The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა




1 ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

▲ზევით დაბრუნება


1070
ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.
ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა.
მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1071
მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;
ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;
მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;
იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1072
მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,
მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა;
ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:
„ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1073
წვრილად მითხარ ყველაკაი, - ყმა მას კაცსა ეუბნების, -
რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“
ჰკადრა: „ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;
რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1074
ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;
აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;
მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1075
აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები:
სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები,
ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

1076
დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;
უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1077
მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;
ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:
თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა;
პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1078
რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,
უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;
მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1079
თქვენებრთა საპატიოთა მათ ჰმართებს გამოსვენება;
დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.
აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!
გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1080
ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,
პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;
მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;
წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი“.

1081
ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“.
მებაღე მირბის, ახარებს, ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან.
ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან:
ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1082
ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,
საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;
ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.
მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“.

1083
ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;
შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;
მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.

1084
ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
იქით-აქათ იჯრებოდეს: „ვუჭვრიტოთო ამას რულად!“
ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

1085
ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;
ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა.

1086
ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი;
დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1087
მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.
ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“.
ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-.

1088
დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,
ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა,
ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, - აჰკიდა, გააწევინა,
თქენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ, მე ვინა“.

1089
ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.
ზოგჯერიუხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბნარსა არა მქისსა;
ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

2 ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ბარათაშვილი პაპუნა
0x01 graphic

ურუშაძე ლია
0x01 graphic

ურუშაძე ლაშა
0x01 graphic

ჯანაშია მაია
0x01 graphic

ქუთათელაძე დავით
0x01 graphic

სიჭინავა ლიკა
0x01 graphic

ქუთათელაძე კობა
0x01 graphic

შუბითიძე ლეილა
0x01 graphic

ჭელიძე მარიამ
0x01 graphic

მაწკეპლაძე ნათია
0x01 graphic

ტორიაშვილი იოსებ
0x01 graphic

ცქიტიშვილი მადონა
0x01 graphic

გეჯაძე თეიმურაზ
0x01 graphic

მაწკეპლაძე ხატია
0x01 graphic

სალუქვაძე ლელა
0x01 graphic

სარალიძე ნია
0x01 graphic

ბადალაშვილი ჯონდო
0x01 graphic

ჯულუხძე ლიზა
0x01 graphic

ქამუშაძე ბესარიონ
0x01 graphic

ვაწაძე ვლადიმერ
0x01 graphic