A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ანა ანგ ანთ ანი ანო ანტ

ანტისემიტიზმი

Etym. ანტი + „სემიტის“ წარმოებული ფორმა
It. Antisemitismo
აღნიშნავს ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. ისტორიულად ეს მტრობა ასურეთში, ბაბილონეთში, შუა და ზემო ეგვიპტეში დასახლებული ებრაული დიასპორის თემთა წინააღმდეგ აღმოცენდა (V ს.-დან ქრისტემდე), ოდენ ებრაელთათვის დამახასიათებელ მონოთეიზმზე რეაქციის სახით (როგორც ათეიზმისა და კაცთა მოდგმის მიმართ უპატივცემლობის ბრალდება). მიუხედავად იმისა, რომ იუდეველობა religio licita-ად (ნებადართულ რელიგიად) იყო აღიარებული, ამ ბრალდებას კვლავ მიუბრუნდნენ რომის იმპერიაში, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ზომების მიღება მოჰყვა: იმპერატორმა კლავდიუსმა ებრაელები რომიდან განდევნა (საქმ. 18:2); მათ წინადაცვეთა და იერუსალემში ჩასვლა, რომაელებს კი იუდაიზმის მიღება აეკრძალათ. ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შემდეგ ქრისტიანებსაც შეეხო და ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ 140 წლიდან ქრისტიანი აპოლოგეტები თავიანთ ნაწერებში იუდაიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ასე დაედო საფუძველი ქრისტიანულ ანტისემიტიზმს და ეკლესიის შემდგომი განვითარებიდან იუდეოქრისტიანობის გაქრობას. ქრისტიანმა იმპერატორებმა (კონსტანტინემ 315 წელს; თევდოსი II-მ 417 და 423 წლებში; იუსტინიანემ 534 წელს) ებრაელებს ყოველგვარი უფლება ჩამოართვეს. ებრაელთა შევიწროება და მათზე ძალადობა (პოგრომები) შუა საუკუნეებში ევროპის ყველა კუთხეში გრძელდებოდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ებრაელები სხვადასხვა კრიზისულ ვითარებაში „განტევების ვაცად“ მიიჩნეოდნენ. მხოლოდ განმანათლებლობამ გაუხსნა გზა ჰუმანისტური არსის მქონე ფილოსემიტიზმს. ამან ხელი შეუწყო ებრაელთა ემანსიპაციას უმთავრესად ეკონომიკურ სფეროში. XIX საუკუნეში სარწმუნოებრივ ანტისემიტიზმს დაერთო რაციონალური ტიპის ანტისემიტიზმი, რომელიც XX საუკუნეში, სხვადასხვა გერმანულ მოძრაობათა ირაციონალურ ფანატიზმთან ერთად, ებრაელთა საწინააღმდეგო განწყობის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. ამგვარმა განწყობამ შეამზადა ადამიანები ებრაელთა განადგურების (ჰოლოკოსტი) ჰიტლერულ იდეათა მისაღებად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მიუხედავად ანტისემიტიზმის სხვადასხვა ფორმის არსებობისა, ეს მოვლენა საყოველთაოდ იქნა დაგმობილი. რაც შეეხება რელიგიურ სფეროს, ვატიკანის II საეკლესიო კრებამ დაგმო ანტისემიტიზმი დეკრეტით Nostra aetate, რომელშიც ხაზგასმულია ქრისტიანთა და ებრაელთა საერთო სულიერი მემკვიდრეობა. პაპმა იოანე პავლე II-მ ხელახლა აღნიშნა ეს თავისი ოფიციალური ვიზიტის დროს რომის სინაგოგაში 1986 წლის 13 აპრილს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9