The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა




1 ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

▲ზევით დაბრუნება


677
იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა;
სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

678
მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
ნახეს, იცნეს; რაგვარაცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
„მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!“

679
გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
აკოცებდა, სიხარულით ცრემლთა ღვრიდა ველთა მრწყველსა;
ესე თქვა, თუ: „ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა?
მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!“

680
ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;
უბრძანა, თუ: „ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!“
დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს-ა,
ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

681
მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული.
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შვებული.
ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.

682
შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:
„უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული“.

683
მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
„შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!“
მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,
ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

684
არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;
შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,
ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

685
შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,
აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით“.

686
როსტევან - მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!
შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
„ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი“.
ბრძანა: „ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“.

687
თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა“.
იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

688
მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,
დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.

689
რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;
აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;
მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

690
მას ავთანდილ თაყვანის-სცა - ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა,
სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

691
მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა - თოვნა, ვარდსა - ნამა.
უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა.

692
სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;
დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;
მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

693

„მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის-ა!“

694

რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,
ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან,
წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

695

„ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,
ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
არღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები“.

696
რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,
ეამა ქება ვადისა, ხელით მძლედ დანამჭირისა:
„ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“

697
გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა;
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,
კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
მისლვა ებრძანა, - ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

698
ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
ლომი მინდორს ლომთა თანა მოარული, ფერ-ნამკრთალი,
ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,
მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

699
მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,
წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;
ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,
მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

700
ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;
სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;
უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა;
უთხრა: „ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?“

701
ჰკადრა: „რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.
ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

702
მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი-, ნები;
იტყვის: „დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები“.
მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები“
მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

703
სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,
მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
„საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

704
ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების?
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;
ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!“

705
წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, რა ნახულად, რა ნასმენად:
„ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად“.
ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

706
ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,
განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
იტყვის: „რა ვუთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა,
რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“

707
ყმა ეტყვის: „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;
დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,
მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

708
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,
აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!“

709
მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

710
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინი უხვდების,
რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

711
შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა,
ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?“

712
ყმამან ჰკადრა: „სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,
თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

713
ვაჲთუ გავიჭრა, გაჭრილსა სადათ, გლახ, დამწვავს სამ ალი!
გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად სამალი;
დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

714
მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე!
ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!
მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!“

715
ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,
ამას ზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
ქალმან მისცა მარგალიტნი, სრულ-ქმნა მისი საწადელი,
ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

716
რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!
ვაჲმოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

717
მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.
ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა.
მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა.
იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“

718
ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,
მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

719
სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
იტყვის: „მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად;
მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!
ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

720
ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია.
აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“

721
ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,
გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.
საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,
ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს-აზეწარებს!

722
ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;
ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების.
ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

723
გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“

724
რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,
მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი,
პირი დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

725
რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.
ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

726
მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,
მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდ-ა;
მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

727
ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი,
შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი;
დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,
ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

728
ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;
ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთათ ელვა ჰკრთებოდა.
ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,
უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

729
ყმამან რაცა არვის უთხრას, კითხვად ვინმცა გამოჰპირდა?
მართალ-ა თუ საუბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა.
სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა, მი-ცა-სჭირდა,
ვერღა გასძლო, გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.

730
ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.
მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა.
ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!
რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

731
წევს, იტყვის: „გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?
მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტამცა სიზმრად გნახეო!“

732
ამას მოთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
კვლა გულსა ეტყვის: „დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა“.

733
კვლა იტყვის: „გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება,
სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,
მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!“

2 ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ტაბაღუა პაატა
0x01 graphic

პავლიაშვილი ქეთევან
0x01 graphic

წულაია გიორგი
0x01 graphic

ბერიშვილი ნონა
0x01 graphic

ჩოლოყაშვილი ლალი
0x01 graphic

აბულაძე მაია
0x01 graphic

ჭანია ჯ.
0x01 graphic

ალადაშვილი ნუნუ
0x01 graphic

დემეტრაშვილი თამუნა
0x01 graphic

ბოკუჩავა მარიამ
0x01 graphic

გვილია გვანცა
0x01 graphic

კვარაცხელია ნუგზარ
0x01 graphic

წიკლაური მ.
0x01 graphic

მაისურაძე მანანა
0x01 graphic

ბერძენაშვილი ლოქაფიშვილი ლეილა
0x01 graphic

მრელაშვილი-გულიევი მარიამ
0x01 graphic

ჯავახიშვილი გიორგი
0x01 graphic

სუხიტაშილი ლიანა
0x01 graphic

გაჩეჩილაძე ნ.
0x01 graphic

კენჭოშვილი კაკი
0x01 graphic

წიკლაური თამარ
0x01 graphic

ნატროშვილი ნინო
0x01 graphic

დიდიშვილი ქეთევან
0x01 graphic

სიმონიშვილი ნინო
0x01 graphic

მაისურაძე ციცინო
0x01 graphic

ჩაურიშვილი ელენე
0x01 graphic

უთურაშვილი ქეთევან
0x01 graphic

სუმბაძე მანანა
0x01 graphic

ებრალიძე მზექალა
0x01 graphic

თვალიაშვილი ცისანა
0x01 graphic

თეთრუაშვილი გ.
0x01 graphic

გზირიშვილი ქეთი
0x01 graphic

ულუმბერაშვილი თიკო
0x01 graphic

ფახურიძე თამარ
0x01 graphic

ჭყონია მარიამ
0x01 graphic

ჩიტიძე ბესიკ
0x01 graphic

ქევხიშვილი ირა
0x01 graphic

ბენდიანიშვილი სალომე
0x01 graphic

დავითაშვილი ლუკა
0x01 graphic

კენჭოშვილი ლუკა
0x01 graphic

კუჭავა მედეა
0x01 graphic

გადელია ეკატერინე
0x01 graphic

იობაშვილი მ.
0x01 graphic

მახათელაშვილი თეა
0x01 graphic

ეჯიბაშვილი ნათია
0x01 graphic

ჩიკვილაძე მარი
0x01 graphic

იაკობძე ბექა
0x01 graphic

ეჯიბაშვილი სოფი
0x01 graphic

ქოჩორაშვილი ნინო
0x01 graphic

ქობულაშვილი იზა
0x01 graphic

შამრელაშვილი ბელა
0x01 graphic

შამრელაშვილი ელენე
0x01 graphic

ეჯიბაშვილი დავით
0x01 graphic

რაჯებაშვილი ქეთევან
0x01 graphic

სუარიშვილი ეთერ
0x01 graphic

თავბერიძე გიორგი
0x01 graphic

წიკლაური ია
0x01 graphic