The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა მრავალეთნიკური საქართველო (მოკლე ცნობარი)
დოკუმენტის ნახვა საქართველოს აზერბაიჯანელები
დოკუმენტის ნახვა საქართველოს სომხები
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ოსები
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ბერძნები.
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ქურთები
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ასირიელები
დოკუმენტის ნახვა საქართველო ლეკები (ავარელები)
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ქისტები
დოკუმენტის ნახვა საქართველოს რუსები

საქართველოს რუსები

 

საკუთარი სახელწოდება: რუსკიე.

თვითშგნება: რუსული.

რელიგია: ქრისტიანობა - მართლმადიდებლობა; (კომფესიური ჯგუფები ე. წ. რუსული სექტები).

ენა: რუსული.

მოსახლეობა: 34 172 (6,3%) (1989 წ. აღწერით); 67 671 (1,5%) 2002 წ. აღწერით).

დასახლება: სახლობდნენ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ეროვნებით რუსი საბჭოთა პერიოდსი ჭარბობდა საქართველოს 21 სოფელში.

ჩამოსახლების ისტორია: საქართველოში რუსების მასობრივი ჩამოსახლება XIX საუკუნის 1 ნახევარში დაიწყო, რასა უპირველეს ყოვლისა, რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებდა.

რუსული კოლონიზაცია სამხედრო დასახლებების შექმნით დაიწყო. გადაწყვეტილი იქნა მოეწყოთ დემობილიზებულ რუს ჯარისკაცთა კოლონიები, რომლებიც შედგებოდა სამსახურიდან გადამდგარი დაოჯახებული ჯარისკაცებისაგან. 15 წლიანი სამსახურის ვადის გასვის შემდეგ რუს ჯარისკაცებს ეძლეოდათ დაოჯახებისა და საქართველოში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩენის უფლება. შემდგომში ეს დასახლებები სოფლებად გარდაიქმნა.

სამხედრო კოლონიზაციის გარდა, რუსი მოსახლეობის საქართველოში დაფუძნებას თავადაზნაურული და საეკლესიო/სამონასტრო კოლონიზაციაც უწყობდა ხელს. ამ გზით რუსების ხელში აღმოჩნდა საუკეთესო ქართული მიწები. მაგალითად „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი“ ვლანგალი სამცხე-ჯავახეთის 21 სოფლის მფლობელი გახდა და მესხეთის დიდ ფეოდალად გადაიქცა. XIX საუკუნის მიწურულს შავი ზღვის კოლონიზაციის და მსხვილ მიწათმფლობელთა ფენების შექმნის მიზნით დაარსდა ზღვის სანაპირო მიწების ლატარიაში გათამაშების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელმაც გაავრცელა ლატარიის ბილეთები რუსეთის ქალაქების აზნაურთა, მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენელთა, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს შორის. ამ ლატარიის საფუძველზე მიწებს იგებდნენ, ყიდდნენ და საბოლოოდ ქართული მიწები რუსების საკუთრებასი აღმოჩნდა. აფხაზეთში საიმპერატორო ოჯახის წევრებს მისცეს 1 754 დესატინა მიწის ფართობი.

საეკლესიო კოლონიზაციის შედეგად, რუს ბერებს გადაეცათ მონასტრები და მათ გარშემო მამულები, სადაც რუსული დასახლებები ჩნდებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში რუსული მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქრისტიანული ეკლესიისაგან დევნილი სექტები - დუხობორები, სკოპცები, მოლოკნები და სხვ. რუსული ქრისტიანული სექტები XVIII საუკუნის შუა ხანებში წარმოიქმნა. ისინი უიპრისპირდებოდნენ ოფიციალურ ეკლესია, რის გამოც მათ ეკლესია და სახელმწიფო სდევნიდა და ასახლებდა იმპერიის უკიდურეს პროვინციებში.

სკოპცები. პირველი რუსი სექტანტები, რომლებიც საქართველოში ჩამოასახლეს იყვნენ სკოპცები (საჭურისები). მათ სწამდათ, რომ ცოდვის წყარო ხორციელი სიამეა, ამიტომ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი სხეულის სამარცხვინო დასაჭურისებით იმედოვნებდნენ ზეცაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. იყვნენ სასოწარკვეთილი და უიმედონი, იშვიათი ფანატიკოსები და არ ხდებოდა მათი გამრავლება.

1820 წ. სკოპცები აღმოჩნდნენ კავკასიის კორპუსის ჯარის ნაწილებში და დაასახლეს სოფელ მარანში. მალე ამ სოფელში თავი მოუყარეს 3 ათასამდე კაცს. ახალმოსულნი დასახლდნენ კოდორში. მათგან შეადგინეს საჯინიბო რაზმები, რომელთაც ევალებოდათ სამხედრო ტვირთების გადაზიდვა. ქალები გოსპიტლებში მრეცხავებად მუშაობდნენ. თანდათან სექტებში ძალაუფლება მდიდარმა ვაჭრებმა ჩაიგდეს ხელში. სექტა გახდა რეაქციული და ცარიზმის ინტერესებს ემსახურებოდა. (1841 წელს გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში მიიღეს მონაწილეობა). 1842 წ. ქონებრივი დიფერენციაციის შედეგად სექტაში მოხდა განხეთქილება. ერთმა ნაწილმა უარყო რეაქციული მოძღვრება და შეურიგდა მართლმადიდებელ ეკლესიას. 1850 წ. ნიკოლოზ 1-ის ბრძანებით სკოპცებს ჯარში აღარ იღებდნენ, რის გამოც შეწყდა ამიერკავკასიაში მათი გადასახლება.

დუხობორები. დუხობორები („დუხობორცი“ - ანუ „სულისათვის მებრძოლნი“) მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი პროტესტანტული სექტის მიმდევრები არიან. 1839 წელს მიღებული განკარგულებით, დუხობორთა გადასახლება გადაწყდა კავკასიაში, კერძოდ ჯავახეთში. მათ დააარსეს 8 სოფელი: როდიონოვკა, ტამბოვკა, ბოგდანოვკა, ორლოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ტროიცკოე და ეფრემოვკა.

დუხობორებს თავისი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სიყვარულით განმსჭვალული ძმობა. დუხობორებმა რელიგიურ საფუძველზე ეკონომიკურად ძლიერი თემი და სპეციფიკური კულტურა შექმნეს. დუხობორები უარყოფენ ქრისტიანულ რელიგიის წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, ეკლესია, ხატს, ჯვარს და ა. შ. წმინდა ადგილად დუხობორები თვლიან მხოლოდ ჯავახეთში არსებულ სალოცავებს, ობოლთა სახლს, წინაპართა საფლავებს, წმინდა მთებს.

დუხობორთა სექტაში მყარად არის დაცული ცხოვრების ნორმირებული და ზნეობრივი წესები. ისინი გაერთიანებული არიან თემში - ობშჩინა, რომელიც ზრუნავს თავის თითოეულ წევრზე. დუხობპრების იზოლაციას აძლიერებს ის გარემოც, რომ ისინი არ ეწევიან პროზელიტობას (დუხობორი ვერ გახდები, დუხობორად უნდა დაიბადო), ქორწინება ნებადართულია მხოლოდ დუხობორებს შორის.

დუხობორები ტრადიციულად მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლისა და ცხენების მოშენება) მისდევდნენ.

დუხობორულ საზოგადოებაში დოვლათი თანაბრად ნაწილდებოდა. ღარიბი და უსახსრო თემში არ მოიპოვებოდა. დუხობორების როგორც სულიერ, ასევე სამეურნეო ცხოვრებას ხელმძღვანელობდნენ და წარმართავდნენ რელიგიური წინამძღოლები. ამდენად, მათში მმართველობის ადგილობრივი ფორმები თეოკრატიულ ხასიათს ატარებდა. წინამძღოლთან მოღვაწეობდა „უხუცესთა საბჭოც“, რომელიც მრჩევლისა და მედიატორის როლს ასრულებდა.

1990 წელს რუსეთის პოლიტიკის გამო დაიწყო მათი გადასახლება საქართველოდან რუსეთში. 3000 დუხობორმა რუსეთის ფედერაციის საზოგადოება „როდინას“ ხელშეწყობით დატოვა საქართველო.

მოლოკნები. სახელწოდება „მალაკანი“ ზოგი წყაროს მიხედვით უკავშირდება მარხვის დროს სექტანტების მიერ რძის სმას. სხვანი კი აკავშირებან მდინარე მოლოჩნაიასთან, რომლის ნაპირზეც ამ სექტის დიდი ნაწილი განსახლდა. საქართველოში მცხოვრები მალაკნების აზრით, კი მათ ეს სახელი რიცხობრივი სიმცირის გამო შეარქვეს.

მოლოკნები საქართველოში ჩამოსახლდნენ XIX საუკუნის შუა წლებიდან. თბილისში ისინი დამკვიდრდნენ კომპაქტურად. XIX ს. 50-იან წლების მეორე ნახევარიდან საქართველოში ითვლებოდა დაახლოებით 3 ათასი მოლოკანის ოჯახი. თბილისში ოფიციალურად მოქმედებდა მოლოკნების 4 სამლოცველო სახლი, სადაც სისტემატურად დადიოდა 1800-ზე მეტი მორწმუნე.

რელიგიური შეხედულებებით ისინი დუხობორებისაგან განსხვავებით, აღიარებდნენ ავტორიტეტს, მაგრამ ბიბლიის ტექსტსა და საეკლესიო საიდუმლოებებს სიმბოლურად იგებდნენ. მაგალითად ერთარსება - სამება, მათი აზით, შემდეგნაირად არის გააზრებული: მამა ღმერთი არის მეხსიერება, ძე ღმერთი გონება, სული წმინდა ნება. ასევე თავისებურად ესმით მათ ქრისტეს განკაცების არსი: ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა ეხსნა იგი სწავლებით და არა თავისი თავის ნებაყოფლობით შეწირვით. აღდგომის საიდუმლოს ისინი იაზრებდნენ არა რეალურ ფაქტად, არამედ ქრისტეს სწავლების აღდგინებად მის მიმდევართა შორის. მათ, დუხობორების მსგავსად, წყლით ნათლობა მიაჩნიათ ზდმეტად. აღიარებენ მხოლოდ ამ საიდუმლოს სულიერ მხარეს.

ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რევოლუციას 1921 წ. საქართველოს ანექსიას აპროტესტებდნენ სიტყვებით „ეს ძალაუფლება ჩვენი არ არის და მას ჩვენ არ მივიღებთ, ღმერთის შეგნებით საბჭოების გარეშე ვცხოვრობთ.“

XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ საქართველოში სტაროვერები ჩნდებიან. XVII საუკუნის შუა ხანებში პატრიარქ ნიკონის მიერ ჩატარებულმა საეკლესიო რეფორმამ გამოიწვია განხეთქილება, ე. წ. „რასკოლი“ რომლის შედეგადაც წარმოიქმნა სტაროვერთა მოძრაობა. მასში ერთიანდებოდნენ დიდგვაროვანი ბოიარები და ვაჭრები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ სახემწიფო და საეკლესიო პოლიტიკით. მათ მიემხრნენ საბატონო გლეხები და ქალაქის ღარიბ-ღატაკთა ფენა. მთავრობა დევნიდა ამ სექტას და ამიტომ ისინი გადაასახლა ციმბირში, ავსტრიაში, პრუსიაში, თურქეთსა და რუმინეთში. რუმინეთში გადასახლებულმა სტაროვერებმა, უკიდურესად მძიმე საარსებო პირობების გამო, ბათუმის ოლქში გადასახლების სურვილი გამოთქვეს. ისინი სექტის ზომიერ მიმდინარეობის წარმომადგენლები (უმღვდელონი) იყვნენ. სტაროვერები პირველად თბილისში გამოჩდნენ 1912 წელს. ბათუმის გუბერნატორმა სტაროვერები მეთევზეობის განვითარების მიზნით სოფ. გრიგოლეთში ჩაასახლა. თბილისში მათი სამოსახლო არსენალის მთასთან მდებარეობდა. სტაროვერებს ჰქონდათ სამლოცველო სახლი, სადაც მათთან ერთად თბილისის გარნიზონის ჯარისკაცებიც დადიოდნენ.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფოსაგან ხელშეწყობის, შეღავათების და უკეთესი პირობების ქონა რუს სექტებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა და ისინი ერთგვარ ექსპლუატატორთა როლშიც გამოდიოდნენ - ეწეოდნენ მევახშეობას, ქირაობდნენ მოჯამაგირეებს ადგილობრივი მოსახლეობისაგან და სხვ., რაც მათ მიმართ ავტოქთონი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

თუ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან უკვე ფართო ხასიათს ატარებდა ინდივიდუალური, სტიქიური მიგრაცია, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება რუსეთის იმპერიის სხვა რაიონებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში რუს მიგრანტთა ძირითადი მასა წარმოების სხვადასხვა სფეროში ჩაებნენ, ფაბრიკა-ქარხნებში, მაღაროებში, ტრანსპორტსა და მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და სხვ. მეორე მსოფლიო ომის დროს ევაკუირებული მრავალი რუსი ეროვნების ადამიანი საცხოვრებლად საქართველოში დარჩა. რუსების ნაწილმა ასიმილაცია განიცადა, ზოგი გაქართველდა და მხოლოდ რუსული გვარიღა აქვს შემორჩენილი.

ტრადიციები. კოლონიებში რუსებმა სტრუქტურა და საცხოვრებელიც რუსულ ყაიდაზე მოაწყვეს, რომელთაც ახასიათებდათ სწორი ფართი ქუჩები ორივე მხარეს ჩამწკრივებული კარით შეღებილი სახლებით. რუსების კარმიდამოს, რომელიც სისუფთავითა და სიკოხტავით გამოირჩეოდა, ჰქონდა დიდი ფართო ეზო, სამეურნეო სათავსოები, სახლის უკან პატარა ბოსტანი. ჭიშკარზე დამაგრებული იყო საშოშიე. ავეჯი თვითნაკეთი ჰქონდათ. ინტერიერის აუცილებელი აქსესუარი იყო სამოვარი, ოთახის კუთხეში ხატები, სექტანტებს ოთახის კედლებზე ეკიდათ მეფისა და მხედართმთავრის სურათები.

საქართველოში ჩამოსახლებული კაზაკები სოფლის მეურნეები და ხელოსნები გახდნენ. მისდევდნენ პურის ცხობას, ლუდის წარმოებას, მეჩექმეობას, მეეტლეობას და სხვ. კაზაკები მონაწილეობდნენ საქართველოს სამხედრო გზის გაყვანაში. კურორტ ბორჯომსა და ლიკანში მეფისნაცვლის შენობის მშენებლობაში.

რელიგიური დღესასწაულებს რუსები ატარებენ როგორც ოჯახში, ასევე ქრისტიანულ რუსულ ტაძრებში. კონფესიური ჯგუფები კი თავიანთ სამლოცველო სახლებში. ტრადიციულ საკვებს რუსები განსაკუთრებულად რელიგიურ დღესასწაულების დროს ამზადებენ (რძის ნაწარმისაგან დამზადებული კერძები, ფაფეულობა, ბლითები და სხვ.).

1980-1990-იან წლებში პერესტროიკისა და საბჭოთა სისტემის დაშლის შედეგად საქართველოში რუსების რაოდენობა თანდათან კლებულობს. რუსთა ეკონომიკური მიგრაციის პროცესს პოსტრსაბჭოთა პერიოდში მოჰყვა მათი ისტორიულ სამშობლოში მასიური გადასახლება.

რუსულ კულტურას საქართველოში ღრმა ტრადიციები გააჩნია. რუსული ეთნოსის წარმომადგენელთა საქართველოში რუსულ კულტურას ჩამოყალიბება-განვითარებას უწყობდა ხელს.