The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ჩა
დოკუმენტის ნახვა ჩბ
დოკუმენტის ნახვა ჩე
დოკუმენტის ნახვა ჩვ
დოკუმენტის ნახვა ჩი
დოკუმენტის ნახვა ჩკ
დოკუმენტის ნახვა ჩლ
დოკუმენტის ნახვა ჩმ
დოკუმენტის ნახვა ჩნ
დოკუმენტის ნახვა ჩო
დოკუმენტის ნახვა ჩრ
დოკუმენტის ნახვა ჩუ
დოკუმენტის ნახვა ჩქ
დოკუმენტის ნახვა ჩხ

ჩი

 

ჩია - პატარა ტანისა; დაბალი და გამხდარი.

ჩიავონა - იტალიური ცივი იარაღი.

ჩიანგმაი (ჩიენგმაი)

1) შუა საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო ახლანდელი ტაილანდის ტერიტორიაზე.

2) ქალაქი ჩრდილოეთის ტაილანდში (160 ათასი).

ჩიანო გალეაცო - იხილე ჩანო გ.

ჩიაპასი - შტატი მექსიკაში.

ჩიაპკიალიაი - ნაკრძალი ლიტვაში, დაარსებულია 1975 წელს.

ჩიბათი - სოფლების ზემო ჩიბათისა და ქვემო ჩიბათის გავრცელებული სახელწოდება (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

ჩიბისრუ - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჭანჭახის მარცხენა შენაკადი.

ჩიბჟღარა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე (2120 მეტრი).

ჩიბურდანიძე მაია - მოჭადრაკე, მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი ქალთა შორის. ჩემპიონობა მოიპოვა 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილის დამარცხებით (8,5:6,5) და შემდეგ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1981 წელს - ნანა ალექსანდრიასთან (8:8), 1984-ში ირინა ლევიტინასთან (8:5), 1986-ში ელენა ახმილოვსკაიასთან (8,5:5,5) და 1988-ში - ნანა იოსელიანთან (8,5:7,5) მატჩებში. ტიტული დათმო 1991 წელს ჩინელ სე ცზიუნთან (6,5:8,5). საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და კაცთა შორის (1984). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების შვიდგზის ჩემპიონი (1978, 80, 82, 84, 86 - სსრკ ნაკრებში; 1992, 94 - საქართველოს ნაკრებში), სამგზის მეორე (1988, 90, 2002) და მესამე (1998) პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1997), სსრკ ჩემპიონი (1977) (დაიბადა 1961 წელს).

ჩიბუხა (ბეკასი) - ჭაობის პირას მობინადრე ფრინველია ერთგვარი

ჩიბუხი (თურქ.) - თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა - პატარა ჩაღრმავებული ჭურჭელი, რომელსაც ყუნწში გაკეთებული აქვს ღრუ ტარი პირში ჩასადებად.

ჩიგირინი - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

ჩიგლაურთა - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჩიგოიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჩიგორინი მიხეილ - რუსი მოჭადრაკე, ჭადრაკის თეორიტიკოსი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (1850-1908 წწ).

ჩიგრიფში

1) მდინარე გაგრის შემოგარენში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

ჩიგუელი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ესექსის საგრაფოში (ინგლისი).

ჩიეე - შეძახილი ცხვრის ან თხის გასარეკად.

ჩიენგმაი - იხილე ჩიანგმაი.

ჩივაძე ალექსანდრე - ფეხბურთელი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1974-87). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი (26 - კაპიტნად, 3 გოლი). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 323 მატჩი (44 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1976 გაზაფხული და შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980). „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში დაიკავა მე-8 ადგილი (1981). იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03) (დაიბადა 1955 წელს).

ჩივერი ჯონ - ამერიკელი მწერალი (1912-1982 წწ).

ჩივთქილისა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩივილი

1) საყვედურის, უკმაყოფილების გამოთქმა სიტყვიერად (რაიმე უსიამოვნების, ტკივილის და მისთანების გამო).

2) საჩივრის შეტანა (სასამართლოში...).

ჩივილიხინი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1928-1984 წწ).

ჩივიტავეკია - ქალაქი იტალიაში, ლაციოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩიზელი (ჩიზელ-კულტივატორი) - მძიმე კულტივატორი მიწის ღრმად გასაფხვიერებლად.

ჩიზლჰერსტ-ენდ-სიდკაპი - ქალაქი დიდ ბრიტანეთის დიდი ლონდონის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).

ჩითა - ღაზლის სქელი წინდა ორპირად მოქსოვილი.

ჩითახევი

1) მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (1446 მეტრი).

2) მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

3) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ჩითახევჰესი - რკინიგზის ბაქანი ბორჯომბაღ-დვირის გადასარბენზე.

ჩითეული - ბამბის სხვადასხვა ქსოვილი.

ჩითი - ბამბის თხელი, სახეებიანი ქსოვილი.

ჩითილი - სათბურში გამოყვანილი ნერგი ერთ და ორწლოვანი კულტურების თესლიდან.

ჩითილისღელე - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარცხენა შენაკადი.

ჩითმანდილი - ჩითის მანდილი.

ჩითმერდინი - დაჩითული (ჭრელი) მერდინი.

ჩითჩუთი - იგივეა, რაც ჩითეული.

ჩიკა - დაბალი (ჩვეულებრივ სამფეხა) სკამი (იციან ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში).

ჩიკაგო - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში (2,8 მილიონი, გარეუბნებით - 8 მილიონი).

ჩიკანოსი (ჩიკანოები) - მექსიკელები და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მკვიდრნი, რომლებიც საშოვარზე არიან წასული და არალეგალურად ცხოვრობენ აშშ-ში.

ჩიკვაიძე გიორგი - თანემედროვე სპორტის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პირველი ქართველი მსოფლიოს რეკორდსმენი (ძალოსნობაში) 1896-1969 წწ).

ჩიკვაიძე დიმიტრი - საქართველოში ტანვარჯიშის განვითარების ერთ-ერთი მესვეური, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1898-1972 წწ).

ჩიკვაიძე ელენე - ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი (1910-1990 წწ).

ჩიკვაიძე იური - ფერმწერი, სცრნოგრაფი; იხილე სამეული.

ჩიკვილაძე ფარნაოზ - მოჭიდავე (ძიუდო, 80 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1964, 66) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1964). სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში (1941-1966 წწ).

ჩიკინკირა - ქალაქი კოლუმბიის ბოიაკის დეპარტამენტში.

ჩიკლაიო - ქალაქი პერუში, ლამბაეკეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (420 ათასი).

ჩიკოპი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ჩიკორა - პატარა ტანისა (ადამიანზე იტყვიან).

ჩიკორი

1) ქვის ან ხის სათამაშო სამიზნე, რომელსაც სალას ესვრიან.

2) იგივეა, რაც ბზრიალა.

ჩილა - სანთლის გული, ბამბის ნართი პატრუქისათვის (იცოდნენ ფშავში).

ჩილაჩავა რაულ - პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1948 წელს).

ჩილდირი - ტბა თურქეთში.

ჩილდირის ქედი - იხილე ნიალისყურის ქედი.

ჩილე (ჩილეს რესპუბლიკა, ესპან. Repъblica de Chile).

- სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება არგენტინას, ჩრდილოეთით - პერუს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბოლივიას. დასავლეთიდან აკრავს წყნარი ოკეანე.
- დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1810 წლის 18 ოქტომბერი.
- ეროვნული დევიზი - „Por la razуn o la fuerza“ (სამართლით ან ძალით).
- ჰიმნი - „Himno Nacional“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი და დეპუტატთა პალატა).
- ფართობი - 756 950 კვ.კმ.
- დაყოფილია 13 ოლქად.
- მოსახლეობა - 16 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 21 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
- დედაქალაქი - სანტიაგო.
- ვალუტა - ჩილეს პესო.
- ქვეყნის კოდი - CHL.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +56.
- ინტერნეტ-დომენი - cl.

ჩილერი თანსუ - თურქეთის პრემიერ-მინისტრი ქალი 1993-97 წლებში (დაიბადა 1946 წელს).

ჩილეს არქიპელაგი - სამხრეთ ჩილეს გასწვრივ მდებარე კუნძულების საერთო სახელწოდება.

ჩილი ალესანდრო - იტალიის პოლიტიკური აგენტი პოლონეთში, ისტორიკოსი (XVI-XVII სს).

ჩილიანი - ქალაქი ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ნიუბლეს პროვინციაში (160 ათასი).

ჩილიკა - მოკლე და მსხვილი სათამაშო ჯოხი, რომელსაც ორივე ბოლო წათლილი, წაწვრილებული აქვს; რიკი.

ჩილიკა-ჯოხი

1) ჩილიკა და სათამაშო ჯოხი; რიკტაფელა.

2) იგივეა, რაც ჩილიკაობა.

ჩილიკაობა - ჩილიკა-ჯოხის თამაში; ჯოხით ჩილიკას შორს გადაისვრიან, მოწინააღმდგე ცდილობს ჰაერშივე დაიჭიროს ის.

ჩილილაბომბვე - ქალაქი ზამბიაში.

ჩილოე - კუნძული სამხრეთ ჩილეს ნაპირებთან.

ჩილორისღელე - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

ჩილტერნი (ჩილტერნ-ჰილზი) - მაღლობი დიდ ბრიტანეთში.

ჩილუბა ფრედერიკ - ზამბიის პრეზიდენტი 1991 წლიდან (დაიბადა 1943 წელს).

ჩიმაბუე (ნამდვილი სახელი ჩენი დი პენო) - იტალიელი ფერმწერი (1240-1302 წწ).

ჩიმა დე კონელიანო ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ფერმწერი (1459-1517 ან 1518 წწ).

ჩიმაკაძე არჩილ - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

ჩიმაროზა დომენიკო - იტალიელი კომპოზიტორი (1749-1801 წწ).

ჩიმასი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩიმბაი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში (30 ათასი).

ჩიმბორასო - ჩამქრალი ვულკანი ეკვადორში (6267 მეტრი).

ჩიმბოტე - ქალაქი პერუს ანკაშის დეპარტამენტში (300 ათასი).

ჩიმიდი ჩოიჟილინი - მონღოლი მწერალი (1927-1980 წწ).

ჩიმინო მაიკლ - ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1943 წელს).

ჩიმიშკიანი გევორქ - სომეხი მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე; დაიბადა თბილისში (1837-1916 წწ).

ჩიმიშკიანი რაფაელ - ძალოსანი (56, 60 კგ). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი. მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე (დაიბადა 1929 წელს თბილისში).

ჩიმკენთი (1914-24 წლებში ჩერნიაევი) - ქალაქი ყაზახეთში, სამხრეთ-ყაზახეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (410 ათასი).

ჩიმკუზბა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ შტოქედზე.

ჩიმპოი - მოლდავურ-რუმინული სასულე ინსტრუმენტი, სალამურის სახეობა.

ჩინაბი (ქვემო დინებაში ტრიმაბი) - მდინარე ინდოეთსა და პაკისტანში, ერთვის მდინარე სატლეჯს (სიგრძე - 1100 კილომეტრი).

ჩინაზი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

ჩინაკალე - ქალაქი თურქეთში, დარდანელის სრუტის პირას, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ჩინარი (სპარს.) - ალვისხე.

ჩინგოლა - ქალაქი ზამბიაში.

ჩინგიზ-ყაენი (ნამდვილი სახელი თემუჩინი) - ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი, მხედართმთავარი (დაახლოებით 1155-1227 წწ).

ჩინგნი - ვიეტნამის ეროვნული გმირი ქალი (I საუკუნე).

ჩინგო ჟივკო - მაკედონიელი მწერალი (1936-1987 წწ).

ჩინგოლა - ქალაქი ზამბიაში (170 ათასი).

ჩინგუნჟაბი - მონღოლი მთავარი (გარდაიცვალა 1757 წელს).

ჩინგჩაკი - ვიეტნამის ეროვნული გმირი ქალი (I საუკუნე).

ჩინდაკარგული - ვისაც თვალის ჩინი აქვს დაკარგული. || ისეთი (თვალები), რომლებშიც ჩინი აქვთ დაკარგული.

ჩინდიგარხი - ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პენჯაბის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (575 ათასი).

ჩინდრიკი - იგივეა, რაც ჩაქჩაქი.

ჩინდუინი - მდინარე მიანმაში, მდინარე ირავადის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1100 კილომეტრი).

ჩინებული - შესანიშნავი, დიდებული, საუცხოო.

ჩინეთი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩინურად - Zhonghua Renmin Gongheguo)

- სახელმწიფო ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ესაზღვრება 14 ქვეყანას: ავღანეთს, ბჰუტანს, ვიეტნამს, ინდოეთს, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, ლაოსს, მიანმას, მონღოლეთს, ნეპალს, პაკისტანს, რუსეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს,
- დაარსებულია 1949 წლის 1 ოქტომბერს.
- ჰიმნი - მოხალისეთა მარში.
- მმართველობის ფორმა - სოციალისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანო - სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობა.
- სახელმწიფოს მეთაური - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე.
- ფართობი - 9 596 960 კვ.კმ.
- დაყოფილია 22 პროვინციად (ტაივანის გარეშე), 5 ავტონომიურ რაიონად და ცენტრალური დაქვემდებარების 3 ქალაქად.
- მოსახლეობა - 1,322 მილიარდი (2005 წ). მოსახლეობის 80% პროცენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობა - 27%.
- - სიმჭიდროვე - 140 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ჩინური.
- ძირითადი რელიგიები: ბუდიზმი, დაოსიზმი, კონფუციანელობა.
- დედაქალაქი - პეკინი.
- ეროვნული ვალუტა - იუანი.
- ქვეყნის კოდი - CHN.
- დროის სარტყელი - UTC +8.
- სატელეფონო კოდი - +86.
- ინტერნეტ-დომენი - cn.

ჩინეთ-ტიბეტის მთები (სიჩუანის ალპები, ხუანდუანშანი) - მთები ჩინეთში.

ჩინელები (საკუთარი სახელი „ხანი”) - ჩინეთის ძირითადი მოსახლეობა.

ჩინთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, დუშეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 222 კაცი.

ჩინი

1) ქართული ანბანის რიგით ოცდამეექვსე ასო - ჩ-ს სახელწოდება.

2) თვალის ჩინი

3) მხედველობა;

4) იტყვიან ძვირფას, ძალიან საყვარელ ადამიანზე.

5) ზეთისხილის ფოთლის ფერი.

6) ნაციონალური ოლქი მიანმაში.

7) წოდებულება, ხარისხი, ტიტული.

ჩინიანი (ჩინოვანი) - ვისაც რაიმე ჩინი, ხარისხი აქვს.

ჩინიზელი - ცირკის მსახიობები, წარმოშობით იტალიელები, 1869 წლიდან ცხოვრობდნენ რუსეთში.

ჩინიოტი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

ჩინკვეჩენტო (იტალ.) - XVI საუკუნის სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს იტალიური რენესანსის უდიდესი აყვავებისა და კრიზისის პერიოდს.

ჩინოვნიკი (რუს.)

1) ძველ რუსეთში - სახელმწიფო მოხელე.

2) (გადატანით) თანამდებობის პირი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ფორმალურად, უსულგულოდ ასრულებს.

ჩინოვნიკი ელურიე - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1882 წელს).

ჩინოვნიკური - ჩინოვნიკის დამახასიათებელი; უსულგულო, ფორმალური, ბიუროკრატიული.

ჩინოსანი - იგივეა, რაც ჩინიანი.

ჩინური

1) ჩინელების დამახასიათებელი, ჩინელების კუთვნილი, ჩინეთიდან მომდინარე.

2) თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია ქართლში.

ჩინური ენა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძირითადი ენა; მიეკუთვნება სინო-ტიბეტური ენათა ოჯახს. განშტოებულია 7 ძირითადი დიალექტური ფორმით. გაერო-ს ოფიციალური და სამუშაო ენა. ჩინურ ენაზე 1,1 მილიარდი ადამიანი მეტყველებს.

ჩინჩაოტი - მიზეზიანი, შარიანი (ადამიანი).

ჩინჩახვი - იგივეა, რაც ჩიჩახვი.

ჩინჩი

1) ჯანჯლობა (ვაჭრობაში), ღიჯინი.

2) იგივეა, რაც ჩრჩილი.

ჩინჩხალი

1) იგივეა, რაც ნაპერწკალი.

2) წინწკალი, შხეფი (წყლისა).

ჩინხე - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეის კიონსან-ნამდოს პროვინციაში.

ჩინჩხვარი - წვრილი, ხმელი ტოტები, წვრილი ფიჩხი; კიწაწი.

ჩიჯუ - ქალაქი კორეის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში (255 ათასი).

ჩიონგ ტინი (სხვა ტრანსკრიფციით - ტრუონგ შინი) - ვიეტნამის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1907-1990 წწ).

ჩიორა

1) პატარა ჩიტი; ჩიტუნია.

2) სამამლე ვარია.

3) მოფერებით იტყვიან საყვარელ ბავშვზე.

4) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაია. სცენარის ავტორი - გივი (ბესო) ოდიშარია. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია. მთავარ როლებში: ხათუნა ჩაგელიშვილი (მარი), თენგიზ გიორგაძე (ნიკა), გოჩა აფციაური (ჩიორა), ლია ელიავა, თეა გაბუნია, ლია კაპანაძე, ზურაბ ლაფერაძე.

ჩიპები (ინგლ.) - უწვრილესი მიკროკრისტალები.

ჩიპენდეილი ტომას - ინგლისელი ავეჯის ხელოვნების ოსტატი (1718-1779 წწ).

ჩიპენდეილი - ინგლისური ავეჯის სტილი; წარმოადგენს როკოკოს, გოტიკური და ჩინური ხელოვნების მოტივთა კიმბინაციას.

ჩიპიკო ივო - სერბი მწერალი (1869-1923 წწ).

ჩიპრიანი ამილკარე - იტალიელი რევოლუციონერი, სოციალისტი (1844-1918 წწ).

ჩიჟალკა - მდინარე დასავლეთ ციმბირში, მდინარე ვასიუგანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 511 კილომეტრი).

ჩიჟოვი ალექსეი - მსოფლიოს ჩემპიონი ასუჯრიან შაშში 1988-93 წლებში (დაიბადა 1964 წელს).

ჩირაქჩი - ქალაქი უზბეკეთის ყაშყადარიის ოლქში.

ჩირაღდანი (სპარს.)

1) ჯოხი, რომელზედაც ნავთში ამოვლებული ჩვარი ახვევია; ხმარობდნენ გასანათებლად.

2) სანათი, ლამპარი, კანდელი.

ჩირაღი (სპარს.) - იგვეა, რაც კვარი.

ჩირგვი - დაბალი (ნახევარ მეტრამდე) ბუჩქი.

ჩირგვნარი - ჩირგვებით დაფარული ადგილი; ბუჩქნარი.

ჩირდილელიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 940 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 249 კაცი.

ჩირდილი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1350 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

ჩირებონი - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე (245 ათასი).

ჩირთი - ახლადგახსნილი კვირტი.

ჩირი

1) საგანგებოდ გამხმარი ხილი.

2) მდინარე რუსეთში, დონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 317 კილომეტრი).

ჩირიკი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მთიულეთის ქედის ასამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.

2) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ჩირიკი და ჩიკოტელა - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ლევან ხოტივარი და რამაზ (ბუბა) ხოტივარი. სცენარის ავტორი - რეზო ინანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: ჯემალ ღაღანიძე (ჩირიკი), ბადრი ბეგალიშვილი (ჩიკოტელა), ნინო დოლიძე, მარინე თბილელი, ლეილა ძიგრაშვილი, ზურაბ ლაფერაძე, რამაზ ჩხიკვაძე.

ჩირიკისხევი - იხილე ჩირიკი (2).

ჩირიკოვის კუნძული - კუნძული ალასკის ყურეში, ეკუთვნის აშშ-ს.

ჩირინაშვილი გრიგოლ - ფერმწერი (დაიბადა 1918 წელს).

ჩირინი პროკოფი - XVI-XVII საუკუნეების რუსი ფერმწერი.

ჩირისანი (ჩიისანი) - მთის მასივი სამხრეთ კორეაში.

ჩირკოვი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1982 წწ).

ჩიროკები (ჩეროკები) - იროკეზულენოვანი ინდიელი ტომი, ბინადრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში.

ჩირუხისწყალი (მარითისხევი) - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 32 კილომეტრი).

ჩირქგროვა - ჩირქის გამოყოფისა და დაგროვების ადგილი.

ჩირქი (სპარს.) - ცუდი სუნის მქონე სითხე, რომელიც გამოიყოფა ცხოველური ორგანიზმის ქსოვილების ლპობისას, ანთების შედეგად.

ჩირქიანი - რასაც ჩირქი ურევია; რაშიც ჩირქია ჩამდგარი.

ჩირქმოცხებული - სახელგატეხილი, შერცხვენილი.

ჩირქოვანი - ჩირქის შემცველი; ჩირქიანი.

ჩირჩიკი

1) ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში (160 ათასი).

2) მდინარე უზბეკეთში, სირდარიის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 161 კილომეტრი).

ჩისანო ჟოაკიმ ალბერტუ - მოზამბიკის პრეზიდენტი 1986 წლიდან (დაიბადა 1939 წელს).

ჩისტიაკოვი პავლე - რუსი ფერმწერი და პედაგოგი (1832-1919 წწ).

ჩისტოპოლი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (70 ათასი).

ჩიტა - ქალაქი რუსეთის ციმბირულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (310 ათასი).

ჩიტაგონგი - ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,4 მილიონი).

ჩიტავაშლა (Puracantha coccinea) - დაბალი ან საშუალო სიმაღლის ეკლიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა; ისხამს წითელ წვრილ წვნიან ნაყოფს.

ჩიტათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩიტაია გიორგი - ეთნოგრაფი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი (1890-1986 წწ).

ჩიტამსხალი - მსხლის ჯიში; ისხამს მრგვალ წვრილ ნაყოფს; მწიფობისას გული უშავდება.

ჩიტაურები

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

2) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, თიანეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.

ჩიტაურთკარი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების ძველი სახელი.

ჩიტაურებისხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, აძეძის მარჯვენა შენაკადი.

ჩიტაძე შიო - საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი (1873-1906 წწ).

ჩიტბადე - იგივეა, რაც სასირე ბადე.

ჩიტბატონა (ჩარდუელის ცარდუელის) - ჭრელი მგალობელი ჩიტი.

ჩიტი - პატარა გარეული ფრინველების (ბეღურის, მერცხლის, ბულბულის და მისთანების) საერთო სახელი.

ჩიტიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჩიტირეკია - იტყვიან ცელქ, ქარაფშუტა ადამიანზე.

ჩიტისთავა (ჩაგცა) - ბოლქვიანი პატარა მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს; ყვავის ადრე გაზაფხულზე.

ჩიტისთვალა

1) (Asperula) ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ან სოსან ყვავილებს.

2) ნაქსოვის სახე ერთგვარი.

ჩიტისკიბე - მთა, იხილე ოშორა.

ჩიტიფაფა - ვითომცდა ჩიტების მოსამადლიერებლად ყველიერში გაკეთებული ფაფა (იციან კახეთში, ფშავში).

ჩიტიფეტვა (Phalaris canariensis) - მაღალი მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; უხვად შეფოთლილია; მის მარცვალს ფრინველების საკვებად ხმარობენ.

ჩიტიშვილი მანანა - პოეტი (დაიბადა 1954 წელს).

ჩიტიწვივა (Epimedium) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს.

ჩიტლეღვა - გარეული ლეღვი; ისხამს წვრილ შავ ნაყოფს.

ჩიტუნა (ჩიტუნია) - ჩიტი; პაწია ჩიტი.

ჩიუაუა - ქალაქი მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

ჩიურლიონისი მიკალოიუს - ლიტველი ფერმწერი და კომპოზიტორი (1875-1911).

ჩიფსი (ინგლ.) - თხლად დაჭრილი და შემწვარი კარტოფილი.

ჩიფუ (იანტაი) - ქალაქი-პორტი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში.

ჩიფჩიფი - უკბილო ადამიანის გაურკვეველი ლაპარაკი.

ჩიქვანაია გივი - წყალბურთელი, თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1957-67), მოსკოვის „დინამოსა” (1968-74) და სსრკ ნაკრებში (1958-72). 1960 წლის რომისა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1962), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1965, 69) (დაიბადა 1939 წელს).

ჩიქვი (Acerina) - თევზების გვარი ზღვის მორიელისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუპტროპიკულ წყლებში.

ჩიქვილაძე ფარნაოზ - სპორტსმენი (ძიუდო), სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1964 წლის ოლიმპიური თამაშების და 1965 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1941-1966 წწ).

ჩიქვინიძე ნანი - მსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

ჩიქილა - იგივეა, რაც ლეჩაქი.

ჩიქილიანი - ვისაც ჩიქილა (ლეჩაქი) ახურავს.

ჩიქობავა არნოლდ - ენათმეცნიერი, ენათმეცნიერების თეორიტიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ქართული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი (1898-1985 წწ).

ჩიქოვანი ალიკო - არქიტექტორი (1934-1966 წწ).

ჩიქოვანი გრიგოლ - მწერალი (1910-1981 წწ).

ჩიქოვანი ვახტანგ - უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1919-1944 წწ).

ჩიქოვანი (ჩიქვანი) კაცია - იმერეთის სამეფოს ვეზირი ლევან III დადიანის დროს (გარდაიცვალა 1682 წელს).

ჩიქოვანი სიმონ - პოეტი (1902-1966 წწ).

ჩიქორთული - ენის არცოდნის გამო დამახინჯებული მეტყველება.

ჩიქუნეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ჩიღოსწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ჩიყვი - ავადმყოფობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფარისებრი ჩიჩახვისებრი გადიდება.

ჩიშლა - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

ჩიჩახვი - ფრინველის საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი, სადაც საკვები ლბება (კუჭში ჩასვლამდე).

ჩიჩენ-იცა - მაიას ტომების პოლიტიკური და კულტურული ცენტრი (მექსიკა).

ჩიჩერინი გიორგი - მაღალჩინოსანი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, დიპლომატი (1872-1936 წწ).

ჩიჩერონე (იტალ.) - პირი, რომელიც დაჰყვება ტურისტებს და აძლევს მათ ახსნა-განმარტებებს.

ჩიჩერუაკიო (მეტსახელი ანჯელო ბრუნეტი) - იტალიელი რევოლუციონერი (1800-1849 წწ).

ჩიჩვირი

1) ცხენისა და მისთანათა ქვედა ტუჩი.

2) გრძელი ბიბილოსებური წანაზარდი ინდაურის ნისკარტზე.

ჩიჩია

1) ბავშვის ენაზე - ხორცი, საჭმელი.

2) უგერგილო. გლახაკი.

ჩიჩიბაბინი ბორის - რუსი პოეტი (1923-1994 წწ).

ჩიჩილაკი - ჯოხი (მეტწილად თხილისა) ბურბუ-შელასებრი ანათლებით, მორთული ტკბილულითა და ხილით (იციან საახალწლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგ კუთხეში).

ჩიჩინი - ერთისა და იმავეს დაჟინებით ლაპარაკი (რისამე ჩაგონების მიზნით).

ჩიჩისბეი (იტალ.) - XVI-XVIII საუკუნეების იტალიაში დიდგვაროვანი, მდიდარი, გათხოვილი ქალის მუდმივი თანამგზავრი მამაკაცი სეირნობის დროს.

ჩიჩობი

1) წვრილი ჩალის ჭილობი.

2) სქელი უხეში ქსოვილი.

ჩიჩქი - სულ მცირე რამ; ერთი ბეწვა, ერთი ციცქნა, პაწაწინა ნაჭერი (ხორცისა).

ჩიჩხი - ღია ჭრელი (თვალები).

ჩიჩხინი - იგივეა, რაც ჩუჩხური.

ჩიხა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჩიხის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 520 მეტრი საჩხერიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2137 კაცი. IX საუკუნეში აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფემ გიორგი I-მა ჩიხაში მიუჩინა რეზიდენცია ერისთავს, რომელსაც ქართლის გამგებლობა ევალებოდა.

ჩიხარეში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ჩიხი

1) პატარა ქუჩა, რომელიც ბოლოში ჩაკეტილია და გასასვლელი არ აქვს.

2) რკინიგზის ხაზი (უპირატესად სადგურში), რომელიც სხვა ხაზებს მხოლოდ ერთო ბოლოთი უერთდება.

ჩიხირთმა - ქათმის ან ცხვრის ხორცის წვნიანი, შეზავებული და ათქვეფილი კვერცხით, ფქვილით, ხახვითა და ძმრით.

ჩიხლაძე მიხეილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1902-1973 წწ).

ჩიხლაძე შალვა - მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (87 კგ). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, სსრკ-ს ოთხგზის ჩემპიონი (1936, 46, 49, 50). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1912-1997 წწ).

ჩიხოლა - ქალის გრძელი დაბამბული ახალუხი.

ჩიხორი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის აუზი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, თერჯოლიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 512 ადამიანი. 1737 წელს შედგენილ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია როგორც „ჩიხორი - ქალაქი და საყდარი”. სოფელში მდინარე ძუსაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხიდის ნანგრევები.

ჩიხორისი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X საუკუნის ეკლესია ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ჩიხრიხი (თურქ.) - მოწყობილობა ბამბის კურკის გამოსარჩევად.

ჩიხტი (ჩიხტა) - ქართველი ქალის თავსაბურავის ნაწილი - თავზე დასადები ბრტყელი რკალი, რომელზედაც თავსაკრავია გადაკრული.

ჩიხტიკოპი (ჩიხტაკოპი) - ჩიხტი (ჩიხტა) და კოპი.

ჩიხუახუა - დეკორატიული მინიატურული ძაღლების ჯიში.

ჩიხურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2042 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 20 კილომეტრი, აუზის ფართობი - 81 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,2 კუბ.მ/წმ.