The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
close this book 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
close this folder
View the document ფა
View the document ფე
View the document ფთ
View the document ფი
View the document ფლ
View the document ფო
View the document ფრ
View the document ფს
View the document ფტ
View the document ფუ
View the document ფქ
View the document ფშ
View the document ფც
View the document ფხ
.. no related documents ..

ფუ

 

ფუ - შორისდებული; გამოხატავს: 1) ზიზღს, რისამე დაწუნებას; საყვედურს, უკმაყოფილებას. 2) გაკიცხვას, შერცხვენას.

ფუა - იგივეა, რაც ფია.

ფუგა (იტალ.) - ერთი მუსიკალური თემის თანამიმდევრული გამეორება რამდენიმე ხმით; ასეთ გამეორებაზე აგებული მუსიკალური ნაწარმოები.

ფუგასი (ფრანგ.) - ფეთქებადი ნივთიერების მუხტი, რომელსაც დებენ მიწაში ან წყალქვეშ; ფეთქდება ელექტრული დენით, სადეტონაციო შნურით ანდა ავტომატურად (როდესაც ზედ გაივლიან).

ფუგასური - რაც მოქმედებს აფეთქების შედეგად წარმოშობილი გაზების ძალით (დარტყმით ან ცეცხლამჩენი მოქმედებისაგან განსხვავებით).

ფუგატო (იტალ.) - მუსიკალური თემა, რომელიც დამუშავებულია ფუგის სტილით და წარმოადგენს სონატის ან სიმფონიის ნაწილს.

ფუგერები - სამხრეთგერმანელ მსხვილ ვაჭართა და ბანკირთა სახლი XV-XVII საუკუნეებში.

ფუგეტა (იტალ.) - მცირე ფუგა.

ფუეგო - ვულკანი გვატემალაში.

ფუენტეოვეხუნა - ქალაქი ესპანეთის კორდოვის პროვინციაში.

ფუენტესი კარლოს - მექსიკელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

ფუეროსი (ესპან.) - სამეფო აქტები, რომელთა ძალითაც პროვინციებსა და ქალაქებს (კერძოდ ბასკების ქვეყანას) ენიჭებოდათ განსაკუთრებული უფლებები, გარანტიები, პრივილეგიები.

ფუეტე (ფრანგ.) - კლასიკური ცეკვის ილეთების ჯგუფი; დამახასიათებელია ფეხის ქნევითი მოძრაობა, რომელიც ეხმარება მოცეკვავეს ბრუნვაში ან მოძრაობის შეცვლაში.

ფუვა ტეცუძო (ნამდვილი სახელი და გვარი კენძირო უედა) - იაპონიის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (დაიბადა 1930 წელს).

ფუვილი - იგივეა, რაც ფუთფუთი.

ფუზარიოზი - მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს უსრული სოკოების Fusarium-ის გვარის სახეობები.

ფუზელაჟი - იხილე ფიუზელაჟი.

ფუზული მუჰამედ სულეიმან-ოღლუ - აზერბაიჯანელი პოეტი, მოაზროვნე; წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე (1494-1556 წწ).

ფუზული (1959 წლამდე კარიაგინო) - ქალაქი აზერბაიჯანში (20 ათასი).

ფუთა - იგვეა, რაც ბოხჩა.

ფუთი

1) სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2212 ადამიანი.

2) (რუს.) - მასის ერთეული, უდრის 16,38 კგ-ს.

ფუთიანი - ერთი ფუთის წონისა.

ფუთლუხი - დონდლო. დოყლაპია.

ფუთობით - რამდენიმე (ბევრი) ფუთის წონით.

ფუთობლივ (ფუთობრივ) - იგივეა, რაც ფუთობით.

ფუთფუთი - მრავალი წვრილი ჭიაღუის ერთი ადგილას მოძრაობა და ერთმანეთში არევა (გადატანით ითქმის ადამიანებსა და ცხოველებზეც).

ფუთურასღელე - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

ფუთურიძე ვლადიმერ - აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, სპარსული პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის ფუძემდებელი საქართველოში (1893-1966 წწ).

ფუთქი - იგივეა, რაც ბებერა.

ფუი - იგივეა, რაც ფუ!

ფუიე ალფრედ ჟიულ ემილ - ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1838-1912 წწ).

ფუილი - საფუვრით ღვივილი, ამოწევა, ამოსვლა (ცომისა).

ფუკე ნიკოლა, ვიკონტი დე ვო, მარკიზი დე ბელილი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1615-1680 წწ).

ფუკე ჟან - ფრანგი ფერმწერი (დაახლოებით 1420-1481 წწ).

ფუკე ფრიდრიხ დე ლა მოტი - გერმანელი მწერალი (1777-1843 წწ).

ფუკო მიშელ პოლ - ფრანგი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და კულტურის თეორიტიკოსი (1926-1984 წწ).

ფუკო შან ბერნარ ლეონ - ფრანგი ფიზიკოსი (1819-1868 წწ).

ფუკოს ქანქარა (ფუკოს საქანი) - ქანქარა, რომელსაც იყენებენ დედამიწის ბრუნვის დასამტკიცებლად).

ფუკუი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (255 ათასი).

ფუკუიამა - ქალაქი იაპონიის ჰიროსიმის პრეფექტურაში (350 ათასი).

ფუკუოკა - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (1,3 მილიონი).

ფუკურო იპეი - იაპონელი მწერალი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე (1897-1971 წწ).

ფუკუსიმა - ქალაქი იაპონიაში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი.

ფუკუძავა იუკიტი - იაპონელი მოაზროვნე (1834-1901 წწ).

ფულა ლუდოვიტ - სლოვაკი ფერმწერი და გრაფიკოსი (1902-1980 წწ).

ფულადი - რაც ფულით არის გამოხატული.

ფულარი (ფრანგ.) - ერთგვარი რბილი, მსუბუქი აბრეშუმის ქსოვილი.

ფულარტონი ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი, ბანკირი (1780-1849 წწ).

ფულბე - დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხი.

ფულდა - მდინარე გერმანიაში, მდინარე ვეზერის ერთ-ერთი მდგენელი.

ფულე (ფრანგ.) - საპალტოე წმინდა შალის ქსოვილი ერთგვარი.

ფულერი რიჩარდ ბაკმინსტერ - ამერიკელი არქიტექტორი და ინჟინერი (1895-1985 წწ).

ფულერი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ - ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი და თეორიტიკოსი (1878-1966 წწ).

ფული (სპარს.)

1) ლითონის ან ქაღალდის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ღირებულების საზომს ყიდვა-გაყიდვისას.

2) რამესთვის განკუთვნილი თანხა; რისამე გადასახადი.

ფულიანი

1) ვისაც ბევრი ფული აქვს.

2) რაშიც ფულია.

3) იხილე ძინდეჯენი.

ფულიანობა - ფულიანის მდგომარეობა.

ფულიე ალფრედ ჟიულ ემილ - ფუიე ა.ჟ.ე.

ფულტონი რობერტ - ამერიკელი გამომგონებელი (1765-1815 წწ).

ფულხერიუს კარნოტელი (ფუშე შარტრელი) - ფრანგი მღვდელი, მემატიანე (დაახლოებით 1509 - 1127 ან 1128 წწ).

ფუმარის მჟავა E 297 - ხელოვნურად მიღებული დამამჟავებელი საშუალება, არსებობს ყოველ ცოცხალ უჯრედში; გამოიყენება როგორც დანამატი გოჭების საკვებში; ხელს უწყობს საკვების მონელებას.

ფუმაროლები - ვულკანის კრატერში, მის კალთებზე ან ძირთან არსებული მცირე ზომის ხვრელები და ნაპრალები, რომლებიდანაც გამოიყოფა ცხელი აირები.

ფუმიგანტები - ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ფუმიგაციის მეთოდის მეშვეობით იყენებენ მცენარეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ფუმიგაცია (ლათ.) - სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით.

ფუმფლა - იგივეა, რაც ბურნა.

ფუმფულა - ძალიან რბილი, ფაფუკი.

ფუნა - იხილე ნაკელი.

ფუნაბასი - ქალაქი-პორტი იაპონიის ტიბის პრეფექტურაში.

ფუნაგორია

1) საერთო სახელი ხოჭოებისა, რომლებიც ფუნით იკვებებიან; ჭიაფანდურა, ნეხვის ჭია.

2) სახუმარო ხასიათის, სატირული ლექსი.

ფუნანი - ერთ-ერთი პირველი ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში I-IV საუკუნეებში.

ფუნაფუტი - სახელმწიფო ტუვალუს დედაქალაქი ამავე სახელწოდების ატოლზე.

ფუნგიციდები - შხამიანი ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ მცენარეთა პარაზიტი სოკოებისა და ხის ნაგებობათა დამშლელი სოკოების წინააღმდეგ.

ფუნდამენტი (ლათ.)

1) საძირკველი.

2) (გადატანით) საფუძველი რისამე.

ფუნდამენტური (ფუნდამენტალური)

1) გამძლე, მყარი, მაგარი.

2) (გადატანით) ღრმაშინაარსიანი, საფუძვლიანი.

3) ძირითადი, მთავარი.

ფუნდატორი (ლათ.) - დამფუძნებელი.

ფუნდრუკი - ხტუნვა, კუნტრუში; თამაში.

ფუნდუკი (სპარს.) - დიდ გზაზე გამართული სასტუმრო მგზავრების დასასვენებლად, ღამის გასათევად.

ფუნდურა (ფუნაგორია) - ხოჭოების ჯგუფი მოცურალასებრთა ოჯახისა.

ფუნდური - იგივეა, რაც ფუნაგორია.

ფუნევი ივან - ბულგარელი მოქანდაკე (1900-1983 წწ).

ფუნთუშა

1) ხორბლის თეთრი ფქვილის ნამცხვარი; ერთგვარი პატარა პური.

2) იგივეა, რაც ფუნჩულა.

ფუნთუშეული - სხვადასხვა სახის ფუნთუშები.

ფუნთუში - კეცში გამომცხვარი პური.

ფუნიკულიორი (ფრანგ.) - მთის ციცაბო ფერდობზე მოწყობილი რკინიგზა, რომელზედაც ვაგონები მოძრაობენ საბაგირო წევით.

ფუნკი კაზიმიეჟ - პოლონელი ბიოქიმიკოსი (1884-1967 წწ).

ფუნქცია (ლათ.)

1) შესასრულებელი საქმე, მოვალეობა.

2) როლი, მნიშვნელობა, დანიშნულება.

3) ორგანიზმის ან რომელიმე ორგანოს სპეციფიკური მოქმედება.

4) მათემატიკაში - ცვლადი სიდიდე, რომლის მნიშვნელობანი დამოკიდებულია სხვა ცვლადი სიდიდის მნიშვნელობებზე და შეესაბამება მათ.

5) მოვლენა, რომელიც მეორე მოვლენაზეა დამოკიდებული და იცვლება ამ მოვლენის ცვლილებასთან ერთად.

ფუნქციონალიზმი (ლათ.) - მიმართულება XX საუკუნის არქიტექტურაში, რაციონალიზმის სახესხვაობა; უპირატესობას ანიჭებს არქიტექტურული ნაწარმოების ფუნქციას (უტილიტარულ-პრაქტიკულ დანიშნულებას) მის ფორმასთან შედარებით.

ფუნქციონერი (ფრანგ.) - პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტის სახელწოდება.

ფუნქციონირება - საკუთარი ფუნქციის შესრულება რისამე მიერ; რისამე მოქმედება, მუშაობა.

ფუნქციური (ფუნქციონალური)

1) ფუნქციასთან დაკავშირებული.

2) რაც დამოკიდებულია რისამე მოქმედებაზე და არა სტრუქტურაზე.

ფუნშალი - ქალაქი პორტუგალიაში, ავტონომიურ ოლქ მადეირას ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

ფუნჩულა

1) მსუქანი (სახე, ხელები და სხვა).

2) ასეთი ადამიანი ან ცხოველი.

ფუნჯი

1) ტარზე დამაგრებული ბალნისა თუ ჯაგრის კონა რისამე (საღებავის, წებოს, საპნის....) წასასმელად.

2) იგივეა, რაც ფოჩი.

ფუჟერი (ფრანგ.) - მაღალფეხიანი მოზრდილი ჭიქა.

ფუჟერონი ანდრე - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1913 წელს).

ფურაჟი (ფრანგ.) - ცხენის, საქონლის საკვები (მარცვლეული, თივა, ჩალა და სხვ.); ალაფი.

ფურასტიე ჟან - ფრანგი ეკონომისტი და სოციოლოგი (1907-1990 წწ).

ფურაცილინი - სამკურნალწამლო პრეპარატი, იყენებენ ხსნარისა და მალამოსა სახით ჩირქოვან ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ფურბერწი - ბერწი ფური.

ფურგონი (ფურგუნი) (ფრანგ.) - გადახურული სატვირთო ოთხთვალა საზიდარი.

ფურერი იონას - შვეიცარიის კონფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1848-49 წლებში (1805-1861 წწ).

ფურზაქი - დედალი ზაქი.

ფურთკალო - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სტორისა და ალაზნის წყალგამყოფზე (სიმაღლე - 2502 მეტრი).

ფურთუნი - ზღვის ღელვა.

ფურთხი - პირიდან გამოყოფილი ნერწყვის გროვა.

ფური

1) იგივეა, რაც ძროხა.

2) ზოგი მსხვილფეხა დედალი ცხოველი.

ფურიე ჟან ბატისტ ჟოზეფ - ფრანგი მათემატიკოსი (1768-1830 წწ).

ფურიე ფრანსუა მარი შარლ - ფრანგული უტოპიური სოციალიზმის წარმომადგენელი (1772-1837 წწ).

ფურიები (მხ.რ. - ფურია) - რომაული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს დემონები, იგივე ბერძნული ერინიები. ითვლებოდნენ შურისძიებისა და სინდისის ქენჯნის ღვთაებებად. გადატანითი მნიშვნელობით ავ დედაკაცს ნიშნავს.

ფურიერი (ფრანგ.) - ზოგ სახელმწიფოში - სამხედრო მოსამსახურე უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა, რომელიც ასრულებს ასეულის ან ესკადრონის კვარტირიერის თანამდებობას.

ფურიერიზმი - უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი მოძღვრება (უტოპისტ შარლ ფურიეს გვარის მიხედვით).

ფურისოდე (იაპონ.) - მორთულ-მოკაზმული კიმონო.

ფურისულა (Primula) - მრავალწლოვანი მცენარე; აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფოთლები; ისხამს თითო-თითოდ განლაგებულ ან ღერძის წვერზე შეკრებილ მრავალნაირი ფერის ყვავილებს.

ფურკამეჩი - ფური კამეჩი.

ფურკრუა ანტუან ფრანსუა - ფრანგი ქიმიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1755-1809 წწ).

ფურმანოვი დიმიტრი - რუსი მწერალი (1891-1926 წწ).

ფურმანოვი (1941 წლამდე სერედა) - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.

ფურმარიე პოლ ფრედერიკ ჟოზეფ - ბელგიელი გეოლოგი (1877-1970 წწ).

ფურნაჯიევი ნიკოლა - ბულგარელი პოეტი (1903-1968 წწ).

ფურნე

1) სპეციალური ღუმელი პურისა და მისთანების საცხობად.

2) შენობა, სადაც ასეთი ღუმელია გამართული და სადაც პურს და მისთანებს ყიდიან.

ფურნები - მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ფურნებისღელე - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარჯვენა შენაკადი.

ფურნერონი ბენუა - ფრანგი ინჟინერი და პოლიტიკური მოღვაწე (1802-1867 წწ).

ფურნიე ეჟენ - ფრანგი გეოლოგი და არქეოლოგი (1871-1941 წწ).

ფურნიე ჟან ალფრედ - ფრანგი ექიმი (1832-1914 წწ).

ფურნიერი ეჟენ ჟოზეფ - ფრანგი სოციალისტი (1857-1914 წწ).

ფურნიტურა (ფრანგ.) - დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში, სახელოსნო საქმეში.

ფურორი (ლათ.) - საჯარო წარმატება, რომელიც საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს.

ფურტადუ სელსუ - ბრაზილიელი ეკონომისტი (დაიბადა 1920 წელს).

ფურტვენგლერი იოჰან ადოლფ მიხაელ - გერმანელი არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი (1853-1907 წწ).

ფურტიო

1) მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, სხალთისა და ჩირუხისწყლის წყალგამყოფზე (1558 მეტრი).

2) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ფურუნკული (ლათ.) - კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება; ძირმაგარა.

ფურუნკულოზი - დაავადება, როდესაც ბევრი ფურუნკული უჩნდებათ.

ფურფუშები - ნაოჭასხმული ვიწრო და გრძელი ნაჭრები, ტანსაცმელზე თუ სხვა რამეზე მოსართავად დაკერებული.

ფურფუჭა - იგივეა, რაც ფუჭფუჭა.

ფურყათი (ნამდვილი სახელი და გვარი ზაქირჯან ხალმუჰამედოვი) - უზბეკი პოეტი, პუბლიცისტი (1858-1909 წწ).

ფურჩული - იგივეა, რაც ჩურჩული.

ფურცელაძე ანტონ - მწერალი (1839-1913 წწ).

ფურცელი

1) ქაღალდის ოთხკუთხა ნაჭერი.

2) ცალკე გამოშვებული ქაღალდი, რომელზედაც დაბეჭდილია რაიმე მოწოდება,

3) ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება.

4) იგივეა, რაც ფოთოლი.

5) ყვავილის გვირგვინის ერთი ნაწილი.

6) უნაყოფო თუთის ხე.

7) ლითონის თხელი მოზრდილი ნაჭერი.

ფურცელ-ფურცელ - თითოეულ ფურცლად; ფურცლებად.

ფურცლოვანი - ფურცლის სახით წარმოებული, ფურცლის სახისა.

ფუსინი - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

ფუსტი (ლათ.) - არქიტექტურაში - სვეტის ტანი.

ფუსტიკი - თრიმლის (თუთუბოსებრთა ოჯახი) და ბრაზილიური ყვითელი ხის მომწვანო ან მოწითალო-ყვითელი მერქანი.

ფუსუმა (იაპონ.) - იაპონურ სახლებში - გასაწევი კარი, კედელი (ხშირად ქაღალდისა).

ფუსფუსი - მოუსვენარი მოძრაობა, ტრიალი აქეთ-იქით და ასე საქმიანობა.

ფუტა-ჯალონი - საფეხურისებრი პლატოების სისტემა დასავლეთ აფრიკაში.

ფუტი

1) ბოლი, კვამლი.

2) (გადატანით) კერა, ოჯახი.

3) (ინგლ.) - სიგრძის ინგლისური საზომი ერთეული; უდრის 12 დუიმს (ე.ი. 30,5 სმ-ს).

ფუტიეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ფუტკარაული - უღელტეხილი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედზე.

ფუტკარა (Digitalis) - მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე შავწამლისებრთა ოჯახისა. აქვს უხვად შეფოთლილი მაღალი ტანი; იკეთებს ღეროს ზედა ნაწილში მტევნად თავმოყრილ ყვავილს.

ფუტკარი - მფრინავი მწერი, რომელიც ყვავილის წვენს (ნექტარს) აგროვებს და მისგან თაფლს აკეთებს.

ფუტკარული - უღელტეხილი ქართლის ქედზე.

ფუტკრისდედა (Ophris) - მრავალწლოვანი მცენარე ჯადვარისებრთა ოჯახისა; იკეთებს ფუტკარას მსგავს ყვავილებს.

ფუტლარი (რუს.) - რაიმე ნივთის შესანახი კოლოფი.

ფუტოქსი (ინგლ.) - ხის გემის შპანჰოუტის შემადგენელი ნაწილი.

ფუტურამა (ლათ.) - კინო, რომელშიც აჩვენებენ მომავლის ტექნიკას.

ფუტურიზმი (ლათ.) - XX საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში - ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს და ცდილობდა შეექმნა ახალი, თანამედროვეობის შესაფერისი სტილი.

ფუტურისტი - ფუტურიზმის მიმდევარი.

ფუტურო

1) დამპალი და მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე.

2) იგივეა, რაც ფუღურო.

ფუტუროლოგია (ლათ.) - სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს (სხვანაირად - სოციალური პროგნოსტიკა).

ფურნიე (ინგლ.) - ლარტყა წყლის დონის გასაზომად ზღვაში, მდინარეში, ტბაში.

ფუფაიკა (რუს.) - ნაქსოვი თბილი პერანგი.

ფუფალა

1) ბავშვის ენაზე - უფალი, ღმერთი; მთვარე.

2.) პერსონაჟი გიორგი ლეონიძის მოთხრობათა კრებულისა „ნატვრის ხე”.

ფუფუ (ფუფუა) - ბავშვის ენაზე - ტკივილი, ნატკენი.

ფუფუნება - ყოველმხრივ სრული, მდიდრული და უზრუნველი ცხოვრება; განცხრომა.

ფუფქი - ცხელი ნაცარი; თუთქი.

ფუქსავატი - ქარაფშუტა, უქნარა, უსაქმური.

ფუქსი (გერმ.) - ბილიარდში - შემთხვევით მოგებული (ლუზაში ჩაგდებული) ბურთი.

ფუქსი ვივიან ერნესტ - ინგლისელი გეოლოგი და პოლარეთის მკვლევარი (1908-1995 წწ).

ფუქსინი (გერმ.) - ორგანული ნაერთი; ერთ-ერთი პირველი სინთეზური საღებარი.

ფუღუ - ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა.

ფუღურო

1) სიცარიელე, სიღრუე.

2) ასეთი სიღრუის მქონე (ხე).

ფუყე - უგულო, ფუჭი.

ფუშე მაქს პოლ - ფრანგი ესეისტი და პოეტი (დაიბადა 1913 წელს).

ფუშე ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1759-1820 წწ).

ფუში - იგივეა, რაც თიაქარი.

ფუშრუკაული - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ფუშრუკი - მხალეულის საფანლიანი, წვნიანი საჭმელი; „ფქვილის შეჭამადი” (საბა).

ფუშუნი - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

ფუშყვერი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მულხრის მარჯვენა შენაკადი.

ფუჩეჩი - სიმინდის ტაროს გარშემო შემოხვეული ფოთლები.

ფუჩიკი იულიუს - ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი, მწერალი, კრიტიკოსი (1903-1943 წწ).

ფუჩინა

1) ხბო, ზაქი.

2) ბავშვის ენაზე - ძროხა.

ფუჩუნი - იგვეა, რაც ჩურჩული.

ფუჩფუჩა (Lampsana sp-div) - ერთწლოვანი მცენარე; ყვითელი ენისებრი ყვავილი კალათებად აქვს შეკრებილი, ფოთოლი იხმარება მხლად.

ფუცინტოკუ (იაპონ.) - აზიელი ჰიპები.

ფუცხი

1) რკინის ფოცხი.

2) საჭმლის მოსარევი სამტოტი ჯოხი (იციან მთიულეთში).

ფუცხვი - ხორცის ამოსაღები ჩანგალი.

ფუცხუნა

1) ფიცხი, მოუსვენარი.

2) შუშხუნა.

ფუცხუნი

1) სიფიცხე, მოუთმენლობა, მოუსვენრობა.

2) ღვინის დუღილისას გამოცემული ხმა.

ფუძე

1) რისამე საყრდენი; საძირკველი, საფუძველი.

2) ადგილი, სადაც დგას ვისიმე სახლი, სახლ-კარი.

3) გრამატიკაში - სიტყვის ძირითადი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია საგნობრივი მნიშვნელობა.

4) ქიმიური ნაერთი, რომელიც მჟავასთან შეერთებით წარმოქმნის მარილს.

ფუძემდებელი

1) დასაბამის მიმცემი, დამფუძნებელი, დამაარსებელი.

2) რაც რისამე საფუძველს წარმოადგენს; ამოსავალი, ძირითადი.

ფუძემდებლური - იგივეა, რაც ფუძემდებელი.

ფუძი - იხილე ფუძიამა.

ფუძიამა (ფუძი, ფუძისამი) - მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰონსიუზე, იაპონიის უმაღლესი მწვერვალი (3776 მეტრი).

ფუძიანი - პროვინცია ჩინეთში.

ფუძივარა სადაიე, ტეიკა - იაპონელი პოეტი (1162-1241 წწ).

ფუძიმორი სეიკიტი - იაპონელი მწერალი, დრამატურგი (1892-1980 წწ).

ფუძისავა - ქალაქი იაპონიის კანაგავის პრეფექტურაში.

ფუძისანი - იხილე ფუძიამა.

ფუძნარი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ბოდავისხევის (არაგვის სისტემა) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

2) ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, მდინარე ბოდავისხევის ნაპირას ტყეში. აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის I ნახევარში; აშენებულაი ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით.

ფუწყური - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ფუჭი

1) უგულო, ჭიანი (კაკალი და მისთანები). || ცარიელი.

2) ტყუილ-უბრალო, უნაყოფო, უშინაარსო; უქმი, ამაო.

ფუჭსიტყვაობა - ფუჭი, ამაო, უსარგებლო ლაპარაკი.

ფუჭფუჭა (Colutea orientalis) - ტანმორჩილი ბუჩქი; აქვს რთული ფოთლები, მონარინჯისფრო-წითელი ყვავილი და ბუშტისებრ გაბერილი თხელკედლიანი პარკები.

ფუხარა (არაბ.) - ღარიბი, ღატაკი (სიტყვა იხმარებოდა აჭარაში, გურიაში).

ფუხლუხი - ფქვილის შეჭამანდი (იციან ფშავში).

ფუხფუხი - ფაფეულის დუღილისას გამოცემული ხმა; თუხთუხი.

ფუჯოუ - ქალაქი ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (750 ათასი).

ფუჰ - იგივეა, რაც ფუ.