The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ტა
დოკუმენტის ნახვა ტბ
დოკუმენტის ნახვა ტე
დოკუმენტის ნახვა ტვ
დოკუმენტის ნახვა ტზ
დოკუმენტის ნახვა ტი
დოკუმენტის ნახვა ტკ
დოკუმენტის ნახვა ტლ
დოკუმენტის ნახვა ტმ
დოკუმენტის ნახვა ტო
დოკუმენტის ნახვა ტრ
დოკუმენტის ნახვა ტს
დოკუმენტის ნახვა ტუ
დოკუმენტის ნახვა ტფ
დოკუმენტის ნახვა ტყ
დოკუმენტის ნახვა ტშ
დოკუმენტის ნახვა ტჩ
დოკუმენტის ნახვა ტც
დოკუმენტის ნახვა ტხ

ტა

 

ტაალი

1) ვულკანი კუნძულ ლუსონზე (ფილიპინები).

2) ქალაქი ესპანეთში, შედის ალმერიას პროვინციაში.

ტაარა - ჭექა-ქუხილის ღმერთი კარელიურ-ფინურ მითოლოგიაში.

ტაატი - ახლად ფეხადგმული ბავშვის სიარული.

ტააფე ედუარდ - ავსტრიის მინისტრ-პრეზიდენტი 1879-93 წლებში (1833-1895 წწ).

ტაბაკა

1) ბრტყლად შემწვარი ვარია.

2) იგივეა, რაც ტაბაკი (მნიშვნელობა 2).

3) თხლად დაჭრილი, ფქვილში ამოვლებული და შემწვარი ხორცი, თევზი, კარტოფილი და მისთანები.

ტაბაკელა

1) ადგილი, სადაც თითქოს თავს იყრიან კუდიანები და ეშმაკები კუდიანობა ღამეს.

2) მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ კალთაზე.

ტაბაკი (არაბ.)

1) ხის მოზრდილი სინისმაგვარი თეფში; ჩვეულებრივ ხმარობენ ხორბლის სარკვევად.

2) იგივეა, რაც ტაბლა (მნიშვნელობა 1).

ტაბაკინი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 380 მეტრი, ზესტაფონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 925 ადამიანი. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ტაბაკინის მონასტერი.

ტაბაკოვი ოლეგ - რუსი მსახიობი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ტაბანათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ტაბარი-ალ ეჰსან - იხილე თაბარი .

ტაბარუკი

1) უმიწო გლეხი, რომელსაც არ გააჩნია წარმოების საშუალებები. ქართულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება აქა-იქ, XIX საუკუნეში მათი რიცხვი მრავლდება. სულხან-საბას განმარტებით, ტაბარუკი ახალმოსული გლეხია, ისინი ძირითადად თავიანთი მიწებიდან აყრილ-გაქცეული ხალხია, რომლებიც საარსებო საშუალებატა ძიებაში იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს.

2) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, მცხეთიდან - 48 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ტაბასკო - შტატი სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ვილია ერმოსა.

ტაბაწყური (ტაბისყური)

1) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

2) ტბა ბორჯომის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.

ტაბახმელა - სოფლები გარდაბნისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ტაბახმელისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი.

ტაბელა (Pteris cretica) - გვიმრის ერთ-ერთი სახეობა.

ტაბელი (გერმ.)

1) რისამე სია, ცხრილი.

2) დაფა, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჟეტონები მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და იქიდან წასვლის აღრიცხვისათვის; თვით ასეთი ჟეტონი.

ტაბელ-კალენდარი - კალენდარი, რომელიც შედგენილია ცხრილის სახით და რომლის გრაფებში ჩაწერილია კვირის ყველა დღე, თვეები და რიცხვები მოცემული წლისა.

ტაბვემასანა - მთა კუნძულ ესპირიტუ სანტოზე, სახელმწიფო ვანუატუს უმაღლესი წერტილი.

ტაბიკი - ურმის ნაწილი, თავმსხვილი ჯოხი, უღელში წყვილ-წყვილად არის ჩაყრილი საქონლის შესაბმელად.

ტაბინშვეთი - ბირმის (მიანმის) სახელმწიფოს, ტაუნგუს მმართველი 1531-1550 წლებში.

ტაბიძე გალაკტიონ - საქართველოს სახალხო პოეტი, აკადემიკოსი (1891-1959 წწ).

ტაბიძე ნოდარ - ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1931 წელს).

ტაბიძე ტიციან - პოეტი (1895-1937 წწ).

ტაბიტეუეა - ატოლი წყნარი ოკეანის გილბერტის კუნძულების სამხრეთ ნაწილში.

ტაბკურა - პატარა ტაბიკი.

ტაბლა

1) დაბალი მაგიდა. || ასეთ მაგიდაზე დაწყობილი სასმელ-საჭმელი.

2) იგივეა, რაც საკურთხი.

3) ტაბაკზე, ხონჩაზე... დაწყობილი საჭმელ-სასმელი, რომელიც მეკვლეს ახალწლის დილას ოჯახში მიჰქონდა.

ტაბლაკი - პატარა ტაბლა.

ტაბლაყურა (Evonimus latifolia) - საშუალო ზომის ბუჩქი; იკეთებს პატარა მოყვითალო ყვავილებს; ისხამს წითელ, ფრთებიან თავდაკიდულ ნაყოფს.

ტაბლდოტი (ფრანგ.) - სასტუმროში, რესტორანში, პანსიონში: საერთო სუფრა, სადაც საუზმე, სადილი და სხვა მოაქვთ გარკვეულ დროს და საერთო მენიუს მიხედვით ყველასათვის.

ტაბლეტი (ფრანგ.) - რაიმე ფხვიერი წამლის დაწნეხილი პატარა მრგვალი კვერი.

ტაბლიაშვილი ვახტანგ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1914-2002 წწ).

ტაბლო (ფრანგ.) - საკონტროლო დაფა, რომელზედაც მოთავსებულია სხვადასხვა პირობითი გამოსახულება.

ტაბლოიდი (ინგლ.) - ბულვარული გაზეთი, საერთოდ იაფფასიანი გამოცემა.

ტაბმენი უილიამ ვაკანარტ შადრაკ - ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1895-1971 წწ).

ტაბმენი ჰარიეტ - ზანგთა მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი აშშ-ში (1820-1913 წწ).

ტაბნარა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხინულის მარჯვენა შენაკადი.

ტაბორა - ქალაქი ტანზანიის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).

ტაბორი

1) ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ ჩეხიის ოლქში (35 ათასი).

2) (ჩეხ.) - ჯგუფი მომთაბარე ბოშებისა, რომელთა ძირითადი ნაწილი ნათესაურ კავშირშია ერთმანეთთან.

ტაბუ (პოლინეზ.) - პირველყოფილ ხალხებში - რაიმე მოქმედების, სიტყვის, საგნის აკრძალვა, რომლის დარღვევაც, ცრურწმენის თანახმად, იწევს ზებუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სასჯელს.

ტაბულა (ლათ.) - ცხრილი, ნუსხა.

ტაბულატორა (ფრანგ.) - ინსტრუმენტული მუსიკის ძველებური (ასოებით ან ციფრებით) ჩაწერის სისტემა; იყენებდნენ XV-XVI საუკუნეებში.

ტაბულატორი (ფრანგ.) - გამომთვლელი მანქანა, რომელიც ციფრობრივი ან ასოითი ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისთვის გამოიყენება.

ტაბურეტი (ფრანგ.) - უბრალო უზურგო სკამი.

ტაბუცი (ტაბოცი) - სახელურიანი პატარა ფიცარი სარეცხის სატყეპელად.

ტაბუცუნი - იგივეა, რაც სალათა.

ტაბუხი - მუხლისთავი.

ტაგანი (ტაგანა) - მარცვლეულის საწყაო XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში. შეადგენდა კოდის 1/8-ს.

ტაგანროგი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (290 ათასი).

ტაგეტი - ეტრუსკული ღვთაება, გენიუსის ვაჟი, იუპიტერის შვილიშვილი; წარმოდგენილი ჰყავდათ პატარა ბიჭუნად, რომელსაც გონება ბრძენი კაცისა ჰქონდა.

ტაგილი - მდინარე ურალსა და დასავლეთ ციმბირში, ტურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 414 კილომეტრი).

ტაგრუცი - ყუთი, კოლოფი.

ტადიჩი იორიო - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1899-1969 წწ).

ტაელი (ჩინ.) - იხილე ლიანი.

ტაეპი - სალექსო მეტყველების ძირითადი რიტმულ-ინტონაციური ერთეული.

ტავაუ - ქალაქი-პორტი მალაიზიის საბაჰის შტატში.

ტავასტეჰუსი - იხილე ჰიამენლინა.

ტავდა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (45 ათასი).

ტავერნა (იტალ.) - იტალიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: სამიკიტნო, ტრაქტირი.

ტავერნიე ჟან ბატისტ - ფრანგი ვაჭარი და მოგზაური (1605-1689 წწ).

ტავოი - ქალაქი-პორტი მიანმის ტანინტაის ოლქში.

ტავოტი (რუს.) - იგივეა, რაც სოლიდოლი.

ტავრი (ტოროსი) - მთათა სისტემა თურქეთში.

ტავრობოლიები - წეს-ჩვეულება ძველ საბერძნეთში, რომელიც ხარის მსხვერპლად შეწირვით გამოიხატებოდა.

ტავრობოლოსი (ბერძნ. „ხარებზე მონადირე”) - არტემიდეს ზედმეტი სახელი.

ტავრომახია (ესპან.) - ესპანეთში - ხარებთან ბრძოლის ხელოვნება.

ტავტოგრამა (ბერძნ.) - ლექსი, რომლის ყველა სიტყვა ერთი და იმავე ასოთი იწყება.

ტავტოლოგია (ბერძნ.) - ერთი და იმავე განსაზღვრების, მსჯელობის გამეორება სხვა, აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.

ტაზი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 1401 კილომეტრი).

ტათევის მონასტერი - შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი სომხეთში, ახლანდელი გორისის რაიონში.

ტათოუნი - ქალაქი მიანმის მონის ეროვნულ ოლქში.

ტაი (სიამური) ენა - ტაილანდის ოფიციალური ენა. ტიპოლოგიურად იზოლირებულ ენებს ეკუთვნის; აქვს 20 თანხმოვანი და 24 ხმოვანი.

ტაიამა კატაი (ნამდვილი სახელი როკუია) - იაპონელი მწერალი (1871-1930 წწ).

ტაიბაიშანი - მწვერვალი ჩინეთის ცინლინის ქედზე.

ტაიბეი - ქალაქი ჩინეთში, კუნძულ ტაივანზე, ტაივანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (2,7 მილიონი).

ტაიგა

1) (იაკუტ.) - ხშირი წიწვოვანი ტყის ზოლი ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

2) ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

ტაიგეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატლანტოსისა და პლეიონეს ქალიშვილი, ერთ-ერთი პლეიადი, ევრიტოსის დედა.

ტაიგეტი - ქედი საბერძნეთში.

ტაიგონოსი - ნახევარკუნძული აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მაგადანისა და კამჩატკის ოლქებში.

ტაიები - სამხრეთ ჩინეთსა და ინდოჩინეთში მცხოვრები ხალხი (სულ 60 მილიონამდე).

ტაივანი (ფორმოზა) - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ჩინეთს.

ტაივანის სრუტე (ფორმოზის სრუტე, ტაივანხაისია) - აკავშირებს აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებს.

ტაივანხაისია - იხილე ტაივანის სრუტე.

ტაიზი - ქალაქი იემენში.

ტაიიუანი - ქალაქი ჩინეთში, შანსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,5 მილიონი).

ტაიკა - იმპერატორ კოტოკუს გამგებლობის პირველი ნახევრის წლების (645-650) საელწოდება იაპონიაში.

ტაიკონავტი - კოსმონავტის მოსახსენიებელი სიტყვა ჩინეთში.

ტაილანდი (ტაილანდის სამეფო, 1939 წლამდე ეწოდებოდა „სიამი“).

სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბჯას და ლაოსს, დასავლეთით - მიანმას, სამხრეთით - მალაიზიას. სამხრეთით აკრავს ტაილანდის ყურე.
- სახელწოდება „ტაი“ ადგილობრივ ენაზე „თავისუფალს“ ნიშნავს.
დაარსებულია 1238 წელს.
- ჰიმნი - „Phleng Chat“.
- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია. -
სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული ასამბლეა (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).
- ფართობი - 514 ათასი კვ.კმ.
- დაყოფილია 73 ჩანგვატად (პროვინციად).
- მოსახლეობა - 66,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 126 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ტაი (სიამური) ენა.
- ოფიციალური რელიგია - ბუდიზმი.
- დედაქალაქი - ბანგკოკი.
- ვალუტა - ბატი.
- ქვეყნის კოდი - THA.
- დროის სარტყელი - UTC +7.
- სატელეფონო კოდი - +66.
- ინტერნეტ-დომენი - th.

ტაილერი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

ტაილორი ედუარდ ბერნეტ - ინგლისელი ეთნოგრაფი (1832-1917 წწ).

ტაიმაზი - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის ერთ-ერთი მონაკვეთი.

ტაიმანოვი მარკ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1926 წელს).

ტაიმ-აუტი (ინგლ. ტიმე-ოუტ)

1) კალათბურთში - ერთწუთიანი შესვენება ერთ-ერთი გუნდის, მისი მწვრთნელის თხოვნით; გათვალისწინებულია თამაშის წესებით.

2) (გადატანით) შესვენება, რაიმე პროცესის დროებით შეწყვეტა.

ტაიმენი - ორაგულისებრთა ოჯახის თევზი.

ტაიმერი (ინგლ.) - საკონტროლო-მარეგულირებელი აპარატი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ავტომატურად ჩართავს (ან გამორთავს) რაიმე ტექნიკურ სისტემას, მანქანას ან აპარატს, ანდა იძლევა სიგნალს მათი ჩართვის (ან გამორთვის) დროის დადგომის შესახებ.

ტაიმი (ინგლ.) - სპორტული თამაშის ხანგრძლივობის გარკვეული ნაწილი.

ტაიმირა - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 840 კილომეტრი).

ტაიმირი - აზიის უკიდურესი ჩრდილოეთი ნახევარკუნძული კარის ზღვის ენისეის ყურესა და ლაპტევების ზღვას შორის.

ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიური ოკრუგი, შედის რუსეთის კრასოიარსკის მხარეში; მდებარეობს პოლარული წრის იქით.

ტაიმ-ჩარტერი (ინგლ.) - ხელშეკრულება სავაჭრო გემის იჯარით აღებაზე გარკვეული დროით, ჩვეულებრივ არაუმეტეს თორმეტი თვისა.

ტაინანი - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში (700 ათასი).

ტაინი - მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას.

ტაინმაუთი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ტაინ-ენდ-უირის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).

ტაინსაიდი - კონურბაცია დიდ ბრიტანეთში.

ტაიოვსკი (გრგორ-ტაიოვსკი) იოსეფ - სლოვაკი მწერალი (1874-1940 წწ).

ტაიპინგი - ქალაქი მალაიზიის პერაკის შტატში (150 ათასი).

ტაიპინები (ჩინ.) - ჩინეთში 1851-1864 წლებში - გლეხთა ომის მონაწილენი, რომლებიც ებრძოდნენ ჩინელ და მანჯურიელ ფეოდალებსა და ევროპელ და ამერიკელ აგრესორებს.

ტაიროვი ალექსანდრე - რუსი რეჟისორი (1885-1950 წწ).

ტაისიანი - იხილე ტაიჯოუ.

ტაისონი მაიკ ჯერარდ - ამერიკელი სპორტსმენი (კრივი), მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1986-92 და 1995-96 წლებში (დაიბადა 1965 წელს).

ტაიტაო - ნახევარკუნძული ჩილეში.

ტაიტელები - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აბორიგენი პოლინეზიელი ხალხი ოკეანიაში.

ტაიტი - ვულკანური კუნძული საზოგადოებრივი კუნძულების ჯგუფში (წყნარი ოკეანე, საფრანგეთის პოლინეზია).

ტაიფი - ქალაქი საუდის არაბეთში.

ტაიფუნი (ჩინ.) - გამანადგურებელი ქარიშხალი (ციკლონი), რომელიც იცის წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, იაპონიაში, ჩინეთში და სხვა.

ტაიშანი - მთის მასივი შანდუნის მთებში (ჩინეთი).

ტაიშეტი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (45 ათასი).

ტაიჭი

1) კარგად საჯდომი ცხენი; ბედაური.

2) სატანვარჯიშო იარაღი - მაღალ ფეხებზე დამაგრებული ტყავგადაკრული მსხვილი ძელი.

ტაიჭოსანი - ტაიჭზე მჯდომი.

ტაიხანშანი - მთები ჩინეთში.

ტაიხუ - ტბა ჩინეთში.

ტაიხმიულერი გუსტავ - ფილოსოფოსი, წარმოშობით გერმანელი (1832-1888 წწ).

ტაიჯოუ (ტაისიანი) - ქალაქი ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში.

ტაიჯუნი - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში.

ტაკაკურა ტერუ - იაპონელი მწერალი (1891-1980 წწ).

ტაკამაცუ - ქალაქი იაპონიაში, კაგავას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (330 ათასი).

ტაკამი ძიუნ (ნამდვილი სახელი ტაკამა იოსიო) - იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1907-1965 წწ).

ტაკამურა კოტარუ - იაპონელი პოეტი და მოქანდაკე (1883-1956 წწ).

ტაკაოკა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (230 ათასი).

ტაკარიგუა - ტბა, იხილე ვალენსია.

ტაკასაკი - ქალაქი იაპონიის გუმის პრეფექტურაში (240 ათასი).

ტაკატუკი - რისამე პერიოდული ცემის ან მექანიზმის (საათის, მანქანის...) მუშაობის ხმა; რიტმული კაკუნი.

ტაკაცუკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (360 ათასი).

ტაკაჰასი კორეკიო - იაპონიის პრემიერ-მინსიტრი 1921-22 წლებში (1854-1936 წწ).

ტაკაჰირა კოგორო - იაპონელი დიპლომატი (1854-1926 წწ).

ტაკელაჟი (ჰოლანდ.) - აფრების სამართი გემსართების ერთობლიობა.

ტაკვი (ამპუტაციური) - სხეულის ნაწილი, რომელიც რჩება რომელიმე ორგანოს ამპუტაციის ან ოპერაციის შემდეგ.

ტაკიმასხარა

1) კომიკური პერსონაჟი ძველებურ წარმოდგენაში, ცირკში - ხუმარა, კლოუნი.

2) მასხარა, ლაზღანდარა.

ტაკინ კოდო ჰმაინი - ბირმელი (მიანმელი) მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე (1876-1964 წწ).

ტაკიძავა ბაკინ - იაპონელი მწერალი (1767-1848 წწ).

ტაკიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ტაკლა-მაკანი - უდაბნო ჩინეთში.

ტაკლობანი - ქალაქი ფილიპინებში, ლეიტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტაკნა - ქალაქი პერუში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტაკომა - ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში (180 ათასი).

ტაკორადი - ქალაქი განაში (105 ათასი).

ტაკტაკი - იგივეა, რაც ტაკატუკი.

ტაკუარემბო - ქალაქი ურუგვაიში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტაკუკი - მომცრო საღვინე ჭურჭელი.

ტალავარი - ტანსაცმელი

ტალავერი - ხეებით აგებული და ვაზით გადახურული საჩრდილობელი; ფანჩატური, თალარი.

ტალავრისწყალი - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარჯვენა შენაკადი.

ტალანი - გრძელი გასასვლელი (სადგომში...); დერეფანი.

ტალანკინი იგორ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

ტალანტი

1) (ლათ.) - განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.

2) ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული; იყოფოდა 60 მინად და შეიცვდა 6000 დრაქმას ან 36000 ობოლს.

ტალაოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსელი გმირი, ერთ-ერთი არგონავტი,

ტალარა - ქალაქი პერუში, პიურის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტალარიები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მფრინავი ქოშები, მერკურის ერთ-ერთი ატრიბუტი, რომლის საშუალებითაც მას ფრენა შეეძლო.

ტალასიონი - ქორწინების რომაული ღვთაება, რომელსაც მოუხმობდნენ ხოლმე პატარძლის საქმროს სახლში შეყვანისას.

ტალაუდი - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ინდონეზიას.

ტალახა - მთა ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ნიგოითის სერზე.

ტალახი

1) წყლით დასველებული, დამბალი (და აზელილი) მიწა.

2) ტბის ლამი, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ.

ტალაჰასი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფლორიდის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

ტალგრენი არნე მიჰაელ - ფინელი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1885-1945 წწ).

ტალევი დიმიტრ (ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრ ტალევ პეტროვი) - ბულგარელი მწერალი (1898-1966 წწ).

ტალეირანი (ტალეირან-პერიგორი) შარლ მორის - ფრანგი დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე (1754-1838 წწ).

ტალერი

1) სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

2) (გერმ.) საბეჭდი მანქანის ნაწილი - ლითონის ფილა, რომელზედაც საბეჭდი ფორმა თავსდება.

3) ლითონისზედაპირიანი მაგიდა, რომელზედაც აკაბადონებდნენ (გვერდებად კრავდნენ) ანაწყობს.

4) (გერმ.) - ძველებური გერმანული ვერცხლის ფული.

ტალვები (გერმ.) - ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთანათა ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.

ტალთიბიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგამემნონის მაცნე.

ტალი

1) იგივეა, რაც კაჟი.

2) სახეზე (მზისგან ან სხვა მიზეზით) გაჩენილი ლაქა.

3) (ჰოლანდ.) - ტვირთის ასაწევი კიდული მოწყობილობა.

ტალი მიხეილ - საბჭოთა მოჭადრაკე (დაიბადა რიგაში), საერთაშორისო დიდოსტატი, განათლებით ჟურნალისტი, მსოფლიოს მერვე ჩემპიონი 1960-61 წლებში (1936-1992 წწ).

ტალია (ფრანგ.) - მუდმივი, პირდაპირი გადასახადი XV-XVII საუკუნეების საფრანგეთში

ტალიენი ჟან ლამბერ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1767-1820 წწ).

ტალიკი - ტალიკი ბიჭი - ტანადი, მხარბეჭიანი, მოხდენილი ბიჭი.

ტალინი - ესტონეთის დედაქალაქი. ისტორიულ წყაროებში ცნობილია 1154 წლიდან კოლივანის სახელით. 1219-1917 წლებში ერქვა რეველი. 1918 წლიდან ესტონეთის დედაქალაქია (445 ათასი).

ტალიონი (ლათ.) - გვაროვნული და მონათმფლობელური საზოგადოების სამართალში - სასჯელის ზომა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა მიყენებულ ზიანს; განსაკუთრებით მკვეთრად იყო გამოხატული ხამურაბის კანონებში.

ტალიონი მარია - იტალიელი ბალერინა (1804-1884 წწ).

ტალიუმი - იხილე თალიუმი.

ტალიცა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ტალიხი ვაცლავ - ჩეხი დირიჟორი და მევიოლინე (1883-1961 წწ).

ტალკა - ქალაქი ჩილეში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტალკაუანო - ქალაქი ჩილეს კონსეფსიონის პროვინციაში (245 ათასი).

ტალ-კვესი (კვეს-აბედი) - რკინის ან ფოლადის ოთხკუთხა ან მომრგვალებული ფორმის იარაღი, რომელიც იხმარებოდა კაჟის ნატეხიდან ნაპერწკლის მისაღებად; ნაპერწკლის ცეცხლი ღვივდებოდა კაჟზე დადებულ აბედზე.

ტალკი (გერმ.) - თეთრი ან მომწვანო რბილი მინერალი, იყენებენ პუდრის სახით ტექნიკასა და მედიცინაში.

ტალმა ფრანსუა ჟოზეფ - ფრანგი მსახიობი (1763-1826 წწ).

ტალმა - ქალის გრძელი წამოსასხამი, მოდაში იყო XIX საუკუნეში.

ტალნოე - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

ტალონი (ფრანგ.)

1) პატარა საკონტროლო ფურცელი, რომელიც რისამე მიღების უფლებას იძლევა.

2) საბუთის დუბლიკატი, რომელიც რჩება ჩეკი, ორდერის და მისთანების წიგნაკის ყუაში.

3) ფასიანი ქაღალდის (აქციის, აკრედიტივის) ძირითადი ნაწილი.

ტალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) სპილენძის გოლიათი, რომელიც ზევსმა აჩუქა ევროპეს, რათა კრეტის მცველად გამოეყენებინა.

2) დედალოსის ნათესავი და მოწაფე, რომელმაც მას ოსტატობაში აჯობა და ამისთვის მოძღვარმა აკროპოლისის კლდიდან გადმოაგდო.

ტალოფიტები (ლათ. Thallophyta) - უმდაბლესი მცენარეები, რომლებიც არ არიან დანაწევრებულები ფესვებად, ღეროებად და ფოთლებად.

ტალსა - ქალაქი აშშ-ს ოკლაჰომის შტატში.

ტალღა

1) წყლის რხევითი მოძრაობით გამოწვეული ამონაზნექი (ზღვის, მდინარის...) ზედაპირზე; ზვირთი.

2) (გადატანით) დიდი, მოძრავი მასა (ხალხისა...).

3) რხევითი მოძრაობა ფიზიკურ გარემოში.

ტალღურასებრნი - ღამის პეპლების ოჯახი.

ტამა - სუდანსა და ჩადში მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 400 ათასი).

ტამაზიგტები - ბერბერ ტომთა ჯგუფი; ცხოვრობენ მაროკოში, შუა ატლასის მთებში (2000-მდე).

ტამაზლუხი - სანაშენო საქონელი (ან ფრინველი).

ტამაიო ბაუსი მანუელ - ესპანელი დრამატურგი (1829-1898 წწ).

ტამაიო მენდესი არნოლდო - კუბელი კოსმონავტი, 1980 წლის ფრენის მონაწილე საბჭოთა ეკიპაჟთან ერთად (დაიბადა 1942 წელს).

ტამალე - ქალაქი განაში, ჩრდილოეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

ტამანი გუსტავ ჰაინრიხ იოჰან აპოლონ - გერმანელი ფიზიკოსი (1861-1938 წწ).

ტამანიო ფრანჩესკო - იტალიელი მომღერალი (დრამატული ტენორი) (1850-1905 წწ).

ტამანის ნახევარკუნძული (ტამანი) - ნახევარკუნძული რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

ტამარინდი - იხილე თამარინდი.

ტამატავე - იხილე ტუამასინა.

ტამაულიპასი - შტატი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - სიუდად-ვიქტორია.

ტამაში არონ - უნგრელი მწერალი (1897-1966 წწ).

ტამბერლიკი ენრიკო - იტალიელი მომღერალი (1820-1889 წწ).

ტამბო - იხილე აპურიმაკი.

ტამბო ოლივერ რეჯინალდ - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1917-1995 წწ).

ტამბოვი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (315 ათასი).

ტამბოვკა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ტამბორა - ვულკანი ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე.

ტამბუკანის ტბა (დიდი ტამბუკანი) - მწარე-მლაშე ტბა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ პიატიგორსკთან (სიღრმე 3 მეტრამდე).

ტამბური (ფრანგ.)

1) რკინიგზის სამგზავრო ვაგონის დახურული ბაქანი.

2) სათავსი შენობის შესასვლელ კართან; იცავს სადგომს გარეთა ჰაერის შეღწევისაგან.

3) არქიტექტურაში - შენობის ცილინდრული ან მრავალწახნაგა ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა გუმბათი.

ტამბურინი ანტონიო - იტალიელი მომღერალი (1800-1876 წწ).

ტამბურინი - დასარტყმელი მუსიკალური საკრავი, გრძელი დოლი.

ტამბურმაჟორი (ფრანგ.) - უნტერ-ოფიცერი, რომელიც პოლკში ხელმძღვანელობდა მედოლეთა და მებუკეთა გუნდს.

ტამერფორსი - ფინეთის ქალაქ ტამპერეს შვედური სახელწოდება.

ტამი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ტამილები - ინდოეთში, შრი-ლანკაში, მიანმაში, სინგაპურში, მალაიზიაში და ავსტრალიაში მცხოვრები ხალხი (საერთო რაოდენობა 50 მილიონამდე).

ტამილნადი (თამილ Nadu, „ტამილების მიწა“, 1969 წლამდე მადრასი) - შტატი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ბენგალის ყურის სანაპიროზე. ფართობი - 130,058 კვ.კმ. მოსახლეობა - 67 მილიონამდე XXI საუკუნის დასაწყისში. ადმინისტრაციული ცენტრი - ჩენაი (ყოფილი მადრასი).

ტამიში - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ტამპა - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში (280 ათასი).

ტამპერე (ტამერფორსი) - ქალაქი ფინეთის ჰიამეს ლიანში (240 ათასი).

ტამპიკო - ქალაქი მექსიკის ტამაულიპასის შტატში (275 ათასი).

ტამპლიერები (ფრანგ.) (მეტაძრეები) - შუა საუკუნეებში - ერთ-ერთი კათოლიკური სასულიერო-რაინდული ორდენის წევრები.

ტამპონადა (ტამპონაცია) - მედიცინაში - ტამპონის ჩადება ჭრილობაში.

ტამპონაჟი (ფრანგ.) - სამთო საქმეში - ქანებში არსებულ სიცარიელეთა ამოვსება ცემენტით, რათა თავიდან აიცილონ იქიდან წყლის გაჟონვა სამთო გვირაბში, ჭაბურღილში.

ტამპონი (ფრანგ. ტამპონ)

1) სტერილური მარლა, რომელსაც დებენ ჭრილობაში, ღრუში სისხლდენის შესაჩერებლად ან ჩირქის შესაწოვად.

2) ბამბა ან რბილი ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც ასველებენ რაიმე ხსნარში ან საცხში (რისამე გასაწმენდად, გასაპრიალებლად).

ტამ-პრა - მღვიმე ტაილანდში.

ტამსაარე ანტონ (ნამდვილი გვარი პანზენი) - ესტონელი მწერალი (1878-1940 წწ).

ტამრონგ ნავასავატი - იხილე დამრონგ ნავასავატი.

ტამტამი - სარტყამი მუსიკალური საკრავი, გონგის ნაირსახეობა; იყენებენ სიმფონიურ ორკესტრში.

ტანა

1) მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 39 კილომეტრი).

2) მდინარე კენიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.

3) (ცანა, დემბეა) - ტბა ეთიოპიაში (სიღრმე 70 მეტრი).

ტანადი - ტანად დიდი და მოხდენილი.

ტანადობა - ტანის აგებულება, სიმაღლე.

ტანაელვი (ტენოიოკი) - მდინარე ნორვეგიასა და ფინეთში, ერთვის ბარენცის ზღვას.

ტანაისი (ტანაიდა) - ძველი ქალაქი მდინარე დონის შესართავთან. ძვ.წ.აღ. III საუკუნეში დააარსეს ბერძნებმა.

ტანაკა გიიტი - იაპონიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1863-1929 წწ).

ტანამა - მდინარე დასავლეთ ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (521 კმ).

ტანანა - მდინარე ალასკაზე, იუკონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 960 კილომეტრი).

ტანანარივე - მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს მეორე სახელი.

ტანარო - მდინარე იტალიაში, მდინარე პოს მარჯვენა შენაკადი.

ტანაყრილი - ვინც, რამაც ტანი აიყარა; მაღალი.

ტანაშოლტილი - იგივეა, რაც ტანაყრილი.

ტანაჯორი

1) ერთი წლის ჯორი.

2) მცირე ზომის წყლის მწერი; მეტწილად ზურგით დაცურავს.

ტანბრგე - ახოვანი, ბრგე.

ტანბური (ტამბური, თანბური) - ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული სიმებიანი მუსიკალური საკრავი. ხმოვანებს პლექტრის საშუალებით.

ტანგა - ქალაქი ტანზანიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).

ტანგანიიკა

1) ტბა ბურუნდის, ზამბიის, კონგოს და ტანზანიის საზვარზე (სიღრმე 1470 მეტრამდე).

2) ტანზანიის კონტინენტური ნაწილის სახელწოდება.

ტანგაჟი (ფრანგ.) - თვითმფრინავის, კოსმოსური ხომალდის ან გემისა და მისთანების კუთხური მოძრაობა ინერციის მთავარი განივი ღერძის მიმართ (არასასურველი მოვლენაა და ყოველთვის იღებენ ზომებს მის შესამცირებლად).

ტანგე კენძო - იაპონელი არქიტექტორი (1913-1995 წწ).

ტანგენსი (ლათ.) - მახვილი კუთხის ტრიტონომეტრიული ფუნქცია, რომელიც სწორკუთხა სამკუთხედში უდრის მოცემული კუთხის პირდაპირ მდებარე კათეტის შეფარდებას მეორე კათეტთან.

ტანგენსოიდი (ლათ.) - მრუდი ხაზი, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს ტანგენსის ცვლილებას კუთხის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ტანგლა - ქედი ტიბეტის მთიანეთში (ჩინეთი).

ტანგო (ესპან.) - არგენტინული წარმოშობის სამეჯლისო ცეკვა.

ტანგუ - ქედი ჩინეთში.

ტან-და (ნამდვილი სახელი და გვარი ნგუენ ქაკ ჰიუე) - ვიეტნამელი მწერალი (1888-1939 წწ).

ტანდემი (ინგლ. tandem)

1) ორადგილიანი ველოსიპედი, რომელზედაც უნაგირები და ორი წყვილი პედალი ერთიმეორის უკან არის განლაგებული.

2) ტექნიკაში - აგრეგატში მანქანების ან მანქანის ნაწილების განლაგება ერთიმეორის მიყოლებით, ერთ ღერძზე, ერთ ხაზზე.

3) მრავალცილინდრიანი მანქანა, რომელშიც მუშა ცილინდრები ამ წესით არის განლაგებული.

4) (გადატანით) გუნდში ერთად მოქმედი ორი ფეხბურთელი.

ტანდილი - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.

ტანენბაუმი - გერმანელ ფაშისტთა შვეიცარიაში შეჭრის გეგმის კოდური სახელწოდება.

ტანენტაუნჯი - ქედი მიანმისა და ტაილანდის საზღვარზე.

ტანერი ვიაინე ალფრედ - ფინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1881-1966 წწ).

ტანვარჯიში - სხვადასხვა ვარჯიში, რომელთა მიზანია ფიზიკურად განავითაროს და გაამაგროს ადამიანის ორგანიზმი. იხილე სპორტული ტანვარჯიში.

ტანზანია (ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, სუახილიზე - Jamhuri ya Muungano wa Tanzania, ინგლ. United republic of Tanzanua).

- ეროვნული დევიზი - „Uhuru na Umoja“ (თავისუფლება და ერთობა).
- სახელმწიფო ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება კენიას და უგანდას, დასავლეთით - რუანდას, ბურუნდის და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთით - ზამბიას, მალავის და მოზამბიკს. აღმოსავლეთიდან აკრავს ინდოეთის ოკეანე.
- დაარსებულია 1964 წლის 26 აპრილს ტანგანიკის და ზანზიბარის გაერთიანებით.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 945 090 კვ.კმ.
- დაყოფილია 26 ოლქად.
- მოსახლეობა - 39 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 41 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: სუახილი და ინგლისური.
- დედაქალაქი - დოდომა.
- ვალუტა - ტანზანიური შილინგი.
- ქვეყნის კოდი - TZA
- დროის სარტყელი - Utc +3.
- სატელეფონო კოდი - +255.
- ინტერნეტ-დომენი -tz.

ტანთხელი - გამხდარი, ტანწვრილი.

ტანი (სპარს.)

1) ადამიანის ან ცხოველის სხეული თავისა და ხელ-ფეხის გარდა.

2) (გადატანით) სიმაღლე, სიდიდე (ადამიანისა, ცხოველისა).

3) ხის ღერო ფესვებისა და ტოტების გარეშე.

4) (ტანწყალი) - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის აუზში.

5) ჩინეთის საიმპერატორო დინასტია (618-907 წწ).

6) სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა 4 ადლს.

ტანიე - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3499 მეტრი).

ტანიეს ტბა - ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე (სიღრმე - 7,6 მეტრი).

ტან-ინი (ბოხუ, ძი-ვეი, ფსევდონიმი - ლიუ-ჟუ, ძიუი-ში) - ჩინელი ფერმწერი, კალიგრაფი, პოეტი (1470-1523 წწ).

ტანინი (ფრანგ.) - მთრიმლავი ნივთიერება, მოყვითალო ფხვნილი, რომელსაც იღებენ ზოგი მცენარის ქერქისაგან, იხმარება მედიცინასა და ტექნიკაში.

ტანისამოსი - იგივეა, რაც ტანსაცმელი.

ტანისი - ძველი ქალაქის ჯანეტის ბერძნული სახელწოდება; ბიბლიური ცოანი. ნილოსის დელტაში მდებარე უძველესი ეგვიპტური ქალაქი.

ტანიუგი - ყოფილი იუგოსლავიის დეპეშათა სააგენტო.

ტანიშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ტანიძაკი ძიუნიტირო - იაპონელი მწერალი (1886-1965 წწ).

ტანკა (იაპონ.) - იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ძველი ჟანრი.

ტანკენარი - მაღალი და კოხტა; ტანწერწეტი; კენარი.

ტანკერი (ინგლ.) - თხევადი ტვირთის (უმეტესად ნავთობპროდუქტების) გადასაზიდი გემი.

ტანკეტი (ინგლ.) - ქალის ფეხსაცმელი, რომლის ლანჩა ცხვირთან თხელია, ხოლო ქუსლისაკენ თანდათან გასქელებული.

ტანკი (ინგლ.)

1) მუხლუხებით მავალი საბრძოლო ჯავშნოსანი მანქანა, რომელიც შეიარაღებულია ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით (იარაღი მოთავსებულია მბრუნავ კოშკურაში).

2) გემზე - ცისტერნა თხევად ტვირთისათვის.

ტანკი მაქსიმ (ნამდვილი სახელი და გვარი ევგენი სკურკო) - ბელორუსიის სახალხო პოეტი (1912-1995 წწ).

ტანკისტი - სამხედრო პირი, რომელიც სატანკო ჯარში მსახურობს.

ტანკოდრომი - სპეციალურად მოწყობილი მოედანი ტანკებისა და სხვა საბრძოლო მანქანების გამოსაცდელად და მათი მართვის შესასწავლად.

ტანკსაწინააღმდეგო - ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი.

ტანმოვარჯიშე - სპორტსმენი, რომელიც ტანვარჯიშს მისდევს.

ტანმომცრო - მომცრო ტანისა; ტანდაბალი.

ტანმორჩილი - მორჩილი ტანისა; ტანდაბალი.

ტანმრთელი - ჯანმრთელი, ჯანსაღი.

ტანმსხვილი - მსხვილი ტანისა; სქელი, მსხვილი.

ტანოვანი - იგივეა, რაც ტანადი.

ტანჟერი (არაბულად ტანჯა) - ქალაქი-პორტი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (270 ათასი).

ტანსარო - ტანწერწეტი, ტანწვრილი.

ტანსაცმელი - რასაც ტანზე იცვამენ.

ტან სიანძუ - ჩინელი დრამატურგი და პოეტი (1550-1616 წწ).

ტან სიტუნი - ჩინელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი (1865-1898 წწ).

ტანსრული - დიდი ტანისა; სრული, მოსული.

ტანტა - ქალაქი ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში, გარბიის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (370 ათასი).

ტანტალი

1) იგივეა, რაც წანწალი.

2) იხილე ტანტალოსი.

3) (Ta) ქიმიური ელემენტი, ნაცრისფერი ძნელდნობადი ლითონი; ატომური ნომერი 73, ატომური მასა 180,948.

ტანტალის მღვიმე - კარსტული მღვიმე ზალცბურგის ალპებში (ავსტრია).

ტანტალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის ან ლიდიის მეფე, ზევსის ვაჟი, ნიობეს მამა, იგი იყო ერთადერთი მოკვდავთა შორის, რომელსაც ღმერთებმა ნება დართეს ღმერთთა ქეიფებს დასწრებოდა ოლიმპოს მთაზე შემდეგ კი დასაჯეს მეტისმეტი გაამაყების გამო და ჯოჯოხეთში ჩააგდეს.

ტანტია ტოპი (ნამდვილი სახელი რამჩანდრა პანდურანგი) - ინდოეთის სახალხო აჯანყების (1857-59) ერთ-ერთი ბელადი (1814-1859 წწ).

ტანტიემი (ფრანგ.) - დამატებითი გასამრჯელო, რომელსაც მოგებიდან აძლევენ საზოგადოებათა, სადაზღვევო კომპანიათა, ბანკების და სხვათა მმართველობის წევრებსა და დირექტორებს.

ტანუმა ოკიცუგუ - იაპონიის ფაქტიური მმართველი 1719-88 წლებში (1719-1789 წწ).

ტანუტერი - ფეოდალური სომხეთის ნახარარების წრეში ერთდროულად მეფის მოხელეც და გვარის ან დიდი ოჯახის მეთაურიც.

ტან-ფეხი

1) ტანი და ფეხები.

2) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ტანშანი - ქალაქი ჩრდილოეთ ჩინეთში, ხებეის პროვინციაში.

ტანჩიჩი მიხაი - უნგრელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1799-1884 წწ).

ტანჩხონი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჰამგიონ-ნამდოს პროვინციაში.

ტანცკლასი (გერმ.) - ცეკვის სკოლა, ცეკვის გაკვეთილი.

ტანცმაისტერი (გერმ.) - ცეკვის მასწავლებელი.

ტანძია - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ტანწერწეტი (ტანწერწეტა) - მაღალი და ტანწვრილი.

ტანწყალი - მდინარე, იხილე ტანი.

ტანჯავარიანი - მოხატული ტანისა; კოხტა, მოხდენილი.

ტანჯავური (ტანჯური) - ქედი ინდოეთის ტამილნადის შტატში.

ტანჯვა - ძლიერი ტკივილების განცდა.

ტანჯული - ვინც (რაც) ტანჯეს ან იტანჯა.

ტანჯუნგპრიოკი - ჯაკარტის საზღვაო ნავსადგური.

ტანჯური - იხილე ტანჯავური.

ტანჰოიზერი - გერმანელი პოეტი-მინეზინგერი (დაახლოებით 1205-1270 წწ).

ტაო - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).

ტაო იუანმინი (მეორე სახელი ტაო ციანი) - ჩინელი პოეტი (365-427 წწ).

ტაოხე (ლუჩუ) - მდინარე ჩინეთში, მდინარე ხუანხეს მარჯვენა შენაკადი.

ტაოხები - ქსენოფონტეს თანახმად, დიაუხის მკვიდრთა შთამომავლები.

ტაპა - ქალაქი ესტონეთში.

ტაპაჟოსი - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 2200 კილომეტრი).

ტაპეტუმი - უჯრედების ერთი ან იშვიათად რამდენიმე შრე უმაღლეს მცენარეთა უმეტესობის სპორანგუიუმში.

ტაპიოკა (ესპან.) - მანიოკის ფესვებიდან მიღებული სახამებლისაგან დამზადებული ბურღული.

ტაპიორი (ფრანგ.) - პიანისტი, აკორდეონისტი და სხვები, რომლებიც უკრავდნენ მუნჯი ფილმის მსვლელობის დროს.

ტაპირი - კენტჩლიქიანი ცხოველი, რომელსაც აქვს პატარა ხორთუმის მსგავსად წაგრძელებული ზედა ტუჩი (ცხვირთან ერთად). ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში. იყენებენ მის ხორცსა და ტყავს.

ტაპტი - მდინარე ინდოეთში, ერთვის არაბეთის ზღვის კამბეის ყურეს (სიგრძე - 720 კილომეტრი).

ტარა (იტალ.)

1) საქონლის მოსათავსებელი ჭურჭელი ან შესაფუთავი მასალა (ტომრები, ყუთები, კასრები და სხვა);

2) წონა შესაფუთავი ჭურჭლისა, მასალისა; წონა ვაგონის, ავტომანქანის, რომლითაც გადააქვთ საქონელი.

3) ირლანდიის უძველესი დედაქალაქი.

4) ქალაქი რუსეთის ომსკის ოლქში.

ტარაბუა - შულოს ამოსახვევი ჩარხი; საშულოვე.

ტარაგონა - ქალაქი-პორტი ესპანეთში, კატალონიაში (105 ათასი).

ტარავა - მარჯნის კუნძული ოკეანეთში, შედის კირიბატის შემადგენლობაში.

ტარაკუჭა - მეტიჩარა, მატრაკვეცა.

ტარაკანები (Blattodea) - მწერების რიგი: ახასიათებთ არასრული გარდაქცევა; აქვთ სამკუთხა თავი, მრავალნაწევრიანი ჯაგრისებრი ულვაშები; ითვლებიან ინფექციური დაავადებების და პარაზიტული ჭიების კვერცხების გადამტანად.

ტარანი (რუს.)

1) კედლის სანგრევი საბრძოლო იარაღი.

2) მოწინააღმდეგის თვითმფრინავის, ხომალდის ან ტანკისათვის დარტყმა მანქანის კორპუსით.

3) სამხედრო გემის წინ გამოშვერილი წყალქვეშა ნაწილი; იყენებდნენ მტრის გემზე დარტყმისათვის.

4) საშუალო ზომის თევზი კობრისებრთა ოჯახისა.

ტარანი პავლე - ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1916 წელს).

ტარანტასი - გრძელი ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი.

ტარანტელა (იტალ.)

1) იტალიური ხალხური სწრაფტემპიანი ცეკვა.

2) ამ ცეკვის ტემპის მქონე მუსიკალური ნაწარმოები.

ტარანტინო კვენტინ - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარიტი, მსახიობი (დაიბადა 1963 წელს).

ტარანტო

1) იონიის ზღვის ყურე აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

2) ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (245 ათასი).

ტარანტული (იტალ.) - დიდი შხამიანი ობობა; ცხოვრობს მიწაში.

ტარასა - ქალაქი ესპანეთში, კატალონიაში (160 ათასი).

ტარასკები (საკუთარი სახელი პურეპეჩა) - მექსიკაში მცხოვრები ინდიელი ხალხი.

ტარასკონი - ქალაქი საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში.

ტარასოვა ალა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1973 წწ).

ტარასოვი ანატოლი - რუსი სპორტსმენი და მწვრთნელი, შაიბიანი ჰოკეის ერთ-ერთი პიონერი საბჭოთა კავშირში (1918-1995 წწ).

ტარაუცი - მეტიჩარა.

ტარაფა იბნ აბდ ალ-ბაქრი - არაბი პოეტი (დაახლოებით 543-569 წწ).

ტარაღანა - დიდი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა.

ტარაში ზიგბერტ - გერმანელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი XIX-XX სს ზღვარზე (1862-1934 წწ).

ტარაშჩა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

ტარბი

1) Pastor roseus - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა; ანადგურებს მწერებს.

2) ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ზემო პირენეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

ტარბოზავრი (ლათ.) - ერთგვარი დინოზავრი.

ტარდენუის კულტურა - გვიანდელი მეზეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. VII-IV ათასწლეულები) არქეოლოგიური კულტურა საფრანგეთში.

ტარდი გაბრიელ - ფრანგი სოციოლოგი და კრიმინალისტი (1843-1904 წწ).

ტარდი ლაიოშ - უნგრელი ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, ქართველოლოგი (1914-1995 წწ).

ტარდიე ანდრე - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1876-1945 წწ).

ტარი

1) ქართული ანბანის მე-19 ასოს - ტ-ს - სახელწოდება.

2) ხელში სახმარი რაიმე იარაღის აგრეთვე დროშის და მისთანების სახელური.

3) მილი (ჩიბუხისა).

4) იგივეა, რაც თითისტარი.

ტარიბანა - ტაფობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ტარიგი

1) ბატკანი ერთ წლამდე.

2) (გადატანით) რაც მსხვერპლად უნდა შესწირონ.

ტარიელ გოლუა - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ლეო ქიაჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ხოტივარი. სცენარის აბტორები - პავლე ჩარკვიანი, თამაზ მამულაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - შოთა მილორავა. მთავგარ როლებში - ალექსანდრე ომიაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, აკაკი ვასაძე, ქეთევან კიკნაძე, დოდო აბაშიძე, დუდუხანა წეროძე, ვახტანგ ნინუა, ზურაბ ქაფიანიძე.

ტარიელი - შოთა რუსთველის „ვეფხიტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟი. შესაძლოა ამ სახელს ასეთი წარმომავლობა ჰქონდეს - „დარია“ (სპარს. „ზღვა“) - „დარიალ“ (ზღვასთან დაკავშირებული); ამგვარი აზრი განპირობებულია იმით, რომ ტარიელი პოემაში გამოყვანილია, როგორც „ამირბარი“ - ზღვათა მბრძანებელი.

ტარივერდიევი მიქაელ - რუსი კომპოზიტორი (1931-1996 წწ).

ტარიმი - მდინარე ჩინეთში, ტოტებად ერთვის კარაბურანკოლისა და ლობნორის ტბებს (სიგრძე - 2030 კილომეტრი).

ტარიმის ვაკე (კაშგარის ვაკე) - მდებარეობს ჩინეთის სიანგან-უიღურთა ავტონომიურ ოლქში.

ტარიფი (ფრანგ.) - რისამე დაბეგვრის ან ანაზღაურების განაკვეთების ცხრილი, კრებული.

ტარიფიკაცია - რისამე ტარიფის განსაზღვრა, დადგენა.

ტარიხა - ქალაქი ბოლივიაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტარკვა - ქალაქი განის დასავლეთ ოლქში.

ტარკვინიუსი ლუციუს სუპერბუს (ამაყი) - რომაული ტრადიციით, რომის უკანასკნელი მე-7 მეფე (ძვ.წ.აღ. 534 - 510 წწ).

ტარკილის მღვიმე (თარკილის მღვიმე) - მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუდოუს აუზში.

ტარკის საშამხლო - ფეოდალური სამფლობელო დაღესტნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში XV-XVIII საუკუნეებში.

ტარკოვსკი ანდრეი - რუსი კინორეჟისორი (1932-1986 წწ).

ტარკოვსკი არსენი - რუსი პოეტი, მთარგმნელი (1907-1989 წწ).

ტარკოში - ტარიანი სასმისი.

ტარლაკი - ქალაქი ფილიპინებში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტარლე ევგენი - საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1875-195 წწ).

ტარნი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ტარნი უილიამ ვუდთორპ - ინგლისელი ისტორიკოსი (1869-1957 წწ).

ტარნობჟეგი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (50 ათასი)

ტარნოვსკიე-გური - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.

ტარნუვი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

ტარო

1) ყვავილედის ერთ-ერთი ტიპი.

2) უძველესი კულტურული მცენარე; ხარობს ტროპიკების და სუბტროპიკების ტენიან რაიონებში. მის ბოლქვებს ხარშავენ ან წვავენ კარტოფილივით, ნორჩი ფოთლებისგან აკეთებენ მხალს.

ტაროკი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის აღმოსავლეთით (130 ათასი).

ტაროსი - იგივეა, რაც ამინდი.

ტარპეას კლდე - კაპიტოლიუმის ბორცვის დასავლეთი კლდის სახელწოდება ძველ რომში; ამ კლდიდან ყრიდნენ სიკვდილმისჯილებს.

ტარსიკონი - თხის მაღალხარისხოვანი ტყავი.

ტარსკი ალფრედ - პოლონელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1902-1983 წწ).

ტარსონი

1) მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, გუმბათის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ტარტაკოვერი საველი - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკის თეორიტიკოსი და ლიტერატორი, დაიბადა რუსეთში (1887-1956 წწ).

ტარტალია ნიკოლო - იტალიელი მათემატიკოსი (1499-1557 წწ).

ტარტანი - სარბენი ბილიკის უმაღლესი კლასის ხელოვნური საფარი.

ტარტარი - უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ლაქლაქი.

ტარტაროზი - ეშმაკი, მაცდური, ავი სული.

ტარტაროზული - ტარტაროზის შესაფერი; საშინელი, შემზარავი.

ტარტაროსი (ტარტაროზი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწის უღრმესი წიაღი, ეს ჰადესის უღრმესი ნაწილია და დედამიწის პირიდან ისევეა დაშორებული, როგორც ცა.

ტარტასი - მდინარე დასავლეთ ციმბირში, ომის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 566 კილომეტრი).

ტარტინი ჯუზეპე - იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, მუსიკის თეორიტიკოსი და პედაგოგი (1692-1770 წწ).

ტარტინი (ფრანგ.) - პურის თხელი ნაჭერი, რომელზედაც წასმულია კარაქი, მურაბა და მისთანები.

ტარტუ - ქალაქი ესტონეთში (115 ათასი).

ტარუღა (მონღოლურად დარუღე) - მოურავი XVI-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში.

ტარფაია - ქალაქი-პორტი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტარჩენი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბაშის მარჯვენა შენაკადი.

ტარხანოვი მიხეილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1877-1948 წწ).

ტარხუნა (Artemisia dracunculus) - სპეციფიკური ცხარე გემოს მქონე სურნელოვანი მწვანილი.

ტასიტრონი - სამელექტროდიანი შესათბობკათოდიანი იონური ხელსაწყო.

ტასკალუსა - ქალაქი აშშ-ს ალაბამის შტატში.

ტასლიცკი ბორის - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1911-1995 წწ).

ტასმანი აბელ იანსზონ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი (1603-1659 წწ).

ტასმანია - კუნძული ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

ტასმანის ზღვა - წყნარი ოკეანის აუზის ზღვა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ფართობი 3336 ათასი კვ.კმ. სიღრმე 6000 მეტრამდე.

ტასმანის მყინვარი - მდებარეობს ახალ ზელანდიაში.

ტასმანის ყურე - ტასმანის ზღვის ყურე ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სანაპიროსთან.

ტასო ტორკვატო - იტალიელი პოეტი (1544-1595 წწ).

ტასოითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ტასონი ალესანდრო - იტალიელი პოეტი (1565-1635 წწ).

ტასოსი ალევიზოს - ბერძენი გრაფიკოსი (1914-1985 წწ).

ტასტატურა (გერმ.) - ნომრის ასაკრეფი კნოპებიანი მოწყობილობა, რომელიც ჩადგმულია ტელეფონის აპარატებში, კომუტატორებში და სხვა.

ტატაბანია - ქალაქი უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კომარომის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).

ტატამი (იაპონ.) - იატაკზე დასაფენი ჭილობი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს იაპონიის ყოფაში; ტატამზე იამართება ჭიდაობა ძიუდო.

ტატანაშვილი ესტატე - ავიაციის გენერალ-მაიორი (1902-1958 წწ).

ტატანი

1) ცის ტატანი - იგივეა, რაც ცის ტატნობი.

2) გაწყრომით, გაჯავრებით ლაპარაკი; ხმამაღლა დატუქსვა; ცაცხანი.

ტატანისი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ტატარბუნარი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

ტატარესკუ გეორგე - იხილე ტეტერესკუ .

ტატარ-პაზარჯიკი - იხილე პაზარჯიკი.

ტატარსკი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (30 ათასი).

ტა-ტა-ტა - შორისდებული; გამოხატავს:

1) გაჯავრებას, შეწყრომას.

2) აღტაცებას, აღფრთოვანებას.

ტატები - დაღესტანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ხალხი (20 ათასამდე).

ტატი ჟაკ (ნამდვილი გვარი ტატიშჩევი) - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი (1908-1982 წწ).

ტატიკავა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (155 ათასი).

ტატიშვილი გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-1984 წწ).

ტატიშვილი ერეკლე - მეცნიერი, მთარგმნელი, ინგლისური ენის სპეციალისტი (1884-1946 წწ).

ტატიშვილი ცისანა - ოპერის მომღერალი (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

ტატიშჩევის ელჩობა - 1604-05 წლებში რუსეთის ელჩობა კახეთისა და ქართლის სამეფოებში.

ტატნობი - ცის ტატნობი - ცის კამარა, ცის თაღი, ცა.

ტატონი (ტათოუნი) - ისტორიული ქალაქი მიანმაში.

ტატრები (მაღალი ტატრები და დაბალი ტატრები) - მთის მასივი პოლონეთსა და ჩეხეთში.

ტატუმი ედუარდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და გენეტიკოსი (1909-1975 წწ).

ტატუირება - ადამიანის სხეულზე რისამე დახატვა კანზე ჩხვლეტისა და მასში საღებავის შეყვანის გზით.

ტატყანი - ხმამაღლა, უშნოდ ლაპარაკი.

ტატყები - მსხვილი, ფართო ხელები ან ფეხები.

ტაუანტინსუიუ - ინკების სახელმწიფო 1438-1536 წლებში, მოიცავდა თანამედროვე პერუს, ბოლივიის, ეკვადორის და ჩილეს ჩრდილოეთი ნაწილის ტერიტორიებს.

ტაუბატე - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.

ტაუბე ჰენრი - ამერიკელი ფიზიოქიმიკოსი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1918-2004 წწ).

ტაუერი (ინგლ.) - ლონდონში - XVI-XVII საუკუნემდე მეფის ციხე-დარბაზი, შემდეგ, XIX საუკუნემდე - სახელმწიფო საპატიმრო; ამჟამად - სამხედრო-ისტორიული მუზეუმი.

ტაულანარუ - ქალაქი-პორტი მადაგასკარის რესპუბლიკაში.

ტაულერი იოჰან - გერმანელი მოაზროვნე, მქადაგებელი (1300-1361 წწ).

ტაუნგუ

1) ქალაქი მიანმის პეგუს ოლქში.

2) შუა საუკუნეების სახელმწიფო მიანმაში (ბირმაში).

ტაუნზვილი - ქალაქი-პორტი ავსტრალიის კუინზლენდის შტატში (110 ათასი).

ტაუნზი ჩარლზ - ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1915 წელს).

ტაუნუსი - ქედი რაინის ფიქლოვან მთებში (გერმანია).

ტაურაგე - ქალაქი ლიტვაში.

ტაუსენი ჰანს - დანიელი პოეტი, სატირიკოსი, პუბლიცისტი, რეფორმაციის მოღვაწე (1494 - 1561 წწ).

ტაუტი ბრუნო - გერმანელი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორიტიკოსი (1880-1938 წწ).

ტაფა - ლითონის ბრტყელი, მრგვალი, დაბალკიდიანი ჭურჭელი რაიმე საჭმლის შესაწვავად ან მოსახრაკავად.

ტაფამწვარი - იგივეა, რაც ერბოკვერცხი.

ტაფელა

1) ჯოხი, რომლითაც რიკტაფელას თამაშობენ.

2) მტკნარი წყლის პატარა თევზი კობრისებრთა ოჯახისა; დეკორატიულია.

ტაფობი - დაცემული, ჩავარდნილი ადგილი (მთებს შორის).

ტაფონიმია (ბერძნ.) - პალეონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს განათხარ ორგანიზმთა ადგილსამყოფლის წარმოქნის პროცესებს დედამიწის ქერქის ფენებში.

ტაფოცენოზი - დანალექ შრეებში დაცულ ორგანიზმთა ერთობლიობა

ტაფტა (ფრანგ.<სპარს.) - აბრეშუმის ან ბამბის მტკიცე ქსოვილი.

ტაფტი უილიამ ჰაუარდ - აშშ-ს 27-ე პრეზიდენტი 1909-13 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1857-1930 წწ).

ტაქეომეტრი (ბერძნ.) - გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად არკვევენ ჰორიზონტალურ მანძილებსა და სიმაღლეებს.

ტაქიკარდია (ბერძნ.) - გულის ცემის აჩქარება.

ტაქიპნოე (ბერძნ.) - გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, რომელსაც არ ახლავს მისი რიტმის დარღვევა; ქოშინის ერთ-ერთი სახეობა.

ტაქისტოსკოპი (ბერძნ.) - აპარატი, რის მეშვეობითაც ადამიანი ეჩვევა სწრაფი კითხვის უნარს.

ტაქსა

1) (რუს.) - პატარა ძაღლი, რომელსაც გრძელი ტანი და მოკლე ფეხები აქვს.

2) (ფრანგ.) - ნიხრი.

ტაქსატორი - ტაქსაციის სპეციალისტი.

ტაქსაცია (ლათ.)

1) რისამე ნიხრის დადგენა; შეფასება.

2) სატყეო მეურნეობაში - ნარგავების რაოდენობის, ხეების მოცულობის, მერქნის მარაგის, ტყის ნამატის განსაზღვრა და შეფასება.

3) რისამე ზომებისა და ხარისხის დადგენა.

ტაქსი (ფრანგ.) - ავტომობილი, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები ან გადააქვს ტვირთი.

ტაქსიდერმია (ბერძნ.) - ცხოველთა ფიტულების დამზადება.

ტაქსილი (ტაქშაშილი) - ძველი ქალაქი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე.

ტაქსილი ლეო (ნამდვილი სახელი და გვარი გაბრიელ ანტუან ჟოგან-პაჟესი) - ფრანგი ჟურნალისტი (1854-1907 წწ).

ტაქსინი (პია ტაქსინი) - სიამის მხედართმთავარი და მეფე (1734-1782 წწ).

ტაქსისები (ბერძნ.) - თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე მიკროორგანიზმებისა და უმარტივესი მცენარეების (ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედთა) მოძრაობითი რეაქციები.

ტაქსისტი - ტაქსის მძღოლი.

ტაქსოდიუმი - წიწვოვან მცენარეთა გვარი; იგივე ჭაობის კვიპაროზი.

ტაქსომეტრი - ტაქსიზე დადგმული მრიცხველი.

ტაქსომოტორი - იგივეა, რაც ტაქსი.

ტაქსონი (ლათ.) - რაგინდარა ერთეული (სახეობა, გვარი, ოჯახი, კლასი და მისთანები) მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში.

ტაქსონომია - იგივეა, რაც სისტემატიკა.

ტაქსოფონი - იგივეა, რაც ტელეფონ-აპარატი.

ტაქტი (ლათ.)

1) მეტრული მუსიკალური ერთეული - თითოეული იმ თანაბარ ნაწილთაგანი (ხანგრძლივობის მიხედვით), რაზედაც იყოფა მუსიკალური ნაწარმოები მეტრულ მახვილთა მიხედვით.

2) რაიმე ერთგვაროვანი მოქმედების, მოძრაობის თითოეული ნაწილი; დრო თანაბარ დარტყმებს შორის.

3) რისამე მექანიზმის სამუშაო ციკლის ნაწილი.

4) ზომიერების გრძნობა, რომელიც ადამიანს უკარნახებს ყველაზე უფრო სწორ მიდგომას, ყველაზე უფრო თავაზიან მოქცევას ვისიმე ან რისიმე მიმართ.

ტაქტიკა (ბერძნ.)

1) ბრძოლის მომზადებისა და წარმოების თეორია და პრაქტიკა; ბრძოლის წარმოების წესები, ხერხები.

2) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლის ხერხები.

3) რაიმე მიზნის მისაღწევად გამოყენებული ხერხი.

ტაქტიკოსი - ტაქტიკის მცოდნე, ტაქტიკაში დახელოვნებული პირი.

ტაქტილური (ლათ.) - ბიოლოგიაში - შეხებითი.

ტაში - ელის ხელზე ცემა (მოწონების, აღფრთოვანების, თანხმობის გამოსახატავად, ვისიმე პატივსაცემად).

ტაში გეორგ - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ზემო ავსტრიაში (გარდაიცვალა 1597 წელს).

ტაშიზმი (ფრანგ.) - მიმდინარეობა XX საუკუნის ფერწერაში, აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი სახეობა.

ტაშირი

1) ღია, გაშლილი ადგილი მთებს შორის.

2) მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის განაპირა ოლქი (ამჟამად სომხეთის ფარგლებშია).

3) ქალაქი სომხეთში.

ტაშირის სერი - სერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება ბანისხევსა და ლიკანისხევს შორის.

ტაშისკარი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ტაშისკვრა - ტაშის დაკვრა, ტაშისცემა, ტაში.

ტაშისკრის არხი - სარწყავი სისტემა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ტაში-ტაში (ტაში-ტუში)

1) ტაში, ტაშისკვრა.

2) შეძახილი ტაშის დასაკრავად.

ტაშიცკი ვიტოლდ - პოლონელი ენათმეცნიერი (1898-1985 წწ).

ტაშკენტი - უზბეკეთის დედაქალაქი 1930 წლიდან. ამ სახელით ცნობილია XI საუკუნიდან. 1918-24 წლებში იყო თურქესტანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი (2,1 მილიონი).

ტაშტაგოლი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

ტაშტახტი - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ხირხატისწყლის სათავეში.

ტაშტი - ლითონის მოზრდილი, გაშლილი, მრგვალი (ან მოგრძო) ჭურჭელი.

ტაშტიყულარი (ყოფილი ძეძვნარიანი) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ტაშ-ფანდური - ტაშისა და ფანდურის დაკვრა, ცეკვა-თამაში; ლხინი.

ტაჩენი - იხილე ჩუგუჩაკი.

ტაცეტი (იტალ.) - ნარგიზის კულტურული სახეობა; ფართოდ იყენებენ მეყვავილეობაში.

ტაციობა

1) ერთმანეთისათვის მოტაცება რისამე (ხშირად გართობა-თამაშის ხასიათისა).

2) მტაცებლობა, ძარცვა-გლეჯა, ყაჩაღობა.

ტაციტა - მდუმარებისა და სიწყნარის რომაული ღვთაება.

ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს - რომაელი მწერალი, ისტორიკოსი (დაახლოებით 55 - 116 წწ).

ტაძარი - შენობა ღვთისმსახურებისათვის; ეკლესია.

ტაძრეული (ტაძრობილი) - მეფის მხლებელნი, მეფესთან დაახლოებული პირები.

ტაძრისი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ტახეომეტრი (ტახიკარდია) - იხილე ტაქეომეტრი.

ტახი

1) მამალი ღორი.

2) გარეული ღორი.

ტახინი - პირობითი სახელი მექსიკის უძველესი ქალაქისა, რომლის ნანგრევები მდებარეობს ვერაკრუსის შტატში.

ტახირი და ზუხრა - თურქულენოვან ხალხში გავრცელებული ხალხური ლირიკო-ეპიური პოემა; პირველი ლიტერტურული რედაქცია შეიქმნა XVII საუკუნეში.

ტახო (ტეჟუ) - მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 1010 კილომეტრი).

ტახტა

1) უნაგირის კეხის წინ და უკან ამოშვერილი ნაწილები.

2) მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ოსეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 2444 მეტრი).

ტახტი (სპარს.)

1) ხის გრძელი ოთხფეხიანი დგამი, დასაწოლი (ან დასაჯდომი).

2) სავარძელი, რომელშიც მეფე ჯდებოდა ოფიციალური მიღების და მისთანების დროს.

3) სავარძელი საკათედრო ტაძარში უმაღლესი სასულიერო პირისათვის (კათალიკოსისათვის...).

4) იგივეა, რაც ტახტა.

ტახტისძირი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ტახტრევანი - მდიდრად მორთული გადახურული სატარებელი დიდებულთა და მანდილოსნებისათვის.

ტახუმულკო - მოქმედი ვულკანი გვატემალაში (4217 მეტრი).

ტაჯიკები - ტაჯიკეთის ძირითადი მოსახლეობა.

ტაჯიკეთი (ტაჯიკეთის რესპუბლიკა, tajik. jumhuriie TojiqisTon).

- სახელმწიფო შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება უზბეკეთს და ყირგიზეთს, აღმოსავლეთით - ჩინეთს, სამხრეთით - ავღანეთს.- ჰიმნი - „სურუდ-ე მელლი“ (ეროვნული ჰიმნი).
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - მეჯლისი.
- ფართობი - 143 100 კვ.კმ.
- დაყოფილია 3 ოლქად და 45 რაიონად.
- მოსახლეობა - 7,2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 50 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - მუსლიმანი-სუნიტები.
- ოფიციალური ენა - ტაჯიკური.
- დედაქალაქი - დუშანბე.
- ვალუტა - სომონი.
- ქვეყნის კოდი - TJK.
- დროის სარტყელი - UTC +5.
- სატელეფონო კოდი - +992.
- ინტერნეტ-დომენი - tj.

ტაჯიკური - ტაჯიკებთან დაკავშირებული, ტაჯიკებისაგან მომდინარე.ტაჰა მაჰმუდი ალი - არაბი პოეტი (ეგვიპტე) (1902-1949 წწ).

ტაჰა ჰუსეინი - არაბი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (ეგვიპტე) (1889-1973 წწ).

ტაჰირიდები - იხილე თაჰირიდები.

ტაჰვა - ქალაქი ნიგერიაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტაჰო - ტბა სიერა-ნევადის მთებში (აშშ).