The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0005უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ლა
დოკუმენტის ნახვა ლბ
დოკუმენტის ნახვა ლგ
დოკუმენტის ნახვა ლე
დოკუმენტის ნახვა ლვ
დოკუმენტის ნახვა ლი
დოკუმენტის ნახვა ლმ
დოკუმენტის ნახვა ლო
დოკუმენტის ნახვა ლპ
დოკუმენტის ნახვა ლტ
დოკუმენტის ნახვა ლუ
დოკუმენტის ნახვა ლღ
დოკუმენტის ნახვა ლჭ
დოკუმენტის ნახვა ლხ
დოკუმენტის ნახვა ლჰ

ლო

 

ლო

1) მდინარე საფრანგეთში, მდინარე გარონის მარჯვენა შენაკადი.

2) დეპარტამენტი საფრანგეთში.

ლოა - მდინარე ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, ატაკამის უდაბნოში (სიგრძე - 440 კილომეტრი).

ლობანოვსკი ვალერი - უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი (1939-2002 წწ).

ლობაჩევსკი ნიკოლაი - რუსი მათემატიკოსი, არაევკლიდური გეომეტრიის შემქმნელი (1792-1856 წწ).

ლობელია - მცენარეთა გვარი ლობელიასებრთა ოჯახისა, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახები.

ლობენგულა - სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები მატაბელეს ხალხის მმართველი, 1870-94 წლებში ინგლისელთა წინააღმდეგ წარმოებული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

ლობი

1) ბურკინა-ფასოში, კოტ დ'ივუარსა და განაში მცხოვრები ხალხი.

2) ეკონომიურად ძლიერი სტრუქტურების წარმომადგენელთა ჯგუფი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკაზე.

ლობიანი - ნამცხვარი, რომელსაც გულად ლობიო აქვს.

ლობიო (Phaseolus)

1) ერთწლოვანი კულტურული მცენარე პარკოსანთა ოჯახისა, იკეთებს მრავალთესლიან პარკს. მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას.

2) ამ მცენარის მარცვალი.

3) ამ ნაყოფისაგან მომზადებული საჭმელი.

4) (გადატანით) უფხო, დონდლო, უგერგილო.

ლობიოანი - იხილე ლობიოიანი.

ლობიოიანი - რაშიც ლობიოა.

ლობიტუ - ქალაქი-პორტი ანგოლაში (150 ათასი).

ლობნია - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (50 ათასი).

ლობნორი - გაუდინარი მეჩხერი ტბა ჩინეთის დასავლეთ ნაწილში.

ლობოდა გრიგორი - ზაპოროჟიელ კაზაკთა ჰეტმანი, უკრაინის 1594-96 წლების აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი.

ლობოდა პეტრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა დონის როსტოვში (1707-1779 წწ).

ლობოროტის ქედი - ქედი ბაღდათის, ვანის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი), სუფსისა და სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. მერიდიანული მიმართულებისაა, იწყება მწვერვალ მეფისწყაროდან. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექსიებით, ტუფებითა და ანდეზიტური განფენით. კალთები ციცაბო და ძლიერ დაღარული აქვს, თხემი — ფართო. ქედზე აღმართულია მწვერვალები: დიდი ლობოროტი (2730 მ), პატარა ლობოროტი (2415 მ), თაფლოვანი (2323 მ), შუაგორა (2268 მ), ლამაზგორა (2174 მ) და სხვა. კალთები ქვემოთ შემოსილია შერვული ფართოფოთლოვანი ტყით, ზემოთ წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემზე სუბალპური ლიხი და ალპური მდელოებია.

ლოგაედი (ბერძნ.) - მეტრულ (ანტიკურ) ლექსთწყობაში სამმარცვლიანი ტერფის (დაქტილის, ანაპესტის) გაერთიანება ორმარცვლიან ტერფთან (იამბთან, ქორესთან).

ლოგანი - მწვერვალი კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (სიმაღლე 6050 მ).

ლოგანოვსკი ალექსანდრე - რუსი მოქანდაკე, გვიანი კლასიციზმის წარმომადგენელი (1810 ან 1813 - 1855 წწ).

ლოგარითმი (ფრანგ.) - ხარისხის მაჩვენებელი, რაშიც უნდა აყვანილ იქნეს ესა თუ ის განსაზღვრული რიცხვი, რათა მივიღოთ მოცემული რიცხვი.

ლოგარითმიკა - ბრტყელი წირი, რომელიც ლოგარითმული ფუნქციის გრაფიკია.

ლოგაუ ფრიდრიხ ფონ - გერმანელი პოეტი-სატირიკოსი (1604-1655 წწ).

ლოგენი (ნუმედალსლოგენი) - მდინარე ნორვეგიაში, ერთვის სკაგერაკის სრუტეს.

ლოგერი (ლუგერი) - პატარა ორ-ან სამანძიანი გემი ან სათევზაო მოტორიან-იალქნიანი გემი.

ლოგი - რთული სიტყვების ბოლოსართი, აღნიშნავს ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტს, მეცნიერს.

ლოგია - რთული სიტყვების ბოლოსართი, ნიშნავს მოძღვრებას, მეცნიერებას, ცოდნას.

ლოგიკა (ბერძნ.)

1) მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებსა და კანონებზე.

2) მსჯელობის, ნააზრევის თანამიმდევრობა.

ლოგიკური

1) ლოგიკის მიხედვით, ლოგიკიდან გამომდინარე.

2) თანამიმდევრული, დასაბუთებული, სწორი.

ლოგინი

1) ლეიბი და საბანი ბალიშითურთ.

2) ტახტი, საწოლი.

ლოგინობის ხანა - პერიოდი, როცა მომშობიარებული (მელოგინე) ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ორსულობის და მშობიარობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების უკუგანვითარება (ინვოლუცია).

ლოგისმოგრაფია - ორმაგი ანგარიშწარმოების ერთ-ერთი სინოპტიკური ფორმა.

ლოგისტიკა

1) ძველად ნიშნავდა აღრიცხვისა და გეომეტრიულ გაზომვათა «ხელოვნებას», ამჟამად - სიმბოლური ლოგიკა.

2) იგივეა, რაც მათემატიკური ლოგიკა.

ლოგიციზმი - მათემატიკის დაფუძნების ერთ-ერთი ძირითადი კონცეფცია, რომლის თანახმად ლოგიკა და მათემატიკა ერთი და იმავე თეორიის განვითარების ორი სხვადასხვა საფეხურია (ლოგიკა - ადრეული, მათემატიკა - შემდეგდროინდელი).

ლოგოგრაფოსები

1) ბერძნული ისტორიოგრაფიის წინამორბედნი.

2) პირები, რომლებიც სიტყვას ადგენდნენ სასამართლოში მომჩივანთათვის ათენში (ძვ.წ.აღ. V საუკუნის მიწურულიდან).

ლოგოგრიფი - ერთგვარი შარადა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა იღებს სხვადასხვა მნიშვნელობას მარცვლების ან ასოების გადასმა-გამოკლებით.

ლოგოთეტი - სახელმწიფო აპარატის უმაღლესი მოხელე ბიზანტიაში.

ლოგომეტრი - ელექტროსაზომი ხელსაწყო, რომლის ჩვენება ორი ელექტრული სიდიდის თანაფარდობის პროპორციულია.

ლოგონე - მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, ჩადის, და კამერუნის ტერიტორიაზე, მდინარე შარის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 965 კილომეტრი).

ლოგოპათი - ადამიანი, რომელსაც ლოგოპათია სჭირს.

ლოგოპათია - მეტყველების ნაკლი.

ლოგოპედი - ლოგოპედიის სპეციალისტი.

ლოგოპედია - დეფექტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მეტყველების ნაკლს ნორმალური სმენის პირობებში.

ლოგოსი - ანტიკურ ფილოსოფიაში - სამყაროს საწყისი, საყოველთაო კანონი, დასაბამი.

ლოგოტიპები - მარცვლის (და არა ცალკე ასოს) შემცველი ლიტერები სასტამბო ანაწყობში.

ლოგრონიო - ქალაქი ჩრდილოეთ ესპანეთში, პროვინცია ლა-რიოხას ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).

ლოგუნოვი ანატოლი - რუსი ფიზიკოსი აკადემიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

ლო და გარონა - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ლოდეინოე პოლე - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში (30 ათასი).

ლოდი

1) ძალიან დიდი ქვა.

2) ქალაქი იტალიის ლომბარდიის ოლქში.

3) ავღანელ გამგებელთა დინასტია დელის სასულთნოში 1451 - 1526 წლებში.

ლოდი პეტრე - რუსი ფილოსოფოსი-დეისტი (1764-1829 წწ).

ლოდი უილიამ - ინგლისელი საეკლესიო მოღვაწე, მეფე ჩარლზ I სტიუარტის უახლოესი მრჩეველი (1573-1645 წწ).

ლოდიანი

1) სადაც ლოდებია.

2) იგივეა, რაც ლოდი.

ლოდიგინი ალექსანდრე - რუსი ელექტროტექნიკოსი, ელექტროთერმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1847-1923 წწ).

ლოდინი - ერთ ადგილზე ყოფნა ვისიმე ან რისამე შესახვედრად, ცდა, მოცდა, მოლოდინი. ყოფნა, არსებობა იმ იმედით, რომ ვინმე ან რამე მოვა, რამე მოხდება.

ლოდნარი - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის მარცხენა შენაკადი.

ლოდოვანი - ადგილი, სადაც ლოდებია.

ლოდოიდამბა ჩადრაავალინ - მონღოლი მწერალი (1917-1970 წწ).

ლოდომერია - გალიცია-ვოლინის სამთავროს სახელი XIII-XIV საუკუნეების ოფიციალურ დოკუმენტებში.

ლოდსატყორცნი - (ისტ.) საომარი მოწყობილობა, რითაც ლოდებს ისროდნენ.

ლოდსი მარსელ - ფრანგი არქიტექტორი (1891-1985 წწ).

ლოვატი - მდინარე რუსეთის ევროპული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთვის ილმენის ტბას (სიგრძე - 530 კილომეტრი).

ლოვეიკო იოსიფ - რუსი ხუროთმოძღვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1906 წელს).

ლოველასი - სემიუელ რიჩარდსონის რომანის „კლარისას“ პერსონაჟი, განზოგადებული სახე თავქარიანი, მუსუსი მამაკაცისა.

ლოველი ჯეიმზ - ამერიკელი კოსმონავტი, 1965, 1966, 1968 და 1970 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1928 წელს).

ლოვერდეკი - გემის ქვედა გემბანი.

ლოვეტი უილიამ - ჩარტიზმის ერთ-ერთი ლიდერი დიდ ბრიტანეთში (1800-1877 წწ).

ლოვეჩი - ქალაქი ჩრდილოეთ ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

ლოვოზერო - ტბა რუსეთის კოლის ნახევარკუნძულზე (სიღრმე 35 მეტრამდე).

ლოვუა - მდინარე ზამბიაში (ადგილობრივი სახელი - ჩამბეში) ლუალაბას მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1500 კილომეტრი).

ლოზანა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას; ვოს (ვაადტის) კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

ლოზერი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ლოზვა - მდინარე დასავლეთ ციმბირში, მდინარე ტავდას მარცხენა მდგენელი (სიგრძე - 637 კილომეტრი).

ლოზი ადოლფ - ავსტრიელი არქიტექტორი (1870-1933 წწ).

ლოზინსკი მიხაილ - რუსი პოეტი და მთარგმნელი (1886-1955 წწ).

ლოზოვაია - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში (75 ათასი).

ლოზუნგი (გერმ.)

1) მოწოდება, მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა.

2) ძველად - პირობითი საიდუმლო სიტყვა.

ლოთარინგია - იხილე ლოტარინგია.

ლოთი - ადამიანი, რომელიც ხშირად სვამს მაგარ სასმელებს, ხშირად თვრება.

ლოთიანი (ვულგ.)

1) შნოიანი ლაზათიანი, ვაჟკაცური (ძველი თბილისის მოქალაქეების მეტყველებაში)

2) ლაზათიანად, ვაჟკაცურად.

3) ჩართული სიტყვა: აბა! მოდი ერთი! ვაჟკაცურად!

თი-ფოთი - (საუბ.) ლოთი, ქეიფის მოყვარული.

ლოთიფოთობა - (საუბ.) ლოთი-ფოთის საქციელი.

ლოთი-შფოთი - (საუბ.) შფოთის, აურზაურის, ჩხუბის მოყვარული ლოთი.

ლოთობა - ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება.

ლოი მირნა (ნამდვილი გვარი უილიამსი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1905-1993 წწ).

ლოიალური

1) არსებული სახელმწიფო ხელისუფლების მომხრე, ერთგული (ხშირად მხოლოდ გარეგნულად).

2) ვინც წესიერად, კეთილსინდისიერად ექცევა ვისმე ან რასმე.

ლოიანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში. ჯოუს დინასტიის დედაქალაქი ძვ.წ.აღ. 770-516 წლებში (760 ათასი).

ლოიდ ვებერი ენდრიუ - ინგლისელი კომპოზიტორი, ავტორი პოპულარული მიუზიკლებისა (დაიბადა 1948 წელს).

ლოიდ ვებერი - ამერიკელი კინომსახიობი (1893 - 1971 წწ).

ლოიდი ჰაროლდ - ამერიკელი კინომსახიობი (1893-1977 წწ).

ლოიდ ჯორჯი დევიდ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1916-22 წლებში (1863-1945 წწ).

ლოიკო - ქალაქი მიანმაში.

ლოიოლა იგნატიუს (ერისკაცობაში ინიიგო ლოპეს დე რეკალდო) - ბასკი ესპანელი დიდებული, იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი (1491-1556 წწ).

ლოიყი - იხილე ლაეყი1.

ლოკალი - გერმანიაში: რესტორანი, კაფე, სასაუზმე

ლოკალიზაცია (ლათ.) - რამის დაკავშირება გარკვეულ ადგილთან.

ლოკალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ალბანეთში.

ლოკალური - განსაზღვრული ადგილისათვის დამახასიათებელი, ადგილობრივი.

ლოკარნო - ქალაქი შვეიცარიაში, ლოგო-მაჯორეს ტბის პირას (45 ათასი).

ლოკატორი (ლათ.) - მოწყობილობა, რომელიც ობიექტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს მისგან არეკლილი ბგერითი ან ელექტრომაგნიტური ტალღების ან ობიექტის საკუთარი გამოსხივების მეშვეობით.

ლოკაუტი - იხილე ლოქაუტი.

ლოკაცია (ბგერითი) - განსაზღვრა მიმართულებისა ობიექტისაკენ და ობიექტის ადგილმდებარეობისა მის მიერვე შექმნილი ბგერითი ველის მიხედვით.

ლოკი ჯონ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ლიბერალიზმის მამამთავარი (1632-1704 წწ).

ლოკნარი - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, სულორის მარცხენა შენაკადი.

ლოკოკინა

1) უხერხემლო ცხოველი მოლუსკების ტიპისა, ცხოვრობს საკუთარ ნიჟარაში.

2) ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა უმრავლესობის შიგნითა ყურის ნაწილი.

ლოკოკინები - მოლუსკების კლასი, იგივე მუცელფეხიანები.

ლოკომოტივი

1) მანქანა, რომელიც მოძრაობს რკინიგზის ლიანდაგებზე და მიჰყავს ვაგონები.

2) რკინიგზელთა ნებაყოფლობითი სპორტული ორგანიზაცია; დაარსებულია 1936 წელს.

ლოკომოცია - ადამიანისა და ცხოველების აქტიური გადაადგილება სივრცეში.

ლოკროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალაქ თებეს ერთ-ერთი ამშენებელი, ლელეგთა ლეგენდარული მეფე.

ლოკტევი კონსტანტინ - რუსი ჰოკეისტი, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 60-იან წლებში (დაიბადა 1933 წელს).

ლოკუსი (ლათ.) - გარკვეული გენის ლოკალიზაციის ადგილი ქრომოსომების გენეტიკურ რუკაზე.

ლოკჰიდი - ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი დიდი ავიასარაკეტო-კოსმოსური სექტორით, დაარსებულია 1912 წელს.

ლოლანი - დანიის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში.

ლოლარდები (ჰოლანდ.) - „ღატაკი მღვდლები“, ანტიკათოლიკე ერეტიკოსთა სექტა ინგლისში XIV-XV საუკუნეებში.

ლოლაშვილი ივანე - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1918 წელს).

ლოლაშვილი ჟანრი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (დაიბადა 1942 წელს).

ლოლაძე ბერთაუკა - XVII საუკუნის II ნახევრის ქართველი ოქრომჭედელი.

ლოლობრიჯიდა ჯინა - იტალიელი მსახიობი, რეჟისორი და ფოტოგრაფი ქალი (დაიბადა 1927 წელს).

ლოლუა

1) შენობის სახურავზე, ხის ტოტებზე და მისთანებზე წარმოქმნილი გრძელი, წვეტიანი ყინული.

2) თითივით გრძელი პური (საბა).

ლოლუა მამია (ჯემალ) - მხატვარი-გრაფიკოსი (დაიბადა 1932 წელს).

ლოლუა ძუკუ (პორფილე) ხალხური მომღერალი, ლოტბარი, პედაგოგი (1887-1924 წწ).

ლომა

1) (ძვ.) ლომა კამეჩი, ღონიერი კამეჩი.

2) (ტომა, ლოგომა, ლოომაგო) - ლიბერიასა და გვინეაში მცხოვრები ხალხი.

3) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1987 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ბიძინა რეჭველიშვილი. სცენარის ავტორები - ნუგზარ შატაიძე და ბიძინა რეჭველიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ჯიმშერ ქრისტესაშვილი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: გიორგი ჭირაქაძე, ია ნინიძე, ოთარ ზაუტაშვილი, რავაზ იმნაიშვილი, მამუკა კუჭავა, ლეო ფილფანი.

ლომა, დავიწყებული მეგობარი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1982 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ბიძინა რეჭველიშვილი. სცენარის ავტორები - გივი ბუთხუზი და ბიძინა რეჭველიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ კრეპსი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: ვასილ კახნიაშვილი, ლეო ფილფანი, გრიგოლ წიტაიშვილი, მიხეილ ვაშაძე, ტრისტან სარალიძე, დარეჯან ხარშილაძე.

ლომამი - მდინარე კონგოში, მდინარე კონგოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1500 კილომეტრი).

ლომანაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ლომანი კარლ - გერმანელი ბიოქიმიკოსი (1898-1978 წწ).

ლომატურცხი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ლომბარდი - საკრედიტო დაწესებულება, რომელიც სესხს აძლევს მოსახლეობას მოძრავი ქონების დაგირავებით.

ლომბარდია - ოლქი ჩრდილოეთ იტალიაში. ადმინისტრაციული ცენტრი - მილანი.

ლომბარდიის დაბლობი - პადანის ვაკის ნაწილი.

ლომბარდო პიეტრო - იტალიელი ხუროთმოძღვარი და მოქანდაკე, ადრეული აღორძინების წარმომადგენელი (დაახლოებით 1435-1515 წწ).

ლომბარდო ტოლედანო ვისენტე - ლათინური ამერიკის მშრომელთა კონფედერაციის პრეზიდენტი 1945-65 წლებში), ეროვნებით მექსიკელი (1894-1968 წწ).

ლომბერი - ბანქოს ძველებური თამაში სამი მოთამაშისთვის.

ლომბინო სალვატორე - იხილე მაკბეინი ედ.

ლომბოკი - კუნძული მცირე ზონდის არქიპელაგში, სადაც მდებარეობს ვულკანი რინჯანი (3726 მეტრი), ეკუთვნის ინდონეზიას.

ლომბროზიანობა (ლომბროზიანელობა) - ტერმინი, რომელსაც იყენებენ სისხლის სამართლის ანთროპოლოგიური სკოლის აღსანიშნავად.

ლომბროზო ჩეზარე - იტალიელი კრიმინალისტი, ანთროპოლოგიური მიმართულების - ლომბროზიანობის - მამამთავარი კრიმინალისტიკაში და სისხლის სამართალში (1835-1909 წწ).

ლომგმირი - იტყვიან ძალიან ღონიერ და გულად კაცზე, ვაჟკაცზე.

ლომგული

1) იტყვიან ძალიან გულად, უშიშარ კაცზე, ვაჟკაცზე.

2) ინგლისის მეფე რიჩარდ I-ის მეტსახელი.

ლომგულოვანი - იხილე ლომგული.

ლომე - ტოგოს დედაქალაქი და მთავარი საზღვაო პორტი. დაარსებულია XIX საუკუნის დასასრულს (360 ათასი).

ლომებრივი (ლომისებური)- იგივეა, რაც ლომური.

ლომეკი - მდინარე თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.

ლომვეშაპი - იხილე მორჟი.

ლომთათიძე გიორგი - არქეოლოგი (1914-1971 წწ).

ლომთათიძე მურმან - მოცეკვავე და ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

ლომთათიძე ქეთევან - ენათმეცნიერი, აკადემიკოსი (დაიბადა 1911 წელს).

ლომთათიძე ჭოლა - მწერალი (1879-1915 წწ).

ლომი

1) მოყვითალო ფერის დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი, ხვადისათვის დამახასიათებელია ხშირი ფაფარი.

2) (გადატანით) იტყვიან ღონიერ და უშიშარ, გულად ადამიანზე.

3) (ასტრ.) ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი, მდებარეობს ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე.

4) (რუს.) იხილე ძალაყინი.

5) ქალაქი ბულგარეთში, პორტი დუნაიზე (45 ათასი).

6) (რუსენსკ-ლომი) მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი ბულგარეთში.

ლომია კუმფი (კონსტანტინე) - აფხაზი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

ლომინაძე ჯუმბერ - ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

ლომინეიშვილი მაია - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1998, 2002). ევროპის ჩემპიონი 20 წლამდელთა შორის (1996), სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (2000), მსოფლიოს ჩემპიონატის ზონალურ ტურნირში გამარჯვებული (1995) (დაბადა 1977 წელს).

ლომისა

1) მთიულ-გუდამაყრელთა მთავარი წინაქრისტიანული სალოცავი, შვილიერების მფარველი ღვთაება.

2) უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდებას, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი. ნაგებობა გეგმით მარტივი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (14,5 X 7,8 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. გადამხური კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებში დაყოლებულია ნიშები. ტაძრის ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი. ლომისის სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და დღესაც მოქმედია.

ლომის-ალევის ქედი - იხილე ალევის ქედი.

ლომისი - სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გაზეთი 1921-23 წლებში.

ლომისის მთა - მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ალევის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.

ლომისკბილა - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, აქვს უფოთლო ღერო, იკეთებს ღეროს წვერზე კალათად თავმოყრილ ყვითელ ყვავილს.

ლომისმთა - მთა ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედზე (სიმაღლე - 2187 მეტრი).

ლომისღელე - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, კისისხევის მარცხენა შენაკადი.

ლომიძე ანდრო - მწერალი (1907-1990 წწ).

ლომიძე გიორგი - რუსეთში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1914-1999 წწ).

ლომიძე შოთა - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 და 100 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და მეორე პრიზიორი (1967), 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1936-1993 წწ).

ლომკაცი - იტყვიან ძალიან დიდი ტანის და ღონიერ კაცზე.

ლომნიცკი ტადეუშ - პოლონელი მსახიობი (1972-1992 წწ).

ლომნიცკი-შტიტი - მწვერვალი ტატრებში (დასავლეთი კარპატები), სლოვაკეთის ტერიტორიაზე (2632 მეტრი).

ლომონოსოვი მიხაილ - მსოფლიო მნიშვნელობის რუსი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი, პოეტი, მოსკოვის უნივერსიტეტის დამაარსებელი (1711-1765 წწ).

ლომონოსოვი2 (1948 წლამდე ორანიენბაუმი) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში (45 ათასი).

ლომოური თამარ - პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში (1883-1965 წწ).

ლომოური ნიკო - მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1852-1915 წწ).

ლომოური ნოდარ - ისტორიკოსი, პროფესორი, (დაიბადა 1926 წელს).

ლომჟა - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

ლომსაძე შოთა - პოეტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1925 წელს).

ლომსია

1) მესხეთის ქედის ერთ-ერთი ძველი სახელი.

2) ქალაქ ახალციხის ძველი სახელი.

ლომუკასებრნი (Stratiomyidae) - ფეხსახსრიანთა ოჯახი ორფრთიანების რიგისა, 5-15 მმ ზომის ბუზები.

ლომური - ლომის დამახასიათებელი, ვაჟკაცური, მამაცური.

ლომჭიანჭველასებრნი (Myrmeleonidae) - მწერების ოჯახი ბადეფრთიანების რიგისა, სხეულის სიგრძე 2-7,5 სმ.

ლონაური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლასკადურის მარცხენა შენაკადი.

ლონგ-აილენდი - კუნძული ატლანტის ოკეანეში, აშშ-ს სანაპიროსთან, რომელზედაც ნიუ-იორკის რაიონები ბრუკლინი და ქვინსი მდებარეობს.

ლონგ-ბიჩი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიის შტატის, ლოს-ანჯელესის გარეუბანი (430 ათასი).

ლონგე - ძველბერძენი მწერალი, ავტორი სატრფიალო რომანისა „დაფნისი და ქლოე“ (II-III სს).

ლონგი მარგერიტ - ფრანგი პიანისტი ქალი (1874-1966 წწ).

ლონგი პიეტრო (ნამდვილი გვარი ფალკა) - იტალიელი მხატვარი, ვენეციის სკოლის წარმომადგენელი (1702-1785 წწ).

ლონგიირი - ნორვეგიის სამფლობელო კუნძულ სვალბარდის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლონგო ლუიჯი - იტალიის კომუნისტური პარტიის ლიდერი 1931 წლიდან (1900-1980 წწ).

ლონგფელო ჰენრი უოდსუორთ - ინგლისელი მწერალი, პოეტი-რომანტიკოსი (1807-1882 წწ).

ლონდონდერი - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ლოხ-ფოილის უბეში (360 ათასი).

ლონდონი

1) დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის და ერთა თანამეგობრობის დედაქალაქი, პორტი მდინარე ტემზაზე. დაარსებულია რომაელთა მიერ ახ.წ.აღ. 43 წელს. ინგლისის დედაქალაქად გამოცხადდა 1066 წლიდან. 1707 წლიდან არის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი (დაახლოებით 7 მილიონი).

2) ქალაქი კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ონტარიოს პროვინციაში (360 ათასი).

ლონდონი ჯეკ (ნამდვილი სახელი და გვარი ჯონ გრიფიტი) - ამერიკელი მწერალი (1876-1916 წწ).

ლონდრე - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია-ზღაპარი. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თამაზ მელიავა. სცენარის ავტორი - ოთარ ჭილაძე დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ირაკლი გეჯაძე. მთავარ როლებში: გივი ბერიკაშვილი (ლონდრე), ეროსი მანჯგალაძე (მღვდელი), რამაზ ჩხიკვაძე (ნოშრევანი, ქალაქის თავი), ლია გუდაძე (ამეთვისტო, ნოშრევანის ცოლი), კოტე დაუშვილი (ვაჭარი გეო), სოსო ლაღიძე (გაბრიელი), ლეილა ყიფიანი (ცირა), გურანდა გაბუნია, შალვა გედევანიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, ნოდარ ფირანიშვილი.

ლონდრინა - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, პარანას შტატში (355 ათასი).

ლონე ლუი დე - ფრანგი გეოლოგი (1860-1938 წწ).

ლონჟერონი (ფრანგ.)

1) თვითმფრინავის ფრთის გაყოლებაზე სიმაგრისათვის დატანებული ძელი.

2) ავტომობილის, ტრაქტორის ჩარჩოს სიგრძივი ძელი.

ლონჟი (ფრანგ „თოკი“) - მოწყობილობა ცირკში, რომელიც მსახიობებს სახიფათო ტრიუკების შესრულებისას იცავს.

ლონსესტონი - ქალაქი-პორტი ავსტრალიაში, კუნძულ ტასმანიაზე (90 ათასი).

ლოოსი (ლოზი) ადოლფ - ავსტრიელი არქიტექტორი (1870-1933 წწ).

ლოპამუდრა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - განდეგილ აგასტის ბრძენი ცოლი.

ლოპანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ლოპანისწყალი - მდინარე ზნაურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი.

ლოპე დე ვეგა - იხილე ვეგა კარპიო ..დე.

ლოპეს ანგლადა ლუის - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1919 წელს).

ლოპეს დე აიალა პერო - ესპანელი გრანდი, დიპლომატი, მწერალი (1332-1407 წწ).

ლოპეს დე გომარა ფრანსისკო - ესპანელი ისტორიკოსი (1510-1560 წწ).

ლოპეს ველარდე რამონ - მექსიკელი პოეტი (1888 - 1921 წწ).

ლოპესი რიუი - ესპანელი მოჭადრაკე და ჭადრაკის თეორიტიკოსი (XVI საუკუნის შუა წლები).

ლოპესი ფრანსისკო სოლანო - პარაგვაის პრეზიდენტი 1862 წლიდან (1827-1870 წწ).

ლოპეს პუმარეხო ალფონსო - კოლუმბიის პრეზიდენტი 1934-38 და 1942-45 წლებში (1886-1959 წწ).

ლოპინარი - იგივეა, რაც ხანჭკოლა.

ლოპინგი (ინგლ.) - საცირკო ნომერი - უკუღმა «მზე»; ფეხების დამაგრებით ბაგირზე ბრუნვა.

ლოპიტალი გიიომ ფრანსუა ანტუან - ფრანგი მათემატიკოსი (1661-1704 წწ).

ლოპიტალი მიშელ დე - საფრანგეთის კანცლერი 1560-68 წლებში (1505-1573 წწ).

ლოპო

1) ლიპი სისველე, რომელიც ხის ქერქსა და მერქანს შორის ჩადგება გაზაფხულზე.

2) ზოგი ხის ნორჩი ყლორტისაგან მრგვლად სიგრძეზე გაძრობილი ქერქი.

ლოპოტა - მდინარე ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 2560 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 33 კილომეტრი, აუზის ფართობი - 263 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ?/წმ. ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად.

ლოპრი

1) ცხოველთა დორბლი, დუჟი.

2) ლორწო.

ლოპრიანი

1) დორბლიანი, დუჟიანი ცხოველი.

2) ლორწოვანი ახლად მოგებული (ხბო). სველი, სრიალა.

ლოჟა (ფრანგ.) - ჯგუფური ადგილები თეატრალურ დარბაზში, პარტერის გარშემო და იარუსებზე, რომლის ნაწილები ერთმანეთისაგან ტიხარით ან ბარიერითაა გამიჯნული.

ლორანი ოგიუსტ - ფრანგი ქიმიკოსი (1807-1853 წწ).

ლორანი პიერ ალფონს - ფრანგი მათემატიკოსი და ინჟინერი (1813-1854 წწ).

ლორანტი სტეფან - ამერიკელი გამომცემელი და ფოტორეპორტაჟის პიონერი (1901-1995 წწ).

ლორდთა პალატა - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა.

ლორდი

1) დიდი ფეოდალის ტიტული შუა საუკუნეების ინგლისში.

2) დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი.

ლორდოზი (ბერძნ.) - ხერხემლის გამრუდების ერთ-ერთი სახე.

ლორე (ლორი) - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთის სტეფანავანის რაიონი).

ლორეინი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში (70 ათასი).

ლორელი და ჰარდი - სტენ ლორელი (ნამდვილი სახელი და გვარი არტურ სტენლი ჯეფერსონი) (1890-1965 წწ) და ოლივერ ჰარდი (1892-1957 წწ) - ამერიკელი კინომსახიობები, კომიკოსები; ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიკური დუეტი კინოს ოსტორიაში.

ლორენი კლოდ - ფრანგი ფერმწერი, გრაფიკოსი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1600-1682 წწ).

ლორენი სოფია (ნამდვილი გვარი შიკოლონე) - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

ლორენი - ლოტარინგიის მეორე სახელი.

ლორენსი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მასაჩუსეტსის შტატში (70 ათასი).

ლორენსი დევიდ ჰერბერტ - ინგლისელი მწერალი (1885-1930 წწ).

ლორენსი თომას - ინგლისელი ფერმწერი (1769-1830 წწ).

ლორენსი თომას ედვარდს (მეტსახელი ლოურენს არაბი) - ინგლისელი მზვერავი არაბულ სამყაროში, ჰომეროსის პოემების მთარგმნელი, ავტორი მემუარებისა „სიბრძნის შვიდი ბურჯი“ (1888-1935 წწ).

ლორენსი ერნესტ ორლანდო - ამერიკელი ფიზიკოსი, 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1901-1958 წწ).

ლორენსუ-მარკიში - მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტუს სახელი 1975 წლამდე.

ლორენცეტი - სიენის სკოლის იტალიელი ფერმწერები (ძმები): პიეტრო (დაახლოებით 1280 - 1348 წწ) და ამბროჯო (? - 1348 წ).

ლორენცი კონრად - ავსტრიელი ზოოლოგი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნ.ტინბერგენთან და კ.ფიშერთან ერთად (1903-1989 წწ).

ლორენცი კუნო - გერმანელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1932 წელს).

ლორენცი ჰენდრიკ ანტონ - ნიდერლანდელი ფიზიკოსი; 1902 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პ.ზეემანთან ერთად (1853-1928 წწ).

ლორენცო ვალა - იხილე ვალა .

ლორერი ნიკოლაი - რუსი სამხედრო მოღვაწე, დეკაბრისტი, მაიორი, 1812 წლის ომის მონაწილე (1795-1873 წწ).

ლორთქიფანიძე ბეჟან - არქიტექტორი (1908-1969 წწ).

ლორთქიფანიძე გიგა - რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

ლორთქიფანიძე გურამ - კინომსახიობი (1930-2008 წწ).

ლორთქიფანიძე დავით - პედაგოგი, აკადემიკოსი (1905-1990 წწ).

ლორთქიფანიძე ზურაბ - პოეტი (დაიბადა 1919 წელს).

ლორთქიფანიძე კონსტანტინე - მწერალი (1904-1986 წწ).

ლორთქიფანიძე მარიამ - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1922 წელს).

ლორთქიფანიძე ნიკო - მწერალი (1880-1944 წწ).

ლორთქიფანიძე ნინო - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

ლორთქო - ახლად ამოყრილი, ნორჩი ყლორტი.

ლორი

1) ღორის ხორცი, დამარილებული და ბოლში გამოყვანილი.

2) თუთიყუშის სახეობა, გავრცელებულია ფილიპინის კუნძულებზე და ავსტრალიაში.

3) ნახევრად მაიმუნების ორი გვარი, ლორისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ლორია აბესალომ - ესტრადისა და კინოს მსახიობი (1922-2001 წწ)).

ლორია პარმენ - მწერალი (1896-1976 წწ).

ლორიანი - ქალაქი-პორტი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე, მორბიანის დეპარტამენტში (70 ათასი).

ლორიე უილფრიდ - კანადის პრემიერ-მინისტრი 1896-1911 წლებში (1841-1919 წწ).

ლორის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, შეიქმნა 1801 წელს, 1804 წელს ეწოდა თბილისის მაზრა.

ლორისტონი ჟაკ ალექსანდრ ბერნარ - მარკიზი, საფრანგეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი, სახელმწიფო მინისტრი, ნაპოლეონის ომების მონაწილე (1768-1828 წწ).

ლორკა - ქალაქი ესპანეთის მურსიის ოლქში.

ლორნეტი (ფრანგ.) - დასაკეცი სათვალე სახელურით.

ლორფინი - ქვის ფიცარი (საბა), ქვის ფილა.

ლორცინგი ალბერტ - გერმანელი კომპოზიტორი (1801-1851 წწ).

ლორწო - წებოვანი და ლიპი სითხე, რომელსაც გამოყოფს ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების ზოგი უჯრედი.

ლორწოვანები - უქლოროფილო, უმთავრესად საპროფიტული ორგანიზმების ჯგუფი (განყოფილება); იგივეა, რაც მიქსომიცეტები.

ლორწოვანი - ლორწოს შემცველი, ლორწოთი დაფარული.

ლორწომის კლდე - იხილე ალევის კლდე.

ლოსაბერიძე ქეთევან - სპორტსმენი, მშვილდოსნობა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის მონაწილე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) (დაიბადა 1949 წელს).

ლოს-ალამოსი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნიუ-მექსიკოს შტატში.

ლოს-ანხელესი - ქალაქი ჩილეში, ბიო-ბიოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლოს-ანჯელესი - ქალაქი-პორტი აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიის შტატში (3,5 მილიონი, გარეუბნებით 7 მილიონი).

ლოს-ანჯელეს-თაიმსი - დილის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჯელესში 1881 წლიდან.

ლოს-ანჯელეს-კინგზ - ჰოკეის ეროვნული ლიგის ამერიკული კლები. დაარსებულია 1967 წელს.

ლოსევი ალექსეი - რუსი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიკოსი, ფილოლოგი (1893-1988 წწ).

ლოსენი ვილჰელმ კლემენს - გერმანელი ქიმიკოსი (1838-1906 წწ).

ლოსენკო ანტონ - რუსი ფერმწერი (1737-1773 წწ).

ლოსი (ცხენირემი, Alces alces) - წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა, სხეულის სიგრძე 3 მეტრი, წონა 570 კგ. გავრცელებულია ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და აზიის ტყის ზონაში.

ლოსინო-პეტროვსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (25 ათასი).

ლოსიონი (ფრანგ.) - კოსმეტიკურ-ჰიგიენური საშუალება კანის მოსავლელად.

ლოსკი ნიკოლაი - რუსი ფილოსოფოსი, ინტუიტივიზმის და პერსონალიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი (1870-1965 წწ).

ლოსონი ჰენრი - იხილე ლოუსონი ..

ლოსორიონი - ბიზანტიური ხანის ციხე-სიმაგრე, მდებარეობდა ნოსირის მიდამოებში.

ლოს-ტეკესი - ქალაქი ვენესუელაში, მირანდის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლოტა - ქალაქი-პორტი ჩილეს კონსეფსიონის პროვინციაში, წყნარი ოკეანის პირას (65 ათასი).

ლოტარინგია (ლორენი) - ისტორიული ოლქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში; მოიცავს მერტის, მოზელის და ვოგეზის დეპარტამენტებს. მთავარი ქალაქებია ნანსი და მეცი.

ლოტბარი - მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი.

ლოტი

1) ბიბლიაში - აბრაამის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად მესოპოტამიიდან ქანაანში გადასახლდა.

2) ხელსაწყო ზღვის სიღრმის გასაზომად.

3) გასაყიდი საქონელი, ნივთი (აუქციონზე).

ლოტი პიერ - (ნამდვილი სახელი და გვარი ჟულიენ ვიო) - ფრანგი მწერალი (1850-1923 წწ).

ლოტიანუ ემილ - მოლდაველი მწერალი და კინორეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).

ლოტიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, რომელიც პრიაპოსისაგან თავდაცვის მიზნით ლოტოსად გადაიქცა.

ლოტკინის გორა - ძველი უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ახლანდელი თბილისის ზღვის ფერდობზე.

ლოტო ლორენცო - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1480-1556 წწ).

ლოტო

1) (კუთხ.) კარგად ტანაყრილი მცენარე, ლიტაო.

2) (ფრანგ.) - სათამაშო ერთგვარი, შედგება ციფრებიანი ბარათებისა და კოჭებისაგან.

ლოტონი ჩარლზ - იხილე ლოუტონი .

ლოტოსი

1) (Nelumho) - წყლისა და ხმელეთის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლოტოსისებრთა ოჯახისა (ზოგჯერ დუმფარისებრთა ოჯახთან აერთიანებენ). აქვს წყალზე მოტივტივე დიდი ყვავილი. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში.

2) ყოველკვარტალური ლიტერატურული ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს აზიისა და აფრიკის მწერალთა ასოციაცია 1968 წლიდან კაიროში, 1979 წლიდან ბეირუთში, 1983 წლიდან ტუნისში.

ლოტოტრონი - მბრუნავი დოლი, რაშიც ყრიან ლატარიის ბილეთების ნომრებს გასათამაშებლად.

ლოტოფაგები (ბერძნ. „ლოტოსის მჭამელნი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიბიაში მცხოვრები ტომი, რომლებსაც ლოტოსი ავიწყებდა წარსულს. თანამედროვე გაგებით ლოტოფაგების ქვეყანას უწოდებენ ისეთ მომხიბვლელ მხარეს, სადაც ადამიანებს ყოველგვარი მწუხარება ავიწყდებათ.

ლოტრეამონი (ნამდვილი სახელი და გვარი იზიდორ დიუკასი) - ფრანგი პოეტი (1846-1870 წწ).

ლოტსი იან პაულუს - ნიდერლანდელი ბოტანიკოსი (1867-1931 წწ).

ლოტუკო (საკუთარი სახელი ოტუქსო) - სამხრეთ სუდანში მცხოვრები ხალხი.

ლოტუსი

1) ინგლისელთა გუნდი, რომელიც მონაწილეობდა «ფორმულა 1»-ის რბოლებში 1958-94 წლებში.

2) ამერიკის კორპორაცია IBM-ის სტრუქტურული ქვეგანაყოფი 1995 წლიდან; აწარმოებს პერსონალური კომპიუტერის პროგრამებს.

ლოტცე რუდოლფ ჰერმან - გერმანელი ფილოსოფოსი, ექიმი, ბუნებისმეტყველი (1817-1881 წწ).

ლოუ დენის - შოტლანდიელი ფეხბურთელი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 1964 წელს (დაიბადა 1940 წელს).

ლოუ ფრედერიკ - ამერიკელი კომპოზიტორი, წარმოშობით ავსტრიელი (1901-1988 წწ).

ლოუგანი - მწვერვალი კანადაში, წმინდა ილიას მთებში.

ლოუელი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მასაჩუსეტსის შტატში (100 ათასი, გარეუბნებით 250 ათასი).

ლოუელი ეიმი - ამერიკელი პოეტი ქალი (1874-1925 წწ).

ლოუელი რობერტ - ამერიკელი პოეტი (1917-1977 წწ).

ლოუელი ჯეიმზ რასელ - ამერიკელი პოეტი და პუბლიცისტი (1819-1991 წწ).

ლოურენსი - იხილე ლორენსი2.

ლოუერ-ჰატი - ქალაქი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში (65 ათასი).

ლოურენსიუმი (Lr) - რადიოაქტიური ხელოვნურად მიღებული ქიმიური ელემენტი. მიეკუთვნება აქტინოიდებს. ატომური ნომერი 103.

ლოურეინი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.

ლოუსონი ჰენრი არჩიბალდ - ავსტრალიელი მწერალი (1867-1922 წწ).

ლოუტონი ჩარლზ - ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი (1899-1962 წწ).

ლოუჩი - კინოსა ტელევიზიის ინგლისელი რეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).

ლოფლოფი

1) ჩვილი, თოთო.

2) უნაჭუჭო კვერცხი, რომელსაც ზოგჯერ დებს ქათამი.

ლოფოტენის კუნძულები - არქიპელაგი სკანდინავიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებთან, ნორვეგიის ზღვაში, ეკუთვნის ნორვეგიას.

ლოფტი - იხილე მაუნტ-ლოფტი.

ლოქაუტი (ინგლ.) - საწარმოს დახურვა და მუშების მასობრივი გათავისუფლება.

ლოქის უღელტეხილი - უღელტეხილი დმანისის მუნიციპალიტეტში, ლოქის ქედზე.

ლოქის ქედი (სომხითის ქედი) - ქედი დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საქართველო-სომხეთის საზღვარზე.

ლოქისწყალი - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისისწყლის მარცხენა შენაკადი.

ლოქო

1) (Silurus glanis) მტკნარი წყლის დიდთავა, ულვაშიანი, უქერცლო თევზი, ღლავი.

2) (გადატანით) (საუბ.) ზანტი, დონდლო, დოყლაპია.

ლოქორა (ლოფორთქინა) - ხმელეთის მუცელფეხიანი ფილტვიანი მოლუსკები, რომლებსაც გარეგანი ნიჟარა არა აქვთ.

ლოქორია (გუწუ, თინცა ტინცა) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა, სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 500 გრამი.

ლოქოსებრნი (Siluridae) - კობრისნაირთა რიგის თევზების ოჯახი. აქვთ ტიტველი, უქერცლო სხეული; ბინადრობენ მტკნარ და მომლაშო წყლებში.

ლოქსოდრომია (ლოქსოდრომა) - სფეროზე ან ბრუნვის სხვა ზედაპირზე არსებული ხაზი, რომელიც კვეთს ყველა მერიდიანს ერთი და იგივე კუთხით.

ლოქჯანდარი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ლოყა - ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე, ღაწვი.

ლოყაწითელი - ვისაც წითელი ლოყები აქვს.

ლოყებგამობერილი - ვისაც ლოყები გამობერილი აქვს.

ლოყებდაბერილი - ვისაც ლოყები დაბერილი აქვს.

ლოყებდაბრაწული - იტყვიან წითელლოყება, ლოყებღაჟღაჟა ადამიანზე.

ლოყებღაჟღაჟა - ვისაც ღაჟღაჟა ლოყები აქვს.

ლოშიათხევი - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.

ლო-შენი - ჩინურ მითოლოგიაში:

1) სულები, რომლებსაც მხედველობის განკურნება შეუძლიათ.

2) მდინარე ლოს ფერია, მითიური წინაპრის ფუ-სის ასული.

ლოშკინეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ლოშლოში - ხარბად ჭამა.

ლოცე ჰერმან - იხილე ლოტცე .

ლოცვა - „უბნობა კაცისა ღმერთთან“; ვედრება უფლისადმი ან ზებუნებრივი ძალისადმი, რომ მოიღოს მოწყალება.

ლოცვანი - საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების ლოცვებს შეიცავს.

ლოცია (ჰოლანდ.)

1) გემთტარების დარგი, რომელიც შეისწავლის წყლის აუზებში ცურვის პირობებს.

2) სახელმძღვანელოს სახელწოდება, რომელშიც ზუსტად არის აღწერილი წყლის აუზების სანავიგაციო თავისებურება.

ლოცმანი

1) (hioland.) - თანამდებობის პირი, რომელსაც გემები გაჰყავს აკვატორიის საშიშ და ძნელად გასასვლელ რაიონებში.

2) ზღვის თევზი სტავრიდასებრთა ოჯახისა.

ლოცმეისტერი - თანამდებობის პირი ნავსადგურში, რომლის მოვალეობაა საზღვაო გზებზე უშიშროების დაცვა.

ლოძი - ქალაქი ცენტრალურ პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (850 ათასი).

ლოწობანი - ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფელ იკოთთან (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

ლოჭინი

1) (საცხენისი) მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

2) რკინიგზის ბაქანი ლილო-ვაზიანის გადასარბენზე.

ლოჭინისხევი (ლოჭინი) - მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ლოხაბერაქსტი - ცივი იარაღის სახეობა. შეიქმნა XIII საუკუნეში.

ლოხანი - არხატის ჩინური ტრანსკრიფცია; ჩინელი ბუდისტი წმინდანი, რომელმაც სრულყოფილებას მიაღწია.

ლოხ-დერგი - ტბა ირლანდიაში.

ლოხე

1) (ბეილო ხე) - მდინარე ჩინეთში, მდინარე ვეიხეს მარცხენა შენაკადი.

2) (ილოხე) მდინარე ჩინეთში, მდინარე ხუანხეს მარჯვენა შენაკადი.

ლოხ-ერნი - ტბა ჩრდილოეთ ირლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).

ლოხვიცა - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.

ლოხვიცკაია მირა (მარია) - რუსი პოეტი ქალი (1869-1905 წწ).

ლოხვიცკი (ნამდვილი გვარი აჯუკ-გირეი) მიხაილ - რუსი მწერალი და მთარგმნელი, ცხოვრობს თბილისში (დაიბადა 1922 წელს).

ლოხი - ზანტი, ზარმაცი, უღონო.

ლოხ-კორიბი - ტბა ირლანდიაში.

ლოხ-ლომონდი - ტბა შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).

ლოხ-ნეი - ტბა ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, ყველაზე დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე (სიღრმე 31 მეტრამდე).

ლოხნერი სტეფან - გერმანელი ფერმწერი (დაახლოებით 1410-1451 წწ).

ლოხ-ნესი - ტბა შოტლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში; ფართოდაა ცნობილი იმით, რომ მასში თითქოს ბინადრობს „ნესი“ - ზღაპრული ურჩხული (სიღრმე 230 მეტრამდე).

ლოხონი - მთა საჩხერისა და ზნაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედზე.

ლოჯია (იტალ.) - სათავსი, რომელიც შედის შენობის მოცულობაში და გარე სივრცისგან გამოყოფილია თაღნარით.