The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა საქართველოს წმიდა მეფეები
ფოლდერის დახურვა წმიდა კეთილმსახური თამარ მეფე (XII ს.)
დოკუმენტის ნახვა თამარ მეფის ცხოვრების ქრონიკა
დოკუმენტის ნახვა ჭყონდიდელი და ათაბაგი

თამარ მეფის ცხოვრების ქრონიკა

 

1177 წელს დაიწყო ბატონიშვილ დემნას აჯანყება, რომლის გამეფებას ამირსპასალარი ივანე ორბელი და სხვა დიდებულები მოითხოვდნენ. აჯანყება დამარცხდა. როგორც თამარის გენეალოგია უჩვენებს, დემნა მეფობის „კანონიერი“ კანდიდატი იყო.

თამარის გენეალოგია ასეთია:

0x01 graphic

დამარცხებული ბატონიშვილი დემნა მოკვდა. აჯანყების მეორე (1178) წელს გიორგი III-მ თამარი ტახტზე აიყვანა თანამეფედ. 1184 წელს საქართველოს მეფე გიორგი III გარდაიცვალა და საქართველოს „დიდებულთა შვიდთავე სამეფოთასა“1 თამარი სამეფო ტახტზე დასვეს. „ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინისა თავსა სამეუფოსა, აწვიეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი...“2. ლიხთიმერლებმა (აფხაზეთის დიდებულებმა) ინებეს „მოღება და დადება ხრმლისა“, თამარი სრულ მეფედ იქცა: „თაყვანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდთავე სამეფოსათა“3. საფიქრებელია, თამარის ასეთი სახით კურთხევა იყო დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველოს ერთიან სახელმწიფოში აფხაზეთის, ანუ ლიხთ-იმერეთის სამეფოს სხვა დანარჩენ სამეფოებთან შედარებით რაღაც მეტი ღვაწლი მიუძღოდა, ანდა იურიდიული უფლება ჰქონდა. საქართველოს მეფე - უპირველესად ლიხთ-იმერეთის მეფეს წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით (შვიდ სამეფოში შედიოდნენ აფხაზეთის, ქართლ-მესხეთის, რან-ჰერეთის, კახეთის, სომხითის სამეფოები, ასევე შარვანისა და ანისის სახელმწიფოები - შარვანშეთი და შაჰანშეთი).

თამარმა პირველ რიგში მოიწვია საეკლესიო კრება, რომლის ძალითაც სურდა ქართლის კათალიკოსისათვის ჩამოერთმია მწიგნობართუხუცესობა და ჭყონდიდელ-მაწყვერლობა. ამისათვის მოიწვია იერუსალიმიდან ყოფილი კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერისძე. შეიკრიბა „ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი“4. ტერმინი „ორი სამთავროს ეპისკოპოსი“ მიუთითებს იმაზე, რომ იმ დროს ქართული ეკლესია ორი საეკლესიო სამთავროსაგან შედგებოდა: ეს იყო ქართლის საკათალიკოსო და აფხაზეთის საკათალიკოსო. მოწვეულ კრებაზე აქტიურობდა აფხაზეთის საკათალიკოსოდან ქუთათელი ანტონ საღირისძე. კრებამ ფაქტობრივად უნაყოფოდ ჩაიარა, ვერ შეძლო ქართლის მაშინდელი კათალიკოსისათვის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის ჩამორთმევა. ეს მოხდა იმ დროს, როცა ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი ლოგინად მწოლი ავადმყოფი იყო. ამიტომაც, ფაქტობრივად სამეფოს მართვის მთელი სადავეები კათალიკოს მიქაელის ხელთ იყო. ჩვენ აღწერილი გვქონდა, თუ რაოდენ დიდ ძალაუფლებას ფლობდა ჭყონდიდელი, „მამა მეფისა“, მწიგნობართუხუცესი. მიქაელი განუზომელი ძალაუფლების მქონე იყო. იგი „ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღვაწეს“5.

0x01 graphic

ამ დროს, თამარის მიერ „დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქვემოთა შვიდთავე თემთასა...“6, ზოგიერთი ხელისუფალი გაიფიცა; აღარ ისურვეს „ძველ ხელისუფალთა“ ხელქვეითობა, „ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ, გვარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ უგვაროთა და უხმართაგან“.

თამარი იძულებული გახდა, ამირსპასალარობისა და მანდატურთუხუცესობის სახელოები და აგრეთვე მისი საპატრონო ქალაქი ლორე ჩამოერთმია ყუბასარისთვის.

აფრიდონს ჩამოართვა მსახურთუხუცესობა და საპატრონო ქალაქი თმოგვი. ის „მოიშალა და დაიმხო ნებითა და თნევითა ლაშქართათა“.

დიდებულებმა „ხელისუფლებისა და დიდებისათვის ურთიერთს დაუწყეს ზიდვა“. სწორედ ამ დროს მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა მოიწადინა, ხელთ ეგდო ამირსპასალარობა და ამ ხელისუფლის საჯდომი ქალაქი ლორე. ლორე ადრე „სომეხ მეფეთა“ ქალაქი იყო. გარდა ამისა, მან ერთ ჯგუფთან ერთად „ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისნისასა და თქვა: „დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელი მიცემისა და მიღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებთ და ვაცნობებთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მაშინღა სრულ-იქმნებოდეს განგებული ჩვენი“. ეს ძლიერ ეწყინა თამარს, რადგანაც, მემატიანის აზრით, ეს იყო „პატრონი“, ანუ თამარის ხელმწიფობის დასასრულის დასაწყისი - „დასასრულისა ხელმწიფობისა პატრონისასა მიმცემელი“. თამარმა შეიპყრა „ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთუხუცესი და აწ თავისა თვისისა ამირსპასალარად და სომეხთა მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად გამზადებული“7.

მაგრამ გამოჩნდა დიდი, ძლიერი ძალა, რომელმაც თამარს განზრახვა შეაცვლევინა, „ლაშქარი თანაშეფიცულთა“ და ყუთლუს თანაშემწენი. მათ მოითხოვეს ყუთლუს გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფის სასახლეს „შებმით“ დაემუქრნენ. თამარმა მათ გაუგზავნა დესპანი ქალები. შეთქმულები „ფიცით მიენდნენ“, თაყვანი სცეს, მისცეს „პირი ერთგულებისა“ თამარ მეფეს.

ამის შემდეგ თამარმა „თანადგომითა და ერთნებობითა შვიდთავე სამეფოთა დიდებულთა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდელად და მწიგნობართუხუცესად და ვაზირად ანტონი“. თამარმა „განაჩინა ამირსპასალარი სარგის მხარგრძელი, უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა და წყალობა ყო ძისა მისისა ზაქარიას დალოცვითა და ითაყვანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე“8.

თუ აქამდე სამეფო კარზე ერთი ვეზირი, ჭყონდიდელი იყო, ახლა მეორე - ამირსპასალარი სარგის მხარგრძელი დაემატა. თამარის მემატიანე ხშირად ახსენებს ხოლმე „ოთხ მხარგრძელს“, ესენია - სარგის და ვარამ მხარგრძელების შვილები:

0x01 graphic

თამარმა სახელოები ასე დაარიგა:

1. მანდატურთუხუცესი - ჭიაბერი.

2. მეჭურჭლეთუხუცესი - კახაბერ ვარდანის ძე.

3. მსახურთუხუცესი - ვარდან დადიანი.

4. ჩუხჩარეხი - მარუშიანი.

5. ამილახორი - გამრეკელ-თორელი.

ერისთავები იყვნენ:

1. სვანთა ერისთავი - ბარამ ვარდანის ძე (ამათმა გვარმა ხმალი შეარტყა თამარს).

2. რაჭისა და თაკუერის - კახაბერ კახაბერის ძე.

3. ცხუმის - ოთაღო შარვაშის ძე.

4. არგვეთის - ამანელის ძე.

5. ოდიშის - ბედიანი.

6. ქართლის - რატი სურამელი.

7. კახეთის - ბაკურ-ყმა ძაგანის ძე.

8. ჰერეთის - ასათ გრიგოლის ძე (ზოგჯერ ასევე არიშიანები და კოლონკელის ძეები).

9. სამცხის ერისთავი და სპასალარი - ბოცო ჯაყელი.

ყოველივე ზემოთ აღწერილი თამარის ტახტზე აყვანისთანავე დაიწყო და ერთ წელში მოგვარდა.

1185 წელს თამარს შერთეს რუსთა მთავრის ძე გიორგი. ბასილი ეზოსმოძღვრის თანახმად, მომხდარა რუსის გამორჩევა, „ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისათვის მათ ნათესავთასა“9. მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ამავე დროს დიდი სამეფო ოჯახის სახლისშვილს საქართველოს სამეფო კარზე მალე კვლავ დაუწყეს ძებნა, რადგანაც გიორგი რუსი და თამარი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. რუსს გამოაჩნდა „სკვითურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა“10.

რუსი გააძევეს. გაძევების მიზეზი მხოლოდ რუსის პირადი უარყოფითი თვისებები არ უნდა ყოფილიყო, არამედ კონფრონტაცია დიდებულთა შორის სამეფო კარზე - ბრძოლა ხელისუფლებისათვის. კერძოდ, ჩანს, ერთ მხარეს იდგა „ოთხი მხარგრძელი“ და თამარი, მეორე მხარესაა მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი და გიორგი რუსი. ეს გამოჩნდა შემდგომაც, როცა საქართველოს სამეფოს ძალები ორად გაიყო და ერთმანეთს შეება. მსახურთუხუცეს ვარდან დადიანის მეთაურობით დასავლეთ საქართველოსა და მესხეთის, ანუ „აფხაზთა და ქართველთა“ სამეფოების ლაშქარი შეება ამირსპასალარის ლაშქარს.

გიორგი რუსის გაძევებაში მონაწილეობა მიუღია ორსავე ვაზირს11, ე.ი. ჭყონდიდელსა და ამირსპასალარს.

თამარი უშვილოდ დარჩა, რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა წუხდა. „მოეცვა შვიდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა“12. მალე თამარისათვის საქმრო გამოძებნეს - დედითაც და მამითაც სამეფო გვარის მქონე. აღსანიშნავია, რომ ის რუსუდანის, თამარის მამიდის, სახლში იზრდებოდა. რუსუდანს დიდი გავლენა ჰქონდა სამეფო კარზე. ამიტომაც მომავალი „მეფის“ რუსუდანის სახლიდან გამოყვანა, მიუთითებს იმაზე, რომ რუსუდანი წარმმართველი იყო თამარის ბედისა, ცხოვრებისა და პოლიტიკისა იმ დროისათვის. გიორგი რუსის გაძევებაში სხვა დიდებულებთან ერთად, რუსუდანის ხელიც ერია13.

„იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისასა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა“. ეს იყო დავით სოსლანი, „ორთავე კერძოთა გვართაგან სახელმწიფო“-ის ქრისტიანული და მართლმადიდებლური სახლის შვილი იყო. თამარის ქმარი უთუოდ მართლმადიდებლური სამეფო სახლის შვილი უნდა ყოფილიყო.

1188 წელს თამარმა და დავითმა იქორწინეს.

1191 წელს გიორგი რუსი საქართველოს საზღვრებთან გამოჩნდა. მას „მიუდგეს იმერნი, რათა რუსი სასახლესა შინა შეყვანილ ყონ“. როგორც აღინიშნა, რუსს მიემხრნენ ყოფილი „აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოების დიდებულები - „პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძველთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა შეეწყალა პატრონსა“, ე.ი. გუზანი ძველი ტაოელი მეფეების ადგილზე იჯდა (არა თავისი ნებით, არამედ პატრონი თამარის წყალობით). გიორგი რუსს მიუდგნენ ასევე სამცხის სპასალარი ბოცო და სხვა მესხი დიდებულები, ივანე ციხისჯვარელის გარდა. ასევე მიემხრო ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი. ის აღმოსავლეთ საქართველოში პატრონი იყო ორბეთისა და კაენისა, ხოლო დასავლეთი საქართველო მთლიანად მის ხელში იყო - „ლიხთ-აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა“14. ამიტომაც, მან გეგუთში „შეყარა ყოველი სვანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგვეთი“, მან შეკრიბა ამ ქვეყნების ლაშქარი და დააფიცა ისინი „რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათვის“. ეს ლაშქარი გადავიდა ტაოში გუზანთან, წამოიყვანეს რუსი, შეუერთდნენ სამცხის სპასალარი და მისი მომხრეები, მივიდნენ გეგუთში და რუსი მეფედ გამოაცხადეს, „მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა“15, აქამდე თამარი იყო სრულუფლებიანი მეფე, ხოლო მისი მეუღლე მეფედ სახელიდებოდა, მაგრამ იურიდიულად ის იყო „მოსაყდრე“ (საყდარი - ტახტს ერქვა). ამბოხებულებმა ის „მეფედ“ გამოაცხადეს, მაგრამ გულისხმობდნენ არა საქართველოს ერთიანი სამეფოს ორ სამეფოდ გაყოფას, არამედ სურდათ სასახლეში შეეყვანათ სრულუფლებიანი მეფე, რომელიც თამარის მომხრე დიდებულებს დაამხობდა, ხოლო თამარისა და ახალი „მეფის“ ცოლქმრობა კი გაგრძელდებოდა.

თამარმა შემოიკრიბა ერთგული ერისთავები ჰერეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, სომხეთიდან, სამცხიდან. მან ამბოხებულებთან გაგზავნა ეპისკოპოსები და მოხელეები მოსარიგებლად, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში აჯანყებულებმა დაიჭირეს ქართლი გორამდე, სამცხე ჯავახეთამდე. დააპირეს თრიალეთისა და სომხითისაკენ გაჭრა, სადაც არაერთი მომხრე ჰყავდათ, შემდგომ კი - თბილისის კართან მისვლა, სადაც თამარ მეფე იმყოფებოდა. თამარმა „უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მხარგრძელთა და სხვათა თორელთა, ზემოთა და ქვემოთა, წასვლა და მიგებება წინა ქვეყანასა ჯავახეთისასა“16. ამბოხებულები დამარცხდნენ, ითხოვეს შეწყალება, „რომელნიმე მოვიდეს ყელ-საბელ მობმით, რომელნიმე მკვლელ ექმნეს თავის ბიძასა და ეგრეთ მოვიდეს“17.

ამის შემდეგ მხარგრძელები კიდევ უფრო ამაღლდნენ. თამარმა ზაქარია ვარამის ძე მხარგრძელს უბოძა ვრცელი ქვეყანა „გაგი“ ქურდვაჭრისხევიდან განძამდის ქალაქებით, ციხეებითა და სოფლებით. ეს ქვეყანა აქამდე ამბოხებულ ივანე ვარდანის ძეს ეკუთვნოდა. ვარდანის ძეები სვანეთის ერისთავები იყვნენ, ივანე ვარდანის ძე მათი სახლისშვილი უნდა ყოფილიყო. ჩანს, სვანეთის ერისთავს ისევე ეჭირა ეს ქვეყანა (ყოფილი სომხითის სამეფოს ტერიტორიაზე), როგორც ვარდან დადიანს ეჭირა იქვე მახლობლად (სომხითში) - ორბეთი და კაენი. კახაბერ ვარდანისძე მეჭურჭლეთუხუცესი იყო, სწორედ მისმა ნაცვალმა შემოიყვანა გაძევებული გიორგი რუსი საქართველოში და სათავე დაუდო აჯანყებას. ამიტომაც, ჩანს, ვარდანისძეები - სვანეთის ერისთავები გაძევებულ იქნენ. სომხეთში ვარდანისძეთა საპატრონო ტერიტორიები, როგორც ითქვა, ზაქარია ვარამის ძე მხარგრძელს გადაეცა.

ვარდან დადიანს თამარმა ჩამოართვა მსახურთუხუცესობა. ის მხარგრძელების ოჯახს, კერძოდ, ივანე სარგისის ძეს ებოძა. ვარდან დადიანის საპატრონო მიწებიც სომხეთში მას გადაეცა: „უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა, ხელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხვითა მრავლითა სახარჯოთა ქალაქითა და ციხითა“18.

0x01 graphic

რით იყო გამოწვეული დასავლელი ქართველი დიდებულების ამბოხება. მიჩნეულია, რომ ერთიან ქართულ სახელმწიფოს სათავე დაუდო „აფხაზეთის სამეფომ“. ეს სამეფო იყო ცენტრი, რომლის გაფართოების შედეგად შეიქმნა თამარის დროინდელი საქართველო, ამიტომაც ქართველ მეფეთა ტიტულატურის თანახმად, საქართველოს მეფე პირველად „აფხაზთა“ მეფე იყო. „აფხაზთა და ქართველთა“ მეფე იყო დავით აღმაშენებელი გარკვეულ დრომდე, ასევე მისი წინაპრებიც ბაგრატ III-ის დროიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ „აფხაზთა“ და „ქართველთა“ ყოფილი სამეფოების, ანუ დასავლეთ საქართველოსა და მესხეთის დიდებულებს იურიდიული „კანონიერი“ უპირატესობანი თუ უფლებანი უნდა მინიჭებოდათ სამეფო კარზე. მათი თვალსაზრისით, ერთიანი სამეფოს დვრიტა, საწყისი თუ საფუძველი ლიხთ-იმერეთ-მესხეთი იყო. ამის დამადასტურებელი იყო ისიც, რომ მათი ქვეყნელი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი სამეფო კარზე უპირველესი ხელისუფალი იყო. ასევე ამის დამადასტურებელი დემონსტრაცია იყო თამარის კურთხევისას ლიხთ-იმერთაგან მეფის გვირგვინის დადგმა და სამეფო ხმლის შემორტყმა. გვირგვინი და ხმალი, ჩანს, სიმბოლო იყო სამეფო ხელისუფლებისა და ლაშქრის მეთაურობისა, ე.ი. ლაშქარიც და სამეფოც ლიხთ-იმერელთა იურიდიული დაქვემდებარების ქვეშ მიიჩნეოდა. ამიტომაც, როცა თამარის სამეფო კარზე აღზევდნენ არა ლიხთიმერლები (ე.ი. არა „აფხაზები“), ამან გამოიწვია გულისწყრომა. მათი „კანონიერი“ უფლებები უკიდურესად შებღალული იყო. მათი იმედი გიორგი რუსი გახდა, მაგრამ სასახლის პარტიამ ის დაამარცხა. „იმერელ-სვანებმა“ (როგორც მათ ბასილი ეზოსმოძღვარი უწოდებს)19 მოაწყვეს ამბოხება სასახლეში რუსის დაბრუნების მიზნით, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ. საქართველოს პოლიტიკური ცენტრი ლიხთ-იმერეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიიწევდა. სამეფო კარზე იმ ქვეყნების დიდებულებმა დაიკავეს საპატიო ადგილი, რომელნიც თანდათანობით საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით უნდა მოქცეულიყვნენ. კერძოდ, დემეტრე I-დან, თამარის პაპიდან, მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო მიისწრაფოდა, ხელში ჩაეგდო ანისის ყოფილი სამეფო, გაეძევებინა აქედან თურქები, მოეგო ადგილობრივი მცხოვრებლებისა და დიდებულების გული. მთელი საუკუნის მანძილზე ანისის და დვინის ქვეყნების დაჭერის პოლიტიკა განსაზღვრავდა სამეფო კარის ცხოვრებას, ამიტომაც მოხვდნენ ამ ქვეყნების დიდებულები, მხარგრძელები, სამეფო კარზე და ამაღლდნენ.

თამარმა სრულიად შეცვალა პოლიტიკა. თუკი აქამდე იმდროინდელი საქართველოს გაფართოება, ჩანს, განიხილებოდა, როგორც „აფხაზთა“ (ე.ი. დასავლელ ქართველთა) სამეფოს გაფართოება და შემოერთებული სომხითის სამეფოს (ე.ი. ლორე-ტაშირის) მიწებს საპატრონოდ ურიგებდნენ დასავლელ ქართველ დიდებულებს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ახლა უკვე ლორესა და ანისის სამეფოს მიწები (ქალაქები, ციხეები) საპატრონოდ გადაეცა აღმოსავლელ დიდებულებს, პირველ რიგში, მხარგრძელებს.

თამარამდე მეზობელი ხალხებიც ერთიან საქართველოს „აფხაზეთს“ უწოდებდნენ. უხტანესი თვით თბილისის გარშემო ტერიტორიებსაც კი აფხაზეთის მიწებად მიიჩნევდა. ამიტომაც „აფხაზ“, ანუ ლიხთ-იმერელ დიდებულებს, ამ შემთხვევაში დადიანებსა და ვარდანისძეებს და, საერთოდ, მთელ დასავლეთ საქართველოს არათუ არ მოეწონათ თამარის პოლიტიკის ცვლილება ახალშემოერთებულ მიწებთან (ე.ი. ყოფილ სომხურ პოლიტიკურ ერთეულებთან) დაკავშირებით, არამედ იარაღის ძალითაც მათი პოლიტიკის მომხრე მეფე-სიძის შეყვანაც სცადეს სასახლეში. (სხვათა შორის, ზემოთ მოყვანილი დამოკიდებულებაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იმ დროს სიტყვა „აფხაზს“ არ გააჩნდა ეთნიკური მნიშვნელობა და ის პოლიტიკურ ტერმინად იყო ქცეული. ეთნიკური აფხაზიც უთუოდ „ქართველთა ნათესავის“ ერთ-ერთ ტომად განიხილებოდა. „აფხაზთა“ სამეფოში დიდი პოლიტიკური წონა ჰქონდა სვანეთის საერისთავოს (ხმლის მიღების უფლება), ქუთათელს (გვირგვინისა), ჭყონდიდელს, საკუთრივ აფხაზეთს ასეთი უფლება არ ჰქონდა.

როგორც აღინიშნა, ივანე მხარგრძელს თამარმა მსახურთუხუცესობა უბოძა, მაგრამ განსაკუთრებით აამაღლა ზაქარია მხარგრძელი. მას ამირსპასალარობა უბოძა. მემატიანის აზრით, ამის მიზეზი იყო ის, რომ მხარგრძელთა საგვარეულო ერთგული იყო ქართველთა მეფეებისა (ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონია, რადგანაც ზოგიერთი საგვარეულო ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე, მეფის ორგულობით გამოირჩეოდა (მაგალითად, ბაღუაშები), ხოლო მხარგრძელების საგვარეულო თამარის პაპისა და მამის ერთგულები ყოფილან, ამასთანავე „კაცნი ბრძენნი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გვარეულადაცა ერთგულნი მეფეთანი, ამისათვის დიდად შეყვარებულნი თვით თამარის პაპათა და მამათაგანაცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა“20. ის, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის თანახმად, არის „სომეხ მეფეთა ადგილზე მჯდომი“, ანუ პატრონი ლორისა. „და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი და თმოგვისაგან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მხარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა“21.

„სომეხ მეფეთა“ ადგილზე ჯდომა ძალიან დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას აძლევდა ზაქარიას. „ტაოელ მეფეთა“ ადგილზე იჯდა გუზანი, რომელსაც მთელი ტაოს მხარეში რეალური ძალაუფლება გააჩნდა, იმდენად დიდი, რომ მან შეძლო ამ მხარეს ციხეების თურქებისათვის გადაცემა.

როგორც გუზანს, ასევე ზაქარიას, ხელისუფლების პატივი პატრონისაგან, საქართველოს მეფისაგან ჰქონდათ მიღებული. ლორეს პატრონს რუსთავიც უბოძეს, ხოლო თმოგვი, რომელიც ადრე გამრეკელს ეჭირა, ახლა სარგის ვარამის ძე მხარგრძელს გადასცეს.

დაახლოებით 1192 წელს დაიბადა ლაშა-გიორგი. სწორედ აღნიშნული ამბების გადმოცემის შემდეგ წერს მემატიანე მისი დაბადების შესახებ. ტახტზე ასვლისას ლაშა-გიორგი ცამეტი წლისა ყოფილა22, ხოლო თამარის მიცვალებისას კი - 18 წლისა. თამარი 1213 წელს გარდაიცვალა. ამ ანგარიშით ლაშა-გიორგი 1195 წელს დაბადებული გამოდის. ანგარიში ირევა, რადგანაც თამარის გარდაცვალების ზუსტი თარიღის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს (ლაშას შემდეგ რუსუდანი დაბადებულა).

თამარი დავით სოსლანზე 1188 წელს დააქორწინეს. მიუხედავად ამისა, თამარს აღნიშნულ დრომდე, ე.ი. 4-5 წლის მანძილზე, შვილი არ გასჩენია. მას შვილი არც გიორგი რუსთან ჰყოლია 2 წლის განმავლობაში. ამიტომაც, მომავალი მეფის, ლაშა-გიორგის, დაბადების აღსანიშნავად ამის ბედსა და სვეზე საგანგებო გალაშქრება მოუწყვიათ ბარდავისაკენ. 30000 ტყვე გაუთავისუფლებიათ. „ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყვეთა დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“23.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო განძისა და ბარდავის შემოერთება, თუმცა ხშირად ლაშქრავდნენ ამ მხარეებს. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, არაბთა შემოსევებისას ბარდავი ქართლის სამეფოში შედიოდა. აშოტ კურაპალატი სამხრეთ საქართველოსთან ერთად ბარდავსაც ფლობდა. ამით უნდა ყოფილიყო გამოწვეული ის, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ, დავით აღმაშენებლისა და დემეტრეს დროს, შარვანის ვრცელი ქვეყნის დასავლეთი ნაწილი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ყოფილა. შარვანის ეს მართლმადიდებლური მხარე ბარდავის სიახლოვეს მდებარეობდა. „შარვანშას“ ქვეყნის გაყოფის დროს შარვანის ეს ქრისტიანული ნაწილი საქართველოს საზღვრებში არიშიანების მფლობელობაში შესულა. უნდა გამოითქვას მოსაზრება, რომ შარვანის მართლმადიდებლური ნაწილი ეთნიკურად ქართველებს, ანდა ქართველურ ტომს წარმოადგენდა. სწორედ ეთნიკური წარმომავლობის გამო უნდა შეენარჩუნებინათ მათ სარწმუნოების ის სახე, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ სარწმუნოებად იყო მიჩნეული. ვერავითარი სხვა მიზეზით ვერ ავხსნით მათ მართლმადიდებლობას. არაბთა ბატონობამ ამ მხარეებში მაჰმადიანობა გაავრცელა. მაჰმადიან ხელისუფალთა ბატონობისას აქ მართლმადიდებლობა ვერ გავრცელდებოდა. მალე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ეს მხარე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ქართულმა სახელმწიფომ მიახლოებოდა შარვანის საზღვრებს. ამიტომაც ის, რომ ამ მხარეში (შარვანის დასავლეთ მხარეში, ბარდავთან ახლოს) არც გრიგორიანობა, არც მაჰმადიანობა არ გადაიქცა აქაური მოსახლეობის სარწმუნოებად, მიუთითებს მათ ეთნიკურ სიახლოვეზე ქართველებთან. „მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძველად ქალაქად... ჰეროსის ძმისა ბარდოსისა მამული და შენებული“24 ბარდავის ქვეყნის მკვიდრნი ქართველებად, ანდა ქართველთა მონათესავეებად მიიჩნევა თამარის მემატიანის მიერ, მსგავსად ჰერებისა.

ქართველებმა ილაშქრეს არზუმში, კარნუ-ქალაქის სანახებში და სხვაგან, სადაც ადგილობრივი მკვიდრნი ამბობდნენ: „არაოდეს გვიხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა შინა საყოფელთა ჩვენთასა“25; შემდგომ ილაშქრეს არეზისპირა ქვეყნებში განძის კარამდე. და კვლავ ლორიდან წავიდნენ ორნი ძმანი სარგისის ძენი, ზაქარია ამირსპასალარი და მსახურთუხუცესი ივანე, რახსის პირის მოსარბევად. ამის შემდგომ კაენის პატრონმა ივანე მსახურთუხუცესმა მიიწვია დავითი სალაშქროდ: დიდი გელაქუნის, სპარსი ბაზრისა და სხვის მოსარბევად... გააქციეს, ამოსწყვიტეს და დახოცეს.26

1193 წელს კვლავ შემოვიდა გიორგი რუსი განძისა და არანის ლაშქრით კამბეჩანში, ხორნაბუჯის პატრონმა საღირ მახატლის ძემ იგი დაამარცხა. რუსი გადაიხვეწა.

„უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქვეყანა ყოველთა კეთილთა და განმარჯვებითა ლაშქართათა შეიწრდეს ყოვლით - კერძონი სპარსნი“27. „სპარსელებმა“ შეკრიბეს ლაშქარი „ესოდენი, ვიდრემდის არცა რიცხვი იცოდეს და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს“28.

თამარის ბრძანებით ლაშქარი 10 დღეში შეიკრიბა. წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა. ლაშქარს თან გაჰყვა ანტონ ჭყონდიდელი, თვითონ კი ფეხშიშველი მივიდა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში და დედა ღვთისას ხატის წინ ცრემლით ილოცა, ვიდრე ღმერთმა მისი სათხოვარი არ აღასრულა. შამქორის ომში 1194 (1195) წელს ქართველებმა გაიმარჯვეს. ქართველებს, ჩანს, მოძრავი ეკლესიები ჰქონდათ, რადგანაც შემდეგ „მადრასთა წილ აღმართნეს ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება მღდელთა ადონაისადმი: უფალო საბაოთ ძალთასა“29.

გამარჯვებულებს განძელებმა ქალაქი გადასცეს. მეფე დავითმა იქ დარბაზობა გამართა. თვითონ სულთნის ტახტზე დაჯდა, ხოლო შარვანშა და ამირ-მირმანი, ვაზირები - მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი და სხვა ხელისუფლები თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ.

თამარმა შალვა ახალციხელის მიერ მოპოვებული ხალიფას დროშა გაგზავნა ხახულის ღვთისმშობლის ტაძარში, მსგავსად დავით აღმაშენებლისა დიდგორის გამარჯვების შემდეგ. თამარმა ღვთის სამადლობლოდ შეთხზა „იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად“.

მალე განძა კვლავ აიღო აბუ-ბექრ ათაბაგმა. მან თამარის მიერ განძაში დადგენილი თავისი ძმა ამირ-მირმანი მოაკვლევინა, მეფემ გაილაშქრა ამ ათაბაგის წინააღმდეგ და აიღო ციხეები და ქალაქები.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დიდი წინააღმდეგობით ხვდებოდა სამეფო კარზე მონოფიზიტების აღზევებას. მიუხედავად იმისა, რომ კათალიკოსმა ზაქარია მხარგრძელი სარწმუნოებრივი თვალსაზრისით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, მან არ უარყო მონოფიზიტობა. ის ამბობს „მე არ შევერთვი ქართველთა“30. თუმცა, ის პოლიტიკურად ქართველია. სხვა ამბავთან დაკავშირებით იგივე მემატიანე წერს: „განკვირდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარიაცა და ივანე მხარგრძელნი“31. და ზაქარია ეროვნებით ქურთი, სარწმუნოებით სომეხი, პოლიტიკურად კი ქართველთა მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. მაგრამ ამ ეპოქაში სარწმუნოება ქვეყნის ძლიერების განმსაზღვრელი იყო.

თამარის დროს „სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვანი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თვით პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი და რასა მრავალსა ვიტყოდი წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა“32.

საქართველოს სახელმწიფოში შედიოდა შემდეგი „სანაპირო“ მხარეები:

1. ქვემო სანაპირო - გაგი (ზაქარია მხარგრძელს ჰქონდა);

2. ძორაკერტი და ტაშირი (ესეც ზაქარიასა და ივანე მხარგრძელს ჰქონდათ);

3. ჯავახეთი (სარგის მხარგრძელი და შალვა თორელი მონაპირეობდნენ)

4. ზედათ არტანი (მესხები მონაპირეობდნენ, ყვარყვარე სპასალარი და ჯაყელი);

5. შავშეთით სპერის კერძო ფანასკერტი (ზაქარია ასპაანის-ძე);

6. ქვემო ნაპირის კერძი (განძისა და ბარდავის სიახლოვეს, გრიგოლისძენი, ტბელები, მახატლის-ძენი მონაპირეობდნენ);

7. შემდეგ დაემატა - კარი.

თამარი „...არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თვით მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა თვისთა ლაშქართა““.

თამარმა „ურჩნი თვისნი დაამდაბლნა და მოყვარენი აღამაღლნა, არა იღუწოდა უმეზობლობასა და არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თვისი მამული ძველი კმა იყო“34.

თამარმა კლდეში გამოჰკვეთა ღვთისმშობლის „პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები“35. „ეს ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ექმნა და დაეტევა, რომელმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ“.

თამარმა „არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს იერუსალემს ააშენა პირველად მონასტერი და კუალად კვიპრეს ღალია... აღაშენა მონასტერი... კუალად კონსტანტინეპოლის აღაშენა მეტოქი მათი... საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო“36.

აქამდე ქალაქი კარი (ყარსი) თურქებს ეჭირათ. თამარმა წარავლინა ლაშქარი. თურქებმა დატოვეს ქალაქი და გაიქცნენ. მეფემ აიღო ქალაქი, კარის მცველის თანამდებობაზე დატოვა ახალციხელი ივანე „და აჩინა მონაპირედ და უბოძა ათაბაგობა და ამირათა ამირობა“. მან თურქებს წაართვა გარეშემო ქვეყნები, რომლებიც შემოიერთა.

თურქ-სელჩუკების იმპერია, რომელიც არსებობდა მცირე აზიაში საქართველოს მეზობლად, თამარის მეფობის დასაწყისში დაშლილი იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულად. ამ დროისათვის ის გააერთიანა სულთანმა რუქნადინმა. მან შეკრიბა 400000 კაცი საქართველოსთან საომრად. გამოუგზავნა თამარს მოციქული წერილით, რომელშიც ეწერა, „შენ გიბრძანებია ქართველთათვის აღებად ხრმალი მუსულმანთა ხოცად“37, რუქნადინს გადაწყვეტილი ჰქონია თამარის ქვეყანაში ამოეწყვიტა ყველა მამაკაცი იმათ გარდა, რომლებიც უარყოფდნენ ქრისტიანობას. მათ მის თვალწინ უნდა დაელეწათ ჯვრები და ეღიარებინათ მაჰმადიანობა. საპასუხოდ თამარმა რუქნადინს მისწერა, რომ ის არის ოქროს თაყვანისმცემელი. „ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯვარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე“, თაყვანისმცემელი ვარო. „იყავნ ნება ღმრთისა“.

სულთნის მოციქულმა უკადრისი სიტყვა ჰკადრა თამარს, ზაქარია მხარგრძელმა მას სილა გააწნა. თამარმა მოიწვია თავისი სპა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, შეკრიბა ჯავახეთში. „და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობელისა წინაშე და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა მისი სვიანი“38 ბასილი ეზოსმოძღვრის თანახმად, თამარი სპას გაჰყვა ბასიანამდე. თამარმა აღმართა ჯვარი, მის წინაშე მოაყვანინა ყველა დიდებული და ერისთავი. ისინი ემთხვივნენ ჯვარსა და თამარის ხელს, ცრემლით შეავედრეს ოჯახები უფალს. შემდეგ მხედრები სამჯერ სამივე მხარეს დალოცა თამარმა ჯვრით და უკან დაბრუნდა სამცხეში.

0x01 graphic

ბასიანის ომში „მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯვარისათა და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან“. ქართველებმა გაიმარჯვეს.

ეს მოხდა დაახლოებით 1202 წელს.

თამარმა შესაწირავები გაუგზავნა ეკლესიებს ელადაში, მაკედონიაში, პეტრიწონში, კონსტანტინოპოლში, მთაწმიდაში, ალექსანდრიაში, ლიბანში, სინას-მთასა და იერუსალიმში - „მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა“39.

თამარმა საქართველოში ჩამოსულ ანტიოქიის, შავი მთისა და კვიპროსის, მთაწმიდისა და სხვა მხარეთა ბერ-მონაზვნებს მისცა დიდძალი ოქრო მონასტრებისათვის. როცა ისინი ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, ეს შეიტყო ბერძენთა მეფე ალექსი ანგარმა და ეს სიმდიდრე წაართვა ბერებს. თამარმა უფრო მეტი ოქრო გაუგზავნა ბერებს, ხოლო ბერძენთა მეფეს „წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი“ და სხვა ადგილები „და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხვეწილი“40. ეს იყო 1204 წელს.

ამ დროისათვის ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა ილაშქრეს კარში. აღებამდე კარელებმა თვითვე ითხოვეს დავით მეფისაგან, რათა თამარს სამეფოდ დაეჭირა ეს ქალაქი და არ გადაეცა დიდებულებისათვის, როგორც ანისი და დვინი. თამარმა ძე თვისი გიორგი გაგზავნა იქ. მან „მიითვალა ქალაქი“. ეს იყო დაახლოებით 1204-1206 წლებში. 1207 წელს დავით მეფე გარდაიცვალა.

1208 წელს ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა დასაჯეს ანისში აღდგომა დღეს შემოჭრილი არდაბილის სულთანი.

შემდგომ „მოვიდეს მხარგრძელნი, ამირსპასალარი ზაქარია, მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, მეფის წინაშე და კერძოდ მოახსენეს - „უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მოწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!“41.

1210-1211 წლებში ქართველებმა სპარსეთში ილაშქრეს: „მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა და წარემართნეს სპარსეთად“42. იბრძოლეს, გაიმარჯვეს და ალაფით აღვსილნი „შემოიქცეს გამარჯვებულნი და ძლევა შემოსილნი ქართველნი. ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა სპარსეთ შესულთა“43. ქართველებმა ერაყის სულთანიც დაამარცხეს.

ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ მეფემ ამირსპასალარობა უბოძა მის ძმა ივანე მსახურთუხუცესს, მაგრამ ივანემ, რომელიც „საქმეთა შინა განკვირვებული იყო“, მოითხოვა ათაბაგობა: „ათაბაგობითა პატივ-მეც... ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო“. თამარი დათანხმდა. „მსახურთუხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა“44.

ამის შემდეგ აჯანყდნენ მთიელები: „ფხოველები და დიდონი“. „მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა“, მთიულები დამარცხდნენ.

„მოიწია მწუხარება დიდი და მოუთხრობელი ყოველთა მკვიდრთა საქართველოსათა და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტვერსა ათაბაგი და ყოველნი“. თამარი გარდაიცვალა 1213 წელს.