The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0006უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (მ-ნ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა მა
დოკუმენტის ნახვა მბ
დოკუმენტის ნახვა მგ
დოკუმენტის ნახვა მდ
დოკუმენტის ნახვა მე
დოკუმენტის ნახვა მვ
დოკუმენტის ნახვა მზ
დოკუმენტის ნახვა მთ
დოკუმენტის ნახვა მი
დოკუმენტის ნახვა მკ
დოკუმენტის ნახვა მლ
დოკუმენტის ნახვა მმ
დოკუმენტის ნახვა მნ
დოკუმენტის ნახვა მპ
დოკუმენტის ნახვა მჟ
დოკუმენტის ნახვა მრ
დოკუმენტის ნახვა მს
დოკუმენტის ნახვა მტ
დოკუმენტის ნახვა მუ
დოკუმენტის ნახვა მფ
დოკუმენტის ნახვა მქ
დოკუმენტის ნახვა მღ
დოკუმენტის ნახვა მყ
დოკუმენტის ნახვა მშ
დოკუმენტის ნახვა მჩ
დოკუმენტის ნახვა მც
დოკუმენტის ნახვა მძ
დოკუმენტის ნახვა მწ
დოკუმენტის ნახვა მჭ
დოკუმენტის ნახვა მხ
დოკუმენტის ნახვა მჯ

მუ

 

მუ (ჩინ.) - მიწის ფართობის საზომი ერთეული ჩინეთში, უდრის დაახლოებით 0,6 ჰექტარს.

მუავია I - ომეიადების დინასტიის დამაარსებელი და პირველი ხალიფა 661 წლიდან.

მუავრი აბრაჰამ დე - ინგლისელი მათემატიკოსი (1667-1754 წწ).

მუარი

1) ქალაქი მალაიზიის ჯოჰორის შტატში.

2) (მუარე) - აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი; აქვს ტალღისებრი მბზინავი ზედაპირი.

მუარი ედუინ - ინგლისელი პოეტი (1887-1959 წწ).

მუასანი ანრი - ფრანგი ქიმიკოსი, 1906 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1852-1907 წწ).

მუაში - კურორტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მუბარაქი ჰოსნი სეიდ - ეგვიპტის პრეზიდენტი 1981-2011 წლებში; გადადგა 2011 წლის 11 თებერვალს აჯანყების შედეგად (დაიბადა 1928 წელს).

მუბარექი- ქალაქი უზბეკეთის ყაშყადარიის ოლქში (20 ათასი).

მუბერგი ვილჰელმ - შვედი მწერალი (1898-1973 წწ).

მუგაბე რობერტ - ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წლიდან (დაიბადა 1924 წელს).

მუგარათი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მუგუდა - - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1210 მეტრი, დუშეთიდან - 43 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 80 კაცი.

მუგუზალი - ცეცხლმოკიდებული შეშა.

მუგუზი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარჯვენა შენაკადი.

მუგუთი - სოფლები ზნაურის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.

მუგუძირხვა - სოფელი გუდაუთის შემოგარენში.

მუდამ - ყოველთვის, მარად, ნიადაგ.

მუდანძიანი

1) ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში (570 ათასი).

2) მდინარე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სუნგარის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 700 კილომეტრი).

მუდარა - დიდი თხოვნა, ხვეწნა, ვედრება.

მუდეხარები (ესპან.) - პირენეს ნახევარკუნძულის იმ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც მიიტაცეს ესპანურმა სახელმწიფოებმა რეკონკისტის დროს და დაიწყეს მათი იძულებით გაქრისტიანება; მას შემდეგ ისინი ცნობილნი არიან, როგორც მორისკები.

მუდეხარი (ესპან.) - ესპანეთში XI-XVI საუკუნეებში არქიტექტურული სტილი, რომელშიც გოტიკის (შემდეგ კი რენესანსის) კომპოზიციური ხერხები შეხამებული იყო მავრიტანული ხელოვნების ძირითად თვისებებთან.

მუდმივ - იგივეა, რაც მუდამ.

მუდმივი - რაც მუდამ, ყოველთვის არის, მარადიული, განუწყვეტელი.

მუდმივმოქმედი - რაც მუდმივ მოქმედებს.

მუდმივობა - მუდმივის თვისება, მუდმივად ყოფნა, მარადისობა.

მუდო (მუდუ) (კუთხ.) - იხილე თხუნელა.

მუდრა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, არშირის მარცხენა შენაკადი.

მუდრეგი - სალანძღავი სიტყვა - ოხერო, ტიალი, უპატრონო.

მუეძინი (არაბ.) - მეჩეთის მსახური (მოლა), რომელიც მინარეთიდან მოუხმობს მუსლიმანებს სალოცავად.

მუვაშაჰი (თავშიჰი) - არაბული სასიმღერო პოეზიის ჟანრი.

მუზა (ბერძნ.)

1) ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თითოეული ცხრა ქალღმერთთაგანი, რომლებიც ითვლებოდნენ ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველებად.

2) იხილე მუზები.

3) პოეტის შთაგონების წყარო.

4) პოეტის შემოქმედება მისი დამახასიათებელი თვისებებით.

მუზაგეტი - იხილე მუსაგეტი.

მუზარადი - მეომრის ძველებური ლითონის ქუდი, რომელიც მას დარტყმისაგან იცავდა.

მუზარტი - უღელტეხილი ჩინეთში.

მუზაშვილი ჯონდო - მოჭიდავე (სამბო, 74 კგ). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 96, 97), მეორე (1993) და მესამე (1994) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1996), ევროპის ჩემპიონი (1994) და მესამე პრიზიორი (1995) (დაიბადა 1970 წელს)

მუზაფარპური - ქალაქი ინდოეთის ბიჰარის შტატში.

მუზები - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში - ზევსის და მნემოსინეს ქალიშვილები, ქალღმერთები, მეცნიერების, პოეზიის და ხელოვნების მფარველები: ევტერპე - ლირიული პოეზიის, კლიო - ისტორიის, ტალია - კომედიის, მელპომენე - ტრაგედიის, ტერფსიქორე - ცეკვის, ერატო - სატრფიალო პოეზიის, პოლიჰიმნია - ჰიმნების, ურანია - ასტრონომიის, კალიოპე - ეპიური პოეზიის.

მუზეოლოგია - ისტორიული დისციპლინა - მუზეუმების მოწყობის საქმე, მუზეუმთმცოდნეობა.

მუზეუმი (ბერძნ.) - დაწესებულება, რომელიც აგროვებს, იცავს და გამოფენს დასათვალიერებლად ხელოვნების ნაწარმოებებს, ისტორიულ სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ექსპონატებს და სხვა.

მუზეუსი იოჰან კარლ ავგუსტ - გერმანელი მწერალი (1735-1787 წწ).

მუზილი რობერტ - ავსტრიელი მწერალი (1880-1942 წწ).

მუზიცირება - მუსიკაში - მეცადინეობა, მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

მუზმუზელა (საუბ.) - ქვეშქვეშა, ეშმაკი, გაქნილი ადამიანი.

მუზტაგატა - მწვერვალი ჩინეთის კაშგარის ქედზე.

მუზტაგი - იხილე ულუგმუზტაგი.

მუზქოლი - ქედი პამირში (ტაჯიკეთი).

მუთაზილიტები (არაბ.) - შემქმნელები რაციონალური მიმართულების მქონე ადრინდელი მუსლიმანური თეოლოგიისა, რომელიც ჩაისახა არაბთა სახალიფოში VIII საუკუნეში.

მუთალიბოვი აიაზ - აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1990-92 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

მუთაქა - მატყლით გატენილი მოგრძო, მრგვალი თავქვეშ სადები.

მუიზი აბუ აბდ ალ-ლაჰ მოჰამად იბნ აბდ ალ-მალექ - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1048-1126 წწ).

მუინაკი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაყეთის რესპუბლიკაში.

მუინი მოჰამედ - ირანელი ფილოლოგი, კლასიკური სპარსული ლიტერატურის მკვლევარი (1913 - 1971 წწ).

მუინყუმი - ქვიშიანი უდაბნო ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში.

მუირი ჯინ ელიზაბეთ - ინგლისელი მოდელიერ-დიზაინერი (1933-1995 წწ).

მუისკები - ინდიელ ტომთა ჯგუფი ამერიკაში.

მუკადასი შამს ალ-დინ აბუ აბდალ-ლაჰ მუჰამედ - არაბი მოგზაური და გეოგრაფი (946-1000 წწ).

მუკაჩევო - ქალაქი უკრაინის იმიერკარპატეთის ოლქში (90 ათასი).

მუკდენი - იხილე შენიანი.

მუკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

მუკუზანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

მულაჟი (ფრანგ.) - საგნის ნატურალური ზომის მოდელი (თაბაშირისა, სანთლისა და მისთანების).

მულაჟისტი - მულაჟების დამზადების სპეციალისტი.

მულასენი - მწვერვალი ესპანეთის სიერა-ნევადის მთებში (3478 მეტრი).

მულატი (ესპ.-არაბ.) - ზანგისა და თეთრკანიანის შეუღლების შედეგად შობილი ბავშვი.

მულახი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მულდა (გერმ.)

1) ფოლადის სხმული კოლოფი კაზმის (ნედლეულის) ჩასატვირთად ფოლადსადნობ ღუმელში.

2) საბრძმედე წარმოებაში: ყალიბი თუჯის ზოდების ჩამოსასხმელად.

მულდაგალიევი ჯუბან - ყაზახეთის სახალხო მწერალი (1920-1988 წწ).

მულდართა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მულდე - მდინარე გერმანიაში, მდინარე ელბის მარცხენა შენაკადი.

მულენი ჟან - საფრანგეთის ანტიფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1899-1943 წწ).

მული - ქმრის და.

მულიავინი ვლადიმირ - ბელორუსი ესტრადის მსახიობი, კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

მულინე

1) დაძახული ფერადი ძაფი ერთგვარი; იყენებენ საქარგავად.

2) ერთ-ერთი ილეთი ფარიკაობაში.

მულინეტი (ფრანგ.) - წყლის ან ქარის სისწრაფის გასაზომი ხელსაწყო (ტრილა).

მულინხე - მდინარე ჩინეთში, მდინარე უსურის მარცხენა შენაკადი.

მულისი კერი - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.სმიტთან ერთად (დაიბადა 1944 წელს).

მულისწული - მულის შვილი.

მულიტი - მინერალი სილიკატების კლასისა, ცეცხლგამძლე მასალა და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფაიფურისა და ზოგი სხვა ტექნიკური პროდუქტისა.

მულრა (მულხურა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

მულტანი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (1,2 მილიონი).

მულტატული (ნამდვილი სახელი და გვარი ედუარდ დაუეს დეკერი) - ნიდერლანდელი მწერალი (1820-1887 წწ).

მულტი (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მრავალჯერობას, სიმრავლეს, მრავალსახეობას.

მულტივიბრატორი - გენერატორი, რომელიც აღძრავს სინუსოიდისაგან ფორმით განსხვავებულ რხევებს. იყენებენ ელექტრონულ ტექნიკაში, ტელევიზიაში.

მულტიმედია - კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ინფორმაციის (ტექსტი, ხმა, ფოტო, ნახატი, ანიმაცია, ვიდეო) ურთიერთკავშირს და თავმოყრას ერთ ობიექტ-კონტეინერში; ამ ინფორმაციის შემცველი ბლოკი.

მულტიმილიონერი - მრავალ მილიონად ღირებული ქონების პატრონი;

მულტიპლიკატორი

1) მულტიპლიკაციის სპეციალისტი.

2) მრავალობიექტივიანი ფოტოკამერა, რომელიც ერთდროულად ერთი და იმავე საგნის გამოსახულებას იძლევა.

მულტიპლიკაცია

1) კინოფირზე გადაღება ცალკეული ნახატებისა, რომლებითაც ასახულია მოძრაობის თანამიმდევრული ფაზები და ეკრანზე ქმნის ობიექტების მოძრაობის ილუზიას.

2) თვით ასეთი ნახატები.

მულტიპლიკაციური - მულტიპლიკაციის წესით გადაღებული.

მულტიციკლონი - აპარატი აირის გასაწმენდად მასში შეტივტივებული მაგარი ან თხევადი ნაწილაკებისაგან (მტვრისაგან).

მულტფილმი - მულტიპლიკაციური ფილმი.

მულუია - მდინარე მაროკოში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას (სიგრძე - 520 კილომეტრი).

მულქი (არაბ.) - მიწის კერძო საკუთრების სახეობა ფეოდალური ხანის ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

მულჩერი ჰანს - გერმანელი მოქანდაკე და ფერმწერი (დაახლოებით 1400-1467 წწ)..

მულჩი (ინგლ.) - მულჩირებისათვის საჭირო მასალა.

მულჩირება (ინგლ.) - სოფლის მეურნეობაში ნიადაგის ზედაპირის დაფარვა სხვადასხვა მასალით, რათა დაიცვან ნიადაგი სარეველებისაგან და შეუნარჩუნონ მას სტრუქტურა და ტენი.

მულხრა (მულხურა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 27 კილომეტრი).

მუმბაი - (სახელი ეწოდა ქალღმერთ მუმბას საპატივცემლოდ, 1995 წლამდე ერქვა ბომბეი) - ქალაქი ინდოეთში, პორტი არაბეთის ზღვის სანაპიროზე, ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, მაჰარაშტრის შტატის მთავარი ქალაქი (15 მილიონი).

მუმია

1) (არაბ.) - გახრწნისაგან დაბალზამებით (ან ბუნებრივად) დაცული ადამიანის გვამი (ან ცხოველის ლეში); განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგიპტეში.

2) მინერალური საღებავი სხვადასხვა ფერისა.

მუმიო - ფისისმაგვარი ბუნებრივი პროდუქტი ბიოლოგიური წარმოშობისა, ჟონავს კლდეების და მთების ნაპრალებიდან ან წარმოადგენს უფორმო მაგარ ან დრეკად ნაჭრებს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დანიშნულებით.

მუმიფიკაცია (მუმიფიცირება) - მუმიად (1) ქცევა.

მუმლაანთკარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მუმლი - წვრილი მწერი ერთგვარი, ქინქლა.

მუნა

1) კუნძული დიდი ზონდის კუნძულების შემადგენლობაში, ეკუთვნის ინდონეზიას.

2) მდინარე იაკუტიაში, მდინარე ლენის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 715 კილომეტრი).

მუნაზარე (სპარს.) - ლიტერატურული ჟანრი, რომელიც გულისხმობს ორი საგნისა და პირის გაპაექრებას უპირატესობის დამტკიცების მიზნით.

მუნანა - სამთო-სამრეწველო ცენტრი გაბონში.

მუნასიბი (არაბ.) - სახელდახელოდ თქმული ლექსი, კაფია, ექსპრომტი.

მუნგერი - ქალაქი ინდოეთის ბიჰარის შტატში.

მუნდირი (რუს.) - სამხედრო ან სამოქალაქო ფორმის ტანსაცმელი.

მუნდუ - ქალაქი ჩადში, დასავლეთ ლოგონის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

მუნდშტუკი (გერმ.)

1) პატარა სპეციალური მილი, რომელშიც ურჭობენ მოსაწევად სიგარეტს.

2) პაპიროზის ჰილზის მაგვარი უთამბაქოო ნაწილი, რომელსაც პირში იდებენ.

3) სასულე მუსიკალური საკრავის ნაწილი, რომელსაც ტუჩებით ეხებიან ან პირში იდებენ; სატუჩე.

მუნეჯიმბაში (ნამდვილი სახელი აჰმედ იბნ ლუთფულაჰი) - თურქი ისტორიკოსი (1631 - 1702 წწ).

მუნი

1) კანის გადამდები დაავადება, იცის წვრილი გამონაყარი და ძლიერი ქავილი, მღერი.

2) (ნამუნი) - მდინარე ტაილანდში, მდინარე მეკონგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 700 კილომეტრი).

მუნი პოლ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრედერიხ მაიერ ვაიზენბროიდი) - ამერიკელი მსახიობი (1895-1963 წწ).

მუნიანი - ვისაც მუნი სჭირს.

მუნიე ემანუილ - ფრანგი ფილოსოფოსი, ფრანგული პერსონალიზმის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1905-1950 წწ).

მუნისი (შირ მუჰამედ ავაზბი-ოღლი) - უზბეკი ისტორიკოსი და პოეტი (1778-1829 წწ).

მუნიოს მარინი ლუის - ხალხის მიერ არჩეული პირველი გუბერნატორი პუერტო-რიკოსი (1898 - 1980 წწ).

მუნიციპალიზაცია - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კერძო პირებისაგან ჩამორთმევა საკუთრებისა (მიწისა, ნაგებობათა) და გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში.

მუნიციპალიტეტი - ქალაქის ან სოფლის თვითმმართველობის ორგანო.

მუნიციპალური - მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული, საქალაქო.

მუნიციპიები - ძველი რომის სახელმწიფოში: თვითმმართველობის მქონე ქალაქები.

მუნკაჩი მიხაი - უნგრელი ფერმწერი (1844-1900 წწ).

მუნკი ანჯეი - პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი (1921-1961 წწ).

მუნკი ედუარდ - ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1863-1944 წწ).

მუნკი ჰერბიულუნე - დანიელი დრამატურგი (1898-1944 წწ).

მუნრო ჯორჯ - ავსტრიელი ფიზიკოსი (1901-1994 წწ).

მუნტიანი მიხაილ - მოლდაველი მომღერალი (ლირიკო-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს)

მუნში კანიალალ მანეკლალ - ინდოელი მწერალი, ისტორიკოსი (1887-1980 წწ).

მუნში - მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, ემსახურებოდა როგორც ირანის შაჰს, ისევე ქართლის მეფეს.

მუნჩია

1) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ჭურიის ზემო დინება.

2) რკინიგზის ბაქანი ხეთა-ხობის გადასარბენზე.

მუნჯი - მეტყველების უნარს მოკლებული ადამიანი.

მუნჯური - მუნჯის დამახასიათებელი, მუნჯებისათვის განკუთვნილი.

მუნჯუხე - მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლომისის ქედზე (სიმაღლე - 2685 მეტრი).

მუონიო-ელვი (მუონიოიოკი) - მდინარე შვედეთისა და ფინეთის საზღვარზე, მდინარე ტურნე-ელვის მარცხენა შენაკადი.

მუონიოიოკი - იხილე მუინიო-ელვი.

მუჟავა - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მუჟიჩუ - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

მუჟუჟი - ძმარში ჩადებული მოხარშული ღორის ფეხები.

მურა

1) იხილე მური.

2) რუხ-წითელი, შავ-წითელი.

3) შავ-წითელი ძაღლი (საბა).

მურაბა - ტკბილ წვენში მოხარშული ხილეული ან ზოგი ბოსტნეული.

მურაბიანი - რაშიც მურაბაა, მურაბით გასვრილი.

მურად I - ოსმანთა დინასტიის მესამე სულთანი და ოსმალეთის იმპერიის ფაქტიური დამაარსებელი (1319-1389 წწ)

მურადა - ძაღლის სახელი ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

მურადაბადი - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში.

მურა დათვი - მტაცებელი ძუძუმწოვარი დათვისებრთა ოჯახისა, სხეულის სიგრძე 2,5 მეტრამდე. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

მურად-ბეგი ალ-მუჰამად - ეგვიპტის მამლუქი გამგებელი, წარმოშობით ქართველი (1750-1801 წწ).

მურადელი ვანო - რუსეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1970 წწ).

მურადი (აღმოსავლეთი ევფრატი) - მდინარე ევფრატის ერთ-ერთი მდგენელი თურქეთში.

მურადოვი საჰათ - თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე 1990 წლიდან (დაიბადა 1932 წელს).

მურავიოვა ირინა - რუსი მსახიობი ქალი, მოღვაწეობს მოსკოვის მოსსოვეტის თეატრში (დაიბადა 1949 წელს).

მურავიოვ-აპოსტოლი მათე - დეკაბრისტი, გადამდგარი პოდპოლკოვნიკი (1793-1806 წწ).

მურავიოვ-აპოსტოლი სერგეი - დეკაბრისტი, პოდპოლკოვნიკი (1796-1826 წწ).

მურავლენკო - ქალაქი რუსეთის იამალო-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (25 ათასი).

მურაზი (ძვ. და საუბ.) - ნდომა, სურვილი, წადილი.

მურაკვალი - სერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

მურაკამი ჰარუკი - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1949 წელს).

მურაკი - დუღილით შესქელებული ხილეულის ან ბოსტნეულის წვენი, მეტწილად მჟავე, ინახავენ საზამთროდ.

მურალი (ესპ.) - ლათინური ამერიკის ქვეყნებში - კედლის მხატვრობა, ფრესკა, მონუმენტური ფერწერა.

მურასა - ძვირფასი თვლებით მოოჭვილი რამ.

მურასაკი სიკიბუ - იაპონელი მწერალი ქალი (დაახლოებით 978-1016 წწ).

მურატი - მდინარე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ევფრატის მდგენელი (სიგრძე - 670 კილომეტრი).

მურატოვა კირა - უკრაინელი და რუსი რეჟისორი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

მურატოვი ვალენტინ - რუსი ტანმოვარჯიშე, 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1928 წელს).

მურაში - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.

მურაცანი (ნამდვილი გვარი ტერ-ოვანისიანი) გრიგორ - სომეხი მწერალი (1854-1908 წწ).

მურგოული - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მულხრის მარცხენა შენაკადი.

მურდალი (სპარს.) - ბინძური, უსუფთაო.

მურდორჟი - მონღოლი კომპოზიტორი (დაიბადა 1919 წელს).

მურეი (მარი) - ავსტრალიის უდიდესი მდინარე, ერთვის ინდოეთის ოკეანის ალექსანდრინის ლაგუნას (სიგრძე - 2570 კილომეტრი).

მურენი - ქალაქი მონღოლეთში, ხუბსუგულის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი (16 ათასი).

მურეში (მაროში)

1) მდინარე რუმინეთსა და უნგრეთში, მდინარე ტისის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 883 კილომეტრი).

2) ჟუდეცი რუმინეთში.

მურვან ყრუ - იხილე მარვან II იბნ მუჰამედი.

მური

1) შავი ნადები ღუმლებისა და საკვამლეების შიგნითა ნაწილებზე, ჩნდება საწვავის არასრული წვის შედეგად.

2) ახლად გამოსული აბრეშუმის ჭია.

3) (მურა) - მდინარე ავსტრია-იუგოსლავიაში, მდინარე დრავის მარცხენა შენაკადი.

4) (ბერძნ.) - სურნელოვანი ფისი ზოგი მცენარისა, რომლებიც ხარობენ სამხრეთ არაბეთსა და ეთიოპიაში; გამოყენება აქვს მედიცინაში, ძველად იყენებდნენ საკმეველად რელიგიური რიტუალების დროს; ზმირინი.

მური დემი (ნამდვილი სახელი და გვარი დემეტრია გინესი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1962 წელს)

მური ედუარდ - ინგლისელი მწერალი (1712-1757 წწ).

მური თომას - ინგლისელი პოეტი (1779-1852 წწ).

მური მერიან - ამერიკელი პოეტი ქალი (1887-1972 წწ).

მური როჯერ - ამერიკელი მსახიობი, ჯეიმზ ბონდის როლის ერთ-ერთი განმასახიერებელი (დაიბადა 1927 წელს).

მური სტანფორდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სტაინთან ერთად (1913-1982 წწ).

მური ჯორჯ ედუარდ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1873-1958 წწ).

მური ჯულიანა (ნამდვილი გვარი სმიტი) - კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1960 წელს).

მური ჰენრი - ინგლისელი მოქანდაკე (1898-1985 წწ).

მურიანი - მურით გასვრილი, გამურული.

მურილიო ბარტოლომე ესტებან - ესპანელი ფერმწერი (1618-1682 წწ).

მურკი - თავხვეული კომბოსტოს შუა მკვრივი ნაწილი, კანგაცლილი იჭმება; ხვიტი, ხიკვი.

მურკლი - ფქვილის პატარა კოშტი ცომში, ფაფაში, თათარაში და მისთანებში.

მურმანეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მურმანი - პერსონაჟი ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა „აბესალომ და ეთერი“.

მურმანსკი - ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).

მურნ-ალექსანდროვი იოსიპ - სლოვენი პოეტი (1879-1901 წწ).

მურნაუ (ნამდვილი გვარი პლუმპე) ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი რეჟისორი (1888-1931 წწ).

მურნერი ტომას - გერმანელი პოეტი (1475-1537 წწ).

მურომი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (140 ათასი).

მურორანი - ქალაქი იაპონიის იბურის პრეფექტურაში (115 ათასი).

მურსია

1) ისტორიული ოლქი ესპანეთში.

2) ქალაქი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

მურსილი - ხეთების მეფეთა სახელი.

მურტალი (საუბ.) - იგივეა, რაც მურდალი.

მურტალო - პერსონაჟი ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა „კუკარაჩა“

მურუსიძე ანდრია - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

მურღაბი ( „მორღ“ - ჩიტი, „აბ“- მდინარე) - მდინარე ავღანეთში, იკარგება ყარაყუმის უდაბნოში (სიგრძე - 978 კილომეტრი).

მურღუთი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

მურყანი (Alnus) - საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე არყისებრთა ოჯახისა, აქვს მომრგვალო ფოთლები და მთრიმლავი ნივთიერების შემცველი მერქანი. სინონიმი - თხმელა.

მურყვამი - სვანური ციხე-კოშკი.

მურყვამობა (ლიმურყუალ-კოშკობა) - ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი ერთ-ერთი საწესო ქმედება სვანეთში.

მურყმელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მურყნარი (მურყნიანი) - მურყნის ტყე.

მურყნევი (თაროიანი) - მთა ბორჯომისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედზე.

მურშკელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მურწა (Barbus murka) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა.

მურჯახეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მურჯახეთისწყალი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი.

მუსაგეტი (ბერძნ.) - მუზების წინამძღოლი ბერძნულ მითოლოგიაში (აპოლონის ეპითეტი).

მუსავატი (არაბ.-აზერბ.) - ნაციონალური პარტია აზერბაიჯანში 1912-20 წლებში.

მუსაიფი - მშვიდი, გაბმული საუბარი, ბაასი.

მუსალა - მწვერვალი ბულგარეთის რილას მთებში (2925 მეტრი).

მუსანი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჰამგონ-პუქტოს პროვინციაში (50 ათასი).

მუსასინო - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს ქალაქი-თანამგზავრი (140 ათასი).

მუსასირი (mucaciri) - ქალაქი-სახელმწიფო ძვ. წ.აღ. IX-VIII საუკუნეებში ურარტუსა და ასურეთს შორის.

მუსევენი იოვერი - უგანდის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი 1986 წლიდან (დაიბადა 1944 წელს).

მუსეოსი - ძველი ბერძენი პოეტი (დაახლოებით V-VI საუკუნეები).

მუსი

1) მდინარე კანადაში, ერთვის ჯეიმზის ყურეს.

2) მდინარე ინდონეზიაში, ერთვის ბანკის სრუტეს.

3) (ფრანგ.) - ტკბილი საჭმელი, დამზადებული ხილის სიროფისგან, რომელსაც დამატებული აქვს მანანის ბურღული ან ჟელატინი.

მუსიე და მუსიო - იხილე მესიე.

მუსიკა (ბერძნ.) - ხელოვნება, რომელიც სინამდვილეს ასახავს ბგერითი მხატვრული სახეებით.

მუსიკათმცოდნე - მუსიკათმცოდნეობის სპეციალისტი.

მუსიკათმცოდნეობა - ხელოვნებათმცოდნეობის დარგი, რომელიც შეისწავლის მუსიკის ისტორიასა და თეორიას.

მუსიკალობა - მუსიკის ნიჭის, უნარის ქონა.

მუსიკალური - მუსიკისათვის განკუთვნილი, მუსიკის შესაფერი, მუსიკასთან დაკავშირებული, სამუსიკო.

მუსიკოსი - მუსიკის სპეციალისტი; რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების დამკვრელი.

მუსიკოსობა - მუსიკოსად ყოფნა.

მუსინაკი ლეონ - ფრანგი მწერალი (1890-1964 წწ).

მუსკარდინი (ფრანგ.) - მწერების (კერძოდ აბრეშუმის ჭიის) სოკოვანი დაავადება.

მუსკატი (ფრანგ.)

1) ვაზის ჯიში, ისხამს სურნელოვან ყურძენს; ამ ყურძნის ღვინო.

2) ტროპიკული ხე; ისხამს სურნელოვან ნაყოფს; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიაში.

მუსკოგები - აშშ-ში მცხოვრები ინდიელი ხალხი.

მუსკულატურა (ლათ.) - ორგანიზმის კუნთების ერთობლიობა.

მუსკუსი (ლათ.) - სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება ცხოველური ან მცენარეული წარმოშობისა; დიდი გამოყენება აქვს პარფიუმერიაში (ქართულში უფრო იხმარება მუშკი).

მუსლიმანი - ისლამის რელიგიის მიმდევარი. იგივეა, რაც მაჰმადიანი.

მუსლინი (ფრანგ.) - აბრეშუმის ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბილი ქსოვილი.

მუსოლინი ბენიტო - იტალიის ფაშისტური პარტიის ბელადი (დუჩე), იტალიის პრემიერ-მინისტრი 1922-43 წლებში (1883-1945 წწ).

მუსონი (ფრანგ.) - ქარი, რომელიც პერიოდულად იცვლის მიმართულებას, ზაფხულობით უბერავს ზღვიდან, ზამთრობით კი ხმელეთიდან.

მუსორგსკი მოდესტ - რუსი კომპოზიტორი (1839 - 1881 წწ).

მუსოფრიანი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

მუსპელი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ცეცხლოვანი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიერების შექმნამდე არსებობდა.

მუსრეპოვი გაბიტ - ყაზახეთის სახალხო მწერალი (1902-1985 წწ).

მუსრი - მუსრს გაავლებს ანუ გაწყვეტს, გაჟლეტს, გაანადგურებს.

მუსტაზადი (არაბ.) - აღმოსავლური ლექსის სახეობა, რომელიც ყოველ სტრიქონს ან ყოველ ორ სტრიქონს მოსდევს მისამღერი.

მუსტანგი (ესპ.) - გაველურებული შინაური ცხენი (გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში).

მუსტაფა-ლალა-ფაშა - ოსმალეთის დიდმოხელე და მთავარსარდალი (გარდაიცვალა 1580 წელს).

მუსტაფინი გაბიდენ - ყაზახეთის სახალხო მწერალი (1902-1985 წწ).

მუსტვეე - ქალაქი ესტონეთში.

მუსტიერის კულტურა - ძველი პალეოლითის ყველაზე გვიანდელი კულტურა, მოსდევს აშელეს კულტურას; ამ ეპოქას ეკუთვნის ნეანდერტალელი ადამიანი (სახელი ეწოდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ლე-მუსტიეს გამოქვაბულის მიხედვით).

მუსტოფი - მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

მუსუსი (საუბ.) - რისამე ხარბად მნდომი, მსუნაგი.

მუსხელიშვილი ნიკოლოზ - მათემატიკოსი და მექანიკოსი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1941-72 წლებში (1891 - 1976 წწ).

მუსხელიშვილი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის ქედზე.

მუსხი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

მუტაგენები (ლათ.) - ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მემკვიდრულ ცვლილებებს (მუტაციებს).

მუტაგენეზი (ლათ.) - მემკვიდრულ ცვლილებეთა (მუტაციის) წარმოქმნის პროცესი.

მუტალა - ქალაქი შვედეთის ესტერიეტლანდის ლენში.

მუტანტი - გენეტიკაში - ორგანიზმი, რომელსაც მუტაცია (2) ახასიათებს.

მუტარე (1982 წლამდე უმტალი) - ქალაქი ზიმბაბვეში (75 ათასი).

მუტაცია (ლათ. mutacio - ცვლილება)

1) ყოველგვარი ნახტომისებრი განვითარება რისამე.

2) რაიმე ახალი ნიშან-თვისებების უეცარი გამოვლენა ცხოველებსა და მცენარეებში.

3) ყმაწვილის ხმის შეცვლა (დაბოხება) ასაკში შესვლის გამო.

მუტი (ნამდვილი გვარი როველი) ორნელა - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1955 წელს).

მუტიზმი - მეტყველებით კონტაქტზე უარის თქმა სამეტყველო აპარატის არსებობის დროს.

მუტრიბი (ძვ.) - დამკვრელი, მომღერალი, მოცეკვავე.

მუტრუკი

1) ვირის ნაშიერი, ჩოჩორი.

2) (გადატანით) იტყვიან უზრდელ ახალგაზრდაზე.

მუტუალიზმი - სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის ხანგრძლივი, ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება, იგივეა, რაც სიმბიოზი.

მუუგა ლეილი - ესტონელი ფერმწერი (დაიბაა 1922 წელს).

მუფელი (გერმ.) - ცეცხლგამძლე მასალის ან სიცხეგამძლე ფოლადის კამერა, რომელშიც გასახურებლად ან გამოსაწვავად ათავსებენ სხვადასხვა ნაკეთობას (წვის პროდუქტების ზემოქმედებისაგან დასაცავად).

მუფთა (რუს.) - ორივე მხრიდან ხელის შესაყოფი სათბური, ჩვეულებრივ ბეწვისა.

მუფთი (არაბ.) - მუსლიმანთა ღვთისმეტყველი, ყურანის განმმარტებელი, უმაღლესი სასულიერო პირი.

მუფლონი (ფრანგ.) - გარეული ცხვარი, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ზოგ კუნძულზე.

მუფულირა - ქალაქი ზამბიაში (175 ათასი).

მუფუმბირო - იხილე ვირუნგა.

მუქალა - ქალაქი იემენში.

მუქარა - დაშინების ცდა, ავის ქმნის დაპირება, ქადილი, დაქადნება.

მუქედი - სოფლების ზედა მუქედისა და ქვედა მუქედის გავრცელებული სახელწოდება (ვანის მუნიციპალიტეტი).

მუქედის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ვანის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზედა მუქედი, ქვედა მუქედი).

მუქთამჭამელი -იგივეა, რაც მუქთახორა.

მუქთახორა - ვინც სხვისი შრომით ცხოვრობს.

მუქთი (მუქთა)

1) უფასო, უსასყიდლო.

2) (გადატანით) ძალიან იაფი.

3) (გადატანით) ტყუილ-უბრალო, უშედეგო.

მუქი - არანათელი, მოშავო ფერისა.

მუქიბი (მუქიფი) - სამეურნეო მოხელე ფეოდალურ საქართველოში, «ძღვენთა მნე» (საბა).

მუქო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1520 მეტრი, დუშეთიდან - 80 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

მუღამი

1) აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის კილოების ზოგადი სახელწოდება.

2) (არაბ.) - ჟარგონზე ითქმის რაიმეს აზრის, დანიშნულების შესახებ.

მუღანის ველი - მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი.

მუღანლო - სოფლები გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

მუღროდი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

მუღურე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1820 მეტრი, დუშეთიდან - 59 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

მუყაითი

1) გულმოდგინედ მომუშავე, ბეჯითი.

2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

მუყაითობა - მუყაითის თვისება.

მუყაო - სქელი და მაგარი ქაღალდი.

მუყაჯიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

მუყვაულისღელე - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის მარჯვენა შენაკადი.

მუყიმი მუჰამად ამინ-ხოჯა - უზბეკი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1850-1903 წწ).

მუშა

1) ადამიანი, რომელიც პროფესიულად ეწევა ფიზიკურ შრომას წარმოებაში.

2) დაქირავებული მომუშავე, რომელსაც არ გააჩნია წარმოების საშუალებანი და ექსპლუატირებულია დამქირავებლის მიერ.

3) (ძვ.) ბარგის, ტვირთის წამღები, გადამტანი.

4) (ძვ.) იგივეა, რაც გლეხი.

5) (საუბ.) მუყაითი მომუშავე, მშრომელი გამრჯე.

მუშაითი (ძვ.) - თოკზე მოსიარულე, ჯამბაზი.

მუშაკაცი (საუბ.) - ვინც ფიზიკურად შრომობს, გლეხკაცი, მუშა, მშრომელი.

მუშაკი - ადამიანი, რომელიც ეწევა რაიმე პროფესიულ ან საზოგადოებრივ საქმიანობას.

მუშაკური - ქართული ლექსის სახეობა, რომელიც შედგება 5 ოთხტაეპიანი სტროფისაგან.

მუშამბა - ქსოვილი, რომლის ერთი პირი გაჟღენთილია წყალგაუვალი ნივთიერებით.

მუშაობა

1) რაიმე საქმიანობა.

2) ფიზიკაში - მოძრავი სხეულის მიერ წინაღობის დაძლევა.

მუშარაფი ფარვიზ - პაკისტანის პრეზიდენტი 2001 წლიდან (დაიბადა 1943 წელს).

მუშაშა - უკიდურესი შიიტების ერთ-ერთი სექტის ხელმძვანელი, პატარა სახელმწიფოს დამაარსებელი ხუზისტანში (გარდაიცვალა 1466 წელს).

მუშახელი - მუშების ერთობლიობა, მუშები.

მუშგი ადოლფ - შვეიცარიელი მწერალი (დაიბადა 1934 წელს).

მუშევანი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

მუშენბრუკი პიტერ ვან - ნიდერლანდელი ფიზკოსი (1692-1761 წწ).

მუშთაიდი

1) ირ-ფეთე-აღა-სეიდ-თავრიზელი - ირანის რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე, შიიტების სექტის მეთაური (გარდაიცვალა 1892 წელს).

2) (სპარს. „მუჯთაჰიდი“) - ბაღი თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დავით აღმაშენებლის პროსპექტის ბოლოში; გაშენდა 1828 წელს.

მუშთარი - პლანეტა იუპიტერის ძველი სახელწოდება.

მუში - ცაცხვის ქერქი, მისგან თოკს გრეხენ.

მუშიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

მუშირი - მარშალის შესატყვისი წოდება ოსმალეთის იმპერიაში.

მუშკ-ამბარი - მუშკი და ამბარი.

მუშკეტერი (ფრანგ.)

1) მუშკეტით შეიარაღებული ჯარისკაცი.

2) სამეფო გვარდიის ოფიცერი შუა საუკუნეების საფრანგეთში.

მუშკეტი (ფრანგ.) - ძველებური პატრუქიანი მსხვილკალიბრიანი თოფი.

მუშკეტონი (ფრანგ.) - ძველებური მოკლე თოფი, კარაბინის წინაპარი.

მუშკი (სპარს.) - მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში.

მუშკუდიანი თენგიზ - ოპერის მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

მუშმულა (იაპონური ზღმარტლი, ლოქვა) - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა.

მუშრიბი - მოხელე ძველ საქართველოში, გადასახადის ამკრებთა უფროსი.

მუშტა - ხარაზის იარაღი, ხელში დასაჭერე თითბრის უტარო კვერი ლანჩის დასატკეპნად.

მუშტარი (ძვ. და საუბ.) - მყიდველი, მომხმარებელი, დამკვეთი.

მუშტი - მოკუმშული ხელის მტევანი, მჯიღი.

მუშტი-კრივი - მუშტებით ცემა, ჩხუბი, კრივი, ცემა-ტყეპა.

მუშტისოდენა

1) დაახლოებით მუშტის ზომისა.

2) (გადატანით) ძალიან პატარა.

მუშტრა (პოლონ.) - სამხედრო სწავლება, დამყარებული მექანიკურ დისციპლინაზე და სამხედრო საქმის წესების შეუგნებლად დაზეპირებაზე.

მუშურ-გლეხური - მუშებისა და გლეხების კუთვნილი, მათი ინტერესების გამომხატველი.

მუშური

1) მუშის დამახასიათებელი, მუშებისათვის განკუთვნილი.

2) მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

მუშურისწყალი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

მუშფაკი - მუშათა ფაკულტეტი, სპეციალური სასწავლებელი, სადაც მუშები იღებდნენ საშუალო განათლებას (ყოფილ საბჭოთა კავშირში).

მუშფიგი მიქაელ მირზა გადიროღლუ - აზერბაიჯანელი პოეტი (1908-1939 წწ).

მუშფიყი აბდურაჰმან - ტაჯიკი პოეტი-სატირიკოსი (1525- 1588 წწ).

მუშქები - ძვ.წ.აღ. XII-VII საუკუნეების ასურულ, ხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ მკვიდრნი.

მუჩალგა - ხელწერილი ძველ საქართველოში.

მუჩერა - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე.

მუცელა (ძვ.) - იგივეა, რაც დიზენტერია.

მუცელგასახეთქი - წყევლა ბევრის ხარბად მჭამელის მიმართ.

მუცელი

1) ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილი, რომელშიც საჭმლის მომნელებელი ორგანოებია მოთავსებული.

2) რაიმე ჭურჭლის გამობერილი ნაწილი.

მუცელკვეთა - იგივე ლაპაროტომია, მუცლის ღრუს გახსნის ქირურგიული ოპერაცია.

მუცინები - საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო გზების ეპითელური უჯრედების ლორწოვანი გარსების, ყბისა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი.

მუცლიანი

1) ვისაც დიდი მუცელი აქვს, ღიპიანი.

2) რასაც მუცელი, გამობერილი კედლები აქვს.

მუცლითმეზღაპრე - ესე იგი არს ეშმაკთ მკითხავი, გინა ეშმაკი მუცლით გამოუბნობდეს, გინა ულუკი, გინა... (საბა); ადამიანი, რომელიც ლაპარაკის დროს ტუჩებს არ ამოძრავებს.

მუცო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), მდინარე არდოტისწყლის (მდინარე ანდაქის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1880 მეტრი, დუშეთიდან - 121 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 49 კაცი.

მუცოს ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქისა და ბღუხაფელის წყალგამყოფი.

მუცუ

1) მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

2) ყურე იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ სანაპიროზე.

მუცუჰიტო - იაპონიის იმპერატორი 1867-1912 წლებში (1852-1912 წწ).

მუწდი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მუწუკებიანი - ვისაც მუწუკები აქვს, რაზედაც მუწუკები აქვთ ამოსული.

მუწუკი - ამობურცული მტკივანი, ანთებიანი წამონაზარდი კანზე.

მუწუხი (კუთხ.) - გამალებული მუშაობის დრო.

მუჭა

1) იგივეა, რაც მუჭი.

2) რაც მუჭში ჩაეტევა.

მუჭა-მუჭა (მუჭა-მუჭად) - ჯერზე ერთი მუჭა, თითო მუჭა.

მუჭეული - ერთი მუჭა მომკილი პური, ნამგლის ერთი მოსმით მომკილი პური.

მუჭი

1) თითებმოხრილი ხელის გული რაიმე სითხის ან ფხვიერი ნივთიერების დასაჭერად.

2) ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აკუშოსხევისა და ჭაკისხევის წყალგამყოფზე.

მუჭისოდენა - იგივეა, რაც მუშტისოდენა.

მუჭუტა - მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მუჭუტის ქედზე.

მუჭუტის ქედი - ქედი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება.

მუჭუჭი -(ოჯახის მუჭუჭი) (საუბ.) ითქმის ოჯახის დიდად მოყვარულ, მეოჯახე მამაკაცზე.

მუხა (Quercus) - მსხვილი ფოთლოვანი, მაგარმერქნიანი ხე წიფლისებრთა ოჯახისა, იზრდება ნელა, ისხამს რკოს.

მუხა ალფონს - ჩეხი მხატვარი (1860-1939 წწ).

მუხაესტატე (აჭი) - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში.

მუხავეცი - მდინარე ბელორუსიაში, დასავლეთ ბუგას მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 150 კილომეტრი).

მუხათგვერდი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ზაჰესის სადაბო საკრებულო), მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, მცხეთიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 198 კაცი.

მუხათგვერდის ტბა - ტბა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.

მუხათი - მწვერვალი ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის ქედზე.

მუხათწყარო - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო). მფინარე წმინდაწყლის ნაპირზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

მუხამასი - იხილე მუხამბაზი.

მუხამბაზი (არაბ.)

1) ხუთტაეპედი ლექსი.

2) აკაკი წერეთლის ლექსი (დაიწერა 1876 წელს).

მუხამეში

1) მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

მუხამეჯანოვი ზაქირ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

მუხანათი - ცბიერი, ვერაგი, მუხთალი.

მუხანათობა - მუხანათის თვისება, მუხანათის საქციელი.

მუხანათური - მუხანათის დამახასიათებელი.

მუხაური - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

მუხაშურა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მუხაძე გრიგოლ - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი (1879-1948 წწ).

მუხერი - მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

მუხთალი - გაუტანელი, ცრუ, ვერაგი, მოღალატე.

მუხიანი

1) იგივეა, რაც მუხნარი.

2) მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი.

3) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, წყალტუბოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1283 კაცი.

4) მუხილეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

მუხინა ვერა - რუსი მოქანდაკე ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1889-1953 წწ).

მუხისძირა - ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

მუხლებიანი - მუხლების მქონე.

მუხლთშორისი - ღეროს (ყლორტის) მონაკვეთი ორ მომიჯნავე მუხლს შორის.

მუხლი

1) წვივისა და თეძოს შემაერთებელი სახსარი, ფეხის ნაწილი ამ სახსრიდან მენჯამდე.

2) ცალკეული შემაერთებელი რგოლი, მონაკვეთი რისამე შემადგენლობაში.

3) რაიმე ოფიციალური დოკუმენტის ცალკეული მცირე დანაყოფი.

4) სალექსო საზომის მეტრული მონაკვეთი, საშუალო ადგილი უჭირავს ტაეპსა და ტერფს შორის.

5) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

მუხლისთავი - მუხლის ზედა მომრგვალო ნაწილი.

მუხლისკვერი - იგივეა, რაც მუხლისთავი.

მუხლმაგარი - ვისაც, რასაც მუხლი უჭრის, კარგი მოსიარულე, ყოჩაღად მოსიარულე.

მუხლმოდრეკით

1) მუხლის მოდრეკით, დაჩოქება.

2) (გადატანით) დიდი ხვეწნით.

მუხლმოდრეკილი - ვინც მუხლი მოიდრიკა, დაჩოქილი.

მუხლმოკვეთილი - მუხლში ძალაგამოლეული.

მუხლმოყრით - იგივეა, რაც მუხლმოდრეკით.

მუხლმოყრილი - ვინც მუხლი მოიყარა, დაჩოქილი.

მუხლ-მუხლად - თითოეული მუხლის მიხედვით ცალკე, მუხლობრივად.

მუხლობრივი - მუხლების მიხედვით შესრულებული.

მუხლუხა

1) ფართო უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ტანკის, ზოგი სახეობის ტრაქტორის და მისთანების ბორბლებზეა გადაცმული.

2) ასეთი ჯაჭვის მქონე.

მუხლუხი - პეპლის მატლი, ჩვეულებრივ ჭიისებური, რომელსაც რამდენიმე წყვილი ფეხი აქვს.

მუხნარი

1) ადგილი, სადაც ბევრი მუხა დგას, მუხის ტყე.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

მუხრა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

მუხრანბატონები - ფეოდალური საგვარეულო XVI-XIX საუკუნეების საქართველოში, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს შტო.

მუხრანბატონი აშოთან - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან 1561 წლამდე (გარდაიცვალა 1561 წელს).

მუხრანბატონი ვახტანგ - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან 1580 წლამდე (გარდაიცვალა 1580 წელს).

მუხრანბატონი თეიმურაზ - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 80-იანი წლებიდან 1625 წლამდე (გარდაიცვალა 1625 წელს).

მუხრანბატონი იოანე - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის სიძე (1755-1801 წწ).

მუხრანბატონი კონსტანტინე - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1735-56 წლებში (გარდაიცვალა 1756 წელს).

მუხრანბატონი ქაიხოსრო - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1625-26 წლებში, ქართლის გამგებელი (გარდაიცვალა 1629 წელს)

მუხრან-თელეთი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

მუხრანი

1) (მუხნარი) ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდაგება "მუხიდან". მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად განსახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც ზრდიდა რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს. ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი - საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. VIII-IX საუკუნეებში მუხრანს ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1123 მეფე დავით აღმაშენებელმა მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ მტკვრის (ქსნის) ციხე. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს საკუთრება-სათავადოა (სამუხრანბატონო). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.

2) (XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე „იოსუბანი“) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: მუხრანი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა). ზღვის დონიდან - 550 მეტრი, მცხეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6239 კაცი.

მუხრანული - ქართული ლექსის სახეობა, შინაგან-გარეგანი რითმით შეწყობილი ოცმარცვლიანი ლექსი.

მუხროვანის ტბა - ტბა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრეთ მთისწინეთში.

მუხრუჭი - მოწყობილობა მანქანის, მატარებლის და მისთანების მოძრაობის შესანელებლად ან გასაჩერებლად.

მუხტარი ასქად - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

მუხტი

1) ამა თუ იმ სხეულში არსებული ელექტრობის რაოდენობა.

2) ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც გარკვეული რაოდენობით შეიცავს ჭურვი, ვაზნა და მისთანები.

მუხუდო (Cicer arietinum)

1) ერთწლოვანი პარკოსანი მცენარე, იკეთებს მრავალმარცვლიან გაბერილ პარკებს, მისი მარცვლები საჭმელად იხმარება.

2) ამ მცენარის მარცვალი.

მუხურა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ძუსის (ყვირილის აუზი) ზემოთში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ტყიბულიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2250 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

მუხური

1) სოფლები ჩხოროწყუს და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

2) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მუხურისი - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ცენტრალური პროვინცია.

მუხურიშხა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

მუხურჩა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მუხტუია - რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის ქალაქ ლენსკის სახელი 1963 წლამდე.

მუხუ (მუუნი) - კუნძული ბალტიის ზღვის მოონზუნდის არქიპელაგში.

მუჯალამა - რაიმე გარემოების დამადასტურებელი მოწმობა-საბუთი XVI-XIX საუკუნეების საქართველოში.

მუჯაჰიდები - იხილე მოჯაჰიდები.

მუჯელინი ბრუნო - იტალიელი პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი (1871-1912 წწ).

მუჯიბურ რაჰმანი - ბანგლადეშის პრეზიდენტი 1975 წლის იანვარ-აგვისტოში, მოკლულ იქნა სამხედრო გადატრიალების დროს (1920-1975 წწ).

მუჯთაჰიდი - მუსლიმან ღვთისმესტყველთა უმაღლესი კატეგორიის წამომადგენელი.

მუჯირეთი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემის საკრებულო), მდენარეობს მდინარე ძუსის ხეობაში. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, თერჯოლიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 ადამიანი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნიდან.

მუჯირი ვლადიმერ (ლადო) - კინორეჟისორი და მხატვარი (1907-1953 წწ).

მუჯლუგუნი - იდაყვის ან მუშტის მირტყმა, კვრა.

მუჯურეთული - ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.

მუჯუხი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მუჰამად II ალაადინ - ხვარაზმის შაჰი 1200-1220 წლებში (გარდაიცვალა 1220 წელს).

მუჰამად V - მაროკოს მეფე 1957 წლიდან (1909-1961 წწ).

მუჰამად აბდო - იხილე აბდო მუჰამად.

მუჰამადი კუდუს - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1907 წელს).

მუჰამადიევი ფაზლიდინ - ტაჯიკეთის სახალხო მწერალი (1928-1986 წწ).

მუჰამად-იუსუფი მაჰამდ-სადიყ - მუფტი, 1989 წლიდან შუა აზიის და ყაზახეთის მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის პრეზიდიუმის თავმჯდომარე (დაიბადა 1952 წელს).

მუჰამასი - აღმოსავლური ლიტერატურის სალექსო ფორმა.

მუჰამედ ალი (ნამდვილი სახელი და გვარი კასიუს კლეი) - ამერიკელი მოკრივე, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპონი, 1964-74 წლებში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის (დაიბადა 1942 წელს).

მუჰამედ ალი - ეგვიპტის ფაშა 1805 წლიდან (1769-1849 წწ).

მუჰამედი - იხილე მაჰმადი.

მუჰარამი - იხილე მოჰარამი.

მუჰარაქი - იხილე ელ-მუჰარაქი.

მუჰაფაზა (არაბ.) - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული აზიისა და აფრიკის ზოგ ქვეყანაში (ეგვიპტე, ერაყი, ლიბანი, სირია).

მუჰაჯირობა - კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში.

მუჰუ (მოონზუნდი) - სრუტე კონტინენტსა (ესტონეთი) და მოონზუნდის კუნძულებს შორის.