The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ჭა
დოკუმენტის ნახვა ჭდ
დოკუმენტის ნახვა ჭე
დოკუმენტის ნახვა ჭვ
დოკუმენტის ნახვა ჭი
დოკუმენტის ნახვა ჭკ
დოკუმენტის ნახვა ჭლ
დოკუმენტის ნახვა ჭმ
დოკუმენტის ნახვა ჭნ
დოკუმენტის ნახვა ჭო
დოკუმენტის ნახვა ჭრ
დოკუმენტის ნახვა ჭუ
დოკუმენტის ნახვა ჭყ

ჭი

 

ჭია - მოგრძო რბილსხეულიანი უძვლო ცხოველი.

ჭიაბერი - XII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული, გიორგი III-ის უახლოესი ვასალი (გარდაიცვალა 1195 წელს).

ჭია-ბუჭყები - იგივეა, რაც ჭიაღუა.

ჭიათურა - ქალაქი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა - 13,8 ათასი (2002 წელი). მანძილი თბილისიდან - 220 კილომეტრი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები). ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები - შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები „ჯარბელა“, კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1921 წლიდან ისევ შორაპნის მაზრაშია, 1930 წელს მიენიჭა დამოუკიდებელი რაიონის სტატუსი, 1958 წელს ეწოდა ჭიათურის საქალაქო საბჭო, 1963-64 შედიოდა საჩხერის რაიონში, 1965 წლიდან კვლავ დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია.
- მდებარეობს იმერეთის მაღლობის ერთ ნაწილზე, მდინარე ყვირილის აუზში.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილო-აღმოსავლეთით - საჩხერის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ხარაგაულის, სამხრეთ-დასავლეთით - ზესტაფონის, დასავლეთით - თერჯოლოს და ტყიბულის, ჩრდილო-დასავლეთით - ამბროლაურის.
- რელიეფის თავისებურებებს საზღვრავს ჭიათურის პლატო და მდინარე ყვირილის შენაკადებით დაყოფილი ცალკეული პლატოები (ზეგნები), რომლებიც სამი მხრიდან ეროზიული ხეობებით არის შემოფარგლული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული რაჭის ქედის სამხრეთი კალთები.
- ფართობი - 542 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,7%).
- მოსახლეობა - 55 ათასი.
- სიმჭიდროვე - 102 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,6% ქართველია; 0,2% - რუსი; 0,05% - სომეხი; 0,03% - აფხაზი; 0,03% - ოსი.
1 ქალაქი - ჭიათურა
13 თემის საკრებულო: გეზრულის (2), ვაჭევის (4), ზოდის (4), ითხვისის (3), კაცხის (7), მანდაეთის (5), ნიგოზეთის (8), პერევისას (6), სარქველთუბნის (4), სვერის (3), ქვაციხის (4), წირქვალის (4), ხვაშითის (5) და 2 სოფლის საკრებულო: რგანი, ხრეითი.
- 61 სოფელი: ბეგიაური, ბიღა, ბჟინევი, ბუნიკაური, გუნდაეთი, დარკვეთი, დიდი კაცხი, ეწერი, ვაკევისა, ვანი, ვაჭევი, ზედა ბერეთისა, ზედა რგანი, ზედა ჭალოვანი, ზედუბანი, ზოდი, თაბაგრები, თვალუეთი, ითხვისი, კალაური, კაცხი, კვახაჯელეთი, მანდაეთი, მელუშეეთი, მერევი, მეჩხეთური, მორძგვეთი, მოხოროთუბანი, მღვიმევი, ნავარძეთი, ნიგოზეთი, პატარა ჩხირაული, პერევისა, რგანი, რცხილათი, საკურწე, სალიეთი, სარქველეთუბანი, სვერი, სკინდორი, ტყემლოვანა, უსახელო, ქბილარი, ქვაციხე, ქვედა ბერეთისა, ქვედა გეზრული, ქვედა ჭალოვანი, ღვითორი, შუა გეზრული, შუქრუთი, ცხრუკვეთი, წასრი, წინსოფელი, წირქვალი, წყალშავი, ჭილოვანი, ხალიფაური, ხვაშითი, ხრეითი, ჯოლხეეთი, ჯოყოეთი.

ჭიათურის პლატო - იმერეთის მაღლობის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი, სადაც კრისტალური სუბსტრატი თითქმის დაუნაოჭებელი მეზოზოურ-კაინოზოური ნალექების შრეებითაა დაფარული, მოქცეულია ჭიათურის, საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გადაკვეთილია მდინარეების ყვირილის, ძირულის ქვემო დინებების, დუმალის, საძალისხევის ხელმოსმულისა და სხვა ღრმა და ზოგან კანიონისებრი ხეობებით. პლატო დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკებ. დანაწევრების სიღრმე 30-350 მეტრის ფარგლებშია. ჭიათურის პლატოს აბსოლუტური სიმაღლე 300-900 მეტრია. ხეობებს შორის ოდნავ დახრილი, დატალღული ვაკეებია, კორბოულის აღმოსავლეთით ამართულია გორაძირის წყვილი ვულკანური კონუსი. ჭიათურის პლატოზე ბევრგანაა მეწყერები და კლდენაზვავები. ზედაცარცულ კირქვებში განვითარებულია კარსტული ძაბრები, მღვიმეები. აქ 100-ზე მეტი მღვიმეა აღრიცხული. მრავალ მღვიმეში აღმოჩენილია ქვის ხანის ნაშთები (დევისხვრელი, მღვიმევი, გვარჯილისკლდე, რგანი, ჯრუჭულა, სამგლეკლდე, ორთვალაკლდე, ძუძუაკლდე). საყურადღებოა აგრეთვე სვერის, ნიგოზეთის ბერევისისა და სხვა კარსტული მღვიმეები, ნიგოზეთის „ერდოებიანი დერეფანი“. პლატოზე ხემცენარეულობა უმეტესად განადგურებულია და მხოლოდ ხეობათა ციცაბო გვერდებზეა შემორჩენილი მეორადი ტყე-ბუჩქნარი.

ჭიაკოკონა

1) აღდგომის წინა ოთხშაბათს (ღამით) დანთებული კოცონი (კუდიანების დასაფრთხობად), რომელზედაც ხტებიან ხოლმე.

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი - იური ქავთარაძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: ლია ელიავა, მალხაზ ბებურიშვილი, გივი თოხაძე, დოდო აბაშიძე, კოტე დაუშვილი, ნოდარ ჩხეიძე, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ფირანიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მეგი წულუკიძე, გიგოლა თალაკვაძე.

ჭიაკოკონობა - უძველესი ქართული რიტუალი - ცეცხლით განწმენდის დღეობა, იმართება დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს.

ჭიალაშქარა - ორფრთიანი რიგის მწერის - კოღოლაშქარას - მატლი.

ჭიამაია (Coccinella) - პატარა, მრგვალი ხოჭო წითელი ან ყვითელი ფერისა, შავწინწკლებიანი ან თეთრლაქიანი; ანადგურებს მავნებლებს.

ჭიამარია - იგივეა, რაც ჭიამაია.

ჭიამკვდარი - სუსტი, უძლური.

ჭიანაწლავი (აპენდიქსი) - ბრმა ნაწლავის დანამატი.

ჭიანაჭამი - ჭიისაგან ნაჭამი, დაჭიანებული.

ჭიანი

1) რასაც ჭია აქვს გაჩენილი; რაც დაჭიანებულია.

2) ავადმყოფი, სუსტი. || საცოდავი, უვარგისი.

ჭიანური - ქართული ხალხური სიმებიანი-ხემიანი საკრავი.

ჭიანჭველა - პატარა მწერი სიფრიფანფრთიანთა რაზმისა.

ჭიატა - ციმციმა, ბრჭყვიალა.

ჭიატი - ღრუბლებიდან, ნისლიდან გამოშუქება.

ჭიაობა - ჭიად ყოფნა.

ჭიაურა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემის საკრებულო), კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1240 მეტრი, თიანეთიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

ჭიაურელი ბორის - მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (1916-2001).

ჭიაურელი მიხეილ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1974 წწ).

ჭიაურელი ოთარ - რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1917-1966 წწ).

ჭიაურელი სოფიკო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1937-2008 წწ).

ჭიაური - სოფელ ერეთისკარის ძველი სახელწოდება.

ჭიაურის ქედი - ქედი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრისა და საგამის წყალგამყოფი.

ჭიაურისწყალი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 18 კილომეტრი).

ჭიაფანდურა - იგივეა, რაც ფუნაგორია.

ჭიაფერა (Phytolacca americana) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; აქვს მოწითალო დატოტვილი ღერო; იკეთებს თეთრ წვრილ ყვავილებს. ისხამს ყურძნის მტევნის მსგავსად შეკრებილ ნაყოფს (საღებავად და მელნის გასაკეთებლად იხმარება).

ჭიაფერი - წითელი ფერის საღებავი.

ჭიაყელა - მრგვალი, გრძელი, მოწითალო ფერის მიწის ჭია.

ჭიაღუა - სხვადასხვა ჭია, ჭიები.

ჭიაჭუა - იგივეა, რაც ჭიაღუა.

ჭიბონი (ჭიმონი) - იგივეა, რაც გუდასტვირი.

ჭიბრევი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჭიგო - ვაზის სარი.

ჭიდაობა - სპორტის სახეობა - ორი ადამიანის შებმა, როცა თითოეული ცდილობს მეორეს მოერიოს და წააქციოს.

ჭიდილი - შებმა, შეჭიდება, ჭიდაობა.

ჭიე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხრეს. ზღვის დონიდან - 1880 მეტრი, დუშეთიდან - 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ჭივილაანები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

ჭივილაანთხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ჭივილი - წვრილ ფრინველთა ხმიანობა; ჟღურტული.

ჭივჭავა - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი.

ჭივჭავი (Carduelis spinus) - პატარა მოყვითალო მომწვანო ჩიტი ბეღურასნაირთა რიგისა.

ჭითაალიში - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (2762 მეტრი).

ჭითაგვალა - მთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (3226 მეტრი).

ჭითაუშკური - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ჭითაფონი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, კირის მარჯვენა შენაკადი.

ჭითაწყარი

1) მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჭიკანი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

2) სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში

ჭიკარტი (Veronica polita) - ერთწლოვანი პატარა სარეველა მცენარე შავწამლასებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ან ცისფერ ყვავილებს.

ჭიკარტი

1) იგივეა, რაც კნოპი.

2) ჭიკი - იგივეა, რაც ჭუკი.

ჭიკორი - იგივეა, რაც კოჭური.

ჭიკჭიკა - რასაც ჭიკჭიკი სჩვევია.

ჭიკჭიკი

1) ზოგი ფრინველის ხმიანობა.

2) (გადატანით) ტკბილად, საამოდ ლაპარაკი.

3) ირონიით იტყვიან საერთოდ ლაპარაკზე.

ჭილაანთკარი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საბადურის ქედის დასავლეთი კალთის ძირას, მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, მცხეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ჭილაია სერგი - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1912-1993 წწ).

ჭილაძე თამაზ - მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

ჭილაძე ოთარ - მწერალი (1933-2009 წწ).

ჭილბები - ერთ-ერთი ჰერული ტომი, რომელიც ბინადრობდა ჰერეთის მთიანეთში, მდინარე ალაზნის ზემოწელზე.

ჭილი (Juncus)

1) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; ხმარობენ ჭილობებისა და ჩანთების მოსაწნავად.

2) თესლისაგან მიღებული ხახვის პატარა ბოლქვი, რომელსაც მეორე წელიწადს რგავენ მსხვილი ბოლქვების მისაღებად.

ჭილიბი - რკინის ან ხის ჩხირი, რომელიც ღერძის (ჭანჭიკის...) ბოლოშია ჩარჭობილი, რომ ბორბალი (ქანჩი...) გარეთ არ გამოვარდეს.

ჭილიტბა - ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში.

ჭილობი - ჭილის (ან სხვა მცენარის) ღეროებისაგან ნაქსოვი საფენი.

ჭილოვანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი. ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 304 კაცი.

ჭილოფა - იგივეა, რაც ჭილი.

ჭილურტი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 308 კაცი.

ჭილყვავი (Corvus frungilegus) - ყვავის მსგავსი მომცრო შავი ფრინველი.

ჭიმასი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ჭიმონი - იხილე ჭიბონი.

ჭიმღა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ჭიმღისკლდე - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედის განშტოება.

ჭიმღისმაღალი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე. მდინარეების არმხი-სნოსწყლისა და ასის წყალგამყოფ ქედზე. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, აქვს კლდოვანი ციცაბო კალთები (სიმაღლე - 3851 მეტრი).

ჭიმღისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არხოტისწყლის მარცხენა შენაკადი.

ჭინათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჭინთვა - მუცლის კუნთების ჭიმვა.

ჭინკა

1) ავი სული (წარმოიდგენენ პატარა არსებად).

2) (გადატანით) იტყვიან ცელქ, ცქვიტ, მოხერხებულ ბავშვზე.

ჭინკაძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჭინჭაოსღელე - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში , ნაღვარევის მარჯვენა შენაკადი.

ჭინკობისთვე - ნოემბრის ხალხური სახელი.

ჭინჭარაანთკარი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში .

ჭინჭარაულისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბანისხევის მარცხენა შენაკადი.

ჭინჭარი (Urtica) (ჯინჭარი) - მსუსხვი ბალახი; იკეთებს თავთავის მსგავსად შეკრებილ წვრილ ყვავილებს, ზოგჯერ ხმარობენ მხალად.

ჭინჭველი - იგივეა, რაც ჭიანჭველა.

ჭინჭი

1) იგივეა, რაც ჩვარი.

2) (გადატანით-ირონიულად) ქსოვილი, მატერია.

ჭინჭილა - დოქის მოყვანილობის პატარა საღვინე ჭურჭელი თიხისა.

ჭინჭილაქი - ურმის ღერძის ჭილიბი.

ჭინჭორი - ჩიჩვრის მსგავსი წანაზარდი ინდაურის ნისკარტის ზემოთ.

ჭინჭრაქა - იგივეა, რაც ღობემძვრალა.

ჭინჭრიანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჭინჭრისდედა (Lamium album) - ფესურიანი ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა; ღერო და ფოთლები ჭინჭრისას უგავს.

ჭინჭყლი

1) აყალმაყალი.

2) იგივეა, რაც ჭინჭყლიანი.

ჭინჭყლიანი

1) ვისაც ჭინჭყლი სჩვევია; ჭირვეული.

2) ავდრიანი.

ჭიორა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჭიოტა (Agrostemma githago)

1) ერთწლოვანი შხამიანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა; ისხამს დატოტვილ ღეროზე თითო-თითოდ განლაგებულ დიდ ხასხასა წითელ ყვავილებს; იცის პურეულის ნათესებში.

2) პატარა, წვრილი.

ჭიპა - თართის მუცელი დამარილებული.

ჭიპი

1) მუცლის შუაში პატარა ჩაღრმავებული ადგილი, რომელიც რჩება ჭიპლარის მოჭრის შემდეგ.

2) ყველის ამოყვანის შემდეგ შრატში დარჩენილი ნამცეცები ან ახლად ამოყვანილი ყველის პატარა ნაწყვეტი.

3) ადგილი, რომლითაც მიმაგრებულია თესლი ნაყოფის ადგილზე.

4) ამობურცული ადგილი გოგორის (მთლიანი ხისგან გამოთლილი ბორბლის) შუაში.

ჭიპლარი - ძარღვიანი მილი, რომელიც ძუძუმწოვარი ცხოველის ჩანასახს აერთებს საშვილოსნოსთან და გადასცემს მას საკვებს დედის ორგანიზმიდან.

ჭირაქაძე ნინო - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1951 წელს).

ჭირგადახდილი - ვისაც თავს ჭირი, გაჭირვება გადახდომია.

ჭირგამოვლილი - ვისაც გაჭირვება გამოუვლია.

ჭირვეული - ჟინიანი, მიზეზიანი.

ჭირვეული მეზობლები - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1945 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. დამდგმელი ოპერატორი - იური რიშკოვი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ლიანა ასათიანი, დუდუხანა წეროძე, აკაკი ხორავა, ჩიტოლია ჩხეიძე.

ჭირი

1) საერთო სახელწოდება ცხოველთა (ქათმის, ძაღლის, ღორის....) მწვავე გადამდები დაავადებებისა, რომელთაც იწვევს სხვადასხვა ვირუსი.

2) იგივეა, რაც შავი ჭირი.

3) რაიმე მძიმე გადამდები დაავადება.

4) გაჭირვება, უბედურება, გასაჭირი.

ჭირიანი - ჭირით დაავადებული.

ჭირიანობა - დრო, როდესაც ჭირია გავრცელებული; ჟამიანობა.

ჭირიმე (შენი, თქვენი) - გამოთქმა, რომელიც იხმარება ალერსით, სიყვარულით მიმართვისას.

ჭირისუფალი

1) მიცვალებულის პატრონი.

2) მზრუნველი, მოამაგე, პატრონი.

ჭირისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.

ჭირკოდილა - ვინც თითქმის სულ ავადმყოფობს, არც ავად არის და არც კარგად; ჭირიანი.

ჭირნანახი - იგივეა, რაც ჭირნახული.

ჭირნახული

1) ვინც ჭირი, გაჭირვება ნახა.

2) პურის, სიმინდის, ლობიოს და მისთანების მოსავალი.

ჭირნახულობა - გაჭირვება, გასაჭირი.

ჭირუთა (ჭირვითა, ყოფილი შუამთა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჭირხისწყალი - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, წინუბნისწყლის მარცხენა შენაკადი.

ჭირხლი - მცენარეზე და სხვა საგნებზე წიწვივით შეყინული ორთქლი.

ჭირხლიანი - რასაც ჭირხლი აქვს დადებული.

ჭირხნა - წნევით, დაწოლით გადაადგილება და გარკვეულ სივრცეში მოგროვება (სითხისა, აირისა).

ჭიტა

1) ბავშვების გასართობი სიტყვა; დამალულს შესძახებენ და ნიშნავს - გიპოვნეო, დაგინახეო.

2) მოკიაფე (ვარსკვლავის ეპითეტია).

ჭიტი - თითისტარზე ან ჯარატარზე ნახვევი ნართი.

ჭიტლაყი - იგივეა, რაც პანღური.

ჭიუხი

1) შიშველი, წვეტებიანი კლდე.

2) (ჭაუხი) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის დასავლეთ ნაწილში.

ჭიუხიანი - ადგილი, სადაც ჭიუხებია.

ჭიფეგვალა - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

ჭიფშირა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე (2380 მეტრი).

ჭიფხვა - იგივეა, რაც ჭინთვა.

ჭიქა

1) ცილინდრული ფორმის მინის უყურო ჭურჭელი რისამე დასალევად.

2) იგივეა, რაც მინა.

ჭიქიანი (კოიუნდაღი, ყოიუნდაღი) - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე (2415 მეტრი).

ჭიქური - კრიალა, მოელვარე შენადნობი, რომლითაც თიხის ჭურჭლის ზედაპირს ფარავენ.

ჭიღვი

1) მხარ-ბეჭის სახსარი; ფრინველის წინამხარ.

2) ჩლიქიანი ცხოველის ფეხის ქვედა ნაწილი.

ჭიღლაძე სერგო - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1944 წწ).

ჭიყჭიყი - ფრინველთა ხმიანობა; ჭახჭახი.

ჭიშკარი - ეზოს დიდი კარი; ალაყაფის კარი.

ჭიშკრიანი - ჭიშკრის მქონე.

ჭიშურა - მდინარე ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე - 14 კილომეტრი, აუზის ფართობი - 53,5 კვ.კმ. სათავე აქვს ცუცხვათის ქვაბულში, 620 მეტრ სიმაღლეზე, საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწის ქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 1,76 კუბ.მ/წმ.

ჭიშური - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე სულორის მარცხენა შენაკადი.

ჭიჩო

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

2) მთა დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მერგელოვანი ფიქლებით, კალთები აქვს ციცაბო, დანაწევრებულია მდინარეების ივრისა და ფშავის არაგვის შენაკადებით (სიმაღლე - 3084 მეტრი).

3) უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭიჩოსწყალი - იხილე ჭიჩოურა.

ჭიჩოურა (ჭიჩოსწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ჭიჭაფორისძე - XIII საუკუნის საქართველოს ხუროთმოძღვარი, გუდარეხის ტაძრის ამშენებელი.

ჭიჭვი - გადაჭრილი მხლის ამონაყარი.

ჭიჭილა - იგივეა, რაც ჭიჭლა.

ჭიჭინა - ჭიჭინაზე გასკდება - ძალიან გაბრაზდება.

ჭიჭინაძე ალექსი - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1851-1917 წწ).

ჭიჭინაძე ალექსი - ბალეტის მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ჭიჭინაძე გივი - პოეტი, მსახიობი (დაიბადა 1934 წელს).

ჭიჭინაძე დოდო (თამარ) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-2009 წწ).

ჭიჭინაძე ზაქარია - საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი (1854-1931 წწ).

ჭიჭინაძე კონსტანტინე - პოეტი, მთარგმნელი (1891-1960 წწ).

ჭიჭინაძე ლავრენტი - მწერალი (1906-1990 წწ).

ჭიჭინი - იხილე ჭრიჭინი.

ჭიჭინობელა - იხილე ჭრიჭინობელა.

ჭიჭიტანა - იგივეა, რაც ჭუჭრუტანა.

ჭიჭკვი - პატარა და მომცდარი ნედლი ტარო.

ჭიჭლა - მცირე საღვინე, ჭინჭილა.

ჭიჭმატა - მეტად წვრილი მძივი.

ჭიჭნაგური - შინაურულად გაკეთებული ძეხვი (იციან საინგილოში).

ჭიჭყინა

1) ზოგი თევზის (წვერას, მურწას, კობრის....) ნაშიერი.

2) იგივეა, რაც ქარსალა.

ჭიჭყინი - უსიამოვნო წვრილი ხმა.

ჭიხარულა - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ჭიხელი - ყოფილი სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ჭიხვინა - რასაც ჭიხვინი სჩვევია.

ჭიხვინი - ცხენის ხმიანობა.

ჭიხუ - ყოფილი სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.