Etym. ბერძ. სიტყვიდან episcopos „ხელმძღვანელი“, „ეპისკოპოსი“ აღნიშნავს ეკლესიის სტრუქტურაში ეპისკოპოსობისათვის უმთავრესი მნიშვნელობის მინიჭებისა და, შესაბამისად, პაპის როლის შემცირების ტენდენციას, რომელიც ცალკეულ რელიგიურ მოძრაობებში, განსაკუთრებით – პროტესტანტობაშია გავრცელებული. პაპის პრიმატთან და ეპისკოპოსთა ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა საუკუნეთა განმავლობაში აქტიური განხილვის საგანი იყო, აგრეთვე, კათოლიკე ეკლესიაშიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც პაპის ინსტიტუციას რთული ხანა დაუდგა (ავინიონის კარის ჭირ-ვარამი, ანტიპაპთა არჩევა, კონცილიარიზმი და სხვა). საკითხი კვლავ აქტუალური გახდა გალიკანელობის, ფებრონიანელობის, იოსებელობის გავრცელების ხანებში. პაპის უცდომლობის დოგმის მიღებასთან ერთად (ვატიკანის I კრება, 1870) ეს პრობლემატიკა ცოტა შესუსტდა, თუმცა კვლავ გამოვიდა წინა პლანზე ვატიკანის II კრების დროს, რომელმაც, ეპისკოპოსთა შესახებ დეკრეტით Christus Dominus ეპისკოპოსთა სამწყსო საქმიანობისა და პაპთან მათი ურთიერთობის თემა გააღრმავა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4