The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა

წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა




1 წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა

▲ზევით დაბრუნება


1104
მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.

1105
ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,
აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე,
მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე“.

1106
მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა:
„ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“.
მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: „ჰგავსო ეგე რასა?“

1107
წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო-ხე ვითა,
დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე-, ვითა,
ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1108
ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;
შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი,
დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.

1109
ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1110
გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“

1111
ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი;
თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი.

1112
მოთსქვამს: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი.
ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი“.

1113
ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?“

1114
დიაცმან უთხრა: „ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.
თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1115
ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლთა მხვრეტსა.

1116
ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:
მო-ვით-მე-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით?

1117
თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა.
ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,
თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.

1118
რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
„ამა საქმისა ვერ-ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნტე არსა“.
ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!

1119
ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომარად ჩემად დარად,
რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად“.

1120
მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
კვლავე შეჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად,
მო-ვითმე-თუ-ჰკალ იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“.

1121
ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
ზღვის პირსა სახლნი ნაგებნი დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1122
მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა;
ხმა-მდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“.
უჩვენებს, ეტყვის: „ჰხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“.

1123
კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,
თავი თავსა შეუტაკა, გაურივა ტვინი თმასა.

1124
იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა,
ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

1125
მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.
ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1126
ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!
რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1127
რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1128
აწ მითხარ თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად“.
ფატმან ფერხთა მოეხვია: „არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად,
და გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1129
მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,
თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“.

2 წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ხიტალიშვილი (ცარო) მარიამ
0x01 graphic

ნაცვალაძე თეონა
0x01 graphic

ჩიღუნაძე თამარ
0x01 graphic

სარალიძე თინათინ
0x01 graphic

ნემსაძე მზიკო
0x01 graphic

ჩიღუნაძე ფრიდონ
0x01 graphic

ნებიერიძე გიორგი
0x01 graphic

ხაჭაპურიძე გულიკო
0x01 graphic

სირაძე ლამზირა
0x01 graphic

მუმლაძე სოფიო
0x01 graphic

ბაქრაძე ინგა
0x01 graphic

ნებიერიძე დათო
0x01 graphic

სარალიძე ციცინო
0x01 graphic

სარალიძე მარიამ
0x01 graphic

ჩაგანავა ლერი
0x01 graphic

არდიშვილი სოფო
0x01 graphic

წივწივაძე გიგი
0x01 graphic

გიორგაძე თემო

0x01 graphic

არდიშვილი თამუნა
0x01 graphic

წივწივაძე ნატა
0x01 graphic

წივწივაძე ნიკო
0x01 graphic

კვირიკაშვილი თამარ
0x01 graphic

ლელაშვილი ნანა
0x01 graphic

ლელაშვილი დავით
0x01 graphic

სონღულაშვილი ზურაბ
0x01 graphic

გიგაშვილი ანი
0x01 graphic