც.-დემ. ფრაქცია შრომის კომისიაში ვ. თევზაიას მაგიერ ასახელებს გ. ფაღავას. წინადადება მიღებულია. მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს.

სხდომა 3 საათსა და 5 წუთზე იხურება.

17 სხდომა 46*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

სამშაბათს 1920 . აგვისტოს 10. სასახლე

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე

პრეზიდიუმში არიან:

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 ს. და 15 წ.

კომისიაში გადასაცემი საკანონმდებლო აქტების ნუსხა.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

#1/310 გარეშე საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ევგენი გეგეშიძის საზღვარგარეთ წასვლისათვის სათანადო თანხის გადიდების შესახებ.

გადაეცეს: გარეშე საქმეთა და საბიუჯეტო - საფინანსო კომისიებს.

#2/311 შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ქალაქ

ტფილისის თვითმმართველობისათვის 50. 000. 000 მან. სესხის მიცემის შესახებ სასურსათო განყოფილების გასაფართოებლად.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

მდივანი კითხულობს უწყებათათვის დაბრუნებული საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

#1/214 შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ნიკოლოზ ჯაიანისათვის 167.752 მან. და 62 კაპ. მიცემის შესახებ ქუთაისში მფრინავი რაზმის მიერ დაზარალებულ მისი სახლის შესაკეთებლად.

პროექტი დაებრუნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისიის მიერ უარყოფისა და თვით უწყების გამოთხოვის გამო.

2/223 ადგილი თვითმმართველობისა და საბ. საფინანსო კომისიების ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისა - მთავრობის განკარგულებაში 30.000.000 მან. გადადების შესახებ რესპუბლიკის ქალაქებისათვის ნუსხის მისაცემად.

საკანონმდებლო აქტი გაუქმებულ იქნა მოინიაციატივე კომისიებისავე დადგენილების თანახმად.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უკამათოდ ადასტურებს.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ომში დახოცილთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5.000.000 მან. გადადების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ფოთის რადიო სადგურისათვის შენობის ასაგებად 1.000.000 მან. გადადების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500. 000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - კულტურულ მამულების ყოფილ მესაკუთრეთათვის ჩამორთმეული ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.698 მან. და 55 კაპ. გადადების შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის აბანოების ყოფილ მესაკუთრეთა დასაკმაყოფილებლად და ანანოვისთვის ჩამორთმეული მამულის „ვარციხის“ ინვენტარისა და ღვინის საფასურის ასანაზღაურებლად 2.172.409 მან და 27 კაპ. გადადების შესახებ.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - კახეთის რკინიგზის საზოგადოებისათვის 10.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - პოლონეთს გასაგზავნი მისიის საჭიროებისათვის 3.000.000 მან. გადადების შესახებ.

8. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

9. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. სოხუმის თვითმმართველობისათვის 4.000.000 მან. სესხის მიცემის შასახებ.

10. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ხაშურის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

11. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გორის მაზრის ერობისათვის 20.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

12. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გორის თვითმმართვლობისათვის 14.400.400 მან. სესხის მიცემის შესახებ.

13. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - აფხაზეთის მაზრების სასოფლო მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

14. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - შინადასახლებულთა დასახმარებლად - სესხის სახით 36.300.000 მან. გადადების შესახებ.

15. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - რუსეთში გასაგზავნ საქართველოს მუშათა და გლეხთა დელეგაციის საჭიროებისათვის 8.000.000 მან. გადადების შესახებ.

16. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ბათომისა და ბათომის ოლქის მუშა-მოსამსახურეთათვის პირველი მოთხოვნილების საგნების მისაწოდებლად 100. 000. 000 მან. გადადების შესახებ.

17. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახაზინო რკინიგზის მუშა - მოსამსახურეთათვის დაკლებულ ფასებში პურის მისაწოდებლად 140.000.000 მან. გადადების შესახებ.

18. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დედობისა და ბავშვობის საზოგადოებისათვის დახმარების აღმოსაჩენად.

19. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - რეგულიარული ჯარის და სახალხო გვარდიის მომსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

20. განგრძობა მსჯელობისა - სოციალისტ - რევოლუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციისათვის თვითნებობისა და უკანონო ქმედების შესახებ.

21. დეკრეტი გორის მაზრის სკოლების აღსადგენად 20.000.000 მან. გადადებისა.

22. დეკრეტი - ბათომის ოლქის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 178.484.234 მან. გადადების შესახებ.

23. დეკრეტი - ქ. სიღნაღის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან გადადებისა.

24. დეკრეტი - ქალაქ ონის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა.

25. დეკრეტი - სურამის ფსიქიატრიული ახალშენის შესანახად ყოველთვიურად 304.632 მან და 50 კაპ. გადადებისა.

26. დეკრეტი - გარეშე საქმეთა მინისტრის განკარგულებაში საგანგებო ხარჯების დასაფარავად 2.500.000 მან. გადადებისა.

27. ჯარისა და ფლოტის სათადარიგო ჯარისკაცთა სააღრიცხვო დავთრების დასამზადებლად 1.500.000. მან. გადადებისა.

28. დეკრეტი - სახაზინო რკინიგზის დამატებითი მილიციის მოქმედების განგრძობისა.

29. დეკრეტი - საზომ-საწონი შემოწმების ვადის შეცვლის.

30. დეკრეტი - ძველი სახუროთმოძღვრო ძეგლების შეკეთების - დაცვისათვის 2.000.000 მან გადადებისა.

31. დეკრეტი - სენაკის მაზრის ერთობისათვის 480.000 მან. სამელიორაციო სესხის მიცემისა.

32. მეორე - (მუხლობრივი) განხილვა კანონპროექტისა - შრომის ხელშეკრულობის შესახებ.

33. დეკრეტი - ყალბი საკრედიტო ქაღალდების დამზადებისა დანაშაულობისათვის პასუხისგების გაძლიერებისა.

34. დეკრეტი - სამხედრო შტატის დამატებისა და ცვლილების კანონის შესვლის დროს განსაზღვრისა.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია შემდეგი წინადადებანი:

საბ.- საფინანსო კომისია

1. „გთხოვთ დამფუძნებელი კრების ამა აგვისტოს 10-ის სხდომის დღიურ წესრიგიდან მოხსნათ დეკრეტი - სურამის ფსიქიატრიული ახალშენის შესანახად ყოველთვიურად 304.632 მან და 50 კაპ. გადადების შესახებ და კომისიას დაუბრუნოთ“.

სოც. დემოკ. ფრაქცია

2. „22 და 25 მოიხსნეს დღის წესრიგიდან და შეტანილ იქნეს შემდეგი სხდომის წესრიგში.“

3. „22 და 24 საკითხების მომხსენებელი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით იქნება ნაცვლად ვ. ცაბაძისა, რომელიც აქ არ არის, დ. ონიაშვილი.“

4. „32 საკითხი განხილული იქნეს 21 საკითხად.“

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებებს უკამათოდ იღებს და დღიურ წესრიგს ამტკიცებს.

საბოლოო ტექსტები

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ომში დახოცილთა ოჯახების უზრუნველსაყოფისათვის 5.000.000 მანეთის გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ფოთის რადიო - სადგურის შენობის ასაგებად 1.000.000 მანეთის გადადების შეახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ საბოლოო დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. გუდაუთის თვითმმართველობისათვის 500. 000 მანეთის სესხის მიცემის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს

პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ ცვლის.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა კულტურულ მამულების ყოფილ მესაკუთრეთა ჩამორთმეული ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 97.698 მან. და 55 კაპ. გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრიდან მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ტფილისი აბანოებზე ყოფილ მესაკუთრეთა დასაკმაყოფილებლად და ანანოვისთვის ჩამორთმეული მამულის „ვარციხის“ ინვენტარის საფასურის ასანაზღაურებლად 2. 172. 409 მანეთისა და 27 კაპ. გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - კახეთის რკინიგზის საზოგადოებისათვის 10.000.000 მანეთის სესხის მიცემის შესახებ. სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - პოლონეთს გასაგზავნი მისიის საჭიროებისათვის 3.000.000 მანეთის გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. სოხუმის თვითმმართველობისათვის 4. 000. 000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ხაშურის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. გორის მაზრის ერობისათვის 20.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. გორის თვითმმართველობისათვის 14.400.400 მან. სესხის მიცემის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - აფხაზეთის სასოფლო მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლო ტექსტი დეკრეტისა - შინა-დასახლებულთა დასახმარებლად სესხის სახით 36.300.000 მან. გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - რუსეთს გასაგზავნი მუშათა და გლეხთა დელეგაციის საჭიროებისათვის 8.000. 000 მანეთის გადადების შესახებ. სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ბათომის და ბათომის ოლქია მუშა - მოსამსახურეთათვის პირველი მოთხოვნილების საგნების მისაწოდებლად 100.000.000 მანეთის გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის მუშა-მოსამსახურეთათვის დაკლებულ ფასებში პურის მისაწოდებლად 140.000. 000 მანეთის გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - „დედობის და ბავშვობის“ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - რეგულიარული ჯარისა და სახალხო გვარდიის მოსამსახურეთათვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

გრძელდება მსჯელობა სოც - რევ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის თვითნებობის და უკანონო მოქმედებების შესახებ.

განმარტებას შეკითხვის შესახებ იძლევა შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი ბ-ნი პ. ჭიჭინაძე.

ორატორმა სიტყვა დაასრულა.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია წინადადება ორატორთა სალაპარაკო დროის 15 წამით განსაზღვრის შესახებ.

წინადადების წინააღმდეგ ლაპარაკობს ივ. გობეჩია.

წინადადებას იცავს ვ. თევზაია. (ს. დ. )

დამფუძნებელი კრება, სოც. რევ. ფრაქციის წინააღმდეგ სოც.-დემ. ფრაქციის წინადადებას იღებს.

მსჯელობა გრძელდება და მონაწილეობას იღებს ივ. ლორთქიფანიძე. ორატორმა სიტყვა დაასრულა.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოსულია წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ.

წინადადების წინააღმდეგ ლაპარაკობს ივ. გობეჩია (ს. რ. ) წინადადებას იცავს ვ. თევზაია (ს. დ. ).

დამფუძნებელი კრება, სოც.-რევ. ფრაქციის წინააღმდეგ, სოც.-დემ.

ფრაქ. წინადადებას იღებს.

ზოგადი მსჯელობა შეწყვეტილია.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია მორიგ საკითხზე გადასვლის ორი შემდეგი ფორმულა.

სოც. დემ. ფრაქცია.

1. მოისმინა რა მთავრობის განმარტება სოც. რევოლ. ფრაქციის შეკითხვაზე ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციის მოქმედების შესახებ, დამფუძნებელი კრება, დარწმუნებულია, რომ მთავრობა მიიღებს შესაფერის ზომებს ადმინისტრაციის თვითნებობის წინააღმდეგ. თუ ასეთებს ადგილი ექნება, კმაყოფილება ამ განმარტებით და გადადის მეორე საკითხზე.

სოც.- რევ. ფრაქცია.

2. მოისმინა რა სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვა ბორჩალოს მაზრის მდგომარეობის შესახებ და მთავრობის განმარტება მასზე, დამფუძნებელი კრება არა დამაკმაყოფილებლად თვლის მთავრობის პასუხს:

გენერალ-გუბერნატორს არ ჰქონდა ბორჩალოს საერობო ყრილობის გარეკის უფლება. ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციისა და სოციალ-დემოკრატიული ბიუროს უკანონო მოქმედება ქმნის ანარქიას და შეუძლებლად ხდის მაზრაში ნორმალურ უფლებრივ ცხოვრებას.

თავმჯდომარე კენჭს უყრის სოც.-დემოკრ. ფრაქციის ფორმულას, რომელსაც დამფუძნებელი კრება ხმის უმრავლესობით იღებს წინააღმდეგ სოცრევ. ფრაქციისა.

თავს იკავებს სოც-ფედერ. ფრაქცია.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხმის უმრავლესობით მიღებულია სოც.დემ. ფრაქციის ფორმულა და ამის გამო სოც. რევ ფრაქციის ფორმულა უარყოფითად უნდა ჩაითვალოს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია წინადადება შრომის ხელშეკრულების კანონის მუხლობრივი განხილვის დროს ორატორთა სალაპარაკო დრო 10 წამით განისაზღვროს.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უკამათოდ იღებს.

მუხლობრივი განხილვა.

განსახილველია მეორე (მუხლობრივი) განხილვის წესით შრომის ხელშეკრულების კანონპროექტი.

შრომის კომისიის მომხსენებელი ი. ფირცხალავა* (ს.დ.). კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკ-ცალკე კითხულობს.

შესწორებანი: თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია პირველი მუხლის შემდეგი შესწორებანი:

ეროვ. დემოკ. ფრაქცია

1/ მუხ. I. „სხვა პირს დამქირავებლის: შემდგომ ჩაემატოს საფაბრიკო სამრეწველო, სავაჭრო და სახელოსნო წარმოებაში, სადაც მუშაობს არა ნაკლებ ხუთი დაქირავებული მუშისა“ და სხვა.

შენიშვნა გამოტოვებული იქმნას.

სოც. დემოკ. ფრაქც.

2. პირველი მუხლის შენიშვნაში, ლიტ. ა-ში სადაც წაშლილია სიტყვები „სახელმწიფო დაწესებულებანი“, დაიწეროს: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებათა თანამდებობის პირები და ადმინისტრაციაში მოსამსახურენი.

შესწორებანი იწვევს მსჯელობას, რომელშიაც მონაწილეობას იღებენ ს. ჯაფარიძე (ს.დ.), ლ. შენგელაია (ს. რ. ), ალ. ასათიანი (ერ. დ. ) და მეორეჯერ ს. ჯაფარიძე (ს. დ. )

მსჯელობა დასრულებულია.

მომხსენებელთა წინააღმდეგ ერ. დემ. ფრაქციის შესწორებისა და იზიარებს სოც-დემოკრ. ფრაქციის შესწორებას.

კენჭის ყრა

თავმჯდომარე კენჭს უყრის ცალკ-ცალკე შესწორებას და ხმის უმრავლესობით დამფუძნებელი კრება სოც. დემოკ. ფრაქციის შესწორებას იღებს, ხოლო ეროვ.-დემოკ. ფრაქციის შესწორებას - უარყოფს.

დამფუძნებელი კრება კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს სოც. დემ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი ცალკ-ცალკე კითხულობს კანონპროექტის მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეროვ. დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი ამ მუხლების შესწორება.

„მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლები ამოიშალონ“.

დამფუძნებელი კრება კანონპროექტის მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის მეექვსე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერ.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია მეექვსე მუხლი თავისი შესწორებებით:

მუხ. 6. „აღინიშნოს ასე: ყოველი შემთხვევა მშრომელის დაქირავებისა თანახმად ამა კანონისა, უნდა ეცნობოს ადგილობრივ ან უახლოეს შრომის ბირჟას რეგისტრაციისათვის“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მეექვსე მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტს მეშვიდე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეშვიდე მუხლის შესახებ შემოსულია შემდეგი შესწორებანი:

ეროვ. დემოკ.

1. „მუხ. 7. ვადები შეიცვალოს „ექვსი დღე“ ორ კვირად და ორი კვირა ორ თვედ“.

სოც.-დემ. ფრაქ.

2. „მე-7 მუხლში, პირველ სტრიქონში, სიტყვები „ექვსი დღე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ერთ კვირაზე მეტი“

დამფუძნებელი კრება ეროვ. დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მეშვიდე მუხლს სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს კანონპროექტის მერვესა და მეცხრე მუხლებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტის მეცხრე მუხლის შესახებ შემოსულია შემდეგი შესწორებანი.

ეროვ. დემოკ. ფრაქ.

1. „მეცხრე მუხლი ამოიშალოს“

სოც.-დემოკ. ფრაქ.

2. „მე-9 მუხლში ამოიშალოს სიტყვები: „ან უკანვე მიღებულ უნდა იქნეს დაქირავებული და იძულებით მოცდენილ დღეების სამუშაო ხელფასი აუნაზღაურდეს ან.“

დამფუძნებელი კრება ეროვ.-დემოკრ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მერვე და მეცხრე მუხლს სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კანონპროექტის მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე და მეცამეტე მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლებს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის მეთოთხმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერ. დემ. ფრაქციისაგან მე-14 მუხლის შესახებ შემოტანილია შემდეგი შესწორება. „სიტყვები“ შინაურ წესრიგისა ამოიშალოს.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მეთოთხმეტე მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკე კითხულობს კანონპროექტის მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერ-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია მეთექვსმეტე მუხლის შემდეგი შესწორება:

„ყველა წევრებისათვის“ შემდეგ ამოიშალოს და დაიწეროს: „უკეთუ ეს კავშირები გულისხმობენ ასეთ შეთანხმებებს“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკე კითხულობს კანონპროექტის მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერ.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია მე-18 მუხლის შემდეგი შესწორება:

„მუხლი 18 ამოიშალოს“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მე17 და მე-18 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის მეცხრამეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეროვ. დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია მე-19 მუხლის შემდეგი შესწორება.

მუხ. 19. „სიტყვა ჯგუფის შემდეგ შეიცვალოს ასე: მიმართ დაუმყარდება უფლება-მოვალეობა არტელის უფროსისა და კანონიერ რწმუნებულთა შემწეობით.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და მე-19 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის მეოცე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეოცე მუხლის შესახებ შემოსული შემდეგი შესწორებანი.

ერ. დემ. ფრ.

1. მუხ. 20. გამოიხატოს შემდეგი რედაქციით: შრომის ხელშეკრულება ანუ არტელთან დადებული უნდა იქნას წერილობით აღნიშვნით არტელის უფროსის ანუ რწმუნებულის, არტელთან ანგარიშების გასწორების წესისა და დაქირავების პირობებისა.

სოც. დემ. ფრ.

2. „მეოცე მუხლს მიემატოს ბოლო სიტყვები: „ერთი კვირის განმავლობაში“.

დამფუძნებელი კრება ერ.-დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის მეოცე მუხლს სოც.-დემ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდაპირველ მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოცდაპირველი მუხლის შესახებ შემოტანილია ერ.-დემოკრ. ფრაქციისაგან შემდეგი შესწორება:

„გამოშვებული იქნეს სიტყვები: რომელშიც შრომის ხელშეკრულებით ხუთ კაცზე ნაკლები არ მუშაობს. “

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 21 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდამეორე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 22 მუხლის შესახებ ერ. დემოკრ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

„პარაგრაფი „გ“ გამოითქვას ასე: „წესი და ხანგრძლივობა კანონიერი და საპატიო მიზეზით მუშაობის გაცდენისა. “

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 22 მუხლს უცვლელად იღებს.

ომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდამესამე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 23 მუხლის შესახებ შემოსულია შემდეგი შესწორებანი:

ერ.- დემოკ. ფრაქცია

1/ „ვადები ორი კვირის“ ნაცვლად „ერთი კვირა“ და ათი დღის ნაცვლად „5 დღე“.

სოც.- დემოკ. ფრაქცია

2. „მე-4 სტრიქონში სიტყვა „წესიერათ“ შეიცვალოს სიტყვად „სისწორით“.

დამფუძნებელი კრება ერ. დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 23 მუხლს სოც. დემ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის მე-ოცდამეოთხე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 24 მუხლის შესახებ ერ.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

მუხ. 24. „ამ თანამდებობის პირის ხელმოუწერლად წესრიგი ძალას მოკლებულია გამოიცვალოს ასე: უკეთუ წესრიგის წარდგენის შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობის პირმა არ მოითხოვა წესრიგის შეცვლა წესრიგი დამტკიცებულად ჩაითვლება.

შესწორების დასაცავად ლაპარაკობს ალ. ასათიანი (ერ. დ.)

მომხსენებელი შესწორების წინააღმდეგია.

დამფუძნებელი კრება ერ. დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 24 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს ცალკცალკე კანონპროექტის ოცდამეხუთე, ოცდამეექვსე, ოცდამეშვიდე, ოცდამერვე, ოცდამეცხრე და ოცდამეათე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტის 30 მუხლის შესახებ სოც.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

„პირველ სტრიქონში სიტყვა „გამგეობის“ შიცვალოს სიტყვით „მმართველობის“.

დამფუძნებელი კრება 25,26,27,28,29,და 30 მუხლს სოც. დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდამეთერთმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 31 მუხლის შესახებ სოც. - დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

„ამოიშალოს სიტყვები: „რომელშიც ხუთი კაცის ნაკლები არ მუშაობს“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და 31 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდამეთორმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 32 მუხლის შესახებ ერ.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

მუხ. 32. რომელთანაც მუშაობს არა ნაკლებ ხუთი მუშის და მოსამსახურისა, გამოშვებულ იქნას. „ყოველ დაქირავებულის შემდეგ ჩაემატოს „მუშა-ს“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და 32 მუხლს უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 33 მუხლის შესახებ შემოტანილია ერ. დემოკ. ფრაქციისაგან შემდეგი შესწორება.

მუხ. 33. სიტყვა საერთო საანგარიშო წიგნაკი შემდგომ დაემატოს: „არტელის მმართველობა თავის მხრივ აძლევს არტელის წევრებს საანგარიშო წიგნაკებს. ამის შემდგომ გამოიშვას.

ამ შესწორებას იცავს ალ. ასათიანი (ერ. დ. )

მომხსენებელი ამ შესწორების წინააღმდეგია.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 33 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდამეთოთხმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 34 მუხლის შესახებ ერ.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

მუხ. 34. გამოითქვას ასე: დამქირავებლის მიერ საანგარიშო წიგნაკის მიუცემლობა ხელშეკრულობას კანონიერ ძალას არ უკარგავს. ხოლო ვინც თავის დროზე არ მიიღებს წიგნაკს კანტორის მიზეზით, შეუძლიანთ ის მოითხოვონ შრომის კომისრის შემწეობით, უკეთუ დაქირავებულმა ამის შემდგომაც არ მისცა წიგნაკი, დამქირავებელს უფლება აქვს უარი სთქვან ხელშეკრულობაზე და მოითხოვონ დამქირავებლისაგან სასყიდელი თანახმად ამა კანონის 79-ე მუხლისა.

ამ შესწორებას იცავს ალ. ასათიანი. (ერ. დ.),

მომხსენებელი შესწორების წინააღმდეგია.

დამფუძნებელი კრება კანონპროექტის 34 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის 36 მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 36 მუხლის შესახებ ერ. დემოკრ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

მუხ. 36. გამოიტანოს ასე: საანგარიშო წიგნაკების ნიმუშებს აწესებს ვაჭრობა მრეწველობასა და შრომის სამინისტრო.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონ-პროექტის 36 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ოცდამეჩვიდმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 37 მუხლის შესახებ სოც.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

„მე-10 პუნქტში სიტყვა „წესრიგი“ შეიცვალოს სიტყვად „წესები“ მომხსენებელი იზიარებს ამ შესწორებას.

დამფუძნებელი კრება 37 მუხლს სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი ცალკ-ცალკე კითხულობს კანონპროექტის ოცდამეთვრამეტე და ოცდამეცხრამეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 39 მუხლის შესახებ ეროვნ.-დემო. ფრაქციისაგან შემოსულია შემდეგი შესწორება:

„მუხლი ოცდამეცხრამეტე ამოიშალოს“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 38 და 39 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკ-ცალკე კითხულობს კანონპროექტის მეორმოცე, ორმოცდამეერთე და ორმოცდამეორე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერ.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია 42 მუხლის შემდეგი შესწორება:

მუხ. 42. მეორე ნაწილი გამოითქვას ასე: აუცილებელ საჭიროების დროს მწარმოებელს უფლება აქვს გადაიყვანოს დაქირავებული სხვა სამუშაოზე: მოსამსახურესაც აგრეთვე შეიძლება დაეკისროს მოვალეობა, რომელიც მის ყოველდღიურ მუშაობაში არ შედის.

ამ შესწორებას იცავს ალ. ასათიანი. (ერ.დ.)

მომხსენებელი შესწორების წინააღმდეგია.

დამფუძნებელი კრება ეროვნ.-დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 40, 41 და 42 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკე კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამესამე და ორმოცდამეოთხე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 44 მუხლის შესახებ ეროვნ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

მუხ. 44. სიტყვები: „თავის ძალღონისა და უნარის დაკვალად“ ამოიშალოს და შემდგომ შეიცვალოს ასე: „სამუშაოს უხეიროდ ასრულებისათვის ის პასუხს აგებს მხოლოდ იმ საქმეში, რომლისთვისაც ის იყო დაქირავებული“. დანარჩენი გამოიშვას.

ამ შესწორებას იცავს ალ. ასათიანი (ერ. დ. )

მომხსენებელი შესწორების წინააღმდეგია.

დამფუძნებელი კრება ეროვ.-დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 43 და 44 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეხუთე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 45 მუხლის შესახებ ეროვნ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

მუხ. 45. „მასალას“ შემდეგ ჩაემატოს: და საზოგადო ინვენტარს. სიტყვა „პასუხის მგებლის“ შემდეგ ჩაემატოს: „მატერიალურად დაემატოს შენიშვნა: დაქირავებული ვალდებულია მოერიდოს ესეთ მოქმედებას, რომელიც საფრთხეში აყენებს მას, დამქირავებელს ან მის ქონებას, მის ოჯახის წევრთ და წარმოებაში მყოფ პირებს. ყოველივე ამის დარღვევისათვის დაქირავებული პასუხისმგებელია მატერიალურად და სისხლის სამართლის წესით.

ამ შესწორებას იცავს ალ. ასათიანი (ერ.დ.)

მომხსენებელი იზიარებს ამ შესწორებას.

დამფუძნებელი კრება კანონპროექტის 45 მუხლს ეროვ. დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონ პროექტის ორმოცდამეექვსე მუხლს.

თავმჯდომარე აცხდებს, რომ 46 მუხლის შესახებ ეროვ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

მუხ. 46. შესწორდეს ასე: „შეაწეროს რაიმე გადასახადი, რომელიც შინაგანი წესრიგით და კანონით არ არის ნაგულისხმევი.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარჰყოფს და კანონპროექტის 46 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეშვიდე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 47 მუხლის შესახებ ეროვნ. დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

„მუხლი 47 გამოიშვას სრულიად.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარჰყოფს და კანონპროექტის 47 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამერვე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 48 მუხლის შესახებ შემოსულია შემდეგი შესწორებანი:

ეროვნ. დემოკრ. ფრ.

1. „სიტყვები: „ნახევარი საათის მეტს“ გამოიშვას“.

სოც. დემ. ფრ.

2. „პირველ სტრიქონში სიტყვა „საათით“ შეიცვალოს სიტყვა „საათის მეტს“.

ეროვ. დემოკ. ფრაქციის შესწორებას იცავს ალ. ასათიანი (ერ. დ.)

მომხსენებელი ერ. დემ. ფრაქციის შესწორების წინააღმდეგია და სოც. დემოკ. ფრაქციის შესწორებას იზიარებს.

დამფუძნებელი კრება ერ. დემ. ფრაქციის შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 48 მუხლს სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეცხრე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 49 მუხლში ერ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

„შრომის სამინისტროს ორგანომ“ ჩაემატოს „ბაზრის ფასები“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარყოფს და კანონპროექტის 49 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეათე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 50 მუხლში შესახებ ერ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება: „მუხლი 50 შეიცვალოს ასე: „თუ ის გამოცხადდა სამუშაოთ დაკისრებულს დროში და სხვა.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარჰყოფს და კანონპროექტის 50 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეთერთმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 51 მუხლის შესახებ ეროვ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

მუხ. 51. „ამგვარის მიზეზით“ შემდგომ შეიცვალოს ასე: მას უფლება აქვს გამოიყვანოს დაქირავებული სხვა საქმეზე, ანუ დაითხოვოს ისინი, დანარჩენი გამოიშვას.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უარჰყოფს და კანონპროექტის 51 მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს კანონპროექტს ორმოცდამეთორმეტე, ორმოცდამეცამეტე და ორმოცდამეთოთხმეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 54 მუხლის შესახებ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

მე-54 მუხლი დაიწეროს ასე: „დამქირავებელი ვალდებულია მისცეს დამქირავებელს, მისი თხოვნებისამებრ, მოწმობა იმისა, რომ როგორ რამდენ

ხანს და რა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო მოთავსება (38 მუხ.) მოწმობაში ისეთი საიდუმლო ნიშნებისა, რომელიც დამქირავებელს ახალ თანამდებობის შოვნას გაუძნელებს, აკრძალულია.

დამფუძნებელი კრება იღებს კანონპროექტის 52 და 53 მუხლს უცვლელად, ხოლო 54 მუხ. სოც.დემოკ. ფრაქციის შესწორებით.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეთხუთმეტე, ორმოცდამეთექვსმეტე, ორმოცდამეჩვიდმეტე და ორმოცდამეთვრამეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 58 მუხლის შესახებ ერ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება.

მუხ. 58. „დაქირავებულისაგან დამოუკიდებელ და მის პიროვნებასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო შეიცვალოს: „დამქირავებელის მიზეზით.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უარჰყოფს და კანონპროექტის 55, 56, 57 და 58 მუხლებს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის ორმოცდამეცხრამეტე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 59 მუხლის შესახებ ერ. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება; მე-59 მუხლში, უკანასკნელი აბზაცი დაიწეროს ასე: დამქირავებელი ვალდებულია იქონიოს საგანაგებო წიგნი, რომელშიაც სისწორით და თავის დროზე უნდა ჩაიწეროს ყოველგვარი ანგარიში, რომელშიც მას აქვს დაქირავებულთან.

დამფუძნებელი კრება კანონპროექტის 59 მუხლს სოც. დემ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს კანონპროექტის მესამოცე და სამოცდამეერთე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 61 მუხლის შესახებ შემოტანილია სოც. დემ. ფრაქციისაგან შემდეგი შესწორება:

მე-61 მუხლი დაიწეროს ასე: როდესაც ხელშეკრულობით ხელფასი მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრულია ფულად, აკრძალულია ფულის ნაცვლად, გასამრჯელოს ანგარიშში კუპონების, პირობითი ნიშნების, საქონლის და სხვა საგნების მიცემა დამქირავებულისათვის.

დამფუძნებელი კრება უკამათოდ იღებს კანონპროექტის მე-60 მუხ. უცვლელად, ხოლო 61 მუხ. სოც. დემოკ. ფრაქციის შესწორებით.

მომხსენებელი ცალკ-ცალკე კითხულობს კანონპროექტის სამოცდამეორე და სამოცდამესამე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 63 მუხლის შესახებ შემოსულია შემდეგი შესწორებანი.

ეროვნ. დემოკ. ფრაქ.

1. „დაუყოვნებლივ“ ჩაემატოს: „დამქირავებლის მიზეზით და სხვა.“

სოც. დემოკ. ფრაქ.

2. 63 მუხლში მე-3 სტრიქონში, სიტყვა „ანგარიში.“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „ფაქტიურად“.

ეროვნ. დემოკ. ფრაქციის შეწორებას იცავს ალ. ასათიანი (ერ. დემ).

მომხსენებელი ეროვნ. დემოკ. ფრაქციის შესწორების წინააღმდეგია, ხოლო სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორებას იზიარებს.

დამფუძნებელი კრება ეროვნ. დემოკ. ფრაქციიის შესწორებას უარჰყოფს და 62 და 63 მუხლს სოც.-დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის სამოცდამეოთხე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 64 მუხლის შესახებ შემოტანილია შემდეგი შესწორებანი:

ერ. დემ. ფრაქცია

1. „სიტყვა (ავანსი) „ჩაემატოს: „მასალა და სხვა.“

სოც. დემ. ფრ.

2. მე-64 მუხლი დაიწეროს ასე: „შრომის ხელფასის მიცემის დროს ხვედრი ფულიდან ნაწილის დაკავება შეიძლება მხოლოდ დამქირავებელისაგან წინდაწინ მიღებული ფულისა, გადასახადებისა და წარდგენილ აღმასრულებელ ფურცლის ძალით კერძო ვალის გადასახდელად იმ პირობით, რომ თითოეულ ცალკე შემთხვევაში დაკავებული ნაწილი არ აღემატებოდეს ერთ მეოთხედს, თუ ის ცოლიანია, ან სარჩენი ჰყავს ოჯახის მახლობელი წევრები.“

დამფუძნებელი კრება ეროვნ. დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარჰყოფს და კანონპროექტის 64 მუხლს სოც. დემოკ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი ცალკ-ცალკე კითხულობს კანონპროექტის სამოცდამეხუთე, სამოცდამეექვსე, სამოცდამეშვიდე და სამოცდამერვე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ 68 მუხლის შესახებ შემოსულია შემდეგი შესწორებანი:

ეროვნ. დემოკრ. ფრაქციის შესწორება

1. „პარაგრაფი 5 ამოიშალოს სიტყვები „ან საზოგადოებრივ.“

სოც.-დემოკ. ფრაქ.

2. მე-68 მუხლის შენიშვნაში, მე-3 პწკარში სიტყვა „დამქირავებელისაგან“ შეიცვალოს სიტყვით „დაქირავებულისაგან“; იმავე შენიშვნაში, უკანასკნელ სტრიქონში, დებულება: „წარმომადგენლად ყოფნის დროს, განმავლობაში ხელშეკრულობის მოქმედება შეჩერებულ უნდა იქნეს“ - შეიცვალოს ასე: „წარმომადგენლად ყოფნის დროს დაქირავებული ჯამაგირს არ იღებს დამქირავებლისაგან, თუ მათ შორის ამის შესახებ განსაკუთრებული შეთანხმება არ მოხდა.“ იმავე მე-68 მუხლს დაემატოს მეორე შენიშვნა შემდეგი შინაარსისა: „გვარდიაში შესვლის შემდეგ განსაზღვრულია ცალკე გვარდიის კანონით“

დამფუძნებელი კრება ეროვნ. დემოკ. ფრაქციის შესწორებას უარჰყოფს და კანონპროექტის 65, 66, 67 68 მუხლს სოც - დემოკრ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

სამი საათის შესრულების გამო - შრომის ხელშეკრულობის კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა სწყდება შემდეგ სხდომამდე.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქ. ლონდონიდან ფინანსთა მინისტრის კანდელაკისაგან მიღებულია შემდეგი დეპეშა: „საქმეების სირთულის გამო გოგიჩაიშვილის აქ ყოფნა მეტად საჭიროა, მისი აქედან წასვლა სექტემბრის ბოლომდე შეუძლებელია, ამისთვის სთხოვეთ დამფუძნებელ კრებას გაუგრძელოს გოგიჩაიშვილს ევროპაში დარჩენის ვადა სექტემბრის დამლევამდე. “

დამფუძნებელი კრება ადგენს სახელმწიფო კონტროლიორს .-ნს . გოგიჩაიშვილს ნება მიეცეს დარჩეს საზღვარგარეთ სექტემბრის თვის ბოლომდე.

სოც.-დემოკ. ფრ. განც.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სოც-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი განცხადება: „სოც-დემოკ. ფრაქცია შრომის კომისიაში ვ. თევზაიას მაგიერ ასახელებს გ. ფაღავას.

დამფუძნებელი კრება ამ განცხადებას ადასტურებს.

მდივანი კითხულობს შემდეგი (აგვისტოს II) სასწრაფო სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 3 საათზე და 5 წ. ხურავს.

__________

* წყაროებში: „საქართველოს რესპუბლიკის“ დამატება: სტენოგრაფიული ანგარიშები და სცსა. ფ. 1883. ანაწ. 1. ს. 734. ფფ. 292-316. ორმოცდამეხუთე და ორმოცდამეექვსე სხდომის ჩატარების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. (სარედ. კოლ.)

* უნდა იყოს - ფირცხალაიშვილი ილია (რედ. შენიშვნა)

18 ორმოცდამეშვიდე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(47)

1920 . აგვისტოს 11. ტფილისი. სასახლე

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათსა და 23 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მოისმინეთ დღიური წესრიგი (მდივანი კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. განგრძობა მეორე (მუხლობრივი) განხილვისა შრომის ხელშეკრულების კანონ-პროექტის შესახებ.

2. დეკრეტი ბათომის ოლქის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 178.484.234 მან. გადადებისა.

3. დეკრეტი ქ. სიღნაღის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა.

4. დეკრეტი ქ. ონის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა.

5. დეკრეტი ჯარისა და ფლოტის სათადარიგო ჯარის-კაცთა სააღრიცხვო დავთრების დასამზადებლად 1.500.000 მან. გადადებისა.

6. დეკრეტი სახაზინო რკინის გზის დამატებითი მილიციის მოქმედების განგრძობისა.

7. დეკრეტი საზომ-საწონთა შემოწმების ვადის შეცვლისა.

8. დეკრეტი ძველი სახუროთ-მოძღვრო ძეგლების შეკეთება-დაცვისათვის 2.000.000 მან. გადადებისა.

9. დეკრეტი სენაკის მაზრის ერობისათვის 480.000 მან. სამელიორაციო სესხის მიცემისა.

10. დეკრეტი გორის მაზრის სკოლების აღსადგენად 20.000.000 მან. გადადებისა.

11. დეკრეტი ყალბი საკრედიტო ქაღალდების დამზადების დანაშაულობისათვის პასუხის გების გაძლიერებისა.

12. დეკრეტი სამხედრო უწყების შტატების დამატებისა და ცვლილების კანონის ძალაში შესვლის დროის განსაზღვრისა.

13. დეკრეტი გულეიკარის თემის გამოყოფისა და ქუთაისის მაზრაზე მიწერისა.

14. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ნატურალური საგზაო ბეგარის შესახებ.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ-ნ ფირცხალაიშვილს ეკუთვნის.

1. მუხლობრივი განხილვა შრომის ხელშეკრულების კანონ-პროექტისა:

ფირცხალაიშვილი (კითხულობს შრომის ხელშეკრულების 3, 6, 9 მუხლებს, რომელთა შესწორების შესახებ სიტყვა ბატონ ასათიანს ეკუთვნის.

. ასათიანი (ე.-დ.): ეს მეტად სამძიმო პირობებს შექმნის ჩვენს წარმოებაში, თუ დარჩა ეს მუხლი უცვლელად. სალიკვიდაციო საკითხი ყველაზე მწვავე საკითხია ჩვენს წარმოებაში და ის აძნელებს და ხელს უშლის წარმოების განვითარებას. შექმნილი იყო ამ საკითხის გამო ისეთი პირობები, რომ მაწარმოებელი უძლური იყო წარმოების განვითარება ნორმალურ კალაპოტში ჩაეყენებია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური პირობები მის წარმოებას ხელს არ უწყობდა, ის მაინც იძულებული ხდებოდა, რომ ეს წარმოების სიცოცხლის ნიშან-წყალი შეენარჩუნებია, ვინაიდან ეს სალიკვიდაციო ერთნაირად ანადგურებდა წარმოებას.

ასეთი პირობები იყო შექმნილი ჩვენს წარმოებაში, თანახმად იმ კანონისა, რომელიც გამოცემული იყო ამ უკანასკნელ წელს.

აი, ასეთ პირობებში შეუძლებელია წარმოება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ამიტომ აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ ისეთი ნორმები, რომლებიც შეთანხმებული იქნება არა მარტო იმასთან, თუ რას მოითხოვენ მუშები, არამედ რომელნიც წარმოებასაც დაიცავენ. რასაკვირველია, სახელმწიფოს ამ საქმისთვის მრავალი რეფორმის შემოღება შეუძლიაო ისე, როგორც ევროპის სახელმწიფოებმა შემოიღეს - მუშების დახმარება და დაზღვევა დახმარებისა და ავადმყოფობის დროს. აქაც შეიძლება ეს ინსტიტუტი გავაფართოვოთ. შეიძლება მომავალში შემოღებულ იქნეს ასეთი დაზღვევა უმუშევართა და ამნაირად მუშები უზრუნველ-ვყოთ.

მაგრამ კერძო მწარმოებელს, ჩაყენებულს ასეთ პირობებში, როგორშიაც დღეს იგი არის, არ შეუძლია აწარმოვოს საქმე. ხოლო თუ დაზღვევას ექნება სახელმწიფოებრივი ხასიათი, მაშინ მწარმოებელს წინ და წინ ექნება ნავარაუდევი, თუ რა ხარჯებს მოითხოვს ეს დაზღვევა; წინ და წინ იცის, თუ რა განსაზღვრული ხარჯები უნდა გაიღოს მან რეგულიარულად ყოველ წელს. ასეთ პირობებში კი მწარმოებლის მდგომარეობა არ იქნება ისე აუტანელი, როგორც იქნება მაშინ, როცა მან არ იცის, თუ რა ხარჯები დაატყდება ლიკვიდაციის გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამა თუ იმ საშუალებებზე. შეიძლება ვერ გამოვძებნოთ ისეთი რადიკალური საშუალებანი, რომ უმუშევრობა მოვსპოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია შეიმუშაოს დამზღვევი კანონი, რომელიც საგრძნობლად შეამსუბუქებს მუშათა მდგომარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია, რომ დაწესებული იქნეს გაურკვეველი ნორმები. ასეთ პირობებში ჩვენ არამც თუ ახალ წარმოებას ვერ შევქმნით, არამედ ძველ წარმოებასაც მოვსპობთ და ჩავკლავთ. სანამ რადიკალურ კანონს შემოვიღებდეთ, მანამ ჩვენ შეგვიძლია დავსტოვოთ ერთგვარი სალიკვიდაციო თანხების გაღება. მაგრამ ეს უნდა იყოს მინიმალური, ისეთი, რომ როცა წარმოება შეფერხდება მასალის უქონლობის ან ბაზრის დაკარგვის გამო, მაშინ ეს სალიკვიდაციო ხარჯები არ იქნეს დამოკლეს ხმალად მწარმოებლისთვის. გარდა ამისა, თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ მუშათა კლასის საერთო ინტერესებით, თუ ავიღებთ მუშათა კლასს და არა ცალკე ჯგუფებს, ეს სალიკვიდაციო ხარჯები არც ისე სახარბიელოა, რომ ბედნიერება მიანიჭოს ამ კლასს. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ამ სალიკვიდაციო ხარჯებს ბოროტად იყენებენ. შეიძლება ზოგიერთი მუშა ამა თუ იმ წარმოებაში არ იყოს მატერიალურად სასარგებლო, მაგრამ რადგან მას აქ უმუშავნია 7-8 წელი, ის სალიკვიდაციო ხარჯების მოლოდინში არსად გადადის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვაგან უკეთესი საქმე მოელის.

არც ეკონომიური თვალსაზრისით არის ეს სალიკვიდაციო ხარჯები სასარგებლო არც ერთი მხარისათვის. საერთო ეკონომიური ინტერესი გვავალებს, რომ მეტი ყურადღებით მოვეპყრათ წარმოებას, რომ იგი განვითარდეს და არ დაიღუპოს.

თუ ერთ წარმოებაში მუშის მდგომარეობა არ არის სასარგებლო, მაშინ მას საშუალება აქვს მეორე დარგში მოიპოვოს სამუშაო. სამუშაო ჩვენში ძალიან ბევრია, მაგრამ არაფერი კი არ კეთდება. ყველას აქვს საშუალება თავი ირჩინოს, ვისაც კი შრომა უნდა. ამიტომ იმისი შიში, რომ უმუშევარი ვინმე დარჩეს, ჩვენ არა გვაქვს. ამიტომ არავითარი საჭირო არ არის, რომ ეს ზომები დატოვებულ იქნეს.

თვით მუშათა ზოგიერთი წრეებიც არ არის ამის მომხრე. ასე რომ, ეს სალიკვიდაციო ხარჯები სრულიად არ არის დახმარება, რომელსაც შეუძლია მუშათა მდგომარეობა გააუმჯობესოს. ეს პირიქით ამრავლებს სპეკულიანტების რიცხვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამფუძნებელი კრების ინტერესს არ უნდა შეადგენდეს ასეთ სპეკულიანტთა რიცხვის გამრავლება.

ეს არ არის საღი ზომა და მე ვფიქრობ, რომ იგი უნდა მოისპოს და მივიღოთ ის შესწორება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ.

თავმჯდომარე: მომხსენებელი.

. ფირცხალაიშვილი: რასაკვირველია, მწარმოებლისათვის არ არის ხელსაყრელი, რომ სალიკვიდაციო ხარჯები გაიღოს; მუშებისთვის კი ეს ხელსაყრელია და დიდად სასარგებლო. ამის შესახებ საგანგებო კანონი გვაქვს გამოცემული. მე-12 მუხლში არის აღნიშნული, თუ რატომ იღებს მუშა სალიკვიდაციო ხარჯებს. აქ 68-ე მუხლში არის მოხსენებული, რომ მუშას შეუძლია აიღოს სალიკვიდაციო ხარჯები, რადგან მას თავის მუშაობით ამ ხნის განმავლობაში ზედმეტი ღირებულება შეუქმნია.

ამას გარდა, სალიკვიდაციო იმიტომ ეძლევა, რომ როცა მუშა უალაგოდ რჩება, მას საშუალება უნდა ჰქონდეს იარსებოს რამდენიმე ხანი, სანამ ადგილს იშოვნიდეს. მე არ ვიცი, პროფესიონალურმა კავშირებმა როდის გამოიტანეს ისეთი დადგენილება, რომელზედაც ბ. ასათიანი ბრძანებდა, საერთო აზრი კი უნდა მოგახსენოთ, რომ არ შეიძლება მუშები წინააღმდეგნი იყვნენ სალიკვიდაციოს მიღების, როცა წარმოება იხურება და ოჯახები ულუკმა-პუროდ რჩება.

რაც შეეხება მოხუც მუშებს, ამის შესახებ ჩვენ ჯერ კანონი არა გვაქვს, მაგრამ როდესაც შევიმუშავებთ, შეიძლება სხვა სახე მისცეს. მაგრამ დღეს დროებით ეს მიუღებელია და ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

(73-ე მუხლის შესწორების შესახებ სიტყვა ეძლევა ბ. ასათიანს).

. ასათიანი (ერ.-დემ.): მე მგონია, რომ შეუწყნარებელია ამ რედაქციით კანონის მიღება. როგორ შემთხვევაში შეიძლება, რომ მუშებს მიაბარონ საქმე და გააკეთონ? ამის განსჯა სუბიექტურია. რათ უნდა გვინდოდეს ეს, როცა ობიექტიური მცნება და მიზეზი გამორკვეულია? ერთგვარი გამორკვევა ცნებისა არის და სასამართლოს აქვს საშუალება ამაში გაერკვიოს. იმიტომ ეს ნაწილი უნდა ამოიშალოს. შემდეგ რას ნიშნავს „დაჟინებით არ ასრულებს“? თუ დაჟინებით არ ასრულებს, მაშინ რასაკვირველია, დათხოვნაა საჭირო. ეს გამორკვეული ცნებაა და რა საჭიროა კანონში ამის ჩატანა? ეს მუხლი ასე არ უნდა იქნეს მიღებული, რადგანაც ეს ერთნაირ გადატრიალებას ახდენს. „დაჟინებით არ ასრულებს“, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნელ-ნელა არ ასრულებს და როცა შეიგნებს, მაშინ შეასრულებს. შესაძლებელია, რამოდენიმე დღეს შეასრულოს, მაგრამ მერე ისევ არ შეასრულოს; დღეს მოვიდეს, ხვალ არა და ასე სისტემატიურად. ეს კი მიუღებელია და ამიტომ ჩვენი შესწორება უნდა მიღებულ იქნას.

თავმჯდომარე: მომხსენებელო, თქვენი აზრი?

მომხსენებელი: მე წინააღმდეგი ვარ ორივე შესწორების. პირველ მუხლში არ არის ნათქვამი ის, რასაც აქ ასათიანი ამბობს. ის ამბობს, რომ დაქირავებული შრომა გულისხმობს ნდობასაცო, ეს აქ მოსატანი არ არის, რადგანაც ყველა საქმე ერთანირ ნდობას არ გულისხმობს, ზოგიერთი საქმე გულისხმობს განსაკუთრებულ ნდობას. ასათიანი ამბობს, რომ „დაჟინებითი სიტყვა“ ამოვშალოთო. ეს მისაღები არ არის. მე წინააღმდეგი ვარ ორივე შესწორების.

თავმჯდომარე: ვინ არის სოც.-დემ. შესწორების წინააღმდეგი? სოც.-დემ. წინადადება მიღებული გახლავთ, ერ.-დემოკრატების შესწორება უარყოფილი.

(მომხსენებელი კითხულობს მუხლობრივ 79-დან 93-მდე. ყველა მუხლები მიღებულ იქნენ შესწორებით, კენჭის ყრის საშუალებით).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ონიაშვილს ეკუთვნის.

2. დეკრეტი ბათომის ოლქის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 178.484.234 მანეთის გადადებისა.

. ონიაშვილი (მომხს.): ბათომის და მისი ოლქის საქართველოსთან შემოერთების შემდეგ მთავრობამ გამოიტანა დადგენილება, რომ ყველა უწყების წარმომადგენლებმა მოკლე დროში წარმოადგინონ სათანადო ხარჯთ-აღრიცხვა თავიანთი უწყებისა. მაგრამ ამ ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა და დაჩქარებით წარმოდგენა ძლიერ რთული საქმეა. ბათუმის ოლქში კი საჭიროა, რომ ყველა უწყებამ ეხლავე გააჩაღონ მუშაობა, ამიტომ საჭიროა ეხლავე გადავდოთ საჭირო თანხა. დეკრეტში აღნიშნული არის 178.484.234 მან. მართალია, ეს ციფრი დანამდვილებით სწორი არის, მაგრამ დაახლოებით ვარაუდით მაინც არის გამოანგარიშებული. ეს ჯამი სამი ნაწილისაგან შესდგება: პირველი უდიდესი ნაწილი არის სხვა და სხვა მოსამსახურეთა პირად შემადგენლობისათვის; მეორე - მათი დღიურების მისაცემად, და მესამე უმცირესი ნაწილი - სამეურნეო, საოპერაციო და საკანცელარიო ხარჯები.

ამ სამი მუხლისაგან შესდგება ეს ხარჯთ-აღრიცხვა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ, წაიკითხოთ.

ონიაშვილი (კითხულობს მუხლს. მთელი დეკრეტი მიღებულ იქნა უცვლელად და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. რუსიას.

3. დეკრეტი სიღნაღის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მანეთის სესხის მიცემისა.

. რუსია (მომხს.): თვითმმართველობის კომისიამ განიხილა ქალაქ სიღნაღის შუამდგომლობა, რათა მას მიეცეს 2 მილ. მან. სესხი ორი წლის ვადით, ქალაქის აუცილებელ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ქალაქის თვითმმართველობა თავის თხოვნაში აღნიშნავს, რომ მაისში ნიაღვარმა გააფუჭა წყალსადენი და აუცილებელია მისი აღდგენაო. გარდა ამისა, საჭიროა ელექტრონის სადგურის შეკეთება. ყველა ამისათვის სიღნაღის ქალაქის თვითმმართველობა თხოულობს ამ სესხს. მთავრობა თანახმაა. თვითმმართველობის კომისია შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ დეკრეტში აღნიშნული თანხა 2 მილ. მან. მიეცეს სესხად სიღნაღის თვითმმართველობას ორი წლის ვადით.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელს ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი (მომხს.): საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს შუამდგომლობა სიღნაღის თვითმმართველობაზე სესხის მიცემის შესახებ და დაადგინა, რომ აღნიშნული თანხა 2 მილ. მან. მიეცეს სესხად, დეკრეტში აღნიშნული პირობებით.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ, წაიკითხოთ.

. რუსია (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივად).

დეკრეტის ყველა მუხლი მიღებულ იქმნა უცვლელად და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. რუსიას.

4. დეკრეტი . ონის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

. რუსია (მომხს.): ონის თვითმმართველობა შუამდგომლობს, მიეცეს მას 3 მილიონი მანეთი სესხის სახით 6 წლის ვადით. ქალაქი ასაბუთებს თავის შუამდგომლობას იმით, რომ იგი აშენებს ელექტრონის სადგურს, წისქვილს და ხე-ტყის სახერხ ქარხანას. ყველა ამ საქმისთვის ქალაქმა გამოითხოვა 3 მილიონი მანეთის სესხი. მთავრობამ განიხილა ეს შუამდგომლობა და მიიღო. თვითმმართველობის კომისიამაც მიიღო და ეხლა წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას, მიეცეს ქ. ონს 3 მილიონი მანეთის სესხი იმ პირობით, როგორც არის მოხსენებული დეკრეტში.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი (მომხს.): საბიუჯეტო კომისიამ მიიღო ეს სესხი - სამი

მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ (კითხულობს).

დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. გიორგაძეს.

5. დეკრეტი ჯარისა და ფლოტის სათადარიგო ჯარის-კაცთა სააღრიცხვო დავთრების დასამზადებლად 1.500.000 მან. გადადებისა.

გრ. გიორგაძე (მომხს.): შინაგან-საქმეთა სამინისტრო ითხოვს მილიონ-ნახევარ მანეთს იმისათვის, რომ რიგიანად იყოს მოწყობილი სათადარიგო ჯარის კაცების აღრიცხვა. როგორც მოგეხსენებათ, ეს საქმე დაკისრებული აქვს ერობებს და საერობო ერთეულებს, თემებს. ამ აღრიცხვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც თუ ეს სიები არ არის, როდესაც მობილიზაცია მზადდება, ან ჯარისკაცები უნდა გამოიყვანონ სავარჯიშოდ, შეუძლებელია ეს მიზანი განხორციელდეს. განსაზღვრულია ამისთვის, რომ სათანადო წიგნი შესაფერისი ფორმით შედგენილი დაურიგდეს ყველა ერობებს და თემებს სახელმძღვანელოდ. უკანასკნელები შეავსებენ იმ ცნობებს, რომლებიც ამ წიგნებში იქნება. ამისათვის საჭირო არის მილიონ-ნახევარი მანეთი. სამხედრო და საფინანსო კომისიებმა განიხილეს და მიიღეს ეს დეკრეტი. ეხლა საჭირო არის თქვენი დასტური.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის.

დეკრეტი მიღებულია ჩვეულებრივი წესით და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. წულაიას.

6. დეკრეტი სახაზინო რკინის გზის დამატებითი მილიციის მოქმედების განგრძობის შესახებ.

. წულაია (მომხს.): მოქალაქენო! დამფუძნებელ კრებას მოეხსენება, რომ წარსულ წელს ოქტომბერში სახელმწიფო რკინის გზებზე მოხდა რამდენიმე თავდასხმა ბოროტ-გამზრახველებისა მატარებლებზე. იმ ხანად რკინის გზებზე სამხედრო წესები იყო შემოღებული. სამხედრო წესების გამოცხადებასთან ერთად რკინის გზის უწყება შემოვიდა დამფუძნებელ კრებაში შუამდგომლობით, რომ მილიციონერთა რიცხვი გადიდებულიყო 132-მდე. მათი სამსახურის ვადა უნდა გაგრძელებულიყო 3 თვის ვადით. დამფუძნებელმა კრებამ ეს შეიწყნარა და მოხსენებული დეკრეტი მიღებული იყო. მას შემდეგ განვლო ხანმა და უნდა მოეხსნათ ეს შტატები, მაგრამ გზათა უწყება შემოვიდა შუამდგომლობით, რომ ვადა მილიციონერთა სამსახურისა გაგრძელებულიყო, რადგან მილიცია ძლიერ საჭირო იყო რკინის გზის დაცვისათვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამფუძნებელმა კრებამ ეს მეორე შუამდგომლობაც მიიღო და ვადა გაუგრძელდა ამა წლის პირველ დეკემბრამდე. ამ შუამდგომლობამ გაიარა სათანადო გზები. ჯერ იგი შემოვიდა მთავრობაში. მთავრობა ამ შუამდგომლობას თავის მხრივ სრულიად ღებულობს. აქ არის აზრი სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსთა უწყების წარმომადგენლისა. უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც სახელმწიფო კონტროლი, ისე ფინანსთა უწყების წარმომადგენელი პრინციპიალურად თანახმანი არიან, რომ მილიციის სამსახურის ვადა რკინის გზებზე გაგრძელდეს, მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ეს რიცხვი 132-მდე განახევრდესო. ამ ანგარიშით თვითეულ მატარებელს აქამდის თუ 4 შეიარაღებული მცველი დაჰყვებოდა, ეხლა გაჰყვება მხოლოდ 2. ისე კი პრინციპიალურად, როგორც მოგახსენეთ, როგორც სახელმწიფო კონტროლი, ისე საფინანსო უწყება თანახმა არის ყოველივე ეს განხილულიყო გზათა კომისიაში. გზათა კომისიამ მიიღო მხედველობაში ამ მილიციის მოღვაწეობა რკინის გზის დაცვაში. თუ მატარებლებს უკანასკნელ ხანებში თავს აღარ ესხმიან, ეს მილიციის სიყოჩაღეს მიეწერება. ამიტომ გზათა კომისიამ საჭიროდ დაინახა შეიწყნაროს მთავრობის შუამდგომლობა. და გზათა კომისია ჩემის სახით შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ეს დეკრეტი მიღებული იყოს უცვლელად.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ბ. თევზაიას.

. თევზაია: საფინანსო კომისიამ ეს შუამდგომლობა დაადასტურა.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია.

(დეკრეტი მიღებულია ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

7. დეკრეტი საზომ-საწონთა შესწორებების ვადის შეცვლისა.

გრ. გიორგაძე (მომხს.): არსებული კანონით, რომელიც გამოცემული იყო 1916 წელს, საზომ-საწონთა შემოწმება უნდა მოხდეს 4 წელიწადში ერთხელ. ეს კანონი ჩვენში დარჩა ძველი რუსეთიდან. ძველად ეს კანონი მისაღები იყო, რადგან 4 წლის განმავლობაში თუ საწონ-საზომი წახდებოდა, იყო საშუალება, ახალი შეეძინათ. ჩვენში პატარა ტერიტორია არის და მეორეც, ახალი საზომ-საწონის შეძენა ძალიან ძნელია, რადგანაც ქარხნები არ არის. ამიტომ საჭირო არის, როდესაც საზომ-საწონი დაზიანდება, ის მალე იყოს შემოწმებული, თორემ ხმარებაში იქნება ისეთი საზომ-საწონი, რომელიც არ შეეფერება თავის დანიშნულებას. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგანაც ერთის მხრივ ის, ვინც ჰყიდის, ბევრს დააკლებს მომხმარებელს და მეორე მხრივ, ამას აქვს აგრეთვე ფისკალური მნიშვნელობა. ქალაქი დაინტერესებული არის შემოწმებით, რადგან ის არის შემოსავლის წყარო. ამიტომ ვაჭრობა-მრეწველობის უწყებამ აღძრა მთავრობის საშუალებით შუამდგომლობა დამფუძნებელ კრებაში, რომ 4 წელი შემცირებულ იქნეს 2 წლამდის. საფინანსო კომისიამ ეს გაიზიარა და მიზანშეწონილად სცნო. ეხლა საჭირო არის თქვენი დასტური.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია.

(დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისისა).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

8. დეკრეტი ძველი სახუროთ-მოძღვრო ძეგლების შეკეთებადაცვისათვის 2.000.000 მანეთის გადადებისა.

ივ. გომართელი (მომხს.): ჩვენი რესპუბლიკის სხვა და სხვა კუთხეში, მოგეხსენებათ, ბლომად მოიპოვება სხვა და სხვა ნაშთები, ძეგლები, ძველი შენობები, რომელთაც აქვთ ხუროთ-მოძღვრების მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა. უკვე ცნობილია მეცნიერების მიერ, რომ ჩვენმა კულტურამ საკუთარი სტილი შეიმუშავა ხუროთ-მოძღვრებაში და ეს სტილი არის შენახული და დაცული ჩვენს ძველს ნაშთებში. რომ გადავავლოთ თვალი ევროპას, ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა იმ ძეგლებს, რომელთაც აქვთ კავშირი ძველ კულტურასთან, ინახავენ და უვლიან. ჩვენში დღემდის ამას ყურადღებას არ აქცევდნენ; ეხლა კი საჭიროა, რომ მივაქციოთ ყურადღება. მრავალ კუთხიდან მოდის ცნობები, რომ ეს ძეგლები, ძველი ხუროთ-მოძღვრების ნაშთები იქცევა უპატრონობის, მოუვლელობის გამო. თავისთავად ცხადია, შემდეგი თაობა გვისაყვედურებს, თუ რიგიან ყურადღებას არ მივაქცევთ ამ ნაშთებს. ეს დეკრეტი არის შემუშავებული ხელოვნების კომისიის მიერ. ამ მიზნისთვის გამოთხოვილი არის 2 მილიონი მანეთი. თავისთავად ცხადია, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი, მაგრამ ჯერ-ჯერობით პირველ ხანებში ეს საკმარისი იქნება და თუ შემდეგ მეტი იქნება საჭირო, მაშინ გამოითხოვენ. კომისიის აზრით, ეს თანხა უნდა იყოს განათლების სამინისტროს განკარგულებაში და საჭიროებისდაგვარად მოიხმაროს. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და თანახმა არის, რომ ეს თანხა მიღებულ იქნეს ამ მიზნისათვის.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისთვის? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავის არის. მიღებულია.

(დეკრეტი მიღებულია ჩვეულებრივი წესით და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. ლორთქიფანიძეს.

9. დეკრეტი სენაკის მაზრის ერობისათვის 480.000 მან. სამელიორაციო სესხის მიცემისა.

. ლორთქიფანიძე (მომხს.): ბატონებო! ეს დეკრეტი მეტის-მეტად დაგვიანებით შემოდის დამფუძნებელ კრებაში. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ მდინარე ცხენის-წყალს უკვე რამდენიმე წელია მიაქვს მიწა მარჯვენა ნაპირიდან. სენაკის მაზრის ერობა შემოვიდა ჯერ კიდევ თებერვალში თხოვნით სამინისტროში, მთავრობაში და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში, რომ საჩქაროდ მიეცათ მისთვის 900.000 მანეთი ჯებირის გასამაგრებლად, რომ აეცილებინათ თავიდან უბედურება. ჯებირი წყალმა წაიღო და თავისი კალაპოტი იცვალა.

ცხენის-წყალმა აუარებელი ზარალი მიაყენა 3-4 სოფელს, იმიტომ რომ გაიკეთა ახალი კალაპოტი, გაიარა შუა სოფელში და მისი სახნავ-სათესი მიწები წაიღო.

ეხლა აუცილებლად საჭირო არის, რომ გაწეულ იქნეს მთავრობის მიერ მუშაობა, რადგან ხალხი ადგილობრივ ამას ვერ მოახერხებს, რომ ცხენის-წყალი დაუბრუნდეს თავის კალაპოტს. კომისიამ განიხილა ეს შუამდგომლობა და იზიარებს, რომ ეს 480.000 მანეთი იყოს გადიდებული. 900.000 მანეთი საკმარისი იქნება მხოლოდ წინასწარ მუშაობისათვის და რომ სულ მოვაგვაროთ, ამისათვის საჭირო იქნება რამდენიმე მილიონი.

ამ საქმის შესრულება უნდა ითავოს მიწად-მოქმედების სამინისტროს წყალთა სამმართველომ ისე, როგორც სხვა მდინარეებზე იყო, მაგ. რიონზე და სხვ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, საჭირო არის ეს თანხა 480.000 მანეთი გაორებული იყოს. კომისია ფიქრობს, რომ ეს იქნება წინასწარი ნაბიჯი და ამიტომ ვთხოვ დამფუძნებელ კრებას, რომ ეს მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი: საბიუჯეტო კომისიამ ეს განიხილა და მიიღო (დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: სიტყვა ლ. ნათაძეს ეკუთვნის.

10. დეკრეტი გორის მაზრის სკოლების აღსადგენად 20 მილ. მან. გადადებისა.

. ნათაძე (მომხს.): მოგეხსენებათ, რა დიდი განადგურება მოუტანა გორს მიწის ძვრამ. სხვათა შორის, დააზიანა სულ მთლად 29 სასწავლებელი. ამაში არ შედის თვით გორის სასწავლებლები. დაზარალებულთა დახმარებისათვის და იმ დაწესებულების აღსადგენად, რომელიც დაინგრა, მივიღეთ დეკრეტი 20 მილიონის გადადებისა. სამწუხაროდ, ამ დახმარებაში სრულიად არ შესულა სწავლა-განათლების საჭიროება. მთავრობამ მოიწვია საუწყებათაშორისო კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ეს სესხი, 20 მილიონი მანეთი, გაღებულ იქნას, მაგრამ ამ საუწყებათაშორისო კომისიას არ მიუღია მხედველობაში სწავლა-განათლების სამინისტრო. ცხადი იყო განათლების საქმეზე განსაკუთრებული მზრუნველობა იქნება საჭირო და მთავრობა შემოდის დამფუძნებელ კრებაში ამ დეკრეტით.

დეკრეტს დართული აქვს დაწვრილებითი ხარჯთ-აღრიცხვა. აქედან სჩანს, რომ დანგრეულია 29 სკოლა და სკოლების აღდგენას სდომებია 72 მილიონი, მაგრამ გორის ერობა ითხოვს მხოლოდ 20 მილიონს იმ ანგარიშით, რომ რომ მთავრობა მისცემს ხე-ტყეს. მას აქვს სახერხი ქარხანა. გარდა ამისა, ნატურალური ბეგარის მცხოვრებლები დაეხმარება მას სკოლების შენობების აგებაში. ხალხმა უნდა იგრძნოს, როდესაც უბედურება დააწვა, მიტოვებული არ არის. ეს ერთნაირი დემონსტრაცია იქნება სახელმწიფოს მხრივ, მან უნდა გამოიჩინოს მეტი მზრუვველობა.

განათლების კომისია შუამდგომლობს, რომ ეს დეკრეტი უცვლელად იყოს მიღებული. ხარჯთ-აღრიცხვა მშვენივრად, დიდის ყაირათობით არის შედგენილი. ამაზე მთავრობა თანახმა არის.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. ონიაშვილს ეკუთვნის საფ.-საბ. კომისიის სახელით.

. ონიაშვილი: საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და უდავოდ დაადასტურა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა.

მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

11. დეკრეტი ყალბი საკრედიტო ქაღალდების დამზადებისათვის პასუხისგების გაძლიერებისა.

. ჯაფარიძე (მომხს.): ამ ბოლო დროს ბაზარზე გავრცელდა ყალბი ბონები. ამ მოვლენას, რა თქმა უნდა, ისედაც არეულ ეკონომიურ ცხოვრებაში შეაქვს არეულობა. ამის გამო მთავრობამ საჭიროდ სცნო ამ ყალბი ნიშნების წინააღმდეგ გამონახოს რაიმე ზომა. სხვათა შორის, ამ ზომად მიჩნეულია რეპრესიების გაძლიერება. დღეს რეპრესია უნდა გაძლიერდეს იმ სახით, რომ ციხის მაგიერ მიღებულ იქნას კატორღა. მაგრამ რაც უმთავრესია, ეს ის არის, რომ ის პირი, რომელსაც ბრალი ედება ყალბი ბონების ბეჭდვაში, ის უნდა საქმის გარჩევამდის იქნას დაპატიმრებული. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო ადგენს კანონ-პროექტს, რომლითაც ეძლევა უფლება, სასჯელი დღეს მოქმედ კანონით გაძლიერდეს კატორღამდე და იმ დანაშაულისათვის ბრალდებულის წინააღმდეგ გაქცევის აღკვეთის ზომა მიღებულ იქნას. ასეთი გახლავთ კანონ-პროექტი იუსტიციის სამინისტროსი (შენგელაია: უკუქცევითი ძალა მივცეთ?).

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? ვინ არის მომხრე, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ. მიღებულია და სათანადო დროის გასვლის შემდეგ გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე. სიტყვა ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

12. დეკრეტი სამხედრო უწყების შტატების დამატებისა და ცვლილების კანონის ძალაში შესვლის შესახებ.

. ჯაფარიძე (მომხს.): 25 ივნისს დამფ. კრებამ მიიღო კანონ-პროექტი სამხედრო უწყების შტატების დამტკიცებისა და შეცვლის შესახებ. ამ კანონ-პროექტში არ არის აღნიშნული, როდის შედის ის ძალაში. უნდა ვთქვათ, რომ იურიდიულ კომისიაში არ გაუვლია ამ კანონ-პროექტს. რადგანაც ცალკე განსაზღვრული ვადა არ არის აღნიშული, ეს კანონი საზოგადო წესით შედის ძალაში და ეს წესი ასეთია. როცა გამოქვეყნდება კანონი, იგი იმ დღის შემდეგ შედის ძალაში. მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომელიც სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს და მისი გამოქვეყნება შეუძლებელია. ამიტომ საჭირო შეიქნა აღნიშვნა ვადისა, როდის შედის ძალაში. ამის გამო სამხედრო სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა, რომ ეს საკითხი განხილულ იქნას იურიდიულ კომისიაში და შემდეგ შემოვიდეს აქ ამ დეკრეტის პროექტით, რომლითაც ის კანონი, რომელიც უკვე მიღებულია, ძალაში შევიდეს იმ დღიდან, როდესაც ის მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ, ე.ი. 25 ივნისიდან.

თავმჯდომარე: იურიდიულ კომისიის სახელით შემოსულია წინადადება, რომ ეს საკანონმდებლო აქტი დეკრეტის სახით იქნ ეს მიღებული. არის ვინმე ამის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ, მუხლობრივად წაიკითხოთ (მუხლობრივ წაკითხვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბ. რუსიას ეკუთვნის.

13. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა ნატურალურ საგზაო ბეგარის შესახებ.

. რუსია (მომხს.): ამ რამდენიმე ხნის წინად ქ. ტფილისში იყო სამაზრო ერობის წარმომადგენელი და ტეხნიკოსთა კრება. ამ კრებაზე გამოირკვა, რომ შარა-გზები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად, აუწერელ მდგომარეობაშია. უნუგეშო მდგომარეობაში გახლავთ აგრეთვე ყველა, როგორც დამფუძნებელმა კრებამ უკვე იცის, ჩვენი სახაზინო გზები. ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლოა, ერობის წარმომადგენლების აზრით, ამ გზების მოწესრიგება, რომ მასზე შეიძლებოდეს სიარული, ეს ნატურალური გზით მათი შეკეთებაა. თუ არა ამ გზით, მრავალი მილიარდები იქნება საჭირო, რომ სახელმწიფო გზები და საერობო-სასოფლო გზები მოყვანილ იქნას წესრიგში. თავის-თავად ცხადია, ჩვენ სახელმწიფოს ასეთი თანხის გაღება დღეს-დღეობით არ შეუძლია. არ შეიძლება იმავე დროს საქმე დავტოვოთ იმავე მდგომარეობაში, რომელშიაც ახლა არის. ამის მიხედვით შემუშავებულია პროექტი, თუ როგორ განხორციელდეს ნატურალური ბეგარა. ეს პროექტი განხილული გახლდათ საგზაო კომისიაში, თვითმმართველობის კომისიაში და იურიდიულ კომისიაში და ამ სამივე კომისიამ მიიღო ის პროექტი დეკრეტისა, რომელიც წარმოადგინა დამფ. კრების წინაშე.

შინაარსი ამ დეკრეტისა გახლავთ შემდეგი: ყველა თემი მოვალეა თავის ფარგლებში ნატურალური ბეგარის წესით გამოვიდეს, გამოიყვანოს ყველა მცხოვრებნი, ვისაც მუშაობა შეუძლია; თავის თემის ფარგლებში შეაკეთოს ის გზები, რომლებიც მასზე მიდის. სამუშაო დღე წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. დეკრეტში ნაჩვენებია გამონაკლისი: ვისაც არ ექნება შეძლება პირადი შრომით გამოვიდეს გზების შესაკეთებლად, დეკრეტი ნებას რთავს თემებს, ამ შემთხვევაში ასეთი პირი გაანთავისუფლოს და 2 კაცის სამუშაო ქირა გადაახდევინოს. რაც შეეხება ქალაქების მცხოვრებთა შესახებ, აქ დეკრეტში, როგორც გამონაკლისი მიღებულია, ნატურალური ბეგარის მაგიერ იქნას გადასახადი შემოღებული. ასეთია შინაარსი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ი. ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ივ. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): ბატონებო! ეს კანონი უნდა იყოს ნაწილი იმ კანონებისა, რომლებიც საერთოდ შრომის ბეგარის შემოღებას შეეხება. ყოველ შემთხვევაში, შრომის ბეგარის შემოღების საკითხი დღის წესრიგში უნდა იყოს დაყენებული. ბევრ სახელმწიფოში ეს საკითხი უკვე გადაჭრილია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი, შრომის სამინისტრო იქნება ეს თუ კომისია, დღის წესრიგში უნდა დააყენოს, რადგანაც ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების უზრუნველყოფას და აღორძინებას. და თუ არ დადგა ისე, როგორც ამას ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს, მაშინ მთელი ჩვენი მუშაობიდან არაფერი არ გამოვა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენში ბევრს, როგორც დამფუძნებელი კრების წევრებს, ისე სხვებს, დიდი იმედი აქვთ, რომ შემოვა უცხო კაპიტალი და ის წარმოებას გააჩაღებსო. ჩვენ დიდი იმედი ამისა არ გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მხოლოდ მაშინ შემოვა, თუ მივსცემთ ბევრის გატანის ნებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მდგომარეობა. მაგ., ფოთის ჭაობის ამოშრობა ფულით არ შეიძლება, თუ ეს არ მოვახერხეთ ნატურალური ბეგარის საშუალებით. ფული, ამას მილიარდები დასჭირდება. ამ ჭაობების ამოშრობა თუ არ დავსვით დღის წესრიგში, ის ფიზიკური განადგურებით ემუქრება ჩვენს ხალხს. ჭაობის ამოშრობით ერთი რომ მალარია მოისპობა, მეორე - შესანიშნავი მიწა დაგვრჩება.

აიღეთ, მაგ., ქალაქის გაწმენდის საქმე. დღესაც დეკრეტებით რამოდენიმე მილიონი მან. უნდა გავსცეთ (ღლონტი: სანიტარიისათვის!). ეს იმიტომ ხდება, რომ არ არის მოწესრიგებული ქალაქების გაწმენდის საქმე. ზოგიერთ ქუჩებში პირდაპირ გავლა არ შეიძლება. არავინ ასუფთავებს, არავინ ჰგვის, და თუ ვინმე ჰგვის, კვირაში ერთხელ. საჭიროა საყოველთაო შრომის ბეგარის შემოღება. ხალხი უნდა გამოვიყვანოთ ქუჩებში და ვამუშაოთ. ცოცხის ხელში აღება ყველას კი შეუძლია.

ამას გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ საერთო ბეგარა უნდა იყოს ყველასათვის - როგორც სპეციალისტებისათვის, ისე არასპეციალისტებისათვისაც. თქვენ იცით, თუ რა ცუდ მდგომარეობაში არიან განაპირა რაიონები. იქ არ მიდიან არც მასწავლებლები და არც ექიმები. თუ ბევრი არ მიეცი, არ წავა. ამავე დროს აუარებელი სპეციალისტები არიან აქ და მუშაობენ. აუცილებლად საჭიროა შემოვიღოთ შრომის ბეგარა, რომ ის ხალხი განსაზღვრულ დროს ემსახუროს სახელმწიფოს.

გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც უნდა გაიმარჯვოს შრომის პრინციპმა, რამოდენიმე საათი ფიზიკური შრომა მაინც უნდა იყოს შემოღებული. რასაკვირველია, გამონაკლისი იქნება: სუსტი, რომელსაც მუშაობა არ შეუძლია, შეიძლება განათავისუფლონ (ღლონტი: საერთოდ ნატურალური ბეგარა მისაღებია?). მისაღებია, მაგრამ შესწორება უნდა შევიტანოთ. უნდა იქნეს შრომის ბეგარა და არა მშრომელთა ბეგარა. პირველად შრომის ბეგარა გერმანიაში იყო შემოღებული, სადაც ეს დააკანონეს მუშებმა, მუქთა-ხორა ხალხი კი დარჩა განზე. აქ არის ერთი მუხლი, რომელიც გამოსავალს, ლაზეიკას სტოვებს ისეთი ვაჟბატონებისათვის, რომელთაც არ უნდათ მუშაობა. მათ შეუძლიათ ბეგარის შეცვლა, თუკი ორკეც ხელფასს გადაიხდიან ურმებისათვის და სხვა საჭიროებისათვის. ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ ეს საქმე ადგილობრივმა თემმა უნდა გაარჩიოს, შეუძლია თუ არა მუშაობა. და თუ ის ნებას რთავს, მაშინ შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევაში გადიხადოს ორკეცი ფასი. თუ ბეგარა იქნება, ყველამ უნდა იმუშაოს, არა მარტო სოფლის მცხოვრებმა, არამედ ქალაქის მცხოვრებლებმაც. თქვენ იცით ალბათ, რომ როდესაც გლეხები ეხმარებოდნენ მთავრობას რკინის გზის გაყვანით, გამოვიდნენ ზუგდიდის სოვდაგრები და განუცხადეს გლეხებს: თქვენ იმუშავეთ და ჩვენ ფულს მოგცემთო. ამან სამართლიანი გულის წყრომა გამოიწვია და სთქვეს: თქვენი ფულები არ გვინდა, თქვენც ჩვენთან იმუშავეთო. და ვფიქრობ, რომ თუ ეს მუხლი დარჩება, უთანხმოება იქნება. ის გზა, რომელიც ყველას სჭირდება, რომლითაც ქალაქში სურსათი შემოდის და სხვა, ეს ყველამ უნდა გააკეთოს. საქართველოში სულ საჭიროა 200 ათასი მუშახელი და თუ ამ მუშაობაში ქალაქებმა მონაწილეობა არ მიიღეს, ეს არ იქნება სამართლიანობა.

ჩვენთან სწორედ ის მოხდება, რაც წინეთ სოფელში ხდებოდა. იქ ამბობდნენ: გლეხებს შეუძლიათ მუშაობა და უნდა იმუშაონო, თავად-აზნაურებს და სამღვდელოებას - არაო. ეხლა ბატონებო, ეს აზრი შეიცვალა: სოფელში დღეს ყველა მუშაობს. მართალია, არის სპეციფიკური ნაწილი მუშაობისა, ამას უბრალო მუშა ვერ გააკეთებს ვერც ქალაქში და ვერც სოფლად. ამისათვის სპეციალისტი მუშაა საჭირო. მაგრამ არის უმეტესი ნაწილი ამ მუშაობისა, რომლის შესრულება ყველას შეუძლია. ეს ძნელი არ არის. წელიწადში შვიდი დღის მუშაობას ყველა შესძლებს როგორც ქალაქში, ისე სოფლად. აქ წარმოდგენილია 15 ქალაქის სია. ეს ქალაქები ბატონ ჩხენკელის ქალაქებია, მაგრამ ამ სიაში გამოტოვებული გახლავთ ოჩამჩირე, გუდაუთი, ლანჩხუთი და კოჯორი. და თუ ყველა ქალაქებზე ვრცელდება ეს კანონი, მაშინ ამ ქალაქებზედაც უნდა გავრცელდეს და ეს ქალაქებიც უნდა გამოვიდენ სამუშაოდ. და თუ შესწორებას მიიღებთ, მაშინ იმ რიცხვს ბევრი გამოაკლდება, იმიტომ რომ უმრავლესობა ამ ქალაქებისას არავითარი ქალაქური წესწყობილება არა აქვთ შექმნილი. კახეთის ზოგიერთი სოფელი რომ აიღოთ, იქ როგორც მცხოვრებთა რიცხვით, ისე ქონებრივად უფრო მიუდგება ქალაქს, ვიდრე ეს ქალაქები.

საჭიროა, რომ ყველამ იმუშაოს. ამას გარდა, ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს: ხალხი დაინახავს, რომ ამ მუშაობაში ერთგვარი თანასწორობაა, სამუშაოზე გამოდის როგორც დიღმელი გლეხი, ისე ტფილისის დიდი სოვდაგარი, სპეკულიანტი, ბანკირი და სხვა ამისთანები. შეიძლება პირველ ხანებში კიდეც გააფუჭონ რამე; შეიძლება ისე ვერ გააკეთონ, როგორც რიგია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ ჩვენს ფრაქციას შემოაქვს წინადადება, მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს შესწორება და მუხლი, რომელიც ქალაქებს ეხება, ამოშლილ იქნას.

თავმჯდომარე: სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

. რუსია (მომხს.): რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ნაციონალურ გზას დავადგეთ, ამის საწინააღმდეგო სოციალ-დემოკრატიას არა აქვს რა. ყოველთვის, სადაც კი სახელმწიფოს საჭიროება მოითხოვს ნატურალური ბეგარით მუშაობას, რასაკვირველია, შემოღებულ იქნება ყველა კონკრეტულ საქმეში, ამაზედ ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება ცალკე მუხლებს, ამაზედ მათი განხილვის დროს მოგახსენებთ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? კანონ-პროექტის მუხლობრივი წაკითხვა საჭირო დროის განვლის შემდეგ მოხდება. ეხლა შემდეგი სიტყვა ბატონ ცისკარიშვილს ეკუთვნის.

14. დეკრეტი გულეიკარის თემის გამოყოფისა და ქუთაისის მაზრაზე მიწერისა.

. ცისკარიშვილი (მომხს.): ჯერ კიდევ 1918 წლის ნოემბერში ერთმა ჯგუფმა სოფლებისა აღძრა შუამავლობა ქუთაისის სამაზრო ერობის წინაშე, რომ ეს სოფლები გამოყოფოდენ ცალკე თემად და შეერთებოდენ ქუთაისის მაზრას. ქუთაისის სამაზრო ერობამ მხარი დაუჭირა ამ თხოვნას და თავის მხრივ აღძრა შუამავლობა შინაგან-საქმეთა სამინისტროში ამის შესახებ. ეს ჯგუფი სოფლებისა როგორც ეკონომიურად, ისე გეოგრაფიულად ისე იყვნენ შეკავშირებულნი, რომ მათი დაცალკევება არაბუნებრივი იყო, მაგრამ ისინი დაყოფილნი იყვენ სამ მაზრაზედ, საერთო ინტერესები კი მოითხოვდა მათ შეერთებას. შინაგან-საქმეთა სამინისტრომ დანიშნა სამივე ერობათა წარმომადგენლების კომისია ამ საქმის გამოსარკვევად. ორი ერობის წარმომადგენელნი, ქუთაისის და სენაკის, შეთანხმდენ და მისაღებად სცნეს ამ თხოვნის დაკმაყოფილება, ოზურგეთის ერობის წარმომადგენელმა კი პროტესტი განაცხადა. მთავრობამ განიხილა ეს საკითხი, ხელახლა მოისურვა საქმის გამორკვევა და გაგზავნა სპეციალისტი პირი და ამ გამორკვევის შემდეგ მიღებულ იქნა, რომ ეს სოფლები უნდა შეერთდენ ერთ თემად და შეუერთდეს ქუთაისის მაზრას. ხოლო არის შემდეგი დამატება, ვინაიდგან გამოირკვა, რომ ოზურგეთის მაზრის მცხოვრებნი სარგებლობდენ საძოვრებით და სახნავ-სათესი მიწებით, რომლებიც ამ სოფლებს აკრავს; მიეცეს ამ სოფლების მცხოვრებთ ნება, ძველებურადვე ისარგებლონ კვლავაც. ეს აღნიშნულია დეკრეტის სათანადო მუხლში. კომისიას ეს შესაძლებლად მიაჩნია, უდავოდ ღებულობს მას და სთხოვს დამფუძნებელ კრებას მის დადასტურებას.

თავმჯდომარე: ბატონებო, ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინ არის (მუხლობრივი განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

დღევანდელი დღის წესრიგი ამოწურულია. გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი (მდივანი კითხულობს). ვის სურს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? მსურველი არავინაა. ვინაა წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. ბატონებო, როდისთვის გინდათ დანიშნოთ შემდეგი კრება? წინადადებაა შემოსული, დაინიშნოს პარასკევს დილის 10 საათზე. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. მიღებულია.

სხდომა გათავდა 1 საათზე და 20 წუთზე.

19 სხდომა 48*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს 1920 . აგვისტოს 13. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს კრების მდივანი:

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 11 საათზე.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

1/318 შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - რესპუბლიკის ყველა დაწესებულებათა მუშა - მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მიმატების შესახებ.

გადაეცა შრომის და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2/319 ფინანსთა მინისტრი პროექტი დეკრეტისა - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-1921 საბიუჯეტო წლის ანგარიშით თანხის გადადების შესახებ.

გადაეცა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3/320 პრეზიდიუმის პროექტი დეკრეტისა სასახლის შესაკეთებლად 5.300.000 მ. გადადების შესახებ.

გადაეცა: საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

დღიური წესრიგი.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ბათუმის ოლქის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 178. 484. 234 მან. გადადებისა.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. სიღნაღის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ონის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან სესხის მიცემისა.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ჯარის და ფლოტის სათადარიგო ჯარისკაცთა სააღრიცხვო დავთრების დასამზადებლად 1.500.000 მ. გადადებისა.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სახაზინო რკინის გზის დამატებითი მილიციის მოქმედების.

6. საბოლო ტექსტი დეკრეტისა საზომ-საწონთა შემოწმების ვადის შეცვლისა.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ძველი სახუროთმოძღვრო ძეგლების შეკეთება-დაცვისათვის 2.000.000 მან. გადადებისა.

8. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სენაკის მაზრის ერობისათვის 480.000 მან. სამელიორაციო სესხის მიცემისა.

9. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გორის მაზრის სკოლების აღსადგენად 20.000.000 მან გადადებისა.

10. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ყალბი საკრედიტო ქაღალდების დამზადების დანაშაულობისათვის პასუხისგების გაძლიერებისა.

11. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სამხედრო უწყების შტატების დამატებისა და ცვლილებების კანონის ძალაში შესვლის დროის განსაზღვრისა.

12. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გულეისკარის თემის გამოყოფისა და ქუთაისის მაზრაზე მიწერისა.

13. განაგრძობა მსჯელობისა ნატურალური საგზაო ბეგარის დეკრეტის შესახებ.

14. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონპროექტისა - ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთისა, ოკამისა და გარელოვკას ამბულატორიების შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონპროექტისა სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შესახებ.

16. დეკრეტი სურამის ფსიქიატრიული ახალშენის ჯანმრთელობის დეპარტამენტისათვის გადაცემისა.

17. დეკრეტი გარეშე საქმეთა სამინისტროს საგანგებო ხარჯის დასაფარავად 2.500.000 მან. გადადებისა.

18. დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითადი თანხის გადადებისა.

19. დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკისათვის 50.000.000 მან. სესხის მიცემისა დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.

20. დეკრეტი ეპიდემიასთან საბრძოლველად 20.000.000 მან. გადადებისა.

21. დეკრეტი აზერბაიჯანში გასაგზავნ მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 2.000.000 მან. გადადებისა.

22. დეკრეტი ქალაქ ტფილისის თვითმმართველობისათვის 40.000.000 მან. სესხის მიცემისა სასურსათო განყოფილების გასაფართოებლად.

23. დეკრეტი ქალაქის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა ჰიდრო-ელექტრონის სადგურის ასაშენებლად.

24. დეკრეტი რესპუბლიკის რკინიგზის ტარიფის გადიდებისა.

25. დეკეტი ქ. ქუთაისის თვითმმართველობისათვის 10 მილ. მან სესხის მიცემისა.

26. დეკრეტი ქ. გორის გასაშენებლად თავისუფალი კერძო მიწების ჩამორთმევისა.

27. დეკრეტი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის საზღვარგარეთ წასასვლელად 16.000.000 მან. გადადებისა.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღიური წესრიგის შესახებ შემოსულია შემდეგი წინადადებანი:

1) „მე-17 საკითხი მოიხსნას დღიურ წესრიგიდან, 27 საკითხი გამოტანილ იქნეს მე-13 საკითხად და დღესვე იქნეს მისი საბოლო ტექსტი მიღებული.

2) „დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკისათვის 50.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ დამზღვევი ფონდის დასაარსებლად გადაეცეს იურიდიულ კომისიას დასკვნისათვის.

3) „პროექტი დეკრეტისა ქ. თფილისისათვის სესხად 50.000.000 მ. მიცემისა (საკითხი 22) - დღესვე იქნეს საბოლოოდ წაკითხული.“

2) გზათა. კომ. წინადადება

„დღევანდელი დღიური წესრიგიდან მოიხსნეს მე-24 საკითხი და გადაეცეს გზათა კომისიას განსახილველად.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დღიურ წესრიგს უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დღიურ წესრიგს მიღებული შესწორებებით ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ბათომის ოლქის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 178. 484. 234 მან. გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა

კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლო ტექსტი დეკრეტისა ქ. სიღნაღის თვითმმართველობისათვის 2.000.000 მან. სესხის მიცემისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ონის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.) რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ჯარისა და ფლოტის სათადარიგო ჯარისკაცთა სააღრიცხვო დავთრებისა დასამზადებლად 1.500.000 მან. გადადებისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტების ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ და უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სახაზინო რკინიგზის დამატებითი მილიციის მოქმედების განგრძობისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საზონ-საწონთა შემოწმების ვადის შეცვლისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტისა საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სენაკის მაზრის ერობისათვის 480.000 მან. სამელიორაციო სესხის მიცემისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ და უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ყალბი საკრედიტო ქაღალდების დამზადების დანაშაულობისათვის პასუხისგების გაძლიერებისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.) რომელიც აღნიშნავს რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სამხედრო უწყებების შტატების დამატებისა და ცვლილებების კანონის ძალაში შესვლის დროის განსაზღვრისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.) რომელიც აღნიშნავს რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა გულეისკარის თემის გამოყოფისა და ქუთაისის მაზრაზე მიწერისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.) რომელიც აღნიშნავს რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია დეკრეტი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის საზღვარგარეთ წასასვლელად 16.000.000 მან. გადადებისა.

გარეშე საქმეთა და საბიუჯეტო - საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ი. სალაყაია (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ წინადადებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიების დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგადად მსჯელობას არ იწვევს.

მუხლობრივი განხილვა თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალ ცალკე უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს. რომ დეკრეტი მიღებული და საბოლოო ტექსტი შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია მეორე (მუხლობრივი) განხილვის წესით კანონპროექტი ახალქალქის მაზრის სოფლების ბარალეთის, თვამისა და გარელოვკას ამბულატორიის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ. ჯანმრთელობის კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.) რომელიც კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე კითხულობს. მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს პირველ მუხლთან დართულ შტატებს.

დამფუძნებელი კრება ამ შტატებს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კანონპროექტის მეორე და მესამე მუხლს ცალკ ცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი სურამის ფსიქიატრიული ახალშენის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გადაცემისა.

ჯანმრთელობისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია მეორე (მუხლობრივი) განხილვის წესით კანონპროექტის სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შესახებ.

განათლების კომისიის მომხსენებელია ლ. ნათაძე (ს. რ.), რომელიც კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

მომხსენებელი თითოეულ სასწავლებლის დებულებას ცალკცალკე მუხლობრივად კითხულობს. დამფუძნებელი კრება თითოეულ დებულებას ცალკცალკე მუხლობრივ უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს თითოეული სასწავლებლის შტატს.

დამფუძნებელი კრება ამ შტატებს უცვლელად იღებს.

თავმჯდომარის სავარძელს სვ. მდივანი იჭერს.

დამფუძნებელი კრება კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კანონპროექტის მეორე, მესამე და მეოთხე მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლებს უკამათოდ უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითადი თანხის გადიდებისა.

საბიუჯეტო - საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია გრ. გიორგაძე (ს.დ.) რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე დეკრეტის მუხლობრივ განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალკცალკე უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი ეპიდემიასთან საბრძოლველად 20.000.000 მან. გადადებისა.

ჯანმრთელობის კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია გრ. გიორგაძე (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი ივ. გომართელი დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს სოც. დემ. ფრაქ. შესწორებით ცალკცალკე იღებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეორე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი ადერბაიჯანს გასაგზავნი მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 2.000.000 მან. გადადებისა.

შრომის კომისიის მხრით მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია დავით ონიაშვილი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

მუხლობრივი განხილვა

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი ი. ფირცხალაიშვილი დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

1. დეკრეტის სათაურში სიტყვა „მუშათა“ ჩაემატოს სიტყვა „და გლეხთა“.

2. პირველ მუხლში სიტყვა „მუშათა“ ჩაემატოს სიტყვა „და გლეხთა“ დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება სათაურსა და პირველ მუხლს სოც. დემ. ფრაქციის შესწორებით უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეორე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი ქ. ტფილისის თვითმმართველობისათვის 40.000.000 მან. სესხის მიცემისა სასურსათო განყოფილების გასაფართოებლად.

თვითმმართველობის კომისიის მხრით მომხსენებელია მ. რუსია (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია დ. ონიაშვილი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

მუხლობრივი განხილვა

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს, მუხლობრივი განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება;

„პირველი მუხლი“ „ორმოცი მილიონი“ - ის მაგიერ ჩაიწეროს „ორმოცდაათი მილიონი“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება ამ დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს სოც. დემ. ფრაქ. შესწორებით იღებს.

მუხ. 2. 3 და 4.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეორე, მესამე და მეოთხე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლებს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კოლეგიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი ქ. ხონის თვითმმართველობისათვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა ჰიდროელექტრონის სადგურის ასაშენებლად.

თვითმმართველობის კომისიის მხრით მომხსენებელია მ. რუსია (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

საბიუჯეტო-საფინანასო კომისიის მხრით მომხსენებელია დ. ონიაშვილი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

საბიუჯეტო-საფინანასო კომისიის მხრით მომხსენებელია დ. ონიაშვილი (ს. დ. ), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

მუხლობრივი განხილვა

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალკცალკე უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

გრძელდება განხილვა დეკრეტისა ნატურალური საგზაო ბეგარის დეკრეტის შესახებ. (იხ. ამა აგვისტოს II სხდომის ჟურნალი).

მომხსენებელი მ. რუსია დეკრეტის სათაურსა და პირველ, მეორე და მესამე მუხლებს ცალკცალკე კითხულობს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მესამე მუხლის შესახებ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

„მესამე მუხლს დაემატოს ბოლო სიტყვები „ხოლო არა უმეტეს შვიდი დღისა“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და პირველ, მეორე და მესამე მუხლს სოც. დემ. ფრაქ. შესწორებით იღებს.

მომხსენებელი დეკრეტის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მე-8 მუხ. შესახებ ჩაემატოს სიტყვები „საპატიო მიზეზების გამო თემის დადგენილებით.“

ამავე მუხლში სიტყვა „ორკეცი“ შეიცვალოს სიტყვად „ერთკეც“-ით.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის მე-4, 5, 6, 7 და 8 მუხლს სოც. დემ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეცხრე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მე-9 მუხ. შესახებ სოც. დემ. ფრ. შემოტანილია შემდეგი შესწორება:

„მე-9 მუხლში სიტყვების „ბეგარის ნაცვლად შემდეგი“ ჩაემატოს სიტყვები „საპატიო მიზეზის გამო თემის დადგენილებით“. ამოიშალოს ამავე მუხლიდან სიტყვები „მისი შეცვლა მოისურვა“; ამოიშალოს სიტყვები „ორკეცი“, ჩაემატოს „ერთკეცი“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

მომხსენებელი დეკრეტის მეათე და მეთერთმეტე მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მე-II მუხლის შესახებ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება:

„მე-II მუხლის ბოლოში ჩაემატოს შემდეგი სიტყვები: „ან ქალაქის საბჭოს დადგენილებით იხდიან სამუშაოსი, ურმებისა და მუშა საქონლის ადგილობრივ ფასს სამუშაო დღეების რიცხვის მიხედვით“.

„ქალაქის საბჭოს უფლება აქვს საპატიო მიზეზის გამო გადაახდევინოს მხოლოდ სამუშაო ხელფასი, სამუშაო დღეების რიცხვის მიხედვით“.

„მე-II მუხ. დაემატოს შემდეგ ქალაქთა ნუსხა: 1. ტფილისი, 2. ქუთაისი, 3. ფოთი, 4. სოხუმი, 5. ბათუმი, 6. ბორჯომი და 7. გაგრა.“

ამ შესწორების შესახებ სიტყვა ეძლევა ივ. ლორთქიფანიძეს (ს. რ.), რომელიც თავისი ფრაქციის სახელით მოითხოვს ეს შესწორება ყველა ქალაქზე გავრცელდეს.

დამფუძნებელი კრება სოც. დემ. ფრაქციის შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის მე-10 და მე-11 მუხლს სოც. დემ. ფრაქციის შესწორებით იღებს.

მომხსენებელი დეკრეტის მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე და მეცხრამეტე მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლებს უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი დამატება:

„დეკრეტს მეოცე მუხლად დაემატოს: „დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ქ. ტფილისის თვითმმართველობისათვის 50.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ, სასურსათო განყოფილების გასაფართოებლად.

სარედაქციო კომისიის მხით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა სარედაქციო კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის საზღვარგარეთ წასასვლელად 16.000.000 მან. გადადებისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.) რომელიც აღნიშნავს რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა სარედაქციო კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი წინადადებანი: „1) დაინიშნოს ხვალ, შაბათს, სხდომა, ამის გარდა დაინიშნოს უკანასკნელი სხდომა ამ სესიაში ორშაბათს, 16 აგვისტოს, ორივე სხდომა დაიწყება დილის 10 საათზე.“

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას ერთხმად ადასტურებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. დემ. ფრაქციის მიერ შემოტანილია შემდეგი განცხადება:

2) „პასუხად დამფუძნებელი კრების კანცელარიის წერილობითი ცნობისა 13 ივლისის 1920 წლ. თარიღით #2854, გაუწყებთ, რომ სოც. დემ. ფრ. მიერ შეკრებილი ცნობების თანახმად, დეპუტატი ი. ელიგულაშვილი დანიშნულია აგენტად როტერდამსა და საფრანგეთში, ე.ი. უკავია დეპუტატობასთან შეუთავსებელი თანამდებობა. სოც. დემ. ფრაქციის აზრით დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი ვალდებულია დაიცვას დეპუტატობისა და მოხელეობის კანონი.“

დამფუძნებელი კრება ადგენს იოსებ ელიგულაშვილი გამორიცხულ იქნეს დამფუძნებელი კრების წევრობისაგან და თავმჯდომარე აცხადებს, რომ ი. ელიგულაშვილის ნაცვლად დამფუძნებელი კრების წევრად ჩაირიცხება სოც. დემოკრატ. პარტიის სიით პირველი კანდიდატი ანნა სოლოღაშვილის ასული.

მდივანი კითხულობს შემდეგი (აგვისტო 4-ის) სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 2 საათზე ჰხურავს.

______________

* წყარო: სცსა. ფ. 1883. ანაწ. 1. ს. 734, ფფ. 333-348.

20 სხდომა 49 (სასწრაფო)*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

შაბათს 1920 . აგვისტოს 14, სასახლე

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სვ. მდივანი

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე

პრეზიდიუმში არიან: { „ „

სხდომა იწყება ნაშვადღევს I 1/2 ს.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემად საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას.

1/321 პრეზიდიუმის პროექტი დეკრეტისა - დასავლეთ ევროპაში გასაგზავნ საქართველოს მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის სათანადო თანხის გადადების შესახებ.

გადაეცა: საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას

საკანონმდებლო აქტ. შინაარ.:

2/322 გარეშე საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ადერბეიჯანის რესპუბლიკის მთავრობისათვის 20.000.000 მან. სესხის მიცემის შესახებ.

გადაეცა: საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

დღიური წესრიგი.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

I. საბოლოო ტექსტი შრომის ხელშეკრულობის კანონისა.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა სახელმწიფოს 1919-1920 წლის ბიუჯეტისა.

3. დეკრეტი - სამხედრო უწყების საავადმყოფოების ქალაქისა და ერობის თვითმმართველობისათვის გადაცემისა.

4. დეკრეტი - საქართველოს და სომხეთს შორის არსებულ ნეიტრალური ზონის მილიციის შტატის და ხარჯთაღრიცხვის შეცვლისა.

5. დეკრეტი - საზღვარგარეთიდან ზოგიერთ საქონლის შემოტანის აკრძალვისა.

6. დეკრეტი - მთავრობის სტამბის შესაკეთებლად - 392.747 მან. გადადებისა.

7. დეკრეტი - დასახიჩრებულ მუშა-მოსამსახურეთა პენსიის რაოდენობის შეცვლისა სამუშაო ხელფასის ცვლილების მიხედვით.

8. დეკრეტი - სოციალური დახმარების დროებით წესის პირველი მეოთხე და მეექვსე მუხლისა.

9. დეკრეტი - ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900.000 მან. გადადეისა.

10. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-1921 საბიუჯეტო წლის ანგარიშით თანხის გადადებისა, დამფუძნებელი კრება ამ დღიურ წესრიგს უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი შრომის ხელშეკრულობის კანონის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კანონის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება კანონის საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად იღებს.

განსახილველია მეორე (მუხლობრივი) განხილვის წესით სახელმწიფოს 1920-1921 წლის ბიუჯეტი.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ბ. თევზაია (ს.დ.), და ი. სალაყაია (ს.დ.).

მომხსენებელი ბ. თევზაია კითხულობს ბიუჯეტის სათაურს, დამფუძნებელი კრება ამ სათაურს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი გასავლის საერთო აღრიცხვის I-12 ## პირველი და მეორე შენიშვნითურთ ცალცალკე კითხულობს. დამფუძნებელი კრება ამ ##-ებს შენიშვნითურთ ცალცალკე უცვლელად იღებს.

1919-1920 წ. ბიუჯეტით. # I-12. საერთო აღრიცხვას სახელმწიფო შემოსავლის 1919-1920 წ. ბიუჯეტის # 1-9.

მომხსენებელი შემოსავლის საერთო აღიცხვას I-9 ##-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

ნუმრობრივ სახელმწ. გასავ. 1919-20 წლ. ## I-12.

მომხსენებელი ი. სალაყაია 1919-20 წლის სახელმწიფო გასავლის I-12 ##-ებს I სა 2 შენიშვნითურთ ცალცალკე უცვლელად იღებს.

I/ გასავალ-შემოსავლის საერთო აღრიცხვის განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარე კენჭს უყრის სახელმწიფოს საერთო შემოსავალ-გასავლის აღრიცხვას, რომელსაც დამფუძნებელი კრება, წინააღმდეგ სოც.-რევ. ფრაქციისა მთლიანად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს ცალკე გასავალს ნუმრობრივ და პარაგრაფობრივ.

გასავლის განხილვა ნუმრობრივ და პარაგრაფობრივ დასრულებულია.

ნუმრობრივ და პარაგრაფობრივ. დამფუძ. კრ. ## I. 2 და 3 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი მთავრობის საქმეთა მართველობის გასავლის 4, 5 და 6 ##-ებსა და I, 2 და 3 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გასავლის 7-45 ##-ებსა და I-39 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სახალხო განათლების სამინისტროს გასავლის 46-71 ##-ებისა და I-26 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სამხედრო სამინისტროს გასავლის 72-84 ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-სა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სახალხო გვარდიის გასავლის 85-93 ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი გარეშე საქმეთა სამინისტროს გასავლის 94-96 ##-ებს და I-3 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი იუსტიციის სამინისტროს გასავლის 97-119 ##-ებს და I-23 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ## -ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ფინანსთა და ვაჭარ-მრეწველობის სამინისტროს გასავლის 120-152 ##-ებს და 1-32 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი მიწათმოქმედების სამინისტროს 153-165 ##-ებს და 1-13 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი გზათა სამინისტროს გასავლის 166-191 ##-ებს და 1-26 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ #ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი შრომის სამინისტროს გასავლის 192-193 ##-ებს და 1-2 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სახელმწიფო კონტროლის გასავლის 194-197 ##-ებს დ 1-4 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ამ ##-ებს და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი გასავალ პარაგრაფობრივ და მუხლობრივ კითხულობს.

პარაგრაფობრივ და მუხლობრივ. სახელმწ. გასავ. 1919-20 წ. დამფ. კრ. § I-3 § 2-მუხ. I-7. § 3 მუხ. I.

მომხსენებელი დამფუძნებელი კრების გასავლის § I მუხ. I-3. § 2- მუხ. I-7 და § 3 - მუხ. I. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ პარაგრაფებსა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გასავლის § I- მუხ. I. § 2-მუხ. I, 2 და 3. § 3- მუხ. I, 2 და 3. § 4 - მუხ. I, 2. § 5 მუხ. I, 2 და 3. § 6 - მუხ. I და 2. § 7 - მუხ. I-10. § 8 - მუხ. I. § 9 - მუხ. I-7. § 10. § 11 - მუხ. I-3. § 12. § 13 - მუხ. I-2. § 14. §15. § 16. § 17 მუხ. I-4. § 18 - მუხ. I-2. § 19 - მუხ. I-4. § 20 - მუხ. I-3. § 21 მუხ. I-3. § 22 - მუხ. I-4. § 23 - მუხ. I-4. § 24 - მუხ. I-2. § 25 - მუხ. I-5. § 26. § 27. § 28 - მუხ. I. § 29. § 30. მუხ. I, 2 და 3. § 31 - მუხ. I და 2. § 32 მუხ. I და 2. § 33. § 34. § 36. § 37 მუხ. I-5. § 39. ცალცალკე კითხულობს

დამფუძნებელი კრება ამ §§-სა და მუხლებს ცალცალკე კითხულობს.

მომხსენებელი სახალხო განათლების სამინისტროს გასავლის § I - მუხ. I-6. § 2 - მუხ. I-4. § 3. მუხ. I-2. § 4 - მუხ. I-3. § 5 - მუხ. I - 3. § 6 - მუხ. I. § 7 - მუხ. I. § 8 - მუხ. I. § 9 - მუხ. I. § 10 - მუხ. I-3. § 11 - მუხ. I. § 12 - მუხ. I-3. § 14. მუხ. I. § 15 - მუხ. I-5. § 16 - მუხ. I. § 17 - მუხ. I. § 18 - მუხ. I-4. § 19. §20. §21. §22. §23. §24. 25. §26. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-ებსა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სახალხო გვარდიის გასავლის § I- მუხ. I-2. § 2- მუხ. I-5. § 3 მუხ. I-8. § 4 - მუხ. I-3. § 5 - მუხ. I-4. §- მუხ. I-6. § 7 - მუხ. I-4. § I-4. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-სა და მუხლებს უცვლელად იღებს.

სამხ. სამინ. რეგულიარული ჯარის გასავლის § 1 - მუხ. 1-7. § 2 მუხ. 1-6. § 3 მუხ. 1-6. § 4. მუხ. 1-8. § 5 მუხ. 1-6. § 6 მუხ. 1-2. § 7 მუხ. 1-4. § 8 მუხ. 1-2. § 9 მუხ. 1-3. § 10 მუხ. 1-2. § 11. § 12. § 13 მუხ. 1-4.

მომხსენებელი გარეშე საქმეთა სამინისტროს გასავლის § I. I და 2. § 2 - მუხ, I-8. § 3. - მუხ. I-5. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-სა და მუხლებს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი იუსტიციის სამინისტროს გასავლის გასავ. § I - მუხ. I-7. § 2 - მუხ. I-7. § 3 - მუხ. I-4. § 4 - მუხ. I-5. § 6 - მუხ. I-3. § 8 - მუხ. I და 2. § 9 - მუხ. I-5. § 10 - მუხ. I-3. § 11 - მუხ. I-3. § 12 - მუხ. I-4. § 13 - მუხ. I-2. § 14 - მუხ. I-2. § 15 - მუხ. I-2. § 16 - მუხ. I-3. § 17 - მუხ. I-7. § 18 - მუხ. I-3. § 19 - მუხ. § 20 - მუხ. I-2. § 21 - მუხ. I-2. § 22 - მუხ. I-6. § 23 - მუხ. I-3. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-სა და მუხლებს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს გასავლის § I - მუხ. I-2. § 2 - მუხ. I-4. § 3 - მუხ. I-9. § 4 - მუხ. I-3. § 5 - მუხ. I-3. § 6 - მუხ. I. § 7. § 8. § 9 - მუხ. I-2. § 10 - მუხ. I-3. § 11 - მუხ. § 12. § 13 - მუხ. I-6. §14. § 15. § 16 - მუხ. I-5. § 17. § 18. § 19. § 20 - მუხ. I-8. § 21 - მუხ. I-5. § 22 - მუხ. I-2. § 23 - მუხ. I-4. § 24. § 25. § 26. § 27. § 28. § 29 - მუხ. I-7. § 30 - მუხ. I-2 და 3. § 31 - მუხ. I-7. § 32. § უკანასკ. განსაკუთ. § 33. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-ებსა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი მიწათმოქმედების სამინისტროს გასავლის § I - მუხ. I და 2. § 2 - მუხ. I-7. § 3 - მუხ. I. § 4 - მუხ. § 5 - მუხ. I და 2. § 6 - მუხ. I-4. § 7 - მუხ. I-19. § 8. მუხ. I-2. § 9 - მუხ. I-2. § 10 - მუხ. I-10. § 11 - მუხ. I-2. § 12 - მუხ. I-2. § 13 - მუხ. I-5. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-ებსა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი გზათა სამინისტროს გასავლის § I - მუხ. I-8. § 2 - მუხ. I. § 3 - მუხ. I-5. § 4. § 5 - მუხ. I-2. § 6. § 7. § 8 - მუხ. I-8. § 9 - მუხ. § 10 - მუხ. I-II. § 11 - მუხ. I-7. § 12 - მუხ. I-2. § 13. § 14 - მუხ. I-2. § 15 - მუხ. I-2. § 16. § 17. § 18. § 19 - მუხ. I-9. § 20 - მუხ. I-9. § 21. § 22. § 23 - მუხ. I-2. § 24 - მუხ. I-9. § 25 - მუხ. I-2. § 26 - მუხ. I-2. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-ებსა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი შრომის სამინისტროს გასავლის § I - მუხ. I-7. § 2 მუხ. I-5 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-ებსა და მუხლებს ცალცალკე იღებს.

მომხსენებელი სახელმწიფო კონტროლის გასავლის § I - მუხ. I. § 2 - მუხ. I-4. § 3 - მუხ. I. განსაკ. უკანასკ. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §§-ებსა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

ნუმრობრივ და პარაგრაფობრივ განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ გასავლის განხილვა ნუმრობრივ, ნუმრობრივა და პარაგრაფებრივ და პარაგრაფებრივ და მუხლობრივ დასრულებულია და გასავალს კენჭს უყრის მთლიანად, რომელსაც დამფუძნებელი კრება სოც.-რევ. ფრ. წინააღმდეგ, უცვლელად იღებს.

ნუმრობრივ სახელმ. შემოსავ. 1919-20 წლ. ## I-8.

დამფუძნებელი კრება სახელმწიფო შემოსავლის I-8 ##-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

ნუმრობ. და პარაგრ. სახელმწ. შემოსავ. 1919-20 წ. ## I-26 §§ I-13. - 14/15-26/37

მომხსენებელი შემოსავლის I-26 ##-ებსა და I-13 და 14/15-26/37 §§-ებს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ##-ებსა და §§-ებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი მიწის და უძრავ ქონებაზე პირდაპირი გადასახადის § I /I - მუხ. I/I, 2/3. 3/II და 4/12 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

სახელმწ. სარეწ. გადასახ. § 2/2. მუხ. I/I, 2/3, 3/4, 4/6, 5/7.

მომხსენებელი სახელმწიფო სარეწავი გადასახადის § 2/2. მუხ. I/I, 2/3, 3/4, 4/6, 5/7 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი პირდაპირი გადასახადი ფულის თანხის შემოსავალზე § 3/3 მუხ.1/2, 2/3, 4/5, 5/6, 6/7. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სასმელების არაპირდაპირი გადასახადის § 4/4 - მუხ. I/I, 2/2 და 2/3 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი თამბაქოს შემოსავლის არაპირდაპირი გადასახდის § 5/5 მუხ. I/I, 2/2 და 3/3 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი პაპიროსის გილზისა და პაპიროსის დაჭრილი ქაღალდის შემოსავლის არაპირდაპირი გადასახადის § 6/6 მუხ. I/I, 2/2. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი შაქრისა და ჩაის შემოსავლის არაპირდაპირი გადასახადის § 7/7. მუხ. I/I. § 8/8 მუხ. I/I. § 9/9 მუხ. I/I ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი საბაჟოების შემოსავლის არაპირდაპირი გადასახადის § 10/10. მუხ, I/I, 2/5 ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი საღერბო, სასამართლოს საკანცელარიო, საბუთების ჩაწერის § II/IIმუხ. I/I, 2/2, 3/3, 4/5, 5/5, 6/10, 7/II. ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი გარდამავალ ქონებათა ბაჟის § 12/12. მუხ. I/I, 2/2, 3/3 § 13. § 14/15 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სხვა და სხვა სახელობის ბაჟის § 15/16. მუხ. I/2, 2/4, 3/15, 4/21, 5/22 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი მთავრობის რეგალიების § 6/17. მუხ. I/3 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლს ცალცალკე იღებს.

მომხსენებელი ფოსტის შემოსავლის § 7/19. მუხ. I/I, 2/6, 3/3 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სატელეგრაფო და სატელეფონი შემოსავლის § 18/20. მუხ. I/I, 2/2, 4/3 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სახაზინო ქონების და თანხების § 19/22. მუხ. 1/4, 2/5, 3/6, 5/8 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ტყის შემოსავლის § 20/23 მუხ. 1/1, 21/24. მუხ. I/I ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ხაზინის ქარხნების, სატეხნიკო დაწესებულებების და საწყობების § 22/25. მუხ. I/12, 2/14 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სესხისა და სხვა ხარჯის დაბრუნების § 23/31. მუხ. I/I, 2/2, 3/5, 4/7, 5/8 და 6/II ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი დახმარება სახელმწიფო ხაზინისათვის გარეშე წყაროებიდან § 23-31 მუხ. I/32 მუხლს კითხულობს.

დამფუძნებელ კრება ამ მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი სხვა და სხვა წვრილმანი და შემთხვევითი შემოსავლის § 25/34. მუხ. I/I, 2/2, 3/5, 4/6 ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ §-სა და მუხლებს ცალცალკე უცვლელად იღებს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე ბიუჯეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, გარდა სოც.-დემ. ფრაქციისა, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიუჯეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის დასამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე ნაშვადღევის 3 საათია და დამფუძნებელ კრებას სურს თუ არა სხდომა გაგრძელდეს.

დამფუძნებელი კრება ადგენს, სხდომა გაგრძელდეს ბიუჯეტის განხილვის დასრულებამდი.

ამის შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია შემდეგი გადასვლის ფორმულა.

მდივანი კითხულობს ფორმულას.

„განიხილა რა სახელმწიფოს 1919-1920 წ. ბიუჯეტი და მიიღო რა მხედველობაში რესპუბლიკის მძიმე ეკონომიურ-ფინანსური მდგომარეობა, რომელიც მჭიდროთაა დაკავშირებული საერთაშორისო ყოველგვარ გართულებასთან, დამფუძნებელი კრება ადგენს:

I. დაევალოს მთავრობას შემოდგომის სესიის დაწყებისთანავე წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას კანონპროექტი რესპუბლიკის უმაღლეს ეკონომიურ საბჭოს დაარსებისა, რომლის დანიშნულება იქნება შედგენა ერთი მთლიან ეკონომიურ - ფინანსური გეგმისა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რესპუბლიკის ყველა სასიცოცხლო ძალები, აგრეთვე სპეციალისტები ყველა დარგისა.

და II. მთავრობის მიერ მიღებული იქნეს შემდეგი ზომები;

ა/ დაცულ იქნეს წონასწორობა სახელმწიფოს შემოსავალსა და გასავალს შორის;

ბ/ ადგილობრივ თვითმართველობათ სესხი მხოლოდ წარმოებისათვის ეძლეოდეს და ისიც მაშინ, როცა განზრახული დარგი წარმოებისა წინასწარ არის შესწავლილი და შეფარდებული რესპუბლიკის ეკონომიურ მდგომარეობასა და ტეხნიკის განვითარებასთან;

გ/ დაჩქარებით წარმოდგენილ იქნეს კანონპროექტი ადგილობრივ თვითმართველობათა საბიუჯეტო უფლების შესახებ და, სანამ ეს კანონი მიღებულ არ არის, გაეწიოს ადგილობრივ თვითმართველობათ ხაზინიდან დახმარება მმართველობის აპარატის მკვიდრ ნიადაგზე დასაყენებლად;

დ/ ცენტრალური და ადგილობრივ მმართველობის აპპარატი რაც შეიძლება, გამარტივებულ და ხალხისათვის ხელმისაწვდომი იქნეს, და გადადის მორიგ საკითხზე.

ამ ფორმულის კენჭისყრისათვის სიტყვას იღებს ლ. შენგელაია (ს.რ.).

დღ. წესრიგი.

მდივანი კითხულობს შემდეგი (აგვისტოს 16-ის) სხდომის დღიურ წესრიგს.

დამფუძნებელი კრება ამ დღიურ წესრიგს უცვლელად იღებს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 3 ს. და 25 წ. ხურავს.

______________

* წყარო: სცსა. ფ. 1883. ანაწ. 1. ს. - 734 ფფ. 334-387

21 ორმოცდამეათე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(50)

1920 . აგვისტოს 16.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 11 საათზე.

თავმჯდომარე: სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ, მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ნატურალური გზის ბეგარის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა - ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთისა, ოკამოსა და გარელოვკას ამბულატორიების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი კანონისა - სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შესახებ.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სურამის ფსიქიატრიული ახალშენის ჯანმრთელობის დეპარტამენტისათვის გადაცემის შესახებ.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითადი თანხის გადიდების შესახებ.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ეპიდემიასთან საბრძოლველად 30 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - აზერბაიჯანში გასაგზავნ მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 2 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

8. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ხონის თვითმმართველობისათვის 3 მილ. მან. სესხის მიცემის შესახებ - ელექტრონის სადგურის ასაშენებლად.

9. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქ. ქუთაისის თვითმმართველობისათვის 10 მილ. მან. სესხის მიცემისა.

10. დეკრეტი - სამხედრო უწყების საავადმყოფოების ქალაქისა და ერობის თვითმმართველობისათვის გადაცემისა. მომხსენებელია ივ. გომართელი, ი. ლორთქიფანიძე და გრ. გიორგაძე.

11. დეკრეტი - საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ნეიტრალური ზონის მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შეცვლისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

12. დეკრეტი - საზღვარ-გარეთიდან ზოგიერთი საქონლის შემოტანის აკრძალვისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

13. დეკრეტი - მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 393.747 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

14. დეკრეტი - დასახიჩრებულ მუშა-მოსამსახურეთა პენსიის რაოდენობის შეცვლისა, სამუშაო ხელფასის ცვლილების მიხედვით. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

15. დეკრეტი - სოციალური დახმარების დროებითი წესის 1-ლი, მე-4 და მე-6 მუხლის შეცვლისა. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

16. დეკრეტი - ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

17. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-1921 წწ. საბიუჯეტო წლის ანგარიშის სათანადო თანხის გადადებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

18. დეკრეტი - სახელმწიფო ბანკისათვის 50 მილ. მან. სესხის მიცემისა - დამზღვევი ფონდის დასაარსებლად. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

19. დეკრეტი - რესპუბლიკის ყველა დაწესებულებათა და წარმოებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

თავმჯდომარე: არის პროექტი დადგენილებისა სხდომის დროებით შეწყვეტის შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ. წინადადება არის, რომ საბოლოო ტექსტები დღევანდელი დეკრეტებისა და დადგენილებისა დღესვე იყოს მიღებული. ვის სურს სიტყვა დღის წესრიგის შესახებ? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. სიტყვა გომართელს ეკუთვნის.

ივ. გომართელი (კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10 მუხლებში აღნიშნულ საბოლოო ტექსტებს, რომელსაც დამფუძნებელი კრება უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. გომართელს.

1. დეკრეტი სამხედრო უწყების საავადმყოფოების ქალაქისა და ერობის თვითმმართველობისათვის გადაცემისა.

ივ. გომართელი (მომხს.): როგორც მოგეხსენებათ, კანონი იმის შესახებ უკვე მიღებული არის, რომ სამხედრო უწყების ლაზარეთები უნდა გადაეცეს ქალაქის და ერობის თვითმმართველობათ. ეს დეკრეტი არის მხოლოდ გახსენება და დამატება ამ კანონისა. როდესაც სამხედრო ლაზარეთები გადაეცემა თვითმმართველობებს, თავის თავად ცხადია, რომ ამ საავადმყოფოებში ალაგი უნდა ქონდეთ დათმობილი სამხედრო პირთ, ჯარისკაცებს და სხვა. ამ დეკრეტში არის განსაზღვრული, რა და რა ალაგას და რამდენი ლოგინი უნდა ჰქონდეს დათმობილი. მაგალითად, აქ არის ნაჩვენები, რომ ტფილისში უნდა იყოს დათმობილი 400 ლოგინი, ქუთაისში - 300, მერე სოხუმში, სურამში და სხვა. სულ საერთოდ არის 1200 ლოგინი და ეს 1200 ლოგინი უნდა დაეთმოს ამ საავადმყოფოებში სამხედრო უწყებას ჯარისკაცისათვის და ოფიცრებისათვის. შესდგა საუწყებათაშორისო კომისია, სადაც იყო გამოანგარიშებული, თუ რა თანხა არის საჭირო თვითეული ავადმყოფის შესანახად. აქ მხედველობაში იყო მიღებული როგორც საჭმელი, სასმელი, ისე მოვლა, წამლობა, ექიმობა და სხვა. კომისიაში ეს იანგარიშეს და მისი აზრით, ყოველივე ეს უდრის 210 მან. თვეში თითო სულ ავადმყოფზე. თუ ვიანგარიშებთ 1200 ავადმყოფზე და მთელი წლის განმავლობაში, მაშინ გამოვა 302.400 მან. ეს თანხა უნდა იყოს გაღებული შინაგან-საქმეთა სამინისტროს განკარგულებისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ საავადმყოფოებში სამხედრო უწყების ავადმყოფთა მოვლა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს, ბ. ლორთქიფანიძეს.

ივ. ლორთქიფანიძე: თვითმმართველობის კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. გრ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე: საფინანსო კომისიამ განიხილა ეს საკითხი, რომელიც არა ერთხელ იდგა საფინანსო კომისიაში. ეს დეკრეტი არის ერთგვარი დამატება იმ კანონისა, რომელიც უკვე მიიღო დამფუძნებელმა კრებამ. რაც შეეხება მის მიზანშეწონილობას, ხელსაყრელია, რომ ეს საავადმყოფოები იყოს თვითმმართველობათა ხელში, რადგან ამ მხრივ ხარჯი შემცირდება.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ.

ივ. გომართელი (კითხულობს. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. ონიაშვილს.

2. დეკრეტი საქართველოს და სომხეთს შორის ნეიტრალური ზონის მილიციის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შეცვლისა.

. ონიაშვილი (მომხს.): ამა წლის მარტის 10, ბატონებო, ჩვენ მივიღეთ მილიციის შტატები ნეიტრალურ ზონაში. ეს შტატები თავის დროზე მისაღები იყო ჯამაგირის მხრივ და მიზანშეწონილი, როგორც ნავარაუდევი მაშინდელ ცხოვრების პირობებთან შეფარდებით. მაგრამ დღეს ცხოვრების პირობები ისე შეიცვალა, რომ შტატები ნეიტრალურ ზონაში გამოუსადეგარი და მიზანშეუწონელი გახდა. ამიტომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო შემოვიდა მთავრობაში შუამდგომლობით, რომ არსებული შტატები ნეიტრალურ ზონისა გაუთანასწორდეს დანარჩენ მილიციის შტატებს რესპუბლიკაში. ამისათვის საჭირო თანხას თხოულობს შინაგან-საქმეთა სამინისტრო და ეს ჯამი არის აღნიშნული დეკრეტში. ამ დეკრეტს თან ახლავს შტატი, რომელსაც მოგახსენებთ, როდესაც გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე, და აგრეთვე დასკვნა კონტროლისა და ფინანსთა უწყებისა. ეს დასკვნა არის დადებითი. დეკრეტი განხილული იყო თვითმმართველობის და საბიუჯეტო კომისიებში და ორივე კომისიამ მიიღო.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ.

. ონიაშვილი (კითხულობს).

(დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. გრ. გიორგაძეს.

3. დეკრეტი საზღვარ-გარეთიდან ზოგიერთი საგნების შემოტანის აკრძალვისა.

გრ. გიორგაძე (მომხსენებელი): საფინანსო კომისიაში შემოვიდა დეკრეტი, რომ საზღვარ-გარეთიდან ფუფუნების საგნების შემოტანა, რომელიც ჩვენს რესპუბლიკაში შემოაქვთ, აკრძალული იყოს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დებულება არა ერთხელ გამოგვითქვამს, რომ საჭიროა შესაფერისი ზომების მიღება. ეს პროექტი საფინანსო კომისიაშიაც შემოვიდა. კომისიამ ზოგიერთი შესწორებები შეიტანა და ახლა საჭირო არის, რომ დამფუძნებელმა კრებამ დაადასტუროს ფუფუნების საგნების შემოტანის აკრძალვა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ვიქტორ თევზაიას.

თევზაია (ს.-დ.): სოც.-დემ. ფრაქციის სახელით ვთხოვ დამფუძნებელ კრებას, ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ ფრაქციას არ ჰქონდა საშუალება ეს საკითხი განეხილა და თავისი აზრი გამოეთქვა.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. გრ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე (მომხსენებელი): ფუფუნების საგანთა სია, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც თან ახლავს დეკრეტს, ძალიან რთულია და დიდი დრო უნდა მის შესწავლას. იქ არის მრავალი ახალი სიტყვა. ამ სიტყვებს შეთვისება უნდა. გარდა ამისა, თვით სია საკმაოდ დიდია. საფინანსო კომისიამ ბევრი სხდომა მოანდომა და ფრაქციებსაც ბევრი დრო უნდათ, რომ საფუძვლიანად განიხილონ იგი. ამიტომ კომისიას წინააღმდეგი არაფერი ექნება იმ წინადადებისა, რომ დეკრეტის განხილვა გადაიდოს მხოლოდ იმ პირობით, რომ სხდომების განახლების დროს პირველ სხდომაზევე იყოს შემოტანილი.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, წინადადება მიღებულია და დეკრეტი დღის წესრიგიდან მოიხსნება.

შემდეგი საკითხი არის (კითხულობს).

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. გრ. გიორგაძეს.

4. დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392..747 მანეთის გადადებისა.

გრ. გიორგაძე (მომხსენებელი): მოგეხსენებათ, რომ მთავრობას აქვს თავისი სტამბა და შენობა, სადაც ეს სტამბა არის მოთავსებული. ეს შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, შიგ წვიმა ჩამოდის და შენობას დიდი ზარალი მოსდის. შრომის სამინისტრომ მიაქცია ყურადღება, რადგან ეს ქმნის მუშებისთვის ცუდ პირობებს. ამიტომ შინაგან-საქმეთა სამინისტრომ შუამდგომლობა აღძრა მთავრობაში, რომ გადადებული ყოფილიყო შესაფერისი თანხა ამ მიზნისთვის. მთავრობამ ეს მიიღო და საფინანსო კომისიამაც ეს დაადასტურა. სულ ხარჯი უდრის 392.747 მანეთს. საჭირო არის თქვენი დასტური.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისთვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ.

გრ. გიორგაძე (კითხულობს).

(დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხი არის (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ი. ფირცხალაიშვილს.

5. დეკრეტი დასახიჩრებულ მუშა-მოსამსახურეთა პენსიის რაოდენობის შეცვლისა სამსახურის ხელფასის ცვლილების მიხედვით.

. ფირცხალაიშვილი (მომხსენებელი): ბატონებო, სიძვირემ და ფულის კურსის დაცემამ აუტანელ მდგომრეობაში ჩააყენა დასახიჩრებული მუშა-მოსამსახურენი, რომელნიც პენსიით სცხოვრობენ. ესენი დღემდის სცხოვრობდენ ძველი პენსიით, რომელიც დანიშნული ჰქონდათ რამდენიმე წლის წინად. იმ დეკრეტს, რომელიც წარმოდგენილი არის, მიზნად აქვს, რომ პენსიის რაოდენობა შეცვლილ იქნეს ცხოვრების პირობების მიხედვით. ამ დეკრეტში აღნიშნულია სამი შემთხვევა: პირველი შემთხვევა არის ის, როდესაც დასახიჩრებული იღებს პენსიას, თანახმად ძველი საპენსიო წესდებისა; მეორე შემთხვევა, როდესაც ღებულობს პენსიას რკინის გზის 1919 წ. 2 იანვრის კანონის თანახმად; და მესამე შემთხვევა სამოქალაქო კანონის მუხლის ძალით. ეს სამი შემთხვევა არის გათვალისწინებული ამ დეკრეტში. ეს დეკრეტი უნდა გავრცელდეს ყველა იმათზე, ვინც იღებს პენსიას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებიდან.

ამას გარდა, შრომის სამინისტრო დროგამოშვებით გამოაქვეყნებს სამუშაო ხელფასის ცვლილებას, რომელსაც ადგილი ექნება ჩვენში.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ.

. ფირცხალაიშვილი (კითხულობს).

(დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. ი. ფირცხალაიშვილს.

6. დეკრეტი სოციალური დახმარების დროებითი წესის 1-, მე-4 და მე-6 მუხლის შეცვლისა.

. ფირცხალაიშვილი (მომხს.): რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ მივიღეთ სოციალური დახმარების დროებითი წესები. ამ წესების ცხოვრებაში გატარებამ აღმოაჩინა რამდენიმე ნაკლი. ამიტომ შრომის სამინისტროს შემოაქვს დეკრეტი, რომელიც უნდა დააკანონოს დამფუძნებელმა კრებამ და რომელსაც შეაქვს შესწორებები. ეს შესწორებები შეეხება 3 მუხლს: 1, 4 და მე-6-ს. პირველი მუხლის შინაარსი არის (კითხულობს). აქ არის აღნიშნული, რომ დახმარება მიეცემათ 17 წლის შესრულებამდე. ეხლა შემოსულია შესწორება, რომ დახმარება მიეცეთ 17 წლის ზევითაც შრომის უნარს მოკლებულთ. აგრეთვე არის, რომ მიეცეთ დახმარება მათ მშობლებს.

მეოთხე მუხლის შინაარსი არის (კითხულობს). ათასი მანეთი დღევანდელს პირობებში ძალიან ცოტაა და შეიძლება უფრო ნაკლები შეიქნეს. შესწორება არ უკეთებს ფიქსაციას ამ თანხას. ის საშუალებას აძლევს შრომის სამინისტროს, რომ დროგამოშვებით შეუთანხმოს ცხოვრების გაძვირებას ის თანხა, რომელიც უნდა მიეცეთ დასახმარებლად, მაგრამ ეს შემწეობა არ უნდა აღემატებოდეს უმცროსი მოსამსახურის საშუალო ხელფასს.

შემდეგ არის შესწორება შეტანილი მეოთხე მუხლის შენიშვნაში (კითხულობს).

მეექვსე მუხლის შინაარსი არის შემდეგი (კითხულობს). ამ დეკრეტით ეს მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად (კითხულობს). ეს არის ის შესწორებები, რომლებიც შრომის სამინისტრომ საჭიროდ დაინახა, რომ შეეტანა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა

არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ.

. ფირცხალაიშვილი (კითხულობს).

(დეკრეტი მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

7. დეკრეტი . ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900.000 მან. გადადებისა.

გრ. ვეშაპელი (მომხს.): ახალციხის ძველი ნაწილი დიდი ხანია უწყლოობას განიცდის. რამდენიმეჯერ იყო აღძრული შუამდგომლობა წყალსადენის შეკეთების შესახებ. და ბოლოს, თქვენმა უმორჩილესმა მონამ შემოიტანა საკანონმდებლო წინადადება სათანადო განსახილველად თანხის გადადების შესახებ. ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ახალციხის ერობამ. შემდეგ ეს შუამდგომლობა განიხილა წყალთა სამმართველომ, რომელმაც დაადგინა, რომ წყალსადენის აღდგენა საჭიროაო. მხოლოდ ერთი პარაგრაფი შეიტანა შიგ, რომ მუშაობა მის ხელში ყოფილიყო. ამის შემდეგ ეს საკითხი განიხილა საფინანსო კომისიამ და მიიღო იგი.

მთავრობა, კონტროლიც და ფინანსთა მინისტრი ხარჯთ-აღრიცხვას დეტალურად გარჩევის შემდეგ დაეთანხმა - იქნეს გაღებული 900.000 მან. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავის ნებავს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ და სარედაქციო კომისიას გადაეცა). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა გრ. გიორგაძეს ეკუთვნის.

8. დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-1921 წწ. საბიუჯეტო წლების ანგარიშში სათანადო თანხის გადადებისა.

გრ. გიორგაძე (მომხს.): თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენ რადგანაც მიმდინარე წლის ბიუჯეტი არ გვაქვს მიღებული, ამას წინედ მივიღეთ დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად სამი თვის განმავლობაში სათანადო თანხის გადადების შესახებ. ეს თანხა უნდა ყოფნოდა პირველ ენკენისთვემდის. მაგრამ რადგანაც დამფ. კრება ოქტომბრამდე სწყვეტს მუშაობას, ამიტომ საჭირო არის, რომ თანხა გადაიდვას სექტემბრის და ოქტომბრის. აქ წარმოდგენილი არის ხარჯთ-აღრიცხვა და ნუსხა დაწესებულებათა, თუ რომელს რამდენი დასჭირდება. საფინანსო კომისიამ მიიღო ეს ნუსხა და გთხოვთ, თქვენც დაამტკიცოთ იგი.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობა თუ არავის სურს, გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე.

გრ. გიორგაძე: კითხულობს დეკრეტს მუხლობრივად.

თავმჯდომარე: სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია ასეთი შესწორება: „ნუსხის მე-9 მუხლში „10 მილიონს“ მიემატოს 69 მილიონი სექტემბრისა და ოქტომბერში“. სიტყვა ხომ არავის სურს? სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

გრ. გიორგაძე (მომხს.): მე უნდა მოგახსენოთ, რომ საფინანსო კომისია ამის წინააღმდეგი არ არის. ჩვენ მივიღეთ ამას წინათ ბათომის ოლქის ხარჯთ-აღრიცხვა. იქ არ შედის ეს თანხა. თუ ახლა არ მივიღეთ, ოლქი უფულოდ დარჩება. (დანარჩენი მუხლები მიღებულ იქნა ჩვეულებრივი წესით და სარედაქციო კომისიას გადაეცა).

9. დეკრეტი სახელმწიფო ბანკისათვის 50.000.000 მან. სესხის მიცემისა დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.

გრ. გიორგაძე (მომხს.): სახელმწიფო ბანკის დებულებაში არის ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ბანკი ვალდებულია ის საქონელი, რომელსაც იგი იგირავებს, დააზღვიოსო. მაგრამ რადგანაც არ არის ისეთი დამზღვევი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ეს იკისროს და ქონდეს თანხა, ამიტომ ბანკის გამგეობამ აღძრა შუამდგომლობა, რომ მას მიეცეს თანხა, რომ ამ გზით დააარსოს ფონდი და დააზღვიოს ის საქონელი, რომელსაც იგი იგირავებს. ეს იქნება ამასთანავე შემოსავლის წყარო. ეს შუამდგომლობა განიხილა საფინანსო კომისიამ, მიიღო პრინციპიალურად და შეიმუშავა ის დეკრეტი, რომელსაც მე მოგახსენებთ. ახლა საჭიროა ამ დეკრეტის თქვენს მიერ დადასტურება.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა). შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ისევ გრ. გიორგაძეს ეკუთვნის.

10. დეკრეტი რესპუბლიკის ყველა დაწესებულებათა და წარმოებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

გრ. გიორგაძე (მომხს.): შემოვიდა დამფუძნებელ კრებაში მთავრობის მიერ მიღებული დეკრეტი რესპუბლიკის დაწესებულებებში და წარმოებებში მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირების მომატებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ 5 თვის განმავლობაში ზრდა ჯამაგირებისა და ხელფასისა რამდენიმედ შეჩერებული იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მუშა-მოსამსახურეთ ეძლეოდათ იაფ-ფასიანი პური. მაგრამ უკანასკნელ დროს მაინც საჭირო შეიქნა ჯამაგირების მომატება და ორჯერ ჩვენ მივიღეთ 3.000 მან. მომატება ერთდროულ დახმარების სახით. მაშინ პროცენტული მომატება არ იყო, მაგრამ რამდენადაც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, მთავრობას განზრახული ჰქონდა, რომ მომხდარიყო რეალიზაცია მოსავლისა, მაგრამ ეს დღეს შეუძლებელი შეიქნა. ეს რეალიზაცია მოსავლისა უნდა მოხდეს ენკენისთვის დამლევს. დღევანდელ პირობების მიხედვით არ არის ნიშნები, რომ პურის და სხვა პირველ მოთხოვნილების საგნებზედ ფასებმა დაიკლოს. ამიტომ მთავრობა შემოვიდა ასეთი დეკრეტით, რომ მიემატოს ყველა მუშა-მოსამსახურეებს და ყველა რესპუბლიკის დაწესებულებათა მოსამსახურე პირებს პროცენტულად 50-100 პროცენტამდე. ამასთანავე ყველა მუშა-მოსამსახურეები რესპუბლიკის დაწესებულებებისა დაყოფილი იყო კატეგორიებად. აი, ასეთი არის დეკრეტი, რომელიც ერთხელ მიიღო საფინანსო კომისიამ. მოხდა შეერთებული სხდომა შრომის კომისიისა და საფინანსო კომისიისა, სადაც დეკრეტი დამუშავდა იმ გვარად, როგორც იგი არის დამუშავებული ახლა დამფუძნებელ კრებაში, ე.ი. ეს კატეგორიები შემცირდა და ამრიგად 6-ის მაგივრად გახდა სამი. ეს უმეტესობის მხრივ. საფინანსო კომისიაში იყო მეორე წინადადება, რომელიც არ გავიდა, რომ ეს კატეგორიები დარჩენილიყო ისე, როგორც წარმოდგენილი იყო. ასე რომ, საფინანსო კომისიის აზრი ასეთი არის. უმცირესობა იზიარებდა უწყების აზრს, მაგრამ უმრავლესობამ შრომისა და საფინანსო კომისიის შეერთებულ სხდომაზე ეს არ გაიზიარა.

ამგვარად არის წარმოდგენილი ეს დეკრეტი. ახლა თქვენზედ არის დამოკიდებული, როგორ გადასწყვეტთ - მიიღებთ როგორც წარმოდგენილი არის შრომის და საფინანსო კომისიის მიერ, თუ რაიმე შესწორებას შეიტანთ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

გიორგაძე (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე: შესწორება გახლავთ ს.-დ. ფრაქციისა, რომ 3-ის მაგიერ იყოს 6 კატეგორია. კონკრეტიულად ეს ასე იქნება (კითხულობს): ვინც 1 აგვისტომდე 1920 წ. იღებდა 2.500 მან., მოემატება 100 პროც. ვინც 2.500-3.000 მან. - 90 პროც., 3.001-3.500 - 80 პროც., 3501 - 4.000 - 70 პროც., 4001-4.500 - 60 პროც., 4.500 მეტს - 50 პროცენტი. თქვენი აზრი, ბატონო!

. გიორგაძე (მომხს.): მე უნდა განვაცხადო შრომის კომისიისა და საფინანსო კომისიის სახელით, რომ წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

თავმჯდომარე: კენჭს ვუყრი. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არიან: თაყაიშვილი, იმნაიშვილი, ს.-ფ. ფრაქცია. თავი ვინ შეიკავა? შენგელაია.

ამრიგად, ს.-დ. ფრაქციის შესწორება მიღებულია. მეორე მუხლი.

. გიორგაძე (კითხულობს).

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? სიტყვა ბ. თევზაიას ეკუთვნის.

. თევზაია: ბუნებრივია, ბატონებო, რომ რადგანაც მიიღეთ შესწორება პირველ მუხლში, მეორე მუხლიც უნდა შეიცვალოს. 3 კატეგორიაა, უნდა იყოს 6 კატეგორია.

თავმჯდომარე: კენჭს ვუყრი. შესწორება მიღებულია. შემდეგი მუხლი.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

11. დეკრეტი რკინის გზის ტარიფის გადიდების შესახებ.

თავმჯდომარე: მომხსენებელია ვ. თევზაია. სიტყვა მას ეკუთვნის.

. თევზაია (მომხს.): ბატონებო! გზათა კომისიის და საბიუჯეტო კომისიის სახელით უნდა მოვახსენო დამფუძნებელ კრებას, რომ ჩვენი რკინის გზის მდგომარეობა განსაკუთრებულ პირობებში არის. ის ნავარაუდევი ანგარიში, რომელიც ჰქონდა რკინის გზას რამდენიმე ხნის წინად, შეცვლილი არის ობიექტიურ პირობების გამო. უწინ ამ ანგარიშით, რომელიც რკინის გზას ჰქონდა, შემოსავალი იყო ნავარაუდევი ერთ-ნახევარი მილიარდი მან., გასავალი კი ერთი მილიარდ 300 მილიონი მან. აქ მნიშვნელობა ჰქონდა რამდენიმე გარემოებას: ერთი ის, რომ ჩვენი გზა სატრანზიტო იყო - გადმოჰქონდათ საქონელი მეზობელი სახელმწიფოებიდან. ეს წყარო დღეს მაინც მოცილებული არის. მეორე ის იყო, რომ ხელშეკრულება გვქონდა აზერბაიჯანის მთავრობასთან, რომლის ძალით ვღებულობდით მასალას რკინის გზისათვის შედარებით უფრო მცირე ფასებში, უფრო მცირე, ვიდრე ეს იყო აზერბეიჯანში, იმიტომ რომ მათთვის ხელსაყრელი იყო ესარგებლათ ჩვენი რკინის გზით. ეხლა ეს შეცვლილი არის. მეორეს მხრივ, თუ საქონელის ფასები იზრდება ყველასთვის, იზრდება რკინის გზისათვისაც და როგორც მომხმარებელი, რკინის გზა იძულებული არის მეტი თანხა გაიღოს, რადგანაც გაზრდილი არის ფასი საჭირო საქონელზედ, რომელსაც მოითხოვს რკინის გზა. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: მაგალითად, სანთელი, რომელიც რკინის გზას სჭირდება, უწინ ღირდა 10 მან. ფუთი ეხლა ღირს 4.300 მან. და სხვა დაახლოვებით ფასები, როგორც ეს განაცხადა ბ. კანდელაკმა, სამინისტროს წარმომადგენელმა კომისიაში, ამ საგნებზე გაზრდილი არის ფასი 1.000 - 1.500 პროცენტამდის. ამნაირად, ჩვენ ვერ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ამ ფასების გადიდების დროს ის ამორტიზაცია, რომელიც სჭირდება რკინის გზას ყველა სახელმწიფოში მანქანების დაშლიდან მისი გაფუჭებით, მისცეს, დაფაროს ის ჩვეულებრივი დეფიციტი, რომელიც მოსდის სახელმწიფო რკინის გზას. ჩვენ გვაქვს მიღებული მხოლოდ ჩვეულებრივი ტარიფი. აღებული არის ტარიფი 1917 წლისა. დაახლოვებით არის გადიდებული ტარიფი ზოგიერთ საგნებზე 10 პროცენტით, ზოგიერთ საგნებზედ კი - 15 პროც. კახეთის რკინის გზა იმყოფება განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ეს რკინის გზა საერთოდ ნახულობს დიდ ზარალს და იქ გადიდებული არის ჩვენს სახელმწიფო რკინის გზაზედ მიღებულ ტარიფთან შედარებით 20 პროცენტით მეტი, ე. ი. 170 პროც. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს გადიდება საკმარისი არის, რომ დაფაროს ყველა ხარჯები. და რომ ეს ცოტა არის, მოგიყვანთ უბრალო მაგალითს: ავიღოთ, ვთქვათ, მცხეთის ბილეთი. ის ღირს 30-50 მან. ეს რომ გადავიტანოთ სანოვაგეზედ, ბოდიშს ვიხდი ამ უბრალო არითმეტიკისათვის, დაჯდება 5-6 კვერცხად. ამისათვის ვამბობ, რომ გადიდება არ შეიძლება, მაგრამ როგორც გვითხრა რკინის გზის უწყების წარმომადგენელმა, ეს დეფიციტი როგორმე უნდა დაფარონ. აი, ეს არის, ბატონებო, ჩემი მთელი მოხსენება ამ რკინის გზაზე ტარიფის მომატების შესახებ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზედ. გთხოვთ, წაიკითხოთ.

თევზაია (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე: შემოტანილია შესწორება ს.-დ. ფრაქციისა, შემდეგი „21 აგვისტოდან“.

თევზაია: ეს შესწორება მისაღები არის, რადგანაც ტეხნიკურად ხელს შეუწყობს ამის გატარებას.

(კენჭის ყრის შემდეგ დეკრეტი შესწორებითურთ მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

12. დეკრეტი ქალაქ გორის მემამულეთაგან თავისუფალი კერძო მიწების ჩამორთმევისა.

თავმჯდომარე: დეკრეტი ქ. გორის მემამულეთა თავისუფალი კერძო მიწების ჩამორთმევისა. მომხსენებელია ბ. რუსია.

. რუსია (მომხს.): გორში მომხდარი მიწისძვრის გამო გეოლოგიური კომისიის მუშაობის შემდეგ გამოირკვა, რომ მცირე ციხის რაიონში დასახლება ყოვლად შეუძლებელია, ვინაიდგან მოსალოდნელია მომავალში ასეთი მიწის ძვრაო. ამიტომ გადაწყვეტილია, რომ ამ რაიონიდან იქნეს მცხოვრებთა გადასახლება მეორე რაიონში. ამ მიზნით მთავრობა შემოდის დეკრეტის პროექტით, რომლის ძალით ყველა მემამულეს, ჭავჭავაძის, წერეთლის, ჟორდანიას და ნინოშვილის აღმოსავლეთ მდებარე მამულები უნდა ჩამოერთვათ 1.000 ოთხკუთხი საჟენის ზევით და სამაგიეროდ მიეცეთ ქალაქის მიწის ფონდიდან მიწის შეფასებით იმდენი მიწა, რამდენიც ეკუთვნით. ამრიგად ყველა დანარჩენ ქალაქის მცხოვრებთ ჩამოერთვათ ყველა ეს ნაჭრები და მიეცემათ სამაგიერო მხოლოდ იმ პირობით, რომ იქ იქნეს გაშენებული სახლები ერთი წლის განმავლობაში. როგორც იყო ნათქვამი, ჩამოერთმევათ მემამულეებს მიწები და მიეცემათ შეფასებით ქალაქს გარეთ იმ პირობით, რომელიც აღიარებული იყო კომისიის მიერ. ამ საკითხის გადაწყვეტა ენდობა კომისიას, რომელიც შესდგება სამი პირისაგან: ერთი იქნება თვითმმართველობის წარმომადგენელი, ერთი - მიწის ძვრის დამხმარე მთავარი კომიტეტისა და ერთიც - მიწის მფლობელთა წარმომადგენელი. რაც შეეხება იმ მცხოვრებთ, რომელნიც დღემდის ცხოვრობენ ციხის რაიონში, იმათ ჩამორთმეული მიწის მაგივრად მიეცემათ სამაგიერო მიწა. თუ ასეთ პირებს აქვთ გორში სხვა მამული, ამ შემთხვევაში ჩამორთმეული მამულის მაგივრად მამული ქალაქს გარეთ მიეცემათ სათანადო შეფასებით ქალაქის მიწების ფონდიდან მამული. ასეთია დაახლოვებით შინაარსი მთავრობის დეკრეტის პროექტისა. ეს პროექტი განიხილა შეერთებულმა სხდომამ აგრარული, იურიდიული, თვითმმართველობის კომისიებისა და მან მიიღო მეორე ვარიანტი, რომ ჩამორთმეული მიწის პატრონს მიეცეს ქალაქ გარეთ მიწა შეფასებით კი არა, არამედ იმდენად, რამდენადაც ჩამოერთმევა. ეს არის უმთავრესი განსხვავება კომისიის და მთავრობის პროექტებს შორის.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. რომელ ვარიანტზედ ინებებთ შეჩერებას? (ხმები: მთავრობისა! ჩხენკელი: პირველ ვარიანტზე!). ამრიგად, მიღებულია პირველი ვარიანტი. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზედ.

. რუსია (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე: მეათე მუხლიც მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მთლად დეკრეტისა? არავინ. საერთოდ დეკრეტი პირველი ვარიანტის მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

13. დეკრეტი სასახლის შესაკეთებლად 9 მილიონი მანეთის გადადებისა.

. გომართელი (მომხს.): ამა წლის მაისის პირველს თქვენ მიერ მიღებული გახლავთ დეკრეტი, რომლის ძალითაც სასახლის ბაღის კარ-მიდამოს გამგეობა დაევალა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს. ეხლა პრეზიდიუმმა უპირველეს ყოვლისა იმ შენობას მიაქცია ყურადღება, რომელშიაც დამფუძნებელი კრებაა. ამ სახლს მეტად დიდი რემონტი ესაჭიროება, რომლის განხორციელებაც დღევანდელ პირობებში პრეზიდიუმს შეუძლებლად მიაჩნია, მაგრამ არის ბევრი რამ ისეთი, რომლის შეკეთებაც მიუცილებელი გახლავთ. პირველი ასეთი საჭიროებათაგანი გახლავთ - ბიბლიოთეკა. როგორც მოგეხსენებათ, დამფუძნებელმა კრებამ ძვირფასი ბიბლიოთეკა შეიძინა. იგი მშვენივრად არის შედგენილი და თანდათანობით მისი შევსება გრძელდება, მაგრამ ამისათვის საჭირო შენობა არა გვაქვს. პრეზიდიუმის აზრით, საჭიროა შენობა ბიბლიოთეკისათვის და სამკითხველოსთვის. აგრეთვე უნდა იქნეს მოწყობილი ოთახები, სადაც დამფუძნებელი კრების წევრთ შეეძლოს მუშაობა. რამდენადაც სჩანს, ამ საქმიასთვის ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა მიუნდვია პრეზიდიუმს ორი ინჟენერისათვის - ნეპრინცებენსა და კობახიძისათვის. მათ წარმოუდგენიათ, რომ ბიბლიოთეკის გადაკეთებას დასჭირდება 2.200.000 მანეთი. გარდა ამისა, თუმც ზოგი რამ წინეთ იყო გადაკეთებული, მაგრამ პრეზიდიუმის აზრით, საჭიროა ზოგიერთი ცვლილების შეტანა თვით ამ დარბაზში. თვით ეს ტრიბუნაც გადასაკეთებელია, რადგან დარბაზიდან თავმჯდომარე არა სჩანს და არც ორატორის სიტყვები ესმის მას. ამ საქმისათვის დაახლოვებით საჭიროა 2.580.000 მანეთი. გარდა ამისა, საერთო მიმდინარე რემონტისათვის, რომელშიაც შედის: ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილობა, წყალსადენის შეკეთება და სხვა ასეთ აუცილებელ რემონტს სჭირდება დაახლოვებით 3.220.000 მანეთი. ეს სამი დარგია, რომლის შეკეთებაც პრეზიდიუმს აუცილებლად მიაჩნია ამ მოკლე დროის განმავლობაში. ყველა ეს მოითხოვს 8 მილიონ მანეთს. (ლ. შენგელაია: სამი მილიონი არამიანცის სახლში მიეცით და აქ შეკეთებას უნდება მაგდენი?). თუ მიიღებთ მხედევლობაში იმას, რომ მუშა-ხელი და მასალა დღითი-დღე ძვირდება, კომისიამ ამასაც გაუწია ანგარიში და ამბობს, რომ შესაძლებელია 8 მილიონი არ იქნეს საკმარისი და 9 მილიონი მოითხოვა. პრეზიდიუმის აზრით, საჭიროა განსაკუთრებული სატეხნიკო კომისია, რომელიც აქ იქნება არჩეული და ყოველგვარი ხარჯების გაწევა მათ ექნება დავალებული, და მხოლოდ ამ კომისიის მოთხოვნილების მიხედვით გასწევს პრეზიდიუმი ამა თუ იმ ხარჯს.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? ვინაა წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

14. დეკრეტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისათვის სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: სიტყვა ვ. ცაბაძეს ეკუთვნის.

. ცაბაძე (მომხს.): ეს დეკრეტი შეეხება ჩვენი ხაზინიდგან 20 მილიონი მანეთის სესხად გაცემას აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოს კომისარიატის განკარგულებაში. ამ დეკრეტს თან ახლავს ხელშეკრულება, რომელიც დაწერილია ქალაქ ბაქოში 28 ივლისს და რომელზედაც ხელს აწერენ: ერთის მხრით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი გ. ალშიბაია და მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის კომისარიატის ფინანსთა, სახალხო კომისრის მოადგილე ტაგიევი. როგორც ამ ხელშეკრულებიდან სჩანს, ამ სესხს აქვს ერთი დანიშნულება: თქვენ მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი რესპუბლიკის ქვეშევრდომი მცხოვრებნი არიან, მათ უნდათ დაბრუნდენ საქართველოში და ამისთვის სურთ თავისი ქონების ლიკვიდაცია მოახდინონ, მაგრამ ვინაიდან ამ ქონების წამოღება მათ არ შეუძლიათ, აზერბაიჯანის მთავრობამ გადასწყვიტა თვით შეიძინოს ეს ქონება, როგორც უძრავი, ისე მოძრავი და ანგარიშს მათ აზერბაიჯანის ბონებით უსწორებს; ეს კი ქმნის უხერხულობას, ვინაიდან მათი ბონები დღეს ნაკლები ღირს, ვიდრე ჩვენი და ამნაირად გამყიდველები აგებენ და ამ მიზნისათვის, ამ ანგარიშის გასასწორებლად აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო თხოულობს, რომ ვასესხოთ მათ 20 მილიონი მანეთი. საქართველოს რესპუბლიკის სახაზინო ბანკში გაიხსნება ეს კრედიტი, რომელიც იქნება აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის განკარგულებაში და აქედან დაიხარჯება. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკას სამაგიეროდ შეუძლია შეიძინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქონელი. ეს სიტყვა, „საქონელი“, ზოგადი ტერმინი გახლავთ და ამგვარად ამ 20 მილიონის ანგარიში გასწორდება. ეს დეკრეტი განიხილა საბიუჯეტო და საფინანსო კომისიებმა და საჭიროდ დაინახა ამ სესხის გაღება. აი, ეს გახლავთ შინაარსი დეკრეტისა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის.

მომხსენებელი (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე: შესწორება გახლავთ შემოტანილი სოც.-დემ. ფრაქციის მიერ ამგვარი, რომ სათაური ასეთი იქნეს: `ნავთის და ნავთის პროდუქტების შესაძენად 20 მილ. მანეთის გადადების დეკრეტი~. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? სიტყვა ბ-ნ გიორგაძეს ეკუთვნის.

. გიორგაძე (ს.-დ.): ჩვენი ფრაქციის აზრით, არსებითად არის ასეთი ოპერაცია: აზერბაიჯანის მთავრობას სჭირდება ჩვენი ფული, ჩვენ კი - მათი ნავთი. მაშასადამე, აქ უნდა მოხდეს ყიდვა-გაყიდვა. ამიტომ, ჩემის აზრით, უფრო ნორმალური იქნებოდა, რომ ამ ოპერაციას ნამდვილი სახელი ვუწოდოთ, ე.ი. ყიდვა-გაყიდვა. ნავთი ჩვენთვის საჭიროა და ამისათვის ვიძლევით წინადადებას, რომ დეკრეტის სათაური ასე შეიცვალოს: „რომ გადიდვას ნავთისა და მისი პროდუქტების შესაძენად“ ეს არის ჩვენი წინადადება. რაც შეეხება სესხს, როგორც ასეთს, ჩვენ დღევანდელ პირობებში არ ვხედავთ მიზანშეწონილად იმის გაღებას.

თავმჯდომარე: თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო?

მომხსენებელი: მე სავსებით ვიზიარებ ამ შესწორებას, ვინაიდან აზერბაიჯანის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას, როგორც ამ ხელშეკრულებიდან სჩანს, ძალიან ესაჭიროება ჩვენი ფული, ჩვენ კი გვესაჭიროება ნავთი და ამისათვის, თავის-თავად ცხადია, ეს 20 მილიონი შეიძლება გადაიდვას ამ ნავთის შესაძენად.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ. შესწორება მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ 1-ლი მუხლი. შესწორება გახლავთ იმავე ფრაქციისა და გამომდინარეობს იმ პირველი შესწორებიდან, რომელიც უკვე მიიღეთ. შესწორება ასეთია: პირველ მუხლში 20 მილიონს შემდეგ ჩაემატოს „ნავთისა და მისი პროდუქტების შესაძენად“, დანარჩენი კი ამოიშალოს. თუ ამ შესწორებასაც მიიღებთ, მაშინ ეს მუხლი ასე გამოვა (კითხულობს). ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ.

(დეკრეტი ჩვეულებრივი წესით მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ შემოსული, რომ სხდომა შესწყდეს 20 წუთით, რათა სარედაქციო კომისიას მიეცეს საშუალება დღევანდელ მიღებულ დეკრეტების ტექსტები შეასწოროს. მე კენჭს ვუყრი ამ წინადადებას. წინადადება მიღებულია. სხდომა 20 წუთით წყდება.

15. დეკრეტი დასავლეთ ევროპას გასაგზავნი საქართველოს მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის სათანადო თანხის გადადებისა.

. თევზაია (მომხს.): ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მუშათა ცენტრალურ საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აღძრა შუამავლობა, რომ მას მიეცეს დამფუძნებელი კრების მიერ განსაზღვრული თანხა ევროპაში მუშათა დელეგაციის გასაგზავნად (თ. ღლონტი: აღძრა შუამდგომლობა პრეზიდიუმის წინაშე?) დიახ, დიახ. პრეზიდიუმმა განიხილა ეს საკითხი, დაადასტურა და შემოიტანა დამფუძნებელ კრებაში. თქვენ უკვე გაიღეთ აზერბაიჯანში და რუსეთში გასაგზავნ დელეგაციისათვის განსაზღვრული თანხა. ეხლა მუშათა პროფესიონალური კავშირის საბჭო თხოულობს, რომ დაახლოვებით ასეთივე დელეგაცია გაიგზავნოს ევროპის სხვა და სხვა სახელმწიფოებში. ეს საკითხი განიხილა შრომისა და საბიუჯეტო კომისიამ. მათ პრინციპიალურად უარი არ უთქვამთ; მხოლოდ გამოითქვა აზრი, რომ ეს დეკრეტი დაუმუშავებელია და ვინაიდან გეგმა არ არის შემდგარი, ეს საკითხი გადადებულ იქნეს შემოდგომისათვისო. მოწინააღმდეგენი კი ამბობდენ, რომ ეს არც ისე დაუმუშავებელია, თანაც საჩქაროა და დაყოვნება შეუძლებელიაო. როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპაში მუშათა დელეგაციის გაგზავნასო. ასეთი იყო აზრთა სხვადასხვაობა, პრინციპიალურად კი ყველანი თანახმა იყვენ. ასეთია ამ დეკრეტის შინაარსი და სვლა. უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ დეკრეტის მოხსნა.

თავმჯდომარე: ვინაა მომხრე, რომ ეს საკითხი მოიხსნას? საკითხი არ მოიხსნა. გთხოვთ, მოისმინოთ.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე: შესწორება გახლავთ: „სიტყვა სათანადო შეიცვალოს 8 მილიონ მანეთად“. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ. თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო?

მომხსენებელი: მე ვეთანხმები შესწორებას.

თავმჯდომარე: შესწორება მიღებულია (დეკრეტი საერთოდ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას). ეხლა გთხოვთ, საბოლოო ტექსტები მოისმინოთ (გომართელი კითხულობს საბოლოო ტექსტებს, რომლებსაც დამფუძნებელი კრება უცვლელად იღებს). ორი საკითხი დარჩა კიდევ გასარჩევი: ეს არის საპენსიო კომისიის და სატეხნიკო კომისიის არჩევა. აქ გახლავთ წარმოდგენილი კანდიდატთა სია. რამდენი უნდა იყოს კომისიაში? (ხმა ადგილიდან: შვიდი). საპენსიო კომისიაში ასახელებენ (კითხულობს): სოც.-დემოკ.: ზ. გურული, ე. მახვილაძისა, ი. ფირცხალაიშვილი, ა. სოლოღაშვილის ასული. სოც.-რევ.: ივ. გობეჩია. სოც.-ფედ.: ი. ბარათაშვილი. ეროვ.-დემ.: ალ. ასათიანი. ნაც. პარტ.: გრ. ვეშაპელი. დაშნაკ.: ტერ-სტეფანიანი. სულ არის დასახელებული ცხრა. (ხმები ადგილიდან: დარჩეს, დარჩეს ცხრა!). სატეხნიკო კომისიაში ასახელებენ სოც.-დემ.: გრ. გიორგაძე, პ. საყვარელიძე, კოვალიოვი და მ. რუსია. სოც.-რევოლ.: ივ. ლორთქიფანიძე. სოც.-ფედ.: თ. ღლონტი. ნაც.-დემ.: სპ. კედია. ეროვნ. პარტ.:შ. ქარუმიძე. დაშნაკ.: ტერ-სტეფანიანი. სულ დასახელებულია ცხრა. (ხმები ადგილიდან: დარჩეს ცხრა!). შემდეგ არის განცხადება სოც.-დემოკ. ფრაქციისა, რომელიც სამხედრო კომისიაში, ნაცვლად ანანია სალუქვაძისა და ჯიბლაძისა, ასახელებენ ცინცაბაძეს და თევზაძეს.

არის პროექტი დადგენილებისა დამფუძნებელი კრების სხდომების დროებით შეწყვეტის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე (მომხს.): იმ დიდი მუშაობის შემდეგ, რომელიც გადავიტანეთ ამ სიცხეებში, საჭიროა დამფუძნებელმა კრებამ რამდენიმე ხნით დაისვენოს, რომ შემდეგ უფრო ენერგიულად შეუდგეს მუშაობას. კონსტიტუციის მიღება და აგრეთვე მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა უფრო დაწვრილებითი და დასაბუთებული იქნება, ვიდრე იმ ბიუჯეტის განხილვა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ჩვენი აზრით, საჭირო იქნება 15 ოქტომბრამდის შესწყდეს სხდომები. აი, ასეთი წინადადება შემოგვაქვს ჩვენ და გთხოვთ, მიიღოთ.

თავმჯდომარე: არის პროექტი დადგენილებისა (კითხულობს). ასეთი არის პროექტი. როგორ გნებავთ, ცალ-ცალკე მუხლებს ვუყაროთ კენჭი თუ საერთოდ დადგენილებას? (ხმები ადგილიდან: საერთოდ!). ხომ არავინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, დადგენილება მიღებულია. შემდეგი სხდომა დამფუძნებელი კრებისა იქნება მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დღის 12 საათზე.

სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა ნაშუადღევის 3 საათსა და 15 წთ. იხურება.

22 ორმოცდამეთერთმეტე (საგანგებო) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(51)

1920 . სექტემბრის 15.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

პრეზიდიუმში არიან:

. მდივანი.

ექვთ. თაყაიშვილი.

კონ. ჯაფარიძე.

ქრ. შარაშიძის ასული.

დარბაზი საზეიმოდ არის მოწყობილი. 10 სთ. და 15 წთ. დეპუტატები იკავებენ თავიანთ ადგილებს. ლოჟებს იკავებს სოც. დელეგაცია, რომელსაც მთელი დარბაზი ოვაციებს უმართავს.

თავმჯდომარე: მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! არაჩვეულებრივ დღეებს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და ეს განცდა დამფუძნებელი კრების დარბაზშიც უნდა შემოჭრილიყო. ამიტომაა, რომ თქვენმა პრეზიდიუმმა დღეს არაჩვეულებრივი სხდომა შეჰკრიბა.

მოქალაქენო, მე მსურს ერთი მომენტი მოგაგონოთ ჩვენი ახლო წარსულიდან. თქვენ გახსოვთ, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ჩვენი ხალხი უამრავ მტრების წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენს ქვეყანას გასრესას უპირებდნენ. სისხლისაგან იცლებოდა იარაღში ჩამჯდარი დემოკრატია, საკუთარი ძალების ანაბრად მიტოვებული. დამხმარე, გამამხნევებელი მას არავინ ყავდა. ახლო იყო წუთი სასოწარკვეთილებისა, მაგრამ გაისმა მედგარი და ფრიად ავტორიტეტული ხმა ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცველად. ჩვენი ხალხიც წელში გასწორდა, გაასკეცებული ენერგიით განაგრძო ბრძოლა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ვისი იყო ეს ხმა, ვინ იყო ის, ვინც ჩვენი თავისუფლების გადარჩენის საქმე საკუთარ საქმედ მიიჩნია?

ეს იყო ხმა სოციალისტურ ევროპისა, ესენი იყვნენ ევროპის სოციალისტური პარტიები.

ბერნში, ამსტერდამში, ლიუცერნში - ევროპის სოციალისტთა კრებების დადგენილებებში საქართველოს სუვერენობის დაცვის საქმე საერთაშორისო მუშათა კლასის მორიგ საქმედ აღიარეს.

დიადი იყო ეს დახმარება ჩვენთვის. უდიდესი გავლენა იქონია მათში ხმამ ჩვენთვის.

მაგრამ სოციალისტური ევროპა ამას არ დასჯერდა. ის მიხვდა ჩვენი დემოკრატიის სულისკვეთებას და რომ უფრო გაგვაძლიერონ და ნებისყოფა გაგვიკაჟონ, ევროპის მუშათა კლასმა თავისი საუკეთესო წარმომადგენლები გვაწვია.

დღეს ისინი აქ ბრძანდებიან, მოქალაქენო, ჩვენი სხდომის სტუმრები არიან და ესაა მიზეზი დღევანდელი საზეიმო კრებისა.

აქ არიან დიდი ბრიტანეთის ძლიერი მუშათა კლასის წარმომადგენელნი - ბბ. მაკდონალდი, შოუ და სნოუდენის ასული; აქ არიან თავისუფლების აკვანის - საფრანგეთის მუშათა კლასის წარმომადგენელნი - ბბ. რენოდელი, ინგელსი და მარკე; აქ არიან გმირული ბელგიის მუშათა კლასის წარმომადგენელნი - ვანდერველდე და ჰიუსმანი. გულითადი ძმური სალამი ძვირფას სტუმრებს. მივესალმოთ მათი სახით ევროპის დელეგაციას (მხურვალე ტაში. დეპუტატები ფეხზე დგებიან და ოვაციებს უმართავენ სტუმრებს).

მე მსურს, მოქალაქენო, და დარწმუნებული ვარ, ეს საერთო სურვილია მთელი დამფუძნებელი კრებისა - ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა შემდეგი გაიგონ დღეს ამ მაღალი ტრიბუნიდან:

საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა ურყევი ნებისყოფაა მთელი ჩვენი ერისა.

1918 წ. 26 მაისის აღმოფხვრას ჩვენი დემოკრატიის გულიდან მხოლოდ მაშინ შესძლებენ, თუ ჩვენს ხალხს ფიზიკურად მოსპობენ და მის საყვარელ სამშობლოს ნაპარტახევად აქცევენ.

დამოუკიდებლობას ჩვენი ხალხი იმიტომ აფასებს, მის დასაცავად სისხლს იმიტომ ღვრის, რომ მან იგი გაჟლეტისაგან იხსნა, მან ხელახლა გააღვივა ოდესღაც ძლიერი, მაგრამ მუხანათი მტრების წყალობით მიმქრალი კერა ჩვენი კულტურული შემოქმედებისა, მანვე მისცა ჩვენს მუშათა კლასს საუკეთესო ნიადაგი და საშვალება საკაცობრიო იდეალების განსახორციელებლად.

შავბნელითაა მოცული ჩვენი ხალხის ისტორიის დიდი მანძილი. აზიური დესპოტიზმით იყო ის გარშემორტყმული. შავი იმპერიალიზმის ბრჭყალებში იხრჩობოდა ის, მაგრამ მას მაღლა ეჭირა წმინდა დროშა თავისუფლებისთვის ბრძოლისა; მუდამ წინა პოზიცია ეჭირა მას ამ ბრძოლაში.

თითქოს ბოლო მოეღო ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო. შავი იმპერიალიზმის ადგილი წითელმა იმპერიალიზმმა დაიკავა. არც მისი ეშინია ჩვენს დემოკრატიას, არც შეშინებია და არც შეეშინდება.

ჩვენ ჩვენს თავს ვიცავთ, ჩვენი დემოკრატიის სისხლითა და ოფლით მორწყულ მიწა-წყალს ვერავის დავუთმობთ; ისაა აკვანი ჩვენი კულტურისა; ისაა საფუძველი, რაზედაც ჩვენს ბრწყინვალე მომავალს ვაშენებთ.

ბევრი რამ გავაკეთეთ ამ საერთო საშინელებისა და აოხრების დროს, მოვმაგრდით კიდეც. მაგრამ ჯერ კიდევ ვერა ვართ საკმარისად მაგრები. უდიდეს შრომას ეწევა ჩვენი ხალხი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის, მაგრამ აუარებელი დაბრკოლებანი გვეღობება წინ. და ერთი ამათგანი ისაა, რომ დღემდე იურიდიულად არ ვუცნივართ. ეს იციან ჩვენმა სტუმრებმა, მაგრამ მე მსურს ამ ტრიბუნიდან აღინიშნოს ეს და გადაჭრით ითქვას, რომ ჩვენი იურიდიულად ცნობა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. ამას მოითხოვს ჩვენი ხალხისა და მისი დემოკრატიული რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესები.

ერთი გარემოებაც უნდა ხაზგასმით აღინიშნოს: ამ რამდენიმე დღის წინათ პრესამ ვაშინგტონიდან მოსული ცნობა გაავრცელა - ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ძველს, რევოლიუციის წინა საზღვრებში აღდგენას უჭერენ მხარსაო. თუ ეს დიპლომატიური ენის წანაცდენი, ლაპსუსი არაა, მოქალაქენო, თუ ასეთია, მართლა, აზრი ჩრდილო-ამერიკისა, უნდა საქვეყნოდ განვაცხადოთ, რომ ეს დაცინვა, უდიდესი შეურაცხყოფაა მთელი საქართველოსი. დეე იცოდეს ყველამ, და უპირველეს ყოვლისა მთელმა საერთაშორისო დემოკრატიამ, მიაქციოს ამას ჯეროვანი ყურადღება, რომ დემოკრატიული საქართველო თავის ღირსების ახდის ნებას, სანამ ცოცხალი იქნება, არავის არ მისცემს (ტაში).

მოქალაქენო! ევროპის მუშათა კლასი დიდს ძალას წარმოადგენს. ამ ძლიერი მუშათა კლასის დახმარებას მოითხოვს პატარა საქართველოს მცირერიცხოვანი, მაგრამ სულითა და შეგნებით მტკიცე მუშათა კლასი, რომლის დემოკრატიული შემოქმედებითი მუშაობა საერთაშორისო დემოკრატიის საერთო საქმეა.

დიდი იყო წარსულში თქვენი დახმარება, ძვირფასო მეგობრებო; გვწამს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს დაგვეხმარებით. ჩვენზე მეტი გამოცდილება გაქვთ, გაგვიცანით, შეგვისწავლეთ, განგვისაჯეთ, პირდაპირ გვითხარით, რა არის ცუდი ჩვენს საქმიანობაში, რა არის კარგი. საერთაშორისო დემოკრატიის საქმის გაკეთებაში, გწამდეთ, საქართველოს დემოკრატია თავის როლს პირნათლად შეასრულებს.

მე ვფიქრობ, მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო, რომ მე თუმცაღა მოკლედ, მაგრამ სისწორით აღვნიშნე ის მთავარი რამ, რაც მთავარი საზრუნავი საქმეა დღეს ჩვენი ხალხისა და მისი დამფუძნებელი კრებისა. დამეთანხმებით, რომ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, მოვითხოვოთ მეგობრული და სამართლიანი დახმარება ამ საქმეში.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ძვირფასი სტუმრები, ეს სახელოვანი ბელადნი სოციალისტური ევროპისა, ჩვენთან იყვნენ და ჩვენთანვე იქნებიან ერთად ჭირშიცა და ლხინშიც.

გულწრფელი მადლობა მათ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაში დახმარებისათვის.

ღრმა რწმენას გამოვსთქვამთ, რომ ჩვენს სტუმრებს არასოდეს დაავიწყდებათ დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო და მისი ხალხის თავგანწირული ბრძოლა საკაცობრიო იდეალებისათვის (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის სოც.-დემ. ფრაქციის წარმომადგენელს, გრ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე (ს.-დ.): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით ნება მიბოძეთ ევროპის მუშათა კლასის სინიდისს და ბელადებს გულწრფელი სალამი მიუძღვნა.

მოქალაქენო! თითქმის ორი წლინახევრის უმაგალითო თავდაცვამ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშრომელი ხალხის ინტერესებისა უნაყოფოდ არ ჩაიარა. ძლიერ ხშირად აუწერელი იყო ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, განსაცდელი მოელოდა არათუ ჩვენს თავისუფლებას, ფიზიკურ არსებობასაც.

საქართველოს ორი დიდი გამანადგურებელი ტალღა - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან - ემუქრებოდა. მაგრამ საქართველოს მშრომელი მასის გულ-მკერდმა და მარჯვენამ უკუაქცია ეს ტალღები და მისმა აზროვნებამ გადაჭრით უარჰყო გზა ანარქიისა, ფანატიზმისა და ავანტიურისა - გზა აზიისა, და შეურყევლად შესდგა იმ პოლიტიკურ-სოციალურ გზაზე, რომელზედაც მსვლელობს ევროპის მუშათა კლასი.

ამ საერთო გზამ მოიყვანა საქართველოში ევროპის მუშათა კლასის ხელმძღვანელნი.

ეს ფაქტი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ჩვენ სააღმშენებლო მუშაობაში, თავისუფლების დაცვის საქმეში, საბოლოო მიზნების მიღწევაში მარტონი არა ვართ, ჩვენთანაა უფროსი ძმა და მასწავლებელი - ევროპის მუშათა კლასი.

ეს მარტოობის უარყოფა ასულდგმულებდა ჩვენს მებრძოლ მშრომელ მასას, ჩვენს ამომრჩევლებს, ყველა თავის გამოსვლებში აღდგენილ დამოუკიდებლობის და მშრომელი მასის ინტერესების დასაცავად. თუმცა ბრძოლის ველზე ის ფიზიკურად მარტო იყო, მაგრამ მან იცოდა, რომ თუმცა შორს, ზღვებს იქეთ, მაგრამ მაინც არსებობს ძალა - მძლავრი, შეკავშირებული, გავლენიანი - თავისუფლების და მშრომელი კლასის ინტერესების დამცველი, რომელიც არავის მისცემს უფლებას გასთელოს მშრომელი მასის ინტერესები და გადაეღობოს წინ ერის თავისუფალ ნებისყოფას.

და ასეთ პირობებში არ არსებობს არავითარი ძალა და გარემოებანი, რომელსაც შეეძლოს ჩვენი საკანონმდებლო შემოქმედების დროს გაგვაღუნიოს არჩეული გზა და პრინციპები, რომლებზედაც დამყარებულია მეცნიერული სოციალიზმი.

საკანონმდებლო მუშაობით საქართველოში განხორციელებულია პროგრამა-მინიმუმი. აქ ინასკვება ძალა მშრომელი მასისა.

ამავე დროს, ვართ რა სასტიკი წინააღმდეგი საზოგადოებრივ სხეულზე ყოველგვარი ექსპერიმენტებისა, ერთ წუთსაც არ ვივიწყებთ ჩვენს საკანონმდებლო მუშაობაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ის, რაც შეადგენს მთელი ხალხის სიმდიდრეს; ჩაერიოს ეკონომიურ ცხოვრებაში, სადაც ეს საჭირო და შესაძლებელია და, ამავე დროს, ხელი შეუწყოს საწარმოო ძალთა განვითარებას.

აი გზა, რომელზედაც ჩვენ ვდგევართ ჩვენს საკანონმდებლო მუშაობაში, - გზა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ხალხის თავისუფლებას და მშრომელი ხალხის ინტერესებს.

ამ შემოქმედებაში ჩვენ ველით დახმარებას ევროპის მუშათა კლასის და მისი საკანონმდებლო დაწესებულებათა ფრაქციებისა.

და თქვენი სახით, ევროპის მუშათა კლასის ბელადნო, ჩვენ მივესალმებით ამ კლასს და მათ ფრაქციებს საკანონმდებლო დაწესებულებაში, და გთხოვთ, გადასცეთ მათ, რომ ძველი კოლხიდა და იბერია, ეხლა საქართველო, სადაც ძალაუფლება მშრომელი მასის ხელშია, რომელსაც ხელთ უპყრია სამფეროვანი - სახელმწიფოებრივი და წითელი - სოციალისტური დროშა, მოელის თავის იურიდიულ ცნობას და არ დააგდებს ამ დემოკრატიულ გზას იმ რწმენით, რომ დადგება დრო: ევროპაში ბუნებრივად დაჰკრავს ზარი ახალი ხანისა და ახალი გზა ევროპისა იქნება გზა საქართველოს მებრძოლი დემოკრატიისაც (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ს.-ფ. ფრაქციის წარმომადგენელს, მესხიშვილს.

. მესხიშვილი (ს.-ფ.): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! საქართველოს დემოკრატიას უფლება აქვს დღეს იამაყოს.

მას სტუმრად ეწვივნენ გამოჩენილნი მეთაურნი საერთაშორისო დემოკრატიისა, წინამძღოლნი მუშათა კლასის თავდადებულ ბრძოლისა სოციალიზმის განსახორციელებლად.

ვის არ გაუგონია მაგათი სახელი? ვინ არ მოსულა აღტაცებაში მათი დაუღალავი ბრძოლით? ვის არ უხელმძღვანელია მაგათი მეცნიერულის შრომით, ზოგს, როგორც მიმდევრებს, ზოგს კი როგორც თანამებრძოლს, სხვა გზით იგივე დიადი მიზნისაკენ მიმავალს.

და ეს სტუმრობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დღევანდელ მომენტში. საქართველოს დემოკრატიამ საერთაშორისო ომით გამოწვეულ ქარტეხილში, დიდი რევოლიუციის საშუალებით დაამსხვრია რუსეთის თვითმპყრობელობის ბორკილები, მოიპოვა ეროვნული თავისუფლება და შეუდგა ხალხოსნური რესპუბლიკის შექმნას, რომელშიაც დღესვე უნდა ჩაეყაროს საძირკველი მომავალ სოციალისტურ წყობილებას.

ეროვნული თავისუფლების მოპოვება და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლიუციო პარტიისათვის არ არის არც გარდამავალი პოლიტიკური კომბინაცია, არც ობიექტური პირობებით გამოწვეული შემთხვევა. არა, - მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა რევოლიუციის უდიდესი მონაპოვარია. ეროვნული თავისუფლება აუცილებელი პირობაა მშრომელი კლასის სოციალიზმის მისაღწევად. ამ პოზიციაზედ იდგა ჩვენი პარტია დღიდან მისი დაარსებისა და მის სოციალისტურ დროშაზედ ყოველთვის ეწერა, განთავისუფლებული პიროვნება თავისუფალ ერში და მომავალი წარმოდგენილი გვქონდა, როგორც თავისუფალ ერთა თავისუფალი კავშირი.

იყო დრო, როცა სოციალისტურ ბანაკში ასე კითხვის დაყენება ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ეროვნულ ნიღილიზმს სოციალისტ-ფედერალისტებმა დიდი ხანია რაც დაუპირისპირეს ბრძოლა მშრომელი კლასის საშუალებით.

და ეს სოციალისტური შედუღება კლასთა ბრძოლის პრინციპისა ეროვნულ პრობლემასთან ყოველთვის იყო დამახასიათებელი თვისება სოც.-ფედ. სარევოლიუციო პარტიისა და დღესაც ისე, როგორც წინათ, ჩვენ მტკიცედა ვდგევართ ამ პოზიციაზედ. მეორე მომენტი, რომელსაც მე მსურს მივუთითო, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მომხრენი ვიყავით და ვართ სოციალისტური შემოქმედების შემოტანისა უკვე კაპიტალისტურ ეპოქაში.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დღევანდელ გარდამავალ ხანაში არის სუბიექტიური და ობიექტიური პირობები ასეთი პოლიტიკის წარმოებისათვის.

ამიტომ თანახმად ჩვენის მსოფლმხედველობისა, რომ ყველაფერს ისტორიულ აუცილებლობას ვერ მივანდობთ და დიდი მნიშვნელობა აქვს თვით ადამიანთა მიზანშეწონილ მოქმედებას, - დღევანდელს პირობებში გვსურს შევქმნათ დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ახალი იარაღი იქნება მშრომელთა კლასის დაბეჩავებისა, არამედ წმინდა ხალხოსნური რესპუბლიკა და დღესვე ჩავუყაროთ მასში საძირკველი მომავალ სოციალისტურ წყობილებას. ჯგუფობრივი დიქტატურით და დეკრეტებით მოქმედებას ჩვენ ვამჯობინებთ მიზანშეწონილ სოციალისტურ შემოქმედებას.

ჩვენი მსოფლმხედველობა და გეგმა მართალია განასხვავებს საქართველოს სხვა სოციალისტურ პარტიებისაგან, მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელშიაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვართ - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. ადვილად გასაგებია, რომ ამ პოზიციას ჩვენი პარტია არასოდეს არ გადაუხვევს, რადგანაც განვლილი გზა ეროვნულ თავისუფლებისათვის ბრძოლისა მორწყულია მის გულიდან წვეთ-წვეთ ნადები სისხლით.

ჩვენ არ მოვითმენთ ეროვნული თავისუფლების დაჩაგვრას, საიდანაც არ უნდა გველოდეს ეს საფრთხე.

ჩვენთვის სულერთია, მოისურვებს ამას რომელიმე იმპერიალისტური სახელმწიფო თუ ბოლშევიკური რუსეთი.

ყველას შეძლებისდაგვარ პასუხს გავცემთ.

ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ბევრი მტერი გვყავდეს, რადგანაც დღევანდელ პოლიტიკას სამართლიანობა და უფლება კი არა ჰქმნის, არამედ სახელმწიფოებრივი და ეკონომიური ინტერესები. მაგრამ საქართველოს დემოკრატია დამშვიდებით, სრულის იმედით უცქერის მომავალს. მას ჰყავს ერთი, მაგრამ საიმედო მეგობარი. ეს არის საერთაშორისო სოციალისტური დემოკრატია, ნამდვილი ბატონი მომავლისა.

ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ სოციალისტურ დემოკრატიას შორის იჩინა თავი განხეთქილებამ და იგი ორ ბანაკად არის დაყოფილი; რომ ჯერ არ არსებობს მთელი ქვეყნის სოციალისტების შემაერთებელი ინტერნაციონალი.

სოც.-ფედ. სარ. პარტია დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში ეს უთანხმოება მოისპობა, თავიდან აცილებული იქნება ის შეცდომანი, რომელნიც თავიდანვე თანა სდევდნენ მეორე ინტერნაციონალს და დაქსაქსული სოციალისტური დემოკრატია კვლავ ისევ გაერთიანდება და ორივე ბანაკი მონახავს ერთს შეთანხმებულ ენას. მაშინ იგი დაიჭერს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის და ქართველი დემოკრატია თავის უფროს ძმებთან ერთად მთელ ძალ-ღონეს მოახმარს სოციალიზმისათვის ბრძოლას. ჩვენ გვასულდგმულებს იმედი, არა - ღრმა რწმენა, რომ სოციალისტური დემოკრატია ახლო მომავალში იტყვის თავის მძლავრ სიტყვას და ეხლა აბობოქრებულ ცხოვრებას სასურველ კალაპოტში ჩააყენებს.

დიაღ, ჩვენი მეგობარი საერთაშორისო სოციალისტური დემოკრატიაა და ეს მეგობარი უანგაროა.

ნამდვილი სიყვარული შეიძლება მხოლოდ იქ, სადაც ერთმანეთის პატივისცემა ერთმანეთის უფლების აღიარებაზედ არის დამყარებული და არა ანგარებაზედ.

დღეს მე პირველად მიხდება დამფ. კრებაში მისალმება უანგარო მეგობრების, სოციალისტურ დემოკრატიის საუკეთესო წარმომადგენლების, ჩვენი ძვირფასი სტუმრების.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავითარი მოსაზრებანი ვერ აიძულებენ მათ უღალატონ თავიანთ პრინციპებს და ყველგან დაიცავენ იმას, რაც სამართლიანად მიაჩნიათ.

და ეს უანგარო სიყვარული თავისუფლებისა და სამართლიანობისა საუკეთესო გარანტიაა ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლისათვის.

მაშ გაუმარჯოს, მოქალაქენო, საერთაშორისო სოციალისტურ დემოკრატიას! გაუმარჯოს მის წარმომადგენელთ, ჩვენს ძვირფას სტუმრებს!

გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიას და დამოუკიდებელ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას!

გაუმარჯოს სოციალიზმს!

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წარმომადგენელს, გიორგი გვაზავას.

გიორგი გვაზავა (ერ.-დემ.): მოქალაქენო! თქვენ გესმით ის ხმაურობა, რომელიც ისმის ქუჩიდან. იგი ხალხით გაჭედილია და მეორე მხრით, თქვენ ხედავთ ახლად ჩამოსულ ჩვენს ძვირფას სტუმრებს. ეს ორი ფაქტი დიდმნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკანასკნელი. ჩვენთან მოვიდნენ სტუმრები ბელგიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან... სჩანს, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც არიან ცენტრები საკაცობრიო კულტურისა, ძალიან ახლო არიან ჩვენს ქვეყანასთან.

საუკუნის განმავლობაში ჩვენ მოვწყდით მსოფლიო კულტურას და ზოგი კიდეც მიეჩვია იმ აზრს, რომ საქართველო უსათუოდ უნდა იყოს რუსეთის ფარგლებში. თქვენ ხედავთ, რომ საქართველოსთან უფრო ახლოა ინგლისი და საფრანგეთი, ვიდრე რუსეთი. საქართველომ დაიწყო ცხოვრება მაშინ, როდესაც ღვიოდა ხმელთაშუა ზღვის კულტურა. დროთა უკუღმართობამ საშუალო საუკუნოებში საქართველო მოსწყვიტა ამ ბუნებრივ გზას. უკანასკნელმა ხალხთა შორის შეტაკებამ და ომმა ისევ აღადგინა ეს ძველი ბუნებრივი მიმართულება. საქართველო ბუნებრივად მოსწყდა რუსეთს და უნდა მომწყდარიყო. მან მოიპოვა ისევ ძველი გზა, რომელიც გვაახლოებს და გვაერთებს დასავლეთ ევროპასთან. ჩვენ დავუახლოვდით ბელგიას, საფრანგეთს, ინგლისს და იმ ქვეყნებს, სადაც ღვივის ეხლანდელი საკაცობრიო კულტურა.

ჩვენ რუსეთთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, არც რასობრივი, არც ისტორიული. ჩვენ შეგვიძლიან დავამყაროთ იმასთან მხოლოდ საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობა, დამყარებული უფლებაზე და თანასწორობაზე. საქართველოს აქვს ეს უფლება. იგი მეთვრამეტე საუკუნის დამლევს თავის ნებით, ხელშეკრულებით შეუერთდა რუსეთს. მხოლოდ საქართველოს ეროვნულ მთავრობის ბრძანებით იქმნა გაღებული დარიალის კარები და შემოშვებულ იქმნა რუსეთის ჯარი.

მაშასადამე, ჩვენ გვქონდა რუსეთთან ხელშეკრულება, რომლის უარყოფა არავის არ შეუძლიან. და ამის შემდეგ, მე, რასაკვირველია, დიდის მწუხარებით უნდა მოვიხსენიო ის ნოტა, რომლითაც მიმართა ჩრდილო-ამერიკამ ყველა ქვეყნებს. ნოტა უარყოფს არა მარტო ბოლშევიკურ რუსეთს, არამედ უარყოფს საქართველოს თავისუფლებასაც. როდესაც მე ეს წავიკითხე, მე ვეკითხებოდი ჩემს თავს: რაშია საქმე? რა იქნა ის დიადი პრინციპები ვილსონისა, რომელიც ცნობილია თოთხმეტი მუხლის სახელით? რა იქნა ის პრინციპები, რომლებიც უდევს საფუძვლად ვერსალის ხელშეკრულებას? რა იქნა ის დიადი აზრი, რომელზედაც არის აშენებული დებულება ერთა ლიგისა?

ამერიკის ნოტა არის უარყოფა მთელი ისტორიული ევოლიუციის და უმთავრესად ომის და რევოლიუციის იმ მონაპოვართა, რომლებზედაც უნდა აშენდეს ახალი ევროპა, ახალი საერთაშორისო განწყობილება, დამყარებული უფლებასა და სინიდისზე.

ის კაცი, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ამ უფლებისათვის, გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება დამოუკიდებელ არსებობისაო.

რათა? რომელი სამართალი მოითხოვს ამას?

საქართველო არის ერთი მთლიანი ერი. მას უჭირავს ბუნებით შემოხაზული ერთი მთლიანი ტერიტორია, აქვს ოცი საუკუნის ისტორია და კულტურა.

ამერიკის ნოტით დარღვეულია და შელახული, ნება მიბოძეთ ვთქვა, უხეშად შელახული და უარყოფილი საქართველოს ეროვნული უფლება. მის მაგივრად რომ დამყარდეს უფლება და მოისპოს უხეში ძალმომრეობა ერთა შორის, ამერიკა მოითხოვს რუსეთის აღდგენას ძველ საზღვრებში. მაშ, სად არის პრინციპი ერთა თვითგამორკვევისა ან პატივისცემა ხელშეკრულებისა?

გერმანიას აგინებდენ იმიტომ, რომ მან დაარღვია საერთაშორისო უფლება ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევით. აქ, სტუმართა შორის, გახლავთ ბელგიის წარმომადგენელი, მინისტრი ბ. ვანდერველდე. ჰკითხეთ მას, რას შვრებოდა მაშინ, როგორ იცავდა იგი ეროვნულ თავისუფლებას, როცა გერმანიამ ქაღალდის ნაგლეჯად გამოაცხადა „chiffon dr papier“, ეს საერთაშორისო ხელშეკრულება?

ხელშეკრულების დაცვა არის სამართლიანობა და თუ იგი უარყოფილია, - უარყოფილია უფლებაც და სამართლიანობაც.

საქართველოს ხელშეკრულება ამტკიცებს, რომ იგი იყო თავისუფალი სახელმწიფო და ეხლა, რუსეთის დანგრევის შემდეგ, იგი თავის-თავად თავისუფალია და დამოუკიდებელი. ეს ფაქტია დღეს და მოზღვავებული ხალხი, რომლის შხუილი მოისმის ქუჩიდან, განა არ ამტკიცებს მის პოლიტიკურ სიმწიფეს და შეგნებას? თქვენ ხედავთ, რომ ქართველ ერს და განსაკუთრებით დამფუძნებელ კრებას არ შეუძლიან არ აღიმაღლოს ხმა ამერიკის გამოსვლის წინააღმდეგ.

მე ვეგებები ჩამოსულ სტუმრებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი, როგორც აქამდე, დაიცავენ საზოგადო უფლებრივ პრინციპებს. ისინი ადგილობრივ გაეცნობიან დღეს, თუ რა არის საქართველო, - ეს თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, და არავის მისცემენ ნებას, რამდენად შესაძლებელია, რომ ერთი კალმის მოსმით წაშალონ საქართველოს ეროვნული თავისუფლება. საკითხი ეხება საერთაშორისო უფლებას და საკაცობრიო სინიდისსა!

გაუმარჯოს ჩვენს სტუმრებს!

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას! (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ნაციონალისტთა ფრაქციის წარმომადგენელს, ბ. ვეშაპელს.

გრიგოლ ვეშაპელი (ნაციონალისტი): ბატონებო! ნაციონალისტთა პარტიას არ მიაჩნდა აუცილებელ საჭიროდ დამფუძნებელი კრების ოფიციალური სხდომის მოწვევა ინტერნაციონალის დელეგაციის დასახვედრად. მაგრამ ეს დახვედრა ფაქტია და ჩვენც მაინც მონაწილეობას ვიღებთ ამ დახვედრაში შემდეგი მოსაზრებით: ინტერნაციონალის დელეგატები არიან ჩვენთვის თავდაპირველად ევროპის წარმომადგენლები, იმ ევროპისა, რომლისაკენ ყოველთვის მიილტვოდა საქართველო, მაშინაც კი, როდესაც იყო რუსეთის ბატონობის ქვეშ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპის წარმომადგენელი წვეულება, როდესაც მათ შორის გახლავთ ოფიციალური პირი - ბელგიის იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ასეთი დიდი ღვაწლი მიუძღვის თავის ქვეყნის ნაციონალურ დაცვაში. მე მოგახსენებთ ბატონ ვანდერველდეზე.

ბატონებო, მე მინდა ვუთხრა ევროპის სოციალისტებს შემდეგი: თქვენ ალბათ გიკვირთ, უნდა გიკვირდეთ, რომ მიწად-მოქმედების სასოფლო მეურნეობის ქვეყანაში ხედავთ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მმართველ პარტიად. ჩვენი აზრით, ეს იმის შედეგია, რომ მას შემდეგ, რაც თქვენმა კოლეგებმა რევოლიუციის სახელით ძალა-უფლება ჩაიგდეს ხელში, ავად თუ კარგად, ძალაუნებურად ეს ძალა-უფლება მოახმარეს ქართველი ერის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივობის შექმნასა და განმტკიცებას.

ამ დამოუკიდებლობის პოლიტიკის შედეგია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის თუნდაც მშვიდობიანი დიქტატურა ერთი პარტიისა - სოციალ-დემოკრატიისა (სიცილი), საქართველოში არიან კიდევ სხვა კლასები და პარტიები, რომელთათვისაც არ არის მისაღები პროლეტარიატის იდეოლოგია. მიუხედავად ამისა, ეს კლასები - გლეხობა და ინტელიგენცია - ითმენენ იმ მოვლენებს, რომლებიც სდევს თან მენშევიკების წარმოებულ პოლიტიკას, განსაკუთრებულ ეკონომიურ სფეროში.

მაგრამ დამოუკიდებლობის პოლიტიკის დაცვაში საქართველოში მომქმედ პარტიათა შორის მაინც არის განსხვავება.

სოციალ-დემოკრატებისათვის ეს დამოუკიდებლობა ასე თუ ისე იყო და სამწუხაროდ დღესაც არის შემთხვევითი ფაქტი, ობიექტიურ პირობებით შექმნილი. ჩვენთვის კი, ნაციონალისტებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო და არის აქტი ისტორიული აუცილებლობისა; აქტი, ნაკარნახევი იმით, რომ ქართველ ხალხს აქვს სახელმწიფოებრივი ტრადიცია და ამ ტრადიციას იგი ატარებდა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში.

ჩვენ, ნაციონალისტებს გვწამს, რომ ამ აღდგენილი სახელმწიფოს ტრადიციის განმტკიცების დროს უნდა ველოდოთ დახმარებას მხოლოდ და მხოლოდ ევროპიდან და არას გზით ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან; იმ რუსეთიდან, რომლის 100 წლის ბატონობას ამ ორი წლის წინედ ძლივს დავაღწიეთ თავი. ჩვენ ვესალმებით ინტერნაციონალური დელეგაციის სახით ევროპას და ვუსურვებთ სტუმრებს კეთილ მოგზაურობას (სიცილი), რათა ის მოგონებანი, რომლებსაც ისინი საქართველოდან წაიღებენ, შეადგენდენ მათი ცხოვრების თუ საუკეთესოს არა, ერთ კარგ ფურცელს მაინც (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის სოციალისტ-რევოლიუციონერების წარმომადგენელს, ლეო შენგელაიას.

. შენგელაია (ს.-რ.): მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენს ქვეყანას ეწვიენ იშვიათი სტუმრები იმ ქვეყნებიდან, სადაც ორი-სამი წლის წინედ არც კი იცოდნენ ჩვენი სახელი. ჩვენთან მოდიან ჩვენი დამოუკიდებლობის წრფელი მეგობრები, ჩამოდიან ევროპის სოციალიზმის ძველი ბელადები. ამ სამი წლის განმავლობაში ევროპიდან ჩვენ ვნახეთ მრავალნაირი ხალხი. მათ აინტერესებდათ ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, უჩვენოდ. მათ იზიდავდათ ჩვენსკენ, რა თქმა უნდა, არა სიყვარული ჩვენდამი, არამედ სიყვარული თავის საკუთარი ჯიბისადმი.

დღეს ჩვენში პირველად ვხედავთ იმ ევროპას, რომელიც გულწრფელად შეჰხარის ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ გვესტუმრენ ჩვენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიის მეგობრები. ბატონებო! ნება მომეცით, საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის სახელით ვუძღვნა სალამი ჩვენს პატივცემულ სტუმრებს! (ტაში). ორი წლის წინედ ჩვენ ჩამოვშორდით დიდ რუსეთს, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით დიდ ევროპასთან. ეს ჩვენი სურვილი სინამდვილედ იქცევა: ევროპის მშრომელი ხალხი თან და თან გვიახლოვდება. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენთან მოდიან მისი ძველი მებაირაღტრენი. სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია მათ სალამს უძღვნის და ეუბნება: `გაუმარჯოს ევროპის რევოლიუციონურ მშრომელ ხალხს! გაუმარჯოს მის სახელოვან ბრძოლას!~ (ტაში). დღეს საერთაშორისო მუშათა მოძრაობა უდიდეს კრიზისს განიცდის. სოციალისტური ინტერნაციონალის რაზმები დაქსაქსულნი არიან. ამას მოწმობს როგორც მოსკოვის, ისე ჟენევის კონგრესები, რომლებსაც არ დასწრებია მრავალი სოციალისტური პარტიები და ორგანიზაციები.

მსოფლიო ომის დროს მეორე ინტერნაციონალი ვერ აღმოჩნდა თავის დანიშნულების სიმაღლეზე. ის მოკვდა არა სახელოვანი სიკვდილით, ის ჩაიხრჩო შოვინიზმის ტალღებში.

ჩვენ, საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერები, არ დავსწრებივართ ჟენევის უკანასკნელ კონგრესს - არ გვინდოდა დასწრება, ვინაიდან იგი არის გაგრძელება მეორე ინტერნაციონალის, რომლის აღდგომა არც შეიძლება და არც არის საჭირო. მესამე კომუნისტური ინტერნაციონალი ცალმხრივი და სექტანტურია - მას არ შეუძლია გახდეს გენერალური შტაბი ინტერნაციონალის ყველა მებრძოლი რაზმებისათვის.

ამნაირად, იმპერიალისტურმა ომმა მოსწამლა სოციალისტური მოძრაობა, მაგრამ იმავე ომმა სავსებით გამოაშკარავა ბურჟუაზიული საზოგადოების წინააღმდეგობანი. მსოფლიო ომმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში უმაგალითო პერტურბაციები. მან შექმნა ისეთი ობიექტიური მდგომარეობა, რომლიდანაც ერთად-ერთი გამოსავალი არის სოციალისტური რევოლიუცია.

ჩვენ, საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერები ვამბობთ: გენერალური შეტევა კაპიტალის მთელს ფრონტზე - აი, ერთად-ერთი ნიადაგი, რომელზედაც შეიძლება თანამედროვე სოციალიზმის ყველა ჯანსაღი ელემენტების გაერთიანება. მხოლოდ ამ ნიადაგზედ შეიძლება ინტერნაციონალის აღდგენა.

ჩვენს პატივცემულ სტუმრებს უთუოდ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. მათ სურთ გაიგონ, რა გაკეთდა ჩვენში რევოლიუციის ხანაში, როგორია მმართველი წრეების სოციალისტური შემოქმედება.

გულახდილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი პატივცემული სტუმრები ჩვენში ახალს ბევრს ვერაფერს ნახავენ. ჩვენი ქვეყანა არის ტიპიური ბურჟუაზიული ქვეყანა. მისი დღევანდელი მდგომარეობა მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს:

ბურჟუაზია კარგად არის.

პროლეტარები ცოტა გვყავს. ისინი ჯერ-ჯერობით ითმენენ.

გლეხობას რევოლიუციისაგან არაფერი მიუღია, გარდა ახალი გადასახადებისა, გარდა თვითნება და მექრთამე კომისრებისა!..

მმართველი პარტიის მიერ დაკანონებულია ჩვენში სიკვდილით დასჯა, მისი ლოცვა-კურთხევით დათარეშობენ ჩვენში საგანგებო რაზმები და საგანგებო სასამართლოები.

დემოკრატიზმი, დემოკრატიული პრინციპები ჩვენ ისე გავაღრმავეთ, რომ ჩვენი მთავრობის თავმჯდომარეს გაცილებით უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბურჟუაზიული საფრანგეთის პრეზიდენტს, ვიდრე მონარქიული ინგლისის კაროლს! ჩვენი ქვეყანა, როგორც მოგეხსენებათ, გლეხური ქვეყანაა, მაშასადამე, ჩვენთვის ერთი უდიდესი საკითხი არის მიწის საკითხი.

მაგრამ ეს საკითხი ჩვენში ისეა გადაჭრილი, როგორც თითქმის არსად. მარქსი ამბობდა, ბურჟუაზიული დემოკრატიზმი უსათუოდ მოითხოვს, რომ ჩამორთმეული მიწები კერძო საკუთრებად დანაწილდეს. სოციალისტები უნდა შეებრძოლონ მას. სოციალისტებმა უნდა მოითხოვონ, რომ ჩამორთმეული მიწები საზოგადო კუთვნილებად გამოცხადდეს. სოციალ-დემოკრატიამ ჩვენში სავსებით შეითვისა პროგრამა ბურჟუაზიული დემოკრატიისა. მან მოახდინა თავისებური კონფისკაცია მიწებისა. მაგრამ ეს ჩამორთმეული მიწები, წინააღმდეგ სოციალისტური კონგრესების აგრარული რეზოლიუციებისა, მიჰყიდა გლეხებს კერძო საკუთრებად. საქართველოს დემოკრატიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამით გადაწყდა ეროვნული საკითხი საქართველოში.

მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხში მმართველმა წრეებმა სრული სიბეცე გამოიჩინეს. ჩვენს სინამდვილეში არის არა ერთი ფაქტი, რომელიც მოწმობს ეროვნულ საკითხში არსებული პოლიტიკის სრულს უკუღმართობას.

საკმარისი არ არის მოვიხსენიოთ თუნდაც ცხინვალის უკანასკნელი ტრაღედია! ბატონებო! ჩვენს ქვეყანას, როგორც აღმოსავლეთის ერთ-ერთ კუთხეს, ჰყავს დღეს სამი საშინელი მტერი - ეს არის აზიის ფეოდალიზმი, ევროპის იმპერიალიზმი და შინ ზრდილი კაპიტალიზმი. ეს სამი ძალა გაერთიანებული არის ერთ სამღვთო კავშირში. მათ აერთიანებთ ყოფნა-არყოფნის საკითხი. ასე რომ, ბრძოლა რომელიმე ერთი მათგანის წინააღმდეგ არის ბრძოლა ყველას წინააღმდეგ. ფეოდალიზმის წინააღმდეგ თავის ბრძოლაში სოციალიზმს არ შეუძლია დაეყრდნოს კაპიტალიზმის ძალებს ისე, როგორც კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მას არ შეუძლია გამოიყენოს იმპერიალისტური ძალები. ასეთი არის ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ, საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერები, ვამბობთ: ჩვენში ისე, როგორც მთელს ევროპაში, დაწყებულია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ოპორტიუნიზმს არ შეუძლია გაუძღვეს ამ ბრძოლას. ომი, დაწყებული შრომასა და კაპიტალს შორის, არ შეიძლება გათავდეს ზავით, იგი უნდა გათავდეს შრომის სრული გამარჯვებით და ბურჟუაზიის სრული შემუსვრით. ოპორტიუნისტული რყევა, დაყოვნება და ნახევარი ზომები მხოლოდ აძლიერებს რეაქციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის ჩამორჩენილი ქვეყანა, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ქვეყნის სოციალისტები, მაგრამ ჩვენი ლავროვ-მიხალოვსკის მიმდევრები ვამბობთ: ჩამორჩენილი ქვეყანა არ არის პლანეტა, მას შეუძლია გაანათოს საკუთარი სინათლით!

ბატონებო! ოფიციალურმა ევროპამ ჯერ-ჯერობით იცნო ჩვენი ფაქტიური დამოუკიდებლობა. იურიდიულად ჩვენ არა ვართ ჯერ ცნობილი. ჩვენს დამოუკიდებლობას ჰყავს მრავალი მტერი როგორც აზიაში, ისე ევროპაში. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პატივცემულ სტუმრებს, გადასცენ თავიანთ პოლიტიკურ მეგობრებს და მთელს ევროპას შემდეგი: საქართველოს სოციალისტებს ბევრი აქვთ ურთიერთ შორის სადაო, ბევრი რამ იწვევს მათ შორის შეხლა-შემოხლას, უთანხმოებას, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც დავას არ იწვევს: ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი დაცვა. მთელის ჩვენის ძალ-ღონით ჩვენ ვიბრძოლებთ ამ დამოუკიდებლობისათვის და გვწამს, ამ ბრძოლაში ჩვენთან იქნება მთელი სოციალისტური და მოწინავე ევროპა!

ჩვენ, ბატონებო, კარგად გვესმის, თუ რამდენად ძნელი არის დღევანდელ პირობებში პატარა ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ჩვენ ვხედავთ, რომ მტრები მეტი გვყავს, ვიდრე მეგობრები. მაგრამ ჩვენ გვწამს, შორს არ არის ის დრო, როდესაც ევროპის მშრომელი ხალხი დაამსხვრევს მონობის ბორკილებს, როცა ის ააფრიალებს სოციალისტური რევოლიუციის დროშას. ეს იქნება საუკეთესო გარანტია ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ-კულტურული აღორძინებისა. მოქალაქენო! დღეს ჩვენს სალამს ვუძღვნით ევროპიდან ჩამოსულ სოციალისტებს. ისინი ალბათ მალე წავლენ აქედან, მაგრამ ჩვენ გვწამს, ახლო მომავალში სოციალისტური ევროპის გამარჯვებული მუშათა კლასი ჩვენ გამოგვიგზავნის ახალ დელეგაციას, რომელიც გვახარებს, რომელიც გვეტყვის ჩვენ, რომ ამქვეყნად სინამდვილედ იქცა თავისუფალი შრომა და ბედნიერი ადამიანი! (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა დაშნაკციუტუნის ფრაქციის წარმომადგენელს, ტერ-სტეპანიანცს ეკუთვნის.

ტერ-სტეპანიანცი (დაშნაკ.): ბატონნო, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრნო! დღეს საზეიმო თათბირია დამფუძნებელ კრებისა ძვირფასი სტუმრების მობრძანებისა გამო ევროპის პროლეტარიატის გამოცდილი წარმომადგენლებისა.

რუსეთის რევოლიუციონურმა მოძრაობამ, რომელმაც შეურია მრავალი საკითხები და უდავო ჭეშმარიტებანი სოციალური აზროვნებისა, რომელმაც გაარღვია სალი კლდე მუშათა ინტერნაციონალის იდეაში და გააზვიადა კლასობრივი ბრძოლა, დღეს კი რუსეთის ბოლშევიზმი თავის ანეკსიონური მისწრაფებით ცდილობს შეიპყროს საქართველოს დემოკრატიის სახელმწიფოებრივი ცხოვრება და შეიტანოს ანარქია მის რევოლიუციონურ აღმშენებლობაში, თავისუფალი შრომის და ორგანიზაციის გამეფების გზაზედ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში.

საქართველოს დემოკრატია, შესამჩნევის სამანით განშორებული ბოლშევიკურ რუსეთს, სოციალისტური ქვეყნისა და მუშათა ინტერნაციონალის აღმშენებლობის გზაზედ ფეხდაფეხ მისდევს მოწინავე ევროპის პროლეტარიატს საერთო მიზნისკენ, კაპიტალისტური წარმოების სოციალისტურზედ შესაცვლელად და პროლეტარიატის გაბატონებისთვის.

ერთის ნებით და მიზნით აღჭურვილი საქართველოს მუშათა კლასი და მასთან ერთად პარტია დაშნაკციუთუნი, - ესე იგი სომხების მშრომელი მასა საქართველოში, - თავისი პოლიტიკური მუშაობის საფუძვლად სდებენ დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის დასაცავად მათ მიერ იქნება მიტანილი ყველაფერი და ყოველივე პლამობა იმპერიალისტებისას მარცხნივ თუ მარჯვნივ, აღმოსავლეთით თუ სამხრეთით ჯეროვანი ძალა შეხვდებათ ეკონომიურ მუშაობის ფარგლებში, დემოკრატიზმიდან სოციალიზმისკენ, ძმობისკენ და ერთობისკენ.

სულით და აზროვნებით საღი მშრომელი მასა პარტია დაშნაკციუთუნი საქართველოში კეთილშობილი ნაციონალური ღირსებისანი სალამს უძღვნიან თავის ამხანაგებს - წარმომადგენლებს.

ალ. ლომთათიძე: მოქალაქენო! ამრიგად, ორატორთა სია ამოწურული გახლავთ. მე მგონია, რომ საერთო აზრს გამოვთქვამ, თუ ვიტყვი შემდეგს: საქართველოს მთელი ხალხი და მისი დამფუძნებელი კრება ერთ რამეს დასტრიალებენ დღეს თავს: ეს არის უზრუნველყოფა მისი დამოუკიდებლობისა და თავდაცვის საქმისა.

ჩვენ უაღრესად, რაც შეიძლება ჩქარა, გვესაჭიროება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნობილ იქნეს იურიდიულად. ამაში მთელი დამფუძნებელი კრება ერთად არის.

საერთო არის ის აზრიც, რომ როგორც წარსულში ჩვენმა ძვირფასმა სტუმრებმა და იმ წრეებმა, რომელთაც ისინი წარმოადგენენ, პირველად აღიმაღლეს ხმა ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, ისე მომავალშიაც მათი მედგარი ხმა არ შეწყდება და ყოველთვის, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ხალხს რაიმე საფრთხე მოევლინება, ისინი ჩვენი დამცველების პირველ რაზმში იქნებიან.

მოქალაქენო! ნება მომეცით ერთხელ კიდევ მივესალმო ძვირფას სტუმრებს და ხმამაღლა შევძახო: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას! გაუმარჯოს საერთაშორისო მუშათა კლასს, გაუმარჯოს ინტერნაციონალს! (ტაში, ოვაციები). კრება დახურულია.

გვაზავა: გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას! (ტაში).

სხდომა 11 სთ და 10 წუთზე იხურება.

23 ორმოცდამეთორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(52)

1920 წელი. ოქტომბრის 15.

შინაარსი:

1. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში 3 მილიონი მანეთის გადადებისა.

2. სატეხნიკო კომისიის მოხსენება დამფუძნებელი კრების სასახლის შესაკეთებლად წარმოებული მუშაობის შესახებ.

3. საბოლოო ტექსტი.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონ. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 12 სთ. და 40 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილია. გთხოვთ მოისმინოთ კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები და დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს ჯერ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს და შემდეგ დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. სატეხნიკო კომისიის მოხსენება - დამფუძნებელი კრების სასახლის შესაკეთებლად წარმოებული მუშაობის შესახებ. მომხსენებელია პ. საყვარელიძე.

2. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის 3.000.000 მანეთის გადადებისა. მომხსენებელია თ. ღლონტი.

თავმჯდომარე: შემოსული არის წინადადება სოც.-დემ. ფრაქციისაგან მეორე საკითხი დაისვას პირველ საკითხად. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? არავინაა. მიღებულია. სიტყვა თედო ღლონტს ეკუთვნის.

1. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში 3 მილიონი მანეთის გადადებისა.

. ღლონტი (მომხს.): ოქტომბრის 13 სხდომაზე, რომელიც მოწვეული იყო პრეზიდიუმის მიერ და რომელსაც დაესწრო ფრაქციათა წარმომადგენლები, განხილული იყო შემდეგი დეკრეტი: „დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის 3.000.000 მან. გადადებისა“.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამფ. კრების 1920-1921 წწ. ხარჯთ-აღრიცხვის § მე-4, მუხ. 1-ში დამფ. კრების განკარგულებაში, სხვა და სხვა მოულოდნელ და წინასწარ გაუთვალისწინებელ საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოთხოვილია 500.000 მან. ამ თანხიდან უკვე დახარჯულია 413.596 მან. ასე რომ, პრეზიდიუმს მხოლოდ 86.404 მან. დარჩა. მას შემდეგ დამფ. კრების დადგენილებით საგანგებო კომისია შეუდგა სასახლის შეკეთებას. მას შემდეგ, რაც მთელი სასახლის მეურნეობა დამფ. კრების ხელში გადავიდა, დაიბადა წმინდა სამეურნეო ხასიათის ხარჯებიც. ასეთი სამეურნეო ხასიათის ხარჯები აქვს როგორც საგანგებო კომისიას, ისე თვით პრეზიდიუმს. ამიტომ დაიბადა საჭიროება, ამ მეურნეობისათვის შეძენილ იქნეს ცხენები და ფურგონები სხვა და სხვა ტვირთის გადასაზიდ-გადმოსაზიდად. ეს მით უფრო საჭიროა, რომ სამეურნეო ხარჯები მეტის-მეტად გაიზარდა. ჩვეულებრივი ნაგავის გატანა თვიურად 10.000 მანეთამდე ჯდება. ელექტრონის სადგურისათვის სათბობ მასალის მოტანა 4.500 მან. ჯდება თვიურად. სწორედ იმიტომ, რომ ადმინისტრაცია არ გასულიყო ბაზარზე, პრეზიდიუმმა გადასწყვიტა შეძენა ცხენების და ფურგონების. ეს ჯდება რამოდენიმე მილიონი მანეთი. შეერთებულ სხდომაზე გამოითქვა სურვილი ამ თანხის გადადებისა, ვინაიდან საჭირო იქნება საკვებ და სხვა საგნების ყიდვაც. მაგრამ დასასრულ კრება იმ აზრს დაადგა, რომ ახლა მხოლოდ 3 მილიონი მანეთი გადაიდოს, რომელიც ცხადია, შემდეგ გადიდებული იქნება. ასეთია შინაარსი ამ დეკრეტის.

თავმჯდომარე: სიტყვა ხომ არავის ნებავს ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი სიტყვა პ. საყვარელიძეს ეკუთვნის.

2. სატეხნიკო კომისიის მოხსენება დამფუძნებელი კრების სასახლის შესაკეთებლად წარმოებული მუშაობის შესახებ.

პავლე საყვარელიძე (მომხს.): ბატონებო, როგორც მოგეხსენებათ, 15 ამ თვისთვის უნდა დასრულებულიყო სასახლის რემონტი. სამწუხაროდ, ეს განზრახული მუშაობა ვერ დამთავრდა სხვა და სხვა ობიექტიურ პირობების გამო. მე აქ დავასახელებ ამ პირობებსაც: პირველი - გეგმის შედგენისას არ იყო გათვალისწინებული ის პირობები, რომლებიც შემდეგში აღმოჩნდენ. მაგალითად, როცა ფანჯრების გაფართოებას შეუდგენ, აღმოჩნდა, რომ კედლები თითქმის სულ დარღვეული იყო და სატეხნიკო მუშაობის მწარმოებელი ინჟენრები იძულებული შეიქნენ არა მარტო ფანჯრები, არამედ მთელი კედლები ხელახლა ამოეშენებიათ. ეს ერთი. ასეთი მაგალითები ბევრია.

მეორე - იყო ისეთი მომენტი, როცა ინჟენერს ახალი სამუშაო მისცეს გეგმის შემუშავების შემდეგ. მაგალითად, მთავრობის ოთახების მოწყობა, და ამ სამუშაომ, რასაკვირველია, მეტი დრო მოითხოვა. გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც იყო. მაგალითად, მასალა. მასალა არ იყო ბაზარზე და როცა ნახეს, გადმოტანაც ისე გაძნელდა, რომ ეს დიდად აბრკოლებდა საქმეს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა თვით მიიღეს მონაწილეობა ამ საქმის გაადვილებაში. მაგალითად, სამხედრო ქარხანას თავისი მასალა თვითვე მოჰქონდა. მაგრამ ეს დაბრკოლებაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავლახეთ.

მესამე - მუშახელის უქონლობა. მოგეხსენებათ, მუშა ორნაირი გახლავთ. პირველი - შავი მუშა და მეორე კი - ხელოსანი, მასტერს რომ ეძახიან. პირველები ბლომად გვყავდა. მათ თავის შავი სამუშაო შეასრულეს და რაც დასანგრევი იყო, დაანგრიეს და როცა საქმე მივიდა ხელოსნებზე, მათი შოვნა გაძნელდა. აქ პროფესიონალური კავშირიც დაგვეხმარა, მაგრამ ვერც მან გვიშველა, არაფერი არ მოხერხდა, ვინაიდან მთელი ტფილისი მოკლებულია ამგვარ ხელოსნებს. ისინი წასული არიან გორში, კახეთში და სხვაგან. ტფილისის უმაგალითო სიძვირის გამო აქ არ მუშაობენ.

მეოთხე მიზეზი - უამინდობა გახლდათ. როცა კედელს შელესავ, უნდა გაშრეს იგი, თორემ ისე საღებავის წასმა შეუძლებელია. ვისაც კი სასახლეში გაუვლია, ალბათ შეამჩნევდა, რომ ცეცხლით აშრობენ კედლებს და ასეთ პირობებში დროზე სამუშევრის დამთავრება შეუძლებელი შეიქნა. ამ ობიექტიური მიზეზების გამო ვერ შევძელით დღეისთვის შენობა მზად ყოფილიყო. ამის შესახებ თათბირი იყო. პრეზიდიუმის თაოსნობით მოწვეული იყო სატეხნიკო კომისიის წევრებიც და ფრაქციის წარმომადგენლებიც. მათ გაითვალისწინეს ეს მდგომარეობა და დაადგინეს შემდეგი: „15 ამა თვეს გაიხსნას კრება მხოლოდ ერთის დღით და შემდეგ კი სხდომები შეწყდეს შენობის შეკეთების დამთავრებამდე და მიენდოს პრეზიდიუმს, რაც შეიძლება დაჩქარებით მოაწესრიგოს ეს საქმე და მოიწვიოს შემდეგი კრება, როგორც კი საშუალება იქნება“. მოგახსენებთ, რომ სათანადო ზომები მიღებულია და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იმდენად დამზადებული იქნება ფრაქციის ოთახები, რომ შესაძლებელი იქნება დამფუძნებელი კრების მუშაობა. მომხდარმა პრეზიდიუმის და ფრაქციის წარმომადგენლების შეერთებულმა სხდომამ დაადგინა, რომ ეს სხდომა შეწყდეს და მიენდოს პრეზიდიუმს შემდეგი სხდომის მოწვევა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. მე კენჭს ვუყრი (წინადადება საერთო წესით მიღებულია).

გომართელი (კითხულობს პირველ მუხლში აღნიშნულ დეკრეტის საბოლოო ტექსტს, რომელსაც დამფუძნებელი კრება უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე: დღის წესრიგი ამოწურულია. დამფუძნებელი კრების წევრებს ვთხოვ დაათვალიერონ სასახლე და მასში წარმოებული მუშაობის მიმდინარეობა. კრებას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა შუადღის 12 სთ. და 50 წთ. იხურება.

24 ორმოცდამეცამეტე (არაჩვეულებრივი) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(53)

1920 წელი. ნოემბრის 5.

შინაარსი:

1. მთავრობის განცხადება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

სიმონ მდივანი და

. ჯაფარიძე.

სხდომა იხსნება საღამოს 7 სთ. და 35 წთ.

თავმჯდომარე: სხდომა გახნილი გახლავთ. დღევანდელი სხდომა, მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, როგორც აღნიშნული იყო იმ ბარათებში, რომლებიც თქვენ დაგეგზავნათ, არის არაჩვეულებრივი სხდომა. ეს სხდომა გამოწვეულია იმ არაჩვეულებრივი მდგომარეობით, რომელიც შეიქნა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის გარშემო. ამ დროის განმავლობაში, სანამ დამფუძნებელი კრება ისვენებდა, მოხდა ერთი ფრიად საყურადღებო ამბავი, მოვლენა, რომელმაც ჩააფიქრა თქვენი პრეზიდიუმი და მან გადასწყვიტა მოეწვია დამფუძნებელი კრების პლენუმი, რომ ამ ჩვენი ხალხის უზენაეს ორგანოს გაეგო, რაში იყო საქმე, აეწონ-დაეწონა ეს მოვლენა და თავისი ავტორიტეტული მსჯავრი დაედო მისთვის. უდავო ჭეშმარიტება გახლავთ, მოქალაქენო, ის, რომ დამოუკიდებელი არსებობა ერთი რომელიმე სახელმწიფოსი, ამიერ-კავკასიის ტერიტორიაზე რომ აღმოცენდა, უზრუნველყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფო სარგებლობს ამ სიკეთით თავისი სამშობლოს, თავისი ხალხის დამოუკიდებლობით და სუვერენული უფლებებით. იმთავითვე, მას შემდეგ, რაც ძველი რუსეთი დაინგრა, თავგანწირული ბრძოლა ამ დამოუკიდებლობისათვის, რომელსაც აწარმოებდა საქართველო, რომელსაც აწარმოებდა სომხეთი, ეს ბრძოლა ჯერაც არ დამთავრებულა და სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ვსთქვათ, ხვალ ის დასრულდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ხალხის, დემოკრატიის, მთელი ერის ინტერესები. კერძოდ, სომხეთის ხალხი, ამ უკანასკნელ დროის განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მე არ შევუდგები, მოქალაქენო, იმის აღწერას და აღნუსხვას თქვენს წინაშე, თუ რა თავდადებით იბრძოდა ეს ხალხი თავის უფლებისათვის. ეს ბრძოლა დაგვირგვინდა ხალხის გამარჯვებით. ხალხის სუვერენული უფლება გამოიხატა იმაში, რომ მან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მაგრამ მტერი სომხეთის დამოუკიდებლობისა არ დაწყნარდა და ბოლოს ერთმა ნაწილმა ოსმალეთის ხალხისამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რის შედეგი არის ფრიად მძიმე და, შეიძლება ითქვას, აუტანელი სომხის ხალხისათვის.

მე მოგახსენებთ იმ ჯგუფის შესახებ, რომელსაც მეთაურობს ცნობილი ქემალ-ფაშა. ეს ჯგუფი ქემალ-ფაშას მეთაურობით გამოემართა სომხეთისაკენ და ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ უნდა ითქვას, გამარჯვება მოიპოვა.

თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ ყარსი ქემალ-ფაშას ხელშია. ეს უდიდეს საფრთხეს უმზადებს სომხეთის დამოუკიდებლობას და მგონია, ეს საერთო აზრია, რომ სომხეთის დამოუკიდებელი არსებობა აუცილებლად საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს. ყოველ შემთხვევაში, მიუტევებელი იქნებოდა, რომ ამისთანა მოვლენისათვის ჩვენ, დამფუძნებელ კრებას, ყურადღება არ მიექცია და, როგორც მოგახსენეთ, თქვენმა პრეზიდიუმმა საჭიროდ დაინახა არაჩვეულებრივი კრება გაემართა. მან მოგიწოდათ თქვენ და სათანადო მასალის და განმარტების მიღების შემდეგ, რომელსაც აქ წარმოადგენს მთავრობა, პრეზიდიუმი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება ისე, როგორც არა ერთხელ, დღესაც თავის ავტორიტეტულ გადამჭრელ სიტყვას ეტყვის თავის ხალხს და ეს სიტყვა იქნება სიტყვა ჩვენი ხალხის აღდგომისა იმისათვის, რომ მან თავისებურად, გმირულად იარაღი აისხას, რომ თავი დააღწიოს მტრისაგან, ვინც უნდა იყოს ეს მტერი.

ეს მტერი დღეს გამოაშკარავებულია - ეს არის ქემალ-ფაშას რაზმები, რომელნიც არ დაკმაყოფილდებიან იმ დაკვრით, რომლის მსხვერპლი სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა არის და მოისურვებენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც შემოსდგან ფეხი (ხმები: არასოდეს! არასოდეს!). ეს არის, მოქალაქენო, მიზეზი იმისა, რომ თქვენმა პრეზიდიუმმა გამართა არაჩვეულებრივი კრება. დაწვრილებით იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა შეიქნა, მოგახსენებთ მთავრობის სახელით ბ-ნი მინისტრი ნოე რამიშვილი. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ნ. რამიშვილს.

ნოე რამიშვილი (შინაგან-საქმეთა მინისტრი): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებზე კვლავ გამოჩნდა შავი ღრუბლები. ჩვენს არსებობას და თავისუფლებას კვლავ წინ ეშლება შავი აჩრდილი. ჩვენი ხალხი კვლავ დგება საგარეო საფრთხის წინაშე. ამჟამად ეს საფრთხე მოდის სამხრეთიდან. სამხრეთის ჭიშკრებთან გამოჩნდენ ოსმალეთის ლაშქრები. ქემალ-ფაშის მიერ ყარსის და სომხეთის სხვა ნაწილების დაკავებამ შექმნა საქართველოსათვის ახალი მდგომარეობა, ახალი სამეზობლო ურთიერთობა, და თუ ჩვენ ახლავე ამაში არ გავერკვიეთ და შესაფერი პოზიცია არ დავიჭირეთ, მერე გვიანი იქნება. ვინ არის ქემალ-ფაშა და რა სურს მას ჩვენში? ქემალ-ფაშა - ეს ოსმალეთის გამდგარი გენერალია, რომელიც არ სცნობს ოსმალეთის ომში დამარცხებას და მის შედეგებს, უარყოფს ოსმალეთის კანონიერ მთავრობას და მის მიერ დადებულ ზავის პირობებს და აგრძელებს ენვერ-ფაშის პოლიტიკურ პროგრამას და ვეხიბ-ფაშის სამხედრო გეგმებს. ის დამარცხებული მცირე აზიაში ელინთა ჯარების მიერ, დევნილი ზღვებიდან ინგლისის მიერ, მოეშურება ამიერ-კავკასიისაკენ შიგნით, სამშობლოში დაცემული პრესტიჟის აქ აღსადგენად. მეორდება 1918 წლის აპრილის ამბები იმ განსხვავებით, რომ მაშინ ჩვენ საქმე გვქონდა ძლევამოსილ ოსმალეთთან და მის მოკავშირე ცენტრალურ სახელმწიფოებთან, ახლა კი დაუძლურებული ოსმალეთის ურჩ მხედრებთან სომხებზე თავდასხმა და მისი განიავება პირდაპირი მუქარაა ჩვენი დამოუკიდებელი არსებობისათვის. სომხის ერის კვლავ მონობაში ჩავარდნა ნიშნავს ჩვენი თავისუფლების მუდმივ განსაცდელში ყოფნას. დამოუკიდებელი სომხეთი აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობისათვის. თუ ამას დავუმატებთ ქემალ-ფაშის მთავრობის საპროტესტო ნოტას, რომელიც მან ჩვენ გამოგვიგზავნა აგვისტოში ბათომის ოლქის დაკავების გამო, დავინახავთ, რომ ქემალ-ფაშის ლაშქარი არ დაკმაყოფილდება სომხეთით და ჩვენსკენაც გამოილაშქრებს. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვერევით ქემალ-ფაშის შინაურ საქმეებში. ჩვენის აზრით, ოსმალეთის სწორად გაგებული სახელმწიფოს ინტერესები უეჭველად მოითხოვენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩვენთან კეთილგანწყობილების დამყარებას. მაგრამ ეს ჭეშმარიტება ოსმალეთის მოღვაწეებმა ვერ გაიგეს 1918 წელს და ალბათ ვერ იგებენ ვერც ეხლა. წუთიერი, წარმავალი ინტერესების მუდმივ ინტერესებზე მაღლა დაყენება ნიშანდობლივი თვისებაა ბეცი პოლიტიკის და ალბათ ამით აიხსნება ქემალისტების საპროტესტო ნოტა და მათი აგენტების აგიტაცია საქართველოს საზღვრებში. და აი, აქ ჩნდება მთელი სიმართლე ბრძნული თქმულების: „თუ გნებავთ მშვიდობიანობა, ემზადეთ ომისათვის“. თუ გნებავთ ქემალის ლაშქრის თავიდან აცილება, წინ დაუყენეთ მას ასეთივე ლაშქარი, აჩვენეთ მას შესაფერი სამხედრო ძალა და ის იძულებული იქნება ჩვენს საზღვრებს გზა აურიოს. ქემალ-ფაშა ემყარება არა იმდენად თავის სუსტ ძალას, რამდენადაც ბოლშევიკების და ადგილობრივი მუსულმანების თანაგრძნობას.

ჩვენ გვაქვს მოსკოვის მთავრობის კატეგორიული განცხადება, რომ ის ჩვენთან დადებულ ხელშეკრულებას სავსებით ემყარება, ბათომის ოლქს საქართველოს უდავო ნაწილად სცნობს და ქემალ-ფაშის საქართველოში გამოლაშქრებას დაუშვებლად აღიარებს. ამ დაპირებას არ ახლავს არავითარი გარანტია და არც შეიძლება ახლდეს. გარანტია არის მხოლოდ ჩვენი ძალა, ჩვენი მომზადება, ჩვენი მამაცობა. ჩვენ ახლა არ ვართ ის, რაც ვიყავით 1918 წელს. ახლა ჩვენ გვაქვს მოწყობილი სახელმწიფო, გვყავს ბრძოლებში გამოწრთობილი მუდმივი ჯარი და სახალხო გვარდია, გვაქვს ხალხის ერთსულოვნება და აი, ეს არის ჩვენი თავისუფლების გარანტია, ჩვენი ბატონობის და სუვერენობის უზრუნველყოფა. ყოველ შემთხვევაში, ერთი მაინც ვიცით: მოსკოვის მთავრობა აქტიურ დახმარებას ქემალისტებს ჩვენს წინააღმდეგ არ გაუწევს. დარჩა ამათ მთავარ იმედად ადგილობრივი მუსულმანები, განსაკუთრებით ბათომის ოლქის მცხოვრებნი, სადაც ქემალისტების აგენტებმა უკვე წამოჰყვეს თავი და შეუდგენ მოღალატური ქსელის გაბმას. ამ მუშაობას ეწევიან განსაკუთრებით ოლქის უმუშევარი მცხოვრებნი, რომელთაც ავანტიურიზმი და ხალხის აწიოკება თავის სარჩენ წყაროდ გაუხდიათ. მშრომელი ხალხი, პირიქით, ყოველივე არევ-დარევას გაურბის და ცდილობს წინანდელი შემოსევებით აკლებული თავისი სახლ-კარი აღადგინოს, თავისი წაფორხილებული ეკონომიური მდგომარეობა შრომით და გარჯით გააუმჯობესოს. ამათთვის ყოველგვარი ლაშქრობა პირდაპირ დამღუპველია. საქართველოს მუსულმანებმა არა ერთხელ გამოცდილებით იციან, რომ ოსმალეთის რაზმების ჩვენში შემოსვლა მუდამ თავდება მათი დარბევით და ბოლოს, ამ რაზმების უკან გაქცევით. მათ უნდა იცოდენ, რომ იგივე განმეორდება ეხლა; უნდა იცოდენ, რომ თუ ძლევამოსილი ოსმალეთი იძულებული იყო დაეტოვებინა მთელი ამიერ-კავკასია, ქემალის აჭრელებულ, სახელდახელოდ შეკოწიწებულ რაზმებს ჩვენს ქვეყანას არავინ დაანებებს; აქ ერთ დღესაც ვერ გაჩერდებიან და მათი შემოსვლის შედეგი მთელი თავისი სიმძიმით დააწვებათ პირველ ყოვლისა მათ შემომყვანთ, მათ მიმდევართ და დამხმარე ქართველ მუსულმანებს. ჩვენ აი აქედან, ამ ტრიბუნიდან ვაფრთხილებთ მათ და მოვუწოდებთ, თავისი ერთგულებით დაიმსახურონ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობა და თავისუფლება. ამით ჩვენ მოგვეცემა საშუალება ბათომის ოლქში განვახორციელოთ დაპირებული რეფორმები, დავამყაროთ თანახმად ადგილობრივი ხალხის სურვილებისა, ახალი ნორმალური მმართველობა და მით შეძლება მივცეთ ამ ოლქს ყოველმხრივი განვითარებისა. ქემალისტების გამოჩენამ ეს მუშაობა შეაფერხა და იძულებული ვართ ოლქში საგანგებო წესები კვლავ დავტოვოთ და იქ სასტიკი წესიერება დავიცვათ. საქართველოს რესპუბლიკამ იცის ერთგულების დაფასება, მაგრამ ორგულთ და მოღალატეთ შესაფერად გადაუხდის. მთავრობა ღებულობს ყოველნაირ ზომებს მთელს რესპუბლიკაში როგორც მოღალატეთა გამოსვლების თავშივე ჩასაკლავად, ისე გარეშე საფრთხის შესაფერად დასახვედრად.

მთავრობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთელი დემოკრატია, განურჩევლად პარტიისა, ამ დიდ საბედისწერო ბრძოლაში მას მხარს დაუჭერს და მისცემს შეძლებას მტერს მტრულად ძველებურად მამაცურად დაუხვდეს. ჩვენ არ ვიჭრებით სხვის საზღვრებში, ჩვენ თავს არ ვესხმით არავის, ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს, ჩვენს ქონებას და ამ წმინდა და მართალ საქმეში ჩვენთან იქნება მთელი ხალხი, ჩვენ დაგვიჭერს მხარს მოწინავე კაცობრიობა (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ჩხენკელს.

აკ. ჩხენკელი: მოქალაქენო! მთავრობის წარმომადგენლის მიერ ცნობად მოყვანილი ამბავი, რომელიც ხდება ჩვენს სამხრეთით სომხეთში, მართლაც იყო ღირსი იმისი, რომ ჩვენ აქ შევყრილიყავით და გვეთქვა ჩვენი სიტყვა. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად, როგორც აქ, ისე ჩვენი ხალხი, რომელმაც ჩვენ აქ წარმოგვგზავნა, გამოვსთქვამთ ღრმა აღშფოთებას და გულისწყრომას იმათ მიმართ, ვინც თავს ესხმის და ემუქრება განადგურებით ჩვენს მეზობელ სომხეთს. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დამოუკიდებლობის საქმისთვის სომხის ერს აქვს მთელი ჩვენი თანაგრძნობა. დემოკრატიულ სომხეთის რესპუბლიკაზედ თავდასხმა დაუშვებელი არის საერთაშორისო თვალსაზრისით. იგი დაუშვებელია აგრეთვე ჩვენი ეროვნული თვალსაზრისით, ვინაიდან უეჭველია, ის, რაც იქ მოხდა, იქონიებს თავის შედეგებს აქაც.

ერთ გარემოებას უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება: ოსმალეთის ფაშებს რომ არც არაფერი დავიწყებიათ და არც არაფერი უსწავლიათ ამ 6 წლის განმავლობაში, მე ეს არ მაკვირვებს; არც ის, რომ დამარცხებული სამხრეთ-დასავლეთით, ეხლა ფიქრობენ ეს ფაშები ამ ზარალის ანაზღაურებას ჩრდილოეთით, - მე მიკვირს მხოლოდ როლი მათი მოკავშირისა - საბჭოთა რუსეთისა. რა უნდა დავუძახოთ იმ როლს, რომელსაც თამაშობს საბჭოთა რუსეთი ამ ტრაღედიაში? თუ რუსეთის დღევანდელი მთავრობა მუდამ გაიძახოდა, რომ ის არის მომხრე ერის თვით-გამორკვევისა და დამოუკიდებლობისა; რომ ის არის მებაირახტრე მსოფლიო მშრომელი მასსისა; რომ ის არის განმახორციელებელი იმ იდეალებისა, რომლებიც თითქმის საერთო იყო ერთ დროს ჩვენსა და მას შორის, - რას ვხედავთ ჩვენ დღეს? განა ყველა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს სომხეთში, არ არის უარყოფა ყველა ამ პრინციპებისა, ამ იდეალებისა? განა ის პილატისებური როლი, რომელიც უკისრნია საბჭოთა რუსეთს სომხეთის მიმართ, არ არის პირდაპირ სამარცხვინო, მე შემეძლო მეთქვა, პირდაპირ დაუჯერებელი? განა მას შეუძლიან კიდევ სთქვას ევროპის მშრომელი მასსის წინაშე, რომ ის არის ერის თავისუფლების მაღალ იდეალების მატარებელი? არ შეუძლიან და ვერც შესძლებს. ჩვენ მოვისმინეთ აქ უკვე განცხადება მთავრობისა იმის შესახებ, რომ მოსკოვის ბოლშევიკები, ასე ვსთქვათ, ხელუხლებლად სთვლიან იმ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენ მათთან დავდევით, ეს მათ განაცხადეს სიტყვებით გარანტიის მიუცემლად. ამაზე შეჩერებას მე საჭიროდ არ ვსთვლი. მე მივუთითებ მხოლოდ იმ საშინელებაზე, რომელიც სომხეთში ხდება. აქედან თქვენ შეიძლებთ შესაფერ დასკვნის გამოყვანას იმის შესახებ, თუ რას უნდა მოველოდეთ ჩვენ მომავალში. თქვენ იცით, სომხის სამხედრო ძალები არ იყო თავისუფალი სავსებით; მას არ შეეძლო მთელი თავისი ძალებით შეხვედროდა იმ საფრთხეს, რომელიც მოევლინა მას. ის იყო ერთი ფეხით დაბორკილი, არ იდგა ორივე ფეხზე და ამის მიზეზი კი საბჭოთა რუსეთი იყო, რომელიც აზერბაიჯანიდან ემუქრებოდა სომხეთს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სომხის ერი გამარჯვებული გამოვა ამ განსაცდელიდან. სომხის ერს არა ერთხელ უნახავს თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ასეთი საფრთხე, ასეთი განსაცდელი და მე ვფიქრობ, რომ ის ამ განსაცდელს დასძლევს თავის საბედნიეროდ და ჩვენს საკეთილდღეოდ (ჯუღელი: მართალია! ტაში).

მოქალაქენო! სრულიად უეჭველია ჩვენთვის ის, რომ საფრთხე სომხეთისათვის სამხრეთით არის საფრთხე ჩვენთვისაც, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საქმე იმავე პირებთან, იმავე წრეებთან, რომელნიც მოქმედობენ, როგორც იყო აქ ნათქვამი 1918 წ. განსხვავება, რა თქმა უნდა, დიდია 1918 და 1920 წწ. შორის. მაშინ სულ სხვა იყო მდგომარეობა, ეხლა სულ სხვაა. მაგრამ ჩვენ რომ არ დაგვინდობს იგივე მტერი, ამაში ეჭვი არ გვქონია არას დროს: არც მაშინ, როდესაც ყარსი არ იყო აღებული და არც მაშინ, როდესაც მტერმა სულ პირველად გადალახა სომხეთის საზღვრები. ეს გათვალისწინებული გვაქვს ჩვენ და, რა თქმა უნდა, შევხვდებით იმ საფრთხეს ღირსეულად. ჩვენი ძველი ისტორია მუდამ ბრძოლებში ტარდებოდა სწორედ დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ახალი ისტორიაც, ამ სამი წლის ისტორია. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი ერი სამი წლის შრომის შემდეგ დამოუკიდებლობის და თავისუფლებისათვის ვისმეს იაფად დაუჯენს თავის თავზე თავდასხმას, ის, რასაკვირველია, შემცდარი იქნება. ეს თავისთავად მისახვედრია, ბუნებრივია. თუ გნებავთ, ქემალ-ფაშა ერთით განირჩევა, პირველ ყოვლისა, ჩვენგან: ქემალ-ფაშას არაფერი აქვს დასაკარგავი, ჩვენ კი ყველაფერს დავკარგავთ. ეს მართლაც დამარცხებული, ყოველი მხრით დევნილი ფაშა და მისი სამხედრო წრე ეძებენ გამოსავალს. რა თქმა უნდა, ისინი ეძებდენ გამოსავალს აქაც, სხვაგანაც. მაგრამ იმაზე უარესი, რაც ოსმალებს და ენვერისტებს მოუვიდათ, მათ აწი არაფერი დაემართებათ. მაგრამ ჩვენ რომ სისუსტე გამოვიჩინოთ, მოუმზადებლობა ამ მომენტისათვის, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, დავკარგავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენი რევოლიუციის მონაპოვართ.

განა შესაძლებელია დავუშვათ ასეთი მდგომარეობა, რომ ჩვენი ხალხი ვინმეს ნებას მისცემს შეეხნენ მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას? ეს შეუძლებელია, არაბუნებრივია.

ქემალ-ფაშა და მისი დამქაშები, რასაკვირველია, მიზნად იღებენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სამაჰმადიანო საქართველოს, იქითკენ აქვთ მათ თვალი, - ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ ვიცით კარგად ისიც, რომ ჩვენს სამაჰმადიანო საქართველოში არიან აგენტები, მისგან მოგზავნილნი, რომლებიც ავრცელებენ მის მიერ გამოცემულ პროკლამაციებს, რომელთც ჩვენ ვკითხულობთ პრესაშიც. ეს აშკარაა ყველასათვის, აქ დასამალავი არაფერი არის. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მას, ქემალ-ფაშას, სამაჰმადიანო საქართველოში არ მიესვლება, იქ არ შეხვდება მას გამოძახილი, რადგანაც ხალხს აქვს მწარე ექვსი წლის გამოცდილება. მე ვიყავი სწორედ გასულ სექტემბერს იმ კუთხეებში, რომლებმაც გამოსცადა ომიანობის მთელი საშინელება, ლტოლვა-წანწალი, აწიოკება, ჟლეტა. მე ვხედავდი იმ ხალხს, მშრომელ ხალხს, ქალებს, მამაკაცებს, მოხუცებს, რომლებიც ბრუნდებოდენ ოსმალეთიდან. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გაჭირვებული ვიყავით ოსმალეთში, ჩვენ არ გვედგომებოდა იქ, ყველაფერი აფორიაქებული არის, ჩვენ არ გვქონდა ნივთიერი საშუალება გვეცხოვრა; ჩვენ გავხდით მონა და ყმა იქ გაბატონებული წრეებისა, რომელნიც დღეს სამხრეთიდან მოიწევიან... და სწორედ ამიტომ ვბრუნდებით აქეთ, სამშობლოში, რომ ჩვენი გამქრალი კერა ისევ ავანთოთ და შევუდგეთ მშვიდობიან ცხოვრებასო.

ისინი ამბობდენ: ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ აქ, საქართველოში. მე ერთი ფაქტი მინდა დაგისახელოთ. ეს არის ის, რომ ქართველი მაჰმადიანები, რომელნიც 1914 წელს გაძევებულ იქნენ სამაჰმადიანო საქართველოდან, არ დაბრუნებულან არც ოსმალეთის და არც ინგლისის ბატონობის დროს და დაბრუნდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბათომის მხარე საქართველოს შემოუერთდა. ეს ღირსშესანიშნავი ფაქტია და მაჩვენებელი იმისა, რომ ისინი უფრო მეტის ნდობით უცქერიან დედა საქართველოს მომავალს, ვიდრე თვით ოსმალეთისას.

მე მწუხარება უნდა გამოვსთქვა იმის შესახებ, რომ აქ დამფუძნებელ კრებაში, სამაჰმადიანო საქართველოს წარმომადგენლობა არა გვყავს. თქვენ იცით, რომ ვერც კი მოვასწარით მიგვეცა მათთვის, ჩვენი ძმებისთვის საშუალება თავისი წარმომადგენლები ჰყოლოდათ აქ, თორემ ჩვენ არც კი დაგვჭირდებოდა მათ მაგიერ ლაპარაკი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აქ იმავე ენით ილაპარაკებენ, როგორც ჩვენ. მიზეზი ამისა არის ის, რომ ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ მთელი რესპუბლიკის კონსტიტუცია და ამიტომ არ არსებობს კანონი, რომლის ძალით მაჰმადიანი ქართველები აირჩევენ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში - უზენაესი ნებისყოფის გამომხატველში როგორც საქრისტიანო, ისე სამაჰმადიანო საქართველოისა. ჩვენ ისიც კი ვერ მოვასწარით, რომ მიგვეღო დებულება, რომელშიაც უნდა ჩამოესხას წესი ბათომის მხარის ავტონომიური მმართველობისა. დეკლარატიულად ჩვენ ეს არა ერთხელ ვსთქვით ამ ტრიბუნიდან, მხოლოდ კანონით ჯერ არ გაგვიტარებია. თქვენ იცით, რომ ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგში სდგას, როცა ჩვენ ნორმალურ მუშაობას დავიწყებთ, შევუდგებით კონსტიტუციის პროექტის და აგრეთვე ბათომის მხარის დებულების განხილვას. არ ვიცი, შეიძლება ობიექტურმა პირობებმა, გარეშე საფრთხემ შეგვიშალოს ხელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ყოველგვარ დაბრკოლებებს ვძლევთ.

მოქალაქენო! ჩვენ, მართალია, საფრთხის წინაშე ვდგევართ, მაგრამ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, შევხვდეთ სრულიად შეგნებულად ამ საქმეს, ვინაიდან ამის ძალაც მოეპოება ჩვენს სახელმწიფოს, რომელიც არსებობს რამდენიმე წელიწადია და რომელსაც აქვს ყველა თავისი ორგანოები როგორც ცენტრში, ისე ადგილობრივ პროვინციაში. რასაკვირველია, იგი შესძლებს შეაგროვოს, შეკრიბოს და დარაზმოს მთელი ხალხი თავისი თავის დასაცავად. ჩვენ არ გვაქვს საშუალება და არც აქამდე გვქონდა, რომ ჩვენი შინაური ცხოვრება მოგვეწყო ისე, რომ ნაკლი არ ჰქონდეს. ჩვენ ეკონომიურ შევიწროებას განვიცდით, ჩვენი სახელმწიფოს ორგანიზაცია, ტექნიკა ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ჩვენ გვქონდა არა ერთხელ ამის შესახებ თქმული და როდესაც დამფუძნებელ კრების მუშაობა შევაჩერეთ ამ ზაფხულის ბოლოს, ჩვენ, მოგეხსენებათ, მივიღეთ ფორმულა, სადაც ვამბობთ, რომ უნდა შევუდგეთ შინაურ ეკონომიურ მუშაობას, შევქმნათ ერთგვარი გეგმა, ორგანო. ამ ნიადაგზე განვაგრძობთ მუშაობას. და სწორედ კონსტიტუციის შემდეგ უმთავრესი საგანი იყო ეს ჩვენი შინაური ეკონომიური მოუწყობლობის შველა, წამლის გამონახვა, შედგენა გეგმის და ამ გეგმით მუშაობა. მე იმედი მაქვს, რომ ამ მუშაობას შევძლებთ. მართალია, ჩვენს მუშაობაში სიმძიმის ცენტრი მუდამ გადადიოდა გარეშე პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მუდმივი ომიანობა, არ გვაქვს დრო შინაურ მუშაობას დამშვიდებით შევუდგეთ, მაგრამ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენს შინაურ საქმეებსაც მოვაწყობთ, თუ გინდ მოზღვავებულ მტრის წინ. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი შინაური წყობილების განსამტკიცებლად, მე ვფიქრობ და სრულ რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი ხალხი, ერი იმდენად გაზრდილია პოლიტიკურად, იმდენად მაღლა სდგას თანამედროვე მომენტის მიხედვით, რომ ის თავის მოვალეობას შეასრულებს პირნათლად და ამას, უპირველეს ყოვლისა, შეასრულებს ის დამფუძნებელი კრება, რომელიც გამომხატველი არის მთელი ერის მთლიანობისა.

სწორედ მაშინ, როდესაც გარედან გვადგება საფრთხე, ჩვენ ერთნი ვართ, განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა. ეს სპეციალური დამახასიათებელი მხარე არის ერის კულტურისა.

როცა ჩვენი ერის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ხიფათი ელის, ჩვენ ერთნი ვართ იმიტომ, რომ ჩვენ კულტურული ერი ვართ, და ამ ერს აქვს მტკიცე ნებისყოფა და ამის გამომხატველი არის ჩვენი შეიარაღებული ძალა, ჯარი და სახალხო გვარდია, და ვინც იცნობს, ვინც დაკვირვებია მათ მამაცობას, გმირობას, მას შეუძლიან სრული დამშვიდებით იყოს მომავლის შესახებ. ჩვენი მშრომელი მასსა, ხალხი დარწმუნებულია, რომ მის მხარეზე არის სიმართლე და სამართლიანობა; რომ ის საშინელი საფრთხე, რომელიც მას მოელის, არის ბარბაროსული ხასიათის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი, მშრომელი მასსა როგორც გუშინ, ისე დღეს, დაიცავს თავის არსებობას და დამოუკიდებლობას.

ჩვენი დამოუკიდებლობა არის რევოლიუციური მონაპოვარი და მაშასადამე, ჩვენი თავდაცვა - რევოლიუციური თავდაცვაა და ვინც იტყვის, რომ ჩვენი დემოკრატია შემოუშვებს ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ძალას (ვლ. მგელაძე: არასოდეს!) და ჩვენს დროშას ძირს დახრის, - ის ძალიან სცდება. ის კიდევ უფრო მაღლა ასწევს ამ დროშას (საერთო ტაში).

თავმჯდომარე: ბ-ნი კედია.

სპ. კედია (ნ.-დ.): დამფუძნებელ კრების წევრნო!

მთელი ქართველი ხალხი დღეს დგება ახალი მოვლენის წინაშე, ცოტა შესვენების შემდეგ.

კვლავ გარშემო დაირაზმა მტრული ძალა. როგორც „შავი“, ისე „წითელი“ ღრუბლები აფერადდა. რანაირი უნდა იყოს გადაწყვეტილება ჩვენი ერის, დამფუძნებელი კრების, მთავრობის?

ისეთივე, როგორიც იყო წარსულში - ყოველთვის, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მტერი მახვილს მოიმარჯვებდა. ამ მხრივ არ შეიცვლება არც მთელი ერის პოზიცია, არ შეიცვლება ერის არც ერთი მიმდინარეობის პოზიციაც. იგი იყო, არის და იქნება მთლიანად დაპირისპირება მტრის ძალასთან. ამით მე მინდა ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს ავარიდო ის მოსალოდნელი შემცდარი რეპლიკა, რომელიც შეიძლება აქ დაიბადოს ჩემი სიტყვის ერთი ნაწილის გამო. ამ მიზნით, ვიმეორებ, ჩვენი პოზიციაა: მთელი ჩვენი ძალა, მთელი ჩვენი ღონე, მთელი ჩვენი ენერგია და ჩვენი რწმენა მიტანილ იქნეს სამშობლოს სამსხვერპლოზე - გამარჯვებისათვის.

და სანამ ჩვენს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იქნება, სანამ იარაღის ქვეშ ყოფნა გაგრძელდება, - ჩვენის მხრივ ერში არ შეიძლება იქნეს რაიმე ექპლოატაცია ჩვენი მდგომარეობის, ჩვენი საერთო გაჭირვების, რაიმე პოლიტიკურის განზრახვით (ტაში). ეს არ ყოფილა წარსულში, არ იქნება მომავალშიც. და ეს იმიტომ, რომ ჩვენი არსებობის გამართლება არის ჩვენი სამშობლოს საზღვრების დაცვა.

მაგრამ ჩვენ აქ გამოვდივართ დღეს არა მარტო საპარადოდ, არა მარტო სადემონსტრაციოდ და არა საგარეო ტრაფარეტული უნისონის შესაქმნელად, არამედ პოლიტიკური საქმის გასაკეთებლად. ამიტომაც მიუცილებელი ხდება კრიტიკით შევეხოთ მთავრობის მოქმედების ზოგიერთ მომენტს. საჭიროა განხილულ იქნეს და თვალ-გადავლებული ის წარსული, რომელიც მიუძღოდა ჩვენი დღევანდელი ვითარების შექმნას.

არა კამათის გულისათვის, ჩემი რწმენა და განცხადება იყოს ამის თავდები, არამედ უკეთესად დახვედრისათვის მტრის წინაშე, - ვამბობ მე ამას.

ამ მიზნით უნდა ითქვას: მთავრობის მოქმედებაზე დადებითი ელემენტი რომ არ ყოფილიყო, ამ სახით დღემდისაც ვერ მოვაღწევდით. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ თავდაცვის საქმე უკეთეს პირობებში არ გვექნებოდა, რომ მთავრობას არ ჩაედინა ის შეცდომები, რომელიც მისი დოგმის ზადისაგან გამომდინარეობს და რომლის წინააღმდეგ მას ყოველთვის ვაფრთხილებდით. ჩვენ ვიგვიანებთ სამშობლოს საზღვრების დაცვაში! და ეს დაგვიანება ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვით თავდება.

ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყოველთვის გამოუჩენიათ უტეხი სიმტკიცე. ამის მაგალითები ბევრია წარსული 2 წლის მანძილზედ. როგორც კი დაგვირაზმავს ჩვენი ეროვნული ძალა, როგორც კი მოგვიყრია თავი მთელი ერის ენერგიისათვის და იგი მტრის წინააღმდეგ წარზიდულა, მაშინათვე მტერი გაგვინადგურებია და წინ გვიფრენია.

მაგრამ ყოველთვის ჩვენი გამარჯვების აქტი დაწყებულა გვიან, მას შემდეგ, რაც მტერი, ჩვენი კრიმინალური დაუდევრობის გამო ჩვენში შემოჭრილა, დაუმარცხებია ჩვენი ზურგ გაუმაგრებელი მცირე სანაპირო რაზმი და დიდძალი ტერიტორია დაუჭერია. მეორეს მხრით, ჩვენი გამარჯვების აქტი შეჩერებულა ყოველთვის, როგორც კი მოგვიპოვებია მტრის გენერალური დამარცხება, შეგვიჩერებია ისე, რომ გამარჯვება არ ამოგვიწურავს, ტერიტორია მტრისაგან არ გაგვინთავისუფლებია და არც ზარალი აგვინაზღაურებია! ეს უნებური მოღალატური ფსიქოლოგია ჩაქსოვილია მმართველთა პოლიტიკაში და მოვითხოვთ საჯარო განცხადებას, რომ ეს ამიერიდან არ განმეორდება! ამას გარდა, თავიდანვე ისეთ საერთაშორისო პირობებში ვიმყოფებით და ისეთი შინაური მდგომარეობა გვაქვს, რომ ჩვენთვის მილიტარული მარაგი და მზადყოფნა ყოველი წუთის სინამდვილე უნდა ყოფილიყო. ამის მაგიერ ჩვენ არ ვაწყობთ და კიდევაც ვქმნით სამხედრო ძალას, ან დღეს გავმართავთ თავდაცვის აპარატს, მაგრამ ხვალ მოვშლით მას. ჩვენ არა გვაქვს პერსპექტივა მტრის ახალი შეტევისა. ახლაც, ამ უკანასკნელ დროში, სულ რამდენიმე კვირის წინად დავშალეთ მოწყობილი, ფეხზე დაყენებული თავდაცვის აპარატი, დიდის ჭაპანწყვეტით გამართული - ალბად იმიტომ, რომ პერსპექტივაში არ მოველოდით იმას, რაც დღეს სინამდვილედ გადაიქცა. ეს სიბეცე ძვირად გვიჯდება. მოვითხოვთ საჯარო განცხადებას, რომ იგი ამიერიდან არ განმეორდება!

დღეს საჭიროა ერთსულოვნება მთელს ერში, საჭიროა ერთსულოვნება ყველა პოლიტიკურ პარტიათა შორის. შეიძლება საქართველო მარტოდ დარჩეს, როგორც მებრძოლი სხეული მთელს ამიერ-კავკასიაში. სომხეთის მდგომარეობა ჩამაფიქრებელია და მეტად სამწუხაროა. ჩვენ ვუსურვებთ სომხეთის იარაღს გამარჯვებას, მაგრამ არ ვიცით, დაწყებული ბრძოლა რით გათავდება.

მე წარმომიდგენია, რომ სომხეთი ჩამოშორდება საქართველოს ისე, როგორც ადერბეიჯანი და ამიერ-კავკასიაში დარჩება მარტო ერთი საქართველო - ცოცხალი, მომქმედი სხეული, განმარტოვებული და მტრისაგან გარშემორტყმული. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი სულიერი და ფიზიკური ენერგიის დაჭიმვა და შექმნა ისეთ ენთუზიაზმის, რომელიც მოგვცემს მაღალ თავდადებას და მტკიცე ხასიათს და შეიქმს მტერზედ ჩვენს ბრწყინვალე გამარჯვებას. და რომ ეს ფსიქოლოგიური განწყობილება ერში შეიქმნას, მიუცილებელია ყველამ გადახედოს თავის ნაკლს.

საზოგადოებრივ აზრს დღეს გამორკვეული აქვს ყველა პოლიტიკური მიმდინარეობისა და მთავრობის როგორც კეთილი, ისე მავნე მხარეებიც. ერთი რამ ყველასათვის ცხადია, როგორც შინაურთა, ისე გარეშეთათვისაც: მთავრობის შემადგენლობაში არის საშიშარი ზადი. საზოგადოებრივი აზრი ამას ერთხმად აღნიშნავს და როდესაც წინ დიდი გამოუცნობი საქმე გვიძევს, როდესაც ვხსნით დრამის უვერტიურას და არ ვიცით, რით გათავდება, მთავრობა პირველად თვით უნდა მიეგებოს ქვეყნის სურვილს და პირველმა შეეცადოს ერთსულოვნების ატმოსფეროს შექმნას; უნდა გაისწოროს ის ნაკლი, რომელზედაც მას მიუთითებს პრესა, საზოგადოებრივი აზრი. მან თავის წიაღში უნდა მოახდინოს განახლება და ამით დაამშვიდოს საზოგადოებრივი აზრი და გარს შემოიკრიბოს მთელი ერის ერთსულოვნება (ტაში). აღვნიშნავ, ამ მხრივ ჯერ გაკეთებული არა არის რა. ჩვენი აზრით, მთავრობის დღევანდელი მოხსენება ამ თვალსაზრისით დაფასებული, არ არის დამთავრებული. ის, ასე ვსთქვათ, ერთი ნახევრისაგან შესდგება. ჩვენ მოვითხოვთ მოხსენების მეორე ნახევარს, რომელშიაც მთავრობამ ამ ტრიბუნიდან ქვეყანას უნდა აუწყოს თავის შემადგენლობის განახლება და რომელშიაც მან უნდა ჰპოვოს ისეთი ბედნიერი ფორმულა, რომ შემოუკრებელი არ დარჩეს ერის არც ერთი ცოცხალი არსება (ტაში). ამ პირობებში გამარჯვება უეჭველია (ტაში). დღევანდელი თავდაცვის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა სამუსლიმანო საქართველოს. ვიტყვი, სამუსლიმანო საქართველო განსაცდელშია. ვიტყვი იმასაც, რომ სამუსლიმანო საქართველოს პრობლემა საზოგადოდ ჩვენში ღრმად შესწავლილი და გათვალისწინებული არ არის და რა გასაკვირია, თუ მას სწორედ ვერ მივუდექით პრაქტიკულადაც. აჭარა-ქობულეთში მტრად გადავიკიდეთ ჩვენი ნამდვილი და ჭირში გამონაცადი მეგობრები, მტრები კი მტრებად დარჩნენ და ჩვენ დასაყრდნობი ნიადაგი გამოგვეცალა. ეს მოგვიტანა ჩვენმა შემცდარმა პოლიტიკამ.

დღეს, როდესაც ქემალის იარაღი სამუსლიმო საქართველოს საზღვრებთან ჟღარუნობს, ხომ იცით, ამით თუ რა მაცდურობაა აშლილი ქართველ მუსულმანთა შორის. ეს მაცდურობა უნდა აღვკვეთოთ. ეს შეიძლება საღი პოლიტიკის წარმოებით. მეგობრები ვიმეგობროთ და მტრებს ვუმტროთ. ქართველ მუსლიმანთა ნებისყოფით და მოქმედებით სამუსლიმო საქართველო დედა-საქართველოს შეუერთდა. ეს იყო უმთავრესად შედეგი ქართველ მუსლიმანთა შეგნებული ნაწილის. აი ამ მომქმედ შეგნებულ ნაწილს სამუსლიმანო საქართველოსას განაპირობებდა მეჯლისი, რომელმაც საქვეყნოდ გამოაცხადა სამუსლიმანო საქართველოს დედა-სამშობლოსთან შეერთების ნებისყოფა, რომლის გადაწყვეტილებაზე უნდა დამყარებულიყო თვით ანტანტის გადაწყვეტილებაც. ჯერ კიდევ მეჯლისამდე მისი სულის ჩამდგმელი პირები ჩვენთან იყვნენ და ჩვენთან იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობის იდეისათვის. ჩვენ ვემყარებოდით ამ ხალხზე, შემდეგ ამ მეჯლისზე და მივაღწიეთ სრულს გამარჯვებას. ამ სრული გამარჯვების დროს ჩვენ უნდა გავანაღდოთ ის განცხადება, რომელიც მეჯლისმა წარმოადგინა და ის დაპირება, რომელიც მას აღუთქვით ჯერ კიდევ ბრძოლის დროს: ცნობა სამუსლიმანო საქართველოს თავისებურებისა და ამ თავისებურების დამცველი ავტონომიისა. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყვნეთ, რომ მეჯლისი და შეგნებული მუსლიმანი ქართველები, რომელნიც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის, დღესაც ჩვენთან იქნებიან და ჩვენთან იბრძოლებენ საქართველოს საზღვრების დასაცავად, ოღონდ შევაჩეროთ ჩვენი ბეცი პოლიტიკა და წარუშალოთ მისი დამღუპველი შედეგები!

მე მინდა ჩემი სიტყვა დავამთავრო იმით, რომ ერთხელ კიდევ ვუსურვო ჩვენს ხელმძღვანელთ სამუსლიმანო საქართველოს რთული პრობლემის სწორი გაგება და მისი დაფასება წმინდა, მაღალი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, უფრო ღრმად და ფაქიზად, ვინემ იყო დღემდის, - ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ სამუსლიმანო საქართველოში ამნაირი პოლიტიკის დაწყება და შეტანა საუკეთესო საწინდარია საქართველოს მთლიანობის როგორც დასრულებისა, ისე შენახვისაც. თუ გვინდა საქართველოს სიმტკიცე აწ და მარადის, სამუსლიმანო საქართველოს უნდა მოვუაროთ (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ შენგელაიას.

. შენგელაია: მოქალაქენო! დამფუძნებელ კრების წევრნო! ის დიდი საკითხი, რომელიც დღეს დაისვა ჩვენი ქვეყნის წინაშე, არსებითად არ ახალია, - ძველია. თითქმის ყოველ ორ-სამ თვეში ჩვენს წინაშე წამოიჭიმება ახალი საფრთხე, გამოჩნდება ახალი მტერი. ასე იყო ძველად, ასეა დღესაც. გარეშე საფრთხემ და შინაურმა სიურპრიზებმა ჩვენში პერმანენტული ხასიათი მიიღეს. ამიტომაც არის, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა სრულებით არ წააგავს იმ საზეიმო სხდომას, რომლისთვისაც ჩვენ უკანასკნელად აქ შევიკრიბეთ. მაშინ ჩვენ ვზეიმობდით. დღეს კი თვით ჯიუტი და უდარდელი სოც.-დამოკრატია ჩაფიქრებული არის. ჩვენ მაშინ გვეუბნებოდენ, რომ ჩვენი შინაური და საგარეო მდგომარეობა განმტკიცებული არის; რომ ჩვენ გვაკლია მხოლოდღა ევროპის ოფიციალური ცნობა. მაგრამ ჩვენ მაშინაც დარწმუნებული ვიყავით, რომ შემდეგ სხდომაზე ჩვენ უცვლელად საფრთხეზე გვექნებოდა ლაპარაკი, ვინაიდან ამ ორი წლის გამოცდილება ჩვენ გვაძლევს უტყუარ საბუთებს დავასკვნათ: როდესაც სოციალ-დემოკრატია ზეიმობს, - ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საქმე ცუდად არის! (სიცილი). მტერი, რომელიც დღეს პირდაპირ თუ არა, პირდაპირ ჩვენს წინააღმდეგ მოდის, - ახალი არ არის; ძველი და ნაცნობი არის აგრეთვე ის მიზნები, ის მოტივები, რომლებიც მას ჩვენდამი ამოძრავებს. აქ ახალი არის მხოლოდ ის პირობები, რომლებიც შეიქმნა ჩვენს გარშემო; ახალი არის ის მდგომარეობა, რომელშიაც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა კარგად ჩავუკვირდეთ ამ პირობებს, ყოველ მხრივ ავწონ-დავწონოთ ჩვენი მდგომარეობა, რათა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველ ჰყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საქართველოს მშრომელ ხალხის კეთილდღეობას.

აზიის საფრთხემ ასი წლის წინეთ ჩვენი ქვეყანა დაუახლოვა რუსეთს. ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ფიზიკურ განადგურებას, ბარბაროსულ გადაგვარებას. მეორეჯერ აზიის საფრთხემ ფეხზე დააყენა მთელი საქართველო. მაშინ ჩვენ მივიღეთ უდიდესი და ულამაზესი აქტი. და როდესაც დღეს ჩვენ კვლავ გვიხდება ლაპარაკი აზიის საფრთხეზე, მე ვფიქრობ, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წავაწყდებით ახალ ბედნიერებას!

ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა დღეს ვერ არის სახარბიელო. ჩვენს ირგვლივ უნუგეშო სურათია. ამიერ-კავკასიის სამი რესპუბლიკიდან - ერთი დაპყრობილია, მეორე - უთანასწორო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. დავრჩით მარტო ჩვენ. აქედან ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ერთი დასკვნა: ეს არის: გაასკეცებული ენერგიით თავდაცვა; სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ფაშების რეაქციას, ოსმალეთის დესპოტიზმს!

ვერსალის ყაჩაღურმა ზავმა უმაგალითო პირობები შექმნა ოსმალეთისათვის. ევროპის იმპერიალიზმი ყაჩაღურად ჭრის ოსმალეთის სხეულს, უმაგალითოდ ამცირებს მას. ამ ნიადაგზე წარმოიშვა ქემალ-ფაშის ლაშქარი. ეს არის ლაშქარი სასოწარკვეთილებისა, ეს არის აჩრდილი ოსმალეთისა. მას აქვს თავისი მინიმუმი და მაქსიმუმი. მაქსიმუმია - ოსმალეთი ამიერ-კავკასიით, მინიმუმი - ბრესტის ხელშეკრულობა. ორივე შემთხვევაში ჩვენ განადგურება მოგველის. ეს კარგად იცის საქართველოს მშრომელმა ხალხმა. ამიტომ, თუ ის უყოყმანოდ შეებრძოლა ჩრდილოეთის საფრთხეს, მით უფრო განდგომილ ფაშების მჭლე იმპერიალიზმი მას ვერაფერს დააკლებს!

როგორც მოსალოდნელი იყო, ოსმალეთი ეცა, უპირველეს ყოვლისა, სომხეთს. სომხეთის რესპუბლიკის განადგურება, სომხეთის დამოუკიდებლობის დამხობა - აი, მიზანი იმათი, ვინც ყარსი აიღო და დღეს ერევნისაკენ მიისწრაფვის. ტრაღიკული არის სომხის ერის მდგომარეობა. საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვენ დავეხმაროთ სომხეთს; რითაც შეგვიძლია, გავუწოდოთ მას ძმური ხელი თანაგრძნობისა და დახმარებისა.

მაშასადამე, როგორც ჩვენი საკუთარი ინტერესები, ისე ჩვენი მეზობლის მდგომარეობა, მოითხოვს არაჩვეულებრივ ზომებს. ყველამ უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა: ეს არის დამოუკიდებლობის დაცვა საკუთარი სიცოცხლით, ეს არის თავისუფლებისათვის ბრძოლა.

მაგრამ, ბატონებო, გამარჯვება გარეშე ფრონტზე სავსებით დამოკიდებულია შინაურ ფრონტზე, მის ჯანმრთელობაზე. როგორია ამ მხრით ჩვენი მდგომარეობა?

კატასტროფა - აი, ის საბედისწერო დახასიათება, რომელიც გაუკეთა ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბ. ნ. ჟორდანიამ. ასეთი აღსარების შემდეგ ჩვენ გვინდა გავიგოთ, იტყვიან თუ არა კიდევ სოციალ-დემოკრატები, რომ მათი პოლიტიკა, მათი ხაზი, რომელმაც ჩვენ კატასტროფამდე მიგვიყვანა, სწორი არის?!

ჩვენ გვინდა გავიგოთ, უარყოფილია თუ არა ძველი პოლიტიკა და თუ ეს პოლიტიკა უარყოფილი არ არის, ის ძალაში რჩება. სად არის გარანტია, რომ ის ხალხი, ვინც ჩვენ შინაურ ფრონტზე კატასტროფამდი მიგვიყვანა, უარეს კატასტროფას არ გვიმზადებს გარეშე ფრონტზე?

ჩვენ ამის გარანტია არა გვაქვს. ამას წინად გაიმართა სხვა და სხვა სოციალ-დემოკრატიული თათბირები, სადაც იქმნა წაკითხული მოხსენებები. და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამის შემდეგ, რაც იქ ითქვა, გადადგმული იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანდა დღევანდელ საშინელ მდგომარეობიდან და ჩვენს ცხოვრებას წარმართავდენ ახალი გეზით, მაგრამ ეს ჩვენ ვერ ვნახეთ. როგორია მენშევიკების რეცეპტი, რას გვეუბნებიან საშინაო პოლიტიკაზე? ჩვენ გვეუბნებიან: მივადექით კატასტროფას, მაგრამ აქედან გამოვალთ, რესტორნებს დავხურავთ, შტატებს შევამცირებთ და ამით ქვეყანას ავაშენებთო.

აი, მოქალაქენო, ჩვენი მდგომარეობა და სოციალ-დემოკრატიის რეცეპტები! ბატონებო! ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა საშინელია.

მართლაც და, რას წარმოადგენს ჩვენი მდგომარეობა? რა პირობებში არიან სხვა და სხვა წრეები ჩვენი საზოგადოებისა? ჩვენი გლეხი - შიშველია, მუშა - მშიერი, საშუალო მოხელე დაბადების დღეს იწყევლის, ყიდის უკანასკნელ ავეჯს, რომ სახლიდან არ გამოაგდონ.

ავიღოთ ინტელიგენცია: ეს ის მოღვაწენი არიან, რომლებიც კვირაში ერთხელ სადილობენ. დღევანდელ პირობებით კმაყოფილნი და კარგ მდგომარეობაში არის მხოლოდ ორი წრე, ორი ჯგუფი ჩვენი საზოგადოებისა: ერთი მათგანი არის ქართველი ბურჟუაზია და მეორე - მისი დამცველი ბიუროკრატია - სოციალ-დემოკრატია...(სიცილი, ხმაურობა). დანარჩენთა მდგომარეობა უმწეო და საშინელი არის. ეს უნდა ითქვას არა იმიტომ, რომ მტერი გავამხნევოთ ან ვინმეს დავუკარგოთ ბრძოლის სურვილი! არა, ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და სურვილი ერთად-ერთია და ნათელი ყველასათვის: ჩვენ მთელის არსებით ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას; ჩვენ უნდა მივიტანოთ მის სამსხვერპლოზე ყოველივე, რაც გაგვაჩნია, ჩვენი სიცოცხლეც. ყველამ უნდა მოვიხადოთ მოვალეობა, ყველამ უნდა დაიცვას ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ კატეგორიულად, რომ ეს დაცვა უნაყოფო იქნება, თუკი შინაურ ფრონტზე არ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ შეგვიძლიან დავენდოთ იმ მთავრობას,რომელმაც თვისივე განცხადებით, ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე. ჩვენ არ შეგვიძლიან დავენდოთ იმ სამხედრო სამინისტროს, რომელიც, სახელმწიფო კონტროლის განცხადებით, არის დაწესებულება, სადაც «Гнѣздятся хищническіе навыки». განა ჩვენ შეგვიძლიან ვენდოთ იმ მომარაგების სამინისტროს, რომელიც რამოდენიმე ხანია ჩვენს ქვეყანას კვებავს ტალახით?

საფრთხე დიდია, მომენტი სერიოზულია და ამიტომ მთელი ერი ფეხზე უნდა დადგეს. ყველამ უნდა გაიღოს მსხვერპლი და უპირველეს ყოვლისა, ეს მსხვერპლი უნდა გაიღოს მმართველმა პარტიამ და მთელი მთავრობა უნდა გადადგეს... (სიცილი. ხმაურობა). ეს იქნება ერთად-ერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა-გამგეობის სათავეში აღარ იქნებიან ქურდები და მაშენიკები და ჩვენს გვარდიას და ჯარს აღარ გამოკვებავენ ტალახით... (ხმაურობა).

ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალ-დემოკრატიული პრესა სწერს იმ ფრონტზე, სადაც ჩვენი მოქმედების კოორდინაცია და ძალების მობილიზაცია უნდა მოხდეს. ეს იყო შინაური, ეკონომიური ფრონტი. და როდესაც ამ საქმისათვის არაფერი არ გაკეთებულა, ჩვენ გაგვიჩნდა მეორე ფრონტი, და ეხლა, უპირველეს ყოვლისა, ეს შინაური მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. ამისათვის საჭიროა ნამდვილი სოციალისტური და რევოლიუციონური პოლიტიკა ვაწარმოოთ.

ამნაირად, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა სერიოზულია, საფრთხე დიდია, ჩვენი ერი უდიადეს გაჭირვებას განიცდის, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, მას შერჩა ერთი რამ, რაც ყველაზე უფრო ძვირფასია. ის დარჩა სულით რაინდი და გონებით გამჭრიახი. ამიტომ ჩვენ გვწამს: ის შიშველი იბრძოლებს, მშიერი გაიმარჯვებს, და როდესაც ბრძოლის ველიდან გამარჯვებული დაბრუნდება, ის ისტორიული კრულვით დასწყევლის იმ უილაჯო სოციალ-დემოკრატიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დამარცხებისათვის.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. შ. ნუცუბიძეს.

შალვა ნუცუბიძე (ს.-ფ.): ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ეს მეორეჯერ შემოიჭრა ამიერ-კავკასიის ფარგლებში ძალა, რომელიც ჰფიქრობს აქ შექმნილ თავისუფლების კერის დანგრევას; ეს მეორედ არის, რომ ჩვენი ქვეყნისაკენ მოიმართება ძალა, რომელიც პირველად ეკვეთება ჩვენს მახლობელ მეზობელს, მაგრამ მიზნად ისახავს ჩვენი თავისუფლების მოსპობასაც. პირველად ეს ძალა შემოიჭრა ამიერ-კავკასიაში სულ სხვა მიმართულებით; დღეს ამ პირველ ძალასთან ასეთ თუ ისეთ კავშირში მყოფი ძალა მეორე მხრით მოიმართება ამიერ-კავკასიისაკენ. როგორც მაშინ, ისე დღესაც საგანთა და მოვლენათა მიმდინარეობა ერთსა და იმავე კანონს ემორჩილება და უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგშიაც მათი განვითარება ერთნაირი იქნება. მაგრამ ერთნაირობა იქნება არა მარტო იმ მხრივ, რომ დაეცემა ჯერ ერთი ერი, რომელიც თავის თავზე მიიღებს შემოსეულ ძალის კვეთებას; ეს ერთნაირობა იქნება არა მარტო იმ მხრივ, რომ ჩვენი მეზობლის დაცემის შემდეგ ჩვენს სამშობლო ტერიტორიაზე შემოვა იგივე ძალა, არამედ ერთნაირობა იქნება იმ მხრივაც, რომ როდესაც ეს ძალა ჩვენს სამშობლო სხეულსაც ეკვეთება, ის აქ იმავე დამარცხებას განიცდის, როგორც პირველმა ძალამ განიცადა. ჩვენ ამაში სავსებით დარწმუნებულნი ვართ.

ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე გარედან შემოსული ძალა აქ აუცილებლად ამ მხრივ ერთ და იმავე ბედს განიცდის. მე დავალებული მაქვს მოგახსენოთ, ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, ჩვენი ფრაქციის აზრი იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღეს არის შექმნილი ამიერ-კავკასიაში. ჩვენი ფრაქცია ყოველთვის ჰფიქრობდა, რომ ამიერ-კავკასიის ამა თუ იმ ერის თავისუფლება მჭიდროდ არის გადანასკული მეორე ერის თავისუფლების შენარჩუნებასთან. მაგრამ საქმის მიმდინარეობამ და საგანთა ლოღიკის განვითარებამ ერთი რამ ცხადჰყო, რაც იმ თავითვე ნათელი და გათვალისწინებული არ იყო. ეს გახლავთ ის, რომ ცენტრი და დასაბამი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა თავისუფლებისა აი აქ, საქართველოში არის მოთავსებული და ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ის ძალა, რომელიც ამიერ-კავკასიაში მოდის და მიზნად ისახავს აქ არსებულ რესპუბლიკათა თავისუფლების მოსპობას, ინსტიქტიურად, თავის ალღოს კარნახით მოიმართება აქეთ, რომ საქართველოში ჩააქროს ის ცეცხლი, რომელიც საერთოდ ამიერ-კავკასიის კეთილდღეობისათვის გუზგუზებს. ის ისწრაფვის, რომ მოსჭრას ის ნერვი, რომელიც მთელი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათათვის ჰფეთქს. ასე მოიქცა ის ძალა, რომელიც პირველად შემოვიდა ამიერ-კავკასიაში და ასე მოიქცევა, როგორც სჩანს, ის ძალაც, რომელიც ეხლა იმავე გზით, გეგმით და მოსაზრებით ჩვენს წინააღმდეგ მოიმართება.

რატომაა, ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, რომ აქ, ჩვენში არის მოთავსებული საბოლოო თავდებობა იმისა, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები თავისუფლებას შეინარჩუნებენ? ეს ასეა იმიტომ, რომ არც ერთი ჩვენი მეზობელი ერი იმ თავითვე არ აწარმოებდა ისეთ პოლიტიკურ თვითგანვითარებას, ხაზს, როგორც საქართველო. თითოეული ჩვენი მეზობელი ერი, სხვა და სხვა პირობებში, ამა თუ იმ კერძო შემთხვევაში პოლიტიკურ ცხოვრების განვითარებისა, თავის დასაყრდნობ ძალას გარეშე ძალთა კომბინაციაში ჰპოულობდა, მისი საორიენტაციო საკითხი ყოველთვის მისი ტერიტორიის გარეშე იყო მიმართული; იგი სამშობლოს ტერიტორიის გარეშე იყო მიმართული. იგი სამშობლოს ტერიტორიის გარეშე ეძიებდა თავის მხსნელ ძალას. შეგნება იმისა, რომ თავის საკუთარ მძლეობას და მოქმედებას დამყარებოდა ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებში, არ იყო ერთნაირად განვითარებული და ყოველ შემთხვევაში ამ მხრივ საქართველოს ყოველთვის ჩამორჩებოდნენ. და სწორედ ეს ძირითადი განსხვავება არის მიზეზი იმისა, რომ საბოლოოდ ჩვენს წინააღმდეგაც მოიმართება ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების თავისუფლების მტერი. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ამიერ-კავკასიაში, - საბოლოოდ მაინც საქართველოშია იმის თავდები, რომ ადრე თუ გვიან ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა თავისუფლება მაინც აღსდგება და ამის მედროშე და მებაირახტრე მომავალშიაც საქართველო იქნება (საერთო ტაში).

ამის თავდებობა, ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, იმაშია, რომ საქართველოს ჰქონდა იმ თავითვე გარკვეული ორიენტაცია: ეს თავის საკუთარ თავზე ორიენტაცია იყო. საქართველოს იმ თავითვე ნათლად ჰქონდა შეგნებული და ამას აქვს ის ორმაგი მნიშვნელობა, რომელსაც მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, დამფუძნებელ კრების წევრნო!

დღეს ჩვენს წინააღმდეგ საშინელი მტერი მოდის, მაგრამ მას არ აქვს ის მომხიბლავი დროშა, რომლითაც წინანდელი მტერი მოდიოდა. მას არ აქვს ის ორჭოფი ხაზი და სახე, როგორიც ჰქონდა პირველ მტერს. იმისი სახის გარჩევა ადვილია, ვინაიდან მისი პოლიტიკური სახის მოხაზულობა გაცილებით ნათელია: იგი იმდენად მოუხეშავი და დაუმუშავებელია, რომ საკმარისია მისი ოდნავ შეხება, რომ მთელი მისი ბუნება გარდაიშალოს. ეს არის ბარბაროსული ოსმალეთი. რაგინდ ფერი არ უნდა მიიღოს მან, რაგინდ ლოზუნგებს არ ისროდეს, რაგინდ ყვავილებით არ უნდა იყოს მოფენილი მისი გზა, მას არ გააჩნია ის ძალა და უნარი, რომლითაც ასე უხვად იყო დაჯილდოებული ის მტერი, რომელიც ამას წინედ ჩვენს სამშობლოს უახლოვდებოდა. ეს ვიცით ჩვენ და ამიტომაც აქედან, ამ ტრიბუნიდან ქართველ ხალხს გარკვეულად უნდა ვუთხრათ, თუ რას მოუტანს მას ის მდგომარეობა, რომ მოხერხდეს და ჩვენი სამშობლოს საზღვრები გადმოლახოს იმ ძალამ, რომელიც ჩვენს საზღვრებს მოახლოებია. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცხადია, რომ ვერავითარ სიკეთეს, ბედნიერებას და წარმატებას ვერ მოუტანს იგი ჩვენს ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა ხელს უწვდის მეორე ძალას, რომელიც დატვირთულია ბედნიერ მომავლის პრობლემებით. იგი ვერაფრით მიიმხრობს ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება ქართველი ერის ისტორიის შუაზე გარდატეხა და ღალატი იმ აჭაღარებული წარსულის, რომლის სახე ქართველი ერის სისხლის ქანდაკებად არის ჩამოსხმული. რა თქმა უნდა, ქართველი ერი მთელი თვისი სიღრმით და სინამდვილით შეიგნებს იმ საშინელ პერსპექტივებს, რომელიც მას დაუდგება, რომ მოხდეს მოულოდნელი რამ და ეს ბარბაროსული ძალა ჩვენში შემოიჭრას.

ცხადია, ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, რომ ასეთ პერსპექტივების წინაშე უნდა სდუმდეს ყოველი აზრთა სხვაობა; უნდა მოდუნდეს ის აფერადებული სხვაობა, რომელიც ჩვენს მიმართულებათა სხვაობას ახასიათებს. სრულიად ცხადია, რომ ამ საშინელ პერსპექტივის წინაშე ჩვენი კუნთების შეკუმშვა, ჩვენი ნერვების დაჭიმვა მხოლოდ ერთის ცენტრის გასწვრივ უნდა მიიმართებოდეს. ცხადია, რომ ასეთ საშინელ პერსპექტივების მოლოდინში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია მთელის თავისის ენერგიით, შესაძლებლობით, პოტენციით ბრძოლისათვის სამშობლოს სამსხვერპლოს კოცონზე სრულის განმზადებით მიიტანს თავს მსხვერპლად (საერთო ტაში).

ასეთია ჩვენი აზრი, ჩვენი განცხადება. ამასთან ერთად, ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას, როგორც მომქმედ ნაწილს პოლიტიკურ აქტიობისა საქართველოში, სრულიად ნათელი, გარკვეული და ცხადი შეხედულება აქვს ამ საკითხების შესახებ, რომლებიც წარსულშიც, დღესაც და მომავალშიაც ჩვენი მსჯელობის აზრთა სხვა და სხვაობას შეადგენს. და თუ იგი დღეს არ ამოდის ამ ტრიბუნაზე დატვირთული იმ საბუთებით, რომლებიც ცხადყოფს ჩვენში მრავალმხრივ სახელმწიფოებრივ საქმეთა მოუწესრიგებლობას, ეს რა თქმა უნდა, იმით კი არ აიხსნება, რომ სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციას აკლია ოპოზიციონური მომწიფება ან ენერგია, პირიქით, ჩვენ დამსახურებად ვთვლით ერის წინაშე, რომელსაც საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია მთელი თაობის სახით მსხვერპლად შეეწირა, რომ დღეს ასეთ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვაქვს სათქმელი, რომ ბევრ რამეზე ლაპარაკი შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის, რაც აქ ითქვა სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის წარმომადგენლის მიერ, ჩვენს შეგნებაზე გადმოთარგმნილი, გაცილებით უფრო მწუხარის სახით იშლება, ვიდრე შეიძლება სოც.-დემ. ფრაქციას აქვს წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, სრულის შეგნებით ჩვენი მოვალეობისა და დღევანდელი მდგომარეობისა, საჭიროდ ვთვლით ვსთქვათ, რომ დღევანდელს მომენტში საერთო მუშაობაში, რომელიც არსებულ მდგომარეობაში ერთ-ერთი პირობაა ჩვენი მტრისაგან თავის დაღწევისა, ამ საერთო ჰარმონიაში არ შეგვიძლიან შევიტანოთ დისონანსი, ამ საერთო ნერვების დაჭიმვის დროს არ შეიძლება ისეთი ელემენტი შევიტანოთ, რომელიც მათ მოადუნებს ოდნავ მაინც, ეს ჩვენი პოლიტიკური სიბრძნის უაღრესობად მიგვაჩნია. დეე, ჩვენი თუნდაც ოპოზიციონურ წრეშიაც ვერ ვპოვოთ თანაგრძნობა, მაგრამ ჩვენ მაინც ამ შემთხვევაშიაც სრულის შეგნებით ვლაპარაკობთ, რომ როდესაც მტრის წინაშე ვდგევართ, ჩვენმა ერმა და ჩვენს ირგვლივ მოსახლე ერებმა უნდა დაინახონ ჩვენი ერთსულოვანი განმზადება ბრძოლისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამ მოუწყობელი არის ჩვენს ცხოვრებაში, არის მთელი რიგი დარგებისა ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რომლებიც არამც თუ მოუწყობელი, კრიმინალურად მოუწყობელია. არის მთელი რიგი დარგები სახელმწიფოებრივ ცხოვრებისა, რომლის მეთაურები პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი. ეს ვიცით და თავის დროზე იქნება თქმული. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მთელი რიგი დარგებისა მოუწყობელი და მოუწესრიგებელია, მაგრამ დღეს აუცილებელ საჭიროებად არ მიგვაჩნია ამაზე ვილაპარაკოთ (გ. ერაძე მინისტრების ლოჟაში იცინის). ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის მინისტრი, რომელიც ყველაზე მეტს იცინის, ყველაზე მეტს უნდა სტიროდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც იცინის და ჩვენ მაინც, დღეს-დღეობით არაფერს ვამბობთ და ვიტყვით ამას, როდესაც ამის საჭიროება იქნება (ხმაურობა, სიცილი). როდესაც ჩვენი ერის წინაშე წარვსდგებით არა იმ საკითხით, საჭიროა თუ არა ერთსულოვანი დაჭიმვა ჩვენი ნერვებისა და მთლიანობა მოქმედებისა, არამედ ჩვენს წინაშე დაისმება საკითხი იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ზოგიერთი უწყება და რა მდგომარეობას ჰქმნის სახელმწიფოში. მაშინ ჩვენ, სრულიად შეუდრეკელად, პირად მოკრძალების პატივისცემის გარეშე, არა შიშის ქვეშ, არამედ სინიდისის კარნახით, ვიტყვით ყველაფერს და ბევრს ვიტყვით, რადგან სათქმელი ბევრი გვაქვს. დღეს კი ამას, რაც მოგახსენეთ, მაინც ვამბობთ იმდენად, რამდენადაც ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ საქართველოში არ სძინავს პოლიტიკურ აზრს. საკმარისი არ არის, რომ აზრთა სხვა და სხვაობას მხოლოდ ასოებით აწყობილ სიტყვაში ჰქონდეს გასაქანი, საჭირო არის, რომ ეს ცხადი და ნათელი იყოს აქ წარმოთქმულ ცოცხალ სიტყვაშიაც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს აქ უნდა ითქვას იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ მოსახლე კაცობრიობამ და ყველა იმან, ვინც დაინტერესებულია ჩვენი ბედით, სთქვას, რომ საქართველო იმდენად მომწიფებულია, იმდენად მჭიდრო სხეულად არის ჩამოსხმული, რომ თავისუფლად შეუძლიან ყოველგვარ მოძრაობას შეეგუოს, შეუძლიან თავისუფლად აიტანოს შინაგანი კრიტიკა და აზრთა სხვა და სხვაობა. ეს ჩვენი სიძლიერის მეტს არაფერს დაამტკიცებს და ის, რაც ვთქვით, ამის დამალვას და თქმას დანაშაულად ჩავთვლით. ერთი რამ ცხადი და ნათელი უნდა იყოს: ის, რაც მე აქ მოგახსენეთ, გამოწვეული არის სამშობლოს უმწიკვლო და ყოველივე ანგარიშების გარეშე მყოფ სიყვარულით. მთელმა თაობამ მშრომელთა და იდეალისტურ ინტელიგენციისა, რომელიც სოციალისტ-ფედერალისტთა დროშის ქვეშ იყო დარაზმული, თავის არსებობის ფაქტით ცხადჰყო, რომ ის მზად არის სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანოს მთელი თავისი სიცოცხლე, როდესაც კი საამისო მოწოდება გაისმის და სამშობლოს სამრეკლოზე ზარი ჩამორეკავს. თუ ჩვენ დღეს ამის თქმით ოდნავ მაინც თქვენს სახეს ჩრდილი მოვფინეთ, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს ბოლოს და ბოლოს ერის კეთილდღეობა. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბრწყინვალეა ის ტახტი, რომელზედაც თქვენ ბრძანდებით, მაგრამ ის ჩვენ სრულიად არ გვხიბლავს და არ გვსურს მანდ ამოსვლა. ვიცით, რომ ეს ის ტახტია, რომელზედაც ნებით ისტორიისა ქართველი ერის სუვერენობაც განიმტკიცების. დეე, თქვენ დარჩით ამ ტახტზე, ვინაიდან თქვენ სამშობლოს იცავთ და ქართველი ერის თვითდაცვის საქმეს აკეთებთ. და ამ შეგნებით, ჩვენ მზად ვართ, თუ საჭირო იქნება, ჩვენი უსიცოცხლო გვამებიც საფუძვლებად დავუდოთ ამ ტახტს, ოღონდ ქართველი ერის ბედნიერება ხანგრძლივად განმტკიცდეს (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი (ნაციონალისტი): ბატონებო! დღევანდელი სხდომა არის მოწვეული იმ საფრთხის გამო, რომელიც მოსალოდნელია ოსმალეთის, ანგორის მთავრობის ქემალ ფაშას ჯარების მოახლოვებით.

ბატონებო! ჩვენ, არასოციალისტები, ნაციონალისტები, საგარეო პოლიტიკაში ვხელმძღვანელობთ მხოლოდ რეალურ პოლიტიკის კანონებით და ამ რეალურ პოლიტიკის კარნახით. ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ ქემალ ფაშა შავია, წითელი თუ ყვითელი, ის არის ფაქტიური, ეროვნული მთავრობა ოსმალეთისა, იმ ოსმალეთისა, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ისტორიულად რამდენიმე საუკუნეა უკვე არის ჩვენს მეზობლად, სამხრეთით.

ქემალ ფაშა იცავდა დღემდის ოსმალეთის იმ მოთხოვნილებას, რომელიც წარუდგინა გამარჯვებულ ანტანტას სერვის ხელშეკრულების ძალით.

დღემდის ის იბრძოდა დასავლეთით საბერძნეთთან. დღეს ის წამოვიდა აღმოსავლეთით და ამართლებს თავის გამოლაშქრებას სომხეთის წინააღმდეგ მისი მოკავშირეობით ანტანტასთან, სომხეთის მოთხოვნილებით ოსმალეთის მიწა-წყალზე, იმავე სერვის ხელშეკრულების ძალით.

დღემდის ჩვენ, ქართველები და ანგორის მთავრობის მიმდევარი ოსმალები ერთიმეორეს არ შევხებივართ, თუ გნებავთ, სტრატეგიულად. ჩვენ რომ გამოვარკვიოთ ის მომავალი, მდგომარეობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას, არსებობს მხოლოდ ერთად-ერთი ქაღალდის მასალა, არსებობს საპროტესტო ან არასაპროტესტო ნოტები, რომლებიც ბათომის შემოერთების გამო მოსვლია ჩვენს მთავრობას.

სამწუხაროდ, ის ნოტა არ იყო გამოცხადებული, ამიტომ მე შეფასება არ შემიძლიან მთლად მდგომარეობის დასახასიათებლად იმ მიმართვის შემწეობით, რომლითაც ქემალ-ფაშა მიმართავდა რუსეთში ჩიჩერინს და აღნიშნავდა საქართველოს ტერიტორიის უდავო ნაწილებს, როგორიც არის ყარსი, არდაგანი და ბათომი. გარდა ამისა, არ არსებობს სხვა საბუთი, რომლითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ხვალ ჩვენს შორის იქნება ომი ან მოლაპარაკება, რომელიც შეიძლება დამთავრდეს მშვიდობიანად და არა ბრძოლით, მაგრამ, რომ ამ პერსპექტივას - ანგორის მთავრობის ჯარების შემოსვლისას კავკასიაში - მეტი სიცხადე ჰქონდეს, წარმოვიდგინოთ ის დამოკიდებულება, რომელიც არის დღეს რუსეთსა და ოსმალეთს შორის; ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა შეიქმნას რუსეთსა და ოსმალეთს შორის დღეს თუ არა, ხვალ.

დღეს ოსმალეთი ამიერ-კავკასიაში მოდის არა მარტო თავისი თაოსნობით, ყოველ შემთხვევაში, თუ სამხედრო არა, მას აქვს ზნეობრივი სანქცია დღევანდელი რუსეთისა. დღევანდელი რუსეთი და ოსმალეთი მოკავშირენი არიან. ჩვენ სწორი, რეალური, ნაციონალური პოლიტიკის კანონით გვწამს, რომ ეს კავშირი არის ხელოვნური და მას მალე ბოლო მოეღება. ჩვენ გვწამს, რომ რა წამს ოსმალეთი, სულ ერთია, რაც უნდა ერქვას მას, ქემალისტები თუ სხვა, რა წამს შეხვდება რუსეთის ჯარს, სადაც უნდა შეხვდეს - სომხეთში თუ სხვაგან, მაშინვე დაიწყება ისტორიული წინააღმდეგობა რუსეთისა და ოსმალეთისა.

ჩვენ გვრწამს, რომ ეს კავშირი შეწყდება აუცილებლად იმიტომ, რომ ის შექმნილია ხელოვნურად. ამისათვის ოსმალეთს აქვს და რუსეთსაც მიზეზები. ოსმალეთი ვერ დაივიწყებს თავის პანისლამისტურ მისიას და იმას, რომ აზერბაიჯანში და დაღესტანში მცხოვრები ერები - მუსულმანები, თათრები, დღეს არის დამონებული რუსეთის მიერ, თუნდ კომუნიზმის ფორმით, თუნდ იმ სახით, როგორც ამ ხალხს იპყრობდა რუსეთი მე-18 საუკუნეში. ეს ერთი მიზეზი.

მეორე მიზეზი ის არის, რომ რუსეთი, რაგინდ წითელი და კომუნისტური იყოს, დარდანელს არ დაივიწყებს და თუ გზა გაიხსნება, მისი პრობლემა იქნება ამ გასაღების ჯიბეში ჩადება, რომელზედაც ყოველნაირი რუსეთი ლაპარაკობს მე-19 საუკუნეში. ამ პერსპექტივებში, საქართველოს პოზიციას დიდი როლი აქვს სწორედ ოსმალეთისათვის, ე. ი. უფრო სუსტი მხარისათვის. თუ რუსეთი იმდენად ძლიერია, რომ საქართველოს პოლიტიკა, ორიენტაცია და პოზიცია გარდამწყვეტი იქნება ოსმალეთისათვის და მოპირდაპირე მებრძოლის პოზიცია ოსმალეთს იმავე ბედს მიაღწევინებს, რომელშიაც იყო ამ რამდენიმე წლის წინად, როდესაც ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის ჯარები არზრუმში და ტრაპიზონში იდგნენ ბანაკად. მაგრამ სანამ ეს კონფლიქტი არ არის ფაქტი, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე განსაკუთრებით იმიტომ, რომ დღევანდელი რუსეთის კომუნისტური მთავრობა ერთნაირ იმედებს ამყარებს იმ ეფექტზე, რომელსაც იწვევს კავკასიაში, ქრისტიანულ ხალხში მუსულმან ოსმალეთის ჯარის შემოსვლა. ამ ეფექტების იმედები აქვს რუსეთის მთავრობას, რადგანაც აქ წინადადებას აძლევენ სომხეთს: „მიმართეთ რუსეთს და შუამდგომლობა დააკისრეთ რუსეთს, დაექვემდებარეთ რუსეთის პროტექტორატს“, და ამის შემდეგ ჰპირდება ხსნას.

ცხადია, რომ ასეთი ეფექტის პერსპექტივას არა მარტო სომხეთში, არამედ საქართველოში მომქმედ რუსეთის კომუნისტური პარტიის განყოფილების ორგანოები მიმართავს, და თავის ორგანოს უკანასკნელ ნომერში მოათავსა წერილები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ მივმართოთ რუსეთის შუამდგომლობას და ეს იქნება საუკეთესო ხსნა ოსმალეთის საფრთხისაგან.

ოსმალეთს კარგად უნდა ესმოდეს როლი საქართველოსი, რომ ჩვენი რესპუბლიკის ეს პოზიცია გადამწყვეტი იქნება, იმ საკითხის ისტორიული დაპირდაპირება, რომელიც ყოველთვის იყო ოსმალეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ამას დღეს ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ანგორის მთავრობისაგან ჩვენ მოგვისმენია მხოლოდ საპროტესტო ნოტები და სხვა არაფერი. თუ ოსმალეთს არ უნდა, რომ შესცვალოს საქართველოს რესპუბლიკის ნეიტრალობის პოზიცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ოსმალეთისათვის არის საგულისხმიერო და საბედისწერო, ჩვენ უნდა ველოდეთ, რომ პოლიტიკური სიბრძნე, - თუ ამ სიბრძნის მიხედვით მოქმედობს ანგორის მთავრობა, - უკარნახებს მას, გააგებინოს საქართველოს მთავრობას, რა მიზნებით და რისთვის მოქმედობს ოსმალეთის ჯარი ამიერ-კავკასიაში. მარტო იმისათვის, რომ ანგარიში გაუწიონ ანტანტის მოკავშირეებს თუ სომხეთს, თუ იმ ძველი გეგმებისათვის, რომელიც ეხება არა მარტო დაღესტანს, არამედ სამუსლიმანო საქართველოსაც, ჩვენ არ ვართ იმის მომხრენი ვთქვათ, რომ ჩვენი დამოკიდებულება მათთან იქნეს საომარი დამოკიდებულება. ჩვენი რეალური მოსაზრებით ჩვენ არ გვაქვს უფლება ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ სამხედრო მოქმედებაში ოსმალეთთან. თუ თვით ოსმალეთზედ იქნება დამოკიდებული, ბოლო მოუღოს ამ მდგომარეობას იმ საშუალებით, რომელიც არსებობს მეზობელ სახელმწიფოთა მთავრობათა შორის, ეს მის მიზნების მისაღწევად უფრო ადვილი იქნება. თუ მას ომი არ სურს და თუ ასეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, მაშინ ჩვენ იმედი გვაქვს, რეალური პოლიტიკის მოსაზრებით ისე, როგორც უწინ ჩვენი მთავრობა, რომელმაც მონახა საერთო ენა მოსკოვის მთავრობასთან, რომელიც აცხადებს ხოლმე, რომ ის არ ასრულებს ხელშეკრულებებს, მონახავს საერთო ენას, მონახავს ისეთ ნიადაგს, ნიადაგს მეზობელთა გასამიჯნავად, ინტერესების არა დაპირდაპირების ნიადაგს მონახავს ანგორის მთავრობასთანაც, მაგრამ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“, მონახავს იმიტომ, რომ თითქმის მესამედს საქართველოსას წარმოადგენს სამაჰმადიანო საქართველო და ჩვენდა საუბედუროდ, იქ ოსმალეთს გასავალი აქვს. ოსმალეთის ინტელიგენციაში არსებობს ისეთი წრეები, რომელთაც ჰგონიათ, რომ სამაჰმადიანო საქართველო მოწადინებულია, შეუკავშიროს თავისი ბედი ოსმალეთს, როგორც ამას ფიქრობდა აზერბეიჯანის, დაღესტნის და სხვა თურქულ ხალხების შესახებ. ამ მხრივ ფრიად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ის იდეა, რომელსაც შეიძლება რუსეთის კარნახით ახსენებენ ოსმალეთის ნოტები: ეს არის აღდგენა სამხრეთ-დასავლეთ რესპუბლიკისა, რომლის მეთაური იყო ცნობილი სერვეთ-ბეი და რომელიც დამარცხდა. თითქოს ამ რესპუბლიკის აღდგენისათვის შეიძლება გამართლება მონახოს, სომხეთის გარდა, ოსმალეთის ჯარების მოქმედებამ კავკასიაში. რასაკვირველია, ამ გზაზე დადგომა - სამხრეთ-დასავლეთ რესპუბლიკის გამოცხადებისა - იქნება აშკარა ომის მდგომარეობა საქართველოსათვის. მაგრამ თუ იდეებს აქვთ გავლენა, თუ რუსეთიც ამ იდეებს უკარნახებს ოსმალეთს, ჩვენც ჩვენი უნდა გვახსოვდეს. საქართველოს ჰქონდა იდეა სამუსლიმანო საქართველოს ბედის მოწყობისა - ეს იყო იდეა ავტონომიისა. ამ იდეამ სამუსლიმანო საქართველოში დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის ცდით ფესვები გაიდგა სამუსლიმანო საქართველოს შეგნებულ ხალხის ნაწილში. ამ იდეის გარშემო სწარმოებდა მთელი მუშაობა ანტანტის ყოფნის დროს ბათომში. ბათომის შემოერთების შემდეგ უსათუოდ დიდ შეცდომას წარმოადგენს ის, რომ ეს იდეა თითქმის დაიჩრდილა და არ წარმოადგენს დღევანდელ პრაქტიკულ პოლიტიკის საგანს. იმისათვის, რომ დღეს სამუსლიმანო საქართველოს რაც შეიძლება მეტი ნაწილი, უმრავლესობა, მტკიცედ იყოს, შეურყეველი, რომ საქართველომ დაიცვას თავისი სისხლით არა მარტო სამუსლიმანო საქართველოს საზღვრები, არამედ საქრისტიანო საქართველოც, ამისათვის აუცილებლად საჭირო არის ამ იდეის დაუყოვნებლივი განხორციელება. თუ დამფუძნებელი კრება ან მთავრობა გამოსცემს აქტს სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიისას, ეს იქნება ერთი საუკეთესო პოლიტიკური აქტი იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და განვამტკიცოთ ჩვენდა სასარგებლოდ მთელი ძალთა განწყობილება აჭარაში, ქობულეთში და მთელ სამუსლიმანო საქართველოში, და არა მარტო ზნეობრივად, არამედ ფიზიკურადაც გამოვიყვანოთ მთელი სამაჰმადიანო საქართველო თავიანთ საკუთარ საზღვრების დაცვისათვის. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ მარტო სამუსლიმანო საქართველოს არ შეუძლიან იკისროს თავის თავზე სამხრეთ საქართველოს საზღვრების დაცვა და საქრისტიანო საქართველოც მზად უნდა იყოს, რომ თუ ვინიცობაა ოსმალეთმა ვერ გაიგო მისი ინტერესები, ვერ იანგარიშა ის წონა, რომელიც აქვს საქართველოს რესპუბლიკას ოსმალეთის საქმეში და ომის წინაშე დაგვაყენა, - საქართველო მთელი ენერგიით მზად უნდა იყოს მტრის უკუსაგდებლად.

საჭიროა მობილიზაცია ყოველგვარი, როგორც ჯარის, ისე ეკონომიური, ისე ფინანსიური. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელსაც ყოველთვის აწვება ყოველივე ომის ჩატარება, - სოფელი, სოფლის მცხოვრები, რომლის უმრავლესობას შეადგენს გლეხობა, რომ ეს სოფელი გაიღებს ისევე თავის წვლილს, როგორც ფიზიკურს, ისე ეკონომიურს და ფინანსიურს. მაგრამ უსათუოდ ის, რაც იყო ნათქვამი ჩვენს შინაურ ეკონომიურ პოლიტიკის შეცდომებზე, უნდა იყოს ნაანგარიშევი. მთელი ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი სოფელი, რომელიც იძლევა ომის დროს სისხლს, პურს და ფულს, ეს სოფელი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი სისხლი არ დაიღვრება ტყუილად, რომ მისი პური არ შეიჭმება ტყუილად, რომ მისი ფული არ გაიფლანგება ტყუილად; უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ფული შევა ხაზინაში და არა ბოროტ-მომქმედთა ჯიბეში. პური შევა სახაზინო ბეღელში და არა ბოროტ-მომქმედთა სახლებში და ეს პური არ იქცევა ტალახად, როგორც იქცეოდა დღემდე.

ამისათვის საჭიროა კონტროლი და გარანტიები და ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიის მთავრობას არა აქვს უფლება - არც პარლამენტარული, არც ზნეობრივი - სთქვას, რომ მას აქვს კონტროლი, რადგანაც სოციალ-დემოკრატების პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი არ შეიძლება კონტროლად ჩაითვალოს (ჩხიკვიშვილი: ფილიპე გოგიჩაიშვილი სოციალ-დემოკრატი არ არის!). ამისათვის თუ ომი იქცა ფაქტად, საჭიროა კონტროლი იმისა, რაც აუცილებლად იქნება დასახარჯი, ხალხისაგან ასაღები; რომ კონტროლი იყოს არა შინაური, არამედ ახდილი და საზოგადოებრივი; რომ ყველა კლასის და ყველა მიმდინარეობის წარმომადგენლობას ქონდეს უფლება შეგნებულ თვალყურს ადევნებდეს დღევანდელ ერთ პარტიულ მმართველობის ნაბიჯების გადადგმას.

ბატონებო, დასკვნისთვის მე მინდა მოვიგონო კიდევ 1918 წელი. მართლაც დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ბევრად წააგავს 1918 წელს. მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებაზე, რომელიც ერთხელ კიდევ გვაგონებს 1918 წელს.

თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც 1918 წელს ოსმალეთი შესცდა და არ შეჩერდა თავის ბუნებრივ საზღვრებში, წამოვიდა სამუსულმანო საქართველოსკენ და უფრო შორს - საქრისტიანო საქართველოსკენ, ჩვენ არ ვიყავით მაშინ მარტონი; ჩვენ მაშინ ყოველგვარად გვეხმარებოდა ევროპა, ევროპის აქ მომქმედი ძალები.

მე ვგულისხმობ გერმანიას.

მაშინ საქართველო არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ევროპის ფიზიკური დახმარება არ ყოფილიყოს ჩვენთვის საჭირო. და ეს დახმარება ჩვენ მივიღეთ. გერმანიის ჯარისკაცებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღვარეს სისხლი ბორჩალოში.

დღეს კი ჩვენ ბევრად ძლიერი ვართ, შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი მეზობლები ბევრად სუსტნი არიან. ჩვენ არ გვჭირდება არც ერთი გარეშე ძალის ფიზიკური დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორია ისტორიული, ბუნებრივი, დღეს ფაქტიურად დავიცვათ. მაგრამ ევროპის ყურადღებას თუ დახმარებას, ფიზიკურს თუ ზნეობრივს, თუ ეკონომიურს, საერთოდ, კულტურულს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ ჩვენთვის ფრიად საგულისხმოა, თუ გნებავთ სიმბოლური ის ფაქტი, რომ დღესაც, ორი წლის შემდეგ, როდესაც ოსმალეთი ისევ აპირეპს ჩვენი საზღვრებისკენ წამოსვლას, დღესაც ამ ევროპის სახელმწიფოს - გერმანიის ხმა გაისმა და ეს ხმა ამბობს იმას, რომ გერმანიის მთავრობამ იცნო დე ჯურე საქართველოს რესპუბლიკა (მხურვალე ტაში).

ეს, ბატონებო, ბევრ რამეს ნიშნავს. შეიძლება ნიშნავს იმ რუსეთისთვისაც და იმ ოსმალეთისთვისაც, რომლებზედაც ბევრს ჰგონია, რომ რადგან ორივე - რუსეთი და ოსმალეთი - წარმოადგენენ ყოფილ გერმანიის დიდ კოალიციის წევრებს, რომ ამათ მოქმედებაში - რუსეთის და ოსმალეთის მოქმედებაში - ერთგვარი გავლენა, ერთგვარი ასოციაცია აქვს გერმანიის პოლიტიკას. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოსმალეთზე ან რუსეთზე აქვს რაიმე გავლენა გერმანიის პოლიტიკურ ნაბიჯს, მაშინ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გათვალისწინებას მნიშვნელობა აქვს. მაშინ ეს პოლიტიკური ნაბიჯი ყოფილა ისეთი, რომ ამ კოალიციის მეთაური, უდიდესი სახელმწიფო ცენტრალურ ევროპისა ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს საუკუნოდ დამოუკიდებელი და იურიდიულად სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას.

ბატონებო, მე მგონია, რომ ეს არის სიმბოლიური ჩვენთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ ოსმალეთი თუ მოინდომებს ძველი გზის გაგრძელებას, ისევე არ აუსრულდება თავისი მაქსიმუმი პრეტენზიებისა, როგორც არ აუსრულდა მას აქამდე. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ანტანტა, რომელიც აქამდე თითქოს ყველაზე უფრო იყო დაინტერესებული კავკასიის საქმეებით და განსაკუთრებით, მისი მეთაური ინგლისი, სათანადო დასკვნას გამოიტანენ და გერმანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯიდგან, ჩვენი დამოუკიდებლობის de jure ცნობიდგან და სათანადო დასკვნით, ცნობით არ დაიგვიანებს.

ბატონებო, მე ღრმად მწამს, თუ მდგომარეობამ მოითხოვა და საქართველოში მობილიზაციით შეკრებილი ჯარი დაიძრა ჩვენი საზღვრებისკენ, ის დაბრუნდება სახლებში ისევე ძლევამოსილი, როგორც იყო აქამდის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის დანაკლისი ჯერ-ჯერობით არსებულ ტეროტორიისა - იქნება ეს ზაქათალის ოლქი, ბორჩალო თუ არტაანის ოლქი, რომ ჩვენი ჯარი, თუ მას მოუხდება დღევანდელ ფაქტიურ საზღვრებზე ბრძოლის დაწყება, იგი ამ ფაქტიურ საზღვრებს გააფართოვებს საქართველოს ბუნებრივ, საუკუნო საზღვრებამდე (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ტერ-სტეფანიანს.

ტერ-სტეფანიანი (დაშნაკ.): ბატონებო! ამიერ-კავკასიის დემოკრატიულ რესპუბლიკების პოლიტიკურ ჰორიზონტზე ამ ბოლო დროს შემოიკრიბენ შავი ღრუბლები, რომელთაც აზრად აქვთ გაანადგურონ ამიერ-კავკასიის დემოკრატია.

მართლაც, ერთი მხრიდან ქემალი თავისი ჯარით აწვება გუმბრის კარებს და მეორე მხრიდან კი მათი მოკავშირენი ცდილობენ გაიბილიკონ გზა, მიუახლოვდენ ქემალს და განახორციელონ ის ბოროტი აზრი, რომელიც მათ დიდი ხანია აქვთ გულში.

ამ გარემოებაზე ჩვენ თავის დროზე თქვენი ყურადღება მივაქციეთ, მაგრამ თქვენ კი ყური არ უგდეთ ამას თავის დროს.

ასე თუ ისე ეხლა, ამ მომენტში, უკვე ფაქტია, რომ სომხეთში და მის საზღვრებში დაწყებული ომი და სომხის დემოკრატია, სომხის მშრომელი ხალხი, როგორც ავანგარდი ამიერ-კავკასიისა, სისხლით იწურება.

მართალია, სომეხი მშრომელი ხალხი, მშიერი და მწყურვალი, თუმცა სისხლად იწურება, მაგრამ მას სულ მუდამ მაგრად, მაღლა სჭერია დროშა ამიერ-კავკასიის ერების სოლიდარობისა.

დღეს აიღეს ყარსი, ხვალ ჩვენი მტრები მოინდომებენ გაილაშქრონ ბათომის მხარესაც. და დღეს ამ ორ დემოკრატიას - სომხის და ქართველისა - სჭირიათ, რომ ერთად იყვნენ აგრეთვე, როგორც ისინი ყოფილან სულ მუდამ ერთად - ჭირში თუ ლხინში.

მაშასადამე, ჩვენ ერთი გულით და სულით უნდა დავხვდეთ მტერს.

ჩვენი პარტია ამ კითხვაში დეეხმარება თუ მთავრობას და თუ დამფუძნებელ კრებას (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს, ბ. ნოე რამიშვილს.

ნოე რამიშვილი (შინაგან-საქმეთა მინისტრი): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! მთავრობის სახელით საჭიროდ მიმაჩნია გავფანტო რამდენიმე გაუგებრობა, რომელიც აქ შექმნა ზოგიერთ ფრაქციის წარმომადგენელმა და რომელიც აუცილებლად ხელს შეუშლის ჩვენი თავდაცვის საქმეს.

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წარმომადგენელი ბრძანებდა: თქვენ მუდამ იგვიანებთ და ამიტომ ყოველთვის ჩვენი პირველი შეტაკება თავდება უკან დახევით, ხოლო, როცა ჩვენ ძალებს მოვიკრებთ და გამარჯვებას ვიგემებთ, მაშინ თქვენ აჩერებთ გამარჯვებულ ჯარსო და ამიტომ ჩვენი გამარჯვება მუდამ დაუბოლოვებელი რჩება და ის არ იძლევა იმ შედეგს, რომელიც უნდა ჰქონდეს ბრწყინვალე გამარჯვებასო.

მე უნდა განვაცხადო აქ, რომ ის, რაც აქ ეროვნულ-დემოკრატების წარმომადგენელმა განაცხადა, ჩვენთვის მართლაც მიუღებელია. და ეს მიუღებელია იმიტომ, რომ ეს მიუღებელია მთელი ჩვენი ხალხისთვის.

ჩვენ ძლიერნი ვართ ბრძოლის ველზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს არა გვქონია სურვილი სხვისი ტერიტორიის დაპყრობისა (ტაში. ხმაურობა). თუ ჩვენ უკან ვიხევდით, შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ მოუმზადებელნი ვიყავით. მაგრამ ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ არ ვემყარებოდით იმას, რაც არ წარმოადგენს ძალას იმპერიალისტურს და მილიტარისტულს. და რა გასაკვირველია, რომ ეროვნულ-დემოკრატები, რომლებიც მთელ თავის ბედს ამყარებენ სხვისი ტერიტორიის დაპყრობაზე... შეიძლება რამდენიმე საათით, რამდენიმე წუთით გაუღიმა მტერს ბედმა და შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე. მაგრამ სწორედ ის გარემოება, რომ ჩვენ არასოდეს არა გვქონია სურვილი სხვისი ტერიტორიის დაპყრობისა (სპ. კედია: საკუთარის? ბორჩალოს მაზრა?!) და არასოდეს არ ვაძლევდით საშუალებას მტერს ხელსაყრელ პირობებში ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულიყო, და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველი ომი ასე ბრწყინვალედ დავაბოლოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება მომავალშიაც (ტაში. ხმები: ფაქტები, ფაქტები?) დიახ, ეს არის სწორედ ერის ღაღადისი - ის გარემოება, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, უნარი, შევაჩეროთ ჩვენი ჯარი მაშინ, როცა ამას მოითხოვს ჩვენი საზღვრების უზრუნველყოფა (ტაში. ხმაურობა) გამარჯვებულიც კი, როცა ამას მოითხოვს... (ხმაურობა) თქვენ ძალიან გიყვართ ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა, რომელსაც აწარმოებდა ამ ზაფხულს ერთი სახელმწიფო. მე ამას არ დავასახელებ. მე მსურს ეს ქვეყანა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი, მაგრამ თქვენ იცით, რა? სულ რამდენიმე დღის, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იგი ავანტიურაში ჩაება, მოუხდა ისეთი შეცვლა ომის ბედისა, რომ მან არა თუ დაკარგა დაპყრობილი ტერიტორია, არამედ კინაღამ დასტოვა სატახტო ქალაქი რესპუბლიკისა (ტაში. სპირ. კედია: ფაქტი, ფაქტი: თქვენი ტერიტორია ვერ დაიცავით ბორჩალოში!). რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ისეთი შეცვლა ომის მდგომარეობისა, რომ იმან არამც თუ დაჰკარგა ტერიტორია, კინაღამ დასტოვა სატახტო ქალაქი (კედია: თქვენ ვერ დაიცავით ბორჩალო!)

დარწმუნებული იყავით, რომ ის მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია დამფუძნებელი კრების წინაშე, არას დროს ასეთ ავანტიურაში არ ჩაებმება. ჩვენი ხმალი ყოველთვის მკვეთრი იქნება ორგულთა წინააღმდეგ (კედია: ფაქტი ფაქტად რჩება: საკუთარი ტერიტორია ვერ დაიცავით, ამას ანგარიში უნდა გაეწიოს!).

შემდეგ რამდენიმე ფრაქციის წარმომადგენლებმა, ზოგიერთებმა ოპოზიციონური სულით, პარტიული ჟინით აღგზნებული, ჯერ სადღეგრძელოს ამბობდა, შემდეგ იცით, რით გაათავა? მოიყვანეს ერთი საბუთი. ისინი ლაპარაკობენ: აი, ბატონებო, თქვენი შინაური მდგომარეობა ისეთია, თქვენ სთქვით უკვე... (დადიანი: ჩვენ არ გვითქვამს ჯერ, დადგება დრო, - გეტყვით!) თქვენ სთქვით: მთავრობის წინააღმდეგ ასეთი გამოსვლა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვართ სავსებით დარწმუნებული, რომ ამ საგარეო საფრთხეს თავი გაართვათ, ვინაიდან თქვენ შექენით ისეთი შინაური ურთიერთობა, რომელიც ასეთ იმედებს ვერ იძლევიან. მე უნდა მოგახსენოთ, ასეთი გამოსვლა მე არ გამკვირვებია. ვინაიდან დღეს ხშირად ახსენებენ 1918 წელს, მეც სწორედ მინდა გავიხსენო ის. სწორედ ის პარტია, რომელიც გამოდიოდა მთავრობის მოქმედების კრიტიკით, მაშინ ის მოუწოდებდა ხალხს მობილიზაციის წინააღმდეგ (ხმები: სოც.-რევ.: სირცხვილია! შენგელაია: მეტი საბუთი არა გაქვთ? სირცხვილია, სირცხვილი! ხმები: მართალია!).

რა გასაკვირალია, ბატონებო, რომ საქართველოს დემოკრატიამ იდღესასწაულოს თქვენი გამოსვლა. მან ჩაგაყენათ ისეთ მდგომარეობაში, რომ დღეს არ გაქვთ საბუთი სიტყვის, რომელიც გინდათ წამოისროლოთ (ხმები: ყველაზე!). პურს არ გვაძლევთო, ტალახიან პურზე იყო აქ განსაკუთრებით ლაპარაკი (კედია: ნოე ჟორდანიას ჰკითხეთ, როგორი იყო ეს პური?).

არც ერთი წარმომადგენელი არ დაფიქრებულა იმაზე, არ გაუწევია ანგარიში იმ გარემოებისათვის, რომ ის ქვეყანა, რომელიც მუდამ იკვებებოდა უცხოეთიდან შემოტანილი პურით, ჩავაყენეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის საკუთარი პურით უნდა გამოიკვებოს (ხმა: ნოე ჟორდანია მოგახსენებთ, ორი მაზრა გვეყოფაო!). ის, რაც ჟორდანიამ სთქვა და თქვენ ვერ გაიგეთ, მაინც ისეთს დასკვნას, რომელიც შეეფერება მდგომარეობას, აქედან ვერ გამოიყვანთ. თქვენ იცით კარგად მსოფლიოს დანგრევის დროს, როცა სასოფლო-სამეურნეო ქვეყნები შეირყენ, შიმშილით იღუპება მთელი რუსეთი, ავსტრია, - ეს პურის ქვეყნები, რომლებიც ევროპას არჩენდენ, ეს ქვეყნები სავსებით გადაგვარების გზას დაადგა.

აიღეთ ევროპის ქვეყნები, რომელნიც ერთნაირად განიცდიან ამ გაჭირვებას და ამ დროს, როდესაც თქვენს წინაშე დგას სერიოზული საფრთხის საკითხი, როცა ჩვენ ვდგევართ ასეთ საფრთხის წინაშე, თუ თქვენ მართლა ანგარიშს უწევთ ამ შექმნილ მდგომარეობას, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ნაკლზე, რომელსაც ვერავითარი ორგანო ვერ აგაშორებდათ, ამაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი (ხმები: ლაფი ვჭამოთ?). მე არ ვლაპარაკობ, არ არის ნაკლი, დეფექტები, მე ეს არ მითქვამს, მაგრამ ერთს გეტყვით: როცა თქვენ აქ ლაპარაკობთ კონტროლზე, ჩვენ გადაჭრით წინააღმდეგი ვიყავით კონტროლიორის ამხანაგად ყოფილიყო სოც.-დემოკრატიული პარტიის წევრი. დიახ, ბატონო ვეშაპელო, ეს ჩვენ მივიღეთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა კატეგორიულად მოითხოვა კონტროლიორმა, რომელიც სრულიად არ ეკუთვნის სოც.-დემ. პარტიას, მე მგონი, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის.

მე არ მსურს, დღევანდელ სერიოზულ მომენტში, არ მიმაჩნია საჭიროდ, მრავალ შენიშვნებზე, რომელიც აქ იყო წამოყენებული, პასუხი გავცე. მე არც ერთი გამოსვლა არ მაკვირვებს, არც ერთი გამოსვლა, როგორიც იყო ლეო შენგელაიას გამოსვლა, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაწიწმატებული კილო, რომლითაც სოც.-რევოლ. წარმომადგენელი გამოვიდა, პირდაპირ პროპორციონალურია იმ გავლენასთან, რომელიც აქვს ამ ფრაქციას ხალხში. და როგორც მისმა გამოსვლებმა 1918 წელში ვერ შეუშალა ჩვენს დემოკრატიას დაცვა თავისი ინტერესებისა, მე დარწმუნებული ვარ, ამ სერიოზულ მომენტში, საქართველოს დემოკრატია, მიუხედავად მრავალ გაჭირვებისა, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეც ცოტა გვყავს, თვითონ აიშორებს, ყოველივე დაბრკოლებას სძლევს და თავის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიის საკეთილდღეოდ (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ-ნ ჯუღელს ეკუთვნის.

. ჯუღელი (ს.-რ.) (საერთო ტაში მისი ტრიბუნაზე გამოსვლის დროს): აი, ამ თეთრ დარბაზში არა ერთხელ და ორჯერ ჩვენს ხალხს სმენია ხმა გაფრთხილებისა და მტკიცე თავდაცვისა. ყოველთვის ჩვენს მშრომელ დემოკრატიას ეს ხმა გაუგონია, თავისი ძალები დაუგროვებია და მტკიცედ დამდგარა თავის, ამ ხალხურ მთავრობის ირგვლივ და ამ მთავრობას და ხალხს ყოველთვის მრავალი მტერი მოუგერებია და დაუმარცხებია. და დღესაც, როგორც ყოველთვის, ამ 3 წლის განმავლობაში, ჩვენ ხელახლა გვესმის ხმა დიდი გაფრთხილებისა და ღრმად ვართ დარწმუნებული, მიუხედავად იმ დისონანსებისა, რომელიც მარცხნიდან და მარჯვნიდან გაისმის და რომელიც ზოგიერთს შეგნებულად და ზოგს შეუგნებლად შემოაქვს თავდაცვის ჰარმონიაში, მე მრწამს, რომ ჩვენი მშრომელი დემოკრატია ამის გარეშე სდგას, ის კვლავ დაირაზმება თავის დამფუძნებელ კრების და მთავრობის ირგვლივ (ტაში).

ის მშრომელი ხალხი, რომელიც შიშველი და მშიერია და რომელსაც ყველაზე კარგად ესმის თავისი გაჭირვება და მიზეზები ამ გაჭირვებისა უფრო კარგად, ვიდრე ლ. შენგელაიას, - ეს მშიერი, შიშველი ხალხი კვლავ დაირაზმება და მშიერი და შიშველი წავა მტრის წინააღმდეგ და არ მოუსმენს ვითომდა მოყვარეს, რომელთაც სურთ ჩვენი შინაური ფრონტი დაარღვიონ.

თქვენ მოისმინეთ ვითომდა ოპოზიცია. ჩვენ გვესმის და გვახსოვს, რომ ის ოპოზიცია არა ერთხელ და ორჯერ იმ შავბნელ 1918 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანას საშინელი საფრთხე თავზე გვადგა, როდესაც გაშმაგებული და ძლიერი მტერი ფიქრობდა ჩვენი ქვეყნის განადგურებას, მაშინ ამ დარბაზში ჩვენ იგივე ხმა გვესმოდა, რომელსაც დღეს ამბობდა ლ. შენგელაია და იმას ამბობდენ, ვინც ამ წელს მოიგონებს, ეგრედწოდებული მუსავატელები, რომელნიც თავდაცვაზე ლაპარაკობდენ. მაგრამ როდესაც იარაღზე მიდგა საქმე, იმათაც ღალატით მოგვმართეს. ჩემს ამ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. როდესაც ჩვენი ხალხი, რომლის ვითომდა მეგობრებია ლ. შენგელაია და მისი ფრაქცია; როდესაც ეს ხალხი სისხლიდან იწრიტებოდა; როდესაც მისი საუკეთესო შვილები ბრძოლის ველზე იღუპებოდენ, ლ. შენგელაია ნეკროლოგს ათავსებდა მიშა გეგეჭკორის შესახებ, რომელიც ვლადიკავკავიდან რევოლიუციონურ დედაქალაქს უტევდა (ხმა: სირცხვილი!). ნურავის ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც ჩვენ ხელახლა მოგვიხდება ბრძოლა, რომ მათ წამოყონ თავი იქ, სადაც ჩვენი მტერია და ისე წამოვიდენ ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მიშა გეგეჭკორი.

რას ნიშნავს ის მთავარი დებულება, რომელიც წამოაყენა ლ. შენგელაიამ?! მან სთქვა: დადგა დრო, როდესაც მთავრობა უნდა გადადგესო. მე არასოდეს არ მწამდა არც ლოღიკა და არც პოლიტიკა მისი, მაგრამ დღემდი მე მწამდა მისი სინდისი და პატიოსნება. მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ ხალხს უდიდესი საფრთხე მოელის, როდესაც ჩვენ გვინდა მთელი ხალხის ენერგია დავაგროვოთ, მაშინ გვეუბნებიან: მოაცილეთ საქართველოს თავისი თავიო. ვინ უნდა დავაყენოთ ნ. ჟორდანიას ნაცვლად? ნუ თუ მისი მეზობელი მარცხნივ ან მარჯვნივ? ნუ თუ ლ. შენგელაია? ნუ თუ ეს არ იქნებოდა უდიდესი ღალატი ერის და დემოკრატიის წინაშე, რომ ასე დავაყენოთ საკითხი, ასე ერთხმად მთავრობის შეცვლის საკითხი? მაგრამ ჩვენმა ხალხმა იცის თავისი მთავრობა, იცის თავისი გაჭირვება და იცნობს ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ყოველთვის აწარმოებენ, ხალხი მაინც მიჰყვება თავის საკუთარ ბედს, თავის საკუთარ პარტიას და დროშას (ტაში). და ნუ თუ თქვენი კრიტიკა, რომელსაც აწარმოებთ თქვენ, შედარებით იმასთან, რომელსაც აწარმოებს ჩვენი პარტია და ნოე ჟორადნია, არ არის ბავშვის ტიტინი? ბედნიერება ჩვენი ერისა იმაში მდგომარეობს, რომ მის საკუთარ პარტიას არ ეშინია თვით კრიტიკისა და იგი პირველად ლაპარაკობს არა იმიტომ, რომ დაანგრიოს სახელმწიფო, არამედ იმიტომ, რომ გაასწოროს თავისი ნაკლი და ამით შექმნას ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხალხს საბოლოოდ გადაარჩენს. და ის კრიტიკა, რომელიც გაისმოდა აქ ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან, კრიტიკა, რომელსაც დღეს აწარმოებდა სოც.-ფედერალისტების წარმომადგენელი, ჩვენ ვერ შეგვაშინებს და ვერც რასმე გვასწავლის. მე ვიტყვი, არავინ იცის ჩვენი ნაკლი ისე, როგორც ჩვენ და ჩვენმა ბელადებმა. თუ ჩვენ ხშირად დაღვრემილი ვართ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს და საშუალებებს, რომელიც მწარე ტკივილებს და შეცდომებს აგვაცილებს თავიდან. თქვენ მრავალჯერ გეკითხებით, რა გზას გვაძლევთ ნაცვლად ძველი გზისა, რითი სცვლით იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა და პარტია, მაგრამ პასუხს არ იძლევით. თქვენ ისტორიამ ერთხელ მოგცათ საშუალება ბატონობისა რუსეთში და თქვენ დიდი ქვეყანა დააქციეთ. ეს დანგრევა დაიწყო კერენსკისა და სამწუხაროდ, ჩერნოვისაგან. თქვენ შეგეძლოთ გეწარმოებინათ დიდი პოლიტიკა. ამის ნაცვლად დაღუპეთ დიდი სახელმწიფო. ჩვენი ხალხი თქვენ არასოდეს არ მოგცემთ უფლებას ასეთი დიდი ექსპერიმენტები ჩვენს პატარა ქვეყანაში გაიმეოროთ, თუმცა თქვენსავით არ ვყვირით ჩვენს სიყვარულს სამშობლოსადმი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ღარიბი მშრომელი სამშობლო და არასოდეს მოგცემთ ნებას ... (არ ისმის. ხმაურობა ნაც.-დემოკრატებში).

უდიდესი ჩვენი გამარჯვება სომხებთან ომში იყო არა ის, რომ ჩვენ სომხები დავამარცხეთ, არამედ ის, რომ ჩვენ დროზე შევჩერდით (სპ. კედია: ბორჩალო დაიცავით?). უდიდესი ჩვენი გამარჯვება ბოლშევიკებზე იყო ის, რომ ჩვენ შევჩერდით იქ, სადაც ამას ჩვენი ხალხის ინტერესები მოითხოვდა. ავანტიურიზმი არ არის ჩვენ გეგმაში. თქვენ გვეუბნებით, ისარგებლეთ თქვენი წუთიერი გამარჯვებით და განახორციელეთ ჩვენი მიზნებიო. ჩვენ ვიცნობთ სახელმწიფოს, რომელიც ასეთი გზით ცდილობდა შორს წასვლას, მაგრამ საბოლოოდ განადგურდა. ეს იყო ბალკანეთი. და უდიდესი გამარჯვება ჩვენი ერისა იმაშია, რომ ის დაადგა საღ გზას და უკუაგდო ავანტიურიზმი (სპ. კედია: საკუთარი ტერიტორიის დაკარგვის გზას!). ამ გზამ გადაგვარჩინა 3 წლის განმავლობაში და იგი გვიხსნის მომავალში. ახლა, როდესაც თითქოს მეორდება 1918 წელი, ჩვენ ვხედავთ ამ გამეორებაში ბევრს საერთოს და კიდევ უფრო მეტს სხვადასხვაობას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ოსმალეთი ისევე ქურდულად, ვერაგულად მოდის ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ამ ორი წლის წინად, მაგრამ მაშინ სათათრეთი იყო ძლიერი და მას ზურგს უკან ჰყავდა უძლიერესი გერმანია. დღეს ჩვენ ვართ უკვე ჩამოყალიბებული სახელმწიფო და ჩვენც გვყავს მოკავშირენი. მაშინ ჩვენ 10-ჯერ უფრო სუსტი ვიყავით და ახლა ოსმალეთია 10-ჯერ უფრო სუსტი. მაშინ არსაიდან იყო შველა და დღეს საშუალება გვაქვს კულტურულ ქვეყნებთან დაახლოებისა. ოსმალეთი კი გარიყულია და ისევ ისე არ გვაშინებს. მაგრამ ჩვენ არ გვინდა უთხრათ ხალხს, რომ მას საფრთხე არ მოელის. ვისაც უნახავს ახალციხე, ახალქალაქის მაზრები, ვისაც უნახავს გურიის ნაწილი, ის წარმოიდგენს, რა არის ოსმალეთის შემოსვლა. როდესაც ამას ჩვენი მშრომელი ხალხი შეიგნებს, მაშინ ჩვენ ქემალ-ფაშები ვერ შეგვაშინებს. ვერ შეგვაშინებს ვერც ის დისონანსი, რომელიც გაისმის აქ, დამფუძნებელ კრებაში. ჩვენს ხალხს ყავს ორივე მხრიდან ზედმეტი ხორცები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნისა და ხალხის, სამშობლოს სიყვარულზე. მაგრამ როცა ხალხი საშინელ გაჭირვებას განიცდის, ეს ხალხი ბედნიერ ცხოვრებას ეწევა. ჩვენ ვიცით, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი არის ჩვენი დემოკრატია. და ის დიდი მსხვერპლი, რომელზედაც სპ. კედია ლაპარაკობდა, ყოველთვის თავს ატყდება მშრომელ ელემენტს. მშრომელ ხალხს გამოაქვს თავისი ქონება და სისხლი, და ის მდიდრები კი, რომელთა ინტერესებს თქვენ გამოხატავთ, ყოველთვის თავდაცვის გარეშე რჩებიან (სპ. კედია: არაა ეგ მართალი. ჩვენში ევროპული ეკონომიკის სისტემის დაცვაა!). და თუ ხვალ დაგვჭირდება საზღვრებთან ბრძოლა, მე გარწმუნებთ, რომ თქვენ სიტყვით ხალხთან იქნებით და საქმით სხვა გზით ივლით და ხალხი მარტო თავის ძალების ამარა დარჩება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაიმარჯვებს. როდესაც ასეთი საფრთხე მოდის ჩვენს წინაშე, ჩვენ ერთი რამ უნდა ვთქვათ: ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მტერი ოსმალეთის ხალხისა, ოსმალეთის დემოკრატიისა. როდესაც ოსმალეთი იცავს თავის დემოკრატიის ინტერესებს, როდესაც მას უნდა შეჰქმნას თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალი და დემოკრატიული, ჩვენი სიმპატია მისკენ არის. როდესაც ოსმალეთის დემოკრატია სცილდება საღ დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ ნიადაგს, სცდილობს განაგრძოს თავისი იმპერიალისტური, ბარბაროსული პოლიტიკა და სურს გაანადგუროს მისი მეზობელი პატარა დემოკრატიული სახელმწიფოები, მაშინ ჩვენ მის წინააღმდეგ ვიქნებით. მთელი ჩვენი შეგნებით, ძალღონით და ენერგიით ვაცხადებთ, რომ თუ ოსმალეთი ჩვენს წინააღმდეგ წამოიჭრება, აქ ჰპოვებს დამარცხებას. თუ დროზე არ შეჩერდა, დროზე არ დაიხია და განაგრძო რბევა სომხეთისა და შემდეგ მოდგა საქართველოზე, აქ დაიწყება უდიდესი დამარცხება ოსმალეთისა. როდესაც ჩვენ ჩიჩერინი მოსკოვიდან გვითვლის, რომ ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ქემალ-ფაშა ჩვენს წინააღმდეგ წამოვა, მაგრამ ვერავითარ გარანტიას ვერ იძლევა, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვთქვამთ იმედს, რომ საბჭოთა რუსეთი არ დაეხმარება ამ ბარბაროსულ ოსმალეთს, რომ ამ მშრომელი ხალხის სისხლით იგი არ გაისვრის თავის ვითომდა სოციალისტურს ხელებს.

ერთად-ერთი გარანტია, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ საბჭოთა რუსეთისაგან ის არის, რომ იგი არ ჩაერიოს ჩვენს ომში. თუ იგი დადგა, როგორც გარეშე მაყურებელი, თუ ზურგში არ ჩაგვცა მახვილი, მაშინ ვერავითარი ოსმალეთი, ვერავითარი ქემალ-ფაშა ვერ შეგვაშინებს და მას კვლავ გაუსწორდებით და თავიდან მოვიცილებთ. ჩვენ რევანშისტები არასოდეს ვყოფილვართ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მშვიდობიანი პოლიტიკა გვეწარმოებინა და ხალხისთვის მშვიდობიანობა მიგვენიჭებინა. ჩვენ გვინდოდა ჩვენი პოლიტიკა ჯანსაღი გვეყო და ნაკლი და შეცდომები, რომელიც გვაქვს, თავიდან აგვეცილებინა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მთავარი ძარღვი შეცდომებისა არის ომი. ბოლშევიკებთან ომმა 1 მილიარდზე მეტი შეჭამა. ეხლა მარტო საომარი სამზადისი ბევრს მილიარდს წაგვართმევს. რა გასაკვირალია ამისთანა პირობებში, რომ ჩვენ არ გვქონდეს თეთრი პური, რომელიც 1 გირვანქა შაურად ღირს. რასაკვირველია, შეიძლება ჩვენ ხანდახან ტალახიც ვჭამოთ და ამაშია ჩვენი ობიექტიური უბედურება. და ისეთი მსუბუქი ფსიქოლოგია უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ამშვენებს შენგელაიას, რომ მთელი ხალხის ტრაგედია ვერ წარმოიდგინოს.

ჩვენ გვინდა მშვიდობიანობა, მაგრამ თამამად ვიტყვით: თუ ოსმალეთმა იშიშვლა ხმალი და წამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ძველისძველად შვრებოდა, მის შესახვედრად საქართველოს დემოკრატია ხმალს იშიშვლებს და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემოჭრილ ოსმალეთს დავამარცხებთ და ჩვენს ხალხს მშვიდობიანს ცხოვრებას უსურვებთ და განუმტკიცებთ კიდეც.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. ივანე ლორთქიფანიძეს.

ივ. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): მოქალაქენო! ერთმა საკითხმა, უმთავრესმა, არავითარი დავა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო აქ, პარტიათა შორის არ გამოიწვია. ეს არის საქართველოს საზღვრების, ჩვენი რესპუბლიკის თავდაცვა შემომსევ მტრისგან. ამ საკითხს, როგორც ძველად ამ ორი-სამი წლის წინად (ჩხიკვიშვილი: მაგიც უნდა იყოს დამფუძნებელ კრებაში?) შეიძლება ესეც სადაო ყოფილიყო. მოითმინეთ, თქვენს მოღვაწეობაზედაც გვექნება ლაპარაკი. და ეს საკითხი არის მთლიანი ეროვნული ფრონტის შექმნის, როდესაც ჩვენს საზღვრებს უახლოვდება ძალა, რომელსაც შეუძლია ყოველ წამს მომართოს მახვილი ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ თავდაცვის შესახებ, როდესაც თეორიიდან ეს საკითხი გადმოდის ცხოვრებაში პრაქტიკაში, უმთავრესი ყურადღება უნდა მივაქციოთ მის პრაქტიკულ მხარეს, მის ყოველ მხრივ მოგვარებას და აი ამ მხარეს, პრაქტიკულს, აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენ ბრძანებთ, რომ თავდაცვა არის საჭირო, რომ დღეს ჩვენს წინაშე საფრთხე სდგას, რომ ჩვენი მდგომარეობა არის უფრო ძნელი და სერიოზული, ვიდრე წინად იყო. ამაში მე გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ გეუბნებით: ასეთ შექმნილ პირობებში რომ იყოს სრული გარანტია გამარჯვებისა, რომ უსათუოდ ავაცილოთ თავიდგან ის საფრთხე, რომელიც ჩვენ წინ სდგას, საჭიროა მთავრობა ხალხის ნდობით აღჭურვილი, მთავრობა, რომელიც სწრაფად, წინდახედულობით, თავის უნარით, საქმიანობით მოაგვარებს თავდაცვის საქმეს. კრებას გავახსენებ დამფუძნებელ კრების სკამზე მჯდარ დეპუტატ ჩხენკელის სიტყვას, რომელიც ამ 1914 წ. ომის დროს თავდაცვის საჭიროებით ასაბუთებდა თავის მოთხოვნას ძველი რუსეთის მთავრობის გადადგომას. ის ამბობდა: «Военная оборона страны требуетъ ухода правительства»-ო და სწორედ თავდაცვის მოსაზრებით ამტკიცებდა, რომ რუსეთის მთავრობა უნდა წასულიყო (ჯუღელი: კაი შედარებაა! ხმები გაურკვევლად ისმის. არსენიძე: მერე წავიდა?). არ წავიდა და აი კიდეც რუსეთმა წააგო ომი. ის ამტკიცებდა, რომ საჭიროა მთავრობა წავიდეს, რომ ხალხმა მთელი თავისი ენერგია აამუშაოს და თავდაცვა აწარმოვოსო. და აი, ამ მხრივ უნდა შევხედოთ ჩვენს საკითხს. მე ვამბობ, რომ მთლიანი საგარეო სამხედრო ფრონტისთვის საჭირო არის იყოს ზურგი გამაგრებული, იყოს მთლიანი ეროვნული ფრონტი საქართველოში. ამ ფრონტის შექმნაში ქართველ გლეხ და მუშასთან გვერდით უნდა იყოს ყველა მშრომელები ეროვნულ უმცირესობათა. არის თუ არა ეს პირობები? თუ არის, აი გამობრძანდით და დაამტკიცეთ, რომ ეს აუცილებელი პირობები შექმნილი არის, დაამტკიცეთ, რომ არის შექმნილი ისეთი მდგომარეობა, რომ ხალხის უმრავლესობა თქვენ გენდობათ და გამოგყვებათ, რომ შექმნილი არის როგორც სამხედრო აპარატი, ისე სამეურნეო, სამოქალაქო, როგორც ეკონომიური, ისე ფინანსიური, და შეგიძლიანთ თამამად სთქვათ, რომ გაუძღვებით საქმეს და იბრძოლებთ? მე ვამბობ, რომ ასეთი მდგომარეობა არ არის (ჯუღელი: თქვენ ხომ იყავით მთავრობაში, რა გააკეთეთ?). ბატონო ჯუღელო, აქ დემაგოგია საჭირო არ არის. ერთხელ მაინც იყავით სერიოზულად. მაგაზედაც მოგახსენებთ თავის დროზე. აი ამაზე დინჯად ვილაპარაკოთ (რამიშვილი: მხოლოდ ფრთხილად!). დიახ, ფრთხილად, და არც ფრთხილად - როგორც დავინახავთ საჭიროდ. დაუკვირდეთ მდგომარეობას. აქ იყო განცხადებული დიდის რიხით, რომ აჭარისთვის და ქობულეთისთვის უნდა მიგვეცა ავტონომია, მაგრამ ობიექტიური პირობები არის დამნაშავე, რომ აქამდე არ მივეცითო. ნუ თუ ობიექტიური პირობებისაგან იყო გამოწვეული მუქარა შინაგან-საქმეთა სამინისტროსი, რომ თუ გაბედეთ ესა და ეს, ესა და ეს დაგემართებათო? (ხმა: დიახ, დიახ!). არა, ბატონებო, ეს გამოწვეული იყო სწორედ თქვენი მოქმედებით, თქვენი გაზეთებით, რომლებშიაც თქვენი ამხანაგები სწერენ თქვენ ამხანაგ საგანგებო კომისარზე, რაც ჯერ საგანგებო კომისარს არ დაურღვევია (ჩხიკვიშვილი: არ წაგიკითხავთ!). შეიძლება არ იყოს მართალი არც იმ ორ დეპუტატის მოხსენება, რომელიც დაბეჭდილი იყო გაზეთ „ახალი სხივი“-ს მეათე ნომერში. მაგრამ მდგომარეობა ისეთი არის, რომ თქვენვე ამბობთ, რომ იმ ხალხმა, რომელიც პურ-მარილით ხვდებოდა ჩვენს ჯარს, შეიძლება ან ნეიტრალიტეტი დაიცვას, ან მახვილი ჩაგვცეს ზურგში. აი, თუ ეს თქვენი აგენტის ბრალია, ნუ თუ ამაზე დღეს არ უნდა ვილაპარაკოთ? (ჩხიკვიშვილი: არ იცი, უნდა იცოდე და ისე ილაპარაკო!). ჩვენ გვაქვს უტყუარი ცნობები იმისა, რომ ცუდი მდგომარეობა არის იქ. ჩვენ ვიცით ის ყრილობა, რომელიც იყო ქობულეთში და რომელსაც დაესწრნენ ორმოცი სოფლის წარმომადგენლები. ჩვენ ვიცით გამოგზავნილი ტელეგრამა ართვინიდან, ქემალ-ფაშის აგენტების მუშაობა გაცხოველდა და ერთგვარ ნიადაგსაც პოულობსო (ხმა: რაშია საქმე?). იმაში, რომ თქვენ აჭარაში წაახდინეთ საქმე, დასცით რესპუბლიკის პრესტიჟი. საქმე იმაშია, რომ შეიძლება აჭარა და მუსულმანი ქართველები ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდნენ. შემდეგ, რა გააკეთეთ თქვენ ბორჩალოში, რომელზედაც ამ ორი-სამი თვის წინად შეკითხვა შემოვიტანეთ? რა გააკეთეთ თქვენ იქ? დასაჯეთ ვინმე ის ავაზაკები და ბოროტ-მომქმედნი, რომელთაც გახრწნეს იდეა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა, რომლების შესახებაც მე დავასახელე მთელი რიგი ბოროტმოქმედებისა - დღესაც ვამტკიცებ, რომ არც ერთი მათგანი სამართალში არ არის მიცემული და ზოგიერთი თვით სამართალს ეწევა ბორჩალოს მაზრაში. თქვენ რა ქენით აფხაზეთში (ჯუღელი: შენ რა ქენი, თავის მოკვლას რომ აპირებდი!). მე გამოვასწორე მენშევიკების და თქვენი, ბატონო ჯუღელო, გაფუჭებული საქმე; ვემსახურე ქართულ სახელმწიფოს იდეას, ვემსახურებოდი მშრომელთა სოლიდარობას და აფხაზეთში ზიზღი არ დამიმსახურებია, როგორც ბევრმა თქვენგანმა. აქ არიან ჩვენს სტუმართა შორის აფხაზეთის წარმომადგენელნი და იმათ იციან (მაჭავარიანი: ისინი იძახიან, სოციალისტები მოგვაშორეთო!). არა, მენშევიკები მოგვაშორეთო. თქვენ იცით უკანასკნელი მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა აფხაზეთის საბჭოში (სიცილი). თქვენ იცინით, ბატონებო, მიაფუჩეჩეთ საკითხი, მაგრამ ვინც ყურს უგდებდა, რასაც ამბობდნენ მიწად-მოქმედების სამინისტროს შესახებ და რასაც მხარს უჭერდნენ თქვენი ამხანაგები (ხმა: შენც ხომ იქ იყავი? ჯუღელი: მაშინ ჩაიფუშა სწორედ საქმე!). მე ვიყავი იქ, და როდესაც მე და ჩემი ამხანაგები ვმუშაობდით იქ, მაშინ ის ელემენტები, რომლებიც საქართველოს დამხობის საქმეს აკეთებდნენ, არ იყვნენ ასე ძლიერნი და ეხლა კი თქვენი ამხანაგების შემწეობით ისინი ძლიერდებიან ყოველ წამს.

ჩვენ გეუბნებით, რომ შექმენით მთლიანი შინაური ფრონტი და ხალხმა, მისმა მშრომელმა ნაწილმა, რა ერსაც, ეროვნებას ის არ ეკუთვნოდეს, იყოს რესპუბლიკის მომხრე, უნდა შექმნათ ისეთი ობიექტიური პირობები, რომ ეს რესპუბლიკა შეიყვარონ, როგორც მკვიდრი დედა და არ შეიძულონ, როგორც დედინაცვალი. და ჩვენ გებრძვით, სანამ ასეთ პირობებს არ შექმნით. უმთავრესი ომისთვის, მის წარმოებისათვის აუცილებლად საჭირო არის მომარაგება ჯარის საკვებისა და მასალისა. თქვენ ეს მოაგვარეთ? (რამიშვილი: მოვაგვარეთ! თუ ეს მოაგვარეთ, გამობრძანდით ციფრებით ხელში და დაამტკიცეთ! (სპ. კედია: ეს არის, მომარაგება არის! რამიშვილი: მაგისთანა მინისტრები ბევრი დავითხოვეთ!). მინისტრი ბევრი წავიდა თქვენი მთავრობიდან, მაგრამ დასათხოვი მინისტრი კი ვერ მოიცილეთ. რადგან თქვენც უნდა წახვიდეთ, მაშინ, თუ მეორედ მოსვლა არ მოხდა, ისინი არ წავლენ. ის ხალხი, რომელმაც გირვანქა პური გახადა 15 თუმანი (ხმა: რომელმა?). მომარაგების სამინისტრომ, ის ხალხი, რომლის შესახებ იწერება მთელი უქაზები, სადაც მთავრობის თავმჯდომარე სრულებით არ ლაპარაკობს ობიექტიურ პირობებზე (ჯუღელი: ნეტავ შენ მაგას არ ლაპარაკობდე!). დიახ, თქვენ არ მოგწონთ ასეთი ლაპარაკი აქ იმის შესახებ, რომ მაგალითად, აქვე ნაყიდი პურით მუშა-მოსამსახურეებს მოსდით პური, როგორც ტალახი. მთელ საქართველოში არ არის კუთხე, არ არის ადამიანი, გარდა იმათი, ვინც თეთრ პურს მიირთმევს, სადაც დაცინვით და სიმწრით არ ლაპარაკობდენ ერაძის ხაჭაპურებზე და მგონია, როდესაც იწყება ომი, ჩვენ, დეპუტატებს, არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობის თავმჯდომარემ დაითხოვა „სტრელოჩნიკები“, მხოლოდ რომ ეს კაცი, ეს მინისტრი ვერ მოაგვარებს ამ საქმეს? და იმის შემდეგ, რაც თქვენივე გაზეთები ლაპარაკობენ ამაზე, ჩვენ არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ მოიშორეთ ეს ხალხი? (ჯუღელი: საბაშვილი კარგად მუშაობდა?). ერაძის უკეთ მაინც. მაშინ პური იყო საყოფი და ისიც არა უმეტეს ერთი მანეთისა გირვანქა და ამას გარდა მე არა ერთხელ გაგიკეთეთ განცხადება, რომ თუ რასიმე დამნაშავენი ვართ, მიგვეცით სამართალში. მაგრამ თქვენ ყველაფერს ამაებზე ლაპარაკობთ, როცა გაგიჭირდებათ და არსებითად პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ (ჯუღელი: არა!). არის მთავრობის ოფიციალური სხდომების ოქმები, სადაც ეს სწერია. და მე მოგახსენებთ ისტორიულ სიტყვებს თქვენი ამხანაგებისას - შეიძლება ჩვენ ვიყოთ დამნაშავენი, მაგრამ ჩვენი დანაშაულით თქვენ მრავალს დანაშაულს ვერ გაამართლებთ. თქვენ ხართ დღეს ჩვენი სახელმწიფოს მესაჭენი და აი ჩვენ გითითებთ ამაზე და თქვენ იძახით, ბავშვური კრიტიკა არის ესაო? აი სწორედ ბავშვური ტიკტიკი ის არის, როდესაც ორი ბავშვი წაიჩხუბება და ერთმანეთს ეუბნებიან: „შენ გლახა ხარ, შენ გლახა ხარო“. ეს არის პასუხი? ეს არის პარლამენტარიზმი, პოლიტიკა თქვენი? (ჯუღელი: გზა გვიჩვენეთ!). გასწავლით, თუ დაგვაცლით და გაიგებთ რასმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომარაგების საქმე ომის დროს უმთავრესი საქმე არის. ეს უნდა იცოდეს ბატონმა ჯუღელმა. ეს სამინისტრო, რომლის შესახებ ამდენი დაწერილა და თქვენი ამხანაგების სიტყვით ამდენი ლაპარაკი არის და რომელსაც ამავე სიტყვებით არსადა ჰყავს თანამგრძნობი და მომხრე - ეს მინისტრი, ჩვენ ვამბობთ, უნდა გამოიცვალოს, რათა გარანტიები გვქონდეს, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიცით, რომ შიშველ-ტიტველი ჯარი ვერ გაიმარჯვებს (ჯუღელი: თუ არ გვექნება, მაინც გავიმარჯვებთ!). თუ არ გექნებათ, არ ვიცი, როგორ გაიმარჯვებთ (ჯუღელი: გვექნება და კიდეც გავიმარჯვებთ!).

ფინანსები, ბატონებო! არის ომისათვის საჭირო ფულები, და რა მდგომარეობაშია ჩვენი ფინანსები? მოაგვარეთ თქვენ ეს? უკანასკნელ პარტიულ ყრილობაზე ამბობდით, რომ ბონების ბეჭდვა ვერ შევაჩერეთო. ამ მხრივ როგორ არის მდგომარეობა? იმის მაგიერ, რომ აქ ლითონი სიტყვებით გამობრძანდეთ, ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ფინანსიური გეგმა და ღონისძიებანი ამ დარგში. დღეს დამფუძნებელმა კრებამ და ხალხმა უნდა იცოდეს ყველა კონკრეტიული და პრაქტიკული ნაბიჯები მთავრობისა და მმართველთა ცხოვრების ყოველ სფეროში.

ადმინისტრატიული აპარატი რომ მოუწყობელია, ამაზედაც ვილაპარაკეთ. ნუ თუ ვერ შევძელით, რომ გავაჯანსაღოთ ეს აპარატი? ნუ თუ გგონიათ, რომ საქმე კარგად არის მოწყობილი, როდესაც ზუგდიდიდან ხეთამდე ადამიანი ვერ წასულა, თუ 10-15 „სტრაჟნიკები“ არ გაჰყვა? თუ ეს გაგრძელდა, ფიქრობთ, რომ მობილიზაცია კარგად გატარდება? ნუ თუ თქვენ ფიქრობთ, ადმინისტრაციაში თუ იქნება რაფიელ ცინცაძეები, ბავშვები რომ აწამა ჩოხატაურში, მობილიზაციას კარგად ჩაატარებთ? რომ გაგრძელდეს ახალქალაქის ამბები, სადაც ყველა მმართველი მენშევიკი კაცის მკვლელია, წესიერად მოხდება მობილიზაცია? თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდა, არც გამარჯვება იქნება.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ დღეს მთელი ძალა-უფლება აიღოს ხელში დამფ. კრებამ. ამას გვალაპარაკებს არა პარტიული ჟინიანობა, არამედ საქმის ინტერესი. ხომ იცით, რომ დამფ. კრების კომისიებში თქვენა ხართ უმრავლესობა, მაგრამ ხშირად მთავრობის დადგენილების წინააღმდეგ სწყდება საკითხები.

ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ არსებული მთავრობა მოაგვარებს თავდაცვის საქმეს და ამიტომ მას ვეღარ მივანდობთ ამ საქმეს.

ახლა გამობრძანდით და დაამტკიცეთ ფაქტებით, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ არის მართალი. დაამტკიცეთ, რომ ეკონომიურ სფეროში რაიმე გააკეთეთ: ბიუჯეტის განხილვის შემდეგ მიღებული ეკონომიური საბჭოს დაარსების გეგმა მოიყვანეთ თუ არა სისრულეში? გამობრძანდით და დაამტკიცეთ, შემდეგ კი ილაპარაკეთ, რომ ჩვენ დემაგოგიას ვეწევით. სანამ ამას ვერ დაამტკიცებთ, ჩვენი დებულება ჭეშმარიტ დებულებად რჩება, რომ ეს მთავრობა ვერ შესძლებს მოაწესრიგოს თავდაცვის საქმე, და ასეთი მთავრობა დაუყონებლივ უნდა წავიდეს.

ეხლა იბადება საკითხი: შეიძლება თუ არა იმ დროს, როცა ქვეყანა გასაჭირშია და ომი იწყება, მთავრობის შეცვლა? (ჯუღელი: შენ ჩაგაყენოთ?). თქვენ ნუ ამასხარავებთ, ბატონო ჯუღელო, საკითხს. ყველა თქვენ დადექით, თუ გაქვთ უნარი შემოქმედების, მომარაგების საქმის მოწყობის, სამხედრო საქმის გაძღოლის, არავინ გეცილებათ ამაში. თქვენ იცით, რომ აქ მიტინგი არ არის, თუმცა ბოლო დროს არც მიტინგზე გადის თქვენი დემაგოგია და ვერავითარი დემაგოგიით ფონს ვერ გახვალთ და არც არჩევნები არის მოახლოვებული (ხმაურობა). ამიტომ დაწყნარდით, რაშია საქმე? გაიხსენეთ, რომ თუ დამფუძნებელი კრება - პარლამენტი ხედავს, რომ მთავრობა ან რომელიმე მინისტრი ვერ უძღვება შესაფერისად საქმეს, მას სცვლის. ამის მაგალითები მრავალია: ინგლისში დიდი აურზაური იყო, რომ ომის დროს არ შეიძლება მომარაგების მოწყობაო. მაგრამ როცა საქმის სათავეში ჩააყენეს ნიჭიერი კაცი, მან ყველაფერი მოაგვარა. ეს გახლდათ სმონტეგიუ. გაიხსენეთ თვით საფრანგეთის ამბები, კლემანსოს სამინისტროს და მომარაგების მინისტრის ალბერტ ტომას სამინისტროში შესვლა და საქმის მოწესრიგება და შედეგი საფრანგეთის გამარჯვება. მოიგონეთ აგრეთვე, თუ გნებავთ, უკანასკნელი ამბები. ტროცკის ჯარები რომ ვარშავას მიუახლოვდნენ, მაშინ გამოცვალეს მთავრობა და ვიტოშ-დაშინსკის მთავრობამ და მათ მიერ მოწყობილმა ჯარმა რუსის ჯარები უკუაქციეს.

გაგახსენებთ იმასაც, რომ იყო მეორე მთავრობა, რომელიც არავითარ ანგარიშს არ უწევდა საზოგადოებრივ აზრს, არც ერთ მინისტრს არ უშვებდა სამინისტროდან. ეს იყო შტიურმერის მთავრობა და ვიცით, რა ბოლო ქონდა მას. გეუბნებით, რომ დღეს სასწორზე არის არა მარტო თქვენი ბედი და იღბალი, არამედ მთელი ქართველი დემოკრატიის სვე ბედი. თუ ადრე შეუდგებით, შეიძლება ეს საქმე გამოსწორდეს: თუ დააგვიანებთ, შეიძლება დაიღუპოს.

როცა ასეთ ჭეშმარიტებას გეუბნებით, რა საჭიროა ჯუღელის დემაგოგია (ჯუღელი: დემაგოგიაა მიშა გეგეჭკორი!). მოგახსენებთ ყველას და არ შეგრცხვეს, ვალიკო ჯუღელო! მე გეკითხებით, თქვენ რაზმში არიან თუ არა, ბ. ჯუღელო, ესერები და იბრძვიან თუ არა თქვენთან ერთად და ხშირად თქვენზე წინ. (ჯუღელი: ჩვენთან არიან და თქვენთან არა!). ჩვენთან არიან და ჩვენთან იბრძვიან. თქვენ ამბობთ, რომ მიშა გეგეჭკორი იყო სოც. - რევოლიუციონერი და იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგო, მაგრამ თქვენი ამხანაგები რამდენი იბრძოდენ ჩვენ წინააღმდეგ. განა შემთხვევით არაა, რომ ბოლშევიკი ჯუღელი მენშევიკების გვარდიის უფროსია, ქართველი ბოლშევიკები აწარმოებენ ბრძოლას ჩვენ წინააღმდეგ! ისინი ყველანი გამოსული არიან ნოე რამიშვილის პარტიული სკოლიდან. ჩვენ ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანის კომუნისტები და გუმეტისტები ყველანი თქვენი ამხანაგები და ყველანი თქვენი გაზრდილი არიან.

როცა ერთ მაგალითზედ ჩვენ მიგვითითებთ, გაიხსენეთ თქვენ წრეებში ათასი. არა, ამაზე ლაპარაკს სჯობია თავი დაანებოთ.

აი, ასეთი იყო ბათომის შესახებაც ლაპარაკი: ვის არ ახსოვს, თუ რა მოხდა ამ თეთრ დარბაზში ბათომის შესახებ. იტყვის, რომ პირველ, აშკარად და გაბედულათ თავდაცვის საკითხი დააყენა სეიმის ესერების ფრაქციამ და თქვენმა მონა მორჩილმა. თავდაცვის მომხრე ყველა ჩვენი ამხანაგები იყო. მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე ყველა ჩვენგანი ასრულებდა. სხვა საკითხი იყო, როდესაც პოლიტიკურ კულისებში ირჩეოდა საკითხი მობილიზაციის. როგორც თქვენ, ისე ჩვენი ზოგიერთი ამხანაგები მობილიზაციის წინააღმდეგნი იყვნენ. ფიქრობდენ, რომ იმ საერთო ანარქიის დროს საქმე ვერ მოწესრიგდებოდა. მაგრამ, ვაცხადებ, რომ არ ყოფილა არც ერთი ამხანაგი, არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსულიყოს (რამიშვილი: ქუთაისის ორგანიზაცია?). ტყუილია ეს. ამას ნუ გაიმეორებთ, თუ პოლიტიკური სინდისი გაქვთ; თუ არა და, გვიჩვენეთ ფაქტები. (რეპლიკა: სამეგრელოში?). ჩვენ გეუბნებით, რომ არც სამეგრელოში ყოფილა ეს. როცა იქ თქვენი გავლენა დაეცა და ჩვენი გაიზარდა, მობილიზაციის საქმე უკეთ წავიდა. (ცინცაბაძე: აფხაზეთში?). თქვენ არ გახსოვთ, ბ. ცინცაბაძე, როგორი მწვავე გაკვეთილი მიიღეთ სწორეთ აფხაზეთში. რა წამოიღეთ იქიდან? უმჯობესია, ახლა გაჩუმდეთ (ხმაურობა).

თავმჯდომარე: გთხოვთ, დაწყნარდეთ. ცინცაბაძეს თავი დაანებეთ, ბ-ნო ორატორო, და საკითხს დაუბრუნდით.

ი. ლორთქიფანიძე: აი, ბატონებო, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი გამოსვლა გამოწვეულია ერთი ანგარიშით, რომ ჩვენი საგარეო ფრონტი ვყოთ გამარჯვებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რისი გაკეთებაც შეიძლება, ის დღესვე იყოს გამოსწორებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არის ისტორიული მომენტი და უდიდესი მოვალეობა აწევთ დეპუტატებს, უნდა მიიღოთ გმირული ზომები. დამფუძნებელი კრება უნდა გადაიქცეს მუდმივ მომუშავე აპარატად, მან თვის თავზე უნდა აიღოს მართვა-გამგეობა და გამოაცხადოს თავისი თავი „კონვენტად“. თუ საქმეს დასტოვებთ ამ მდგომარეობაში, რაც მოხდება, თქვენგან იქნება გამოწვეული. ამას მოგახსენებთ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოადგენს უდიდეს განძს მშრომელი ხალხისათვის და, მაშასადამე, ჩვენთვისაც, ის პირნი, რომელნიც ამ საერთო საქმეში ვერ დაიმსახურებს ხალხის ნდობას, უნდა წავიდეს და ვისაც შეუძლია ამ საქმის გაკეთება, ის გაუძღვეს მას (ტაში სოც. რევოლიუციონერთა სკამებზე).

თავმჯდომარე: გთხოვთ, მოისმინოთ წინადადება. წინადადება არის შემოსული დროს განსაზღვრის შესახებ (ხმები: შესწყდეს!). გთხოვთ, წერილობით შემოიტანოთ განცხადება. ვინ არის წინააღმდეგი კამათის შეწყვეტის? შენგელაიას ეკუთვნის სიტყვა.

შენგელაია: ბატონებო! ჩვენი მოსაზრება მარტივია. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ პირობებშია. ჩვენი მიზანი მოითხოვს, რომ დღევანდელი მომენტი ამოიწუროს და ჩვენ მოგვეცეს შეძლება პასუხი გავსცეთ ზოგიერთ ბრალდებებს, რომელნიც ჩვენ წინააღმდეგ იქნა წამოყენებული.

თავმჯდომარე: ვინ არის კამათის შეწყვეტის მომხრე? გთხოვთ, ხელი ასწიოთ. წინააღმდეგი? უარყოფილია. არის წინადადება 10 წუთით განისაზღვროს ორატორის დრო. ვინ არის მომხრე? მიღებულია.

სიტყვა შენგელაიას ეკუთვნის.

ლ. შენგელაია (ს.-რ.): მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ის შინაური და საერთაშორისო მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, იმდენად სერიოზულია, რომ მე ვფიქრობდი, რომ დღეს მაინც მმართველი პარტია ამაღლდება თავის ჯგუფურ ინტერესებზედ, და მეგონა, რომ დღეს მთავრობა აღიარებდა თავის შეცდომებს და ძველი სიმონივით გვეტყოდა: „აწ განუტევე მონა შენი-ო“. მისი შეცდომების შესახებ აქ გაკვრით იყო ლაპარაკი, მაგრამ იმდენად მრავალი არის ეს შეცდომები და იმდენად მნიშვნელოვანია მათი შედეგები, რომ მათი მეოხებით ჩვენ მივედით სრულ კატასტროფამდე. ამის შემდეგ ერთად-ერთი დასკვნა უნდა ყოფილიყო: მთავრობის გადადგომა. მე ვფიქრობდი, რომ ძველი მთავრობა წავიდოდა და შედგებოდა ახალი, თუნდაც იმავე წრიდან, იმავე ფრაქციიდან, მაგრამ ისეთი პირებისაგან, რომელნიც ერთგვარი ნდობით სარგებლობდნენ, თავიანთ ფრაქციაში მაინც, მაგრამ ნათქვამია: «Рожденный ползать - летать не можеть»-ო. აქ ჩვენ მოვიგონეთ ბ-ნ რამიშვილის პასუხი, მაგრამ ეს არ იყო სიტყვა დასაბუთებული, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი დემაგოგია და ცდა პარტიული კაპიტალის შეძენისა.

ბ. რამიშვილმა გაიხსენა ვითომდა ჩვენი წარსული ცოდვები. რაში მდგომარეობს ეს ცოდვები? იმაში, რომ თურმე, როდესაც საქართველოს წინაშე საფრთხე იდგა, ჩვენი პარტია განზე გადგა და წინააღმდეგი იყო მობილიზაციისაო. აი, ის უდიდესი ბრალდება, რომელიც მან წამოაყენა. უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ ეს ახალი არ არის, ეს ლათაიები ძველია. ეს ჩვენ არა ერთხელ გვსმენია და არა ერთხელ ჩვენ პასუხი გაგვიცია. თქვენ გახსოვთ ის არა ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენი სახელმწიფო იმყოფებოდა 1918 წელს, როდესაც ოსმალეთი გვესხმოდა. მაშინ დაისვა საკითხი მობილიზაციის შესახებ. გეცოდინებათ, ბევრი იყო წინააღმდეგი მობილიზაციისა. ყველა ერთი აზრისა არ ყოფილა იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდათ თავდაცვა და არ უყვარდათ თავისი სამშობლო, არამედ ანგარიშს უწევდნენ ობიექტიურ მდგომარეობას და პირობებს: იმას, რომ არ გვქონდა პური, არ გვქონდა იარაღი, არ გვყავდა ძალა - ჯარი და გვარდია. ამას ვიღებდით მხედველობაში და ვამბობდით, რომ ჩვენ რომ ომი გამოუცხადოთ ოსმალეთს, ეს იქნება ავანტიურა. ზოგიერთი ჩვენთაგანი ამ აზრს იზიარებდა - მე პირადათ ამ აზრს ვიცავდი. მე, ამას აშკარად ვაცხადებ, ე.ი. მე ვამბობდი, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არაფერი მოგვეპოვება, არავითარი ნივთიერი საშვალება არა გვქონდა, არავითარი ძალა, არც ფიზიკური და არც ფინანსიური, ჩვენ დავმარცხდებოდით! მაშასადამე, ჩვენ თავდაცვის წინააღმდეგი არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ ანგარიშს უწევდით ობიექტიურ პირობებს და ვამბობდით, რომ დღეს ისეთი პირობებია, რომ ომს ვერ მოვიგებთ. ჩვენ გულის ტკივილით ვამბობდით, რომ უნდა მივიღოთ ბრესტის ხელშეკრულებაო. მაშასადამე, ჩვენი პოზიცია ამ საკითხში ისეთი იყო, როგორც ჩხენკელის პოზიცია იყო. ეს ჩხენკელისათვის არავის ჩაუთვლია სამშობლოს წინაშე ცოდვათ და მე მიკვირს, ჩვენ რატომ უნდა ჩაგვეთვალოს დიდ დანაშაულად მდგომარეობის გათვალისწინება! მე პირადათ ვიყავი იმ აზრისა, რომ ჩვენ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვიდოდით და წინააღმდეგი ვიყავი ომისა, მაგრამ როგორც კი მობილიზაცია გამოცხადდა, არც მე, არც ჩემს ამხანაგებს წინააღმდეგი ხმა არ მიგვიცია და პირიქით, ყველა ჩვენი ამხანაგები, ვინც კი მობილიზაციაში მოხვდა, ფრონტისკენ გაემგზავრენ და თქვენთან ერთად იბრძოდნენ. მე მაშინ გახლდით ქუთაისში და პარტიის საგუბერნიო კომიტეტის სახელით გავეცი პირდაპირი მავთულით შემდეგი განკარგულება. მახსოვს ის სიტყვა-სიტყვით და მე ნებას მივცემ ჩემს თავს, ეს წაგიკითხოთ. მე მივმართე კომისარს კაჩუხოვს, რომ დაეთმო ჩემთვის მავთული. ჩემი განკარგულება ასეთი იყო: «Губернскій комитетъ Партіи Социалистовъ-Революціонеровъ предлагаетъ Вамъ, немедленно мобилизовать партійныя дружины и отряды добровольцевъ. Направляйте къ Батуму. Положеніе серьезное, но Комитетъ считаетъ своимъ революціоннымъ долгомъ погибнуть вмѣстѣ съ народомъ, если нѣтъ другого выхода».

აი, ბატონებო, ჩემი პასუხი როგორი იყო. ეს განკარგულება მე მივეცი სამაზრო ორგანიზაციებს. აი, როგორ უყურებდით ჩვენ მაშინ ამ საკითხს. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ყოველ გვარი საშუალება ამოწურული იყო, როცა ჩვენი საუკეთესო სიმაგრე ხელიდან გვეცლებოდა. ვამბობდით, რომ არ გვაქვს უფლება საფრთხეში ჩავაგდოთ ჩვენი ერი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლიან გავწიროთ ჩვენი თავი, მსხვერპლათ მივიტანოთ და სწორედ მაშინ, როცა ჩვენ სხვებს მოუწოდებდით. მე უუდიდესი მსხვერპლი გავიღე, ე.ი. მე მოუწოდე პარტიულ ამხანაგებს: წავიდეთ და დავიხოცნოთ, თუ საჭირო იქნება-მეთქი! თქვენ კი სხვებს მოუწოდებდით, არ გაითვალისწინეთ მდგომარეობა, არ მოგიმზადებიათ სრულიად პირობები!

აქ გამოვიდა ბატონი ვალერიან ჯუღელი. ჩვენ ვიცნობთ ორ ჯუღელს: ერთი, რომელიც დღიურებს სწერს. იმასთან ასე თუ ისე, კიდევ ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მეორე, რომელიც ხანდისხან აქ გამოდის, სამწუხაროდ ჩვენდა, არა პოლიტიკურ სიტყვებით, არამედ რაღაც ისტერიული წამოძახილებით, მასთან ლაპარაკი მეტია! მან წამოაყენა ასეთი კითხვა, გვიჩვენეთ გზაო? ბატონებო, ეს გზა ბევრჯელ არის ნაჩვენები: ის გზა, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი ქვეყნისათვის, მისი კეთილდღეობისათვის. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ბ. ჯუღელს არ სცალიან; რომ ის არის პოლიტიკური ვოლონტიორი და მხოლოდ ორჯელ ესწრება კრებებს წელიწადში. ეს ჩვენი ბრალი არ არის. კერძოდ უნდა მოგახსენოთ, ბ. ჯუღელო, შემდეგი: რომ ეს გზა არის გზა სოციალისტური გარდაქმნისა. დღეს მთელ ევროპაში დადგა, ჩვენი ქვეყნისათვისაც დადგა ხანა, როდესაც წესი უნდა აუგოთ ძველ კაპიტალისტურ რეჟიმს! ეს იქნება ახალი ხანა, სოციალიზმის განხორციელების ხანა და ამ ხანისათვის არ გამოდგება თქვენი რეაქციონური პოლიტიკა! ბ. ჯუღელმა გამოიგონა სწორ-უპოვარი კრიტიკა, ის კრიტიკა, რომელსაც ნ. ჟორდანია უკეთებს თავის პარტიას. მაგრამ თქვენ იძულებული ხართ ამ კრიტიკაში სთქვათ მხოლოდ ანი, და ჩვენი მოვალეობა არის, ჩვენი, რომელნიც შებოჭვილნი არა ვართ და არ ვიმყოფებით თქვენი პარტიული, ცენტრალური კომიტეტის ტერორის და გავლენის ქვეშ, ჩვენ უნდა ვსთქვათ ბანი. ეს არის ის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს; მთავრობა, რომელმაც კატასტროფამდე მიგვიყვანა, ის მთავრობა, რომელსაც შედარებით სხვებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან უკეთესი პირობები ჰქონდა და ვერ შესძლო მინიმუმი მაინც ამ პირობებისა გამოეყენებინა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თავმჯდომარე: თქვენი დრო გავიდა, ბატონო ორატორო!

შენგელაია: დასასრულ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: აქ ბატონი ჯუღელი ამბობდა კერენსკის მთავრობაზედ. ეს მაგალითი მოწმობს, რამდენად უპასუხისმგებლოდ არის სოციალ-დემოკრატია. მან ასე დააყენა საკითხი: თქვენი მთავრობა იყო და დაღუპა რუსეთი. მაშასადამე, თქვენი პოლიტიკა არ ვარგაო. თქვენ გახსოვთ, რომ კერენსკის მთავრობაში იყვნენ სოციალ-დემოკრატები წერეთელი და სხვები. ისინიც ისევე არიან პასუხისმგებელნი ამ პოლიტიკაში, რომელსაც აწარმოებდნენ რუსეთში, როგორც ჩვენი ამხანაგები, და თუ თქვენ ამას გაურბიხართ, ეს ერთხელ კიდევ ამოწმებს თქვენს უპასუხისმგებლობას. რაც შეეხება დამარცხებას, მოგახსენებთ, რომ თუ კერენსკის მთავრობა დამარცხდა, ეს იმიტომ, რომ გაიზიარა მენშევიკების პოლიტიკა... (ხმაურობა, სიცილი, ზარი).

თავმჯდომარე: თქვენი დრო გათავდა, ბატონო ორატორო! (ზარი).

შენგელაია: ერთი წუთი კიდევ! (სიცილი). ერთი ფრაზა უნდა მოვაგონო ბ. ჯუღელს. თავის დღიურში ის სწერდა: «На нашей душѣ накопилось много преступленій». თქვენს სინიდისზედ არის ბევრი დანაშაული, და როდესაც თქვენ აქ რიხით გამოდიხართ, მე მოგახსენებთ: „ყოველ შემთხვევაში, პრეტორიანელები ჩუმათ უნდა იყვნენ“.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. ჩხენკელს ეკუთვნის.

აკ. ჩხენკელი (ს.-დ.): მოქალაქენო, სამწუხაროდ უკანასკნელი სიტყვა, რომელიც იხმარა ბ. შენგელაიამ, სრულიად დაუშვებელი იყო. მე ვამბობ, ჯუღელის პრეტორიანთან შედარება, რომელიც ინება ბ. შენგელაიამ, დაუშვებელია. მე ბევრს არ ვიტყვი, ბ. ბ. სრულებით არ გამოვსულვარ საკამათოდ, აქ ჩვენ კამათის დრო გვექნება კიდევ და ვიკამათებთ მაშინ. მე გამოვედი ზოგიერთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლათ. აქ იყო ნათქვამი პირდაპირ თუ არა პირდაპირ, რომ ვითომც ჩვენი ფრაქციის და პარტიის ნდობა მთავრობას არა ქონდეს. ეს დიდი შეცდომა არის. მას აქვს ნდობა როგორც ფრაქციის, ისე პარტიის (გვაზავა: ერთისადმი ნდობა არის თუ არა?). თქვენ თითონ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი, ოპოზიციის, გამოლაშქრება იყო ცალმხრივი. საქართველოს რესპუბლიკა, ქართველი ერი სულ სხვა იყო 1918 წელს და სულ სხვა არის დღეს, რომ მას აქვს თავისი სახელმწიფოებრივობა, თავისი ნების ყოფა, რომ მას შეუძლიან გაუმკლავდეს მტერს - ამას ლაპარაკობთ თქვენ თვითონ ჩვენთან ერთად და იმავე დროს ვერ ამჩნევთ, რომ ყველა ამაში დიდი ამაგი მიუძღვის მმართველ პარტიას, მმართველ ფრაქციას და მთავრობას. თქვენ ვერ შენიშნეთ ეს წინააღმდეგობა თქვენს გამოსვლებში და, სამწუხაროთ, მე ვარ იძულებული მიგითითოთ მასზე. არ უნდა დავივიწყოთ მოქალაქენო, რომ ჩვენი პარტია, ჩვენი ფრაქცია და მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას ღებულობენ მთელ თავის მოქმედებაში როგორც ხალხის, ისე ისტორიის წინაშე (გვაზავა: ცოტა არის? საქმე რომ წააგოთ, «мировой суд»-ში წახვალთ?). ჩვენ ვფიქრობთ და მონდომებულიცა ვართ, რომ ნაკლები, რომელიც ხელს გვიშლის და რომელიც არის ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ წესწყობილებაში, არ არის პიროვნული, არამედ არის მთელი რიგი მიზეზებისა, ჩვენს გარეშე არსებული, რომელიც მათ იწვევს. ჩვენ ამის შესახებ გვქონდა ლაპარაკი, კიდევაც გვექნება და თქვენ იცით, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ფორმულა დამფუძნებელ კრებაში, რომ საჭირო არის დაარსდეს ეკონომიური საბჭო. ჩვენ თქვენთან ერთად შევადგენთ მუშაობის გეგმებს.

მაშასადამე, ამის შესახებ ლაპარაკი გვექნება და დავაც გვექნება. ამ დავისათვის შემდეგ მოვიცლით. ჩვენ დავის არ გვეშინია, მაგრამ ამას თავისი დრო აქვს. თქვენ ივიწყებთ, რა მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა ამ სამი წლის განმავლობაში. მხოლოდ ერთი უნდა გკითხოთ: დამისახელეთ თქვენ მეორე რესპუბლიკა, რუსეთიდან გამოყოფილი, რომელსაც მსგავს პირობებში ასე წაეყვანოს საქმეები?

აქ კითხულობდნენ, გვაქვს თუ არა მომარაგება, გვაქვს თუ არა საშვალება მივსცეთ ხალხს ის, რაც მას ესაჭიროება. ამის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა მსჯელობა იქ, სადაც საჭირო იყო. იქ იყვნენ წარმომადგენელნი სხვა და სხვა ფრაქციისა, და ამის შესახებ აქ ლაპარაკი საჭირო არ არის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ვართ და ვიქნებით და ეს იმიტომ, რომ ჩვენს უკან სდგას ქართველი ერი, გონებით მაღალი და გრძნობით ძლიერი. და მე მეშინია იმის, რომ შეიძლება მას, ქართველ ერს, არ მოეწონოს ის, რაც დღეს აქ მოხდა. მე ეჭვი შემდის, ვასრულებთ თუ არა ჩვენ ჩვენს მოვალეობას ისე, როგორც საჭირო არის. მე ვფიქრობ, ვინც დაიწყო აქ დისონანსების შეტანა საერთო საქმეებში, ის ნაკლებ ასრულებს დეპუტატის მოვალეობას.

ერთმა ორატორმა, არ მახსოვს ვინ, გვისაყვედურა, რომ სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის საქმე მიჩქმალეთ, დაივიწყეთო. ალბათ თქვენ ივიწყებთ, რომ ეს საკითხი დაკავშირებული არის მთელი რესპუბლიკის კონსტიტუციის საკითხთან (შენგელაია: აფხაზეთში?). აფხაზეთის დეპუტატები მოსული არიან სწორედ იმიტომ, რომ ამაზე იქონიონ მსჯელობა. ჩვენ ადგილობრივ ავტონომიას უკავშირებთ სახელმწიფოს კონსტიტუციის საკითხს. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს თავისი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს, რომ პერიფერიებისათვის შეიმუშავოს ავტონომიური დებულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი განაპირა ქვეყნების როგორც ქართველები, ისე აფხაზები ბევრ აქ მოსულ ორატორზე უკეთ გრძნობენ თავის თავს, ჯერ რესპუბლიკის მოქალაქეთ და შემდეგ წევრათ ავტონომიურ ერთეულისა (ხმები: მართალია!). აი, ეს მინდოდა მეთქვა. დასასრულ, უნდა ვთქვა: მიუხედავად იმ სიცხარისა და სიმკაცრისა, რომელიც შეტანილი იყო კამათში, ერთში მაინც ვიყავით თანახმანი როგორც მემარცხენენი, ისე მემარჯვენენი: თუ საქართველო გასაჭირშია, თუ მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას საფრთხე მოელის, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ვინაიდან ჩვენ აქ წარმოვადგენთ ქართველ ერს, ვინაიდან ჩვენ ვართ გამომხატველი მისი სულის კვეთებისა, მისი ძლიერი ტენდენციებისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად დავირაზმებით ბრძოლის ველზე და ის კამათი, რომელიც აქ ხდება, არ არის ნიშანი ერის სისუსტისა, არამედ ნიშანია ერის სიმაგრის და სიმტკიცისა (საერთო ტაში).

თავმჯდომარე: ამგვარათ, ბატონებო, კამათი დასრულებული გახლავთ. შემოტანილი გახლავთ ორი პროექტი რეზოლიუციისა: ერთი სოციალდემოკრატიული ფრაქციისა, მეორე სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა. გთხოვთ, წაიკითხოთ.

ქ. შარაშიძე (მდივანი): (კითხულობს სოც.-დემოკრ. პროექტს).

„მოისმინა რა მთავრობის განცხადება მეზობელ სომხეთში შექმნილ მდგომარეობის შესახებ, დამფუძნებელი კრება გამოსთქვამს თავის უღრმეს თანაგრძნობას დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სომხის ერისადმი და იმედოვნებს, რომ ის გამარჯვებული გამოვა იმ ეროვნულ განსაცდელისაგან, რომელიც მას უმექრება.

ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ თვით საქართველო არ არის უზრუნველყოფილი ამგვარ განსაცდელისაგან, დამფუძნებელი კრება გამოსთქვამს ღრმა და მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს ხალხი როგორც ყოველთვის, დღესაც ერთსულოვნად დაირაზმება დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად.

ჩვენ გვრწამს, რომ გაივლის საფრთხე და დამფუძნებელ კრებას საშვალება მიეცემა განაგრძოს ორგანიული მუშაობა შინაური ცხოვრების მოსაწყობად როგორც ცენტრში, ისე სამუსლიმანო საქართველოში, სადაც ადგილობრივი პირობების მიხედვით განხორციელებული იქნება მმართველობის დემოკრატიული წესი ავტონომიურ ნიადაგზე.

დამფუძნებელი კრება იწონებს რა მთავრობის მიერ თავდაცვისათვის მიღებულ ზომებს, ავალებს მას განაგრძოს დაწყებული სამზადისი, დარწმუნებული, რომ რესპუბლიკის დაცვის საქმეში გაერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობისა და მას მხარს დაუჭერს მთელი ევროპის დემოკრატია.

დამფუძნებელი კრება ავალებს თავის პრეზიდიუმს, მიმართოს საქართველოს ხალხს შესაფერი მოწოდებით“.

თავმჯდომარე: ეს ერთი. გთხოვთ, წაიკითხოთ მეორე პროექტი სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციისა.

ქ. შარაშიძე (კითხულობს სოც.-რევოლიუც. ფრაქც. პროექტს).

„მოისმინა რა მთავრობის განცხადება იმ საფრთხის გამო, რომელიც იქნება რესპუბლიკისთვის ყარსის დაცემისა და ქემალ-ფაშის ლაშქრობის საქართველოს საზღვრებისაკენ წამოწევის შემდეგ, დამფუძნებელი კრება აცხადებს:

საქართველოს დამოუკიდებლობა განსაცდელში არის. აზიის საფრთხე, რომელმაც ასი წლის წინედ ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებლობას, ემუქრება რესპუბლიკას მიწიდან აღგვით.

ქვეყნის უაღრესად მძიმე შინაური მდგომარეობა, რომელიც მოყვა შედეგათ მთავრობის უპასუხისმგებლო მოქმედებას და მის ანტირევოლიუციურ პოლიტიკას, აიძულებს დამფუძნებელ კრებას უდიდესი შინაური და გარეშე საფრთხის ჟამს, უშუალოთ აიღოს ხელში ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმე.

დამფუძნებელი კრება, დარწმუნებულია რა, რომ ქართველი ერი იმ უდიდეს პასუხსაგებ მომენტში გამოიჩენს ბრძოლისა და გამარჯვების რკინის ნებისყოფას, მოუწოდებს საქართველოს მშრომელ ხალხს, შემოკრბეს დამფუძნებელ კრების გარშემო, რათა ჩვეულებრივი თავდადებით და სიმტკიცით, როგორც ზურგში, ისე ფრონტზე, იხსნას რესპუბლიკა ეკონომიური კატასტროფისა და გარედან დაპყრობის საფრთხისაგან“.

თავმჯდომარე: თქვენ მოისმინეთ, რომ ორივე პროექტის დედა-აზრი ერთიმეორის დიამეტრალურად საწინააღმდეგო არის. ამიტომ მე ცალ-ცალკე უყრი კენჭს იმ რიგზე, როგორც არის პროექტები შემოსული.

პირველი წინადადება არის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა. ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? მეორე პროექტი - სოციალისტ-რევოლიუციონერებისა - ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? გთხოვთ, დაუშვათ ხელი. ამგვარად მიღებული გახლავთ სოც.-დემოკრატიული ფრაქციის ფორმულა ყველა ხმის უმეტესობით წინააღმდეგ სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა. გთხოვთ, ეხლა მოისმინოთ კიდევ ერთი განცხადება მთავრობისა. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.

ნოე რამიშვილი: მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს წარმომადგენლობისაგან მიიღო მეტად მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც დღეს დაადასტურა გერმანიის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ტფილისში, ბატონ დრიუფელმა.

24 სექტემბერს ამა წლისა, გერმანიის რესპუბლიკის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა de jure. (ძლიერი ტაში და ოვაციები გერმანიის წარმომადგენელის მიმართ, რომელიც იმყოფება დიპლომატიურ ლოჟაში. დამფუძნებელი კრება ფეხზე ამდგარი მიესალმება გერმანიის წარმომადგენელს, ბატონ დრიუფელს). ეხლა აქ დაინიშნა ელჩად გერმანიისა ბატონი ულრიხ რაუშერი.

მთავრობას სრული იმედი აქვს, რომ ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარება დააჩქარებს ჩვენი რესპუბლიკის საბოლოო იურიდიულ ცნობას ევროპის სახელმწიფოთა მიერ და ხალხთა ლიგაში ჩვენს სრულუფლებიან წევრად შესვლას (მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე: თავის თავად ცხადია, ის განცხადება, რომელიც ეხლა მოვისმინეთ, უაღრეს და უდიდეს სიხარულით აავსებს მთელი დამფუძნებელი კრების და მთელი ერის გულს. არ შევცდები, თუ თქვენი სახელით და, მაშასადამე, მთელი ხალხის სახელით უდიდეს მადლობას და მხურვალე სალამს გადავცემთ აქვე სტუმრად მყოფ გერმანიის დემოკრატიულ მთავრობის წარმომადგენელს, ბ-ნ ფონ-დრიუფელს და უდიდეს ბელადს გერმანიისა და მთელი საერთაშორისო დემოკრატიისას, ბ-ნ კარლოს კაუცკის. ამათი სახით კი ჩვენს მეგობარ გერმანიის ხალხს ვუსურვოთ გამარჯვება და წინსვლა საკაცობრიო იდეალებისაკენ (ტაში და ოვაციები, ხმები: „ვაშა კაუცკის!“).

ამგვარად, დღევანდელი არაჩვეულებრივი სხდომის დღის წესრიგი ამოწურული გახლავთ. მიუხედავათ აზრთა სხვადასხვაობისა, ერთი რამ აშკარაა ჩვენთვის: ეს ისა, რომ ამ საშინელების დროს, რომელსაც ჰქვია საფრთხე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ქართველ ხალხის ფიზიკურ არსებობისათვის, მთელი საქართველო, როგორც ერთი კაცი, ძველებურად, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე - ქუდზე კაცი გამოვა, ან მოკვდება, ან გამარჯვებული დაბრუნდება შინ. ეს შეიძლება თამამად ითქვას, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. ამიტომ ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ძლევა-მოსილ დემოკრატიას, ჩვენს ერს, გამარჯვება მის თავდადებულ, ნორჩი რესპუბლიკის ჯარს და ძლევა-მოსილ გვარდიას. (ტაში).

კრებას დახურულად ვაცხადებ.

25 ორმოცდამეთოთხმეტე და მეთხუთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(54-55)

1920 წელი. ნოემბრის 9-12. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი

54 სხდომისა:

1. დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო ბანკის მუშა-მოსამსახურეებზე 1920 წ. აგვისტოს 16 დეკრეტის მოქმედების გავრცელებისა.

2. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-21 საბიუჯეტო წლის ანგარიშით სათანადო თანხის გადადებისა.

3. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება საქართველოს რესპუბლიკის ერთა ლიგის წევრად მიღების შესახებ სათანადო შუამდგომლობის აღძვრისა.

55 სხდომისა:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის მუშა-მოსამსახურეებზე 1920 წ. აგვისტოს 16-ის დეკრეტის მოქმედების გავრცელების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-1921 საბიუჯეტო წლის ანგარიშით თანხის გადადებისა.

3. წესი - კონსტიტუციის პროექტის განხილვისა.

4. დეკრეტი - საზღვარგარეთიდან ზოგიერთი საქონლის შემოტანის აკრძალვისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება 12 საათზე და 20 წ.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი წესრიგს მოგახსენებთ.

მდივანი (კითხულობს. იხ. შინაარსი).

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ სოც.-დემ. ფრაქციისა, რომ მესამე საკითხი დღიური წესრიგისა წავიდეს პირველ საკითხად. ვინ არის წინადადების წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ ნ. ნიკოლაძის განცხადება.

(მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების წევრის, ნ. ნიკოლაძის განცხადებას დამფუძნებელი კრების წევრობაზე უარის თქმის შესახებ).

თავმჯდომარე: თანახმად კანონისა, ბ-ნი ნიკოლაძე გადის დამფუძნებელი კრებიდან და მის ადგილს დაიჭერს იმავე ფრაქციის მორიგი კანდიდატი, ბ-ნი შალვა ამირეჯიბი. სიტყვა ეკუთვნის აკაკი ჩხენკელს.

აკ. ჩხენკელი (მომხს.): ბატონებო! საგარეო კომისიაში შემოვიდა პრეზიდიუმის საშუალებით განცხადება, ან უკეთ რომ ვსთქვათ, წინადადება დამფ. კრების წევრის, გვაზავასი, რომელიც ეხება საქართველოს რესპუბლიკის ხალხთა ლიგაში შესვლის საკითხს. ეს წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ გადაიდგას ახლავე მთავრობის მიერ აქტიური ნაბიჯები, რათა საქართველო იქნას მიღებული ხალხთა ლიგაში, რომლის საერთო სხდომები დაიწყება ამა წლის 15 ნოემბერს ჟენევაში და იმავე დროს დანიშნულ იქნან ჩვენი წარმომადგენლები იქ დასასწრებლად.

სწორედ, როცა ამ წინადადების განხილვას უნდა შევდგომოდით, საგარეო კომისიაში, ჩვენ მოგვახსენა გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგმა, რომ მთავრობის მიერ სათანადო ნაბიჯები უკვე არის გადადგმულიო.

ჯერ კიდევ საფრანგეთში მყოფ ჩვენს დელეგაციას აღუძრავს საკითხი, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მიღებული ხალხთა ლიგაში.

დაწვრილებით ამაზე არ მოგიყვებით, ვინაიდან აქ არიან დამფ. კრების წევრები, რომელნიც იმავე დროს იყვნენ წევრებად ჩვენი დელეგაციისა პარიზში; არც იმაზე შევჩერდები, თუ რა გააკეთა მთავრობამ, ვინაიდან აქ არის მთავრობის წარმომადგენელი და ის ალბად უფრო დალაგებით მოგახსენებთ ამ საკითხზე.

კომისიამ გაითვალისწინა, მაშასადამე, ის გარემოება, რომ საკითხი, რომელიც აღძრა დეპუტატმა გვაზავამ, უკვე აღძრული ყოფილა თავის დროზე მთავრობის და დელეგაციის მიერ და წინადადება დეპუტატ გვაზავასი უკვე ერთგვარად დაკმაყოფილებული არის და არ არის საჭიროება მისი ხელახლა განხილვისა. ამიტომ საგარეო კომისიამ სთქვა: ვინაიდან მთავრობას უკვე გადაუდგამს ნაბიჯები ამ საკითხის შესახებ, ამიტომ კომისია ფიქრობს, რომ წინადადება დეპუტატ გვაზავასი უნდა მოიხსნას.

საგარეო კომისია გაეცნო მთავრობის და მის დელეგაციის ნაბიჯებს და მოიწონა ისინი.

ამიტომ ჩვენ შემოვდივართ თქვენს წინაშე წინადადებით, რათა მოწონებულ იქნას მთავრობის ნაბიჯები და გამოითქვას ერთსულოვანი სურვილი ჩვენი რესპუბლიკის ხალხთა ლიგაში შესვლის შესახებ და დაევალოს მთავრობას განაგრძოს მუშაობა ამ სურვილის სისრულეში მოსაყვანათ.

თუ ამ საკითხის შესახებ იქნება მსჯელობა, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ფორმულას, რომელიც მიიღო საგარეო კომისიამ (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. საბახტარაშვილს ეკუთვნის.

. საბახტარაშვილი (გარეშე-საქმეთა მინისტრის ამხანაგი): ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! მე საჭიროდ მიმაჩნია ვრცელი ინფორმაცია გაგიკეთოთ იმ მუშაობისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადადგა საგარეო-საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხის გარშემო. როგორც მოგახსენათ მომხსენებელმა, დეპუტატმა ჩხენკელმა, თავის დროზე ამ საკითხის შესახებ სათანადო ნაბიჯები იყო გადადგმული ჩვენი საზავო დელეგაციის მიერ პარიზში. ამის შესახებ მე არ შეუდგები დღეს დაწვრილებით განმარტებას, მხოლოდ მოგახსენებთ იმ მუშაობაზე, რომელიც საგარეო-საქმეთა სამინისტრომ გასწია მას შემდეგ, რაც მან მიიღო ამ საკითხის შესახებ პირველი წერილი, ხალხთა ლიგის მიერ მომართული ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. 30 ენკენისთვეს ამა წლისა მთავრობის თავმჯდომარის სახელზე ჩვენ მივიღეთ შემდეგი წერილი ხალხთა ლიგის მთავარ სეკრეტარიატისაგან (კითხულობს). პასუხად ამ წერილისა საგარეო-საქმეთა სამინისტრომ, თავის-თავად ცხადია, აასრულა ყველა ის მოვალეობანი, რომლებიც ამ წერილში არის აღნუსხული, - გაგზავნა ის დოკუმენტები, რომლებიც აქ არის ნაჩვენები ისე, როგორც არის მოთხოვნილი და შემდგომ ამა წლის 20 ოქტომბერს სამინისტრომ მიიღო აგრეთვე იმავე მთავარ სეკრეტარიატისაგან შემდეგი წერილი (გვაზავა: პირველი წერილი რომელი რიცხვით არის?). პირველი წერილი მივიღეთ 30 ენკენისთვეს, მხოლოდ ის დაწერილი არის 25 აგვისტოს; მეორე წერილი მივიღეთ 20 ოქტომბერს და დაწერილი არის 8 ენკენისთვეს (კითხულობს). ამ ქაღალდის აღსასრულებლად მთავრობამ, მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერილი ტელეგრამით აცნობა ამ ჟამად ევროპაში მყოფს საგარეო-საქმეთა მინისტრს ბ. ევგენი გეგეჭკორს, რომ ის ინიშნება წარმომადგენლად ხალხთა ლიგაში, ამ ჟამად ჟენევაში, და სთხოვა მას დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ჟენევაში და აესრულებინა ეს მანდატი. ეს მანდატი იმავე დროს - 20 ოქტომბერს იქმნა გაგზავნილი ფოსტით ევგენი გეგეჭკორის სახელზე იმ მასალებთან ერთად, რომლებსაც გვთხოვდნენ პირველ წერილში.

თავის-თავად ცხადია, ჩვენ სრული განმარტება მივეცით საქართველოს ცხოვრების შესახებ. ჩვენ აღვნუსხეთ და შევეხეთ ყველა იმ საკითხებს, რომლებიც რეზიუმედ დაურთეთ ამ მასალებს და რომლებიც ეხება დღევანდელ საქართველოს არსებობას. დასაბუთებულად ვსთხოვეთ ერთხელ კიდევ და უჭერდით მხარს ჩვენი დელეგაციის მიმართვას ხალხთა ლიგისადმი, რომ საქართველოს რესპუბლიკა მიღებული ყოფილიყო სრულუფლებიან წევრად ხალხთა ლიგაში. აქ არის ბევრი ასლი იმ მასალებისა, რომლებიც გაგზავნილი იყო გარეშე-საქმეთა სამინისტროს მიერ ხალხთა ლიგის სახელზე. ეს მასალები ეხება როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, აგრეთვე ჩვენს კონსტიტუციას და საერთოდ, ჩვენს ცხოვრებას. ყველა ეს მასალები საჭირო იქნება

იქ იმ დროს, თუ კი ჩვენს შესახებ დაისმება საკითხი იმ სხდომაზე, ან მომავალ სხდომაზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს ადგილი 15 ნოემბერს ჟენევაში. აი, ასეთი არის, ბატონებო, ის ნაბიჯები და ის მუშაობა, რომელიც გასწია საგარეო-საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხის გარშემო და ჩვენ ვფიქრობთ და გამოვსთქვამთ სრულ იმედს, რომ საქართველოს რესპუბლიკა, რომელმაც თავისი ორნახევარ წლის დამოუკიდებლობის არსებობით დაამტკიცა თავისი სრული სიმტკიცე როგორც თავის შინაურ, ისე საგარეო საქმეებში, რომელმაც შესძლო გადაელახა ყველა დაბრკოლება როგორც ჩვენი შინაური, ისე გარეშე მტრის მოგერიებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი რესპუბლიკა დაშვებული იქნება სრულუფლებიან წევრად ხალხთა ლიგაში (ტაში).

თავმჯდომარე: ბატონი ლეო შენგელაია.

. შენგელაია (ს.-რ.): ბატონებო! ჩვენი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი რესპუბლიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საერთაშორისო აღიარება უნდა ჩაითვალოს დიდ და მორიგ საკითხად ჩვენი პოლიტიკისა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა. ჩვენ რომ ვიყოთ დიდი სახელმწიფო ასი მილიონი მცხოვრებით, მაშინ შეიძლება საკმარისი ყოფილიყო მარტო ჩვენივე აღიარება ჩვენი თავისა და ამის წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდა, მაგრამ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო და ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. მართალია, ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი საერთაშორისო ოჯახისა, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელო საკითხი არ არის, თუ რას წარმოადგენს თვით ის ოჯახი, რომელშიც ჩვენ შევდივართ. ამიტომ ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ დღევანდელ პირობებში იმ კონსტრუქციის მიხედვით, რომელიც აქვს ხალხთა ლიგას, ჩვენი ხალხისათვის არ იქნება ხელსაყრელი ამისთანა ორგანიზაციაში შესვლა. ეს წინადადება ეროვნულდემოკრატების, როგორც სჩანს, გაიზიარა საგარეო-საქმეთა კომისიამ. სამწუხაროდ, იქ არავითარი მოტივი არ არის მოყვანილი, თუ როგორ უყურებს ეს კომისია ამ საკითხს. აქ არის ნათქვამი, რომ ვინაიდან მთავრობამ გადადგა შესაფერი ნაბიჯი, ე. ი. მან უკვე გაგზავნა თავისი წარმომადგენელი გაცილებით ადრე, ვიდრე ეს წინადადება იქნებოდა შემოტანილი ეროვნულდემოკრატების ფრაქციის მიერ, ამაზე ზედმეტია მსჯელობაო. მე მგონია, ეს სრულიადაც არ არის პასუხი ამ კითხვაზე, ვინაიდან ჯერ ერთი, თუნდაც რომ იყოს ფაქტი, რომ ჩვენ შევედით ხალხთა ლიგაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ დამფუძნებელ კრებაში ამაზე ლაპარაკი არა გვქონია და ამის დასტური არ მიგვიცია. არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად სასურველია ეს ნაბიჯი და, მეორეს მხრით, რამდენად კანონიერი და მიზანშეწონილი არის მთავრობის ასეთი სეპარატიულად გადადგმული ნაბიჯები. რაც შეეხება გვაზავას მოტივებს, საჭირო არის ზოგიერთს ანგარიში გაუწიოთ. ბატონი გვაზავა ლაპარაკობს, რომ საქართველოს არსებობისთვის ძირითადი საკითხი არის მისი შესვლა საერთაშორისო ოჯახში - ე. . იგულისხმება - ხალხთა ლიგაში. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ერთა ლიგაში შესვლა ჩვენ მოგვცემდეს გარანტიას, რომ ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნებოდით დანგრევისაგან; რომ ჩვენი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნებოდა. მაგრამ ასეთ გარანტიას ჩვენ ვერავინ ვერ მოგვცემს. შემდეგ ბატონი გვაზავა ყურადღებას აქცევს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლიან შევიდეთ, ესე იგი, არ არის ობიექტიური, ფორმალური დაბრკოლება იმისათვის, რომ ჩვენ ერთა ლიგაში შევიდეთ, ეს შესაძლებელია. რასაკვირველია, პირველ მუხლში ნათქვამი არის, რომ თუ კი ამა თუ იმ ერს აქვს თავისი საკუთარი მართვა-გამგეობა, მას შეუძლიან იყოს ერთა ლიგის წევრად. მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის გადამწყვეტი. ერთი არის შესაძლებლობა და მეორე, თუ რამდენად სასურველი არის ლიგაში შესვლა. ამისათვის ჩვენ უნდა მიგვექცია ყურა დღება, თუ რამდენად სასურველი არის, რომ ჩვენი ხალხი შევიდეს იმ ერთა ლიგაში, რომლის ფიზიონომია არ არის სავსებით გამორკვეული, და თუ გამორკვეულია, - უარყოფითად.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე თვალდახუჭულად შესვლა ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის ერთა ლიგა, - არ შეიძლება. ჩვენს ქვეყანას ეს მხოლოდ ზიანს მოუტანს. ლიგის პროგრამაში შედის ყოვლად მიუღებელი მუხლები არამც თუ ჩვენთვის, სოციალისტებისათვის, არამედ მიუღებელი საერთოდ ყოველ დემოკრატიისათვისაც კი. ერთა ლიგას გამოაქვს დადგენილებები და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დადგენილებანი ჩვენთვის სავალდებულო იქნება. როგორ შეიძლება, რომ ასეთი მძიმე დავალება დავაკისროთ ერს? ეს ძალიან საფრთხილო არის და ამის გადაწყვეტა არამც თუ არ შეგვიძლიან მთავრობას მივანდოთ, არამედ არ შეიძლება დამფუძნებელ კრებასაც კი მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა. თუ საჭირო არის, თუ მოითხოვს ჩვენი მდგომარეობა, რომ შევიდეთ ერთა ლიგაში, მაშინ დაე, ეს საკითხი გადაწყდეს ისე, როგორც გადაწყდა, მაგალითად, შვეიცარიაში, - ე.ი. რეფერენდუმით. როგორ შეიძლება, ბოდიშს ვიხდი მაგარი გამოთქმისთვის, ასეთ ავანტიურაში ჩააგდოთ ჩვენი ხალხი. თქვენ ეუბნებით მას, რომ რასაც ეს ლიგა დაადგენს, უნდა ავასრულოთო. როგორ შეიძლება ასეთი ნდობა გამოუცხადოთ იმ ხალხს, რომლის მიზნებიც კარგად ვიცით ჩვენ. მე მესმის კიდევ, რომ ეს ერთა ლიგა შესდგებოდეს მარტო საქართველოს ნაციონალ-დემოკრატების ტიპის ხალხისაგან, მაშინ ნაც.-დემოკრატებს კიდევ შეეძლოთ ეთქვათ, - ავასრულებთ, რასაც ეს ხალხი დაადგენსო. მაგრამ ამის თქმა თქვენ არ შეგიძლიათ და მით უმეტეს, არ შეგვიძლიან ჩვენ. იქ შედიან ისეთი იმპერიალისტები, ვისაც ერთა თვითგამორკვევა არას დროს არა სწამდათ და თუ ამ სიტყვას ხმარობდნენ, იმიტომ, რომ ეს იყო მათთვის ხელსაყრელი! რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით, რომ ჩვენი რესპუბლიკა შევიდეს იქ წევრად. თქვენ იცით, როდესაც დატრიალდა საშინელი მსოფლიო ომი, ბურჟუაზიას დასჭირდა ზომები იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა აემოძრავებინა, აემოქმედებინა, რომ ერთიმეორისათვის დაეტაკებინა ხალხები. ამიტომ მან წამოისროლა სხვა და სხვა ლოზუნგები და მათ შორის არის ერთა თვითგამორკვევის და პატარა ერთა განთავისუფლების ლოზუნგი. როცა ომი დამთავრდა ანტანტის სასარგებლოდ, ანტანტის სახელმწიფოები სცდილობენ რაღაც თავისუფალ ერთა კავშირის ერთგვარი მოჩვენება შექმნან და ამიტომ მას დაარქვეს ისეთი მიმზიდველი სახელი, როგორც არის ერთა ლიგა. ეს არის ერთგვარი ანკესი, შირმა, რომ ისევ განაგრძონ ძველი პოლიტიკა ყვლეფისა და ჩაგვრისა. ეს რომ ასე არის, ამას დამტკიცება არ სჭირდება. გადახედეთ იმათ სიას, ვინც შედის ამ ერთა ლიგაში და დარწმუნდებით, რომ ეს ასეა.

თუ ჩვენ გვაქვს უფლება ლიგაში შესვლის, როგორც გვაზავა ამტკიცებს, რატომ გერმანიას, ჩვენზე გაცილებით კულტურულს, არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება? იმიტომ, რომ ეს არის ლიგა გამარჯვებულ ანტანტის იმპერიალისტურ სახელმწიფოთა, მიმართულ გერმანიისა და ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც არის მოტრფიალე ერთა თვით-გამორკვევის და თანასწორობის. ინგლისი და საფრანგეთი შედის ლიგაში, რომელსაც უწერია წესებში ერთა თვით-გამორკვევა და თანასწორობა. განა ინგლისი და საფრანგეთი ატარებს ამას ცხოვრებაში? არ იცით, როგორ ეპყრობა ინგლისი ირლანდიას, ან ინდოეთის 300 მილიონ ხალხს? განა შეიძლება დავიჯეროთ, რომ ისინი, ვინც თავის ახალშენებს ასე მუხრუჭს უჭერენ, გულ-ღიად შეხვდებიან პატარა ერებს? ჩვენ ამისი იმედი არ შეგვიძლია ვიქონიოთ, რადგან აქ არ არის ლიგა თავისუფალ ერების, არამედ არის ლიგა გამარჯვებული იმპერიალისტების. მათი მიზანია ახალი შირმის ქვეშ ყველა პატარა ერების და ამიტომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია მივიღოთ.

ზოგიერთი მიზანი ამ ლიგაში, მაგ., მშვიდობიანობის დამყარება, განიარაღება სახელმწიფოთა, აი ეს მუხლები რომ ავიღოთ, დარწმუნდებით, რომ ეს არის სიყალბე, ფარისევლობა. რაკი არსებობს კაპიტალიზმი და კერძო საკუთრება, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ომი არ იქნეს. და როდესაც ლიგის მეთაურები ომის მოსაზრებაზე ამბობენ, ეს არის სრული სიცრუე და სიყალბე. ჩემთვის სამწუხარო იქნებოდა და არა სასურველი, რომ დამფ. კრებამ, რომელიც თავის თავს სოციალისტურს უწოდებს, დაუჯეროს ამ ცარიელ ფრაზებს.

თქვენ იცით, რომ ერთა ლიგის დანიშნულებაა, რომ მან ხელი შეუწყოს ვერსალის ზავის პირობების ცხოვრებაში გატარებას. გეკითხებით, როდესაც ლიგაში შევდივართ და ვამბობთ, რომ ყოველგვარ საერთაშორისო დავალებებს შევასრულებთო, შეასრულებთ თუ არა ამ ზავის პირობებს? ხომ ადასტურებთ ამ ყაჩაღურ ზავის პირობებს? მე მგონია, ვადასტურებთ და ჩვენ კი ეს არ შეგვიძლია, თუ არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ჩვენს ერს.

მე არ ვხედავ საბუთს, რომ ჩვენთვის აუცილებლად საჭირო იყოს ამ ლიგაში შესვლა. თქვენ იცით, რომ სხვათა შორის ეს ლიგა მოითხოვდა უანექსიო და უკონტრიბუციო ზავს. და როგორ გაატარა ეს მან ცხოვრებაში? ასე რომ, ეს არის ფილიალური განყოფილება უმაღლესი საბჭოსი და რატომ უნდა შევიდეთ მასში, ვერ გამიგია.

მეტყვიან, აქ წინააღმდეგობა არისო: არც იმის მომხრე უნდა იყოთ, რომ არასოციალისტურ სახელმწიფოებმა გვიცნანო. ეს წინააღმდეგობა არ არის იმიტომ, რომ როცა ჩვენ გვიცნობენ, ეს ჩვენს გამარჯვებას ნიშნავს. მაგრამ როცა თავის წრეში გვითრევენ და ისეთ რამეზე გვაწერინებენ ხელს, რომელიც ჩვენთვის საზიანოა, ეს მისაღები არ არის ჩვენთვის. ამიტომ ჩემის აზრით, არამც თუ სასურველი არ არის, არამედ არც კი უნდა გადაედგა მთავრობას ასეთი ნაბიჯები დამფ. კრების დაუკითხავად. მაგრამ როგორც ვხედავთ, მას ასეთი ნაბიჯები გადაუდგამს, მიწერ-მოწერა ჰქონია და კაციც დაუნიშნავს. ეს ნაბიჯი არ მიმაჩნია კანონიერად. ჩვენ არ შეგვიძლია იქ შესვლა, ვინაიდგან ეს არის ერთგვარი ინტერნაციონალი, ბურჟუაზიული ინტერნაციონალი, შავი ინტერნაციონალი (ასათიანი: მესამე ინტერნაციონალი სჯობია, იქ შევიდეთ!). ჩვენ გვწამს ერთი მუშური რევოლიუციონური ინტერნაციონალი, სხვას ჩვენ არ ვსცნობთ. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგნი ვიქნებით, რომ ეს საკითხი დადებითად გადიჭრას, რომ ჩვენ შევიდეთ ლიგაში, სრულ თუ არასრულ უფლებიან წევრად, რადგან აქ არ ვხედავ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის დადებით შედეგს. პირიქით, ჩვენ გვგონია, რომ ეს ჩვენთვის საზიანოა. ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება აგრეთვე იმ ნაბიჯების, რომელნიც მთავრობას გადაუდგამს.

თავმჯდომარე: ბატონი გვაზავა გიორგი.

. გვაზავა (ერ.-დემ.): მე შემოვიტანე წინადადება, როგორც იცით, 10 ოქტომბერს და მაშინ, რასაკვირველია, მე არ ვიცოდი, თუ რა გააკეთა მთავრობამ ამ საკითხში.

ჩემი უმთავრესი აზრი იყო, რომ არ გამოგვეშვა ის მომენტი, როგორიც არის ერთა ლიგის პირველი სხდომა 15 ნოემბერს. ამას აქვს უმთავრესი მნიშვნელობა. ეს არის აუცილებლად საჭირო, რომ საქართველო იქნეს ცნობილი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ახლა გამოირკვა, რომ მთავრობას გადაუდგამს ნაბიჯები, როგორც მოგახსენათ ბ. ჩხენკელმა. ეს ნაბიჯები სრულიად მისაღებია. მხოლოდ ჩემის აზრით, მარტო მთავრობა კი არ უნდა გამოსულიყო ამ საქმეში, აქ სასურველია მეტი გამოხმაურება დემოკრატიისა. ამიტომ მე საჭიროდ დავინახე, რომ დამფ. კრებას გამოეთქვა ამის შესახებ თავისი აზრი. ამ მიზანს მე უკვე მივაღწიე, რადგან საკითხი უკვე დასმულია და დამფუძნებელი კრება, რომელიც არის გამომხატველი ერის ნებისყოფისა, თავის აზრს გამოსთქვამს. ამას კი დიდ ანგარიშს გაუწევენ ჟენევაში ერთა ლიგის ყრილობაზე.

ერთი განსხვავება ჩემსა და კომისიის წინადადებებს შორის ის არის, რომ მთავრობას გაუგზავნია ერთი კაცი, ერთი წარმომადგენელი; მე კი მოვითხოვდი, რომ ყოფილიყო სამი წარმომადგენელი. მაგრამ თუ მივაქცევთ ყურადღებას ხელშეკრულებას, იქ არის ნათქვამი, რომ წარმომადგენელი უნდა იყოს არა უმეტესი სამისა. მაშ, შეიძლება ნაკლებიც იყოს; დეე, ერთი იყოს გაგზავნილი, ეს ერთა ლიგის დებულებას არ ეწინააღმდეგება. ამიტომ მე ვუერთდები იმ წინადადებას, რომელიც წამოყენებული იყო დეპუტატ ჩხენკელის მიერ და ჩემსასა - ვხსნი. რაიცა შეეხება ბ. შენგელაიას გამოსვლას, მე ის ვერ გამიგია. შენგელაია ცდილობს ყოველთვის წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას, სულ ერთია, კარგია თუ ცუდი მისი ნაბიჯები. ეჭვი არ არის, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კარგია და მისაღები და ის მოსაზრება, რომელიც მოიყვანა ბ. შენგელაიამ, დამყარებულია ალბად უბრალო გაუგებრობაზე.

ის ამბობს, რომ ერთა ლიგა არის ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა კრებულიო (შენგელაია: ყაჩაღების ორგანიზაციაა!). იქ არის მთელი ერების ყრილობა (ქიქოძე: გერმანია, ამერიკა?). მოგახსენებთ. თქვენ გგონიათ, რომ ამერიკა ან გერმანია სოციალისტური სახელმწიფოა?! შენგელაიამ სთქვა, რომ ერთა ლიგა არის ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა კრებულიო. რა ვქნათ, თუ თქვენი სოციალიზმი ჯერ არსად განხორციელებულა ქვეყანაზე (თევზაია: ამას თავი დაანებეთ, გიორგი!). გერმანია არ შედისო, - მართალია. მაგრამ საკითხი ასე კი არ დგას, არამედ ასე: ცდილობს გერმანია შესვლას თუ არა? ცდილობს და საქართველოც უნდა ეცადოს, რომ მიბაძოს გერმანიას. ამერიკაც ცდილობს თუ არა შესვლას? იქ კამპანია იყო ვილსონის წინააღმდეგ. სენატმა უარყო დროებითი რატიფიკაცია ერთა ლიგის ხელშეკრულებისა და დროებით ამერიკა მართალია გამოთიშული შეიქნა, მაგრამ შეიძლება მალე შევიდეს, რადგანაც დიდია მოძრაობა დემოკრატიულ წრეებისა იქ შესვლის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, ამერიკამ უკვე გამოსთქვა თავისი აზრი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. ის წინააღმდეგი არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და თუ ისეთი სახელმწიფო, რომელიც წინააღმდეგია ჩვენი დამოუკიდებლობისა, ამ მომენტში გამოთიშულია ლიგიდან, ჩვენ მით უმეტეს უნდა ვისარგებლოთ ამით, რომ წარვსდგეთ ერთა ლიგაში. ასე რომ, თქვენი მაგალითი ამერიკის და გერმანიისა აქ მოსაყვანი არ არის. მეორე: ვერ გამიგია შენგელაიას ლოღიკა. ერთი მხრით ის ამბობს, ჩვენთვის საჭიროა გვიცნონ ევროპის სახელმწიფოებმაო. მეორე მხრით, ეწინააღმდეეგბა ხალხთა ლიგაში შესვლას. ნუ თუ არ იცით, რომ დღევანდელი იურიდიული ცნობა ხდება ლიგის საშუალებით? ცნობა იურიდიულად ისე აღარ ხდება, როგორც წინედ ხდებოდა. ადრე ცნობა იყო შემთხვევითი, ესა თუ ის სახელმწიფო ინდივიდუალურად სწყვეტდა საკითხს. ახლა ცნობა არის კოლექტიური ერთა ლიგაში და ლიგის მიერ.

ბატონი შენგელაია ამბობს, ლიგაში შესვლა სასარგებლო კი არა, პირიქით, სახიფათო იქნებაო. ეს პირდაპირ გაუგებრობა არის (შენგელაია: სრულიად არა. პირველი მუხლი?). მე მოგახსენებთ პირველი მუხლის შესახებაც. აი, რას ამბობს იგი: ყოველ ერს, რომელსაც აქვს მართვა-გამგეობა, უნდა შევიდეს ამ ერთა ლიგაში (ლ. შენგელაია: მოვალეობა?). რასაკვირველია, მოვალეობაც უნდა მიიღოს. ეს ის მოვალეობა არის, რომელიც ერთა ლიგას მიღებული აქვს. მაგრამ მე ვწუხვარ და მიკვირს, როდესაც დეპუტატი გამოდის ამის წინააღმდეგ და არ უნდა წაიკითხოს ერთა ლიგის ხელშეკრულების ტექსტი. ამიტომ ნება მიბოძეთ წავიკითხო და დავარღვიო ის ცუდი შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა შენგელაიამ.

მეხუთე მუხლი ამ ხელშეკრულებისა ამბობს: ყოველ დადგენილებისათვის, რომელსაც მიიღებს საბჭო ან ყრილობა - უნდა იქნეს მიღებული ერთხმად. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება იქნეს მიღებული არც ერთი დადგენილება, თუ ერთი წევრი ლიგისა წინააღმდეგი იქნა ამისა (ი. ლორთქიფანიძე: მაშინ არაფერი არ გამოვა!). ეს სულ სხვა საკითხია, გამოვა თუ არა. ლიგა არ არის რაიმე რევოლიუციონური მოვლენა. არა, ის არის ევოლიუციონური განვითარება საერთაშორისო უფლებისა, თუ შესწავლილი გაქვთ ზოგი ერთი მომენტი საერთაშორისო უფლების განვითარებისა. აიღეთ, მაგალითად, ვენის, ჰააგის კონფერენციები და შეადარეთ იგი ხალხთა ლიგას. თქვენ დაინახავთ, რომ საერთაშორისო უფლება თანდათან ვითარდება ევოლიუციონური გზით. მე არ ვამბობ, რომ ერთა ლიგა არის იდეალი და საუკეთესოდ და საუკეთესოდ ჩამოყალიბებული რამ. პირიქით, ეს არის დასაწყისი იმ საერთაშორისო მშვიდობიანობისა, რომლის დამყარება შეადგენს ხალხთა ლიგის მიზანს. შეიძლება ნაკლი იყვეს, მაგრამ საშიშარი ის არ არის. თუ ჩვენ მიღებული ვიქნებით ერთა ლიგაში, მაშინ ისეთივე მნიშვნელობა ექნება საქართველოს, როგორიც აქვს ინგლისს, საფრანგეთს (ხმა: როგორ მომენტში?). რაიმე საერთაშორისო სავალდებულო გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველასათვის სავალდებულო იქნება. ასეთი ვალდებულება უნდა იყვეს მიღებული ერთხმად. თუ ერთი ხმა წინააღმდეგი იქნება, მაშინ ვალდებულება, თავის-თავად ცხადია, აღარ არსებობს.

მაშასადამე, რა ხიფათი უნდა მოელოდეს საქართველოს ლიგაში? პირიქით, მე წინადადებას ვიძლევი ავირჩიოთ და გავაგზავნოთ იქ ლ. შენგელაია, რადგანაც ის შეაფერხებს ისტორიის მსვლელობას წინ, თუ საჭიროდ დაინახავს.

მართლაც, შეიძლება ბევრ რამეში არ გამოდგეს ეს ხალხთა ლიგა, მაგრამ ეს სახიფათო არ არის. ისეთ კითხვაში, სადაც არის საჭირო სავალდებულო რამ, სადაც საჭიროა შეთანხმება, გაგება ერთმანეთისა, მაშინ ლიგას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დააკვირდით ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ გვაქვს საკითხები ფინანსიური, სტრატეგიული, ეკონომიური. საჭიროა თუ არა ვილაპარაკოთ ისეთ ყრილობაზე, როგორიც არის ერთა ლიგა? ცხადია, თუ ასეთ საკითხებს ავღძრავთ იქ, მაშინ შეიძლება გამოვასწოროთ ჩვენი ეკონომიური, ფინანსიური და სხვა მდგომარეობა. აიღეთ მუშათა საკითხი: ზოგიერთი საკითხი იქ საერთაშორისო მასშტაბით წყდება. არის იქ შრომის ბიურო, რომლის სათავეში სდგას სოციალისტი ალბერტ ტომა და... (შენგელაია: თქვენისთანა სოციალისტები შედიან!). თუ არის ასეთი მსვლელობა, რომელშიც ებმება მთელი კაცობრიობა, ჩვენს სამშობლოს ვერ გამოვთიშავთ აქედან. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, უნდა ვიაროთ იმ გზით, რომლითაც კაცობრიობა დადის. საშიშარი აქ არაფერი არის. პირიქით, ის კი არის, რომ ჩვენ ცნობილი ვიქნებით საერთაშორისო მასშტაბით. ხელშეკრულების მე-10 მუხლი ამბობს, რომ ლიგა ვალდებულია დაიცვას ტერიტორიალური მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ყოველი თავისი წევრისა (ხმა: შეიძლება მან არაფერი არ გააკეთოს!). თქვენ მეტყვით, არაფერს არ გააკეთებსო. შეიძლება. მაგრამ არის თუ არა ეს ვალდებულება? არის. მაშასადამე, როცა შევალთ ამ ლიგაში, ჩვენ შეგვეძლება იქ ვილაპარაკოთ ჩვენს ინტერესებზე, ჩვენს პოლიტიკურ დამოუკიდებლობის და ტერიტორიალურ მთლიანობის დაცვაზე. და როგორ შეიძლება იჯდეს საქართველოს დამფ. კრებაში კაცი, რომელიც წინააღმდეგია ასეთი მიზნების წინადადებისა? ამნაირად, ის მოსაზრება, რომელიც შენგელაიამ მოიყვანა, სრულიად ფანტასტიურია, დაშორებულია ერთა ლიგის ხელშეკრულებას და იმას, თუ როგორ მიდის მუშაობა ერთა ლიგაში.

თქვენ იცით, რომ შვეციასა და ფინლიანდიას შორის ატყდა დავა ალანდიის კუნძულების შესახებ. თქვენ იცით, როგორ ვითარდება შეხლა-შემოხლა პოლონეთსა და ლიტვას შორის (ქიქოძე: როგორ გადაწყდა?). არ გადაწყდა, მაგრამ ერთა ლიგა ფეხს იდგამს თანდათან, ყველა მას მიმართავს... (ლორთქიფანიძე: დიდი რამე გამოვიდა!). ამ დაწესებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. სხვა დასაყრდნობი არა გვაქვს... ამრიგად, არც ერთი დებულება შენგელაიასი დამტკიცებული არ არის. პირიქით, ის ეწინააღმდეეგბა ლიგის ხელშეკრულებას, ეწინააღმდეგება რეალურ მსვლელობას ევროპის ცხოვრებისას. ლაპარაკი იმაზე, რომ ლიგაში ბურჟუაზიული სახელმწიფოები შედიანო, არ არის მართალი. ამისთანა სიტყვის წამოსროლით ვერაფერს გახდებით. იქ ბურჟუაზიული კი არა, დემოკრატიული სახელმწიფონი შედიან და სწორედ ხალხთა ლიგა ამბობს, რომ მეტი ხმა დემოკრატიის უნდა ისმოდეს ამ ლიგაშიო.

რაც შეეხება იმპერიალისტობას, კლემანსო და ლოიდ-ჯორჯი, რაც გინდა იყვნენ, უზურპატორები კი არ არიან, არამედ არჩეულნი თავიანთ პარლამენტის მიერ, პარლამენტი კი არჩეულია საყოველთაო ხმის მიცემის უფლებით. მაშასადამე, ისინი არიან დემოკრატიის წარმომადგენელნი. მართალია, სოციალისტები არ არიან, მაგრამ მათ ზურგს უკან დგანან საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ხალხი, მთელი დემოკრატია ინგლისის თუ საფრანგეთისა. ჩვენ ერთა ლიგის კრიტიკას თავი დავანებოთ და ვითხოვოთ მხოლოდ, რომ მიგვიღონ.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ რცხილაძეს.

გრ. რცხილაძე (ს.-ფ.): ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ის საკითხი, რომელიც დღეს ჩევნი განსახილველი საგანი არის, შეიძლება გავსინჯოთ სხვა და სხვა თვალსაზრისით. ჩვენის აზრით, სწორი იქნება, თუ ამ საკითხს გავსინჯავთ საერთაშორისო უფლების პოლიტიკური თვალსაზრისით და კერძოდ, საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით. უნდა მოგახსენოთ, რომ საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით, ერთა ლიგა წარმოადგენს განგრძობას იმ მეცადინეობისა, რომლის ნაყოფი იყო ჰააგის კონფერენცია. სახელმწიფოთა ურთიერთობა მეტად რთული საგანია. მრავალი უდიადესი საკითხები, რომლებიც იწვევენ სახელმწიფოთა ურთიერთობაში უთანხმოებას, იმდენად ღრმად ეხებიან თვითეულ სახელმწიფოთა ინტერესებს, რომ მათი გადაწყვეტა გარეშე შეიარაღებულ კონფლიქტისა, დღეს არ ხერხდება. მაგრამ გარდა ასეთ ღრმად მნიშვნელოვან საკითხისა, მათ ურთიერთობაში ყოველთვის მოიპოება ისეთი, როგორც თვით სახელმწიფოთა წარმომადგენლები ამბობენ, ე.წ. არსებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესახებ ხერხდება სახელმწიფოთა შორის სხვა და სხვა მშვიდობიანობით შეთანხმების მიღწევა და ამ შეთანხმების ნიადაგზე ვითარდება იდეა საერთაშორისო უფლებისა. მართალია, თვით ავტორები ნაციათა ლიგის იდეისა იმ შეხედულებისა იყვნენ, ისე უყურებდნენ საკითხს, ვითომც მათ აღმოეჩინოთ ისეთი დაწესებულების შექმნის საჭიროება, რომელიც მოსპობს საერთაშორისო კონფლიქტებს და შესაძლებელს გახდის მომავალში საერთაშორისო ურთიერთობის სხვა დღევანდელისაგან განსხვავებულ საფუძველზე დამყარებას. ამ შეცდომის მიუხედავად, ნაციათა ლიგას თავისი დადებითი მნიშვნელობაც აქვს. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ხალხთა ლიგა შეიცავს მრავალ შინაგან წინააღმდეგობებს და ეს წინააღმდეგობები ჩნდება თვით ამ ლიგის ორგანიზაციაში. თავის-თავად ცხადია, წინააღმდეგობა არის, როდესაც სახელმწიფოს, როგორც სუვერენულ ორგანიზაციას, რაიმე ვალდებულებას აკისრებს სხვა ორგანიზაცია. ასეთი ვალდებულების დაკისრება სახელმწიფოებრივ ორგანიზაციის მიმართ ყოვლად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ საიდან გამომდინარეობს ეს ვალდებულება. ეს ხალხთა ლიგა კი ჰგულისხმობს, რომ იმ სახელმწიფოს, რომელიც ამ ორგანიზაციაში შევა, დაეკისრება რაღაც ვალდებულება. ეს კი წინააღმდეგობაა. ამ წინააღმდეგობის ორგანიზაციული ეფექტი არის ის, რომ ნაციათა ლიგა წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც პრეტენზია აქვს მთელი ქვეყნის საქმეების მოწყობისა, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა და რეალური ძალა კი არ აქვს. იგი დამყარებული არის მხოლოდ იმაზე, რომ თუ ვინმე დაიწყებს საქმეს, მის დასრულებას მოინდომებს. არ შეიძლება უარვყოთ ის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ნაციათა ლიგის იდეა წამოყენებულ იქმნა გამარჯვებულ ანტანტის მიერ სწორედ იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია გამოეყენებინა, როგორც ერთად-ერთი საშუალება საერთაშორისო ურთიერთობის დასამყარებლად თვისი ინტერესების მიხედვით. დეტალურად რომ შეისწავლოთ ამ ლიგის წესდების მუხლები, თქვენ ნახავთ, რომ ეს ხალხთა ლიგა იქით არის მიმართული, რომ დაიცვას ის უფლებრივი რეჟიმი, რომლის განმტკიცებას გამარჯვებული ანტანტა სცდილობს. თავის-თავად ცხადია, როდესაც ნაციათა ლიგის წევრებად შეიქნებიან არა მარტო გამარჯვებულ ანტანტის წევრები, არამედ სხვებიც, ისინი თვის ტენდენციას შეიტანენ ამ ლიგაში, რომ მისი მიზნების შინაგანი გარდაქმნა, შეცვლა მომავალში შესაძლებელი გახდეს.

ჩვენთვის, საქართველოსათვის, ამ საკითხს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც იმას, რომ ხალხთა ლიგაში შესვლა ამასთან ერთად იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის ცნობა ანტანტის მიერ. ხალხთა ლიგა არის ლიგა სახელმწიფოების: თუ არ სახელმწიფოს, სხვას არ მიიღებენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გვიცნონ, როგორც სახელმწიფო პარიზში, ლონდონში და ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება. ამიტომ, თავის-თავად ცხადია, რომ არ შეგვიძლიან ზურგი შევაქციოთ იმ ორგანიზაციას, სადაც დიდი სახელმწიფოები არიან წარმოდგენილნი და სადაც შეიძლება გადაწყვეტილ იქნას პრინციპიალური საკითხი ჩვენი უფლებრივ ცნობის შესახებ სხვა და სხვა სახელმწიფოების მიერ. ეს არის, ასე ვთქვათ, ქართული პოლიტიკის თვალსაზრისის ფხიზელი ინტერესი, - რომ მიღებული ვიყოთ ხალხთა ლიგაში. თავის-თავად ცხადია, თუ ჩვენი შესვლა მოხდა იქ, ჩვენ დავიკავებთ, როგორც სხვები, ისეთ პოზიციას, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, შეეფერება საქართველოს რეალურ პოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენ იქ ერთნაირი ხმა არ გვექნება, როგორც ზოგიერთ რომანტიკოსს ჰგონია. ჩვენ ნაციათა ლიგის წევრები ვიქნებით, მაგრამ სხვებთან ერთნაირი ხმა არ გვექნება. ინგლისის სიტყვას უფრო მეტი გასავალი და სიმძიმე ექნება, ვიდრე ჩვენ და სხვა სახელმწიფოების სიტყვას.

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. გვარჯალაძეს ეკუთვნის.

. გვარჯალაძე (გარეშე-საქმეთა მინისტრის ამხანაგი): დამფუძნებელი კრების წევრნო! 26 მაისს 1919 წელს, როცა ჯერ კიდევ ისახებოდა ხალხთა ლიგა, პარიზის ჩვენმა საზავო დელეგაციამ გადასცა ლიგის სეკრეტარიატს ნოტა, რომელშიაც თხოვდა მას, რომ საქართველო ყოფილიყო დაშვებული ხალხთა ლიგაში. და ამ დღიდან კავშირი არ გაგვიწყვეტია ლიგის სეკრეტარიატთან. გასული ივლისის შუა რიცხვებში და 20 აგვისტოს დელეგაციის წევრებს ქონდათ მოლაპარაკება ლიგის სეკრეტარიატთან და იქ გამოირკვა შემდეგი: შესაძლებელი არის, რომ ხალხთა ლიგის მომავალ სხდომაზე, რომელსაც ადგილი ექნება 15 ნოემბერს ქალაქ ჟენევაში, დასმულ იქნას დღის წესრიგში მცირე ერების ლიგაში დაშვების საკითხი, იმ მცირე ერების, რომლებიც რუსეთს გამოეყვნენ. მან სთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს მცირე ერები კიდევ იურიდიულად ნაცნობნი არ არიან, შესაძლებელი არის, რომ მათი ლიგაში დაშვების საკითხი დაისვას და დადებითად გადაწყდეს. ამ ლაპარაკის დროს გამოირკვა, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს დამფუძნებელი კრება გააკეთებს ერთნაირ დეკლარაციას, გამოგზავნის წარმომადგენელს 15 ნოემბრის კრებაზე და მოითხოვს, რომ სურს ხალხთა ლიგაში შესვლა. ეს მოახდენს ერთნაირ შთაბეჭდილებას და ხელს შეუწყობს, რომ საქართველო იქმნას დაშვებული ხალხთა ლიგაში. როცა საქართველოში მოვდიოდი, ჩვენმა დელეგაციამ დამავალა, რომ ამ საკითხის შესახებ მოვლაპარაკებოდი, ვისთანაც ჯერ არს. ამის შესახებ ლაპარაკი მქონდა მთავრობის თავმჯდომარესთან, დამფუძნებელ კრების თავმჯდომარესთან და საგარეო კომისიაში. იქვე სეკრეტარიატმა განგვიცხადა, რომ ამ საკითხის შესახებ მივწერეთ თქვენი მთავრობის თავმჯდომარეს, რომ გამოგვიგზავნოს საჭირო ქაღალდები და საბუთები, რასაც მოვახსენებთ პრეზიდიუმს 15 ნოემბერს. მივწერეთ აგრეთვე, რომ დანიშნულ იქმნას ერთი თქვენი წარმომადგენელიო.

აი, როგორც მოგახსენათ აქ საგარეო მინისტრის ამხანაგმა, ეს წერილი მოსულია და თხოულობენ ერთს წარმომადგენელს. რაც შეეხება გ. გვაზავას აზრს, რომ იქ იყოს გაგზავნილი 3 წარმომადგენელი ერთის მხრივ და, მეორეს მხრივ, 4 წარმომადგენელი შრომის ბიუროში, ეს დღეს მგონია, საჭირო არ არის (ელიავა: მოხსნა ეს გვაზავამ!). იმიტომ, რომ ისინი თხოულობდენ 1 კაცს განმარტებისათვის. როცა ჩვენ დაშვებული ვიქნებით ხალხთა ლიგაში, მაშინ გავაგზავნოთ ჩვენი წარმომადგენელნი, მანამ კი საჭირო არ არის 3 წარმომადგენელი. ჯერ უნდა შევიდეთ ლიგაში და მერე მექანიკურად გავხდებით წევრი შრომის ბიუროსიც. მე მგონია, უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგმული იყო მთავრობის მიერ. რაც შეეხება თვით ლიგაში მონაწილეობას, ამ საკითხის გარშემო ევროპაში სხვა და სხვა აზრია. მაგ., ევროპის მემარჯვენე პარტიები არ არიან მომხრე იმისა, რომ ამ ლიგაში შევიდეს იმიტომ, რომ ისინი საზოგადოდ წინააღმდეგი არიან ერთა სოლიდარობისა. მათ უნდათ მუდმივი ქიშპობა და წინააღმდეგობა და მათ არ უნდათ, რომ ლიგა არსებობდეს. ლიგას ემხრობიან ფართო ლიბერალური წრეები, რადიკალური და სოციალისტური ჯგუფები. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ლიბერალური წრეები არ შორდება ლიგის status quo-ს და ამბობენ, რომ ეს საკმარისია. რაც შეეხება სოციალისტურ და რადიკალურ ელემენტებს, ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი ლიგით, მისი წესდებით, მისი შემადგენლობით არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ საჭიროა, რომ ნაკლი გამოსწორებული იქნეს. ერთი უდიდესი ნაკლი ამ ლიგის არის ის, რომ ყველა ერები არ არიან წარმოდგენილი იქ და ურჩევენ ყველა ერებს, რომ მიიღონ ზომები, რომ დაშვებული იქნან ერთა ლიგაში. ამბობენ, რომ საჭირო არის აქ წარმოდგენილი იყოს ყველა ერი, ყველას საშუალება მიეცეს ერთმანეთთან შეხვედრისა, რომ ერთა წინააღმდეგობა-ქიშპობა, რომელსაც დღეს ადგილი აქვს, შესუსტდეს და თანდათან სრულად მოისპოს. აქ ამბონენ, რომ გერმანია არ იღებს მონაწილეობას ამ ლიგაში, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეხლა თვით გერმანია სცდილობს შევიდეს ლიგაში. თუ დღეს ამერიკა არ შედის ლიგაში, არა იმიტომ, რომ ამის წინააღმდეგი არიან რადიკალური ან სოციალისტური ელემენტები, პირიქით, ყველა რადიკალური და სოციალისტური ელემენტებიც ამერიკისა მოითხოვენ მიიღოს მონაწილეობა ერთა ლიგაში. რაც შეეხება გერმანიას, ფართო წრეები ინგლისის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ ლიგის წესდების გამომუშავებაში, მოითხოვს, რომ გერმანია იყოს დაშვებული ერთა ლიგაში. თვით გერმანიაში სოციალისტური და რადიკალური ელემენტები მოითხოვენ, რომ გერმანია ერთა ლიგაში იყოს დაშვებული. სოციალისტური ელემენტები. ლ. შენგელაიას საყურადღებოდ ვამბობ, არ არის არც ერთი ჯგუფი, გარდა ბოლშევიკურად მოაზროვნე ხალხისა, რომელნიც წინააღმდეგი იყონ ერთა ლიგისა. პირიქით, ყველა სოციალისტური ელემენტები მოითხოვენ, რომ გერმანია იყოს დაშვებული ერთა ლიგაში. ამ მხრივ არსებობს საერთო ტენდენცია დემოკრატიულად მოაზროვნე ხალხისა მთელ ევროპაში, რომ ყველა ერმა შეეცადოს შევიდეს ამ ლიგაში, რომ შესაძლებლობა იყოს, ერი ერს დაუახლოვდეს ერთმანეთთან სოლიდარობის ნიადაგზე, შესაძლებელი გახდეს საერთო მუშაობა და გამოსწორება ყოველნაირ ნაკლისა. არის ერთი ჯგუფი. ეს ჯგუფი არის ანარქისტები ან ნახევრად ანარქისტები, ე.ი. ბოლშევიკურად მოაზროვნე ჯგუფი, რომელნიც ამბობენ, რომ დღევანდელი ლიგა თავის შემადგენლობით, წესდებით, პრინციპებით, მიზნებით, არის თავიდან ბოლომდის ბურჟუაზიული. იქ ბურჟუები სხედან და იქ ჩვენ შესვლა და მონაწილეობის მიღება არ შეგვიძლია: ამ მავნე ორგანიზაციას უნდა გამოუცხადოთ ბოიკოტი და არ მივიღოთ არავითარი მონაწილეობა იმის მუშაობაშიო. ეს არის ისეთივე აზრი, რასაც, მაგალითად, რუსეთის ბოლშევიკები იცავდნენ სახელმწიფო სათათბიროში არჩევნების დროს. თუ ავიღებთ ჩვენ დამფუძნებელ კრებას, აქ ყველა პარტიები მომხრე არიან იმისა, რომ ლიგაში შევიდენ. მხოლოდ ერთად-ერთი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტია წინააღმდეგია ამ ლიგაში შესვლისა და ასაბუთებენ ამ აზრს იმავე ნაირად, როგორც ანარქისტები და ბოლშევიკები, ე.ი. ამბონენ, რომ ეს ლიგა ბურჟუაზიულია, მიუღებელია თავისი წესდებით და შემადგენლობით. ეს არის ზოგადი ანარქისტული მოსაზრებანი (შენგელაია: რუსეთის სოც.-დემ. სცნობენ?) და მათთან ჩვენს დამფუძნებელ კრებას ვერ ექნება კავშირი. ასეთ მოსაზრებებს, მოქალაქენო, ჩვენ ვერ მივიღებთ და არც მივიღებთ.

თავმჯდომარე: სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

აკ. ჩხენკელი (მომხს.): დეპუტატმა შენგელაიამ სთქვა, რომ არ არის სასურველი ერთა ლიგაში შესვლაო. მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი სურვილია შევიდეს ინტერნაციონალში. სამწუხაროდ, მან არ სთქვა, რომელ ინტერნაციონალში? ეს კი საჭირო იყო, რომ გვქონოდა სრული წარმოდგენა მათ ტაქტიკაზე საქართველოში. ჩემი ფრაქცია მომხრეა, რომ შევიდეთ ინტერნაციონალში, მაგრამ მეშინია ერთის: ბ-ნი გვაზავა არ შევა მასში (გვაზავა: მე მესამე ინტერნაციონალში შევალ!). ჩვენ თავის ადგილზე, თავის დროზე ნაბიჯი გადაგვიდგამს ინტერნაციონალში შესვლისათვის. ჩვენმა პარტიამ კიდეც იმუშავა და კიდეც მუშაობს იქ (ხმები: რუსის მენშევიკები არ შედიან!). ხშირად ყოფილა, როდესაც რუსეთში ერთი მთლიანი სოც.-დემ. პარტია გვყავდა; რუსი ამხანაგები მიყვებოდნენ იმ გეზს, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით სათავეში რუსეთის სოც.-დემ. პარტიისა. ამიტომ, თუ ამბობთ, რომ ჩვენ და მათ შორის განსხვავება არის ინტერნაციონალში შესვლის შესახებ, ჩვენ ეს არ გვაშინებს. ჩვენ ვიმუშავეთ და ვმუშაობთ ინტერნაციონალში და ამის ნაყოფი თქვენ უკვე იცით. ერთგვარი დემონსტრაცია ამისა აქაც იყო, როცა საქართველოს ესტუმრა ევროპიელ სოციალისტთა დელეგაცია. დეპუტატმა შენგელაიამ წამოაყენა მე-2 საკითხი: რამდენად საჭიროა და სასარგებლო ხალხთა ლიგაში შესვლა. როდესაც ის აკრიტიკებდა ერთა ლიგას, რომელშიაც, მისი აზრით, ჩვენ არ უნდა შევიდეთ, მან ერთი შეცდომა დაუშვა: ის, რასაც დღეს შვრება ეგრ. წოდებული უმაღლესი საბჭო, გამარჯვებულ სახელმწიფოთა, მან მოახვია თავზე ერთა ლიგას. სამწუხაროდ, ერთა ლიგას ჯერ არ დაუწყია ნამდვილი რეალური მუშაობა. მას არ ანებებენ იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც შეადგენენ მის კომპეტენციას და ამის მიზეზი უმაღლესი საბჭოა. მაშასადამე, უმაღლესი საბჭო ერთი არის და ერთა ლიგა - მეორე (შენგელაია: ფორმალურად კი!). მართალია, ამ ლიგაში უდიდესი გავლენა ექნებათ გამარჯვებულ დიდ სახელმწიფოებს, მაგრამ გარდა ამ სახელმწიფოებისა, შედიან ნეიტრალური სახელმწიფონიც, რომელნიც სრულიად არ ღებულობენ ომში მონაწილეობას, მაგ., სკანდინავია, შვეიცარია და სხვა. მაშასადამე, მე ვამბობ, ეს შემადგენლობაც სულ სხვა არის.

მე ვფიქრობ, რომ ერთა ლიგაში შესვლა საჭირო არის და ამაში ეჭვი არ მეპარება. არა თუ ეჭვი არ მეპარება, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იქ ვითამაშებთ იმავე როლს, რა როლსაც ვთამაშობთ ინტერნაციონალში. ეს არ იქნება წასაგები ჩვენთვის. მე ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკურად საქართველო, როგორც სახელმწიფო, ისეთსავე ფხას გამოიჩენს სახელმწიფოთა საერთაშორისო ოჯახში, როგორიც მისმა მმართველმა პარტიამ ინტერნაციონალში გამოიჩინა (შენგელაია: როგორც შინაურ ცხოვრებაში!). თქვენ კარგად იცით, რომ ინტერნაციონალში არ ყავს არავის იმდენი მეგობარი, რამდენიც ყავს საქართველოს. ისინიც კი, ვინც მოსკოვის ინტერნაციონალში შევიდა, არ გამოსულან ჩვენს წინააღმდეგ, ზოგიერთიც კი მომხრეც იყო ჩვენი. თუ ხალხთა ლიგაშიც ვიპოვით მეგობრებს, ჩვენი სახელმწიფო წაგებული არ იქნება. რაც შეეხება დეფექტებს, ცხადია, ლიგას დეფექტები ექნება, და თუმცა დიდი ფაქტორი არ ვართ - პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ სწორედ იმიტომ შევდივართ იქ, რომ რამდენადაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მოვსპოთ ეს დეფექტები. აქედან ის დასკვნა გამომყავს, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო საყვედური დეპუტატ შენგელაიასი იმის შესახებ, რატომ გაბედა მთავრობამ და გადადგა ასეთი ნაბიჯები და, თუმცა ბოდიშით, მაგრამ ავანტიურაც კი დაუძახა მან მთავრობის მოქმედებას. მე ვფიქრობ, რომ პირიქით, მთავრობას და დელეგაციას რომ არ გადაედგა არავითარი ნაბიჯები, ეს იქნებოდა სასაყვედურო, ეს იქნებოდა ნაკლი და ამას ჩვენ პირველი ვიტყოდით ამ ტრიბუნიდან.

მაშასადამე, მე, რასაკვირველია, ვიმეორებ იმავე წინადადებას საგარეო კომისიისა, რომ ვიწონებთ მთავრობის ნაბიჯებს და მოვითხოვთ მათი ნაბიჯების განგრძობას. შემომაქვს მხოლოდ ერთი შესწორება: ვინაიდგან დეპუტატმა გვაზავამ მოხსნა თავისი წინადადება, კომისიას საჭიროდ არ მიაჩნია მის შესახებ რამე დადგენილების მიღება. ფორმულა, რომელსაც პრეზიდიუმი გაგაცნობთ, ყველა ფრაქციამ მიიღო. სამწუხაროდ, ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციიდან არავინ იყო აქ. - ახლა იტყვის ეს ფრაქცია, თავისი ვოტუმით მომხრეა მისი თუ არა. მაშასადამე, ეს ფორმულა შემოდის საგარეო კომისიის სახელით და გთხოვთ, მიიღოთ იგი.

მდივანი (კითხულობს).

„დამფუძნებელი კრება იწონებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საქართველოს რესპუბლიკის ერთა ლიგაში შესვლის შესახებ და ავალებს მთავრობას, მომავალში განაგრძოს ამ მხრივ სათანადო მუშაობა, რათა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მიღებულ იქნეს სრულ უფლებიან წევრად ერთა ლიგაში“.

თავმჯდომარე: და ბოლოს, ერთად-ერთი ფორმულა არის. ეროვნულ-დემოკრატების წინადადება, თანახმად მათი წარმომადგენელის განცხადებისა, მოხსნილია. თქვენ მოისმინეთ ფორმულა საგარეო კომისიის მიერ წამოყენებული. ვინ არის მომხრე ამ ფორმულისა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია ესერები და გ. ქიქოძე. ფორმულა მიღებულია. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ნ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის მუშამოსამსახურეებზე 1920 . აგვისტოს 16 დეკრეტის მოქმედების გავრცელებისა.

. იმნაიშვილი (მომხს.): საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში განხილული არის შუამდგომლობა, რომელიც თავის დროზე შემოიტანა დამფუძნებელ კრებაში სახელმწიფო ბანკის გამგეობამ და რომელიც ბანკის საბჭოს მიერაც არის დადასტურებული იმის შესახებ, რომ ამ ბანკის მოსამსახურეებზე გავრცელებულიყო აგვისტოს 16 დეკრეტი ჯამაგირების მომატების შესახებ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ეს დეკრეტი მივიღეთ, ჩვენ იქ შევიტანეთ ერთი ადგილი, სადაც სწერია: დეკრეტი ვრცელდება რესპუბლიკის ყველა მოსამსახურეებზე, გარდა სახელმწიფო ბანკის თანამდებობის პირთა. ხოლო როცა საქმე თანამდებობის პირების განსაზღვრაზე მიდგა, ეს მეტად რთული შეიქნა, ვინაიდან სახელმწიფო ბანკში ასეთებად მიჩნეულ იქნენ ყველა მოსამსახურენი. ამნაირად, ბანკის ყველა მოსამსახურე დეკრეტის მოქმედების გარეშე დარჩა. ამ შუამდგომლობას აქვს მიზნად ეს ნაკლი გამოასწოროს და ვინაიდან ბანკის მოსამსახურეების მდგომარეობა ცუდი არის, იმათზედაც უნდა გავრცელდეს ეს 16 აგვისტოს დეკრეტი.

იქ ისეთივე მდგომარეობა შეიქმნა, რომ 91 მოსამსახურეთაგან 50-ს აქვს 4500-4000 მან. ჯამაგირი თვეში, 20-21-ს კი 3000-3500 მან. ჯამაგირი თვეში. არის იქ რამდენიმე პირი, რომლებსაც 2000 მან. აქვთ ჯამაგირი. აი ეს არის მინიმუმი. რაკი ასეთი მდგომარეობა შეიქნა და არც სხვა დახმარება არ ეძლევათ, - ერთდროული დახმარებაც კი არ მიუღიათ იქ, - ამიტომ ბანკის გამგეობამ შუამდგომლობა აღძრა, რომ აგვისტოს 16-ის დეკრეტი გავრცელდეს ბანკის მუშა-მოსამსახურეებზედაც. მართალია, იქ უფრო მაღალი თანამდებობის პირებს შედარებით რესპუბლიკის სხვა დაწესებულებათა მოსამსახურეებთან დიდი ჯამაგირები აქვთ, მაგრამ ამის შესახებ საბიუჯეტო კომისიამ თავის დროზე უკვე მოგახსენათ. დიდი ჯამაგირები აიხსნება მით, რომ მუშაობა ბანკში არის სპეციალური ხასიათის და სპეციალურ მუშაობისათვის კი შემოღებული იყო განსაკუთრებულად მომეტებული ნორმები. მაშასადამე, თუ ამ დეკრეტს მივიღებთ, მომატება იმავე პროპორციით უნდა გავრცელდეს ბანკის ყველა თანამდებობის ჯამაგირებზე, რა პროპორციით ეს ჩვენ სხვა მოსამსახურეებს მოუმატეთ. ამ დეკრეტის წინააღმდეგი იყო კონტროლი, რომელიც ამბობდა, რომ ამ დეკრეტით რესპუბლიკაში წესდება უდიდესი ჯამაგირები, რომლის მსგავსი თვით მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვსო. კონტროლი მომხრეა, რომ დეკრეტი გავრცელდეს უფრო დაბალ მოსამსახურეებზე და მაღალ თანამდებობის პირებზე კი არა. ფინანსთა მინისტრიც მომხრეა კონტროლის აზრის, მაგრამ საფინანსო კომისია არ დაეთანხმა კონტროლის და ფინანსთა უწყების ამ მოსაზრებას, რადგან, თუ ეს იქნება მიღებული, მაშინ, ფაქტიურად, მუშაობა ბანკში უნდა მოშლილ იქმნას. ეს იმიტომ, რომ მაღალ თანამდებობის პირებს ვერ ვიშოვნით სხვა ჯამაგირებით. ამიტომ ჩვენ მათთვის დავაწესეთ მომატებული ნორმები და ეს მოსაზრება ეხლაც ძალაში რჩება. ეს იყო, რაც მოსახსენებელი ჰქონდა საფინანსო კომისიას ამ საკითხის შესახებ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისთვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ, წაიკითხოთ.

. იმნაიშვილი (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა უცვლელად).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-21 . საბიუჯეტო წლის ანგარიშში სათანადო თანხის გადადებისა.

მომხსენებელია გიორგაძე, მაგრამ რადგან იგი აქ არ არის, მოხსენებას გააკეთებს იმნაიშვილი.

. იმნაიშვილი: აქ არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ მიღებული პროექტი დეკრეტის სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 1920-21 წლის საბიუჯეტო წლის ანგარიშში თანხის გადადებისა. ეს თანხა უნდა გადაიდოს ნოემბრის და დეკემბრის თვეებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არა გვაქვს განხილული ამ წლის ბიუჯეტი და სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად საჭირო თანხა უნდა გავიღოთ ეხლა ამ წლის ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში. ეს პროექტი საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და დაადასტურა. აქ ყურადღებას იპყრობს ერთი რამ: ნოემბრის ხარჯები განათლების, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის და იუსტიციის სამინისტროების მომეტებულად არის ნაანგარიშევი, ვიდრე დეკემბრის თვეში. მაგალითად, განსხვავება არის ასეთი: განათლების სამინისტროსი: ნოემბრის - 43 მილ., დეკემბრის - 29 მილ.; იუსტიციის: ნოემბერში - 70 მილ., დეკემბერში - 20 მილ.; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის: ნოემბერში - 110 მილ., დეკემბერში - 90 მილიონი. უკანასკნელ უწყებაში ეს ძალიან საგრძნობი განსხვავება არის. დეკემბერში ისინი მიიღებენ ნორმალურ ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით და ნოემბერში ეს თანხა გადიდდება, ვინაიდგან ნაგულისხმევი არის, რომ ისინი გასწევენ სამეურნეო ხასიათის ხარჯებს და სხვა ასეთ ხარჯებს. ვაჭრობა-მრეწველობის და ფინანსთა სამინისტრომ ამ განსხვავებით უნდა დააკმაყოფილოს სხვა და სხვა მოთხოვნილებანი, რომლებიც წარდგენილი აქვთ მთავრობაში სხვა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს, კოოპერატივებს, ქალაქის თვითმმართველობებს და ერობებს. ამ დაწესებულებებს - საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გაეხსნება ე. წ. სამრეწველო კრედიტი, რომ მოაგვაროს ის წარმოება, რომელიც დაწყებული აქვთ; დანარჩენი კი ნორმალური ხარჯებისა დადასტურებული არის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ. სულ, ამ წლის ხარჯთ-აღრიცხვისთვის გამოთხოვილი არის 1 მილიარდი 26 მილ. 384.804 მანეთი. სახელმწიფო კონტროლი თანახმა არის. მთავრობის და კომისიის მიერაც დადასტურებული არის.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. გთხოვთ, წაიკითხოთ.

ნ. იმნაიშვილი (კითხულობს მუხლობრივ. ყველა მუხლები დეკრეტისა მიღებულ იქმნა უცვლელად).

თავმჯდომარე: დღის წესრიგი ამოწურული გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ მომავალ სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს მომავალ სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე: სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება 2 სთ. 15 წუთზე.

26 ორმოცდამეთხუთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


(55)

1920 . ნოემბრის 12.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იხსნება შუადღის 12 სთ. და 55 წთ.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს. იხ. შინაარსი).

თავმჯდომარე: დღის წესრიგის შესახებ გახლავთ ორი წინადადება: პირველი - სოც.-დემ. ფრაქციისა, რომ დეკრეტი ზოგიერთ ფუფუნების საგნების შემოტანისა გადადებულ იქმნას, რადგან იგი ფრაქციას არ განუხილავს. ვინ არის ამ წინადადების წინააღმდეგი? მაშასადამე, ეს დეკრეტი მოიხსნება. მეორე წინადადება არის შეერთებულ კომისიებისა - საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედროსი, რომ დღის წესრიგში შეტანილ იქნას დეკრეტი 2 მილიარდი მანეთის გადადებისა მთავრობის განკარგულებაში თავდაცვისათვის. არის აგრეთვე წინადადება, რომ იგი განხილულ იქმნას დახურულ კარებში. ვინ არის ამ წინადადების წინააღმდეგი? მაშასადამე, დღის წესრიგში ეს საკითხიც იქნება შეტანილი. ვინ არის საერთოდ წინააღმდეგი დღის წესრიგისა? დღის წესრიგი მიღებულია. პირველ საკითხზე მოგახსენებთ ქრ. შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტებს, რომელნიც მიღებულ იქნენ).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხი გახლავთ წესი კონსტიტუციის პროექტის განხილვისა. მომხსენებელია კ. ჯაფარიძე.

წესი კონსტიტუციის პროექტის განხილვისა.

. ჯაფარიძე: პრეზიდიუმის წინადადებით მოწვეული იყო საკონსტიტუციო კომისიის და ფრაქციის წარმომადგენელთა კრება. მათთან ერთად პრეზიდიუმმა შეიმუშავა განსაკუთრებული წესი კონსტიტუციის განხილვისა. ამ შეერთებული სხდომის აზრით შეუძლებელია, რომ კონსტიტუციის პროექტი განხილულ იქნეს იმ წესით, რომელიც ჩვეულებრივ კანონ-პროექტებისათვის არის შემოღებული. კონსტიტუციის პროექტი წარმოადგენს ჩვეულებრივ კანონ-პროექტს. იგი არის მთელი კრებული მეტად სერიოზულ და რთულ, ძირითად კანონ-პროექტებისა. ეს რთული კანონ-პროექტების კრებული იმით განსხვავდება უბრალო კანონ-პროექტებისაგან, რომ ისინი, მასში მოთავსებული თავები, ორგანიულად არიან დაკავშირებულნი ურთიერთთან. ახალმა წესმა უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეს მეტის-მეტად სერიოზული და რთული საგანი საფუძვლიანად იქნეს განხილული და გაშუქებული და იმავე დროს ეს განხილვა დიდხანს არ გავაგრძელოთ. ჩვენს მიერ შემუშავებული წესი სავსებით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. ძველი წესი კი პროექტის განხილვისა გვისპობს ამ საშუალებას და კონსტიტუციის განხილვასაც მეტად აგვიანებს.

ახალი პროექტით პირველად იწყება ზოგადი განხილვა კონსტიტუციისა. ძირითად საფუძვლების განხილვის შემდეგ გადავალთ თავობრივ განხილვაზე, ე.ი. თვითეული თავის ცალ-ცალკე განხილვაზე. ეს არის მეორე განხილვა. ჩვეულებრივი წესი ასეთია, რომ ამ მეორე განხილვის შემდეგ უნდა იქნეს შეტანილი ყოველგვარი შესწორება ან დამატება. მხოლოდ ამ პროექტში ის ცვლილება არის შეტანილი, რომ ყოველგვარი შესწორება ან დამატება უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო კომისიას დასკვნისათვის. ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ საჭიროა ამ პროექტის განხილვის დროს დამფუძნებელ კრებას ქონდეს აზრი იმ სპეციალური კომისიისა, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეიმუშავა.

ამის შემდეგ იწყება მესამე განხილვა, მოვახდინეთ თავის ცალ-ცალკე მუხლობრივი განხილვა. აქ არის შეტანილი ახალი წესი. თუ ეს მესამე მუხლობრივი განხილვა მოვახდინეთ ჩვეულებრივი წესით, ე.ი. თუ მუხლობრივი განხილვის შემდეგ თავი საბოლოოდ მივიღეთ, მაშინ მოსალოდნელია უხერხულობა და წინააღმდეგობა. შესაძლებელია, რომ მიღებული თავის რომელიმე მუხლი ეწინააღმდეგება, არ ეთანხმებოდეს მეორე თავის რომელიმე მუხლს, ან და შემდეგ გამოირკვეს, რომ საჭიროა მიღებული თავის რომელიმე მუხლის სხვა ადგილას გადასმა. ამიტომ, ვიდრე ყველა თავებს არ მივიღებთ და სანამ მთლიანად არ გადავავლებთ თვალს მთელ პროექტს, მანამ შეუძლებელია რაიმე წინააღმდეგობის აღმოჩენა ან რომელიმე საჭიროების დანახვა. ამიტომ თავების მიღება ხდება პირობით და არა საბოლოოდ, და როდესაც ყველა თავებს პირობით მივიღებთ, მაშინ ჩვენ შეგვეძლება გამოვასწოროთ წინააღმდეგობა სათანადო შესწორების შეტანით. ამნაირად, გამოდის მეოთხე განხილვა. ამის შემდეგ თვითეულ თავს კენჭი უნდა ვუყაროთ და შემდეგ მთელ კონსტიტუციას მთლიანად.

ამის შემდეგ რჩება უკანასკნელი და მეხუთე - სარედაქციო განხილვა. აქ უნდა აღნიშნულ იქნეს კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც არის ამ ახალ პროექტში. მეორე და მესამე განხილვის შუა, ე.ი. თავების ზოგად და მუხლობრივ განხილვის შუა, უნდა გავიდეს არა ნაკლებ ათი დღისა. თუ ამ ხნის განმავლობაში არ გვექნება უფლება, რომ თავის ზოგადი განხილვის შემდეგ გადავიდეთ შემდეგ თავზე, სანამ მუხლობრივი განხილვა არ გაგვითავებია, მაშინ კონსტიტუციის განხილვა ძალიან გაჭიანურდება იმიტომ, რომ კონსტიტუცია სულ 17 თავისაგან შესდგება; მეორე - შესაძლებელია, რომ ამ ხნის განმავლობაში სხვა საქმეც არ გვექნება. ამიტომ, კომისიის აზრით, ინტერვალი არ არის საჭირო. როცა პირველ თავს ზოგადად განვიხილავთ, გადავალთ შემდეგ თავზე. თუ დრო გვექნა, არ არის საჭირო, რომ უცადოთ მუხლობრივ განხილვის დასრულებას.

ამნაირად, ამ პროექტით ჩვეულებრივ განხილვის წესში შეტანილი და დამატებული არის შემდეგი ცვლილება: პირველი ის, რომ განხილვა ხდება ხუთჯერ: ერთი - ზოგადი განხილვა მთელი კონსტიტუციისა, შემდეგ თავებისა, შემდეგ მუხლობრივი, და შემდეგ ხდება მუხლთა წყობის შეცვლა და შესწორების შეტანა წინააღმდეგობის ასაცდენად; შემდეგ ხდება სარედაქციო განხილვა. მაშასადამე, კონსტიტუციის პროექტის განხილვა ხდება ხუთჯერ. შემდეგ ასეთი ცვლილება არის: შესწორება უნდა გადაეცეს წინასწარ განსახილველად საკონსტიტუციო კომისიას. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი წესი ბიუჯეტის განხილვის დროსაც არის მიღებული. ასე რომ, ახალი აქ არაფერია. შემდეგი ცვლილება არის ის, რომ ამა თუ იმ თავს მუხლობრივ განხილვის შემდეგ ვიღებთ პირობით და არა საბოლოოდ. შემდეგ, ერთი თავის განხილვის შემდეგ ინტერვალი არ გვაქვს და შეგვიძლიან პირდაპირ გადავიდეთ შემდეგ თავზე. ასეთია პროექტი იმ წესისა, რომელიც შეიმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტის განხილვისათვის.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? გთხოვთ, წაიკითხოთ.

კ. ჯაფარიძე (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე: პირველ მუხლის შესახებ გახლავთ წინადადება სოც.-დემ. ფრაქციისა (კითხულობს).

ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინადადება მიღებულია. გთხოვთ, წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

კ. ჯაფარიძე (კითხულობს მუხლობრივ - 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 მუხლებს. ყველა მუხლები მიღებულ იქმნა უცვლელად).

ეხლა უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ რა დღეს და რამდენჯერ უნდა იქმნას სხდომა. კონსტიტუციის განხილვა შეერთებულმა კრებამ გადასწყვიტა მოხდეს კვირაში ერთხელ. ეს დღე უნდა იქნეს კვირა. სხდომა უნდა დაიწყოს 10 საათზე და უნდა გათავდეს 3-ზე. პირველი დღე კონსტიტუციის განხილვა იქნება კვირა, 21 ნოემბერი. ასეთია აზრი შეერთებული სხდომისა.

თავმჯდომარე: სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს წინადადება, რომ კონსტიტუციის განხილვის დღე უნდა იყოს არა კვირა, როგორც პრეზიდიუმის და ფრაქციების შეერთებულ სხდომის მიერ იყო გადაწყვეტილი, არამედ ოთხშაბათი, საღამოს ექვს საათ ნახევარი. ვინ არის მომხრე სოც.-დემ. ფრაქციის წინადადებისა? ვინ არის მომხრე? მაშასადამე, მიღებულია სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება და პირველი სხდომა შესდგება 24 ნოემბერს, საღამოს ექვს ნახევარ საათზე. შემდეგი საკითხი გახლავთ -

მთავრობის განკარგულებაში 2 მილიარდი მანეთი გადადებისა თავდაცვის ფონდისათვის.

ვინაიდგან დადგენილება არის, რომ დახურულ სხდომაზე იქნეს განხილული ეს დეკრეტი, ამიტომ ვსთხოვ გარეშე დამსწრე საზოგადოებას დასტოვონ დარბაზი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ-ნ თევზაიას.

(დახურულ სხდომაზე ბ-ნ თევზაიას მოხსენების შემდეგ ლაპარაკობენ ბ-ნი ლ. შენგელაია, სპ. კედია, ნ. ელიავა და მომხსენებელი).

თავმჯდომარე: ამრიგად, კამათი დასრულებულია. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. ვინ შეიკავა თავი? არავინ. ამრიგად, მუხლობრივი განხილვა ერთხმად არის მიღებული.

თევზაია (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე: წინადადებაა, რომ დღესვე იქნეს მიღებული საბოლოო ტექსტი. ვინ არის წინააღმდეგი? (შენგელაია: ჩვენი წინადადება?)

ბ. შენგელაია, იქონიეთ მოთმინება. გახლავსთ აგრეთვე წინადადება სოც.-რევოლ. ფრაქციის: „თავდაცვის საქმის წარმატებისათვის შესდგეს ყველა ფრაქციების წარმომადგენელთაგან პარიტეტულ საფუძველზე საკონტროლო კომისია“. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადების? უარყოფილია. ამნაირად, მიღებულია ს.-დ. ფრაქციის წინადადება და დღესვე მოისმენთ საბოლოო ტექსტს (გომართელი კითხულობს საბოლოო ტექსტს). მოისმინეთ შემდეგი დღის წესრიგი (მდივანი კითხულობს). სხდომა დახურული გახლავსთ.

27 ორმოცდამეთექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(56)

1920 წელი. ნოემბრის 16. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტი - კონსტიტუციის პროექტის განხილვის წესისა.

2. დეკრეტი - საზღვარგარეთიდან ზოგიერთი საქონლის შემოტანის აკრძალვის შესახებ.

3. დეკრეტი - გარეშე-საქმეთა სამინისტროს საგანგებო ხარჯის დასაფარავად 2 1/2 მილიონის გადადებისა.

4. დეკრეტი - ქ. ბათომის ხაზინაში საფუთო გადასახადიდან შემოსული 7.336.660 მან. მიცემისა.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 11 საათზე.

თავმჯდომარე: გთხოვთ, დაბრძანდეთ. კრება გახსნილი გახლავთ. მოისმინეთ შემოსული კანონ-პროექტთა ნუსხა და დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს კანონ-პროექტთა ნუსხას და დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე: წინადადება არის სოც.-დემ. ფრაქციის ბიუროსი, რომ მესამე საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან. ვის სურს სიტყვა? წინადადება მიღებულია. დღიური წესრიგი დამტკიცებულია. საბოლოო ტექსტებს მოგახსენებთ ბ. გომართელი.

ივ. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტებს, რომელსაც დამფუძნებელი კრება ამტკიცებს).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.

დეკრეტი - საზღვარ-გარეთიდან ზოგიერთი საქონლის შემოტანის აკრძალვისა.

იოსებ სალაყაია: როგორც მოგეხსენებათ, ომის განმავლობაში ის წონასწორობა, რომელიც იყო საგარეო ვაჭრობაში, მოისპო. ომის გათავების შემდეგაც ეს წონასწორობა არ იქმნა აღდგენილი. ეს სჩანს შემდეგი ციფრებიდან: ის სახელმწიფონი, რომელთაც ჰქონდათ საგარეო ვაჭრობაში წონასწორობა, მაგალითად, ინგლისი, დღეს ინგლისის იმპორტი უდრის ერთ მილიარდ 33 მილიონს, ექსპორტი - 773.000.000. საფრანგეთის იმპორტი უდრის 30 მილიარდს, ხოლო ექსპორტი - 9 მილიარდს.

ასეთია მდგომარეობა თითქმის ყველა სახელმწიფოებში. ამ მხრივ ეს ერთგვარ გავლენას ახდენდა ფულის კურსზე და არის შემთხვევა, როდესაც ინგლისის სტერლინგის კურსი ეცემა 25%25, 26%25 და 27%25-თაც. უფრო მეტად ეცემა საფრანგეთის ფულის კურსი და მიღებულია ზომები, რომ არ იქნეს შემოტანილი ის საქონელი, რომელიც არ სჭირდება ფართო მოხმარებას. ჩვენი მდგომარეობა უარესია იმ ცნობების მიხედვით, რომელიც აქვს საბაჟოს. ჩვენი იმპორტი 1919 წლის პირველ იანვრიდან 1920 წლის პირველ იანვრამდე - 863.000.000 ყოფილა, ხოლო ექსპორტი - 393.000.000. ეს სხვათა შორის იყო ერთგვარი მიზეზი, რომ ჩვენში დაეცა ფულის კურსი. რასაკვირველია, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ოქროს ვალიუტა... საბაჟო ტარიფი არ სპობს, ან ძალიან ცოტაა ის საგნები, რომელთა შემოზიდვაც აკრძალულია. ეს პროექტი კი კრძალავს იმ საქონელს, რომელიც შეადგენს ფუფუნების საგანს.

ასეთია შინაარსი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? ბ. რცხილაძე.

გრიგოლ რცხილაძე (ს.-ფ.): ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! თავის თავად ცხადია, რომ მე არ გამოვსულვარ ამ საგნის შესახებ, რომ განვაცხადო წინააღმდეგობა იმ პროექტისა, რომელიც არის წარმოდგენილი, მაგრამ აგრეთვე არ შემიძლიან დაგიფაროთ, რომ არა მარტო ეხლა, დღევანდელ სხდომაზე, არამედ წინადაც, როდესაც დამფუძნებელი კრების წინაშე წარმოდგება საკითხები, - მეტად ღრმა და მნიშვნელოვანი საფინანსო საკითხები, - ჩვენ გვესმის დამფუძნებელი კრების წევრის მოხსენება, დამფუძნებელი კრების ფრაქციის განცხადება და არ გვესმის განმარტება ჩვენი საფინანსო უწყების წარმომადგენლისა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მეტად დიდი, ჩემის აზრით, იმიტომ რომ სრულებით საკმარისი არ არის რომელიმე საფინანსო ღონისძიებათა პრინციპიალურად აღიარება, საკეთილოდ ან საზიანოდ - ამას უნდა სდევდეს ანგარიში და ვარაუდი. აი, ეს ანგარიში და ვარაუდი ყველა სახელმწიფოთა ფინანსიური მდგომარეობის მიხედვით ყოველთვის უნდა იყოს წარმოდგენილი მაშინ, როდესაც დამფუძნებელი კრების წინაშე ისმის რაიმე საფინანსო საკითხი, ფუფუნების საგნების აღკრძალვა, რომ მისაღებია ჩვენი ეკონომიური გაჭირვების გამო ეს ყველასთვის ცხადია, მაგრამ რა შედეგს მოიტანს ეს, რამდენად შეამსუბუქებს ჩვენს ფინანსიურ გასაჭირს, რა ღონისძიება არის საჭირო, რა საშვალებით უნდა იფარებოდეს ჩვენი დეფიციტი, ყველა ამის შესახებ არავითარი განმარტება არავისგან არა გვაქვს. მე ვფიქრობ, ჩემი პირველი შთაბეჭდილებით, რომ ეს ღონისძიება და ზომები, თავის თავად ცხადია, ჩვენს მდგომარეობას თვალსაჩინოდ ვერ შეამსუბუქებს (თევზაია: თვალსაჩინოდ, მართალია!). მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საფინანსო უწყება ამ საკითხს იმ თვალით უფრო უყურებდა, როგორც ამას მოითხოვს საქმის მდგომარეობა. საკითხი ასე კი არ იქნებოდა დაყენებული, რომ შემთხვევით ცოტა რამ ვიშოვოთ კიდევ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამედ საკითხი ისე იქნებოდა დაყენებული, რომ წინასწარ გვევარაუდა მთელი განსაზღვრული პერიოდი, საშუალებანი და ხარჯები. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ანგარიში არა გვაქვს. ჩვენ გადავაქციეთ სისტემად - გავცემთ ფულს და არ ვკითხულობთ, საიდან უნდა იქნეს მიღებული. ვადიდებთ გასავლის ბიუჯეტს და არა ვკითხულობთ, ვინ უნდა დაფაროს ეს ბიუჯეტი. ჩვენი საფინანსო უწყება სდუმს ამის შესახებ. მე მოგახსენებთ ამის შესახებ იმიტომ, რომ ჩემი სინიდისი ვერ ურიგდება ამას. მე მგონია, რომ ეს არის დარღვევა იმ მოვალეობისა, რომელიც დამფუძნებელ კრებას აწევს. ამ კანონ-პროექტში ჩამოთვლილი არის რიგი საგნებისა, რომელნიც არ უნდა შემოვიდეს, ვინაიდან ეს არის ფუფუნების საგნები. მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაგვესვა საკითხი ასე: ჩვენ გვაქვს საშუალება მთელი ამა და ამ ჯამის, ამა და ამ თანხის საქონელი. ამ თანხის მიხედვით უნდა იქნეს არჩეული, რა საქონელი უნდა შემოვიტანოთ. ეს იქნება ერთგვარი სისტემა. მაგრამ ამას უნდა თავის თავად დეტალური შესწავლა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს შესწავლა, ეს გათვალისწინება. ამას უნდა მიაქციოს ყურადღება საფინანსო უწყებამ, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ამ პროექტს, მაგრამ გულის ტკივილით, რადგანაც ჩვენ გვაქვს ისეთი გრძნობა, რომ ბრმად გვიხდება მივცეთ ხმა საფინანსო ღონისძიებათა მაშინ, როცა გვყავს საფინანსო უწყება, რომელიც მოვალეა წარმოადგინოს ხოლმე სრული სურათი ჩვენი მდგომარეობისა და ანგარიში, თუ რა მოყვება ამა თუ იმ ღონისძიებას.

თავმჯდომარე: ბატონი სალაყაია.

. სალაყაია (ს.-დ.): მე სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ არ არის საკმარისი ის კანონ-პროექტი, რომელიც აქ არის შემოტანილი. რასაკვირველია, ეს ვერ გააჯანსაღებს ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობას, მაგრამ იგი ერთ-ერთი საშუალებაა ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისა. არის მთელი რიგი ზომებისა ამისთვის მისაღები. ეს თავის თავად ცხადია. მე კი მგონია, რომ ეს საკითხი ამ მოკლე ხანში დაისმება საფინანსო კომისიაში, როცა იგი შეუდგება ბიუჯეტის განხილვას და იქ იქნება იგი დეტალურად შესწავლილი. ფინანსთა მინისტრიც მოგვცემს პასუხს, თუ რა ღონისძიებას ფიქრობს იგი, რომ მიიღოს ჩვენი ფინანსიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თავმჯდომარე: ამრიგად, კამათი დასრულებულია. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? არავინ. (დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ ს.-დ. მცირეოდენი შესწორებით მიღებულ იქნა).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ბატონ რუსიას ეკუთვნის.

. რუსია (ს.-დ.): ქალაქ ბათომის თვითმმართველობას ეძლეოდა ყოველთვიურად, თანახმად საოკუპაციო მმართველობისა, სამოქალაქო ნაწილის განკარგულებაში თვეში 3 1/2 მილ. მანეთი. შვიდი თვის განმავლობაში მმართველობას დარჩა გადაუცემელი 7.336.660 მან., რომელიც ბათომის ხაზინაში ინახება. მაშასადამე, ამ თანხის გადაცემა საოკუპაციო მმართველობამ ვერ მოასწრო. აი, ბათომის თვითმმართველობამ აღძრა შუამდგომლობა, რათა ეს დაგროვილი ფული გადაეცათ დანიშნულებისამებრ. მთავრობამ დაამტკიცა შუამდგომლობა და დამფუძნებელ კრებას გადასცა. თვითმმართველობის კომისია იზიარებს ამ აზრს, რომ ეს თანხა გადაეცეს ბათომის ქალაქის თვითმმართველობას.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის კირილე ნინიძეს.

. ნინიძე (მომხს.): საფინანსო-საბიუჯეტო კომისია იზიარებს იმ აზრს, რომ ეს ფული მიეცეს ბათომის ქალაქის თვითმმართველობას, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ამისათვის არ არის საჭირო კანონის გამოცემა - დეკრეტი ხომ კანონი არის - ვინაიდან კომისიის აზრით, ფული მოგროვილი იყო საფუთო გადასახადის სახით სწორედ იმ მიზნით, რომ თვითმმართველობას გადასცემოდა. ნაწილი ამ ფულისა თვითმმართველობამ უკვე მიიღო, ნაწილი კი დარჩა და ის მთავრობამ უნდა მისცეს მას კანონის მიუღებლად, რადგანაც, ვიმეორებ, დანიშნულება ამ ფულისა სწორედ ეს იყო. ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის აზრი ის არის, რომ ეს დეკრეტი დარჩეს განუხილველი, ვინაიდან მთავრობა ისედაც ვალდებულია გადასცეს დარჩენილი თანხა ქ. ბათომის თვითმმართველობას.

თავმჯდომარე: ამრიგად, წინადადება არის შემოტანილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ. კენჭს უყრი წინადადებას. ვინ არის მომხრე ამ წინადადებისა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. ამრიგად, მიღებულია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წინადადება. დღევანდელი წესრიგი ამოწურულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი (მდივანი კითხულობს).

სხდომა დახურულია.

28 ორმოცდამეჩვიდმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(57)

1920 წელი. ნოემბრის 19. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. დეკრეტი - ბორჯომის სახელმწიფო მამულში სანატორიუმის მოსაწყობად 1 მილ. მან. გადადებისა.

2. სენატორთა არჩევანი.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იხსნება შუადღის 12 სთ. და 10 წთ.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე: წესრიგის წინააღმდეგი ხომ არავინ არის? არავინ. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ სენატორ მდინარაძის განცხადება.

(მდივანი კითხულობს მის განცხადებას სენატორობის თანამდებობისაგან განთავისუფლების შესახებ, რასაც კრება აკმაყოფილებს).

თავმჯდომარე: პირველ საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ გომართელს.

1. დეკრეტი - ბორჯომის სახელმწიფო მამულში სანატორიუმის მოსაწყობად 1.000.000 მან. გადადებისა.

ივ. გომართელი (მომხს.): როგორც დამფუძნებელ კრების წევრებს მოეხსენება, ჩვენი ქვეყანა მდიდარი არის კურორტებით. ეს კურორტები მიწად-მოქმედების სამინისტროს გამგებლობაში არის. კურორტების მნიშვნელობა მცირე იქნება, თუ იქ მათთან ერთად არ მოეწყო სანატორიები. ცხადია, რომ მარტო კურორტი თავის აბანოებით და წყლებით დიდ სარგებლობას ვერ მოიტანს თავის-თავად. კურორტებთან ერთად საჭიროა რეჟიმი, სისტემა. ამას კი ქმნის სანატორიუმი.

მიწად-მოქმედების სამინისტრომ გაითვალისწინა ეს და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიურ პირობებში ვიმყოფებით, მაინც გადაწყვიტა დაეარსებია სანატორიუმი. სანამ ამას განახორციელებდა, მიწად-მოქმედების სამინისტრომ მოიწვია სპეციალისტების კომისია, რომელსაც უნდა გამოეკვლია საკითხი, თუ სად უნდა აგებულიყო ეს სანატორიუმები. ამ კომისიას დაუთვალიერებია ბორჯომი. იქ არის სასახლე. კომისიას გადაუწყვეტია ამ სასახლეში პატარა 40 საწოლიან სანატორიუმის დაარსება. მიწად-მოქმედების სამინისტროს განზრახვა არის ამ 40 საწოლიდან 30 საწოლი მუშა-მოსამსახურეებს დაუთმოს, რომ ამრიგად დემოკრატიას შეძლება მიეცეს ამ სანატორიუმებში წამლობისა; დანარჩენი 10 საწოლი კი დანარჩენ საზოგადოებისათვის იქნება.

გამოანგარიშებული იყო ხარჯები, რომლებიც 2.556.900 მანეთს უდრიდა.

პროექტი წარედგინა სახელმწიფო კონტროლს. კონტროლმა შეამცირა ხარჯები იმიტომ, რომ დიდი ნაწილი თანხისა საჭირო იყო სანატორიუმისათვის საჭირო თეთრეულისათვის, ჭურჭლისათვის. მაგრამ რადგანაც ყველაფერი ეს სასახლეში ბლომად იყო და სანატორიუმიც სასახლეში ეწყობოდა, კონტროლი ამბობდა, რომ თეთრეულიც და ჭურჭელიც სასახლეში ბლომად არის და ამიტომ 1 მილ. მან. სრულიად საკმარისი იქნება ამ სანატორიუმისათვის ამ თავითვეო.

ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტრომ გაიზიარა კონტროლის აზრი და დაადასტურა მხოლოდ 1 მილ. მან. ეს კითხვა გაირჩა ჯანმრთელობის კომისიაში. უკანასკნელმაც მიიღო იგი. მხოლოდ ამ კითხვის გარშემო დიდი კამათი ატყდა საფინანსო კომისიაში. უმთავრესად ერთი საკითხის გარშემო ტრიალებდა კამათი. ეს კი, რომ ზოგიერთი ორატორები ამბობდენ, ჩვეულებრივი წესი ფულის გამოთხოვისა არ არის დაცულიო. ამის გარშემო მოხდა შეხლა-შემოხლა. დეკრეტი შემოვიდა ზაფხულში. სანატორიუმი გაიხსნა, ფული დაიხარჯა და სამინისტრო კი ამ ფულს დღეს ითხოვსო. საბიუჯეტო კომისიის წევრებმა მიაქციეს ამას ყურადღება და აღნიშნეს, რომ უფლებრივი წესი დარღვეულია. ამიტომ საჭიროა ეს მოვლენა განუცხადოთ მთავრობის თავმჯდომარესო. ისე კი, ეს კომისიაც თანახმა არის 1 მილ. მან. გაღებისა.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა გრ. რცხილაძეს ეკუთვნის.

გრ. რცხილაძე (ს.-ფ.): ბატონებო, დამფ. კრების წევრნო! თქვენ მოისმინეთ განცხადება ბატონ მომხსენებლისა, რომ ფინანსთა კომისიაში ამ დეკრეტის გარშემო უთანხმოებამ იჩინა თავი; რომ ბევრმა წევრმა მიაქცია ყურადღება იმ უწესობას, რომლის შესახებ თქვენ მოგახსენათ მომხსენებელმა. ეს მითითება უწესობაზე იყო მეტად მკრთალი და სუსტი. მე მინდა ამის აღნიშვნა.

საქმე იმაში არის, რომ მიწად.-მოქმ. სამინისტროს გაუწევია 1 მილ. მან. ხარჯი იმისდამიუხედავად, რომ მას არ ქონდა ამის შესახებ უფლება ბიუჯეტისა და დამფ. კრების დადგენილება. მას გაუწევია ხარჯი კანონიერ წესის გარეშე. დამფუძნებელი კრების დაუკითხავად ფულის დახარჯვა არის შებღალვა დამფუძნებელ კრების საბიუჯეტო უფლებისა და თუ გნებავთ, პარლამენტისა, რომლის ფუნქციებს დღეს დამფუძნებელი კრება ასრულებს (კედია: ეს უმანკოება დიდი ხანია შეიბღალა!). თუ შეიბღალა, სამწუხაროა, მას ბოლო უნდა მოეღოს (კედია: ჩვენ მაგას ვეუბნებით, მაგრამ ვის სჯერა!). თუ დავაკვირდებით ამ უწესოებას, ჩვენ დავინახავთ, რომ აქ არა ერთ უწესოებასთან, არამედ მთელ რიგ უწესოებასთან გვაქ საქმე. ჩვენ გვაქ ერთი ხაზინა. ამაში უნდა ინახებოდეს სახაზინო თანხები. თუ არ არის დაცული მთლიანობა ხაზინისა, კასისა, შეუძლებელია ეკონომიური პოლიტიკის წარმოებაც. ეს ჩვენს დაწესებულებას ესმის, ეს საანბანო ჭეშმარიტებაა, და ყოველთვის, როდესაც მინისტრს ესაჭიროება რაიმე თანხა, ის ვალდებულია გამოითხოვოს ეს თანხა ხაზინიდან.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბატონ ბენია ჩხიკვიშვილს.

. ჩხიკვიშვილი (ს.-დ.): ბატონებო, მე მგონია, რომ სრულიად ზედმეტი არის აქ ლექციების კთხვა, თუ გნებავთ, ბატონ გრიგოლ რცხილაძისათვის სანატორიუმის მნიშვნელობის შესახებ ჯანმრთელობისა, სახელმწიფოებრიობის თუ სხვა თვალსაზრისით. მაგრამ ტყუილად ფიქრობს ბატონი რცხილაძე, რომ აქ ვინმე დაიწყებს ლექციის კითხვას დამფუძნებელ კრებისთვის მეტის-მეტად უბრალო გასაგებ საკითხის შესახებ. ლექციის წაკითხვა ამ ტრიბუნიდან იქნებოდა უბრალო დროს დაკარგვა თქვენთვისაც და ლექტორისთვისაც. ჩვენ ეს საკითხი აქ სხვანაირად უნდა დავაყენოთ. როგორც მოგეხსენებათ, თვით მომხსენებელმა, მე მგონი, საკმარისად დაასაბუთა და ხაზი გაუსვა იმ ფორმალურ წეს-რიგის დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში. აქედან უნდა გაეკეთებია მას, - და ეს სავალდებულო არის ყველა დეპუტატისთვის, - ლოღიკური დასკვნა. მოგეხსენებათ, ფული დახარჯული არის. რომ არ იყოს დახარჯული, ეს კიდევ სხვა არის. მაგრამ ფული დახარჯული არის. ჯანმრთელობის კომისიის აზრით, მიზანშეწონილად სასარგებლო და უაღრესად საჭირო არის ის დაწესებულება, რომელზედაც დახარჯული არის ეს ფული და ის დახარჯული არის არა მარტო რომელიმე მინისტრის პიროვნულ სურვილით გამოწვეულ განკარგულებით, არამედ მთავრობამ დაადგინა. შესაფერი მოხსენება წარდგენილი იყო თავის დროზე მთავრობაში - 22 ივლისს, მაგრამ ის არ მოესწრო, რომ ყოფილიყო დაჩქარებით შემოტანილი დამფუძნებელ კრებაში. ამისათვის საოპერაციო თანხიდან სამინისტროს ეს ხარჯები გაუწევია. როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო კონტროლმა ამას ყურადღება არ მიაქცია? ან სხვა უწყება, თუ გნებავთ, ფინანსთა სამინისტრომ ამას ყურადღება არ მიაქცია? ეს უკვირს დამფუძნებელ კრების წევრს, ბატონ რცხილაძეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ ფულის დახარჯვა მოხდა მთავრობის დადგენილებით. 22 ივლისის სხდომის ჟურნალიდან ამონაწერი ამბობს შემდეგს (კითხულობს. ნუცუბიძის რეპლიკა). ბათომზე არ გელაპარაკებით და თუ ოხუნჯობის გუნებაზე ბრძანდებით, ეს სხვა არის. ეხლა მე საქმეზე გელაპარაკებით. აი დადგენილება რას ამბობს (კითხულობს). აქ დასკვნა არის სახელმწიფო კონტროლისა, რომლის შესწორების და წინადადების თანახმად მოხდა ამ ერთი მილიონი მანეთის გაღება. აქ არ არის დავა ამ დაწესებულების მიზანშეწონილებაზე და სარგებლობაზე. შემდეგ ამ დადგენილების მეორე მუხლში სწერია, თუ ვის უნდა მიენდოს ამ დაწესებულების სამეურნეო ნაწილი, ან მეცნიერების და საექიმოს მხრივ ამ დაწესებულების ხელმძღვანელობა. აი უკანასკნელ მუხლში არის ნათქვამი (კითხულობს). აი როგორ მოხდა, ბატონებო, რომ სახელმწიფო კონტროლმა დაანება მიწად-მოქმედების სამინისტროს, ან, თუ გნებავთ, მინისტრს, რადგან ხშირად უყვართ ლაპარაკი პიროვნების შესახებ და პიროვნებაზე გადაიტანენ ხოლმე ლაპარაკს. მაგრამ აქ არის ლაპარაკი სამინისტროზე და იმაზე, რომ მას მისცეს უფლება ფულის დახარჯვისა და ამიტომ მოხდა, რომ სახელმწიფო კონტროლი არ იყო წინააღმდეგი ამისა და ლოღიკურად მოიქცა. მეორე საკითხი შეიძლება დაისვას, რომელიც ბატონ რცხილაძეს არ დაუყენებია და მხოლოდ გაკვრით სთქვა. ეს ისა, რომ სანამ დამფუძნებელი კრებისაგან ეს კრედიტი არ იყო მიღებული, ამ ფულის დახარჯვა არ შეიძლებოდა. ეს მომხსენებელმა სთქვა, რომ ფორმალური თვალსაზრისით ეს, რასაკვირველია, მიუღებელი არის. ფორმალურად შეუძლებელი არის ის, რომ სანამ სათანადო დადგენილება არ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსი, არ შეიძლება ფულის დახარჯვა. აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? რაკი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, სარგებლიანობის თვალსაზრისით მიზანშეწონილად არის დახარჯული ეს ფული, ეს დაწესებულება საჭირო იყო (ხმა: ეს ფული მიზანშეწონილად დაიხარჯა?). რასაკვირველია. ჩვენ რომ არ ვიცოდეთ, თუ რაზე დაიხარჯა ეს ფული, მაშინ სხვა არის. მაგრამ რაკი ეს ფული დაიხარჯა ამ მიზნისათვის და მიზანი კი დიდია, დახარჯული არის ფაქტიურად სწორედ - ჩვენ ეს გვჯერა. ამიტომ უნდა მივცეთ კრედიტი ისე, როგორც შემოტანილი არის მომხსენებლის მიერ.

დამფუძნებელი კრების წევრი რცხილაძე ბრძანებს, რომ ამგვარ უთავობას ბოლო უნდა მოვუღოთ და არ უნდა მივცეთ ეს ფულიო; ხოლო შემდეგ, როდესაც ანგარიშს წამოგვიყენებს, განვიხილოთ და შემდეგ მივცეთო. არ ვიცი, მართალი გითხრათ, შეიძლება ჩვენ დამფუძნებელი კრების - პარლამენტის პრაქტიკაში შემოიღოთ ეს, მაგრამ სხვაგან ეს არსად არ არის. უარყოფა შეიძლება, მაგრამ შემდეგ მიცემა? ეს არ არის არც დამფუძნებელი კრების, არც პარლამენტის ფუნქცია. ამისთვის არსებობს სხვა სათანადო ორგანო: ეს არის სახელმწიფო კონტროლი.

როგორ ჰგონია რცხილაძეს, ან იმას, ვინც ამბობს, ასე უნდა იქნესო? განა ფაქტიურად არ იქნებოდა კონტროლი, მეთვალყურე, თუ როგორ დაიხარჯა ეს ფული? რასაკვირველია, იქნებოდა. თუ მოიტანთ ფაქტებს, რომ ეს კონტროლი არც ყოფილა და არც იქნება და საჭიროა დამფ. კრებამ გაუწიოს კონტროლი, მაშინ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ; თუ არა, ანგარიშის შემდეგ მიცემა ამ ერთი მილიონის, მე არ ვიცი, რომელი ლოღიკიდან გამომდინარეობს. ლოღიკური იქნებოდა რომ გეთქვათ, რომ არ მივცეთ ეს ფული სრულიადო (ლორთქიფანიძე: მთელი ბიუჯეტი ასე არ მიეცით?). თქვენ ასე მიეცით, ბ. ლორთქიფანიძევ, ვიცით.

ბოლოს ბ. რცხილაძე ბრძანებს, რომ ამ პირობებში სანატორიუმისთვის არ გვცალიანო. ვის უნდა დავუჯეროთ? ლექციების წაკითხვა ზედმეტია, მე არ შემიძლია და ვერც ვიკისრებ ამას. მაგრამ ვის უნდა დავუჯეროთ, ბ. რცხილაძეს, თუ უფრო კომპეტენტურ ორგანიზაციებს, თუ იმ პირთ, რომელნიც მოწვეული იყვნენ თათბირზე და ამ საგნის გამო ჰქონდათ მსჯელობა გამართული? ამ თათბირზე იღებდენ მონაწილეობას სპეციალისტები (ნუცუბიძის რეპლიკა). პროფესორებიც იყვნენ, ბ-ნო ნუცუბიძე: ალადაშვილი, მოსეშვილი; ექიმები: გოგვაძე, ჯაფარიძე, ზანდუკელი; მცოდნე საკურორტო საქმის ზერნოვი (ნუცუბიძე: აბა `საპოჟნიკები~ ხომ არ იქნებოდენ?). მე მგონია, თქვენთვის სადავო არის ეს. თუ სადავოა, მე გეუბნებით, რომ კომპეტენტურ პირების აზრი ასეთია. თანახმად ამ თათბირის დასკვნისა, იყო ეს ნაბიჯი გადადგმული, შესაფერი მოხსენებაც იყო მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ წარდგენილი მთავრობაში. მან მიიღო მთავრობის და სახელმწიფო კონტროლის დასტურიც და მოახდინა ამ ფულის დახარჯვა. თქვენ შეგიძლიათ არ მისცეთ, ეს თქვენი უფლებაა. მაგრამ ჩვენ კი ვერ ავყვებით ჟინიანობას, რადგან საგანი სერიოზულია და არ შეიძლება დამნაშავის იქ ძებნა, სადაც არ არის ასეთი.

ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ფული უნდა მივცეთ. საკმარისია ის, რაც მოგახსენათ მომხსენებელმა, რომ აქ ფორმალური წესი დარღვეულია და ამის შესახებ უნდა ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ეს მომავალში არ გამეორდეს.

ეს არის პარლამენტარული გზა.

ჩვენ კრიტიკის არ გვეშინია და არც ხელს ვაფარებთ ვისმეს. აქ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო მიზანშეწონილი და ამას შესაფერი ანგარიში უნდა გავუწიოთ და კინკლაობის საგნად არ უნდა გავხადოთ ეს. ასეთია ჩვენი აზრი.

თავმჯდომარე: ბ. რცხილაძეს ეკუთვნის სიტყვა.

გრ. რცხილაძე: ფაქტიური განმარტება მხოლოდ, ბატონებო, ბ. ჩხიკვიშვილმა ბრძანა, რომ ხარჯები გაღებული იყო თანახმად მთავრობის დადგენილებისა და წაგვიკითხა დატა 22 ივლისი. დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მინისტრი არაფერ შუაში არის; რომ კანონიერი გზით მოხდა ხარჯების გაღება. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. მე მოგახსენებთ, რომ ეს ასე არ არის (ჩხიკვიშვილი: მესამე მუხლი წაიკითხეთ!). მესამეც წავიკითხე, პირველიც და მეორეც, მაგრამ ასე არ არის. იქ არის სულ სხვა რამ, ის, რაც ბ. ჩხიკვიშვილს ალბათ ვერ დაუნახავს. თანახმად მიღებული წესისა, ყოველი პროექტი ახალი ხარჯების გაღებისა წარედგინება მთავრობას. მთავრობა განიხილავს, ყოველი მინისტრი ასე იქცევა. როცა მთავრობა მოიწონებს და დადგენილებას მიიღებს, შემდეგ უწყება მოვალეა ეს უკვე მთავრობისაგან მოწონებული პროექტი წარუდგინოს დამფუძნებელ კრებას და მხოლოდ მას შემდეგ, როცა დამფუძნებელი კრება მოიწონებს, ეძლევა მინისტრს ნება, გასწიოს ხარჯი. მთავრობამ ის კი არ უთხრა მინისტრს მესამე მუხლით თუ პირველით, რომ გასწიე ხარჯიო, მან უთხრა, შენ მიდი დამფუძნებელ კრებაში და მიიღე კრედიტი... (ჩხიკვიშვილი კითხულობს მესამე მუხლს). ეს იმას ნიშნავს, რომ თანახმად მიღებული წესისა, უნდა შემოიტანოთ ჩვენი პროექტი და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. დიახ, დიახ, ჩვენ ეს აქ უნდა შემოგვეტანა და გაგვეხილა. ეს იმას ნიშნავს (გელეიშვილი: არ ნიშნავს!). ეს ერთი. მეორე ფაქტიური შენიშვნა: ბ. ჩხიკვიშვილმა ასე გაიგო ჩემი სიტყვა: ვითომ მე ვამბობ, რომ ეხლა ნუ მივცემთ და მერე მივცეთ ფულიო. მე ვამბობ, რომ სულ ნუ მივცემთ. მხოლოდ, როდესაც ანგარიშს წარმოგვიდგენს, მაშინ ვიქონიოთ მსჯელობა ამის შესახებ, თუ რა... (ხმაურობა. ჩხიკვიშვილი: სტენოგრამა წაიკითხეთ! ხმები: ეგ ჟინიანობაა!). ეს არ არის ჟინიანობა, მე ასე მაქვს წარმოდგენილი. ყველა სახელმწიფო ხარჯებს და შემოსავალს, ყველას თავისი ადგილი აქვს. ეს არის ერთგვარი სისტემა. როცა დაირღვევა ის სისტემა, მეორეს და მესამესაც ექნება ადგილი. თუ თქვენ გინდათ, რომ იყოს სისტემა ჩვენს სახელმწიფო მეურნეობაში, თქვენ არ უნდა მისცეთ თვითონ სისტემის დარღვევის უფლება. კიდევ ერთი ფაქტიური განმარტება: ბ. ჩხიკვიშვილი კითხულობს მიზანშეწონილობის შესახებ. ვის დავუჯეროთ, მეცნიერებას თუ რცხილაძეს: მუხლს ვიდრეკ მეცნიერების წინაშე, ყოველთვის უნდა დავუჯეროთ მეცნიერებას და არა რცხილაძეს. და არა მგონია, იყოს სადმე ისეთი მეცნიერების მგზავსი ექიმების კრებული, რომელმაც სთქვას, რომ სანატორიუმი საჭირო არ არისო. მაგრამ მე ამ თვალსაზრისით კი არ მოგახსენებთ, მე სხვა მოგახსენეთ. ჩვენი ეკონომიური პირობების მიხედვით, იმის მიხედვით, რომ მთელი საქართველო სასანატორიო ხალხი ვხდებით, პური არ გვეშოვნება, საჭმელი, ხალხი მშიერი არის, ასეთ პირობებში სანატორიუმებს არ აგებენ. და თუ გნებავთ... (ხმები: საავადმყოფოები დავხუროთ!). მოიწვიეთ სპეციალისტები და ჰკითხეთ: არის თუ არა ეხლა ეკონომიურ პირობებში დრო ხარჯების გაწევისა კურორტების ასაშენებლად. ჰკითხეთ და მიიღებთ პასუხს (ჩხიკვიშვილი: სანატორიუმი არ აგვიშენებია, ერთი 20-მდე სალფეტკი ვიყიდეთ!). აქ 20 სალფეტკებში და ორ კაპეიკში კი არ არის საქმე. საქმე სისტემაშია. მე მინდა ეს გაიგოს დამფუძნებელი კრების წევრმა ბ. ჩხიკვიშვილმა. მე მოგახსენებთ სისტემაზე. როცა საფინანსო კომისიაში გვქონდა მსჯელობა ამ საგანზე, თუ როგორ მოხდა, რომ მინისტრმა მოახერხა ამ ფულის ხელში მიღება, მაშინ გამოირკვა, რომ ეს არ ყოფილა 2 კაპეიკის და ოცი სალფეტკის საქმე. თურმე ყოფილა მეორე მაგალითიც, რომ სახალხო გვარდიამ 10 მილიონი გაიტანა ამავე წესით. და თუ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ თვითეულმა სამინისტრომ უნდა გასწიოს ამისთანა ხარჯი, თქვენ ნახავთ, რომ ეს ხარჯები ასე არ არყევენ ჩვენს ბიუჯეტს; რომ თქვენ ამას თავს ვერ დააღწევთ ვერავითარი დატუსაღებით (ჩხიკვიშვილი: დატუსაღება რა შუაშია!). მე იმიტომ მოგახსენებთ ასე ენერგიულად ამ პატარა საგანზე, რომ აქ უფრო თავისუფლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ. ეს არ ეხება დიდ ინტერესს, მაგრამ ეს შეეხება სისტემებს და სისტემებისაგან წარმოსდგება მთლიანობა და კეთილდღეობა ქვეყნისა.

თავმჯდომარე: სიტყვა არავის სურს. სიტყვა მომხსენებელს, ბ. გომართელს ეკუთვნის.

. გომართელი: რა თქმა უნდა, რომ მძიმე ეკონომიური პირობები არის, ამაზე სიტყვის გაგრძელება არ დამჭირდება, მაგრამ დეპუტატ რცხილაძეს ვერ დავეთანხმები: რომ ამაზე უარესი პირობებიც რომ იყოს, არის ბევრი ისეთი რამ, რაზედაც ხელს ვერ ავიღებთ. ჩვენ თუ კულტურული ხალხი ვართ, კულტურულ სახელმწიფოს ვაშენებთ, დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რასაც კულტურულ ერისათვის აუცილებლად საჭირო არის. და თუ კულტურულად არ შეგვიძლიან შეუწყოთ ხელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი და დემოკრატია არ დასნეულდება მთლად და ლელოს გაიტანს და მძიმე მდგომარეობიდან გამოვა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ დასნეულდება მთლად. ღირსება მთელი ერისა უუმთავრესად იმაში არის, რომ რანაირი მძიმე პირობებიც არ უნდა იყოს, იმედით უნდა შევყურებდეთ მომავალს; რომ კულტურული ერისათვის სანატორია უსათუოდ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ეს იცის დეპუტატმა რცხილაძემ. რაც შეეხება იმას, რომ ფორმალური მხარე დარღვეული იყო, ეს უკვე გამოირკვა. მხოლოდ ბ. ჩხიკვიშვილი მოგახსენებთ, რომ ეს ფული იყო მიზანშეწონილად დახარჯული და მეც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მიზანშეწონილად იყო დახარჯული და ეს აღიარა ჯანმრთელობის კომისიამაც. ამ ფორმალური მხრით მოხდა დარღვევა იმის გამო, რომ ზაფხულში დამფუძნებელი კრების სხდომები შეწყვეტილი იყო. ეს ჰქონდა მხედველობაში მთავრობას, როდესაც ის თავის ერთ დადგენილებით მესამე მუხლში ამბობს, რომ ვიდრე დამფუძნებელ კრებაში გატარდებოდეს, მიწად-მოქმედების მინისტრს მიეცეს უფლება ამ საოპერაციო თანხიდან გასწიოს ხარჯი. დეპუტატი რცხილაძე დამეთანხმება, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროსათვის აქ არ იყო საჭირო ნებართვა, მიწად-მოქმედების მინისტრს აბარია სხვა და სხვა მამული: ბორჯომის, კახეთის, კოჯრის და ამ მამულების შესანახად მას აქვს საოპერაციო თანხა გადადებული და, მე ვფიქრობ, რომ სანატორიუმის გახსნა ბორჯომში, იმ მამულში, რომელიც აბარია მიწად-მოქმედების მინისტრს - ეს იყო მიწად-მოქმედების სამინისტროს საქმე და უფლება ჰქონდა, მით უმეტეს, რომ მთავრობამ გადასცა ამისი უფლება, რომ ეს ფული თანხიდან ეხარჯა და ეხლა, თუ დავეთანხმებით დეპუტატ რცხილაძეს, იტყვით, რომ ეს ხარჯი არ დავადასტუროთ, არ გავსწიოთ, მაშინ რა მოხდება? მოხდება ის, რომ მაშინ მიწად-მოქმედების სამინისტრომ ის ინვენტარი, რომელიც მან შეიძინა საოპერაციო თანხიდან სანატორიუმისათვის, იძულებული იქნება გაუყიდოს და ამ ფულით შეავსოს საოპერაციო თანხა, ის თეთრეული, ჭურჭელი, რომელიც მას აქვს, გაყიდოს, საჭირო არის თუ არა, რომ სულ დაკარგოს? (ასათიანი: ჩვენი აზრით, სხვანაირად უნდა მოიქცეთ!). მე არ ვიცი, რომელი იურისტები ამბობდნენ, რომ ოღონდ სამართლიანობა იყოს და თუნდ ქვეყანა დანგრეულაო. ფორმალური მხარე იყოს დაცული და სანატორიუმი კი დაიხუროს, დაინგრეს. ეს ასე არ შეიძლება, მე ამას არ ვეთანხმები. პირიქით, მიწად-მოქმედების სამინისტროს უნდა მივცეთ წინადადება, რომ ეს სანატორიუმი გააფართოვოს და თუ შეიძლება, სხვაგანაც ააშენოს.

ამიტომ, რადგანაც ეს თანხა დახარჯული იყო მიზანშეწონილად, დამფ. კრება სრულიად კანონიერად მოიქცევა, თუ მიიღებს და დაადასტურებს მას.

თავმჯდომარე: ამრიგად, ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. ვინ არის მომხრე მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ, წინააღმდეგ სოც.-ფედ. ფრაქციისა, დეკრეტი მიღებულ იქნა დამფ. კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ჯაფარიძეს.

2. სენატორთა არჩევანი.

. ჯაფარიძე (მომხს.): იმ სენატორთა რიცხვიდან, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ შარშან, სამი კაცი უკვე გავიდა (ხმა: მიზეზი?). მიზეზი ყველას მოგეხსენებათ, რა იყო. სენატის დებულების 24-ე მუხლის ძალით, ახალი სენატორები უნდა იქნენ არჩეულნი დანარჩენ ვადისათვის. ვინაიდან სენატორები არჩეულნი არიან 4 წლით, 2 წელმა უკვე განვლო. ამიტომ ახალი სენატორები არჩეულ უნდა იქნენ 2 წლით. სარეკომენდაციო კომისიამ იქონია მსჯელობა და თავის მხრივ დაასახელა კანდიდატები. დასახელებულნი არიან შემდეგნი პირნი: სენატის პროკურორის ამხანაგი ა. პ. კოსტავა, სენატის პროკურორის ამხანაგი პ. ბ. კიზირია, სასამართლო პალატის თავმჯდომარე, ბ-ნი ა. მ. გელოვანი და ტფილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი, ბ-ნი იოსებ სიდავა.

ერთ კანდიდატისაგან - კოსტავასაგან - თანხმობა უკვე მივიღეთ, მეორე კანდიდატისაგან კი უარი მივიღეთ. გელოვანის და სიდავას შეკითხვა ვერ მოვასწარით და როგორც ვიცით, ამ კანდიდატების შესახებ მსჯელობა არ დასრულებულა. ამიტომ სარეკომენდაციო კომისია წინადადებას იძლევა, ავირჩიოთ ერთი სენატორი, დანარჩენი ორი სენატორის არჩევა კი შემდეგ სხდომისათვის გადავდვათ.

თავმჯდომარე: სიტყვა მ. რუსიას ეკუთვნის.

. რუსია (ს.-დ.): ამგვარად, სამ ადგილზე 4 კანდიდატი არის წამოყენებული. სოც.-დემ. ფრაქციამ მოასწრო მსჯელობა პირველ კანდიდატის შესახებ. დანაჩენების კანდიდატურა არ განუხილავს. ამიტომ წინადადებას აძლევს დამფ. კრებას, მოიხსნას ეს საკითხი დღიურ წესრიგიდან.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. თქვენი აზრი, მომხსენებელო?

. ჯაფარიძე (მომხს.): მე უკვე მოგახსენეთ, რომ რაკი ვერ მოვასწარით განხილვა კანდიდატებისა, ამიტომ ავირჩიოთ ერთი სენატორი, დანარჩენების არჩევა კი შემდეგისათვის გადავდვათ (ხმები: სულ მოვხსნათ ეს საკითხი!).

თავმჯდომარე: ბატონო რუსია, თქვენი წინადადება წერილობით შემოიტანეთ. მაშასადამე, არის სოც.-დემოკრ. ფრაქციის წინადადება, მოიხსნას სენატორთა არჩევნების საკითხი დღიურ წესრიგიდან.

მეორე არის სარეკომენდაციო კომისიის წინადადება: იქნეს არჩეული ერთი სენატორი, დანარჩენების არჩევა შემდეგისათვის გადაიდვას. მე ამ წინადადებას კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე პირველი წინადადებისა? უმეტესობა. მიღებულია. გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი დღის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე: სხდომა დახურულია.

სხდომა იხურება 1 სთ. და 30 წთ.

29 ორმოცდამეთვრამეტე სხდომა*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია 2

(58)

სამშაბათს, 1920 . ნოემბრის 23, შუადღის 12 სთ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სვ. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 ს. და 50 წ.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

1/346 იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - „იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში საბიუჯეტო წლის ბოლომდე 40.000.000 მან. გადადებისა ჯანმრთელ პატიმართა შესანახად“.

გადაეცეს: იურიდიულ და საბ.-საფ. კომისიას.

2/347 იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა ყოფილი უგანათლებულესი თავადის ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების ჩამორთმევის შესახებ.

გადაეცეს: იურიდიულ და აგრარულ კომისიას.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

დღიური წესრიგი:

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს: (192ვ)

1. საბოლოო ტექსტი - საზღვარ-გარეთიდან ზოგიერთ საქონლის შემოტანის აკრძალვის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა „ბორჯომის სახელმწიფო მამულში სანატორიუმის მოსაწყობად - 1.000.000 მან. გადადების შესახებ.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ პროექტისა მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

4. სენატორთა არჩევანი.

5. დეკრეტი საქონლის ჭირის საწინააღმდეგოდ შრატის დამამზადებელი სადგურის დამთავრებისათვის - 3.719.000 მან. გადადებისა.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საზღვარ გარეთიდან ზოგიერთი საქონლის შემოტანის აკრძალვის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით ქრ. შარაშიძის ასულის მაგიერ მომხსენებელია ივ. გომართელი (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რა-და-რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დეკრეტისა და ნუსხის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურათ მუხლობრივ კითხულობს. დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ, უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი ბორჯომის სახელმწიფო მამულში სანატორიუმის მოსაწყობად 1.000.000 მანეთის გადადებისა.

სარედაქციო კომისიის მხრით ქრ. შარაშიძის ასულის მაგიერ მომხსენებელია ივ. გომართელი (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დეკრეტისა და ნუსხის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია პირველი (ზოგადი) განხილვის წესით კანონპროექტი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

იურიდიული კომისიის მხრით მომხსენებელია ს. ჯაფარიძე (ს. დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კანონპროექტის ძირითადი დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

კანონპროექტი იწვევს ზოგად მსჯელობას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ გრ. რცხილაძე (ს. ფ.) და სპ. კედია (ერ. დ.).

ზოგადი მსჯელობა დასრულებულია.

მომხსენებელი საბოლოო დასკვნას წარმოსთქვამს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მუხლობრივ განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი მეორე (მუხლობრივ) განხილვისათვის დამფუძნებელ კრებას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაზე წარედგინება.

ასარჩევია სენატორები განთავისუფლებულ თანამდებობებზე.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი წინადადება:

„საკითხი“ სენატორთა არჩევანი „მოხსნილ იქნეს, რადგან ფრაქციამ ვერ მოასწრო ამ საკითხის განხილვა“.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას იღებს, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხი სენატორთა არჩევის შესახებ მოხსნილია.

განსახილველია დეკრეტი საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელი სადგურის დამთავრებისათვის 3.719.000 მანეთის გადადებისა.

საბიუჯეტო -საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი (ს. დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითეულ მუხლს ცალკცალკე უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის იმის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

მდივანი კითხულობს სოც. დემ. ფრაქციის შემდეგ განცხადებას:

სოც.-დემოკრატიული ფრაქცია სხვა და სხვა კომისიებში ასახელებს შემდეგ პირებს:

1. საფ. საბიუჯეტოში - ი. ელიგულაშვილის მაგიერ ვ. ნოდიას,

2. აგრარულ კომისიაში - ს. თევზაძის მაგიერ ვ. ცაბაძეს.

3. სარედაქციო კომისიაში - ა. სოლოღაშვილის და თ. კიკვაძის მაგიერ პ. საყვარელიძეს.

4. ჯანმრთელობის კომისიაში ვ. შერვაშიძის მაგიერ თ. კიკვაძეს.

5. სამეურნეო კომისიაში - რ. ყიფიანის მაგიერ მ. კოვალიოვს.

6. გარეშე საქმეთა კომისიაში - დ. თოფურიძის მაგიერ - კ. გვარჯალაძეს.

7. ადგილობრივ თვითმართ. - ილ. კოპალეიშვილის მაგიერ ალ. ჩიქავას.

8. საპროპაგანდო კომისიაში გრ. გიორგაძის მაგიერ მ. ხოჭოლავას.

9. მომარაგების კომისიაში ე. ბერნშტეინის, ე. ა. ჩხენკელის და ნ. ელიავას მაგიერ ს. ახმეტელაშვილს, ს. მაჭავარიანს, ფირცხელაიშვილს და დავით წულაიას.

დამფუძნებელი კრება ამ განცხადებას ცნობად იღებს.

მდივანი კითხულობს შემდეგი (ნოემბრის 26-ის) მორიგ სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე აცახდებს, რომ ხვალ, ნოემბრის 24-ს, საღამოს 5 1/2 საათზე, დამფუძნებელი კრების ამა ნოემბრის 12-ს დადგენილების თანხმად, დანიშნულია პირველი სხდომა კონსტიტუციის განხილვისათვის.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 2 ს. და 40 წ. ხურავს.

__________

* წყარო: სცსა. ფ. 1833. ანაწ. 1. ს. 736. ფფ. 188, 192 - 193.

30 სხდომა 59

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია 2

პარასკევს, 1920 წლის ნოემბრის 24. შუადღ. 12. საათ.

დღიური წესრიგი

1/303 პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა რადიოტელეგრაფის გუნდის შტატის ცვლილებისა და დამატების შესახებ

კომისია და მომხსენებელი: სამხედრო და საბ.-საფინანსო კომისიები: ნ. იმნაიშვილი.

31 ორმოცდამეცხრამეტე (საგანგებო) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(59)

1920 წელი. ნოემბრის 24. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განხილვა

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხ.

ს. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება საღამოს 6 საათზე.

თავმჯდომარე. დამფუძნებელი კრება გახსნილია. განსახილველია რესპუბლიკის კონსტიტუცია. სიტყვა ეკუთვნის პავლე საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე (მომხსენებელი). ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! დიდი მუშაობის და დიდი ლოდინის შემდეგ დამფუძნებელ კრების წინაშე წარმოსდგა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამფუძნებელი კრება უპირველეს ყოვლისა ამ საკითხისთვის იყო მოწვეული. მართალია, მან ბევრი დიდი საქმე გააკეთა, კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, მაგრამ მისი ძირითადი, მთავარი დანიშნულება არის სწორედ მიღება სახელმწიფოებრივი წესდებისა, კონსტიტუციის, რომ პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ცხოვრებამ ნორმალური და უფლებრივი მიმდინარეობა მიიღოს. თქვენ იცით, რომ დამფუძნებელი კრება მოწვეული იყო ძალიან რთულ პირობებში. მაგრამ მიუხედავათ ამისა, საქართველოს დემოკრატიამ, ხალხმა დაამტკიცა თავისი პოლიტიკური სიმწიფე. დღეს კონსტიტუციას ღებულობს ხალხი არა დანაწილებული პოლიტიკურად, კულტურულად, თემებათ, პროვინციებად - არამედ გაერთიანებულ კონსტიტუციას ღებულობს მთლიანი გაერთიანებული საქართველო. ასეთი გაერთიანებული საქართველო ისტორიას არ ახსოვს, დიდი ეპოქები იცის საქართველოს წარსულმა. მას ახსოვს ოქროს ხანაც, მაგრამ საქართველო, რომ ასე ყოფილიყოს განმტკიცებული, ყოფილიყოს ასე შეკავშირებული მთელი ქართველი ხალხი - ასეთი დიდი ხანა მას, ვფიქრობთ, არ ქონია. დღეს მასთან არის სამუსლიმანო საქართველოც, რაც ქმნის სრულ მთლიანობას. ეს გაერთიანება შესძლო დამფ. კრებამ. გაერთიანებული საქართველო ღებულობს ძირითად საკონსტიტუციო კანონებს.

ბატონებო, ეს გაერთიანება მოახდინა ორმა გავლენამ, გაგვაერთიანა კულტურამ და დემოკრატიამ. რომ გვქონოდა კულტურა, არ გამოსულიყო ასპარეზზე დემოკრატია, საქართველო ვერ გაერთიანდებოდა. ჩვენ დავრჩებოდით დაქსაქსული. შეიძლება ფიზიკურად გვეცხოვრა, მაგრამ მთლიანი, კულტურულად და ეკონომიურად გაერთიანებული საქართველო არ იქნებოდა. დიახ, ჩვენ გაგვაერთიანა კულტურამ და დემოკრატიამ. და მგონია, რომ თანამედროვე საქართველოს დემოკრატიამ და დამფუძნებელმა კრებამ, საერთოდ, ჩვენმა თაობამ უნდა იამაყოს იმით, რომ იგი ცხოვრობს ისეთ ხანაში, როდესაც ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, მის უფლებრივ მომავალ მდგომარეობას. სანამ გადავიდოდეთ საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტზე, მე შევჩერდები ცოტა ხნით საქართველოს ისტორიულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში სცხოვრობდა თავისუფლად და დამოუკიდებლად. ეს აღნიშნულია დამოუკიდებლობის აქტში. მას ქონდა დიდი სახელმწიფოებივი ტრადიცია. ცუდი იყო მისი პირობები, მაგრამ ის სცხოვრობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო და იბრძოდა საუკუნეთა გონმავლობაში ამ დამოუკიდებლობისათვის. შემდეგ ის იძულებული შეიქნა განსაკუთრებულ პირობებში მიემართა ერთმორწმუნე რუსეთისათვის, რათა მისგან მფარველობა მიეღო. ეს იყო მე-18 საუკუნის დასაწყისს. 1783 წელში რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდვა ცნობილი ხელშეკრულება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ტრაქტატში დაპირისპირებულია ორი სრულუფლებიანი იურიდიული პიროვნება. ეს არის ერთი მხრით რუსეთის სუვერენული სახელმწიფო, მეორე მხრით საქართველოს სუვერენული სახელმწიფო. ეს არის აუცილებლად აღსანიშნავი, იმიტომ, რომ საბოლოოდ გაიფანტოს ის ყალბი აზრი, თითქმის საქართველო ამ დროს არ ყოფილიყოს სუვერენული, საერთაშორისო უფლების სუბიექტი. მართალია საქართველო შესუსტებული და შევიწროვებული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იყო საქართველო უფლებრივად შეზღუდული. რუსეთი სთვლიდა საქართველოს სუვერენულ პიროვნებად. უამისოდ ეს ტრაქტატიც არ დაიწერებოდა. საქართველო იყო სუბიექტი უფლებისა, საერთაშორისო უფლების წარმომადგენელი. ეს ტრაქტატი დაიდვა, მაგრამ რეალური საკეთილო შედეგი მას არ მოყოლია. ეს ტრაქტატი დარჩა ქაღალდზე დაწერილი, ამ ტრაქტატით საქართველოს უნდა მიეღო დახმარება, მაგრამ ამის მაგივრად, საქართველომ მიიღო უფლების ფეხით გათელვა, დახშობა და ანექსია.

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა მანიფესტით საქართველო რუსეთს შეუერთა, გადააქცია პროვინციად. ამ გვარად საქართველო, როგორც იურიდიული პიროვნება, საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით გახდა პოლიტიკურად სრულიად დამონებული, პოლიტიკურ მონობაში ჩაჭედილი.

თქვენ მოგეხსენებით, რომ ქართველი ხალხი არ იყო მაშინ პოლიტიკურად ისე გათვითცნობიერებული, არ იყო ხალხი, რომ გადაეხალისებია მთელი ჩვენი შინაური ცხოვრება, მოესპო ფეოდალიზმი, გადაეგდო თავისი მეფეები და შეექმნა ხალხის მართებლობა, მეორე მხრით, დაემხო რუსეთის ბატონობა. ეს არის უდიდესი ისტორიული ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუხვევთ. რუსეთმა დაიპყრო საქართველო, მაგრამ საინტერესოა ვიცოდეთ - უფლება მოკვდა თუ არა? არა, მისი უფლება არ მომკვდარა, არ გაუქმებულა. მართალია, რუსეთის ურთიერთობაში შეიჭრა, დაემორჩილა ძალას, დაკარგა პოლიტიკური დამოკიდებულება, მაგრამ უფლება მას დარჩა თავისუფალი და დამოუკიდებელი. - ეს იდეია არ მომკვდარა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში და შემდეგშიაც, შეიძლება ორნაირი განხილვა ერის მდგომარეობის იურიდიული და პოლიტიკური; შეიძლება პოლიტიკურად დამონებული იყოს ერი, შეიპყროს იგი მეორე უფრო ძლიერმა ერმა. მაგრამ არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდეს უფლება, იგი მოკლებული იყოს თავის იურიდიულ მდგომარეობის შეგნებას. ყაჩაღმა რომ დაგიჭიროსთ, ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეობის უფლება დაკარგოთ და არ ეძიებთ გზებს მისგან გასანთავისუფლებლად. ამგვარად, ძალმომრეობით რუსეთმა დაამხო, მოსპო საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ ამ უფლებას მეტყველება არ შეუწყვეტია. საქართველო მონობაში ჩავარდა, მაგრამ იგი იბრძოდა ამ მონობის წინააღმდეგ მე-19 საუკუნეში, როცა დემოკრატია გათვითცნობიერდა, ხალხი გონს მოვიდა, იგი შეუდგა თვითპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთის დემოკრატიასთან ერთად. ის დარწმუნებული იყო, რომ ეროვნული თავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, როცა მოისპობოდა 2-თავიანი არწივი, ამიტომ მთელ თაობათა ბრძოლა აქეთკენ იყო მიმართული. ამ ბრძოლაში, რევოლიუციაში, საქართველოს დემოკრატიას პირველი ადგილი ეჭირა - საქართველოს დღევანდელი განთავისუფლება დაკავშირებულია რუსეთის რევოლიუციასთან, მის განვითარებასთან და მის გართულებასთან. მე არ შევეხები დაწვრილებით, თუ როგორი იყო ეს ხანგრძლივი რევოლიუციური და დემოკრატიული ბრძოლა, მაგრამ ერთი კი აშკარაა, საერთაშორისო ომის და რევოლიუციის გართულებულ პირობებში - აუცილებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. მას უნდა გამოეცხადებია ეს დამოუკიდებლობა, ამდგარიყო როგორც სახელმწიფო, რათა სრულიად არ აღგვილიყო დედამიწის ზურგიდან. ქონდა ამის უფლება საქართველოს. ამ გვარად მოხდა საქართველოს განთავისუფლება მაისის 26 1918 წელს. ეს იყო ერთგვარი სახელმწიფური აღდგომა, იყო ერი, სახელმწიფო და იგი აღდგა. აქტი დამოუკიდებლობისა ასე ლაპარაკობს, პირველი სიტყვები ასე იწყება: მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო და სწორედ ეს ოდესმე დამოუკიდებელი სახელმწიფო, საუკუნის მონობის შემდეგ, აცხადებს დამოუკიდებლობას. ჩვენ უფლებას ბევრი შავი ძალა ებრძვის, ევროპაშიაც ბევრგან არ ცნობენ კიდევ მას. საქართველოს უფლებას ებრძვიან სხვა და სხვა მოსაზრების ძალით. რუსეთში ამბობდენ, რომ საქართველოს უფლება არა აქვს ცალკე არსებობისაო, იგი თავის ნებით შეუერთდა რუსეთსო და სხ. ჩვენ ვამბობთ და ეს დამტკიცებულია დღეს, რომ საქართველოს ქონდა უფლება მოეთხოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დღეს რომ ის არ ყოფილიყო უფრო განვითარებული კულტურულად და პოლიტიკურად, რომ ყოფილიყო იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო ერეკლე მე-2 დროს, მას მაინც ქონდა უფლება რუსეთის თვითმართველობის დამხობის დროს გამოეცხადებია თავისი დამოუკიდებლობა, ეს არის გამართლება საქართველოს თავისუფლების საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით. მაგრამ არის მეორე თვალსაზრისიც, მეორე გამართლებაც. კიდეც რომ გვეფიქრა, რომ წასულში არ გვქონოდა არავითარი უფლება, ჩვენ ჩვენი, ნაციონალური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების სახელით, შეგვეძლო მოგვეთხოვა დამოუკიდებლობა და გავთავისუფლებულიყავით. ფაქტი ჩვენი კულტურული განვითარებისა, კულტურული და პოლიტიკური ბრძოლისა საუკეთესო გამართლებაა დამოუკიდებლობისა და თვითარსებობისათვის. ერი, რომელიც განვითარებულია ეკონომიურად, კულტურულად, პოლიტიკურად მომწიფებულია და რომელიც მოითხოვს დამოუკიდებლობას, ცნობილ უნდა იქნეს, როგორც სახელმწიფოებრივობის უფლებამოსილი მაძიებელი. ვისაც არ აინტერესებს ძალმომრეობა, უსამართლობა, უნდა დაადასტუროს ერის ეს სამართლიანი მოთხოვნილება.

მესამე გამართლება არის - გამართლება რევოლიუციონური. ერთა თვითგამორკვევის ლოზუნგი დემოკრატიამ სამოცი წლის წინედ წამოაყენა. კიდევაც რომ არ ვყოფილიყავით ჩვენ ისტორიული ერი, არ გვქონოდა სახელმწიფო წარსულში, ეს ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევისა ყველას უკარნახებს, რომ იცნონ საქართველოს უფლება, რომელიც განმტკიცდა, გამაგრდა, გაძლიერდა და დამოუკიდებლობის აქტში განხორციელდა. დამფუძნებელ კრებამ დაადასტურა დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც მიღებულ იქნა ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26 მაისს. ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მრავალნაირი გამართლება აქვს: მას აქვს გამართლება საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით, ისტორიულის, კულტურულის, პოლიტიკურის, რევოლიუციონურის და დემოკრატიულის თვალსაზრისით. ყოველი ფაქტი, ყველა უფლება ჩვენ გვამართლებს. ეს მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის გამართლებული ყოველნაირად. და აქ რყევა და იმის თქმა, რომ წარსულში ვითომ ხელი ავიღეთ სამუდამოდ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობის ფიქრზე, შეუძლებელია. საქართველო იყო თავისუფალი და დღეს იგი კვლავ განთავისუფლდა. მაგრამ დღევანდელი განთავისუფლებული საქართველო სრულიად არ გავს წარსულ საქართველოს. დღევანდელი საქართველო თავისუფალია და მასთან დემოკრატიული, მისი საფუძველია ხალხის მმართველობა, ხალხის თვითმპყრობელობა, ხალხის თვითმმართველობა. აი, ეს არის დღევანდელ საქართველოს საფუძველი. წარსულ საქართველოს საფუძველი იყო გათიშვა, დაქსაქსვა. იგი იყო ფეოდალური, მეფური, მონარქიული და მისი კონსტიტუციაც ასეთი იყო. დაწვრილებით ამ კონსტიტუციას რა ახასიათებდა - არ შევეხები, არ არის საჭირო, მხოლოდ აღსანიშნავია, რომ იგი წარსულში იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, მაგრამ დაქსაქსული, გაუერთიანებელი. როცა საქართველო ცნობილ ხელშეკრულებას სდებდა რუსეთის იმპერიასთან, იგი არ იყო მთლიანი, იგი მხოლოდ ნაწილი იყო, მხოლოდ რამოდენიმე მაზრა, თითქმის მარტო ტფილისის გუბერნია. დღეს კი იგი გაერთიანებულია. და აი, ამ გაერთიანებულ საქართველოს საფუძველი არის დემოკრატია. და ამ მხრივ ძალიან განსხვავდება თანამედროვე საქართველო წარსულ საქართველოსაგან. თუ აღსდგა დამოუკიდებელი საქართველო, ეს მოხდა სრულიად განსხვავებულ პირობებში - დემოკრატიულ ნიადაგზე.

ბატონებო! დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც მიიღო 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ და რომელიც დაადასტურა 12 მარტს 1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ, არის უდიდესი აქტი საქართველოს ისტორიაში. ეს აქტი არის დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს არსებობისა. ეს, თუ გნებავთ, კანონთა კანონი, კონსტიტუციათა კონსტიტუციაა. ეს არის სათავე, საიდანაც მთელი ჩვენი კონსტიტუცია გამომდინარეობს. ამ აქტში გამოთქმული აზრები იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად კონსტიტუციურია, რომ ჩვენმა საკონსტიტუციო კომისიამ ულაპარაკოდ, ერთხმად მიიღო, როგორც აუცილებელი პირველი თავი ჩვენი კონსტიტუციისა. გვგონია, რომ დამფუძნებელი კრებაც მიიღებს ამ აქტს, როგორც კონსტიტუციის შესავალს, ეს უნდა იყოს კონსტიტუციის პირველი ფურცელი, როგორც შესავალი კარი მთელი კონსტიტუციისათვის, რადგან ეს არის მთავარი სახელმწიფოებრივი საფუძველი, ჩვენი ახალ სახელმწიფოებრივი ისტორიის დასაწყისი. რა არის ნათქვამი ამ დამოუკიდებლობის აქტში? პირველ ყოვლისა არის აღიარებული საჭიროება ხალხისთვის, ერისთვის საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი ჯავშანისა. ნათქვამია, რომ საერთო მდგომარეობა ისეთია, რომ საქართველომ უნდა შექმნას სახელმწიფო ორგანიზაცია, ერის დამოუკიდებლობა, რომ უკედ იბრძოლოს თავისი იდეალებისათვის, თავისუფლების განსამტკიცებლად და თავის გადასარჩენად. ეს პირველი დებულება, მეორე დებულება არის ის, რომ საქართველოს ხალხი აცხადებს, რომ იგი არის სვე-სული, უფლება-მოსილი, ამიერიდან იგი არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მესამე ის გახლავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არის არა მონარქია, არამედ რესპუბლიკა, არა მარტო რესპუბლიკა, არამედ დემოკრატიული რესპუბლიკა - ფორმა ჩვენი პოლიტიკურ წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

მეოთხე გახლავთ ის, რომ არც წარსულში და არც მით უმეტეს დღეს, როცა დემოკრატიის ბატონობა არის საქართველოში, არ ვყოფილვართ მომხრე ჩავრეულიყავით სხვის საქმეებში და არც სხვას ვაძლევდით და ვაძლევთ უფლებას ჩვენს საქმეებში ჩაგვერიოს. ეს არის ნეიტრალობა. დამოუკიდებლობის აქტში არის აღიარებული, რომ საქართველო არის ნეიტრალური სახელმწიფო საერთაშორისო ომიანობაში. იგი აღიარებს აგრეთვე საერთაშორისო პრინციპს, მას კეთილი განწყობილება ექნება საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრებთან. განსაკუთრებით იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენს მახლობლად არიან. დამოუკიდებლობის აქტი აღიარებს სრულ პოლიტიკურ და მოქალაქობრივ თავისუფლებას განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რწმენისა და მდგომარეობისა. აღსანიშნავია კიდევ ის გარემოებაც, რომ იგი აღიარებს ეროვნულ უმცირესობის თავისუფლებას და უფლებას თვისი ენერგიის, ნიჭის და კულტურის განვითარებისას. ამნაირად, ის ძირითადი საფუძვლები, რომლის მიხედვით უნდა შეგვემუშავებინა კონსტიტუცია, უკვე მოკლედ გამოთქმული იყო დამოუკიდებლობის აქტში. ეს იყო ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი და ამას ვერ გადაუხვევდით. როდესაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ეს აქტი და აირჩია კომისია კონსტიტუციის პროექტის დასამუშავებლად, ამ კომისიას ამ აქტით უნდა ეხელმძღვანელა თავისი მუშაობის დროს. მას უნდა ეხელმძღვანელა კიდევ სხვა რამეებითაც. მას ანგარიში უნდა გაეწიია აგრეთვე ჩვენი ხალხის კულტურულ-პოლიტიკურ და სტრატეგიული მდგომარეობისთვის. მას უნდა გაეთვალისწინებია მთელი ისტორიული ფსიხოლოგია ჩვენი ერისა და ამის მიხედვით შეედგინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა ჩვენი რესპუბლიკისათვის და მაქსიმალურ გარანტიას მისცემდა მისი თავისუფლების უზრუნველყოფას.

ცხადია, ჩვენ ამასთანავე ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ სხვა ქვეყნების მაგალითებს. ევროპა დიდი ხანია იბრძვის ამ უფლებისათვის, იგი გაწვრთნილი არის უფლებრივი წყობილებისათვის. ბრძოლაში დიდი ხანია, რაც კონსტიტუციებს იმუშავებს. ამიტომ ჩვენ უნდა გამოგვეყენებია სხვა სახელმწიფოების კონსტიტუციური თეორია და პრაქტიკა. ესეც გამოგვადგა მასალად. უმთავრესი მასალა კი იყო ის პარლამენტალური და კონსტიტუციონალური ჩვეულება, რომელიც გვქონდა საქართველოში ამ 2-3 წლის განმავლობაში. ამას დიდი ყურადღება მიაქცია საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტის შემუშავების დროს.

რა არის უმთავრესი ჩვენს კონსტიტუციაში? რას თხოულობს, რას ემყარება იგი? - იგი ემყარება უმთავრესად ხალხის თვითმპყრობელობის ერთა სუვერენობას და მაშასადამე, მთელი კონსტიტუცია სწორედ ამ ძირითად პრინციპსა და საფუძველზე უნდა ყოფილიყო აგებული. როგორი ფორმა, სისტემა, როგორი პოლიტიკური წყობილებაც გამოდგებოდა ამ ძირითად პრინციპისათვის, ის კონსტიტუცია იქნებოდა მიზან-შეწონილი და საუკეთესო, რომელიც შეესაბამებოდა ჩვენს მდგომარეობას და ხალხის თვითმპყრობელობის პრინციპს.

ხალხის თვითმპყრობელობა, როგორც სისტემა, სხვა და სხვა ნაირად სახიერდება სხვა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. ამერიკაში, ევროპაში, ბევრი რესპუბლიკაა, დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ ჩვენი რესპუბლიკა უნდა გავდეს მათ თუ არა? ჩვენ ამაზე უნდა შევჩერდეთ, რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი კონსტიტუციის ძირითადი საფუძვლები. სხვა და სხვა ქვეყნებში ამნაირი დემოკრატიული რესპუბლიკები სამნაირი ტიპისაა. ერთი შვეიცარიული დემოკრატიული რესპუბლიკა - პირდაპირი დემოკრატია. მეორე დემოკრატიული რესპუბლიკა, ამერიკული სისტემის - ხელმწიფება განაწევრებული დემოკრატია; მესამე - პარლამენტარული დემოკრატია ფრანგული სისტემისა. მართალია საფრანგეთი არ წარმოადგენს დემოკრატიულ რესპუბლიკას, მაგრამ საფრანგეთის ტიპის დემოკრატიული რესპუბლიკა არის ამერიკაში - ასეთია: ვენეცუელა, ჩილი და სხ. სამი განსხვავებული ტიპია დემოკრატიული რესპუბლიკის და თვითეული მათგანი უნდა დავახასიათოდ და უნდა ვთქვათ: უნდა ეთანხმებოდეს თუ არა ჩვენი რესპუბლიკის კონსტიტუცია ამ რესპუბლიკების კონსტიტუციებს - პირდაპირი დემოკრატია ამა თუ იმ სახით განხორციელებულია შვეიცარიაში, როგორც კანტონში, ისე თვით კონფედერაციაში. კანტონი პატარა სახელმწიფოა. რამოდენიმე მათგანში პირდაპირი დემოკრატია არის გაბატონებული. არავითარი პარლამენტარიზმი იქ არ არის. განსაკუთრებულ ალაგს იკრიბება ხალხი წელიწადში ერთხელ. ამ კრებას ესწრება ყველა სრულწლოვანი მოქალაქე. უნდა აღინიშნოს, რომ ქალებს არ აქვთ უფლება ამ კრებაში მონაწილეობის მიღებისა, ამ კრებაზე სწყდება ყველა სახელმწიფო საკითხები ისე, როგორც პარლამენტში. მაშასადამე, ეს ხალხი პირდაპირ მმართველობს, კანონმდებლობს, სწყვეტს ყველა საქმეებს, კონსტიტუციას გადაშინჯავს, ირჩევს მთავრობას, მოსამართლეებს და სხვა. ასეთი საჯარო ყრილობა არის შვეიცარიის ზოგიერთ კანტონში. მთავრობა იქ არჩეულია დროებით. თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლის ვადით და არ შეიძლება მეორედ აირჩეს. ის არის კანტონის პრეზიდენტი, ყოველ სახალხო ყრილობის თავმჯდომარე, და ამავე დროს სახელმწიფოს წარმომადგენელი. უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ეს განსაკუთრებით ზოგიერთ კანტონშია - ეხლა ექვსი კანტონია ასეთი, წინედ მეტი იყო. უნდა ითქვას, რომ ეს კანტონები ტერიტორიალურად ძალიან პატარა კანტონებია, ხალხის რაოდენობაც მცირეა, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს სახალხო კანონმდებლობა განხორციელდეს. შვეიცარიის სხვა კანტონებში და თვით კონფედერაციაში განხორციელებულია წარმომადგენლობითი წესი. ხალხი ირჩევს შეზღუდულ პარლამენტს. პარლამენტი კანონმდებლობს, მაგრამ ხალხს აქვს უფლება რეფერენდუმისა და ინიციატივისა. შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქე არის არა მარტო ამომრჩეველი, არამედ კანონმდებელიც.

შვეიცარიის მოქალაქე კანონმდებელთან ერთად არის დამფუძნებელიც. შვეიცარიაში მოქალაქე პარლამენტში წარმომადგენლებს ირჩევს, მაგრამ პერმანენტულად ის რჩება კანონმდებელი და ამ კანონმდებლობას ანხორციელებს რეფერენდუმის და ინიციატივის საშუალებით. დამახასიათებელი ის არის, რომ ხალხი თვითონ კანონმდებლობს რეფერენდუმით და ინიციატივით. მოქალაქე თავის სუვერენობას არავის აძლევს, არც პარლამენტს, რომელსაც განსაზღვრულ კალაპოტში აყენებს. უზენაეს უფლებას, ხელმწიფებას იტოვებს. ასეთია არსებითად შვეიცარიის სისტემა, შვეიცარიის დემოკრატია. ვიკითხოთ, შეიძლება მივიღოთ ასეთი დემოკრატია და მისი კონსტიტუცია? შეუძლებელია ჩვენთვის. უუპირველესად ყოვლისა შვეიცარიის კანტონებში ეს პირდაპირი მართველობა, პირდაპირი კანონმდებლობა შესაძლებელია, ჩვენში არ შეიძლება. რუსსო შეიძლება მართალია, რომ პირდაპირი დემოკრატიაა ნამდვილი დემოკრატია, კარგია, რომ ხალხი ერთად იკრიფება და სწყვეტს ყველა საქმეს, მოქალაქენი პირდაპირ კანონმდებლობენ. მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში განუხორციელებელია. იმ კანტონებში, სადაც ეს ხორციელდება, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ჩამორჩენილი კანტონებია, როგორც კულტურულად, ისე ეკონომიურად, ამ წმიდა დემოკრატიაზე ჩვენთვის ლაპარაკი მეტია. ეს უნდა უარვყოთ. რაც შეეხება მეორე ტიპს შვეიცარიული დემოკრატიისა, სადაც პარლამენტიც არის და რეფერენდუმ-ინიციატივაც, ამაზე უნდა ვთქვათ შემდეგი. ასეთი დემოკრატიაც ფაქტიურად პირდაპირია რეფერენდუმის და ინიციატივის წყალობით.

შვეიცარიის კონსტიტუცია დამყარებულია ერთი მხრივ იმაზედ, რომ ხალხი პარლამენტს ირჩევს, მაგრამ მეორეს მხრივ, იმაზედ, რომ ხალხი იტოვებს უფლებას კანონმდებლობითი ჩარევისას. ეს არის მთავარი პრინციპი. მაგრამ მესამე, შვეიცარიის კონსტიტუციის თვისება კიდევ სხვანაირია. მთავრობის და პარლამენტის დამოკიდებულება ცოტა სხვაგვარია. პარლამენტი ირჩევა ხალხის მიერ. ხოლო პარლამენტი ირჩევს მთავრობის წევრებს ცალ-ცალკე სამი წლის ვადით. როცა ვადა გავა, ხელახლა ირჩევენ. შეიძლება ისევ ისინი აირჩიონ, შეიძლება სხვანი. ესაა მთავრობის არჩევა ვადით. პრეზიდენტი არაა მაგრამ მთავრობის თავმჯდომარეა. არც ამერიკის, არც საფრანგეთის პრეზიდენტს არ გავს. ის არის მთავრობის კოლეგიის თავმჯდომარე, რომელიც ითვლება კონფედერაციის პრეზიდენტათ. ხოლო ფაქტიურად, მას არავითარი დიდი უპირატესობა არ აქვს უფლებრივ-სახელმწიფოებრივ მდგომარეობით სხვათა წინაშე, მთავრობის სხვა წევრებზედ უფრო მაღლა არ სდგას, ამბობენ ხოლმე, შვეიცარიის პრეზიდენტი თანასწორთა შორის პირველიაო. შვეიცარიის პრეზიდენტის მოვალეობა უფრო საპატიოა, ვინემ პოლიტიკური. ამნაირად მთავრობის შედგენის წესი არის საქმიანობის პრინციპი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პარლამენტარიზმი იქ არ არის. შვეიცარიამ სახელმწიფო უფლება არ იცის რა არის, უნდობლობის გამოცხადება, სამინისტროს კრიზისი და სხ. იქ ირჩევენ პარლამენტს, პარლამენტი ირჩევს მოსაქმე მთავრობას, რომელიც ასრულებს. შესაძლებელია მთავრობის პროექტი პარლამენტში დაიწუნონ, შეიძლება უვარგისად იცნონ, შეიძლება უარყონ, მაგრამ ამიტომ მთავრობა არ გადადგება. შვეიცარიის მთავრობა, თუ გნებავსთ გამგეობაა. დიდ, კარგ მოხელეთა, კარგ მმართველთა კრებულია. ჩვენ ვამბობთ: რეფერენდუმი გვინდა, ინიციატივა გვინდა, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ დღევანდელ საქართველოსათვის ისეთ მთავრობას, როგორიც არის შვეიცარიაში უპასუხისმგებლო მთავრობა. თუ უმთავრესად იმიტომ ვერ მივიღებთ, რომ შვეიცარია სხვანაირ პირობებშია ჩაყენებული. იქ შეიძლება ასეთი საქმიანი მთავრობა, ასეთი გამგებლობა, მაგრამ საქართველოში სხვა პირობებია საერთაშორისო და შინაური ცხოვრებისა, აქ ეხლა დაინახეს სახელმწიფოებრივი შემოქმედება. აქ არ შეიძლება არ იყოს მთავრობა, რომელიც დაკავშირებულია საერთო პასუხისმგებლობით პარლამენტთან. შვეიცარიული ტიპის მოსაქმე ჩინოვნიკური მთავრობა ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა საქმიანი მთავრობა, მაგრამ პოლიტიკური მთავრობა უნდა იყოს უსათუოდ. ჩვენ გამოგვადგება პოლიტიკური პრინციპების და პასუხისმგებლობის მატარებელი მთავრობა. ამიტომ შვეიცარიის მთავრობის ორგანიზაციის თვისებებს ვერ მივიღებთ. რაც შეეხება რეფერენდუმს, ინიციატივას, ამას ჩვენ ვიღებთ, შვეიცარიის კონსტიტუციიდან და შეგვაქვს ჩვენ კონსტიტუციაში, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მისი მთავრობა, მისი აღმასრულებელი ხელისუფლება, მოწყობის წესი. გარდა ამისა ვიკითხოთ, ბატონებო, როგორია ჩვენი საკონსტიტუციო პრაქტიკა, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მუშაობის დროს, ჩვენ ვეყრდნობოდით ჩვენ ჩვეულებას, ჩვენ პარლამენტარულ პრაქტიკას. როგორი იყო ჩვენი ჩვეულება, ჩვენი პრაქტიკა? ჩვენი ჩვეულება სრულებით არ იყო ისეთი, როგორც შვეიცარიის სისტემაა. რაც არსებობს საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობა სულ სხვა სისტემით დგებოდა. შვეიცარიის სისტემა არ განხორციელდა. უნდა მოგახსენოთ, რომ თუ უპირველეს ყოვლისა თვით დამოუკიდებლობის აქტი სცნობს პრინციპს პასუხისმგებლობისას. აქ ნათქვამია: დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელ საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, და ამავე დროს დროებითი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი არის საბჭოს წინაშე. გარდა ამისა, რა მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს? იმ დღეს ეროვნულმა საბჭომ აირჩია მთავრობა, მართალია არა პარლამენტარულად, - ეს შეუძლებელი იყო, მაშინ, - სახელობითი დასახელებით და კენჭის ყრით აირჩა მთავრობა ბატონი ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. მიუხედავად არჩევის წესისა, მთავრობა პასუხისმგებელი, პარლამენტარული იყო. მას საბჭოს წინაშე უნდა პასუხი ეგო, ეს იყო ძირითადი იდეა, აუცილებელი სახელმწიფოებრივი პრინციპი; მთავრობასაც ასე ესმოდა თავის მოვალეობა, რომ ის პოლიტიკურად პასუხს აგებს თავის მოქმედებისთვის, რომ ის იყო პარლამენტარული თავის პოლიტიკურ მუშაობაში. შემდეგ, პარლამენტის მთავრობა როგორი იყო ბ-ნ ნოე ჟორდანიას მთავრობა ისეთივე პასუხისმგებელი მთავრობა იყო, მხოლოდ იგი კიდევ უფრო დაემსგავსა პარლამენტარულ მთავრობას. იქ არჩეული იყო მთავრობა არა სახელობითი დასახელებით, არც ვადით, არა ცალ-ცალკე ერთი კაცი, პირველი მინისტრი მაშინ დასახელებული იყო ნოე ჟორდანია, უკანასკნელმა შეადგინა მთავრობა თავისი პოლიტიკური გეზის და მიმართულების მიხედვით, თავის ინიციატივით, და პასუხისმგებლობით. ის არ შეკითხებია პარლამენტს, პარლამენტს არ დაუდასტურებია მისი მინისტრების სია. ეს იყო არსებითად პარლამენტარული შედგენა მთავრობისა. პარლამენტარიზმი სრულიადაც არ ახასიათებს მაინც და მაინც პრეზიდენტული სისტემის არსებობას.

მესამე უფრო დიდი მნიშვნელობის ფაქტი - დამფუძნებელი კრების მთავრობა. როგორი იყო ეს მთავრობა, როგორი გზით შესდგა? ეს მთავრობაც შესდგა პარლამენტარული გზით. პასუხისმგებლობა ახასიათებს, პასუხისმგებლობა ედვა სარჩულად იმ მთავრობას, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელიც გამოვიდა დამფუძნებელი კრებიდან. დამფუძნებელმა კრებამ 14 მარტს 1918 წელს მიიღო დეკრეტი, რომლითაც მთავრობის შედგენა მიენდო დამფუძნებელი კრების წევრს ნოე ჟორდანიას მისივე თავმჯდომარეობით. ამ დეკრეტითვე იყო აღიარებული, რომ მთავრობის თავმჯდომარე არის ამავე დროს უმაღლესი წარმომადგენელი რესპუბლიკისა. ეს თავიდანვე მიიღო დამფუძნებელმა კრებამ. ამგვარად შემდგარი მთავრობა აშკარად ატარებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაძლებელია ბევრმა გაიფიქროს, რომ ჩვენი მთავრობა არ გავს წმინა პარლამენტარულ მთავრობას, რადგან აქ არაა შეხლა-შემოხლა, კრიზისები და სხვა ასეთი, რაც ახასიათებს კლასიკური პარლამენტარიზმის ქვეყნებს. ეს იმიტომ, რომ ძალთა განწყობილებაა ჩვენში სხვანაირი. დღეს ისეთი კრიზისი, როგორც საფრანგეთში არის ხოლმე, ჩვენში არ შეიძლება. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი მთავრობა არ ჰკარგავს ხასიათსა და შეგნებას პოლიტიკურ პასუხისმგებლობისას. ის ფაქტი, რომ ჩვენ ხშირად არ გვაქკს კრიზისები, შეიძლება დიდხანსაც არ გვექნეს, არ ამტკიცებს იმას, რომ პარლამენტარული არ იყოს ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა.

მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო ჩვეულება, ჩვენი ხელისუფლებათა ორგანიზაცია არ ეთანხმება შვეიცარიისას. ჩვენ ვერ წავშლით ჩვენი სამი წლის პარლამენტარულ პრაქტიკას. ამიტომ ვერ მივიღებთ სავსებით შვეიცარიის კონსტიტუციურ სისტემას.

არის მეორე ტიპი დემოკრატიული სახელმწიფოს ორგანიზაციისა, ეს არის ხელმწიფება - განაწევრებული დემოკრატია, ამერიკული დემოკრატია. რა არის დამახასიათებელი თვისება ამ დემოკრატიისა? აქ გახლავთ დაყოფა ხელისუფლებათა მონტესკიეს თეორიის მიხედვით. ეს თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ცალკე უნდა იყოს, დამოუკიდებელი უნდა იყოს ხელისუფლება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სამოსამართლო, მათ შორის არ უნდა იყოს ურთიერთული დამოკიდებულება. უნდა იყოს კოორდინაცია და არა სუბორდინაცია, არა დამორჩილება, არამედ შეთანხმება. ამ დემოკრატიის კონსტიტუციიდან ბევრი რამ მიუღებელია ჩვენთვის. პირველად ყოვლისა ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია სახელმწიფო ისე, რომ სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ ერთმანეთისაგან მისი ხელისუფლებანი. სახელმწიფო არის ერთი მთლიანი ხალხი, ერთი სუვერენული, ნაციონალური ძალა-უფლების მატარებელი და შეუძლებელია ამ ერთი სუვერენობიდან გამოვიდეს სამი სხვა და სხვა ხელისუფლება, რომელნიც სრულიად თანასწორნი არიან, რომელნიც სრულიად დამოუკიდებელნი არიან ერთმანეთისაგან. (გვაზავა: დაიღუპა მაშ ამერიკა?!) უკაცრავად, ამაზედ მერე მოგახსენებთ, თუ როგორც დაიღუპა ამერიკა... ეს შეუძლებელია. თითონ ამერიკამ უარყო ასეთი წესი ფაქტიურად და უფლებრივად. თქვენ იცით, რომ ამერიკაში ერთი უდიდესი ხელისუფლება - სამოსამართლო, - დამოკიდებულია იცით ვისგან? აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. ბ. გვაზავა, თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატების პრეზიდენტი არის დამნიშვნელი უმაღლეს სასამართლოს წევრებისა. აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ღებულობს სათავეს სამოსამართლო ხელისუფლება. მაშასადამე, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მონტესკიეს თეორია არ განხორციელდა, იგი თვით ამერიკამ უარჰყო თავისი პრაქტიკით და დაამტკიცა, რომ ერთი ხელისუფლება უკვე დამოუკიდებელი, თვითმყოფი არ არის. არის ვითომ ერთი საბუთი ამ დამოუკიდებლობისა ის, რომ პრეზიდენტი ნიშნავს სასამართლოს წევრებს სიკვდილამდი. მაშასადამე, რაკი სიკვდილამდე არის არჩეული, გადაუყენებელია, დამოუკიდებელი და სრულიად განაწევრებულიც არის. მაგრამ ეს საბუთი არ არი მაგარი საბუთი. საქმე იმაშია, საიდან მოდის ეს ხელისუფლება, სად აქვს მას სათავე. ეს სათავე კი იმალება აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვიმეორებ ბ. გვაზავას საყურადღებოდ, პრეზიდენტი ამერიკის რესპუბლიკისა აძლევს სათავეს სამოსამართლო ხელისუფლებას.

გარდა ამისა, თქვენა გგონიათ, რომ მონტესკიეს თეორია მართლდება დანარჩენ ორ ხელისუფლებათა, პარლამენტისა და მთავრობის შესახებ? სრულიადაც არა. ვილსონი დღევანდელი ამერიკულ შტატების პრეზიდენტი, როგორც კარგი მცოდნე თავისი ქვეყნის უფლების, ლაპარაკობს, რომ ხელმწიფება - განაწევრების სისტემა სავსებით არაა განხორციელებული, ეს თეორია უფრო ილიუზიაა ამერიკაშიო. არის მისი აზრით, - მმართველობა კომიტეტობისა. რა არის ეს კომიტეტები? ეს არის კომისიები. ჩვენ რომ აქ კომისიები გვაქვს, იქ კომიტეტებს ეძახიან. იქ ამ კომიტეტებს აქვთ დიდი ძალა. ვერც მინისტრი, ვერც პრეზიდენტი პარლამენტის სხდომას ვერ დაესწრება. ეს აკრძალულია უფლებით. ისინი ვერც ილაპარაკებენ, ვერც მონაწილეობენ საკითხთა განხილვაში. იქ პასუხისმგებლობაც არაა. ათასი საწინააღმდეგო რეზოლიუციები გამოიტანოს კონგრესმა, მთავრობას შეუძლია სრულიად ანგარიში არ გაუწიოს მას, და არც გადადგეს. ის ანგარიშს უწევს იმას, ვინც მას ნიშნავს, ე.ი. პრეზიდენტს. პრეზიდენტი ყოველწლივ ეპისტოლეს სწერს კონგრესს, უხასიათებს სახელმწიფოს საერთო მდგომარეობას და უთითებს საჭირო ზომებს და სხ. ამგვარად, პრეზიდენტი და მთავრობა ცალკეა, პარლამენტი კიდევ ცალკე. ვკითხულობთ: დამოკიდებულობა არ უნდა არსებობდეს პარლამენტსა და მთავრობის შორის? უთუოდ უნდა იყოს. იგივე ვილსონი თავის წიგნში ამერიკის სახელმწოფო უფლების შესახებ ამტკიცებს, რომ ამერიკაში კომიტეტებს უჭირავთ ხელში მართვა-გამგეობის სადავე. ასე, რომ ფორმალურად, მართლაც მინისტრი სრულიად დამოუკიდებელია პარლამენტისაგან. მაგრამ, შიგნით, სადაც სდუღს საკანონმდებლო მუშაობა, დამოკიდებულება პარლამენტისაგან კომიტეტების საშუალებით ძლიერია. ამგვარად მინისტრები ბოლოს და ბოლოს დამოკიდებულნი არიან კონგრესისაგან. ფინანსიურ საკითხებსაც ეს კონგრესი სწყვეტს. უფინანსოთ კი მთავრობა უძლურია. სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლებათა დიდი ილუზიაა. ამ რესპუბლიკის კონსტიტუციაც მიუღებელია ჩვენთვის, უფრო მიუღებელია, ვიდრე სხვა დემოკრატიული კონსტიტუცია. სხვას ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ჩვენს საკონსტიტუციო ჩვეულებას იგი სრულიად არ ეთანხმება. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ერთიანი სახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვაქვს, ერთი საერთო წყაროა ხელმწიფებისთვის. ხელმწიფება ამ მთლიანობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ უკვე გვაქვს მაგალითი, რომ პარლამენტმა აირჩია მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც მთავრობა შეადგინა და სხვა. ამერიკული სისტემა ამას არ ეთანხმება. პრინციპიალურადაც მიუღებლად მიგვაჩნია, როგორც ვთქვით, დანაწილება, დამოუკიდებლობა, დაშორიშორება ხელისუფლებათა, რომ განხორციელდეს ხელისუფლება ისე, როგორც წარმოდგენილი გვაქვს. ეს დამოკიდებულება დაარღვევდა სახელმწიფოს ერთიანობას, ეს იქნებოდა მუდამ ბრძოლა სხვა და სხვა სახელმწიფო ხელისუფლებათა შორის. თუ ეს კონფლიქტი აცილებულია ამერიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დარღვეულია ეს წესი. იქ ფაქტიურად მაინც დამოკიდებულების პრინციპია და არა სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლებათა. ვერც ამერიკის ხელმწიფება განაწილებულ კონსტიტუციას მივიღებთ. ეხლა უნდა გავჩერდეთ მესამე ტიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. ეს არის პარლამენტარული რესპუბლიკა. პარლამენტარული რესპუბლიკა. საფრანგეთის მაგალითს შეგვიძლიან ანგარიში გაუწიოთ მიუხედავად იმისა, რომ ის დემოკრატიული რესპუბლიკა არ არის. მასთან ერთად შეგვიძლიან გავიღოთ ვენეცუელას რესპუბლიკის კონსტიტუცია. ვენეცუელა არის ტიპი პარლამენტარულ რესპუბლიკისა. რას შეიცავს ამ დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია? ამ დემოკრატიის პარლამენტი არჩეულია ხალხის მიერ. მაგრამ აქ ხალხი სუვერენია მხოლოდ იმ დროს, როცა დეპუტატებს ირჩევს. შემდეგ საარჩევნო საპარლამენტო ვადამდე ეს ხალხი აღარ ერევა საქმეში საკანონმდებლოდ.

მთელი ძალა-უფლება, ყოვლის შემძლებლობა პარლამენტის ხელში არის, არ არის ინიციატივა, რეფერენდუმი, ე. ი. საშუალება, რომ ხალხმა მუდამ იკანონმდებლოს, იბატონოს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის რესპუბლიკა, სადაც ხალხის თვითპყრობელობა გაბატონებული არაა სავსებით. ხალხი მხოლოდ ამრჩეველია. როდესაც შვეიცარიაზე ვლაპარაკობთ, ვთქვით, რომ იქ ხალხი არის არა მარტო ამრჩეველი, არამედ კანონმდებელიც და დამფუძნებელიც, ე.ი. კონსტიტუციას ხალხი კითხულობს. რაც შეეხება პარლამენტარულ დემოკრატიას, იქ ხალხი კანონმდებელია დეპუტატთა საშვალებით, თვითონ არც დამფუძნებელია და არც კანონმდებელი. საფრანგეთს რაც შეეხება, იქ ხალხი კიდევ უფრო შეზღუდულია. ხალხი კონსტიტუციასაც არ ამტკიცებს იქ. კონსტიტუციის გადაშინჯვას ასრულებს ეგრედწოდებული ნაციონალური კრება, პალატების შეერთებული სხდომა. ეს კონსტიტუციაც უნდა უარვყოთ იმიტომ, რომ პარლამენტი ყოვლის შემძლებელი და ხალხის თვითპყრობელობა უზრუნველყოფილი არაა. პარლამენტი ხალხისაგან დაშორებულია, მას ორგანიული კავშირი ხალხთან არა აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტს, როგორც გითხარით, იგი აუცილებლად დამახასიათებელი თვისება არ არის პარლამენტარული მართვა-გამგეობისათვის. შეგვიძლიან წარმოვადგინოთ სახელმწიფო უპრეზიდენტოდ, აგრეთვე შესაძლებელია უპრეზიდენტოდ თვითონ პარლამენტარული სისტემა. ეს მოკლე განხილვა დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუციების სამი მთავარი ტიპით გვარწმუნებს, რომ წმინდა სახით ვერც ერთი ვერ გამოდგება საქართველოსთვის. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო უფლება და პრაქტიკა სხვანაირი იყო, იგი არ ეთანხმება არც ერთს სავსებით. არ გვინდოდა გადაგველახა ეს ჩვეულება, უნდა გვესარგებლა დღევანდელი პრაქტიკით. გარდა ამისა, აქ დასახელებულ კონსტიტუციებს, ასეთი თავის ნაკლი, რომელიც ჩვენ უნდა ავიცილოთ, თუ გვინდა ნამდვილი ხალხის თვითპყრობელობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური კანონით. წმინდა დემოკრატია განხორციელდეს. პირდაპირ დემოკრატია (რეფერენდუმი) კარგია, მაგრამ მთავრობის ორგანიზაცია მისი არ გვაკმაყოფილებს. ხელმწიფება განაწევრებული დემოკრატიის კონსტიტუცია პრინციპიალურად არ გვაკმაყოფილებს, წმინდა პარლამენტარული დემოკრატიულ მიუღებელია, ამიტომ ჩვენ ყველა ეს უარვყავით, დავადექით ეგრედწოდებულ, შერეულ გზას, შევდექით კომპრომისულ ნიადაგზე, ჩვენ შევრჩით ჩვენ სახელმწიფურ პრაქტიკას, გვგონია, რომ ეს პრაქტიკა ცუდი არ იყო. ეს არის პრაქტიკა პარლამენტარული, ე.ი. არჩევა პარლამენტის მიერ მთავრობის თავმჯდომარისა და შემდეგ თავმჯდომარის მიერ შედგენა პარლამენტარულ მთავრობისა. ეს არის დამახასიათებელი თვისება ჩვენი ჩვეულებისა. კონსტიტუციის შემუშავების დროს ერთის მხრით ამას დავემყარეთ ქვევით რომ არ წავსულიყავით, მხოლოდ ამაზე რომ შევჩერებულიყავით ჩვენ მივიღებდით კონსტიტუციას პარლამენტარული დემოკრატიისას; ჩვენ კი ეს არ ვქენით, რადგანაც ეს იქნებოდა შეზღუდვა ხალხის უფლებისა. ამიტომ შვეიცარიის პირდაპირი დემოკრატიიდან ამოვიღეთ ის ინსტიტუტები, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის თვითმპყრობელობას. ეს არის რეფერენდუმი, ხალხის მოთხოვნა, რომ მას გადასცეს კანონი დასადასტურებლად და სახალხო ინიციატივა, რომ ესა თუ ის კანონპროექტი განხილულ იქმნეს. დავტოვეთ არსებული წესი და ამას დაუმატეთ პირდაპირი დემოკრატიის სარეფერენდუმო და საინიციატივო სისტემა. უნდა მოვიგონოთ, რომ ევროპის ბურჟუაზიულმა პარლამენტმა ვერ გაამართლა დემოკრატიის იმედები. რატომ? იმიტომ რომ ეს პარლამენტი სრულიად არ იყო არსებითად სახალხო პარლამენტი, ხალხს არ ქონდა პირდაპირი ჩარევის უფლება. პარლამენტი მოძველდა, აღარ ვარგა, უნდა გადავაგდოთო, ამბობდენ და დღესაც ამბობენ. ცნობილი ელინეკი ითვალისწინებს პარლამენტის ევოლიუციას, ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლებელია ამ პარლამენტის გვერდით მრავალი პარლამენტი, პროფესიონალური, ჯგუფური პარლამენტი გაჩნდეს. კიდევ სხვა გზებსაც უთითებდენ პარლამენტარიზმის გადახალისებისას თუ გადაგვარებისას. თითქოს ნახულობდენ გამოსავალს ბურჟუაზიული პარლამენტისათვის. ნამდვილი გამოსავალი აშკარაა - პარლამენტში ხალხი, ნამდვილი დემოკრატია უნდა შესულიყო. მას უნდა აერჩია წარმომადგენლობა მართლა საყოველთაო თანასწორი პროპორციული წესისამებრ. აგრედვე უნდა მისცემოდა უფლება რეფერენდუმისა და ინიციატივისა. მაშინ აშკარა გახდებოდა, რომ ამგვარი დემოკრატიული პარლამენტარიზმის კრიზისი, ან მისი საბოლოო სიკვდილი შეუძლებელია. მაშინ არ არის შიში, რომ ეს პარლამენტი გადაიქცევა ბურჟუაზიულ მოლაყბეთა კრებულად. მაშინ ხალხი პირდაპირ მეთვალყურე და თანამშრომელი გახდება პარლამენტის მუშაობისა. ამგვარად დემოკრატიული პარლამენტი არ დაძველებულა ევროპაში და არც დაძველდება, იმიტომ რომ მთელი განვითარება იქითკენ მიისწრაფის, რომ დემოკრატიამ გადასჭრას მთავარი საკითხები, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური. ხოლო თუ დემოკრატია ამას იზავს, ეს უნდა ჰქნას თავისი არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით და საქმეში ჩარევის უფლების შენარჩუნებით. არჩეული წარმომადგენლობა კი - რასაც დაარქმევთ, სულ ერთია - ღებულობს პარლამენტის სახეს. ეს არის ხალხის წარმომადგენლობა. თუ ხალხს ექნება წარმომადგენლობა, ამავე დროს უფლება ჩარევისა, თუ მას ექნება უფლება პირდაპირი მეთვალყურეობისა და მონაწილეობის კანონმდებლობაში, მაშინ სოციალური საკითხები, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია ბურჟუაზიულ პარლამენტარიზმისათვის, ადვილად გადაიჭრება დემოკრატიული და სოციალური პარლამენტარიზმის საშუალებით. ჩვენი კონსტიტუციის ძირითადი საფუძველი არის ხალხის ხელმწიფეობა, ე.ი. უმაღლესი ძალა-უფლება - ამას ჩვენ ხელმწიფება დავარქვით - ეკუთვნის მთელ ხალხს, მთელ ერს. სუვერენული ხალხიდან მომდინარეობს ყველა ხელისუფლება. ეს არის მთავარი ძირითადი დებულება. ამ დებულებიდან გამოდის ყოველი მუხლი ჩვენი კონსტიტუციისა, ყველა სხვა დებულება. საქართველოს ყავს პარლამენტი. ის ანხორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობებში, ხალხის ხელმწიფებას, მხოლოდ ხელმწიფება მთლიანად მაინც ხალხის ხელში რჩება. უმთავრესი აზრი იმისა, რომ ხალხი უნდა იყოს ბრძანებელი, სუვერენი და ხელმწიფება-მოსილი, ეს არის. პარლამენტი კი, რომელიც არჩეული იქნება ხალხის მიერ, არ იქნება ხალხზე მაღლა მდგომი ორგანო. პირიქით, პარლამენტი თავის მოქმედების დროსაც ექვემდებარება ხალხს. პერმანენტულად არის გატარებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო უფლებისა და კიდეც ანხორციელებს ამ უფლებას ინიციატივით და რეფერენდუმით.

ამგვარად არის გამოხატული ხალხის ხელმწიფება.

მე არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ ჩვენი პარლამენტი ერთ პალატიანია, არც იმაზე ვილაპარაკებ, რომ ქალებს უფლება აქვთ, რომ პარლამენტი არჩეულია საყოველთაო, ფარული, პირდაპირი, თანასწორი და პროპორციული კენჭის ყრით, ეს არ არის ჩემი მოხსენების მთავარი დედა-აზრი. ახლა მხოლოდ ვამბობ, რომ ჩვენში ყოვლად სრული დემოკრატიული პარლამენტია კონსტიტუციით.

რა დამოკიდებულებაა ხალხსა და პარლამენტს შორის - ეს ვთქვით. ხალხი ირჩევს პარლამენტს, ხალხს აქვს უფლება რეფერენდუმის და ინიციატივის.

რა დამოკიდებულებაა მთავრობასა და პარლამენტს შორის? - ჩვენი კონსტიტუციის ძალით პარლამენტი ირჩევს მთავრობის თავმჯდომარეს, ხოლო თავმჯდომარე ადგენს მთავრობას. შეიძლება მინისტრი აყვანილ იქნას პარლამენტიდან, შეიძლება მოწვეულ იქნეს გარედან, გარეშე მოქალაქეთაგანაც. ეს დამოკიდებულია მთავრობის თავმჯდომარისაგან. როდესაც მთავრობის თავმჯდომარე კაბინეტს შეადგენს, ის გამოდის პარლამენტის წინაშე დეკლარაციით. ეს პრემიერული სისტემაა.

რა უფლება აქვს მთავრობას? რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ მთავრობა განაგებს ქვეყანას და ასრულებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და სხ.

ჩვენ მივიღეთ პასუხისმგებლობის პრინციპი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პასუხისმგებლობის პრინციპი სხვადასხვა ნაირია. საჭიროა განსაზღვრულ იქნას ამ პასუხისმგებლობის პირობები.

საფრანგეთში პასუხისმგებლობა სხვანაირია, ის არ ემორჩილება რომელიმე დაწერილ კანონს. ახალი ჩეხო-სლოვაკური კონსტიტუციით მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, იგი უნდა გადადგეს მაშინ, როცა პარლამენტი ამას მოითხოვს თავის წევრთა უმრავლესობით, დამსწრეთა უმრავლესობით და ამავე დროს სახელობითი კენჭის ყრით.

ჩვენი კონსტიტუციით მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, როგორც მთლიანად, ისე პიროვნულად. ისინი აღჭურვილნი არიან პარლამენტის ნდობით, როგორც სოლიდარულად, ისე ცალ-ცალკე. მთავრობა გადადგება მაშინ, როცა პარლამენტი გადაჭრით, განსაკუთრებული დადგენილებით გამოუცხადებს მას უნდობლობას.

ასეთია პრინციპი პასუხისმგებლობისა.

მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკის საერთო ხაზს, საერთო მიმართულებას. თითეულ მინისტრს მინდობილი აქვს თავისი საქმე, საკუთარი უწყება და ის ამ სფეროში პასუხისმგებელია პირადად. ამრიგად, როგორც ზევით ვსთქვი, არის როგორც სოლიდარული, ისე პიროვნული პასუხისმგებლობა.

ასეთია ძირითადი აზრი.

ჩვენს კონსტიტუციაში არის არა მარტო საკანონმდებლო ინიციატივა, არა მარტო საკანონმდებლო რეფერენდუმი, არამედ საკონსტიტუციო ინიციატივა და საკონსტიტუციო რეფერენდუმი.

უდიდესი კითხვაა, თუ ვის უნდა ჰქონდეს კონსტიტუციის გადაშინჯვის უფლება. კონსტიტუციის გადაშინჯვის საქმე უნდა იყოს ხალხის ხელში. ყოველგვარი შინაარსი და ცვლილება კონსტიტუციისა ხალხმა უნდა დაადასტუროს. მაშასადამე არის ორნაირი ინიციატივა და ორნაირი რეფერენდუმი: საკანონმდებლო და საკონსტიტუციო.

ჩვენი კონსტიტუცია შესაძლებელია გადაიშინჯოს. სამუდამოდ არაფერი იწერება, მომავალ თაობამ შეიძლება ჩვენს კონსტიტუციაში შეცდომები დაინახოს და გადაშინჯოს კონსტიტუციის ესა თუ ის მუხლი.

მაგრამ არ შეიძლება ერთი მუხლის გადაშინჯვა, ერთი დებულების შეცვლა. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ფორმა. ეს მუხლი გადაუშინჯველი და შეუცვლელია. ლეგალური, კანონიერი გზით ის არის მუდმივი და უცვლელი.

რატომ?

თუ გაითვალისწინებთ ისტორიას დღევანდელი ევროპიულ კონსტიტუციებისას, დაინახავთ, რომ ის არის ნაყოფი მთელი საუკუნის ბრძოლის. დემოკრატია, სადაც კი მან გამარჯვებას მიაღწია, ცდილობს შეიმუშაოს კონსტიტუცია ისე, რომ სავსებით უზრუნველყოს დემოკრატიზმი, ცდილობს, რომ ეს თავის გამარჯვება გაახანგრძლივოს, გააყოვლადოს. თითქმის ყველა მონარქისტულ კონსტიტუციაში აღიარებულია ძირითადი პრინციპების გადაუშინჯველობა. დემოკრატია თავის მხრით აღიარებს, მთავარი პრინციპი მისი თვითმპყრობელობისა მუდმივი და უცვლელი იქნეს.

საფრანგეთმა 1793 წელს შეიმუშავა ასეთი დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც ეწერა, რომ მომავალი თაობა თავისუფალია კონსტიტუციის გადაშინჯვის საკითხშიო, მაგრამ თვით საფრანგეთი იძულებული გახდა შემდეგ თავის უკანასკნელ (1875 წ.) კონსტიტუციაში შეეტანა ცვლილება რესპუბლიკანური მართვა-გამგეობის ფორმისა. ეს მოითხოვა დემოკრატიის და რესპუბლიკის დაცვის საჭიროებამ. არის პოლიტიკური მომენტები, რომლებიც უკარნახებს ხალხს კონსტიტუციაში შეიტანოს გადუშინჯველობა დემოკრატიულ რესპუბლიკანური ფორმა მართვა გამგეობისა. ეს არის უფლებრივი გარანტია. თუ ომი, ან აჯანყება, რევოლიუცია არღვევს წესწყობილებას, ეს სხვა საკითხია. ჩვენი მოვალეობა ეხება მხოლოდ ლეგალურ უფლებრივ, კონსტიტუციურ გზას განსაკუთრებით მართვა-გამგეობის ფორმის გადაუშინჯველობას საქმეში. არავის, არც ერთი პარტიას, არც ერთს ჯგუფს, არ შეუძლია შემოიტანოს წინადადება დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმების შესახებ. რატომ მივიღეთ დემოკრატიულ რესპუბლიკის წყობილება და რატომ ვცდილობთ, რომ მისი კონსტიტუციის მთავარი დებულება უცვლელი და ურყევი იყოს? დემოკრატიული რესპუბლიკა საუკეთესო ფორმაა ხალხის თვითმპყრობელობის გამოსახატავად და განსახორციელებლად. ამ პოლიტიკურ ფორმაში ხორციელდება სოციალური სამართლიანობის შინაარსი.

ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ მომავალ სამართლიან სოციალურ წესწყობილებისათვის რესპუბლიკა არ გამოდგება, რომ მომავალ სოციალისტურ გარდაქმნას ჩვენი პოლიტიკურ წესწყობილების ფორმა ეწინააღმდეგება, ჩვენ მას არ მივიღებდით. ჩვენ მაშინ არ ვიტყოდით, რომ ჩვენი პოლიტიკური ფორმა არის მუდმივი და უცვლელი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა საზოგადო ფარგლებში განახორციელებს იმ სამართლიანობას, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობთ და რომელზედაც საუკეთესო ნაწილი კაცობრიობისა იბრძვის.

ამიტომ, ჩვენ ღრმად გვრწამს, რომ ეს არის პოლიტიკური ფორმა - საუკეთესო, უზრუნველყოფა დემოკრატიის ინტერესების, შემთვისებელი ყოველნაირ სოციალურ შემოქმედების. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლიან დავიმოწმოთ ერთი დიდი ავტორიტეტი, ეს კაცი, რომელიც ყველა პარტიის და ჯგუფის მიერ ცნობილია, როგორც შესანიშნავი პატიოსანი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე და რომელიც დღეს საქართველოში იმყოფება - არის კაუცკი. ის ამბობს, რომ ჩვენ რესპუბლიკანური იმიტომ ვართ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა ერთად-ერთი ფორმაა, რომელიც საუკეთესოდ ეთვისება სოციალიზმს. მეორეს მხრივ, ბატონებო, შეგვიძლია ისეთი უფლებისმეტყველი და მოაზროვნე კაციც, როგორც ანტონ შენგერია, დავიმოწმოთ. მართალია ის არ არის მუშა და სოციალისტი, მაგრამ აღიარებს მუშური სახელმწიფოს აუცილებლობას. ის ამბობს, რომ, როდესაც სახელმწიფო მასას განათანასწორებს ეკონომიურად და სოციალურად, მაშინ არავითარი საფრთხე რესპუბლიკანურ მართვა-გამგეობის თაობას არ მოელის.

თავის სოციალური ცვლილება, სოციალური ტრანსფორმაცია, თუნდა პირდაპირ სოციალიზმის განხორციელება კი არ აუქმებს, არამედ ამტკიცებს ამ ფორმას. (შენგელაია: სახელმწიფო აღარ იქნება!) თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სწორედ ეს სახელმწიფოებრივი ფორმაა ერთად ერთი გზა და კალაპოტი, მომავალი წყობილებისაკენ, ამ გზას ვერ ავცდებით, და ამ დემოკრატიული რესპუბლიკით მივდივართ მომავალი აღთქმის ქვეყნისკენ.

ჩვენ ეს პოლიტიკური წყობილების ფორმა არ უნდა გადავშინჯოთ არავითარ შემთხვევაში. მე მგონია, საინტერესოა ერთი გარემოება. უკანასკნელ ხანებში რუსეთში, შემდეგ ევროპაშიც დემოკრატიულ რესპუბლიკას უპირდაპირდება ახალ კომუნისტურ ე.წ. საბჭოთა კონსტიტუციას. არ შეგვიძლია მოკლედ არ გავარჩიოთ ამ კონსტიტუციის ძირითადი თვისებები. შეუძლებელია, რაც საბჭოთა კონსტიტუციას უპირდაპირებს ჩვენ კონსტიტუციას, უპირატესობა მივანიჭოთ მას ჩვენი კონსტიტუციის წინაშე. საბჭოთა კონსტიტუცია დამყარებულია უმცირესობის დიქტატურაზე. ეს სიტყვა კი არ არის, ეს სწერია კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუციონური დებულებაა. ხალხის ერთი ნაწილი არის უფლების მქონე, აღჭურვილი პოლიტიკური, სოციალური პრივილეგიებით, ხოლო მეორე ნაწილი სრულიათ, ან თითქმის სრულიად მოკლებულია ამ უფლებებს. ბოლშევიკების კონსტიტუცია პირდაპირ ლაპარაკობს ამაზე. ეს კონსტიტუცია უპირდაპირდება ევროპის დემოკრატიულ და ჩვენს კონსტიტუციას. შეიძლება, ვინ იცის, აქაც ვინმე ფიქრობს ამ კონსტიტუციაზე. ამიტომ ვალდებული ვარ განვაცხადოთ ამ კონსტიტუციის უარყოფითი მხარეები.

გარდა იმისა, რომ საბჭოთა კონსტიტუცია პირდაპირ აღიარებს უმცირესობის დიქტატურას, ის უარყოფს ყოველგვარ გარანტიებს, უკეთესი გარანტია აქვს მარტო იმას, ვინც არის ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის თუ სექტის მომხრე, ვინც კი ბოლშევიკი არ არის, ელემენტარულ უფლებითაც ვერ სარგებლობს საბჭოთა კონსტიტუციის. არ არის თავისუფლება სიტყვის, ბეჭდვის, კრების, გაფიცვის, კავშირის, რწმენისაც კი. თქვენ ეს კარგათ იცით. კონსტიტუცია მუხლობრივ აღიარებს, რომ ეს და ეს უფლება ამა და ამ მოქალაქეთ აქვს, ესა და ეს მოქალაქენი უუფლებო არიანო და სხ. შემდეგ ლენინი და ბოლშევიკების სხვა წარმომადგენელნი აღიარებენ, რომ ისინი მომხრენი არიან დემოკრატიის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მხოლოდ ბურჟუაზიულ დემოკრატიას, ხოლო ემხრობიან პროლეტარულ მშრომელ მუშურ და გლეხურ დემოკრატიასო. დაუშვათ, რომ ეს ასეა, ბურჟუაზია არ უნდათ მათ. მაგრამ ბოლშევიკების კონსტიტუცია ანხორციელებს ამ პრინციპს მშრომელ დემოკრატიაში მაინც? ანიჭებს ამ დემოკრატიის შვილებს თანასწორ უფლებებს? უნდა განვაცხადო, რომ კონსტიტუცია საბჭოთა აღიარებს წინააღმდეგს. მშრომელთ, მუშებს და გლეხებს არა აქვთ ერთნაირი პოლიტიკური უფლებები. ლენინის თეორიით: ქალაქი და სოფელი სხვა და სხვაა: «городъ не равенъ деревнѣ». ქალაქს უნდა მისდედეს სოფელი. (შენგელაია: ჟორდანიას კითხეთ!) მომისმინეთ, თუ იცავთ საბჭოთა კონსტიტუციას, მოგეცემათ საშუალება დაიცვათ იგი.

მე იმას ვახასიათებ, რომ კონსტიტუცია აღიარებს უთანასწორობას მუშებსა და გლეხებს შორის. ლენინის თეორია საინტერესოა: ქალაქი სოფელს არ უდრის. ამიტომ სოფელს უნდა ჰქონდეს სხვა უფლება ქალაქს კიდევ სხვა. იქ შემოღებულია კურიალური სისტემა. რაღაც მოსაზრებით გათიშულია დემოკრატიული ელემენტები. ზოგან ანგარიშობენ ამრჩეველთ, ზოგან მცხოვრებთ. 25.000 ამრჩეველზე (ქალაქის საბჭოებიდან) ანგარიშობენ არჩეულად ერთ დეპუტატს. 125.000 მცხოვრებზე (სოფლის საბჭოებიდან) კიდევ ერთს დეპუტატს. ასე იცავენ თანასწორობას. პროპორცია და სამართლიანობა დაჩდილულა. მიაქციეთ ყურადღება ამ გარემოებას. ცხადია, მშრომელი დემოკრატიაში არ აქვს ბოლშევიკებს დაცული თანასწორობა.

დავეთანხმოთ ბოლშევიკებს, რომ ბურჟუაზიას არ უნდა მივცეთ პოლიტიკური, ან მოქალაქობრივი უფლებები, კარგი, პრივილეგიური კლასი ნუ იქნება, (შენგელაია: თქვენ შეელევით?) მაგრამ მშრომელ დემოკრატიაში მაინც უნდა იყოს თანასწორობა და პოლიტიკურ-სოციალურ და მოქალაქობრივ უფლებით აღჭურვა ერთისა და იმავე პირობით. ბოლშევიკებმა შემოიღეს ერთგვარი კონსტიტუციური საცერი, ეს ისეა მოწყობილი, რომ რაღაც მანქანებით იცრებიან მხოლოდ ბოლშევიკები. ჩვენ რომ ბოლშევიკური კონსტიტუცია მივიღოთ, ეს იქნება ანტი-დემოკრატიული და არა დემოკრატიული თვით პროლეტარულ-გლეხურ მასების თვალსაზრისით.

ბოლშევიკები ახერხებენ და ასაღებენ ამ ანტი-დემოკრატიულ, ანტიგლეხურ და ანტი-პროლეტარულ კონსტიტუციას, როგორც პროლეტარულ-გლეხური დემოკრატიის შემოქმედებას. ბოლშევიკების კონსტიტუციით მშრომელთა წრეებში არის არა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, არამედ არასაყოველთაო, არაპირდაპირი, არათანასწორი, არაფარული და არაპროპორციული არჩევნები. რომ ბოლშევიკების კონსტიტუცია ნამდვილი პროლეტარული ყოფილიყო, ეს დეფექტები არ ექნებოდა.

კომუნიზმი თვით მშრომელ მასას აპობს შუაზე, მას იქ განხეთქილება შეაქვს თავის საარჩევნო სისტემით.

ამნაირი მიხვეულ-მოხვეული და არა თანასწორი არჩევნებით ბოლშევიკებმა მიიღეს პარლამენტი. ზოგი ფიქრობს, რომ ვითომ პარლამენტარიზმი მოკვდა და ბოლშევიკებმა შემოიღეს სრულიად ახალი ანტი-პარლამენტარული სისტემა - საბჭოების სისტემა. ეს ტყუილია. პარლამენტარიზმი ბოლშევიკებს აქვთ, მაგრამ ცუდი, ანტი-ხალხური პარლამენტარიზმი შემოიღეს მათ. 900 კაცამდე იკრიბება ყოველ წლივ სოვდეპიის ცენტრში, როგორც უმაღლესი ძალა-უფლების წარმომადგენლობა. ეს ირჩევს მრავალრიცხვოვან აღმასრულებელ კომიტეტს (200 კაცია), რომელიც თითქმის იმავე სახელმწიფო უფლებით არის აღჭურვილი და კანონმდებლობს და მართებლობს მუდმივ. ეს პარლამენტი არ არის? ოღონდ არის განსხვავება. ეს არის პარლამენტი ცუდად არჩეული, ყველა დემოკრატიული და მუშურ-გლეხური უფლების დარღვევით შემდგარი პარლამენტი. ეს წმინდა ბოლშევიკური პარლამენტარიზმია, ჩვენთვის უარყოფით ხასიათისა. (ვეშაპელი: მენშევიკური პარლამენტარიზმი არის?) მე მენშევიკურ პარლამენტარიზმზე არ მოგახსენებთ. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის პარლამენტარიზმს. ეს შეიძლება არ გსურდეთ, მაგრამ იძულებული მაინც იქნებით ამა თუ იმ სახით იბრძოლოთ ამისთვის, ამა თუ იმ სახით ამ დემოკრატიულ რესპუბლიკას უკმიოთ გუნდრუკი.

დამფუძნებელი კრება ამ რესპუბლიკის კონსტიტუციის მისაღებად არის მოწვეული. ის მიიღებს არა მენშევიკურს, არა ფედერალისტურს, არამედ დემოკრატიულ კონსტიტუციას და არა საბჭოთა კონსტიტუციას.

ბატონებო! თქვენ წარმოდგენილი გაქვთ ბოლშევიკური კონსტიტუცია. ის ძალიან ცუდია. მაგრამ ვიკითხოთ: ეს ცუდი კონსტიტუცია ხორციელდება რუსეთში? თავის კონსტიტუცია ბოლშევიკებმა გადათარგმნეს სხვა და სხვა ენაზე; ევროპაში და ამერიკაში რომ წაუკითხეს, სთქვეს: ბევრი უმსგავსება არის, მაგრამ მაინც კონსტიტუცია და უფლებრივი ცხოვოება არისო. ასე ფიქრობენ ისინი, ვინც არ იცნობს რუსეთის სინამდვილეს. საბჭოთა კონსტიტუცია სავსეა უარყოფითი თვისებებით, მაგრამ წარმოიდგინეთ. ისიც არ ხორციელდება იქ.

ბატონებო, ჩვენ კონსტიტუციაში მარტო პოლიტიკური მხარე კი არ არის, წარსული მოღვაწეობა ეროვნულ საბჭოსი, პარლამენტისა და დამფუძნებელ კრებისა ამტკიცებს, რომ ჩვენ მარტო პოლიტიკას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, არამედ ეკონომიურ რეფორმებს და სოციალურ შემოქმედებასაც.

ის, ვისაც გონია, რომ დეკრეტებით შეიძლება უდიდესი საკითხების გადაჭრა, შემცდარია. შეიძლება ჩვენ აქ დამფუძნებელ კრებაში დაგვეწერა და გამოგვეცა კანონები და დეკრეტები, გამოგვეცხადებია კომუნიზმის დღესვე შემოღება. ეს ადვილი იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა რესპუბლიკამ შედარებით დიდი სოციალ-ეკონომიური შემოქმედება განახორციელა.

როგორც მოგახსენეთ, პირველ ნაწილში ვილაპარაკეთ ჩვენი კონსტიტუციის მთავარ პოლიტიკურ დებულებებზე, ორგანიზაცია ხელისუფლებათა, შედენა მთავრობის, პარლამენტის და მათი ხალხთან დამოკიდებულება, რეფერენდუმი და ინიციატივა. ახლა გადავდივართ კონსტიტუციის მეორე ნაწილზე, რომლის მთავარი შინაარსია სოციალ-ეკონომიური უფლებების აღიარება.

ჩვენი რესპუბლიკა უმთავრესად დამყარებული არის ხალხზე, დემოკრატიაზე. შრომაა საფუძველი და წყარო ჩვენი დემოკრატიული არსებობის, ჩვენი საზოგადოებრივობის და სახელმწიფოებრივობის. ამიტომ კონსტიტუციონური კანონმდებლობის უდიდესი და უმაღლესი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს შრომა კონსტიტუციის, სახელმწიფოს ქვეშ იმყოფებოდეს მუდამ. შრომა არის ქვაკუთხედი ქვეყნის წარმატებისა, ეკონომიური და სოციალური ცხოვრების. ამაზედ არის დამყარებული რესპუბლიკა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საერთოდ შრომა და განსაკუთრებით დაქირავებული შრომას მზრუნველობს კონსტიტუცია და კანონი. არა მარტო სამუშაო დრო 8 საათი არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით, ბავშთა, ქალთა, დედათა მდგომარეობაა გათვალისწინებული, არამედ აღნიშნულია აგრეთვე ხელფასის მინიმუმი შრომის პირობები, შრომის ინსპექცია, შრომის ბირჟები და სხ. ცალ-ცალკეა აღნიშნული უფლებები შრომის უნარ-მოკლებულ მუშისა და შრომის უნარ-მოკლებულ მოქალაქის. ამა თუ იმ მიზეზით შრომის უნარ-მოკლებული მუშა მიიღებს დახმარებას, დაზღვევის სახით ხელფასის კვალობაზე. აგრეთვე შრომის უნარ-მოკლებული მოქალაქე, რომელსაც მარჩენალი და მზრუნველი არა ყავს, სახელმწიფო ხაზინიდან მიიღებს დახმარებას დაზღვევით, ან სხვა სახით. ყოველ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით, ან დაზღვევის სახით. რესპუბლიკა ვალდებულია სოციალური მფარველობა გაუზიაროს ყველა მშრომელს, ყველა ტვირთ მქონეს და გაჭირვებულს. ეს პრინციპები, ეს სოციალურ უფლებები საზოგადოდ არსებულ კონსტიტუციებისათვის ახალი ამბავია. არ არის კონსტიტუცია, თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკანასკნელ გერმანიის კონსტიტუციას, სადაც სოციალური უფლებები ისე ფართოთ იყოს აღიარებული. ამით ჩვენი კონსტიტუცია ახალ გზას კვალავს, ახალს შემოქმედებითი მიმართულებას სოციალ-ეკონომიურ სფეროში. ჩვენ არ ვსაზღრავთ ქართველი ერის და მისი სახელმწიფოს მოღვაწეობას მარტო პოლიტიკური დემოკრატიით. პირიქით, ჩვენ ვქმნით რეალურ შესაძლებლობას სოციალურ დემოკრატიისას, პოლიტიკურ დემოკრატიის სახელმწიფოებრივ საზღვრებში. ჩვენი კონსტიტუციის ძირითად კანონებში, უკვე კარგად ჩასახულია სოციალური რესპუბლიკაო. ამგვარად, როგორც გითხარით ჩვენი კონსტიტუცია ჩვენ ახალ სიტყვას ლაპარაკობს. (შენგელაია: მოქალაქის ღირსების არსებობა?) დიახ! ეს უფლებაც გახლავთ. ეს დიდი პრინციპია - მოქალაქის ღირსეული არსებობა. ვერც ერთი კარგი კონსციტუცია ვერ განახორციელებს სავსებით ყველა დიდ პრინციპებს, რომელიც აღნიშნულია მის ფურცლებზე, მაგრამ თვით ამ პრინციპის აღიარებას კონსტიტუციაში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ის იქნება ერთგვარად გზის მაჩვენებელი მთელი სახელმწიფოებრივ შემადგენლობის პროექტი. ის, რაც სასაცილოდ მიაჩნია შენგელაიას - მოქალაქის ღირსება არსებობა, საფუძვლად დაედება და განსაზღვრავს კანონმდებლობის და ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას დღესაც და მომავალშიაც. ეს არსებობის უფლებაა. მოქალაქეს უნდა ქონდეს მინიჭებული, უნდა ქონდეს საშვალება, რომ იარსებოს. სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს ეს უფლება რამოდენიმედ შესაძლებელია, განახორციელოს. თუ ბატონი შენგელაია იცნობს ისტორიას, თუნდაც შვეიცარიის კანტონისას, მან უნდა აღიაროს, რომ ასეთი პრინციპი მოქალაქის არსებობას უზრუნველყოფს, იქ მართლაც არსებობს. გერმანიის კონსტიტუციაც ამას კიდევ უფრო ნათლად აღიარებს. ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის პოლიტიკის და სახელმწიფოს ხელისუფლების მოქმედების გამზადებული სოციალური ხასიათის პროგრამა, რომლის განხორციელებისთვის მან მუდამ უნდა იზრუნოს.

ამ მხრით, ბატონებო, დიდად საინტერესო და საყურადღებოა ჩვენი კონსტიტუციის სოციალური მხარე. მაგრამ იქ აღიარებულ სოციალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭიროა ღონისძიება, საჭიროა თანხა. ცხადია მუშების შრომის უნარის დაკარგვა უმთავრესად დამოკიდებულია დღეს არსებულ კაპიტალისტურ წარმოების პირობებზე. აქ პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს მექარხნემ, მრეწველმა, საზოგადოდ - დამქირავებელმა. ამისათვის საჭირო თანხა უნდა იქნეს გაღებული მრეწველების მხრივ. მეორე მხრით, ცხადია, რომ ამ ფულით სოციალურ დახმარების სრული დაკმაყოფილება შეუძლებელია, არ იქნება საკმარისი. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია ნაწილი პროცენტისა თავის შემოსავლიდან გადასდოს ამისათვის. თავის-თავად ცხადია, ეს მისაღები და აუცილებელია. დიახ, ეს დიდი უფლება უნდა დაკმაყოფილდეს შემოსავლის განსაზღვრულ პროცენტის გადადებით.

მე აღარ ვილაპარაკებ იმაზე, რომ ჩვენ მიღებული გვაქვს ორივე სქესის წარმომადგენლის თანასწორობა სამოქალაქო, პოლიტიკური, საოჯახო და ეკონომიური უფლებით. იშვიათია კონსტიტუცია, რომელშიაც გულწრფელად ყოფილიყოს აღიარებული დედაკაცის სოციალ-პოლიტიკური თანასწორობა მამაკაცთან. აიღეთ თუნდ შვეიცარია. მართალია, იქ დემოკრატიული კონსტიტუციაა, მაგრამ ერის ერთი ნაწილი, მოსახლობის ნახევარი - ქალები - უფლება აყრილია. ჩვენ არ ვაღიარებთ მარტო სამოქალაქო და პოლიტიკურ თანასწორობას, არამედ ოჯახურს და სოციალურ თანასწორობასაც. ესეც ახალი პრინციპიალური ხაზია და ამ პრინციპს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.

ბატონებო, თქვენ იცით, რომ ნაციონალური კითხვა ბევრგან გადაუჭრელია და ყოველი ერი ცდილობს შექმნას ნაციონალური, რამდენადაც შეიძლება, უნიტარული სახელმწიფო. ჩვენ უნიტარული სახელმწიფო გამოვაცხადეთ. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში არიან სხვა და სხვა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი უმცირესობანი. თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებლობის აქტი აღიარებს ეროვნულ უმცირესობის თავისუფალ განვითარების უზრუნველყოფას.

ჩვენი ისტორია ამტკიცებს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე მცხოვრებ ერს, ვინც უნდა ყოფილიყო იგი, არ განუცდია არავითარი ჩაგვრა. ეს არ ყოფილა არც მეფობის დროს. მაშინაც არ ყოფილა ჩაგვრა სხვა რასისა და სარწმუნოების. მით უფრო არ იქნება ჩაგვრა დემოკრატიულ საქართველოს რესპუბლიკაში. თქვენ იცით, რომ დემოკრატიულ საქართველოში არის დიდი და ფართო გარანტიები ყოველგვარი თავისუფლებისა, მაშასადამე, უმცირესობის თავისუფლებისა. ჩვენში არის სრული დემოკრატიზაცია მართებლობაში, როგორც ცენტრში ისე პერიფერიებში, ძირს. ეს არის თავის-თავად უდიდესი და შეიძლება დამაკმაყოფილებელი გარანტია, რომ არავინ არ დაიჩაგროს. მეორე გარანტია - პროპორციული წარმომადგენლობა. შეუძლებელია დაიჩაგროს ერის, ხალხის მნიშვნელოვანი უმცირესობა. თუ არის პროპორციული წარმომადგენლობა, მაშასადამე, ესეც უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებას.

არის ჩვენს კონსტიტუციაში, როგორც მოგახსენეთ, ხალხის ინიციატივის უფლება. ინიციატივის უფლება შეიძლება გამოაყენოს ყოველმა ეროვნულმა, პოლიტიკურმა, სარწმუნოებრივმა და სხვ. უმცირესობამ. თუ არ მოეწონება რომელიმე კანონი, რომელიმე უმცირესობას, მას შეუძლია მოუყაროს თავის მომხრე მოქალაქეთ თავი და ინიციატივის თუ რეფერენდუმის საშუალებით განახორციელოს თავისი უფლებანი. ამგვარად სახელმწიფოებრივი დემოკრატიზაცია, ფართო თვითმმართველობა, პროპორციონული წარმომადგენლობა, სახალხო ინიციატივა და სხვ. გულისხმობენ უდიდეს გარანტიას, უფლებათა დიდს უზრუნველყოფას. მაგრამ ამით მაინც არ განვისაზღვრეთ ჩვენი დანიშნულება და მიუხედავად ამისა, კონსტიტუციაში განსაკუთრებული თავი შევიტანეთ ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. ეს იმიტომ, რომ უფრო სრული ყოფილიყვენ მათი გარანტიები და უფლებები.

ეროვნულ უმცირესობათათვის, უპირველესად ყოვლისა, ჩვენ მიღებული გვაქვს თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფლება ლაპარაკის, წერისა, ბეჭდვისა, კრებისა და სხვა. ეროვნულ უმცირესობას შეუძლია დააარსოს ნაციონალური კავშირი კულტურის განსავითარებლად კონსტიტუციის ფარგლებში. მას, ამ კავშირს ეძლევა უფლება და საშვალება ეძიოს თავის უფლების აღდგენა, უმცირესობის შელახული უფლების დაცვა, სასამართლოს წესით. უზრუნველყოფილია აგრეთვე ერთი უდიდესი უფლება: სასკოლო ბიუჯეტის პროპორციონალური უფლება, ეს გატარებული არის ჩვენ კონსტიტუციაში. ყოველ შერეულ თვითმმართველობაში ეროვნულ უმცირესობას და საზოგადოდ ყველას შეუძლია მოითხოვოს, რომ სწავლა-განათლებისთვის გაღებული თანხით დაარსდეს საკმაო რიცხვი სკოლებისა და განმანათლებელ დაწესებულებისა ეროვნულ შემადგენლობის პროპორციის მიხედვით. გარდა ამისა, ენის საკითხში ეძლევათ დიდი უფლება. თუ კი თვითმმართველობაში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობა 20%25 მაინც აღემატება, მას აქვს უფლება მოითხოვოს სახელმწიფო ენასთან ერთად, საქმის წარმოება და მსჯელობა უმცირესობის ენაზედაც შემოღებულ იქნეს. აგრეთვე პარლამენტში დედა-ენაზე ლაპარაკის ნებაც აღიარებულია. მაშასადამე, მთელი წყება საკონსტიტუციო გარანტიებისა შევიტანეთ კონსტიტუციაში, რომ ამგვარად შეგვექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელშიაც არც ერთი პატარა ნაწილი არ ყოფილიყო დარჩენილი და უკმაყოფილო. მართალია, ჩვენ ვერ შევძელით მიგვეცა ეროვნულ უმცირესობისათვის საჯარო უფლებრივი ორგანიზაციის ნება. ეს იმიტომ, რომ მრავალი საჯარო - უფლებრივი ორგანიზაცია ჩვენს საერთო სახელმწიფოებრივ წყობილებას, მის მთლიანობას მოსპობდა და გააჩანაგებდა. ჩვენ ვერ შევქმნიდით სახელმწიფოს - სახელმწიფოში. ჩვენ არ ვიცით დღეს არც ერთი სახელმწიფო სადაც ამ უმცირესობათა უფლება ამაზე უფრო ფართოდ იყოს დაყენებული. უდიდესი მაგალითი ეროვნულ-უმცირესობის საკონსტიტუციო უფლების გვაქვს ჩეხო-სლოვაკიაში. აქ ეროვნული უმცირესობა მაქსიმუმი უფლებით არის უზრუნველყოფილი. მაგრამ აქაც არ არის აღიარებული საჯარო უფლებრივი ორგანიზაცია. იქ არის სწორედ ის გარანტიები, რომლებსაც ჩვენც ვაღვიარებთ. ეს გამოწვეულია არა იმიტომ, რომ გვინდოდეს ვისიმე მტრობა, ან დაჩაგვრა-შევიწროება, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფური მთლიანობა საჭიროა არა მარტო მრავალრიცხოვან ერისთვის, ქართველებისთვის, არამედ ეროვნულ უმცირესობისათვის. ამ მთლიანობას კი დაარღვევდა ექსტერიტორიალური ავტონომიები, თუ კი სახელმწიფოს გვერდით შეიქნება მრავალი სახელმწიფოები.

ბატონებო, ახალ პრინციპზეა აგებული აგრეთვე ჩვენი თვითმმართველობა. წინეთ თვითმმართველობა სხვანაირი იყო, ვიდრე დღეს არის. წინეთ მართველობა სხვა იყო, თვითმმართველობა კიდევ სხვა. თვითმმართველობა უპირდაპირდებოდა მართველობას.

ჩვენი სახელმწოფოს ადგილობრივი მართველობის ორგანოები არიან თვითმმართველობები, მმართველობა და თვითმმართველობა გაერთიანებულია. სინთეთიურად არის ჩამოსხმული ის ფორმა მმართველობისა და დემოკრატიულ წესწყობილებისა, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს ხალხის ძალა-უფლებას და პოლიტიკურ თვითმპყრობელობას. ჩვენს კონსტიტუციაში არის ახალი მომენტი, რომელიც ეხება განაპირა ოლქის ავტონომიურ მართველობას სამუსულმანო საქართველოს, აფხაზეთს და ზაქათალას, რომლებიც განუყოფელ ნაწილს შეადგენენ მთლიანი საქართველოსი, ენიჭებათ ავტონომიური მმართველობა ანუ თვითმართველობისა.

ჩვენ დაწვრილებით არაფერს ვიტყვით სხვა დებულებებზე. არის სენატი, სახელმწიფო კონტროლი, ორივეს ირჩევს პარლამენტი. სახელმწიფო კონტროლიორი პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. აღიარებულია გაშორება ეკლესიის სახელმწიფოსაგან. მაგრამ დაწვრილებით ამაზე მაშინ გვექნება ლაპარაკი, როდესაც მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ. ახლა კი ყურადღება უნდა შევაჩერო რამდენიმე პრინციპიალურ საკითხზე. უნდა აღინიშნოს თქვენს წინაშე ერთი გარემოება, რომელიც დამახასიათებელი არის საერთოდ საქართველოსთვის და კერძოდ, ჩვენი დემოკრატიისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაციონალურია მას ამავე დროს არ ეუცხოება ინტერნაციონალური მიზნები. პირიქით, ის ხელს უწყობს საერთაშორისო სოლიდარობას და ურთიერთობის განმტკიცებას. მას არ უნდა შეიჭრას სხვის ტერიტორიაზე და იმპერიალიზმი აწარმოოს. მეორე მხრით, იგი არავითარ უცხო სამტრო ძალას, ვინც უნდა იგი როგორც უნდა იყოს: წითელი, შავი, დიდი თუ პატარა, არ დაუშვებს თავის მიწა-წყალზე. ის იცავს თავის ხელუხლებლობას, თავის დამოუკიდებლობას. ჩვენი რესპუბლიკა თავის-თავად მშვიდობის-მყოფელია, მას არ უნდა ბრძოლა, არ უნდა ომი. მაგრამ, როცა თავს დაესხმიან, ის იცავს თვის სახელმწიფოს და დამოუკიდებლობას. ჩვენი სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებლობის აქტში იყო განცხადებული, არის ნეიტრალური სახელმწიფო. ეს გადმოვიტანეთ ჩვენს კონსტიტუციაში. ეს პრინციპი საერთაშორისო უფლებისა შეიძლება ჩვენს კონსტიტუციაში ცალმხრივი იყოს, რადგან ჩვენი ნეიტრალობა სხვებს არ უცვნიათ, მაგრამ თავის-თავად დიდმნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს დემოკრატიას სურს შეინარჩუნოს ეს ნეიტრალიტეტი და უნდა, რომ სხვებმაც იწამონ და იცნონ ეს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრინციპი ადრე თუ გვიან ცალმხრივ დეკლარაციიდან გადაიქცევა საერთაშორისო უფლების ნამდვილ მოვლენად და მაშინ უფრო განმტკიცდება ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა და სახელმწიფო უფლება.

ეს დიდი საერთაშორისო ომი ისე არ დამთავრდება, რომ საერთაშორისო ურთიერთობაში ღრმა ცვლილება არ მოხდეს, რომ სახელმწიფოებმა და ერებმა არ გამონახონ საშუალება ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ამისთვის მუშაობს მთელი საერთაშორისო დემოკრატიაც. ჩანასახი საერთაშორისო სამშვიდობო ურთიერთობისა გაჩნდა, ოღონდ ძნელია იმის თქმა, რა სახელს მიიღებს, როგორ ფორმაში ჩამოყალიბდება იგი ხვალ. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ საერთაშორისო მშვიდობიანობის და წესიერების დასამყარებლად და დასაცავად საჭირო არის რაღაც დიდი საერთაშორისო ცენტრალური ორგანოს შექმნა. ასეთ ორგანოდ ჩვენ მიგვაჩნია ყველა თავისუფალ ერთა თავისუფალი კავშირი - თავისუფალ ერთა ლიგა. აქ ლაპარაკი არ არის დღევანდელ ლიგაზე, არამედ იმ ლიგის შესახებ, რომელიც თავისუფალ ერთა თანხმობის ნიადაგზე უნდა აღმოცენდეს. ასეთი კავშირი იქნება გარანტია საერთაშორისო მშვიდობიანობისა, მუდმივ ზავისა და საზოგადოდ, პატარა ერთა და კერძოდ, ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნებისა. ეს შესანიშნავი პრინციპი, პოლიტიკური საერთაშორისო მოთხოვნილება, როგორც ჩვენი დემოკრატიის გაფოლადებული რწმენა, რომელიც თავისთავად გამომდინარეობს ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის ბუნებიდან, რევოლიუციიდან, შეტანილ იქნა კონსტიტუციაში.

ბატონებო, გარდა ამისა, უნდა დაისვას ერთი დიდი საკითხი. ეს არის გარანტიის საკითხი. რა გარანტია არის ამ კონსტიტუციის დაცვისათვის? უნდა იყოს რამე დაწესებულება, რომელიც თვალ-ყურს ადევნებდეს იმას, რომ ამ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი, ან დეკრეტი არ გამოიცეს, თუ არა? სხვანაირად ვინ იქნება, ან ვინ უნდა იყოს განმმარტებელი კონსტიტუციისა? (გრ. ვეშაპელი ადგილიდან: ცეკა! სიცილი). ბატონებო! ეს უდიდესი საკითხი, როგორც გითხარით არის კონსტიტუციის განმარტების საკითხი. ამის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი კონსტიტუციათა უდიდეს ნაწილში. ამ საკითხზე კონსტიტუციები არ ლაპარაკობენ, სდუმან. არის, რა თქმა უნდა, გამონაკლისი. ასეთია, სხვათა შორის, ამერიკის მაგალითი. შეერთებულ შტატებში იმ დაწესებულებებს, რომელსაც უწოდებენ უმაღლეს სასამართლოს და რომელიც დგება პრეზიდენტის ნებართვით და თანხმობით, აქვს მინდობილი განმარტება კანონებისა. მას შეუძლია თქვას კანონი კონსტიტუციურია თუ არა. თუ სასამართლოს შეხედულებით კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იგი ტარდება ანტიკონსტიტუციონურად. მაშასადამე, კანონის მოქმედება ჩერდება. მეორე მაგალითი ჩეხო-სლოვაკიის კონსტიტუციისა, ალბად ამერიკის გავლენით, - იგი აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც შესდგება 7 წევრისაგან - სამს ირჩევს პრეზიდენტი და ოთხი არჩეულია სხვა ორ სასამართლოსაგან. ამ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა სთქვას: კონსტიტუციონალური არის კანონი თუ არა. (გვაზავა ადგილიდან რეპლიკას უკეთებს, რომელიც არ ისმის). ჩვენის აზრით, ასეთი დაწესებულება არ არის საჭირო, ჩვენ იგი უარვყავით და აი, რა მოსაზრებით:

პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ ეს დაწესებულება, სადაც კი არსებობს, ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას. ამერიკის მაგალითი ამტკიცებს იმას, რომ სწორედ ასეთი დაწესებულება არ უნდა არსებობდეს. თქვენ იცით, რომ მრავალი სოციალურ-პროგრესიული კანონი ანტიკონსტიტუციონალურად მიაჩნია ამ სასამართლოს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეხებიან მშრომელ ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს სასამართლო პირუთვნელი და მიუდგომელი არ არის. ხშირად ისეთ კანონს აბათილებს, რომელიც სრულიადაც არ ჩაითვლება ანტიკონსტიტუციონურად. ასეთია მდგომარეობა ამერიკაში და ასე იქნება ყველგან, სადაც კი ასეთი სასამართლო იარსებებს. იგი შეიძლება დაემორჩილოს რომელიმე პარტიის, ფრაქციის, ან ჯგუფის გავლენას, დაკარგავს მიუდგომლობას და ხშირად შესაძლებელია ისეთი განმარტება მისცეს კანონს, რომელსაც იგი არ გულისხმობს. ეს თვით კონსტიტუციისთვისაც საშიშარია. ამიტომ საკონსტიტუციო კომისიამ იგი ვერ მიიღო.

განმეორებით უნდა განვაცხადო, რომ ამერიკის სასამართლომ მთელი ტომები კანონებისა გააუქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კანონი ეხებოდა მშრომელთა მდგომარეობას. საქმე იმაშია, რომ სასამართლოს წევრები ისეთ წრიდან, კლასიდან არიან გამოსულნი, რომელნიც სრულიად დაინტერესებულნი არ არიან მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესობაში. (გვაზავა: ეს პოლიტიკა არის!) (რეპლიკა არ ისმის) მე სენატზე არ მოგახსენებთ, მოგახსენებთ სასამართლოზე. სულ ხშირად ეს სასამართლო აბათილებს კანონს იმით, რომ აძლევს მას ყალბ განმარტებას. (გვაზავა: საზოგადოება არ არის?) გახლავთ საზოგადოება, ბატონო გვაზავა, და პროტესტსაც აცხადებს ამის წინააღმდეგ. აქ მაქვს დოკუმენტები, საიდანაც მტკიცდება, რომ არა მარტო სოციალისტები, ბევრი უბრალო დემოკრატიც მოითხოვს არა მარტო მეორე პალატის, სენატის გაუქმებას, არამედ თხოულობს, რომ სასამართლოს ჩამოერთვას კონსტიტუციის განმარტების უფლება. ეს მათი მოთხოვნა არის კატეგორიული. მთელი სოციალური დემოკრატია ღაღადებს, რომ სასამართლოს ნუ ექნება ასეთი ფუნქცია.

ახლა ჩეხო-სლოვაკეთი.

შეიძლება ჩეხო-სლოვაკეთის დღევანდელი პრეზიდენტი, პროფ. მასარიკი, მიუდგომელ ხალხს დანიშნავს მოსამართლეებად, შეიძლება მისმა საკონსტიტუციო სასამართლომ მართლაც სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას, პირუთვნელი და სწორი განმარტება მისცეს კანონს და კონსტიტუციას, მაგრამ რეალური გარანტია მაინც არაა, რომ ასეთი დაწესებულება თავის სიმაღლეზე იდგომება და ბოლოს და ბოლოს, რამოდენიმედ არ გაამრუდებს კონსტიტუციის ძირითად პრინციპების განმარტების საქმეს.

ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. ყოველი ასეთი დაწესებულება, ცალკე გამოყოფილი კონსტიტუციის განმარტებისათვის, სახიფათოდ გადაიქცევა დემოკრატიისათვის.

დემოკრატიას ვეუბნებით: თქვენ თითონ აირჩიეთ ისეთი კაცები, რომელთაც მიანდობთ და რომელთაც შეეძლებათ ნამდვილი კონსტიტუციასთან შეთანხმებული განმარტება გამოსცენ; თვითონ მოქალაქენი უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ კონსტიტუცია არ დამახინჯდეს, მისი დედა აზრი არ შეილახოს. განსაკუთრებული სამოსამართლო დაწესებულებას კი ვოლენს-მოლენს, ნებით თუ უნებლით, შეუძლიათ შეცდომა დაუშვას (ვეშაპელი: სული წაწყდეს!) ამიტომ ამისთანა დაწესებულება საჭირო არ არის. (გვაზავა: სად არის გარანტია!) ამბობენ, სად არის გარანტიაო? გარანტია, ნამდვილი რეალური გარანტია მაინც არის. გარანტია არის მთელი ხალხი. (ვეშაპელი: ჩასწერეთ!) სად არის გარანტია იმისა, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმა მუდამ უცვლელი იქნება? ასეთი გარანტია არის იგივე დამფუძნებელი ხალხი, რომელმაც მიიღო კონსტიტუცია და რომელიც მოწოდებულია მუდამ, შეუწყვეტლივ ითანამშრომლოს და იმოღვაწეოს პირდაპირ კანონმდებლობის ნიადაგზე. დამფუძნებელი ხელისუფლება რეფერენდუმით და ინიციატივით აღჭურვილი ხალხის სახით ყველა გარანტიაზე უკეთესი და უფრო საიმედო გარანტიაა. რეფერენდუმის გზით ხალხს, მოქალაქეთ ყოველთვის შეუძლიან უარყოს ისეთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და დედა-პრინციპს. ამას შესძლებს ჩვენი ხალხი. (გვაზავა: ღმერთმა იცის შევძლებთ თუ არა?) ყოველ შემთხვევაში ჩვენი გზა ასეთია, ასეთია საკონსტიტუციო კომისიის დადგენილება. პარლამენტი, ინიციატივა, რეფერენდუმი გარანტიაა. თუ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის უმაღლეს ხელისუფლებას, ხალხი უარყოფს, ამ კანონს. ხალხი ხომ უმაღლესი ხელისუფლება არის. (თევზაია: მართალია!) თუ ხალხი აუმხედრდა ამ კონსტიტუციას, ის მოისპობა, მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს. ეს შეუძლებელიცაა. უფლებრივი გარანტია არ არის, მაგრამ პოლიტიკურად მთელი ხალხია გარანტია. კოსტიტუციის განმარტებას იძლევა პოლიტიკურად გაწვრთნილი მომწიფებული ხალხი, გადაშინჯვის დროს იგი დაამტკიცებს, რომ ღირსია ამ კონსტიტუციისა.

ამგვარია მოკლეთ, სქემატიურად ძირითადი პრინციპები იმ კონსტიტუციისა, რომლის პროექტიც ჩვენ, საკონსტიტუციო კომისიამ წარმოვადგინეთ. ეს არის უმთავრესად ხალხის სახელმწიფურად განხორციელებული თვითმპყრობელობა და თავისუფლება, ამასთან ერთად სოციალურ-ეკონომიური და სხვა პოლიტიკური უფლებების და გარანტიების აღიარება. ჩვენ შორსა ვართ, როგორც პოლიტიკურ ისე სოციალურ დემაგოგიისაგან. არც ბოლშევიკების დემაგოგია გვხიბლავს, ვაფრთხილებთ ყველას, რომ ეს დემაგოგია მიუღებელია და დამღუპველია, არც მემარჯვენეთა დემაგოგია გვიტაცებს. ყოველი დემაგოგიის გარეშე სდგას ის პროექტი, რომელიც აქ წარმოადგინა ჩვენმა საკონსტიტუციო კომისიამ. ამ პროექტში ნაჩვენები გზაა ერთად-ერთი საკონსტიტუციო გზა, რომელიც სისრულით უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის სუვერენობას, მის თავისუფლებას და განვითარებას. ამ საკონსტიტუციო დროშით განვითარდება და ამაღლდება კულტურულად უმაღლეს ხარისხამდე ჩვენი ხალხი. ამ კონსტიტუციის ფარგლებში შეუძლიან ჩვენ დემოკრატიას განავითაროს და გააღრმავოს თავის სოციალური შემოქმედება და წარსდგეს პირნათლად მთელი ქვეყნისა და საერთაშორისო ოჯახის, თავისუფალ ერთა კრებულის წინაშე. ერი, რომელიც დღეს გაერთიანებულია ამ კონსტიტუციით შესული კიდევ უფრო გაერთიანდება, განვითარდება და შეკავშირდება. კონსტიტუციის მიღებით კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს პოლიტიკურ, ეროვნულ და დემოკრატიულ მთლიანობას შინ და გარედ. ამ კონსტიტუციითვე წარვდგებით მომავალ თაობათა წინაშე, წარვდგებით პირნათლად, შეურცხვენლად. ეს კონსტიტუცია, მისი პრინციპების განხორციელება გაგვამართლებს ჩვენ მომავალში. ჩვენ შეგვიძლიან პირდაპირ გულწრფელად მივიღოთ მთავარი დებულებები ამ კონსტიტუციისა და ამგვარად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. დამფუძნებელი კრება, რა თქმა უნდა, შესძლებს ამას, დაამტკიცებს და მიიღებს ამ კონსტიტუციას. საშუალებას მისცემს თანამედროვე თაობას ამ კონსტიტუციისა და უფლება-სამართლიანობისთვის ბრძოლით გააუკვდავოს თავის სახელი! (ტაში).

თავმჯდომარე. წინადადება არის ზოგადი მსჯელობა გადაიდოს შემდეგისათვის. არის თანხმობა ყველა ფრაქციისა, გარდა ერთისა - ეროვნულისა.

ვეშაპელი. გვიან მოვედი. თანახმა ვარ.

თავმჯდომარე. კრება დახურულია

32 სხდომა 60*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს 1920 წ. ნოემბრის 26 სასახლე

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სვ. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი მდივანის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზდიუმში არიან:

სხდომა იწყება შუადღის 1 საათზე.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

1/348 სახელმწიფო კონტროლიორის კანონპროექტი - სახელმწიფო კონტროლის შტატის დამტკიცებისა, სახელმწიფო კონტროლის უწყებაში პრემიალურ გასამრჯელოს შემოღებისა და სახელმწიფო კონტროლის სარევიზიო წესდების და დებულების შევსებისა.

გადაეცეს. საბიუჯეტო - საფინანსო. და იურიდიულ კომიისიას.

2/349 გზათა მინისტრის კანონპროექტი საქართველოს წითელი ჯვრის სასარგებლოდ დაწესებული რკინიგზის ბილეთების საბეგრო გადასახადის გადიდებისა.

გადაეცეს. გზათა და საბ. საფ. კომის.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

დღიური წესრიგი:

მდივანი კითხულობს დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურის დამთავრებისათვის 3.719.000 მან. გადადების შესახებ.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა რადიო-ტელეგრაფის გუნდის შტატის ცვლილებისა და დამტკიცების შესახებ.

3. დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილების შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია შემდეგი წინადადება:

„კანონპროექტი რადიო-ტელეგრაფის გუნდის შტატის ცვლილებისა და დამატებისა მოხსნილ იქნეს დღიურ წესრიგიდან.“

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უკამათოდ იღებს და დღიურ წესრიგს ამ ცვლილებით ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურის დამთავრებისათვის 3.719.000 მანეთის გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის ბათომის განყოფილების შტატის და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

საბიუჯეტო - საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს. დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

მომხსენებელი კითხულობს შტატსა და ხარჯთაღრიცხვას.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე უცვლელად იღებს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს დეკრეტის მეორე და მესამე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლებს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის წინააღმდეგ და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

მდივანი კითხულობს შემდეგი (ნოემბრის 30) სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 1 ს. და 15 წ. ხურავს.

_________________

* წყარო: სცსა. ფ. 1883. ანაწ. 1. ს. 734. ფფ. 460 - 462.

33 სამოცდამეერთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(61)

1920 წელი. ნოემბრის 30. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხ.

ს. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კ. ჯაფარიძე.

სხდომა იხსნება 1 სთ. და 30 წთ.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ დღევანდელი კრების დღიური წესრიგი და ნუსხა კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტებისა.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს და კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტების ნუსხას).

კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტები.

1. მომარაგების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სამხედრო-სასურსათო ფონდის შესაქმნელად სიმინდის იძულებითი შესყიდვის შესახებ.

2. საბიბლიოთეკო კომისიის ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკისათვის 5 მილ. მან. გადადების შესახებ.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის

ბათომის განყოფილების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

თავმჯდომარე: პირველ საკითხის შესახებ მოგახსენებთ ბ. გომართელი.

ივ. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტისა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის ბათომის განყოფილების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. კრება საბოლოო ტექსტს უცვლელად იღებს).

თავმჯდომარე: მეორე საკითხი გახლავთ _

მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა - მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ჯაფარიძეს.

ს. ჯაფარიძე: (კითხულობს პირველ მუხლს).

კრება უცვლელად იღებს კანონ-პროექტის პირველ მუხლს.

(კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ მეორე მუხლს მიემატოს შენიშვნა (კითხულობს). ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო!

ს. ჯაფარიძე: ეს შენიშვნა გულისხმობს ისეთ ადგილებს, სადაც არ არის თვითმმართველობა. ასეთია მაგ., ბათომის ოლქი. ამიტომ ამის დამატება საჭიროა.

თავმჯდომარე (უყრის კენჭს და მეორე მუხლი შენიშვნით მიღებულ იქნა).

ს. ჯაფარიძე (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე: მესამე მუხლში არის სოც.-დემ. ფრაქციის ასეთი შესწორება: „უკანასკნელი სიტყვები რაიონებში ამოიშალოს და ჩაემატოს ერთეულებში“. (კენჭის ყრით მესამე მუხლი ამ შესწორებით მიღებულ იქმნა).

ს. ჯაფარიძე (კითხულობს მუხლობრივად 4, 5, 6, 7, 8, 9 მუხლებს. ყველა ეს მუხლები მიღებულ იქმნა უცვლელად).

(კითხულობს მეათე მუხლს).

თავმჯდომარე: მეათე მუხლში არის შესწორება სოც.-დემ. ფრაქციისა:

„მეორე ტაეპში ამოიშალოს სიტყვა „დაუყოვნებლივ“ და ამის მაგიერ ჩაემატოს: `არა უგვიანეს 2 დღისა“.

(შესწორება კენჭს ყრის. შემდეგ მიღებულ იქმნა).

თავმჯდომარე: სოც.-დემ. ფრაქცია იძლევა წინადადებას, რომ მეათე მუხლის შემდეგ მეთერთმეტე მუხლად ჩაემატოს შემდეგი (კითხულობს).

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო!

ს. ჯაფარიძე: ეს შესწორება 2 ნაწილს შეიცავს. პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ მეტრიკულ წიგნების მწარმოებლები ამოწმებენ ყოველ შემთხვევას ან დაბადებისა, ან გარდაცვალების შესახებ, რომლებსაც მას უცხადებენ. მეორე ნაწილი კი შეიცავს იმას, რომ ამ წიგნის შესწორებას თვალ-ყურს ადევნებს და თუ ვინიცობაა სიყალბე რამ გააკეთეს, დამნაშავე სისხლის სამართალში უნდა მიეცეს. პირველი ნაწილი ამ შესწორებისა წამოყენებული არის ჩასაწერ ფაქტის სინამდვილის უზრუნველსაყოფად, რომ ცრუ განცხადება არ გააკეთონ წიგნებში. კომისიის აზრით ვაცხადებ, რომ ეს ჩვენ მისაღებად მიგვაჩნია, მაგრამ შეცვლილი რედაქციით.

შემდეგ აქ არის ნათქვამი კატეგორიული იმპერატივით, რომ უსათუოდ, გინდა თუ არა, უნდა ნახოს, რომ ბავშვი დაიბადა, ან გარდაიცვალა. ასეთი მოვალეობის დაკისრება საჭირო არ არის. კომისიის სახელით ვაცხადებ, რომ ეს შესწორება მიღებულ იქმნას ასეთი სახით (კითხულობს). აი, ამ რედაქციით და ამ სახით იღებს კომისია ამ შესწორებას. მე მგონია, რომ ეს საკმაოდ უზრუნველყოფს იმ აზრს, რომელიც ჰქონდათ შესწორების ავტორებს.

რაც შეეხება იმას, რომ ეს თანამდებობის პირნი თვალ-ყურს უნდა ადევნებდენ და თუ ვინიცობაა ვადაში არ გამოცხადდენ, სისხლის სამართალში აძლევენ დამნაშავეს, ეს საჭირო არ არის ამ მუხლში, იმიტომ რომ ასეთი საქმის აღძრვა უნდა ხდებოდეს იმ საერთო წესით, რომელიც აღნიშნულია სისხლის სამართლის წესდებაში. მე მგონია, რომ საქმის აღძრვა არა მარტო ამას უნდა შეეძლოს, არამედ სხვებსაც: მილიციელსაც, პროკურორსაც და სხვ. ამიტომ შესწორების მეორე ნაწილს კომისია არ იღებს.

(სოც.-ფედ. ფრაქციის წინადადება კენჭის ყრით უარყოფილ იქმნა).

თავმჯდომარე: აქ არის კომისიის მიერ წარმოდგენილი შესწორება იმ წინადადებისა, რომელიც სოც.-ფედ. ფრაქციამ შემოიტანა (კითხულობს).

(ეს შესწორება მიღებულ იქმნა. მე-11 მუხლი მიღებულ იქმნა უცვლელად).

ს. ჯაფარიძე (კითხულობს მე-12 მუხლს).

თავმჯდომარე: მეთორმეტე მუხლის შესახებ გახლავთ წინადადება სოც.-დემ. ფრაქციისა (კითხულობს). ვის სურს სიტყვა ამ დამატების შესახებ? ვინ არის წინააღმდეგი? მე-12 მუხლი მიღებულია დამატებით.

(13, 14, 15, 16 მუხლები მიღებულ იქმნა უცვლელად).

თავმჯდომარე: 17 და 18 მუხლებს შორის სოც.-დემ. ფრაქცია იძლევა წინადადებას, რომ ჩაემატოს ახალი მუხლი (კითხულობს).

ს. ჯაფარიძე (მომხს.): ის ფაქტი, რომ გადასახადისაგან თავისუფალი იყოს, ასეთი ამოწერილობა ეხლაც არის, მაგრამ კანონის ადვილად გასაგებად შეიძლება ესეც ჩაემატოს. აგრეთვე არა ვართ იმის წინააღმდეგი, რომ არ იყოს საღერბო გადასახადი ამოწერილობისათვის, რადგან შეიძლება ვინმეს გარდაეცვალოს და არ ქონდეს ღერბის ფული. რომ ეს უხერხულობა არ იყოს, საჭიროა ამ შესწორების მიღება (შესწორება მიღებულია).

თავმჯდომარე: არის კიდევ მეორე წინადადება სოც.-ფედ. ფრაქციისა, რომ ამის შემდეგ ცალკე მუხლად იყოს შემდეგი (კითხულობს). ასეთი წინადადება არის. ვის სურს სიტყვა?

ს. ჯაფარიძე (მომხს.): ეს შესწორება არსებითად უდრის ხალხის აღწერას. აქ არ არის აღნიშნული ვადა. შეიძლება სხვა და სხვა დროს მოხდეს, მაგრამ მაინც უდრის ხალხის აღწერას. ამ შესწორების განსაზღვრული კავშირი არ არის ამ კანონთან, რადგან ეს კანონი ხალხის აღწერას არ გულისხმობს. შეიძლება ეს აღწერა ხალხისა სასურველი იყოს, მაგრამ ამ კანონთან ამას არ აქვს კავშირი და მისი დამატება მეტი იქნება. გარდა ამისა, ამისთვის იქნება საჭირო ქაღალდი და სხვა ხარჯები. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ შესწორებისა.

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

ს. ჯაფარიძე (მომხს.) (კითხულობს მე-18 მუხლს).

თავმჯდომარე: აქ არის შესწორება სოც.-ფედ. ფრაქციისა. მე-18 მუხლის ტექსტი დაიწეროს ასე (კითხულობს).

ს. ჯაფარიძე (მომხს.): ეს შესწორება დაკავშირებული იყო პირველ შენიშვნასთან. რაკი პირველი უარვყავით, ესეც უარყოფილია.

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება უარყოფილია. აქ არის შენიშვნა სოც.-დემ. ფრაქციისა (კითხულობს). ვის სურს სიტყვა ამ შენიშვნის შესახებ? არავის. ბ. მომხსენებელო, თქვენი აზრი.

ს. ჯაფარიძე (მომხს.): ამ ტექსტით ნაგულისხმევი არის, ეს კანონი უნდა გატარდეს ცხოვრებაში ექვსი თვის შემდეგ. ამ ფარგლებში განსაზღვრა ენდობა შინაგან-საქმეთა მინისტრს. აქ კი განსაზღვრული არის, რომ კანონმა მოქმედება უნდა დაიწყოს ივლისში 1921 წელს. ამიტომ ეს შესწორება საჭიროა, რომ მიღებულ იქმნას და მიემატოს ამ მუხლს. მე-19 მუხლი მიღებულ იქნა უცვლელად.

ს. ჯაფარიძე (კითხულობს მე-20 მუხლს).

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის ბ. კედიას.

სპ. კედია (ე.-დ.): აი, ამ შესწორების აზრი გახლავთ შემდეგი: ხდება ეკლესიის და სახელმწიფოს სრული განშორება ერთმანეთიდგან, სრული განცალკევება. ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სავსებით და აბსოლიუტურად, რომ რაიმე დამოკიდებულება აღარ იყოს მათ შორის. ეს ერთი. მეორე ის, რომ, თუ დარჩა 21-ე მუხლი კანონ-პროექტში, მაშინ ეკლესია ვალდებული ხდება საჭიროების დაგვარად სახელმწიფოს აძლიოს ყველა ის ცნობა, რომელიც აი, ამ სამეტრიკო წიგნებით არის საჭირო მთავრობისათვის, ე.ი. ფაქტიურად მდგომარეობა არსებითად რჩება ისეთი, რომ ეკლესია ვალდებული არის სახელმწიფოსათვის მუშაობა და საქმე აწარმოვოს. ეს მოითხოვს, რასაკვირველია, ხარჯებს და აი ამ მოსაზრებით უნდა მივიღოთ ასეთი კანონი, რომ არ იყოს დამოკიდებულება და არც რაიმე დავალება. ყველა ის მასალა, ყველა ის არქივები, რომელიც ეკლესიის ხელშია და მთავრობას ესაჭიროება, უნდა გადავიდეს მთავრობის ხელში და ეს საქმე მან უნდა აწარმოვოს. აი ეს არის ჩვენი წინადადება და ვითხოვ, რომ ეს ჩვენი წინადადება მიიღოთ.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ. სიტყვა არავის სურს. მომხსენებლის აზრი.

ს. ჯაფარიძე: იმან, რასაც ნაციონალ-დემოკრატებმა ყურადღება მიაქციეს, დიდი დავა გამოიწვია კომისიაშიაც. მართლაც, იყო ასეთი აზრი, რომ სულ ყველა წიგნები, რომელიც მღვდლის გამგებლობაში არის ადგილობრივად, ან ტფილისში თავმოყრილია სინოდალურ კანტორაში, უნდა ჩამოერთვას, მაგრამ ტეხნიკური მოსაზრებით ეს იქნა შეუძლებლად მიჩნეული. მართალია, აქ განსაზღვრული არ არის, რომ მათ ჯამაგირი მიეცემათ, მაგრამ კომისიას გონია, რომ როდესაც დაინტერესებული იქნება ვინმე, ის გადაიხდის მათ გასამრჯელოს (კედია: სულ არ გვინდა!). ერთი სიტყვით, ჩვენ ეს მივიღეთ მხოლოდ ტეხნიკური დაბრკოლებების გამო. ეს ერთი. მეორე ის არის, რომ უახლოეს დროში მალე შემოვა კანონ-პროექტი ეკლესიის და სახელმწიფოს განშორების შესახებ და აი, იქ იქნება ნათქვამი ალბათ, რომ ყოველივე ქონება, რომელიც აქვს ამა თუ იმ ეკლესიას, გადაეცემა სარწმუნოებრივ ასოციაციებს - ეხლა რომ სამრევლოები არის. იმათ ექნებათ თავიანთი ორგანოები და ამ ორგანოების ხელში იქნება ყველა ეს ქონება და ეს ქონებაც, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის. აი ეს საეპარქიო სახლები, კონსისტორიისა, საკათალიკოსო და ყველა ნივთები, რომელიც არ არის ცალკე სამრევლო ეკლესიების გამგებლობაში, გადავა სამრევლო სარწმუნოებრივ ასოციაციათა, ცალკე გამგეობის ხელში. ეს უდრის საკათალიკოსო საბჭოს. მაშინ მე ვფიქრობ, გადაწყდება ამ საეკლესიო წიგნების შენახვის საკითხი და მე ვფიქრობ, მაშინ სჯობია ეს იმას დაუკავშიროთ, ვიდრე ეხლა გადავწყვიტოთ, სჯობია ეხლა ეს დარჩეს.

თავმჯდომარე: კენჭს ვუყრი. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი?

ნ.-დ. წინადადება უარყოფილია. მომხრენი არიან ს.-ფ. და ნ.-დ. ფრაქციები ს.-დ. ფრაქციის წინააღმდეგ. შემდეგ 22-ე მუხლი.

ს. ჯაფარიძე (კითხულობს 22-ე მუხლს. მიღებულია).

თავმჯდომარე: შემდეგი მუხლი.

ს. ჯაფარიძე (კითხულობს 23-ე მუხლს).

თავმჯდომარე: 23-ე მუხლის შესახებ არის წინადადება ეროვნულდემოკრატიული ფრაქციისა, რომ ეს მუხლი სულ ამოღებული იყოს. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? სიტყვა არავის სურს. მომხსენებლის აზრი.

ს. ჯაფარიძე: ამ საკითხმა დიდი კამათი გამოიწვია კომისიაში. იმ შიშმა, რომ სარწმუნოების წარმომადგენელნი, მართლმადიდებელი, სომხური, ებრაელების, მაჰმადიანების (შენგელაია: მენშევიკური ებრაელების წარმომადგენლები იყო?). სხვათა შორის, იყო ქართველი და რუსი რაბინი (კედია: მაჰმადიანები არ უნდა ყოფილიყვნენ!). იმათ მოითხოვეს, რომ ეს მუხლი ნუ იქნებაო. მაგრამ როდესაც მათ წამოაყენეს დასაბუთება ამ მოთხოვნილებისა, ჩვენ დავინახეთ, რომ თუ ეს მუხლი დარჩება, ჩვენ ამით არავითარ და არავის სარწმუნოებრივ გრძნობას არ შევლახავთ. იყო, სხვათა შორის, მუსულმანთა წარმომადგენელიც გაზეთ «Грузія»-ს თანამშრომელი სულთანოვი. ეს ერთი. მეორე - ამ მუხლის კანონ-პროექტში შეტანა კომისიამ საჭიროდ სცნო პრაქტიკულ მოსაზრებით, სახელმწიფო საჭიროებისათვის. და ეს არის ნამდვილი, რეალური ზომა, საშუალება, რომლითაც ჩვენ ყველას ვაიძულებთ შეასრულოს ეს კანონი, თორემ ძალიან ხშირად ხდება ისეთი გაუგებრობა, როდესაც მართლმადიდებელი ან ებრაელ ბავშვს მონათლავს, ან ჯვარს დაიწერს და შემდეგ ან დაავიწყდება, ან განგებ არ შეიტანს განცხადებას რეგისტრაციაში. მაშასადამე, ეს რეგისტრაციას გამოეპარება. ბევრი ასეთი შემთხვევებია და ეს სახელმწიფოს ზიანს მოუტანს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მუხლი მიზან-შეწონილია და საჭიროა პრაქტიკულად, რომლითაც ჩვენ ვაიძულებთ ცხოვრებაში გატარებას კანონისას (კედია: ამ შემთხვევაში პრინციპზედ, ერთი სიტყვით, პრაქტიკას გაუმარჯვნია!). მოვიყვან, მაგალითად, ასეთ შემთხვევას. სხვათა შორის, მე მქონდა ბაასი ამის შესახებ: მოგეხსენებათ, რომ ხალხმა არ იცის ყველა კანონები და შეიძლება იყოს ისეთი ხალხიც, რომელთაც ისიც არ იციან, რომ დამფუძნებელი კრება არსებობს. მაგრამ, ბატონებო, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, შეიძლება ვინმემ დაიწეროს ჯვარი მართლ-მადიდებელ ეკლესიის წესით, მაგრამ შემდეგ, როდესაც გაიგებს, რომ ჯვარის წერა კანონიერი არ არის, წამოვა და შემდეგ კიდევ მეორედ დაიწერს ჯვარს და იმ ქალს მიატოვებს, რომელთანაც ეკლესიურად დაიწერა ჯვარი, ძველის წესით და ის ქალი, რომელსაც ჯვარის წერა კანონიერი ეგონა, დარჩება რიყეზედ და ამით რომელიმე უცოდინარი ქალის ინტერესები შეიბღალება. ეს რომ არ მოხდეს, ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მუხლი არის მიზან-შეწონილი და ჩვენ საჭიროდ ვცნობთ, რომ ეს მუხლი შეტანილ იქნეს.

თავმჯდომარე: ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? ეროვნულდემოკრატების ფრაქციის წინადადება უარყოფილია. შემდეგი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს. მიღებულია). შემდეგი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს 24-ე მუხლს). ამ მუხლის შესახებ შემოტანილია შემდეგი წინადადება ს.-დემ. ფრაქციისა (კითხულობს). აი ასეთია წინადადება. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის. მომხსენებლის აზრი.

ს. ჯაფარიძე: ამ შესწორების აზრი არის სინამდვილეში შემოწმება იმისა, რაც წიგნში სწერია. იურიდიული კომისია გულისხმობდა იმას, რომ თუ ვინმემ მიაწერა ამა თუ იმ წელს ბავშვის დაბადება, ამას ქვია „პოდლოგი“, ეს განცხადება ჩაითვლება „პოდლოგად“, ყალბ საბუთად. ასე რომ, შესწორება ს.-დ. ფრაქციისა მისაღებია.

თავმჯდომარე: კენჭს ვუყრი. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ს.-დ. ფრაქციის წინადადება მიღებულია. მაშასადამე, ეს მუხლი შეიცვლება. შემდეგი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს შემდეგ მუხლს). მიღებულია. შემდეგი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს). ამ უკანასკნელი მუხლის შესახებ არის წინადადება ს.-ფ. ფრაქციისა, რომ ამ მუხლის ტექსტს მიემატოს შემდეგი: (კითხულობს). ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის სურს. მომხსენებლის აზრი.

ს. ჯაფარიძე: ჩემის აზრით, ეს მეტია, რადგანაც კანონ-პროექტი ქორწინების და განქორწინების შესახებ შემოვა ამ ახლო დროში. არა თუ ექვსი თვის განმავლობაში, არამედ სამი თვის განმავლობაში გავატარებთ. ეს უეჭველია და თუ არ მოხდება, მაშინ შეიძლება ცალკე დეკრეტი შევიმუშაოთ ამის შესახებ და აქ კი მეტია.

თავმჯდომარე: კენჭს ვუყრი. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მაშასადამე, ეს წინადადება უარყოფილია. კენჭს ვუყრი ამ უკანასკნელ მუხლს. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს ვუყრი მთელ კანონ-პროექტს. ვინ არის წინააღმდეგი კანონ-პროექტისა? თავი ვინ შეიკავა? მაშასადამე, კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას შესწორებისათვის და საბოლოო ტექსტი შემდეგ მოგხსენდებათ. დღის წესრიგი დამთავრებულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი (მდივანი კითხულობს დღის წესრიგს).

სხდომა დახურულია.

34 სხდომა 63*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს 1920 . დეკემბრის 3. ტფილისი. სასახლე

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სვ. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევს I ს. და 10 წ.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას.

1/352 ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - შემოსავლის კვალობაზედ გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმის შეცვლის შესახებ.

გადაეცეს: საბიუჯეტო საფინანსო კომისიას.

2/353 პრეზიდიუმის ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის დამატებით 8.000.000 მან. გადადების შესახებ - სასახლის შესაკეთებლად.

გადაეცეს: საბიუჯეტო საფინანსო კომისიას.

3/354 ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - თავდაცვის გადასახადის შესახებ.

გადაეცეს: საბიუჯეტო საფინანსო და იურიდიულ კომისიას.

4/355 შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ფოსტა - ტელეგრაფის შინაგან კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა.

გადაეცეს: საბიუჯეტო საფინანსო კომისიას.

1/337 საბოლოო ტექსტი კანონისა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

კომისია და მომხსენებელი: სარედაქციო . შარაშიძის ასული.

საკანონმდებლო აქტის სახელწოდება:

2/268 პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.

კომისია და მომხსნებელი: ადგილობრივ თვითმ. . ონიაშვილი. საბ. საფ. . თევზაია.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

I. საბოლოო ტექსტი კანონისა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.

დამფუძნებელი კრება ამ დღიურ წესრიგს უცვლელად ამტკიცებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ რიგს გარეშე სიტყვა ეძლევა მთავრობის თავმჯდომარეს ბ-ნს ნოე ჟორდანიას.

მთავრობის თავმჯდომარის . ჟორდანიას განცხადება*

მოქალაქენო, მე მაქვს პატარა განცხადება იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც შევიტანეთ ჩვენს მთავრობაში. ეს ცვლილება უპირველესად ყოვლისა ეხება იმას, რომ ჩვენ დავაარსეთ განათლების სამინისტრო, როგორც ცალკე სამინისტრო. ახლამდე, როგორც იცით, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროები შეერთებული იყო. ეს გარემოება გამოწვეული იყო იმით, რომ განათლების სამინისტროს მივცეთ უფრო ფართო ხასიათი, ვიდრე იყო აქამდე. აქ იქნება, როგორც განათლების, ხელოვნების, ისე კულტურის, რელიგიის საქმე. და ჩვენ გვინდა ამ სამინისტროს დაუკავშიროთ ყველა კულტურული და განმანათლებელი სექციები. დანარჩენი სამინისტროები რჩებიან ისე, როგორც იყო.

განათლების მინისტრად მე მოვიწვიე გრ. ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრად - პარმენ ჭიჭინაძე, მხოლოდ ნაცვლად ნოე ხომერიკისა, რომელმაც დასტოვა თავის სამინისტრო, მოვიწვიე დავით ონიაშვილი.

გარდა ამისა მე დავინახე საჭიროდ შემექნა ერთი მუდმივი თანამდებობა. მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც იცით, არ ყავდა არც ამხანაგი და არც მუდმივი მოადგილე. მართალია, მთავრობის თავმჯდომარეს ყავდა მოადგილე, მაგრამ ეს მოადგილე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მხოლოდ მაშინ ასრულებდა, როცა მთავრობის თავმჯდომარე ტფილისში არ იმყოფებოდა. ამ ბოლო დროს მთავრობის თავმჯდომარის საქმეები მეტად გაიზარდა და უნდა მოგახსენოთ, რომ მე ამ საქმეებს ვერ ვასწრებ; რომ ეს რთული საქმეები მოგვარდეს, აუცილებლათ საჭიროა მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავდეს მუდმივი მოადგილე, რომელიც ეწევა მუდმივ მუშაობას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად. აი ასეთი თანამდებობის დაწესება აუცილებლად საჭიროდ მიმაჩნია. ეს გააუმჯობესებს და გააკეთებს ჩვენს საქმეებს.

ასეთ პირად მე დავასახელე გრ. ლორთქიფანიძე. ე.ი. განათლების მინისტრი იქნება ამავე დროს მთავრობის თავმჯდომარის მუდმივი მოადგილე.

აი ეს არის ჩემი განცხადება.

რეზოლუციები:

თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო შემოსულია წინადადება:

1. სოც.-დემ. ფრაქციისა: „მოისმინა რა მთავრობის თავმჯდომარის განცხადება მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ, დამფუძნებელი კრება იღებს მას (განცხადება) ცნობად და გადადის მორიგ სხდომაზე“.

2. სოც.-ფედერ. ფრაქციისა: „მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მსჯელობა გაიმართოს დამფუძნებელი კრების შემდეგ სხდომაზე (მომავალ პარასკევს ა/წ. დეკემბრის 10-ს)“.

3. სოც-რევ. ფრაქციისა: „მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო გადაიდოს დამფუძნებელი კრების შემდეგ სხდომისათვის (მომავალ პარასკევს ა/წ. დეკემბრის 10-ს)“.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ წინადადებით იგი კენჭს იმ რიგობაზე უყრის, როგორც ეს წინადადებები შემოვიდა, ხოლო ორ უკანასკნელ წინადადებას - სოც.-ფედ. და სოც.-რევ. ფრაქციებისას - იგი შეერთებულად უყრის კენჭს, როგორც ერთ ერთისა და იგივე შინაარსისას.

დამფუძნებელი კრება ორივე წინადადებას - სოც. დემ. და სოც. ფედ. და სოც. რევ. ფრაქციებისას - უკამათოდ იღებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი კანონისა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კანონის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად იღებს.

განსახილველია ზოგადი (პირველი) განხილვის წესით კანონპროექტი არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ შემოტანილია შემდეგი განცხადება:

„დღიური წესრიგის მეორე საკითხის შესახებ მომხსენებლათ იქნება გრიგოლ ბ. თევზაია.

დაფუძნებელი კრება ამ განცხადებას ცნობად იღებს.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელი ბ. თევზაია (ს.დ) დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კანონპროექტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

კანონპროექტი იწვევს ზოგად მსჯელობას, რომელშიც მონაწილეობას იღებს გრ. რცხილაძე (ს. ფ.).

ზოგადი მსჯელობა დასრულებულია.

მომხსენებელი საბოლოო დასკვნას წარმოსთქვამს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მუხლობრივ განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი მეორე მუხლობრივი განხილვისათვის დამფუძნებელ კრებას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაზე წარედგინება.

მდივანი კითხულობს ცნობად შემდეგი (დეკემბრის 7-ის) მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის I ს. და 40 წ, ხურავს.

______________

* წყარო: საქ. ცენტრ. საისტ. არქივი. ფ. 1883. ანაწ. 1. ს. 734. ფფ. 460-468.

* „საქართველოს რესპუბლიკა“, # 278, 1920 წ. 7 დეკემბერი,. გვ. 1.

35 სხდომა 64*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია 2

სამშაბათი, 1920 წლის დეკემბრის 7. შუადღის 12. საათს

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 1 ს. 23 წ.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისთვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

1/356 იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტებისა - ხარჯთაღიცხვის კრედიტის გარეშე - 1.764.463. მან. გადადების შესახებ გორის მაზრის საპყრობილის შენობის შესაკეთებლად. გადაეცეს: იურიდიულ და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

დღიური წესრიგი:

1. დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო ბანკისათვის დამზღვევი ფონდის დასაარსებლად 50. 000. 000 მან. მიცემის დეკრეტის შეცვლისა.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა - სამთა-მადნო სამმართველოსთან სამთო-სატეხნიკო კურსების დაარსების შესახებ.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდიუმის წინადადებაა კონსტიტუციის განხილვის წესის დამატების შესახებ დღესვე იქნეს მოსმენილი.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უკამათოდ იღებს და დღიურ წესრიგს ამტკიცებს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბიუჯეტო - საფინანსო კომისიის მომხსენებელი სვ. მდივანი დარბაზში არ იმყოფება და დეკრეტის განხილვა დღიურ წესრიგის ბოლოში გადაიტანება.

განსახილველია პირველი (ზოგადი) განხილვის წესით კანონპროექტი სამთა- მადნო სამმართველოსთან სამთო - სატეხნიკო კურსების დაარსების შესახებ.

განათლებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი (ს. დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კანონპროექტის ძირითად და კომისიის დასკვნის შესახებ.

კანონპროექტი იწვევს ზოგად მსჯელობას, რომელშიც მონაწილეობას იღებს შ. ნუცუბიძე (ს. ფ.), რომელიც სიტყვის დასასრულს სოც.-ფედ. ფრაქციის სახელით თავმჯდომარეს შემდეგ წინადადებას აძლევს: „წარმოდგენილი კანონპროექტი დაებრუნოს უწყებას ხელახლად გადასამუშავებლად“.

ზოგადი მსჯელობა დასრულებულია.

მომხსენებელი საბოლოო დასკვნას წარმოსთქვამს და წინააღმდეგია სოც.- ფედ. ფრაქციის წინადადების. თავმჯდომარე კენჭს უყრის სოც.-ფედ. ფრაქციის წინადადებას, რომელსაც დამფუძნებელი კრება უარჰყოფს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს, მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტის შესახებ (მუხლობრივი) განხილვისთვის დამფუძნებელ კრებას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაზე წარედგინება.

განსახილველია დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის დამზღვევი ფონდის დასაარსებლად 50. 000. 000 მან. მიცემის შესახებ.

იურიდიულ კომისიის მხრით მომხსენებელია . ჯაფარიძე (ს. დ.) რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

საბიუჯეტო - საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია სვ. მდივანი (ს. ფ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი იწვევს ზოგად მსჯელობას, რომელშიც მონაწილეობას იღებს . ქარუმიძე (ნაც. ).

ზოგადი მსჯელობა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივ განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი ცალკე კითხულობს დეკრეტის სათაურს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. - დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება: სახელმწიფო ბანკისათვის დამზღვევი ფონდის დასაარსებლად 50. 000. 000 მან. სესხის მიცემის დეკრეტის (კან. კრებ. 1920 . # 24 კანონი მე-240) შეცვლისა“.

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურს ზემოაღნიშნული შესწორებით იღებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის პირველ მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც. - დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება: სახელმწიფო ბანკისათვის დამზღვევი ფონდის დასაარსებლად 50. 000. 000 მან. სესხის მიცემის დეკრეტის (კან. კრებ. 1920 ., # 24, მე- 240) პირველ მუხლში შეიცვალოს ასე: „მიეცეს მის მიერ დაგირავებული ან შესანახად მიღებული საქონელი, მოთავსებული სახელმწიფო ბანკის საწყობებში, ან და საზოგადოებრივი დაწესებულების ისეთი საწყობებში, რომელსაც ამ ბანკის საბჭო დაადასტურებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის პირველ მუხლს ზემო აღნიშნული შესწორებით ებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეორე მუხლს. დამფუძნებელი

კრება ამ მუხლს უცვლელად ებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია: კონსტიტუციის განხილვის წესის დამატება.

პრეზიდიუმის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს. დ.), რომელიც სიტყვიერათ ასაბუთებს პრეზიდიუმის მიერ შემუშავებულს შემდეგ წესს:

„დღეს პრეზიდიუმისა და ფრაქციათა წარმომადგენლების შეერთებულმა სხდომამ ერთხმად დაადგინა, რომ დაჩქარდეს კონსტიტუციის პროექტის განხილვა, ორშაბათს გარდა დაეთმოს კიდევ ერთი დღე საკუთრათ; ასეთ დღეთ დასახელებული იქნას კვირა, 12-3 საათამდი.

სამშაბათი დარჩეს ჩვეულებრივი საკანონმდებლო საკითხისათვის, პარასკევი დაეთმოს მხოლოდ სასწრაფო საკითხებს, და, თუ ამ საკითხებს დრო დარჩება, ეს დროც კონსტიტუციის განხილვას მოხმარდეს“.

დამფუძნებელი კრება ამ წესს უცვლელად ადასტურებს.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის რიგ გარეშე განცხადება: თავმჯდომარე აცხადებს, რომ რიგს გარეშე სიტყვა ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნ გრ. ლორთქიფანიძეს.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი გრ. ლორთქიფანიძე დამფუძნებელ კრებას მოახსენებს ცნობად ბათომის ოლქის საკითხის შესახებ პრესაში ყალბი ცნობების მოთავსებისა და საბჭოთა რუსეთის გარეშე საქმეთა კომისრის ჩიჩერინის და ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრის ლორდ კერზონის ურთიერთისადმი ნოტებით მომართვის შესახებ.

ორატორის მიერ სიტყვის დასრულებას დამფუძნებელი კრება ოვაციით ხვდება.

რეზოლიუციები: თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო შემოსულია ორი რეზოლიუცია:

(.-., .-. და ნაც. ფრ.) „დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა მთავრობის განცხადება საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ და იზიარებს მის დებულებას.

დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ მთავრობა განაგრძობს კეთილ-განწყობილების დაცვას მეზობელ სახელმწიფოებთან და აღიარებს, რომ საქართველოს მთელი ხალხი თავის სახელოვან შეიარაღებულ ძალასთან ერთად ერთ-სულოვნად და თავდადებით დაიცავს თავისუფალ სამშობლოს პოლიტიკურ უზენაესობას და ტერიტორიულ ხელუხლებლობას და გადადის მორიგ საკითხზე“.

(.-რევ. ფრ.) „მოისმინა რა მთავრობის განცხადება რესპუბლიკის საგარეო მდგომარეობაზე, დამფუძნებელი კრება აცხადებს: „საქართველოს მშრომელი ხალხი შეუდრეკლად სდგას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და დაიცავს მას მთელი თავისი არსებით. მეზობლებთან სოლიდარობა-მეგობრობას და რესპუბლიკის ტერიტორიის ხელშეუხებლობას დამფუძნებელი კრება სთვლის დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის აუცილებელ პირობათ და გადადის მორიგ საკითხზე“.

პირველი რეზოლიუციის დასასაბუთებლათ სიტყვას იღებს აკ. ჩხენკელი (ს. დ.).

მეორე რეზოლიუციას სიტყვიერად ასაბუთებს ილ. ნუცუბიძე (ს. რ. ).

ამის შემდეგ რეზოლიუციების შესახებ სიტყვა ეძლევა შ. ნუცუბიძეს (ს.ფ.).

თავმჯდომარე შემოსვლის რიგზე კენჭს უყრის ამავე რეზოლიუციას და დამფუძნებელი კრება ხმის უმრავლესობით იღებს სოც. დემოკრატიული ფრაქციის რეზოლიუციას, ხოლო უარჰყოფს სოც.- რევოლ. ფრაქციის რეზოლიუციას.

კვლავ სიტყვას იღებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი გრ. ლორთქიფანიძე, რომელიც დამფუძნებელ კრებას ცნობად მოახსენებს, რომ გზათა სამინისტრო გამოიყო მიწათმოქმედების მინისტრის უწყებიდან და გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრს.

მდივანი კითხულობს შემდეგი (დეკემბრის 10-ს ) მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 3 ს. ჰხურავს.

____________

* წყარო: საქ. ცენტრ. საისტ. არქივი. ფ. 1833. ანაწ. 1. ს. 734. ფფ. 255-257.

36 სხდომა 65

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

ოთხშაბათს 1920 . დეკემბრის 8. საღამოს 6 . და 53 .

1/282 განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხ.

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

ქრ. შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან

. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება საღამოს 6 ს. და 53 წ.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

დღიური წესრიგი

„განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ პირველი (ზოგადი) განხილვის წესით“.

დამფუძნებელი კრება ამ დღიურ წესრიგს უცვლელად ამტკიცებს.

გაგრძელდება მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ წინა სხდომიდან დამფუძნებელი კრების წევრის ბ-ნს ს. დადიანს (ს.-ფ.), სალაპარაკოდ ეკუთვნის კიდევ 10 წამი.

. დადიანი (ს.ფ.) მსჯელობას განაგრძობს.

ორატორს სალაპარაკო დრო (10 წამი) უთავდება.

დამფუძნებელი კრება ორატორს სალაპარაკო დროს უგრძელებს.

ორატორი სიტყვას ამთავრებს.

მსჯელობა გრძელდება და სიტყვას იღებს ლ. შენგელაია (ს.რ.).

ორატორის სალაპარაკო დრო (1 საათი) უთავდება და დამფუძნებელი კრება დროს კიდევ ერთი საათით აგრძელებს.

ორატორი სიტყვას ამთავრებს.

სიტყვას იღებს ბ. თევზაია (ს.დ.).

ორატორი სიტყვას ამთავრებს.

თავმჯდომარე სხდომას ღამის 10 ს. ჰხურავს.

37 სხდომა 66*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს 1920. დეკემბრის 10. სასახლე

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე

პრეზიდიუმში არიან:

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის 1 ს. და 10 წ.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების ნუსხას:

1/330. სახელმწიფო კონტროლის მოხსენება - სახელმწიფოს 1920-1921 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ.

გადაეცეს: საბიუჯეტო - საფინანსო კომისიას ბიუჯეტის დამატებად.

2/357. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში 18.153.619 მან. 16 კაპ. გადადების შესახებ - ქალაქთა მილიციის ხარჯების 75%25 დასაფარავად.

გადაეცეს: ადგილობრეივი მმართველობის და თვითმმართველობის და საბიუჯეტო - საფინანსო კომისიას.

3/ იუსტიციის მინისტრის პროექ. დეკრეტისა - ბინის და სადგომების უდიდესი ქირის დაწესების შესახებ.

გადაეცეს: ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის და იურიდიულ კომისიის საკანონმდებლო მასალის სახით.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

1. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონპროექტისა - არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის შემადგენლობის ცვლილებების გამო.

3. დეკრეტი - სამხედრო სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვისა.

4. დეკრეტი - პატიმართა შესანახად დამატებით 40.000.000 მან. გადადებისა.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახელმწიფო ბანკისათვის დამზღვევი ფონდის დასაარსებლად 50000000 მან. სესხის მიცემის დეკრეტის შეცვლისა.

თავმჯდომარე პრეზიდიუმის სახელით წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას დღიურ წესრიგის მე-5 საკითხის პირველ საკითხად გადატანის შესახებ.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი წინადადება:

„მე - 2 საკითხი გადატანილ იქნეს წესრიგის ბოლოში.“

დამფუძნებელი კრება ორივე წინადადებას უკამათოდ იღებს და დღიურ წესრიგს ამ შესწორებით ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სახელმწიფო ბანკის დამზღვევი ფონდის დასაარსებლად 50.000.000 მან. სესხად მიცემის დეკრეტის შეცვლისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს. დ.), რომელიც აღნიშნავს, რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია მეორე (მუხლობრივი) განხილვის წესით კანონპროექტი არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მომხსენებელი . თევზაია (ს. დ.), კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალკცალკე კითხულობს.

მომხსენებელი ცალკე კითხულობს შტატსა და ხარჯთაღრიცხვას.

დამფუძნებელი კრება შტატსა და ხარჯთაღრიცხვას უცვლელად იღებს.

დამფუძნელებელი კრებ კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კანონპროექტის მეორე, მესამე და მეოთხე მუხლს ცალკ ცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლებს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია დეკრეტი სამხედრო სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვისა.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ვ. ცაბაძე (ს. დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი იწვევს ზოგად მსჯელობას, რომელშიც მონაწილეობას იღებს ივ. ლორთქიფანიძე (ს. რ.) და თ. ღლონტი (სოც. ფედ.).

განმარტებას იძლევა მომარაგების მინისტრი ბ-ნი ერაძე.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ წინადადება არის შემოსული, რათა ორატორთა სალაპარაკო დრო 15 წუთით განისაზღვროს.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას იღებს.

მსჯელობა გრძელდება და მონაწილეობას იღებენ შ. ქარუმიძე (ნაც), აკ. ჩხენკელი (ს. დ.), ივ. ლორთქიფანიძე (ს. რ.) და ალ. ასათიანი (ერ. დემ).

ზოგადი მსჯელობა დასრულებულია.

მომხსენებელი საბოლოო დასკვნას წარმოსთქვამს.

მუხლობრივი განხილვა.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია

შემდეგი შესწორება: „პირველი მუხლის ბოლოში ჩაემატოს სიტყვები „1920 წ. მოსავლიდან.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს ზემოაღნიშნული შესწორებებით უკამათოდ იღებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეორე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება: „მეორე მუხლში სიტყვები „ხუთმეტ პროცენტს (15%25) „შეიცვალოს „ათ პროცენტს (10%25).

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის მეორე მუხლს ზემოაღნიშნული შესწორებით უკამათოდ იღებს.

მომხსენებელი კითხულობს მეორე მუხლის პირველ შენიშვნას.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი შესწორება: „მეორე მუხლის პირველ შენიშვნიდან ამოიშალოს სიტყვები „გაღების შემდეგ“ და მის მაგიერ ჩაემატოს „გარდა“ ამ შენიშვნის ბოლოში სიტყვა „გაყიდვისა“ ამოიშალოს და მის ნაცვლად ჩაემატოს „ყიდვა-გაყიდვისა და გადატან-გადმოტანის რესპუბლიკის საზღვრებში.“

დამფუძნებელი კრება ამ შესწორებას უკამათოდ იღებს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის მეორე მუხლის პირველ შენიშვნას ზემოაღნიშნული შესწორებით უკამათოდ იღებს.

მომხსენებელი ცალკცალკე კითხულობს მეორე მუხლის მეორე შენიშვნასა და მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლებს.

დამფუძნებელი კრება ამ შენიშვნას და მუხლებს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეექვსე მუხლს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი წინადადება: „მე-6 მუხლი სრულიად ამოიშალოს.“

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უცვლელად იღებს, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტის მე-6 მუხლი სრულიად ამოღებულია

მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის მეშვიდე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დამთავრებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგი და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

მდივანი კითხულობს სოც. დემ. ფრაქციის შემდეგ განცხადებას: „სოც.-დემ. ფრაქცია საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში დ. ონიაშვილის (ს. დ.) მაგიერ ასახელებს კ. გვარჯალაძეს (ს. დ.).

დამფუძნებელი კრება ამ განცხადებას ცნობად იღებს.

მდივანი კითხულობს შემდეგი (დეკემბრის 14 -ის) მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 4 ს. და 5 წ.-ზე ხურავს.

________________

* წყარო: სცსა. ფ. 1833. ანაწ. 1. ს. 734. ფფ. 492-496.

38 სხდომა 67

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

სამშაბათს 1920 . დეკემბრის 14.ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი

ამხ. ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანის ამხანაგი

ქრ. შარშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის I ს. და 50 წ.

დღიური წესრიგი

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

I. საბოლოო ტექსტი კანონისა - არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სამხედრო სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვისა.

3. დეკრეტი - პატიმართა შესანახად დამატებით 40.000.000 მან. გადადებისა.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სამთამადნო სამმართველოსთან სამთო-სატეხნიკო კურსების დაარსების შესახებ.

5. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის

შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

6. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის დამატებით 8.000.000 მან. გადადებისა - სასახლის შესაკეთებლად.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოტანილია შემდეგი წინადადება სატეხნიკო კომისიისა:

„დამფუძნებელ კრების დღევანდელ სხდომის დღიურ წესრიგში მე-6 მუხლად შეტანილია პროექტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის დამატებით 8.000.000 მან. გადადების შესახებ - სასახლის შესაკეთებლად.

რადგანაც ეს დეკრეტი სასწარაფო მნიშვნელობისაა, - გთხოვთ შეიტანოთ დამფუძნებელ კრებაში წინადადება, რათა ეს დეკრეტი განხილულ იქნეს მესამე მუხლად, ე.ი. საბოლოო ტექსტის შემდეგ და მისი საბოლოო ტექსტი დღესვე წარედგინოს დამფუძნებლ კრებას დასამტკიცებლად“.

„მსჯელობა მთავრობის განცხადების გამო გადატანილი იქნეს უკანასკნელ საკითხად“.

დამფუძნებელი კრება ორივე წინადადებას უკამათოდ იღებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი კანონისა არტაანის ოლქის ადმინისტრაცია-მილიციის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის და შტატის ტექსტებში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ, უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სამხედრო სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს, რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორ ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია დეკრეტი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის დამატებითი 8.000.000 მანეთის გადადებისა სასახლის შესაკეთებლად.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივ განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალცალკე უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არვინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტი ამავე სხდომაზე წარმოსადგენათ ახლავე გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

განსახილველია დეკრეტი პატიმართა შესანახად დამატებით 40.000.000 მანეთის გადადებისა.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

დეკრეტი ზოგად მსჯელობას არ იწვევს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივ განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალცალკე უცვლელად იღებს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია მეორე (მუხლობრივი) განხილვის წესით კანონპროექტი სამთო-მადნო სამმართველოსთან სამთო-სატეხნიკო კურსების დაარსების შესახებ.

განათლებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მომხსენებელი ნ. იმნაიშვილი (ს.დ.) კანონპროექტის სათაურსა და პირველ მუხლს ცალცალკე კითხულობს.

მომხსენებელი კითხულობს დებულებას.

დამფუძნებელი კრება ამ დებულებას უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს შტატს.

დამფუძნებელი კრება ამ შტატს უცვლელად იღებს.

დამფუძნებელი კრება კანონ-პროექტის სათაურსა და პირველ მუხლს უცვლელად იღებს.

მომხსენებელი კითხულობს კანონპროექტის მეორე მუხლს.

დამფუძნებელი კრება ამ მუხლს უცვლელად იღებს.

მუხლობრივი განხილვა დასრულებულია.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - კანონპროექტის მთლიანად მიღების შესახებ - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონ-პროექტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას გადაეცემა.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის 8.000.000 მანეთის გადადებისა სასახლის შესაკეთებლად.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს. რადარა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის და შტატის ტექსტებში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება საბოლოო ტექსტს უკამათოდ, უცვლელად ამტკიცებს.

მოსასმენია მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების (იხ. დეკემბრის 7-ის სხდ. ჟურ.) გამო მთავრობის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

მსჯელობაში მონაწილეობას იღებენ . შენგელაია (ს.რ.), სპ. კედია (ერ.-დემ).

თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე ნაშუადღევის 3 საათია და სურს თუ არა დამფუძნებელ კრებას სხდომა განაგრძოს.

დამფუძნებელი კრება ადგენს სხდომა განაგრძოს ნაშუადღევის 4 საათამდე.

მსჯელობა გრძელდება.

განმარტებას იძლევა იუსტიციის მინისტრი ბ-ნი არსენიძე.

მსჯელობისათვის სიტყვას იღებს ბ. თევზაია (ს.დ.).

ორატორი სიტყვას ამთავრებს.

მდივანი კითხულობს შემდეგი მორიგი (დეკემბრის 17-ის) სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის შეამდგენლობის ცვლილების შესახებ განგრძობილი იქნება მომვალ სამშაბათის კრებაზე.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 4 ს. და 22 წ. ხურავს.

39 სხდომა 68 (სასწრაფო)*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

ოთხშაბათს 1920 . დეკემბრის 15 სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსის ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება საღამოს 7 ს. და 5 წ.

დღიური წესრიგი.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს: „განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ პირველი (ზოგადი) განხილვის წესით.“

დამფუძნებელი კრება ამ დღიურ წესრიგს უცვლელად ამტკიცებს.

გრძელდება მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის; მსჯელობაში მონაწილეობას იღებს კ. ჯაფარიძე (ს. დ. ).

ორატორი ერთი საათის განმავლობაში სიტყვას ვერ ამთავრებს და დამფუძნებელი კრება ადგენს, ორატორს სალაპარაკო დრო სიტყვის დასრულებამდე გაუგრძელოს.

ორატორი ამთავრებს.

მსჯელობა გრძელდება და სიტყვას იღებს . ნუცუბიძე (ს. რ.).

ორატორი სიტყვას ამთავრებს.

თავმჯდომარე სხდომას საღამოს 10 ს. ხურავს.

_____________

* წყარო: სცსა. ფ. 1833. ანაწ. 1. ს. 736. ფ. 418.

40 სამოცდამეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(69)

1920 წელი, დეკემბრის 17, პარასკევი. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტები.

2. დეკრეტი - ფოსტა-ტელეგრაფის შინაგან კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა.

3. განგრძობა მსჯელობისა - საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი . ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იხსნება შუადღის 12 საათზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილია. მოგხსენდებათ დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა პატიმართა შესანახად დამატებით

40.000.000 მან. გადადებისა.

2. საბოლოო ტექსტი კანონისა სამთა-მადნო სამმართველოსთან სამთო-სატეხნიკო კურსების დაარსებისა.

3. დეკრეტი ფოსტა-ტელეგრაფის შინაგან კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა.

4. დეკრეტი რესპუბლიკის ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოებისათვის 10.000.000 მან. სესხის მიცემისა.

თავმჯდომარე: სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია შემდეგი წინადადება: მეოთხე მუხლი მოიხსნას დღიურ წესრიგიდან, რადგანაც ფრაქციამ მისი განხილვა ვერ მოასწრო. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? დღიური წესრიგი ამ შესწორებით მიღებულია. პირველი საკითხის შესახებ სიტყვას გომართელი მოგახსენებთ.

1. საბოლოო ტექსტები.

. გომართელი (კითხულობს დღიურ წესრიგის 1 და 2 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებს, რომელთაც დამფ. კრება იღებს უკამათოდ).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვას ი. გომართელი მოგახსენებთ.

2. დეკრეტი ფოსტა-ტელეგრაფის შინაგან კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა.

. გომართელი (მომხსენებელი): ფოსტა-ტელეგრაფის ნიხრი უკანასკნელად გადიდებული იყო მარტის 26. მას შემდეგ გაიარა რამდენიმე თვემ და დღევანდელ ეკონომიურ მდგომარეობას არსებული ნიხრი არ შეეფერება. ამ ნიხრის დატოვება შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში გასავალი დიდი იყო, შემოსავალი კი ცოტა. დეფიციტი საგრძნობი იყო. ზოგიერთ სხვა სახელმწიფოებშიაც აქვს დეფიციტი ფოსტას, მაგალითად, ამერიკაში. მაგრამ ამ სახელმწიფოებს აქვთ სხვა წყაროები, რომლითაც შეუძლიათ ამ დეფიციტის დაფარვა. მას არ შეუძლია დეფიციტზე დაამყაროს ფოსტა-ტელეგრაფის უწყება, ვინაიდან მას არ აქვს სხვა წყარო. მთავრობას არ აქვს მიზნად, რომ მოგება ნახოს, მაგრამ ის ისე უნდა იყვეს მოწყობილი, რომ საკუთარ ხარჯებს თვითონვე ფარავდეს. ამიტომ მთავრობამ აღძრა შუამდგომლობა ნიხრის გადიდების შესახებ. დაახლოვებით უნდა გადიდდეს ორ-ნახევარ პროცენტით. დღეს თუ უბრალო წერილის გაგზავნა ღირს 4 მან., ახალი ნიხრით ეღირება 10 მან. თუ სიტყვის დეპეშით გადაცემა ღირს 4 მან., ახალი ნიხრით ეღირება 10 მან. როგორც ხედავთ, 2 ნახევარი პროცენტით არის გადიდებული. გარდა ფულის გადაგზავნისა, აქ განსხვავება ძველ ნიხრთან არც ასეთი დიდია. აქ პროცენტული სისტემა არის შემოღებული: რაც დიდი თანხა იქნება გადაგზავნილი, მით ცოტა პროცენტი გადახდება.

შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ ეს ცვლილება ნიხრისა იქონიებს გავლენას და კორესპონდენციების გადაგზავნა შემცირდებაო, მაგრამ ეს არ იქნება მართალი. წინეთ, ნიხრის გადიდების შემდეგ კორესპონდენციების გაგზავნა სამჯერ გაიზარდა. ახალი ნიხრი იმდენად ზომიერია და იმდენად შეეფერება ახალ ეკონომიურ პირობებს, რომ ის არავითარ გავლენას არ მოახდენს კორესპონდენციების რიცხვზე. მთავრობის ეს შუამდგომლობა განიხილა საფინანსო კომისიამ და მიიღო. საფინანსო უწყებამაც განიხილა პროექტი დეკრეტისა და უცვლელად მიიღო.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ხომ არავის სურს? სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქმნა და სარედაქციო კომისიას გადაეცა).

თავმჯდომარე: დღიური წესრიგი ამოწურულია. გადავდივართ მსჯელობაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ. სიტყვა გ. გვაზავას ეკუთვნის.

2. განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ.

. გვაზავა (ნ.-დ.): ბატონებო! ჩვენ წინაშე წარმოითქვა რამდენიმე სიტყვა და საკითხმა სხვა და სხვა გაშუქება მიიღო. ჩემი აზრით, შესანიშნავი იყო იდეოლოგიურად ნ. ჟორდანიას, ლ. შენგელაიას და კ. ჯაფარიძის სიტყვები. მე საჭიროდ მიმაჩნია შევაჩერო თქვენი ყურადღება ზოგიერთ მომენტებზე, რომ უფრო მკაფიოდ გავარკვიოთ ესა თუ ის სადაო საკითხი და შეგნებულად მოვეპყრათ ამათ გადაწყვეტას. თავდაპირველად თქვენი ყურადღება უნდა მივაქციო ლ. შენგელაიას სიტყვას. უმთავრესი დებულება, ძირითადი პრინციპი, რომელიც იყო წამოყენებული, არის შემდეგი: ლ. შენგელაიამ ბრძანა, რომ ჩვენი კონსტიტუცია უნდა ხატავდეს ორ მომენტს, ორ დედა-აზრს: პირველი - იდეა 26 მაისისა და მეორე - რუსეთის რევოლიუციის აღმაფრენა. მე მგონია, თუ ჩავუკვირდებით ამ საკითხს, გავარჩევთ მას, დავუპირისპირებთ პრინციპებს ერთი მეორეს, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ორი პრინციპი შეუთვისებელი, შეუდუღებელი არის. 26 მაისი არის დღე ეროვნული განთავისუფლებისა, დაარსება ეროვნული სახელმწიფოსი. რაც შეეხება რევოლიუციონურ აღმაფრენას, აქ ცოტა უნდა შევჩერდეთ, გავხსნათ ფრჩხილები და გავიგოთ, რა არის შინაარსი რუსეთის რევოლიუციის აღმაფრენისა? რაც შეეხება 26 მაისის იდეას, ამას მე სრულიად ვეთანხმები. მართლაც, ჩვენი კონსტიტუცია არის შედეგი ამ ფაქტისა, ამის დასაბუთება და დამტკიცება.

თითონ კონსტიტუცია იწყება იმ აქტიდან, რომელიც გამოცხადდა 26 მაისს. ის არის ჩამოსხმა და განვითარება იმ პრინციპებისა, რომელსაც უნდა ემყარებოდეს სახელმწიფოს ცხოვრება. მაგრამ რაც შეეხება მეორე მხარეს, შენგელაია ბრძანებს, რომ ამ კონსტიტუციაში უნდა იყოს გამოხატულება რუსეთის რევოლიუციის აღმაფრენისაო. მაშინ მე უნდა მივცე კითხვა, როგორ ესმის მას ეს აღმაფრენა? რა არის მის შიგნით? რა იდეები წამოაყენა რუსეთის რევოლიუციამ, რა არის მისი ძირითადი პრინციპები? მე მესმის, როცა მეორე ორატორმა იმავე ფრაქციისა, ბატონმა ი. ნუცუბიძემ განაცხადა, რომ საჭიროა კონსტიტუციას ედვას საფუძვლად რეალური ფაქტი და გაშლილი უნდა იყვეს შიგ პერსპექტივებიო. მაგრამ მე ვეკითხები - რომელ პერსპექტივებზეა აქ ლაპარაკი? აშკარა არის, რომ მისი პერსპექტივები შეზღუდულია რუსეთის ტერიტორიით, რომ ეს პერსპექტივები შორს არ მიდის, არ შორდება იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთში. მე წინააღმდეგი არ ვარ პერსპექტივებისა, მაგრამ ეს პერსპექტივები უნდა გაიშალოს, გაფართოვდეს ბოლომდე. ნუ შევზღუდავთ მას იმ მოვლენებით, რომელიც იყო რუსეთში. გადავხედოთ ევროპას, მაშინ პერსპექტივები ნამდვილად სწორი იქნება. გადავხედოთ მთელ კაცობრიობას და აქედან გამოვიყვანოთ საჭირო დასკვნა. ნუ შემოვზღუდავთ პერსპექტივებს, ეს საშიშარი იქნება. რევოლიუციის დროს შეიძლება იქნეს წამოსროლილი ზოგიერთი იდეები, რომლებიც სრულიად მიუღებელია. ამისდა მიხედვით დაწერილი კონსტიტუცია თავიდანვე უდღეური გამოდის. რომ ეს აზრი სწორია, ამის დასამტკიცებლად საკმაოა გავიხსენოთ, რაც მოხდა საფრანგეთის დიდი რევოლიუციის დროს და შემდეგ. 3-5 წლის განმავლობაში იქ მიიღეს და უარყვეს სამი კონსტიტუცია. აი, რა არის რევოლიუციით გატაცება (ვ. თევზაია: არ ჰქონდათ გამოცდილება!). დიახ! აი, სწორედ თქვენ მიიღებთ მხედველობაში ამ გამოცდილებას და დაინახავთ, რომ შეუძლებელია იმ იდეებით ხელმძღვანელობა, რომლებიც რევოლიუციამ წამოაყენა. ამიტომ ჩემი აზრია, რომ თუ გავაფართოვებთ პერსპექტივას, უნდა გავაფართოვოთ ისე, რომ მთელი კაცობრიობა მოქცეულ იქნეს ჩვენი თვალთახედვის წინ. მაშინ სხვა სურათს დავინახავთ. ეს არის განხორციელება 26 მაისისა. მერე მოხდა სხვა და სხვა სახელმწიფოების შეთანხმება, რომლის სათავეში არის ერთა ლიგა. მთელი ეს მოძრაობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც შენობა, რომელსაც აქვს თავისი სვეტები და ბურჯი. ეს სვეტები არიან განთავისუფლებული ერები - პოლონეთი, ჩეხო-სლოვაკია და სხვა. თუ დაუკვირდებით ამ აღნაგობას, დაინახავთ, რომ იქ მოძრაობა არის ვერტიკალური და ამ ვერტიკალური ხაზებით შემოხაზული არიან თავისუფალი ეროვნული სახელმწიფოები.

მე განგებ ვხმარობ სიტყვას „ვერტიკალური“. მე მინდა ხაზობრივად წარმოვიდგინოთ ევროპის მდგომარეობა. არსებობს მეორე - რუსეთის მოძრაობა, რომელიც არის არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური. ეს ჰორიზონტალური ტალღა ემუქრება ევროპას, იგი სჭრის შუაზედ ეროვნულ ორგანიზმებს, მაშასადამე, შლის ყოველივე სახელმწიფოებრივ აღნაგობას. ეს არის ბოლშევიკური მოძრაობა. მაშასადამე, არის 2 მოძრაობა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. მათ შორის არის წინააღმდეგობა. უმთავრესი შეჯახება ამ ორ ძალისა მოხდა პოლონეთის საზღვრებზე. აქ დაეჯახა ბოლშევიკური ტალღა სახელმწიფოებრივ აღნაგობას, მაგრამ დამარცხდა. ჩვენც შემორტყმული ვართ ბოლშევიკური ტალღით, რომელიც ემუქრება 26 მაისის იდეას. როდესაც ბატონი შენგელაია ამბობს, რომ ჩვენი კონსტიტუცია უნდა იყვეს შეთანხმება ამ ორი შეთანხმებისაო, ეს შეუძლებელია (ლ. შენგელაია: უნდა ავირჩიოთ ან ერთი, ან მეორე გზა!). ჩვენმა ერმა აირჩია 26 მაისი. რევოლიუციას ქონდა ორი პერიოდი. პირველი პერიოდის იდეები იყო ჩვენთვის სავსებით მისაღები (თევზაია: მართლა?). მან ისეთივე იდეები წამოაყენა, როგორიც საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ - პიროვნების განთავისუფლება და სხვა. რასაკვირველია, ასეთი იდეა ჩვენთვის მისაღებია. მაგრამ თუ აიღებთ მეორე პერიოდს, პერიოდს რევოლიუციის გაღრმავებისას, როგორიც ამას ბოლშევიკები უწოდებენ ხოლმე, მის მიერ გადმოსროლილ ლოზუნგებს ჩვენ ვერ ვიზიარებთ. რომ ნათელი ვყო ჩემი აზრი, გავიხსენოთ ზოგიერთი ბოლშევიკური ლოზუნგები. ბ-ნი ლენინი ამბობს, რომ უნდა დავამტვრიოთ სახელმწიფო, როგორც მონობის აპარატიო (ხმა: ამას მარქსი ამბობს!). არ შეიძლება ვიყოთ ისეთი მართლმადიდებელი, რომ მარტო მარქსს უკმიოთ გუნდრუკი. ჩვენ, როგორც იცით, ვერ მივიღებთ ამ იდეას, რადგან ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოს აშენებაზე და არა სახელმწიფოს დანგრევაზე. მერე - უნდა მოისპოს ბურჟუაზიაო, მოისპოს ფიზიკურად და გაჩაღდეს სამოქალაქო ომი. ჩვენ, რასაკვირველია, ამას ვერ გავიზიარებთ და ვერც შევურიგდებით. უნდა მოისპოს თავისუფლება პრესის, სიტყვის, კრების - ეს ბურჟუაზიული მოთხოვნილება არისო (ლეო შენგელაია: უნდა მოისპოს!). ამას თქვენც არა სპობთ, ბატონო შენგელაია, ეს თქვენს პროექტშიაც არის. ამას ჩვენც ვერ მივიღებთ. მერე - სახელმწიფოს სათავეში უნდა იდგნენ შეიარაღებული მუშები, არ არის კერძო საკუთრება და სხვა ამისთანა. და თუ ყველა ამის ფრჩხილები გავხსენით - ეს იქნება ბოლშევიკური იდეები და, რასაკვირველია, ყველა ეს ჩვენთვის მიუღებელი არის. ამიტომ მე ვამბობ, რომ არის ძირითადი წინააღმდეგობა იმ თეორიულ აღნაგობაში, რომელიც ბ-ნ შენგელაიამ წარმოადგინა, ის შეუთავსებელია და მიუღებელია. ან ერთი დროშის ქვეშ, უნდა იყო, ან მეორე დროშის ქვეშ. ან 26 მაისი, ან ბოლშევიკური მოძრაობა.

მეორე ორატორი გახლავთ ბატონი ნოე ჟორდანია. იმის სიტყვას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმიტომ, რომ იგი დიდი პიროვნება არის, იგი დიდს გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ მე მგონია, იმის სიტყვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან იმას აქვს ბევრი ყალბი დებულებები, თუმცა მე სავსებით ვიზიარებ მის ზოგიერთ შეხედულებას (ხმა: პრეზიდენტის შესახებ?). დიახ, პრეზიდენტის შესახებ. მაგრამ ჯერ მე მინდა, ბატონებო, შევჩერდე მისი სიტყვის იდეოლოგიურ ნაწილზე. ბატონმა ნოემ ბრძანა, რომ კონსტიტუცია არის შედეგი ძალთა განწყობილებისა. და რომ კონსტიტუცია არის შედეგი ძალთა განწყობილებისაო, მე მგონია, რომ ეს იდეია ჩვენთვის ეხლა მოძველებული არის. იმას არა აქვს მნიშვნელობა, ის მხოლოდ რევს ჩვენს აზროვნობას და შეაქვს უფრო სიბნელე, ვიდრე სინათლე. ბატონებო, ეს შეხედულება, ეს იდეა პირველად წარმოსთქვა ლასალმა. როდესაც ლასალი მუშაობდა და როდესაც მან ეს იდეა წამოაყენა, მაშინ იმას ჰქონდა ობიექტიური გამართლება და საფუძველი. მართლაც, 40-60 წლის წინად, როდესაც სცხოვრობდა ლასალი, გერმანიაში და სხვა სახელმწიფოებში - ევროპაში არ იყო გატარებული დემოკრატიული წარმომადგენლობა. იყო წარმომადგენლობა მხოლოდ ერთი ნაწილისა, უფრო ბურჟუაზიული ნაწილი იყო გაბატონებული. მაშინ ქონებრივი ცენზი ედვა საფუძვლად საზოგადოდ არჩევნებს. ასე რომ, თითქმის ერთი ნახევარი ერისა მოკლებული იყო ამ ძირითად პოლიტიკურ უფლებას. მაშასადამე, მაშინ საზოგადოების, სახელმწიფოს წიაღში იყო ბრძოლა და, რასაკვირველია, ყოველ ელემენტს, რომელიც აწარმოებდა ბრძოლას, ჰქონდა თავისი მნიშვნელობა და თავისი დაღი უნდა დაეჩნია კონსტიტუციაზე. ეს მართლაც იყო მაშინ. მაგრამ ჩვენში, ბატონებო, სად არის ასეთი მდგომარეობა? ჩვენში ფაქტიურად უკვე განვახორციელეთ საარჩევნო უფლება ყველასათვის - ყველას აქვს საარჩევნო უფლება, ყოველი პიროვნება არის თავისუფალი და თანაც მატარებელი პოლიტიკურ უფლებისა. აქ ძალთა განწყობილებაზე ლაპარაკი, მე მგონია, ზედმეტი არის და მას გავლენა არ უნდა ჰქონდეს და არა აქვს კიდეც. მართლაც, ბ. ნოემ განავითარა თავისი აზრი და სთქვა, რომ ჩვენში ბურჟუაზია არ არისო. ეს აზრი არ არის მართალი (სიცილი. ხმაურობა), და თუ არის მართალი, ისევ პირობით, თუ გნებავთ. თუ ბურჟუაზია არ არის, არ არის პროლეტარიატიც. ბურჟუაზია და პროლეტარიატი არის ორი მხარე ერთსა და იმავე მოვლენისა. თუ არის პროლეტარიატი, რომელსაც გამოაქვს ბაზარზე თავის ძალღონე და ჰყიდის, უნდა იყოს ვინმე, რომელიც ამას ყიდულობს, ე.ი. ბურჟუაზია. თუ ბურჟუაზია არ არის, არ არის ამ ძალის მყიდველი, მაშასადამე, არ არის არც პროლეტარიატი. უფრო მართალი იქნებოდა გვეთქვა, რომ ჩვენ ყველანი საცოდავები ვართ, არა გვყავს არავითარი ბურჟუაზია და არავითარი პროლეტარიატი (სიცილი. შენგელაია: ჩვენში ბურჟუაზია არის!). რაც უნდა იყოს, მე არ გამოვეკამათები.

ბატონმა ჟორდანიამ ერთნაირი ხარკი გადაუხადა თავის სოციალისტურ იდეოლოგიას. მან სთქვა, რომ ჩვენში არის გლეხობა, წვრილი ვაჭრები და მუშები და ამ მუშებს ეკუთვნის გეგემონიაო. მას, როგორც სოციალისტს, კომპლიმენტით უნდა მოეხსენებინა მუშათა კლასი, მაგრამ ნოე ჟორდანიამ იქვე დაუმატა, რომ მარტო მუშები ვერაფერს ვერ გააკეთებენ, თუ მთელი ერი არ მოჰყვა მათ. მაშასადამე, კონსტიტუციაში უნდა იხატებოდეს ნებისყოფა არა კლასიური, არამედ ეროვნული. იქ არ უნდა იყოს დარჩენილი კვალი რომელიმე წრისა (შენგელაია: სწორედ ასეა შედგენილი მენშევიკების კონსტიტუცია!). თქვენ ეს არ მოგწონთ, თქვენ გინდათ უმცირესობის ბატონობა (შენგელაია: არა!). ბატონებო, მაშასადამე, ასეთი ლოღიკით ბატონი ნოე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფოში უნდა იყოს თავდაპირველად ეროვნული ნებისყოფა და არა კლასობრივი. მთელი ერი, ეროვნული ნებისყოფა - ეს არის უმთავრესი პრინციპი. მაშასადამე, ლაპარაკი იმაზე, რომ კლასებად არის დაყოფილი ერი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვარჩევთ კონსტიტუციას, სრულიად საჭირო არ არის. ეს აძნელებს უფრო საკითხს და არ აშუქებს. თუ მთელი ხელისუფლება, ხელმწიფება ეკუთვნის ერს, მაშინ ერზე უნდა ვილაპარაკოთ და არა ამა თუ იმ კლასზე. აქ უნდა იყოს გამოხატულება მთელი ეროვნული ნების ყოფისა და არა რომელიმე კლასისა. გარდა ამისა, ბატონებო, ბ. ნოემ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ თავისებური კონსტიტუცია, ისეთი კონსტიტუცია, რომლის მგზავსი ქვეყანაზე არსად არ იყოსო; უნდოდა რაღაც თავისებურობის შექმნა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ეს ცოტა უღიტინებს ეროვნულ თავმოყვარეობას - შევქმნათ ახალი რამ და გავაკვირვოთ ევროპა. მაგრამ ეს წინასწარ დაკარგული შრომა იქნება. ამ აზრით გატაცებამ ის მიიყვანა შემდეგ შეცდომამდე. იმან დაუპირდაპირა პარლამენტარული ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყანას, პარლამენტარიზმი - დემოკრატიზმს, ეს კი შეცდომაა. მან მოიყვანა აზრი ტიერისა და მერე კაუცკისა. მაგრამ მაშინ, როდესაც ტიერი სწერდა, ეს იყო 70 წლის წინად. მაშინ მართლაც პარლამენტი წარმოადგენდა მხოლოდ ერთ წრეს, ერთ კლასს და არა მთელ ერს. მაგრამ მერე შეიცვალა ასეთი უფლებრივი განწყობილება. ეხლა ევროპაში ყველგან მიღებული არის საყოველთაო არჩევნები, მოსპობილი არის ქონებრივი ცენზი და სხვა შემზღუდველი დებულებები საარჩევნო უფლებისა. ასე თუ ისე, ეხლა ევროპის პარლამენტი სწორი წარმომადგენელი არის მთელი ერისა. მაშასადამე, მოხდა ევროპაში ერთნაირი დემოკრატიზაცია. თუ პარლამენტი დემოკრატიული გახდა და თუ ეს ასე არის, მაშინ როგორ შეიძლება დაუპირდაპიროთ ერთი მეორეს პარლამენტარიზმი და დემოკრატიზმი (ხმაურობა. პ. საყვარელიძის რეპლიკა). იმან სთქვა, სხვათა შორის, რომ პრეზიდენტი არის ღვიძლი შვილი პარლამენტისაო და დემოკრატიზმისაგან კი ეს მოულოდნელი არისო. ეს არ არის მართალი აზრი. პრეზიდენტი არავითარ ნათესაობით კავშირში არ არის პარლამენტარიზმთან. პარლამენტარიზმი გულისხმობს მხოლოდ მინისტრების პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება იყოს როგორც დემოკრატიულს, ისე არა დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ გახსოვთ, მე მაშინვე მივეცი რეპლიკა ამერიკის შესახებ. მართლაც, ამერიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ პრეზიდენტი არის. ჟორდანიას შეხედულებით კი ამერიკაში არ უნდა იყოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა. და როდესაც მე რეპლიკა მივეცი, იმან მიპასუხა, რომ იქ პრეზიდენტს უფრო მეტი უფლება აქვსო, ე.ი. მან გვერდი აუხვია ჩემს შეკითხვას. აქაც მე დიდი სიამოვნებით მოვისმინე ბატონ ჟორდანიას სიტყვა პრეზიდენტის შესახებ. იმან ბრძანა, რომ ჩვენში არ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ იქნება ისეთი კაცი, რომელიც აასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. ბატონებო, ისეთი კაცი, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, ვინ არის, თქვენ უწოდეთ სახელი (სპირიდონ კედია: პრეზიდენტი!). დიახ, მე მგონი, რომ ეს არის პრეზიდენტი. მან კიდევ სთქვა, რომ ეს კაცი ვადით უნდა იყოს არჩეულიო, ეს ერთი და მეორე - დარაჯად უნდა ედგეს სახელმწიფოსო, მაშასადამე, უნდა ჰქონდეს მას განსაკუთრებული უფლებებიო - ჯარის გადაყვან-გადმოყვანა უნდა შეეძლოსო, და სხვა. ეს უკვე გახლავთ პრეზიდენტის უფლება, თუმცა ცოტაოდნად შემოკლებული. მაშასადამე, მე მაქვს სრული უფლება ვსთქვა, რომ ნოე ჟორდანია იზიარებს ჩვენს იდეას, ე.ი. იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენთვის აუცილებელი საჭირო არის. მე ამას კიდევ დაუბრუნდები. მე ეხლა მინდა კ. ჯაფარიძის სიტყვას დაუბრუნდე. ბ. კოწიამ დიდი ყურადღება მიაქცია ჩემს სიტყვას. მე მადლობელი ვარ ბატონ კოწია ჯაფარიძისა, რომ ერთი მსმენელი მაინც მყოლია. მან მოიყვანა ორი მოსაზრება პრეზიდენტობის წინააღმდეგ: ერთი - პრეზიდენტი აჩრდილია მეფისო და მეორე - პრეზიდენტი წარმოადგენს ერთგვარ საფრთხეს ეროვნულ თავისუფლებისათვის. თუ გადავავლებთ თვალს ამერიკის ისტორიას, დავინახავთ, რომ შტატები ჯერ ისე მეეწყვენ, რომ სათავეში უდგათ გუბერნატორი, შემდეგ ჩადგა პრეზიდენტი. სხვა სახელმწიფოებიც ისე მეეწყვენ, რომ ყველგან არის პრეზიდენტი. ბატ. კ. ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის ერთნაირი შედეგი წარსული ხანისა, რომ ეს ისტორიულად მეფისგან მომდინარეობსო. საქმე ამაში არ არის. ეს შეიძლება იყოს ახსნა ფსიქოლოგიურად, მაგრამ უმთავრესი მომენტი ჩვენთვის ეს კი არ არის. მე თქვენ გეკითხებით: მაშინ, როდესაც ამერიკა ან საფრანგეთი თხზავდენ თავის კონსტიტუციას, ისინი იყვენ თავისუფალი თუ არა? ან სხვა ერთი, ვინც კი დასწერა თავის კონსტიტუცია, ვინც მიუდგა ამ მომენტს, როდესაც საძირკველი უნდა ჩაეყარა თავის ცხოვრებისთვის, თავისუფალი იყო თუ არა? ქონდათ მათ უფლება თავისუფალი არჩევისა? ამერიკა იყო განთავისუფლებული, საფრანგეთმა დაანგრია ტახტი მეფისა, გერმანიამაც ამ უკანასკნელ ხანებში შესცვალა წყობილება და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქვს თავისუფლება, სრული ხელმწიფება, შეძლება აქვს მოაწყოს ეს თუ ის ხელისუფლება ისე, როგორც მას უნდა, ყველა მაინც პრეზიდენტზე შეჩერდა. მაშასადამე, ეს არ არის აჩრდილი მეფისა, ეს ყოფილა აუცილებელი ნორმალური ფუნქცია, ბუნებრივი მოვლენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და მაშასადამე, ჩვენთვისაც აუცილებელი (გობეჩია: შვეიცარია დაგავიწყდა!). ამაზე შემდეგ მოგახსენებთ. ყველა დანარჩენი სახელმწიფო, დიდი და პატარა, ასე იქცევა: ჩეხოსლოვაკიამ ახლა აირჩია პრეზიდენტად მარალიკინი, მგონი თოთხმეტი წლით. პოლონეთმა იგივე მიიღო პრინციპიალურად. ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ მე მივიღე გაზეთი „ტან“ და იქ ეწერა, რომ ეს მიიღესო. მხოლოდ უკიდურესმა სოციალისტებმა აქ შესწორება შეიტანეს - გამოცვალეს სიტყვა „პრეზიდენტი“ და დაარქვეს „შეფ დ'ეტა“ - „სახელმწიფოს თავი“. შეიძლება თქვენც სახელის გამოცვლა გინდათ. შეიძლება ვისმეს აშინებს სიტყვა „პრეზიდენტი“ (ასათიანი: „კომისარი“ დაარქვით! სიცილი). ეს მიიღო ყოველმა სახელმწიფომ, გარდა შვეიცარიისა. თუმცა ვერც შვეიცარია ჩამოშორდა ამას სავსებით: იქაც ერთი კაცი აწარმოებს პრეზიდენტის მოვალეობას; არის რაღაც ამის ჩანასახი. მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს არის ფუნქცია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, ეს არის მიზანშეწონილი და საჭირო, განსაკუთრებით ჩვენთვის.

მეორე მოსაზრება: მგონი დადიანმა სთქვა, რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა მოსპოს ეროვნული თავისუფლებაო. თუ ასეთი უფლებები ექნა, შეიძლება მოახდინოს გადატრიალება, მეფედ გამოაცხადოს თავიო, და სხვა ამისთანები. ასე ილაპარაკებს ისეთი კაცი, ვისაც ცუდი წარმოდგენა აქვს კაბინეტურ სისტემაზედ. საქმე იმაშია, რომ რაც დიდი უფლება არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, მას არაფერი შეუძლია: მას არ ექნება ერთი ჯარისკაცის გადაყვანის ნება ან ერთი მოხელის გადაყენებისა, თუ მის განკარგულებას ხელს არ აწერს პასუხისმგები მინისტრი (ჯაფარიძე: ნაპოლეონ მესამემ როგორ მოახდინა?). იქ სულ სხვა ამბავი იყო. ნაპოლეონი ერთი იყო, სახელმწიფოები კი ყველგან არსებობენ და გადატრიალება არსად მომხდარა. მაშასადამე, ყოველ განკარგულებას ხელს უნდა აწერდეს იგი და თუ რამე მიუღებელი იქნა პარლამენტისათვის, მაშინ იგი უნდობლობას გამოუცხადებს მინისტრს და კაბინეტიც გადადგება. ასე ჩამოეჭრება ხელი პრეზიდენტს, იგი ვეღარაფერს იზამს (კ. ჯაფარიძე: ნაპოლეონმა ხომ გასცა ბრძანება?). თქვენ ბრძანებთ გადატრიალებაზე, როგორც „კუ დ'ეტა“, ეს სულ სხვაა. თქვენ თუ ჯარი ააჯანყეთ ან შეაიარაღეთ 200 კაცი, შეგიძლიათ დაიჭიროთ რამიშვილი, ეს სულ სხვაა (კ. ჯაფარიძე: თუ ჯარი არ მეყოლა, არ შემიძლია, პრეზიდენტს კი შეუძლია!). ბ. ჯაფარიძემ ბრძანა: თუ უმინისტროდ არაფერი შეუძლია პრეზიდენტს, რად გინდათ ასეთი პრეზიდენტიო. ეს კარგი და მოსწრებული აზრი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ უფლებრივი მომენტი ერთია, ეს არის ერთი წუთი, ეს მომენტია, როცა პრეზიდენტი ხელს აწერს, მაგრამ მისი მოღვაწეობა მხოლოდ უფლებრივ მომენტით არ ამოიწურება. მე სახეში მაქვს მისი პრესტიჟი, მისი ავტორიტეტი, რომელსაც ათასჯერ მეტი გავლენა აქვს ცხოვრებაზე, ვიდრე მის განკარგულებებს. აიღეთ საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც წარმოებს და გრძელდება 2-3 თვე, ზოგჯერ წელიწადი. სად არის აქ უფლებრივი მომენტი? ეს მომენტია ის, როცა პრეზიდენტი ხელს აწერს დადებულ პირობაზე, დანარჩენი კი უფლებრივი მომენტი არ არის. აქ არის მოღვაწეობა პრეზიდენტისა, გავლენა მისი ავტორიტეტისა, პრესტიჟისა და ამას აქვს უმთავრესი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ჩვენს ცხოვრებაში. ეს ბ. ჟორდანიამაც აღნიშნა. მან სთქვა: „ჩვენში ხდება ბევრი უწესოება. საჭიროა მოისპოს ეს და დამყარდეს წესიერებაო, დამყარდეს კანონიერებაო“. სწორედ ამისთვის და საგარეო პოლიტიკის წესიერ წარმოებისათვის არის საჭირო პრეზიდენტი.

ახლა მიუახლოვდეთ შვეიცარიის მაგალითს. ეს ქვეყანა არის დემოკრატიული. მე მოგახსენებთ, რომ ევროპაში დღეს თითქმის ყველგან დემოკრატიული რესპუბლიკებია. ამერიკა დიდი ხანია დემოკრატიულია, მაგრამ არსად ისეთი წყობილება არ არის, როგორც შვეიცარიაში, სადაც არ არის პრეზიდენტი. მაგრამ რით აიხსნება ეს? მე აქ მიგითითებთ ორ მომენტზე: პირველია ქიშპობა კანტონთა შორის. ვინაიდგან იქ 22 კანტონია, თითეული მათგანი ეჭვის თვალით უყურებდა ერთი-მეორეს და არ უნდოდა მეზობლის გაძლიერება, არ უნდოდა ორი მინისტრიც კი ერთი კანტონიდან ყოფილიყო. პრეზიდენტის არჩევა კი უპირატესობას ერთ კანტონს მისცემდა. მეორე მომენტს აქვს უმთავრესი მნიშვნელობა: ეს არის საერთაშორისო მდგომარეობა შვეიცარიისა. ეს აღნიშნა ბ. ჟორდანიამ და მეც მას აქ სავსებით ვეთანხმები. შვეიცარია საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებს, ან თითქმის არ აწარმოებს. მისი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია, მისი ნეიტრალობა ცნობილი იყო ვენის კონგრესით, მას თავზე არავინ ესხმის და მისთვის საჭირო არ არის მუდმივ ფხიზელი თვალყურის დევნება გარეშე პოლიტიკისა. ჩვენი მდგომარეობა კი სულ სხვაა. როგორც ბ. ჟორდანიამ ბრძანა, ჩვენ გარს მტრები გვახვევია. ჩვენ უნდა ვაწარმოვოთ მუდამ ფხიზელი პოლიტიკა, უამისოდ საქართველო სამ დღესაც ვერ იარსებებსო. ამიტომ საჭიროა ისეთი კაცი, რომელიც აასრულებს პრეზიდენტის მოვალეობასო და არა პრეზიდენტიო, - დაასკვნა ბ. ნ. ჟორდანიამ. იგი სიმართლეს ამბობს, მაგრამ ეშინია არ დააფრთხოს ვისიმე აზროვნება, განსაკუთრებით მუშა ხალხისა. მაგრამ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში ვართ და სიტყვების არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენთვის სავსებით მისაღებია, რომ ჩვენ ფხიზელი პოლიტიკა გვჭირდება და ამისათვის საჭიროა შესაფერი კაცი, საჭიროა პრეზიდენტი. შვეიცარიას არა აქვს ის პირობები, როგორიც ჩვენ გვაქვს. მე არ შევეხები პრეზიდენტის უფლების კომპეტენციას, ამაზე ლაპარაკიც ჯერ არ მინდა. პირველ სიტყვაში მე ვილაპარაკე `ვეტოს~ შესახებ. ამაზე მოპირდაპირეებმაც ილაპარაკეს, მაგრამ ახლა არ მინდა გავსცე პასუხი. თუ პრეზიდენტობას მივიღებთ, ამაზე მაშინ ვილაპარაკებ. აი, უმთავრესი მოსაზრება, რომელიც იყო წამოყენებული პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, არც ერთ მოსაზრებას არა აქვს საფუძველი და მნიშვნელობა. დარწმუნება ძნელია, საჭიროა მაგალითი და მთელი კაცობრიობის მაგალითიც ისეთია, რომ საჭიროა სათავეში იყოს მეთაური სახელმწიფოსი - პრეზიდენტი, რომლის გამოცვლა ან გადაყენება განსაზღვრულ ვადაში არ შეიძლება: იგი უნდა იყოს თავის ადგილზე. ჩვენი ფრაქცია ითვალისწინებს რა ყველა ამას, იცავს იმ აზრს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოს სათავეში; იგი უნდა იქნეს ხალხის მიერ არჩეული. ჩვენის აზრით, პრეზიდენტი უნდა იქნას არჩეული ხალხის მიერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული პრინციპი - პირდაპირი იქნება ხმის მიცემა თუ რა ხარისხოვანი, სულ ერთია. როდესაც ხალხის მიერ არის არჩეული პრეზიდენტი, იმას აქვს მეტი ავტორიტეტი, მეტი გავლენა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს საკითხი, პრეზიდენტობის საკითხი, მჭიდროდ არის დაკავშირებული აღმასრულებელ ხელისუფლების კონსტიტუციასთან. ამ მხრივ დედა აზრი ნოე ჟორდანიას მოსაზრებისა მისაღებია. მხოლოდ ის კონსტრუქცია, რომელიც მან წარმოადგინა, ყოვლად მიუღებელია და აი, რატომ: ნოე ჟორდანია ბრძანებს, რომ პარლამენტი ირჩევს ერთ პირს, თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრულ ვადაში რჩება თავის პოსტზე. ეს პირი მოიწვევს მინისტრებს, მინისტრები პასუხისმგებელნი არიან პარლამენტის წინაშე. მაგრამ ის პირველი არჩეული პირი, სანამ მას ვადა არ გაუვა, იგი ხელშეუხებლად დგას თავის ადგილზე. ასეთია კონსტრუქცია ნოე ჟორდანიასი, და ეს კონსტრუქცია უახლოვდება იმას, რაც არის ჩვენს პროექტში. იქ მხოლოდ ვადაზე არ არის რა ნათქვამი. ბატონებო, თუ მინისტრები პასუხისმგებელი არიან პარლამენტის წინაშე, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა არ მოიწონა ესა თუ ის გეზი მათი მოღვაწეობისა. კრიზისი რატომ ხდება? სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტს არ მოსწონს ესა თუ ის მოქმედება მინისტრისა ან მთელი მთავრობისა და იგი ვოტუმის სახით გამოსთქვამს თავის აზრს. მაშინ ხდებოდა კრიზისი - მთავრობა ან რომელიმე მინისტრი უნდა გადადგეს. ჟორდანიას კონცეპციით გამოდის, რომ უნდა გადადგეს მინისტრები და არა მათი თავმჯდომარე. თავმჯდომარე არის ის პირი, რომელიც ქმნის პოლიტიკას, საზღვრავს ხაზს და მიმართულებას პოლიტიკისას. უმთავრესი ბრალი პოლიტიკაში მიუძღვის სწორედ თავმჯდომარეს და ნოეს კონსტრუქციით ის კი არ მიდის, რომელსაც მეტი ბრალი მიუძღვის, არამედ მინისტრები უნდა წავიდნენ. მე მესმის, როდესაც მინისტრი ჩაიდენს ცალკე დანაშაულს, მაშინ სხვა არის, მაგრამ როცა მინისტრები გადიან და რჩება ის პირი, რომელმაც განსაზღვრა ხაზი, მიმართულება პოლიტიკისა, აი, აქ არის წინააღმდეგობა. უნდა წავიდეს ის პირი, რომელმაც განსაზღვრა პოლიტიკა და არა მარტო მისი თანამშრომლები, ე. ი. დანარჩენი მინისტრები. თუ ჟორდანიას უნდა, რომ იყოს პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, - ამაშია საკითხი, - მაშინ მთელი კაბინეტი მის თავმჯდომარესთან ერთად პასუხისმგებელია. აქ რაიმე საშუალო ხაზის გამოძებნა არ შეიძლება: ან უნდა იყოს პასუხისმგებელი სამინისტრო - ეს იქნება მაშინ პარლამენტარიზმი; ან ის არ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად პარლამენტის წინაშე - ეს იქნება სისტემა შვეიცარიული. იქ არ არის პასუხისმგებლობა პოლიტიკურად. რა სჯობია ჩვენთვის? ჟორდანიამ სთქვა, რომ ჩვენში უნდა იყოს სამინისტრო პოლიტიკური, შვეიცარიაში კი არ არის სამინისტრო პოლიტიკური. ეს მართალი ბრძანებაა. ჩვენში კი თუ სამინისტრო პოლიტიკური უნდა იყოს, მაშასადამე, უნდა იყოს პასუხისგება მინისტრებისა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს თავდაპირველად მთავრობის თავმჯდომარემ და არა სხვამ. თუ გვინდა პასუხისმგებლობა, მივიღოთ პრინციპი პასუხისმგებლობისა, მაშინ კონსტრუქცია იქნება კაბინეტური, ე.ი. იქნება პრეზიდენტი. ის იწვევს ერთ პირს იმისდამიხედვით, თუ რანაირი განწყობილება არის პარლამენტში და ამ ერთ პირს ანდობს კაბინეტის შედგენას. მაშინ ეს მოწვეული პირი იქნება თავმჯდომარე. ის საზღვრავს პოლიტიკის ხაზს და მიმართულებას და ის არის პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე. მაშინ პარლამენტს ეძლევა თავისუფლება მსჯელობისა. განსაკუთრებით ამას მიაქციეთ ყურადღება, ვინაიდან ეს არის უმთავრესი მომენტი ამ საკითხის გარჩევაში. მართლაც, მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ხდება ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. როდესაც სამინისტრო დგება, მას ჰყავს უმრავლესობა პარლამენტისა - უამისოდ სამინისტრო ვერ შედგება. მაგრამ მერე მაინც ხდება კრიზისი, ე.ი. იმის მხარეზე რჩება უმცირესობა. რაშია საქმე? ვთქვათ, პარლამენტში 500 წევრია, აქედან 400 ხმა არის კაბინეტის მხარეზე. გადის რამოდენიმე ხანი. ეს განწყობილება როგორღაც იცვლება, თუმცა იგივე პირები არიან პარლამენტში. უმრავლესობის მაგივრად უეცრად აღმოჩნდება უმცირესობა, რომელიც მხარს უჭერს სამინისტროს. მთავრობა უნდა გადადგეს. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ იქ არის თავისუფალი მსჯელობა პარლამენტისა. პარლამენტი ზნეობრივად თავისუფალია იმსჯელოს და დააფასოს მოქმედება კაბინეტისა, იმიტომ რომ იგი არ ერევა მინისტრების არჩევნებში, კაბინეტის შედგენაში. თავმჯდომარის არჩევაში იგი სრულებით არ ერევა - ეს პრეზიდენტის საქმე არის. ამ კაბინეტის შედგენაში პარლამენტი არ იღებს მონაწილეობას. აქ კოწია ჯაფარიძემ სთქვა, კულისებში არის მოლაპარაკებაო. მე იმას ვამბობ, რაც იურიდიულად და უფლებრივად ჩამოყალიბებულია. პარლამენტი კაბინეტის შედგენაში არ ერევა. როდესაც პარლამენტი თითონ ირჩევს თავმჯდომარეს, როგორც შვეიცარიაში, იგი ჩაბორკილია თავის მოქმედებაში, რადგანაც არჩევნები არის აქტი ნებისყოფისა. თუ მე ავირჩიე ესა თუ ის პირი, პირადად ვარ პასუხისმგებელი.

აი, ეს აქტი არჩევნებისა არის საფუძველი პასუხისმგებლობისა, ერთნაირი პასუხისმგებლობის გაზიარებისა და ამიტომ პარლამენტი არ არის თავისუფალი და არ აქვს შესაძლებლობა თავისუფალი მსჯელობისა. შვეიცარია არ არის პარლამენტარული, იმიტომ რომ პარლამენტი თითონ ირჩევს მინისტრებს და ეუბნება: ეს გააკეთე და ესო. ასე რომ, აღმასრულებელ ხელისუფლებას თითქოს პარლამენტი აწარმოებს. იქ თითქო თვითონ პარლამენტი აგებს პასუხს. აქ არ არის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იქ კი, სადაც პარლამენტარიზმი არის, პარლამენტი ზნეობრივად თავისუფალია დააფასოს მოქმედება აღმასრულებელ ხელისუფლებისა. ამიტომ იგი არ ერევა არჩევნებში და კაბინეტის შედგენაში. პარლამენტარულ ქვეყნებში, ყველგან პრეზიდენტი იწვევს ერთ პირს. რასაკვირველია, ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ძალთა განწყობილებას პარლამენტში. ყურადღება აქვს მიქცეული იმ ვოტუმს, რომელიც გამოიტანა პარლამენტმა. ამისდამიხედვით იწვევს ერთ პირს, რომელიც მოაგროვებს თავის გარშემო უმრავლესობას. მაგრამ ყველა ეს მუშაობა ხდება ისე, რომ პარლამენტი ფორმალურად არ ერევა - ის ერევა, როგორც საზოგადოებრივი აზრი. ამით ის ინარჩუნებს მსჯელობის დაფასების თავისუფლებას. მაშინ სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, გამოდის თავისუფალი, მუშაობს თავის ინიციატივით და პასუხისმგებლობით. ის თვითონ აკეთებს საქმეს, მაგრამ პარლამენტი უყურებს, თუ რას აკეთებს და როგორ აკეთებს. ამ დაფასებაში ის თავისუფალია ზნეობრივად. ამიტომ თუ რამოდენიმე ხნის შემდეგ პარლამენტს არ მოეწონა საზოგადო პოლიტიკა, იგი თავისუფლად გამოსთქვამს თავის აზრს. ის ზნეობრივად თავისუფალია დაფასებაში, იცვლის აზრს და ამ გვარად უმრავლესობა იცვლება უმცირესობაზე. აი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კაბინეტურ სისტემას კრიზისის დროს. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა ისეთია, რომ აუცილებელია ასეთი სისტემა. მოიყვანეთ ლოღიკურ დასკვნამდე თქვენი აზრი და დაინახავთ, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი მინისტრი და თუ ეს ასეა, თქვენ ვერ აირჩევთ მინისტრებს და ვერც მინისტრების თავმჯდომარეს. თქვენ ვერ გექნებათ ზნეობრივი თავისუფლება დააფასოთ მისი მოქმედება და გამოიტანოთ სათანადო ვოტუმი, ვინაიდან არჩევნებით თქვენ თვითონ ჩაბორკილი იქნებით გაიზიაროთ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისა. ამიტომ, ვიმეორებ, ჩვენთვის საჭიროა პრეზიდენტი ცალკე და პასუხისმგებელი მთავრობა ცალკე, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. ასეთი კონსტრუქცია მით უფრო საჭიროა, რომ ეს არის გარანტია თავისუფლებისა.

ბატონებო, თქვენ ძალიან ბაძავთ შვეიცარიას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქენი არ არიან შვეიცარიელები. შვეიცარიას აქვს დიდი კულტურა, ჩვენც გვქონდა წარსულში დიდი კულტურა, მაგრამ სამწუხაროდ, გადაილახა მტრების შემოსევის გამო. ასე თუ ისე, ჩვენ ჩამოვრჩით ცხოვრებას, არა ვართ განვითარებული ეხლანდელ პირობებში ისე, როგორც შვეიცარია. ამიტომ ჩვენში დიდი საფრთხე მოელის ყველა პიროვნულ თავისუფლებას. აქ დღეს ერთი ამხანაგი რევოლიუციონერი მეუბნებოდა, რა დღე დაგვიდგა, ნიკოლოზის დროს არხეინად დავდიოდი ქუჩაში, ეხლა კი არ ვიცი, ვინ ჩამარტყამს თავში - მილიციონერი, გვარდიელი თუ სხვა. შვეიცარიაში რამდენიც რომ იაროთ მთებში თუ ტყეში, არავითარი შიში არ არის; კულტურულად ისეა განათლებული, რომ იციან, რა არის თავისუფლება პიროვნებისა. ჩვენში კი ეს არ არის, ამიტომ განსაკუთრებით საჭიროა მინისტრების პასუხისმგებლობა. მე ბევრ მაგალითს მოგიყვანთ იმის დასამტკიცებლად, რომ ან მინისტრი არ არის თავის ადგილას, ან ჩვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ჩვენში არავითარი თავისუფლება პიროვნებისა არ არის. მინისტრი რომ არ იყოს პასუხისმგებელი ამისთანა პირობებში, შეუძლებელია.

თუ თავისუფლება გინდათ, თუ გინდათ განმტკიცება პიროვნების თავისუფლებისა, ყველა ის დიდი პრინციპი, რომელიც გამოვიტანეთ რევოლიუციის ალიდან - უნდა იყოს პასუხისმგებელი მინისტრები, ესე იგი, კაბინეტური სისტემა. ეხლა მინდა გავცე პასუხი ბ. ჯაფარიძის სიტყვის მეორე ნაწილს, სადაც იგი შეეხებოდა სენატის უფლებას.

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, თქვენი დრო დასრულდა.

ხმები: დაასრულოს, დაასრულოს!

თავმჯდომარე: განაგრძეთ!

. გვაზავა: ბატონებო! მე ვამტკიცებდი ჩემ პირველ სიტყვაში, რომ ხშირად პიროვნების თავისუფლებას და საზოგადოდ თავისუფლებას საფრთხე მოელის არა მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებიდან, არამედ თვით კანონმდებლობით ხელისუფლებიდანაც (პ. საყვარელიძე: მართალია!). ესე იგი თვით პარლამენტიდანაც. ამიტომ საჭიროა უმაღლეს სასამართლოს მიეცეს ისეთი უფლება, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის პრინციპებს, რომ არ გამოიცეს ისეთი კანონი, რომელიც შესცვლის კონსტიტუციას. ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა გადაეცეს სასამართლოს, თავდაპირველად სენატს. სენატს უნდა დაევალოს არა მარტო კანონის ასრულება, არამედ კონსტიტუციის დაცვაც. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გამოიცა ისეთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მას უნდა ექნეს უფლება უარჰყოს ასეთი კანონი და უპირატესობა მისცეს. ეს იყო ჩემი პირველი დებულება. ამაზე ბევრი ილაპარაკა კ. ჯაფარიძემ. მან ყველაფერზე ილაპარაკა, ყველაფერზე ვეთანხმები, მაგრამ საკითხი არ იყო სწორედ დასმული. თუ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, შორს წავალთ. მე ვაყენებ კითხვას: კონსტიტუცია შეიძლება შეიცვალოს უბრალო კანონით თუ არა? ამაზე არ გამცა პასუხი კ. ჯაფარიძემ. მან მთელი სიმძიმე გადაიტანა იმაზე, თუ რა სჯობია, ვის მივანდოთ კანონის ინტერპრეტაციის უფლება - სასამართლოს თუ პარლამენტს? ეს არ არის სწორედ დასმა საკითხისა (პ. საყვარელიძე: რაშია საქმე?). აი, მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ ყოველი კითხვა უნდა ავწონ-დავწონოთ ბუნებრივი შინაარსის მიხედვით: რომელი ფუნქცია ვის უნდა ეკუთვნოდეს. აი, საკითხი. თუ მე მკითხავთ კანონის გამოცემის უფლება ვის უნდა მივცეთო, მე გეტყვით: ეს არის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, მას უნდა მიეცეს. მაგრამ როცა თქვენ მკითხავთ უფლებრივ დავაზე, ვინ უნდა გადასწყვიტოს ეს დავაო, მე გეტყვი: ეს დავა უნდა გადასწყვიტოს სასამართლომ. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ფუნქცია სასამართლოსი. მართალია ისიც, რომ ხშირად პოლიტიკური მოსაზრება მოქმედებს კანონმდებელზე, სასამართლოზე, იქ, სადაც კარგად არ არის მოწყობილი იგი. მაგრამ სანამ კანონი დაიბადება - ეს გამოწვეულია არა მარტო ეკონომიური საჭიროებით, არამედ ზოგიერთ პოლიტიკურ მოთხოვნილებითაც - მასზე აქვს გავლენა პოლიტიკურ მოსაზრებას. კანონს იღებს პარლამენტი. თუ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ატყდება დავა. რა დავა არის ეს? ეს არის უფლებრივი დავა (პ. საყვარელიძე: რა ვუყოთ?). ის ვუყოთ, რომ ეს დავა უნდა გადავცეთ იმ ორგანოს, რომლის ფუნქციასაც ისე შეადგენს, ესე იგი სასამართლოს. მას ვერ გადავცემთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ვინაიდან დავის გარჩევა მისი საქმე არ არის. ვერ გადავცემთ საკანონმდებლო ორგანოს, ვინაიდან მან თავისი უკვე შეასრულა - გამოსცა კანონი. აქ არის უფლებრივი დავა. ეს უნდა გადაეცეს სასამართლოს.

ჯაფარიძემ ბრძანა: სად არის გარანტია, რომ სენატი არ იხელმძღვანელებს პოლიტიკურ აზრითო. ეს შენიშვნა ისეთია, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. საქმე იმაშია, რომ საკითხი შეეხება პიროვნების თავისუფლებას. მას უპირველეს ყოვლისა ემუქრება აღმასრულებელი ხელისუფლება. თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაარღვია ჩემი თავისუფლება, მე უფლება მაქვს მივმართო სასამართლოს და აღვადგინო ჩემი თავისუფლება. შეიძლება მას საფრთხე მოელოდეს სასამართლოდანაც, მაგრამ სასამართლოში ჩვენ საქმე გვაქვს რამდენიმე ინსტანციასთან. შეიძლება პირველი ინსტანცია შეცდა, მაშინ ჩვენ მივმართავთ მეორე ინსტანციას. თუ ისიც შეცდა, მივმართავთ მესამე ინსტანციას. ასე არის მოწყობილი ეს ევროპაში. ასე რომ, უსინიდისოდ, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის ხმარებისათვის, უზნეოდ მოქცევას ადგილი არ აქვს, თუ სასამართლო რიგიანად არის მოწყობილი. მოსამართლენი უყურებენ კონსტიტუციას და თავდაპირველად იცავენ მას. თუ თქვენ არ მიიღებთ ამას, თუ თქვენ არ მისცემთ ამ უფლებას სენატს, მაშინ თქვენ უნდა ამოშალოთ პირველი მუხლი ჩვენი პროექტისა, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო არის მუდმივი და უცვლელი ფორმაო. ვინაიდან ხვალ შეიძლება გამოვიდეს რომელიმე უბრალო დეკრეტი და შესცვალოს ეს (პ. საყვარელიძე: ვერა!), უნდა ამოშალოთ მე-10 მუხლი, მერე სულ უნდა ამოშალოთ ბოლო თავი, რომელიც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვას. რა საჭიროა სულ ეს, თუ ერთი დეკრეტით შეიძლება ყველაფერი გამოსცვალოთ? ვთქვათ, რომ კანონი არ ეთანხმება კონსტიტუციას... თუ გნებავთ, მე მოგიყვანთ მაგალითსაც, აი, ცენზურა (პ. საყვარელიძე: ვის აქვს მიღებული ასეთი კონსტიტუცია? რომელ კონსტიტუციაში არის ასე?). მართალია, ეს არის მარტო ამერიკაში, მაგრამ რატომ ვიცავ ამას? იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებით ვსაჭიროებთ კონსტიტუციის დაცვას. მე იმედი არ მაქვს, რომ თქვენი შემადგენლობა მოკლე დროში არ შეიცვლება. მე კი დაინტერესებული ვარ იმაში, რომ იქნეს დაცული ის პრინციპები, რომელიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ. მე იმაში ვარ დაინტერესებული, რომ მეტი გარანტია იყვეს, არ შეიცვალოს კონსტიტუცია. ჩვენი ცხოვრება ისე ვითარდება, ისე ჩამორჩენილი ვართ, რომ კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარება ძნელი იქნება. თქვენ თუ გულწრფელად ემსახურებით ხალხს, თვითონ უნდა დაუყენოთ დარაჯი ამ კონსტიტუციას და არ დასტოვოთ ღია კარები, რომ პარლამენტის უბრალო დეკრეტს შეეძლოს შეცვლა კონსტიტუციისა. აი, რა არის საჭირო. მართალია, მარტო ამერიკაში არის ასე, მაგრამ თუ კარგი არის, რატომ არ უნდა შემოვიღოთ ჩვენც. თქვენ როგორ მდგომარეობაში აყენებთ სასამართლოს? რა ქნას მოსამართლემ: გადაუწყვიტოს თუ არა სასჯელი იმას, ვინც იქნება დამრღვევი ახალი კანონისა, მაგრამ უფლება-მოსილი კონსტიტუციით? აი, მაგალითად, დაწესდა ცენზურა. მე ვეყრდნობი კონსტიტუციას და უცენზუროდ გამოვეცი გაზეთი. სასამართლომ უნდა გადამიწყვიტოს სასჯელი თუ არა? თქვენი შეხედულებით - კი, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით მე შემიძლია გამოვცე უცენზუროდ გაზეთი. თავდაპირველად სასამართლომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და არა უბრალო კანონი.

აქ ბ. შენგელაიამ სთქვა, რომ ხშირად უმრავლესობა მიუღებელი არისო. ამაზე უპასუხეს, რომ ეს არის დემოკრატიული პრინციპი. მე ვეთანხმები ლ. შენგელაიას აზრს. ხშირად უმრავლესობა მართლაც ტირანიის მატარებელია. ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ასე არ უნდა იყვეს. უმრავლესობა თუ არის, ის უნდა იყვეს ჩაყენებული კანონიერ ფარგლებში. აი, თქვენ ბრძანდებით დამფუძნებელი კრება, უზენაესი წარმომადგენლობა ერისა, თქვენ თვითონ მიიღეთ აქ რეგლამენტი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი მუშაობა უფლებრივ კალაპოტში უნდა იყვეს ჩაყენებული. ამიტომ თვით უმრავლესობა უნდა იყვეს ჩაყენებული უფლებრივ კალაპოტში. რას ნიშნავს ეს? აი, რას: დღეს თქვენი უმრავლესობა არის, თუმცა კონსტიტუცია ამბობს, რომ გაზეთი თავისუფლად გამოვაო. მაგრამ შეიძლება თქვენ განგებ გამოსცეთ დეკრეტი და დახუროთ მთელ სახელმწიფოში ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი (სპ. კედია: რამიშვილმა უკვე განახორციელა!). გეკითხებით თქვენ: უფლებრივ სახელმწიფოში შესაძლებელია ეს? შესაძლებელია, რომ უმცირესობას არ ქონდეს საშუალება აღადგინოს თავისი შელახული უფლება?! აი, რას ვიცავ მე. მე ამისთანა მაგალითი ბევრი შემიძლია მოგიყვანოთ. ხვალ შეიძლება ბოლშევიკები გამეფდენ (ვ. მგელაძე: ღმერთმა ნუ ქნას! პ. საყვარელიძე: სენატმა რომ გლახად განმარტოს? სპ. კედია: მაშინ ღმერთს უნდა მივმართოთ!). მე სწორედ ამიტომ დავასახელე რამდენიმე ინსტანცია. თუ ერთი შეცდა, შეგიძლიათ მიმართოთ მეორეს, მესამეს. თუ სენატმა მაინც აშკარად ცუდად განმარტა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მისცეთ პასუხისგებაში (პ. საყვარელიძე: ვინ მისცემს, რომელ კანონით?). რაო, თქვენ გგონიათ, რომ სენატორის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება? (კ. ჯაფარიძე: ვინ იტყვის, რომ სენატმა დაარღვია კანონი? ზ. გურული: კათალიკოსი იტყვის!). იტყვის იგივე სასამართლო. თუ თქვენ გინდათ, რომ მთქმელი იყვეს, მაშინ შეადგინეთ რაიმე სხვა წრე, რაიმე სხვა ორგანო, როგორც ეს არის, მაგალითად, ჩეხო-სლოვაკიაში. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ინსტანციები ასე შეცდნენ (პ. საყვარელიძე: ამერიკაში სისტემატიურად სცდებიან!). სისტემატიურად არ ხდება, ეს არ არის მართალი. კარგი, თქვენ გნებავთ, რომ ყოველ დღე გამოიცვალოს კონსტიტუციის ძირითადი კანონი? (კ. ჯაფარიძე: პარლამენტს შეუძლია დაარღვიოს უმცირესობის უფლება, სენატს კი უმრავლესობის!). მხოლოდ სენატს აქვს ინტერპრეტაციის უფლება. თუ კანონი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ სენატმა საწინააღმდეგო სთქვას. კანონის ინტერპრეტაცია რთული იურიდიული საკითხია. შეუძლებელია მისი ახსნა-განმარტება მოვითხოვოთ რეფერენდუმის საშვალებით. ამიტომ კიდევ ვიმეორებ: თუ ეს არ გინდათ, მაშინ კონსტიტუციას არავითარი განსაკუთრებული წესი გადასინჯვისა არ უნდა. თუ ასე დავტოვეთ, თუ დარაჯი კონსტიტუციას არ ეყოლება, ეს კონსტიტუცია ხანგრძლივი არ იქნება (ხმაურობა). ამიტომ კიდევ მოგახსენებთ, რომ უნდა იყოს რაიმე გარანტია (პ. საყვარელიძე: სადაური გარანტია? არსად არ არის გარანტია!). არსად არ არის, მაგრამ შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში ღობეც არა აქვს შემოვლებული ბაღებს. ტოტები დამძიმებული არის სხვა და სხვა ხილით... ხალხი კი დადის და არავინ ხელს არ ახლებს (ხმა: ამერიკაში?). ამერიკაშიც ასე არის. ჩვენში კი არამც თუ ვაშლს არ მოსწყვეტენ, ვინ იცის, რას არ გიზამენ (ხმა: თავს წაგაგლეჯენ!). გაიგეთ, ბატონებო, ჩემი აზრი, გაიგეთ, რასაც გეუბნებით, - რომ ჩვენ არა ვართ ისე განვითარებული კულტურულად, როგორც ევროპა. აი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ეს გარანტია მივიღოთ. ამიტომ მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას იმას, რომ ეს საჭირო და სასურველი არის, განსაკუთრებით ჩვენს ცხოვრებაში. ბევრი არის კიდევ დანარჩენი საკითხები, როგორც, მაგალითად, რეფერენდუმი და სხვა ასეთი, მაგრამ მე ამაზე მერე შევჩერდები, თავობრივი განხილვა რომ იქნება, მაშინ. მაშასადამე, დასკვნა ასეთი არის, რომ მე საზოგადოდ მხარს ვუჭერ ჩვენი კონსტიტუციის პროექტს, მაგრამ შემომაქვს შესწორება: რომ უნდა იყოს პრეზიდენტი, კაბინეტური სისტემა და ის გარანტია, რომელიც შეეხება კონსტიტუციის დაცვას სასამართლოს მიერ.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს, ბატონ არსენიძეს.

. არსენიძე (იუსტიციის მინისტრი): მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ კონსტიტუცის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ზოგიერთი მთავარი გაუგებრობის გაფანტვა და პროექტის ნამდვილი აზრის და მნიშვნელობის გამორკვევა.

ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთგავრი თავისებურობა, ერთგვარი ორიგინალობა, რომელიც სრულიად მიუღებელი და გაუგებარი რჩება როგორც მემარჯვენე, ისე განსაკუთრებით `მემარცხენე~ ორატორებისათვის, რომლებიც თავის-თავს უკიდურეს მემარცხენედ სთვლიან და აი, გამიჯვნა ამ ორი ხაზისაგან არის ერთი მიზანთაგანი ჩემი აქ გამოსვლისა, რამდენადაც მე ამის ძალა შემწევს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, თუ რას ეყრდნობა კონსტიტუცია და რა პერსპექტივები აქვს მას. განხილვა ამ ორი საგნის აუცილებელი არის ყოველ კონსტიტუციისათვის. ჩვენი კონსტიტუცია გამოვიდა, რასაკვირველია, ჩვენი დამოუკიდებლობის აქტიდან, ერთის მხრით, და რუსეთის დიდი რევოლიუციიდან, მეორეს მხრივ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რევოლიუცია ჩვენში გაჰყვა განსაკუთრებულ გზას და არა რუსეთის დიდი რევოლიუციის გზას. ის გაჰყვა თავის საკუთარ - უკვე შეიძლება თამამად ითქვას - საქართველოს რევოლიუციონურ გზას. ეს გზა არის მთავარი ღერძი როგორც ჩვენი საერთო ხაზისა, ისე ჩვენი საერთო მუშაობისა და ჩვენი მომავალი პერსპექტივებისა. ეს გზა გახლავთ შემდეგი: ჩვენ ვქმნით სახელმწიფოებრივ წყობილებას, ჩვენ ვქმნით დემოკრატიულ რესპუბლიკას სრულიად გარკვეული მიზნით - მომავალ სოციალისტურ წყობილებისათვის ნიადაგის მომზადების და ამ სოციალიზმის განხორციელების ხელშემწყობ მიზნით. და როდესაც ჩვენ აი, ამ ძირითად მიზანს დავისახავთ და ამ ძირითად აზრს გამოვსთქვამთ, ამით უკვე ვაძლევთ არსებით განსხვავებას ჩვენს კონსტიტუციის დედა-აზრს სხვა ყველა კონსტიტუციის დედა-აზრისაგან, ვინაიდან ბურჟუაზიულ-დემოკრატიული კონსტიტუცია რესპუბლიკანურ წყობილებას სთვლის თავის-თავად იმ საბოლოო წყობილებად, რომლის იქითაც მას არავითარი სურვილი არა აქვს ნაბიჯის გადადგმისა. ეს არის მისთვის, ასე ვსთქვათ, მიზანი და საბოლოო წესწყობილება. ჩვენთვის ეს არის საშუალება და გამოსავალი წერტილი.

და თუ ეს მთავარი განსხვავება მივიღეთ მხედველობაში, ჩვენ მაშინ ადვილად გავარკვევთ ყველა იმ შედეგებს, აზრებს და მთელ რიგს დებულებისას, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციაში არის მოთავსებული. აქ ჩვენი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბელადმა, ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ საკმაოდ აშკარად და მკაფიოდ გამოსთქვა ის, რომ კონსტიტუციის მთელი შინაარსი ემყარება შინაურ ძალთა განწყობილებას, და რომ ეს ძალთა განწყობილება არ ყოფილიყო ხელსაყრელი ჩვენი მთავარი მიზნისათვის, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გეყოლებოდათ არც დღევანდელი მთავრობა, არც დღევანდელი შემადგენლობა დამფუძნებელი კრებისა და არც ასეთი მიზნების დასახვა იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს შინაურ ძალთა განწყობილება სავსებით შეეფერება ამ საერთო ხაზს, ჩვენ გვაქვს საშუალება შევქმნათ ნამდვილი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომლის მიზანი არის არა ბურჟუაზიული წყობილების გამაგრება და გამუდმება, არამედ მისი სოციალისტური წესწყობილებისათვის გარდაქმნა და ახალ, მომავალ საკაცობრიო ბედნიერების წარმოშობის გაადვილება.

მაგრამ, გარდა ამ საშინაო მდგომარეობისა, ჩვენს კონსტიტუციაზე და მის მრავალ დებულებებზე არა მცირედი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობამაც, ჩვენმა საგარეო მდგომარეობამაც. ყველამ უნდა იცოდეს ის აუცილებელი დებულება და ის უდაო ჭეშმარიტება, რომ დიდ სახელმწიფოსაც კი დიდ დაღს აჩნევს და თავის გავლენის ქვეშ იმორჩილებს საერთაშორისო ურთიერთობა, და პატარა ერებისათვის ხომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და მუდამ თვალსაჩინო ფაქტორია. ამიტომ ჩვენი კონსტიტუციის შემუშავების დროს არ შეიძლება ანგარიში არ გაგვეწია ჩვენი საერთო მდგომარეობისათვის და არა ერთი ელემენტი ჩვენი კონსტიტუციისა არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გარს გვარტყია სრულიად განსაკუთრებული კულტურის და განსაკუთრებული განვითარების დონეზე მდგარი ხალხი. ჩვენს კონსტიტუციაზე არა მცირედი გავლენა იქონია იმ გარემოებამაც, რომ ამ ჟამად უკვე ჩვენი დამოუკიდებლობის აქტით მოვშორდით რუსეთის საერთო გემს და საერთაშორისო ევროპის ცხოვრების ტალღებში შევცურდით. და ჩვენ გვინდა აი, ამ საერთაშორისო ახალ კულტურულ ცხოვრებაში მოვიპოვოთ სათანადო ადგილი, როგორც შეჰფერის ეს სოციალისტურ დემოკრატიას. აქ ერთმა ორატორმა, ვგონებ ნუცუბიძემ, - ჩვენ მოგვთხოვა ევროპისაგან ჩამოშორება (შენგელაია: კაპიტალიზმისაგან!). თუ ევროპის კულტურა და კაპიტალი შემოვიდა აქ, ჩვენი ერის თავისებურობა მოისპობაო (ი. ნუცუბიძე: მე ასე არ მითქვამს!). მე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე და ამას სტენოგრამაც გვაჩვენებს. აი, ასე იყო აქ თქმული. სხვანაირად არ შეიძლებოდა ეთქვა, თუ არა კულტურის მიხედვით, ისე თავისებურობა არ შეიძლება იყოს. აბა, კაპიტალიზმი ხომ ყველგან კაპიტალიზმია! ცხადია თავის-თავად, რომ ეს ეროვნული თავისებურობა, ეს წმინდა სლავიანოფილური, ან უკეთ, თუ გნებავთ, ქართველოფილური აზრი და საერთოდ ეს თავისებურობა, რომელიც გამოიხატება ევროპის კულტურისაგან გამიჯვნაში, არსებითად უარყოფილი არის ჩვენის კონსტიტუცით. იქ დასახულია სრულიად საწინააღმდეგო მიზნები: არა ჩამოშორება ევროპის კულტურისაგან, არამედ ზიარება ევროპის კულტურისა! ეს არის უმთავრესი საშუალება იმ მიზნისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. წარმოიდგინეთ, არც ევროპის კაპიტალი არის ისეთი უნიადაგო ელემენტი, რომლის უარყოფა და გადაგდება ასე ადვილად შეიძლებოდეს. ჩემის ღრმა რწმენით, კაპიტალის განვითარება, მთელი მისი მთავარი ძალები და მისი მოქმედება სწარმოებს იმ მიზნის სასარგებლოდ, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. ამ კაპიტალის განვითარება ევროპაში რომ მიმართული იყოს არა სოციალიზმის გზისაკენ, არამედ მის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი იდეალების ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იქნებოდა და გადაწყვეტილი - უარყოფითად. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ყველა ეს ელემენტები, უარვყოფთ თუ ვემხრობით თითოეულ მათგანს, ეს სხვა საქმეა: ყველა ელემენტები თავის ბრძოლაში, თავის საერთო ჭიდილში მიდიან იქით, იმ ჩვენი სანუკვარი სოციალისტურ წყობილებისაკენ და სწორედ ამიტომ ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს ამ კავშირს ევროპასთან, ამ მთლიანობას ევროპის კულტურასთან, რადგან მას ამით ეძლევა ნიადაგი და საფუძველი იმის, რომ განახორციელოს ის მიზანი, რომელიც მას აქვს დასახული (გობეჩია: რომელი კულტურა?). რასაკვირველია, ვინც არ იცის, რა არის კულტურა, იმას ლექციას ვერ წაუკითხავ (გობეჩია: რომელი კულტურა, ბურჟუაზიული თუ სოციალისტური?). გაუგებრობის გასაფანტავად ამ კულტურის შესახებ ერთი უნდა ვსთქვა: ვისაც ჰგონია, რომ პროლეტარიატი იმიტომ გაჩნდა, რომ მზგავსად ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლისა, ბურჟუაზიული კულტურის ყველა ელემენტები და ჩანასახი გაანადგუროს და ამაში ხედავს საფუძველს ახალ, პროლეტარულ კულტურისა, ის ღრმად შემცდარია. მე მგონია, პროლეტარიატი ძლიერია იმით, რომ ის უნდა გახდეს ღირსეული მემკვიდრე იმ დიდი კულტურისა, დიდი განძისა, რომელიც შექმნა ევროპამ (ტაში). ამიტომ მე ვამბობ, რომ ევროპის მთელი კულტურა, ყველაფერი ის, რაც არის მასში დადებითი, ყოველივე ეს არის მომავალში სამემკვიდრეო პროლეტარიატისა, მუშათა კლასისა. და ამ მემკვიდრეობის მიღებას სცდილობს ჩვენი ერი ჩვენი კონსტიტუციის საშუალებით და აი (გელეიშვილი: მიქელანჯელო გადავაგდოთ, რადგან ბურჟუაზიული კულტურის წარმომადგენელია?) მე მგონია, ეს მცირე შესავალი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ იმან, ვისაც სურს გააბას ძაფი თანამედროვე წყობილებიდან მომავალ მიზნისაკენ, ეს გააბას. მაგრამ ვისაც სურს ძაფები გააბას ჰაერში, ოცნების კოშკებიდან მეორე ოცნების კოშკამდე, მას, რასაკვირველია, არ შეუძლიან გაგება, თუ რატომ გამოვდივართ ჩვენ ჩვენი რეალობიდან და არა სხვა რომელიმე იდეალური, თეორეტიული დებულებიდან. სწორედ ეს მეოცნებე ელემენტები, ეს ფანტასტიური ელემენტები უმთავრესად ისახავენ იმისთანა პროექტს, რომელიც აქ სოციალისტ-რევოლიუციონერების სახელით შემოვიდა. ამ პროექტზე მე მოგახსენებთ მერე ცოტა უფრო დაწვრილებით, ახლა კი ვიტყვი: ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, აგრეთვე დასახულია მიზნად - თეორიულად მაინც - საბჭოთა რუსეთის კონსტიტუციაში და სოციალისტ-რევოლიუციონერების კონსტიტუციის პროექტში.

მხოლოდ ჩვენი პროექტი განსხვავდება იმათგან თავის რეალურ საფუძვლით იმიტომ, რომ იგი გამოდის არსებულ მდგომარეობიდან და არა ოცნებიდან, არსებულ ძალთა განწყობილებიდან და არა კაბინეტში მოგონილ თეორიულ ურთიერთობიდან. ესერების მიერ წარმოდგენილი პროექტი განსახიერებაა საბჭოთა სისტემის გავლენისა. იგი კუდ-მოკვეცილი უკანონო შვილია რუსეთის საბჭოთა წეს-წყობილებისა და როგორც ასეთი, იგი არც მარცხნივ სდგას და არც მარჯვნივ, და სწორედ ეს არის მისი უდიდესი დამახასიათებელი თვისება.

ჩვენ ჩვენს წეს-წყობილებას ვუპირდაპირებთ რუსეთის არსებულ წყობილებას და მის სისტემას. საბჭოთა სისტემას პირველ ყოვლისა ახასიათებს მისი ანტიდემოკრატიული ხასიათი; იგი არის აგებული უმცირესობის დიქტატურაზე უმრავლესობის წინააღმდეგ - ესაა მისი მთავარი თვისება და ამით იგი უკვე ჰკარგავს ხალხურ ხასიათს და უნარს, რომ გახდეს იარაღად ხალხის მომავალი გამარჯვებისა და შემოქმედებისა. საბჭოთა რუსეთის დიქტატურა არის ბატონობა მცირე ნაწილისა დანარჩენ მასაზე და იგი იწვევს უუფლებოთა ამბოხებას, აღვიძებს რა მათში უფლების მოპოვების სურვილს და მაშასადამე, ვერ შექმნის მშვიდობიან წყობილებას. ამით იგი მასის მთელ ენერგიას ახშობს და არ აძლევს გასაქანს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ძალებს, რომ თავისი შემოქმედება სათანადო გეზით მიმართონ, შინაგან განვითარებას მოახმარონ (ბარათაშვილი: იქ ხომ პროლეტარიატის დიქტატურაა?). ვისაც უმრავლესობის დიქტატურა ვერ გაურჩევია უმცირესობის დიქტატურისაგან, ის, რასაკვირველია, ასეთ სიტყვებს ვერ გაიგონებს, ისეთ შენიშვნებს შეიტანს, როგორც იოსებ ბარათაშვილმა ინება (შენგელაია: Ц К დიქტატურაა! კედია: არც ერთის არ გვინდა!). ჩვენმა ნახევრად ბოლშევიკებმა, რასაკვირველია, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის მაგიერ წამოაყენეს საბჭოთა შრომის რესპუბლიკა (შენგელაია: საბჭოთა?). საქართველო არის შრომის რესპუბლიკა, საქართველოს კანონმდებელი ორგანო არის სახალხო საბჭოო. თუ შეაერთებთ ამ ორ სახელს, გამოვა: „სახალხო საბჭოთა შრომის რესპუბლიკა“ (კედია: კონტრაბანდი არა?). აქ არის შიში აზრისა, შიში ლოღიკისა (თევზაია: ოპორტიუნიზმი!). აქ რომ გეთქვათ პირდაპირ საბჭოთა რესპუბლიკაო, გვეცოდინებოდა მაინც, ვისთან გვაქვს საქმე. მაგრამ თქვენ ამბობთ, შრომის რესპუბლიკაო და ახლა მე გეკითხებით: შრომის რესპუბლიკა რით განსხვავდება სოციალისტურ რესპუბლიკისაგან? თქვენ შეგეშინდათ ამ სიტყვის - „სოციალისტურის“ ხმარება იმიტომ, რომ რუსეთმა დაარქვა თავის ქვეყანას „სოციალისტური რესპუბლიკა“, თუმც იქ სოციალისტური იმდენია, რამდენიც ჩინეთში; თქვენ კი ამის შიშით დაარქვით „შრომის რესპუბლიკა“ და გეგონათ, რომ სიტყვის შეცვლით რაღაც განსხვავება მოახდინეთ (ხმაურობა). მე ვამბობ, რომ ამ უტოპიურ ელემენტებს ამ ახალ „შრომის რესპუბლიკისას“ ჩვენ გავარჩევთ პარალელურად რესპუბლიკის მთავარ დებულებებთან შედარებით. რაც შეეხება ზოგად პრინციპებს, იმათ შესახებ ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ ახლავე: აქ გუშინ მკაფიოდ განგვიმარტეს პრინციპები ესერების პროექტისა: საყოველთაო შრომის უფლება, შრომის ბეგარა და ფართო კოლექტივიზაცია ანუ სოციალიზაცია - ყოველივე ეს კი გახლავთ შინაარსი იმ დეკრეტების, რომელნიც საბჭოთა რუსეთმა გამოსცა თავის ანტიდემოკრატიული კონსტიტუციის, ასე ვთქვათ დამატებით, მაგრამ თავის-თავად ეს დებულება ფილოსოფიურად ცნობილია, როგორც საფუძველი დიდი უტოპიური თეორიისა (ილია ნუცუბიძე: თქვენ წინააღმდეგი ხართ?). ეს საფუძველია ევროპის დიდი უტოპიური თეორიისა, იქიდან გადმოღებული რუსეთის დიდ ესერების მიერ და ამ უკანასკნელთა ნათქვამიდან განმეორებული ჩვენი პატარა ესერებისაგან. ეს უტოპია არის ძველი უტოპია, რომლის ძირითადი დებულებების განიავება თხუთმეტჯერ მაინც დაამტკიცა ისტორიამ მეოცე საუკუნემდე (ხმაურობა).

ამ საერთო დებულებიდან მე მინდა გადავიდე ჩვენი კონსტიტუციის შინაარსის ორ მთავარ ელემენტის - პოლიტიკურ და სოციალურ მხარის აღნიშვნაზე. ეს ორგვარი შინაარსი გახლავთ განსხვავება ჩვენი კონსტიტუციისა ევროპის სხვა ყველა კონსტიტუციებისაგან, სადაც მთავარი მომენტი არის ერთადერთი პოლიტიკური მხარე, პოლიტიკური წყობილება, და სადაც მხოლოდ ერთ პუნქტში არის გამოთქმული ხელშეუხებლობა საკუთრებისა. ასეთია საფუძველი ყველა ევროპიულ ბურჟუაზიულ კონსტიტუციებისა. ხელშეუხებლობა პიროვნებისა და საკუთრებისა, აი ქვაკუთხედი, რაზედაც შენდება შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც შეეფერება ძალთა განწყობილებას (ხმა ესერების ფრაქციიდან: ამას იმეორებთ თქვენც!). ამას ძალიან გვთხოვენ თქვენი ანტიპოდები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმეორებთ, თუმცა ისინი ძალიან გულნაწყენი გვრჩებიან (კედია: გეშინიანთ და იმიტომ!). ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ არ გვეშინიან იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლებისა, რომლებიც აქ სხედან და რომელთა შესახებაც იყო გაცხადებული, რომ მათი არსებობა უდრის არ არსებობას (კედია: პროლეტარიატის არსებობა?). პროლეტარიატის არსებობა კი, დეპუტატო კედია, უდრის სახელმწიფოს არსებობას, ვინაიდან იგია შემქმნელი იმისა, რაც დღეს აქ არის.

ეხლა გადავიდეთ სახელმწიფოებრივ წყობილების პოლიტიკურ მხარის განხილვაზე: პოლიტიკურ წყობილებაშიც დიდი განსხვავება არის ევროპის დემოკრატიულ წყობილებასა და ჩვენს რესპუბლიკას შორის. ეს გამოიხატება შემდეგ ძირითად დებულებებში: ჩვენი ერის უზენაესობა აქაც მიღებულია ისე, როგორც ყველა დემოკრატიულ კონსტიტუციაში, მაგრამ ორგანიზაცია ამ უზენაესობის განხორციელებისა არის უაღრესად დემოკრატიული, ისე როგორც არ არის არც ერთ ევროპიულ კონსტიტუციაში. დემოკრატიულ წყობილების დამახასიათებელ თვისებად ჩვენს კონსტიტუციაში ჩაითვლება მოწყობა აღმასრულებელ ხელისუფლებისა, სიფართოვე საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებისა, მისი მუშაობა და ურთიერთობა ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ეს სამი საგანი არის უზენაესობის კონკრეტიული გამომხატველი კონსტიტუციის ფარგლებში. აქ არ არის ამ მხრივ მიღებული პირდაპირი დემოკრატია. ბ. ლეო შენგელაიამ, როდესაც თავის სიტყვა წარმოსთქვა, განაცხადა, - აქ არ არის პირდაპირი დემოკრატია, მაშასადამე, არის მთავრობის ბატონობაო. მაგრამ როცა გადავხედეთ მათ კონსტიტუციას, ვნახეთ იგივე პარლამენტარული წყობილება საზოგადოდ, მხოლოდ პარლამენტის ნაცვლად საბჭოს სახელით. იმათი პროექტის მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ ამას ხალხი ანხორციელებს ან უშუალოდ, ან თავის წარმომადგენლების საშუალებითო (შენგელაია: დიახ! დიახ!). მაშასადამე, აქაც არ არის პირდაპირი დემოკრატია. კონსტიტუციონური ელემენტი აქაც ისევეა დასახული, როგორც ჩვენა გვაქვს გატარებული პროექტში, რომელმაც რეალური ხორცი უნდა შეასხას და ცხოვრების სამოქმედო გეგმად გახდეს. მაშასადამე, აქ პრინციპიალური დავა არ არსებობს.

ჩვენს პროექტში არსებითად პარლამენტი არის აღჭურვილი ისეთი ფუნქციებით, რომ მან უნდა განაგოს ფაქტიურად ბედი რესპუბლიკისა. ეს არის მთავარი ძალა, შექმნილ ყველა დანარჩენი ხელისუფლების, და ეს ძალა ემორჩილება ერთად-ერთ მთავარ კონტროლს - ხალხს, რეფერენდუმის და არჩევნების საშუალებით. მაშასადამე, ხალხს, ერს, ერთი უმთავრესი ორგანო აქვს - პარლამენტი, და მისი მეოხებით ხალხი განაგებს მთელ თავის ბედს. ჩვენი კანონებით სასამართლოს ხელისუფლების მთავარი ორგანო - სენატი ირჩევა პარლამენტის მიერ. მაშასადამე, აქ არის ძაფი გაბმული კანონმდებლობასა და სასამართლოს შორის. აქაც მთავარი წყარო სასამართლო ხელისუფლებისა არის იგივე პარლამენტი; აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურსაც ირჩევს იგივე პარლამენტი და აქაც უზენაესობა კონსტიტუციის ფარგლებში პარლამენტს ეკუთვნის, როგორც ამას ამბობს სათანადო მუხლი ჩვენი კონსტიტუციის პროექტისა. ამაშია პრინციპიალური უარყოფა იმ დებულებისა, რომელიც ბ. გვაზავამ წამოაყენა და რომელიც ამბობს, რომ სასამართლო უნდა იყოს კონტროლი კანონმდებლობისაო. დიახ, ამ მთავარ დებულებით არის ეს პრინციპიალურად უარყოფილი: სასამართლო არ არის კონტროლი - იგი მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოა (ბარათაშვილი: სასამართლო აღმასრულებელი ორგანოა?). დიახ, დიახ, აღმასრულებელი ორგანოა სასამართლოს სფეროში.

და აი, მე ვამბობ, რომ ამ მთავარ დებულებიდან გამომდინარეობს პრინციპიალური უარყოფა იმისა, რაც წამოაყენა გ. გვაზავამ - ე.ი. სასამართლოს კონტროლი პარლამენტზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი უპასუხისმგებლოა; რომ იგი ყოვლის შემძლეა; რომ ის ადგება ერთ დღეს და გააუქმებს ჩვენს კონსტიტუციას. ამის მაგალითია ხალხი, ძალთა განწყობილება და ის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს პარლამენტის მუშაობას. ეს გარანტია არსებობს ყოველ დემოკრატიაში და ეს ერთად-ერთი რეალური საფუძველია ყოველი კონსტიტუციისა. მართლაც, დიდი გატაცებული უნდა იყოს კაცი იურიდიული ნორმების ძლიერებით, რომ მან სთქვას: საკმაოა დავსწეროთ: - სასამართლო არის კონტროლი პარლამენტისა - და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქნება კონსტიტუცია დარღვევისგანო. მეტი რომ არა ვსთქვათ, ეს დიდი იურიდიული კრეტინიზმია. არ შეიძლება ასეთი საქმე მიანდოთ რომელიმე დაწესებულებას ისე, რომ მეტ დამცველს იგი აღარ საჭიროებდეს. რეპლიკებში ბ-ნ გვაზავას სამართლიანად უპასუხეს, რომ შეიძლება სასამართლომ დაადგინოს უკანონოდ, მაშინ ვის მივმართოთ (კედია: დღეს არ ადგენს უკანონოდ?). შეიძლება ადგენს, მაგრამ სამწუხაროდ (კედია: მაშ უარვყოთ სასამართლო).

ჩვენ მოგახსენეთ, რომ მთავარი გარანტია კონსტიტუციისა არის ხალხის თვითმოქმედებაში და აღმასრულებელ ხელისუფლებათა კონსტრუქციაში, და არა სასამართლოსთვის კონტროლის უფლების მინიჭებაში. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მართლა გარანტიას.

ახლა გადავიდეთ მეორე და დამახასიათებელ თვისებაზე ჩვენი კონსტიტუციისა: ეს არის კონსტრუქცია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კონსტრუქცია ადგილობრივ თვითმმართველობათა.

აქ ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევდენ პრეზიდენტობის საკითხს და ყველაზე ნაკლებს - თვითმმართველობის საკითხს. მე კი ვამბობ: ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობათა საკითხის მოწესრიგებას და უფრო ნაკლები - აღმასრულებელ ხელისუფლების, პრეზიდენტურ თუ უპრეზიდენტო სისტემის მიღებას. კონსტიტუციური თვალსაზრისით კი დემოკრატიისათვის პირველი, ე.ი. თვითმმართველობის უფლებები უაღრესად საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, პრეზიდენტი ცალკე იქნება თუ მთავრობის შემადგენლობაში იქნება ერთ-ერთ წევრად შესული. საერთოდ იურიდიულ მეცნიერებაში პრინციპი აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანიზაციისა ცნობილია. დემოკრატიულ იურიდიულ მეცნიერებას უდაოდ მიაჩნია ერთი რამ: კოლეგიალობა აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანიზაციისა.

ეს არის აუცილებელი პირობა დემოკრატიულ მართვა-გამგეობისა. ეს სავსებით გატარებულია ადგილობრივ თვითმმართველობაში და უნდა იქნას გატარებული ცენტრალურ მთავრობაშიაც. და აი, ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს სჭირდება თავისი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობაში, - მაინც ეს წევრი, გამომხატველი ხალხის მთლიანობისა, არის წევრი კოლეგიისა და იგი მონაწილეა ამ კოლეგიის საერთო მუშაობის და მოქმედების. და ის ფრაზა, რომელიც არის კონსტიტუციაში ამის შესახებ - მკაფიოდ გამოხატავს ამ აზრს. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს წევრი კოლეგიისა და არა დამოუკიდებლად ცალკე, საგანგებოდ ამისთვის შექმნილი ინსტიტუტი პრეზიდენტისა. ეს არის იურიდიული გამოხატულება იმისა, რომ სახელმწიფოებრივი ფუნქციები შესრულებული იქნება, მაგრამ კოლეგიისაგან. ჩვენი კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული დაარსება ცალკე დამოუკიდებელ ორგანოსი, განკერძოებული ორგანოსი, რომელიც ერთი პირისაგან უნდა შესდგებოდეს, ე.ი. პიროვნული იყოს და აღმასრულებელი ხელისუფლების საჭე ხელთ ეპყრას. ჩვენი კონსტიტუცია არ ქმნის პიროვნულ ორგანიზაციას, არამედ მხოლოდ კოლეგიურ ორგანიზაციას. ეს არის თვითმმართველობის პრინციპის გატარება ცენტრალურ მმართველობის მოწყობის დროსაც. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და არა იმას, თუ რამდენი უფლება აქვს მინიჭებული ამა თუ იმ წევრს კოლეგიისას. მთავარი არის კოლეგიალობა თუ ინდივიდუალობა, კოლეგიური თუ პიროვნული ხელისუფლების შექმნა.

მეორე საკითხი გახლავთ უფლებათა განაწილების საკითხი. ეს საკითხი ორნაირად უნდა იქნეს დაყენებული: უფლებათა განაწილება პარლამენტსა და აღმასრულებელ ძალას შორის, და უფლებათა განაწილება ცენტრალურ მმართველებსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის. პირველში მიღებული გვაქვს პარლამენტის უპირატესობა. პარლამენტი ჩვენი კონსტიტუციით არის არა მარტო კანონმდებელი, არამედ ის არის კონტროლის გამწევი აღმასრულებელ ხელისუფლებისა მის მოქმედებასა და მუშაობაში. მას ევალება გადაჭრა მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც არის ჩამოთვლილი კონსტიტუციის პროექტის 61-ე მუხლში და რომელიც შეიძლებოდა საერთო წესით დაქვემდებარებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ასე, მაგ., ომის და ზავის საკითხი, ბიუჯეტის და სხვ. და აი, სწორედ აქ გამოიჩინეს ერთგვარი უკიდურესობა დემოკრატიზმის გატარებაში სოც.-რევოლიუციონერებმა. მათ ამ ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ ეს უნდა გადავცეთ ხალხს პირდაპირ გადასაწყვეტადო, ე.ი. ომის და ზავის საკითხი ხალხმა რეფერენდუმით უნდა გადაჭრას ყოველ შემთხვევის დროსო. საერთოდ ცნობილია, რომ უფრო დემოკრატიულია ის, რომ ყველა საკითხები გადავცეთ ხალხს. მაშასადამე, რაც უფრო მეტს საკითხებს გადასცემთ ხალხს, პრინციპიალურად, დემოკრატიზმი მეტი იქნება. მაგრამ საკითხი ყოველთვის იმაში კი არ არის, სად იქნება საკითხი გადაჭრილი, არამედ იმაში, სად იქნება მეტი საშუალება თავდაცვისათვის და შინაგან ძალთა განვითარებისათვის. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამხედრო ძალაზე, ჩვენ უნდა ვეყრდნობოდეთ არა მარტო შინაგან ძალთა განწყობილებას, არამედ საგარეო ძალთა ურთიერთობას.

სოც.-რევოლიუციონერებს უნდათ დაიწყონ დაუნდობელი ბრძოლა დღესვე ყოველგვარი დაჩაგვრის წინააღმდეგ, სანამ სოლიდარობა არ განხორციელდება. სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს მუდმივ ომს. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა ნეიტრალური, მაშასადამე, ჩვენ ომებს არ ვაწარმოებთ. ეს არის მთავარი დებულება ჩვენი რესპუბლიკისა: იგი ნეიტრალური ქვეყანაა, ომის გამოცხადება მას არ შეუძლია, არ აქვს უფლება თვით დაესხას თავზე ვისმე. მას შეიძლება თავს დაესხან. იგი მაშინ ხმალს მოჰკიდებს ხელს, მაგრამ რადგან რესპუბლიკა ნეიტრალურია, მას არ შეუძლია თავდასხმითი ომები აწარმოოს. ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ერთი მთავარი დებულება კონსტიტუციისა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის. ამიტომ ომის საკითხი ჩვენს წინ დგება, როგორც თავდაცვის საკითხი. და ამ დროს სოც.-რევოლიუციონერები ასეთ პრინციპს გვახვევენ თავზე. ვთქვათ, თქვენ თავს დაგესხენ და თქვენ მაშინ შეეკითხეთ ხალხს, ჯარი მოვაგროვოთ თუ არაო. მე გეკითხებით: რესპუბლიკის დაცვას რომელი დროისთვის სდებთ? ეს არის სრული უთანასწორობა რეალურ ძალთა ურთიერთობისა და პრინციპების შეგუებას შორის. ეს არის უარყოფა ამ პრინციპების შეგუებისა ცხოვრებასთან. ზოგადი პრინციპი ამბობს, რომ ომი და ზავი აცხადოს ხალხმაო. მაგრამ როდესაც შენ კი არ აცხადებ ომს, არამედ თავს გესხმიან, - მაშინ არ არის დრო ხალხის შეკითხვისა: ის იმ წამსვე, პირველ დაძახებისათანავე უნდა ხმალ-ამოღებული გამოვიდეს. და ამიტომ ჩვენს კონსტიტუციაში სწერია, რომ ომის საკითხის გადაჭრა ევალება პარლამენტს. ჯერ მთავრობასაც აქვს უფლება მიიღოს დაცვის ზომები, შემდეგ ის იწვევს დაუყოვნებლივ პარლამენტს და ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი გამგებელი ჯარისა, მოიწვევს მას და გაუძღვება გამარჯვებისაკენ. კონსტიტუციისათვის მთავარია ძალთა განწყობილება და არა ის, რომ ჩავწეროთ დემოკრატიული პრინციპები კონსტიტუციაში და შემდეგ კი რესპუბლიკას მოგვივიდეს ზიანი, თან გადაყვეს მათ განხორციელებას.

ამგვარად, ეს მთელი რიგი აღმასრულებელ ხელისუფლების ფუნქციათა უნდა გადავცეთ პარლამენტს და არა პირდაპირ ხალხს - ეს ჩვენი რესპუბლიკის არსებით და მიუცილებელ საჭიროებას შეადგენს და ამ მოთხოვნილების სახელით ვერც ერთი ვერ დაასაბუთებს იმის საჭიროებას, რომ ეს უფლება ომის და ზავის საკითხის უნდა იქნას გადაცემული თვით ხალხზე სარეფერენდუმოდ. ვიმეორებ, ამას ხალხის ინტერესების სახელით ვერავინ ვერ დაასაბუთებს. ეს უნდა იყოს, მაშასადამე, უფლება პარლამენტისა, რომელსაც იგი უზენაესობს. ის განაგებს ყველა იმ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც მოეპოება რესპუბლიკას. მის შემდეგ განაგებს მთავრობა, რომელსაც ის მიანდობს ამა თუ იმ ფუნქციათა და მოვალეობათა ასრულებას. აქ გატარებულია პრინციპი მთავრობის დამორჩილებისა პარლამენტისადმი და ამ დამორჩილების ფორმების შემუშავებაშიაც ჩვენი კონსტიტუცია შეიცავს ერთგვარ თავისებურობას, რომელშიაც შეზავებულია ორი პრინციპი - პრინციპი პირდაპირი მორჩილებისა, ე.ი. პრინციპი დავალების აღსრულებისა, და მეორე მხრით - პრინციპი პოლიტიკურ პასუხისმგებლობისა. ჩვენს მიერ მიღებული პრინციპით პარლამენტი ირჩევს მთავრობის თავმჯდომარეს.

პარლამენტი ირჩევს იმას, ვინც გამოსახავს მისი პოლიტიკის ხაზს, ვინც ამ მთავარი ხაზის გამხორციელებელია. მაშასადამე, პარლამენტი აძლევს მთავარ პოლიტიკურ გეზს მთავრობას მისი თავმჯდომარის არჩევით და ეს მთავრობის თავმჯდომარე უნდა იყოს მორჩილი პარლამენტის ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა. სამინისტროები რჩება აღმასრულებლად ამ ხაზისა და მის ასრულებაში აძევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ უნდა აასრულონ ეს ხაზი და გაატარონ ის სისწორით და სრული კანონიერების დაცვით. ყოველივე გადახვევა ამ პოლიტიკიდან, აუსრულებლობა ამ პოლიტიკურ ხაზისა იწვევს პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე და თუ პარლამენტს არ მოეწონება მათი მოქმედება, - იგი მაშინ მოითხოვს მათ გადადგომას. ასეთია ეს შეზავება ამ პრინციპებისა.

წინდაწინ თქმა იმისა, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს პროექტი, - შეუძლებელია. მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს დღევანდელ ჩვენს პრაქტიკას, დავინახავთ, რომ ასეთი შეზავება გვაძლევს საერთოდ მტკიცე და მომქმედ მთავრობას, რომელსაც ხელი გაშლილი აქვს სამოქმედოდ, მაგრამ არ აქვს უფლება სწორი გზიდან გადახვევისა. ამ მხრივ ის წარმოადგენს შეზავებულ პრინციპს კოლეგიალურ მორჩილებისა და ამავე დროს პარლამენტის წინაშე სრული პასუხისმგებლობისას.

მთავარი საკითხი ნამდვილი დემოკრატიულ ურთიერთობის დამყარების არის დამოკიდებულება თვითმმართველობასა და ცენტრალურ მმართველობას შორის. ამის შესახებ ამ ტრიბუნიდან დღემდე არავინ არაფერს ლაპარაკობს. თუმც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ამ საკითხში ჩვენი კონსტიტუციით, არსად არ არის გატარებული, გარდა ორიოდე მცირე კანტონებისა შვეიცარიაში (ლორთქიფანიძე: ეს არ არის თავისუფლება!). ჩვენი აღმასრულებელი ძალა კონსტიტუციის ძალით სავსებით ეყრდნობა ადგილობრივ კომუნას. ამ მხრივ შეიძლება მას ვუწოდოთ კომუნალური წყობილება. მთავარი საფუძველი, საიდანაც გამომდინარეობს საერთოდ შემოქმედება და ძალა რესპუბლიკის ყოველ აღმასრულებელ მუშაობისა, - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი კომუნა (შენგელაია: ეს თქვენს კონსტიტუციაში არ არის! ჩვენს კონსტიტუციაში კი გახლავთ!). ჩვენს კონსტიტუციაში ისე მკაფიოდ სჩანს ეს, რომ გარდა ლ. შენგელაიასი, ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. მე ვამბობ, როდესაც ამ მხრივ ხდება ერთიანად დაყრდნობა ცენტრალურ მმართველობისა ადგილობრივ კომუნაზე, ხალხის მიერ არჩეულ კომუნაზე, - აქ არის მკაფიოდ გატარებული უაღრესი ბატონობა ხალხისა, რომელიც ამით პირდაპირ და უშუალოდ იღებს მონაწილეობას აღმასრულებელ ძალის შექმნაში და ამით მის მუშაობაში.

ეს ერთად-ერთი და საუკეთესო ფორმაა ხალხურ მმართველობისა აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში. ხალხი ირჩევს ადგილობრივ თვითმმართველობებს, კომუნებს და ამით სახელმწიფოებრივ ორგანოებს ჰქმნიან. ეს არის სრულიად განსაკუთრებული, განუმეორებელი დებულება ჩვენი კონსტიტუციისა სხვა კონსტიტუციებთან შედარებით.

მე არაფერს ვიტყვი ამაზე, რადგანაც საუკეთესოდ და მკაფიოდ უკვე ილაპარაკა ამის შესახებ ჩვენი ფრაქციის ორატორმა ნ. ჟორდანიამ, მაგრამ თუ მე მაინც ხაზს ვუსვამ ამ გარემოებას, იმიტომ რომ არც ერთ ორატორს, არც მოწინააღმდეგეს და არც მომხრეს, არ მიუქცევია ამისთვის სათანადო ყურადღება მაშინ, როდესაც ის ძირითადი საკითხია კონსტიტუციის წყობაში.

კომუნაზე დაყრდნობა ნიშნავს ხალხზე დაყრდნობას. ეს არის უდიდესი გარანტია იმისა, რომ ვერც ერთი ორგანო ვერ შესძლებს ხალხის სურვილის წინააღმდეგ გალაშქრებას. ადგილობრივი კომუნალური წყობილება არის უდიდესი კონსტიტუციური გარანტია, რომ არ მოხდეს ის, რისაც გვაზავას ეშინიან. გვაზავა ამბობდა, რომ კონსტიტუციაში არ არის მაგალითად, პრესის ცენზურა და შესაძლებელია თქვენ კი შემოიღოთო; კონსტიტუციაში არის პიროვნების ხელშეუხებლობა და თქვენ კი შეგიძლიათ ის გააუქმოთო. მას ვერ გავაუქმებთ, ვერ შემოვიღებთ ცენზურას - ადგილობრივი ორგანოები, არჩეულნი ხალხის მიერ, ამის უფლებას არ მისცემს არავის; ისინი არ დაუშვებენ კონსტიტუციის ძირითად მუხლების გაუქმებას, რადგან ეს მათი უფლების გაუქმება იქნება. კონსტიტუციის კანონის სწორ ასრულებას კი შეხვდება მათი სრული დახმარება. ამიტომ სწორი ასრულება მისი ნიშნავს იმას, რომ იგი სწორედ არის გაგებული მთავრობის მიერ და აღებულია ის გეზი, რომლითაც ის უნდა ხორციელდებოდეს.

მე ამით დავათავებდი საზოგადო მსჯელობას კონსტიტუციის პოლიტიკურ მხარის შესახებ, რომ მასთან ერთად არ დაეკავშირებიათ სხვა საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, საკითხი ბიუჯეტის შესახებ. ლ. შენგელაიამ მოითხოვა ჩვენგან შეგვეტანა კონსტიტუციაში საბიუჯეტო საკითხები, გადასახადთა სისტემის გარდა და სხვ. მე ვამბობ, რომ კონსტიტუციაში რომ პროჟექტორობა დაგვეწყო, ეს იქნებოდა არა საკითხის გადაწყვეტა, არამედ მისი არევ-დარევა. ჩვენ რომ ახლავე გადაგვეწყვიტა ყველა საბიუჯეტო პრობლემები, გადასახადთა სისტემა, - ეს არ იქნებოდა სწორი მიზანშეწონილი ნაბიჯი, ვინაიდან ძირითად კითხვის გადაწყვეტა ნიშნავს მასზე აგებულ საკითხების გადაწყვეტასაც. არსებულ ქაოტიურ მდგომარეობისა და არევ-დარევის დროს კი ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ რომ არ მიგვეცა საშუალება, რომ თითონ ხალხს, თანახმად არსებულ პირობებისა, გამოენახოს მთავარი გეზი ეკონომიურ ცხოვრებისა, მისი მიმართულება და ამაზე არ ააშენოს საბიუჯეტო სისტემა, რომ არ მიგვეცა მომავალ კანონმდებლობისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალება ამ სფეროში, - მაშინ ჩვენ შევიქნებოდით ის ბორკილი, რომელიც შეხუთავდა ჩვენი ერის განვითარებას. ადვილად შესაძლებელია სასურველი იყოს, რომ რესპუბლიკაში გადასახადთა სისტემა სრულიად მოისპოს და სახელმწიფომ, ნაცვლად გადასახადისა, თავის წარმოებებიდან მიიღოს იმდენი, რამდენიც მის აუცილებელ საჭიროებას დააკმაყოფილებს.

მაგრამ დღეს რომ ეს დავაკანონოთ, შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ხვალ ის განხორციელდება და დააკმაყოფილებს სახელმწიფოს? შესაძლებელია, ჯერ დავაკანონოთ და შემდეგ შევუდგეთ მის ასრულების საშუალებათა ძებნას? ეს ძლიერ ცუდი სამსახური იქნებოდა ხალხის და რესპუბლიკის წინაშე. ეს ჰგავს იმას, რაზედაც იურისტები ამბობენ: ოღონდ კანონი იქნეს დაცული და ქვეყანა კი თუნდაც დაინგრესო. ეს ჩვენი უკიდურესი დემოკრატებიც ასე ამბობენ: ოღონდ დემოკრატიული პრინციპი იყოს ბოლომდე დაცული და უნდა მთელი ქვეყანა შეეწიროს მას მსხვერპლადო. მე ვამბობ: თქვენ შეგიძლიათ მსხვერპლად შეეწიროთ, ვისაც გნებავთ, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება მოსთხოვოთ ერს მსხვერპლად შეწირვა ვისმეზე. ის არავის არ ეწირება მსხვერპლად, ის თვით მოითხოვს მსხვერპლს. ეს არის მთავარი დებულება ერის სიცოცხლისა. თქვენ კი გინდათ, რომ ერი შეეწიროს მსხვერპლად თქვენს პრინციპებს.

აი, ამიტომ ვამბობ იმ დებულებათა შესახებ, რომლებიც ასე უხვად არის გაფანტული სოც.-რევ. კონსტიტუციის პროექტში: ისინი სრულიად არ შეეფერებიან ცხოვრების დღევანდელ ვითარებას და სრულ უტოპიას წარმოადგენენ.

გადავიდეთ ახლა მეორე და კონსტიტუციის მთავარ თვისებაზე, მის სოციალისტურ მხარეზე. აქაც ჩვენს კონსტიტუციას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მოქალაქეობრივი სოციალური უფლებები განსაკუთრებულია და ისახავს იმ მიზანს, რის შესახებაც მე თავში მოგახსენეთ - სოციალიზმის მოახლოებას (ი. გობეჩია: კაპიტალიზმის განვითარებას!). ბ-ნი შენგელაია შეეცადა ამ დებულების დარღვევას, მაგრამ ამაოდ. მართალია, სანამ თავის დასკვნას გააკეთებდა, მან ბევრი ციტატები მოიყვანა, ბევრი ამონაწერები წაიკითხა უმთავრესად ნ. ჟორდანიას ნაწერებიდან. მაგრამ ამით მან დაამტკიცა მხოლოდ ერთი რამ: - ის, რომ შენგელაიას შეუძლია კიდევ გაიგოს თითო ფრაზა, მაგრამ ფრაზებისაგან შემდგარ დებულების და სისტემის გაგება მის ძალ-ღონეს აღემატება, მათი გაგება აღარ შეუძლია. მან ვერ გაიგო, რომ ძირითადი პრინციპი დემოკრატიულ წყობილებისა 1905 და 1920 წლისათვის ერთია, მაგრამ საერთო პირობების ცვალებადობის გამო იცვლება ამ პრინციპების შეგუება ცხოვრებასთან. მან ვერ გაიგო, რომ ის, რაც კარგი და მისაღები იყო 1905 წ., მიუღებელი და მოძველებულია დღეს 1920 წელში ჩვენთვის, როცა ახალ პირობებს უნდა ახალი ტაქტიკა და ახალი პოლიტიკური გეზი. როცა ის ორ ამონაწერს ამოიკითხავს და ნახავს მათ შორის განსხვავებას, - სიხარულით ამბობს: დაიშალა პრინციპები, დაიშალა მთელი სისტემაო. ეს არის ისეთი გაუგებრობა, როდესაც ადამიანი აზრთა კრებულში ვერ ამჩნევს დედა-აზრს და რომელსაც ცალკე აზრები დაწყობილი აქვს თავში, როგორც კარტოფილი. ეს არის ლ. შენგელაიას თავში. ეს არის აზრის უსისტემობა. რასაკვირველია, თუ შენგელაია თავის აზროვნებაში ვერ ერკვევა, მით უმეტეს მას არ შეუძლია გაერკვეს სხვის სისტემაში, აქ იგი ვერაფერს ვერ გაიგებს. და სწორედ სოციალურ უფლების სფეროში მოსდით ეს, განსაკუთრებით ჩვენს სოც.-რევოლიუციონერებს. ჩვენ მკაფიოდ დავსახეთ ერთი პრინციპი: სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მიმართოს ცხოვრების გზა იმ რეალურ ძალების მიხედვით, რომელსაც აქვს ადგილი დღეს და იმ ეკონომიურ ელემენტების მიხედვით, რომელიც ჩასახულია ჩვენს ცხოვრებაში. აქ არის მუშა, წვრილი მეურნე-გლეხი, და სოციალური უფლების დებულება გამომდინარეობს ამ ორ მთავარ ელემენტების უზრუნველყოფიდან. მუშა და გლეხი უნდა იყვეს უზრუნველყოფილი. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი საგანი უნდა იყვეს მათი განვითარება და იმ გეზის მიმართვა, რომელიც ყველაზე იოლად გადაგვიყვანს სოციალისტურ წყობილებაში, და ეს არა კერძო საკუთრების დაცვით, არამედ მისი შეზღუდვით, პრიორიტეტის საზოგადოებრივ მეურნეობისათვის მიცემით. და ყოველი ეს გამომდინარეობს არა იმ ოცნებიდან, რომლითაც არიან გატაცებულნი ესერები, არამედ გამომდინარეობს ჩვენი პროლეტარიატის და გლეხების მდგომარეობიდან. აქედან იწყება ჩვენი გამოსავალი წერტილი. თუ გნებავთ, ის გამომდინარეობს ჩვენი ბურჟუაზიის სისუსტიდანაც და ამბობს: ამ სუსტი კერძო სისტემის ნაცვლად უნდა შეიქმნას მძლავრი კოლექტიური მეურნეობა. იმ ძალებიდან გამოდის ჩვენი კონსტიტუცია და აბამს ძაფს მომავალ წყობილებასთან. ახლა საიდან გამოდის ჩვენი „უძლიერესი და უდიდესი“ ესერების კონსტიტუცია? ესენი ამბობენ, უნდა შემოვიღოთ შრომის უფლება და საყოველთაო შრომის ბეგარაო. ეს არის სრული უტოპია და ეს არის მათი მთავარი სოციალური ეკონომიური უფლება. რაც შეეხება დანარჩენს - მუშათა კონტროლს და სხვას, ის, როგორც მოგახსენეთ, არის ამოღებული საბჭოთა რუსეთის ზოგიერთ ლოზუნგებიდან და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რუსეთში (ხმები: გერმანიაში?). გერმანიაში მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რა რისთვის არსებობს; მხოლოდ თქვენს კონსტიტუციაში ისევე ლოზუნგად არის ეს ჩაწერილი, როგორც რუსეთის დეკრეტომანიაში.

აი, აქ თქვენს კონსტიტუციის პროექტში სწერია: „მუშათა საბჭოს არსებობა რესპუბლიკაში უზრუნველყოფილია“. რისთვის, რა მიზნით? ამის შესახებ არაფერია ნათქვამი (ხმები: ეს არის პრინციპი!). აი, ეს არის პრინციპი უპრინციპობისა, ვინაიდან მას არავითარი კონკრეტიული სახე არა აქვს. იგი მხოლოდ მშრალი ლოზუნგია. არაფერი ამის მსგავსი არ არის შეტანილი არც გერმანიის და არც სხვა სახელმწიფოს კონსტიტუციაში.

მეორე საფუძველი ესერების ეკონომიურ პოლიტიკისა არის მიწის სოციალიზაცია. აი, წავიკითხავ: ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლება მიწაზე, ტყეზე, მადნებზე და სხვ. ეს მას შემდეგ, რაც ყველაფერი ეს ამავე პროექტით სახელმწიფოს საკუთრებად არის გამოცხადებული. ეს არის ცნობილი უტოპია რუსეთის „ობშჩინისა“, რომლის ასავალ-დასავალი ეძიეს რუსეთის ესერებმა რამდენიმე ათეულ წლების განმავლობაში და ვერ იპოვნეს და ახლა ჩვენს სწორუპოვარ ესერებს უნდათ რამდენიმე მუხლში ჩამოაყალიბონ. არის ჩვენში რაიმე ამგვარი? არის ჩვენში ისეთი ელემენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს რუსეთის „ობშჩინა?“ - არ არის! მაშ, საიდან მომდინარეობს ესერების სოციალიზაცია? ეს გამომდინარეობს რუსეთის უტოპიიდან, რომელიც რუსეთის თემურ წყობილებაზე არის აღმოცენებული. ქართველ ესერებს კი ქართულ ნიადაგზე აქვთ ეს უტოპია გადმონერგული. რა შედეგი უნდა მოყვეს ამას? რა მცენარე, რა ყვავილი უნდა გაიფურჩქნოს საქართველოს საამისოდ მწირ ნიადაგზე? - არავითარი. შრომის უფლება და საყოველთაო შრომის ბეგარა და მიწის სოციალიზაცია არის საბჭოთა რუსეთის ორიოდე დეკრეტის შინაარსი და ისეთსავე ნაყოფს მოიტანს, როგორიც მოიტანა იქ, რუსეთში. არც მეტს, არც ნაკლებს.

ჩვენ გაკვირვებით ვამბობთ: ჩვენ გვაქვს პატარა წარმოება, არ გვაქვს დიდი მეურნეობა. გვყავს პოლიტიკურად შეგნებული მუშები და გლეხები და ამ ძალებს ვეყრდნობით. უზრუნველყოფა მუშისა და გლეხისა არის აუცილებელი, რომ ამ გზით შეიქნეს წყარო წარმოებისა, განვავითაროთ იგი, შევქმნათ საზოგადოებრივი წარმოება სახელმწიფოსა და თვითმმართველობის საშუალებით. ამ გზით გვინდა მოვამზადოთ ნიადაგი მომავალ სოციალისტურ წყობილებისათვის. აქ სოციალ-რევოლიუციონერები დაიწყებენ დავას: დაამტკიცეთ, კაპიტალისტურ წყობილებაში ვართ თუ სოციალისტურშიო. ასე დააყენა კითხვა ლეო შენგელაიამ და ამაზე ილაპარაკა მან მთელი საათი. ჩვენ ვამბობთ, რომ დღევანდელი წყობილება არის მოსამზადებელი სოციალიზმისათვის. რომელ მომენტში, რომელ წუთში შეგვიძლია ვსთქვათ, რომ უკვე დაბადებულია სოციალიზმი და უკვე საბოლოოდ დამარხულია კაპიტალიზმიო, ამის გამოცნობა არც ერთ აკუშერს არ შეუძლია. დღეს არის დაბადების პროცესი არა თუ ჩვენი, არამედ მთელი ევროპის. კულტურა ამ მომზადების, ამ გარდაქმნის პროცესში იმყოფება. ჩვენ რომ თავის ამარა ვიყოთ მხოლოდ, მაშინ ვიტყოდით, რომ სოციალიზმზე დაშორებული ვართო. მაგრამ რომელ მომენტში დამყარდება წმინდა სოციალისტური წყობილება, ამის გადაწყვეტა არავის არ შეუძლია, არავის ძალუძს ხაზის გავლება. ეს აღემატება ადამიანის გონებას, ვინაიდან ეს გარდაქმნა მეტად რთული პროცესია (შენგელაია: არ გახსოვთ, ენგელსი რომ სწერდა: Прыжокъ исторіи-ო?). ბატონო შენგელაია, თქვენი შეცდომა და უბედურება იმაშია, რომ ისტორიულ ნახტომს რამდენიმე ათეული წლები სჭირდება. თქვენი ნახტომი არის უბრალო ხტუნაობა. მხოლოდ ისტორიული ნახტომი არის ხშირად 100 წლის პროცესიც კი. თუნდაც აიღეთ საფრანგეთის რევოლიუცია. ის არ გახლავთ იოლი ნახტომი, ერთი ფეხის ნაბიჯის ოდენი, როგორც ეს თქვენ წარმოგიდგენიათ, და ამის უფლება კი თქვენ არა გაქვთ. მიტომ არის, რომ თქვენი თეორია არ შეეგუება არც ცხოვრებას და არც მეცნიერებას. მე ვამბობ, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი გარდამავალი წყობილება, აქ ეს უნდა ვსთქვათ აშკარად. მისთვის გარკვეული სახელის მიცემა არ შეიძლება ისე, როგორც დღემდე არ არის დამტკიცებული, თუ რომელი თვიდან ითვლება ბავშვი ცოცხალ არსებად, როდესაც ის ჯერ კიდევ დედის მუცელშია და ამის დამტკიცება არც შესაძლებელია. მხოლოდ მას შემდეგ კი, როდესაც ბავშვი დაიბადება, როდესაც ის თავის დედის სხეულს გაშორდება, როცა ცალკე ორგანიზმად დაიწყებს არსებობას, - მაშინ ყველა აშკარად იტყვის, რომ ის ცოცხალი არსება არის. ე.ი. მაშინ, როდესაც პროცესი წარმოშობისა დამთავრებული არის, საქმის გაგებაც ადვილია. ადვილი არის გაგება, თუ როგორი არის წესწყობილება. აქ კი, სანამ ეს გამოირკვეოდეს, - ორი მხრიდან მოისურვეს გარკვეული დაღის დასმა, - მემარჯვენეებმა, რომლებიც ეხლა გალალულან სხდომიდან, მოისურვეს ბურჟუაზიული და კერძო საკუთრების დაღის დამჩნევა ჩვენს კონსტიტუციაზე; მემარცხენეებმა კი სთქვეს, რომ დავაწეროთ მას სოციალიზმი და ეს არის საკმარისი, - მივაწერთ იარლიკს და, მაშასადამე, საქმეც გაკეთებული იქნებაო. მაგრამ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მარტო სახელწოდების დარქმევით არაფერი არ გაკეთდება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს დაარქვათ ივანე ან პეტრე, მაგრამ ამით იმის ხასიათს ვერ გაიგებთ. და თუ თქვენ საზოგადოებრივ წყობილებას დაარქმევთ სოციალისტურს ან ბურჟუაზიულს, - ამით თქვენ განსაზღვრავთ თქვენს შეხედულებას და არა საზოგადოებრივ ხასიათს. და თუ თქვენი შეხედულება არ შეეფერება რეალობას, - ის იქნება უარყოფილი ცხოვრებისაგან. და ჩვენ სწორედ ამას ვერიდებით. ამიტომ ჩვენ დღეს ასეთ დიაგნოზს ვსვამთ: ეს არის ხანა სოციალისტური წყობილებისათვის მზადებისა. ამისათვის სახელმწიფო მეცნიერული სოციალიზმის მიხედვით უნდა შეეცადოს ყველა იმ ძალების დაცვას, რომლებიც სოციალიზმის ნამდვილი მემკვიდრენი არიან და რომლებიც უნდა გახდნენ მესაფლავეებად ძველი წყობილებისა. აი, აქეთ მუშაობენ მთავარი ძალები, რომლებიც მომავალში სოციალიზმს ქმნიან. ეს არის მთავარი მიზანი, მთავარი აზრი იმ თავებისა, რომელსაც სოციალური უფლება ეწოდება ჩვენს კონსტიტუციაში. იტყვიან, იქ სულ ცნობილი სიტყვები არისო. მართლაც, სოციალ-რევ. პროექტში არის ცარიელი სიტყვა: კონტროლი მუშებისაო და სხვა ასეთები. ყველა ეს ჩვენს პროექტში არ არის. პირიქით, აქ არის ისეთი გარანტიები, რომლებიც არც ერთს კონსტიტუციას არ მიუცია მუშათა კანონმდებლობისათვის: ეს არის მატერიალური გარანტია. აქ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ სოციალისტური უფლების განმარტება თუ მივანდეთ სასამართლოს, ეს საკმარისი იქნებაო. მივანდეთ და გათავდა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფა, გარანტია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის, რაც ადამიანის, მოქალაქის სოციალურ უფლებას შეადგენს, უეჭველად განხორციელდება და ამისათვის უნდა იყოს გადადებული ბიუჯეტის განსაკუთრებული ნაწილი. და აი, ეს არის გარანტია იმისა, რომ ამ უფლების შესასრულებელი ნიადაგი უკვე მზად არის, მისი განხორციელება - უკვე უზრუნველყოფილი. დიაღ, ჩვენ გვაქვს ამ მხრივ უდიდესი გარანტია: ეს არის ბიუჯეტის ნაწილის აუცილებელი გადადება ყოველ წლიურად ამ საქმისათვის. სწორედ ამ საზოგადოებრივ და სოციალურ უფლების დაცვისა და განხორციელებისათვის არის ნათქვამი 137-ე მუხლში ბიუჯეტის 5 პროცენტის გაღების შესახებ. ამ გარემოებას თქვენ მიუმატეთ მთელი რიგი ორგანიზაციებისა, რომლებიც შესდგება მუშებისა და მწარმოებლებისაგან, როგორც მაგალითად, შრომის ბირჟა და მთელი რიგი სხვა დაწესებულებისა, რომლებიც განაგებენ ამ უფლების რეალიზაციას, და 8 საათის სამუშაო დღის დაკანონება კონსტიტუციით, აუცილებელი დაზღვევა შრომის და სხვა, ცარიელ სიტყვებად ეს მოგეჩვენებათ. პირიქით, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ აქ ამ ნაწილში ჩვენი კონსტიტუციისა სავსებით არის გამოხატული როგორც ძირითადი ტენდენციები ჩვენი რესპუბლიკისა, ისე ძლიერება მის მთავარ მამოძრავებელ ძალისა - მუშათა კლასისა. ბატონ გვაზავას ეს გარემოება არ მოსწონს. მას არ მოსწონს, რომ ერთმა კლასმა თავისი დაღი დაასვას ერის ნებისყოფას და მის გამოხატულებას. მე კი ვამბობ, რომ ეს არის აუცილებელი. მთლიანი ერი, განყენებული არ არსებობს: იგი კლასთა კრებულია, იგი კლასთა ბრძოლაში და დუღილში იხატება. სხვაგვარი ფორმა სოციალური გამოხატულებისა მას არა აქვს და ამ ბრძოლაში ერთს რომელიმე კლასს ეკუთვნის უპირატესობა, - სხვანაირად არ შეიძლება წარმოდგენა სახელმწიფოსი.

როდესაც ამ უპირატესი კლასის მუშაობა და მოქმედება შეეფერება ერის ინტერესებს, - მაშინ ეს კლასი არის ეროვნული კლასი, - მაშინ ის არის გამომხატველი მთელი ერის ნებისყოფისა. დღეს ასეთი არის დემოკრატია და მისი ავანგარდი - მუშათა კლასი. და ამიტომ მუშათა კლასი არის უაღრესად ეროვნული კლასი და კონსტიტუციაც მის პრინციპებზეა აგებული. კონსტიტუცია მისი შექმნილი არის უაღრესად ეროვნული სწორედ იმიტომ, რომ ის ამ კლასის არსებობის მთავარ ინტერესებს იცავს და ამით მთელი ერის ძირითად აზრს გამოხატავს. აი, ეს გახლავთ უმთავრესი და არა ის, რომ ჩვენ არც ერთ კლასს არ დავეყრდნოთ, არამედ დავეყრდნოთ რომელიმე ლამაზად დახატულს ოცნებას. ამას გვეუბნება მარქსისტული თვალსაზრისი და მეცნიერული სოციალიზმის თვალსაზრისი. ეს არის უდიდესი და უპირველესი გზა სოციალისტურ წყობილებისაკენ მიმავალი. ამიტომ, ვათავებ რა ჩემს სიტყვას, მე არ შევუდგები სოციალ.-რევოლ. დებულებების განხილვას არსებითად, - ალბათ, თაობრივ განხილვის დროს გვექნება საშუალება კონკრეტიულად დაუპირდაპიროთ ჩვენი კონსტიტუციის პროექტს მათი კონსტიტუციის პროექტი და მაშინ დავინახავთ კონკრეტიულად ერთის ღირსებასაც და მეორის ღირსებასაც. ეხლა კი ვიტყვი, რომ ჩვენი კონსტიტუცია არის ერთი უდიდესი ცდა, ისტორიული ცდა იურიდიულ ფორმაში იმ გზის ჩამოყალიბებისა, რომლისთვისაც სოციალ-დემოკრატია იბრძოდა მთელს ევროპაში, იბრძვის დღესაც და რომლითაც იგი ფიქრობს მიაღწიოს მომავალ სოციალისტურ წესწყობილებას; და კიდეც რომ შეცდომები იყოს ამ პირველ ცდაში, - ეს პირველი და დიდი გაკვეთილი საისტორიოდ მაინც დარჩება და ეს კონსტიტუცია ასეთ სამაგალითო სახელით შევა საკაცობრიო ისტორიაში (ტაში).

თავმჯდომარე: დღევანდელი სხდომა დასრულებულია. გთხოვთ მოისმინოთ სენატორ ვლ. ქუთათელაძის განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ (მდივანი კითხულობს). საკითხი ქუთათელაძის ნაცვლად სხვა კანდიდატის არჩევისა გადაეცემა დამფუძნებელი კრების სარეკომენდაციო კომისიას. სხდომას დახურულად ვაცხადებ.

სხდომა ნაშუადღევის 3 საათზე იხურება.

41 სხდომა 70*

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია 2

კვირას, 1920 წლის დეკემბრის 19. შუადღის 12. საათ.

დღიური წესრიგი

1/232 განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის

პირველი (ზოგადი) წესით განხილვისთვის.

კომისია და მომხსენებელი: საკონსტიტ. [კომისია]. პ. საყვარელიძე.

______________

* წყარო: სცსა. ფ. 1833. ანაწ. 1. ს. 736. ფ. 195.

42 სამოცდამეთერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია მეორე

(71)

1920 წელი, დეკემბრის 21, სამშაბათი. ტფილისი. სასახლე.

შინაარსი:

1. საბოლოო ტექსტი.

2. დეკრეტი - საბურთალოზე არსებული რადიო-სადგურის საჭიროებისათვის კერძო პირთაგან ჩამორთმეული უძრავი ქონების საფასურად 867.501 მან. გადადებისა.

3. დეკრეტი - რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შესანახად ხარჯის 75%25 ხაზინის მიერ ანაზღაურებისა.

4. პირველი ზოგადი განხილვა - კანონ-პროექტისა ქ. ახალციხეში სამხედრო-სასურსათო მაღაზიის დაარსებისა.

5. განგრძობა მსჯელობისა - მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება შუადღის 12 სთ. და 55 წთ.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ფოსტა-ტელეგრაფის კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა.

2. განგრძობა მსჯელობისა - მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

:

3. დეკრეტი - საბურთალოზე არსებული რადიო-სადგურის საჭიროებისათვის კერძო პირთაგან ჩამორთმეული უძრავი ქონების საფასურად 867.501 მან. გადადებისა.

4. დეკრეტი - რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შესანახად ხარჯის 75%25 ხაზინის მიერ ანაზღაურებისა.

5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქ. ახალციხეში სამხედრო სამინისტროს სასურსათო მაღაზიის დაარსებისა.

თავმჯდომარე: წინადადება გახლავთ დღიურ წესრიგის შესახებ. ერთი წინადადება არის სოც.-დემ. ფრაქციის, რომ მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების შესახებ გადაიდვას ბოლო საკითხად. მეორე - არის პრეზიდიუმის, რომ მეორე საკითხი დღესვე იქნეს განხილული და მიღებული (წინადადებები კენჭის ყრით მიღებულია). შემოტანილია რამდენიმე შეკითხვა, პრეზიდიუმს სურს წინასწარ გამოარკვიოს საკითხი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ შეკითხვების განხილვის წესი არის მიღებული რეგლამენტით, რომელიც მიღებულია დამფუძნებელი კრების მიერ. მაგრამ დამფუძნებელმა კრებამ მოისურვა ცვლილებების შეტანა. განსაკუთრებული დადგენილება იყო, რომლის ძალით შეკითხვები უნდა გაემართა დამფუძნებელი კრების პლენუმს პარასკეობით. შემდეგ ეს წესი შეიცვალა იმ დადგენილებით, რომელიც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ. თანახმად ფრაქციების წარმომადგენელთა თათბირისა, პარასკევი დაეთმო კონსტიტუციის განხილვას, გარდა იმ სასწრაფო აქტებისა, რომელთა მიღებაც აუცილებელია. ასეთია მდგომარეობა. ახლა პრეზიდიუმს სურს გამოარკვიოს: რჩება რეგლამენტი ძალაში, თუ შეკითხვები სხდომის დასასრულს იქნება ან 2 საათის შემდეგ? როგორ ინებებთ: 2 საათიდან შეუდგებით შეკითხვას, თუ დასტოვებთ ძალაში 70-ე მუხლს რეგლამენტისას, რომელიც ამბობს: (კითხულობს). აი, ეს მუხლი გნებავთ დასტოვოთ ძალაში, თუ 2 საათიდან გნებავთ? თუ სიტყვა არავის სურს, კენჭს ვუყრი. ბ. ილია ნუცუბიძე.

ილია ნუცუბიძე (ს.-რევ.): ვინაიდან, ბატონებო, შეკითხვა მეტათ სერიოზულია, ეხება ძირითად საკონსტიტუციო საკითხს, ეს შეკითხვა აღიარებულია სასწრაფოდ. ამიტომ იგი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ. თუ პირველ რიგში არა, მაშინ 2 საათიდან; თუ 2 საათიდანაც არა, მაშინ დღეს საღამოზე უნდა დაინიშნოს საგანგებო სხდომა. ეს შეკითხვა სერიოზულია და ეხება ჩვენი რესპუბლიკის უფლებრივ საფუძვლებს. ამიტომ ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ დღეს იქნეს ამ საკითხის გამო დანიშნული სხდომა საღამოზე.

თავმჯდომარე: ეს წინადადებაა, რომ საღამოზე იქნეს დანიშნული განსაკუთრებული სხდომა (ი. ლორთქიფანიძე: ან პირველ რიგში იქნეს განხილული!). ახლა კენჭს ვუყრი: პირველი რადიკალური წინადადება - ძველი წესი დარჩეს ძალაში, მეორე - 2 საათიდან განვიხილოთ შეკითხვა, მესამე - საღამოზე დაინიშნოს საგანგებო სხდომა (კენჭის ყრით მიღებულია პირველი წინადადება). ამნაირად, თანახმად რეგლამენტისა, დღეს სხდომის დასასრულს შევუდგებით შეკითხვას.

ახლა პირველ საკითხს მოგახსენებთ ქრისტინე შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს დღიურ წესრიგის მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებს, რომლებსაც დამფუძნებელი კრება უკამათოდ იღებს).

თავმჯდომარე: შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ნ. იმნაიშვილს ეკუთვნის.

1. დეკრეტი - საბურთალოზე არსებული რადიო-სადგურის საჭიროებისათვის კერძო პირთაგან ჩამორთმეული უძრავი ქონების საფასურად 867.501 მან. გადადებისა.

. იმნაიშვილი (მომხს.): მთავრობის მიერ წარმოდგენილია დეკრეტი, რომ საბურთალოზე არსებული რადიო-სადგურისათვის კერძო პირთ ჩამოერთვათ უძრავი ქონება. შინაარსი ამ საქმისა ამნაირია: ზაფხულზე იტალიის ადგილობრივ პოლიტიკური მისიის მეთაურმა სთხოვა ჩვენს მთავრობას, რომ მას მიეცა ნებართვა მისიისთვის აქ ტფილისში დაედგა რადიო-სადგური. ასეთ ადგილად მისიას აერჩია საბურთალო. მისიამ აღძრა შუამდგომლობა ჩვენი მთავრობის წინაშე, რომ სათანადო შენობა რადიო-სადგურისთვის და მიწაც შეეძინა, ან იჯარით აეღო. მთავრობა შეეკრა მისიას სათანადო ხელშეკრულებით, რომლის ძალით ნება დართული იყო ამ სადგურის აგება იქ, საბურთალოზე და რომლის ძალით შემდეგ, როცა იტალიის მისიისთვის საჭირო აღარ იქნებოდა და რესპუბლიკას ექნებოდა სადგური სიძლიერით მეტი, ვიდრე მისიის, ეს სადგური მთელი მოწყობილობით გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკას. აი, ასეთი ხელშეკრულების ნიადაგზე ჩვენმა მთავრობამ ნება მისცა იტალიის მისიას, იქ მოეწყო რადიო-სადგური და აეღო მეპატრონეებისაგან მიწა და შენობები. ახლა წარმოდგენილი გახლავთ დეკრეტი, რომ კერძო პირთაგან შესყიდული იქნეს მიწა და შენობები, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, როცა ჩვენი სადგური უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იტალიის მისიის, ყველაფერი ეს ჩვენს რესპუბლიკას დარჩება.

ამ სადგურის გამოსარკვევად მთავრობას დაუნიშნავს სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია, რომელსაც გამოურკვევია რაოდენობა ამ მიწისა. იგი უდრის 330 კვ. საჟენს და შეუძენია შენობები.

ჩვენში არსებობს შარშანდელი 11 ივლისის კანონი, რომელიც ეხება სახელმწიფო საჭიროებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას. ამ კანონის ძალით დაუდგენიათ, რომ ეს მიწები ჩამოერთვას მეპატრონეებს. წინადადება მიეცა მიწის და შენობების პატრონებს, რომ ეს მიწა და შენობები ფასით გადაეცეს რესპუბლიკას. პირველად პატრონები წინააღმდეგნი ყოფილან, მაგრამ ბოლოს მათაც თანხმობა განუცხადებიათ. ასე რომ, ფორმალური მხარე შესრულებულია, რომ რესპუბლიკამ შეიძინოს ამ რადიო-სადგურისათვის მიწა და შენობები. ეს გახლავთ შინაარსი ამ დეკრეტისა. დეკრეტი განიხილა სამხედრო კომისიამ და მიიღო. საფინანსო კომისიაც ადასტურებს.

თავმჯდომარე: სამხედრო კომისიის მომხსენებელი ბ. ჩხენკელი.

. ჩხენკელი (მომხს.): სამხედრო კომისიის სახელით მოგახსენებთ, რომ ის უერთდება ამ თქვენ მიერ მოსმენილ მოხსენებას.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(დამფუძნებელი კრება იხილავს დეკრეტს მუხლობრივად ჩვეულებრივი წესით, იღებს მას და საბოლოო ტექსტისათვის სარედაქციო კომისიას აძლევს).

თავმჯდომარე: შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ბ. რუსია.

2. დეკრეტი რესპუბლიკის ქალაქთა მილიციის შესანახად ხარჯის 75%25 ხაზინის მიერ ანაზღაურებისა.

. რუსია (მომხს.): წლეულს ივლისის 6 დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი, რომლითაც დაამტკიცა შტატები რესპუბლიკის ქალაქის მილიციისა. ამ კანონის მეორე მუხლში ნათქვამია, რომ 75%25 ხარჯებისას იღებს ხაზინა, დანარჩენ 25 %25 კი ქალაქი. ამა წლის 1 ივნისიდან კი მეორე მუხლი არ არის ძალაში. ამიტომ თვითმმართველობის კომისია მოითხოვს, რომ ამ მეორე მუხლის ძალა გაგრძელებულ იქნეს 1 ივნისამდე 1921 წლისა, ე. ი. ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. ამგვარად, 75%25 ხაზინამ უნდა გაიღოს, დანარჩენი 25 %25 კი ქალაქმა. ასეთია შინაარსი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე: საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელი ბ. გომართელი.

. გომართელი (მომხს.): საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო იგი.

თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე: შემდეგ საკითხს მოგახსენებთ ნ. იმნაიშვილი.

3. პირველი ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა . ახალციხეში სამხედრო სამინისტროს სასურსათო მაღაზიის დაარსებისა.

. იმნაიშვილი (მომხსენებელი): კანონ-პროექტი გახლავთ წარმოდგენილი ახალციხეში სამხედრო სამინისტროს სასურსათო მაღაზიის დაარსების შესახებ. ასეთი მაღაზია იქ უკვე არსებობდა ძველი წყობილების დროს და ეხლაც არსებობს, იმიტომ რომ მასში არის დიდი პრაქტიკული საჭიროება. ტფილისიდან სურსათის პირდაპირ მიწოდება ახალციხეში დაბანაკებულ ჯარისთვის ძალიან ძნელია და ამიტომ ადგილობრივ უნდა არსებობდეს გამანაწილებელი პუნქტი, რომელსაც უნდა ევალებოდეს, ნაწილობრივ მაინც, იმ მოვალეობის მოხდა ჯარის წინაშე, რომელიც აქვს საერთოდ მთელი რესპუბლიკის ჯარის წინაშე სამნეო კომიტეტს. ასეთი სასურსათო მაღაზია არსებობდა აქამდეც, მაგრამ იგი დაკანონებული არ ყოფილა. ეხლა ეს კანონ-პროექტი არის წარმოდგენილი სამინისტროსაგან სასურსათო მაღაზიის შტატების დასაკანონებლად. აქ გახლავთ წარმოდგენილი ხარჯთ-აღრიცხვა ამ მაღაზიისა და დასკვნა იმ კომისიებისა, სადაც იყო განხილული ეს კანონ-პროექტი, - სამხედრო და საფინანსო კომისიებისა. ამ ჟამად, იქ, მაღაზიაში არის მხოლოდ ორი მოსამსახურე და ცხადია, რომ მარტო ესენი თავს ვერ გაართმევენ იმ მუშაობას, რომელიც აწევს ამ მაღაზიას სურსათის და სანოვაგის მიწოდების საქმეში. შტატი გადიდებულია ხუთით. ამას გარდა უნდა იყოს 2 ბეღლის გამგე, ორი თანმხლებელი ბარგისა, ოცი მუშა, ოთხი ცხენი და 2 საზიდავი. ამ ფარგლებში უნდა დაკანონდეს ამ კანონ-პროექტის ხარჯთ-აღრიცხვა. საბიუჯეტო წლის ბოლომდე, 1 ივნისამდე, ეს შეადგენს 1 მილ. 12 ათას მანეთს. სახელმწიფო კონტროლი თანახმა არის ამ ხარჯთ-აღრიცხვის გაღებისა. საფინანსო და სამხედრო კომისიაც თანახმანი არიან.

თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? მუხლობრივი განხილვა მიღებულია და მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.

გრძელდება მსჯელობა მთავრობის შემადგენლობის ცვლილების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომარაგების მინისტრს.

4. განგრძობა მსჯელობისა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ.

. ერაძე (მომარაგების მინისტრი): მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! არსებობს ერთი დებულება, რომლის ჭეშმარიტებას არსებული საზოგადოებრივი კლასები ერთნაირად აღიარებენ. ეს არის ის დებულება, რომ ყოველგვარი კრიტიკა უნდა იყვეს პირუთვნელი, ულმობელი, მიუდგომელი და სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი საზოგადოებრივი კლასი ამ დებულებას სამართლიანად სცნობს, ნამდვილად ყველა კლასი ერთნაირად პირნათლად და პირწმინდად ვერ ატარებს პრაქტიკულად ცხოვრებაში. რამდენად ბურჟუაზიულია კლასი, მეტად ულმობელი და დაუნდობელი არის, რომ ამცნოს სხვა კლასის დეფექტები და შეცდომები, იმდენად იგი უბადრუკი, მშიშარა და ქალაჩუნა არის თავის საკუთარ მოღვაწეობის დეფექტების აღიარებაში.

რით არის ეს გამოწვეული? იმით, რომ ბურჟუაზიული კლასი მოქმედებს რა სახელმწიფოში, მას აქვს სხვადასხვანაირი განწყობილება სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან თუ კლასთან ეკონომიურ ნიადაგზე. ბურჟუაზიას არ შეუძლიან საკუთარი მოღვაწეობა სამართლიანად დააფასოს იმ დროს, როცა ხალხისა და ბურჟუაზიის ინტერესებს შორის უთანხმოება არის; როცა მისი მოღვაწეობა ეწინააღმდეგება ხალხის ინტერესებს. მაგრამ ამავე დროს იგი იძულებული არის სთქვას არა სიმართლე, იმიტომ რომ მისი მოვალეობა არის დაიცვას საკუთარი კლასის ინტერესები. მუშათა კლასი, რომლის პარტიული წარმომადგენელი არის ჩვენი მთავრობა, არ არის ამ პირობებში ჩაყენებული... (ხმა ადგილიდან: ის არის ერის წარმომადგენელი!). დიახ, ერის წარმომადგენელი! მხოლოდ ამავე დროს მუშათა კლასის პარტიული წარმომადგენელი. მუშათა კლასს სიმართლის აღიარება თავის საკუთარ მოღვაწეობაზე არ აშინებს, რადგან დეფექტების აღნიშვნით ეძლევა საშუალება, რომ თავისი შეცდომები გაასწოროს და ამით ხელი შეუწყოს ერის და საკუთარი კლასის კეთილდღეობას.

ჩვენ იმ კრიტიკაში, რომელსაც აწარმოებდენ ამ ორი თვის განმავლობაში მომარაგების სამინისტროს წინააღმდეგ, ვერ ვნახეთ დარბაისლური კრიტიკა, ვერც ამ ტრიბუნაზე და ვერც პრესაში. უნდა ვაღიაროთ, რომ ერთად-ერთი ჯგუფი, რომელმაც დარბაისლობა დაიცვა ამ საქმეში, იყო გაზეთი «Кавказское Слово»... (სიცილი, ხმაურობა). ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ეს ჯგუფი დღევანდელ პირობებში გარიყული არის პოლიტიკურ ბრძოლის ასპარეზიდან. და რადგან იგი არ არის ასე აქტიურად ჩაბმული პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენი კლასის წინააღმდეგ, ამიტომ მან შედარებით უფრო შეინარჩუნა ობიექტივობა.

ბატონებო! დაცინვა, მასხარად და აბუჩად აგდება პიროვნებისა, უწყებისა არ არის და არსად იგი არ ყოფილა საბუთი სიმართლის დაცვისა. მთელი ის წყება მასხარად აგდებისა, რომელიც გამოდიოდა ნაციონალ-დემოკრატებიდან, „საქართველოდან“, რომ გუშინდელი „პრიკაზჩიკები“ დღეს განაგებენ სახელმწიფოს საქმესო... (სპ. კედია: ძალიან გეწყინათ?), ეს დავა არის ისტორიული დავა მუშათა კლასისა და ჩვენი ბურჟუაზიის შორის. თქვენთვის მიუღებელი და შეუძლებელი არის, რომ გუშინდელი „პრიკაზჩიკი“, „საპოჟნიკი“, დურგალი და კალატოზი, სახელმწიფოს სათავეში იდგეს. ეს თქვენთვის მიუღებელი და მოუნელებელი არის. ეს დავა თქვენსა და ჩვენს შორის არის ის დავა, რომელიც 25 წლის წინედაც არსებობდა. იგი დაიწყო ილია ჭავჭავაძიდან. როცა მუშათა კლასი პირველად გამოვიდა საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე, მას ილია ჭავჭავაძემ ნულები დაუძახა... (შ. ნუცუბიძე: თქვენ „ზაპასებზე“ ილაპარაკეთ!) და დღეს მას ეძახიან „პრიკაზჩიკებს“. ჭავჭავაძეს ჰქონდა აუარებელი თეორეტიული საბუთი ელაპარაკნა მაშინ მუშებზე ამგვარად. მაგრამ დღეს, როცა ოცდახუთმა წელმა განვლო მას შემდეგ და ქართველმა მუშათა კლასმა დაამტკიცა თვისი პოლიტიკური სიმწიფე, განა გაქვთ უფლება ასეთი ლაპარაკისა? განა სამი წლის არსებობა ჩვენი სახელმწიფოსი იმას არ ამტკიცებს, რომ თქვენი ნათქვამი დარღვეული არის ცხოვრებისაგან? აზერბაიჯანში მეთაურობდა ბურჟუაზიული კლასი, ბეგები და კაპიტალისტები. მათ ვერ შესძლეს იმ უნარის და გამჭრიახობის გამოჩენა, რომ შეენახათ საკუთარი სახელმწიფო და დაეცვათ თვისი ერი. მეორე მაგალითი - სომხეთში სათავეში იდგა ბურჟუაზია. მათაც ვერ გამოიჩინეს უნარი და ენერგია, რომელიც საჭირო იყო ერის დასაცავად. აქ კი, სადაც მუშათა კლასი დადგა სახელმწიფოს სათავეში, სამი წელია აწარმოებს თავის პოლიტიკას და მან თვისი შეგნების და მომწიფების გამო მოგვიყვანა დღემდე. განა ეს პრაქტიკულად დამტკიცება არ არის იმისა, რისიც თეორეტიულად წინააღმდეგნი იყავით წარსულში! (ხმა: რა შუაშია აქ ერაძე? გ. გვაზავა: აკი ამიტომ გვიცნო ერთა ლიგამ!). ამიტომ აბუჩად აგდება, სიცილის დაყრა იმაზე, თუ ვინ რომელ როლს თამაშობს წარმოებაში, არ არის საბუთი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. როცა გინდათ დაამტკიცოთ რომელიმე დებულება, თქვენ უნდა მოიყვანოთ მხოლოდ საბუთები, ჩვენ კი თქვენგან ვერც გავიგონეთ და ვერც ვინახულეთ ეს საბუთები. მე ნება მიბოძეთ, რომ თქვენს უსაბუთობას დავუპირდაპირო საბუთები. „ვინც რომ თავი არ იცის, იგი ბოლოსაც ვერ გაიგებსო“, - ეს ქართული ანდაზა თქვენთვის არის საჭირო, რომ იცოდეთ. ვისაც უნდა პირუთვნელად დააფასოს მომარაგების სამინისტროს მოღვაწეობა, მან არ უნდა დაივიწყოს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, ფინანსიური და ეკონომიური მდგომარეობა და არც ის მდგომარეობა, რომელიც იყო ამ ორი წლის წინედ.

მომარაგების სამინისტრო დაარსდა იმ დროს, როცა ჩვენში მეტად დიდი გაჭირვებული მდგომარეობა იყო. რაში გამოიხატებოდა კონკრეტიულად ეს მდგომარეობა?

ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ მუშათა კლასმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც იქონია დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა სახელმწიფოს ფინანსების მოწესრიგების საქმეში. იგი არ იყო უზრუნველყოფილი თუნდაც იმდენად, რამდენადაც დღეს არის. გარდა რკინის გზის მუშებისა, გარდა 4 ათასი კაცისა - ტფილისის მუშებისა, არავის არ ეძლეოდა სახელმწიფოსაგან პური. სწორედ ამ პურის უქონლობა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ მუშებმა განაცხადეს: „ბატონებო, არ გვინდა თქვენ მიერ ჯამაგირის მომატება, ოღონდ საქმე დააყენეთ ისე, რომ ჩვენ შეძლება მოგვეცეს პურის მიღებისა, ურომლისოდ ცხოვრება შეუძლებელია. რაკი ჯამაგირის გადიდება, ფულის გაღება არავითარ რეალურ გავლენას არ ახდენს ჩვენი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, პირიქით, ზედმეტი ბონების გამოცემა რევს ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობას, ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, ოღონდ პური მოგვეცითო“.

ეს პურის მიცემა არ იყო პატარა და ადვილი საქმე. ეს იყო უდიდესი საქმე და ამის მოწესრიგება იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მეტად ძნელი და დიდი ენერგიის მომთხოვი იყო. მე მესმის ისეთმა ხალხმა გვითხრას, არაფერი გაგიკეთებიათო, რომელსაც არავითარი წილი არ მიუძღვის მსოფლიო უბედურებაში, მაგრამ ხომ თქვენმა წარმომადგენლებმა (ბურჟუაზიამ) 5 წლის წინეთ ასტეხეს საერთაშორისო ომი, ქვეყანა მიანგრ-მოანგრიეს, - რკინის გზა, წარმოება, აუარებელი ოქრო-ვერცხლი ჩაღუპეს, მილიონობით ხალხი დაღუპეს, მილიონობით დაამახინჯეს და მსოფლიო უფსკრულის პირამდე მიიყვანეს. აი, ასეთი ხალხი ახლა მოგვდგომია და გვეუბნება: რატომ სამოთხე არ ააშენეთო. განა ჩვენ დანგრეული და ეკონომიურად განადგურებული ქვეყანა არ მივიღეთ სამემკვიდრეოდ? განა ჩვენ რომ სამოქმედო ასპარეზზე გამოვედით, ყველაფერი რიგზე იყო?

როცა მომარაგების სამინისტრო დაარსდა, მაშინ ჩვენი ქვეყანა დამშეული იყო. რაჭა დამშეული იყო, ახალქალაქის და ახალციხის მაზრები დამშეული და განადგურებული იყო, ტფილისის მაზრის ერთი ნაწილი დამშეული იყო, შორაპნის და სენაკის მაზრები ექვსი თვის შემდეგ დაიმშენ, ზუგდიდის მაზრის ერთი ნაწილი ექვსი თვის შემდეგ დაიმშა. ჩვენს პატარა ქვეყანაში აი, ამდენი მაზრა დამშეული იყო, ჩვენი სახელმწიფო კი არ იყო ისე აწყობილი, რომ ყოველი დარგი ისე ყოფილიყო ჩამოყალიბებული და მოწყობილი, როგორც ეს სახელმწიფოსათვის საჭირო იყო. ამაში ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის. და განა ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევსძლებდით იმას, რასაც სხვაგან 100 წლის განმავლობაში აკეთებენ? თქვენ თუ დაამტკიცებთ, რომ სახელმწიფოს არ ემჩნევა ტენდენცია წინსვლისა, განვითარებისა და განმტკიცებისა, მაშინ სხვა საკითხია; მაგრამ სანამდის თქვენ ეს არ დაგიმტკიცებიათ, უფლება არა გაქვთ ილაპარაკოთ: არაფერი გაკეთებულაო.

ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთი დამშეული იყო, ჩვენი საზღვრები კი ჯეროვანად არ იყო დაცული და ნახევარზე მეტი კახეთში მოსული პური გაზიდულ იქნა საზღვარ-გარეთ. ამრიგად, შიგნით შიმშილი, მეზობლებიც დამშეული, აი, რა პირობებში ჩავიბარეთ ჩვენ მომარაგების სამინისტრო. ეს იყო იმ დროს, როცა ახალი მოსავლის პირველი პერიოდი უკვე გასულიყო და ყიდვის სეზონი გაშვებული.

აი, ამ პირობებში, როცა სახელმწიფო ფინანსიურად გაჭირვებული იყო, მომარაგების სამინისტროს არ ჰქონდა საშუალება, რომ თითიდან გამოეწუწნა პური (სპ. კედია: ეს უნდა ექნა!). ეს თქვენ თუ შეგიძლიათ, ქენით თქვენი კლასისათვის, ვინაიდან ისიც დამშეულია. ჩვენ ეს არ შეგვეძლო. ჩვენ მიერ დასახული მიზნის განსახორციელებლად საჭირო იყო შეძლება და ქონება. ეს კი, როგორც მოეხსენება დამფუძნებელ კრებას, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნდა. მას არ ჰქონდა საჭირო ოქრო, ვერცხლი, ისეთი ფული, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო საზღვარ-გარედ და რომლის საშუალებით ქონების შეძენა შეიძლებოდა იქ.

როგორი იყო ის აპარატი, რომელიც ჩვენ დაგვხვდა?

სანამ მომარაგების სამინისტრო დაარსდებოდა, არსებობდა სასურსათო ორგანიზაცია 3 თვის განმავლობაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ ამ ხნის განმავლობაში ვერ შესძლო სათანადო აპარატის მოწყობა. ამიტომ მომარაგების სამინისტროს დაარსება ნიშნავდა მომარაგების მინისტრის დანიშვნას, ვინაიდან ჩვეულებრივ პირობებში, როცა ერთი მინისტრი მიდის და მეორე ინიშნება, უკანასკნელს მოწყობილი აპარატი ხვდება. მომარაგების სამინისტროს მიმართ აი, ეს ასე არ ყოფილა, საქმეები კი მეტად საძნელო დაეკისრა. ქვეყნის გამოკვება, მუშა-მოსამსახურეთათვის საჭირო საგნების შეძენა მინისტრისათვის უაპარატობის გამო მეტად საძნელო იყო და ვინც უნდა ჩამდგარიყო ამ საქმეში, ყველასათვის ისევე საძნელო იქნებოდა ამ საქმის მოგვარება.

ჩვენ პირველად ყოვლისა დავაყენეთ საკითხი: რა უნდა გავაკეთოთ?

და მაშინათვე ჩამოვწერეთ ის, თუ რა იყო საჭირო, რომ ჩვენ მიერ დასახული მიზანი კონკრეტიულად განგვეხორციელებინა. იმ ამონაწერიდან, რომელსაც მე თქვენ წაგიკითხავთ, თქვენ დაინახავთ, თუ რა დიდი, ბუმბერაზი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი მომარაგების სამინისტროს. თქვენ სწორედ ამ საქმიდან დაინახავთ, თუ რამდენად მძიმე და პასუხსაგები მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული მომარაგების სამინისტროს. რაში გამოიხატებოდა ჩვენ მიერ დასახული პროგრამა-მინიმუმი?

ჩვენ უნდა გაგვეძღო ჯარი. მისთვის ნაანგარიშევი იყო 600.000 ფუთი. მუშა-მოსამსახურეთ რომ 1 1/2 გირვანქა პური მიეღოთ, საჭირო იყო 1.800 ათასი ფუთი ხორბალი; ავადმყოფთათვის და დასახიჩრებულთათვის საჭირო იყო 130 ათასი ფუთი - სულ 2 მილიონ 530 ათასი ფუთი. მაშინდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ, ამას სჭირდებოდა 1 მილიონ 87 ათასი გირვანქა სტერლინგი. და თუ დღევანდელ ფასებზე ვიანგარიშებთ, გამოვა 8 მილიარდი 435 მილიონი მანეთი. გარდა ამისა, საჭირო იყო ცხენისათვის ფურაჟი - 586 ათასი ფუთი. ამას უნდოდა 115 ათასი გირვანქა სტერლინგი. საჭირო იყო მუშა-მოსამსახურეთ, ჯარი და გვარდიისათვის 130 ათასი ფუთი; ამას სჭირდებოდა 75.000 გირვანქა სტერლინგი. გარდა ამისა, გვჭირდებოდა 1 მილიონი ფუთი მარილი, რისთვისაც საჭირო იყო 68 ათასი გირვანქა სტერლინგი; ზეთი 80 ათასი ფუთი 60.000 გირ. სტერლინგი, შაქარი მუშა-მოსამსახურეთ და გვარდია-ჯარისთვის 120 ათასი ფუთი, რაც მოითხოვდა 120 ათას გირ. სტერლინგს. ნავთი 3 მილიონი ფუთი - 451 ათასი გირვანქა სტერლინგი, სპიჩკა 4 მილიონი პაჩკა - 34.000 გირ. სტერლინგი; ფეხსაცმელი ჯარისათვის, გვარდია, მუშა-მოსამსახურეთათვის - 210 ათასი წყვილი. აქედან ვფიქრობდით, რომ შიგნით გაკეთდებოდა 50 პროც. ამ საქმისათვის საჭირო იყო 78.750 გირ. სტერლინგი. საჭირო იყო ტყავი 10 ათასი ფუთი. ამას უნდა 52 ათასი გირ. სტერლინგი, ტანსაცმელი 2 მილ. 100 ათასი არშინი. სულზე გამოანგარიშებული გვქონდა 5 არშინი, - 525.000 გირ. სტერლინგი; ჩითეულობა ჯარისკაცებისათვის 20 არშინი თითოს და მუშებისათვის - 10 არშინი სულზე - სულ 4 მილიონი 200 ათასი არშინი, - 210.000 გირ. სტერლინგი. სახელმწიფოსათვის ქაღალდი 100 ათასი ფუთი - 50.000 გირ. სტერლინგი, სულ 3.405.250 გირ. სტერლინგი ანუ 17.026.250.000 მანეთი. როდესაც შევატყეთ, რომ ასეთი დიდი თანხა დაიჭირა და სახელმწიფოს ამის საჭიროება არ ქონდა, დავანებეთ თავი სხვა საგნების სიაში შეტანას. ჩვენ დაგვრჩა აუარებელი საგნები, რომელიც აგრეთვე საჭირო იყო სახელმწიფოსათვის: მაშინები, რკინეულობა, ფოლადი, ბენზინი, ლურსმანი, შინები, ბაწარი, კანაფი, სოფლის მეურნეობისათვის საჭირო იარაღები. გარდა ამისა, - საერთოდ სახელმწიფოსათვის, გლეხ-კაცობისათვის საჭირო აუარებელი მანუაფქტურა. აი ის, რაც ჩვენ არც გვიანგარიშია და არც ჩაგვიწერია.

აი ის, რომელიც ჩვენ არც ვიანგარიშეთ, არც ჩავწერეთ. ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვეძლო ასეთი მიზანი დაგვესახა, რომელიც აუცილებელი იყო და რომელიც შეადგენს მინიმუმს ჩვენი ცხოვრების აუცილებლობისათვის. ეს მინიმუმი ჩვენ უნდა გვერდზე გადავდოთ, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოს ამის უნარი არ ქონდა. სახელმწიფოში ამის შოვნა არ შეიძლებოდა: იგი უნდა მოგვეტანა საზღვარ-გარეთიდან და ამას კი უნდოდა ოქრო და საზღვარ-გარეთული ვალიუტა. ეს ვალიუტა არ მოგვეძებნებოდა. რა უნდა გვექნა? ფინანსიურის მხრივ ჩვენი მდგომარეობა იყო უარესი, ჩვენი ოპერაციის მხრივ ჩვენი მდგომარეობა იყო სავალალო. იმის მოწყობაც კი, რაც ჩვენ მიზნად დავისახეთ და რაზედაც მე მოგახსენებდით, საჭირო იყო გადაწყვეტა ერთი საკითხის: რა გზით უნდა წავსულიყავით - კონსტიტუციონურის თუ რევოლიუციონურის? (კედია: რა საკვირველია, რევოლიუციონურის!). ავიღოთ ჩვენ კონსტიტუციონური გზა, რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მომარაგების სამინისტრო ვერ გადადგამს ვერც ერთ პრაქტიკულ ნაბიჯს, რადგანაც მას წინა დღითვე უნდა შეემუშავებინა პროგრამა, შტატები. ეს პროგრამა და ეს შტატები უნდა დაემტკიცებინა კონტროლს და მერე ეს პროგრამა და ეს შტატები უნდა შემოსულიყო დამფუძნებელ კრებაში (კედია: მეტი ბარგი არის ეს, არა?). თვით ამ აპარატის მოწყობა-წარმოება ამ პირობებში იმ გზით, როგორც ეს სურს ბ. კედიას, არ შეიძლებოდა. მაშინ ჩვენ უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მოიქცა სახელმწიფო ბანკი. 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვამუშავებდით პროგრამას, ვაწყობთ შტატებს; 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით თანამშრომლებს და მხოლოდ 9 თვის შემდეგ, როდესაც მზა-მზარეულად იყო შენობა, თანამშრომლები თავის ადგილას, შტატი შეკრებილი, მოწონებული ყველას მიერ და აწონილ-დაწონილი, მან წინა დღით გამოაცხადა, რომ დაიწყებს იგი მოღვაწეობას და აი, მხოლოდ ყველა ამის შემდეგ შეუდგა მუშაობას. აი, გზა ნორმალური, ნამდვილი, საფუძვლიანი, რაზედაც უნდა შესდგეს ყველა ორგანო, რომელიც ისახავს მიზნად ამისთანა დიდი საქმის განხორციელებას. ამ გზით სიარული შეეძლო მხოლოდ ჩვენი ერის მტერს და არ შეეძლო სიარული იმას, ვინც არ იყო დაინტერესებული ამ საქმეში, როგორც ვაჭარი, რომ იგი იყიდოს და გაყიდოს 9 თვის შემდეგ: მას არა აქვს ამისათვის ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც იმ ორგანოსათვის, რომელიც გამოდის როგორც შემყიდველი და აგრეთვე მომხმარებელი. ჩვენ რომ ვყოფილიყავით მხოლოდ შემყიდველი მხოლოდ იმ საგნებისა, იმ საქონლისა, რომელიც უნდა მიგვეწოდებინა სახელმწიფოსათვის, ჩვენ დალაგებით შეგვეძლო იმ შტატების გამომუშავება, კონტროლის მიერ მოწონებული და შევდგომოდით ამ საქმეს. მაგრამ ჩვენ წინ იდგა ასეთი საკითხი: ან უნდა იაროთ თქვენ გადაჭრილი პირდაპირი, რევოლიუციონური გზით და იხსნათ სახელმწიფო გაჭირვებისაგან, ან უნდა შეუდგეთ ამ გზას კონსტიტუციონურს, რომელზედაც ბ. კედია გვითითებს. ეს გზა ჩვენ უკუ ვაგდეთ. მდგომარეობა რომ სერიოზული იყო, მდგომარეობა რომ მეტად საძნელო იყო, ეს იქიდან სჩანს, რომ ჩვენ დიდი შიში გვქონდა, რომ ჩვენი ხალხი არ დამშეულიყო, ვინაიდან ჩვენს საწყობებში მომარაგებული არაფერი გვქონდა. აიღეთ თქვენ ის დადგენილება, რომელიც გამოტანილი იქმნა მაშინ, როდესაც მომარაგების სამინისტროს გადაეცა ძველი ქონება ძველი ორგანიზაციისა. იქ არის ჩაწერილი, რომ გვარდიას ქონდა ოცი დღის, როდესაც რომ იგი ინახავდა 2.000 კაცს, ჯარს - სამი დღის საგზაო (ვეშაპელი: პროპორცია ისეთივეა, როგორც ჯარსა და გვარდიას შორის!), ხოლო მუშებს კი - 5 დღისა.

აი, ასეთ პირობებში ჩვენ წინ იდგა შიმშილის საკითხი და როდესაც ის 250 მილიონი მანეთი სასწრაფოდ და საჩქაროდ გაიღო დამფუძნებელმა კრებამ და სცნობდა მაშინ მდგომარეობის სერიოზობას და აი, იმ გზაზედ, რომელზედაც ბ. კედია გვითითებს, დამფუძნებელი კრებაც არ შესდგა, რადგანაც ის ცნობდა, რომ მდგომარეობა სერიოზული არის და საჭირო იყო გადაჭრით ხელის შეწყობა, გამოქომაგება. 250 მილიონი რომ მივიღეთ, ჩვენ განზრახვა გვქონდა, რომ თავი გვეხსნა შიმშილისაგან, მოგვეხმარებინა ხილსა და ბრინჯზე. თუ რომ ასე მოეწყობა საქმე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვექნებოდა საშუალება გვეშოვა პური მუშა-მოსამსახურეთა და ჯარისა და გვარდიისათვის და შიმშილით არ დახოცილიყვნენ, შიმშილი დაგვტეხოდა თავზე, ბრინჯი და თხილი მაინც გვქონოდა. აი, სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც პირველ პერიოდში დღიდან დაარსებისა მომარაგების სამინისტრო შეეჯახა და დახვდა.

ამ პირობებში ჩვენ შევუდექით მოღვაწეობას. ჩვენ ვთქვით, რომ ამ პროგრამა-მინიმუმის განხორციელება ჩვენთვის შეუძლებელია. ჩვენ ვერ შევძლებთ დავამზადოთ ამდენი პური, რომელიც საჭიროა ჩვენი სახელმწიფოსათვის. ერთად-ერთი საზრუნველი უნდა გვქონოდა ჩვენ ის, რომ გვეფიქრა საზღვარ-გარეთზე, საზღვარ-გარეთიდან პურის მოტანაზე იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ბლოკადა არ იყო მოხსნილი, ვაჭრობა არ იყო ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებული, როგორც დღეს არის, გზა არ იყო ხსნილი ევროპისაკენ. რასაკვირველია, ესეც საძნელო საქმე იყო, მაგრამ შედარებით შინაურ პირობებთან ეს გზა ამ საჭირო საგნებისა და ხორბლეულის მოტანისა იყო შედარებით უფრო რეალური და უფრო მიზანშეწონილი. რაკი ამისათვის აუცილებელი საჭირო იყო ქონება, სიმდიდრე ან უცხოეთის ვალიუტა, ამიტომ უმთავრეს მიზნად მომარაგების სამინისტრომ გაიხადა ამ ვალიუტის შეძენა. როგორ უნდა შეგვეძინა ეს ვალიუტა? ხაზინას იგი არა აქვს; თვით საკრედიტო დაწესებულებანი იმავე მდგომარეობაში იყვნენ, რა მდგომარეობაშიაც თვით სახელმწიფო არის. ერთად-ერთი გზა, ერთად-ერთი საშუალება, რომელსაც შეეძლო გაემაგრებინა ჩვენთვის ზურგი, იყო ის საქონელი, რომელიც იყო სახელმწიფოში და რომლის ვაჭრობა, შესყიდვა და განაწილება მიენდო მომარაგების სამინისტროს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად საძნელო, რამდენად ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო ის ოპერაციები, რომელიც მომარაგების სამინისტროს უნდა გაეწია, გაეტარებინა ამ საქონელზე. იმისათვის, რომ თქვენ მიერ აღებულ საქონელზე აგეღოთ უცხოეთის ვალიუტა, საჭირო იყო 4-6 თვე მინიმუმი, რომ გაენაღდებინათ იგი. შესყიდვა, შენახვა, ბაზრის მოძებნა, მოტანა, მისი გაყიდვა, განაღდება - ამისათვის ხანგრძლივი დრო იყო საჭირო. ამიტომ იმ დღეს, რა დღესაც მომარაგების სამინისტრო დაარსდა, მას არ შეეძლო პირველ დღიდანვე შეეძინა საზღვარ-გარეთული ვალიუტა. ეს გზა, რომ უფულოდ მოეტანათ სახელმწიფოში საქონელი და ევაჭრათ, საზღვარ-გარეთ ბევრმა აღიარა. იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენელნიც, რომელნიც გულდაწულნი იყვნენ საქართველოსათვის, რომ რითიმე დახმარებოდნენ, და ისინი, ვინც ევროპაში იყვნენ, დილიდან-საღამომდე დაგეშილნი დარბოდნენ ვაჭრებთან და ეუბნებოდნენ, რომ საჭიროა ამდენი და ამდენი საქართველოსათვის საგნები, საქონელიო და სხვ. მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა და რომ მას რეალური ხორცი შესხმოდა, ამისათვის ვაჭრები ფულს თხოულობდნენ და ჩვენს წარმომადგენლებს კი ფული არ ჰქონდათ და ეს მოლაპარაკება იყო მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ ამ გზას ვერ ვადგებოდით. საქონლის მოხმარებას, საქონლის გასაღებას დიდი დრო უნდა, სახელმწიფო კი მეტად აუტანელ პირობებში, კრიტიკულ მდგომარეობაში იყო ჩაყენებული. ასე რომ, დიდად შესაძლებელი არის ყოფილიყო წაფორხილება. ჩვენ მეორე გზა ვარჩიეთ, რომ პური შეგვეძინა. ჩვენ გვიხდებოდა მოქმედება არა იმაზედ, რომ გავსულიყავით და გვეძებნა ბაზარი - რა მოგვეტანა, როგორ გაგვენაწილებინა, არამედ უმთავრესად ზრუნვა, ფიქრი, მოქმედება იმისკენ იყო მიმართული, რომ როგორმე შეგვეძინა პური. ამაზე უნდა გვეზრუნა, ვინაიდან ამის გარდა არ გვქონდა არავითარი იმედი და საშუალება რაიმე შეგვეძინა.

ორი გზა იყო: ერთი - საქონლის ყიდვა-გაყიდვა და მისი რეალიზაცია, მეორე - თვით ამ საქონლის გამოყენება სხვაფრივ და კრედიტის აღება. ჩვენ ორივე გზა ავიღეთ - როგორც კრედიტის, ისე საქონლის რეალიზაცია. თვით ეს კრედიტი დამოკიდებული იყო თვით ამ საქონლის არსებობაზე, ვინაიდან კრედიტს არც ერთი საკრედიტო დაწესებულება არავის არ გაუხსნიდა, თუ მას არა აქვს გარანტია იმისა, რომ ამ კრედიტს აინაზღაურებს. ჩვენ ამ ორი გზის საშუალებით, ერთი - საქონლის სყიდვა-გაყიდვა, მეორე - კრედიტის საშუალებით ჩვენ შევძელით ის, რომ ამ პროგრამიდან, რომელიც ჩვენ დავისახეთ და რომელიც იყო მინიმუმი, რომლის განხორციელება ჩვენს პირობებში ყოვლად შეუძლებელი იყო, იგი ჩვენ სანახევროდ მაინც შევასრულეთ. უმთავრესი ყურადღება, როდესაც ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ საზღვარ-გარეთ შევიძინოთ საქონელი, ჩვენ პური გავხადეთ მთავარ ღერძად და მთავარ საფუძვლად მომარაგების სამინისტროს მოღვაწეობისა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საჭიროა სახელმწიფომ შეიძინოს ყველა დარგისათვის საჭირო საგნები, ნივთები; მაგრამ ჩვენ ამასთანავე ვფიქრობდით, რომ ვერც ერთ დარგში, ვერც ერთ სფეროში ვერ მივაღწევთ რეალურად ვერაფერს, თუ რომ პირველი საქმე არ იქნება მოწესრიგებული - ე.ი. პურის საქმე. პურის საქმეს ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა მომარაგების სამინისტროს მოღვაწეობაში - არა მარტო მომარაგების სამინისტროსათვის, არამედ მთელი სახელმწიფოს სხვა უწყებათათვის. ნორმალურად, დინჯად მუშაობა ამა თუ იმ სფეროში შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთ პირობაში - თუ პურის საქმე იქნებოდა მოწესრიგებული. ამიტომ ჩვენი მოღვაწეობის დროს ჩვენ ადგილი დავუთმეთ პურის შეძენას.

ვარაუდი, რომლითაც ვხელმძღვანელობდით ამ პურის შეძენის დროს, იყო შემდეგი: ჩვენ უნდა შეგვეძინა ხორბალი და ფქვილი იმდენი, რომ სახელმწიფოს შესძლებოდა ახალ მოსავლამდის 2-3 თვის განმავლობაში ამ მოტანილი პურის საშუალებით შეენახა ჯარი და გვარდია. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეტანა საზღვარ-გარეთ ჩვენი ქონება, რაიცა უდრიდა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგს. ამ მილიონით კი სახელმწიფო მოახერხებდა იმ საგნების შეძენას, რომელნიც ჩვენს რესპუბლიკაში არ მზადდება.

ერთი მიზანი, რომელიც ხორციელდებოდა ამ პროგრამით, იყო, რომ მოტანილი ხორბლით უნდა უზრუნველ გვეყო ჩვენი სახელმწიფო, სანამ ახალი მოსავალი მოვიდოდა.

ამას ერთის მხრივ ქონდა ფინანსიური და ეკონომიური მნიშვნელობა, ხოლო მეორეს მხრივ - პურის მომზადების საქმე რესპუბლიკაში იქნებოდა უკეთეს პირობებში ჩაყენებული. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ომი შეწყდა და ჯარისკაცები, რომელნიც ფრონტზე იყვნენ, კერას დაუბრუნდნენ, პურს ფასი დაედვა და ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ რუსეთიდანაც პური აღარ მოდიოდა. მაშასადამე, შინაურ პურზე უნდა დაყრდნობოდა როგორც გლეხი, ისე ქალაქის მცხოვრებნი.

ჩვენ ვშიშობდით, რომ შეიძლება საზღვარ-გარეთაც არ ყოფილიყო პური მრავლად. რომ ვიანგარიშეთ არითმეტიკულად, შეიძლება პური ყოფილიყო, მაგრამ პრაქტიკულად შესაძლებელი იყო ამა თუ იმ ქალაქის მცხოვრებთა დამშევა. ეს კი დამოკიდებული იყო, თუ რამდენად რაციონალურად მოხდებოდა ამ პურის განაწილება. ამას ვაძლევდით დიდს მნიშვნელობას. ამ განაწილებისათვის კი აუცილებელი იყო პურის რაციონალურად შეძენა. წინდაწინვე შეძენა კი შეიძლებოდა, თუ გვექნებოდა იმედი, რომ გვეყოფოდა ახალ მოსავლამდის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ იმდენად, რამდენადაც ჩვენ მოვახერხეთ საზღვარ-გარეთიდან საჭირო ხორბლის შემოტანა. ჩვენ შევძელით მთელი ერთი წლის განმავლობაში საზღვარ-გარეთიდან შემოგვეტანა 1.415.000 ფუთი ხორბლეულობა 914.000 გირვანქა სტერლინგის საღირალი.

როგორ მოხდა, რომ ჩვენ 1.415.000 ფუთი პური გვქონდა და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ჩავვარდით ისეთ მდგომარეობაში, რომ ორი კვირის განმავლობაში ცხვებოდა მუშა-მოსამსახურეთათვის დაბალი ღირსების პური?

უნდა მოგახსენოთ, რომ 1 წლის განმავლობაში ამ პურის გარდა საზღვარ-გარეთიდან ჩვენ შევიძინეთ სხვა საქონელიც. შევიძინეთ: ბრინჯი 113 ათასი ფუთი, შაქარი - 35.000 ფუთი, მანუფაქტურა - 85 ათასი გირვანქა სტერლინგი, ქაღალდი - 45.000 ფუთი, მარილი - 100.000 ფუთი, საპნისთვის საჭირო მასალა 5 ათასი ფუთი, ზეთი - 2.500 ფუთი, სოფლის სამეურნეო იარაღები - 6 ათასი გირვანქა სტერლინგი, სოფლის სამეურნეო წამლეულობა - 10 ათასი გირვანქა სტერლინგი, კანაფი - 1 ათასი ფუთი. სულ, გარდა პურისა, დაიხარჯა 327.800 გირ. სტერლინგი, სულ კი - 1.241.800 გირ. სტერლინგი.

მე დავსვი საკითხი: როგორ მოხდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ 1 მილ. 415 ათასი ფუთი პურის შეძენა, მაინც 2 კვირის განმავლობაში ცხვებოდა დაბალი ღირსების პური?

ივნისში, როდესაც აზერბაიჯანმა ომში ჩაგვითრია, ომმა გამოიწვია ხარჯების ზრდა. ხარჯები ყოველ მხრივ გაიზარდა. როგორც პური იხარჯებოდა მეტი, აგრეთვე თვით შესაძლებლობაც პურის შეძენისა. პურს კი ვიძენდით სტერლინგების საშუალებით. როდესაც ომი დაიწყო, მობილიზაცია გამოცხადდა; გაიზარდა ის აუცილებელი ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელი იყო. საჭირო იყო შეგვეძინა აუცილებელი ნივთები ჯარისა და გვარდიისათვის. ის თანხა, რომელიც გვქონდა მომარაგებული პურის შესაძენად, იძულებული ვიყავით დაგვეხარჯა ჯარისთვის. ის პური, რომელიც მომარაგებული გვქონდა და უნდა გვყოფნოდა ნორმალურ პირობებში 2-3 თვე, დაიხარჯა ამ ომების გამო გაწეულ ხარჯებში. ვისაც უნდა პირნათლობა გამოიჩინოს და სამართლიანობა გამოიჩინოს და სამართლიანობა აღიაროს, უნდა გაეცნოს იმ მდგომარეობას, რომელშიაც ჩვენ ვიყავით აზერბაიჯანთან ომის დროს. აქ გადაჭრით უნდა განვაცხადო, რომ სწორედ იმის გამო, რომ სამინისტრომ შესძლო იმ პროგრამის განხორციელება, ნაწილის მაინც, რომელიც აუცილებელი იყო, ჩვენმა სახელმწიფომ შესძლო გაემარჯვა აზერბაიჯანზე. ჩვენ გავიმარჯვეთ აზერბაიჯანზე პურით (გელეიშვილი: მართალია!). იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის ჯარი მშიერ-მწყურვალი მოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ჯარისკაცები მათ თეთრ პურს უჩვენებდნენ. ვინც რომ გამოდის ამ ტრიბუნაზე და ლაპარაკობს ასეთ წვრილმან საქმეებზე, რომელთაც მომარაგების სამინისტროს არც პოლიტიკისთვის და არც მოღვაწეობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არ აქცევს ყურადღებას დადებით მხარეებს და იმ დიდ საქმეს, რომელიც გააკეთა მომარაგების სამინისტრომ, ისინი კრიტიკას კი არ სწევენ, კრიტიკანობენ (პ. გელეიშვილი: მართალია!). ამ ომიანობამ ის მომარაგება, ის პროგრამა, რომელიც მომარაგების სამინისტროს აქვს, შთანთქა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ის, რაც არ გვინდოდა წინათ, რაზედაც არ ვფიქრობდით, გადაგვედგა ნაბიჯი.

ეს იყო პირველი პერიოდი ახალი მოსავლისა. მომარაგების სამინისტრო უნდა შესულიყო სოფლად, ეყიდა პური. რას ნიშნავს პურის ყიდვა ჩვენს სოფელში? ეს იყო ერთი ძნელი საგანთაგანი იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. აუარებელი მიზეზი და აუარებელი მოვლენა უშლიდა ხელს მომარაგების სამინისტროს მუშაობას.

ჩამოგითვლით:

ავიღოთ ის მდგომარეობა, რომ ხალხი ისეთი დამფრთხალი და შეშინებული იყო წარსული მდგომარეობით, რომ მას დაეკარგა სრული იმედი და რწმენა, რომ წელს ხალხი არ დაიმშეოდა.

მოქალაქენი ფსიქოლოგიურად იმდენად დამფრთხალნი იყვნენ, რომ ახალი მოსავლისთანავე გაეშურენ სოფლისკენ.

თუ წარსულ ნორმალურ პირობებში სავაჭროდ, ხორბლის შესაძენად ან რუსეთიდან მოსატანად პატარა ჯგუფები იყო საკმარისი, დღევანდელ პირობებში იგი მოუხერხებელი შეიქმნა, ვინაიდან დამფრთხალი ხალხი შეერია სოფელს. ეს გარემოება, ცხადია, იყო ხელის შემშლელი მომარაგების სამინისტროსთვის, რომელსაც ერთბაშად ბევრი უნდა შეეძინა და საქმე კი უძნელდებოდა. დავყვეთ ქვემოთ:

რომ დღევანდელ პირობებში პურის და ხორბლის შეძენა არ ხდება ისე იოლად, როგორც წარსულში, რა არის კიდევ ამის მიზეზი?

წარსულში გლეხ-კაცს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, რომელიც აიძულებდა, რომ აუცილებლად ზედმეტი ხორბალი (თუნდაც ზედმეტი არ ჰქონოდა) გამოეტანა და გაეყიდა ბაზარზე. ეს იყო იმიტომ, რომ ერთი - იგი იხდიდა დიდ გადასახადს ფულით და მას იმის საშუალება არ ჰქონდა, თუ ხორბალს არ გაჰყიდდა.

როგორც მოგახსენეთ, დღევანდელ პირობებში გლეხობა არ არის ჩაყენებული ისეთ მდგომარეობაში, როგორც წარსულში იყო და ეს მოტივი ისე მძლავრად არ მოქმედებს, როგორც წარსულში. ამიტომ გლეხობას ნაკლებ აინტერესებს გამოიტანოს პური ბაზარზე და გაყიდოს.

მეორე მოტივი - რევოლიუციამდე, ძველ დროს, გლეხ-კაცობას ჰყავდა ბატონი. იგი მოვალე იყო მეხუთედი ან მეექვსედი თვისი შემოსავლისა, ღალა გადაეხადა და რაკი მებატონე მას არ შეინახავდა, მას უნდა გაეყიდა ბაზარზე. ამიტომ წარსულში ერთი მოტივთაგანი იმისა, რომ გლეხობას პური გაეტანა ბაზარზე და გაეყიდნა, იყო ღალა (გრ. ვეშაპელი: ერობებს ხომ მიაქვთ ღალა?). ამის შემდეგ, ერთი უმთავრესი საბუთთაგანი არის ის, რომ ჩვენს ფულს არ აქვს ის ღირსება და მიმზიდველობა, როგორიც ჰქონდა წარსულში (გრ. ვეშაპელი: ერობების ღალა სად არის?). წარსულში იმიტომ ყიდდა პურს ფულზე, რომ მიაჩნდა ხელსაყრელად ხორბლის მაგივრად ფულის შენახვა. მას შეეძლო ფული გაესესხებინა და სარგებელი აეღო. დღეს კი, როცა ასე ეცემა ჩვენი ფულის კურსი, თავის-თავად ცხადია, რომ ფულის შენახვა აღარ აინტერესებს. წარსულში მას ეშინოდა, რომ თუ პური დიდხანს დარჩებოდა ბეღელში, მას ბევრი რამ მოელოდა: შესაძლებელია ცეცხლისაგან დაზარალებულიყო, ან ქურდებს გაექურდათ, ან წვიმას გაეფუჭებინა. ერთი სიტყვით, ხორბალს დააკლდებოდა, საფრთხე მოელოდა, ფულს კი არავითარი საფრთხე არ მოელოდა. დღეს გლეხობას არ აქვს ტენდენცია, რომ ხორბალი გადააქციოს ბონებად. ბონების კურსი ეცემა და ამიტომ გლეხობას მისი შენახვა არ სურს (გრ. ვეშაპელი: ერობების ღალა სად არის?). ამ მიზეზებს გარდა არის ბევრი სხვა მიზეზებიც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თითქმის 6 მილიონამდე ფუთი პური შემოდიოდა რუსეთიდან. ჩვენს პურს ის მნიშვნელობა მიეცა დღეს, რომ მან უნდა გამოკვებოს ჩვენი ხალხი. წარსულში კი ასეთი მნიშვნელობა მას არ ჰქონდა. ამიტომ მისი შეძენა უფრო ადვილი იყო, ვიდრე დღეს, როცა მოთხოვნილება მასზე გაასკეცებული არის. შემდეგ, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ჩვენი ბურჟუაზიის წყალობით გამოწვეულმა ომიანობამ დაანგრია ჩვენი ცხოვრება, გზები არ არის და სხვ., - ყოველივე ამას თუ გაითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენი არის, თუ რამდენად საძნელო იყო, რომ მომარაგების სამინისტროს განეხორციელებინა პირველ პერიოდში ახალ მოსავლისა ის პროგრამა, რომელიც მან დაისახა. აუცილებლად საჭირო იყო 20 ათასი ფუთი პური და 20 ათასი ცხენებისთვის სარჩო, ისიც მარტო ტფილისის გუბერნიაში იმ დროს, როცა სხვა დანარჩენი ნაწილები საზოგადოებისა მიისწრაფოდენ მის შესაძენად. ამ დროს ქალაქში ჩვენ ვინახავდით ჯარს, გვარდიას, მუშა-მოსამსახურეებს, მაგრამ აგრეთვე შესანახი იყვნენ ქალაქის მცხოვრებლებიც. მაგრამ რადგან ამდენი არ გვქონდა, ჩვენ ვერ შევძელით იმ პირობებში იმდენი შეგვეძინა, რომ გვარდია და ჯარი გაგვეძღო და ქალაქის მცხოვრებლებისათვის მიგვეცა.

ამიტომ იძულებულნი ვიყავით, რომ დავდგომოდით ამ გზას: აგვეღო ერთი ნაწილი გუბერნიისა, სადაც ვკრეფავდით ხორბალს, და მეორე ნაწილი თავისუფლად დაგვეტოვებინა. და როცა ლაპარაკობენ, რომ გზები შევკარით და თავისუფალი ვაჭრობა ავკრძალეთ, აი, სწორედ ეს მდგომარეობა დაედო საფუძვლად ამ თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვას. ვინც გულწრფელად გაეცნობა საქმეს, უნდა დაგვეთანხმოს, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით დღეს-დღეობით ხალხის გამოკვებას, რომ ამ რამოდენიმე მაზრაში მომარაგების სამინისტროს არ აეკრძალა თავისუფალი ვაჭრობა. და ჩვენ ამ ორმაგი პოლიტიკის წყალობით მივაღწიეთ ამ მიზანს, რომ ერთის მხრით, არ დაიმშენ ქალაქის მცხოვრებნი და მეორეს მხრით შევძელით ის, რომ ჯარი, გვარდია და მუშა-მოსამსახურენი არ დაგვემშია. მიუხედავად ამისა, რომ გაჭირვებული მდგომარეობა იყო, ჩვენ შევძელით სიღნაღის, გორის, თელავის და ახალციხის მაზრაში 3 თვის განმავლობაში შეგვეკრიბა 350.000 ათასი ფუთი ფქვილი. თუ შეადარებთ ძველ სასურსათო ორგანოებს, ნახავთ, რომ შარშანდელთან შედარებით დიდი განსხვავება არის: შარშან იყო 30.000 ფუთი და წლეულს კი 350.000 ფუთი. ასეთი დიდი განსხვავება არის. მე იმის ასახსნელად, რომ ორი კვირის განმავლობაში დაბალი ღირსების პური ცხვებოდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ახალ პერიოდში იმდენად ძნელი იყო, რომ არ გვქონდა საშუალება თავისუფლად შეგვეგროვებინა ის პური, რომელიც გლეხობას ჰქონდა. მათ ნახეს ჩვენი გაჭირვება და პირველ პერიოდში მოსავლისა მოგვაწოდეს ჭუჭყიანი ხორბალი, მისი გაწმენდა იყო საჭირო... (გრ. ვეშაპელი: რწმუნებულები სწმენდნენ?). დიახ, სწმენდენ. უნდა მოგახსენოთ, რომ ის ხორბალი, რომელიც პირველ პერიოდში მივიღეთ, გაუწმენდავი იყო და გასუფთავება ესაჭიროებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, არ გვქონდა წარმოდგენილი, რომ გლეხები ასეთ სიავემდე მივიდნენ. როდესაც ჩვენი რწმუნებულები სიფრთხილის გამო ყოველ მეშოკს სინჯავდნენ, რომ არ ყოფილიყო ჭუჭყიანი, ვერ მიხვდენ, და ამას ვერ მიხვდა თვით თქვენი მომარაგების მინისტრიც, რომ კარგი ხორბალი თავზე იყო და შუაში ტრუბა იყო მოწყობილი. გარედან სუფთა ხორბალი იყო, შიგნით კი მოწყობილ ტრუბაში - ტალახი. ყველა მეშოკის გადასინჯვა კი შეუძლებელი იყო (გრ. ვეშაპელი: ეს თქვენი აგენტების საქმე იყო და არა გლეხობის! ხმაურობა). ერთი სიტყვით... (შ. ნუცუბიძე: ერთი სიტყვით ის თქვი, რაზედაც გთხოვთ!). ერთი სიტყვით... (შ. ნუცუბიძე: ორი სიტყვით თქვი, ოღონდ თქვი! სიცილი, ხმაურობა). ერთი სიტყვა საკმარისი არის იმისთვის, რომ თქვენი ტყუილი გაბათილებული იყოს (სიცილი, ხმაურობა).

თავმჯდომარე (ზარს რეკავს): გთხოვთ დაწყნარდეთ!

. ერაძე: დიახ, ერთი სიტყვით, მომარაგების სამინისტროს იმ პირობებში, რა პირობებშიაც იყო მოქცეული ახალ მოსავლის დროს, არ ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა, რომ გლეხ-კაცობისაგან მიეღო იმდენი, რამდენიც ესაჭიროებოდა და ამიტომ ჩვენ დავიხმარეთ საზღვარ-გარეთის პური, რომ არ დავწოლოდით გლეხობას და ძალა არ დაგვეტანებინა. თქვენ შეგიძლიანთ ბევრი იცინოთ, მაგრამ ვერ გაექცევით იმ ფაქტს, რომ მომარაგების სამინისტროს მოღვაწეობის გამო, მუშა-მოსამსახურენი უზრუნველყოფილნი არიან ერთი წლის განმავლობაში პურით (გრ. ვეშაპელი: რა გიჯდებათ ეს პური?). ეხლა ფიზიკურად მომუშავენი უკვე იღებენ 1 1/2 გირვანქას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ყველა მუშა-მოსამსახურე 1 1/2 გირვანქას მიიღებს. ეს ისეთი უდიდესი საქმეა, ისეთი განძია, რომ სხვა არაფერი გაეკეთებინა მომარაგების სამინისტროს, ესეც დიდი ღვაწლია. ვისაც რომ სინდისი არ დაუკარგავს, არ აქვს უფლება სთქვას, რომ მომარაგების სამინისტროს არაფერი არ გაუკეთებია დანგრევის, განადგურების და აოხრების გარდა. ვისაც სინდისი არ დაუკარგავს, ის ამას არ იტყვის (გრიგოლ ვეშაპელი: სინდისი საზღვარ-გარედ გაყიდეთ! ხმაურობა). თქვენ ამბობთ, რომ ერთად-ერთი გირვანქა პური მოგეცით, მაგრამ იმ დროს, როცა გერმანიის სახელმწიფო, რამდენი ხანია არსებობს... (ვ. ჯუღელი: ცოტა ჩვენზე უკეთესია!). მე მაქვს აქ ამონაწერი გაზეთიდან, საიდანაც სჩანს, რომ გერმანიაში 90%25 ბავშვებისა განადგურებულნი არიან (გრ. ვეშაპელი: მაშ, გერმანიაში ბავშვები აღარ ყოფილან!). მე ვამბობ, რომ ფიზიკური მდგომარეობით ისეთნი არიან, რომ არ წააგავან ბავშვებს. პარიზში - საფრანგეთში, რომელიც ძლიერია პურით, ჯარით, სახელმწიფოებრივ აპარატით და სხვა, და სადაც თქვენი მონათესავე მინისტრები მრავლად არიან, იქაც ასეთივე მდგომარეობა არის, იქაც გაჭირვება არის სურსათის მხრით. თქვენ არ მოგწონთ საქართველოში თავისუფალ ვაჭრობის შეზღუდვა, მაგრამ ისინიც ამ გზას ადგიან. ასეთ პირობებში იქაც იკადრეს და შეზღუდეს თავისუფალი ვაჭრობა. თუ რუსეთს აიღებთ, იქ უარესია, ხალხი შიმშილით წყდება. და ასეთ პირობებში დიდი განძია, რომ ერთი გირვანქა პურის რაციონი გვქონდეს მთელი წლის განმავლობაში... (გ. გვაზავა: რა ღირს, რა გიჯდებათ ეს? ხმაურობა). მუშა-მოსამსახურენი იღებდნენ 240 ათას რაციონს, ე.ი. თვეში იკვებებოდა 240 ათასი სული. ოქტომბრის განმავლობაში სულ გაგვიცია 7 მილიონ 200 ათასი რაციონი (ვეშაპელი: რა გიჯდებათ?). მოგახსენებთ: ჩვენ გირვანქა პური გვიჯდება 34 მან. 31 კაპ. (ვეშაპელი: რას ანგარიშობთ?). აი, რას ვანგარიშობთ: ვანგარიშობთ იმას, თუ რამდენი მივეცით ხორბალში, რწმუნებულს, ერობას, მეურმეს; მუშას, რომელმაც დატვირთა; მუშას, რომელმაც გადმოტვირთა ვაგონიდან; რკინის გზას; მუშას, რომელმაც დროგზე დატვირთა; მედროგეს, საწყობის გამგეს, კონტორშჩიკს, ბუხგალტერს, სამინისტროს ცენტრალურ დაწესებულების მოხელეებს, მუშათა მაგიდას, შემდეგ ფურნეში მეფურნეს; ვანგარიშობთ იმასაც, თუ რა დაგვიჯდა პურის დროგზე დალაგება და თქვენთან მოტანა (ტაში).

მთელი ეს ღირებულება შეადგენს 247 მილიონ 32 ათას მანეთს. ამავე დროს ბაზარზე შავი პური იყიდებოდა 60 მანეთად. ოქტომბერში ჩვენი პური იყო თეთრი. მაგრამ თუ ჩვენ პურს შევადარებთ შავი პურის ფასებს, ეკონომია იქნება სულ ცოტა 184.968.000 მანეთი. თუ თეთრი პურის ფასებს შევადარებთ, მაშინ ეკონომია უდრის 616.968.000 მანეთს. მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ჩვენი მასსა ეკონომიისათვის შავი პურით იკვებება, დავინახავთ, რომ ნამდვილი ეკონომია უდრის... (ვეშაპელი: თქვენი ეკონომია თუ გლეხების ეკონომია?). ეს არის ეკონომია ერისათვის, სახელმწიფოსათვის.

პურში მუშა-მოსამსახურენი იხდიდნენ გირვანქა 5 მან. სულ გადაიხადა 36 მილიონი მანეთი. ნამდვილად ღირდა 247.032.000 მან. ამას რომ გამოვაკლოთ ეკონომია, იხატება 211.032.000 მან., და რაკი თეთრ პურს ვაძლევდით, ეკონომია უდრის 228 მილიონ მანეთს.

თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, თქვენი დრო გათავდა (ხმები: ვთხოვთ!). ვეშაპელი: ილაპარაკოს, სანამ კახელაძემდე არ მივა!). ინებეთ, ბატონო ორატორო!

. ერაძე: ამავე დროს ეკონომია ჯარზე და გვარდიაზედაც დიდი იყო. მობილიზაციამდე საჭირო იყო თვიურად 1 მილ. 500 ათასი რაციონი. თუ შავი პური გვექნებოდა, ეკონომია გამოვიდოდა 38.535.000 მანეთი, მაგრამ რაკი თეთრი პური გვქონდა, ეკონომია უდრის 128.535.000 მანეთს. ამგვარად, მარტო პურის მოწოდება რომ ავიღოთ, აქედანაც ნათლად სჩანს ის, რომ მომარაგების მოღვაწეობა იყო რაციონალური თვით ეკონომიის მხრითაც. თქვენ ისიც უნდა მიიღოთ მხედველობაში, რომ ეს ეკონომია არის დღევანდელ პირობებში, როცა სახელმწიფოს საშუალება აქვს მუშა-მოსამსახურეთათვის და ჯარისა და გვარდიისათვის იაფ-ფასიანი პურის მიწოდებისა. მაგრამ თუ წარმოიდგენთ ისეთ მდგომარეობას, რომ სახელმწიფო არავის აძლევს ერთ მისხალ პურსა, მაშინ ცხადი გახდება, თუ რამდენად გაიზრდებოდა ის ფასები, რომელიც დღეს ბაზარზე არის. ჩვენ ეს წარმოდგენილი გვაქვს (გვაზავა: კონკურენცია სცემს ფასებს!). ამ ეკონომიას დიდი გავლენა ჰქონდა აგრეთვე ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობაზედაც. ჩვენ რომ იაფ-ფასიანი პური არ მიგვეწოდებინა მშრომელთათვის, ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა უფრო შერყეული იქნებოდა, ვიდრე ეს დღეს არის, ვინაიდან ჩვენ მაშინ იძულებული ვიქნებოდით ჯამაგირი მოგვემატებია და ისედაც დაცემული კურსი ბონებისა მეტად დაგვეცა. ჩვენ იაფი პურის მიწოდებით ის შევძელით, რომ ჩვენი ფინანსები უფსკრულის პირზე მაინც არ არის მისული.

ეხლა უნდა მოგახსენოთ იმ დიდი საკითხის შესახებ, რომელიც იწვევს დიდს ინტერესს და ყურადღებას საზოგადოების ყველა წრეებში: ეს არის მონოპოლიის საკითხი. ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ ავად თუ კარგად მონოპოლია მოაწესრიგეთ, მაგრამ ამ მონოპოლიით ყველაფერი დაანგრიეთო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ სწორედ ამ მონოპოლიის საქმის მოწესრიგების გამო ჩვენ შევსძელით ერთი დიდი საქმის გაკეთება როგორც სასურსათო საკითხის, ისე მონოპოლიის შესახებ. ისტორია აღნიშნავს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც სამინისტრომ გააკეთა.

რა პირობებში იქნა მონოპოლია შემოღებული და გატარებული?

მონოპოლიის საკითხი ჩვენ უნდა გავყოთ ორ პერიოდად: პირველი პერიოდი - ეს მაშინ, როცა მონოპოლია არ ეხებოდა მწარმოებლებს და წარმოებას, ხოლო მეორე პერიოდი, როცა მონოპოლია შეეხო როგორც მწარმოებლებს, ისე წარმოებასაც. ეს ორი პერიოდი აუცილებლად უნდა გამოვყოთ ერთმანეთისაგან, რომ თქვენ ნათელი წარმოდგენა იქონიოთ სამინისტროს პოლიტიკის და მთავარი ხაზის შესახებ ამ საკითხში.

ომიანობის დროს, სანამ ევროპაში გზა გაიხსნებოდა, ჩვენში საწყობებში დაგროვდა დიდძალი თუთუნი, პარკი და მატყლი. რა წამსაც ევროპისაკენ გზა გაიხსნა, უცხოეთის ვაჭრებმა იწყეს ჩვენში შემოსვლა და დაუწყეს გაზიდვა ამ სიმდიდრეს, რომელსაც მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. ჩვენი საზღვრებიდან ამ საქონლის გაზიდვას შეიძლებოდა ისეთი ხასიათი მიეღო, რომ ჩვენ არაფერი დაგვრჩებოდა. მთელი ეს მოგროვილი საქონელი: პარკი, მატყლი, თუთუნი ვაჭრებს ეპყრათ ხელთ. ჩვენი პოლიტიკა ამ პერიოდში იმით განისაზღვრებოდა, თუ ვის ხელში იყო ეს საქონელი. ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ ეს სიმდიდრე სახელმწიფოს დარჩენოდა და ვაჭრებს არ მიეღოთ ის ზედმეტი ღირებულება, რომელიც მათ სიზმარშიაც არ უნახავთ (ალ. ასათიანი: თქვენ რამდენი ჩაიდევით?). ჩვენ არაფერი არ ჩაგვიდვია, მაგრამ ის, რაც თქვენ უნდა ჩაგედოთ, სახელმწიფოს სალაროში ჩავდევით (ტაში).

ჩვენ ამ კითხვას ასე ვუყურებთ: დღევანდელ პირობებში ჩვენ პრინციპიალურად მისაღებად მიგვაჩნია მონოპოლია, და ამ ერთი წლის ისტორიამ, პრაქტიკულმა საქმიანობამ დაამტკიცა ეს ჩვენი თეორიული დებულება, შეხედულება. მაგრამ შეიძლება, რომ კარგი, პატიოსანი და მოსაწონი აზრი უხეირო კაცის ხელში უხეიროდ იქნეს გატარებული (კედია: მართალია!). შესაძლებელია, რომ ამ მონოპოლიის გატარების დროს ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც სახელმწიფოსათვის ან წარმოებისათვის საზიანო, სამძიმო იყო. მაგრამ დღეს არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მონოპოლია ცუდიაო, არა! დღეს ამბობენ, რომ მონოპოლია კარგია, მაგრამ თქვენ თვითონ უხეირო ხართო. და რომ ეს ასე არ არის, მე ამას ფაქტებით დაგიმტკიცებთ. მე უნდა განვაცხადო, რომ იმ ფისკალურ მიზნებს, რომელიც ჩვენ დავისახეთ მიზნად პირველ პერიოდში, არავითარ წარმოებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა. ამაში ჩვენ ფაქტებმა დაგვარწმუნა. პირიქით, ის, რაც ჩვენ შევქენით, წარმოებაზე დადებითად ახდენდა გავლენას (ასათიანი: აყვავდა წარმოება!). ჩვენ ამ მონოპოლიის საშუალებით შევძელით იმ აუარებელი ქონების, რომელიც საზღვარ-გარეთ უნდა გასულიყო, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება. ჩვენ მონოპოლიის საშუალებით შემოვიღეთ ის, რომ შევძელით 134.000 ფუთი თუთუნი გაგვეყიდა სამ გირვანქა სტერლინგად... (გვაზავა: რამდენი ვერ გაყიდეთ? რამდენი დაღუპეთ?). ჩვენ არ დავღუპეთ არც ერთი გირვანქა, მაგრამ არ გავყიდეთ მხოლოდ 100.000 ფუთი. მაგრამ ეს იმათთვის, საიდანაც ჩვენ ეხლა სიცილი გვესმის: დიდი ხნის ვაჭრებმა, ფინანსისტებმა, კომერსანტებმა და დიდმა სპეკულიანტებმა, რომლებიც შავი ყორნებივით დაესიენ ამ თუთუნს და ლამობდნენ ამ თუთუნის გაძვირებას, 99%25 იმათგანი ჩაჯდა ტლაპოში! ჩვენ არ დაგვიღუპია არც ერთი გირვანქა თუთუნი იმ დროს, როცა გამოცდილი ვაჭრები დაესივნენ ამ თუთუნს, დააცხრენ ამ თუთუნს და გაქონდათ საზღვარ-გარეთ და იქ დაასხდნენ მთელი წლის განმავლობაში და საწყობებმა შეჭამეს ეს თუთუნი. ჩვენ ასე არ მოვიქეცით: ჩვენ ამ თუთუნს ვყიდდით აქ (გვაზავა: იქაც გაგქონდათ და მოითხოვდით 6 გირვანქად გაყიდეთო და ვერ გაყიდეთ!). ჩვენ იქ არ გვქონია. ჩვენ იქ გვქონდა მხოლოდ საზიაროდ ის თუთუნი, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა საშვალება მოგვეტანა და გაგვეყიდა. ჩვენ დავადექით იმ გზას, რომ ვისაც ქონდა გასატანი, იმათთან ერთად ის საღირალი ჩვენ უნდა აგვეღო. ამის გარდა, საზღვარ-გარეთ გავიტანეთ 160.000 კილოგრამი პარკი, მთელი ის სიმდიდრე. იმის შემწეობით, რაც რომ ჩვენ მივიღეთ თუთუნის ან პარკის, ნაწილობრივ მატყლის გაყიდვით, ჩვენ საშვალება მოგვეცა, რომ ის პროგრამა, რომელიც გათვალისწინებული ქონდა მომარაგების სამინისტროს, განხორციელებული ყოფილიყო.

თუ რომ ეს მონოპოლია არ ყოფილიყო და რომ თუთუნი, პარკი და მატყლი არ გამოგვეყენებია და გამოგვეშვა თავისუფლად, შეიძლება ქვეყანა დანგრეული ყოფილიყო. ამიტომაც სახელმწიფომ რომ შესძლო ამ მონოპოლიის შემოღებით თითქმის ნახევარ მილიონი გირვანქა სტერლინგის აღება და მოახერხა იმ გაჭირვებულ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, რომელშიაც იგი იყო, ეს არის უდიდესი დადებითი მხარე ამ მონოპოლიისა (ვეშაპელი: რამდენია ვალიუტა უცხოეთში პირად ანგარიშზე? რამიშვილი: რაო, რაო? კედია: უხერხული საკითხია! ამაზე პასუხს ვერ მოგცემთ! ვეშაპელი: პირად ანგარიშებზე რამდენია თქვენი ვალიუტა უცხოეთში? რამიშვილი: რაო? რაო? რას ბრძანებს ბატონი ვეშაპელი? ზარი. ხმაურობა. მ. ტოროშელიძისა: ძროხების გაყიდვიდან რამდენი გაქვთ თქვენ?).

თავმჯდომარე (ზარი): გთხოვთ, ადგილიდან ნუ ინებებთ ლაპარაკს.

ვეშაპელი: მე გეკითხებით, რამდენი არის ვალიუტა უცხოეთში, როგორ მოიხმარეთ ის და როგორ განაწილდა მათ შორის, ვინც უცხოეთში არიან?

ერაძე: რომელი ვალიუტა? (ხმაურობა. ზარი).

თავმჯდომარე: უმორჩილესად გთხოვთ, ხელს ნუ უშლით, დაამთავრებინეთ სიტყვა ბატონ მინისტრს. გთხოვთ, განაგრძოთ!

ერაძე: ჩვენდა დამოუკიდებლად ეს მონოპოლია ისეთ ცუდ პირობებში იქნა გატარებული, რომ მან მოსპო მეთუთუნეობა, მეპარკეობა და მემატყლეობა. ჩვენი მხრით საბუთი ვერ ვნახეთ ბ. კედიას მოსაზრებაში. ბ. კედიას მოსაზრებით, საბუთი ის არის, რომ წარსულში 800.000 ფუთამდე მზადდებოდა თამბაქო, წრეულს კი, როდესაც მონოპოლია არსებობს, 150.000 ფუთი ძლივს შეიძლება დამზადდესო. მე უფრო კარგი წარმოდგენისა ვიყავი ბ. სპ. კედიაზე, იმდენად სერიოზულად მიმაჩნდა, რომ ასეთ არა სერიოზულ არგუმენტს (ვეშაპელი: არგუმენტი რაღაა, კაცო?) არ წარმოადგენდა. არ მეგონა, რომ ამას იზამდა კედია. მას არ სცოდნია, რომ არასოდეს ყოფილა, რომ 800.000 ფუთი თამბაქო დამზადებულიყოს; არასოდეს არ მოსწრებია საქართველო ამას, რომ ერთი წლის თუთუნი ყოფილიყო 800.000 ფუთი (კედია: სწორედ ეგრეა, ბატონო, 802.000 ფუთამდე მზადდებოდა, ამის საბუთები გვაქვს!). უდიდესი მოსავალი ომიანობის დროს იყო 600.000 ფუთი (კედია: 802.000!). რატომ არ გინდათ თქვენ კონკრეტიულად მიუდგეთ ამ საკითხს და გაიგოთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ 600.000 ფუთიდან გამოვიდა 150.000 ფუთი; რატომ გინდათ, რომ განყენებულად იმსჯელოთ? რომ ბრუნდი სწორად გვაჩვენოთ? თორემ განა მონოპოლია არის დამნაშავე იმაში, წარსულში რომ პური იაფი იყო და ფუთი ოთხ აბაზად იყიდებოდა, რომ მეთუთუნე მაშინ არ იყო დაინტერესებული პურის მოყვანაში და იმ დროს, როცა პურს ასეთი დიდი ფასი მიეცა, თამბაქოს დიდი ფასი არა აქვს, ვინაიდან თამბაქოს გასავალიც არა აქვს? ხუთი წლის ომის განმავლობაში აუარებელი თუთუნი დაგროვდა და პირველ პერიოდში, როდესაც გაიხსნა ევროპის გზა, ყველამ მიაშურა მის ბაზრისაკენ. აუარებელი თუთუნი მიახალეს ლონდონს, მილიონი ფუთი იყო იქ და სწორედ ამან დასცა თუთუნის ფასი და სანამ ეს მრავალი საგზალი ამ თუთუნისა არ გამოილევა, თუთუნს ფასი არ დაედება. განა თქვენ არ იცით, რომ ეს თუთუნი უმთავრესად ხმარდებოდა რუსეთს და ნაწილი გადიოდა ეგვიპტეში? და დღეს რომ რუსეთში არ გადის არც ერთი გირვანქა თუთუნი, რა საბუთი გაქვთ ილაპარაკოთ, რომ მონოპოლია გახდა იმის მიზეზი, რომ თუთუნს ფასი დაეკარგაო?! ჩვენ ვამბობთ, რომ უმთავრესი მიზეზი, მთავარი, რომელმაც ხელი შეუწყო თამბაქოს მეურნეობის დაცემას, ეს იყო ის გარემოება, რომ საზოგადოდ ჩვენს თუთუნს ბაზარი აქვს ჩაკეტილი. ეს ერთი. მეორე - რომ პურის კულტურა დღეს შედარებით ხელსაყრელია მეურნისათვის, რაკი თუთუნს არა აქვს ბაზარი. მეტი ინტერესი უნდა გავაღვიძოთ გლეხკაცობაში. სოხუმის ოლქი მიკრული იყო რუსეთის საზღვრებს, სადაც 2 წლის განმავლობაში ჩვენ მოსვენება არა გვქონია, მშვიდი ცხოვრება არ ყოფილა და ფრონტად იყო გადაქცეული და ერთი დიდი ნაწილი სოხუმის ოლქისა ამის გამო იქნა განიორწყალებული. და თუ მიიღებთ მხედველობაში ამას, და ეს უნდა მოგეხსენებოდეთ თქვენ, ბატონო კედია, რომ სოხუმის ოლქში მეურნენი თვით კი არ აწარმოებენ მარტო ამ კულტურას, იგინი დაქირავებული შრომით აწარმოებენ მეურნეობას და დაქირავებული შრომა, მუშახელი მოდიოდა უმთავრესად სოჩის ოლქიდან. ხოლო როდესაც იქ ფრონტი იყო, ერთი კაციც არ წამოვიდოდა სოჩის ოლქიდან და თავის-თავად ცხადია, მეურნეობას უმუშახელოდ არ შეეძლო აყვავება. აი, ეს უმთავრესი მიზეზები. ვისაც არ უნდა დაინახოს ეს მიზეზები, ის ვერაფერს დაინახავს.

წარსულში მეთუთუნეები იყვნენ მონა-მორჩილი მხოლოდ ფინანსისტებისა და ვაჭრებისა, რომლებიც გროშებს იძლეოდნენ, და მოგვიხდა ისეთი მდგომარეობა, რომ ფულის გადაგზავნა ფინანსთა სამინისტროდან ერთი პერიოდის, ერთი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში მოგვინდა. და სამაგიეროდ აუარებელი ცნობები იყო, რომ დიდრონ სპეკულიანტებს კუდში დასდევდნენ გლეხკაცობა იმ თუთუნის საფასურის ასაღებად, რომელიც მათ ჰქონდათ ჩაბარებული. მიუხედავად ამისა, მაშინ მეთუთუნეობა ამ ერთი მიზეზით არ მოსპობილა და შეეძლო მეთუთუნეობა დაეღუპა, რომ სახელმწიფოს თავის ხელში არ აეღო მონოპოლია. არც ერთი კაპიტალისტი, არც ერთი ფინანსისტი, არც ერთი საკრედიტო დაწესებულება არ გამოჩნდება საქართველოში, რომელიც ხელს გაუწოდებდა მეურნეებს. არ გამოჩნდებოდა, დიახ, იმიტომ, რომ ჩვენში არ არიან, არ არსებობენ იმდენად შეძლებული საკრედიტო დაწესებულებანი და თვით კერძო კაპიტალისტები, რომელნიც გამოიღებდნენ თანხას რამოდენიმე მილიონ მანეთს. არც საზღვარ-გარეთელი კაპიტალისტები აგიღებდნენ ამ თანხას, როდესაც ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა არ არის გამორკვეული. ვფიქრობთ, რომ არც ერთი მათგანი არ გაბედავს, რომ აქ კაპეიკი ჩადოს. თქვენს ჭკუაზე რომ გვეარნა, მაშინ უნდა დასდგომოდა ამ მეურნეობას ეს დღე, რომ იგი სულ ძირიან-ბუდიანად ამოვარდნილიყო (გვაზავა: ჩვენ მონოპოლიის წინააღმდეგი არა ვართ!). ჩვენ არ გვყავდა და შეიძლება ჩვენ ბრალი დაგვდონ იმაში, რომ ჩვენ გამოცდილი სპეციალისტები არ მოვიყვანეთ, არ ჩავაყენეთ ამ საქმეში საუკეთესო და გამოცდილი ხალხი. ერთი საუკეთესო სპეციალისტი, რომლის სპეციალისტობის წინააღმდეგ კრინტს ვერავინ დასძრავს, ეს გახლავთ, - მას სოხუმის ოლქში კარგად იცნობენ, - ბ. ჩიკოვი, რომელიც აღიარებულია, როგორც საუკეთესო მცოდნე მეთამბაქოობის, ჩვენთან არის. აგრეთვე საუკეთესო მეთამბაქოე გოკიელოვი, რომლის წინააღმდეგაც კაცი კრინტს ვერ დასძრავს, ჩვენთან არის. საუკეთესო სპეციალისტები, ე.წ. „სორტოვშჩიკები“ - 3 კაცი ჩვენთან არიან. ეს სიტყვა კი არ არის, საქმე არის.

მიუხედავად იმისა, რომ უსწორმასწორო ვაჭრობით მწარმოებლებმა და იმ სხვა და სხვა პირებმა, რომელთაც არავითარი დამოკიდებულება არა ჰქონდათ თამბაქოსთან, გაზიდული თუთუნი გააფუჭეს. მომარაგების სამინისტრომ შესძლო სპეციალისტთა საშუალებით სახელი მოიპოებია ჩვენი თუთუნისთვის ბაზარზე (ხმა: რომელ ბაზარზე?). იმ ბაზარზე, რომელზედაც ეზიდებიან ჩვენს თუთუნს: ეგვიპტეში, ლონდონში. აი, ამ ბაზარზე.

ჩვენ ამის შესახებ, ბატონებო, უნდა მოგახსენოთ, რომ ერთი შეცდომა დავუშვით (გვაზავა: ეს არაფერი!), რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა კი არ ჰქონია, მაგრამ ის კარგი, რაც გავაკეთეთ, შეიძლება მეტი გაკეთდებოდა. ეს ის, რომ მომარაგების სამინისტრო იყო ერთსა და იმავე დროს წარმოების ხელმძღვანელი, მყიდველი და გამყიდველი.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის კარგი საქმე, რომელიც სახელმწიფომ მოაწყო, უკეთესად მოეწყობა, თუ ამ მეურნეობას გაუძღვება ის უწყება, რომელთანაც იგი არის დაკავშირებული და მომარაგების სამინისტრომ აიღოს მხოლოდ ამ თუთუნის ბაზრის მოპოება, მისი რეალიზაცია. ის ფისკალური მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, გაამართლა ჩვენმა პოლიტიკამ. ახლა აღარ ვისახავთ იმ ფისკალურ მიზანს ისე ფართოდ, როგორც აქამდის. მივცეთ მეურნეებს შეღავათი, რომ ნაშრომი დაიბრუნონ და ის პროცენტული გადასახადი, რომელიც დაწესებულია მიწაზე, მოიხსნას. მართალია, საკითხი მთავრობაში არ გადაწყვეტილა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მეტი საშუალება მიეცემა მეურნეებს, რომელნიც ამ მეურნეობით არიან დაინტერესებულნი.

ორიოდე სიტყვა მატყლის შესახებ: აქ ლაპარაკობდნენ, რომ იაფად ჩაიგდო ხელში მატყლი მომარაგების სამინისტრომო, მეტს იგებს და მეურნეობას სცემსო. ჯერ ახალ მატყლს მომარაგების სამინისტრო არ ყიდულობს, ვინაიდგან ახალი პრინციპი, რომელიც სარჩულად დაედვა ამ მეურნეობას, მის განვითარებას. ამიტომ საჭიროა შეიქმნას კოოპერატიული ორგანიზაციები მეთუთუნეების, მემატყლეების. ეს ორგანიზაციები უნდა იყვნენ გამძღოლნი და მომწესრიგებელნი ამ საქმისა. ამ მხრივ მომარაგების სამინისტროს მიუძღვის დიდი ღვაწლი. რომ აიღოთ და შეადაროთ ის ციფრები იმ ფულების რაოდენობასთან, რომელიც სახელმწიფომ გაიღო, ნახავთ, რომ სახელმწიფომ ავანსის სახით მისცა მეტი, ვიდრე მატყლი ღირდა ბაზარზე (ვეშაპელი: მეტი მისცა? ხმა: როგორ მოხდა?). როგორ მოხდა? აი, ამის საბუთები: დღეს ბაზარზე მატყლი იყიდება ფუთი 80 ფრანკად. რომ აიღოთ და იანგარიშოთ ხარჯები, რომელიც უნდა ერთი ფუთი მატყლის რეალიზაციას, გამოვა 2.242 ფარნკი. თუ ამას გამოვაკლებთ მატყლის ღირებულებას, დარჩება 5.742 ფრანკი.

ამ მატყლის საქმეში სახელმწიფოს დაბანდებული აქვს 80 მილიონი ერთხელ, რაც უდრის 70.000 გირ. სტერლინგს; 40 მილიონი მეორედ, რაც უდრის 35.000 გირ. სტერლინგს; 70 მილიონი მესამედ, რაც უდრის 3.000 გირვანქა სტერლინგს.

სულ რომ იანგარიშოთ, უცხოელთა ვალიუტა მიცემულია მემატყლეებზე 83.000 გირვანქა სტერლინგი. მოგროვილია მატყლი 60.000 ფუთი, კიდევ ველოდებით 20.000-ს. სულ 80.000 ფუთი. აქედან 30.000 ფუთი გაიყიდა 4.500 მანეთად 135 მილიონის. 3.000 ფუთი გაიყიდა 4.500 მან.=13 მილ. 500.000 მან. 47.000 უნდა გაიყიდოს 8.000 მან.=376 მილ. მან. სულ მთლად იჭერს 524 მილ. 500.000 მან. აქედან მემატყლეებმა უნდა მიიღონ თვით ღირებულება ფუთზე 2.800 მან., სულ 214 მილ. მანეთი. ეს გასავალი 524 მილ. 500.000 მან., დარჩება 310 მილ. 500.000 მან. აქედან მემატყლენი იღებენ კიდევ 45 პროცენტს, როგორც მოგების წილს 181 მილ. მან. მეცხვარეობის ფონდისთვის მიიღებენ 10 პროც. 31 მილ. მან. სულ 426 მილ. მან. მიღებული აქვთ 140 მილ. მან., დარჩებათ მისაღები 286 მილ. მან.

თუ წარმოიდგენთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეიძლება კურსი ორჯერ კიდევ დაეცეს, მაშინ უნდა მიიღოთ სახეში, რომ ისინი მიიღებენ 286 მილ. 28.600 გირ. სტერლინგს; მიღებული აქვთ უკვე 83.000 ათასი გირვანქა სტერლინგი; სულ გამოვა 111.600 გირ. სტერლინგი. ეს ჯამი უდრის 6.696.000 ფრანკს, გავყოთ 80.000 ფუთზე; გამოვა ერთი ფუთი მატყლის ღირებულება 83 ფრანკი და 7/10. თითო ფუთ მატყლზე გამოდის 26 და 2/10 ფრანკი ზედმეტი, ვიდრე მატყლი ღირდა ევროპის ბაზარზე. არასოდეს არ მოსწრებიან მემატყლეები, მცხოვრებნი, მესაკუთრეები ასეთ მდგომარეობას. წარსულში კი ასეთ პირობებში არ ჰყავდათ ისინი ჩაყენებული სპეკულიანტებს და ვაჭრებს; ისინი მატყლის საღირალის 1/3 ვერ იღებდნენ. დღეს კი სახელმწიფო მონოპოლიით საშუალება მიეცათ ის ღირებულება, რომელიც არის ევროპის ბაზარზე, გაინაღდონ ჯერ მაშინ, როდესაც მატყლი გაყიდული არ არის. ამის შემდეგ რომ გამოხვალთ და იტყვით, რომ სახელმწიფომ ვერ გაუწია დახმარება მეურნეობასო, ეს მიმაჩნია იმათ მხრივ, ვინც გაცნობილია ამ საქმეს - თაღლითობად; ვინც არ იცნობს - დაუდევრობად.

ის პრინციპი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ მეთუთუნეობის შესახებ, საფუძვლად უნდა დაედვას მემატყლეობასაც: მემატყლეობა უნდა დაუკავშირდეს უწყებას, რომელთანაც მას აქვს ბუნებრივი კავშირი. რაც შეეხება აღებ-მიცემობას, ეს კი უნდა დაუკავშირდეს მომარაგების სამინისტროს.

ასეთსავე მდგომარეობაში იყო ჩაყენებული პარკის საქმე. იმ დიდი საფასურის გაღება, რომელიც ჩვენ პარკში მივეცით, არც ერთ კერძო დაწესებულებას და ვაჭარს გაღება არ შეეძლო.

თუ მოსავალი ნაკლები იყო, ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ სხვაგან, ვინაიდგან შარშანდელთან შედარებით წელს გასავალი 50 პროცენტით გაიზარდა. ეს მიეწერება იმას, რომ იყო მონოპოლია, რომლის შემწეობითაც იყო შემოტანილი თესლი, რომელსაც ვერც ერთი კერძო პიროვნება და დაწესებულება ვერ შემოიტანდა, ვინაიდგან ოსმალები წარსულ ომში იყო ჩათრეული და იქ ასეთი წარმოება მოისპო. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეტი ნდობა ჰქონდა და ის უდგა ამ საქმეს სათავეში. მან შესძლო შეუჩვეველი თესლის წარმოება.

საზოგადოდ ჩვენი მომავალი პროგრამა იმავ საფუძვლიდან გამომდინარეობს სასურსათო საკითხში, როგორც იყო ჩვენი მოღვაწეობა აქამდე. უმთავრესი ადგილი ჯერ სასურსათო საგნებს ეთმობა და მერე სხვა საჭირო ნივთებს. ჩვენი უმთავრესი ყურადღება იქით იყო მიქცეული, რომ ჩვენი მოთხოვნილებანი ჩვენი საკუთარი მეურნეობით იყოს დაკმაყოფილებული, რომ არ მოგვიხდეს აქედან ოქროს გაზიდვა საზღვარ-გარედ და ის გამოყენებულ იქმნას ისეთი ნივთების შესაძენად, რომლების გაკეთება ჩვენი საკუთარი ხელით არ შეგვიძლიან. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მაშინ, თუ გვექნება პურის საგზალი რამდენიმე თვისა, რომ იძულებული არ ვიქნეთ და არ მივადგეთ გლეხ-კაცობას, ისე როგორც დღეს არის. ამით მოგვეცემა საშუალება, რომ ვაჭრობა იყოს რაციონალური და ეკონომიური და განაწილებაც რაციონალურად და დინჯად მოხდეს. მე ამით ვათავებ ჩემს სიტყვას, იმიტომ რომ დავიღალე და დროც აღარ მაქვს. რაც შეეხება ბატონ კედიას ნალაპარაკევს და იმ დებულებას, რომელიც მან წამოაყენა მომარაგების სამინისტროს წინააღმდეგ, მისი ნალაპარაკევი ერთ უმთავრეს საგანს შეეხებოდა, იმას, რაც სახეში უნდა მიიღოს ყველამ. შესაძლებელი არის, რომ ყველაფერი რიგზე არის დაყენებული, ვაჭრობა, ფინანსები, აღებ-მიცემობა და სხვ., მაგრამ ბოროტ-მოქმედება არის ჩადენილიო. უმთავრესი ლეიტ-მოტივი ბატონ კედიასი იყო ის, რომ რწმუნებულები გყავთ ქურდები და ბოროტ-მომქმედები და მე უნდა დავამტკიცო, რომ ის, რაც ილაპარაკა ბ. კედიამ, არის მტკნარი სიცრუე და ამაზე შემდეგ მოგახსენებთ (ტაში).

თავმჯდომარე: უკვე ოთხის ნახევარი არის. როგორ ინებებთ? (ხმები: გადავდოთ!). სანამ კენჭს უყრიდე კრების გადადებას, გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტი.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტისა - ქალაქის მილიციის შესანახად 75%25 ტფილისის ხაზინიდან გაცემისა. კრება საბოლოო ტექსტს იღებს უცვლელად).

თავმჯდომარე: ვინ რის მომხრე კრების გადადებისა? კრება გრძელდება თანახმად რეგლამენტისა. ეხლა დაიწყება შეკითხვები. აქ გახლავთ წარმოდგენილი სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვა. გთხოვთ, წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

ქრ. შარაშიძის ასული: (კითხულობს).

თავმჯდომარე: როგორც მოგახსენეთ, სისწრაფე აღიარებული გახლავთ. ამიტომ რეგლამენტის ძალით მე ერთს მივცემ სიტყვას სისწრაფის დასაცავად. სიტყვა ეკუთვნის ილია ნუცუბიძეს.

ილ. ნუცუბიძე (ს.-რ.): ბატონებო! ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში პირველად დგება საკითხი დეპუტატის შეუვალობის შელახვისა. ეს ისეთი ძირითადი საკითხი არის, რომელსაც უნდა სასწრაფოდ განხილვა და გადაჭრა. ამ საკითხის ასე თუ ისე გადაწყვეტაზე დამოკიდებული არის ბევრად შემდეგი მოღვაწეობა პარლამენტისა. თუ გადავწყვიტეთ ის, რომ დეპუტატს აქვს შეუვალობის ტიტული, ეს დაცულ უნდა იქმნეს. თუ მისი პიროვნება შეუვალი არ იქნება, მაშინ, რასაკვირველია, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა შეზღუდული იქნება და არ გვექნება საშუალება, რომ შეასრულოს თვისი მოვალეობა ხალხის წინაშე. მე ვამბობ, რომ ეს არის საკითხთა საკითხი, ეს არის ძირითადი საკონსტიტუციო საკითხი. ეს არის შეტანილი ცალკე მუხლად კონსტიტუციის პროექტში და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დამფუძნებელი კრება ამ საკითხის სასწრაფოდ განხილვას აღიარებს.

თავმჯდომარე: წინააღმდეგ ვინ ინებებს სიტყვას? არავის სურს. მე კენჭს ვუყრი. ვინ არის მომხრე ამ შეკითხვის სასწრაფოდ განხილვისა? ვინ არის წინააღმდეგი? სისწრაფე მიღებულია.

. ლორთქიფანიძე (ს.-რ.): მაუზერისტების მეთაურია წინააღმდეგი.

. ჯუღელი (წამოდგება ადგილიდან და ხმა-მაღლა): აქ მე ქურდი მიძახის მაუზერისტების მეთაურს... (დიდი ხმაურობა. ხმები: გარეთ გასაგდებია!).

თავმჯდომარე: გთხოვთ დაწყნარდეთ... თქვენ პირადად ბ. ჯუღელს უწოდეთ სიტყვა მაუზერისტი... (დიდი ხმაურობა. ხმები: გასაგდებია!). გთხოვთ დაწყნარდეთ! მოუსმინეთ თავმჯდომარეს (ხომერიკი: გასაგდებია ლორთქიფანიძე! ხმაურობა. ყვირილი). გთხოვთ დაწყნარდეთ! ბ. ლორთქიფანიძე, თქვენ ინებეთ და იხმარეთ სიტყვა მაუზერისტი, მიმართეთ პირადად ჯუღელს... (დიდი ხმაურობა. ხომერიკი: გასაგდებია კრებიდან!). გთხოვთ დაწყნარდეთ (შენგელაია: თქვენები დააწყნარეთ!). ბ. შენგელაია, დაწყნარდით! ბ. ლორთქიფანიძე: თქვენ ინებეთ და უწოდეთ ბ. ჯუღელს მაუზერისტების მეთაური. მე თქვენ მოგახსენებთ და მე მგონია, რომ ამას მთელი დამფუძნებელი კრება გაიზიარებს, რომ ჩვენ აქ გვყავს ჯუღელი არა მაუზერისტების მეთაური, არამედ გვარდიის მეთაური, რომელმაც მოგვცა საშუალება ასეთი შემოქმედებითი მუშაობა გვეწარმოებინა (ძლიერი ატში). მე თქვენ შენიშვნას გაძლევთ ასეთ ყოვლად დაუშვებელ და შეუწყნარებელ მიმართვისათვის (ხმაურობა. ნ. ხომერიკი: ცოტა არის შენიშვნა, გასაგდებია! ხმები: სირცხვილია! ხმაურობა). უმორჩილესად გთხოვთ, მისცეთ საშუალება პრეზიდიუმს კრების წაყვანისა. შეკითხვის სისწრაფე მიღებულია და თანახმად რეგლამენტისა, არსებითად სიტყვა ეძლევა ბ. ილია ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე (ს.-რ.): როგორც მოგახსენეთ, ბატონებო, მოხდა უდიდესი დანაშაული ჩვენი კანონების მიხედვით. 14 დეკემბერს, დეპუტატ ნინიძის ბინაში, განოვის ქუჩაზე # 24, ადმინისტრაციის ინსპექტორის მეთაურობით შეიჭრა საგანგებო რაზმი. გაჩხრეკილი, დაკავებული იქმნა ძალით და დეპუტატ ნინიძეს ხელითაც შეეხენ. ისტორია ამ ფაქტისა შემდეგია: დეპუტატი ნინიძე ცხოვრობდა დავითის შესახვევში # 3. რადგანაც ეს ბინა უვარგისი იყო და მერე ბინა განოვის ქუჩაზე # 24 ცარიელი იყო დიდი ხნის განმავლობაში, ეს ბინა დეპუტატმა ნინიძემ დაიკავა სახლის პატრონთან შეთანხმებით. დეპ. ნინიძე გადავიდა ამ ბინაში 11 დეკემბერს და სათანადო განცხადებაც გააკეთა, ვისთანაც საჭირო იყო, რომ გადავიდა ამ ბინაზე. 11 დეკემბერს ადმინისტრაციის ინსპექტორი აძლევს განკარგულებას მილიციის უფროსს, რომ მან ბინა განოვის ქუჩაზე # 24 უნდა გადასცეს ქიაზიმ-ბეის და ამიტომ კირილე ნინიძემ უნდა დასცალოს ეს ბინა. 11 დეკემბერს, მილიციის უფროსი, თანახმად ადმინისტრაციის ინსპექტორის განკარგულებისა, უბრძანებს მესამე უბნის კომისარს, რომ მან წინადადება მისცეს დეპუტატ ნინიძეს დაუყონებლივ დასცალოს ეს ბინა, რადგან იგი დანიშნული არის ქიაზიმ-ბეისათვის. 13 დეკემბერს ეს კომისარი მიდის ბინაში, მაგრამ ბრძანება მილიციის უფროსისა ვერ მოყავს სისრულეში, რადგან დეპუტატი უცხადებს მას: მე ვემორჩილები სასამართლოს გარდაწყვეტილებას და პრეზიდიუმის განკარგულებას და არა ადმინისტრაციის განკარგულებასო. ამის შემდეგ თვითონ ადმინისტრაციის ინსპექტორი, განსაკუთრებული რაზმით მიბრძანდა ამ ბინაში და იქ იკავებს ძალით ბინას. ამ დაკავების პროცესში, რასაკვირველია, ხელით შეხებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც ცნობა გვაქვს, ეხლა ამ ბინის რამდენიმე ოთახი ძალით უნდა იყოს დაკავებული. აი, ასეთია მოკლე ისტორია ამ ფაქტისა, ფორმალური მხარე ამ მოვლენისა კი აშკარად გამორკვეულია. ჩვენს კანონში აშკარად არის ნათქვამი და ვგონებ, არც ერთ კონსტიტუციაში არ არის ისე მკაფიოდ გამოკვეთილი კანონი დეპუტატების შეუვალობის შესახებ, როგორც ეს ჩვენს კანონშია. დეკრეტი დეპუტატის შეუვალობის შესახებ შემდეგს ლაპარაკობს: მესამე მუხლში სწერია, რომ არც ადმინისტრაციას, არც სასამართლოს და არც სხვა მოხელეს არა აქვს უფლება დამფუძნებელი კრების წევრის ან მისი ნივთების გაჩხრეკისა. მე-4 მუხლი კი ამბობს: (კითხულობს).

ერთის მხრით საჭიროა სასამართლოს დადგენილება და მეორეს მხრივ პრეზიდიუმთან შეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიჩხრიკოს დეპუტატის ბინა. ამ შემთხვევაში არც ერთი ფორმალური მხარე დაცული არ ყოფილა. ერთის მხრივ, ადმინისტრაცია შევიდა უკანონოდ დეპუტატის ბინაში, დაარღვია მისი შეუვალობა, აგრეთვე დაარღვია მისი პიროვნების შეუვალობა, მაგრამ აღსანიშნავია მეორე გარემოება, რომ როდესაც ნინიძე გადავიდა განოვის ქუჩაზე და მისი ბინა სავსებით არ იყო დაცლილი და ნინიძე, ასე ვთქვათ, გადასვლის პროცესში იყო, ქალაქის მოურავი ბ. ჩხიკვიშვილი აძლევს განკარგულებას საბინაო განყოფილების გამგეს, რომ მან ანგარიშზე აიღოს კ. ნინიძის ბინა. ეს ხდება 15 დეკემბერს. 15 დეკემბერსვე საბინაო განყოფილების უფროსი მიდის, ჩხრეკს ბინას, იწერს ყველაფერს დაწვრილებით (ბ. ჩხიკვიშვილი: რას ქვია ჩხრეკა?) ლ. შენგელაია: ამის პრაქტიკა თქვენა გაქვთ! ბ. ჩხიკვიშვილი: უკაცრავად, მე არა მაქვს ამისთანა სიბინძურის პრაქტიკა!). სუყველაფერი აწერილია და გადაბრუნებულია (ბ. ჩხიკვიშვილი: ეს არის ჩხრეკა? ნოე ჟორდანია: ეს აწერაა!). ბ-ნო მოურავო, აქ კი დეპუტატო, ჯერ უნდა მოხდეს ჩხრეკა და მერე უნდა მოხდეს აწერა. აი, რას სწერს ქალაქის საბინაო განყოფილების გამგე (კითხულობს) და დაწვრილებით დაწერილი არის, რაც კი იყო იქ (ბ. ჩხიკვიშვილი: წაიკითხეთ დასკვნა!). 16 დეკემბერს ქალაქის მოურავი შემდეგ სწერს ბ-ნ თავმჯდომარეს # 1350 (კითხულობს) ესე იგი ქალაქის თავი სწერს, რომ მან გამოიძია ეს საქმე და აცნობებს, თუ რა პირობებში დაიკავა ბინა კ. ნინიძემ (ბ. ჩხიკვიშვილი: უკაცრავად, ვერ გაიგეთ!) და სთხოვს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ დაავალოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დასდოს შესაფერი მსჯავრი. ამასთანავე ოქმში არის გამოყვანილი ის დასკვნაც, რომლის შესახებ მეკითხებოდა ბ. ჩხიკვიშვილი (კითხულობს). ასე რომ, აი აქ ბ. ქალაქის თავი გრძნობს იმ უხერხულობას, რომელიც გამოიწვია დეპ. ნინიძის ბინის აწერამ და ერთნაირ ბოდიშს იხდის. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ეს ისე სასწრაფოდ ხდებოდა, რომ აშკარად სჩანდა, რომ მოურავმა უკვე იცოდა, რომ დეპ. ნინიძე გადავიდა ახალ ბინაზე, თუმცა ძველი ბინა სავსებით არ იყო დაცლილი. ეს იცოდა აგრეთვე აგენტმაც, რომელიც ლაპარაკობს, რომ ის მივიდა ნინიძის ბინაზე და ასე და ისე იყოვო (ბ. ჩხიკვიშვილი: წაიკითხეთ აქტის ბოლო!). ასეთია, ბ-ნო, ფაქტიური მხარე ამ საქმისა (ბ. ჩხიკვიშვილი: წაიკითხეთ აქტის ბოლო!). ფორმალურად მე უკვე მოგახსენეთ, რომ დარღვეულია დეპუტატის შეუვალობის კანონი. ახლა შეიძლება შეაფასოთ არა კანონიერების, არა ფორმალურის თვალსაზრისით, არამედ, თუ რა შედეგები მოყვება ამას პოლიტიკურად, პრაქტიკულად.

რასაკვირველია, ჩვენთვის საინტერესოა დეპუტატის შეუვალობა. თუ ასე დაარღვიეს დეპუტატის შეუვალობა, მაშინ დეპუტატი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას ხალხის წინაშე, ვინაიდან მმართველ წრეებს ყოველთვის ექნებათ საშუალება დააპატიმრონ ის ურჩი დეპუტატი, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრებს და არ გაიზიარებს მის აზრს, პოლიტიკას. მართალია, ჩვენ უმცირესობა ვართ, მაგრამ მაინც ვართ ხალხის ერთნაირი წარმომადგენელი (ვ. ჯუღელი: მართლა ერთნაირი ხართ! ლ. ნათაძე: თავისებურიც!). ეს ნიველიროვკა დაამახინჯებს ჩვენს ერს, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას. ცხადია, ჩვენ სოც.-რევოლიუციონერები ამის მომხრე ვერ ვიქნებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაინტერესებს მეორე, უფრო ზოგადი საკითხი. ჩვენთვის საკითხთა საკითხია პიროვნების თავისუფლება. ჩვენ, ს.-რევოლიუციონერები, ვლაპარაკობთ, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს პიროვნებას, რომ საღი პიროვნებისაგან შეჰქმნას საღი საზოგადოება, ხოლო თქვენ კი, სოც.-დემოკრატებს გინდათ პიროვნება გამოფიტოთ, წაართვათ მას ყოველგვარი მნიშვნელოვანი თვისებები და ცხადია, ასეთი პიროვნებებიდან შეიქმნება მახინჯი საზოგადოება.

გარდა ამისა, აქ არის შელახული არა მარტო დეპუტატის უფლება, არამედ შელახულია მოქალაქის უფლებებიც. და როდესაც შელახულია ეს უფლებათა-უფლება, როდესაც ამას ეხება საკითხი, ჩვენ სასტიკი წინააღმდეგი ვართ მოქალაქის უფლების შელახვისა. რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩვენმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამ ისეთი მახინჯი ხასიათი მიიღო, რომ ჩვენ პატივი არ ვეცით არც პიროვნებას, არც დეპუტატს, მაშინ შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ მომავალს, ჩვენს წინსვლას ჯვარი დაესვას. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ერთნაირი ტაბულა რასა არის. ამაზე ჩვენ ვსწერთ იმას, რომ რაზედაც უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი ერის სხეული და სული, ფსიქოლოგია, ერთის მხრივ პრაქტიკული მოქმედებით და მეორის მხრით, კანონების გამოცემით, პრაქტიკული მხარე გაცილებით უფრო ძლიერია, ვინაიდან ჩვენ ვქმნით ტრადიციებს და თქვენ იცით, თუ რა როლს თამაშობს ტრადიცია ცხოვრების ყველა დარგში. ამიტომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ შემთხვევას, რომელიც ერთად-ერთია ჩვენს ცხოვრებაში. უცხოეთში კი ორი-სამი მაგალითი თუ ყოფილა დეპუტატის უფლების შელახვისა. თუ დამფუძნებელი კრება დაადგენს, რომ შესაძლებელი არის დეპუტატის უფლების შელახვა, მაშინ ამას დიდი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. სამწუხაროდ ეს მოვლენა არ არის ჩვენში განკერძოებული: ეს შემთხვევა გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, იმ სისტემიდან, რომელიც მთავრობამ შეჰქმნა. სამწუხაროდ ეს კერძო შემთხვევა არ არის, ეს ლოღიკური დასკვნაა მთავრობის პოლიტიკისა. და რომ ასეთი ატმოსფერა ერთნაირ იძულებით გარემოებით არის დამყარებული, ამას მოწმობს თუნდაც ის, რაც დღეს დამფუძნებელ კრებაში მოხდა. უკვე არის ერთნაირი შეთქმულება, უკვე მზად არის ხელები, მუჭები, რომ ფიზიკური ძალით ჩაახშონ ოპოზიცია. ამას ამტკიცებს ის ერთი შემთხვევა, რომელსაც აი, ამ ჩვენს სპარსულ დარბაზში ჰქონდა ადგილი. უკანასკნელი ჩვენი გამოსვლის შემდეგ სპარსულ დარბაზში დეპუტატები იყვნენ თავმოყრილი და იქ, სხვათა შორის, იყვნენ ჩვენი ფარქციის წევრებიც. ერთი დეპუტატი, შემდეგ გავიგე, რომ ის დეპუტატი იყო მუჭებ დაკუმშული, თვალებ-გადმობრუნებული, მივიდა ჩვენი ფრაქციის დეპუტატებთან და ცხვირთან ხელის მიტანით გაიძახდა: „ცხვირი უნდა დაგამტვრიოთ, ასე გიზამთ და ისე გიზამთ, თუ კიდევ გაბედავთ ასეთ გამოსვლებსო.“ (ხმაურობა. ზარი. ხმები: ვინ იყო, ვინ იყო?). მოგახსენებთ. მე გავვოცდი და გამიკვირდა, როგორ შეიძლება ასეთი ტლანქი და ასეთი შეუფერებელი იყოს პიროვნება-თქო. ვინ არის ის კაცი, რომელიც იჭრება ჩვენთან? მე უთხარი, თქვენ დასაჭერი ხართ ამისთანა ლაპარაკისთვის. დეპუტატი ასრულებს თავის მოვალეობას ისე, როგორც მას ესმის, როგორც მას უკარნახებს პოლიტიკური სინიდისი. მე ასე უთხარი, მაგრამ მან მაინც თავისი არ დაიშალა, მაინც გვიღერებდა მუშტებს და ცხვირთან მოჰქონდა. შემდეგ ჩვენ მოვცილდით მას და თავი დაგვანება. შემდეგში მე დავინტერესდი ამ პიროვნებით, თუ ვინ იყო ის და... (ხმები: ვინ იყო, ვინ იყო?). სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ის იყო დეპუტატი ვასო წულაძეა! (სიცილი. ვ. ჯუღელი: ვასო წულაძემ შეგაშინათ? ვასო წულაძე იყო, თუ ვასო ცაბაძე?).

თავმჯდომარე: გთხოვთ დაბრძანდეთ! (სიცილი).

ი. ნუცუბიძე: ბატონებო, აქ სასაცილო არაფერი არის. ეს არის უაღრესად სამწუხარო მოვლენა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ის ახასიათებს იმას, თუ როგორი ატმოსფერა არის ჩვენში. თუ ისეთ წრეებში სახელმწიფო პოლიტიკა იქმნება, თუ ის ხალხი, რომელსაც ტიტული აქვს, ხალხის წარმომადგენლები ასე სჩადის, როგორღა მოიქცევა ადმინისტრაციის უბრალო წარმომადგენელი. მაშინ სავსებით გასაგები არის დღევანდელი მოვლენა ჩვენთვის. მე ვამბობ, რომ ეს მოვლენა არ არის კარგი, არამედ ის გამომდინარეობს იმ საგანგაშო მდგომარეობიდან, რომელიც არის შექმნილი ჩვენში და ამის საილიუსტრაციოდ მოვიყვანე ეს მაგალითი. მე არ მინდა დავიჯერო, ბატონებო, რომ ეს სისტემა იყოს ღვიძლი შვილი ჩვენი ეროვნებისა. მე არ მინდა ეს დავიჯერო იმიტომ, რომ მე ჩვენს ხალხზე დიდი წარმოდგენა მაქვს. მე ვიცი მისი ფაქიზი სული, მე ვიცი მისი პსიხოლოგიური გაშლილობა და თავისუფლება. ასე რომ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ჩვენი ხალხის სინამდვილე. ეს სისტემა არის უკანონობა, უკანონო ხალხის მიერ გადმოწერილი და მე მწამს, რომ ასეთ სისტემას ჩვენი ხალხი ბოლოს მოუღებს და დამყარდება ჩვენში ის ნორმალური ურთიერთობა, სადაც შესაძლებელი იქნება თავისუფლად აზრის გამოთქმა. დასასრულს ჩემი სიტყვისა, მე მოვითხოვ ს.-რ. ფრაქციის სახელით, რომ პასუხის გებაში იქნას მიცემული დამნაშავე დამფუძნებლი კრების წევრის შეუვალობის კანონის მე-8 მუხლის ძალით, რომელიც ლაპარაკობს, რომ ამ დეკრეტის დადგენილებით დამნაშავე დაისჯება საქართველოს პარლამენტის მიერ 1919 წ. იანვრის 21 მიღებული კანონის 11 მუხლში აღნიშნულ სასჯელის ორი ხარისხის გადიდებით. აი მე მოვითხოვ ფრაქციის სახელით, რომ ამ მუხლის ძალით დაისაჯოს დამნაშავე (ტაში).

თავმჯდომარე: ბატონებო, გახლავთ განცხადება მთავრობისა, რომ მას სურს ეხლავე გასცეს პასუხი შეკითხვაზე, მაგრამ ამავე დროს არის შემოსული წინადადება ს.-დ. ფრაქციისა, რომ დეპუტატ ნუცუბიძის სიტყვის შემდეგ შეწყდეს კამათი. თუ ვინმე ინებებს სიტყვას ამ წინადადების შესახებ? სიტყვა არავის სურს. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი, რომ კამათი გადაიდოს? ვინ არის მომხრე? ს.-დ. ფრაქციის წინადადება მიღებულია. მომავალ სხდომაზე გამოცხადებული იქნება მეორე შეკითხვა, რომელიც დღეს უნდა გამოცხადებულიყო. უკაცრავად, ბატონებო, უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობას სამი დღის განმავლობაში უნდა მიეცა პასუხი, მაგრამ მას არ სურს ისარგებლოს ამ უფლებით და დროზე სურს პასუხის გაცემა. ახლა როდის ინებებთ, პარასკევის სხდომაზე თუ სამშაბათს? (პარასკევს! პარასკევს!). პარასკევი კონსტიტუციის განსახილველად არის დანიშნული და პრეზიდიუმმა უნდა იცოდეს (ხმაურობა. ზარი. პარასკევს! პარასკევს!). მიღებულია პარასკევს. რამდენიმე განცხადება გახლავთ. გთხოვთ მომისმინოთ (მდივანი კითხულობს). საგარეო და ხელოვნების კომისიებში ს.-რ. ფრაქცია - ბატონ გობეჩიას, ხოლო თვითმმართველობის კომისიაში ონიაშვილის მაგიერ გაგლოევს - ს.-დ. ფრაქცია.

თავმჯდომარე: სხდომა დახურულია.

სხდომა იხურება 4 სთ. და 5 წთ.

43 სხდომა 72 (საგანგებო)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

ოთხშაბათს 1920 წ. დეკემბრის 22. საღამოს 5 1/2 საათ.

დღიური წესრიგი:

1/232 - განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის.

მომხსენებელია ბნ. პ. საყვარელიძე. (საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე)

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხ.

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კ. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან :

სხდომა იწყება საღამოს 7 ს. და 5 წთ.

სხდომის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განგრძობაა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის. მომხსენებელია საკონსტ. კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე (ს.-დემ.)

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია შემდეგი წინადადება „ორატორთა სალაპარაკო დრო ნახევარი საათით განისაზღვროს.“ ამ წინადადების წინააღმდეგ ლაპარაკობს ლ. შენგელაია. (ს.რ.) წინადადებას იცავს აკ. ჩხენკელი. (ს.-დ.) დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას იღებს.

იწყება მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ლ. შენგელაია (ს.-რ.), რომელიც განსაზღვრულ ვადაზე სიტყვას ვერ ამთავრებს და რომელსაც დამფუძნებელი კრება სალაპარაკო დროს 10 წუთით უგრძელებს.

ორატორი სიტყვას ამთავრებს.

მომხსენებელი პ. საყვარელიძე (ს.დ.) კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) განხილვისთვის საბოლოო დასკვნას წარმოსთქვამს.

თავმჯდომარე ორატორს აჩვენებს და დამფუძნებელ კრებას ახსენებს, რომ უკვე საღამოს 10 საათი შესრულდა და სურს თუ არა დამფუძნებელ კრებას სხდომა განაგრძოს. თავმჯდომარე კრების დადგენილებით სხდომას საღამოს 10 ს. ჰხურავს.

44 სხდომა 73

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს 1920 წ. დეკემბრის 24 სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგი

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კ. ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთ. თაყაიშვილი

ქრ. შარაშიძის ასული

სხდომა იწყება შუადღის I ს. და 20 წ.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს;

დღიური წესრიგი

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საბურთალოს რადიო-სადგურის საჭიროებისათვის კერძო პირთაგან ჩამორთმეული უძრავი ქონების საფასურად 867.501 მან. გადადების შესახებ.

2. განგრძობა მსჯელობისა - საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის.

3. განგრძობა მსჯელობისა სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - დამფუძნებელი კრების წევრის შეუვალობის კანონის დარღვევის შესახებ.

დამფუძნებელი კრება ამ დღიურ წესრიგს უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსი დეკრეტისა - საბურთალოს რადიო-სადგურის საჭიროებისათვის კერძო პირთაგან ჩამორთმეული ქონების საფასურად 867.501 მანეთის გადადების შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ივ. გომართელი (ს.დ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტის პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ საბოლოო ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს. განაგრძობა მსჯელობისა - საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი (ზოგადი) წესით განხილვისათვის.

მომხსენებელი პ. საყვარელიძე საბოლოო დასკვნას განაგრძობს.

ორატორი სიტყვას ამთავრებს. თავმჯდომარის შეკითხვაზე - კონსტიტუციის პროექტის თავობრივი გახილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება

ადგენს თავობით განხილვაზე გადავიდეს.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერ.-დემ. ფრაქციისაგან შემოსულია წინადადება კონსტიტუციის პროექტის თავობრივი განხილვის შემდეგი სხდომისთვის გადადების შესახებ.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უკამათოდ იღებს.

გრძელდება მსჯელობა სოც.-რევოლუციონერთა ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო დამფუძნებელი კრების წევრის შეუვალობის კანონის დარღვევის შესახებ.

მთავრობის სახელით განმარტებას იძლევა იუსტიციის მინისტრი ბნ. რ. არსენიძე.

მსჯელობა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შ. ნუცუბიძე (სოც.-ფედ.) ა. ჩხენკელი (სოც. დემ), სპ. კედია (ერ. დემ) და კვლავ მეორედ აკ. ჩხენკელი (სოც. დემ).

თავმჯდომარე აცხადებს, რომ წინადადება არის კამათის შეწყვეტის შესახებ.

დამფუძნებელი კრება ადგენს კამათი გაგრძელდეს.

მსჯელობა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ლ. შენგელაია (სოც. რევ), სპ. კედია (ერ. დემ.). ვ. ჯუღელი (ს. დ.) და ილ. ნუცუბიძე (სოც.რევ).

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია წინადადება ორატორთა სალაპარაკო დროის განსაზღვრის შესახებ.

ამ წინადადების წინაღმდეგ ლაპარაკობს ს. დადიანი (ს. ფ.) დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უარყოფს. მსჯელობა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ს. დადიანი (სოც. ფედ.) პირადი საკითხისთვის სიტყვას იღებს კ. ნინიძე (ს. დ) განმარტებას იძლევა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრ. ლორთქიფანიძე.

განგრძობა მსჯელობის სოც. რევ. ფრაქციის შეკითხვის გარშემო დეპუტატის შეუვალობის დარღვევის გამო*

კ. ნინიძის სიტყვა

მე გულწრფელად მეგონა, რომ მთავრობა, როგორც ორგანო კოლექტიური, როგორც ასეთი, ამ საქმეში არაფერ შუაში იყო. მე დღესაც მგონია ეს; მაგრამ ის განმარტება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის თავმჯდომარისმოადგილის პირით, იძლევა ისეთ გაშუქებას, რომ მე ჩემ მოვალეობად მიმაჩნია მოვახსენო დამფუძნებელ კრებას, თუ ვინ არის დამნაშავე ამ საქმეში.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ მეტად გაამარტივა საკითხი; მას ჰგონია, რომ რაკი მთავრობას აღებული ჰქონდა ბინა თავის აღრიცხვაზე, - ამიტომ ეს ბინა კანონიერად იმყოფებოდა მთავრობის განკარგულებაში. იმდენად უსუსური და სუსტი არის ეს წარმოდგენა, რომ ბატონი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე აქ აცხადებს იმ საწყალ ფაქტის შესახებ, რომ სახლის პატრონი თხოულობდა, მოგვეცით ნება დავსახლდეო. მას არ ესმის, რომ როდესაც მოქალაქე ჩაყენებული არის ისეთ პირობებში, რომ უხდება ამა თუ იმ შუამდგომლობის აღძვრა თავის ბინაში დასახლების შესახებ, - მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ჰგონია, რომ ეს კანონი არის (ერაძე: ფაქტი არის). მოგახსენებთ ფაქტზედაც, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ჰგონია, რომ ყველაფერი ის, რასაც შიშის ქვეშ აცხადებს მოქალაქე, - ეს არის სინამდვილე, ამით აიხსენება ის წყალ წაღებული და დაუშვებელი მოქმედება, რომელიც ბატონმა ჩხიკვიშვილმა ჩაიდინა. იცით რა ქნა ჩხიკვიშვილმა?

ხმაურობა: ჩხიკვიშვილი: რა ვქენი?

იქონიეთ მოთმინება და მოგახსენებთ, თქვენ ნუ გგონიათ, რომ ასე ადვილად დაიძვრენთ თავს.

(ჯუღელი იცინის).

ბატონო ჯუღელო! კარგათ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.

ჯუღელი: რატომ გადადი იმ ბინაზე? კარგ ბინას ეძებდი არა?

რატომ გადავედი, - ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ ვინც კარგ ბინებს ეძებს, ესეც ვიცით ჩვენ. ამაზე შემდეგ ვილაპარაკებ, ახლა კი მინდა უფლებრივ საკითხზე ვილაპარაკო. იცით თუ არა, რომ სამშაბათს იმის მაგივრად, რომ გაეყვანათ ის მილიციონერები, რომელნიც ჩემი ოთახის გვერდით იყვნენ ჩასაფრებულნი და მთელი ღამე მღეროდნენ, - დაატყვევეს მოხუცი სახლის პატრონის - ლეკრიანის მეუღლე (სხვათა შორის, ეს იცის შინაგან საქმეთა მინისტრმაც). მე ჩემს ზნეობრივ მოვალეობად მივიჩნიე გავყოლოდი ამ მოხუცს. მოხუცს შეიარაღებული კაცი მიჰყვებოდა, გზაში შემომხვდა დამფუძნებელი კრების წევრი იოსებ მაჭავარიანი, რომელსაც მე დატუსაღებული ვეგონე. როდესაც მივედი საგანგებო რაზმში, - მე წერილობითი განცხადება გავუგზავნე რამიშვილს კედიას ხელით. მე ვწერდი. თუ ვინმე დამნაშავე არის ამ საკითხში, დამნაშავე ვარ მე და თუ გგონიათ, რომ ვეფარები დეპუტატის შეუვალობას, - დავტოვებ დეპუტატობას და მიმეცით პასუხისგებაში; თუ არა, - რას ერჩით ამ საწყალ დედაკაცს? მე ვთხოვდი, რომ ის დედაკაცი გაშვებული ყოფილიყო.

(ჯუღელი იცინის).

თქვენ გეცინებათ, ბატონო ჯუღელო, რადგან დედაკაცის დატყვევებაში არაფერს ხედავთ. მე ხშირად ვყოფილვარ ციხეში ჟანდარმების ხელში; მაგრამ არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ დედაკაცს ასე მოპყრობოდნენ, ციხეში ჩაეგდოთ მარტო იმისთვის, რომ გაეგოთ, თუ რა წესით დავიჭირე ბინა. მე მოგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ძველ წყობილების დროსაც დედაკაცს ქუჩაში იჭერდნენ მხოლოდ, ეგრედ წოდებულ ცუდი ყოფა ქცევისათვის ან სიმთვრალისათვის. აქ კი რისთვის იჭერენ დედაკაცს, რა დანაშაულობისათვის მიჰყავთ ეს დედაკაცი! და აი მე გული ამეწვა. როდესაც ვიფიქრე, რომ ამ საგანგებო რაზმს ჰსურს ჩემი დატუსაღება, მაგრამ ის ვერ გათავხედდა იმდენად, რომ ეს ჩაედინა. მაშინ მე ვიგრძენ, რომ მე ვარ შეუვალი, როგორც დეპუტატი, მაგრამ რისთვის დაატუსაღეს ის ქალი? იქნებ ვინმემ სთქვას, რომ სამაგიერო გადაუხადესო, მაგრამ რა დააშავა?

(ჯუღელი: მოატყუილეთ).

მე არ ვარ ჩვეული მოტყვილებას, და ვინც მე მიცნობს, ამას დაამოწმებს.

(ს. ფ. დ., ს. რევ. ნაც. დემ. და ნაც. ტაშს უკრავენ).

ბატონო ჯუღელო, მე ისე არ გადავდივარ ერთი პარტიიდან მეორეში, როგორც თქვენ გადადიხართ.

(ყველა ტაშს უკრავს გარდა ს. დ. დეპუტატებისა).

ჯუღელი: გვახსოვს, რეაქციის დროს ამხანაგს სახლში არ უშვებდი.

იმის შემდეგ, რაც ეს დედაკაცი დააშინეს, მთელი ოჯახი ტერორის ქვეშ დააყენეს, - ჩხიკვიშვილი ტელეფონით უძახის: დატუსაღება არ შეიძლება, რადგან ასეთი ჩვენება მოგვცაო და იცით რა ჩვენება იყო ეს ჩვენება? ეს ის სამარცხვინო ჩვენება იყო, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ გამოაქვეყნა; აქედან სჩანს, ვითომ მე 10 წლის ბავშვს გამოვტყუე გასაღები.

მე მაქვს ქაღალდი, რომელიც დაწერილი იყო არა ძალდატანებით, არა დაჭერის შიშის ქვეშ, როდესაც ადამიანი დაჭერილია და ასეთ პირობებში დაკითხვას ახდენენ, შეუძლებელია მან სიმართლე სთქვას და უნდა სცხვენოდეს იმას, ვინც სარგებლობს ასეთი დაკითხვით. ბატონო ჩხიკვიშვილო, უნდა იცოდეთ, რომ როდესაც კაცი არ არის გმირი და როდესაც მას დაჭერის ეშინიან, მაშინ ის ვერ მოგცემთ სწორ ჩვენებას. განა ბ-ნო ჩხიკვიშვილო, იმისთვის იარეთ კატორღებში, რომ ვერ ისწავლეთ, რომ როდესაც კაცს იჭერენ. - არ ვარგა მისი დაკითხვა; ეს თქვენ ვერ შეიგნეთ და მე ვამბობ - თქვენ ტყვილად იარეთ კატორღაში, რადგან თქვენ იმის ღირსი არ ყოფილხართ. და აი რადგან ასეთ პირობებში მოხდა დაკითხვა დაჭერის შიშის ქვეშ, მე გავკადნიერდი და იჭვი შევიტანე ბ-ნ ჩხიკვიშვილის კეთილსინდისიერებაში. მე ვწუხდი როცა ასე ვფიქრობდი. მაგრამ მე ხელთ მქონდა მეორე ფაქტი, რომ ჩხიკვიშვილის ბრძანებით გაჩხრიკეს ბინა დავითის შესახვევში. ამიტომ მე სოც.-დემ. ფრაქციას მივართვი განცხადება, რომელშიაც ვწერდი, რომ ის მიმაჩნია ბინის გაჩხრეკად და საჭირო არ არის გამოძიება იმისა თუ ვინ ახდენს ამ საქმეს. შემდეგ მე გავიგე, რომ ეს ჩხიკვიშვილს მოუხდენია.

რისთვის ბატონო ჩხიკვიშვილო?

თქვენ ქალაქის თავი ბრძანდებით და ვალდებული ხართ იმდენი იცოდეთ, რომ თუ გინდათ ბინის აღრიცხვაზე აღება, არ არის საჭირო ნივთების აღწერა. უნდა იყოს უბრალო რიგიანი ადამიანი...

(ნოე ხომერიკი: თქვენ რიგიანი ხართ?)

თქვენ რიგიანობაზე ლაპარაკს თავი დაანებეთ, ბატონო ხომერიკო! თუ ჩხიკვიშვილს უნდოდა გაეგო, სად იყო ჩემი ბინა, - განა მე ამას ვმალავდი (ჯუღელი: არ ვიცოდი, თუ შენი ბინა იყო, უნდა დაიჯერო კაცო, რა ვქნა ხატზე დავიფიცო?)

მე რომ ხატი მწამდეს, დაგიჯერებდით, მაგრამ არ მწამს. თქვენ ხელმძღვანელობდით ამ სამარცხვინო საქმის შედგენას, რომელიც მთვარობის თავმჯდომარის მოადგილემ გამოაქვეყნა და რომლის შედგენის შემდეგ თქვენ დაუძახეთ ტელეფონით: `დაჭერა აღარ შეიძლება, ასეთი ჩვენება მოგვცესო“. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ გულუბრყვილოთ განაცხადა, რომ განოვის ქუჩაზე მხოლოდ 2- 3 კალათა იდო ნინიძესიო. ეს არ არის მართალი. ამას დაამოწმებს ადმინისტრაციის ინსპექტორი ქარცივაძე, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და რომლის აგენტები, თუ გინახავთ პროჟეკტორში, - სწორედ ისე, გადიოდნენ ბოძებზე, წყალსადენ მილებზე და შემდეგ ფანჯრებიდან შევიდნენ ჩემს ბინაში, იქ იყო მხოლოდ ჩემი 2 შვილი, ერთი ავადმყოფი.

როცა ეს აგენტები შეცვივდნენ ჩემს ბინაში, შეშინებული შვილი - გიმნაზიელი გამოიქცა აქ, დამფუძნებელ კრებაში ჩემთან და მიამბო მომხდარი ამბავი.

(ვ. ჯუღელი: ზამთარში ავადმყოფ ბავშვს კარგი მამა არ გადაიყვანდა).

კ. ნინიძე: არა, ბ-ნო ჯუღელო, კარგი მამა რას იზამს, ეს მე უკეთ ვიცი, მაგრამ მე იძულებული ვიყავი გადამეყვანა ბავშვი ძველ ბინაზე, - მე მაიძულეს. მე არ მქონდა საშვალება დავჭიდებოდი საგანგებო რაზმს, თქვენი ლოღიკა კი იმაშია, რომ თუ არ გაქვს ღონე, მკლავი, - არ უნდა დაიცვა შენი უფლება.

ამ შემეცნებას მე ვებრძოდი მუდამ. ასეთი შემეცნება სპარსული შემეცნებაა: თუ ბევრი მოხელე ჰყავს, თუ ოსმალეთის ფაშა ან მინისტრი ხარ, - მაშინ მომხრეები ბევრი გყავს, უნდა გაბედო და იზრუნო ბინაზე. თუ ასეთები არა გყავს, - მაშინ უნდა გაჩერდე. ძნელია ამაზე ლაპარაკი; მაგრამ რაკი ამას შეეხეთ და ინებეთ ლაპარაკი, - მე უნდა მოგახსენოთ. რომ ხარბი არა ვარ, არც ბინებზე დახარბებული. ბინის შოვნა მინდოდა და არ მინდოდა სხვისი ოჯახის შეწუხება, როგორც ამას დაჩვეულია ბ-ნი ჩხიკვიშვილი; იმან არა ერთი ოჯახი გამოყარა და აატირა, რომ სხვისთვის მიეცა ბინა. მაგრამ მე მაქვს იმდენი შეგნება, რომ ამას არ ვიზამდი.

ვ. ჯუღელი: ვინმეს თუ აწიოკებდა ვ. ჩხიკვიშვილი, დეპუტატმა რათ არ ამოიღო ხმა?

მე განვიზრახე ლეკრიანის ცარიელი ბინის დაჭერა, მთავრობას არ ჰქონდა კანონის ძალით უფლება თავის განკარგულებაში ბინა დაეტოვებინა. ასეთი კანონი არ არსებობს.

შემდეგ იცით, რა მოხდა? ათვალიერებს მთავრობის თავმჯდომარე ამ ბინას და ნახულობს, რომ ეს მისთვის გამოსადეგი არ არის. მე მქონდა ცნობა, რომ ეს ბინა უნდა მიეცათ მთავრობის თავმჯდომარის პირად მდივნისათვის გ. ცინცაძისათვის (ვ. ჯუღელი: დაასწარი, არა?) მე, ბატონო ჯუღელო, არ მრცხვენია, რომ ცინცაძისთვის დამესწრო. მე ჩემს ზნეობრივ მოვალეობად არ ვსთვლიდი ამისთვის ანგარიში გამეწია და ამიტომ გადავსწყვიტე იმ ბინის დაჭერა.

ჯუღელი: ქიაზიმ-ბეის?

(აქ ორატორი ეხება იმას, თუ როგორ დაიჭირა მან ბინა და დასძენს):

ბატონებო: მე მივიღე მილიციის უფროსისაგან ტელეფონოგრამა ორშაბათს, რომელშიც ეწერა. რომ მე მეძლეოდა წინადადება გავსულიყავი ბინიდან და ეს ბინა გადამეცა ქიაზიმ-ბეისთვის.

ჯუღელი: და თქვენ უთხარით, უსისხლოთ არ გავალო!

საიდან იცით, ბატონო? თქვენ ნება არა გაქვთ იფიქროთ, რომ მე არ მქონდა შეგნება იმისა, რომ არ ვარგოდა ქიაზიმ ბეისთან დავა. ის წარმომადგენელი არის უცხო სახელმწიფოსი, მე ამის შეგნება მაქვს. მაგრამ მე აღმაშფოთა იმ კილომ და ბრძანებამ, რომელიც მე მივიღე და რითაც წინადადება მეძლეოდა დაუყოვნებლივ დამეცალა ბინა. კანონების ძალით, ჩემთვის არ იყო სავალდებულო მილიციის უფროსის ბრძანების ასრულება. მე ბატონო, ვფიქრობ, რომ ამით დავიცავი დეპუტატის ღირსება, - დეპუტატობა ჩემთვის არც ჯუღელს უბოძებია და არც სხვა ვისმეს. ხალხმა დამავალა, რომ დამეცვა ეს უფლებები.

იცით, მე რას მოველოდი? მე მოველოდი, რომ დამიძახებდა ან დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი, ან მთავრობის თავმჯდომარე და მომელაპარაკებოდა ამის შესახებ.

ჯუღელი: მთავრობის თავმჯდომარეს რაღა უფლება აქვს დაგიძახოს?

ბ. ჯუღელი აქ ტყუილად თამაშობს რაღაც კომედიას. მთავრობის თავმჯდომარეს ეს უფლება აქვს იმიტომ, რომ ის არის პარტიის თავმჯდომარე. მე ვარ ფრაქციის წევრი და თუ მთავრობის თავმჯდომარე დამავალებდა ამას მე ალბად უსიტყვოდ დავემორჩილებოდი. იმიტომ რომ მე არასოდეს არ გახლავართ ისეთი ხარბი, რომ ქიაზიმ ბეისთვის ბინა წამერთვა და ჩვენი მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებია. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გამოსწორდებოდა რიგიანი გზით. მაგრამ ეს არ მოხდა. მე მეგონა, რომ ბინა ჩემს განკარგულებაში დასტოვეს. ამ იმედით მე მოვედი სამშაბათს დამფუძნებელი კრების სხდომაზე. მაგრამ აქ მოვიდა ჩემი ბავშვი ატირებული და შემატყობინა, რომ ბინიდან გაგვყარესო, მე წავედი. მეისრეებმა, რომელნიც მე იქ დამხვდნენ აასრულეს ის, რაც მონდობილი ჰქონდათ და შემთხვევით არ იყო ის, რომ კომისარი, რომელმაც არ აასრულა უკანონო ბრძანება, დღეს დაჭერილი არის. აი, რა უთხარი მე მილიციელს, როდესაც ოთახში შევედი: რომ მოსულხართ ჩემს ბინაზე - ამის უფლება არა გვაქვს თქო. მე მოვითხოვე ორდერი, რომლის ძალითაც შემოვიდნენ ჩემს სახლში. მაგრამ ასეთი არ აღმოაჩნდათ. მე ვუთხარ, - მადლობა ღმერთს მე არ ვარ ღონიერი კაცი, უიარაღო ვარ, თორემ რომ შემოდიხართ ვინ ხართ თქო.

შეიძლება, ჯუღელმა დამცინოს, რა საჭირო იყო ამის თქმა გაველურებულ ხალხისთვის, რომელთაც ავადმყოფი ბავშვი არ დაინდეს და გარედ გამოაგდეს. მე გამოვიჩინე ეს გულუბრყვილობა და უთხარი - ამ საქციელისთვის თქვენ დაისჯებით თქო, იცით რა მითხრეს მილიციელებმა? - დამფუძნებელი კრების წევრი ხარ და ასე ამბობთ; აი, კომისარი, რომელმაც არ აასრულა ბრძანება, დაიჭირეს: ჩვენც დაგვიჭერენ და რათ გინდათ ჩვენი ცოლ-შვილის ცოდვაო. ამას ველაპარაკებოდი ორ მილიციელს, სამი იქეთ ოთახში ყოფილიყო, და რომ გაიგონეს ეს ლაპარაკი, გამოვიდნენ და მიბრძანეს იქეთ ოთახში გავსულიყავი. მე ვუთხარი, - რატომ ყვირით? მე იარაღი არა მაქვს, როგორც მხედავთ, ღონეც არა მაქვს. როცა ეს უთხარი. - დამიჭირეს, გადამიბრუნეს ხელები და მიმაწვინეს კედელზე, მე რამდენჯერმე გახლდით დაჭერილი და გადასახლებული, მაგრამ ასეთი სისაძაგლე ჩემ პიროვნების წინააღმდეგ არავის ჩაუდენია მე მოვითხოვ, - დამნაშავენი პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი.

(შემდეგი იქნება).

მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნ ჟორდანიას სიტყვა*

ნ. ჟორდანია: მოქალაქენო! სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ დღეს ჩემი სახელი აქ ძალიან ხშირად ისმოდა. მე უფრო მიამებოდა, რომ ჩემი სახელი ისმოდეს დიდი პოლიტიკურ საკითხების დროს ...

(ხმები: ასეც უნდა იყოს, მერმე რათ მოხდა ეს? ვინ არის დამნაშავე?)

მაგრამ, როდესაც ასეთი დიდი კითხვები ისმება, - ჩემს სახელს არ იხსენიებენ და არა ითხოვენ ჩემ აზრებს, როდესაც წვრილმან კითხვებს არჩევთ, მაშინ თხოულობთ, რომ ჩემი აზრი ვსთქვა ამ ტრიბუნიდან. იმედია, შემდეგში ეს არ იქნება, ე.ი. დიდ კითხვებში უფრო ხშირად მომიხსენიებთ, ვიდრე პატარებში, მაგრამ, ვინაიდან ეს ესე არის, იძულებული ვარ ზოგიერთ პირებს პასუხი გავცე. აი ბ-მა შ. ნუცუბიძემ თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ხშირად ერევა ბინების საკითხში. სამწუხაროდ ეს ასე არის და თუ ბ-ნი ნუცუბიძე მოახერხებს, რომ არ ჩავერიო, მისი მადლობელი ვიქნები.

(შ. ნუცუბიძე: ამისთვის არის სათანადო ორგანო).

დიდი ხანია ვცდილობ ამ კითხვებში არ ჩავერიო, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც მე მიჭირამს, ამას მაიძულებს. კანონი ბინების შესახებ არის გამოცემული, გამოცემული დიდი ხანია, რევოლიუციის დროს, და, თავის თავად ცხადია, უფრო დეკლარაცია არის, ვინემ კონკრეტიული კანონი, და ცხადია, რომ ხშირად ამ კანონით უკმაყოფილონი არიან მოქალაქენი. თუ მოქალაქე აღშფოთებულია და ფიქრობს, რომ მას დიდ უსამართლობას აყენებენ და არ აქვს იმედი, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს, მას ერთი გზა დარჩენია, უნდა აჯანყდეს. დიახ, ეს ასეა, ბ-ნო ნუცუბიძე, და ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ დემ. რესპუბლიკაში ყველა ასეთ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება ეძიოს ეს სამართლიანობა.

(კედია: სასამართლოა ამისთვის).

დიახ, სასამართლო არის, მაგრამ როდესაც აშკარად არის დარღვეული რაიმე უფლება, მაშინ არსებობს სხვა ერთგვარი ინსტანცია.

(კედია: რომელი?).

ყველა ღარიბ და შეწუხებულ კაცს არ შეუძლიან იაროს სასამართლოში (ვეშაპელი: თქვენი ნახვა ადვილი არ არის).

თუ აშკარად დარღვევა მოხდა რაიმე უფლებისა, მაშინ ვერევი ან და მოხდა რაიმე განაჩენი სასამართლოსი იმაში არ ვერევი, მაგრამ როდესაც მოქალაქე აღშფოთებულია, ამბობს, რომ ჩემ ბინას იჭერენ, ყრიან ბარგს, გარედ მაგდებენ, სასამართლოში წავიდე? არა. ჩვენ გვაქვს უფლება შევაჩეროთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კანონი სახელმწიფოსი. ასეთი არის საქმე და მე მგონია, რომ შემდეგშიაც იძულებული ვიქნები, რომ მოქალაქის საჩივრებს ანგარიში გაუწიოთ და ესა თუ ის დახმარება აღმოუჩინოთ.

ეხლა აღნიშნულ კითხვაზე: ის ბინა, რომელიც დღეს აქ იყო საგანი კამათისა, მართლაც აღებული იყო ჩემ სახელზე. მე ვცხოვრობ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბინაზე, რომელსაც მე ვაწუხებ და სურვილი მქონდა სხვა ბინაზე გადასვლა, მაგრამ არ მინდოდა რომ ბინის შოვნა მომხდარიყო რეკვიზიციის წესით. აღმოჩნდა რომ განოვის ქ. # 24 ზევითა სართულში ბინა ყოფილა დაკავებული ენფიაჯიანცის მიერ, რომელიც ერთი წელია, რაც აქ აღარ სცხოვრობდა, და აგრეთვე ისე რომ ამ ბინის გვერდით რამდენიმე ოთახი უჭირავს სახლის პატრონს. სახლის პატრონი თანახმა გახდა თვით გადასულიყო სხვა ბინაზე იმავ სახლში, ხოლო თავისი ბინა მოექირავებია ჩემთვის, მხოლოდ ქალაქმა ის ბინა შეაფასა 6,000 მანეთად თვეში და ვიფიქრე რომ ეს ბინა ძვირი დამიჯდებოდა ამდენი ქირა და თან 10 ბუხრის გახურება, რომელიც იმ ბინაში იყო, მე ვერ ავიტანთქო. ამიტომ უარი ვთქვი ამ ბინაზე, ხოლო ეს ბინა ჩვენ დავიტოვეთ ჩვენ სახელზე მისიების საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ასეთი ბინები ჩვენ გვაქვს მაგალითად პეტრე დიდი ქუჩაზე მელიქოვის სახლში, რომელსაც ხან ვხმარობთ და ხან არა, აგრეთვე გვაქვს გრიბაედოვის ქუჩაზე, რომელშიც სცხოვრობს კარლ კაუცკი, მე იმ ბინას მთხოვდნენ ბევრი ამხანაგები, ზოგს არ აქვს ზოგს აქვს და ცუდია ან ვერ ეტევა, მაგრამ მე მათ ყველას უარი უთხარი. მათ შორის უარი უთხარი გიორგი ცინცაძეს და ვალერიან ჯუღელს.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ მოგვივიდა ცნობა რომ ჩვენში მოდის გერმანეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და აი ამ ბინას ჩვენ მისთვის ვინახავდით, მაგრამ მას დააგვიანდა ჩამოსვლა და ბინა ისევ ცარიელი იყო: ამასობაში ჩამოვიდა ანგორის მთავრობის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ქიაზიმ ბეი და დეკემბრის 10 თავდაცვის საბჭომ დაადგინა, ეს ბინა გადასცემოდა მას. თანაც შინაგან საქმეთა მინისტრს მიენდო ავეჯეულობის შოვნა იმ ბინისათვის, ავეჯეულობა მართლაც ნაშოვნი იქნა და ავტომობილები ამ ავეჯეულობით დატვირთული მიადგა იმ ბინას, სადაც უნდა დასახლებულიყო ქიაზი ბეი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შიგ უკვე ჩასახლებულიყო დეპუტატი ნინიძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნინიძემ არ იცოდა, რომ ეს ბინა დანიშნული იყო მისიისათვის, თორემ, რომ სცოდნოდა ის არ შევიდოდა იქ.

ვინაიდან ასეთი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენ გადავსწყვიტეთ, რადგან ბინა დიდი არის იმ ავეჯეულობით მოეწყოს მხოლოდ ოთხი ოთახი ქიაზიმ ბეისათვის და დანარჩენი 5 ოთახი, მზიანი ოთახი დროებით დაეთმოს კ. ნინიძეს და ალბათ ცოტა ხნის შემდეგ ის იმ ბინიდან გავა და დაბრუნდება ძველ ბინაზე. მაგრამ აი ამ ოთახების განაწილების და მოწყობის დროს მოხდა არა სასიამოვნო ინციდენტი! მილიციონერი ხელით შეეხო დეპუტატ ნინიძეს. ეს ჩვენ რასაკვირველია დაუშვებლად მივიჩნიეთ და ამიტომ ის მილიციონერი გადაყენებულია სამსახურიდან, და მიცემულია სამართალში.

თქვენ ხედავთ, რომ ეს ბინის საქმე აშენებული იყო ერთნაირ გაუგებრობაზე. ჩვენ არ მიგვიცია არავითარი ბრძანება ან მილიციისათვის ან ვინმესთვის, რომ ნინიძე იმ ბინიდან გადაესახლებიათ. ამიტომ აქ ლაპარაკი იმაზე, ვითომ ჩვენ მივაყენეთ შეურაცყოფა ნინიძეს და ამით უარვყავით ასე ვთქვათ დეპუტატობა, ეს მგონია, უსაფუძვლო არის. თუ აქ დაამტკიცებენ, რომ ჩვენ შევედით სხვის ბინაში და არა ნინიძე შევიდა გაუგებრობით, რასაკვირველია, ჩვენ ბინაში, რასაკვირველია მაშინ ჩვენ ვიქნებით მტყუანი.

შემდეგ რომელ კანონის ძალით ქონდა მთავრობას აღებული ეს ბინა თავის ანგარიშზე? მე ვფიქრობ, რომ კანონი არ არსებობს, მაგრამ გეკითხებით თქვენ, არსებობს თუ არა კანონი, რომ ჩვენში არსებობს სამინისტრო, ამისთანა კანონი არ არსებობს, როცა ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, მასში იქნება გარკვეულად აღნიშნული ჩვენი უფლებანი (ხმა: ფაქტიური კონსტიტუცია).

მოგახსენებთ, ფაქტიური კონსტიტუციის ძალით, მთავრობას ქონდა უფლება ბინის თავის სახელზე აღებისა, და თქვენი დებულება, რომ მთავრობას ასეთი უფლება არ უნდა ქონდეს, ესეც გაუგებრობის ნაყოფია...

ასეთია საქმის მთელი შინაარსი, რომლის შესახებ აქ იყო ერთნაირი სჯა-ბაასი. ეხლა ამბობენ, რომ რაკი დეპუტატი შევიდა ბინაში, ჩვენ უფლება არ გვქონდა შევსულიყავით. მე მგონია ეს მართალი არ არის. თუ ჩვენ ამ გზას დავადექით, რომ თუ დეპუტატი შევიდა იქ ვეღარ შევა მთავრობა, არც ერთი მოქალაქე არ იქნება უზრუნველყოფილი ამ დაუპატიჟებელ სტუმრის მოსვლისაგან.

უფლება დეპუტატისა არის უფლება კანონისა. ჩვენ გვგონია, რომ დეპუტატი არის მატარებელი უმაღლესი კანონიერებისა, იცავს კანონს. მაგრამ თუ დეპუტატმა ხშირად დაარღვია კანონი, მაშასადამე თუ ეს უკანონობა მოხდა, თავისთავად ცხადია (შენგელაია: ვინ უნდა გამოარკვიოს ეს?), დიახ, ეხლა კითხულობთ ვინ უნდა გამოარკვიოს? არის ორნაირი დარღვევა კანონისა, ერთი დარღვევა ისეთი, რომელიც უკვე მოხდა და, რასაკვირველია, როდესაც ამას გაიგებ ეს არის მერმინდელი აქტი. ამ საქმეში ჩარევა შეუძლებელია, მაგრამ არის მეორე, კანონი ირღვევა, მაგრამ სავსებით არ არის დამთავრებული პროცესი. ბატონებო, მე იურისტი არა ვარ, მაგრამ იმდენი მაინც ვიცი, როცა უკანონობა აქ ხდება, მაგრამ დასრულებული არ არის, თუნდაც ეს ხდებოდეს დეპუტატის მიერ, მთავრობას აქვს უფლება შეაჩეროს ეს უკანონო აქტი. თუ ეს აქტი დამთავრდა, მაშინ ეს უფლება არა გაქვს. ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ეს აქტი დამთავრებული არ იყო (ხმაურობა). კ. ნინიძე სავსებით არ იყო გადმოსული და ვთქვით, რომ ეს სრულიად გარკვეული არის. რომ არ ყოფილიყო გარკვეული, მაშინ ტფილისის ქალაქის თავს უფლება უნდა ჰქონოდა აეღო ძველი ბინა, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან ეს ბინა ეჭირა ნინიძეს. ამიტომ იყო, რომ ორი ბინა ეჭირა და, როდესაც ასე იყო, ჩვენ უფლება გვქონდა დაგვეჭირა ეს ბინა, მაგრამ სრულიად კანონიერის წესით, ისე რომ ნინიძეს უფლებები არ შეგველახა. ამიტომ ჩვენ არ მიგვიწერია, რომ უეჭველად დეპუტატი იქნეს გაძევებული, პირიქით, უთხარით, რომ ოთხი მზიანი ოთახი იყოს მისთვის და იქ შეიტანოს ბარგი და დააწყოს. ამიტომ ვფიქრობდით, რომ მთავრობას არავითარი უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია. აგენტებმა კი, მართალია ჩაიდინეს (შენგელაია: ძველი სიმღერაა, რომელიც რუსეთის ბიუროკრატიისაგან გაგიგონიათ).

თქვენ, ბატონებო, სამწუხაროთ ძველს სიმღერას ვერ მოშორდით და კონსტიტუციის განხილვის დროსაც ლაპარაკობთ იმ სიმღერებზე, 30 წლის წინად ესერები რომ მღეროდნენ. უკეთესი იქნება, რომ ხანდისხან თქვენ ძველ სიმღერას მოშორდეთ... საქმე აქ არის, ფაქტები აქ არის და ვისაც უნდა, შეუძლიან ნახოს. მე არ უარვყოფ იმას რომ მოხდა შებღალვა დეპუტატის შეუვალობისა, მაგრამ არა მთავრობის მიერ, არამედ მის მიერ გაგზავნილ პირების მიერ რომელთაც ბრძანება არ შეასრულეს. ამ მხრივ ისინი ღირსნი არიან სასჯელისა და დაისჯებიან კიდეც. სამწუხაროდ ჩვენში მოხელეები ვერ შეეჩვივნენ რომ შეასრულონ ის, რაც მათ უბრძანეს (დადიანი: შეასრულეს, უბრძანეთ და გამოყარეს).

არა ბატონო, ეს მართალი არ არის (დადიანი: რატომ არის დაჭერილი კომისარი?)

კომისარი დაჭერილი არის იმიტომ, რომ ის სააყალ-მაყალო ბინაზედ მივიდა და ქიაზიმ-ბეი მიიყვანა. ქიაზიმ ბეი მოვიდა საგარეო სამინისტროში და სთქვა, რა ამბავია რა ხდება ჩემ ბინაზეო.

(კედია: განა მარტო ოსმალეთშია ასეთი წესები, ჩვენშიაც არის).

არ ვიცი რა წესებია, მაგრამ როცა სადავო კითხვაა, აქ უცხო კაცი... ამიტომ ვამბობ აქ არის მეორე მომენტი.

(კედია: თავის ინიციატივით გააკეთა ეს მილიციის უფროსმა).

მისი ინიციატივა იყო იმაში, რომ მან შეეხო ხელით დეპუტატს.

(კედია: ვინ მიუგზავნა?)

ბ-ნო სპირიდონ მე მეგონა, რომ გვისმენდი (კედია: გისმენთ, ბ-ნო, გისმენთ).

ჩვენ უბრძანეთ, რომ პირველ ოთახებში შეიტანეთ ბარგი და დანარჩენ ოთახებში დარჩეს ნინიძე. ეს შეასრულეს, მაგრამ არა რიგიანად და ხელით შეეხნენ დეპუტატ ნინიძეს. ეს უკანონო იყო და იმისთვის ისინი ისჯებიან. შემდეგ სამწუხარო არის ის, რომ ასეთი შინაური ინციდენტი, რომელიც შეიძლება ხშირად მოგვიხდეს ...

(შენგელია: კარგი ნუგეშია)

და შეიძლებოდა შინაურულად დამთავრებულიყო, აქ გამოიტანეს. სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს ინციდენტი შეერთებულია ერთნაირად საგარეო საქმესთან. ეს გამოდის, რომ არც ერთ მისიისთვის ვერ მიგვიცია ბინა და რომ ამაზე აყალ-მაყალი არ მოხდეს, ამაზე ლაპარაკია დამფუძნებელ კრებაში, ამაზე თავს იტეხენ ფრაქციაში, რას იფიქრებენ ამაზე სხვა სახელმწიფოები? ეს ჩვენ სამარცხვინოთ მიგვაჩნია და ამიტომ არ გვინდოდა ამაზედ ლაპარაკი: თუმცა ბ-მა ნუცუბიძემ გამოგვიწვია. „აბა თქვით და თქვით“, მაგრამ ჩვენ გაჩუმებული ვიყავით ...

(დადიანი: თქვენ მისიებს აძლევთ ბინას უფასოთ).

ფასი შემოწმებულია 6 ათასი მანეთი თვეში, ჩვენ უნდა მივცეთ ამის პატრონს.

(გობეჩია: ნინიძემ განაცხადა, რომ სცოდნოდა არ შევიდოდა ამ ბინაში; ჯუღელი სიცილით: გობეჩია დარწმუნებული არის).

აქ სალაპარაკო იყო ის, რომ შეეხნენ დეპუტატის პიროვნებას, სხვა სალაპარაკო არ იყო. მაგრამ ოპოზიციამ მოისურვა დღეს ამის გაღრმავება ისე, რომ გამოიწვია ეს ლაპარაკი. შემდეგ საყვედური უნდა უთხრა ნინიძეს, რომ მან ვერ დაიცვა თავის ახსნა-განმარტებაში ის, რაც უნდა დაეცვა.

(კედია: შეთანხმება?).

დიახ, შეთანხმება. ამისი არ გვცხვენიან. დიახ, ეს შეთანხმება ჩვენ ბინაზე რომ ყოფილიყო, ამაზე საქმეც არ იქნებოდა, მაგრამ ეს ბინა უცხო წარმომადგენელისათვის იყო და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის იყო ეს შეთანხმება და უნდა დაცული ყოფილიყო ბოლომდის. მაგრამ ეს არ იყო დაცული, და მან გამოიწვია ასეთი სხდომა, ასეთი საღამო. აქ ბევრი მაყურებელნი არიან და ეს ჩვენ ცხოვრების მინუსათ და არა პლიუსათ ჩაითვლება. მთავრობა დამნაშავე არ არის იმაში, რომ ამ სხდომას ასეთი ელფერი მიეცა. შემდეგში მაინც მე უნდა ვთქვა, მეტი ვიფიქროთ სახელმწიფო ინტერესებზე, ვიდრე გულისწყრომაზე

(ხმა: შემთხვევით სარგებლობაზე).

დიახ, შემთხვევით სარგებლობაზე და პირად და ფრაქციულ თავმოყვარეობაზე (ესერების ფრაქციიდან ხმა: ამაზე ყველამ უნდა იფიქროს). (ს. დ. ფრაქ. ტაში).

განგრძობა მსჯელობისა სოც.-რევოლუციონერთა ფრაქციის შეკითხვის გარშემო დეპუტატის შეუვალობის დარღვევის გამო.*

გრ. ლორთქიფანიძე (მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე). ბატონებო! სიტყვა ავიღე არა იმიტომ, რომ ვისმეს ვეკამათო, არამედ მე მსურს რამდენიმე საბუთი გაგაცნოთ, ვინაიდან ამას საქმის ინტერესი მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა ბ-ნ ნინიძემ წაიკითხა გამოძიების ოქმი იმ გამოძიების გასაბათილებლათ, რომლის შესახებაც მე მოგახსენეთ, დაკითხული გახლდათ ოთხი პირი ლექრიანცები: დედა, ორი ქალიშვილი და ვაჟი, რომელნიც ამბობენ შემდეგს, - მე ნებას ვაძლევ თავს რუსულად წავიკითხო ზოგიერთი ადგილები, ვინაიდან ეს ხელმოწერილი დედანი გახლავთ და სახელდახელოთ მისი გადათარგმნა და შემოწმება ძნელია.

ჩვენებას აძლევს: «Еремия Яковлева Лекрянц, дочь владельца указанного дома № 24; в минувшее воскресенье за отсутствием нас когда дома оставалась одна маленькая моя сестра - Ацзик, как оказалось, приходил какой-то гражданин и в обычном порядке как указано, взял от упомянутой сестры ключи от квартиры с черного хода; сестра в тот-же день слышала стук и заметила, что в помещение вносили вещи, но не обратила внимания, полагая, что продолжается устройство квартиры в начатом порядке; только в понедельник узнали, что вселилась туда какая то семья, но все мы были уверены, что все это произошло с разрешения председателя правительства, пока комиссар не появился и не заявил, что квартира занята самовольно лицом без ведома правительства; вселившимся оказался член Учредительного Собрания, гражданин Нинидзе; последний ни со мной и ни с кем - либо из членов пашей семьи никакого предварительного разговора не вел, не заявлял о том, кто он такой. Отец же мой более одного месяца как отсутствует по делам в Кахетии.»

შემდეგ არის ჩვენება მარია მერანგულოვის ასულ ლეკრიანცისა; ის ამბობს: «Нинидзе ни со мною, ни с кем другим из членов моей семьи на счет того, что он займет квартиру, разговора не вел; как только нам было объявлено, что квартира эта берется на учет для председателя правительства 12 декабря, за нашим отсутствием, малолетняя дочь моя, которая только и находилась в то время дома, по требованию появившегося, в обычном порядке гражданина, передала последнему ключи с черного хода квартиры, о чем я узнала только в понедельник 13 декабря и не обратила внимания, полагая, что квартирою, как до этого, распоряжается кто нибудь по поручению правительства; в тот же день, т. е. в понедельник, явился комиссар 3-го участка и заявил, что квартира занята неправильно, самовольно и только тогда я поняла, что тут произошло какое-то недоразумение. У нас оставались только ключи с черного хода, каковые были переданы без всякого умысла гражданину Нинидзе, помня предложение секретаря председателя правительства: «кто бы ни приходил, предоставляйте ключи»; повторяю, что квартира занята без моего на то согласия и в данном случае я или вообще моя семья не виновны, ибо она не могла подозревать самовольно, без ведома правительства, квартиру.»

შემდეგ ჩვენებას იძლევა არციკი იაკობის ასული ლეკრიანცი 10 წ; ის ამბობს: «Пришел какой то господин и потребовал от меня ключи от верхней нашей освобожденной квартиры, что я и исполнила, так как раньше также приходили разные лица и брали эти же ключи; ключи эти были с черного хода».

შემდეგ არის ჩვენება მიკირტიჩ აკოფის ძე ლეკრიანცისა 23 წ. : «Знаю, что наша квартира была взята для председателя правительства Грузинской Демократической Республики; согласно словесному распоряжению секретаря председателя правительства, ключи выдавались беспрепятственно всем, кто таковые требовал; дальше кто, когда и на каком основании занял упомянутую квартиру, мне неизвестно; о происшедшем недоразумении я узнал, когда мне сестра Ермония пояснила, что в воскресенье, 12 декабря за отсутствием старших из дома, малолетняя сестра передала ключи появившемуся незнакомцу, воспользовавшемуся как оказалось впоследствии, этими ключами и поселившемуся там».

ამის საწინააღმდეგოდ კ. ნინიძემ მეორე გამოძიება გამოაქვეყნა აქ. რომელიც ოფიციალურ გამოძიებამ კი არ დაარღვია, არამედ დაადასტურა. ამ გამოძიებიდან ერთი რამ გავიგეთ: სახლის პატრონმა სთქვა, რომ ბინა ჩემი არ არისო, მე თქვენ ბინას ვერ გადმოგცემთ, ამის უფლება არ მაქვსო. მაშინ ბრძანოს ნინიძემ, რომელი კანონი არის ის კანონი, რომ არავის ეკითხებით, სახლის პატრონი გეუბნებათ - ბინა ჩემი არ არისო და მაინც შედიხართ? ეს არის უკანონობა, თუ არა? რომელი თქვენგანი ბრძანებს, რომ ბინაში ამ წესით შესვლა უკანონო არ იყო. სახლის პატრონმა ლეკრიანცმა იცის, რომ კანონით ბინა არ არის მის განკარგულებაში და კანონს ასრულებს. ხოლო კანონმდებელმა ნინიძემ არ იცის კანონები, ანდა იცის, მაგრამ შეგნებულად არღვევს მას. ნინიძეს უნდა მოეხსენებოდეს, რომ არსებობს კომისარიატის მიერ გამოცემული კანონი ბინების შესახებ, რომელიც არავის არ გაუუქმებია, რომელიც დღემდე მოქმედებს. ამ კანონით ქალაქის თვითმართველობას უფლება აქვს მოახდინოს რეკვიზიცია და თავის ანგარიშზე აიღოს ბინები. და სწორედ ამ კანონის ძალით მოხდა ამ ბინის ანგარიშზე აღება. დეპუტატმა ნინიძემ აშკარა უკანონობა ჩაიდინა, ამას თქვენ თვითონ დასდებთ მსჯავრს; უკვე არის ერთი მსჯავრი ამ ორგანიზაციისა, რომელიც აქ იმოწმა ნინიძემ და რომლის გამოტანა აქ საჭიროც არ იყო, მაგრამ ვინაიდან ეს ინება ნინიძემ, - ნება მიბოძეთ მოგახსენოთ ის, რაც იმ ორგანიზაციამ სთქვა ნინიძის მოქმედების შესახებ. სოც. დემ. ფრაქციის დადგენილებაში, რომლის რეზოლუცია გამოაქვეყნა ნინიძემ, ნათქვამია: „ამხ, ნინიძის შესვლა ამ ბინაში იყო უკანონო“. კიდევ ერთი წერილობითი საბუთი, რომელიც ყოველ შემთხვევაში, არ არის შიშისა და მუქარის ქვეშ დაწერილი, ვინაიდან ის თვით ნინიძის მიერ არის დაწერილი და ხელმოწერილი, ეს გახლავთ მისი განცხადება დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სახელზე.

„სახლის პატრონთან ხელშეკრულება არ მაქვს დადებული, მაგრამ ისე პატრონის ოჯახის წევრებმა კი დაინახეს, რომ დავდექი და ის აზრი გამოსთქვეს, რომ მათთვის სულ ერთია, ვინც დაიჭერს ბინას, რაკი პირადათ ბ. ნოე ნიკოლოზის ძეს არ ჰსურსო. განა ამის შემდეგ კიდევ რამეა სადავო? თვითონ ნინიძე აცხადებს, რომ ეს მისი ხელმოწერილი განცხადებაა, - რომ სახლის პატრონთან ხელშეკრულება არ მქონია დადებულიო, მაგრამ პატრონის ოჯახის წევრებმა ისე დაინახეს, რომ უკვე დავდექიო და სხვა. მაშასადამე, თვითონ ამბობს, რომ შესულა სახლში უკანა კარებიდან დაუკითხავად, თვითნებურად. ეს არის, ბატონებო, მტაცებლობა, ეს არის რუსები რომ იტყვიან, захват. ასეთი მტაცებლობის წინააღმდეგ იყო მიღებული ზომები, მაგრამ საკმარისი სისასტიკით არ იყო მიღებული ეს ზომები. ბატონებო, თუ დეპუტატმა განიზრახა ბოროტად ისარგებლოს მტაცებლობის საქმეში თავისი მაღალი ღირსებით, - ის დასასჯელი არის უფლებრივად და ზნეობრივად, და ეს სასჯელი უნდა გამოიტანოს დამფუძნებელმა კრებამაც.

დიაღ, ბატონებო, პირველად შეიბღალა დეპუტატის მაღალი სახელი იმ დროს, როდესაც დეპუტატი ნინიძე შევიდა ბინაში უკანონოთ, ნება მიბოძეთ ასეთი ვულგარული შედარება მოვიყვანო: ვთქვათ, რომელიმე დეპუტატმა განიზრახა შევარდეს მაღაზიაში და მოიტაცოს რაიმე ნივთი. მაშინ უეჭველია, ჩვენ არ ვილაპარაკებთ შეუვალობაზე, რა შუაშია აქ შეუვალობა?! ადმინისტრაცია ვალდებულია მყისვე ჩაერიოს საქმეში და არ მისცეს საშუალება გატაცებისა. ამ შემთხვევაში სავსებით კანონიერია მთავრობის მოქმედება, კიდევ მეტი - მთავრობის მოპყრობა უაღრესად ლოიალურია და ამხანაგურიც, ამ სიტყვის არა გვრცხვენია. მაგრამ ამის შემდეგ იყო ის სამწუხარო მომენტი, კანონიერი განკარგულების ასრულებამ ერთ თავის ნაწილში მიიღო უკანონო ფორმა, როდესაც გაიცა ბრძანება არა ნინიძის გაძევებისა, არამედ მისი ნივთების ბინის ერთ ნაწილში მოთავსებისა - ოთხ ოთახში, რომელთაც შესავალი აქვთ მეორე ქუჩიდან და დეპუტატს ხელით შეეხენ. მიუხედავათ იმისა, რომ დასაწყისი ამ საქმისა, იყო უკანონო და ეს უკანონობა ჩაიდინა ნინიძემ, - ეს არ ამართლებს მილიციის უკანონო მოქმედებას. ამიტომ მთავრობა გამოსთქვამს თავის მწუხარებას და აცხადებს, რომ დამნაშავენი იქნებიან დასჯილნი თანახმად კანონისა.

მაგრამ ერთია შეუვალობის დარღვევის მომენტი, როცა მას ხელით შეეხენ და მეორეა თვით ინციდენტის დასაწყისი, არც დამფუძნებელ კრების, არც რეპუბლიკისა და არ პარტიების ინტერესები არ მოითხოვდა აქ ამ ინციდენტის გამოტანას; მაგრამ რადგანაც სხვადასხვა ფრაქციებმა და თვით ნინიძემ ინება ეს, ჩვენც იძულებული შევიქენით გვეთქვა ის, რაც საჭირო არ იყო, მაგრამ რისი თქმაც ამ ჟამად აუცილებელი შეიქნა, ამგვარათ, ბატონებო, უკანონობა იწყება მაშინ, როცა ნინიძემ დაუკითხავად დაიჭირა ეს ბინა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და რომლის შესახებაც იცოდა, რომ სახელმწიფო საჭიროებისათვის იყო დანიშნული. მეორე უკანონობაა, როცა ნინიძეს ხელით შეეხენ. (ხმა: „გასაღები ვის ჰქონდა?“) სადარბაზო კარების გასაღები მთავრობას ჰქონდა; უკანა კარების გასაღები კი დატოვებული ჰქონდა და დიასახლისს ბინა მომსვლელებისათვის ეჩვენებია. დეპუტატი რომ გადადის ბინაში, - რათ არ ტყობილობს, სად არის წინა კარის გასაღები! რათ ატყობინებს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს - მე ბინა დავიჭირეო; რასაკვირველია, თქვენც ისეთი შთაბეჭდილება მიიღეთ, რომ ეს იყო პირდაპირი გამოწვევა და ნება მომეცით ვთქვა, რომ დეპუტატ ნინიძეს შეეშალა ნახტომი იმ მხრივ, რომ მას ეგონა სხვას შეხვდებოდა და შეეტაკებოდა და ეს ცუდი საქმე შერჩებოდა. თავს გაიტანდა, მაგრამ ის დადგა დიპლომატიურ სკანდალის წინაშე და მით თავი შეირცხვინა, დეპუტატის სახელი შებღალა და რამდენიმეთ ქვეყანასაც ავნო. ბოლოს მან შეიგნო თავის შეცდომა, დაემორჩილა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის დადგენილებას და თავის ძველ ბინაზე დარჩა.

ამგვარათ, კანონიერება დაარღვია ნინიძემ, მაგრამ ის უკვე აღდგენილია. კანონიერება დაირღვა მილიციონერის მიერ და ესეც აღდგენილი იქნება. დამნაშავენი დაისჯებიან. (ტაში).

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ.

ამ წინადადების წინააღმდეგ ლაპარაკობს კ. ნინიძე (ს.დ.)

თავმჯდომარე კ. ნინიძის სიტყვით გამოსვლის გამო განმარტებას იძლევა რეგლამენტის დარღვევის შესახებ.

დამფუძნებელი კრება ადგენს: ორატორთა სალაპარაკო დრო 10 წუთით განისაზღვროს.

მსჯელობა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ გრ. ვეშაპელი (ნაც.) და კ. ნინიძე (ს.დ.).

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას იღებს. პირადი საკითხისათვის სიტყვა ეძლევა მ. ხოჭოლავას (ს.დ.).

მსჯელობა დასრულებულია.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემოსულია სამი ფორმულა მორიგ საკითხზე გადასვლისა და მდივანი კითხულობს ამ ფორმულებს შემოსვლის რიგზე.

I. სოც.რევ. ფრაქცია

„მოისმინა რა მთავრობის განმარტება სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვის გამო დეპუტატის კ. ნინიძის პიროვნებისა და ბინის შეუვალობის შელახვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს: დეპუტატის კ. ნინიძის პიროვნებისა და ბინის შეუვალობის შელახვა უდავო ფაქტია და დამნაშავენი დასჯილი უნდა იქნენ სათანადო კანონის მთელი სისასტიკით.“

2. სოც.-დემ. ფრაქცია

„მოისმინა რა სოც.რევ. ფრაქციის შეკითხვა საგანგებო რაზმის აგენტების მიერ დამფუძნებელი კრების წევრის კ. ნინიძის შეუვალობის შელახვის შესახებ - დამფუძნებელი კრება მწუხარებას გამოსთქვამს ამის გამო და, იღებს მხედველობაში მთავრობის განცხადებას, რომ ხსენებული აგენტები უკვე მიცემული არიან სასამართლოში, კმაყოფილდება ამით და გადადის მორიგ საკითხზე.“

3. სოც.-ფედ. ფრაქცია

„დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა მთავრობის განმარტება სოც.-რევ. ფრაქციის შეკითხვის გამო, ღრმა მწუხარებას აცხადებს, რომ მთავრობის უტაქტო მოქმედებით შეურაცხყოფილი იქნა დეპუტატი, იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში მთავრობა ფრთხილად მოიქცევა ამგვარ შემთხვევებში და გადადის მორი გსაკითხზე.“

თავმჯდომარე კენჭს უყრის ამ ფორმულებს შემოსვლის რიგზე. დამფუძნებელი კრება ხმის უმრავლესობით იღებს, სოც.- დემ. ფრაქციის ფორმულას, ხოლო უარყოფს დანარჩენ ორ ფორმულას.

კომისიაში გადასახედი საკანონმდებლო აქტების ნუსხა

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

I/361 - ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - 1919 წლის ივლისის 31-ს კანონის /1919 წ. კანონთა კრებული # „კანონი 120/-ის შეცვლის შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო და იურიდიულ კომისიას.

2/362 - გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - საკესონო მასალის შესაძენად 25.000.000 მ. გადადების შესახებ. გადაეცეს გზათა და საბიუჯეტო კომისიას.

3/363 - პრეზიდიუმის პროექტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებისათვის სასახლის სამეურნეო თანხის გასადიდებლად დამატებითი კრედიტის გაღების შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

4/364 - შრომის კომისიის პროექტი დაკრეტისა - შრომის მინისტრის განკარგულებისათვის 2.000.000 მან გადავადების შესახებ - რესპუბლიკის პროფესიონალურ კავშირთა ცენტრალურ საბჭოს აღმასრულებელ კიმიტეტისათვის სესხის მისაცემად. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების შემდეგი (დეკემბრის 28-ს) მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს. დამფუძნებელი კრება ამ დღიური წესრიგს ცნობად იღებს.

თავმჯდომარე სხდომას 8 საათზე ხურავს.

___________

* 24 დეკემბრის სხდომის გაგრძელება დაიბეჭდა გაზ. : „ ერთობა“ 1921 წ. 6 იანვარი. - # 3. - გვ. 2 (სარედ. კოლ.)

* „ერთობა“ # 4, 6 იანვარი, 1921 წ.

* 24 დეკემბრის სხდომის გაგრძელება დაიბეჭდა გაზ. : „ერთობა“ 1921 წ. 6 იანვარი. - # 3. - გვ. 2 (სარედ. კოლ.)

45 სხდომა 74

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

კვირას 1920 . დეკემბრის 26 შუადღ. 12 საათი.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

. ჯაფარიძე

პრეზიდიუმში არიან

ექვთ. თაყაიშვილი

ქრ. შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება შუადღის I ს. და 12 წ.

დღიური წესრიგი:

საკანონმდებლო აქტის სახელწოდება

1/232 - მეორე (თავობრივი) განხილვა საქართველოს კონსტიტუციის პროექტისა. ცნობა: კონსტიტუციის პროექტის ცალკე თავების მომხსენებლები არიან:

თავი I - ზოგადი დებულება - პ. საყვარელიძე;

თავი II - მოქალაქეობა - მომხსენებელი . საყვარელიძე;

თავი III - უფლებანი - მომხსენებელი . ჯაფარიძე;

თავი IV - პარლამენტი - მომხსენებელი . ჯაფარიძე;

თავი V - აღმასრულებელი ხელისუფლება - მომხსენებელი . ჯაფარიძე;

თავი VI - სასამართლო - მომხსენებელი . დადიანი;

თავი VII - სახელმწიფო ფინანსები - მომხსენებელი ივ. გომართელი;

თავი VIII - კონტროლი - მომხსენებელი . გვაზავა;

თავი IX - სახელმწიფო თავდაცვა - მოხსენებელი სპ. კედია;

თავი X - ადგილობრივი თვითმმართველობა - მომხსენებელი მელ. რუსია;

თავი XI - ავტონომიური მმართველობა - მომხსენებელი აკ. ჩხენკელი;

თავი XII - სწავლა-განათლება და სკოლა - მომხსენებელი . ნათაძე;

თავი XIII - სოციალ-ეკონომიკური უფლებები - მომხსენებელი აკ. ჩხენკელი;

თავი XIV - ეროვნულ-უცირესობათა უფლებები - მომხსენებელი . ნათაძე;

თავი XV - სახელმწიფო მოხელენი - მომხსენებელი . ჯაფარიძე;

თავი XVI - სახელმწიფო და ეკლესია - მომხსენებელი . ბარათაშვილი;

თავი XVII - კონსტიტუციის გადაშინჯვა - მომხსენებელი . საყვარელიძე.

მეორე (თავობრივი) განხილვა საქართველოს კონტიტუციის პროექტისა.

კრების გახსნისას თავმჯდომარე აცხადებს, რომ განსახილველია მეორე (თავობრივ) განხილვის წესით საქართველოს კონსტიტუციის პროექტი.

საკონსტიტუციო კომისიის მხრით მომხსენებელია პ. საყვარელიძე (ს.დ.), რომელიც კონსტიტუციის პროექტის პირველი თავის (ზოგადი დებულებანი) შესახებ დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს.

მოხსენება კონსტიტუციის 1-ლი თავის ზოგად დებულებების შესახებ.*

. საყვარელიძე. მთელი ჩვენი კონსტიტუცია შეიცავს 17 თავს და 166 მუხლს, კონსტიტუციის ასეთი დაყოფა არ არის აუცილებელი, მაგრამ მას შეაქვს კონსტიტუციაში მეტი სიცხადე. პირველ თავში გამოთქმულია საერთო პრინციპები, ზოგადი დებულებანი. პირველი თავის პირველი მუხლი საზღვრავს ჩვენს ბუნებას - საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. ამას გარდა, ის განუყოფელიცაა, ეს ჰნიშნავს, რომ საქართველო მოწყობილია არა ავტონომიურ და ან ფედერატიულ საფუძველზე, არამედ - რომ ის არის უნიტარული სახელმწიფო, ჩვენ პოლიტიკურ წესწყობილების უცვლელ და მუდმივ ფორმათ ვიღებთ დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამ ფორმის უცვლელობისა და მუდმივობის შესახებ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. გამარჯვებული დემოკრატია ახორციელებს ამ გამარჯვებას თავის კონსტიტუციაში. ეს ჰნიშნავს, რომ ლეგალური, კანონიერი, კონსტიტუციური გზით შეუძლებელია არსებული დემოკრატიული წესწყობილების შეცვლა. ეს საერთო დებულებაა ყველა დემოკრატიულ ქვეყნების კონსტიტუციებში, ჩვენთვის მისაღებია დემოკრატიული წესწყობილება, რადგანაც ის იტევს თავის ფარგლებში სოციალისტური ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. დემოკრატიულ რესპუბლიკის ფორმებში ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ განსაზღვრული პოლიტიკა, მიმართული ჩვენი საბოლოო მიზნებისაკენ. დემოკრატიზმი - უმრავლესობის ბატონობა აუცილებელი საფეხურია სოციალიზმისკენ აღმართულ გრძელ კიბეზე. საბჭოთა სისტემა, როგორც ჩვენ დავამტკიცეთ, არ ემყარება უმრავლესობას; ის არ ემყარება არც უმცირესობას; მისი ფუძე შეიარაღებული ძალაა. ჩვენი კონსტიტუცია უამისოდაც ძლიერია, რადგანაც ის ახორციელებს უმრავლესობის დიქტატურას, პირველი თავის მეორე მუხლი აღნიშნავს - ჩვენს ნეიტრალობას. ჩვენი ნეიტრალიტეტი ცალმხრივია, ნეიტრალიტეტის გამოცხადება კარგია, თუ მას სხვებიცა სცნობენ, სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი დამტკიცებული უნდა იყვეს საერთაშორისო ნორმებით, ჩვენ მიერ ცალმხრივათ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს იმდენათ აქვს მნიშვნელობა, რამდენათაც ის არის ჩვენი ხალხის ნებისყოფისა და მისი მშვიდობიან მისწრაფებათა გამოხატულება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი იქნება ცნობილი ევროპის მიერ, ხოლო მანამდის, სანამ სხვა სახელმწიფონიც არ სცნობენ ჩვენს ნეიტრალიტეტს - მანამდის ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ვიყვეთ მზათ იარაღით ხელში, რადგანაც ვიცით, თუ რას ნიშნავს მხოლოდ ცნობა, თუ არ არი რეალური გარანტია, შეიარაღებული ძალა. ბელგიასა და ლუქსემბურგს ჰქონდათ საუკუნებრივი ტრადიციები ნეიტრალობისა, მაგრამ პირველ საჭიროებისთანავე იმპერიალისტურმა გერმანიამ ბელგიის ნეიტრალიტეტს ქაღალდის ნაგლეჯი უწოდა.

საქართველოს დედა ქალაქი - თფილისია. თფილისში მოქმედებს და მუშაობს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობა, ისე საქართველოს კანონმდებელი ორგანო - პარლამენტი. თფილისს აქვს თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, ამიტომ ის არის შეტანილი პროექტში, განსაკუთრებულ მუხლში. თფილისი - დედა-ქალაქია ჩვენი კულტურის, რევოლუციის და კონსტიტუციის, თფილისში მართავს სხდომებს პარლამენტი, პარლამენტის სხდომის ადგილს აქვს მნიშვნელობა. თქვენ გახსოვთ ისტორიიდან, რომ საფრანგეთის პარლამენტი მართავდა სხდომებს ვერსალში, შემდეგ ის გადაიტანეს პარიზში. საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული ენაა. ენა - უდიდესი იარაღია სახელმწიფოს სიმტკიცის შესანარჩუნებლათ. ჩვენ, როგორც პატრიოტები, როგორც სოციალისტები, საქართველოს ოფიციალურ ენათ ვთვლით ქართულ ენას. ვაი იმ სახელმწიფოს, სადაც ოფიციალურათ ითვლება რამოდენიმე ენა, ეს სახელმწიფო არ შეიძლება მტკიცედ ჩავთვალოთ. ჩვენი სახელმწიფო ნაციონალური სახელმწიფოა. აქ ლაპარაკიც კი არ შეიძლება რამოდენიმე სახელმწიფოებრივ ენის შესახებ.

სახელმწიფო ღერბის საკითხში ჩვენ ვისარგებლეთ საქართველოს მდიდარი წარსულით, ჩვენ მოვალენი ვართ ვისარგებლოთ კარგი ტრადიციით, თეთრი გიორგი და დროშა არ უარყოფენ ეხლანდელ უფლებრივ მნიშვნელობას, ღერბი და დროშა გამართლებულია არა მარტო ისტორიულათ, არამედ არსებული პირობებითაც. თეთრი გიორგი - სიმბოლოა ჩვენთვის აუცილებელი თვისებების - სამხედრო სიმტკიცის და სიმამაცის. ჩვენი ნაციონალური დროშა - სინთეზია დიდი რევოლუციისა და ჩვენი ნაციონალური იდეის.

ტერიტორიის საკითხს არსებულ სახელმწიფოებისათვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. არ შეიძლება წარმოვადგინოთ თანამედროვე სახელმწიფო განსაზღვრული ტერიტორიის გარეშე, ამიტომ კონსტიტუციას არ შეიძლებოდა არ ეხსენებინა ჩვენი ტერიტორიის ხელშეუხებლობა. არავის არ შეუძლია გაჰყიდოს და ან გაჰყოს, დაანაწილოს საქართველოს ტერიტორია, ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც: ჩვენ გვაქვს სადავო მიწები, სადავო ტერიტორია - სადავო ტერიტორიის შესახებ საკითხის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით ორგანოს საშუალებით - ადმინისტრაციული და დაყოფა აგრეთვე კანონმდებლობის წესით სწარმოებს.

ჩვენ წამოვაყენეთ აგრეთვე ავტონომიის პრინციპი, ავტონომიურ საფუძველზე მოეწყობიან აფხაზეთი, სამუსლიმანო საქართველო და ზაქათალა, მაგრამ ავტონომია არ მოასწავებს სახელმწიფოს სახელმწიფოში, ის არ უნდა აზიანებდეს სახელმწიფოს მთლიანობას.

კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა ამ მუხლის შეტანას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ დღევანდელი კანონი აუქმებს გუშინ მიღებულ კანონის ძალას, - ამით, რასაკვირველია, სახელმწიფო ჰკარგავს თავის პრესტიჟს, რადგანაც ამ პირობებში ლაპარაკი არ შეიძლება სახელმწიფოში უფლებრივ წესრიგის დამყარების შესახებ. მაგრამ დაშვებულია ერთი გამონაკლისი, კანონს აქვს უკუქმედების ძალა, თუ ის ამსუბუქებს ბრალდებულის მდგომარეობას - კანონები, რომლებიც მიღებულია კონსტიტუციის დამტკიცებამდე - ძალაში რჩებიან იმ შემთხვევაში, თუ არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას.

კონსტიტუციას იღებს დამფუძნებელი კრება. ამაშია მისი მისია, მაგრამ სდგება საკითხი - ვინ აქვეყნებს მას? კონსტიტუციური კომისია ასე მსჯელობს: დამფუძნებელი კრება მოწვეული იყო უპირველესად ყოვლისა კონსტიტუციის მისაღებად. ამაში მდგომარეობდა მისი პირდაპირი დანიშნულება. ხალხმა, დამფუძნებელი კრების არჩევის დროს, დაავალა მას კონსტიტუციის მიღება. დამფუძნებელ კრებას აქვს საამისო მონდობილობა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ არ არის საჭირო რეფერენდუმი, დამფუძნებელ კრებას, კონსტიტუციის მიღების შემდეგ, შეუძლია გამოაქვეყნოს ის, თავის წევრების მიერ ხელმოწერილი, თუმცა მაგ. გერმანიაში კონსტიტუცია გამოაქვეყნა ებერტმა, ხოლო ჩეხოსლოვაკიაში - მასარიკმა.

ასეთია კონსტიტუციის ზოგადი დებულებები (ტაში), მოხსენების შემდეგ გაიხსნა კამათი.

ივ. გობეჩია (ს. რ.) უპასუხებს მომხსენებელს და აღნიშნავს: ბევრი ის, რაც უნდა შეტანილი ყოფილიყო ისეთ კონსტიტუციაში, რომელსაც სოციალისტური დემოკრატია ჰქმნის, არ არის შეტანილი, ხოლო შეტანილია ის, რასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი კონსტიტუციაში: ასეთი არის მუხლები პოლიტიკურ წეს-წყობილების მუდმივ და უცვლელი ფორმისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ, ყველაფერი ეს არსებულ პირობებში ცარიელი სიტყვებია. ბოლოს ორატორს მიზანშეწონილად და უფრო დემოკრატიულათ მიაჩნია კონსტიტუციის რეფერენდუმის საშუალებით მიღება. ორატორი ჰკითხულობს ესერების მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტის პირველ თავს და სთხოვს დამფუძნებელ კრებას მის მიღებას.

კონსტიტუციის პირველი თავი იწვევს ზოგად მსჯელობას, რომელშიც მონაწილეობას იწყებს ივ. გობეჩია (ს.რ.). ორატორი სიტყვას ამთავრებს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 3 ს. ხურავს.

______________

* 26 დეკემბრის სხდომაზე მოხსენება კონსტიტუციის I თავის ზოგადი დებულებების შესახებ დაიბეჭდა გაზ. : „ერთობა” 1921 წ. 14 იანვარი. - # 9. - გვ. 3 (სარედ. კოლ.)

46 სხდომა 75

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

სამშაბათს 1920 . დეკემბრის 28. შუადღის 12 საათს.

დღიური წესრიგი:

1/347 - დეკრეტი - ყოფილი უგანათლებულესი თავადი ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების ჩამორთმევა. - მომხსენებელი ი. ფირცხალაიშვილი, იურიდიული კომისია.

2/4 - დეკრეტი - არტაანის ოლქის ფოცხოვის რაიონის ახალციხის მაზრასთან შეერთების შესახებ. - მომხსენებელი გ. ცისკარიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის კომისია.

3/341 - მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ქალ. ახალციხეში სამხედრო სამინისტროს სასურსათო მაღაზიის დაარსების შესახებ. - მომხსენებელი ზ. გურული, საბიუჯეტო-საფინანსო კომისია.

4/352 - დეკრეტი - შემოსავლის კვალობაზე გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმის რაოდენობის შეცვლისა. - მომხსენებელი ი. სალაყაია, საბიუჯეტო-საფინანსო კომისია.

5/ - განაგრძობა მსჯელობისა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო მთავრობის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

47 სხდომა 76

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

ოთხშაბათს 1920. დეკემბრის 29. საღამოს 5 1/2სთ

დღის წესრიგი

საკანონმდებლო აქტის სახელწოდება

1/232 - განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე (თავობრივი) განხილვისათვის.

ცნობა: კონსტიტუციის პროექტის ცალკე თავების მომხსენებლები არიან:

თავი 1 - ზოგადი დებულება - . საყვარელიძე;

თავი 2 - მოქალაქეობა - .ჯაფარიძე;

თავი 3 - მოქალაქის უფლება - . ჯაფარიძე;

თავი 4 - პარლამენტი - . ჯაფარიძე;

თავი 5 - აღმასრულებელი ხელისუფლება - .ჯაფარიძე;

თავი 6 - სასამართლო - . დადიანი;

თავი 7 - სახელმწიფო ფინანსები - ივ. გომართელი;

თავი 8 - კონტროლი - . გვაზავა;

თავი 9 - საელმწიფო დაცვა - სპ. კედია;

თავი 10 - ადგილობრივი თვითმმართველობა - . რუსია;

თავი 11 - ავტონომიური მმართველობა - აკ. ჩხენკელი;

თავი 12 - სწავლა-განათლება და სკოლა - . ნათაძე;

თავი 13 -სოციალ-ეკონომიკური უფლებები - აკ. ჩხენკელი;

თავი 14 - ეროვნულ-უმცირესობათა უფლებები - . ნათაძე;

თავი 15 - სახელმწიფო უფლებანი - . ჯაფარიძე;

თავი 16 - სახელმწიფო და ეკლესია - . ბარათაშვილი;

თავი 17 - კონსტიტუციის გადაშინჯვა - . საყვარელიძე;

გიორგი გვაზავას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში კონსტიტუციის პროექტის შესახებ.*

(სტენოგრამა)

ბატონებო! თქვენს წინაშე წარმოითქვა რამოდენიმე სიტყვა და კონსტიტუციის ძირითადმა პრინციპებმა მიიღეს სხვა და სხვა გაშუქება. აღსანიშნავია ბ. ბ. ჟორდანიასი, შენგელაიასი და ჯაფარიძის სიტყვები.

ბ-ნ ლეო შენგელიამ ბრძანა, რომ ჩვენ კონსტიტუციაში უნდა იყოს გამოხატულება ორი მომენტის, ორი დედააზრისა. ერთია - იდეა 26 მაისისა და მეორე - რუსეთის რევოლუციის აღმაფრენაო. ჩვენის აზრით, ეს ორი პრინციპი შეუთავსებელი და შეუდუღებელია. 26 მაისი არის დღე ეროვნული განთავისუფლებისა, დაარსება ეროვნული სახელმწიფოსი.

რაც შეეხება რუსეთის რევულიუციას, აქ უნდა ცოტათი შევჩერდეთ, გავხსნა ფრჩხილები ამ წინადადებისა, გავიგოთ კარგად, თუ რა არის რუსეთის რევოლიუციის აღმაფრენა. მეორე ორატორმა იმავე ფრაქციისამ, ბ. ნუცუბიძემ, განაცხადა, რომ კონსტიტუციას უნდა ედვას საფუძვლად რეალური ფაქტი ჩვენი ცხოვრებისა და გაშლილი პერსპექტივებიო.

მე ვეკითხები - რომელ პერსპექტივებზეა აქ ლაპარაკი?

თუ დავუახლოვებთ ორივე ორატორის სიტყვებს ერთმანეთს, დავინახავთ რომ ერთის რევოლუციონერული აღმაფრენა და მეორეს პერსპექტივები შეზღუდულია რუსეთის ტერიტორიით; ეს პერსპექტივები შორს არ მიდის, არ ჰშორდება იმ მოვლენებს, რომლებსაც ჰქონდათ ადგილი რუსეთში. მე წინააღმდეგი არა ვარ პერსპექტივების, მხოლოდ ეს პერსპექტივები უნდა გაიშალოს, გაფართოვდეს ბოლომდე. ნუ შევზღუდავთ მათ მარტო იმ მოვლენებით, რომელთაც ქონდათ ადგილი რუსეთში, გადავლახოთ რუსეთის საზღვარი, გადავხედოთ მთელ ევროპას, მთელს კაცობრიობას და აქედან გამოვიყვანოთ შემდეგ საჭირო დასკვნანი. რუსეთში იყო რევოლიუცია, რევოლიუციის დროს შეიძლება წამოსროლილი იქმნეს ისეთი ლოზუნგებიც, რომელთა განხორციელება შეუძლებელია და ხშირად წარმოუდგენელიც. ამის მიხედვით დაწერილი კონსტიტუცია ყოველთვის უცხოა (ტექსტი არ იკითხება) ჰყვეს და დახიეს სამი კონსტიტუცია. აი რა არის რევოლიუციით გატაცება.

. თევზაია. არ ჰქონდათ გამოცდილება.

. გვაზავა. დიაღ, ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება და ამიტომ უნდა ავიცილოთ ამისთანა შეცდომები. ამიტომ რევოლიუციამ არ უნდა დაგვიჩრდილოს ყველაფერი, უნდა გავაფართოვოთ პერსპექტივები, უნდა მივაქციოთ მთელი კაცობრიობა ჩვენი თვალთა ხედვის ისრებში და მაშინ გადაგვეშლება სულ სხვა სურათი. ევროპაში ომის შემდეგ აღმოცენდნენ სხვა და სხვა ეროვნული სახელმწიფოები, მოხდა მრავალი სახელმწიფოების შეთანხმება, რომლის სათავეში ჰდგას „ერთა ლიგა“ და რომლის მიზანია - დაცვა მშვიდობიანობის და განმტკიცება თავისუფალი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა. ეს მოძრაობა შეიძლება შევადაროთ შენობას, რომელსაც აქვს თავისი სვეტები, ბურჯები - პოლონეთი, ჩეხოსლოვაკეთი და სხვანი. ვერტიკალური ხაზებით დაიყო ზედაპირი ევროპისა და შემოიხაზა ტერიტორია ეროვნული სახელმწიფოებისა... არის მეორე მოძრაობა - ჰორიზონტალური. ეს ჰორიზონტალური ტალღა ემუქრება მთელ ევროპას, ჰსჭრის შუა ეროვნულ ორგანიზმებს, ჰშლის და არღვევს ყოველ სახელმწიფოებრივ აღნაგებას. ეს გახლავთ ბოლშევიკური მოძრაობა. უმთავრესი შეჯახება ამ ორი ძალისა მოხდა პოლონეთის საზღვრებზე და გათავდა ბოლშევიკური ტალღის უკუქცევით და სრული მისი დამარცხებით... ჩვენც შემორტყმული ვართ ბოლშევიკური ტალღით, რომელიც ემუქრება 26 მაისის იდეას. როდესაც ბ. შენგელაია ამბობს, რომ ჩვენი კონსტიტუცია უნდა იყოს შეთანხმება ამ ორი მოვლენისაო, თქვენ ჰხედავთ, ეს ლოგიკურად ყოვლად შეუძლებელია.

. შენგელაია. უნდა ავირჩიოთ ან ერთი ან მეორე.

. გვაზავა. ქართველმა ერმა უკვე აირჩია 26 მაისი... გაუგებრობის ასაცილებლად უნდა დავუმატო, რომ რუსეთის რევოლიუციას ქონდა ორი პერიოდი. პირველი პერიოდის იდეები იყო ჩვენთვის სავსებით მისაღები. მან ისეთივე იდეები წამოაყენა როგორც საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ - (ტექსტი არ იკითხება), პერიოდს რევოლიუციის გაღრმავებისა, როგორც მას უწოდებენ ბოლშევიკები, მის მიერ გადმოსროლილ ლოზუნგებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ. რომ ნათელ ვყო ჩემი აზრი, გავიხსენოთ ზოგიერთი. ლენინის მოძღვრებით, თავდაპირველად უნდა დავამტვრიოთ სახელმწიფო, როგორც მონობის აპარატიო. ჩვენ იდეას ვერ მივიღებთ, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოს აშენებაზე და არა მის დანგრევაზე. მერე - „უნდა მოისპოს ბურჟუაზიაო“, უნდა მოისპოს ფიზიკურად და გაჩაღდეს სამოქალაქო ომიო. ჩვენ რასაკვირველია ამას ვერ გავიზიარებთ და ვერც შევურიგდებით. შემდეგ - უნდა მოისპოს თავისუფლება სიტყვის, პრესის, კრების“ - ეს ბურჟუაზიული მოთხოვნილება არისო.

. შენგელაია. უნდა მოისპოს.

. გვაზავა. ამას თქვენც კი არ სპობთ, ბ-ნო შენგელაია, თქვენს პროექტში - მერე - სახელმწიფოს სათავეში უნდა იდგნენ შეიარაღებული მუშები, უნდა მოისპოს კერძო საკუთრება და სხვა ამისთანა ფანტაზიები. თუ ამისთანა აღმაფრენა აღმოაჩინა ბ. შენგელაიამ რუსეთის რევოლუციაში, უკეთესია ამისთანა აღმაფრენისგან ჩვენ შორს ვიყოთ, ჩვენი დროშაა მხოლოდ 26 მაისი - საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო. ჩვენი კონსტიტუციაც უნდა იყოს სწორედ ამ იდეის განმტკიცება ბოლშევიკური ტალღების წინააღმდეგ.

მეორე ორატორი გახლავთ ბატონი ნოე ჟორდანია, რომლის სიტყვას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეპყრათ. მან ბრძანა, რომ კონსტიტუცია არის შედეგი ძალთა განწყობილებისა და უნდა ჰხატავდეს ამ ძალთა განწყობილებასო. მე მგონია, ეს იდეა, რადგანაც იგი შეეხება კონსტიტუციას, მოძველებულად უნდა ჩაითვალოს. ეს იდეა ეკუთვნის გერმანიის ცნობილ აგიტატორს ლასალს. როცა იგი ცხოვრობდა და მუშაობდა, ამ შეხედულებას ჰქონდა ობიექტური საფუძველი და გამართლება. ამ 40-60 წ. წინეთ გერმანიაში, როგორც სხვაგან, ევროპაში, არ იყო გატარებული დემოკრატიული წარმომადგენლობა. საარჩევნო უფლებას ედო საფუძვლად ქონებრივი ცენზი, დიდი ნაწილი ხალხისა მოკლებული იყო ამ პოლიტიკურ უფლებას. მაშინ სახელმწიფო (ტექსტი არ იკითხება) ფაქტიურად უკვე განხორციელებულია საყოველთაო საარჩევნო უფლება. ყოველი მოქალაქე არის თავისუფალი, თანაც მატარებელი თანასწორი პოლიტიკური უფლებისა. მაშასადამე ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ვითომ და ძალთა განწყობამ უნდა დააჩნიოს თავისი კვალი კონსტიტუციას. ეს მით უფრო მართალია, რომ თვით ბ. ნ. ჟორდანიამ ბრძანა, რომ ჩვენში ბურჟუაზია არ არისო. თუ ბურჟუაზია არ არის, არ არის პროლეტარიატიც. ბურჟუაზია და პროლეტარიატი არის ორი მხარე ერთი და იგივე მოვლენისა, თუ არის ის კლასი, რომელსაც გამოაქვს ბაზარზე თავისი ძალ-ღონე და ჰყიდის იმას, უნდა იყოს სათანადო კლასი, რომელიც იმას ჰყიდულობს ე.ი. ბურჟუაზია. უფრო მართალი იქნება ვსთქვათ, რომ ჩვენ ყველანი საცოდავები ვართ. ჯერ ეკონომიკურად ჩვენი ცხოვრება განვითარებული არ არის.

ლეო შენგელაია. ჩვენში ბურჟუაზია არის.

. გვაზავა. არ გედავებით. უამისოთ თქვენს სოციალისტურ ქადაგებას ბოლო ეღება, - ბ-ნ ნ. ჟორდანიამ თავისი ხარკი მიუტანა ამ იდეოლოგიას. მან განაცხადა, რომ ჩვენში მუშათა კლასს ეკუთვნის ჰეგემონიაო. მას, როგორც სოციალისტს, კომპლიმენტი უნდა მიეძღვნა მუშათა კლასისთვის. მაგრამ თვითონ დაუმატა, რომ მუშათა კლასს არაფერი შეუძლიან, თუ მთელმა ერმა მას მხარი არ დაუჭირაო, საქმეც ამაშია. კონსტიტუციაში უნდა იხატებოდეს ნებისყოფა არა კლასობრივი, არამედ ეროვნული. იქ არ უნდა სჩანდეს კვალი განსაკუთრებული ზეგავლენის რომელიმე კლასის ან წრისა.

. შენგელაია. სწორედ ასეა შედგენილი მენშევიკების კონსტიტუცია.

. გვაზავა. თქვენ ეს არ მოგწონთ, თქვენ გინდათ უმცირესობის ბატონობა. კონსტიტუცია არის სახელმწიფოებრივი და არა კლასობრივი ორგანიზაცია, იგი შეეხება მთელს ერს, და არა რომელიმე მის ნაწილს. ამიტომ მისი შედგენის დროს ქება- დიდება რომელიმე ერთი კლასისა უადგილოა. ეს უფრო აძნელებს, ვიდრე აშუქებს საკითხს, მე ამით ის კი არ მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსპობილია კლასთა ბრძოლა, (ტექსტი არ იკითხება) წინააღმდეგობა, არა ეს წინააღმდეგობა არსებობს, მაგრამ კონსტიტუციის მიზანია სწორედ მოწესრიგება ამ წინააღმდეგობის თანახმად ეროვნული ნებისყოფისა, და არა კლასობრივისა. გარდა ამისა ბ-ნი ნ. ჟორდანიამ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ თავისებური კონსტიტუცია, რომლის მზგავსი არსად იპოვება, ამისთანა შემოქმედება უღიტინებს ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას, მაგრამ სამწუხაროდ, ამისთანა შრომა წინასწარ დაკარგულია, ამ განზრახვით გატაცებამ იგი მიიყვანა შემდეგ შეცდომამდე. მან დაუპირისპირა პარლამენტული ქვეყანა დემოკრატიულს, პარლამენტარიზმი დემოკრატიზმს. მან მოიყვანა ტიერის აზრიც. მაგრამ მაშინ, როცა ტიერი მუშაობდა, პარლამენტი მართლაც არ იყო დემოკრატიული. შემდეგ შეიცვალა ასეთი უფლებრივი განწყობილება. ეხლა ევროპაში ყველგან მიღებული არის საყოველთაო არჩევნები, მოსპობილია ქონებრივი ცენზი და სხვა შემზღუდველი პირობები საარჩევნო უფლებისა. ეხლა პარლამენტი სწორი წარმომადგენელია მთელი ერისა. მოხდა დემოკრატიზაცია პარლამენტისა. თუ ეს ასეა, როგორ შეიძლება დავუპირისპიროთ ერთმანეთს პარლამენტარიზმი და დემოკრატიზმი?

(ხმაურობა)

ბ. ნოე ჟორდანიამ ბრძანა სხვათა შორის, რომ პრეზიდენტი ღვიძლი შვილია პარლამენტარიზმისა. ეს არ არის მართალი? პრეზიდენტობას არავითარი ნათესაობითი კავშირი არა აქვს პარლამენტარიზმთან. პარლამენტარიზმი ჰგულისხმობს მხოლოდ მინისტრების პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება იყოს როგორც დემოკრატიულს, ისე არა დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ გახსოვთ, მე მაშინადვე მივეცი რეპლიკა ამერიკის შესახებ, სადაც არ არის პარლამენტარიზმი, მაგრამ არის პრეზიდენტი. ბ-ნ. ჟორდანიამ პასუხი ვერ გამცა. მიუხედავად ამისა, მე დიდის სიამოვნებით მოვისმინე ბ-ნ. ჟორდანიას სიტყვა პრეზიდენტის შესახებ. მან ბრძანა, რომ ჩვენში არ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ იქნება კაცი, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობასო. ბატონებო, ასეთი კაცი, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას - ვინ არის? თქვენ?

სპ. კედია. პრეზიდენტი!

. გვაზავა. დიაღ, ეს არის პრეზიდენტი. მან კიდევ დაუმატა, რომ ეს კაცი ვადით უნდა იყოს არჩეულიო, დარაჯად უნდა ედგას სახელმწიფოს, უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული უფლებანი ჯარის გამოწვევისა და სხვა. მაშასადამე მე მაქვს სრული უფლება ვსთქვა, რომ ნოე ჟორდანია იზიარებს ჩვენს იდეას ე.ი. იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენთვის აუცილებლად საჭირო არის. მაგრამ ამ შეხედულობას ებრძვის კონსტანტინე ჯაფარიძე. მან მოიყვანა ორი მოსაზრება პრეზიდენტობის წინააღმდეგ, ერთი - პრეზიდენტი აჩრდილია მეფისაო, მეორე იგი შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ეროვნული თვით არსებობისათვისო. პირველი მოსაზრება ისტორიულად შეიძლება მართალი იყოს. მაგრამ ჩვენ ისტორიას კი არ ვწერთ, ჩვენ ვწერთ კონსტიტუციას. ამიტომ საკითხი ასე სდგას: ამერიკა, საფრანგეთი და ყველა სხვა ერები, მაშინ, როცა ჰთხზავენ თავიანთ კონსტიტუციას, იყვნენ თუ არა თავისუფალი? შეეძლოთ თუ არა თავისუფლად აერჩიათ ფორმა თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა? რა საკვირველია, ერი ყველგან თავისუფალი იყო, უამისოდ იგი ვერც კი შეადგენდა თავის კონსტიტუციას, და თუ, მიუხედავად ამ ეროვნული ხელმწიფობისა, ყველგან მიღებული იქნა პრეზიდენტობა, აშკარაა, ეს ყოფილა არა ჩრდილი მეფისა, არამედ აუცილებელი ფუნქცია თავისუფალი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

. გობეჩია. შვეიცარია დაგავიწყდათ?

. გვზავა. ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. - ყველა ერი, დიდი და პატარა, ასე იქცევა. ჩეხოსლოვაკეთმა ეხლა აირჩია პრეზიდენტად ბატონი მასარიკი, მგონი, 14 წლით. პოლონეთმაც მიიღო პრეზიდენტობა. იქ დავა შეეხებოდა მხოლოდ სახელწოდებას. სოციალისტები თხოულობენ, რომ სიტყვა პრეზიდენტის მაგიერ მიღებულ ყოფილიყო, „სახელმწიფოს მეთაური“. შეიძლება თქვენც სახელის გამოცვლა გინდათ, შეიძლება ვისმე აშინებს სიტყვა პრეზიდენტი?

ალ. ასათიანი. კომისარი დაარქვით.

(სიცილი).

______________

* სტენოგრამა დაიბეჭდა გაზ. : „საქართველო“ 1921 წ. 5 იანვარი . - # 3 გვ. 4. (სარედ. კოლ.)

48 სხდომა 77

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს. 1920 . დეკემბრის 31. შუადღის 12 საათს.

დღიური წესრიგი:

1/352 საბოლოო ტექსტი შემოსავლის კვალობაზე გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმის შეცვლის დეკრეტისა.

კომისია და მომხსენებელი: ქრ. შარაშიძის ასული.

2/347 საბოლოო ტექსტი ყოფილი უგანათლებულესი თავადის ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების ჩამორთმევის დეკრეტისა.

კომისია და მომხსენებელი: . შარაშიძის ასული.

საბოლოო ტექსტი არტაანის ოლქის ფოცხორის რაიონის ახალციხის მაზრასთან შეერთების დეკრეტისა.

კომისია და მომხსენებელი: . შარაშიძის ასული.

4/341 საბოლოო ტექსტი ქალაქ ახალციხის სამხედრო სამინისტროს სასურსათო მაღაზიის დაარსების კანონისა:

კომისია და მომხსენებელი: . შარაშიძის ასული.

5/232 განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე /მუხლობრივი/ განხილვისათვის.

კონსტიტუციის პროექტის ცალკე თავების მომხსნებელნი არიან.

თავი I. ზოგადი დებულება.

თავი II მოქალაქეობა.

კომისია და მომხსენებელი: . საყვარელიძე.

თავი 3 - მოქალაქის უფლებანი.

კომისია და მომხსენებელი: . ჯაფარიძე.

თავი 4 - პარლამენტი.

თავი 5 - აღმასრულებელი ხელისუფლება.

კომისია და მომხსენებელი: . ჯაფარიძე.

თავი 6 - სასამართლო.

კომისია და მომხსენებელი: . დადიანი.

თავი 7 - სახელმწიფო ფინანსები.

კომისია და მომხსენებელი: ივ. გომართელი.

თავი 8 - კონტროლი.

კომისია და მომხსენებელი: . გვაზავა.

თავი 9 - სახელმწიფო თავდაცვა.

კომისია და მომხსენებელი: სპ. კედია.

თავი 10 - ადგილობრივი თვითმართველობა.

კომისია და მომხსენებელი: . რუსია.

თავი 11 - ავტონომიური მმართველობა.

კომისია და მომხსენებელი: აკ. ჩხენკელი.

თავი 12 - სწავლა-განათლება და სკოლა.

კომისია და მომხსენებელი: . ნათაძე.

თავი 13 - სოციალ-ეკონომიური უფლებები.

კომისია და მომხსენებელი: აკ. ჩხენკელი.

თავი 14 - ეროვნულ უმცირესობათა უფლებები.

კომისია და მომხსენებელი: . ნათაძე.

თავი 15 - სახელმწიფო მოხელენი:

კომისია და მომხსენებელი: . ჯაფარიძე.

თავი 16 - სახელმწიფო და ეკლესია.

კომისია და მომხსენებელი: . ბარათაშვილი.

თავი 17 - კონსტიტუციის გადასინჯვა.

კომისია და მომხსენებელი: . ბარათაშვილი. . საყვარელიძე.

6/369 დეკრეტი - საქართველოს რესპუბლიკის ბონის 10. 000. 000. 000 მან. ემისიისა.

კომისია და მომხსენებელი: . გვარჯალაძე.

49 სხდომა 77

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

სესია II

პარასკევს. 1920 წლის დეკემბრის 31. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფრ. ამხ.

ალ. ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრ. შარაშიძის ასული

სხდომა იწყება შვადღის I 1/2 ს.

სხდომის გახსნისას მდივანი კითხულობს მოსპობილ და უწყებათათვის დაბრუნებული საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

1/71 - პრეზიდიუმის ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისაბიბლიოთეკისათვის წიგნის შესაძენად - 1.500.000 მან გადადების შესახებ.

მოისპო როგორც მნიშვნელობის არმქონი აქტი.

2/245 - იურიდიული კომისიის ინიციატივით შემუშავებული პროექტი დეკრეტისა - სენატორთა და სენატის საპროკურორო ნაწილის თანამდებობის პირთა ჯამაგირის გადიდების შესახებ.

მოისპო, როგორც მნიშვნელობის არმქონე აქტი.

3/324 - იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი ავტომობილებისა, ორთქლის მოტორებისა და ყველა ამგვარი მანქანების წერილობითი სახის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

დაებრუნა იურიდიულ კომისიას უარყოფისა და უწყებისავე თანხმობის გამო.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას იღებს.

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტების ნუსხა.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარ განხილვისათვის გადასაცემი საკანონმდებლო აქტების შემდეგ ნუსხას:

1/396 - ფინანასთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა-საქართველოს რესპუბლიკის ბონის 10.000.000 მან ემისიისა.

გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2/370 - იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი სასამართლოს ბოქაულთა გასამრჯელოსი.

გადაეცეს იურიდიულ და საბიუჯეტო კომისიას.

დამფუძნებელი კრება ამ ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების დღევანდელი სხდომის შემდეგ დღიურ წესრიგს:

დღიური წესრიგი.

1. საბოლოო ტექსტის შემოსავლის კვალობაზე გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმის შეცვლის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი ყოფილი უგანათლებულესი თავად ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების ჩამორთმევის დეკრეტისა.

3. საბოლოო ტექსტი არტაანის ოლქის ფოცხოვის რაიონის ახლციხის მაზრასთან შეერთების დეკრეტისა.

4. საბოლო ტექსტი ქალაქ ახალციხის სამხედრო სამინისტროს სასურსათო მაღაზიის დაარსების კანონისა.

5. განგრძობა მსჯელობისა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე (მუხლობრივი) განხილვისათვის.

ცნობა: კონსტიტუციის პროექტის ცალკე თავების მომხსენებლნი არიან:

თავი I. ზოგადი დებულება - . საყვარელიძე;

თავი II. მოქალაქეობა - . ჯაფარიძე;

თავი III. მოქალაქის უფლებები - . ჯაფარიძე;

თავი IV. პარლამენტი - . ჯაფარიძე;

თავი V. აღმასრულებელი ხელისუფლება - . ჯაფარიძე;

თავი VI. სასამართლო - . დადიანი;

თავი VII. სახელმწიფო ფინანსები - ივ. გომართელი;

თავი VIII. კონტროლი - . გვაზავა;

თავი IX . სახელმწიფო თავდაცვა - სპ. კედია;

თავი X. ადგილობრივი თვითმმართველობა - .რუსია;

თავი XI. ავტონომიური მმართველობა - აკ. ჩხენკელი;

თავი XII. სწავლა-განათლება და სკოლა - . ნათაძე;

თავი XIII. სოციალ-ეკონომიური უფლებანი - . ჩხენკელი;

თავი XIV. ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი - . ნათაძე;

თავი XV. სახელმწიფო მოხელენი - . ჯაფარიძე;

თავი XVI. სახელმწიფო და ეკლესია - . ბარათაშვილი;

თავი XVII. კონსტიტუციის გადასინჯვა . საყვარელიძე.

სოც. დემ. ფრაქციის წინადადება.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოც.-დემ. ფრაქციისაგან შემოტანილია შემდეგი წინადადება: „დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონის 10.000.000.000 მანეთის ემისიისა“ განხილულ იქნეს პირველ რიგში და მისი საბოლოო ტექსტი ცალკე იქნება მიღებული“.

დამფუძნებელი კრება ამ წინადადებას უკამათოდ იღებს და დღიურ წესრიგს ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა შემოსავლის კვალობაზე გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმის შეცვლის შესახებ.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (სოც.-დემ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელეურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ყოფილი უგანათლებულესი თავადის ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების ჩამორთმევისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (სოც.-დემ.), რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაციო შესწორებები შეიტანა სარედაქციო კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივად კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ტექსტს უკამათოდ, უცვლელად იღებს.

განსახილველია საბოლო ტექსტი დეკრეტისა არტაანის ოლქის ფოცხოვის რაიონის ახლაციხის მაზრასთან შეერთებისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ.შარაშიძის ასული (სოც.დემ.) რომელიც აღნიშნავს რა და რა სარედაქციო შესწორებები შეიტანა სარედაქციო კომისიამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ტექსტში და შტატში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ტექსტსა და შტატს უკამათოდ უცვლელად იღებს.

განსახილველია დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონის 10.000.000.000 მანეთის ემისიისა.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მხით მომხსენებელია . გვარჯალაძე (ს.დ.), რომელიც დამფუძნებელ კრებას სიტყვიერ მოხსენებას წარუდგენს დეკრეტის ძირითად დებულებათა და კომისიის დასკვნის შესახებ.

ქრ. შარაშიძის მოხსენებით მიღებულ იქნა საბოლოო ტექსტი რამდენიმე წინა სხდომაზე მიღებული დეკრეტებისა.

კონსტიტუციის განხილვა გადაიდო მორიგ სხდომისათვის.

კ. გვარჯალაძე მოახსენებს კრებას* ფინანსთა მინისტრის პროექტს, მიეცეს მთავრობას 10 მილიარდიანი ახალ ბონების ემისიის უფლება. ის ასაბუთებს ამას და სთხოვს დამფუძნებელ კრებას საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სახელით მის მიღებას.

ფინანსთა მინისტრი კ. კანდელაკი ამბობს, რომ ქაღალდის ფულის ახალი ემისიის საკითხი მეტად მტკივნეული საკითხია, რადგანაც ქაღალდის ფულის სიმრავლე არის ერთი ხელის შემწყობი გარემოებათაგანი ცხოვრების გაძვირებისა და ჩვენი ეკონომიკურათ ჩამოქვეითებისა. და ჩვენ, როდესაც ვუდგენდით დამფუძნებელ კრებას ამ პროექტს, - კარგათ ვგრძნობდით, რომ ეს აუარესებს ჩვენს მდგომარეობას, კიდევ უფრო ართულებს მას. მთავრობამ, წინათ, ძველი ემისიის უფლების მიღების დროს, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ემისია, მაგრამ ვინც ცხოვრების ეხლანდელ პირობებში ჩახედულია, ვინც აკვირდება სხვა და სხვა სახელმწიფოთა ცხოვრებას - ის ვერ იტყვის, რომ პატარა, ახლათ შექმნილ სახელმწიფოს შეუძლია დამოუკიდებელი ცხოვრება ქაღალდის ფულის გამოუცემლათ. ეს ჩვენს პირობებში შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა ქაღალდის ფულის ბეჭდვის შემცირება და უფრო ნელი ტემპი ამ ქაღალდის ფულის გამოცემისა. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მუდმივ საქმე გვაქვს ფრონტთან. ჩვენ გვიხდება განუწყვეტელი ბრძოლის წარმოება მტრებთან და დავრწმუნდი, რომ მთავარი ხარჯები გადადებულია სწორეთ სამხედრო, შეიარაღებული ძალის შესანახავად. ეხლაც, ამ წუთში ფეხზედა სდგას ჩვენი გვარდია და ჯარი, ძლიერ დიდია ამის გამო სამხედრო ხარჯები, მაგრამ ეს აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს არსებობისათვის.

ჩვენს აქ არ ყოფნის დროს დამფუძნებელ კრებას გაუტარებია არა ჩვეულებრივი დამატებითი ხარჯები - სულ რამოდენიმე მილიარდი. აი ეს მოულოდნელი დამატებითი ხარჯები რომ არ ყოფილიყო, - მაშინ ძველი ემისია მიგვცემდა საშუალებას მოგვეხმარა ახალი სისტემა ჩვენი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენ გვეგონა, რომ სწრაფათ მივიღებდით დახმარებას ევროპისაგან, განვახორციელებდით ჩვენს გეგმებს - მაგრამ ეს ძლიერ დაგვიანდა, ამ მხრივ მოლოდინი არ გაგვიმართლდა, - ეს ერთი, და მეორე - როგორცა ვსთქვი, ჩვენ გავწიეთ მოულოდნელი ხარჯები. ამ ორმა გარემოებამ დაარღვია ჩვენი დაპირება - უკანასკნელი ემისიის დროს მოცემული და ამის გამო ვერ შევქმენით რაიმე ახალი სისტემა.

ეხლა კი უცხოეთის დახმარების შესახებ შემდეგი უნდა ვსთქვათ: თუმცა უცხოეთში ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ უცხოეთის კაპიტალი სავსებით შეუწყობს ხელს ჩვენი წარმოების აღორძინებას, უცხოეთის კაპიტალისტები მზათ არიან ჩვენთან ერთად იმუშაონ.

თავისთავად ცხადია, რომ ყველა იმედების სხვაზე დამყარება ეკონომიურ სფეროში ისევე არ შეიძლება, როგორც პოლიტიკაში. რასაკვირველია, დღეს არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი ძალებით ყველაფრის გაკეთება. ჩვენც დავდევით უცხოეთში სხვადასხვა ხელშეკრულებები იქაურ კაპიტალისტებთან და ამ ხელშეკრულებებს თქვენ წარმოგიდგენთ დასამტკიცებლათ; მაგრამ მთავარი ფაქტორი თვითონ ჩვენვე ვართ, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ უზრუნველყოფილ არსებობის პირობები. ფინანსური აღორძინება ქვეყნისა მარტო ფინანსთა უწყებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მთელ ერზე, ყველაზე, ყველამ უნდა იზრუნოს ამისათვის და მაშინ, თუმცა ჩვენ გაჭირვებულათა ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც შევსძლებთ და ჩვენს ქვეყანას სათანადო და ეკონომიკურ დონემდის ავიყვანთ. უცხოეთში ჩვენ ვზრუნავდით არა მარტო პრაქტიკულ საკითხების შესახებ, არამედ - სხვა მტკივნეულ საკითხებზედაც და უმთავრესად ფულის საკითხის შესახებ. ჩვენ იგი შევისწავლეთ და გვაქვს მთელი გეგმა ფულის სისტემის შექმნისა. მაგრამ იგი მოითხოვს თქვენს დადასტურებას, პროექტის წარდგენას, ტეხნიკურ სამზადისს. ამისათვის კი დროა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, თუ ძლიერ შეგვეშინდება ფულის კურსის კიდევ დაცემისა ახალი ემისიის გამოშვებით, - ამის შესახებ უნდა ითქვას, რომ რამდენათაც არ დაეცეს ფულის კურსი - იგი არ დაეკარგება სახელმწიფოს, და მოქალაქეთ, რადგანაც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებლობას მოგვცემს იმათ მაგიერ ნამდვილი ღირებულებანი შევქმნათ. ამისთვის საჭიროა ტეხნიკა, დრო და ეს პროექტიც მალე იქნება წარმოდგენილი.

ეს ემისია კი იქნება უკანასკნელი, მართალია, ის დიდია; მართალია ისიც რომ გვიჭირს, მეტი ეკონომია ცხოვრებაში და ნაკლები ხელ გაშლილობა, და სწორეთ იმიტომ, რომ შეიქმნეს ახლო მომავალში ფულის სისტემა და გამოსწორდეს უსწორმასწორეობა, - ჩვენ მოვითხოვეთ ასეთი დიდი ემისია.

ჩვენ გარშემო გვახვევია მტრები და მე მგონია, არ აღმოჩნდება რესპუბლიკაში ისეთი პირი, ვინც უარყოფდეს ჯარისა და გვარდიისათვის კრედიტების მიცემას დღევანდელს პირობებში. რასაკვირველია, ჩვენმა მეზობლებმაც უნდა შეიგონონ, რომ მათთვის საჭიროა ჩვენთან კავშირის დაჭერა და არა დავა.

აი, ის მოსაზრებები, ის პერსპექტივები, რომლებიც გვაქვს ჩვენ: ეკონომია, ხელმომჭირნეობა, როგორც გასაუმჯობესებელი საშუალება ჩვენი ბალანსისა. ამ მოსაზრებებით და იმედებით წარმოვდექით ჩვენ თქვენ წინაშე ემისიის მოთხოვნით და იმედი გვაქვს, რომ მოგვცემთ მის უფლებას და მიიღებთ ამ პროექტს (ტაში).

ივ. ლორთქიფანიძე (ს.-რ.) ჰკითხულობს სოც.-რევ. განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი ბონების ბეჭდვა გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას და წამლის მაგიერ მის საწამლავათ გადაიქცევა. ამის გამო ესერები ხმას მისცემენ ემისიის წინააღმდეგ.

გრ. რცხილაძე (ს.-ფ.) აკრიტიკებს მთავრობის ეკონომიურ პოლიტიკას, რომელმაც ვერ შესძლო ფულის სისტემის შექმნა, ჩვენში დარჩენილ ბონების გამოყენება და საერთოდ ეკონომიურ პირობების გაუმჯობესება. ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ ემისია უმთავრესად დააწვება ღარიბ წრეებს, რომლებიც იძულებულნი არიან ამ ფულით იცხოვრონ და რომლებსაც ამის გამო კიდევ უფრო გაუჭირდებათ ცხოვრება. ეს მისი აზრით, უფლებრივი უსამართლობაა. ორატორს უსამართლოდ მიაჩნია ობიექტურ პირობებზე მითითება და ამბობს, რომ ობიექტური პირობები უფრო უარესია ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებმაც გამოიარეს ომის ქარცეცხლი. ის კი ჩვენ არ გამოგვივლიაო. და ეხლა მაინც ახერხებენ ცხოვრების გაუმჯობესებას.

მას მოჰყავს გერმანიის მაგალითი. ჩვენში კი ეს ვერ მოხერხდა, დაიფანტა ქონება, ვერ იქმნა გამოყენებული ეროვნული მთლიანობა, საერთოდ არ ვარგოდა ეკონომიური პოლიტიკა, ამის გამო შეიქნა საჭირო ხშირ ხშირი ემისიები, რამაც გააძვირა ცხოვრება და გაახშირა ბოროტ-მოქმედებანი. ამასთანავე ორატორს საჭიროდ მიაჩნია ხშირ ხშირად მობილიზაციების პოლიტიკის შეცვლა; მისი აზრით, ჩვენი გეოგრაფიული ეკონომური მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს ყველა გარეშემო ქვეყნებთან. შექმნილ პირობებში ორატორი ემხრობა ემისიას, რადგანაც არ არსებობს სახელმწიფოსთვის სხვა გამოსავალი.

სპ. კედია (ერ.დ.) მხარს უჭერს ემისიას, მაგრამ აღნიშნავს, რომ საჭიროა ძირეული შეცვლა ეკონომიურ პოლიტიკისა. საჭიროა ახალი გზების მონახვა, თორემ მდგომარეობა თანდათან უარესდება და შესაძლებელია კატასტროფამდე მისვლა, თუ საჭირო და ხელსაყრელ მომენტს არ გაეწევა ანგარიში. მისის აზრით, ეს ემისია არ იქნება უკანასკნელი ემისია, რადგანაც ფულის სისტემის შექმნას ორი წელი მაინც მოუნდება.

. სალაყაია (ს.დ.) არავინ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ახალი ემისია ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებას. რცხილაძემ გააღრმავა ეს საკითხი და ისე მოვიდა, თითქოს მხოლოდ ჩვენში არის კარგი მდგომარეობა, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიცით ჩვენამდე მოსული ევროპის ჟურნალ-გაზეთებიდან, არც იქ არის კარგი მდგომარეობა, ძლიერ ცუდი მდგომარეობაა გერმანიაში ფინანსთა მინისტრის ვირტის განცხადებით, ეგრეთვეა საფრანგეთში - მოუხდა თავისი ბიუჯეტის ხელით შევსება, და ასეთი მდგომარეობაა არა მარტო ნაომარ სახელმწიფოებში, არამედ ასეა სხვაგანაც, მაგალითად, შვეცია და ისპანია, სადაც წინათ ქაღალდის ფული ისე მცირე იყო, რომ იგი ოქროზე მეტსა ფასობდა - ფულის კურსის მხრივ პირდაპირ განსაცდელში არიან ჩავარდნილნი. ამ საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ საერთო ღონით, ერთა თანამშრომლობით, მაგრამ ბრიუსელში ფინანსურ კონფერენციაზე, ევროპის საუკეთესო ფინანსისტებმა ვერ წამოაყენეს ახალი რაიმე გეგმა, რომელიც გააუმჯობესებდა მდგომარეობას, გარდა ანბანური ჭეშმარიტებისა. მაშასადამე, ეკონომიური მდგომარეობა მარტო ჩვენში კი არ ყოფილა ცუდი, არამედ გერმანიაშიც, რომელიც ომამდე 5 მილიარდს ხარჯავდა. და დღეს კი, როცა ჯარი 100.000 კაცით შეამცირა, - 250 მილიარდს. ისპანიაშიც, სადაც 10 მილიარდი დეფიციტია. საფრანგეთშიაც, რომელიც აღარ იბრძვის, მაგრამ ბევრს ხარჯავს; ასეთივე მდგომარეობაა ინგლისში, სადაც რკინიგზების დეფიციტი უდრის 25 მილიარდს, ყველა ეს უნდა სცოდნოდა გრ. რცხილაძეს და აგრეთვე ისიც, რომ ჩვენ თითქმის მუდამ ფრონტი გვქონდა და აუარება ომები გადაგვხდა. და ამიტომ, რაკი ვიცით ეს, და ამასთანავე რაკი დარწმუნებულიც ვართ, რომ სწორია ეკონომიური პოლიტიკა და ეკონომიური მისიის მუშაობაც გამოიღებს თავის ნაყოფს, ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება უკანასკნელი ემისია და ამის შემდეგ გაუმჯობესდება ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა (ხმაურობა: - ეს წინადაც გითქვამთ“). არა, ჩვენ წინად არ ვიცოდით რომ შეიქმნებოდა ასეთი მდგომარეობა. ეხლა კი მხოლოდ ტეხნიკაღა გვაკლია და მალე გვექნება ფულის სისტემა, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ფულის კურსს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ემისიას.

მომხსენებელი . გვარჯალაძე უკანასკნელ სიტყვაში ამტკიცებს, რომ ასეთივე ცუდი მდგომარეობა არის ფინანსურის მხრივ მთელ ევროპაში და რომ მისგან თავის დაღწევა მეტად ძნელი საქმეა. თუ რომელიმე მათგანს დაეტყო წარმატება, - ეს იმის გამო, რომ იქ ომამდის იყო მძლავრი ეკონომიური ცხოვრება და ომის დროსაც ემზადებოდნენ ომის შემდეგ ხანისათვის. ჩვენში ასეთი ძლიერი წარმოება არ ყოფილა, მომხსენებელი მოწინააღმდეგე ფრაქციების ორატორების საპასუხოთ აღნიშნავს, რომ ყოველივე იმის მიხედვით, რის გათვალისწინებაც ეხლა შესაძლებელია, - ეს ემისია იქნება უკანასკნელი და შემდეგ კი შეიქმნება ფულის სისტემა.

დასასრულ ემისია მიღებულ იქნა. წინააღმდეგ მისცეს ხმა მხოლოდ ესერებმა.

განმარტებას იძლევა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი ბ.-ნი კანდელაკი.*

ფინანსთა მინისტრი კ. კანდელაკი იძლევა განმარტებას წარმოდგენილ დეკრეტზე. ამცნობს დამფუძნებელ კრებას მის ევროპაში ყოფნის დროს მიღწეულ შედეგებს. ჰპირდება დამფუძნებელ კრებას, რომ დღევანდელი ემისია იქნება უკანასკნელი, ვინაიდან ახლო მომავალში შემოღებულ იქნება საკუთარი ფულის სისტემა.

ივ. ლორთქიფანიძე (ს. რ.) აცხადებს, რომ მისი ფრაქცია წინააღმდეგ მისცემს ხმას წარმოდგენილ დეკრეტს, ვინაიდან ახალი ბონების გამოშვება იქნება არა წამალი, არამედ საწამლავი ქვეყნისათვის.

გრ. რცხილაძე (ს. ფ.) მიუთითებს მთავრობას მრავალ ნაკლზე მის მიერ წარმოებულ ეკონომიურ პოლიტიკაში და ამბობს, - მთავრობას რომ ეწარმოებია საღი პოლიტიკა ეკონომიურ სფეროში, დღეს საჭირო არ იქნებოდა ახალი ბონების გამოშვება. ორატორი უწევს რა ანგარიშს მძიმე მდგომარეობას ქვეყნისა, აცხადებს რომ მისი ფრაქცია ხმას მისცემს წარმოდგენილ დეკრეტს.

სპ. კედია (ერ. დ.) არა მგონია იყოს მეორე ისეთი ბედნიერი საგანი, როგორიც არის ეს უბედური ემისიის საკითხი. ბედნიერია მით, რომ ეს საკითხი ყველას მიერ დაფასებულია უარყოფითად. არ არის არ ერთი ფრაქციადამფუძნებელს კრებაში, რომელიც დღეს მომხრე იყო ამ ემისიის. მე რომ კერძოდ, ბატონი მომხსენებელი დამკიხვოდა: - „აბა როგორ უყურებ ამ ემისიასო“, მე, რათქმაუნდა, მას საგანზე უარყოფით პასუხს მივცემდი და უარს ვეტყოდი, რომ ჩემის უფლებით ესარგებლა ემისიის გამოსაცემათ.

მაგრამ ეს არის პრინციპიალური დამოკიდებულება საკითხისადმი. ეს ერთნაირი თეორიული შეხედულებაა, რომელიც, რათქმაუნდა, დამყარებულია რეალური ცხოვრების შესწავლაზე. მაგრამმეორეა მიმდინარე ცხოვრების, რეალური პოლიტიკის ყოველწუთური მოთხოვნილება და საჭიროება. თუ ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, დავინახავთ, რომ ეს განზრახ ემისიის ერთი ნაწილი უნდა მოხმარდეს ჩვენს ჯარს; და როდესაც წამოყენებულია ასეთი დასაბუთება და გამართლება ემისიისა, თავისთავად აშკარაა, რომ არცერთი წევრი დამფუძნებელი კრებისა, ამ ემისიის წინააღმდეგ არ გაილაშქრებს და ვერც გაილაშქრებს.

(ვლ. მგელაძე: აბა ესერები რა ყოფილან, კაცო!)

ამიტომ ჩვენი ფრაქცია ამ დეკრეტს ხმას მისცემს.

მაგრამ მეორეს მხრით 10 მილიარდიანი ემისია არც ისეთი უმნიშვნელო საქმეა, რომ მის შესახებ პასუხის მგებელმა ფრაქციამ თავისი აზრი არ გამოსთქვა იქ, სადაც ამ ემისიამ განხორციელების უფლება და დასტური უნდა ჰპოვოს. ამ მოსაზრებით მინდა ზოგიერთი რამ მეც გაგიზიაროთ, აქ წარმოდგენილი დეკრეტის შესახებ. ამ დეკრეტით, მილიარდ ნახევარი უნდა მოხმარდეს, ერთდროული თანხის სახით, ჩვენ ჯარს. ჯარი, როგორც მოგეხსენებათ, არავითარ ნივთიერ ღირებულებას არ ქმნის, მას უჭირავს ხელში იარაღი და ამ იარაღით იცავს სამშობლოს. ეს არის მისი პროფესია, მისი დანიშნულება. დღეს ჩვენი სამშობლო გართულებულ მდგომარეობაშია: ირგვლივ მტერი ახვევია და მან ფეხზე დააყენა მრავალ რიცხოვანი ჯარი, რომელსაც მოვლა და შენახვა უნდა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ჯარი დაიცავს ჩვენ საზღვრებს და ჩვენს სამშობლოს. ეს კი, მე მგონია, მთავარი მიზანია ჩვენი აქ ყოფნისა და არსებობისა. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ სიტყვის შეუბრუნებლად, ამ მილიარდ ნახევარს გავიღებთ ჩვენი სახელოვანი ჯარის საჭიროებისათვის და გავიღებთ ყოველთვის, როდესაც ასეთი საჭიროება დაგვიდგება.

შემდეგ: ამ დეკრეტით 2 მილიარდ ნახევარი უნდა მოხმარდეს მუშათა მაგიდას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბევრი ასეული მილიონები მივეცით მუშათა მაგიდას. ეს მდგომარეობა არ არის ნორმალური. რა იმედი და რა ნუგეში შეიძლება მივსცე ჩვენს თავს, თუ ეს მდგომარეობა ასე გაგრძელდა! მე მოგახსენებთ, რაც შეეხება ამ ხარჯს, რომელსაც ჯარი მოითხოვს, ჩვენ ის უნდა გავიღოთ მეთქი, მაგრამ ამასვე ვერ ვიტყვი ასე დადებითად, ასე აბსოლუტურათ მუშათა მაგიდის თაობაზე და აი რატომ.

გამოდის, რომ მუშა, რომელიც თავის ფიზიკურ ძალას ჰყიდის, თავის თავს და თავის ოჯახს, თავის ძალღონით ვეღარ არჩენს. და აი ამ მდგომარეობაში სახელმწიფო გამოდის დამხმარე და თავის ჯიბიდან იძლევა ფულს, რაც მუშას აკლია, იმას სახელმწიფო ავსებს თავისი ხაზინის ხარჯზე. აქ ბატონებო, დარღვეულია პრინციპი და კანონი ქვეყნის ეკონომიური არსებობისა, მუშა ვერ იკმაყოფილებს თავის მინიმალურ მოთხოვნილებას, მუშა ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას, თავის „რეზონ დ'ეტრ“-ს. იმდენს ვერ ჰქმნის, რომ თავი ირჩინოს და მას, როგორც დავრდომილს ინახავს ჩვენი ღარიბი ხაზინა, - ეს მესამე წელიწადია.

აშკარაა, ბატონებო, რომ დარღვეულია ის ეკონომიური საძირკველი, რომელზედაც აგებულია მთელი ქვეყნის შენობა. ეს გარემოება ჩვენში ჯეროვნადდაფასებული არ არის.

ზოგიერთ მინისტრს ამით თავიც მოაქვს, ეს გარემოება ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის გამარჯვება ჰგონია; ნამდვილად კი ესაა სასაცილო დახმარება და ფრონტის ხიფათიც, ბატონებო, ბოლოს და ბოლოს სწორედ აქ მარხია, ვიდრე სხვაგან სადმე.

ეს მდგომარეობა კი შექმნილია მთელი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის მიმდინარეობით. და იმათ, ვინც პასუხის მგებელნი არიან თავიანთ პოლიტიკით ქვეყნის წინაშე, ბევრჯელ დავეკითხეთ, თუ როდის აპირებენიმ ძირითადი უკუღმართობის ლიკვიაციას, საიდგანაც წარმოსდგება მთელი ჩვენი სისუსტის მიზეზები.

ჩვენ თუ მოვუხშირეთ ამგვარ დეკრეტებს, შეუძლებელს გავხდით ჩვენი თვით არსებობის საქმეს.

ამიტომაც როგორც პრინციპიულად, ისე პრაქტიკულადაც მიუღებელია და გაუმართლებელი ეს დაუსრულებელიქველმოქმედება.

მე არ მგონია, რომ ეს ემისია 10 მილიარდი მანეთისა, უკანასკნელი და საბოლოვო იყოს. მე მინდა დავიჯერო, რომ ყველა ის იმედი და დაპირება, რომელიც აქ ბატონმა ფინანსტა მინისტრმა დაგვიხატა. მართლაც და განხორციელდეს, მათი ნაყოფი 2-3 წლის შემდეგ თუ იქნება ხორცშესხმული. ხოლო ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უნდა ვხარჯოთ და ვიარსებოთ. და თუ 2-3 წლის განმავლობაში დარჩა ძველი წესი და სისტემა, მაშინ ყოვლად შეუძლებელია რომ კიდევ ახალი ემისია არ დაგვჭირდეს.

რა საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ეს ასე მოხდება და რომ ემისია უკანასკნელი არ იქნება: ჩემი მოსაზრება გახლავთ შემდეგი: გასულ 1918, 1919 და 1920 წელს ჩვენ უნრო მეტი გვქონდა დაგროვილი სავალიუტო საქონელი, ვიდრე იგი 1921 წლის დმდეგისათვის; ესე იგი ის ნამდვილი გარანტია ფულის ნიშნების - სხვა და სხვა ნაწარმოები სამეურნეო თუ სამრეწველო ბევრად ნაკლები გვაქვს, ვიდრე გვქონდა 1918, 1919 და 1920 წელს და ეს იმიტომ, რომ ჩვენ მოვიხმარეთ ის, რაც წინა წლებში გვქონდა დამზადებული და ამ მოხმარების ხნისა და პროცესის განმავლობაში ჩვენ ნაკლებს ვქმნით, ვიდრე ვხარჯავთ. ამნაირად ჩვენი ფულის ნიშნებს აკლდება მისი უზრუნველმყოფელი - სავალიუტო - საქონელი; ცხადია ამიტომ, რომ ახალი გამოცემული ფული კიდევ უფრო დაეცემა, რაღაი მას უფრო ნაკლები დაურჩება მას უზრუნველმყოფელი სავალიუტო საქონელი.

თუ ეს ორი მომენტი ასე პარალელად, ასე შეწყობილად და შეთანხმებით განვითარდა, მაშინ ცხადია და აშკარა, რომ ჩვენ ემისიას ვერ ავსცდებით...

(ვლ. მგელაძე: მართალია!)

თუ გვინდა ეს არ მოხდეს, უნდა დავაკმაყოფილოთ ეკონომიური მოქმედების ძირითადი საფუძველი : ჩვენ უნდა შევქმნათ მეტი, ვიდრე ვხარჯავთ. დღემდე კი ასე არის: ჩვენ ვხარჯავთ მეტს, ვიდრე ვქმნით. ეს კი გამომდინარეობს ყალბ ეკონომიურ პოლიტიკის პრინციპიდან: ამ პრინციპის გადახედვას და გადასინჯვას აგერ 3 წელიწადია რომ მოვითხვთ, მაგრამ ჩვენი ხმა ყოველთვის უნაყოფო რჩება.

როდესაც ეს 10 მილიარდიანი ემისია მიღებულ იქნება, და ფულის ბეჭდვასაც შეუდგებით, კვლავ არხეინიანი ცხოვრება დაიწყება ჩვენს უწყებებში და კიდევ ახალ ემისიას მოითხოვენ ისეთ დროს და ისეთ მიზეზების ძალით, რომ უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ის ღა დაგვჩენიათ, რომ ვისურვოთ, რომ ამდენი გაკვეთილების შემდეგ მაინც ჩვენმა მთავრობამ მიაგნოს იმ პრინციპს, რომლის არცნობა და გმობა შლის ჩვენს ეკონომიურ საფუძველს და, რომელიც შესაძლებელს გახდის ჩვენს ქვეყანაში მეტ წარმოებას და ნაკლებს ფლანგვას და ნაკლებ ხარჯვას.

. სალაყაიას სიტყვის და მომხსენებლის დასკვნის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა. წინააღმდეგ დეკრეტისა ხმა მისცა სოც. - რევოლიუციონერთა ფრაქციამ.

ზოგადი მსჯელობა დასრულებულია.

მომხსენებელი საბოლოო დასკვნას წარმოსთქვამს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მუხლობრივი განხილვის შესახებ - დამფუძნებელი კრება ადგენს, მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეს.

მომხსენებელი დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე კითხულობს.

დამფუძნებელი კრება დეკრეტის სათაურსა და თითოეულ მუხლს ცალცალკე უცვლელად იღებს.

თავმჯდომარის შეკითხვაზე - დეკრეტის მთლინად მიღების შესახებ - გარდა სოც. რევოლუციონერთა ფრაქციისა - არავინ არის ამის წინააღმდეგ, და თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეკრეტი მიღებულია და საბოლოო ტექსტის ამავე სხდომაზე წარმოსადგენად ახვლავე გადაეცემა შესამუშავებლად სარედაქციო კომისიას.საბ. ტექსტი.

განსახილველია საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქართველოს რესპუბლიკის ბონის 10.000.000.000 მან. ემისიისა.

სარედაქციო კომისიის მხრით მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული (ს.დ.), რომელიც აღნიშნავდა რა და რა სარედაქციო შესწორება შეიტანა კომისიამ დამფუძნებელი კრების მიღებული დეკრეტის ტექსტში და ორივე ტექსტს პარალელურად მუხლობრივ კითხულობს.

დამფუძნებელი კრება ამ ტექსტს უკამათოდ უცვლელად ამტკიცებს.

მდივანი კითხულობს შემდეგი (იანვრის 4-ის) მორიგი სხდომის დღიურ წესრიგს.

თავმჯდომარე სხდომას ნაშუადღევის 3ს. 45 წ. ხურავს.

_____________

* 31 დეკემბრის სხდომის გაგრძელება დაიბეჭდა გაზ. „ერთობა“ 1921 წ. 11 იანვარი. - # 6. - გვ. 2-3

* „საქართველო“, ხუთშაბათი, იანვრის 6, 1921 წ.

50 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


50.1

▲ზევით დაბრუნება


აბუშევი ნიკოლოზ - წალკის რაიონის ბეშტაშენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი 349, 354

ავალიანი სვიმონ ლუკას ძე - ისტორიკოსი, ეკონომისტი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1916-1918 წწ-ში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1919 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. (1909-1916) თანამშრომლობდა პრესაში რედაქტორობდა გაზეთს «Южный кооператив». მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ) (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბონის) დამკვიდრებასა და სტაბილური კურსის შენარჩუნებაში. (1921-1922) იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი 79, 97, 179, 211, 223, 224, 225, 226, 237, 246, 261, 339

ავებიური - ლორდი, ტექსტში ნახსენებია, როგორც ინგლისელი მწერალი, ავტორი შრომისა „ქალაქები და სახელმწიფო კერძო წარმოების წინააღმდეგ“ 190

ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე - თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). 1904 დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ხარკოვში 1911 მოიპოვა დოქტორის ხარისხი სადისერტაციო თემით „ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის“. 1919-1921 წწ-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტს. მისი სამეცნიერო შრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს 529

ალია მაჰმად ოღლი - აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში კომუნისტური ოკუპაციით უკმაყოფილო სამხედროების გამოსვლის დარბევაში მონაწილე 154

ალშიბაია გრიგოლ კონსტანტინეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1920-1921 წწ-ში იყო საბჭოთა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წლიდან გ. ალშიბაია პოლიტიკური ემიგრანტია 208, 435

ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე - პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, საქ. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. მოსწავლეობის პერიოდში მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისში. ამავე პერიოდში შევიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში. ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად 1912 წელს დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წ-დან, სხვებთან ერთად, მესვეურობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ „სამშობლოსა“ და შემდგომ „იმერეთის“ გამოცემას ქუთაისში, იყო მათი მუდმივი ავტორი. 1915-1917 წწ.-ში იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი, შედიოდა საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში. მუშაობდა პარტიის ცენტრალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველო“. 1917 წ-ის ნოემბერში ედპ-ის სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წ-ის მაისში შ. ამირეჯიბმა ედპ-ის რიგები დატოვა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა პარტიაში. 1920 წ-ის ნოემბერში საზღვარგარეთ გამგზავრებული ნ. ნიკოლაძის ადგილი კრებაში შ. ამირეჯიბმა დაიკავა 500

ანანოვი მიხრან (ივანე) - XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე. 1907 წლიდან, ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად, ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“; სწორედ იქაური ღვინომასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე, კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა, კონიაკი „ვარციხე“ შექმნა. ანანოვებმა საკმაო ზარალი მიაყენეს ქუთაისს პირადი გამდიდრების მიზნით. 1865 წელს, საქართველოში დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. 1866 წელს, ანანოვები გაემგზავრენ პეტერბურგში, რკინიგიზის ადმინისტრაციაში და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ამით მათ დიდძალი ფული იშოვეს, თუმცა ყოველივე ამის გამო 1871 წელს პირველმა მატარებელმა ქუთაისს გვერდი აუარა და ისე გაიარა რკინიგზის ფოთი-ზესტაფონის, მაშინდელი სადგური ყვირილას მონაკვეთი. მაგისტრალურ რკინიგზაზე ქუთაისის მიერთება მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 1887 წელს მოხერხდა 134, 268, 300, 312, 345, 370, 373

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის (ემანუელის) ძე - სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა იმავე ფაკულტეტის კიევის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე), 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წლის თებერვლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით) 174, 234

არაბული დავითი - ყაჩაღი 229, 230

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი. მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი 141, 142, 152, 185, 316, 486, 592, 610, 658

არქიმედე - Ἀρχιμήδης; დ. დაახლ.ძვ. წ. 287 - გ.ძვ. წ. 212) ძველი ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი 294

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - იურისტი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 59, 63, 64, 65, 67, 71, 72, 73, 76, 77, 78, 86, 87, 88, 89, 92, 98, 107, 110, 113, 121, 127, 148, 162, 180, 181, 182, 184, 185, 191, 216, 221, 223, 242, 245, 247, 251, 264, 270, 273, 274, 275, 276, 277, 278, 279, 281, 284, 291, 292, 293, 320, 321, 322, 324, 325, 331, 353, 358, 361, 365, 366, 367, 368, 377, 380, 381, 382, 383, 385, 388, 390, 437, 505, 531, 587, 602, 644, 645, 683

აფაქიძე ავქსენტი - ბორჩალოს მაზრის კომისარი 348

ახმეტელაშვილი სიმონ (სიკო) გიორგის ძე (ახმეტელი) - ოფიცერი, სამხედრო ექიმი. დაამთავრა დერპტის (დორპტი) უნივერსიტეტის სავეტერინარო ფაკულტეტი. I მსოფლიო ომის დროს იყო ოფიცერი, სამხედრო ექიმი. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 300, 311, 312, 535

50.2

▲ზევით დაბრუნება


ბადრიძე ილია გიორგის ძე - 1902 წ. რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე. 1905 წელს მონაწილეობდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით 67

ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართველოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია“ შემუშავების პროცესში 144, 149, 157, 186, 248, 437, 613, 615, 674, 679, 686, 688

ბაუერი ოტტო (Otto Bauer) - ავსტრიელი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი და პუბლიცისტი, ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი. 1921 წელს იყო „ვენის“ ინტერნაციონალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ბაუერი პოლიტიკური გარდაქმნების ძირითად პოტენციალს ხედავდა პროგრესული ეკონომიკური ცვლილებებისა და საბჭოთა და სოციალური დემოკრატიის შერწყმაში, რასაც უნდა უზრუნველეყო „ინტეგრალური სოციალიზმის“ აშენება 109

ბერიშვილი პავლე აბრამის ძე - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, განათლება მიიღო ონის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში ლითონის დამუშავებისა და ხარატის სპეციალობით. სწავლის პერიოდიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში გაწევრიანდა მასში. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში პროფკავშირების საბჭოში, შემდეგ კი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მუშაობდა შრომის სამინისტროშიც. საბჭოთა ოკუპაციის დროს მონაწილეობას იღებდა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში, მოგვიანებით წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 270, 277, 281, 331

ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე (ტექსტში ბერშტეინი) - მასწავლებელი, 1917 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი; 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან 535

ბერონი - (სავარაუდოდ, ბერონი პეტრე ხაჯი ბეროვიჩი (1799-1871)), ბულგარელი განმანათლებელი, მეცნიერი, ენციკლოპედისტი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ექიმი და ბუნებისმეტყველი 177

ბერულავა ბაგრატ - ესერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი 43, 46

ბესსონი ემანუელ - ფრანგი ეკონომისტი, ავტორი შრომისა „სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ 174

ბინიატ-ოღლი - ბორჩალოს რაიონის კომისარი 348

ბოგდანოვი ალექსანდრე - თიანეთის მაზრის მილიციის უფროსი 229

ბორზაშვილი - მილიციელი ბორჩალოს მაზრაში 352

ბრუსე პოლ ლიუ მარი - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1871 წლის პარიზის კომუნის მონაწილე 181, 182

ბუჯიაშვილი - თიანეთის მაზრის, სოფელ ერწოს მცხოვრები 229

50.3

▲ზევით დაბრუნება


გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გორის სასულიერი სემინარიაში და გერმანიაში საინჟინრო სასწავლებელში. 1903 წლიდან და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მოგვიანებით გაერთიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციაში. პუბლიკაციებს აქვეყნებდა როგოც რუსულ, ასევე ქართულ პრესაშიც. ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ არმავირში, დააარსა „შრომის ბირჟა“. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გ. გაგლოევი ხდება არმავირის მუშათა და კარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თვმჯდომარე. ამავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით და არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრებაში 21, 654

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 150, 170, 289, 501

გეგეჭკორი მიშა - სოც. - რევოლიუციონერი 482, 489

გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე - სოციალ-დემოკრატი, მთავრობის წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. თანამშრომლობდა პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ორგანოებში: „ნოვოე სლოვო“, „ნაჩალო“, „ჟიზნ“, სადაც ამიერკავკასიის განყოფილებას განაგებდა. 1903-05 წწ.-ში იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი. 1918 წელს გახდა ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლიდან საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებისა და თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 100, 138, 159, 177, 211, 228, 360, 530, 612, 639, 640

გელოვანი . . - სასამართლო პალატის თავმჯდომარე 532

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 445, 452, 493, 494, 500, 501, 502, 503, 504, 505, 510, 512, 513, 548, 562, 563, 597, 607, 615, 619, 623, 633, 643, 644, 645, 647, 673, 679, 680, 681, 682, 683, 686, 688

გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე - ექიმი, დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1918-1921 წწ.-ში. უმაღლესი განათლება შვეიცარიაში მიიღო, სწავლობდა მედიცინას, საზოგადოებრივ მეცნიერებასა და ფილოსოფიას. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1921-1924 წწ.-ში იყო კონსტანტინოპოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი; 1920-30-იან წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში, როგორც ქართული სექციის წარმომადგენელი 509, 535, 588, 686, 689, 692

გილფერდინგი რუდოლფ (Rudolf Hilferding) - ავსტრიელი და გერმანელი ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი, სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე. მისმა მთავარმა თეორიულმა ნაშრომმა „ფინანსური კაპიტალი“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მარქსიზმის ეკონომიკურ თეორიაში. არ ცნობდა პროლეტარიატის დიქტატურას და უარყოფითად იყო განწყობილი საბჭოთა რეჟიმის მიმართ 64, 109, 189, 190

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს (კიმოთეს) ძე - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909-1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 24, 26, 94, 96, 165, 219, 283, 284, 300, 334, 392, 394, 409, 424, 425, 426, 427, 429, 430, 431, 436, 437, 441, 442, 514, 535

გობეჩია ივანე პავლეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი. მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 136, 141, 143, 145, 146, 147, 149, 150,153, 156, 157, 248, 249, 250, 265, 266, 281, 301, 323, 348, 349, 352, 353, 354, 356, 376, 437, 602, 612, 620, 654, 666, 676, 683

გოგვაძე - ექიმი 529

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე - დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიკის განყოფილება ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით (1901). პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეციერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1905-1906 წწ.-ში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“, სხვადასხვა დროს იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი (1903-1913 წწ.), სრულიად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში (1914-1916), კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე (1917-1918). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ანუ მინისტრი (1918-1920 წწ.-ში), თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეროვნული კრებისა და დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 368, 386, 477

გოკიელოვი რაფიელ იოსების ძე - საქართველოში ცნობილი სოხუმელი მეთამბაქოე, რუსეთის მთავრობის მიერ გაგაზავნილი იყო თამბაქოს ბაზრის შესასწავლად. თბილისში ჰქონდა თამბაქოს ქარხანა. პაპიროსის კოლოფებზე ახატვინებდა თამარ მეფის და სხვა ქართველი წარჩინებული პირების სურათებს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი, სოხუმის განყოფილებასთან არსებული საამშენებლო კომისიის წევრი 86, 89, 647

გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 8, 9, 12, 14, 15, 16, 17, 19, 24, 26, 50, 51, 101, 153, 299, 300, 302, 311, 314, 315, 317, 394, 408, 409, 413, 416, 424, 425, 434, 437, 456, 520, 521, 522, 525, 530, 534, 566, 570, 586, 590, 591, 596, 630, 657, 673, 679, 686, 688

გოშუა - წალკის რაიონის მილიციის უფროსი, მოქალაქეთა სასტიკი მოპყრობის გამო სამართალში იქნა მიცემული 350

გოცაძე სიმონიკა - ქალაქური სიმღერის პერსონაჟი, ქუთაისელი დარდიმანდი 152

გოჯეჯიანი - აგიტატორი 152

გურული ზაქარია დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 134, 135, 156, 158, 437, 609, 677

გურჯუა ვასილ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება მიიღო ქუთაისის სასოფლო სასწავლებელში, სადაც შეისწავლა აგრონომის პროფესიას. 1902 წლიდან ჩაერთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში აფხაზეთში, გუდაუთაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დელეგირებული იყო აფხაზეთში ავტონომიური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. იყო სეიმის დეპუტატი, აფხაზეთის ეროვნული საბჭოს, წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 100

50.4

▲ზევით დაბრუნება


დადიანი - გენერალური შტაბის ოფიცერი 350, 351, 358

დადიანი სამსონ პლატონის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, იურისტი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე.წ. მეორე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში. 1917 წელს დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოც-ფედ. პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა სოც-ფედ. პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოს დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. ს. დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ შემუშავება, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 20, 111, 128, 147, 155, 156, 157, 171, 174, 185, 195, 196, 210, 211, 228, 288, 290, 321, 338, 362, 480, 583, 602, 658, 666, 673, 679, 685, 688

დამოკლე - დამოკლესი, სირაკუზელი წარჩინებული, მეფე დიონისიოს II-ს მეგობარი, რომელიც მოღვაწეობდა მის კარზე და მუდმივად შურდა მისი 389

დენიკინი ანტონ ივანეს ძე - რუსი გენერალი, მხედართმთავარი, თეთრი მოძრაობის ლიდერი. 1917 აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ - დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სარდალი. 1918 შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე. დენიკინი იცავდა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მათ შორის საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხედრო ქონებაზე, რომელიც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. მისი სამხრეთის დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე.წ. „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა 71, 73, 75, 156

დრიუფელი ფონ - გრაფი, გერმანიის რესპუბლიკისა და გერმანელთა ახალშენის წარმომადგენელი ტფილისში 496

50.5

▲ზევით დაბრუნება


ებერტი ფრიდრიხ (გერმ. Friedrich Ebert) - პოლიტიკოსი, გერმანელი სოციალ-დემოკრატი, მისი მემარჯვენე ფრთის ლიდერი, გერმანიის პირველი რაიხსკანცლერი 1918 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, გემანიის პირველი პრეზიდენტი (ვაიმარის რესპუბლიკა, 1919-1925 წწ.), ასევე გერმანიის ისტორიაში პირველი დემოკრატიულად არჩეული სახელმწიფოს ხელმძღვანელი 676

ელგაროვი - ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის მოხელე 348

ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე - იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი. ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრ, თბილისის განყოფილების წევრი 510, 520, 535

ელიგულაშვილი (ელიგულიშვილი) იოსებ აარონის ძე - დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმომადგენლად პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. გასაბჭოების შემდეგ ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922). იყო ემიგრანტ ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944 წწ.) გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში 414, 535

ემუხვარი არზაყან (დიმიტრი) კონსტანტინეს ძე - სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და დაუახლოვდა ქართველ ნაციონალისტებს და მესამედასელებს. „სოხუმის რესპუბლიკის“ ლიდერი (1905). აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის მთავრობისა და სახალხო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს დამძფუძნებელი კრების წევრი (1919-1921 წწ.). იგი პროქართული ორიენტაციის აფხაზი ლიდერი იყო და მისი ძალისხმევის შედეგად მიიღო 1919 წლის 20 მარტს არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ დადგენილება ავტონომიური სტატუსით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ 43, 232, 233

ენგელსი ფრიდრიხ - გერმანელი პოლიტიკოსი, მეწარმე, ფილოსოფოსი და სამხედრო ისტორიკოსი. ბარმენის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ე. სწავლობდა ელბერფელდის გიმნაზიაში, შემდეგ - ბრემენში ჰაინრიხ ლეოპოლდის სავაჭრო ფირმაში. 1838 იგი საფუძვლიანად გაეცნო მუშათა მდგომარეობას, რამაც ზეგავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.კარლ მარქსთან ერთად იყო მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი 115, 116, 161, 162, 622

ენვერ-ფაშა (Enver Paşa) - ოსმალეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი. „ერთიანობა და პროგრესის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა 1908 წლის ახალგაზრდა თურქთა რევოლუციაში. 1913 განახორციელა სახელმწ. გადატრიალება და გახდა მმართველი ტრიუმვირატის ყველაზე გავლენიანი წევრი, პანთურქიზმისა და პანისლამიზმის იდეოლოგიის მთავარი გამტარებელი. მისი ინიციატივით 1914 დაიდო სამხ. კავშირი გერმანიასა და ოსმალეთს შორის. I მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის ფაქტობრივი დიქტატორი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო. გადაწყვიტა განეხორციელებინა კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის დაპყრობის (დიდი თურანის შექმნის) გეგმა, 1918 წლის ივნისში ბათუმში ჩავიდა და იქიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის ქვეყნებში ინტერვენციას, რის შედეგადაც ოსმალებმა მიიტაცეს სამხრ. საქართველო და ბაქო. I მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ მან მუდროსში ხელი მოაწერა ანტანტის ქვეყნებთან კაპიტულაციის აქტს 459, 462

ენფიაჯიანცი - თბილისის მოქალაქე 664

ერაძე გიორგი პავლეს ძე - რსდმპ-ს წევრი ბათუმისა და თბილისის კომიტეტების წევრი, იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. განათლება მიიღო თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდგომ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წელს - დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), 1918-1919 წწ. იყო შრომის მინისტრის მოადგილე, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად და დაევალა სასურსათო კრიზისის დაძლევისთვის მუშაობა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 473, 487, 488, 587, 631, 633, 642, 643, 646, 659

ერეკლე II - ერეკლე ბაგრატიონი, თეიმურაზ II-ის ძე, 1744-1762 წლებში კახეთის, 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე 542

50.6

▲ზევით დაბრუნება


ვანდერველდე ემილ - (ვან-დერ-ველდე) ბელგიის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. ბელგიის სამეფოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სახალხო ჯანდაცვის მინისტრი, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი 440, 446, 447

ვარაზაშვილი ივანე სოფრომის ძე - ინჟინერ-პოლკოვნიკი, რკინიგზის ტრანსპორტის სპეციალისტი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და პეტერბურგის სარკინიგზო ინსტიტუტი. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე; ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის, არზრუმ-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს. 1917 ერთხანს ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. 1918 წლიდან მცირე ხნით შედიოდა საქართველოს გაფართოებული ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში, როგორც ესერთა პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენელი, 1918 ძმასთან (ისიდორესთან) და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოება. ამ საზოგადოებაში ივანე და ისიდორე იყვნენ ამხანაგობა „ძმები ივ. და ის. ვარაზაშვილების“ მფლობელები. 1920 წ-ის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად ივ. ვარაზაშვილმა 1 015 000 მანეთი გაიღო 64

ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1917-1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს არჩეულ იქნა პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე (1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „მიწის“ რედაქტორი. თავმჯდომარეობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 43, 46, 80, 171, 184, 424, 429, 437, 447, 474, 481, 556, 561, 563, 564, 636, 640, 641, 642, 643, 645, 646, 648, 663, 670

ვეხიბ-ფაშა - ოსმალთა გენერალი, თურქთა კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი 459

ვილსონი/უილსონი თომას ვუდრო (ინგლ. Thomas Woodrow Wi;son) - პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების 28-ე პრეზიდენტი (1913-21 წწ). 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის გამო ის ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც თანამდებობაზე ყოფნის დროს ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. უილსონი ვერსალის ხელშეკრულების ერთ-ერთი ავტორი და ერთა ლიგის შექმნის მხარდამჭერი იყო. ერთა ლიგის დაარსებაში შეტანილი წვლილისთვის იგი 1919 წელს ნობელის სამშვიდობო პრემიით დააჯილდოვეს 446 506 548 549

ვირტი - ფინანსთა მინისტრი გერმანიაში 692

ვიტოშ-დაშინსკი - ვიტოს ვინცენტი, 3-ჯერ ეკავა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 1920-1921წწ., 1923 და 1926 წლებში. დაშინსკი იგნაცი - პოლონელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი. პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. პოლონეთის რეპუბლიკის დროებითი სახალხო მთავრობის თავმჯდომარე 489

50.7

▲ზევით დაბრუნება


ზანდუკელი მიხეილ ოთარის ძე (ქაიხოსრო) - ცნობილი კურორტოლოგი და ფიზიო-თერაპევტი. 1909 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. იყო საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. იყო მოსკოვში ქართველთა საზოგადოების დაარსების ინიციატორი და ამ საზოგადოების გამგეობის წევრი, მოსკოვის საექიმო შრომის სამედიცინო ბიუროს თავმჯდომარე (1907წ.) მ. ზანდუკელი უსასყიდლოდ ემსახურებოდა ქართული საზოგადოების მიერ მოსკოვში მოწყობილ ლაზარეთს. 1918 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოს წითელი ჯვრის საორგანიზაციო სამუშაოებს 529

ზერნოვი - საკურორტო საქმის მცოდნე 529

50.8

▲ზევით დაბრუნება


თაბუკაშვილი - მანგლისის თემის თავმჯდომარე 358

თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით), არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 49, 431, 439, 457, 657, 673

თევზაია ბიქტორ ვასილის ძე - იურისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, (ფსევდონიმი „ბ. თეკლათელი“). დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტში, როგორც პრივატ-დოცენტი, პოლიტიკურ ეკონომიაში ლექციებს კითხულობდა. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოთსა და სამეგრელოში. 1917 აირჩიეს სოც. დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დამფუძნებელ კრებაში მუშაობდა შრომის კომისიაში. 1918-1920 წწ-ში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში 18, 47, 57, 58, 60, 61, 62, 63, 64, 65, 70, 74, 76, 83, 89, 96, 99, 100, 105, 106, 130, 131, 141, 147, 161, 163, 164, 165, 169, 172, 177, 179, 180, 181, 182, 183, 185, 187, 188, 195, 215, 220, 221, 223, 224, 228, 231, 233, 250, 265, 273, 275, 279, 300, 301, 313, 320, 321, 334, 356, 358, 359, 361, 362, 368, 376, 386, 393, 416, 426, 431, 432, 433, 436, 506, 520, 523, 563, 576, 577, 584, 586, 592, 598, 613, 680

თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე - განათლება ოჯახში მიიღო. 1904 წლიდან შედის რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, 1917 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1924 წლის აჯანყების მონაწილე. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია 437, 535

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 171, 342, 535

თუმანიშვილი კოწია - (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი) 170

50.9

▲ზევით დაბრუნება


იანჟული (იანჟელი?) ივანე ივანეს ძე - ეკონომისტი, სტატისტიკოსი, პედაგოგი, სახალხო განათლების მოღვაწე, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი 1876-1898 წწ. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკედემიკოსი (1895 წ.) რუსეთის ტექნიკური საზოგადოების წევრი 213

იასნი - მომარაგების სამინისტროს რუსი მოხელე 260, 261

იკოთელი . - თიანეთის ფედერალისტების კორესპონდენტი 229, 230

იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1904 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, 1918 წლიდან ეროვნული საბჭოსა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნის ინიციატორი, 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიული, შიდა ოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. 1921 წ-ის თებერვალში ჯგუფი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი 8, 9, 10, 268, 269, 270, 299, 300, 301, 302, 303, 310, 311, 315, 320, 321, 322, 323, 431, 513, 514, 515, 535, 537, 580, 591, 629, 630

ინგელსი - საფრანგეთის მუშათა კლასის წარმომადგენელი 440

იოანიდი პეტრე (ტექსტში ივანიდი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წალკის რაიონული ბიუროს წევრი 349

50.10

▲ზევით დაბრუნება


კავკასიძე - ბორჩალოს მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის წევრი 351, 358, 359

კალანდაძე - ერწოს რაიონის ყოფილი კომისარი 229, 232, 243, 244

ალაშნიკოვი - ნეიტრალურ ზონის კომისარი 357

კანდელაკი ალექსანდრე . - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო-სახაზინო ნაწილის დირექტორი 336, 432

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 87, 163, 164, 368, 386, 690, 693

კარიბოვი ალექსი დიმიტრის ძე - ბორჩალოს მაზრის მცხოვრები 349

კარიბოვი დანიელი - ბორჩალოს მაზრის მცხოვრები 349

კარიბოვი კირიაკი - ბორჩალოს მაზრის მცხოვრები 349

კატანოვი - ბორჩალოს მაზრის მცხოვრები 350

კაუცკი კარლ იოჰან (გერმ. Karl Kautsky) - მარქსიზმის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის თეორიტიკოსი და ლიდერი. უმაღლესი განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ისტორიას, ფილოსოფიასა და ეკონომიკას სწავლობდა. კაუცკი 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის მრავალრიცხვოვან დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. საქართველოში ვიზიტის დროს წაიკითხა მოხსენება „სოციალიზმის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“, ასევე შეადგინა და დაწერა წიგნი „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“. მან ამ წიგნის საშუალებით ევროპას გააცნო სოციალ-დემოკრატიის მოდელი და ძალიან საინტერესოდ აღწერა საქართველოში, ქართულ-სოციალ დემოკრატიაში მიმდინრე პროცესები. ნაშრომში ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრული პერსპექტივები - როგორ განვითარდებოდა ქართული სახელმწიფო რომ არა ბოლშევიკური ინტერვენცია 64, 329, 330, 496, 554, 600, 664

კაჩაური - ტერორისტი 152

კაჩუხოვი - ესერი 492

კახელაძე . - მომარაგების სამინიტროს წარმომადგენელი, რწმუნებული ბათუმში 226, 227, 266, 643

კედია სპირიდონ - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 62, 63, 64, 65, 70, 71, 72, 73, 83, 86, 100, 108, 123, 129, 162, 163, 172, 178, 179, 180, 182, 188, 191, 200, 210, 214, 215, 216, 218, 223, 227, 232, 235, 237, 244, 245, 246, 248, 291, 292, 293, 296, 321, 331, 437, 464, 480, 481, 483, 484, 487, 520, 527, 534, 572, 573, 592, 601, 609, 613, 614, 615, 632, 634, 636, 644, 645, 646, 649, 650, 658, 659, 663, 666, 667, 673, 679, 683, 686, 688, 692, 693, 696

კერენსკი ალექსანდრე თედორეს ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური, იუსტიციის მინისტრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე 111, 136, 137, 150, 183, 483, 493

კერზონი ჯორჯ ნათანიელ - მარკიზი, ბარონი, კედლსტონის გრაფი. კონსერვატორი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 1899-1905 წლებში ინდოეთის მეფისნაცვალი და გუბერნატორი., 1919-24 წლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 581

კიასოვი . . - მომარაგების სამინისტროს სავალუტო საქონლის დამზადების განყოფილების მოხელე, მომარაგების სამინისტროს რწმუნებული თამბაქოს მონოპოლიის პოლიტიკის გატარებაში სოხუმში 80, 81

კიზირია პეტრე ბესარიონის ძე - სენატის პროკურორის ამხანაგი, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 532

კიკვაძე თევდორე (თედორე) გაბრიელის ძე - პედაგოგი, სოციალდემოკრატი, დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. აქტიურად წერდა ჟურნალ „კვალში“, იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი (1912 წლიდან); იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი; საქართველოს გასაბჭობის შემდეგ, 1921 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, სამხედრო კოოპერატივში, ლექციებს კითხულობდა ქართულ ენაში სამხატვრო აკადემიაში, რუსულ ენას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში 535

კილაძე სამსონი - სახელმწიფო ბანკის გამგეობის წევრი 50, 51

კლემანსო ჟორჟ ბენჟამინ - გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ჟურნალისტი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 489, 508

კლიმიაშვილი - სოციალ-დემოკრატი 163

კობახიძე - ინჟინერი 434

კობიძე - მანგლისის რაიონის კომისარი 358, 359

კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე - რსდმპ-ის წევრი, 1917 წლიდან თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით 437, 535

კოლუმბი ქრისტეფორე - (იტალ. Critoforo Colombo) იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილის კუნძული, ბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი, პატარა ანტილიის კუნძულები (დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან. კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში 93

კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე - დაამთავრა პირველადი სასწავლებელი. 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი, რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი, პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი (1903 წ.). 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა შრომის, აგრარული და თვითმმართველობის მიმართულებით. სოც. დემოკ. პარტიის შიდაოპოზოციური გაზეთის „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. ჯგუფის წევრებთან ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 300, 317, 535

კორინთელი - გამომძიებელი, მენშევიკი 230, 360, 361

კოსტავა . . - სენატის პროკურორის ამხანაგი 532

კუკლევსკი - სოხუმში მოღვაწე რუსი ჩინოვნიკი 233

50.11

▲ზევით დაბრუნება


ლავროვი პეტრე ლავრის ძე (ტექსტში ნახსენებია მიხაილოვსკისთან ერთად ლავროვ-მიხაილოვსკი) - ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, ხალხოსნობის იდეოლოგი, სოციოლოგიაში სუბიექტური მიმართულების წარმომადგენელი, მეცნიერული სოციოლოგიის ფუძემდებელი რუსეთში. მან ე. დიურკჰეიმზე ადრე დაადგინა აზროვნებას, კოლექტიურ წარმოდგენებსა და საზოგადოებას შორის ფუნქციური კავშირი. მისი სოციოლოგიური იდეები ასახულია მის შრომებში „ისტორიული წერილები 1869), „სოციოლოგები - პოზიტივისტები“ (1872), „მეთოდის შესახებ სოციოლოგიაში“ (1874), „პროგრესის თეორია და პრაქტიკა“ (1881), „სოციალური რევოლუცის და ზნეობის ამოცანები“ (1885) და ა.შ. 450

ლანდია - ბორჩალოს მაზრის კომისარი 348, 349, 352

ლასალი ფერდინანდ (Ferdinand Lassalle) - ევროპული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გერმანელი ფილოსოფოსი, იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე 599, 681

ლებენი - გერმანელი სოციალისტი 183

ლედი მაკბეტი - უილიამ შექსპირის ტრაგედიის „მაკბეტის“ პერსონაჟი, შოტლანდიის მეფის, დუნკანის სარდლის მეუღლე 234

ლეკრიანცი არციკი იაკობის ასული - მოქალაქე 668

ლეკრიანცი (ტექსტში ზოგან ლეკრიანი) მარია მერანგულოვის ასული - მოქალაქე 668

ლეკრიანცი მიკირტიჩ აკოფის ძე - მოქალაქე 668

ლექრიანცები 667

ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 62, 94, 240, 290, 555, 599, 681

ლეჟავა - სოციალ-დემოკრატი 231

ლოიდ ჯორჯი დეივიდ (დუივორის 1-ლი გრაფი, გვინედის ვიკონტი) - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). ადვოკატი, 1908 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 1919 წლის პარიზის საზავო კონფერენცია მოკავშირეთა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გახსნა. იყო უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი 508

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 13, 49, 69, 103, 133, 187, 219, 283, 325, 345, 369, 387, 403, 423, 439, 451, 457, 500, 521, 579, 583, 585, 589, 593, 595, 627, 655, 657, 673, 687

ლორია ფილიპე გლახუნის (გლახუნას) ძე - 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მენშევიკი. განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაშიმონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციებში თბილისსა და ოზურგეთის მაზრაში. 1917 წლიდან იყო მუშათ და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1918 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებეი კრების წევრად. იყო გზათა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 15, 21

ლორთქიფანიძე გრიგოლ - ყოფილი სამხედრო მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, სოციალ-დემოკრატი. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტში ჯერ სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო შემდგომ ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ფილოსოფიის განხრით. 1911-1912 წწში რევოლუციური საქმიანობისათვის სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში, შემდეგ რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. 1916 ვორონეჟის გუბერნიაში ცხოვრების უფლება მისცეს, სადაც დაოჯახდა. 1918 წ-ის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება. 1920 წლის იანვარში დაინიშნა სამხედრო მინისტრად. მინისტრობის პერიოდში ცდილობდა დისციპლინის დამყარებას შეიარაღებულ ძალებში, განსაკუთრებით ებრძოდა არასაწესდებო ურთიერთობების ფაქტებს. მომხრე იყო რეგულარული ჯარის და სახალხო გვარდიის გაერთიანებისა. 1920 წლის შუა პერიოდიდან, თავდაცვის მინისტრობასთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციასაც ითავსებდა. 1920 წლის დეკემბრიდან კი - გ. ლორთქიფანიძე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობასთან ერთად, განათლების მინისტრიც გახდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს საქმიანობაში. რუსეთ-საქართველოს 1921 წ-ის ომის ბოლო ეტაპზე იყო მთავრობის წარმომადგენელი 17-18 მარტს ქუთაისის მოლაპარაკებებზე, სადაც მან უარი განაცხადა ბოლშევიკებისთვის ხელისუფლების გადაცემაზე და კაპიტულაციაზე ხელი არ მოაწერა. გ. ლორთქიფანიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყოლია და საქართველოში ჩაება განმათავისუფლებელ მოძრაობაში 576, 577, 581, 582, 658, 667

ლორთქიფანიძე ივანე ნესტორის ძე - პოლიტიკოსი, ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა მინისტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, შემდგომ კი ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შეუერთდა ესერთა პარტიას, ხარკოვში აქტიურად მონაწილეობდა ესერ სტუდენტთა საქმიანობაში. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ამიერკავკასიისა და საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. 1918 იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში და იყო გზათა მინისტრი. დამფუძნებელი კრების წევრის მანდატი სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის სიით 1920 წ-ის გაზაფხულზე მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად მოიპოვა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ 43, 44, 46, 48, 71, 74, 86, 89, 90, 125, 149, 150, 151, 194, 208, 217, 220, 231, 232, 233, 237, 242, 243, 244, 248, 250, 264, 265, 266, 287, 297, 300, 306, 307, 308, 311, 314, 323, 351, 354, 356, 358, 360, 361, 362, 365, 376, 395, 398, 413, 424, 425, 437, 485, 490, 506, 507, 528, 587, 618, 629, 650, 691, 693, 696

ლუი პოლ (ტექსტში პოლ ლიუი) - (Louis), (1872-1955), ფრანგი სოციალისტი, მწერალი და ჟურნალისტი. 1920 წლის დასაწყისში შედიოდა II ინტერნაციონალის აღდგენის კომიტეტში. საფრანგეთის სოციალისტური პარტიის დაშლის შემდეგ შევიდა კომუნისტურ პარტიაში, რომელიც დატოვა 1923 წელს და დააფუძნა ე.წ „პროლეტარული ერთიანობის პარტია“. 1944 წლიდან თანამშრომლობდა პარიზის რეაქციულ გაზეთში „Le Parisien Libéeé“ („თავისუფალი პარიზელი“) 181, 182

ლუჟენოვსკი - ტექსტის მიხედვით, ტერორისტი 152

50.12

▲ზევით დაბრუნება


მაზმანოვი - წალკის მცხოვრები 349

მაკდონალდი - დიდი ბრიტანეთის მუშათა კლასისი წარმომადგენელი 440

მამფორია - 233

მასარიკი ტომაშ გარიგ (ტექსტში ერთგან მარალიკინი) - (ჩეხ. Tomáš Garrigue Marasyk) - ჩეხი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემის შემდეგ 1918 წელს დაუსწრებლად აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტადსახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ კი მისი პირველი პრეზიდენტი (1918-1935). მას „პრეზიდენტ-განმათავისუფლებელს“ უწოდებდნენ 562, 676, 683

მარზაშვილი (მირზაშვილი?) - ერთ-ერთი რაიონის კომისარი 358

მარკე - საფრანგეთის მუშათა კლასის წარმომადგენელი 440

მარქსი კარლ ჰაინრიხ (გერმ. Karl Marx) - გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა 52, 64, 94, 99, 112, 115, 116, 124, 125, 161, 162, 163, 181, 223, 277, 449, 599, 624

მაღლაკელიძე - 266

მაცვანაძე - ბორჩალოს მაზრის კომისარი 348

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი 274, 275, 276, 278, 290, 487, 535, 659

მახვილაძე ელეონორა მიხეილის ასული (ტერ-ფარსეგოვა) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, სწავლობდა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსებზე. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჯგუფმა 1905 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელში ჩაიგდო სოხუმის მმართველობა, ჩამოაყალიბა სახალხო მილიცია და აიძულა ხმოსნები გადამდგარიყვნენ და დაიწყო საყოველთაო არჩევნებით ახალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 437

მგელაძე ვლასა დარისპანის ძე (პარტიული მეტსახელიტრია“) - პოლიტიკური მოღვაწე, კარლო ჩხეიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის სოც. დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. ჩაბმული იყო „მესამე დასის“ საქმიანობაში. 1907 წ-ის სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე, მან მუშების სახელით წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა. 1908 წელს ევროპაში ყოფნის დროს, ურთიერთობდა რუსეთის სოც.დემ. მოძრაობის ლიდერებთან: პლეხანოვთან, აქსელროდთან და სხვ. მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში 63, 192, 216, 233, 249, 270, 274, 281, 322, 324, 353, 355, 356, 464, 609, 694, 695

მდივანი სიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1905 წელა დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს თავისუფლება მიულოცა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 8, 12, 13, 14, 22, 23, 24, 48, 49, 67, 69, 70, 103, 132, 133, 159, 187, 218, 219, 265, 267, 281, 283, 299, 344, 345, 365, 368, 369, 370, 386, 387, 401, 403, 404, 409, 414, 415, 421, 422, 423, 439, 453, 457, 495, 500, 513, 515, 517, 521, 524, 525, 532, 533, 535, 539, 565, 566, 567, 569, 574, 575, 576, 578, 579, 580, 582, 583, 585, 586, 588, 589, 592, 593, 595, 624, 627, 654, 655, 657, 670, 671, 672, 687, 688, 696

მდინარაძე - სენატორი 525

მესხიშვილი შალვა (ალექსი-მესხიშვილი) ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრია, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 443

მილი ჯონ სტიუარტი (Mill, John Stuart) - (1806-1873) ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი 164

მინგრელსკი ნიკოლოზ - თავადი ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე დადიანი, (1847-1903), ფორმალურად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, ვიდრე ამ მხარეს რუსეთის იმპერია შთანთქავდა, თუმცა აღმასრულებელი ძალაუფლება მას არც არასოდეს ჰქონია. მამამისი, დავით დადიანი (1813-1853), რეგიონის ბოლო რეალური მმართველი იყო. ნიკოლოზის დედა ეკატერინე ჭავჭავაძე გახლდათ (1816-1882).1885 წელს ნიკოლოზ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს 226, 533, 677, 685, 688, 689

მირზაბეკოვი - თამბაქოს ქარხნის მფლობელი ბაქოში 207

მიქელანჯელო - მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი - იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი 612

მიხაილოვსკი ნიკოლაი კონსტანტინეს ძე (ტექსტში ნახსენებია ლავროვთან ერთად - ლავროვ-მიხაილოვსკი) - გამოჩენილი პუბლიცისტი, სოციოლოგიაში სუბიექტური მიმართულების წარმომადგენელი; ბოლშევიზმის ოპოზიციონერი, ხალხოსნობის იდეოლოგი, აკრიტიკებდა რუს მარქსისტებს და სოციალ-დემოკრატებს. ნ. კ. მიხაილოვსკის სოციოლოგიური შეხედულებები წარმოდგენილია ნაშრომებში „რა არის პროგრესი?“ (1869), „ანალიტიკური მეთოდი საზოგადოებრივ მეცნიერებაში“, „დარვინის თეორია და საზოგადოებრივი მეცნიერება“ 1870-1873), „ბრძოლა ინდივიდუალურობისთვის“ (1875-1876), „გმირები და ბრბო“ (1882), „კიდევ ერთხელ ბრბოს შესახებ“ (1893) და ა.შ. 450

მონტესკიე შარლ ლუი (Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu) - ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანებისა „სპარსული წერილები“ (1721), „განაზრებები რომაელთა აღზევებისა და დაცემის მიზეზების შესახებ“ (1734) და „კანონთა გონი“ (1748). მისი იდეები კონსერვატივიზმისა და პროგრესივიზმის საუცხოო სინთეზია 548

მოსეშვილი ვარლამ პავლეს ძე - ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1898 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1910-1911 წწ-ში მივლინებული იყო პარიზში. 1918 აირჩიეს ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918 თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1918-1919 წწ-ში ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 1920 არჩეულ იქნა ფარმაციის კათედრის გამგედ, ხოლო მოგვიანებით სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად აფაქიძე 529

მოსკოლსკი - მოსკოველი, მინერალური წყლის გამავრცელებელი რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში 244

მჟავანაძე - მექრთმეობაში ბრალდებული 348, 349, 351

50.13

▲ზევით დაბრუნება


ნაზარაძე ივანე ვასილის ძე - ბეშთაშენის საფოსტო განყოფილების უფროსი 349

ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. „Борьба“-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის “ერთობის“ რედაქტორი; კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია). აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 10, 136, 176, 181, 183, 184, 186, 189, 192, 230, 266, 300, 303, 396, 408, 652, 674, 679, 686, 688

ნაპოლეონ მესამე - შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Charles Louis Napoléon Bonaparte), საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1848-1852), საფრანგეთის იმპერატორი (1852-1870) 602

ნეპრინცებენი - ინჟინერი 434

ნიკოლაიშვილი - მექრთამეობაში ბრალდებული 351

ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე, ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ «Новое обозрение»-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“. 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში. ნ. ნიკოლაძეს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებაში. ნ. ნიკოლაძემ შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა. 1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში. სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 246, 500

ნიკოლოზი, ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში). პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა 137, 139, 140, 142, 149, 152, 157, 370, 475, 533, 606, 610, 669, 677, 685, 688, 689

ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ ჯგუფს. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 18, 67, 524, 651, 652, 658, 661, 664, 665, 666, 667, 668, 669, 670, 671

ნინოშვილი - მემამულე 433

ნოდია ვასილ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი, დაასრულა ფოთის საქალაქო სასწავლებელი, ეწეოდა რევოლუციურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დამოუკიდებლობის წლებში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, 1919 აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. სხვადასხვა დროს კრებაში იყო მცირე იურიდიული, შრომის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მდივანი 535

ნუცუბიძე ილია დავითის ძე - დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს კი - დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში 582, 593, 597, 611, 613, 628, 650, 651, 654, 658

ნუცუბიძე (შალვა) ვარლამ ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 237, 470, 527, 529, 580, 582, 632, 642, 658, 663, 666, 680

50.14

▲ზევით დაბრუნება


ომაროვი - უფროსი მილიციონერი ახალქალაქის რაიონში 357

ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 14, 20, 24, 25, 104, 105, 300, 301, 316, 317, 318, 325, 347, 358, 372, 390, 390, 391, 392, 396, 410, 411, 424, 425, 426, 576, 588, 654

50.15

▲ზევით დაბრუნება


პაპავა - სავარაუდოდ ვლადიმერ პაპავა, თიანეთის ერობის თავმჯდომარე 230

პაშალიდი (ფაშალიდისი) ივანე (იონის) გიორგის ძე - სოციალდემოკრატი, საბერძნეთის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის რუსულ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად ჯერ ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტური მოძრაობის წევრობისთვის გარიცხეს, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში მოიპოვა ექიმის 317 დიპლომი. 1903 წ-დან რსდმპ-ს წევრი. ექიმად მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმში, აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1917 წ-დან შეუერთდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. იყო დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი. თანამშრომლობდა ქართულ და საქართველოში გამომავალ ბერძნულ გაზეთებთან 100 პილატე პონტოელი - (ლათ. Pontius Pilatus) — რომის იმპერიაში შემავალი იუდეის პროვინციის მეხუთე პრეფექტი იმპერატორ ტიბერიუსის დროს. ცნობილია, როგორც ქრისტეს მსაჯული, ესოს ჯვარცმა სწორედ მისი პრეფექტობის პერიოდს დაემთხვა 461

პოპანდოპულო - მენშევიკი ბორჩლოს მაზრიდან 361

50.16

▲ზევით დაბრუნება


ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (ზოგან ტექსტში ნოე ნიკოლოზის ძე) - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლბა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 11, 93, 94, 137, 157, 161, 171, 262, 265, 290, 357, 433, 469, 481, 481, 483, 493, 547, 555, 576, 597, 599, 600, 601, 603, 604, 610, 619, 620, 652, 663, 680, 681, 682, 683

ჟორჟოლიანი - 168, 243

ჟუო ლეონ - (Jouhauxon) - საფრანგეთის და საერთაშორისო პროფმოძრაობის მოღვაწე, მემარცხენე მუშათა მოძრაობის ლიდერი 63, 109

50.17

▲ზევით დაბრუნება


რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 97, 100, 101, 148, 150, 153, 154, 163, 171, 172, 192, 233, 249, 250, 265, 266, 323, 334, 350, 351, 356, 357, 361, 362, 458, 459, 479, 486, 487, 490, 491, 496, 547, 602, 609, 645, 659

რაუშერი ულრიხ კარლ პაულ - გერმანელი სახელმწიფო მოხელე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მწერალი. გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკის) ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920-1922 წლებში 496

რახმანოვი - ბაშკიჩეთის რაიონის კომისარი 46

რენოდელი - საფრანგეთის მუშათა კლასის წარმომადგენელი 440

რომანოვები - ძველი რუსული არისტოკრატიული გვარი. 1613 წლიდან სამეფო გვარი, ხოლო 1721 წლიდან - იმპერატორთა დინასტია 360

რომანოვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (უმცროსი) - რუსეთის იმპერიის სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში (1914-1915) და 1917 წლის მარტში. 1915 წლის აგვისტოდან კავკასიის მეფისნაცვალი, კავკასიის მთავარსარდალი და კავკასიის კაზაკ მებრძოლთა ჯარის უფროსი 475

რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 14, 19, 21, 24, 25, 26, 154, 300, 315, 391, 392, 397, 398, 400, 410, 411, 412, 433, 434, 437, 524, 532, 630, 674, 679, 686, 688

რუსო ჟან-ჟაკ (ტექსტში რუსსო) - (ფრანგ. Jean-Jacues Rousseau) ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას და ნაციონალიზმის გავრცელებას 545

რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე - პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ, 1902 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკტი. მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დაარსებაში, 1909 წელს შეადგინა პარტიის პროგრამა. 1919 წლის მარტიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია), დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაციის წევრი. შედიოდა „საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ შემადგენლობაში. იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების აქტიური მონაწილე და შედიოდა უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების გამგეობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში აირჩიეს დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტური ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების ნამდვილი წევრი 73, 508, 522, 526, 527, 528, 529, 530, 531, 534, 578, 691, 692, 693, 696

50.18

▲ზევით დაბრუნება


საბაშვილი პარმენ ივანეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იურისტი. 1918 წელს იყო გზათა მინისტრის მოადგილე, შემდგომში მუშაობდა სურსათის მომარაგების კომისიაში (სამინისტროში) 488

საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის (ბეჟუკის) ძე - დიპლომატი. გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1905 წლის მოსკოვის შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო ვერ დაასრულა. მოგვიანებით, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც იურიდიული მეცნიერების შესწავლა განაგრძო და უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა. 1917 წლის თებრვლის რევოლუციის შემდეგ დაბინავდა ფოთში, სადაც რევოლუციურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდიდან კ. საბახტარაშვილი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის ქალაქის თავი. იყო ეროვნული საბჭოს წევრი მცირე ხნით, ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტია). ეკავა საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილე, წარგზავნილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის ელჩად იტალიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 501

სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი; სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 24, 178, 195, 224, 300, 301, 343, 407, 416, 522, 523, 677, 692, 695, 696

სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე (ჟუჟისპირელი) - სოციალ-დემოკრატი, მუშაობდა სოციალ-დემოკრატიის თბილისის ორგანიზაციაში, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. წერდა მოთხრობებს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა. 1924 წ-ის აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს და ყირიმში გადაასახლეს 437

სარიევა მაკრინა ვასილის ასული - ბორჩალოს მაზრის მცხოვრები 349

საყვარელიძე პავლე დავითის ძე (. საქარელი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, (პარტიული ფსევდონიმი - „დიდი პავლე“). უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი, პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი, სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“); ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი; იყო დამფუძნებელი კრების სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური კომისიების წევრი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მან უარყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი 437, 453, 454, 455, 535, 539, 601, 607, 608, 609, 625, 655, 656, 658, 673, 674, 679, 685, 686, 688

სერაფიმოვი - სოციალ-დემოკრატი, კომისარი წალკის რაიონში 354

სერვერ-ბეგ ათაბეგოვი (ტექსტში სერვეთ-ბეი) - სეიმის წევრი, წარმოშობით ქართველი, იყვნენ გვარად ჯაყელი. სერვერბეგ ათაბეგის მამა იყო ახალციხის ფაშა. რუსეთმა გადმოიბირა ეს ფაშა, და მისცა ტიტული - პრინც ქობლიანსკი ადიგენსკი და დაარქვეს გვარი ათაბეგოვ. თურქულად ათა - მამაა, ე.ი. მამა ბეგებისა 476

სიდავა იოსები - თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორი, 1918 წელს დროებით დაინიშნა ქუთაისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ 532

სმიტი (სმითი) ადამ - (ინგ. Adam Smith), შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომთაგან ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ 190

სმონტეგიუ - სავარაუდოდ, მომარაგების მინისტრი ინგლისში 489

სნოუდენი - დიდი ბრიტანეთის მუშათა კლასისი წარმომადგენელი 440

სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარი, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წ-ს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 414, 437, 535

სტიუარტები - შოტლანდიისა (1371 წლიდან) და შემდეგ ინგლისის (1603-1649 და1660-1714 წწ.) სამეფო დინასტია. წარმოდგა შოტლანდიური წარჩინებულთა საგვარეულოდან, რომელსაც XII საუკუნეში სამეფოს მმართველის - სტიუარტის თანამდებობა ეკავა (აქედან დინასტიის სახელწოდება) 326

სულაქველიძე ვლადიმერ (ვალოდია) ამბაკოს ძე - ფილოლოგი, ქართველი საზოგადო მოღვაწე, 1918 წელს დაინიშნა ქუთაისის მილიციის უფროსად, 1919 წლიდან თბილისის სახალხო მილიციის უფროსია, რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა 358, 361

სულთანოვი - მუსულმანთა წარმომადგენელიც გაზეთ «Грузия»-ს თანამშრომელი 573

50.19

▲ზევით დაბრუნება


ტაგიევი - აზერბაიჯანის კომისარიატის ფინანსთა და სახალხო კომისრის მოადგილე 435

ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი სლეპცოვი) (ტექსტში ტერ-სტეფანიანცი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაშნაკციუთუნის პარტიის წევრი, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო „დაშნაკცუთიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის „აშხატავორის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან. იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ 219, 220, 437, 479

ტიერი ლუი-ადოლფ (ფრანგ. Louis-Adolphe Thiers) - ფრანგი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მეფე ლუი-ფილიპის დროს (1836-1839 და 1840 წლებში) და პრეზიდენტი 1871 - 1873 წლებში 600, 682

ტოლსტოი ლევ ნიკოლოზის ძე - რუსი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, რომანისტი, პედაგოგი, საბავშვო მწერალი, ესეისტი 152

ტომა ალბერტი - ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სოციალისტი, I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღების მინისტრი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დამაარსებელი და თავმჯდომარე, ვერსალის საზავო კონფერენციის მონაწილე 109, 489, 507

ტოროშელიძე (ორჯონიკიძე) მინადორა ეფრემის ასული. - პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, მედიცინის დოქტორი, სოციალ-დემოკრატი. ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (1901), სადაც დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს, აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში; იქვე იქორწინა მალაქია ტოროშელიძეზე. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციაში, მიემხრო მენშევიკთა ფრაქციას, მისი მეუღლე კი ბოლშევიკებს. 1905 წელს ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური „მენშევიკი”. 1906 კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად. საიდანაც 1914 წელს ევაკუაციის წესით დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. მუშაობდა თბილისის ქალთა კავშირში. იყო თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1917 წ-ის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდგომ კი, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. წითელი არმიის შემოჭრისას იყო ფრონტის ხაზზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 645

ტროცკი ლევ დავითის ძე (ლეიბა დავითის ძე ბრონშტეინი) ფსევდონიმები: პერო, ანტიდ ოტო, სედოვი, მოხუცი და სხვ. - საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. ტროცკი თავდაპირველად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრაქციის მხარდამჭერი იყო. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ტროცკიმ ბოლშევიკების ბანაკში გადაინაცვლა და პარტიის ლიდერი გახდა. საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი წითელი არმიის დამფუძნებელი, მისი მეთაური და ომის სახალხო კომისარი. ასევე პოლიტბიუროს დამფუძნებელი წევრი 489

50.20

▲ზევით დაბრუნება


ურატაძე გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე - სახალხო მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ბათუმში კი სამასწავლებლო კურსები გაიარა. მუშაობდა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია. პეტერბურგში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სკოლაში გაგზავნა. სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1915 წლიდან ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა, ხელმძღვანელონდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამანდატო კომისიი წევრი, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად 150, 232

ურუშაძე - 243

50.21

▲ზევით დაბრუნება


ფაუსტი - კლასიკური გერმანული ლეგენდის პერსონაჟი, რომელიც უკმაყოფილოა თვისი ცხოვრებით და მიისწრაფვის უკეთესისკენ 327

ფაღავა გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე - რსდმპ პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი 1913 წლიდან; სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების საზეიმოდ გახსნის სხდომაზე. გ. ფაღავა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ასრულებდა მდივნის მოვალეობას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხშირად მოგზაურობდა რეგიონებში პროპაგანდისტული საქმიანობის გასაწევად. მონაწილეობდა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ადმინისტრციის კრიზისის შემსწავლელ დელეგაციაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუდმივი წევრი 368, 386

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალდემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი - დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 50, 51, 60, 65, 66, 135, 136, 279, 300, 319, 321, 322, 363, 365, 367, 377, 388, 389, 410, 424, 427, 428, 429, 437, 677

ფოთოლაშვილი - გამომძიებელი თიანეთში 229, 230

50.22

▲ზევით დაბრუნება


ქავთარაძე სერგო - საქართველოში ცნობილი ბოლშევიკი, დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. ქ. ქუთაისის მშრომელთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი, რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომტეტის წევრი. 1920 წლს 7 მაისიდან 1921 წ. 25 თებერვლამდე ს. ქავთარაძე იყო რ.ს.ფ.ს.რ წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1921 წლის 25 თებერვლიდან, მცირე ხნის განმავლობაში იყო საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს (ე.წ. „სახკომსაბჭოს“) თავმჯდომარე საქართველოში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 155

ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე - ისტორიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საშუალო განათლება თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება - მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1912 წლიდან ასწავლიდა ისტორიას ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო ქართულ სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში, სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიის საკითხებზე. 1913 წელს აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, 1914 წელს კი - ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის საბჭოს წევრად. მონაწილეობდა საქართველოში ჩამოყალიბებულ საქველმოქმედო საზოგადოების საქმიანობაში. იყო ამ საზოგადოების რწმუნებული ხევსურეთის საქმეებში. თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდესა“ და გაზეთ „საქართველოში“. მისი კორესპონდენციები იბეჭდებოდა ასევე ბერლინში გამომავალ „ქართულ გაზეთში“. შედიოდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალის შემადგენლობაში. კომიტეტში მუშაობდა მეზობელ ერებთან თანხმობის საკითხებზე, უზრუნველყოფდა ევროპაში მოქმედ კომიტეტთან მუდმივი კავშირს. შ. ქარუმიძეს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული ჰქონდა კომიტეტის მთავარი ჯილდო - თამარ მეფის ორდენი. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი, მონაწილეობდა პარტიის პროგრამისა და წესდების შედგენაში, არჩეული იყო ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად. ედპ-ის სიით შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში და მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წ-ის ნოემბერი). 1918 წ-ის 29 მაისს, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ის საბჭოში შეიყვანეს. არჩეული იყო საბჭოს სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრად. საქართველოს პარლამენტში წარმოთქვა სიტყვა საღვთო რჯულის სწავლების გაუქმების წინააღმდეგ. 1918 წ-ის სექტემბერში ედპ-დან გავიდა, შეუერთდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიას (იგივე ეროვნული, იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია) და გახდა მისი თავმჯდომარის მოადგილე. 1920 წ-ის მაისში, საქართველოს დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად, ეროვნული პარტიის სიით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატი მოიპოვა. აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო კოოპერატივებისა და ამხანაგობების ჩამოყალიბებაში. (ხელმძღვანელობდა მეცხვარეთა კავშირს). 1921 წ-ის თებერვალში მის მიერ ერწო-თიანეთში შედგენილი ფშავ-ხევსურთა რაზმი იცავდა თბილისს შემოჭრილი მტრისაგან. ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ხანებში საზღვარგარეთ არ წასულა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მუშაობაში ჩაერთო. შედიოდა ედპ-ის არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში 17, 19, 71, 77, 89, 234, 261, 325, 342, 437, 580, 587

ქარცივაძე ილია გიტოს-ძე - საქართველოს მომარაგების მთავარი სამმართველოს მთავარი რწმუნებული, ადმინისტრაციის ინსპექტორი 661

ქებაძე - მინერალური წყლით მოვაჭრე 211, 245, 246

ქემალ-ფაშა ათათურქი ქემალ (ტექსტში ზოგან ქემალი) - 1934 წლამდე მუსტაფა ქემალი, თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. სწავლობდა სალონიკის სამხედრო სასწავლებელში, კაპიტნის ჩინით დაასრულა სტამბოლოს გენერალური შტაბის აკადემია. იგი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა პირველ მსოფლიო ომში. 1919 წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის ეროვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა ანატოლია, დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელსვე მან დაამხო სტამბოლის მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი, ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო ლენინისგან. 1922 წლის 1 ნოემბერს მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა 458, 459, 462, 474, 484, 485

ქიაზიმ-ბეი - პოლკოვნიკი, 1920 წლის ნოემბერში საქართველოში გახსნილი თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი. 1921 წლის მარტში თურქების მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ ქიაზიმ ბეი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა 651, 661, 662, 664, 666

ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე - პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1903 წ-დან სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912. თავდაპირველად მიემხრო სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას და იზიარებდა მისი ბოლშევიკური ფრთის იდეოლოგიას. მსოფლმხედველობა - კოსმოპოლიტურიდან ეროვნულ საფუძველზე შეიცვალა პ. სურგულაძის ხელმძღვანელობით ჟენევაში შექმნილი „თავისუფალი საქართველოს ჯგუფის“ იდეოლოგიის გაზიარების შემდეგ. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო საკონსტიტუციო, საბიუჯეტო და საფინანსო კომისიების წევრი. რედაქტორობდა ედპ-ის გაზეთ „საქართველოს“ (1918-1919). 1919 წ-ის თებერვალში ედპ-ის სიით გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი. 1919 წ-ის მაისში ედპ-დან გავიდა, მაგრამ დამფუძნებელ კრებაში დარჩა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 1921 წ-ის მარტში საქართველოს რევკომმა იგი რამდენიმე მოღვაწესთან ერთად გაგზავნა ბათუმში, რათა ნ. ჟორდანია სამშობლოში დარჩენაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921-1922 წწ-ში იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ლიტერატურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე გადაინაცვლა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 505, 507, 513

ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე - იურისტი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სენატის წევრი, ნაფიცი ვექილი, მიწათმოქმედების სამინისტროს იურისტ კონსული. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901-1905 წწ-ში მუშაობდა თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1919 წ-ის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 624

50.23

▲ზევით დაბრუნება


ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 58, 100, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 125, 128, 129, 142, 155, 172, 182, 185, 188, 189, 190, 191, 192, 193, 195, 200, 203, 204, 207, 208, 209, 212, 213, 214, 215, 236, 237, 238, 239, 240, 241, 242, 243, 245, 247, 266, 270, 272, 273, 274, 277, 278, 279, 280, 297, 298, 318, 320, 336, 338, 340, 341, 342, 343, 399, 436, 437, 454, 587

50.24

▲ზევით დაბრუნება


ყაზაროვი - წალკის მცხოვრები 354

ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე - სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, დამთავრებული ჰქონდა რუსეთის გენშტაბის აკადემია. მონაწილეობდა ე.წ. „კავკასიის ომებში“, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომში, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1908-1918 წლებში იყო საზოგადოების თავჯდომარე, ხოლო 1918-1921 წწ. - საპატიო თავჯდომარე. 1908 ყაზბეგმა ბაქოსა და კაკავის ფილიალებს მიანიჭა ფართო ავტონომია. იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი. სტეფანწმინდაში განაგრძო ძმის დიმიტრი ყაზბეგის მიერ დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა და დის - ელისაბედის თანადგომით საკუთარ სახლში გახსნა სკოლა 8, 104, 134, 267, 268, 269, 281

ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე - სოციალ-დემოკრატი, პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ლაილაშის სასწავლებელში. მის პოეტურ ნაწარმოებებს და მოთხრობებს ბეჭდავდა: „მოგზაური“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „მათრახი და სალამური“ და სხვა ჟურნალი-გაზეთები. აქტიურად იყო ჩაბმული 1905 წ-ის რევოლუციაში, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის გამოსვლებს. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, იყო დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 535

50.25

▲ზევით დაბრუნება


შარაშიძე ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო 7, 49, 69, 103, 104, 133, 158, 159, 219, 281, 283, 298, 299, 325, 345, 369, 372, 373, 374, 375, 376, 387, 403, 405, 406, 407, 423, 439, 453, 457, 495, 517, 521, 525, 534, 539, 565, 566, 575, 576, 577, 579, 581, 583, 585, 590, 591, 593, 595, 629, 650, 657, 673, 685, 687, 689, 696

შარიფოვი (შარიფ) აბდულ აზიზ - აზერბაიჯანელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ჰუმეტის“ წევრი. დაწყებითი განათლება მშობლიურ ნახჭევანში მიიღო. შემდგომში კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა. 1915-1917 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. ეწეოდა საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას. 1918 წ-ის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1920 წ-ის მაისში იყო ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობის თავმჯდომარე. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში 361

შენგელაია ლეო ანდრიას ძე - იურისტი, სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 42, 43, 44, 45, 47, 55, 72, 73, 90, 97, 101, 106, 111, 112, 116, 139, 146, 149, 150, 159, 170, 171, 185, 190, 192, 194, 195, 196, 210, 212, 213, 215, 216, 217, 235, 237, 238, 240, 241, 242, 243, 244, 246, 247, 248, 249, 250, 265, 266, 269, 270, 271, 272, 278, 279, 280, 301, 302, 306, 307, 314, 328, 329, 330, 331, 333, 335, 336, 340, 342, 343, 350, 351, 353, 356, 359, 364, 365, 366, 377, 397, 422, 431, 434, 448, 467, 481, 482, 483, 485, 490, 491, 493, 494, 502, 505, 506, 507, 508, 511, 512, 520, 554, 555, 557, 558, 573, 584, 592, 597, 598, 599, 600, 608, 611, 613, 614, 618, 619, 620, 622, 650, 652, 655, 658, 665, 680, 681, 682

შენგერი ანტონ - 554

შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე (მეტსახელი: ძიკი) - ექიმი, მარქსისტული ორგანიზაციის წევრი, სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გაცდა. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბათუმში დარჩა ექიმად სამუშაოდ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 100, 535

შინგარიოვი ანდრეი ივანეს ძე - (1869-1918) რუსი საზოგადო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, სახელმწიფო მეურნეობისა და ბიუჯეტის სპეციალისტი, ექიმი, პუბლიცისტი. იყო რუსეთის დუმის მე 2, მე-3 და მე-4 მოწვევის დეპუტატი, დროებითი მთავრობის მიწათმოქმედებისა და ფინანსთა მინისტრი 40

შკურო ანდრეი (რუს. Андре́й Григо́рьевич Шкуро́) - რუსი სამხედრო მოღვაწე, ყუბანელი კაზაკი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, თეთრგვარდიელთა არმიის გენერალ-ლეიტენანტი, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე, გიორგის ჯვრის კავალერი 71, 76

შოუ - დიდი ბრიტანეთის მუშათა კლასისი წარმომადგენელი 440

50.26

▲ზევით დაბრუნება


ჩერნოვი ვიქტორ მიხეილის ძე - ესერთა პარტიის ლიდერი, რუსეთის დროებითი მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი, ხშირად „გლეხურ მინისტრსაც” უწოდებდნენ. იყო მიწის სოციალიზაციის პროგრამის ავტორი (სახელმწიფოსა და მემამულეთა მიწების საზოგადოებრიც საკუთრებად გადაქცევა მათი შემდგომი თანაბარი განაწილება), პოლიტიკურ სფეროში ითხოვდა „მთელი სახელმწიფოსა და იურიდიული წყობის დემოკრატიზაციას თავისუფლებისა და თანასწორობის საწყისებზე“ 111 483

ჩიკოვი (ტექსტში ერთგან ჩიკინი) - იმ დროს საუკეთესო, სწავლული მეთამბაქოე 76, 647

ჩიქავა ალექსანდრე ჩიტოს (ხიტუს) ძე - პედაგოგი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი. 1905 წლიდან რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის წევრია; 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრ. წლების განმავლობაში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 535

ჩიჩერინი გიორგი ვასილი ძე - რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, მუსიკათმცოდნე, ლიტერატორი და კრიტიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1907 წელს აირჩიეს პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრად. მონაწილეობდა პარტიის ლონდონის ყრილობის მუშაობაში. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს ცხოვრობდა ლონდონში. იქვე გახდა ბრიტანეთის სოციალისტური პარტიის წევრი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში და მიემხრო ბოლშევიკებს. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში ჩინოვნიკად. 1918 წლის იანვარში დაინიშნა სახალხო კომისრის, ლევ ტროცკის მოადგილედ. ტროცკის სამხედრო კომისრად გადასვლის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობაზე 474, 484, 581

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე - სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, 1888 წ. გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 თანამოაზრეებთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაცია „მესამე დასს“. 1907-1912 და 1912-1917 წწ.-ში იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც 1912 წლამდე თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. 1918 წლის აპრილში იგი გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა. თავმჯდომარეობდა 1918 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნ დელეგაციას. ხელმძღვანელობდა ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე ქართული დელეგაციას; 1919 წლის 12 მარტს დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 172

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. დაამთავრა ხონის სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს (1893). 1896-1901 წწ-ში რუსეთშია. კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა. 1902-1904 წწ-ში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1907 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1912 წელს სოც. დემოკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს და ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილით დასჯას. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრია. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის და ერთა ლიგაში მის გაწევრიანებისთვის. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 147, 154, 155, 269, 328, 340, 400, 434, 461, 485, 492, 493, 500, 501, 505, 511, 535, 582, 587, 630, 655, 658, 674, 679, 686, 688

ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში,(არ დაუსრულებია) დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, აქტიურად ებრძოდა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. როგორც ქალაქის თავი, მთელი მონდომებით იბრძოდა სპეკულაციის წინააღმდეგ, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, მათ შორის ქოლერის გავრცელების წინააღმდეგ. 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 წ. - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 477, 585, 586, 527, 529, 530, 531, 652, 659, 660, 661

50.27

▲ზევით დაბრუნება


ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1901 წელს იყო რეცოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად. იყო მუშათა წრეების ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი, თბილისის რსდმპ-ს თბილისის კომიტეტის წევრი; შედიოდა ბოლშევიკურ ფრაქციაში, შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. 1918-1921 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ეხმარებოდა თანაპარტიელებს ციხიდან გათავისუფლებაში 300, 301, 312, 347, 372, 435, 535, 587, 653

ცალქალამანიძე - კომისარი ბორჩალოს მთიან რაიონში 357

ცანდეკოვი - წალკის მცხოვრები 349, 350

ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი, ასოთამწყობი, 1917 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცკ-ს კომიტეტის წევრი, 1918 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, 1919 წელს არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად 41, 47, 48, 101, 155, 172, 173, 174, 189, 228, 229, 231, 233, 356, 357, 359, 360, 437, 490

ცინცაძე გიორგი იოსების ძე - მასწავლებელი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან, გურიის 1905 წლის მოვლენების მონაწილე. 1917 წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი, შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მთავრობის თავმჯდომარის პირადი მდივანი 200, 661, 664

ცინცაძე რაფიელი - ყაჩაღი 43, 44, 488

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი. საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1914 წლიდან რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციას შეუერთდა, 1917 წ-დან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ მაზრაში ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 229, 400, 677

ცხაკაია - რესპუბლიკის მოხელე, რწმუნებული თამბაქოს მონოპოლიის გასატარებლად სოხუმში 77

50.28

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე - იურისტი, პოლიტიკოსი - სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, უდიდესი ქართველი ტრიბუნი, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციის ლიდერი. ი. წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედლით დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1901 მიიღო მონაწილეობა სტუდენტთა მღელვარებაში და თავმჯდომარეობდა სტუდენტური ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს. დაწერა „ჩვენი მიზნები“, რომელიც სტუდენტთა მისწრაფებებს გამოხატავდა. ი. წერეთელი მოსკოველ სტუდენტთა მოძრაობის აღიარებული ლიდერი გახდა. 1907 მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და, საერთოდ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახდა. 1917 წელს გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. იყო 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური. საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვერსალის საზავო კონფერენციაზე. დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქცის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 111, 136, 151, 493

წულაია დავით - (უნდა იყოს წულაია პავლე) 535

წულაია პავლე ლუკას ძე (ფსევდონიმი: დეპო) - რსდმპ-ს მენშევიკურ ფრაქციის წევრი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. მოგვიანებით ჩაერთო რსდმპ-ის მუშაობაში, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, რის შემდეგაც 1907 აირჩიეს რსდმპ ლონდონის მეხუთე ყრილობის დელეგატად. 1919 წლიდან არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი 300, 313, 393

წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე - სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა სოფლის სკოლაში და ბათუმის გიმნაზიაში. მონაწილეობდა გურიის 1905 წლის მოვლენებში. 1906 წლიდან რსდმპ-ს წევრი, იყო ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მუშაობდა, თბილისის განყოფილევაში. იყო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 653

50.29

▲ზევით დაბრუნება


ჭავჭავაძე - ტექსტში გორის აღმოსავლეთით მდებარე მამულების მფლობელი 433

ჭავჭავაძე ილია - დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სულისჩამდგმელი და თავმჯდომარე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნებისადნი იჩენდა. სტუდენტობის წლებში დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაშია. ქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას. 70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი 632

ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 86, 226, 259, 284, 285, 286, 291

ჭიჭინაძე პარმენ (ნიკოლოზ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 323, 347, 348, 358, 359, 360, 376, 576

50.30

▲ზევით დაბრუნება


ხავთასი ერმოლოზ სვიმონის ძე - ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა წარმომადგენელი 1919 წელს 189

ხომერიკი ნოე გიორგის ძე - პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1903-1906 წწ. აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომისა და გზათა მინისტრი; დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 62, 94, 97, 99, 100, 154, 169, 171, 172, 182, 184, 210, 227, 232, 233, 238, 248, 249, 250, 251, 252, 266, 334, 576, 650, 651, 660

ხოჭოლავა მუხრან-იონა მაქსიმეს ძე (მუხრან ოდიშელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს წევრი, სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“ 92, 128, 272, 275, 281, 535, 670

50.31

▲ზევით დაბრუნება


ჯაიანი ნიკოლოზ - ქუთაისის მცხოვრები 370

ჯამალბეგოვი - კომისარი აზერბაიჯანში 154

ჯაფარიძე - გაგრის კლიმატური სადგურის ინჟინერი 232

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. კ. ჯაფარიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთ გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 7, 13, 16, 23, 49, 69, 101, 103, 133, 159, 187, 267, 283, 299, 300, 313, 345, 369, 403, 415, 439, 453, 457, 500, 517, 519, 533, 569, 575, 585, 593, 595, 597, 601, 602, 605, 606, 607, 609, 627, 655, 657, 673, 674, 679, 680, 683, 685, 686, 688

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - იურისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გაბედულად აკრიტიკებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 14, 15, 63, 65, 67, 97, 147, 149, 300, 363, 366, 377, 397, 532, 534, 570, 571, 572, 573, 574, 580, 673, 679, 685, 688

ჯაფარიძე დიმიტრი - ექიმი კურორტოლოგი 529

ჯიბლაძე სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე - პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. რექტორ ჩუდეცკის ცემისთვის 1884 იგი სემინარიიდან გარიცხეს და ორი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. იყო „მესამე დასის“ დამფუძნებელი წევრი (ყვირილა, 1892). იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცკ-ს წევრი, ამიერკავკასიის სეიმის წევრი 1918 წლის თებერვლიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელ კრების წევრად. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, ს. ჯიბლაძემ გახსნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 163, 172, 249, 437

ჯუღელი გიგა - ტერორისტი 152

ჯუღელი ვალერიანი (ვარლამ) ანთიმოსის ძე (ვალერიან ანთიმოზის ძე) - ქართველი პოლიტიკოსი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია) და სამხედრო პირი. დაამთავრა სოხუმის გიმნაზია, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი.) 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 97, 101, 136, 138, 150, 151, 152, 174, 462, 482, 486, 487, 488, 489, 490, 492, 493, 642, 650, 652, 653, 658, 659, 660, 661, 662, 664, 666

50.32

▲ზევით დაბრუნება


ჰილფერდინგი რუდოლფ - (გერმ. Rufdolf Hilferding), გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, ავსტრიელი და გერმანელი მარქსისტ-ეკონომისტი, ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი, სოციალ-დემოკრატიის ლიდერი 178

ჰიუსმანი - ბელგიის მუშათა კლასის წარმომადგენელი 440

50.33 Б

▲ზევით დაბრუნება


Буржуа Леон - (фр. Léon Victor Auguste Bourgeois, 1851-1925), В 1890 году он занимал пост министра внутренних дел, а с 1890 по 1892 год был министром общественного образования - [ბურჟუა ლეონი] (ფრ.Léon Victor Auguste Bourgeois, 1851-1925) - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი (1890) განათლების მინისტრი 1890-1892 წწ. 182

50.34 Ж

▲ზევით დაბრუნება


Жонарь - Жонна́ р Шарль Селесте́ н Огю́ст (фр. Charles Célestin Auguste Jonnart, 1857-1927) - французский политик, министр иностранных дел (1913), министр общественной работы (1893-1894гг.) - [ჟონარი შარლ სელესტენ ოგიუსტი] - ფრ. Charles Célestin Auguste Jonnart, 1857-1927), ფრანგი პოლიტიკოსი, საგარეო საქმეთა მინისტრი 91913), საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრი (1893-1894 წწ.)182

50.35 К

▲ზევით დაბრუნება


Кахеладзе - заведующий складом в ведомостве земледеии - [კახელაძე] - მიწათმოქმედების უწყებაში შეშის საწყობების გამგე 226, 227

Коринтели - председатель собрания соц.-демократов в Борчало [კორინთელი] ბორჩალოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრების თავმჯდომარე 360, 361

Комбъ - Комб Эмиль-Жюстен Луи (фр. Émile Justin Louis Combes) (1835-1921), - французский государственный и политический деятель; масон, председатель Совета Министров Франции (1902-1905) министр народного просвещения, изобразительных искусств и культов Франции (1895-1896) - [კომბი ემილ ჟიუსტენ ლუი] (ფრ.Émile Justin Louis Combes) (1835-1921гг.), ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მასონი, საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1902-1905 წწ.), სახალხო განათლების, სახვითი ხელოვნებისა და საფრანგეთის კულტების მინისტრი (1895-1896 წწ.) 182

50.36 Л

▲ზევით დაბრუნება


Лекрянц Ацзик - гражданка Тбилиси, дочь владельца указанного дома - [ლეკრიანცი აცზიკ] - თბილისის მოქალაქე 667

Лекрянц Еремия Яковлева - гражданка Тбилиси, дочь владельца указанного дома - [ლეკრიანცი ერემია] - თბილისის მოქალაქე 667

Ленин - Ульянов Владимир Ильич - крупный теоретик марксизма, советский политический и государственный деятель, создатель Российской социал-демократической рабочей партии (большевиков), главный организатор и руководитель Октябрьской социалистической революции 1917 года в России, первый председатель Совета народных комиссаров (правительства) РСФСР, создатель первого в мировой истории социалистического государства - [ლენინი] - (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი, სახალხო კომისართა საბჭოს პირველი თავმჯდომარე, მსოფლიო ისტორიაში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი 343

50.37 Н

▲ზევით დაბრუნება


Нинидзе Кирил Иесевич - член Учредительного Собрания - [ნინიძე კირილე იესეს ძე] - დამფუძნებელი კრების წევრი 668

50.38 П

▲ზევით დაბრუნება


Пиланов - секретарь собрания соц.-демократов в Борчало - [პილანოვი] - ბორჩალოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრების მდივანი 360

Потяев - Финансист большевиков, Финансовая политика совѣтской власти 343

50.39 Р

▲ზევით დაბრუნება


Рамишвили Ной - политический деятель Грузинской Демократической Республики, революционер. Первый министр-председатель правительства Грузинской Демократической Республики [იხ. რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე] 227, 361

Рамбо Альфред Никола - (фр. Alfred Nicolas Rambaud) (1842-1905) - Французский историк и государственный деятель, министр народного просвещения 1896-1898 гг. Иностранный член-корреспондент Императорской Санкт-Петербургской Академии наук (1876 год). Член Академии моральных и политических наук (1897 год). [რამბო ალფრედ ნიკოლა] (фр. Alfred Nicolas Rambaud) (1842-1905) - ფრანგი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, სახალხო განათლების მინისტრი 1896-1898 წწ. სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1876 წ.), მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1897 წ. 182

Ром Жюль - 182

50.40 С

▲ზევით დაბრუნება


Сулаквелидзе - генерал-губернатор [სულაქველიძე] - ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახალხო მილიციის უფროსი, რესპუბლიკის ზურგის უფროსი, ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციის უფროსი. ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი 361

50.41 Т

▲ზევით დაბრუნება


Таргулов Я. - Финансист, автор книги «Новая экономическая и финансовая политика Советской власти». [ტარგულოვი ი.] - ბოლშევიკების ფინანსისტი, ავტორი წიგნისა „საბჭოთა ხელისუფლების ახალი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა“ 341

51 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აგუჯერა/აგუძერა 232

ადერბაიჯანი/ადერბეიჯანი 158, 204, 410, 415, 466

ადესა 231

ადიგენი 9, 13, 14, 15, 50, 104

ავსტრია 198, 199, 481

აზერბაიჯანი 17, 45, 60, 154, 206, 207, 208, 327, 329, 348, 405, 423, 432, 435, 436, 461, 475, 490, 493, 632, 639, 640

აზია 65, 180, 450, 459

ალანდიის კუნძულები 507

ამერიკა 56, 66, 93, 126, 275, 287, 327, 332, 441, 446, 505, 506, 511, 544, 546, 548, 549, 556, 561, 562, 596, 601, 602, 603, 608, 609, 683

ამიერ-კავკასია 225, 311, 338, 457, 459, 460, 466, 468, 470, 471, 474, 476, 479

ამსტერდამი 440

ანგორა 474, 475, 476, 664

არაბეთი 234

არდაგანი 474

არზრუმი 475

ართვინი 486

არტაანის ოლქი 8, 479, 576, 577, 586, 589, 590, 677, 685, 688, 689

აფხაზეთი 14, 43, 44, 46, 47, 77, 82, 83, 85, 100, 231, 233, 255, 258, 285, 286, 300, 318, 319, 346, 356, 371, 374, 487, 490, 494, 560, 676

აღმოსავლეთი 46, 188, 449

აწყური 9, 13, 14, 15, 50, 104, 337

აჭარა 233, 477, 486

ახალი ზელანდია 107

ახალქალაქი 233, 267, 299, 302, 357, 484, 488

ახალქალაქის მაზრა 134, 267, 299, 302, 317, 318, 404, 423, 484, 633

ახალციხე 302, 416, 424, 429, 627, 628, 630, 631, 677, 685, 688

ახალციხის მაზრა 9, 13, 14, 15, 50, 104, 302, 484, 633, 641, 677, 685

ახმეტა 229

ბათომი/ბათუმი 10, 11, 12, 14, 25, 41, 60, 73, 76, 171, 199, 207, 224, 227, 233, 285, 289, 291, 300, 333, 337, 346, 371, 375, 391, 404, 412, 474, 477, 479, 490, 521, 524, 527, 566, 570

ბათომის ოლქი 10, 15, 67, 300, 346, 371, 375, 387, 391, 405, 430, 459, 460, 463, 570, 581

ბალკანეთი 264, 483

ბარალეთი 267, 299, 302, 404, 408, 423

ბარღები 46

ბაშკიჩეთი 46

ბაქო 206, 207, 222, 233, 435

ბაქოს გუბერნია 207

ბელგია 30, 166, 214, 289, 440, 445, 446, 447, 675

ბერნი 440

ბეშტაშენი 349

ბორჩალო 9, 352

ბორჩალოს მაზრა 17, 18, 23, 24, 41, 42, 44, 45, 46, 47, 104, 134, 141, 147, 229, 267, 281, 299, 301, 317, 323, 346, 347, 348, 355, 357, 359, 361, 362, 371, 376, 377, 379, 480, 483, 487

ბორჯომი 100, 123, 169, 186, 210, 218, 221, 227, 232, 242, 243, 244, 245, 246, 337, 412, 525, 526, 531, 534

ბრესტი 468, 492

ბრიუსელი 692

გაგრა 73, 232, 243, 412

განოვის ქუჩა 651

განჯა 154, 207

განჯის გუბერნია 207

გარელოვკა 267, 299, 302, 404, 408 423

გერმანია 53, 54, 56, 62, 64, 66, 125, 132, 154, 183, 197, 198, 199, 200, 298, 309, 329, 330, 399, 446, 478, 479, 484, 496, 504, 505, 506, 511, 557, 558, 599, 602, 609, 621, 642, 675, 676, 681, 682, 691, 692

გომბორი 338

გორი 17, 268, 300, 301, 305, 314, 316, 317, 346, 370, 371, 373, 396, 405, 433, 455

გორის მაზრა 268, 300, 314, 316, 346, 370, 371, 374, 388, 396, 404, 579, 641

გუდაუთი/გუდაუთა 23, 76, 134, 268, 292, 300, 311, 345, 370, 372, 400

გულეიკარი/გულეისკარი 388, 400, 404, 407

გულრია (სავარაუდოდ, გურია) 232

გუმბრის კარი 479

გუმისტანი (გუმისთა?) 76, 231, 292

დავითის შესახვევი 651, 660

დარდანელი 475

დარიალი 446

დასავლეთ ევროპა 18, 113, 199, 213, 216, 217, 244, 278, 306, 326, 330, 415, 436, 445

დასავლეთი 197

დაღესტანი 475, 476

დიდი ბრიტანეთი 197, 198, 440

დონის ურალი 330

ეგვიპტე 646, 647

ევროპა 11, 39, 41, 56, 58, 59, 62, 63, 64, 65, 66, 71, 82, 83, 85, 87, 88, 89, 99, 109, 113, 114, 115, 117, 118, 119, 120, 121, 126, 128, 132, 154, 164, 165, 174, 178, 179, 180, 181, 182, 183, 189, 190, 198, 199, 213, 216, 220, 221, 254, 258, 260, 263, 274, 275, 276, 278, 285, 287, 288, 289, 290, 291, 308, 436, 437, 439, 440, 441, 442, 443, 446, 447, 448, 450, 451, 461, 468, 478, 481, 484, 492, 495, 496, 501, 506, 508, 510, 511, 512, 541, 544, 551, 553, 554, 556, 598, 599, 600, 601, 603, 605, 608, 609, 611, 612, 613, 614, 622, 624, 637, 644, 646, 649, 675, 680, 681, 682, 690, 691, 692, 693

ერწო 229

ესტონია 289

ვარშავა 489

ვარციხე 134, 268, 300, 312, 346, 370, 373

ვაშინგტონი 441

ველიკობრიტანია 71

ვენა 603

ვენეცუელა (ვენესუელა) 544, 549

ვერსალი 446, 468, 504, 675

ვლადიმირი 330

ზაქათალა 560, 676

ზაქათალის ოლქი 479

ზუგდიდის მაზრა 21, 140, 399, 488, 634

თფილისი 405, 675

თელავი 318, 641

თვამი 408

თიანეთი 229, 230, 318, 355

თიანეთის მაზრა 229, 230, 317

იბერია 443

ილდოყანა 209

ინგლისი 40, 52, 53, 56, 64, 66, 71, 73, 88, 123, 125, 126, 132, 153, 166, 174, 175, 183, 185, 190, 193, 195, 197, 199, 200, 214, 215, 216, 240, 246, 254, 263, 275, 276, 288, 289, 291, 297, 313, 326, 327, 445, 449, 459, 463, 478, 489, 504, 507, 508, 509, 511, 522, 581, 692

ინდოეთი 93, 185, 504

ირლანდია 504

ისპანია 15, 692

იტალია 92, 198, 199, 214, 259, 629

კავკასია 59, 64, 88, 204, 225, 311, 338, 351, 358, 359, 460, 466, 468, 470, 471, 475, 476, 478, 479

კანადა 215

კახეთი 8, 134, 255, 268, 300, 313, 330, 346, 370, 373, 400, 432, 455, 531, 634

კოდორი 77, 231, 292

კოლხიდა 443

კონსტანტინოპოლი 76

კოჯორი 100, 238, 244, 400

კუბის კუნძული 83

ლანჩხუთი 305, 309, 400

ლატვია 289

ლეჩხუმი 20

ლიკანი 243, 271, 553, 554, 610

ლიონი 108

ლიტვა 507

ლიუცერნი 440

ლონდონი 75, 83, 198, 199, 217, 260, 313, 386, 509, 646, 647

ლუქსემბურგი 675

მანგლისი 338

მანგლისის რაიონი 358

მარსელი 108, 291

მოსკოვ-ვლადიმირის რაიონი 330

მოსკოვი 111, 117, 275, 276, 330, 448, 459, 460, 461, 476, 484, 512

მუხრავანა/მუხროვანი 338

მცირე აზია 459

მცირე ციხის რაიონი 433

ნაზარეთი 97

ნოჯიხევი 21

ნუხა 207

ოდესა 291

ოკამი (ერთგან ოკამო) 266, 299, 302, 404, 423

ონი 347, 371, 392, 404, 406

ოსმალეთი 88, 458, 459, 460, 461, 462, 463, 468, 472, 474, 475, 476, 477, 478, 483, 484, 485, 491, 661, 666

ოტრადნოე 232

ოჩამჩირე 400

პარიზი 161, 162, 163, 199, 217, 223, 500, 501, 509, 642, 675

პეტროგრადი 247

პოლონეთი 268, 289, 300, 313, 314, 346, 370, 373, 507, 598, 602, 681, 683

ჟენევა 448, 500, 501, 502, 505, 510

რაჭა 633

რიონი 8, 23, 24, 50

რომი 155

როტერდამი 75, 414

რუსეთი 31, 40, 45, 52, 65, 71, 72, 77, 85, 94, 108, 110, 111, 114, 115, 116, 117, 118, 124, 132, 136, 137, 138, 139, 150, 151, 152, 155, 158, 161, 165, 168, 172, 180, 183, 186, 188, 189, 190, 192, 195, 197, 203, 204, 209, 214, 215, 217, 238, 239, 244, 254, 260, 263, 265, 274, 286, 289, 291, 297, 300, 306, 308, 310, 313, 319, 320, 321, 327, 329, 330, 331, 333, 340, 341, 346, 360, 371, 375, 394, 436, 441, 443, 444, 445, 446, 447, 448, 451, 458, 461, 468, 474, 475, 476, 478, 481, 483, 484, 485, 486, 493, 494, 510, 511, 512, 540, 541, 542, 543, 554, 556, 581, 597, 598, 610, 611, 612, 613, 621, 639, 640, 641, 643, 646, 665, 680, 681

რუსეთის იმპერია 71, 186, 543

საბერძნეთი 76, 89, 90, 474

საბურთალო 627, 628, 629, 657

სამეგრელო 18, 20, 21, 233, 285, 490

სამტრედია 232

სამურზაყანო 43, 44, 46, 231, 233

სამუსლიმანო საქართველო 67, 466, 467, 476, 477, 494, 495, 540, 676

სამხრეთ-დასავლეთი 461, 476

სამხრეთი 442, 451, 459, 461, 462

საფრანგეთი 30, 40, 53, 59, 62, 63, 64, 71, 107, 108, 112, 125, 132, 149, 154, 181, 183, 188, 189, 193, 194, 196, 197, 214, 215, 216, 254, 275, 280, 287, 288, 289, 297, 414, 440, 445, 449, 489, 500, 504, 507, 508, 522, 544, 546, 547, 549, 550, 552, 553, 598, 601, 602, 605, 609, 622, 642, 675, 681, 683, 692

საქართველო 1, 2, 3, 4, 7, 8, 9, 10, 11, 14, 15, 17, 18, 20, 21, 37, 41, 48, 55, 58, 59, 60, 61, 63, 64, 65, 66, 67, 73, 76, 78, 79, 106, 118, 120, 130, 135, 136, 137, 138, 139, 143, 145, 151, 152, 153, 154, 155, 158, 161, 172, 173, 176, 178, 179, 180, 181, 183, 184, 195, 203, 204, 206, 207, 208, 209, 215, 216, 221, 222, 223, 224, 225, 232, 233, 234, 239, 254, 255, 261, 271, 273, 284, 286, 287, 289, 290, 297, 298, 303, 313, 319, 320, 327, 328, 329, 333, 334, 344, 346, 361, 362, 369, 371, 391, 399, 404, 405, 409, 415, 416, 423, 424, 426, 435, 436, 440, 441, 442, 443, 444, 445, 446, 447, 448, 449, 450, 451, 452, 457, 458, 459, 460, 462, 463, 466, 467, 468, 471, 472, 473, 474, 475, 476, 477, 478, 479, 481, 482, 483, 484, 485, 486, 487, 490, 491, 493, 494, 495, 496, 497, 499, 500, 501, 502, 503, 505, 506, 507, 508, 509, 510, 511, 512, 513, 530, 531, 539, 540, 541, 542, 543, 544, 546, 547, 550, 551, 554, 559, 560, 561, 565, 566, 570, 576, 579, 580, 582, 583, 593, 595, 597, 603, 610, 613, 621, 625, 629, 632, 637, 643, 646, 647, 654, 655, 657, 658, 673, 674, 675, 676, 679, 680, 681, 685, 686, 688, 689, 693, 696

სენაკი 401

სენაკის მაზრა 347, 371, 388, 395, 404, 406, 634

სიღნაღი 318, 346, 371, 387, 391, 404, 405, 641

სკანდინავია 306, 512

სმეცკი/სვეცკის მამული 232, 255

სომხეთი 286, 287, 327, 416, 424, 426, 458, 459, 461, 462, 466, 468, 474, 475, 476, 479, 484, 495, 632, 634

სოჭა 46

სოჭის/სოჩის ოლქი 46

სოხუმი 75, 77, 82, 83, 88, 89, 100, 104, 129, 130, 133, 153, 232, 233, 243, 267, 268, 299, 300, 305, 308, 315, 346, 370, 374, 412, 425, 646, 647

სოხუმის ოლქი 43, 44, 46, 76, 80, 81, 84, 292, 646, 647

სურამი 347, 371, 372, 404, 408, 423, 425

ტრაპიზონი 338, 475

ტრიესტი 291

ტფილისი 7, 8, 9, 13, 18, 23, 49, 69, 75, 103, 104, 123, 127, 133, 134, 152, 159, 168, 171, 187, 199, 207, 217, 219, 229, 230, 231, 264, 267, 268, 283, 299, 300, 304, 309, 312, 319, 325,338, 345, 350, 351, 358, 359, 369, 370, 373, 387, 398, 400, 410, 412, 413, 425, 455, 496, 499, 521, 525, 532, 539, 543, 569, 572, 575, 576, 589, 595, 627, 629, 631, 633, 634, 641, 650, 665

ტყვარჩელი 121, 217

ტყიბული 8, 209, 222, 263, 330

უკრაინა 72, 314

ფინლიანდია 507

ფოთი 8, 23, 24, 25, 50, 134, 171, 232, 268, 285, 300, 310, 345, 370, 372, 399, 412

ფრაკია 76

ფშავი 355

ფხოველი 209, 217, 222

ქობულეთი 467, 477, 486

ქუთაისი 72, 108, 167, 171, 304, 307, 309, 312, 370, 401, 405, 412, 424, 425, 490, 492

ქუთაისის მაზრა 23, 388, 400, 401, 404, 407

ყაზახის მაზრა 348

ყაზბეგი (დაბა) 8, 104, 134, 267, 268, 269, 281

ყარსი 458, 459, 462, 468, 474, 479, 495

ყირიმი 71, 87, 88, 90

შავი ზღვის გუბერნიები 71

შეერთებული შტატები 441, 548, 561

შვეიცარია 18, 280, 503, 512, 544, 545, 546, 547, 548, 550, 558, 602, 603, 604, 605, 606, 609, 618, 683

შვეცია 232, 507, 692

შორაპანი 634

შულავერი 45, 351

ჩეხოსლოვაკეთი/ჩეხოსლოვაკია/ჩეხო-სლოვაკია 215, 552, 560, 561, 562, 598, 602, 609, 676, 681, 683

ჩილი 544

ჩინეთი 215, 276, 613

ჩოხატაური 488

ჩრდილოეთი 234, 272, 461, 468, 612

ჩრდილო-ამერიკა 441, 446

ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები 441

ჩრდილო-აღმოსავლეთი 448

ჩრდილო-კავკასია 204

ცარსკიე კოლოდეც 338

ცხენის-წყალი 395

ცხინვალი 234, 449

წალკა 41, 42, 46, 352, 353

წალკის რაიონი 352, 353

წინანდალი 242

ჭიათურა 121, 259, 260, 298, 330

ხაშური 268, 300, 315, 346, 370, 374

ხევსურეთი 355

ხობი 21

ხორგა 21

ხონი 20, 411, 424

ჯავა 233, 234

ჯავის ხეობა 234

ჰააგა 506, 508

ჰამბურგი 291

ჰოლანდია 306

К

Кахети 668

Тифлис 360, 361

52 VII ტომის პირთა საძიებლისთვის გამოყენებული წყაროები:

▲ზევით დაბრუნება


1. ბაუერი ოტტო // // https://bigenc.ru/world_history/text/1857101

2. გოკოელოვი რ.ი. // ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძისაგან
http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/6449/3/Kartvel katolikeni -1905.pdf

3. დაშინსკი იგნაცი // https://www.britannica.com/biography/Ignacy-Daszynski

4. ვიტოშ ვინცენტი // https://bigenc.ru/world_history/text/1917057

5. ენვერ ფაშა // გიგინეიშვილი ო., თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1961; // სვანიძე მ., 1914 წ. ოსმალეთსა და „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს“ შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულება, კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, [ტ.] 2, თბ., 1995. მ.

6. ენციკლოპედია საქართველო http://georgianencyclopedia.ge

7. კანდელაკი ალექსანდრე // http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/15750

8. კიასოვი ი. დ. // http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/9853

9. ლუი პოლ // მარქსისტების ინტერნეტ არქივი. https://www.marxists.org/

10. მინგრელსკი ნიკოლოზ - დადიანი //
http://www.nplg.gov.ge/dadiani/nikolasmingrelski.html

11. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka

12. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.

13. საქართველოს პროსოპოგრაფია http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965

14. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/

15. რაუშერი ულრიხ http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%25E1%2583%25A0%25E1%25 83%2590%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A8%25E1%2583%2594%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598_%25E1%2583%25A3 %25E1%2583%259A%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%25AE

16. ხავთასი // სხვა და სხვა. საქართველოს რესპუბლიკა. 1919. 18 ოქტომბერი # 233.
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/28634/1/Sakartvelos_Respublika_1919_N233.pdf

17. Комб, Луи Эмиль // Водовозов В. В. // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). - СПб., 1890-1907.

18. Лавров П.Л. // Учебные материалы для студентов
ttps://studme.org/197704136007/sotsiologiya/klassiki_russkoy_sotsiologii

19. Михайловски Н.К. //
https://studme.org/197704136007/sotsiologiya/klassiki_russkoy_sotsiologii

20. Рамбо Альфред-Никола / Российская академия наук
http://www.ras.ru/win/db/show_per.asp?P=.id-51881.ln-ru

21. Янжул И.И. https://bigenc.ru/economics/text/4926820