The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
close this book 0002უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ბ–დ)
close this folder
View the document ბა
View the document ბგ
View the document ბდ
View the document ბე
View the document ბვ
View the document ბზ
View the document ბი
View the document ბლ
View the document ბმ
View the document ბნ
View the document ბო
View the document ბპ
View the document ბჟ
View the document ბრ
View the document ბს
View the document ბუ
View the document ბფ
View the document ბღ
View the document ბწ
View the document ბჭ
View the document ბჯ
View the document ბჰ
.. no related documents ..

ბი

 

ბი (ლათ. „ორი“) - რთული სიტყვების წინსართი. გამოხატავს ორმაგობას.

ბია

  1. იგივე კომში.

  2. მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში.

  3. სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

  4. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ძალისა და შესაძლებლობის განსახიერება. ბიამ მიაჯაჭვა პრომეთე კავკასიონზე.

ბიაბრუ (სპარს.) - უაზრო, უმიზნო.

ბიადულია ზმიტროკ (ნამდვილი სახელი და გვარი სამუილ პლავნიკი) - ბელორუსი მწერალი (1886-1941 წწ).

ბიაზი - მკვრივი ქსოვილი.

ბიათლონი (ბიატლონი) - სათხილამურო ორჭიდი: რბოლა და სროლა.

ბიაინილი - ურარტუს სახელმწიფოს საკუთრივ ურარტული სახელწოდება. „რარტუ“ ამ სახელმწიფოს ასურული სახელია.

ბიალიკი ხაიმ ნახმან - რუსეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი (1873-1934 წწ).

ბიალინიცკი-ბირულია (ვიტოლდ) - რუსეთში მოღვაწე მხატვარი, პეიზაჟისტი (1872-1957 წწ).

ბიალობჟესკი ჩესლავ - პოლონელი ფიზიკოსი (1878-1953 წწ).

ბიალონი - საზაფხულო თხელი და სუბუქი წამოსასხამი სამოსელი (საბა).

ბიანდრია - ორქმრიანობა.

ბიანვენი - ჩინური სასიმღერო-თხრობითი ლიტერატურული ჟანრი. გაჩნდა და განვითარდა ტანის ეპოქაში (VII-X სს).

ბიანკა - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი.

ბიანკი ვიტალი - რუსი მწერალი (1894-1959 წწ).

ბიანკი ლუიჯი - იტალიელი მათემატიკოსი, გეომეტრი (1856-1928 წწ).

ბიანკი-ბანდინელი რანუჩო - იტალიელი არქეოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1900-1975 წწ).

ბიან-ძიაო - ჩინურ მითოლოგიაში - ღვთაება-მკურნალი, გამოისახებოდა ადამიანისთავიან ფრინველად.

ბიანჩოტი ექტორ - არგენტინული წარმოშობის ფრანგი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

ბიან ხე - ჩინურ მითოლოგიაში - ძვირფასეულობათა მცველი, იუველირთა მფარველი ღვთაება.

ბიარიცი (ბასკურად „ორი კლდე“) - ქალაქი-კურორტი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბისკაის ყურის სანაპიროზე (64 ათასი).

ბიარმია - ბეწვეულით მდიდარი ქვეყანა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ცნობილია IX-XIII საუკუნეების სკანდინავიური საგების და რუსული ბილინების მიხედვით.

ბია-საშონიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ბიატლონი - იხილე ბიათლონი.

ბიაფო - მყინვარი ყარაყორუმის სამხრეთ კალთაზე.

ბიაქსი - ფერიტული გულარი, რომელსაც აქვს განშტოებული მაგნიტური წრედი.

ბიბა ანდრეი - XX საუკუნის 60-იანი წლების კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი, 1966 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1937 წელს).

ბიბიენა (ნამდვილი სახელი და გვარი ბერნარდო დოვიცი) - იტალიელი საეკლესიო მოღვაწე, კარდინალი. ერთ-ერთი პირველი იტალიური კომედია „კალანდროს“ ავტორი (1470-1520 წწ).

ბიბილაშვილი ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1944 წწ).

ბიბილაშვილი ნოდარ - გეოფიზიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

ბიბილეიშვილი მედეა - მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

ბიბილო

  1. წითელი ამონაზარდი ზოგი ფრინველის თავზე.

  2. უხრტილო ჩამონაზარდი ადამიანის ყურისა.

ბიბინი - ნიავისაგან ბალახის ტალღისებრი რხევა.

ბი-ბი-სი (British Broadcasting Corporation - BBC) - (აბრევიატურა) ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია. დაარსებულია 1927 წელს. ლონდონში. მაუწყებლობას აწარმოებს ინგლისურ და 36 უცხო ენაზე.

ბიბი-ხანუმი - XV საუკუნის დასაწყისიდან სამარყანდში არსებული არქიტექტურული ძეგლი, თემურ-ლენგის მიერ აგებული გრანდიოზული მეჩეთი. დღემდე შემორჩენილია ნანგრევების სახით.

ბიბლეისტიკა - ბიბლიის შემსწავლელი მეცნიერება.

ბიბლი - უძველესი ფინიკიური ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ბიბლი კონსტანტინე - ჩეხი პოეტი (1898-1950 წწ).

ბიბლია (ბერძნულად - „წიგნები“) - იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „საღვთო წიგნების“ კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან.

ბიბლიანი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ბიბლიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მილეტოსის ქალიშვილი, რომელიც შემდეგ წყაროდ გადაიქცა.

ბიბლიოგრაფია (ბერძნ.)

  1. ბეჭდვით და ხელნაწერ ქმნილებათა შესახებ ინფორმაციის დაცვა და გავრცელება.

  2. რაიმე საგნის, საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის სია.

ბიბლიოთეკა (ბერძნ.)

  1. ბეჭდვით ქმნილებათა საზოგადოებრივი სარგებლობის დაწესებულება.

  2. ვისიმე კუთვნილ წიგნთა ერთობლიობა.

  3. წიგნების სერია, გაერთიანებული რაიმე ნიშნის მიხედვით და გამოცემული ერთნაირად.

ბიბლიოთეკარი - საბიბლიოთეკო საქმით დაკავებული მუშაკი.

ბიბლიოლოგია (ბერძნ.)

  1. წიგნის ისტორიის შემსწავლელი მეცნიერება.

  2. ბიბლიის შემსწავლელი ფილოლოგიური დისციპლინა.

ბიბლიომანი - ძვირფასი, იშვიათი წიგნების შეგროვებით გატაცებული ადამიანი.

ბიბლიომანია (ბერძნ.) - ძვირფასი და იშვიათი წიგნების შეგროვება.

ბიბლიოტაფი (ბერძნ.) - ხუმრობით ეწოდება ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი ბიბლიოთეკით სხვას არ ასარგებლებს.

ბიბლიოფილია (ბერძნ.) - წიგნების და გამოცემების შემგროვებლობა.

ბიბლოსი - ძველი ქალაქი ფინიკიაში, ახლანდელი ჯუბეილი (ლიბანში).

ბიბო - რევაზ ინანიშვილის მოთხრობა.

ბიბოპი - 1940-იან წლებში ჩამოყალიბებული ჯაზის სტილი.

ბიბრაქტი - უძველესი გალური ტომის, ედუების მთავარი ქალაქი და საკულტო ცენტრი (საფრანგეთი).

ბიგა - რისამე გასამაგრებლად შეყენებული ძელი.

ბიგამია - ორცოლიანობა ან ორქმრიანობა.

ბი-განი - ჩინურ მითოლოგიაში - სიმდიდრის ღვთაება.

ბიგანიშვილი გურამ - ევროპის 1984 წლის ჩემპიონი აფროსნობაში (დაიბადა 1950 წელს).

ბიგარი ჯოზეფ გილისი - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1828-1890 წწ).

ბიგასებრნი - ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. განეკუთვნება ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებს.

ბიგ-ბენდი - ჯაზური ანსამბლის სახესხვაობა.

ბიგდაზია - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს მარცხენა შენაკადი.

ბიგელოუ კეტრინ - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი ქალი (დაიბადა 1951 წელს).

ბიგლი

  1. გემი, რომლითაც ჩარლზ დარვინმა დედამიწის გარშემო იმოგზაურა 1831-36 წლებში.

  2. სანადირო ძაღლის ინგლისური ჯიში.

ბიგნონიასებრნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი, ხეები, ბუჩქები ან ლიანები.

ბიგუდი (ფრანგ.) - თმის დასახვევი პატარა მილაკი, პაპილოტი.

ბიგ-ჰორნი - ქედი, კლდოვანი მთები აშშ-ში.

ბიდა - ქალაქი ჩრდილოეთ ნიგერიაში.

ბიდარა (ბაიდარა) - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ბიდარის მთა (ბაიდარის მთა) - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

ბიდარის ხეობა - ხეობა ჯვრის უღელტეხილის ჩრდილოეთ კალთაზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ბიდახი - ფიალაზე მეტი ჭურჭელი (საბა).

ბიდგოშჩი - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ პოლონეთში, ბიდგოშჩის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ბიდე (ფრანგ.) - ჭურჭელი, ბაკანი სხეულის ზოგიერთი ნაწილის დასაბანად.

ბიდეპოტი - იხილე ვიდიაპატი.

ბიდერმაიერი - XIX საუკუნის დასალიერის მიმდინარეობა გერმანიის და ავსტრიის ხელოვნებაში, ასახავდა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბუნებას.

ბიდილი - იხილე ბედილი.

ბიდლი ჯორჯ უელს - ამერიკელი გენეტიკოსი, 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ტეიტემთან ერთად (1903-1989 წწ).

ბიდო ჟორჟ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1946, 1949-1950 წლებში (1899-1983 წწ).

ბიდონი (ფრანგ.) - თავსახურიანი ლითონის ჭურჭელი სითხეებისათვის.

ბიდონვილი (ფრანგ.) - ღარიბ-ღატაკთა ქოხმახები ქალაქის გარეუბნებში.

ბიდსტრუპი ჰერლუფ - დანიელი მხატვარი-კარიკატურისტი (1912-1988 წწ).

ბიდუკი (ბუდუკი) - სოფელი, იხილე ბუდუკი.

ბიებლი კონსტანტინ - ჩეხი პოეტი (1898-1951 წწ).

ბიებჟა - მდინარე ნარევის მარცხენა შენაკადი (პოლონეთი).

ბიეთი

  1. XIV საუკუნის მეორე ნახევრის ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბიელა - ქალაქი იტალიის ვერჩელის პროვინციაში.

ბიელავა - ქალაქი პოლონეთის ვალბჟიხის სავოევოდოში.

ბიელას კომეტა - ჩეხი მოყვარული ასტრონომის მიერ 1826 წელს აღმოჩენილი კომეტა.

ბიელიდები - მეტეორული ნაკადი, იგივე ანდრომედიდები.

ბიელსკი მარცინ - პოლონელი ისტორიკოსი და სატირიკოსი (1495-1575 წწ).

ბიენალე (ფრანგ.) - გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბიენი ბრენდან - ირლანდიელი მწერალი (1923-1964 წწ).

ბიერდზლი ობრი ვინსენტ - ინგლისელი მხატვარი (1872-1896 წწ).

ბიერნსონი ბიერნსტიერნე მარტინიუს - ნორვეგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1832-1910 წწ).

ბიერნსონი სვეინ - დამოუკიდებელი ისლანდიის პირველი პრეზიდენტი 1944 წლიდან (1881-1952 წწ).

ბიერუტი (ბერუტი) ბოლესლავ - პოლონეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1892-1956 წწ).

ბიეფი (ფრანგ.) - მდინარის მონაკვეთი ორ კაშხალს შორის ან არხის მონაკვეთი ორ რაბს შორის.

ბიეშადი - კარპატების განშტოება ქედი პოლონეთში.

ბიეშუ მარია - მოლდაველი ოპერის მომღერალი ქალი, ლირიკულ-დრამატული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ბივა - იაპონიის უდიდესი ტბა კუნძულ ჰონსიუზე, სიღრმე 86 მეტრამდე.

ბივაკი - იხილე ბივუაკი.

ბივალენტები - კონიუგირებული ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები, რომლებიც მეიოზში ბირთვის გაყოფის დროს წარმოიქმნება.

ბივერბრუკი უილიამ მაქსუელ - ბარონი, ინგლისელი საგაზეთო მაგნატი და სახელმწიფო მოღვაწე (1879-1964 წწ).

ბივრესტი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ცისა და მიწის შემაერთებელი ცისარტყელა.

ბივრილი (ბერძნ.) - ცისფერი ძვირფასი ქვა; ბერილი, ბივრიტი.

ბივუაკი (ფრანგ.) - ღამის გასათევად გაშლილი ბანაკი (ჯარისათვის, ალპინისტებისათვის).

ბივშტექსი (ინგლ.) - ძროხის ხორცის დაბეგვილი და შემწვარი ნაჭერი.

ბიზანი (ჰოლანდ.)

  1. იალქნიანი ნავის უკანა ანძა.

  2. ქვედა ირიბი იალქანი ბიზან-ანძაზე.

ბიზანტია (ბიზანტიის იმპერია) - სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.

ბიზანტინისტი - ბიზანტისტიკის სპეციალისტი.

ბიზანტინისტიკა - იგივე ბიზანტინოლოგია.

ბიზანტინოლოგია (ბიზანტინისტიკა) - ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შესწავლის ბიზანტიის ისტორიას და კულტურას. დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ბიზანტიონი - ძვ.წ.აღ. 660 წელს მეგარელების მიერ დაარსებული ბერძნული ქალაქი ბოსფორის პირას, IV საუკუნიდან კონსტანტინოპოლი, ხოლო 1453 წლიდან სტამბოლი ეწოდა.

ბიზე ჟორჟ (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ) - ფრანგი კომპოზიტორი (1838-1875 წწ).

ბიზერტა - ქალაქი ჩრდილოეთ ტუნისში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).

ბიზნესი (ინგლ.) - კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა, რაც შემოსავლის წყაროდაა ქცეული.

ბიზნესმენი (ინგლ.) - ბიზნესით დაკავებული, საქმოსანი.

ბიზოვანი - თივა აბრეშუმის მსგავსი (საბა).

ბიზონი (ინგლ.) - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარა ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა, ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში.

ბითაგა

  1. სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.

ბითაძე მიხეილ - მშენებელი ინჟინერი, ნაგებობათა ფუძესაძირკვლების მშენებლობის სპეციალისტი (1903-1985 წწ).

ბითეთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბითვინია - ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.

ბითვინიონი - მარიანდინების ქალაქი ბითვინიის აღმოსავლეთ მხარეში.

ბითვინისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე ამიკოსის დედა.

ბითლზი (ინგლ. „ხოჭოები“) - ყველა დროის საუკეთესო ინგლისური როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1959 წელს ლივერპულში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პოლ მაკარტნი (დაიბადა 1942 წელს), ჯონ ლენონი (1940-1980 წწ), ჯორჯ ჰარისონი (1943-2002 წწ), რინგო სტარი (დაიბადა 1940 წელს).

ბითლისი შერეფ ალ-დინ (შერეფ-ხანი) - სპარსულენოვანი ქურთი ისტორიკოსი (1543 - გარდაცვალების წელი უცნობია).

ბითუმი

  1. (ბითუმად) - დიდი რაოდენობით.

  2. (არასწორია) იხილე ბიტუმი.

ბიია პოლ - კამერუნის პრეზიდენტი 1982 წლიდან (დაიბადა 1933 წელს).

ბიიანხუ (ჩინურად ბაი იანხუ) - ხუეიძუს ხალხის (ჩინეთი) აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1882 წელს).

ბიინიაო - ჩინურ მითოლოგიაში - სულ ერთად მყოფი ფრინველები, გამოსახავენ მეუღლეობის სიმბოლოს.

ბიიო-ვარენი ჟან ნიკოლა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, იაკობინელი (1756-1819 წწ).

ბიისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბიისკი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში (225 ათასი).

ბიიუ ფრანსუა - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1978 წწ).

ბიიშევა ზეინაბი - ბაშკირი მწერალი ქალი (1908-1996 წწ).

ბიი-ხემი - მდინარე რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში, იხილე დიდი ენისეი.

ბიკაზი - ქალაქი რუმინეთის ნიამცის ჟუდეცში.

ბიკანერი - ქალაქი ინდოეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რაჯასტანის შტატში, თარის უდაბნოში (415 ათასი).

ბიკარბონატები - ნახშირმჟავას მჟავური მარილები.

ბიკბაი ბაიაზეთ - ბაშკირი პოეტი და დრამატურგი (1909-1968 წწ).

ბიკბულატოვა ზაითუნა - ბაშკირი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1992 წწ).

ბიკვადრატული განტოლება - მეოთხე ხარისხის განტოლების კერძო შემთხვევა.

ბიკილა აბებე - ეთიოპიელი სპორტსმენი (მძლეოსნობა, მარათონული სირბილი). ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი სპორტსმენი, რომელმაც ორჯერ ზედიზედ (1960, 1964 წლები) მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა მარათონულ სირბილში (1932-1973 წწ).

ბიკინი (ინგლ.)

  1. მარჯნის კუნძული, ატოლი წყნარ ოკეანეში, მარშალის კუნძულების არქიპელაგში.

  2. ქალის ორნაწილიანი საბანაო კოსტუმი.

  3. ქალაქი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

  4. მდინარე სიხოტე-ალინიას მთებში, უსურის მარჯვენა შენაკადი (რუსეთი).

ბიკოვა ელიზავეტა - მსოფლიოს მესამე ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის 1952-56, 1958-62 წლებში (1913-1989 წწ).

ბიკოვი ვასილ - ბელორუსიის სახალხო მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ბიკოვი ლეონიდ - რუსი კინომსახიობი (1928-1979 წწ).

ბიკოვი როლან - რუსი კინომსახიობი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1929-1998 წწ).

ბიკოვო - ქალაქის ტიპის დასახლება მოსკოვის ოლქში, მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტი.

ბიკოვსკი ვალერი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1963 და 1976 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1934 წელს).

ბიკოლები - ფილიპინებზე, კუნძულ ლუსონზე მცხოვრები ხალხი.

ბიკონი

  1. იგივეა, რაც კვარი.

  2. ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.

ბიკონსფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ბუკინგემფშირის საგრაფოში.

ბიკონსფილდი ბენჯამენ - იხილე დიზრაელი.

ბიკორტა - იხილე ნადოკრა.

ბიკფორდის ზონარი - ცეცხლგამტარი ზონარი. ნელწვადი პატრუქი, რომელშიც მოთავსებულია დენთი.

ბილაბიალური - ბგერა, რომელიც ბაგეების მონაწილეობით წარმოითქმის.

ბილანი - გულუბრყვილო, მიამიტი (კუთხ.)

ბილანიშვილი გიორგი - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1969 წწ).

ბილანიშვილი ზაქარია - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი (1862-1934 წწ).

ბილატერალური (ლათ.) - ისეთი ბგერა, რომელიც წარმოითქმება ბაგეების მონაწილეობით, წყვილბაგისმიერი.

ბილაში ალექსანდრე - უკრაინელი კომპოზიტორი (დაიბადა 1931 წელს).

ბილბაო - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, ბასკეთის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (370 ათასი).

ბილ-ბელოცერკოვსკი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1884-1970 წწ).

ბილბოკე (ფრანგ.)

  1. საბავშვო თამაში, სადაც ჯოხით რგოლებს იჭერენ.

  2. საოქრომჭედლო იარაღი.

ბილბორდი (ინგლ.) - სააგიტაციო ან სარეკლამო დანიშნულების მქონე დიდი ილუსტრირებული დაფა.

ბილგე - თურქთა ხაკანი VIII საუკუნის პირველ ნახევარში.

ბილდერდეიკი ვილემ - ჰოლანდიელი პოეტი, ისტორიკოსი და ფილოლოგი (1756-1831 წწ).

ბილდი - გერმანული საგამომცემლო კონცერნი.

ბილდირგა - ხელის ან თითის გასაყარი (საბა).

ბილდტი კარლ - შვედეთის პრემიერ-მინისტრი XX საუკუნის 90-იან წლებში (დაიბადა 1949 წელს).

ბილეთი (ფრანგ.)

  1. საშვის სახეობა.

  2. წილისყრის სახე (საგამოცდო ბილეთი).

ბილენთა - მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ბილენკი რომანო - იტალიელი მწერალი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1909 წელს).

ბილეფელდი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ბილეცკი ალექსანდრე - უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი (1884-1961 წწ).

ბილი

  1. (ინგლ.) - კანონპროექტი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

  2. ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიაში, ბერნის კანტონში (52 ათასი).

ბილი მაქს - შვეიცარიელი დიზაინერი, მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი (1908-1994 წწ).

ბილიარდი (ფრანგ.) - ბურთულებით თამაში სპეციალურ მაგიდაზე.

ბილიარი - ქალაქი ვოლგა-კამის ბულგარეთში. არსებობდა X-XIII საუკუნეებში.

ბილიასუვარი - ქალაქი აზერბაიჯანში.

ბილიბინი ივანე - რუსი გრაფიკოსი, ილუსტრატორი და თეატრალური მხატვარი (1876-1942 წწ).

ბილიბინო - ქალაქი რუსეთის ჩუკოტკის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ბილივერდინი - მწვანე კრისტალები, ნაღვლის პიგმენტი.

ბილიკი - საცალფეხო გზა.

ბილილა - მინდვრის ყვავილი ერთგვარი.

ბილინგვა (ლათ.) - ერთი და იმავე შინაარსის შემცველი ორენოვანი ტექსტი.

ბილინგვიზმი - ორენოვნება, ერთი და იმავე ინდივიდის ან ენობრივი კოლექტივის მიერ ორი ენის დაუფლება და გამოყენება.

ბილინგსი უილიამ - თვითნასწავლი ამერიკელი კომპოზიტორი (1746-1800 წწ).

ბილინები - რუსი ხალხის ეპიკური სიმღერები, წარმოიშვა X-XI საუკუნეში, კიევის რუსეთის აყვავების ხანაში.

ბილიონი (ფრანგ.) - იგივეა, რაც მილიარდი ანუ ათასი მილიონი, გამოისახება ერთიანით და 9 ნულით.

ბილირუბინი (ლათ.) - ყავისფერი კრისტალები, ნაღვლის პიგმენტი.

ბილიუნასი იონას - ლიტველი მწერალი (1879-1907 წწ).

ბილიხტონი - ძაფით ტილოზე ნაკერი (საბა).

ბილონი (ფრანგ.) - არასრულფასოვანი ხურდა ფული. მდარე ხარისხის ვერცხლი.

ბილროთი თეოდორ - გერმანელი ქირურგი (1829-1894 წწ).

ბილურთა - მთა სამაჩაბლოში, ჯავის მუნიციპალიტეტი, ლიხის ქედზე.

ბილწი - უწმინდური, საზიზღარი.

ბილწსიტყვაობა - უწმაწური ლაპარაკი.

ბილჰარციოზი - საშარდე გზებისა და ნაწლავების დაავადება.

ბიმა-სუმბუს ხალხები - ხალხთა ჯგუფი ინდონეზიაში.

ბიმბისარა - ძვ.წ.აღ. VI საუკუნის ძველინდოელი მეფე, ბუდას თანამედროვე და თანამოაზრე.

ბიმ-ბომი - რუსი ექსცენტრიკოსი კლოუნების ცნობილი დუეტი XX საუკუნის პირველ ნახევარში.

ბიმეტალი (ორლითონი) - სხვადასხვაგვარი ლითონის ორი შრისაგან შემდგარი მასალა.

ბიმეტალიზმი - ფულადი სისტემა, როცა საყოველთაო ეკვივალენტის როლი მიკუთვნებული აქვს ორ კეთილშობილ ლითონს.

ბიმი - ძაღლი გაბრიელ ტროეპოლსკის ცნობილ რომანში („შავყურა თეთრი ბიმი“).

ბიმონი რობერტ - აშშ სპორტსმენი, სიგრძეზე მხტომელი, 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც ფენომენალური რეკორდი - 8,90 მეტრი - დაამყარა (დაიბადა 1946 წელს).

ბიმსი (ინგლ.) - გემის განივი კოჭი, რომელიც ბორტებს აერთებს.

ბიმტრალი (ინგლ.) - ტომრისებრი ბადე ფსკერის თევზის დასაჭერად.

ბინა (სპარს.)

  1. ცალკე საცხოვრებელი სადგომი სახლში, თავშესაფარი.

  2. მწყემსების საცხოვრებელ-სამუშაო ადგილი.

ბინადარი (სპარს.) - მკვიდრი მცხოვრები.

ბინარი - სნეული ჩუმად მივარდნილი (საბა).

ბინარული (ფრანგ.)

  1. ორი ნაწილისაგან შემდგარი, ორმაგი.

  2. მათემატიკაში - ორობითი (თვლა).

  3. ეფექტი - ადამიანისა და ცხოველის უნარი - განსაზღვროს ბგერის წყაროს მდგომარეობა, რაც ორი ყურის არსებობითაა განპირობებული; აიხსნება იმით, რომ ბგერა ორივე ყურთან მიდის არაერთდროულად და არა ერთი და იმავე ძალით.

ბინგემი - სპილენძის საბადო აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, იუტას შტატში.

ბინგემტონი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-იორკის შტატში (55 ათასი).

ბინგო (ინგლ.) - ლოტოს თამაშის ამერიკული სახესხვაობა. მისი თავისებურება ისაა, რომ რიცხვების რიგი მთავრდება 75-ით და არა 90-ით.

ბინგოლი - ვულკანური მასივი თურქეთში.

ბინდბუნდი - იგივეა, რაც ბინდი.

ბინდენშუ რუპერტს - ლატვიელი არქიტექტორი, ბაროკოს წარმომადგენელი (1645-1698 წწ).

ბინდი - ნაწილობრივი სიბნელე, დედამიწის ატმოსფეროს მიერ მზის სინათლის გაბნევის ოპტიკური მოვლენა.

ბინდუსარა - ძვ.წ.აღ. III საუკუნის ძველინდოელი მეფე, აშოკას მამა.

ბინე ალფრედ - ფრანგი ფსიქოლოგი (1857-1911 წწ).

ბინთხა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბინი ალან - აშშ-ს კოსმონავტი, რომელიც „აპოლონ-12“-ით 1969 წლის ნოემბერში მთვარეზე დაეშვა (დაიბადა 1932 წელს).

ბინი ჩარლზ - ამერიკელი ფიზიკოსი (1923-1996 წწ).

ბინი

  1. (ედო) - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 5 მილიონი).

  2. 1000 თურქულად.

ბინიგი გერდ - გერმანელი ფიზიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. რუსკთან და გ. რორერთან ერთად (დაიბადა 1947 წელს).

ბინკურსჰუკი კორნელიუს ვან - ჰოლანდიელი მოსამართლე და მეცნიერი (1673-1743 წწ).

ბინოკლი (დურბინდი) - ორი პარალელური ჭოგრისაგან შემდგარი ოპტიკური ხელსაწყო.

ბინომი (ლათ.) - ორწევრი, ორი ალგებრული გამოსახულების ჯამი ან სხვაობა.

ბინოში ჟულიეტ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1964 წელს).

ბინსვანგერი ლუდვიგ - შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი (1881-1966 წწ).

ბინტი (გერმ.) - მარლის ან რბილი ქსოვილის გრძელი, ლენტისებრი ნაჭერი.

ბინტურონგი (კატისებრი დათვი) - ვივერასებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველი, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ბინული - წყარო, წყაროს წყალი.

ბინფენი - ჩინურ მითოლოგიაში - ურჩხული, ორთავიანი ტახი.

ბინქარანი - მოგვთა (ცეცხლის მსახურთა) უფროსი მცხეთაში V საუკუნის მე-2 ნახევარში, ირანელ ცეცხლთაყვანისმცემელთა წარმომადგენელი.

ბინცი - კურორტი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ბინძური - მეტისმეტად უსუფთაო.

ბიო ჟან ბატისტ - ფრანგი ფიზიკოსი, გეოდეზისტი, ასტრონომი (1774-1862 წწ).

ბიო (ბერძნ.) - რთული სიტყვების წინსართი, აღნიშნავს „სიცოცხლეს“.

ბიოაკუსტიკა - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველების ხმას და ბგერების საშუალებით ცხოველთა ურთიერთობას.

ბიობიბლიოგრაფია - პერსონალური ბიბლიოგრაფია, რომელიც იძლევა ინფორმაციას ბეჭდვითი ნაწარმოების ავტორების შესახებ.

ბიო-ბიო - მდინარე ჩილეში (სიგრძე - 380 კილომეტრი).

ბიოგენეზი - თეორია, რომლის თანახმად სიცოცხლის არსებობა ცოცხალიდან ცოცხალის წარმოშობის შედეგია.

ბიოგეოსფერო - დედამიწის გარსი, რომელშიც თავმოყრილია პლანეტის ცოცხალი ნივთიერება.

ბიოგეოცენოზი - დედამიწის გარკვეულ მონაკვეთზე არსებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტების ურთიერთგანპირობების კომპლექსი.

ბიოგეოცენოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთკავშირსა და ურთიერთმოქმედებას.

ბიოგრაფი - ვისიმე ბიოგრაფიის შემდგენელი.

ბიოგრაფია (ბერძნ.) - ადამიანის ცხოვრების აღწერა.

ბიოეთიკა - ფილოსოფიის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მედიცინის ფილოსოფიურ პრობლემატიკას.

ბიოზი - რთული სიტყვების ბოლოსართი, აღნიშნავს სიცოცხლესთან მიმართებას (მაგალითად - ანაბიოზი, სიმბიოზი დ ა.შ.).

ბიოი-კასარესი ადოლფო - არგენტინელი მწერალი-ფანტასტი (დაიბადა 1914 წელს).

ბიოინდიკატორები - ორგანიზმები, რომელთა არსებობა ან განვითარების ინტენსიურობა გარკვეული ბუნებრივი პროცესების ან საარსებო გარემო პირობების მაჩვენებელია.

ბიოკო - კუნძული გვინეის ყურეში.

ბიოლი (ბელი) ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 1972 წელს (1917-1985 წწ).

ბიოლითები - მინერალები და ქანები, რომლებიც თითქმის მთლიანად მცენარეებისა და ცხოველების სახეცვლილი ნაშთებისაგან შედგება.

ბიოლოგია (ბერძნ.) - ცოცხალი ბუნების, სიცოხლის შემსწავლელი მეცნიერება. ტერმინი „იოლოგია“ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შემოიღეს 1802 წელს ფრანგმა ლამარკმა და გერმანელმა ტრევირანუსმა.

ბიოლოგიზმი - მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც მთელი სინამდვილე აიხსნება ბიოლოგიური მოთხოვნილებებითა და კანონებით.

ბიოლოკაცია - ცხოველის უნარი განსაზღვროს რომელიმე ობიექტის მდებარეობა საკუთარი თავის მიმართ.

ბიოლუმინესცენცია - ორგანიზმის ხილული ნათება, რაც დაკავშირებულია მის ცხოველმოქმედებასთან.

ბიომასა - ერთი სახეობის ინდივიდების, სახეობათა ჯგუფის ან მთლიანად თანასაზოგადოების საერთო მასა ადგილსამყოფელის ზედაპირის ან მოცულობის ერთეულზე.

ბიომეტრია - ბიოლოგიის დარგი, რომელიც ამუშავებს ექსპერიმენტებისა და გამოკვლევების შედეგებს.

ბიომექანიკა - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ქსოვილების, ორგანოებისა და მთელი ორგანიზმის მექანიკურ თვისებებს.

ბიომი (ინგლ.) - მცენარეთა და ცხოველთა იმ სახეობების ერთობლიობა, რომლებიც გარკვეული რაიონის ცოცხალ მოსახლეობას შეადგენენ.

ბიომორფი - იგივე სასიცოცხლო ფორმა მცენარისა.

ბიონავიგაცია - ცხოველების უნარი შეინარჩუნონ მიმართულება სეზონური მიგრაციის დროს.

ბიონდი მეთიუ ნიკოლას - ამერიკელი მოცურავე, რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2 ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1984, 1988, 1992 წლებში (დაიბადა 1965 წელს).

ბიონდო ფლავიო - იტალიელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი, პირველმა გამოყო შუა საუკუნეების ისტორია ცალკე პერიოდად (1392-1463 წწ).

ბიონი - ძვ.წ.აღ. II საუკუნის ბერძენი პოეტი ქალაქ სმირნიდან, ბუკოლიკური პოეზიის წარმომადგენელი.

ბიონიკა (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის საფუძველზე წყვეტს საინჟინრო პრობლემებს.

ბიონტი (ბერძნ.) - ცალკეული ორგანიზმი, რომელიც ევოლუციის პროცესში გარკვეულ საცხოვრებელ გარემოს ეგუება.

ბიოოპტიკა - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს იმ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ცოცხალი ორგანიზმის მიერ ორიენტაციისათვის სინათლის გამოყენებასთან.

ბიოპოლიმერები - ბუნებრივი ნაერთები, რაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ საფუძველს წარმოადგენს.

ბიორდი ლარი - ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1956 წელს).

ბიორიტმები - სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის (სისხლის მიმოქცევის, კუნთების მოქმედების, სუნთქვის) რიტმული ცვლილებანი (კლება-მატება).

ბიორიტმოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც ბიორიტმებს სწავლობს.

ბიორკი - ისლანდიელი ესტრადის მომღერალი და კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1965 წელს).

ბიორკის ხელშეკრულება - 1905 წლის 11(24) ივლისის) რუსეთ-გერმანიის სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც კუნძულ ბიორკზე დაიდო, ვიბორგის მახლობლად.

ბიო-სავარ-ლაპლასის კანონი - კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრული დენით შექმნილი მაგნიტური ველის ინდუქციას.

ბიოსინთეზი (ბერძნ.) - ცოცხალ ორგანიზმში მარტივი ნივთიერებისაგან რთული ნივთიერების წარმოქმნა.

ბიოსისტემატიკა - ბოტანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სახეობის ტოქსონომიურ და პოპულაციურ სტრუქტურას.

ბიოსტრატიგრაფია - სტრატიგრაფიის დარგი, რომელიც იკვლევს დანალექ ქანებში ნამარხ ორგანიზმთა ნაშთების სივრცობრივ განაწილებას.

ბიოსფერო - დედამიწის გარსი, რომლის სტრუქტურა და ენერგეტიკა ცოცხალი ორგანიზმების მოქმედებით არის განპირობებული.

ბიოტა - მცენარეთა გვარი კვიპაროსისებრთა ოჯახისა.

ბიოტელემეტრია (ბერძნ.) - სასიცოცხლო მოვლენათა გამოკვლევა და მათი მაჩვენებლების გაზომვა შორი მანძილიდან.

ბიოტექნიკა (ბერძნ.) - სასარგებლო ცხოველთა მარაგის გაზრდისა და მათი თვისებების გაუმჯობესების ღონისძიებათა კომპლექსი.

ბიოტი (ბერძნ.) - გავრცელების საერთო არეალის მქონე მცენარეთა და ცხოველთა ერთობლიობა.

ბიოტინი (H ვიტამინი) - წყალში ხსნადი ვიტამინი ბიოსის ჯგუფისა, შედის საფუვრების და სხვა მიკროორგანიზმების შემადგენლობაში.

ბიოტიპი - ისეთ ორგანიზმთა ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივი პოპულაციის შემადგენლობაში შედიან, აქვთ ერთნაირი გენოტიპი და პრაქტიკულად მსგავსი ნიშან-თვისებები.

ბიოტიტი (ფრანგ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი სილიკატების ჯგუფისა, რკინა-მაგნეზიური ქარსი. შედის გრანიტებისა და ბევრი სხვა ამოფრქვეული და მეტამორფული ქანის შემადგენლობაში. იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად.

ბიოფიზიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს.

ბიოფსია (ბერძნ.) - ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთა მიკროსკოპულად გამოკვლევის მიზნით.

ბიოქიმია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ორგანიზმის შედგენილობას, მასში შემავალი ნაერთების სტრუქტურას, თვისებებსა და ლოკალიზაციას.

ბიოქორი - ბიოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი ქვედანაყოფი.

ბიოცენოზი (ბერძნ.) - იმ მცენარეთა, ცხოველთა და მიკრობთა ერთობლიობა რომლებიც ერთ რომელიმე უბანში სახლობენ და გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება აქვთ.

ბიოცენოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მცენარეთა და ცხოველთა თანასაზოგადოებების ერთობლიობას.

ბიოციკლი (სასიცოცხლო გარემო) - ბიოსფეროს სამი დიდი ქვედანაყოფი: ზღვა, ხმელეთი და შიდა წყალსატევები.

ბიოჰელმინთები - პარაზიტული ჭიების ჯგუფი, რომელთა ზრდასრული ფორმები პარაზიტობენ ე.წ. დეფინიტურ მასპინძელში, ხოლო ლარვები შუამავალში.

ბიპატრიდი (ბიპოლიდი) - პირი, რომელსაც ორი (ან მეტი) სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.

ბიპინარია - ზღვის ვარსკვლავას თავისუფლად მცურავი ლარვა.

ბიპლანი (ფრანგ.) - ერთმანეთის ზემოთ ორი ფრთის მქონე თვითმფრინავი.

ბიპოლიდი - იხილე ბიპატრიდი.

ბიჟაგოში - აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულები (გვინეა-ბისაუ).

ბიჟიკი - მომცრო (საბა).

ბიჟინა - შვლის ნუკრი (საბა).

ბიჟუტერია (ჩეხ.) - ქალის არაძვირფასი სამკაულები.

ბირა (დიდი ბირა) - მდინარე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამურის მარცხენა შენაკადი.

ბირანგის მთები - მთები ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბირატნაგარი - ქალაქი ნეპალში.

ბირბომი მაქს - ინგლისელი პროზაიკოსი და მხატვარი-კარიკატურისტი (1872-1956 წწ).

ბირგანჯი - ქალაქი ნეპალში.

ბირგერი ბორის - რუსი მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).

ბირგერ იარლი (ბირგერ ბელბიუელი) - შვედეთის მმართველი XIII საუკუნის ფოლკუნგების დინასტიიდან (გარდაიცვალა 1266 წელს).

ბირგიტა - შვედი წმინდანი, მისტიკოსი ქალი, ბირგიტინელების ორდენის დამაარსებელი (1302/1303 - 1373 წწ).

ბირდაბირი - ხერხი, რითაც ორი პირისპირ მდგომი კაცი ხერხავს რამეს.

ბირდი ჩარლზ ოსტინ - ამერიკელი ისტორიკოსი (1974-1948 წწ).

ბირდმორის მყინვარი - მდებარეობს ანტარქტიდაში, ითვლება ერთ-ერთ უდიდესად დედამიწაზე.

ბირენდრა ბირ ბიქრამ შახ დევა - ნეპალის მეფე 1972-2001 წლებში (1945-2001 წწ).

ბირზე (ნამდვილი გვარი ბერზინში) მიერვალდის - ლატვიელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

ბირზეკი - გამოქვაბული შვეიცარიაში.

ბირზნიექს-უპიტისი (ნამდვილი გვარი ბირზნიექსი) ერნესტას - ლატვიელი მწერალი (1871-1960 წწ).

ბირზულა - უკრაინის ქალაქ კოტოვსკის სახელი 1935 წლამდე.

ბირთვაკი (ნუკლეოლი) - მცირე ზომის სფერული სხეულაკი, რომელიც ცხოველური და მცენარეული უჯრედების ბირთვშია მოთავსებული.

ბირთვი

  1. ბურთის ფორმის საგანი.

  2. (კარიოპლაზმა) - ცხოველური და მცენარეული უჯრედის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.

  3. მძლეოს-ნობის იარაღი.

ბირთვისი - ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ბირთვული რეაქტორი (ატომური რექატორი) - ხელსაწყო მართვადი ბირთვული ჯაჭვური რეაქციის დაყოფის განხორციელებისათვის.

ბირი ავგუსტ - გერმანელი ქირურგი (1861-1849 წწ).

ბირი უოლეს - ამერიკელი მსახიობი (1885-1949 წწ).

ბირინგუჩო ვანოჩო - იტალიელი ინჟინერი და სწავლული, პიროტექნიკოსი (1480-1539 წწ).

ბირიუზოვი სერგეი - მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, იუგოსლავიის სახალხო გმირი (1904-1964 წწ)

ბირიუკოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1912-1966 წწ).

ბირიუსა (ონა, დიდი ბირიუსა) - მდინარე სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში.

ბირიუსინსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ბირიუჩი-ოსტროვი - ფედოტოვის ცელას (აზოვის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით) გაფართოებული ნაწილის სახელწოდება.

ბირკა

  1. ზოგიერთი ბალახის ნაყოფი, შემოსილი კაუჭიანი ეკლით.

  2. ვიკინგების ეპოქის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი კუნძულ ბიერკეზე (შვედეთი).

ბირკავა - რთულფოთლიანი ყვითელყვავილიანი ბალახეული მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა.

ბირკებეინერები - XII-XIII საუკუნეების სკანდინავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მონაწილენი, გაღატაკებული გლეხები.

ბირკიანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ჯოყოლოს თემის საკრებულო), პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, ახმეტიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 910 ადამიანი. სოფელში აღმოჩენილია XVII საუკუნის ვერცხლის მონეტების ბირკიანის განძი.

ბირკინი ჯეინ - ინგლისელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი. მონაწილეობდა ანტონიონის ფილმებში (დაიბადა 1947 წელს).

ბირკჰოფი ჯორჯ დეივიდ - ამერიკელი მათემატიკოსი (1884-1944 წწ).

ბირლა - თანამედროვე ინდოეთის მძლავრი ფინანსურ-საწარმოო გაერთიანება.

ბირლადი - ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში.

ბირლიკი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ბირლიქტაუ - ქედი ჩინეთში.

ბირმა - სახელმწიფო მიანმას სახელი 1989 წლამდე.

ბირმანი ლუდვიგ ფრანც ბენედიქტი - გერმანელი ასტრონომი (დაიბადა 1907 წელს).

ბირმანი სერაფიმა - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1890-1976 წწ).

ბირმინგემი (ინგლ. Birmingham)

  1. ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, უესტ-მიდლენდის მეტროპოლიური საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (2,3 მილიონი).

  2. ქალაქი აშშ-ს ალაბამის შტატში (266 ათასი).

ბირნბაუმი ერნსტ - რუსი ჰაერნაოსანი (1894-1965 წწ).

ბირობიჯანი - ქალაქი რუსეთის ებრაელთა ავტონომიურ ოლქში (81 ათასი).

ბირომი (ბურუმი, შოშო, კიბო) - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი.

ბირონი ერნსტ იოჰან - რუსეთის იმპერატრიცა ანას ფავორიტი, კურლანდიის ჰერცოგი XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში (1690-1772 წწ).

ბირონოვშჩინა - უკიდურესად რეაქციული რეჟიმი XVIII საუკუნის 30-იანი წლების რუსეთში.

ბიროფილია - ლუდის აქსესუარების შეგროვება.

ბირჟა

  1. რუსული კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი სანქტ-პეტერბურგში.

  2. რეგულარულად მოქმედი საბითუმო ბაზრის ფორმა.

ბირჟაი - ქალაქი ლიტვაში.

ბირსი ემბროუზ გუინეტ - ამერიკელი მწერალი (1842-1914 წწ).

ბირსკი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ბირუნი (აბუ რაიჰან მუჰამად იბნ აჰმად ალ-ბირუნი) - დიდი სპარსელი (შუა აზიელი) მეცნიერი-ენციკლოპედისტი, წერდა არაბულ ენაზე (დაიბადა 973 წელს - გარდაიცვალა 1050 წლის შემდეგ).

ბირუნი (ბერუნი) - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში.

ბირშტონასი - ქალაქი ლიტვაში.

ბირცხა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ბირჯა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ბირ-ჰაკეიმი - დასახლება ლიბიაში (ჩრდილოეთი აფრიკა), რომლის მიდამოებში (1942 წ. 27.05.-11.06.) გაიმართა ბრძოლა გერმანელ-იტალიელ ფაშისტთა და ინგლისის მე-8 არმიას შორის. ბრძოლაში თავი ისახელა დ.ამილახვარმა.

ბის! (ლათ.) - მაყურებელთა მოწონების შეძახილი კონცერტზე. გამოხატავს გარკვეული ნომრის გამეორების თხოვნას.

ბისა

  1. ბურკინა-ფასოში მობინადრე ხალხი.

  2. (კარეტა) - ზღვის კუს სახესხვაობა.

ბისაუ - გვინეა-ბისაუს დედაქალაქი (125 ათასი).

ბისგაიერი არტურ ბერნარდ - ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1929 წელს).

ბისეკი - (აბრევიატურა) შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება.

ბისეტი ჟაკლინ (სრული სახელი და გვარი უინიფრედ ჟაკლინ ფრეიზერ ბისეტი) - ინგლისელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1944 წელს).

ბისექსუალი - ადამიანი, რომელსაც სქესობრივი კავშირი აქვს ორი სქესის პარტნიორებთან.

ბისექსუალური - ორივესქესიანი არსება.

ბისექტორი (ლათ.) - სიბრტყე, რომელიც გადის ორწახნაგა კუთხის წიბოზე და ყოფს მას შუაზე.

ბისექტრისა (ფრანგ.) - კუთხის შუაზე გამყოფი ხაზი.

ბისია მონ-ტენი - იაპონურ მითოლოგიაში - ჩრდილოეთის მცველი, კეთილდღეობის მომტანი.

ბისიერი როჟე - ფრანგი მხატვარი, მიმდინარეობა ტაშიზმის ფუძემდებელი (1888-1964 წწ).

ბისირი იულიუს - გერმანელი მხატვარი (1893-1965 წწ).

ბისკაის ყურე - ატლანტის ოკეანის ყურე საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროსთან.

ბისკვიტი (ფრანგ.)

  1. მოუჭიქავი ფაიფური, იყენებენ ქანდაკებაში.

  2. მსუბუქი ნამცხვრის სახესხვაობა.

ბისკი ალექსანდრე - რუსი პოეტი, ფრანგი პოეტის, ალენ ბოსკეს მამა (1883-1973 წწ).

ბისკო ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (1794-1843 წწ).

ბისკუპინის ნამოსახლარი - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა წლებისა და III მეოთხედის გამაგრებული ნამოსახლარი ბისკუპინის ტბაზე, ქალაქ გნეზოსთან (პოლონეთი)

ბისმარკი ოტო ედუარდ ლეოპოლდ, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი - გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი, რომელმაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გააერთიანა გერმანია (1815-1898 წწ).

ბისმარკის არქიპელაგი (ახალი ბრიტანეთი) - კუნძულების ჯგუფი მელანეზიაში (წყნარი ოკეანე), ახალ გვინეასთან.

ბისმუთი (Bi) - მენდელეევის პერიოდული სიტემის V ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 83, ატომური მასა 208,980. მოვერცხლისფრო-რუხი მყიფე ლითონი.

ბისმუთინი (ბისმუთის კრიალა) - სულფიდების ჯგუფის მინერალი.

ბისო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის(ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკდი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1760 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 5 კაცი.

ბისოითა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბისოლატი (ბისოლატი ბერგამსკი) - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე (1857-1920 წწ).

ბისონი (ბერძნ.)

  1. ძველი და ახალი აღთქმის წიგნების მიხედვით, თეთრი ან სხვადასვაფრად შეღებილი ძვირფასი წმინდა ქსოვილი. მზადდებოდა აბრეშუმისებრი ძაფისაგან, რომელსაც გამოყოფენ ზღვის ერთგვარი ლორწოვანი მოლუსკები.

  2. ამ ქსოვილის სამოსი, რომელსაც უმაღლესი საერო და სასულიერო პირები იცვამდნენ ძველად.

ბისტი

  1. თეთრი ლაქა თვალის გუგაზე.

  2. (ბიშტი) - სეფიანთა ირანში XV საუკუნის ბოლოს შემოღებული სამონეტო სისტემის უმცირესი ნომინალი.

ბისტონები - თრაკიელთა ძველი ტომი, ცხოვრობდა ბიტონის ტბასა და ეგეოსის ზღვას შორის.

ბისტრი (ფრანგ.) - მცენარეული წებოსა და მერქნის ჭვარტლისაგან დამზადებული გამჭვირვალე, მუქი ყავისფერი აკვარელი (წყლის საღებავი).

ბისტრიცა - ქალაქი (75 ათასი) და მდინარე ჩრდილოეთ რუმინეთში.

ბისტრიცა-ნესეუდი - ჟუდეცი ჩრდილოეთ რუმინეთში, ტრანსილვანიის პლატოზე.

ბისტრიცკაია ელინა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ბისტრიცკი ანდრეი - დეკაბრისტი, პოდპორუჩიკი (1799-1872 წწ).

ბისტრო - ფრანგული წარმომავლობის პატარა რესტორანი.

ბისულფატები - გოგირდმჟავას მჟავური მარილები. ამჟამად ჰიდროსულფატებად მოიხსენიება.

ბისუსი

  1. ზოგი ორსაგდულიანი მოლუსკის ჯირკვლის პროდუქტი.

  2. მტკნარი წყლის თევზების ქვირითის დაავადება.

ბისქრა - ქალაქი (100 ათასი) და ვილაია ალჟირში.

ბიტანტაი - მდინარე იაკუტიაში.

ბიტელი კურტ - გერმანელი არქეოლოგი და ორიენტალისტი (1907-1985 წწ).

ბიტენგი - გემზე ვერტიკალური დგარი (ტუმბი), რომელიც ამცირებს ღუზის ჯაჭვის ჩაშვების სიჩქარეს.

ბიტერუტი - კლდოვანი მთები და ქედი აშშ-ში.

ბიტერფელდი - ქალაქი გერმანიაში.

ბიტი - ინფორმაციის რაოდენობის ორობითი საზომი ერთეული.

ბიტი ბესი - ამერიკელი მწერალი (1886-1942 წწ).

ბიტი დეივიდ - ინგლისის ფლოტის ადმირალი, გრაფი (1871-1936 წწ).

ბიტი უორენ - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1938 წელს).

ბიტიუგი - მდინარე რუსეთის ვორონეჟის ოლქში, დონის მარცხენა შენაკადი.

ბიტნერი - ავსტრიული წარმოების სამკურნალო ბალზამი.

ბიტნიკები (ინგლ.) - XX საუკუნის 50-იანი წლების ახალგაზრდა ამერიკელ მწერალთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდა ანარქიული სოციალური მოძრაობის საფუძველზე, გამოხატავდნენ მძაფრ სულიერ დაუკმაყოფილებლობას.

ბიტოვნიტი - პლაგიოკლაზების ჯგუფის კარკასული სტრუქტურის ალუმოსილიკატი, მინერალი.

ბიტოლა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ მაკედონიაში.

ბიტომი - ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, კატოვიცეს სავოევოდოში.

ბიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერას არგოსელი ქურუმი ქალი.

ბიტონი სესილ (ნამდვილი სახელი და გვარი უოლტერ ჰარდი) - ინგლისელი ფოტოხელოვანი, სახელი გაითქვა ცნობილი ადამიანების საპარადო პორტრეტების შექმნით (1904-1980 წწ).

ბიტოსი რენატო - იტალიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1969 წწ).

ბიტუმი (ლათ.) - ფისოვან ნივთიერებათა საერთო სახელწოდება.

ბიტუმიზაცია

  1. ბიტუმის დაჭირხნა წნევის საშუალებით ბზარიან და ქვიშიან გრუნტებში, რათა ეს გრუნტები წყალშეუვალი გახდეს.

  2. ორგანული ნივთიერების დაშლა, რომლის დროსაც იზრდება მაღალმოლეკულური ნაერთების შემცველობა.

ბიუვარი (ფრანგ.) - სამაგიდო საშრობ-ფურცლებიანი საქაღალდე.

ბიუვეტი (ფრანგ.) - მინერალურ წყაროზე მოწყობილი ნაგებობა.

ბიუიკი - კორპორაცია „ჯენერალ მოტორსის” განყოფილება, აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, შტაბ-ბინა მდებარეობს დეტროიტში (აშშ).

ბიუისონი ფერდინანდ - ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი 1927 წელს მშვიდობის დარგში ლ.კვიდესთან ერთად (1841-1932 წწ).

ბიუკენენი (გრანდ-ბასა) - ქალაქი-პორტი ლიბერიაში.

ბიუკენენი დეივიდ - ინგლისელი პუბლიცისტი და ეკონომისტი (1779-1848 წწ).

ბიუკენენი პატრიკ ჯოზეფ - ამერიკელი პოლიტიკოსი და ტელერადიოჟურნალისტი (დაიბადა 1938 წელს).

ბიუკენენი ჯეიმზ - აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი 1857-61 წლებში, (1791-1868 წწ).

ბიუკენენი ჯეიმზ მაკ-გილი - ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტოლოგი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეაგი.

ბიუკენენი ჯორჯ - შოტლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ისტორიკოსი, რელიგიური რეფორმატორი (1506-1582 წწ).

ბიუკენენი ჯორჯ უილიამ - ინგლისელი დიპლომატი, 1910-18 წლებში ელჩი რუსეთში (1854-1924 წწ).

ბიუკი - მთის მასივი დასავლეთ კარპატებში (უნგრეთი).

ბიულეტენი (ფრანგ.)

  1. მოკლე ოფიციალური ცნობა.

  2. დროებითი არაშრომისუნარიანობის ფურცელი.

ბიულოვი (გერმანული გამოთქმით ბიულო) ადამ ჰაინრიხ დიტრიხ - ბარონი, პრუსიელი სამხედრო მწერალი, გვარდიის ოფიცერი (1757-1807 წწ).

ბიულოვი (გერმანული გამოთქმით ბიულო) ბერნარდ ფონ - თავადი, გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, 1900-09 წლებში რაიხსკანცლერი (1849-1929 წწ).

ბიულოვი (გერმანული გამოთქმით ბიულო) ჰანს გვიდო ფონ - გერმანელი პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი (1830-1894 წწ).

ბიურაკანის ობსერვატორია - სომხეთის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მდებარეობს არაგაწის მთაზე, დაარსებულია 1946 წელს.

ბიურგერი (გერმ.) - ქალაქის მცხოვრების აღმნიშვნელი ტერმინი გერმანიაში.

ბიურგერი გოტფრიდ ავგუსტ - გერმანელი მწერალი, „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის მომხრე (1747-1794 წწ).

ბიურეტი (ფრანგ.) - დანაყოფებიანი მინის მილაკი მცირე რაოდენობის სითხის გადასაწყავად.

ბიური ჯონ ბაგნელ - ინგლისელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1861-1927 წწ).

ბიურნელი ერნესტ - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1968 წწ).

ბიურნუფი ეჟენ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1801-1952 წწ).

ბიურო (ფრანგ.)

  1. ხელმძღვანელი არჩევითი ორგანო.

  2. ერთგვარი გამოსაწევსახურავიანი საწერი მაგიდა.

ბიუროკრატი (ფრანგ.) - თანამდებობის პირი, რომელიც ფორმალურად ასრულებს თავის მოვალეობას.

ბიუროკრატიზმი - საქმისადმი ფორმალური დამოკიდებულება.

ბიუსი ევგენი - თბილისში მოღვაწე სეისმოლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1885-1969 წწ).

ბიუსი როჟე დე რაბიუტენი - ფრანგი მხედართმთავარი, მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი (1618-1693 წწ).

ბიუსკეელვი - ქალაქი შვედეთში.

ბიუსკენ-ჰიუეტი კონრად - ნიდერლანდელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე.

ბიუსტი (ფრანგ.)

  1. ადამიანის გამოსახულება წელამდე.

  2. ქალის გულმკერდი.

ბიუსტჰალტერი (ფრანგ.) - ქალის ლიფი, გულმკერდზე ჩასაცმელი.

ბიუტი

  1. ქალაქი აშშ-ს მონტანას შტატში.

  2. საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

ბიუტი ჯონ სტიუარტ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე (1713-1792 წწ).

ბიუტორი მიშელ მარი ფრანსუა - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (დაიბადა 1926 წელს).

ბიუფე ბერნარ - ფრანგი ფერმწერი (დაიბადა 1928 წელს).

ბიუფონი ჟორჟ ლუი ლეკლერკ - ფრანგი ბუნებისმეტყველი, პარიზის ბოტანიკური ბაღის დირექტორი (1707-1788 წწ).

ბიუშე ფილიპ ჟოზეფ - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, განათლებით ექიმი (1796-1895 წწ).

ბიუხერი კარლ - გერმანელი ეკონომისტი, სახელმწიფო მეურნეობის ისტორიკოსი, სტატისტიკოსი (1847-1930).

ბიუხნერი გეორგ - გერმანელი მწერალი (1813-1837 წწ).

ბიუხნერი ლუდვიგ - გერმანელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1824-1899 წწ).

ბიუჯეტი (ინგლისურად სიტყვასიტყვით ნიშნავსჩანთას“)

  1. სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის ნუსხა.

  2. ვისიმე პირადი შემოსავალი და ხარჯები.

ბიფიდობაქტერიები - მიკრობები, რომლებიც ძუძუთა ბავშვებისა და ცხოველების მაწოვარა მოზარდის ნაწლავთა ფლორის 80-90%-ს შეადგენენ.

ბიფიტერი - ლონდონის ცნობილი ციხესიმაგრის, ტაუერის გუშაგი (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ხორცისმჭამელს“; ლეგენდის თანახმად, ბიფიტერი გემოთი სინჯავდა მეფისათვის მირთმეულ ხორცს, რათა მოწამლული არ ყოფილიყო).

ბიფოკალური სათვალე - ორმაგმინებიანი სათვალე.

ბიფურკაცია (ლათ.) - ბიოლოგიაში მილისებრი ორგანოს (სისხლის ძარღვი, ბრონქი) გაყოფა ორ ტოტად, გაორკაპება.

ბიქთემიროვი შაუქათ - თათარი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ბიქრომატები - ორქრომმჟავას მარილები, იყენებენ ლაბორატორიაში ქიმიური ჭურჭლის გასარეცხად.

ბიქსი (სასტერილიზაციო კოლოფი) - ლითონის კოლოფი, რომელსაც იყენებენ შესახვევი მასალისა და თეთრეულის ავტოკლავში სასტერილიზაციოდ და საოპერაციო და შესახვევ ოთახებში შესანახად.

ბიქსიო ჯიროლამო ნინო - იტალიელი დემოკრატი, ჯუზეპე გარიბალდის თანამებრძოლი (1821-1873 წწ).

ბიღა - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, (ქვაციხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბუჯის (ყვირილის აუზი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, ჭიათურიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 603 კაცი.

ბიღი - განზე გაბზეკილი მსხვილი ულვაში.

ბიყა - სოფელი ცხინვალთან.

ბიყარი - სოფლების ზემო ბიყარისა და ქვემო ბიყარის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

ბიყარისხევი - მდინარე ცხინვალისმუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარცხენა შენაკადი.

ბიშა მარი ფრანსუა ქსავიე - ფრანგი ანატომი, ფიზიოლოგი და ექიმი (1771-1802 წწ).

ბიშარი - ქალაქი ალჟირში.

ბიშრინი (ბესარინი, ბისარიაბი) - ბეჯას ტომთა ერთ-ერთი ჯგუფი აფრიკაში, მომთაბარეობენ სუდანში, ნუბიის უდაბნოში.

ბი შენი - ჩინელი ხელოსანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წიგნის ბეჭდვას მოძრავი ლიტერებით 1041-1048 წლებში.

ბიშ-იირდუ - ალთაის მხარის მთიანი მასივი.

ბიშკეკი (1926-91 წლებში ფრუნზე) - აზიის სახელმწიფო ყირგიზეთის დედაქალაქი (625 ათასი).

ბიშოვეცი ანატოლი - 60-70-იანი წლების კიევის «დინამოსა» და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი, შემდგომ მწვრთნელი (დაიბადა 1944 წელს).

ბიშონ ფრიზე - ძველი ფრანგული დეკორატიული ძაღლის ჯიში.

ბიშოპი ელიზაბეთ - ამერიკელი პოეტი ქალი (1911-1979 წწ).

ბიშოპი ჯონ მაიკლ - ამერიკელი მოლეკულარული ბიოლოგი, ვირუსოლოგი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ. ვარმუსთან ერთად (დაიბადა 1936 წელს).

ბიშოფი ვერნერ - ცნობილი შვეიცარელი ფოტოჟურნალისტი (1916-1954 წწ).

ბიშოფი თეოდორ ლუდვიგ - გერმანელი ანატომი, ემბრიოლოგი და ფიზიოლოგი (1807-1882 წწ).

ბიჩ ბოიზი - ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1961 წელს.

ბიჩემი - მწერალ ქეთრინ მენსფილდის ნამდვილი გვარი.

ბიჩემი ტომას - ინგლისელი დირიჟორი, იმპრესარიო, მუსიკალური და საზოგადო მოღვაწე (1879-1961 წწ).

ბიჩერ-სტოუ ჰარიეტ ელიზაბეთ - ამერიკელი მწერალი ქალი (1811-1896 წწ).

ბიჩვერი - შტერი (საბა).

ბიჩინგაურთკარი - იხილე ბიჩნიგაური..

ბიჩნიგაური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე არაგვის ნაპირას. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან -11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 490 კაცი.

ბიჩურინი ნიკიტა (ბერობაში იაკინთე) - რუსი აღმოსავლეთმცოდნე და სინოლოგი (1777-1853 წწ).

ბიცეფსი (ლათ.) - ორთავა კუნთი მხარსა და იდაყვს შორის.

ბიცი (ბიცობი) - ნიადაგი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმის მარილებს.

ბიცობი - იხილე ბიცი.

ბიცოლა - ბიძის ცოლი.

ბიძა - მამის ან დედის ძმა.

ბიძანტი - პოსეიდონის ძე, ბიზანტიის მითიური დამაარსებელი.

ბიძაშვილი - მამის ან დედის ძმის შვილი.

ბიძგი - ხელის ან მხრის წაკვრა.

ბიძგიასებრნი - მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აქვთ ოდნავ შებუსული სხეული 2-15 მმ სიგრძისა.

ბიძერები - უძველესი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, იხსენიებიან ძვ.წ.აღ. IX-VII საუკუნეების ურარტულ წყაროებში.

ბიძია - იგივე ბიძა.

ბიძოთა - ყოფილი სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბიწაძე ანდრია - მათემატიკოსი, აკადემიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1916-1994 წწ).

ბიწი - ზნეობრივი მანკი.

ბიწიერება - გარყვნილება, სიბილწე.

ბიწიერი - ბიწის მქონე.

ბიწმენდი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საგურამოს ვაკეზე, მდინარე ახატნისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან - 645 მეტრი, მცხეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 526 კაცი.

ბიჭაბატკანი - ადრეული, დოლის დაძვრამდე მოგებული ბატკანი.

ბიჭბუჭები - პატარა ბიჭები.

ბიჭები იასამნის ქუჩიდან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1974 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნელი ნენოვა. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - კონსტანტინე პევზნერი. მთავარ როლებში: კოკა კიკაბიძე, დ.გუნგუნავა, ნატო წულაია, სოფიკო ჭიაურელი, ბორის წიფურია, ჯემალ ღაღანიძე.

ბიჭვინთა - საზღვაო კურორტი გაგრასთან.

ბიჭვინთის კონცხი - კონცხი გაგრასთან, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის შესართავთან.

ბიჭი - მამრობითი სქესის მოზარდი ადამიანი.

ბიჭიანობა - ბიჭის შეძენა.

ბიჭიაშვილი გივი - 60-70-იანი წლების თბილისის «ბურევსტნიკისა» და «დინამოს» ცნობილი კალათბურთელი (დაიბადა 1947 წელს).

ბიჭიკო - პერსონაჟები ფილმებში „უდიპლომო სასიძო“ და „ჭრიჭინა“.

ბიჭო-გოგია - იგივეა, რაც მოლაღური.

ბიჭუნა

  1. პატარა ბიჭი.

  2. კარლსონის მეგობარი, იგივე სვანტე სვანტესონი ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ ნაწარმოებში.

ბიხოვსკაია სოფიო - რუსი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1887-1942 წწ).

ბიხტერი მიხაილ - რუსი პიანისტი და დირიჟორი (1881-1947 წწ).

ბიჯაპური

  1. XV-XVII საუკუნეებში არსებული სახელმწიფო თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე.

  2. ქალაქი ინდოეთში.

ბიჯარეტი ლიბერო - იტალიელი მწერალი (დაიბადა 1906 წელს).

ბიჯგი - რისამე გასამაგრებლად შედგმული ძელი.

ბიჯი

  1. სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში, შეადგენდა ორ ნაბიჯს (დაახლოებით 1,4 მეტრი).

  2. იგივე ნაბიჯი.

ბი ჯიზი - ავსტრალიური პოპ-ჯგუფი, შეიქმნა 1958 წელს. შემადგენლობა: ძმები - რობინი, ბარი, მორისი - ჯიბები, ვინს მილუნი და კოლინ პიტერსონი.

ბიჯნისი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ბიჯსაზომი

  1. ცილინდრული სწორკბილიანი ან ირიბკბილიანი კბილანა, თვლების ძირითადი ბიჯის საზომი ხელსაწყო.

  2. კუთხვილის ბიჯის საზომი ხელსაწყო.

  3. ადამიანების ნაბიჯების ავტომატურად აღმრიცხველი ხელსაწყო (იყენებენ თვალზომითი აგეგმვისას).

ბიჰარელები - ინდოეთში, ბიჰარის შტატში (93 მილიონი), ნეპალსა და ბანგლადეშში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფი.

ბიჰარი ინდოეთის შტატი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, განგის სანაპიროზე, ესაზღვრება ნეპალს.

ბიჰარი იანოშ - უნგრელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1764-1827 წწ).

ბიჰაჩი - ქალაქი ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

ბიჰევიორიზმი (ინგლ.) - ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც უგულებელყოფს ცნობიერებას როგორც მეცნიერების საგანს. წარმოიშვა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში, ფუძემდებელი ჯ. უოტსონი.

ბიჰორი - ჟუდეცი და მთიანი მასივი დასავლეთ რუმინეთში.