The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა




1 ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

▲ზევით დაბრუნება


346
კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:
დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირა.
მის ჟამიხა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?

347
მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

348
ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.
კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

349
ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

350
ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

351
აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!“
მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი,
ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვა, გმირთა მემუქარენი!“

352
ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
თქვა: „ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

353
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

354
დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,
დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,
რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

355
შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა,
მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

356
მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,
ცრემლით მითხრა: „შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!“
მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევკრთი დია,
კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

357
სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

358
„აქიმნიცა იკვირვებდეს: „ესე სენი რაგვარია?
სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია“.
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

359
„სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
ვთქვი, თუ: „ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!“
თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

360
ვთქვი, თუ: „ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!“
მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

361
ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.
ახარებდეს: „წამოჯდაო“, დედოფალი გამორბოდა;
მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

362
იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;
მე მოვახსენე: „პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია“.
ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემ თანა მვლელია.

363
გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
ვთქვი, თუ: „მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა“.

364
ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;
ვთქვი, თუ: „რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?“

365
„მონააო ასმათისი“. - „რა იცისო, - ვარქვი, - ვჰკითხე!“
შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.

366
მე გამიკვირდა: „სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა“.
დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

367
დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

368
„მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა;
სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

369
ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;
ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.
„მონააო ასმათისი“. შემოყვანა ვუთხარ შინა.
გულსა შინა დავუზრახე: „რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!“

370
მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;
წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
პასუხად გავეც: „ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა“.

371
გულსა ვარქვი, თუ: „ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ?
ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ;
აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ“.

372

კაცი მოვიდა მეფისა: „სწადსო ამბისა სმინება“.
მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: „ქმნაცა სისხლისა დინება?“
მე ვჰკადრე: „ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება“.

373
დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: „ამის მეტსა ნუ იქმ აბა!“
ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: „შაბა, შაბა!“

374
შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;
მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

375
ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

376
მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
„ქალი ვინმე იკითხავსო: „ინახვისცა ამირბარი?“
ზეწარითა მოუხურავს პირი, ბრძენთა საქებარი“;
ვარქვი: „საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი“.

377
ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
შართი ვუთხარ: „ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად“;
გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.
გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

378
კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
მითხრა: „მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!“
გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
ვთქვი: „არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა“.

379
შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
ვარქვი: „მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?“
და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

380
მითხრა: „დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:
გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა მალობა.
ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა“.

381
ადგა, მითხრა: „თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია;
ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია,
ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია“.

2 ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


კვანტალიანი თიკა
0x01 graphic

ორმოცაძე ნათია
0x01 graphic

ხვედელიანი ნანა
0x01 graphic

დიხამინჯია ნათია
0x01 graphic

ხოსიტაშვილი მზია
0x01 graphic

ბაგრატიონი გიორგი
0x01 graphic

მელიქიძე ნათია
0x01 graphic

ექვთიმიშვილი თამაზ
0x01 graphic

სანაძე მ.

0x01 graphic

დარჩია ნ.
0x01 graphic

მილორავა ინგა
0x01 graphic

ჭანტურია რევაზ
0x01 graphic

ფონჯავიძე ნუკრი
0x01 graphic

ღაღანიძე მედეა
0x01 graphic

ახალშენაშვილი თათია
0x01 graphic

მხარგრძელი ლელა
0x01 graphic

შენგელია ქეთევან
0x01 graphic

გელოვანი ლიკა
0x01 graphic

კუკულაძე მედეა
0x01 graphic

ნიკოლაიშვილი ირაკლი
0x01 graphic

ანდღულაძე მარინა
0x01 graphic

გურგენაშვილი მარიამ
0x01 graphic

ნაჭყებია გიორგი
0x01 graphic

ჩხარტიშვილი ნათია

0x01 graphic

ქარდავა ნანა
0x01 graphic

ქეშიკაშვილი მ.
0x01 graphic

გოგბერაშვილი გიორგი (გიგა)
0x01 graphic

გოგბერაშვილი ა.
0x01 graphic

გოგბერაშვილი ალექსი
0x01 graphic

გუჯაბიძე ბიძინა
0x01 graphic

სორდია ია
0x01 graphic

გაჩეჩილაძე ხათუნა
0x01 graphic

სახურია მაკა
0x01 graphic

კუცია ნანა
0x01 graphic

კეკელიძე გიორგი
0x01 graphic

ჯობავა გვანცა
0x01 graphic