The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა ეთნოსები საქართველოში
დოკუმენტის ნახვა წინასიტყვაობა
დოკუმენტის ნახვა ეთნო-კულტურული პროცესები საქართველოში
დოკუმენტის ნახვა ქართველები
დოკუმენტის ნახვა აფხაზები
დოკუმენტის ნახვა ოსები
დოკუმენტის ნახვა ებრაელები
დოკუმენტის ნახვა სომხები
დოკუმენტის ნახვა აზერბაიჯანელები
დოკუმენტის ნახვა ბერძნები
დოკუმენტის ნახვა ქურთები
დოკუმენტის ნახვა ავარიელები და სხვა დაღესტნელი ხალხები
დოკუმენტის ნახვა ვაინახები
დოკუმენტის ნახვა ასურელები
დოკუმენტის ნახვა უდიები
დოკუმენტის ნახვა რუსები
დოკუმენტის ნახვა უკრაინელები
დოკუმენტის ნახვა პოლონელები
დოკუმენტის ნახვა ჩეხები
დოკუმენტის ნახვა გერმანელები
დოკუმენტის ნახვა ლატვიელები
დოკუმენტის ნახვა ლიტველები
დოკუმენტის ნახვა ესტონელები
დოკუმენტის ნახვა ბოშები
დოკუმენტის ნახვა ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში
დოკუმენტის ნახვა შენიშვნები

ბერძნები

 

ბერძენი ხალხის ჩამოყალიბება დაიწყო ძვ.წ. II ათასწლეულის დამდეგს, როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პროტობერძნულმა ტომებმა - აქაველებმა და იონიელებმა, ხოლო ძვ.წ. XII საუკუნიდან - დორიელებმა ადგილობრივი მოსახლეობის (პელასგების და სხვ.) ასიმილაცია მოახდინეს. ბერძნული კოლონიზაციის ეპოქაში (ძვ.წ. VIII-VI სს.) შეიქმნა საერთო ბერძნული კულტურული ერთობა და გაჩნდა საერთო საკუთარი სახელი „ელინები“ (ასე ეწოდებოდა შუა საბერძნ. ოლქის, შემდეგ - მთელ ბერძნულენოვან მოსახლეობას). რომაელებმა ელინებს უწოდეს „გრეკო“, რაც შემდეგ ევროპის ხალხებმა შეითვისეს. ელინიზმის ხანაში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელდა საერთო ბერძნული ენა „კოინე“. ძველმა ბერძნებმა შექმნეს მაღალი კულტურა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ევროპისა და წინა აზიის ხალხთა კულტურულ განვითარებაზე. შუა საუკუნეებში ბერძენი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ძლიერ შეიცვალა: მას ერწყმოდნენ ჩრდილოეთიდან გადმოსახლებული ვლახები, სლავები (VI-VII სს.), მაგრამ ძირითად ბირთვად მაინც ბერძნული ეთნიკური ელემენტი დარჩა, რომელიც თანამედროვე ბერძნებს უშუალოდ აკავშირებს ძველ ბერძნებთან.

საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება.

ისტორიული ნარკვევი

საქართველოში მცხოვრები თანამედროვე ბერძნები, უმთავრესად, ე.წ. პონტოს ბერძნები არიან, რომლებიც თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გადმოსახლდნენ. მათი პირველი დასახლებები საქართველოში XVIII საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ახტალის სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს საბადოების დასამუშავებლად ერეკლე მეორემ აღმოსავლეთ ანატოლიიდან ბერძენი მუშები და ხელოსნები მოიწვია და სოფელ მისხანში დაასახლა.1 შემდეგში ისინი განსახლდნენ სომხეთსა და საქართველოში, მტრისაგან დარბეულ სოფ. ოფრეთში. 1806-1807 წლებში ბერძენთა ცალკეული ჯგუფები ქვემო ქართლში დამკვიდრდდნენ.2 1813 წელს 32 ბერძნულ ოჯახს გადაეცა სახაზინო მიწა თეთრიწყაროს რაიონის დაცარიელებულ სოფ. წინწყაროში.

რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის შედეგად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ვილაიეთებიდან ქრისტიანული მოსახლეობის დიდი მასა - ქართველები, ბერძნები, სომხები - ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადმოსახლდა. ამის ძირითადი მიზეზი ქრისტიანული რელიგიის დევნა იყო. დევნილები საქართველოში რამდენიმე ეტაპად შემოვიდნენ და, უმთავრესად, წალკის რაიონში დასახლდნენ.

გადმოსახლებულები თავისუფალ პირებად ითვლებოდნენ და ამიტომ ხაზინას მიეკუთვნებოდნენ. თურქეთიდან ჩამოსულები ნასოფლარებს ირჩევდნენ დასასახლებლად, სარგებლობდნენ ქართველების მიერ მიტოვებული წისქვილებით, კარაქის სადღვებებითა და სხვ. თრიალეთის ტრადიციულ სოფლებში ჩასახლების შემდეგ მოსულები ცვლიდნენ ძირძველ ადგილობრივ ტოპონიმებსა და მათ ნაცვლად მშობლიური სოფლების სახელებს ამკვიდრებდნენ. მაგალითად, ერძანს ბარმაქსიზი უწოდეს, თეზს - ავრანლო, წალკას - გუნიაკალა, კოხთას - სანამერი, ქვემო ახალშენს - კირაკი, ზემო ახალშენს - ბაშკოი, ეძვენასოფელს - შიპიაკი, უწყლოს - სანტა, გველფარეხას - კუშჩი, საბატეს - დარაკოვი. ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივ დასახელებას თავისებურად მოიაზრებდნენ, მაგალითად, ბეშკენაშენი ბეშთაშენად აქციეს („ბეშტაშ“ თურქულად „ხუთ ქვას“ ნიშნავს).

ერთ-ერთ სოფელს გადმოსახლებულებმა ედიქილისა უწოდეს, რაც თურქულიდან ითარგმნება, როგორც „შვიდი ეკლესია“ და, მართლაც, ამჟამად, ამ სოფელში შვიდი ეკლესიაა. იგივე ითქმის სოფ. ტაქქილისაზე, რაც თურქულად „ერთ ეკლესიას“ ნიშნავს და ამ სოფელშიც ერთი, ბაზილიკის ტიპის, ეკლესიაა. სოფელ ქვემო ავლადს კიზილქილისა შეარქვეს, რაც თურქულად „წითელ ეკლესიას“ ნიშნავს. ადგილობრივი მცხოვრებლების გადმოცემით, აქ წითელი ქვისგან ნაშენი ეკლესია ყოფილა, რომელიც დროთა განმავლობაში დანგრეულა.

სოფლებისთვის სახელების შეცვლის შედეგად თრიალეთში თურქული გეოგრაფიული ნომენკლატურა გაჩნდა, რაც დღემდეა შემონახული.

ამავე პერიოდში სახელები შეეცვალა ბერძნებით დასახლებულ სოფლებს დმანისის რაიონში (ისტორიული ზურტაკეთი): სარკინეთს დემირბულაღი ეწოდა, ველისპირს - ბულგასონეივანი.

ენობრივად საქართველოში მცხოვრები ბერძნები იყოფოდნენ ბერძნულენოვნებად (ელინოფონები) და თურქულენოვნებად (ურუმები). ელინოფონები ლაპარაკობდნენ ბერძნული ენის პონტოს კილოკავზე, რომელიც VI-VII საუკუნეებში იღებს სათავეს. ბერძნული სიტყვა „პონტოს“ - ზღვა, რომელიც ზღვისპირეთსაც აღნიშნავს და ქვეყანასაც, ანტიკური ტრადიციით შავი ზღვისპირეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, სადაც ბერძნებმა VI საუკუნეში თავიანთი დასახლებები დააარსეს.

ბერძნული ენის პონტურ კილოკავზე საქართველოში შემდეგ სოფლებში მეტყველებდნენ: სანტაში, ნეოხარაბაში, გუმბათში, ტარსონში (წალკის რ-ნი), საკირეში, გორაში (დმანისის რ-ნი), ივანოვკაში, დიდსა და პატარა ირაგაში, ჯიგრაშენში, ვიზიროვკაში, ალექსეევკის ნაწილში (თეთრიწყაროს რ-ნი), ოფრეთში (მარნეულის რ-ნი), მიქელწმინდაში (ახალციხის რ-ნი), ციხისჯვარში (ბორჯომის რ-ნი). ამავე კილოკავზე ლაპარაკობდნენ აფხაზეთსა და აჭარაში მოსახლე ბერძნები.

ელინოფონების ძირითადი მასა საქართველოში XIX საუკუნის 50-80 წლებში დასახლდა. მათი ადრინდელი საცხოვრებელი იყო ზღვისპირა რაიონები - სანტე, სიურმენე, კრომა, მიუზენი, ოვას, ხოფის, რიზეს ოლქები, ხოლო გორასა და საკირეს მცხოვრებლები ყარსის სოფლებიდან იყვნენ.

წალკის რაიონის ბერძნების ძირითად მასას ურუმები (თურქულენოვანი ბერძნები) წარმოადგენდნენ. მათ ეკუთვნოდათ სოფლები: ხადიკი, გუნიაკალა, ტაქქილისა, ედიქილისა, წინწყარო, ჯინისი, ავრანლო, ხანდო, ბეშთაშენი, ბაიბურთი, ბაშკოვი, ლივადი, კარაკომი, ოლინკაი. ურუმები ცხოვრობდნენ, აგრეთვე, დმანისის რაიონის სოფლებში: სარკინეთში, განახლებაში, ველისპირსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში.

ტერმინი „ურუმი“ გაჩნდა აღმოსავლეთი რომის იმპერიის დაცემისა და თურქეთის მიერ ბიზანტიის ყოფილი პროვინციების დაპყრობის შემდეგ.3 იგი წარმოქმნილია ლათინური ძირიდან „რომა“, რაც რომაელს, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქვეშევრდომს ნიშნავს. ეს ტერმინი გულისხმობდა თურქების მიერ დაპყრობილი პროვინციების მოსახლეობას, მისი ეთნიკური წარმომავლობის გაუთვალისწინებლად. ურუმების ეთნიკურ შემადგენლობაში შევიდნენ ლაზებიც. ლაზებს შორის მრავალი სახელგანთქმული ხურო და ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი იყო.4 ისინი აგებდნენ საცხოვრებელს, რომელიც „ლაზური ტიპის სახლის“ სახელით იყო ცნობილი.5 წალკის რაიონში ურუმები სოფლებში სანტასა და იმერაში სახლობდნენ. ურუმებმა შეითვისეს ძველი ქართული ტრადიციები, კულტურის ელემენტები (მაგალითად, ლაზ ქალებში გავრცელებული თავსაბურავი „დაბლა“ - ქართული სიტყვიდან „დაბალი“).6

მართლმადიდებელ გადმოსახლებულთათვის XIX საუკუნის 40-იან წლებში 12 სამრევლო დაარსდა. მოსულებს დახვდათ მზა ტაძრები, რომლებიც თავიანთ სამრევლო ეკლესიებად აქციეს, თავიდან ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.7 გადმოსახლებულები განსაკუთერებულ პატივს სცემდნენ წმინდანებს: კონსტანტინეს, პეტრესა და პავლეს, ილიას, კუზმასა და დამიანეს, აღნიშნავდნენ სოფიოს დღეებს, ფერისცვალებას, ღვთისმშობლის მიძინებასა და წმ. პანტელეიმონის დღეებს. წალკელები დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ღვთისმშობლის გამოსახულებას ვარძიაში, ეთაყვანებოდნენ წმ. გიორგის, რომლის დღეს 23 აპრილსა და 10 ნოემბერს დღესასწაულობდნენ.

სოციალური ურთიერთობები, საცხოვრებელი გარემო

ოჯახი. საველე ეთნოგრაფიული მასალების, საარქივო და ლიტერატურული წყაროების მონაცემები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დამდეგს თურქულენოვანი ბერძნების - ურუმების - ოჯახის გაბატონებული ფორმა ორი თაობისაგან შემდგარი მცირე ოჯახი - „ქიუჩუკ ავი“ - იყო. ასეთი ოჯახის წევრთა რაოდენობა, გადმოსახლების პირველ წლებში, საშუალოდ, სამიდან რვა კაცამდე მერყეობდა. ეს ოჯახები ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და გარე ბიძაშვილების ერთ-ორ თაობას აერთიანებდა. ასეთ ოჯახებში შემორჩენილია რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრების ტრადიცია, დამახასიათებელი დიდი ოჯახისათვის, რომელიც დროთა განმავლობაში დაირღვა.

აღნიშნულ პერიოდში წალკის რაიონში გადმონაშთის სახით დიდი ოჯახებიც იყო შემორჩენილი (ბირ-ლიკ-ავ-ი, ბეიუ კავ-ი, ბეიუკ ოჯახ-ი, ბეიუკ კიუფლატ-ი). ბეიუკ ავ-ი სამ, ზოგჯერ ოთხ თაობას აერთიანებდა, 25 და მეტი სულისაგან შედგებოდა.

ურუმების ოჯახში მამაკაცთა რაოდენობა საგრძნობლად სჭარბობდა ქალებისას. ეს გარემოება გავლენას ახდენდა მუშახელის რაოდენობაზე. შრომითი საქმიანობას, განსაკუთრებით ბიჭები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, 15 წლის ასაკზე ბევრად ადრე იწყებდნენ.

საცხოვრებლი ტიპი. თურქულენოვანი ურუმების ძირითად ქონებას წარმოადგენდა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, სხვადასხვა დანიშნულების მიწა, საქონელი.

წალკის რაიონში გავრცელებული იყო საცხოვრებელი ნაგებობა „ყა-რა იაფი“ მიწური გადახურვით. „ყარა იაფში“ ჰორიზონტალურ პლანში წარმოდგენილი იყო: ადამიანის საცხოვრებელი - ოდა ან ავი, სასადილო-საკუჭნაო - ავ ან აშხანა, ალიზის სათავსო - სამანლიხი ან მარაკი, ბოსელი - კომი ან დამი, ფარდულ-ჩარდახი, საზაფხულო სადგომი - იაზლიხი. გავრცელებული იყო საცხოვრებელი ნაგებობის რამდენიმე სახეობა: „დარბაზული“, „ყარსული“, „ლაზური“. ყველა ამ ნაგებობას კომპლექსური ხასიათი ჰქონდა.

„ყარა იაფის“ არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ მისი ბინადარი ოჯახი ერთიან სამეურნეო-გვაროვნულ კოლექტივს წარმოადგენდა.

როგორც დიდი, ისე მცირე ოჯახის საქმიანობის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ოთახში - ოდაში - მიმდინარეობდა. აქ იკრიბებოდა თავისუფალ დროს ოჯახის ყველა წევრი. აქ ათევდნენ ღამეს, იკვებებოდნენ (უფრო ხშირად მხოლოდ კაცები). ზოგჯერ ოჯახს გამოეყოფოდა ხოლმე საქორწინო წყვილი, თუმცა საერთო საოჯახო ქონება, კოლექტიური მეურნეობა და მოხმარება შენარჩუნებული იყო.

„ყარა იაფის“ საცხოვრებელ კომპლექსში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა სასადილო-საკუჭნაოს - აშხა ნა-ს ან ავ-ს. აშხანაში კეთდებოდა ურუმების ყველა საოჯახო საქმე. იქ იყო ტან-დირი, რომელშიც პური ცხვებოდა, იქვე ამზადებდნენ საჭმელს. ტანდირი ათბობდა ზამთარში სახლის ამ ნაწილს, მასზე დგამდნენ ფარდაგგადაფარებულ დაბალ მაგიდას, გარშემო სხდებოდნენ და სადილობდნენ ქალები. გავრცელებული იყო ტანდირის ორი ტიპი - მიწისზედა და მიწაში ჩადგმული.

„ყარა იაფის“ აშენებისას დიდი ყურადღება ექცეოდა ბოსელს. ბოსელი - ქომ-ი ან დამ-ი - ყველაზე დიდი სათავსო იყო სახლში. ოჯახი, რომელსაც ცოტა საქონელი ჰყავდა, მთელ პირუტყვს ერთ სადგომში ათავსებდა. ბევრი საქონლის მფლობელი ოჯახი კი (როგორც წესი, ეს დიდი ოჯახი იყო) მთელ პირუტყვს ერთ ბოსელში ამწყვდევდა, რომელიც ერთმანეთისაგან დაბალი ტიხარით გამოყოფილი რამდენიმე სადგომისაგან შედგებოდა. მსხვილფეხა საქონლისთვის გამოყოფილ სადგომს „კოში მალი კომ“ ეწოდებოდა, საძროხეს - „ინაკ მალი კომ“, ფარეხს - „ქოიუნ-კომ“.

ამგვარად, საოჯახო ყოფის თვალსაზრისით, საცხოვრებელი სახლის მთავარ ნიშანს ერთკამერიანი საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა, რომლის ყოველ ნაწილს თავისი დანიშნულება ჰქონდა. ჭამის, დასვენების, საქმიანობის დროს ოჯახის წევრთა ადგილის ასაკისა და სქესის მიხედვით განსაზღვრა პასუხობდა ოჯახის ისეთი ფორმის ინტერესებს, რომელშიც შენარჩუნებულია საოჯახო თემის ტრადიციები. ოჯახის მთელი ცხოვრება ოჯახის უფროსის თვალწინ მიმდინარეობდა, რაც საოჯახო თემის ტრადიციის დამახასიათებელი ნიშანია.

სამეურნეო ყოფა. ურუმთა უძრავი ქონების მეორე ნაწილს მიწა შეადგენდა. მიწა, რომლითაც თურქულენოვანი ბერძნები სარგებლობდნენ, სახაზინო იყო. სახნავი მიწა, მოსავლიანობის მიხედვით, პირობითად რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა, თითოეული ოჯახისთვის მოზომილი მიწაც რამდენიმე კატეგორიისა იყო. დიდი ოჯახები, რომლებიც, როგორც წესი, ეკონომიკურად უფრო ძლიერები იყვნენ, მიწის მეტი ფართობით სარგებლობდნენ. მცირე, ეკონომიკურად უფრო სუსტ ინდივიდუალურ ოჯახებს მიწის ნაკლები ფართი ქონდათ მიზომილი.

სათიბები საერთო სასოფლო მფლობელობაში იყო და მათი გადანაწილება ყოველ წელს ხელახლა ხდებოდა.

თივის დამზადებისას ურუმების ოჯახები მამითადში ერთიანდებოდნენ, რომელსაც „ამპა“ (სომხებთან - „გლოხი“) ეწოდებოდა. ამპისა და გლოხის ორგანიზაციის პრინციპი ერთნაირი იყო. როგორც ამპის, ისე გლოხის წევრები თანაბარი უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი. ყოველი ოჯახი ვალდებული იყო წარმოედგინა მთიბავთა განსაზღვრული რაოდენობა და ყოველ ოჯახს თივის განსაზღვრული ოდენობა ეკუთვნოდა მათი სათიბის ფართობის შესაბამისად. „ამპას“ ამპა ბაში ხელმძღვანელობდა. წალკის რაიონში ისეთი დიდი, ეკონომიკურად ძლიერი ოჯახები იყო, რომლებიც თიბვის დროს ერთ ამპას შეადგენდნენ.

ურუმების მოძრავ ქონებას საქონელი წარმოადგენდა, რომელიც მთელი ოჯახის კოლექტიურ საკუთრებაში შედიოდა. ოჯახის წევრთა ქონებრივი უფლებები საქონლის მიმართ არავითარ პირობებს არ ექვემდებარებოდა, რაც ტიპურია დიდი ოჯახისათვის დამახასიათებელი საკუთრების ფორმისათვის. თითოეულ ოჯახს საქონლის საკუთარი დამღა - ენ-ი - ჰქონდა. მესაქონლეობის პროდუქტებს, განსაკუთრებით იალაღიან სოფლებში, ძირითადი ადგილი ეჭირა ურუმების ეკონომიკურ ცხოვრებაში. ისინი ყიდდნენ რძის პროდუქტებს, ხორცს, მატყლს და, უპირველეს ყოვლისა, პურსა და პირველი მოხმარების საგნებს იძენდნენ.

ეკონომიკურად ძლიერ ოჯახებს, რომელთაც დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი ჰყავდათ, საკუთარი გუთანი ქონდათ, რომლითაც მიწას ამუშავებდნენ. ეკონომიკურად სუსტი, ძირითადად, მცირე, ინდივიდუალური ოჯახები, ასეთ დროს ურთიერთდახმარების ფორმას - მოდგამს - მიმართავდნენ. წალკის რაიონში მოდგამის ორი სახე არსებობდა - ზემოწალკური და ქვემოწალკური.

ოჯახის წევრებს შორის შრომითი ფუნქციების განაწილებისას ასაკი, სქესი, ინდივიდუალური მონაცემები იყო განმსაზღვრელი. ამ ნიშნების მიხედვით, ბერძნების ოჯახში გამოიყოფოდნენ ოჯახის უფროსი - „ავ ბოიუგი“ - და დიასახლისი - „ავ ქეივანი“, ოჯახის დანარჩენ წევრებსაც თავ-თავიანთი ფუნქციები ჰქონდათ.

ოჯახის უფროსი ასაკითაც ყველაზე უფროსი იყო ოჯახში. მას ექვემდებარებოდა ოჯახის ყველა წევრი. მისი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის უფროსი მომდევნო ძმა ან შემდეგი თაობის ყველაზე უფროსი წარმომადგენელი ხდებოდა. ბერძნების ოჯახის უფროსი არამარტო შესანიშნავი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო, არამედ მარჯვე მუშაკიც, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ საოჯახო საქ-მეს ასრულებდა. იგი ხელმძღვანელობდა ხვნას, მარცვლოვანი კულტურების თესვას, მოსავლის აღებას, ზრუნავდა საქონლის გამრავლებაზე, ქირაობდა საძოვრებს. ოჯახის უფროსი ასრულებდა ერთ-ერთ ყველაზე პასუხსაგებ და საპატიო მოვალეობას - თესდა მარცვალს მოხნულ მინდორში („თახიმ საპიერ“).

„ავ ქეივანის“ არჩევისას, უპირველეს ყოვლისა (მაგრამ არა ყოველთვის), ასაკს ითვალისწინებდნენ. უმრავლეს შემთხვევაში იგი „ავ ბოიუგის“ ცოლი იყო. დიდ ოჯახებში „ავ ქეივანი“ ხელმძღვანელობდა ქალების შრომას, აცხობდა პურს, ამზადებდა საჭმელს. მცირე, ინდივიდუალურ ოჯახებში, დიდი ოჯახისაგან განსხვავებით, არ იყო შრომის ასეთი მკაცრი დანაწილება და, ფაქტობრივად, მთელ საოჯახო საქმეს „ავ ქეივანი“ ასრულებდა. კერასთან იგი ოჯახის უფროსის პირისპირ იჯდა. სტუმრის შემოსწრებისას დგებოდა, უთმობდა მას ადგილს და გადიოდა ოთახიდან. დიასახლისი მინდვრის სამუშაოებში მონაწილეობას არ იღებდა.

კაცებსა და ქალებს შორის შრომითი ფუნქციების განაწილების დროსაც განმსაზღვრელი ასაკი იყო. ზემოწალკურ ვარიანტში, სადაც მესაქონლეობა მეურნეობის წამყვან დარგს წარმოადგენდა, ქალთა შორის შრომის დანაწილებას უფრო გარკვეული და მკაფიო სახე ჰქონდა. აქ ქალების მოვალეობას შეადგენდა საქონლის მოვლა, წველა, რძის პროდუქტების დამზადება, იალაღებზე გამგზავრება. თითოეულ ქალს გარკვეული ფუნქცია ეკისრებოდა. ქვემოწალკურ ვარიანტში, სადაც მეურნეობა სიმბიოზური იყო, ქალები, ძირითადად, შინაური საქმეებით იყვნენ დაკავებულნი და მათ ნაკლებ ევალებოდათ მესაქონლეობასთან დაკავშირებული საქმიანობა.

ბერძნების ოჯახის ყველა შრომისუნარიანი მამაკაცი მონაწილეობას იღებდა მინდვრის სეზონურ სამუშაოში. ყველა მამაკაცს ევალებოდა საქონლის მოვლა, მაგრამ თითოეული მამაკაცის ნებისმიერი საქმიანობა დამოკიდებული იყო როგორც მის ასაკზე, ისე მის უნარზე გაძღოლოდა ამ საქმეს. ოჯახის წევრებს, რომლებიც საქონელს უვლიდნენ, ეწოდებოდათ „მალჯი“ - მესაქონლე. ოჯახებს, სადაც ცოტა საქონელი იყო, ერთი მალჯი ჰყავდათ, ბევრი საქონლის მფლობელ ოჯახებს კი - რამდენიმე. „მალჯის“, რომელიც მუშა საქონელს უვლიდა, ეწოდებოდა „კოში-მალი ბაან“-ი, მეწველი საქონლის მომვლელს - „ინაკ მალი ბაან“-ი, მეცხვარეს - „ჩობან“-ი. ოჯახის უმცროს წევრებს, ბიჭებს, რომლებიც მოზარდეულს უვლიდნენ, „კისირ მალი ბაან“-ს უწოდებდნენ.

„მალჯის“ ასეთი დიფერენციაცია განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ზემოწალკური ვარიანტისთვის, სადაც ოჯახის სამეურნეო ყოფაში წამყვანი მესაქონლეობა იყო და მთავარ როლს მესაქონლეები ასრულებდნენ.

ხვნის დროს გუთანს ერთ-ერთი უფროსი მამაკაცი უძღვებოდა, ხარების დანარჩენ უღელს კი - საშუალო და უმცროსი თაობის წარმომადგენლები. მინდორში ოჯა-ხის ყველა წევრი მუშაობდა, მაგრამ, ძირითად, ტვირთს მამაკაცები ზიდავდნენ.

სასაქონლო წარმოების კაპიტალისტური ფორმის განვითარებასთან ერთად, როცა ოჯახის ზოგიერთი წევრი გარკვეულ პროფესიას იძენს, იცვლება ოჯახში შრომითი ფუნქციების განაწილების საერთო სისტემაც. ცვლილებები, ძირითადად, მამაკაცთა შორის შრომის განაწილებას ეხება.

ამგვარად, შრომის ორგანიზაციისა და ოჯახის მართვის სისტემაში განმსაზღვრელ მომენტად გვევლინება ასაკი და სქესი, ოჯახის წევრთა პირადი თვისებების გათვალისწინებით.

ბერძნების როგორც დიდი, ისე მცირე, ინდივიდუალური ოჯახისთვის დამახასიათებელი იყო ოჯახის ყველა წევრს შორის მჭიდრო კონტაქტი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ერთობლივი გადაჭრა.

ოჯახის ბუნების განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკუთრებას, რომელიც ყველაზე უფრო სრულად გამოიხატება ოჯახის წევრთა ურთიერთობის ქონებრივ-სამართლებრივ ნორმებში.

ოჯახის გაყრისას იყოფოდა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, მიწა, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, თესლის მარაგი.

ბერძნული ოჯახის საკუთრება ძმათა ცალკეული წილებისგან შედგებოდა, რომელთა უფლება მათ კუთვნილ წილზე ოჯახის ქონების გაყოფის დროს ვლინდებოდა. თუ ძირითადი მეწილე იმ დროისთვის ცოცხალი არ იყო, მას შვილები ენაცვლებოდნენ, რომელთა სარგებლობაშიც გადადიოდა მისი წილი, მათი რაოდენობისა და ასაკის მიუხედავად.

ოჯახის გაყრის დროს ხდებოდა, რომ უფროს მეწილეს ზედმეტ ქონებას, ე. წ. წანამატს გამოუყოფდნენ ხოლმე საძმო წილზე - უფროსობისთვის. ამ წანამატს „ბოიუკლუხ“-ი ეწოდებოდა და ეს შეიძლება ყოფილიყო ზედმეტი საქონელი, სახლის საუკეთესო ნაწილი, ზოგჯერ მთელი სახლიც, სასოფლო-სამეურნეო იარაღი და სხვ. „ბოიუკლუხის“ გაცემა ურთიერთშეთანხმების გზით ხდებოდა.

ოჯახის ქონების გაყოფისას, „ბოიუკლუხის“ გარდა, გამოიყოფოდა ხოლმე ქონების ნაწილი უცოლშვილო მეწილეებისთვის, რათა მათ ამ სახსრებით ქორწილი გადაეხადათ. ამ წილს „არგანჩალიხ“-ი ეწოდებოდა. ის, ძირითადად, მეწილისთვის დამატებითი სული საქონლის გადაცემაში გამოიხატებოდა.

თურქულენოვანი ბერძნების ოჯახში ორივე მშობელს ან ერთ-ერთ მათგანს ყველა მეწილის საერთო თანხმობით გამოუყოფდნენ ხოლმე საგანგებო წილს „კოჯალიხ“-ს სიბერისათვის, აგრეთვე, წილს დასაფლავებისა და ქელეხისთვის („ოლიუმ პაი“). ეს წილიც საქონლის სახით გამოიყოფოდა. საქონელს იმ მეწილეს აძლევდნენ, რომლის მზრუნველობის ქვეშაც რჩებოდნენ მშობლები. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მეწილეს, რომელმაც თავისი შრომით ოჯახის კეთილდღეობა აამაღლა, დამატებითი წილი - „ამაგ“-ი - გამოუყვეს.

ქონების გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ქალის პირადი საკუთრება, არ იყოფოდა. ქალის პირადი საკუთრება ბერძნების ოჯახში შეიძლება ყოფილიყო საქონელი - „გიალინი მალი“ ან ფული - „ფარა“. პირველ შემთხვევაში, რომელიც საოჯახო ყოფის უფრო არქაულ ფორმას გამოხატავს, „გიალინი მალი“ არ შედიოდა ოჯახის ძირითად ქონებაში და არ ნაწილდებოდა მეწილეთა შორის, ის შეიძლება ყოფილიყო დედისაგან ქალიშვილისთვის დანატოვარი მემკვიდრეობა. მეორე შემთხვევაში, როდესაც ქალის კერძო საკუთრება ფულია, ის შეიძლება გასხვისებული ყოფილიყო ქალის ნებასურვილით, ვთქვათ, გადასცემოდა ვაჟს, რომელთანაც დედა რჩებოდა ოჯახის გაყრის შემდეგ.

ქალის კერძო საკუთრება ამაღლებდა მის როლს ოჯახის ეკონომიკურ ცხოვრებაში და აძლიერებდა მის საზოგადოებრივ მდგომარეობას.

ტანისამოსი. საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა (აფხაზეთსა და აჭარაში) შემოინახეს ძველი ტანისამოსის ელემენტები. მამაკაცის ტანისამოსიდან შეიძლება გამოვყოთ „ზიპუნი“ ან „ენტერი“ (ზედატანის სამოსი), „გელანი“ (თბილი ჟილეტი ან მოკლე თბილი პიჯაკი), ფართო შარავარები, ხოლო ქალის ტანსაცმელში - „ხიტონი“.

წარსულში ურუმები კაბის ნაცვლად ხელნაკეთი მაუდისგან შეკერილ „ჩხუს“ ატარებდნენ, პიჯაკის ნაცვლად - არხალუხს, შარვლის ნაცვლად - ფართო შარავარებს; ფეხთ ემოსათ - შალის მოხატული ნაქსოვი წინდები და მოქნილი ტყავის ფეხსაცმელი - „ჩარუზი“, თავზე ცხვრის ტყავის ფაფახი ეხურათ.

მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ქალების თავის, მხრის, მკერდის, ყურისა და ხელის მორთულობა.

სამზარეულო. საქართველოში მცხოვრები ბერძნების საკვებიც არაერთგვაროვანი იყო. მდიდრებს უფრო მეტი ჰქონდათ ხორციანი საჭმელი, ღარიბები კი ახალდაკრეფილი, საკვებად ვარგისი ველური ბალახით - ღიმითა და პავალიკით კმაყოფილდებოდნენ. ბალახებს იმარაგებდნენ და უხვად ინახავდნენ ზამთრისთვის. ბერძნები აცხობდნენ ხორბლის პურს ან სიმინდის მჭადს, წარსულში საკვებად გამოიყენებოდა ქერის ან ასლის პურიც (წალკა). აფხაზი ბერძნების ეროვნულ ნაციონალურ საკვებს წარმოადგენდა ფაფა - ხალისია.

კულტურა და
გამოჩენილი მოღვაწენი

წარსულში ბერძნების კომპაქტური დასახლებებში არსებობდა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლები. მთელ საბჭოთა კავშირში სახელი გაითქვა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა, დირიჟორმა ოდისეი დიმიტრიადიმ და საქართველოში ემიგრირებულმა მომღერალმა ანასტასა ბაკალადიმ.

ლამარა ფაშაევა

თანამედროვე ვითარება

საქართველოში ბერძენ მიგრანტთა პირველი მასიური ჩამოსვლიდან 1990-იან წლებამდე შეინიშნებოდა ბერძნების რაოდენობის განუხრელი ზრდა, რომელიც XIX საუკუნეში, უმთავრესად, ჩამოსახლებების, ხოლო შემდგომ ბუნებრივი მატების ხარჯზე ხორციელდებოდა. ზრდის პროცესი მხოლოდ XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს შემცირდა. 1926 წელს საბჭოთა საქართველოში 54 ათასი ბერძენი ცხოვრობდა (მთელი მოსახლეობის 2.0%), 1937 წელს - 85 ათასი (2.4%), 1959 წელს - 73 ათასი (1.8%), 1970 წელს 89 - ათასი (1.9%), 1979 წელს - 95 ათასი (1.9%).

1989 წელს საქართველოში 100 ათასი ბერძენი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 1.9%-ს შეადგენდა. ისინი უმრავლესობას წარმოადგენდნენ წალკის რაიონში - 27 ათასი, რაც რაიონის მოსახლეობის 61.0% იყო. ბერძნების გარდა, რაიონში სომხები (28.5%) და აზერბაიჯანელებიც (5.1%) ცხოვრობდნენ. წალკის რაიონში ქართული მოსახლეობა, ხელახლა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, 1980-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, როდესაც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სვანეთსა და აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შემდეგ, ეკოლოგიური მიგრანტების ნაწილი რაიონის რამდენიმე სოფელში დასახლდა.

2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 1989 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა ბერძნების რაოდენობა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე ბერძენია, რაც მთელი მოსახლეობის 0.3%-ს შეადგენს.

ქ. თბილისში ამჟამად ცხოვრობს 3 800-მდე ბერძენი, აჭარის ტერიტორიაზე - 2 200, ქვემო ქართლში კი - 7 500-მდე, მათ შორის წალკის რაიონში - 4 600-მდე. მასობრივი ემიგრაციის შედეგად ამჟამად ბერძნები აღარ წარმოადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს წალკის რაიონში. ქვემო ქართლში ბერძენთა კომპაქტური დასახლებებია თეთრიწყაროს, დმანისისა და მარნეულის რაიონებშიც. სამცხე-ჯავახეთში ბერძნები ცხოვრობენ ახალ-ციხისა და ბორჯომის რაიონებში.

1990-იან წლებში დაწყებულ მიგრაციულ პროცესებში ბერძნები, სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბერძნეთის მთავრობამ, რომელიც ხელს უწყობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მცხოვრები ბერძნების საბერძნეთში იმიგრაციას. 1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად აფხაზეთის ბერძნული მოსახლეობა, რომელიც 1989 წელს 14.700 ადამიანს შეადგენდა, საბერძნეთის მთავრობის ხელშეწყობით, თითქმის მთლიანად გადასახლდა საბერძნეთში.

1990-იანი წლების დამდეგს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ბერძნების ემიგრაციას ხელი შეუწყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოს-ვლის შედეგად ქვეყანაში გამეფებულმა ნაციონალიზმმაც. უშუალოდ ეთნიკურად ბერძენი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ყოფილა მასობრივი შევიწროების შემთხვევები, მაგრამ ნაციონალისტური ისტერია მათში გაურკვეველი მომავლის შიშს წარმოქმნიდა, რაც საქართველოს ბერძნებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებდა. გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბერძნების ემიგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი გახდა.

წლების განმავლობაში წალკის რაიონიდან ბერძნების ემიგრაციას რაიონში დანაშაულის მაღალი დონეც განაპირობებდა. ხშირი იყო ბერძნულ ოჯახებზე თავდასხმები, მათ შორის მკვლელობის შემთხვევებიც, ბერძნების კუთვნილი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობის გადაწვის ფაქტები. ბოლო დროს რაიონში მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად, უსაფრთხოების მხრივ, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა.

ბერძნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბერძნეთსა და კვიპროსს მიაშურა. ისინი დასახლდნენ ათენში, სალონიკში, ნიქოზიაში, ლარნაკაში. შედარებით მცირე რაოდენობით გადასახლდნენ რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ემიგრაციის შედეგად წალკის რაიონი პრაქტიკულად დაიცალა ბერძნებისაგან. რაიონში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა ახალგაზრდა თაობა. ამჟამად წალკის ბერძნული მოსახლეობა, ძირითადად, ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება.

წალკის რაიონში მცხოვრები ბერძნების, ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების კომუნიკაციის ძირითადი ენები რუსული და თურქულია. წალკის რაიონის ბერძნებმა არ იციან ქართული ენა, რადგან სკოლებში, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, დაბალი იყო ქართული ენის სწავლების ხარისხი და მოტივაცია. რაიონებისაგან განსხვავებით, თბილისში და საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრებმა ბერძნებმა მეტ-ნაკლებად იციან ქართული ენა, თუმცა მათ ძირითად სასაუბრო ენად კვლავ რუსული რჩება.

სახელმწიფო ენის არცოდნის გამო რაიონებში მცხოვრები ბერძნები, ფაქტობრივად, საინფორმაციო იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან მონაწილეობას აფერხებს. გარდა ამისა, ახალგაზრდა თაობა რეგიონში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ვითარებას არაპერსპექტიულად მიიჩნევს და ამიტომაც ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენს ქართული ენის შესწავლის მიმართ.

სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ბერძნებით დასახლებული წალკის რაიონი სპეციფიკური პრობლემებითა და განსაკუთრებით მძიმე კლიმატური პირობებით გამოირჩევა. 1990-იან წლებში წალკის რაიონში სრულად მოიშალა ინფრასტრუქტურა და თბილისთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. ამ მხრივ, უახლოეს წლებში მოსალოდნელია ვითარების გაუმჯობესება, ვინაიდან აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს განვითარების ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, წალკასთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

რაიონის ბერძნული მოსახლეობის მასობრივი უმუშევრობის ფონზე, შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო ის ფულადი გზავნილებია, რომელსაც საზღვარგარეთ, ძირითადად, საბერძნეთში ემიგრირებულები ოჯახის წევრებსა თუ ახლო ნათესავებს უგზავნიან. საქართველოში დარჩენილი ბერძნების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ძალისხმევას იჩენს საბერძნეთის მთავრობა და სხვადასხვა საერთაშორისო ბერძნული ორგანიზაციები, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ ჰუმანიტარულ პროგრამებს. უცხოეთის ბერძნების მსოფლიო საბჭოს ეგიდით, 1999 წლიდან საქართველოში გაიხსნა სამი კლინიკა - თბილისში, წალკასა და ციხისჯვარში.

1990-იან წლებში წალკის რაიონის ბერძნული მოსახლეობისათვის განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მათ მიერ მიტოვებული სახლების უსაფრთხოების საკითხმა. ამჟამად მიტოვებული სახლების ნაწილში ემიგრირებულთა ახლო ნათესავები ცხოვრობენ, სახლების ნაწილი გაყიდულია, ნაწილი კი უპატრონოდ არის მიტოვებული. მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი სახლების დიდი ნაწილი გაძარცვულია. მიტოვებული სახლების ერთ ნაწილში ეკოლოგიური მიგრანტები ცხოვრობენ - ზოგი სახლის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ზოგი კი - თვითნებურად.

სახლების უკანონოდ დაკავებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის გამო ხშირია რაიონის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. გარდა ამისა, ეკოლოგიური მიგრანტების ნაწილი, მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ქართველები, მუსლიმური მრწამსის მომდევარია, ბერძნები და სომხები კი ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლები არიან, რის გამოც მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტები, ეთნიკურის გარდა, რელიგიური დაპირისპირების ელფერსაც იძენს.

საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით 30-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში მოქმედი ბერძნული სკოლები, თეატრები, ტიპოგრაფიები, პედაგოგიური ტექნიკუმები დაიხურა. 40-იან წლებში ამას პონტოელი ბერძნების შავი ზღვისპირეთიდან გადასახლებაც მოჰყვა. ვითარების გაუმჯობესება 80-იან წლებში იწყება. 1983 წლის იანვარში კომკავშირის თბილისის ქალაქკომში ბერძნული სექცია გაიხსნა, რომელიც, ფაქტობრივად, ბერძნული ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. იმართებოდა კონცერტები ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების „ელადასა“ და „სირტაკის“ მონაწილეობით. 1986 წელს „პონტოელი ბერძნების შემოქმედების“ პირველი ფესტივალიც კი გაიმართა. იმართებოდა სხვა შემოქმედებითი საღამოებიც.

1990-იანი წლებიდან ბერძნებისათვის საკუთარი კულტურის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოდისეი დიმიტრიადის სახელობის ბერძნული კულტურის ცენტრი. ამჟამად ეს ცენტრი საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მიერ შეძენილ შენობაშია განთავსებული. კულტურის ცენტრში ტარდება ბერძნული ენის, საბერძნეთის ისტორიის გაკვეთილები, ფუნქციონირებს ანსამბლი „ელადა“.

კულტურული ცენტრისა და სხვა ბერძნული ჯგუფების მონაწილეობით პერიოდულად ეწყობა კონცერტები როგორც თბილისში, ისე ბერძნებით კომპაქტურად დასახლებულ სხვა ადგილებში. აღინიშნება ბერძნებისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რომელსაც ზეიმობენ საბერძნეთში და სხვა ქვეყნების ბერძნულ დიასპორებში.

თბილისში 1992 წლიდან, პირველად 1937 წლის შემდეგ, გამოდის საქართველოში მცხოვრებ ბერძენთა სათვისტომოების ფედერაციის გაზეთი „ელინიკი დიასპორა“, რომელიც საქართველოში მცხოვრები ბერძნების ცხოვრებას ასახავს, ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს აშუქებს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბერძნულ დიასპორათა პრობლემებსაც ეხება. გაზეთი თვეში ერთხელ ბერძნულ, რუსულ და ქართულ ენებზე გამოდის და, ძირითადად, ბერძნებით დასახლებულ რაიონებში ვრცელდება.

მამუკა კომახია