The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ქა
დოკუმენტის ნახვა ქბ
დოკუმენტის ნახვა ქე
დოკუმენტის ნახვა ქვ
დოკუმენტის ნახვა ქი
დოკუმენტის ნახვა ქლ
დოკუმენტის ნახვა ქმ
დოკუმენტის ნახვა ქნ
დოკუმენტის ნახვა ქო
დოკუმენტის ნახვა ქრ
დოკუმენტის ნახვა ქს
დოკუმენტის ნახვა ქტ
დოკუმენტის ნახვა ქუ
დოკუმენტის ნახვა ქშ
დოკუმენტის ნახვა ქც
დოკუმენტის ნახვა ქხ

ქი

 

ქია-ქია წაღება - გაცამტვერება.

ქიაზმოდონი - ღრმა წყლის თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა.

ქიაჩელი ლეო (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ შენგელაია) - მწერალი (1884-1963 წწ).

ქიბროწაშვილი ანზორ - მოჭიდავე (ძიუდო, 93 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 65) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1939 წელს).

ქივქივი - კოხტა სირბილი, ხტომით სიარული.

ქიზიყი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, მდინარეების -ივრისა და ალაზნის -ქვემო წყლის აუზში (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები).

ქილა (არაბ.)

1) ცილინდრული ჭურჭელი.

2) რაც ასეთ ჭურჭელში ჩავა.

3) მარცვლეულის, ფქვილის საწყაო, უდრის ერთ ფუთს (იციან იმერეთსა და გურიაში).

4) იგივეა, რაც მასრა.

ქილიაზმი (ბერძნ.) - რელიგიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც ქვეყნის აღსასრულის წინ დედამიწაზე იქნება ათასწლიანი „ღვთის სუფევა“; დამახასიათებელია ადრეული ქრისტიანობისთვის.

ქილიასტები - ქილიაზმის მიმდევრები.

ქილიკი

1) ხუმრობა, ოხუნჯობა; დაცინვა.

2) ხუმარა, ოხუნჯი.

ქილილა და დამანა - ერთი ჩარჩოთი შემოფარგლული, ლექსნარევი პროზით დაწერილი არაკების კრებული. ყველაზე ადრინდელ წყაროდ მიიჩნევენ ახ.წ.აღ. II-IV სს ინდოეთში შექმნილ ძეგლს „პანჩატანტრას“. ქართული თარგმანი შესრულდა ჯერ კიდევ XII საუკუნეში, საბოლოო ვერსია შექმნა სულხან-საბა ორბელიანმა 1717 წელს.

ქილისი - ქალაქი თურქეთის გაზიანთეფის ვილაიეთში.

ქილიში - დირე, რომელზედაც სახლის იატაკია დაგებული.

ქილუსი (ლათ.) - რძისფერი სითხე (რძეწვენი), რომელიც მოიპოვება ნაწლავების ლიმფის სადინარებში.

ქიმერა

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლომისთავიანი, თხისტანიანი და დრაკონის კუდიანი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული.

2) შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნებაში ფანტასტიკური არსების (ურჩხულის) სკულპტურული გამოსახულება.

3) (გადატანით) განუხორციელებელი ოცნება.

4) ზოოლოგიაში -ზღვის ერთგვარი ხრტილოვანი თევზი.

ქიმერული - განუხორციელებელი.

ქიმი - გამოშვერილი, წაწვეტებული ნაწილი რისამე.

ქიმია - საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა ატომურ აგებულებას და ერთი ნივთიერების გარდაქმნას სხვა ნივთიერებად.

ქიმიათერაპია - ინფექციური დაავადების მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით.

ქიმიზაცია - ქიმიის მიღწევათა ყოველმხრივი გამოყენება, ქიმიური პროცესებისა და უახლესი ქიმიური მასალების დანერგვა მეურნეობის ყველა დარგში.

ქიმიკალიები - ქიმიური წარმოების პროდუქტები, ქიმიური პრეპარატები.

ქიმიკატები - იგივეა, რაც ქიმიკალიები.

ქიმიკოსი - ქიმიის სპეციალისტი.

ქიმიური - ქიმიასთან დაკავშირებული, რასაც ქიმია სწავლობს.

ქიმუნჯი - ქიმუნჯებსა სცემს (ჰკრავს, უთავაზებს...) -მუშტებს სცემს.

ქიმუსი (ბერძნ.) - თხელი ფაფისებრი მასა ნაწლავებში. წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი წვენების მოქმედების შედეგად.

ქიმწმენდა

1) ქიმიური წმენდა (ტანსაცმლისა).

2) სახელოსნო, სადაც ტანსაცმელს იღებენ ასეთი წმენდისათვის.

ქინაქინა - თეთრი ფხვნილი მწარე გემოსი; იხმარება ციებ-ცხელების სამკურნალოდ.

ალ-ქინდი აბუ იუსუფ იაკუბ იბნ ისჰაკ - არაბი ფილოსოფოსი და სწავლული (VIII საუკუნის დასასრული - 860-სა და 879-ს შორის).

ქინთი - საარყე ტიკჭორა.

ქინოლინი - ორგანული ნაერთი; მოიპოვება ქვანახშირის ფისში. გამოიყენება როგორც გოგირდის, ფოსფორის გამხსნელი და სხვა.

ქინონი - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა, მოოქროსფრო-ყვითელი კრისტალური ნივთიერება; ჩვეულებრივ ანილინის დაჟანგვით მიიღება.

ქინქლა - ძალიან პატარა მფრინავი მწერი; მუმლი.

ქინქლაძე გიორგი - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის „მრეტებში“ (1990-92), „დინამოში“ (1992-93, 94-95), „ზაარბრიუკენში“ (გერმანია, 1994), „მანჩესტერ სიტიში“ (ინგლისი, 1995-98), „აიაქსში“ (ჰოლანდია, 1998-99), „დერბი ქაუნთსა“ (ინგლისი, 1999-2003) და „ანორთოსისში“ (კვიპროსი, 2005-იდან). საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 95 მატჩი (50 გოლი). საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1993, 94, 95) და ორგზის თასის მფლობელი (1993, 95). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1993, 96). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 49 მატჩი (8 გოლი) (დაიბადა 1974 წელს).

ქინქლი - იხილე გინგლი.

ქინჩი - იგივეა, რაც ქეჩო.

ქინძათი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქინძარა (Bifora radians) - ქინძის მსგავსი სარეველა ბალახი; გავრცელებულია პურეულის ნათესებში.

ქინძი (Coriandum sativum) - მწვანილი ქოლგოსანთა ოჯახისა. ფოთოლს და თესლს ხმარობენ საჭმლის შესაკაზმად.

ქინძისთავი - ლითონის წვრილი, წვეტიანი ღერი; აქვს მრგვალი თავი; ხმარობენ რისამე დასამაგრებლად რამეზე. || ასეთი ღერი, რომელსაც ლამაზი თავი აქვს; იხმარება სამკაულად.

ქინძმარაული - წითელი ტკბილი ღვინო; აყენებენ საფერავისგან (ყვარლის მუნიციპალიტეტში).

ქინძმარი - წვრილად დაჭრილი ქინძითა და ძმრით მომზადებული საწებელი.

ქიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) ბორეასის ქალიშვილი, პოსეიდონის საყვარელი, ევმოლპოსის დედა.

2) მეფე დედალიონის ქალიშვილი, მომღერალი ფილიმონის დედა. იგი მოკლა არტემიდემ, რადგან საკუთარ თავს არტემიდეზე ლამაზად მიიჩნევდა.

3) პრიამოსის დედა.

ქიოსი

1) კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

2) ქალაქი-პორტი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქირა (არაბ.) - სასყიდელი სხვის რისამე გამოყენებისთვის, რამეთი დროებით სარგებლობისათვის.

ქირაჩ-მუღანლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ქირიქკალე - ქალაქი თურქეთის ანკარის ვილაიეთში

ქირმანი

1) ქალაქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (260 ათასი).

2) ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში.

3) ქირმანის შალი -ძველებური ძვირფასი მატყლის ქსოვილი, სახეებიანი (სპარსეთის ქალაქის მიხედვით).

ქირმანშალი - იგივეა, რაც ქირმანის შალი.

ქირმანშაჰი - იხილე ბახთარანი.

ქირომანტი - პირი, რომელიც ქირომანტიას მისდევს.

ქირომანტია (ბერძნ.) - მკითხაობა ხელისგულის ხაზების მიხედვით.

ქირონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბრძენი კენტავრი, გმირების -აქილევსის, კასტორის, პოლიდევკეს, იასონის და სხვათა მასწავლებელი.

ქირურგი - ქირურგიის სპეციალისტი, ექიმი, დასტაქარი.

ქირურგია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა ოპერაციის გზით მკურნალობის მეთოდებს. დასტაქრობა.

ქირქილი

1) ნელი ქროლა ნიავისა.

2) ჩუმი სიცილი.

ქირქუქი - ქალაქი ერაყში, თამიმის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქირწინა

1) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

2) მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, სერისხევის მარჯვენა შენაკადი.

ქისა (არაბ.)

1) პატარა პარკი (ტყავისა ან რაიმე ქსოვილისა) ფულის ან სხვა წვრილმანი ნივთები სთვის.

2) უხეში ქსოვილის თათმანი აბანოში ტანის გასახეხად.

ქისაქურექი ნეჯიფ ფაზილ (ნამდვილი სახელი და გვარი აჰმედ ნეჯიფი) - თურქი პოეტი (1905-1990 წწ).

ქისი - ძველი ქართული საღვინე ვაზის ჯიში; გავრცელებულია კახეთში.

ქისრიბა - მრავალწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; იგივეა, რაც ძიგვა.

ქისტანი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), მდინარე არღუნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -2080 მეტრი, დუშეთიდან -100 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

2) (ქისტანისთავი) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის (სუნჯის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. აგებულია იურული თიხაფ იქლებითა და ქვიშა ქვებით, შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით (სიმაღლე-3047 მეტრი).

ქისტანისთავი - იხილე ქისტანი.

ქისტაურა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ქისტაური - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 9 სოფელს: არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ქისტაური). ზღვის დონიდან -540 მეტრი, ახმეტ იდან -7 კილომეტრი, თბილისიდან -170 კმ. თელავიდან -27 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2284 ადამიანი.

ქისტები - კავკასიის ძირძველი ხალხი, განეკუთვნებიან ვაინახურ ტომებს. ძირითადად ცხოვრობენ საქართველოში, პანკისის ხეობაში. „ვეინახ“ ითარგმნება როგორც ,,ჩვენ ხალხი“. ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ ჩეჩენი, ინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტური დიალექტია. მჭიდრო ურთიერთობა ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება. უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საქართველოში, მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. ქისტებს უკავიათ მდინარე ალაზნის გასწვრივ სამი დიდი სოფელი: დუისი, ჯოყოლო და ომალო, 60-დან 120 კომლამდე თითოეულში და სამი ახალშენი: ხოროჯა, ჩხატანა და ქართაბუდე, 6-დან 12 კომლამდე თითოეულში. ამ ეროვნების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი თიანეთის მაზრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მთიელთა რესპუბლიკის საზღვართან. 2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7110 ქისტი.

ქისტური - ქისტების დამახასიათებელი, ქისტებთან დაკავშირებული.

ქიტინი (ფრანგ.) - ორგანული ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფეხსახსრიანთა გარეთა, მაგარი საფარველი.

ქიტონი (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთში -მატყლის ან სელის გრძელი პერანგი (იცვამდნენ მონები, გლეხები და ახალგაზრდა ქალები).

2) საბალეტო უსახელოო ტანსაცმელი, რომაული ტუნიკის მსგავსი.

ქიულთეფე (ქულთეფე) - ადრინდელ მიწათმოქმედ ტომთა (ძვ.წ.აღ III საუკუნე) გორანამოსახლარი ეჩმიაძინთან (სომხეთი).

ქიქინეთი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ქიქინი

1) ბზუილი, ზუზუნი.

2) ნელა ქროლა.

ქიქოძე გერონტი - მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1885-1960 წწ).

ქიქოძე შალვა - მწერალი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი (1894-1921 წწ).

ქიში (სპარს.) - ჭადრაკის თამაშში -ისეთი მდგომარეობა, როდესაც მეფეს მოწინააღმდეგის რაიმე ფიგურით ან პაიკით თავდასხმა ელის.

ქიშმირი - წმინდა შალის ქსოვილი.

ქიშმიში

1) ყურძნის უწიპწო ჯიში.

2) ამ ჯიშის ყურძნის მარცვალი, შემჭკნარი და გამომშრალი.

3) იგივეა, რაც ჩამიჩი.

ქიშპი - ჯიბრი, ცილობა, მეტოქეობა.

ქიცვი - ქერცლი (თევზისა).

ქიცვკუდა - ხვლიკების გვარი აგამისებრთა ოჯახისა.

ქიცინი - კუდის ქიცინი

1) კუდის ქნევა აქეთ-იქით.

2) (გადატანით) ლაქუცი, მლიქვნელობა.

ქიცუვათნა (ქიცვათნა) - ქვეყანა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულში, მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში, კილიკიის ზეგანზე.

ქიძინიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ქიწნისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.