The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი

დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი




1 დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი

▲ზევით დაბრუნება


734
რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
იტყვის: „ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!“
დათმობასა ეაჯების გულსა: „შენ რა მოუგვარე!“
ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

735
ვაზირმან ცნა, გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული,
ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული:
ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

736
ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან;
ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;
თქვეს: „სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან“.

737
დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს,
მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,
სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.
გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

738
რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,
ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,
გაიგონე ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

739
მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მისისა მჭირს მწველისა;
მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა;
მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა;
ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

740
მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება, და-;
რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებად-ა.

741
ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
„კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა“;
ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

742
ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა.
მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

743
რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;
თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა:
არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა?
მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!

744
ჰკადრე: „ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან?
ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან!
მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

745
აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;
გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

746
წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;
თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს;
მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!“

747
კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: „მე სიტყვა შევამცირეო,
წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,
ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო“.

748
ვაზირმან უთხრა სიცილით: „ქრთამი შენ გქონდეს შენია!
შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია.
მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია,
ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ-საწყენია.

749
თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!
შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს;
მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

750
გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
ამიკლებს და ანუ მომკლავს: „ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!“
სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

751
თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!
რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ?
შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ“.

752
ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: „ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;
ჰე ვაზირო, შეგეტყობის, სიყვარული არ თურ იცი,
ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი,
თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

753
მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!
აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,
ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

754
მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!
აწ ვითამცა გაუწყვედლად უცნობოსა ცრემლნი მდიან.
სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმცა გარდუხდიან?!

755
აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;
ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს,
მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

756
არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;
ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;
თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!“

757
ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,
ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!“

758
რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.
მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.
შეუშინდა, საწყენლისა მოხსენებად ვერ შეჰმართა,
დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

759
მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,
უბრძანა: „რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?“
მან ჰკადრა: „არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული,
მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

760
ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს;
მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს.
აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,
უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.

761
რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,
კვლა მოახსენა: „რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა“.

762
რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,
ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;
შეუზახნა: „რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

763
ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად?
შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!
აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად.

764
ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს,
ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?!
მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“

765
კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,
თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!
წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!“

766
დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;
დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:
„ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“
ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

767
ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს;
გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

768
თქვა: „ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა გამითენოს!
ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,
ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!“

769
ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:
„მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა,
ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!“

770
ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს:
- მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს
„ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს,
თქმულა: „ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს“.

771
ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:
რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!
მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;
ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

772
მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია,
ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია;
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!
შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია“.

773
ყმამან უთხრა: „შენთვის წყრომა მეცა განა დამიმძიმდა!
მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? გაიცინნა, გა-ცა-ღიმდა;
შენ ადიმი გაგიმეშდა არ თუ მეში გიადიმდა.
რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!“

774
მოახსენა კვლა ვაზირმან: „მე რა გინდა წამეკიდოს,
მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული გაიწმიდოს!
შენ რასა იქმ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა არ იდიდოს!
ხამსა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს?“

775
ყმამან უთხრა: „აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რათა დაიწყნაროს!

776
უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,
მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა;
ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

777
მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,
ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,
მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!“

778
მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,
უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი,
მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი.
გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

779
შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,
სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.
კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.
780
შესთვალა, თუ: „რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო,
ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო?
თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,
სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო“.

781
მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი!
კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი!
ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

2 დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ლობჟანიძე მარი
0x01 graphic

ლომთაძე ნელი
0x01 graphic

გვილავა მარიკა
0x01 graphic

აბდუშელიშვილი მარიამ
0x01 graphic

ლობჟანიძე ნინო
0x01 graphic

თოდუა სოფიო
0x01 graphic

თოლორაია ნინო
0x01 graphic

ემუხვარი ბაია
0x01 graphic

ემუხვარი ანა
0x01 graphic

კალანდია მაია
0x01 graphic

კვარაცხელია სოფიო
0x01 graphic

ბაღათურია ვალერი
0x01 graphic

ქირია ბაჩუკი
0x01 graphic

კილანავა ქრისტინე
0x01 graphic

ფაჩუაშვილი ლარა
0x01 graphic

დამენია მარინე
0x01 graphic

ქარჩავა ინგა
0x01 graphic

დიდიშვილი თინათინ
0x01 graphic

თოდუა მარიამ
0x01 graphic

გვარამია მანანა
0x01 graphic

ჯაკონია იამზე
0x01 graphic

სიჭინავა ნანი
0x01 graphic

კვირკვია დარეჯან
0x01 graphic

სისაური ხათუნა
0x01 graphic

გეჯუა კესო
0x01 graphic


0x01 graphic

აკობია ირმა
0x01 graphic

წველებაშვილი ჯაფარიძე ნინო
0x01 graphic

აგუმავა თეა
0x01 graphic

ხუუტია ხათუნა
0x01 graphic

კვირკვია ირმა
0x01 graphic

ბუკია სვეტლანა
0x01 graphic

ბერაია დოდო
0x01 graphic

ტაბაღუა ირაკლი
0x01 graphic

კოზუა ნანა
0x01 graphic

კოდუა ლუკა
0x01 graphic

ზარანდია ლუკა
0x01 graphic

მალანია თამარ
0x01 graphic

ჩიქავა ქეთევან
0x01 graphic

კაკაბაძე ბერიტა
0x01 graphic

ლებანიძე ქ.
0x01 graphic

ცაკაშვილი ნ.
0x01 graphic

ჯავახიშვილი მანანა
0x01 graphic

ზანთარაია თამარ
0x01 graphic

ხუბუტია ნანა
0x01 graphic

წოწორია თამარელა
0x01 graphic

როგავა ლარისა
0x01 graphic

ჩხაპელია ნათია
0x01 graphic