The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა




1 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

▲ზევით დაბრუნება


1301
აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.

1302
„ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები,
გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1303
„ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

1304
ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,
ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1305
შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.

1306
შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
ვზი მზრდელად სიყვარულისა მის, ჩემგან დანერგულისად.

1307
სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1308
აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,
არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1309
ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1310
ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

1311
შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა.
არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1312
შენმან მზემან, უშენოსა ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი,
შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1313
ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1314
მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,
განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
მუნა გნახო, მადვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი,
თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი!

1315
მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, შენთვის დაკარგულსა!

1316
წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!

1317
რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;
ცან, სამართალი მართალი გულისა, გულსა მივა რად.
შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1318
აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენ ზედა ცისა შვიდისა“.

1319
ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1320
იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი,
წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი.
რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1321
ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,
დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,
წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი“.

1322
ხათუნმან უთხრა: „ჰე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების,
თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.

1323
ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი,
უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწღა ვართ დაცოცხლებულნი,
რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი,
ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ-ვებულნი!

1324
მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;
მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1325
ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.

1326
სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა“.
მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა“.

2 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


როინიშვილი გოჩა
0x01 graphic

ზამბახიძე ლეილა
0x01 graphic

გედენიძე ნინო
0x01 graphic

გაჩეჩილაძე ლ.
0x01 graphic

ბელქანია თამუნა
0x01 graphic

ლიაკო ლია
0x01 graphic

გილიგაშვილი თეა
0x01 graphic

მესხიშვილი სალომე
0x01 graphic

თაყნიაშვილი ზაქარია
0x01 graphic

გელაშვილი ნ.
0x01 graphic

თვალაბეიშვილი მზია
0x01 graphic

უჩანეიშვილი თ.
0x01 graphic

რამიშვილი ქეთევან
0x01 graphic

პაპიაშვილი ზურაბ
0x01 graphic

კუხალაშვილი ჯემალ
0x01 graphic

სირბილაძე პაატა
0x01 graphic

მელიქიძე დავით
0x01 graphic

ჩეკურიშვილი ბელა
0x01 graphic

სულაძე ავთო
0x01 graphic

ბესიაშვილი ანა
0x01 graphic

ბესიაშვილი თეონა
0x01 graphic

ჩომახიშვილი ხათუნა
0x01 graphic

სვანიძე თამარ
0x01 graphic

თოდრია მადონა
0x01 graphic

ტოგონიძე დავით
0x01 graphic

კენკებაშვილი თემურ
0x01 graphic