The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ხა
დოკუმენტის ნახვა ხბ
დოკუმენტის ნახვა ხდ
დოკუმენტის ნახვა ხე
დოკუმენტის ნახვა ხვ
დოკუმენტის ნახვა ხთ
დოკუმენტის ნახვა ხი
დოკუმენტის ნახვა ხლ
დოკუმენტის ნახვა ხმ
დოკუმენტის ნახვა ხნ
დოკუმენტის ნახვა ხო
დოკუმენტის ნახვა ხრ
დოკუმენტის ნახვა ხს
დოკუმენტის ნახვა ხტ
დოკუმენტის ნახვა ხუ
დოკუმენტის ნახვა ხშ
დოკუმენტის ნახვა ხც

ხი

 

ხიაბანი მოჰამედ - თავრიზის აჯანყების (1920 წ) ხელმძღვანელი ირანში (1880-1920 წწ).

ხიბლარი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (მელაურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 939 კაცი.

ხიბლი (სპარს.)

1) ჯადო, გრძნება.

2) (გადატანით) მომხიბლაობა, მიმზიდველობა.

ხიგუანი - ქალაქი ჩინეთის გრანმის პროვინციაში.

ხიდა - უღელტეხილი მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სვანეთ-აფხაზეთის ქედზე.

ხიდარი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ბორიმელის ნაპირებზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 16 კილომეტრი. წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის 50-იან წლებში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1010 კაცი.

ხიდაშელი შალვა - ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1911-1994 წწ).

ხიდგაღმა - ხიდის გაღმა, ხიდის იქით.

ხიდეთური - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიცეულის მარჯვენა შენაკადი.

ხიდეშლები - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხიდეშლებისწყალი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ხიდი

1) ნაგებობა მდინარეზე, ხევზე და მისთანებზე გადასასვლელად.

2) საქსოვი დაზგის, ავტომობილის და სხვათა სიმეტრიულ ნაწილთა შემაერთებელი ლარტყა.

3) ფოცხის ნაწილი, რომელზედაც ასხმულია კბილები.

4) ოქროს ან ფოლადის თამასა, რომელზედაც მიმაგრებულია ხელოვნური კბილები.

5) ქვევრის მხრებში ჯვარედინად ჩადგმული შინდის ჯოხები (მაჭრის დუღილის დროს ჭაჭის შესაკავებლად).

6) (ყოფილი სუმაჭხო) - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (მათხოჯის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 250 მეტრი, ხონიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი. სოფელში შემორჩენილია, მდინარე ცხენისწყალზე გადებული ე.წ „ბუმბუას“ ხიდი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, თითქოს აუგია რომაელ სარდალს პომპეუსს (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ხიდიკარი - სოფელი აბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხიდისთავი

1) ხიდის დასაწყისი, ხიდის ყური.

2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

3) (ყოფილი ოცხანა) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ხიდისყური - სოფლები კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ხიდმაღალა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ხიდოთანი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი განშტოება.

ხიდურა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ხიდური - პატარა ხიდი.

ხიდქვეშ - ხიდის ქვეშ.

ხიდწინა - ხიდის წინ არსებული.

ხიელანი ალექსანდრ ლანგე - იხილე კიელანი ა.ლ.

ხიერულფი ჰალფდან - კიერულფი ჰ.

ხივა - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში (40 ათასი).

ხივილი

1) ერთობლივი ხმიანობა (ჩიტებისა).

2) იგივეა, რაც ხუილი.

ხიზა - იგივეა, რაც ხეზი.

ხიზაბავრა - სოფლები ასპინძის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

ხიზამბარელი დათა - უძლეველი ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, შეუპოვრობით, იშვიათი ოსტატობით (1849-1874 წწ).

ხიზანაშვილი დავით - ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები (1860-1916 წწ).

ხიზანაშვილი ნიკოლოზ - იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1851-1906 წწ).

ხიზანაშვილი ნოდარ - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1971-73), თბილისის „დინამოსა“ (1973-82) და ქუთაისის “ტორპედოში” (1983). სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში - 165. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ-ს ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1976). იყო თბილისის „ლოკომოტივის“ (1986), „სამტრედიისა“ (1993) და ბოლნისის „სიონის“ (1994-96) მთავარი მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

ხიზანი (სპარს.)

1) დროებით სხვას შეკედლებული პირი (მტრის შემოსევის ან ავადმყოფობის გავრცელების დროს).

2) მემამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.

ხიზანისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარცხენა შენაკადი.

ხიზარუხა (ყოფილი ნეძონა) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ხიზი - გაბზარული თიხის ჭურჭლის საგლესი - ბამბის და დანაყილ-გაცრილი თიხის ნარევი ცვილში ან თხის ქონში მოდუღებული.

ხიზილალა (თურქ.-სპარს.) - თევზის ქვირითი, საჭმელად გამზადებული.

ხიზნები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.

ხიზნობა - ხიზნად ყოფნა; ხიზნის მდგომარეობა.

ხითხითა - ვისაც ხითხითი სჩვევია.

ხითხითი - ხმადაბალი სიცილი.

ხითხურო - იგივეა, რაც ხურო.

ხიი - შეძახილი ხარის, კამეჩის უკან დასახევად ან გვერდზე მისაყენებლად.

ხილა - მდინარე აშშ-ში, მდინარე კოლორადოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1040 კილომეტრი).

ხილაბანდი (სპარს.) - ქალის თავის წასაკრავი სამკუთხედი ქსოვილი.

ხილარი - თაფლიანი ფიჭა.

ხილდერიკ I - ფრანკთა მეფე (გარდაიცვალა 481 ან 482 წელს).

ხილეული - სხვადასხვა ხილი.

ხილეულობა - იგივეა, რაც ხილეული.

ხილვადობა

1) ხილვადის თვისება.

2) ხილვის, დანახვის შესაძლებლობა.

ხილთა ქება - ძველ ქართულ მწერლობაში გავრცელებული პოეტური ჟანრი, რომელიც ერთგვარად ენათესავება გაბაასებას (სპარსული - მუნაზარე).

ხილი - ზოგი მცენარის საჭმელად ვარგისი ნაყოფი (ჩვეულებრივ ტკბილი და წვნიანი).

ხილიაზმი - იხილე ქილიაზმი.

ხილიანა (1976 წლამდე - კუდო ხილიანა) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.

ხილ ი კარასკო ენრიკე - ესპანელი მწერალი (1815-1846 წწ).

ხილ ი სარატე ანტონიო - ესპანელი დრამატურგი (1793-1861 წწ).

ხილიჭამია ხელფრთიანები (Megachiroptera) - ძუძუმწოვრების ქვერიგი ხელფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-40 სმ. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ჩრდილოეთით ეგვიპტემდე, მცირე აზიამდე და სამხრეთ იაპონიამდე. კარგად აქვთ განვთარებული მხედველობა და ყნოსვა. ქმნიან დიდ კოლონიებს.იკვებებიან უმთავრესად ტროპიკული მცენარეების ნაყოფით, წვრილი ფორმები — ნექტრით და ყვავილის მტვერით. ზოგჯერ ყველა ხილიჭამია ხელფრთიანებს მფრინავ ძაღლებსაც უწოდებენ.

ხილკალო - ადგილი, სადაც მოკრეფილ ხილს აგროვებენ.

ხილკვარა (ხილიკვარა) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარცხენა შენაკადი.

ხილნარი - ხეხილის ბაღი.

ხილობა - ხილის შემოსვლა.

ხილოკი

1) ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

2) მდინარე იმიერბაიკალისპირეთში, მდინარე სელენგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 840 კილომეტრი).

ხილ რობლესი ხოსე მარია - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1898-1980 წწ).

ხილსაცავი - ხილის შესანახი სათავსი.

ხილსახმობი

1) ხილის სახმობი მანქანა.

2) სათავსი, სადაც ხილს ახმობენ.

ხილული - რისი დანახვაც შეიძლება; მხედველობისათვის მისაწვდომი.

ხილფაფა - ხილისაგან შაქრით მოხარშული ფაფისებური მასა.

ხილ ხილბერტი ენრიკე - ეკვადორელი მწერალი (1912-1973 წწ).

ხილხული - სხვადასხვა ხილი; ხილეული.

ხიმანი - ფანდი, შარი.

ხიმე - ძელის ღობე; წყვილ-წყვილად ჩასობილ სარებს შუა ირიბად ჩაწყობილი ძელები.

ხიმენეს დე კესადა გონსალო - ესპანელი პოეტი და პროზაიკოსი (1500-1579 წწ).

ხიმენეს დე სისნეროსი ფრანსისკო - იხილე სისნეროსი ფ.

ხიმენესი ხუან რამონ - ესპანელი პოეტი, 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1881-1958 წწ).

ხიმინჯებიანი - ხიმინჯებზე აგებული, დაყრდნობილი.

ხიმინჯი - ნიადაგში (ჩვეულებრივ მდინარის ფსკერზე) ჩასმული ძელი ნაგებობის საყრდნობად.

ხიმკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (135 ათასი).

ხიმრიკი - მთა და უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ხიმუსი - იხილე ქიმუსი.

ხიმსა (ხიმსულა)

1) მთა, მყინვარი და უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

2) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარცხენა შენაკადი.

ხიმში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხიმშია (ხამშა) - თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ფეოდალი.

ხინალუღები (ხინალუღელები) - აზერბაიჯანის ყუბის რაიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი.

ხინასტერა ალბერტო - არგენტინელი კომპოზიტორი (1916-1983 წწ).

ხინგა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი.

ხინთიბიძე არკადი - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1898-1963 წწ).

ხინიკაძე მურად - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1912- ).

ხინკალა - ღომის, ფეტვის ან ბრინჯის წვნიანი შეჭამანდი.

ხინკალი - დაკეპილი ხორცი (კარტოფილი, ხაჭო....) პურის ცომში გახვეული და მოხარშული.

ხინკლიანი - რაშიც, რაზედაც ხინკალია.

ხინო

1) მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (2598 მეტრი).

2) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

3) ქალაქი იაპონიაში, შედის ტოკიოს აგლომერაციაში (170 ათასი).

ხინოწმინდის საეპისკოპოსო - გურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია; დაარსდა XV საუკუნის მიწურულს.

ხინჩაგაშვილი შოთა - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა რუსთავის „მეტალურგსა“ (1968-69) და თბილისის „დინამოში“ (1970-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში - 241. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ-ს ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ოთხგზის მესამე (1971, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ-ს თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1970, 80). იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი (1986). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1951 წელს).

ხინჭები

1) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის საკრებულო). მდებარეობს ხინჭების მთის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი საგარეჯოდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

2) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში (სიმაღლე - 1500 მეტრი).

ხინჭებისხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

ხინჯი - ნაკლი, ზადი, მანკი.

ხინჯიანი - ხინჯის მქონე.

ხიო - იგივეა, რაც ხიი.

ხიოჭი - გამხდარი, მჭლე.

ხიპიხაპა - ქალაქი ეკვადორის მანაბის პროვინციაში.

ხიჟდეუ (ჰაშდეუ) ალექსანდრე - მოლდაველი მწერალი (1811-1874 წწ).

ხირაგანა (იაპონ.) - იაპონური ანბანის ერთ-ერთი გრაფიკული ფორმა (ორიდან). თითოეული ასო წარმოადგენს ომონიმური იეროგლიფის შემოკლებას გაკრული ხელისათვის.

ხირალი (ხირალ პერეირა) ხოსე - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, ემიგრაციაში მყოფი რესპუბლიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი 1945-47 წლებში (1879-1962 წწ).

ხირარდოტი - ქალაქი კოლუმბიის კუნდინამარკის დეპარტამენტში.

ხირაუშა

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო). გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხულას (ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.

2) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხულას მარჯვენა შენაკადი.

ხირგის-ნური - ტბა მონღოლეთში.

ხირიმი - იგივეა, რაც ყირიმი.

ხირიმული - იგივეა, რაც ყირიმული.

ხირკა - მთა გაგრის შემოგარენში, არაბიკის მასივზე.

ხირომანტია - იხილე ქირომანტია.

ხირონ დე რებოლიედო ანა - ესპანელი პოეტი ქალი (XVI საუკუნე).

ხირხალი

1) ძელური ღობე.

2) ჭიშკარში გაყრილი გრძელი ლატანი.

ხირხატი - ქვიანი და ქვიშიანი ნიადაგი.

ხირხატისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარჯვენა შენაკადი.

ხირხიტო (ხირხიტონი) - წიწაკითა და მწვანილეულით შენელებული ნიგვზის შეჭამანდი.

ხირხონისი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხისო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდინარე ხისოსწყლის (თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1750 მეტრი. ახმეტიდან - 88 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ხისოს ალაზანი - იხილე ხისოს წყალი.

ხისოსწყალი (ხისოს ალაზანი, ჭანჭახოვნისწყალი) - მდინარე თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2495 მეტრ სიმაღლეზე (სიგრძე - 19,6 კილომეტრი, აუზის ფართობი - 123 კვ.კმ.).

ხისტი - ხეშეში, ხმელი, ხამი.

ხიტალიშვილი ზაქარია - გვარდიის პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1986 წწ).

ხიტიაევა ლუდმილა - რუსი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1930 წელს).

ხიტოლოვა ვერა - ჩეხი კინორეჟისორი და სცენარისტი ქალი (დაიბადა 1929 წელს).

ხიტონი - იხილე ქიტონი.

ხიტრუკი თედორე - რუსი რეჟისორ-მულტიპლიკატორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

ხიფა - ხელის გაჭიმულ თითებზე ამოხვეული ძაფი; პატარა შულო.

ხიფათგამოვლილი - განსაცდელს გადარჩენილი.

ხიფათი (არაბ.) - ფათერაკი, განსაცდელი, საფრთხე.

ხიფათიანი - რასაც ხიფათი ახლავს.

ხიფაღალი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

ხიფთანი (სპარს.) - გრძელკალთიანი ზედა სამოსი მამაკაცისა, აბჯრის ქვეშ ჩასაცმელი.

ხიფსთა

1) (თეთრწყალა) მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე (2494 მეტრი).

ხიში - იგივეა, რაც ჯინჯილო.

ხიშტაკი - იგივეა, რაც ბარტყი.

ხიშტი (სპარს.) - წვეტიანი საძგერებელი იარაღი, ჩვეულებრივ თოფის ლულაზე წამოცმული.

ხიშტიანი

1) რასაც ხიშტი აქვს გაკეთებული.

2) ხიშტით (ხიშტიანი თოფით) შეიარაღებული.

ხიჩატელი - ველური ხილი; უხეირო ხილი.

ხიჩინი (ხიცინი) - იგივეა, რაც ღიტინი.

ხიჩი-ხიჩი - იტყვიან ყელის გამოჭრაზე, დაკვლაზე.

ხიწვი - ხის წვეტიანი ანახეთქი (ეკალივით).

ხიწიწი - დუმის ან ღორის ქონის გადადნობის შემდეგ დარჩენილი ნახრაკი.

ხიჭაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ხიჭვი - იგივეა, რაც ხიწვი.

ხიხათა

1) მთა ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, რაჭის ქედზე.

2) (შქმერის უღელტეხილი) - უღელტეხილი ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, რაჭის ქედზე.

3) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხიხანისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარცხენა შენაკადი.

ხიხაძირი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ხიხვი - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში.

ხიხია - ბავშვის ენაზე - ცუდი რამ, რის პირში ჩადებაც არ შეიძლება.

ხიხინი - ხრინწიანი ხმა ფილტვებში (სუნთქვის დროს).

ხიხონი - ქალაქი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ოვიედოს პროვინციაში (260 ათასი).

ხიხოტი - მწირი, უნაყოფო ადგილი.