The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა ქართული ფოლკლორი 2006 №3(XIX)
დოკუმენტის ნახვა წარმართული რელიგიის პრობლემები ნიკოლოზ ურბნელის (ხიზანაშვილის) ეთნოგრაფიულ ნაწერებში
დოკუმენტის ნახვა ხატი ჟამისა (მგლის პარადიგმისათვის გ. ჩოხელის რომანში „მგელი“)
დოკუმენტის ნახვა გამოქვაბულის დალი და დალთა ლაშქარი
დოკუმენტის ნახვა ვანო ხორნაული - ქართული ხალხური სიტყვიერების მოამაგე
დოკუმენტის ნახვა ამირანის მშობლების მითოსური ძირების შესწავლისათვის
დოკუმენტის ნახვა ცხოველთა შესახებ ზღაპრების მთავარი გმირი - მელია
დოკუმენტის ნახვა ეშმა ადამიანის ტყვეობაში
დოკუმენტის ნახვა დევის ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში”
დოკუმენტის ნახვა „ნაცარქექია“ (ტიპოლოგიური პარალელები)
დოკუმენტის ნახვა ბედის „წერა-მწერელნი“ ქართულ საბავშვო ზეპირსიტყვიერებაში
დოკუმენტის ნახვა ქალი ხვარამზე - კოსმოსიდან?
დოკუმენტის ნახვა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ხალხური წყაროები
დოკუმენტის ნახვა იდუმალი ნიღბები
დოკუმენტის ნახვა ქართული ზღაპრები ახალ საერთაშორისო კატალოგში
დოკუმენტის ნახვა რელიგიური ხასიათის სიმღერები ვაინახურ ეპოსში
დოკუმენტის ნახვა ბაჩანა და ხალხური შემოქმედება („თაღლაურა“)
დოკუმენტის ნახვა ალექსანდრე საჯაიას „უტუ მიქავა“ - პოემა ისტორიულ და ფოლკლორულ გმირზე
დოკუმენტის ნახვა „ჯავრ არ შავჭამო მტერისა“
დოკუმენტის ნახვა გრიგოლ რობაქიძის ,,ჩაკლული სული“ მითოსური პარადიგმების კონტექსტში
დოკუმენტის ნახვა გადმოცემები ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის პანკისელ „შეფიცულთა“ შესახებ
დოკუმენტის ნახვა მთის ხალხური პოეზიით მეცნიერული დაინტერესების დასაწყისი საქართველოში
დოკუმენტის ნახვა სახოტბო საწესჩვეულებო ლექს-სიმღერების შესრულების ტრადიცია
დოკუმენტის ნახვა ცხოველთა ზღაპრების მხატვრული გააზრება
დოკუმენტის ნახვა გელათის მშენებლობის ლეგენდები
დოკუმენტის ნახვა ფოლკლორის როლი ეროვნული სულის აღზევებაში აკაკი წერეთლის შემოქმედების მაგალითზე
დოკუმენტის ნახვა ადამიანთა საკუთარი სახელები და მეტსახელები (ყვარლის რაიონის სოფელ ალმატის მასალების მიხედვით)
დოკუმენტის ნახვა „სახელის მილოცვა“
დოკუმენტის ნახვა გველის სახე ფოლკლორსა და რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში
დოკუმენტის ნახვა მათქვამები ხალხურ პოეზიაში
დოკუმენტის ნახვა ფოლკლორული მოტივები „ვეფხისტყაოსანში“
დოკუმენტის ნახვა უმცროსი ძმის მოტივი ჯადოსნურ ზღაპარში
დოკუმენტის ნახვა „ხის ბეჭის“ მითის ვარიანტები კავკასიურ ფოლკლორში
დოკუმენტის ნახვა ვასილ ბარნოვის ,,გაკვეთილების“ კერძომეთოდიკური მნიშვნელობისათვის
დოკუმენტის ნახვა მაქსიმე შარაძის ღვაწლი ქართული საგალობლების გადარჩენის საქმეში
დოკუმენტის ნახვა ფოლკლორისტიკა - 2004

მთის ხალხური პოეზიით მეცნიერული დაინტერესების დასაწყისი საქართველოში

 

მანანა გაბური

საქართველოს კუთხეების ეთნიკური მრავალფეროვნება და მდიდარი ხალხური სიტყვიერება განათლებული, წიგნიერი ხალხის ყურადღების არეში XIX საუკუნიდან მოექცა. ილია ჭავჭავაძეს დიდი სურვილი ჰქონდა ყოველმხრივ შესწავლილიყო უბრალო ხალხის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, იგი მიესალმა ხალხური პოეზიის ინტენსიური შეკრების გაჩაღებას, მაგრამ ურჩევდა ამ საქმის მოთავეებს, მთლიანობაში განეხილათ და გაეშუქებინათ ხალხის ცხოვრების სხვა მხარეებიც: „სადაც მდაბიო ხალხის ცხოვრების შესწავლა ნამდვილ გზაზედ არის დაყენებული, სადაც შეგნებული აქვთ, თუ რა საუნჯეა დარჩენილი სხვადასხვა ჩვეულებებში, იქ მდაბიო ხალხის ყოველგვარ ჩვეულებას, ცხოვრების ყოველგვარ საგანს ჯეროვანს ყურადღებას აქცევენ და გამოუკვლეველად არაფერსა სტოვებენ. სწორედ ამგვარ შესწავლას და გამოკვლევას მოაქვს სასარგებლო და კეთილი ნაყოფი; მხოლოდ ამნაირის შესწავლით და გამოკვლევით შეიძლება ყოველმხრივ შევიგნოთ ხალხის წარსული და აწმყო, იმისი ავი და კარგი, იმისი წადილი, საჭიროება: სადაც ასე არ არის, იქ ყოველთვის შესაძლოა შევცდეთ და ვერ შევიტყოთ - რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი“ [6,163].

ილია ჭავჭავაძის მოთხოვნების მართებულობა ეჭვგარეშეა და ქართული საზოგადოებაც, ბუნებრივია, მთლიანად გაიზიარებდა მას. განათლებულმა ქართველობამ მართლაც მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ხალხის უძველესი ზნე-ჩვეულებების, სხვადასხვა ყოფითი მხარეების შესწავლას და მეცნიერული სკოლის შექმნას.

ქართველ და უცხოელ ეთნოგრაფებსა და ფოლკლორისტებს ყოველთვის აინტერესებდათ საქართველოს მთა, რადგან იქ ეგულებოდათ შემორჩენილი უძველესი ადათ-ჩვევები და რიტუალები. საქართველოს მთიანეთით დაინტერესებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია. IXI-XX საუკუნეთა მიჯნაზე ისიც კი დაიწერა, რომ უცხოელი მეცნიერები გაცილებით უფრო ხშირად მოგზაურობენ სვანეთსა და ხევსურეთში, ვიდრე ქართველებიო.

სვანეთი და ხევსურეთი ეთნოგრაფებისა და ფოლკლორისტების საგანგებო დაინტერესების საგნად იქცა, რადგან აქ შემონახული ცხოვრების რიტმი, ადამიანთა მეტყველება, პოეზია და რიტუალები სრულიად არქაულ იერს ინარჩუნებდა და ეგზოტიკური მომხიბვლელობით ატყვევებდა შორიდან მაცქერალთ. უფრო ახლოს მცნობნი ხევსურებსა და სვანებსაც ძველი კულტურის მატარებლებად მიიჩნევდნენ, რაც ინტენსიური დაკვირვების საფუძველი გახდა და რამაც აშკარად კეთილი ნაყოფი გამოიღო. მართალია, ფაქტობრივი მასალის შეკრება და შესწავლა შედარებით გვიან მოხდა, მაგრამ ფოლკლორით ვროპაშიც მოგვიანებით (XIX ს. დასაწყისი) დაინტერესდნენ. თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი წერს: „ქართული ფოლკლორის ძირითადი „ფონდი“ შედარებით გვიან, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან არის ჩაწერილი. ამის გამო ეროვნული ზეპირსიტყვიერების თავისთავადობის მაუწყებელმა მასალამ ჩვენამდე ფრაგმენტულად მოაღწია. ეს გარემოება, რასაკვირველია, აძნელებს ერთიანი სურათის შექმნას. ამის გამო ზოგჯერ ერთობ სათუოც კი ხდება ასეთი მასალის არსებობა საერთოდ; ჭირს მისი მტკიცება. ამის სამწუხარო მაგალითად თუნდაც ქართული მითოსიც იკმარებდა“ [8ბ4].

საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება წარმოშობს მთელ რიგ თავისებურებებს, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მრვალმხრივი შტრიხებით გამოიხატება. ხევსურეთი ამ მრავალფეროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხეა. ამითაა განპირობებული მისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება; ს. მაკალათია ასე ასაბუთებს ხევსურეთისადმი მკვლევარ-მეცნიერთა საყოველთაო ყურადღებას: „ხევსურეთი თავისი ყოფა-ცხოვრების პრიმიტივობით და ნივთიერი კულტურის არქაული ფორმებით კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს მთიელებში წარმოადგენს ფრიად საინტერესო კუთხეს. ამიტომ ხევსურეთის გაცნობა, მისი შესწავლის მიზნით, დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან და ეს ინტერესი დღემდე არ შენელებულა. სოციოლოგები და ეთნოგრაფები ხევსურეთში ეძებდნენ კავკასიური კულტურის „პრიმატებს“ და ადამიანის საზოგადოებრივი განვითარების პირველადი ფორმაციის გადანაშთებს. მოგზაურები ხევსურეთს ეტანებოდნენ, როგორც ეგზოტიკურ სანახაობას და აქ ეძებდნენ ჯვაროსანთა წინაპრებს“ [2ბ5].

ხევსურეთის ერთგვარმა ჩაკეტილობამ ამ კუთხეს თავისი ადათ-წესები თითქმის უცვლელად შემოუნახა. ხევსურეთი ორ ნაწილად იყოფა: პირიქეთი და პირაქეთი ხევსურეთი. ს. მაკალათიას აზრით, გეოგრაფიული სახელწოდება „ხევსურეთი“ წარმომდგარია გეოგრაფიული გარემოდან, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. ხევსურეთს ქისტეთი, ფშავი, თუშეთი, ხევი და გუდმაყარი ესაზღვრება. მის მოსახლეობას ყოველთვის უჭირდა. ნაკლებმოსავლიანი ნიადაგი და ბუნების სიმკაცრე განსაკუთრებულ გულმოდგინებასა და ერთგულებას მოითხოვდა ხევსურებისაგან. XX ს. 50-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ თავის სამოქმედო გეგმაში ხევსურთა ბარად ჩამოსახლება დაისახა და აღასრულა კიდეც. დღეს ხევსურები საქართველოს სხვადასხვა რაიონში ცხოვრობენ: დუშეთში, ყაზბეგში, საგარეჯოში, მცხეთაში, ახმეტაში, წითელწყაროში და სხვ.

ხევსურული მეტყველება ქართულ დიალექტოლოგიაში განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება, რადგანაც „ბევრი მისი თავისებურება მნიშველოვანია ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისით“ [1,1].

„ქართული დიალექტოლოგიის“ ავტორებს ხევსურულთან მიმართებით ისიც აღუნიშნავთ, რომ: „ხევსურული, ისე როგორც სხვა დიალექტები, დღითი დღე კარგავს თავისებურებებს და უახლოვდება საერთო ქართულს. დიალექტთა ნიველირება გამოწვეულია ლიტერატურული ენის დანერგვით ფართო მასებში და ახალი ყოფის შექმნით, რაშიც ასე ერთგულად იღებს მონაწილეობას ხევსური ახალგაზრდობა“ [1,2].

ჩაკეტილი და იზოლირებული საზოგადოების რღვევასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ძველი რწმენა-წარმოდგენების გადასხვაფერება და გამარტივება. ხევსურებში ხატის მსახურთა იერარქია, მათი საკრალური მსახურებანი, მათი სასულიერო ტექსტები ასე თუ ისე სრულყოფილად არის შესწავლილი და მოძიებული.

მეცნიერების ყურადღება ხევსურეთისადმი კიდევ უფრო გაიზარდა პოეტური საგანძურის გამომზეურების შემდგომ. პირველხარისხოვანი პოეტური ტექსტები თავისი მნიშვნელობით გასცდა ფოლკლორის ფარგლებს და მიიპყრო გაცილებით ფართო საზოგადოებრივი სპექტრის ყურადღება. პავლე ინგოროყვასათვის ხევსურული ძველი, არქაული საქართველოს მეტყველება იყო, გრიგოლ რობაქიძეც სრულიად იზიარებს ამ აზრს: „ფშავხევსურული ფშანია ქართულისა. 1917 წელს პავლე ინგოროყვამ თქვა ერთხელ ჩემთან გასაუბრებისას: ფშავ-ხევსურული არქაული ქართულია და არა პროვინციალიზმიო. მე დავაზუსტებდი: ერთი ძველთაძველი ფენა ქართულისა. მთებში შერჩენილი და დღემდე ცოცხალი... ფშავხევსურული მართლაც სალი კლდის ნაკვეთია ყოველ თქმაში. კვეცილი ფორმა ამ ფშანისა მკვეთრია ძალზე და დავუმატებდი: ვაჟურ-მკვრივი-, სწორუპოვარი ელლიპსი ქართულისა - ართქმული, გარნა ნაგულისხმევი - ფშავ-ხევსურულში მოშვილდულია პირდაპირ“ [3,101].

ფშავ-ხევსურულის არქაულ ქართულად, ქართულის „ფშანად“ მიჩნევა ზემოთ დასახელებული პირების მიერ ნაწილობრივ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, ხოლო ამ აზრის საყოველთაოდ აღიარებას უფრო სხვაგვარი შესწავლა და კვლევა სჭირდებოდა. ასეთი ამაგი ხევსურულს აკაკი შანიძემ დასდო. მან ქართული ენის სტრუქტურის შესწავლა დიალექტების კვლევით დაიწყო. 1911 წ. ზაფხულში ფშავ-ხევსურულის შესწავლა გადაწყვიტა და ერთი თვე იმყოფებოდა მთაში. 1913 წელს კვლავ დაბრუნდა ამ ადგილებში. ალ. ჭინჭარაულის წიგნში „აკაკი შანიძე - მთის მკვლევარი“ დაწვრილებით არის აღნიშნული, სად და როდის შეიქმნა და გამოქვეძნდა აკაკი შანიძის გამოკვლევები, რა მნიშვნელობა აქვთ მათ ჩვენი მეცნიერებისათვის. ალ. ჭინჭარაული ეხმიანება ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს, პ. ინგოროყვას და გრ. რობაქიძეს ადრევე რომ გამოუთქვამთ და აღნიშნავს: „არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ აკაკი შანიძემ დააფუძნა მკვიდრ საძირკველზე ქართული დიალექტოლოგია. მან სწორედ აღმოსავლეთ საქართველოს მთით დაიწყო და ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მთის დიალექტებს კარგად აქვთ შემონახული ძველი ქართულის ბევრი ენობრივი ფორმა, სინტაქსური წყობა და ლექსიკა. ამდენად, ქართული ენის მკვლევარი ამ დიალექტებს გვერდს ვერ აუვლის“ [7,9].

აკაკი შანიძემ „ჴევსურული მასალები“ გამოაქვეყნა 1924 წელს, ეს იყო აკაკი შანიძისა და ბესარიონ გაბურის მრავალწლიანი გულითადი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. წიგნის ავტორის სახელი და გვარი აკაკი შანიძემ ასეთი დაწერილობით შესთავაზა საზოგადოებას - ბესარიონ გაბუური. ბესარიონ გაბურის „ჴევსურული მასალები“, საერთო აზრის თანახმად, არის უაღრესად საინტერესო და საყურადღებო ნაშრომი, ჩაწერილი დიდი ცოდნითა და ცოცხალი ენით. ბესარიონ გაბურის მასალების მნიშვნელობას აკაკი შანიძე ასე წარმოაჩენდა და წარუდგენდა საზოგადოებას: „მთავარი მიზანი, რომელიც დასახული გვქონდა ბეს. გაბურის მასალების გამოცემის დროს, იყო ჴევსურული კილოს შესწავლა და გამოკვლევა. არა ეთნოგრაფიული წერილებისა და ლეგენდების შინაარსი, არა „ხალხური“ პოეზიის ნიმუშების გამოქვეყნება თავისთავად, არამედ ამ მასალების ენა, - აი, რა გვაინტერესებდა უპირველეს ყოვლისა. დღევანდელ ქართულ კილოებს შორის ჴევსურულს, უთუოდ, უპირველესი ადგილი უჭირავს; დიდია და განუზმელი მისი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის. ამ მეტად თავისებური კილოსთვის აქამდის ძალიან მცირე მასალა მოგვეპოვებოდა და ისიც ზოგიერთი გრამატიკული მოვლენის შესახებ. სრულებით არ გაგვაჩნდა ტექსტები და სწორედ ამ ნაკლის შესავსებად გამოვეცით ეს მასალები“ [4,335]. აკაკი შანიძე ბესარიონ გაბურის ტექსტებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და დიალექტოლოგიური თვალთახედვით. ამ ტექსტებით შეივსო მანამდე არსებული ხარვეზებიო, წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი და დასძენს: „ბესარიონი მელექსეა თვითონ, ნიჭით იგი არ ჩამოუვარდება პირველხარისხოვან „მათქვამებს“ ჴევსურეთში. მის ლექსებში ყველაზე უფრო საყურადღებოა პოემა „ნათულა და გამახელა“, რომელიც დიდი გრძნობით არის დაწერილი და რომლის ბოლოც, სადაც ბათირა ხუცესი ქალ-ვაჟს „ხატში“ ამწყალობნებს (ია თავი), მშვენიერი ნიმუშია ნამდვილი პოეტური შემოქმედებისა“ [4,334],

აკაკი შანიძისა და ბესარიონ გაბურის ურთიერთობამ ხევსურული ლექსის, ხევსურული გადმოცემებისა და მითების სამყარო დაუახლოვა სრულიად საქართველოს. საყოველთაო აღიარებისა და შესწავლის საგანი გახადა „არქაული“ ხევსურეთი. ამასთანავე, თავად „მათქვამთა“ შორის ერთ-ერთი საინტერესო პირიც ცალკე გამოიკვეთა და გაბურთა გვარიც საქვეყნოდ ცნობილი გახადა ბესარიონ გაბურის „ჴევსურულმა მასალებმა“. ქართულმა ფოლკლორისტიკამ სერიოზული კვლევა-ძიების პირველი მაგალითი მოგვცა. „განვიზრახე, რომ რევიზია მეყო და თავი მომეყარა პირველად მთელი მასალისათვის, რომელიც საქართველოს ერთ კუთხეს შეეხება, მთას, შემევსო ძველი ფონდი ჩემ და სხვათა მიერ ახალჩანაწერი ნიმუშებით. დამერთო სათანადო ახსნა-განმარტებანი და ლექსიკონი და ამგვარად შემოწმებულ-გაცხრილული, გამართული და დალაგებული მიმეწოდებინა მკითხველისათვის, როგორც სანდო მასალა და ამით საფუყძელი დამედო ხალხური პოეზიის მეცნიერული გამოცემისათვის და გზა გამეკაფა ფართო და სერიოზული ფოლკლორისტული კვლევა ძიებისათვის ჩვენში“ [5,03],-წერს აკაკი შანიძე. როგორც ვხედავთ, ბესარიონ გაბურის ტექსტებით საფუძველი ჩაეყარა „ხალხური პოეზიის მეცნიერულ გამოცემას“ და სათავე დაედო „სერიოზული ფოლკლორისტული კვლევა-ძიების“ საქმეს საქართველოში.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაე ი., ქართული დიალექტოლოგია, ტ. I, თბ., 1961. 2. მაკალათია ს., ხევსურეთი, თბ., 1984. 3. რობაქიე გრ., ვაჟას ენგადი, იხ. გრ. რობაქიძე, კრებული, მიუნხენი, 1984. 4. შანიე ა., ხევსურული მასალების გამო, „წელიწდეული“, I, ტფ. 1924. 5. შანიე ა., ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, ტფ., 1931. 6. ჭავჭავა ილ., რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. I., თბ., 1987. 7. ჭინჭარაული ალ., აკაკი შანი - მთის მკვლევარი,თბ., 1977. 8. აგოდნიშვილი თ., წინასიტყვაობა რ. ერისთავის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წერილებისა, თბ., 1986.