A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვედ ვერ

ვედა/ვედიზმი/ვედური რელიგია

It. Veda/ Vedismo/Religione vedica
ინდოეთის ლიტერატურულად დოკუმენტირებულ რელიგიათა შორის უძველესი. მას მისდევდნენ ნახევრად მომთაბარე ხალხები, რომლებიც თავს „არია“-ს (არიელებს) უწოდებდნენ. ქრისტემდე 1700-1200 წლებში ისინი რამდენიმე ტალღად გადაბარგდნენ ინდოეთში დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. მათი რელიგია პოლითეისტური იყო, კულტის ცენტრალური ადგილი ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვას ეთმობოდა. ოთხი ვედა (სანსკრიტზე ვედა „ცოდნას“ აღნიშნავს), საიდანაც რელიგიის სახელწოდება მომდინარეობს, წამოადგენს ჩვენამდე მოღწეულ რელიგიურ ნაწერთა უძველეს კორპუსს და, ამავე დროს, ინდოევროპულ ენათა ოჯახის უდიდეს პოეტურ ქმნილებას (ნაწერები სანსკრიტზე, ქრისტემდე 1500-800 წწ.). თანმხლებ რიტუალურ-ეგზეგეტიკურ ლიტერატურასთან (ბრაჰმანა), „ტყის“ „მჭვრეტელობით“ წიგნებთან (არანიაკა) და „საიდუმლო მოძღვრებასთან“ (უპანიშადა) ერთად, ვედა გამოცხადებისმიერ ნაწერებად მიიჩნევა. ვედური რელიგიის განვითარებამ რიტუალური სიწმიდის გამოკვეთის მიმართულებით, რომელიც ღმერთებთან კავშირის დასამყარებლად იყო აუცილებელი, ქრისტემდე პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში განაპირობა ბრაჰმანთა სამღვდელო სპეციალიზაცია და უდაბლესი კლასის – შუდრას წარმომადგენელთათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალებში მონაწილეობისა და ვედების შესწავლის აკრძალვა. მსხვერპლშეწირვის ცოდნა ბრაჰმანთა ხელში მსხვერპლშეწირვის ქმედებისას მოქმედი კოსმოსის ძალთა და კანონთა მეცნიერებად გარდაიქმნა. რელიგიის განვითარების ბოლო ფაზა, რომელსაც ამგვარად დაედო საფუძველი, ზოგჯერ „ბრაჰმანიზმადაც“ მოიხსენიება. მასში განვითარდა მოძღვრება ხელახლა შობის (რეინკარნაციის) შესახებ და კარმის კანონი, რომლის თანახმადაც, ამქვეყნიური კეთილი და უკეთური ქმედებები მომდევნო ცხოვრებაზე აისახება. ამიტომაც ადამიანის გათავისუფლება არა იმდენად ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვით, რამდენადაც შემეცნების მეშვეობით იყო შესაძლებელი, ამ შემეცნების მიზანი კი ერთადერთი უკვდავი სინამდვილეა, რომელიც ყოველივეს საფუძველს წარმოადგენს: ბრაჰმანი, რომელიც გაიგივებულია ატმანთან (ინდივიდუალური „თვით“). საუკუნეთა მანძილზე ბრაჰმანთა, როგორც რელიგიის ოსტატთა, მონოპოლიისა და ზოგადად კასტების სისტემის საწინააღმდეგო არაერთი მოძრაობა აღმოცენდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9