The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0005უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ლა
დოკუმენტის ნახვა ლბ
დოკუმენტის ნახვა ლგ
დოკუმენტის ნახვა ლე
დოკუმენტის ნახვა ლვ
დოკუმენტის ნახვა ლი
დოკუმენტის ნახვა ლმ
დოკუმენტის ნახვა ლო
დოკუმენტის ნახვა ლპ
დოკუმენტის ნახვა ლტ
დოკუმენტის ნახვა ლუ
დოკუმენტის ნახვა ლღ
დოკუმენტის ნახვა ლჭ
დოკუმენტის ნახვა ლხ
დოკუმენტის ნახვა ლჰ

ლა

 

ლა

1) რიგით მეექვსე მუსიკალური ბგერა, ძირითადი (დომაჟორული) დიატონური ბგერათრიგის VI საფეხური. მისი ანბანური აღმნიშვნელია ლათინური A.

2) ს. ა. ლავოჩკინის ხელმძღვანელობით შექმნილი ბომბდამშენი თვითმფრინავის მარკა.

ლა-აბა - დასახლებული პუნქტი და მუნიციპალიტეტი ესპანეთის ბადახოსის პროვინციაში.

ლაალე ან ლოლესი - ერთ-ეთი უძველესი დანიელი მწერალი, პირველად მოიხსენიება XVI საუკუნიდან, ცხოვრების წლები უცნობია.

ლაარი მარტ - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1992-94 წლებში (დაიბადა 1960 წელს).

ლაარპი ჟან ფრანსუა დე - ფრანგი პოეტი, დრამატურგი და ლიტერატურათმცოდნე (1739-1803 წწ).

ლაარპი ფრედერიკ სეზარ დე - შვეიცარიის პოლიტიკური მოღვაწე (1754-1838 წწ).

ლაასი ერნსტ - გერმანელი ფილოსოფოსი და პედაგოგი (1837-1885 წწ).

ლააქსო მარკუ - ფინელი დირიჟორი (დაიბადა 1978 წელს).

ლაბა

1) მდინარე ელბის ზემო დინების სახელწოდება ჩეხეთის ტერიტორიაზე.

2) უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

3) მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანის მარცხენა შენაკადი.

4) მაღალმოლეკულურ ნივთიერებათა ხსნარი დაბალმოლეკულურ სითხეებში.

5) და ლაბი - საჭმელი - გაცივებით შესქელებული ნახარში ხორცისა (თევზისა), რომელშიც არის ხორცის (თევზის) ნაჭრები.

6) დაბალი ბუჩქი: ისხამს წვრილ, მრგვალ, წითელ ნაყოფს, რომელიც იჭმება, მთის მოცხარი

7) რქებდახრილი ხარი, ბელეშა.

8) საყევრის უღელი, დახრილბოლოებიანი.

ლაბადა (სპარს.)

1) მოკლე, წელი გამოყვანილი სამოსელი ქალისა. იგივეა, რაც ყაბაჩა ან ყაბარჩა.

2) წვიმის დროს წამოსასხამი საწვიმარი.

ლაბაიძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ლაბანი რუდოლფ ფონ (ნამდვილი გვარი ვარალიაში) - ავსტრიელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი (1879-1958 წწ).

ლაბარნა - ხეთების მეფეთა ტიტული და სახელი «ძველი სამეფოს» დროიდან (ზოგჯერ ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრის ტიტულიც იყო).

ლაბასტიდა - მუნიციპალიტეტი ესპანეთის ალავას პროვინციაში, ბასკთა ქვეყნის ავტონომიის შემადგენლობაში.

ლაბატლანი - ქალაქი უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

ლაბდაკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსის პაპა, რომლისგანაც თებელ მეფეთა ყველაზე უბედური დინასტია მომდინარეობს.

ლაბე ლუიზა - ფრანგი პოეტი ქალი (დაახლოებით 1524-1566 წწ).

ლაბეონი მარკუს ანტისციუს - რომაელი იურისტი, დააარსა რომის იურისტთა სკოლა (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 50 - ახ.წ.აღ. 18).

ლაბეჭინა - შუა საუკუნეთა ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია; მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის მიდამოებში.

ლაბზინი ალექსანდრე - რუსი პოეტი, გამომცემელი (1766-1825 წწ).

ლაბი - იხილე ლაბა4

ლაბიაუ - კალინინგრადის ქალაქ პოლესკის სახელი 1946 წლამდე.

ლაბიალიზაცია - ზოგი ბგერის წარმოთქმა მომრგვალებული და წინ გამოწეული ბაგეებით.

ლაბიალური ბგერები - ბაგისმიერი ბგერები: 1) ხმოვნები, რომლებიც ბაგეთა მოძრაობით წარმოითქმის (ო,უ). 2) თანხმოვნები, რომლებიც ქვედა ბაგესთან ან კბილებთან მიახლოებით ან შეხებით წარმოითქმის (ბ,პ,ფ,მ,ვ).

ლაბიანი - კარგად მოხარშული, სქელი (ლობიო).

ლაბიდი იბნ რაბია აკილ - ისლამამდელი არაბი პოეტი (დაახლოებით 560 - 661 წწ).

ლაბიერი - ჭერის კოჭებს ზევით აყვანილი კედელი.

ლაბილობა (ლათ.) - ფუნქციური არამდგრადობა, აგზნების სხვადასხვა ელემენტარული ციკლის მიმდინარეობის სიჩქარე ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში.

ლაბინსკი (1947 წლამდე სტანიცა ლაბინსკაია) - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (60 ათასი).

ლაბირინთი

1) ასე ეწოდებოდა ძველად სასახლეებს, რომელთაგანაც, მრავალი და არეული გამოსასვლელების გამო, მეტად ძნელდებოდა გარეთ გამოსვლა.

2) ჩახლართული სიტუაცია, ურთიერთობა.

3) ხერხემლიანებისა და ადამიანთა შიგნითა ყური; ასრულებს სმენისა და წონასწორობის ორგანოს ფუნქციას.

ლაბირინთიანები - თევზების ქვერიგი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათთვის დამახასიათებელია ლაყუჩზედა ორგანო, ე.წ. ლაბირინთული აპარატი, რომელიც სუნთქვას ემსახურება. გავრცელებულია ტროპიკულ წყლებში.

ლაბირინთიტი - ლაბირინთის (მნიშვნელობა 3) ანთება.

ლაბირინთოდონტები - დიდი ზომის (5 მეტრამდე სიგრძის) ნამარხი ამფიბიების ზერიგი, ცხოვრობდნენ დაჭაობებულ ტყეებში. წარმომავლობით ახლოს დგანან ქვეწარმავლების წინაპარ ფორმებთან.

ლაბიტნანგი - ქალაქი რუსეთის იამალო-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (30 ათასი).

ლაბიში - რუმინელი პოეტი (1935-1956 წწ).

ლაბიში ეჟენ მარენ - ფრანგი დრამატურგი, კომედიოგრაფი (1815-1888 წწ).

ლაბლაბო

1) მაღალი ხვიარა მცენარე პარკოსანთა ოჯახისა, გავრცელებული თბილ ქვეყნებში.

2) ამ მცენარის თესლი, იხმარება კულინარიაში.

ლაბლაში ლუიჯი - იტალიელი მომღერალი (ბანი) (1794-1858 წწ).

ლაბოდა - მწვერვალი და მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე (4314 მეტრი).

ლა ბოესი ეტიენ - ფრანგი ჰუმანისტი, პოეტი და პუბლიცისტი (1530-1563 წწ).

ლაბოკი

1) ინგლისელი არქეოლოგი და ეთნოგრაფი (1834-1913 წწ).

2) ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (190 ათასი).

ლაბორანტი - (ლათ.) ლაბორატორიის, სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს.

ლაბორატორია (ლათ.) - დაწესებულება, სადაც ეწევიან ექსპერიმენტულ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

ლაბაროტორიული - ლაბორატორიასთან დაკავშირებული, ლაბორატორიაში წარმოებული.

ლაბრა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ლაბრადორი

1) ნახევარკუნძული კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

2) მინერალი მინდვრის შპატების ჯგუფისა; იყენებენ შენობების შესამკობად.

ლაბრადორის დინება - ცივი დინება ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროსთან.

ლაბრადორ-რეტრივერი - სანადირო ჯიშის ძაღლის სახეობა, მისი წინაპრები კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდის ინდიელთა ტომებთან ბინადრობდნენ.

ლაბრიოლა ანტონიო - იტალიელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი (1843-1904 წწ).

ლაბრიოლა არტურო - სინდიკალიზმის ერთ-ერთი ლიდერი და თეორიტიკოსი იტალიაში (1873-1959 წწ).

ლაბროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აკტეონის ძაღლი, რომელმაც არტემიდესაგან შველად ქცეული აკტეონი დაგლიჯა.

ლაბრუიერი ჟან დე - ფრანგი მწერალი, სატირიკოსი და მორალისტი (1645-1696 წწ).

ლაბრუსი ერნესტ კამილ - ფრანგი ისტორიკოსი (1895-1988 წწ).

ლაბრუსტი პიერ ფრანსუა ანრი - ფრანგი არქიტექტორი (1801-1875 წწ).

ლაბსყალდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლაბუ - ცაში მცხოვრები ურჩხულისებრი ლომი აქადური მითოლოგიის თანახმად.

ლაბუდა გერარდ - პოლონელი ისტორიკოსი (დაიბადა 1916 წელს).

ლაბურდონე ლუი - ფრანგი მოჭადრაკე, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატი ევროპაში.

ლაგაზი - ნოტიო თიხნარი ნიადაგი.

ლაგათისკარი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ლაგაისმთა (საქისტოსწვერი) - მთა კახეთის ქედზე, ივრისა და ილტოს სათავეებში (სიმაღლე 2597 მეტრი).

აგამ-ავშარა - ლაგამი და ავშარა.

ლაგამამოდებული - დამორჩილებული.

აგამაყრილი (ლაგამაწყვეტილი) - თავაშვებული, გათავხედებული.

ლაგამი - აღვირის ნაწილი - ცხენის პირში ამოსადები რკინა, შუაზე სახსრიანი.

ლა გარდია ფიორელო ჰენრი - ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, ნიუ-იორკის მერი 1933-45 წლებში (1882-1947 წწ).

ლაგარპი ფრედერიკ სეზარ დე - შვეიცარიელი პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი (1754-1838 წწ).

ლაგაში - ძველი შუმერის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი-სახელმწიფო.

ლაგერკვისტი პერ ფაბიან - შვედი მწერალი (1891-1974 წწ).

ლაგერლეფი სელმა - შვედი მწერალი ქალი, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1858-1940 წწ).

ლაგვანთა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ლაგვანი - დიდი ქვევრი.

ლაგვაში - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, თოუმიშის მარცხენა შენაკადი.

ლაგვინი - პირფართო დოქი.

ლაგი (ჰოლანდ.)

1) გემის სვლის სიჩქარის და გავლილი მანძილის საზომი ხელსაწყო.

2) გემის ისეთი მდგომარეობა, როცა ის ბორტით დგას ქარის, ტალღის, მისადგომის მიმართ.

ლაგინი ლაზარ - რუსი მწერალი (1903-1979 წწ.)

ლაგლინი - ერთგვარი წვრილი გვარლი.

ლაგოა-მირიმი - ტბა ბრაზილიისა და ურუგვაის საზღვარზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან.

ლაგო არხენტინო - ტბა არგენტინაში, ანდების აღმოსავლეთ კალთებზე (სიღრმე 300 მეტრამდე).

ლაგოდეხი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. მანძილი თბილისიდან 165 კმ (10 ათასი).

ლაგოდეხის ნაკრძალი - ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე; დაარსდა 1912 წელს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ალაზნის აუზში. ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა 1930 წელს. ფართობი 890,2 კვ.კმ. 1 ქალაქი, 63 სოფელი.

ლაგოდეხისწყალი - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაწიმის მარჯვენა შენაკადი.

ლაგო-მაჯორე (ვერბანო) - ტბა იტალიასა და შვეიცარიაში, ალპების სამხრეთ ნაწილში (სიღრმე 372 მეტრი).

ლაგორიო ლევ - რუსი ფერმწერი (1827-1905 წწ).

ლაგორიო ფელიქს - ნეაპოლის სამეფოს კონსული ფეოდოსიაში, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (გარდაიცვალა 1827 წლის შემდეგ).

ლაგოსი - ქალაქი-პორტი ნიგერიაში, გვინეის ყურის პირას. 1960-91 წლებში ნიგერიის დედაქალაქი (1 400 000).

ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი - ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1736-1813 წწ).

ლაგტინგი

1) ნორვეგიაში პარლამენტის (სტორტინგის) ნაწილი, რომელიც ზედა პალატის როლს ასრულებს.

2) ადგილობრივი მმართველობის არჩევითი ორგანო ფარერის კუნძულებზე.

ლა გუაირა

1) ქალაქი ვენესუელაში, კარაკასის ავანპორტი კარიბის ზღვაზე.

2) ფედერალური ოლქი ვენესუელაში.

ლა-გულეტი - იხილე ხალკ-ელ-უადი.

ლა გუმა ალექს - სამხრეთაფრიკელი მწერალი (1925-1985 წწ).

ლაგუნა (იტალ.)

1) მეჩხერი ბუნებრივი წყალსატევი, რომელიც ზღვასთან ვიწრო სრუტითაა შეერთებული.

2) ზღვის ნაწილი მარჯნის კუნძულებსა და მატერიკის ნაპირს შორის.

ლაგუნა ანდრეს - ესპანელი მწერალი და სწავლული (დაახლოებით 1499 - 1560 წწ).

ლაგურკა - შუასაუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კვირიკესა და ივლიტეს მონასტრის ეკლესია, სოფელ ხის მიდამოებში (მესტიის მუნიციპალიტეტი), მდ. ენგურის მარცხენა მხარეს.

ლაგუტინი ბორის - რუსი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1964 და 1968 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

ლადა იოსეფ - ჩეხი გრაფიკოსი და ფერმწერი (1887-1957 წწ).

ლადა-ზაბლოცკი ტადეუშ - პოლონელი პოეტი (1813-1847 წწ).

ლადარი-არჰაბლა - გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბღარუქის ძველი სახელი.

ლადაქები (ლადაკები) - ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის შტატებში მცხოვრები ხალხი.

ლადაქი - ქედი ჰიმალაის ჩრდილოეთით, ინდის აუზის ზემოეთში. სიგრძე - 600 კმ.

ლადებურგი ალბერტ - გერმანელი ქიმიკოსი და ქიმიის ისტორიკოსი (1842-1911 წწ).

ლადევალი (ლედვალი) - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის ქედზე.

ლადინები - რეტრორომანულ ჯგუფში შემავალი ხალხი, ცხოვრობენ აღმოსავლეთ შვეიცარიასა და იტალიაში.

ლადინინა მარინა - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-2003 წწ).

ლადინო

1) ესპანელ-ინდიელი მეტისების სახელი სამხრეთ ამერიკაში.

2) ესპანურთან ახლოს მდგომი ენა, რომლითაც სარგებლობენ სეფარდები.

ლადინსკი ანტონინ - რუსი მწერალი, პოეტი (1896-1961 წწ).

ლადიჟინი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

ლადლინა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ლადნი ვადიმ - უკრაინელი ხუროთმოძღვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1918 წელს).

ლადოგა - VIII-XII საუკუნეების ძველრუსული ქალაქი ნოვგოროდის მხარეში, მდინარე ვოლხოვის მარცხენა ნაპირას.

ლადოგის ტბა (ძველრუსული სახელი „ნევო“) - ტბა რუსეთის ევროპული რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (საშუალო სიღრმე 51 მეტრი).

ლადონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰესპერიდების ჯადოსნური ვაშლების მცველი დრაკონი; მოკლა ჰერაკლემ.

ლადრერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლადუშკინი (1946 წლამდე ლუდვიგსორტი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

ლაენეკი რენე თეოფილ გიაცინტ - ფრანგი ექიმი და ანატომი (1781-1826 წწ).

ლაერტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ითაკის მეფე, ოდისევსის მამა, ანტიკლეას ქმარი.

ლაეყი - (ნამდვილი სახელი და გვარი ლოიყ შერალიევი) - ტაჯიკი პოეტი (დაიბადა 1941 წელს).

ლაეყი სულეიმან - ავღანელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1931 წელს).

ლავა ვისენტე - ფილიპინების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1947 წწ).

ლავა

1) ცეცხლოვანი სილიკატური მდნარი, რომელიც ამოინთხევა დედამიწის ზედაპირზე ვულკანის ამოფრქვევის დროს.

2) (სამთო საქმეში) გრძელსანგრევიანი მიწისქვეშა საწმენდი გვირაბი, სადაც წიაღისეულს მოიპოვებენ.

ლა ვალე პუსენი შარლ ჟან - ბელგიელი მათემატიკოსი (1866-1962 წწ).

ლა-ვალეტა - მალტის დედაქალაქი. იხილე ვალეტა.

ლავალი კარლ გუსტავ პატრიკ - ფრანგული წარმოშობის შვედი ინჟინერი და გამომგონებელი (1845-1913 წწ).

ლავალი პიერ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი XX საუკუნის 30-იან წლებში (1883-1945 წწ).

ლავალიერი ლუიზა ფრანსუაზა დე ლაბომ დე ბლანი - ჰერცოგინია, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის ფავორიტი (1644-1710 წწ).

ლავანდა - მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა რიგისა: ბალახები, ბუჩქ-ბალახები და ბუჩქები. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. გამოიყენება ძვირფასი ეთეროვანი ზეთის გამოსახდელად.

ლავაში - თხელი მოგრძო პური, თონეში გამომცხვარი.

ლავგარდანი (სპარს)

1) შენობის კედელზე ან ჭერზე შემოვლებული არშია, კარნიზი.

2) კლდის კიდეზე გადმოშვერილი გაყინული თოვლი.

ლავეიკინი ალექსანდრ - რუსი კოსმონავტი, 1987 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1951 წელს).

ლაველი ლუი - ფრანგი ფილოსოფოსი (1883-1951 წწ).

ლავერანი შარლ ლუი ალფონს - ფრანგი ექიმი, პარაზიტოლოგი და ეპიდემიოლოგი (1845-1922 წწ).

ლავერნა - მომგებიანობის რომაული ღვთაება; მასვე მიიჩნევდნენ ქურდების მფარველად.

ლავინია - რომაულ მითოლოგიაში - აბორიგენთა მეფის ლატინუსის ქალიშვილი, ენეასის მეორე ცოლი, რომის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავინიის ეპონიმი.

ლავინიუმი - ძველი რომაული ქალაქი ლაციუმში. ლეგენდის თანახმად იგი დაარსა ენეოსმა და სახელი თავისი მეუღლის ლავინიას საპატივცემლოდ დაარქვა. მდებარეობდა ტირენიუმის ზღვის პირას.

ლავირება (ჰოლანდ.)

1) იალქნიანი გემის სვლა, ცურვა ისე, რომ ქარი ხან ერთი მხრიდან უბერავდეს, ხან მეორედან.

2) (გადატანით) დაბრკოლების მოხერხებულად გვერდის ავლა.

ლავისი ერნესტ - ფრანგი ისტორიკოსი (1842-1922 წწ).

ლავისი - ლითონზე გრავიურის სახეობა.

ლავიწი

1) ადამიანის მორკალული თხელი ძვალი, რომელიც აერთებს მკერდის ძვალსა და ბეჭს.

2) პირუტყვისა და ფრინველის წინა პირველი ნეკნი.

ლავკრაფტი ჰაუარდ ფილიპს - ამერიკელი მწერალი (1890-1937 წწ).

ლავლეისი ადა - გრაფინია, ინგლისელი მათემატიკოსი, პოეტ ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი (1815-1852 წწ).

ლავლეისი რიჩარდი - ინგლისელი პოეტი (1618-1657 წწ).

ლავო ანრი დე - ფრანგი ჰაერნაოსანი (1870-1930 წწ).

ლავოჩკინი სემიონ - საბჭოთა ეპოქის რუსი ავიაკონსტრუქტორი, „ლა“-ს მარკის თვითმფრინავების შემქმნელი (1900-1960 წწ).

ლავრა (ბერძნ.) - მამათა დიდი მართლმადიდებლური მონასტერი.

ლავრაზია - ჰიპოტეტიური მატერიკი, რომელიც პალეოზოური ერის შუა პერიოდიდან არსებობდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და რომელიც შემდგომ ამერიკის და ევრაზიის კონტინენტებად დაიშალა.

ლავრანგასი დიონისიოს (დენის) - ბერძენი კომპოზიტორი და დირიჟორი (1864-1941 წწ).

ლავრენიოვი ბორის - რუსი მწერალი (1891-1959 წწ).

ლავრენოვი ცანკო - ბულგარელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1896-1978 წწ).

ლავრენტი ბრჟეზოველი - იხილე ვავრჟინეც ბრჟეზოველი.

ლავრენტის მატიანე - ძველი რუსული მატიანე, 1305 წლის ნუსხა.

ლავრენტის მაღლობი - მთები კანადასა და აშშ-ში.

ლავრისხევი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ლავროვი იური - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1980 წწ).

ლავროვი კირილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში (1925-2007 წწ).

ლავროვი (მირტოვი) პეტრე - რუსი ფილოსოფოსი (1823-1900 წწ).

ლავროვსკაია ელიზავეტა - რუსი მომღერალი (კონტრალტო) (1845-1919 წწ).

ლავროვსკი ლეონიდ - რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1967 წწ).

ლავროვსკი მიხაილ - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

ლავსანი - საბჭოთა კავშირში შემუშავებული პოლიმერული ბოჭკოს სავაჭრო სახელწოდება; იგივეა, რაც ტერილენი (დიდი ბრიტანეთი), დაკრონი (აშშ), ტეტორონი (იაპონია).

ლავუაზიე ანტუან ლორან - ფრანგი ქიმიკოსი, თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1743-1794 წწ).

ლავჯოი ართურ ონკენ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1873-1962 წწ).

ლაზა ჰაიდებრანდ - გერმანელი მოჭადრაკე, ჭადრაკის თეორიტიკოსი და ლიტერატორი (1818-1899 წწ).

ლაზათი (არაბ.) - შნო, სილამაზე, მოხდენილობა.

ლაზათიანი

1) ლამაზი, შნოიანი, მოხდენილი.

2) (საუბ.) გვარიანი, რიგიანი, კარგი.

ლაზათიანობა - ლაზათიანის თვისება.

ლაზარე - ამინდის წარმართულ ქართულ ღვთაებასთან დაკავშირებული ერთხმიანი სიმღერა; ასრულებდნენ ქალები.

ლაზარევები (ლაზარიანები) - ფეოდალური საგვარეულო სომხეთში, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სომხეთის რუსეთთან შეერთების საკითხში.

ლაზარევი - საბჭოთა პოლარული სადგური აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მოქმედებდა 1959-61 წლებში.

ლაზარევი ალექსანდრე - რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობს მოსკოვის მაიაკოვსკის სახლეობის თეატრში (დაიბადა 1938 წელს).

ლაზარევი ვასილი - რუსი კოსმონავტი, პოლკოვნიკი, 1973 და 1975 წლების ფრენის მონაწილე (1928-1991 წწ).

ლაზარევი მიხაილ - რუსი ზღვაოსანი, ადმირალი; 1813-25 წლებში სამჯერ შემოუარა დედამიწას (1788-1851 წწ).

ლაზარევის ზღვა - განაპირა ზღვა ანტარქტიდის სანაპიროსთან, ფართობი - 929 ათასი კვ.კმ. სიღრმე - 4500 მეტრამდე (ატლანტის ოკეანე).

ლაზარევიჩი ლაზა - სერბი მწერალი (1851-1890 წწ).

ლაზარევიჩი მილუნკა - იუგოსლაველი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1932 წელს).AKE

ლაზარევსკოე - კლიმატური კურორტი სოჭის საკურორტო ზონაში.

ლაზარეთი (ფრანგ.) - სამკურნალო დაწესებულება სამხედრო ნაწილში ავადმყოფთა სტაციონარული მომსახურებისათვის.

ლაზარეს თავგადასავალი - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ქართლოს ხოტივარი და რამაზ (ბუბა) ხოტივარი. სცენარის ავტორები - ლევან მალაზონია და ქართლოს ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორი - ირაკლი ონოფრიშვილი. კომპოზიტორი - ანზორ ერქომაიშვილი. მთავარ როლებში: გეგა კობახიძე, ავთანდილ მახარაძე, ზოზო (იაზონ) ბაქრაძე, კახი კავსაძე, გურამ ნიკოლაიშვილი, ვასილ ჩხაიძე, ჯემალ ღაღანიძე, ლია ელიავა, ოთარ ზაუტაშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, გოგი ქავთარაძე.

ლაზარი (ლაზარ ხრებელიანოვიჩი) - სერბიის მთავარი (1329-1389 წწ).

ლაზარიანი ჰოვანეს - ლაზარევების (ლაზარიანთა) აზნაურული ოჯახის წარმომადგენელი, სახელმწიფო მოღვაწე; დიდი როლი შეასრულა სომხეთის რუსეთთან შეერთებაში; სომხეთის განმანათლებლობის ცენტრის ხელმძღვანელი (1735-1801 წწ).

ლაზარობა - ამინდის გამოსაწვევი რიტუალი, გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში.

ლაზაროვი ივან - ბულგარელი მოქანდაკე (1890-1952 წწ).

ლაზარ ფარპეცი (ფარპელი) - V საუკუნის მეორე ნახევრის სომეხი ისტორიკოსი.

ლაზარსფელდი პაულ ფელიქს - ამერიკელი სოციოლოგი (1901-1976 წწ).

ლაზდენენი - რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ კრასნოზნამენსკის სახელი 1946 წლამდე.

ლაზდიიაი (1917 წლამდე ლოზდესი, ლიტვ. ლაზდიჯაი) - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ლიტვაში, ალიტუსის მაზრაში, ლაზდიიაის რაიონის თვითმმართველობის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს პოლონეთის საზღვრიდან 7 კმ-ში (5 ათასი).

ლაზდინუ-პელდა - ფსევდონიმი ლიტველი მწერალი ქალების (დების) სოფია პშიბილიაუსკენე-ივანაუსკაიტესი (1867-1926 წწ) და მარია ლასტაუსკენე-ივანაუსკაიტესი (1872-1957 წწ).

ლაზები (ჭანები) - ქართველთა ტერიტორიული ჯგუფი, წარსულში ერთ-ერთი ქართველური ტომი, ცხოვრობენ თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე.

ლაზერი - ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში. მისი მუშაობის პრინციპი ემყარება ატომებისა და მოლეკულების ინდუცირებულ გამოსხივებას.

ლაზერი გეორგე - რუმინელი განმანათლებლობის მოღვაწე (1779-1823 წწ).

ლაზვიანთხევი - მდინარე, იხილე საკრამულისხევი.

ლაზვიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე საკრამულოსხევზე. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 80 კაცი.

ლაზიერი - ყველაზე ძლიერი ფიგურა ჭადრაკში. საწყისი პოზიცია დ1 უჯრაზე

ლაზიკა - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში; ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია II-VI საუკუნეებში.

ლაზინკი - სასახლე-პარკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ვარშავაში; ადრინდელი კლასიცისტური სტილის კომპლექსი.

ლაზისტანი - (ლაზ. ლაზონა, ლაზონა) - მხარე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე.

ლაზიციუში დიულა - უნგრელი ენათმეცნიერი (1896-1957 წწ).

ლაზო სერგეი - რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელი ციმბირის აღმოსავლეთ ნაწილში (1894-1920 წწ).

ლაზურა - ლაზური ცეკვა, რომელშიც აისახა თევზაობის პროცესი. ტექნოლოგიური მასალითა და შესრულების ხასიათით ნაწილობრივ ცეკვა „ხორუმს“ ენათესავება. მუსიკალური ზომა 2/4.

ლაზური - იგივე ზანური ენა.

ლაზუტინა ლარისა - რუსი მოთხილამურე ქალი, მსოფლიოს 10-გზის და ოლიმპიური თამაშების 5-გზის ჩემპიონი (დაიბადა 1965 წელს).

ლაზღანდარა (სპარს.) - ულაზათო, უხამსი ოხუნჯი, მასხარა.

ლათა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ლათაია

1) (ძვ.) არაკი, იგავი, ანეკდოტი.

2) ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - ლათაიები (საუბ.) - მიკიბულ-მოკიბული, მიდებ-მოდებული, მოჩმახული ამბები.

ლათაშურისწყალი (ლათაშურა) - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის მარჯვენა შენაკადი.

ლათინები - იტალიური ტომები, რომლებიც ლაციუსის (ახლანდელი ლაციოს) რეგიონში ბინადრობდნენ ძვ.წ.აღ. I ათასწლეულიდან. ლეგენდის თანახმად, ლათინებმა და საბინებმა ძვ.წ.აღ. 754 წელს დააარსეს ქალაქი რომი.

ლათინთა იმპერია - 1204 წელს ჯვაროსანთა IV ლაშქრობის მონაწილეთა მიერ ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის დაპრობილ ნაწილში შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო, რასაც თავად «რომანიას» უწოდებდნენ. იარსება XIII საუკუნის ბოლომდე.

ლათინთა კავშირი - ლათინური ქალაქების ფედერაცია ძველ იტალიაში, ჩამოყალიბდა ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის დასაწყისში ქალაქ ალბა-ლონგოს მეთაურობით. დაიშალა ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში.

ლათინიზაცია და ლათინიზება - ლათინური ანბანით შეცვლა რომელიმე ანბანისა.

ლათინური ამერიკა - საერთო სახელი რეგიონისა, რომელიც სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის და ვესტ-ინდოეთის ქვენებს მოიცავს. ფართობი დაახლოებით 21 მილიონი კვ.კმ., მოსახლეობის საერთო რაოდენობა - 470 მილიონი.

ლათინური ანბანი - დასავლეთბერძნული და ეტრუსკული დამწერლობების საფუძველზე შექმნილი ანბანური დამწერლობა; უძველესი ძეგლები ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეებით თარიღდება. VIII საუკუნიდან ეს ანბანი დასავლეთ ევროპის ხალხთა უმრავლესობას ემსახურება.

ლათინური ენა - ინდოევროპულ ენათა იტალიკური ჯგუფის ენა. თავდაპირველად გავრცელებული იყო აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ამჟამად ეს ენა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ძირითადი წყარო და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ენაა.

ლაია - მდინარე რუსეთის ევროპული რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე პეჩორის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 332 კილომეტრი).

ლაილაი - (საუბ.) უაზრო, გაუთავებელი ლაპარაკი.

ლაიალპური - პაკისტანის ქალაქ ფეისალაბადის ყოფილი სახელი.

ლაიამონი - ინგლისელი ბერი და პოეტი, ბრიტანეთის ისტორიის პოეტური ვერსიის ავტორი (XIII საუკუნე).

ლაიბ. (გერმ.) - იხილე ლეიბ.

ლაიბა (ფინ.)

1) საზღვაო კაბოტაჟური იალქნიანი გემი.

2) საზღვაო სატვირთო უგემბანო გემი.

ლაიბახი - სლოვენიის ქალაქ ლიუბლიანის გერმანული სახელი.

ლაიბგვარდია - მონარქის პირადი დაცვა.

ლაიბლი ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1844-1900 წწ).

ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ - გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი, ენათმეცნიერი (1646-1716 წწ).

ლაიდები

1) რუსეთის ჩრდილოეთის ზღვების დაბალი სანაპიროები, რომლებიც წყლით იფარება ზღვის მოქცევის დროს.

2) აღმოსავლეთ ციმბირში პატარა თხელი ტბები, რომლებიც ტუნდრების ზონებშია მოქცეული.

ლაიდი ჯოზეფ - ამერიკელი ბიოლოგი (1823-1891 წწ).

ლაიდიგი ფრანც - გერმანელი ჰისტოლოგი (1821 - 1908 წწ).

ლაიდონერი იოჰან - ესტონელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1884-1953 წწ).

ლაიელი რობერტ - ინგლისელი ბოტანიკოსი და მოგზაური (1790-1831 წწ).

ლაიელი ჩარლზ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი, აქტუალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გეოლოგიაში (1797-1875 წწ).

ლაიზევეცი იოჰან ანტონ - გერმანელი დრამატურგი (1752-1806 წწ).

ლაითა - მდინარე ავსტრიასა და უნგრეთში, მდინარე დუნაის შენაკადი.

ლაითური - დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ლაითჰილი მაიკლ ჯეიმზ - ინგლისელი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1924-1998 წწ).

ლაიკმაა (ლაიპმანი) ანტს - ესტონელი მხატვარი (1866-1942 წწ).

ლაილა - მწვერვალი, იხილე ლაჰილი.

ლაილაში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლაილჭალა (ლაჰილჭალა, ლაჰლაჭალა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლაიმა

1) ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, ოჰაიოს შტატში (155 ათასი).

2) („ბედნიერება“) - ბალტიურ მითოლოგიაში - ბედისწერის სამთაგან ერთ-ერთი ქალღმერთი, რომელსაც მოაქვს ბედნიერება; ახალდაქორწინებულთა მფარველი.

ლაიმანი თეოდორ - ამერიკელი ფიზიკოსი (1874-1954 წწ).

ლაიმი - ლიმონის მონათესავე მცენარე, მწიფდება დეკემბერში, ნაკლებად ყინვაგამძლეა.

ლაინერი (ინგი.) - დიდი, სწრაფმავალი, როგორც წესი სამგზავრო, საჰაერო ხომალდების სახესხვაობა.

ლაინი

1) წყალქვეშა მთები წყნარ ოკეანეში, სიგრძე დაახლოებით 3400 კილომეტრი.

2) (ცენტრალური პოლინეზიის სპორადები) - არქიპელაგი წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში, რომლის ერთი ნაწილი ეკუთვნის კირიბატის, მეორე - აშშ-ს.

3) (ძვ.) შინ ნაქსოვი ბამბის თხელი ქსოვილი. ჩვეულებრივ მუქ ლურჯად შეღებილი.

ლაინი ედრიან - ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1948 წელს).

ლაინისფერი - (პოეტ.) მუქი ლურჯი.

ლაინსმენი (ინგლ.) - ჩოგბურთში, ფეხბურთში და ზოგ სხვა შეჯიბრებაში: მსაჯის თანაშემწე, რომელიც ალმით ან შეძახილით ანიშნებს მსაჯს ბურთის თუ მოთამაშის მდგომარეობას; გვერდითი მსაჯი, ხაზის მსაჯი.

ლაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მითიური მეფე, კადმოსის შთამომამავლი.

ლაიტმოტივი (გერმ.)

1) ძირითადი მოტივი, თემა, რომელიც მეორდება მუსიკალურ ნაწარმოებში.

2) (გადატანით) ძირითადი, სახელმძღვანელო აზრი, რაც არაერთხელ მეორდება ხაზგასმით.

ლაიოშ I (ლაიოშ დიდი) - უნგრეთისა და პოლონეთის (ლუდვიკ უნგრელის სახელით) მეფე (1326-1382 წწ).

ლაისტერი ალექსანდრე - რუსი გეოგრაფი, კავკასიის თვალსაჩინო მკვლევარი (1884-1941 წწ).

ლაისტი არტურ - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, ქართველოლოგი (1852-1927 წწ).

ლაიტა ბელა - უნგრელი არქიტექტორი (1873-1920 წწ).

ლაიტმოტივი (გერმ.) - რაიმე ნაწარმოების მთავარი მოტივი, ძირითადი იდეური-ემოციური ტონი.

ლაიფი - ყოველკვირეული ილუსტრირებული ჟურნალი, გამოდის ნიუ-იორკში (აშშ), დაარსებულია 1883 წელს.

ლაიფციგი - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში (500 ათასი).

ლაიშურა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის კალთაზე, 2220 მეტრ სიმაღლეზე. (სიგრძე - 23 კილომეტრი, აუზის ფართობი - 117 კვ.კმ). საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,13 მ3/წმ.

ლაიცენსი ლინარდს - ლატვიელი მწერალი (1883-1938 წწ).

ლაკადივის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი არაბეთის ზღვაში, ეკუთვნის ინდოეთს.

ლაკაზ-დიუტიე ფელიქს ჟოზეფ ანრი - ფრანგი ზოოლოგი (1821-1901 წწ).

ლაკათხევი

1) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ლაკათხევზე (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი). ზღვის დონიდან - 1800 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 22 კაცი.

ლაკაილი ნიკოლა ლუი - ფრანგი ასტრონომი (1713-1762 წწ).

ლაკარტანა - თხელი გამხდარი ადამიანი: წვრილი, წერწეტა.

ლაკარტია - მრავალწლოვანი ფესურიანი სარეველა მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. (კუთხ.) წითელი გლერტა.

ლაკასანი ანტუან მარსელენ ბერნარ - ფრანგი რადიოლოგი (1884-1971 წწ).

ლაკატოსი იმრე - უნგრული წარმოშობის ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი და მეცნიერების ფილოსოფოსი (1922-1974 წწ).

ლაკბე - მდინარე გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ივრის მარცხენა შენაკადი.

ლაკები (ყაზიყუმუხები) - დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი; ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის მთიან ნაწილში.

ლაკედემონი

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი პლეიადის - ტაიგეტისა და ზევსის ვაჟი; ქალაქ ლაკედემონის ეპონიმი.

2) იგივეა, რაც სპარტა.

ლაკერბაია მიხეილ - აფხაზი მწერალი, დრამატურგი (1901-1965 წწ).

ლაკვიეტები - ვიეტნამელთა წინაპრები.

ლაკი - ვულკანური მწკრივი ისლანდიაში.

ლაკინსკი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

ლაკლაკა - წყალწყალა, თხელი საჭმელი (ლობიო და სხვა).

ლაკლაკეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ლაკლაკი - იგივეა, რაც ყარყატი.

ლაკლანი - მდინარე ავსტრალიაში, მარამბიჯის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - დაახლეობით 1500 კილომეტრი).

ლაკლაშენი - სოფელ საფარლოს ძველი სახელწოდება.

ლაკლო პიერ აბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე - ფრანგი მწერალი (1741-1803 წწ).

ლაკმუსი (ჰოლანდ.) - საღებავი ნივთიერება, რომელიც მიიღება ზოგიერთი სახის ხავსურიდან; იყენებენ ქიმიურ ინდიკატორად.

ლაკობა ნესტორ - კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს აფხაზი მოღვაწე (1893-1936 წწ).

ლაკოლითი (ბერძნ.) - ამოფრქვეული ქანების უზარმაზარი მასა ნალექ ქანთა შორის გუმბათის ფორმისა.

ლაკომბი კლერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე ქალი (1765 - ?).

ლაკომბი ოლივიე - ფრანგი ფილოსოფოსი (1904-1990 წწ).

ლა კონდამინი შარლ მარი - იხილე კონდამინი.

ლაკონიზმი (ბერძნ.) - აზრის გადმოცემა მოკლე და ზუსტი ფრაზებით.

ლაკონიკე - საბერძნეთის პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ახლანდელი ნომი ლაკონია.

ლაკონიური - (ბერძნ.) მოკლედ და მკაფიოდ გამოთქმული.

ლაკორდერი ჟან ბატისტ - ფრანგი კათოლიკე მოძღვარი და მწერალი (1802-1861 წწ).

ლა-კორუნია - ქალაქი ესპანეთში, გალისიის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

ლაკოსტი ჟან რენე - ფრანგი სპორტსმენი (ჩოგბურთი) და ბიზნესმენი. XX საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი; სპორტული სამოსის მწარმოებელი ფირმის დამაარსებელი (1904-1996 წწ).

ლაკოსტი პიერ - ბალეტის ფრანგი მსახიობი, ქორეოგრაფი, პედაგოგი (დაიბადა 1932 წელს).

ლაკოფი ჯორჯ - ამერიკელი ლინგვისტი (დაიბადა 1941 წელს).

ლაკრიმატორები (ლათ.) - ცრემლსადენი მომწამვლელი ნივთიერებანი.

ლაკროსი - სპორტული გუნდური თამაში ხელჯოხებით ბალახით დაფარულ მინდორზე, წესებით ჰგავს ბალახის და შაიბიან ჰოკეის.

ლაკრუა ალფრედ ფრანსუა ანტუან - ფრანგი მინერალოგი და პეტროგრაფი (1863-1948 წწ).

ლაკრუა ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი (1900-1986 წწ).

,აკუილა (აკუილა) - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლა-კუმბრე - იხილე უსპალიატა (1).

ლაკუმურაშდუდი - მთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

ლაკუნა (ლათ.)

1) ანატომიაში - ქსოვილებს ან ორგანოებს შორის არსებული ფოსო, სიცარიელე.

2) ფილოლოგიაში - ნაკლული ადგილი, ხარვეზი რაიმე ტექსტში.

ლაკური ენა - იბერიულ-კავკასიური ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი ახალი სამწერლობო ენა.

ლალა (სპარს.) - გამზრდელი (ჩვეულებრივ მამაკაცი): მომვლელი, მზრუნველი.

ლა-ლაგუნა - ქალაქი ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე (110 ათასი).

ლალანდი ანდრე - ფრანგი ფილოსოფოსი (1867-1963 წწ).

ლალანდი ჟოზეფ ჟერომ ფრანსუა - ფრანგი ასტრონომი (1732-1807 წწ).

ლალაობა - (ძვ.სასაუბ.) ვისიმე მოვლა-პატრონობა, გამდლობა.

ლალა-ძიძა- ლალა და ძიძა.

ლალემანცია - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა; იყენებენ ლაქ-საღებავების დასამზადებლად.

ლალეტიკა - ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ზეპირმეტყველების საკითხებს.

ლალვა - შუღლი, მტრობა.

ლალვერი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ლალი (არაბ.-სპარს.) - შპინელების ჯგუფის წითელი ფერის მინერალი, ძვირფასი ქვა (სინონიმი - იაგუნდი).

ლალი ბრაჯ ბასი - ინდოელი არქეოლოგი (დაიბადა 1921 წელს).

ლალიკი რენე - ფრანგი იუველირი და დიზაინერი, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში მოდერნის სტილის ერთ-ერთი შემქმნელი (1860-1945 წწ).

ლა-ლინეა - ქალაქი-პორტი ესპანეთის კადისის პროვინციაში.

ლალიონი (ნამდვილი სახელი და გვარი არსენ მამულაიშვილი) - ქართველი მწერალი (1866-1918 წწ).

ლალისებური - ლალივით წითელი.

ლალისთვლიანი - რასაც ლალის თვალი აქვს ჩასმული.

ლალისფერი - (პოეტ.) მუქი წითელი.

ლალისყური - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. (ფშაველის თემის საკრებულო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, თელავიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 657 ადამიანი. სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ლალისყურის ციხე-გალავანი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია.

ლალისყურის ციხე-გალავანი - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად 1721 წელს იხსენიება.

ლალიტავისტარა - ბუდისტური ლიტერატურული ტექსტი, დაწერილი სანსკრიტზე, მოიცავს ბუდა შაკიამუნის ბიოგრაფიას.

ლალიტპური (პატანი) - ქალაქი ნეპალში, კატმანდუს აგლომერაციაში (100 ათასი).

ლალიჩი მიხაილო - ჩერნოგორიელი მწერალი (1914-1993 წწ).

ლალმანი ედგარ - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1965 წწ).

ლალო ედუარ - ფრანგი კომპოზიტორი და მევიოლინე (1823-1892 წწ).

ლალო შარლ - ფრანგი ესთეტიკოსი (1877-1953 წწ).

ლალოინი - ძველებური პანტომიმური ხასიათის მესხურ-ჯავახური ცეკვა, რომელიც ასახავს საიდუმლო შეთქმულებას დამპყრობთა წინააღმდეგ.

ლალორი ჯეიმზ ფონტონ - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (დაახლოებით 1807-1849 წწ).

ლალჩა - მარხვა, ლილჩე-მარხულობა (სვანეთში).

ლალხორალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლალხორი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლამა

1) (ტიბეტ.) - მონღოლთა, ტიბეტელთა, ბურიატთა ბუდისტი ბერი. ბუდას წარმომადგენელი დედამიწაზე.

2) შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - ქალღმერთი, რომელიც ყოველი ადამიანის მფარველად ითვლება.

3) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ერთვის ივანოვოს წყალსაცავს.

4) ტექტონიკური ტბა შუა ციმბირის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

5) წყვილჩლიქოსანი მომცრო ცხოველების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა; კუზი არ გააჩნიათ. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის უტყეო ზეგანზე (პერუ, ბოლივია, ჩილე, ეკვადორი, არგენტინა).

ლამა ლუჩანო - იტალიის პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1921 წელს).

ლამაზგორა - იხილე ლამაზი გორა.

ლამაზი - სასიამოვნო გარეგნობის მქონე, კარგი შეხედულების, მშვენიერი, ტურფა.

ლამაზი გორა (ლამაზგორა) - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოების, მდინარეების სულორისა და წაბლარისწყლის (რიონის აუზი) წყალგამყოფ ლობოროტის ქედის ბოლოზე, სიმაღლე - 2174 მეტრი. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური წყებით. თხემი უტყეოა, კალთები ტყიანი.

ლამაზი მთა - ქედი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

ლამაზი ტბა - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედის თხემზე.

ლამაზისეული - ილია ჭავჭავაძის «კაცია-ადამიანის» პერსონაჟი ქალი, დარეჯანის მოახლე.

ლამაზ-ლამაზი

1) საკმაოდ ლამაზი.

2) ბევრი ლამაზი.

ლამაზმანები - (საუბ.) ლამაზი ქალები.

ლამაზური - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ლამაიზმი - ბუდიზმის ტიბეტურ-მონღოლური განშტოება, აღმოცენდა VIII საუკუნის ტიბეტში, გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალსა და მონღოლეთში.

ლამანაშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ლამანტინი (ფრანგ.) - წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი სირენების რაზმისა. სიგრძე 4-5 მეტრი, წონა 360-600 კგ. ბინადრობს ატლანტის ოკეანეში და მდინარე ამაზონსა და ორინოკოში.

ლა-მანში - სრუტე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის; პა-დე-კალესთან ერთად აერთებს ჩრდილოეთის ზღვას ატლანტის ოკეანესთან; ინგლისელები უწოდებენ „ინგლისის არხს“ (English Channel).

ლა-მანჩა - დაბლობი ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწლში.

ლამარი (ნამდვილი სახელი და გვარი ლალიო მარინოვ პონჩევი) - ბულგარელი მწერალი (1898-1985 წწ).

ლამარკი ჟან ბატისტ პიერ ანტუან დე მონე - ფრანგი ბუნებისმეტყველი (1744-1829 წწ).

ლამარკი ჟან მაქსიმილიან - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1770-1832 წწ).

ლამარკიზმი - პირველი სრული კონცეფცია ცოცხალი ბუნების ევოლუციის შესახებ.

ლამარტინი ალფონს მარი ლუი დე - ფრანგი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ისტორიკოსი (1790-1869 წწ).

ლამაქე - ათენელი მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 470 - 414 წწ).

ლამაშტუ - აქადურ მითოლოგიაში - ლომისთავიანი ღვთაება, დემონი, რომელიც ბავშვთა დაავადებებს მოავლენს და მიჰყავს ისინი მიცვალებულთა საუფლოში.

ლამბადა - XX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში პოპულარული ბრაზილური ცეკვა.

ლამბალო - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, (იორმუღანლოს საკრებულო). მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 450 მეტრი, საგარეჯოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6254 კაცი.

ლამბარენე - ქალაქი გაბონში, ჩრდილოეთ ოგოვეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლამბაქი - პატარა თეფში, ჭიქის ან ფინჯნის დასადგმელი.

ლამბეოზავრები - ცარცული პერიოდის დიდტანიანი (5 მ სიგრძის) დინოზავრების ქვეოჯახი

ლამბერი კრისტოფერ - ამერიკელი და ფრანგი კინომსახიობი (დაიბადა 1957 წელს).

ლამბერტი არქანჯელო - იტალიელი მისიონერი; 1633-49 წლებში მოღვაწეობდა საქართველოში. ავტორია ნაშრომისა საქართველოს შესახებ.

ლამბერტი იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი მეცნიერი, ფოტომეტრიის ერთ-ერთი შემქმნელი (1728-1777 წწ).

ლამბერტი - სიკაშკაშის სისტემგარეშე ერთეული; უმეტესად იყენებენ აშშ-ში.

ლამბერტუს ჰერსფელდელი - გერმანელი მემატიანე (XI საუკუნე).

ამბი

1) იგივეა, რაც ბლანდი.

2) მშვილდის ბაწარი, ლარი.

ლამბლია (ჟიარდია) - უმარტივესი პარაზიტული ცხოველი შოლტოსანთა კლასისა; მისი სხეულის სიგრძე 10-20 მკმ-ს აღწევს.

ლამბლიოზი - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადება, რასაც იწვევს ლამბლია.

ლამბორგინი - სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმა, შედის „დამლერ-კრაისლერის“ კორპორაციაში. ავტომობილების გამოშვება დაიწყო 1963 წლიდან, შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა-აგატა ბოლონეზეში.

ლამბრაკისი გრიგორის - საბერძნეთის საზოგადო მოღვაწე, ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე (1912-1963 წწ).

ლამბრეკენი (ფრანგ.)

1) ქსოვილის სამკაული კარ-ფანჯრის ღიობებზე.

2) ხის ჩუქურთმა სახურავის შვერილებზე, კარ-ფანჯრის თავზე.

ლამბროსი სპირიდონ - საბერძნეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, ბიზანტიოლოგიის ფუძემდებელი საბერძნეთში (1851-1919 წწ).

ლამე გაბრიელ - ფრანგი მათემატიკოსი და ინჟინერი (1795-1870 წწ).

ლამეთი - იხილე ლამეტი.

ლამენე ფელისტე რობერ - ფრანგი პუბლიცისტი და ფილოსოფოსი (1782-1854 წწ).

ლამენსი ანრი - ისტორიკოს-არაბისტი და ისლამმცოდნე, წარმოშობით ბელგიელი (1862-1937 წწ).

ლამენტაცია (ლათ.) - წუწუნი, ჩივილი.

ლამენტო (იტალ.) - მწუხარების, გლოვის გამომხატველი მუსიკალური ნაწარმოები.

ლამერტი ვილი - გერმანელი მოქანდაკე (1892-1957 წწ).

ლამეტი ალექსანდრ თეოდორ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1760-1829 წწ).

ლამეტი სიდნი - იხილე ლუმეტი .

ლამეტრი ჟიულიენ ოფრე დე - ფრანგი ექიმი და ფილოსოფოსი (1709-1751 წწ).

ლამზდორფი ვლადიმირ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1904-06 წლებში (1844-1907 წწ).

ლამი

1) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, მცხეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 159 კაცი.

2) წყლის აუზის ფსკერის წვრილმარცვლოვანი რბილი ნალექი.

ლამი ვილფრედო - მხატვარი, წარმოშობით კუბიდან, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ესპანეთსა და საფრანგეთში (1902-1983 წწ).

ლამი მაჰმუდ - თურქი მწერალი, სუფიზმის მიმდევარი (1472-1532 წწ).

ლამია

1) ქალაქი საბერძნეთში, ფთიოტისის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბავშვთა სისხლის მხვრეპელი და მათი მჭამელი ფანტასტიკური ურჩხული, სკილას მშობელი.

ლამიანი - ლამით დაფარული, ლამის შემცველი.

ლამიზანა სანგულე - ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი 1966-1980 წლებში (1916-2005 წწ).

ლამიის ომი - ბერძნული სახელმწიფოების ომი მაკედონიის ბატონობის წინააღმდეგ ძვ.წ.აღ. 323-322 წლებში.

ლა მიკოკი - ადრეპალეოლითური სადგომი, რომელიც შემორჩენილია საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (დორდონის დეპარტამენტი).

ლამინარიასნაირნი - წაბლა წყალმცენარეების რიგი, ზოგჯერ გიგანტური, ჩვეულებრივ 10-15 მეტრი სიგრძის. იყენებენ საქონლის საკვებად.

ლამინარული დინება - ბლანტი სითხის (ან აირის) მოწესრიგებული დინება, როდესაც სითხის მეზობელი შრეები ერთმანეთს არ ერევა.

ლამის - ნაწილაკი: ცოტაღა აკლია, რომ.... სულ ცოტაც, და... თითქმის, კინაღამ.

ლამისყანა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ლამისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.

ლამიყლაპია - ჭაობის ფრინველი ერთგვარი.

ლამკაცი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ვიამიშის მარცხენა შენაკადი.

ლამოვანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, დუშეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 183 კაცი.

ლამპა (ფრანგ.) - გასანათებელი (ან გასახურებელი) ხელსაწყო სხვადასხვა მოწყობილობისა.

ლამპანგი - ქალაქი ჩრდილოეთ ტაილანდში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ლამპარი

1) ქართული ყოველდღიური გაზეთი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანო 1906 წელს, თბილისში. გამოვიდა 54 ნომერი.

2) (ძვ.) გასანათებელი პატრუქიანი ჭურჭელი, რომელშიც ზეთს ასხამდნენ.

ლამპასი (ფრანგ.) - შარვლის ტოტების გვერდებზე სიგრძივ დაკერებული ფართო ფერადი ზოლი.

ლამპედუზა - იხილე ტომაზი დი ლამპედუზა .

ლამპელი პეტერ მარტინ (ნამდვილი სახელი იოახიმ ფრიდრიხ მარტინ) - გერმანელი მწერალი (1894-1965 წწ).

ლამპეტიე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ჰელიადი.

ლამპი იოჰან ბატისტ უფროსი - ავსტრიელი ფერმწერი (1751-1830 წწ).

ლამპიონი (ფრანგ.) - მინის (ან ფერადი ქაღალდის) ფარანი, რომელსაც ილუმინაციისთვის იყენებენ, საგანგებო ლამაზი ნათურა ქუჩის გასანათებლად.

ლამპრეხტი კარლ - გერმანელი ისტორიკოსი (1856-1915 წწ).

ლამპრობა - ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში; უკანასკნელ დრომდე შემოინახა მხოლოდ სვანეთში. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.

ლამპროფირი (ბერძნ.) - ძარღვული მაგმური ქანი, მუქი ნაცრისფერი, მოშავო ფერისა.

ლამპრული - სვანური წრიული ფერხული.

ლამსდენი ენტონი - ამერიკელი არქიტექტორი (დაიბადა 1928 წელს).

ლამუნი - ტრფიალი, ალერსი, მოფერება.

ლამურე შარლ - ფრანგი დირიჟორი, მევიოლინე (1834-1899 წწ).

ლამუშურის წყალი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ლამუშყლაში - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარჯვენა შენაკადი.

ამფა

1) ჭერის თხელი ფიცარი (კოჭებზე ქვევიდან მიკრული).

2) იხილე ლამპა.

ლამფალაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლამხერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლანაო - ტბა ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე.

ლანარკი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში.

ლანგაკი - იხილე ლანგა-ცო.

ლანგარი - დიდი ბრტყელი თეფში, მრგვალი ან ოვალური, სუფრაზე საჭმლის მისატანად.

ლანგა-ცო - ტბა ჩინეთში.

ლანგგესერი ელიზაბეთ - გერმანელი მწერალი ქალი (1899-1950 წწ).

ლანგე დოროთი - ამერიკელი ფოტოგრაფი-დოკუმენტალისტი (1895-1965 წწ).

ლანგე თორ - დანიელი პოეტი და მთარგმნელი (1851-1915 წწ).

ლანგე ფრიდრიხ ალბერტ - გერმანელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი (1828-1875 წწ).

ლანგედოკი - ისტორიული ოლქი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, მთავარი ქალაქი - ტულუზა.

ლანგელანი - დანიის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში.

ლანგენბეკი ბერნჰარდ რუდოლფ კონრად - გერმანელი ქირურგი, თანამედროვე ქირურგიის ფუძემდებელი (1810-1887 წწ).

ლანგენბეკი ვოლფგანგ - გერმანელი ქიმიკოსი (1899-1967 წწ).

ლანგენდეიკი პიტერ - ჰოლანდიელი დრამატურგი და პოეტი (1683-1756 წწ).

ლანგენი ოიგენ - გერმანელი ინჟინერი (1833-1895 წწ).

ლანგენშეიდტი - გერმანიის საგამომცემლო ფირმა. დაარსებულია 1859 წელს ბერლინში.

ლანგეპასი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში (30 ათასი).

ლანგერჰანსის კუნძულები (პანკრეასული კუნძულები) - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვლის უბნები, რომელთაც ენდოკრინული ფუნქცია აქვთ.

ლანგი არნოლდ - შვეიცარიელი ზოოლოგი (1855-1914 წწ).

ლანგი დეივიდ - ინგლისელი ქართველოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1924 წელს).

ლანგი დეივიდ რასელ - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი 1984-89 წლებში (დაიბადა 1942 წელს).

ლანგი ისააკ - იხილე გოლი ივან.

ლანგი ფრიც - გერმანელი კინორეჟისორი (1890-1976 წწ).

ლანგი ჯესიკა - იხილე ლანჟი .

ლანგლუა შარლ ვიქტორ - ფრანგი ისტორიკოსი (1863-1929 წწ).

ლანგნაჯი - გვიანდელი მეზეოლითის ხანის ნამოსახლარი ინდოეთის გუჯარეთის შტატში.

ლანგობარდები - გერმანული ტომი, რომელიც 568 წელს შეიჭრა ჩრდილოეთ იტალიაში და შექმნა ადრეფეოდალური სახელმწიფო; აქედან წარმოდგა სიტყვა „ლომბარდია“.

ლანგსაქსი - ძველ გერმანელთა ცივი იარაღი, ორმხრივ ალესილი ხანჯალი.

ლანგუსტი (ფრანგ.) - ზღვის დიდი ათფეხა ჯავშნიანი კიბო, რომელსაც მარწუხები არ აქვს; გავრცელებულია აფრიკის და სამხრეთ ევროპის ნაპირებთან.

ლანგშონი - ქალაქი ვიეტნამში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლანგჰოფი ვოლფგანგ - გერმანელი რეჟისორი, მსახიობი, მწერალი (1901-1966 წწ).

ლანდა დიეგო - ესპანელი ქრონისტი, ფრანცისკანელთა ორდენის წევრი (1524-1579 წწ).

ლანდაუ ედმუნდ გეორგ ჰერმან - გერმანელი მათემატიკოსი (1877-1938 წწ).

ლანდაუ ლევ - რუსი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1908-1968 წწ).

ლანდბერგი ჯორჯ ენდრიუ - ამერიკელი სოციოლოგი (1895-1966 წწ).

ლანდგრაფი - შუა საუკუნეების გერმანიაში სამთავროს მეთაური.

ლანდე ჟან ბატისტ - ფრანგი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი (? - 1748 წ).

ლანდები - ქვიშიანი დაბლობები საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბისკაის ყურის გასწვრივ.

ლანდერო ლუის - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1948 წელს).

ლანდვერი - თადარიგის მე-2 რიგის სამხედრო ვალდებულთა კატეგორია და მე-2 რიგის საჯარისო ფორმირებები XIX-XX საუკუნის დასაწყისის პრუსიაში.

ლანდი

1) სიბნელეში ბუნდოვნად გამოჩენილი ადამიანი, ცხოველი, საგანი.

2) ვისიმე, რისიმე აჩრდილი.

3) (კუთხ.) იგივეა, რაც შულო.

4) დეპარტამენტი საფრანგეთში.

ლანდია ქეთევან - მსახიობი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს დიქტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).

ლანდინო კრისტოფორო - იტალიელი მწერალი-ჰუმანისტი (1424-1504 წწ).

ლანდლერი ენე - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1875-1928 წწ).

ლანდო - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში, სადაც XVII საუკუნეში «ლანდოს» სახელწოდებით დაიწყეს 4-ადგილიანი ეტლების წარმოება. ახლა ეს სახელი ავტომობილის ძარის ერთ-ერთ სახესხვაობას ჰქვია.

ლანდოვსკა ვანდა - პოლონელი კლავესინისტი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე ქალი (1877-1959 წწ).

ლანდოლტი ჰანს ჰაინრიხ - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1831-1910 წწ).

ლანდოლფი ტომაზო - იტალიელი მწერალი (1908 - 1979 წწ).

ლანდოლფია - მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა; მსხვილღეროიანი ლიანები.

ლანდრასი - სპეციალიზებული საბეკონო ჯიშის ღორი, გამოიყვანეს დანიაში XX საუკუნის დასაწყისში.

ლანდრატი (გერმ.) - რუსეთში თავად-აზნაურთა მიერ არჩეული მრჩეველი; ეს თანამდებობა შემოიღო პეტრე I-მა.

ლანდსბერგისი ვიტაუტას - ლიტველი პოლიტიკური მოღვაწე, მუსიკათმცოდნე, პროფესორი, 1990-92 წლებში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (დაიბადა 1932 წელს).

ლანდსკნეხტები - დაქირავებული ქვეითი ჯარი გერმანიაში XV-XVII საუკუნეებში.

ლანდსკრუნა - ქალაქი-პორტი სამხრეთ შვედეთში, მალმეჰუსის ლენში.

ლანდსლაგი (შვედ.) - შუა საუკუნეების შვედეთის კანონთა კრებული; შეიქმნა მეფე მაგნუს II ერიქსონის დროს.

ლანდსტინგი (დან.-შვედ.)

1) ადგილობრივი მმართველობის არჩევითი ორგანო შვედეთში.

2) დანიის პარლამენტის (რიგსდაგის) ზედა პალატა 1953 წლამდე.

ლანდსჰუტი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.

ლანდტაგი

1) წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები შუა საუკუნეების გერმანულ სახელმწიფოებში.

2) ამჟამად წარმომადგენლობითი ორგანოს სახელწოდება ავსტრიასა და გერმანიაში.

ლანდშაფტი (გერმ.)

1) იგივეა, რაც პეიზაჟი.

2) გეოგრაფიული გარსის ტერიტორიული დაყოფის ძირითადი ერთეული.

ლანდშტაინერი კარლ - ავსტრიელი მეცნიერი, იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1930 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1868-1943 წწ).

ლანდშტურმი (გერმ.)

1) გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთში მესამე რიგის რეზერვის სამხედრო ვალდებულთა კონტიგენტი.

2) დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი სახეობა.

ლანემეზანი - მაღლობი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გარონის სათავეში.

ლანერი იოზეფ ფრანც კარლ - ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მევიოლინე (1801-1843 წწ).

ლანთანი (La) - ქიმიური ელემენტი, თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 57, ატომური მასა 138,9055. აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა კ.გ.მოსანდერმა 1839 წელს, იყენებენ ოპტიკური მინის წარმოებაში.

ლანთანოზუქი - ნამარხი ამფიბიების გვარი.

ლანთანოიდები (ლანთანიდები) - 14 ქიმიური ელემენტისაგან შემდგარი ოჯახი; განლაგებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის მე-6 პერიოდის III ჯგუფში.

ლანი ჟან - საფრანგეთის მარშალი, რევოლუციური და ნაპოლეონის ომების აქტიური მონაწილე (1769-1809 წწ).

ლანი

1) მდინარე გერმანიაში, რაინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 245 კილომეტრი).

2) (ლაონი) - ქალაქი საფრანგეთის ენის დეპარტამენტში.

ლანირი თომას - იხილე უილიამსი ტენესი.

ლანირი სიდნი - ამერიკელი პოეტი (1842-1881 წწ).

ლანკა - კუნძულ ცეილონის (თანამედროვე შრი-ლანკა) სახელწოდება ადგილობრივ მცხოვრებთა ენაზე.

ლანკანი - იგივეა, რაც ლანგარი.

ლანკასტერები - ინგლისის სამეფო დინასტია 1399 - 1461 წლებში, პლანტაგენეტების განშტოება.

ლანკასტერი ბერტ (სრული სახელი ბერტონ სტივენი) - ამერიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი (1913-1994 წწ).

ლანკასტერი ედუინ რეი - ინგლისელი ზოოლოგი და ემბრიოლოგი (1847-1929 წწ).

ლანკასტერი

1) ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, პენსილვანიის შტატში (420 ათასი).

2) ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში, ინგლისში.

ლანკაშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში, ინგლისში.

ლანკლო ნინონ (ანა დე ლანკლო) - ფრანგი კურტიზანი ქალი, ლიტერატურული სალონის დიასახლისი; მნიშვნელოვანი ისტორიული წერილების ავტორი (1620-1706 წწ).

ლანკრე ნიკოლა - ფრანგი ფერმწერი (1690-1743 წწ).

ლანოვოი ვასილი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრში (დაიბადა 1934 წელს).

ლანოლინი (მატყლის ცვილი) - ცხოველური ცვილი, ბლანტი მოყვითალო მასა. მიიღება ცხვრის მატყლის რეცხვისას.

ლანჟევენი კამილ პიერ - პარიზის კომუნის (1871 წ) წევრი (1843-1913 წწ).

ლანჟევენი პოლ - ფრანგი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1872-1946 წწ).

ლანჟი ჯესიკა - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

ლანსანგი - ლაოსის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო 1353-1707 წლებში.

ლანსელოტი - მეფე არტურის შესახებ არსებულ ლეგენდებში რაინდი, არტურის მეუღლე გინევრაზე გამიჯნურებული.

ლანსერე ევგენი ალექსანდრეს ძე - რუსი მოქანდაკე (1848-1886 წწ).

ლანსერე ევგენი ევგენის ძე -

1) რუსი გრაფიკოსი და მოქანდაკე, ე.ა. ლანსერეს შვილი (1875-1946 წწ).

2) რუსი მოქანდაკე და გრაფიკოსი, ე.ე. ლანსერეს შვილი (1907-1988 წწ).

ლანსიე (კადრილ-ლანსიე) - ინგლისური სამეჯლისო ცეკვა.

ლანსინგი - ქალაქი აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

ლანსინგი რობერტ - ამერიკელი დიპლომატი (1864-1928 წწ).

ლანსონი გიუსტავ - ფრანგი ლიტერატურათმცოდნე (1857-1934 წწ).

ლანტელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლანტი ალფრედ - ამერიკელი მსახიობი (1893-1985 წწ).

ლანუ არმან - ფრანგი მწერალი (1913-1983 წწ).

ლანუგო (ლათ.) - პირველადი ბალნის საფარველი, ბალანი, რომლითაც დაფარულია ადამიანის 7-8 თვიანი ნაყოფი.

ლანუსი - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.

ლანფრანკი - ქრისტიანი საეკლესიო მოღვაწე და ღვთისმეტყველი, კენტერბერიის ეპისკოპოსი (დაახლოებით 1005-1089 წწ).

ლანფრანკო ჯოვანი - იტალიელი ფერმწერი (1582-1647 წწ).

ლანქერი - დამდნარი თოვლი, ღვარად წამოსული.

ლანქორი (ჯვარი) - მთა და უღელტეხილი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ლეჩხუმის ქედზე.

ლანშანი - იხილე ხარა-ნარინი.

ლანჩა - სქელი ტყავი ფეხსაცმლის ძირისა.

ლანჩესტერი ფრედერიკ უილიამ - ინგლისელი ინჟინერი, ფიზიკოსი, აეროდინამიკის სპეციალისტი (1868-1946 წწ).

ლანჩი (ინგლ.) - აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში მეორე საუზმე, ჩვეულებრივ 12-14 საათებში.

ლანჩიანი როდოლფო ამადეო - იტალიელი არქეოლოგი, იკვლევდა ძველ რომს (1847-1929 წწ).

ლანჩხუთი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი; მდებარეობს გურიის დაბლობზე. მანძილი თბილისიდან 274 კმ (10 ათასი).

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში. შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა 1930 წლიდან. ფართობი 533,1 კვ.კმ. 1 ქალაქი, 56 სოფელი.

ლანცა მარიო (ნამდვილი სახელი და გვარი ალფრედო არნოლდ კოკოცა) - ამერიკელი მომღერალი, წარმოშობით იტალიელი (1921 - 1959 წწ).

ლანცეტი - ორმხრივ მჭრელი ქირურგიული იარაღი, თანამედროვე მედიცინაში შეცვლილია სკალპელით; ნესტარი.

ლანძვი - (ძვ.) ვიწრო და მაღალი ფანჯარა, სარკმელი, სანათური.

ლანჯოუ (გაოლანი) - ქალაქი ჩინეთში, განსუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,2 მილიონი).

ლაო - ლაოსში მცხოვრები ხალხი, მისი ძირითადი მოსახლეობა (3 მილიონამდე).

ლაო ჟიულიენ - ბელგიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1950 წწ).

ლაოაგი - ქალაქი ფილიპინებში, ილოკოს-ნორტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლაოდამანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს ერთ-ერთი მეფე.

ლაოდამია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბელეროფონტეს ქალიშვილი, სარპედონის დედა.

ლაოდიკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი მეფის ასული, პრიამოსისა და ჰეკაბეს ქალიშვილი, თეზევსის ვაჟის - აკამანტის სატრფო.

ლაოდიკეა - ელინისტური ხანის რამოდენიმე ქალაქის სახელი სირიასა და ლიბანში.

ლაოი - ექსპლუატირებული მოსახლეობის ძირითადი მასა აღმოსავლეთის ელინისტურ ქვეყნებში.

ლაოკაი - ქალაქი ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰოანგლიენშონის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (15 ათასი).

ლაოკოონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ქურუმი ტროაში; იგი წინააღმდეგი იყო ტროას ცხენის ქალაქში შეყვანისა, რის გამოც შვილებთან ერთად ათინას მიერ გამოგზავნილმა ორმა გველმა დაახრჩო.

ლაო-ლანი - ჩინურ მითოლოგიაში - სამსახიობო ხელოვნების მფარველი ღვთაება.

ლაომედონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის მეფე, პრიამოსის მამა.

ლაონიკე ქალკოკონდილე - ბიზანტიელი ისტორიკოსი (დაახლოებით 1423 ან 1430 - 1490 წწ).

ლაონიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსის და მის დედის - იოკასტეს ქორწინების შედეგად შობილი ვაჟი.

ლაონომე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამფიტრიონისა და ალკმენეს ქალიშვილი, ჰერაკლეს და ლაპითი პოლიფემის ცოლი.

ლაოსი (ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, ლაოს. Sathalanalat Pasathipatai Pasason Lao).

- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება ტაილანდს, აღმოსავლეთით - ვიეტნამს, სამხრეთით -კამბოჯას, ჩრდილოეთით - ჩინეთს, ჩრდილო-დასავლეთით - მიანმას; ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1949 წლის 19 ივლისი.

- ეროვნული დევიზი - „მშვიდობა, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, გაერთიანება და აყვავება“.

- ჰიმნი - „Pheng Xat Lao“.

- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ყრილობა.

- ფართობი - 236 800 კვ.კმ.

- დაყოფილია 16 პროვინციად (ქხვენგად), დედაქალაქის პრეფექტურად და ერთ საგანგებო ზონად; პროვინციები მოიცავენ 140 რაიონს, რომლებიც 11 000 კომუნისაგან შედგება.

- მოსახლეობა - 6 მილიონამდე.

- სიმჭიდროვე - 25 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

- მორწმუნეთა უმრავლესობა ბუდისტები არიან.

- ოფიციალური ენა - ლაოსური.

- დედაქალაქი - ვიენტიანი.

- ვალუტა - ახალი კიპი (უდრის 100 ატამს).

- ქვეყნის კოდი - LAO.

- დროის სარტყელი - UTC +7

- სატელეფონო კოდი - +856.

- ინტერნეტ-დომენი - la.

ლაო შე (ნამდვილი სახელი შუ შეიუი, მეორე სახელი - შუ ცინჩუნი) - ჩინელი მწერალი (1899-1966 წწ).

ლაო-ძი - ჩინელი ფილოსოფოსი, ტრაქტატ „დაო დე ძინის“ ავტორი (ძვ.წ.აღ.VI-V სს).

ლა-პამპა - პროვინცია არგენტინის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - სანტა-როსა.

ლაპარაკი - სიტყვების საშუალებით ერთმანეთისათვის აზრის გაზიარება, საუბარი, მეტყველება.

ლაპარანი ალბერ ოგიუსტ - ფრანგი გეოლოგი (1839-1908 წწ).

ლაპაროსკოპია (ბერძნ.) - მუცლის ღრუს და მისი ორგანოების გასინჯვა მუცლის კედლის გახვრეტით, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთი (ლაპაროსკოპით).

ლაპაროტომია - ქირურგიული ოპერაცია, იგივეა, რაც მუცელკვეთა.

ლა-პასი

1) ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (720 ათასი).

2) ქალაქი მექსიკაში, ქვემო კალიფორნიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლაპენრანტა (ვილმანსტრანდი) - ქალაქი ფინეთში, საიმას ტბის პირას (55 ათასი).

ლაპერუზი ჟან ფრანსუა დე გალო - ფრანგი ზღვაოსანი (1741-1788 წწ).

ლა-პერუზის სრუტე - აერთებს იაპონიისა და ოხოტის ზღვებს.

ლაპი - ზოგი ფრინველის (მაგალითად, ხოხბის, კაკბის, გნოლის) ბარტყი.

ლაპიაშვილი ფარნაოზ - თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1917-1994 წწ).

ლაპიდარული სტილი - სტილი, რაც მოკლედ, სხარტად და მკაფიოდ გამოხატავს აზრს.

ლაპითები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიაში მცხოვრები მითიური ტომები, რომლებმაც არაერთხელ იომეს კენტავრებთან.

ლაპიკი ლუი - ფრანგი ფიზიოლოგი (1866-1952 წწ).

ლაპიკოვი ივან - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1922 - 1993 წწ).

ლაპილი (ლათ.) - ვულკანის ამოფრქვევისას ვულკანურ ყუმრებთან და ფერფლთან ერთად ამოსროლილი კაკლისოდენა მარცვლები. წარმოადგენს ჰაერში ფრენისას გაცივებული ლავის ნაფლეთს.

ლაპინი ბორის - რუსი მწერალი (1905-1941 წწ.).

ლაპისი (ლათ.) - იგივეა, რაც ვერცხლის ნიტრატი.

ლაპლანდია - ბუნებრივი რეგიონი სკანდინავიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

ლაპლაპა - რაც ლაპლაპებს; მბზინავი, ელვარე.

ლაპლაპი

1) რისამე (მაგალითად, გლუვი ლითონის, წყლის...)…ბზინვა.

2) ციმციმი.

ლაპლასი პიერ სიმონ - ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1749-1827 წწ).

ლა-პლატა

1) ქალაქი-პორტი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (545 ათასი).

2) ატლანტის ოკეანის ყურე სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან, მდინარეების - პარანის და ურუგვაის - ესტუარი.

ლაპორტი ოტო - გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი (1902-1971 წწ).

ლაპორტი როჟე - ფრანგი მწერალი, პროზაიკოსი (დაიბადა 1925 წელს).

ლაპოტი

1) დიდი ციცხვი (საბა).

2) ნავიდან წყლის ამოსახაპი ნიჩაბი.

3) ნავის ნიჩბის, გემის ბორბლის, საჰაერო ხრახნისა და მისთანების ფრთა.

ლაპსერდაკი - პოლონელი და გალიციელი ებრაელების ძველებური ზედა სამოსი.

ლაპტა - რუსული ხალხური თამაში ბურთით და კეტით.

ლაპტევები დიმიტრი (1701-1767 წწ) და ხარიტონი (1700-1764 წწ) - რუსი ზღვაოსნები, კამჩატკის ექსპედიციის მონაწილენი.

ლაპტევების ზღვა (ციმბირის ზღვა) - ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა რუსეთის ტაიმირის ნახევარკუნძულის ნაპირებთან. ფართობი 662 ათასი კვ.კმ. სიღრმე - 3385 მეტრი.

ლაპტევი კონსტანტინ - რუსი მომღერალი (ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1990 წწ).

ლაპტევო - რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ იასნოგორსკის სახელი 1958 წლამდე.

ლაპუჟი ჟორჟ ვაშე - ფრანგი სოციოლოგი (1854-1936 წწ).

ლაჟა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლაჟეჩნიკოვი ივან - რუსი მწერალი (1792-1869 წწ).

ლაჟვარდი (სპარს.)

1) ძვირფასი ქვა ლურჯი ფერისა.

2) ღია ლურჯი ფერი (ცის ეპითეტი).

ლაჟვარდისფერი - ღია ლურჯი.

ლაჟვარდოვანი - ღია ლურჯი ფერის მქონე.

ლაჟვარდოვანი ნაპირი (საფრანგეთის რივიერა) - საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვისპირა მთაგორიანი ზოლი.

ლაჟი (აჟიო) - ქაღალდის ფულით გამოსახული ოქროს საბაზრო «ფასის» აწევა ამ ქაღალდის ფულის ნიშნების რაოდენობასთან შედარებით.

ლა ჟორჟი - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1903-05 წლებში.

ლარა (ლარა ი სანჩეს დე კასტრო) მარიანო ხოსე დე - ესპანელი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი (1809-1837 წწ).

ლარა

1) სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

2) ჯორჯ გორდონ ბაირონის ე.წ. „აღმოსავლური ციკლის“ პოემა.

3) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მერკურის სატრფო, რომელიც იუპიტერმა ჭორიკანობისათვის დაამუნჯა.

ლარაკვაკვა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ლარაში - ქალაქი მაროკოში, თეტუანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლარგა

1) მდინარე მოლდავეთში, პრუტის მარცხენა შენაკადი.

2) (Phoca vitulina largha) - ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. გავრცელებულია აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან.

ლარგეტო (იტალ.) - ზომიერად ნელი ტემპი მუსიკაში.

ლარგვისი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ლარგვისის ხეობა - ხეობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის ხეობის მონაკვეთი.

ლარგო (იტალ.) - ნელი ტემპი მუსიკაში.

ლარგო კაბალიერო ფრანსისკო - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი და სახალხო მთავრობის სამხედრო მინისტრი 1936-37 წლებში (1869-1946 წწ).

ლარდი (ინგლ.) - გადამდნარი ღორის ქონი.

ლარდნერი რინგოლდ უილმერ - ამერიკელი მწერალი (1885-1933 წწ).

ლარები

1) რკინიგზის ბაქანი ბორჯომბაღ-დვირის გადასარბენზე.

2) ძველი რომაელების წარმოდგენით - ოჯახის მფარველი ღვთაებები.

ლარედო - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

ლარეი (ლარე) დომინიკ ჟან - ფრანგი ქირურგი, სამხედრო-საველე ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1766-1842 წწ).

ლარვა - ცხოველების ინდივიდუალური განვითარების სტადია.

ლარვები - ძველი რომაელების წარმოდგენით, გარდაცვლილთა სულები, რომლებიც ვერ ისვენებენ ან თავისი დანაშაულის ან სხვისგან შეურაცხყოფის გამო.

ლარვიკი - ქალაქი-პორტი ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში (40 ათასი).

ლართხი - ურემზე დაგებული ფიცარი.

ლარი

1) საქონლის ნაწლავის ან მყესისგან გაკეთებული სიმი (ჩონგურის, ფანდურის).

2) გაჭიმული ბაწარი (თოკი, ძაფი) სხვადასხვა დანიშნულებისა.

3) ძვირფასი ნივთეულობა, განძი, საუნჯე.

4) საქართველოს ფულის ერთეული, შეიცავს 100 თეთრს, ბრუნვაშია 1995 წლის 2 ოქტომბრიდან.

ლარიკოვი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში (1890-1960 წწ).

ლარილარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლარინგალური თანხმოვნები - ბგერები, რომელთა ჩქამი წარმოიქმნება ყელის ქვედა, ლარინგალურ ნაწილში შექმნილი დაბრკოლების დაძლევით (ქართული ჰ).

ლარინგიტი (ბერძნ.) - ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება.

ლარინგო. - რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ხორხთან დამოკიდებულებას.

ლარინგოლოგია - ხორხის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის შესწავლა.

ლარინგოსკოპია - პირის ღრუდან ხორხის დათვალიერების ინსტრუმენტული მეთოდი.

ლარინგოტომია (ბერძნ.) - ყელის გაკვეთის ოპერაცია.

ლარინგოტრაქეიტი - ხორხისა და სასულის ლორწოვანი გარსის ერთდროული ანთება.

ლარინგოფონი - სპეციალური მიკროფონი, რომელიც ჩამონტაჟებულია მუზარადში და უშუალოდ მოლაპარაკის ხორხს ეხება; იყენებენ კავშირგაბმულობის მოწყობილობებში.

ლარინი ი. (ნამდვილი სახელი და გვარი მიხაილ ლურიე) - საბჭოთა ეპოქის პარტიული მოღვაწე, ეკონომისტი, ლიტერატორი (1882-1932 წწ).

ლარიონოვა ალა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი (1931-2000 წწ).

ლარიონოვი იგორ - რუსი ჰოკეისტი, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, 1990 წლიდან თამაშობდა აშშ-ს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (დაიბადა 1960 წელს).

ლარიონოვი მიხაილ - რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი და თეატრალური მხატვარი (1881-1964 წწ).

ლა-რიოხა - პროვინცია არტენტინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ლარისა

1) ქალაქი საბერძნეთში, თესალიაში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).

2) პლანეტა ნეპტუნის თანამგზავრი. აღმოჩენილი იქნა 1989 წელს.

ლარიქსი (ლათ.) - წიწვოვანი მცენარის გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა, 20-30 მეტრი სიმაღლის სწორტანიანი ხე.

ლარკანა - ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში.

ლარკინი ფილიპ - ინგლისელი პოეტი (1922-1985 წწ).

ლარმანსი ეჟენ - ბელგიელი ფერმწერი (1864-1940 წწ).

ლარმორი ჯოზეფ - ინგლისელი ფიზიკოსი (1857-1942 წწ).

ლარნაკა (ლარნაქსი) - ქალაქი კვიპროსში.

ლარნაკი (ბერძნ.) - სხვადასხვა დანიშნულებისა და ფორმის დეკორატიული ჭურჭელი.

ლარნაკწერა ანტიკური - კერამიკული ჭურჭლის მოხატულობა, განვითარებული იყო ძველ საბერძნეთში.

ლარნაქსი - იხილე ლარნაკა.

ლარნი მარტი იოჰანეს (ნამდვილი გვარი - ლაინე, ფსევდონიმები: ასლაკ ნუორტი, დან ასტერი) - ფინელი მწერალი და ჟურნალისტი (1909-1993 წწ).

ლაროვანისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითა ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ლაროიო ფრანსისკო - მექსიკელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1912 წელს).

ლა-როშელი - ქალაქი საფრანგეთში, პორტი ბისკაის ყურის პირას; შარანტას დეპარტამენტის და ისტორიული ოლქის ონისის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

ლაროში სოფია ფონ - გერმანელი მწერალი ქალი (1737-1807 წწ).

ლაროშფუკო - ფრანსუა დე - ფრანგი მწერალი, მორალისტი (1613-1680 წწ).

ლარჟილიერი ნიკოლა - ფრანგი ფერმწერი (1656-1746 წწ).

ლარსა - შუმერის უძველესი ქალაქი ევფრატის ნაპირზე, ახლანდელი სენკერე ერაყში.

ლარსენი ბენტ - დანიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1935 წელს).

ლარსენი კარლ - დანიელი მწერალი (1860-1931 წწ)

ლარსენი კარლ ანტონ - ნორვეგიელი ზღვაოსანი და ვეშაპებზე მონადირე (1860-1924 წწ).

ლარსონი კარლ - შვედი ფერმწერი (1853-1919 წწ).

ლარსონი ჰანს - შვედი ფილოსოფოსი და მწერალი (1862-1944 წწ).

ლარტე ედუარ - ფრანგი გეოლოგი, პალეონტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1801-1871 წწ).

ლარტიგი ჟაკ ანრი შარლ - ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი (1894-1986 წწ).

ლარტყა - ოთხკუთხა ბრტყელი ძელი სხვადასხვა დანიშნულებისა.

ლარტყულა - ნივნივებზე დაჭედებული ლარტყები.

ლარუსის ენციკლოპედია - პარიზში 1852 წელს ლექსიკოგრაფ პ. ლარუსის (1817-75 წწ). მიერ დაარსებული გამომცემლობის ფრანგულენოვანი ენციკლოპედია. პირველად გამოიცა 1865-76 წლებში 15 ტომად. მეორე გამოცემა - 10 ტომი (1960-64 წწ); მესამე გამოცემა - 15 ტომი (1985-87 წწ).

ლარჩვა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ლარჩვალი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლარძაყინი - (კუთხ.) იგივეა, რაც ნივნივი.

ლა სალი ანტუან დე - ფრანგი მწერალი (1388 წ - 1462-69 წლებს შორის).

ლა სალი (კაველიე დე ლა სალი) რენე რობერ - ფრანგი მეწარმე, ჩრდილოეთ ამერიკის სანაოსნო გზების მკვლევარი (1643-1687 წწ).

ლასალი ფერდინანდ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1825-1864 წწ).

ლასარილიო ტორმესელი - ესპანური ანონიმური მოთხრობა ან მცირე რომანი, რომელიც ესპანური რენესანსული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა მიჩნეული; დაწერის თარიღი უცნობია.

ლასდილისღელე - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ყორულდაშის მარჯვენა შენაკადი.

ლა-სეიბა - ქალაქი-პორტი ჰონდურასში, ატლანტიდას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).

ლასელი უილიამ - ინგლისელი ასტრონომი (1799-1880 წწ).

ლასენ-პიკი - მოქმედი ვულკანი აშშ-ს კასკადოვან მთებში, სიმაღლე 3187 მეტრი.

ლასეპედი ბერნარ ჟერმონ დე ლა ვილი - ფრანგი ზოოლოგი (1756-1825 წწ).

ლას-ვეგასი - ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, ნევადის შტატში (260 ათასი).

ლას-ვილიასი - პროვინცია კუბაში.

ლასი - ქართული ანბანის მეთორმეტე ასოს - ლ-ს სახელწოდება.

ლასი ლუის დე - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1775-1817 წწ).

ლასილა მაიუ (ნამდვილი სახელი ალგოტ უნტოლა ტიეტიავიაინენი) - ფინელი მწერალი (1868-1918 წწ).

ლასილი

1) მწვერვალი და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლასკადურა

1) მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლა სკალა - იტალიის ქალაქ მილანის საოპერო თეატრი; გაიხსნა 1778 წელს.

ლას კასასი ბარტოლომეო დე - ესპანელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1474-1566 წწ).

ლასკერი ემანუელ - გერმანელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მეორე ჩემპიონი 1894-1921 წლებში, მათემატიკის და ფილოსოფიის დოქტორი (1868-1941 წწ).

ლასკერ-შიულერი ელზა - გერმანელი პოეტი ქალი (1869-1945 წწ).

ლასკი ემილ - გერმანელი ფილოსოფოსი (1875-1915 წწ).

ლასკი იან - პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით 1456 - 1531 წწ).

ლასკი ჰაროლდ ჯოზეფ - ინგლისელი სოციოლოგი (1893-1950 წწ).

ლასკო - გამოქვაბული საფრანგეთში, ქალაქ მონტინიაკის მახლობლად, რომელიც გვიანპალეოლითური ხანის ადამიანთა სადგომი იყო.

ლასკრალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლასლასი - უღონოდ, ძლივძლივობით სიარული.

ლასლო I (წმინდა) - უნგრეთის მეფე (1040-1095 წწ).

ლას-ნავას-დე-ტოლოსა - სოფელი ესპანეთში, სადაც რეკონკისტას დროს 1212 წლის 16 ივლისს ესპანელთა გაერთიანებულმა ჯარმა არაბთა ლაშქარი გაანადგურა.

ლასო (ლასუსი) ორლანდო (ნამდვილი სახელი და გვარი როლან დე ლასიუ) - ფრანგი-ფლამანდელი კომპოზიტორი (1532-1594 წწ).

ლასო გეორგ - გერმანელი თეოლოგი და ფილოსოფოსი (1862-1932 წწ).

ლასო - მოძრავი ყულფის მქონე თოკი ან ქამარი პირუტყვთა დასაჭერად. გამოიყენება აზიის და ამერიკის ბევრ ხალხში.

ლას-პალმასი - ქალაქი ესპანეთში, კანარის კუნძულებზე; ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).

ლასტ-ბოლი (ინგლ.) - ჩოგბურთის თამაშში: მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთ მხარეს აკლია მხოლოდ ერთი ქულა პარტიის ან მატჩის მოსაგებად.

ლასტი

1) წნელის ბრტყელი წნული (სინონ. კუთხ. ჩელტი).

2) (ჰოლანდ.) - გემის ტვირთის წონის საზომი ერთეული.

ლასტიანი - რასაც ლასტი აქვს აკრული.

ლასტის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. გადმოცემის მიხედვით ააგეს 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში დატყვევებული მტრებისათვის.

ლასტმანი პიტერ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1583-1633 წწ).

ლას-ტუნასი - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

ლასტისციხისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ვერის მარცხენა შენაკადი.

ლასურია მუშნი - აფხაზი პოეტი და მთარგმნელი (დაიბადა 1938 წელს).

ლასურიაში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლასხანა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლასხედარი - მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ლასხიშვილი გიორგი - პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე (1865-1931 წწ).

ლატაკია - ქალაქი სირიაში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (285 ათასი).

ლატაკუნგა - ქალაქი ეკვადორში, კოტო-პახის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლატალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლატანი - წვრილი და გრძელი ძელი.

ლატანია (ფრანგ.) - ერთგვარი პალმა; აქვს 10-12 მეტრის სიმაღლის ღერო და ფართო მარაოსებრი ფოთლები. ოთახის დეკორატიული მცენარე.

ლატარია - მოსახლეობის ფულადი სახსრების ნებაყოფლობითი მიზიდვის ფორმა, სადაც შესული თანხის ნაწილი თამაშდება ფულადი ან ნივთიერი მოგებების სახით.

ლატგალები - ძველი ლატვიელი ხალხი.

ლატგალია - ისტორიული ოლქი აღმოსავლეთ ლატვიაში.

ლატენტური (ლათ.) - გამოუმჟღავნებელი, ფარული.

ლატერალური თანხმოვნები (ლატერალები) - გვერდითი თანხმოვნები ანუ ბგერები, რომლებიც წარმოითქმის ჰაერის ნაკადის გატარებით ენის გვერდებსა და ლოყებს შორის.

ლატერანი - რომის პაპების ძველი რეზიდენცია XIV საუკუნემდე; აშენდა იმპერატორ ნერონის დროს.

ლატერანის მოლაპარაკებანი - შეთანხმება პაპსა და მუსოლინის შორის, რის საფუძველზეც 1929 წელს ვატიკანი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ლატერი ფრანკ - იხილე სტრეველსი .

ლატერიტი (ლათ.) - ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის პირობებში ლატერიტიზაციის შედეგად წარმოქმნილი ალუმინსილიკატების გამოფიტვის პროდუქტი.

ლატერიტიზაცია - ალუმინსილიკატური ქანების ძლიერი და ხანგრძლივი გამოფიტვის პროცესი, რაც მიმდინარეობს ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის პირობებში.

ლატექსი (ლათ.) - მცენარეული რძეწვენი ან რკინოვან-თიხამიწოვანი ელევიური წარმონაქმნი, რომელიც დამახასიათებელია ტროპიკული და სუბტროპიკული არეებისთვის.

ლატვია (ლატვიის რესპუბლიკა, ლატვ. Latvijas Republika).

- სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ესტონეთი, აღმოსავლეთით - რუსთი და ბელორუსია, სამხრეთით - ლიტვა. დასავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა.

- ეტიმოლოგია: სავარაუდოდ თანამადროვე ლატვიელების წინაპრები ცხოვრობდნენ მდინარე ლატას თუ ლეტას ნაპირებზე. მე-19 საუკუნემდე იგი სხვადასხვაგვარად იწოდებოდა: Lettland, Lotygola, Leththia, Lothwa.

- დამოუკიდებლად გამოცხადდა 1918 წლის 18 ნოემბერს, საერთაშორისო აღიარების თარიღი - 1921 წლის 26 იანვარი, 1940-91 წლებში შედიოდა სსრკ-ს შემადგენლობაში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 6 სექტემბერი.

- ეროვნული დევიზი - „Tevzemei un Brivibai“ (სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის).

- ჰიმნი - „Dievs, Sveti Latviju“.

- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ლატვიის სეიმი).

- ფართობი - 64 589 კვ.კმ.

- დაყოფილია ოთხ რეგიონად (ლატგალია, ზემგალე, კურზემე, ვიძემე), რომლებიც მოიცავენ 26 რაიონს და 76 ქალაქს.

- მოსახლეობა - 2,3 მილიონი.

- სიმჭიდროვე - 35 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

- მორწმუნეები - პროტესტანტები, მართლმადიდებლები, კათოლიკეები.

- ოფიციალური ენა - ლატვიური.

- დედაქალაქი - რიგა.

- ვალუტა - ლატი.

- ქვეყნის კოდი - LVA.

- დროის სარტყელი - UTC +2

- სატელეფონო კოდი - +371.

- ინტერნეტ-დომენი - lv.

ლატვიური ენა - განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ბალტიკურ ჯგუფს.

ლატი - ლატვიის ფულის ერთეული, შეიცავს 100 სანტიმს. ბრუნვაშია 1993 წლის მარტიდან.

ლატიმერი ჰიუ - ინგლისის რეფორმაციის მოღვაწე (1485? - 1555 წწ).

ლატიმერია - „ცოცხალ ნამარხად“ წოდებული თევზი, რომელიც დღეს დედამიწაზე მობინადრე არსებათა შორის უძველესად ითვლება. სიგრძე 2 მეტრამდე, წონა 100 კგ-მდე.

ლატიმორი ოუენ - ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნე (1900-1985 წწ).

ლატინა - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლატინი ბრუნეტო - იტალიელი მწერალი (დაახლოებით 1220-1294 წწ).

ლატინინა ლარისა - რუსი ტანმოვარჯიშე ქალი (სპორტული ტანვარჯიში), ოლიმპიური თამაშების 9-გზის ჩემპიონი 1956, 1960, 1964 წლებში (დაიბადა 1934 წელს).

ლატინუსი - ლათინელთა ტომის ეპონიმი; ბერძნული ტრადიციის მიხედვით, იგი ოდისევსისა და კირკეს ვაჟია.

ლატიფუნდიები (ლათ.) - მსხვილი მემამულური მეურნეობა დასავლეთ ევროპაში.

ლატიფუნდიზმი - მიწათმფლობელობის სისტემა, რაც დაფუძნებულია ლატიფუნდიაზე.

ლატიშევი ვასილი - რუსი ფილოლოგ-კლასიკოსი, ეპიგრაფისტი და ისტორიკოსი (1855-1921 წწ).

ლატიშევი ნიკოლაი - რუსი ფეხბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1913-1999 წწ).

ლატო გჟეგოჟ ბოლესლავ - პოლონელი ფეხბურთელი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (დაიბადა 1950 წელს).

ლატონა - რომაულ მითოლოგიაში - იუპიტერის ცოლი იუნონამდე.

ლატორე მარიანო - ჩილელი მწერალი (1886-1955 წწ).

ლატრ დე ტასინი ჟან მარი გაბრიელ დე - საფრანგეთის მარშალი (1889-1952 წწ).

ლატრობი ბენჯამინ - ამერიკელი არქიტექტორი (1764-1820 წწ).

ლატური მორის კანტენ დე - ფრანგი ფერმწერი (1704-1788 წწ).

ლატური ჟორჟ დე - ფრანგი ფერმწერი (1593-1652 წწ).

ლატურ-მობური მარი ვიქტორ - გრაფი, საფრანგეთის სამხედრო მოღვაწე, მარშალი; საფრანგეთის სამხედრო მინისტრი 1819-21 წლებში (1766-1850 წწ).

ლატფარი - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

ლატფარისწყალი (ფაშგვაში) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლაუ რალფ - გერმანელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

ლაუბე ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე (1806-1884 წწ).

ლაუბი ფერდინანდ - ჩეხი მევიოლინე, პედაგოგი, კომპოზიტორი (1832-1875 წწ).

ლაუდა ნიკი (ანდრეას-ნიკოლაუს) - ავსტრიელი ავტომრბოლელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი «ფორმულა 1»-ში 1975, 1977, 1984 წლებში (დაიბადა 1949 წელს).

ლაუე მაქს ფელიქს თეოდორ ფონ - გერმანელი ფიზიკოსი, 1914 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1879-1960 წწ).

ლაუეგრამა - უძრავი მონოკრისტალის დიფრაქციული გამოსახულება, რომელიც რენტგენის სხივების მეშვეობით მიიღება.

ლაუკინი გიუნტერ - გერმანელი ფიზიკოსი (დაიბადა 1924 წელს).

ლაუმა - ბალტიურ მითოლოგიაში - ღვთაება, რომელიც ადამიანებთან ბოროტებასა და კოშმარებს მოავლენს.

ლაუნგეიკიუდლი - ვულკანური მასივი ისლანდიის დასავლეთ ნაწილში.

ლაურანა ლუჩანო - იტალიელი არქიტექტორი (1420-1479 წწ).

ლაურანა ფრანჩესკო (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანიო ვრანელი) - იტალიელი მოქანდაკე (დაახლოებით 1430-1502 წწ).

ლაურეატი

1) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ან საერთაშორისო და სხვა პრემია.

2) ამა თუ იმ კონკურსის გამარჯვებული.

ლაური მალკოლმ - კანადელი ინგლისურენოვანი მწერალი (1909-1957 წწ).

ლაური ფილიპო - ფლამანდელი ფერმწერი; ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რომში.

ლაურიაში - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლაური-ვოლპი ჯაკომო - იტალიელი მომღერალი (ლირიული და დრამატული ტენორი) (1892-1979 წწ).

ლაურისტინი იოჰანეს (ლიტერატურული ფსევდონიმი «იუხან მადარიკი») - ესტონელი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი, 1940 წლიდან ესტონეთის კომპარტიის ლიდერი და მთავრობის ხელმძღვანელი; დაუღუპა ტალინის დაცვისას (1899-1941 წწ).

ლაუტერი ანტს - ესტონელი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1973 წწ).

ლაუტერპახტი ჰერშ - ინგლისელი იურისტი (1897-1960 წწ).

ლაუტონი ჩარლზ - იხილე ლოუტონი .

ლაუშა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხორხულას (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 27 კაცი.

ლაუხჰამერი - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში (25 ათასი).

ლაფათა - თონეში ლავაშის ჩასაკრავი ბალიში, ნამჯით, ჩალით და მისთანებით გამოტენილი.

ლაფათინი - საქსოვი დაზგის სავარცხლის ჩარჩო.

ლაფაიეტი მარი მადლენ (ქალიშვილობის გვარი პიოშ დე ლა ვერნი) - ფრანგი მწერალი ქალი (1757-1834 წწ).

ლაფაიეტი მარი ჟოზეფ პოლ ივ როკ ჟილბერ მოტიე მარკიზ დე - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის წარმოებული ომების მონაწილე; ამერიკის არმიის გენერალი (1757-1834 წწ).

ლაფალაში - იხილე ლამფალაში.

ლაფანაანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი.) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 13 სოფელს: აბანოსხევი, ახალი ოსები, დავათი, ზემოუბანი, კოშკასყელი, ლაფანაანთკარი, მაღრანი, მწითურები, ნოჯა, ნოჯიკეთი, ქერიაანთკარი, ძველი ოსები, ხიზნები). ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 118 კაცი.

ლაფანაანთკარის თემის საკრებულო - იხილე ლაფანაანთკარი.

ლაფანი

1) (ლაფნის ხე) - ზაფხულმწვანე მერქნიან მცენარეთა გვარი კაკლისებრთა ოჯახისა, 35 მეტრამდე სიმაღლის ხე. აქვს რბილი და მსუბუქი მერქანი, იზრდება მდინარის ნაპირებზე.

2) (ფლოემა) - უმაღლეს მცენარეთა რთული ქსოვილი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ორგანული ნივთიერებების გადაადგილება მცენარეში.

3) ცაცხვის და ზოგი სხვა ფოთლოვანი მცენარის ქერქქვეშა ბოჭკოვანი ნაწილი.

4). ზოგი მცენარის (სელის, კანაფის) ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლისგანაც ნართს ამზადებენ.

ლაფანყური - სოფელი თელავის მუნიციალიტეტში (ნაფარეულის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ლოპოტის მარცხენა სანაპიროზე. 1905 წლიდან აქ ჩამოსახლება დაიწყეს ფშავლებმა არაგვის და ივრის ხეობიდან და დღეს 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელი თელავიდან დაშორებულია 36 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 904 ადამიანი.

ლაფარგი პოლ - საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, საფრანგეთის მუშათა პარტიის დამაარსებელი; ლიტერატორი (1842-1911 წწ).

ლაფარო (ლაფარე) - ადგილი შენობის ირგვლივ, რომელსაც სახურავის გამოშვერილი ნაწილი ფარავს.

ლაფატერი იოჰან კასპარ - შვეიცარიელი მწერალი (1741-1801 წწ).

ლაფაური ალექსანდრე - ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი; მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში (1926-1975 წწ).

ლაფაჩი ნინო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის და სოხუმის თეატრებში (1908-1992 წწ).

ლაფაჩი (თურქ.) - ნელი, ზანტი, დოყლაპია.

ლაფდასხმული - იგივეა, რაც თავლაფდასხმული.

ლაფეთი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ტყიბულიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 60 კაცი. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

ლაფემა ბართლემი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე და ეკონომისტი (1545-1612 წწ).

ლაფერა - ხის დიდი ბრტყელი კოვზი, ქვაბიდან ღომის ამოსაღები.

ლა ფერასი - პალეოლითური ხანის სადგომი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში (დორდონის დეპარტამენტი).

ლაფერაძე ზურაბ (კუკური) - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-1990 წწ).

ლაფეტი (გერმ.) - დაზგა, რომელზედაც მაგრდება ქვემეხის ლულა.

ლაფი - თხელი ტალახი-ტლაპო.

ლაფიანხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.

ლაფიტი ჟაკ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ბანკირი; 1830-31 წლებში ქვეყნის მთავრობის მეთაური (1767-1844 წწ).

ლაფიტი - ერთგვარი წითელი ღვინო.

ლაფიტო ჟოზეფ ფრანსუა - ფრანგი მისიონერი, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ყოფის მკვლევარი (1670-1740 წწ).

ლაფლინი რობერტ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1950 წელს).

ლაფნეული - ლაფნის შემცველი.

ლაფნიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ლაფნიჭამია - ხის მავნებელი პატარა ხოჭო, ცხოვრობს ხის ლაფანში და ლაფნითვე საზრდოობს. სხეულის სიგრძე 1-2 მილიმეტრს აღწევს.

ლაფოლეტი რობერტ მარიონ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტობის კანდიდატი 1924 წელს (1855-1925 წწ).

ლაფონი რენე - ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი (1899-1974 წწ).

ლაფონტენი ანრი - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე, 1919-32 წლებში ქვეყნის სენატის ვიცე-პრეზიდენტი (1854-1943 წწ).

ლაფონტენი ჟან დე - ფრანგი პოეტი, მეიგავე (1621-1695 წწ).

ლაფორგი ჟიულ - ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი (1860-1887 წწ).

ლაფორეტი კარმენ - ესპანელი მწერალი ქალი (დაიბადა 1921 წელს).

ლა ფრენე როჟე დე - ფრანგი მხატვარი (1885-1925 წწ).

ლაფსთა - მდინარე გაგრის შემოგარენში, ერთვის შავ ზღვას.

ლაფსუსი (ლათ.) - უნებლიე შეცდომა, წაცდენა მეტყველებაში.

ლაფუენტე სამალიოა მოდესტო - ესპანელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1806-1866 წწ).

ლაფური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ლაფურია - უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, შოდა-კედელას ქედზე.

ლაფშა - დაკოდილი ცხენი-იაბო.

ლაფშური - ლაფშა ცხენის დამახასიათებელი - მოკლე და ჩქარი ნაბიჯით სვლა.

ლაფჩინი (თურქ.) - (კუთხ.) წაღა ერთგვარი.

ლაფჩინსკი კაზიმეჟ - პოლონელი მთარგმნელი, 1844 წელს ჩამოვიდა საქართველოში; პოლონურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (1823-1893 წწ).

ლაქა

1) განსხვავებული ფერის ადგილი რისამე ზედაპირზე.

2) ჭუჭყად ჩამჯდარი და დამჩნეული რამე.

3) ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ალექსანდრე ცაბაძე. დამდგმელი ოპერატორი - ნოდარ ნამგალაძე. მთავარ როლებში: ქიშვარდ გლუნჩაძე, რუსუდან ქვლივიძე, ოთარ ბაზღაძე, დავით ხურცილავა.

ლაქაში (Typha) - ერთლებნიან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაქაშისებრთა ოჯახისა, მისი სიმაღლე 70 სმ-დან 4 მეტრამდე აღწევს, გავრცელებულია მთელ დედამიწაზე.

ლაქაშიანი - სადაც ლაქაში იზრდება.

ლაქესისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი მოირა, ბედისწერის ქალღმერთი, ადამიანის ხვედრის განმსაზღვრელი.

ლაქი (გერმ.) - ორგანულ ნაერთებში აფსკწარმომქმნელ ნივთიერებათა გახსნის შედეგად მიღებული მასა, რომლითაც ფარავენ ლითონის, ხის ან სხვა ზედაპირს.

ლაქია (ფრ.)

1) თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში - ხელზე მოსამსახურე მამაკაცი.

2) (გადატანით) ვისამე ნება-სურვილის უსიტყვოდ ამსრულებელი.

ლაქიანი - რასაც ლაქა აქვს.

ლაქის ცრუფარიანა - მწერი კოკციდების ქვერიგისა; მისი სამშობლო ინდოეთია; უძველესი დროიდან მისი გამონაყოფი იხმარება როგორც საუკეთესო ლაქი.

ლაქიური - ლაქიის დამახასიათებელი.

ლაქლაქა - ლაქლაქის მოყვარული, ყბედი.

ლაქლაქი - უთავბოლო, გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა.

ლაქნაუ - იხილე ლაქხნაუ.

ლაქსნესი ჰალდორ კილიან (ნამდვილი გვარი გვიუდიონსონი) - ისლანდიელი მწერალი (1902-1998 წწ).

ლაქსი პიტერ დევიდ - ამერიკელი მათემატიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

ლაქტამები - ამინოკარბომჟავების შიგა ციკლური ამიდები.

ლაქტატები - რძის მჟავის მარილები ან ეთერები.

ლაქტატდეჰიდროგენაზა - ფერმენტი ოქსიდორედუქტაზების კლასისა.

ლაქტაცია (ლათ.) - რძის წარმოქმნის, დაგროებისა და პერიოდული გამოყოფის პროცესი ადამიანსა და ძუძუმწოვარ ცხოველებში.

ლაქტიონოვი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1910-1972 წწ).

ლაქტო... - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს რძესთან კავშირის მქონეს.

ლაქტობაცილინი

1) რძემჟავა ბაქტერიების ორი სახეობის კულტურა, ერთგვარი სოკო რძის შესადედებლად და სამკურნალო მიზნებისთვის.

2) ამ სოკოს საშუალებით შედედებული მაწონი, იოგურტი.

ლაქტოგლუბოლინი - რძის შრატის ერთ-ერთი ცილა.

ლაქტოზა - რძის შაქარი, დისაქარიდი.

ლაქტოსკოპი - რძის ცხიმოვნების გამოსარკვევი ხელსაწყო.

ლაქუცა-ლაარტყალი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ლაქუცა

1) რამაც ლაქუცი იცის

2) ვინც ლაქუცი იცის.

ლაქუცი

1) ძაღლის თამაში ვინმესთან ან რამესთან კუდის ქიცინით და ტანის რხევით.

2) (გადატანით) პირფერობა, მლიქვნელობა.

ლაქშადვიპი - მოკავშირე ტერიტორია ინდოეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - კავარატი.

ლაქშმანა - ინდუისტური მითოლოგიის გმირი, „რამაიანას“ პერსონაჟი.

ლაქშმი (სანსკრ.) - ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმში ბედნიერებისა და სილამაზის ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს ცოლი.

ლაქშმი-ბაი - ინდოეთის ეროვნული გმირი ქალი (1835-1853 წწ).

ლაქხნაუ- ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,6 მილონი).

ლაღა - ჯოხი, რომლითაც საწყაოს პირს გადაუსწორებენ ხოლმე მარცვლეულის აწყვისას.

ლაღარვაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლაღზწითი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

ლაღი

1) თავისუფალი, თამაში, ამაყი.

2) ასეთი ვისიმე ან რისიმე დამახასიათებელი.

ლაღიაშვილი იოსებ - ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოში (1866-1913 წწ).

ლაღისმთა (ლაგაისმთა) - მთა გუდამაყრის ქედზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 2601 მეტრი).

ლაღიძე გრიგოლ - რეჟისორი და მსახიობი (1904-1985 წწ).

ლაღიძე მიტროფანე - უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში (1869-1960 წწ).

ლაღიძე რამაზ

1) ქიმიკოსი, მეცნიერების დოქტორი (1913-1995 წწ).

2) კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-1982 წწ).

ლაღიძე სოსო (იოსებ) - კინოსა და თეატრის მსახიობი (დაიბადა 1936 წელს).

ლაღლაღი - წყალში გაქნევ-გამოქნევით გავლება რისამე.

ლაღმი - ზოგი ფეთქებადი ნივთიერების საერთო სახელი, ლაღუმი.

ლაღორა - მთა ონის მუნიციპალიტეტში, შოდის ქედზე (სიმაღლე 3152 მ).

ლაღორულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ლაღუმი - იგივეა, რაც ლაღმი.

ლაყარი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ლაყაფი (სპარს.) - (ძვ.) ლაყბობა, ყბედობა.

ლაყე

1) გაფუჭებული, აყროლებული კვერცხი.

2) (გადატანით) მოუხერხებელი, დონდლო, უფხო.

ლაყვრი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში. მესტიიდან 31 კმ.

ლაყვისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.

ლაყლაყი

1) ხმა, რომელსაც შენჯღრევისაგან გამოსცემს ლაყე კვერცხი ან სითხე ნაკლულ ჭურჭელში.

2) ნჯღრევა, რყევა.

ლაყუნა - ვინც ან რაც ლაყუნით დადის.

ლაყუნი - აქეთ-იქით ქანაობით სიარული, უსაქმოდ სიარული.

ლაყუჩი - თევზის სასუნთქი ორგანო.

ლაშამბოდი პიერ - ფრანგი პოეტი (1806-1872 წწ).

ლა-შაპელ--სენი - გვიანპალეოლითური ადამიანის სადგომი გამოქვაბული საფრანგეთის კორეზის დეპარტამენტში.

ლაშარელა

1) (კნინ.-მოფერ.) იგივეა, რაც ლაშარი.

2) გრიგოლ აბაშიძის რომანი (1957 წელი).

ლაშარი

1) (ვარეულა) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

2) ქართული ჟურნალი ახალი მწერლობის კავშირისა (1923 წელი).

ლაშარის ჯვარი - ფშავის მთავარი სალოცავი, საკულტო ცენტრი, მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა წელში.

ლაშდაღრენილი - რასაც ლაშები აქვს დაღრენილი.

ლაშე

1) სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: ლაშე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი). ზღვის დონიდან - 360 მეტრი. ხარაგაულიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 452 კაცი.

ლაშებალთა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ლაშელიე ჟიულ - ფრანგი ლოგიკოსი და ფილოსოფოსი (1832-1918 წწ).

ლაშეჭალა - ყოფილი სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლაშთხაში - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარჯვენა შენაკადი.

ლაშთხვერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლაში

1) ზოგიერთი ცხოველის (ცხენის, მგლის, ძაღლის...) ტუჩი.

2) (გადატანით) დიდი ტუჩი.

ლაშია - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ჯვარისის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 65 კაცი.

ლაშის იგორეთი (ყოფილი იგორეთი) - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლაშის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 450 მეტრი. ხარაგაულიდან - 6 კილომეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 165 კაცი.

ლაშისღელე

1) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

2) მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის მარცხენა შენაკადი.

ლაშიფსა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის რიწის ტბას.

ლაშკენდარი - მთა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ლაშლაში - ლაქლაქი, ყაყანი.

ლაშო (ლაშიო) - ქალაქი მიანმას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შანის ეროვნული ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლა-შო-დე-ფონი - ქალაქი შვეიცარიის დასავლეთ ნაწილში (40 ათასი).

ლაშოსე პიერ კლოდ ნიველ დე - ფრანგი დრამატურგი (1692-1754 წწ).

ლაშურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

ლაშფსარდი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ლაშქარა (Symphytum) - მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი; მის ფესვებს იყენებენ მოტეხილობის საწინააღმდეგოდ.

ლაშქარი (სპარს.)

1) სამოქალაქო მოსახლებისაგან შექმნილი სამხედრო ფორმირება.

2) ჯარი, არმია.

ლაშქარნივისი - სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში; ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა და მორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა.

ლაშქაროვი (ბიბილური) პავლე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 1812-14 წლების რუსეთ-საფრანგეთის ომის მონაწილე (გარდაიცვალა 1853 წელს).

ლაშქაროვი სერგეი - რუსი დიპლომატი, წარმოშობით ქართველი, 1807 წლიდან მართავდა მოლდავეთსა და ვლახეთს (1739-1814 წწ).

ლაშქრობა

1) ლაშქრად წასვლა, გალაშქრება.

2) მასობრივი ორგანიზებული გასეირნება რაიმეს მიზნით.

ლაშქრული - ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც მღეროდნენ ლაშქრობაში მიმავალნი.

ლაშხეთი - თემი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლაშხიშვილი ხოსია - ლეჩხუმის მფლობელი XVII საუკუნის 60-იან წლებში (გარდაიცვალა 1670 წელს).

ლაშხრერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლაჩა - ტბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში (სიღრმე 5 მეტრი).

ლაჩარი - მშიშარა, მხდალი, ჯაბანი, ქალაჩუნა.

ლაჩარხაში - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლაჩენზი დუინ - ინგლისელი არქიტექტორი (1869-1944 წწ).

ლაჩთა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ლაჩინი (1926 წლამდე აბდალიარი) - ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბახის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.

ლაჩინოვა (შელაშნიკოვა) ეკატერინა - რუსი მწერალი ქალი (1813-1896 წწ).

ლაჩრობა - ლაჩრის თვისება.

ლაჩრული - ლაჩრის დამახასიათებლი, შესაფერი.

ლაცარონები - სამხრეთ იტალიაში მოხეტიალე, ღატაკი ლუმპენ-პროლეტარები.

ლაცარუსი მორიც - გერმანელი ფილოსოფოსი (1824-1903 წწ).

ლაცაური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ლაცგა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ლაციო - ოლქი ცენტრალურ იტალიაში, აპენინის ნახევარკუნძულზე. ადმინისტრაციული ცენტრი - რომი.

ლაცისი ვილის - ლატვიელი მწერალი (1904-1966 წწ).

ლაციცი - ალერსი, მოფერება, პირფერობა, მლიქვნელობა.

ლაცკანი (გერმ.) - პალტოს ან პიჯაკის ბორტის გადანაკეცი.

ლაცკოვიჩი ივან - ხორვატი მხატვარი-პრიმიტივისტი (დაიბადა 1932 წელს).

ლაცო (იტალ.) - კომიკური ნომერი, რომელიც ჩართული იყო ნიღბების კომედის ძირითად მოქმედებაში.

ლაცორია - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლაძარი (ლაცარი) კონსტანტინო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1857-1927 წწ).

ლაწალუწი - გაბმული მტვრევის, მსხვრევის ხმა.

ლაწანი

1) რისამე გატეხის, მტვრევის ხმა.

2) სილის გარტყმის ხმა.

ლაწირაკი - (ლანძღ.) უხეირო, უსუსური, (იტყვიან პატარა ბიჭზე, რომელიც უზრდელად მოიქცევა).

ლაწლაწი - უღონოდ სიარული, წანწალი.

ლაწუნი - იგივეა, რაც ლაწანი.

ლაჭანი - წნელისაგან მოწნული საწოლი, რომელშიც თივა ან ჩალა არის ჩაგებული.

ლახამა - შუმერულ მითოლოგიაში - საწყალოსნო სტიქიის ღვთაება, მსოფლიო ოკეანიის (აბზუს) შემქმნელი.

ლახამი - სოფელი და მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლახამულა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლახანა (ბერძნ.) - იგივეა, რაც თავხვეული კომბოსტო.

ლახანი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლახარი და აშნანი - შუმერულ მითოლოგიაში - შინაური პირუტყვის და ხორბლის მფარველი ღვთაებები.

ლახატო - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ლახატოურაზე (ფშავის არაგვის აუზი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 4 კაცი.

ლახაშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლახდენპოხია - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

ლახემაა - ეროვნული პარკი ესტონეთში; დაარსებულია 1971 წელს.

ლახეფა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლახვარი

1) გრძელტარიანი ბასრწვერა იარაღი, იხმარებოდა ძველად.

2) (წიგნ.) გამანადგურებელი სასიკვდილო დარტყმა.

ლახვარსობილი - (პოეტ.) მეტისმეტად გულნატკენი, გულდაკოდილი.

ლახვაშია - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, გურძემის მარცხენა შენაკადი.

ლახვაშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მუხრის მარცხენა შენაკადი.

ლახვრა - მწვერვალი (3720 მ) და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის ქედზე.

ლახირი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლახლახი

1) ფრინველის უშნო სიარული (საბა).

2) იგივეა, რაც ლასლასი.

ლახსი მანფრედ - პოლონელი დიპლომატი და იურისტი (დაიბადა 1914 წელს).

ლახტაკი - იგივეა, რაც ზღვის კურდღელი.

ლახტაობა - იხილე ლახტი(1).

ლახტი

1) ქართული ხალხური თამაში ქამრებით, წრეში ჩამდგარ და მასში შესვლის მსურველთა დაპირისპირებაზე დაფუძნებული.

2) გრძელი უტარო მათრახი, ძველად ბრძოლაში ხმარობდნენ საცემად, რკინის კეტი ამავე დანიშნულებისა.

3) (მედიცინაში) სისხლდენის შესაჩერებელი რეზინის ელასტიკური მილი.

4) ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული ჟურნალი (გამოდიოდა 1914 წელს).

ლახუ - სამხრეთ ჩინეთში, ტაილანდსა და მიანმაში მცხოვრები ხალხი.

ლახუნარი - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ზიეთის მარჯვენა შენაკადი.

ლახუნდარა - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წყალაფორეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ბორიმელის (ძირულის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 600 მეტრი. ხარაგაულიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 555 კაცი.

ლახუსტაკი (ლახოსტაკი) - თმის წარბებისა და წამწამების საღებავი.

ლახუშდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლაჯანა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლაჯანურის წყალსაცავი - მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის აუზში.

ლაჯი

1) ჩვეულებრივ - ლაჯები - ფეხების შიგნითა მხარე მუხლებს ზევით.

2) დიდი ნაბიჯი.

ლაჯლაჯი აბუ--ფარაჯ ალ-მუზაფარ - შათრანჯის (ჭადრაკის) სპარსელი მოთამაშე და თეორიტიკოსი (? - 970 წ).

ლაჯრებული - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარცხენა შენაკადი.

ლაჯუნი - (საუბ.) დიდი ნაბიჯებით სიარული.

ლაჰილი (ლაილა, ლაჰლა)

1) მწვერვალი, მყინვარი და უღელტეხეილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

2) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლაჰილჭალა - მდინარე, იხილე ლაილჭალა.

ლაჰლაჭალა - მდინარე, იხილე ლაილჭალა.

ლაჰორი - ქალაქი პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პენჯაბის პროვინციაში, 1799-1849 წლებში სიქჰების სახელმწიფოს დედაქალაქი (3 მილიონი).

ლაჰტი - ქალაქი-პორტი ფინეთის ჰიამეს ლიანში (95 ათასი).

ლაჰტი უნო - ესტონელი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ლაჰუთი აბუ -ყასემ - პოეტი და საზოგადო მოღვაწე, სპარსული და ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1887-1957 წწ).