The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან




1 ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

▲ზევით დაბრუნება


235
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

236
ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -
ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;
ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

237
მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

238
ეტყოდა: „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?
სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“.

239
ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
„თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა თხრობასა!“

240
კვლა ეტყვის: „ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
შენ ერთხელ მეტყვი, „მითხარო“, მე ასჯერ გეტყვი „ვერასა“,
ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა“.

241
„ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!“

242
ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!“

243
კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

244
ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!
რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!
გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!“

245
ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.
რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“.

246
კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?
ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლეევინო,
ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

247
ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“

248
ყმამან თქვა, თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა“.
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
ქალსა უთხრა: „გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!“

249
ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

250
ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა, თუ: „გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

251
უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
გაგარისხე, დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად;
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

252
თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გამონე!“

253
რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცთა ცრემლთა დინება,
კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

254
იტყვის, თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების“.
კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

255
ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად;
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

256
მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე.
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე,
ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე“.

257

ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
„ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

258
მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,
არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!

259
აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა ჰმილდები,
მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები“.

260
ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
ზედ მიადგა, ჩაყიოდა, ტირს, იზახიხ ვაგლახ-ვასა.

261
ეგრე უთხრა: „ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე“;
მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,
შემოჰყივლა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“

262
აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა;
რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!“

263
ქალმან უთხრა: „მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

264
იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების;
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

265
გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

266
ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა.
ისი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა მემაჯანსა,
ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

267
ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვითა მოვაგვარო;
ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო“.

268
ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
ამას ზედა მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,
უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

269
ქალმან უთხრა: „ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;
ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა'

270
ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

271
ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

272
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

273
მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;
მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

274
ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი,
იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

275
„რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!“
მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.

276
სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,
არ მიუვე ახლოს შეყრად - თავი ჩემი შევიწყალე,
მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე“.
ვთქვი: „ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე“.

277
ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

278
ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;
შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?“

279
უბრძანა: „დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

280
ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაჰბადა,
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა“.

281
ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
და არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიხდია.

282
მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის-მეტითა;
შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა;
სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა.
ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა“.

283
ყმამან უთხრა: „რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე.
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!
და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე“.

284
ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა“.

285
მან უბრძანა: „თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,
არას ვუზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ;
რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ“.

2 ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


რურუა ანა
0x01 graphic

კახიძე ნინო
0x01 graphic

ჩახვაძე ნათია
0x01 graphic

ხაჯიშვილი ცირა
0x01 graphic

გეგეჭკორი თაკო
0x01 graphic

მელიქიშვილი ეკა
0x01 graphic

მჭედლიშვილი დოდო
0x01 graphic

ბერიანიძე გიორგი
0x01 graphic

მწითური ლამზირა
0x01 graphic

კახიძე კახაბერ
0x01 graphic

იმნაიშვილი ანუკი
0x01 graphic

ჟორჟოლიანი მარიკა
0x01 graphic

ოხანაშვილი სოფო
0x01 graphic

მელქაძე ელენე
0x01 graphic

გრიგოლია თამთა
0x01 graphic

მელქაძე გოჩა
0x01 graphic

გოდერძიშვილი ცისანა
0x01 graphic

ჩიტიძე ავთანდილ
0x01 graphic

ბაციკაძე დავით
0x01 graphic

ქასრაშვილი ირაკლი
0x01 graphic

ქუთათელაძე ქეთევან
0x01 graphic

ფონჯავიძე ბექა
0x01 graphic

ტოკლიკიშვილი დავით
0x01 graphic

აფაქიძე გიორგი
0x01 graphic

შუბითიძე ლალა
0x01 graphic

ურიადმყოფელი თამარ
0x01 graphic

ორმოცაძე მარინე
0x01 graphic

ვაწაძე ლელა
0x01 graphic

მეტივიშვილი ნანა
0x01 graphic

თარხნიშვილი ნინო
0x01 graphic

ჯულუხიძე ელისო
0x01 graphic

კახიძე ლინდა
0x01 graphic

ნინიკაშვილი ლია
0x01 graphic

ჭელიძე თამარ
0x01 graphic

ჯიბლაძე მარიამ
0x01 graphic

დოლიძე გულისა
0x01 graphic

კენჭოშვილი ხათუნა
0x01 graphic

გოგიჩაიშვილი თორნიკე
0x01 graphic

ჩემია ლაზარე
0x01 graphic

შენგელაია თათო
0x01 graphic

შენგელაია ნინო
0x01 graphic

ჩორგოლაშვილი თამარ
0x01 graphic

ქასრაშვილი ლუკა
0x01 graphic

ქასრაშვილი მერი
0x01 graphic

კოპალიანი კონსტანტინე
0x01 graphic

საყვარელიძე დარეჯან
0x01 graphic

ბიგვავა ნინო
0x01 graphic

კრავეიშვილი მანანა
0x01 graphic

ჩოლოყაშვილი სალომე
0x01 graphic

ზაბახიძე თამარ
0x01 graphic

შოშიტაშვილი თამარ
0x01 graphic