The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა რელიგიები საქართველოში
დოკუმენტის ნახვა წინასიტყვაობა
დოკუმენტის ნახვა რელიგია
დოკუმენტის ნახვა რელიგიის ელემენტები, კლასიფიკაცია და ფორმები
დოკუმენტის ნახვა რელიგიურობის ისტორიიდან საქართველოში
დოკუმენტის ნახვა „წარმართობა“ საქართველოში
დოკუმენტის ნახვა აბრაამული რელიგიები
დოკუმენტის ნახვა იუდაიზმი
დოკუმენტის ნახვა ქრისტიანობა
დოკუმენტის ნახვა მართლმადიდებლობა
დოკუმენტის ნახვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ეკლესია XIX საუკუნიდან დღემდე
დოკუმენტის ნახვა სქიზმა
დოკუმენტის ნახვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან (სმე) განხეთქილებაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიები
დოკუმენტის ნახვა აღმოსავლეთის არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიები
დოკუმენტის ნახვა სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია
დოკუმენტის ნახვა დიდი სქიზმა
დოკუმენტის ნახვა კათოლიკე ეკლესია
დოკუმენტის ნახვა პროტესტანტიზმი და რეფორმაცია
დოკუმენტის ნახვა ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია
დოკუმენტის ნახვა კალვინისტური ეკლესია
დოკუმენტის ნახვა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
დოკუმენტის ნახვა სხვა ბაპტისტური ან ბაპტიზმის საფუძველზე აღმოცენებული ეკლესიები საქართველოში
დოკუმენტის ნახვა კვაკერები - მეგობართა რელიგიური საზოგადოება
დოკუმენტის ნახვა დუხობორები
დოკუმენტის ნახვა მალაკნები
დოკუმენტის ნახვა „ახალსამოციქულო ეკლესია“
დოკუმენტის ნახვა ხსნის არმია
დოკუმენტის ნახვა მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
დოკუმენტის ნახვა ორმოცდაათიანელები
დოკუმენტის ნახვა ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“
დოკუმენტის ნახვა ეკლესია „ღმერთის საელჩო“
დოკუმენტის ნახვა ეკლესია „ღმერთის საელჩო“ საქართველოში
დოკუმენტის ნახვა ვანგელისტური ეკლესია საქართველოში
დოკუმენტის ნახვა ევანგელისტური ეკლესია საქართველოში
დოკუმენტის ნახვა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
დოკუმენტის ნახვა ეკუმენიზმი
დოკუმენტის ნახვა უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესია - მორმონები
დოკუმენტის ნახვა იეჰოვას მოწმეები
დოკუმენტის ნახვა მუნიზმი
დოკუმენტის ნახვა ისლამი
დოკუმენტის ნახვა რელიგიური ფუნდამენტალიზმი
დოკუმენტის ნახვა ეზიდიზმი
დოკუმენტის ნახვა დჰარმული რელიგიები
დოკუმენტის ნახვა ინდუიზმი. კრიშნას ცნობიერება
დოკუმენტის ნახვა ბუდიზმი
დოკუმენტის ნახვა ბაჰაის სარწმუნოება ბაჰაიზმი
დოკუმენტის ნახვა თეოსოფია და ანტროპოსოფია
დოკუმენტის ნახვა სეკულარიზაცია
დოკუმენტის ნახვა რელიგიათმცოდნეობის ლექსიკონი

იუდაიზმი

 

უძველესი მონოთეისტური რელიგიის სახელწოდება იუდაიზმი მოგვიანებით ჩნდება, მაგრამ მისი ფესვები ორი ათასწლეულის მიღმა ბიბლიურ წიგნებშია საძიებელი. იუდაიზმი იმთავითვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ებრაელი ხალხის ისტორიასთან, რომელიც ბიბლიურ წიგნებშია გადმოცემული. ამდენად, იუდაიზმი ისტორიული და ნაციონალური რელიგიაა, რომელმაც გამოხატა ებრაელთა სულისკვეთება, ყოფა, კულტურა, იმედები და მოლოდინები.

თავად ტერმინი „იუდაიზმი“ მომდინარეობს იუდას (იეჰუდა) ტომის სახელწოდებიდან, რომელიც თორმეტი ტომიდან (ბენიამინის მცირერიცხოვან ტომთან ერთად) გადაურჩა ძვ. წ. 722 წლის კატასტროფას, როცა აშურის მეფემ ებრაელთა ჩრდილო სამეფო დაიპყრო და ხალხი აშურის სხვადასხვა ქალაქში გადაასახლა. ამიერიდან ებრაელმა ხალხმა არსებობა ერთი ტომის - იუდას - სახით განაგრძო. აქედან მოდის თნამედროვე ებრაელების სახელწოდება ევროპულ ენებზე - იუდეველი, რომელიც აღნიშნავს როგორც ეროვნებას, ასევე რელიგიურ აღმსარებლობას.

წიგნები

იუდაიზმი ეფუძნება ბიბლიურ წიგნებს - თანახს (ქრისტიანული ტრადიციით ძველი აღთქმის წიგნები), რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. სახელწოდება თანახ წარმოადგენს აბრევიატურას, შედგენილს ამ სამი ნაწილის სახელწოდებათა პირველი ასოებისგან: თ - თორა (მოსეს რჯული ან ხუთწიგნეული), ნ - ნაბიიმ (წინასწარმეტყველნი), ხ - ქეთუბიმ (წერილნი, ქ ბგერა ხდ იცვლება ხმოვნის შემდეგ). მაგრამ იუდაიზმის სახე გამოკვეთა მთელმა წყებამ წიგნებისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და, საბოლოოდ, განსაზღვრა ებრაელი ხალხის რელიგია, ყოფა და მენტალიტეტი.

სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ებრაელობის რელიგიურ, საოჯახო და საზოგადოებრივ ცხოვრებას, გარდა რჯულის ფუძემდებლური წიგნისა (თორა), აწესრიგებს თაობიდან თაობამდე ზეპირად გადმოცემული აგადა (ლეგენდები ბიბლიურ პერსონაჟებზე, იგავები და შეგონებები, ფილოსოფიურ-თეოლოგიური მოსაზრებანი...) და ჰალახა (ავტორიტეტული ნორმატიული დებულებები). აგადა და ჰალახა, საბოლოოდ, ჩაწერილი იქნა და მათ შეადგინეს თალმუდის ერთი ნაწილი.

თორასთან ერთად იუდაიზმის ფუძემდებლური წყარო შეიქნა თალმუდი (ზოგადად, თორის კომენტარები, სიტყვა ნიშნავს „მოძღვრებას“), რომელიც წარმოადგენს მრავალი თაობის რელიგიურ-სამწერლო მოღვაწეობის ნაყოფს. მისი ძირითადი ნაწილებია მიშნა („განმეორება“), ე.წ. ზეპირი თორა და გემარა („განსრულება“). მიშნა შედგება ბრძენთა ლაკონიური გამონათქვამებისგან, რომლებიც განმარტავენ თორის ამა თუ იმ ადგილს, ხოლო გემარა, თავის მხრივ, განმარტავს მიშნას, მის, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვან კომენტარებს და საგრძნობლად აღემატება მას მოცულობით.

ჰაინრიხ ჰაინეს ცნობილი სიტყვები, რომ ბიბლია ებრაელთა ჯიბის სამშობლოა, სწორედ თალმუდის ხანას და მისი შემდგომი ხანგრძლივი პერიოდის სულისკვეთებას ახასიათებს. შუასაუკუნეების ებრაელობის მთელი სულიერი ძალისხმევა იქით მიიმართა, რომ როგორმე თორის სიწმიდისათვის დროჟამისაგან გამოწვეული შერყვნა აერიდებინა. თალმუდი, რომელიც თავისი ფართო მნიშვნელობით თორის ახსნა-განმარტებებია, სწორედ მის დასაცავად არის მოწოდებული.

ერი და რელიგია

აბრაამიდან ტაძრამდე (XX ს.ძვ.წ. - IV ს.ძვ.წ.). თანახი ისრაელის ღმერთს სამყაროს ერთადერთ შემოქმედთან აიგივებს. სამოთხედაკარგულმა კაცობრიობამ იგი ნელნელა დაივიწყა. მონოთეისტური მრწამსი ახლიდან იღებს სათავეს გამოცხადებიდან, რომელიც ებრაელთა მამამთავარმა აბრაამმა მიიღო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მესოპოტამიის ქალაქში, ხარანში ცხოვრობდა. ღმერთი აბრაამს კვლავ გამოეცხადა უკვე ქანაანში დასახლებულს და აღუთქვა, რომ მისი წიაღიდან დიდი ხალხი გამოვიდოდა და ქანაანის მიწაზე დამკვიდრდებოდა. ისიც იყო ნაწინასწარმეტყველევი, რომ მისგან გამოსული მოდგმა უცხო ქვეყნის მონობაში მოექცეოდა, მერე თავს დააღწევდა მონობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა ქანაანს დამკვიდრება. ეს უცხო ქვეყანა ეგვიპტე იყო. ეგვიპტეში ხალხი, მართალია, გამრავლდა, მაგრამ აბრაამის ღმერთიც თითქმის დავიწყებული ჰყავდათ, რომ მოსეს (დახლოებით XIII ს.ძვ.წ.) არ შეეხსენებინა მათთვის აბრაამის, ისააკის და იაკობის - მათი წინაპრების ღმერთი. ღმერთი მას ახალი კუთხით გამოეცხადა: „მე ვარ, რომელიც ვარ“. ამ სიტყვებით ღმერთი მოსეს თავის დაუსაბამობასა და მარადიულობასთან ერთად იმასაც მიანიშნებდა, რომ მასშივეა მისი არსებობის მიზეზი, განსხვავებით პოლითეისტური ღმერთებისა, რომელთა წარმოშობაზე ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მითოლოგიური გადმოცემები.

თანახი გვაუწყებს, რომ მოსეს წინამძღოლობით და ამ ღმერთის ხელშეწყობით, რომელშიც მოსემ შეიცნო არა მხოლოდ თავისი მამაპაპის ღმერთი, არამედ სამყაროს შემოქმედი, აბრაამის მოდგმა სასწაულებრივად გამოვიდა ეგვიპტიდან და უდაბნოს გზით ქანაანისკენ გაემართა. მაგრამ ვიდრე ქანაანში შევიდოდა, მანამდე სინაის მთის ძირას ხალხმა მიიღო ღვთისგან რჯული - კონსტიტუცია, რომლის თანახმად უნდა ეცხოვრა მას ქანაანში და ყველგან, სადაც კი მოუწევდა ცხოვრება. პირველ ყოვლისა, ეს იყო ათი მცნება, რომელთაგან ოთხი ადამიანების ღმერთთან ურთიერთობას აწესრიგებდა, ექვსი კი - ადამიანთა შორის ურთიერთობას. იგი დღემდე ისე ჟღერს, როგორც მაშინ ჟღერდა - არც მიმატებია რამე და არც დაკლებია:

„1. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები..., 2. არ გაიკეთო კერპები და არ სცე მათ თაყვანი, 3. არ დაიფიცო ამაოდ უფლის, შენი ღვთის სახელი, 4. გახსოვდეს შაბათი და წმიდად შეინახე სხვა დღეებს შორის, ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღე კი უფლის დღეა, 5. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, 6. არა კლა, არ იმრუშო, 8. არ იქურდო, 9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ, 10. არ ინდომო შენი მოყვასის არანაირი ქონება, არც ცოლი, არც ყმა, არც მხევალი...

ასე მკაფიოდ არც ერთი ხალხის კანონმდებლობაში არ განსაზღვრულა ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთისა და თავისი მოძმის, მერე კი საკუთარი თავის წინაშე. იუდაიზმის მიმდევრებს სწამთ, რომ ღმერთმა უფრო მეტი დააკისრა ამ ხალხს. სინაის მთიდანვე გამოუცხადა, რომ იგი „მღვდელთა სამეფო და წმიდა ხალხი იქნებოდა“, ანუ ღმერთმა ეს ხალხი არა მხოლოდ იხსნა მონობიდან, არამედ გამოარჩია კიდეც სხვა ხალხებს შორის. მაგრამ ეს არ იყო აღზევება. რჩეულობა და სიწმიდე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა მათ. წმიდა ნიშნავდა, რომ ისინი არ უნდა შერეოდნენ მრავალღმერთიანობის აღმსარებელ ხალხებს, რათა არ შეებღალათ ერთი ღმერთის რწმენა. მათ უნდა ეცხოვრათ იმ კანონებისა და წესების მიხედვით, რომელთაც ღმერთი უწესებდა.

ამგვარად, ეგვიპტიდან ამოსული „ჭრელი“ ხალხისგან (ასეა ნათქვამი თანახში) სინაის მთის ძირას და შემდეგ უდაბნოში მოძრაობისას ქანაანისკენ მიმავალ გზაზე შეიქმნა არა მხოლოდ ერი, ერთიანი ხალხი - ეს საკმარისი არ იყო - არამედ ერთი ღმერთის მოწამე რელიგიური ერი.

რაკი იუდაიზმს მიაჩნია, რომ ის ღმერთი, რომელიც ებრაელთა მამა-პაპას გამოეცხადა მათი ისტორიის გარიჟრაჟზე, მთელი კაცობრიობის ღმერთია, სამყაროს შემოქმედი, მესიაც, რომელსაც ისინი ყოველდღიურად მოელიან, არა მხოლოდ ისრაელის მხსნელი იქნება, არამედ მთელი კაცობრიობისა. საბოლოოდ, ყოველი ხალხი აღიარებს მის ერთდერთობას და მისი თაყვანისმცემელი გახდება. საბოლოო ადგილი, სადაც ხალხები უნდა შეეგებონ ღმერთს, სიონის მთაა, სადაც იქ ერთ დროს დავით მეფემ (ძვ. წ. XI ს.) თავისი სამეფო რეზიდენცია დააარსა. დავითი იყო ისრაელის ერთიანი სამეფოს მეფე. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე თაობაში სამეფო გაიხლიჩა და ეს დარჩა ხარვეზად ებრაელი ხალხის ისტორიას. გამთლიანების მოლოდინი დავითის სახელს დაუკავშირდა. მის შთამომავლობაში დაიბადებოდა მესია („ცხებული“), რომელიც ისრაელს ძველ დიდებას დაუბრუნებდა, დედამიწის ზურგზე გაფანტულთ შემოიკრებდა... ჭრილობებს შეუხვევდა მათ, დაფხრეწილ კარვებს შეუკეთებდა. სრულყოფილებით აღადგენდა რჯულს (რელიგიას), რომელსაც ზურგი შეაქციეს.

ტაძრის პერიოდი. ძვ. წ. 958 წ. დავითის ძემ, მეფე სოლომონმა იერუსალიმში, სიონის მთაზე ტაძარი აღმართა ერთი ღმერთის სადიდებლად. ტაძარში აღთქმის კიდობანი იყო დასვენებული, რომელშიც, თანახის გადმოცემით, რჯულის დაფები ინახებოდა. იუდაიზმის ისტორიაში ამით ახალი დრო დაიწყო - ტაძრის პერიოდი, რომელიც 1200 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მთელი ეს ხანი იერუსალიმის ტაძარი იუდაიზმის რელიგიური ცენტრი და ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მსხვერპლი იწირებოდა. VI საუკუნის დამდეგს ისრაელში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II შეიჭრა, იერუსალიმის ტაძარი დაანგრია და ებრაელთა უმრავლესობა ბაბილონში გადაასახლა. ამ ტყვეობაში წინასწარმეტყველმა იეზიკელმა, ისრაელის თეოკრატიული სახელმწიფოს აღორძინების იდეა განავითარა, რომლის საფუძველი, დაბრუნების შემდეგ, იერუსალიმის ტაძრის ხელახალი მშენებლობა უნდა გამხდარიყო. მალე აქემენიდთა სპარსეთმა ასურეთი დაიპყრო, დევნილი ებრაელები იერუსალიმს დაუბრუნდნენ (VIV სს. ძვ. წ.) და მეორე ტაძრის მშენებლობას შეუდგნენ. დაბრუნებულთა რელიგიურმა ლიდერებმა - ეზრამ და ნეემიამ იმათ, ვისაც ბაბილონი არ გაუვლია, ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს და გარიყეს ისინი, რადგან მიაჩნდათ, რომ ამ ხნის განმავლობაში დარჩენილები წარმართობას იგემებდნენ და შეიგუებდნენ. უარყოფილთა ერთი ნაწილი, სამარიტელები, დღესაც ცხოვრობენ პალესტინაში.

ელინისტური ხანა (ძვ. წ. IV ს. - ახ. წ. II ს). ალექსანდრე მაკედონელის მიერ 332 წელს ისრაელის დაპყრობამ და მისი ელინისტური სამყაროს ნაწილად ქცევის სურვილმა, ბუნებრივია, იუდაიზმზეც მოახდინა გავლენა. ყველაზე სწრაფად ელინიზაცია სწორედ სასულიერო წოდებამ განიცადა, რომელიც ჯერ პტოლომეოსის, ხოლო შემდეგ სელევკიდების სამეფოებში შემავალი ებრაული თვითმმართველობის სათავეში იყო მოქცეული. მღვდელმთავრების ძალაუფლება სოფრიმთა - რჯულის მეცნიერთა წინააღმდეგობას წააწყდა. სოფრიმები თორასთან ერთად ზეპირ გადმოცემასაც ეყრდნობოდნენ. ისინი წინამორბედები იყვნენ ფარისევლებისა (პერუშიმ), რომელთა მოძღვრების ცენტრს შეადგენდა რწმენა, რომ ღმერთმა მოსეს ზეპირი რჯული წერილობითი რჯულის (თორა) გამოცხადებისთანავე აუწყა. ფარისევლებს თორის ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო კანონი სავალდებულოდ მიაჩნდათ. მათ ოპონენტებისგან - სადუკევლებისგან - განსხვავებით, რომლებიც რელიგიის არსს სატაძრო მსახურებაში ხედავდნენ, სწამდათ საღვთო განგებულება, ანგელოზთა შუამავლობა, სიკვდილის შემდეგ ღვთის სამსჯავრო და მიცვალებულთა აღდგომა. ფარისეველთა მოძრაობა ერთგვარი რეაქცია იყო ელინიზმზეც, რომელმაც ტაძრის, მისი მღვდელმსახურების, გარშემო შემოკრებილ სადუკევლებში შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ იუდაიზში ამ დროს ტაძარი ისევ ცენტრალურ ადგილს ინარჩუნებდა, ახალი და უფრო ეგალიტარული ინსტიტუტი - სინაგოგა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობაში წარმოიშვა, მეორე ტაძრის პერიოდში უკვე საყოველთაოდ იყო გავრცელებული როგორც ისრაელში, ასევე დიასპორაში.

რაბინთა პერიოდი (IIX-VIII სს.). სელევკიდების მეფის, ანტიოქე IV ეპიფანეს დროს (ძვ. წ. 175-164 წლებში) იუდეველთა დევნას კიდუშ ჰაშემის (სიტყვასიტვით: ღვთის სახელის კურთხევა) კონცეფციის კრისტალიზაცია მოჰყვა, რაც რწმენისთვის პირად თავგანწირვას გულისხმობდა და რომლის იდეურ-ფილოსოფიურ დასაბუთებას მაკაბელთა IV წიგნში ვხვდებით. მაკაბელთა (ჰასმონეები) აჯანყებით მოპოვებული ხანმოკლე პოლიტიკური დამოუკიდებლობა (142 ძვ.წ. - 6 წ. ახ. წ.) მალე რომაული ბატონობით შეიცვალა. იუდაიზმის თავისებურებების მიმართ პროკურატორთა ცინიზმმა, ზოგჯერ კი პირდაპირმა პროვოკაციებმა, ვითარების დაძაბვასა და რადიკალური ნაციონალურრელიგიური ოპოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ახ. წ. 67-68 წლებში რომის იმპერიული მმართველობის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისას იერუსალიმის ტაძარი ისევ დაინგრა (70 წ.). ბარკოხბას აჯანყებას (132-135 წწ.) ებრაელთა ხელახალი განდევნა მოჰყვა და იმპერიის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულმა ერმა მრავალრიცხოვანი დიასპორების სახით გააგრძელა ცხოვრება. რომაელთა წინააღმეგ აქტიური ბრძოლის მომხრეები ზომიერად განწყობილმა რელიგიურმა ლიდერებმა, რაბინებმა (რაბი - მოძღვარი) შეცვალეს.

რაბინთა თეორია და პრაქტიკა ტაძარს, სამღვდელო დასსა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას არ ეყრდნობოდა. მათი ყურადღება ახალ გარემოპირობებში ებრაელობის სათემო კულტურის - კეჰილას განვითარებასა და გაძლიერებაზე იყო გამახვილებული. რამდენადაც რომაელები ხედავდნენ რაბინთა ზომიერებას, მათ იმის ნებაც დართეს, რომ სინედრიონი და აკადემია (იეშივა) აღედგინათ. ამ დროისათვის ლოცვის, როგორც სატაძრო მსხვერპლშეწირვის ეკვივალენტის კონცეფციაც ჩამოყალიბდა; მსხვერპლშეწირვა პილიგრიმობით, საღვთო წერილის შესწავლით, ლოცვითა და მორალური ნორმებით შეიცვალა. მიზანი ის იყო, რომ ებრაელობა იმგვარ რელიგიურ თემად ქცეულიყო, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეძლებდა ღვთის წინაშე დგომასა და მის მსახურებას. ამიტომაც თორას შესწავლა იუდეველის უწმიდესი და უპირველესი მოვალეობა შეიქნა.

თალმუდის ეპოქა. ძვ. წ. II და ახ. წ. VI საუკუნეები თალმუდის ხანად არის მიჩნეული. ამ საუკუნეებში იუდაური კულტის სისტემატიზაცია და რიტუალიზაცია მიმდინარეობდა, რომლის აქცენტი სატაძრო ღვთისმსახურებიდან განჩინებათა სკრუპულოზური სისტემის შექმნაზე იყო გადატანილი. რაბინებმა შეიმუშავეს რელიგიური და საყოფაცხოვრებო ადათები - გალაჰა. მასში ისეთი დეტალებიც კია გათვალისწინებული, თუ როგორი ვარცხნილობა ან სამოსი უნდა ატაროს მორწმუნემ. ორთოდოქს ებრაელს დღესაც სწამს, რომ ნამდვილმა ღვთისმოსავმა ყოველდღიურობაში ამ განჩინებებით უნდა იხელმძღვანელოს. III საუკუნეებში რჯულის მოძღვრებმა (თანაებმა) ზეპირი თორა დაამუშავეს და მისი კანონიზაცია მოახდინეს, რომელიც იეჰუდა ჰანასის მიშნამ დაასრულა (III ს.). მიშნა იუდაიზმის შემობრუნების წერტილი გახდა. იეჰუდა ჰანასის კოდექსი საფუძვლად დაედო ებრაულ რელიგიურ და სამოქალაქო კანონმდებლობას და მომდევნო თაობის რჯულის მოძღვრების - ამორაების - განმარტების საგნად იქცა. ამორაების დისკუსიები გემარაში - მიშნას კომენტარებში - არის თავმოყრილი. ერთიც და მეორეც ერთობლივად შეადგენს თალმუდს. თალმუდის შექნით, შესწავლითა და გავრცელებით დაკავებულნი იყვნენ როგორც ისრაელში დარჩენილი, ასევე ბაბილონელი სწავლულებიც. სწორედ ამიტომ არსებობს ორი თალმუდი: იერუსალიმური და ბაბილონური.

გაონატი. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არაბების გაბატონების შემდეგ (VII-VIII სს.) ბაბილონის თემის სულიერი ლიდერები, გაონები, მთელი ებრაელობის უპირველესი რელიგიური ავტორიტეტები ხდებიან. მათი მოღვაწეობის შედეგად სწორედ ბაბილონური თალმუდი იქცა საყოველთაოდ მიღებულ საკანონმდებლო კოდექსად, რამაც შუა საუკუნეებში იუდაიზმის მთლიანობა უზრუნველყო. მაგრამ ზეპირი რჯულის უნივერსალურ კანონმდებლობად ჩამოყალიბებას რეაქციაც მოჰყვა: VIII საუკუნის დამდეგს კარაიმთა (ხაზართა სამეფოშიც კარაიმული იუდაიზმი იყო გავრცელებული) მოძრაობა დაიწყო, რომელიც ამ კანონის ღვთივსულიერებას უარყოფდა. კარაიმებთან პოლემიკას ბაბილონელი გაონები შეუდგნენ. მათ დაიწყეს მოკლე და გასაგები ჰალახური სახელმძღვანელოებისა და რჯულის საკითხებზე რესპონსების - წერილობითი პასუხების - შედგენა. ბაბილონელ გაონთაგან ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინომ - საგადიამ (X ს.) - იუდაიზმისა და ფილოსოფიის სინთეზს დაუდო სათავე.

შუა საუკუნეები. როცა ბაბილონური თემი შიდა კრიზისმა მოიცვა, სხვა ქვეყნებში - ეგვიპტეში, კაირუანსა (ტუნისი) და მუსლიმურ ესპანეთში - ბაბილონისგან დამოუკიდებელი იუდაისტური ცენტრების აღმოცენება დაიწყო. გაონატმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. მაგრამ საყოველთაო რელიგიური ხელმძღვანელობის არარსებობამ და იმანაც, რომ ებრაელობა ამ დროისთვის უკვე ორ ნაკადად - აშქენაზებად და სეფარადებად - იყო დაყოფილი, მაინც ვერ შეარყია შუა საუკუნეთა იუდაური რელიგიურობის ფუნდამენტური ერთობა. თავდაპირველად სეფარადებმა (სეფარადი - ესპანეთის ებრაული დასახელება შუა საუკუნეებში) ისლამურ ესპანეთში, ხოლო აშქენაზებმა (აშქენაზი - გერმანიის დასახელებაა შუა საუკენეების ებრაულ ლიტერატურაში) ფრანკოგერმანულ მიწებზე მოიკიდეს ფეხი.

ამავდროულად, შუა საუკუნეებში პირველად - შესაძლოა ქრისტიანული და ისლამური თეოლოგიის გავლენითაც - იუდაიზმის ძირითადი პრინციპების ფორმულირების მცდელობა განხორციელდა. XII საუკუნის ცნობილმა ებრაელმა მოაზროვნემ და რაბინმა, მოსე მაიმონიდმა ანუ რამბამმა (1135-1204) იუდაიზმის ძირითად დოგმატებს მოუყარა თავი და სისტემატიზებული სახით გადმოსცა ვრცელ ტრაქტატში მიშნე თორა (თორის განმარტება), რომელიც ენციკლოპედიურ სახელმძღვანელოდ იქცა თორისა და თალმუდის შესასწავლად. ოთხი საუკუნის შემდეგ რაბინმა იოსებ კარომ (1488-1575) თალმუდის განჩინებათა სისტემატიზაცია დაასრულა. მის მიერ შედგენილი კოდექსი შულხან არუხი (გაშლილი მაგიდა) ორთოდოქსულმა იუდაიზმმა თალმუდური სამართლის პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ აქცია.

ახალი დრო. ებრაელთა სამშობლოდან განდევნის შემდეგ იუდაიზმში მისტიკური მიმდინარეობები გავრცელდა საერთო დასახელებით კაბალა (გადმოცემა). კაბალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრი XVII საუკუნეში გალილეის ქალაქ ცფათში ჩამოყალიბდა რაბინ იცხაკ ლურიას, ანუ არის (1536-1572) ხელმძღვანელობით. კაბალისტები თორისა და სხვა წმიდა წიგნების საკრალური აზრის წვდომას ცდილობდნენ, რაც, მათი აზრით, ღმერთისა და მისი განგების სიმბოლურ აღწერაში იყო ჩადებული. მათ განავითარეს მოძღვრება სფირონის - საკრალური ღმერთის ათი ჰიპოსტასის შესახებ, რომლის თანახმად, თითოეულ ჰიპოსტასს თავისი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს. ეს თვისებები დინამიკურად თანაარსებობენ და მატერიალურ სამყაროს განაგებენ. კაბალისტები თავიანთ მთავარ თხზულებას ზოჰარს (ნათება) ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც თორასა და თალმუდს. კაბალამ სხვა მისტიკური სკოლების განვითარებაზეც იქონია გავლენა, უპირველეს ყოვლისა, ხასიდიზმზე, რომელიც მე-18 საუკუნეში აღმოცენდა და ვოლინის, პოდოლისა და გალიციის ებრაელებს შორის გაიჩინა მიმდევრები (იხ. ქვემოთ).

XVIII საუკუნის მიწურულს გაჩნდა მოძრაობა ჰასქალა (განათლება), რომელმაც იუდაიზმის ევროპულ რეალიებთან ადაპტირება დაისახა მიზნად. ჰასქალა ორთოდოქსულ იუდაიზმს დაუპირისპირდა და რეფორმიზმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მაგრამ არაებრაულ მოსახლეობასთან ასიმილაციის შიშმა უკვე XIX საუკუნის დამდეგს ტრადიციული ორთოდოქსული იუდაიზმის გააქტიურება გამოიწვია.

მიმდინარეობები

ყველა მიმდინარეობა, რაც კი იუდაიზმში საუკუნეების განმავლობაში დღევანდლამდე შექმნილა, წმიდა წიგნებიდან იღებს სათავეს. წყარო ყველასთვის ერთია, ოღონდ მათი ინტერპრეტაციაა განსხვავებული. იუდაიზმის ქმნადობა განუწყვეტელი პროცესია და თავის წიაღში ხშირად ითავსებს ერთმანეთის საპირისპირო იდეებსა და ტენდენციებს. მას ახასიათებს მაქსიმალიზმი, მთელი მოძღვრების დაყვანა ერთ რომელიმე დებულებაზე, რომელიც სკოლის ემბლემად იქცევა. ჩვ. წ. III საუკუნის ბრძენი თალმუდში იუდაიზმის არსს გამოხატავს წინასწარმეტყველ აბაკუმის სიტყვებით: „მართალი კაცი თავისი რწმენით იცოცხლებს“ (2: 4), ხოლო მეორე ბრძენი მოძღვარი - ჰილელი - მთელ რჯულს ასე განსაზღვრავს: „რაც შენთვის საძულველია, ნუ გაუკეთებ შენს თვისტომს“. არსებობს კიდევ სხვა განსაზღვრებანი, მაგრამ არც ერთი მათგანი რელიგიურ დოგმად არ ქცეულა. შუა საუკუნეებში ევროპელი იუდაისტები ცდილობდნენ, ერთი მხრივ, ფილოსოფიური, მეორე მხრივ, მისტიკური დასაბუთება მიეცათ იუდაიზმისთვის. ასე წარმოიშვა ფილოსოფიური სისტემები (შლომო იბნ გაბიროლი, იეჰუდა ჰალევი, მოშე მაიმონიდი) და კაბალა.

დღესდღეობით იუდაიზმის ძირითადი მიმდინარეობებია: ორთოდოქსული იუდაიზმი, კონსერვატიული იუდაიზმი, რეფორმირებული იუდაიზმი, ხასიდიზმი, ნეტურეი კართა. არ არსებობს იუდაიზმის ერთიანი და საყოველთაოდ გაზიარებული დოგმატიკა. თალმუდში განსხვავებული თვალსაზრისები ჩვეულებრივი მოვლენაა. თალმუდის ბრძენები - თანაები და ამორაები - ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და კამათობენ. გარდა ამისა, იუდაიზმის მიმდინარეობები მერყეობენ მკაცრ რელიგიურობასა და სეკულარობას შორის.

ორთოდოქსული მიმდინარეობა თავის თავს თვლის იუდაიზმის არსის (როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი თუ საოჯახო ყოფის მასაზრდოებელი იდეის) ერთადერთ მატარებლად. იგი ყალიბდებოდა შუა საუკუნეთა და ახალი დროის მიჯნაზე და საბოლოო სახე XIX სის პირველ ნახევარში მიიღო. ორთოდოქსული მიმდინარეობა დაუპირისპირდა რეფორმატორულ მოძრაობას, როგორც შეურიგებელი მოწინააღმდეგე სეკულარიზაციისა და ემანსიპაციისა ებრაელობის ცხოვრებაში. ეს მიმდინარეობა „საეროთაგან“ (ხილონიმ) განსხვავებით თავის თავს ასე მოიხსენიებს: „ღვთის მოსავნი“ (ადუკიმ) და „რელიგიურნი“ (დათიმ). ის ეწინააღმდეგებოდა ებრაელთათვის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების გაფართოებას და, აქედან გამომდინარე, საერთოდ, არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ებრაულ განმანათლებლობას (ჰასქალა), რაც მათი აზრით შეუთავსებელია ებრაელობის, როგორც ღვთის რჩეული ხალხის, თავად არსებობასთან. მათი აზრით, გეტოს გაუქმება გამოიწვევდა ებრაელთა სწრაფ ასიმილაციას და, საბოლოოდ, დაემუქრებოდა იუდაიზმს, როგორც მოძღვრებასა და ცხოვრების წესს. ამიტომაც მათი მესვეურნი იქამდეც მიდიოდნენ, რომ ადგილობრივი სახელმწიფო ენის შესწავლასა და გამოყენებაზეც კი უარს ამბობდნენ.

კონსერვატორული იუდაიზმი წარმოიშვა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. კონსერვატორები არ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ებრაელობა ზიარებოდა დასავლურ სეკულარულ კულტურას და ჩართულიყო მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა გააზრებული ჰქონდათ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა ცვლილებებს ებრაელობის რელიგიურ ყოფაში. იმ ისტორიულ ჭეშმარიტებასაც ხედავდნენ, რომ ისრაელის ცხოვრებაში ყოველთვის იყო პერიოდები, როცა აუცილებელი ხდებოდა რელიგიური კანონების მისადაგება შექმნილ სასიცოცხლო გარემოსთან.

კონსერვატორები ცდილობდნენ მოეხდინათ სინთეზი ტრადიციისა რეფორმებთან, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ჰალახის პრინციპებსა და იუდაიზმის სულისკვეთებას, ანუ რეფორმები არ უნდა შეხებოდა რელიგიის ფუძემდებლურ პრინციპებს და შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ებრაული ენის ლიტურგიული სტატუსი, დაცული ყოფილიყო წმიდა-არაწმიდას კატეგორია და შაბათის სიწმიდე. ამ მიმდინარეობის მესვეურთა რწმენით, იუდაიზმი ცოცხალი და დინამიკური ორგანიზმია, რომელსაც აქვს უნარი გარესამყაროში მიმდინარე ცვლილებებისადმი შეგუებისა და ტრანსფორმაციისა ისე, რომ არ დაკარგოს თავისი მარადიული და უცვლელი არსი.

რეფორმისტული იდეების ცალკეული გამოვლინებები ახალ დროს ეკუთვნის. გააზრებული იქნა, რომ ებრაულ რელიგიაში ბევრი რამ არის ადამიანური წარმოშობის, რომ ადამიანებმა თავიანთი ნებით ბევრი დამატება შეიტანეს ღვთის გამოცხადებაში. ამიტომ აუცილებელია რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალის მისადაგება დროების სულთან, ებრაელობის, როგორც სახელმწიფოს მოქალაქეთა სტატუსის შეცვლა. პირველი ნაბიჯი რეფორმისკენ ამსტერდამში გადაიდგა, სადაც განხორციელდა ლიტურგიის რეფორმა: ამოღებული იქნა ყავლგასული ლოცვები და შემოღებული იქნა ქადაგება ჰოლანდიურ ენაზე. მაგრამ რეფორმიზმის ცენტრი მაინც გერმანია შეიქნა. ჯერ კიდევ მოშე მენდელსონი (1729-1786) აუცილებლად მიიჩნევდა ებრაელთაგან გერმანული ენის შესწავლასა და გერმანულ საზოგადოებასთან ებრაელობის ინტეგრაციას. იუდაისტური რეფორმაცია, ამრიგად, ემანსიპაციისა და განმანათლებლობის (ჰასკალა) იდეებს ეფუძნებოდა. გერმანიის ზოგიერთ სინაგოგაში გერმანულად იკითხებოდა ქადაგებები და იგალობებოდა საგალობლები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთ სინაგოგაში ლოცვანიდან ამოიღეს ფრაზები მესიის მოლოდინზე, ებრაელი ხალხის ღვთივრჩეულობაზე, სიონზე დაბრუნებაზე, ანუ ყველაფერი, რასაც ნაციონალური და არა ზოგადსაკაცობრიო ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ორთოდოქსთა მხრიდან წინააღმდეგობისა, რეფორმისტული მოძრაობა მეტნაკლები რადიკალიზმით გავრცელდა ავსტრიის, უნგრეთის, საფრანგეთის, დანიის, ინგლისის ქალაქებში. ბრიტანეთში რეფორმისტები უფრო შორს წავიდნენ: აღიარებდნენ რა თანახს (ბიბლიას), როგორც ღვთის სიტყვას, უარყოფდნენ თალმუდს, როგორც ადამიანურ შემოქმედებას.

რეფორმისტებს შორის არიან ჯგუფები, რომლებიც, მიუხედავად ორთოდოქსთა სასტიკი წინააღმდეგობისა, მხარს უჭერენ ქალთა ემანსიპაციას თვით იქამდე, რომ მოითხოვენ მამაკაცთა და ქალთა სრულ თანასწორუფლებიანობას რელიგიურ ცხოვრებაში, კერძოდ, სარწმუნოებასთან რაიმე შეუსაბამოს ვერ ხედავენ ქალის რაბინობაში.

მათი ლოიალობა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ შემდეგნაირად არის გამოთქმული: „ჩვენ ვაცხდებთ, რომ სოლიდარულნი ვართ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ. მათი გამარჯვებები ჩვენი გამარჯვებებია. მათი განსაცდელები ჩვენი განსაცდელებია. მათი ბედი ჩვენი ბედია“. რეფორმიზმი ეყრდნობა თორის ფუძემდებლურ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატებად და მსგავსებად და ამიტომაც თითოეული ადამიანის ცხოვრება, განურჩევლად აღმსარებლობისა, კურთხეულია. ამ კუთხით, რეფორმიზმის ერთ-ერთი პოსტულატია: „ჩვენ გვსურს ვიხილოთ ისრაელის სახელმწიფო თავისი მოსახლეობის სამოქალაქო, რელიგიურ და ზოგადსაკაცობრიო უფლებათა დამცველად, რომელ ეროვნებას და რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი და ვესწრაფით სამართლიანი მშვიდობის დამყარებას ისრაელსა და მის მეზობლებს შორის“. რეფორმისტებს აქვთ თავიანთი სინაგოგები და ჰყავთ რაბინები როგორც ისრაელში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ევროპაში, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში). რეფორმიზმის ცენტრი ისრაელშია, რომლის სათავეში დგას „ებრაელთა გაერთიანებული კოლეჯი“ (Hebrew Union Coledge), რომელიც გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა ამზადებს რაბინებს, გარშემო იკრებს რეფორმისტულად განწყობილ ახალგაზრდობას და სხვ.

მიუხედავად აშკარად გამოკვეთილი სეკულარული ტენდენციებისა, რეფორმისტებს მიაჩნიათ, რომ ორი რამ ხელშეუხებელი რჩება იუდაიზმში: მონოთეიზმი და მორალური მცნებები. ხოლო ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ტაძართან, არაარსებითია და, ამდენად, წარმავალი ღირებულებისაა. რიტუალი ამ იდეების გამოხატვის მხოლოდ საშუალებაა, ამიტომაც იგი ცვალებადი ელემენტია იუდაიზმში. იდეა წარუვალია, საშუალება კი - წარმავალი. რაც შეეხება მესიანიზმს, რომელიც იუდაიზმს საუკუნეთა განმავლობაში გასდევს, რეფორმისტები მასში უნივერსალურ აზრს დებენ და იგი ვიწროეროვნული მნიშვნელობით აღარ ესმით.

ხასიდიზმი. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოშობილმა თავისებურმა მისტიკურმა რეფორმისტულმა მოძრაობამ ხასიდობამ (ებრ. ხასიდუთ) ისრაელში გადაინაცვლა და დღესდღეობით ეზოთერული სახით განაგრძობს არსებობას. თავდაპირველად იგი მდაბიო, წერაკითხვის სრულიად უცოდინარი ხალხის რეაქცია იყო თალმუდის წიგნური რელიგიისა და სიბრძნისადმი. მისი დამაარსებელი ისრაელ ბენ ელიეზერი (1700-1760) თუმცა არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ ის ამბობდა, რომ შესაძლებელია მათ გარეშეც აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტნაკლებად ყველა ადამიანში მოიძევება. „უფალმა სიწმიდის ნაპერწკლები ჩადო ბუნების ყოველ ნივთში, ორგანულშიც და არაორგანულშიც. მას სურს, რომ ადამიანმა გამოაკვესოს ეს ნაპერწკლები თავისი წმიდა საქმეებით და მათ წყარომდე აიყვანოს ისინი“, - ხასიდობის დამაარსებლის ამ ფრაზებმა გამოხატეს ხასიდობის მთელი არსი. და კიდევ: „რასაც მე მივაღწიე, ლოცვით მივაღწიე და არა თალმუდის შესწავლით“. ხასიდობამ ადამიანის პიროვნების განუმეორებლობას დასდო ფასი. თითოეული ადამიანის უნიკალობა და სიღრმე აღმოაჩინა ხასიდურმა მისტიკამ უბრალო ხალხში. თუ თალმუდი, როგორც კედელი, იცავდა იუდევლობის თავისთავადობასა და განსაკუთრებულობას, რომ იგი ხალხებში არ გათქვეფილიყო, ხასიდობას უნდა დაეცვა თითოეული პიროვნების თავისთავადობა და უნიკალობა. ხასიდობა მოუწოდებდა ადამიანს, შეეცნო თავისი თავი, რათა სრულყოფილად გამოევლინებინა საკუთარი შესაძლებლობები ღვთის სამსახურში. ხასიდმა თავისი ინდივიდუალური გზა უნდა მონახოს ღვთისკენ. ხასიდი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე არა მხოლოდ საკუთარი პიროვნებისთვის, არამედ ყოველი არსებისთვის, მთელი ნივთიერი სამყაროსთვის. ის შუამავალია გამჩენსა და გაჩენილს შორის, რომელიც მან კვლავ ღმერთამდე უნდა აიყვანოს. ნივთიერ სამყაროში გაფანტული „ღვთიური ნაპერწკლები“ ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს და აიყვანოს ქვედა საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურებზე, ვიდრე საბოლოოდ არ მიაღწევს ღმერთს, ვიდრე არ მიიღწევა სრული ერთიანობა შემოქმედსა და ქმნილებას შორის. თითოეული ხასიდი თავისი მოქმედებით, ღვთისადმი სრულყოფილი მსახურებით აახლოებს მესიის მოსვლის ჟამს. პიროვნული ხსნა ებრაელი ხალხის და, შესაძლოა, მთელი კაცობრიობის ხსნისკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.

ნეტურეი კართა. ხასიდობის განაყოფია ულტრაორთოდოქსული თემი ნეტურეი კართა, ანუ „ქალაქის მცველნი“, როგორც იწოდებიან თალმუდში თორის სრულყოფილად მცოდნენი და მისი მცნებების განუხრელი დამცველნი. მათ სხვაგვარად დათიმებს (დათიმ) უწოდებენ, რაც „რელიგიურებს“ ნიშნავს. მცირერიცხოვნობის მიუხედავად (მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ოჯახს ითვლის), ისინი გამორჩეულნი არიან იუდაიზმში, როგორც რელიგიური ექსტრემისტები. ცხოვრობენ უპირატესად იერუსალიმში და ხასიდების მიერ დაარსებულ ქალაქ, ბნეიბრაკში. ნეტურეი კართას ღვთის მგმობელ ქმედებად მიაჩნია ისრაელის საერო სახელმწიფოს შექმნა და არ ცნობს მას, როგორც ჰალახას პრინციპების უარისმყოფელს. მათი რწმენით, ამგვარი სახელმწიფოს არსებობა აშორებს ქვეყანას და ხალხს მესიის მოსვლის ჟამისგან. ბევრი მათგანი არ აღიარებს არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს, არამედ უზენაესი რაბინატის სასამართლოს იურისდიქციას, უარს ამბობს სახელმწიფოსგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღებაზე, რამდენადაც ღვთის გმობად მიაჩნიათ მისი მოქალაქეობა. ნეტურეი კართა იქამდეც კი მიდის, რომ აშკარად უჭერს მხარს პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას, უფრო მეტიც: ისრაელის დამოუკიდებლობის დღე (14 მაისი) მათგან გლოვის დღედ არის გამოცხადებული; ამ დღეს ისინი დემონსტრაციულად წვავენ ისრაელის სახელმწიფოს დროშას და შეურაცხყოფენ მის სიმბოლოებს. ყოველგვარი სეკულარიზაციის მოწინააღმდეგენი, ისინი, კერძოდ, პროფანაციად მიიჩნევენ ებრაული ენის გამოყენებას ყოველდღიურ სასაუბრო ენად.

მიუხედავად ზოგჯერ რადიკალური განსხვავებებისა, იუდაიზმის ყველა მიმართულების (მიმდინარეობის) ცენტრალურ თეოლოგიურ და ეთიკურ თემებად რჩება: შენდობა, შაბათი, ისრაელის მიწა, თანახი (თალმუდთან ერთად), მესიანური იდეა.

დღეისათვის აშშისა და ევროპის ებრაელთა უმრავლესობა რეფორმირებულ იუდაიზმს მიაკუთვნებს თავს, ხოლო ისრაელში უმრავლესობას ორთოდოქსები წარმოადგენენ.

მოძღვრება

იუდაიზმის მრწამსი ასეთია: არსებობს არარაობისგან სამყაროს შემოქმედი ღმერთი, რომელიც ერთია, უსხეულო, უხილავი, მარადიული; ღმერთი ხედავს თითოეული ადამიანის ფიქრებს და საქმეებს; ყოველი ადამიანის ლოცვა უშუალოდ მისკენ აღვალს, იგი სახელით ცნობს თითოეულ ადამიანს; ღმერთი წყალობს კეთილთ და სჯის უკეთურთ; არსებობს უკანასკნელი სამსჯავრო; მოვა მესია და მკვდრები აღდგებიან.

ეს არის იუდაიზმის ძირითადი პრინციპები, მაგრამ იუდაიზმის თავისებურება, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ის არის, რომ არ არსებობს ერთიანი მოძღვრება, რომელიც ამ პრინციპების ერთადერთ ინტერპრეტაციას მისცემდა მორწმუნეს. ერთნი, ორთოდოქსები, ფიქრობენ, რომ პრინციპები უცვლელია და აბსოლუტური; მეორენი, რეფორმატორები, ამბობენ, რომ ისინი დროთა ვითარებაში იცვლებიან; მესამეთათვის (ლიბერალებისთვის) ისინი მხოლოდ მითითებებია, რომელთა შესრულებადაცვა ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული. ადამიანს შეუძლია აირჩიოს, რომელს გაჰყვეს და რომელს - არა.

იუდაიზმის თანახმად, მსოფლიო ისტორია, ებრაელი ხალხის ისტორიის ჩათვლით, არ არის დაუსრულებელი პროცესი. ისტორიას აქვს მიზანი, მაშასადამე, დასასრული. ბიბლიურ წინასწარმეტყველთა ქადაგებებში ქვეყნის დასასრულის ორი პერსპექტივაა გაცხადებული იმისდა მიხედვით, თუ როგორი მორალური სახით შეეგებება ადამიანი განკითხვის დღეს („უფლის დღეს“). წინასწარმეტყველი ამოსი (ძვ.წ. VIII ს.) ამბობდა: „ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გსურთ უფლის დღე? ბნელია იგი და არა ნათელი!.. წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში“. მაგრამ ესაია ხალხს აიმედებდა: „ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტი ღვთისგან იქნება კურთხეული. ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტი ღვთის მოფიცარი იქნება. რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება... რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა... დღისით მზე აღარ გექნება მანათობლად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად....“. ადამიანის მართალი ცხოვრება, მისი ცხოვრებისეული ზნეობრივი აქტები მომავლის ჰარმონიას განაპირობებს, რომელიც სამოთხის ბაღში ადამის შეცოდების მიზეზით დაირღვა: „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წარუძღვება მათ...“

იუდაიზმში დამკვიდრდა ტრადიცია, არ გამოიყენონ ღმერთის სახელი ჩვეულებრივ მეტყველებაში. მას ცვლიან სიტყვით ადონაი (უფალი). ამ წესის დასამკვიდრებლად, წმიდა ტექსტების მცველები თანხმოვან ასოებს აწერდნენ სიტყვა იაჰვეს - ეს იყო გახმოვანების ნიშანი სიტყვისათვის ადონაი. აქედან გავრცელდა ტრანსკრიფცია იეჰოვა, დამახინჯებული ფორმა სიტყვისა იაჰვე.

მრწამსის ფორმულა გამოხატულია სიტყვებით: შმა ისრაელ („ისმინე, ისრაელ“). შმა ისრაელ მონოთეისტური იდეის გამომხატველი სიტყვებია თორიდან. ასე იწყება ფრაზა: „შმა ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია“ (რჯლ. 6:4). შმამ ებრაულ სულიერ ცხოვრებასა და ლიტურგიაში ერთ-ერთი ცენტრალურ ადგილი დაიკავა. მისი კითხვა (კრიათშმა) რელიგიურ მოვალეობად ჯერ კიდევ ახ. წ. III საუკუნეში იყო გამოცხადებული. ზეპირი კანონი ამ ბიბლიურ მოწოდებას ერთ-ერთ აღთქმად მიიჩნევს და ამის საფუძველზე მის წარმოთქმას ყოველ დილასა და საღამოს აწესებს. მიშნა განსაზღვრავს შმას როგორც ერთი და ერთადერთი ღმერთის ერთგულების დეკლარირებას, როგორც მისი მსახურებისა და აღთქმების აღსრულების ვალდებულებას.

ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსებად. ეს დებულება ფუძემდებლურია იუდაისტური ანთროპოლოგიისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ისევე თავისუფალია თავისი ნების (თავისი უფლების) აღსრულებაში, როგორც ღმერთი. უფრო კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფალია არჩევაში კეთილსა და ბოროტს შორის, რომელთა გარჩევის უნარი მას მიეცა სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ. მართალია, - ამბობს იუდაიზმი, - რომ ადამიანის გარკვეული ასპექტები (თვისებები, ნიჭი, პოტენცია, ინტელექტუალური შესაძლებლობები და სხვ.) დაბადებიდანვე განსაზღვრულია გამჩენი ღვთის მიერ, მაგრამ ამ მონაცემთა წრეში ადამიანი სავსებით დამოუკიდებელია ზნეობრივ არჩევანში. ამიტომ იუდაიზმი თვლის, რომ ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია თავის საქციელზე.

იუდაიზმისთვის სინამდვილე ერთფეროვანი არ არის: უფალო, ჩვენო ღმერთო, - ლოცულობს იუდეველი შაბათის გასვლის ჟამს, - შენ ბრძანე, რომ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან წმიდა და სადაგი, ნათელი და ბნელი, ისრაელი და სხვა ხალხები, მეშვიდე დღე და საქმიანობის ექვსი დღე. როგორც გამოგვაცალკევე, უფალო, ღმერთო ჩვენო, ქვეყნიერების ხალხებისგან, ისევე გვიხსენი ბოროტი სატანისგან... ჭეშმარიტ იუდეველს ევალება გაარჩიოს (ე.წ. ჰავდალას ანუ გამიჯვნის პრინციპი) ყველა სფეროში წმიდა რიოშისგან, ყოველდღიურისგან, - ეს რელიგიური თვალსაზრისით, ხოლო ზოგადად, მთავარი და მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანისგან და უმნიშვნელოსგან. რეალობის განსხვავებულ სფეროთა აღრევა ყველაზე ძნელი ასატანია იუდეველის ცნობიერებისთვის. ყველაზე არაბუნებრივი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის შეუთავსებელთა შეთავსება, ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა კომპრომისი.

იუდეველს სწამს, რომ თუ მან მკაცრად დაიცვა ჰავდალას წესი, უფალი მოავლენს მესიას და ხსნას. ნათქვამია: მესია მაშინ მოვა, თუ მთელი ებრაელობა ორ შაბათს ერთმანეთის მიყოლებით დაიცავს.

ბიბლიური ეპოქიდან მოკიდებული, არ შეწყვეტილა მესიის მოსვლისა და მესიანური ჟამის მოლოდინი. ეს არის ებრაელ წინასწარმეტყველთა ძირითადი თემა, რომელიც განაგრძობს არსებობას იუდეველის რელიგიურ და, თუნდაც, ყოფით ცნობიერებაში. მესიის მოსვლასთან დაკავშირებულია ხსნა (გეულა). იგი გამოიხატება წმიდა მიწაზე ისრაელის დაბრუნებითა და იერუსალიმის ტაძრის აღდგენით, რითაც უფალი განასრულებს ყველა აღთქმას, რაც თავის რჩეულ ხალხს დაუდო. დაბრუნება (თეშუვა) იუდაიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორალურ-რელიგიური კატეგორიაა. სიტყვა „დაბრუნება“ გააზრებულია როგორც პიროვნების საყოველთაო აღდგენა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მის აწმყოს, არამედ მის წარსულს და მომავალს ერთჟამობაში. საბოლოოდ, დაბრუნების ჟამი უფლის მეუფების დამკვიდრების ჟამია. გარკვეული აზრით, იუდაიზმი ამ ჟამის განუწყვეტელი მოლოდინია. ეს ესქატოლოგიური თემა იყო მთავარი მოტივი წინასწარმეტყველთა ნაწერებში. ერთი ესპანელი პოეტი შუა საუკუნეებში სვამდა კითხვას: რატომ არ მოდის იშაის ძე? (იშაის ანუ იესეს ძე დავითია). იგივე კითხვა ძალაშია დღემდე. ებრაელთა იმედი დღემდე არ გადაწურულა. „იდიდოს და იწმიდოს მისმა დიადმა სახელმა სამყაროში, რომელიც შეიქმნა მისი ნებით. გაამეფოს თავისი მეფობა და აღმოაცენოს თავისი ხსნა, მოაახლოოს თავისი ცხებული თქვენს სიცოცხლეში, თქვენს დღეებში, მთელი ისრაელის სახლის სიცოცხლეში, დაუყოვნებლივ, უახლოეს ჟამს. წარმოთქვით: ამინ!“ - მიმართავს კანტორი (მგალობელთა ხელმძღვანელი) შაბათის მწუხრზე სინაგოგაში შეკრებილებს.

ამქვეყნიური ცოდვებისთვის ადამიანს საიქიოში სასჯელი მოელის, მაგრამ სასჯელი უფრო განწმედის პროცესია, ვიდრე საბოლოო დასჯა. იუდაიზმში მიუღებელია სამუდამო ჯოჯოხეთის არსებობა. იუდაიზმი მიიჩნევს, რომ ადამიანს არ ძალუძს ისეთი ცოდვის ჩადენა, რომლისთვისაც მარადიულ სასჯელს დაიმსახურებს. ცოდვილის სული სალხინებელში იწმიდება, რათა ღმერთთან სიახლოვის ღირსი შეიქნას. ყველა ადამიანი თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით ღმერთთან სიახლოვის ხარისხს იმსახურებს. ამგვარად, სასჯელი სასურველიც კი არის ცოდვილი ადამიანისთვის - იგი გზას უხსნის მას სასუფეველში.

იუდაიზმი მკვდრეთით აღდგომას აღიარებს, რომლის წინასწარმეტყველებას ის იუდეველთა წმინდა ტექსტებში კითხულობს. დასამარებული, გახრწნილი და გაცამტვერებელი ძვლები სულთან კვლავ შეერთებას მოელის, თუმცა ამ თემაზე გარკვევით ჩამოყალიბებული აზრი იუდაიზმში არ არსებობს.

ამ რელიგიის უნიკალურობას ორი ურთიერთსაპირისპირო იდეა განსაზღვრავს: ეროვნული რჩეულობა და უნივერსალიზმი. სწორედ რჩეულობის შესახებ მოძღვრება გახდა დამაბრკოლებელი ფაქტორი იუდაიზმის გავრცელებისათვის სხვა ხალხებში, თუმცა ყოფილა შემთხვევები სხვა ეროვნების ადამიანთა და ზოგჯერ მთელი ეთნიკური ჯგუფების მიერ იუდაიზმის აღიარებასა.

დღესასწაულები

ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ ითვლება შაბათი. „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდა ჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან“, - ნათქვამია თორაში. შაბათის დადგომა აღინიშნება სანთლების დანთებით, განსაკუთრებული კურთხევით და სადღესასწაულო ტრაპეზით პირველი სამი ვარსკვლავის ამოსვლისას პარასკევ საღამოს. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა (ცეცხლის დანთებაც კი), ტრანსპორტით გადაადგილება და სიმშვიდის ყველანაირი დარღვევა. შაბათი იუდეველმა ლოცვებსა და თორის კითხვას უნდა მიუძღვნას.

იუდაიზმის მთავარი დღესასწაულები წარმოშობითვე ორგვარ ხასიათს ატარებს: ისინი აღნიშნავენ, როგორც წელიწადის სეზონების ცვლილებას, ისე ისტორიულ მოვლენებს.

ებრაული წელიწადის სამი მთავარი დღესასწაულია ფესახი, შავუოთი და სუქოთი, რომელთაც ტრადიციულად მომლოცველობის დღესასწაულები ეწოდება, რადგან მოსეს რჯული ყოველ ისრაელიანს ამ დღესასწაულებზე იერუსალიმის მოლოცვას და ტაძარში მსხვერპლის შეწირვას ავალებდა.

პესახი, რომელიც გაზაფხულის პირზე იდღესასწაულება, ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. გრძელდება ერთ კვირეულს. პირველი და მეშვიდე დღეები უქმეა, ისინი გათანაბრებულია შაბათთან (მხოლოდ საჭმლის კეთებაა დაშვებული), დანარჩენ დღეებში შეიძლება საქმიანობა, ოღონდ მცირეოდენი შეზღუდვებით. სადღესასწაულო დღეებში საფუარიანი საკვები აკრძალულია. პესახის ძირითადი რიტუალური წესია 7 დღის განმავლობაში მაცის ჭამა - განსაკუთრებული ბურღულეულით დამზადებული პურისა, ეგვიპტური მონობის მოსაგონებლად. 7 დღის განმავლობაში იკრძალება სახლში საფუარის შემცველი საკვების შენახვაც კი. პირველ და მეორე დღეს განსაკუთრებული ტრაპეზი იშლება - სებერი, რომლის განმავლობაში ყოველმა ზრდასრულმა ებრაელმა 4 ჭიქა ღვინო უნდა იხმიოს. დღესასწაულის წინა საღამოს, როცა საზეიმო სუფრა გაწყობილია, ბავშვის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს, ოჯახის უფროსი კითხულობს აგადას, სადაც ეგვიპტიდან გამოსვლის ამბავია მოთხრობილი.

შავუოთი (კვირეული) პასექიდან შვიდი კვირის თავზე სივანის (მაისივნისი) თვეში იდღესასწაულება. ტრადიციულად იგი ეძღვნება პურის მკის დასაწყისს, როცა პირველი თაველები შეიწირებოდა უფლისათვის. ამავე დროს, ეს დღეები დაუკავშირდა რჯულის (თორის) მიღებას სინაის მთის ძირას, სადაც ეგვიპტიდან ამოსული ისრაელიანები დროებით დაბანაკდნენ.

სუქქოთის (კარვობის) ასევე შვიდდღიან დღესასწაულს ორმაგი დატვირთვა აქვს: ამ დროს აღინიშნება მოსავლის აღება და იმ ისტორიული პერიოდის გახსენება, როცა უდაბნოში მოხეტიალე ისრაელიანები კარვებში ცხოვრობდნენ (ამის აღსანიშნავად ყოველი ებრაელის ოჯახი შვიდი დღით ნედლი შტოებისგან გაკეთებულ კარვებში ცხოვრობს). მედღესასწაულენი პირველ დღეს უქმობენ, დანარჩენი დღეები სადაგია.

ახალი წელი როშ ჰაშანა (წლის სათავე) იდღესასწაულება ებრაული კალენდრის პირველი თვის თიშრის (სექტემბერ-ოქტომბერი) პირველ ორ დღეს. ამ დღეებში ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის.

ახალი წლის დღეებს მოსდევს მარხვისა და მონანიების ათი დღე, რომლის კულმინაცია არის იომ კიფური ანუ „შენდობის დღე“, როცა შესაძლებელია ახალი წლის დღეს გამოტანილი განაჩენის შეცვლა.

ხანუქა (სატფურება, განახლება) იდღესასწაულება ქისლევის (ნოემბერ-დეკემბერი) თვეში ბერძნებისგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ.წ. IIს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმიდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. დღესასწაულისას რვა დღის განმავლობაში სასანთლეზე (მენორა) თითო სანთელი ინთება.

ფურიმიც ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელი დღესასწაულია: ამ დროს, ადარის თვის (თებერვალ-მარტი) 1415 რიცხვებში იკითხება „ესთერის გრაგნილი“ (მეგილათ ესთერ), რომელიც მოგვითხრობს ებრაელი ხალხის სასწაულებრივ გადარჩენას სრული განადგურებისგან, რომელიც მას წილის ყრით (ფურ - წილი) განუმზადა სპარსეთის კარისკაცმა ჰამანმა.

როგორც ზემოთ ითქვა, იუდაიზმში მიღებულია მარხვის შენახვა და, როგორც წესი, ის ებრაული ისტორიის მძიმე ფურცლების გახსენებას უკავშირდება. მარხვის წესი დღის განმავლობაში, მზის ჩასვლამდე, სასმელსა და საკვებზე მთლიანად უარის თქმას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვან მარხვებად მიიჩნევა თიშა ბეავ - პირველი და მეორე ტაძრის დანგრევის დღე, ცომ გედალია - გედალიას, იუდეის ბოლო ებრაელი მმართველის, მკვლელობის დღე (ძვ.წ. 186წ.), ასაბაბეთევეთ - იერუსალიმის დაცემის დღე (ძვ. წ. 586 წ.) და შივაასარბეთამუ - რომაელთა მიერ იერუსალიმის დანგრევის დღე (ახ. წ. 70 წ.).

იუდაიზმში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქაშრუთს - საკვების აკრძალვის წესს. აკრძალულია ღორის ხორცის, არაწყვილჩლიქოსანი (ცხენი, ვირი) და უჩლიქო (კურდღელი) ცხოველების, მტაცებელი ფრინველების, უფარფლო თევზის საკვებად გამოყენება. სუფთა საკვებად მიიჩნევა ცხვარი, თხა, ძროხა, ოღონდ ხორცი განსაკუთრებული წესით უნდა იყოს მომზადებული: სისხლისგან მთლიანად უნდა გაიწმინდოს. არსებობს აგრეთვე აკრძალვა ხორცისა და რძის პროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის შერეულ მიღებაზე.

რიტუალთაგან ებრაელის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია წინადაცვეთა, რომელსაც ერთდროულად რელიგიური და ნაციონალური ხასიათი აქვს. დაბადებიდან მერვე დღეს წინადაიცვეთს ყოველი მამრი ღმერთსა და მას შორის აღთქმის ნიშნად. ამ დღეს ეძლევა მას სახელი. მოწიფულობის ასაკის მიღწევისას ებრაელი ბავშვი ხდება ბარმიცვა ანუ „მცნების ძე“, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუძლია თორის მცნებათა აღსრულება. ამ დღეს, როცა მას 13 წელი და ერთი დღე უსრულდება, მიიწვევენ სინაგოგაში დამოუკიდებლად შედგენილი ქადაგებისა და თორის წასაკითხად და იგი ხდება ებრაელობის სრულუფლებიანი წევრი. ამიერიდან იგი პასუხისმგებელია თავის საქციელზე. გოგონასთვის ბათმიცვას („მცნების ასული“) სტატუსი 12 წლისა და ერთი დღის ასაკში დგება. ამ დღეს გოგონა ლოცვების კითხვით სინაგოგაში ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. ეს დღე ოჯახშიც და სკოლაშიც აღინიშნება. ზოგან კი მის მამასაც და ძმებსაც იწვევენ სინაგოგაში თორის წასაკითხად. ხშირად ორივე ამ რიტუალის აღსრულებას შავუოთის დღესასწაულს ამთხვევენ.

თალმუდის ეპოქაში ებრაული ქორწინების წესიც ჩამოყალიბდა, რაც ნიშნობის (კიდუშინ), საქორწინო კონტრაქტისა (ქთუბა) და საქორწინო ცერემონიის რიტუალებს მოიცავს. ქორწინებას რაბინი აღასრულებს ორი მოწმის თანდასწრებით.

მსახურება

ტაძრის დანგრევამდე სატაძრო ღვთისმსახურების (რომლის ძირითადი კომპონენტი მსხვერპლშეწირვა იყო) უფლება მხოლოდ აარონიდების, აარონის (მოსეს ძმის) შთამომავლებს ჰქონდათ. აარონიდები სამღვდელოების უმაღლესი კატეგორიის კოჰანიმები (მღვდელმთავრები) იყვნენ. მათ ლევიტელები ემსახურებოდნენ, ლევის შთამომავლები. იერუსალიმის ტაძრის მსახური საზოგადოების გამორჩეულ კატეგორიას განეკუთვნებოდა. დღესაც მსახურთა შთამომავლები განსაკუთრებულ რიტუალურ ფუნქციებს ასრულებენ და გარკვეულ აკრძალვებს იცავენ. მაგალითად, კოჰანიმი არ უნდა იმყოფებოდეს იმ სახლში, სადაც მიცვალებულია, არ უნდა დაქორწინდეს ქვრივზე ან ქმარგაყრილზე და ა.შ.

იერუსალიმის პირველი ტაძრის დანგრევის (ძვ.წ. 686) შემდეგ ღვთისმსახურება კარდინალურად იცვლება. თუ ტაძრის არსებობის პერიოდში ღვთისმსახურების ძირითადი სახე მსხვერპლშეწირვა იყო, ამიერიდან, უტაძრობის პერიოდში, აქცენტმა წმიდა წერილის შესწავლაზე, კომენტირებასა და წიგნების კოდიფიკაციაზე გადაინაცვლა. ეს პროცესი განსაკუთრებით გაღრმავდა მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ (ახ.წ. 70 წ.). ებრაელობამ ამ კატასტროფის შედეგად დაკარგა ტაძარი, აღთქმული მიწა, მიწასთან ერთად სახელმწიფოებრიობა და იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებული კულტი. იამნიის აკადემიის დამაარსებელი ფარისეველთა სექტის უკანასკნელი წარმომადგენელი იოხანან ბენ ზაქაი ამბობდა, რომ იუდაიზმს შეუძლია ტაძრისა და პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშეც გააგრძელოს არსებობა.

ტაძრის დანგრევის შემდეგ რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად სინაგოგა იქცა. სინაგოგაში აუცილებლად უნდა იყოს სპეციალური სათავსო, რომელშიც თორის გრაგნილები ინახება, იგი ემიჯნება კედელს, რომელიც იერუსალიმისაკენ იყურება. დარბაზის ცენტრში არის ბიმი, ამაღლებული ადგილი მაგიდით თორის საკითხავად. სინაგოგის ატრიბუტებია: მენორა - შვიდსანთლიანი შანდალი, რომელიც იერუსალიმის ტაძრის შანდლის სიმბოლოა, ლომისა და არწივის გამოსახულებიანი კიდობანი თორის გრაგნილით, ქვის დაფები ათი მცნების საწყისი სიტყვებით და დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი - მოგენდავიდი, რომელიც გადმოცემის თანახმად, მეფე დავითის ფარზე იყო აღბეჭდილი. რამდენადაც იუდაიზმში ღმერთს ხატება არ გააჩნია, საკრებულოში ღმერთისა და ასევე ადამიანის გამოსახვა აკრძალულია.

სინაგოგაში მსახურებისას ცენტრალურ ფიგურას რაბი (რაბინი) წარმოადგენს. სეფარადულ თემში კი ამ ფუნქციას ხახამი - რელიგიური ტრადიციის დიპლომირებული მცოდნე ასრულებს, რომელიც უფლებამოსილია დამოძღვროს კეჰილა, რელიგიურ სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა, ასწავლოს რელიგიურ სასწავლებელში. ორთოდოქსულ იუდაიზმში რაბინი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს, მაგრამ არაორთოდოქსულ ნაკადში ეს შესაძლებლობა ქალებსაც ეძლევათ. სინაგოგაში ღვთისმსახურების დროს ლოცულობენ ერთად და ინდივიდუალურადაც, კითხულობენ თორას, გუნდი კანტორის ხელმძღვანელობით გალობს. შაბათობით და დღესასწაულებზე იკითხება წინასწარმეტყველებები. ორთოდოქსულ სინაგოგაში ქალების ადგილი გამოყოფილია ან ისინი იარუსზე სხედან. რეფორმირებულ სინაგოგაში ქალები და მამაკაცები ერთად სხდებიან. სინაგოგაში, როგორც წესი, სარიტუალო განბანისათვის (მიკვა) ცალკე ადგილია მიჩენილი.

დღის განმავლობაში აუცილებელია დილის (შაჰარით), დღისა (მინხა) და საღამოს (მაარივ) მსახურება, რომლებიც სრულდება როგორც საჯაროდ სინაგოგაში, ასევე ინდივიდუალურადაც, სახლში. საჯარო ლოცვას რელიგიური ზრდასრულობის ასაკს მიღწეული სულ მცირე ათი მამაკაცი უნდა ესწრებოდეს. სატაძრო მსხვერპლშეწირვის მოსაგონრად შაბათობით და დღესასწაულებზე განსაკუთრებული ლოცვა - მუსაფი - იკითხება. სინაგოგის ღვთისმსახურებაში ცენტრალური ადგილი უკავია ლოცვას შმონე ესრე (18 კურთხევა). მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე კადიში - მოსაგონარი ლოცვა, რომელიც ადამიანის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილის ვაჟმა უნდა აღავლინოს. დილის მსახურებისას ორშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით თორას თითო გრაგნილს კითხულობენ. მამაკაცები ლოცვისას სარიტულო სამოსით - თალესით - იმოსებიან (ეს არის თეთრი ფერის ოთხკუთხა ნაჭერი განსაკუთრებული ნახატით და გვერდებზე ფოჩებით), იხურავენ მრგვალ ქუდს (კიპა), იკეთებენ უსწორმასწორო ფორმის სალოცავ ქამარს. სადაგ დღეებში, დილის ლოცვისას, მორწმუნე შუბლსა და მარჯვენა ხელზე თეფლინს იმაგრებს, პატარა ყუთს, რომელშიც ლოცვის ტექსტი ინახება. სინაგოგაში ყოფნის დროს მამაკაცებისთვის თავსაბურავი აუცილებელია, უფრო მკაცრი იუდეველები მას ტაძრის გარეთაც ატარებენ.

იუდაიზმის გავრცელება

აღთქმულ ქვეყანაში საბოლოო დაბრუნების (ალია) რწმენა, რომელიც ვლინდება ყოველდღიურ ლოცვასა და პასქალურ სურვილში - „შემდეგ წელს იერუსალიმში!“ სიონიზმის საფუძველს წარმოადგენს. სიონიზმი ისტორიულ სამშობლოში - პალესტინაში დაბრუნებისა და იქ ებრაული სახელმწიფოს აღორძინების იდეით გამსჭვალული ნაციონალურ-პოლიტიკური მოძრაობა იყო და არის. მისმა ფუძემდებელმა თეოდორ ჰერცლმა (18601904) 1896 წელს გამოსცა წიგნი „ებრაული სახელმწიფო“, ხოლო 1948 წელს სიონისტური ორგანიზაციის აქტიური მოქმედების შედეგად შეიქმნა კიდეც სახელმწიფო ისრაელი.

ისრაელში იუდაიზმი სახელმწიფო რელიგიად არ არის აღიარებული (ანუ ის არ მიიჩნევა მოქალაქეთათვის სავალდებულოდ), მაგრამ, ამავდროულად, იგი სახელმწიფოსგან ბოლომდე არცაა გამიჯნული. მთელი რიგი საკითხებისა (ქორწინება, გაყრა, გარდაცვალება, გიიური - იუდაიზმის მიღება) უშუალოდ რელიგიურ უწყებათა პრეროგატივის სფეროში შედის. არის სხვა თემებიც, რომლებიც რელიგიური სასამართლოს, ბეით დინის მიერ განიხილება. ისრაელში გარკვეული კანონები გალაჰას საფუძველზეა დადგენილი.

ებრაელთა ყველაზე დიდი ჯგუფი ევროპელი ებრაელები - აშკენაზები - არიან. ისინი ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში სახლობენ. აშკენეზთა წიაღში აღმოცენდა სალაპარაკო ებრაული ენა იდიში. ებრაელთა მეორე მნიშვნელოვან ჯგუფს სეფარადები შეადგენენ. 1492 წელს სეფარადები ესპანეთიდან განდევნეს და ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, თურქეთსა და ბალკანეთში დასახლდნენ. მათ შეინარჩუნეს ესპანეთში შეთვისებული წეს-ჩვეულებები და ენა ლადინო, რომელიც ძველი ესპანური ენის ბაზაზე შეიქმნა. მოგვიანებით ევროპელი ებრაელების საპირწონედ აზიურ ქვეყნებში მცხოვრები ყველა ებრაელი სეფარადად იწოდა. აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა სხვა თემებიც: ფალაშები - ეთიოპიაში, „შავი ებრაელები“ - ინდოეთში, ესელონები - ჩინეთში და ირანელი ებრაელები.

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ებრაელთა რაოდენობა მსოფლიოში 13-დან 14 მილიონამდე მერყეობს, მათგან 4,6 მლნ. ისრაელში ცხოვრობს, ერთ მილიონზე მეტი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. იუდაისტური ორგანიზებული თემები 80-ზე მეტ ქვეყანაშია. იუდაიზმის მიმდევრები მისიონერობას არ ეწევიან. იუდეველად მიიჩნევა ყველა ადამიანი, რომელსაც ჰყავს ებრაელი დედა ან სწამს იუდაიზმი რელიგიური ადათწესების დაცვით, ანუ სხვა სარწმუნოების ადამიანისათვის იუდაიზმის მიღება შესაძლებელია, თუმცა ეს საკმაოდ რთულია. არაებრაელი, რომელიც იუდაიზმს მიიღებს, მოქცევის რიტუალის გავლის შემდეგ ხდება ებრაელი და მას თავის არაებრაულ წარმომავლობაზე საუბარი ეკრძალება. გარდა ამისა, არსებობენ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც იუდაიზმს აღიარებენ, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებენ ებრაელთაგან თავიანთ განსხვავებულობას. ესენი არიან სამარიტელები და ყარაიმები, ასევე იუდაიზმის მიმდევრები აფრიკაში (ეთიოპია, ზამბია, ლიბერია) ინდოეთში, ჩინეთში, ბირმაში, აშშსა და სხვა ქვეყნებში.

იუდაიზმი საქართველოში

ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელთა საქართველოში მოსვლას ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებასა და იავარქმნას უკავშირებს (ძვ. წ. 586 წ.). იეჰუდას სახელმწიფოდან ებრაელებს საქართველომდე მოუღწევიათ, მცხეთაში მისი მამასახლისისგან ხარკით მიწები აუღიათ და ძველი დედაქალაქის გარეუბანში, ზანავში დასახლებულან. მომდევნო პერიოდში საქართველოში დევნილ ებრაელთა კიდევ რამდენიმე ნაკადი შემოდის. მეორე ტალღა ახ.წ. I საუკუნეში რომაელი კეისრის იულიუს ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ (ახ. წ. 70 წ.) ჩნდება. „მოქცევაი ქართლისაიზე“ დაყრდნობით ზოგი ვარაუდობს, რომ ებრაელთა ერთი ტალღა საქართველოში ძვ. წ. 169 წელს ბარკოხბას აჯანყების დამარცხების შემდეგ შემოვიდა. IV საუკუნეში, მცხეთის გარდა, ებრაელებს ვხედავთ ურბნისსა და ბოდბეში, კოდისწყაროსა და ხობისში. VI საუკუნისათვის ისრაელიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, ბიზანტიიდან დაძრული, ჯერ დასავლეთ, ხოლო მოგვიანებით აღმოსავლეთ საქართველოში მკვიდრდება. ვარაუდობენ, რომ აქ X საუკუნეში, ხაზართა სამეფოს დაცემის შემდეგ, სლავი ტომებისგან დევნილი ხაზარი ებრაელების ერთი ნაწილიც დაბინავდა. XIXს. დამდეგს თურქეთიდან არამეელი ებრაელები (ლახლუხები) შემოსულან. ამავე პერიოდში ებრაელები ირანიდან და ერაყიდანაც გადმოდიან. ევროპელი ებრაელები (აშკენაზები) აქ პირველად 1804 წლიდან გამოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ IV საუკუნეში რამდენიმე უბნად დაყოფილ ქალაქ მცხეთის იმ ნაწილს, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, „უბანი ჰურიათა“ ეწოდებოდა. აქ მათ ძველთაგანვე ჰქონდათ თავიანთი რელიგიური ცენტრები, ე.წ. „ბაგინი ჰურიათა“. ეს ბეითქნესეთები (სინაგოგები) იყო. მემატიანენი მიუთითებენ, რომ ქართლის იმდროინდელ მოსახლეობაში თანაბარი უფლებით გავრცელებულ ექვს ენას შორის ებრაულიც ყოფილა, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს ებრაელობამ ადრევე შეითვისა ქართული ენა და იმთავითვე ეზიარა ქართულ ადათწესებსა და ზნეჩვეულებებს. „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ ხაზგასმულია იერუსალიმისა და ებრაელთა განსაკუთრებული როლი საქართველოში მონოთეიზმის იდეის გავრცელებისა და საქართველოს გაქრისტიანების საქმეში. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით, მცხეთელი ებრაელი ქალი სიდონია ქართული ეკლესიის პირველი წმინდანია, ხოლო ქართველი ებრაელი ელიოზ მცხეთელი - ქრისტეს კვართის ჩამომტანი საქართველოში. ამავე ქრონიკაში ნათქვამია: წმ. ნინომ, როდესაც ქართლში მოვიდა, პირველად ებრაელთა სინაგოგას, ბაგინად წოდებულს, მიაკითხა, რადგან მათი ენა, არამეული, იცოდა. იგი იქ რამდენიმე ხანს დარჩა და ამ ქვეყნის „ძალს განიცდიდა“. ეს ნიშნავს: იუდეველები უკვე ისე იყვნენ ქართულ სინამდვილეში ინტეგრირებულნი, რომ უცხოელს, მათთან სტუმრად მყოფს, ამ სინამდვილის ობიექტურად აღქმა შეეძლო. იმავე წერილობითი ძეგლიდან ჩანს, რომ მოციქულთა სწორმა პირველად ებრაელები გააქრისტიანა.

26საუკუნოვანმა მშვიდობიანმა თანაცხოვრებამ შექმნა ქართველი ებრაელის ფენომენი. იგი სიმბოლურად ორი ერის შვილია: ქართულ მიწას ამუშავებს, ქართულად მეტყველებს, ქართულ სახლს აშენებს და იმავ დროს მტკიცედ იცავს იუდაური ცხოვრების წესს. ებრაული, მათი მშობლიური ენა, რომელზეც დაწერილია ბიბლიის წიგნები, განაგრძობდა არსებობას სწავლულ რაბინთა წრეებში. ამ ენაზე სრულდებოდა ღვთისმსახურება ებრაულ სალოცავებში. ბეით ქნესეთი და მისი ეზო ყველა ჭირთათმენისა და სიხარულის ადგილი იყო ებრაელთათვის. ჯამაათის (ებრაული თემი, კეჰილა) ზრდასთან ერთად, ქალაქებსა თუ სხვა სახის დასახლებებში, მატულობდა სალოცავების რიცხვიც.

VIII-IX საუკუნეებში რაბინულთალმუდისტურ და ყარაიმულ მიმდინარეობათა დაპირისპირებამ საქართველოს ებრაელობაშიც ჰპოვა გამოძახილი. IX საუკუნეში საქართველო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ხაზართა სამეფოს ესაზღვრებოდა, რომლის ელიტამაც, როგორც ჩანს, VIII საუკუნის 40იან წლებში მიიღო იუდაიზმი. საქართველოში იუდაიზმის გავრცელებაში ყარაიმული მიმართულების ხაზართა წვლილზე ზუსტი ცნობები არ შემორჩა, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ X საუკუნის შუა ხანებში ხისდან იბნ შაფრუთს ხაზართა მეფესთან საქართველოს გავლით უნდოდა წერილი გაეგზავნა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ IX საუკუნის მიწურულს საქართველოში იუდაისტური ჯგუფი წარმოიქმნა, რომელიც გალახას ზოგიერთ პუნქტს უარყოფდა, მათ შორის სქესობრივ ცხოვრებასთან და საკვების აკრძალვასთან დაკავშირებულ დებულებებს. ჯგუფის დამფუძნებელი აბუიმრან მუსა (მოშე) თბილისში ბაბილონიდან ჩამოსულა. მისი მიმდევრების რელიგიური თემი, რომელმაც 300 წელზე ოდნავ ნაკლები იარსება, ებრაულ წყაროებში „თბილისურ სექტად“ არის მოხსენიებული. მკაფიოდ ერთი შეიძლება ითქვას: საბოლოოდ ქართველი ებრაელები თალმუდისტური იუდაიზმის ერთგულნი დარჩნენ.

ადრე შუა საუკუნეებში საქართველოს ებრაელები, როგორც ჩანს, ძირითადად ირანის ებრაულ თემთან იყვნენ დაკავშირებული, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთის ებრაელობის რელიგიურ ცენტრთან, ბაღდადთან, ინარჩუნებდნენ ურთიერთობას. ბენიამინ ტუდელი XII საუკუნის 70-იან წლებში წერდა: საქართველოდან ებრაელები ჩამოდიან ხოლმე ბაბილონში, ექსილარხთან, „რათა მისგან ხელდასხმა და მფარველობა მიიღონ და მისთვის ძღვენიც მოაქვთ“. რეგენსბურგელი პთახის სამგზავრო ჩანაწერებიდან (XIIს.) შეიძლება დავასკვნათ, რომ „არარატის მხარის“ (ანუ ამიერკავკასიის) ებრაელთა ნაწილი იმ დროისთვის სხვა ქვეყნებში გადასულა. ეს ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ბაღდადში ყოფნისას მან „თავისი თვალით“ იხილა „მეშეხთა მიწის“ მთავრის მიერ წარმოგზავნილნი, რომელთაც უთქვამთ, რომ „მეშეხთა მთავარი და მთელი მათი მიწა გაებრაელდა“. იგი აღნიშნავს, რომ მეშეხთა შორის იპოვებიან მოძღვრები, რომლებიც „მათ (მეშეხებს) და მათ შვილებს თორასა და იერუსალიმურ თალმუდს“ ასწავლიან. საეჭვოა, „მეშეხებში“ პთახი მესხებს გულისხმობდეს, რადგან პარალელურ წყაროებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მესხობა ან თუნდაც მისი ნაწილი იუდაიზმს ეზიარა.

მარკო პოლო თბილისში იმ დროს შემოვიდა (1272 წელს), როცა ქალაქი მონღოლების უღელქვეშ იყო მოქცეული. მოგზაური გადმოგვცემს, რომ ის აქ ებრაელთა ერთობ მცირერიცხოვან ჯგუფს შეხვდა. ამ დროისთვის ებრაელების ნაწილი მონღოლთა მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან უფრო თავისუფალ დასავლეთ საქართველოში გადასულა და იქ ახალი თემები ჩამოუყალიბებია. XIV საუკუნეში ებრაული თემი მომძლავრებულა ქალაქ გაგრაში, რაბი იოსებ თბილისელის თაოსნობით. ამ პერიოდში გაგრაში ცხოვრობდა სწავლული ფილოლოგი რაბი იეჰუდა ბენ იაკობიც, ავტორი (ან უფრო გადამწერი) ებრაული გრამატიკისა, რომელსაც ყარაიმული გრამატიკული სკოლის გავლენა ეტყობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მონღოლების ზეწოლის გამო ებრაელების ნაწილი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში გადასახლდა. XIV საუკუნის დამდეგს ქალაქ თავრიზში (თებრიზ, ჩრდილო-დასავლეთ ირანი) მოღვაწეობს იუდაიზმის კანონების მცოდნე იეშაიაჰუ ბენ იოსებ თბილისელი, რომელსაც 1330 წელს „სეფერ გან ედენ“ („სამოთხის წიგნი“) დაუწერია.

ამ ეპოქიდან ჩვენამდე უმნიშვნელოვანესმა ებრაულმა ხელნაწერებმა მოაღწია. X საუკუნით თარიღდება ლაილაშის (ლეჩხუმი) სინაგოგის თორის ცნობილი ხელნაწერი, რომელიც იქ 1930 წლებამდე ინახებოდა. მას ქართველ ებრაელებთან ერთად ქრისტიანული მოსახლეობაც სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდა. გარდა ამისა, ჩვენამდე შემორჩენილია ე.წ. ბრეთის ანუ ავალიანთ (ავალიშვილების) ბიბლია (გადაწერილია ქ. სალონიკში, 1513 წელს. სულთან სელიმ I-ის მეფობის დროს, იეჰუდა გედალიას ოჯახში, ვინმე ყაზრიელის მიერ).

გვიანფეოდალურ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოში ებრაელთა ძირითად სამოსახლო პუნქტებს წარმოადგენდა: სურამი, ახალდაბა, ალი, ბაზალეთი, არაგვისპირი, ცხინვალი, ატენი, თამარაშენი, ძეგვი, ზანავი, ხერკი, მეტეხი, კასპი, მუხრანი, კავთისხევი და მთელი ტერიტორია არაგვისა და მტკვრის შეყოლებით; სამცხეჯავახეთში - ფანასკერტი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე; კახეთსა და ქიზიყში - ბოდბისხევი, ზემო ხოდაშენი, ველისციხე, ურიათუბანი, საგარეჯო; დასავლეთ საქართველოში: იმერეთში - ქუთაისი, ვანი, კულაში; სამეგრელოში - ფოთი, ბანძა, სენაკი; რაჭალეჩხუმში - ონი, ლაილაში, ხოტევი; გურიაში - ოზურგეთი. ებრაელთა ეპიგრაფიკული ძეგლები ებრაულ და არამეულ ენებზე (III-IV სს.) აღმოჩენილია ურბნისსა და მცხეთაში, მაგრამ გვიანფეოდალურ ხანაში ისინი აღარ ჩანან. ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის განსახლების ადგილებში შემორჩა მხოლოდ ტოპონიმები („უბანი ურიათა“, „ურიათუბანი“, „ნაურიები“, „ურია“).

ქართული ეთნოგრაფიული მონაცემებით ცნობილია, რომ საქართველოს ცალკეული რეგიონის კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებს შეესაბამებოდა დასახლების გარკვეული ფორმა და საცხოვრებელი ნაგებობა. უბნური დასახლების ხასიათს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ებრაელთა სპეციფიკური საქმიანობის (ვაჭრობა, ხელოსნობა) ან კუთხური ნიშანთვისებების გარდა, რელიგიური ფაქტორიც განსაზღვრავდა. ებრაელთა კონცენტრაციას, ძირითადად, სამლოცველოს ახლომდებარე უბნებში ვხვდებით, რადგან სამლოცველო წარმოადგენდა როგორც რელიგიურ-კულტურული, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს.

ბატონყმური ურთიერთობებიდან თავისუფალ მდგომარეობაზე გადასვლამ და ურბანიზაციის პროცესმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქართული ებრაული თემის სტრუქტურა. ებრაელები, როგორც წესი, ამა თუ იმ ქალაქში ერთად სახლდებოდნენ და ცდილობდნენ საკუთარი სინაგოგა დაეფუძნებინათ. ჩვეულებრივ, ასეთი ჯგუფი დიდი ოჯახებისგან შედგებოდა, რომლებიც სამოთხ თაობას აერთიანებდნენ. ჯგუფში ოჯახების რაოდენობა შეზღუდული იყო. მათ არჩეული გაბაი თავკაცობდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო სინაგოგაში საქმეთა წარმოებაზე. ხახამი კი თემის რელიგიურ ცხოვრებას უძღვებოდა, ადგენდა რაბინის, ხაზანის (მლოცველი სინაგოგაში), შეხოტის (ძღვენის ადამიანი, რომელიც კლავს შეწირულ ფრინველსა და ცხვარს) და ხედერას (მედრესის მასწავლებელი) ფუნქციებს. სოფლებიდან წამოსულები ერთმანეთთან ახლოს სახლდებოდნენ, რის გამოც ქალაქებში ებრაული დასახლებები იქმნებოდა. თბილისშიც ებრაელთა უბანს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ებრაელებმა ჩაუყარეს საფუძველი. ზ.ჭიჭინაძის ცნობით, ეს უბანი „სიონის მახლობლად, ფეთხაინის ეკლესიის ძირას ყოფილა“. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ებრაელებმა თხოვნით მიმართეს გუბერნატორს, რათა მას დედაქალაქში მათთვის ახალი სამლოცველოს აშენების ნება დაერთო. 1905-1906 წლებში ახალი სინაგოგის მშენებლობა დასრულდა და ებრაული მოსახლეობაც, ძირითადად, მის მახლობლად განსახლებულა. ისინი კომპაქტურად ცხოვრობდნენ ლესელიძისა და ვერცხლის ქუჩის მიდამოებში.

მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა საცხოვრებელი კომპლექსი, ძირითადად, ქართული ეროვნული საცხოვრებლის ტრადიციას ემყარება, მასში მაინც მკაფიოდ ჩანს ებრაელი ხალხის სულიერი კულტურის სპეციფიკასთან დაკავშირებული დეტალები. ყოველი ებრაელის სახლს ჰყავდა თავისი მფარველი, მშვიდობისა და დოვლათიანობის მცველი, რომელსაც მეზუზა ჰქვია. ამავდროულად, მეზუზა - ოთხკუთხა, თავდახურული თხელი ყუთია, რომელშიც ჩასვენებულია სოფერის (წმიდა ტექსტის გადამწერის) მიერ პერგამენტის ქაღალდზე ნაწერი თორიდან „მეორე სჯულის“ ფრაგმენტი და მიმაგრებულია შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს. დღესდღეობითაც ოჯახის ყველა წევრი სახლიდან გასვლისას და დაბრუნებისას ასრულებს გარკვეულ რიტუალს, რათა მშვიდობიანი დღისთვის მადლობა უთხრას გამჩენს.

ებრაული სამზარეულო განსაზღვრავდა ებრაელთა პურობის ხასიათს, მაგრამ როგორი შინაარსის ან სიდიდისაც არ უნდა ყოფილიყო სუფრა, მას ყოველთვის სამი საკრალური ელემენტი ახლდა: მარილი, პური, ღვინო. მარილზე დაწებული პურის ნატეხის - ხამოცის და კიდუშის - ღვინის კურთხევის - რიტუალით პურობის დაწყების აუცილებლობა ეტიკეტის სავალდებულო წესი იყო. ქართველ ებრაელთა კვებაში არსებული აკრძალვები ზოგადებრაულია. მკვლევართა აზრით, ამ აკრძალვების დაცვა არის სწორედ ებრაელი ხალხის მორალური და ფიზიკური სიმტკიცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ისტორიულ სამშობლოში ებრაელთა თავმოყრისა და გაერთიანების იდეამ ხორცი შეისხა სიონიზმის სახით. საქართველოში ამ იდეის შემომტანები და გამავრცელებლები, ძირითადად, აშკენაზები იყვნენ. სიონისტური წრეები თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში XIX საუკუნის დამლევს ამოქმედდა. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი, რომელმაც 1919 წლის ივნისში თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა, აგვისტოში კი საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია მოიწვია. მეექვსე სიონისტური კონგრესის მუშაობაში (ბაზელი, 1903 წ.) მონაწილეობა მიიღო რაბინმა დავით ბააზოვმა, რომელიც საქართველოს ებრაელთა სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი იყო. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში მასთან ერთად სიონისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ნათან ელიაშვილი (1893-1929). სიონიზმის გავრცელებას წინააღმდეგობაც შეხვდა მოძრაობა ხაბადის წევრების მხრიდან, რომლებმაც საქართველოში 1916 წლიდან დაიწყეს მოღვაწეობა. მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყვნენ ორთოდოქსი ლიდერებიც - ხახამები. მართლაც, XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს დიდი არ იყო საქართველოდან ისრაელში ასული ხახამების რიცხვი. მათგან მხოლოდ რამდენიმეს სახელია შემორჩენილი: ეფრაიმ ბენ იაკობ ჰალევი კუკია, რომელმაც 1877 წელს იერუსალიმში გამოაქვეყნა რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულება იალკუთ ეფრაიმ ალ ჰათორა იმ ხაშემ მეგილლოთ („ეფრაიმის განმარტებათა კრებული ხუთწიგნეულსა და თორაზე”) და სამ ხაიმ: ლიკკუთიმ უმუსარიმ ტოვიმ („სიცოცხლის ელექსირი: ამონარიდები სათნო ცხოვრების შესახებ“). ახალციხელი ხახამი იოსებ დავითაშვილი ერეცისრაელს XIX საუკუნის 90-იან წლებში დაუბრუნდა. სიმან ბენ მოშე რიჟინაშვილმა 1892 წელს იერუსალიმში გამოსცა ებრაულ-ქართული სახელმძღვანელო-სასაუბრო (ებრაული დამწერლობით) სეფერ ჰინნუხ ხანეარიმ („ყრმათა აღზრდის წიგნი“).

გასაბჭოების შემდეგ, „მეცნიერული“ ათეიზმის მძვინვარების მიუხედავად, იუდაიზმის ტრადიციების რღვევის საქმეში კომუნისტურმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. 1960-70-იან წლებში ქართველ ებრაელთა უმრავლესობა განაგრძობდა სინაგოგაში სიარულს, იცავდა ქაშრუთს. წინადაცვეთა, ქორწინება და დასაფლავება რელიგიური წესების დაცვით სრულდებოდა. ბავშვები 13 წლის ასაკამდე სწავლობდნენ იატაკქვეშა არალეგალურ ხედერებში. მართალია, მათი არსებობის შესახებ ხელისუფლებამ იცოდა, მაგრამ ამჯობინებდა ამ ფაქტისათვის ყურადღება არ მიექცია.

XX საუკუნის 60იანი წლების ბოლოს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაჩაღდა ბრძოლა ალიასთვის (ისრაელში ასვლისთვის). ქართველი ებრაელებიც ჩაებნენ ამ მოძრაობაში. იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ზღვარგადასულმა ანტისიონიზმმა მოიცვა, მხოლოდ საქართველოდან ხდებოდა, შეძლებისდაგვარად, უმტკივნეულოდ ებრაელთა რეპატრიაცია. დღემდე ლეგენდად რჩება ქართველ ებრაელთა 18 ოჯახის მიერ 1967 წლის 9 აგვისტოს გაგზავნილი მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელზე და მათი ბრძოლა ისრაელში ასვლის უფლების მოსაპოვებლად. პირველმა სწორედ საქართველოს ებრაელობამ შეძლო საბჭოური „რკინის ფარდის“ გარღვევა. ეს დიდი ალიის დასაწყისი იყო. საქართველოდან ებრაელთა გადინებამ კულმინაციას 1991-1994 წლებში მიაღწია.

სადღეისოდ საქართველოს ებრაული თემი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტი „ჯოინთი“ (დაარსდა 1914 წ.). „ხესედები“, საქველმოქმედო ცენტრები მოქმედებს თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და ონში. ფუნქციონირებს ებრაული კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი (დაარსდა 1993წ.), რომლის მხარდაჭერით გამოიცემა ჟურნალი „ნაბიჯი თორისაკენ“. საქართველოს თანამედროვე ებრაული თემის არსებობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ებრაული სააგენტო ისრაელისათვის („სოხნუთი“). იგი საერთაშორისო ებრაული ნებაყოფლობითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიო ებრაელობის შეკავშირებასა და ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობას (გაიხსნა 1989 წ.).

საქართველოს მთავარი რაბინის, არიელ ლევინის, თაოსნობითა და უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილ საგანმანათლებლო ცენტრში - „თიფერეთ ცვი“ - უკვე კარგა ხანია მოქმედებს ებრაული სკოლა, საბავშვო ბაღი, რელიგიური აკადემია - იეშივა. მისივე ინიციატივით 1999 წლის ივნისში დაარსდა მსოფლიო ქალთა ორგანიზაციის „ემუნა“ს (რწმენა) თბილისის ფილიალი, რომელიც მორწმუნე ქალების მოძრაობაა და თორის მიხედვით ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ხაბად ლუბავიჩის წარმომადგენელმა, რაბინმა აბრამ მიხელაშვილმა, საქართველოში მოღვაწეობა 2001 წლის ბოლოს დაიწყო. ხაბად ლუბავიჩის ფონდის დახმარებით მან თბილისში ებრაულ ტრადიციებზე დაფუძნებული სკოლა-სასწავლებელი გახსნა, სადაც ბავშვები მშობლიურ ენას, ისტორიასა და ტრადიციებს ეუფლებიან. რაბინი აბრამ მიხელაშვილი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. 2006 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა და რაბინმა აბრამ მიხელაშვილმა მეგობრული შეხვედრისას წარმოთქვეს ფსალმუნი და დაანთეს სანთლები საქართველოსა და ისრაელის საკეთილდღეოდ.

დღესდღეობით (2008 წლისათვის) საქართველოში დაახლოებით 4 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი (დაახ. 80%) სეფარადები, დანარჩენნი კი, ე.წ. ევროპელი ებრაელები (აშკენაზები) არიან. სინაგოგები მოქმედებს თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ონში, ახალციხესა და სურამში.

სტატია მომზადებულია ტოლერანტობის ცენტრში
ზაირა დავარაშვილისა
და ზურა კიკნაძის
მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე