The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ჩა
დოკუმენტის ნახვა ჩბ
დოკუმენტის ნახვა ჩე
დოკუმენტის ნახვა ჩვ
დოკუმენტის ნახვა ჩი
დოკუმენტის ნახვა ჩკ
დოკუმენტის ნახვა ჩლ
დოკუმენტის ნახვა ჩმ
დოკუმენტის ნახვა ჩნ
დოკუმენტის ნახვა ჩო
დოკუმენტის ნახვა ჩრ
დოკუმენტის ნახვა ჩუ
დოკუმენტის ნახვა ჩქ
დოკუმენტის ნახვა ჩხ

ჩხ

 

ჩხა

1) კაპებიანი საკიდარი (ჩვეულებრივ ხისა); კაჩხა.

2) ირმის დატოტვილი რქა.

3) ვაზის აჭრილი ტოტი მტევნებიანად.

4) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

ჩხავერი - ვაზის ჯიში; აქვს მოგრძო მტევანი; იცის საუკეთესო წითელი ღვინო; გავრცელებულია გურიასა და აჭარაში (უპირატესად მაღლარად).

ჩხავილი - ზოგი ცხოველის (ტურის, კატის.....) და ფრინველის (ყვავის, კაჭკაჭის...) უსიამოვნო, ყურთასმენის წამღები ხმიანობა. || უსიამოვნო, ხმამაღლა ტრილი.

ჩხათანისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ჩხაიძე ალექსანდრე - დრამატურგი (დაიბადა 1923 წელს).

ჩხაიძე ვასილი - მსახიობი (1905-1986 წწ).

ჩხაიძე ვლადიმერ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1922-1943 წწ).

ჩხაიძე იოსებ (სოსო) - კინორეჟისორი (დაიბადა 1937 წელს).

ჩხაიძე სერგო - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1919-1971 წწ).

ჩხაკაჩხუკი - ზედიზედ რამდენიმე ჩხაკუნი; გაბმით ჩხაკუნი.

ჩხაკოურა

1) მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ჩხაკუნი

1) ლითონის საგნებზის მაგარ რამეზე მოხვედრებისას გამოცემული ხმა

2) უხეიროდ დაკვრა (ფანდურისა და მისთანების).

ჩხალთა

1) (ჩჰალთა) მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედზე.

2) (აწგარა) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 38 კილომეტრი).

3) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ჩხალთაძიხი (ჩჰალთაძიხი)

1) მწვერვალი (3670 მეტრი) და უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

2) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

ჩხალთის ქედი - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

ჩხამა - წვრილი თევზი ერთგვარი; აქვს წითელი ფორეჯები.

ჩხარა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს ოკრიბა-არგვეთის სერის სამხრეთ კალთაზე, 865 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე - 22 კილომეტრი, აუზის ფართობი - 73 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 1,6 კუბ.მ/წმ.

ჩხარაული - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჩხარა-ჩხური

1) ხშირი ჩხარუნი.

2) უხეიროდ დაკვრა (ფანდურისა და მისთანებისა).

ჩხარ-ეწერი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (სიქთარვის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძევრულის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 688 ადამიანი.

ჩხართვი (Turdus viscivorus viscivorus) - გარეული ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა; მიწისფერია, გულჭრელი.

ჩხარი

1) აბრეშუმის უვარგისი პარკი (საყაჭედ ვარგა მხოლოდ).

2) იგივეა, რაც ჩხარაჩხური.

3) იგივეა, რაც მეჩხერი.

4) სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხარის (ყვირილის სისტემა) ზემოეთში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ოქტომბერი, ჩხარი). ზღვის დონიდან - 280 მეტრი, თერჯოლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 722 ადამიანი. ჩხარის მახლობლად დგას ოქონის მაცხოვრის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები, მოხატულია XVI-XVIII საუკუნეებში).

ჩხარიჩხური - იგივეა, რაც ჩხარაჩხური.

ჩხარტიშვილი არჩილ - რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1980 წწ).

ჩხარტიშვილი გრიგოლ - იხილე აკუნინი ბ.

ჩხატანა - ქისტებით დასახლებული ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჩხატარაისძე პეტრე - XVIII საუკუნის I ნახევრის მწერალი.

ჩხატი

1) იგივეა, რაც ჩანჩქერი.

2) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ჩხეიძე ბორის - მწერალი (1902-1979 წწ).

ჩხეიძე გაბრიელ - XVII-XVIII საუკუნეების მწიგნობარი, მთარგმნელი; მოღვაწეობდა მოსკოვში.

ჩხეიძე დავით (ფსევდონიმი დია ჩიანელი) მწერალი 1890-1945 წწ).

ჩხეიძე თემურ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).

ჩხეიძე კონსტანტინე - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1912-1990 წწ).

ჩხეიძე ნინო (ნუცა) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1881-1960 წწ).

ჩხეიძე ნოდარ (ბიჭიკო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1917-1981 წწ).

ჩხეიძე ოთარ - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1920 წელს).

ჩხეიძე რევაზ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

ჩხეიძე სეხნია

1) იმერეთის სამეფოს სახლთუხუცესი, ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის მეთაური (გარდაიცვალა 1669 წელს).

2) XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოსი (დაახლოებით 1670-1745 წწ).

ჩხეიძე უშანგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1898-1953 წწ).

ჩხენიში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ნაბაკევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 50 მეტრი, სამტრედიიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 698 კაცი.

ჩხენკელი აკაკი - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, ქართველი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი (1874-1959 წწ).

ჩხენკელი თამაზ - პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (1927-2010 წწ).

ჩხენკელი ივანე - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1910-1991 წწ).

ჩხერი

1) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 10 კილომეტრი).

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ჩხერიმელა - მდინარე ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, 1150 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 39 კილომეტრი. აუზის ფართობი - 490 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე - წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 13,6 კუბ.მ/წმ.

ჩხერის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდელ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ჩხვე იკ ჰიონი (ფსევდონიმი ცოი იკ ჰიონი) - კორეის პოლიტიკური მოღვაწე (1833-1906 წწ).

ჩხვე ნამ სონი (ფსევდონიმი იუქტანი) - კორეელი ლიტერატორი, ისტორიკოსი (1890-1957 წწ).

ჩხვე სოჰე (ნამდვილი სახელი ჩხვე ჰაკ სონი) - კორეელი მწერალი (1901-1932 წწ).

ჩხვე ჩხი ვონი (ფსევდონიმი კოუნი) - კორეელი პოეტი (857 წ - ?).

ჩხვინდღიულა - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე (1949 მეტრი).

ჩხია - ჭროღა თვალები.

ჩხიკვაძე - ერთ-ერთი ცნობილი გვარი საქართველოში, წარმოშობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხიდან არის. ჩხიკვაძეები გვხვდებიან იმერეთსა და აჭარაშიც მაგრამ გვარის ძირძველი წყარო მაინც გურია რჩება.

ჩხიკვაძე ვანო - მწერალი (დაიბადა 1947 წელს).

ჩხიკვაძე ზაქარია - მუსიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი (1862-1930 წწ).

ჩხიკვაძე ნოე - პოეტი (1883-1920).

ჩხიკვაძე პანტელეიმონ - მწერალი (1903-1940 წწ).

ჩხიკვაძე რამაზ - თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1980 წ), მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში (1928-2011 წწ).

ჩხიკვაძე შალვა - საესტრადო დუეტის წევრი (ვ.ძაგნიძესთან ერთად), საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1976 წწ).

ჩხიკვთა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჩხიკვი (Carrulus glandarius) - გარეული ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა; აქვს ფერადზოლიანი ფრთები; ჯაფარა.

ჩხიკვიშვილი ავთანდილ - მწერალი (დაიბადა 1949 წელს).

ჩხიკვიშვილი დავით - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1972-80 წლებში (1921-1987 წწ).

ჩხიკინი

1) იგივეა, რაც ჩუჩხური.

2) ცოდვილობა; წვალება.

ჩხიმალა - გამხდარი, მჭლე (მკლავები....).

ჩხიმალი - იგივეა, რაც ჩინჩხვარი.

ჩხინა

1) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

ჩხინულა - მდინარე ბაღდათის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, საკრაულის მარცხენა შენაკადი.

ჩხირი

1) ხის წვრილი და ხმელი ტოტის ჩამონატეხი.

2) ასეთი ფორმის ლითონის თუ სხვა მასალის წვრილი ჯოხი.

ჩხირკედელა - ვისაც ჩხირკედელაობა სჩვევია.

ჩხირკედელაობა - ცუდუბრალოდ საქმის კეთება.

ჩხნდე - მდინარეში ჩახერგილი წვრილი ხეები.

ჩხო - ტბა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე, ანჩხოს უღელტეხილთან.

ჩხოგური - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჭანჭახის მარცხენა შენაკადი.

ჩხონჯინი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეაში, ხამგენ-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

ჩხონჯუ - ქალაქი სამხრეთ-კორეაში, ჩხუნჩხონ-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (480 ათასი).

ჩხორთოლი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოხოჯის მარცხენა შენაკადი.

ჩხორი - სხვადასხვა საგნის უწესრიგო გროვა.

ჩხორია - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჩხოროწყუ

1) (ჩხოროწყარი) მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

2) დაბა დასავლეთ საქართველოში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, მუნიციპალიტეტული ცენტრი. მანძილი თბილისიდან 344 კმ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში; 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში. 1921 წლიდან ისევ ზუგდიდის მაზრაში იყო, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია. ფართობი - 619,4 კვ.კმ. 1 დაბა და 19 სოფელი.

ჩხოუში

1) მდინარე ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ჯუმის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჩხრეკა - საგამოძიებო მოქმედება - იძულებითი გამოკვლევა დანაშაულის მტკიცებულების აღმოსაჩენად.

ჩხრეკილა - წყალში გათქვეფილი ხალის (ქუმლის) ფაფისებური შეჭამანდი (იციან ხევსურეთში).

ჩხრიმალი - იგივეა, რაც ჩინჩხვარი.

ჩხრიალი - რაც ჩხრიალებს; ჩხრიალით მომდინარე.

ჩხრო - აჩხორილი, აკოკოლავებული რამ.

ჩხუბა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვისა და მისი მარცხენა შენაკადის გუდანისჭალის წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე გორშეღმისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2040 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ჩხუბი

1) უსიამოვნო დავიდარაბა, აყალმაყალი, აურზაური.

2) ცემა-ტყეპა, მუშტი-კრივი.

3) (ძველად, სასაუბრო) ომი.

ჩხუბისთავი - ხშირად ჩხუბის ამტეხი, ჩხუბის მოყვარული.

ჩხუნდერი (ჩხუტნერი)

1) ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, ადიშჭალისა და ენგურის წყალგამყოფი.

2) მთა და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, ჩხუნდერის ქედზე.

ჩხუნჩხონი - ქალაქი სამხრეთ-კორეაში, კანვონდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

ჩხუნჯუ - ქალაქი სამხრეთ-კორეის ჩხუნჩხონ-პუქტოს პროვინციაში.

ჩხუტელი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ჩხუტი

1) ვიწრო კასრი ერთგვარი (თუშეთში).

2) დასადგმელი სადღვებელი (ფშავში).

3) ლუდის (და სალუდე მასალის) გადასასხმელ-გადმოსასხმელი ჭურჭელი (ხევსურეთში).

ჩხუტნერი - უღელტეხილი სვანეთის კავკასიონზე.

ჩხუტუნეთი - სოფლების ზედა ჩხუტუნეთისა და ქვედა ჩხუტუნეთის გავრცელებული სახელწოდება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).