The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან




1 ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

▲ზევით დაბრუნება


1557
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,
ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.

1558
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,
მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირსა მზისა მსგავსისა.

1559
იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.
მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“

1560
მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა;
შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა;
მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1561
არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;
მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;
გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი.
სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1562
ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;
ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.
მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

1563
აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“.
სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.
პირველ ძღეენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1564
არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,
ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,
ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.

1565
მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, -
თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1566
კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

1567
ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,
ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.
ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1568
რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1569
ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მოველად,
ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1570
უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
და ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“.

1571
როსტევან ჰკადრა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა“.

1572
ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
მან უთხრა: „აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
ახალ შერთულსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?“
ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები“.

1573
არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
„ცოლი უყვარსო, გამწირა“, იყო ამიხად მსახავად;
მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“

1574
ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა;
უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა“.
ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.

1575
შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,
კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

1576
ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,
მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,
ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს წრთობილნი.

1577
მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,
ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;
არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს, თავი იქედგოროსა.

1578
მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.
მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1579
ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი,
მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.
ამბავსა სცნობდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის დნებოდი“.

1580
თინათინ უთხრა: „ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“

1581
კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1582
როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1583
ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით;
რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
და შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით“.

1584
ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
„მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე“.
უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!“

1585
გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა
ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1586
სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!
მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

2 ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


კუკულაძე დალი
0x01 graphic

ფონიავა ქეთევან
0x01 graphic

რუსია ალქსანდრე
0x01 graphic

ტრაპაიძე ნუცა
0x01 graphic

ქევანიშვილი ე.
0x01 graphic

საჯაია მარეხ
0x01 graphic

ხუფენია ანა
0x01 graphic

ამონაშვილი მარი
0x01 graphic

ზაგაშვილი ხვიჩა
0x01 graphic

თოფურია თეა
0x01 graphic

ხვედელიძე ნინო
0x01 graphic

უგრეხელიძე გიორგი
0x01 graphic

ვაშალომიძე თიკა
0x01 graphic

სიხარულიძე ნანა
0x01 graphic

წიტაიშვილი სილევან
0x01 graphic

იობიძე ქეთევან
0x01 graphic

ბუხაიძე ლიზა
0x01 graphic

აბრამიშვილი ბარბარე
0x01 graphic

აბრამიშვილი ლევან
0x01 graphic

ბერიაშვილი ირაკლი
0x01 graphic

ივანენკო ლანა
0x01 graphic

თოთლაძე თეიმურაზ
0x01 graphic

სტურუა თაკო
0x01 graphic

ნადირაძე ანა
0x01 graphic

ნოზაძე ზვიად
0x01 graphic

კატუკია ნიკოლოზ
0x01 graphic

კატუკია ნინო
0x01 graphic

ფიროსმანაშვილი თამარი
0x01 graphic

ხინთიბიძე მარიამ
0x01 graphic

ბატროშვილი ბ.
0x01 graphic