The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე




1 ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

▲ზევით დაბრუნება


796
დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
„ე მეფეო, გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად!
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.

797
„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
„იცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“

798
„რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

799
„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.
„იყვარული აღგვამაღლებს“ ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

800
„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

801
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების,
თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რადმე ეშვენების;
მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

802
„რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

803
„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

804
„რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

805
„მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

806
„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!

807
„რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

808
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

809
„მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად:
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.

810
„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

811
„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

812
„ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულმხურვალები,
დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები,
კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები,
მომცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები!

813
„დამხსნას ბნელსა და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა,
მუნ დამიუნჯოს, წამალი სადა ძეს წყლულთა ლხენისა;
ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა,
ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

814
„რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

815
ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

816
„გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,
ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

817
გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“

818
მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
უთხრა: „კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

2 ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


გაგუა ბორის
0x01 graphic

გულეური ლექსო
0x01 graphic

ცერცვაძე ავთანდილი
0x01 graphic

გულეური გიგა
0x01 graphic

ღანიშაშვილი მიხეილ
0x01 graphic

მშვიდობაძე ია
0x01 graphic

ცინცაძე მანანა
0x01 graphic

ქადაგიშვილი იკა
0x01 graphic

ჯალიაშვილი მაია
0x01 graphic

ცხონდია გულნარა
0x01 graphic

ლოლაშვილი მაია
0x01 graphic

მოლი ბლუმი
0x01 graphic

თამარა
0x01 graphic

ენაგელი ციცინო
0x01 graphic

ზამბახიძე მარინე
0x01 graphic

კაკულია თეა
0x01 graphic

ტრაპაიძე ნანა
0x01 graphic

გრძელიძე გიორგი
0x01 graphic

გრძელიძე ნინო
0x01 graphic

გორგოძე ხატია
0x01 graphic

გუდაშვილი ნინო
0x01 graphic

ქარდა ქარდუხი
0x01 graphic

დიხამინჯია მარიამ
0x01 graphic