The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა




1 ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

▲ზევით დაბრუნება


86
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

87
მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

88
მეფემან ბრძანა: „ვინა არის უცხო პირად და ტანადო?“
უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო!
„გიბრძანებს“ უთხარ, ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო!
ვინცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!“

89
წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, -
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, -
ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

90
ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: „გიბრძანებსო“, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

91
მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

92
სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

93
რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და -“.

94
მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე“.

95
მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია,
ერთხელ ესე თქვა: „ვა მეო“, სხვად არას მოუბარია.

96
თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა!-
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

97
მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.

98
მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.

99
შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

100
რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

101
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.

102
ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“.

103
ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს, თუ: „მართალია“, ზოგი: „ღმერთო!“, უზრახვიდა.

104
მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

105
თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კარსა მივიდა, - ჰქონდა მზისაცა ცილობა, -
მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“
მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა

106
ერთაი ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა,
თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა
მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“.

107
ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო.

108
უბრძანა, თუ: „წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
მოახსენე: „რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო“.

109

თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,
უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?“

110
ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.

111
უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

112
„უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

113
„მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

114
„აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

115
ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!“

116
ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

117
მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,
ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი“.

118
როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა,
პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა;
უბრძანა, თუ დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქმნაცა.
იგივეა ჩემი მხსნელი, ვინცა მიწა გამაკაცა.

119
მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა“.

120
კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,
ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

121
მონათა ჰკადრეს: „მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
ჩვენ ვერას გარგებთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით“.

122
მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო“.

123
ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
მგოსანი და მუშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

2 ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


შონია მაია
0x01 graphic

ტრაპაიძე ნანა
0x01 graphic

ხუციშვილი ნესტან
0x01 graphic

ჟვანია ანა
0x01 graphic

ზაალიშვილი მაია
0x01 graphic

ტატიშვილი ანა
0x01 graphic

ტატიშვილი ელენე
0x01 graphic

მიქელაძე მაკა
0x01 graphic

ჟორდანია მერი
0x01 graphic

ფორჩხიძე ცაგური
0x01 graphic

ვეკუა დ.
0x01 graphic

კოჭლაშვილი ციური
0x01 graphic

პაპალაშვილი ლევან
0x01 graphic

ჩიხლაძე მაკა
0x01 graphic

წიფურია ბელა
0x01 graphic

ბერძენიშვილი ინგა
0x01 graphic

ქუფარაშვილი ზინა
0x01 graphic

შამოევი დიანა
0x01 graphic

სხირტლაძე ნ.
0x01 graphic

მირმაქსუმოვა ა.
0x01 graphic

ასათიანი მარეხ
0x01 graphic

სულაბერიძე ია
0x01 graphic

გრძელიძე ნინო
0x01 graphic

ელიაშვილი იზოლდა-ანა
0x01 graphic

მურადიანი ლევან
0x01 graphic

ჩხიკვაძე ქეთევან
0x01 graphic

ხანგოშვილი მექა
0x01 graphic

ასათიანი რუსუდან
0x01 graphic

მენაბდე ქ.
0x01 graphic

ქოქაშვილი თ.
0x01 graphic

შიოშვილი ემზარ
0x01 graphic

ქირიკაშვილი ნონა
0x01 graphic

ზაუტაშვილი მ.
0x01 graphic

გუჯაბიძე შოთა
0x01 graphic

გვალია ლელა
0x01 graphic

გვალია ლევან
0x01 graphic

ლიბეგოვ დეა
0x01 graphic

დიასამიძე დიანა
0x01 graphic