The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა აკადემიური წერა
დოკუმენტის ნახვა შესავალი
დოკუმენტის ნახვა თემა I. არგუმენტირებული ესე
დოკუმენტის ნახვა თემა II. კრიტიკა
დოკუმენტის ნახვა თემა III. ანალიტიკური რეფერატი
დოკუმენტის ნახვა თემა IV. კვლევითი ნაშრომი
.. no related documents ..

თემა I. არგუმენტირებული ესე

 

კურსის შინაარსი

თითქმის ყველა ჟანრის აკადემიური ნაშრომი არგუმენტირებას მოითხოვს, ვინაიდან ნებისმიერი ნაწარმოების მიზანია მკითხველის დარწმუნება, რომ რასაც ავტორი ამბობს, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს კი მოითხოვს სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, რათა ავტორმა ეფექტურად გადმოსცეს თავისი მოსაზრებები და გაითვალისწინოს მკითხველის შეხედულებები და მოლოდინები. არგუმენტირების უნარი ეხმარება ადამიანს იდეების განვითარებასა და ორგანიზებაში, შეხედულებების დამაჯერებლობის შეფასებაში, ლოგიკური თანმიმდევრულობის დაცვასა და სათქმელის ნათლად და ეფექტურად წარმოდგენაში - ყველა ეს უნარი ძალიან ღირებულია აკადემიური წერის ნებისმიერი ჟანრისათვის.

არგუმენტირების თანამედროვე თეორია ბერძნულ-რომაული ტრადიციებიდან იღებს სათავეს. ბერძნებისა და რომაელებისათვის, არგუმენტი იყო დებატების გადაწყვეტისა და ჭეშმარიტების დადგენის გზა. ჩვენ მოგვყავს არგუმენტები არა იმიტომ, რომ ვინმეზე გაბრაზებული ვართ ან მისი არ გვჯერა, არამედ იმიტომ, რომ არგუმენტირება გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი იდეები; შევაფასოთ საპირისპირო პოზიციები; ნათლად და აკურატულად გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები; მოვახდინოთ სხვათა იდეების კრიტიკული ანალიზი. ამდენად, არგუმენტირებული ესეს ძირითადი პრინციპების ათვისება გვეხმარება სხვა ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოების შექმნაშიც.

აკადემიურ წერაში არგუმენტირებული ესეს სტრუქტურირების ორი ნიმუში არსებობს, რომელთაც ქვემოთ წარმოგიდგენთ: [Smally, R.L., Ruetten, M.K. and Kozyrev, J.R. (2000). Rifining Composition Skills: Rhetoric and Grammar. Boston: Heinle and Heinle, Thomson Learning].

როგორც ვხედავთ, შესავალი და დასკვნა ორივე ნიმუშში მსგავსია, განსხვავება ძირითად ნაწილშია. პირველ შემთხვევაში, ავტორი წარმოგვიდგენს მის არგუმენტებს, რასაც ოპონენტთა არგუმენტის განხილვა და უკუგდება ახლავს. მეორე შემთხვევაში კი, ავტორი მხოლოდ ოპონენტთა შეხედულებების უკუგდებითაა დაკავებული. მართალია, ესეს სტრუქტურის ორივე ნიმუში წარმატებით გამოიყენება დასავლურ აკადემიურ წერაში, უპირატესობას მაინც პირველ ნიმუშს მივანიჭებდი, რადგან არგუმენტირებული ესეს შემთხვევაში, ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი არგუმენტების წარმოდგენა, და, დამაჯერებელი დასაბუთებაა (რაზეც სათაურიც მეტყველებს) და არა ოპონენტის შეხედულებების გაკრიტიკება. ამიტომ, შემდგომ მსჯელობაში მხოლოდ პირველი ნიმუშით ვიხელმძღვანელებთ. არგუმენტირებული ესეს სტრუქტურის გაცნობის შედეგ, მისი ნიმუშებიც განვიხილოთ.

ნიმუში 1

სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია

კაცობრიობამ ცივილიზაციის მიღწევამდე ხანგრძლივი გზა განვლო და ცხოველური საწყისები გადალახა. მიუხედავად ამისა, ყველა ეპოქისათვის დამახასიათებელია ისეთი არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ყოველ ჩვენგანს თავზარს სცემს. ყოველდღე არაერთი სასტიკი დანაშაული ხდება და დამნაშავეთა სამყარო სულ უფრო და უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე, დანაშაულის რიცხვის შემცირება და დამნაშავეთა დასჯა ყველა დროის მნიშვნელოვან პრობლემა იყო. საკითხავია, რამდენად შეუძლია ციხეს სამუდამოდ შეიფაროს საშიში დამნაშავეები და ამით საზოგადოებას მისცეს მათგან უსაფრთხოების გარანტია. და აი, ასეთ პირობებში შეიძლება დადგეს სიკვდილით დასჯის გამართლების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობაა. საჭიროა სიკვდილით დასჯა სამართლებრივ სახელმწიფოში? ნამდვილად აუცილებელია დასჯის ეს უკიდურესი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები? ალბათ, არ მოიძებნება ისეთი ძლიერი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სიკვდილით დასჯას. ყოველი ადამიანის უფლებაა იცოცხლოს და არავის არ აქვს დამნაშავის სიცოცხლის ხელყოფის ნება (თვით სამართალდამცავებსაც კი). აქედან, შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ სიკვდილით დასჯა სამართლიანობის აღდგენის გაუმართლებელი საშუალებაა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ სიკვდილით დასჯით ვერ მიიღწევა ის მიზნები, რასაც ემსახურება დასჯა საერთოდ. კერძოდ, სასჯელის ამოცანებია: სოციალური სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის გამოსწორება (რესოციალიზაცია), და ახალ დანაშაულთა ჩადენის თავიდან აცილება (სპეციალური პრევენცია). დამნაშავის მოკვლა ვერ აღადგენს დაზარალებულის უფლებებს, აგრეთვე დასჯის ზომით შეუძლებელია კრიმინალის გამოსწორება, ხოლო რაც შეეხება ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას, სიკვდილით დასჯა დიდ გავლენას არ ახდენს პოტენციურ დამნაშავეებზე. რუსეთში 1954 წელს შემოღებულ იქნა სიკვდილით დასჯა მკვლელობაზე, თუმცა ამის შემდეგ მკვლელობები კი არ შემცირდა, არამედ გახშირდა.

სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი უკავშირდება შემთხვევას, როცა ადამიანს შეცდომით ედება ბრალი. ამ დროს ხდება უდანაშაულო პიროვნების მკვლელობა, რომელსაც ჰყავს ოჯახი, ახლობლები და რომელსაც შეიძლებოდა სარგებელი მოეტანა საზოგადოებისთვის. ისტორიას შემონახული აქვს ასეთი ადამიანების ხსოვნა, რომლებიც ტყუილად იქნენ დასჯილნი (არისტოტელე, ჯორდანო ბრუნო და სხვები).

გარდა კრიმინოლოგიური არგუმენტებისა, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ შეიძლება გამოვთქვათ რელიგიურ-ეთიკური არგუმენტებიც. მცნება „არა კაც-ჰკლა“ ვრცელდება ყველაზე, მათ შორის, სამართალდამცავებზეც. სიცოცხლე ადამიანს ეძლევა ღმერთისგან და არავის აქვს მისი წართმევის უფლება. კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ დიდ ცოდვად ითვლება, რადგან ამით ბოროტება კი არ ისპობა, არამედ მრავლდება. წმინდა ბასილი გვარიგებს: „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიკეთით შეგიძლია უწამლო“ თუ დამნაშავე ისჯება სხვისი მკვლელობის გამო, მაშინ რა უფლება აქვს სასჯელის აღმსრულებელს ჩაიდინოს იგივე ქმედება - დამნაშავის მკვლელობა?! საზოგადოებას შეუძლია თავისუფლება შეუზღუდოს კრიმინალს, მაგრამ არ შეიძლება გადაწყვიტოს მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.

შესაძლოა სარწმუნოდ გვეჩვენოს მოსაზრება, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმებამ შეიძლება დანაშაულის რიცხვის ზრდა გამოიწვიოს, რამდენადაც ადამიანებს ნაკლები შიში ექნებათ კანონის წინაშე. მრავალრიცხოვანი კვლევები საწინააღმდეგო სურათს გვიხატავს. უფრო მეტიც, ისინი გვიჩვენებენ, რომ დანაშაული იქ უფრო ცოტაა, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. აშშ-ში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ მძიმე დანაშაულთა რიცხვი 42%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მასაჩუსეტსა და ტეხასში, სადაც არ მიმართავდნენ სიკვდილით დაჯას, დანაშაულის კოეფიციენტი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ნიუ-იორკსა და ფლორიდაში, სადაც სასჯელის ამ ზომას მიმართავდნენ. არც ერთი კრიმინოლოგიური გამოკვლევა არ ადასტურებს, რომ სიკვდილით დასჯას შეუძლია დანაშაულის რიცხვის შემცირება.

ამრიგად, შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილით დასჯა სრულებითაც არ არის კრიმინალური ქმედებების ლიკვიდაციის საუკეთესო და ეფექტური საშუალება. დასჯის ასეთი უკიდურესი ზომა ვერ ,,აკეთილშობილებს“ კრიმინალურ საზოგადოებას და ვერ იცავს ადამიანის უფლებებს. უფრო მეტიც, სიკვდილით დასჯა ისეთი შეუქცევადი პროცესია, რომელმაც შეიძლება უდანაშაულო ადამიანებიც იმსხვერპლოს. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანთა, არამედ ღმერთის წინაშეც. ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე. უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მიმართავს საშიში დამნაშავეების საზოგადოებისგან იზოლაციის სხვა გზებს.

ნიმუში 2

სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია

თანამედროვე მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სულ უფრო მეტად იღებს ჰუმანურ შინაარსს, მრავალი ისეთი ფაქტი გვხვდება, რომელიც საზოგადოებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. გარკვეული პირების დანაშაულებრივი მოქმედებები ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს შიშის ზარს სცემს. როგორც წესი ამ კატეგორიის დამნაშავეებს ათავსებენ საპატიმრო დაწესებულებებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი გარკვეული დროით იზოლირება საზოგადოებისაგან. ხშირია შემთხვევები, როცა დამნაშავე პატიმრობის პერიოდში არ დგება გამოსწორების გზაზე, პირიქით, იგი უფრო საშიში ხდება საზოგადოებისათვის და გათავისუფლების შემდეგ აგრძელებს საზოგადოების უდანაშაულო წევრებისადმი შემზარავი ზიანის მიყენებას. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები, ვფიქრობ, სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გამართლებულია.

არსებობს დანაშაულთა კატეგორია, რომელიც გამოირჩევა თავისი მასსტაბურობით. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა საქმე გვაქვს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. ისტორიას მრავალი ისეთი ფაქტი ახსოვს, რომელმაც საზოგადოების ფართო მასების ცხოვრება უარყოფითად შეცვალა, და იგი გამოწვეული იყო მხოლოდ ერთი ადამიანისა (ლიდერის) თუ ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ინტერესებით. ამ კატეგორიის დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა აუცილებელიც არის, რადგან საზოგადოების ჩაგრულმა ფენებმა მიიღონ არა მარტო უსაფრთხოების გარანტია, არამედ გარკვეული ემოციური მუხტი, რომელიც მათ ,,ჩაგრულობის“ პოზიციიდან რებილიტირების საშუალებას მისცემს.

საუბარი შეიძლება ,,დევიანტი“ ლიდერის გარკვეულ სიმბოლურობაზე, გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფების ლიდერების ქცევა ჯგუფის დანარჩენი წევრების ადეკვატურ რეაქციას იწვევს ანუ ხდება ლიდერის მახასიათებელი სიმბოლოებისაკენ სწრაფვა, რაც, საერთო ჯამში ზრდის დანაშაულის ალბათობას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამგვარი „სიმბოლოების“ ფიზიკური ლიკვიდაცია აუცილებელია საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად.

სიკვდილით დასჯის გამართლების ასახსნელად შესაძლებელია დამნაშავეთა კიდევ ერთი კატეგორიის მაგალითის გამოყენება. ბოლო დროს თანამედროვე საზოგადოება ძლიერ შეაწუხა თვითმკვლელი ტერორისტების პრობლემამ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამართლებული თუ გაუმართლებელი მიზნის მისაღწევად იყენებენ შემზარავ საშუალებებს. ყველაზე საშინელი „გვერდითი ეფექტი“ კი, რაც ამ თვითმკვლელლი ტერორისტების ქმედებებს ახლავს, არის უდანაშაულო მსხვერპლი, ხშირად ბავშვების სახითაც. ამგვარი პირების დაკავების შემთხვევაში დაუშვებელია მათთვის „მეორე შანსის“ მიცემა და ისინი დაუყოვნებლივ ინდა იქნან ლიკვიდირებულნი, რათა მათმა სიცოცხლემ დატოვებამ არ გამოიწვიოს მათი „კოლეგების“ ეიფორია ტერორისტული ოპერაციების წარმატებასთან დაკავშირებით.

რასაკვირველია, ასეთ თემასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი საწინააღმდეგო აზრი, რომლებიც ძირითადად ჰუმანისტურ მოსაზრებებს ემყარება და რელიგიური წყაროებით საზრდოობს. თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება ლიბერალური დემოკრატია, რომელიც განსაკუთრებით „ელოლიავება“ ადამიანის უფლებებს, სიცოცხლის უფლებას. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება და ვფიქრობ, რომ სიკვდილით დასჯა მაინც გამართლებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით სასტიკ დანაშაულს ჩადიან და შემდეგ კი შესაძლოა გარკვეული ორგანიზაციების დაცვის ქვეშაც მოხვდნენ, რომლებიც მათი „სიცოცხლის უფლებას“ დაიცავს, ამავე დროს თვითონ ართმევენ ამ „სიცოცხლის უფლებას“ სხვა ადამიანებს, საზარელი დანაშაულებრივი აქტების შედეგად.

ბოროტების სიკეთით დამარცხება რელიგიური ფილოსოფიის ცენტრალური მომენტია, თუმცა განსაკუთრებით დიდი ბოროტების შემთხვევაში, ჩემი აზრით, უმჯობესია პატარა, მაგრამ ეფექტური და სწრაფად მოქმედი ბოროტების გამოყენება, ვიდრე უზარმაზარი სიკეთის დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, რადგან არაადეკვატურად აღიქმება სხვადასხვა ადამიანების მიერ და თან შედეგის მისაღებად გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს ითვალისწინებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს არსებობა ითვალისწინებს ძალადობის გარკვეულ დონეს და შესაბამისად იგი ავტომატურად უფრო გაიზრდება „მოძალადეების“ მიმართ.

სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ არგუმენტირებული ესეს თითოეული ნაწილის - შესავალის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნის - თავისებურებებს, გავეცნოთ იდეების გენერაციისა და პარაგრაფების სტრუქტურირების ტექნიკას.

იდეების გენერაცია მოულოდნელი იდეებით იწყება, რაც აზროვნების სტიმულირებას უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში, ვიწყებთ გარკვეული სიტყვით თუ ფრაზით და განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვწერთ ყველაფერს, რაც ამ სიტყვასა თუ ფრაზასთან დაკავშირებით გვახსენდება. დანიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, გადავხედავთ ჩვენს ჩამონათვალს, რათა დავადგინოთ, რამდენად ლოგიკურია კავშირი წარმოდგენილ იდეებს შორის, შესაბამისად, შესაძლოა თუ არა მათი დაჯგუფება. ამ ტექნიკის გამოყენება მიზანშეწონილია, რათა არგუმენტირებული ესესთვის არგუმენტები ან მათი მხარდაჭერა განვავითაროთ.

როგორც წესი, მოულოდნელ იდეებს თავისუფალი წერა მოსდევს. ეს არის წერა შესვენების გარეშე. ამ შემთხვევაში იდეების მსვლელობას მივყვებით ისე, რომ არ ვზრუნავთ პარაგრაფების სტრუქტურასა და გრამატიკულ გამართულობაზე. წინა ტექნიკისაგან განსხვავებით, სადაც გარკვეულ სიტყვასა თუ ფრაზაზე, ასოციაციის გზით, მასთან დაკავშირებული სიტყვა თუ ფრაზა გვახსენდება, თავისუფალი წერა არა განყენებული იდეების გადმოცემას ემსახურება, არამედ იდეათა ლოგიკური ჯაჭვია. თავისუფალი წერისას, გარკვეული ლიმიტი უნდა დავაწესოთ დროსა და გვერდების რაოდენობაზე, და უწყვეტად ვწეროთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ამის შემდეგ, გადავიკითხოთ ჩვენი ნაწერი და ის იდეები ამოვკრიბოთ, რაც მომავალი ნაშრომის შექმნაში დაგვეხმარება.

თავისუფალი წერის შემდგომ გაღრმავებას „ლუპირება“ წარმოადგენს. როცა ერთდროულად რამდენიმე იდეა გვიჩნდება, „ლუპირება“ გვეხმარება, ძირითად იდეაზე ვფოკუსირდეთ და მისი ღრმა ანალიზი მოვახდინოთ. საკითხის დასმის შემდეგ, 5-10 წუთის განმავლობაში, უწყვეტად ვწერთ ყველაფერს, რაც მასთან დაკავშირებით გვახსენდება. განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ, გადავიკითხავთ ნაწერს და თითო წინადადებით ვაჯამებთ, რასაც „ლუპირების“ მეორე ეტაპი მოსდევს. ამ შემთხვევაში, უკვე შეჯამებული წინადადება წარმოადგენს ჩვენთვის ძირითად ფოკუსს და ჩვენი აზრებიც მის გარშემო ტრიალებს 5-10 წუთის განმავლობაში, რასაც კვლავ თითო წინადადებით ვაჯამებთ და „ლუპირების“ მესამე ეტაპს ვიწყებთ.

სავარჯიშო 1. პედაგოგი სთავაზობს სტუდენტებს თემას. ისინი იდეების გენერაციას მოულოდნელი იდებით იწყებენ, შემდეგ 10-15 წუთის მანძილზე თავისუფალი წერით და ,,ლუპირებით“ არიან დაკავებულნი.

იდეების გენერაციის არანაკლებ ეფექტური ტექნიკაა „რა, ვინ, სად, როდის, რატომ?“ შეკითხვების დასმა, რაც საშუალებას იძლევა განსახილველი საკითხის სხვადასხვა ასპექტი ვიკვლიოთ. თუმცა, ეს ტექნიკა ძალიან პოპულარულია ჟურნალისტებს შორის, მას არანაკლები წარმატებით იყენებენ სოციალური მკვლევარნი საკვლევი პრობლემის დასმისას. ვთქვათ, სოციოლოგს სურს იკვლიოს აზარტული თამაშების პრობლემა, რათა საკითხის სხვადასხვა ასპექტი მოიცვას, მან შემდეგი შეკითხვები უნდა დასვას:

რა იწვევს აზარტული თამაშებისადმი მიჯაჭვულობას? აქ აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ითვლება აზარტულ თამაშად და რა მდგომარეობა ითვლება მის მიმართ მიჯაჭვულობად.

ვინ ხდება აზარტული თამაშებისადმი მიჯაჭვული? გონივრული იქნება, თუ ემპირიული კვლევისას, შემოვიფარგლებით კონკრეტული ჯგუფის შესწავლით, ვთქვათ, თინეიჯერებით, რომლებიც ვერ წყდებიან სათამაშო აპარატებს.

სად თამაშობენ ხოლმე აზარტულ თამაშებს? თუ, ვთქვათ, სათამაშო აპარატების კვლევას ვირჩევთ, უმეტესად დასასვენებელ და გასართობ ცენტრებსა და კლუბებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

როდის ხდება აზარტული თამაშებით გატაცება და რა სიხშირით?

რატომ წარმოადგენს სოციალური მკვლევარისათვის ყველაზე ფუნდამენტურ შეკითხვას. კვლევის მიზანი ხომ სწორედ აზარტული თამაშებისადმი მიჯაჭვულობის მიზეზების ახსნაა [Newel, R. (2002). Constructing Questionneires in Gilbert, N. (ed.). Researching Social Life. London: SAGEE Publications].

[Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills -Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning].

სავარჯიშო №2:

სტუდენტები ვიზუალურად გამოსახავენ სავარჯიშო 1-ში წარმოდგენილ იდეებს.

რაც შეეხება იდეების ვიზუალურ გამოსახვას, საუკეთესო ტექნიკად „კლასტერი“ უნდა მივიჩნიოთ. ის გვათავისუფლებს იდეების სწორხაზოვანი თანმიმევრობისაგან და ახალ ასოციაციებს იწვევს, რითაც მეტ შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს. კლასტერის აგებისას, გვერდის ცენტრში მოვათავსებთ ძირითად საკითხს და მასთან მიმავალი ხაზებით დავაკავშირებთ შესაბამის იდეებს. შემდეგ დავადგენთ ახალ კავშირებს სხვადასხვა იდეებს შორის და მათ კატეგორიებად თუ კლასტერებად დავაჯგუფებთ:

0x01 graphic

[Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills -Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning].

სავარიშო №2: სტუდენტები ვიზუალურად გამოსახავენ სავარჯიშო 1-ში წარმოდგენილ იდეებს.

ყველა ეს ტექნიკა გვეხმარება იდების გენერაციასა და მათ შორის ლოგიკური კავშირების დადგენაში. მას შემდეგ, რაც იდეები ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე „ჩამოყრილია“ ფურცელზე, აუცილებელია მათი სტრუქტურული გამთლიანება, რაც პარაგრაფის დონეზე ხორციელდება.

პარაგრაფი წარმოადგენს წინადადებების ჯგუფს, რომელიც ერთი ძირითადი იდეის ანუ ერთი თემის განვითარებას ემსახურება. პარაგრაფი იწყება თემატური წინადადებით, რომელიც განსახილველ თემას თუ საკითხს წარადგენს. არგუმენტირებულ ესეში, როგორც წესი, თემატური წინადადება ძირითად არგუმენტს წარმოადგენს. თემატურ წინადადებას, ჩვეულებრივ, მაკონტროლებელი იდეა ახლავს, რომელიც გამოხატავს ავტორის ემოციურ დამოკიდებულებას მოცემული საკითხის მიმართ. ნიმუშის სახით განვიხილოთ შემდეგი პარაგრაფი:

ერთ-ერთი პრობლემა, დაკავშირებული ლექციებთან, არის ის, რომ მათი მოსმენა რთული საქმეა. იმავე მასალის წაკითხვა სახელმძღვანელოში სწავლის უფრო ეფექტური გზაა, რადგან სტუდენტებს შეუძლიათ იკითხონ მანამ, სანამ მასალა მათთვის ნათელი არ გახდება. უბრალოდ, ყურადღების კონცენტრაციაც კი საკმაოდ რთულია: ადამიანებს შესწევთ უნარი მოისმინონ 400-600 სიტყვა წუთში, მაშინ როცა ყველაზე მონდომებული პროფესორი ამის მესამედსაც კი ძლივს ახერხებს. ამდენად, შეუსაბამობა სიჩქარესა და გაგების უნარს შორის, მცონარებაში აგდებს სტუდენტებს.

აქ პირველი წინადადება თემატური წინადადება, რომელიც საკითხს გვაცნობს; სიტყვა ,,რთული“ კი მაკონტროლებელ იდეას წარმოადგენს, რადგან ის ლექციების მიმართ ავტორის ემოციურ დამოკიდებულებას გამოხატავს. თემატურ წინადადებას შესაბამისი მხარდაჭერა მოსდევს, რომელიც ავტორის ძირითადი იდეის თუ არგუმენტის განმტკიცებას ემსახურება. როგორც წესი, ის თემატურ წინადადებაში წარმოდგენილი იდეის ილუსტრირებას, ახსნას ან დასაბუთებას ახდენს. განხილულ მაგალითში, ავტორს ორი სახის მხარდაჭერა მოაქვს, რათა დაგვისაბუთოს, რომ ლექციების მოსმენა საკმაოდ ,,რთული საქმეა“: ერთი მხრივ, ის მიიჩნევს, რომ სტუდენტისათვის უფრო მარტივი და გასაგებია, როცა თავად ეცნობა შესაბამის მასალას; მეორე მხრივ კი, ლექტორის საუბრის ტემპსა და სტუდენტის გაგების უნარს შორის შეუსაბამობა, ყურადღების გაფანტვის ძირითადი მიზეზი ხდება.

იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მხარდაჭერას ვიყენებთ, პარაგრაფი შიძლება იყოს ნარატიული, აღწერითი და ახსნითი. პირველი გულისხმობს შესაბამისი დეტალების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ორგანიზებას, რადგან მოგვითხრობს წარსულ თუ აწმყო ისტორიას; მეორეს მიზანია, საგნის თუ მოვლენის აღწერა, ამიტომ, მისთვის მთავარია ობიექტების სივრცითი განლაგება. ახსნითი პარაგრაფი კი სპეციფიკურ დეტალებსა და მაგალითებზე ამახვილებს ყურადღებას; მისი თემატური წინადადება ზოგად ინფორმაციას გვაწვდის, მხარდაჭერა კი - სპეციფიკური დეტალით განამტკიცებს თემატურ წინადადებას, ამიტომ ახსნითი პარაგრაფის ჩვეული თანმიმდევრობაა ზოგადიდან კერძოს მიმართულებით მოძრაობა.

რა ტიპისაც არ უნდა იყოს პარაგრაფი - ნარატიული, აღწერითი თუ ახსნითი, ის გამართულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ ძირითად პირობას აკმაყოფილებს, კერძოდ, მთლიანობითა და ლოგიკური თანმიმდევრულობით გამოირჩევა.მთლიანობა ნიშნავს, რომ პარაგრაფში ყველა წინადადება თემატურ წინადადებასთან დკავშირებულია და მის მხარდაჭერას ემსახურება. ლოგიკური თანმიმდევრულობა კი გულისხმობს, რომ ყველა წინადადება ლოგიკურ კავშირშია მის წინამდებარე და მომდევნო წინადადებასთან. ლოგიკური თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას დიდად უწყობს ხელს ისეთი გარდამავალი სიტყვები, როგორიცაა პირველ რიგში, მაგალითად, განსხვავებით, უფრო მეტიც, მიუხედავად, თუმცა, შესაბამისად და ა.შ.

აკადემიურ წერის სპეციალისტები გვთავაზობენ შემდეგი შეკითხვებით ვიხელმძღვანელოთ, როცა პარაგრაფის გამართულობას ვამოწმებთ:

პარაგრაფის შემოწმება

1. რა არის პარაგრაფის თემა? ახასიათებს თუ არა პარაგრაფს ზოგადიდან

2. რომელია პარაგრაფის ძირითადი წინადადება?

3. რომელია პარაგრაფის მაკონტროლებელი იდეა? არის ის ნათელი და ფოკუსირებული? როგორაა შესაძლებელი მისი გაუმჯობესება?

4. არის პარაგრაფი შეკრული? განამტკიცებს ყველა წინადადება მაკონტროლებელ იდეას?

5. არის პარაგრაფი ლოგიკური? ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ყველა წინადადება?

6. რომელია პარაგრაფის ყველაზე საინტერესო ნაწილი?

7. რა არის პარაგრაფის ყველაზე ძლიერი მხარე?

8. არის ეს ნარატიული, აღწერითი თუ ახსნითი პარაგრაფი?

  • მოჰყავს თუ არა ავტორს ამ ტიპის პარაგრაფისათვის შესატყვისი დეტალები, ფაქტები თუ მაგალითები?

  • არის თუ არა საჭირო დამატებითი დეტალები, ფაქტები თუ მაგალითები?

  • არის სტრუქტურა შესაფერისი ამ ტიპის პარაგრაფისათვის?

[Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills -

Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning].

სავარჯიშო 3. სტუდენტები ეცნობიან სტატიას „ერთბაშად სწავლის საშიშროებანი“. მასში პარაგრაფების თანმიმდევრობა არეულია; ამასთან, თითოეულ პარაგრაფში ზედმეტი წინადადებაა ჩართული, რომელიც ლოგიკურად არ შეესაბამება განსახილველ საკითხს და პარაგრაფის მთლიანობას არღვევს. პირველ რიგში, სტუდენტები თანმიმდევრულად ალაგებენ პარაგრაფებს და იღებენ ზედმეტ წინადადებებს; შემდეგ, თითოეულ პარაგრაფში გამოყოფენ თემატურ წინადადებასა დ მაკონტროლებელ იდეას; ბოლოს კი - განსზღვრავენ, რა ტიპის მხარდაჭერაა წარმოდგენილი თითოეულ პარაგრაფში.

გასამართი ნიმუში

ერთბაშად სწავლის საშიშროებანი
ქეით ელბოუ

ზოგიერთ ადამიანში ძილის რეგულარული ციკლიდან ამოვარდნას შეუძლია დროებითი ინტელექტუალური ლაფსუსების გამოწვევა, სტიმულატორებმა კი შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გვერდითი მოვლენები. რა ელოდება ღამის გამთენებლებს, ძნელი სათქმელია, რადგან უძილობის გავლენა ადამიანებზე მრავალგვარია. დღეს ამერიკის კოლეჯები და უნივერსიტეტები ძლიერი შეტევის ქვეშ მოხვდნენ მრავალი კუთხიდან. დევიდ ბუხჰოლცი, ნევროლოგი და ძილის თერაპევტი ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოდან (ბალტიმორი) ამბობს, რომ „ზოგ ადამიანში სერიოზულ დარღვევას იწვევს ძილისათვის განკუთვნილი დროის ოდნავი შემცირებაც კი, მაშინ როცა სხვებს შეუძლიათ გაძლონ ძილის გარეშე რამდენიმე ღამე ისე, რომ ეს არც კი დაეტყობათ.” ადამიანებს აგრეთვე, სხვადასხვა მინიმალური მოთხოვნილებები გააჩნიათ: ღამის ძილის ხანგრძლივობა რანჟირებს 4-დან 10 საათამდე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს, თუ რა რაოდენობით ძილი ესაჭიროება მას.

გარდა ამისა, სტუდენტებს უჩნდებათ პრობლემა კარგად გამოიძინონ გამოცდამდე. სტრესი ხშირად წარმოშობს ინსომნიას. ის უბიძგებს რეტიკულარული აქტივობის სისტემას - ტვინის იმ სტრუქტურას, რომელიც პასუხს აგებს სიფხიზლეზე, ფხიზლად იყოს ძალიან დიდხანს, რაც ხელს უშლის ძილის გამომწვევ მექანიზმებს გააკეთონ თავიანთი საქმე. რას ურჩევენ ექსპერტები სტუდენტს, რომელიც გაუთავებლად წრიალებს საწოლში ტესტის წინა ღამეს? ის უნდა ადგეს და გააკეთოს რამე რელაქსაციისათვის, ვთქვათ, ჭამოს ან უყუროს ტელევიზორს, სანამ არ დაიღლება. ბევრი სტუდენტი მიიჩნევს, რომ წლობით ტელევიზორის ყურება ხელს უშლის მათი ყურადღების კონცენტრაციას, მაგრამ მათი რეალური პრობლემაა ის, რომ ყურადღებით მოსმენა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მათ ჰგონიათ.

და ბოლოს, საუკეთესო ფორმულა, რომელსაც უნდა მისდიოს სტუდენტმა, როცა გამოცდები ახლოვდება, არის ის, რომელსაც მას წლების განმავლობაში ასწავლიან - ზომიერება. მასწავლებლებს ადანაშაულებენ, რომ ისინი კარგად არ ასწავლიან, სტუდენტებს კი იმაში, რომ ისინი კარგად არ სწავლობენ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გამოცდის ჩასაბარებლად გვიწევს ძილის დროის გადაწევა, მაგრამ ნებისმიერი სერიოზული ცვლილება ძილის გრაფიკში სიფრთხილეს მოითხოვს. როგორც ბუხჰოლცი ამბობს, „მთავარია ზომიერების შენარჩუნება და არა უკიდურესობაში გადავარდნა“.

შუაღამეა და სპირალურ რვეულში ფურცლების თითქმის ნახევარი ამოგლეჯილია. ორგანული ქიმიის ფორმულებით სავსე ეს ფურცლები მოფანტულია ოთახის იატაკზე. ყოველ 5 წუთში მერხზე დახრილი ფიგურა ამოგლეჯს ახალ ფურცელს, იმახსოვრებს რა რაც შეიძლება მეტს და გადააწოდებს ფურცელს მეგობარს. ასე გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში და ოთახიც ივსება ფურცლებით მას შემდეგ, რაც ორივე მეგობარი გაეცნობა მათ. ლექციები არასოდეს გაქრება სრულად საუნივერსიტეტო სცენიდან, რადგან ისინი ეკონომიურად აუცილებელია და დიდი ხნის ტრადიცია აქვთ.

ავტორიტეტების აზრით, ადამიანთა უმრავლესობას არ უნდა აწუხებდეს დიდხანს ძილი. ზედმეტი ძილის შემდეგაც კი ტვინი აღვიძებს საკუთარ თავს, როცა მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია. ამდენად, შეუსაბამობა სიჩქარესა და გაგების უნარს შორის მცონარებაში აგდებს სტუდენტებს. კლინიკურად დეპრესიული ადამიანები ხშირად იხანგრძლივებენ ძილბურანს, მაგრამ ნამდვილ კლინიკურ დეპრესიას ახლავს ისეთი თვალსაჩინო სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, თვითშეფასების დაცემა და თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი.

სტიმულატორების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა უფრო გაართულოს საქმე. ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ ყავის დიდი დოზა ან რამდენიმე ამფეტამინი აქტივობას ზრდის. მაგრამ ისინი სცდებიან. სინამდვილეში სტიმულატორები ნიღბავენ ინფორმაციის წვდომის, ათვისებისა და შენარჩუნების შემცირებულ უნარს. კიდევ უფრო უარესია ის, რომ ლექციების მოსმენა პასიური სწავლების ფორმაა, განსაკუთრებით გამოუცდელი სტუდენტებისათვის. ბუხჰოლცის აზრით, „კოფეინი ვერ გამოასწორებს კოგნიტურ დარღვევას, გამოწვეულს უძილობით. შესაძლოა, ადამიანს არ ჩაეძინოს, მაგრამ ის აღმოჩნდება ინტელექტუალური დეფიციტის წინაშე, რადგან ვერ იქნება კონცენტრირებული. მას შეიძლება ჰქონდეს „მიკროძილი“ და 5 წუთის განმავლობაში მიშტერებული იყოს ერთიდაიმავე სიტყვას.” ყავის მსმელებმა უნდა გაითვალისწინონ კოფეინით ინტოქსიკაციის სინდრომიც - აღელვების, პანიკის, თავის ტკივილის და ძილის უუნარობის ერთდროული შეტევა. ადამიანების უმრავლესობამ უნდა დალიოს დაახლოებით 10 ჭიქა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, მაგრამ ზოგი ისეთი მგრძნობიარეა, რომ 2-3 ჭიქაც ყოფნის. ამფეტამინი გაცილებით უფრო საშიშია. მისი ზედმეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაცია და პარანოია. და ბოლოს, როგორც ლერი ალესი, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის პროფესორი ფსიქიატრიაში აღნიშნავს, „თუ ვინმე მრავალი კვირის განმავლობაში იყენებს ამფეტამინებს და შემდეგ წყვეტს მათ მიღებას, ის შეიძლება ჩავარდეს მწვავე დეპრესიაში.“

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღამის სწრაფი სწავლის სესიაზე, რაც ყველა სტუდენტს გამოუცდია კოლეჯში სწავლი რაიმე პერიოდში. ახალგაზრდობის ენერგიით აღჭურვილნი, ისინი უბრალოდ იგნორირებას უწევენ მათი სხეულების ძახილს ძილისადმი, ცდილობენ რა გაფანტონ დაღლილობა ყავის დოზებით, ან ზოგჯერ წამლებითაც კი. მასწავლებლები და მშობლები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ერთბაშად სწავლას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე. სტუდენტები ხდებიან აქტიურად ჩართულნი, როცა კითხვის ქვეშ აყენებენ როგორც საკუთარ, ისე მასწავლებლის იდეებს. ძილის მოთხოვნილებებისა და სახეობების უახლესმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ისინი მართლები არიან.

სანამ ადამიანი იყენებს სტიმულატორებს, ის ვერ გამოძვრება მარტივად ღამის მთეველის მდგომარეობიდან. ჩვეულებრივ ერთი სრული ღამის მოსვენება ხსნის ძილის 48-საათიან დეპრივაციასაც კი. ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ ფხიზლად ყოფნა ერთი კვირის განმავლობაშიც კი ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. მეორე ღამეს ჩვეულებრივ მატულობს REM ძილი (ანუ ძილი თვალის სწრაფი მოძრაობით) - ფაზა, როცა სიზმარი ჩნდება. იმავე მასალის წაკითხვა სახელმძღვანელოში სწავლის უფრო ეფექტური გზაა, რადგან სტუდენტებს შეუძლიათ იკითხონ მანამ, სანამ მასალა მათთვის ნათელი არ გახდება. როგორც წესი, REM ძილი სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უჩივის გრაფიკულ და შემაწუხებელ ღამის კოშმარებს, დაკავშირებულს REM-ის უეცარ ზრდასთან.

გამართული ნიმუში

ერთბაშად სწავლის საშიშროებანი
ქეით ელბოუ

შუაღამეა და სპირალური რვეულიდან ფურცლების თითქმის ნახევარი ამოგლეჯილია. ორგანული ქიმიის ფორმულებით სავსე ეს ფურცლები მოფანტულია ოთახის იატაკზე. ყოველ 5 წუთში მერხზე დახრილი ფიგურა ამოგლეჯს ახალ ფურცელს, იმახსოვრებს რა რაც შეიძლება მეტს და გადააწოდებს ფურცელს გვერდით მჯდომ მეგობარს. ასე გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში და ოთახიც ივსება ფურცლებით მას შემდეგ, რაც ორივე მეგობარი გაეცნობა მათ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღამის სწრაფი სწავლის სესიაზე, რაც ყველა სტუდენტს გამოუცდია კოლეჯში სწავლის რომელიმე პერიოდში. ახალგაზრდობის ენერგიით აღჭურვილნი, ისინი უბრალოდ იგნორირებას უწევენ მათი სხეულების ძახილს ძილისადმი, ცდილობენ რა გაფანტონ დაღლილობა ყავის დოზებით, ან ზოგჯერ წამლებითაც კი. მასწავლებლები და მშობლები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ერთბაშად სწავლას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე. ძილის მოთხოვნილებებისა და სახეობების უახლესმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ისინი მართლები არიან.

ზოგიერთ ადამიანში ძილის რეგულარული ციკლიდან ამოვარდნას შეუძლია დროებითი ინტელექტუალური ლაფსუსების გამოწვევა, სტიმულატორებმა კი შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გვერდითი მოვლენები. რა ელოდება ღამის გამთენებლებს, ძნელი სათქმელია, რადგან უძილობის გავლენა ადამიანებზე მრავალგვარია. დევიდ ბუხჰოლცი, ნევროლოგი და ძილის თერაპევტი ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოდან (ბალტიმორი) ამბობს, რომ „ზოგ ადამიანში ძილისათვის განკუთვნილი დროის ოდნავი შემცირებაც კი სერიოზულ დარღვევებს იწვევს, მაშინ როცა სხვებს შეუძლიათ გაძლონ ძილის გარეშე რამდენიმე ღამე და ეს არც კი დაეტყობათ.“ ადამიანებს, აგრეთვე სხვადასხვა მინიმალური მოთხოვნილებები გააჩნიათ: ღამის ძილის ხანგრძლივობა რანჟირებს 4-დან 10 საათამდე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს, თუ რა რაოდენობით ძილი ესაჭიროება მას.

სტიმულატორების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა უფრო გაართულოს საქმე. ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ ყავის დიდი დოზა ან რამდენიმე ამფეტამინი აქტივობას ზრდის. მაგრამ ისინი ცდებიან. სინამდვილეში, სტიმულატორები ნიღბავენ ინფორმაციის წვდომის, ათვისებისა და შენარჩუნების შემცირებულ უნარს. ბუხჰოლცის აზრით, „კოფეინი ვერ გამოასწორებს კოგნიტურ დარღვევას, გამოწვეულს უძილობით. შესაძლოა, ადამიანს არ ჩაეძინოს, მაგრამ ის აღმოჩნდება ინტელექტუალური დეფიციტის წინაშე, რადგან ვერ იქნება კონცენტრირებული. მას შეიძლება ჰქონდეს „მიკროძილი“ და 5 წუთის განმავლობაში მიშტერებული იყოს ერთიდაიმავე სიტყვას.“ ყავის მსმელებმა უნდა გაითვალისწინონ კოფეინით ინტოქსიკაციის სინდრომიც - აღელვების, პანიკის, თავის ტკივილის და ძილის უუნარობის ერთდროული შეტევა. ადამიანების უმრავლესობამ უნდა დალიოს დაახლოებით 10 ჭიქა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, მაგრამ ზოგი ისეთი მგრძნობიარეა, რომ 2-3 ჭიქაც ყოფნის. ამფეტამინი გაცილებით უფრო საშიშია. მისი ზედმეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაცია და პარანოია. და ბოლოს, როგორც ლერი ალესი, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის პროფესორი ფსიქიატრიაში, აღნიშნავს, ,,თუ ვინმე მრავალი კვირის განმავლობაში იყენებს ამფეტამინებს და შემდეგ წყვეტს მათ მიღებას, ის შეიძლება მწვავე დეპრესიაში ჩავარდეს.”

სანამ ადამიანი იყენებს სტიმულატორებს, ის მარტივად ვერ გამოძვრება ღამის მთეველის მდგომარეობიდან. ჩვეულებრივ, ერთი სრული ღამის მოსვენება ხსნის ძილის 48-საათიან დეპრივაციასაც კი. ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ ფხიზლად ყოფნა ერთი კვირის განმავლობაშიც კი ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. მეორე ღამეს ჩვეულებრივ მატულობს REM ძილი (ანუ ძილი თვალის სწრაფი მოძრაობით) - ფაზა, როცა სიზმარი ჩნდება. როგორც წესი, REM ძილი სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უჩივის გრაფიკულ და შემაწუხებელ ღამის კოშმარებს, დაკავშირებულს REM-ის უეცარ ზრდასთან.

გარდა ამისა, სტუდენტებს უჩნდებათ პრობლემა კარგად გამოიძინონ გამოცდამდე. სტრესი ხშირად წარმოშობს ინსომნიას. ის უბიძგებს რეტიკულარული აქტივობის სისტემას - ტვინის იმ სტრუქტურას, რომელიც პასუხს აგებს სიფხიზლეზე, ფხიზლად იყოს ძალიან დიდხანს, რაც ხელს უშლის ძილის გამომწვევ მექანიზმებს გააკეთონ თავიანთი საქმე. რას ურჩევენ ექსპერტები სტუდენტს, რომელიც გაუთავებლად წრიალებს საწოლში ტესტის წინა ღამეს? ის უნდა ადგეს და გააკეთოს რამე რელაქსაციისათვის, ვთქვათ, ჭამოს ან უყუროს ტელევიზორს, სანამ არ დაიღლება.

ავტორიტეტების აზრით, ადამიანთა უმრავლესობას არ უნდა აწუხებდეს დიდხანს ძილი. ზედმეტი ძილის შემდეგაც კი ტვინი აღვიძებს საკუთარ თავს, როცა მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია. კლინიკურად დეპრესიული ადამიანები ხშირად იხანგრძლივებენ ძილბურანს, მაგრამ ნამდვილ კლინიკურ დეპრესიას ახლავს ისეთი თვალსაჩინო სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, თვითშეფასების დაცემა და თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი.

და ბოლოს, საუკეთესო ფორმულა, რომელსაც უნდა მისდიოს სტუდენტმა, როცა გამოცდები ახლოვდება, არის ის, რომელსაც მას წლების განმავლობაში ასწავლიან - ზომიერება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გამოცდის ჩასაბარებლად გვიწევს ძილის დროის გადაწევა, მაგრამ ნებისმიერი სერიოზული ცვლილება ძილის გრაფიკში სიფრთხილეს მოითხოვს. როგორც ბუხჰოლცი ამბობს, „მთავარია ზომიერების შენარჩუნება და არა უკიდურესობაში გადავარდნა.“

მას შემდეგ, რაც იდეების გენერაციის ტექნიკასა და პარაგრაფების სტრუქტუირების ხელოვნებას გავეცანით, უშუალოდ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურასა და მისი თითოეული ნაწილის დახასიათებაზე გადავიდეთ:

სათაური

არგუმენტირებული ესე სათაური დასრულებული წინადადება, რომელიც აუცილებლად ორ სპირისპირო პოზიციას გამოხატავს, თუმცა ავტორის გადასაწყვეტია, თუ რომელ პოზიციის დასაბუთებას აპირებს. მაგ.: არგუმენტირებული ესეს სათაური შეიძლება იყოს „სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია“ და ამ სათაურის ქვეშ ავტორი იმ პოზიციას დაასაბუთებს, რომელსაც ემხრობა - მას შეუძლია ასაბუთოს, რომ სიკვდილით დასჯა გამართლებულია ან გაუმართლებელი. მაგრამ არგუმენტირებული ესეს სათაური ვერ იქნება „თანამედროვე მსოფლიოში სიკვდილით დასჯა“, რადგან მსგავსი სათაური მხოლოდ ინფორმაციის გადმოცემის საშუალებას იძლევა და მასში არ ჩანს საპირისპირო პოზიციები, შესაბამისად, არც არგუმენტირებას მოითხოვს.

სავარჯიშო 4: სტუდენტები სთავაზობენ პედაგოგს არგუმენტირებული ესეს სათაურის ნიმუშებს და ასაბუთებენ თითოეულის შესაბამისობას.

შესავალი

შესავალი სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს:

  • „კაუჭის“ ფუნქცია, რაც გულისხმობს, რომ შესავლის პირველი წინადადებები მიმართულია იმაზე, რომ დააინტერესოს, „დაიჭიროს“ მკითხველი, ცდილობს რა დაარწმუნოს, რომ წარმოდგენილი ესე ღირს იმად, მკითხველმა დრო დახარჯოს მის წასაკითხად.

  • საფუძველმდებარე ინფორმაციის მიწოდება. მკითხველის ყურადღების მოპოვების შემდეგ, ავტორმა მას ესეს შექმნის მიზეზი უნდა გააცნოს. მაგრამ პირდაპირ ავტორის პოზიციის წარდგენა არ იქნებოდა გამართლებული, რადგან ამან შეიძლება დააბნიოს მკითხველი, რომელსაც გარკვეული საფუძველმდებარე ინფორმაცია სჭირდება, რომ მომზადებული შეხვდეს ავტორის პოზიციას.

  • თეზისის წარდგენა. თეზისი ავტორის ძირითად პოზიციას ნიშნავს, რომლის დასაბუთებასაც ემსახურება არგუმენტირებული ესე. როგორც წესი, თეზისი ერთი-ორი წინადადებისაგან შედგება (ფაქტიურად, ეს არის მთლიანი ესეს შეჯამება ერთი-ორი წინადადებით) და მისი მიზანია გააცნოს მკითხველს, თუ რის დასაბუთებას აპირებს ავტორი და რას შეეხება მისი ძირითადი არგუმენტები. ჩვეულებრივ, თეზისი შესავლის ბოლო წინადადებას წარმოადგენს [Leki, I. (2nd ed.). (1998). Academic Writing. Exploring Processes and Strategies. Cambridge: Cambridge University Press.]

სავარჯიშო 5. პედაგოგი სთავაზობს სტუდენტებს თეზისის ნიმუშებს და სთხოვს განსაზღვრონ, თუ რომელი მათგანია არგუმენტირებადი, ამდენად, გამოდგება თეზისად.

მაგალითად:

  • უნივერსიტეტის სტუდენტებს სრული თავისუფლება უნდა მიეცეთ აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსები;

  • ჩვენს უნივერსიტეტში გაცილებით მეტი სტუდენტია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებში;

  • 100-ბალიანი შეფასების სისტემა აკურატულად ვერ ასახავს სტუდენტთა ინტელექტუალურ მიღწევებს;

  • სტუდენტების ხმა გადამწყვეტი უნდა იყოს, როცა ფაკულტეტზე პედაგოგების დატოვება-დათხოვნის საკითხი დგას;

  • არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს ესე გამოცდის ჩატარების ეფექტურ საშუალებად.

პირველი, მესამე და მეოთხე წინადადებები გამოდგება თეზისის ნიმუშებად, რადგან ისინი არგუმენტირებადია. მაგალითად, ერთმა მხარემ შეიძლება ასაბუთოს, რომ სტუდნეტებს სრული თავისუფლება უნდა მიეცეთ კურსების არჩევისას, მაშინ როცა მეორე მხარე შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ფაკულტეტმა თავად უნდა განსაზღვროს სტუდენტებისათვის აუცილებელი კურსები. მეორე და მეხუთე წინადადებები არ გამოდგება თეზისის ნიმუშებად, რადგან მეორე წინადადება ფაქტს წარმოადგენს, რომლის ჭეშმარიტების დასადგენად სტატისტიკური მონაცემებიც საკმარისია; მეხუთე წინადადებაში კი ავტორი არ ასაბუთებს თავის პოზიციას, შესაბამისად, საპირისპირო პოზიციის წარდგენაც აზრს მოკლებულია.

შესავლის სტრუქტურის განხილვის შემდეგ, რამდენიმე სიტყვით მის შინაარსსაც შევეხოთ. სტუდენტები ხშირად სვამენ შეკითხვას, თუ რით დაიწყონ წერა. აკადემიური წერის სპეციალისტები გვთავაზობენ ესეს შესავლის ოთხ ძირითად ვარიანტს:

  • ზოგადიდან სპეციფიკურის მიმართულებით მოძრაობა. ვიდრე უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეს, ავტორმა გარკვეული საფუძველმდებარე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მკითხველს და თანმიმდევრულად უნდა იმოძრაოს ზოგადიდან კონკრეტულის მიმართულებით, რაც დაეხმარება მკითხველს მისდიოს მის ლოგიკას.

  • დრამატული შესავალი, რომელიც პირდაპირ მოქმედების ცენტრში (სიუჟეტში) „გადაისვრის“ მკითხველს

  • შესაბამისი ციტატის მოხმობა, რაც პირველი წინადადებებიდანვე ემსახურება ავტორის პოზიციის განმტკიცებას

  • კონტრარგუმენტით დაწყება, შემდეგ საკუთარი თეზისის შეთავაზება და მკითხველისათვის საპირისპირო პოზიციებს შორის კონტრასტის demonstrireba. [Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills -Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning.] თუ რა ტიპის შესავალს აირჩევს ავტორი, განსახილველ საკითხსა და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

სავარჯიშო 6. სტუდენტები ირჩევენ სათაურს სავარჯიშო 4-ში შემოთავაზებული სათაურების სიიდან და წერენ არგუმენტირებული ესეს შესავალს.

ძირითადი ნაწილი

არგუმენტების წარდგენა

არგუმენტირებული ესეს ძირითად ნაწილში ავტორი საკუთარ არგუმენტებსა და მათ მხარდაჭერას გვთავაზობს, აგრეთვე წარადგენს და უკუაგდებს ოპონენტთა სავარუდო არგუმენტს. არგუმენტების საშუალო რაოდენობაა 3-4, რადგან სამზე ნაკლები არგუმენტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ავტორმა განსახილველი საკითხის სხვადასხვა ასპექტი მოიცვას; ოთხზე მეტი არგუმენტის წარდგენისას კი, ერთი მხრივ, ავტორის ყველა არგუმენტი ვერ იქნება ერთნაირად ძლიერი და, როგორც წესი, არგუმენტების როდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენი ფანტაზიაც იწურება, მეორე მხრივ კი, მკითხველიც იღლება და ინტერესს კარგავს.

არ არსებობს მკაცრი წესი, თუ რა თანმიმდევრობით განვალაგოთ არგუმენტები, თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ გარკვეული ტექნიკა, რათა ისინი ეფექტურად წარმოვადგინოთ. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ არგუმენტის წარდგენის შემდეგი თანმიმდევრობა:

  • სიძლიერით მეორე ადგილზე მდგომი არგუმენტი;

  • ნაკლებად ძლიერი არგუმენტი;

  • ნაკლებად ძლიერი არგუმენტი;

  • ყველაზე ძლიერი არგუმენტი;

ამგვარი თანმიმდევრობა დაგვეხმარება იმაში, რომ, ერთი მხრივ, დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინოთ მკითხველზე, ვინაიდან, როგორც წესი, ადამიანებს პირველი და ბოლო პუნქტები ყველზე უკეთ ამახსოვრდებათ, მეორე მხრივ კი, ყველაზე ძლიერი არგუმენტით დასრულების შემთხვევაში, მკითხველს ვაფიქრებინებთ, რომ არათუ იდეები ამოგვეწურა, არამედ შეგვწევს უნარი კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი წარმოვადგინოთ.

არგუმენტების მოფიქრებასა და მათი სიძლიერის შეფასებაში, მომხრე-მოწინააღმდეგის სქემა დაგვეხმარება, რომლის ნიმუშსაც ქვემოთ განვიხილავთ.

თეზისი: მარიხუანის მოწევა
ლეგალიზებულ უნდა იქნეს

მომხრე

მოწინააღმდეგე

1. ის უმტკივნეულო გასართობია

1. ის მიჩვევას იწვევს

2. სახელმწიფოს შეუძლია მისი გაყიდვიდან
შემოსავლის მიღება

2. სახელმწიფომ უნდა აკრძალოს საზიანო
ნარკოტიკული საშუალებების ცირკულაცია

3. ის წამლად გამოდგება

3. მისი გავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანმა შეიძლება
ზიანი მიაყენოს სხვებს

4. მრავალი ადამიანი ისედაც მოიხმარს მას

4. მის გამოყენებას მივყავართ სხვა უფრო საშიში

ნარკოტიკების გამოყენებამდე

[Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills - Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning]

ამ სქემის საფუძველზე, შეგვიძლია „ჩამოვყაროთ“ ორივე პოზიციის შესაბამისი არგუმენტები, დავალაგოთ ისინი სიძლიერის მიხედვით და საბოლოოდ გადავწყვიტოთ, თუ რომელი პოზიციის მხარდაჭერას ვაპირებთ და რატომ. გარდა ამისა, მოცემული სქემა გვეხმარება განვსაზღვროთ ოპონენტთა სავარაუდო არგუმენტებიც, ვინაიდან თითოეულ არგუმენტს შესაბამისი კონტრარგუმენტი ახლავს საპირისპირო გრაფაში.

სავარჯიშო 7. პედაგოგი სთავაზობს სტუდენტებს არგუმენტის ნიმუშებს და სთხოვს განსაზღვრონ, თუ რომელი მათგანი გამოდგება არგუმენტად და რატომ.

მაგალითად:

  • ზოგიერთი ადამიანი მუდამ საქმეს უფუჭებს სხვებს (არ გამოდგება არგუმენტად, რადგან ძალიან ზოგადია და გაურკვვლია, თუ რისი თქმა სურს ავტორს).

  • დაუფიქრებელი ფანების მიერ ატეხილი აურზაური სკოლის საფეხბურთო მატჩის ჩაშლის მთავარი მიზეზია (კარგია, რადგან ზედა წინადადებაში ჩადებული აზრი უკვე დაკონკრეტებულია და ნათელია მკითხველისათვის). ამავე დროს საკამათოა, რადგან ვიღაცას შეიძლება მიაჩნდეს, რომ მატჩის ჩაშლას სხვა მიზეზები განაპირობებს).

  • თანამედროვე პირობებში კორუფცია ღრმად ფესვგადგმულია საზოგადოებაში (გამოდგება თეზისად და არა არგუმენტად, რადგან ავტორის ზოგად პოზიციას გამოხატავს. არგუმენტად გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ მის სხვადასხვა ასპექტს დავაკონკრეტებთ, კერძოდ, ვიტყვით, რომ კორუფცია ფართოდ გავრცელებულია უმაღლესი განათლების სფეროში, და შესაბამის მხარდაჭერასაც მოვიტანთ).

  • ვაშლი ხილია (არ გამოდგება არგუმენტად, რადგან ობიექტური ფაქტს წარმოადგენს)

  • ვაშლი გემრიელია (არ გამოდგება არგუმენტად, რადგან გემოვნების საკითხია და ვერ იკამათებ).

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა წაახალისოს გლეხები, რაც შეიძლება მეტი ვაშლი მოიყვანონ (კარგია, რადგან შესაბამისი მხადაჭერის შემთხვვაში, შესაძლებელია მისი დასაბუთება).

სავარჯიშო 8. სტუდენტები აგებენ მომხრე-მოწინააღმდეგის სქემას სავარჯიშო 6- ში არჩეული თემის საფუძველზე. სქემების პრეზენტაცია და ჯგუფური დისკუსია.

მხოლოდ არგუმენტების წარდგენა არ არის საკმარისი იმისათვის, რათა თეზისი დასაბუთებულად ჩაითვალოს. უცილებელია, რომ არგუმენტებს შესაბამისი მხარდაჭერა ახლდეს, რადგან სწორედ ძლიერი მხარდაჭერა განაპირობებს არგუმენტის დამაჯერებლობას; დამაჯერებელი არგუმენტი კი, თავის მხრივ, განაპირობებს ავტორის პოზიციის სიძლიერეს.

მხარდაჭერა, შესაძლოა, სხვადასხვა სახის იყოს. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები, ცნობილ ადამიანთა ციტირება, ექსპერტთა შეფასებები, პირადი გამოცდილება და ა.შ. ავტორის მიზანია, მისი მხარდაჭერა რაც შეიძლება ეფექტური და დამაჯერებელი იყოს, და კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას გამოიყენებს, კონტექსტსა და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ლიტერატურის სფეროში, ცნობილ მწერალთა ციტირება უფრო გამოდგება მხარდაჭერად, სოციალურ მეცნიერებათა სფეროში კი, სტატისტიკური მონაცემები და ექსპერტთა შეფასებები.

სავარჯიშო 9: პედაგოგი აძლევს სტუდენტებს პარაგრაფებს და სთხოვს გამოარჩიონ არგუმენტი და მისი მხარდაჭერა; ამასთან, განსაზღვრონ, თუ რა ტიპის მხარდაჭერაა წარმოდგენილი.

სავარჯიშო 10. სტუდენტებს შესაბამისი მხარდაჭერა მოაქვთ სავარჯიშო 8-ში წარმოდგენილი არგუმენტების გასამყარებლად.

კონტრარგუმენტის უკუგდება

არგუმენტირება აუცილებლად გულისხმობს საპირისპირო პოზიციის არსებობას. ამიტომ, მკითხველის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ავტორმა არა მარტო საკუთარი პოზიცია უნდა ახსნას და დაასაბუთოს, არამედ ოპონენტის სავარაუდო არგუმენტიც უნდა განსჭვრიტოს და უკუაგდოს. ოპონენტის არგუმენტის განხილვა და უკუგდება აუცილებელია, რადგან საზოგადოებაში იარსებებს ადამიანთა თუნდაც მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც საპირისპირო მოსაზრებისაა, რაც მკითხველისათვის ისედაც ცნობილია. ამ საპირისპირო აზრის გაუთვალისწინებლობა ისევ ავტორის პოზიციის სისუსტეზე მეტყველებს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას არ შესწევს უნარი „შეეჭიდოს“ ოპონენტებს. თანაც, ავტორმა ოპონენტთა ყველაზე ძლიერი არგუმენტის უკუგდება უნდა სცადოს, რაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებს მკითხველს მისი პოზიციის დამაჯერებლობაში. რაც შეეხება ყველაზე ძლიერი კონტრარგუმენტის განსაზღვრას, ამაში ავტორს მომხრე-მოწინააღმდეგის სქემა დაეხმარება, სადაც მის ყოველ არგუმენტს შესაბამისი კონტრარგუმენტი ახლავს.

ოპონენტთა არგუმენტების შეფასებისას, აუცილებელია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • რამდენად ძლიერია ჩემი ოპონენტების არგუმენტები?

  • მისაღებია ჩემთვის რომელიმე მათგანი, თუნდაც ნაწილობრივ?

  • რამდენად ახლოს იდგება მკითხველი ჩემი ოპონენტების პოზიციასთან?

  • ხომ არ არის რაიმე ლოგიკური სისუსტე ჩემი ოპონენტების პოზიციაში?

  • ნამდვილად მივყავართ ფაქტებს იმ დასკვნებამდე, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ?

  • ყველა ფაქტი აქვთ მათ გათვალისწინებული, თუ მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი ფაქტები?

  • ხომ არ არის ოპონენტთა დასკვნები გამოტანილი საკამათო განზოგადებების საფუძველზე?

  • ხომ არ არის ოპონენტთა არგუმენტები მიმართული მკითხველის ემოციებზე?

  • ხომ არ გვთავაზობენ ოპონენტები, რომ ესა თუ ის იდეა თუ მოქმედების ტაქტიკა კარგია მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული ინდივიდები/ჯგუფები იზიარებენ მას ან იქცევიან ასე?

სავარჯიშო 11. სტუდენტები უკუაგდებენ სავარჯიშო 8-ში წარმოდგენილ კონტრარგუმენტებს.

კომპრომისური პოზიცია

არსებობს განსხვავებული დამოკიდებულება ოპონენტთა პოზიციის მიმართ, რომელიც ცნობილი ფსიქოლოგის კარლ როჯერსის კომუნიკაციის თეორიიდან იღებს სათავეს. ტრადიციული არგუმენტირებისაგან განსხვავებით, ის არ ცდილობს „გამარჯვება მოიპოვოს“ ოპონენტთა პოზიციაზე, არამედ გარკვეული კომპრომისის შემოთავაზების გზით, ცდილობს დააბალანსოს საპირისპირო პოზიციები, ითვალისწინებს რა ორივე მხარის ძლიერ არგუმენტებს.

კ. როჯერსის თანახმად, მუქარა აფერხებს კომუნიკაციას. ისინი, ვინც მუქარას გრძნობენ, წყვეტენ კომუნიკაციას და აღარ უსმენენ მოსაუბრეს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად შეუტევ ოპონენტს, მით უფრო ძლიერია მისი მხრიდან წინააღმდეგობაც. ამ მუქარის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ნეიტრალური, ობიექტური ტონის შენარჩუნებითა და ოპონენტისათვის იმის ჩვენებით, რომ მის პოზიციას გაგებით ეკიდები.

როჯერსისეული არგუმენტის შემადგენელი კომპონენტებია:

  • მოკლე და ობიექტური თეზისი, რომელიც პრობლემის ზოგად განსაზღვრებას იძლევა;

  • ოპონენტთა პოზიციის ღრმა, ამავე დროს, ნეიტრალური ანალიზი, რაც იმის გამომხატველია, რომ გაგებით ეკიდები საპირისპირო პოზიციას;

  • საკუთარი პოზიციის ღრმა და ნეიტრალური ანალიზი ისე, რომ არ ასაბუთებ შენი პოზიციის უპირატესობას;

  • იმის გაანალიზება, თუ რა საერთოა თქვენს პოზიციებს შორის;

  • პრობლემის გადაჭრის შემოთავაზება, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. [Hairston, M. (1982). A Contemporary Rhetoric (3rd ed.) Boston. Houghton Mifflin.]

დასკვნა

დასკვნა არგუმენტირებული ესეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის აჯამებს ავტორის პოზიციას და საბოლოო შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. შესავლის მსგავსად, ისიც სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს:

  • ავტორის არგუმენტების შეჯამება თითო წინადადებით;

  • თეზისის გამეორება, ოღონდ სხვა სიტყვებით, რომ ავტორმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, მაგრამ მკითხველისათვის მოსაბეზრებლად არ ჟღერდეს;

  • პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში, რაც მკითხველს საფიქრალს დაუტოვებს, ვთქვათ, თუ როგორ გამოიყენოს მოცემული ესე რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

ვინაიდან დასკვნა ძირითად ნაწილში წარმოდგენილი არგუმენტების შეჯამებას ახდენს, ყოველმხრივ უნდა მოვერიდოთ ამ ეტაპზე ახალი საკითხების წამოჭრას. თუ ვფიქრობთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩა, ახალი პარაგრაფი უნდა დავუმატოთ ძირითად ნაწილს და იქ განვიხილოთ ეს საკითხი. მხოლოდ ამის შემდეგ დავწეროთ დასკვნა, რომელიც მოდიფიცირებულ სახეს მიიღებს.

სავარჯიშო 12: სტუდენტები წერენ არგუმენტირებული ესეს დასკვნას.

სავარჯიშო 13: არგუმენტირებული ესეს პირველი ვერსიის პრეზენტაცია: სტუდენტები აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს.

როცა არგუმენტირებული ესეს პირველი ვერსია შექმნილია, აუცილებელია მისი გამართულობის შემოწმება, რისთვისაც აკადემიური წერის სპეციალისტები შემდეგ შეკითხვებზე პასუხის გაცემას გვთავაზობენ:

ესეს შემოწმება

1. იპყრობს შესავალი მკითხველის ყურადღებას?

2. რა არის ესეს თეზისი?

3. არის თეზისი ნათელი და საკმარისად დაკონკრეტებული?

4. გაქვთ რაიმე რჩევა შესავალთან ან თეზისთან დაკავშირებით?

5. რა პრინციპითაა ესე ორგანიზებული? არის მისი სტრუქტურა ეფექტური?

6. არის ესე ლოგიკური და შეკრული?

7. ყველა პარაგრაფი განამტკიცებს თეზისს?

8. გაქვთ რაიმე რჩევა პარაგრაფებთან დაკავშირებით?

9. არის არგუმენტები საკმარისად განმტკიცებული მხარდაჭერით? გაქვთ რაიმე რჩევა მხარდაჭერასთან დაკავშირებით?

10. არის საჭირო ესესთვის რაიმეს დამატება ან რაიმეს ამოღება?

11. არის დასკვნა ლოგიკური? არის ის საინტერესო? გაქვთ რაიმე რჩევა დასკვნასთან დაკავშირებით?

12. რომელია ესეს საუკეთესო ნაწილი? რომელ ნაწილს სჭირდება გაუმჯობესება? [Smalley, R. L., Ruetten, M. K., & Kozyrev, J. R. (5th ed.). (2001). Refining composition Skills - Rhetoric and Grammar. Boston: Heinle & Heinle, Thomson Learning.]

სავარჯიშო 14: არგუმენტირებული ესეს საბოლოო ვერსიის შექმნა.

ნიმუში 1

გლობალიზაცია დადებითი პროცესია

XX საუკუნის დასაწყისიდანვე შეამჩნია მსოფლიომ ახლადგანვითარებული, სწრაფადმზარდი პროცესი. ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ვეღარ ეტეოდა ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, გადადიოდა სხვა ქვეყნებში და იწვევდა მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უნიფიკაციას. სოციოლოგიური აზროვნება ძალზე გვიან დაფიქრდა ამ სტიქიურ პროცესზე და მას გლობალიზაცია უწოდა. ადამიანები გაუთავებლად მსჯელობენ მის მნიშვნელობაზე. ისმის უამრავი კითხვა და არსებობს უამრავი პასუხი. გლობალიზაცია წარმოადგენს უკანასკნელი პერიოდის ყველაზე ფართოდ გამოყენებულ, თუმცა ყველაზე ბუნდოვან, თეზისზე გადასვლა უფრო თვალსაჩინო და ლოგიკური უნდა იყოს! ამავე დროს, პოლიტიკურად ყველაზე ეფექტურ სიტყვას. გლობალიზაცია დღესდღეობით ნეგატიურ მოვლენად გვევლინება, რადგანაც ის არასწორი ფორმით წარიმართება.

თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესის ძირითადი სუბიექტი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში სწორედ აშშ-ის ეკონომიკის, ტექნოლოგიის, კულტურისა და ცხოვრების წესის გლობალური გავრცელება ხდება. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის - ევროპელი მოაზროვნეები მწვავედ რეაგირებენ ამ მოვლენაზე. მათ რიცხვს ეკუთვნის გერმანელი ფილოსოფოსი ულრიხ ბეკი, რომელიც ამბობს, რომ გლობალიზაციის დადებით თვისებებზე ისევე უნაყოფოა საუბარი და დისკუსია, როგორც პუდინგის კედელზე ლურსმით მიჭედება. მსოფლიო ამერიკული გლობალიზმის ხაფანგშია გაბმული.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გლობალიზაცია სამუშაო ადგილების შემცირებასა და შრომის დაბალი ანაზღაურების ქვეყნებში ექსპორტს იწვევს. ეს იმ დროს, როცა უწყვეტი ეკონომიკური და ტრანსნაციონალური კონცერნებისა და სხვადასხვა მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების ზრდის მიუხედავად, მსოფლიოში მძვინვარებს უმუშევრობის პრობლემა. გლობალიზმის ეპოქაში ეკონომიკის განვითარება ეროვნულ-სახელმწიფო კონტროლს აღარ ექვემდებარება. მაგალითად, ისეთი ჰეგემონი ქვეყნები, როგორებიც იყვნენ საფრანგეთი და გერმანია, დღესდღეობით აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, მიეკუთნებიან გლობალიზაციის პროცესში წაგებული ქვეყნების რიცხვს. სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყნებში უმუშევრობა სულ მცირე 30 პროცენტით გაიზარდა. გაზეთ „შპიგელის“ ერთ-ერთი ნომერი ასეთი ფრაზით იწყება: ,,შემოსავლები მაღლა მიცოცავს, სამუშაო ადგილები მცირდება“. აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი უმუშევარი კი წერს: „ჩვენ უკვე აღარა ვართ ადამიანები. ადამიანის სახის დაკარგვის აღწერა შეუძლებელია“. ის, რომ სამუშაოს დაკარგვა „სახის დაკარგვას“ იწვევს, ალბათ, მსოფლიოს საერთო ტრაგედია უნდა იყოს.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტორი, რომ გლობალიზმი, რომლის ვირუსიც მთელ მსოფლიოს შეეყარა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ ღირებულებებს, თვითიდენტურობას, წარმოშობს სახელმწიფოთა შორის კონფლიქტებს, რაც ხშირად ომებით სრულდება. ამის მაგალითია აშშ-ერაყის ომი, რომლის მიზეზი ვითომდა მსოფლიოში დემოკრატიული პრინციპების აღიარება და განმტკიცებაა, რეალურად კი ხალხი მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს ეწირება. ამასთანავე ხდება უკიდურესად განსხვავებულ კულტურათა შეჯახება. მაგალითად, ძნელი წარმოსადგენია ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოდერნიზაცია და დემოკრატიის დასავლური მოდელის დამკვიდრება. ავიღოთ, მაგალითად, ქალთა უფლებები. ძნელი წარმოსადგენია, რომ არაბეთის ნახევარ კუნძულის ქვეყნების ქალებმა ახლო მომავალში მიიღონ ისეთი უფლებები, რაც დასავლეთში მცხოვრებ ქალებს აქვთ. მაგალითად, საუდის არაბეთში სახლის გარეთ მყოფი ყველა ქალისათვის აუცილებელია ტრადიციული აბაიას ტარება, რომელიც ქალს მთლიანად ფარავს. ქალს აქ მანქანის მართვის უფლებასაც არ აძლევენ. ყველაზე დიდ უკმაყოფილებას დასავლური დემოკრატიის მოდელის მიმართ გამოთქვამენ ისლამური რელიგიური პარტიები და მოძრაობები, რომლებიც ხალხს სამართლიანობისა და მაღალი ზნეობის დამკვიდრებისკენ მოუწოდებენ. ასეთ პარტიების შეუძლიათ ამ მაღალი ღირებულების მქონე პრინციპების დამყარება, მაგრამ VII-VIII საუკუნის ნორმებით. მათ არაფერი ექნებათ საერთო დასავლური ტიპის დემოკრატიულ ფასეულობებთან.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ალბათ, გამოჩნდებიან საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებიც, რომლებიც იტყვიან: რატომ ოპონირებთ ამჟამინდელ პოლიტიკურ ტენდენციებს და გლობალიზაციის პროცესებს? ის უდავოდ ეხმარება სხვა სახელმწიფოებს განვითარებასა და ერთმანეთტან მჭიდრო კავშირის დამყარებაში, ამასთანავე, ხელს უწყობს კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვრის - დემოკრატიული პროცესების განმტკიცებას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე ლინდონ ლარუში ამბობს: „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა და გადაწყვიტეს ფეოდალიზმისაკენ დაბრუნება, რასაც ლამაზად „გლობალიზაცია“ და „თავისუფალი ვაჭრობა“ უწოდეს. როგორც ჩანს, რომის იმპერიის მაგალითით მოხიბლულებმა, ფაქტობრივად, იწყეს მსოფლიო იმპერიის შენება, რაც არის როგორც ზნეობრივი, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური სიგიჟე“. რომის ამჟამინდელმა მაშენებლებმა თავიანთი მიზნების რეალიზაცია დაიწყეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის განადგურებით. მათი ამოცანაა ერთი ცენტრიდან კონტროლირებადი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც გადაწყვეტს, თუ რომელს აქვს განვითარების უფლება და რომელს ეკრძალება არსებობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამჟამად მსოფლიოს ძირითადი ბირთვი ამერიკა ცდილობს ხელთ იგდოს მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ როგორც ლარუში ამბობს: „ამჟამად ცხოვრებაში დამკვიდრებული უტოპია დაიმსხვრევა განვითარების ზენიტში, ისევე როგორც დაეცა რომი“. რაც შეეხება დემოკრატიას, ხდება არა ზოგადად დემოკრატიის განმტკიცება, არამედ მსოფლიოში დასავლური დემოკრატია ვრცელდება, რაც სასარგებლოა მხოლოდ ამერიკისათვის და არა სხვა ქვეყნებისათვის. აშშ თავისი მიზნების მისაღწევად ყველა ხერხს და მეთოდს იყენებს და ამას თავისუფალ სიტყვასა და დემოკრატიას უწოდებს. ამის მაგალითია, უკვე ნახსენები აშშ-ერაყის ომი, რომელიც მიმართულია ნავთობით მდიდარი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად და არა მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად. ვფიქრობ, ამ საეჭვო ომში უაზროდ დაღუპული უამრავი ადამიანის მაგალითი საკმაოდ ძლიერი საფუძველია იმისთვის, რომ ამგვარი დემოკრატია ნეგატიურ მოვლენად მივიჩნიოთ.

ის რომ გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია, ალბათ, თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს, მაგრამ ეს მოვლენა კიდევ უფრო მტკივნეულად რომ არ შეეხოს სახელმწიფოებს, ვფიქრობ, ყოველი ერი უნდა ცდილობდეს იპოვოს მასში ქვეყნის უნიკალურობის შენარჩუნების რესურსი. ის, რომ მსოფლიოში ხდება ყველაფერი რომ ეროვნულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, საკმაო არგუმენტებია იმისთვის, რომ გლობალიზაცია და მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი ტენდენციები უარყოფით პროცესად მივიჩნიოთ.

ნიმუში 2

გლობალიზაცია დადებითი პროცესია

„გლობალიზაცია ასახავს ყველა იმ პროცესს,
რომელთა მეშვეობითაც მსოფლიოს ხალხები
ერთ მსოფლიო საზოგადოებაში, გლობალურ
საზოგადოებაში ერთიანდებიან.“

მარტინ ელბროუ

ხშირად ახალი ტერმინი იმიტომ ხდება პოპულარული, რომ მსოფლიოში მიმდინარე ამა თუ იმ მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს. ახალი იდეა ახალი ვითარების აღსაწერად არის საჭირო. 1980-იანი წლებიდან გახშირდა საუბარი გლობალიზაციაზე, რამაც ყოველდღიურ აზროვნებაშიც იჩინა თავი. ძნელია იმ მომენტის ზუსტად განსაზღვრა, როდის დაიწყო გლობალიზაცია. პერიოდიზაცია ხშირად საკამათოა, თუმცა მისი გავლენა კაცობრიობის დიდი ნაწილის ცხოვრებაზე ყველაზე ინტენსიურად 1960-იანი წლებიდან არის შესამჩნევი, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან ხდება აშკარა მისი უარყოფითი გავლენა სხვადასხვა კულტურისა თუ აღმსარებლობის ერებზე. დადგა ეროვნული სუვერენიტეტისა თუ თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემები, ერთი ზესახელმწიფოს ჰეგემონიის ზრდისა და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების კიდევ უფრო დასუსტების საფრთხე: ყოველივე ამან ნათლად დაგვანახა, რომ გლობალიზაცია უარყოფითი მოვლენაა. დღეს კი ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური და პრობლემურია, ვიდრე ოდესმე. მოგვეხსენება, რომ მსოფლიო მეტად მრავალფეროვანია. ხალხები განსხვავდებიან თავიანთი კულტურით, რელიგიით, ტრადიციებით, ღირებულებებითა და ცხოვრების წესით, რაც მათ საუკუნეების განმავლობაში მოსდგამთ და არც აქვთ რაიმეს შეცვლის სურვილი. ეს აიხსნება არა მათი ჩამორჩენილობით, არამედ მათი მისწრაფებით შეინარჩუნონ ის, რაც მათთვის ღირებულია და თვითიდენტიფიკაციის საშუალებას აძლევს. ამის მაგალითია იაპონია, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების დონით პირველია მსოფლიოში. მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. გლობალიზაცია, თავის მხრივ, იჭრება ამგვარ კუტურათა თავისებურებებში და გარდაქმნის მათ. შედეგად, ცალკეულ ხალხებში ხდება ეროვნული თვითმყოფადობისა და თვითშეგნების დაკარგვა, ღირებულებათა გადაფასება, რაც მეტად მტკივნეულია ნებისმიერი ერისათვის. ეს არ ეხება მხოლოდ ქცევისა თუ ჩაცმის სტილს. ამ ტიპის ხალხების გლობალურ პროცესებში ჩართვა ხშირად გულისხმობს გარკვეულ გარდაქმნებს სოციალურ სტრუქტურაში, ქალთა გენდერული როლის ცვლილებებს და ა.შ. ეს ყოველივე პროტესტის გრძნობას აღვივებს მათში და შედეგად სხვადასხვა ფორმით არის ხოლმე გამოხატული. პროტესტის ყველაზე უკიდურესი ფორმაა ტერორიზმი, განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებში, რისი მოწმენიც ხშირად გავმხდარვართ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამგვარი ქმედება, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს გამართლებას, მაგრამ გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხები ძლიერი წნეხის ქვეშ იმყოფებიან და იძულებით გარდაქმნებს განიცდიან მათ სულიერ თუ ყოფით ცხოვრებაში.

ამ უარყოფით დამოკიდებულებას განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი, სადაც მთავარ როლს სახელმწიფოთა პოლიტიკური ორიენტაცია ასრულებს. გლობალიზაცია არ ვითარდება განყენებულად, თავისთავად. მას ჰყავს ფასილიტატორი ძალა, რომლისთვისაც მომგებიანი იქნებოდა ამგვარი გლობალური პროცესის ფონზე საკუთარი ძლიერიებისა და გავლენის გავრცელება. XX საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან, ნათლად გამოიკვეთა მსოფლიოს ზესახელმწიფო, რომელიც საყოველთაო ჰეგემონიისაკენ მიისწრაფვის. გლობალიზაციის ერთ-ერთი განმარტებაც „ვესტერნიზაცია“ სწორედ ამის აღმნიშვნელია. ამდენად გლობალიზაცია და ამერიკანიზაცია ბევრისათვის სინონიმებია. დღეს უკვე აშკარაა, თუ როგორ არღვევს ზესახელმწიფო დემოკრატიის სახელით საერთაშორისო სამართლის ნორმებს, როგორ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების უმნიშვნელოვანესი გააწყვეტილებებისა და რეზოლუციების იგნორირებას, მას შეუძლია ომიც კი დაიწყოს „დემოკრატიის სახელით“. ყოველივე აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ბევრ სახელმწიფოს არ სურს მისი გავლენის სფეროში მოქცევა. თუმცა, პატარა და სუსტი ქვეყნები ხშირად იძულებულნი ხდებიან მოჩვენებითი კეთილგანწყობით მოიპოვონ ამგვარი ჰეგემონების დაინტერესება, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ გლობალიზაცია ამ ფორმით არ არის მხოლოდ კოკა-კოლა და ჯინსები, როგორც ბევრს მიაჩნია. ეს არის ასიმილაცია მმართველობის ფორმების, სასამართლოს, განათლებისა და სხვა სისტემების გაუაზრებელი სტრუქტურული გარდაქმნა, რაც, თუნდაც საქართველოს მაგალითზე, ყოვლად მიუღებლად და დაუშვებლად მიმაჩნია.

ასევე საჭიროა შევეხოთ გლობალიზაციის ეკონომიკურ მხარეს თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სრულიად გლობალური ხასიათი შეიძინა, მეტად აქტიურად დადგა ე.წ. მესამე სამყაროს საკითხი, რომელშიც მოიაზრება განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი. განვითარებული და განვითარებადი სამყაროს ურთიერთობები ძირითადად ბატონობა - დაქვემდებარებული გამოიხატება. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა მცირე, არატევადი შიდა ბაზრის მქონეა. მათი მეურნეობა არ არის დივერსიფიცირებული. ამიტომ ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი განვითარებულ ქვეყნებზე, საიდანაც შემოდის მათი ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინვესტიციები. ფინანსური სესხისა თუ დახმარების გამცემი კომპანიები გავლენას ახდენენ მათ გადაწყვეტილებებზე. ამის შედეგად, განვითარებადი ქვეყნები იძულებული ხდებიან მოახდინონ სულ უფრო დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსების ექსპორტი (ხე-ტყე, წიაღისეული, ნავთობი, ნედლეული, სხვა მინერალები) დაბალ ფასად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინვესტტიციების მისაღებად. ნადგურდება ტყის საფარი და სხვა ბუნებრივი რესურები. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ხელით წარმოებაში იყო ჩაბმული ადგილობრივი მოსახლეობა, საწარმოო დანადგარების შეტანამ უმუშევრობის ზრდა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, გლობალიზაცია მესამე სამყაროს ქვეყნების არა თუ განვითარებას, არამედ განვითარებული ქვეყნების მიერ ექსპლუატაციას და კიდევ უფრო გაღარიბებას უწყობს ხელს. მარტინ ქორის განმარტებით, ,,გლობალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მესამე სამყაროში საუკუნეების მანძილზე კოლონიზაციას ვუწოდებდით“.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ გლობალიზაციის კიდევ ერთი თანმდევი პროცესი, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი ვესტფალიის სისტემიდან იღებს სათავეს. ეს იყო მმართველობის სტრუქტურა, რომლის სათავეებთან სახელმწიფოებრიობისა და სუვერენულობის პრინციპები იდგა. სახელმწიფოებრიობა გულისხმობდა მსოფლიოს ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფას, რომელთაგან თითოეულს ცალკე მთავრობა მართავდა, ხოლო სუვერენულობა - თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ყოვლისმომცველ, უზენაეს, შეუზღუდავ და ექსკლუზიურ კონტროლს. დღეისათვის შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სუვერენიტეტის ძირეული ნორმა აღარ მოქმედებს და მისი აღდგენამ გლობალიზებულ მსოფლიოში შეუძლებელია. როდესაც არსებობს ზესახელმწიფოებრივი მმართველობის ორგანოები, სახელმწიფოები კარგავენ უფლებას დამოუკიდებლად წარმართონ თავიანთი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მაგალითად, ევროსაბჭო დაჟინებით მოითხოვს საქართველოსაგან თურქი მესხების ახლო მომავალში დაბრუნებას, რაც მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებულ.

თუმცა, გლობალისტები მიიჩნევენ, რომ გლობალიზაცია პროგრესის, მოდერნიზაციისა და განვითარების წინაპირობა და გარანტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ეხება უკვე განვითარებული ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც კიდევ უფრო ძლიერდებიან სუსტი და განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე, მათი ბუნებრივი და შრომითი რესურსების ექსპლუატაციის შედეგად, რასაც ამ ქვეყნების ეკონომიკა საბოლოო კრიზისამდე მიჰყავს. თანდათან სულ უფრო აშკარა ხდება ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რელურად ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს და მხოლოდ განვითარებული სამყაროს ინტერესებს ემსახურებიან.

რაც შეეხება კულტურულ მოდერნიზაციას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამა თუ იმ ხალხის კულტურა ხშირად მათი ისტორიული განვითარებისა და ეროვნული თვითმყოფადობის უშუალო ასახვაა და მისი ნებისმიერი სახით გარდაქმნა ამ ღირებულებათა დაკარგვის ტოლფასია, თუნდაც ქართველი ხალხისათვის ყველაზე დიდ საგანძურსა და ეროვნულ სიამაყეს მისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობაა, რისი მოშლაც არა მარტო ისტორიის, არამედ ეროვნული თვითშეგნების დაკარგვის მომასწავებელია.

ამრიგად, გლობალიზაცია ის მსოფლიოს მასშტაბების მოვლენაა, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროზე, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა თუ სხვა. პროცესის იმ ტემპებით განვითარების შემთხვევაში, როგორითაც ეს დღეს ხდება, სხვადასხვა ხალხებს ერთიან საზოგადოებად გარდაქმნა ემუქრება, რადგან გლობალიზაცია, როგორც აღვნიშნეთ, აღწევს ცალკეულ კულტურებში, ლახავს სახელმწიფოთა სუვერენულობის პრინციპს, რაც უკვე იმის მანიშნებელია, რომ იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს; იწვევს მესამე სამყაროს ქვეყნების კიდევ უფრო დასუსტებასა და დეგრადაციას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყოველივე ხდება ერთი ზესახელმწიფოს ჰეგემონიის დამკვიდრების ფასად. შედეგად კი ვიღებთ ყოვლად უმართავ პროცესებს, რაც იწვევს ცალკეული ხალხების პროტესტს გლობალიზაციისა და გლობალური მიგრაციების მიმართ. შესაძლებელია თუ არა გლობალიზაციის შეჩერება და გვაქვს თუ არა არჩევანი? ეს კითხვა განსაკუთრებით მტკივნეულია ისეთი პატარა სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი საკუთარი ენის, თვითშეგნების, კულტურული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება უნდა იყოს, რათა მათზე მთელი სისრულით არ აისახოს გლობალიზაციის უარყოფითი ეფექტი.