The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ჩა
დოკუმენტის ნახვა ჩბ
დოკუმენტის ნახვა ჩე
დოკუმენტის ნახვა ჩვ
დოკუმენტის ნახვა ჩი
დოკუმენტის ნახვა ჩკ
დოკუმენტის ნახვა ჩლ
დოკუმენტის ნახვა ჩმ
დოკუმენტის ნახვა ჩნ
დოკუმენტის ნახვა ჩო
დოკუმენტის ნახვა ჩრ
დოკუმენტის ნახვა ჩუ
დოკუმენტის ნახვა ჩქ
დოკუმენტის ნახვა ჩხ

ჩა

 

ჩა - წინსართი ზმნისა (ზმნისწინი);

1) აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან ქვევით და აქედან იქით. 2) ზმნის უსრულ სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.

3) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

ჩაადაევი პეტრე - რუსი მოაზროვნე და პუბლიცისტი (1794-1856 წწ).

ჩააქი (ჩჰაა, ჩჰააჰკ) - წვიმისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი სამხრეთ ამერიკის მაიას ტომის მოსახლეობისათვის.

ჩაბალახი

1) ჯაჭვის ქუდი მეომრისა.

2) იგივეა, რაც ყაბალახი.

ჩაბალაყა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ჩაბანო - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემი), კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, თიანეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 281 კაცი.

ჩაბარუხი

1) მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე (სიმაღლე - 3150 მეტრი).

2) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი; სათავე აქვს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, 2355 მეტრ სიმაღლეზე (სიგრძე - 6,6 კილომეტრი, აუზის ფართობი - 13,2 კვ.კმ).

ჩაბარუხისწყალი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი (11,6 კმ).

ჩაბიევა (ცაბითა) ნინა - ოსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1990 წწ).

ჩაბინაანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ოჟიოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ახმეტიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 172 ადამიანი.

ჩაგათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩაგარები - დაღესტანში ბეგის სახლიდან გაშვებული მონები ბატონის მიწაზე საკუთარი მეურნეობის შესაქმნელად.

ჩაგირი (Berginia crassifolia) - მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახი; მის ფესვს იყენებენ ტყავის სათრიმლავად.

ჩაგოსი - არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.

ჩაგრეხილი - რაც ჩაგრიხეს. || მიხვეულ-მოხვეული, ჩაკლაკნილი.

ჩაგრული - შევიწროებული, დაბეჩავებული, დაჯაბნილი.

ჩაგუნა - ქართული ხალხური (მეგრული) სახუმარო სიმღერა ცეკვით.

ჩაგუნავა შალვა - კინორეჟისორი, ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი (1909-1990 წწ).

ჩაგურგულა - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში.

ჩადანი - ქალაქი რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

ჩადი

1 (ჩადის რესპუბლიკა, არაბ. Jumhыriyyat Tshвd, frang. Rйpublique du Tchad).
- სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლიბია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი, ნიგერი, ნიგერია.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 11 აგვისტო.
- ჰიმნი - La Tchadienne.
- დევიზი - „Unitй, Travail, Progrиs“ (ფრანგ. ერთობა, შრომა. პროგრესი).
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - გარდამავალი პერიოდის უმაღლესი საბჭო.
- ფართობი - 1 284 000 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულად დაყოფილია 14 პრეფექტურად.
- მოსახლეობა - 9,8 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 8 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: ფრანგული და არაბული.
- მორწმუნეები: ქრისტიანები და მუსლიმანები.
- დედაქალაქი - ნჯამენა.
- ეროვნული ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - TCD.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +235.
- ინტერნეტ-დომენი - td

2. გაუდინარი ტბა აფრიკაში (მაქსიმალური სიღრმე 11 მეტრამდე).

ჩადიმი

1) მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

2) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი.

ჩადიმის ქედი - ქედი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის ერთ-ერთი მონაკვეთი.

ჩადირ-ლუნგა - ქალაქი მოლდავეთში.

ჩადისციხე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 54 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ჩადრი (სპარს.) - მუსლიმანებში - ქალის გრძელი მსუბუქი მოსასხამი, რომელიც ფარავს სახეს.

ჩადუნა (Dryopteris filixmas) - მამრობითი გვიმრა: მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ასპიდიუმისებრთა ოჯახისა. იზრდება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონაში.

ჩადუნელი იორამ - მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

ჩადუნიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (ცოდნისკარის საკრებულო), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 230 მეტრი, ლაგოდეხიდან - 15 კილომეტრი.

ჩადუნიანისთავი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ჩავდარი ელიზავეტა - ოპერის უკრაინელი მომღერალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

ჩავესი კარლოს - მექსიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1899-1978 წწ).

ჩავესი უგო - ვენესუელის პრეზიდენტი 1998 წლიდან (დაიბადა 1954 წელს).

ჩავეს ოროსკო - მექსიკელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1901-1966 წწ).

ჩავინ-დე-უანტარი (ესპ. Chavin de Huantar) - არქეოლოგიური ნაქალაქარი პერუში, მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ანდებში, ანკაშის რეგიონში, ლიმიდან 250 კმ-ზე სამხრეთით. მიეკუთვნება ჩავინის კულტურას, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო გზებს დასავლეთში წყნარ ოკეანემდე და აღმოსავლეთით ამაზონამდე.

ჩათა - მთა (4099 მეტრი) და მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივზე.

ჩათახი

1) მთა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) მთა წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე (2630 მეტრი).

3) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩათვლა

1) სტუდენტის ცოდნის შეჯამებითი შემოწმება (ჩვეულებრივ ნიშნის დაუსმელად).

2) რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში მოპოვებული შედეგების შეფასება მოგროვილი ქულების მიხედვით.

ჩათინთაუ - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ჩათინი - მთა (4412 მეტრი) და უღელტეხილ მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ჩათირქოლი - გაუდინარი ტბა ყირგიზეთში, ცენტრალურ ტიან-შანში (სიღრმე 3,8 მეტრი).

ჩათო - ძუისაგან ან თხის ბალნისაგან დაწნული მოკლე (ყულფიანი) თოკი.

ჩაი (ჩინ.) - მარადმწვანე მცენარე; მოჰყავთ მისი ფოთლებისათვის; მის საგანგებოდ გამოშრობილ და დამუშავებულ ფოთლებს იყენებენ ცხელი სურნელოვანი სასმელის დასამზადებლად.

ჩაიდანი (სპარს.) - ჭურჭელი, რომელსაც ტუჩიანი მილი აქვს (სითხის გადმოსასხმელად).

ჩაიკოვსკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (90 ათასი).

ჩაილდი გორდონ ვიერ - ინგლისელი არქეოლოგი (1892-1957 წწ).

ჩაიკოვსკი ჩარლზ მანინგ - ამერიკელი ბიოლოგი (1869-1954 წწ).

ჩაილური

1) სოფლების დიდი ჩაილურის და პატარა ჩაილურის გავრცელებული სახელი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

2) მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 29,6 კილომეტრი).

ჩაინვორდი (ინგლ.) - კროსვორდის ნაირსახეობა; ერთმანეთზე გადასაბმელი სიტყვები ბოლო და პირველი ასოებით.

ჩაინტაუნი (ინგლ.) - სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ჩინელებით დასახლებული კვარტალი.

ჩაისუბანი

1) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყალზე, ზღვის დონიდან - 150 მეტრი.

2) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: ჩაისუბანი, გორაბერეჟოული, ვაზიანი, ინტაბუეთი, შუბანი. სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ჯვარცმა. სოფლის ტერიტორიაზე გადის კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზა.

ჩაიტია - სხვადასხვა სახის საკულტო დანიშნულების ობიექტების სახელწოდება ინდოეთში.

ჩაიუპი (ნამდვილი გვარი ჩაკო) ანდონ - ალბანელი პოეტი (1866-1930 წწ).

ჩაიხანა (სპარს.) - იგივეა, რაც საჩაიე.

ჩაკა - ზულუსების მმართველი (დაახლოებით 1787-1828 წწ).

ჩაკალიდი ანასტას - მომღერალი (ლირიკული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1982 წწ).

ჩაკაჩუკი - გაბმული, გამუდმებული კაკუნი; კაკაკუკი.

ჩაკი ალექსანდრე (ნამდვილი გვარი ჩადარაინისი) - ლატვიელი პოეტი (1901-1950 წწ).

ჩაკი - იხილე ჩააქი.

ჩაკირული - მკვრივი აგებულებისა; ჩასკვნილი.

ჩაკიტაური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო სურების თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან - 460 მეტრი.

ჩაკლაისი მარის - ლატვიელი პოეტი (დაიბადა 1940 წელს).

ჩაკლაკი - იგივეა, რაც ყანჩა.

ჩაკმა (Papio ursinus) - ცხვირვიწრო მაიმუნი პავიანის გვარისა.

ჩაკო

1) ბუნებრივი არე სამხრეთ ამერიკაში.

2) პროვინცია არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - რესისტენსია.

ჩაკოვსკი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1913-1994 წწ).

ჩაიკოვსკი მოდესტ - რუსი დრამატურგი, ლიბრეტისტი, მუსიკის კრიტიკოსი (1850-1916 წწ).

ჩაიკოვსკი პეტრე - რუსი კომპოზიტორი (1840-1893 წწ).

ჩაკონა (ესპან.) - ძველებური ესპანური ცეკვა.

ჩაკრი - ტაილანდის (სიამის) მეფეთა დინასტია (1782 წლიდან).

ჩაკრულო - ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც ამერიკულ ხომალდ „ვოიაჯერს“ გააყოლეს კოსმოსში 70-იან წლებში, როგორც დედამიწელთა პოლიფონიური მუსიკის ნიმუში.

ჩალა

1) სიმინდის, ღომის, ბრინჯის და მისთანებსი ღერო და ფოთლები, მეტწილად ხმელი.

2) ჭაობის ან წყლის ნაპირის მაღალი ბალახი.

ჩალაბულა - ჩალის, თივისა და მისთანების ნარჩენები.

ჩალაბური - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ჩალაგამოვლებული (პირში ჩალაგამოვლებული) - იმედგაცრუებული, მოტყუებული, შეცდენილი ვინმესგან.

ჩალამბარა - ერთწლოვანი ბალახი ქოლგოსანთა ოჯახისა; იჭმება.

ჩალამკალამი - იგივეა, რაც შალაფა.

ჩალამძივი (Coix lacruma lobi) - ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; იკეთებს კვერცხის მოყვანილობის (სიმინდის მარცვლისოდენა) მაგარ სხეულებს, რომლებსაც იყენებენ მძივისა და კრიალოსნების ასასხმელად.

ჩალანგარი - აგურით ამოშენებული ხის ან ლითონის კარკასი კედლად.

ჩალაუბანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 740 მეტრი, გურჯაანიდან - 15 კილომეტრი.

ჩალაუბნის (ნარიონალის) ტბა - ტბა მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთი-სამტრედიის გზატკეცილის მახლობლად, ლანჩხუთიდან 8 კმ-ზე. წყლის სარკე 8 ჰექტარია, მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, საშუალო-1,5 მეტრი.

ჩალაუბნისხევი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ჩალაღაჯი - საკლავის ბეჭთშუა ნაწილი ქედს ქვემოთ.

ჩალაყვავილა - წყლის მრავალწლოვანი ბალახი; მისი ფესურები იჭმება.

ჩალახეში - აკვანში ჩასაფენი ლეიბი (გატენილი, ჩვეულებრივ, ქერის ბურდოთი).

ჩალვადარი (სპარს.) - ადამიანი, რომელიც ცხენებს ქირაზე ატარებდა.

ჩალითა - იგივეა, რაც შალითა.

ჩალითავი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის ქედზე.

ჩალისფერი - რაც ფერით ჩალას მოგვაგონებს; ღია ყვითელი.

ჩალიჩი (თურქ.)

1) თასმების, თივისაგან და მისთანათაგან დაგრეხილი თოკი.

2) ლახტი, ლახტაობა.

3) იგივეა, რაც ჩალიჩობა.

ჩალიჩობა - მცდელობა რისამე გაკეთებისა, ვაინაჩრობა, ცოდვილობა.

ჩალმა (თურქ.) - ქსოვილის გრძელი ნაჭერი, რომელსაც მუსლიმანი მამაკაცები იხვევენ თავზე.

ჩალნა - ქალაქი ბანგლადეშში.

ჩალუკია - დინასტია სამხრეთ ინდოეთში (შუა საუკუნეები).

ჩალური - ჩალით დახურული სახლი.

ჩალუსი - ქალაქი ირანის მაზანდარანის ოსტანში.

ჩალხანა - მომცრო, ყურიანი თუჯის ან სპილენძის, ცეცხლზე ჩამოსაკიდებელი ქვაბი.

ჩალხეეთი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წყალაფორეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4 კაცი.

ჩამა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ შტოქედზე.

ჩამალეთისხევი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ლაიშურის მარჯვენა შენაკადი.

ჩამბა - ნიგერიაში, კამერუნსა და ჩადში მცხოვრები ხალხი.

ჩამბალი - მდინარე ინდოეთში, მდინარე ჯამნის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 830 კილომეტრი).

ჩამბარაკი - ქალაქი სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გეღარკუნიკის მარზში. მდებარეობს ერევნიდან 125 კილომეტრზე.

ჩამდო (ჩანდუ) - ქალაქი ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რაიონში (50 ათასი).

ჩამიჩანი ჯაკომო - იტალიელი ქიმიკოსი (1857-1922 წწ).

ჩამიჩი (თურქ.) - შემჭკნარი (ჩვეულებრივ თონეში შემწვარი) ყურძენი; ქიშმიში.

ჩამო - რთული წინსართი ზმნისა (ჩა და მო); ჩვეულებრივ აღნიშნავს მოქმედებას ზემოდან ქვემოთ.

ჩამორო - მარიანის კუნძულების ძირითადი მოსახლეობის სახელი.

ჩამორო ბარიოსი ვიოლეტა დე - ნიკარაგუის პრეზიდენტი ქალი 1990-1996 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

ჩამორჩენილი - დაბალ დონეზე მყოფი (კულტურული მიღწევების მიხედვით); განუვითარებელი.

ჩამპა - იხილე ტაიმპა.

ჩამპი კარლო აზეგლიო - იტალიის პრეზიდენტი 1999 წლიდან (დაიბადა 1922 წელს).

ჩამური - ერთგვარი საცეხველი - როდინისებურად ამოღრუტნული დიდი ქვა ღომის, ბრინჯის და მისთანების საცეხვავად (იციან გურიაში).

ჩამჩა (სპარს.-თურქ.) - დიდი ღრმა კოვზი ქვაბიდან წვნიანის ამოსაღებად და დასასხმელად.

ჩამჩიანი მიქაელ - სომეხი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1738-1823 წწ).

ჩამძვრალა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ჩანა (სპარს.)

1) ქვედა ყბა (ადამიანისა, საქონლისა);

2) სიმებიანი საკრავის მუცელი.

ჩანადირთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 191 კაცი.

ჩანართი

1) ჩართული, დამატებული ფურცელი.

2) ჩამატებული ადგილი (ტექსტში).

ჩანასახი - ორგანიზმი თავის განვითარების უადრეს საფეხურზე, როდესაც ის ცხოვრობს დედის ორგანიზმის ან კვერცხში არსებულ საკვებ ნივთიერებათა ხარჯზე.

ჩანაფიქრი

1) რაც ჩაიფიქრეს, ნაფიქრი.

2) ნააზრევი, იდეა.

ჩანაქკალე

1) პროვინცია (ილი) ჩრდილოეთ-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში. მოიცავს 12 რაიონს, განფენილია როგორც ევროპაში ასევე აზიაში.

2) ქალაქი თურქეთში, პორტი მარმარილოს ზღვის პირას, ამავე სახელწოდების ვილაიეთის (ილის) ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი - 2000 წ).

ჩანაქკალე-ბოღაზი - იხილე დარდანელი.

ჩანაწერი

1) რაც ჩაწერეს, ჩაწერილი.

2) ჩაწერილი რამ.

ჩანახატი - სახელდახელოდ შესრულებული ნახატი.

ჩანახევრებული - ნახევრამდე დაყვანილი (რამეში ჩადებული ან ჩასხმული).

ჩანახი (თურქ.)

1) გულამოღებული ხის (ან თუნუქისგან) გაკეთებული ცილინდრული ჭურჭელი გარკვეული ზომისა მარცვლეულისათვის (ან ფქვილისთვის).

2) ამ საწყაოს წონისა (დაახლოებით ნახევარი ფუთი).

3) ცხვრის ხორცით, ბადრიჯნითა და პომიდვრით გაკეთებული საჭმელი; ამზადებენ ცალ-ცალკე ულუფად ღუმელში შედგმულ თიხის ჯამებში.

ჩანახობით - ბევრი ჩანახის (მნიშვნელობა 2) ოდენობით.

ჩანახჩი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ჩანბაიშანი (კორეულად ჩანპექსანი) - ზეგანი ჩინეთსა და კორეაში.

ჩანგალათი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქერშავეთის მარჯვენა შენაკადი.

ჩანგალი (სპარს.)

1) ლითონის სამ ან ოთხკბილიანი ტარიანი სუფრის იარაღი საჭმლის ასაღებად.

2) სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კავისებური წვეტიანი იარაღი. || კავებიანი საყელური (მეცხვარის ძაღლისა).

3) ელექტროზონრის ბოლოზე დამაგრებული შტეფსელში შესარჭობი ორკაპა მოწყობილობა.

ჩანგალოვიჩი მიროსლავ - ოპერის სერბი მომღერალი (დაიბადა 1921 წელს).

ჩანგი (სპარს.) - სწორკუთხოვნად მოხრილი სიმებიანი სამუსიკო საკრავი, რომელსაც თითების გამოკვრით აჟღერებენ.

ჩანგილარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (ოკამის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, კასპიდან - 23 კილომეტრი.

ჩანგტანი (ჯანგტანგი) - ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილის სახელწოდება.

ჩანდარი კრიშან - ინდოელი მწერალი (1913-1977 წწ).

ჩანდ ბარდაი - ინდოელი პოეტი (დაახლოებით 1148-1192 წწ).

ჩანდერნაგარი - იხილე ჩანდრანაგარი.

ჩანდე - ქალაქი ცენტრალურ ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში (230 ათასი).

ჩანდიგარჰი

1) (ჩჰანდიგარჰ) ქალაქი ინდოეთში, პენჯაბის და ჰარიანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) მოკავშირე ტერიტორია ინდოეთში.

ჩანდიდასი ანანტა ბადუ - ინდოელი პოეტი (XIV-XV საუკუნეები).

ჩანდლერი რაიმონდ ტორნტონ - ამერიკელი მწერალი, დეტექტივების ოსტატი (1888-1959 წწ).

ჩანდპური - ქალაქი ბანგლადეშის ჩიტაგონგის ოლქში.

ჩანდრა რომეშ - ინდოეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი (დაიბადა 1919 წელს).

ჩანდრაგუპტა - ძველინდური სახელმწიფოს, მაგადჰის, მეფე ძვ.წ.აღ. 317-293 წლებში.

ჩანდრაგუპტა I - ინდოეთის მეფე დაახლოებით 320 - 340 წლებში.

ჩანდრაგუპტა II - ინდოეთის მეფე 380 - 415 წლებში.

ჩანდრანაგარი - ქალაქი-პორტი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

ჩანდრასეკარი სუბრაჰმანიან - ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1910-1995 წწ).

ჩანდუ - იხილე ჩამდო.

ჩანთა (თურქ.) - ტყავის (ქსოვილის) მომცრო, მხარზე გადასაკიდებელი (ან ხელში დასაჭერი) სათავსი.

ჩანთოსანი - ჩანთოსნები - ძუძუმწოვარა ცხოველები, რომელთაც მუცელზე განვითარებული აქვთ ტყავის ჩანთისებური ღრუ ნაშიერის სატარებლად.

ჩანი - გაუდინარი ტბა რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (სიღრმე 10 მეტრამდე).

ჩანი ჯეკი (ნამდვილი სახელი ჩან კუნსუნი) - ჩინელ-ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი (დაიბადა 1954 წელს).

ჩან კაიში (ძიან ძეში) - გომინდანის რეაქციული რეჟიმის ხელმძღვანელი ჩინეთში (1887-1975 წწ).

ჩანო გალეაცო - ფაშისტური იტალიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი (1903-1944 წწ).

ჩანპექსანი - იხილე ჩანბაიშანი.

ჩან სინ ოპი (ტიან სინ ობი, ფსევდონიმი - ო ვონი) - კორეელი ფერმწერი (1845 - 1899 წწ).

ჩანტლაძე თენგიზ - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი; თბილისის მინიატურების თეატრის დამაარსებელი (1933-1988).

ჩანტლაძე შოთა - მწერალი (1928-1968 წწ).

ჩანტლისყურე - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, (ჭიკაანის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 350 მეტრი. ყვარლიდან - 12 კილომეტრი.

ჩან ფუ - კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვიეტნამში (1901-1931 წწ).

ჩანქირი - პროვინცია (ილი) თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ჩანქირი. მოიცავს 12 მრაიონს.

ჩანშა - ქალაქი ჩინეთში, ხუნანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ჩანჩალი - ფეხის ათრევით, უღონოდ სიარული.

ჩანჩეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჩანჩუნი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,7 მილიონი).

ჩანჩურა

1) უშნო, ულაზათო, უგერგილო ვინმე.

2) მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა.

ჩანჩუხი - იგივეა, რაც ხიფა.

ჩანჩქერი

1) სოფელი გაგრის შემოგარენში.

2) ჩქეფა, ჩხრიალი (წყლისა).

ჩანჩხალო - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჩანჩქერი - ციცაბოზე გადმომდინარე წყლის ნაკადი.

ჩანჩხარი

1) ჩხრიალი, ჩხარუნი.

2) კრუხის ხმიანობა.

ჩანჯი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შანსის პროვინციაში (320 ათასი).

ჩანჯოუ (უძინი) - ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ძიანსუს პროვინციაში (530 ათასი).

ჩან ჰინგ დაო (ჩან კუოკ ტუანი) - ვიეტნამელი მხედართმთავარი (1226-1300 წწ).

ჩაო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ჩაოანი (ჩაოჯოუ) - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ჩაოჯოუ - იხილე ჩაოანი.

ჩაპაევი ვასილი - 1918-20 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი (1887-1919 წწ).

ჩაპაევკა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩაპაევსკი (1929 წლამდე ივაშჩენკოვო) - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (85 ათასი).

ჩაპალა - უდიდესი ტბა მექსიკაში (სიღრმე 33 მეტრი).

ჩაპეკი იოსეფ - ჩეხი ფერმწერი (1887-1945 წწ).

ჩაპეკი კარელ - ჩეხი მწერალი (1890-1938 წწ).

ჩაპლიგინი - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში.

ჩაპლინი სიდ - ინგლისელი მწერალი (1916-1986 წწ).

ჩაპლინი ჩარლზ სპენსერ - ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი (1889-1977 წწ).

ჩაპმენი ჯორჯ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1559-1634 წწ).

ჩაპუტკუნებული - ჩასუქებული, ჩამრგვალებული.

ჩაჟაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჩარა

1) (სპარს.) - საშუალება; საშველი.

2) მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში, ოლეკმის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 851 კილომეტრი).

ჩარაიმაკები - ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი (600 ათასი).

ჩარანი (შალსოლა ერიცოიდეს) - დაბალტანიანი ბუჩქი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა; იზრდება მლაშობებზე, ცხვრის კარგი საკვებია.

ჩარბი

1) ტუჩი, ბაგე, ლაში.

2) მტაცებელი ფრინველის ნისკარტი.

ჩარგალი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ჩარგლულას (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 100 კაცი. ვაჟა-ფშაველას მშობლიური სოფელი.

ჩარგაფი ერვინ - ავსტრიელ-ამერიკელი ბიოქიმიკოსი (1905-2002 წწ).

ჩარგლისთავი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედზე.

ჩარგლისწყალი - იხილე ჩარგლულა.

ჩარგლულა (ჩარგლისწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, 2338 მეტრ სიმაღლეზე (სიგრძე - 9,2 კილომეტრი, აუზის ფართობი - 35,4 კმ).

ჩარდავრიშიანი - ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ნათარგმნი ძეგლი, საზღაპრო ეპოსი - ერთ ჩარჩოში მოქცეული მოთხრობების კრებული.

ჩარდარა - ქალაქი ყაზახეთის ჩიმკენტის ოლქში.

ჩარდაში (უნგრ.) - უნგრული ხალხური ცეკვა.

ჩარდახი (სპარს.)

1) სასახლის ბანის ნაწილი, სვეტზე დადგმული და გუმბათით გადახურული.

2) ურმის ჭალებზე გადაყვანილი კამარა, ფარდაგით გადახურული.

3) ყუთისმაგვარი უიატაკო მინაშენი თუშური ამ ხევსურული ციხე-კოშკის კედელზე.

4) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 630 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 829 კაცი.

ჩარენცავანი (1967 წლამდე ლუსავანი) - ქალაქი სომხეთში (35 ათასი).

ჩარენცი (ნამდვილი გვარი სოღომონიანი) ეღიშე - სომეხი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი (1897-1937 წწ).

ჩარექა

1) სითხის (უპირატესად ღვინის, არყის....) საზომი ერთეული; უდრის დაახლოებით ერთ ლიტრს.

2) თიხის ჭურჭელი, რომელშიც ამ ოდენობის ღვინო ეტევა.

ჩარექაული - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხოდაშნის თემის საკრებულო), მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 670 მეტრი. ახმეტიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

ჩარექი (სპარს.)

1) საწყაოს ან საზომი ერთეულის მეოთხედი.

2) იგივეა, რაც ჩარექა.

ჩარეცხილი - წალეკილი.

ჩარინი - მდინარე ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ილის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 427 კილომეტრი).

ჩარირამა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - გია ბადრიძე, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - გომარ სიხარულიძე. მთავარ როლებში: თინათინ ვარდანაშვილი, გოგი ქავთარაძე, გოგი ქავთარაძე, კოტე დაუშვილი, დუდუხანა წეროძე, გიორგი გეგეჭკორი, ბადრი ბეგალიშვილი, ელენე ყიფშიძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, გივი თოხაძე, ვახტანგ ნინუა.

ჩარიქარი - ქალაქი ავღანეთში, ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩარიში - მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში, ობის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 547 კილომეტრი).

ჩარკვიანი კანდიდ - საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი 1938-52 წლებში (1907-1994 წწ).

ჩარკვიანი ჯანსუღ - პოეტი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1931 წელს).

ჩარლზ I - ინგლისის მეფე (1600-1649 წწ).

ჩარლზ II - ინგლისის მეფე (1630-1685 წწ).

ჩარლსტონი

1) ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთ ვირჯინიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

2) ქალაქი აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატში (510 ათასი).

3) (ინგლ.) - ამერიკული სამეჯლისო ცეკვა.

ჩარლტონი რობერტ (ბობი) - ინგლისელი ფეხბურთელი (ნახევარმცველი), ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1937 წელს).

ჩაროზი (თურქ.) - იგივეა, რაც დესერტი.

ჩარსავი (სპარს.)

1) იგივეა, რაც შალითა.

2) იგივეა, რაც ზეწარი.

ჩარსკაია ლიდია (ნამდვილი გვარი ვორონოვა, ქორწინებაში ჩურილოვა) - რუსი მწერალი ქალი (1875-1937 წწ).

ჩარსკი - ქალაქი ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

ჩარტაკი - ქალაქი უზბეკეთის ნამანგანის ოლქში (40 ათასი).

ჩარტერი (ინგლ.) - გემთმფლობელსა (ან ავიაკომპანიასა) და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება მთელი გემის (თვითმფრინავის) ან მისი ნაწილის იჯარით აღების შესახებ გარკვეული ვადით (ან გარკვეულ რეისზე).

ჩარტიზმი (ინგლ.) - XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ინგლისში მუშათა რევოლუციური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო პოლიტიკურ უფლებათა მოპოვება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩარტისტი - ჩარტიზმის მომხრე, მიმდევარი.

ჩარჩი (სპარ.-თურქ.) - გადამყიდველი, ქორვაჭარი.

ჩარჩო (სპარს.)

1) ლარტყების ან ძელაკებისაგან შეკრული ოთხკუთხა ან სხვა ფორმის საგანი, რომელშიც მინას, სურათს და მისთანებს ათავსებენ.

2) ხის შეკრული ოთხკუთხედი, რომელშიც ფუტკრები ფიჭას ამოაშენებენ. 3) ჩონჩხი სათვალის მინებისათვის.

ჩარხი (სპარს.) - საბრუნებელი მანქანა ლითონის, ხის და მისთანების დასამუშავებლად.

ჩარჯოუ - ქალაქი თურქმენეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ჩასავალი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩასკვნილი - დაბალ-დაბალი, მხარბეჭიანი.

ჩასლავსკა ვერა - ჩეხი სპორტსმენი ქალი (სპორტული ტანვარჯიში), 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი და 5 ოლიმპიური ოქროს მფლობელი ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშში (დაიბადა 1942 წელს).

ჩასოვ იარი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ჩასტუშკა - რუსული ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და მუსიკალური ფოლკლორის ჟანრი.

ჩატანუგა - ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში (150 ათასი).

ჩატემი - ვულკანური კუნძულები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის ახალი ზელანდიის შემადგენლობაში.

ჩატერტონი ტომას - ინგლისელი პოეტი (1752-1770 წწ).

ჩატერჯი სუნიტა კუმარ - ინდოელი ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და საზოგადო მოღვაწე (1890-1977 წწ).

ჩატურანგა (სანსკრ.) - ძველი ინდური თამაში, ჭადრაკის წინამორბედი (წარმოიშვა ძვ.წ.აღ. V საუკუნეში); თამაშობდნენ ოთხნი.

ჩაუსი - ქალაქი ბელორუსიის მოგილიოვის ოლქში.

ჩაუშესკუ ნიკოლაე - რუმინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი 1965 წლიდან და პრეზიდენტი 1974 წლიდან სიკვდილამდე (1918-1989 წწ).

ჩაუ-ჩაუ - ჩინეთში გამოყვანილი ჯიში ძაღლისა.

ჩაუცმელი

1) ვინც ჩაცმული არ არის.

2) (გადატანით) ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.

ჩაფართხუნებული - ულაზათოდ გრძელი და განიერი (ტანსაცმელი).

ჩაფარი (თურქ.)

1) დაბალი ჩინის პოლიციელი.

2) შიკრიკი.

3) მცველი.

ჩაფარიში - სხვადასხვაგვარი ზონარი, არშია ტანსაცმლის მოსართავად ან შიგნითა ნაკერებზე მოსავლებად.

ჩაფეხვილი - ძველი, დანგრევის პირას მისული.

ჩაფი

1) თიხის მოზრდილი, ცალყურა, დაბალყელიანი და ფართოპირიანი ჭურჭელი.

2) ღვინის საწყაო, დაახლოებით ერთი ფუთი ტევადობისა.

ჩაფი როჯერ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი (1935-1967 წწ).

ჩაფურა - პატარა ჩაფი.

ჩაფხუტი

1) ლითონის თავსაბურავი მეომრისა.

2) ტყავის ან სხვა მასალის სპეციალური თავსაბურავი, ხმარობენ მფრინავები, მოტოციკლისტები.

ჩაქაფული - ცხვრის ხორცისაგან დამზადებული კერძი.

ჩაქვი - დაბა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჩაქვისთავი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჩაქვის ქედი - ქედი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება.

ჩაქვისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ჩაქი (სპარს.) - ამოუკერავად დატოვებული ადგილი ზედა სამოსელის გვერდით კალთებზე.

ჩაქისმთა-მათურა - იხილე ჭაკისმთა-მათურა.

ჩაქისხევი - იხილე ჭაკისხევი.

ჩაქოლვა - ძველ ქართულ სამართალში - სიკვდილით დასჯის სახეობა

ჩაქსტე იანის - ლატვიის პრეზიდენტი 1922-27 წლებში (1859-1927 წწ).

ჩაქსულა

1) იგივეა, რაც ზოლი.

2) ზოლიანი (ქსოვილი). || ნაოჭიანი, ჩაქებიანი (კაბა).

ჩაქურა - გურულების, აჭარლებისა და მესხების ძველებური ტანსაცმელი - მოკლე, წელზევითა ჩოხა და ვიწროტოტებიანი, თავგანიერი, ხვანჯრიანი შარვალი.

ჩაქუჩი (თურქ.) - ხისტარიანი რკინის იარაღი.

ჩაქჩაქი - რყევით სიარული (ცხენისა, სახედრისა).

ჩაღათა-ხანი - მონღოლი ხანი, ჩინგიზ-ყაენის მეორე შვილი (გარდაიცვალა 1242 წელს).

ჩაღანა - ერთგვარი ძველებური მუსიკალური საკრავი.

ჩაღმა

1) იგივეა, რაც დაღმა.

2) თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემი (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ჩაღმის ალაზანი - მდინარე, იხილე თუშეთის ალაზანი.

ჩაშნიკი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

ჩაჩავა ვაჟა - პიანისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

ჩაჩავა ნიკოლოზ - პოეტი (1901-1974 წწ).

ჩაჩაკი - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

ჩაჩანაკი

1) სიბერით დაუძლურებული.

2) (ჩაჩანაგი) - ავშარის ნაწილი, საბლის გამოსაბმელი რკინის რგოლი.

ჩაჩანიძე ნოდარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

ჩაჩანიძე როდამ - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

ჩაჩაჩული - ულაზათოდ დაბლა ჩაწეული, ტანზე ულაზათოდ მომდგარი ტანსაცმელი.

ჩაჩი

1) ძველი, უბრალო, უშნო ქუდი.

2) ქსოვილის საშინაო ქუდი მამაკაცისა.

3) თეთრი ქსოვილის რბილი ქუდი (იხურავენ მუშაობის დროს, სადაც განსაკუთრებით საჭიროა ჰიგიენური პირობების დაცვა).

4) ძუძუთა ბავშვის ქუდი.

5) მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ჩაჩიბაია არჩილ - მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1909-1990 წწ).

ჩაჩიკაშვილები - XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ქართველ კალიგრაფ-მწერალთა ოჯახი (ნიკოლოზ მღვდელი და მისი ვაჟები: კორნილე და თომა).

ჩაჩინაგი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ჩაჩნები - იხილე ჩეჩნები.

ჩაჩუა აკაკი - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60, 63 კგ). 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი და 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (IX ადგილი), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1999) და მესამე (1997) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი გუნდურ პირველობაში (2004) (დაიბადა 1969 წელს).

ჩაჩუა მიხეილ - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

ჩაჩუბეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ჩაჩულია - ადამიანი, რომელიც ულაზათოდ იცვამს.

ჩაჩუნი - მსუბუქი ფრთხიალი, მოძრაობა; ფაჩუნი.

ჩაჩქანი

1) ძველებური საბრძოლო თავსაბურავი ლითონისა.

2) მეხანძრეთა, სამხედრო პირთა და სხვათა ლითონის საგანგებო თავსაბურავი.

ჩაჩქუნი - რტყმა, ცემა (თავში...).

ჩაჩხრიალა - სოფელი მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო). მდინარე ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ახმეტიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 ადამიანი.

ჩაწექითი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჩაწიკწიკებული

1) წვრილი ასოებით მჭიდროდ, ლამაზად დაწერილი

2) კოხტად ჩამწკრივებული.

ჩაწყობილა (Lathraea squamaria) - პარაზიტი მცენარე; იკეთებს მოვარდისფრო ყვავილს. პარაზიტობს ხის ფესვებზე.

ჩახავა მედეა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-2009 წწ).

ჩახანა - შუაცეცხლზე ჩამოსაკიდებელი თუჯის ქვაბი.

ჩახანი - რკინის რკინაზე ცემის ხმა.

ჩახეთა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, წყალწითელას მარცხენა შენაკადი.

ჩახურისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის მარჯვენა შენაკადი.

ჩახმახი (თურქ.) - თოფის, რევოლვერის და მისთანების ცეცხლსასროლი მექანიზმის დამცემი ნაწილი.

ჩახოხბილი - ქართული ეროვნული კერძი - ხოხბის (ქათმის ან სხვა ფრინველის) შეჭამანდი, ერბოში მოხრაკული ხახვითა და პომიდვრის წვენით.

ჩახრუხაული - ქართული ლექსის ფორმა - ოთხტაეპიანი სტროფი ოცმარცვლიანი ტაეპითა და შინაგანი რითმით.

ჩახრუხაძე - XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, რომელსაც მიეწერება „თამარიანის” ავტორობა.

ჩახჩახა - კაშკაშა, მოელვარე.

ჩახჩახი - კაშკაში, ბრწყინვა, ელვარება.

ჩაჯაჯული - უშნოდ, ულაზათოდ ჩაცმული.

ჩაჰარ-აიმაკები - ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში მცხოვრები ირანული და თურქულ-მონღოლური წარმოშობის ხალხთა ჯგუფის საერთო სახელი.