The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თათბირი ტარიელისა

თათბირი ტარიელისა




1 თათბირი ტარიელისა

▲ზევით დაბრუნება


1410
ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
კაცი-მცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1411
მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ოყი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1412
მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები;
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალთა ეივსცეთ მძლე ნები.

1413
ფიცხლავ შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“

1414
ფრიდონ უთხრა: „შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“.

1415
ფრიდონ ლაღი ამხნაგობს საუბართა ესოდენთა.
ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1416
კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1417
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1418
ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1419
თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვდომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია,
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!

1420
სამთავე სამად გაიყვეს - თვითომან თვითო - კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცთურო, არ ნაჩქარები,
გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1421
პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1422
ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1423
მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:
კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა,
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1424
კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახნეს კაფისა,
რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1425
ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1426
ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა.
ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1427
ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი - სრეული,
ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“.

1428
გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1429
ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
მზე რა ვარდთა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1430
მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

1431
მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,
მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1432
ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს.
არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

1433
სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა;
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!

1434
მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1435
სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.

2 თათბირი ტარიელისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


შიშინაშვილი მამუკა
0x01 graphic

მეტრეველი მაგდა
0x01 graphic

დონაძე იზა (ელისაბედი)
0x01 graphic

ძეგველიშვილი თ.
0x01 graphic

ქეშიკაშვილი შ.
0x01 graphic

ჯობაძე თათა
0x01 graphic

პაპოშვილი ქრისტინე
0x01 graphic

გელაშვილი შორენა
0x01 graphic

ჩაჩავა ლია
0x01 graphic

მიქაძე გრიგოლ
0x01 graphic

კერატიშვილი ნინო
0x01 graphic

გიორგაძე ნინო
0x01 graphic

კობერიძე ნატო
0x01 graphic

ტოტიკაშვილი მარიამ
0x01 graphic

პაპოშვილი ნატო
0x01 graphic

კუხიანიძე მანანა
0x01 graphic

მაარაშვილი ვანო
0x01 graphic

მაღალაშვილი მაკა
0x01 graphic

კახიძე მ.
0x01 graphic

გაჩეჩილაძე თ.
0x01 graphic

ძეგველშვილი ქ.
0x01 graphic

კანდელაკი ლელა
0x01 graphic

არჯევანიძე საბა-გიორგი
0x01 graphic

ალანია მაკა
0x01 graphic

ნებიერიძე კონსტანტინე
0x01 graphic

ნებიერიძე გიორგი
0x01 graphic