The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ამბავი ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა. ატმანისგან მბობა ავთანდილს თანა

ამბავი ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა. ატმანისგან მბობა ავთანდილს თანა




1 ამბავი ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა. ატმანისგან მბობა ავთანდილს თანა

▲ზევით დაბრუნება


1222
ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად-არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!

1223
ფატმან იტყვის: „ეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთათ ჩემთა გადმომღვრელთა.

1224
სახლი და შვილი მომძულდის, ვჯდი უგულოთა გულითა,
მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;
უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1225
დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა,
წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
ვთქვი: „კრულია ზენაარი ყოვლისა-მცა მამაცისა“.

1226
მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
მონა მონურად მოსილი, სხვანი - მგზავრულად ხამითა;
სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1227
მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: „ამოდ გავიხარენით,
მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,
ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით“.

1228
მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
მონამან უთხრა: „ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
ჩემი ამბავი ამბავთა მაგათგან უკეთესია.

1229
მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:
მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1230
დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,
აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხედლმწიფე სწოდია.

1231
გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,
შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა:
ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?“
როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1232
როშაქ ბრძანა: „მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები.
მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები,
მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები“.

1233
გვითხრა მისთა ხელისათა: „წავალ, თანა წამომყევით!“
წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1234
მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
ვთქვით, თუ: მზეა, ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1235
ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო;
მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1236
გვითხრა: „ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;
გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!“
ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,
პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1237
ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
კბილთაგან შუქი შეადგა ზედა გიშრისა სარებსა.

1238
კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.
არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,
აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1239
კვლა ვჰკითხეთ: „გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,
ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?“
მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1240
არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი;
ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1241
როშაქ გვიბრძანა: „ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია,
ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1242
ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია,
მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
პირველ - მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია“.

1243
მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;
დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.

1244
მე როშაქს ვჰკადრე: „გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი“.
მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,
თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი“.

1245
მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

1246
მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
ვჰკითხე: „მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა“.
მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
მან ამბავმან გამაცოცხლა, სულთ-მობრძავი დამარჩინა.

1247
მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: „ნუ დასდგებითა,
მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა“.

1248
სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლავ ებიჯა გზისადა:
„მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1249
როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტს მეფესა უბრძანებია,
ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;
შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია“.
ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1250
ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,
მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია;
ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია,
დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1251
ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,
მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1252
გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
ქალაქის კართა სამთავე - სამათას-სამათასები.
გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და-გლახ-რას-ები!“

1253
ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,
შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
„ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“

1254
ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად,
მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად,
მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,
ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1255
მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!“
ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.

1256
ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი
კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი;
მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1257
იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალთა დაუბრმობენ,
ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს - დღესა ბნელად იქმან, სწადდეს - ბნელსა ანათობენ.

1258
ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“.
ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი“.

1259
გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;
თქვა: „ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი;
ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!“

1260
მის ამბვისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1261
მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;
ყმა უნდომ-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

1262
ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად
შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;
იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდია ვისად,
უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“

1263
მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1264
გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
„რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები“.

1265
ავთანდილ თქვა: „საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!“
სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1266
ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;
ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
შემოსცინნა: „აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“.

1267
ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:
„შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყიცნდებოდა!“
თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

1268
პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,
ფატმან იხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა“.

1269
ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;
იტყოდა: „მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!“
გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1270
ავთანდილ ბრძანა: „ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,
მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1271
გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1272
შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათლობელი,
იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,
მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1273
რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“.

1274
ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
უბრძანა: „შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1275
მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;
ვინცა სცნობს, კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,
ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1276
მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“

1277
ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“
მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
უბრძანა: „ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1278
აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა“.
მან უთხრა: „ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა“.

2 ამბავი ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა. ატმანისგან მბობა ავთანდილს თანა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ბერიძე თინათინ
0x01 graphic

ბერიძე ანა
0x01 graphic

სირაძე ციცინო
0x01 graphic

ბერძენიშვილი თამარ
0x01 graphic

სირაძე ნუნუ
0x01 graphic

მოსიავა მარი
0x01 graphic

რობაქიძე ანი
0x01 graphic

ქაჯაია ალექსანდრე
0x01 graphic

ცუცქირიძე ლევან
0x01 graphic

ხარშილაძე თიკო
0x01 graphic

ნიკოლეიშვილი ლელა
0x01 graphic

გელაშვილი ანი
0x01 graphic

ბაჯელიძე ქეთევან
0x01 graphic

გვასალია გვანცა
0x01 graphic

ჟვანია კონსტანტინე
0x01 graphic

ქოჩიაშვილი ქეთევან
0x01 graphic

ღამბაშიძე ლამარა
0x01 graphic

ბასილიძე ცირა
0x01 graphic

ნიორაძე ხათუნა
0x01 graphic

ნიორაძე თამარ
0x01 graphic

შავდია ვერიკო
0x01 graphic

ოშხერელი ივანე
0x01 graphic

ოშხერელი გიორგი
0x01 graphic

ომიაძე მარიამ
0x01 graphic

ჩაკვეტაძე ნათელა
0x01 graphic

პაპუაშვილი ნუგზარ
0x01 graphic

ტოგონიძე ლუარსაბ
0x01 graphic

ლომთაძე ლელა
0x01 graphic

პაქსაშვილი ნათია
0x01 graphic

ყაველაშვილი ლეილა
0x01 graphic

ჩიკვილაძე ბესო
0x01 graphic

ნანაძე ვერიკო
0x01 graphic

ტაბლიაშვილი ლალი
0x01 graphic

კობიაშვილი შოთა
0x01 graphic

კობიაშვილი სალომე
0x01 graphic

ხობელია მზია
0x01 graphic

ცაგარელი ბუბა
0x01 graphic

კევლიშვილი ირაკლი
0x01 graphic

მარუაშვილი მაკა
0x01 graphic

არეშიძე ნინო
0x01 graphic

ფიცხელაური ციცია
0x01 graphic

ლობჟანიძე ტოტო
0x01 graphic

ოშხერელი გიორგი
0x01 graphic

ოშხერელი-ლობჟანიძე ნინო
0x01 graphic

ლობჟანიძე ანა-მარია
0x01 graphic

ჟორჟოლიანი ლელა
0x01 graphic

კახაძე ემხვარ
0x01 graphic

ანთაძე ია
0x01 graphic

სირაძე რუსუდან
0x01 graphic

სირაძე ნინო
0x01 graphic

მუნჯიშვილი ლელა
0x01 graphic

ტურაშვილი-ბატკუაშვილი ცირა
0x01 graphic

ლორთქიფანიძე ნ.
0x01 graphic

ბერიაშვილი ნეკა
0x01 graphic

ბიგანაშვილი ბესიკ
0x01 graphic

მოდუ თენგო
0x01 graphic

დედა ჯოუდი
0x01 graphic