The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ნაწილი I. ა–მ)
დოკუმენტის ნახვა * * *
დოკუმენტის ნახვა * * *
დოკუმენტის ნახვა წინათქმა
დოკუმენტის ნახვა შესავალი
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა
დოკუმენტის ნახვა

 

მაგიდა - საოჯახო ავეჯის სახეობა. ტერმინი ჩნდება XVIII საუკუნეში. ადრეულ ეპოქაში მისი შესატყვისი ტერმინია ტაბლა. ფეოდალური ხანის საქართველოში დასტურდება სამი სახის მაგიდის არსებობა: მაღალფეხიანი, დაბალფეხიანი და საფენი სუფრები. იყო აგრეთვე ე.წ. პიუპიტრებიანი მაგიდები, ანუ საწიგნეები, რომლებზედაც იდებოდა საეკლესიო თხზულებანი და მკითხველები მრევლისათვის კთხულობდნენ სახარებას ან დავითნს. ასეთი მაგიდების მრავალფეროვანი ტიპები დამოწმებულია ძველ ქართულ ხელნაწერთა მორთულობაში. ჩვეულებრივი სასაუზმო მაგიდების პროტოტიპები დასტურდება უბისისა და გელათის მხატვრობაში, უცხოელ მოგზაურთა აღწერილობაში, საოჯახო ინვენტარში.

ლიტ.: . ართილაყვა, XVI-XVII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
. .

მაგიდა ქვისა - დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი ატრიბუტი. სუფთა ეზოებში მაგიდების გამართვის ტრადიცია უძველესიდან დამკვიდრებულა. ასეთ მაგიდებს დგამდნენ დიდი ხის ქვეშ, ქვისავე სკამებით და მის პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად ესთეტიკურ მხარესაც ყურადღებას აქცევდნენ, რადგან მათზე სასტუმროდ გაშლილი სუფრა სტუმრის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. განსაკუთრებულად დიდი მაგიდა პატრონის თავის გამოჩენის ობიექტადაც იქცეოდა, ამიტომ არცთუ იშვიათად ქვის მაგიდებს ამკობდნენ სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებებით.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

მაზმანი - თოკების მგრეხავ-გამკეთებელი.

მაზრაკი - სატყორცნ-საძგერებელი იარაღი. საბას განმარტებით მაზრაკი შუბია. მაზრაკი არაბული მიზრაკისაგან უნდა იყოს წარმომდგარი, რომელიც შუბსა და ხელშუბასაც ნიშნავს (ივ. ჯავახიშვილი). ეთნოგრაფიულ ყოფაში მაზრაკი არ ფიქსირდება, როგორც ჩანს, ეს ტერმინი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

მათარა - პატარა სამგზავრო წყლის ჭურჭელი, რომელსაც ჩვეულებრივ იკიდებენ ქამარზე. ჩუბინაშვილის განმარტებით, მათარა ნატისაგან შეკერილი სამგზავრო სასმისია, ხოლო თუშები მათარას წყლის სასმელ კოჩხოს უწოდებენ და მას მეცხვარეები ხმარობდნენ. მათარა ერქვა აგრეთვე ქამარზე დასაკიდ ტყავის ჭურჭელს, რომელსაც ამზადებდნენ მსხვილფეხა პირუტყვის უკანა ფეხზე გახდილი ტყავისგან. მათარა ძველად ტყავის კეთდებოდა, ახლა ხის, ლითონის ან მინისაა, რომელიც მოთავსებულია ტყავის ან ქსოვილის ბუდეში. იხმარებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

. .

მათრახი - „ცხენის საწკეპი“ (საბა). ამზადებდნენ სარაჯები და მწყემსები. საქართველოში მათრახის დამამზადებებლი რამდენიმე გამორჩეული ცენტრი არსებობდა (დუშეთი, ზუგდიდი, სენაკი, აჩიგვარა). მათრახი მზადდებოდა ტყავის, ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ და საქონლის ასოსგან. შედგება ტარისა და ტყავის დაუწნავი ან წნული ენისაგან. სამათრახე შოლტები, ანუ „ხვიანდაგი“ (ქართლ.) საქონლის წელის ტყავისგან მზადდებოდა. სამათრახე ტყავს ყუთუღში (იხ.) ამუშავებდნენ, შემდეგში სპეციალური ჩხირებითა და მჭრელი დანით „ხვიანდაგებად“ დაჭრიდნენ, დააკრავდნენ ხეზე, გააშრობდნენ და დაწნავდნენ. სვანები მათრახის შიგნითა გულისათვის ცხენის ძუას ხმარობდნენ. განსაკუთრებული წესით აკეთებდნენ ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ მათრახებს. პირველ რიგში ცხვრის ნაწლავებს კარგად გარეცხავდნენ, ჯერ ხეზე გამოაბამდნენ, თავში კანაფს მოუჭერდნენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოსწევდნენ, ნაწლავი რომ დახვეწილიყო, შემდეგ მას ერთი მტკაველის სიგრძის ჯოხზე გადაახვევდნენ, რითაც ელასტიკურობას იძენდა და მერე რამდენიმე შეერთებულ წვერს დაწნავდნენ. ერთი რიგი მათრახებისა მორთული იყო ფოჩებითა და ფუნჯებით. ფუნჯიანი//ფოჩიანი მათრახის დაწვნის დროს დამატებით წვრილი თასმები ჩაეწვნებოდა. საქართველოში გავრცელებული იყო, აგრეთვე, ხარის ასოსგან დამზადებული მათრახები. საქონლის დაკვლისა და გატყავების შემდეგ ასოს დანით მოაჭრიდნენ, გარსს გააცლიდნენ, სიმძიმით დაჭიმავდნენ. ასოს შუაზე გაყოფდნენ და დაგრეხდნენ. საქართველოში დასტურდება საბრძოლო მათრახი, რომელიც ჩვეულებრივი მათრახისგან განსხვავებით მსხვილი და ენაბრტყელი იყო. ასეთ მათრახებში მტრისათვის ზიანის მისაყენებლად მავთულები ყოფილა ჩაწნული. მათრახის ტარი ხის, ძვლისა და ლითონის უკეთებიათ. სატარედ ხმარობდნენ შინდის, რცხილისა და ჯაგის ხეს. ტარზე ორი წვერი თასმა ჰქონდა დამაგრებული თითების ან მაჯის გასაყოფად. ტარზე ხელის უკეთ წასავლებად ზოგჯერ ტყავს ან გასანთლულ მუშამბას შემოახვევდნენ. მათრახის ტარს საგანგებო შემთკვეთისთვის ამკობდნენ ინკუსტრაციით, სევადითა და ზარნიშით. ძველ საქართველოში არსებობდა დასასჯელი მათრახი, რომელსაც „ტაჯგანაგი“ ეწოდებოდა. აფხაზეთში, აჩიგვარა იყო მათრახების ცნობილი ცენტრი.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

. .

მაკრატელი - მატერიისა და ლითონის საჭრელი სათითეებიანი ხელსაწყო. ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიდიდე-მოყვანილობით. ხმარობენ თერძები, ოქრომჭედლები, მეთუნუქეები და ა. შ.

0x01 graphic

მაკუკი - აფრიანი ნავის ტიპი ფეოდალურ საქართველოში, რომელიც მოძრაობდა როგორც აფრით ასევე ხოფებითაც. დაახლ. 17-20 მეტრი სიგრძის.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.

მალათი - ნაჭერზე დასაქარგავი, ზოლ-ზოლად დაჭრილი ოქროსა და ვერცხლის თხელი, ნაზი სხეპლები.

მალაქიტი - ერთგვარი მწვანე ქვა, რომელიც სპილენძის მადანთან ერთად მოიპოვება. გამოიყენება სამკაულთა შესამკობლად. ძირითადად მოიპოვებოდა ინდოეთსა და ციმბირში. მალაქიტის ფირფიტები გამოუყენებიათ ოქროს სამაჯურის შესამკობად ანტიკური ხანის მცხეთაში.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

მალახა (ხევს.თუშ.) - წნელის რგოლი, რომელიც ლუდის ფორის გაწურვისას წამოეცმება კედებს და ხელს უწყობს მათი დაჭიმული მდგომარეობის შენარჩუნებას.

. .

მანა - 1. ხის ლურსმანი, რომლითაც ნავის ფიცრებს ამაგრებდნენ. გარდა ამისა, ნავის დეტალების დასაჭედად იხმარებოდა სხვადასხვა ზომის ლურსმნები: ჯიბუკი, ყაირი, ნიხაჩო, კოსტალა, კოტა. 2. წნული ჭურჭლის მთავარი ნაწილი, საყრდენი, რაზედაც იწნება.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1986.
. .

მანგალი - 1.ტყავის ზედაპირზე ხორცის მოსაცილებელი რკინის თხელპირიანი იარაღი. 2. ნამგლის (იხ.) ძველქართული სახელი. აქედანაა წარმოშობილი ტოპონიმი „მანგლისი“.

მანდილი - ქალის კომპლექსური თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი, გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი და თუშეთი). გრძელი, ყელსახვევის მსგავსი ხევსურული მანდილი შინნაქსოვი შავი ან ლურჯი შალისაგან (ტოლი) მზადდებოდა და სათაურასთან ერთად იხმარებოდა. ხევსურული მანდილი 2 სახისა იყო: „ცალქერქა“ და „ორქერქა“. „ცალქერქას“ ერთი ბოლო ფესვით მთავრდებოდა, მეორე კი „შიბით“ ან „ნაჭრელით“, ჰქონდა ნაქარგი. მანდილის შუაში „სამხატი“ (3 ჯვარი) იყო ამოქარგული, თავზე მოხვევისას „სამხატი“ შუბლზე უნდა მოქცეულიყო. თუშური სამკუთხა მანდილი შავი ქიშმირის ან სატინისაგან მზადდებოდა. ერთი ყური შედარებით პატარა ჰქონდა. ხევსურეთსა და თუშეთში მანდილი გათხოვილი ქალის სავალდებულო თავსაბურავად მიაჩნდათ. გაუთხოვარი ქალისათვის მისი ტარება არ იყო სავალდებულო. თუში ქალი მანდილს ხმარობდა ცალკე ან კუჭურასთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მანდილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა: მოჩხუბართა შეტაკების დროს მათ შორის მანდილის ჩაგდება შეწყვეტდა შუღლს.

0x01 graphic

. .

მანეული//მარნეული//მარნა - წვრილი ტირიფი ვენახის სარზე ასაკრავად. ხმარობენ ვაზის შეყელვისას. დასავლეთ საქართველოში ტირიფის წნორის წკნელს კაპიჭს უწოდებენ.

. .

მანიათი (ლაზ.) - ერთგვარი ტიპის თევზსაჭერი ბადე, რომელიც მილით იქსოვებოდა.

მანიაკი - ოქრომკედით, ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით შემკული ტანსაცმლის ფართო საყელო, რომელიც ფარავდა მხრებსა და გულისპირს. მათი ყველაზე ადრეული ნიმუშები ცნობილია ეგვიპტესა და ასურეთში. ბიზანტიელებმა მანიაკები სპარსელებისაგან გადმოიღეს თანამდებობის პირთა განმასხვვებელ ნიშნად. უმაღლესი თანამდებობის პირები ძვირფასი ქვებით შემკულ მანიაკებს ატარებდნენ, დაბალი მოხელეები კი - აბრეშუმის ქსოვილისას. ქართულ ტანსაცმელზე მანიაკები XI ს. გვხვდება. ქართულ ფრესკებსა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე მანიაკები შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს. I. სამეფო, დიდებულებთან დაკავშირებული მანიაკები, მაგ., ბორენა დედოფლისა - ატენის ფრესკაზე, ბაგრატ III-სა ბედიის ფრესკაზე, თამარისა - ვარძიის და სხვა. მსგავსი მანიაკები აქვთ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს. II ჯგუფში ერთიანდება მანიაკები, რომლებიც გვხვდება სამხედრო და საერო პირთა სამოსზე.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
. .

მანიკა - აქ: ღვინის ასაწყავი ერთგვარი თიხის დოქი, რომელიც გამოიყენებოდა ასაწყავად. დაახლოებით ორი კვარტი ტევადობისა.

მანტია - მღვდელმთავართა და მონაზონთა უსახელო ზედა შესამოსელი, რომელსაც მოსასხამის სახე აქვს და კისრიდან ფეხებამდე მთელს სხეულს ფარავს. მონაზონთამანტიას შავი ფერისაა და ანგელოზთა ფრთების სახეს წარმოადგენს, ამიტომ როგორც თვით მას, ასევე მონაზვნობას საერთოდ, ანგელოზთა ხატი ეწოდებათ. მანტია, ასევე ღმრთის მფარველ ძალასა და მონაზვნურ სიმდაბლესაც მოასწავებს. სამღვდელმთავრო მანტია როგორც ფერით (ცისფერი, მწვანე, ლილისფერი, იისფერი), ასევე მასზე დამაგრებული სამხრეებითა და ლენტებით განსხვავებულია.

ლიტ.: С. Е. Молотков, Практическая энциклопедия правословного христианина. С. Пб. 2001г.
. .

მანჩა - ხორბლისა და ფქვილის შესანახი სახურავიანი მცირე ზომის კიდობანი. ასეთი ყუთი დაახლოებით იტევდა 40 კგ ფქვილს. აკეთებდნენ ცაცხვისაგან, რადგან ეს ხე კარგად ინახავს ფქვილს. აქვს სახურავი და საკეტი. მანჩაში მარცვალს ზემოდან ყრიან, ხოლო წინა კარიდან იღებენ. მანჩა მოიაზრება ისეთ სათავსად, როგორიცაა ამბარი, ლაზამბარი და ხალამბარი. ყველა ესენი კი მცირე ბეღელის ფუნქციის მატარებელნი არიან. მანჩა იდგა საცხოვრებლის მარჯვენა მხარეს თაროს (ბუჯერი) გვერდით. მანჩის ადგილიდან დაძვრა ხალხის რწმენით იკრძალებოდა. დიდი თუ მცირე ზომის საფქვილე - მანჩა კიდობნებში - ნალის ჩაგდება იცოდნენ, რაც ხალხის რწმენით დოვლათიანობას უზრუნველყოფდა.

ლიტ.: . ბედუკიძე, ხის ავეჯი იმერეთში, მიეშ, 1979.
. .

მანჭვალი//სამსჭუალი - რკინისა და ხის ლურსმნის ზოგადი სახელი ძველ ქართულში.

მანჯანიკი//ჯარა - აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი. მანჯანიკი წარმოადგენს ორკაპა ჯოხს, მის საყრდენში ჩამაგრებული კოჭიდან ძაფი ჩარხის ტარის დატრიალებით ბორბალზე ეხვეოდა. მანჯანიკის მეორე სახეობაში ორკაპა ჯოხი და კოჭის საყრდენი ფიცარი მიწაში ცალ-ცალკე იყო ჩასმული. მესამე სახეობა შედგებოდა ბოძზე დადგმული ჩიხრიხის-ჩარხისა და ორკაპა ჯოხისგან, მასში გაყრილი კოჭითა და მასრით. ჩარხის დატრიალებით მასრიდან ძაფი გადადიოდა კოჭზე და ეხვეოდა მასზე. მანჯანიკის დაწინაურებული სახეობაა მანჯალიხი. მანჯანიკის ამ ტიპებიდან პირველი სამი კახეთსა და ქიზიყში იყო გავრცელებული, მანჯალიხი კი - საინგილოში.

ლიტ.: . აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
..

მაჟდაგი (თუშ.) - ბატკნის ტყავი, შავად ან წითლად შეღებილი და დახუჭუჭებული.

მარანი - ღვინის სახლი, სათავსი, სადაც ხდება ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და შენახვა. ქართველი გლეხის საკარმიდამო კომპლექსში მარანს გააჩნია როგორც პრაქტიკული, ასევე საკრალური დანიშნულება. 864 წელს გადაწერილ სინურ ხელნაწერში მარანი განმარტებულია, როგორც ღვინის შენახვისათვის განკუთვნილი ნაგებობა და ეს ფუნქცია არ მოსცილებია მას დღემდე. საქართველოს ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა მარნების თავისებურებანი. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ცხელი ჰავის გამო მარნები დახურულ, ქვიტკირის ნაგებობებს წარმოადგენენ. ზოგჯერ ასეთი მარნები საცხოვრებელ კომპლექსს ებჯინებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამოუკიდებელ ნაგებობას წარმოადგენდა, დიდად გავრცელებული იყო საცხოვრებლის სარდაფში მარნების მოწყობა.

0x01 graphic

ძველად მარნები ციხე-სახლებისათვის შეუფარებიათ, მტრისაგან რომ ყოფილიყო დაცული. მეღვინეობით განთქმულ ზემო ხოდაშენში, ხაშმში, რუისპირში და სხვაგანაც დადასტურებულ იქნა სათოფურიანი მარნები, რაც მეტყველებს მარნის, როგორც თავდაცვითი ნაგებობის გამოყენებაზე. ასეთი მარნები გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთში ყურძნის საჭყლეტ-საწური საშუალებანი იყო, ხოლო მეორეში ღვინის დასადუღებელ-დასაყენებელი ქვევრები. მარნებში ხშირად ფიქსირდება დედაბოძი - ერდოგვირგვინიანი და ბანიანი საცხოვრებელი სახლის მთავარი ელემენტი, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა ღრმა სიმბოლური დატვირთვაც გააჩნდა. ქართლური და კახური ქვითკირის მარნებში ხშირად ვხვდებით წითელი აგურით გამოყვანილ აღმოსავლური სტილის თაღებიან ნიშებს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის სასმის-საწყაოები და ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო ნივთები.

0x01 graphic

ქართული მარნების ხუროთმოძღვრებაში აშკარად შეიმჩნევა საცხოვრებელი სახლის ელემენტები, რაც თავისთავად ხაზს უსვამს მარნის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თავისთავად მარნისათვის „ღვინის სახლის“ შერქმევა შესანიშნავი განმარტებაა იმისა, რომ ადამიანის გარდა ღვინოსაც ჰქონია სახლი.

0x01 graphic

ამიერკავკასიაში უძველესი მარნები აღმოჩენილია ძველი ურარტუს ტერიტორიაზე და ზოგიერთ მათგანში არქეოლოგებმა ასამდე ქვევრი დაითვალეს. ელინისტური ხანის მარნები აღმოჩენილია კოლხეთის უმდიდრეს ქალაქ ვანში, ასევე იბერიის დედაქალაქ მცხეთაში, რომლის ერთ მარანში 5.500 ლიტრის ტევადობის ქვევრებს მიაკვლიეს. ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩენილმა ჩამხმარი სითხის ანალიზმა აჩვენა, რომ აქ ოდესღაც საფერავის ტიპის ღვინო მდგარა. უკანასკნელ ხანს იშვიათი კონსტრუქციის მარნები აღმოჩნდა მეღვინეობით განთქმულ ნეკრესის ერთ-ერთ ნასახლარზე. საინტერესოა, რომ კლდის ქალაქ ვარძიაში 25-ზე მეტი მარანი იქნა აღმოჩენილი 200-მდე ქვევრით.

დასავლეთ საქართველოში ტიპიური მარნის ჭურებიანი ნაწილი, სადაც ღვინო ინახება, ღია ცის ქვეშაა განთავსებული, ხოლო თავად სამეურნეო ნაგებობა წარმოადგენს ღია ტიპის გადახურულ ნაგებობას, სადაც მეღვინეობასთან დაკავშირებული ინვენტარია განთავსებული. აქვეა საწნახელი და სატკბილე ისარნა. მარნის ასეთი განლაგება დაკავშირებულია როგორც ნახევრად ტკბილი ღვინოების დაყენების პრაქტიკასთან, ასევე განპირობებულია დასავლეთის ტენიანი ბუნების გათვალისწინებით, რაც კარგად იცავს ჭურში ჩასხმულ ღვინოს და უნარჩუნებს საუკეთესო თვისებებს.

მარანი თავისი დიდი პრაქტიკული დანიშნულების გამო, უძველესიდანვე იქცა საკრალურ ობიექტად და ხშირად მასში სრულდებოდა სარიტუალო ქმედებანიც. ახალ წელს საახალწლო ხონჩით მიულოცავდნენ მარანს და ღმერთს შესთხოვდნენ დოვლათსა და ბარაქას, მარანში შეიყვანდნენ ახლად დაქორწინებულ ნეფე-დედოფალს და მიულოცავდნენ გაბედნიერებას, მარანში შეიპატიჟებდნენ საპატიო სტუმარს და დაალოცვინებდნენ ოჯახს. მარანში იდგა პრეისტორიული ადამიანის რელიგიური წარმოდგენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური ხატის სიცოცხლის ხის იმიტირებული გამოხატულება - დედაბოძი, რომელსაც ქრისტიანობის დროსაც არ მოჰკლებია თაყვანისცემა და მარანში მისი გამოჩენით, ღვინის სახლის მნიშვნელობა კიდევ უფრო იქნა გაძლიერებული.

ლიტ.: . სუმბაძე, ქართული მარანი. . ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974. . თოფურია, ქართული მარანი, მსე, . VII, 1955.
. .

მარანი - აქ: ღვინის შესასმელი თიხის ჭურჭელი. სხვადასხვა ვარიაციით გავრცელებულია მეჭურჭლეობით განთქმულ საქართველოს ყველა კუთხეში. მარანი წარმოადგენს ორსართულიან სასმისს, რომლის პირველ ნაწილს დაფანჯრული ქუსლ - სადგარი აქვს, ხოლო მეორე სართულად თავზე მოვლებულია საზიარო მილაკი მასზე დამაგრებული ჩარექიანებით. ერთ ჩარექში ჩასხმით მარნის მილაკი და ყველა სასმისი თანაბრად შეივსება, ხოლო მსმელი ღვინოს მიირთმევს ჯგუფურ ჭურჭლებს შორის ჩასმული ზოომორფული ცხოველის პირიდან. ყველა ჭურჭელს ერთი საერთო ხვრელთა სისტემა გააჩნია და სმის დროს მარანი ერთინად იცლება. მარანი ქართული სუფრის დამამშვენებელ სასმისად ითვლებოდა. მისი საკრალური და რიტუალური დანიშნულება კარგადაა გამოკვეთილი შემკულობაში. მარნის სიმბოლიკაში ჩადებულია კოლექტიური სერობის საკრალური ხასიათი. იგი განასახიერებს მარნის, როგორც ღვინის სახლის მიკრომოდელს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ეს სარიტუალო ჭურჭელი გარკვეულ გენეტიკურ ნათესაობას იჩენს წინა აზიის სამეურნეო კულტურულ წრესთან. მარნის მრავალჭურჭლიანობაში გიორგი ჩიტაია ხედავდა წარმართული ხანის სალოცავების ერთჯერადად დალოცვის იდეას.

0x01 graphic

ლიტ. . ჩიტაია, შრომები, . მე-2, 2000.
.. ..

მარაო - სახის საგრილობელი, გასაშლელ- დასაკეცი სანიავებელი საშუალება. გავრცელებული იყო როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებში. მარაოს კლასიკური ნიმუშები, რომლებიც მზადდებოდა ლერწმისა და აბრეშუმის მასალით, შექმნილია ჩინეთსა და იაპონიაში. მარაო დროთა განმავლობაში ქალის კოსტიუმის ერთგვარ ელემენტად იქცა. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში უცხოურ მარაოებთან ერთად დასტურდება ადგილობრივი მასალით დამზადებული მარაოები. დამუშავების ტექნიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჭილის მარაოები.

0x01 graphic

..

მარგალიტი - ზღვის ძვირფასი ქვა, რომელიც უძველესიდან გამოიყენებოდა საქართველოში. მარგალიტი ძირითადად თეთრი ფერის ქვაა, მაგრამ გვხვდება მტრედისფერიც, მოყვითალოც, მოლურჯოც და მოწითალოც კი. განსაკუთრებით ძვირფასია სფეროსებრი მოყვანილობის მარგალიტი, ზოგიერთი მარგალიტი სიდიდით მტრედის კვერცხის ზომებს უახლოვდება. მარგალიტს ძირითადად მოიპოვებდნენ ძველი აღმ. ზღვების სანაპიროზე. განსაკუთრებით მდიდარი იყო სპარსეთის უბე. საქართველოში არჩევდნენ მარგალიტის სახესხვაობებს: წვრილ მარგალიტს „ჭიოტა“ ჰქვია, საშუალო ზომისას - „ხოშორი“, დიდი ზომისას „ობოლი“, ხოლო ბევრ მარგალიტს ერთად „აკუმი“. მარგალიტით შემკული ნივთები აღმოჩენილია ქრისტიანობამდელ სამარხებში. მცხეთაში აღმოჩენილ იქნა მარგალიტით შემკული ბეჭდებისა და ყელსაბამების დიდი რაოდენობა. ისტორიული საბუთების მიხედვით VI ს-ში, როცა ხაზარებმა თბილისი გაძარცვეს, მტერს ხელში ჩავარდნია დიდი რაოდენობით მარგალიტით შემკობილი სამკაული და საეკლესიო ჭურჭელი.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

მარგილიანი ხელსაფქვავი - ხელსაფქვავის ერთ-ერთი განვითარებული სახეობა. წარმოადგენს ორი თანაბარი დიამეტრის ზედა და ქვედა ქვას. ჩვეულებრივი წისქვილის მიხედვით ქვედა ქვა უძრავია, ხოლო ზედას სახელურის საშუალებით ადამიანი ამოძრავებს. ხელსაფქვავს წინ გაკეთებული აქვს პატარა ყუთი (ალა, ჩიბე, საფქვილე), სადაც ფქვილი იყრება (იხ. ხელსაფქვავი).

..

მართხაფი - ქვაზე ხვრელთა ამოსაჭრელი პირბასრი და პირგაბრტყელებული გრძელტანიანი და დაკუთხულტანიანი რკინის იარაღი (იხ. ბურის კეტი)

მარნი-გოგორა - ნაძვის ხისაგან გამოთლილი, მთლიანი ან სამ ფიცრიანი // ნაჭრიანი გოგორა, საძნე და ჩოჩიალა ურმებისათვის. მარნი-გოგორა შედგება გვერდის ფიცრების - „ბარტყებისა“ და შუა„დედანი“ ხისაგან. მ-გ-ს დიამეტრი 1მ 20 სმ-ია, მას იყენებდნენ მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთში, აჭარასა და სხვ. მ-გ-ა სოლებიანი ბორბლის წინამორბედია და საქართველოში ბრინჯაოს ხანიდან გამოიყენებოდა ხალხურ ტრანსპორტში.

ლიტ.: . გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1958.
. .

მარტო შკამი (ხევი) - საუფროსო სავარძელი, რომელიც კეთდებოდა ოვალური მოყვანილობის ზურგ-საბჯენით. დასაჯდომი ფიცარი ნახევარსფერული ჰქონდა, იდგა სამ ფეხზე, დიდ ოჯახებში ზოგჯერ რამდენიმე „მარტო შკამი“ ჰქონდათ. ერთი თუ ოჯახის უფროსს ეკუთვნოდა, დანარჩენებს სხვა უფროსები იკავებდნენ. მარტო შკამი ხევში, როგორც სხვაგან, წარმოადგენდა უფროსი მამაკაცის უფლებრივ ატრიბუტს. გამონაკლის შემთხვევაში მას სტუმარსაც უთმობდნენ ხოლმე. სავარძელი მიჩნეული იყო ისეთ ნივთად, რომელთანაც დაკავშირებული ყოფილა როგორც ოჯახის უფროსის, ისე საზოგადოებაში სოციალურად აღზევებული პიროვნების პრიორიტეტი.

ლიტ.: .ითონიშვილი, ხევი ძველად და და ახლა, 1941.
. .

მარცახი - თევზსაჭერი მოწყობილობა, საბას განმარტებით, „ბარჯი სამკბილი ჩანგალსავით“.

მარწუხი - 1. ტუჩიანი, რკინის საჭერი, მესპილენძე-ხელოსნის სამუშაო იარაღი. გრდემლთან და უროსთან ერთად მესპილენძის ძირითად ხელსაწყოს წარმოადგენს. მის გამოგონებას ხალხი 363 ხელობის უფროსს და მჭედლობის მფარველ წმ. სოლომის//სოლომონს მიაწერს. მარწუხით შეპყრობილი ლითონი გრდემლზე უროთი და კვერით იჭედებოდა. ხელოსანი 3-4 სახის მარწუხს ხმარობს: დიდსა და პატარას, სახელურიანსა და უსახელუროს. ზოდის ასაღებად, ზოდის გადმოსაღებად, კალაპოტის ასაღებად და სხვა. 2. ქვის დასამუშავებელი იარაღი. ხის ტარიანი და ლითონისპირიანი. იგი ქვას ასუფთავებს ზედმეტი„ხოკებისგან“. მარწუხი ტარით უჭირავს ერთ ხელოსანს და უმარჯვებს ზედმეტ ხოკებს, მეორე კი თავზე ადგას, ყუას სცემს უროს და აყრევინებს „ხოკებს“. 3. საეკლესიო-სარიტუალო ნივთი. მარწუხით აზიარებენ მორწმუნეებს, მისი საშუალებით ბარძიმიდან სიმბოლურად იღებენ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. ასეთ მარწუხს (კოვზს) ამზადებენ პატიოსანი ლითონების: ოქროს ან ვერცხლისაგან, სახელურის დაბოლოება ჯვრის გამოსახულებისაა. სიმბოლურად ნიშნავს ლერწამს, რომლითაც ჯვარცმულ მაცხოვარს, როცა წყალი ითხოვა, მიაწოდეს ნაღველნარევ ძმარში დასველებული ღრუბელი, აგრეთვე ნიშნავს მარწუხს, რომლითაც სერაფიმმა, „აღიღო“ რა უფლის სამკვეთლოდან ნაკვერცხალი, შეახო ისაია წინასწარმეტყველის პირს და განწმიდა იგი ცოდვათაგან. ეს საღვთისმსახური ნივთი დაადგინა წმიდა იოანე ოქროპირმა თავისი პატრიარქობის ჟამს, IV საუკუნეში. მანამდე ზიარებას მღვდელი ხელით აძლევდა მორწმუნეს.

..
..

მარხილი - ხალხური ტრანსპორტის ტიპი. მარხილი ყოფაში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: მარხილი (ქართ. კახ. იმერ.), ლეკ მარხილი (ზ. აჭარ.), გოგრა (აჭარა), თუში (მთიულეთი, ფშავი, თუშეთი), ლაჩქამი (მთიულეთი, ქსნის ხეობა), მანჯაკი და ა.შ.

0x01 graphic

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მარხილი „არს ურმის მსგავსი და უგოგორო, თოვლზე სათრევი“. იგი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. ესენია ა) კავები, ანუ ფეხები (ტოტები - თუშეთი, ღო - მთიულეთი), ბ) მარხილის ტანი (ანუ ნერჩი - ფშავი, კვატუში - ლეჩხუმი) და გ) ხელნა. მარხილის დამოუკიდებელი ნაწილია უღელი.

მარხილს აქვს ორი კავი, ანუ ფეხი, ოთხი კოჭი (ჭალა - რაჭა), ნემსაფიცარი (თავჯოხი - მთიულეთი), წინა და უკანა კოფო და ორი ხელნა. მარხილის ტანი, სადაც შეშა, ფიჩხი, თივა და სხვ. თავსდება, მარხილის ფეხებს ეყრდნობა. მარხილის ფეხები წინა ნაწილში ერთმანეთთან „ნემსი ფიცრითაა“ შეერთებული. „ნემსიფიცრის“ წვერები მარხილის ფეხების გარეთ გადის, მათზე ჩამოცმულია ხელნები, რომლებიც უშუალოდ მარხილის უღელს უკავშირდება. მარხილის „ფეხებისათვის“ არჩევდნენ მოკაკულ თავმოღვედილ (თუშეთი), ე.ი. ბუნებრივად მოხრილ ხეს, რცხილას ან არყს, კავები (ფეხები) ძირში სქელი (მსუქანი) უნდა ყოფილიყო, სრიალის დროს გვიან რომ გაცვეთილიყო. ფეხებს სატეხით დახვრეტდნენ, ამოიღებდნენ (ვერტიკალურად) ოთხ „საკოჭე ადგილს“, ნაჯახით გამოჰყავდათ ნემსაფიცარი, მრგვალი თავჯოხი. დამზადებული ნაწილებით შემდეგ მარხილს აწყობდნენ. მარხილზე ტვირთის დასამაგრებლად იხმარებოდა ღვლეჭი (ალაჭა - რაჭა) ანდა ორკაპა შინდის ხე. მარხილის დამზადებას ორი დღე უნდოდა და XX საუკუნის დამდეგისათვის ორი კოდი ქერი ღირდა. იგი გამოიყენებოდა ძნის, თივის, შეშის, ფიჩხისა და სხვათა საზიდად. ამის მიხედვით იყო „შეშის“, „თივის“, „ძნის“ და ა.შ. მარხილები, რომლებიც ურთიერთისაგან სიდიდის (ტევადობის) მიხედვით განსხვავდებოდა. ქართულ წერილობით წყაროებში ხშირად მოიხსენიება მარხილი. მაგ., XIII საუკუნის ძეგლი გვამცნობს: „მუნ შეჰკაზმა ქვაი დიდი და მძიმე ფრიად და დადვა მარტო მან მარხილსა ზედა“. „მოხსნეს მარხილნი უღელსა მას ხართასა“ და ა.შ. თუ ბარის ან გარდამავალი ზოლის სოფლებისათვის მარხილი სეზონური სატრანსპორტო სახეობაა და მას მოსახლეობა ურემთან ერთად იყენებდა, მთის ზოლის მოსახლეობისათვის იგი უნივერსალური საზიდი საშუალება იყო, აქ მარხილს ზამთარ-ზაფხულ ხმარობდნენ.

ლიტ.: .გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
..

მარჯანი - სანახელაო წითელ-სტაფილოსფერი ქვა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თეთრი, შავი და ყვითელი ფერისაც, წითელი მარჯანი კეთილშობილი მარჯნის სახელითაა ცნობილი. მარჯნისაგან ამზადებდნენ მძივებს, სამაჯურებს, ქინძისთავებს, გულსაკიდის თვლებს და ა.შ. მარჯანს ძირითადად მოიპოვებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზში. ძველ ქართულ წყაროებში მარჯანს ზოგჯერ ძოწი//ძოწეული ეწოდება. მარჯნის მძივები და ამ ქვით შემკული სხვადასხვა ნივთი უკვე ბრინჯაოს ხანიდან გვხვდება საქართველოში. მისი მოხმარება მომდევნო პერიოდშიც ძალზე მიღებული ყოფილა.

. .

მასათი - ყასბების დანის სალესავი მრგვალი რკინა, რომელიც მუშაობისას წელზე კიდიათ.

მასე - ერთგვარი ტიპის თევზსაჭერი ბადე.

მასრა//ქილა (იმერ.) - მოგრძო მილისებური ფორმის ხის ნივთი, რომელიც იდება ჩოხის გულისპირზე დაკერებულ სამასრეებში. ძველად მასრაში ინახებოდა ერთი გასროლა თოფის წამალი. მოგვიანებით მასრა ჩოხის სამკაულად იქცა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამასრეებიდან გამოსაჩენი მასრის თავების გაფორმებას, რომლის დასამზადებლად იყენებდნენ რქას, სპილოს ძვალს, ვერცხლს. რქისაგან დამზადებულებს „შავ მასრებს“ უწოდებდნენ, ხოლო სპილოს ძვლისას თეთრს. აკეთებდნენ აგრეთვე „ვერცხლის მასრებს“. XIX ს. მეორე ნახევარსა და XX ს. დასაწყისში მასობრივად ჩანს ათვისებული რქისთავიანი მასრები. ამისათვის გამოუყენებიათ ირმის ან კამეჩის რქები, რომლებსაც საგანგებოდ რთავდნენ ურთხელის ხის ნაწილებით.

ლიტ.: მსშხი, III. ნაწილი I, 1983.
. .

მასხალი - დამზადებული ნივთების გასაწმენდი. ოქრომჭედლების იარაღი.

მატური - საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი „ფეხზემდგომი“ ძეგლები. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მატური არის „სასაფლაოზე მცირე გალავანი ერთის ნათესავის მიცვალებულისთვის“, ე.ი. საგვარეულო სასაფლაო. ასეთი განმარტება იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მატური ადრეულ ხანაში გაიგებოდა, როგორც საგვარეულო სასაფლაოს აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, ხოლო მოგვიანებით იგი იქცა „ფეხზემდგომი საფლავის ძეგლების“ კრებსით სახელად. ქვითხუროობის თვალსაზრისით მატურებში გამოვლენილია ძალზე მაღალი დონე, რთული ტექნიკური სიძნელეებით დაძლეულია ქვის დამუშავების ყველა ნიუანსი. განსაკუთრებით დამახასიათებელია გეომეტრიული სწორი ხაზები, ოთხკუთხოვანი ან მრგვალი კოლონადები, თაღური და როტონდისებური გადახურვები. ზოგადად მათ იერში დომინირებს ეკლესიების, ეკვდერებისა და სამრეკლოს არქიტექტურული მოდელები. ზოგი მატური შესრულებულია ყრუ მოდელირებით, ზოგიერთები კი წარმოადგენს „ბანიან“ და „ფარღია სამრეკლოიან“ ეგზემპლარს, რომლებიც მორთულია ცრუ ნიშებით, ღიობებით, თახჩებითა და მომთავრებულნია ქვისა და რკინის ჯვრებით. ხშირად მატურებზე ვხვდებით საკმაოდ ვრცელ წარწერაეპიტაფიებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ სიმბოლოებს როგორიცაა: მტრედი, თევზი, ნაყოფი, ვაზი და მტევანი, ანგელოზები, ასევე სამეურნეო და სახელოსნო იარაღებს, ბოთლს, ყანწს, შეკაზმულ ცხენს, ირემს, საკურთხს და სხვა. მატურთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ნიშები საკურთხის დასადებად და სანთლის დასანთებად, გარდაცვალებულთა სურათები და სხვა.

0x01 graphic

მატური არის უმნიშვნელოვანესი მემორიალური ძეგლი, რომლშიც გამოხატულია როგორც ქვითხუროობის მაღალი დონე, ასევე ქრისტიანული სიმბოლიკის კვლევისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მასალები.

ლიტ: . ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. . ბედუკაძე, ქვის დამუშავება მთიულეთში, მსე, . V, 1951.
..

მაფრაშა - ხალიჩური ნაწარმის ერთგვარი ტიპის სათავსი, რომელიც ძირითადად მართკუთხედად იყო მოქსოვილი და გამოიყენებოდა თეთრეულის საოჯახო ბარგისა და მისთანათა შესანახად. როგორც საჭირო და ფუფუნების ნივთთა შესანახ საგანს შეეფერება, იმისდაგვარად შემკული იყო სხვადასხვა სახის მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით. მაფრაშა ხალიჩური ნაწარმის ერთ გამოკვეთილ დარგს ქმნის და ამ მხრივაცაა საინტერესო.

0x01 graphic

..

მაქალოზი - ხის ოვალური ფორმის სახურავიანი ყუთი, რომელსაც გამოიყენებდნენ საწვრილმანო - საოჯახო ნივთების შესანახად.

0x01 graphic

..

მაქაცი// ჩინჩხი (ხევს.) - საწური, შტოებისაგან შეკრული კონა. შუაში როგორც ჩიტის საბუდარი ისეა ამოღარული.

მაქო - აქ. აბრეშუმის ძაფის დასახვევი ხელსაწყო, რკინის. თავ-ბოლოში წყვილი კბილებით.

..

მაღლარი ვაზი - ზოგადი სახელია მაღლა ასული ვენახისა, ადრე ასეთი მაღლარი ვენახები გასული იყო ხეზე და არც კი ისხვლებოდა. დროთა განმავლობაში მაღლარების გაშენება საგანგებო ხისა და რკინისკონსტრუქციებზე ძალზე გავრცელებულ ჩვეულებად იქცა. საქართველოში მაღლარი ხეივნები ყველგანაა გავრცელებული, ამისათვის საგანგებოდაა გამოყენებული ღია ჭურისთავი - მარნები, გზისპირები, ეზოები, მაღლარი ვენახი შესაწამვლად და გასაფურჩქვნად ძნელია, სამაგიეროდ არ სჭირდება შესარვა, მოსავალიც უხვი იცის. მაღლარი ვენახის კლასიკური ტიპია ტალავერი (იხ.) ხოლო მისი უძველესი შესატყვისია „ბაბილო“ და „დობილო“.

. .

მაყაში - ერთგვარი ტიპის მაკრატელი, რომლითაც ხდება სანთლის ჩაქრობა და მომწვარი პატრუქის ნაწილის მოჭრა, ანუ „ცხვირის მოხოცვა“. მაყაში მზადდებოდა სხვადასხვა სახის ლითონისაგან. მაყაში ხშირადაა მოხსენიებული ზირანდასთან, ლანგართან და ნატთან ერთად, რომელთაც სანთლის ანთება-ჩაქრობისათვის გამოიყენებდნენ. მათი შეტანა მზითვის წიგნში ამ კომპლექტის მნიშვნელობას გამოკვეთს.

0x01 graphic

ლიტ. . გაბოძე, სასანთლე-შანდალი, ეთნოლოგიური ძიებანი, . IV. 2009 ..

მაშარაბი//მაშარაფი - ნადუღარი ბროწეულის წვენი, რომელსაც ხმარობენ საწებელად

ხორცთან და განსაკუთრებით მოხარშულ თევზთან.

მაშრაფა - ქილის ფორმის სპილენძისყურიანი მოკალული ჭურჭელი. მაჩუბი - სვანური სახლის („ქორ“) პირველი სართული.

მაჩუბ“-ი ოჯახის საზამთრო საცხოვრებელს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართული („დარბაზ“) - საზაფხულოს, სადაც ზამთრობით საქონლის საკვების მარაგი ინახება.

0x01 graphic

მაჩუბ-ში შესასვლელად გამოიყენებოდა სახლის კედელზე გარედან მიშენებული გრძელი დერეფანი („ჰაგამ“). იგი უმეტესად ქვითკირისაა, მაგრამ გვხვდება მორებისაგან აშენებულიც. მაჩუბ-ი განკუთვნილია როგორც ადამიანის საცხოვრებლად, ისე საქონლის სამყოფად. მაჩუბ-ის ის კუთხე, სადაც სახლის კარი არის დატანებული, გამოყოფილია ხის მორებით ან სქელი ფიცრებისაგან აგებული ე.წ. ბაგ-ით. ბაგის ფართობი შეადგენს დაახლ. 3X3 მ. მასში დგას კიბე, რომლის ზემოთ, ჭერში დატანებულია ხვრელი („ლები“), რომელსაც აქვს სახურავი. კიბის საშუალებით მაჩუბიდან ადიან მეორე სართულზე. ლებიდან ადის კერიაში კვამლიც, მაჩუბს აქვს აგრეთვე დარბაზიდან თივის ჩამოსაყრელი („ლანუნალ“). ბაგს ორი კარი აქვს. ერთი შედის ადამიანის საცხოვრებელში, ე.ი. მაჩუბის ცენტრალურ ნაწილში, სადაც კერიაა გამართული; მეორე კი გადის საქონლის სამყოფში.

0x01 graphic

საქონლის სამყოფი მაჩუბის სამი კედლის გაყოლებაზეა მოთავსებული: ხარების სამყოფელი - „ლახან“, ძროხების სამყოფია - „ლაფურ“. მათ ორივეს ერთად „გვალ“ ეწოდება. სადგომის ხის ტიხრებში საქონლის თავის გამოსაყოფი კამარებია გამოჭრილი და მათ წინ საქონლის საკვების ჩასაყრელი ბაგაა მოთავსებული. გვალის თავზე ხშირად ოჯახს ფარეხი აქვს გაკეთებული, სადაც თხა-ცხვარს ამწყვდევს. აღნიშნული კედლების სიგრძეზე მოთავსებულია ოჯახის წევრთა საწოლები. საწოლების წინ სვეტებია აღმართული, მათზე დამაგრებულ კავებზე (წამ) ჩამოკიდებულია იარაღი, ტანსაცმელი და სხვ. მაჩუბ-ის მეოთხე კედელზე გაკეთებულია კარადა („ლაშად“). იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ქვევით - ერთიანია. აქ პურის მოსაზელი ვარცლის („ჯარ“) შესადგმელია ამოჭრილი. ზემოთ კი ორი კარი აქვს და გამოიყენება ჯამ-ჭურჭლის შესანახად. კედლის კუთხეში არის მარანი, რომელშიც დგას რამდენიმე ქვევრი („კეც“) არყისათვის. მაჩუბ-ს აქვს ორი პატარა და ერთი დიდი ფანჯარა („ლახვრა“), რომლებსაც ხის დარაბებით ხურავდნენ. ერთი პატარა ფანჯარა აღმოსავლეთის კედელშია. მას სალოცავ ფანჯარას („ლიმზერ ლახვრა“) უწოდებენ, მასზე ჯვრები იყო გამოსახული მაჩუბის შუაგულში გამართულია კერია. კერიის ირგვლივ მკვეთრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფი ადგილი, ქალს, რომელიც განაგებდა საოჯახო მეურნეობას, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ადგილი ეკავა კერასთან. ეს იყო კერის უკანა მხარე, სადაც წარმოებდა პურის ცხობა, რძის ნაწარმისა და საჭმლის დამზადება. ამ მხარეს იყო მოთავსებული ის ხელსაწყო-იარაღები და ჭურჭლეულობა, რომელიც ქალს ესაჭიროებოდა საოჯახო მეურნეობაში. კერასთან იყო ქალების სალოცავი ადგილი. კერის აღნიშნულ მხარეს დედაკაცების სამყოფი („ლაზურალ“) იყო. სამამაკაცო ადგილის თავში იდგა ოჯახის უფროსის („ქორა მახვშ“) საჯდომი სკამი („საკურცხილ“). მის გვერდით ზურგიანი ფართო, გრძელი საჯდომი სკამი („ლერგიმ“), რომელზედაც ოჯახის სხვა კაცები სხდებოდნენ უფროს-უმცროსობის მიხედვით. საქალებო მხარეს - ოჯახის უფროსი ქალის („მერბიელ“) კუთვნილი სკამი („ლარბიალ ბანდრი თხუმ“) და დაბალი, გრძელი სკამი („ბანდარ“) იდგა, რომელზედაც ქალები იმავე წესის დაცვით სხდებოდნენ. კერიის ორი მხარე („კაცხაშ“) მამაკაცებს ეკუთვნოდა. აქ მოთავსებული იყო მსხვილფეხა საქონელი, რომელთა მოვლაც მამაკაცის მოვალეობა იყო. ამ მხარესვე იყო გაკეთებული სალოცავი ფანჯარა, სადაც მხოლოდ მამაკაცები ლოცულობდნენ. აქვე ჰქონდათ თავიანთი საბრძოლო იარაღი, რომ უეცრად თავდამსხმელ მტერს შეჰგებებოდნენ და დაეცვათ ქალები და ბავშვები, გადაერჩინათ კერა, როგორც ოჯახის ცენტრი და კეთილდღეობის სიმბოლო.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

მაწაწური - რეცხვის შემდეგ ჭურში ჩარჩენილი წყლის ამოსამშრალებელი, გრძელ ჯოხზე შებმული სუფთა ნაჭერი (იხ. ოსირო).

მაწიკა (ლეჩხ.) - ღვინის ასაწყავი ერთგვარი თიხის დოქი დაახლ. ორკვარტიანი.

მაჭკატი(თუშ.)//ლუხუმი//ლოკუმი (აჭარ. ლაზ.) - ერთგვარი კერძი წყლისა და რძის ფქვილმოკიდებული ნაზავი, რომელსაც დაასხამდნენ გახურებულ კეცზე, ან „ზედგანის“ სიპზე, რის შემდეგ ის გაიშლება და ყველივით ნასვრეტები გაუჩნდება. გამომცხვარს ასტამით გადააბრუნებენ, დაუმატებენ ერბოს და მიირთმევენ.

მახარა - წყლის საზიდი მოწყობილობა. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ლაზეთის მთიანეთში დავაკებული ადგილები დაფერდებულთან შედარებით გაცილებით მცირეა, მაგრამ ფერდობებზე კიბე-კიბედ ხელოვნური სავარგულები - ლარები და ოროკებია გამართული. ბაქან-ბაქან მოწყობილ სავარგულებზე - ტერასებზე - ხეხილი და ვაზია გაშენებული. აჭარაში - ხევხუვიანი რელიეფის გამო გლეხკაცი იძულებული იყო, შორიდან გამოეყვანა სარწყავი წყალი, რომელიც ალაგ-ალაგ ხევებზე გადებულ ხის ღარებში - ბელღარებში მოჩხრიალებდა და თავის ძირითად საქმესთან - მორწყვასთან - ერთად კოხტა ბუჭულა (პატარა) წისქვილებსაც ატრიალებდა.

ხსენებული რეგიონების მთიანეთში სოფლები ძირითადად მდინარეებისა და ნაკადულების პირასაა გაშენებული. ამიტომ იქ სასმელი წყალი არ ჭირს, მაგრამ ზოგჯერ ოჯახის ახალი განაყარი თავისი ამოსახლოს ადგილმდებარეობის გამო სასმელ წყალს შორდებოდა. წყლის მაღლა ამოტანა კი ჭირდა, თუ ნაკადული ან წყარო დაბლა ხრამში იყო. ქართველმა კაცმა ეს საკითხი მახარას საშუალებით გადაწყვიტა. მახარა წყლის ქვემოდან ზემოთ ამოსატანი მექანიკური მოწყობილობაა.

მახარას ასე მართავდნენ: კარ-მიდამოს სიახლოვეს, ან თუნდაც ეზოში, ხის ჯოჯგინაზე ხელით სატრიალებელ მორგვ-ბორბალს ამაგრებდნენ, თითქმის ისეთს, როგორიც ჭის გვიმზეა დადგმული. შემდეგ ქვემოთ ნაკადულთან ან წყაროსთან მიწაში მსხვილ მარგილს მყარად არჭობდნენ (მარგილი მუხისა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იგი ტენიან ადგილას იდგა), მარგილსა და ჯოჯგინას ერთ ფეხს მაგარ ბაგირს აბამდნენ და ჭიმავდნენ. შემდეგ თითქმის ბაგირის სიგრძის თოკს მორგვ-ბორბალზე ახვევდნენ. ბაგირზე რკინის კავიან გორგოლაჭს ჰკიდებდნენ და მორგვზე დახვეული თოკის თავისუფალ წვერს გორგოლაჭის კავზე ნასკვავდნენ. წყაროს წყალს ხის ღარს მიუმარჯვებდნენ და მახარაც მზად იყო. თუ წყალი დასჭირდებოდათ, ხის ვედროს - სათლს გორგოლაჭის კაუჭზე ჰკიდებდნენ და მორგვ-ბორბალს უკუღმა დაატრიალებდნენ; ამ ხერხით სათლი ღარის პირს მიადგებოდა. როცა წყლით აივსებოდა, მორგვ-ბორბალს წაღმა დაატრიალებდნენ და წყალიც მაღლა ამოდიოდა. წყლით მომარაგების საქმე ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის თანამედროვე საბაგირო გზის დონეზე იყო მოგვარებული. მახარა ფრიად ორიგინალური და მოხერხებული ტექნიკური საშუალებაა, რის გამოც მას აქა-იქ ახლაც იყენებენ.

ლიტ.: . ჩიქოვანი, დასურათებული ლექსიკონი, 2009.

მახათი - ხისტარიანი და რკინისტანიანი დიდი ნემსი, რომელიც იხმარება ტყავის სახვრეტად.

მახალი//მანდიკი - უნაგირის წინა კეხზე გადასაკიდებელი ჭურჭელი, „უფრორე აბრეშუმისაგან ნაქსოვი“ (ჩუბ.).

მახოხი - ქინძითა და ნივრით შეზავებული ქატოს მჟავე შეჭამანდი. გავრცელებული იყო ქართლში.

ლიტ. ქელ., 2009

მახჩი - ნალის ლურსმნის გამკეთებელი მჭედელი-ხელოსანი. ისევე როგორც ნალჯის (იხ.), მახჩის პროფესია ჩამოაყალიბა ნალბანდობის ხელობის ფართო წარმოებამ. მახჩიდღეში დაამუშავებდა დაახლ. 16 კგ რკინას, საიდანაც გამოვიდოდა 500-550 ცალი ლურსმანი.

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
. .

მაჯაგანი - ტყავის მოსაქნელი. მაჯაგანით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი. იგი 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მაჯაგანის ხე და პირი (ლითონის), ღვედი, სატერფე და კაპი. მაჯაგანის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, მასში ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ რგოლს, რასაც ადრე ტყავისას, მოგვიანებით კი ლითონისას ამზადებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ჯერ კისრით დაჰკიდებდნენ ხეზე და ამუშავებდნენ, შემდეგ ბარკლით, დუმითა და ფერდით. მომუშავეს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი - მაჯაგანის ხე, მარჯვენა ფეხი მაჯაგანის სატერფე კაპში ჰქონდა შედგმული, როცა მას მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა, მაჯაგანის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა და ასე აწარმოებდა ტყავის მოქნას. ტყავმა უნდა იტრიალოს, სანამ არ დამუშავდება. უნდა გახდეს ბუმბულივით, „თვალად თეთრი“ და ხელის შეხებით რბილი. ამის მისაღწევად მაჯაგანს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს (ხევი). ადრე მაჯაგანში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის დანას უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ მას. დაბახანაში თრიმლით დამუშავების დროს იყენებდნენ იმავე იარაღს, რასაც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვ. სვანეთში რკინის დანის ნაცვლად სცოდნიათ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაბკილული ხის ხმარება. მაჯაგანში გამოყვანილი ტყავით ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და მისთანათ იკერავდნენ.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

. .

მაჯიგარო - ღვინის თხლისაგან დამზადებული სამარხვო საჭმელი მგდანი - კირწყლით სავსე ჭურჭელი, სადაც ტყავებს ყრიდნენ დასალბობად, რომ მერე კარგად გაესუფთავებინათ.

მებაირაღე//ბაირახტარი - აქ: ხელოსნები დღესასწაულის დროს გამოიტანდნენ ბაირაღს და ძლიერ მამაკაცს ჩააბარებდნენ, კარგად რომ ეტარებინა, ბაირახტარს წელზე შემოხვეული ჰქონდა მოქსოვილი ქამარი, რომელშიც ბაირაღის ტარი მაგრდებოდა.

მებოძირი - გზათაგასაყარი. ძველი ბერძენი ავტორების ცნობით, კოლხებს წესად ჰქონიათ ასეთ გზაჯვარედინებზე ქვისა და ხის სანიშნობლების მოწყობა, რომელიც მგზავრს გზის მიმართულებას აცნობდა. მათივე ცნობით, ასეთ სანიშნობლებს „კვირბები“ რქმევიათ და ადგილობრივი დამწერლობით მათზე საცნობარო წარწერა ყოფილა ამოკვეთილი. ზემო იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, არის სოფელი ნებოძირი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მისი დასახელება მიანიშნებს იმ ძველი გზისმაჩვენებლის შესახებ, რომელიც აქ უნდა არსებულიყო.

მედალიონი - სხვადასხვა ფორმის ყელის სამკაულია. ატარებენ ჩამოკიდებულს. მედალიონები შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური ან გულის ფორმის. ამზადებენ ძირითადად ოქროსას ან ვერცხლისას. მედალიონი შეიძლება იყოს თვლებით შემკული ან უთვლებო, ტიხრული მინანქრისა, ფილიგრანული, გლუვი და სხვ.

ლიტ.: В.И. Марченков, Ювелирное дело, 1984. .სელივანკინი, . სერენკო, . ციპლაკოვი, საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
. .

მეზირ- - ოჯახის მფარველი, კარგი ბედისა და ბარაქის მიმნიჭებელი. სვანების წარმოდგენით, ყოველ სახლს თავისი მფარველი ძალა ჰყავდა და იგი ცოცხალი არსების - ხბოს, თაგვის, უხსენებლის, ქათმის და სხვა სახით სახლში იმყოფებოდა. მეზირ-ის რწმენასა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს სვანები „ქორა ლემზირ“-ს (სახლის ლოცვა) ან „ქორა სახ“-ს (სახლის წესი) უწოდებდნენ.

. .

მეთუნეობა - ნივთიერ კულტურაში უაღრესად ფართო ადგილი უჭირავს მეთუნეობასა და სამეთუნეო ნაწარმს. იგი დაკავშირებულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის თითქმის ყველა სფეროსთან.

0x01 graphic

საქართველოში კერამიკის ისტორია უხსოვარ დროში იღებს სათავეს, კერამიკის წარმოების დაწყება კაცობრიობის ახალი ეტაპის მაუწყებელია. გარკვეული ხანიდან თიხის ჭურჭელი საოჯახო ყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად იქცა. ამან განაპირობა კერამიკული ფორმების შესაბამისობა მის ფუნქციასთან. ამიტომაა არქეოლოგიურ მონაპოვართა ფორმები ასეთი ლამაზი და მრავაფეროვანი. ენეოლითის ხანიდან მოყოლებული სამამულო კერამიკამ განვითარების რთული გზა განვლო. ტექნიკის განვითარებას თან ახლდა ფორმების, ფერებისა და მხატვრულად გაფორმების ხანგრძლივი ცონდა და გამოცდილების დაგროვება. უკვე ძვ. წ.ა. დასასრულისთვის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან, მემინდვრეობა, მესაქონლეობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგები, რომელთა განვითარების უწყვეტობა დღევანდლამდის მოიტანა ქართულმა ხალხურმა კერამიკულმა წარმოებამ.

0x01 graphic

მეთუნეობის ტექნიკა თანდათან ვითარდებოდა. თავდაპირველად ქალის მიერ ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი ღია ცეცხლზე იწვებოდა, შემდეგ გაჩნდა სამეთუნეო იარაღი - მორგვი, რაზედაც ჭურჭელი კეთდება. ჩარხის გაჩენამ საკმაოდ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა, კერამიკული წარმოება ქალიდან მამაკაცის ხელში გადავიდა. ჩარხმა მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად აქცია.

0x01 graphic

კერმიკული ცენტრების აღმოცენება მარტო არსებული შესაფერისი თიხის საბადოებით კი არ განისაზღვრება, არამედ შემოსავლის ახალი წყაროს ძიებითაც. კერამიკული წარმოების ცნობილი კერების შემოწმებით დასტურდება, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას ვარგისი მიწის უმნიშვნელო ფართობი ჰქონდა, რის გამოც მიწათმოქმედება საჭირო შემოსავლის მხოლოდ ნაწილს იძლეოდა. ამ გარემოებამ კი კერამიკული წარმოება საქართველოს ზოგიერთ სოფელში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარსებო წყაროდ გადააქცია.

ძლიერ ტრადიციებზეა დამყარებული XIX-XX საუკუნეების ქართული ხალხური კერამიკული წარმოება, რაზეც მეტყველებს თიხის ჭურჭელის დამზადების კერები: ქიზიყში - ბოდბისხევი, ანაგა, ვაქირი; გარე კახეთში - ნინოწმინდა, კაკაბეთი; შიდა კახეთში - თელავი, რუისპირი, იყალთო, ველისციხე; ქართლში - თბილისი, მცხეთა, არაგვისპირი, ცხავატი, გორი, მეჯვრისხევი, ვანათი, ქემერტი, დმანისი, წაღვლი; იმერეთში - შროშა, საწაბლე, მაქათუბანი, გეზრული, ბოსლევი, ჯოყოეთი, დიდწიფელა, ჩხირაული, რიონი, ვარციხე; გურიაში - აკეთი, აცანა, ნაგომარი; ლეჩხუმში - საირმე; რაჭაში - ონი, შეუბანი, ლაჩთა; სამეგრელოში - ნამიკოლოვო, გურძემი; აფხაზეთი - გუდაუთა; აჭარა - ხეცუბანი. ცხოვრების პირობების გარდაქმნასთან დაკავშირებით აღნიშნულ წარმოების სახელგანთქმულ ცენტრებში დღეს მეთუნეობა უკიდურესად დაეცა და მხოლოდ რამდენიმე ცენტრიღა ფუნქციონირებს.

ქართული მეთუნეობის ძირითადი სახეებია: 1. წყლის ჭურჭელი; 2. რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ჭურჭელი; 3. მევენახეობასთან დაკავშირებული ჭურჭელი; 4. სამზარეულო ჭურჭელი; 5. ჭურჭელი პურეულისთვის; 6. საამშენებლო კერამიკა; 7. სპეციალური დანიშნულების საგნები.

თიხის ჭურჭლის დამზადებისა და მისი შემკულობის მიხედვით მასალის კლასიფიკაცია შემდგენაირად ჯგუფდება: 1. წითელი ჭურჭელი; 2. მოწერნაქებული ჭურჭელი; 3. მოჭიქული ჭურჭელი; 4. ზეთის საღებავით მოხატული ჭურჭელი.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კერამიკული წარმოება საქართველოში, 1995.
. .

მეთუნუქე - შავ და ფერად თუნუქზე მომუშავე ხელოსანი. ეს ხელობის ახალი დარგია და უშუალოდ დაკავშირებულია ფურცლოვანი თუნუქის მასიურ გავრცელებასთან. ამ დარგმა თავისი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე სწრაფად იწყო აღმავლობა. შავი ფერის თუნუქისაგან კეთდებოდა სახლის სახურავები, ღუმელები და სხვ. ფერადისაგან კი სანათები, ჩაიდნები, ჭრაქები, შანდლები, ვენახის შესაწამლი მანქანები. მეთუნუქეები ქალაქის ბაზრებში მუშაობდნენ და იქვე ყიდდნენ თავიანთ ნაწარმს.

0x01 graphic

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და
ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986
. .

მელანი - უძველესი საწერი საშუალება. ერთგვარი სითხე, რომელიც მზადდებოდა სხვადასხვა ტიპის ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისაგან. ადამიანები ფლობდნენ მელნის დამზადების სხვადასხვა ხერხს. მელანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელნაწერთა დაცვა-შენარჩუნებისათვის, ამიტომ ცდილობდნენ დაემზადებინათ ისეთი მელანი, რომელიც კარგად გაუძლებდა დროსაც და ბუნებრივ პირობებსაც. ქართული ხელნაწერები ძირითადად შესრულებულია შავი და წითელი მელნით, რომლის მიღების რეცეპტები იმდენად ყოფილა დახვეწილი და გამძლე, რომ უმეტესობა ამ ნაწერებისა დღესაც კარგად იკითხება. ისიცაა, რომ უხარისხო მელნის გამო ზოგიერთი ხელნაწერი აღარ იკითხება და ბევრი ძვირფასი ცნობა სამუდამოდაა დაკარგული. საგულისხმოა, რომ მცხეთაში აღმოჩენილ იქნა ელინისტური ხანის სამელნე და საწერკალმები, რაც იბერიის სამწერლობო საქმიანობის უეჭველ დადასტურებას წარმოადგენს.

..

მელული//მერული (რაჭ.) - წიფლის ხისგან დამზადებული დაკბილული ნიჩაბი. ძირითადად იხმარება საწნახელში ყურძნის წურვისას ჭაჭის მასის მისაწევ-მოსაწევად.

მელულს იყენებდნენ ახლად გალეწილი ბზის გასანიავებლადაც.

0x01 graphic

მემარნე - მარნის გამგე, ღვინის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი. დიდი საღვინე მეურნეობის პირობებში მემარნე აუცილებელ თანამდებობას წარმოადგენდა. მემარნეს ზრუნვის საგანს შეადგენდა ჭურების რეცხვაზე კონტროლი, მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, გადაღება, დახარისხება და სხვა. ღვინო ინახებოდა მარანში მემარნის მეთვალყურეობით და როცა მას მოითხოვდნენ სახარჯავად, მაშინ მემარნე ღვინოს ჩააბარებდა მეღვინეს, რომელიც ამოწმებდა ღვინის ღირსებას და ამ დროს გამოირკვეოდა, თუ როგორ შეასრულა თავისი მოვალეობა მემარნემ, თუ ღვინოს რაიმე ზადი აღმოაჩნდებოდა, მაშინვე მემარნესდაედებოდა ბრალი. დასტურლამალში ნათქვამია: „როცა მეღვინეს ღვინოს მიაბარებდეს მემარნე, მიმღებმა ნახოს თუ ან წყალნარევი ან ქვევრის-გემოვანი ან უხელობითა წამხდარი იყოს, ის ღვინო გამოართუან და ერთი იმთონი მემარნეს სხვა წაართვან თავისი“ ე.ი. ორმაგად უნდა ეზღვევინებინათ მოვალეობის ცუდად შესრულებისათვის.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მსმკი, 1964.
. .

მენახშირე - პირი, რომელიც ნახშირს გამოწვავდა და დაჰქონდა გასაყიდად როგორც სამჭედლო საქმიანობისათვის, ასევე გასათბობად. (იხ. ნახშირი).

0x01 graphic

მენელსაცხებლე (ძვ.) - ნელსურნელოვანი, კოსმეტიკური ნივთიერებების დამამზადებელნი ძველ საქართველოში. ერთ-ერთი უძველესი ხელჯობა იყო როგორც ქრისტიანთა, ასევე მუსულმანთა შორის. ძველად ამ დარგს „ხელოვნება ნელსაცხებლისა“ ეწოდებოდა.

. .

მეპრატაკე - ძველად „ტყავის მოქმედს“, ანუ ტყავის გამომყვანს ეწოდებოდა.

მერდინი (მოხ. მთიულ.) - 1. შინნაქსოვი აბრეშუმის თხელი თავსაბური, ჩიქილა, მანდილი. 2. გურიაში წმინდა საცერს, სამტკიცს უწოდებენ.

მერხი//მეხი - სამამაკაცო საჯდომი გრძელი სკამი საქართველოს მთიანეთში. გვხვდება მკლავიანი, უზურგო, ზურგიან გვერდებიანი. ჰქონდა ძლიერი მუხის დირეები, რომლებიც ფეხის ბუდეებში მაგრდებოდა. მათი ოთხივე ფეხის მრგვალ თავებზე მზის სიმბოლო - ბორჯღალა იყო ამოკვეთილი. სოციალური თვალსაზრისით, მერხი მამაკაცების დასაჯდომს წარმოადგენდა. იდგა კერის მარჯვენა - საკაცო მხარეს საუფროსო სავარძლის შემდეგ. კერის მარცხენა მხარე საქალოდ იყო წოდებული. ქალებს საკაცო სკამზე დაჯდომა ეკრძალებოდა. ისინი ისხდნენ დაბალ სამფეხა „კერის სკამებზე“, ბალიშებზე - „ქუნთებზე“ (ხევი) ან დაბალფეხიან გრძელ უზურგო სკამებზე. კერასთან საკაცო და საქალო ადგილების გამოყოფა მკაცრად იყო დაცული ჭამის დროსაც კი. მამაკაცები შემოუსხდებოდნენ მათ წინ დადგმულ ტაბლებს, დედაკაცები თავიანთ დაბალ მაგიდასთან შეექცეოდნენ საჭმელს. ზურგიან-გვერდებიან სკამებიდან ყურად ღებას იქცევს სვანური „ლერგიმ“-საკაცო სკამი, რომელიც ამ ტიპის სასხდომების განვითარებული სახეობაა. მასზე ამოკვეთილ ორნამენტებს შორის კომპოზიციური ადგილი ბორჯღალას უჭირავს. როგორც აპოთროპეულ ნიშანს, მას ვხვდებით ავეჯის ყველა სახეობაზე. დიდი იყო ლერგიმის როლი რიტუალებშიც. ბოლო დრომდე „მესარობის“ (ხორციელის შაბათი) დღესასწაულზე სრულდებოდა შესაწირავი ზვარაკის (ღორის) დაკვლა მაჩუბში - საცხოვრებელში მდგარ მერხზე. სისხლი მერხქვეშ შედგმულ ბაკანში (ჯამში) გროვდებოდა. სისხლის დანახვა უცხოთათვის იკრძალებოდა. მსგავს მინიშნებასთან გვაქვს ადგილი ხევსურეთშიც, მართალია, აქ საკლავს სკამზე არ კლავდნენ, მაგრამ მერხისთვის სისხლის პკურება სავალდებულო იყო.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: . ბარდაველიძე, ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან, მიმომხილველი I, 1949. . სურგულაძე
ქართული
ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1986. . ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973.
. .

ესპილენძეობა - მესპილენძეობას საქართველოში ღრმა და თვითმყოფადი ტრადიციები გააჩნია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველი ტომები ლითონის დამუშავებით უძველესი დროიდანვე იყვნენ ცნობილი. მოსინიკური სპილენძი, ხალიბური რკინა და სვანური ოქრო ცნობილი ყოფილა მათი მოპოვებისა და დამუშავების ადგილებიდან გაცილებით შორს. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომები მოიპოვებდნენ და ადნობდნენ ლითონებს, კარგად იცნობდნენ სპილენძის მადანს. გადასადნობად გამოიყენებოდა სულფიდური მადანი. მოგვიანებით, გასაუმჯობესებლად იყენებდნენ სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის (თუთია, დარიშხანი და სხვა) მინარევებს. სპილენძის მოპოვება-დამუშავებას ხელს უწყობდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდიდარი საბადოები, რომელთა შორის აღსანიშნავია ჭოროხის ხეობა დასავლეთ საქართველოში და ალავერდის საბადო - აღმოსავლეთ საქართველოში. სპილენძი და ბრინჯაო გამოიყენებოდა საბრძოლო, სანადირო და სამეურნეო იარაღების დასამზადებლად, იხმარებოდა აგრეთვე სამკაულებისა და საკულტო ნივთების გასაკეთებლად. სპილენძისგან ამზადებდნენ საოჯახო ჭურჭელსაც.

დღეისათვის ქართულ ხალხურ მეტალურგიაში სულფიდური მადნიდან სპილენძს არავინ ადნობს. ხდება სპილენძის ჯართის გამოდნობა, რაც გულისხმობს სპილენძის ძველი, ხმარებიდან გამოსული ჭურჭლის ხელმეორედ გამოდნობას.

. .

მესტვირე - გუდა-სტვირზე დამკვრელი, რომელიც სოფლიდან სოფელში დადიოდა. იგი დაუპატიჟებელი, მაგრამ ყველა სახალხო შეკრების სასურველი სტუმარი იყო. მონაწილეობდა სადღესასწაულო და საოჯახო წეს-ჩვეულებათა შესრულებაში. მხნეობას მატებდა მშრომელ კაცს და სიხალისე შეჰქონდა მის ერთფეროვან ცხოვრებაში. იგი „ბეჩავს კაცს ატარიელებდა“ (ვაჟა). ქორწილის დროს მაყარივით აუცილებელი წევრი იყო ლხინისა. მექორწილეები „იმის სტვირის დაკვრაზე როკვას დაიწყებდნენ, მესტვირე მრავალს ქებას შეასხამდა მექორწილეებს, სხვადასხვა სიმღერის ხმებში, რომელიც ამისათვის მიიღებდა საჩუქარს ყველასაგან“. მესტვირე ნათლობის შემდეგ გამართულ ქეიფშიც სუფრის დამამშვენებელი ყოფილა. ხატობებზე იკრიბებოდნენ საუკეთესო მომღერალ-მესტვირეები. მათი საშუალებით ხალხში გადადიოდა ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები. ბერიკაობისას მესტვირე ბერიკულს უკრავდა. მოხუცები იხსენებდნენ ცნობილ მესტვირეებსა და მოჭიდავეებს, ისმებოდა მათი სადღეგდრძელო. მესტვირე სამგლოვიარო ჰანგზეც უკრავდა, ჭირისუფალი კი მესტვირის ხმაზე ტიროდა. მესტვირე ხალხური პოეზიის მიხედვით შაირსიტყვათა მომღერალია. მესტვირე სტვირზე დამღერებით გადმოსცემდა ადამიანთა სოციალური ყოფის ამბებს. მათ გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი საახალწლო მილოცვათა ტექსტების შექმნაში.

ლიტ.: . ცანავა, ქართული მესტვირული პოეზია, 1953. . გრიშაშვილი, ძვ. ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1927.
. .

მესტი - რბილლანჩიანი, კოჭთან მომდგარი დაბალყელიანი ფეხსაცმელი. ზოგჯერ მესტზე იცვამდნენ წუღას (იხ.) და უწოდებდნენ წუღა-მესტს.

მესტბაბუჩი (ახალც.) - მესტებისა და ქოშების მკერავი-ხარაზი.

. .

მეტიურა - ქართული ცულის ორიგინალური სახეობა, შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან: ყუა და ტანი. მეტიურას ტანი სწორია, შუბლი ოდნავვ გამოწეული, „ნიღრი“ დაქანებული, ყუის ბუდეში ხის ტარი ზის. გამოიყენებოდა ძირითადად ხის მოსაჭრელად და სატივე ხეების დასამუშავებლად („ნაცხვირის“ ამოსაღებად). მეტიურა თავისი ფორმით, ტანის მოყვანილობითა და ფუნქციით განათხარ ბრინჯაოს ცულებს ე.წ. „კოლხურ ცულებს“ უახლოვდება. მეტიურა და მისი მსგავსი ცულები - „ჩენგი“ და „კოდორა“ უმთავრესად წიწოვანი ტყით მდიდარ რეგიონებშია გავრცელებული.

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხითხუროობა აღმოსავლეთ საქართველოში, 1982.
. .

მეში (მოხ.) //კალთა (ფშ. ხევს.) - უზანგის ზემოთ მოთავსებული ოთხკუთხედი ტყავი, რომელიც იცავდა მხედრის ფეხს ცხენის ოფლისა და ბალნისაგან.

ლიტ.: . ლეონიძე, მესაქონლეობის ლექსიკონი, 1925.

მეჩეთი - მუსულმანთა სალოცავი სახლი, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს მაღალი კოშკი-მინარეთი საიდანაც სამღვდელო პირი-მოლა მორწმუნეებს მოუწოდებს ლოცვისათვის.

მზითევი - ქალის პირადი საკუთრება, რომელსაც ატანდნენ გათხოვებისას. ძირითადად შეადგენდა სამზარეულოდ სახმარ, საწოლ, შესამკობელ საგნებს. თბილისში სცოდნიათ მზითევის საჯაროდ გადატანა, რისთვისაც საგანგებოდ ქირაობდნენ მზითვის წამღებთ. არისტოკრატიულ ოჯახებში ჩვეულებრივად იწერებოდა მზითვის წიგნები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის ნივთი, რომელთა გატანებაც ჰქონდათ განზრახული პატარძლისთვის ქმრის ოჯახში. შემორჩენილია რამდენიმე „მზითვის წიგნი“ (მაგ., ანუკა ბატონიშვილის), სადაც დაწვრილებითაა წარმოდგენილი სამზითვო საქონელი.

0x01 graphic

..

მიდიმოღმართა (ხევს.) - ხის, ნავისებური, სახელურიანი სასმისი, რომლის სახელურს ზოგჯერ ზოომორფული დაბოლოება ჰქონდა, ამ სასმისს უფრო სარიტუალო დანიშნულებით იყენებდნენ.

. .

მიზრაფი - თავმსხვილი დასარტყმელი ჯოხი ბრძოლის დროს.

მილი თიხისა - 1. წყალსადენისათვის, რომელსაც ამზადებდნენ თიხისგან და ძველ საქართველოში წყლის გაყვანის ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. თიხის წყალსადენი მილები კარგად იცავდა წყალს გაჭუჭყიანებისა და მინარევებისაგან. ზამთარში ყინვაგამძლეა, ხოლო ზაფხულში გრილი. იშვიათია კუთხე საქართველოში, სადაც წყლით სარგებლობისათვის კერამიკული მილები არ ყოფილიყო გამოყენებული. გარეგნული ფორმით იგივეა, რაც დღეს გავრცელებული კერამიკული მილები. წყლის მილის კეთება მორგვზე ან ჩარხზე წარმოებს. დაზგაზე თიხის გუნდას დააკრავენ, გაასწორებენ და „ნაგულს“ ამოუღებენ. გულამოღებულ გუნდაში ხელის მოძრაობით მილს სიმაღლეზე აიყვანენ და თანდათან აწვრილებენ. პირიდან მცირეოდენი მანძილის დაშორებით სიმაგრისათვის მილს ირგვლივ რგოლი უკეთდება. ოდნავ შემშრალ მილს ძირს გამოაჭრიან, რომ მასში მეორე მილის პირი კარგად მოთავსდეს. გახმობის შემდეგ ქურაში გამოწვავენ. ხალხური გადმოცემით, გორის რ-ნის სოფ. ერედვის თავზე კარგი საძოვრები ყოფილა, სოფ. დიცელებს

იქ ცხვარ-ძროხა უზაფხულებიათ, რძის ჩამოტანას სიძნელეები ახლდა და თიხის მილებით დიცში რძე უწოდებიათ. მსგავსი ლეგენდა ზემო სვანეთშიც არის გავრცელებული. ორივე შემთხვევაში თიხის მილის ფართო პრაქტიკულ საჭიროებაზეა მითითება.

2. მილი საკვამლე - თიხისა, იმავე წესით მზადდებოდა, როგორც წყლის მილი, მისგან განსხვავებით მუხლის ადგილას ერთ მხარეს, ქუდის მსგავსი დახრილი სახურავი უკეთდებოდა წვიმა-თოვლისა და ქარისაგან დასაცავად.

. .

მინანქარი - ერთგვარი ქანია, რომელსაც მოიძიებენ, გაწმენდენ, დაფქვავენ, შეაზავებენ კომშის წვენთან, აადუღებენ, შემდეგ შეაცივებენ, გარეცხავენ და კვლავ აადუღებენ ბორასთან ერთად. იყენებენ საიუველირო საქმეში.

. .

მისხალი - მასის საზომი ერთეული. გავრცელებული იყო ებრაულსა და არაბულ მეტროლოგიაში. მისხალით აიწონებოდა ძვირფასი ლითონები: ოქრო და ვერცხლი.

..

მიტრა - მომრგვალებული ფორმის მაღალი თავსაბურავი, რომელიც ხატებითა და ძვირფასი ქვებით მდიდრულადაა შემკული. მას ღვთისმსახურების დროს მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და დეკანოზები (მიტრით დამსახურებულ დეკანოზებს აჯილდოვებენ) ატარებენ. კათალიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტებისა და მთავარეპისკოპოსების მიტრები ჯვრებით გვირგვინდება. მიტრა სიმბოლურად იმ გვირგვინს მოასწავებს, რომლითაც მართალნი ცათა სასუფეველში შეიმკობიან.

0x01 graphic

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005.
. .

მიწა თირი - საჭურჭლე მიწის შემადგენელი ნაწილი. იგი მოთეთრო ფერის „უღალო“, „უძალო“, „ტინტლი“, წმინდა მიწაა. ხელით ადვილად ისრისება. თირი წებოვანიც არის და მშრალიც. რომელსაც წებოვნება აკლია, შლაში ეწოდება. საჭურჭლედ წებოვანი თირის ჯობს, ცოტა რაოდენობით აყალოს შერევა სჭირდება. თირი მიწისაგან განსხვავდება ხელოსნები ცალკე გამოყოფდნენ საჭურე და საკრამიტე მიწას.

. .

მკის ჯვარი - თავთავისაგან დაწნული ჯვარი, რომელსაც მკის დამთავრების შემდეგ მესვეური (მეთაური მუშა) დაწნავდა, სამკალის პატრონის სახლში მიიტანდა და გადასცემდა დიასახლისს სიტყვებით - „ეს ძველი და სხვა ახალიო, ღმერთმა კიდევ ბევრს დაგვასწროსო“. „ამინ!“ - იტყოდა დიასახლისი და გამოუტანდა მამალს. მკის ჯვარს დიასახლისი ბოძზე ან კედელზე დაკიდებდა ანდა ბეღელში ჩააგდებდა,მომავალ წელს კი ახალი მოსავლის ლეწვისას პირველ კალოში შეურევდნენ.

კახეთში გავრცელებული ჩვეულების მიხედვით, „თესლის გატანის დღეს მას ფშვნიდნენ, „ღვინით აზიარებდნენ“, თესლში შეურევდნენ და იტყოდნენ - „ასე კაკალივით მარცვალი მოვიდესო“.

ნაცვალგარდას (შრომითი ურთიერთდახმარება) მონაწილეები მკის დამთავრების შემდეგ აწყობდნენ საერთო სუფრას. თითოეული მონაწილე მიდიოდა მამლით, რომელსაც ის ოჯახის დიასახლისისაგან იღებდა, როცა მას მკის ჯვარს გადასცემდა. ამ მამალს ჯვარის მამალი ერქვა, ხოლო მამლის ხორცით მოწყობილ სუფრას „ჯვარიმამლობა“.

ლიტ.: .ჯალაბაძე მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1990

მკუპრავი - ტყავის ჭურჭლის მომკუპრავი. ტყავის ჭურჭლის ფართო გამოყენების გამო საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მკუპრავობა გავრცელებული ხელობა იყო. კუპრი საქართველოს ბევრ რაიონში მოიპოვებოდა. კუპრის დამუშავება შემდეგნაირად ხდებოდა: კუპრს ადუღებდნენ სპილენძის ქვაბში მეხუთედის დარჩენამდე. მისი ხარისხი დამოკიდებული იყო დუღების ხანგრძლივობაზე, რაც მეტად ადუღებდნენ, კუპრი უკეთესი გამოდიოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ღვინის ჭურჭლის დაშაბვა და მოკუპვრა, რათა დიდხანს გაეძლო და ღვინოს სუნი არ მისცემოდა. გამზადებულ კუპრს ტყავზე ჩამჩით ასხამდნენ და ხელით ზელდნენ, ტიკის მოკუპვრის დასრულების შემდეგ ორი დღით ნიავზე ამყოფებდნენ გასაშრობად. გამშრალს ცხვრის ან ძროხის გაუმდნარ ქონს წაუსვამდნენ და დღე-ღამის განმავლობაში მასში წყალს ასხამდნენ, რათა სუნი გასვლოდა. სითხის ჩასხმა ტიკში კისრიდან ხდებოდა, ჩამოსხმა კი ფეხიდან. ფართოდ იყო გავრცელებული ჭურების მოკუპრვაც.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

მოდგამი // ამბაზი // მონდავი // მეკომე // ალოვნობა // გადაბმა // მონამგლეობა - ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. აღმოსავლეთ საქ-ს ბარში მიწა იხვნებოდა მრავალხარშებმული მძიმე სახვნელი იარაღით - დიდი ქართული გუთნით. სახვნელი იარაღის ეს ტიპი გათვალისწინებული იყო ვაკის ნიადაგის რელიეფისათვის და კარგად პასუხობდა მის სპეციფიკურ პირობებს. საქართველოს ამ რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ანეულს (იხ.) ანეულად მიწა ღრმად იხვნებოდა, რაც ნიადაგის სინესტეს ინახავს. ეს კი, თავის მხრივ, დიდი გუთნით მუშაობას მოითხოვდა. ამ იარაღით მუშაობასთან დაკავშირებული იყო შრომითი კოოპერაცია ხვნა-დღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით - ყოველი წევრის მონაწილეობის ანაზღურება ხდებოდა ალოებით (ერთი დღის ხვნა), მისი ამ ამხანაგობაში იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილოების შესაბამისად.

გამართული დიდი გუთანი (იხ.) საკმაოდ ძვირად ღირებული სახვნელი იარაღი იყო. მასში აბამდნენ 6-12 უღელ გამწევ ძალას. ეს დამოკიდებული იყო გუთნის სიდიდეზე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სხვადასხვა ნაწილში გავრცელებული დიდი გუთნები ნიადაგის თავისებურების მიხედვით ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. დიდი გუთნით მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3-6 მეხრე. გლეხთა ოჯახების მხოლოდ ნაწილს შეეძლო მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით. ეს უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რომლებიც XIX ს-ის ბოლოს - XX ს. დასაწყისისთვის სპორადულად იყო შემორჩენილი. პატარა ოჯახები კი, როგორც წესი, ხვნის დროს შრომით გაერთიანებას მიმართავდნენ. რამდენიმე ოჯახი აერთებდა ინვენტარს, მუშახელს და გარკვეული ხნის განმავლობაში რიგრიგობით ხნავდა თავის მიწას. ყველა სოფელში კომპლექტებოდა ხვნასთან დაკავშირებული კოოპერაციის გარკვეული რაოდენობა.

0x01 graphic

დიდი გუთნის ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება ცნობილი იყო მოდგამის, ამბაზის, მონდავის, მეკომეს, ალოვნობის, გადაბმის, მონამგლეების, ამგლის სახელწოდებით. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო მოდგამი, რომელიც საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთსა და მესხეთში.

მოდგამის წევრებს შეარჩევდა გუთნის პატრონი, რომელიც, როგორც წესი, გუთნისდედა და, ამდენად, მოდგამის ხელმძღვანელი იყო. XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში მოდგამის წევრების შერჩევისას ნათესაობის პრინციპს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანეულის მოდგამისათვის მზადება ხვნის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებოდა. ამ მოსამზადებელ პერიოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოდგამის მუშაობა დიდად იყო დამოკიდებული მუშახელის სწორად შერჩევაზე, მეხრეების ფუნქციების განაწილებაზე, ასევე გუთნის აწყობასა და ხარკამეჩის სწორად განლაგებაზე გუთნეულში. გასათვალისწინებელი იყო სახნავი მიწების ადგილმდებარეობა და სხვა. წინასწარ უნდა განსაზღვრულიყო ყოველი წევრის მონაწილეობა შრომით თუ ინვენტარით, ხვნის რიგი და ა.შ. ყოველივე ამის ორგანიზატორი და მთელი შემდგომი მუშაობის ხელმძღვანელი გუთნისდედა იყო.

ხვნის დროს გუთნისდედას „გუთანი ეჭირა“. 8 უღელი ხარ-კამეჩის პირობებში უმთავრესად 4 მეხრე იყო - 2 დღისა და 2 ღამისა. დღის მეხრეებს ევალებოდათ ხვნის დროს ხარების გაძღოლა. ღამის მეხრეების მოვალეობას შეადგენდა, გარდა ხვნის დროს საქონლის გაძღოლისა, ხარ-კამეჩის გარეკვა საბალახოდ და მისი მოვლა-პატრონობა დილით გუთანში შებმამდე. ღამის მეხრეებად, ჩვეულებრივ, გამოცდილ გლეხებს აყენებდნენ. შედარებით ადვილი იყო დღის მეხრეების საქმიანობა. დღის მეხრეებად შედარებით ახალგაზრდები იყვნენ. ამათგან ერთ-ერთის (წინა მეხრე) მოვალეობას ხშირად 12-14 წლის მოზარდი ასრულებდა ხოლმე.

როგორც მოდგამის წევრების, ისე მუშა საქონლის შრომის, დასვენებისა და კვების რეჟიმი მტკიცედ იყო დადგენილი.

მხვნელთა მძიმე შრომას სიმღერა ახალისებდა და აადვილებდა. სიმღერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი გლეხი. გუთნისდედები ცდილობდნენ მოდგამში ჰყოლოდათ კარგი მომღერალი, რომელსაც ზოგჯერ სიმღერისთვის ზედმეტად უხნავდნენ ერთ დღეს. ხვნასთან დაკავშირებული სიმღერები შრომის პოეზიის სახეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და თემტურად მრავალფეროვანია. ეს სიმღერები ქართლ-კახეთში „ოროველებად“ არის ცნობილი.

მოდგამის დაპურება იმ ოჯახს ევალებოდა, რომლის მიწაც იხვნებოდა. ხვნის დროს მინდორში მიჰქონდათ სადილი და სამხარი. თუ სახნავ-სათესი მინდორი სოფელთან ახლოს იყო, ჯერი ოჯახის წევრს, მეტწილად ქალს მიჰქონდა. მოდგამში ქალის მონაწილეობა ამით იფარგლებოდა. როცა სახნავი შორს იყო, მაშინ საჭმელი გუთნისდედას მიჰქონდა დილით იმ ოჯახიდან, ვისი მიწაც იხვნებოდა. ქიზიყსა და გარე კახეთში ამისთვის გუთნისდედას ცხენი ჰყავდა, რაშიც ხვნადღე ერგებოდა. ზოგიერთ სოფელში, რომელსაც სახნავსათესი მინდორი განსაკუთრებით შორს ჰქონდა და ამიტომ მოდგამის ყველა წევრი მთელი კვირის განმავლობაში მინდორში იყო, გუთნისდედა შაბათს, სამუშაოს შემდეგ წამოვიდოდა, კვირას დაუვლიდა იმ ოჯახებს, რომლებისთვისაც მომავალ კვირას უნდა ეხნათ და იმათგან წაიღებდა სურსათ-სანოვაგეს იმის მიხედვით, თუ ვისთან რამდენი დღე უნდა ემუშავათ.

გუთნისდედა ვალდებული იყო ხვნა დაპირებულ ვადაში დაემთავრებინა. თუ რაიმე მიზეზის გამო მოდგამის მუშაობა რომელიმე დღეს ჩაიშლებოდა და მოდგამის რომელიმე წევრს ვერ დაუმთავრებდნენ დაწყებულ სამუშაოს, გუთნისდედა ვალდებული იყო ეს სამუშაო სხვა დღეს დაესრულებინა. თუ მეხრეებს ერთმანეთთან რაიმე სადავო აღმოუჩნებოდათ, ესეც გუთნისდედას უნდა მოეგვარებინა. უკიდურეს შემთხვევაში მას შეეძლო მოდგამის ურჩი წევრი ამ გაერთიანებიდან გაეძევებინა, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ უკვე გაწეული შრომა უნდა აენაზღაურებინა. გუთნისდედას თვალყური უნდა ედევნებინა, რომ მეხრეებს სხვისი საქონელი არ დაეჩაგრათ. ეს ყველაფერი მოითხოვდა მისგან გარკვეულ ორგანიზატორულ ნიჭს და ცოდნა-გამოცდილებას. გუთნისდედას სოფელში პატივს სცემდნენ. მისი განსაკუთრებული მდგომარეობა ისტორიულად მომდინარეობდა. გუთნისდედის გარკვეული შეღავათები ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული. ერეკლე II განჩინებაში მორიგი ჯარის შესახებ აღნიშნულია, რომ როდესაც ხვნის დრო იყო, გუთნისდედას შეეძლო თავის მაგივრად თავისი „ბადალი“ გაეგზავნა.

გარეკახეთის სოფლებში გუთნისდედები წელიწადში ერთხელ ხვნის წინ გამართულ საღმრთოზე ირჩევდნენ უფროსს (უსტაბაში). ეს იყო ერთ-ერთი გუთნისდედათაგანი, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო გამოცდილი იყო და სოფელში ავტორიტეტით სარგებლობდა. მას გუთნისდედებთან ერთად უნდა დაედგინა ხვნის ჩატარების ვადები. მის მოვალეობად ითვლებოდა ხვნის წინ საღმრთოს ორგანიზაცია, ხვნის მთელი პერიოდის განმავლობაში მოდგამის მუშაობისათვის თვალყურის მიდევნება. თუ მეხრეები უკმაყოფილონი იყვნენ, მასთან შეეძლოთ ეჩივლათ. მასვე უნდა მოეგვარებინა ყოველგვარი უსიამოვნება, თუკი ამას ადგილი ექნებოდა. ერთადერთი საზღაური ყოველივე ამის გამო იყო ის პატივისცემა, რომლითაც უსტაბაში სარგებლობდა სოფელში. ზოგიერთ სოფელში მისი ფუნქციები შეზღუდული იყო და მხოლოდ საღმრთოს ორგანიზაციით იფარგლებოდა.

მოდგამის წევრებზე განაწილებული ალოების გარდა, ეს გაერთიანება მიწას უხნავდა სოფლის მენახირეს (სამენახირეო ალო), მეველესა და მჭედელს (მჭედლის ალო). ხვნის ხანგრძლივობას ზოგან ზრდიდა ისიც, რომ იქ ხნავდნენ სოფლის თანამდებობის პირთათვის. ბევრგან წესად იყო მიღებული ხვნა მიწათმფლობელთათვის ტყით, წყლით, საძოვრებით და სხვა სავარგულებით სარგებლობისათვის. ზოგან ქვრივ-ობოლთათვისაც იცოდნენ ხვნა. ზოგიერთ სოფელში ყველა მოდგამი თითო ალოს ყიდიდა და ამ ფულით საღმრთოს იხდიდა.

ცალკეულ რეგიონებში მუშახელისა და საქონლის რაოდენობა, ალოების განაწილების ნორმები არ იყო ერთნაირი, მაგრამ ყოველი კონკრეტული ადგილისთვის მტკიცედ იყო დადგენილი. შიდა ქართლში გუთნისდედას შრომაში 2 ალო ერგებოდა, ღამის მეხრეებსაც - ორ-ორი, დღის მეხრეებს - თითო. ერთ უღელ ხარსა და კამეჩში მათ პატრონებს თითო ალო, გუთნის პატრონს 2 ალო. აქედან ერთი ალო ივარაუდებოდა სახნისასთვის, ნახევარი - საკვეთელისათვის, ნახევარი გუთნის ხის ნაწილისათვის. გუთანი, სახნის-საკვეთით, როგორც წესი, გუთნისდედას ეკუთვნოდა. გუთანს 2 ღვედი (ტყავისგან დაწნული ღვედი, რომლის საშუალებითაც უღლები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული) სჭირდებოდა. თითო ღვედში მის პატრონს ნახევარი ალო ერგებოდა. ასევე ჯამბარა-აპეურების პატრონსაც ნახევარ ალოს უხნავდნენ. უმრავლეს შემთხვევაში ღვედები და ჯამბარა - აპეურებიც გუთნისდედისა იყო.

მოდგამის მუშაობასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს. ქართლ-კახეთის ბარში ანეულის ხვნის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“. კახეთის იმ სოფლებში, სადაც სათემო მიწათმფლობელობა იყო შემორჩენილი, სასოფლო საღმრთო განსაკუთრებული ორგანიზებულობით ხასიათდებოდა. ყოველ მოდგამს, ასევე ოჯახს, რომელიც დამოუკიდებლად ხნავდა, უნდა გაეყიდა თითო ალო (ფულს წინასწარ იღებდნენ). ამ თანხით ყიდულობდნენ საკლავს, ღვინოს და ხვნის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სასოფლო საღმრთოს მართავდნენ. სოფელი ეკლესიასთან შეიყრებოდა და პარაკლისის გადახდის შემდეგ საღმრთო სუფრა გაიშლებოდა. გუთნისდედები დალოცავდნენ მეხრეებს, უსურვებდნენ ერთგულად ემუშავათ და კარგად დაემთავრებინათ ხვნა-თესვა. მხვნელ-მთესველთა გარდა, აქ მოწვეულები იყვნენ: სამღვდელოება, მეცხვარეები, რომლებიც ცხვრით შეეწეოდნენ, მენახირეები, მეველეები. მოხუცებსა და ავადმყოფებს ულუფას სახლში უგზავნიდნენ. გარე კახეთის ზოგიერთ სოფელში საღმრთოს ორგანიზაციას გუთნისდედა ახდენდა.

მოდგამთან დაკავშირებული წესები, მტკიცედ გამომუშავებული ჩვევები მიუთითებენ იმაზე, თუ რამდენად ჰქონდა შესისხლხორცებული ეს ინსტიტუტი ქართველ გლეხობას. შრომის ორგანიზაციის ისეთ ფორმაში, როგორიცაა მოდგამი, ნათლადაა გამოკვეთილი ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურის მაღალი დონე, ყველა იმ მიღწევით, რაც საერთოდ გაიარა სახვნელმა იარაღმა და შრომის ორგანიზაციის ფორმებმა თავისი განვითარების უშორეს გზაზე.

ლიტ.: Т. Геладзе, Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987.
. .

მოვი - აბრეშუმის თხელი ნაზი ქსოვილი, რომლისაგანაც იკერებოდა საცვლები, მზითვის წიგნებში ხშირადაა ნახსენები მოვის პერანგი და საწმერთული.

მოთალი - განსაკუთრებულად მომზადებული ყველი, რომელსაც ინახავენ ცხვრის გუდაში.

. .

მოლა (ლაზ.) - ერთგვარი მძიმე ქანი, რომელსაც ლაზები ბადის საწაფად იყენებენ. ამ ქანს ღუმელში გამოწვავენ, გახვრეტენ და მიაბამენ ბადეს.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
. .

მოლოზმა (ლაზ.) - ბადის სახეობა ლაზეთში, რომლის ნაპირებში (ღონა) უყრიან ნეკის სიმსხო ბაწარს და ზედ ასხამენ მოლას. ღონაში შესული თევზი გამოსასვლელს ვეღარ პოულობ სდა იოლი დასაჭერი ხდება.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
. .

მონარეობა - (კახეთი, შიდა ქართლი, თუშეთი, ფშავი, ერწო-თიანეთი, მთიულეთი, ხევი) - მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის დიდმასშტაბიანი ფორმა -მეცხვარეების გაერთიანება. იგი დაკავშირებული იყო მესაქონლეობის ერთ-ერთ ფორმასთან - მთა-ბარობასთან. ეს უკანასკნელი გულისხმობდა ძირითადი დასახლებისაგან ტერიტორიულად მოწყვეტილი ცხვრის ფარებისა და მომვლელი პერსონალის მუდმივ მოძრაობას ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის საზაფხულო საძოვრებიდან აღმოსავლეთ საქართველოს საზაფხულო-საშემოდგომო და საზამთრო საძოვრებისაკენ, და პირიქით. მესაქონლეობის ასეთი მობილური ხასიათის მიუხედავად მთა-ბარობა სტრუქტურულად მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ და ორგანიზაციურ კავშირში იყო მიწათმოქმედებითა და მეურნეობის სხვა დარგებით დასაქმებულ ძირითად მოსახლეობასთან. საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წლიურ ციკლს ოჯახის ერთეული წევრები - მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებიც ამ მიზნით მონარეობის შრომის ორგანიზაციის ფორმაში იყვნენ გაერთიანებულნი.

მონარეობა იყო სეზონური გაერთიანება. მასში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ცხვრის პატრონები ერთიანდებოდნენ, რაც განაპირობებდა მათ თანაბარუფლებიანობას. მონარეობაში გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. ფარას, რომელშიც 3000 ცხვარი შედიოდა, უნდა გაძღოლოდა 15-20 მწყემსი, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავდა მონარეების წევრთა რაოდენობას. 1000 სულზე ნაკლები ფარის გადარეკვა ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო, ხოლო ფარაში 3000 სულზე მეტი ცხვარი ფარის გაძღოლას აძნელებდა. მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოებაც, რომ ასეთ მრავალრიცხოვან ფარას ემატებოდა დაახლოებით 50-60 ცხენი, 20-30 სახედარი, 80-100 თხა.

XIX ს-ის ბოლოს-XX ს-ის დასაწყისში მონარეობა ძირითადად ტერიტორიულ-მეზობლურ გაერთიანებას წარმოადგენდა. მონარეების ორგანიზაცია აპრილიდან, ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ იწყებოდა. გაერთიანებულ მონარეებს შორის ისეთ პირს, რომელსაც გააჩნდა მეცხვარეობის ორგანიზაციის დიდი გამოცდილება, იცოდა ცხვრის გადასარეკი მარშრუტები, ერკვეოდა საძოვრების ავკარგიანობაში და ა.შ. ბინის თავად - სარქლად ირჩევდნენ. მას ევალებოდა ცხვრის გადარეკვის ორგანიზაცია და შემდეგ საძოვარზე ყოფნის პერიოდში მუშაობის ხელმძღვანელობა.

საძოვრებზე მონარეებს შორის შრომა განაწილებული იყო. გამოყოფილი იყო მესაწველავე (მეწველი საქონლის მწყემსი), ასევე, მებატკნე, მეთოხლე, მებერწე, მებინავე. ამ უკანასკნელს შეშისა და წყლის მიტანა და ბინის დასუფთავება ევალებოდა. ყველის დამზადება სარქლის მოვალეობას შეადგენდა. მას მეკოდე ეხმარებოდა. სარქალი გამოჰყოფდა ბარგობად გასაგზავნ მწყემსებსაც, რომელთაც კვირაში ერთხელ ყველი ცხენებით ბარში უნდა გადაეზიდათ და უკან დაბრუნებისას მარილი და სხვა სურსათი ამოეტანათ. მონარევენი შემოსავალს მეწველი ცხვრის რაოდენოდის მიხედვით იყოფდნენ. ასევე, ხარჯებსაც (მარილი, ხალი, მგზავრობის დროს გზების და ხიდების შეკეთება და სხვა) ცხვრის რაოდენობის მიხედვით ინაწილებდნენ.

სექტემბრის ბოლოდან მეცხვარეები საზამთრო საძოვრებისკენ იღებდნენ გეზს. ზამთრის საძოვრებზე გადასვლისთანავე მონარეობა იშლებოდა. მონარეობის საზამთრო გაერთიანებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმ მეცხვარეებთან, რომლებიც ცხვარს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. როგორც საზაფხულო საძოვრებზე ცხვრის გადარეკვას, ასევე იქიდან დაბრუნებას საგანგებოდ აღნიშნავდნენ.

მონარეობა დამყარებული იყო თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, რასაც მისი წევრების საქონლის დაახლოებით თანაბარი რაოდენობა განსაზღვრავდა. გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ტრადიციული ფორმის პარალელურად XIX ს-ის II ნახევარში სოფლად კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთადჩნდება და მნიშვნელოვან ადგილს იჭერს დიდფარიან მეცხვარეთა მეურნეობები, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მწყემსების მხრიდან, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ დაეცვა წვრილი მეპატრონეები დიდფარიან მეცხვარეთაგან. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ყველა თემი ცდილობდა საძოვრის გადასახადი ცხვრის რაოდენობის მიხედვით გაენაწილებინა, რითაც აიძულებდა დიდფარიან მეცხვარეებს შეემცირებინათ თავისი ფარები.

ლიტ.: . აზიკური. შრომის ორგანიზაციის ფორმები თუშეთის მეცხვარეობაში. მსე, XX,თბ;1981; . ბოჭორიძე. თუშეთი, თბ;1993
Харадзе Р. Л. Грузинская семейная обшина Т. Б. 1960
. .

მონდავი//მანდავი - 1. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში გავრცელებულ მარტივ სახვნელებთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ფორმა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მიწათმოქმედების პატარა მასშტაბები განსაზღვრავდა ხვნასთან დაკავშირებულ შრომის ორგანიზაციის მარტივ ხასიათს. ხვნის დროს შრომითი გაერთიანების სიმარტივეს ხელს უწყობდა აგრეთვე იქ გავრცელებული მარტივი აგებულების სახვნელი იარაღი და მისთვის საჭირო გამწევი ძალისა და მუშახელის მცირე რაოდენობა. ამ მიზეზების გამო ხშირ შემთხვევაში ოჯახი დამოუკიდებლად ხნავდა მიწას, მით უმეტეს, რომ XX ს-ის დასაწყისშიც იქ გადმონაშთის სახით შემორჩენილი იყო საოჯახო თემი (დიდი ოჯახი).

მაღალმთიან ზოლში (ხევსურეთი, თუშეთი, ხევი) იქ გავრცელებული მარტივი სახვნელებით (კავწერა, კავის ტიპის სახვნელები, რომლებშიც ერთი უღელი გამწევი ძალა იბმოდა; მუშახელს შეადგენდა 2 წევრი - მხვნელი და მეხრე) ხვნისას დგებოდა შრომითი გაერთიანება ორ ოჯახს შორის. ეს იყო არაეკვივალენტური ურთიერთდახმარება - აუცილებელი იყო გამწევი ძალით თანაბარი მონაწილეობა. ხვნა-დღეების განაწილება არ იყო რეგლამენტირებული. თითოეულ ოჯახს უხნავდნენ იმდენს, რამდენიც მას სჭირდებოდა.

შედარებით დაბალ ზოლში გავრცელებული უფრო განვითარებული სახვნელებით (ფშაური აჩაჩა, მთიულეთ-გუდამაყარში მოქმედი ორხელა. გამწევი ძალა - 2 უღელი ხარი, მუშახელი - 2 ადამიანი) ხვნისას მონდავი იყო ეკვივალენტურ ურთიერთობაზე დამყარებული შრომითი გაერთიანება - მანდავის წევრები ერთმანეთთან დღეების თანაბარ რაოდენობას მუშაობდნენ, მათი ამ გაერთიანებაში თანაბარი მონაწილეობის (იარაღით, გამწევი ძალით, პირადი შრომით) საფუძველზე.

პირველად ის მიწა უნდა მოეხნათ, რომელიც „საწინაო“ იყო. სამუშაო დღის განმავლობაში საქონელს ერთხელ უშვებდნენ უღლიდან. ეს დრო ემთხვეოდა სამხარს. საქონლის საკვები, ჯერი და თესლი იმ ოჯახიდან მიჰქონდათ, ვისი მიწაც იხვნებოდა. მინდორში ჭამა ორჯერ იყო მიღებული სადილი და სამხარი. ვახშმობდნენ იმის სახლში, ვისი მიწაც იხვნებოდა იმ დღეს. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ქალი მემინდვრეობასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოში იღებდა მონაწილეობას. ხვნის დროს შრომა განაწილებული იყო ქალებსა და კაცებს შორის. ჯერის, თესლისა და საქონლისათვის ჩალის წაღება ქალების მოვალეობას შეადგენდა. მონდავში მეხრეებად როგორც ქალი, ისე კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუშეთში ქალი მხვნელის მოვალეობასაც ასრულებდა. ქალის მონაწილეობა ხვნაში განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო თუშეთისათვის, სადაც სამიწათმოქმედო საქმიანობა ქალის კომპეტენციაში შედიოდა და სადაც საერთოდ ქალის შრომის სფერო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში. ხვნა-თესვასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს. უქმე დღეებსა და კვირაობით მუშაობა აკრძალული იყო. შაბათს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ. კვირა-უქმის „შენახვას“ გლეხები მკაცრად იცავდნენ არა მარტო ხვნის, არამედ სხვა სამუშაოების დროსაც წესის გამტეხს ხალხი რისხავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უქმე დღის გატეხისათვის ოჯახი მოუკვეთიათ. სამუშაო დღეს რომ სოფელში ვინმე გარდაცვლილიყო, ხვნას შეაჩერებდნენ.

ტერმინი მონდავი//მანდავი, გარდა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა, ცნობილი იყო აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ბარის იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურად ხდებოდა მთიელთა ჩამოსახლება.

XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში მონდავი//მანდავი არ იყო შეპირობებული ნათესაური კავშირით. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს სიტყვა (მონდავი//მანდავი) აღნიშნავს როგორც შრომით გაერთიანებას, ასევე ძმათა ცოლებს, მეტყველებს შრომით გაერთიანებაში ადრე არსებულ ნათესაურ პრინციპზე.

2. ძმათა ცოლები (თუშ. ქსნ. ხ.), 3. ხატის მსახური, დასტური (ფშ.).

ლიტ.: Геладзе Т. Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987.
. .

მონი (ლაზ.) - ნიჟარებისგან გაკეთებული მძივი, რომელსაც ლაზი მეზღვაურები განსაკუთრებულ მაგიურ ძალას ანიჭებდნენ.

მორგვი//ბორბალი - აქ: თიხის ჭურჭლის დასამზადებელი ხელსაწყო. საქართველოში ჭურჭლის დასამზადებლად დღეისათვის ორგვარი კონსტრუქციის მორგვი გამოიყენება, პირველი, უფრო ძველი და პრიმიტიული - „ხელის მორგვი“ და მეორე, უფრო განვითარებული „ჩარხი“, ანუ „ფეხის ჩარხი“. ხელის მორგვი შედგება მრგვალი დისკოსაგან (მორგვის თავი ანუ მორგვი), „სამფეხისა“ (მორგვის ფეხისა) და „ჭიჭლაკის“, ანუ „მორგვის ძუძუსაგან“. ჭიჭლაკზე მორგვის თავია ჩამოცმული და ხელის ან ფეხის შეხებით ორივე მიმართულებით მოძრაობს. მორგვის ძირი და თავი კოპიტის ან ნიგვზის ხისაგან მზადდება, ჭიჭლაკი კი ბზისაგან. სამეთუნეო საქმეში მორგვის გამოყენებამ სრული გადატრიალება მოახდინა. ეს იყო ტექნიკური პროგრესი, რომლის დროსაც ხელოსანს შესაძლებლობა ეძლეოდა ორივე ხელი ჭურჭლის ამოყვანა-შენებისათვის გამოეყენებინა. მორგვის გამოყენებამ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა და შესაძლებლობა მისცა მას დაემზადებინა თხელკედლიანი, ერთგვაროვანი და სიმეტრიული თიხის ჭურჭელი, გაიზარდა აგრეთვე გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. ცნობილი არქეოლოგის, გ. ჩაილდის შეხედულებით, მორგვის გამოყენებით მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად იქცა.

0x01 graphic

ლიტ. . ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949.
. .

მოსართავი - ტყავისაგან დამზადებული, „უნაგირის მოსაჭირებელი“ (საბა). მოსართავებისათვის ტყავს ყუთუღში დაამუშავებდნენ და შემდეგ შუფრით (დანა) ზოლებად დაჭრიდნენ. სამეგრელოში მოსართავებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მკეთებელი ხელოსნები არსებობდნენ, მეუნაგირეებიც ამზადებდნენ. ერთი ხარის ტყავი ყოფნიდა ხუთი უნაგირის მოსართავს. ტყავს 4 ნაჭრად ჭრიდნენ, წყალში რეცხავდნენ, შემდეგ (დარაბა//სახელოსნო) სპეციალურ ხელსაწყოში - ბაჭაჭყაში დაჭიმავდნენ, ძროხის ქონით დაამუშავებდნენ და ზელდნენ. ამის შემდეგ თბილ წყალში გარეცხავდნენ, გააშრობდნენ და ისევ ბაჭაჭყაში გაასწორებდნენ. ასე დამზადებულ ტყავის საუკეთესო ნაწილს მოსართავებად, ხოლო სხვა ნაწილებს ლაგმისა და ბუდნებისათვის ხმარობდნენ. მოსართავი რამდენიმე სხვდასხვა დანიშნულების თასმაა. საჭირო იყო სამი მოსაჭერი - წინა, შუა და უკანა. წინა მოსართავი ცხენის აღმართზე ასვლის დროს უნაგირს იცავდა უკან დაცურებისაგან. შუა-ბალიშს კეხზე ამაგრებდა, ხოლო უკანა - დაღმართზე ჩასვლისას წინ წაცურებისგან იცავდა. მოსართავები უნაგირზე ორი მხრიდან მაგრდებოდა- ცხენის მარცხნივ ბალთებით იკვრებოდა, ხშირ შემთხვევაში ვერცხლის ნაწილები ჰქონდა.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
.

მოსასხამი - აქ: ხევსური ქალის ერთგვარი ტიპის სამოსი. მძივებითა და ჟღარუნებით შემკული, ცრუსახელოებიანი მოსასხამი. ხევსურული ტალავარის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, გამოიყენებდნენ სადღესასწაულოდ.

0x01 graphic

0x01 graphic

მტევანი - აქ: საფლავის ქვებზე გამოსახული მტევნები, როგორც ნაყოფისა და ნაყოფიერების სიმბოლო. ქრისტიანული სიმბოლიკით მტევანში განსახიერებულია მაცხოვრისა და წამებულ წმინდანთა სისხლი, ასევე მორწმუნის ნაყოფიერი მოღვაწეობა.

0x01 graphic

. .

მტკაველი - უძველესი სიგრძის საზომი. დამოწმებულია დაბადების ქართულ თარგმანში. სულხანსაბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით მტკაველი არის „ცერი და ნეკი გაჭიმული“. ლეჩხუმში მტკაველით მიწის ხნულის სიღრმესაც ზომავდნენ. რაჭაში სახვნელი კავი ზომით 10 მტკაველი მაინც უნდა ყოფილიყო. ადლის სისტემაში მტკაველი მის მეოთხედ ნაწილს შეადგენდა. XVIII ს-დან მტკაველის ნაცვლად უფრო ხშირად იხმარებოდა ჩარექი, რომელიც ასევე ადლის მეოთხედი ნაწილი იყო.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
..

მუზარადი - თავდასაცავი საჭურველის სახეობა. გამოიყენებოდა ბრძოლის დროს თავდაცვის მიზნით. არქეოლოგიური მასალის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს მუზარადები, ხოლო გვიან საუკუნეებში მას რკინისა და ფოლადისაგან დამზადებული მუზარადები ცვლის. შუა საუკუნეების საუკეთესო ქართული მუზარადები საქართველოდან ევროპაში გაიტანეს მუზეუმის უცხოელმა თანამშრომლებმა. გვიანფეოდალური ხანის ქართული საბრძოლო თავსაბურავები ძირითადად ოთხი სახისაა-ჩაჩქანი (ჯამის ფორმის), კვერცხისებური მუზარადი, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი. ქართული მუზარადები დამზადებულია ფოლადისაგან, კვერცხისებური თავსაბურავი ბოლოსკენ წაწვეტებულია და მთლიანობაში ძაბრისებულ ფორმას ღებულობს, წვერი უმეტეს შემთხვევაში ოთხწახნაგა შუბისპირით ბოლოვდება. ზედაპირზე უმეტესად გამოსახულია სხვადასხვა ორნამენტები და ვარდულები. მუზარადს წინა მხარეს აქვს საცხვირე (ცხვრის დასაცავი), რომელიც საჭირო მდგომარეობაში ხრახნის საშუალებითაა მიმაგრებული. მუზარადზე უკანა მხარეს, ყურებისა და კისრის დასაცავად, გარშემო დამაგრებულია ჯაჭვის მჭიდროდ ნაქსოვი ბადე (ზარადი). მუზარადს შიგნიდან გამოკრული ჰქონდა ნაბადი, ვინაიდან შიშვლად რკინის დაფარების შემთხვევაში, შესაძლოა მოწინააღმდეგის დარტყმა მებრძოლისათვის სავალალო შედეგით დამთავრებულიყო. მეომრები სვამდნენ გამარჯვების სადღეგრძელოს დამარცხებულთა მუზარადით. ხშირად მტრის მუზარადი ეკლესიისათვის შეუწირათ. მუზარადი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მას საბოძვრად, საჩუქრადაც გამოიყენებდნენ (იხ. აბჯარი). გარდა ამისა, საქართველოში წარჩინებული ვაჟკაცი იარაღის ხარისხითაც ფასდებოდა, „მანუჩარმა... ოქროიანი მუზარადი თავს დაირქვა“ ან „ლიპარიტის... ოქროთ მოჭედილსა ფარსა მისგან და მუზარადისა მიერ სხივნი სცვიოდენ ვითარცა მზისა მიერ“ და სხვ.

0x01 graphic

ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში, ხალხურ პოეზიასა და წერილობით წყაროებში უფრო ნაკლებად გვხვდება ტერმინი „მუზარადი“. ქართველები მას უმეტესად „ჩაჩქანს“, ასევე „ჩაფხუტსა“ და „ჩაბალახს“ უწოდებენ. მაგ.: „ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი“ ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“ და სხვ.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი (ჩაჩქანი), სსმმ XIX-A XX-B, 1957.
. .

მუთაქა - საბან-საწოლის ელემენტი, ნაჭრის ან მოქნილი ტყავისაგან შეკერილი, რომლის შიგთავსი იყო ბუმბული, თივა, ბამბა, იკერებოდა თავისა და ბალიშქვეშ ამოსადებად.

0x01 graphic

მუჟირა//მუჯირა (სვ.რაჭ.) - მუჟირა წარმოადგენს შვინდის ხის კეტს რომლის სიგრძე 150 სმ-მდეა (დ-3სმ-მდე). ერთ ბოლოში დამაგრებულია რკინის „წვეტი“ (საკუთრივ მუჟირა), ხოლო მეორე ბოლოში ხელის მოსაკიდებელი ქანჩა აქვს გაკეთებული (ან ბუნებრივად შეზრდილი), უფრო ზუსტად ეს ბოლო ორკაპა სახეს ატარებს. მუჟირა მონადირეებისათვის მეტად საჭირო იარაღია: უპირველეს ყოვლისა, იგი სანდო საბჯენია კლდოვან ადგილებში სიარულის დროს, შეუდარებელი იარაღია ყინულიან ქარაფზე საფეხურების ამოსაკვეთად, ძალიან კარგად ასრულებს მაგარი საყრდენის ფუნქციას თოფისთვის სროლის დროს, ასევე დაჭრილ ნადირთან ხელჩართულ შეხვედრისას სასიკვდილო იარაღს წარმოადგენს გამოცდილი მონადირის ხელში. სვანეთში ბავშვების სხვადასხვა სახის სათამაშოთა შორის მუჟირას მიზანში სროლაც არის დამოწმებული, რაც იმის დასტურია, რომ მუჟირა ოდესღაც სასროლ იარაღადაც ყოფილა გამოყენებული.

0x01 graphic

ლიტ.: ალ. რობაქიძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში, 1941.
. .

მუჟუჟი - ძმრითა და ნივრით შეზავებული ღორის მოხარშული ფეხები.

მუჟღუნდი//ჭიაფერა - ერთგვარი საღებავი, რომელიც მზადდებოდა ხის ჭიისაგან. ასეთი ჭია ჩვეულებრივ ბუდობს მრავალწლიან მცენარეებზე. განსაკუთრებით მუხაზე. ამ მწერებს აგროვებენ, ახმობენ, შემდეგ ფქვავენ და აყენებენ საღებავს. ჭიაფერში შეღებილი ქსოვილები ძოწეულის სახელით იყო ცნობილი.

. .

მურყვამ- (სვან.) - კოშკი. ქვის მრავალსართულიანი თავდასაცავი და სამეურნეო ნაგებობა. ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, რომ კოშკების მშენებლობა შრომატევადი იყო და 2-3 წელიწადს მაინც გრძელდებოდა. კოშკის ასაგებად საჭირო ყოფილა 9 საკირის გამოწვა. საშენ მასალად გამოიყენებოდა რიყისა და კლდის ქვა. რიგ შემთხვევაში ფიქალი, დუღაბად კირი და ქვიშა. სართულებისათვის ცალკე ამზადებდნენ საგანგებო ხსნარს, რომელიც ჩვეულებრივი დუღაბისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას უმატებდნენ რძეში შეზავებულ ჭვავის ფქვილს, რაც კედელს აქცევდა მტკიცედ და თეთრ-მოყვითალო ფერსაც აძლევდა.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

სვანური კოშკები მოცულობით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი საერთო სიმაღლე 25-35 მეტრია. კოშკები არის ოთხკუთხოვანი, კვადრატის ფორმისა (4X4; 5X5მ) და სიმეტრიულად მაღლა აზიდული. კოშკი უმეტესად 5-6 სართულს მოიცავს. გვხვდება 4-5-სართულიანიც. ამ უკანასკნელი რიგის კოშკებს პირველ სართულში აქვთ დილეგი („ლამტყვირ“), რომელსაც შესასვლელად პატარა კარი აქვს. მომდევნო თითოეულ სართულს, ერთიმეორეზე დადგმული ოთხკუთხა ოთახები აქვთ, თითოეულში ასასვლელად ჭდეებიანი კიბეა გამოყენებული. ბოლო სართული დამშვენებულია ქონგურებით, კუთხიდან კუთხემდე სამ-სამი და იშვიათად ორი პატარა სარკმლით. კოშკის რიგ სართულებზე დატოვებულია საისრე-სათოფური ხვრელები, რომლებიც გარედან ვიწროა და მაღალი, შიგნით კი ფართო. კოშკების სახურავი ორქანობიანია და ფიქალი ქვით ან ყავრით არის გადახურული.

კოშკებს, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი - საბრძოლო და საყარაულო (სადარაჯო) მნიშვნელობა ჰქონდა. სვანებს თავის დროზე კარგად შეეძლოთ კოშკიდან ისრის ტყორცნა და თოფით სროლა, კოშკის ზედა სართულიდან კი ქვის დაშენა. 1876 წელს, როდესაც რუსის ჯარს წინააღმდეგობა გაუწია სოფ. ხალდეს მცხოვრებლებმა, კოშკებს ზარბაზნები დაუშინეს. ბ. ნიჟარაძის (რომელიც ამ ამბების მოწმე იყო) გადმოცემით, ზარბაზნებმა ვერაფერი დააკლო მათ. ხოლო როდესაც ლაღუმი ჩაუდეს ოთხივე კედელში და ააფეთქეს, რამდენიმე მათგანი დაუნგრევლად, ძირიანად წამოიქცა მიწაზე.

კოშკის დამცველებს შეეძლოთ თვეობით გაეძლოთ მტრის ალყისთვის, რასაც ხელს უწყობდა კოშკებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბების და საცხოვრებელი სახლებიდან კოშკში შესასვლელი კარების არსებობა. კოშკების მე-2 და მე-3 სართულზე ჩაკირული ქვევრები და კიდობნები გამოიყენებოდა წყლისა და სურსათ-სანოვაგის შესანახად.

კოშკს ოჯახი საყოფაცხოვრებო თვალსაზრისითაც იყენებდა. იქ ზაფხულში ინახავდნენ პროდუქტებს და იძინებდნენ კიდეც.

სვანეთში დღემდე დაცული 200-ზე მეტი კოშკისა და ნაკოშკარის უმეტესი ნაწილი XI-XII საუკუნეებშია აშენებული, ხოლო მათი მშენებლობის საწყისი ეტაპი კი VI-VII საუკუნეების ბიზანტიურ წერილობითი წყაროებით დასტურდება.

ფეოდალური ხანის ვრცელ პერიოდში სვანეთში ქვითკირით საცხოვრებელი სახლებისა და გამაგრებული ციხეების მშენებლობა მაღალ დონეზე მდგარა. კოშკის ადრინდელ საწყის ფორმად მიჩნეული ციხე-სახლი (კოშკიანი საცხოვრებელი სახლი) ბოლო დრომდე შემოინახა უშგულის ეთნოგრაფიულმა ყოფამ.

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

მუსანდარა - ლოგინის დასაწყობი, რომელიც მოწყობილია გრძელი და ფართო ტახტის ბოლოში.

მუშა - ჯოხი, რომელიც იხმარებოდა ულოთი (ძნის შესაკრავი დაგრეხილი სველი ნამჯა) ძნის შესაკრავად. მზადდებოდა მაგარი ჯიშის ხისგან. სიგრძე უდრიდა დაახლოებით 50 სმ-ს, სიმსხო-2-2.5 სმს. მისი ერთი ბოლო კონუსური წვერით თავდებოდა. წვერთან ახლო მცირე ჭდე ჰქონდა გამოყურთმაჯების დროს ნასკვის გასამართავად. მუშის საშუალებით ძნის შეკონვა რამდენადმე ჩქარდებოდა და ხელიც არ ზიანდებოდა.

ლიტ.: .ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან. თბ; 1960
. .

მუში (ხევს.) - ცაცხვის ხის ქერქისგან დაწნული საბელი. გაზაფხულზე, როცა ხეს წყალი ჩაუდგება, ააძრობენ ქერქს, შედარებით ნაზ კანს წყალში ჩაალბობენ და 20 დღის განმავლობაში ამყოფებენ. შემდეგ დარბილებულ ქერქს ძაფებად დაშლიან, მერე საბრუნავზე დაახვევენ და დაამზადებენ თოკებსა და საბლებს. ხევსურები სალაყბოზე, საერთო მუსაიფისას ამზადებდნენ მუშს. მათი დაწნული მუშის საბელი კარგი გამძლეობით გამოირჩეოდა

ლიტ.: . ჩაჩაშვილი, ხალხური მეურნეობის ისტორიიდან ხევსურეთში, მსე VII, 1955.
. .

მუშტა - თერძების იარაღი, ტყავის გასასწორებელი, უტარო, თავიანი მეტალის ნივთი (ძირითადად თითბრისა და ხისა), რომელიც ხელოსანს მუშტში უჭირავს და მისი მრგვალი და ფართო თავით ტყავის დაჭმუჭნულ ნაწილებს ნელი დარტყმით ასწორებს.

0x01 graphic

მუჭეული//მჭელეული - ნამჯა, რასაც მკელი ერთი ნამგლის გამოსმაზე მუჭაში დაიჭერს და მომკის, იგივეა, რაც ხელეური (იხ.)

მუჭუ (სვან.) - კოვზი რქისა, საწვნე კოვზის მსგავსი. მზადდებოდა ხარის რქისაგან. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში კოვზს ყოჩის რქისგანაც ამზადებდნენ. ამ კოვზებს ძირითადად მეცხვარეები ხმარობდნენ. 3-5 წლის ყოჩის რქას გაათბობდნენ ცეცხლზე და დანით გათლიდნენ. ერთი რქიდან ხშირ შემთხვევაში ერთი კოვზი გამოჰყავდათ. თუ რქა დიდი იყო, მაშინ შუაზე გახერხავდნენ და ორ კოვზს გათლიდნენ. რქის კოვზებს იყენებდნენ მაწონში სახმარად, ერბოს ან კარაქის ამოსაღებად, არაჟნისა და ნაღების მოსახდელად. დმანისის ნაქალაქარზე აღმოჩენილია XII საუკუნის რქის კოვზები, რომლებიც მთლიანი რქისაგან არის გამოთლილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხის ფონდში რქის კოვზების მრავალფეროვანი კოლექციაა დაცული.

ლიტ.: . სონღულაშვილი, ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიიდან, 1964. . კერესელიძე, ძვლის ნივთების კატალოგი, 1974.
. .

მუხლსაფარი - თუში ქალის წინსაფარი. მასალად გამოიყენებოდა ხავერდის ფერადი ნაჭერი, ასევე ქიშმირი, სკლატი (მაუდი) ან ფერადი ფარჩა (კუბოკრული „ტვინო“ ან „ჭრეკუ“ აბრეშუმი). ქალის წელიდან ბოლომდე დაშვებული მუხლსაფარა შედგებოდა კალთისაგან - (ბოლო), რომელიც ნაკეცებით ან ნაოჭით იყო მიწყობილი და ჩამაგრებული „სათაურაში“. სათაურაზე გამობმული ნაჭრის ზონრებით - „ყურები“ შეიკვროდა. ხშირად დასარჩულებული (უფრო აბრეშუმისა) იყო. მუხლსაფარას ბოლოზე მოსართავად აკერებდნენ „ჩოთქს“ ან ოქრომკედის გრეხილის ზორნაკს ან ყაითანს. საგანგებოდ მორთული და კარგი მასალისაგან დამზადებული მუხლსაფარა თუში ქალის ჩაცმულობის გალამაზებას ისახავდა მიზნად.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, თუშეთი, 1993. . ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრებ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
..

მუხურო (ლეჩხ.) - კუთხის ქვა. ორ მხარეს სწორად გათლილი, დაგონიავებული. ქვის სისწორეში ოდნავი ცდომილება კედელს „ბრუნდად წაიყვანს“, ამიტომ ქვის გამართვა, მისი დამუხუროება ქვითხუროობაში რთული პროცესია და ვინც მას არ ფლობს ქვითხუროდ არ ჩაითვლება.

ლიტ.: .ნადირაძე, ხალხ. ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
..

მუჯურო//კვიტიტი//ქვევრის სკამი - ქვევრის კეთებისას მისი ქვედა ნაწილის - ქუსლის

ჩასადები ხის სკამი. ჭურის კეთებისას, როცა მას ერთ მტკაველ სიმაღლეზე აიყვანენ, მორგვიდან გადმოირებენ და ჩადებენ მუჯუროში, გარკვეულ სიმაღლემდე მუჯუროში მიმდინარეობს ქვევრის შენება, შემდეგ კი მიწაზე სრულდება.

..

მშვილდი - საბრძოლო და სანადირო იარაღი, ისრის სასროლი. საქართველოში უხსოვარი დროიდან იცნობდნენ მშვილდ-ისარს, ხოლო ადრებრინჯაოს ხანაში, ხმარებაში ყოფილა როგორც დიდი (ადამიანის სიმაღლე), ასევე პატარა ზომის მარტივი და შედგენილი მშვილდები. ამ პერიოდიდან მოყოლებული XV-XVI სს-მდე, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ფართო ხასიათს მიიღებდა, მშვილდ-ისარი წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ არბალეტთან ერთად. თუმცა თოფის გამოგონების შემდეგაც მშვილდი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას. ეს იარაღი მეომრებს საშუალებას აძლევდა ბრძოლა ეწარმოებინათ 150-200 მეტრამდე რადიუსში, თუმცა რეალურად ეფექტური დისტანცია 50-100 მეტრი იყო. შუა საუკუნეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. თურქული, მონღოლური, ინგლისური და სხვა სახეობების მშვილდები. ყველაზე შორსმსროლელს თურქული შედგენილი მშვილდები წარმოადგენდა, რომელთა სარეკორდო მაჩვენებლებიც 500-800 მეტრზე ადიოდა, მაგრამ ეს ამ იარაღის „სპორტული“ მაჩვენებელია და არა საბრძოლო. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული თურქული და მონღოლური მშვილდები, თუმცა ადგილობრივადაც მზადდებოდა.

0x01 graphic

ქართული მშვილდები, მათი დამზადების მასალის მიხედვით ორი ძირითადი სახისაა: მარტივი (ხის) და შედგენილი (ხე, რქა, ძვალი, ლითონი). მშვილდი კეთდებოდა ადამიანის გაშლილი მკლავების სიგრძე, მარტივი მშვილდი შედგება ხის ტოტის და მის ორივე ბოლოზე მიმაგრებული დაწნული თოკისაგან, რომელსაც ხევსურეთში „საბამი“ ეწოდებოდა. საბამი ჩვეულებრივ რქოსანი საქონლის ტყავისაგან ან ნაწლავებისაგან მზადდებოდა, გამოიყენებდნენ მცენარეულ ბოჭკოსაც, უკანასკნელ ხანს ამ მიზნით დაწნულ კანაფსაც ხმარობდნენ.

მშვილდი უფრო ხშირად შოთხვის, თხილის, იფნისა და დგნალისაგან მზადდებოდა. სამშვილდეს ერთი კვირა გამოაშრობდნენ, შემდეგ გამოსაყვანად დებდნენ ნაკელში ან ცხენის მჩორეში ერთი-ორი კვირით. ზოგი მას ალუდის (ლუდის) სახარშ ქვაბში ხარშავდა, ზოგიც არყის ბუყში (ბუყი - არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალი). გამოხარშვის შემდეგ გააცლიდნენ ქერქს და შუაში „სახელურას“ დაუტოვებდნენ. შემდეგ გოზანებს (გოზა - სახელურასა და კილონს შორის ადგილი) გვერდებს ჩაუთლიდნენ ელასტიკურობისთვის და ბოლოში გაუკეთებდნენ სამკუთხა ფორმის ჭდეებს, რომელსაც „კილონი“ ეწოდებოდა. კილონი საბამის დაჭიმვას ემსახურება. საბამი მშვილდის ერთ ბოლოში მკვიდრადაა დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი აქვს გამონასკვული, რომლის საშუალებითაც ხდება მშვილდის „ჩამოყრა“ ან დაჭიმვა.

მარტივი მშვილდის კატეგორიაში ერთიანდება ერთი მერქნისაგან დამზადებული მშვილდები, რომელთაც გაიარეს ან არ გაუვლიათ მუშა მდგომარეობაში მოყვანამდე სხვადასხვა დამუშავება (ნაკელში, მჩორეში, ლუდში, ბუყში და სხვ), მათ რიცხვში შედის აგრეთვე ისეთი მშვილდები, რომელთა გოზანების გასაძლიერებლად დახვეული აქვს ტყავი, ნაწლავი, ლითონის მავთულები ან სხვა სარტყელები (ასეთ მშვილდებს ზოგიერთი მკვლევარი რთული მშვილდების კატეგორიაში განიხილავს). მარტივ მშვილდებს, საბას განმარტებით, „ბზაკალი“ ეწოდება.

შედგენილი მშვილდის კატეგორიაში ერთიანდება ისეთი მშვილდები, რომლებიც შედგება სხვადასხვა მასალისაგან (ჩანართებისაგან - ძვალი, რქა, რკინა, ხე და სხვ). ამ მხრივ საინტერესოა ვახუშტის ცნობა გუდამაყრელთა შესახებ: „მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან“. საბას განმარტებით, რქისაგან დამზადებულ მშვილდს აჯის მშვილდი ეწოდებოდა. ამავე კატეგორიას განეკუთვნება ორი ან სამგოზა მშვილდებიც.

საყურადღებოა აგრეთვე საქართველოში ჯიღა მშვილდების არსებობაც, საბას განმარტებით - „ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ-ისართა. რა ნადირნი გავლიან, შესძრავს, დასხლტება, მოჰკლავს“, ე.ი. ჯიღა მშვილდი, მახე მშვილდია.

მშვილდს მხარზე ან მხარიღლივ გადაკიდებულს ატარებდნენ, არსებობდა აგრეთვე მშვილდის „შთასადებელი“ რომელსაც - „ხილიფა“ ეწოდება, ხოლო საისრეს ისრის ქარქაში - „კაპარჭი“.

მშვილდის მოზიდვის თავისებურებათა თვალსაზრისით, სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ექვსი სხვადასხვა წესი: მარტივი, მეორეული, მესამეული, ხმელთაშუაზღვისპირული, მონღოლური და ვუტეს წესი, ხოლო საქართველოს ეთნოგრაფიული მასალის, კერძოდ თუშური მონაცემების მიხედვით დადგენილია მშვილდის მოზიდვის შემდეგი ვარიანტები: 1. წიკუთ მოწევა; 2. უბრალოდ მოწევა; 3. მჯიღით მოწევა; 4. ჯიგვური და 5. მუჯუგნით მოწევა. ამათგან ქართული წიკუთ მოწევა, ჯიგვური და მუჯუგნით მოწევა საერთოდ უცნობია ზოგადი მშვილდის მოზიდვის კლასიფიკაციისათვის.

ლიტ.: . ელაშვილი, მშვილდოსნობა, 1959. . მარგიშვილი, შუა საუკ-ის სამხედრო ხელოვნება და საქ-ლოს სამხედროპოლიტიკური ისტორია IX-XV სს. ნაწილი I. 2008.
..

მშვილდ-ისარი (ხევს.) - აქ: საბავშვო მშვილდი, რომელსაც აკეთებენ შოთხის ან არყის ხისგან. ისარი ეკლისაა. მშვილდს მუშის (ცაცხვის ხის ლაფანი) ან კანაფისგან დაწნულ საბამს გაუკეთებენ. საბამი მშვილდს ერთ მხარეს მუდმივად აქვს გამობმული. მეორე მხარეს კი თავისუფალია და როცა დაჭიმვა სურთ, მაშინ დაამაგრებენ მეორე თავზედაც. ასეთ მშვილდს ხევსურები გამოიყენებენ ბავშვთა სავარჯიშოდ. ცომისგან გამომცხვარ ვაცის ფიგურას დადგამენ შორს და ავარჯიშებენ ბავშვებს. ვინც პირველ ისარს მოარტყამს, პურის ვაციც მას დარჩება.

. .

მცხაჯი - ბადის საქსოვი იარაღი, რითაც კამბალას საჭერი ბადე იქსოვება.

მძივი - სამკაულის ტიპი. ერთ ძაფზე აცმული და ყელზე ჩამოსაკიდებელი. ამზადებდნენ ვერცხლის, ოქროს, ჭიქის, ბროლის, თიხის, პასტის, ქვის მასალისაგან. ძვირფასი ლითონისაგან მძივების დამზადებისას ოქრომჭედლები იყენებდნენ თითქმის ყველა ხერხს: ჭედვა, რჩილვა, გრანულაცია, ფილიგრანი და სხვა. მძივებს ამზადებდნენ ისეთი ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან, როგორიცაა: ამეთვისტო, სერდოლიკი, აქატი, ონიქსი, ოპალი, აკეთებდნენ მარჯნის, მარგალიტის და მინის მძივებსაც. საქართველოში ძალზე პოპულარული იყო გიშრის მძივების დამზადება, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - ოკრიბაში, ამ ხელობას სულ ცოტა ძვ. წ. VII ს-დან მისდევენ. ქართული გიშერი და გიშრის ნაწარმი უცხო ქვეყნებში გაჰქონდათ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. მძივი ძალზე გავრცელებული სამკაულია. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი მძივები ძვ. წ. XIX-XVIII საუკუნეებით თარიღდება. გიშრისა და სერდოლიკის მძივებს ავი თვალისგან დაცვის თვისება მიეწერებოდათ.

0x01 graphic

ლიტ.: . გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
. .

მწვადი - შემწვარი ხორცის სახეობა. „ლუკმა-ლუკმა“ დაჭრილ ხორცის „ჩირებს“ აასხამენ შამფურზე და მარილმოყრილს ნაკვერჩხალზე ატრიალებენ. კარგ მწვადს უნდა ჰქონდეს ჭენჭი (საბა), მწვეთი (გუდ. მთ.), მცვარი (ერწო), (აქედან: „ცვრიანი მწვადი“ - შეწვის დროს მწვადიდან განადენი ქონის წვეთები). სუფრაზე შამფურით მიიტანენ და ხელით ჩაცლიან ჯამებში. იციან აგრეთვე, ნაცარ-ნაღვერდალში შეწვა. ხორცის შეწვის ეს მარტივი ხერხი ადამიანთა მოდგმისთვის საერთოა და ალბათ, ამიტომაც მწვადს თითქმის ყველა ერი თავის ეროვნულ კერძად მიიჩნევს. ნანადირევის მწვადების შეწვა ადგილზე, სიპზე სცოდნიათ, ან „დეკას“ ფოთოლს დაანაცრებენ, დეკის ტარისგან შამფურს გააკეთებენ და შეწვავენ. კახელები წალმის ნაკვერჩხალზეც წვავენ.

. .

მჭედლობა - ხელოსნობის დარგი. ქართველი არქეოლოგებისაგან დადასტურებულია, რომ 3500 წლის წინ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანი იცნობდა რკინას, თუმცა მან ჯერ კიდევ არ უწყოდა ამ მადნისაგან მაგარი შენადნობის გაკეთება. ძვ.წ. Vს. საქართველოში უკვე რკინა-ფოლადის დამუშავება მაღალ დონეზეა. მსოფლიო მელითონეობის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველური მოდგმის ტომებმა: ხალიბებმა, მოსხებმა, ტიბარენებმა, თუბალებმა, მაკრონებმა და მოსინიკებმა. მელითონეობის დიდი ცენტრები არსებობდნენ მტკვრის ხეობაში, სვანეთში, ჭოროხის ხეობაში, შავიზღვისპირეთში, რომელსაც ბერძნები პონტოს უწოდებდნენ. ინგლისელი მეცნიერი, მეტალების ისტორიის ერთი დიდი სპეციალისტი, ფორბსი თვლიდა, რომ „საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენას - ფოლადის აღმოჩენას დასაბამი მიეცა პონტოში“. ამავე დარგის მეორე დიდი მეცნიერი ეიჩისონი მივიდა დასკვნამდე, რომ „ადამიანის მიერ რკინის დამზადების ხელოვნება პირველად ჩაისახა და განვითარდა ხალიბების მიერ“. თავად ბერძნები საუკეთესო რკინას ახლაც „ხალიბოს“ ეძახიან. ამავე ტომებმა მიაგნეს, გადაამუშავეს და გააუმჯობესეს კალის, თითბირის, სპილენძის, ვერცხლის, ტყვიისა და ოქროს მეტალები. სპილენძისა და ბრინჯაოს სახელწოდება ევროპულ ცნებაში შევიდა მოსინიკების (ფუძე მეს) მიხედვით, რომელნიც ევროპელი მეცნიერების, კარპენტიესა და პშევორსკის აზრით, „სპილენძ-ბრინჯაოსა და თითბირის პირველხარისხოვანი მწარმოებლები იყვნენ მთელს მსოფლიოში“. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ მსოფლიოს უდიდეს წიგნში - ბიბლიაში, ქართველთა ეთნარქი თუბალი დასახელებულია, როგორც რკინისა და რვალის მჭედელი. ქართული არქეოლოგიური აღმოჩენები ყველა ამ შეხედულებას დოკუმენტური სიზუსტით ადასტურებს.

ისტორიული განვითარების პროცესში მჭედლობა მოიცავდა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ხელობას - რკინა-მჭედლობას, მესპილენძეობას, ოქრომჭედლობას, ნალბანდობას. მჭედლობის როგორც დარგის ჩამოყალიბება-განვითარებისათვის აუცილებელია სათანადო ნედლეულის ბაზა. საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება ამ დარგის სხვადასხვა ინტენსივობით არსებობა თითქმის ყველა რეგიონში.

ფეოდალურ ხანაში ლითონის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამჭედლო საქმე ვითარდებოდა და ფუნქციონირებდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაბამისად. ხელოსნობის ეს დარგი შრომატევადია, მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ტექნიკური პროცედურების თანმიმდევრობაში სიზუსტეს, ნედლეულით უზრუნველყოფას. დარგის განვითარება პერიოდულად ფერხდებოდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო. XVII-ს-ში ერეკლე მეორემ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები დარგის ასაღორძინებლად. (ახტალის და ალავერდის მადნების დამუშავება და სხვ), რაც 1795 წელს აღა-მაჰმადხანის შემოსევის შემდეგ კვლავ შეწყდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ იყო ცდები მელითონეობის აღდგენისა, მაგრამ ამას ფართო მასშტაბები არ შეუძენია. მიუხედავად ამისა, მჭედლობა როგორც ხელოსნობის დარგი, განაგრძობდა არსებობას როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.

საქართველოში რკინა-მჭედლობის დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიულ დონეზე მიუთითებს სპეციალიზაცია-დიფერენციაციის არსებობა. აქ გამოიყოფა: საძიებო საქმის მწარმოებელი - მაძიებელი, მადნეულის ხარისხის შემმოწმებელი (ამომცნობი), საბადოდან გამოტანილი მარაგის „გამოწველის“ (მინარევებისაგან გათავისუფლება) მწარმოებელი, მზიდავი, მკმაზავი (ვინც ამზადებს მასალას ბრძმედში ჩასაყრელად), მბერავი (საბერველთან მომუშავე), მეუროე (ვინც ამტვრევს მადანს), მენახშირე (ნახშირის დამამზადებელი), მჭედელი (მთავარი ფიგურა, ნაწარმის დამზადებას), გამსაღებელი.

მჭედლის სამუშაოს მთელი ციკლი მოიცავს რამდენიმე საფეხურს და ცალკეულ პროცესს: მადნის გამოხურება, გახურებული მადნის დაწურვა, ნაწური რკინის გადადუღება, ხალასი რკინის დაკერვა, საჭედური რკინის „დაგვარება“ (სასურველი ნივთის ზომისა და ფორმის შესაბამისი რკინის ჩამოჭრა ზოდიდან), გამოჭედილი საგნის წრთობა. მჭედლობა საქართველოში შინამრეწველობის ხასიათს ატარებდა. მჭედლობას, როგორც ხელოსნობის დარგს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თავისი ორგანიზაციული ფორმა ჰქონდა. აქ არსებობდა მჭედელთა ამქარი თავისი სტრუქტურითა (ოსტატი, შეგირდი, ქარგალი) და ატრიბუტებით (დროშა, ფირი), დღესასწაულებით, წეს-ჩვეულებებით (ოსტატად დალოცვა, ქარგლის ხელდასმა).

ხელოსნობის აღნიშნული დარგის სიძველეზე მეტყველებს რკინასთან, მჭედელთან და სამჭედლოსთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები (რკინის ნივთი - როგორც ავი თვალისაგან დამცავი და ბოროტი ძალების საწინააღმდეგო საშუალება, გრდემლი, კვერი, მარწუხი - საკულტო საგნები. დიდ ხუთშაბათს გრდემლზე კვერის დაკვრა და სხვ).

მჭედლობის უძველესი კულტურა, რომელიც სათავეს იღებს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან დღემდე არ შეწყვეტილა და თუმცა შესუსტებულად, აქა-იქ კიდევ განაგრძობს არსებობას. რკინის საგნების ცხელი ჭედვით მკეთებელი ხელოსანი. მჭედელი საქართველოში რამდენიმე სახელით არის ცნობილი: მჭედელი (იმერეთში), „რკინაში ჭკადუ“ (სამეგრელოში), „ბერეჯმშკიდ“ (სვანეთში), „დემურჩი“ (ახალციხეში). მჭედლები ჭედდნენ და აწრთობდნენ როგორც საბრძოლო, ისე სამეურნეო იარაღებს.

სამეურნეო იარაღებია: სახნისი, დანა, ნაჯახი, წალდი, თოხი, ნამგალი, გაზი, ორხელი, ნაჭა, სამფეხი, ხაფანგები, ე.წ. „აბდანი“ ანუ „აბუდანი“ ცხენისათვის, გარეული ცხოველისათვის. მჭედლის პირველი ნახელავი ნაჯახისა და თოხის ყუა იყო, ბოლო კი „ნაჭა“ და ცხენის ბორკილი. ნაჭის გამოჭედვა ერთგვარ გამოსაცდელ ნაშრომს წარმოადგენდა მჭედლის ცხოვრებაში. მჭედლის დალოცვა ოსტატის მიერ საქართველოში ხდებოდა გრდემლთან, სადაც შესთხოვდნენ 363 ხელობის უფროსსსოლომონს, რომ ახალ ოსტატს ხელი მომართვოდა მომავალ საქმიანობაში. მჭედლები მუშაობდნენ ქალაქებში, დაბებში, სოფლებში. ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მათ, როგორც მაგიური ძალის მქონე რკინის დამმორჩილებლებს, ხალხი პატივს მიაგებდა. თვით მჭედლები წმინდად იცავდნენ სამჭედლოსათან დაკავშირებულ რიტუალებს, შაბათ დღეს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ, გრდემლზე სანთელს დაანთებდნენ და კვერის რამდენიმე დარტყმით ლოცვას ასრულებდნენ. სამჭედლოში გრდემლი წმინდა ადგილად ითვლებოდა. სოფლად თუ რაიმე ცუდი ამბავი მოხდებოდა, დამნაშავეს გრდემლთან დასწყევლიდნენ. ხალხის რწმენით, ამგვარი წყევლა აუცილებლად ასრულდებოდა.

ლიტ.: . რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. .რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
..
. .

მხალი - ზოგადი სახელია საჭმელად ვარგისი ისეთი ბალახ-ბაღჩეულობისა, როგორიცაა ისპანახი, ჭარხალი, ჭინჭარი, სატაცური, ღვალო, მჟაუნა, ჯიჯილაყა, დანდური, არჯაკელი, კალნაბი, კეჟერა და ა.შ. ხევში მას ხიმხალს, თუშეთში საწებელს, ხოლო იმერეთში ფხალს უწოდებენ. მცენარეული კულტურის ეს სახეობა ზოგი უმად იჭმევა, ზოგი მოთუშულ-მოხარშული, მათგან ამზადებენ შეჭამანდს, ურთავენ პურში (მხლოვანები), ახმობენ საზამთროდ გალებად დაწნულს, იყენებენ სამკურნალოდ. მხალეული განსაკუთრებით მარხვის პერიოდში მოიხმარებოდა. ბალახეულით კვება გავრცელებული იყო ბერ-მონაზვნობაში და მისი მიმდევრები „მძოვრებად“ მოიხსენებოდნენ. მხალი და მხალეული ომიანობისა და მოუსავლიანობის დროს ძირითადი საკვების შემცვლელს წარმოადგენდა.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქ-ში. 2007.
. .

მხარი - სიგრძის საზომი ერთეული, პირველად მოიხსენიება „დაბადების“ ქართულ თარგმანში. მხარი საკმაოდ გავრცელებული საზომი იყო საქართველოს ყველა კუთხეში, რაზეც მეტყველებს X-XIX სს-ის წერილობითი წყაროები. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, მხარი 4 წყრთას შეადგენდა, რაც საშუალოდ 2 მეტრს უდრის. XIX ს-ის ბოლოს მხარი, როგორც მიწის საზომი, საჟენმა შეცვალა, რაჭა-ლეჩხუმში მხარი უდრიდა ორი გაშლილი ხელის სიგრძეს-8-10 მტკაველს. კახეთში ვენახის გასაზომად დღესაც გამოიყენება ე.წ. მხრის გაშლა, რაც საშუალო კაცის ორივე გაშლილი ხელის სიგრძეს უდრის, ზომაში დაახლოებით 170 სმ-ია. სამეგრელოში მხარის შესატყვის ტერმინად დამოწმებულია „ორგია“.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969. . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
..

მხერვალი - ნაოსნობასთან დაკავშირებული ძველი ქართული ტერმინია და აღნიშნავს ხომალდის მესაჭეს, „ნავის მავლინებელს“ (საბა).

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.

მხრალი//ხრილი - ნორჩი ხის ქერქი, თოკად იწვნება.