The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0002უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ბ–დ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა და
დოკუმენტის ნახვა დბ
დოკუმენტის ნახვა დგ
დოკუმენტის ნახვა დდ
დოკუმენტის ნახვა დე
დოკუმენტის ნახვა დვ
დოკუმენტის ნახვა დი
დოკუმენტის ნახვა დლ
დოკუმენტის ნახვა დმ
დოკუმენტის ნახვა დნ
დოკუმენტის ნახვა დო
დოკუმენტის ნახვა დპ
დოკუმენტის ნახვა დრ
დოკუმენტის ნახვა დუ
დოკუმენტის ნახვა დღ
დოკუმენტის ნახვა დჰ

დუ

 

დუ

  1. მდინარე და დეპარტამენტი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

  2. (სპარს.) - ორიანი ნარდში.

დუაბი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მოქვის მარჯვენა შენაკადი.

დუადასთანონი - ოსური სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, არფის მსგავსი.

დუაიენი (ფრანგ.) - დიპლომატიური კორპუსის მეთაური, მამასახლისი რომელიმე უცხოურ ქვეყანაში.

დუალა

  1. ქალაქი კამერუნში, პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

  2. ბანტუს ჯგუფის ხალხი კამერუნში.

დუალიზმი (ლათ.) - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს - მატერიალურსაც და იდეალურსაც.

დუალისტი - დუალიზმის მიმდევარი.

დუანტი (ლათ.) - ციკლოტრონისა და ფაზოტრონის ასაჩქარებელი მოწყობილობა.

დუ ან ციჟუი - ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1864-1936 წწ).

დუარტე ხუან პაბლო - დომინიკელი პატრიოტი, საიდუმლო ორგანიზაცია „ტრინიტარიას“ შემქმნელი (1813-1876 წწ).

დუატი - ძველი ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, მიცვალებულთა ადგილსამყოფელი, რომელიც, უძველესი წარმოდგენის მიხედვით, მდებარეობდა ცაში, აღმოსავლეთით, იქ, საიდანაც ამოდის მზე.

დუაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დუბაი (დიბაი) - ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (590 ათასი).

დუბანი (ჩინ.) - ძველ ჩინეთში გენერალ-გუბერნატორი.

დუბარა (სპარს.) - ნარდის თამაშში წყვილი ორიანი.

დუბეითი (დუბაითი) - სპარსული პოეზიის სალექსო ფორმა, ოთხსტრიქონიანი ლექსი ანუ წყვილი ბეითი.

დუბელა - თბილი უგემური წყალი.

დუბენსკი - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

დუბენცკისი ვლადას - ლიტველი არქიტექტორი (1888-1932 წწ).

დუბენდა პავლე - საბჭოთა კავშირის გმირი, ზემდეგი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1914 წელს).

დუბეში (სპარს-თურქ.) - ნარდის თამაშში წყვილი ხუთიანი.

დუბინინი ნიკოლაი - რუსი გენეტიკოსი, აკადემიკოსი (1907-1998 წწ).

დუბინინო - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დუბინკა - (რუსულია) ცივი იარაღი, პოლიციელის ხელჯოხი.

დუბინსკი დავიდ - რუსი გრაფიკოსი (1920-1960 წწ).

დუბისა - მდინარე ნემანის (ნიამუნასის) მარჯვენა შენაკადი ლიტვაში.

დუბიუკი - ქალაქი აშშ-ს აიოვას შტატში.

დუბკი - დაბა რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში.

დუბლაჟი (ფრანგ.) - იგივეა, რაც დუბლირება.

დუბლეტერი - ცივი იარაღი, არბალეტის სახესხვაობა.

დუბლეტი (ფრანგ.)

  1. რაიმე ნივთის მეორე ცალი.

  2. ორი ნაწილისაგან შეწებებული ძვირფასი თვალი, რომელშიც ზემოთა ნაწილი ნამდვილია, ქვემოთა კი ყალბი.

  3. ორი ერთდროული დაცლა ორლულიანი სანადირო თოფისა.

  4. ორმაგი რეგისტრი ორღანში.

დუბლი (ფრანგ.)

  1. ხელმეორედ გადაღებული კადრი კინემატოგრაფიაში (მონტაჟის დროს საუკეთესო დუბლის შერჩევა).

  2. ფეხბურთში ჩემპიონატის და თასის მოგება ერთი გუნდის მიერ ერთ წელს.

დუბლიანი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

დუბლიკატი (ფრანგ.) - საბუთის მეორე ცალი, რომელსაც იურიდიული დედნის ძალა აქვს.

დუბლინელები - ირლენდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის მოთხრობების კრებული (გამოიცა 1914 წელს).

დუბლინი - ირლანდიის დედაქალაქი და მთავარი პორტი (1 მილიონი, გარეუბნებით).

დუბლიორი (ფრანგ.)

  1. სპექტაკლში როლის მეორე შემსრულებელი, შემცვლელი მსახიობი.

  2. სპორტული გუნდის არაძირითადი, სათადარიგო შემადგენლობის წევრი.

დუბლირება

  1. ერთნაირი სამუშაოს კეთება ვისამე პარალელურად.

  2. ფილმის სხვა ენაზე გახმოვანება.

დუბლონი (ფრანგ.) - ძველებური ოქროს ფული ესპანეთსა და საფრანგეთში, აგრეთვე შვეიცარიასა და იტალიაში.

დუბნა

  1. ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

  2. დაბა რუსეთის ტულის ოლქში.

  3. მდინარე ვოლგის მარჯვენა შენაკადი.

დუბნო - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.

დუბოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1910-1983 წწ).

დუბოვიაზოვკა - დაბა უკრაინის სუმის ოლქში.

დუბოვკა - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

დუბოვკა ვლადიმირ - ბელორუსი პოეტი (1900-1976 წწ).

დუბოვოე - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.

დუბოვსკი - დაბა რუსეთის მარეთის ავტონომიაში და უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

დუბოვსკი ნიკოლაი - რუსი ფერმწერი, პერედვიჟნიკი (1859-1918 წწ).

დუ ბოისი (დიუბუა) უილიამ ედუარდ ბერკჰარდტ - ამერიკელი ისტორიკოსი, სოციოლოგი, მწერალი (1868-1963 წწ).

დუბონტი (დიუბონტი) - მდინარე კანადაში.

დუბოსარი - ქალაქი მოლდავეთში.

დუბროვიცა (1940 წლამდე დომბროვიცა) - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.

დუბროვკა (ნევსკაია-დუბროვკა) - დაბა რუსეთის სანკტ-პეტერბურგის, კიროვის და ბრიანსკის ოლქებში.

დუბროვნიკი (რაგუზა) - ქალაქი-პორტი ხორვატიაში.

დუბროვნო - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

დუბროვსკი - ა.ს. პუშკინის მოთხრობა და ამავე მოთხრობის მთავარი პერსონაჟი.

დუბურსი (ნამდვილი გვარი არინში) ეკაბს - ლატვიელი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი (1866-1916 წწ).

დუბჩეკი ალექსანდრ - ჩეხოსლოვაკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ ცნობილი მოვლენების დროს, ჩეხოსლოვაკაში რეფორმატორული პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1921-1992 წწ).

დუბჩესი - მდინარე ენისეის მარცხენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დუგდუგი - ამუშავებული მანქანის მონოტონური ხმაური.

დუგი ოტოკი - კუნძული ადრიატიკის ზღვაში.

დუგლასი ფრედერიკ - იხილე დაგლასი.

დუგლასი - კერკ (მამა - დაიბადა 1916 წელს) და მაიკლ (შვილი - დაიბადა 1944 წელს) - ამერიკელი კინომსახიობები (ნამდვილი გვარი დემსკი).

დუგლას-ჰოუმი ალეკ - ინგლისელი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1963-1964 წლებში (1903-1995 წწ).

დუგლუგი - იგივეა, რაც კონდახი.

დუგმა - ლითონის შესაკრავი, ღილ-კილო ერთგვარი.

დუგნა - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

დუგუილანის მოძრაობა - მონღოლი არატების (გლეხების) განმათავისუფლებელი მოძრაობა XIX-XX საუკუნეების ზღვარზე.

დუდა - უკრაინა-ბელორუსიაში გავრცელებული სასულე ინსტრუმენტი.

დუდაევი ჯოჰარ - გენერალ-მაიორი, ჩეჩნეთის (იჩკერიის) პრეზიდენტი 1991-1996 წლებში (1944-1996 წწ).

დუდაითი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დუდაროვა ვერონიკა - რუსი დირიჟორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).

დუდაურები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1110 მეტრი, დუშეთიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 19 კაცი.

დუდინი მიხაილ - რუსი პოეტი (1916-1993 წწ).

დუდინკა - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიაში.

დუდინსკაია ნატალია - რუსი ბალერინა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს).

დუდინცევი ვლადიმირ - რუსი მწერალი (1918 - 1998 წწ).

დუდიპტა - მდინარე პიასინის მარჯვენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიაში.

დუდკა - სლავ ხალხებში გავრცელებული სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი, ფლეიტის ერთგვარი სახესხვაობა.

დუდკო - ფრჩხილის ქვეშ ინფექციის შეჭრით გამოწვეული თითის ანთება და დაჩირქება.

დუდოვი (გერმანული გამოთქმით დუდო) ზლატან - გერმანელი კინორეჟისორი (1903-1963 წწ).

დუდოროვსკი - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

დუდუკი - ჩასაბერი საკრავი, ხის ან ლერწმის მილი, რომელსაც ცხრა თვალი აქვს.

დუდუნი - დაბალი ხმით, დაუნაწევრებელი ბგერების გამოცემა, ყრუ და წყნარი ხმიანობა.

დუდუხანა - ქალის სახელი საქართველოში (დუდუხანა წეროძე).

დუდღუბო - დაბალი მრავალწლოვანი ბალახი, აქვს თხილისოდენა მოწითალო-ნარინჯისფერი წვნიანი ნაყოფი.

დუდღუნი - ცხვირში ლაპარაკი.

დუე ჯულიო - იტალიელი ფაშისტი, სამხედრო თეორიტიკოსი, დივიზიონის გენერალი (1869-1930 წწ.)

დუე - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.

დუელი (ფრანგ.)

  1. ორთაბრძოლა ორ პიროვნებას შორის ერთ-ერთის გამოწვევით, ამა თუ იმ იარაღით და გარკვეული წესების დაცვით.

  2. (გადატანით) ორი დაპირისპირებული მხარის ორთაბრძოლა.

დუელიანტი (დუელისტი) - დუელის მონაწილე.

დუენი მაიკლ - ავსტრიელი სპორტსმენი, მოტომრბოლელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (დაიბადა 1965 წელს).

დუენია (ესპ.) - ესპანეთში:

  1. ხნიერი ქალი, რომელიც მიჩენილი ჰყავდა ახალგაზრდა ქალს და თვალყურს ადევნებდა მის ქცევას.

  2. დიასახლისი, ქალბატონი.

დუერო (პორტუგალიურად „დორუ“) - მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

დუეტი (იტალ.)

1) მუსიკალური ნაწარმოები ორი შემსრულებლისათვის.

2) ნაწარმოების შესრულება ორი პირის მიერ.

დუვანი - კაზაკების სამხედრო ნადავლი.

დუ ვენსიუ (ევროპულ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც სულეიმანი) - იუნანის (ჩინეთი) მუსლიმთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1827-1872 წწ).

დუვრი - ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის დუვრის საგრაფოში, პა-დე-კალის სრუტის ნაპირზე (110 ათასი).

დუვრის სრუტე - იხილე პა-დე-კალე.

დუზაგრამა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: პალდო, წიწმატიანი). ზღვის დონიდან - 470 მეტრი, საგარეჯოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1323 კაცი.

დუზე ელეონორა - იტალიელი მსახიობი ქალი (1858-1924 წწ).

დუთარი - ორსიმიანი ხემიანი საკრავი, რომელიც გავრცელებულია შუა აზიის ხალხთა შორის.

დუთმა - ყვითელი ფერის ნესვი ერთგვარი.

დუ-იაქი (სპარს.) - ნარდის თამაშში ორიანი და ერთიანი.

დუილიუსი გაიუს - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი (ძვ.წ.აღ. III ს).

დუიმი (ჰოლანდ.) - ინგლისურენოვან სამყაროში და ზოგ სხვა ქვეყანაში გავრცელებული სიგრძის საზომი, უდრის 2,54 სანტიმეტრს.

დუისბურგი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (540 ათასი).

დუისბურგი თეო ვან (ნამდვილი სახელი და გვარი კრისტიან კიუპერი) - ნიდერლანდელი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1883-1931 წწ).

დუისი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (სოფელი წინუბანი). ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ახმეტიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4103 ადამიანი.

დუ იუი - ჩინურ მითოლოგიაში - გმირი მონადირე, რომელმაც დაამარცხა დრაკონი და ქვეყანა წარღვნას გადაარჩინა.

დუკა - ბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით 1400 - 1470 წწ).

დუკა ანდრონიკ - ბიზანტიელი მხედართმთავარი (გარდაიცვალა დაახლოებით 910 წელს).

დუ-კანი - ჩინურ მითოლოგიაში - მეღვინეობის ღვთაება.

დუკატი

  1. (იტალ.) - XII-XIX საუკუნეების ვერცხლის, შემდეგ ოქროს (3,4 გ) მონეტა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

  2. დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

დუკები - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (XI-XII საუკუნეები).

დუკერი - იხილე დიუკერი.

დუკი-დი-კაშიასი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში.

დუკუ (დულკუგი) - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - ღმერთების საცხოვრებელი.

დულბეკო რენატო - ამერიკელი ვირუსოლოგი, წარმოშობით იტალიელი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ. ბალტიმორთან და ჰ.მ. ტემინთან ერთად (დაიბადა 1914 წელს).

დულგალახი - მდინარე იანის მარცხენა მდგენელი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დულებები - აღმოსავლელ სლავთა ტომები, რომლებიც VII-X საუკუნეების პერიოდში ცხოვრობდნენ დასავლეთ ვოლინის ტერიტორიაზე.

დულესი (Dulles) - ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტი.

დულიაპინო - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.

დულიტლი ჰილდა - ამერიკელი პოეტი ქალი (1886-1961 წწ).

დულიტლი ელიზა - მთავარი პერსონაჟი ბერნარდ შოუს პიესისა „პიგმალიონი“.

დულუზაურები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, თიანეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 101 კაცი.

დულუთი - ქალაქი აშშ-ს მინესოტას შტატში.

დულცინეა (ტობოსელი) - ხუმრობით ან ირონიით ითქმის ვისიმე სატრფოზე. ეს არის სახელი, რომელიც შეარქვა სერვანტესის რომანის მთავარმა გმირმა დონ კიხოტ ლამანჩელმა თავის სათაყვანებელ ქალს, გლეხის გოგო ალდონსას.

დულციფიკაცია (ლათ.) - გატკბილება.

დუმა - ცხვრის დიდი, ქონიანი კუდი.

დუმა (რუს.)

  1. რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო (პარლამენტი).

  2. უკრაინული ხალხური სიმღერის სახეობა.

დუმალა - მდინარე იმერეთის მაღლობზე (საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები), ძირულის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე. სიგრძე - 38 კილომეტრი, აუზის ფართობი - 124 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,70 კუბ.მ/ წმ.

დუმანი - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული XIII-XIV საუკუნეებში მონღოლეთსა და მათს მიერ დაპყრობილ ქვეყნებში. აღნიშნავდა ტერიტორიას, სადაც 10 000 მოლაშქრის შეკრება შეიძლებოდა.

დუმასოკო - ქუდიანი სოკო, იხმარება საჭმელად.

დუმასტური - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (ზემო ხალაწნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ახმეტიდან - 24 კილომეტრი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 231 ადამიანი.

დუმაცხო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1560 მეტრი, დუშეთიდან -60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 176 კაცი.

დუმაცხოვი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დუმბაძე იაკობ - იხილე იაკობ შემოქმედელი.

დუმბაძე მამია - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1915 წელს).

დუმბაძე ნინო - მძლეოსანი (ბადროს ტყორცნა). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 50), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1939, 43, 44, 46-50) (1919-1983 წწ).

დუმბაძე ნოდარ - მწერალი (1928-1984 წწ).

დუმბული - ძველ საქართველოში გავრცელებული დასარტყამი საკრავი.

დუმ-დუმი - მსკდომარე ტყვია, რომელიც მეტად მძიმე ჭრილობას იწვევს. სახელი ეწოდა ინდოეთის ქალაქ კალკუტის გარეუბნის მიხედვით, სადაც ინგლისელების დაკვეთით ამზადებდნენ ასეთ ტყვიებს.

დუმერგი გასტონ - საფრანგეთის პრეზიდენტი 1924-1931 წლებში (1863-1937 წწ).

დუმერი პოლ - საფრანგეთის პრეზიდენტი 1931-1932 წლებში (1857-1932 წწ).

დუმიატი (დამიეტა) - ქალაქი ეგვიპტეში, საზღვაო და სამდინარო ნავსადგური მდინარე ნილოსის დელტაში.

დუმილი - ჩუმად ყოფნა.

დუმინიჩი - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

დუმკა

  1. უკრაინული და პოლონური ლირიკული და ლირიკულ-ეპიკური სიმღერების ზოგადი სახელი.

  2. ზოგიერთი საკრავიერი და ვოკალური პიესის ან მუსიკალური ნაწარმოების მონაკვეთის სახელწოდება.

  3. უკრაინის სახელმწიფო აკადემიური საგუნდო კაპელა, დაარსდა 1920 წელს.

დუმ-პალმა - ტროპიკულ აფრიკასა და ინდოეთში გავრცელებული ერთგვარი პალმა.

დუმპერი - ფხვიერი ტვირთის მცირე მანძილზე გადასაზიდი თვითმცლელი მანქანა.

დუმპკარი (ინგლ.) - რკინიგზის თვითსაცლელი ნახევარვაგონი ქვანახშირის, მადნის და მისთანათა გადასაზიდად.

დუ მუ - ჩინელი პოეტი (803-853 წწ).

დუმუზი (დუუზუ, თამუზი) - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - მოკვდავი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი, ქალღმერთ ინანას მეუღლე.

დუმფარა - წყლის მრავალწლოვანი მცენარე.

დუნაევსკი ისააკ - საბჭოთა ეპოქის კომპოზიტორი (1900-1955 წწ).

დუნაევცი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.

დუნაი - ევროპის სიდიდით მეორე (ვოლგის შემდეგ) მდინარე, ერთვის შავ ზღვას (2850 კმ).

დუნაიეცი - მდინარე პოლონეთში.

დუნაის სკოლა - მიმდინარეობა XVI საუკუნის გერმანულ და ავსტრიულ ფერწერაში.

დუნანტული - დუნაისპირა ვაკე უნგრეთში.

დუნაუივაროში - ქალაქი უნგრეთში, პორტი მდინარე დუნაიზე (60 ათასი).

დუნბეი (მანჯურია) - ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის, მანჯურიის, ჩინური სახელი.

დუნბიანდაო - სამთო-სამრეწველო რაიონი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

დუნგანები ჩინეთისა - ჩინელი ხალხის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ცხოვრობენ ნინსის-ხუეისა, სინძიან-უიღურის და განსუს პროვინციებში, აგრეთვე ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

დუნდაგა - დაბა ლატვიაში.

დუნდგო - ადამიანთა ბრბო.

დუნდიჩი ტომა (ოლეკო) - რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგდროინდელი სამოქალაქო ომის გმირი, ეროვნებით ხორვატი (1897-1920 წწ).

დუნდრუხა - იგივეა, რაც დონდროხა.

უნდული - ადამიანის ტანის ქვედა, უკანა ნაწილი.

დუნე

  1. მოშვებული, დაუჭიმავი, ფომფლე.

  2. უსიცოცხლო, სუსტი.

დუნ-ვან-დუნი - ჩინურ მითოლოგიაში - აღმოსავლეთის მბრძანებელი.

დუნთა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის თემის საკრებულო). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 640 მეტრი. საჩხერიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 კაცი. დუნთაში არის მარმარილოს საბადო.

დუნთინხუ - ტბა ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში.

დუნი ეჯიდიო რომუალდო - იტალიელი კომპოზიტორი (1709-1775 წწ).

დუნი - ჩინეთის სამხრეთში მცხოვრები ხალხი.

დუნია

  1. ქვეყანა, ქვეყნიერება.

  2. (გადატანით) ძალიან ბევრი, უამრავი.

დუნიკოვსკი ქსავერი - პოლონელი მოქანდაკე და ფერმწერი (1875-1964 წწ).

დუნინ-მარცინკევიჩი ვიკენტი - ბელორუსი მწერალი (1807-1884 წწ).

დუნიტი (გერმ.) - მაგმური ქანი, რომელიც თითქმის მთლიანად ოლივინისგან შედგება.

დუნკან I - შოტლანდიის მეფე 1034 წლიდან. მოკლულ იქნა მაკბეტის მიერ 1040 წელს ბრძოლის დროს და არა ლოგინში, როგორც ეს შექსპირს აქვს აღწერილი.

დუნკანი (დანკანი) აისედორა - ამერიკელი მოცეკვავე ქალი, მოდერნისტული თავისუფალი პლასტიური ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოეტ სერგეი ესენინის მეუღლე 1921-24 წლებში (1877-1927 წწ).

დუნკანი დევიდ დუგლასი - ამერიკელი ფოტორეპორტიორი (დაიბადა 1916 წელს).

დუნკანი - სახელი გემისა, რომლითაც დაეძებდნენ კაპიტან გრანტის კვალს ჟიულ ვერნის ცნობილი რომანის გმირები.

დუნლინი - ნეოკონფუციანელთა ფილოსოფიური სკოლა XVI-XVII საუკუნეებში.

დუნსიანი - ჩინეთში, განსუს პროვინციაში მცხოვრები ხალხი, რუსეთში ცნობილი იყვნენ შირინგოლ-მონღოლთა სახელით.

დუნს სკოტი - იხილე იოანე დუნს სკოტუსი.

დუნსტი (გერმ.)

  1. ხორბლის ფქვის შუალედური პროდუქტი (ფქვილზე მსხვილი და ბურღულზე წვრილი).

  2. ყველაზე წვრილი კალიბრის საფანტი.

დუნტინხუ - ტბა ჩინეთში.

დუნფან შო - ჩინურ დაოსურ მითოლოგიაში - ოქრო-ვერცხლის მკვეთელთა, ხელოსანთა მფარველი ღვთაება.

დუნუსი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

დუნშა (დუნშაციუნდაო, პრატასი) - კუნძული სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში.

დუნძიანი - მდინარე ჩინეთში.

დუნ-ძიუნი - ჩინურ მითოლოგიაში - ცისკრის ღვთაება. წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც ეტლით მავალი ჭაბუკი.

დუნძიანჩენი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

დუნხაი - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ჩინური სახელწოდება.

დუნხუანი (ტუნხუანი) - ქალაქი ჩინეთის განსუს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.

დუნჯინი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

დუნ ჯუნშუ - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. II საუკუნე).

დუოდენალური (ლათ.) - თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული.

დუოდეციმა (ლათ.)

  1. მუსიკალური გამის მე-12 საფეხური.

  2. ინტერვალი პირველსა და მე-12 საფეხურს შორის.

დუოდეციმალური - სისტემა, რომლის მიხედვითაც ყოველი უმაღლესი ერთეული შედგება 12 უდაბლესი ერთეულისგან.

დუოდონასტო - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

დუოლი - მუსიკაში ორნაწილიანი რიტმული ფიგურა, რომელიც იხმარება მარტივ სამნაწილიან ან სამნაწილიანობის შემცველ ტექსტში.

დუოპოლია (ლათ.) - მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც არსებობს გარკვეული საქონლის მხოლოდ ორი მიმწოდებელი და მათ შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასების და სხვის შესახებ (შეადარეთ ოლიგოპოლიას).

დუპლეტი (ფრანგ.)

  1. ბილიარდის თამაშში ერთი ბურთის მირტყმა მეორეზე ისე, რომ ეს მეორე მოხვდეს ბორტს და იქიდან ასხლეტილი ჩავარდეს ლუზაში.

  2. იგივეა, რაც დუბლეტი (მნიშვნელობა 3).

დუპლექსი (ლათ.) - დეპეშების გაგზავნის ხერხი ერთი და იმავე ხაზით ორი საწინააღმდეგო მიმართულებით.

დუპლი ივანე - გვარდიის ზემდეგი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ქუთაისის მკვიდრი (დაიბადა 1919 წელს).

დუპლიკაცია - ქრომოსომის ისეთი ცვლილება, როცა მისი ერთ-ერთი უბანი ხაზობრივად ორჯერ ან მეტჯერ მეორდება.

დუჟი - ქაფად გადმოსული ნერწყვი.

დუჟიანისებრნი - მწერების ოჯახი თანაბარფრთიანისნაირთა რიგისა.

დუჟინი (რუს.) - თორმეტი ცალი ერთგვარი საგანი.

დურა

  1. ცხვრის ტყავისაგან შეკერილი წამოსასხამი, რომელსაც ბეწვი შიგნით აქვს მოქცეული.

  2. მაჟორული წყობა მუსიკაში.

დურა და დურო - სორგოს ნაირსახეობა.

დურა-ევროპოსი - ქალაქი შუა ევფრატზე. დააარსა მეფე სელევკ I-მა ძვ.წ.აღ. 300 წელს.

დურალუმინი (დიურალი, დიურალუმინი) - ალუმინის სპილენძთან შენადნობი, რომელსაც ურევია ცოტაოდენი მანგანუმი, მაგნიუმი, კრემნიუმი, რკინა. დიდი გამოყენება აქვს ავიამშენებლობაში. სახელი ეწოდა გერმანიის ქალაქ Dურენ-ს მიხედვით, სადაც პირველად მოხდა ალუმინის შენადნობის მიღება.

დურანგო - ქალაქი მექსიკაში, ამავე სახელწოდების შტატის ცენტრი (350 ათასი).

დურანდი გილელმ - შუა საუკუნეების კანონისტი და ლიტურგისტი, ეპისკოპოსი (1230-1296 წწ).

დურანი - ავღანურ ტომთა დიდი ჯგუფი, ბინადრობენ სამხრეთ ავღანეთსა და პაკისტანში.

დურანის სახელმწიფო - ავღანეთის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო XVIII-XIX საუკუნეებში, წარმოიშვა ნადირ-შაჰის იმპერიის დაშლის შემდეგ.

დურასი ოლდრჟიხ - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1882-1957 წწ).

დურაღი - ავადმყოფობა, რომელიც ზამთარში დამზრალ ცხვარს ზაფხულში გამოაჩნდება.

დურაყი - წლის ჯიხვი (საბა).

დურაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

დურაჯი - მცირე ზომის ლამაზი გარეული ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა.

დურბანი (პორტ-ნატალი) - ქალაქი-პორტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში.

დურბარი

1) შუა საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მეფის კართან არსებული დიდგვაროვანთა სათათბირო.

2) საზეიმო მიღება მეფის კარზე.

დურბე (დურბესი)

  1. მდინარე საკის ერთ-ერთი მდგენელი ლატვიაში.

  2. ტბა ლატვიაში.

  3. ქალაქი ლატვიაში (1917 წლამდე დურბენი).

დურბექი - უზბეკი პოეტი (XIV-XV საუკუნეები).

დურბინი დინა (ნამდვილი სახელი და გვარი ედნა მეი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1921 წელს).

დურბინდი (სპარსულად „დურ“- შორს და „ბინ“- ხედვა) - ხელში დასაჭერი ორმილიანი ოპტიკური ხელსაწყო შორი საგნების კარგად დასანახად.

დურგა - ინდუისტურ მითოლოგიაში - სასტიკი ქალღმერთი, დედა-ღვთაება, ღმერთ შივას მეუღლე. ითხოვს სისხლიან მსხვერპლშეწირვას.

დურგალი

  1. ხის ავეჯის მკეთებელი ხელოსანი.

  2. იგივეა, რაც ხურო.

დურგაპური - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში (250 ათასი).

დურგ-ბჰილანაგარი - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში.

დურგე-ნური - იხილე დურო-ნური.

დურდი-გილიჩი - თურქმენი პოეტი, სახალხო მთქმელი (1886-1950 წწ).

დურდიევი ათა - თურქმენი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1981 წწ).

დურდო

  1. ღვინის დანალექი.

  2. წამხდარი ყურძენი (საბა).

დურემარი - წურბელებით მოვაჭრე პერსონაჟი ალექსანდრე ტოლსტოის ზღაპრისა „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი“.

დურესი - ქალაქი ალბანეთში, ქვეყნის მთავარი პორტი.

დურვასასი - ინდუისტურ მითოლოგიაში - ბრძენი, განდეგილი, რომელიც რელიგიური წეს-კანონების დაუცველობისათვის სჯის ხალხს.

დურიანი პეტროს - სომეხი პოეტი და დრამატურგი, ცხოვრობდა თურქეთში (1852-1872 წწ).

დურიო - დიდი ზომის (45 მეტრამდე) მარადმწვანე ხე, ბაობაბისებრთა ოჯახისა.

დურიოდხანა - ინდუისტურ მითოლოგიაში - გმირი, „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი.

დურისი - ბერძენი ლარნაკმწერი (ძვ.წ.აღ. V საუკუნის პირველი მესამედი).

დურიფში - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

დურმიტორი - მთიანი მასივი იუგოსლავიაში.

დურმიშიძე სერგი - ბიოქიმიკოსი, ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, აკადემიკოსი (დაიბადა 1910 წელს).

დურმიშხანი - დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის „ პერსონაჟი.

დურნუკები - იხილე ვაინახები.

დურნუკი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, დიდი დურნუკის და პატარა დურნუკის გავრცელებული სახელწოდება.

დურო (ესპ.) - ძველებური ესპანური ვერცხლის ფული.

დუროვა ნადეჟდა - პირველი ოფიცერი ქალი რუსეთში, როტმისტრი, მწერალი (1783-1866 წწ).

დუროვები ანატოლი (1864-1916 წწ), ვლადიმირ (1909-1972 წწ), იური (1909-1971), ნატალია (დაიბადა 1934 წელს) - ცირკის რუს მსახიობთა, ჯამბაზ-მომთვინიერებელთა დინასტია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები.

დუროვი ლევ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს.

დუროვი სერგეი - რუსი პოეტი (1816-1869 წწ).

დუროკორტორიუმი - საფრანგეთის ქალაქ რეიმსის ძველი სახელი.

დურო-ნური (დურგე-ნური) - ტბა მონღოლეთში.

დურუ - ქართული მხატვრული ფილმი, კრიმინალური. ეკრანებზე გამოვიდა 1994 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ბესარიონ გიორგობიანი და მერაბ სვირავა. სცენარის ავტორები - ვალერიან ჯინჭარაძე, ზაურ კალანდია, გიგა ლიპარტელიანი, მერაბ სვირავა. დამდგმელი ოპერატორები - კახა ჭელიძე, დავით გოგილაშვილი. მთავარ როლებში: ამირან II ამირანაშვილი, ალექსანდრე მახარაძე, დავით (ჯაპანა) ხურცილავა, შოთა სხირტლაძე.

დურუტი ბუენავენტურა - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1936 წწ).

დურუჯი

  1. მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

  2. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობთა კორპორაცია, შეიქმნა 1924 წელს, მიზნად ისახავდა თეატრის შემოქმედებითი და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლას.

  3. კორპორაცია „დურუჯის“ ერთდროული ჟურნალი, გამოვიდა 1926 წლის 19 იანვარს.

დურღენა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

დურუკული - იხილე მირიკინი.

დურღენი - ბუჩქბალახა ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.

დურ-შარუქინი - ძველი ასურული ქალაქი (ახლანდელი ნაქალაქარი, ხორსაბადი - ერაყი), ააგეს ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში.

დურძუკები (ძურძუკები, ურძუკები, დროზკიტები) - თანამედროვე ვაინახთა წინაპრების საერთო სახელწოდება.

დურძუკეთი (ძურძუკეთი) - დურძუკებით დასახლებული მხარე კავკასიის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო კალთებზე.

დუსე ჟაკ - ფრანგი მოდელიორი, მფლობელი და ხელმძღვანელი ქალის სამოსის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფირმისა პარიზში (1845-1929 წწ).

დუსე-ალინი - ქედი რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში, ბურეის ქედის ჩრდლოეთ ნაწილში.

დუსენი - ტანდაბალი ვაშლის სახეობა, რომელსაც იყენებენ საძირედ.

დუსეტოსი (1917 წლამდე დუსიატი) - ქალაქი ლიტვაში.

დუსთი - დაბა ტაჯიკეთის ყურღანთეფეს ოლქში.

დუსთლიკი - ქალაქი უზბეკეთის ჯიზახის ოლქში.

დუტოვი ალექსანდრ - რუსი გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული ფორმირების მეთაური კასპიისპირეთში (1879-1921 წწ).

დუტუ მეგრელი - იხილე მეგრელი დუტუ.

დუუმვირატი (დუოვირები) - ორი უმაღლესი თანამდებობის პირი რომის იმპერიის მუნიციპიუმებსა და კოლონიებში. ისეთივე ძალაუფლება ჰქონდათ, როგორც რომში კონსულებს.

დუუნი ულავ - ნორვეგიელი მწერალი (1876-1939 წწ).

დუ ფუ (ტუ ფუ) - ჩინელი პოეტი (712-770 წწ).

დუქანი (სპარს.) - პატარა სავაჭრო ობიექტი ან სასადილო საქართველოში ძველად.

დუქარდი (სპარსულად „დუ“- ორი, „ქარდ“ - დანა) - ცხვრის გასაპარსი დიდი მაკრატელი.

დუქტილომეტრი (ლათ.) - ხელსაწყო ნახევრად მაგარი მასალების (ასფალტის, ფისის) წევადობის (სიბლანტის) გასაზომად.

დუქშტასი (1917 წლამდე დუქშტი) - ქალაქი ლიტვაში.

დუღაბი - ცემენტის და სხვა შემკვრელი ნივთიერებების წყალთან შერევით მიღებული სქელი მასა.

დუღაშვილი ნუნუ (ნინო) - კომპოზიტორი და მომღერალი (დაიბადა 1934 წელს).

დუღილი

  1. ძლიერი გაცხელებისაგან აორთქლება და ამოძრავება (სითხისა).

  2. ბიოქიმიური პროცესი, როდესაც ორგანული ნივთიერებები იშლება.

დუყი - ახლად გამოტანილი ყლორტი (ჩვეულებრივ ჩაის ბუჩქისა).

დუშანბე (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ორშაბათს“, 1929-61 წლებში - სტალინაბადი) - აზიის სახელმწიფო ტაჯიკეთის დედაქალაქი (600 ათასი).

დუშაქი - დაბა თურქმენეთის აშხაბადის ოლქში.

დუშაყი - ცხენის ფეხების დასაბორკი თოკი ან ბორკილი.

დუშაში - იხილე დუშეში.

დუშეთი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კილომეტრ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან - 50 კილომეტრი. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII საუკუნეში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა ნუგზარ ერისთავის სასახლე. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. 2002 წლის აღწერის მიხედვით დუშეთში ცხოვრობს 4 600 კაცი.

დუშეთის მაზრა - რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი; მოიცავდა თანამედროვე დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტი

    • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თბილისის ჩრდილო-დასავლეთით.

    • 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-28 წლებში დუშეთის მაზრაა, 1928-30 წლებში თფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლის ოქტომბრიდან დამოუკიდებელი რაიონია.

    • მუნიციპალიტეტი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებს, აგრეთვე შიდა ქართლის ვაკის პერიფერიებს, მისი ტერიტორია ძირითადად მაღალ მთებს უკავია, მათ შორის კავკასიონის წყალგამყოფ ქედს, მხოლოდ უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არის ბორცვიანი მთისწინეთი და ვაკეები.

    • აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტის და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - მცხეთის, ხოლო დასავლეთით ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილო-დასავლეთით ესზაღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ჩრდილოეთით კი - რუსეთის ფედერაციას.

    • ფართობი 2985 კვ.კმ.

    • მოსახლეობა - 34 ათასამდე.

    • სიმჭიდროვე - 11 კაცი კვ.კმ-ზე.

    • მოსახლეობის 94,6% ქართველია, 4,8% - ოსი, 0,2% - რუსი, 0,1% - სომეხი, 0,1% -აფხაზი.

    • მუნიციპალიტეტში 79 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 47 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (სოფელი ჩარგალი), გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმი (სოფელი ოძისი)

დასახლებული პუნქტები:

      1. ქალაქი - დუშეთი.

      2. დაბა - ჟინვალი, ფასანაური.

- 288 სოფელი: აბანოსხევი, ავენისი, ათნოხი, აკუშო, ამღა, ანანური, ანდაქი, არაგვისპირი, არანისი, არახვეთი, არბაჩხანი, არბოეთი, არდოტი, არღუნი, არჭილო, ატაბე, აფშო, აყნელი, აჭე, ახადი, ახალი ბურღული, ახალაანი, ახალი კადოეთი, ახალი ოსები, ახალი ტონჩა, ახალციხე, ახატანი, ახიელი, ბაგა, ბაზალეთი, ბაკურხევი, ბანცურთკარი, ბანცური, ბარისახო, ბაქაქურები, ბაცალიგო, ბახანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, ბეტისჩრდილი, ბზიკურთკარი, ბინდაურთა, ბისო, ბიჩნიგაური, ბლო, ბოდავი, ბოდორნა, ბოსელი, ბოქჩვილო, ბულაჩაური, ბურსაჭირი, ბუჩაანი, ბუჩუკურთა, გამსი, გველეთი, გვიდაქე, გიორგწმინდა, გოგნაური, გოგოლაურთა, გომეწარი, გრიგოლაანთკარი, გუდანი, გუდარახი, გუდრუხი, დავათი, დავითურნი, დათვისი, დგნალი, დიდებანი, დიხჩო, დოლასქედი, დოლოშა, დუდაურები, დუმაცხო, ებნისი, ეთვალისი, ვარსიმაანი, ვარცლა, ვაშლობი, ველთაურთკარი, ვეშაგურნი, ვეძათხევი, ზანდუკი, ზაქათკარი, ზეისტეჩო, ზემო ამირნი, ზემო კოდისწყარო, ზემო მლეთა, ზემოუბანი, ზემო ღარისწყალა, ზემო შუახევი, ზემო ხორხი, ზენუბანი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, თანიანთკარი, თვალივი, თოთიაურნი, თორელაანი, თხილიანა, თხილოვანი, ილტოზა, ინო, იორი, იუხო, კადოეთი, კაიშაურნი, კანატია, კარწაულთა, კაწალხევი, კენჭაკლდე, კიტოხი, კორშა, კოშკასყელი, კუჭეჭა, ლაზვიანი, ლაკათხევი, ლამოვანი, ლაუშა, ლაფანაანთკარი, ლუთხუბი, მათურა, მანასეური, მაქართა, მაღაროსკარი, მაღრაანი, მაღრანი, მგლიანი, მეზვრიანთკარი, მენესო, მენესო, მეჯილაურნი, მიგრიაულები, მიგრიაულთა, მილისწყარო, მიქელიანი, მლაშე, მოწმაო, მუგუდა, მუქო, მუღურე, მუცო, მწითურები, მჭადიჯვარი, მჭედლიანთკარი, ნაგლიანთკარი, ნადიბაანი, ნანიანი, ნაღვარევი, ნეძიხი, ნოჯა, ნოჯიკეთი, ოქრუაანი, ოძისი, ოხერხევი, პავლეური, პეტრიანი, პირმისაანი, ჟინვალა, ჟოჟონი, როშკა, საკერპო, საკრამულო, სალაჯური, საქერე, საშაბურო, საშევარდნო, საჩალისჭალა, საცხავატლო, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, სიჯანანი, სოდევე, სონდა, სონდისველა, სონჩო, სწროფავი, ტონჩა, უბანი, უბანი, უკანამხარი, უკანაფშავი, უკანახო, უკანხადუ, უნდილაანთკარი, უფურეთი, უშარნი, უძილაურთა, ფახვიჯი, ფიჭვიანი, ფრიდონაანთკარი, ფუძნარი, ფხუნდავი, ქალილო, ქარაულები, ქარქუშაანი, ქედელობა, ქერანა, ქერიაანთკარი, ქვემო არანისი, ქვემო აში, ქვემო კოდისწყარო, ქვემო მლეთა, ქვემო ღარისწყალა, ქვემო შუახევი, ქვემო ხორხი, ქვეშეთი, ქვითკირისწყარო, ქისტანი, ქმოსტი, ქობულო, ქოროღო, ქუბრიანთკარი, ღელისვაკე, ღული, ყარსიმაანთკარი, ყვავილი, ყველანი, შალიკაანთკარი, შარახევი, შარმიანი, შატილი, შუაფხო, ჩადისციხე, ჩანადირთკარი, ჩარგალი, ჩინთი, ჩირდილელიანთკარი, ჩირდილი, ჩირიკი, ჩიტაურები, ჩობალაურნი, ჩოხელნი, ჩოხი, ჩუბინიანთკარი, ჩხუბა, ცაბაურთა, ციგრიანთკარი, ცივწყარო, ციხევდავი, ციხიანი, ციხისძირი, ციხისსოფელი, ციხისუბანი, ცხვედიეთი, ძეძეურთა, ძველი ბურღული, ძველი ოსები, ძველი საკრამულო, წითელი კლდე, წითელსოფელი, წინამხარი, წინამხარი, წინკობანი, წინხადუ, წიფორი, წიფრანი, წიწამურა, წკერე, ჭალისოფელი, ჭალისოფელი, ჭართალი, ჭაშა, ჭიე, ჭივილაანები, ჭიკანი, ჭილურტი, ჭიმღა, ჭიჩო, ჭონტილი, ჭოპორტი, ჭორმეშავი, ხარტიშო, ხარხეთი, ხახაბო, ხახმატი, ხევშა, ხეობა, ხიზნები, ხილიანა, ხირაუშა, ხომი, ხონისჭალა, ხოშარა, ჯავახიანთკარი, ჯაღმიანი, ჯუღისი. (ჩამოთვლილთა შორის 17 დაუსახლებელი სოფელია: არბაჩხანი, ბეტისჩრდილი, გველეთი, მაღრაანი, ოხერხევი, საკერპო, საქერე, სონჩო, ტონჩა, უბანი, უკანხადუ, უფურეთი, კისტანი, ქმოსტი, ჩადისციხე, ჩხუბა, ძეძეურთა ).

- ტორიული ძეგლები: ქოროღოს ეკლესია და კოშკი (X საუკუნე), ანანურის გვიანფეოდალური ხანის ციხე და ტაძარი, ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნე), ბოდორნის ეკლესია (XVIII ს I ნახევარი), მჭადიჯვრის ეკლესია და ციხე (XVII-XVIII სს).

დუშეთისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარჯვენა შენაკადი.

დუშეში (სპარს.) - ნარდის თამაშში წყვილი ექვსიანი.

დუშკინი ალექსი - საბჭოთა ეპოქის რუსი არქიტექტორი (1903-1977 წწ).

დუშმანი (სპარს.) - მტერი.

დუშნიკი-ზდრუი - ბალნეოლოგიური კურორტი პოლონეთში, ქალაქი ვალბჟიხის მახლობლად.

დუჩე (იტალ.) - იტალიელი ფაშისტების მეთაურის, ბენიტო მუსოლინის მეტსახელი.

დუჩენტო და დუეჩენტო (იტალ.) - იტალიის კულტურის ისტორიაში სახელწოდება მე-13 საუკუნისა, ანუ იმ პერიოდისა, რომელმაც რენესანსის ეპოქა მოამზადა.

დუჩიჩი იოვან - სერბი პოეტი (1874-1943 წწ).

დუჩო დი ბუონინსენია - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1255-1319 წწ).

დუცი - მთის მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა.

დუცხუნი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ყუმურის თემის საკრებულო), მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, მდინარე ყუმურის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ვანიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 ადამიანი.

დუ ძინფანი - ჩინელი მსახიობი ქალი, პეკინის მუსიკალური დრამის ჟანრის (ძინსი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი (დაიბადა 1933 წ).

დუხობორები - ქრისტიანული ეკლესიის უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადასახლდნენ კანადაში.

დუხობორიე - ჯავახეთის რუსული სახელი მას შემდეგ, რაც იქ 1841 წელს დუხობორები ჩასახლდნენ.

დუხოვი ნიკოლაი - მძიმე ტანკების რუსი კონსტრუქტორი, გენერალ-ლეიტენანტი (1904-1964 წწ).

დუხოვნიცკოე - დაბა რუსეთის სარატოვის ოლქში.

დუხოვშჩინა - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

დუხონინი ნიკოლაი - რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე (1876-1917 წწ).

დუხჭირი - ძნელი, აუტანელი, ტანჯვით სავსე.