The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0002უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ბ–დ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა გა
დოკუმენტის ნახვა გბ
დოკუმენტის ნახვა გდ
დოკუმენტის ნახვა გე
დოკუმენტის ნახვა გვ
დოკუმენტის ნახვა გზ
დოკუმენტის ნახვა გი
დოკუმენტის ნახვა გლ
დოკუმენტის ნახვა გმ
დოკუმენტის ნახვა გნ
დოკუმენტის ნახვა გო
დოკუმენტის ნახვა გჟ
დოკუმენტის ნახვა გრ
დოკუმენტის ნახვა გუ
დოკუმენტის ნახვა გფ
დოკუმენტის ნახვა გჰ

გუ

 

გუადალავიარი - მდინარე ტურიის ზემო დინების სახელწოდება ესპანეთში.

გუადალკანალი - კუნძული სოლომონის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში.

გუად-იხუ - ბორცვი სოხუმის ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ხანის არქეოლოგიური ძეგლები.

გუავიარე (ზემო დინებაში - გუაიაბერო) - მდინარე კოლუმბიაში, ორინოკოს შენაკადი (1300 კმ).

გუაიაბერო - მდინარე გუავიარეს სახელი ზემო დინებაში.

გუაიაკი - პარაგვაიში მცხოვრები ტომი.

გუაიაკილი

  1. წყნარი ოკეანის უბე სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან.

  2. ქალაქი ეკვადორში (1,5 მილიონი).

გუაიანია - მდინარე რიუ-ნეგრუს სათავის სახელწოდება კოლუმბიაში.

გუაიკურუ - არგენტინაში მცხოვრებ ინდიელთა ტომი.

გუაირა (სეტი-კედასი) - ჭორომებისა და ჩანჩქერების რიგი მდინარე პარანაზე (ბრაზილია-პარაგვაი).

გუალეგუაიჩუ - ქალაქი არგენტინის ენტრე-რიოსის პროვინციაში.

გუამი - კუნძული მარიანის კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის აშშ-ს.

გუანაბაკოა - ქალაქი კუბაში, შედის დიდი ჰავანის შემადგენლობაში.

გუანაბარა - ბრაზილიის შტატი.

გუანაკო (იტალ.) - ძუძუმწოვარა ცხოველი ლამების გვარისა, ბინადრობს სამხრეთ ამერიკის მაღალ მთებში. ძვირფას მატყლს იძლევა.

გუანახუატო - ქალაქი (70 ათასი) და შტატი მექსიკაში.

გუანდუნი (კვანტუნი)

  1. ჩინეთის ლიაოდუნის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი დაბოლოების სახელი.

  2. პროვინცია ჩინეთში.

გუან-დი - ჩინურ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ჯარისკაცთა მფარველი, დემონთა შემმუსვრელი.

გუანინი

  1. ჩინური ბუდიზმის მითოლოგიაში - მოწყალების მდედრი ღვთაება.

  2. ამინო-6-ოქსიპურინი. მცენარეთა და ცხოველთა უჯრედებში გავრცელებული პურინის ფუძე.

გუანმინ ჟიბაო - ჩინეთის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1949 წლიდან, პეკინში.

გუანო (ესპ.) - გამომშრალი სკორე ზღვის ფრინველებისა, იყენებენ სასუქად.

გუაონოზინი - ნუკლეოზიდი, შედგება რიბოზისა და გუანინისაგან, უფერო კრისტალებია.

გუანსიუი (ძაი ტიანი) - ჩინეთის იმპერატორი (1871-1908 წწ).

გუანტანამო - ქალაქი აღმოსავლეთ კუბაში (200 ათასი).

გუანფუხოი - XX საუკუნის დასაწყისის ჩინეთის რევოლუციური ორგანიზაცია.

გუანჩები - კანარის კუნძულების აბორიგენი მოსახლეობა.

გუან-ძი - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).

გუან ხან-ცინი - ჩინელი დრამატურგი (XIII ს).

გუანჯოუ (კანტონი) - ქალაქი-პორტი სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3 მილიონი).

გუანჯოუვანი - სამხრეთ ჩინეთის ზღვის ყურე.

გუაპორე - მდინარე მამორეს მარჯვენა შენაკადი (აშშ).

გუარამი (გვარამი) - ქართლის პირველი ერისმთავარი მეფობის გაუქმების (523 წელი) შემდეგ.

გუარანა - მარადმწვანე ბუჩქი საპინდისებრთა ოჯახისა.

გუარანი

  1. იგივე გვარანი.

  2. პარაგვაიში მცხოვრები ხალხი და ამავე ხალხის ენა.

გუარდატი ტომაზო (მაზუჩო სალერნოელი) - იტალიელი მწერალი (დაახლოებით 1420-1475 წწ).

გუარდი ფრანჩესკო - იტალიელი ფერმწერი (1712-1793 წწ).

გუარდინი რომანო - იტალიელი რელიგიური მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი (1885-1968 წწ).

გუარიკო - შტატი ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში.

გუარინი გუარინო - იტალიელი არქიტექტორი (1624-1683 წწ).

გუარინი ჯან ბატისტა - იტალიელი პოეტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თეორიტიკოსი (1538-1612 წწ).

გუარულიუსი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში (550 ათასი).

გუაში (ფრანგ.)

  1. წყალსა და წებოში გაქნილი საღებავი, რომელშიც შერეულია თეთრა.

  2. ასეთი საღებავით შესრულებული ნახატი.

გუახარო - სამხრეთ ამერიკაში მობინადრე უფეხურასნაირთა რიგის ფრინველი.

გუახირა (გოახირა) - ნახევარკუნძული სამხრეთ ამერიკაში (კოლუმბია-ვენესუელა).

გუახირო - არავაკების ჯგუფის ინდიელი ხალხი, ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

გუბადლი - დაბა აზერბაიჯანში.

გუბაზ I - ეგრისის მეფე V საუკუნის 50-60-იან წლებში.

გუბაზ II - ეგრისის მეფე VI საუკუნის 40-50-იან წლებში (გარდაიცვალა 554 წელს).

გუბაზეული (გუბაზოული) - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი.

გუბაიდულინა სოფია - რუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1931 წელს).

გუბანოვი ლეონიდ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

გუბარევი ალექსანდრე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1975 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1931 წელს).

გუბახა - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

გუბე - მცირედ ჩაღრმავებულ ადგილას დამდგარი წყალი.

გუბელაძე ვლადიმერ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1921-1945 წწ).

გუბელი (მეძმარიაშვილი) სერგო - რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე კავკასიაში (1892-1929 წწ).

გუბენი - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში.

გუბენკო ნიკოლაი - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი კულტურის მინისტრი 1991-92 წლებში (დაიბადა 1941 წელს).

გუბერი ბორის - რუსი მწერალი (1903-1937 წწ).

გუბერი ედუარდ - რუსი პოეტი (1814-1847 წწ).

გუბერნატორი (ლათ.)

  1. რევოლუციამდელ რუსეთში გუბერნიის მმართველი.

  2. ამა თუ იმ რეგიონის მმართველი ბევრ თანამედროვე ქვეყანაში (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, დანია და ა.შ.).

გუბერნია (რუს.) - ძველი რუსეთის (და საბჭოთა კავშირის 1929 წლამდე) ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

გუბი - სოფლების დიდი გუბის, პატარა გუბის და შუა გუბის გავრცელებული სახელწოდება (ხონის მუნიციპალიტეტი).

გუბის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ხონის მუნციპალიტეტში, მოიცავს 3 სოფელს: დიდი გუბე, პატარა გუბე და შუა გუბე.

გუბინიხა - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

გუბისწყალი

  1. მდინარე იმერეთის დაბლობზე (წყალტუბოს და სამტრედიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე), რიონის მარჯვენა შენაკადი (ერთვის ქალაქ სამტრედიასთან), წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფელ დედალაურთან ზღვის დონიდან 105 მ. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართობი 442 კმ2. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის შემოდგომისა და ზაფხულში, წყალმცირობა - აგვისტოსა და სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი - 16,3 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად.

  2. სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გვიშტიბის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 90 მეტრი, წყალტუბოდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 713 კაცი.

გუბკინი - ქალაქი რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

გუბლია გიორგი - აფხაზი პოეტი (დაიბადა 1928 წელს).

გუბურა - პატარა გუბე.

გუგა - თვალის ფერად გარსში მოქცეული ხვრელი, საიდანაც შედის სინათლე, თვალისჩინი.

გუგარები (გოგარებ) - უძველესი ქართული ტომი, ბინადრობდნენ საქართველო-სომხეთის საზღვარზე.

გუგარქი - იხილე გოგარენე.

გუგო კაპეტი - დასავლეთ ფრანკთა სახელმწიფოს მეფე 987-996 წლებში, კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელი (941-996 წწ).

გუგუ - გუგულის ძახილი.

გუგუა - ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ პერსონაჟი (ფილმში ამ როლს თენგიზ არჩვაძე ასახიერებს).

გუგუბა - სოფელი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.

გუგული - ტყის ფრინველი, თვითონ ბუდეს არ იკეთებს და კვერცხებს სხვა ფრინველებს უდებს ბუდეში.

გუგულისკაბა - ბალახოვანი მცენარე, აქვს ლანცეტისებრი ფოთლები და წითელწინწკლებიანი მოვარდისფრო ყვავილები.

გუგულისჯამი - წითელი სოკო, პირშექცეული ჯამის მოყვანილობისა.

გუგუნავა ივანე - ფერმწერი, პეიზაჟისტი (1860-1919 წწ).

გუგუნავა სიმონ - პოეტი (1839-1909 წწ).

გუგუნაყათი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გუგუნი - ყრუ გაბმული გრიალი.

გუგუნირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

გუგუტიანთკარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გუგუშვილი ეთერ - თეატრმცოდნე, თეატრალური მოღვაწე, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი (დაიბადა 1925 წელს).

გუგუშვილი პაატა - ეკონომისტი, აკადემიკოსი (1905-1987 წწ).

გუდა - ოთხში ამოღებული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავის პარკი.

გუდაბერტყვა (ციხის-გორა) - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი გორის აღმოსავლეთით.

გუდავა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

გუდავა ტოგო - ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1922-1976 წწ).

გუდათუბანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების აბანოსღელეს და ჩხერიმელას შესართავთან. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

გუდაიტის-გუზიავიჩიუსი ალექსანდრას - ლიტველი მწერალი (1908-1969 წწ).

გუდაიტისი ანტანას - ლიტველი მხატვარი (1904-1989 წწ).

გუდალეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გუდალეღვი - ერთგვარი ლეღვი, ზაფხულის პირზე მწიფდება.

გუდალი (თვალები) - თვალები, რომლებსაც ქუთუთოები გამობერილი აქვს.

გუდალურა - იხილე გავაზისწყალი.

გუდამაყარი - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის საკრებულოში.

გუდამაყრის არაგვი (შავი არაგვი) - მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 2940 მეტრი). დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს (სიგრძე - 30 კმ, აუზის ფართობი - 240 კვ.კმ).

გუდამაყრის თემის საკრებულო - თემის საკრებულო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 22 სოფელს: ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, კიტოხი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანაანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი. თემის საკრებულოს ცენტრი - სოფელი კიტოხი.

გუდამაყრის უღელტეხილი (ბურსაჭირის, ქვენამთის უღელტეხილი) - უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭაუხისა და სადუციას არაგვისა და სნოსწყლის (თერგის შენაკადი) წყალგამყოფზე (სიმაღლე - 2347 მეტრი). გუდამაყრის უღელტეხილზე გადადის ბილიკი სოფ. ბურსაჭირიდან სოფ. კარკუჩაში. უღელტეხილზე სუბალპური ლანდშაფტია.

გუდამაყრის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი განშტოება.

გუდამაყრის ხეობა - ხეობა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის აუზში.

გუდამშიერი - ლუკმაპურის ნატრული.

გუდა-ნაბადი - ბარგი-ბარხანა; ყველაფერი, რაც ვინმეს აბადია.

გუდანელები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, თიანეთიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 61 კაცი.

გუდანი

  1. მთა კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების აკუშოსხევისაა და ლიქოკის წყალგამყოფი (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადები), აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, აღმოსავლეთი კალთა ძლიერ ციცაბოა, შემოსილია სუბალპიური მდელოებით (სიმაღლე - 2090 მეტრი).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 1720 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 48 კაცი.

გუდანის ჯვარი - წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში.

გუდანისწყალი - იხილე გუდანისჭალა.

გუდანისჭალა (გუდანისწყალი, ხახმატისწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

გუდარახი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1340 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

გუდარეხი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

გუდარეხისწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარჯვენა შენაკადი.

გუდასახო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გუდასტვირი - სტვირი, რომელიც ერთი ბოლოთი შეერთებულია გუდასთან.

გუდაუ - იხილე გუდოუ.

გუდაუთა - ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. ზღვის დონიდან - 10-40 მეტრი. მანძილი სოხუმიდან - 37 კმ, თბილისიდან - 442 კმ. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.)

გუდაუთის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. 1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში. გუდაუთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გაგრის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 1640 კვ. კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 110 სოფელი.

გუდაური - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზამთრის კურორტი.

გუდაფშუტა

  1. მცენარეთა დაავადება, გამოწვეულია სოკოს მოქმედებით.

  2. მრგვალი სოკო.

გუდაძე ლია - კინოსა და თეატრის მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

გუდაწვერი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გუდბრანსდალი (გუდბრანსდალენი) - მდინარე ლოგენის ხეობაში (ნორვეგია).

გუდეა - შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს, ლაგაშის გამგებელი (ენსი) (ძვ.წ. XXII საუკუნე).

გუდენო - მდინარე დანიაში, ერთვის რანერსფიორდის ყურეს (158 კმ).

გუდერიანი ჰაინც ვილჰელმ - გერმანიის ფაშისტური არმიის გენერალ-პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1888-1954 წწ).

გუდერმესი - ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (40 ათასი).

გუდვინი დერიკ - ინგლისელი ფიზიკოსი (1927 1997 წწ).

გუდიალჩაი - მდინარე აზერბაიჯანში.

გუდიარი ჩარლზ - ამერიკელი გამომგონებელი, კაუჩუკის რეზინად გარდაქმნის პროცესის აღმომჩენი (1800-1860 წწ).

გუდიაშვილი ლადო - დიდი ქართველი მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1896-1980 წწ).

გუდიაშვილი ნიკოლოზ - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1913-1998 წწ).

გუდითა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გუდილო - ტბა. იგივე მანიჩ-გუდილო.

გუდისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გუდისის ქედი - ქედი ჯავისა და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

გუდისისწყალი (გუდისისდონი) - მდინარე ცხინვალისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხენა შენაკადი.

გუდკოვი ოლეგ - რუსი მფრინავი-გამომცდელი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1931-1973 წწ).

გუდმენი ბენჯამინ დეივიდ - ამერიკელი მუსიკოსი, ჯაზმენი, ბენდლიდერი (1909-1986 წწ).

გუდმენი ნელსონ - ამერიკელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1906 წწ).

გუდონი ჟან ანტუან - ფრანგი მოქანდაკე (1741-1848 წწ).

გუდოუ (გუდაუ) - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

გუდრაიკი ჯონ - ინგლისელი მოყვარული ასტრონომი, რამოდენიმე ცვალებადი ვარსკვლავის აღმომჩენი (1764 - 1786 წწ).

გუდრონატორი - მანქანა, რომელიც თანაბრად ასხამს გუდრონს.

გუდრონი (ფრანგ.) - ფისი, რომელსაც იღებენ ბიტუმოვანი ქანების გამოხარშვით. უმთავრესად საგზაო მშენებლობაში იყენებენ.

გუდრუნი

  1. სკანდინავიურ მითოლოგიაში გმირი ქალი, სიგურდის მეუღლე.

  2. XIII საუკუნის გერმანული საგმირო ეპოსი.

გუდრუხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - ? კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 22 კაცი.

გუდურა - ერთი შეკვრა წვრილი შეშა, ფიჩხი.

გუე მიხაელ იან დე - ჰოლანდიელი ისლამმცოდნე და სემიტოლოგი (1836 - 1909 წწ).

გუერა ტონინო - იტალიელი კინოსცენარისტი, პოეტი, მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

გუერაცი ფრანჩესკო დომინკო - იტალიელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე (1804 - 1873 წწ).

გუერდი - მარცვლეულისა და სითხის უძველესი ქართული საწყაო (დაახლოებით უდრის 9 ლიტრს).

გუერინი ოლანდო - იტალიელი პოეტი (1845-1916 წწ).

გუერჩინო (ნამდვილი სახელი და გვარი ჯოვანი ფრანჩესკო ბარბიერი) - იტალიელი მხატვარი (1591-1666 წწ).

გუვაჰატი (გაუჰატი) - ქალაქი ინდოეთის ასამის შტატში.

გუვერნანტი (ფრანგ.) - ბავშვების აღმზრდელი ქალი (ჩვეულებრივ უცხოელი).

გუვერნიორი (ფრანგ.) - ბავშვების აღმზრდელი მამაკაცი (ჩვეულებრივ უცხოელი).

გუვლევისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, თისელიღელის მარცხენა შენაკადი.

გუზანი - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის ბოლოს.

გუზარი - ქალაქი უზბეკეთის კაშკადარინის ოლქში.

გუზგუზი - ძლიერი ცეცხლის ხმა.

გუზეევა ლარისა - რუსი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1959 წელს).

გუთანი - მიწის სახნავი იარაღი, რომლის ძირითადი ნაწილებია სახნისი, საკვეთი და ფრთა.

გუთგაშენი - ქალაქი აზერბაიჯანში.

გუთები (გოთები) - ერთ-ერთი ძველი გერმანული ტომი.

გუთიები - ნახევრად მომთაბარე ტომები, რომლებიც III-II ათასწლეულში თანანედროვე აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

გუთნეული - გუთანში ერთი შებმა ხარ-კამეჩი.

გუთნისდედა

  1. მიწის მუშა, რომელიც ხვნის დროს გუთანს მისდევს უკან.

  2. ილია ჭავჭავაძის ლექსი (დაიწერა 1858 წელს).

გუთნური - ქართული ხალხური შრომის პოეზიის ერთ-ერთი სახეობა.

გუთური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გუი - ჩინურ მითოლოგიაში მაქცია-დემონი, მიცვალებული ცოდვილის სული.

გუიავა (გუავა) - მარადმწვანე ხე მირტისებრთა ოჯახისა.

გუიანი - ქალაქი ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში (1,1 მილიონი).

გუ იანუ (გუ ტინლინი) - ჩინელი სწავლული, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი (1613 - 1682 წწ).

გუიბერტუსი (გუიბერტ ნოჟანელი) - ფრანგი მემატიანე (1053 - დაახლოებით 1124 წწ).

გუიგუ-ძი - ჩინურ მითოლოგიაში უკვდავი ბრძენი, წინასწარმეტყველთა მფარველი.

გუივა - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

გუილინი - ქალაქი ჩინეთის გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რეგიონში (365 ათასი).

გუი-მუ - ჩინურ მითოლოგიაში ალქაჯების მშობი ღვთაება, გამოისახებოდა ვეფხვის თავით და დრაკონის ფეხებით.

გუინიცელი გვიდო - იტალიელი პოეტი (1230 ან 1240 - დაახლოებით 1276 წწ).

გუინპლენი - ვიქტორ ჰიუგოს რომანის, «კაცი, რომელიც იცინის», მთავარი პერსონაჟი.

გუირალდესი რიკარდო - არგენტინელი მწერალი (1886 - 1927 წწ)

გუისიუი - ჩინურ მითოლოგიაში უფსკრული, სადაც მსოფლიოს მთელი საწყალოსნო მარაგი ეშვება.

გუისკარი რობერტ - ქვემო იტალიაში ნორმანდიული სახელმწიფოს დამაარსებელი (დაახლოებით 1015 - 1085 წწ).

გუისუი - იგივე ხუხ-ხოტო.

გუიჩარდინი ფრანჩესკო - იტალიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი (1483 - 1540 წწ).

გუიჯოუ - პროვინცია სამხრეთ ჩინეთში.

გუ კაიჯი - ჩინელი ფერმწერი (დაახლოებით 344 - 406 წწ).

გუკოვო - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (70 ათასი).

გულაბი - საქართველოში გავრცელებული ენდემური მსხლის ჯიში.

გულაგი - (აბრევიატურა) Главное Управление исправительно-трудовых лагерей, трудовых поселений и мест заключения.

გულადი - მედატ გამბედავი, მამაცი.

გულაევი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ავიაციის გენერალი (1918 - 1985 წწ).

გულავერი - სოფლების ზემო გულავერისა და ქვემო გულავერის გავრცელებული სახელწოდება (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

გულავშარა - აღვირის მეორე წყვილი ტოტები, მიმაგრებული სამკერდულზე.

გულაზიანი ოლღა - ცნობილი სომეხი მსახიობი ქალი (1885/86 - 1970 წწ).

გულაია ინა - რუსი კინომსახიობი ქალი (1941 - 1990 წწ).

გულაკ-არტემოვსკი პეტრე - უკრაინელი მწერალი (1790-1865 წწ).

გულაკ-არტემოვსკი სემიონ - უკრაინელი მომღერალი (ბარიტონი), კომპოზიტორი, დრამატურგი (1813 - 1873 წწ).

გულაკი ნოკოლოზ (მიკოლა) - უკრაინელი მკვლევარი, პედაგოგი, თბილისის და ქუთაისის გიმნაზიების მასწავლებელი (1822 - 1899 წწ).

გულანი - საეკლესიო კრებული, რაშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები.

გულანშარო - „ვეფხისტყაოსნის“ ტოპონიმი, სპარსულად ნიშნავს „ყვავილების ქალაქს“: გულ (ვარდი, ყვავილი) +ან (მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი სუფიქსი) + შაჰრ (ქალაქი).

გულარტი (გოლარტი) ჟოაო - ბრაზილიის პრეზიდენტი 1961-64 წლებში (1918 - 1976 წწ).

გულაღმა - გულმკერდით, სახით ზევით.

გულაყრილი - გულაცრუებული.

გულაჩი - სიგრძის საზომი ერთეული ოსმალეთის იმერიაში (213,6 სმ).

გულახდილი - გულწრფელი.

გულბა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გულბადი (გულბაათი) - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის დასაწყისში.

გულბათი (ნამდვილი სახელი და გვარი ოლღა გრუზინსკაია) - ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი (1846 - 1913 წწ).

გულბაღი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

გულბაჰორი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

გულბენე - ქალაქი ლატვიაში (1917 წლამდე შვანენბურგი).

გულბოყვი - გულმკერდის არე.

გულ-გვამი - გულ-მუცელი.

გულგრილი - ადამიანი, ვისაც არაფერი აღელვებს, აპათიურად განწყობილი.

გულგულა (ტყეტბა) - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 425 მეტრი, თელავიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1252 ადამიანი. გულგულასა და ახატელის გზის გასაყარზე, ნასოფლარ ნადკორის ტერიტორიაზე შემორჩენილია VI საუკუნის დიდი სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები; ეს ძეგლი ნაგები ყოფილი რიყისა და შირიმის ქვით. გეოგრაფიულ პუნქტ გულგულას იხსენიებს „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“, რომლის მიხედვით ამ ადგილს „ადრე“ ტყეტბა ჰრქმევია.

გულგული - მცენარის ღეროს შიგნითა რბილი ნაწილი.

გულგულას სამაროვანი - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლი სოფელ გულგულას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე.წ. “ოლიების ტყეში” (თელავის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1956-72 წლებში, გამოვლინდა 29 ორმოსამარხი. სოფლის სამცრეთ-აღმოსავლეთით, ე.წ. „სათვალისწყალზე“ გაითხარა 20 ორმოსამარხი, რომლებიც შედარებით უფრო ადრეული ჩანს.

გულდაგულ

  1. შეუპოვრად, შეუდრეკლად, უშიშრად.

  2. მონდომებით.

გულდასმით - დიდი ყურადღებით.

გულდაღმა - პირქვე.

გულდბერგი კატო მაქსიმილიან - ნორვეგიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1836 - 1902 წწ).

გულდედავა - ტყემლის ადგილობრივი ჯიში.

გულდენი (ფლორინი) - ნიდერლანდის ფულის ერთეული ევროს შემოღებამდე (მოქმედებდა 1814-2002 წლებში).

გულდინი პაულ - შვეიცარიელი მათემატიკოსი (1577 - 1643 წწ).

გულები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გულედი აპტიდონი ჰასან - ჯიბუტის პრეზიდენტი 1977 წლიდან (დაიბადა 1916 წელს).

გულეიკარი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გულთამხილავი - გულში ნადების, დაფარულის შემცნობი.

გულთბილი - კეთილი, ყურადღებიანი.

გულთმისანი - მკითხავი, ჯადოქარი.

გულთოვლის მთები - ქედი ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედზე.

გული

  1. ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც რიტმული შეკუმშვებით ამოძრავებს სისხლს.

  2. ეს ორგანო, როგორც ადამიანის განცდა-გრძნობათა სიმბოლო.

  3. მკერდი.

  4. რისამე ყველაზე შიგნითა ან ცენტრალური ნაწილი.

  5. ნამცხვრის და მისთანას შიგთავსი.

  6. ბანქოში - ერთი ოთხ სახეობათაგანი.

  7. ყოფილი სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

გული რომან - რუსი მწერალი-ემიგრანტი (1896 - 1986 წწ).

გულია გიორგი - აფხაზური წარმოშობის რუსი მწერალი, დიმიტრი გულიას ვაჟი (1913 - 1989 წწ)

გულია დიმიტრი - მწერალი, აფხაზეთის სახალხო პოეტი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი (1874 - 1960 წწ).

გულიაევი იური - რუსი ოპერის მომღერალი, ლირიული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1930 - 1986 წწ).

გულიაიპოლე - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

გულიაკოვი ვასილი - რუსი გენერალი, კავკასიის ომების მონაწილე (1751 - 1804 წწ).

გულიამი ჰამიდ - იხილე ჰამიდ ღულამი.

გულიანთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

გულიანი

  1. ღრმა, ძლიერი, მაგარი.

  2. სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

  3. კონსტანტინ იონესკუ - რუმინელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1914 წელს).

გულიაშკი ანდრეი - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

გულიაში (უნგრ.) - უნგრული ეროვნული საჭმელი წვრილად დაჭრილი ხორცით.

გულიდი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

გულივერი - ჯონათან სვიფტის ნაწარმოების, „გულივერის მოგზაურობის“, მთავარი პერსონაჟი.

გულითადი

  1. ძალიან ახლობელი, ერთგული.

  2. გულღია, გულწრფელი.

გულიკაანთუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

გოლიკამი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გულისაბა - ფართოდ გავრცელებული ბალახოვანი დეკორატიული მცენარე.

გულისაშვილი ზაქარია - მწერალი და პუბლიცისტი (1857-1914 წწ).

გულისთქმა - ძლიერი სურვილი, მისწრაფება.

გულის მთა - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, უშბის სამხრეთ კალთაზე.

გულის მყინვარი (გული) - მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, უშბის სამხრეთ კალთაზე.

გულისნადები - გულში ჩამარხული რამ ფიქრი, დაფარული განზრახვა.

გულისპირი - ტანსაცმელში მკერდთან ჩატანებული ნაწილი.

გულისტანი (1961 წლამდე მირზაჩული) - ქალაქი უზბეკეთის სირდარიის ოლქში (55 ათასი).

გულისყური - ყურადღება, ინტერესი, გულისხმიერება.

გულისხმა - მიხვედრა, გაგება, ჭკუა.

გულისხმიერი - გულშემატკივარი, ყურადღებიანი.

გულიჭალა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, დოლრის მარცხენა შენაკადი.

გულკევიჩი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

გულკო ბორის - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩის მონაწილე (დაიბადა 1947 წელს).

გულმართალი - პატიოსანი, გულწრფელი.

გულმკერდი - მკერდის მალების, ნეკნების და მკერდის ძვლის ერთობლიობა.

გულმოდგინე - ბეჯითი, მუყაითი.

გულმოსული - გამწყრალი, გაჯავრებული.

გულნამცეცა - სულმდაბალი, სულმოკლე.

გულოვანი - გულადი, მამაცი, მხნე.

გულრიფში (1975 წლამდე ქვემო გულრიფში) - დაბა, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი. მანძილი სოხუმიდან 10 კმ, თბილისიდან - 395 კმ. მოსახლეობა - 8 ათასი (2007 წ).

გულრიფშის მუნიციპალიტეტი - აადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1946 წელს გამოეყო სოხუმის რაიონის დღევანდელ საზღვრებში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, დასავლეთით - სოხუმის, აღმოსავლეთით - ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. ფართობი 1834 კვ. კმ. 1 დაბა, 92 სოფელი. მოსახლეობა - 20 ათასამდე (2003 წ).

გულსავსე - დიდად კმაყოფილი.

გულსაკიდი - გულზე ჩამოსაკიდი სამკაული.

გულსაფარი - წინსაფარი.

გულსტრანდი ალვარ - შვედი ოფთალმოლოგი, 1911 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1862-1930 წწ).

გულუბრყვილო - მიამიტი, ადვილად დამჯერი.

გულუხეთი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გულუხვი - ხელგაშლილი, პურადი.

გულქანდა - მოვარაყებული ლითონის ან ფერადი ქვების ყელსაკიდი.

გულქართლი - გულუხვი, პურადი, გულკეთილი.

გულქვა - შეუბრალებელი, უმოწყალო.

გულღია - მხიარული, გულწრფელი.

გულღრძო - გულღვარძლიანი, ბოროტი, შურიანი.

გულყვითელა - იგივე მოლაღური.

გულყრა - გულის შეღონება.

გულშადი - დაბა ყაზახეთში.

გულშემატკივარი

  1. სხვისი ჭირ-ვარამის გამზიარებელი.

  2. რომელიმე გუნდის მხარდამჭერი სპორტის მოყვარული (ინგლ. - ფანატი, ფანი).

გულჩათხრობილი - ვინც თავის აზრებს არ ამხელს, საკუთარ თავში ჩაკეტილი.

გულჩარა (გულჩორა) - ქართველი დიპლომატი ქალი, გიორგი X-ის ასული (XVI-XVII სს).

გულჩვილი - მეტისმეტად მგრძნობიარე.

გულცივი - უგულო, უყურადღებო.

გულძმარვა - წვის უსიამოვნო შეგრძნება გულის კოვზთან და საყლაპავის გასწვრივ.

გულწითელა - ერთგვარი ნაცრისფერი ჩიტი წითელი მკერდით.

გულწრფელი

  1. ვინც თავის გრძნობებს აშკარად გამოხატავს.

  2. ნამდვილი, პირდაპირი.

გულხანდისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გულხელდაკრეფილი - უსაქმური, უქმად მყოფი.

გულჯავარასაშვილი გრიგოლ - XVII საუკუნის მეორე ნახევრის მხატვარი.

გუმა

  1. პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში.

  2. (ლათ.) - სიმსივნისმაგვარი ზრდა შემაერთებელი ქსოვილისა. დამახასიათებელია სიფილისის გვიანი სტადიისათვის.

გუმათი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ოფურჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, წყალტუბოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 591 კაცი.

გუმათჰესი - დასახლებული პუნქტი ქუთაისთან.

გუმანი (სპარს.) - აზრი, ვარაუდი, ალღო.

გუმაჩი - მთა და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გუმბა საიდა - მძლეოსანი, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი შუბის ტყორცნაში (დაიბადა 1959 წელს).

გუმბათი

  1. (სპარს.) შენობის გადასახურავი კონუსისებრი ან ნახევარსფერული თაღი.

  2. მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში.

  3. სოფელი და მდინარე (ქციის მარცხენა შენაკადი) კასპის მუნიციპალიტეტში.

გუმბათოვანი - გუმბათის მოყვანილობისა.

გუმბეიკა - მდინარე ურალის მარცხენა შენაკადი.

გუმბინენი - კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევის სახელი 1946 წლამდე.

გუმბრა - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალტუბოსწყლის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 120 მეტრი, წყალტუბოდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2409 კაცი. გუმბრის მიდამოებშია გუმბრინის, სურინჯის, ჟანგმიწისა და შპატის საბადოები, სათაფლიის ნაკრძალი.

გუმბრალი - მთა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-არგვეთის სერზე.

გუმბრინი - მონაცრისფრო თიხისებური მინერალი, მოიპოვება იმერეთში სოფელ გუმბრის მახლობლად.

გუმელნიცა - ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბინადარ მიწათმოქმედ ტომთა ენეოლითური კულტურა.

გუმი - იგივეა, რაც გუმფისი.

გუმიარაბიკი (ლათ.) - ზოგიერთი სახეობის აკაციის წებოვანი წვენი. გამოიყენება როგორც წებო.

გუმიგუტი (ლათ.) - ზოგიერთი ტროპიკული მცენარის შესქელებული რძეწვენი.

გუმიკოპალი - ლაქების დასამზადებელი ფისი.

გუმილაქი - ტროპიკული მცენარის ტოტებისაგან წარმოქმნილი მოწითალო ფერის ფისოვანი ნივთიერება. მისგან ამზადებენ ლუქს, ლაქებს.

გუმილიოვი ნიკოლაი - რუსი პოეტი, აკმეიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1886-1921 წწ).

გუმირება - ლითონის ნაკეთობის დაფარვა რეზინით ან ებონიტით.

გუმირიფშა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

გუმისთა - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) სოხუმის მუნიციპალიტეტში.

გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი - ნაკრძალი სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუმისთის ხეობაში. დაარსდა 1941 წელს.

გუმის მღვიმე - მღვიმე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის ხეობის მარცხენა კალთაზე.

გუმიშხა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

გუმოზა - წებოვანი ფერადი სალბუნი, იყენებენ გრიმისთვის.

გუმოზი - იხილე გომოზი (წებოს დენა).

გუმრაკი - დაბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

გუმტი - იხილე გომატი.

გუმფისი - მაღალმოლეკულური ნახშირწყლები, გამოიყოფა მცენარის დაზიანებული ან დაავადებული ქერქიდან.

გუმჰურია (ალ-გუმჰურია, ალ-ჯუმჰურია - რესპუბლიკა) - ეგვიპტის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1953 წლიდან.

გუნადჰია - ძველინდოელი პოეტი (დაახლოებით III-IV საუკუნეები).

გუნარსონი გუნარ - ისლანდიელი მწერალი (1889-1980 წწ).

გუნაშვილი ვახტანგ - ბალეტის მსახიობი, მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გუნბიერნი (გუნბიერნს-ფიელი) - მთა კუნძულ გრენლანდიაზე (3 700 მეტრი).

გუნბიერნს-ფიელი - იგივე გუნბიერნი.

გუნ-გუნი - ჩინურ მითოლოგიაში - ავი სული, გამოისახებოდა გველის სხეულით და ადამიანის თავით.

გუნდა - ბურთივით დამრგვალებული ცომი ან თოვლი.

გუნდაეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ფრონეს მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთითი ესაზღვრება სოფელი მერევი. ზღვის დონიდან - 750 მეტრი, ჭიათურიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 379 კაცი.

გუნდა-ლახუსტაკი - შავი საღებავი წარბების და წამწამების შესაღებად.

გუნდარევა ნატალია - რუსი მსახიობი ქალი (1948-2005 წწ).

გუნდაური - სოფლები ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

გუნდი

  1. ჯგუფი, კრებული.

  2. ადამიანთა კოლექტივი.

გუნდისთავი - სპორტული გუნდის ხელმძღვანელი.

გუნდოროვკა - როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სახელი 1955 წლამდე.

გუნდოროვსკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

გუნდრუკი (გუნდრუკის კმევა) - პირფერობით ქება.

გუნდულიჩი ივან - ხორვატი მწერალი (1589-1638 წწ).

გუნდური - გუნდისთვის დამახასიათებელი.

გუნება - სულიერი განწყობილება, ხასიათი.

გუნებანაქცევი - უგუნებოდ მყოფი.

გუნთექინი რეშად ნური - თურქი მწერალი (1889-1956 წწ).

გუნი

  1. სიყვითლის სენი (საბა).

  2. ჩინურ მითოლოგიაში - გმირი, რომელმაც წარღვნა დააშრო.

გუნია ვალერიან - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე (1862-1938 წწ).

გუნია დიმიტრი - ზაპოროჟიელთა ჯარის ჰეტმანი, 1637-38 წლების პოლონელთა წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელი (XVII საუკუნე).

გუნიაყალა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

გუნო შარლ - ფრანგი კომპოზიტორი, ფრანგული ლირიული ოპერის ერთ-ერთი შემქმნელი (1818-1893 წწ).

გუნსბერგი ისიდორ - ინგლისელი მოჭადრაკე, სტეინიცთან მსოფლიოს ჩემპიონობისათვის მატჩის მონაწილე (1854-1930 წწ).

გუნსი კარლის - ლატვიელი მხატვარი და გრაფიკოსი (1830-1877 წწ).

გუნსუნ ლუნი - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ.წ. IV-III საუკუნეები).

გუნტი - მდინარე პამირის მთებში (296 კმ).

გუნტურუ - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში (470 ათასი).

გუნძინხოი - ჩინეთის რევოლუციური ორგანიზაცია XX საუკუნის დასაწყისში.

გუპტები - ჩრდილოეთ ინდოეთში IV-VI საუკუნეებში აღზევებული დინასტია.

გუჟონი ჟან - ფრანგი მოქანდაკე, აღორძინების ეპოქის წარმომადგენელი (დაახლოებით 1510 - 1564 ან 1568 წწ).

გურაგე - ეთიოპიაში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფი.

გურაბანიძე ნოდარ - თეატრმცოდნე (დაიბადა 1930 წელს).

გურაგჩა ჟუგდერდემიდიინ - მონღოლი მფრინავი-კოსმონავტი, 1981 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1947 წელს).

გურალები (პოლონურად მთიელები) - პოლონეთში მცხოვრები ხალხი.

გურამიშვილები - ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. დოკუმენტური მასალები ამ გვარის შესახებ შემორჩენილია XVI საუკუნიდან.

გურამიშვილი დავით - დიდი ქართველი პოეტი (1705-1792 წწ).

გურამიშვილი დავით - ფერმწერი (1857-1926 წწ).

გურამიშვილი მამუკა - XVIII საუკუნის II ნახევრის პოეტი. ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში.

გურამიშვილი - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური („სარაჯიშვილსა“ და „ახმეტელის თეატრ“ შორის, მთავარ ხაზზე).

გურამიშვილი-ჭავჭავაძე ოლღა - ილია ჭავჭავაძის მეუღლე (1842-1927 წწ).

გურანდუხტი

დავით აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული (XII საუკუნე).

გიორგი I-ის ასული (XI საუკუნე).

გურაპანი - საყელო გარდაფენილი (საბა).

გურარა - ოაზისებისა და დასახლებული პუნქტების ჯგუფი ალჟირის ბიშარის ვილაიეთში.

გურბანი იოზეფ - სლოვაკთა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1817-1888 წწ).

გურბაჰშ სინგჰი - ინდოელი მწერალი (1895-1977 წწ).

გურგანი ფახრ-უდ-დინ - იხილე გორგანი1.

გურგენი

  1. ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფე ბაგრატ II-ის მამა (XI საუკუნე).

  2. ქართლის რამოდენიმე მეფის სახელი (VI-X სს).

გურგენიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

გურგენის აჯანყება - VI საუკუნის 70-იანი წლების აჯანყება ქართლში ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ.

გურგენიძე ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის გმირი (1916-1970 წწ)

გურგენიძე ბუხუტი - მოჭადრაკე, პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს 11-გზის ჩემპიონი (1933-2008 წწ).

გურგენიძე დავით - საჭადრაკო კომპოზიტორი (დაიბადა 1953 წელს).

გურგენიძე ვლადიმერ (ლადო) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2007 წლიდან.

გურგენიძე მიხეილ - ხალხოსანი, ჟურნალ „იმედის“ რედაქტორი (1842-1885 წწ).

გურგონელა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკრაულის მარჯვენა შენაკადი.

გურგულია ინოლა - მომღერალი და კომპოზიტორი (1929-1977 წწ).

გურგური - ხმაური, გიზგიზი (ცეცხლისა).

გურდი (ფრანგ.) - ჰაიტის ფულის ერთეული (=100 სენტიმს).

გურევიჩი დიმიტრი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1956 წელს).

გურევიჩი ლუბოვ - რუსი მწერალი ქალი (1866-1940 წწ).

გურევიჩი მიხეილ - რუსი ავიაკონსტრუქტორი (1892/93 - 1976 წწ).

გურევიჩი მიხეილ - უკრაინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

გურ-ემირი (სპარ. „მეფის სამარე“) - თემურ-ლენგის და თემურიდების მავზოლეუმი სამარყანდში. აშენდა მე-15 საუკუნის დასაწყისში.

გურეშიძე ნოდარ - პოეტი, მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

გურზი (სპარს.)

  1. ფოლადის ძველებური საბრძოლო იარაღი, სახელურის მქონე წვეტებიანი სფერო.

  2. ხელში სატრიალებელი სპორტული იარაღი.

გურზუფი - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

გური - მდინარე ამურის მარჯვენა შენაკადი (რუსეთი, ხაბაროვსკის მხარე).

გურია

  1. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში (ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები).

  2. რკინიგზის ბაქანი სუფსა-ჯუმათის გადასარბენზე.

გურიანთა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გურიევი - ყაზახეთის ქალაქ ათერაუს სახელი 1992 წლამდე.

გურიევსკი (1946 წლამდე ნოიჰაუზენი) - ქალაქები რუსეთის კალნინგრადის და კემეროვოს ოლქებში.

გურიელები - გურიის საერისთავოს, შემდეგ სამთავროს გამგებლები.

გურიელი ლევან - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (გარდაიცვალა 1888 წელს).

გურიელი მამია - ქართველი პოეტი (1836-1891 წწ).

გურიელი ნინო - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 3-გზის ჩემპიონი 1992-96 წლებში (დაიბადა 1961 წელს)

გურიის დაბლობი - დაბლობი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, კოლხეთის დაბლობის ნაწილი.

გურიის ქედი (გურიის სერი) - იხილე ნიგოითის სერი.

გურისტყე - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გურისწყალი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

გურიფული - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გურკელი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგის ძე - XIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კარის მოხელე.

გურლენი - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში.

გურმა (გურმანშე) - ტოგოსა და განაში მცხოვრები ხალხი.

გურმანი (ფრანგ.) - კარგი საჭმლის მცოდნე, პირის პატივის მოყვარული.

გურმონი რემი დე - ფრანგი მწერალი (1858-1915 წწ).

გურნა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 8 სოფელს: ანტორია, ბობოთი, გურნა, კითხიჯი, კისორეთი, კორეეთი, ნაძვა, ციხია. ზღვის დონიდან - 610 მეტრი, ტყიბულიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 750 კაცი. გურნა წყაროებში პირველად 1660 წელს იხსენიება.

გურნია - უძველესი ნაქალაქარი კუნძულ კრეტას აღმოსავლეთ ნაპირზე.

გურნიკი - პოლონეთის ქალაქ ზაბჟეს ფეხბურთის გუნდი.

გურო (ნამდვილი გვარი ნოტენბერგი) ელენა - რუსი მწერალი და მხატვარი ქალი (1877-1913 წწ).

გუროსწყალი - მდუნარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარცხენა შენაკადი.

გურსა ედუარ - ფრანგი მათემატიკოსი (1858-1936 წწ).

გურსელი ჯემალ - თურქეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1895-1966 წწ).

გურსკი ილია - ბელორუსი მწერალი (1899-1972 წწ).

გურსკოე - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

გურტი - გოთიკურ არქიტექტურაში თლილი ქვებისაგან გაკეთებული კამარა.

გურტოვოი ტიმოთე - მოლდაველი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1981 წწ).

გურუ - სიქჰების რელიგიური თემის მეთაური პენჯაბში (ინდოეთი). პირველი გურუ - ნანაკი, უკანასკნელი (მე-10) - გოვინდ სინგჰი.

გურული

  1. გურიის მკვიდრი ქართველი.

  2. გურულების დამახასიათებელი, გურიიდან მომდინარე.

გურულიკობა - ოქრომჭედელი და მოქანდაკე (დაიბადა 1930 წელს).

გურუნგები - ნეპალსა და ბჰუტანში მცხოვრები ხალხი.

გურჩენკო ლუდმილა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1935-2011 წწ).

გურჩიანი ერეკლე - სპორტსმენი (მკლავჭიდი), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 1991-99 წლებში (დაიბადა 1966 წელს).

გურჩხი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

გურძაული - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გურძემი

  1. მდინარე მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ტეხურის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

გურძიევცეკი - უღელტეხილი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

გურჯაანი - ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით).

გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921-დან თელავის მაზრაში. 1930-დან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად. ფართობი 849,2 კვ.კმ. 1 ქალაქი, 28 სოფელი. მოსახლეობა - 73 ათასამდე (2006 წ).

გურჯაანის უღელტეხილი - უღელტეხილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

გურჯი (სპარს.) - ქართველის მოსახსენიებელი სიტყვა მაჰმადიანურ ხალხებში.

გურჯიევი გიორგი - მისტიკოსი და სულიერი მოძღვარი, ეზოთერული პრაქტიკის მიმდევარი, XX საუკუნის დასაწყისში. მოღვაწეობდა თბილისშიც (1877-1949 წწ).

გურჯისტანი (სპარს.) - საქართველოს სახელი ბევრ აღმოსავლურ ენაში.

გუსაკი გუსტავ - ყოფილი ჩეხოსლოვაკიის მაღალჩინოსანი კომუნისტური მოღვაწე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1975-89 წლებში (1913-1991 წწ).

გუსაკოვსკი იოსებ - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, არმიის გენერალი (1904-1985 წწ).

გუსანები (ჰუსანები) - იგივე აშუღები, სომეხი მოხეტიალე მუსიკოსები და მომღერლები.

გუსარჩაი - მდინარე აზერბაიჯანში.

გუსევი (1946 წლამდე გუმბინენი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

გუსევი ვიქტორ - რუსი პოეტი და დრამატურგი (1909-1944 წწ).

გუსევ-ორენბურგსკი სერგეი - რუსი მწერალი (1867-1963 წწ).

გუსევსკი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გუსელსკოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

გუსი ჰუგო ვან დერ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1435-სა 1440-ს შორის - 1482 წწ).

გუსიატინი - დაბა უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

გუსინოოზერსკი - ქალაქი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

გუსკა მარტინ - პიკარტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგი ჩეხეთში. ცეცხლზე დაწვეს (? - 1421 წწ).

გუსლა (გუსლე) - სამხრეთ სლავების (სერბების, ხორვატების, სლოვენიელების) სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

გუსლი (რუს.) - ძველებური რუსული სიმებიანი საკრავი.

გუსმან ბლანკო ანტონიო - ვენესუელის დიქტატორი მმართველი (1829-1899 წწ).

გუსმანი მარტინ ლუის - მექსიკელი მწერალი (1887-1975 წწ).

გუსოვსკი ნიკოლაი - აღორძინების ეპოქის ბელორუსი პოეტი-ლათინისტი (დაახლ. 1480-1533 წწ).

გუსტავ I ვაზა - შვედეთის მეფე 1523 წლიდან (1496-1560 წწ).

გუსტავ II ადოლფი - შვედეთის მეფე 1771 წლიდან (1594-1632 წწ).

გუსტავ III ჰოტპორტი - შვედეთის მეფე 1611 წლიდან (1746-1792 წწ).

გუსტავ IV ადოლფი - შვედეთის მეფე 1792-1809 წლებში (1778-1837 წწ).

გუსტაფსონი გრეტა ლუიზა - მსახიობ გრეტა გარბოს ნამდვილი გვარ-სახელი.

გუს-ხრუსტალნი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გუტალინი (გერმ.) - ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდი საცხი. წარმოადგენს საღებავი ნივთიერების, სანთლის, პარაფინის, სკიპიდარის და სხვათა ნარევს.

გუტაპერჩი (ინგლ.) - ზოგიერთი წებოვანი მცენარის გამაგრებული წვენი, ტყავის მსგავსი.

გუტარი ტობიას (ფსევდონიმი ლეა პელო) - კარელიელი პოეტი (1907-1953 წწ).

გუტაცია (ლათ.) - წყლის გამოყოფა წვეთებად მცენარის ფოთლებიდან. ამ დროს გამოიყოფა ზედმეტი მარილი, ძირითადად კალციუმი.

გუტენბერგი იოჰან - გერმანელი გამომგონებელი, პირველი მესტამბე ევროპაში (1394-სა და 1405-ს შორის - 1468 წწ).

გუტი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.

გუტიერეს ალეა თომას - კუბელი კინორეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).

გუტმანი ლევ - ლატვიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1945 წელს).

გუტუზო რენატო - იტალიელი მხატვარი (1911-1987 წწ).

გუტფროინდი ოტო - ჩეხი მოქანდაკე (1889-1927 წწ).

გუფაგუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

გუფელდი ედუარდ - 1973-88 წლებში საქართველოში მოღვაწე მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, სსრკ ქალთა ნაკრების მწვრთნელი (1936-2002 წწ).

გუფთა

  1. ქუფთა (სპარსულად „დანაყული“, „დაბეგვილი“) - საჭმელი, დაკეპილი ხორცის გუნდები, წვენში მოხარშული.

  2. მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი.

  3. სოფლების დიდი გუფთის და პატარა გუფთის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

გუფი - სოფელი და მთა (კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე) ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

გუშაგი - შეიარაღებული მცველი, ყარაული.

გუში - მარცვლეულის საწყაო შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში.

გუშინ - დღევანდელი დღის წინა დღეს.

გუშინდელი - რაც გუშინ იყო.

გუშინდელნი - შალვა დადიანის პიესა (დაიწერა 1917 წელს).

გუშინღამ - გუშინდელი დღის წინა ღამეს.

გუშინწინ - გუშინდელი დღის წინა დღეს.

გუჩი ჯორჯ პიბოდი - ინგლისელი ისტორიკოსი (1873-1968 წწ).

გუჩკოვი ალექსანდრე - რუსი მეწარმე, ოქტიაბრისტების პარტიის დამაარსებელი და ლიდერი (1862-1936 წწ).

გუჩმასთა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გუცაევი ვლადიმერ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი (თავდამსხმელი) 1971-86 წლებში. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981 წ), სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 303 მატჩი და გაიტანა 47 გოლი; სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1952 წელს).

გუცკოვი კარლ - გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი (1811-1878 წწ).

გუცულები - კარპატებში მცხოვრებ უკრაინელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

გუძენკო სემიონ - რუსი პოეტი (1922-1953 წწ).

გუძი ნიკოლოზ - რუსი ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი (1887-1965 წწ).

გუჯა - შემოკლებული ელგუჯა.

გუჯაბაური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გუჯაბი

  1. სატენი, გული. „ქათამთ სატენი საზავრბლად“ (საბა).

  2. ჯილაგი, ჯიში, მოდგმა.

გუჯარათი - შტატი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. ფართობი 196 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 41,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - განდინაგარი.

გუჯარები - ინდოეთსა და პაკისტანში მცხოვრები ხალხი.

გუჯარეთი - სოფლები ბორჯომის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

გუჯარი - ეკლესიისათვის მეფის ან მემამულის მიერ გაცემული საბუთი, რაშიც განსაზღვრული იყო ეკლესიის მეურნეობისათვის განსაზღვრული წესები.

გუჯარეთისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

გუჯარი - მეფისაგან ნაბოძები საბუთის ზოგადი სახელი შუა საუკუნეების საქართველოს დიპლომატიკაში.

გუჯრათი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

გუჯრანვალა - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (600 ათასი).

გუჰიაკები - ინდუიზმის მითოლოგიის თანახმად, არსებები, რომლებიც განძეულის საცავების დარაჯებად იდგნენ.