A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიკ ბილ ბინ

ბიბლია

Etym. ბერძ. მრავლობითი ფორმის სახელიდან biblía „წიგნები“, „წიგნთა კრებული“; შემდგომ ლათ. დამკვიდრდა მდედრ. მხოლობითი რიცხვის ფორმით biblia, მოგვიანებით bibbia
It. Bibbia
სიტყვა ბიბლია არსად გვხვდება წმიდა წიგნებში. პირველად ის ქრისტეს შემდეგ III საუკუნეში გამოიყენეს, კერძოდ, ფსევდოკლემენტემ, კლემენტე ალექსანდრიელმა და ორიგენემ. ბიბლია ეწოდება თეოლოგიურ-ლიტერატურულ მთლიანობას, რომელიც 73 ნაწარმოებისაგან შედგება. ის ორ ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია: ებრაული წარმოშობის ძველი აღთქმა (46 ტექსტი – „წიგნი“) და ქრისტიანული წარმოშობის ახალი აღთქმა (27 ტექსტი – „წიგნი“). პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ბიბლიის სხვადასხვა წიგნები „თავებად“, ეს უკანასკნელნი კი „მუხლებადაა“ დაყოფილი. ბიბლიის თავებად დაყოფა XII საუკუნეში ინგლისელმა კარდინალმა სტეფანე ლანგტონმა დაამკვიდრა, მუხლებად დაყოფა კი XVI საუკუნეში ფრანგმა მბეჭდავმა, რობერტ ესტიენმა შემოიღო. სარწმუნოება ბიბლიას ერთ მთლიანობად აღიქვამს, თუმცა ლიტერატურული აგებულების, ისტორიული მიმართების, თეოლოგიურ შინაარსთა თვალსაზრისით ის მრავალმხრივად და არაერთგვაროვნად წარმოგვიდგება. მართლაც, ბიბლიის წიგნებმა, განსაკუთრებით – ძველი აღთქმის ტექსტებმა, დღევანდელ საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჯერ ზეპირი და შემდეგ წერილობით გადმოცემის ხანგრძლივი პროცესი განვლეს. ამგვარად მივიღეთ წიგნები, რომელთაც ჯერ იუდეველნი, შემდეგ კი ქრისტიანები „წმიდა“ ანუ ნორმატიულ, კანონიკურ წიგნებად აღიარებენ. კანონიკურია წიგნები, რომელთაც ტრადიცია მუდამ ღმრთისგან „შთაგონებულებად“ მიიჩნევდა. აქედან, ბიბლია „ღმრთის სიტყვად“ აღიქმება. ბიბლია ამკვიდრებს იმ მნიშვნელობას, რომელიც აქვს, ღმრთის თვალსაწიერიდან, ისრაელის ისტორიასა და იესოს ისტორიას, ეკლესიის ისტორიას მისი აღმოცენების ჟამს და, აქედან გამომდინარე, ჩვენს ისტორიას. ბიბლიის ცალკეულ წიგნებთან მიმართებაში ტერმინები პირველკანონიკური და მეორადკანონიკური XVI საუკუნეში მოღვაწე სისტო სიენელმა დაამკვიდრა, ვინც ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორის განასხვავა წიგნები, რომელთა გამო საზოგადო თანხმობა არსებობდა, იმ წიგნთაგან, რომელთა ღმრთივშთაგონებულ ხასიათთან დაკავშირებით საუკუნეთა მანძილზე ეჭვობდნენ. მეორადკანონიკური წიგნებია: ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისი, სიბრძნე ზირაქისი, ბარუქ წინასწარმეტყველი, პირველი და მეორე მაკაბელთა, ნაწყვეტები დანიელ წინასწარმეტყველისა (3:24-90; 13; 14) და ესთერის (10:4- 16:24) წიგნებიდან. ებრაელებმა მათ მიერ წმიდად აღიარებულ წიგნთა კანონი იავნეს სინოდზე დაამტკიცეს დაახლოებით ქრისტეს შემდეგ I საუკუნის დასასრულს. მასში არ არის შესული მეორადკანონიკური წიგნები. კათოლიკეთათვის კი ძველი აღთქმის კანონი პრაქტიკულად ამ ებრაულ კანონზე უფრო ადრე განისაზღვრა: მათ მიიღეს უმეტესი ნაწილი წიგნებისა, რომლებიც სეპტუაგინტას ბერძნულ ვერსიაში შედიოდა. ახალი აღთქმის ტექსტთა დადგენა შედარებით უფრო მარტივი იყო და საჭოჭმანო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გახდა. რაც შეეხება ბიბლიის ენას, ძველი აღთქმა თითქმის მთლიანად ებრაულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისს წარმოადგენდა არამეულად ნაწერი შემდეგი მონაკვეთები: იერ. 10:11; დან. 2:4ბ-7:28; გამ. 4:8-6:18; 7:12-26 და ბერძნულად დაწერილი სიბრძნე სოლომონისი და მეორე მაკაბელთა. ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულ ენაზე დაიწერა, გარდა, როგორც ტრადიცია მოწმობს, მათეს სახარებისა, რომლის არამეულად დაწერილი ტექსტიც მთლიანად დაიკარგა. ახალი აღთქმის ბერძნული ავტოგრაფები დაკარგულია და მათ ჩაენაცვლა აპოგრაფები ანუ გადაწერილი პირები, რომელთა შედარებისა და ძველი თარგმანების სათანადოდ გამოყენების მეშვეობით სწავლულებს ძალუძთ, აღადგინონ ტექსტის თავდაპირველი სახე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9