The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა




1 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

▲ზევით დაბრუნება


1637
დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1638
დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.

1639
ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი!
ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1640
ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი -
შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1641
თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს;
მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
„ესეაო მეფე ჩვენი“, - იზახდიან, ამას ხმობდეს.

1642
ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს,
ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს;
ღმრთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს!
ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1643
სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1644
სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
„თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, - მართ ამას მოიტყოდიან,
ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
და სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1645
ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
„რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, -
ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1646
ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგან არის ჩემი ღონე,
მონებისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?“

1647
ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია:
რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1648
ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.
უბრძანებდა: „გული შენი, განაღამცა მომემდურვა;
აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა“.

1649
კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა,
ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;
სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“.

1650
მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო,
მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო“.
ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რა-მცაღა გავიხარეო?
და რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!“

1651
როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
„ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები“.
ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“

1652
ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე!
ერთი თვალი - წამღებელსა, ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“, -
ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1653
ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.

1654
ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1655
გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;
ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან;
მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1656
მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს,
მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1657
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

1658
გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა ამისა.

1659
ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად,
ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსახმარებლად,
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
და ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

1660
დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1661
ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი,
ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1662
ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,
და ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.

2 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ტორჩინავა პაატა
0x01 graphic

არჩვაძე ქეთევან
0x01 graphic

მჭედლიშვილი თეა
0x01 graphic

ტორჩინავა ანა
0x01 graphic

დოლიძე მერაბ
0x01 graphic

დოლიძე ვლასი
0x01 graphic

შენგელი ვიტო
0x01 graphic

შენგელი ანი
0x01 graphic

შენგელი ნიკა
0x01 graphic

შენგელი თამუნა
0x01 graphic

ჯავახიშვილი ქეთი
0x01 graphic

ბეიტრიშვილი მანანა
0x01 graphic

კაპანაძე მანანა
0x01 graphic

თიც მარია
0x01 graphic

ტუღუში სანდრო
0x01 graphic

ტუღუში სოსო
0x01 graphic

ემრაშვილი ნელი
0x01 graphic

მულიანი საიდ
0x01 graphic

ქინქლაძე მამუკა
0x01 graphic

ქინქლაძე ლალი
0x01 graphic

ნასყიდაშვილი გვანცა
0x01 graphic

დავითური ხათუნა
0x01 graphic

ბასილაშვილი შოთა
0x01 graphic

აფაქიძე შოთა
0x01 graphic

დავითური ელენე
0x01 graphic

დავითური ნიკოლოზ
0x01 graphic