The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0005უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა კა
დოკუმენტის ნახვა კბ
დოკუმენტის ნახვა კდ
დოკუმენტის ნახვა კე
დოკუმენტის ნახვა კვ
დოკუმენტის ნახვა კი
დოკუმენტის ნახვა კლ
დოკუმენტის ნახვა კმ
დოკუმენტის ნახვა კნ
დოკუმენტის ნახვა კო
დოკუმენტის ნახვა კპ
დოკუმენტის ნახვა კრ
დოკუმენტის ნახვა კს
დოკუმენტის ნახვა კტ
დოკუმენტის ნახვა კუ
დოკუმენტის ნახვა კჰ

კვ

 

კვ-1 („კლიმ ვოროშილოვი”) - საბჭოთა ეპოქის მძიმე ტანკი (47,5 ტონა); გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში.

კვა - კასაის ქვემო დინების სახელწოდება.

კვა ენები - აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ლიბერია, განა, ტოგო, ბენინი, ნიგერია) გავრცელებული ენები (იორუბა, ნუპე, ედო, იდომა, იგბო, იჯო).

კვაგა (სტეპის ზებრა) - XIX საუკუნეში ამომწყდარი ცხენისებრი ცხოველი, რომელიც აფრიკის მთელ ცენტრალურ ნაწილში ბინადრობდა.

კვადრანტი (ლათ.) - ძველებური ასტრონომიული კუთხსაზომი ხელსაწყო.

კვადრატი

  1. ოთხი თანაბარი გვერდის მქონე სწორკუთხედი.

  2. რიცხვის მეორე ხარისხი.

კვადრატურა (ლათ.) - ფართობის სიდიდე კვადრატული ერთეულებით გამოხატული.

კვადრატუსი - ძველ რომში - ერთ-ერთი მეტსახელი მერკურისა, რომელსაც გზაჯვარედინებზე კვადრატულ ქანდაკებებს უდგამდნენ.

კვადრი - პარალელეპიპედის ფორმის ქვა, გამოიყენება მშენებლობაში.

კვადრიგა (ლათ.) - ანტიკური ორთვლიანი ეტლი, რომელშიც ოთხი ცხენი იყო შებმული.

კვადრიენალე (ფრანგ.) - საერთაშორისო გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

კვადრივიუმი (ლათ.) - შუა საუკენეებში მეორე ამაღლებული ციკლი „შვიდი თავისუფალი ხელოვნებისა”, რომელიც მოიცავდა არითმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას და მუსიკას.

კვადრილიონი - რიცხვი, რომელიც ერთიანით და 15 ნულით გამოისახება.

კვაზარები (ინგლ.) - ცრუვარსკვლავიერი რადიოწყაროები, მძლავრი კოსმოსური რენტგენული წყაროები და კოსმოსური სითბური გამოსხივება; აღმოჩენილია 1960-67 წლებში.

კვაზი - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, რომელიც აღნიშნავს „არანამდვილს“, „მოჩვენებითს”.

კვაზიმოდო სალვატორე - იტალიელი პოეტი, 1959 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1901-1968 წწ).

კვაზიმოდო - მთავარი პერსონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანისა „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”.

კვაისა - დაბა ჯავის მუნიციპალიტეტში.

კვაკერები - წევრები პროტესტანტული სექტისა, რომელიც შეიქმნა 1650 წელს ინგლისში ხელოსან ჯონ ფოქსის მიერ; უარყოფენ ღვთისმსახურებს, ეკლესიურ იდუმალებას, მისდევენ პაციფიზმს და ეწევიან ქველმოქმედებას.

კვაკიუტლები - კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში მცხოვრები ინდიელთა ტომი.

კვალად - მიხედვით, შესაბამისად.

კვალდაკვალ - უშუალოდ ვისიმე ან რისამე უკან, მიყოლით.

კვალი

  1. რისამე (ფეხის, ბორბლის) ანაბეჭდი რაიმე ზედაპირზე; ნავალი

  2. სახვნელი იარაღით გაჭრილი მიწის ზოლი.

  3. დაჩნეული ნიშანი, დარჩენილი რამე, ნაშთი.

  4. ქართული ყოველკვირეული ილუსტრირებული გაზეთი; გამოდიოდა 1893-1904 წლებში, თბილისში.

კვალიაშვილი მიხეილ - ოპერის რეჟისორი (1898-1974 წ).

კვალითი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ცხრაწყაროს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 435 ადამიანი. სოფელი კვალითი ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნის I ნახევარში მოიხსენიება.

კვალითის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მოიცავს 2 სოფელს: ქვედა კვალითი, შუა კვალითი (ცენტრი).

კვალიმეტრია - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის პროდუქციის ხარისხის რაოდენობრივი შეფასების მეთოდებს.

კვალიტატიური (ლათ.) - თვისობრივი.

კვალიტეტი (ლათ.) - ნაკეთობის (დეტალის) წარმოების სიზუსტის მახასიათებელი ცნება.

კვალიფიკაცია

  1. რაიმეს ხარისხის განსაზღვრა.

  2. მომზადების დონე, ვარგისიანობის ხარისხი ამა თუ იმ საქმეში.

  3. პროფესია, სპეციალობა.

კვალიფიციური - კარგად დახელოვნებული.

კვალმაძიებელი - პირი, რომელიც ეძებს წარსულის ისტორიული მოვლენების კვალს.

კვალობაზე - მიხედვით, თანახმად, შესაფერისად.

კვალწმინდად - უკვალოდ, მთლიანად.

კვამლი - რისამე წვის დროს გამოყოფილი აირისებრი ნივთიერება; ბოლი.

კვამლიანი - რაც კვამლს აყენებს.

კვამლსადენი - კვამლის სადენი, საკვამლე.

კვანაფა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

კვანგო (კუანგუ) - მდინარე ანგოლასა და კონგოში, მდინარე კონგოს აუზში (სიგრძე - დაახლოებით 1200 კილომეტრი).

კვანდო (კუანდუ, ქვემო დინებაში ლინიანტი) - მდინარე ზამბეზის მარჯვენა შენაკადი (ანგოლა, ნამიბია, ბოტსვანა).

კვან-დო - ჩინური ცივი იარაღი, ფართოპირიანი მჭრელი მახვილი, სიგრძე ორ მეტრამდე აღწევს.

კვანზა

  1. (კუანზა) - მდინარე ანგოლაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 950 კილომეტრი).

  2. ანგოლის ფულის ერთეული.

კვანტალიანი აკაკი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1967 წწ).

კვანტი

  1. უღლეულთ გარდასაბმელი ლატანი ღვედისაწილ(ად) (საბა).

  2. (ლათ.) - რაიმე ენერგიის უმცირესი რაოდენობა; სინათლის კვანტი - იგივეა, რაც ფოტონი.

  3. იგივეა, რაც სარმა.

კვანტი მერი - ინგლისელი დიზაინერ-მოდელიერი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

კვანტილი - მათემატიკურ სტატისტიკაში შემთხვევითი სიდიდეების ერთ-ერთი რიცხობრივი მახასიათებელი.

კვანტიტატიური (ლათ.) - რაოდენობითი.

კვანტიფიკაცია - ხარისხობრივი მონაცემების გამოთვლა რაოდენობრივი სახით.

კვანტუმი - ამერიკული კორპორაცია, რომელიც კომპიუტერის ინფორმაციის შემცველ-მატარებელეთა წარმოებაში სპეციალიზირდება. დაარსდა 1980 წელს. შტაბ-ბინები მდებარეობს მილპიტაში (კალიფორნია) და ჟენევაში (შვეიცარია).

კვანტუნი - ჩინეთის ტერიტორია გუანდუნის მეორე სახელი.

კვანტური - კვანტთან დაკავშირებული.

კვანტური მექანკა - ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს უმცირესი ნაწილაკების მოძრაობის კანონებს.

კვანჩხი

  1. იგივეა, რაც მუჭი.

  2. მცირე სასმისი იყისა (საბა).

კვანძი

  1. თოკის, ძაფის და მისთანების ერთმანეთთან გადაბმის ადგილი.

  2. ადგილი, სადაც თავს იყრის, ერთმანეთს უერთდება რამდენიმე რამე.

  3. ლიტერატურული ნაწარმოებისათვის ამოსავლად აღებული ამბავი, რომლის გაშლას იძლევა ეს ნაწარმოები.

  4. ნავიგაციაში სიჩქარის სისტემური ერთეული, რომელიც უდრის 1 საზღვაო მილს ანუ 1,852 კმ/სთ-ს.

კვანჭიანარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

კვანჭილაშვილი ტარიელ - ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1920 წელს).

კვანჯუ - ქალაქი სამხრეთ კორეაში, ჩოლა-ნამდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

კვაპილოვა ჰანა - ჩეხი მსახიობი ქალი (1860-907 წწ).

კვარა - შტატი ნიგერიაში.

კვარათხევი - მდინარე მცხეთის მუ8ნიციპალიტეტში, დიღმისწყლის მარცხენა შენაკადი.

კვარაცხელია ლევან - სამეგრელოს 1857 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური.

კვარენგი ჯაკომო - რუსეთში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1744-1817 წწ).

კვართი

  1. (ძვ.) ზედა სამოსი, პერანგი.

  2. ქრისტიანულ ეკლესიაში - მღვდელმსახურების დროს მედავითნის, დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელი (სტიხარი).

კვარი - ფიჭვის (ან ნაძვის) ანახეთქი ფისიანი ნაჭერი, სანთელივით იწვის.

კვარიათი - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

კვარის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე რაჭაში. პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში.

კვარკები (ლათ.) - მატერიის ჰიპოტეტიური ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც ეძებენ ფიზიკოსები (სიტყვა მოგონილია ჯ.ჯოისის მიერ რომანში „აღაპი ფინეგანისა”).

კვარტა (ლათ.)

  1. მუსიკაში დიატონიკური გამის მეოთხე საფეხური; ინტერვალი პირველსა და მეოთხე საფეხურს შორის.

  2. ფარიკაობაში უკურტყმისა და შეტევის ერთ-ერთი ილეთი.

კვარტალი (გერმ.)

  1. წელიწადის მეოთხედი (3 თვე).

  2. ქალაქის ნაწილი, რომელიც მოქცეულია ოთხ ქუჩას შორის ან რამოდენიმე კორპუსის ერთიანობა.

კვარტერდეკი (ინგლ.) - ზედა გემბანის შემაღლებული ნაწილი გემის კიჩოსთან.

კვარტერონი (ესპან.) - მულატის და ევროპელის შთამომავალი.

კვარტეტი (იტალ.) - ოთხი შემსრულებლისაგან შემდგარი მუსიკალური ანსამბლი.

კვარტი (ლათ.) - ფხვიერი და თხევადი ნივთიერების საწყაო, განსხვავებული სიდიდისა სხვადასხვა ქვეყნებში; ჩვეულებრივ ლიტრზე ცოტა მეტი.

კვარტირიერი (გერმ.) - სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ჯარის მოძრაობის დროს გზავნიან წინ ბინების საშოვნელად ან ბანაკის გასაშლელი ადგილის შესარჩევად.

კვარტირმეისტერი - ძველი ევროპის არმიებში - შტაბის ოფიცერი, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კი მომარაგებით დაკავებული სამხედრო პირი.

კვარტოლი - მუსიკაში - უთანაბრო დაყოფა, 4 ნოტისაგან შემდგარი განსაკუთრებული მეტრორიტმული ფიგურა.

კვარჩხალი - (კუთხურად) ჩუხჩუხი.

კვარჩხიღალი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

კვარცი (გერმ.) - უფერული მინერალი, ყველაზე გავრცელებული დედამიწის ქერქში; სილიციუმის ორჟანგი.

კვარციტი - ქანი, რომელიც შედგება კვარცისაგან და აქვს ცოტაოდენი სხვა მინერალების მინარევები.

კვარცხლბეკი - ძეგლის, ქანდაკების და მისთანების საფუძველი.

კვარხითი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

კვასილი ბოგუმილ - ჩეხი მეცნიერი, აკადემიკოსი, ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1981 წლიდან (1920-1985 წწ).

კვასირი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ბრძენი ჯუჯა, რომელიც ღმერთების ნერწყვისაგან შეიქმნა.

კვასნევსკი ალექსანდრ - პოლონეთის მე-7 პრეზიდენტი 1995-2005 წლებში (დაიბადა 1954 წელს).

კვატერნიონი - რიცხვთა სისტემა (ჰიპერკომპლექსური რიცხვი).

კვატი და კვატა - (კუთხურად) იგივეა, რაც იხვი.

კვატია - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

კვატკვატი - ყიყინი (იხვისა).

კვატროჩენტო - XV საუკუნის, ანუ ადრეული აღორძინების მოსახსენიებელი იტალიური სახელი.

კვაუთი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

კვაშა იგორ - რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი, მოღვაწეობს მოსკოვის „სოვრემენნიკის” თეატრში (დაიბადა 1933 წელს).

კვაშტა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

კვაშხიეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

კვაცხუთი - სოფელი და უღელტეხილი (რაჭის ქედზე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

კვაწარახი - გათუთქული მწიფე ტყემლის წვენი, მოდუღებული შესანახად.

კვაწია - პატარა ქოთანი, კოჭობი.

კვაჭალათი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

კვაჭაძე დავით - მოკრივე (81 კგ). ევროპის ჩემპიონი (1977), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 77, 79) (დაიბადა 1951 წელს).

კვაჭაძე ლეო - ენათმეცნიერი (1909-2011 წწ).

კვაჭი - გაქნილი, მოხერხებული ადამიანი (მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „კვაჭი კვაჭანტირაძის” პერსონაჟის სახელის მიხედვით).

კვახაჯელეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ხვაშითის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, ჭიათურიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 კაცი.

კვახი - (კუთხურად) იგივეა, რაც გოგრა.

კვახჭირი - სოფელი თერჯოლის მუნიცპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: კვახჭირი, ოდილაური, სარბევი). ზღვის დონიდან - 130 მეტრი. თერჯოლიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 801 კაცი.

კვებეკი - ქალაქი (200 ათასი) და პროვინცია კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად ფრანკო-კანადელებით დასახლებული.

კვებრახო (კებრაჩო) - სამხრეთ ამერიკაში მზარდი სუბტროპიკული ხეების სახეობების საერთო სახელი.

კვებულა - ერთი წლის ხბო ან ზაქი.

კვედლინბურგი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (28 ათასი).

კვეთი

  1. რისამე გადაკვეთი ადგილი.

  2. იგივეა, რაც დვრიტა.

კვეთილობა

  1. განაკვეთი, ჭრილი.

  2. ამოკვეთა, ამოჭრა.

კვე-კვე - ქალაქი ზიმბაბვეში (50 ათასი).

კვეკვერა - კვერი (ბავშვის ენაზე).

კვეკვერიში - უმარილო ჴმელი ყველი (საბა).

კველპარტი - იხილე ჩეჯუდო.

კვენაკელი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

კვეჟო - ხის სოკო, რომლისგანაც კეთდება აბედი.

კვერეთი - კურორტი საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, კვერეთულის ხეობაში.

კვერეთულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის მარჯვენა შენაკადი.

კვერენჩხილაძე ზინა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, 1956 წლიდან სიკვდილამდე მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (25.08.1932 - 02.09.2011 წწ).

კვერექსი (ბერძნ.) - გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული მოკლე ლოცვების წყება, რომელსაც კითხულობს დიაკონი ან მღვდელი, ხოლო ლოცვების თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“, ზოგიერთ შემთხვევაში „მოგვმადლენ უფალო“. სახეები: მცირე, დიდი, მრჩობლი, თხოვნითი, მიცვალებულის მოსახსენიებელი და სხვა.

კვერთხი

  1. საგანგებო ჯოხი, რომელიც ხელთ ეპყრა დიდი თანამდებობის პირს, როგორც ნიშანი ძალუფლებისა.

  2. ლითონის ღერი, რომელსაც სადგურში აძლევენ მატარებლის მემანქანეს ერთლიანდაგიან რკინიგზაზე, რაც გზის გაგრძელების უფლებას იძლევა.

კვერი

  1. პატარა ჩაქუჩი (მჭედლისა).

  2. პატარა მრგვალი პური (მჭადი).

  3. რაიმე მასა, დამრგვალებული და გაბრტყელებული.

კვერნა

  1. (Martes) - მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი, აქვს წაბლისფერი ძვირფასი ბეწვი.

  2. ურმის ნაწილი, ერთი ოთხ რიკთაგანი, რომელიც ხელნის ქვედა მხარეს არის ჩარჭობილი ღერძის მოსადებად.

კვერნაულა

  1. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 37 კაცი.

  2. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1050 მეტრი, თიანეთიდან - 32 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 99 კაცი.

კვერნაქის ქედი (კვერნაქის სერი, კვერნაქები) - ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და მდინარე მტკვრის შუა ხეობას შორის (გორის, კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტში). გადაჭიმულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე საქაშეთისხევიდან (დას.) მდინარე არაგვამდე (აღმოს.). საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კილომეტრი, სიგანე - 7-8 კილომეტრი. აგებულია ნეოგენური მოლასური ნალექებით - კონგლომერატებით. სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი - დამრეცი. გარდიგარდმო გადაკვეთილია მდინარეების ლიახვის, ლეხურის და ქსნის ხეობებით, რომლებიც მას ოთხ მონაკვეთად ყოფს.

კვერნაძე ბიძინა (ალექსანდრე) - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1996 წ) (1928-2010 წწ).

კვერნეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

კვერულანტი (ლათ.) - ფსიქიურად უწონასწორო ადამიანი, რომელიც დავას, საჩივრებს არის გადაყოლილი; დავის მოყვარული.

კვერშლაგი (გერმ.) - ჰორიზონტალური ან დახრილი მიწისქვეშა სამთო გვირაბი, რომელიც მიწის ზედაპირზე უშუალოდ არ გამოდის.

კვერჩა იაკოპო დელა - იხილე იაკოპო დელა კვერჩა.

კვერცხი

  1. ცხოველის მდედრობითი სასქესო უჯრედი, რომლის განაყოფიერების შედეგად ახალი ორგანიზმი წარმოიშვება.

  2. რინველის, ქვეწარმავლის ან მწერის მიერ გამოყოფილი ასეთი უჯრედი; მოთავსებულია ნაჭუჭში, აქვს ოვალური ფორმა.

  3. მამაკაცის საზარდული.

  4. (ძველად) წონის ერთეული, დაახლოებით 50 გრამი.

კვერცხისებრი - კვერცხის მოყვანილობის.

კვერცხუჯრედი - ცხოველთა და მცენარეთა მდედრობითი სასქესო უჯრედი.

კვესეთი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

კვესელავა მიხეილ - ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერეათა დოქტორი (დაიბადა 1913 წელს).

კვესი - ფოლადის ნაჭერი, რომელიც ტალზე (კაჟზე) ჩამოკვრით ცეცხლს აჩენს.

კვესრევი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 560 მეტრი. ხარაგაულიდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.

კვესტრატები - ძველ რომში უმცროსი მაგისტრატები, კონსულის თანაშემწეები, შემდგომ ხაზინის გამგებლები და გამომძიებლები.

კვესტორი (ლათ.)

  1. ძველ რომში სახელმწიფო ხაზინის გამგე.

  2. ზოგი ქვეყნის პარლამენტში ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის გამგე.

  3. იტალიაში - პოლიციის მოხელე.

კვესტურა - იტალიაში - პოლიციის სამმართველო.

კვეტა - ქალაქი პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (290 ათასი).

კვეტარი - იხილე კვეტერა.

კვეტერა (კვეტარი, კუეტერი) - ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი). კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. პირველად პირველად ისტორიულ წყაროებში XI საუკუნეში მოხსენიება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

კვეშლევი - მთა, იხილე ველტყევი.

კვეცა - ფონეტიკური პროცესი - ფუძისეული ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცა ხმოვნით დაწყებული სუფიქსის დართვისას.

კვეხნა - თავის ქება, ტრაბახი.

კვეხნია - ტრაბახა, ბაქია.

კვიახიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

კვიდე ლუდვიგ - ავსტრიელი ისტორიკოსი, პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1858-1941 წწ).

კვიდო (Ligustrum vulgare) - საშუალო სიმაღლის ან დაბალი ბუჩქი, აქვს იასამნის მსგავსი თეთრი ყვავილები, ველურად ვრცელდება ტყისპირებში.

კვიეტიზმი - რელიგიური მოძღვრება, რომელიც ქადაგებს პასიურ დამოკიდებულებას საკუთარი სულის “გადარჩენის” მიმართ. წარმოიშვა XVII საუკუნეში. გადატანითი მნიშვნელობით გულგრილობას, უმოქმედობას ნიშნავს.

კვილონი

  1. ქალაქი-პორტი ინდოეთის კერალას შტატში (200 ათასი).

  2. (ფრანგ.) - ცივი იარაღი, შუა საუკუნეებში გავრცელებული ხანჯალი, რაინდთა მახვილის შემცირებული სახესხვაობა.

კვილუ (კუილუ, ზედა დინებაში - ნიარი) - მდინარე კონგოში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 700 კილომეტრი).

კვიმატი

  1. ავი, ბოროტი, უკუღმართი, ფათერაკიანი.

  2. მოსწრებული, ენამახვილი.

კვიმატობა - ეშმაკობა, ცელქობა.

კვინისწყალი - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ცხენისზურგის მთის ჩრდილოეთ კალთებზე.

კვინიხი - თავის სარქველი, თხემი.

კვინიხიძის ელჩობა რუსეთში - იმერეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში 1763, 1774 და 1784 წლებში.

კვინკე ჰენრიხ - გერმანელი ექიმი-თერაპევტი (1842-1922 წწ).

კვინკვატრიები - მინერვას საპატივცემლო დღეობები ძველ რომში; იმართებოდა მარტის თვეში და ხელოსანთა დღესასწაულად ითვლებოდა. ამ პერიოდში უხდიდნენ ხელფასს მასწავლებლებსაც.

კვინკვერემი - ნიჩბიანი ფლოტის სამხედრო ხომალდი ძველ რომში.

კვინსლენდი - შტატი ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (1727,2 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 3,3 მილიონი), ადმინისტრაციული ცენტრი - ბრისბენი.

კვინტა (ლათ.)

  1. მუსიკალური გამის მეხუთე საფეხური.

  2. ვიოლინოს და ზოგი სხვა საკრავის პირველი, ყველაზე მაღალი ტონის სიმი.

კვინტალი (ფრანგ.) - მეტრულ სისტემაში იგივეა, რაც ცენტნერი.

კვინტესენცია - საფუძველი, ძირითადი, არსებითი რამ ამა თუ იმ ცნებისა. ანტიკურ და შუა საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში რაღაც მეხუთე ელემენტი, რომელიც უპირისპირდებოდა დანარჩენ ელემენტებს.

კვინტეტი (ლათ.) - ხუთი შემსრულებლისგან შემდგარი მუსიკალური ანსამბლი, აგრეთვე მუსიკალური ნაწარმოებები ასეთი ანსამბლებისათვის.

კვინტილიანე მარკუს ფაბიუს - ორატორული ხელოვნების თეორიტიკოსი ძველ რომში (35-96 წწ).

კვინტილიონი - რიცხვი, რომელიც გამოიხატება ერთიანით და თვრამეტი ნულით, ანუ 1018; ათასი კვადრილიონი.

კვინტოლი - მუსიკაში - უთანაბრო დაყოფა; 5 ნოტისაგან შემდგარი განსაკუთრებული მეტრორიტმული ფიგურა.

კვინტოს სმირნელი - ბიზანტიელი პოეტი (დაახლოებით IV საუკუნე).

კვინტსექსტაკორდი - მუსიკაში - სეპტაკორდის ერთ-ერთი შებრუნება.

კვინტური წრე - მუსიკაში - 12 დიეზის ტონალობის აღნიშვნა, რომელიც გასაღებში შეიცავს 1-იდან 12-მდე დიეზს.

კვინცხა - იგივეა, რაც ჯაგრცხილა.

კვიპაროზი (Cupressus) - მარადმწვანე წიწვოვანი ხე; აქვს სწორი ტანი და პირამიდული ვარჯი; გუნდისხე.

კვიპაროსის ყურე - იხილე კიპარისიაკოსი.

კვიპრიანე სამთავნელი - XVIII საუკუნის პირველი ნახევრის მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე.

კვიპროკვო (ლათ.) - გაუგებრობა, რომელიც წარმოიშვება იმის შედეგად, რომ ერთი ადამიანი, საგანი ან ცნება მიჩნეულია მეორედ, სხვად. გადატანითი მნიშვნელობით - აბდაუბდა, უცნაური შემთხვევა.

კვიპროსი

1) კუნძული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

2) (კვიპროსის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Cyprus).

  • სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, კუნძულ კვიპროსზე.

  • სახელი მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum, რადგან ეს კუნძული ყოველთვის მდიდარი იყო ამ წიაღისეულით.

  • დამოუკიდებელი სახელმწიფოა (დიდი ბრიტანეთისგან) 1960 წლის 16 აგვისტოდან; ორი კუნძული (Akrotiri da Dhekelia) დარჩა დიდი ბრიტანეთის გამგებლობაში (როგორც სამხედრო ბაზები); 1975 წლიდან კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის თითქმის 40%-ს აკონტროლებს თურქეთის სახელმწიფო და მოქმედებს ე.წ. „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა”.

  • ჰიმნი - „Ymnos pros tin Eleutherian“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 9 250 კვ.კმ.

  • დაყოფილია 6 ოლქად.

  • მოსახლეობა - 770 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 84 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები - ბერძნული და თურქული. - დედაქალაქი - ნიქოზია.

  • ვალუტა - ევრო.

  • ქვეყნის კოდი - CYP.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +357.

  • ინტერნეტ-დომენი - cy.

კვირა (ბერძნ.)

  1. დროის საზომი შვიდდღიანი ერთეულის მეშვიდე დღის სახელწოდება (ამ დღეს ჩვეულებრივ ისვენებენ).

  2. დროის საზომი შვიდდღიანი ერთეული.

კვირაობა - ნებაყოფლობითი კოლექტიური მუშაობა კვირა დღეს.

კვირაობით

  1. ყოველ კვირა დღეს.

  2. კვირის განმავლობაში.

კვირა-უქმე - კვირა დღე და უქმე დღე.

კვირაცხოველი - პირველი კვირა აღდგომის შემდეგ.

კვირაცხოვლისქედი - მთა გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

კვირაცხოვლობა - ახალკვირა, თომის კვირა, ნათელი კვირის ბოლო დღე.

კვირაძალი - კვირა დღის წინა საღამო.

კვირეული

  1. რაც კვირაშე ერთხელ ან ყოველ კვირა დღეს ხდება.

  2. ის, რაც ერთი კვირის განმავლობაში ტარდება.

კვირია

  1. ძველი ქართული წარმართული ღვთაება; აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, ღვთისშვილთა წინამდგომია.

  2. ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის” პერსონაჟი.

კვირიაკე - იგივეა, რაც კვირა; კვირიკობის თვე - ივლისი.

კვირიასხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, თიანეთიდან - 31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 16 კაცი.

კვირიაული - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

კვირიკაშვილი მზია - ესტრადის მსახიობი, იუმორისტი, „საქართველოს სიცილის დედოფლად” წოდებული (1949-2010 წწ).

კვირიკე

  1. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, სამტრედიიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 398 კაცი.

  2. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ნაბაკევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 კაცი.

  3. სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

კვირიკე I - კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 892-918 წლებში.

კვირიკე II - კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 929-976 წლებში.

კვირიკე III - კახეთ-ჰერეთის მეფე 1010-1037 წლებში.

კვირიკე IV - კახეთ-ჰერეთის მეფე 1084-1102 წლებში.

კვირიკე ბანელი - ქართველი საეკლესიო მოღვაწე ადარნასე II-ის დროს. ბანის საკათედრო ტაძრის ამშენებელი.

კვირიკეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

კვირიკეთის მთა - მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შუახრამის მთათა ჯგუფში.

კვირიკიდები (კვირიკიანები) - სომეხი ბაგრატუნების ერთ-ერთი შტო შუა საუკუნეებში. ტაშირ-ძორაგეტის ფეოდალური სახელმწიფოს მმართველი დინასტია.

კვირიკობა - კვირიკეს და ივლიტეს დღე, აღინიშნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში 15 ივლისს.

კვირიკობისთვე - ივლისი.

კვირინალი

  1. ერთ-ერთი ბორცვი, რომლებზედაც ძველი რომი იყო გაშენებული.

  2. ამ ბორცვზე აშენებული სასახლე იტალიის მეფისა (ამჟამად - პრეზიდენტისა).

  3. ზოგჯერ ასე უწოდებენ იტალიის მთავრობას.

კვირინალიები - კვირინუსის საპატივცემლო რომაული დღესასწაულები, რომლებიც თებერვალში იმართებოდა.

კვირინუსი - იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ერთ-ერთი უძველესი ღვთაებათაგანი, მოგვიანებით მისი კულტი მარსის კულტს შეერწყა. ოდესღაც რომს კვირინუსის ქალაქიც ერქვა.

კვირიონი - იგივეა, რაც მესკია.

კვირისტავა - ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

კვირისტავი

  1. თითისტარის ბოლოზე წამოსაცმელი სამძიმი (რგოლი) თითისტარის ბრუნვის გასაადვილებლად.

  2. მუხლის თავის პატარა მრგვალი ძვალი.

კვირისწყალი - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარცხენა შენაკადი.

კვირიტი - ძველ რომში - სრულუფლებიანი მოქალაქე.

კვირკველია მანუჩარ - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 66 და 74კგ), 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და მესამე პრიზიორი (2002), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002) (დაიბადა 1978 წელს).

კვირკველია - პოეტ ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარი.

კვირტი

  1. გაუშლელი ყლორტი.

  2. მატყლში გამორეული დახვეული და შემკვრივებული ნაწილები.

კვირჩხლა (Phoxinus phovinus) - პატარა თევზი ერთგვარი, გამრავლების დროს თავზე უჩნდება წვრილი ხორკლები.

კვისლინგი ვიდკუნ - ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, 1942-45 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი; თანამშრომლობდა ფაშისტებთან, რის გამოც სიკვდილით იქნა დასჯილი (1887-1945 წწ).

კვისლინგი - ასე უწოდებენ ხშირად თავის ქვეყნის, ხალხის გამყიდველ, მოღალატე პოლიტიკოსს (ნორვეგიელი ვ.კვისლინგის გვარის მიხედვით).

კვიტაისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მედეას ერთ-ერთი ზედმეტი სახელი მამამისის ქალაქის კვიტაიას (ქუთაისის) მიხედვით.

კვიტაიშვილი ემზარ - პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

კვიტკა კლიმენტი - უკრაინელი მუსიკათმცოდნე, საბჭოთა ხალხების მუსკალური ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შემგროვებელი და მკვლევარი (1880-1953 წწ).

კვიტკა-ოსნოვიანენკო (ნამდვილი გვარი კვიტკა) გრიგორი - უკრაინელი მწერალი (1778-1843 წწ).

კვიტკო ლევ - საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელი პოეტი, წერდა იდიშზე (1890-1952 წწ).

კვიცარიძე დავით - მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

კვიცარიძე პოლიევქტოს - ლიტერატორი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1849-1904 წწ).

კვიცი

  1. ცხენის ნაშიერი სამ წლამდე.

  2. ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი.

კვიწინია ლევარსი - აფხაზი პოეტი (1912-1941 წწ).

კვლავ

  1. განმეორებით, ხელახლა, ისევ.

  2. უწინ, წინათ.

  3. შემდეგ, მერე.

კვლავაც

  1. კიდევ, ახლაც.

  2. უწინაც, წინათაც, სხვა დროსაც.

  3. შემდეგაც.

კვლავინდებური - ისეთი, როგორიც წინათაც იყო.

კვლევა-ძიება - გარკვეული მიზნით, გარკვეული მეთოდებით შესწავლა რისამე.

კვლევითი - მეცნიერული შესწავლის შესაფერი.

კვლიავი (Carum carvi) - ერთგვარი სურნელოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. აქვს ეთეროვანი ზეთებით მდიდარი ნაყოფი.

კვნესამე (შენი კვნესამე!) - შენი ჭირიმე!

კვნიტი - პატარა ნატეხი (შაქრისა, მარილისა...).

კვნიწი - იგივეა, რაც კვნიტი.

კვორუმი - რაიმე ორგანიზაციის კრების მონაწილეთა ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია, რომ ამ კრების დადგენილება კანონიერი იყოს.

კვოტა (ლათ.)

  1. დადგენილი წილი, მიღებული ნორმა, დასაშვები რაოდენობა რისამე.

  2. გადასახადის რაოდენობა, რომელიც წესდება თითოეულ დასაბეგრ ერთეულზე.

კვრინვა - ვეფხვის, ფოცხვერის, კატისა და მისთანების კრუტუნი.

კვრინჩხი (Prunus spinosa) - დაბალი, გაფარჩხულ-განშტოებული ეკლიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს კურკიანი, მრგვალი, მოლურჯო ნაყოფი, რომელიც იჭმება.

კვრინჩხებიანი - კვრინჩხის ბუჩქებით დაფარული.