The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა ნატო - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი
ფოლდერის დახურვა თავი IV ნატოს გეოპოლიტიკური პრიორიტეტები
დოკუმენტის ნახვა ნატოს ამერიკული და ევროპული ხედვა
დოკუმენტის ნახვა ნატო - რუსეთი
დოკუმენტის ნახვა ნატო-უკრაინა
დოკუმენტის ნახვა ნატოს ინტერესები შავი ზღვის რეგიონში
დოკუმენტის ნახვა ნატოს ინტერესები შავი ზღვის რეგიონში
დოკუმენტის ნახვა ნატოს გეოსტრატეგია კავკასიის რეგიონში
დოკუმენტის ნახვა ნატოს ინტერესები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში
დოკუმენტის ნახვა ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურე
დოკუმენტის ნახვა ნატო და ცენტრალური აზია
დოკუმენტის ნახვა ბალკანეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა
დოკუმენტის ნახვა ნატოს ურთიერთობა შორეული აღმოსავლეთისა და წყნარი ოკეანის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებთან (იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია)
დოკუმენტის ნახვა ჩინეთი-ნატო
დოკუმენტის ნახვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ერაყი
დოკუმენტის ნახვა ირანი და ნატო
დოკუმენტის ნახვა ნატოს ურთიერთობა აფრიკასთან
დოკუმენტის ნახვა ნატოს ურთიერთობა ლათინურ ამერიკასთან
დოკუმენტის ნახვა ნატოს ენერგოუსაფრთხოების პრობლემები

ნატო - რუსეთი

 

საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდგომ პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ხაზგასმით და მიზანდასახულად ცდილობდა რუსეთთან თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ნატოს ამ ინიციატივას ფართო მხარდაჭერა გააჩნდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში. მაგრამ, ამავე დროს იყვნენ ამ იდეის მოწინააღმდეგეები, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ რუსეთი დემოკრატიული გზით წავიდოდა და მომავალში არ გამოამჟღავნებდა თავის იმპერიალისტურ ზრახვებს. ამ რადიკალურად განწყობილი ოპონენტების აზრით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დასავლეთს „ცივ ომში” დამარცხებული რუსეთის მიმართ უნდა გაეტარებინა იგივე პოლიტიკა, რაც განხორციელდა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის მიმართ.

თავის მხრივ რუსეთშიც არსებობდა ნატოსადმი უნდობლობა. მაგალითად რუსეთს განსაკუთრებული, თავიდანვე გარკვეულწილად უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნდა ნატოს ინიციატივით შექმნილი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს მიმართ, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მოსკოვში ეს ინიციატივა აღიქმებოდა, როგორც ნატოს ინსტრუმენტი, მიმართული ალიანსის პოლიტიკური და სამხედრო გავლენის აღმოსავლეთით გაფართოებისაკენ.

ზემოაღნიშნულ ვითარებაზე გავლენას ახდენდა ის ფაქტი, რომ ალიანსის მესვეურებმა უკვე „ცივი ომის” დასრულების შემდეგ დაიწყეს საუბარი მომავალში ნატოს შესაძლო გაფართოებასთან. ამის საპასუხოდ, 1993 წლის ოქტომბერში რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმღვანელებმა მძაფრი კრიტიკული განცხადება გააკეთეს ნატოს მიმართ, მათ გაღიზიანებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ალიანსში უკვე განიხილებოდა ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარეობდა მოლაპარაკება ალიანსის შესაძლო წევრებთან. რუსეთის მხრიდან ამ დემარშმა განაპირობა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გარკვეულწილად პოზიციის შერბილება ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

ალიანსის მხრიდან რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილის ნათელ დადასტურებას წარმოადგენდა 1993 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლ. ასპენის მიერ გერმანიაში გაკეთებული განცხადებები, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს პოლონეთში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის სიტყვები, რომ “უშიშროება და მშვიდობა ვერ იქნება გარანტირებული ჩვენს რეგიონში, თუ ევროპის ტრანსპორმაციის პროცესში არ გაითვალისწინებენ რუსეთის ინტერებს. (39)“

ნატოს ახალი სტრატეგია და გაფართოების პროცესის დაწყება თვისობრივად ახალ ვითარებას ქმნიდა ევროპის კონტინენტზე. ამ პროცესის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად შესაძლოა დასახელდეს ის, რომ ალიანსის გაფართოება დაკავშირებული იყო „იდენტურობის პრობლემასთან”. როგორც ვიცით, ნატო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციად და ალიანსის წესდებიდან გამომდინარე მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გარეშე საფრთხისაგან, ხოლო გარეშე საფრთხეში რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი იგულისხმებოდა. მას შემდეგ, რაც ნატოს მთავარი მოწინააღმდეგე საბჭოთა კავშირი დაიშალა და მის ადგილზე 15 ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო აღმოცენდა, ასევე დაიშალა კომუნისტური ბლოკი და შესაბამისად ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ბევრი ექსპერტი მიიჩნევდა რომ გარეშე საფრთხის ფაქტორი თითქმის აღარ არსებობდა, რაც მოითხოვდა ნატოს მთავარი ფუნქციის ახლებურად გააზრებას. უპირველეს ყოვლისა საჭირო იმის დეტალურად გააზრება, თუ „ცივი ომის” დამთავრების შემდეგ რა მთავარი ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე იდგა ალიანსი და საიდან იყო მოსალოდნელი საფრთხე და სადამდე შეიძლებოდა გავრცელებულიყო ნატოს უსაფრთხოების გარანტიები.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაინც მიიჩნეოდა პოლიტიკურად არასტაბილური რუსეთი, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობდა კომუნისტური ხელისუფლება და რუსეთი „ცივი ომის“ პერიოდთან შედარებით ბევრად დასუსტებული იყო, გლობალური ბირთვული დაპირისპირების საფრთხე მინიმუმამდე იყო დასული. მაგრამ ამავე დროს „ცივი ომის” შემდეგ შექმნილი ვითარება, და ისეთი პრობლემების არსებობა, როგორებიც იყო ეთნიკური და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საშიშროება, პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხე, ტერორიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი, სტიქიური უბედურებები და ა.შ. არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენდნენ დასავლეთის სამყაროსათვის ვიდრე საბჭოთა სამხედრო პოტენციალი. ამის შესაბამისად ნატოს პოლიტიკურ წრეებში მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ალიანსის გაფართოების შედეგად ნატო გააფართოვებდა თავისი უსაფრთხოების არეალს და აღმოსავლეთი ევროპაც უფრო აქტიურად იქნებოდა ჩართული ევროატლანტიკურ სივრცეში ახალი უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებასა და ახლებურად გააზრების საქმეში.

ნატოს პოლიტიკურ წრეებში რეალისტურად აცნობიერებდნენ იმ ფაქტს, რომ ალიანსის შესაძლო გაფართოებას შესაძლოა რუსეთის გაღიზიანება გამოეწვია და ანტიდასავლური და რევანშისტული განწყობილებები შეექმნა ამ ქვეყანაში. თუმცა რუსეთთან შესაძლო კონფრონტაციის მიუხედავად, ნატოსთვის უფრო პრიორიტეტული იყო გაფართოების პოლიტიკის წარმოება, რადგანაც იგივე ალიანსის მესვეურთა აზრით ნატოში გაწევრიანებული და სტაბილური აღმოსავლეთ ევროპა თავისთავად დადებით გარემოს შექმნიდა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს და ეს კი თავის პოზიტიურ გავლენას მოახდენდა მოსკოვის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში თვლიდნენ, რომ მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობებისა, მოსკოვი თვითონ უნდა ყოფილიყო ნატოს გაფართოების მომხრე, რადგანაც გაფართოების პროცესი სავსებით შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს.

არსებობდა ამ პროცესის არაოფიციალური და, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეც, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შედეგად შეიქმნებოდა ახალი გეოსტრატეგიული გარემო, რომლის მთავარი მანიშნებელი იქნებოდა ის ფაქტი, რომ „ცივ ომში” დამარცხებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში დაკარგული პოლიტიკური გავლენის სფეროს ხარჯზე იზრდებოდა დასავლეთის სამყაროს გავლენის სფერო, ხოლო მოსკოვს არც ეკონომიკური და არც სამხედრო რესურსი გააჩნდა და აღარც საკმარისი მოკავშირეები ამ პროცესის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა ამ პროცესს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამდნენ რუსეთის რეაქციული წრეების წარმომადგენლები, რომელთა აზრითაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არა მხოლოდ ალიანსის გაძლიერებას გამოიწვევდა, არამედ საგრძნობლად შეარყევდა ისედაც დასუსტებული რუსეთის პრესტიჟს.

ნატო დადგა ახალი დილემის წინაშე, როგორ იყო შესაძლებელი „დაეშოშმინებინათ” რუსეთი ალიანსის გაფართოების ფონზე. ერთ-ერთ ასეთ მეთოდს წარმოადგენდა სოციალურად და ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთისათვის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარების გაწევა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ა.შ) მეშვეობით. გარდა ეკონომიკური დახმარებისა, 1994 წლის ბოლოდან ასევე აქტიურად განიხილებოდა საკითხი ნატოსა და რუსეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარების შესახებ.

1995 წლის 8 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ქ. მიუნხენში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უ. პერიმ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთთან გაფორმებული სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ჩამოყალიბებული ურთიერთგაგების ქარტიის ან მემორანდუმის სახით და ამ დოკუმენტის მთავარი ამოსავალი პუნქტი უნდა ყოფილიყო ერთგვარი ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საკონსულტაციო კომისიის შექმნა. ნათელი ხდებოდა, რომ გაფართოების პროცესის პოლიტიკის განხილვის პარალელურად ნატოში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

1994 წლის 20 თებერვალს გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივანთან, ბ-ნ ვ. კლასთან, რომელიც აღნიშნავდა: ...ევროპის უსაფრთხოების წინაშე ჯერ კიდევ მრავალი პრობლემა დგას. ალიანსის ძირითადი ფუნქცია არ შეცვლილა. იგი კვლავინდებურად წევრი სახელმწიფოების ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის დაცვას ითვალისწინებს, მაგრამ, ამავე დროს, მას ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფუნქციაც აკისრია.... ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების დახმარება ნატოს არსებობისა და მოღვაწეობის ერთ-ერთ მიმართულებად იქცა და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამა, რომელიც სულ უფრო ვითარდება. ნატო გაფართოვდება, მაგრამ ეს არ მოხდება ალიანსის შესუსტების ხარჯზე და არც ისე, რომ ამან ევროპის ახალი გაყოფა გამოიწვიოს... რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგება ნატო-რუსეთის ურთიერთობის საკითხი. რუსეთი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ევროპის მიერ მისი იზოლაცია. მაგრამ თვით რუსეთს შეუძლია მოაქციოს თავისი თავი იზოლაციაში. რუსეთს საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში თავისი უსაფრთხოების კანონიერი ინტერესები აქვს, ჩვენ ვაღიარებთ ამას და ვესწრაფვით კიდეც რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას...”(40)

ალიანსის მხრიდან ასეთი კონსტრუქციული პოზიციის მიუხედავად, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში მაინც გაღიზიანებით აღიქმებოდა ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლო გაფართოება. რუსეთის ამ პრეტენზიების უკან იდგა არა მხოლოდ წარსულის ინერცია, არამედ სხვა ტაქტიკური მონახაზებიც, რაც პირველ რიგში გათვლილი იყო იმაზე, რომ ნატოს მიმართ თავისი უკმაყოფილების გამომჟღავნებით მოსკოვის მიზანს წარმოადგენდა დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობის წარმოება და მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენტების მიღება. კერძოდ, რუსეთს სურდა ალიანსს იგი განეხილა არა როგორც ნატოს ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფო, არამედ მასზე განსაკუთრებული პრივილეგიები გავრცელებულიყო და მას ჰქონოდა განსაკუთრებული და თანასწორუფლებიანი პარტნიორის სტატუსი. გარდა ამისა, რუსეთის დიპლომატია ესწრაფვოდა ნატოს გაფართოება მაქსიმალურად გამოეყენებინა გარკვეული შეღავათების მისაღებად ევროთათბირის ფარგლებში მიმდინარე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების პროცესში. კერძოდ, აქ საუბარი შეიძლება ყოფილიყო ქვოტების გაზრდაზე ნატოს მომავალ საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს, ეს კი უშუალოდ იყო დაკავშირებული ყოფილ საბჭოთა სივრცეზე უსაფრთხოების საკითხებთან.

რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, უმთავრესად რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ეს მეტად რთულ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა. გაფართოების შესახებ საკითხის განხილვამ განსაკუთრებული აქტუალობა მიიღო მას შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ 1995 წელს მომზადდა სპეციალური სტრატეგიული გამოკვლევა ნატოს გაფართოების თაობაზე. ამ დოკუმენტში დეტალურად იყო გაანალიზებული „ცივი ომის” დასრულების შემდგომ პერიოდში არსებული ახალი პოლიტიკური რეალობები და ალიანსის მიერ 21-საუკუნის უსაფრთხოების სისტემის ხედვა. დოკუმენტში არსებობდა მინიშნება, რომ ალიანსი განიხილავს თავის უსაფრთხოებას ფართო გაგებით როგორც სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების ერთიანობას. კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ნატოს უსაფრთხოების უმთავრესი ფუნქციების განხორციელებას, მისი თანამშრომლობის გაფართოებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებთან, ასევე გაერო-სთან. აღინიშნება, რომ ნატოს წევრი ქვეყნების კოლექტიური ამოცანაა ისეთი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელშიც ალიანსისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი და ძალისხმევა ერთმანეთს შეავსებენ და გააძლიერებენ როგორც თანამშრომლობის, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვაში.

21-საუკუნეში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის ნატო აუცილებლად მიიჩნევდა:

  • ტრანსატლანტიკური კავშირის (აშშ - დასავლეთ ევროპა) შენარჩუნებას;

  • ალიანსის ისეთი სამხედრო პოტენციალის შენარჩუნებას, რომელსაც უნარი ექნება განახორციელოს თავდაცვასა და შეკავებასთან დაკავშირებული ყველა სამხედრო მისია;

  • ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდენტურობის განვითარებას ალიანსის ფარგლებში;

  • კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით მრავალმხრივი პოტენციალის განვითარებას;

  • „ღია კარის” პოლიტიკის გატარებას ალიანსში გაწევრიანების მსურველთათვის;

  • მრავალმხრივი პარტნიორობის, თანამშრომლობისა და დიალოგის განხორციელებას ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებთან.

ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური „გაჟღერება” მოხდა 1996 წლის ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მადრიდში დაგეგმილი სამიტის მზადების პერიოდში, ანუ 1997 წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით გააქტიურებულ იქნა დებატები ნატოს მოსალოდნელი გაფართოების შესახებ. ამ საკითხის თაობაზე სხვადასხვა სახის ანალიტიკური და საინფორმაციო ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა როგორც დასავლეთის, ისევე რუსეთის პრესაში, ხოლო პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში გაფართოებასთან დაკავშირებულმა პოლემიკამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. გაჩნდა მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ალიანსის გაფართოების პროცესი და როგორი იქნებოდა ძალთა ახალი ბალანსი ევროატლანტიკურ სივრცეში.

როდესაც აქტიური სჯა-ბაასი მიმდინარეობდა გაფართოების სხვადასხვა ვერსიებთან დაკავშირებით, კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება, როდესაც ალიანსი რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდება, ეს პოლიტიკური პროცესი აუცილებლად გამოიწვევდა მოსკოვთან მეტად სერიოზულ კონფრონტაციას და ნეგატიურად აისახებოდა ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესზე. თავდაპირველი შემოთავაზება ნატოში გაწევრიანების თაობაზე მიიღეს პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ გაფართოება მოხდებოდა მხოლოდ ამ სამი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, მაშინ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა სახელმწიფოები უსაფრთხოების მუდმივ „ნაცრისფერ ზოლში” აღმოჩნდებოდნენ. აღნიშნული რეალიების გათვალისწინებით უპირატესობა ენიჭებოდა მე-3 „სცენარს”, რომლის თანახმად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება უნდა მომხდარიყო რუსეთთან თანამშრომლობის გააქტიურების პარალელურად, სადაც რუსეთს „განსაკუთრებული პარტნიორი ქვეყნის” სტატუსი უნდა მინიჭებოდა და ნატოს მხრიდან ამ ქვეყანასთან პოლიტიკურ, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას განსხვავებული ფორმა უნდა მინიჭებოდა, გარდა ამისა, ამის პარალელურად ალიანსის ფარგლებში განიხილებოდა საკითხი მოსკოვისათვის ეკონომიკური დახმარების გაზრდის თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ალიანსის ხელმძღვანელობა მეტად სწორად აცნობიერებდნენ არსებულ გეოპოლიტიკურ რეალიებს და მათ მიერ მოსკოვისათვის შეთავაზებული „მესამე ვარიანტი” წარმოადგენდა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლის მეშვეობითაც იქმნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ნატოში ინტეგრაცია რუსეთის გაღიზიანებისა და გაუცხოების გარეშე წარმართულიყო.

შემდგომ პერიოდში რუსეთსა და ნატოს შორის ინტენსიური მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობდა თანამშრომლობის ფორმების შემუშავებასთან დაკავშირებით. დებატების შედეგად ორივე მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სპეციალურ დოკუმენტში, რომელსაც ნატო სთავაზობდა რუსეთს. მოსკოვი თავის მხრივ ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი უნდა ყოფილიყო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება, რომლის კონკრეტულ მუხლებში განსაზღვრული ყოფილიყო ალიანსის ვალდებულებები. მოსკოვის მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა უკავშირდებოდა საკითხს, რომ არ უნდა მომხდარიყო ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ალიანსის ბირთვული იარაღისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება.

ამ მოთხოვნას, და შესაბამისად იურიდიული ხელშეკრულების გაფორმებას, ნატოში არ მიიჩნევდნენ მიზანშეწონილად. ალიანსი თავისმხრივ სთავაზობდა რუსეთს პოლიტიკური ხასიათის დამფუძნებელი აქტის ან ქარტიის შემუშავებას. რაც შეეხება სამხედრო ასპექტებს, ნატოს განცხადებებიდან გამომდინარე, ალიანს არ გააჩნდა რაიმე განზრახვა, გეგმა თუ მიზეზი, რათა განელაგებინა ბირთვული იარაღი რუსეთის საზღვრებთან. ამავე დროს, ნატო არც მუდმივ გარანტიებს იძლეოდა ამის თაობაზე და ორმხრივი ნდობის განმტკიცების მიზნით სთავაზობდა რუსეთს დამატებით ინიციატივებს. კერძოდ, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლეოდა არამარტო დასწრებოდა ნატოს სამხედრო ვარჯიშებს, არამედ მიეღო ინფორმაცია შეიარაღებული ძალების ნებისმიერი გადაადგილებისა და დისლოკაციის შესახებ, ეწარმოებინა სამხედრო ბაზების ინსპექცია და ნატოს საჰაერო სივრცის მონიტორინგი.

ნატოსა და რუსეთს ურთიერთობებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობების გამყარებას ხელი შეუწყო ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში სამხედრო ასპექტების მშვიდობიანი შესრულების დარგში 1995 წელს განვითარებულმა თანამშრომლობამ. ამ მიზნით როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ნატოს სამხედრო კონტინგენტთან ერთად ერთობლივი მონაწილეობა მიიღეს სტაბილიზაციის ძალების საქმიანობაში.

1996 წლის 10 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წინადადებით მიმართეს ნატოს გენერალურ მდივანს, შესწავლილ ყოფილიყო რუსეთის მხარესთან შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა. ოთხთვიანი მოლაპარაკებათა პროცესის შედეგად ნატოს გენერალურ მდივან ჰავიერ სოლანასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრიმაკოვს შორის მიღწეულ იქნა საბოლოო შეთანხმება და 1997 წლის 27 მაისს პარიზში, ერთი მხრივ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ხოლო მეორე მხრივ - პრეზიდენტმა ბ. ელცინმა ხელი მოაწერეს „დამფუძნებელ აქტს ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ”, რომელიც შეფასდა, როგორც „ახალი, ძლიერი, სტაბილური და მრავალმხრივი პარტნიორობის დასაწყისი.“

დოკუმენტის ძირითადი პრინციპების თანახმად შეიქმნა ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭო. საბჭოს ფარგლებში სხდომები იმართება თვეში ერთხელ ელჩებისა და სამხედრო წარმომადგენლების დონეზე, და ასევე წელიდწადში ორჯერ შეხვედრები იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და გენერალური შტაბის უფროსების დონეზე.

თავისი არსებობის პირველივე წლებიდანვე მუდმივმოქმედმა საბჭომ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, კერძოდ:

  • ვითარება ყოფილ იუგოსლავიაში;

  • ნატოსა და რუსეთის წვლილი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში;

  • პოლიტიკური და სამხედრო ძალისხმევა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხებში;

  • ბირთვული იარაღის საკითხები;

  • ნატოსა და რუსეთის სტრატეგიები და დოქტრინები;

  • სამშვიდობო ოპერაციები;

  • განიარაღება და შეიარაღებაზე კონტროლი;

  • საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა;

  • სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

  • სამეცნიერო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

ამ მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი.

კოსოვოში შექმნილმა ვითარებამ თავისი ნეგატიური დაღი დაასვა ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობას. თუ 1998 წლის განმავლობაში საბჭოს სხდომაზე ორივე მხარემ გამოთქვა ერთობლივი შეშფოთება ბელგრადის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, ნატომაც და რუსეთმაც გამოთქვეს თავიანთი მხარდაჭერა კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირების შესახებ, უკვე 1999 წლის მარტში ალიანსის მიერ იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი დროებით გამოვიდა მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობიდან, ასევე შეწყვიტა თავისი მონაწილეობა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში და გამოაძევა მოსკოვიდან ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორი წარმომადგენელი.

ყოველთვიური სხდომების განახლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1999 წლის ივლისში, თუმცა რუსეთმა შეზღუდა იმ სფეროების ნუსხა, რომელიც შესაძლებელი იყო განხილულიყო ნატო-რუსეთის ერთობლივ სხდომებზე.

2000 წლის 16 თებერვალს, როდესაც რუსეთის მოწვევით ნატოს გენერალური მდივანი ეწვია მოსკოვს, გამოქვეყნებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნატო და რუსეთი შეთანხმდნენ განეახლებინათ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა დამფუძნებელი აქტის საფუძველზე.

2001 წლის თებერვალში ნატოს გენერალური მდივანი ლორდ რობერტსონი კვლავ ეწვია მოსკოვს, რომლის დროსაც გენერალურმა მდივანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა ნატოს საინფორმაციო ბიურო მოსკოვში.

უკვე ერთი წლის შემდეგ, ნატოს პრაღის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულ იქნა, რომ ნატო და რუსეთი მონაწილეობენ ნატო-რუსეთის საბჭოში როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორები, რათა მიღწეულ იქნეს პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო ოპერაციები, სამხედრო რეფორმა, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, სამაშველო ოპერაციები, ტერორიზმთან ბრძოლა და ა.შ.

ნატოს სტამბულის სამიტზე მიღებული დეკლარაციის 39-ე პუნქტში აღნიშნულ იქნა ნატოს მზადყოფნა, „რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გაღმავების მზადყოფნის შესახებ”, რათა ერთობლივი გზით ყოფილიყო შესაძლებელი კონსულტაციების გამართვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა სიტუაცია ბალკანეთსა და ავღანეთში, ტერორიზმთან ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ალიანსის ძალისხმევის შედეგად საფუძველი ჩაეყარა რუსეთის მხრიდან ნატოს ძალების შესაძლო მხარდაჭერას სხვადასხვა სამხედრო ხასიათის ოპერაციების, მათ შორის სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების დროს. რუსეთთან თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ხაზი გაესვა 2006 წელს რიგის სამიტის დროსაც, თუმცა ამავე დროს ყურადღება გამახვილებულ იქნა იმაზეც, რომ 2002 წელს რუსეთსა და ნატოს შორის ხელმოწერილი რომის დეკლარაციის ძირითადი პრინციპები, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებდა სრულყოფილად არ იყო ათვისებული.

ძირითადი წინააღმდეგობანი ნატოსა და რუსეთს შორის

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ავღნიშნეთ ნატოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილია შეთანხმება და შესაბამისად არსებობს სამართლებრივი ბაზა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, და ამ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ წინა გვერდებზე გვქონდა საუბარი, უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ნავთობდოლარებიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შედეგად თანდათან იბრუნებს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, ორ მხარეს შორის უფრო მეტი წინააღმდეგობა არსებობს ვიდრე ინტერესთა თანხვედრა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, დაპირისპირებამ რუსეთსა და ნატოს შორის განსაკუთრებით თავი იჩინა გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ბოსნიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს, ხოლო დაძაბულობამ კულმინაციას კოსოვოს კრიზისის დროს მიაღწია. ამავე დროს, ამ ორი კონფლიქტის პარალელურად რუსეთის გაღიზიანებას ასევე ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებული საუბრები იწვევდა, და ეს პროცესი რუსეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას დღევანდელ დღეს იწვევს, რადგანაც თუ რუსეთი საბოლოოდ შეეგუა მისი პოლიტიკური გავლენის სფეროდან უკვე გამოსული აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, დღევანდელ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკურ ინტებლიშმენტში ისტერიული განცხადებები კეთდება ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2007 წლის თებერვალში მიუნხენის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გამართული დებატები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენცია 2007 წელს 43-ედ გაიმართა და მან თვით აშშ-სა და რუსეთს შორის საკმაოდ დაძაბულ სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაიარა. თუმცა ეს მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა. ბუშის ადმინისტრაციამ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ (იგულისხმება კონგრესის არჩევნები), წინააღმდეგ მოლოდინისა, კიდევ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსი აიღო მისდამი მტრულად განწყობილ „დიქტატურათა ლიგასთან” (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სირია, ვენესუელა, სუდანი) და ამ ქვეყნებთან კიდევ უფრო ხისტი ენით საუბარი არჩია.

ამ კონფერენციაზე ყველაზე საყურადღებო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა გამოვიდა. სენატორ მაკეინის განცხადებით, რომელიც იმყოფებოდა იმ კონფერენციაზე, „ეს იყო ყველაზე აგრესიული სიტყვა, რომელიც კი რუსეთის ლიდერს ცივი ომის შემდეგ წარმოუთქვამს.” (41)

პუტინის ამგვარი გაშმაგების მიზეზი გასაგებია. მაშინ, როცა საყოველთაო აზრით, აშშ-ის ქორთა ქორი თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის უფრო პრაგმატიკოსად მიჩნეული რობერტ გეიტსით შეცვლის შემდეგ შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკაში დიალოგსა და „ურჩ სახელმწიფოთათვის” „კოჭის გორების” პოლიტიკაზე უნდა გადასულიყო, ბუშის ადმინისტრაციამ გარკვეული მიმართულებით კურსის კიდევ უფრო გააგრესიულობა (ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით) ამჯობინა: 1) ახალი საერაყო სტრატეგიის ფარგლებში იქ დამატებით 21 500 სამხედროს გაგზავნა გადაწყვიტა. 2) გაზარდა თავისი სამხედრო-საზღვაო ყოფნა სპარსეთის ყურეში, ხოლო ერაყში ირანელი აგენტების წინააღმდეგ ქმედებები გააქტიურა და გ) გარდა იმისა, რომ ჩეხეთი და პოლონეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე დაიყაბულა, პარალელურად პერლ-ჰარბორიდან კამჩატკისკენ მსოფლიოში უმსხვილესი მცურავი რადილოკაციური სადგური გადაანაცვლა. მინისტრმა გეიტსმა კი ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში და ირანში არსებულ ვითარებათა „გაურკვევლობიდან” გამომდინარე კონგრესს აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდა მოითხოვა.

თეთრი სახლის ამ ქმედებებმა და განცხადებებმა რუსეთის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. „დერჟავამ” თავი ამერიკელებისაგან კვლავ „სამიზნეში ამოღებულად” მიიჩნია, და ვინაიდან ეს ყოველივე მუხტად ზედ მიუნხენის კონფერენციის წინ დაგროვდა, არ არის გასაკვირი, ვლადიმერ პუტინმა შანსი ხელიდან რომ არ გაუშვა და ვაშინგტონს იქ უმძაფრესი კრიტიკით დაატყდა თავს.

მან აშშ-ის „ერთპოლარული” მსოფლიოს დამყარებაში ან დამყარების მცდელობაში დასდო ბრალი.: „და რა არის ერთპოლარული სამყარო? როგორც არ უნდა ვცადოთ ამ ტერმინის გაკეთილშობილება, ეს ნიშნავს ძალაუფლებისა და ძალის ერთადერთ წყაროს და ერთადერთ ბატონს”(42).

„შეერთებული შტატები გასცდა თავის საზღვრებს ყველა-ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ სფეროში და თავისი ნება სხვა სახელმწიფოებს მოახვია, მაგრამ ყოველივე ამის შედეგად ლოკალური და რეგიონული ომები არ შეწყდა, ხოლო ამ ომებში დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც ამ ზღვარგადასულ ძალას შეაკავებდა. აშშ ისე გადადის ერთი კონფლიქტიდან მეორეზე, რომ ვერც ერთი მათგანის მოგვარებას ვერ ახერხებს. ცალმხრივი, უკანონო ქმედებით მან ერთი პრობლემის მოგვარებაც ვერ შეძლო. ეს არის ერთი ბატონის, ერთი სიუზერენის მსოფლიო და ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასტან. ამგვარი ვითარება აძლიერებს სხვა ქვეყნების სურვილს, შექმნან ბირთვული იარაღი. იქმნება ძალიან სახიფათო ვითარება, რომელშიც ვეღარავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვინაიდან საერთაშორი კანონი ზურგს უკან ვერ დაიმალება.(43)“

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათზე პუტინის აზრი ამგვარი გახლდათ:

- „ნატოს გაფართოების პროცესს არაფერი აქვს საერთო ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. პირუკუ, ეს სერიოზული ფაქტორია, რომელიც ორმხრივი ნდობის შემცირებს იწვევს” (44);

- „რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით მე არ მსურს, ვინმეს აგრესიულობაში დავდო ბრალი, მაგრამ ეს ძალთა თანაფარდობას ერთი მხარის სასარგებლოდ დაარღვევს და, ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, იძულებულნი ვიქნებით, ასიმეტრიული პასუხისთვის ვემზადოთ. თუკი ჩვენ თავად ვერ ვაგებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, უნდა შევქმნათ ამგვარ სისტემათა გადამლახავი სისტემები, და ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ”(45).

- პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს კოსოვოს პრობლემის ისეთ მოგვარებას, რომელიც კონფლიქტის ერთ-ერთი მხარისათვის მიუღებელი იქნება.

პუტინის გამოსვლამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის გორდონ ჯონდროს თქმით-თეთრი სახლის „გაკვირვება და გაოცება გამოიწვია”.. „ჩვენ გაკვირვებულნი ვართ, მისი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა” განაცხადა ჯონდრომ(46). იმავდროულად უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა.“

პუტინს მიუნხენური ტრიბუნიდან შეეხმიანა პენტაგონის შეფი გეიტსიც, რომლისთვისაც ეს ერთგვარი სადებიუტო გამოსვლა გახლდათ. მან განაცხადა, რომ „როგოც ცივი ომის ვეტერანს, ერთმა გუშინდელმა გამოსვლამ თითქმის ძველი დროის ნოსტალგია აღუძრა.” მან ასევე აღნიშნა „ისე კი სამყარო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ გაცილებით განსხვავებული და რთულია იმასთან შედარებით, რაც 20-30 წლის წინ იყო. ახლა ჩვენ არაერთი საერთო პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, რომელთაც სწორედ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ასე რომ ერთი ცივი ომი საკმარისია. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუსეთის პოლიტიკა ზოგჯერ, როცა ეს მის მიერ ცალკეული ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვასა თუ ენერგორესურსების სხვა სახელმწიფოებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენებას ეხება-აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სტაბილურობას.”(47) რაც შეეხება ნატოს, გეიტსის აზრით, „რუსეთს არ უნდა ეშინოდეს მის საზღვრებთან ალიანსის მიახლოებისა, რადგანაც ეს დემოკრატიული ქვეყნების მიახლოებას ნიშნავს.”(48)

მოგვიანებით იგივე არგუმენტი გაიმეორა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა: „რატომ უნდა ნერვიულობდეს ვინმე, თუკი მის საზღვრებს დემოკრატია და კანონის უზენაესობა უახლოვდება?”(49)

გარდა ამისა, რუსეთის გაღიზიანებას იწვევს აშშ-ის მიერ გატარებული რაკეტსაწინააღმდეგო პოლიტიკაც. როდესაც პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ მინისტრებმა მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შეერთთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (რსთ) სისტემათა განლაგებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს. ამის საპასუხოდ მოსკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ცალმხრივად გავა საბჭოურ-ამერიკული ხელშეკრულებიდან საშუალო და მცირე სიშორის რაკეტათა (სმსრ) ლიკვიდაციის შესახებ და თანაც პოლონეთსა და ჩეხეთს სამიზნედ ამოიღებს. ექსპერტების საერთო აზრით, ამით რუსეთი ვერაფერს მოიგებს და პირუკუ, არსებობს უდიდესი შანსი, ბევრი რამ წააგოს კიდეც.

ვარშავაში ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერების ერთობლივი პრეს-კონფერენციის შემდეგ პრემიერმა კაჩინსკიმ აღნიშნა: „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, და უწინარესად აშშ-ის რსთ-ის განლაგების თაობაზე-პრინციპული გადაწყვეტილების მიღება. იმის მტკიცება, რომ აშშ-ის რსთ-ის ბაზა ევროპაში ძალთა თანაფარდობას შეცვლის, აშკარა გაუგებრობაა აღნიშნა მან. ამ ნაბიჯის მიზანი ნათელია, იგი არ არის მიმართული არც ერთი ნორმალური სახელმწიფოს წინააღმდეგ. რსთ-ის ფუნქცცია აზიის იმ სახელმწიფოთა ქმედებებისაგან თავდაცვა იქნება, რომელთაც არ სურთ დაემორჩოლონ მსოფლიოში მიღებულ წესებს.“

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონი პოლონეთსა და ჩეხეთში რსთ-ის სისტემის ელემენტთა განლაგებას ე.წ. ურჩ სახელმწიფოთაგან და ტერორისტებისგან თავდაცვის აუცილებლობით ხსნის. მაგრამ რუსებს ამის არ სჯერათ. „ჩვენი სპეციალისტები არ თვლიან, რომ რსთ, რომელსაც ამერიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განალაგებს, იმ მუქარის აღკვეთისკენაა მიმართული, რომელიც ირანიდან, ან ტერორისტებისგან მომდინარეობს” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 2007 წლის 1 თებერვალს კრემლში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე.(50)

პუტინის მიერ ამ მიმართულებით კრემლში დაწყებული და მოგვიანებით მიუნხენის კონფერენციაზე მისი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ განვითარებული იერიში შემდეგ კვირას ჯერ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა იური ბალუევსკიმ, შემდეგ კი რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ნაწილების მეთაურმა ნიკოლაი სალავცოვმა გაამწვავეს. ასე მაგალითად, ბალუევსკიმ განაცხადა, რომ თუკი აშშ პოლონეთსა და ჩეხეთში მართლაც განალაგებს რსთ-ის სისტემებს, რუსეთი ცალმხრივად დატოვებს საბჭოურ-ამერიკულ ხელშეკრულებას სმსრ-თა ლიკვიდაციის შესახებ. სალავცოვმა კი დაიქადნა, რომ „თუკი იქნება მიღებული შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რუსეთი 5-6 წელიწადში შექმნის საშუალო სიშორის რაკეტებს, რომლებიც პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკული რსთ-ის სისტემების წინააღმდეგ მიიმართება.”(51)

„დღეს მრავალი ქვეყანა ქმნის და სრულყოფს საშუალო სიშორის რაკეტებს მაშინ, როდესაც რუსეთმა აღნიშნული ხელშეკრულების პირნათლად შესრულების საფუძველზე-ამ იარაღის არაერთი სისტემა დაკარგა”-ასე განმარტა თავისი პოზიცია ბალუევსკიმ(52). სერგეი ივანოვმა კი ხელშეკრულებას სმსრ-თა ლიკვიდაციის შესახებ სულაც „ცივი ომის” რელიქტი უწოდა, „რუსეთს ამ რაკეტებით ხელახლა აღჭურვა ხელს თუნდაც იმიტომ არ შეუშლიდა, რომ მათ ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და ისრაელი მოიძევენ.” „ეს ქვეყნები ჩვენი საზღვრის მახლობლად მდებარეობენ და ამის გაუთვალისწინებლობა არ ეგების-ამ რაკეტების ქონის უფლება მხოლოდ ორ ქვეყანას-რუსეთსა და ამერიკას არა აქვს. ასე კი მუდამ ვერ გაგრძელდება.“

რუსი კოლეგების ამ განცხადებაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის პირველი რეაქცია ამგვარი გახლდათ: „ამ ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლა შეერთებულ შტატებს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საფიქრალი ევროპელებს გაუჩნდებათ”.

გაზეთ „ფაინენშლ თაიმსის” შეფასებით, რუსეთის მუქარა სმსრ-თა ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრუკლებიდან გასვლის, საშუალო სიშორის რაკეტების შექმნისა და ამ რაკეტების პოლონეთსა და ჩეხეთში დამიზნების თაობაზე „მიზნად სწორედ ამ უკანასკნელთა და მთლიანად ევროპის დაშინებას ისახავს. კრემლი ფსონს იმაზე აკეთებს, რომ პოლონეთსა და ჩეხეთში საპროტესტო აქციები დაიწყება და საბოლოო ჯამში ეს ქვეყნები იძულებულები გახდებიან, უარი თქვან ამერიკული გეგმების რეალიზაციაზე.“

თუმცა სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვის ეს გათვლები მაინც მცდარი უნდა იყოს. „კრემლი არსებითად, ისევ იმ ილუზორული იდეიდან ამოდის-რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის „პიონერების” (5 ათასი კმ-ის სიშორის რაკეტების) განლაგებისკენ უბიძგა-რომ ამით ევროპის დაშინებას და ამერიკასთან მის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას მოახერხებს. ამ გულუბრყვილო ვარაუდმა მაშინაც კი ვერ იმუშავა, როცა სსრკ ზემძლავრი სახელმწიფო იყო, და მით უფრო განწირულია წარუმატებლობისთვის ის ახლა”-ამბობს ჟურნალ „ეკპორტ ვოორუჟენიეს” რედაქტორი მიხეილ ბარაბანოვი(48). გარდა ამისა, მისი აზრით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლა იგივეს გაკეთებასაც აიძულებს შეერთებულ შტატებსაც, რომელსაც ამის შედეგად შესაძლებლობა მიეცემა, თავისი რაკეტები სულაც რუსეთის საზღვრებთან განალაგოს. ეგეც არ იყოს, მოსკოვის ქმედებით დაშინებულმა ევროპელებმა, შეიძლება, ვაშინგტონს ახალი რუსული საფრთხისგან დაცვა მოსთხოვონ. ამდენად, მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ექსპერტ ალექსანდრ პიკაევისა არ იყოს - “აშშ-ის აწყობს კიდეც ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლა, ვინაიდან ეს მას ევროპაში არა მარტო რსთ-ის სისტემების, არამედ რაკეტების განსათავსებლად აუცილებელ არგუმენტებს მისცემს”.

ენერგეტიკული საკითხები

ნატოსა და რუსეთს შორის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას ასევე ენერგეტიკული ომი წარმოადგენს. როგორც ცნობილია, რუსეთი ენერგეტიკული ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად გაზის სექტორში „ოპეკის” მსგავსი ორგანიზაციის შექმნას ცდილობს. კრემლის კლანჭებში მოქცეული ნატოს ევროპული სახელმწიფოები კი გაზის იმპორტიორ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ გასაერთიანებლად და გაზის ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად უხმობს.

ევროკომისია ევროპულ ბაზარზე გაზის მიმწოდებელთა მონოპოლიის დამხობასა და კონკურენციის ზრდას ცდილობს. ევროკავშირმა ამ მიმართულებით უკვე მოახერხა რამდენიმე უმსხვილეს მომწოდებელთან მრავალწლიანი კონტრაქტების გაფორმება.

ნატოს ექსპერტებმა უკვე შეიმუშავეს მოხსენება, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს ახალი საგაზო „ოპეკის” ჩამოყალიბების საშიშროებას ამცნობს. ნატო მიიჩნევს, რომ ახალი „ოპეკის” საკვანძო ფიგურა რუსეთი იქნება.

დღეისათვის ბუნებრივი აირის სერიოზული მარაგების მქონე ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი, საშუალება არ აქვთ ევროპას ბუნებრივი აირი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით მიაწოდონ. ეს ქვეყნები მთლიანად „გაზპრომზე” არიან დამოკიდებულნი, რადგანაც ის მილსადენები, რომლითაც მათ ევროპასთან დაკავშირება შეუძლიათ, რუსეთის ტერიტორიაზე გადის და “გაზპრომის” საკუთრებაა. ამიტომაც, საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით რუსეთი თურქმენეთისგან გაზს თავის დროზე 46 დოლარად ყიდულობდა და ევროპას 260 დოლარად აწვდიდა.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით, რუსეთის გარეშე ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ქვეყნებთან პირდაპირი თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ხელსაყრელი იქნება.

საფრთხის მოახლოების შიშით გერმანია, საფრანგეთი და იტალია ბუნებრივი აირის მომპოვებელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობენ. მაგალითად, ევროკომისიის მიერ შემუშავებული გაზის დივერსიფიკაციის ახალი გეგმის მიხედვით, თურქმენული გაზი ევროპას-საქართველოს, აზერბაიჯანის და ირანის გავლით უნდა მიეწოდოს.

ამასობაში კი „გაზპრომის” პოზიციები, როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად ყოველწლიურად ძლიერდება. კომპანიის დირექტორთა საბჭომ 2007 წლის საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 529,38 მილიარდ რუბლს ითვალისწინებდა, აქედან კაპიტალური დაბანდება 360, 56 მილიარდი რუბლია, ხოლო გრძელვადიანი ფინანსური ინვესტიცია - 168,82 მილიარდი.

რაც შეეხება უკვე აღნიშნულ ე.წ. „გაზის ოპეკის”, მასში სავარაუდოდ რუსეთი, ირანი, ვენესუელა, ალჟირი, ლიბანი და ყატარი გაერთიანდებიან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2006 წლის მონაცემებით რუსეთი ბუნებრივი გაზის მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ის მსოფლიო მარაგების თითქმის მესამედს ფლობს-47,57 ტრილიონი კბ/მ-ის; ირანი მეორეზეა-26,62 ტრილიონი კბ/მ-ით, ყატარი მესამეზე - 25,77 ტრილიონი კბ/მ-ით. გაზის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები 2007 წლის 9 აპრილს შეიკრიბნენ ყატარში. ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2006 წლის ნოემბერში ნატოს ეკონომიკურმა კომიტეტმა ალიანსის წევრებს მოსალოდნელი გართულებების შესახებ სპეციალური კონფიდენციალური მოხსენებით აცნობა. მოხსენებაში აღწერილი იყო „ოპეკის” ტიპის ბუნებრივი აირის ახალი ალიანსი, სადაც რუსეთის ინიციატივით ალჟირი, ლიბია, ყატარი, და ირანი გაწევრიანდნენ. ნატოს ექსპერტების განცხადებით „ახალი ალიანსის შექმნის მიზეზი პოლიტიკურია, ენერგომარაგი ევროპაზე ზეწოლისა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.“

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებ

2007 წლის 14 დეკემბრიდან დასავლეთისათვის რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით უკვე საფრთხეს წარმოადგენს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსეთმა ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მორატორიუმი 14 დეკემბერს მოსკოვის დროით შუაღამეს ოფიციალურად აამოქმედა. აქედან გამომდინარე არსებობს იმის ალბათობაც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან მოსაზღვრე რაიონებში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობით აივსება.

რუსეთმა აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება 2004 წელს მოახდინა. ხელშეკრულების თანახმად, მის წევრ ქვეყნებს ატლანტიკიდან ურალამდე საბრძოლო ტექნიკა ხუთი კატეგორიის მიხედვით უნდა შეემცირებინათ, ესენია: ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია, და მოიერიშე ვერტმფრენები.

აღსანიშნავია რომ ეს ხელშეკრულება 1990 წელს დაიდო, ძალთა ბალანსის მისაღწევად როგორც ნატოს, ასევე ვარშავის ხელშეკრულების წევრებს შორის. ცხრა წლის შემდეგ გაფორმდა შეთანხმების ადაპტირებული ვერსია, რომლის მიხედვით, შეზღუდვები ჩვეულებრივ შეიარაღებაზე არა ბლოკის, არამედ თვითოეულ ქვეყანაზე ცალკე ვრცელდება.

რუსეთის წინა მოწვევის სათათბირომ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ სესიაზე ხმათა სრული უმრავლესობით მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლას აპირებს. ფედერაციის საბჭოს მხარდაჭერის შემდეგ კი, დოკუმენტს ხელი ასევე პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა.

საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მორატორიუმის ამოქმედებით რუსეთი უფლებას იტოვებს, რომ თავის ტერიტორიაზე და ასევე მის საზღვრებს გარეთ განთავსებულ ბაზებზე სამხედრო ტექნიკის გადასროლისა ან აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს ანგარიში აღარ ჩააბაროს, რაც ნატოსთვის ახალი თავის ტკივილის საგანია.

რუსეთმა თავისი ქმედება ახსნა იმით, რომ 2007 წლის ოქტომბრისთვის, ნატომ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეიარაღების დონის თაობაზე შეთანხმებას”. ეს განცხადება გაჟღერდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით „ნატოს ქვეყნებისთვის შეთანხმებით გათვალისწინებული დონეები შეადგენს 5992 ტანკს, 9882 ჯავშანმანქანას, 5111 საარტილერიო ერთეულს, 1497 საბრძოლო თვითმფრინავსა და 531 დამრტყმელ შვეულმფრენს. აშშ-ის შეიარაღება ამ მონაცემებს გაცილებით აჭარბებს”. რუსეთს მიაჩნია რომ ეს დარღვევები ძალზედ სახიფათოა. შედარებისთვის: „საფლანგო ზონაში” რუსეთს ჰყავს 1200 ტანკი, 2140 ჯავშანმანქანა და დაახლოებით 1680 საარტილერიო ერთეული”(53).

ნატომ წუხილი გამოხატა რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებაზე მორატორიუმთან დაკავშირებით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ქმედება არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან ნატოს წევრი ქვეყნები უფლებას იტოვებენ, ნებისმიერი ნაბიჯები გადადგან შეთანხმების გათვალისწინებით და საერთაშორისო უფლებების დაცვით იმოქმედონ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ნატოს გავლენის შესუსტების მიზნით, რუსეთი ასევე ცდილობს გააქტიუროს მისი ინიციატივით შექმნილი ანტიდასავლური რეგიონალური ორგანიზაციების საქმიანობა. აქ პირველ რიგში საუბარია დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე-ეს ორგანიზაცია წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს და მასში დსთ-ის ექვსი სახელმწიფოა გაწევრიანებული, და მეორე, ეს გახლავთ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია”, რომელი რვა წლის წინ რუსეთისა და ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა და მასში ამჟამად ამ ორი სახელმწიფოს გარდა ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიც არიან გაერთიანებულნი. Eოფიციალურად ამ ორგანიზაციის მიზანს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს, მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მას უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია, კერძოდ ორი მსოფლიოში უდიდესი ევრაზიული სახელმწიფოს მისწრაფებაა შეაკავოს “ატლანტიზმის” გავლენა მსოფლიოში.

ბრიუსელსა და მოსკოვს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს ასევე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული პრობლემა წარმოადგენს, რაზედაც დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი.